You are on page 1of 2

ნიკა ივანიშვილი ამომრჩეველს თბილისის მეტროპოლიტენის დაკონსერვებული პროექტების ამოქმედების პირობას აძლევს

"სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ "მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ და მთელმა სახელისუფლებო გუნდმა თბილისში არაფორმალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, საბიუჯეტო პროცესები არაგამჭვირვალე გახდა". "ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება და სახელისუფლებო კანდიდატები წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს, ასევე იმაზე, რომ არ შეიძლება, ქალაქის ბიუჯეტი არაოპტიმალურად დავგეგმოთ, შემდეგ კი კანონდარღვევით ვხარჯოთ, გავწიოთ ბუნდოვანი და გაურკვეველი ხარჯები, მათ შორის გაურკვეველი მიზნებისათვის სოლიდური თანხები გამოვუყოთ კერძო პირებს და ამავდროულად ვამტკიცოთ, რომ ქალაქის ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა არის ეფექტური და სწორი", – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის ნათელი მაგალითები „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევაში მრავლადაა აღწერილი. ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ საჯარო ანგარიშის გამოქვეყნება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. "კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო: მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდმა თბილისში არაფორმალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, საბიუჯეტო პროცესები გაუმჭვირვალე გახდა და მერიამ და საკრებულომ პრესაში თბილისის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება პრაქტიკულად შეწყვიტეს, რაც აუცილებლად უნდა აღდგეს", – აღნიშნა ივანიშვილმა. "სახალხო დემოკრატების" ლიდერი კიდევ ერთ სახელისუფლებო - ე.წ. "აეროპორტის რკინიგზის პროექტს" შეეხო და მასთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია გააჟღერა. "თავის დროზე ე.წ. აეროპორტის რკინიგზის პროექტი ზარზეიმით გაიხსნა, ხოლო დღეს რატომღაც არავინ ახსენებს. ხელისუფლება მაშინ გვპირდებოდა, რომ ეს "უნიკალური სახელმწიფო პროექტი" სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა და მგზავრების აეროპორტთან დაკავშირებას საგრძნობლად გააადვილებდა. შედეგი კი ის არის, რომ აეროპორტის რკინიგზის სადგური გაიხსნა, მაგრამ მისი მომსახურებით პრაქტიკულად არავინ სარგებლობს. დაპირება დაპირებად დარჩა", - განაცხადა ივანიშვილმა. მან ყურადღება ასევე ამ პროექტის ღირებულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებაზე 13 მლნ ლარი დაიხარჯა. "მსგავსი გაუაზრებელი ხარჯების ფონზე უკვე მრავალი წელია, თბილისში დაუმთავრებელი და დაკონსერვებული გვაქვს მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, რომელიც დიდი ხანია, "არაშენდათა" კატეგორიაში გადავიდა. ეს არის ობიექტი, რომელიც მართლაც სჭირდება თბილისს და რომლის ამოქმედებას მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ასპექტები აქვს. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თსუ-ის მაღლივი კორპუსის სტუდენტებისა და ვაჟა-ფშაველას ზედა კვარტლების მოსახლეობისათვის", – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ყველა იმ დაკონსერვებულ პროექტებს განაახლებს, რომელიც თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სრულყოფას ისახავდა მიზნად.

You might also like