You are on page 1of 1

ქართული ხალხური ზღაპრები

წყარო: წიგნი – „იყო და არა იყო რა“


გადმობეჭდა დავით ღონღაძემ

დიაკვანი და ყვავი
121

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ერთ ქალაქში ისეთი ლამაზი ეკლესია
ააშენეს, რომ მისი ბადალი ქვეყნად არაფერი მოიპოვებოდა. კედლები, შიგნით-გარეთ, სულ
ძვირფასი თვლებით შეუმკეს და გუმბათზე ოქროს ჯვარი აღმართეს. მნახველები ჩერდებოდნენ
ეკლესიასთან და აღტაცებით გაიძახოდნენ: – მართლაც, რომ მეტისმეტად კარგი რამ არისო, ხოლო
მრევლი ხალისით დადიოდა სალოცავად და შესაწირავსაც გულუხვად სწირავდა.
მაგრამ ქალაქის მცხოვრებთ ლამაზი ეკლესიით თავმოწონება დიდხანს არ დასცალდათ.
საყდარს ერთი ზინზლიანი ყვავი შემოეჩვია და მთელი სილამაზე გააოხრა., დასკუპდებდა ოქროს
ჯვარზე დილიდან საღამომდე და ჯვარიც და კედლებიც მთლიანად ჩამოსვარა. რა არ იღონა
მღვდელმა, როგორ არ ეცადა, მაგრამ ყვავი ვერა და ვერ მოიშორა. მრევლი კი დასვრილ
ეკლესიაში აღარ შედიოდა და აღარც უხვი შესაწირავი მიჰქონდა.
გაჯავრდა ბოლოს მღვდელი და დიაკვანს უთხრა:
– მოაშორებ ეკლესიას ამ ოხერ ფრინველს, ხომ კარგი, არადა, ქალაქში აღარ გაგაჩერებო.
დაღონდა დიაკვანი. დაჯდა შინ და დაფიქრდა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს ასეთი ხერხი
მოიფიქრა: აიღო ერთი ნაჭერი დამარილებული ღორის ხორცი, ერთი ჯამი თავანკარი ღვინო და
აიტანა ეკლესიის გუმბათზე. ხორცი ჯვარზე დაჰკიდა, ღვინო ჯვრის ძირში დადგა და უკანვე ჩამოვიდა.
მოფრინდა ყვავი და შემოჯდა ეკლესიის გუმბათის ჯვარზე. ხორცს ჯერ უნდობლად შეხედა,
მაგრამ მალე სულმა სძლია და ჩაუნისკარტა. ხორცი ეგემრიელა და მსუნაგად გადასანსლა.
გამაძღარმა რამდენჯერმა ხმამაღლა დაიჩხავლა და ფრთა ფრთას შემოჰკრა. მლაშე ხორცნაჭამს
მალე წყალიც მოსწყურდა და ღვინის ჯამს დაეწაფა. სვა, სვა და ამოშრიტა. დიაკვანი გარედან
უთვალთვალებდა და სიხარულისაგან სულ ასკინკილას ცეკვავდა.
ყვავს, წყურვილიც რომ მოიკლა, ისევ ჯვარზე შეჯდომა და დაჩხავლება მოუნდა.დაიქნია
ფრთები, მაგრამ ტანი ვეღარ აიტანა და ჯვარზე შეჯდომის მაგიერ მიწაზე მოადინა ბრაგვანი.
დიაკვანიც ამას ელოდა, მივარდა ღვინისაგან გაბრუებულ ყვავს, აიყვანა ხელში და თავი
კედელს უჯახა. სცემდა და თან გაჯავრებული ჩასძახოდა:
– შე ოხერო, რა ხარ, ვინა ხარ, რომ საშველი აღარ მოგვეცი, რა რჯულისა და სარწმუნოებისა
ხარ: თუ ურია ხარ, ღორის ხორცს რატომ სჭამ? თუ მაჰმადიანი – ღვინოს რადა სვამ? ხოლო თუ
ქრისტიანი ხარ, ამ წმინდა ჯვარს და ღვთის საყდარს რაღად აფუჭებო? – წააძრო კისერი და
სანაგვეზე გადაუძახა.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,


ქატო – იქა, ფქვილი – აქა.