You are on page 1of 72

გამომცემელი: გენდერის კვლევის ინსტიტუტი

შემდგენელი/რედაქტორი: თამთა მელაშვილი

პუბლიკაციაში შესული სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელი არიან თავად ავტორები.


სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შემდგენელის და/ან გენდერის
კვლევის ინსტიტუტის შეხედულებებს.

საავტორო უფლებები: ავტორები, გენდერის კვლევის ინსტიტუტი.

ფოტო ყდაზე: სალომე ცოფურაშვილი.

რედაქტორი: თამთა მელაშვილი.


სარჩევი

წინასიტყვაობა ..................................................................................................................................... 1

1. ქეთევან ბაქრაძე, სოციოლოგიის მიმართულება, Ш კურსი

ახალგაზრდა ქართველი კაცები და თავის მოვლა ......................................................................... 2

2. ანამარია (მარიამ) ბრაგვაძე, სოციოლოგიის მიმართულება, II კურსი

მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი ახალგაზრდა კაცების დამოკიდებულება დების


მიმართ თანამედროვე ქართულ კონტექსტში ................................................................................. 8

3. ქეთევან გორგაძე, სოციოლოგიის მიმართულება, II კურსი

მამის კონტროლის მექანიზმები ქალიშვილებზე .......................................................................... 16

4. ნინო ესებუა, სოციოლოგიის მიმართულება, IV კურსი

„კაი ბიჭის“ ფენომენი თანამედროვე საქართველოში ....................................................................20

5. ლიკა ზაალიშვილი, სოციოლოგიის მიმართულება, II კურსი

კომპლიციტური მასკულინობის ტიპის სტუდენტებს შორის ჰომოფობიური დამოკიდებულების


ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორები საქართველოში .............................................................. 26

6. თეო იმერლიშვილი, სიციოლოგიის მიმართულება, III კურსი

მასკულინური ქალების ყოველდღიური სირთულეები თანამედროვე საქართველოში ........ 32

7. ევა მოდებაძე, სოციოლოგიის მიმართულება, II კურსი

ხაზგასმული ფემინურობა ქართულ კონტექსტში .......................................................................... 36

8. თეკლა ნემანიშვილი, ფსიქოლოგიის მიმართულება, II კურსი

სტუდენტების დამოკიდებულება ქალი სამხედროებისადმი ...................................................... 42

9. ნინო ქუთათელაძე, სოციოლოგიის მიმართულება, III კურსი

ქალების დამოკიდებულება მამაკაცთა ბილწსიტყვაობისადმი .................................................... 52

10. სალომე ღლონტი, სოციოლოგიის მიმართულება, II კურსი

რეალიზებული, დაუოჯახებელი ქალის იდეალური მამაკაცი საქართველოში ........................ 57

11. საბა ჩიხლაძე, სოციოლოგიის მიმართულება, II კურსი

ჰეგემონური მასკულინობა და იდეალური ქალი საქართველოში ................................................ 61

12. რევაზ ხუნწელია, სოციოლოგიის მიმართულება, IV კურსი

გენდერი ქართულ მოხალისეობრივ პრაქტიკაში ............................................................................. 65


წინასიტყვაობა

2014 წლის გაზაფხულის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრ სტუდენტებთან „მასკულინობის
კვლევები“ წავიკითხე. კურსი, შეძენილი თეორიული ცოდნის საფუძველზე, ინდივიდუალურ
კველევებზე მუშაობასაც ითვალისწინებდა. სტუდენტები თავისუფალი იყვნენ საკვლევი
თემატიკის არჩევანში. შედეგად, სემესტრის ბოლოს ძალიან ბევრი საინტერესო აკადემიური
ნაშრომი მივიღე, სადაც ავტორებმა ბევრ განსხვავებულ ასპექტში გაანალიზეს მასკულინობები
თანამედროვე ქართულ კონტექსტში. ნაშრომები იმდენად მრავალფეროვანი იყო და იმდენად
ცოცხლად ასახავდა თანამედროვე სოციალურ რეალობას, რომ გავადავწყვიტე სტატიათა
კრებულზე მემუშავა.

ამ პუბლიკაციისთვის, თემატური მრავალფეროვანების დაცვის მიზნით 12 სტატია შევარჩიე,


როგორც საუკეთესო რეფლექცია თანამედროვეობაზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა
კვლევითი ფოკუსი თანატოლებისკენ მიმართეს და საინტერესოდ ასახეს ახალგაზრდა თაობაში
მიმდინარე გენდერული პროცესები. ვფიქრობ, ამ კრებულს მეტ მნიშვნელობას სძენს ის, რომ
მასკულინობის კვლევები ის სფეროა, რომელიც ზოგადად, გენდერის კვლევაშიც ყველაზე
„აუთვისებელ ტერიტორიად“ რჩება, მითუმეტეს ჩვენთან, საქართველოში.

მინდა მადლობა გადავუხადო პუბლიკაციის ავტორებს, რომლებმაც გულწრფელი მონდომებით


და ენთუზიაზმით იმუშავეს სტატიებზე. ბევრი მათგანისთვის ეს კვლევა პირველი,
მოკრძალებული ნაბიჯია აკადემიაში. შესაბამისად, სტატიებში გამოთქმული ზოგიერთი
მოსაზრება შესაძლოა საკმაოდ თამამი და საკამათო იყოს, მაგრამ ამ კრებულის მიზანი საბოლოო
ჯამში სწორედ ესაა - ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს და მსჯელობის საგნად გახადოს
ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო „მასკულინობის კვლევების“ კურსში მონაწილე ყველა


სტუდენტს. ეს ჯგუფი დიდხანს მემახსოვრება, როგორც, საუკეთესო ჩემს პროფესიულ
პრაქტიკაში.

ასევე გულწრფელი მადლობა სოციალური მეცნიერებების ცენტრს პუბლიკაციის გავრცელებაში


დახმარებისათვის.

თამთა მელაშვილი

1
ქეთევან ბაქრაძე

ახალგაზრდა ქართველი კაცები და თავის მოვლა

გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც უამრავი ახალი ტენდენცია, ტექნოლოგია, თუ სხვა


საშუალებები იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძნელი ხდება „მამა-პაპური“
ტრადიციების შენარჩუნება. თანამედროვეობა მოითხოვს ყველა ინდივიდმა მეტ-ნაკლებად
აუწყოს ფეხი ახალ გამოწვევებს. ხდება მრავალი ჩვევის გადახარისხება, მათ შორის იცვლება
სტერეოტიპებიც ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში.

ჩემი კვლევა დავუკავშირე თემას, რომელიც, ჩემი აზრით, ქართულ რეალურ ყოფაში სხვა
მნიშვნელოვან საკითხებს არ ჩამოუვარდება და ტრანსფორმაცია დიდად არ შეხებია. ყურადღება
ქართველი მამაკაცების თავის მოვლისადმი დამოკიდებულებაზე შევაჩერე. პარალელურად
განვიხილე ისეთი გარეგნული შტრიხები, როგორიც არის იმიჯი და ჩაცმის სტილი. ბევრ
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ახალგაზრდა კაცთან მქონია კონტაქტი უცხოეთში
ყოფნის დროს და ვხედავდი, თუ როგორ უვლიდნენ უცხოელები თავს მაშინ, როცა
საქართველოში მამაკაცები თავის მოვლისადმი მეტწილად ინდიფერენტული რჩებიან. ქართულ
რეალობაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპები მამაკაცების გარეგნობასა და თავის
მოვლასთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც ამ
ჩარჩოებში ექცევიან ხოლმე და შესაბამისად, ქცევების კვლავწარმოებას ახდენენ.

კვლვაში აღვწერ პრაქტიკებს, ჩვევებს და ზოგადად, ახალგაზრდა ქართველი კაცების


დამოკიდებულებას თავის მოვლისადმი, გარეგნული იმიჯისადმი. როგორ უვლის თავს
ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი? როგორი გარეგნული შტრიხებით გამოირჩევა იგი?

ჩემი კვლევისთვის გამოვიყენებ ზ. დემეტრუს კრიტიკას1 კონელის ჰეგემონური მასკულინობის


თეორიასთან დაკავშირებით. დემეტრუ ყურადღებას ამახვილებს გეი მასკულინობის
ელემენტების მნიშვნელობაზე თანამედროვე დასავლური ჰეგემონური მასკულინური იმიჯის
ფორმირებაში, რომელიც ძირითადად ვიზუალს უკავშირდება. მისი აზრით, ბოლო სამი
ათწლეულია, რაც ეს ტენდენცია არსებობს. როგორც დემეტრუ დასავლელ მამაკაცებზე ამბობს:
„დღევანდელ დღეს მცირედით ყველა იმოსება როგორც გეი2.“ ავტორის ეს ხედვა საინტერესოდ
მივიჩნიე იმ თვალსაზრისით, რომ გამერკვია - რამდენად ვრცელდებოდა ის ახალგაზრდა
ქართველებზე, ჰეგემონური მასკულინობის მატარებელ მამაკაცებზე, რომელსაც ჩემი
რესპონდენტები წარმოადგენენ.

კვლევის დაწყებამდე ვვარაუდობდი, რომ ქართული ჰეგემონური მასკულინობის მატარებელი


კაცი, ვგულისხმობ „მოძველბიჭო“ ტიპის ახალგაზრდას, უფრო უარყოფითად იქნებოდა
განწყობილი თავის მოვლის საშუალებების მიმართ, ვიდრე მეორე რესპონდენტი, რომელიც,
ასევე შესაძლებელია ჩაითვალოს ჰეგემონური მასკულინობის ტიპად, მხოლოდ „ძველბიჭური“

1 დემეტრუ, ზ. (2001), „ჰეგემონური მასკულინობის კონცეფცია: კრიტიკა“ თეორია და საზოგადოება, #30.

2
იქვე.
2
გამოცდილების გარეშე. ვფიქრობდი, ამ უკანასკნელს უფრო ლიბერალური, განხვავებული
დამოკიდებულება ექნებოდა თავის მოვლასთან დაკავშირებით.

კვლევისათვის გამოვიყენე ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ ღია კითხვებით,


რადგანაც იგი საშუალებას მომცემდა უფრო ღრმად გამეანალიზებინა რესპონდენტების
დამოკიდებულებები კვლევის საკითხთან დაკავშირებით. ინტერვიუს დასაწყისში გამოვიყენე
ნეიტრალური კითხვები, რათა რესპონდენტებს ვრცლად აღეწერათ როგორი უნდა ყოფილიყო
ნამდვილი ქართველი მამაკაცი, შემდეგ კი კონკრეტიკა თავის მოვლის საშუალებებსა და ჩაცმის
სტილზე გადავიტანე. ორივე რესპონდენტის სურვილიდან გამომდინარე ინტერვიუები ჩატარდა
მათსავე სახლებში. ინტერვიუები გაგრძელდა 35-40 წუთს.

ჩემი რესპონდნეტები არიან ჩემი ნაცნობ-მეგობრები. ერთ-ერთი, რომელსაც პირობითად


ვახტანგს ვუწოდებ, იყო ჩემი სკოლელი და ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ. შესაბამისად, მახსოვს
როგორი მოზარდობაც გაიარა, რომელიც აშკარა „ძველბიჭურ“ ხასიათს ატარებდა. ვახტანგი
არის 22 წლის, სწავლობს უნივერსიტეტში, მისი ინტერესია გააგრძელოს სწავლა უცხოეთში
მაგისტრატურაზე. მეორე , პირობითად ლუკა, ახალგაცნობილი მყავდა, თუმცა ბევრი მსმენოდა
მასზე ჩემი მეგობრისგან. ლუკა არის 23 წლის, მუშაობს და მისი ინტერესებია ფილმების ყურება,
სპორტი და ფილოსოფია. იგი ერთი შეხედვით აქტიურად უვლის თავს. ამიტომაც გადავწყვიტე
უკვე არსებული ვარაუდის შესამოწმებლად სწორედ ეს ორი ამერჩია. ვფიქრობდი, რომ ეს ორი
პიროვნება ჩემს კვლევაში სიანტერესო შედეგს მომცემდა, მექნებოდა საშუალება დამენახა
მსგავსება-განსხვავებები მათ დამოკიდებულებებს შორის, მიუხედავად მათი დაახლოებით
ერთნაირი სოციალური კლასისადმი მიკუთვნებულობის, ასაკის და საცხოვრებელი ადგილისა.
(ვახტანგი ცხოვრობს ვაკეში, ხოლო ლუკა ვერაზე.)

ინტერვიუების ანალიზიდან გამომდინარე, მივიღე როგორც მსგავსებები, ისე განსხვავებები


რესპონდენტების მიერ მამაკაცურობის აღქმასთან, თავის მოვლასა და იმიჯთან დაკავშირებით,
რამაც ჩემი ჰიპოთეზის ვერიფიკაცია მოახდინა. ორივე რესპონდენტმა ხაზი გაუსვა ქართული
კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობას. აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული ჩარჩოები,
რომელსაც არ უნდა გასცდეს მამაკაცი, თუმცა ამ ჩარჩოებში დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს
ინდივიდუალურობას და არამიმბაძველობას, რეალური „მე“-ს შენარჩუნებას. უნდა აღინიშნოს,
რომ მამაკაცურობის კონსტრუირება ვახტანგის ნარატივში ძირითადად ხდებოდა ქალისა და
კაცის განსხვავება-განცალკევების ხარჯზე. ვახტანგი დიდ როლს ანიჭებდა მამაკაცის „ქართულ
შინაგან სამყაროს“, კაცურობასა და უხეშობას, „კაცურ ტრადიციულ თვისებებს“ და მანერებს,
ლუკა კი ყურადღებას ამახვილებდა ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და ესთეტიზმზე. ორივე
მათგანმა ახსენა „შავ-ბნელი“ 80-იანი და 90-იანი, „ქურდული მენტალიტეტის“ მეფობის წლები,
რამაც, მათი აზირით, დაღი დაასვა დღევანდელ მამაკაცურობას.

მინდა დეტალურად განვიხილო რესპონდენტებს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები.


როგორც ავღნიშნე, ტრადიციულობა, მანერები, ქცევა ფრიად საყურადღებო იყო ორივე
რესპონდენტის შემთხვევაში ნამდვილი მამაკაცის ხატის წარმოსადგენად, თუმცა მაინც
შეინიშნებოდა განსხვავებული პოზიციები. როდესაც ვახტანგი კულტურულობასა და
ტრადიციულობაში ბიოლოგიურ, თანდაყოლილ მოცემულობას მოიაზრებდა, ლუკა
3
რელიგიურობაზე, ოჯახისა და გარშემომყოფების ურთიერთპატივისცემაზე ამახვილებდა
ყურადღებას.

ჩემი აზრით, ძველი კულტურა რაც გვქონდა, რაც შინაგანი სამყარო არი ადამიანის, აი, ეგ სისხლში არი
რა. მაგას ვერ ისწავლი ვერასდროს, ყოველთვის თან გდევს, მარა ცოტა უნდა გავაღვიძოთ ქართველმა
კაცებმა რა... მანერა, ქცევა... დიდი შინაარსი აქ ქართველ მამაკაცს რა. ესე რო, აი, მარტო ქართველი
მამაკაცი ბირჟაზე დგას, ეგ არ არი რა... პირველი, თვალებში როგორ მიყურებს... კაცს ყოველთვის ხედავ
თვალებში რო შეხედავ, მიხვდები კაცია თუ არ არი კაცი. ნუ, მერე მანერებზე ძაან ბევრი რამე არი
დამოკიდებული. (ვახტანგი)

ძირითადად, ესეთი მთავარი ფაქტორები უნდა დავიცვათ რაც, ვთქვათ, ტრადიციებს შეეხება...
ტრადიციები მაგალითად არი.. ოჯახის კულტურა გვაქვს განსაკუთრებული, რაც ძაან მნიშვნელოვანია.
რელიგიის კულტურაც კარგია რო გვაქვს, ხშირ შემთხვევაში. ნუ, სხვა უკვე ინდივიდუალურია - ზოგს
როგორ, ზოგს როგორ. (ლუკა)

თავის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით შევეხეთ მენტალიტეტს, როდესაც ორივე


მათგანმა ახსენა 80-90-იანი წლები. მათ აღნიშნეს, რომ ამ პერიოდის მენტალიტეტმა დიდი
გავლენა იქონია დღევანდელ მასკულინობაზე.

თავის არმოვლის ფაქტორები მოდის ადრინდელი 80-იანი წლებიდან...ადრინდელი ძველი ბიჭები, ე.წ.
შავი სამყაროს წარმომადგენლები ძალიან ცუდად უყურებდნენ ეგეთ საკითხებს. ვთქვათ, ძაან სირცხვილი
იყო ელემენტალურად ვარჯიში იმიტო, რო, ვთქვათ, რა პონტში უნდა გქონდეს ლამაზი ტანი კაცს...
ძალიან ბევრი რაღაც მსგავსი გადმონაშთები არი დღესაც. ძალიან ბევრ ადამიანს, უმეტეს პროცენტს,
დღესაც აქ ის განცდა, რო თავის მოვლა არ არის ე.წ. „კაცური. (ლუკა)

რესპონდენტები იზიარებენ საერთო აზრს, რომ კაცმა არ უნდა დაკარგოს საკუთარი „მეობა“ და
გამოიყურებოდეს სხვანაირად მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას მიბაძოს. ვახტანგი აღნიშნავს, რომ
ასეთი ადამიანები კარგავენ ქართული კულტურისადმი მიკუთვნებულობას. ორივემ განაცხადა,
რომ ქართველი მამაკაცი ფორმაში უნდა იყოს. ლუკა ფიქრობს, რომ „ფორმაში ყოფნისთვის“
ათლეტურობაა საჭირო, ხოლო ვახტანგი სიგამხდრეს აღნიშნავს, თუმცა მიიჩნევს, რომ თუ კაცი
მსმელია, ღიპიც ეპატიება.

გახვრეტილი წარბით რო გაიჩითები ქართველი, ჩემი აზრით, არ იცი ვინ ხარ, სად ცხოვრობ და, აი,
ზუსტად ეგ არი რა, მაგის პროტესტი არი რა, რო ზოგ-ზოგიერთები რო ვერ ხვდებიან სად ცხოვრობენ.
ვისაც უნდა ისე ჩაიცვას რა, პროსტა ის არი, რო ხანდახან გვავიწყდება ვინ ვართ... ბევრი რაღაცეები
დავკარგეთ, სხვათაშორის, კულტურული ტრადიციები, რაღაცეები დავკარგეთ. ბევრი გარდაიქმნა და
მაგიტო დავკარგეთ რა და გვგონია, მიგვაჩნია, რო ეს ჩვენი კულტურა არი და ვეპოტინებით სხვა
კულტურებს. „ამ ქვეყნიდან წამიყვანა და აუ, სხვაგან ვიცხოვრებდი, რა საქართველო, რის საქართველო,-
ევროპა!“ მაგიტო არი ეგ, თავის შინაგანი პროსტესტი აქვთ რა, ვერ გაუგიათ, ვინ არიან! (ვახტანგი)

რაღაც მაღიზიანებს ქართულ რეალობაში... რუსულად არის კარგი სიტყვა „паказух “- ურად გაკეთება მაგ
ყველაფრის... ვთქვათ, აი, ძალით ხაზგასმა, რო, იცით, მე, აი, დასვალური მაქ მენტალიტეტი, მე არ ვარ
ეს, ვემიჯნები ქართულ გაგებას... ეგ მაღიზიანებს, როცა ვხვდები, რო ძალით აკეთებს ადამიანი და ეს ძაან
აშკარად ჩანს ხოლმე. (ლუკა)

4
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ვახტანგს აღიზიანებს ქართველი დასავლური სტილის მიმდევარი
მამაკაცები და მათი ვიზუალი. მას პრეტენზია სხვა კულტურის და მისი წარმომადგენლის
მიმართ არ აქვს. ეს თვალში ხვდება მხოლოდ მშობლიურ მიწაზე და აღნიშნავს, რომ ასეთი
იმიჯი ქართული არ არის, დასავლეთიდან შემოსული და შესაბამისად, უცხოა.

უცხოეთში არანაირი რეაქცია არ მაქ. მე მაქ აქ იმიტო, რო სხვა მენტალიტეტია.. ქართველი არ ხარ, მარტო
იმიტო რო საქართველოში ცხოვრობ. მაგას ყველანი უნდა მივხვდეთ რა... ის გერმანელი არი და იმასთან
მე პრეტენზია არ მაქვს. იმას სხვა კულტურა აქ, სხვა ისტორია აქ, იმას სხვანაირი ოჯახი აქ, იმათმა
სხვანაირი მეგობრობა იციან, სხვანაირები არიან ისინი ვაფშე... ისინი ეგოისტები არიან!... იქ
მენტალიტეტი არ არსებობს! (ვახტანგი)

რაც შეეხება განსხვავებებს, ანალიზიდან გამომდინარე, ყურადღება შევაჩერე რამოდენიმე


საკითხზე. თავის მოვლის საშუალებებსა და ჩაცმის სტილისადმი დამოკიდებულებაში
ვახტანგის მხრიდან აღსანიშნავი იყო ქალისა და მამაკაცის მანერების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
ის თავის მოვლის საშუალებებს უკავშირებს ქალურ მანერებს, ხოლო ლუკა ფიქრობს, რომ
კაცებიც ისევე უნდა უვლიდნენ თავს, როგორც ქალები, მხოლოდ თავის მოვლის საშუალებები
უნდა გამოიყენონ ზომიერების ფარგლებში.

ზოგადად, მამაკაცი ჩემთვის მიწასთან შეხება არი რა, მაზებით არ უნდა უპრიალებდეს კანი იმის გამო, რო
ლამაზად გამოიყურებოდეს და რბილი ხელები ქონდეს. კაცს პირიქით - უხეში ხელები უნდა ქონდეს,
უხეში ტიპი უნდა იყოს ... ჩემთვის უფრო ქალური მანერაა ეგ, რო ‘პეძიკური’ ვიკეთო, ‘მანიკიური’ ვიკეთო
სისტემატიურად. რო ზაგარი მიიღოს სოლარიუმში ხო? რატო უნდა მიიღოს ზაგარი? რო ლამაზად
გამოიყურებოდეს. ეგეთი ბიჭი მერე იმასაც წაისვამს ხო იცი, კანს რო აპრიალბს რა, რაღაც მაზები როა,
ზაგარზე რო ისმევენ გოგოები... ალბათ, შინაგანი მეობა უფრო ქალური აქ. არაფერი მამაკაცური არ გააჩნია
გარდა იმისა, რო წვერი ამოდის დ აბოხი ხმა აქ. დამსკდარა, მარა არ წამისვია, ეხა ტუჩზე პომადას ხო არ
წავისვამ? ... აი, მაზოლი რო გამოგივა ხელზე, კაცური ამბავია რა! მაზოლი გაქ რა! და იმუშავე რა, კაცი
მაგისთვის არი რა, რო მაზოლი უნდა გქონდეს და შეკრული შუბლი! (ვახტანგი)

არ არი ვალდებულება, რომ აუცილებლად ქალი უნდა იყო, რო კარგად გამოიყურებოდე. მე ვთვლი, რო
მამაკაცსაც შეუძლია თმა ნორმალურად დაივარცხნოს, დილით წვერი თუ არ უხდება და ცუდად აქ
ამოსული, გაიპარსოს, გაისწოროს... ბევრი ფიქრობს, რო ეგ არ არი ყურადსაღები და არ არი
მნიშვნელოვანი... თვლიან, რომ „ტეხავს“, რომ კაცმა რაღაც ზედმეტად სარკეში ჩაიხედოს... რა თქმა
უნდა, კაცის შეგნება თვლის, რომ, არაუშავს, კაცი ვარ და არაუშავს, თუ ცუდად მაქ... თუ მაინცდამაინც
გიტყდება რაღაც პომადის წასმა, შეგიძლია თითზე გადაისვა და ისე წაისვა... ჩემთვის არი პირველ რიგში
კომფორტი ის, რო თითები მაქ მოწესრიგებული იმიტო, რო მე ვუყურებ ამ თითებს და მე ვხმარობ და,
შესაბამისად, ეს ისეთი რამეა, რო არ შედის გადამეტებულ თვითმოვლის საშუალებაში. (ლუკა)

ლუკა აღნიშნავს, რომ თავის მოვლა არასდროს არ არის ზედმეტი. მისთვის რუჯის მიღება,
თუნდაც სოლარიუმში, ტანიდან ზედმეტი თმის მოშორება, წარბების ამოპუტვა, სალონში
ფრჩხილების მოწესრიგება ნორმალური პროცედურაა, თუმცა მიიჩნევს, რომ არის ჩარჩოები,
რასაც არ უნდა გასცდე და ეს პროცედურები არ უნდა გადავიდეს საკუთარი თავის მანიაკალურ
სიყვარულში. საკუთარი თავის ზედმეტად სიყვარულს ლუკა ხშირ შემთხვევაში უსაქმურობით
ხსნის. ვახტანგი ფიქრობს, რომ ეს პროცედურები ზედმეტია და კაცს არ შეეფერება. კაცისთვის

5
თავის გალამაზება არ მიაჩნია სწორად და ყურადღებას ისევ და ისევ შინაგან მანერებზე
ამახვილებს.

არ არი ზედმეტად თავის თავზე გადაყოლის ქცევები კარგი. „Obsessed“ არ უნდა იყო, მაგრამ გადაბმული
წარბი აუცილებლად უნდა ამოიღოს მამაკაცმა. მე მგონი ძალიან არაესთეტიურია, არალამაზია და არცერთ
ქალბატონს არ მოწონს გადაბმულწარბიანი მამაკაცი. (ლუკა)

ცალწარბა ტიპები.. არაფერი რა, უნდა იყოს ის, ვინც არი . უცბად რო აღარ ექნება და შესამჩნევი რო
იქნება, ეგ უარესი არ არი ტო? როგორ დაგელაპარაკება მერე ეგ ერთწარბიანი ბიჭი მაგაზე, ხო ბევრი რამე
არი დამოკიდებული. თითქმის ყველაფერი მაგაზე არი დამოკიდბეული რა. ეს გარეგნობა არის ერთი
შეხედვა, მეტი არაფერი, ვსო , ‘ფუტლიარია’ რა, წარმოიდგინე, აი, ყულაბა რო გაქ, ლამაზი ყულაბა გაქ,
მარა შიგნით არაფერი არ გდია. რად გინდა ის ყულაბა, არ ჯობია ბანკა გქონდეს გახვრეტილი და სავსე
იყოს?... მანერებზე ძაან ბევრი რამე არი დამოკიდებული. აი, ესე ლაპარაკი რო დამიწყოს, გოგოშკური
ლაპარაკი, შეილება მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყოს, მაგარი დამრტყმელი, მარა ეგრე რო დამიწყოს, წარმოდგენა
დამეკარგება, ვსო. (ვახტანგი)

საყურადღებოა ისიც, რომ ორივე რესპონდენტს ჰყავს ისეთი სამეგობრო წრე, სადაც მათ მსგავს
ღირებულებებს იზიარებენ. ვახტანგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მეგობარი
ჩაიცვამდა პირობითად ტანზე მომდგარ წითელ შარვალს, სამეგობრო წრე აუცილებლად
დასცინებდა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებდა ამ პიროვნებას, როდესაც ლუკა
მეგობრული რჩევით შემოიფარგლებოდა. ლუკასთვის არ არსებობს ჩაცმაში შეზღუდვა, ეს
მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოეწონება კონკრეტულ მომენტში. ვახტანგი კი
არასდროს ჩაიცვამდა პირობითად ტანზე მომდგარ წითელ შარვალს. რესპონდენტების
დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ როგორ მოიქცეოდნენ, თუ საკუთარი ვაჟიშვილი წითელ
შარვალს ჩაიცვამდა, ლუკამ მიპასუხა, რომ იგი ურჩევდა შვილს სხვა სტილი აერჩია, სხვა რამ
ჩაეცვა, ხოლო ვახტანგი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ასეთი სურვილი არც გაუჩნდება,
რადგან ბავშვობიდანვე მთაში გაგზავნის, რომ იქ „უკეთ ჩამოყალიბდეს“.

დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი მაგას არ ჩაიცმევს. დარწმუნებული ვარ მაგაზე ფიქრსაც არ დაიწყებს,
რო რა ჩავიცვა. იმას ჩაიცმევს, რასაც მე ვუყიდი. (ვახტანგი)

შეიძლება ვუთხრა, რო, შვილო, სხვა რამე ჩაიცვი, უფრო მოგიხდება... ვეტყვი, რო არ არის ეს ლამაზი ,
მარა ხო არ გავხდი ან ხო არ შემოვახევ ამ წითელ შარვალს?“ (ლუკა)

ინტერვიუს ბოლოს რესპონდენტებს ვკითხე, თუ როგორ უვლიან ისინი საკუთარ თავს. ლუკა
დადის თვეში დაახლოებით ორჯერ ან სამჯერ სალონში, რათა მოიწესრიგოს ფრჩხილები,
მიდის დალაქთან და იჭრის თმას, აქტიურად იყენებს კრემებს საჭიროების შემთხვევაში.
ვახტანგის თავის მოვლა წვერის გაპარსვითა და თმის შეჭრით შემოიფარგლება.

იმისათვის, რომ ჩემი კვლევა შევაჯამო, მინდა ყურადღება დავუთმო რესპონდენტების საერთო
და განსხვავებულ მოსაზრებებს. მსგავსება მდგომარეობდა იმაში, რომ ორივე რესპონდენტის
აზრით, ქართველმა მამაკაცმა არ უნდა დაკარგოს კულტურისადმი მიკუთვნებულობის განცდა
და შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების უგულებელყოფა. მიუხედავად
ყველაფრისა, უნდა არსებობდეს გარკვეული ჩარჩოები, რომლებსაც მამაკაცი არ გასცდება.

6
მნიშვნელოვანია საკუთარი „მეობის“ შენარჩუნება და არა სხვათა მიბაძვა როგორც თავის
მოვლის საშუალებებთან, ასევე ჩაცმის სტილთან დაკავშირებით. ორივე , განსაკუთრებით კი
ვახტანგი, მამაკაცურობის კონსტრუირებას ახდენს მდედრობითი სქესის ხარჯზე. ვახტანგი
მამაკაცურობას ხედავს უხეშ ვიზუალსა და მანერებში და მიჯნავს მას ქალური სინაზისგან. იგი
თავის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებითაც მამაკაცს ადარებს ქალს და ამბობს, რომ
მამაკაცს, რომელიც აქტიურად იყენებს ჰიგიენურ საშუალებებს, შინაგანი „მეობა“ ქალური აქვს
და მას ფასადურად მხოლოდ ბოხი ხმა და წვერი გააჩნია.

ყველა კულტურაში არსებობს კოლექტიური ცნობიერება, რომელიც ხელს უწყობს


მასკულინობის, როგორც ჩაკეტილ, ერთიან ძალად კონსტრუირებას და არ აძლევს სხვა
წინააღმდეგობებს შესაძლებლობას დაარღვიოს ეს ჰარმონია, თუმცა ინდივიდუალურ დონეზე
განსხვავებული გამოცდილების ხარჯზე ხდება სხვადასხვა აზრის ჩამოყალიბება. ჩემი
რესპონდენტების შემთხვევაში მათ დამოკიდებულებებს შორის განსხვავებებს ვუკავშირებ
„ძველბიჭურ“ გამოცდილების ქონა-არქონას. მაშინ, როდესაც ლუკა ლიბერალურია და თავის
მოვლასთან დაკავშირებით უპირატესობას ჯანმრთელობასა და ესთეტიზმზე, ხოლო ჩაცმის
მხრივ პიროვნების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე, აზრსა და გემოვნებაზე ამახვილებს,
ვახტანგი აქცენტს ეროვნულ იდენტობასა და შინაგან მეობაზე აკეთებს. ლუკასთვის მიღებულია
ყველანაირი თავის მოვლის საშუალება, თუმცა თავის მოვლის საშუალებებს და ჩაცმის სტილს
მიჯნავს საკუთარი თავის მანიაკალური სიყვარულისგან. ვახტანგი აგრესიულად არის
განწყობილი ისეთი ქართველი მამაკაცების მიმართ, რომლებიც „დასავლურად“ გამოიყურებიან,
რომლებსაც გააჩნიათ „გეი ვიზუალი“, ხოლო უცხოეთში ყოფნის დროს იგნორირებას უწევს
ასეთი გარეგნობის მქონე სხვა ეროვნების მამაკაცებს. ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულების
ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა „ძველბიჭურმა“ მენტალიტეტმა, რომელიც მკაცრად
აკონტროლებს მამრობითი სქესის გარეგნულ და შინაგან მხარეებს, ახდენს უცხოსა და შინაურის
ერთმანეთისგან მკვეთრ გამიჯვნას, ვიზუალის თვალსაზრისით კი მკაცრად ზღუდავს ახალ,
ორიგინალურ ჩაცმულობას, არ იზიარებს გარეგნულ თავისუფლებას, ხოლო შინაგანი მხარის
წარმოსაჩენად ყურადღებას უთმობს მანერებს, ლაპარაკის სტილს, გამოხედვას და ა.შ.

ვფიქრობ, რომ სანამ ჩვენი საზოგადოების წევრების უმრავლესობა იფიქრებს, რომ უნდა
არსებობდეს მკაცრად განსაზღვრული ნორმები და წესები მამაკაცების თავის მოვლის
საშუალებებსა, თუ ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, მანამდე თანამედროვეობის გამოწვევების
მიმართ რიგიდულები დავრჩებით. მართალია, ყველა კულტურას თავისი დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები გააჩნია, რაც მისი წევრების გარეგნობასა და ჩაცმის სტილშიც გამოიხატება,
მაგრამ ამ კვლევით მინდა იმ შეზღუდვებსა და თვითშეზღუდვებს გავუსვა ხაზი მასკულინობასა
და მასკულინური იმიჯთან დაკავშირებით, რაც, ზოგადად, ტრადიციულ საზოგადოებებს
ახასიათებს და რაც ადამიანის თავისუფალ თვითგამოხატვას მნიშვნელოვნად აფერხებს.

7
ანამარია (მარიამ) ბრაგვაძე

მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცების


დამოკიდებულება დების მიმართ თანამედროვე ქართულ კონტექსტში

არსებული გენდერული ურთიერთობების წესრიგი მონაწილეთა დიფერენცირებას


განსაზღვრული როლების მეშვეობით ახდენს. ჩვენს ირგვლივ ათობით როლი არსებობს,
რომლებიც უკვე ბუნებრივ მოცემულობად აღიქმება და თითოეულს თავისი ქცევის პატერნი
შეესაბამება. ინდივიდების ადგილი გარემოში ხშირად სწორედ ამ როლებითაა განპირობებული.
ქალისთვის, დედისა და ცოლის როლის გარდა ქართულ კონტექსტში მნიშვნელოვანია მისი,
როგორც დის და როგორც ძმაკაცის დის როლი. შესაბამისად, მათი არსებობა გულისხმობს კაცის,
როგორც ძმის და ძმის ძმაკაცის როლს.

ჩემი კვლევა შეეხება მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი ახალგაზრდა (ოციდან


ოცდახუთ წლამდე) ქართველი მამაკაცების დამოკიდებულებას საკუთარი და მეგობრების
დების მიმართ. ვეცდები იმის გაგებას, თუ როგორ გამოხატავენ ისინი ამ დამოკიდებულებებს
ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორია მათი წარმოდგენა კარგი დის ფენომენის შესახებ.
კვლევის მიზანია გავიგო რა როლს აკერებს მამაკაცების წარმოდგენები დებს ჩვენს
საზოგადოებაში, რამდენადაა მოწონებული ახალგაზრდა მამაკაცების შეხედულებები და მათ
მიერ დისთვის განსაზღვრული როლი ოჯახებისა და საზოგადოების მიერ. ასევე ჩემი მიზანია
გავარკვიო, რამდენად იცვლება მამაკაცების დამოკიდებულებები იმ დების მიმართ, რომლებიც
სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ აკმაყოფილებენ მათ წარმოდგენებს იდეალურ დაზე.

კვლევაზე მუშაობა გადავწყვიტე პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა,


რომ ჩემი ძმა ჩემზე უმცროსია, მშობლები მაინც ყოველთვის მას „აბარებდნენ“ ჩემს თავს და
გამუდმებით მიწევდა მუშაობა მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რაც იქნებოდა გარანტია
იმისა, რომ ის ნაკლებ შეზღუდვას დამიწესებდა. მას შემდეგ, რაც ჩემი ქცევები, გარეგნული
მახასიათებლები და შეხედულებები არ მოერგო ჩემი ძმისა და მისი ძმაკაცების შეხედულებებს,
მათ მიერ შექმნილ გენდერული ურთიერთობების წესრიგში არ მოიძებნა ჩემი ადგილი, ვიქეცი
მათთვის ერთგვარ „დევიანტად“ და მათ ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ასე მოიქცნენ ის
ბიჭებიც, რომლებიც იქამდე ჩემდამი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ამის
შემდეგ უფრო ყურადღებით ვეცნობოდი ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი გოგონების ისტორიებს,
რომლებსაც მუდმივად უწევდათ ძმის შეხედულებების გათვალისწინება, საკუთარი
სურვილების მათთან შესაბამისობაში მოყვანა და ვაკვირდებოდი ძმებს, რომლებისთვისაც დის
ყოლა მრავალ ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული. ეს მათი უმეტესობისთვის
დისკომფორტის შემქმნელი სულაც არ იყო. ამ მაგალითებმა დამარწმუნა, რომ ის, რაც ადრე
კერძო შემთხვევა მეგონა, უფრო ფართო ხასიათის მოვლენა იყო და მის გამომწვევ მიზეზებზე
დავიწყე ფიქრი.

მასკულინობის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს, ყველაზე მარტივი განმარტება კი


ასე ჟღერს: მასკულინობა ესაა თვისებათა და გარეგნულ მახასიათებელთა კომპლექტი,
რომელსაც ყველა კაცი უნდა ფლობდეს. აღსანიშნავია, რომ იქ, სადაც არ არსებობს ქალურობის
8
გაგება, არ არსებობს არანაირი საფუძველი გამოყო კაცური მახასიათებლები. არ არსებობს
მასკულინობის ერთი უნივერსალური არქეტიპი, ან ქცევის კოდექსი, ან მასკულინობის არსი.3
ამის მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა კულტურაში ადამიანებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ
მამაკაცურობაზე და ფემინურობაზე. სტატიაში გამოვიყენებ მასკულინობის განსაზღვრებას იმ
გაგებით, როგორც ესმით ეს დასავლურ საზოგადოებებში. ინგლისელი სოციოლოგი ენტონი
გიდენსი ნორმატიულ მასკულინობას, ანუ იმას, რასაც უნდა შეესაბამებოდნენ ნამდვილი
მამაკაცები აღწერს ისეთ თვისებების ერთობლიობად, როგორიცაა მისწრაფება დომინირებდე
სხვა მამაკაცებზე, ფიქრობდე, რომ რაც დასაშვებია კაცისთვის, დაუშვებელია ქალისთვის,
იღებდე გენდერულ სხვაობებს, როგორც ბუნებრივ მოცემულობას, ყოფდე ქალებს „ბინძურებად“
და „სუფთებად“ და თვლიდე მათ ემოციურ არსებებად, გაურკვეველი სურვილებით.1

გარდა იმისა, რომ მასკულინობები შეიძლება განსხვავდებოდეს კულტურების მიხედვით, თვით


ერთი კულტურის შიგნითაც მრავალი მასკულინობა არსებობს. კულტურულად ყველაზე მეტად
მოწონებული და დაწინაურებული მასკულინობა განისაზღვრება, როგორც ჰეგემონური
მასკულინობა. რობერტ კონელი წერს, რომ ჰეგემონია მყარდება მაშინ, როცა კულტურული
იდეალი და ინსტიტუციონალური ძალაუფლება ერთმანეთს ემთხვევა,4 მაგრამ არ არსებობს
სოციუმი, რომელშიც ყველა კაცი ჰეგემონური მასკულინობის მატარებელი იქნება. ყველას არ
აქვს სოციალური ძალაუფლება, წარმატებული კარიერა, მაღალხელფასიანი სამსახური,
დამოუკიდებლობა, გამორჩეული გარეგნული მახასიათებლები. სწორედ ამიტომ საჭიროდ
ჩავთვალე, შემოვიტანო მეინსტრიმული მასკულინობის ცნება. ამ ცნების ქვეშ ვგულისხმობ
მასკულინობის ტიპს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ჰეგემონური მასკულინობის შემადგენელ
რომელიმე კრიტერიუმს, ამიტომ საზოგადოების მხრიდან არ აღიქმება, როგორც კაცის
იდეალური და მისაბაძი სახე, მაგრამ მამაკაცურობის ნორმაში ჯდება. მეინსტრიმული
მასკულინობის მატარებელი მამაკაცისთვის არაა საჭირო სხვებზე უკეთესი იყოს, როგორც ეს
ჰეგემონური მასკულინობის შემთხვევაშია. ის უნდა იყოს ისეთი, როგორიც არიან სხვები,
მთავარია არ იყოს მათზე ნაკლები, მაგალითად, არ განსხვავდებოდეს ეთნიკური
წარმომავლობით, სექსუალური ორიენტაციით ან მატერიალური შესაძლებლობებით. თუკი
ვინმესთვის არის იდეალი ჰეგემონური მასკულინობა საზოგადოებაში, უპირველესად
მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი მამაკაცებისთვის. კვლევას გავამყარებ დ.
გრომოვის სტატიით „მასკულინობის კონსტრუქცია ქუჩის მოზარდთა გარემოში5“, სადაც ის
საუბრობს გენდერულ წესრიგზე, რომლის საშუალებითაც ბიჭები გოგონებთან აგებენ
ურთიერთობას, ამ წესრიგში არსებულ პარამეტრებზე, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს
ბიჭებისთვის პატივსაცემი გოგონა. ავტორი თვლის, რომ ერთ-ერთი ასეთი პარამეტრი ბიჭთან
ნათესაური ურთიერთობაა, დანარჩენი კი გარეგნული მიმზიდველობა, ნაკლებად გამომწვევი
ჩაცმულობა, მიუწვდომლობა და ნაკლებად თავისუფალი სექსუალური ცხოვრება. საინტერესოა,
გავაანალიზოთ, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოდელი თანამედროვე ქართულ რეალობას.

3
ტარტაკოვსკაია, ი. (2006). „მასკულინობა - ყველა კაცი საზიზღარია?“, გენდერი დამწყებთათვის.
4 კონელი, რ. (2005). „მასკულინობის სოციალური ორგანიზება" , მასკულინობები.
5
გრომოროვი, დ. (2013) „მასკულინობის კონსტრუქცია ქუჩის მოზარდთა გარემოში,“ მასკულინობის ტრანსფორმაცია
21-ე საუკუნეში.
9
საკითხის შესასწავლად მიზანშეწონილად მივიჩნიე მყოლოდა ორი რესპონდენტი მამაკაცი. ერთ
მათგანს უნდა ჰყოლოდა და და ესაუბრა ძმის პოზიციიდან, მეორეს კი ელაპარაკა, როგორც ძმის
ძმაკაცს ძმაკაცების დებზე. კვლევის შერჩეული მეთოდოლოგია იყო ნახევრად
სტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუ ღია კითხვებით. აღნიშნული მეთოდი
საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად კარგად გავიგოთ რესპონდენტის აზრი, მიეცეს მას
თავისუფლება თავად გამოყოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ორივე რესპოდენტს
პირადად დავუკავშირდი. მათ ინტერვიუმდეც ვიცნობდი და კვლევაში მონაწილეობაზეც
მარტივად დამთანხმდნენ. პირველ რესპოდენტს, რომელსაც პირობითად ირაკლის ვუწოდებ,
უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში შევხვდი. ის 20 წლისაა და მეორე წელია სტუდენტია.
სწორედ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადმოვიდა ირაკლი თბილისში საცხოვრებლად,
მისი 15 წლის და კი კვლავ რეგიონში ცხოვრობს. ირაკლის დედა მასწავლებელია, მამა
უმუშევარი, მისი ოჯახი საშუალო კლასის წარმომადგენელია, თუმცა მის სოფელში არსებულ
სოციალურ ფონზე საკმაოდ შეძლებულად ითვლება და მაღალი სოციალური სტატუსით
სარგებლობს. ინტერვიუ ერთ საათსა და ოცდაჩვიდმეტ წუთს გაგრძელდა. მეორე რესპონდენტი,
პირობითად თორნიკე, 19 წლისაა და ამჟამად სტუდენტია. ის თბილისში დაიბადა და ერთ-ერთ
საკმაოდ პრესტიჟულ უბანში გაიზარდა. მისი ოჯახი მაღალი საშუალო კლასის
წარმომადგენელია. ინტერვიუ თორნიკეს 55 წუთი გაგრძელდა.

იქამდე, სანამ აღვწერდე იმ ტენდენციებს, რომლითაც ხასიათდება ჩემი პირველი


რესპონდენტის დამოკიდებულება საკუთარი დის მიმართ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გამოვყო
ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც მის გოგონებთან დამოკიდებულებას აღწერს, რათა
მკითხველისთვის კარგად შესამჩნევი იყოს ის განსხვავებები, რაც დის როლს სხვებისგან
გამოარჩევს. ირაკლიმ აღნიშნა, რომ მისთვის გოგონები იერარქიულ კატეგორიებად იყოფა,
ხოლო და ამ კატეგორიებიდან ცალკე დგას. ირაკლის საუბრიდან გამოიკვეთა, რომ არსებობს
ქცევები, რომლებიც მიუღებელია მისმა დამ ჩაიდინოს, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ
იმავეს მისი შეყვარებული ან მეუღლე გააკეთებდა. ინტერვიუს დასაწყისში ირაკლიმ აღნიშნა,
რომ ის თავისუფალი ურთიერთობების მომხრეა და ქორწინება არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ
მოგვიანებით თქვა, რომ მის დას მეგობარ ბიჭთან სექსუალური კავშირი რომ ჰქონოდა, ის
აუცილებლად მოსთხოვდა ურთიერთობის დაკანონებას. მან ასევე თქვა, რომ გარეგნობა გოგოს
შეფასებისას არაა მთავარ კრიტერიუმი, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ ბიჭისგან განსხვავებით
აუცილებელია, გოგო თავს უვლიდეს. ირაკლიმ აღნიშნა, რომ დასთან ნორმალური
ურთიერთობა აქვს, მასზე იცის ის, რაც სჭირდება და ამაში სოფელში მცხოვრები ძმაკაცებიც
ეხმარებიან. მისი მონაყოლიდან კარგად ჩანს, რომ ოჯახში მოელიან, რომ ის დას მიხედავს.
თვითონაც თვლის, რომ დის ყოლა მისთვის პასუხისმგებლობაა. ირაკლის სურს მისი დის
პროფესია სოციალურად მაღალი სტატუსის მქონე იყოს და ამავდროულად
მაღალანაზღაურებადი. მისთვის მნიშვნელოვანია რომ ის პროფესიონალი დადგეს, თვითონ კი
დის პროფესიის არჩევაში არ ჩაერეოდა. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სურს მისმა დამ კარგი
განათლება მიიღოს, ამას თავადაც დააფინანსებდა. ირაკლიმ თქვა, რომ, თუ მის დას
მოიტაცებდნენ, ის არ მოუწოდებდა დარჩენისკენ, მიუხედავად იმისა, რას იტყოდა ხალხი,
თუმცა აღნიშნა, რომ ხალხის აზრი მისთვის მნიშვნელოვანია. ირაკლისთვის ოჯახი მთავარი

10
ფასეულობაა. მან თქვა, რომ თუ მისი და ვერ გათხოვდებოდა, შეინახავდა მას და იცხოვრებდა
მასთან ერთად. ირაკლის სჯერა, რომ რადგან მისი და მისი ძმაკაცების შეხედულებები
ერთმანეთს ემთხვევა, რაც მის ძმაკაცებს არ მოეწონებოდათ მის დაში, ის მისთვისაც მიუღებელი
იქნებოდა. ირაკლი თვლის, რომ კარგი შეყვარებული საჭიროა გოგოსთვის, ასევე მიაჩნია, რომ
სახლის საქმე მისმა დამ უნდა გააკეთოს. მისთვის საკმაოდ მძიმე წარმოსადგენი აღმოჩნდა, რომ
მის ძმაკაცს მისი და შეუყვარდეს და ეს მის მიერ ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად
აღიქმება. რაც შეეხება დის მეგობრებს, ჩემმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ უკრძალავს ისეთ
გოგონებთან ურთიერთობას, რომლებიც მას არ მოსწონს.

ჩემი მეორე რესპონდენტისთვის პატივსაცემი გოგონა „სულით მშვენიერი“ უნდა იყოს.


თორნიკემ თქვა, რომ ძმაკაცების დებთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერას ცდილობს და
ამისთვის ბევრ ნაბიჯს დგამს. ძმაკაცის დის შეყვარება მისთვის მიუღებელია, თუმცა არც იმათ
აკრიტიკებს, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს. თორნიკე დარწმუნებულია იმაში, რომ ძმაკაცის
დის მიხედვა მისი პირდაპირი მოვალეობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძმაკაცი მასთან ერთად
არაა. მისთვის, ისევე როგორც პირველი რესპონდენტისთვის, ოჯახი იდეალია და, ამასთან
ერთად, ორივე თანხმდება, რომ ოჯახში გოგოს აღზრდას მეტი ყურადღება ეთმობა და აქედან
გამომდინარე გოგოს წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თორნიკემ ხაზი გაუსვა, რომ
ძმაკაცის დისთვის ყურადღების მიქცევა მხოლოდ მის გაკონტროლებას არ ნიშნავს. თუ
ძმაკაცის დაში ან მის მეგობრებში რამე არ მოეწონებოდა, ჯერ დაელაპარაკებოდა ძმაკაცის დას,
მაგრამ თუ ის მის შეხედულებებს არ გაითვალისწინებდა, მაშინ ძმის ჩარევა აუცილებელი
გახდებოდა. თორნიკემ აღნიშნა, რომ თუ გაიგებდა, რომ მის ძმაკაცის დას ვინმე აწუხებდა და
მან ეს არ იცოდა, თავს შეურაცხყოფილად ჩათვლიდა და ეცდებოდა საპასუხო ზომები მიეღო.

ირაკლიმ გოგონებისადმი საკუთარი დამოკიდებულების აღწერისას ისინი სამ კატეგორიად


დაყო. პირველი და იერარქიულად ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი გოგონების კატეგორია
მან ნაშებად მოიხსენია და მათ „საკრაოტეები“ უწოდა, ანუ გოგონები, რომლებთანაც ის
სერიოზულ ურთიერთობას არ დაიწყებდა. მეორე საფეხურზე მისთვის მეგობარი გოგონები
არიან. მესამე კატეგორია მან იერარქიის თავში მოაქცია. ესაა გოგო, რომელიც მისთვის იდეალს
წარმოადგენს, მისი შვილების დედა, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებდა. აქ შეგვიძლია
პარალელი გავავლოთ გიდენსის მიერ ნორმატიული მასკულინობის დახასიათებასთან, სადაც
მის ერთ-ერთ თვისებად იგი მიიჩნევს ქალების „სუფთებად“ (რომლებზეც შეიძლება
დაქორწინდე, ანუ ამ შემთხვევაში მესამე და ყველაზე მაღლა მდგომი კატეგორია) და
„ბინძურებად“ (რომლებზე დაქორწინებაც არ შეიძლება, ანუ პირველი და ყველაზე დაბლა
მდგომი კატეგორია) დაყოფას.

ირაკლიმ თქვა, რომ ამ სამი კატეგორიიდან ცალკეა და და ის „წმინდათა წმინდაა“. მისთვის


პატივსაცემ გოგონაზე ლაპარაკისას რესპონდენტმა აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა
გამომწვევად იცვამს თუ არა ეს გოგო და ეწევა თუ არა ის სიგარეტს, მაგრამ მისთვის ეს
ფაქტორები მნიშვნელოვანია დასთან მიმართებაში: „ნუ, რავი, ჩაცმის კომპლექსიც მართლა არა
მაქ, რო მაინც და მაინც მონაზონივით ჩაიცვი და ჩადრი გაიკეთე და რაღაც. აი, რასაც ჩემ დაზე
ვერ ვიტყვი. ჩემ დაზე მაქ ეგ ის, რო მოკლე კაბებს.. ორი ცალი, ორი კაბა იყიდა, მაგრა მოსწონდა

11
და ერთს მე არ ვაცმევინებ, მეორეს მამამისი. ჩემ დაზე ხო და სხვაზე არა. იმიტო რო მაინც ჩემი
დაა და..’’

ირაკლიმ თქვა, რომ გამომწვევად ჩაცმული მისი და სოფელში რომ გასულიყო ეს ოჯახის
შეურაცხყოფა იქნებოდა, რადგან ამას ხალხი მძაფრად აღიქვამდა. ასევე ხალხის რეაქციის გამო
არ მოაწევინებდა სოფელში სიგარეტს, თუმცა ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშეც მკაცრად
შეეწინააღმდეგებოდა: „მკაცრად ვარ მაგ პოზიციაზე, რო ეგ სიგარეტის მომწევი არ არის. მოწევს
და გავიგებ რო მოწია და მაგრად უნდა ვცემო, მერე რა, რო ჩემი დაა.’’

როდესაც დავინტერესდი, რამდენად ამართლებდა ძალადობას ასეთ შემთხვევაში, ირაკლიმ


მიპასუხა, რომ, მაგალითად, სილის დარტყმას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ზოგადად,
კაცის მხრიდან ქალზე ძალადობას არ ამართლებს, თუმცა დასაგმობი მისთვის არა იმდენად
მოძალადეა, რამდენადაც ის ქალი, რომელიც ამას „დაიმსახურებს“: „ის რა კაცია, რო ქალს
საერთოდ დაარტყავს და გადაუვლის და საერთოდ, ხელის დასარტყმელი რო გახდება, ის
ქალიც არ მიყვარს რა, ისიც რაღაცა საზიზღარი არსება უნდა იყოს, რო იმ დონემდე უნდა
მიიყვანო მამაკაცი, რო ხელი დაგარტყას“.

ჩაცმულობისა და სიგარეტის მოწევის გარდა, ორმაგი სტანდარტით ხასიათდება ირაკლის


დამოკიდებულება ურთიერთობების მიმართ, რადგან თავად თავისუფალი ურთიერთობის
მომხრე, თუ გაიგებდა, რომ მის დას შეყვარებულთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მოითხოვდა
მათ ურთიერთობა დაეკანონებინათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გოგონას გარეგნობა არაა
გადამწყვეტი ფაქტორი, თუმცა შემდეგ თქვა, რომ გოგომ, ბიჭისგან განსხვავებით, თავს უნდა
მოუაროს და შეეცადოს გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე
ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უფრო ლოიალურია გარკვეული ქცევების მიმართ, როცა ეს
მის დას არ ეხება. თუ გავიხსენებთ გრომოვის სტატიას, რომელში აღწერილ გენდერულ
წესრიგშიც ბიჭები პატივს სცემენ გოგონებს, რომლებიც გარეგნულად მიმზიდველნი, ნაკლებად
გამომწვევნი არიან და არ აქვთ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება და პარალელს გავავლებთ
ზემოთქმულთან, დავინახავთ, რომ საქართველოში არსებული მეინსტრიმული გენდერული
წესრიგი ძალიან ჰგავს გრომოვის აღწერილს, თუმცა ის უფრო მომთხოვნია დების მიმართ.

ირაკლიმ ისაუბრა, რომ ის დას მუდამ მოუწოდებს ბევრი წაიკითხოს და მის განათლებას
მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს. თუ რატომ, ამის ასახსნელად მან საკუთარი მაგალითი
მოიტანა და ხაზი გაუსვა, რომ დედა რომ არ ჰყოლოდა განათლებული, ახლა უმაღლესშიც არ
ისწავლიდა და სრულიად უპერსპექტივო იქნებოდა. აქედან გამომდინარე, დის განათლებას
განიხილავს, როგორც არა თავისთავად მნიშვნელოვანს პიროვნების ანუ მისი დის განვითარების
გზაზე, არამედ მნიშვნელოვანს იმდენად, რამდენადაც ის დედა უნდა გახდეს და განათლება
შვილების გაზრდისას გამოიყნოს. ასევე უნდა გახდეს ცოლი, რომელიც ქმარს ამით დაეხმარება.
ქალის გაუთხოვრობა მისთვის დაკავშირებულია არა თავისუფალ არჩევანთან, არამედ იმასთან,
რომ იგი ვერ შეხვდა „ცხოვრების სიყვარულს“. თუ ასე მოხდა მისი დის შემთხვევაშიც, ირაკლი
მზადაა, იცხოვროს დასთან ერთად, შეინახოს ის, თუმცა არც ერთხელ არ ახსენებს, რომ დაც
მშობლების ქონების მემკვიდრეა და მასზე თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ირაკლიმ თქვა,
რომ მშობლებმა ყველაფერი რომ დაუტოვონ მის დას, მაინც არ იჩივლებდა, რადგან: „აი, რაში
12
მჭირდება რა, თუ კაცი ხარ, დამოუკიდებელიც უნდა იყო.“ აქედან ჩანს, რომ მისთვის
დამოუკიდებლობა ისაა, როგორიც უნდა იყოს კაცი და როგორიც სურს გახდეს თვითონ.
ფინანსური დამოუკიდებლობა ჰეგემონური მასკულინობისთვისაა დამახასიათებელი და,
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ის ყველაზე მეტად მეინსტრიმული მასკულინის მიერაა
მოწონებული, რომელიც, როგორც დავინახეთ, თვითონაც მიისწრაფვის მას დაემსგავსოს. როცა
დის პროფესიებზე საუბრობდა ირაკლიმ აღნიშნა, რომ შემოსავლისა და სოციალური სტატუსის
გარდა, მისთვის მნიშვნელოვანია მისი და პროფესიონალი დადგეს. აქაც გამოჩნდა, რომ
მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი მამაკაცი ღიად აფიქსირებს, რომ ჰეგემონური
მასკულინობის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისება მის მიერ მოწონებულია.

ირაკლიმ აღნიშნა, რომ მის ოჯახს იმედი აქვს, რომ ის დას ყურადრებას მიაქცევს და ამისკენ
მხოლოდ მშობლები კი არა, ბებია და ბიძაც მოუწოდებდნენ. მას სჯერა, რომ, თუ ის დას რამეს
დაუშლის, მისი მშობლებიც აუცილებლად დაუჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს
სტანდარტული შემთხვევა, როცა ბიჭის ძალაუფლების გავრცელება დაზე ოჯახის უფროსი
წევრებისგანაა წახალისებული. ირაკლისთვის მოსაწონია, რომ მის დას ჰყავდეს კარგი
შეყვარებული, რომელიც მისთვის დის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმად აღიქმება,
რამდენადაც შეუძლია იმ სივრცეში იყოს, სადაც ძმა და მშობლები ვერ მოხვდებიან და იქ
მიაქციოს ყურადღება. გარდა ამისა, ჩემმა რესპონდენტმა გაიხსენა ორი შემთხვევა, როცა
მეგობრებთან ურთიერთობა დაუშალა საკუთარ დას. ერთ შემთხვევაში მას ეჭვი ჰქონდა, რომ
მისი დის დაქალი ლესბოსელი იყო და არ უნდოდა მის დაზეც იგივე ეფიქრათ, მეორე
შემთხვევაში კი დის მეგობარს მანიპულატორად თვლიდა, რომელიც მასზე გავლენის მოხდენას
და მისი დის შეცვლას ცდილობდა: „შეცვლილი იყო. ადრე თუ ეს ფორმალობის დონემდე იყო,
რო, რაღაც, ეს საჭმელი გამიკეთე და რაღაც, რა. ფორმალობის დონემდე კი არა, სტანდარტული
პროცედურა იყო რა, მაჭამე გეხვეწები და რაღაც ეხლა მეკამათებოდა, მეიაზვებოდა, ისწავლა რა
რაღაც. შეცვლა არ არი ეგეც? რაღაც რო ჩვეულებრივია და ამ დროს იმაზე რო გაგიჭედავს.
მივხვდი, რო იმის ბრალი იყო, იქ რო მიდიოდა, მოდიოდა შეცვლილი.“ ირაკლის მიაჩნია, რომ
სახლის საქმე მისმა დამ უნდა გააკეთოს და როგორც კი ამაზე წინააღმდეგობა შეხვდა, ეს
ცვლილება დის მეგობარს დააბრალა და თქვა, რომ მასთან ურთიერობას უკრძალავდა.

მეორე რესპონდენტთან, თორნიკესთან საუბარიც მისთვის პატივსაცემ გოგონაზე ლაპარაკით


დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გოგო მიუწვდომელი უნდა იყოს: „საკუთარი თავის ფასი უნდა
იცოდეს, იცოდეს თავისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინება... ჩემი აზრით, გოგოს უხდება
ცოტა მორცხვობაც.“ სწორედ გოგონას მიუწვდომლობაა გრომოვის მიერ აღწერილ გენდერულ
ურთიერთობებში გოგონას ერთ-ერთი მოწონებული მახასიათებელი და გამოჩნდა, რომ ეს
ქართული მეინსტრიმული მასკულინობისთვისაც მნიშვნელოვანია. ორივე რესპონდენტი
ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ მათთვის ოჯახი იდეალია. თორნიკემ, რომელსაც და არ ჰყავს,
აღნიშნა, რომ, თუნდაც ოჯახის ყურადღება გოგოს მიმართ გადამეტებული იყოს, მაინც არაა
კარგი ოჯახის წევრების წინააღმდეგ წასვლა. თორნიკეს და ირაკლის შეხედულებები იმაშიც
ემთხვევა, რომ ორივესთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრი. ზემოთ აღვნიშნე, რომ
მეინსტრიმული მასკულინობის მატარებლისათვის არაა აუცილებელი განსაკუთრებული და
გამორჩეული იყოს. პირიქით, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოერგოს არსებულ წესრიგს. ის
13
ძირითადად კონფორმულია, რისი მიზეზიც იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ხალხის აზრს მოარგოს თავი, იყოს ისეთი, როგორებიც არიან სხვები და
შეიქმნას ერთგვარი კომფორტის ზონა, რომელშიც მის მამაკაცურობაში ეჭვს არავინ შეიტანს. ამ
ზონის იქით მისი მამაკაცურობა არ არსებობს, ის თავისთავადი მნიშვნელობის არ არის,
რადგანაც მნიშვნელობა გააჩნია მხოლოდ ხალხში, რომელთა წარმოდგენების პროდუქტი
თვითონაა. ნებისმიერი გადახვევა ხალხის აზრისგან საფრთხეა მისი მამაკაცურობისათვის,
რადგან მამაკაცურად მიიჩნევა იმიტომ, რომ ჰგავს ყველას, ნორმალურია, არც არავისზე მეტი და
არც ნაკლები. ნორმიდან ნებისმიერი გადახვევა შეიძლება მისი მამაკაცურობის დაშლით
დამთავრდეს.

თორნიკემ თქვა, რომ ის ძმაკაცების დებთან დამეგობრებას ცდილობს, რათა არ დასჭირდეს


მათგან ინფორმაციის გამოტყუება და ყველაფერი, რაც აინტერესებს თავად მოუყვნენ, როგორც
მეგობარს. იმ შემთხვევაში, თუ ის ძმაკაცის დას ვერ დაიმეგობრებს, მაშინ მის მიერ
გადადგმული ყველა ნაბიჯი გულიდან წამოსული კი არა, ვალდებულების გამო გაკეთებული
იქნება. ის დარწმუნებულია, რომ არასდროს შეხედავს ძმაკაცის დას „სხვა თვალით“, თუმცა
ძმაკაცის დის შეყვარებაში მისთვის დადებითი მომენტებიც არსებობს, განსხვავებით
ირაკლისგან, რომლისთვისაც ეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი მოვლენაა. თორნიკე თვლის,
რომ ძმა საკუთარი დის შეყვარებულს კარგად ვერასდროს გაიცნობს, განსხვავებით ძმაკაცისგან,
რომელსაც უკვე იცნობს და სიტუაციის კონტროლიც მეტად შეუძლია. თორნიკე თვლის, რომ
ძმაკაცის დას უნდა მიხედოს, თუმცა ძმამ უნდა გააცნოს დას ის ძმაკაცები, რომელთა აზრიც მან
შემდგომ ყოველდღიურად უნდა გაითვალისწინოს.

რესპონდენტების მსჯელობის ხაზს რომ მივყვეთ, რომლებიც ფუნდამენტურ საკითხებთან


დაკავშირებით იდენტურია, შემდეგი სურათი წარმოგვესახება: გოგონა უნდა დაემორჩილოს
ოჯახს, გაითვალისწინოს ძმის ინტერესები, დააყენოს ისინი საკუთარ პრინციპებზე წინაც და,
გარდა ამისა, იხელმძღვანელოს ძმის ძმაკაცების შენიშვნებით, ხოლო იმ სივრცეში, სადაც ზემოთ
ჩამოთვლილ აქტორებს წვდომა არ აქვთ, უნდა გაითვალისწინოს შეყვარებულის მოთხოვნები.
შედეგად ვიღებთ ავტონომიისაგან სრულიად დაცლილ სუბიექტს. მიუხედავად დის
სურვილებისა, წარმოდგენებისა და შეხედულებებისა მისი როლით განპირობებული ადგილი
სოციუმში ზემოთჩამოთვლილი აქტორებისაგან მკაცრადაა განსაზღვრული და მუდმივად
კონტროლირებადი.

პატრიარქალური საზოგადოებები რომ ქალთა მასობრივ ჩაგვრასა და მამაკაცთა დომინაციაზე


დგანან, ეს ფაქტია, მაგრამ ამას არასდროს აღიარებენ. თვით ყველაზე სექსისტურ
საზოგადოებებშიც ქალის დისკრიმინაცია ხან ტრადიციით, ხან რელიგიით, ხანაც კეთილი
სურვილითაა გამართლებული. სქესისა და გენდერის მიხედვით პიროვნებაზე მიწერილი
როლები ისეთივე სოციალური კონსტრუქტია, როგორც გენდერი, მასკულინობა, თუ
ფემინურობა და ამ ყველაფრის ადექვატურად აღსაქმელად და გასაანალიზებლად გენდერული
ურთიერთობების სისტემური სურათის დანახვაა საჭირო და არა ცალკეული ნაწილებისა. დის
როლზე საუბარი არ შეიძლება ძმის როლის მხედველობაში მიღების გარეშე. ამ ურთიერთობას
გარკვეულ ჩარჩოში ათავსებს და საზღვრავს ოჯახი, რომელიც, როგორც რესპონდენტების

14
მონაყოლიდან გამოჩნდა, ბიჭს ავალდებულებს საკუთარ თავზე აიღოს დის კონტროლი და
„მიხედვა“. აღმოჩნდა, რომ ქართველი დის მოწონებული როლი გარკვეულწილად განსხვავდება
ქართველი გოგოს მოწონებული როლისაგან. მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი
ქართველი ბიჭები, რომლებიც, როგორც მათი მამაკაცურობის შემქმნელი საზოგადოება,
რთულად ითავსებენ სიახლეებს, როგორც აღმოჩნდა, უფრო კონსერვატორები არიან დებთან
მიმართებაში. რესპონდენტების ზემოთ მოყვანილი შეხედულებებიდან გამომდინარე,
ქართველი და, რომელიც დააკმაყოფილებდა მეინსტრიმული მასკულინობის მატარებელი
თავისი ძმისა და ძმის მეგობრების კრიტერიუმებს, არის მორცხვი, პასიური, შემგუებელი,
თავდაცვის უნარის უქონელი, ოჯახზე დამოკიდებული და მუდმივად საზოგადოებრივ
სტატუსზე მზრუნველი. მისთვის ისიც კი არ შეიძლება, რაც მისი ძმის მეგობარი გოგონასთვის
ნორმად აღიქმება. ძმა უნდა აკონტროლებდეს მის გარშემო არსებულ ყველა სივრცეს, სადაც
მუდივად უნდა უხატავდნენ უხილავ მტერს, რათა თვითონაც კმაყოფილი იყოს ძმის
მზრუნველობით და თავს დაცულად მხოლოდ მასთან გრძობდეს. ის გოგონები, რომლებიც
თვითონ წყვეტენ ვისთან იმეგობრონ, როგორ ჩაიცვან, მოწიონ თუ არა თამბაქო, როგორი
ურთიერთობა ჰქონდეთ მეგობარ ბიჭთან და მიიღონ თუ არა სხვების რჩევები და შენიშვნები,
გადახედვის გარეშე ამ წესრიგიდან ამოვარდნილი არიან. ისინი შეიძლება იქცნენ ძალადობის
მსხვერპლად ან გაკიცხვის ობიექტად ისე, რომ მათი აზრით არავინ დაინტერესდება. დის
მოწონებული როლი ერთგვარი წინაპირობაა მოწონებული ცოლის როლისაკენ, რომელიც
შვილებს ზრდის, ასწავლის, ეხმარება და რომელსაც ყურადღებას ახლა ძმის ნაცვლად ქმარი
აქცევს.

ვეცადე, რომ მკითხველისათვის მეჩვენებინა ჩემი რესპოდენტების დამოკიდებულებები დასთან


დაკავშირებულ მრავალ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ორი ინტერვიუს
ჩატარების შემდეგ კვლევას არ აქვს რეპრეზენტატულობაზე პრეტენზია და ეს არც ყოფილა ჩემი
მიზანი, თუმცა ვცადე მეჩვენებინა არსებული მეინსტრიმული მასკულინობისა და ზოგადად,
გენდერული წესრიგის გავლენა ახალგაზრდა გოგონების, როგორც დების ცხოვრებაზე.

15
ქეთევან გორგაძე

მამის კონტროლის მექანიზმები ქალიშვილებზე

ნებისმიერ დროსა და სივრცეში ყოველთვის არსებობდა და არსებობს გარკვეული სახის


მექანიზმები, რომელთა დახმარებით საზოგადოების ერთი წევრი კონტროლს ახორციელებს
მეორეზე. ამ კონტროლის შესწავლა საინტერესოა, თუმცა ამ შემთხვევაში ვკონცენტრირდები მის
კონკრეტულ სახეზე: ყურადღებას გავამახვილებ კონტროლის იმ მექანიზმებზე, რომლებსაც მამა
ახორციელებს საკუთარი ქალიშვილის მიმართ. გავუსვამ ხაზს, რომ კვლევაში განხილული
იქნება მხოლოდ მამის კონტროლის საშუალებები. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში
გამოირიცხება ძმის კონტროლი, რადგან, ჩანაფიქრის მიხედვით, ინფორმაციას მოგაწვდით
რესპონდენტის შესახებ, რომელსაც არ ჰყავს ძმა. ვფიქრობ, კვლევა საინტერესოა – არ
წარმომიდგენია გოგონა, რომელიც მამის მხრიდან გარკვეული ტიპის კონტროლს არ
განიცდიდეს. ყოველ შემთხვევაში, თუკი ასეთები არსებობენ, მხოლოდ მცირე ნაწილი.

ჩემს სტატიაში ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია იქნება აღწერილი, ამოიცნობენ საკუთარ თავსა
და პრობლემას.6 საინტერესოა, ახლავს თუ არა მამების კონტროლს მწვავე ფონი, რა რეაგირებას
ახდენენ და რა შეხედულება აქვთ ამის შესახებ თავად გოგონებს? რა აიძულებთ მამებს მკაცრად
აკონტროლონ საკუთარი ქალიშვილები და როგორ მოქმედებენ ისინი? რა ქცევები უნდა
მოვიაზროთ სიტყვა “კონტროლის“ მიღმა? ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ძალიან
მნიშვნელოვანია.

მამის მხრიდან კონტროლის გამოცდილება მეც მაქვს. ჩემი ძმა 13 წლით უმცროსია, ამიტომ
მისგან კონტროლი, ცხადია, აბსურდულია. მახსოვს, ვიმსახურებდი, თუ არ ვიმსახურებდი, მამა
ყოველთვის ცდილობდა, ჩემი ჩაცმულობა „სათანადოდ“ შეემოწმებინა, გაეკონტროლებინა
წასვლა–მოსვლის საკითხი და საზოგადოებაში „სწორად“ მოქცევის წესები ესწავლებინა. არ
დავმალავ და მის მიერ დაწესებული შეზღუდვები ჩემზე გამაღიზიანებლად მოქმედებდა,
ზოგჯერ დაუმორჩილებლობის სურვილი მიჩნდებოდა. სულ მქონდა იმისი განცდა, რომ მამა
არასერიოზულად ეკიდებოდა ჩემს შესაძლებლობებს, რაც ჩემში კომპლექსს იწვევდა. მისი
აზრით, ვსაჭიროებდი კონტროლს, მე კი არავინ მეკითხებოდა რას განვიცდიდი. ამიტომ
ყოველთვის მინდოდა გამეგო სხვა გოგონების შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით. მათთან
საუბარმა ის აზრი გამიქარწყლა, რომ მარტო მე მექცეოდნენ ასე. ამიტომაც, გადავწყვიტე
საკითხი უფრო მასშტაბურად შემესწავლა. ეს კვლევაც ჩემი მცდელობაა სიღრმისეულად
გავაანალიზო მამის კონტროლის მექანიზმები საკუთარ ქალიშვილებზე.

კვლევისას დავეყრდნობი რ. კონელის თეორიას ჰეგემონური მასკულინობის შესახებ.7 ამ ტიპის


მასკულინობა, ძირითადად, კონსტრუირდება ქალებთან და სუბორდინირებულ
მასკულინობებთან მიმართებაში და პატრიარქალური პროდუქტია. ჰეგემონური მასკულინობა
ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაში, როგორიც ქართულია, თავისთავად მოიაზრებს ოჯახში

6
გარკვეულ შემთხვევებში მამების კონტროლი საზღვრებს სცილდება და პრობლემად იქცევა ხოლმე.
7 კონელი რ. (1987), „ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურობა“, გენდერი და ძალაუფლება.
16
ლიდერობას, უპირატესობას, რაც თავის მხრივ, კონტროლის მექანიმზებსაც გულისხმობს
ოჯახის წევრებზე, პირველ რიგში, ქალებზე და რა თქმა უნდა, ქალიშვილებზე.

საერთაშორისო ენციკლოპედიაში კაცებისა და მასკულინობების შესახებ ინფორმაციაა


მოცემული მამებისა და საკუთარი ქალიშვილების დამოკიდებულებაზე. მშობლების შვილებთან
ურთიერთობის რამდენიმე ტიპი არსებობს: მამისა და ვაჟიშვილის, დედისა და ვაჟიშვილის,
დედისა და ქალიშვილის, მამისა და ქალიშვილის. ეს უკანასკნელი სრულებით განსხვავდება
წინა სამისაგან. მას ასაზრდოებს გარკვეული შეზღუდულობა მამის მხრიდან. პატრიარქალურ
საზოგადოებაში პრივილეგია ენიჭება მამრობითიი სქესის წარმომადგენელთ, ამის
საპირისპიროდ „იჩაგრებიან“ გოგონები - მამები პრივილეგიებსა და თავისუფლებებს ანიჭებენ
ვაჟებს, ხოლო გოგონები „შეზღუდულ“ მდგომარეობაში იმყოფებიან.8 კვლევაში სწორედ ამ
მიდგომებს დავეყრდნობი, რათა გავაანალიზო მამის სოციალური ძალაუფლება ქალიშვილზე
და ამ ძალაუფლების გამოხატვის ფორმები და საშუალებები.

რესპონდენტთან საუბრისას გამოვიყენე ნახევრად სტრუქტურირებული სიღრმისეული


ინტერვიუ (თვისებრივი მეთოდი). ეს მეთოდი მაქსიმალურად ეხმარება მკვლევარს
ინფორმაციის მოძიებაში. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა მამის
კონტროლის მექანიზმების შესახებ, გამეგო თავად „გაკონტროლებული“ გოგონას მოსაზრებები
ამ საკითხთან დაკავშირებით, განმესაზღვრა, როგორ მოქმედებს მსგავსი ტიპის კონტროლი
გოგონებზე და როგორ შეფასებას აძლევენ ისინი ამ პრაქტიკას.

რესპონდენტი მოვიძიე ჩემი სანაცნობო წრის დახმარებით. სალომე 22 წლისაა, სწავლობს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაზე.9 ინტერვიუ
ჩავწერე თბილისში, ჩვენი საერთო მეგობრის სახლში. სალომე სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა,
საკმაოდ გულღია. მასთან ადრე მამების კონტროლის შესახებ არაფორმალურ გარემოშიც
მისაუბრია. ჩემი გადაწყვეტილება სალომეს რესპონდენტად არჩევის შესახებ სწორედ ამ
გამოცდილებამ განაპირობა. ჩვენი საუბარი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა და ამჯერად ის
უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მანამდე.

აღმოჩნდა, რომ ზოგადად სალომე წინააღმდეგი არაა მშობლებისგან გარკვეული დოზით


კონტროლის, მაგრამ მისი განცხადებით ეს ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. სალომეს
აზრით მამების ორი ძირითადი კატეგორია არსებობს: მკაცრი და ლმობიერი: „მე შემიძლია
ვთქვა, რომ არსებობენ ძალიან მკაცრი მამები, რომლებიც ექცევიან შვილებს ისე, რომ არ
იმსახურებენ ეს გოგონები და არსებობენ მამები, რომლებიც ცოტა ლმობიერად ეპყრობიან იმ
გოგონებს, რომლებსაც სჭირდებათ, რომ მეტად მკაცრად მოექცე და ასევე გოგონებშიც არის
პრობლემა იმიტომ, რომ ზოგს ისეთი მიდრეკილებები აქვს, რომ სჭირდება ცოტა მოთოკოს
მშობელმა...“

საინტერესოა მამების მხრიდან ქალიშვილების გაკონტროლების მოტივი. მე პირადად არასოდეს


დავფიქრებულვარ, რა მოტივი ამოძრავებდა მამას ჩემი კონტროლისთვის. როცა სალომეს იგივე

8
ფლუდი, გარდინერი, პისი, პრინგლი (2007), საერთაშორისო ენციკლოპედია კაცებისა და მასკულინობების შესახებ.
9 რესპონდენტის სახელი შეცვლილია კონფიდენციალობის დაცვის მიზნით.
17
შეკითხვა დავუსვი, მიპასუხა: „ისინი მაინც მამაკაცები არიან, უფრო უკეთ არიან გარკვეულები.
მე ასე ვფიქრობ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან უფრო მეტი შეხება ჰქონიათ და ალბათ,
ცდილობენ დაიცვან თავიანთი ქალიშვილები რაღაცა მსგავსისგან. ნუ, იციან უკეთ, რა არ
მოსწონსთ კაცებს... არ უნდათ თავიანთ შვილზე ვიღაცამ რაღაც ცუდად იფიქროს, როცა
გაივლის...“

სალომე მიამბობს, რომ ძმა არ ჰყავს, ამიტომ მისი „კონტროლიორი“ ძირითადად მამა იყო. მინდა
აღვნიშნო, რომ იგი, უმეტესწილად წარსულ გამოცდილებაზე საუბრობს და მეუბნება, რომ ახლა,
როცა გაიზარდა, ფინანსურად დამოუკიდებელია და სწავლის პარალელურად მუშაობს,
მამასთან მას განსხვავებული ურთიერთობა აქვს, რაც მისი მხრიდან მკაცრ კონტროლს
გამორიცხავს. მისთვის, როგორც აღვნიშნე, საგანგაშო ფაქტს არ წარმოადგენს ზომიერი
კონტროლი, ამბობს, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა, თუმცა გაკვრით ახსენებს, ზოგჯერ
კონტროლის გადამეტებული ფორმა როგორ უღვიძებდა ამბოხის სურვილს, რაც
დაპირისპირების საბაბი ხდებოდა მამასთან. როგორც აღმოჩნდა ხშირად ამბოხის მიზეზი მის
ჩაცმულობასთან დაკავშირებული კონტროლი იყო. მაგალითად, ეკრძალებოდა ჩაეცვა მოკლე
კაბა ან „ელასტიკი,“ თუმცა სალომე სასურველ ტანისამოსს სახლის გარეთ იცვამდა ისე, რომ
მშობლებს არ დაენახათ. ჩემი რესპონდენტი ერთგვარი გულისტკივილით ასკვნის, რომ
„საშინელებაა, როცა გიშლიან.“ მისი თქმით, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და რაიმეს გადაჭრით
აკრძალვა კარგი შედეგის მომტანი ნამდვილად არაა, ამბობს, რომ აკრძალვის შედეგად
„შეიძლება უფრო მეტი გააკეთო.“ რა იგულისხმება ამ „მეტის გაკეთებაში“, სალომეს პასუხი
ბუნდოვანია. მისი მოსაზრებების გათვალისწინებით, მეც ორგვარი დამოკიდებულება მიჩნდება:
იგი თან ეთანხმება მამების მხრიდან (ზომიერ) კონტროლს, თან ტკივილით იხსენებს თავად ამ
კონტროლის გამოცდილებას. იგი პირდაპირ არ ახსენებს, მაგრამ, როგორ ჩანს, საკუთარ
გამოცდილებას ზღვარგადასული კონტროლის მაგალითად მოიაზრებს.

საინტერესოა, როგორ რეაგირებდა სალომე კონტროლზე. როგორც მან მიამბო, კონტროლის


ფორმები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავდებოდა, მასზე დამთრგუნველად მოქმედებდა.
ერთგვარი საპასუხო რეაქცია მსი ხმრიდან მშობლებისგან რამდენიმე დღიან განცალკევება იყო,
რაც გულისხმობდა მათთან კავშირის გაწყვეტას. ამ დროს იგი არ ესაუბრებოდა მშობლებს და
იყო „გაბუტული“. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის
გარეშე მაინც იცვამდა იმას, რაც სურდა და სკოლაში ისე მიდიოდა. სალომეს ვკითხე როგორ
ახერხებდა სასურველი ტანისამოსის შეძენას, მანაც არ დამიმალა „საიდუმლო.“ როგორც
გაირკვა, თანხების მოძიების საკუთარი „მეთოდი“ ჰქონდა: „ჩემს დანაზოგს ვაკეთებდი, ზოგჯერ
„ავწკნაპავდი“ მამაჩემს ფულს ხან ესე, ხან ისე, ან ხან რო გამაგზავნიდნენ რაღაცეების
საყიდლად, რაღაც თანხას ვტეხავდი იქედან.“

მამაზე საუბარს დედის კრიტიკაც მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ სალომეს დედა ყოველთვის
ცდილობდა ქმრის პოზიციები გაემყარებინა შვილებთან მიმართებაში. ჩემი რესპონდენტის
ხმაში აქ ერთგვარი სინანული ჩანს: როცა დედასთან ერთად მარტო რჩებოდა, ამ უკანასკნელის
რადიკალური პოზიციები „სწორად“ მოქცევასა და ჩაცმასთან დაკავშირებით უკვალოდ
ქრებოდა, სხვა შემთხვევაში კი ქმრის პოზიციას ემხრობოდა.

18
აღსანიშნავია, რომ სალომეს მამას ნეგატიური დამოკიდებულება მისი ქალიშვილის „ბიჭებთან
ურთიერთობის“ მიმართ სულაც არ ჰქონია, პირიქით, სალომეს განცხადებით მამა მომხრეა მას
თაყვანისმცემლები ყავდეს, ოღონდ ეს ყველაფერი „ტრადიციების ფარგლებში“ უნდა ხდებოდეს.
მით უმეტეს, წინააღმდეგი არაა ახლა, როცა სალომე ზრდასრულ ასაკშია და „გასათხოვარია.“
ჰიპოთეტურ შეკითხვაზე, თუ როგორი იქნებოდა მისი კონტროლი, თუკი ძმა ეყოლებოდა,
რესპონდენტმა მიპასუხა, რომ, ალბათ, მამის ოჯახური პოზიციიდან გამომდინარე ისევ მამა
„იზრუნებდა“ ამაზე. სალომემ აღნიშნა, რომ ის არაა კონფლიქტური ადამიანი, ნებისმიერთან
თავისუფლად შეუძლია საერთო ენის გამონახვა, ამიტომ, მისი აზრით ძმასთან კარგი
ურთიერთობა ექნებოდა.

სალომემ თქვა, რომ ის ახლა მამასთანაც მეგობრობს. მისი აზრით მნიშვნელოვანია მშობელსა და
შვილს შორის ურთიერთნდობა იყოს. მგონია, რომ სალომეს სრულწლოვანებამ, ფინანსურ
დამოუკიდებლობასთან ერთად, გავლენა იქონია მისი და მამამისის ურთიერთობაზე. მამას მის
მიმართ ნდობა და პატივისცემა გაუჩნდა. საბოლოოდ, წარსულს ასე აფასებს: „ჩვეულებრივი
ადამიანი ვარ, არანაირი ზედმეტი გადახრები არ მაწუხებს... მარა იყო და მქონია ის მომენტები,
რომელსაც არ ვიმსახურებდი და გული მტკენია. არ ვიმსახურებდი იმიტო, რო მხოლოდ მე არ
გამჩენია იმის სურვილი, რო ჩამეცვა მოკლე, ჩამეცვა დეკოლტე ან წამესვა პომადა იმიტო, რო
ყველას უნდა და ყველა გოგოს ჰქონია ამის ასაკი და საშინელებაა, როცა გიშლიან... და რო
გიშლიან, შეიძლება უფრო მეტი გააკეთო“.

არაა გასაკვირი, რომ სალომეს მამა უმთავრესად ჩაცმას ზღუდავდა. ტრადიციულ


საზოგადოებაში მკაცრადაა განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელსაც „პატიოსანი“ გოგო
უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთი მათგანი ჩაცმაა. მამის მხირდან კოტროლი უპირველესად
სწორედ აქეთ იყო მიმართული, რაც მისი, როგორც კაცის (და შემდეგ როგორც მშობლის)
„წესრიგის დამცველის“ სტატუსიდან გამომდინარეობდა. სალომე იხსენებს: „ყველაზე სასაცილო
მომენტი ის იყო, რო კაბა, რომელიც დამიჭრა, ჩემი საყვარელი კაბა იყო.. არ იყო არც მოკლე,
არანაირი... უბრალოდ, ესე, სინათლე გასდიოდა... თხელი იყო, მარა მთლად ისე არა, ეხლა რო
აცვიათ, მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ხდება ალბათ, 5 ან 6 წლის წინ, როცა ბავშვი ხარ... და
სახლში მეცვა ის კაბა“.

ამ კვლევაში შევეცადე ქალიშვილების თვალთახედვიდან მეჩვენებინა მამის კონტროლი,


რომელიც, როგორც წესი, ხშირად საკმაოდ მტკივნეული და დამთრგუნველი გამოცდილებაა და
რომელიც მამის, როგორც კაცის გენდერული როლიდან გამომდინარეობს. ქალიშვილმა
შესაძლებელია ის ახსნა მოუძებნოს მშობლის გადამეტებულ კონტროლს, რომ მამებს უნდათ
თავიანთი შვილები საზოგადოებისთვის „მისაღები“ წევრები იყონ, მაგრამ სად გადის ზღვარი
მიმღებლობისთვის მცდელობებს, ადამიანის თავისუფლებისა და გამოხატვის შეზღუდვას
შორის, ალბათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

19
ნინო ესებუა

კაი ბიჭის ფენომენი თანამედროვე საქართველოში

თანამედროვე საქართველოში საკმაოდ აქტუალურია „კაი ბიჭის“ ფენომენი, რომელზედაც


თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ის არაა 21-ე საუკუნის პროდუქტი, არამედ მას ჯერ
კიდევ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მძლავრად ჰქონდა ფესვები გადგმული ქართულ
რეალობაში. თუმცაღა, მაშინ, როცა სამყაროში ყველაფერი იცვლის ფორმასა და შინაარსს, არ
უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავად კაი ბიჭობის ფენომენიც განიცდის ტრანსფორმაციას. სწორედ
ამიტომ, 90-იანი წლების კაი ბიჭობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი თანამედროვე
გაგებისგან.

ქართველი ერი საკუთარ თავს მოიაზრებს და განიხილავს, როგორც განსაკუთრებულს. ჩვენი


„განსაკუთრებულობა“ მნიშვნელოვნად ვლინდება ჩვენს ქცევებში. ამ შემთხვევაში კი აქცენტს
გავაკეთებ მამრობითი სქესის ქცევაზე, რაშიც მათი ხასიათი, ჩვევები და ზოგადად, მათი
ფსიქოლოგიური, თუ სოციალური პორტრეტი ვლინდება. ე.წ კაი ბიჭობა სტატუსია.
რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, რომ განურჩევლად ყველა მიისწრაფვის ამ სტატუსის
მოპოვებისკენ, თუმცა ჩანს ტენდენცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცების უმრავლესობა ცდილობს
ამ „წოდების“ მოპოვებას. კაი ბიჭობა აიხსნება, როგორც სხვებთან შედარებით რამდენიმე
საფეხურით მაღლა დგომა. ეს კი საკუთარი მე-ს შეგრძნებას, სხვებისგან გამოცალკევებულად,
კიდევ უფრო ამყარებს.

საკითხის მნიშვნელოვნებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა კაცების უმეტესობა


ცდილობს ამ სტატუსის მოპოვებას. მათ ქცევაში ხშირად შეინიშნება ე.წ. „ბაბულიკური“
ელემენტები, რაც „კაი ბიჭობის“ მაჩვენებელია. ეს ორი სტანდარტი, „ბაბულიკობა“ და „კაი
ბიჭობა“, ერთსა და იმავე მნიშვნელობას ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ მათი
ურთიერთგანცალკევება ზედმეტიცაა, რადგან ორივე კონტინიუმის ერთ ბოლოში თავსდება და
ძირითად შემთხვევაში ემთხვევა კიდეც ერთმანეთს, რაც იმ სოციალური და კულტურული
კონტექსტითაა განსაზღვრული, რომელშიც ისინი გაჩნდნენ და არსებობენ. ახალგაზრდები
სკოლის ასაკიდანვე ცდილობენ ამ სტატუსის მოპოვებას და მისთვის დამახასიათებელი ქცევის
წესების, მანერების, ჩვევების მორგებას, თუმცა ეს მცდელობა ყველას შემთხვევაში
წარმატებულად არ სრულდება. ზოგიერთები განიცდიან კრახს, რაც მათ უიღბლობის შეგრძნებას
უტოვებს. ამან კი, შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური დისონანსი, რაც ადამიანის განვითრებაზე
შემაფერხებლად იმოქმედებს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტე მეკვლია კაი ბიჭის ფენომენი


თანამედროვე საქართველოში. კვლევის მიზნები მდგომარეობდა შემდეგში: 1. გამეგო, ხომ არ
არის კაი ბიჭობა ჰეგემონური მასკულინობის10 ერთ-ერთი გამოვლინება; 2.თუ რა ძირითადი
თვისებების, ქცევების, საქმიანობების საფუძველზე იღებენ ქართველი ახალგაზრდები კაი ბიჭის

10
ჰეგემონური მასკულინობა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც გენდერული პრაქტიკის კონფიგურაცია, რომელიც
მოიაზრებს პატრიარქატის ლეგიტიმაციას, რაც ერთგავარი გარანტიაა ზოგადად კაცის დომინანტური პოზიციისა და
ქალთა დაქვემდებარებისთვის. (კონელი, რ. (2005) „მასკულინობის სოციალური ორგანიზება“, მასკულინობები).
20
სტატუსს და როგორ ურთიერთობაში არიან ისინი გარემოსთან. კვლევის მთავარი კითხვა იყო ის,
თუ რას ნიშნავს იყო კაი ბიჭი, უშუალოდ ამ სატატუსის მატარებელი ადამიანისთვის
თანამედროვე ქართულ რეალობაში.

სკოლაში ხშირად მინახავს სიტუაცია, როდესაც ბიჭები „საქმეს არჩევდნენ“. მათში ყოველთვის
გამოიყოფოდა როგორც ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე, ასევე სიმართლის გამრკვევი,
რომელიც კაი ბიჭის სტატუსს ატარებდა. სიმართლის გამრკვევი ანუ კაი ბიჭი არ წარმოადგენდა
არც ერთ მხარეს. ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური. მას ვერავინ ვერ
უბედავდა ხმამაღლა საუბარს, ხელის მოქნევას და მსგავს მოპყრობას. ამასთანავე, როგორც წესი,
მის სიტყვას ემორჩილებოდნენ. მე, პირადად, ვერასოდეს ვიგებდი ბიჭებს შორის ურთიერთობის
ამ დინამიკას. ამიტომაც, გადავწყვიტე მეტი გამეგო კვლევის საშუალებით.

შინაარსიდან გამომდინარე, ჩემს კვლევას მივუსადაგებ მასკულინობის სოციალური


ორგანიზებისა11 და ჰეგემონური მასკულინობის თეორიებს12 იმის ასახსნელად, თუ როგორ ხდება
კაი ბიჭობის სოციალურად კონსტრუირება. ჰეგემონური მასკულინობა, როგორც ასეთი,
ყალიბდება სხვა მასკულინობებთან და ქალებთან მიმართებაში. კაცები თანაბარ ძალუფლებრივ
პოზიციებს არ ფლობენ მათი მოქმედების ველზე. ისინი სხვადასხვა იერარქიულ საფეხურებზე
იმყოფებიან. თავად მასკულინობა, როგორც ასეთი, არსებობს იმდენად, რამდენადაც
კონტინიუმის მეორე ბოლოში დგას ფემინურობა. ეს ორი აბსტრაქტული ფენომენი მათთვის
დამახასიათებელი თვისებების (თუმცა, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი მათთვის
მიწერილი თვისებების) პრაქტიკაში განხორციელების საფუძველზე ახდენს საზოგადოების
გენდერიზებას უფრო ძლიერ და სუსტ პოლუსებად.

სხვადასხვა საზოგადოებაში მასკულინობა სხვადასხვაგვარად კონსტრუირდება. ის შეიძლება


განვიხილოთ როგორც კულტურული და სოციალური ფენომენი, რომელიც განსხვავებულია
დროისა და სივრცის მიხედვით. მასკულინობის არსებითი მნიშვნელობის გაგება დროთა
განმავლობაში იცვლება. მამკაცები მუდმივად იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა კაცებთან
შედარებით უპირატესი პოზიციები დაიკავონ იმ სოციუმში, რომლის წევრებადაც აღიქვამენ
ისინი საკუთარ თავს. მათ სურთ, რომ სხვებთან შედარებით რანგობრივად უფრო მაღლა იდგნენ.
ჰეგემონური მასკულინობის მატარებელი კაცები დანარჩენების მიერ ფასდებიან, როგორც
„მათზე მეტი“. ის კაცები, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ „წოდების“ ქვეშ გაერთიანებას,
იმყოფებიან სუბორდინირებულ პოზიციაში. გარდა ამისა, კვლევას გავამყარებ დ. გრომოვის
სტატიით13, სადაც საუბარია, თუ ზოგადად როგორ ყალიბდება კაცთა გაერთიანება ქუჩის
მოზარდთა გარემოში, რა ტიპის მორალური კოდექსით სარგებლობენ ისინი, როგორია მათი
ინტელექტი, როგორ დამოკიდებულებაში იმყოფებიან საზოგადოების იმ წევრებთან, რომლებიც
ასეთ დაჯგუფებებში არ ერთიანდებიან და ა. შ. ეს სტატია ძალიან დამეხმარება იმაში, რომ
დავინახო, თუ რა მსგავსებები არსებობს გრომოვის მიერ აღწერილ და თანამედროვე ქართულ

11
კონელი, რ. (2005) „მასკულინობის სოციალური ორგანიზება“, მასკულინობები.
12 კონელი,რ. (1987) „ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურობა,“ გენდერი და ძალაუფლება.
13
გრომოვი, დ. (2013),“მასკულინობის კონსტრუქცია ქუჩის მოზარდთა გარემოში“ მასკულინობის ტრანსფორმაცია
21-ე საუკუნეში.
21
რეალობაში არსებულ კაცთა გაერთიანებებს შორის, რომლის წევრებიც სარგებლობენ კაი ბიჭის
სტატუსით.

კვლევისთვის გამოვიყენე სიღრმისეული, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ ღია


კითხვებით, რადგან მინდოდა რესპონდენტს თავი ეგრძნო თავისუფლად და მეტი ესაუბრა. ჩემი
რესპონდენტი იყო ახლგაზრდა მამაკაცი, რომელიც ატარებს კაი ბიჭის სტატუსს. მას მივაკვლიე
ნათესავი ბიჭის დახმარებით, რომელიც მასთან მეგობრობს. რესპონდენტმა წინასწარ იცოდა, თუ
რასთან დაკავშირებით ტარდებოდა კვლევა და უარი არ უთქვამს მონაწილეობაზე.
პრეინტერვიუს ეტაპზე გავაცანი, თუ რას ეხებოდა ჩემი კვლევა, რა იყო კვლევის ძირითადი
მიზნები. ასევე შევთანხმდით ინტერვიუს ჩატარების ადგილზე. რესპონდენტის ასაკი იყო 21
წელი. მასთან შეთანხმების საფუძველზე ამ სტატიაში მას მოვიხსენიებ სახელით - რობი.
ინტერვიუ ჩატარდა რობის სახლში. შევარჩიეთ დღის ისეთი მონაკვეთი, როდესაც მისი ოჯახის
წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, რადგან, როგორც მან თქვა, ის უფრო თავისუფლად
ისაუბრებდა. ინტერვიუ ძალიან მშვიდად წარიმართა და გაგრძელდა 40 წუთი. რესპონდენტი
მეტ-ნკლებად კმარ ინფორმაციას მაწვდიდა ჩემთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
არც ერთ კითხვას არ გამოუწვევია მასში აგრესია.

ინტერვიუს ანალიზიდან გამომდინარე შემიძლია გამოვყო შემდეგი აღმოჩენები, რაც


თავისთავად კავშირშია კვლევის კითხვასთან.

 რესპონდენტმა უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა იმ მიზნით, რომ მას თავიდან


აეცილებინა ჯარში გაწვევა. ჯარში წასვლის სურვილის არ ქონას კი ხსნის იმით, რომ კაი
ბიჭები სხვის ბრძანებებს არ ასრულებენ, რომ კაი ბიჭობა სხვის ნებაზე მოქმედებას
გამორიცხავს.
 კაი ბიჭად გახდომის ფუნდამენტურ პირობად „სუფთად“ ცხოვრებას ასახელებს და ამ
უკნასკნელში მოიაზრებს შემდეგ პირობებს: კაი ბიჭმა არ უნდა იმუშავოს ფულზე, არ
უნდა იაროს სხვის ბრაძანებებზე და ჰქონდეს „წმინდა სული“.
 სამეგობრო წრე უფრო მეტად მნიშვნელობს კაი ბიჭად ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ოჯახი.
 თანამედროვე კაი ბიჭის აღიარებით 90-იან წლებში უკეთესი კაი ბიჭები, დღეს კი მათი
არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
 კაი ბიჭები არიან მორწმუნეები და დადიან ეკლესიაში.
 კაი ბიჭებს შორის არის შეჯიბრებითი დამოკიდებულება, რადგან მათ მუდამ აქვთ იმის
სურვილი, რომ სხვა კაი ბიჭებზე უკეთესები იყვნენ.
 იყო კაი ბიჭი, ნიშნავს ყველა პატივს გცემდეს, თუმცა ამავე დროს თავად კაი ბიჭიც
ფლობს იგივე მოვალეობას. ის სუბორდინირებულ პოზიციაშია კანონიერ ქურდთან
მიმართებაში.

განხილვას დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის ძალიან ბევრი, მეტად საინტერესო, ფაქტი გახდა
ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. „კაი ბიჭობა“, როგორც სოციალურად
კონსტრუირებული ფენომენი, ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
ახალგაზრდა მამკაცების საქმიანობაზე, ქცევებზე, მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე,
ცხოვრების წესზე. ყველას არ ეძლევა იმის საშუალება, შეიძინოს ეს სტატუსი, რადგან ეს
22
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი „ცხოვრებით ცხოვრობ“ ანუ კაი
ბიჭად გახდომის დეტერმინანტი არის საკუთრივ შენი ცხოვრება და არაფერი სხვა. ინტერვიუს
მსვლელობისას რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ასრულებს სხვის ბრაძანებებს,
შესრულებული სამუშაოსთვის იღებს გასამრჯელოს, ვერასდროს გახდება კაი ბიჭი. როგორც
რობი ამბობს:

„არ უნდა გქონდეს შეცდომები, ფულზე არ უნდა იმუშაო, არ უნდა გააკეთო ფული, სხვის ბრძანებებზე არ
უნდა იარო, სხვის დაკრულზე არ უნდა იცეკვო და არ უნდა დაუკრა სხვების გასართობად.“

კაი ბიჭის სტატუსის შეძენის ფუნდამენტური საწყისი ამ პირობების მკაცრი დაცვაა. ჩემი აზრით,
ყურადსაღებია ეს ფაქტი, რადგან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ შეასრულონ
ანაზღაურებადი სამუშაო, არ არიან ეკონომიკურად დამოუკიდებელი არსებობისთვის
მშობლებისგან, მეუღლეებისგან, მეგობრებისგან ითხოვენ ფულს. ვფიქრობ, რომ ეს
ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი
შრომით იშოვოს ფული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ცხოვრობდეს სხვის კმაყოფაზე.

რესპონდენტი აღნიშნავს, რომ კაი ბიჭად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ


მეგობრები. რასაკვირველია, აქ აგრეთვე მნიშვნელოვანია ოჯახი, თუმცაღა მინდა რობის
მოსაზრებას გავყვე და განვაცხადო, რომ კაი ბიჭად ჩამოყალიბებაში ოჯახის როლი, როგორც
ხელშემწყობის, ძალიან მცირეა იმ გამონაკლისის გარდა, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი თავად
არის კაი ბიჭი (ვთქვათ, უფროსი ძმა.) რაც შეეხება კაი ბიჭური გაგების ჩამოყალიბება -
განვითარებას, რობის აზრით, ეს ჯერ კიდევ სტალინის ეპოქაში დაიწყო. ის ასევე განასხვავებს
თანამედროვე კაი ბიჭს 90-იანი წლების კაი ბიჭისგან. რობი ამბობს, რომ მაშინ უფრო
ზრდილობიანები, თავშეკავებულები იყვნენ, გარკვეულ სუბორდინაციას იცავდნენ:

„კაი ბიჭური გაგება გონიათ, რო უფროსს არაფერს დაუთმობენ, ლანძღავენ, აგინებენ, შეეპასუხებიან და
მხოლოდ ეს. ესე არა არის სინამდვილეში.“

მასკულინობა სოციალური პროდუქტია, რომელიც გარკვეულ პრაქტიკებს გულისხმობს. ეს


პრაქტიკები კი თავისთავად კავშირშია მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, რაც ადამიანებს
ცხოვრების შესახებ უყალიბებს გარკვეულ რწმენებს, წარმოდგენებს, ჩვევებს და ა.შ. მამაკაცური
გარემო ხელს უწყობს ინდივიდში მასკულინური თვისებების ჩამოყალიბებას, ხდება
მასკულინობის დასწავლა ერთმანეთისგან, გამოცდილებების გაზიარება, უფროსების მიერ
უმცროსებისთვის საკუთარი პრაქტიკების გადაცემა14. რობიც, თავის მხრივ, საუბრობდა ოჯახისა
და მეგობრების როლზე „კაი ბიჭად“ ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ მეგობრული
გაერთიანებები უწყობს ხელს გამოცდილებების, შეხედულებების ურთიერთგცვლას, რის
საფუძველზეც ყალიბდება ერთი, ზოგადი წესი ყველა წევრისთვის.

როცა რესპონდენტს ვუთხარი ესაუბრა თანამედროვე საქართველოში არსებულ კაი ბიჭობის


ინსტიტუტზე, მან, ცოტა არ იყოს, დაფიქრებულმა მითხრა: „ახლა არსებობს კი საერთოდ,
თანამედროვე რეალობაში... არ ვიცი...“ მისმა პასუხმა გამაკვირვა. გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ
14
გრომოვი, დ. (2013),“მასკულინობის კონსტრუქცია ქუჩის მოზარდთა გარემოში“ მასკულინობის ტრანსფორმაცია
21-ე საუკუნეში.
23
მას ბუნდოვანი დამოკიდებულება აქვს - საკუთარ თავს კი მოიაზრებს კაი ბიჭად, მაგრამ ამავე
დროს კაი ბიჭობის, როგორც ინსიტუტის არსებობაში ეჭვი ეპარება.

კაი ბიჭად გახდომის მთავარი იმპერატივი, როგორც რეპონდენტი ამბობს, არის „სუფთად
ცხოვრება“ და სხვა არაფერი, რაც „ზემდგომების“ მიერ კონტროლდება. ზემდგომები კანონიერი
ქურდები არიან. კაი ბიჭების საბოლოო მიზანი ქურდად „მონათვლაა“, რაც მათთვის იერარქიულ
კიბეზე დაწინაურებას ნიშნავს. რაც შეეხება კაი ბიჭების განათლებას, რობი აღნიშნავს, რომ
ისინი სკოლაში და უნივერსიტეტში მაინც და მაინც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური
მოსწრებით, თუმცა კითხულობენ ლიტერატურას. მათ ასევე ძალიან კარგად იციან სისხლის
სამართლის კოდექსი. სკოლაში ამ სტატუსის მქონე ახალგაზრდები სარგებლობენ
პატივისცემით მათი თანატოლი ბიჭებისა და გოგონებისგან.

რელიგიას და ტრადიციებს, როგორც რობი ამბობს, კაი ბიჭები პატივს სცემენ. ისინი ეკლესიაში
ხშირად დადიან. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის თემა. კაი ბიჭებს განსაკუთრებული
დამოკიდებულება აქვს დედისა და დის მიმართ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ
გააკონტროლონ საკუთარი დები.

კაი ბიჭების ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ სტატუსს არ ატარებენ მეგობრულია,


თუმცა ურთიერთობაში მუდმივად არსებობს საზღვრები, რაც თავისთავადს ხდის, თუ რისი
თქმა და გაკეთება შეიძლება კაი ბიჭთან და რისი არა. რაც შეეხება მათ ურთიერთობას
გოგონებთან და მათი მხრიდან გოგონების შეფასებას, რობი გამოყოფს ორ კატეგორიას: ისინი,
ვინც დადებითად არიან განწყობილი, რადგან მოწონთ კაი ბიჭის შეყვარებულის სტატუსი და
ისინი, ვისაც უარყოფითად არიან განწყობილი.

კაი ბიჭების ქუჩური შეკრებები ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჯგუფებს
შორის კონფლიქტებს. როგორც გრომოვი თავის სტატიაში15 აღწერს, ეს კონფლიქტები არის
მასკულინობის ერთ-ერთი გამოვლინება, რადგან ის ასოცირდება ფიზიკურ ძალასთან და ამიტომ
კაი ბიჭები ჩხუბს და დაპირისპირებას არ უშინდებიან.

ინტერვიუს დასასრულს რესპონენტს ვთხოვე გაეხსენებინა რომელიმე ცხოვრებისეული


მოვლენა, რომელიც კაი ბიჭობას უკავშირდებოდა და ამგვარი პასუხი გამცა:

„ჩემი ყოველდღიური ცხოვრება უკავშირდება კაი ბიჭობას. ამაზე მეტი რა გითხრათ. ჩემი ყოველდღიური
ცხოვრება კაი ბიჭობის მაგალითია.“

ამ კვლევით მსურდა გამეგო, თუ რას ნიშნავს იყო კაი ბიჭი ქართულ რეალობაში, როგორია ამ
სტატუსის შეძენის განმსაზღვრელი ფაქტორებ და იმ ადამიანების მოტივაცია, ვინც ამ სტატუსის
მოპოვებას ცდილობს. როგორც კვლევამ აჩვენა, ეს ფენომენი არის სოციალური
ურთიერთობების, პრაქტიკების პროდუქტი. კაი ბიჭობა სოციალური კონსტრუქტია, რომელიც
ყალიბდება სხვა მასკულინობებთან მიმართებაში, სტატუსის შეძენა კი ხდება ცხოვრების
გარკვეული წესის მიხედვით და აღიარებით. თავად კაი ბიჭის ფენომენი კი ძალიან ცვლადია,

15
იქვე.
24
დღევნდელ რეალობაში, ასევე დინამიურია მისი პოზიციიონირება ქართული მასკულინობების
ძალაუფლებრივ კიბეზე.

25
ლიკა ზაალიშვილი

კომპლიციტური მასკულინობის ტიპის სტუდენტებს შორის ჰომოფობიური დამოკიდებულების


ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორები საქართველოში

განვითარებულ მსოფლიოში ადამიანის ძირითადი უფლებები და ყველა სახის დისკრიმინაციის


დაუშვებლობა საერთო თანხმობის საგანია. დღეს უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ
და სახელმწიფომ აღიარა, რომ ადამიანები თანასწორნი არიან მიუხედავად სქესისა, კანის
ფერისა, გენდერული იდენტობისა, თუ სექსუალური ორიენტაციისა. ფაქტია, რომ
კანონმდებლობის დონეზე მსოფლიოს უმეტეს ნაწილში აქტიურად ცდილობენ თანასწორობის
დაცვას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ მიზანს კულტურული ნორმები და ამა თუ იმ ქვეყნის
შიგნით გაბატონებული დოგმები უშლის ხელს. საქართველოში ლგბტ პირებთან და მათი
უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო ნამდვლად არ არის.
სამწუხაროდ, მოსახლეობაში ხშირია ჰომოფობიური განწყობები და ისიც ფაქტია, რომ
განსაკუთრებული აგრესიით მამაკაცები გამოირჩევიან.

ჩემი ამჟამინდელი სტატუსის გათვალისწინებით, ყოველდღიურად უამრავ სხვა სტუდენტთან


მიწევს ურთიერთობა და დიდი ხანია შევამჩნიე ერთი მეტად საყურადღებო ტენდენცია.
მამრობითი სქესის სტუდენტები უფრო ხშირად აკეთებენ ჰომოფობიურ განცხადებებს, ღიად
გამოხატავენ აგრესიას ლგბტ პირების მიმართ და არ ერიდებიან დისკრიმინაციული ხასიათის
შეფასებების გაკეთებას. საინტერესოა, რა ფაქტორები განაპირობებს ჰომოსექსუალი მამაკაცების
მიმართ ჰომოფობიური განწყობის ჩამოყალიბებას კომპლიციტური მასკულინობის ტიპის
სტუდენტებს შორის საქართველოში? წინამდებარე კვლევის მიზანი სწორედ იმ ფაქტორების
განსაზღვრაა.

მიუხედავად საკითხის სიმწვავისა, საქართველოში მოცემულ თემასთან დაკავშირებით კვლევა


ამ კუთხით არასდროს ჩატარებულა. მე პირადად ყოველდღიურად ვრწმუნდები ჰომოფობიის
პრობლემის მასშტაბურობაში. ქართველი სტუდენტები მრავალ სხვადასხვა მოსაზრებას
გამოთქვამენ ჰომოსექსუალობის შესახებ, თუმცა ფაქტი ერთია, მათი პოზიცია ხშირ
შემთხვევაში აგრესიული და დისკრიმინაციული ხასიათისაა. სწორედ ამ ფაქტორების
გათვალისწინებით გადავწყვიტე აღნიშნული საკითხის შესწავლა. კვლევის შედეგებით,
ვფიქრობ, შევძლებ ჩემი რესპონდენტის ჰომოფობიური განწყობების გამოაშკარავებასა და
არსებული დამოკიდებულებების ძირითადი მიზეზის განსაზღვრას.

ფართოდ გაზიარებული თვალსაზრისით, ჰომოფობია გარკვეული შიში და სიძულვილია ლგბტ


პირების მიმართ.16 ადამიანებს შორის ჰომოფობიური განწყობები ისეთი განსხვავებული
ფაქტორების გავლენით ყალიბდება, როგორიცაა განათლება, ასაკი და სხვა ძირითადი
დემოგრაფიული მახასიათებლები. როგორც აღმოჩნდა, ჰომოფობია გარკვეულ კავშირშია
გენდერთანაც და მასკულინობის ზოგიერთი ტიპის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს.

16ელბიტიკა (2010 ), სქესი, გენდერი, ორიენტაცია.

26
ყველაზე მარტივი განსაზღვრებით მასკულინობა იგივე მამაკაცურობაა და გულისხმობს
ქცევებს, ხასიათის თვისებებს და წარმოადგენს იმ ტრადიციული მახასიათებლების
ერთობლიობას, რომელიც მამაკაცისთვის შესაფერისად ითვლება. როგორც წესი, ასეთი
თვისებებია ამბიციური, ვაჟკაცური, აგრესიული, მოაზროვნე, მიზანდასახული და მრავალი
სხვა.17 საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მასკულინობა არ არის ერთიანი კატეგორია და მისი
სხვადასხვა ტიპი არსებობს. ჰეგემონური მასკულინობა ყველაზე დაწინაურებულ სახეს
წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მეტ ძალაუფლებას მოიაზრებს. მას სხვა მასკულინობებთან
შედარებით მოწინავე პოზიცია უკავია და ყველაზე მეტად შეეფერება საზოგადოებაში არსებულ
წარმოდგენებს ნამდვილი მამაკაცის შესახებ. აღნიშნული კატეგორიის გვერდით ჰარმონიულად
თანაარსებობს კომპლიციტური მასკულინობის ტიპი, რომელსაც ჩემი რესპონდენტი
მიეკუთვნება. ფაქტია, რომ ძალიან ცოტა კაცი აკმაყოფილებს სრულად საზოგადოებაში
დადგენილ მასკულინობის სტანდარტებს და მათი უმეტესობა მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს
ფლობს. კომპლიციტური მასკულინობის წარმომადგენლები იზიარებენ და მხარს უჭერენ
მამაკაცურობის შესახებ არსებულ წარმოდგენებს, რაც მათი სოციალური მდგომარეობის
შენარჩუნების საწინდარია.18 მათგან განსხვავებით გეი მასკულინობა მუდმივ ჩაგვრას განიცდის
სხვა მამაკაცებისგან და მასკულინობის იერარქიის ფსკერზეა მოქცეული. ეს ჩაგვრა ძირითადად
მოიცავს კულტურულ დისკრიმინაციას, მათი მამაკაცობის არაღიარებას, პერსონალურ
ბოიკოტსა და ჰომოფობიურ თავდასხმებს. 19

ჰომოფობიური განწყობებისა და მასკულინობის ურთიერთმიმართება კარგადაა ასახული მაიკლ


კიმელის სტატიაში „მასკულინობა, როგორც ჰომოფობია.“20 ავტორის მიხედვით, მამაკაცები
მთელი ცხოვრება ცდილობენ საკუთარი მამაკაცურობის დამტკიცებას და აქტიურად მალავენ
თავის შედარებით ნაკლებად მამაკაცურ მხარეებს. ბავშვობიდანვე ბიჭები სწავლობენ როგორი
უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი და მთელი ცხოვრება ცდილობენ გარშემომყოფებს დაუმტკიცონ,
რომ სწორედ ასეთები არიან. კიმელის მიხედვით: „ჰომოფობია გაცილებით მეტია, ვიდრე
ჰომოსექსუალი მამაკაცების მიმართ ირაციონალური შიში, მეტია, ვიდრე იმის შიში, რომ ვინმე
ჰომოსექსუალად აღგიქვამს... ჰომოფობია არის შიში იმისა, რომ სხვა მამაკაცები ნიღაბს
ჩამოგვხსნიან, აშკარას გახდიან როგორც ჩვენთვის, ისევე მთელი მსოფლიოსთვის, რომ არ ვართ
ნამდვილი მამაკაცები.“21

საზოგადოებაში არსებობს ჰომოსექსუალების შესახებ გარკვეული სტერეოტიპები, მამაკაცები კი


საკუთარი ქცევით, ჩაცმის სტილით, ცხოვრების წესით ცდილობენ ამ სტერეოტიპებისგან
სრულიად საწინააღმდეგონი იყვნენ, რითაც სხვა მამაკაცებს უმტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალები
არ არიან. ჩემი აზრით, ქართველ კომპლიციტური მასკულინობის ტიპის სტუდენტებს შორის
ჰომოსექსუალი მამაკაცების მიმართ ჰომოფობიური განწყობების ჩამოყალიბებას საზოგადოების
მხრიდან საკუთარ ჰეტეროსექსუალობაში ეჭვის შეტანის შიში განაპირობებს.

17ფლუდი, გარდინერი, პრინგლი. (2007), მასკულინობების საერთაშორისო ენციკლოპედია.


18კონელი, რ. (2005) „მასკულინობის სოციალური ორგანიზება“, მასკულინობები.
19ფლუდი, გარდინერი, პრინგლი. (2007), მასკულინობების საერთაშორისო ენციკლოპედია.
20კიმელი, მ.(2004) „მასკულინობა, როგორც ჰომოფობია - შიში, სირცხვილი და მდუმარება გენდერული იდენტობის

კონსტრუქციაში,“ ფემინიზმი და მასკულინობები.


21 იქვე.

27
ამ საკითხის შესასწავლად გადავწყვიტე სიღრმისეული, ნახევრად სტრუქტურირებული
ინტერვიუს ჩატარება. აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ზოგადი
კითხვები და შესაბამისად საუბრის მიმართულების განსაზღვრის საშუალება რესპონდენტს
მივცეთ. ამასთანავე, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს დროს შეგვიძლია საუბრის
შინაარსის შესაბამისად დავსვათ დამატებითი შეკითხვები, რაც მდიდარი ინფორმაციის მიღებას
უზრუნველყოფს.22 რესპონდენტთან შეხვედრამდე წინასწარ მოვამზადე ის კითხვები, რომელთა
დასმასაც ვაპირებდი და ინტერვიუს დროს სწორედ წინასწარ მომზადებული ღია კითხვებით
ვსარგებლობდი, თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას ახალი კითხვები დამებადა და
რესპონდენტმა მათაც სიამოვნებით უპასუხა.

რაც შეეხება ინტერვიუს პროცესს, ის დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და რესპონდენტმა


მთლიანობაში თხუთმეტამდე შეკითხვას უპასუხა. ინტერვიუს ჩასატარებლად საკუთარი სახლი
შევარჩიე, რადგანაც დაცული ყოფილიყო კონფიდენციალობა და ვინმეს შემთხვევით ხელი არ
შეეშალა ინტერვიუს მსვლელობისთვის. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რესპონდენტის
თანხმობით ინტერვიუს მთელი პროცესი დიქტოფონზე ჩავიწერე შემდგომი ანალიზის მიზნით.
მოპოვებულ მონაცემებს გავუკეთე ნარატიული ანალიზი.

ჩემი რესპონდენტი, დავითი,23 რომელსაც საერთო ნაცნობის მეშვეობით დავუკავშირდი


მამრობითი სქესის 18 წლის სტუდენტია, რომელიც ქალაქ თბილისში ცხოვრობს და
კომპლიციტური მასკულინობის ტიპს მიეკუთვნება. ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის პირველ კურსზე, უყვარს მუსიკის
მოსმენა და ფილმების ყურება. როგორც თავად ინტერვიუს დროს განაცხადა, არის
მართლმადიდებელი ქრისტიანი და დასაოჯახებელი. დავითი ხშირად აკეთებს გარკეული სახის
ჰომოფობიურ განცხადებებს და სწორედ ამ ნიშნით შევარჩიე ის ინტერვიუსთვის.

ინტერვიუს დაგეგმვისას მსურდა, რესპონდენტის შეხედულებების საფუძველზე, ერთგვარი


შედარება მომეხდინა ჰომოსექსუალსა და ნამდვილი ქართველი კაცის ფენომენს შორის.
აღმოჩნდა რომ, დავითისთვის ნამდვილი ქართველი კაცი გარკვეულ მახასიათებელთა
ერთობლიობას ფლობს. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს შრომისმოყვარე, თავშეკავებული,
ოჯახის მოყვარული, ყოველთვის რეალურად აფასებდეს მოვლენებს. რესპონდენტის აზრით,
ნამდვილი ქართველი მამაკაცისთვის აუცილებელია მატერიალური დამოუკიდებლობა,
საკუთარი ოჯახის ყოლა, პატრიოტიზმი, განათლება და მიზანდასახულობა. ისიც საინტერესოა,
რომ ნამდვილი ქართველი კაცისთვის მნიშვნელოვანია ქუჩური გამოცდილების ქონა. დავითის
თქმით, ქუჩური გამოცდილება აუცილებელია, რადგანაც „ყველანაირი გამოცდილება უნდა
ჰქონდეს მას, რომ შემდეგ რეალურად განსაჯოს ნებისმიერი სიტუაცია.“ ამასთანავე, მისი
აზრით, ნამდვილი მამაკაცისთვის ყველაზე შეუფერებელი დეპრესია და სასოწარკვეთაა.

ჰომოსექსუალებზე საუბრისას ერთი მეტად საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა.


რესპონდენტის აზრით, ჰომოსექსუალი მამაკაცი არ გავს ნამდვილ ქართველ კაცს, მეტიც, ის არ

22
ზურაბიშვილი, თ. (2006), თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში.
23 სახელი შეცვლილია კონფიდენციალობის დაცვის მიზნით.
28
არის ნამდვილი ქართველი მამაკაცი. თუ ამ ფაქტს ფართო თეორიული თვალსაზრისით
გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ რესპონდენტი, როგორც კომპლიციტური მასკულინობის
წარმომადგენელი, აყალიბებს ნამდვილი მამაკაცის სახეს, რომელიც ჰეგემონური მასკულინობის
ტიპს შეესაბამება და მის აღიარებას, იდეალიზებას ახდენს. ამავე დროს დისკრიმინაციას
უკეთებს გეი მასკულინობას, მას აბსოლუტურად აშორებს ნამდვილი ქართველი კაცის ფენომენს
და დომინანტური პოზიციიდან განიხილავს. დავითი ჰომოსექსუალების დახასიათებას ისეთი
ეპითეტებით იწყებს, როგორიცაა: დეპრესიულობა, გადაჭარბებული ემოციურობა, რაც
ნამდვილი ქართველი მამაკაცის მახასიათებლების პირდაპირი ანტონიმებია.

საინტერესოა დავითის დამოკიდებულება კაცებს შორის ჰომოფობიური განწყობების


ჩამოყალიბების შესახებ. მისი თქმით, ხშირად მოუსმენია მამაკაცებისგან, მათ შორის „არა
ჰომოფობებისაგან“ შემდეგი სიტყვები:

„არ ვერჩი, მათ უფლებებს ვაღიარებ, იყოს, ოღონდ მე ნუ შემეხება... ახლა ის რომ მოვიდეს და მითხრას
გრძნობა მაქვსო, იქიდან ხო ვერ უნდა გამასწროს“.

დავითის აზრით, სწორედ ეს არის ძირითადი განმაპირობებელი მამაკაცების განსაკუთრებით


უარყოფითი დამოკიდებულებისა. როგორც ჩანს, აღნიშნულ კატეგორიას ეშინია
ჰომოსექსუალებთან ურთიერთობის და მაქსიმალურად ცდილობს ჰეტეროსექსუალური პირადი
სივრცის შენარჩუნებას. გარდა ამისა, დავითმა კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი გამოყო. მისი
აზრით, ქალებს მოსწონთ ჰომოსექსუალ მამაკაცებთან ურთიერთობა, რადგანაც იზიდავთ
განსხვავებულობა, ამასთანავე, ჰომოსექსუალები მხიარულები არიან, არ იგინებიან და ასევე არ
ახასიათებთ ე.წ. „შებმა“, რაც ქალებისთვის ხშირ შემთხვევაში მოსაბეზრებელია. აქედან
გამომდინარე, ჰომოსექსუალებს კარგი ურთიერთობა აქვთ ქალებთან, რაც ჰეტეროსექსუალი
მამაკაცების გაღიზიანებას იწვევს.

„ეს თავმოყვარეობის ამბავია... ჰომოსექსუალი მოსწონს, იმასთან კაი ურთიერთობა აქვს, რატო არ აქვს
ჩემთან კაი ურთიერთობა? ჰომოსექსუალზე კარგი კაცი არა ვარ? ... ჰომოსექსუალმა მაჯობა?“

როგორც ჩანს, დასახელებული მიზეზიც შეიძლება იყოს ჰომოფობიის გამომწვევი მამაკაცებში.


ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მამაკაცები ჰომოსექსუალებს დომინანტური პოზიციიდან
უყურებენ, როგორც მასკულინობის იერარქიის ყველაზე დაბლა მდგომ სუბიექტებს და თითქოს
ღირსების დაკარგვად თვლიან მათთან უბრალო კონკურენციასაც კი. რაც შეეხება თავად
დავითის შეხედულებას, მისი დამოკიდებულება „ნეიტრალური არა, ცოტა უფრო უარყოფითია.“
ის სრულიად იზიარებს თვალსაზრისს „მე ნუ შემეხება.“ უშვებს და ეგუება საზოგადოებაში
ჰომოსექსუალების არსებობას, მაგრამ მათთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. მისი თქმით
ეშინია არა იმის, რომ ვინმე ჰომოსექსუალად ჩათვლის განსხვავებული ორიენტაციის
ადამიანთან ურთიერთობის გამო, არამედ იმ რეაქციის, რომელიც შესაძლოა ჰომოსექსუალის
მისამართით ჰქონდეს, თუ ის რაიმე კუთხით მასთან დაახლოებას შეეცდება. რესპონდენტის
თქმით, ჰომოსექსუალად ჩამოყალიბებას ძირითადად განაპირობებს გარემო პირობები,
ბავშვობაში მიღებული ძლიერი სტრესი, ოჯახში არამდგრადი მდგომარეობა და ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - მიბაძვა:

29
„თუ ბავშვი გარშემომყოფებში ან ტელევიზიის მეშვეობით ხედავს ჰომოსექსუალს, რომელიც
წარმატებულია და განსაკუთრებით საკუთარ ჰეტეროსექსუალ მამაზე წარმატებული, მას უჩნდება კითხვა
„ხომ არ ჯობია ეს იმას?“

დავითმა ბევრი ისაუბრა წარმატებული ჰომოსექსუალი მამაკაცების შესახებ, რომელიც


საზოგადოებამ ტელევიზიის მეშვეობით გაიცნო და ეს ფაქტი ერთგვარ პროპაგანდად შეაფასა:

„ეს პროპაგანდა ჩემში უფრო მეტად ნერვების მომშლელია და უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას
იწვევს, ვიდრე თვითონ ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალობა შეიძლება აბსოლუტურად ჩვეულებრივ
მივიღო, ჩვეულებრივ გავატარო, არანაირი რეაქცია არ მქონდეს, მაგრამ როგორც კი ის გამოვა
ტელევიზიით და დაიწყებს, რომ მე ჰომოსექსუალი ვარ... უკვე უარყოფითი დამოკიდებულება მიჩნდება“.

როგორც ჩანს, რესპონდენტს აღიზიანებს ჰომოსექსუალი მამაკაცების მხრიდან საკუთარ


ორიენტაციაზე აქცენტის გაკეთება და ამასთანავე, მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია,
როდესაც წარმატებული ადამიანები ამახვილებენ ამ ასპექტზე ყურადღებას. ჩემი აზრით,
რესპონდენტს, როგორც კომპლიციტური მასკულინობის წარმომადგენელს, არ სურს გეი
მასკულინობის ძლიერი სახის დანახვა, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა გარკვეულწილად
საფუძველი გამოაცალოს მის საკუთარ უპირატესობას.

დავითის აზრით, ჰომოსექსუალობა ქართულ მენტალიტეტს არ შეესაბამება:

„ქართული იმიტომ არ არის, რომ ისტორიულად ესაა მამაცი ერი, ამაყი, პატრიოტი. ვაჟკაცობას
შთაგვაგონებდნენ და ეს მოგვდგამს. ვაჟკაცობაა, რამაც გადაგვარჩინა, აქამდე მოგვიყვანა. ეს
ჰომოსექსუალობა კი მაინცდამაინც არ ჯდება ამ ქართულ მენტალიტეტში“.

გავიხსენოთ დავითის მოსაზრება, რომ ნამდვილი ქართველი კაცი აუცილებლად პატრიოტი


უნდა იყოს და საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდეს. როგორც ჩანს, შეხედულება -
ჰომოსექსუალობა არ არის ქართული, რესპონდენტის ჰომოფობიური განწყობის კიდევ ერთი
განმაპირობებელი მიზეზია.

დასკვნის სახით, კვლევის შედეგები, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება ჩემ მიერ გამოთქმულ


მოსაზრებას ჰომოფობიის განმაპირობებელი მიზეზის შესახებ. აღმოჩნდა, რომ არა
საზოგადოების მხრიდან მამაკაცის ორიენტაციაში ეჭვის შეტანის შიში, არამედ სხვა, ზემოთ
განხილული ფაქტორები განაპირობებს ჰომოფობიურ განწყობებს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის
შიში საკუთარი პირადი სივრცის დარღვევისა და იქ განსხვავებული ორიენტაციის გამოჩენის
საფრთხის გამო. ამასთანავე, ჰომოსექსუალებს ნამდვილ ქართველ მამაკაცებად არ მიიჩნევს და
შეხედულება „ჰომოსექსუალობა არ არის ქართული“, ჰომოფობიური განწყობის კიდევ ერთი
განმაპირობებელი მიზეზია. როგორც ჩანს, დავითს აღიზიანებს წარმატებული ჰომოსექსუალი
მამაკაცების მხრიდან საკუთარ ორიენტაციაზე აქცენტის გაკეთება, რადგან გაურბის მათი
ძლიერი მხარის აღიარებას და ასეთი ფაქტები მასში აგრესიას იწვევს. საინტერესოა, ის ფაქტიც
რომ ჰომოსექსუალებს ადანაშაულებს მომავალ თაობაზე გავლენის მოხდენაში და შესაბამისად,
ეს ფაქტიც უარყოფით განწყობებს განაპირობებს. რესპონდენტი უშვებს და ეგუება
საზოგადოებაში ჰომოსექსუალების არსებობას, მაგრამ მათთან ყოველგვარ კავშირს
გამორიცხავს. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დავითი ჰომოსექსუალებს დომინანტური
30
პოზიციიდან უყურებს, როგორც მასკულინობის იერარქიის ყველაზე ქვემოთ მდგომ
სუბიექტებს და წარმოსახვითი კვარცხლბეკიდან ახდენს მათ დისკრიმინაციას. ჩემი აზრით,
სწორედ აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს კომპლიციტური მასკულინობის სტუდენტებს
შორის ჰომოფობიური განწყობების ჩამოყალიბებას საქართველოში.

31
თეო იმერლიშვილი

მასკულინური ქალების ყოველდღიური სირთულეები თანამედროვე საქართველოში

ქართულ საზოგადოებაში მკაცრად განსაზღვრულია კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა


გამოიყურებოდეს ქალი და მამაკაცი. ჩემს კვლევაში საუბარია მასკულინურ ქალებზე, რომელთა
მიერ საკუთარი შინაგანი სამყაროს თვითგამოხატვა აისახება მათ განსხვავებულ ვიზუალზე.
აღნიშნული კვლევის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ჩვენს რეალობაში
მასკულინური ქალები უმცირესობას წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, ქართულ საზოგადოებაში
უმრავლესობა უმცირესობის მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოხატული უარყოფითი
დამოკიდებულებით გამოირჩევა. საინტერესოა, ამ შემთხვევაში როგორ არის განწყობილი
სოციუმი მასკულინური ქალების მიმართ, გრძნობს თუ არა ეს კონკრეტული უმცირესობა
დისკომფორტს სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობებისას.

კვლევის მიზანია ვაჩვენო რა სირთულეების წინაშე დგანან მასკულინური ქალები


ყოველდღიურად თავიანთი ვიზუალის გამო. მთავარი კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს:
თავად მასკულინური ქალების აზრით, როგორია საქართველოში საზოგადოების
დამოკიდებულება მასკულინური ქალების გენდერული თვითგამოხატვის მიმართ?

ჩემი, როგორც მკვლევარის დაინტერესება ამ კონკრეტული თემის მიმართ სწორედ იმან


განაპირობა, რომ ზოგჯერ უმნიშვნელო განსხვავებულობის, თუნდაც ჩაცმულობის გამო,
ვყოფილვარ უცხო ადამიანის არასასიამოვნო მზერის ობიექტი. მეტიც, ხშირად მეც ვერ
დამიმალავს საკუთარი ემოცია, თუნდაც ქუჩაში გამვლელის მიმართ, რომელიც „შესაბამისად“
არ გამოიყურებოდა და ჩემს არაკორექტულობას ობიექტის საპასუხო მზერიდან მივმხვდარვარ.
ამ ფონზე პირადი ინტერესი მქონდა ჩავღრმავებოდი საკითხს და შემესწავლა როგორ რეაგირებს
საზოგადოება მასკულინური ქალების აშკარა გარეგნულ განსხვავებულობაზე.

ქალური მასკულინობების შესახებ პირველად ამერიკელი თეორეტიკოსი ჯუდით


ჰალბერშტამის ალაპარაკდა. სწორედ მისი თეორია წარმოადგენს ჩემი კვლევის ჩარჩოს.
ჰალბერშტამი ამტკიცებს, რომ მამაკაცური მასკულინობის პარალელურად არსებობს ქალური
მასკულინობა, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის მასკულინობის „ბუნებრივობას“ და მის
უცილობელ ბმას კაცთან. ჰალბერშტამი აღნიშნავს, რომ მასკულინობა არ შეიძლება მამაკაცის
ბიოლოგიურ აგებულებაზე იყოს დაყვანილი და სრულიად შესაძლებელია მასკულინობასთან
საქმე მამაკაცის გარეშეც გვქონდეს.24 ქალური მასკულინობის შესწავლა საშუალებას გვაძლევს
დავინახოთ რამდენად კონსტრუირებულია გენდერი, რამდენად „არაბუნებრივია“ მასკულინობა
და მათ შორის, ჰეგემონური მასკულინობაც,25 ასევე რამდენად მრავალფეროვანია ადამიანთა
თვითგამოხატვის ფორმები.

24
ჰალბერშტამი,ჯ. (1998) ‘’ქალური მასკულინობების შესავალი,’’ ქალური მასკულინობა.
25 ფლუდი, გარდინერი, პრინგლი. (2007) მასკულინობების საერთაშორისო ენციკლოპედია.

32
კვლევის ჩასატარებლად შევარჩიე სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდი. შეხვდი ორ
რესპონდენტს, რომელთა ანონიმურობა სტატიაში დაცულია. გვანცა 36 წლის ფემინისტია,
მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, მის ძირითად ინტერესს ქალთა უფლებების დაცვა
წარმოადგენს. ნესი 22 წლის სტუდენტია, სწავლობს კრიმინოლოგიის ფაკულტეტზე,
ფეხბურთელია და მის ყოვედლღიურობაში სპორტს დიდი ადგილი ეთმობა. რესპონდენტები,
რომელთაც საერთო მეგობრების საშუალებით მივაკვლიე, თავიდანვე დამთანხმდნენ
ინტერვიუში მონაწილეობაზე. მათ საინტერესო პასუხები ჰქონდათ და მნიშვნელოვანი
ინფორმაცია მომაწოდეს.

ინტერვიუს ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი საკითხები: უმეტესად,


მასკულინური ქალებისთვის დამახასიათებელი სტილი, რომელიც გარკვეული ასაკიდან
ეტაპობრივად ჩამოყალიბდა არის: მოკლე თმა, ე.წ. ‘’ბიჭური ვარცხნილობა’’, სპორტული
სტილის სამოსი, პირსინგი, ტატუ, სიარულის განსხვავებული მანერა. სოციალური გარემოს
დამოკიდებულება მათ მიმართ წარმოადგენს ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს, რის გამოც
რესპონდენტები თავს უმრავლესობისაგან განსხვავებულად აღიქვამენ. ახლობლებისა და
მეგობრებისთვის სრულიად ბუნებრივი და მისაღებია მათი გარეგნული თვითგამოხატვა, თუმცა
მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. უცხო
ხალხი მათ მიმართ საკუთარ განწყობებს არასასიამოვნო მზერით გამოხატავს, რაც
რესპონდენტებისთვის თავისთავად ითვლება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად. ამ მხრივ
განსაკუთრებული აგრესიულობით მამაკაცები და ე.წ. ძველი ბიჭები გამოირჩევიან.

გვანცასთვის განსხვავებული გარეგნობის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რასაც


ვერ ვიტყვით ნესიზე, რომლის შემთხვევაშიც გაცილებით მეტ კონფლიქტს აქვს ადგილი. ხშირია
სიტუაციები, როდესაც ჩემი რესპონდენტების სქესი და ორიენტაცია ეშლებათ და ამასთან
დაკავშირებით პირდაპირ კითხვებსაც არ ერიდებიან. მიუხედავად ყველაფრისა, ორივე
გარშემომყოფებთან, მათ შორის უცნობ ადამიანებთანაც, ადვილად შედის კონტაქტში და
უპრობლემოდ ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას.

გვანცას და ნესის აზრით საქართველოში საზოგადოება ჰომოფობიურია. აქ, სადაც ადამიანთა


უმრავლესობას კონკრეტული საკითხების მიმართ საკუთარი აზრი და შეხედულება არ გააჩნია,
მათზე ძალიან ზემოქმედებს გავრცელებული ჰომოფობიური დისკურსი, რაც, თავის მხრივ,
მათი გარეგნობისა და თვითგამოხატვის მიმართ ნაკლებ შემწყნარებლობას განაპირობებს.

სოციალური გარემოს დამოკიდებულება მათ მიმართ არის ერთ-ერთი განმაპირობებელი


ფაქტორი, რის გამოც რესპონდენტები თავს უმრავლესობისაგან განსხვავებულად აღიქვამენ.
ბავშვობიდან დღემდე საკუთარი ვიზუალის გამო მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნამ,
განსხვავებულობის განცდა ჩამოუყალიბათ. უცნობი ადამიანების დაჟინებული და
არასასიამოვნო მზერა მათთვის თავისთავად ითვლება პირად სამყაროში შეჭრად. ‘‘ამას
ბავშვობიდან ვგრძნობ იმიტო, რო ყოველთვის თითით საჩვენებელი ვიყავი.“ - ამბობს გვანცა.

33
უცნობებს ხშირად ეშლებათ გვანცას და ნესის სქესი. ‘‘უი, ბოდიში, შვილო ბიჭი მეგონე,’’
ხშირად ეუბნებიან გვანცას. ‘‘ბევრჯერ ვყოფილვარ კლუბში და გვერდით დაქალი მჯდარა და
მოსულან და უკითხავთ: ეს შენი შეყვარებულია?’’ - ამბობს ნესი.

აგრესიული დამოკიდებულებით, როგორც აღინიშნა, განსაკუთრებულად კაცები, ‘‘ძველი


ბიჭები’’ გამოირჩევიან, რაც ნესის შემთხვევაში კონფლიქტსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაშიც
გადაზრდილა. მისი განცხადებით ერთხელ: ‘‘ბიჭმა ჩემ დაქალს შეხედა რატომღაც. ისიც ჩემზე
უფრო ისეთი სტილის იყო, უფრო ბიჭურია... ხია ხელი ჩემ დაქალს და იმას რო აცდა, მე
მომხვდა, წამოვკარი ბორდიურს ფეხი და წაქცეულზე მირტყა.’’ ნესის აზრით ‘‘ძველი ბიჭები’’
ფემინური გოგონების მიმართაც არ გამოირჩევიან დადებითი დამოკიდებულებით და მათ
‘‘როგორც სათამაშოს, ისე უყურებენ’’. სწორედ ეს დასახელდა მისი მხრიდან საკუთარი
განსხვავებული ვიზუალის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად: ‘‘უფრო მაგიტო ვარ ესე, არ
მინდა რო ვიღაცამ მატრიალოს.’’

ბუნებრივია, ახლობლებისა და მეგობრებისგან იშვიათია ზედაპირული შეფასებები ჩემს


რესპონდენტებზე. მათი სამეგობრო წრე ძირითადად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისგან
შედგება. მათთვის სრულიად მისაღებია გვანცას და ნესის განსხვავებული ვიზუალი და
გენდერული თვითგამოხატვა. ‘‘მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან არასოდეს ამაზე პრობლემა
არ მქონია.’’ - ამბობს გვანცა. განსხვავებული სიტუაციაა ნესისთან. დედა და მისი
სტერეოტიპულად მოაზროვნე ნათესავები მის მასკულინობას პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ.
ნესის განცხადებით დედას ძალიან უნდა ის „გოგოს დაემსგავსოს“. ნათესავები თვლიან, რომ
ნესის ფეხბურთით გატაცება ქალისთვის შეუფერებელი საქციელია. უნდა აღინიშნოს ნესისადმი
სიმპატიით განწყობილი ბიჭის დამოკიდებულებაც, რომელმაც მასთან ურთიერთობა
გარეგნობის შეცვლის მოთხოვნით დაიწყო: „როგორ არიან იცი? აი, შეიცვალე სტილი, რაღაც
ლამაზი ბავშვი ხარ გოგოს დაემსგავსე.’’ ჩემი აზრით, ამ კუთხით ნაკლები ზეწოლა გვანცაზე
განაპირობა იმან, რომ ის უკვე შემდგარი, ფინანსურად დამოუკიდებელი, სოციალური
სტატუსის მქონე ადამიანია, განსხვავებით მისგან ასაკით შედარებით უმცროსი ნესისგან.

ორივე რესპონდენტის შემთხვევაში მათი ვიზუალი მათ შინაგან სამყაროს გამოხატავს, ისინი
ასე გრძნობენ თავს კომფორტულად, მიუხედავად მათკენ მომართული მზერისა, რომელსაც
ისინი ბავშვობიდან მიეჩვივნენ. ‘’რას მიყურებ?’’ რეაგირების ხშირად ერთადერთი ფორმაა,
რომლითაც ცდილობენ საკუთარი აღშფოთება გამოხატონ არასასურველი მზერის საპასუხოდ.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ნესისა და გვანცას მიმართ განსხვავებული ასაკი და სოციალური


სტატუსი განაპირობებს მათ მიმართ საზოგადოების შედარებით განსხვავებულ
დამოკიდებულებას. გვანცას მიმართ ადამიანები მეტი თავშეკავებულობით გამოირჩევიან. მისი
ცხოვრება მოკლებულია სერიოზულ კონფლიქტებსა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, რასაც
ვერ ვიტყვით ნესიზე, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნა - წააქციეს და სცემეს. მას
გარშემომყოფები ხშირად მიუთითებენ, რომ შეიცვალოს გარეგნობა. ასე არ ხდება გვანცას
ყოველდღიურობაში. ოჯახის წევრები, მეგობრები მის ჭკუის სწავლებას ნაკლებად ცდილობენ,
რაც აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ მის სოციალურ სტატუსს. ნესი კი, რომელიც
სტუდენტია და ჯერ კიდევ სხვებზეა თუნდაც ფინანსურად დამოკიდებული ვერ ტოვებს
34
საკმარისად დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას, ამიტომ მეტი და თითქმის
ყოველდღიური ბრძოლა უწევს პირადი სივრცის მოპოვებისა და თვითგამოხატვის ფორმების
შენარჩუნებისთვის.

35
ევა მოდებაძე

ხაზგასმული ფემინურობა ქართულ კონტექსტში

თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ისტორიულ პრაქტიკაში, თვალსაჩინოა


გენდერული იერარქია, მაქსიმალურად წახალისებულია ქალის განსაკუთრებული ფემინურობა,
გამოხატული მის გარეგნობაში, თვისებებში, გენდერულ როლში, მამაკაცის ინტერესებსა, თუ
სურვილებზე ორიენტირებულობასა და მისი აპრიორობის უპირობო რწმენაში. სწორედ ამას
უწოდებს რაევინ კონელი „ხაზგასმულ ფემინურობას“, ანუ ქალის დამყოლობას
სუბორდინაციაზე26, რაც გამოიხატება ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ასპექტში მამაკაცისადმი
დაქვემდებარებასა და მორჩილებაში. ქართული კულტურა ქალს მკაცრ დოგმებს უწესებს
დაკავშირებულს როგორც მის გარეგნობასთან, პიროვნულ თვისებებთან, ასევე საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროსთან. მიუხედავად ამისა, აქ არ არსებობს იდეალური ქალის
უნიფიცირებული მოდელი, ასევე არ არსებობს რეალური, თუნდაც ისტორიული პერსონაჟი,
რომელიც იდეალური ქართველი ქალის ნიმუში იქნებოდა. მიუხედავად საყოველთაო
საზოგადოებრივი პატივისცემისა ისეთი ისტორიული პერსონაჟების მიმართ, როგორიც,
მაგალითად, თამარ მეფეა, ისინი არ განიხილებიან როგორც იდეალური ქალები, ამ სიტყვის
პირდაპირი გაგებით, რადგან ქართველი მამაკაცები რეალურ პირად ურთიერთობებში
უპირატესობას ანიჭებენ არა ძლიერ, არამედ უმეტესად მამაკაცურ ჰეგემონიაზე დამყოლ
„ფემინურ ქალებს“, რაც თავის თავში გამორიცხავს ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას,
დამოუკიდებელ მოქმედებას, ფიზიკურ სიძლიერეს და ა. შ. ასევე სრულიად არ შეესაბამება
ქართველი მამაკაცების წარმოდგენებს თითქოს იდეალური ქართველი ქალის - „ქართლის
დედის“ პერსონიპიცირებული სიმბოლური მოდელი, რადგან ხმალი, როგორც ასეთი, სიმბოლო
ბრძოლისა, იმთავითვე გამორიცხულია აბსოლუტურად ფემინური თვისებების მატარებელი
ქალის შემთხვევაში. სწორედ უნიფიცირებული მოდელის არარსებობის გამო, ქალებზე
არაცალსახა შეხედულებებია დამკვიდრებული როგორ მამაკაცებში, ასევე ქალებში.

განსაკუთრებით საინტერესოა ქალთა წარმოდგენები იდეალურ ქალზე, მამაკაცებთან


დამოკიდებულებაზე და მათი მოსაზრებები ქალის საზოგადოებრივი როლის შესახებ.
საქართველოში ფემინური ქალების განსაკუთრებული სიმრავლის გამო, ჩემი კვლევის მიზანია
გამოვიკვლიო ის სოციალური გარემო, რომელიც აყალიბებს ტიპური ქართველი ქალის
გენდერულ შეხედულებებს, მის როლს სოციუმში, სუბორდინაციაზე კომპლიციტურობას და
მამაკაცის ინტერესებსა, თუ სურვილებზე ორიენტირებულობას. მნიშვნელოვანია იმის კვლევა,
თუ რა საზოგადოებრივი ღირებულებები და სტერეოტიპები ქმნის იდეალური ქართველი ქალის
პერსონიფიცირებული მოდელს და რა ფემინური თვისებების მატარებელი უნდა იყოს ის.
კვლევის ძირითადი კითხვაა დავადგინო, თუ რატომ გამოირჩევა ტიპიური თანამედროვე
ქართველი ქალი სუბორდინაციაზე განსაკუთრებული კომპლიციტურობით, ანუ მამაკაცის
მიმართ განსაკუთრებული დამყოლობით, რასაც რაევინ კონელი სწორედ „ხაზგასმულ
ფემინურობას“ უწოდებს.

26
კონელი, რ. (1987). "ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურობა", გენდერი და ძალაუფლება.
36
ვფიქრობ, ჩემი კვლევა მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში გენდერული პრობლემების
აქტუალურობიდან გამომდინარე. თითქოს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში
გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ასპექტებში (მაგალითად,
შრომით ბაზარზე, პოლიტიკაში და სხვ.) გარანტირებულია, დიდი ყურადღება ექცევა
თანასწორობის დამკვიდრებას ისეთ სოციალურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ოჯახი, სკოლა,
უნივერსიტეტი და სხვა, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ვაკვირდებოდი რა იმ სოციუმს, რომლის
წევრიც ვარ, ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არსებობდა ქალთა უდიდესი ნაწილის
საყოველთაო თანხმობა მამაკაცის დომინაციაზე. ვფიქრობ, დღევანდელ საქართველოში
არსებული ვითარება ქალებს არჩევანის მეტ-ნაკლებად თავისუფლებას ანიჭებს, მიუხედავად
ამისა, მაინც ფართოდაა გავრცელებული ქალის „გაფემინურების“ პრაქტიკა, მამრობითი
სქესისადმი მორჩილებისა და დამყოლობის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, იმის ძიება, თუ რა
ფაქტორები განაპირობებს მამრობითი სქესის პრივილეგირებულ მდგომარეობას და რა როლი
აქვთ ქალებს ამ უთანასწორობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში, დღევანდელი სიტუაციის
ახსნისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ქალის, როგორც
მაკულინურ ჰეგემონიაზე დამყოლი აქტორის როლის გაანალიზება.

ჩარჩოდ ჩემს კვლევას მივუსადაგებ რაევინ კონელის „ხაზგასმულ ფემინურობის“ თეორიას, რაც
გულისხმობს ქალის მორჩილებას და დაქვემდებარებას მამაკაცისადმი, ასევე ამ დამყოლობის
გამართლებას ბაზისური „ფემინური თვისებებით“ ანუ ე.წ. „ქალური ბუნებით“. ვფიქრობ,
„ხაზგასმული ფემინურობის“ ცნება იდეალურად მიესადაგება საქართველოში არსებულ
რეალობას, რომელშიც კაცის პრივილეგირებულობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ქალთა
ფართო მასების დამყოლობა ამ უთანასწორობის მიმართ. ცალსახაა, რომ კაცები დიდ სარგებელს
იღებენ ქალთა სუბორდინაციისაგან და ჰეგემონური მასკულინობაც ამ ძალაუფლების
გამოხატულებაა, თუმცა რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ ქალებს? თუნდაც, თავისუფალი
არჩევანის შემთხვევაში, ხშირად რატომ ურჩევნიათ იყვნენ სუბორდინირებულები, ვიდრე
დამოუკიდებლები?

ზოგადად, კომპლიციტურობის ბევრი მიზეზი არსებობს. კონელის მიხედვით ამან შეიძლება


სექსუალობის პოლიტიკამდე მიგვიყვანოს. მგონია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც სწორედ
ქალის ეროტიკულობისა და სექსუალობის კულტურული რეპრესირება გენდერული
უთანასწორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. გენდერული
უთანასწორობის კვლევისას ჩვენთან უმეტესად აქცენტები კეთდება ტრადიციულ
ღირებულებებზე, ისეთ სოციალურ ინსტიტუტებზე, როგორიც ოჯახი და რელიგიაა, თუმცა
ფაქტია, სექსუალობის პოლიტიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია ხაზგასმული ფემინურობის
ანალიზისას.

კვლევისთვის გამოვიყენე სიღრმისეული, ნახევრად სტრუქტურურირებული ინტერვიუ. ღია


კითხვებმა საშუალება მომცა უფრო დეტალურად გამომეკვლია რესპონდენტის შეფასებები,
შეხედულებები და საკითხის მისეული გააზრება. რესპონდენტად შევარჩიე ჩემი დიდი ხნის
მეგობარი სალომე (სახელი ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვლილია), რომელიც, ჩემი
აზრით, ხაზგასმული ფემინურობის კარგ მაგალითს წარმოადგენს. სალომე არის 20 წლის

37
სტუდენტი, სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მასთან დიდი ხნის მეგობრობა
მაკავშირებს, საკმაოდ კარგად ვიცნობ, რომ წარმოდგენა მქონდეს მის შეხედულებებსა, თუ
იდეალებზე, ისვე როგორც მის თვისებებზე. ვფიქრობ, სალომესა და მისი შეყვარებულის
ურთიერთობა ქალის მიერ სუბორდინაციაზე კომპლიციტურობის ნათელი მაგალითია და ამ
ურთიერთობიდან საკმაოდ საინტერესო დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. მიუხედავად
იმისა, რომ სალომე არც რელიგიურია და არც ქართული ტრადიციებისადმი ერთგულებით
გამოირჩევა, მას მაინც საკმაოდ სტერეოტიპული აზროვნება აქვს გენდერულ საკითხებთან
მიმართებაში. ეს იმის დადასტურებაა, რომ ხაზგასმული ფემინურობის ძირები არც მხოლოდ
რელიგიურ მიკუთვნებულობაში და არც საზოგადოებრივ ღირებულებებშია საძიებელი, არამედ
ის უფრო ღრმა და რთულია. სწორედ ამიტომ, ვეცადე ისეთი რესპონდენტის შერჩევა,
რომელზეც ნაკლები გავლენა ექნებოდა ისეთ სოციალურ ინსტიტუტებს, როგორიც ოჯახი და
რელიგიაა. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს უკვე აქვს სამსახური, სურს გარკვეული
კარიერული წარმატების მიღწევაც, მასთან ურთიერთობისას არაერთხელ დავრწმუნებულვარ
მის სრულ დამთმობლობაში, როდესაც საქმე მის შეყვარებულს ეხებოდა. მისი შეყვარებულიც,
თავის მხრივ, ასევე წარმოადგენს ტიპიური ქართული ჰეგემონური მასკულინობის ტიპაჟს,
ამიტომ ვფიქრობ, რომ სალომეს შერჩევა რესპონდენტად იდეალურად შეესაბამება იმ თეორიულ
ჩარჩოს, რომელსაც მე ვიყენებ კვლევისთვის. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სალომეს
შევხვდი მის ბინაში, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა. რადგან დიდი ხნის ნაცნობები
ვართ, გაუცხოების ან მორიდებულობის არანაირი საფუძველი არ ყოფილა, თუმცა ინტერვიუს
ჩატარებისას, ვფიქრობ, თავი იჩინა სოციალურად სასურველობის ეფექტმა და სალომემ არჩია
შედარებით შერბილებულად ესაუბრა მისი შეყვარებულის რადიკალურ მოთხოვნებზე, რაზეც
არა ერთხელ დაუჩივლია არაფორმალური საუბრისას. გავითვალისწინე რა რესპონდენტის
თხოვნა და კვლევის ეთიკა, საუბარი არ გვქონია მისთვის მიუღებელ თემებზე.

ინტერვიუს საფუძველზე დადასტურდა ჩემი ვარაუდი, რომ რესპონდენტის სუბორდინაციაზე


კომპლიციტურობა არ ყოფილა განსაზღვრული არც მხოლოდ ოჯახით, ან რელიგიით, ან
ზოგადი განათლების ნაკლებობით. ჩემი რესპონდენტი საკმაოდ პროგრესულად და შეიძლება
ითქვას, ფემინისტური თვალთახედვიდანაც კი საუბრობს ოჯახსა და კარიერაზე, მათ შორის
დროის განაწილებაზე, ზოგადად, მამაკაცის და ქალის გენდერულ თანასწორობაზე
საზოგადოებაში და ა.შ. თუმცა, როგორც კი თემაში ერთვება მისი შეყვარებულის საკითხი,
მაშინვე აშკარაა მისი ნებაყოფლობითი სუბორდინაცია და მამაკაცის ეგოზე
კონცენტრირებულობა, რაც ხაზგასმული ფემინურობის არსებითი ნიშანია.

მინდა აღვნიშნო, რომ რესპონდენტმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა და


აღმოვაჩინე ტიპური ქალის (უფრო სწორად ახალი თაობის ქართველი ქალის) ერთგვარი
გაორება ფემინურობასა და ფემინისტობას შორის. თანამედროვე ქალები, ერთის მხრივ,
განიცდიან ევროპული, დასავლური ღირებულებების გავლენას, თუმცა ვერ კარგავენ კავშირს
ტრადიციულ ქართულ ღირებულებებთან, რისი საფუძველიც შეიძლება იყოს ოჯახი, რელიგია
და სტერეოტიპებით გაჟღენთილი სოციალური რეალობა. ჩემი რესპონდენტის მსგავსად
ქართველი ქალების უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ოჯახის, ისევე
კარიერის ქონა, ეს ორი ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში
38
უპირატესობა სწორედ ოჯახს ენიჭება. სალომე ამბობს: „ჩემი აზრით პრიორიტეტი ორივეა
იმიტომ, რო ქალი, როგორც ოჯახში, ასევე კარიერაშიც წარმატებული უნდა იყოს“, თუმცა იქვე
ამატებს: „მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახი პირველ ადგილზე დგას. კი, კარიერასაც უნდა მიექცეს
ყურადღება, მაგრამ მე იმას არ ვგულისხმობ, რომ ქალი ძალიან კარიერისტი უნდა იყოს, სულ
კარიერაზე უნდა ფიქრობდეს... ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენმა კარიერამ უნდა დაჩრდილოს შენს
გვერდზე მყოფი ადამიანი“.

აქ ნათლად ჩანს, რომ კარიერა პრიორიტეტულია მანამ, სანამ იგი არ „ითხოვს“ იმაზე მეტს,
ვიდრე ოჯახი. ასევე საინტერესოა რესპონდენტის შემდეგი მოსაზრება: „გარკვეულ ასაკამდე
ქალმა უნდა მიხედოს თავის კარიერას, ხოლო შემდეგ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან
ბოლომდე კარიერისტ ქალად ვერ დარჩები“. ვფიქრობ, ოჯახსა და კარიერაზე ქართველი
ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს მსგავსი მოსაზრება აქვს.

საყურადღებოა რესპონდენტის აზრი ე.წ. „მამაკაცური“ და „ქალური“ პროფესიების შესახებ.


სწორედ ამ სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ განაპირობა სალომეს არჩევანი ისეთი „ქალური
პროფესიის“ სასარგებლოდ როგორიც ფსიქოლოგიაა: „მომავალი პროფესიით ფსიქოლოგი ვარ...
როდესაც ფილმებს ვუყურებდი, ყოველთვის მიზიდავდნენ ფსიქოლოგი ქალები იმიტომ, რომ
ძალიან სექსუალურები, ძალიან ლამაზები და ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ, აი, რაღაც
ქალური სული იგრძნობოდა მათში“.

თუმცა სალომე ხაზს უსვამს იმას, რომ მის ოჯახს ან შეყვარებულს არანაირი გავლენა არ
ჰქონიათ მის კარიერულ არჩევანზე (თუმცა, ვფიქრობ, აირჩიო პროფესია მხოლოდ იმიტომ, რომ
მომხიბვლელი იყო, ეს უკვე შეზღუდული არჩევანის შედეგია). ის ასევე დარწმუნებულია, რომ
ყოველი მისი საქციელი მისივე ნებაა და არა სხვადასხვა კონკრეტული ფაქტორების
ძალდატანებითი შედეგი, თუმცა სალომეს განაცხადი საპირისპიროს მეტყველებს: „რამე რომ არ
მინდოდეს, არ გავაკეთებდი. ეს შინაგანი „მე“-დან უნდა გამომდინარეობდეს და არა ოჯახიდან
და რელიგიიდან ან, თუნდაც, საზოგადოებიდან. ვთქვათ, ისეთი რაღაც რო მოხდეს, რომ ჩემმა
საყვარელმა ადამიანმა დამაყენოს ოჯახსა და კარიერას შორის გადაწყვეტილების მისაღებად, რა
თქმა უნდა, ოჯახს ავირჩევდი იმიტომ, რომ მაინც ქალი ხარ, სათუთი არსება ხარ, მაინც
გვერდზე ვიღაც გჭირდება.“

გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იდეალური ქალის გარეგნობასა და თვისებების


შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო ხაზი გაესვა ფიზიკურ მომხიბვლელობას,
მოწესრიგებულობას, ჩაცმის სტილს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად
კონცენტრირდებოდა მამაკაცის მოთხოვნილებებზე: „ქალისთვის მნიშვნელოვანია გარეგნობა,
რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თავისი გარეგნობით უნდა მოიპოვოს მან თაყვანისმცემლებიც,
ყველაფერიც... მიყვარს, რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის ვიპრანჭები. როდესაც მასთან
ერთად ვარ, გაორმაგებულად, გასამმაგებულად ვცდილობ, რომ გამოვიყურებოდე კარგად,
რადგან მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.“

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქალი უნდა გამოყურებოდეს კარგად იმიტომ, რომ ასე მოსწონთ
კაცებს და არა იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთია თავად მისი სურვილი? როგორც ვენდი ჩაპკისი

39
ამბობს „მშვენიერი სხეული არის ქალის მოვალეობა და ავტორიტეტი.27“ ხაზგასმულად
ფემინური ქალების უმრავლესობის აზრით სწორედ გარეგნობაა ქალის ერთადერთი იარაღი,
რითაც მას ადგილის დამკვიდრება შეუძლია.

აშკარაა სალომეს პრიორიტეტები და მისი შეხედულება ქალის, როგორც „სათუთი არსების“


შესახებ. იგი ხაზს უსვამს ქალის უნარს დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, თუმცა მისი
არჩევანი მამაკაცის ეგოზე კონცენტირებულია. როგორც თავად ამბობს, „ეს შინაგანი „მე“-დან
უნდა გამომდინარეობდეს“, მაგრამ რა არის სალომეს „შინაგანი მე?“ უარვყოფ რა ნებისმიერ
„ბუნებრივ მოცემულობას“, ჩემი აზრით, სალომეს შეხედულებებზე (მართალია თავად არ
აღიარებს,) მაგრამ მაინც დიდი ასახვა აქვს იმ სოციუმს, რისი ნაწილიც თავადაა. ეს ის გარემოა,
სადაც“ ქალურობა“ ქალისთვის მაქსიმალურადაა წახალისებული.

ხაზგასმულად ფემინური ქალებისათვის დამახასითებელი მთავარი ასპექტი მამაკაცის ქალზე


„აღმატებულობის“ უპირობო რწმენაში გამოიხატება. აღიარებენ რა მასკულინურ ჰეგემონიას,
როგორც აბსოლუტურად ბუნებრივ და მისაღებ ფაქტს, უჭირთ საზღვრის გავლება, თუ სად
მთავრდება უბრალოდ ურთიერთპატივისცემითი დათმობა და სად იწყება აშკარა
სუბორდინაცია. ურთიერთობაში კომპრომისზე წასვლა ძირითადად ქალს მოეთხოვება და
ვალდებულებადაც მიიჩნევა მაშინ, როდესაც მამაკაცის შემთხვევაში ეს შეიძლება მხოლოდ
მისივე თავისუფალ ნებაზე იყოს დამოკიდებული: „ძალიან ბევრჯერაც დამითმია იმიტომ, რომ,
მე ვფიქრობ, რომ სწორედ მოვქცეულვარ. როდესაც ის რაღაცას მეუბნება, მე ყოველთვის
ვფიქრობ, რომ ის იმიტომ მეუბნება ამას, რომ სწორია. საერთოდ, ყოველთვის ცდილობს, რომ
კარგი რჩევა მომცეს. თან ჩემზე დიდი რომ არის, მაგიტომაც ვითვალისწინებ მის რჩევებს, უფრო
მეტი გამოცდილება აქვს და ამ ცხოვრების უფრო მეტი გაეგება, ვიდრე მე.“

ხაზგასმულად ფემინური ქალები სწორედ მსგავსი ტიპის დამყოლობაში ხედავენ „ჭეშმარიტ“


ფემინურ თვისებებს. ქალის პირადი სივრცე, მისი პრივატულობა, თავისუფლება, ისეთი
ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც ჩაცმის სტილის შერჩევაა, ხშირად ასევე
კონტროლდება მამაკაცის მიერ, თუმცა ხაზგასმულად ფემინური ქალები ამგვარ ჩარევას ხშირად
მიესალმებიან და პირიქით, მამაკაცის სიყვარულის ერთგვარ გამოვლინებად მიიჩნევენ.
საპასუხოდ კი, საყვარელი ადამიანის აზრის პატივისცემას და სიყვარულს მაქსიმალურ
დათმობაში გამოხატავენ. „მის აზრს ძალიან პატივს ვცემ, ყველანაირად ვენდობი. ვფიქრობ, რომ
ის რასაც მეუბნება, ჩემთვის მნიშვნელოვანია და მთავარია იმიტომ, რომ ვუყვარვარ. ჩემთვის
ცუდს ხო არ გააკეთებს, ცუდს ხო არ მირჩევს... ჩახსნილი მაიკების თემა გვქონდა ერთი
პერიოდი. მითხრა, რომ არ იყოს საჭირო ასეთი მაიკებით და კაბებით სიარული და მეც, რა თქმა
უნდა, გავითვალისწინე იმიტომ, რო ბიჭია და უფრო კარგად ფლობს ინფორმაციას გოგოებზე.“

მამაკაცის დომინაციის ლეგიტიმაციის კიდევ ერთ არგუმენტად ფემინური ქალების


უმრავლესობა, ისვე როგორც სალომე, მიიჩნევენ კაცის ინტელექტუალური შესაძლებლობების
აშკარა უპირატესობას: “ვფიქრობ, რომ კაცს უფრო, ასე ვთქვათ, განვითარებული აზროვნება

27
ჩაპკისი, ვ. (1999) სილამაზის საიდუმლოებანი: ქალები და გაგრეგნობის პოლიტიკა.
40
აქვს, ვიდრე ქალს. კაცი უფრო მრავალპროფილურად აზროვნებს, ვიდრე ქალი და ესეთი საგნები
როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა და ა.შ. უფრო ეხერხება“.

კვლევაში ვეცადე სხვადასხვა ასპექტიდან წარმომეჩინა ხაზგასმულად ფემინური ქალი ქართულ


კონტექსტში, შემესწავლა რამდენად კომპლიციტურია იგი მასკულინური ჰეგემონიის მიმართ,
როგორ პოზიციონირებას უკეთებს საკუთარ თავს მამაკაცთან მიმართებაში. აღიარებს ამას, თუ
არა, ცხადია, კულტურულ ნორმებს და სტერეოტიპებით გაჟღენთილ სოციალურ რეალობას
ყოველთვის აქვს გარკვეული გავლენა ინდივიდზე. მამაკაცის დომინაციაზე დაფუძნებული
გენდერული იერარქია საუკუნეებს ითვლის და იმდენად ღრმა ისტორიულ წარსულში აქვს
ფესვები გადგმული, რომ „ბუნებრივ მოცემულობად“ აღიქმება, განსაკუთრებით ისეთ
პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც ქართულია, სადაც გენდერული იერარქია
რელიგიური დოგმებით მყარდება. უთანასწორობას ხელს უწყობს სტერეოტიპული აზროვნებაც.
მამაკაცთა დომინაციის ლეგიტიმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება
ჩაითვალოს ქალთა მხრიდან იმის რწმენა, რომ კაცის ესა თუ ის საქციელი, ეს იქნება
გადაჭარბებული კონტროლი, მკაცრი მოთხოვნები და შეზღუდვები, თუნდაც ფიზიკური
ძალადობა, მისი სიყვარულის დადასტურებაა, ამიტომ სუბორდინაციაც ქალების მხრივ მათი
„საპასუხო სიყვარულის“ გამოხატულებად აღიქმება. ასევე არ შეიძლება ყურადღების გარეშე
დარჩეს სექსუალობის ფაქტორიც. ხაზგასმული ფემინურობა მამაკაცისთვის სექსუალურად
მიმზდიველობას მოიაზრებს პირველ რიგში, რაც რელევანტურია ქართული რეალობისთვის,
თუმცა განსხვავებული, ვიდრე დასავლეთში. ქართველი ქალის სექსუალობა ძალიან
მოკრძალებულია, მისი გამოხატვა კი უკიდურესად მორგებული ქართველ კაცზე,
რომლისთვისაც ზოგადად ქალის იმიჯი „ქალიშვილი - როსკიპის“ დიქოტომიას არ სცილდება.

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ქართველი ქალის კომპლიციტურობას მეუღლეზე მისი


ეკონომიკური დამოკიდებულებაც განაპირობებს. მართალია, ჩემი რესპონდენტი ჯერ არაა
ქორწინებაში, მაგრამ პრიორიტეტს ის ოჯახს აკუთვნებს და მზადაა კარიერაზე უარი თქვას.
შესაბამისად, დიდი შანსია დადგეს იმავე პრობლემის წინაშე, რაც არაერთი ქართველი ქალის
სუბორდინაციის მიზეზია. ნებისმიერი ქალის შემთხვევაში კონკრეტული ფაქტორის
დასახელება, რაც ხაზგასმული ფემინურობის მიზეზებთან მიგვიყვანდა, ძალიან რთულია.
შეუძლებელია ცალსახა პასუხის გაცემა თითოეული საზოგადოებრივი კომპონენტისა და
ინსტიტუტის გავლენის ანალიზის გარეშე. ამ ყველაფერს ემატება ინდივიდუალური
ფაქტორებიც, რაც, საბოლოოდ, ერთად იყრის თავს, ავსებს ერთი მეორეს და მიიღება ნორმებით,
დოგმებით, სტერეოტიპებით გამყარებული გენდერული იერარქია, ხაზგასმულად ფემინური
ქალების წამახალისებელი საზოგადოება, დაფუძნებული ისევ და ისევ მამაკაცის დომინაციაზე.
როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია „It's a man's world“. აქ ყველა ადამიანი თანასწორია,მაგრამ
ზოგიერთი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.

41
თეკლა ნემანიშვილი

სტუდენტების დამოკიდებულება ქალი სამხედროებისადმი

დღესდღეობით საზოგადოება ქალისადმი აღარ არის ისეთივე დისკრიმინაციული, როგორც


წლების წინ. თითქოს ქრება ის სტერეოტიპები, რომლებიც ქალს სუსტ, მამაკაცზე დამოკიდებულ
არსებად განიხილავს; თითქოს ქალები გამოვიდნენ სახლებიდან და ჩაერთნენ საზოგადოებრივ
ცხოვრებაში; თითქოს ქალებმა გაიაზრეს თავიანთი შესაძლებლობები, გახდნენ უფრო
თავდაჯერებულები და დაიწყეს კარიერაზე ზრუნვა. მიუხედავად ამისა, მაინც უამრავი მათგანი
ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი სახლში, სასახურში, თუ სხვა საზოგადოებრივ სივრცეში.

სექსიზმი სამუშაო ადგილას ძალიან გავრცელებული ფენომენია. შრომის ბაზარი გენდერულად


სეგრეგირებულია. ადგილი აქვს „ქალური“ და „მამაკაცური“ პროფესიების, თანამდებობების
ერთმანეთისგან გამიჯვნას. ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი ისეთ „მამაკაცურ“
სფეროებში, როგორიცაა: ინჟინერია, სამხედრო საქმე, პოლიტიკა და სხვა. ამავდროულად,
იშვიათობაა ქალი მაღალ თანამდებობაზე იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ამგვარ
სეგრეგაციას უამრავი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის
სტერეოტიპებია, რაც საზოგადოებაში არსებობს - ქალისთვის ძნელია თავი გაართვას ისეთ
საქმიანობას, სადაც გონების დაძაბვა, ფიზიკური ძალა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობაა
საჭირო. რა თქმა უნდა, ეს მითია და დღეს ამ მითის საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც არსებობს
წარმატებული ქალი პოლიტიკოსების, არქიტექტორებისა, თუ სხვათა სახით. მიუხედავად ამისა,
გენდერული სტერეოტიპები პროფესიული კუთხით მაინც ფართოდ გავრცელებულია.

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სამხედრო სფეროა, რადგან ქალების


დისკრიმინაცია რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს (როგორც საკუთრივ სამუშაო
ადგილას თანამშრომლების მიერ, ასევე საკმაოდ უარყოფითია საზოგადოების დამოკიდებულება
ქალი სამხედროებისადმი). მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რამდენიმე ახლობელი ქალი მუშაობს
სამხედრო უწყებაში, არასდროს დავინტერესებულვარ მათი მდგომარეობით (ამ
თვალსაზრისით). მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ დავესწარი საჯარო ლექციას
„ომი და გენდერი“ და გავეცანი ჩემთვის ბევრ ახალ ინფორმაციას, საკითხის მიმართ ინტერესი
გამიჩნდა. რაც უფრო მეტად ვუკვირდებოდი საზოგადოების დამოკიდებულებას ქალი
სამხედროებისადმი, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი ამ სფეროში არსებულ გენდერულ
სტერეოტიპებში. მოცემულ კვლევაში, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამერკვია
მხოლოდ სტუდენტების დამოკიდებულება ქალი სამხედროებისადმი.

სანამ უშუალოდ კვლევაზე ვისაუბრებდე, მანამდე მიმოვიხილავ მილიტარიზმს გენდერულ


ჭრილში. ისტორიულად ომი მასკულინური ფენომენია, შესაბამისად, სამხედროებიც მეტწილად
მამაკაცები იყვნენ. თუმცა, მეოცე საუკუნეში, როცა ომებმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღო და
მხოლოდ კაცებისგან დაკომპლექტებული არმია აღარ წარმოადგენდა საკმარის ძალას, საჭირო
გახდა ომში ქალის გაწვევაც. ასე რომ, პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული ჩნდებიან ქალი
სამხედროებიც, თუმცა ქალები ნაკლებად იქყვნენ წარმოდგენილი საბრძოლო ქვედანაყოფებში,
ძირითადად ექთნებად, მდივნებად მუშაობდნენ და არმიისთვის დამხმარე ფუნქციას

42
ასრულებდნენ28. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იყვნენ ქალი მფრინავები, სნაიპერები და ა.შ.
რომლებიც საკმაოდ წარმატებულად ართმევდნენ თავს ამ საქმიანობას. სახელმწიფო
პროპაგანდამ, მაღალმა ანაზღაურებამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ნელ-ნელა
სამხედრო უწყება შეივსო ქალებით, თუმცა მათი რაოდენობა დღესაც ძალიან მცირეა.
მაგალითად აშშ-ში სამხედრო უწყებაში ქალები მხოლოდ 14.5 %-ით არიან წარმოდგენილნი.
იგივე მაჩვენებელი თურქეთში 0.2%-ია29. ამგვარი სხვაობა მონაცემებს შორის მიუთითებს იმაზე,
თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კულტურას და შესაბამისად, გენდერული როლების
გადანაწილებას მილიტარისტული სტრუქტურის ფორმირებაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჯარი სრულიად მასკულინური ფენომენია. შესაბამისად, ჩნდება


ვარაუდი, რომ ასეთ მასკულინურ სივრცეში მომუშავე ქალები დისკრიმინირებულნი იქნებიან. ამ
დისკრიმინაციის დასაბამი კი, ჩემი აზრით, ის სტერეოტიპებია, რომლებიც საზოგადოებაში
არსებობს ქალების მიმართ და დისონანსში მოდის სამხედროს ხატთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ქალის, როგორც სუსტისა და ნაზის ხატი არ ეთანხმება სამხედროს, როგორც ძლიერის, ვაჟკაცისა
და გამბედავის ხატს. ეს ორი ხატი ერთმანეთის ანტიპოდია. შესაბამისად, საზოგადოებაში
იბადება აზრი, რომ „ნამდვილი“ ქალი ვერ შეძლებს ჯარში მსახურს. ის ქალები კი, რომლებიც
ჯარში მსახურობენ არიან „განსხავებულები“. ტრადიციულ საზოგადოებას კი, როგორც წესი,
ყველა „განსხავებულის“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება. ვვრაუდობ, რომ
იგივეს აქვს ადგილი ქალი სამხედროების შემთხვევაშიც.

ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა თ. რიზერის მოსაზრება: „სამხედრო მამაცობა


ქალ ჯარისკაცებს შორის შეიძლება სრულიად სხვანაირად კონსტრუირდებოდეს, ვიდრე კაც
ჯარისკაცებთან და ინდივიდუალური და კულუტურული რეაქციები ქალის ვაჟკაცობა -
მამაცობასთან შეიძლება განხვავდებოდეს რეაქციებისგან მამაკაცის ვაჟკაცობაზე. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, თუ როგორ გაიგება ქალის ვაჟკაცობა როგორც კულტურის
კონტექსტში, ასევე თავად ქალისგან, შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, თუ როგორ გაიგება
კაცის, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალის სიმამაცე ქალის სხეულშია “მოთავსებული”30.

რიზერის ამ მოსაზრებიდან ნათლად ჩანს, რომ სხეულს სამხედრო კონსტრუქტში ძალიან დიდი
მნიშვნელობა ენიჭება31. სამხედრო უნდა იყოს ფიზიკურად ძლიერი, ნავარჯიშები, ათლეტური
აღნაგობის, მუდამ ფორმაში. ეს მახასიათებლები არ ეთანხმება ქალის აგებულებას (განსხვავებით
მამაკაცისგან) გამომდინარე იმ სტერეოტიპიდან, რომ, ზოგადად, ყველა ქალი ფიზიკურად
სუსტი აგებულებისაა და ვერ გაართმევს თავს სამხედრო სამსახურს. ჩემი აზრით, იგივე
სტერეოტიპი იჩენს თავს სამხედრო უწყებაშიც და სწორედ ამიტომ ხდება ქალების დასაქმება
ისეთ სამუშაოებზე, სადაც ფიზიკური ძალა და ნავარჯიშები სხეული საჭირო არ არის. ეს, რა

28
კარეირას, ჰ. (2006), გენდერი სამხედრო სამსახურში: ქალები დასავლური დემოკრატიების შეიარაღებულ ძალებში.
29 ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ (2008), სახელმძღვანელო პრინციპები სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანის
უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ

30 რიზერი,თ. (2010), „არამამაკაცური მასკულინობები“, მასკულინობების თეორიები.

31 იქვე.
43
თქმა უნდა, თავის მხრივ აისახება კაცი სამხედროების დამოკიდებულებაზე ქალი სამხედროების
მიმართ: ჩვენ (კაცები) მათზე (ქალებზე) აღმატებულები ვართ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქალების მილიტარისტული სფეროდან გამორიცხვა მოხდა მათი


ფიზიკური „არასრულფასოვნების“ და ბრძოლისთვის შეუფერებლობის გამო, რადგან ქალი,
როგორც „სუსტი სქესის“ წარმომადგენელი უნდა იყოს „დაცული“ და „მოფრთხილებული“32 .
თუმცა ეს მხოლოდ სექსისტური მიდგომაა იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ქალების როლის
ასეთი გაფერკმრთალება სამხედრო სისტემაში. სხვა მიდგომის მიხედვით, ქალების ამგვარი
გამორიცხვის მიზეზი მათი თანდაყოლილი თვისებები - შემოქმედობითობა და პაციფიზმია,33
ანუ ქალები თავისი მშვიდობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე არიან ომის და ყოველგვარი
ძალადობის წინააღმდეგნი და ამიტომ არ წარმოადგენენ მილიტარისტული სისტემის ნაწილს.
არსებობს ფემინისტური ხედვაც ამ საკითხთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც ქალების
სამხედრო სფეროდან გამორიცხვის მიზეზი კაცების ხელში არსებული ძალაუფლებაა. ასე რომ,
ომი წარმოადგენს სრულებით მამაკაცურ საქმიანობას, სამხედრო სტრუქტურა კი
პატრიარქალურ ინსტიტუციას, საიდანაც ქალები გამორიცხულნი არიან, და რომლის მიერაც
ქალები ხშირად ზარალდებიან34.

რაც შეეხება ჩემს კვლევას, მეთოდოლოგიად თვისებრივი მეთოდი ავირჩიე რესპონდენტების


შეხედულებების უკეთესად გასაგებად და მათი დამოკიდებულებების დასანახად.

ჩემი რესპონდენტები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ბაკალავრიის


სტუდენტები: გიორგი (20 წლის), თაკო (18 წლის), ბარბარე (19 წლის) და გოჩა (21 წლის). გიორგი
და ბარბარე ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები არიან, თაკო ჟურნალისტიკას
სწავლობს, გოჩა კი - ევროპათმცოდნეობას. კვლევის თემიდან გამოდინარე გადავწყვიტე
გამომეკითხა არა მხოლოდ „ჩვეულებრივი“ სტუდენტები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც
სამხედრო სტრუქტურასთან პირადი შეხება ქონიათ ან გეგმავენ, რომ ჰქონდეთ. კერძოდ,
გიორგის გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური, თაკო კი გეგმავს უნივერსიტეტის
დასრულების შემდეგ სამხედრო აკადემიაში ჩააბაროს და თავისი კარიერა სამხედრო
სტრუქტურას დაუკავშიროს. რაც შეეხება ბარბარესა და გოჩას, ისინი შემდეგი მახასიათებლით
შევარჩიე: სტანდარტული, მეინსტრიმული სტუდენტები, არც რადიკალურად ქართული
„ტრადიციული მენტალიტეტის“ მატარებელნი და არც გენდერულად სენსიტიურნი.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სპეციალურად შევარჩიე ისეთი რესპონდენტები, რომლებსაც ახლოს
არ ვიცნობდი. ამგვარად გამოვრიცხე სოციალური სასურველობის ეფექტი. არ ეცოდინებოდათ
რა ჩემი შეხედულებები, პასუხებსაც ვერ შეცვლიდნენ ჩემთვის თავის მოწონების მიზნით და
შესაბამისად, მეტად გულწრფელები იქნებოდნენ.

რესპონდენტები გამოვკითხე უნივერსიტეტში, აუდიტორიებში. ინტერვიუები გაგრძელდა 16 –


40 წუთის ფარგლებში. უნდა ღინიშნოს, რომ იმ რესპონდენტებმა, რომელებსაც ჯართან შეხება

32 კოკი, ჯ. (1992), ქალი, სამხედრო სისტემა და მილიტარიზაცია:ზოგიერთი საკითხი, რომელიც წამოიჭრა სამხრეთ აფრიკის
შემთხვევასთან დაკავშირებით.
33 იქვე.

34 იქვე.
44
ჰქონდათ, გაცილებით დიდხანს ისაუბრეს და უფრო ვრცლად გამცეს კითხვებზე პასუხი, რაც,
ალბათ, იქედან გამომდინარეობს, რომ უფრო მეტი ჰქონდათ ნაფიქრი ამ საკითხთან
დაკავშირებით. ინტერვუებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ხელი არავის და არაფერს შეუშლია. რაც
შეეხება კითხვარს, იგი ნახევრად სტრუქტურირებული იყო. მისი საშუალებით შევეცადე
დამედგინა რესპონდენტების დემოგრაფიული მონაცემები, კავშირი სამხედრო
სტრუქტურასთან, ზოგადად სამხედროებისადმი და კონკრეტულად, ქალი სამხედროებისადმი
მათი დამოკიდებულება.

ინტერვიუების ანალიზის შედეგად ძალიან საინტერესო თემები გამოიკვეთა. როგორც


ვვარაუდობდი, გენდერისა და სამხედრო გამოცდილების მიხედვით დაფიქსირდა
მნიშვნელოვანი განსხვავებები. მიუხედავად ამისა, თითოეული მაინც ინდივიდუალური იყო და
ამავდროულად ბევრ რამეში გავდნენ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიზეზი ალაბათ ის
გარემოა, სადაც აღიზარდნენ, მსგავსებას კი ერთნაირი ასაკობრივი ჯგუფი და სოციალური
სტატუსი განაპირობებდა.

რესპონდენტებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე თვისება, რომლებიც, მათი აზრით,


აუცილებელია სამხედროებისთვის. ერთ-ერთი ამ თვისებათაგანია პასუხისმგებლობასა და
მოვალეობის გრძნობა, რაშიც იგულისხმება ის, რომ სამხედროს უნდა შესწევდეს უნარი
გულმოდგინედ და კარგად შასრულოს თავისი საქმე. იგი მოვალეა სამშობლოს წინაშე და
პასუხიმგებელია ხალხის დაცვაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობისა და
ვალდებულების გრძნობა უნდა იყოს გამოწვეული სამშობლოსადმი
სიყვარულითა და ერთგულებით. როგორც ბარბარემ აღნიშნა, სამხედროსთვის ხელფასი არ
უნდა იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, მხოლოდ ხელფასის გამო არ უნდა
მუშაობდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული იყო სამხედრო გამოცდილების მქონე
რესპონდენტის, გიორგის, მოსაზრება. ის, პირიქით, ფიქრობს, რომ სამხედროსთვის ძალიან
მნიშვნელოვანია ხელფასი, რათა მან კარგად შასრულოს თავისი სამუშაო. კიდევ ერთი თვისება,
რომელიც, რესპონდენტთა აზრით, სამხედროსთვის მნიშვნელოვანია, არის გამბედაობა,
რომელიც ისევ სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებას უკავშირდება. როგორც თითოეულმა
რესპონდენტმა აღნიშნა, ჯარში მეტად რუტინული და ფორმალური გარემოა, შესაბამისად,
აუცილებელია სამხედრო იყოს ორგანიზებული, მოწესრიგებული და ფეხი აუწყოს იმ წესებს,
რომლებსაც სამხედრო სტრუქტურაში არსებობს. წესებისთვის ფეხის ასაწყობად მორჩილება და
მოთმინებაცაა საჭირო. ჯარისკაცები უნდა დაემორჩილონ უფროსებს და მოითმინონ, აიტანონ ის
გარემო, სადაც უწევთ ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. წარმატების
მისაღწევად, რესპონდენტთა აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი მოტივაცია და
თავდაჯერებულობა. ამ თვისებების გარეშე, სამხედროს გაუჭირდება მაღალი თანამდებობებისა
და წოდებების მოპოვება.

ცალკე უნდა გამოვყოთ ფიზიკური ძალა, მომზადება, რომელიც აუცილებელ მახასიათებლად


მიაჩნიათ სამხედროსათვის. ყველა რესპონდენტისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
აღსანიშნავია, რომ რამდენადაც აქცენტი კეთდებოდა ფიზიკურ სიძლიერეზე, იმდენად არ

45
მახვილდებოდა ყურადღება გონებრივ შესაძლებლობებზე. ბარბარემ, მისი არჩევანი, თავის შორს
დაეჭირა სამხედრო უწყებისგან, ასე ახსნა:

ფიზიკურ დატვირთვაზე მეტად გონებრივი დატვირთვის ატანის შესაძლებლობა მაქვს და შესაბამისად,


არ მიფიქირია ამაზე [სამხედროობაზე].

საინტერესოა, როგორია რესპონდენტების შეხედულებები ქალ სამხედროებზე. აღმოჩნდა, რომ


საკმაოდ მრავალფეროვანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯართან კავშირის მქონე სტუდენტები,
გიორგი და თაკო, ბევრად უფრო მიმღებლები არიან ქალი სამხედროებისადმი და მათ
საქმიანობას დადებითად აფასებენ. ამის მიზეზი, ვფიქრობ, სამხედრო სტრუქტურის და ქალი
სამხედროების საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობაა. მათი აზრით, ერთადერთი
მახასიათებელი, რომელმაც შეიძლება ქალს ჯარში შეუშალოს ხელი, მისი ფიზიკური სისუსტეა.
იმ დატვირთვას, რომლის ატანაც მებრძოლ ჯარისკაცებს უწევთ, ქალების მხოლოდ გარკვეული
კატეგორია გაუძლებს:

სტანდარტული ქალი და კაცი რომ ავიღოთ, ცოტა უფრო ძლიერია ფიზიკურად კაცი და იქ
გადადგილების დროს ხომ გაცვია ბრონი, ეს შეაიარაღება და ყველაფერი, და ეგ ქალს ბევრად უფრო
გაუძნელდება... შეიძლება ისეთი ქალიც არსებობდეს, რომელიც მამაკაცზე ბევრად უფრო ძლიერია, მაგრამ
სტანდარტულად რო ავიღოთ - არა.

ამბობს გიორგი. გამომდინარე ფიზიკური სისუსტისა, მათ ქალი სამხედროების მუშაობა უფრო
გამართლებულად მიაჩნიათ არასაბრძოლო ქვედანაყოფებში, ექიმებად, კავშირგაბმულობის
სპეციალისტებად და ა.შ. ანუ, იმ ქვედანაყოფებში, სადაც ნაკლები ფიზიკური ძალაა საჭირო,
თუმცა უშვებენ, რომ არსებობენ ისეთი ქალებიც, ვისაც ბრძოლაც კარგად გამოსდის.

რაც შეეხება „ჩვეულებრივ“ სტუდენტებს, ბარბარესა და გოჩას, ისინი თვლიან, რომ


სამხედროობა მამაკაცური პროფესიაა, მითუმეტეს ბრძოლა. ისინი ქალი ჯარისკაცისთვის
შემაკავებელ ფაქტორად არა მხოლოდ ფიზიკურ ძალას ხედავენ, არამედ შინაგან თვისებებსაც.
მიიჩნევენ, რომ ქალი უფრო ნაზი არსებაა, იგი თავისი ბუნებით მშვიდობისმოყვარე და
კომპრომისზე ორიენტირებულია. შესაბამისად, ბრძოლის დროს ვერ იქნება ისეთივე გამბედავი,
როგორც კაცი. ამიტომ, მათ ქალები სხვა დეპარტამენტებში წარმოუდგენიათ, ძირიათადად
ექთნებად და ექიმებად, ან ადმინისტრაციული საქმის შემსრულებლად. გოჩამ ისიც კი თქვა, რომ
ქალ სამხედრო ექიმს ბრძოლის ველზე ვერ წარმოიდგინს, მისი მუშაობა მხოლოდ ჰოსპიტალში
ესახება. გარდა ამისა, ქალ სახედროს ისეთ თანამდებობაზე მოაიზრებს, სადაც მოლაპარაკება და
კონფლიქტების მოგვარებაა სჭირო, რადგან უფრო დიდი შანსია მოწინააღმდეგები ქალთან
დათმობაზე წამოვიდნენ მისი „ქალობიდან“ გამდინარე. კიდევ ერთი თვისება, რაც მისი აზრით,
ქალს მოლაპარაკებების დროს უპირატესობას ანიჭებს, მისი „ეშმაკი“ ბუნებაა. როგორც ვხედავთ,
ქალების კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართვის მომხრე არა მათი გონებრივი
შესაძლებლობებიდან, არამედ იმ თვისებებიდან გამომდინარე ხედავს, რომელსაც „ქალურად“
მიიჩნევს.

როგორც ზემოთ ვისაუბრე, ყველა რესპონდენტისთვის მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა მიზეზების


გამო, მაინც მიუღებელია ქალი ბრძოლის ველზე, თუმცა გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია.
46
მამრობითი სქესის რეპონდენტებმა დანარჩენი ჯარისკაცებისგან გამოყვეს სნაიპერები და
თვლიან, რომ ქალი ბევრად უკეთესი სნაიპერია, ვიდრე მამაკაცი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ
„ქალს განსაკუთრებული მოთმინების უნარი აქვს“. როგორც მათ აღნიშნეს, ქალისთვის ბევრად
უფრო ადვილია მშვიდად დაჯდეს და დაელოდოს მსხვერპლს, მამაკაცს კი მოქმედება ურჩევნია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც, რესპონდენტთა აზრით, ქალ სამხედროს მამაკაცთან შედარებით
უპირატეს მდომარეობაში აყენებს არის კანონმორჩილება, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა
და დეტალებზე ორიენტირებულობა. მაგალითად, გიორგი თვლის, რომ ქალებს ეს თვისებები
მამაკაცებზე მეტად აქვთ განვითარებული, შესაბამისად, თუ ქალს კარგი ფიზიკური მომზადება
აქვს, ამ თვისებების გამო შეიძლება ბევრ კაცსაც აჯობოს ბრძოლაში.

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქალებს ჯარში ბევრი დისკომფორტი ექმნებათ35. ამის
შესახებ ჩემმა რესპონდენტებმაც ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ გოგონები უფრო აცნობერებენ იმ
დისკომფორტს, რაც ქალს შეიძლება სამხედრო სტრუქტურაში მუშაობის დროს შეექმნას.
პირველი ეს არის ის ჰიგიენური ნორმები, რომლებიც ჯარში ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული.
ბარბარეს აზრით:

ქალებს ყოველდღიურად სულ სხვა რამ შეიძლება სჭირდებოდეთ, არ ვიცი, იქნება ეს ბანაობა, ტუალეტის
საკითხები [...] რომ გავამახვილოთ ყურადღება მენსტრუაციულ ციკლზეც, სულ სხვა საჭიროებები ექმნება
ქალს საბრძოლო ველზე და სულ სხვა მამაკაცს, რომლებსაც ეს პრობლემები საეთოდ არ აქვს...

სამხედრო სტრუქტურაში ჰიგიენური ნორმების დაუცველობაზე ისაუბრა სამხედრო


გამოცდილების მქონე რესპონდენტმა გიორგიმაც. როგორც ის აღნიშნავს, კაცი სამხედროები ამ
მხრივ კიდევ უფრო დიდი სირთულის წინაშე დგანან, რადგან მათ მეტად უწევთ მიწასათან
შეხება და „ჭუჭყიანი“ საქმის კეთება, ქალები კი კეთილმოწყობილ შენობებში მუშაობენ. მეორე
ფაქტორი, რამაც ქალებისთვის დისკომფორტი შეიძლება შექმნას არის ის რთული ფიზიკური
დატვირთვა, რისი ატანაც სამხედროებს უწევთ. როგორც გოგონებმა განაცხადეს, ქალმა მისი
სუსტი სხეულის გამო, შეიძლება ვერ გაუძლოს ასეთ დატვირთვას და პრობლემები შეექმნას
ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მესამე ფაქტორი კი, მათი აზრით, ოჯახია, რომელიც ქალის
მიმართ უფრო მომთხოვნია.

ქალს უფრო მეტად აწევს ოჯახი ჩემი აზრით, ვიდრე კაცს... ანუ, ოჯახს უნდა უზრუნველყოფდეს
სითბოთი, სიყვარულით, მზრუნველობით და შესაბამისად, მისთვის უფრო რთულია

- ამბობს ბარბარე. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სამხედრო გამოცდილების მქონე


რესპონდენტის, გიორგის აზრი. როგორც ის აღნიშნავს, სამხედრო სფეროში მოღვაწე ქალს
ყოველგვარ პირობას უქმნიან იმისთვის, რომ ოჯახსაც მიხედოს, მაგალითად, შეიძლება ადრე
გაუშვან სახლში, თუ შინ რაიმე პრობლემა აქვს, უფრო ადვილად გაუშვან შვებულებაში და ა.შ.
ასეთი შეღავათები, მისი თქმით, საერთოდ არ კეთდება კაცი სამხედროების შემთხვევაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო განსხავება დაფიქსირდა სამხედრო გამოცდილების


მქონე და არმქონე რესპონდენტებს შორის. პირველნი მიიჩნევენ, რომ სახელწიფომ უნდა

35 იუვალ - დევისი, ნ. (2004), „გენდერირებული სამხედრო სტრუქტურა, გენდერირებული ომები,“ გენდერი და ერი.
47
იზრუნოს შესაბამისი პირობების შექმნაზე და იმ დისკომფორტის აღმოფხვრაზე, რაც ქალებს
აწუხებთ. მეორენი კი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ დისკომფორტის გამო არ უნდა წავიდნენ
ქალები ჯარში.

დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას ურთიერთკავშირშია იმ დისკომფორტთან, რომელზეც ზემოთ


ვისაუბრეთ. როგორც აღნიშავენ, სამხედრო სტრუქტურაში ქალების დისკრიმინაცია, როგორც
წესი, მამაკაცი თნამშრომლების მხრიდან ხდება36, თუმცა ჩემი რესპონდენტები ამ ფაქტს არ
ეთანხმებიან და თვლიან, რომ სამხედრო მამაკაცები პატივისცემით არიან განწყობილნი ქალი
თანამშრომლებისადმი. შეიძლება დაეხმარონ ფიზიკურად რთულად შესასრულებელი საქმის
გაკეთებაშიც. ეს მომენტი ბარბარემ ძალიან საინტერესოდ ახსნა:

კაცმა [ქალს მის მაგიერ მძიმე სამუშაოს შესრულებით] თავისი სიძლიერე უნდა დაუმტკიცოს.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს დახმარება ქალის პატივისცემით და მისთვის შრომის


შემსუბუქებით კი არ შეიძლება იყოს გამოწვეული, არამედ მამაკაცის მხრიდან საკუთარი თავის
ქალზე პრიორიტეტულად წარმოჩენისთვის. ეს მომენტი, ალბათ, გაცნობიერებული არც არის
და სტერეოტიპებით გაჯერებული წარმოდგენებიდან მომდინარეობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამხედრო სტრუქტურაში ძალიან მცირეა ქალების რაოდენობა და


ამავდროულად, ისინი ნაკლებად ინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე. გიორგის თქმით, ვისაც
ჯარში კარიერის აწყობა უნდა, ამაზე ადრეული ასაკიდან (20-23) უნდა იზრუნოს, რადგან
შესაბამის სასწავლებელში მიღება მხოლოდ 24 წლამდე ხდება. ქართველი ქალები კი ადრე
თხოვდებიან და „ქმრების ხარჯზე“ იწყებენ ცხოვრებას. დანარჩენ რესპონდენტებსაც მიაჩნიათ,
რომ ქალებს თავად არ აქვთ სურვილი, სამხედრო უწყებაში იმუშაონ. მათი აზრით, ამის მიზეზი
ალბათ ის არის, რომ ეშინიათ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღება,
ამავდროულად, არასწორი ინფორმაციის გამო ფიქრობენ, რომ ჯარში „რაღაც საშინელება“ ელით.
მხოლოდ გოგონებმა გაამახვილეს ყურადღება იმ ექსტერნალურ ფაქტორებზე, რის გამოც ქალმა
შეიძლება უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.

შეიძლება ოჯახის მიზეზიც იყოს, რომ ის უკრძალავდეს რაღაცას, რომ ომში წავიდეს, ან რაღაცა გააკეთოს.
ან შეყვარებული ყავს და ეგ არ უშვებს...

- განაცხადა თაკომ. გოგონებს ალბათ უკეთ ესმით იმ ქალების, რომლებიც შევიწროებულნი


არიან მამაკაცებისა და ოჯახის მიერ და სწორედ ამიტომ ამახვილებენ ამ საკითხზე ყურადღებას.

რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, გიორგი აღნიშნავს, რომ ისევ ქალებს არ აქვთ სურვილი
დაწინაურებისთვის იშრომონ. სურვილის არსებობის შემთხევაში, ძალიან კარგ კარიერას
გაიკეთებენ, რადგან საოფიცრე კურსების დამთავრების შემდეგ პირდაპირ ლეიტენანტები
ხდებიან.

ლეიტენანტობა კი იმას ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებადი, ყველაფრით უზრუნველყოფილი სამსახური


გაქვს.

36
ვინსლოუ, დ. (2010), გენდერი და სამხედრო სოციოლოგია.
48
- ამბობს გიორგი. მისი აზრით, თუ ქალები მოინდომებენ, ადვილად მიაღწევენ მაღალ
თანამდებობებს, თუმცა, ჩემი აზრით, არსებული სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს -
მაღალი თანამდებობის სამხედრო ქალების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია.

დისკრიმინაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რაც საუმუშაო ადგილას შეიძლება შეიქმნას არის
სექსუალური შევიწროვება. განსაკუთრებით მოსალოდნელია ეს სამხედრო სტრუქტურაში,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა37 . შესაბამისად
არსებობს შანსი, რომ სამხედრო კაცებმა თავიანთი თანამშრომელი ქალების მიმართაც
განახორციელონ სექსუალური ძალადობა. თუმცა, რესპონდენტები არც კი უშვებენ, რომ ამას
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქართულ სამხედრო სტრუქტურაში. როგორც გიორგიმ აღნიშნა,
სამხედრო კაცები პატივისცემით ექცევიან არა მხოლოდ თანამშრომელ ქალებს, არამედ გარედან
შემოსულ ქალებსაც (მაგალითად, რეზერვისტების მნახველებს):

მნახველი ქალი იყო მოსული, ლამაზი ქალი იყო რა და ერთ-ერთმა თქვა, ნახე რა მაგარი ქალიაო, და
შენიშვნა მისცა ეგრევე [სერჟანტმა], ეგ ჯარისკაცთან არის მოსული და სხვა დროს აღარ წამოგცდესო.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგჯერ სერჟანტები ტრაბახობდნენ


იმით, რომ მათ თანამშრომელ ქალთან, „რაღაც ქონდათ“, მაგრამ, გიორგის აზრით, ეს მხოლოდ
ტრაბახი იყო. მიხედავად იმისა, რომ ჩემი რეპონდენტების განცხადებით კაც სამხედროებს
თანამშრომელი ქალებისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, უცხოური კვლევები
საპირისპიროს ამტკიცებენ. აღნიშნულია, რომ კაცი სამხედროების უმრავლესობა არც ისე
დადებთად აფასებს ქალების ყოფნას ჯარში. მეტიც, აღმოჩნდა, რომ სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკაში წვრთნების დროს ჯარისკაცებს შთააგონებენ ქალებისა და ჰომოსექსულების
სიძულვილს38. მაგალითად, არასწორად შესრულებული საქმისთვის შეიძლება ქალაჩუნობა ან
პიდარასტობა წამოაძახონ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მნიშვნელოვან თემად გამოიყო რესპონდენტებთან საუბრისას არის
სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელიც სავალდებულოა კაცებისთვის, ქალებისთვის კი
ნებაყოფლობითი. აღმოჩნდა, რომ მამრობითი სქესის რესპონდენტები ამ საკითხის მიმართ
საკმაოდ უარყოფითად არიან განწყობილნი და მიიჩნევენ, რომ ის მათთვისაც ნებაყოფლობითი
უნდა იყოს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ვისაც ჯარისადმი ინტერესი არ აქვს, მაინც ვერაფერს
ისწავლის, ამიტომ ჯობს თავის გეგმებს მიხედოს ჯარის გარეთ და დრო ტყულად არ დაკარგოს.
გოგონების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საპირისპიროა. მათ მიაჩნიათ, რომ
ქალებისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მამაკაცებისთვის კი სავალდებულო. როგორც
ბარბარემ აღნიშნა, ჯარი კაცს ეხმარება თავისი მამაკაცურობის გამოვლენაში, შესაბამისად, მისი
აზრით, სავალდებულო უნდა იყოს. ვფიქრობ, მიზეზი იმ გენდერულ როლებში უნდა ვეძებოთ,
რომელებიც ასეთი განსხვავებულია ქალებისთვის და კაცებისთვის. თავიანთი გენდერული
როლიდან გამომდინარე, რომელთა ათვისებაც ბავშვობიდან მიმდინარეობს, გოგონებს ნაკლები
შეხება და ინფორმაცია აქვთ სამხედრო სამსახურის შესახებ, შესაბამისად, მარტივად უყურებენ
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას, ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა სტრესია და

37 იუვალ - დევისი,ნ. (2004), „გენდერირებული სამხედრო სტრუქტურა, გენდერირებული ომები,“ გენდერი და ერი.
38 იქვე.
49
თვლიან, რომ კაცებისთვის სავალდებულო უნდა იყოს. კაცები კი ბავშვობიდან ფიქრობენ ამაზე,
იციან, რომ, როდესმე მოუწევთ სამხედრო სამსახურის გავლა, შესაბამისად, მეტ ინფორმაციას
ფლობენ და აცნობიერებენ იმ სირთულეებს, რაც იქ ელოდებათ. კაცი რესპონდენტები მართალია
ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის მომხრენი არიან, მაგრამ კატეგორიულად არ
ეწინააღმდეგებიან დღევანდელ სისტემას. გარკვეულწილად, დასაშვებადაც მიაჩნიათ კაცისთვის
სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდა, თუმცა ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება
სავალდებულო იყოს იგი ქალისთვის.

ზოგადად, რესპონდენტები ფიქრობენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიღებული


ცოდნა კაცებს უფრო გამოადგებათ ომიანობის დროს. თუმცა, მათი აზრით, ქალებიც უნდა
ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას, რათა სამედიცინო დახმარება გაუწიონ ჯარისკაცებს ან ბოლოს
და ბოლოს საკუთარ თავზე და შვილებზე იზრუნონ, დაიცვან ისინი საფრთხისგან. სწორედ
ამიტომ, მათი აზრით, მნიშვნელოავანია სკოლებში ისწავლებოდეს სამხედრო საქმე, სადაც
მოსწავლეები ელემენტარულ ცოდნას შეიძენენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საომარ
სიტუაციებში. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხავებული იყო გოჩას აზრი. ის თვლის, რომ
ქალებს ომის დროს არავითარი ფუნქცია არ უნდა დაეკისროთ, გარდა ბავშვების აღზრდისა. მათ
უსაფრთხოებაზე ისევ და ისევ მამაკაცებმა უნდა იზრუნონ, რომლებიც დაიცავენ დასახლებულ
ტერიტორიებს.

თემები, რომლებიც სტუდენტებთან საუბრის დროს გამოიყო ძალიან მრავალფეროვანია და


საინტერესო. რესპონდენტები ძირითადად საუბრობდნენ ქალ და კაც სამხედროებს შორის
არსებულ განსხავებებზე, მათ მოვალეობებზე საბრძოლო მოქმედებების დროს, მათ როლზე
სამხედრო სტრუქტურებში. საერთო ჯამში, რესპონდენტები გენდერული სტერეოტიპებით არიან
გაჯერებული, განსხავებულია მათი შეხედულებებლი ქალი და კაცი სამხედროების როლებზე.
თვლიან, რომ ქალი სამხედროს როლი უნდა იყოს „ქალური“, რაშიც მიაზრება უფრო მსუბუქი,
მარტივი სამუშაოს შესრულება, საპირისპიროდ კაცი სამხედროებისთვის გათვალისწინებული
როლებისგან, რომელიც ბევრად უფრო შრომატევადი და რთულია. როლების ამგვრი
გადანაწილება დისკრიმინაციულია არა მხოლოდ ქალების მიმართ, არამედ მამაკაცების
მიმართაც. თუ კაცმა სამხედრომ ვერ მოახერხა იმ როლების შესრულება, რომელიც წინასწარაა
გაწერილი, გამომდინარე მისი გენდერიდან, აღქმული იქნება როგორც ქალური, სუსტი - ეს კი
კაცისთვის მეტად დამრთგუნველია, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რო მოერგოს სიტემას.
მუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა შეხედულებები მაინც სტერეოტიპულია, უნდა ვღნიშნო
ისიც, რომ სამხედრო გამოცდილების მქონე რესპონდენტები მაინც უფრო დადებითად
აფასებდნენ ქალ სამხედროებს, თუნდაც მებრძოლებს. დანარჩენ სტუდნეტებს კი ჯარისკაცობა
მაინც მასკულინურ პროფესიად მიაჩნიათ და მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ქალი სხვა სფეროებში
დასაქმდეს. ამგვარი განსვავების მიზეზი, ჩემი აზრით, ინფორმაციის ფლობაშია. სამხედრო
გამოცდილების სტუდენტებს შეხება ქონიათ სამხედრო სტრუქტურასთან, უნახავთ ქალი
სამხედროები, ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი დამოკიდებულებები მეტ-
ნაკლებად შეიცვალა და ქალი სამხედროც მისაღები გახდა. სამხედრო გამოცდილების არმქონე
სტუდენტებს კი უჭირთ ქალი სამხედროს წარმოდგენა გამომდინარე იქიდან, რომ ეყრდნობიან

50
იმ ინფორმაციას, რომელსაც ბავშვობიდანვე გვაწოდებენ ქალის როლების შესახებ და რომელშიც
არ ჯდება ქალი სამხედროს ხატი.

განსხვავებები დაფიქსირდა ქალ და მამაკაც რესპონდენტებს შორის. ქალები უკეთ აცნობიერებენ


იმ პრობლემებს, რომლებიც ქალ სამხედროებს შეიძლება შეექმნათ, მეტად სოლიდარულებიც
არიან მათ მიმართ. კაცი რესპონდენტები კი კაცი სამხედროების პრობლემებს უკეთ იგებენ.
ვფიქრობ, ამგვარი განსხავება ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად ჩვეულებრივი მოვლენაა.
როდესაც ბავშვობიდან გვინერგავენ მხოლოდ შესაბამის გენდერულ როლებს, ხოლო
„საპირისპირო“ როლს მკაცრად მიჯნავენ ჩვენგან, რთული ხდება პრობლემების
ურთიერთგააზრება.

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ ქალი სამხედროებისადმი დამოკიდებულებები დიდად არ


განსხვავდება ზოგადად ქალებიდამი დამოკიდებულებისაგან. საზოგადოება ამ მხრივ უამრავი
სტერეოტიპებითაა გაჯერებული. განწყობა, როგორც ზოგადად ქალების, ასევე ქალი
სამხედროების მიმართაც დისკრიმინაცულია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ახალგაზრდებს და
ზოგადად, საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ქალი ჯარისკაცების შესახებ. საჭიროა
მეტი საჯარო მსეჯლობა და დაინტერესება ქალი სამხედრობის პრობლემატიკით. მეტი
ინფორმირებულობა, მეტი ცოდნა კი ნაკლებ სტერეოტიპსა და ჯანსაღ საზოგადოებრივ
დამოკიდებულებას ნიშნავს.

51
ნინო ქუთათელაძე

ქალების დამოკიდებულება მამაკაცთა ბილწსიტყვაობისადმი

ჩემი კვლევის თემაა ქალების დამოკიდებულება იმ მამაკაცებისადმი, რომლებიც ხშირად


იგინებიან. მამაკაცთა ბილწსიტყვაობა საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე ისმის. ჩემი
აზრით, გინება კაცებისათვის საკუთარი მამაკაცურობის დამტკიცების ერთ-ერთი ხერხია,
ნიღაბი არასაკმარისი მასკულინობის დასაფარად, სხვადასხვა კომპლექსის შესაფუთად.
გინებასა და ვერბალურ აგრესიას ხშირად ისმენენ ქალებიც და საინტერესოა, თუ რა
დამოკიდებულება აქვთ მათ გინების და ზოგადად „მაგინებელი“ მამაკაცების მიმართ.

ჩემი კვლევის ძირითადი კითხვაა რამდენად არის ქალების აღქმაში მაგინებელი და


აგრესიული ბიჭი მამაკაცური. ქუჩაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში
ხშირად მესმის მამაკაცების გინება, რომელიც დღეს აღარ არის მხოლოდ ბრაზის გამომხატველი.
პირადად ჩემთვის, ეს ძალიან უსიამოვნო მოსასმენია. ამიტომ, გადავწყვიტე გამერკვია რას
ფიქრობენ ამის შესახებ სხვა ქალები, როგორც აღიქვამენ ისინი ვერბალურ აგრესიას კაცების
მხრიდან.

ჩემს კვლევაში ვიყენებ რამდენიმე თეორიულ მიდგომას, რაც მინდა აქვე გაგაცნოთ, რადგან ეს
თეორიები დაგვეხმარება შევიქმნათ ზოგადი წარმოდგენა რესპონდენტების შესახებ. ჩემი
რესპონდენტები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები არიან. ერთ-ერთი
მათგანი არის „ხაზგასმული ფემინურობის“ მატარებელი, მეორე კი უფრო ახლოს დგას
მასკულინური ქალის ტიპთან, თუმცა ბოლომდე არ მიეკუთვნება მას. კვლევისთვის მსურდა
ერთნანეთისგან განსხვავებული ტიპაჟები შემერჩია. ვთვლიდი, რომ ამის გამო მათი
დამოკიდებულებები და შეხედულებები საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული იქნებოდა,
რაც საშუალებას მომცემდა დამეპირისპირებინა მათ აზრები, აღმომეჩინა მათ შორის
განსხვავებები და მსგავსებები.

ზოგადად, ფემინურობა განიმარტება, როგორც მოცემულ სოციუმში იმ თვისებათა


ერთობლიობა, რომლებსაც ქალს მიაწერენ. მაგალითად, ქალი მოიაზრება როგორც მშვიდი,
ნაზი, მზრუნველი, ემოციური და პასიური არსება. სწორედ ფემინურობის ერთ-ერთი სახეა
„ხაზგასმული ფემინურობა“, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებას განსაკუთრებული
ხაზგასმით ატარებს, გამოირჩევა მამაკაცთა ინტერესებსა და სურვილებზე
ორიენტირებულობით და აღიარებს ქალთა სუბორდინირებულ მდგომარეობას მამაკაცებთან
მიმართებაში. ხაზგასმული ფემინურობა გამოირჩევა საჯაროობით. მისი რეკლამირება ხდება
მასმედიის და მარკეტინგის საშუალებებით - სტატიებით ქალთა გაზეთებსა და ჟურნალებში,
გადაცემებთ, თოქ-შოუებით და ტელესერიალებით. მის რეკლამირებას ახდენენ ცნობილი
სახეები - მსახიობები, მომღერლები და მოდელები. ხაზგასმული ფემინურობა უკიდურესად
პერფომატიულია და პერფომატიულია, პირველ რიგში, მამაკაცისთვის.39

39
კონელი, რ. (1987) „ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურობა,“ გენდერი და ძალაუფლება.

52
მეორე მოდგომა, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს კვლევაში, არის ქალური მასკულინობის თეორია.40
მასკულინობა იმ თვისებების, ქცევების, გამოხატულებების ერთობლიობაა, რომელიც მამაკაცს
მიეწერება და რომელსაც მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი უნდა ფლობდეს
იმისათვის, რომ მამაკაცად ჩაითვალოს. არასაკმარისი მამაკაცურობის გამო საზოგადოება
მამაკაცებს ძალიან მკაცრად სჯის.41 რაც შეეხება მასკულინურ ქალებს, ისინი, როგორც წესი,
დიდი ყურადღების ქვეშ ექცევიან ხოლმე „სქესისთვის შეუფერებელი“ თვისებების და
თვითგამოხატვის გამო - მასკულინობა არ არის მოთავსებული „შესაფერის სხეულში“.
მასკულინური ქალების არსებობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს გენდერის პერფომატიულობასა და
ხაზს უსვამს იმას, რომ არც მასკულინობა და არც ფემინურობა ბუნებრივი არ არის, არამედ
სოციალურად კონსტრუირებულია.

კვლევის დაწყებამდე ვვარაუდობდი, რომ კაცები, რომლებიც ხშირად იგინებიან, ქალებისათვის


გამაღიზიანებლები არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ქალებს მაინც მამაკაცურად
მიაჩნიათ. ჩემი ვარაუდი არ დადასტურდა, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავ.

კვლევისთვის ჩავატარე ორი თვისებრივი, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ. წინასწარ


მქონდა მოფიქრებული დაახლოებით ათი ღია შეკითხვა, რამაც საშუალება მომცა
რესპონდენტებისაგან მიმეღო სიღრმისეული ინფორმაცია და არ ვყოფილიყავი შეზღუდული
კითხვის დასმაში, ისინი კი პასუხის გაცემაში. რესპონდენტების პასუხებს ხშირად თავად
მივყავდი ახალ კითხვასთან და საკვლევი თემის სხვა ასპექტებთან.

რესპონდენტების პოვნა და მათი ინტერვიუზე დათანხმება დიდად არ გამჭირვებია. როგორც


ზემოთ აღვნიშნე, ვეცადე ერთმანეთისგან მაქსიმალურად განსხვავებული ტიპაჟები ამერჩია,
რათა გამეგო არსებობს თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება ქალებს შორის მამაკაცების
ბილწსიტყვაობისადმი. სრული კონფედენციალობისათვის გადავწყვიტე რესპონდენტებისთვის
სახელები შემეცვალა და მათ ელენეს და თამუნას დავარქმევ.

ელენე, ხაზგასმული ფემინურობის მატარებელია. ის 26 წლისაა, იურისტია, დოქტორანტურის


სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ელენეს რამდენიმე თვეა ვიცნობ. ის ჩემმა
მეგობარმა გამაცნო. ელენესთან ინტერვიუ ჩავატარე ჩაის სახლში. ინტერვიუ დაახლოებით 25
წუთს გაგრძელდა და ძალიან მარტივად, თავისუფლად და სასიამოვნოდ წარიმართა.
რაც შეეხება თამუნას, ის ჩემი მეგობარი და მეზობელია, 28 წლისაა, სწავლობდა ფსიქოლოგიას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მალევე დაანება სწავლას თავი. ამჟამად ის
მუშაობს, ჰყავს მეუღლე და პატარა ვაჟი. თამუნა ნამდვილად არ არის ხაზგასმული
ფემინურობის მატარებელი, თუმცა მას ვერც მასკულინური ქალის ტიპს მივაკუთვნებ. ის
შეიძლება უფრო გარდამავალ ტიპად ჩაითვალოს. თამუნასთან ინტერვიუ ჩავატარე ჩემს
სახლში. ინტერვიუ არ იყო ხანგრძლივი. ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა
ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე მივიღე.

40 რიზერი, თ. (2010), „არამამაკაცური მასკულინობები“ მასკულინობების თეორიები.


41
ტარტაკოვსკაია, ი.(2006) „მასკულინობა - ყველა კაცი საზიზღარია?“ გენდერი დამწყებთათვის .

53
აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად რესპონდენტების განსხვავებულობისა, საკვანძო საკითხებზე მათ
დაახლოებით ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ, რასაც ნამდვილად არ ველოდი. მონაცემთა
ანალიზმა ასევე არ დაადასტურა ჰიპოთეზა, რომელიც კვლევის დაწყებამდე შევიმუშავე: ქალებს
აღიზიანებთ ისეთი მამაკაცები, რომლებიც ხშირად იგინებიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი
მაინც უფრო მამაკაცურებად მიაჩნიათ ისეთ კაცებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ
იგინებიან. ორივე რესპონდენტმა მითხრა, რომ „მაგინებელი“ კაცები არა თუ ძალიან
აღიზიანებთ, არამედ საერთოდ არ მიაჩნიათ უფრო მამაკაცურებად იმ კაცებთან შედარებით,
რომლებიც არ იგინებიან. ორივე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ზოგადად გინების, მაგრამ
ქალის თანდასწრებით გინება კიდევ უფრო მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, რაც ორივე
მათგანმა ქალის დიდ უპატივცემულობად მიიჩნია. ელენემ და თამუნამ ხაზი გაუსვეს იმასაც,
რომ იმ გარემოში, სადაც ისინი გაიზარდნენ, არ იგინებოდნენ და სწორედ ამით ხსნიდნენ თავის
შეუგუებლობას გინებისადმი.

ბილწსიტყვაობას ორივე უკავშირებს ცუდ აღზრდას და არასასურველ გარემოს. მათი აზრით,


თუ ბავშვი ოჯახში ხშირად ისმენს გინებას, შემდგომში ის ამას, როგორც ნორმალურ ქცევას, ისე
აღიქვამს და თვითონაც იწყებს ბილწსიტყვაობას. ელენეს და თამუნას აზრი კიდევ ერთ
ასპექტში დაემთხვა: ორივე რესპონდენტს უფრო აღიზიანებს გინება პირად სივრცეში საჯარო
სივრცესთან შედარებთ. ეს ორივემ ერთნაირად ახსნა: ისინი გინებას პირად სივრცეში იღებენ
საკუთარ თავზე, რაც უფრო შეურაცხმყოფელია მათთვის. აღიზიანებთ გინების მოსმენა საჯარო
სივრცეშიც, მაგრამ ამას შედარებით ნაკლებად დრამატულად აღიქვამენ:

ვიწრო წრეში გინებას იღებ პერსონალურად. საჯარო სივრცეში ვიღაცა რომ იგინება, მოშორებით
მაგიდაზე, ან სადმე ქუჩაში, იმას ისე პერსონალურად არ ვიღებ ჩემ თავზე. მაგრამ ვიწრო წრეში მგონია,
რომ ეს მე მეხება... იწრო წრეში ჩემთვის უფრო მტკივნეულია და უფრო მიუღებელი. (ელენე)

ინტერვიუს დასაწყისში გადავწყვიტე დამესვა შედარებით ნეიტრალური კითხვები


რესპონდენტების ასალაპარაკებლად. ამიტომაც ვთხოვე ჯერ აღეწერათ, თუ როგორია
იდეალური მამაკაცი მათ წარმოდგენაში, შემდეგ კი ესაუბრათ იდეალურისაგან ყველაზე მეტად
დაშორებული მამაკაცის ტიპზე. აღმოვაჩინე, რომ რესპონდენტებისათვის მამაკაცის გარეგნული
მხარე არ იყო პრიორიტეტული მის პიროვნულ თვისებებთან შედარებით. ელენეს და თამუნას
იდეალურ მამაკაცზე დაახლოებით ერთნაირი შეხედულება ჰქონდათ. ისინი მამაკაცში აფასებენ
განათლებას, ზრდილობას და იუმორის გრძნობას. მნიშვნელოვანია ფინანსური
დამოუკიდებლობა, ასევე ყურადღებიანობა, ჯენტლმენური თვისებები, მიზანდასახულობა,
ქალის მიმართ პატივისცემა და ძლიერება :

ძლიერში ვსულისხმობ, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღების დროს, რთულ პერიოდში, შეგეძლოს,
რომ როგორც ქალი, მას დაეყრდნო. მაგალითად, ძლიერი უნდა იყოს ასევე ფინანსურად. ძლიერი უნდა
იყოს როგორც პიროვნება. (ელენე)

იდეალურისაგან სრულიად განსხვავებული მამაკაცი არის უსაქმური, უზრდელი,


გაუნათლებელი, მატყუარა და „მოძველბიჭო“. აზარტული თამაშების, ალკოჰოლის და
ნარკოტიკების სიყვარულიც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი რესპონდენტებისათვის. უხეში,
მოძალადე და „მაგინებელი“ მამაკაციც სრულიად უარყოფითადაა შეფასებული ელენეს და
54
თამუნას მიერ. რესპონდენტებმა ისაუბრეს იმაზეც, თუ რას ფიქრობენ მათი მეგობრები მათთვის
იდეალურ მამაკაცზე. აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითადად ერთმანეთს ემთხვეოდა,
თუმცა იყო განსხვავებებიც. მაგალითად, თამუნამ თქვა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი არის
ძალიან მომთმენი და იტანს მამაკაცის მხრიდან ისეთ ქცევას, რისი მოთმენაც პირადად მისთვის
წარმოუდგენელია :

უხეშობას, უპატივცემულობას გამოხატავს ტიპი, უხეშად ელაპარაკება, მაგრამ ეს ითმენს, ნუ, იმიტომ,
რომ ასე არის გაზრდილი, რომ კაცისგან ბევრი რაღაცა უნდა მოითმინოს... ქალი იჩაგრება ეგრე თუ ზრდი,
რო, აი, კაცი არი მთავარი ოჯახში და აი, კაცი რასაც გეტყვის, ის კანონია. მყავს ესეთი მეგობრები. ესე
თვლიან, რომ უნდა მოუთმინონ კაცს ბევრი რამე და თვლიან, რომ მერე ამით თვითონ მოიგებენ. (თამუნა)

რაც შეეხება ელენეს, მისი მეგობრების და მისი შეხედულებები ძირითადად ემთხვევა


ერთმანეთს. ისინი თანხმდებიან იმ თვისებებზე, რაც უნდა ჰქონდეს იდეალურ მამაკაცს, მაგრამ
ვერ თანხმდებიან მათ პრიოტეტულობაზე, თანმიმდევრობაზე. ელენესათვის, მისი
მეგობრებისგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური მხარე, რადგან მისი
აზრით, ამ ფაქტორის გარეშე ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება.

ჩემი რესპონდენტების შეხედულებები იმ კაცებზე, რომლებიც ხშირად იგინებიან, საკმაოდ


ერთნაირი იყო. თამუნა თვლის, რომ ასეთი მამაკაცები გაუნათლებლები არიან, არ აქვთ სიტყვის
საკმარისი მარაგი და ამიტომ ბრაზის გარდა, თავის გრძნობებს და ემოციებს ასე გამოხატავენ.
რაც შეეხება ელენეს, მისი აზრით:

ასეთი მამაკაცები, პირველ რიგში, არ სცემენ არანაირ პატივს ქალს, არც საკუთარ თავს. ზოგადად, გინებას
რაც შეეხება, ის აბსოლუტურად მიკაგავს ადამიანზე წარმოდგენას, რადგანაც არ სცემენ პატივს იმ
ადამიანთა წრეს, სადაც იმყოფებიან ... მიმაჩნია, რომ ეს მისი გარემოცვის და თანამოსაუბრეების ბრალიც
არის, რადგანაც, თუ შენ ამის უფლებას არ მისცემ, ამ ადამიანთან აღარ გექნება ურთიერთობა რაღაც
დონეზე, ის შენთან ურთიერთობისას შეიკავებს გინებისგან თავს.

ელენე ყოველთვის ეუბნება გარშემომყოფ მამაკაცებს, რომ მისთვის არასასიამოვნოა გინების


მოსმენა. ისინი თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ ელენეს თხოვნას და მისი თანდასწრებით
აღარ იგინებიან. როგორც თავად ამბობს, ელენე ამ საკითხთან დაკავშირებით რადიკალია და თუ
კაცი მის თხოვნას არ მიაქცევს ყურადღებას და მისი თანდასწრებით ბილწსიტყვაობას
გააგრძელებს, ელენე მასთან ურთიერთობას გაწყვეტს. როგორც უკვე აღვნიშნე, „მაგინებელი“
მამაკაცის გარემოცვაში ყოფნა ჩემი ორივე რესპონდენტისათვის ძალიან უსიამოვნოა. ამ
დისკომფორტს ისინი იმით ხსნიან, რომ არ არიან შეჩვეულები ასეთ გარემოს:

იმ გარემოში, სადაც მე გავიზარდე და სადაც მე გამიტარებია ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, გინება არ
იყო მისაღები. ალბათ, რასაც მიჩვეული ხარ, იმას მარტივად იღებ და რასაც არ ხარ მიჩვეული, იმას
გამორიცხავ და შესაბამისად, გინება ჩემთვის მიუჩვეველი იყო და მერე მიუჩვეველი გახდა მიუღებელი
იმიტომ, რომ ეს არ არის კარგი საქციელი. (ელენე)

მე შეჩვეული არ ვარ, ეგეთ გარემოში არ გავზრდილვარ. მაღიზიანებს და ვერ ავიტან კაცის უხეშობას.
(თამუნა)

55
თამუნას განსაკუთრებით აღაშფოთებს ის შემთხვევები, როდესაც მამაკაცები საკუთარი
დედების თანდასწრებით იგინებიან. რესპონდენტები თვლიან, რომ მამაკაცებს ხშირი გინებით,
სურთ საკუთარი მამაკაცურობის დამტკიცება. ასევე შეიძლება მიაჩნდეთ გარკვეულ წრეში
თავის დამკვიდრების საშუალებად. როგორც უკვე აღვნიშნე, არც ელენე და არც თამუნა არ
თვლიან ასეთ კაცებს უფრო მამაკაცურებად და არც იმ აზრს იზიარებენ, რომ რაღაც
სიტუაციებში მამაკაცს, მის იმიჯს შეიძლება გინება „მოუხდეს“.

ეგრე თვითონ ის კაცი ფიქრობს, ვინც იგინება, რომ, ვითომ ამ სიუხეშით უფრო ვაჟკაცური გამოდის.
(თამუნა)

ჩემს კვლევაში ვცადე შემესწავლა და ამეხსნა ქალთა დამოკიდებულება „მაგინებელი“


კაცებისადმი. ვცადე გამეგო, როგორია მათი წარმოდგენები ამ საკითხთან დაკავშირებით.
აღმოჩნდა, რომ ჩემი რესპონდენტების დამოკიდებულება ერთმიშვნელოვნად ნეგატიურია. მათი
აზრით გინება არ არის მამაკაცურობის აუცილებელი ატრიბუტი. რამდენადაც ვიცი, წინა
თაობებში სწორედ ასეთი, ბილწსიტყვაობის მოყვარული, აგრესიული კაცები მიაჩნდათ
გოგონებს მამაკაცურობის ეტალონად. დღეს კი, მგონი, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება.

56
სალომე ღლონტი

რეალიზებული, დაუოჯახებელი ქალის იდეალური მამაკაცი საქართველოში

ჩემი კვლევა შეეხება საჯარო სივრცეში რეალიზებული ქალის წარმოდგენებს იდეალური ტიპის
მამაკაცის შესახებ. საინტერესოა, ჩვენს კონსერვატიულ საზოგადოებაში როგორ გრძნობს თავს
ის ქალი, რომელმაც წარმატებით დაძლია ცხოვრების გზაზე არსებული სიძნელეები და
კარიერულ წინსვლასთან ერთად პიროვნულ განვითარებასაც მიაღწია. საინტერესოა, როგორია
მისთვის იდეალური ურთიერთობა და სასურველი მამაკაცი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სტატია ეხება ქალის დამოკიდებულებას მამაკაცის მიმართ,
ყველაზე მართებულად მივიჩნიე კვლევა ამეგო მაიკლ კონელის ცნებებზე ჰეგემონური
მასკულინობისა და ხაზგასმული ფემინურობის42 შესახებ. კონელის მიხედვით ფემინურობისა
და მასკულინობის ურთიერთდამოკიდებულება ძირითადად ეფუძნება მამაკაცის დომინირებას
ქალზე. როგორც ავტორი აღნიშნავს, მამაკაცურობის ერთი, უპირატესი ტიპის ბატონობა,
(რომელსაც ის ჰეგემონურ მასკულინობას უწოდებს), ვრცელდება როგორც ქალებზე, ასევე სხვა
მამაკაცებზეც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო (სოციალური, სტატუსის, კლასის,
გენდერის, სექსულობის და ა.შ.) დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჰეგემონურ
მასკულინობასთან მიმართებაში კონელი განსაზღვრავს ფემინურობის სხვადასხვა ფორმას. ერთ-
ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მამაკაცის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული,
დამყოლი ქალის კატეგორია, რომელსაც იგი „ხაზგასმულად ფემინურად“ მოიხსენიებს. ჩემი
კვლევით იმის გაგებაც მინდოდა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ჩემი რესპონდენტი
„ხაზგასმულად ფემინური“ ქალის ტიპაჟს და რამდენად მოსაწონი იყო მისთვის მასკულინობის
ჰეგემონური ფორმა. კვლევის დაგეგმვით ეტაპზე მქონდა ვარაუდი, რომ ნებისმიერი ქალი,
მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, თუ კარიერული წინსვლისა, ახალისებს ჰეგემონურ
მასკულინობას და კომპლიციტურობას (დამყოლობას) ავლენს მის მიმართ. რა ბედი ეწია ჩემს
ჰიპითეზას, ამას ოდნავ მოგვიანებით გაიგებთ.

კვლევაში გამოვიყენე თვისებრივი მეთოდი, რესპონდენტთან ჩავატარე სიღრმისეული,


ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინტერვიუ ერთი
შეხედვით თავისუფალ საუბარს წააგავს, მე მაინც დამჭირდა საფუძვლიანი წინასწარი
მომზადება იმისთვის, რათა დეტალურად გამეგო ის საკითხები, რაც საკვლევი თემიდან
გამომდინარე ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ინტერვიუ ძირითადად მიმდინარეობდა ჩემს
მიერ წინსასწარ მომზადებული კითხვების საფუძველზე, თუმცა უშუალოდ საუბრის პროცესში
გაჩნდა რამდენიმე შეკითხვა, რაც აგრეთვე დავუსვი ინფორმანტს და მან თავისუფლად
მიპასუხა.

რესპონდენტს, რომელიც არის 37 წლის ჰეტეროსექსუალი ქალი, ნაცნობის დახმარებით


დავუკავშირდი. სტატიაში მას პირობითი სახელით, ნინოთი მოვიხსენიებ. ნინო არის გენდერის
მკვლევარი, რომელმაც სამაგისტრო კურსი ევროპაში გაიარა. ის ამჟამად საქართველოში

42კონელი, რ. (1987). "ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურობა", გენდერი და ძალაუფლება.


57
მოღვაწეობს და საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმით არის დაკავებული. ნინოს შევხდი
თბილისში, ერთ-ერთ კაფეში, საკმაოდ წყნარ გარემოში. ჩვენი საუბარი დაახლოებით 40 წუთს
გაგრძელდა. რესპონდენტისგან შინაარსიანი და საინტერესო პასუხები მივიღე.

მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი რამ, რაც ნინოსგან მოვისმინე, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ზემოთ უკვე მოგახსენეთ ჩემს ვარაუდზე, თუმცა გაირკვა, რომ ნინოს საერთოდ არ იზიდავს
ჰეგემონური მასკულინობის წარმომადგენლები. უფრო მეტიც, მის მოწონებას ისეთი მამაკაცები
უფრო იმსახურებენ, რომლებიც ხანდახან სისუსტეს ავლენენ, ხოლო თავად მას თავს ძლიერად
აგრძნობინებენ. ნინოს მოსწონს, როდესაც მამაკაცი აკეთებს იმას, რაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო,
კულტურამ ქალის „როლად“ მიიჩნია. ფაქტია, რომ მის მიერ დახასიათებული მამაკაცი
სრულიად განსხვავებულია ჰეგემონური მასკულინობის ტიპაჟისგან. როგორც აღმოჩნდა,
რესპონდენტისათვის ყველანაირ ურთიერთობებზე მაღლა ადამიანის უფლებები დგას,
რომელშიც, რა თქმა უნდა, ქალის უფლებებიც მოიაზრება, ამიტომაც მის თვალში ყველაზე
ღირსეული ის მამაკაცია, ვინც თანასწორობის პრინციპს აღიარებს. ნინოსთვის არაა
აუცილებელი პარტნიორი მამაკაცი მასზე უფროსი იყოს, თუმცა, როგორც ეს თავად აღიარა,
წარმოუდგენლად მიაჩნდა მსგავსი დამოკიდებულება ასაკთან მიმართებაში დაახლოებით 10
წლის წინ.

ნინომ ასევე აღნიშნა, რომ ასაკის ცვილებასთან ერთად მისთვის იცვლებოდა იდეალური
მამაკაცის ტიპიც. თუ 1990-იან წლებში, 16-17 წლის ასაკში, სხვა თანატოლი გოგონების მსგავსად
მასაც ე.წ. „კაი ბიჭები“ იზიდავდა, მოგვიანებით „კაი ბიჭი“ პროგრესულად მოაზროვნე,
ერუდირებულმა კაცმა ჩაანაცვლა. რესპონდენტის აზრით მისი „გემოვნება“ მამაკაცების მიმართ
აღარ შეიცვლება, რადგან ძირითადი ღირებულებები, ფასეულობები და პრინციპები მას უკვე
ჩამოყალიბებული აქვს, რის მიხედვითაც აფასებს კიდეც მამაკაცებს. მისთვის კარგი მამაკაცი
კარგი პარტნიორისა და კარგი მეგობრის ერთგვარი სინთეზია. ქმრის სტატუსში ნინოს უჭირს
მამაკაცის შეფასება, რადგან ქორწინებაში არასოდეს ყოფილა და ქორწინების ინსტიტუტის
მიმართაც არ აქვს „მთლად ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი დამოკიდებულება“.

უნდა აღინიშნოს, რომ ნინომ, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ქართულ ტრადიციულ ოჯახში,
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა დასავლეთში განაგრძო, რამაც, რა თქმა უნდა,
გავლენა იქონია მისი შეხედულებების (და ზოგადად აზროვნების) ტრანსფორმაციაზე და მასში
გარკვეული ღირებულებების გადაფასებას შეუწყო ხელი. ასე რომ, ბუნებრივია, მისი
შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება შესაბამისობაში საქართველოში გაბატონებულ
ტრადიციულ ღირებულებებთან. ეს მან თავადაც დაადასტურა:

დასავლეთში წასვლამ ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ პროფესიული დარგი და დისციპლინა, არამედ
სულ სხვა ასპექტები, მაგალითად, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. რაზეც ეჭვი მქონდა რომ
მნიშვნელოვანია, აღმოვაჩინე, რომ წვრილმანია, რომელსაც ჩვენი სტერეოტიპებით გაჯერებული
ყოველდღიურობა გვთავაზობს.

ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ნინოს ისეთი მამაკაცები იზიდავს, ვინც აღიარებს
თანასწორობის პრინციპს და არა ისინი, ვინც სტერეოტიპების ტყვეობაში იმყოფებიან და სხვა

58
„სიკეთეებთან“ ერთად, ქალებსაც არასათანადო განვითარების მქონე არსებებად მიიჩნევენ.
კონელის თეორიას რომ მივუბრუნდეთ ხაზგასმული ფემინურობის შესახებ და პარალელები
გავავლოთ მასთან, აღმოვაჩენთ, რომ ჩემი რესპონდენტი არაკომპლიციტურ, არადამყოლ
ფემინურობას განასახიერებს, რომლისთვისაც მამაკაცის ჰეგემონია კატეგორიულად
მიუღებელია. ამასთანავე, მისი სურვილია, მამაკაცი ინტერესდებოდეს და პატივს სცემდეს მის
საქმიანობას და მის მნიშვნელობას აღიარებდეს.

ეს ფაქტი კედევ ერთხელ ადასტურებს ნინოს უარყოფით დამოკიდებულებას ჰეგემონური


მასკულინობის მიმართ, რომლის მაგალითი ქართულ რეალობაში ე.წ. „კაი ბიჭია.“ იმ პერიოდს
ახლა სიცილით იხსენებს, როდესაც სწორედ ასეთი ბიჭები მოსწონდა:

18-19 წლის ასაკში ასეთი ბიჭები მომწონდა. სხვათა შორის, აგრესიულები იმდენად არა, რამდენადაც,
როგორ აგიხსნა ისიც არ ვიცი, ახლა მეცინება, როდესაც ამაზე ვფიქრობ... აი, რაღაცას ისეთს იტყოდნენ და
გვეგონა, რომ რაღაცა ჭკვიანური თქვა.. თან საქმიანობას ამდენად არ ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ
ვიცოდით, რომ იყვნენ „შავი გაგების“ ბიჭები.

როგორც ზემოთ ვახსენე, ნინოსთვის ქორწინება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი და


აუცილებელი მოვლენა, ამიტომაც ის ამჯობინებს მის გვერდით კარგი პარტნიორი და მეგობარი
იყოს, ვიდრე ქმარი, რომლის მიმართაც ზედმეტი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
დაეკისრება:

ქორწინების ინსტიტუტი არის ჩემთვის რაღაც იარლიყი, სახელდება გარკვეული ურთიერთობის..


გარკვეული თავისუფლება მაქვს ჩემი ცხოვრებაში, რასაც ვერ შევცვლი. კომპრომისებზე წასვლის
სურვილი არანაირად არ მაქვს.

ეს განაცხადი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ნინოს გაუჭირდებოდა ურთიერთობის


დამყარება ქართული ჰეგემონური მასკულინობის ტიპის მამაკაცთან, რომლისთვისაც ოჯახი და
მორჩილი მეუღლე მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემმა რესპონდენტმა განათლება ევროპაში მიიღო და ამან მის აზროვნებაზე მნიშვნელოვანი
გავლენა იქონია, მგონია, რომ მაინც იგრძნობა მასში ქართული კულტურისა და ტრადიციული
ოჯახის ზეგავლენა. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მის მიერ ნათქვამი მაძლევს:

ძალიან არ მომწონს ხელმომჭირნეობა. ეს შემომრჩა ბავშვობიდან. მაგალითად, მყავდა მამაჩემი და ის


კაცები, რომლებთან ერთადაც მე ვიზრდებოდი, რომლებიც მზრდიდნენ, რომლებიც ჩემს ირგვლივ იყვნენ
და ეს თვისება არ ჰქონდა არც ერთს ჩემს ირგვლივ, პირიქით.

ვვარაუდობ, რომ ჩემს რესპონდენტს ხელმომჭირნეობისადმი ანტიპათია ტრდიციული ოჯახის


გავლენით ჩამოუყალიბდა, სადაც იდეალური მამაკაცის ტიპაჟი ამ თვისების ფლობას
გამორიცხავდა.

ინტერვიუს ანალიზმა აჩვენა, რომ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. აღმოჩნდა, რომ ქალს,
რომელმაც ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება გადალახა, გადალახა აგრეთვე შინაგანი
წინააღმდეგობები და დღეს ის პროფესიულად შემდგარი, წარმატებული ადამიანია, სულაც არ
სურს საკუთარი ცხოვრება დაუკავშიროს ისეთ მამაკაცს, რომელიც მასზე ძლიერი იქნება და

59
ნინოზე, როგორც უფრო სუსტზე მზრუნველობას გამოიჩენს. ამრიგად, თავს უფლებას მივცემ
რესპონდენტს მარგინალი ქალი ვუწოდო, ვინაიდან ის უპირისპირდება საქართველოში
საყოველთაოდ აღიარებულ და გაბატონებულ შეხედულებებს.

ჩვენთან, სადაც მამაკაცების ძალიან დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ
ქალებიც ისეთივე უფლებებითა და მდგომარეობით უნდა სარგებლობდნენ, როგორც კაცები,
მსგავსი ტიპის მარგინალ ქალს, როგორიც ნინოა, ალბათ, გაუჭირდება ამ ტიპის კაცთან
ურთიერთობის დაჭერა. მგონია, რომ ისეთ მასკულინურ, პატრიარქალურ და ტრადიციულ
საზოგადოებაში, როგორიც ქართულია, ნინოს ტიპის წარმატებულ, თავისუფალ ქალს ბევრი
წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს, პირველ რიგში იმისთვის, რომ იბრძოლოს საკუთარი
შეხედულებების, ღირებულებების და თავისუფლების დასაცავად.

60
საბა ჩიხლაძე

ჰეგემონური მასკულინობა და იდეალური ქალი საქართველოში

საქართველოში, როგორც ერთ-ერთ პატრიარქალურ ქვეყანაში, წლების განმავლობაში დღის


წესრიგიდან ამოღებული იყო ყველანაირი დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ.
ბოლო ხანს, თითქოსდა წინა პლანზე წამოიწია ამ თემამ, რაც, ჩემი აზრით, ქალებზე ძალადობის
სააშკარაოზე გამოტანამ განაპირობა.

როდესაც საზოგადოებაში არსებულ გენდერულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია


ვიკვლიოთ როგორაა გამოხატული საზოგადოებაში მასკულინობა და ფემინურობა და როგორ
ურთიერთმიმართებაში არიან ისინი ერთმანეთთან. ამისათვის აუცილებელია გენდერული
ურთიერთობების საფუძვლიანად შესწავლა, კვლევა და დასკვნების გამოტანა. ჩემი ნაშრომიც
სწორედ ამ ურთიერთმიმართების ქართულ რეალობაში გაანალიზებას ეხება, კერძოდ კი, ჩემი
მიზანია გავიგო როგორია ქართველი ჰეგემონური მასკულინობის მატარებელი ახალგაზრდა
კაცის დამოკიდებულება ხაზგასმული ფემინურობისადმი და რამდენად განაპირობებს
ხაზგასმული ფემინურობის ზოგად მახასიათებლებს ჰეგემონური მასკულინობის მოთხოვნები.
ამისათვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიგო როგორია ჰეგემონური
მასკულინობის წარმომადგენლისთვის იდეალური ქალი. კვლევის ძირითადი კითხვაც
ჰეგემონური მასკულინობის წარმომადგენლის იდეალური ქალის ტიპის შესწავლას ეხება.

სანამ უშუალოდ კვლევაზე გადავიდოდე, მოკლედ მიმოვიხილავ კვლევის თეორიულ ჩარჩოს,


რათა უფრო გასაგები გახდეს რას ნიშნავს ჰეგემონური მასკულინობა, ხაზგასმული ფემინურობა
და რა ურთიერთმიმართებაში არიან ისინი ერთმანეთთან.

მასკულინობის გაგება გულისხმობს მამაკაცურ თვისებათა და ქცევათა ერთობლიობას,


რომელიც აღიარებულია კულტურის მიერ და განასხვავებს ქალს კაცისგან. მასკულინობა
მამაკაცების ქალებზე გლობალური დომინაციის ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელიც ემყარება
კულტურაში მამრობითი სქესის პრიორიტეტულობას და წარმოადგენს პატრიარქატის მთავარ
ქვაკუთხედს43. მასკულინობები სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად კონსტრუირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ერთ კულტურაში აღიარებულ მასკულინობასაც ახასიათებს სხვადასხვა
სახეები და ერთგვარი იერარქიები. ჰეგემონური მასკულინობა ამ იერარქიული საფეხურის
სათავეშია მოქცეული. ის წარმოადგენს დომინანტური კულტურის მიერ მოწონებულ და
აღიარებულ მასკულინობას, რომლის მოპოვებაც არ ხდება ძალადობით ან იარაღის მუქარით,
არამედ ჰეგემონიას განაპირობებს ეკონომიკური უპირატესობები, რელიგიური დოქტრინები და
ა.შ. კონელი აღნიშნავს, რომ ჰეგემონია მყარდება მაშინ, როცა კულტურული იდეალი და
ინსტიტუციონალური ძალაუფლება ერთმანეთს ემთხვევა44.

როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის მამაკაცურ მახასიათებლებზე, აუცილებელია გამოვყოთ


ქალური ანუ ფემინური მახასიათებლებიც, რადგან ფემინურობის, „ქალურის“ განსაზღვრის

43
კონელი, რ. (2005). "მასკულინობის სოციალური ორგანიზება", მასკულინობები.
44 იქვე.
61
გარეშე მასკულინობაზე საუბარსაც აზრი არ ექნებოდა. დომინანტურ კულტურაში, როგორც
მასკულინობას, ასევე ფემინურობასაც გააჩნია სხვადასხვა სახეები. მიუხედავად იმისა, რომ არ
არსებობს იმ ტიპის ფემინურობა, რომელიც იმავე გაგებით ჰეგემონური იქნებოდა, როგორც ეს
მასკულინობის შემთხვევაშია, ხაზგასმული ფემინურობა პატრიარქატულ საზოგადოებაში
ყველაზე წახალისებული და გაიდეალებულია. ხაზგასმული ფემინურობა პირდაპირაა
დამოკიდებული ჰეგემონური მასკულინობის მოთხოვნილებებზე და ზოგად წარმოდგენებზე.
კონელი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ფემინურობა პერფომატიულია და მისი პერფომანსი პირველ
რიგში ხდება კაცისთვის45.

ჩემი კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე რესპონდენტთან ჩავატარე სიღრმისეული ინტერვიუ,


რომელმაც მას საშუალება მისცა მაქსიმალურად ბევრი ესაუბრა თემის გარშემო და გამოეყო
მისთვის მნიშნელოვანი საკითხები. კითხვარი 16 ღია კითხვისაგან შედგებოდა.

ჩემი რესპონდენტი უნდა ყოფილიყო ჰეგემონური მასკულინობის წარმომადგენელი, რომელსაც


ექნებოდა სოციალური ძალაუფლება, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სხვა, ჰეგემონური
მასკულინობისთვის მახასიათებელი თვისებები. თავიდან რამდენიმე რესპონდენტმა კვლვევის
თემატიკისა და მეთოდოლოგიის გაგების შემდეგ უარი მითხრა ინტერვიუზე, თუმცა,
საბოლოოდ, მეგობრის დახმარებით დავუკავშირდი 22 წლის სტუდენტს. როგორც ჩემმა
მეგობარმა აღნიშნა, ის პრივილეგიებული იყო თავის სამეგობრო წრესა და გარემოცვაში,
პოპულარობით სარგებლობდა გოგონებში, გარკვეული დროის მანძილზე მუშაობდა და იყო
ეკონომიკურად დამოუკიდებელი. რესპოდენტს პირობითად დავარქვი ირაკლი. ინტერვიუ
ჩავატარე უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 40
წუთი.

როგორც შესავალში აღვინშნე, ჩემი მიზანი იყო განმესაზღვრა ჰეგემონური მასკულინობის


მატარებელი კაცის იდეალური ქალი და გამეგო რამდენად ერგებოდა მისთვის იდეალური
ქალის ტიპი მხოლოდ ქართულ რეალობას. რესპოდენტმა ინტერვიუს დასაწყისშივე გამიჯნა
ქართველი ქალის ზოგადი მახასიათებლები უცხოელი ქალის მახასიათებლებისგან. ირაკლის
საუბრიდან კარგად გამოჩნდა, რომ იგი ქალს მოიაზრებს ან როგორც პოტენციურ სექსუალურ
პარტნიორს, ან როგორც ცხოვრების მომავალ მეგზურს. სექსუალურ პარტნიორს ძირითადად
უცხოელი ქალის იდეალურ ტიპს უკავშირებს, მისთვის უცხოელი ქალი ასოცირდება
თავისუფლებასთან და გართობასთან, ხოლო ქართველი ქალი მომავალ მეუღლესთან და
შვილების დედასთან. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ირაკლის დამოკიდებულება რიგ
საკითხებთან მიმართებაში, სადაც საჯაროდ მას თითქოს ლმობიერი დამოკიდებულება აქვს,
მაგრამ როცა საქმე მის პირად ცხოვრებას ეხება, იგივე საკითხებთან დაკავშირებით აზრს
იცვლის.

კითხვაზე, თუ რამდენად განსაზღვრავდა მისთვის რელიგიური კუთვნილება იდეალური ქალის


ტიპს, ირაკლიმ აღნიშნა, რომ, ზოგადად, დიდ მნიშნვნელობას არ ანიჭებდა რელიგიურ

45
კონელი, რ. (1987). "ჰეგემონური მასკულინობა და ხაზგასმული ფემინურობა", გენდერი და ძალაუფლება.

62
კუთვნილებას, მთავარი იყო ადამიანის შინაგანი კულტურა, მაგრამ მისთვის, როგორც
მართლმადიდებელი ადამიანისთვის პარტნიორად მაინც სასურველი იქნებოდა თავისი
აღმსარებლობის ადამიანი:

ისე, ალბათ, ჩემთვის სასურველი იქნებოდა მართლმადიდებელი რო იყოს იმიტო, რო მაინც


ღირებულებები ახლოს არის და სულიერი სიახლოვე შეიძლება უფრო იპოვო ასეთ ადამიანთან, მაგრამ
ისევ და ისევ ვამბობ, რომ შინაგანი კულტურა, განათლება, ეთიკა, ზრდილობა და რა ვიცი, ყველაფერი
უნდა იყოს მასში და ეს უფრო მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სოციალურ სტატუსს, მისთვის იდეალური ქალის სტატუსი დიასახლისი და დედაა.
ირაკლისთვის აუცილებელია ქალს ჰქონდეს განათლება, მაგრამ თვლის, რომ იდეალურმა ქალმა
ეს განათლება შვილების აღზრდაში უნდა გამოიყენოს :

პირველ რიგში, ზოგადი განათლება უნდა ქონდეს, ჩემი აზრით და, თუ მას ვუყურებ, როგორც მომავალ
დედას, ჩემი შვილების აღზრდა უნდა შეეძლოს, უნდა ერკვეოდეს ყველაფერში.

რესპონდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის ქართველი ქალი ასოცირდება პირველ რიგში
დედასთან. ასევე ხაზგასასმელია მისი დამოკიდებულება იმ ქალების მიმართ, რომლებიც უარს
აცხადებენ ქორწინებაზე, თუმცა ცხოვრების მანძილზე ჰყოლიათ რამდენიმე პარტნიორი.
კითხვაზე, თუ როგორი იყო მისი დამოკიდებულება ე.წ. გაუთხოვარი ქალების მიმართ, მან
შემდეგნაირი პასუხი გასცა: „ნუ, ალბათ, კარგი სექსუალური პარტნიორი იქნებოდა“. ამ
განაცხადმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ირაკლისთვის ოჯახი მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს ქალის სოციალურ სტატუსს.

განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ირაკლისთვის საერთოდ ამოვარდნილია იდეალური


ქალის განსაზღვრების კონტექსტიდან. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენდა,
რომ მისი ფავორიტი ქალი ჰომოსექსუალი იყო, იგი სრულ „იგნორირებას გაუკეთებდა“ მას.

იდეალური ქალზე საუბრისას რესპონდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოჯახის


თემა. გარდა იმისა, რომ იდეალურ ქალი მისთვის ასოცირდება მეოჯახე ქალთან და მომავალ
დედასთან, ირაკლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ოჯახური წარმომავლობა. როგორც
იგი აღნიშნავს, მთავარი თვითონ ადამიანი და სიყვარულია, მაგრამ თუ მომავალი პარტნიორის
წარმომავლობა საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს ფაქტი ძალიან შეაწუხებდა:

ქართველი ადამიანისთვის აქვს მაინც გარკვეული მნიშნველობა ოჯახს.. შეიძლება შენი მშობლები
გაანაწყენო, ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა სხვანაირად შემოგხედონ მაინც. მაინც შენ ნაბიჯში
თავისუფალი ხარ, მაგარამ, თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, მაინც შეიძლება რაღაც შებოჭილი იყო და ეს
უსიამოვნება არავის არ სურს.

ასევე ხაზგასასმელია ირაკლის მიერ მოცემული ქართველი ქალის ფემომენის განსაზღვრება:

ქართველი ქალი ჩემთვის არის კდემამოსილების განსახიერება.. ჩემი აზრით ის განსხვავებულია სხვა
ეროვნების ქალებისგან იმით, რომ პრინციპულია უფრო, უფრო კდემამოსილია და რაღაც გარკვეულ
ფენომენს წარმოადგენს.

63
ირაკლის საუბარში ნათლად გამოიკვეთა ქართული ჰეგემონურის მასკულინობის მხრიდან
შექმნილი იდეალური ქალის იმიჯი, რომელიც ქართულ რეალობაში კონსტრუირებული
ხაზგასმულად ფემინური ქალია: დიასახლისი, კარგი დედა, ერთგული მეუღლე და
ოჯახისშვილი.

ჩემი კვლევით შევეცადე ფორმულირება გამეკეთებინა ამ იმიჯისთვის - იდეალური ქალი


ახალგაზრდა ქართველი კაცისთვის განისაზღვრება მისი სოციალური სტატუსით,
საზოგადოების მხრიდან მისი აღიარებით, ასევე რელიგიური კუთვნილებითა და მკაცრად
განსაზღვრული ჰეტეროსექსუალობით. იდეალური ქალის იმიჯის შექმნისას რესპონდენტი
პირდაპირ უკავშირებდა მისთვის გაიდეალებულ ქალს ქართველობას და ქართულ ტრადიციებს
და უპირისპირებდა მას არაქართველ, სექსუალურად თავისუფალ ქალს, რომელთანაც მხოლოდ
არასერიოზული და დროებითი ურთიერთობის გაბმა არის მისაღები.

ამ მაგალითიდან ასევე ჩანს, თუ რატომ არის ხაზგასმული ფემინურობის წარმომადგენლთათვის


მნიშვნელოვანი ჩაჯდეს გარკვეულ ჩარჩოებში, ყურადღება მიაქციოს თავის სოციალურ
სტატუსს, მოერგოს საზოგადოების ინტერესებს. ის იძულებულია დაუახლოვდეს იდეალურ
ქალის ტიპს და იყოს ყოველთვის პერფორმატული ჰეგემონურ მასკულნობასთან მიმართებაში.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ურთიერთმიმართება არის მამაკაცების
ქალებზე გლობალური დომინირების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რომელიც მუდმივად
განაპირობებს ქალების ჩაგვრას, მათთვის არჩევანისა და თავისუფლების შეზღუდვას, როგორც
საჯარო, ასევე პრივატულ სივრცეში. ქართულ რეალობაში ეს ურთიერთმიმართება
ჩამოყალიბებულია ერთგვარ დოგმად, ტრადიციის ნაწილად, რომლის გამყარებასაც მუდმივად
უწყობს ხელს სხვადასხვა რელიგიური დოქტრინები, ეკონომიკური სისტემა და საზოგადოების
მეინსტრიმული შეხედულებები.

ჩემი აზრით, მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს - ხაზგასმული


ფემინურობა ქართულ პატრარქალურ კონტექსტშიც ჰეგემონური მასკულინობის
მოთხოვნებიდან გამომდინარე კონსტრუირდება და მასზეა „მორგებული“.

64
რევაზ ხუნწელია

გენდერი ქართულ მოხალისეობრივ პრაქტიკაში

ქართულ არაფორმალურ მოხალისეობას დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. საქართველოში


გავრცელებულია შიდა ჯგუფური სოლიდარობა, რის გამოც ადამიანები საჭიროების
შემთხვევაში, დახმარების მიზნით ძალიან ხშირად მიმართავენ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.
თუმცა, ამის პარალელურად, ფორმალიზებული მოხალისეობა არც ისე განვითარებულია,
ძალიან ცოტა ადამიანი არის არის ჩართული მსგავს მოხალისეობრივ პრაქტიკაში. კავკასიის
კვლევითი რესურს ცენტრის (CRRC) 2011 წლის კვლევის შედეგებმა46 აჩვენა, რომ
გამოკითხულთა 61% ბოლო 6 თვის განმავლობაში დახმარებია მეგობარს ან მეზობელს
სხვადასხვა ყოფითი საქმეების მოგვარებაში, როგორიცაა ბავშვის მოვლა, სახლის ან ეზოს
დალაგება და ასე შემდეგ.47 გარდა ამისა, უმეტესობა აცხადებს, რომ ბოლო თვეებში მიუცია
ფული მათხოვრისთვის ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის
დამახასიათებელია ერთგვარი ალტრუისტული მოხალისეობა მიკრო დონეზე, ძალიან დაბალია
იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც გაწევრიანებულია სხვადასხვა მოხალისეობრივ კლუბებსა თუ
ორგანიზაციებში. მათი წილი 1%-ს არ აღემატება48.

ჩემი პირადი მოხალისეობრივი საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უმეტესად


„სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარებთან ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. ამ
დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას
საჭიროებენ (სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მარტოხელა
მოხუცები და ა.შ). აქვე ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ბენეფიციარები მუშაობენ და
სხვადასხვა ტიპის ხის მასალას ამზადებენ. ისინი გადიან არტთერაპიის კურსსაც. ჩემი
მოხალისეობრივი პრაქტიკის დროს ერთ-ერთი თვალშისაცემი დეტალი იყო მოხალისეთა
გენდერული დისბალანსი, ანუ ჩემს ირგვლივ მოხალისეთა 90%-ს შეადგენდნენ გოგონები.
დამაინტერესა რა განაპირობებდა ამ დისბალანსს და ვივარაუდე, რომ მამრობითი სქესის
მხრიდან ასეთი პასიურობა სამუშაოების ტიპის მასკულინურ სტანდარტებთან შეუსაბამობით
იყო გამოწვეული, ანუ შესასრულებელი სამუშაოების ტიპი არ ითვლებოდა „კაცურ“
საქმიანობად. მაგალითად, სუფრის გაწყობა, დალაგება, დასუფთავება ან ჭურჭლის რეცხვაში
მიხმარება. ჩემი ვარაუდის გადამოწმება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ვერ აღმოვაჩინე
საქართველოში ჩატარებული კვლევა, რომელიც მოხალისეობას გენდერული კუთხით
შეისწავლიდა. შესაბამისად, გადავწყვიტე მე თვითონ შემემოწმებინა ჩემი ჰიპოთეზა, რომელიც
გულისხმობდა, რომ მამაკაცთა მოხალისეობრივ საქმიანობაში პასიურობას განაპირობებდა ამ
სამუშაოების „არამამაკაცური“ ხასიათი. ჩემი კვლევის მიზანი იყო დამედგინა, თუ რა გავლენას
ახდენს გენდერი მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვაზე და გამეგო რა ფაქტორები

46
ჰაუ, ლ. (2011). მოქალაქეთა დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა დასოციალური
აქტივობებისადმი.
47 კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი (2012), მოხალისეობა საქართველოში: კვლევის დასკვნები და

რეკომენდაციები.
48 იქვე.
65
განაპირობებს კაცების უფრო ნაკლებ ჩართულობას მოხალისეობრივ საქმიანობაში ქალებთან
შედარებით.

პოსტსაბჭოთა სივრცეში 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, სადაც


შრომის ბაზრის გენდერული ასპექტები იკვლიეს49. აღმოჩნდა, რომ გენდერული უთანასწორობა
შრომის ბაზარზე როგორც ქალებს, ისე კაცებს მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს,
განურჩევლად მათი ინდივიდუალური თვისებებისა, სურვილებისა, თუ წარმოდგენებისა. ამ
კვლევებში გამოიკვეთა, რომ მომსახურეობის სფეროში მუშაობა კაცურ საქმიანობად არ
ითვლება, ამიტომ კაცები უფრო მძიმე სამსახურს თანხმდებიან. „მძიმე“ ტიპის სამუშაო კი
მასკულინურ კრიტერიუმებს შეესაბამება.

ჩემი კვლევისთვის ჩავატარე ორი სიღრმისეული ინტერვიუ. რესპონდენტები იყვნენ სხვადასხვა


სქესის მოხალისეები (პირობითად გიორგი და მარიამი, სტუდენტები, ორივე მათგანი 22 წლის.)
მათ რამდენიმე წლიანი მოხალისეობრივი პრაქტიკა ჰქონდათ გავლილი. მათი მოხალისეობრივი
საქმიანობა მოიცავდა მოხუცების დახმარებას მათთვის განკუთვნილ სპეციალურ
დაწესებულებაში და ასევე სოციალური თერაპიის სახლში განხორციელებულ სამუშაოებს.
ინტერვიუები ჩავწერე უნივერისტეტის აუდიტორიებში, მშვიდ და კომფორტულ გარემოში,
ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. რესპონდენტებმა საკმაოდ თავისუფლად უპასუხეს დასმულ
კითხვებს.

ჩემთვის პირველი საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ რესპონდენტებს არ ჰქონდათ წინასწარი
სპეციალური ტრენინგი გავლილი მოხალისეობის დაწყებამდე. უფრო მეტიც, მათ არ ჰქონდათ
საკმარისი ინფორმაცია იმ სამუშაოზე, რომელიც უნდა შეესრულებინათ. მათთან საუბარში
გამოიკვეთა, რომ ინფორმაციული ვაკუუმი სხვა მოხალისეებსაც აწუხებდათ. მარიამმა საუბარში
ისიც აღნიშნა, რომ თავიდან მოახილსეობაზე უარის თქმასაც აპირებდა, თუმცა შემდგომ
გადაწყვეტილება შეცვალა.

ორივე რესპონდენტმა განაცხადა, რომ, ზოგადად, მოხალისეობაში დაბალ ჩართულობას


განსაზღვრავს ის ფაქტორი, რომ ეს არაანაზღაურებადი საქმეა. რაც შეეხება გოგონების მეტ
აქტიურობას, გიორგის ახსნა-განმარტება ამასთან დაკავშორებით ესენციალიზმით იყო
გაჯერებული:

ქალი უფრო თბილი არის მამაკაცთან შესარებით და მას უფრო უჩნდება, ვთქვათ, სიკეთის გაკეთების
სურვილი, ვიდრე მამაკაცს.. ბიჭებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ რაღაც სიკეთით და უანგაროდ
შეიძლება გააკეთონ.

გიორგისგან განსხვავებით ქალის და კაცის მიერ სამუშაოების დანაწილების სტანდარტებზე


საუბრისას მარიამმა ყურადღება გაამახვილა კულტურულ ფაქტორზე, ანუ საქართველოში
არსებულ სტანდარტებზე:

49
ტარტაკოვსკაია, ი. (2006) „მასკულინობა -ყველა კაცი საზიზღარია?“ გენდერი დამწყებთათვის.
66
ზოგადად, საქართველოში ესეთი კულტურა გვაქვს, რომ დაყოფილი გვაქვს პროფესიებიც.. ეს
ქალის საქმეა, ეს კაცის საქმეა. ამის მიხედვით განვსაზღვრავთ.. ქალი ჯარში იმიტომ არ უნდა
წავიდეს, რომ ეს მამაკაცურია და მამაკაცური ქალს არ მოეთხოვება..

ამ დეტალზე მარიამმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა, როცა ვკითხე რამდენად


უქმნიდა კონკრეტული სამუშაოები პორბლემას ბიჭ მოხალისეებს. მისი თქმით მოხუცების
დახმარება გარკვეული ჰიგიენური ტიპის სამუშაოებში ბიჭებისთვის „შეუსრულებელი მისიაა.“
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გიორგის პასუხი. მან დაადასტურა, რომ ბიჭები უპრობლემოდ
თანხმდებიან ფიზიკურ სამუშაოს, სიმძიმეებთან მუშაობას, ნივთების გადატანას, თუმცა ძალიან
მცირე ნაწილია მზად იმუშაოს რეგისტრატორად, ან მოხუცთან, ან საინფორმაციო კომიტეტში.
მიზეზის განმარტება საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა მისთვის:

უტყდებოდათ რა, უტყდებოდათ. რაღაც ისეთი მენტალიტეტი აქვთ, რომ ტეხავს.

გიორგიმ აღნიშნა, რომ „კათარზისში“ მუშაობის პერიოდში ის ერთადერთი ბიჭი იყო


მოხალისეებს შორის. მენტალიტეტით ახსნა მარიამმა ის, რომ მასაც ძირითადად გოგონებთან
ერთად უწევდა მუშაობა. კითხვაზე, თუ რატომ არ არიან ბიჭი მოხალისეები, მან უპასუხა:

ისევ მენტალიტეტიდან გამომდინარე საქართველოში ცოტა სხვანაირად ესმით... არ არიან


გათვიცნობიერებული ამ სფეროში, არც აინტერესებთ, ინტერესი არ აქვთ...

ინტერვიუებიდან საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები


სხვადასხვა სქესის იყვნენ, ისინი ერთნაირი რაკურსით უყურებდნენ პრობლემებს,
ასახელებდნენ ერთი და იგივე მიზეზებს, რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობაში გენდერულ
დისბალანსს ხსნიდა მათი აზრით. მიზეზებად განისაზღვრა გენდერული სტანდარტები,
მენტალიტეტი, კულტურული ფაქტორები და ა.შ. გაჟღერდა განათლების პრობლემაც, რაშიც
იგულისხმებოდა ინფორმაციის ნაკლებობა მოხალისეობაზე და სამოქალაქო ცნობიერების
დაბალი დონე საქმის უანგაროდ კეთებასთან დაკავშირებით.

აღმოვაჩინე, რომ ბიჭების პასიური ჩართულობა არ იყო მხოლოდ ჩემი საკუთარი


მოხალისეობრივი პრაქტიკის სპეციფიკა. მსგავსი დისბალანსი გვხვდებოდა ყველა სფეროში,
დაწყებული გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, თუ კულტურის სფეროში მოხალისეობით,
დამთავრებული განათლების ან ტურიზმის სფეროთი. საინტერესო დეტალი იყო ისიც, რომ
რესპონდენტებმა პრობლემის ახსნისას ძირითადი აქცენტი გააკეთეს კულტურულ გავლენებზე
და სამუშაოს ტიპის გადანაწილების სტანდარტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები ცალსახად აფიქსირებდნენ მოხალისეობრივი


საქმიანობის გენდერული სეგრეგაციისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას, ორივე მათგანი
ამას მაინც ნორმად აღიქვამდა. ისინი თავიანთი შეხედულების მიხედვითაც ყოფდნენ
სამუშაოებს კაცისთვის უფრო შესაფერისად და არაშესაფერისად. იგივე ხდებოდა ქალებთან
მიმართებაშიც. რესპონდენტთა პასუხებით ცალსახად დადასტურდა ჩემი ჰიპოთეზის
დებულება, რომ მამრობითი სქესის მხრიდან პასიურ სამუშაოდ აღქმული სამუშაოების ტიპის
მასკულინურ სტანდარტებთან შეუსაბამობით იყო გამოწვეული. სამუშაოს სიმძიმეც, სწორედ

67
მის კულტურულ აღქმაში გამოიხატებოდა. მაგალითად, მამრობითი სქესისთვის უფრო „მძიმე“
სამუშაო იყო მოხუცების მომსახურება, ვიდრე სიმძიმეების გადატანა და სხვა ფიზიკური
სამუშაოები. ეს დეტალი თანაბრად გამოიკვეთა ორივე რესპონდნენტის პასუხებში, თუმცა
გიორგიმ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, რომ პრაქტიკულ სამუშაოებში
მოხალისეთა ჯგუფის ძალიან ჰომოსოციალური იყო. გოგონები ცალკე აკეთებდნენ საქმეს,
ბიჭები კი ცალკე და მათი საქმიანობა თანამედროვე ქართული კულტურული სტანდარტებით
იყო შთაგონებული. რესპონდენტებმა ჰომოსოციალურობა მენტალური თავისებურებებით
ახსნეს, რომელიც თანაბრად გაზიარებულია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და
მიუხედავად რესპონდნეტთა ლატენტური პროტესტისა, ამ თემაზე მკვეთრი შეფასება არ
გაჟღერებულა „ჩვენთან ხო ასეას“ პრინციპით.

ძალიან საინტერესო იყო რესპონდენტთა მხრიდან ქართული მენტალიტეტის და მასკულინობის


ეკონომიკის ენაზე თარგმნა. ორივე მათგანმა ჩათვალა, რომ ანაზღაურების შემთხვევაში ზემოთ
ჩამოთვლილი ფაქტორები ხელს არ შეუშლიდა მამაკაცებს იმ სამუშაოს შესრულებაში,
რომელზეც ისინი უარს ამბობდნენ როგორც მოხალისეობრივ აქტივობაზე. ამაზე დაყრდნობით
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კულტურული და მასკულინური პრინციპები რესპონდნენტებს
საკმაოდ ფლექსიბელურ კატეგორიებად მიაჩნიათ. რესპონდნენტთა ვარაუდით, იგივე კვლევის
ჩატარება ანაზღაურებად სამუშაოზე მყოფ ადამიანებზე განსხვავებულ შედეგს მოგვცემდა,
რადგან ანაზღაურების სანაცვლოდ (მათი აზრით) მამაკაცები გააკეთებდნენ „არამამაკაცურ“
საქმეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. მოხალისეობრივ საქმიანობაში კიმ ფაქტია, რომ
მამაკაცები თავს იკავებენ გარკვეული ტიპის მომსახურების შესრულებისგან. საკუთარი
გამოცდილების დამატებით შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ხშირად შევხვედრივარ ბიჭების
მხრიდან სამუშაოს დანაწილების დროს ისეთი მკაცრი ფილტრის გამოყენებას, რომელსაც ისეთი
მარტივი სამუშაოც კი ვერ გადიოდა, როგორიცაა ბუკლეტების დარიგება. ამ შემთხვევაში
სპეციფიური კულტურულ-გენდერული ნორმები ძირითადი ბარიერია. ქალისთვის ეს ბარიერი
არ არსებობს, რადგან მომსახურების ეს სფერო, მოვლა, ზრუნვა უმეტესწილად ქალურ
საქმიანობად აღიქმება. ხაზგასასმელია, რომ გიორგიმ თავის მოხალისეობრივ საქმიანობას (და
მასკულინობასაც) გენდერული კლიშეებისან ოდნავ განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა.
გიორგის აზრით მისი მოხალისეობა, პირველ რიგში, სიკეთეს ემსახურება, სიკეთის კეთება კი,
როგორც ის ამბობს, არანაირი ფორმით არ „ტეხავს“.

68
მასკულინობის კვლევები, 2014.

© ავტორები.

© გენდერის კვლევის ინსტიტუტი.

69

You might also like