You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილის აზრით, სახელმწიფომ წვრილი ბიზნესი ყველა სახის გადასახადისგან უნდა გაათავისუფლოს

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის აზრით, სახელმწიფომ წვრილი ბიზნესი ყველა სახის გადასახადისგან უნდა გაათავისუფლოს. ეს ინიციატივა მან დღეს "სახალხო დემოკრატების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა და აქვე დასძინა, რომ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი საკანონმდებლო დონეზე უნდა გაიმიჯნოს და შესაბამისად, სხვადასხვა რეჟიმით დაიბეგროს. "წვრილი ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ უნდა გავანთავისუფლოთ ყველა სახის გადასახადებისაგან იმ მომენტამდე, სანამ წვრილი მეწარმე მცირე მეწარმის კატეგორიაში არ გადავა", – განაცხადა ივანიშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ წვრილ ბიზნესთან მიმართებაში სახელმწიფოს ინტერესს უფრო სოციალური საფუძველი უნდა გააჩნდეს და არა ფისკალური. "მცირე ბიზნესი ცალკე უნდა გამოიყოს. ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობს, ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გარე ვაჭრობას და დახლზე ვაჭრობას ეწევა. სახელმწიფომ საზოგადოების ამ ნაწილისადმი განსაკუთრებულად ლოიალური და სპეციალური მიდგომები უნდა ჩამოაყალიბოს", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა, რომლის აზრით, სახელმწიფო წვრილი ბიზნესის, ანუ ბაზრებზე და ბაზრობებზე მოვაჭრეების, გარე მოვაჭრეების და დახლზე მოვაჭრეების გადასახადისგან გათავისუფლებით უფრო მეტ სოციალურ ეფექტს და სარგებელს მიიღებს, ვიდრე მათი დაბეგრვის შემთხვევაში. ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, პენსიონერების ის ნაწილი, რომელიც პენსიაზე გასვლის მიუხედავად, შრომით საქმიანობას აგრძელებს, საშემოსავლო გადასახადისაგან სრულიად უნდა გათავისუფლდეს. "აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გადასახადების განაკვეთების შემცირება მცირე ან საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი ვერ გახდება, ამიტომ საგადასახადო ორგანოების ადმინისტრირების მექანიზმები, მცირე საწარმოებში საქმის წარმოების სტანდარტები, გადასახადები და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს", აღნიშნა ივანიშვილმა.

You might also like