You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

“სახალხო დემოკრატების” მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. დღეს ივანიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელიც კვლავ ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვას მიუძღვნა. ივანიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა გიგი უგულავამ და სახელისუფლებო გუნდმა თბილისში არაფორმალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, საბიუჯეტო პროცესები გაუმჭვირვალე გახდა და ქალაქის ხელისუფლებამ თბილისის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება პრესაში, პრაქტიკულად, შეწყვიტა. ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ყოველთვიური საჯარო ანგარიშის საზოგადოებისათვის ჩაბარების პრაქტიკის დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა. მერობის კანდიდატი აეროპორტის რკინიგზის პროექტსაც შეეხო, რომლის მომსახურებით, ივანიშვილის თქმით, პრაქტიკულად, არავინ სარგებლობს და ამ მხრივ ხელისუფლების დაპირება დაპირებად დარჩა. “სახალხო დემოკრატების” ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, ივანიშვილის თქმით, უკვე მრავალი წელია, თბილისში დაუმთავრებელი და დაკონსერვებულია მეტრო სადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა, რომელიც “არაშენდათა” კატეგორიაში გადავიდა. როგორც მერობის კანდიდატი აცხადებს, თბილისის აეროპორტის რკინიგზისა და მეტრო სადგურ “უნივერსიტეტის” თემები იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რაოდენ არათანმიმდევრულია ხელისუფლება პრიორიტეტების გამოკვეთასა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში; როგორ იხარჯება სახელმწიფო ფინანსები ყოვლად უსარგებლო და მხოლოდ პიარულ პროექტებზე. ამასთან, დაუფინანსებელი რჩება ისეთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც რეალური სოციალური და ეკონომიკური ეფექტისა და სარგებლის მოტანა შეუძლია. “სახალხო დემოკრატები” ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას ყველა იმ დაკონსერვებულ პროექტები განახლებას პირდება, რომლებიც თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სრულყოფას ისახავდა მიზნად. “სახალხო დემოკრატები” თვლიან, რომ ეს ხელს შეუწყობს საქალაქო სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვასა და ოპტიმიზაციას

You might also like