You are on page 1of 2

ივანიშვილი: გია ხუხაშვილს ვურჩევ ფარულ ლობისტობას თავი დაანებოს

სახალხო დემოკრატების მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი დღეს პარტიის ოფისში გამართულ მედიამაგიდაზე გია ხუხაშვილის მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომელმაც “რია-ნოვოსტის” ოფისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ნიკა ივანიშვილის პარტიას პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა უწინასწარმეტყველა. “მე აქამდე გია ხუხაშვილი ეკონომიკის ექსპერტი მეგონა და აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. თურმე ბატონი ხუხაშვილი პოლიტოლოგიც აღმოჩნდა და 30 მაისის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება `სახალხო დემოკრატების~ დაშლა იწინასწარმეტყველა. მინდა სიცხადე შევიტანო იმ მოტივებში და მიზეზებში რის გამოც გია ხუხაშვილი ეკონომიკის ექსპერტიდან პოლიტოლოგად იქცა, ანუ ამ შემთხვევაში, `ყოველთა საქმეთა ექსპერტად~. გია ხუხაშვილი არის ნავთობ იმპორტიორების ლობისტი, როგორც ჩანს ის და მისი მეგობარი ნავთობპროდუქტების იმპორტიორების მაფია ძალიან შეშფოთდა, როცა ჩვენ, `სახალხო დემოკრატებმა~ გავილაშქრეთ ნავთოპროდუქტების დაუსაბუთებლად მაღალი ფასების და მოგების უსაშველოდ გაზრდის მარჟის წინააღმდეგ. მე ვურჩევ გია ხუხაშვილს თავი დაანებოს ფარულ ლობისტობას და ვიღაცეების წაქეზებით ნიკა ივანიშვილის და `სახალხო დემოკრატების~ წინააღმდეგ გამოხტომებს”, – განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. შეხვედრის ბოლოს ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მზად აქვთ წინასაარჩევნო პლატფორმა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა, სადაც ბევრი ორიგინალური იდეა და ხედვაა, თუმცა მის პრეზენტაციას იმ მიზეზით არ ჩქარობენ, რომ თბილისის ამჟამინდელმა მერმა და ნაციონალურმა მოძრაობამ არ მიითვისოს აღნიშნული იდეები. “მინდა თქვენ ჟურნალისტებს, გითხრათ, რომ ჩვენ მზად გვაქვს წინასაარჩევნო პლატფორმა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა, სადაც ბევრი ორიგინალური იდეა და ხედვაა. მაგრამ მის პრეზენტაციას არ ვჩქარობთ რადგან სავსებით რეალურია, რომ ჩვენმა კონკურენტებმა და პირველ რიგში მოქმედ მერსა და ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, მოგვპარონ ჩვენი ორიგინალური მიდგომები, რისი მაგალითიც უკვე გვაქვს, ხედვები და კონკრეტული გეგმა, თუმცა უახლოეს მომავალში ამ პლატფორმას მასმედიას და საზოგადოებას გარკვეული ფორმატით უეჭველად გავაცნობთ”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

You might also like