You are on page 1of 11

მეწარმე სუბიექტთა ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

ხელმძღვანელობისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის ცნება

ბიზნეს სუბიექტის ხელმძღვანელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია


მეწარმეობის სამართლებრივი რეგულირების, როგორც სასწავლო დისციპლინისათვის.
მეწარმე სუბიექტები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ ხელმძღვანელთა
მეშვეობით. სწორედ ხელმძღვანელის ნიჭსა და უნარზე, გამოცდილებასა და
შესაძლებლობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებული იქნება მეწარმე
სუბიექტის საქმიანობა. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობა ნიშნავს აღნიშნული
სუბიექტის საწარმოო საქმიანობის გაძღოლას, მისი ქონების მართვას, მუშა-
მოსამსახურეთა დაქირავებას, მათი ფუნქციების გადანაწილებას და სხვა
უფლებამოსილების განხორციელებას. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობა
ძირითადად შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობაა, რასაც საფუძვლად უდევს
თავისუფლების პრინციპი. ამიტომაც ხელმძღვანელობის უფლებამოსილების
მომწესრიგებელი `მეწარმეთა შესახებ~ კანონისეული ნორმები ძირითადად
დისპოზიციურ ხასიათს ატარებს და პარტნიორთა გადასაწყვეტია ხელმძღვანელის
უფლებამოსილების განსაზღვრა, რაც მეწარმე სუბიექტის წესდებაში აისახება. თუ
წესდებით კანონის დისპოზიციური ნორმებიდან განსხვავებული წესი იქნება
დადგენილი, მაშინ სამართლებრივ ურთიერთობებში წესდების დებულებებს ექნება
უპირატესი ძალა კანონის შესაბამის ნორმებთან შედარებით, ხოლო თუ წესდებით ეს
საკითხი არ იქნება გათვალისწინებული მაშინ იმოქმედებს კანონის ნორმები. თუმცა
არის ისეთი კანონისმიერი დებულებები, რომლებიც იმპერატიულად განსაზღვრავენ
მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ფარგლებს და მათი შეცვლა
წესდებით დაუშვებელია.
იმისათვის, რომ ხელმძღვანელის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს
გავეცნოთ თავდაპირველად უნდა გაირკვეს თუ რა მიიჩნევა ხელმძღვანელობით
საქმიანობად. საზოგადოდ ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება,
რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მეწარმე სუბიექტის მიზანს.
`მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში
საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას. ზოგადად მეწარმე სუბიექტის
მიზანია საქმიანობის შედეგად მოგების მიღება. თუმცა მეწარმე სუბიექტს თავისი
წესდებით შეიძლება რაიმე კონკრეტული მიზანი ჰქონდეს დასახული. ამიტომ იმის
განსაზღვრისათვის, რომ ხელმძღვანელის ქმედება ემსახურება თუ არა საზოგადოების
მიზანს, როგორც კანონიდან ასევე წესდებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს.
ზოგადად ეს მოქმედება მიზნად უნდა ისახავდეს მეწარმე სუბიექტისათვის საჭირო
ქმედების განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც პირდაპირ
მოქმედებაში ასევე არაპირდაპირ მოქმედებაში.

ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირები


`მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს. ხელმძღვანელობის
უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა
პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – პერსონალურად პასუხისმგებელ
პარტნიორებს – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი
იურიდიული პირის შემთხვევაში - მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში –
დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
გარდა მე-9 მუხლისა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული წესები მოცემულია
`მეწარმეთა შესახებ~ კანონის სხვა ნორმებშიც. ხსენებული კანონის 23-ე მუხლში
ადგენს, რომ სპს-ში ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები და მათი
უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება კანონითა და საზოგადოების წესდებით,
37-ე მუხლის განსაზღვრავს, რომ კს-ში შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები) არ
მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში, საწარმოს წესდებით შეზღუდულ
პარტნიორს (კომანდიტს) შეიძლება მიენიჭოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება,
47-ე მუხლი ადგენს, რომ შპს-ში დირექტორის კომპეტენცია განისაზღვრება კანონითა
და წესდებით, 56-ე მუხლი ადგენს, რომ სს-ში დირექტორთა უფლებამოსილება
განისაზღვრება წესდების შესაბამისად მათთან დადებული ხელშეკრულებით,
წესდებაში ამგვარი დანაწესების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება კანონით
დადგენილი ზოგადი უფლებამოსილებანი, 66-ე მუხლის თანახმად კოოპერატივის
წესდება შესაძლებელია ხელმძღვანელობის კანონისაგან განსხვავებულ პირობებსაც
ითვალისწინებდეს. ინდივიდუალური მეწარმის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით
კანონი არაფერს არ საუბრობს და ეს ბუნებრივია რადგანაც ფიზიკური პირის მიერ
განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმაა. თუმცა შესაძლებელია
ინდივიდუალურმა მეწარმემ თავისი საქმიანობის ხელმძღვანელობა მიანდოს მისთვის
სასურველ ნებისმიერ პირს და ამის უამრავი პრაქტიკული მაგალითი არსებობს.
ამრიგად, მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს ხელმძღვანელობითი
უფლებამისილების მქონე პირთა წრის საკითხი კანონისგან განსხვავებულად
მოაწესრიგოს. 2008 წლის 14 მარტის ცვლილებებამდე ეს საკითხი იმპერატიულად
იყო განსაზღვრული. `მეწარმეთა შესახებ~ კანონის აღნიშნული ნორმის ამგავრი
ფორმულირებით ჩამოყალიბება პარტნიორებს უფლებას აძლევს ნებისმიერ
სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობა განახორციელოს
როგორც პარტნიორმა ასვე არაპარტნიორმაც, რასაც აქამდე ვერ ვიტყოდით სპს-სა და
კომანდიტური საზოგადოებისათვის.
ჩვენს ყოველდღიურ სინამდვილეში მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელს
მოიხსენიებენ სხვადასხვა სახელწოდებით. ასეთი შეიძლება იყოს პრეზიდენტი,
გენერალური დირექტორი, მენეჯერი, გამგეობა (კოოპერატივის შემთხვევაში) და ა. შ.
რა სახელწოდებითაც არ უნდა მოიხსენიებოდეს მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელი
მასში მოიაზრება `მეწარმეთა შესახებ~ კანონით განსაზღვრული ხელმძღვანელობა.
ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) უფლებამოსილი პირის (ორგანოს)
განსაზღვრა ბიზნეს სუბიექტის დაფუძნებისა და რეგისტრაციისთანავე ხდება.
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ:
ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება
რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე;
ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება
რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე;
გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია
გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ცნობილია
ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად.

ხელმძღვანელობის ფორმები

როგორც აღინიშნა ხელმძღვანელობის უფლება სპს-სა და კს-ში პარტნიორებს, ხოლო


შპს-ში, სს-ში და კოოპერატივში (კოოპერატივის შემთხვევაში კანონი
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამგეობას უწოდებს)
დირექტორებს. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე
ორგანოს საერთო ტერმინი `დირექტორატი~-ს სახელწოდებით მოიხსენიება.
მართალია ტერმინს `დირექტორატი~ `მეწარმეთა შესახებ~ კანონი გამოიყენებს
მხოლოდ შპს-ს, სს-სა და კოოპერატივის ხელმძღვანელთა აღსანიშნავად, მაგრამ
პრაქტიკაში ტერმინი `დირექტორატი~ ასევე გამოიყენაბა სპს-სა და კს-ის
ხელმძღვანელთა აღსანიშნავადაც. დირექტორატი მეწარმე სუბიექტის მართვის
აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს. დირექტორატი შეიძლება შესდგებოდეს
როგორც ერთი ასევე რამოდენიმე დირექტორისაგან. კაპიტალისტური ტიპის მეწარმე
სუბიქტებში დირექტორთა არჩევა/დანიშვნა და მათთან სასამსახურო (შრომითი)
ხელშეკრულების გაფორმება პარტნიორთა კრების (სამეთვალყურო საბჭოს არსებობის
შემთხვევაში კი სამეთვალყურეო საბჭოს) კომპეტენციაა.
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირთა წრის განსაზღვრა
(დირექტორთა არჩევა/დანიშვნა) ხდება მეწარმე სუბიექტის დაფუძნებისთანავე. თუ
მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ განცხადებაში არ არის
მითითებული ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, აღნიშნული როგორც უკვე
რეგისტრაციის საკითხის შესწავლის დროს აღინიშნა წარმოადგენს რეგისტრაციაზე
უარის თქმის საფუძველს.
ხელმძღვანელობის თვალსაზრისით ერთმანეთისაგან შეიძლება განვასხვავოთ სპს, კს
და შპს, სს, კოოპერატივი. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმეს მართალია
აღნიშნულ სამართლებრივ ფორმაში თვით მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს
ხელმძღვანელობას, თუმცა ტერმინი დირექტორი ამ შემთხვევაშიც შეიძლება იქნეს
გამოყენებული, ამის შეზღუდვას კანონი არ ითვალისწინებს.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ მეწარმე სუბიექტთა ხელმძღვანელობის რამოდენიმე
ფორმას – კოლეგიური ხელმძღვანელობა და ერთპიროვნული ხელმძღვანელობა.
კოლეგიური ხელმძღვანელობის დროს მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობით
უფლებამოსილებას ახორციელებს ორი ან მეტი დირექტორი (პარტნიორი). თავის
მხვრივ კოლეგიური ხელმძღვანელობა შეიძლება იყოს ერთობლივი ხელმძღვანელობა,
დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა და შერეული ხელმძღვანელობა.
ერთობლივი ხელმძღვანელობა არის ხელმძღვანელობის ისეთი კოლეგიური ფორმა,
რომლის დროსაც მეწარმე სუბიექტის მართვა ხორციელდება ყველა პარტნიორის
(მონაწილის, დირექტორის) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მაგალითად მუშა-
მოსამსახურის სამსახურში მისაღებად საჭიროა ყველა პარტნიორის (დირექტორის)
ერთობლივი გადაწყვეტილება. წესდება ერთობლივი ხელმძღვანელობის
უფლებამოსილებას შესაძლებელია აკისრებდეს როგორც ყველა პარტნიორს
(დირექტორს) ისე ზოგიერთ პარტნიორს. ერთობლივი ხელმძღვანელობის ფორმა
ძირითადად დამახასიათებელია ამხანაგობის ტიპის მეწარმე სუბიექტებისათვის.
დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა ხელმძღვანელობის ისეთი ფორმაა, რომლის
დროსაც მოქმედებს საქმეების ცალკ-ცალკე გაძღოლის პრინციპი. ყოველ ხელმძღვანელ
პარტნიორს (დირექტორს) შეუძლია დანარჩენი ხელმძღვანელებისაგან
დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ასეთ
შემთხვევაში, როგორც წესი თითეული პარტნიორის (დირექტორის)
უფლებამოსილების სფერო წესდებით არის განსაზღვრული. მაგალითად ერთი
პარტნიორი (დირექტორი) შეიძლება ხელმძღვანელობდეს საკადრო საკითხებს, ერთი
პარტნიორი (დირექტორი) საზოგადოების ფინანსურ საქმეებს განაგებს და ა. შ.
შერეული ხელმძღვანელობა – ეს ხელმძღვანელობის ისეთი ფორმაა რომლის დროსაც,
მეწარმე სუბიექტის მართვა ხორციელდება როგორც დამოუკიდებელი, ისე
ერთობლივი ხელმძღვანელობითი მოქმედებების შესრულებით.
ერთპიროვნული ხელმძღვანელობა – ეს ხელმძღვანელობის ისეთი ფორმაა, როდესაც
მეწარმე სუბიექტს უძღვება მხოლოდ ერთი დირექტორი (პარტნიორი).
მსხვილ საწარმოებში როგორც წესი გამოიყენება ხელმძღვანელობის კოლეგიური
ფორმა, ხოლო მცირე საწარმოებში გამოიყენება ხელმძღვანელობის ერთპიროვნული
ფორმა.

ხელმძღვანელთა უფლებამოსილებანი

ხელმძღვანელების (დირექტორთა) უფლებამოსილებათა წრე განსაზღვრულია


როგორც კანონით, ასვე შეიძლება განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის წესდებით ანდა
მასთან დადებული ხელშეკრულებით. კანონი კი ადგენს მეწარმე სუბიექტის
ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების ზოგად პრინციპებს. ბიზნესის სამართალში
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხელმძღვანელის უფლება მოვალეობათა ორ დიდ
ჯგუფს: გულმოდგინე ხელმძღვანელის მოვალეობა და ერთგულების მოვალეობა. თავის
მხვრივ თითოეული ეს ჯგუფი უფლებამოვალეობათა ფართო სპექტს მოიცავს.
გულმოდგინე ხელმძღვანელის ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს
საზოგადოების საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლის უფლებამოსილება.
`მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ხელმძღვანელებმა
საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ
ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი
ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს
მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. `მეწარმეთა შესახებ~
კანონის თანახმად მეწარმე სუბიექტთა ხელმძღვანელმა პირებმა დაკისრებული
ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებით,
გულმოდგინედ და გულისხმიერად. აღნიშნული დანაწესები თანაბრად ვრცელდება
ყველა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტისათვის. თუ რა ჩაითვლება ამგვარ
ქმედებად ეს კონკრეტული ფაქტის საკითხია და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში
ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.
კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და გულმოდგინე ხელმძღვანელის ფუნქციები
ჩვენის აზრით გამოიხატება მეწარმე სუბიექტის მიზნის მიღწევის უზრუნველყოფაში,
საზოგადოების ქონების დაცვაში, საზოგადოების მოთხოვნების განხორციელების
უზრუნველყოფაში, საზოგადოების მართლზომიერი საქმიანობის განხორციელებაში,
ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებაში, პირადი სარგებლობის მიზნით
საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოუყენებლობაში,
საკუთარ თავთან და საკუთარ საზოგადოებასთან გარიგების დადების შეზღუდვაში,
საზოგადოების ქონების პირადი სარგებლობის მიზნით გამოყენების დაუშვებლობაში,
საწარმოო და კომერციული საიდუმლოების გაუმჟღავნებლობაში, აშკარად შეუსაბამო
სოციალური ხარჯების გაწევისაგან თავის შეკავებაში და სხვა უფლებამოსილებათა
შესრულების უზრუნველყოფაში.
მეწარმე სუბიექტების ხელმძღვანელეთა მიერ გარკვეული ხელმძღვანელობითი
უფლებამოსილების განსახორციელებლად კანონით დაწესებულია შესაბამისი
ორგანოების თანხმობა. აღნიშნული გამოიხატება პარტნიორტა კრების (ანდა
სამეთვალყურეო საბჭოს) აუცილებელი თანხმობის დაწესებაში. მაგალითად მეწარმე
სუბიექტის სახელით სესხის აღება, როცა მისი რაოდენობა აღემატება საზოგადოების
აქტივების 50%-ს ხელმძღვანელს შეუძლია მხოლოდ პარტნიორთა კრების თანხმობით.
თუ რა უფლებამოსილების განხორციელებას ესაჭიროება პარტნიორთა თანხმობა ეს
განსაზღვრულია როგორც კანონით ასევე შეიძლება განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის
წესდებით. მაგალითად მეწარმე სუბიექტის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს
საზოგადოების ქონების განკარგვისათვის პარტნიორთა კრების თანხმობას. ზოგადი
წესის თანახმად ისეთი გადაწყვეტილების მიღება რომელთა მნიშვნელობა სცილდება
საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას საჭიროებს ყველა პარტნიიორის
მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევებში
ხელმძღვანლი ამგვარი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას
მოიპოვებს შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ ანუ პარტნიორთა კრების მიერ
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
როგორც უკვე აღინიშნა ხელმძღვანელის მოვალეობათა მეორე ძირთად ჯგუფს
ერთგულების მოვალეობა წარმოადგენს. `მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-9 მუხლის
მე-5 ნაწილის თანახმად ხელმძღვანელებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების
თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება,
ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში
პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული. ამგვარ შემთხვევას კანონი ინტერესთა კონფლიქტს
უწოდებს. კანონი დირექტორს იმავე საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას
შესაბამის ორგანოთა თანხმობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს. ამ თანხმობის
გაცემა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ
საზოგადოებებში შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში –
იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს (ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის
განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების
ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების
ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად
არ მოუთხოვიათ.
გარდა აღნიშნულისა მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელებს პარტნიორთა კრების
წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით
გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც
მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი
მდგომარეობის გამო. ხელმძღვანელებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება
აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის
შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის
გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი
განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.
მეწარმე სუბიექტის წესდებით შეიძლება სხვა შეზღუდვებიც იქნეს
გათვალისწინებული და ასევე ზემოთ აღნიშნულისაგან განსხვავებული წესები იქნეს
შემოღებული. ზემოთ დასახელებული შეზღუდვები ხელმძღვანელის ერთგულების
სახელწოდებითაც არის ცნობილი.
მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების
შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი
სათანადო პასუხისმგებლობა, რაც ცალკე თემაში იქნება ჩვენს მიერ განხილული.

წარმომადგენლობის ცნება და ფორმები

თუ ხელმძღვანელობა მეწარმე სუბიექტთა შიდასაზოგადოებრივ ურთიერთობას


წარმოადგენს, საზოგადოების საგარეო ურთიერთობები ხორციელდება
წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან მეწარმე სუბიექტთა საგარეო ურთიერთობებს
კანონი უფრო დეტალურად არეგულირებს, რადგანაც ამ შემთხვევაში ფიგურირებს
გარეშე პირთა (მესამე პირთა) ინტერესები და კანონმდებელი უზრუნველყოფს მათ
დაცვას. უნდა აღინიშნოს, რომ `მეწარმეთა შესახებ~ კანონით გათვალისწინებულ
წარმომადგენლობის ინსტიტუტს წარმომადგენლობის ზოგად ინსტიტუტთან
შედარებით გარკვეული თავისებურებანი ახასიათებს. აღნიშნული ინსტიტუტი ჩვენს
მიერ სწორედ ამ თავისებურებათა ფარგლებშია განხილული.
წარმომადგენლობა ხელმძღვანელობითი საქმიანობის ერთ-ერთი სახეა. „მეწარმეთა
შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმომადგენლობითი
უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან
ურთიერთობაში. წარმომადგენელი ახორციელებს მეწარმე სუბიექტის უფლება-
მოვალეობებს და წარმოადგენს საწარმოს. მესამე პირებთან სამართლებრივ
ურთიერთობებში მეწარმე სუბიექტი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს. თუ
ვინ უნდა წარმოადგიოს მეწარმე სუბიექტი მესამე პირებთან ურთიერთობაში ანუ თუ
ვინ შეიძლება იყოს წარმომადგენელი ეს განსაზღვრულია კანონით და ასევე შეიძლება
განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის წესდებითაც.
`მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით
უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. ამ კანონის 56-ე მუხლი ასვე განსაზღვრავს, რომ სააქციო
საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ
დირექტორები. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა წრის
განსაზღვრაც ხდება მეწარმე სუბიექტის დაფუძნებისთანავე. წარმომადგენლობის სახე
და წესი ასევე აღინიშნება სამეწარმეო რეესტრში.
აღსანიშნავია რომ როგორც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, ასევე
წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც შესაძლებელია გარკვეულ ფარგლებში
შეიზღუდოს. წარმომადგენლობის შეზღუდვა კანონში შემოღებული იქნა 2008 წლის
14 მარტს შეტანილი ცვლილებებით. წარმომადგენლის უფლებამოსილების
შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა იქნეს აღნიშნული სამეწარმეო რეესტრში.
ისევე როგორც ხელმძღვანელობა წარმომადგენლობაც შეიძლება იყოს კოლეგიური
და ერთპიროვნული. კოლეგიურია წარმომადგენლობა, როცა მეწარმე სუბიექტის
წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ორი ან მეტი წარმომადგენელი.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად
თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს სამეწარმეო
რეესტრში უნდა აღინიშნოს რომ ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე.
თუმცა ამგვარ შეთანხმებას მესამე პირისათვის მნიშვნელობა არ ექნება თუ ამის შესახებ
სამეწარმეო რეესტრში არ იქნება მითითება. მაგალითად, სპს-ს ჰყავს სამი პარტნიორი
და სამივე მათგანი სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით აღჭურვილია
წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, თანაც სამეწარმეო რეესტრში
მითითებულია რომ ისინი მოქმედებენ ცალ-ცალკე. აღნიშნული სპს-ის დამზადებული
სასაოფლო სამეურნეო პროდუქტების შეძენა სურს სააქციო საზოგადოებას. ასეთ დროს
ხელშეკრულებაზე ყველა პარტნიორის (დირექტორის) ხელის მოწერა სავალდებულო
არ არის. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საკმარისია ერთ-რთი პარტნიორის
(დირექტორის) ხელის მოწერა სპს-ის მხრიდან. მაგრამ თუ რეესტრში მითითებული
იქნება რომ ხელმძღვანელები სამივე ერთად მოქმედებენ მაშინ ხელშეკრულება
ხელმოწერილი უნდა იქნეს სამივე მათგანის მიერ.
ერთპიროვნულია წარმომადგენლობა, როცა მეწარმე სუბიექტს მესამე პირებთან
ურთიერთობაში წარმოადგენს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. მის მიერ ნებისმიერი
გარიგების დადება იწვევს სამართლებრივ შედეგებს, როგორც საგარეო
ურთიერთობაში, ასევე შიდა საზოგადოებრივ ურთიერთობაში.
ზემოთ დასახელებულ პირთა წარმომადგენლობა წარმომადგენლობის თავისებური
სახეა. იგი განსხვავდება, როგორც კანონიერი წარმომადგენლობისაგან ასევე გარიგებით
წარმომადგენლობისაგან და გარკვეულ შუალედურ სახეს წარმოადგენს.
თუმცა მეწარმე სუბიექტი მესამე პირებთან ურთიერთობაში შეიძლება
წარმოდგენილი იქნეს გარიგებითი წარმომადგენლის (სათანადო მინდობილობით
აღჭურვილი პირების) მეშვეობითაც. ამგვარ მინდობილობას `მეწარმეთა შესახებ~
კანონის მე-10 მუხლი სავაჭრო მინდობილობას უწოდებს.

გენერალური სავაჭრო მინდობილობა

წარმომადგენლების მეშვეობით ხელშეკრულების ანდა სხვა საქმეების


განხორციელების შესაძლებლობას მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა იცნობს. მათ
შორისაა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. გარიგებით წარმომადგენლობის ინსტიტუტის
მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია სხვადასხა ნორმატიულ აქტებში – სამოქალაქო
კოდექსში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, `მეწარმეთა შესახებ~ კანონში და ა. შ.
ბიზნესის სამართლის შესწავლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია `მეწარმეთა შესახებ~
კანონით გათვალისწინებული წარმომადგენლობისეული წესები, თუმცა
წარმომადგენლობის საერთო წესებიც ასევე წარმატებით გამოიყენება ბიზნესის
სუბიექტთა მიერ.
`მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-10 მუხლის თანახმად მეწარმე სუბიექტების
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირებს (მათ შორის ინდივიდუალურ
მეწარმესაც) შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. კანონი
განსაზღვრავს, რომ მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად
მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი – ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ
საწარმოს (საერთო მინდობილობა).
სავაჭრო მინდობილობა `მეწარმეთა შესახებ~ კანონის თანახმად შეიძლება იყოს
გენერალური სავაჭრო მინდობილობა და იურიდიული მოქმედებების განხორციელების
უფლებამოსილება.
გენერალურ სავაჭრო მინდობილობას კანონი პროკურას უწოდებს. პროკურა ანუ
გენერალური სავაჭრო მინდობილობა არის სპეციალური კომერციული მინდობილობა,
რომლის ფარგლებიც და მოცულობაც განსაზღვრულია კანონით. პროკურა
აუცილებლად უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და კანონის თანახმად
რეგისტრირებული უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში. გენერალური სავაჭრო
მინდობილობის მფლობელ პირს კანონი პროკურისტს უწოდებს. პროკურისტი
შეიძლება გათვალისწინებული იქნეს როგორც მეწარმე სუბიექტის დაფუძნებისთანავე
ასევე დაფუძნების შემდეგ ნებისმიერ დროს. ვინაიდან პროკურა სამეწარმეო რეესტრში
უნდა იქნეს რეგისტრირებული ამიტომ თუ დაფუძნების შემდეგ მოხდება პროკურის
გაცემა მაშინ საჭირო გახდება სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების
რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. პროკურა როგორც წესი გაიცემა განუსაზღვრელი
ვადით (საწარმოს ხანგრძლივობის ვადით).
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მართალია `მეწარმეთა შესახებ~ კანონში არ არის
მითითებული, მაგრამ წარმომადგენლობის შესახებ ზოგადი წესების თანახმად
პროკურისათვის ისევე, როგორც ნებისმიერი ამგვარი გარიგებისათვის საჭიროა
პროკურისტის თანხმობაც.
პროკურა იძლევა უფლებამოსილებას, სასამართლოსა და ყველა ორგანოებთან
ურთიერთობაში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი
მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან და რომლის
უფლებაც თვითონ საწარმოს აქვს. მაშასადამე პროკურისტს უფლება აქვს
განახორციელოს ყველა ის უფლება, რისი უფლებაც საწარმოს დირექტორს აქვს.
მაგალითად საწარმოს სახელით დადოს ხელშეკრულება, ხელი მოაწეროს საწარმოს
სახელით შედგენილ დოკუმენტებს და ა. შ. პრაქტიკაში არსებობს ისეთი შემთხვევებიც
როცა ამგვარი პირი ერთპიროვნულად ახორციელებს საწარმოს როგორც
ხელმძღვანელობით ასევე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. კანონის თანახმად
პროკურისტმა ხელმოწერისას საწარმოს საფირმო სახელწოდებას უნდა დაურთოს
თავისი სახელი და გვარი და პროკურის აღმნიშვნელი დამატება. მაგალითად `შპს
`A~-ს პროკურისტი~ თავისი სახელი გვარის მითითებით.
ამრიგად პროკურა კანონის საფუძველზე წარმოშობილი მინდობილობის
ნაირსახეობაა. ამიტომაც პროკურისტის უფლებამოსილების კანონისმიერი შეზღუდვის
გადრა სხვა შეზღუდვა დაუშვებალია. ამგვარ შეზღუდვას მესამე პირებთან
მიმართებაში ძალა არა აქვს და კანონის თანახმად იგი ბათილია. კანონის თანახმად ეს
წესი შეეხება ისეთ შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებული იქნეს მხოლოდ
განსაზღვრული გარიგებებისა და გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან
მხოლოდ გარკვეულ გარიგებათა არსებობისას ან განსაზღვრული დროისთვის ანდა
ცალკეულ ადგილებში.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურა შეუზღუდავი უფლებაა კანონით მაინც არის
დაწესებული გარკვეული შეზღუდვები ანუ ზოგადი წესიდან არის რამოდენიმე
გამონაკლისი, რომელიც ამომწურავია და მეწარმე სუბიექტის წესდებით ანდა
გაცემული მინდობილობით ის არ შეიძლება შეიზღუდოს.
კანონის თანახმად პროკურისტს უფლება არ აქვს მიწის ნაკვეთის გასხვისების ან
ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება. ამგვარი უფლებამოსილება
პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად
მიეცემა.
კანონით ასევე დაწესებულია პროკურის შემოფარგვლა მეწარმე სუბიექტის ერთი ან
რამდენიმე ფილიალით. ამასთან პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე
ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს Aძალა მესამე პირისათვის თუ ფილიალები იმართება
სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა
განსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება,
რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.
პროკურის შეწყვეტა კანონის თანახმად შეიძლება ნებისმიერ დროს. ეს შეიძლება
მოხდეს მინდობილობის გაუქმებით ანდა ძალდაკარგულად აღიარებით. კანონის
თანახმად ძალდაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში. პროკურის შეწყვეტის შემთხვევაში უნდა მოხდეს
სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება

პროკურისაგან განსხვავებით ყოველლდღიურ ყოფა ცხოვრებაში უფრო ფართოდ არის


გავრცელებული ჩვეულებრივი სავაჭრო მინდობილობა. განსხვავებით გენერალური
მინდობილობისაგან ჩვეულებრივი სავაჭრო მინდობილობით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება თვით მინდობილობით. ჩვეულებრივ
სავაჭრო მინდობილობას სამეწარეო რეესტრში რეგისტრაცია არ ესაჭიროება. სავაჭრო
მინდობილობას კანონი იურიდიული მოქმედებების განხორციელების
უფლებამოსილებას უწოდებს.
ჩვეულებრივი სავაჭრო მინდობილობა შეიძლება იყოს სპეციალური და ერთჯერადი.
სპეციალურია მინდობილობა, რომელშიც წარმომადგენელის უფლებამოსილების
ფარგლები შემოფარგლულია იმ უფლებამოსილებით, რაც მას შეუძლია
განახორციელოს, რაც მან უნდა შეასრულოს. მაგალითად პირს მინდობილობით
უფლება აქვს შეიძინოს საწარმოსთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქცია (დაკისრებული
აქვს მომარაგების ფუნქცია).
ერთჯერადია მინდობილობა, რომელიც გაიცემა ერთი რომელიმე კონკრეტული
მოქმედების შესასრულებლად. მაგალითად საწარმოთვის ხის დამამუშავებელი
დანადგარის შეძენა.
კანონის თანახმად სავაჭრო წარმომადგენელმაც ხელმოწერისას საწარმოს საფირმო
სახელწოდებას ასევე უნდა დაურთოს თავისი სახელი და გვარი და სავაჭრო
მინდობილობის აღმნიშვნელი სიტყვა.
სავაჭრო მინდობილობა გამოირჩევა თავისი სიმარტივით. სიმარტივისა და
მოქნილობის გამო ამგვარი მინდობილობა ცხოვრებაში მეტად ფართოდ არის
გავრცელებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმე სუბიექტი ასევე უფლებამოსილია
სავაჭრო წარმომადგენლის გარდა ჰყავდეს ჩვეულებრივი წარმომადგენელი, რომლის
არსიც განსაზღვრულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მაგალითად მეწარმე სუბიექტი
უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს ადვოკატ-წარმომადგენლის მეშვეობით,
რაც ბუნებრივია არ არის სავაჭრო წარმომადგენელი.
სავაჭრო მინდობილობა ძირითადად გაიცემა კონკრეტული ვადით. ამგვარი ვადის
გასვლის შემდეგ ბუნებრივია წარმომადგენლობაც უქნდება. სავაჭრო მინდობილობა
ასევე ნებისმიერ დროს გაუქმდეს.
იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება ჩვენი აზრით
ძალიან ფართო სფეროა და იგი შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც სათანადო
მინდობილობით, ასევე ამგვარი უფლებამოსილება პირს შეიძლება დაკისრებული
ჰქონდეს მეწარმე სუბიექტთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით, დავალებით
ანდა საწარმოში სამუშაოდ მიღების ბრძანებით. ამის მაგალითები კი უამრავია.
გამყიდველი, რომელიც მაღაზიაში ჰყიდის საქონელს უმრავლეს შემთხვევაში არ არის
მისი ხელმძღვანელი (დირექტორი), ამასთან მას არც არავინ მოსთხოვს თავისი
უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში ივარაუდება,
რომ მაღაზიის გამყიდველი არის მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი. ასევე
შეიძლება დავასახელოთ, რომ როცა ვმოგზაურობთ საქალაქო რეგულარული
სამგზავრო მიკრო ავტობუსით ასეთ შემთხვევაში მიკრო ავტობუსის მძღოლი
წარმოადგენს რომელიმე გადამზიდავი საწარმოს წარმომადგენელს. ამგვარი
მაგალითები უამრავია და ისინი მეწარმე სუბიექტების მიერ პრაქტიკულად ყოველდღე
გამოიყენება.
ყოველდღიურ ყოფაში სწორედ ამგვარი წარმომადგენლების მეშვეობით მყარდება
ურთიერთობები საწარმოებთან.

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა საწარმოთა ლიკვიდაციისას

მეწარმე სუბიექტთა ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა გარკვეული


თავისებურებებით ხასიათდება საწარმოს ლიკვიდაციის მიმდინარეობის დროს.
`მეწარმეთა შესახებ~ კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საწარმოს
პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო
საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები,
რომლებიც ახორციელებენ ლიკვიდაციას. ამგვარ პირს კანონი ლიკვიდატორს
(ლიკვიდატორებს) უწოდებს.
საწარმოს ლიკვიდაციის ერთ-ერთი საფუძველია მისი გადახდისუუნარობა.
გადახდისუუნარობა `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ კანონის
თანახმად არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსილი
მოთხოვა. გადახდისუუნარობის დროს საწარმოს რეაბილიტაციის პროცესს
წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი. რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ
კრედიტორები რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3
დღის ვადაში. რომელთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.
გადახდისუუნარობის გზით საწარმოს გაკოტრების პროცესში კი მის მართვასა და
წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველს
ნიშნავენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების
გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, რომელთა გადაწყვეტილებასაც განჩინებით
ამტკიცებს სასამართლო.
საწარმოს ლიკვიდაცია მეწარმეობის სამართლებრივი რეგულირების, როგორც
სასწავლო დისციპლინის შესწავლისას განიხილება ცალკე თემად და ზემოთ
დასახელებულ პირთა შესახებ სრულყოფილად საუბარი სწორედ მაშინ იქნება.

You might also like