You are on page 1of 17

(პროექტი)

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

ნაწილი I: ზოგადი დებულებები

მუხლი1. კანონის მიზანი და რეგულირების საგანი

1. წინამდებარე კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული


ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ
რისკებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და
ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას.

2.წინამდებარე კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა,


დასაქმებულთა და დასაქმებულთა წარმომადგენლების უფლებებს, მოვალეობებსა და
პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს
შექმნასთან.

მუხლი 2: მოქმედების სფერო

1.წინამდებარე კანონი ვრცელდება დამსაქმებლებზე და დასაქმებულებზე, საჯარო და კერძო


სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროს ყველა დარგის საქმიანობაზე.

2. წინამდებარე კანონით განსაზღვრული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ასევე


ვრცელდება:

ა) ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან სასჯელ-


აღსრულებით დაწესებულებებში და სხვა იურიდიულ პირებზე, რომლებიც იყენებენ
მსჯავრდებულთა შრომას;

ბ) სტუდენტებზე და სტაჟიორებზე, რომლებიც გადიან საწარმოო პრაქტიკას;

გ) სხვა პირებზე, რომლებიც დამსაქმებლის ნებართვით მუშაობენ ან იმყოფებიან სამუშაო


ადგილზე ან დამსაქმებლის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

3. წინამდებარე კანონი არ ვრცელდება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე, მათ დაქვემდებარებაში


მყოფ უწყებებზე, თუ ეს საკითხები რეგულირდება შესაბამისი უწყების შესახებ მოქმედი
კანონებით, ან ამავე უწყების სამსახურებრივი დებულებებითა და შინაგანაწესით.

ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

მუხლი 3: ტერმინთა განმარტება

წინამდებარე კანონის მიზნებისთვის, მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:


ა) დამსაქმებელი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ
გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან/და პირთა გაერთიანება,
რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

ბ) დასაქმებული – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ


გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე,
დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს და „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო
მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

გ) სხვა პირ(ებ)ი სამუშაო ადგილზე – პირ(ებ)ი, რომლებიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა


ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ სამუშაოს ან საქმიანობას, მათ შორის, ვიზიტორები,
მომწოდებლები და ის დასაქმებულები, რომლებსაც არ გააჩნიათ წერილობითი ხელშეკრულება,
მაგრამ შრომითი ურთიერთობა დასტურდება სხვა საშუალებებით.
დ) სამუშაო ადგილი - კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირ(ებ)ი
უშუალოდ ეწევიან შრომით საქმიანობას.
ე) სამუშაო სივრცე - ყველა სამუშაო ადგილისა და მასთან დაკავშირებული ტერიტორიის
ერთობლიობა, სადაც დასაქმებულები და სხვა პირ(ებ)ი იმყოფებიან/გადაადგილდებიან
სამსახურეობრივი დანიშნულებით და რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან
დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ.

ვ) შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა – სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან


დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და
ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემა, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და
ღირსეული საქმიანობისთვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ -ეკონომიკურ,
საორგანიზაციო-ტექნიკურ, სანიტარულ - ჰიგიენურ, სამკურნალო - პროფილაქტიკურ,
სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;
ზ) პრევენცია – იმ ღონისძიებებისა და პროცედურების სისტემა, რომელიც ხორციელდება ან
დაგეგმილია დამსაქმებლის მიერ საქმიანობის ყველა მიმართულებით პროფესიული რისკების,
საწარმოო უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადების ან შრომითი საქმიანობის გამო
ჯანმრთელობისათვის სხვა სახის ზიანის მიყენების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით.
თ) დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
საკითხებში - პირ(ებ)ი, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულ(ებ)ის ინტერესებს შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
ი) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ი – დამსაქმებლის მიერ დანიშნული შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე პირ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
კ) საფრთხე - მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების,
გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების თავისებურებები, რომელმაც შეიძლება,
გამოიწვიოს დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის დაზიანება, დაავადება ან ჯანმრთელობის
სხვა პრობლემები.

ლ) რისკი - დასაქმებულ(ებ)ისთვის ან სხვა პირ(ებ)ისათვის ჯანმრთელობის ან სხვაგვარი


ზიანის მიყენების ალბათობა და მოსალოდნელი შედეგების ხარისხი.
მ) რისკის შეფასება - მეთოდები და ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა სამუშაო სივრცეში
საფრთხ(ებ)ის იდენტიფიცირებისთვის და უკავშირდება სამუშაო პროცესს, მის გაანალიზებას
და რისკის ხარისხის შეფასებას, ასევე დამცავი და პრევენციული ზომების განსაზღვრას.
ნ) საფრთხის შემცველი ფაქტორები - ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური
ან ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც წარმოიშობა სამუშაო პროცესში და რომლებმაც
შეიძლება, წარმოქმნას საფრთხე დასაქმებულის ან სხვა პირ(ებ)ის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის და გამოიწვიოს პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის მკვეთრი
გაუარესება;

ო) უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე–შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამუშაო


პროცესში ან სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით და რომელსაც შედეგად მოჰყვა
დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის
შეზღუდვა ან დაკარგვა, სიკვდილი ან დაკარგულად გამოცხადება.
პ) საშიში შემთხვევა – იდენტიფიცირებადი მდგომარება (ტექნიკური ინციდენტი,
სიმაღლიდან ვარდნა, აფეთქება, ხანძარი, მავნე ნივთიერების გაჟონვა და ა.შ.), რომელიც არაა
გამოწვეული დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის მიერ და რომელმაც შესაძლებელია
გამოიწვიოს მატერიალური ზიანი და არასასურველი შედეგები და უშუალოდ არ შეუქმნას
საფრთხე დასაქმებულ(ებ)ს ან სხვა პირ(ებ)ს.
ჟ) პროფესიული დაავადება – დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის მწვავე ან ქრონიკური
დაავადება, რომელიც გამოწვეულია მავნე ან საშიში ფაქტორებით, ზღუდავს მათ
პროფესიონალურ საქმიანობას ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდით და შეტანილია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
დამტკიცებულ პროფესიული დაავადებების ნუსხაში.

ნაწილი II: დამსაქმებლის ვალდებულებები და უფლებები

მუხლი 4: ზოგადი დებულებები


1. დამსაქმებელი, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
უზრუნველყოფისთვის თავისი კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში,
ვალდებულია:

ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქართველოს


კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციები და სხვა წესები;
ბ) გააუმჯობესოს სამუშაო პირობები და უზრუნველყოს მათი ადაპტაცია მიმდინარე და
პროგნოზირებადი ცვლილებებისა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის/გამოცდილების
გათვალისწინებით;
გ) იზრუნოს, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე
მოქმედი სამუშაო აღჭურვილობების, მასალების, მუშაობის მეთოდების, საწარმოო პროცესების
და შრომის ორგანიზების გამო.
დ) უზრუნველყოს, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას არ შეექმნას
საფრთხე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორების, და იმ ფაქტორების გამო,
რომლებიც გავლენას ახდენენ ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ გადატვირთვაზე;
ე) შეცვალოს რთული, ჯანმრთელობისთვის საზიანო, დაძაბული და მონოტონური სამუშაო
მოსახერხებელი სამუშაო მეთოდებით, საწარმოო პროცესებითა და გაუმჯობესებული შრომის
ორგანიზებით;
ვ) სამუშაო გარემოს რისკის ფაქტორების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს წერილობითი
სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე მოქმედი
რისკების აღმოფხვრის ან შემცირების ღონისძიებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა
სახის საქმიანობაზე და საწარმოს/დაწესებულების მმართველობის ყველა დონეზე, მათი
განხორციელების ვადებს, შემსრულებლებს, ასევე მისი განხორციელებისთვის საჭირო
სახსრებს; ეს დებულება არ ვრცელდება დამსაქმებელზე, რომელსაც ჰყავს 10 დასაქმებულზე
ნაკლები.
ზ) დაავალოს დასაქმებულ(ებ)ს სამუშაოს შესრულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის,
უნარებისა და ფიზიკური შესაძლებლობის, ასაკის, კომპეტენციებისა და პროფესიული
კვალიფიკაციის შესაბამისად და არ მისცეს მათ უფლება შეასრულონ სამუშაო, რომლებიც არ
შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ უნარებსა და შესაძლებლობებს;
თ) მიაწოდოს დასაქმებულ(ებ)ს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მათი სწავლება;
ი) გამართოს კონსულტაციები დასაქმებულ(ებ)თან და/ან მათ წარმომადგენლებთან მათთვის
შესაფერისი აღჭურვილობის შერჩევისა და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის, ასევე სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კ) სისტემატურად გააკონტროლოს და შეამოწმოს:
კ.ა) ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;

კ.ბ)საწარმოო გარემო ფაქტორების მდგომარეობა, განახორციელოს მათი გაზომვა და შეფასება


სპეციალური ინსტრუქციებით გათვალისწინებულ ინტერვალებში;

კ.გ)ინდივიდუალური და სხვა დამცავი საშუალებების სწორი გამოყენება;

2. თუ რამდენიმე საწარმოს/დაწესებულების დასაქმებულ(ებ)ი ერთად მუშაობს, პროცესში


მონაწილე ყველა დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლონ ერთმანეთთან შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და ჰიგიენის


ნორმების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის


კოორდინაცია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვისა და პროფესიული რისკების
პრევენციის საკითხებში.

გ) გაცვალონ ინფორმაცია პროფესიული რისკების შესახებ;

დ) წარუდგინონ დასაქმებულებს ან/და მათ წარმომადგენლებს ინფორმაცია პროფესიული


რისკების შესახებ.

3. დამსაქმებელი ვალდებულია, გასწიოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებისა და


ჯანმრთელობის დაცვასთან, ასევე სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული
ყველა ხარჯი. დასაქმებულებს არ ეკისრებათ ზემოთ დასახელებული ფინანსური ხარჯები.

მუხლი 5. პრევენცია
1.დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკ-ფაქტორების
შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით, უნდა განსაზღვროს და მიიღოს შესაბამისი ზომები
შემდეგი საერთო პრინციპების საფუძველზე:

ა) თავიდან აიცილოს არსებული რისკები;


ბ) შეაფასოს ის რისკები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;
გ) აღმოფხვრას რისკების წარმომშობი მიზეზები;
დ)მაქსიმალურად მოარგოს სამუშაო ადგილი დასაქმებულს, რაშიც იგულისხმება სამუშაო
ადგილის მოწყობა, სამუშაო მოწყობილობებისა და სამუშაოს განხორციელების მეთოდების
შერჩევა;
ე) უზრუნველყოს შრომის საშუალებებისა და მეთოდების მოდერნიზაცია ტექნიკურ
პროგრესთან შესაბამისობაში;
ვ) ჩაანაცვლოს საშიში ფაქტორი უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორით;
ზ) შეიმუშაოს შესაბამისი პრევენციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს წარმოების
ტექნოლოგიას, შრომის ორგანიზებას, შრომის პირობებს, სოციალურ ურთიერთობებს,და ამ
ფაქტორების ზემოქმედებას სამუშაო გარემოზე და დასაქმებულების დაცვას სამუშაო პროცესის
ყველა ასპექტში.
თ) მიანიჭოს უპირატესობა კოლექტიური დაცვის საშუალებებს ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებთან შედარებით;
ი) აღჭურვოს დასაქმებულები შესაბამისი ინსტრუქციებით.
2. საწარმოს / დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო
პირობების უზრუნველსაყოფად და საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების
თავიდან ასაცილებლად დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) შეაფასოს რისკები, იმ საფრთხეებისა და დასაქმებულთა ჯგუფების იდენტიფიცირების


ჩათვლით, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ მომეტებული საფრთხეების წინაშე;
გამოავლინოს აუცილებელი დამცავი და პრევენციული ზომები პროფესიულ საქმიანობასთან
დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისთვის;

ბ) რისკების შეფასების საფუძველზე შეიმუშაოს შესაბამისი დაცვისა და პრევენციული


ღონისძიებების გეგმა, რომელიც მოიცავს სამუშაო ადგილზე ტექნიკურ, სამედიცინო,
ორგანიზაციულ და სხვა ზომებს სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ) დანერგოს დაცვის პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყოს საწარმო/დაწესებულება


შესაბამისი რესურსებითა და აღჭურვილობით;

დ) შეაფასოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკები სამუშაო ტექნიკის, ახალი


ტექნოლოგიების, ქიმიური ნივთიერებების შერჩევისას და სამუშაო ადგილების
დაგეგმარებისას;

ე)განსაზღვროს და შეიმუშაოს უსაფრთხო სამუშაო მეთოდები და შექმნას პირობები მათი


დანერგვისთვის;

ვ) შეიმუშაოს საკუთარი შიდა რეგულაციები შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის


დაცვის შესახებ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით და უზრუნველყოს დასაქმებულთა
ინსტრუქტაჟი;

ზ) ფუნქციების განაწილების საფუძველზე განსაზღვროს შრომის უსაფრთხოებისა და


ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი დასაქმებულების ვალდებულებები და
პასუხისმგებლობები;

თ) უზრუნველყოს საშიშ ზონაში და მაღალი რისკის შემცველ სამუშაოზე მხოლოდ იმ


თანამშრომლების დაშვება, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სპეციალური სწავლება და
ინსტრუქტაჟი.

ი) გამოავლინოს და აღრიცხოს საწარმოში არსებული მაღალი რისკის შემცველი უბნები;

კ) უზრუნველყოს დაცვის და საკონტროლო სიტემების, ასევე სახიფათო ნივითიერებების


შემგროვებელი და გამანეიტრალებელი აღჭურვილობების უწყვეტი და გამართული
ფუნქციონირება;
ლ) მიაწოდოს შრომით ინსპექტორებს ვიზიტისას ან გამოძიებისას ყველა საჭირო ინფორმაცია
და დოკუმენტაცია და შეასრულოს შრომის ინსპექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციები და
მითითებები;

მ) აღჭურვოს საწარმო/დაწესებულება შესაბამისი კოლექტიური დამცავი საშუალებებით;

ნ) აღჭურვოს დასაქმებულები აუცილებელი ეფექტური ინდივიდუალური დამცავი


საშუალებებით უფასოდ იქ, სადაც ეს აუცილებელია მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის
დაცვისთვის და უზრუნველყოს მათი სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა;

ო) უზრუნველყოს დასაქმებულების სპეციალური სამედიცინო ზედამხედველობა


კონკრეტული რეგულაციების საფუძველზე, მათ შორის სამუშაოსთან დაკავშირებით
პრევენციული სამედიცინო გასინჯვები რეგულარული ინტერვალებითა და დასაქმებულის
მიმართვის საფუძველზე, სამუშაო ადგილზე სამუშაოს ხასიათისა და სამუშაო პირობების
გათვალისწინებით;

პ) აკრძალოს სამუშაო ადგილზე თამბაქოს მოხმარება იქ, სადაც ასევე მუშაობენ არამწეველი
დასაქმებულები და უზრუნველყოს ამ აკრძალვის შესრულება; ასევე გამოჰყოს სამუშაო
სივრცეში ადგილები თამბაქოს მოხმარებისთვის;

ჟ) არ დაუშვას სამუშაოზე ის დასაქმებული, რომელიც იმყოფება ალკოჰოლის, ნარკოტიკული


ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ და ამ მიზნით შიდა რეგულაციებით
განსაზღვროს დასაქმებულების და/ან სხვა პირთა ჯგუფი, რომლებიც უფლებამოსილი
იქნებიან, ზედამხედველობა გაუწიონ აღნიშნულ პროცესს დასაქმებულისთვის შესაბამისი
გამოკვლევის ჩატარების ჩათვლით.

მუხლი 6: შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზება და მართვა

1.დამსაქმებელი ვალდებულია, დანიშნოს: ერთი ან მეტი დასაქმებული შრომის


უსაფრთხოების სპეციალისტად ან შექმნას ამ მიზნით სამსახური (100 და მეტი დასაქმებულის
შემთხვევაში), საწარმოს ექიმი–თერაპევტი და სხვ. სპეციალისტები, რომლებიც
უფლებამოსილი იქნებიან ორგანიზება გაუწიონ და შეასრულონ შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში და რისკების პრევენციის დარგში დასახული ამოცანები.

2. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი/სამსახური უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური


საშუალებებითა და ინსტრუმენტებით; უნდა შეირჩეს შესაფერისი დრო მისი მოვალეობების
შესასრულებლად; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე
არ უნდა აღმოჩნდეს სხვა დასაქმებულებთან შედარებით უფრო უარეს მდგომარეობაში შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით;

3.თუ საწარმოს/დაწესებულების სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების,


საფრთხის მოცულობის, ხასიათის და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების
გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური
თანამშრომელი, დამსაქმებელი ვალდებულია, მოიწვიოს აღნიშნული დარგის
სპეციალისტები/ორგანიზაციები.

4.თუ დამსაქმებელი სარგებლობს მოწვეული სპეციალისტების მომსახურებით, ვალდებულია


მათ გადასცეს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ყველა
დასაქმებულს, მენეჯერსა და სტრუქტურულ დანაყოფს შორის კოორდინაცია და
თანამშრომლობა.
5.შრომის უსაფრთხოების დანიშნულ და მოწვეულ სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ
შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია, უნარები და ტექნიკური ჩვევები,
რომელიც დასტურდება სპეციალური მოწმობით(სერთიფიკატი, ლიცენზია).

6.დანიშნული ან/და მოწვეული უსაფრთხოების სპეციალისტების რაოდენობა უნდა


შეესაბამებოდეს საწარმოს სიდიდეს, საქმიანობის სპეციფიკასა და შესაძლო საფრთხეების
მასშტაბებს.

7. დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 10 დასაქმებულზე ნაკლები, შეუძლია პირადად


შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით,
თუ მას გავლილი აქვს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
პროფესიული სწავლების კურსი.

8. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათი


სერტიფიცირების წესი, პირობები და პროცედურები, გარე მომსახურების განხორციელების
შესახებ უფლებამოსილების (ლიცენზიის) გაცემის წესი, საწარმოში მისი სიდიდისა და
არსებული რისკების დონის მიხედვით სპეციალისტების რაოდენობა, ასევე დამსაქმებლის
საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, რომელიც დამოუკიდებლად (პირადად) ასრულებს შრომის
უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ აქტივობებს, განისაზღვრება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-
სამართლებრივი აქტით.

9. საწარმოს ექიმ–თერაპევტის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები ისევე, როგორც მათი სამუშაო


პირობები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტით.

10. თუ მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად დამსაქმებელი ნიშნავს შრომის
უსაფრთხოებისა სპეციალისტს ან იწვევს მომსახურების გასაწევად სხვა უფლებამოსილ პირს
(გარე მომსახურება), ეს არ ათავისუფლებს მას წინამდებარე კანონით დაკისრებული
ვალდებულებებისგან.

მუხლი 7: პირველი დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია, მომეტებული და


გარდაუვალი საფრთხე

1.დამსაქმებელი ვალდებულია :

ა) მიიღოს აუცილებელი ზომები პირველი დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და


ევაკუაციის უზრუნველსაყოფად საწარმოს/დაწესებულების სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და
სხვა პირობების გათვალისწინებით;

ბ) განახორციელოს აუცილებელი და მყისიერი კომუნიკაცია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო


და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან;

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ზომების განსახორციელებლად


დამსაქმებელმა უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი დასაქმებული მასთან შრომით
ურთიერთობაში მყოფი დასაქმებულებიდან და უზრუნველყოს, რომ თითოეულ
ტერიტორიულ ან სტრუქტურულ ქვედანაყოფში იყოს სპეციალურად მომზადებული მინიმუმ
ერთი პასუხისმგებელი დასაქმებული.

3.ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული პასუხისმგებელი დასაქმებულების რაოდენობა,


მათი წინასწარი სწავლება და აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს/დაწესებულების
სიდიდეს ან მოსალოდნელი რისკების/საფრთხის დონეს.
4.დამსაქმებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა დასაქმებულს, რომლებსაც
ემუქრებათ ან შესაძლოა, დაემუქროთ მომეტებული ან გარდაუვალი საფრთხე, პრევენციული
და საევაკუაციო ზომებისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ნაბიჯების შესახებ.

5.მომეტებული ან გარდაუვალი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში დამსაქმებელი


ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა და გასცეს სამუშაოს შეწყვეტის ბრძანება, რათა
თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაო ადგილიდან გასვლა და უსაფრთხო ზონაში გადანაწილება.

6.დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს დასაქმებულს სამუშაოს გაგრძელება მანამ,


სანამ ჯერ კიდევ არსებობს მომეტებული ან გარდაუვალი საფრთხე.

7.დამსაქმებელს არ აქვს უფლება, დასაქმებულებს, რომლებმაც დატოვეს სამუშაო ადგილი


და/ან საფრთხის შემცველი ტერიტორია მომეტებული ან გარდაუვალი საფრთხისას,
მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

8. დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, რომ თითოეულ დასაქმებულს, თუ მას არ შეუძლია


მიმართოს იერარქიულად უშუალო ხელმძღვანელს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს
შესაბამისი ზომები მომეტებული და გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში საკუთარი ან სხვა
პირების უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი საფრთხის
შედეგები.

9.დამსაქმებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს დასაქმებულ(ებ)ის მიერ მე-8 პუნქტში


აღნიშნული ზომების მიღებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადგილი აქვს დაუდევარ და
გაუფრთხილებელ ქმედებებს.

მუხლი 8: დასაქმებულთა ინფორმირება

1.საწარმოს/დაწესებულების სიდიდისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებული


ვალდებულია, მიაწოდოს დასაქმებულებს და/ან მათ წარმომადგენლებს ინფორმაცია, რომელიც
შეეხება:

ა)პროფესიულ რისკებსა და მავნე ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო


ადგილთან და მათ შესაძლო ზეგავლენას დასაქმებულის ჯანმრთელობაზე, ასევე მათგან
თავდაცვის მექანიზმებს;

ბ)პოტენციურ რისკებს, რომლის წინაშე შესაძლოა, დადგეს დასაქმებული, და რისკების


შედეგების შეფასებას, დამსაქმებლის მიერ გატარებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვისა და პრევენციული ზომების ჩათვლით;

გ) საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებსა და ღონისძიებებს, რომლებიც უნდა


გატარდეს მომეტებული და გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ ზომებსა
და პროცედურებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს ავარიის, ხანძრის შემთხვევაში,
სათადარიგო გასასვლელებისა და საევაკუაციო ადგილების ჩათვლით;

დ) აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასა და იქ ყოფნასთან და ისეთი


სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის სიცოცხლისა და/ან
ჯანმრთელობისთვის უშუალო პოტენციურ საფრთხეს;

ე) სპეციალური რეგულაციებით აკრძალულ სამუშაოებს;

2.დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის,


მომწოდებლების ან სამუშაო სივრცეში სხვა პირობების საფუძველზე მყოფი პირების
ინფორმირება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 9: დასაქმებულთა სწავლება

1.დამსაქმებელი ვალდებულია ჩაუტაროს დასაქმებულებს რეგულარული სწავლება,


ინსტრუქტაჟი და მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე:

ა) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი


და სხვა ნორმების, უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ და გადაამოწმოს ამასთან
დაკავშირებით დასაქმებულ(ებ)ის ცოდნა;

ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, ტექნიკისა და სამუშო აღჭურვილობების


გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;

გ) საგანგებო სიტუაციებისა და საევაკუაციო ღონისძიებების და მათი პრაქტიკული


განხორციელების შესახებ.

2.დამსაქმებელმა პირველ პუნქტში აღნიშნული სწავლება უნდა უზრუნველყოს:

ა) დაქირავებისას, სამუშაოს დაწყებამდე;

ბ) თანამშრომელთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას;

გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვის, ახალი მანქანა-


დანადგარების გამოყენების და/ან საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;

დ) სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისას;

ე) განმეორებით, დამსაქმებლის მიერ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ან საჭიროების


მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ მაინც.

3.დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, რომ სამუშაოზე უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ


სასწავლო კურსი იყოს რისკების ადექვატური, მორგებული კონკრეტულ სამუშაო პოზიციებზე,
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის
შესაბამისი და ახალი რისკების გათვალისწინებით განახლებადი და ცვალებადი.

4. დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს სპეციალური ტრენინგებით შრომის


უსაფრთხოების სპეციალისტები და დასაქმებულთა წარმომადგენლები და შეუქმნას
ადექვატური პირობები მათი ფუნქციების განხორციელებისათვის. ტრენინგებისთვის
გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ სამუშაო
საათების პროპორციულად;
5.ამ მუხლში დასახელებული ინსტრუქტაჟი, სწავლება და ტრენინგები ტარდება სამუშაო
საათებში და დამსაქმებლის ხარჯით.

მუხლი 10: კონსულტაციები და დასაქმებულთა მონაწილეობა შრომის უსაფრთხოებისა და


ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით
1. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულ(ებ)ის და/ან მათი
წარმომადგენლ(ებ)ის მონაწილეობა შრომის უსაფრთხოებსა და ჯანმრთელობის დაცვის
საკითხების გადაწყვეტაში, რაც გულისხმობს:
ა) დასაქმებულებთან კონსულტაციებს;
ბ) დასაქმებულის ან მისი წარმომადგენლის უფლებას შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ წინადადებ(ებ)ის ინიცირების შესახებ;
2.დამსაქმებელმა დასაქმებულებს და/ან მათ წარმომადგენლებს უნდა აცნობოს და წინასწარი
კონსულტაციები გაიაროს:
ა) ნებისმიერ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს
სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასა და დასაქმებულთა სამუშაო პირობებზე;
ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ან შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვისთვის გარე მომსახურების გამოყენების თაობაზე;
გ) სამუშაო აღჭურვილობის, ტექნოლოგიების, შრომის ორგანიზების, საწარმოო პირობებისა
და სამუშაო ადგილის შერჩევისას;
დ) რისკის შეფასების, დამცავი ღონისძიებების განსაზღვრისა და დანერგვისას, მათ შორის
ინდივიდუალური და კოლექტიური დამცავი საშუალებების შესახებ;
ე) საწარმოო ტრავმების, საწარმოო ინციდენტების, საშიში შემთხვევების, პროფესიული
დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა დაზიანებების შესახებ, რომლებსაც ადგილი აქვს
სამუშაო სივრცეში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოკვლევის შედეგებისა და
შემოთავაზებული ღონისძიებების ჩათვლით;
ვ) დასაქმებულებისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდების
მეთოდებისა და მოცულობის თაობაზე;
ზ) სწავლების/ტრეინინგების დაგეგმვისა და ორგანიზების შესახებ.
3.დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის საკითხებზე კონსულტაციების, ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის
წარმოების მიზნით, დასაქმებულები ირჩევენ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს, შესაბამისი პროფკავშირული
ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის შესახებ
დამსაქმებელი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს. პირი დასაქმებულების
წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
4.დასაქმებულთა წარმომადგენელი უფლებამოსილია:
ა) წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები დამსაქმებელთან და საზედამხედველო
უწყებებთან (შრომის ინსპექცია) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) შეამოწმოს სამუშაო სივრცე და შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის წესების
შესრულება სამუშაო ადგილებზე და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
აცნობოს დამსაქმებელს;
გ) მოსთხოვოს ინფორმაცია დამსაქმებელს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას
ახდენენ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე სამუშაო სივრცეში და
განიხილოს ისინი დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან;
დ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და წარუდგინოს მას წინადადებები სამუშაო სივრცეში
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით;
ე) მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, რომლებიც ეხება
სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, გამოძიებებში, რომლებიც
ადგენს მუშაობის პროცესში მომხდარი საწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებების და
სხვა შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს;
ვ) წარუდგინოს კომენტარები და წინადადებები შრომის ინსპექციას და სხვ. კომპეტენტურ
ორგანოებს, ამ უკანასკნელების მიერ დამსაქმებლის კომპანიაში შრომის პირობების
შემოწმებისას.
5.თუ საწარმოში/დაწესებულებაში არ არსებობს დასაქმებულთა წარმომადგენელი, მაშინ ამ
მუხლის მე-5 პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებებს ახორციელებს
ნებისმიერი სხვა დასაქმებული.
6.დამსაქმებელი ვალდებულია, განათავსოს დასაქმებულთა წარმომადგენლების სია
შესაბამისი სამუშაო ადგილების მითითებით თვალსაჩინო ადგილზე.
7.დასაქმებულთა წარმომადგენლ(ებ)ის მდგომარეობა, თავისი უფლებამოსილების
განხორციელების გამო, არ უნდა გაუარესდეს სხვა დასაქმებულებთან შედარებით.
8. დასაქმებულთა წარმომადგენლ(ებ)ის მიერ მოვალეობების შესრულების დრო საწარმოს
სიდიდის, სამუშაო პირობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით განისაზღვრება
კოლექტიური ხელშეკრულებით ან სხვა სახის წერილობითი დოკუმენტით.

მუხლი 11: დამსაქმებელთა უფლებები


დამსაქმებელს უფლება აქვს:
ა) მოიწვიოს საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი სპეციალისტები რისკ-ფაქტორების
შეფასების მიზნით და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ბ) მოსთხოვოს დასაქმებულთა წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა შრომის
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
გ) მოსთხოვოს სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც არ არიან დამსაქმებლის მიერ
დასაქმებულნი, დაიცვან შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოქმედი
ნორმები;
დ) მიმართოს საზედამხედველო ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული უარს აცხადებს
ან თავს არიდებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედი
ნორმებისა და სტანდარტების შესრულებაზე;
ე) მოიწვიოს საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი სპეციალისტები დასაქმებულთა
წარმომადგენლებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სწავლებისთვის;

ნაწილი III: დასაქმებულთა უფლებები და ვალდებულებები


მუხლი 12: დასაქმებულთა უფლებები

დასაქმებულს უფლება აქვს:

ა)განიხილოს დამსაქმებელთან შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი


შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ; ასევე მოითხოვოს ასეთ
განხილვაზე, საჭიროების შემთხვევაში და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ დარგის
ექსპერტების მოწვევა;

ბ) მიიღოს ინფორმაცია რისკის ფაქტორების, რისკის შეფასების შედეგების, დამსაქმებლის მიერ


მიღებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ზომების, სამედიცინო გამოკვლევის
შედეგების და შრომის ინსპექტორის რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ.

გ) შეწყვიტოს დამსაქმებლის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება, რომელიც


ეწინააღმდეგება კანონს, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის წესებს და, რომელმაც შესაძლოა,
საფრთხე შეუქმნას დასაქმებულ(ებ)ის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
მიატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა, როდესაც სახეზეა რეალური საფრთხის რისკი.

დ) უარი თქვას სამუშაოს შესრულებაზე ან შეაჩეროს მუშაობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის
ან მესამე მხარის ჯანმრთელობას და არ აკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების წესებს და
დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს.
ე) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მოსთხოვოს დამსაქმებელს სხვა მუდმივ ან დროებით
სამუშაო ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება, ასევე დღის ცვლაში
გადაყვანა, თუ ღამის ცვლა საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის და დამსაქმებელს
გააჩნია შესაბამისი ვაკანსია.

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია საწარმოო ტრავმის


გამო.

ზ) მიმართოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, შრომის ინსპექტორს, დასაქმებულთა


წარმომადგენელს, თუ სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
წესები სათანადოდ არ არის დაცული.

მუხლი 13: დასაქმებულთა ვალდებულებები


1.დასაქმებული ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს ინსტრუქციებით, სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით,
რომლებიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან და
დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;
ბ) ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და დასაქმებულების წარმომადგენლებთან უსაფრთხო
სამუშაო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვის წესების შესაბამისად;
გ) შეასრულოს სამუშაო, მართოს და გამოიყენოს სამუშაო ტექნიკა, მასალები, საშიში
ნივთიერებები და სხვა საშუალებები დამსაქმებლის ინსტრუქციებისა და მუშაობისას
მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დ) მართოს სპეციალური წესების მიხედვით განსაზღვრული, მომეტებულ რისკთან
დაკავშირებული სამუშაო ტექნიკა და აწარმოოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობს
შესაბამის სერტიფიკატს ან ნებართვას და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი სამუშაოს
შესრულების შესახებ დავალება გაცემულია დამსაქმებლის მიერ;
ე) სწორად გამოიყენოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დამცავი მოწყობილობები, არ
გამორიცხოს ან არ შეცვალოს ისინი თვითნებურად მუშაობისას;
ვ) გამოიყენოს ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობები განსაზღვრული მეთოდების
შესაბამისად და შეინახოს ისინი მუშა მდგომარეობაში;
ზ) დაუყოვნებლივ წარუდგინოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს ინფორმაცია
ნებისმიერ ხარვეზზე, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას შრომის უსაფრთხოებასა და
ჯანმრთელობის დაცვას, ან გამოიწვიოს უბედური შემთხვევა, საწარმოო ინციდენტი, საშიში
შემთხვევა ან სხვა საფრთხის შემცველი სიტუაცია; თავისი შესაძლებლობის ფარგლებში,
მონაწილეობა მიიღოს მათ აღმოფხვრაში;
თ) დაესწროს დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ ორგანიზებულ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს და ცოდნის დონის
შემოწმების მიზნით გაიაროს შესაბამისი ტესტირება;
ი) გაიაროს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები იმ სამუშაოსთან დაკავშირებით,
რომლის შესრულებისთვისაც ასეთი გამოკვლევები აუცილებელია სამართლებრივი
რეგულაციების შესაბამისად;
კ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, ექიმისა და შრომის
ინსპექტორის განკარგულებები იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება შრომის უსაფრთხოების და
ჯანმრთელობის წესების დაცვას საწარმოო და არასაწარმოო გარემოში;
ლ) თავი შეიკავოს ალკოჰოლის, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული
ნივთიერებების მოხმარებისგან სამუშაოს შესრულების პროცესში;
მ) გაიაროს დამსაქმებლის ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ ორგანიზებული
შემოწმება, რათა დადგინდეს იმყოფება თუ არა ის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული ნივთიერებების გავლენის ქვეშ;
ნ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება სამუშაო პროცესში ჩართულ სხვა
პირებზეც.
ნაწილი IV: უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებები
მუხლი 14: უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე

1.სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევად ჩაითვლება შემთხვევა, რომელსაც ადგილი აქვს


სამუშაო პროცესში ან პირდაპირ კავშირშია სამუშაოსთან და რომელიც იწვევს თანამშრომლის
ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, რომელიც ამასთანავე მოხდა მისგან
დამოუკიდებლად გარე ზემოქმედების მოკლევადიანი, მოულოდნელი და ძალისმიერი
ეფექტის გავლენით.

2.სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევად არ ჩაითვლება ისეთი უბედური შემთხვევა,


რომელიც დასაქმებულს შეემთხვა სამუშაოსკენ მიმავალ ან სამუშაოდან უკან მომავალ გზაზე.

3.უბედური შემთხვევა, რომელიც სამუშაო ადგილზე მოუხდათ სხვა პირებს, რომლებიც არ


არიან დამსაქმებლის მიერ დასაქმებულნი, ან რომელიც შეემთხვა დასაქმებულს სამუშაოსთან
პირდაპირი კავშირის გარეშე, კვალიფიცირდება, როგორც „სხვა უბედური შემთხვევა სამუშაო
ადგილზე“.

4.სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე


დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:

ა) მსუბუქი უბედური შემთხვევა - მსუბუქი დაზიანება შრომისუუნარობის გარეშე, ან


შრომისუუნარობით არაუმეტეს 3 დღისა;

ბ) მძიმე უბედური შემთხვევა – მუდმივი შრომისუუნარობა (ინვალიდობა) ან ჯანმრთელობის


მძიმე დაზიანება, როგორიცაა დასახიჩრება, კიდურის დამბლა, გრძნობათა ორგანოების
ფუნქციათა დაკარგვა ან არსებითი შესუსტება, მნიშვნელოვანი ორგანოს დაკარგვა, დამახინჯება,
აბორტი ან ნაყოფის სიკვდილი, ან დროებითი შრომისუუნარობა 40 კალენდარულ დღეზე მეტი
ხანგრძლივობით;

გ) ფატალური უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე – დასაქმებულის სიკვდილი სამუშაო


ადგილზე უბედური შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში;

დ) მასიური უბედური შემთხვევა – 3 ან მეტი პირის დაშავება, მათ შორის ერთი მძიმე
უბედური შემთხვევა ან ერთი ფატალური უბედური შემთხვევა.

მუხლი 15: სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების, რეგისტრაცია, გამოკვლევა და


ანგარიშგება

1.დასაქმებული ვალდებულია, დამსაქმებელს დაუყოვნებლივ აცნობოს სამუშაო ადგილზე


ნებისმიერი უბედური შემთხვევის ან შემთხვევების შესახებ, რომელიც მას შეემთხვა, თუ მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ან თუ ის შეესწრო ასეთ შემთხვევას.
დამსაქმებელს ასევე უნდა ეცნობოს ნებისმიერი საშიში შემთხვევისა და რაიმე სერიოზული
საფრთხის შემცველი საწარმოო ავარიის შესახებ .
2.დამსაქმებელი, რომელსაც პირველი პუნქტის შესაბამისად მიუვიდა შეტყობინება,
ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული


სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემდგომი საფრთხე.

ბ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ–დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისას დაიცვას


უბედური შემთხვევის ადგილი და შეინარჩუნოს უცვლელად, ადგილზე კომპეტენტური
საგამოძიებო ორგანოების გამოცხადებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია
ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ან სერიოზული
ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად.
თუ ინციდენტის ადგილზე იცვლება სიტუაცია პირ(ებ)ის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის შემდგომი პოტენციური საფრთხის პრევენციის ან სერიოზული
ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს სამუშაო
ადგილის სიტუაციის შესაბამისი აღწერილობა ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების
გამოძიების ხელშეწყობისთვის.
გ) სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა
წარედგინოს:
- შესაბამის პროფკავშირულ ორგანიზაციას და დასაქმებულების წარმომადგენელს;
- პოლიციას მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და თუ ფაქტები
მიანიშნებს უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნებზე;
- შრომის ინსპექციას მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ–დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში;
დ) აღრიცხოს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები, რაც გულისხმობს:
- კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და
დაშავებული დასაქმებულ(ებ)ის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას
იძლევა, მონაწილეობით მისი გამომწვევი მიზეზისა და ყველა სხვა გარემოების განსაზღვრას;
- სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების დადგენილი ფორმის შესაბამისად რეგისტრაციას;
3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულმა საწარმოო უბედური შემთხვევა განიცადა სხვა
დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე, ეს დამსაქმებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს
დაზარალებული დასაქმებულის დამსაქმებელს უბედური შემთხვევის შესახებ.

4. დამსაქმებელი ვალდებულია შეინახოს მსუბუქი უბედური შემთხვევების შესახებ


მტკიცებულებები, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც საჭიროა უბედური
შემთხვევების აღწერისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით სამუშაო ადგილზე უბედური
შემთხვევების შედეგები გამოვლინდება და მიიღოს შესაბამისი ზომები, მსგავსი შემთხვევების
თავიდან ასაცილებლად.

5. დამსაქმებელმა უნდა განსაზღვროს სხვა საწარმოო უბედური შემთხვევების გამომწვევი


მიზეზი და ყველა გარემოება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საფრთხის შემცველი
ფაქტორები მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად; მიიღოს და გაატაროს საჭირო ზომები
მსგავსი მოვლენების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

6. მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის შესახებ დეტალური პროცედურები, ასევე


უბედური შემთხვევის აღრიცხვის წესი, ფორმა, მოკვლევის პროცედურები, ანგარიშგების წესი
და ვადები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
ნაწილი V: სენსიტიური რისკის ჯგუფები

მუხლი 16. რისკის ჯგუფები

1. დამსაქმებელმა უნდა მოაწყოს სამუშაო ადგილი, განახორციელოს შრომის ორგანიზება და


განსაზღვროს სამუშაო პირობები სენსიტიური რისკის ჯგუფების ინტერესების
გათვალისწინებით;

2. სენსიტიური რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან: ორსული და მეძუძური ქალები, 18 წლამდე


ასაკის დასაქმებულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ისინი დაცული უნდა
იყვნენ მათ წინაშე არსებული სპეციფიკური საფრთხეებისგან.

3. ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს


სენსიტიური რისკის ჯგუფებისათვის, დამქირავებელმა უნდა შეაფასოს რისკების ბუნება,
ხარისხი და ხანგრძლივობა და საფრთხის შემცველი აგენტების ზეგავლენა სამუშაო პროცესზე
და შრომის პირობებზე; მიაწოდოს ინფორმაცია შეფასების შედეგების შესახებ სენსიტიური
რისკის ჯგუფებსა და/ან მათ წარმომადგენლებს.

4.საფრთხის შემცველი აგენტების, საწარმოო პროცესის ან სამუშაო პირობების აღმოჩენის


შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულების უსაფრთხოებასა და
ჯანმრთელობას, დამქირავებელმა დროებით უნდა შეუსაბამოს სამუშაო პირობები და/ან
სამუშაო ადგილი დასაქმებულის საჭიროებას, სანამ მსგავსი რისკი არ აღმოიფხვრება. თუ
დამქირავებელს არ შეუძლია მსგავსი პირობების შექმნა, მაშინ ის ვალდებულია გადაიყვანოს
დასაქმებული სხვა სამუშაოზე იმავე ხელფასის შენარჩუნებით.

5.18 წლამდე ასაკის დასაქმებულები დაცულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი სპეციფიკური


რისკისგან, რაც ზიანს მიაყენებს მათ კეთილდღეობასა და განვითარებას, მათი გამოცდილების,
არსებული ან პოტენციური რისკების შესახებ ინფორმაციის არქონის, ან მათი უმწიფრობის გამო.

6. დამსაქმებულმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე ასაკის პირები, ასევე ორსული და მეძუძური


ქალები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა შესასრულებლად. მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

ნაწილი VI: შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა


და სახელმწიფო საზედამხედველო უწყებები

მუხლი 17: შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა

1.შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკას


განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში-
სამინისტრო) სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან თანამშრომლობით.

2. სამინისტრო, ამ კანონის მიზნების აღსრულებისთვის შექმნილი შესაბამისი სტრუქტურების


მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის


შემუშავებას სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებთან და სოციალურ პარტნიორებთან
თანამშრომლობით;

ბ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს


მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან და
შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
გ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების
გამოცემას;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს


დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრირებას/კოორდინაციას
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის, პროფესიული დაავადებების
პროფილაქტიკის სფეროში.

ე) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში საზოგადოების


ცნობიერების ამაღლებას, კვლევების განხორციელებისა და ტრენინგების ჩატარების
ხელშეწყობას;

ვ) სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება შრომის


უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას;

ზ) სახელმწიფო ინსპექტირების ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის


დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონტორინგს;

თ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური


ანგარიშების მომზადებას.

3.სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის


დაცვის გაუმჯობესების მიზნით:

ა) აწვდის რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას შრომის უსაფრთხოებისა და


ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის;

ბ) წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს შრომის უსაფრთხოებისა და


ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთნ დაკავშირებული ძირითადი პროგრამების შესახებ;

გ) აფასებს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კონკრეტული


შემთხვევებს და წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შესაბამის უწყებებს;

დ) განიხილავს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან


დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს და
შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

მუხლი 18. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განხორციელებასა


და მონიტორინგის შესაბამისი სახელმწიფო უწყებები

1. სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე სახელმწიფო


ზედამხედველობას ახორციელებს შრომის სახელმწიფო ინსპექცია.

2. შრომის სახელმწიფო ინსპექცია აკონტროლებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის


დაცვის კანონმდებლობის აღსულებასა და გამოყენებას, აწარმოებს სამუშაო დგილზე
მომხდარი უბედური შემთხვევების გამოძიებას ყველა საწარმოსა და დაწესებულებაში
წინამდებარე კანონის ფარგლებში.

3. შრომის სახელმწიფო ინსპექციის ფუნქციები, უფლება–მოვალეობები და სტურქტურა


განისაზღვრება სპეციალური სამართლებრივი აქტით.

ნაწილი VII: პასუხისმგებლობა

მუხლი 19. პასუხისმგებლობა


პასუხისმგებლობა წინამდებარე კანონისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების
დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ნაწილი VIII: დასკვნითი დებულებები

მუხლი 20.კანონის ამოქმედების ვადა

წინამდებარე კანონი ძალაშია .....