You are on page 1of 3

Giorgi Kavtaradze

დავიბრუნოთ “თბილისის დრო”

სულ მალე, მარტის ბოლოსა თუ აპრილის დასაწყისში, საათის


ისრების ერთი საათით წინ გადაყვანით გადავდივართ “ზაფხულის დროზე”,
მაგრამ იშვიათად თუ ვითვალისწინებთ, რომ დრო ჩვენში ისედაც 1930 წლის
16 ივნისის სსრკ სახკომსაბჭოს საგანგებო დეკრეტით უკვე იყო ერთი
საათით წინ გადაწეული. ეს რეფორმა განსაკუთრებით გამართლებული ჩანს
ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებისათვის; ამ გზით ხომ დიდძალი
ელექტროენერგია იზოგება ჩრდილოეთის ზამთრის ხანმოკლე დღის
პირობებში (ადრე იწყება და, შესაბამისად, ადრე - დაღამებამდე მთავრდება
სამუშაო დღე).
ამრიგად, აპრილიდან ოქტომბრამდე, “დეკრეტული დროისა” და
შემდეგ უკვე “ზაფხულის დროის” შემოღების შედეგად, მთელი ორი საათით
ვუსწრებთ ჩვენს გრძედზე მიღებულ “მსოფლიო დროის” მესამე სარტყლის
“ზოლურ დროს”; ანუ საქართველოში ვცხოვრობთ მეხუთე სარტყლის
დროით, რომელიც მიღებულია, მაგალითად, ინდოეთის ოკეანის
ცენტრალურ ნაწილში მდებარე მალდივის კუნძულებზე. თუ
გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა,
ბიოლოგიური არსებაა და ექვემდებარება “ბიოლოგიურ რითმს” ანუ
“ბიოლოგიურ საათს” (დღე-ღამის ყოველ საათში ადამიანის ორგანიზმს
განსხვავებული ბიოლოგიური მდგომარეობა აქვს), აშკარა გახდება, რომ
ესოდენ მნიშვნელოვანი დაშორება მზის ბუნებრივი ციკლიდან მისთვის
სასარგებლო არ უნდა იყოს. განსაკუთრებით ზარალდება ამით ადამიანის
ნერვული სისტემა. ბუნებრივი დროის ორსაათიანი კორექტირების შედეგად
ჩვენში ხომ ზაფხულობით მხოლოდ 22 საათის შემდეგ ღამდება
(მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოსა და მოსკოვის
ტელევიზია ყველაზე საინტერესო გადაცემებს პროგრამა “ვრემიას”
დამთავრების - 23 საათის შემდეგ იწყებს და დიდი თუ პატარა ხშირად ძილის
ხარჯზე ღამის 2-3 საათამდე უზის ტელეეკრანს). როგორც ირკვევა,
არანაკლებ საზიანო ყოფილა აღნიშნული რეფორმა ჩრდილოეთში
მცხოვრებთა ჯანმრთელობისათვის. უმთავრესად სწორედ ამ მიზეზით
გადადიან წელს, მარტის დამლევს, ესტონეთში “დეკრეტული დროიდან”
“ზოლურ დროზე”. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, ბევრი სირთულისა
და უხერხულობის გამომწვევი ის გარემოებაც, რომ განსხვავება დროის
მხრივ ესტონეთსა და მასთან საზღვაო ურთიერთობის მქონე სხვა ქვეყნებს
შორის ამჟამად ორ-სამ საათს აღწევს. დღეს, როდესაც ისახება
საზღვარგარეთთან საქართველოს პირდაპირი მრავალმხრივი
კონტაქტების პერსპექტივები, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო გზით,
მსგავსი პრობლემები ჩვენშიაც იჩენს თავს; არადა, ჩვენს მეზობლად
მდებარე თურქეთში, რომლის ტერიტორიაც სანახევროდ ჩვენსავე
სარტყელზეა განლაგებული, “ზოლური დრო” ორი საათით “ჩამოგვრჩება”,
ხოლო ჩვენგან აღმოსავლეთით შორს გადაჭიმული ირანის მთელ
ტერიტორიაზე დრო ნახევარი საათით უფრო “დასავლურია” ჩვენ დროსთან
შედარებით, თვით ზამთარშიაც (ანუ ჩვენი “ზაფხულის დროის”
გაუთვალისწინებლად). გარე სამყაროსთან ურთიერთობისას შედარებით
უფრო “დასავლური დროისადმი” კუთვნილების უპირატესობაზე უნდა
მიუთითებდეს თუნდაც ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქი -
მოსკო 괕 ი, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ერთად, “მსოფლიო
დროის” მესამე სარტყელში უნდა ექცეოდეს, იმთავითვე მოთავსებული იყო
მეორე, უფრო დასავლეთით მდებარე, სარტყელში.
თავისთავად ცხადია უნდა დაისვას საკითხი, თუ რამდენად საზარალო
იქნება ბუნებრივ, ანუ ჩვენი სარტყლის “ზოლურ დროზე” დაბრუნება ჩვენი
ეკონომიკისათვის? გარდა იმისა, რომ “დეკრეტული დრო” ნაკლებად
ეფექტური ჩანს ჩვენში, სამხრეთული, საკმაოდ ხანგრძლივი ზამთრის დღის
გამო, “ზოლურ (სარტყლის) დროზე” გადასვლა სადღეისოდ შექმნილ
ვითარებაში, ვფიქრობთ, მხოლოდ სარგებლობას მოიტანდა.
მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ უახლოეს დღეებში მუშაობას
შეწყვეტს რაზდანის ატომური ელექტროსადგური, ხოლო
ელექტროენერგიის მოსალოდნელი დეფიციტი, როგორც ცნობილია,
სომხეთთან ერთად უნდა გაინაწილონ საქართველომ და აზერბაიჯანმა.
ამიერკავკასიის რესპუბლიკებში სამუშაო დღის არაერთდროულად
დაწყება-დამთავრება კი რეგიონის ერთიანი ელექტროსისტემის მკვეთრ
გადატვირთვას თავიდან აგვაცილებდა. ეს დიდი შეღავათი იქნებოდა
ელექტროენერგიის სხვა წყაროების მოძიებამდე, როდესაც შეიქმნებოდა
იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენზე უფრო აღმოსავლეთით მდებარე სომხეთი
და აზერბაიჯანიც გადმოსულიყო ამავე “ზოლურ დროზე”. რაც შეეხება
სოფლის მეურნეობას, იგი თავისთავად, ყველგან და ყოველთვის, მზის
ბუნებრივ ციკლზე დაფუძნებულ, ამა თუ იმ სარტყლის “ზოლურ დროზეა”
დამოკიდებული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ,
გამართლებული იქნება თუ დავიბრუნებთ ჩვენთვის ბუნებრივ - ნამდვილ
“თბილისის დროს”. ამისათვის საჭიროა -უარი ვთქვათ თითქმის სამოცი
წლის წინ შემოღებულ “დეკრეტულ დროზე”, რომელმაც
მნიშვნელოვანწილად დაკარგა თავისი ფუნქცია “ზაფხულის დროის”
შემოღების შედეგად, და ამა წლის მარტის დამლევს საქართველოს
ტერიტორიაზე საათის ისრები წინ აღარ გადავწიოთ, ხოლო სექტემბერში
უკან დავაბრუნოთ ერთი საათით.
თუ ჩვენ გადავალთ ჩვენი სარტყლის “ზოლურ დროზე”. მაშინ სხვაობა
“მსოფლიო დროსთან”, რომელიც ნულოვანი (ანუ ინგლისში, გრინვიჩის
ძველ ობსერვატორიაზე გამავალი) მერიდიანის მიხედვით არის
განსაზღვრული, საქართველოსათვის ოთხი საათიდან (“ზაფხულის დროის”
ჩათვლით - ხუთი საათიდან) დაიყვანება ჩვენთვის ბუნებრივ სამ საათამდე,
ხოლო ჩვენ შუადღე ოდინდელივით ისევ შუადღისას გვექნება და შუაღამე -
შუაღამისას. ახალი წლის დადგომასაც მისთვის განკუთვნილ დროს
შევხვდებით და არა ერთი საათით უფრო ადრე, როგორც ამჟამად.

გიორგი ქავთარაძე
“ახალგაზრდა კომუნისტი”, 1989 წლის 21 თებერვალი, გვ. 6

Back:

http://www.scribd.com/kavta

You might also like