You are on page 1of 67

ანტიკური ხელოვნება

ლექცია IV

მაია ციციშვილი
გვიანი კლასიკა და ელინიზმი

ხელოვნების დიადი ნახტომი თავისუფლებისაკენ ასწლიან მონაკვეთში


მოხდა - დაახლოებით ძვ.წ. 520-420 წლებში. მეხუთე საუკუნის
მიწურულისთვის ხელოვანთა ძალა და ოსტატობა თავად ხელოვანმაც
სრულად შეიგრძნო და საზოგადოებამაც. საბერძნეთში თანდათანობით
იზრდებოდა იმ ადამიანთა რიცხვი რომელთაც დაიწყეს ხელოვნების
ნიმუშების შეფასება მათი მხატვრული ღირსებების გამო და არა
რელიგიური და საზოგადოებრივი შინაარსის მიხედვით. ნიკე
აპტეროსის ტაძრის რელიეფი ისეთივე დახვეწილობით გამოირჩევა,
როგორც იონიური ორდერი. საოცარი უშუალობითაა გადმოცემული
გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ფიგურა, რომელიც წამიერად შეჩერდა და
იკრავს სანდალს. რბილად, დიდებულად და მდიდრულად მოედინება
თხელი ქსოვილი მისი მშენიერი სხეულის ფორმებზე. ამ რიგის
ნამუშევრები გვიჩვენებენ, რომ მოქანდაკეს უკვე ყველაფერი შეუძლია.
მისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს არც რაკურსები (რაკურსი -
raccourcir – შემოკლება – საგნის ფორმის პერსპექტიული შემცირება,
რომლის დროსაც იცვლება ჩვეული მონახაზი.) და არც მოძრაობა,
მაგრამ არის საშიშროება, რომ მისი ვირტუოზულობა არ გადავიდეს
თვითკმარობაში.
გვიანი კლასიკის პერიოდი იწყება დაახლოებით პელოპონესის (404წ.
ჩვ.წ.აღ.) ომის დამთავრების შემდეგ და მოიცავს IV სკ-ის საუკუნის დიდ
ნაწილს. გვიანი კლასიკის სულიერი კულტურა ჩამოყალიბდა ანტიკური
პოლისის კრიზისის პირობებში. ეპოქის სულიერი მისწრაფებები და
არსებითი განწყობა აისახა უდიდესი ტრაგიკოსების ესქილეს,
სოფოკლესა და ევრიპიდეს შემოქმედებაში. V საუკუნეში მცხოვრები
ბერძენი უწინარეს ყოვლისა აფასებდა ძალას, როგორც ჯანმრთელ,
ვაჟკაცურ საწყისს, ნებისყოფას და ცხოვრებისეულ ენერგიას. სწორედ
ამიტომ შეჯიბრებებში გამარჯვებული ათლეტის ქანდაკება მისთვის
იყო ადამიანური სიძლიერისა და სილამაზის დასტური. IV საუკუნის
მხატვრებმა კი, პირველად მიაქციეს ყურადღება ბავშვურ
მომხიბვლელობას, სიბერის სიბრძნეს და ქალურობის, სინაზის
შეუცვლელ ხიბლს. ამ პერიოდში წინ იწევს პირადი შემოქმედებითი
ინტონაცია, სახის უფრო მეტი დიფერენცირება, ფსიქოლოგიური
საწყისის ჩასახვა, დრამატული ექსპრესიის გამძაფრება და სხვა. ეს ხაზი
გააგრძელა და გააღრმავა გვიანი კლასიკის პირველმა უდიდესმა
ოსტატმა - სკოპასმა, რომელიც IV საუკუნის პირველ ნახევარში
მოღვაწეობდა. სკოპასის გმირები, მაღალი კლასიკის გმირების მსგავსად
გადმოგვცემენ, ძლიერი და გამორჩეული ადამიანების ყველაზე
საუკეთესო ნიშნებს. მაგრამ, მათგან განსხვავებით სკოპასის
გმირებისათვის დამახასიათებელია სულიერ ძალთა დრამატული
დაძაბულობა. ვნებათა სიმძაფრე არღვევს მათ ჰარმონიულ სიცხადეს,
რაც მაღალი კლასიკისათვის იყო ნიშანდობლივი, მაგრამ სამაგიეროდ
სკოპასის გმირებს ანიჭებს უდიდეს ექსპრესიას, პირადი, ძლიერი
განცდის ელფერს.
დამახასიათებელია, რომ ბერძნული კლასიკის ოსტატებს შორის
სკოპასმა, პირველმა, უპირატესობა მარმარილოს მიანიჭა, რადგან
მარმარილო იძლეოდა შუქ-ჩრდილის რბილი თამაშის საშუალებას
მირონისა და პოლიკლეტესაგან განსხვავებით, რომლებიც,
ქანდაკებისთვის მხოლოდ ბრინჯაოს იყენებდნენ. მათ ქანდაკებებს
ამ მასალის გამო უფრო მკვეთრი საზღვრები და ცხადი და გარკვეული
ფორმები ჰქონდათ. მაგ. სკოპასის “მენადა”, რომელმაც ჩვენამდე
მოაღწია დაზიანებული, მცირე ზომის რომაური კოპიოს სახით არ არის
ადრეული ხანის გმირი, რომელიც ფლობდა თავის ვნებებს. ძლიერ
ვნებიანია და სწრაფია მთვრალი მენადას ცეკვა. მას თავი უკან აქვს
გადახრილი. შუბლიდან უკან გადაგდებული თმები მძიმე ტალღით
ეცემა ბეჭებზე. იგი ბობოქარ მოძრაობაშია და კიდევ ერთი სიახლე
მდგომარეობს იმაში, რომ მისი დათვალიერება ყოველი მხრიდანაა
შესაძლებელი.
სკოპასის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ყმაწვილის საფლავის
ქვა. გარდაცვლილ ყმაწვილს, სევდიანი და ჩაფიქრებული მოხუცი მამა
ემშვიდობება. კიბეებზე ზის მძინარე ბიჭი, რომელიც სიკვდილს
განასახიერებს. ამ საფლავის ქვის ყოველი ფიგურა, საერთოდ ბერძნული
ხელოვნების მსგავსად, განმსჭვალულია არა მარტო ნათელი და მშვიდი
დაფიქრებულობით, არამედ ასევე გრძნობათა სიძლიერით და
ცხოვრებისეული სიღრმით.
სკოპასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქმნილებად ითვლება ჰალიკარნასის
მავზოლეუმის (სპარსეთის პროვინციის კარიის მმართველის მავზოლის
სამარხი) რელიეფები. ჰალიკარნასის მავზოლეუმი ერთ-ერთია
მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის. იგი ამავე დროს გვიანი კლასიკის
უდავოდ ყველაზე გრანდიოზული ძეგლია. მავზოლეუმი გამოირჩეოდა
არა იმდენად პროპორციათა ჰარმონიულობით, რამდენადაც მასშტაბთა
გრანდიოზულობით და მდიდრული მორთულობით. მისი სიმაღლე
აღწევდა 50 მეტრს. XV საუკუნეში მავზოლეუმი მნიშვნელოვნად
დაანგრიეს და მისი ზუსტი რეკონსტრუქცია შეუძლებელია. გეგმაში იგი
კვადრატს მიახლოებულ სწორკუთხედს წარმოადგენდა. პირველი
იარუსი (ქვის კვადრებით აგებული) იყო ფლანკირებული ცხენზე
მჯდომი ფიგურებით. მავზოლეუმის შიგნით, მაღალ კამაროვან
სათავსოში მეფისა და მისი მეუღლის სამარხები იყო. მეორე
იარუსი შედგებოდა სათავსოებისაგან, რომლიც იონიური ორდერის
სვეტნარით იყო გარშემორტყმული. სვეტებს შორის იდგა მარმარილოს
ფიგურები. მესამე იარუსი კი წარმოადგენდა საფეხურებიან პირამიდას,
რომლის წვერზე განთავსებულ ეტლში მავზოლისა და მისი მეუღლის
ფიგურები იდგნენ. მავზოლის სამარხს გარს მიუყვებოდა ფრიზების
სამი რიგი. სამარხის მომრთავი ყველა ქანდაკება თუ რელიეფი
შესრულებული იყო ბერძენი ოსტატების და მათ შორის სკოპასის მიერ.
ცოკოლის სართულის სიძლიერე და უზარმაზარი ზომები შერწყმული
საზეიმო სვეტნართან ხაზს უსვამდა მეფის მნიშვნელოვანებას.
ფიდიასის მიერ შექმნილ პართენონის პანათენეების ფრიზში
ფიგურათა მრავალფეროვანი მოძრაობა ვითარდება თანდათანობით და
თანმიმდევრულად. პროცესიის მოძრაობის თანაბარზომიერი ზრდის,
კულმინაციისა და დასასრულის ჩვენებით დასრულებულობისა და
ჰარმონიული მთლიანობის შთაბეჭრდილება იქმნება. ჰალიკარნასის
“ამაზონომახიაში” ფიგურათა მოძრაობების ხაზგასმულად
არის კონტრასტული რიტმი, მოულოდნელი პაუზები და მოძრაობათა
მკვეთრი აფეთქება, სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნის. შუქ -
ჩრდილის დაპირისპირება, სამოსის აფრიალებული ნაკეცები,
კომპოზიციის საერთო დრამატიზმს უსვამენ ხაზს. “ამაზონომახია”
მოკლებულია მაღალი კლასიკის ამაღლებულ პათოსს, მაგრამ ამ
შემთხვევაში გამოვლენილი ვნებათა შეჯახებები, ბრძოლის სიმძაფრე
ნაჩვენებია განსაკუთრებული ძალით, რასაც ხელს უწყობს ძლიერ,
დაკუნთულ მეომართა და მსუბუქ, მოხდენილ ამორძალთა ფიგურების
დაპირისპირება.
ამ პერიოდის კიდევ ერთი უდიდესი ოსტატი იყო პრაქსიტელე. იგი
ცნობილი გახლდათ, როგორც მომხიბვლელი სახეების ოსტატი,
რომლებიც ნუსხავდნენ მაყურებელს თავისი რბილი ტონალურობით და
მოუხელთებელი განწყობილებით. პრაქსიტელეს ჰერმესს თუ
შევადარებთ არქაულ ქანდაკებებს, დავინახავთ რა დიდი გზა გაიარა
ბერძნულმა ხელოვნებამ 200 წლის მანძილზე. პრაქსიტელთან აღარ
დარჩა ყოფილი სქემატიზმის ნიშანწყალი. ჰერმესის მოდუნებული
სხეული თავისუფლად დგას. მაგრამ თუ დაუკვირდებით, აღმოვაჩენთ,
რომ აქაც არ არის დავიწყებული ძველი დროის გაკვეთილები. სხეულის
ყველა ნაწილი, მათი შეუღლება, შენაწევრება ძველებურად
გამოვლენილია, თუმცა უფრო გარკვეულად, თვალნათლივ, მათი
მექანიზმის გაგებით. მოქანდაკე, წინამორბედთა მსგავსად, ყველა
სახსარს გვიჩვენებს, რათა რაც შეიძლება ნათლად გაგვაგებინოს, როგორ
მუშაობს სხეული. მაგრამ სხეული არ არის უსიცოცხლოდ გაყინული.
ახლა მოქანდაკეს შეუძლია აჩვენოს კუნთების მოძრაობა თხელი კანის
ქვეშ და მიაღწიოს ცოცხალი სხეულის შთაბეჭრდილებას მთელი მისი
სილამაზითა და გრაციით. ცხოვრებაში არ გვხვდება ასეთი
სიმეტრიული, პროპორციული, კარგად აგებული სხეულები. ყველა
შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ პრაქსიტელემ და სხვა ბერძენმა
ხელოვანებმა ამ სილამაზეს ცოდნის მეშვეობით მიაღწიეს. ბერძნული
ქანდაკებებივით სიმეტრიული, კარგი აღნაგობის და ლამაზი ცოცხალი
სხეული არასოდეს არსებულა. ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ხელოვანები
ბევრ მოდელს ნახულობდნენ და გადარჩევისას იმ ნაკვთებს
უკუაგდებდნენ, რომლებიც არ მოსწონდათ; ამბობენ, რომ ბერძნები
ახდენდნენ ნატურის იდეალიზაციას და მათ იმ ფოტოგრაფების დარად
განიხილავენ, რომლებიც პორტრეტს მცირე ხარვეზების წაშლით
ასწორებენ. მაგრამ შესწორებულ-შელამაზებულ ფოტოს და
იდეალიზებულ ქანდაკებას, ჩვეულებრივ, ხასიათი და ენერგია აკლია:
იმდენი რამაა გამოტოვებული და წაშლილი, რომ ხელთ მოდელის
მკრთალი და უღიმღამო ლანდიღა გვრჩება. სინამდვილეში ბერძნებს
სრულიად განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ. მთელი იმ საუკუნეების
განმავლობაში, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, ხელოვანთა
საზრუნავი იყო უწინდელ გარსში რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე
შთაებერათ. ნიჭიერ მოქანდაკეთა ხელში ძველმა განყენებულმა სქემებმა
დროთა განმავლობაში შეიძინეს სუნთქვა, მოვიდნენ მოძრაობაში და
ჩვენს წინაშე წარსდგნენ ცოცხალი ადამიანების სახით, მაგრამ სხვა
უკეთესი სამყაროს არსებების გვარად. ისინი მართლაც მიეკუთვნებიან
ამაღლებულ სამყაროს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბერძნები იყვნენ სხვაზე
ლამაზნი და ჯანმრთელნი - არა გვაქვს საფუძველი ამგვარი
მოსაზრებისა - არამედ იმიტომ, რომ ხელოვნებამ ამ დროისათვის
განვითარების ისეთ წერტილს მიაღწია, რომელშიც ტიპურისა და
ინდივიდუალურის ახლებური, ფაქიზი წონასწორობა შეიქმნა.
ვენერას სახელგანთქმულ ქანდაკებებს შორის ვენერა მილოსელი (მას
ასე აღმოჩენის ადგილის, კუნძულ მილოსის სახელწოდების მიხედვით
დაერქვა) ალბათ ყველაზე უკეთაა ცნობილი. იგი გვერდიდან
აღსაქმელადაა გამიზნული (ვენერა კუპიდონისკენ იწვდიდა ხელებს).
და აქაც შეგვიძლია დავტკბეთ ლამაზი სხეულის მოდელირების
მკაფიოებითა და სისადავით, იმით, თუ როგორ აღნიშნავს ოსტატი
სხეულის მთავარ ნაწილებს; როგორ ახერხებს ამ დროს სრულად
აარიდოს თავი მოუხეშაობას და ბუნდოვანებას.
პრაქსიტელეს შემდეგ მოღვაწე მოქანდაკეებმა, IV საუკუნის ბოლოს
ისწავლეს ინდივიდის ფიზიონომიური თავისებურებებისა და სულიერი
განცდების გადმოცემა, ფაქტობრივად მათ შექმნეს პორტრეტი. ეს უკვე
ალექსანდრე მაკედონელის მეფობის ხანაა და ცნობილია, რომ მას
ჰყავდა თავისი კარის მოქანდაკე ლისიპე, რომელიც ალექსანდრეს
ხატავდა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში. ლისიპე ფაქტობრივად
ასრულებს ბერძნული გვიანი კლასიკური ხანის ხელოვნებას. ლისიპე
ცდილობდა აესახა ადამიანები ისე, როგორც ისინი წარმოედგინათ
სხვებს, მაყურებელს. იგი განთქმული იყო ნატურისადმი თავისი
ოსტატური მიმბაძველობით. ლისიპეს მიერ გამოქანდაკებულ
ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტში ჩანს თუ რა გზით განვითარდა
ბერძნული ქანდაკება. ასლის მიხედვით ძნელია საუბარი პორტრეტულ
მსგავსებაზე, მაგრამ აზიის ახალგაზრდა დამპყრობელის ზემოთ აწეულ
წარბებსა და ცვალებად გამომეტყველებაში გამოვლენილია
ალექსანდრეს ხასიათი - წარმატებით განებივრებული, უდიდესი
ნიჭიერებით გამორჩეული მშფოთვარე სული.
ალექსანდრეს მიერ შექმნილმა იმპერიამ განსაკუთრებული როლი
შეასრულა ბერძნული ხელოვნების ისტორიაში, რადგან სახვითი ენა,
რომელიც ადრე მხოლოდ რამდენიმე პატარა ქალაქს ეკუთვნოდა, ახლა
ნახევარ სამყაროზე გავრცელდა. ამ გვიანი ხანის ხელოვნებას უწოდებენ
ელინისტურს, რადგან ასე ეძახდნენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც
შექმნეს აღმოსავლეთში ალექსანდრეს მემკვიდრეებმა. ხელოვნება
მნიშვნელოვნად შეიცვალა. არქიტექტურაში დამკვეთებს უკვე აღარ
აკმაყოფილებდათ არც დორიული ორდერის უბრალოება და არც
იონიურის მსუბუქი გრაცია. უპირატესობა მიანიჭეს ახალი ფორმის
სვეტს, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო მდიდარი სავაჭრო
ქალაქ კორინთოსაგან. კორინთულ კაპიტელში იონიურ ხვეულებს
დაემატათ ფოთლები, რის გამოც მთელი შენობის დეკორი უფრო
მდიდრული გახდა. ზოგადად, შენობასაც უფრო მეტი და მდიდრული
სამკაული შეემატა. ასეთი ფუფუნება აღმოსავლეთის ახალდაარსებულ
ქალაქებში ბრწყინვალე ნაგებობებს შეეფერებოდა. მათგან ცოტაღაა
გადარჩენილი, მაგრამ ის, რაც მოგვიანო დროიდან შემოგვრჩა,
გამორჩეული დიდებულებისა და ბრწყინვალების შთაბეჭდილებას
გვიქმნის. საერთოდ ელინისტურ ქალაქებში აშენებდნენ
მსხვილმასშტაბიან, იმპოზანტურ, მდიდრულად მორთულ ნაგებობებს.
ის ცვლილებები, რომელიც ბერძნულმა ხელოვნებამ განიცადა
ელინისტურ პერიოდში ნათლად ჩანს სახელგანთქმულ სკულპტურულ
ანსამბლებში. ერთ-ერთი მათგანია ქალაქ პერგამონის საკურთხეველი,
რომელიც დაახლოებით ძვ.წ 160 წელს ააგეს. მასზე გამოსახული ჯგუფი
წარმოგვიდგენს ღმერთებისა და გოლიათების ბრძოლას. აქ სრულიად
დაკარგულია ბერძნული პლასტიკისათვის დამახასიათებელი ყოფილი
ჰარმონია. აშკარაა, რომ მოქანდაკეს იზიდავდა ძლიერი დრამატული
ეფექტები. ბრძოლა საშინელი ძალით ბობოქრობს. შთამბეჭდავი
შერკინებისას ძლევამოსილი ღმერთები ამარცხებენ ტლანქ გოლიათებს,
რომლებიც გადმოცემულნი არიან ხან აღმსდგარნი და ხან დაცემულნი
საოცარ აგონიაში. ყველაფერი ველური მოძრაობითა და აფრიალებული
ქსოვილითაა მოცული. მნიშვნელოვნად გაზრდილია რელიეფის
სიმაღლეც, რომელიც უკვე თითქმის მრგვალ ქანდაკებას უახლოვდება.
ფიგურები აღარ ემორჩილებიან კედლის სიბრტყეს და გადმოდიან
კიბეებზე. ელინისტ მხატვრებს უყვარდათ ასეთი დრამატული
სიუჟეტები, დაუოკებლობისა და მძივნვარების გამოსახვა. მათ სურდათ
შთაბეჭრდილების მოხდენა და ახერხებდნენ კიდევაც ამას.
1506 წელს როდესაც აღმოაჩინეს ლაოკოონის სკულპტურული ჯგუფი,
ხელოვნების მოყვარულნი იყვნენ გაოცებულნი მისი ტრაგიკული
გამომსახველობით. იგი ასახავს ეპიზოდს ვირგილიუსის ”ენეიდადან”.
ტროელი ქურუმი ლაოკოონი არწმუნებდა თანამემამულეებს, რომ მათ
არ მიეღოთ ხის ცხენი, სადაც სინამდვილეში იმალებოდნენ ბერძენი
მეომრები. როდესაც ღმერთებმა დაინახეს, რომ ირღვეოდა ტროას
დამარცხების მათეული გეგმა ქურუმსა და მის ვაჟებს გაუგზავნეს ორი
უშველებელი გველი. მაგრამ რისკენ მიისწრაფვოდა მხატვარი? სურდა
მას, რომ მაყურებელში აღეძრა აღშფოთება უსამართლო მსხვერპლის
მიმართ? თუ მოეხდინა თავისი ოსტატობის დემონსტრირება
სენსაციური სცენის ასახვისას? მას სრული საფუძველი ჰქონდა,
საკუთარი ოსტატობით ეამაყა. ყოველ შემთხვევაში მან მიაღწია
წარმატებას. საოცარი ძალისხმევისა და წამების დროს დაძაბული
ტორსის მუსკულატურის, განწირულ ბავშვთა დაგრეხილი სხეულების
ვირტუოზული გადმოცემა და ყოველივეს გაერთიანება მთლიან,
მდგრად ჯგუფში, ცხადია აღტაცებას გამოიწვევდა მაყურებელში.
ვნებების გაშიშვლება და მათი უკიდურეს წერტილამდე მიყვანა,
სიკვდილის, ტანჯვის ასახვის სურვილი პირველად ელინისტურ
ხელოვნებაში გაჩნდა. მაგრამ, ალბათ, ამგვარი ხელოვნება მიმართული
იყო უფრო უბრალო ხალხისადმი, რომელიც ერთობოდა გლადიატორთა
ბრძოლების საშინელი სანახაობებით.
ელინისტური ხელოვნების მასშტაბურობის, გიგანტომანიისადმი
მიდრეკილების ნათელი ნიმუშია მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-
ერთი, როდოსის კოლოსი. მასზე წარმოდგენას გვიქმნის ელინისტურ
ავტორების თხზულებებში გადმოცემული ცნობები. მზის ღმერთის -
ჰელიოსის უშველებელი ქანდაკება იდგა საპორტო ქალაქ როდოსზე. იგი
იმდენად გიგანტური იყო, რომ მის ფეხებ ქვეშ გემები გადიოდა.
.
.