You are on page 1of 2

ივანიშვილი: ბიუჯეტიდან მილიონები პრაქტიკულად ჰაერშია გადაყრილი

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი ნიკა ივანიშვილი კვლავ ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვას აპროტესტებს. აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა “სახალხო დემოკრატების” მიერ დღეს გამართული ბრიფინგი. “კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ და მთელმა სახელისუფლებო გუნდმა თბილისში არაფორმალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, საბიუჯეტო პროცესები გაუმჭვირვალე გახდა და მერიამ და საკრებულომ პრაქტიკულად შეწყვიტეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება პრესაში.” – აღნიშნა ივანიშვილმა და კატეგორიულად მოითხოვა დაუყოვნებლივ აღდგეს საზოგადოებისათვის ყოველთვიური საჯარო ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკა. ივანიშვილი კიდევ ერთ სახელისუფლებო პროექტს შეეხო და მასთან დაკავშირებით “სახალხო დემოკრატების” პოზიციაც გააჟღერა. ესაა ე.წ. აეროპორტის რკინიგზის პროექტი, რომელიც, მისი თქმით, ზარ-ზეიმით გაიხსნა, ხოლო დღეს რატომღაც არავინ ახსენებს და მითუმეტეს, თავსაც ვეღარავინ იწონებს. “ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ეს “უნიკალური სახელმწიფო პროექტი”

მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და საგრძნობლად გააადვილებდა მგზავრების აეროპორტთან დაკავშირებას. შედეგი არის ის რომ აეროპორტის რკინიგზის სადგური გაიხსნა, მაგრამ მისი მომსახურებით პრაქტიკულად არავინ სარგებლობს. სინამდვილეში არავის შეუსწავლია ამ პროექტის შესაძლო ეფექტურობა და ამ კუთხით არანაირი მარკეტინგული კვლევა არ ჩატარებულა. არავის შეუსწავლია მისი ფინანსურ-ეკონომიკური მხარეც”, – განაცხადა ივანიშვილმა. “სახალხო დემოკრატების” განსაკუთრებულ აღშფოთებას ამ პროექტის ღირებულება იწვევს. პროექტის განხორციელებაზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც, ივანიშვილის თქმით, პრაქტიკულად ჰაერშია გადაყრილი. ნიკა ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქალაქის მერია და საკრებულო სრულ

იგნორირებას ახდენს ქალაქის ეკოლოგიას და გარემოსდაცვით ასპექტებს, რაც ნათლად სჩანს სახვა და სხვა პროექტების დამტკიცებისას. “სახალხო დემოკრატების” ლიდერი პირობას დებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განაახლებს ყველა იმ დაკონსერვებულ პროექტს, რომლიც თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სრულყოფას ისახავს მიზნად.

“სახალხო დემოკრატები” თვლიან, რომ ეს ხელს შეუწყობს საქალაქო სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვასა და ოპტიმიზაციას.

You might also like