You are on page 1of 22

რობაიები

თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა

ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,

თავსა და ბოლოს ვერ ვპოულობთ, შუაზე დავალთ;

არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ,

რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ.

ვით ნიაღვარში წვიმის წვეთი და ზვავში ფიფქი,

დღეო გასულო, საწუთროში უკვალოდ მიქრი;

სანამ ვარ ქვეყნად, ეს ორი რამ არ დამამწუხრებს

უკვე წასულ და ჯერარმოსულ დღეებზე ფიქრი.

მავანს ჰგონია, რომ ბრძენი ვარ თუ ბრძენკაცი ვარ,

მე კი, ღმერთმანი, ამ ფიქრს ჯერ არ გავუტაცივარ;

თუკი სიკვდილის საგუბარში მელის დახრჩობა,

რაღად მჭირდება იმის ცოდნა, თუ რა კაცი ვარ?!

ჩემი მოყვანით ბედისწერამ ან რა მოიგო,

ანდა წაყვანით ნუთუ რამე ნიშნი მომიგო?!

ასე უაზროდ, წინ და უკან, რომ მაწანწალა,

მან ამით მკერდზე ნუთუ რამე ჯილდო მოირგო?!

ომარ, თუ დათვერ, ნუ ინაღვლებ ასეთ საქციელს,

ღვინო ეძიე, სანამ ყველგან ზურგი გაქციეს;


თუ არყოფნაში გელის წასვლა, ჯერ იქით წადი,

სადაც ღვინო სვეს და არყოფნა ყოფნად აქციეს!

ზაფხულის მინდორს მუდამ მოსდევს ზამთრის ტრამალი

და მათს დევნაში ქრის სიცოცხლე ჩვენი ფრთამალი;

მოილხინე და შენც ირწმუნე ეს ერთი სიბრძნე -

“დარდი შხამია და ღვინოა მისი წამალი!”

სანამ სიკვდილი და განკითხვა მოგეზმანება,

ღვინო ინატრე და ქეიფის გაეც ბრძანება!

განა ოქრო ხარ, დროებით რომ ჩაგფლან მიწაში,

შენი დაკარგვა ამ საწუთროს არ ენანება.

სამოთხით მხიბლავ მეც და სხვასაც და სხვის სხვისიანს,

ამბობ: “სინათლით შეიცვლით დღეებს ნისლიანს! “

თუ ძმა ხარ, ღვინო დამისხი და დამალევინე...

ეს ერთი ნაღდი მირჩევნია ათას ნისიას.

ვიცი, რომ მკიცხავ ლოთობისთვის, ვიცი, რომ მძრახავ,

ვიცი, ჯოჯოხეთს ვერ გავცდები, ვერ გადავლახავ;

და რომ აგზავნი ჯოჯოხეთში ლოთსა და მიჯნურს,

ხვალ ხომ სამოთხეს, ვით ხელისგულს ცარიელს ნახავ?!

10

ღმერთმა ქნას, ძმაო, რომ მოვკვდები, მთვრალი ვკვდებოდე,

შენ კი - შენც მთვრალი - ისევ ლხინზე მელაყბებოდე,

მერე, ვინ იცის, ეგებ მაინც გენატრებოდე,

მე კი - მე მკვდარი - მხოლოდ მიწას ვენაღვლებოდე.

11
მწდეო, ამ ვარდნარს, დღეს რომ ყვავის გულის სალხენად,

გწამდეს, ხრიოკი დაერქმევა მალე სახელად;

მაშ, ღვინო ვსვათ და, მაშ, მოვკრიფოთ ვარდის კონები,

სანამ ეს მდელო უქცევიათ ნაგვის საყრელად.

12

მე ამ საწუთროს ხლართებს შუა ვარ ჩავარდნილი,

მუდამ გატანჯულს, არ მეღირსა შვება ნამდვილი,

ამ უთავბოლო წრებრუნვაში ისე გავთავდი,

ვერ მოვიოხე მე ვერცერთი გულის წადილი.

13

დიდხანს ვეძიე დავიწყლულე გუგები თვალთა,

მაგრამ ვერ ვპოვე ვერსად კვალი სამოთხის წყალთა;

მაშ, დავივიწყოთ ის სამოთხე და ამ მდელოზე

ჩვენი სამოთხე მოვიძიოთ შავთვალა ქალთან.

14

სჯობს, ცოტა გქონდეს ყველაფერი, გარდა ღვინისა,

ლამაზმანებთან დაოკება გიჯობს ჟინისა,

სჯობს, სიმთვრალეში დაგეკარგოს გზები შინისა

და წუთისოფელს ამჯობინო წუთი ლხინისა.

15

თავზედ ღრუბელი დამდგომია და ცრემლებს მაღვრის,

თან მეუბნება: “ეს ცხოვრება უღვინოდ არ ღირს!”

დღეს რომ სხვის საფლავს ჩვენ გავთელავთ ცეკვა თამაშით

ხვალ ჩვენს საფლავზე სხვას ნახავენ, ქეიფით დაღლილს.

16

რადგან მომავალს ვერ გავწვდებით ჩვენი ფიქრებით,

რადგანაც ვიწვით სანთლებივით, რადგან მივქრებით,

მთვარიან ღამეს შევსვათ ღვინო, რადგან ეს მთვარე


მუდამ იქნება ... შენ ის მითხარ - ჩვენ თუ ვიქნებით?!

17

პურის ნატეხი მშიერ მუცელს ვინც ამყოფინა,

წყალი დალია და მადლობა თქვა, კმაყოფილმა,

ვინც არც მონობა ისურვა და არც ბატონობა,

მართლაც ნაღდი და ღირსეული კაცი ყოფილა.

18

საფლავში მწოლი ნეტავ ვინმეს თუ უღირს რადმე?

ის ნამცეც-ნამცეც რომ იშლება, რჩებაღა სადმე?

იქ სანამ ჩავალ, ღვინო უნდა ვეძიო აქ მე

და, თრობის გარდა, დავივიწყო ყოველი საქმე.

19

მათ, ვინც შობილან მზიან დღეს თუ მთვარიან ღამეს,

არმად შეერგოთ, ღვინის გარდა, რაც სვეს და ჭამეს;

რა ვქნა, არ მესმის, - ეს უგნური ღვინის ვაჭარი,

ღვინოს რომ ყიდის, იმაზე კარგს იყიდის რამეს?!

20

რა ვქნა, ძმობილო, მე ამქვეყნად ფხიზელი ვერ ვძლებ,

მე განა ვცოცხლობ, ტანს დავათრევ და ღვინოს ვეძებ;

სიკვდილი მიჯობს, სანამ ის დღე გამითენდება,

როცა მეტყვიან - დალიეო! - და ვეღარ შევძლებ.

21.

რად გსურს, იცოდე კაცად ვინ ღირს, ანდა ვინ არ ღირს,

რად ხარ მძებნელი სურნელთა და ფერთა ნიაღვრის?!

ვინც გინდა იყავ, ჩემო ძმაო, ეგ სულერთია,

შენ საპყრობილე მაინც გელის მიწის წიაღის.

22

წადი, ესტუმრე საროსავით აშოლტილ გოგოს,


ღვინო შესვი და ნუღარ განსჯი “რატომს” და “როგორს”,

იჩქარე, თორემ შენს სიცოცხლეს სიკვდილის მგელი

ისე დაგიფლეთს, როგორც ქარი - მაისის კოკორს.

23

თუკი იდუმალ გამოცანებს ვერ აუდიხარ,

ღვთიური სიბრძნის სიცხადეში თუ ბინდბუნდი ხარ,

აქ, ამ ღვინოში, მოიძიე შენი სამოთხე,

იქ კი, სადღაც რომ სამოთხეა, ვის რად უნდიხარ?!

24

შენი სიავით ჟამთა სრბოლავ, ბევრს უკვნესია,

უსამართლობა ოდითგანვე შენი წესია,

მიწის წიაღში, ო, რამდენი უძვირფასესი

იაგუნდი და მარგალიტი დაგითესია.

25

უკვე თენდება, ღვინო მასვი, ჩემო ფერია,

და ის მიმღერე, რაიც ჯერაც არ გიმღერია;

ვინც დღეს აქ არის, ხვალ მიწაში ჩაესვენება,

იქით წასულს კი დაბრუნება არ უწერია.

26

გუშინ მექოთნეს შევასწარი თვალი ბაზარში,

წიხლებს უშენდა გამალებით თიხის ტალახში,

თიხა კი თითქოს მას უენოდ შესჩურჩულებდა:

“ფრთხილად მომეპყარ, მეც ვცხოვრობდი მაგ ქვეყანაში”.

27

ცაში რომ მქონდეს მე ღმერთივით ხელი გაწვდილი,

ჩამოვანგრევდი წუთისოფლის გუმბათს ამ დილით,

ახალ გუმბათს კი მე იმგვარად ავაშენებდი,

რომ ღირსეულ კაცს აეხდინა გულის წადილი.


28

ვინც ეს სიცოცხლე დღეს დაიწყო, თუნდ ჩაათავა,

სიკვდილის ცელმა სიკვდილისგან არ განსხვავა;

ამ წუთისოფელს არ შერჩება არვინ მარადის,

ზოგი წავიდა, ზოგი მიდის და ზოგიც წავა.

29

ყველამ შეიცნო, რომ საწუთრო ჩვენი მტერია,

რომ მისი ზრახვა, მოკვლის გარდა, არაფერია,

ნეტარ არიან, ვინც ყრმობისას ეწიენ სიკვდილს

და ვისაც ქვეყნად დაბადება არ უწერია.

30

მწდეო, ეგ ჯამი ნეტარების არის სათავე,

მაშ, მომაწოდე, მე ეს ფიქრი ვერ ჩავათავე;

დოქის ყელკისერს ჩემი ხელი არ მოშორდება,

სანამ გონებას ხელთ უპყრია გულის სადავე.

31

აფსუს, ბავშვობის თავფურცელი მოიცვა ბინდმა

და გაზაფხული გადანისლმა ზამთრის ამინდმა;

ნეტავ, ის ჩიტი, სიჭაბუკის ხმით რომ გალობდა,

როდის მოფრინდა ჩემს გულში და როდის გაფრინდა?

32

ეს გული სევდით და ნაღველით ჭკნება და დნება,

მაშ, მოილხინე, სანამ ლხინის გეძლევა ნება;

არავინ იცის ბედისწერის წესი და ცნება,

მაშ, იჩქარე და ლამაზმანთან მოიკალ ვნება.

33

გაზაფხულდა და მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,

რად გინდა, სატრფოს ბაგეების გარდა, სხვა სარჩო?


ღვინო დალიე, ამ ბებერმა წუთისოფელმა

თავის მორევში შენნაირი ბევრი დაახრჩო.

34

იცოდე, შენც და შენი სულიც ბეწვზე კიდიხართ,

რადგან არყოფნას ჩალის ფასად შეუსყიდიხართ;

ღვინო დალიე, არვინ იცის რა გზით მოხვედით,

იმხიარულე, არვინ იცის, საით მიდიხართ.

35

უსამართლობას ეს საწუთრო თუ არ მაკმარებს,

მეც მალე წავალ და გავყვები არყოფნის ქარებს,

ჩემი სიკვდილით მხოლოდ იმან უნდა იხაროს,

ვინც არასოდეს არ შეაღებს სიკვდილის კარებს.

36

რამაც ცა შექმნა, მზე აანთო, მთვარე მოხარა,

ნეტავ ჩვენ გულებს მწუხარება რატომ მოჰგვარა?!

მან ხომ მრავალი ლალის ბაგე და მუშკის ზილფი

შავი ქვესკნელის ზანდუკებში მიყარ-მოყარა.

37

ფულს და ქონებას, რაც არსებობს ამქვეყანაზე,

თან ვერ წაიღებ და ნუ ნაღვლობ, ძმაო, ამაზე;

ლამაზ სიცოცხლეს ნუ გაფლანგავ ამაო ფიქრით,

იმხიარულე და ცხოვრება გაილამაზე.

38

მუტრიბი მღერის, მე ნანგრევში ვაგდივარ მთვრალი

და ღვინოს ნატრობს გული, სული, ბაგე და თვალი;

არც შენდობა მსურს, არც მაშინებს ცოდვა და ბრალი,

არ მახსოვს მიწა და ჰაერი, ცეცხლი და წყალი.

39
როცა სიკვდილით მე სიცოცხლის გზას გამოვცდები

და არ შემრჩება უსიცოცხლო ძვლებზე ხორცები,

ჩემი მტვრისაგან მხოლოდ დოქი უნდა მოზილოთ,

იმ დოქში ღვინოს ჩაასხამთ და მეც გავცოცხლდები.

40

მოვძებნოთ მდელო, სად ია და ვარდი თესია,

ღვინო შევსვათ და მოვილხინოთ, როგორც წესია;

ლამაზი ქალიც თუ გვეახლა გამთენიისას,

აღარც მეჩეთი გვეხსომება, არც ეკლესია.

41

დოქი ვიყიდე მედოქესთან მე ამას წინათ,

იმ დოქმა მითხრა: “საიდუმლოს გეტყვიო წვრილად,

შაჰი ვიყავ და ოქროს თასი მეჭირა ხელში,

ახლა კი ლოთის ხელში ყოფნა მერგოო წილად”.

42

წუხელის ღამით მე სიმთვრალემ გამახელა და

ქვას მივამსხვრიე ქაშანური თიხის ხელადა;

ხელადამ მითხრა: “მეც შენსავით კაცი ვიყავი

და შენც სულ მალე მოგისვრიან დასამსხვრევადა”.

43

დიდხანს ვძებნე და არაფერი დამიხვდა წინ მე,

გადავიღალე წარმართობით გარეთ თუ შინ მე;

რომ მეუბნებით - “ჯოჯოხეთი არ აგცდებაო” -

ნუთუ სამოთხეს ან ჯოჯოხეთს სწვევიხართ ვინმე?!

44

ჩამოიხსენი სიხარბის და სიძუნწის ბარგი,

ლხინში შეიცან წუთისოფლის ავი და კარგი;

დროზე მოასწარ დალევაც და მოალერსებაც,


დრო ხომ მიფრინავს... წამიც არ გაქვს შენ დასაკარგი.

45

აწმყოს მიენდე, წარსულს უკვე მოედო ხავსი,

მომავალი კი, განა ერთი, ეჭვია ასი;

ფიქრს თუ აჰყვები, იმ შეშლილის იქნები მსგავსი

ჩალად რომ უღირს დარჩენილი სიცოცხლის ფასი.

46

ღვინო დალიე, ჟამთასვლა ხომ სიკვდილს გვიპირებს

და ჩვენს სულებსაც არყოფნაში გადაიბირებს;

სჯობს ამ მდელოზე თრობისა და ტრფობის ძიება,

სანამ ეს მდელო შენს საფლავზე გაიბიბინებს

47

ზეცის თაღები სიმართლით რომ იყოს ნაგები,

ჩვენც ვიქნებოდით მისი საქმის ამხანაგები;

მას, სამართლიანს, ენდობოდა კაცის გონება

და მის ზრახვასაც გაიგებდა ზრახვისგამგები

48

ამქვეყნად ბედი ჩვენც მოგვხედავს და გაგვიღიმებს,

თუ, ცის და მიწის მაერთებელს, დაწყვეტენ სიმებს;

ღრუბლის ქულა რომ მიწა იყოს და არა წყალი,

ნაცვლად წვიმისა, ლამაზმანთა სისხლი იწვიმებს.

49

ამქვეყანაზე თუ გონიერ ბილიკებს მისდევ,

გონება ასჯერ მაინც გეტყვის - დარდებს ნუ ისევ!

გაიგე, ძმაო, შენ არა ხარ ხორბლის მარცვალი,

შავ მიწაში რომ ჩაგაგდონ და აყვავდე ისევ.

50

თუ ჩემი მოსვლა ქვეყნად იყო არამარადი


და თავს თუ ვეღარც წასვლისადან დავიფარავდი,

ის აჯობებდა, რომ ლოთების ნავთსაყუდელში

არც მოსვლა იყოს და არც წასვლა აწ და მარადის!

51

მარადისობას ჰპოვებ მხოლოდ ღვინით და ჯამით,

თვით სიჭაბუკეც ჩქეფს და ბორგავს ამ ორი რამით;

ვარდობისთვეში ვნებით თრობას მიეძალე და

წამით გალაღდი!... მთელ ცხოვრებას შეიცნობ ამით.

52

მთვრალმა ბულბულმა ოდეს ჰპოვა ბაღნარის კარი,

შემოეგება მას იქ ვარდი, პირმომღიმარი;

მერე ჩამოჯდა ჩემს მახლობლად და ჩამჩურჩულა:

“წარსულ სიცოცხლეს ნუ მისტირი... რაც არი, არი!”

53

ამ ცხოვრებისგან სასიკეთოს არას მოველი,

რადგან საწუთრო თავად არის სისხლისმწოველი;

ერთად დავცალოთ ლალისფერი ღვინის ჯამები,

სხვა რაღა გვრჩება? - მოსახდენი მოხდა, ყოველი.

54

არ ვიცი, ძმაო, ჭეშმარიტი შენ რა გგონია,

მე კი ასეთად ღვინით თრობა გამიგონია;

ვინც ეს ქვეყანა ააშენა, განა ჩვენსავით

გადაგრეხილი ულვაში და წვერი ჰქონია?!

55

საწუთროს ხუნდს რომ ვერ ავიხსნი, ვიცი და მჯერა,

თავისუფლება მან ჩემს გულთან ვერ შეაჯერა;

შეგირდად ვყავდი წუთისოფელს მთელი სიცოცხლე,

მაგრამ ვერ გავხდი მის საქმეში ოსტატი ჯერაც.


56

როცა გამოვცლით წუთისოფლის შარბათს მე და შენ,

თითო აგურით შეგვიმკობენ საფლავს მე და შენ;

და მერე, მიწად რომ ვიქცევით, ჩვენც გადაგვზელენ

სხვისი საფლავის აგურებად, ალბათ, მე და შენ.

57

თუ ვარ ფხიზელი, გაშლილი მაქვს ფიქრის დავთრები,

დავლევ და ჭკუა არ შემრჩება, ისე დავთვრები;

თუმც არის წუთი სიმთვრალეს და სიფხიზლეს შორის,

როცა საწუთროს მე არაფერს არ ვემართლები.

58

ღვინოც ნაღდია, ჯამიც ნაღდი, ხომ ხედავ ჩემთვის,

შენს სამოთხეს კი ნისიობის ეჭვები ერთვის;

ბევრი წასულა ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც,

დაბრუნება კი არ მსმენია მე ჯერ არცერთის.

59

მე ერთხელ შევდგი მექოთნეთა ამქარში ფეხი

და ვნახე - ყველას მოემარჯვა ჩარხი თუ წნეხი,

დოქის მუცელში ჩაეზილათ შაჰინშაჰი და

ზედ სატუჩეზე დაეძერწათ საწყალი გლეხი.

60

ჩემი ფიქრები, ბრიყვებში რომ ჩამოვარგე,

მათ არ ისმინეს, თვით კი ეჭვის მახე დავიგე;

თურმე იმათთვის, ვისაც უყვარს წუთისოფელი,

არ უნდა მეთქვა, მე რაც ვიცი და რაც გავიგე.

61

გუშინ მექოთნეს ვეწვიე და იქ გამოვთვერი,

მან კი მოზილა ჯერ ქოთანი და მერე ქვევრი


და ის ვიხილე, რის ხილვასაც ვერ შეძლებს ბევრი -

მექოთნის ფეხქვეშ მამაჩემის ეყარა მტვერი.

62

ჩვენს გარდა, ძმაო, ამ ხელადას არავინ დაცლის

და სიცოცხლესაც ერთ ქეიფში არავინ გაცვლის;

ის დროც დადგება, ეს მუხთალი წუთისოფელი,

ღვინის კი არა, წყლის დალევას რომ აღარ გვაცლის.

63

სიცოცხლე ქრება, ვიღას ახსოვს ტკბილი და მწარე,

ვის უნდა ბალხის თუ ბაღდადის ზღაპრული მხარე?!

ღვინო დავლიოთ, მე და შენ რომ აღარ ვიქნებით

გაბადრულ მთვარეს ბევრჯერ შეცვლის ნამგალა მთვარე.

64

ტურფა ვარდის სიცოცხლეში აყვავების თვეა კარგი,

ღვინით ღამენათევისთვის განთიადის მზეა კარგი,

რაც გაქრა და რაც წავიდა, რაც ხსოვნაში გადავიდა,

მასზე ფიქრებს დაეხსენ და... დღევანდელი დღეა კარგი!

65

ერთ ბერიკაცს შევეყარე სირაჯებთან გამთენიას,

ვკითხე: “ნუთუ წასულების არაფერი არ გსმენია?!”

მითხრა: “ღვინო დალიეო!... ჩვენისთანა რამდენია,

წასულან და, ხსოვნის გარდა, არაფერი დაგვრჩენია...”

66

გაზაფხულზე ღრუბელი რომ პირს ჩამოჰბანს ვარდს და ტიტას,

ღვინო სვი და ეგ ნაღველი მკლავებს აღარ ჩამოგწყვიტავს

დღეს მაგ ბალახს შენ გათელავ, ხვალ ეგ იტყვის თავის სიტყვას,

როცა შავი სამარიდან შენს ნარჩენებს ამოიტანს.

67
ეს რა დილა გაგვითენდა, მერიქიფევ, ადექ ზეზე,

მასვი ღვინო, წუხელ ღამით, რომ ჩატოვე დოქის ფსკერზე;

მომაწოდე მე ეგ თასი და ვიცოდეთ ამის ფასი!

ამ ერთ ნაღდზე დღეს ვიზრუნოთ, ხვალ კი ყველა დანარჩენზე

68

შავი მიწა, ფეხს რომ ადგამს დღეს ხან ერი და ხან ბერი,

ერთდროს ქალის ბაგე იყო, ვარდისა და ღვინის ფერი;

ეს ლამაზი აგურები, დღეს რომ მორთეს იმით ჭერი,

ან ვეზირის ხელი იყო, ანდა სულთნის თმა და წვერი.

69

მთვრალი კაცის მოძულება შენ არ მოგცემს, ძმაო, ხელს,

ვინც გაკიცხოს ღვინით მთვრალი, ზეზეურად ჩამოხმეს;

ღვინო სვი და ფიქრი კმარა, გინდა სვი და გინდა არა,

ჯოჯოხეთში მიდიხარ და სადღა ნახავ სამოთხეს?!

70

მეჩეთში ნუ იარები და ნუ იღებ ნამაზს ყურად,

გიჯობს მარანს ეწვიო და იქ გამოთვრე ვაჟკაცურად;

სანამ დროა, ღვინო შესვი, შესვი, სანამ შენი ნეშტი

ხან ფიალად გადაზილეს, ხან დოქად და ხანაც სურად.

71

ჟამთასრბოლა თუკი ჩვენი ხოცვაჟლეტით არ დაცხრა,

ზეცა, გინდა, შვიდი იყოს და, თუ გინდა, რვა და ცხრა;

თუკი სიკვდილს არ ავცდებით არც მე, არც შენ და არც სხვა,

სულერთია, ჭია დაგხრავს, თუ ნადირი დაგაცხრა.

72

მე ეს ღვინო არას მავნებს, სავსე დოქთან დამსვი მე,

აივსე და შესვი ჯამი, სავსე თასი მასვი მე;

ბედისწერა კვალში დაგვდევს: თარსი შენ და ნავსი - მე,


სანამ დოქად გადაგვზელენ, ჯამი - შენ და თასი - მე.

73

აფსუს, მთელი მონაგები ჩვენ ხელიდან გაგვიფრინდა

და სიკვდილმა სისხლის ხელით ეს სიცოცხლე დაგვიფლითა;

იმქვეყნისკენ ვინც წავიდა, არ მოსულა არავინ და

არც ის უთქვამთ - მოგზაური რა წყვდიადში ჩაიბინდა.

74

მოდი, გული გამიხარე, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო,

ეგებ შენი სილამაზით ჩემს ვაებას რამე არგო?!

შენთან მინდა მოვილხინო, შევსვა ერთი დოქი ღვინო,

სანამ დოქად გადაგვზელენ, დოქში მინდა თავი ჩავრგო.

75

დოქის ბაგეს ბაგე ვკიდე, ვნების ცეცხლი მოვიკიდე,

დღეგრძელობა ვეძიე და დოქის ყელში ჩავეკიდე;

დოქმა მითხრა: “ამ ცხოვრებას, ძმაო, ფრთხილად მოეკიდე

ღვინო სვი და ნუ გგონია, რომ ამქვეყნად მოხვალ კიდე”.

76

ნუ ენდობი წუთისოფელს, არყოფნაში მიდის იგი,

ღვინო სვი და შენს საფიქრალს სიხარულით მოურიგდი;

ეს ქვეყანა ძველთაძველი, რომ არ იყოს ფერთამცვლელი,

არასოდეს დადგებოდა, ძმაო, შენი მოსვლის რიგი.

77

ამ უაზრო საწუთროზე ფიქრით შვება ვერვინ ჰპოვა,

ეგ ნაღველიც შენმა გულმა სულ ამაოდ დაიგროვა;

რაც წავიდა, გუშინ იყო და ვინ იცის, ხვალ რა მოვა,

წარსულზე და მომავალზე განა ღირსღა შენი გლოვა?!

78

შენი ხილვა, ტურფა ქალო, ო, რა საამურია,


მოდი, ღვინო მომაწოდე, ხომ იცი, რომ მწყურია...

და თუ ამან დამავიწყე რაც რამ ქვეყნად შურია,

ძაღლი ვიყო, თუ მახსოვდეს სამოთხე და ჰურია.

79

იმ მეგობარს, ვისაც გულმა გაადევნა გლოვის ზარი,

სადღაც სხვაგან მოსწოლია რაღაც სევდა შესაზარი;

მე როგორღა მოვიძიო წამალი ან წამლისდარი,

როცა თავად მკურნალიც კი ნაღველისგან ავად არი.

80

სამოცი წლის თუ შესრულდი, გწამდეს - იღბალს ეწიე!

საითაც და სადაც წახვალ, ღვინის მარანს ეწვიე...

ძმაო, შენი თავის ქალა, სანამ დოქად აზილეს,

მხარზე დოქი შემოიდგი და ფიალა ეძიე.

81

წუთისოფლის სივაგლახით მხოლოდ იგი მოისრა,

ვინც ცხოვრება დარდებით და მწუხარებით მონისლა;

მაშ, დავცალოთ ღვინით სავსე ფიალები ბროლისა,

სანამ კვდომის, სანამ ნგრევის და მსხვრევის ხმა მოისმა.

82

გაზაფხულზე, როცა იცვამს ფერად-ფერად კაბებს ია

და ვარდებსაც დილის ცვარი მძივებივით გადაჰყრია,

სახელი აქვს იმას კაცის, ვინც ლხინსა და ქეიფს გვაცლის,

ვინც ღვინო სვა და ფიალა უდარდელად დაამსხვრია.

83

ღვინო მასვით, ბედისწერამ სანამ გამატიალა

და არყოფნის ბილიკებზე კენტად მახეტიალა;

ჟამთასრბოლამ მტვრად აქცია ბევრი თვალებცქრიალა

და მოზილა ასი დოქი და ათასი ფიალა.


84

მართალ გზაზე იდგა იგი, ვინც განიგდო გულის ურვა

და სულ ლხინში, სულ ქეიფში, სულ ღვინოში სურდა ცურვა

ვინც იმაზე არ ინაღვლა, ზეცა არის შვიდი თუ რვა,

იცხოვრა და ფუჭი საქმე არასოდეს მოისურვა.

85

მე ჯერ არ ვიცი, ჩემს სულზე ვინ ბატონობს და ვისია,

წყეული ჯოჯოხეთის თუ ტურფა სამოთხის ღირსია?!

ბარბითის კვნესა, ღვინის სმა, სატრფოს ალერსი მდელოზე,

ჩემთვის ეს სამი ნაღდია, ის სამოთხე კი - ნისია.

86

ღვინოვ, სატრფო შეგარქვი და შენც მიჯნური მიწოდე!

განა ღირს, რომ ამ ცოდვისთვის მე სირცხვილივოთ ვიწვოდე

იმდენს დავლევ, დამძახოდეს ამვლელიც და ჩამვლელიც:

“ღვინის რუმბო, რას ბარბაცებ, ხელი გამომიწოდე!”

87

ჰა, თენდება და ცისკარმაც გაარღვია ღამის მახე,

ადექ, სუფრას მიუჯექ და დაივიწყე სივაგლახე;

ღვინო შესვი და განთიადს დაულოცე პირისახე,

დღეს ცისკარი იხილე და ხვალ, ჯანდაბას, მიწა ნახე...

88

გინდ იცოცხლე ასი წელი, გინდ სამასი, გინდ ათასი,

მაინც უნდა გამოცალო წუთისოფლად ყოფნის თასი;

გინდა იყავ მეფეთ მეფე, გინდა ბაზრის გლახის მსგავსი,

საბოლოოდ ორივ მათგანს დაედება ერთი ფასი.

89

ხალხი ამბობს: “არ არსებობს სამოთხეზე კარგი რამო!”

მე კი ვამბობ: “სანამ ცოცხლობ, კარგად უნდა სვა და ჭამო”


ის ნისია დაივიწყე და იზრუნე ნაღდის გამო -

შორიდან ხომ დაფდაფების ბრახაბრუხიც არის ამო.

90

მე იმდენ ღვინოს დავლევ, რომ ღვინის სურნელი მდიოდეს

და როს მიწაში ჩამფლავენ, მიწიოდან ამოდიოდეს;

თუ ჩემს საფლავზე გადივლის ლოთი ან ღვინის მსურველი

ჩემი სურნელი იყნოსოს, დათვრეს და ძლივს დადიოდეს.

91

მთიდან რომ წვეთი დაცურდა, მდინარე წამოიყოლა,

რიჟრაჟის სხივმა ცის თაღზე დიდი მზე ამოიყოლა,

ამქვეყნად შენი მოსვლა და იმქვეყნად წასვლა იყო რა?

პატარა ბუზი მოვიდა... იყო და არა იყო რა!

92

საწუთრო გვტანჯავს და არა წუხს თავად ამაზე,

ის მუდამ ფიქრობს სასიკვდილო ანაბანაზე;

ჯერარშობილებს რომ ენახათ ეს ხოცვა-ჟლეტა,

არ ისურვებდნენ დაბადებას ამქვეყანაზე.

93

ვნების აკვანი თუმცა გულში ბევრჯერ დაგვერწა

და სიყვარულის ალმურითაც სახე აგვეწვა,

მაინც არ ვიცით, თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის

მარადისობის მოქანდაკემ რისთვის ჩაგვძერწა.

94

ხაიამ, არ ღირს დატირება არცერთი ცოდვის,

ზედმეტ ნაღველში სარგებელი ვინ პოვა, - როდის?

ვინც არ შესცოდა, მან შენდობის ფასი არ იცის,

მაშ, რაღად ნაღვლობ?! - ცოდვილთან ხომ შენდობა მოდის

95
ამ წუთისოფელს უდარდელად ვინც არ ექცევა,

რასაც იშენებს, ჯავრისაგან უმალ ექცევა;

ქარილს ქროლაც კი მოექცევა ცეცხლის ენებად

და წყალს ბაგეზე რომ იპკურებს, ცეცხლად ექცევა.

96

ჩემს შესაქმნელად როცა ზელდა უფალი თიხას,

არ მკითხა, ვინ ვარ და როგორ ვარ და აღარც მკითხავს,

თუ ვარ ცოდვილი, უფლისგან ვარ ასე შობილი

და ამ ცოდვაბრალს, უფლის გარდა, ვინ განიკითხავს?!

97

ყოვლისშემქმნელმა როცა მოჭრა სამყაროს თარგი,

თვით არ იცოდა - რა არ ვარგობს და რაა ვარგი...

მე თუ ცუდი ვარ, რად მიბოძა თვისი იერი,

ან ასე უღვთოდ სულს რადა მხდის, თუკი ვარ კარგი?!

98

მე, წყლით და თიხით ნაქანდაკარს, სხვა რა ძალა მაქვს:

ამ ცასღა ვუმზერ, გარს რომ მაკრავს, - სხვა რა ძალა მაქვს?!

მადლიც ღვთისაა და ცოდვებიც მისგან მებოძა,

მისივ შერჩეულს მივდევ გზაკვალს... სხვა რა ძალა მაქვს?!

99

არცერთი სიბრძნე მე ამქვეყნად არ დამიგმია,

თითქმის ყოველი საიდუმლო ფეხქვეშ მიგია...

სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ

და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია.

100

ტურფა ქალო, წუხელს აქეთ ღვინოს ვსვამ და ტკბილად ვმღერი,

მაშ, ცისკარზე შენც მეახელ და ახარე ჩემი ჭერი.

ათასობით ქეიქაუსს ახლა ჰქვია მიწის მტვერი,


დაბადება მაისია, სიკვდილი კი - დეკემბერი.

101

ერთმა ყორანმა გადიფრინა კედელი ტუსის,

კლანჭებში ჰქონდა თავის ქალა ქეიქაუსის,

ზედ დასჩხაოდა შემზარავად - რა კაცი იყავ

და შენს დაფდაფებს რა ხმა ჰქონდა! აფსუს, აფსუს ის!

102

ღვინო დალიე! ეს ვარსკვლავნი უასაკონი

ერთდებინა და იცვლებიან ზოდიაქონი.

შენს ნარჩენებს კი აგურებად გამოწვავენ და

იმ აგურებით სახლს აიგებს სახლის არმქონი.

103

ოთხის და შვიდის შედეგი ხარ, კაცი ხარ მხოლოდ,

ნუ ეხეტები უგზოუკვლოდ და უთავბოლოდ.

ღვინო დალიე, მე ხომ შენთვის ათასჯერ მითქვამს:

წახველ და მორჩა! - გადაგექცა საწყისი ბოლოდ.

104

მეკითხებიან: “შენ ლოთობას რატომ მიმართე,

განკითხვის დღეს ხომ თავს ვერაფრით ვეღარ იმართლებ?!”

სატრფოს ბაგით და ღვინით ვითხოვ თავის მართლებას,

განა არსებობს წუთისოფლად სხვა რამ სიმართლე?”

105

მე ერთხელ ზეცამ იდუმალი ხმებით ამავსო,

მითხრა - შენსავით ბედისწერა მეც კი მტანჯავსო.

ჩემი ტრიალის შეჩერების ნება რომ მქონდეს,

მეც სიხარულით დააღწევდი ამ ბრუნვას თავსო”.

106

დოქისთვის თიხას ვინც ეძებს და თხრის ყველა საფლავს,


ის გვაბრუებს და სასიკვდილო ქარებით გვზაფრავს.

ნეტავ ამდენი ლამაზმანის ღაწვსა და ბაგეს

ვისი სიკეთით ქმნის და ვისი სიავით კაფავს?!

107

მითხრეს: “დაგაქცევს ღვინის ბანგი და ვნების რული,

ვერ იქნებიო განკითხვის დღეს შენ მხიარული”.

მე მათი მჯერა, მაგრამ მაინც იმ წამს შევნატრი,

როცა ვბრუვდები ღვინისგან და ჭირს სიარული.

108

ხვალინდელ დღეზე რადგან პასუხს ვერავინ აგებს,

შენს მწუხარებას, ლხინის გარდა, არარა არგებს.

მთვარიან ღამეს ღვინო შესვი, ჩემო ლამაზო,

რადგან ეს მთვარე შენ სულ მალე ვეღარ მოგაგნებს.

109

ვარდს და ღვინოს ნუ მომაკლებ, ჩემო თვალისჩინო,

ჩემო კარგო, სანამ შევძლებ უნდა მოვილხინო.

რაც ვიცოცხლე, რასაც ვცოცხლობ და ვიცოცხლებ რასაც,

ღვინოს ვსვამდი, ღვინოს ვსვამ და კვლავაც მასვი ღვინო!

110.

ეს საწუთრო მუხთალია, ავია და ჩქარი,

არ აკვნესო გარდაცვლილთა მოსაგონად ქნარი,

ლამაზებმა შემოაღონ შენი გულის კარი,

ღვინო შესვი, თორემ მალე შენც წაგიღებს ქარი.

111

იდუმალების ფარდის ახდა ძალუძს არავის,

გრძნეულ ზრახვათა ამომცნობი არვინ არ არის.

აფსუს, წყვდიადი, მიწის გულში დავიდებთ ბინას...

ჩვენი ცხოვრება სიზმარია, აბა, რა არის?!


112

ღვინო დალიე, მიწის ქვეშაც გეყოფა ძილი,

არ გეწოლება შენ იქ დედა, ცოლი და შვილი.

ამ წუთისოფლის საიდუმლოს გამოჰკარ კბილი -

აღარასოდეს დამწიფდება ხმელ ხეზე ხილი.

113

ვინც დაიბადა, ვინც ვნებისგან დაკარგა თმენა,

ვინც მოიძია სიხარული, ლხინი და ლხენა,

ვინც ღვინოს სვამდა, ერთმეოდა სიმთვრალით ენა...

ყველა წავიდა და იმქვეყნად დაიწყო ფრენა.

114

გადაივიწყე, რაც რამ იყო, რაც რამ იქნება,

ეგების შევძლოთ სიხარულის წამის მიგნება?

ხვალ არყოფნაში შევაბიჯებთ და მაშინ ჩვენთვის

შვიდასი წელიც სულ ერთ წამად გარდაიქმნება.

115

ბურთი რომ ხარ წუთისოფლის საცემი და საჩოგანო

ამიტომაც ეგ ნაღველი ღვინოს უნდა გაატანო,

ვინც ამქვეყნად მოგვიყვანა, წასვლის ჟამიც, ჩემნო ძმანო,

მან იცის და მან იცის და მან იცის და მხოლოდ მანო.

116

ვინც დაბერდნენ, დაძაბუნდნენ, დაიწყევლნენ, გაითვალნენ,

შობა-კვდომით შენ გგავდნენ და შენც მსგავსებას მათთან ავლენ,

ვინც საწუთროს უმზერს ამოდ, არ შერჩება სამუდამოდ -

წავიდნენ და მიდიან და კვლავ მოვლენ და კვლავაც წავლენ.

117

ამ ცხოვრებით დაღლილ გულში სიხარულის ხე თუ დარგე,

მთელი შენი არსებიდან წუხილი თუ გადაკარგე,


თუკი ღვინო დაისხი და ფიალაში თავი ჩარგე,

ჩათვალე, რომ გიცხოვრია და შენს ყოფნას რაღაც არგე.

118

ზოგმა შეიცნო რწმენის გზები რაისთვის არი,

ზოგმა სიმართლის გზაზე ტყორცნა თვალთა ისარი;

მე ის მაშინებს, უცებ ვინმემ არ შემომძახოს:

“ბრიყვო, შენი გზა არც ეს არი და არც ის არი!...”