გ. ქავთარაძე. გოგლა ახლოდან... წელთა სიშორიდან - G. L. Kavtaradze. Gogla from the proximity... from the distance of years (in Georgian)

Giorgi Kavtaradze. Gogla from the proximity... from the distance of years, in: Mnatobi, 1997, no. 7.

გიორგი ქავთარაძე

გოგლა ახლოდან... წელთა სიშორიდან
ოცდაათ წელზე მეტი გავიდა პაპაჩემის - გოგლა ლეონიძის გარდაცვალებიდან.
წელთა გადასახედიდან უფრო მკვეთრად, რელიეფურად ჩანს მისი ბუნება. ძალიან
დიდი გული ჰქონდა. უყვარდა სიცოცხლე - მისი ყოველი გამოვლინება. რჩებოდა
შთაბეჭდილება, რომ ყველა და ყველაფერი უყვარდა; აშკარა მტრებიც კი:
„მე ყველა მიყვარს,
მე ყველას ვკოცნი,
ცრემლის და მელნის დამანთხეველთა!
და მჯერა, ყველას ერთად მიგვიყვანს
სამშობლოს ცეცხლი
საკურთხეველთან."
წყენა, ბოღმის ხანგრძლივად გულში ჩადება არ შეეძლო.
„ყოველ სიხარულს, გინდაც წამიერს,
გულში ზეიმად დავიტრიალებ..."
უყვარდა სინათლე, კაშკაშა, მზიანი დღე. სახლში ყველა ნათურას აანთებდა ხოლმე:
„ყველაფერი ჩახჩახებს სიყვარულის ხარჯითა!"
საქართველო მისთვის ნათლით იყო მოსილი:
„მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები,
როგორც სასანთლე გაჩაღებული!"
უყვარდა დილა, „დილა, რომელსაც ნისკარტით ეზიდებიან ჩიტები..."
არ უყვარდა სიბნელე, თოვლჭყაპიანი, სევდიანი დღეები:
„რა მარგალიტს ვეძებდი
წყალვარდნილთა ნანჩქრევში?
რა სევდას შემოდგომის
ჩამოცრემლილ ფანჯრებში?"
მატარებლით მგზავრობისას აუცილებლად სანთელს წაიღებდა ხოლმე, - „გვირაბში
რომ გავივლით, ავანთებო".
მთელი არსებით სძულდა სიკვდილი. ამიტომ ვერ იტანდა ნადირობას. ზარავდა
ნანადირევის დანახვა. ერთხელ ვკითხე, თუ რით სჯობდა თევზაობა ნადირობას;

მიპასუხა: „თევზს თვალი არ ეხუჭებაო...". თუმცა მე არც მისი თევზაობა მინახავს.
ერთი შემთხვევა მახსოვს. ხუთი წლისა ვიყავი, ზაფხულში ქვიშხეთში ყოფნისას შინ
დაბრუნდა, რამდენიმე თევზი დაეჭირა; ცოცხლად მოიყვანა წყლიანი კასრით, მეორე
დღეს ისევ მტკვარში გაუშვა. იქვე ქვიშხეთში ჩემთვის საჩუქრად მოყვანილი და
ერთთავად ტახტის ქვეშ შეყუჟული კურდღელიც გამაშვებინა ტყეში.
გოგლას ხშირად მოჰქონდა ჩემთან ჩიტებიანი გალიები (იმ ხანად ბაზრებში რომ
იყიდებოდა), მაგრამ არ მაძლევდა მათთან თამაშის უფლებას; სასწრაფოდ
გამაშვებინებდა ხოლმე, თან მეუბნებოდა: „გული ნუ გწყდება, ჩიტები
დაგლოცავენო."
დამახასიათებელია, რომ გოგლას ძალზე იშვიათად დავყავდი ზოოპარკში; ვერ
იტანდა გალიაში დამწყვდეული ცხოველების ცქერას; ხოლო ცირკში არასოდეს არ
წავუყვანივარ, - „იქ ცხოველებს აწვალებენო."
პატარაობისას დედ-მამამ ცირკში წამიყვანა. როდესაც ალმოდებულ რგოლზე ზებრა
მათრახის ცემით გადაახტუნეს, გული ამიჩუყდა და ავტირდი. გოგლას ეს რომ
უამბეს, გაიხარა, - „ნამდვილი ლეონიძეაო". უფრო გვიან, ექვსი წლისა რომ ვიყავი,
მიამბო: „ინდოეთში ერთი კაცი ცხოვრობდა - ბუდა, რომელიც სიარულის დროს
სულ ფეხქვეშ იყურებოდა - ჭიანჭველა არ გავჭყლიტოო; შენც უნდა ეცადო, ეგრე
იცხოვროო". კიდევ უფრო გვიან, რვა წლისა ვიქნებოდი, წყნეთში აგარაკს რომ
აშენებდა. ეზოში ხრეშზე ლითონის დიდი ფირფიტა იდო, რომელზედაც ბავშვები
დავხტუნაობდით. ფირფიტის ქვეშ კი ბაყაყები ბუდობდნენ. დაგვინახა და
დაეჭვებით მკითხა: „მანდ რას შვრებიო?" ვუპასუხე: „ბაყაყებს ვჭყლეტ-მეთქი". ეს
ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ნამდვილად გამიბრაზდა, გაგულისებით
შემომძახა, „ეხლავე ჩამოდი მანდედან, შე მურტალოო". დაბეჯითებით შემიძლია
ვთქვა, არასოდეს არაფერი ამაზე მეტად ჩემგან არა სწყენია. სიცოცხლის კულტი
მასში იმთავითვე იყო ჩასახული. გოგლას პირველივე პუბლიკაცია სიცოცხლეზე
ზრუნვით იყო განპირობებული. წერილს, „მხვნელ-მთესველის მეგობრები",
რომელიც ჟურნალ „ჯეჯილში" დაიბეჭდა 1910 წელს (N 11), ხელს აწერს, „პატარა
მოწაფე გ. ლეონიძე". ვინაიდან, აღნიშნული წერილი სრულიად უცნობია
დღევანდელი მკითხველისათვის მოგვყავს მისი სრული ტექსტი: „ყველგან
საფრანგეთის გზებზე ბოძებია, რომელზედაც პატარა ფიცრებია მიკრული და ზედ
აწერია შემდეგი: ზღარბი იკვებება თაგვებით, ლოკოკინებით, ჭიებით და სხვა
მხვნელ-მთესველის მტრებით. არ დახოცოთ ზღარბი! თხუნელა იკვებება მხვნელმთესველის მტერი ჭიებით. მის კუჭში არასოდეს არ უპოვნიათ მცენარის
სასარგებლო საჭმელი. არ დახოცოთ თხუნელა! ბაყაყი საათში ოცდა ათამდის
მატლებს, კოღოებს და ბუზებს ასახებს. არ დახოცოთ ბაყაყი! მხვნელ-მთესველის
თავი და თავი მტერი ჭია და მატლებია - ისე არავინ გასწყვეტავს მათ, როგორც
ფრინველი. ბავშვებო! ხელი არ ახლოთ მათ კვერცხებს და ბარტყებს!". (წერილის
მოწოდებისათვის უღრმეს მადლობას მოვახსენებ ჩვენი ოჯახის დიდ მოჭირნახულეს,
ქ-ნ ეთერ ჟვანიას).
გოგლა ზოგჯერ თავის თვისებებს დაუმსახურებლად მომაწერდა ხოლმე, ზოგჯერ
ალბათ მართალიც იყო. ერთხელ ხელში აყვანილი ვეჭირე კიროვისა და მაჩაბლის
ქუჩების კუთხეში, ჩვენს სახლთან; ალექსანდრე აბაშელი და, მგონი, შალვა აფხაიძე

შეგვხვედრია. გოგლას უთქვამს, „ჩემმა შვილიშვილმა კარგი სიმღერები იცისო". ამის
გაგონებისთანავე, უთხოვნელად, სიმღერა დამიწყია: „კალილების ქეკანა ‘ჩოტკით’
შემოვიალე". სიცილით დაიხოცნენ. ამის მეტად აღარასდროს მიმღერია. გოგლა კი
იმეორებდა: „ნამდვილი ლეონიძეა, ხათრი ვერ გაგვიტეხაო", თანაც „კალილების
ქეკანას" მეძახდა ხოლმე.
ხუთი-ექვსი წლისა ვიქნებოდი. ნიკო მუსხელიშვილის იუბილეზე სიტყვის
სათქმელად მიმავალ გოგლას ბებია ტანსაცმელს უწესრიგებდა, გოგლა კი თვლემდა.
მეც გადავწყვიტე ჩემი ხარკი გამეღო მის გალამაზებაში, ავიღე სამელნე, კალმისტარი,
შემდეგ ბამბაც და მისი ჭაღარა თმების შეღებვა დავიწყე. კარგა ხანი ვიმუშავე,
როდესაც ბებიაჩემის კივილმა კალამი ხელიდან გამაგდებინა. გოგლა სასწრაფოდ
წაიყვანეს აბაზანისაკენ დიდი წიოკობით, ის კი თავს იმართლებდა: „ისეთი
მოწადინებით მაახალგაზრდავებდა, რომ ხათრი ვეღარ გავუტეხეო".
„ჩემს ჭაღარას ნუ ენდობი,
ჭაღარაა მეწისქვილის,
მცხოვანება შეენდობა
შეგანგლული არის ფქვილით!"
გოგლამ იმ საღამოს დამსწრე საზოგადოება ალბათ გააოცა თავისი იისფერი თმებით.
გოგლა მართლაც, ძალიან ხათრიანი იყო, თხოვნაზე უარის თქმა უჭირდა. მეორე
მსოფლიო ომის დამლევს, ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე, სრულიად უცნობ ქალს
ჩვენთან სახლში მოუყვანია თავისი თორმეტიოდე წლის ქალიშვილი და ბებიასათვის
და გოგლასათვის ჩაუბარებია. წვრილშვილიან ქალს ქმარი ომში დაკარგვოდა. ეს
ქალიშვილი - გულო ჩიტიშვილი თითქმის ათი წელი, გათხოვებამდე, ჩვენს ოჯახში
იზრდებოდა. გოგლა მას როგორც შვილს ეპყრობოდა; წერა-კითხვა ასწავლა, წიგნებს
აკითხებდა. გულოს თავის მხრივ ჩემს აღზრდაში მიუძღვის წვლილი.
უზომო იყო გოგლას სიკეთე. შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ჩვეულ წარმოდგენას
აღმატებული. მას ყოველდღიურად, ვიმეორებ, ყოველდღიურად, უნდა სცოდნოდა
შვილებს, შვილიშვილებს, ძმისშვილებს, დისშვილებს რა ჰქონდათ სადილად, რა
უჭირდათ, რა ულხინდათ. თუ ყოველდღე არა, დღეგამოშვებით მაინც უნდა მიეტანა
მათთვის სურსათ-სანოვაგე. დღესაც ბევრია ამის მოწმე. ობლობაში გაზრდილს
კარგად ახსოვდა დედის ძმების - გულისაშვილების დახმარების მადლი. ლუკმა
პირში არ ჩაუვიდოდა, თუ იცოდა, რომ ვინმეს უჭირდა.
არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: „მოდი მკითხე რამე, დამელაპარაკე! თორემ დრო
მოვა - აღარ ვიქნები და ვინ იცის როგორ მოგინდეს ჩემთან დალაპარაკება, მეც
ხშირად მომნატრებია, ნეტავი მამა-პაპა ცოცხალი მყავდეს-თქო, მათ რამდენ რამეს
შევეკითხებოდიო".
სიყვარული საოცარი იცოდა. ოთახში გვერდზე ისე არ ჩაგივლიდა, რომ არ
მოგალერსებოდა: ცვალე-ცვალე-ცვალეო, არ დაეჩქმიტე, ან არ გაგხუმრებოდა.
დედაჩემს პოეტ-ფუსას, კურდღელს, წრუწოს, პანტას ეძახდა, მე - პანტურას,
პრაკულას, ბიჭო-გოგიას, ფიოძეს (დედაჩემის შინაური სახელიდან - ფისო). ერთხელ

ჩემთვის თურმე აკვნის არტახები აეხსნა, ცოდოა ეგრე დაბმულიო და კინაღამ
გადმოვვარდნილვარ.
იმ ხანად, როდესაც მამის ოჯახში, ქავთარაძეების სახლში (ახლანდელი ლეო
ქიაჩელის ქუჩაზე) ვცხოვრობდი, ყოველდღე უნდა მოსულიყო ჩემს სანახავად,
აუცილებლად სათამაშოები (უფრო გვიან წიგნები) უნდა მოეტანა და სასეირნოდ
წავეყვანე. მეტყოდა ხოლმე „ტა-ტა" სასეირნოდ წავიდეთო, და მეც ტატა შევარქვი.
მის ზარს რომ გავიგებდი - ჩქარ-ჩქარა და ხანგრძლივად რეკავდა - ხელში აყვანილი,
თევზივით შევფართხალდებოდი თურმე და მთელი ტანით წინ წავიწეოდი; ერთხელ
დედაჩემს ხელიდან გავსხლტომოდი და ძლივს დავუჭერივარ. ხუმრობით უჰაეროვს
მეძახდა, სულ სახლშია დამწყვდეულიო. თუ ავტომანქანით იყო მოსული, მდინარე
დიღმურასთან მივყავდი ხოლმე, რკინის ხიდის ქვეშ; სასეირნოდ კი - ვერეს ბაღში.
თუმცა არ უყვარდა იქ სიარული - „წინათ აქ სასაფლაო იყოო" - იტყოდა და
მოიწყენდა. ბაღისკენ მიმავალ გზაზე, ორ ადგილას ეზოებში ძაღლები (აუ-აუები)
მეგულებოდა, გამვლელ-გამომვლელს რომ უყეფდნენ. როდესაც ასეთ ადგილს
მივუახლოვდებოდით, ქუჩის მეორე მხარეს გადამყავდა და იმ მხარესაც, ძაღლიანი
ეზოს ჭიშკრის დანახვისას - ისევ უკან გადმომყავდა ხოლმე. როდესაც ამის მიზეზს
მიხვდა, ბევრი იცინა. შემდეგშიც ხშირად იხსენებდა ამ ამბავს და სიცილით
დასძენდა ხოლმე: „ფრთხილი ლეონიძეა, მშიშარა არ გეგონოთო".
პატარაობისას გამუდმებით საკუთარ თავთან თამაშით ვიყავი გართული და
ვერაფრით ახერხებდნენ შუადღისას ჩემს დაძინებას. გაბეზრებულები მეტყოდნენ
ხოლმე: „ახლავე დაიძინე თორემ გუდიანი კაცი მოვა ან არადა ‘მილიციონერს’
დავუძახებთო". ამის გამგონე გოგლას უთქვამს: „მე რომ მითხრან ახლავე დაიძინე
თორემ ‘ჩეკას’ გამოვუძახებთო, საერთოდ როდესმე დამეძინება?!"
სკოლაში რომ დავიწყე სიარული, უკვე „ჩვენ პოეტს" ან „ჩვენ ისტორიკოსს" მეძახდა.
ჯერ კიდევ სკოლაში წასვლამდე „ავანსად" ლექსი დამიწერა:
„ზოგი ბავშვი ანჩხლია
და უზრდელიც ზოგია...
ბინძური და მსუნაგი,
ღეჭია და ლოკია,
ზარმაცი და უქნარა
განა დასაზოგია?
მე მიყვარს სუფთა ბავშვი
გონიერი რომ ჰქვიან,
სწავლის ხუთიანები
სულ მისკენ რომ მოჰქრიან,
ნიჭიერი, ნასწავლი,
ზრდილი, სუფთა,
ვინ არის საყვარელი? ჩემი ბიჭო გოგია!"
იმავე ხანებში, ერთ დილით, როდესაც ჩვეულებისამებრ ბებიამ დიდის ვაივაგლახით
თამაშს მომწყვიტა და სასაუზმოდ რძე მომართვა, პირისდაკარებისთანავე მაგიდიდან

წამოვხტი სიტყვებით: „ცხელია, ცხელია, წამო ჩემო მელია..." და ისევ სათამაშოდ
გავარდი. იქვე სასადილო მაგიდასთან ჩაის შემაქცევარი გოგლა იმწამსვე
გამომეხმაურა: „წამო მელია, მელიან, მოთმენა გამომელია!"
დაწყებითი კლასების მოწაფე „ვუშვებდი" ხოლმე საოჯახო კედლის გაზეთს,
სახელწოდებით ელვა. ერთ-ერთ ნომერში „გამოქვეყნდა" გოგლას მიერ გაზეთისადმი
„მიძღვნილი" ლექსი:
გაზეთ „ელვას":
„შიგ მაისის მწვანეა
და მინდვრების ღელვა,
ვინც გაზეთი დამიჯღაბნოს,
იმას კრულვა-წყევლა!"
ბიჭო გოგიას პაპალა.
ერთხელ, როდესაც თოთხმეტი წლისა ვიყავი მითხრა: „მე შენს ასაკში ცნობილი
პოეტი ვიყავი შენ რაღა მოგივიდაო". გაგულისებულმა იქვე საბეჭდ მანქანაზე ავაწყვე
ლექსი „შამქორი". ლექსმა ძალზე გაახარა, ალბათ, თავისი პატრიოტული პათოსით,
თუმცა, შექებისდა მიუხედავად, საპოეტოდ მაინცა და მაინც არ წავუქეზებივარ.
ჩემი დაბადებისას კი, საფიქრებელია, სულ სხვა იმედები ექნებოდა. იმთავითვე
მაჩუქა თავისი ყრმობის ლექსების რვეული, წარწერით: „ბიჭო გოგიას ვუძღვნი ამ
რვეულს პაპა გიორგი ლეონიძე, 13 ივლისი 1945, ტფილისი". იმავე ხანებს
განეკუთნება გოგლას მიერ დახატული ღვინის ბოთლის ეტიკეტი, წარწერით
„მშვენიერი და ტკბილი ღვინო! ბიჭო გოგია. საწყობი ეფემიასი, სოლოლაკში.
სოლოლაკის ქ. N 6".
გოგლა საკმაოდ კარგად ხატავდა და დედაჩემს ხატვის ნიჭი ეტყობა მისგან ჰქონდა
გამოყოლილი.
უფრო მოგვიანებით, ზედა კლასების მოსწავლეს - სტუდენტს მეძახდა, თან დასძენდა
ხოლმე „სტუდენტ ჰაიდელბერგსკოგო უნივერსიტეტა". აუხდა კიდეც, უკანასკნელ
წლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ინსტიტუტებში მომიწია მუშაობა და
მოხსენებების კითხვა.
ხშირად არქეოლოგს მეძახდა, რაც მიკვირდა, რადგან მაშინ არქეოლოგია ნაკლებად
მიზიდავდა. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ძველი ისტორიის სიყვარულმა
არქეოლოგიასთან მიმიყვანა. როგორც ჩანს, ჩემზე უკეთ ხედავდა ჩემი ცხოვრების
გზას.
„გამოფშვნეტილი ქვიშაში ძვლები
გადიქცევიან უცბად კალმებად
დასწერენ ქართლზე ათასწელობით..."

თვით ისტორიისადმი სიყვარულიც გოგლამ ჩამინერგა. ექვსი წლის ასაკში
ხანგრძლივად ვიყავი ავად. საღამო ხანს ჩემს საწოლთან ჩამოჯდა, წყალი ვთხოვე,
დამალევინა და თან მიამბო: „წინათ, ჩვენ ქართველები შორს სამხრეთით კაპადოკიაში ვცხოვრობდით, ხეთები გვერქვა სახელად და ღერბად არწივი გვქონდა.
ის ქვეყანა უწყლო გახდა და იქიდან წამოვედით. სწორედ ამიტომ არის, რომ წყალს
ქართველები ჯერ პატარებს ვაწვდით და ვამბობთ, რომ ‘წყალი უმცროსისაა’ პატარები რომ მაინც გადარჩენილიყვნენ. სხვა ხალხებს ასეთი წესი არა აქვთ. ამითვე
არის გამოწვეული ისიც, რომ მხოლოდ ჩვენს ენაზე ჰქვია ‘წყალობას’ - წყალობა, ანუ
‘წყლის მიწოდება’."
მონუსხულივით ვუსმენდი - ჩემი ცხოვრების ძირითადი საქმე უკვე გადაწყვეტილი
იყო:
„აქ დაბინავდა ახალ კერაზე
ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;
გამოქროლილი ფრთიან მერანზე,
გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.
ხშირად მისი გზა სისხლნადინარი
ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.
ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,
ღალისის პირი კაბადოკია."
გოგლა ძალზე მძაფრად განიცდიდა დიდებული მესხეთის დაცემას; სიცოცხლის
ბოლო დღეებამდე ტაო-კლარჯეთის ხილვაზე ოცნებობდა:
„ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!"
1996 წლის ივნისის დასაწყისში, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას ძლივს მივაკვლიე ართვინსა და ტბეთს შუა გოგლას წინაპართა სოფელს - ლეონიძეს, რითაც დედაჩემის,
ნესტან ლეონიძის, დანატოვარი თხოვნა შევასრულე. სოფლის სახელწოდებაა
ნიოლიზე მაჰალესი (თურქულად „ნიოლიძეთა უბანი"). თუმცა, უკანასკნელ წლებში
თურქულმა ადმინისტრაციამ მას ახალი სახელი არდიჩლი მაჰალესი (თურქულად
„ღვიის უბანი") შეურჩია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ და რუსულ
რუკებზე სოფელი „ლეონიძე" და „Лионидзе" სახელწოდებითაა აღნიშნული
(„ლიონიძე" ეტყობა „ლეონიძეს" რუსული ფორმაა). ერთი ციცქნა სოფელი (სულ
რამდენიმე კომლია) მთაზეა გაშენებული და ნაძვებითა და ფიჭვებით არის
გარემოცული. მენიშნა, - გოგლამ თავისი ეზო წყნეთში სულ ნაძვებითა და ფიჭვებით
გაავსო. სტუმრებს უკვირთ ხოლმე, გარეკახელ კაცს ფიჭვები ეგრე რამ შეაყვარაო.
„მთვარე შრიალებს ფიჭვივით.

დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში."
კახეთი გოგლას მაინც ყველასაგან გამორჩეულად უყვარდა:
„მე შემოველ კახეთიდან,
თან შემომყვა მისი შუქი,
მე სავსე ვარ ივრის ჯანით,
ალაზანის სიჭაბუკით!"
ოღონდ კუთხურობას, ვერც კახურსა და ვერც ვერანაირს, ვერ იტანდა; როდესაც
გადაჭარბებულად ხაზს უსვამდნენ მის კახელობას, იტყოდა ხოლმე: „ვერ გაუგიათ,
რომ მე მარტო პატარძეულის ან კახეთის პოეტი კი არა ვარ, არამედ სრულიად
საქართველოსიო".
საქართველო მისთვის ყველაფერი იყო, ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული:
სულიერი რამ, თუ უფრო ღვთის დარი:
„როგორც ორაგულს კასპიის ზღვაში
არაგვის ჩქერი მოეწყურება,
ნაპირს ასკდება დაჭრილი ქვაში,
დე შეუღებონ მკერდი წყლულებმა, ისე ვისწრაფვი შენდა, მარადდღე;
მამულო, დაჭრილ სულისკვეთებით,
მომეცი ბინა გინდ შენს შარაზე,
გინდ შენს წინწკალშიც კი დავეტევი."
თუ კი რომელიმე სახე „ნატვრის ხეში" ავტორისეული თვისებების მატარებელია - ეს
ჩორეხია. ჩორეხი - იგივე გოგლაა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა ვითარებაში:
„ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას, როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს
წარსულ დიდებას... - ვაი, ფრთამოტეხილო არწივო! ბოლომოჭრილო ხოხობო! ვაი,
ქართლო, საქართველო!.. ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა
სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის
კარგადყოფნის სიხარული... და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი..."
გოგლას უკანასკნელი
სტრიქონებია:

ლექსის

„ახლო

მოიწი

სამშობლოს

გულო!"

ბოლო

„მზე ჩემი წილი
ნაფრქვევი სარკმელს ისიც სამშობლოს მიუწილადო".
დავითი მისთვის „ნათლის მხედარი" იყო, თამარი - „შუბლ-ასპიროზი", ილია „შუბლი საქართველოსი."

ილია ძალუმად იყო შეჭრილი მის არსებაში. გაზაფხულობით, სამსახურის შემდეგ
ძალზე ხშირად მიდიოდა ხოლმე საგურამოში, ილიას ეზოში. უკან გამობრუნებული
წიწამურთან აუცილებლად ავტომანქანას შეაჩერებინებდა და მთვარის შუქზე, ილიას
მკვლელობის ადგილზე თან წამოღებულ ღვინოს მე, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს,
წამაქცევინებდა ხოლმე, - „მისგან უფრო მიუვაო":
„გახვრეტილ შუბლზე წყლულს რომ გვარიდებ
და გვიფრთხილდები შთამომავლობას, ნუ შეგვიცოდებ, ახლოს გვაჩვენე,
დაგვწვას, დაგვდაგოს, ცეცხლი შეგვინთოს
დავემხოთ მის წინ,
- რა შეგვაჩერებს შემდეგ აჩრდილმა შენმან შეგვინდოს!.."
საოცარი ნათელი სევდით იყო ხოლმე დამუხტული საგურამოსა და წიწამურში.
თითქოს სულ უფრო უახლოვდებოდა ილიას მისტერიას:
„ამდევნებია ნათელი
და ის მინათებს არესა,
ვერცხლიდან გადახატული
შესადარისი მთვარესა.
გულის დამჭრელი, დამლეწი
ვის ვპოვებ დასადარესა.
დღედაღამ იმას ვლოცულობ
ამ გულის გამკვეთარესა..."
(„საგურამოს მიმწუხრში...")
ძალიან უყვარდა ილიას კაკლის ქვეშ ჯდომა - ილიას საყვარელ ადგილას; ილიას
სახლის აივნიდან გადახედვა. მე კიდევ ამ დროს ილიას გაყვანილ წყაროს
ვეთამაშებოდი. მე წყაროსთან მივდიოდი სტუმრად, გოგლა კი დიდ სევდაში
ეფლობოდა:
„მაგრამ არ სძინავს სამარის წყლულებს,
გაფანტულ ძვლების სევდას არ სძინავს..."
თუმცა, ზოგჯერ მხრებში გაიშლებოდა და თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე,
თითქოს სევდასთან ერთად იქ იმედითაც იმუხტებოდა:
„შენ გიყვარდა ხმა მტვრევისა
და მომსკდარი კლდიდან თერგი,
შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით,
და მთასავით წამოდექი!"
ენითგამოუთქმელი სევდით მოცული გოგლა სხვაგანაც ხშირად მინახავს. ამ დროს
თვითონაც ჩაფერფლილი თუთუნს ეწეოდა ან მარჯვენა ხელის ცერსა და საჩვენებელ
თითს ხშირ-ხშირად ისრესდა:

„მოგეპარება ვეფხვივით ლექსი,
გულზე დაგადებს ალმასის ტორებს,
გაავლებს კლანჭით სისხლიან ნაღარს,
თმაში - ჭაღარის ყინულებს სტოვებს.
...
ამოითხრება ტირილში სული
და ფესვიანად გაიტყორცნება!"
განსაკუთრებით მახსენდება წყნეთის აივანზე შორეთს გამცქერალი და გარინდული:
„ვაი, რომ ერთხელ დაგრეკავს,
და მერე შეგრთავს ქვიშასა!
წავა ლექსი და წაიღებს
ახალგაზრდობის ნიშანსა..."
ერთხელ ვერ მოვითმინე და ვკითხე: „რაზე ფიქრობ-მეთქი", ხმაწართმეულმა
მიპასუხა, - „რომ გაიზრდები, თვითონ გაიგებო":
„მე ვარ პოეტი, კვირეული ვარ ნიამორი,
შეგვიანებულ ტრამვაების ყრუ „Never more-ი"!
„...სად უნდა წავიდე, სად გავნიავდე? წამოიწია და მუდარით ითხოვა: მინდორს
გადამახედეთ!.. ქვემოთ, ვენახებში გადაფანტული სოფელი მოჩანდა, შორს, ლურჯლილისფრად დაბურული მთები, ზედ შავად შელანძული ციხის ნაშალი... იდგა
ღვთაებრივი სიჩუმე... ბუნება შეერთხმებულიყო. მზე ჩადიოდა, ბროლის ნიავი
შეეთამაშა მომაკვდავ გუთნისდედას..."
გოგლას გარდაცვალების წელს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ვიღაც არაკაცს წყნეთის
სახლის აივნებიდან მერცხლის ბუდეები ჩამოეგდო. ამის გამო გოგლამ ძალიან
იდარდა.
„თუ მერცხლის ბუდე
დარბაზის გვირგვინს
როგორ შვენიდა, ისიც ვიხილე..."
ხოლო მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სახლის დედაბოძის იმ
ნაწილს, რომელ მხარესაც გოგლა იწვა დიდი ნაპრალი გაუჩნდა; იმდენად
მნიშვნელოვანი, რომ აუცილებელი გახდა დედაბოძის საგანგებო გამაგრება. სახლს
ეტყობა გულმა უგრძნო თუ რა ბედი ელოდებოდა მას მომავალში.
გოგლა ლეონიძე საღამოხანს, მზის ჩასვლისას გარდაიცვალა 9 აგვისტოს, მისი
პოეტური გზის დამლოცველის, მამის მეგობრის, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების
დღეს (ძველი სტილით):
„მთაზე ირემი კვდებოდა...
ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა,

ხარბად ჰხედავდა ხეობებს,
სიცოცხლე დაჰმარცხებოდა...
ირმის ყვირილის ნახმევი
ხეობებს ეხეთქებოდა...
მზე ჩადიოდა წითლურად,
ამოსვლა ეეჭვებოდა...
ჩამავალი მზის ნაბრწყენი
თვალებზე ებეჭდებოდა,
უძახდა ვაჟა-ფშაველას,
ბრუნავდა, რქაზე დგებოდა..."
ჩემი
დაკვირვებით,
გოგლა
მაინცდამაინც
ხშირად
არ
მიისწრაფვოდა
პატარძეულისაკენ. მისი მგრძნობიარე სული ვერ უძლებდა იქ მოზღვავებული
სევდის ნაკადს:
„მე ერთი ძველი სახლი მიყურებს
მუნჯ მოხუცივით ჩუმად მღიმარი...
მისი ბუხარი გულს გამიხურებს,
ჟონავს სარკმელი ცრემლით მწვიმარი.
რას მანიშნებს და რას მომაგონებს,
ან რად მაშინებს სიჩუმე მისი?
დამდნარ დღეების სევდით მაღონებს,
ძველი სიზმრების მეხვევა ნისლი.
...
არ მინდა ჭიქა შევაჯანჯღარო,
არ მინდა დავძრა მოგონებანი,
შავმა ყორანმა სადღაც დამჩხავლოს
და ამიშალოს ძველი ვნებანი.
შევყურებ ძველ სახლს...
ვაჰ, მის ფანჯარას
არ ეხლებიან ცელქი მერცხლები,
ეზოში ბევრი ვარდი დამჭკნარა
და სინანულით ჩამოვეცლები..."
ეს მკვეთრი გარდატეხა გოგლას განწყობაში, რა თქმა უნდა, დედის სიკვდილს
უკავშირდებოდა:
„აქ მარწყვზე წასულს დედა მეძებდა, მე ახლა აქვე დავეძებ დედას –
ვინც მზიან მაისს მიორკეცებდა,
იმ მაისივით ვეღარც მას ვხედავ..."
ახლობელთა გადმოცემით, პატარაობისას დედას გოგლა წისქვილში გაეგზავნა;
ძალზე დაუგვიანია, როდესაც შეწუხებულმა დედამ წისქვილში მიაკითხა, დაინახა,
თუ როგორ სულგანაბული უსმენდა მოხუცი მეწისქვილის ზღაპარს. ეს
შთაბეჭდილებები უნდა იყოს ასახული „ივერიის ღამის" სტრიქონებში:

„სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.
სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო..."
ლეონიძე გავრცელებული შეხედულებებისდა მიხედვით იყო ძლიერი, ომახიანი,
დაუდეგარი, მაგრამ მხოლოდ ახლობლებმა ვიცით, თუ რაოდენ მორიდებული და
გულჩვილი იყო ამასთანავე. არასოდეს არავის შეაწუხებდა. გამიგონია, ბავშვობაში
სტუმრები რომ მოვიდოდნენ, გოგლა სიმორცხვისაგან ან მაგიდის ქვეშ
დაიმალებოდა, ანდა ეზოში ხეებს შეეფარებოდა ხოლმეო.
„აი, ჭაბუკი იისთვალება,
ხშირად თვის ტოლებს რომ ემალება."
გოგლას მეტამორფოზა გამოუწვევია მის ერთ უცაბედ შეხვედრას ცნობილ
ისტორიკოსთან, მის მასწავლებელთან სასულიერო სემინარიაში, მოსე ჯანაშვილთან.
ადრე ტანაყრილს, სიმორცხვისაგან წელში მოხრილსა და მუდამ თავჩაღუნულ
გოგლას ქუჩაში გადაჰყრია მოსე ჯანაშვილი, რომელსაც შეუჩერებია და საყვედურით
უთქვამს: „შენს ასაკში კაცი მზისაგან გალაღებული სულ ზეცას უნდა შესცქეროდეს,
მიწას კი არ უნდა ჩაჰყურებდესო". გოგლა ხშირად შემახსენებდა ამ ამბავს მოხრილს
როცა დამინახავდა. გოგლასავით მეც შორეულ ოთახებში ვიმალებოდი, უკვე არცთუ
მთლად ბავშვი, სტუმრების დანახვისას, და ეს კიდევ ერთი საბაბი იყო, რათა ჩემთვის
„ლეონიძე, ნამდვილი ლეონიძე!" დაეძახა.
თურმე თავის დროზე მოუთმენლად ელოდა ვაჟიშვილის შეძენას, რომელიც მას არ
ეყოლა; სახელიც კი ჰქონია მისთვის შერჩეული - თეიმურაზი.
„არტჲურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული მადგამენ გვირგვინს თეიმურაზ და ჭავჭავაძე."
თაყვანს სცემდა ყველა ქართველ მეფეს, განსაკუთრებით კი, ვინც სამშობლოსათვის
თავდადებული იყო:
„ორი პურპური მე მაბრმავებს: ჯერ არტურ რემბო,
და მერე ბეჭზედ არწივებით ბაგრატოვანი."
გოგლას ბავშვობიდანვე თავი ბაგრატიონთა ერთგულ ქვეშევრდომად მიაჩნდა.
კარგად მახსოვს მისი მონაყოლი ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ. ერეკლე მას
განსაკუთრებით ეცოდებოდა: „ერეკლეს სახელს ჩორეხი უსათუოდ ოხვრით
დაატანდა: - ა, ბეჩავ, ბაგრატიონო!"
მესამე თუ მეოთხე კლასში ვიქნებოდი გადასული, როდესაც ზაფხულში, წყნეთში
გვესტუმრა ბესო ჟღენტი თავის ვაჟიშვილთან, ჩემ თანაკლასელ, გოგისთან ერთად.
გოგლამ ორიოდ ბოთლი ღვინო და მცირე ვახშამი ეზოს ბოლოს მდგარ მაგიდასთან
ჩამოიტანა. ისინი მუსაიფს შეუდგნენ; მე და გოგი იქვე ვჭიდაობდით. ჩამობნელდა.

უცბათ მომესმა გოგლას ნათქვამი, ისეთი ტემბრითა და სიმძლავრით, რომ შევკრთი
და ჩვენ მისამართით წამოძახილად მივიჩნიე; სხვა არაფერი მათი საუბრიდან მე არ
მსმენია. გოგლა ამბობდა: „საწყალი მეფე ერეკლე, როგორ მოატყუეს, როგორ წუხდა
ალბათ როდესაც მიხვდა, თუ რა ხვედრი ელოდებოდა საქართველოს..." და დასძინა:
„რა დიდი მადლი იქნება, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, ვინმე მივიდეს
მის საფლავთან და ჩასძახოს ეს ამბავი." მაშინვე გადავწყვიტე თუ კი საქართველოს
განთავისუფლებას მოვესწრებოდი, შემესრულებინა გოგლას ეს სურვილი და თვით
მის საფლავთანაც იგივე გამემეორებინა:
„მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები,
რათა შევესწრო იმ დღის დანახვას,
რომ მომძახოდნენ შთამომავლები:
- იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!"
გოგლა შინაგანად ვერ ურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას:
„გადაპობილა თაღი შუაზე
და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი...
შუაღამისას ისმის უეცრივ
ტანაბჯრიანი კაცის ქვითინი..."
ექვსი წლისა ვიქნებოდი, როდესაც სახლში მოიტანა საქართველოს სსრ
ახლადშექმნილი დროშა, სუფრასთან ღვინით დალოცა და თან დასძინა: „რაც უნდა
იყოს, მაინც საქართველოს დროშააო":
„მაგრამ, არ ლპება გმირთა დროშანი,
მამულისათვის ღვაწლის ნათელი.
სადღაც, ცრემლებით ნაზარხოშალი,
მათ ჰყავთ მოზარე ღამე-ნათევი..."
ძველი და ახალი საქართველოს ტკივილები მას სხეულზე იარებად აჩნდა:
რასის ჭრილობებს ტანზე ვითვლი, როგორც ყვავილებს.
ქართლის თავადი და პარიზის დიდი ტრიბუნი.
მიყვარს დროშები საქართველოს გამოყვანილი
მზე - ჩემი გვარის ლაშქრობაში გათეთრებული.
ოცდაოთხი წლის ტრაგედიის შემდეგ დაწერილ ლექსში „ვეფხვი" (ოცდაოთხი წლის
დამლევს გამოქვეყნებული ლექსი გასაგები მიზეზების გამო ოცდაორი წლით იყო
დათარიღებული) გოგლა უიმედობას ჰყავს მთლიანად მოცული:
მაგრამ ავია ბედის ტრიალი.
შენი ვარსკვლავიც ყოფილა მკვდარი.
ვეღარ დალაშქრე შენ დარიალი.
სისხლი შაასხი მსუქან კედარებს.
გადმოვარდნილი წითელი ფაშვი
შენ აზრაილის შუბზე მბრუნავი,

ურემზედ ეგდე ვით ქუჩის ბავშვი
ასპიტ ღამეში დასახურავი.
და საყვირების ხმები გვრგვინავი:
მემკვიდრის გული აღარა ტოკავს.
თესლო! ყველაზე ნაგვირგვინარო,
გადაგეფარა სიკვდილის ტოგა!
ოცდაერთი წლის მარტში ბათუმიდან ტფილისში გამობრუნებულ ჯარისკაც გოგლას
თავისი თოფი ზოოპარკის მახლობლად მდ. ვერეზე იმხანად არსებული ხიდიდან
გადაუგდია, მტერს რომ არ დარჩენოდა. გოგლამ ზუსტი ადგილიც კი მაჩვენა ხიდზე
მაშინ იქ ჯერ კიდევ მდგარი ფასკუნჯის ქანდაკების გვერდით:
„გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,
მისი ნაღველი, მომებურება...
ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,
დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?
ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,
ვინ დამცა სევდა განუკურნელი?
დამწვარ დროშების,
დამწვარ იალქნის,
დამჭკნარ ვარდების
მიყვარს სურნელი..."
ოცდაერთი წლის ბრძოლების გმირებს გოგლამ ლექსი მიუძღვნა:
„გახსოვს, ტაბახმელავ,
ბრძოლები გმირული
და მკერდი მრავალის
შენთვის განგმირული.
ქალებო, შეამკეთ
მათი საფლავები,
საქართველოსათვის
ვინც დადეს თავები."
ბებია ამ ლექსს გიტარის თანხლებით დაამღერებდა ხოლმე. მას ძალზე კარგი სმენა
და სასიამოვნო ხმა ჰქონდა და გოგლაც ხშირად თხოვდა სიმღერას.
გოგლას ძალზე უყვარდა საგალობლები. ეკლესიას ისე ვერ ჩაუვლიდა ჩუმად
პიჯაკის შიგნით, გულთან პირჯვარი არ გადაეწერა. ერთხელ მითხრა: „ბავშვობაში
საქართველოს კათალიკოსობაზე ვოცნებობდიო, მინდოდა ვყოფილიყავიო გიორგი
ბროლა."
რა თქმა უნდა, უყვარდა ქართლ-კახური მრავალხმიანი სიმღერები, ქუთაისური
სიმღერები, განსაკუთრებით - იშხნელებისა. ერთხელ მახსოვს, მოეწონა
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის მიერ ორმოცდაათიან წლებში
შესრულებული სიმღერა „გაზაფხული", რამაც მე ძალიან გამაკვირვა. ოპერებიდან

ძალზე უყვარდა ბიზეს „კარმენი". კინოფილმებიდან მე მგონი მხოლოდ „ჩაპაევი"
ჰქონდა ბოლომდე ნანახი. ჩაბნელებულ კინოდარბაზებში ვერ ძლებდა. თეატრი
უყვარდა და ხშირადაც დავყავდი ხოლმე, ძირითადად ეროვნული ხასიათის
სპექტაკლებზე.
გოგლა სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სვამდა. არ უყვარდა კონიაკი და არაყი და
არც მე მირჩევდა. ათიანი წლების დამლევს თურმე კონიაკით ძალზე დამთვრალა და
სახლში მისულს ყვირილი დაუწყია: „მიშველეთ სოციალ-დემოკრატები მკლავენო!"
სოციალ-დემოკრატების ვერცერთ ფრთას ვერ იტანდა. თანაუგრძნობდა ნაციონალდემოკრატებს, ისევე როგორც იმდროინდელი ეროვნული ინტელიგენციის დიდი
ნაწილი. სკოლას რომ ვამთავრებდი, გოგლამ მაჩუქა ნაციონალ-დემოკრატიული
პარტიის პატარა, თხელი, გაყვითლებულფურცლებიანი პროგრამა, მგონი გრიგოლ
ვეშაპელის მიერ შედგენილი; თან გამაფრთხილა: „არავინ გინახოსო". მეც ვითომდა
კონსპირაციისათვის ჩადებული მქონდა ეს პროგრამა ასევე გოგლას მიერ მოცემულ
ზურაბ ავალიშვილის წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა". შემდეგ ეს წიგნი
მეგობარმა გამომართვა სხვისთვის მისაცემად; როდესაც უკან დამიბრუნა, პროგრამა
მასში უკვე აღარ იდო. ასე დავუკარგე ჩემი დაუდევრობით გოგლას სახიფათო წლებს
გამოტარებული პროგრამა.
ღვინო გოგლას ვერ ერეოდა. მთვრალი ან ფეხარეული საერთოდ არ მინახავს.
შეზარხოშებას იმით ვატყობდით, რომ უფრო მხიარული და ხმაურიანი ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დალევა ბევრი შეეძლო და ყანწსაც ხშირად
გამოცლიდა ხოლმე, სძულდა ჩაის ჭიქებით ქეიფი და ყოველთვის ხაზგასმით
შენიშნავდა, რომ ჩაის ჭიქით ჩაი უნდა დაილიოს, ხოლო ღვინის ჭიქით - ღვინო.
საქართველოს სადღეგრძელოს და ისიც მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში
ილიასეული ხის ჭიქით სვამდა - ჩვენი ოჯახის ყველაზე ძვირფასი რელიქვიით:
„ოლე,
ოლე,
მე ლიახვზე
დაგინახე წამით,
შიგნიდანვე გამომწვარი
მარტოობის შხამით,
შიგნი-შიგან დახლეჩილი
შრეებად და კეცად,
ყორანისგან ჩაყეფილო,
ხეო, ერთო ბეწვა!"
ერთ-ერთი სადღეგრძელოთი - გოგლაურათი - ისმებოდა იმ ახალშობილთა
სადღეგრძელო, ვინც დაიბადა წვეულების მსვლელობისას.
გოგლას იმდენად ღვინის სმა კი არ უყვარდა, რამდენადაც სუფრასთან მოლხენა. ის
სუფრა, რომელსაც გოგლა ესწრებოდა, გამორჩეული იყო ძალზე საინტერესო
საუბრებით, მხიარულებით, ცეკვა-სიმღერით, კეთილი განწყობით. გოგლასეულ

წვეულებებს შეჩვეულთათვის ძნელი ხდებოდა სხვა, ორდინარულ სუფრებზე
სიამოვნების მიღება.
საჭმლის მიმართ გოგლა დიდი მოთხოვნილებით არ გამოირჩეოდა; უყვარდა თევზი,
ხინკალი, ლობიო, ნიორი, „დედას პური", კამეჩის მაწონი და განსაკუთრებით
ინდაურის თეთრი ხორცი, რომელიც ძალზე იშვიათად თუ ერგებოდა, რადგან
ყოველთვის ცდილობდა ახლობლებისათვის დაეთმო. მეც თეფშზე მთლიანად
გადმომიღებდა ხოლმე და თან დიდი კმაყოფილებით მეკითხებოდა: „ხომ კარგია?
ხომ მოგწონს?"
გოგლას ზარავდა სუფრაზე შემწვარი გოჭის დანახვა, ამბობდა: „ჩვილ ბავშვს
მაგონებსო". არადა ერთხელ დედაჩემს მამის გარდაცვალების შემდეგ უთხრეს, რომ
თითქოსდა ერთ, თავის დროზე „რაპპელ" პოეტს ეთქვას: „გოგლა ისეთი პატრიოტი
იყო, საქართველოს ერთ შემწვარ გოჭში გაცვლიდაო". ზოგიერთი თავისი საკუთარი
ფასეულობის შკალიდან გამომდინარე მსჯელობს სხვებზე.
გიორგი ლეონიძე საქართველოს დიდი მოჭირნახულე იყო. მისი ყოველი პწკარი (მათ
შორის იძულებით ნაწერიც), და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებს
ითვალისწინებდა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება, თუნდაც, არცთუ მთლად
აქტუალურობა დაკარგული სტრიქონები, 1936 წლის დასაწყისში, საქართველოს
გასაბჭოების მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, სტალინისადმი ლექსად
მიწერილი წერილიდან:
„უარესმა გაჭირვებამ მალე მწარედ გაგვაშტერა:
რუსის მეფემ, სისხლის მსმელმა, ქრისტეს ჯვარზე ჰფიცა ჯერა,
მერე ცეცხლით შემოვიდა, სიკვდილივით დაგვეძგერა, ხიშტებით და ბორკილებით კავკასია მოამტვერა.
მას უნდოდა ოქრო, ვერცხლი, მიწა, მსხვერპლი ყველა მხრიდან,
ჰგვიდა, თხრიდა ყოველივეს, თავს რომელი არ უხრიდა.
საქართველო წინ გაიდო აზიისკენ გზად და ხიდად...
ამოგვართო მეფემ ენა, სიტყვის კარი ამოჰქოლა,
ათას წლოვან ჩვენს კულტურას მოეხვია ცეცხლის რგოლად,
უდევნელი არ დასტოვა არც თეატრი, აღარც სკოლა,
ხალხის ზრდა და მომავალი საუკუნოდ დააბრკოლა.
კავკასიის ერთა შორის აღარ დარჩა ძველი ნდობა,
წაგვისიეს ერთმანეთსა, შეგვაძულეს ძმათა ძმობა,
შუღლმა, მტრობამ, გამცემლობამ, ერთმანეთზე გაგვაცოფა,
მუხანათურ თავდასხმებით შევირცხვინეთ ვაჟკაცობა.
გავყინეთ გული საძმოთა, როგორც ვარდს ჰყინავს ზამთარი,
ძმათ სიყვარული დავკარგეთ, დიდი ხნით გულში ნატარი,
წავეკიდენით სასიხლოდ ლეკი, სომეხი, თათარი, სულ რუსის მეფის ბრალია, იმისი ნაოსტატარი.
გვატირა - ვაი ოჯახო, გადამშეულო ბავშვებო,
გვაჩივლა - ბედო, შავბედო, ვაებავ ნაერთბაშევო..."

„სულ რუსის მეფის ბრალიაო", - სწერდა პოეტი საბჭოთა იმპერიის მეთაურს. ამას ვინ
გაპატიებდა. ეს ხომ საბოლოოდ უკვალოდ არ ჩაუვლიდა არც მასა და არც მის ოჯახს.
გოგლასაგან გამიგონია, არ შეიძლება იყო უზნეო და იყო ამავე დროს პატრიოტიო.
სრული ჭეშმარიტებაა! და ეს ჭეშმარიტება თანაბრად ეხება უკვდავთაც და
მოკვთავთაც. გიორგი ლეონიძე თავისი ცხოვრების წესითაც და თავისი
შემოქმედებითაც მხოლოდ თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას ემსახურებოდა,
როგორც მოღვაწე და უმღეროდა, როგორც პოეტი. იგი საქართველოს კარგადყოფნაზე
ზრუნავდა კალმით – მაქსიმალურად, ცხოვრებით - როგორც შეეძლო. იშვიათია
ისეთი მთლიანი, მონოლითური ადამიანი, როგორიც გოგლა იყო, იგი
მრავალმხრივი, მრავალწახნაგა პიროვნება გახლდათ და არა „გაორებული მოვლენა".
გიორგი ლეონიძის გაორებულ პიროვნებად წარმოდგენა უზნეობაა. ეს შეხედულება,
სხვა რომ არაფერი, ლოგიკური თვალსაზრისით, საბჭოთა რეჟიმის არსის
შერბილებაა, რეჟიმისა, რომელიც პრაქტიკულად არჩევანის უფლებას არ უტოვებდა
არავის; ფაქტობრივად მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა და ხშირად
სიკვდილშიც არ იყო საშველი.
თუ მან რაიმეს უმსხვერპლა თავისი პოეზია, ამის მიზეზი იქ უნდა ვეძიოთ, სადაც
გოგლამ თავისი სულიერი და ფიზიკური ძალების მაქსიმუმი შეგნებულად დატოვა.
მან მართლაც უმსხვერპლა თავისი პოეზია საქართველოს, მშობელ მიწაში ასე ღრმად
რომ არ სდგოდა ფესვები, იქნებ უფრო მეტად მოეცალა კოსმიური
აღმაფრენებისათვის. „ქვიშანი დარჩებიანო", - უთქვამთ და ესეც სრული
ჭეშმარიტებაა! მდინარე წყლის წვეთებივით წარმავალთ კი ავადმოსაგონარ დღეთა
ხსენებისას მეტი კრძალვა, ტაქტი და სიფრთხილე გვმართებს, რათა
წინდაუხედაობითა და უნიჭობით, ან უმეცრებით, ან სხვა რამ მიზეზთა გამო არც
უკვდავთა სახელებს მიადგეს ჩრდილი და არც მოკვდავთ.
ბუნებრივია, რომ სწორედ ის პირნი უკიჟინებდნენ ყველაზე მეტად გოგლას, ვინც
თავის დროზე თავად აიძულებდნენ მას კომპრომისები ეძებნა საკუთარი და
ახლობლების ოჯახთა გადასარჩენად, დღესაც მათივე სულიერი ნაშიერნი
განაგრძობენ იმავე საქმეს. გოგლა კი წერდა:
„ხან სევდიანი წარსულისაც თუ ვარ მხედარი,
შორეულ ელვამ თუ კალამი დამისხიურა, მე გულს მესობა წინაპართა შემოხედვანი,
უწყალო მზერა მე მამოწმებს ყოველდღიურად!
ორპირ მახვილის უბასრესი გამკვეთელობით
შუა გამიყო სისასტიკით სული და ტვინი, მე აღარ ვიცი, სახლი ჩემი ვამკევ ხელობით,
თუ შეურაცხვჰყავ...
ეს ლექსია, თუ ფარატინი?
მწარედ მაწუხებს,
მამარწუხებს სიშიშვლე ძნელი!
სამშობლოს კოშკის გამოვდექი უღონო მცველი!..
დღითა თუ ღამით, მაინც ნობათს არ დავცდენილვარ,
ვდგევარ,

აჩრდილნი, სადაც ხმლებით გადაწვენილან..."
გოგლამ სამშობლოს კოშკის მცველის სული მიუხედავად მრავალი სიძნელისა
ბოლომდე შეინარჩუნა:
„მკერდს გავიღეღავ, გავილუმპები,
არ მოვინატრებ სეტყვაშიც საფარს;
ან მათთან ერთად დავიღუპები,
ან ხელს შევტაცებ ვარსკვლავთა ფაფარს..."
არც ჭეშმარიტი პოეზიის მადლი იცის ვინმემ ნამდვილ პოეტზე უფრო კარგად:
„ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,
ადვილი არის მისთვის ლექსობა,
მე სიტყვა ცრემლში დამიფერია
ძველ წყლულში დანა ფხით გამესობა!.."
ერთხელ ზედმეტად გათამამებულად მის კაბინეტში შესულს ხუმრობით შემომიტია:
„შენ ეტყობა არ იცი, რამხელა პოეტს ელაპარაკებიო"; მეც იხტიბარი არ გავიტეხე და
ხუმრობითვე შევეკითხე: „შენ უფრო დიდი პოეტი ხარ, თუ გალაკტიონი?" უეცრად
სრულიად სერიოზულად მიპასუხა: „გალაკტიონიც დიდი პოეტია, ძალზე ფაქიზი
პოეტური ბუნების, პოეზიის გედია", მერე ისევ, ხუმრობითვე დასძინა: „შენ მე ეგრე
ნუ მიყურებ, მე ლომი ვარ, ლომი! ჩემს ფასს მხოლოდ ჩემი ასი წლის იუბილეზე
გაიგებ, როცა კიროვის ქუჩას ლეონიძის ქუჩა დაერქმევა და იქ ჩემი მუზეუმი
გაიხსნება, ხოლო წყნეთში ჩემს სახლში მუზეუმი რომ იქნება, ქავთარაძეების სახლში
(ჩემი მეორე ბაბუის - აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის აგარაკი გოგლას სახლის
მეზობლად დგას) მუზეუმის ადმინისტრაციას ექნება ბინაო".
არ უყვარდა სიტყვა „ბაბუა", მე „პაპა"-ვარო, ამბობდა, თან დასძენდა: „აბა სად
გაგიგიათ, ვინმეს ეთქვას ‘საფლავნი მამა-ბაბუათაო’".
ხუმრობა ზოგჯერ ტრაბახნარევი იცოდა, „იცის ბიჭმაო" იტყოდა. დიდი
კმაყოფილებით იხსენებდა ხოლმე, ნატა ვაჩნაძემ მითხრაო: „ლეონიძე, კოხტა ბიჭო,
შენ კი გენაცვალეო!" როდესაც სადმე მივდიოდით და მასპინძელი გოგლას წინ
გაატარებდა, არასოდეს პირველი არ გავიდოდა და უხერხულობის გასაფანტავად
ეტყოდა ხოლმე: „გაგვიძეხ, ბერო მინდიავ!" ზოგჯერაც ვითომდა მოისაწყლებდა
თავს და იტყოდა: „ერთი საწყალი კაცი ვარ, ტყეში ვეფარები ხესა!" ახლობელთა
გადმოცემით, გოგლას მამა-პაპას ჩორეხსავით ტყე-ღრე ყვარებიათ წოწიალი.
გოგლას იუმორი ყოველთვის თბილი, კეთილმოსურნე იყო, თუმცა არც სარკაზმისა
თუ ირონიის ნიჭი აკლდა. გამიგონია, რომ ერთ თავის დროზე ცნობილ პროზაიკოსს,
რომლის ერთ-ერთ რომანს საკმაოდ გრძელი სათაური ჰქონდა, გადაეწყვიტა ამ
სათაურის შემოკლება და თავშეყრილ მწერალთათვის შეუჩივლია: „ისეთი სათაური
ვერ შევარჩიე, რომ თან მოკლე იყოს და თან ძველ სათაურში ნახსენები „სიმინდიც"
იყოს შინაარსობრივად ასახულიო". გოგლას სხარტად მიუგია: „ბატი-ბუტი
დაარქვიო".

მართალია გოგლას სიძულვილი არ სჩვეოდა, მაგრამ იყო გამონაკლისებიც; როდესაც
ვინმე უღირსზე ძალიან განრისხდებოდა, იტყოდა ხოლმე: „ჩეკისტი, ნამდვილი
ჩეკისტი" ანდა რუსულად: „г... собачье"; სხვა გინება არ იცოდა. მუშტაიდის ბაღში
სეირნობისას იქვე მდგომ ორჯონიკიძის ძეგლს თუ მოკრავდა თვალს აუცილებლად
დასცდებოდა ხმადაბლა „თუ-თუ-თუ", ალბათ „(თ)ფუი ეშმაკსო!" ასე მაშინ
აკეთებდა, როდესაც რაიმეს წააწყდებოდა სიკვდილთან დაკავშირებულს. ერთხელ
იქვე, მუშტაიდის ბაღში ყოფნისას, არ ვიცი ხუმრობით მითხრა თუ სერიოზულად:
„შენ რომ აქ პატარა მატარებლით სეირნობო, ეგ რკინიგზა ორჯონიკიძემ
საქართველოს მიწების დათმობის საფასურად მიიღო რუსეთისგანო." მსგავსი
განწყობა ჰქონდა გოგლას რევოლუციის სხვა „ბელადების" მიმართაც, სტალინის
გარდა; იმედი ჰქონდა რომ მისი სახელი ქართველობას გამოადგებოდა ეროვნული
ნიჰილიზმის მძიმე სენის დასაძლევად. სტალინი გოგლასათვის გარკვეულწილად
ილიასთან „დილით" ხელში მისული ყმაწვილი პოეტი იყო, რომელსაც ბედმა არგუნა
ქართული გენიის უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი რგოლი ყოფილიყო:
„სხივაკრეფილი მზე ჩადის,
ვარსკვლავმაც შეიჭახჭახა...
მზე ჩადის...
მზე ხვალ ამოვა...
უფრო დიდი და ჩახჩახა!"
სტალინს გოგლა არასოდეს შეხვედრია, მხოლოდ ერთხელ ომისშემდგომ წლებში
სხვა მწერლებთან ერთად მიუპატიჟიათ კრემლში, მაგრამ სტალინთან შეხვედრის
მოლოდინში სასტუმროდან ადრე გასული ბუკინისტურ მაღაზიაში შესულა და ისე
გაუტაცნია იქ მიკვლეული წიგნების ფურცვლას, რომ შეხვედრაზე დაგვიანებით
მისულა და, რა თქმა უნდა, აღარ შეუშვეს.
როგორც ცნობილია, გოგლა დიდი ბიბლიოფილი და სიძველეთა ჩინებული მცოდნე
იყო. ოცდაათიან-ორმოციან წლებში ლიტერატურის მუზეუმში მუშაობისას იგი
ყოველნაირად ეხმარებოდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ძველი ქართული
ოჯახების შთამომავალთ, რათა მუზეუმისათვის გადაცემულ უძვირფასეს მასალებში
მაქსიმალურად შესაძლებელი თანხა აეღოთ, რის გამოც არაერთი უსიამოვნება
შეხვედრია. გარდაცვალების წინა თვეებში, თითქოს მოახლოებული აღსასრულის
მოლოდინში გოგლა ცდას არ აკლებდა რათა მიეკვლია ნინოწმინდის ტაძრის ეზოში
ჩამარხული წიგნსაცავისა და თემურ ლენგის მიერ თბილისის აოხრებისას
სამარყანდში გაზიდული სამეფო ბიბლიოთეკისათვის.
ორმოცდაათიან წლებში გოგლა თანაუგრძნობდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ
კოსტავას და მათ მეგობრებს და მათი განთავისუფლების სათხოვნელად
კონსტანტინე გამსახურდიასთან და სხვა მწერლებთან ერთად ეახლა ვასილ
მჟავანაძეს. იმ ხანებში გოგლა ხშირად მეუბნებოდა: „ხომ ხედავ, ბრძოლით არაფერი
გამოდის, სამშობლოს ეცადე შენი ცოდნით და საქმით ემსახურო, თავისუფლებას კი
დრო მოიტანს და მაგ დროისათვის უნდა იყოთ მზად". ამ სიტყვებს - დრო როცა მოვა
- ხშირად იმეორებდა ხოლმე:
„თუ დღეს ხარ ისე პატარა,

როგორც საკურდღლე ჯეჯილი,
იყავი, დრო როცა მოვა,
ხანჯალი ამოგლეჯილი!"
(„პატარა ქართველს")
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საქართველოს თავისუფლებას მოვესწრებოდი:
„მე შვილიშვილთა მბრწყინავ თვალებში
ვჭვრიტე დიდი მზე საქართველოსი..."
არ უყვარდა სკოლაში რომ დავდიოდი და ხშირად ცდილობდა არ გავეშვი, ამბობდა
ხოლმე: „ნეტა იქ კარგი რა უნდა ასწავლონო". სახლში დარჩენილს უამრავ წიგნს
მაკითხებდა ხოლმე საქართველოს ისტორიაზე, მათ შორის 1917-1924 წწ.
გამოცემულებს, თან შიშობდა ხიფათში არ გავხვეულიყავი. ტრავმირებული იყო
ოცდაჩვიდმეტში უფროსი ძმის, ცნობილი მიკრობიოლოგის, ლევან ლეონიძის
დაღუპვით, რომელსაც პატარძეულიდან თბილისში ოცდაერთ წელს დიდი
შეიარაღებული რაზმი ჩამოეყვანა სამშობლოს დამცველებისა:
„მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი..."
მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიიდან შუა აზიაში გერმანელთა გადასახლებისას,
გოგლამ უდიდესი ძალისხმევით და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის,
კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით,
შეძლო ლევანის მიერ გერმანიიდან
(ვისბადენიდან) ჩამოყვანილი მეუღლის, მარია ჰოფმანის, და მათი ორი
მცირეწლოვანი შვილის უკანასკნელ მომენტში დახსნა. ამ ამბის გამო, იმდენად დიდი
სულიერი ტრავმა მიეღო, რომ ერთ ღამეში მთლიანად გაჭაღარავებულიყო.
ასევე შეუხორცებელ ჭრილობად აჩნდა მის სულს მეუღლის, ეფემია
გედევანიშვილის, ძმის, ავთანდილის, დაღუპვა 1924 წელს. ავთანდილი, ცხრამეტი
წლის, მოხდენილი აღნაგობის, უნივერსიტეტის სტუდენტი, ქუჩაში შემოწმების
დროს დაეკავებინათ; მეორე დღეს ორგანოებში საბუთის წამოღებისას გარეთ
გამოსულს კიბეებთან შეჩეხებია ვინმე მოროზოვი, რომელსაც უკან და სამუდამოდ
შეუბრუნებია სიტყვებით: „сразу видно что не чистой крови." საბედისწერო გამოდგა
ავთანდილისათვის არისტოკრატული იერი; ოჯახში მისგან მხოლოდ მეტეხის
ციხიდან ჩუმად გამოგზავნილი პურისაგან გამოძერწილი კოჭი შემოგვრჩა, ზემოდან
ამოტვირფული წარწერით „დედას..."
„თქვენმა წამებამ გული დასერა,
და უთქვენობა ვით არ მეძნელოს,
თუ ღვინომ ყანწი ვერ გაასველა,
ცრემლით ავავსებ თქვენ სადღეგრძელოს!"
ძალზე გაიხარებდა ხოლმე გოგლა თუ ჩემს ხელში მისი სულიერი ძმების,
ცისფერყანწელთა, წიგნებს დაინახავდა:

„რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ,
გამაგებინე - რა ლექსი გინდა.
რომ არ მომეცი მე მყუდროება,
არც წყალი მასვი მე გემო წმინდა.
რად დამიგრიხე ხორხზე საბელი,
და ფრთაში წყლული რად გამიჩინე,
რად აკვლევინე კაენს აბელი,
რომ ერთი ძმაც კი არ შემირჩინე..."
ბოლომდე თავი ამ ორდენის წევრად მიაჩნდა:
„რა გვსურდა,
რას ვოცნებობდით,
რა უნდა
გადაგველოცა? ჩვენ ვაძველებდით
ძმურ ძმობას სიყვარულს
საქართველოსას!"
გოგლა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს გვინერგავდა, ითხოვდა ამ სიყვარულის
ყოველდღიურ განსხეულებას საქმეში. უმთავრესად მიაჩნდა, არ ჩამქრალიყო
„მამულის თავისუფლების აზრის ცეცხლი... ჩვენს სულში":
„იმ ხმლის ნატეხი
ნახე, მოზარევ,
მარაბდაში რომ გადამსხვრეულა;
მოჭრილ ძუძუთა სისხლს ეზიარე,
რომელშიც ერის ცრემლი რეულა.
არ გიტირნია შოთას საფლავზე? იქიდან ლექსი ამორხეულა!
ისევ გრძელდება „ქართლის ცხოვრება",
ერთი ფურცელიც არ მოხეულა!"
„მნათობი", 1997 წ. N 7

Back:
http://www.geocities.com/komblege/publications2.htm

&
http://www.geocities.com/komblege/kavta.html

&
http://www.scribd.com/kavta
&
http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

Sign up to vote on this title
UsefulNot useful