ქართული ხალხური ზღაპრები

წყარო: წიგნი – „იყო და არა იყო რა“
გადმობეჭდა დავით ღონღაძემ

ამხანაგი ნუ გძულს, საშოვარი ნუ გშურს
119
იყო და არა იყო რა, იყო სამი ამხანაგი. დადიოდნენ საშოვარზე და რასაც
შოულობდნენ, თანატოლად იყოფდნენ. ერთხელ ერთი ჩანახი ოქრო იპოვეს და და
ჩვეულებრივ თანაბრად გაიყვეს. იმხანად საჭმელი აღარაფერი ჰქონდათ და ერთერთი
ამხანაგი ქალაქში საჭმლის მოსატანად გაგზავნეს.
მიდიოდა ამხანაგი ქალაქისაკენ და თან ფიქრობდა: – ახლა აღარა მიჭირს რა,
საკმაოდ გავმდიდრდი და საშოვარზე სიარული აღარ მომიწევს, მაგრამ რა კარგი იქნებოდა,
რომ ჩემი ამხანაგების წილიც ჩემი ყოფილიყო, ცხოვრებას უფრო უზრუნველად
გავატარებდიო. ამ ფიქრმა აცდუნა და ბოლოს ასე გადაწყვიტა: – მოდი, სანოვაგეს რომ
ვიყიდი, მოვწამლავ და ამხანაგებს ისე მივუტან. თვითონ პირს არ დავაკარებ, ვეტყვი,
ქალაქში ვჭამე-მეთქი, მოიწამლებიან და იმათი წილიც მე დამრჩებაო.
გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც: იყიდა სანოვაგე, მოწამლა და ისე წამოიღო. მაგრამ
გულხელდაკრეფით არც მისი ამხანაგები მსხდარან. წავიდა თუ არა ამხანაგი, მათაც იგივე
ფიქრი აეკვიატათ: რატომ გავუყოთ მესამე ამხანაგს? იმისი წილიც რომ ჩვენ დაგვრჩეს, ხომ
უფრო მეტი გვექნებაო, და გადაწყვიტეს: მოვა თუ არა, მაშინვე მოვკლათ და იმისი წილიც
ჩვენ გავიყოთო.
მოიტანა თუ არა გაგზავნილმა ამხანაგმა საჭმელი, იმ ორმა ამხანაგმა მაშინვე ხმლები
იშიშვლეს და ლუკმა-ლუკმად აკუწეს. თვითონ კი მიუსხდნენ სანოვაგეს, მაგრამ პურის ჭამა
ნახევრადაც ვერ აითავეს, მოიწამლნენ და დაიხოცნენ. ნაპოვნი სიმდიდრე კი ოხრად დარჩა.
ასეა, ვისაც ამხანაგი სძულს და საშოვარი შურს, თავისი წილიც ოხრად დარჩება.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,
ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

1