You are on page 1of 14

სტრატეგიული გეგმა

(2017-2021)
შესავალი
წინამდებარე სტრატეგიის შემუშავების მიზანია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და მისი საქმიანობისათვის 2017-2021 წლების ჩარჩო
სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა. ეს დოკუმენტი წარსულში ISFED-ის მიერ
მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტების გაგრძელებას წარმოადგენს. სტრატეგიული
გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და მიმდინარე მნიშვნელოვან
მოვლენებს, ისევე როგორც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ISFED-ის მიერ
საქართველოში გაწეული საქმიანობის შედეგებს. ISFED-ის სტრატეგიული გეგმა და მისია
ეფუძნება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობასა და კომპეტენციის სფეროებს.

წინამდებარე დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ISFED-ის გუნდმა გაითვალისწინა ქვეყნის
წინაშე არსებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და რეგიონული გამოწვევების
სხვადასხვა ასპექტები. აღნიშნული გამოწვევების გადაჭრა საჭიროებს კომპლექსურ და
სისტემურ მიდგომას სხვადასხვა მხარეებისა და ინტერესთა ჯგუფების მხრიდან.
ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა ან გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ISFED-ის ძალისხმევით
ვერ მოხდება. თუმცა, ISFED-ის საქმიანობა საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და
მხარდაჭერას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გასული წლების განმავლობაში ISFED-მა გააფართოვა საკუთარი კომპეტენციები და
მოახდინა საქმიანობის სფეროების დივერსიფიცირება. მან უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც
არჩევნებზე სამოქალაქო კონტროლის განმახორციელებელმა ავტორიტეტულმა
ორგანიზაციამ და მოიპოვა ფასეული აღიარება, როგორც საქართველოში დემოკრატიისა და
ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა სამოქალაქო აქტორმა. ძალიან ხშირად
აღნიშნული განაპირობებს საზოგადოების მოთხოვნას, ორგანიზაციამ მოახდინოს რეაგირება
ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებზე. ზოგიერთი მოვლენა შესაძლოა
ორგანიზაციის მანდატის ფარგლებსაც სცდებოდეს. შესაბამისად, წინამდებარე
სტრატეგიული დოკუმენტი მიზნად ისახავს ორგანიზაციის მანდატის ჩარჩოს განსაზღვრასა
და სამომავლო აქტივობებისა და პროექტების მასთან შესაბამისობაში მოყვანას.

სტრატეგიული გეგმა იქნება მომავალი წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც
ჩვენს პარტნიორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და მოქალაქეებს ISFED-ის სტრატეგიული
ამოცანებისა და საქმიანობის შესახებ წარმოდგენას შეუქმნის.

კონტექსტი
გასული წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რის თვალსაჩინო მაგალითსაც
წარმოადგენს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო
არჩევნების მეშვეობით ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა. ევროპული
ინტეგრაციის გზაზე წარმატების ცალსახა ნიშანია 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს
შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ (AA) და „ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ხელმოწერა. საქართველოს
ხშირად მიიჩნევენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად, ხოლო „სავიზო
ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში წარმატებით განხორციელებული
რეფორმების შედეგად, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი

1
შემოიღო. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება ჯერ კიდევ
მიმდინარე პროცესია, ვინაიდან მნიშვნელოვანი დემორატიული რეფორმებს გამუდმებით
საფრთხეს უქმნის შიდა პოლიტიკური დინამიკა და რუსეთის ფედერაციის მზარდი
ინტერვენცია.

ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პოლიტიკურ ველს მომწიფებული და სტაბილური
ფაზისთვის ჯერაც არ მიუღწევია. კონსტრუქციული, შინაარსზე ორიენტირებული
პოლიტიკური დისკუსია ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა პარლამენტსა თუ ადგილობრივ
თვითმმართველობებში. საქართველოში პოლიტიკური დებატები უფრო მეტად
ფოკუსირებულია პოლემიკაზე, ვიდრე ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. საკანონმდებლო
დღის წესრიგი ხშირად მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზე და არა პოლიტიკურ
პროგრამებსა თუ ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე
არჩეული არაერთი მოხელე ჯერ კიდევ სწავლობს თავიანთი პარტიის, ინსტიტუტებისა და
ამომრჩევლების წინაშე აღებული ვალდებულებების დაბალანსებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არჩევნების ჩატარების კუთხით სახეზეა
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, საარჩევნო საკითხები კვლავ ფართო დისკუსიის საგანია და
მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო იმისათვის, რათა მიღწეული პროგრესი იყოს
მყარი და მომდევნო საარჩევნო ციკლებში მოხდეს მისი განმეორება და განმტკიცება.
მართალია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ძირითადად
კონკურენტული და მშვიდ გარემოში ჩატარებული, მაგრამ ამ არჩევნებმა ქვეყნის
პოლიტიკურ ველზე დრამატული ცვლილებები გამოიწვია. 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებმა შექმნა ახალი რეალობა პარლამენტში შემცირებული პარტიული
მრავალფეროვნებითა და მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით.
„ქართულმა ოცნებამ“ 150 საპარლამენტო მანდატიდან 115 მოიპოვა, ხოლო პარლამენტში
შესასვლელად მინიმალური ზღვარის გადალახვა „ქართული ოცნების“ გარდა მხოლოდ ორმა
პარტიამ შეძლო. არჩევნებმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ჯაჭვური რეაქცია
გამოიწვია. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩენილი
შიდა ბზარები, რაც არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე ნათელი იყო,
საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ პარტია ორ ნაწილად გაიყო და ენმ-ს ყოფილი
ლიდერების უმრავლესობამ 2017 წლის იანვარში შექმნა ახალი პარტია, „ევროპული
საქართველო.“ უფრო ადრე, 8 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, გადადგნენ და
პოლიტიკიდან წავიდნენ ზოგიერთი იმ პარტიის ცნობილი ლიდერები, რომლებიც
პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ოპოზიციური პარტიების აშკარა დასუსტებამ გავლენა იქონია
2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე, რომელშიც მმართველი
პარტია აშკარა უპირატესობით სარგებლობდა. წლიდან წლამდე, საქართველოში ჩატარებულ
არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობები და წინასაარჩევნო
კამპანიის მიზნებისთვის გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციისას.
ოპოზიციის კანდიდატებსა თუ მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლა, პარტიული
მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო გარემოზე
უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც კონკურენციაა მეტია.
აღნიშნულის ფონზე, საქართველოში მომდევნო საარჩევნო ციკლის პერიოდში შესაძლოა
საფრთხე დაემუქროს პოლიტიკურ პლურალიზმსა და რეალურ კონკურენციას. ეს ხაზს
უსვამს ძლიერი და სრულფასოვანი სადამკვირვებლო ძალისხმევის საჭიროებასა და
ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობას ისეთი თანამედროვე გამოწვევების გადასაჭრელად,
როგორიცაა არჩევნების დროს ტრადიციული და სოციალური მედია საშუალებების
გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელება.

2
საქართველოში თანასწორი საარჩევნო გარემოსათვის ძირითად გამოწვევად რჩება საარჩევნო
სისტემა. სხვა პოსტ-საბჭოური ქვეყნების მსგავსად, საქართველოში შერეული საარჩევნო
სისტემა მოქმედებს, რომელშიც პალამენტის წევრთა ნაწილის არჩევა ხდება პროპორციული
საარჩევნო სისტემით, საერთოეროვნული ერთი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან,
ხოლო მეორე ნაწილი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ერთმანდატიანი
საარჩევნო ოლქებიდან. მაჟორიტარული კომპონენტი შერეულ საარჩევნო სისტემაში
არაერთხელ გახდა კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ ოდენობასა
პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის დისპროპორციის მიზეზი. არსებული
საარჩევნო სისტემა, როგორც წესი, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ
პოლიტიკურ პარტიას შედარებით მცირე ზომისა და ნაკლები რესურსების მქონე პარტიების
ხარჯზე. აღნიშნულის გამო, საქართველოში სხვადასხვა ხელისუფლება ხშირად არ
ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს რეალური საარჩევნო რეფორმის
განხორციელებასთან დაკავშირებით. გასული ხუთი წლის განმავლობაში ISFED-ი სათავეში
ედგა ადვოკატირებას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და მაჟორიტარული კომპონენტის
გასაუქმებლად. აღნიშნულმა ძალისხმევამ კულმინაციას მიაღწია 2017 წელს, სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. თუმცა, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოებისა და
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიციისა და აგრეთვე, „ქართული
ოცნების“ მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით თითქოსდა გამოხატული
მზაობისა, საკონსტიტუციო ცვლილებებით პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლა
2024 წლის არჩევნებამდე გადაიდო. შერეული საარჩევნო სისტემის კიდევ შვიდი წლით
შენარჩუნება აღქმული იქნა, როგორც მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების
კონსოლიდაციის მცდელობა და ოპოზიციის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება.

მნიშვნელოვნად დასუსტებულ პოლიტიკურ ველთან ერთად, სხვადასხვა საგანგაშო
მოვლენებმა გააჩინა შეშფოთება საქართველოში მედია გარემოსთან დაკავშირებით.
„რუსთავი 2“-ის საკუთრების ირგვლივ სასამართლოში მიმდინარე დავამ კრიტიკულად
განწყობილი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების
მცდელობა გამოკვეთა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის
შეცვლამ და ახალი მენეჯმენტის სადავო გადაწყვეტილებებისა და ინიციატივების წყებამ
საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაძლოა სტერილურ მედია-პლატფორმად გადააქციოს,
სადაც სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე კრიტიკული დისკუსიები არ იმართება.
მედია მრავალფეროვნების შემცირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს წინა-საარჩევნო გარემოსა
და ზოგადად დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.

გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ურთიერთობამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ
საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობამ ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადაინაცვლა,
რასაც არაერთ შესაძლებლობასთან ერთად, თან ახლავს გამოწვევებიც. 2014 წელს
ხელმოწერილი „ასოცირების შეთანხმება“ და DCFTA საქართველოს სხვადასხვა სექტორებში
არაერთი რეფორმის განხორციელების ვალდებულებას აკისრებს, ევროკავშირის
სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ცვილებების დანერგვის
კუთხით განხორციელებული პროგრესი საჭიროზე ნელა მიმდინარეობს, არსაკმარისი
კონსულტაციის, გამჭვრივალობისა და შესაძლებლობების გამო. გამოკითხვები ადასტურებს,
რომ ქართველების განწყობა დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ კვლავ უაღრესად
დადებითია. კერძოდ, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს ნატოს წევრობას, ხოლო 85%
ევროკავშირში გაერთიანებას ემხრობა. აღნიშნული ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ერთ-

3
ერთ მოტივს, სავარაუდოდ, რუსეთის აგრესიის შიში წარმოადგენს, ვინაიდან ქართველების
71% რუსეთს ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს. 1

მეზობელი რუსეთის „რბილი ძალის“ სახით საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე
დამატებით სირთულეებს აწყდება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკას იყენებს როგორც
საკუთარი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პოზიციების გასამყარებლად, ასევე
საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესარყევად, და ანტი-დასავლური განწყობების
კულტივირებისათვის ევროპული ინსტიტუტებისა და ღირებულებების დისკრედიტაციას
გზით. რუსული პროპაგანდა, რომელიც დასავლეთს ტრადიციული ღირებულებებისა და
რელიგიის მტრად წარმოაჩენს, ასაზრდოებს ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, ანტი-
იმიგრანტულ და შეუწყნარებელ გზავნილებს. აღნიშნული ნარატივები ხშირად წინა-
საარჩევნო კოტექსტში ჩნდება, ზოგ შემთხვევაში ძირითად პოლიტიკურ დისკურსშიც აღწევს
და საბოლოოდ პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე აისახება. კონსტიტუციის დონეზე
ერთსქესიანი ქორწინებისა და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ახლახანს
განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად ნათელი მაგალითია იმისა,
თუ როგორ უთხრის ძირს რუსული ნარატივი ადამიანის უფლებებსა და ლიბერალური
დემოკრატიის ძირითად პრინციპებს.

დემოკრატიული თავისუფლებებისა და კორუფციის საერთაშორისო რეიტინგებსა და
კვლევებში გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ გარკვეულწილად პოზიციები
გაიმყარა. “Freedom House”-ის ყოველწლიურ ანგარიშში „გარდამავალი ქვეყნები“ (Nations in
Transit) საქართველოსათვის მინიჭებული საერთო ქულა 4.82-დან (2012 წელს) 4.61-მდე (2016
წელს) შემცირდა საარჩევნო პროცესებსა და მედიის დამოუკიდებლობის სფეროში წინსვლის
შედეგად (კვლევაში 1 ქულა აღნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, 7 კი ყველაზე ნაკლებად
დემოკრატიულს). მიუხედავად აღნიშნული გაუმჯობესებებისა, კვლავ რჩება არაერთი
დაბრკოლება, რომელიც საქართველოში კარგ მმართველობას აბრკოლებს, და ბევრია
გასაკეთებელი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მთავრობის გამჭვირვალობასა
და ანგარიშვალდებულებაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ამასთან,
საკმაოდ შემაშფოთებელია ნდობის ნაკლებობა მთავრობისა და სახელმწიფო
ინსტიტუტებისადმი; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი დონე; გამოწვევები
დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის კუთხით;
მოქალაქეების ჩართულობისა და საზოგადოებასთან დიალოგის ნაკლებობა; მედია-
საშუალებების ლიმიტირებული შესაძლებლობები; ქალების, ლგბტქი ადამიანების, შშმ
პირების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების მხრივ არსებული
სიტუაცია.

მტკიცედ გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და პროცესების ხელშეწყობა
შესაძლებელია მოსახლეობის საჭიროებების შეფასებისა და გადაჭრის პროცესში სამოქალაქო
საზოგადოებისა და მოქალაქეების აქტიური ჩართულობის წახალისებით. სამოქალაქო
ორგანიზაციების საქმიანობის გასაუმჯობესებლად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
საზოგადოების ფართო ცნობიერებისა და ჩართულობის უზრუნველყოფას. ამის
გათვალისწინებით, ხაზგასმით აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიას საინფორმაციო ცნობიერებისა
და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ.

1
http://www.iri.org/resource/iri%E2%80%99s-center-insights-poll-georgians-maintain-pro-western-attitudes-face-
russian-threat.

4
ხედვა, მისია და ღირებულებები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
დამოუკიდებელი, წევრობაზე დაფუძნებული, არაპარტიული არასამთავრობო
ორგანიზაციაა, რომელსაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელი გააჩნია.

ჩვენი ხედვა მდგომარეობს შემდეგში: ძლიერი საქართველო დემოკრატიული
ფასეულობებითა და ინსტიტუტებით, სადაც მოქალაქეთა ფუნდამენტურ თავისუფლებებს
პატივს სცემენ; არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ, სამართლიან და კონკურენტულ
გარემოში; გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის
შედეგად როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მთავრობა ანგარიშვალდებულია
საზოგადოების წინაშე. ჩვენი ხედვაა ევროპულ ოჯახის წევრი საქართველო, რომელიც
რეგიონში დემოკრატიული რეფორმების გამავრცელებელ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს,
და რომელიც დემოკრატიის ხარისხით, პოლიტიკური პლურალიზმითა და ადამიანის
უფლებების მდგომარეობით სამაგალითოა.

აღნიშნული ხედვის განსახორციელებლად, 1995 წლიდან ISFED-ის მისიაა საქართველოსა და
მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა, გამჭვირვალე საარჩევნო
პროცესების, მთავრობაზე ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფით.

ჩვენი ღირებულებებია:

 დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა – ISFED-ი ამაყობს საკუთარი რეპუტაციით,
როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და არაპარტიული ორგანიზაცია, რაც მას
საშუალებას აძლევს განახორციელოს სამოქალაქო მონიტორინგი და დემოკრატიის
კონტროლი. ISFED-ი კისრულობს ვალდებულებას, საკუთარ გადაწყვეტილებებში,
საქმიანობასა და პროდუქტების შინაარსში შეინარჩუნოს გარე ჩარევებისგან და
პოლიტიკური თუ კომერციული გავლენებისგან დამოუკიდებლობა. ობიექტურობის
აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას
არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების დაკვირვების შედეგების მიმართ.

 პატიოსნება და სანდოობა – ISFED-ი ღია და გამჭვირვალე სამოქალაქო ორგანიზაციაა,
რომელიც მოქმედებს სამართლიანად და პატიოსნად. თავის საქმიანობაში ორგანიზაცია
მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურად მაღალი ნდობისა და
საიმედოობის მოპოვებას ესწრაფვის. შესაბამისად, ISFED-ი მოქმედებს
კეთილსინდისიერად და აფასებს სანდოობას, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის
სახელმძღვანელო პრინციპს.

 პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ
ქმედებებზე და საზოგადოებას რეგულარულად ვაბარებთ ანგარიშს. ჩვენ ვაღიარებთ
საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას,
საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად. ISFED-ის მისიის, წევრების,
საქმიანობისა და ფინანსების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის
ხელმისაწვდომია, ხოლო ჩვენი საქმიანობის შედეგები - გამჭვირვალე.

 თანამშრომლობა და პატივისცემა - ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ჩვენი თანამშრომლების,
პარტნიორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების მიმართ
პატივისცემისა და ურთიერთ-თანამშრომლობის პრინციპს. ISFED-ი აფასებს საკუთარ

5
პარტნიორებს და მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას მათთან, ვინც იზარებს ჩვენს
ღირებულებებსა და მისწრაფებებს.

 მრავალფეროვნება და ტოლერანტობა – ISFED-ი იცავს და ხელს უწყობს ორგანიზაციაში
მრავალფეროვნებას და ესწრაფვის ინკლუზიური, ტოლერანტული, დისკრიმინაციისგან
თავისუფალი საზოგადოების შექმნას. ჩვენ ტოლერანტულები ვართ განსხვავებული
მოსაზრებების მიმართ და ვაღიარებთ, რომ იდეების, აზრების, გამოცდილებებისა და
წარმომავლობის მრავალფეროვნება აძლიერებს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას
ცვლილების მისაღწევად.

ISFED-ის შესახებ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) არის
დამოუკიდებელი, არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს
შეიქმნა. შესაბამისად, ISFED-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად დამკვიდრებული
სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოში. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში
ISFED-ი დააკვირდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს და მნიშვნელოვანი
წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში არსებული საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო და
პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებაში. 2003 წლიდან, ISFED-ი საქართველოში ჩატარებულ
არჩევნებს აკვირდება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის გამოყენებით,
რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, შეაფასოს არჩევნების დღის მთლიანი პროცესი
ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე
მივლენილი დამკვირვებლების საშუალებით. ISFED-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართო
რეგიონული ქსელი, რის შედეგადაც ორგანიზაცია მოიცავს საქართელოს ყველა
მუნიციპალიტეტს და მუშაობს ოთხი რეგიონული ოფისისა და 70-მდე ადგილობრივი
წარმომადგენლის საშუალებით.

ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტი და მუშაობის სფერო მოიცავს არჩევნების
მონიტორინგს; სამართლიანობის, თანასწორობისა და სანდოობის მიღწევისკენ სწრაფვას
საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზის გზით; საარჩევნო
პროცესების სრული ციკლის დაკვირვებას; ამომრჩეველთა ინფორმირებასა და არჩევნების
შესახებ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღნიშნული
აქტივობები ხელს უწყობს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის გაზრდას. საარჩევნო
მონიტორინგის, საარჩევნო რეფორმის ადვოკატირების, ამომრჩეველთა სიების შემოწმების,
ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა საქმიანობის განხორციელების
შედეგად, ISFED-ს დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება საარჩევნო პროგრამების
განხორციელებაში. ამას გარდა, ISFED-ი ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების
განვითარებას დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების, ადგილობრივი
დემოკრატიისა და ადგილობრივი მმართველობის განვითარების მხარდაჭერით, სამოქალაქო
აქტივიზმისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის; მედიაციისა და ადვოკატირების
გამოყენებით მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის წახალისების გზით.

ISFED-ი „არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) წევრია
2005 წლიდან, ხოლო 2015-2017 წლებში ENEMO-ს გენერალური მდივნის მანდატს
ასრულებდა. ამასთან, 2012 წლიდან, ISFED-ი ორგანიზაცია „ევროპული პლატფორმა
დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) დამფუძნებელი წევრია და თანამშრომლობს სხვა
წევრ ორგანიზაციებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ISFED-ი

6
„ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების გლობალური ქსელის“ (GNDEM) აქტიური
წევრია. როგორც „არაპარტიული საარჩევნო დაკვირვებისა და სამოქალაქო მონიტორინგის
გლობალური პრინციპების შესახებ დეკლარაციისა“ და „არაპარტიული სამოქალაქო
საარჩევნო დამკვირვებლებისა და მონიტორების ქცევის კოდექსისა“ ხელმომწერი, ISFED-ი
მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.

როგორც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნები" აერთიანებს
300-მდე წევრს და მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც
წელიწადში ერთხელ ტარდება. საერთო კრება 9 წევრისგან შემდგარ გამგეობას ირჩევს.
გამგეობის თითოეული წევრი 3 წლის ვადით აირჩევა. ყოველწლიურად საერთო კრებაზე
გამგეობის შემადგენლობის 1/3-ის განახლება ხდება. გამგეობა აღმასრულებელ დირექტორს
ნიშნავს და ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებისა და ზოგადი საქმიანობის
მეთვალყურეოაბას ახდენს.

სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები
1. არჩევნებზე დაკვირვება

არჩევნებზე მიუკერძოებელი და სანდო დაკვირვების მეშვეობით არჩევნების სამართლიანობის,
საარჩევნო პროცესების სანდოობის, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს
მხარდაჭერა

ISFED-ს საქართველოში და საზღვარგარეთ არჩევნებზე დაკვირვების ოც წელზე მეტი ხნის
გამოცდილება აქვს, რამაც ISFED-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადგილობრივი სამოქალაქო
სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეპუტაცია დაუმკვიდრა არა მხოლოდ საქართველოში,
არამედ რეგიონის მასშტაბით. ISFED-ი საქართველოში საარჩევნო პროცესების შესახებ სანდო
ინფორმაციის ათვლის წერტილად რჩება. როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი
ორგანიზაცია, ISFED-ი ახორციელებს მთლანი საარჩევნო ციკლისა და არჩევნების ყველა
ასპექტის, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი
პერიოდისა და არჩევნებს შორის პერიოდის მონიტორინგს. ISFED-ი არჩევს, ამზადებს და
განათავსებს როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს. ორგანიზაციას
აგრეთვე გააჩნია გამოცდილი დამკვირვებლების მონაცემთა ბაზა. სხვადასხვა ადგილობრივი
და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეები ISFED-ის მიერ ხმების პარალელურ
დათვლას (PVT) მიიჩნევენ არჩევნების დღის ოფიციალური შედეგების შესამოწმებელ
საიმედო ინდიკატორად. საარჩევნო ციკლის განმავლობაში, ISFED-ი აქვეყნებს განცხადებებს,
შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს, რითაც საზოგადოებას დაკვირვების შედეგების
შესახებ აწვდის ინფორმაციას. ISFED-ის განცხადებებსა და ანგარიშებში წარმოდგენილია
მტკიცებულებაზე დაფუძნებული დასკვნები და რეკომენდაციები, რაც განსაზღვრავს ISFED-
ის საადვოკაციო ძალისხმევას საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად და
რეკომენდაციების შესრულების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ISFED-ი საარჩევნო
დაკვირვების პროცესში ხელმძღვანელობს საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებით,
„გლობალური პრინციპების დეკლარაციითა“ და „დამკვირვებელთა ქცევის კოდექსით“.
ორგანიზაცია პატივს სცემს და იცავს ეროვნულ კანონმდებლობას და ამავდროულად მის
გაუმჯობესებას ესწრაფვის. ღრმად გვწამს, რომ ის ექსპერტული გამოცდილება, რომელიც
ISFED-ს საარჩევნო სფეროში დაუგროვდა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გამჭვირვალე და
კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და არჩევნების სანდოობის
ხელშეწყობის კუთხით.

7
არჩევნებზე დაკვირვება ISFED-ის ძირითად კომპეტენციად და პრიორიტეტად დარჩება
წინამდებარე სტრატეგიული გეგმის მოქმედების პერიოდში. ISFED-ი გააგრძელებს
არჩევნების მთლიანი ციკლის მონიტორინგის პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და
მაღალი სტანდარტების გამოყენებით, კომპლექსური და საიმედო მეთოდოლოგიის
საფუძველზე. ორგანიზაციის კონკურენტულ უპირატესობად დარჩება დაკვირვების
განხორციელება მოწინავე PVT მეთოდოლოგიის გამოყენებით. ISFED-ი არჩევნების შეფასებას
მოახდენს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად; იგი შეიმუშავებს მტკიცებულებებზე
დაფუძნებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის.
ISFED-ი კეთილსინდისიერად გამოსცემს რეკომენდაციებს საარჩევნო კანონმდებლობისა და
პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნითა და ისეთი სამართლიანი საარჩევნო სისტემის
შესაქმნელად, რომელიც უზრუნფელყოფს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარისათვის
თანაბარ სამოქმედო ველს. სხვა საკითხებთან ერთად, „სამართლიანი არჩევნები“
განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის, მედია
გარემოს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, და სხვა კრიტიკულ საკითხებს თანასწორი
საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ISFED-ი ესწრაფვის საკუთარი ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების კიდევ უფრო
განვითარებას და მეთოდოლოგიების დახვეწას საარჩევნო სფეროში ახალ რეალობასა და
გამოწვევებზე უკეთ რეაგირების მიზნით. ევროპასა და აშშ-ში ბოლო დროს ჩატარებული
არჩევნებისა და რეფერენდუმების ფონზე ნათელია, რომ არჩევნების სანდოობას საფრთხეს
უქმნის მანიპულაციის ისეთი დახვეწილი მეთოდები, როგორებიცაა დეზინფორმაციის
გავრცელება სოციალური ქსელების საშუალებით, საგარეო გავლენები, ჰაკერული
თავდასხმები და ა.შ. ISFED-იც უკვე საუბრობდა საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი
არჩევნების დროს სოციალური ქსელების მეშვეობით დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ.
ნათელია, რომ ახალ ტექნოლოგიებს არაერთ შესაძლებლობასთან ერთად ახალი სახის
საფრთხეები და გამოწვევებიც ახლავს, რომელიც გამკლავებას მოითხოვს. მართალია ჯერაც
არ არსებობს ერთიანი მეთოდოლოგია არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციიის
საპასუხოდ, თუმცა ISFED-ი მზად არის, ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან
და გაიზიაროს საუკეთესო გამოცდილება საიმედო მეთოდოლოგიის შესამუშავებლად და
არჩევნების კონტექსტში სოციალური ქსელების მონიტორინგის განსახორციელებლად.
ამავდროულად, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიები ყველა სფეროში ჩქარი ტემპით აღწევს,
ISFED-ი შეისწავლის ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების (NVT) გამოყენებას, მათ
უპირატესობებსა და მათთან დაკავშირებულ რისკებს.

ვაცნობიერებთ ყველა სახის საქმიანობაში ტექნოლოგიების თანამედროვე და ინოვაციური
გამოყენების საჭიროებას, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, რათა
ფეხი ავუწყოთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ განვითარებას. ISFED-ი კიდევ უფრო
განავითარებს მის მიერ აქამდე გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო დაკვირვებაში სიახლეების
დანერგვის კუთხით და პროაქტიულად მოძებნის დაკვირვების პროცესებში ახალი
ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზებს, საკუთარი საქმიანობის მასშტაბების, მოცვისა და
გავლენის გაზრდის მიზნით.

2. რეფორმები და პოლიტიკის ადვოკატირება

მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირება საქართველოში დემოკრატიული
რეფორმებისა და ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

8
მართალია წარსულში ISFED-ს ძირითადად იცნობდნენ, როგორც საარჩევნო დაკვირვებისა
და სამოქალაქო კონტროლის განმახორციელებელ ორგანიზაციას, მაგრამ, დროთა
განმავლობაში, ISFED-მა ბუნებრივად გააფართოვა საკუთარი საქმიანობა პოლიტიკის
კვლევისა და ადვოკატირების მიმართულებით, რამაც იგი პოლიტიკის სხვადასხვა
საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან
(opinion-maker) აქტორად აქცია. გასული წლების განმავლობაში, საარჩევნო რეფორმა ISFED-
ის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა. წარმატებული ადვოკატირება ისეთ კომპლექსურ
საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა შეუძლებელია მხოლოდ
დაკვირვების შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გაცემით, არამედ, აღნიშნული
საჭიროებს შემდგომ კვლევას, პოლიტიკის წინადადებების შემუშავებასა და კონკრეტული
პოლიტიკის შედეგების ანალიზს. შესაბამისად, ISFED-მა საკუთარი შესაძლებლობები
თანდათანობით განავითარა და მოახერხა მონიტორინგის შედეგებისა და პოლიტიკის
კვლევის ინტეგრაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მტკიცებულებაზე
დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირებისათვის. თუმცა, კონკრეტული საარჩეევნო
სისტემა ან საარჩევნო კანონმდებლობა, ცალკე აღებული, არ არის საკმარისი დემოკრატიული
განვითარების ღრმად ფესვგადგმულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საარჩევნო
დარღვევებს ხშირად იწვევს და ამწვავებს ფართო დემოკრატიული ანგარიშვალდებულების
ნაკლებობა, მათ შორის: დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა, კანონის
უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები, არაეფექტური ინსტიტუტები, სახელმწიფო
რესურსების ბოროტად გამოყენება, მედიაზე გავლენა და ა.შ. რეალურად დემოკრატიული
არჩევნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნულ გადამწყვეტ პრობლემებთან
დაპირისპირებით. შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგიული გეგმის მოქმედების პერიოდში
ISFED-ის პირდაპირ მანდატად დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას მივიჩნევთ.

2016 წლიდან მოყოლებული ISFED-ი ორგანიზაციაში კვლევაზე ორიენტირებული
განყოფილების შექმნას სტრატეგიულად მიუდგა, რის შედეგადაც ორგანიზაციამ გამოსცა
არაერთი პოლიტიკის დოკუმენტი, მიმოხილვა და კვლევა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
არჩევნები, კონსტიტუცია, ადგილობრივი მმართველობა, ადამიანის უფლებები, სასამართლო
და ევროპული ინტეგრაცია. პოლიტიკის კვლევა ISFED-ს ეხმარება, განამტკიცოს საკუთარი
ექსპერტული ცოდნა დემოკრატიული რეფორმების სფეროებში, რაც ხელს უწყობს ISFED-ის
სამომავლო რელევანტურობასა და მდგრადობას საქართველოს შემდგომი დემოკრატიული
განვითარების გამოწვევების კონტექსტში.

საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მამოძრავებელ ძალას ძირითადად
წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. „ასოცირების შესახებ
შეთანხმება“, კერძოდ კი ასოცირების დღის წესრიგი ISFED-ს უზრუნველყოფს ფართო
ჩარჩოთი, საიდანაც ორგანიზაცია პოლიტიკის კვლევისა და რეფორმების ადვოკატირების
კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. ევროპული ინტეგრაცია,
დემოკრატიული რეფორმები, კონსტიტუციური და საარჩევნო კანონმდებლობა წარმოადგენს
ISFED-ის კვლევის ფოკუსს მომდევნო წლებში. დემოკრატიული რეფორმებისა და
ევროინტეგრაციის პოლიტიკის კვლევის ჭრილში, „სამართლიანი არჩევნების“
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, მათ შორის
საარჩევნო კონტექსტში.

წინამდებარე სტრატეგიული გეგმის მოქმედების პერიოდში, ISFED-ი მიზნად ისახავს,
გახდეს მყარი ერთგვარად „ჰიბრიდული“ ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც თანაბრად
აერთიანებს ტრადიციული მონიტორინგის (იგივე სამოქალაქო კონტროლის - watchdog)
აქტივობებსა და პოლიტიკის კვლევას, რაც ეფექტური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული
ადვოკატირების შესაძლებლობას იძლევა. ISFED-ი მიზნად ისახავს, მოიპოვოს აღიარება

9
პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე მაღალი ხარისხის პროფესიონალური კვლევისა და
შეფასებებისთვის, თუმცა ამავდროულად, პოლიტიკის ანალიზი წარმოადგინოს აკადემიური
და პროფესიონალური წრეების მიღმა ფართო აუდიტორიისათვის გასაგები ფორმით.

დემოკრატიული რეფორმების დასაჩქარებლად, ISFED-ი პოლიტიკის კვლევასთან ერთად,
აპირებს ადვოკატირებას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ
შორის შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციებთან, ევროპის კავშირთან და მის წევრ
ქვეყნებთან. ISFED-ი მიზნად ისახავს მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებთან
დაკავშირებული საკითხების წამოწევას შესაბამის აუდიტორიებთან ევროპის
დედაქალაქებში და შეეცდება მხარდაჭერის მობილიზებას საქართველოში რეფორმების
პროცესზე გავლენის მოსახდენად. ამასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნები“ გასწევს
ძალისხმევას, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ევროპაში აქტუალური
პოლიტიკური დისკუსიის საკითხებზე, ქართული და ევროპული საზოგადოებების
ურთიერთდაახლოებისა და ევროპული გამოწვევების უკეთ გააზრების ხელშესაწყობად.

ადგილობრივ დონეზე ISFED-ი თანამშრომლობს და გააგრძელებს სხვა არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და სხვადასხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობას. ISFED-ი არაერთი
ფორმალური თუ არაფორმალური სამოქალაქო გაერთიანების ერთ-ერთი აქტიური წევრია,
მათ შორის: კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის,
კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსათვის, კამპანია „ეს შენ გეხება“, პლატფორმა
„არა-ფობიას“ და სხვა. შესაბამისად, პოლიტიკის კვლევის გზით ორგანიზაცია გააგრძელებს
ღირებული წვლილის შეტანას დემოკრატიული რეფორმებისათვის ადვოკატირების
ერთობლივ ძალისხმევაში.

3. ადგილობრივი დემოკრატია

ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის
გაზრდა, ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის
ხელშეწყობა და სათემო ადვოკატირება ხელშესახები შედეგების მისაღებად

დემოკრატია ადგილობრივ დონეზე იწყება. თუ მოქალაქეები ადგილობრივი მთავრობისა და
ადგილობრივად არჩეული მოხელეების მიმართ ნდობით არ არიან აღჭურვილები, ისინი
სავარაუდოდ დემოკრატიას არც ცენტრალურ დონეზე ენდობიან, სადაც პოლიტიკოსები
მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისგან კიდევ უფრო მოშორებულები არიან. აღნიშნული
უნდობლობა დემოკრატიული პროცესებისა და არჩევნების მიმართ ნიჰილისტურ
დამოკიდებულებას იწვევს. როდესაც მოქალაქეებს მათთან ყველაზე ახლოს მყოფ არჩევით
ორგანოში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ აქვთ, მათ
აღარ სჯერათ, რომ მათი ხმა რაიმეს შეცვლის. გეოგრაფიული სიახლოვის გარდა,
ადგილობრივი თვითმმართველობა ჭეშმარიტად ახლო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ
ამომრჩევლებისათვის, რომლებსაც ის ემსახურება.

სამწუხაროდ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა ხშირად ავლენს
ნაკლოვანებებს, როდესაც საქმე ეხება საჯარო ანგარიშვალდებულებას, გადაწყვეტილებების
მიღების გამჭვირვალობასა და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ მართვას. ადგილობრივი
მთავრობები ხშირად ვერ ახერხებენ სათანადოდ გაუმკლავდნენ სოციალურ საკითხებს და
ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, განსაკუთრებით სოფლად და
ადმინისტრაციული ცენტრებისგან დაშორებით. ამასთან, ადგილობრივ
თვითთმმართველობებს ხშირად არ გააჩნიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების

10
მიღებისთვის საჭირო შესაძლებლობები თუ ნება. მიუხედავად ბოლო წლებში გარკვეული
პროგრესისა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ცალკეული საკითხები კვლავ
პრობლემურია, მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობა გამოწვევად რჩება,
ისევე როგორც, მოქალაქეთა რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში, ეფექტური და კორუფციისაგან თავისუფალი სახელმწიფო შესყიდვები.
ნეპოტიზმი კვლავ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების
მართვის პროცესში, რაც 2014-2015 წლებში ISFED-ის მიერ ადგილობრივ დონეზე საჯარო
მოხელეთა ატესტაცია-კონკურსის პროცესის მონიტორინგმაც დაადასტურა.

უფრო ზოგადად, 2013-2014 წლების ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმის
გარკვეული შედეგების მიუხედავად, საქართველოში არ მომხდარა ნამდვილი და რეალური
დეცენტრალიზაცია. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ უპრეცედენტო ნაბიჯით
მთავრობამ უკუაგდო 2014 წლის რეფორმის პოზიტიური შედეგები და თვითმმართველი
ქალაქების რაოდენობა ხუთამდე შეამცირა, რითაც ქვეყანა რეფორმამდელ სტატუს-კვოს
დაუბრუნდა. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მერობის
კანდიდატებმა გაიმარჯვეს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და მმართველმა პარტიამ
თითქმის ყველა საკრებულოში მოიპოვა უმრავლესობა. ქალთა წარმომადგენლობა
ადგილობრივ არჩევით თანამდებობებზე მიუღებლად დაბალი დარჩ. არჩევნები აგრეთვე
ხშირად თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის
პირები ადმინისტრაციული რესურსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას
არ იშლიან, ხოლო მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები ხშირად სამუშაო საათებში
ჩართული არიან წინა-საარჩევნო კაპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობებში
ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო მეტად
აზიანებს და ზრდის არჩევნებთან დაკავშირებულ რისკებს.

დაარსების დღიდან ISFED-ი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის
მონიტორინგში და ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების
პროცესში, მოქალაქეებსა და ადგილობრივ მმართველობას შორის დიალოგის განმტკიცების
გზით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი
არის მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,
როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად, არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობისა და
სასურველი კანდიდატისა თუ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემის გზით,
არამედ, აგრეთვე არჩეულ საჯარო მოხელეებზე მუდმივი ზედამხედველობისა და
სამოქალაქო კონტროლის განხორციელებით.

აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, ISFED-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღება
გაამახვილოს დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივ დემოკრატიაზე, როგორც ერთ-ერთ
სტრატეგიულ მიმართულებაზე. ადგილობრივი დემოკრატიის, მოქალაქეთა ჩართულობისა
და ადგილობრივ დონეზე არჩეული მოხელეების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად,
ISFED-ი ერთდროულად ხუთი მიმართულებით იმუშავებს:

i. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანარიშვალდებულებისა და
გამჭვრივალობის გაზრდა მათ საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვებითა და დაკვირვების
შედგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებით, მათ შორის სპეციალური ვებ-
პლატფორმების გამოყენებით;

ii. ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის
წახალისება აქტიური მოქალაქეების მიერ წარმატებული სათემო ადვოკატირების

11
განხორციელებისა და ადგილობრივი სათემო პრობლემების გადასაჭრელად
ხელშესახები შედეგების მისაღწევად;

iii. ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამებისა
და ადგილობრივი სერვისების მიწოდების მონიტორინგი და რეკომენდაციების
შემუშავება ადგილობრივი საჭიროებების უკეთ საპასუხოდ;

iv. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერა
მონიტორინგის შედეგებზე, ადგილობრივი წიაღიდან წამოსულ ინიციატივებზე და
მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების გზით;

v. მუნიციპალური ორგანოების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა,
საუკეთესო პრაქტიკისა და პოზიტიური გამოცდილების მეშვეობით ადგილობრივი
ხელისუფლების ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის წასახალისებლად.

4. სამოქალაქო და საარჩევნო განათლება

მოქალაქეების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა

ქართული საზოგადოება პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესების მიმართ
იმედგაცრუებისა და შემცირებული ნდობის ნიშნებს ამჟღავნებს და საზოგადოებრივი აზრის
გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ჩამოუყალიბებელია ან არ
ინტერესდება არჩევნებით. ცვლილებების რწმენისა და მოტივაციის ნაკლებობა მოქალაქეთა
გაუცხოებას და სამოქალაქო აქტივიზმის არ არსებობას, განსაკუთრებით სასოფლო თემებში,
ახალგაზრდებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
მარგინალიზებული ჯგუფების, ახალგაზრდების, უმცირესობების, ქალების მიერ
პოლიტიკის განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დაბალი
დონე განსაკუთრებით საგანგაშოა, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე მეტად
სწორედ მათზე ახდენს გავლენას. შედეგად, პოლიტიკური კულტურა საქართველოში კვლავ
ძალიან ნელა ვითარდება. საზოგადოება, რომლის ინფორმირებულობის დონეც დაბალია,
ვერ იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ან არჩევნების
დროს. არაინფორმირებულმა გადაწყვეტილებებმა კი შესაძლოა ინდივიდუალურ
ამომრჩევლებსა და ფართო საზოგადოებას მწვავე შედეგები მოუტანოს. სათანადო
ინფორმაციისა და ამომრჩეველთა განათლების გარეშე მოქალაქეები უფრო მეტად შეიძლება
დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცნენ. აღნიშნული კი
სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება არჩევნების დროს, საზოგადოებრივ აზრზე
გავლენის მოხდენის მიზნით. არჩევნების მიღმა, ინფორმაციის ნაკლებობა თუ
დეზინფორმაცია აგრეთვე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ლიბერალურ და დემოკრატიულ
ღირებულებებს და შესაბამისად, სტაბილურობასა და მშვიდობას გრძელვადიან
პერსპექტივაში.

ISFED-ის მიზანს, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების მთლიანობისა და სანდოობის და
დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, ბუნებრივად ერგება სამოქალაქო და
ამომრჩეველთა განათლებისაკენ მიმართული საქმიანობა. სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა
განათლების ადრეული ეტაპიდან ძლიერი და კარგად დამკვიდრებული საზოგადოების ერთ-
ერთ წინაპირობას წარმოადგენს. კარგად ინფორმირებული ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად
შეძლებს აქტიური მოქალაქეობის პასუხისმგებლობის განხორციელებას, საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართვას, მეტ სიფხიზლესა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

12
აღნიშნული, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური კულტურის
განვითარებასა და წინსვლას. ახალბედა ამომრჩევლების, ეთნიკური უმცირესობების,
ქალებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის წარსულში განხორციელებულ
საარჩევნო და სამოქალაქო განათლების საქმიანობაზე დაყრდნობით ISFED-ი გააგრძელებს
დემოკრატიული ღირებულებების, აქტიური მოქალაქეობის, ევროპული ინტეგრაციისა და
ადამიანის უფლებების ხელშემწყობ საქმიანობაზე მუდმივ ფოკუსირებას. საკუთარი
ღონისძიებების დაგეგმვისას, „სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს თანამედროვე
შესაძლებლობებს, აპლიკაციებს, ვიზუალიზაციებს, სოციალურ მედიასა და სხვა ინოვაციურ
გადაწყვეტებს. ამასთან ერთად, ISFED შეეცდება ეძიოს სინერგია სხვა აქტორების უკვე
არსებულ ინიციატივებთან, იმუშავებს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს კოორდინაცია
და მიდგომების თავსებადობა.

5. საერთაშორისო პარტნიორობა და რეგიონული ინიციატივები

არჩევნებისა და ევროპული ინტეგრაციის სფეროებში რეგიონული თანამშრომლობის
განმტკიცება

გასული წლების განმავლობაში ISFED-მა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება ორგანიზაციად,
რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობს, რითაც იგი საბოლოოდ ამართლებს
საკუთარ სახელს. 2015-2017 წლებში ISFED-ი ENEMO-ს გენერალური სამდივნო იყო, რა
დროსაც ადმინისტრირებასა და ზედამხედველობას უწევდა ENEMO-ს საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს. EPDE-ს წევრ
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტის
ფარგლებში, ISFED სათავეში ედგა ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების
მიმართულებას (საჭიროებების შეფასება, ტრენინგები, სტაჟირებები, სასწავლო ვიზიტები და
ა.შ.) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი სადამკვირვებლო
ორგანიზაციებისათვის. აღნიშნული ინიციატივების საშუალებით ISFED-მა
კონტექსტუალური, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური გამოცდილება მიიღო და
საქართველოს ფარგლებს გარეთ პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება
შეიძინა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ISFED მიზნად ისახავს რეგიონულ დონეზე მეტად
პოზიციონირებას და სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირებას საარჩევნო და დემოკრატიული
რეფორმების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. შესაბამისად, სტრატეგიის
მოქმედების პერიოდში ISFED-ი შეინარჩუნებს და დაამყარებს თანამშრომლობას როგორც
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის, ისე ევროკავშირის ქვეყნების ორგანიზაციებთან.
ISFED-ი მეტად დაინტერესებულია მოლდოვის რესპულიკასა და უკრაინაში არსებულ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლით, ევროპული
ინტეგრაციის სხვადასხვა სფეროებში ერთობლივი შედარებითი კვლევების
განსახორციელებლად. ISFED-ი დარჩება აქტიური ENEMO-სა და EPDE-ს ქსელებში, სადაც
გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ISFED-ის ექსპერტულ ცოდნასა და რეპუტაციას.

13