You are on page 1of 2

Corpus Juris Civilis: კოდექსი და დიგესტა

მარიამ ჩხაიძე

Corpus Juris Civilis, ანუ სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული, ბიზანტიის იმპერატორმა


იუსტინიანე პირველმა 529-565 წლებში შეადგინა. ეს იყო კანონებისა და იურიდიული
განმარტებების კრებული, რომელსაც ვერ დავარქმევთ ახალ სამართლის კოდექსს იმპერიაში.
არამედ ეს იყო ძველი კანონთა კრებულების მოწესრიგებული ვარიანტი, რომლებსაც
იუსტინიანეს შექმნილი კანონებიც დაემატა.

კრებული შედგებოდა ოთხი წიგნისგან: კოდექსი, დიგესტა, ინსტიტუტები და ნოველები.


მისი თანამედროვე ვერსია 2200 გვერდიანია და დღემდე დიდ გავლენას ახდენს ევროპულ
სასამართლო სისტემაზე.

პირველი ნაწილი - იუსტინიანეს კოდექსი - აერთიანებდა იმპერატორ ადრიანეს დროიდან


მოყოლებულ ყველა არსებულ წესდებას. მასში გამოყენებული იყო თეოდოსიუს მეორის 438
წელს შედგენილი კოდექსი და სხვა სამართლებრივი წყაროები, როგორიცაა გრეგორიანისა
და ჰერმოგენიანის კოდექსები.

528 წელს, ტახტზე ასვლიდან სულ რამოდენიმე თვეში, იუსტინიანემ გასცა ბრძანება,
მოემზადებინათ მასალათა კრებული, რომელსაც იუსტინიანეს კოდექსი დაერქმეოდა და ის
იქნებოდა უკვე არსებული კოდექსებისა და ახლად შექმნილი სამართლის წყაროების
შერწყმა. ჯგუფს, რომელიც კონსტანტინოპოლელი და კაპადოკიელი სწავლულებისგან იყო
დაკომპლექტებული, დაევალა შეესწორებინათ ტექსტები - ამოეღოთ ის რაც მოძველებული
იყო და ეწინააღმდეგებოდა იმპერიის რეალობას, გადაეწერათ ტექსტი მოსახლეობისთვის
გასაგებ ენაზე და საჭიროებისამებრ შეეცვალათ შინაარსი. კომისიას დავალების
შესასრულებლად სულ 14 თვე დასჭირდა და კოდექსი იმპერიის ყველა ნაწილში 529 წლის 7
აპრილს გადაიგზავნა. 16 აპრილიდან ის მთელ იპერიაში ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ კოდექსი სულ რაღაც ხუთ წელში მოძველდა და საჭირო გახდა მისი
გადამუშავება. მისი ახალი გამოცემა 534 წელს გამოიცა, და დღეს ჩვენამდე სწორედ ის არის
შემორჩენილი.

კოდექსი შედგება 12 წიგნისაგან. სათაურები და წესდებები ქრონოლოგიური წყობითაა


დალაგებული. პირველი წიგნი ეხება საეკლესიო კანონებს, სამართლის წყაროებსა და
იმპერიის ადმინისტრაციულ მოწყობას. აქ აღწერილია იმპერატორების გრაციანე, ვალენტინ
მეორისა და თეოდიუს პირველის კანონები, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდა იმპერიაში. მეორედან მერვე წიგნების ჩათვლით შინაარსი კერძო
სამართალს ეხება. მე-9 წიგნი სისხლის სამართლის შესახებაა, მეათედან მე-12 წიგნების
ჩათვლით კი აღწერილია ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალი.

იუსტინიანეს კოდექსი იგივე სტრუქტურას მიყვებოდა რასაც აქამდე იმპერიაში არსებული


იმპერატორ თეოდიუსის კოდექსი, მიუხედავად იმისა, რომ მათი შინაარსი უკვე დიდად
განხვავდებოდა.
მეორე ნაწილი - დიგესტა, იგივე პანდექტები, გამოიცა 533 წელს. 530 წელს იმპერატორმა
კომისია კვლავ გამოიძახა, ამჯერად ახალი პროექტისთვის და ეს დავალება სწავლულ
ტრიბონიანეს ჩაებარა. მას და მის ჯგუფს უნდა შემოეკრიბა ყველა რომაელი სამართლის
სწავლულის ნაშრომი და გაეერთიანებინა ის ერთ კრებულში. ამის მიზეზი იმპერატორის
მიხედვით იყო ამ ნაშრომების გაუგებრობა და ბუნდოვანება მათი სიძველის გამო. კომისიამ
პირველდან მეოთხე საუკუნემდე მოღვაწე ყველა რომაელი სწავლულის 1500-ზე მეტი
ნაშრომი გადაამუშავა, შემდეგ კი 50 წიგნში გააერთიანა და 432 თავად ან ტიტულად დაყო.
ყოველ თავს მითითებული ჰქონდა პირველი ავტორის სახელი, ორიგინალური სათაური და
წიგნის დანომვრა, რომელშიც მისი პოვნა იყო შესაძლებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ
ყოველი ნაშრომი მის პირველად სახეს არ ასახავდა. კრებულის შემდგენლები ხშირად
ცვლიდნენ პირველად ტექსტს, რათა ის მორგებულიყო იუსტინიანეს რეალურ პოლიტიკას.

დიგესტას პირველი წიგნი გვიქმნის ძირითად წარმოდგენებს სამართალსა და მის


ისტორიაზე. წიგნები მეორედან მეხუთემდე გვაცნობს სამართლებრივ პროცესებსა და
წესრიგს. მე-6-დან 46-ეს ჩათვლით, ნაშრომები ეხება კერძო სამართალს [საკუთრების,
მემკვიდრეობის უფლებებს, სამოქალაქო ვალდებულებებს და ა.შ.]. 47-ე წიგნი ეხება კერძო
სამართალდარღვევებს, 48-ე სისხლის სამართალს, 49-ე საჩივრებსა და სამეფო ხაზინას.
ბოლოს კი 50-ე წიგნი მოიცავს სასამართლო ტერმინების განმარტებებს და კანონების დიდ
რაოდენობას.

ამ დავალებას სამი წელი დასჭირდა - საკმაოდ მოკლე ხანი იმის წყალობით, რომ კომისიის
წევრები საკმაოდ კარგად იცნობდნენ რომაული სამართლის ისტორიას. 533 წელს ნაშრომი
გამოცემისთვის მზად იყო და მას დიგესტა [ბერძნულად - პანდექტები - ანუ
ყოვლისმომცველი] ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ის ორ ენაზე - ბერძნულად და ლათინურად
გამოიცა, თუმცა ეს ორი ვერსია ერთმანეთის იდენტური არ იყო.

ნაშრომების გამოცემის დღიდან, იუსტინიანემ აკრძალა იმპერიაში სასამართლო პროცესის


დროს ძველი სამართლის ნაშრომების გამოყენება. ის გახდა ერთადერთი წყარო რომაელი
იურისტისთვის. დიგესტა გამოიყენებოდა როგორც ერთადერთი სახელმძღვანელო
სამართლის სასწავლებლებში სტუდენტებისთვის.

დიგესტას თითქმის მთლიანი ხელნაწერი არის შემორჩენილი კონსტანტინოპოლიდან. ის


დაახლოებით მე-6 საუკუნის ვერსია უნდა იყოს, რომელიც იმპერატორ იუსტინიანეს
დროიდან არც ისე დაშორებულია.

ლიტერატურა:

The Emperor Justinian and the Byzantine Empire. James Allan Evans.

Justinian and the Corpus Iuris: An Overview. Rafael Domingo Osle.

You might also like