You are on page 1of 201

აკა მორჩილაძე

მწერლებსა და წიგნებზე

წერილები

ავარა დიკი და სხვა ამბები


ისეთი კაცი გამახსენდა, რომელიც მწერალი არ იყო, მაგრამ
წიგნებს კი წერდა და თანაც უამრავს.
იმ წიგნების ზოგს არ სჯეროდა, გადამეტებულიაო, ზოგი
უსაშინლეს და უხამს რამეებს უწოდებდა, მათ ავტორს კი
ქვეყნად ყველაზე საზიზღარ და ამორალურ კაცს, რომელიც არა
მხოლოდ თავისი უხამსობითაა გამორჩეული, არამედ თავისი
ტყუილებითაც.
უდიდესი მატყუარა იყოო, ბევრი ამბობდა, არაფერი გაეგებოდა
ათასი რამისა, რასაც იბრალებდა და რითაც აღტაცებაში
მოჰყავდა ხალხიო.
ჰო, აღტაცებაშიც მოჰყავდა, აბა, ამდენს რატომ
ილაპარაკებდნენ მის შესახებ... იმოდენა უცნობი სამყარო
დაანახვა ხალხს, რომ მგონი, სხვას არც უქნია ეგეთი რამე.
სულს შეუძრავდა ხოლმე თავისი ლაპარაკით გარშემო
მყოფებს, განსაკუთრებით, თუ დაატყობდა, რომ მსმენელები
გამოკვეთილი მორალისტები არიან, ანდა უბრალოდ წესიერი
ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პატარა სამყარო აქვთ და
დიდ და თვალჩაუწვდენელ სამყაროს გაურბიან კიდეც.
მიაყრიდა და მიაყრიდა ამბებს, აღარ ამოისუნთქავდა, ამბები კი
ერთმანეთზე სულის შემძვრელი იყო.
ამას ამ ამბებისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც
დაურთავდა ხოლმე, რაც არანაკლებ ძრწოლის მომგვრელი იყო,
ვიდრე საკუთრივ მონათხრობი.
ამბობდნენ, რომ ამას, ამ საშინელ ლაპარაკს, განგებ მისდევდა.
სრულიად ბაირონული თვისება ჰქონდა ადამიანების შოკში
ჩაგდებისაო, და თანაც, ისეთ რამეებს იტყოდა იმ წესიერებისა

1
და სიმკაცრის დროებაში, რომ ხალხი მას, როგორც კეთროვანს,
ისე გაუხტებოდა განზეო.
იმას კი არ ედარდებოდა, პირიქით, სწორედ ეს მოსწონდა.
გადავრიეო, ალბათ გულში ფიქრობდა.
ქვეყანაზე იმდენი რამ ჰქონდა ნანახი, რომ ქრისტეფორე
კოლუმბსაც შეშურდებოდა. ეგებ ხუმრობდა კიდეც, კოლუმბს
წყლის მეტი ხეირიანად არც უნახავს რამეო, მე კიდევ იმდენი
ხმელეთი ვიცი, იმდენი ადამიანის რაობა, რომ ვერავინ
შემედრებაო.
აქამდე ეგებ გეფიქრათ კიდეც, მარკიზ დე სადზე ხომ არ
ლაპარაკობს ეს კაციო, ცოტათი მაინც გეფიქრათ, იმის
მიუხედავად, რომ თავიდანვე ვთქვი, მწერალი სულაც არ იყო
ეს ადამიანი-მეთქი, მაგრამ იმ მარკიზზე სულაც არ
ვლაპარაკობ. მარკიზი ცუდად წერდა, ძალიან ცუდად. ბევრად
უარესად, ვიდრე მისი თანამედროვენი. სტილის ამბავში
მოგახსენებთ. ეს კაცი კიდევ, მგონი, ისევე წერდა, როგორც
ლაპარაკობდა და ეს საქმე მშვენივრად გამოსდიოდა. მწერალი
კი არ იყო.
მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ერთადერთი რამ შეეძლო, ორ
შაურად შეჰგებებოდა ტყვიასაო, ასე დაწერა ერთხელ, და
ამიტომაც ოფიცერი შევიქენიო.
სიცოცხლის ბოლოს ეს კაცი სამეფო გეოგრაფიული
საზოგადოების წევრი და რაინდი კომანდორი იყო, რაც იმას
ნიშნავს, რომ ფლობდა წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის
ორდენებს, ყველაზე საპატიო რამეს იმ დროში.
მაგრამ ჩინ-მედალთა და თანამდებობათა მადევარი ვერ იყო,
სამხედრო წოდებაშიც კაპიტნობის იქით ვერაფერს უწია და
სახელმწიფო კარიერაშიც დესპანობას თუ გამორჩა. ანდა რად
უნდოდა ასეთი თანამდებობები.
ამბობენ, შინ რომ დაბრუნდებოდა, დიდ ოთახში ათ მაგიდას
ჩამოამწკრივებდა და ათივეზე კალმებს, სამელნეებსა და
ქაღალდის შეკვრებს დააწყობდაო.
მერე პირველს მიუჯდებოდა, სათაურს გამოიყვანდა და წერას
შეუდგებოდა, ხოლო როცა გვერდს გაავსებდა, მეორე
მაგიდასთან გადაჯდებოდა და ახლა იქ გამოიყვანდა ახალ

2
სათაურს, რომელსაც გვერდს მოაყოლებდა; შემდეგ მესამე
მაგიდასთან გადაცოცდებოდა და ასე წავიდოდა, სანამ ისევ
პირველ მაგიდას არ მოუბრუნდებოდა და ჭადრაკის
ერთდროული თამაშის სეანსივით უბერავდა თავის წიგნებს და
სტატია-ესეებს.
კაცმა მეტი რა უნდა ინატროს? ალბათ ასეთი უნარი.
კომპიუტერი რომ ჰქონოდა, უფრო იოლად გამოუვიდოდა ეს
საქმე, მაგრამ მაშინ, აბა, საიდან კომპიუტერი.
უამრავი ისეთი ენა იცოდა, ადამიანებს წარმოდგენაც რომ არ
ჰქონდათ: რაღაც უცნაური ინდური და აფრიკული
დიალექტებიც კი.
ენების სწავლის ნიჭი ადრიდანვე ეტყობოდა: პატარა რომ იყო,
მშობლებმა საფრანგეთსა და იტალიის ქვეყნებში წაიყვანეს
თან და შინ რომ დაბრუნდნენ, მან უკვე იცოდა ფრანგული,
ლათინური და ლამის ყველა იტალიური დიალექტი. მერე და
მერე კი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ვესტ-ინდოეთის კომპანიაში
ჩაეწერა სამხედროდ და იქ იყო კაპიტანი.
პირველი წიგნიც იქ დაწერა – „გოა“.
გოა, ხომ მოგეხსენებათ, დღესაც გამორჩეული ადგილია
ინდოეთში იმ მხრივ, რომ ლისაბონსა ჰგავს, რახან დიდხანს
პორტუგალიელთა მთავარი ქალაქი იყო იქა.
მერე მიჰყვა და მიჰყვა.
რაები აღარ დაწერა – ფარიკაობის სახელმძღვანელოებიც კი;
ინდური ბაზიერობის წესები ევროპელ მონადირეთათვის.
მაგარი იყო ამ საქმეებში. ხმალშიც და ნადირობაშიც. დიდად
ნახიშტარი და უკანდაუხეველი. ხუმრობდა, სახელი ვერ
დავიგდე, რადგან ავღანეთის პირველი ომი მანამ დამთავრდა,
სანამ მე იქ ჩავაღწიეო. სახეზე შთამბეჭდავი ნაიარევი აჩნდა,
ხან არაბივით ეცვა, ხან ინდუსივით, ხანაც ოსმალოსავით,
როგორც მოეპრიანებოდა, ისე. გაბურძგნილი წვერ-ულვაში და
გამჭოლი, ცხელი თვალები ჰქონდა, სულ რაღაცას ეძებდა,
ტბებით დაწყებული, უცნაური ნივთებით, მუმიებითა და
ხელნაწერებით დასრულებული. ხან სომალიში იყო, რომელიც
თავისნაირ ოფიცერთან და თავგადასავლების მოყვარულ, ჯონ
ჰენინგ სპიკთან ერთად მოიარა და ეძება ნილოსის სათავე, ნახა

3
ტანგანიკის ტბა და ათასი კიდევ სხვა რამ, რითაც დიდი
გეოგრაფიც შეიქნა; ხან კიდევ – არაბეთში, დამასკოში, სადაც
იქაურ ებრაელთა ცხოვრებასაც კი სწავლობდა, ხოლო
ატლანტიკის გაღმა მაიას ტომების, ინკების... ამ კაცს არაფრად
ედარდებოდა იმ დროის მსოფლიოში გამეფებული რასიზმი,
ადამიანთა თანასწორობაზე ღიად ლაპარაკობდა და, ასე რომ
ითქვას, არც სხვაგვარი ტაბუების ტრფიალი იყო. ის გამოდგა
პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპისგარეთა სამყაროს შოკის
მომგვრელი რამეები გამოამზეურა სექსის შესახებ და,
საერთოდ, ბევრს ჭორაობდნენ, მგონი, ჰომოსექსუალიაო.
ჰომოსექსუალიზმზე ციხე იყო, ოღონდ სასამართლომდე საქმე
მაინც არ მივიდა, ხელის დამდები არავინ იყო. თვითონ
მოქნილად იყენებდა ამ ჭორს, მოგეხსენებათ, სკანდალისტი
იყო. ამბობდა, ყველა ადამიანი ადამიანიაო.
თუმცკი ჰომოსექსუალი არ ყოფილა.
როდესაც მოკვდა, უკვე მოხუცებული, მისმა ცოლმა, ისაბელმა,
შიშით დაწვა მისი უამრავი გამოუქვეყნებელი ნაწერი,
რომელთაც ცენზურა არ ატარებდა, ის კი ჯიუტად ინახავდა,
მოვა ამათი დროცო. ქალს შიში ჰქონდა, ამის გამო არავინ
დაგვარბიოსო, მის სიცოცხლეში კი, აბა, დარბევას ვინ
გაუბედავდა, ხმალი და რევოლვერი, მან რომ იცოდა, ისეთი
უნდოდა. ამბობდნენ, კაცი კი მოკლაო.
ოფიცერს კაცის მოკვლა მოუხდებოდა, მაგრამ ეს ბრძოლის
ამბავი არ იყო. ქარავანში მოკლა კაციო. მეტიც, ბიჭიო. თვითონ
კი, ისევე, როგორც ჰომოსექსუალიზმს, არც ამას უარყოფდა
დიდად და არც ადასტურებდა. არ იტყოდა, მოვკალიო, მაგრამ
რაღაც საშინელ წინადადებას წამოისროდა, კაცს ასე კლავენო,
და გადარევდა ყველას.
ჰო, საინტერესო ამბავია. ის იყო იმ იშვიათ ევროპელთაგანი,
რომელიც მექაში შეიპარა და იქაური ამბავი აღწერა.
ინდოეთიდან დაიძრა ამ საქმეზე, ჰაჯის ქარავანთან ერთად,
მუსლიმურად მოსილი და გრძელწვერიანი. მანამდე მხოლოდ
ერთ კაცს თუ აეღწია მექაში და უვნებელი გამოსულიყო.
მანაც მოახერხა.
იყო, რომ მოუკლავთ იმ დროის მოგზაურები, გაყიდულან. ის
თავად მექაში არ გაიყიდა, რადგან ზედმიწევნით, შიგნიდან
იცნობდა ისლამს და არაბულად ლოცვაც უკვე მშვენივრად

4
შეეძლო, მაგრამ სწორედ ამაზე ამბობდნენ, გზაში გაიყიდაო, და
ვინც მიუხვდა, ის მოკლაო.
ერთხელ ერთ პასტორს გადაეკიდა და უთხრა, ათი მცნებიდან
ათივე დამირღვევია და ხედავ ალბათ, მოსარიდებელი კაცი
ვარო. კალიფორნიამდეც კი მივიდა, იქაური მექსიკის ამბების
გასაგებად.
ბევრგან არსად ყოფილაო, ამბობდნენ, ნახევარი მოიგონა და
ნახევარიც სხვათა მონაყოლიდან იცისო.
მან პირველმა თარგმნა „ათას ერთი ღამის“ ზღაპრები
ინგლისურად, თუმცა კი ამისთვის ფრანგული თარგმანი
მოიხმარა. ეს იყო სკანდალური წიგნი დედოფალ ვიქტორიას
დროებაში.
თუმცა, სკანდალურობით ვერ შეედრებოდა „კამა სუტრას“,
რომელიც მანვე თარგმნა და დიდი ჭაპანწყვეტით მაინც
გამოსცა ინგლისში. ცოლმა რაები დაუწვა, იმას ვეღარ
ჩამოვთვლით, „სურნელებათა ბაღის“ – არაბების „კამა
სუტრასნაირი“ წიგნის – გამოცემა კი ასევე დიდი ომით
მოახერხა.
რა ეროტიკა და სექსი ჰქონდა ატეხილი, ძნელი სათქმელია,
ოღონდაც ესენი სკანდალური წიგნები იყო და ამიტომაც დარჩა
ისტორიაში მათ მთარგმნელად, თორემ უამრავი სხვა რამ
საინტერესო და მნიშვნელოვანი დაწერა. როგორც მოხდება
ხოლმე ასეთი კაცების ცხოვრებაში, რომ ყველაზე ხმაურიანი
გადაურჩებათ.
ამიტომაც ასე მოიხსენიებენ – სერ რიჩარდ ბარტონი, „კამა
სუტრას“ მთარგმნელი.
იოლი მისახვედრია, რომ ძველ დროში ამ კაცის სახელი არ
გამეგონა. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ძიებს არ შემოგვაწვდიდნენ
ხოლმე, რა იცი, მაინც, სახიფათო ხალხი იყოო, უსახიფათოესი,
შეიძლება ითქვას.
„პერესტროიკა“ რომ დაიწყო, წიგნები გამოიყარა და იმათ
შორის გამოჩნდა „კამა სუტრაც“, რუსულად, რასაკვირველია.
ქართულად რაღაც თვითგამოცემითი უფრო მახსოვს, ოღონდ
კი მე ის „კამა სუტრა“ რუსულად არ მიყიდია. იმ დროში
იმდენი რამე იყო საყიდელი, რაღა „კამა სუტრას“

5
დავეტაკებოდი. ძაან წიგნები გამოდიოდა.
მერე კიდევ ისე გამოვიდა, რომ მაინც მომიწია ამ „კამა
სუტრას“ ყიდვა, მაგრამ ინგლისურად და სწორედ ბარტონის
გულისთვის. სწორედ მაქედან გავიგე, რომ ასეთი კაცი
არსებობდა.
თბილისში ყოველთვის იყიდებოდა თხელყდიანი ინგლისური
წიგნები, საკუთრივ ინგლისსა და ამერიკაში გამოცემული,
ძირითადად – კლასიკა: ერთი-ორჯერ ვონეგუტი და რეი
ბრედბერი გამოერია და ეგ იყო. ყველაზე მეტი გამომცემლობა
„პინგვინის“ კლასიკა იყო ხოლმე. ჩვეულებრივი ფოქეთბუქი
შვიდი და ორმოცდაათი ღირდა. მერე ეს გამოცემები სერიული
იერისა გახდა. ყველას ერთნაირი ყდა ჰქონდა სხვადასხვა
ნახატით და ბლომად იყიდებოდა, ტომ სოიერებით,
ქარიშხლიანი უღელტეხილებით, თოროს ტყის წიგნით და
ყველაფრით, რაც მოგესურვებოდა. ჰოდა, იმათში გამოერია ეს
„კამა სუტრაც“; ბევრი ეწყო დახლზე და დავინახე.
მოკლედ, იქ პირველ გვერდზე რიჩარდ ბარტონის მოკლე
ბიოგრაფია იყო და მივხვდი, ვიღაცა ჩანდა ღვთის პირიდან
გადავარდნილი, ისეთი, რომლის შესახებ კითხვაც ყოველთვის
დაგაინტერესებს და მისი სამოგზაურო წიგნები ხომ
დაგაინტერესებს და დაგაინტერესებს.
მაგრამ საჯაროში რომ მოვქექე, ვერაფერი ვიპოვე. შეიძლება
ცუდად ვეძებდი რუსულ კატალოგში, მაგრამ ვერ ვიპოვე და
რას ვიზამდი?!
კაცი-მანიაკი: აღმოჩენები ბრაზილიის მთებში, მისია
დაჰომეაში, პირადი ჩანაწერი მექასა და მედინაში
მოგზაურობის შესახებ, ხმალაობის ახალი სისტემა
ინფანტერიისთვის, ორი მოგზაურობა გორილების მიწაზე,
მიდიის მიწა, ხმლის წიგნი, ებრაელი, ბოშა და ისლამი და ასე
დაუსრულებლად.
ეს წიგნების სათაურებია, ხოლო მის საჟურნალე სტატიებს
თვლა არა აქვს.
აბა, სად იშოვიდი ამ წიგნებს. აგე ინტერნეტი, მიდით და
მოქექეთ, ახლა ყველაფერი იოლია. ერთხელ ამერიკაში ვიყიდე
მისი წიგნი. უფრო სწორად, ცოტა უცნაური წიგნი იყო, იქ
ნაწყვეტები იყო მისი თხზულებებიდან სექსის შესახებ

6
სამხრეთ ამერიკის ძველ ტომებში. წიგნს ეგრევე ერქვა,
„ეროტიკული მოგზაური“ და ის ნაწყვეტები მართლაც შოკის
მომგვრელი იქნებოდა.
ოღონდაც მე სხვა რამე მომიხდა, ერთი პატარა უცნაურობა, და
სერ რიჩარდ ბარტონსაც ამდენ ხანს იმიტომ ვიხსენებ.
ეს კაცი ლიტერატურულ პერსონაჟთან გავაიგივე. რატომ
დამემართა, არ ვიცი, მაგრამ კარგა ხანს ნამდვილი და
მოგონილი ერთი და იგივე ვინმე მეგონა.
ერთხელ, წიგნის მაღაზიაში უმიზნო ბოდიალისას, გადავაწყდი
რომანების სერიას ჰარი პაგეტ ფლეშმენის შესახებ. კაი
გავრცელებული სერიაა ინგლისში, ცნობილი მწერლისა და
ჟურნალისტის, ფრეზერის რომანებია.
ოღონდ მაშინ ეს არ ვიცოდი და ამ წიგნის კითხვა იქვე დავიწყე.
ყოველთვის კი ვერ იყიდი, ძვირია.
ძველებურ, მადლიან სათავგადასავლო ხერხზე იყო ნაწერი,
ვითარცა გენერალ ფლეშმენის ვითომდა მემუარები და სულ
თორმეტი წიგნია, თუ არ ვცდები.
მერე და მერე, ამ ნაყალბევი მემუარების კითხვა რომ დავიწყე
და დიდადაც ჩავუტკბი, ერთ მშვენიერ დღეს, ფლეშმენი
რიჩარდ ბარტონში ამერია.
ეს გამოგონილი გენერალი მოგზაური სულაც არ იყო, მაგრამ
სწორედ იმ სამყაროებში საქმიანობდა და იბრძოდა,
რომლებშიაც ბარტონს ედგა ფეხი და წიგნებიც ისე კოხტად იყო
დაწერილი, რომ ეტყობა, რომელიღაც წამს, დაუნახავ ადგილას
ამერია.
ახლაც ასე მაქვს თავში, რიჩარდ ბარტონი რომ გამახსენდება,
ფლეშმენის რომანების ყდებს ვხედავ.
იცით, რა არის? ჩვენ ჟიულ ვერნს ვკითხულობდით ბავშვობაში,
რაიც გადასარევია, მაგრამ უამრავი სხვა რამეც არსებობდა,
რასაც არ გამოსცემდნენ.
ამ ფლეშმენის სერიაზე კი არ ვამბობ. ეს ძველი არ არის, ჩვენი
დროისაა, ავტორი სულაც ახლახანს გარდაიცვალა.
საერთოდ, უამრავი რამ არსებობდა, რაზეც ადამიანები
იზრდებოდნენ. იმ ჟიულ ვერნისაც, აბა, რა ვიცით, ერთი რომანი

7
აქვს, საქართველო მეტად წარმოჩინებული ყოფილა შიგა,
ხვამლის მთაში განძეულის ძიებით და მთელი ამბით. მე არ
წამიკითხავს, შემთხვევით ჩამოვარდნილ ლაპარაკში მიხსენეს.
ყველაზე სქელი წიგნია მაგისაო.
ფლეშმენს მივუბრუნდები.
ინგლისელების, იცით, რა მომწონს?
ძალიან კოხტად აგრძელებენ ძველ საქმეებს. იქ თითქოს
არაფერი შეწყვეტილა ძველი დროიდან.
ფრეზერს ფლეშმენი ცარიელ ადგილზე სულაც არ მოუგონია.
რიჩარდ ბარტონის თანამედროვე ვექილმა და რომანისტმა,
ტომას ჰიუზმა ოდესღაც წიგნი დაწერა: „ტომ ბრაუნის
სასკოლო დროება: რაგბის სკოლის ძველი მოწაფის
ჩანაწერები“. ჰიუზს ახლა ძეგლი უდგას რაგბის სკოლის ეზოში,
ხოლო რაგბის სკოლა რა განთქმული რამეც არის,
მოგეხსენებათ.
ჰოდა, იმ რომანში არის რაგბის სკოლის მოწაფე ფლეშმენი,
რომელიც ამ მთავარი გმირის მიჩაგვრას აწვება და ბოლოს
გამორიცხავენ კიდეც სკოლიდან ლოთობისთვის.
სწორედ ეს ფლეშმენი გააცოცხლა ფრეზერმა და მისივე
სიტყვებით მოგვიყვა მისსავე ამბავს, რომელშიაც მთავარი ის
არის, რომ შესაძლოა, კაცი არც მამაცი იყო, არც კეთილშობილი,
მაგრამ მაინც შეიქნე ომების გმირი და გენერალი ათასი
ჯილდოთი.
სწორედ ეს კაცი ამერია სერ რიჩარდ ბარტონში. კარგა ხანს ისე
ვფიქრობდი, რომ წინააღმდეგობებსაც ვერ ვამჩნევდი.
ფლეშმენის ამბის მიხედვით გავიფიქრებდი, კი მაგრამ, ხომ
ომში იყო იმ დროს და აფრიკაში როგორღა წავიდა-მეთქი.
ერთხელაც მივხვდი, რომ სხვადასხვანი არიან, თუმცა,
დანახვისას მაინც ფლეშმენს ვხედავ და არა სახენაიარევ
ბარტონს. მოკლედ, სახალისო ამბავია, დაბნეულობის
საკითხში.
ფლეშმენის ცრუ მემუარებში კი ასევე გვარიანი პერსონაჟები
აღმოვაჩინე. მაგალითად, მადაგასკარის დედოფალი
რანავანოლა: დიდი სისხლისმსმელი ქალი. მაგრამ, აბა,
ფლეშმენი რის ფლეშმენია? ეტყობა, რიჩარდ ბარტონსაც

8
ჰქონდა ასეთი თავგადასავლები. შეიძლება არც სადმე
უხსენებია, მაგრამ მისმა ცხოვრებამ იმდენი ისტორია დაიტია,
რომ აბა, რას გაუგებ. ადამიანს სამი ცხოვრება გამოსდის:
საზოგადოებრივი, პირადი და საიდუმლო. ჰოდა, აბა, როგორ
გამოთვლი.
ერთი ის მახსენდება, რომ მგონი, დამასკოში, თუ... არ მახსოვს
სად, სადღაც არაბეთში, ბარტონი და მისი ცოლი ლედი ჯეინ
დიგბის გადაეყარნენ და დიდი მეგობრობა გააჩაღეს. ლედი
ჯეინ დიგბი კი, ო-ჰო-ჰოოოოო... ვისი ცოლი აღარ ყოფილა იმ
დროში და რა მოგზაურობები არ გაუწევია.
... ბოლოს მავან არაბ ამირას გაუმიჯნურდა და იმას გაჰყვა.
ხალხი სულ წყალში ხტებოდა მისი გულისთვის, დუელებში
ეჯახებოდნენ, მეფეები კი ლამის ვენებს იჭრიდნენ... ეგეთები
იყვნენ ეს ბაირონისგან ანასხლეტი ქალები და კაცები... აბა,
ცხოვრება მარტო სამსახური და ტელევიზორი ხომ არ არის?
ტანგანიკის ტბაც არის, გორილაც, მოპარული სამხრეებიც და
ოაზისში შეყვარებული ბედუინიც. ეგრე იყო, ყოველ
შემთხვევაში. ახლა კიდევ... ჩაჯექი თვითმფრინავში და დღის
ბოლოს სხვაგან ხარ. თუ ტურბულენტურში არ მოჰყევი, არც
რამე შეგაწუხებს.
თუ ატყობთ, თავი რაებით მაქვს გამოტენილი.
რაღაც დონ კიხოტის სინდრომის მსგავსი შემეყარა ამ
ტიპებთან დაკავშირებით. იმას ამადის გალელზე ბოდვამ
მოუწია, მე კიდევ რიჩარდ ბარტონი ჩავიხვიე – ანთროპოლოგი,
რომელიც ხმალაობდა, კამოენშის სონეტებს თარგმნიდა
პორტუგალიურიდან და ეკვატორელი ველურების სექსუალურ
მითოლოგიას აღწერდა, თან კი ამბობდა, ცუდი ვარ,
უსაზიზღრესიო. ტყუილად ხომ არ ეძახდნენ ხალხში ავარა
დიკს, თუ ხულიგან დიკს, თუ ბანდიტ დიკს.
ეგრე იცის სათავგადასავლო ისტორიების კითხვამ.
მწერალი იყო თუ არა, რიჩარდ ბარტონი სრულიად
სამწერლობო კაცი გახლდათ. ბოლოს და ბოლოს, დოქტორ
უოტსონის თანამედროვე იყო და დიდი რამე, თუ წერას
გაბედავდა. ის ჰომოსექსუალობის ამბავი კი, აი, რატომ
აუტეხეს: ინდოეთში, ოფიცრად ყოფნისას პოლკში ერთი ოხერი
ამბავი გასკდა; მავანი ოფიცრები ბორდელში დაიარებიანო. ამას
ოფიცრებს ვინ აუკრძალავდა, მაგრამ სათავცემო ის იყო, რომ

9
ბორდელი კაცებისა ყოფილიყო, აღმოსავლურად რომ
მოვთვალოთ, საბიჭე, ჩვენთან ძველად გავრცელებულა
სიტყვით „სათუქსუსო“. ჰოდა, გენერალს დაუვალებია,
კაპიტანო ბარტონ, მიდი და კარგად შეისწავლე მაგ
სამარცხვინო ადგილის ვითარება და წერილობითი ანგარიში
წარმომიდგინეო. ანგარიში კი ისეთი ამომწურავი ყოფილა,
ვითარცა მეცნიერული გამოკვლევა, და ხმა გავარდნილა,
შეუძლებელია, ისეთ კაცს დაეწერა, თვითონაც რომ არ
ყოფილიყო ნამყოფი იმ ბორდელშიო.
მეორეს მხრივ კი, წერა, ბარტონმა რომ იცოდა, ისეთი უნდოდა,
კვლევაც, რასაკვირველია, და თემაც, ხომ სამისო იყო და
სამისო. ჰოდა, იმარჩიელეთო.
ბარტონს უყვარდა ბუნდოვანება პირად საკითხებში,
ყოყოჩობდა ამით თუ რა იყო, არ ვიცი.
ავღანეთის ომი რომ დაიწყო, ოქსფორდის სტუდენტად მყოფი
ისეთ დღეში ვიყავი, რომ შვეიცარიელ დაქირავებულთა
ცნობილ რაზმებშიც ჩავეწერებოდი და საფრანგეთში უცხოურ
ლეგიონშიც; რაც მე იმ ავღანელებს ვლოცავდი, რომ ომში
წასვლის საშუალება მომცესო, – აი, ასეთი კაცი იყო, – იმ დროს
არაფრისთვის ვიყავი მზად, გარდა იმისა, რომ ორ შაურად
მოვეკალი ტყვიას, მაგრამ მაინც ასე მიჯობდაო.
ეგეთი დრო იყო და ეგეთი კაციც იმიტომ დაიბადა ალბათ.
ვეღარ გაიგებ, ნამდვილია თუ მოგონილი. მგონი, ამიტომაც
ამერია იმ თაღლით გენერალში.

ბირსი გამახსენდა
ახლა გამახსენდა, სწორედ რომ 70-იან წლებში იყო წიგნების
ასეთი სერია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მოქნილი
სერია იმ დროში და ერქვა „ერთი მოთხრობა“.
შეიძლება ითქვას, რომ წიგნები არც იყო, არამედ პატარა,
თხელი რვეულები, მომცრო ზომისა. თითო რვეულში მწერლის
თითო მოთხრობა იყო, ისინიც ალბათ სხვადასხვა ზომისა.
ყდას ფერადი ზოლი გასდევდა, რომელზედაც თეთრად ეწერა
სათაური. ყდის მარცხენა კუთხეში მწერლის ფოტო იყო,

10
როგორც წესი, ძალიან რეტუშირებული და მიხატულ-
მოხატული. ეტყობა, იმ დროში ან ჭირდა, ან რა ვიცი, ხერხები
არ იყო ფოტოს სუფთად დაბეჭდვისა.
ფოტოს ქვეშ მწერლის გვარი და სახელი ეწერა, მარჯვენა ზედა
კუთხეში კი სერიის ლოგო იყო, გაშლილი გრაგნილი და ზედ
კალამი, იქავე წარწერა – „ერთი მოთხრობა“.
არ ვიცი, რა მიზეზით და ეს წიგნაკები ბლომად გვქონდა.
ეტყობა, მამაჩემი ყიდულობდა ხოლმე, ხელს გამოაყოლებდა.
ცხადია, ძალიან იაფი წიგნაკები იყო. ჩემი ვარაუდით, ასე ოცი
კაპიკი ეღირებოდა. ალბათ არც იყო გათვლილი დიდხანს
შესანახად და არც შემონახულა, რაზეც გვარიანად მწყდება
გული. ბოლომდე მქონდა ერთი და მერე აღარ ვიცი, სად
წავიდა.
ქართველი მწერლებისა ამ სერიაში ერთი მოთხრობა მახსოვს,
გურამ გეგეშიძისა. გვარიანად შემაშინა ამ მოთხრობამ. ალბათ
იმიტომ, რომ პატარა ვიყავი, ხომ იცი, თან რომ მოგეწონება და
თან რომ შეგეშინდება. მართლა ძალიან პატარა ვიყავი იმის
საკითხავად. უფრო კი უცხოელები მახსოვს.
იქ იყო ტრუმენ კაპოტეს „ბავშვები დაბადების დღეზე“,
სიმენონის „ღია ფანჯარა“, თუ რაღაც ასეთი, ჰემინგუეის
„კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ და ამბროზ ბირსის
„შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“.
სიმენონი იმ ფოტოზე რატომღაც ფერნანდელს ჰგავდა,
ჰემინგუეი ზანგივით იყო და იღიმოდა, როგორც არასდროს
გაუღიმია და კაპოტე იყურებოდა სადღაც, შორეთში.
საქმე მართლაც ეგ არის, რომ ჩემთვის არასდროს უთქვამს
ვინმეს, ეს წაიკითხე და ეს არ წაიკითხოო. როგორღაც ეგრე
გამოვიდა. რაღაცას კი მირჩევდნენ, ეს წაიკითხეო, როგორც
ბავშვებს ურჩევენ ხოლმე, მაგრამ ამას ჯერჯერობით ნუ
მიადგებიო, არავის უთქვამს. ჰოდა, ეგრე გამოვიდა, რომ
„კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ დღემდე არ წამიკითხავს. არ
წამიკითხავს როგორ, მახსოვს, რომ გადაკეთებულში გრეგორი
პეკი თამაშობს და იმ ფილმს „ჰეფი ენდი“ აქვს, თორემ
მომკალი და, ოდესმე წამაკითხე ეგ წიგნი. ისე, ვთვლი, რომ
წაკითხული მაქვს, იმიტომ, რომ იმ სერიაში წავიკითხე. რა
თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი გავიგე და დღემდე
დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ამ მოთხრობაში მისი

11
ეპიგრაფია. ანუ შემდგომი ამბავი საჭირო აღარ არის. იმ კაი კაცს
შეეძლო ყინულებში მოხვედრილ ლეოპარდზე დაეწერა,
ოღონდაც მაშინ უფრო ადამიანებზე წერა იყო მოდაში და არა
ამბებზე. ასე იყო, თუ ისე, იმ წიგნზე კი გული აღარ მიმივიდა.
სიმენონზე მივხვდი, რომ იყო იქ რაღაც მოუხელთებელი და
ოსტატური. მაშინ ეგ სიტყვა არ ვიცოდი, რასაკვირველია.
ოღონდ რატომღაც მახსოვს ის დღე, როცა ამ მოთხრობას
ვკითხულობდი და თან სამზარეულოს ფანჯრიდან
ვიყურებოდი. კარგი ამინდი იყო, შაბათი, და ალბათ უკვე
გვიანი გაზაფხული. მერე რაღაც კარგი მოხდა. კარგი რა,
სასიამოვნო. ნამეტანია, შვიდი წლის რომ ხარ და ამ წიგნებს არ
გამოგართმევენ ხელიდან. ალბათ იმიტომ ვკითხულობდი, რომ
საქმე და გასართობი არაფერი მქონდა და ეზოშიც არ გამიშვეს.
რას გაუგებ.
კაპოტე თავიდანვე უარვყავი, არ ვიცი, რატომ. ალბათ სათაური
არ მომეწონა. ჰოდა, მახსოვს, როგორ წავიკითხე ბირსი.
ამ წიგნაკებიდან ბირსის წიგნაკი ერთადერთი იყო, რომელსაც
ავტორის ფოტო არ ამშვენებდა. ეტყობა, ვერ იშოვეს, არსად იყო
საბჭოთა საწიგნე შესანახებში და არც ის ვიცი, ბირსის წიგნები
გამოიცემოდა თუ არა საბჭოთა კავშირში ხშირად.
ბირსის ფოტოს ნაცვლად წიგნს ამშვენებდა სიბნელეში შავ
სილუეტებად მავალი კაცი და კაქტუსი.
მოთხრობას კი, როგორც მოგახსენეთ, ერქვა „შემთხვევა
ჭოტისწყლის ხიდზე“.
გავგიჟდი, რა. ეგ რო წავიკითხე, გავგიჟდი. ისე დამწყდა გული
და ისე ავღელდი.
იქ ეგეთი ამბავია, რომ კაცი უნდა ჩამოახრჩონ ჯარისკაცებმა და
თითქოს ეს კაცი გადარჩება, ღელეში გაცურავს, მერე კი
ირკვევა, რომ ეს მხოლოდ მისი ფიქრები ყოფილა ჩამოხრჩობის
დროს. აბა, გული არ გაგისკდება?
ჩამოხრჩობის ამბისა მაშინ ვიცოდი, რომ ძირითადად
უდანაშაულოებს ჩამოახრჩობენ ხოლმე. რატომღაც კინოებში
საკმაოდ ხშირად ჩანდა ჩამოხრჩობები და სიკვდილით
დასჯები. ძირითადად რევოლუციონერებს ჩამოახრჩობდნენ
ხოლმე და ისინიც გმირულად ჩამოეხრჩობოდნენ.

12
როგორც მახსოვს, ამ ჩამოხრჩობების ამბები კინოებით დიდად
არ მოქმედებდა, რადგან იქ დიდად არ ჩანდა, რომ ვინმე,
თუნდაც ჩამოსახრჩობი, დიდად წინააღმდეგია ამ ამბისა. იქ
ჩანდა, რომ ის იმდენად მამაცია, რომ თავის აღსასრულს
რწმენითა და ღირსებით ხვდება, თუმცა იცის, რომ ეს დიდი
უსამართლობაა.
ამ მოთხრობაში კი კაცი დასაწყისიდანვე გადარჩენის გეგმას
აწყობდა. თუმცა საქმე ეგეც არ იყო, რომ აქ თავგადასავლის
ამბავი იყო საინტერესო. საქმე ფერები იყო, როგორც ახლა
ვხვდები. როგორ იყო ეს ყველაფერი აღწერილი. ვააახ...
აბა, რამდენი წლის მერე შევიტყვე, რომ ბირსი პურე
ინგლისურის ოსტატი იყო და, ჩანს, ეს ქართულ თარგმანშიც
გადმოჰყოლოდა.
თან ეს ყველაფერი, რაზეც ის მოგითხრობდა, სრულიად უცხო
და ახალი იყო, უბრალოდ ქალების და კაცების ამბავი კი არ იყო,
კიდევ რაღაც მეტი. კაცი იყო სამხრეთელი პლანტატორი,
ჯარისკაცები ჩრდილოელები და იმიტომ ახრჩობდნენ, რომ მან
სწორედ ამ ჭოტისწყლის ხიდის დანგრევა გადაწყვიტა ერთი
ჯაშუშის ჩაგონებით; ანუ თვითონ უბიძგეს, რათა ჩამოხრჩობის
მიზეზი ჰქონოდათ.
ეს პლანტატორობაც ვიცოდი, მგონი. დიდი საზიზღარი რამე
იყო, „ბიძია თომას ქოხიდან“ გამომდინარე, მაგრამ ეს
ჩამოსახრჩობი კაცი საზიზღარი არ ჩანდა.
ან რას ომობდნენ ერთმანეთში, ხომ საერთოდ...
ბირსის წიგნები რუსულად არ მენახა-მეთქი და მოთხრობებიც
იმდენი არ ჰქონდა, რომ უამრავი წიგნი გამოსულიყო. ბირსი
ხომ უფრო ჟურნალისტი იყო, დღეს როგორც იტყვიან, ცხელი
წერტილებისა, და მანამდე კი საბრძოლო ჭრილობები ჰქონდა,
რაიც მთელი ცხოვრება სტანჯავდა. ბოლოს, უკვე მოხუცი,
სამოცდაათი წლისა გაქანდა მექსიკაში იქაური სამოქალაქო
ომის გემოს ასაღებად და იქავ დაიკარგა.
არავინ იცის მისი საფლავი.
ახირებული კაცი იყო, შემტევი, მწარეკალმიანი ჟურნალისტი,
თავისი ჟურნალისტიკა ტომებად გამოსცა, სანამ ცოცხალი იყო.
კომუნისტების დროში ეგეთი გამომცემლობა იყო „პროგრესი“,

13
რომელიც ინგლისურად უშვებდა წიგნებს. ჰოდა, ბირსის ერთი
კრებული მქონდა სწორედ იმ გამომცემლობისა. პატარა იყო,
ჯიბეში ეტეოდა და ერთ სტუდენტ გოგოს მივეცი.
აღარ მახსოვს, რატომ დაინტერესდა ბირსით, მე არ მიხსენებია.
მგონი, იმიტომ, რომ რაღაც ამის მსგავსზე ველაპარაკებოდი,
ძველ ჟურნალისტებზე.
მგონი, ამაზე სადღაც დავწერე უკვე, თუ რაღაც დეჟა-ვიუს
ამბავია, არ ვიცი.
ესეც ბირსის პონტია, უყვარდა დეჟა-ვიუსა და ასეთ რამეებზე
წერა.
„პერესტროიკის“ დროს მისი წიგნები დაიყარა, უფრო სწორად,
ერთი და იგივე კრებული სხვადასხვა ყდაში. ვიყიდე, გაქრა,
ვიყიდე, გაქრა. „ცინიკოსის ლექსიკონი“ და ასეთები.
ქართულადაც გამოჩნდა ის ძველი მოთხრობა, ოღონდ ცოტა
სხვა სათაურით, „შემთხვევა ბუსნაკადის ხიდზე“, ანუ
ჭოტისწყლის და ბუსნაკადის. ოულ ქრეექ.
ახლა იმის მოყოლა არ მინდა, რანაირი მწერალი იყო ბირსი,
რისა სჯეროდა და რის არ სჯეროდა. ცხადია, რომ ბევრის
არაფრისა სჯეროდა. ისე კი, გვარიანად ძნელია იმ დროს წერო,
როცა მარკ ტვენი, ბრეტ ჰარტი, სტივენ კრეინი, ჯეკ ლონდონი,
ო.ჰენრი და ასეთები წერენ, და ისეთი რამეები დატოვო, რომ არ
გამორჩეთ და სულ არსებობდეს.
ახლა რომ შეხედო, რაც ამერიკელებს ომზე უწერიათ.
იგივე ჰემინგუეი, მთელი ეს დაკარგული თაობის ამბები,
მთელი ეს ვიეტნამის ბიჭები. რა ვიცი, ბლომად უწერიათ და
ბირსი კი ამათ ყველას სჯობს. ბირსს ბევრის არაფრისა
სჯეროდა-მეთქი და, მგონი, იმიტომაც, რომ ძალიან ახლოს
იცოდა ომი. იმგვარად ახლოს, რომ ალბათ არც ერთ მწერალს არ
სცოდნია.
ის, რომ ბირსი მამაცი და თავზეხელაღებული კაცი იყო, სულაც
არ ნიშნავს, რომ რაიმე იმედი ჰქონდა ომებისა, ანდა მოსწონდა
ომი. ომში სიარული მისთვის მხოლოდ საქმე და ჰონორარიც არ
იყო. ეს უბედურება იყო. რაღაცნაირი, დიდი იმედგაცრუება,
რომელშიც ყოველ ჯერზე მიდიოდა და თითქოს იცოდა, იქ რა
დახვდებოდა. მაგრამ მაინც მიდიოდა, რომ კიდევ ერთხელ

14
დაენახა და კიდევ ერთხელ არ დაეჯერებინა სიკეთისა და
იმედისათვის.
მე მგონი, ასე იყო.
კიდევ ერთხელ არ ერწმუნა და კიდევ ერთხელ დაეწერა.
ეგეთი მოთხრობა აქვს, „აჭედილი ფანჯარა“... რომელი ერთი.
ისიც არის, რომ ბირსმა მოულოდნელი დაბრუნება იცის. ისე
უცებ გაგახსენდება, მთლიანად, რაც წაგიკითხავს მისი, რომ
გიკვირს. ის რაღაცნაირადაა ჩაბმული უამრავ
შემდგომდროინდელ მწერალთან და განსაკუთრებით კი
ამერიკელებთან.
ამერიკაში ხომ ბირსისგან და ასეთი კაცებისგან განვითარდა
უამრავი ჟანრი და ჟანრული მწერლობა ხომ საერთოდ.
დღესაც, რატომ გამახსენდა ბირსი და ჭოტისწყლის ხიდის
ამბავი? იმიტომ, რომ წუხელ ჯეიმს კრამლის რომანს
ვკითხულობდი.
კრამლი ახლახანს გარდაიცვალა, ძველი ტეხასელი კაცი იყო,
ნაფეხბურთელარი, ნასალდათარი, ნაციხარი. დამლევი,
ოთხცოლგანაშვები, წერას ასწავლიდა უნივერსიტეტში,
რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს. თუმცა, საკვირველი არც
უნდა იყოს, აბა, ვინ უნდა ასწავლოს წერა, თუ არა ასეთმა
კაცმა?
კრამლი დეტექტივებს წერდა. ცოტა დაწერა დეტექტივების
ავტორის პირობაზე.
დეტექტივების მწერლები ხომ ბევრს წერენ, რაც მეტი, მით
მეტი ფული და ასე შემდეგ. მთელი სისტემაა ასეთი. მაგრამ
კრამლის ბევრი არ დაუწერია ორმოც წელიწადში. თანაც, არც
ერთი მისი დეტექტივი ბესტსელერი არ შეიქნა და, როგორც
ჩანს, თვითონაც დიდად არ ნაღვლობდა ამაზე. ეწერებოდა და
ასე მოსწონდა, როგორც ეწერებოდა. „ჰარდბოილდ“ რომ ჰქვია,
იმ ჟანრში მუშაობდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, უფრო
დაუნდობელ და სისხლიან დეტექტივში, ოღონდაც
დეტექტივებად მისი წიგნები დიდი ვერაფერიშვილი რამეები
იყო. სხვანაირად რომ ითქვას, დეტექტივობისთვის მის
რომანებს არავინ ყიდულობდა და ამიტომ დეტექტივის
მკითხველებს არ უყვარდათ. უყვარდათ უბრალოდ

15
მკითხველებს, იმიტომ, რომ როცა კრამლის კითხულობ, ერთი
რომ, ის გაოცებს, როგორ არ სჯერა, ბირსისა არ იყოს, და
მეორეც, თუ როგორ წერს. ორივე შემთხვევაში რაიმონდ
ჩენდლერს ამსგავსებენ, ის იყო მისი მამობილიო, მაგრამ მე
ბირსისაც ბევრი მგონია.
მოკლედ, მე ასეც მგონია, რომ ჰემინგუეის რომ სამოციანების
ბოლოს დაეწყო წერა, კრამლი იქნებოდა, თავის სასმელს
ნარკოტიკებსაც დაუმატებდა და მთლად შიშველა ვიეტნამის
შემდგომი მაგარი ბიჭობის ამარა დარჩებოდა, სასტიკად
დამარცხებული, მაგრამ მაინც ცოცხალი და მებრძოლი, რაღაცის
მატარებელი ამოთხვრილი ლანდი.
ხოლო ბირსს რომ დროში ემოგზაურა, კრამლი აუცილებლად
მოეწონებოდა და ეტყოდა, მალადეც შენო, მოდი, თითო
დავლიოთო.
კრამლი იმგვარი სტილისტია, რომ როდესაც მოკვდა, მისი
რომანებიდან ამოკრეფილი წინადადებები მისსავე
ნეკროლოგებში მოხვდა. ნეკროლოგები ამ ციტატებით
იწყებოდა და მთავრდებოდა. აი, ამისთვის ვკითხულობთ
კრამლისო.
სიმართლე რომ ითქვას, პირველად მისი ნეკროლოგი
წავიკითხე და ამიტომაც დავიწყე მისი წიგნების ძებნა. პოვნა
არ გამჭირვებია.
იქ იყო ერთი წინადადება, რომლითაც იწყება მისი რომანი და
რომლის შესახებაც კრამლიმ თქვა, ამ წინადადებას რვა
წელიწადს ვწერდიო.
ახლა ნამდვილად ვერ გადმოვთარგმნი იმ წინადადებას, დროს
მართლა წაიღებს და თან მისი ეს ნათქვამი
პასუხისმგებლობასაც გმატებს. ისე მაგარი კაია წიგნის
დასაწყისად.
ჰოდა, ბირსიც ამიტომ გამახსენდა.
ბირსს არა მხოლოდ ტრაგიკული ამბის დაუნდობლად მოყოლა
შეეძლო, არამედ წინადადებებსაც ძალიან მოხდენილად
აწყობდა.
საერთოდ კიდევ, მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს,
როდის წაიკითხავ წიგნს. თუ სისქეს ერევი, სულაც პატარა რომ

16
იყო და იქ ისეთი ამბები ეწეროს, პატარა ბიჭს რომ არ ესმის,
შთაბეჭდილება მაინც უტყუარია. ახლა იმას კი არ ვამბობ,
მაინცდამაინც მარკიზ დე სადის რამეებს უნდა ეტაკოს-მეთქი.
ანდა სად იყო ჩვენს ბავშვობაში დე სადის რაღაცეები; ანდა
რომც ყოფილიყო, თაროებზე ვინ დაილაგებდა. დე სადი, მე თუ
მკითხავთ, წერის გაგებაში არ იყო. მთავარი მისი პოზიცია და
სამყაროს აღქმა იყო, თორემ ფრანგი იყო და ეგრე წერდე, როცა
უკვე არსებობს ფიგარო, ცოტა უხერხულია.
რაღაც, მგონი, მივედ-მოვედები. იმას ვამბობდი, რომ რაც
ბავშვობისას წაკითხულიდან ჩაგრჩება, ძნელად რომ ტყუილი
იყოს. საერთოდ, ეგ მაგარი უცნაურობაა. ჩემი მეგობარი
მეუბნებოდა, პატარა ვიყავი, როცა დონ კიხოტს
ვკითხულობდი და დიალოგებს ვტოვებდი, ამბები
მაინტერესებდაო. მეც ეგრე ვიყავი.
რატომღაც ასე ითვლებოდა, რომ ეს დონ კიხოტი საბავშვოა, თუ
რა იყო, არ ვიცი. რახან ახირებულ კაცზე იყო, თუ... მოკლედ,
ეგრე იყო. მერე ეგეც არი, რომ ბავშვს ამბავი აინტერესებს.
გულუბრყვილობას ამბავი აინტერესებს. რაც უფრო მწველია
იგი, მით მეტად დაგამახსოვრდება. საერთოდ, უცნაური
რამეები გამახსოვრდება.
აი, კიდევ გამახსენდა, რახან ბირსზე ვლაპარაკობთ. არის ეგეთი
ამერიკელი მწერალი, ჰარი ქრუსი. კრამლის არ იყოს,
სამხრეთელი და ასევე ნახიშტარ-ნაწვალები, ბაბუობაში
გადასული ბიძის იერის კაცი, რო არა ტყდებიან ხოლმე. ჰოდა,
იმას აქვს თავის წიგნში, დედაჩემს დავურეკეო, ჩემს საწყალ
დედასო, ობლობაში რო გაგვზარდა მე და ჩემი ძმაო, და
ვეუბნები, დედი, რომანი გავყიდე, მორჩა, მწერალი ვარო;
პირველი რომანი ცხოვრებაშიო. გაუხარდა დედაჩემსო,
კითხულობდა ჩემს ნაწვალებს ხანდახანო და მითხრა, ეგ
რომელიო, შენ რო მოიგონე თუ ჩვენი ცხოვრება რომაა შიგ
აღწერილიო, და მე ვუთხარი, მე რო მოვიგონეო, და ჩაჩუმდა
დედაჩემიო, კარგა ხნით ჩაჩუმდაო. რა იყო, დედი, რატო
ჩაჩუმდიო. და ვფიქრობო, ალბათ მე ცოტაღა მესმის სამყაროსი,
მოგონილ ამბავში ფული როგორ გადაგიხადეს, ეგ ხომ
ტყუილიაო.
დედაჩემისთვისო, ქრუსი ამბობს, ჩემი ხელნაწერები იყო
პირველი რომანები, რომლებიც წაიკითხაო.

17
ეს გულუბრყვილობა, ცხადია, მაშინაც არსებობს, როცა ბავშვი
ხარ და მულტფილმებსა და ურფინ ჯუსის მაღლა მდგომ
რამეებს მიადგები. ოღონდაც მაშინ ვერ ხვდები, რა არის
მწერლობა, მოცემულობა გაქვს: წიგნი და შიგ არც მთლად
გასაგები ამბავი. იგებ თუ ვერა, ეგ ამბავი გრძნობებს აღძრავს.
ჰოდა, სწორედ ეს გამახსოვრდება.
ბირსს იმდენი ჰქონდა ნანახი და იმდენი რეპორტაჟი დაეწერა,
რომ ასეთებს, ჩვეულებრივ, ცოტა დრო რჩებათ
გამონაგონისთვის. ის, რაც ნამდვილად გინახავს და განგიცდია,
გამონაგონში რომ გადაგაქვს, ისე უნდა გადაიტანო, რომ
თვითონაც გაინტერესებდეს. თუ სრულიად განსაკუთრებულ
წერის ხერხებს არ ფლობ, ეს, უბრალოდ, არ გინდა და მორჩა.
ისიც, ან გამოვა, ან არა. დარჩება ჟურნალისტიკად, როგორც
შალამოვის გადასარევი მოთხრობები.
ბირსს თავად მოხვედროდა ტყვია და როცა კაცს ტყვია
მოხვედრია და ტყვიის მოხვედრაზე წერს, ისე, რომ იქ თავისას
არაფერს ტოვებს, წერის ოსტატობის გარდა, ეს კარგი
მოთხრობაა. შეუძლია მთელი თავისი პირდაპირობით,
ჟურნალისტურად დაწეროს და მისი ნაწერი ნამდვილად კარგი
იქნება, მაგრამ რახანღა იცის, რომ არსებობს რაღაც,
ჟურნალისტობაზე ძლიერი და მაღალი, რასაც შეუძლია, რომ ეს
ტყვია მთელ სამყაროდ აქციოს და არა უბრალოდ
სულისშემძვრელ რეპორტაჟად, სული წასძლევს, რომ მწერალი
გახდეს.
ბირსს ეს შეეძლო.
ის იგონებდა თავის მოთხრობებს.
ვინ იცის, სრულიად ახალგაზრდა ეგებ თავადაც იდგა ისეთ
ხიდზე, თავის მოთხრობაში რომ აღწერა და თოკზე
ჩამოკონწიალებული გვამებიც მრავლად ენახა და იფიქრა
მრავალი წლის შემდეგ იმაზე, შეუძლია თუ არა კაცს, რომ
იოცნებოს ჩამოხრჩობის წინ, და არა მაინცდამაინც იმაზე, რომ
ჩამოხრჩობა საშინელებაა. არის, რა თქმა უნდა, მაგრამ
ჩამოხრჩობას ჟურნალისტი აღწერს.
შეუძლია კაცს ოცნება ჩამოხრჩობის წინ? არ ვიცი.
მან უკეთ იცოდა.

18
ჰოდა, მეც ბავშვობიდან მჯერა მისი გამონაგონის. რამდენი
ხანია, მჯერა და არასდროს დამვიწყებია ბირსი. მწერლობაც ეგ
არის ალბათ, როცა წამკითხველს არ ავიწყდები და რაღაც
უცნაური, ჩამოუქნელი, ფერადი სივრცე ამოუტივტივდება
ხოლმე თავში შენი სახელის გახსენებაზე.
ამბროზ ბირსი. კაი მაგარი იყო იმ თხელ წიგნაკში.

ჩემი მაგარი გოგოები


სულ მინდოდა ამათზე დამეწერა.
იმიტომ, რომ მგონია, ასეთი ადამიანები რატომღაც აღარ
იბადებიან და ასე არც კვდებიან. საერთოდ, იშვიათი რამეა
ასეთი მოდგმა.
ეს იყო საოცარი ოჯახი, რომელიც წარმოდგებოდა კაცისგან,
ვისი ნამდვილი სახელიც მისსავე მშობლიურ ენაზე ჟღერდა,
როგორც პადრაიგ მაკ აიდ ო’პრონტეი.
ანუ პატრიკი, ვაჟი კაცისა, რომლის პირველი სახელიც იყო
„ცეცხლი“; შვილიშვილი ქალებისა, რომელთა პირველი სახელია
„საუკეთესონი“.
მგონი, რაღაც ასეთია. გელურ ენაში ძნელად გაერკვევი. მით
უმეტეს, როცა ამისა არაფერი გაგეგება. ინგლისურიდან
თარგმნილი კი დაახლოებით ასე ჟღერს.
ყოველ შემთხვევაში, პრონტეი თანდათან ბრუნტით
გადაკეთდა, ამ კაცმა კი, პატრიკმა, ბრონტიდ გადაიკეთა, რასაც
ჩვენ ბრონტედ წარმოვთქვამთ. რატომ გადაიკეთა,
დანამდვილებით არ არის ცნობილი. ეტყობა, ჟღერადობის გამო.
დიდად ნასწავლი კაცი იყო, მღვდელი, ირლანდიის სულ ერთი
ბეწო ადგილიდან დაძრული, მძიმებიჭობაგამოვლილი და
კემბრიჯის სტიპენდია კი მოიპოვა.
ბრონტიო, ბერძნული მითოლოგიიდან არისო, მეორე მხრივ
კიდევ, სიცილიაზეა ადგილიო. ნელსონმა რომ ფრანგები
დაამარცხა წყალზე, ბრონტეს გრაფის ტიტული უბოძეს
კუნძულელებმა, ხოლო პატრიკ ბრუნტი კი დიდი
თაყვანისმცემელი იყო ადმირალისაო.

19
ათას რამეს ჰყვებიან.
მოკლედ, ძაან კაცი იყო ეს პატრიკ ბრონტე.
დაცოლშვილებული დაინიშნა ჰოვორსში და სიცოცხლის
ბოლომდე იქ იყო. მთელი ოთხმოცდაოთხი წელი იცხოვრა. იმ
სახლში, რომელშიც დასახლდა, ახლა მუზეუმია.
ეს ჰოვორსი, იცით, როგორი ქალაქია? აბა, როგორ ვთქვა.
ახლა იქ სიჩუმეა და ეს სახლი. ამ სახლზე მძიმე ადგილი კი მე
იშვიათად მინახავს. ეს იორკშირია; ინგლისის მწვანე გული.
მაგრამ ეს სახლი... მით უმეტეს, როცა იქ ისე მიდიხარ, რომ
წინდაწინვე იცი ბევრი რამ მის მკვიდრთა შესახებ... სულაც
რომ მტერი იყო, იოლი არ არის.
ჩვენს დროში ასეთი გრძნობები და ფანტაზიები არც მოდაშია
და არც ახსოვთ, მაგრამ ეს სახლი, მღვდელ პატრიკ ბრონტეს
სახლი, ახლა კი არის გაპრიალებული და სამუზეუმო, მაგრამ
ნებისმიერი ნივთი ან ქაღალდი წამში მიგაბრუნებს იმ დროში,
როცა აქ მღვდელი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ და როგორღაც
უვლიდნენ დიდ ოჯახს.
შემოქმედებისა და სიკვდილის შთამბეჭდავი ნაზავია.
აქ აუცილებლად იფიქრებ, რომ კუთხეებში სულები
მიმალულან. რაგინდარა ექსკურსია და ამბავი იყოს, თავიდანვე
ვიცი, ეს დები ბრონტეების სახლია და ასევე მათი უბედური და
უტეხი მამისა, რომელმაც თავისი უკლებლივ ყველა საყვარელი
ადამიანის სიკვდილი ნახა: ცოლისა და ექვსი შვილისა.
ეს სხვანაირი დრო იყო, არ ჰგავდა ჩვენსას.
თითქმის ორასი წლის წინათ პატრიკ ბრონტე ჰოვორსში
დაინიშნა და ცოლითა და ორი ქალიშვილით გადმოვიდა ამ რუხ
სახლში.
ცოლს მარია ერქვა, პირველ ქალიშვილსაც – მარია, მეორეს –
ელიზაბეთი. ჰოვორსში დაიბადნენ შარლოტა, ემილი და ენი,
ასევე ერთადერთი ვაჟი პატრიკ ბრანველ ბრონტე, სახელად
მამის სახელი და დედის გვარი რომ დაანათლეს.
ეს მცირეშემოსავლიანი ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან ნასწავლი
კაცის ოჯახი. ჰოვორსი კი იყო ქალაქი, სადაც მოსახლეობა
იზრდებოდა და ლამის ყველა ადრე კვდებოდა. ძველი, პატარა

20
ისტორიები ძალიან მგრძნობიარეა. ჰოვორსში რაღაც
გამორჩეული სისწრაფით იხოცებოდნენ, ქალაქს წყალიც კი არ
ჰქონდა, მაგრამ მოდიოდნენ და მოდიოდნენ.
ინდუსტრიალიზაცია, თუ რაც ჰქვია. სხვანაირად კი ეს
საუცხოო ინგლისური მწერლობის დრო იყო.
შარლოტა რომ დაიბადა, ერთ წელიწადში გარდაიცვალა ჯეინ
ოსტინი, დიდი რომანისტი ქალი.
კითხულობთ ქალების დაწერილ რომანებს?
იმეებზე კი არ ვამბობ, სერიულები რომაა, ყდებზე ერთნაირი
ნახატებით; დიდი მწერალი ქალების დაწერილ რომანებს?
ფრანსუაზა საგანი და რამე. ჰარპერ ლი...
თუ კითხულობთ, ინგლისელებით დაიწყებდით. თუ წაკითხვა
გინდათ, ინგლისელებით უნდა დაიწყოთ. ეგრე ჩამოყალიბდა.
შარლოტა ბრონტეს ყველაზე ცნობილი წიგნი, „ჯეინ ეირი“ რომ
წავიკითხე, კარგა დიდი ვიყავი. ეგ წიგნი ბავშვობიდან
მახსოვდა, მაგრამ არ წამეკითხა და, სიმართლე ითქვას, არც
მიზიდავდა. ყდაზე გამწარებული ქალის თავი ეხატა. მაშინ
სულ არ ვიცოდი ეგ ამბავი, რომ შარლოტამ ფსევდონიმით
გამოაქვეყნა და კაი წვალებაც გადახდა მის გამოქვეყნებაზე.
საერთოდ, არის ხოლმე წიგნები, რომლებიც სულ თვალში
გხვდება და არ კითხულობ. ეს ბევრი რამის ბრალია, ერთ-ერთი
მიზეზი კი ის არის, რომ წიგნს, მით უმეტეს, იმ ყაიდისას,
როგორიც „ჯეინ ეირია“, მისი ეკრანიზაცია უსწრებს ხოლმე.
ახლა აღარც ვიცი, „ჯეინ ეირია“, „ჯენ ეირია“ თუ როგორ.
როგორც ჩანს, იმ წიგნის ყდისთვისაც არ დამიხედავს
ხეირიანად, ქართული წარწერა რომ დამხსომებოდა. „ჯენ
აირი“, თუ როგორ ვთქვა. ეს გრამატიკა და კითხვის წესი სულ
დამავიწყდა. დედაჩემი „ჯენეირს“ ამბობს, პირდაპირ და
ერთად, ძველებურად, იმ დროიდან, როცა ასეთ რომანებს
ჩვენებური გოგოები კითხულობდნენ.
მოკლედ, ლაყბობას რომ მოვეშვათ, ამ წიგნს კი ვხედავდი
სახლში, მაგრამ პირველად ფილმი ვნახე. ძველი, ინგლისური
შავ-თეთრი ფილმი და ყველაზე მეტად ის ადგილი
დამამახსოვრდა, როჩესტერს რომ ცხენი გადმოაგდებს; სკოლის
ამბები ხომ საერთოდ – კოშმარი.

21
საერთოდ, რა უბედურება იყო ეს სკოლები. დევიდ
კოპერფილდის სკოლა, ჯეინ ეირის სკოლა. რამხელა
ლიტერატურა შექმნა ამ საზიზღარმა სკოლებმა.
ბრონტეების ოჯახის ორი უფროსი ქალიშვილი სწორედ ამ
სკოლებს ემსხვერპლა. მამამ ისინი მღვდელთა ქალიშვილების
სკოლაში გაგზავნა და გვარიანი ტანჯვის შემდეგ შინ
წამოიყვანა. ეს წამოყვანა დაგვიანებული იყო. მარიაცა და
ელიზაბეთიც ათ-ათი წლისანი გარდაიცვალნენ, ერთ
წელიწადს. სკოლაში შერყეული ჯანმრთელობის შედეგი ასეთი
უბედური იყო. საერთოდ კი ბრონტეები დიდი ჯანიანობით და
ამტანობით არ გამოირჩეოდნენ: ჩანს, ამაში დედას ჰგავდნენ;
მღვდელი კლდესავით იყო. ჰოდა, ეს სკოლები, თავისი იდიოტი
და ბოროტი აღმზრდელებით, სულაც არ არის გასაკვირი ამ
ინგლისურ რომანებში.
როცა ქალიშვილები გარდაიცვალნენ, ისინი უკვე ობლები
იყვნენ, მღვდლის ცოლი კიბომ იმსხვერპლა და პატრიკს
ბავშვების აღზრდაში გაუთხოვარი დეიდა ეხმარებოდა. იმ
სახლში რომ დადიხარ, სულ ასეთ რამეებზე ფიქრობ.
ცოცხლად დარჩენილი შვილები მღვდელს სკოლაში აღარ
გაუშვია, გადაწყვიტა შინ აღეზარდა. ყველა ასეთი სკოლის
მასწავლებელზე ჭკვიანიც იყო და მაგარიც. მერე და მერე
ლანძღავდნენ წიგნებში, უჯიათი კაცი იყოო, მაგრამ, მგონი,
მთლად ასე არ არის. შვილები არ დაუღუპავს. უბრალოდ, ეს
ბედისწერა იყო. ასეთი ნიჭიერება და ასეთი უბედურება.
მოხდება ხოლმე ასე. გამოსავალი კი არ არის.
ფილმებს რომ მივუბრუნდე, მგონი, არც ერთი სერიალისთვის
არ მიცქერია ისეთი გულმოდგინებით, როგორც „ჯეინ
ეირისთვის“. მაშინ, საბჭოთა დროში, იყო ეგ სერიალი და მერე
სხვა ვერსიას ინგლისშიც გადავეყარე რომელიღაც არხზე.
ფილმებიც მინახავს, მგონი, ძეფირელიმაც კი გადაიღო.
ერთი კოშმარი ტიპი იყო იმ სკოლაში, ჰედმასტერი, რო
დასჭექდა: ჯეინ ეირ!!!
ჰოდა, რახან კინო ასეთი ხშირი იყო, წიგნამდე ვინღა
მივიდოდა, რაც იოლია, ის არ სჯობია? არც რაღაც
განსაკუთრებული ინტერესი მქონდა ამ ამბისა და, საერთოდ,
არაფერი ვიცოდი ამ ბრონტეების, არც მაინტერესებდა.

22
მათი ოჯახობის ისტორია კი გვიან გავიგე.
შარლოტა ბრონტესთან ემილი ბრონტეს მეშვეობით მივედი,
ოღონდ სრულიად მოულოდნელად. ნამდვილად აღარ მახსოვს,
სად წავიკითხე. ალბათ ვიღაც ისეთთან, ჩემთვის რომ დიდი
ავტორიტეტი იყო – ერთ-ერთი მაგარი წიგნი, რომელიც
წამიკითხავს, „ქარიშხლიანი უღელტეხილიაო“. მგონი, ასე
ითარგმნება ქართულად, თორემ წიგნის ქართული თარგმანი
არ არსებობს. მე არ მინახავს და თუ არსებობს, არ ვიცი. იმ
დღესაც, დიკენსზე რომ ვწერდი, „ნიკოლას ნიკლბის“
ქართული თარგმანის მხოლოდ პირველი ტომი არსებობს-
მეთქი, ასე მეგონა, მეორე ალბათ აღარ გამოუშვეს-მეთქი. ერთი
კვირის წინ კი მოვდივარ უნივერსიტეტთან და წინ რომ ძველ
წიგნებს ყიდიან, იქ არ დევს სრული და უსქესი ნიკლბი?
ამიტომ დიდად ნუ მენდობით.
როგორც მოგახსენეთ, არ მახსოვს, ვისთან ამოვიკითხე ემილის
წიგნის ქება. საერთოდ, ჰემინგუეის უყვარს ჩამოთვლა, ესენი
და ესენი უნდა წაიკითხოს კაცმა, მწერალი რომ გახდეს და
მიხვდეს, რომანი რა არისო, მაგრამ აღარ მახსოვს, მას ჰქონდა
თავის სიებში თუ არა. „ტობიას სმოლეტი“ რომ ჰქონდა,
მახსოვს, ეს კი – არა. მოკლედ, სადღაც ამოვიკითხე და დავიწყე
სახლში ემილი ბრონტეს წიგნის ძებნა.
არ გვქონდა და რას ვიპოვიდი?
ეს, მგონი, იმ დროს იყო, საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა.
ზაფხულში აგარაკზე ვიყავით და თბილისში ჩამოვდიოდი
ხოლმე, სამსახურში. ჰოდა, პლეხანოვზე, ბუკინისტებში ვნახე
„ქარიშხლიანი უღელტეხილი“, ხრუშჩოვის დროის გამოცემა კაი
მაგარი ყდით და იმწუთში ვიყიდე. ბედად, ფულიც მქონდა.
მახსოვს, როგორ გამიხარდა.
მუქი ლურჯია, შავი კანტებით. კაი ნახმარი წიგნი იყო,
გოგოების ნაკითხი ძველ დროში. მაგრამ იმ დროს საოჯახო
წიგნების „ბუკინისტებში“ ჩაბარება უკვე დაწყებული იყო და
არ გამკვირვებია. მე თვითონაც დავარბენინებდი რაღაცეებს.
ერთხელ ოქტომბრის ქუჩაზეც კი ჩავაბარე, ნახალოვკაში. არა
მგონია, ახლა ის პატარა „ბუკინისტური“ არსებობდეს. არც
ერთი აღარ არსებობს ერთის გარდა, რაც მე ვიცოდი იმათგან.
სიმართლე რომ ვთქვა, ის ღამე, როცა „ქარიშხლიანი

23
უღელტეხილის“ კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და, მგონი,
არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულის შემძვრელი ამბავი
სიყვარულისა და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად
დაწერილი რომანი არასდროს წამეკითხა; სწორედ რომ
მკვეთრად. ისიც ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი.
სანამ ამ წიგნის წინასიტყვაობას წავიკითხავდი, ნაბოლარა
დის, ენის ამბავი საერთოდ არ ვიცოდი და სრულიად
მოულოდნელად რაღაც რუსულ კალენდარს გადავაწყდი,
რომელშიც დღეების გვერდებზე სულ ნაირგვარი თემები და
სურათები იყო, ჰოკეის მეკარე ტრეწიაკიც ეხატა და
ალექსანდრე მაკედონელიც.
ჰოდა, იქ ერთ გვერდზე იყო ის ცნობილი ნახატი, სამივე და რომ
ერთად არის. ეს მათი ძმის, ბრანველის დახატულია.
მას უნდოდა, რომ მხატვარი ყოფილიყო. იყო კიდეც, პოეტი და
მხატვარი. დებიც წერდნენ ლექსებს.
ეს სურათი კარგა ხანს მქონდა შენახული.
სამივეს რაღაცნაირი, არსად მაცქერალი თვალები ჰქონდა. ახლა
ყველგან ნახავ ამ სურათს, ინტერნეტში გინდა თუ სად გინდა.
ჰოვორსში სხვა ათას რამესთან ერთად ოჯახურ ნახატებსაც
ნახავ.
ამ სურათის მუღამი კი ისაა, რომ დებს შორის ბრანველმა
ავტოპორტრეტიც დახატა, მაგრამ მერე წაშალა. დიდად
სიმბოლური ამბავია, ვინაიდან ბრანველი ამ ოთხთა შორის
პირველი გარდაიცვალა. თუკი ვინმეს ეთქმის უიღბლო კაცი,
სწორედ ბრანველს.
ბრონტეებს ოჯახი უნდა შეენახათ, მამა ვეღარაფერს
გასწვდებოდა. ერთადერთი თანამდებობა, რომელიც მათ იმ
დროში შეეძლოთ ეშოვათ, გუვერნანტი ქალის ადგილი იყო და
კიდევაც მისდიეს ამ საქმეს. ბრანველს კი კერძო
მასწავლებლობა უნდა გაეწია. ასეც იყო, მაგრამ მას გვარიანი
რამეები გადახდა ცხოვრებაში: ქმრიანი ქალი შეიყვარა,
დამარცხდა და შინ დაბრუნდა. ხოლო შინ რომ დაბრუნდა,
უკვე იყო ლოთი, ოპიუმის ტრიქსტურების მსმელი და
ჭლექშეყრილი.
ჭლექი სიკვდილი იყო. უკვე ბეჭედდასმული იყავი. ამბობენ,

24
რომ ემილის მისგან შეეყარა ეს ჭლექი. უვლიდა. დები
უვლიდნენ. ტრაგედიას, რომელსაც შარლოტა და მამამისი
უცქერდნენ, წელიწადიც არ დასჭირდა. ჯერ ბრანველი მოკვდა,
სულ მალე კი – ემილი, რომელიც მალევე მიხვდა, რომ ჭლექით
იყო ავად და ჰოვორსიდან აღარ წავიდა.
მაშინ ჰოვორსში სიკვდილი არ უკვირდათ. ამ ქალაქში
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოცდახუთი წელიწადი
იყო, ბავშვების ნახევარი კი ექვსი წლის ასაკამდე კვდებოდა.
ასეთი ცხოვრება იყო, რას იზამ?
ამ დროისთვის ემილის უკვე დაუბეჭდეს „ქარიშხლიანი
უღელტეხილი“, შარლოტას – „ჯეინ ეირი“, ანას კი – „აგნეს
გრეი“, როგორც ემილის რომანის მესამე ტომი.
გოგოები წინ მიდიოდნენ, ლონდონში ლაპარაკობდნენ ამ
წიგნებზე. ჯერ უცნობნი და ფსევდონიმებს უკან მიმალულნი
იყვნენ, მაგრამ მათ შესახებ უკვე წერდნენ.
ემილი რომ გარდაიცვალა, შარლოტა მიხვდა, რომ ენსაც იგივე
ბედი ელოდა. ის სკანტორპში გაგზავნეს, ზღვის პირას,
უკეთესი ჰაერისთვის, თუ არ ვიცი, როგორც არის. მაგრამ
გაზაფხულზე ისიც გარდაიცვალა და შარლოტამ გადაწყვიტა,
რომ შინ არ წამოესვენებინა. იქვე დაკრძალეს, ეკლესიის ეზოში.
„ჯეინ ეირი“ სწორედ ამ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ შემდეგ
წავიკითხე, როგორც მოგახსენეთ. „ქუხილიან უღელტეხილს“,
რუსული წესით, დიდი და საინტერესო წინასიტყვაობა
ჰქონდა. თუ საბჭოთა რამეებს გამოაკლებდი, ბევრ რამეს
გაიგებდი. მათი ოჯახის განადგურების ამბავიც იქიდან გავიგე,
ოღონდ ინფორმაცია იმდენი არ იყო.
მერე იმდენი დრო გავიდა და, ცხადია, მაინცდამაინც სულ
ბრონტეებზე არ ვფიქრობდი.
მერე, დრო რო გავიდა და ლონდონში მოვხვდი, იქ „ჩარითი-
შოფში“ სულ ორ ფუნტად გადავაწყდი „ქარიშხლიანი
უღელტეხილის“ კაი ძველ გამოცემას, რომელსაც ჰქონდა
სრულიად ზღაპრული წინასიტყვაობა ბრონტეების ოჯახის
შესახებ.
სწორედ იქ წავიკითხე პირველად მათი ბავშვობის ამბავი.
რახან მამამ სკოლებზე უარი თქვა, ისინი სწორედ იმ რუხ

25
სახლში დარჩნენ და იქ გაჩნდა ბრონტეების გასაოცარი,
მოგონილი სამყარო, მოგონილი ქვეყნებით და ადამიანებით.
ისტორიები გაყოფილი იყო: გონდალის ქვეყნის ამბავს ემილი
და ენი წერდნენ; ეს გონდალი ოკეანეში დაგდებული კუნძული
იყო. ბრანველი და შარლოტა კი – მეორე ქვეყნისას, რომელსაც
ანგრია ერქვა და აფრიკაში იყო. იქ მარტო ამბებს კი არ
იგონებდნენ, არამედ მთელ მიმოწერასაც, საზოგადოებრივ
აგებულებასაც. მთელი სამყარო იყო ამ ნაწერებში. უზარმაზარი
სამყარო, რომლისაც დღეს თითქმის არაფერია დარჩენილი.
მათი თანამემამულის, დეკან სვიფტის მაგალითი ხომ
ჰქონდათ. საკვირველი ეს არის, რომ გონდალიცა და ანგრიაც
არსებობენ. გონდალი, მგონი, ახლანდელ პაკისტანშია სადღაც,
ანგრია კი გერმანიაში.
ერთი მწერალი ქალია პროფესორად კოლუმბიის
უნივერსიტეტში, ის არის ბრონტეების დიდი მცოდნე და
ანგრია-გონდალისა იმდენი რამე იცის, რომ გაკვირდები.
იმისგან გამიგია რაღაცეები, ასეთი გამოგონებების მიზეზსა და
ნამდვილ მნიშვნელობაზე. როცა გარშემო ბევრი არაფერია,
სამყარო თავისთავად ჩნდება შენში. თუ, რა თქმა უნდა, ოდნავ
მაინც გაქვს წარმოსახვის უნარი.
ბავშვები რომ ასე ირთობენ თავს, წერაზე და გამოგონებაზე
უკეთ ცხოვრებაში არაფერი ეცოდინებათ. შეიძლება სულ სხვა
საქმეს მისდიონ მერე და მერე, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც
წერა ეცოდინებათ.
ისინი თავიდანვე მწერლები იყვნენ. ასეთებად დაიბადნენ, ასე
გაიზარდნენ იმ უცნაურ სახლში, რომელშიც კვდებოდნენ.
სულაც არ მიკვირს ინგლისელების გატაცება სულებით, მთელი
თავისი კოკ ლეინის აჩრდილით და ათი ათასი კიდევ სხვა
ამბით.
ჰოვორსში ეს ყველაფერი არის და ალბათ სულ იქნება.
საინტერესოა, როგორია ეს სახლი შეღამებულზე; ჯერ შორიდან
დანახული და მერე კი შიგნით, როცა ემილი შანდლით ხელში
ადის კიბეზე, ანდა ზემოთა საწოლიდან საბრალო ძმის ხველა
მოისმის. ეს საოცარი სამყარო, ბრონტეების სამყარო,
რომელშიაც წვიმს, ნისლია და ადამიანები ამდენ რამეს
გაიღებენ სიყვარულისთვის, სამმა გოგომ შექმნა.
ლონდონში ენის წიგნსაც გადავაწყდი, ოღონდ მეორეს,

26
რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. ქართულად,
მგონი, ასე იქნება, „მოიჯარადრე ვაილდფილ ჰოლიდან“.
ეს წიგნი დაამთავრა და მოკვდა კიდეც. მერე, როცა შარლოტა
უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი შეიქნა, ისიც გამოსცა.
პირველი წიგნი კი გოგოებმა საკუთარი ხარჯით დაბეჭდეს,
ლექსების კრებული სულ ფსევდონიმებით. როგორც ამბობენ,
ორად ორი ცალი გაიყიდა და შარლოტამ თქვა, რომანებს უნდა
მივუბრუნდეთო. იქამდე მასაც ჰქონდა ერთი დაწუნებული
ხელნაწერი, რომანი „პროფესორი“.
ეგეთი ხუმრობა არსებობს: კლასიკა ნიშნავს იმ წიგნებს,
რომლებიც ყველგან დევს უკვე ორასი წელიწადია და არავინ
კითხულობს, უბრალოდ, იციან, რომ ეს წიგნები სულ აქ უნდა
იდოსო.
ცოტა დახლართულად კი მოვთარგმნე, მაგრამ ეგრე
წამიკითხავს სადღაც, სახუმარო ესეში. ჰოდა, ბრონტეების
წიგნები ეგეთი არ არის.
იმ სახლში უცებ გაიფიქრებ, რომ როგორც კეტრინ ერნშოუ
უხმობს ჰიტკლიფს ქარიშხლიან ღამეებში და ისიც გიჟივით
გარბის გარეთ, ასე ემილი შეიძლება მოადგეს ამ სახლს და
დაიძახოს საწყალობლად, მთელი ოჯახის მაგივრად.
რა უცნაურია, ორიოდ კვირის წინ ერთ ქართულ არხზე ძველი
„ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გაუშვეს, შავ-თეთრი. ის კი არა,
დენიელ დეი ლუისი რო თამაშობს. ესეც კარგია, მაგრამ იმ
ძველში რაღაცა უბრალოება და პირდაპირობა იყო,
არაჩვეულებრივი ამბის ჩვეულებრივად გადაღებას რომ
მოჰყვება ხოლმე. ლივერპულის ქუჩებში მისტერ ერნშოუს
მიერ ნაპოვნი ჰითკლიფი, ამდენი სიყვარული და ამდენი
სიძულვილი ერთად. ასეთი რამეები, ბოდიში და... ეს არც მერი
შელის „ფრანკენშტეინია“ და არც კიდევ რამე ისეთი. ქალთა
რომანებიო...
ელის ბელ, რა მაგარი ფსევდონიმია. ექშენ ბელ. კარიერ ბელ...
სამი და. ძმა კი იჯდა და ხატავდა მათ.
შარლოტა შეიქნა ცნობილი მწერალი: ლონდონი,
დაპატიჟებები, პატივისცემა... გათხოვდა და მოულოდნელად
ბედნიერებას მიაგნო. მოხუცი მღვდელი იბოღმებოდა, ჩემი
სახელოვანი შვილი ჩვეულებრივ ღვთისმსახურს რატომ უნდა

27
გაჰყოლოდაო. შარლოტამ თავიდან უარი უთხრა ხელის
მთხოვნელს, მაგრამ მამას მედიდურობა რომ შეამჩნია,
გათხოვდა და გასაკვირად ბედნიერი იყო.
ის ფეხმძიმე გარდაიცვალა. გაურკვეველია, რისგან.
ოცდაცხრამეტი წლისა სრულდებოდა. ეს იყო უკანასკნელი
სისასტიკე ამ მოდგმისთვის.
და იცით, რა არის? არავინ, საერთოდ არავინ დარჩენილა
ბრონტეებისგან. იმ სახლში ამას მშვენივრად ხედავ. მარტო ეს
რომანები დარჩა. მოულოდნელი, ღონიერი რომანები,
რომელსაც, შეიძლება ითქვას, გოგოები წერდნენ. ქალიშვილი
ქალები, როგორც იმერეთში იტყვიან. ქალწულები, რომლებმაც,
ვინ იცის, რამდენი რამ იცოდნენ სიყვარულისა და
სიძულვილისა, ბედისა და უბედობისა. საიდან? საქმეც ეს არის.
საიდან.
რა სამყარო იყო ეს სამყარო, რომელმაც ამხელა გამოცდილება
მისცა გოგოებს? სახლის სამყარო. იშვიათი გასვლებით.
ადამიანების შეზღუდული ოდენობა, რომლებსაც ისინი
ხვდებოდნენ. ალბათ ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ, გული#თ
მხედავნი. ალბათ. მე ასე მგონია. ძმა იჯდა და ხატავდა დებს,
უბრალოდ. თხელებსა და სიფრიფანებს, ფერმკრთალთ, მაგრამ
შეფაკლული ლოყებით. ისინი ისხდნენ და ხატავდნენ
ერთმანეთს.
აი, როგორი დახატა შარლოტამ ენი, ემილიმ კი შარლოტა, ხოლო
ბრანვილმა ემილი. რაღაცნაირი სითხელე და სიმსუბუქე და ეს
ამბები. კაცის ხელი ნაწერში. განსაკუთრებით ემილის. ეს
საოცარი ადგილი და საოცარი სახლი, რაღაცნაირად, მძიმედ
მსუნთქავი და ალბათ სულის შემძვრელი შებნელებულზე...
გოგოები და ძმა, ფანქრით და ოპიუმით სავსე ჭიქით.
ტყუილად არ იყო ნახსენები იმ გელურ გვარში მაგარი ქალები.
ჩემი მაგარი გოგოები. მსოფლიოს ყველაზე მაგარი გოგოები. იმ
გრძელი გელური გვარით, რომელსაც ჩვენ ფრანგული
დაბოლოებით, ბრონტედ, ვკითხულობთ, თვითონ კი
ხმადაბლა წარმოთქვამდნენ, დიახ, ჩემი გვარია ბრონტი. რაღა
მნიშვნელობა აქვს, ე თუ ი.
გიჟმა ქალმა გადაწვა სახლი, ჯეინი კი დაბრუნდა. არანაირი
ჩატკბილულობა, რომელიც დღეს ირონიას იწვევს ხოლმე, ამაში

28
არ არის.
ეს ნაღდია. მათ ნაწერებში ყველაფერი ქვისაა, მაგრამ ისეთი
ნაზი, რომ...
ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ გაიგებ, სად წიგნია და სად
ცხოვრება.
ეს ის ოჯახია, რომელიც განადგურდა.
და ეს ის არის, რაც ასე გასაგებია და მაგარი.
შარლოტა, ემილი და ენ: ბებერი მღვდლის, პატრიკ ბრუნტის
ქალიშვილები. ირლანდიელები დასავლეთ იორკშირიდან,
ინგლისის ზურმუხტისფერი და დროგარინდული გულიდან.
ჩემი უმაგრესი გოგოები ძველი თაროებიდან.

სანთელი უხდება
როგორც ტომ სოიერი იტყოდა, გვარიანი თავხედობა კია ჩემი
მხრივ, მაგრამ მაინც რაღაცეების დაწერა მომინდა დიკენსის
შესახებ. ოღონდაც, მგონია, რომ ჩემისთანები დიკენსზე ვერ
წერენ. უფრო სწორად, ისე ვერ აწერენ, როგორც უნდათ. ამის
მიზეზი ბევრია, მაგრამ მე მგონია, რომ მთავარი დიკენსის
ამბავში ის რაღაცნაირი სითბოა, რომელსაც ოსკარ უაილდი
დასცინოდა.
ეს სრულიად მოულოდნელი და უცნაური სითბოა, რომელიც
საერთოდ არ ჰგავს სითბოს. აი, ზაფხულში რომ ჩამოცხება
ხოლმე გაუსაძლისად, ნამდვილ თბილისურად და სუნთქვა
რომ ჭირს, ხომ ჰქვია სიცხე? აი, ეგეთი სიცხისნაირი სითბო აქვს
დიკენსს. იმდენი სითბო აქვს, რომ სითბო აღარც არის,
აუტანელი სიცხეა. საერთოდ, ასე გამიგია, რომ სითბო არავის
აწუხებს, ყველას მოსწონს. კარიბის კუნძულებზე რომ სულ
ერთნაირი ამინდია და ადამიანები რომ საუკეთესოდ გრძნობენ
თავს, ის არის, მაგრამ დიკენსის სითბო ძალიან ბევრს სიცხედ
მიაჩნდა, განსაკუთრებით – ახალ დროში.
დიკენსის კითხვა ზოგჯერ რაღაცნაირ, ძველ და მოდიდან
გამოსულ, აღარარსებულ განცდათა აუტანელ სითბოში
ჩაყურყუმალავებას ნიშნავს ხოლმე. სენტიმენტები, კვნესანი,

29
კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ისეთი რამეების,
რისთვისაც დღეს აღარც დროა, აღარც ტემპი და აღარც სხვა
გადამწყვეტი რამე.
ეს სევდიანი ამბავია. ივლინ ვოს აქვს ერთი მოთხრობა,
რომელშიც ველურების კუნძულზე მოხვედრილ კაცს იქაური
ბელადი ზღვიდან გამორიყულ ერთ ზანდუკს გაუხსნის, შენი
მორჩილება ჩემდამი იმის კითხვით უნდა გამოიხატოს, რაც ამ
ზანდუკშიაო. ზანდუკი კი დიკენსის ტომეულებითაა სავსე.
ანუ, ისე გამოდის, რომ მეტი სასჯელი, რაც მთელი ცხოვრება
დიკენსის კითხვაა დედამიწაზე, არც არსებობს.
ახლა რომ ვფიქრობ, ამ სასჯელს სიამოვნებით მივიღებდი.
სიამოვნება ალბათ ის სიტყვა არ არის, მაგრამ გასაკვირი სულაც
არ იქნება, დადგეს ცხოვრებაში ასეთი დრო, რომ დიკენსის
კითხვის მეტი არაფერი აკეთო და ეს კარგიც იყოს. ჩემი
მეგობრის მამა, როცა მოხუცდა, სწორედ დიკენსს ჩაუჯდა.
მთელი დღეები იჯდა და ერთმანეთის მიყოლებით
კითხულობდა.
არსებობს დიკენსის ყველაზე კარგი რუსული გამოცემა. ახლა
სათვალავი ამერია, მგონი, ოცდათორმეტტომეულია.
უგადასარევესი კომენტარებით. ხრუშჩოვის დროისაა, მუქი
მწვანე, უმაგრესი. ჰოდა, იჯდა ამ ტომების მწკრივთან,
სავარძელში, და კითხულობდა. ასეც გარდაიცვალა.
შეუძლებელია, რაიმე ცუდი გაჰყოლოდა თან.
ეს, მგონი, სწორედ ის სითბოა, რომელსაც გაუსაძლისი და
სასაცილო დაარქვეს, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანებისთვის,
ნამდვილი სიცხისგან განსხვავებით, ნამდვილი სითბო ბევრი
და გაუსაძლისი არასდროსაა. სითბოს იმდენს მიიღებ,
რამდენიც მოვა. სრულიად აუწერელი ოდენობით. ის უფრო
შემოქმედ ხალხს აღიზიანებს, მათ, ვისთვისაც წერა სულ სხვა
რამაა, ვიდრე დიკენსისთვის იყო. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს
აზრი არა აქვს. აკი მოგახსენეთ, ეგეთებს ვერ ჩავუღრმავდები.
უფრო სითბოს დავაწვებოდი და ხალისს, რომელიც
სისასტიკესთანაა გახლართული.
ეს რუსული მრავალტომეული კი ვახსენე, მაგრამ, არ მგონია,
საქართველოში დიკენსს უამრავი მკითხველი ჰყოლოდა
ოდესმე. უბრალოდ, რაღაცეები მოხდა და დიკენსი
დასამახსოვრებელი შეიქნა.

30
ვერც ვიტყვი, ქართულად თუ არსებობს ბევრი მისი წიგნი.
„დევიდ კოპერფილდი“ ყველაზე პოპულარული იყო. მგონი,
სამი თუ ოთხი გამოცემაც არსებობს და, მგონი, სწორედ ის არის
დიკენსის ერთადერთი წიგნი, თავიდან ბოლომდე რომაა
თარგმნილი. იმიტომ, რომ სახლში მაქვს „პიკვიკის კლუბისა“
და „ნიკოლას ნიკლბის“ პირველი ტომები. არ ვიცი, მეორეები
გამოიცა თუ არა. ჩვეულებრივ, ორტომეული წიგნების
პირველი ტომები იკარგება, იმიტომ, რომ წამკითხველს
პირველები მიაქვს, მეორისთვის კი თითქმის არასდროს
ბრუნდება. ეს თვით „დონ კიხოტზეც“ კი შემიმჩნევია. აღარ
არის ისეთი დრო, რომ ადამიანს ერთი წიგნი რამდენიმე ტომად
დანაწილებული უნდოდეს. კარგა ხანია, აღარ არის ასეთი დრო.
თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს ორი რომანი ბოლომდე არ
გამოცემულა. „დევიდ კოპერფილდი“ კი იცოცხლე...
ეჰ, იყო ასეთი დრო და გამოდიოდა ასეთი ბავშვობა: „დევიდ
კოპერფილდი“ პირველად სხვამ მიამბო. წარმოგიდგენიათ
ასეთი დრო? უფრო სწორად, გახსოვთ ასეთი დრო?
ზაფხულში, ეზოში, ერთი წლით უფროსმა ბიჭმა მიამბო, როცა
აივნის ქვეშ ვისხედით, და მერეღა წავიკითხე. სწორედ
გუშინწინ ჩემმა ვაჟმა კოპერფილდს მსოფლიოში ყველაზე
მოსაწყენი წიგნი უწოდა, რაც მოულოდნელი სულაც არ იყო.
რაც შეეხება „ოლივერ ტვისტს“, ის ქართულად ჯერ არსად
შემხვედრია. არსებობს შანსი, რომ ევროპასთან
დაახლოებისკვალად ისიც გამოჩნდეს წიგნად, თუმცა, ხომ
მოგახსენეთ, ძველია დიკენსი, ძალიან ძველი და ახლა ვინღა
მიუბრუნდება სათარგმნად. კომუნისტების დროს იყო ამის
შესაძლებლობა და მაინც ისე ვერ გამოვიდა, რომ ეს წიგნები,
მისი რომანები, დებულიყო სადმე და შემთხვევით მაინც
ვიღაცას გადაეფურცლა, ისეთს, ჯერ კაცი რომ არ გამხდარა,
მაგრამ აღარც ბიჭია. მგონი, ოდესღაც ჩემს შვილსაც ამიტომ
მივეცი წასაკითხად. მაშინ არ დავფიქრებულვარ, რომ ეს წიგნი
ვეღარაფრით იარსებებს ადამიანისთვის, რომელსაც
საგანგებოდ არ აინტერესებს დიკენსი.
თუ „დევიდ კოპერფილდს“ გამოვაკლებთ, დიკენსი ჩვენში
სამოციანი წლების ბოლოდან ცნობილი იყო მიუზიკლით,
რომელიც მანამდე, მგონი, მთელს მსოფლიოში იდგმებოდა,
მერე კი ფილმად გადაიღეს. ოლივერი, აბა, ვის არ ეხსომება? იქ
ოლივერს თამაშობდა ხუჭუჭა და ქერა ბიჭი, მგონი, მარკ

31
ლესტერი, და დიდიან-პატარიანად ყველა გიჟდებოდა ამ
ბავშვზე და ამ მიუზიკლზე, საიდანაც, რაღა თქმა უნდა,
აუწერელი ოდენობით იფრქვეოდა სითბო და სიკეთე.
სიმართლე რომ ვთქვა, მე ამ ფილმს ფეჯინის გულისთვის
ვუყურებდი. ინგლისელები უფრო ფეგინს ამბობენ ხოლმე.
ფეჯინი, ებრაელი, ყმაწვილ ქურდთა ბანდების გამზრდელი
წვერცანცარა, ტურტლიანი, ძველ, ფართხუნა სამოსში,
დაფლეთილ, წვირიან ხელთათმანებსა და შლაპაში, სრულიად
გასაგიჟებელი არსება იყო. რონ მუდი თამაშობდა და როცა მის
ბუნაგში პატარა ქურდები ცეკვავდნენ ფეჯინთან ერთად... არა,
განა დიადი ფილმი იყო, მაგრამ ზუსტად რომ რაც არის
დიკენსი, ეგ იყო. ამას, რა თქმა უნდა, გვიან მივხვდი.
ოლივერის წინა ეკრანიზაციაც ნანახი მაქვს, ალეკ გინესი რომ
თამაშობს ფეჯინს, ამაში კი, მიუზიკლში, ვის არ
დაამახსოვრდებოდა ოლივერ რიდის უზარმაზარი ცისფერი
თვალები, ავი და დაუნდობელი ბილ საიქსის კეთილი
თვალები. დაბერებული ოლივერ რიდი აგერ რამდენი წლის
შემდეგ სწორედ ამ თვალებით ვიცანი „გლადიატორში“ და
სიმართლე გითხრათ, სწორედ მის გამოც ვუყურე.
ყველაზე მაგარი კი ამ ოლივერში ხალისიანი, ჩამტკბარი ბოლო
იყო, ისტ-ენდის ჯურღმულების თავზე სუსტად ამომავალი
მზე და მისკენ ცეკვით მიმავალი ფეჯინი და დაუვიწყარი
დოჯერი. სამწუხაროდ, დიკენსი სხვაგვარად ფიქრობდა:
ფეჯინს, ვითარცა ქურდების მეთაურს, ასამართლებენ და
თოკსაც გაუმზადებენ და... სწორედ ის ამბავია, ოსკარ უაილდი
რომ დასცინოდა ხოლმე. ოლივერი იქავე, სასამართლოში
ნახულობს ფეჯინს. საშინელებაა, დაუვიწყარი საშინელება,
მოცახცახე ფეჯინი, რომელიც რაღაც სიტყვებს წამოისვრის,
გულში იკრავს ოლივერს: მას ხომ უყვარს ეს ბიჭი, საიქსის
ეშინია და მთლად ვერ იცავს მისგან, მაგრამ ფეჯინმა იცის
ადამიანები და იცის, სად არის სისუფთავე, იმის მიუხედავად,
რომ თავიდან ბოლომდე საზიზღრობაშია ამოგანგლული.
ახლა ამას ვყვები და კინოც მიმავიწყდა, წიგნიც და ისიც, რომ
ეგებ ბევრს აღარავის ახსოვდეს ოლივერის თუნდაც
მიუზიკლის სიუჟეტი. სხვა დროა და სხვა საშინელებები.
მაგრამ ის, რასაც დიკენსი მოგვითხრობდა, სულაც არ არის
დაკარგული, უბრალოდ, ადამიანებს აღარ სჭირდებათ, ან აღარ
აწყობთ ის სურათები, ეს კაცი რომ გვთავაზობს. აღარც სინაზის

32
დროა და აღარც სითბოსი. ესენი აღმოჩენებივითაა, იმ ტიპის,
დედამიწა მრგვალიაო, რო აღმოაჩინეს.
დიკენსის ბავშვები მსოფლიოს ყველაზე მაგარი, ყველაზე
მიუსაფარი, ყველაზე ნამდვილი ბავშვები არიან. ახლა
ნამდვილად ვერ მოვყვები მისი ცოლის უმცროსი დის ამბავს,
იმ დრამას, დიკენსმა რომ ამ ადამიანის სიკვდილით გადაიტანა
და, საერთოდ, მის ბიოგრაფიულ დრამებსაც არ მოვყვები,
მამამისის ციხისას, მისი სრულიად არაბავშვური შრომისას
ტყავის ქარხანაში. ეს კოპერფილდი, ოლივერი, ნელი,
ჭკუასაცდენილი ბერნები რეჯი, რა ვიცი. ბერნები და მისი
ყვავი. ბერნები. ნელი... იცით, როგორი დრო იყო მაშინ?
დიკენსი ხომ თავის რომანებს ყოველთვიურ ჟურნალებში
ბეჭდავდა. ამიტომაც, ისინი ცოტა უცნაური საკითხავია
წიგნად. ანუ ადამიანები თვიდან თვემდე კითხულობდნენ და
ელოდნენ გაგრძელებებს. იყო ასეთი დრო, ნიუ-იორკის
ნავსადგურში რომ შევიდოდა ინგლისური გემიო, ხალხი
მიაწყდებოდა ხოლმე მოაჯირებს და გემზე მყოფებს
უყვიროდა: ნელი ცოცხალია, ნელი ცოცხალია? ნელი გოგოა
სიძველეთა დუქნიდან. წმინდანია პირდაპირ, ყოველგვარი
გადაჭარბების გარეშე. გემს ჟურნალები მოჰქონდა ამერიკაში.
ახალი გაგრძელებები. გემზე მყოფებს წაკითხული ჰქონდათ,
მომლოდინეებს ჯერ არა. საოცარი დროა, რას იტყვი?
ეს ნიუ-იორკის ნავსადგურის ამბავი რომ მახსენდება, არ
იქნება „დესპერადო“ არ მომაგონდეს. კინო როა, ელ მარიაჩი და
რამეები, ანტონიო ბანდერასი გიტარის ყუთში ჩაწყობილი
რევოლვერებით. იმ ფილმში წიგნების მაღაზიაა, სადაც, რა თქმა
უნდა, არავინ შედის და თუ შევა ვინმე, ლამაზი გოგოს
სანახავად. ჰოდა, ეგრეა დიკენსის ამბავიც. თითქოს იმ
მაღაზიაში დევს, საზიზღარ ქალაქში. გამქრალია ეგ სითბო და
მორჩა.
ყველაზე კარგი წიგნი, დიკენსზე რაც წამიკითხავს,
ჩესტერტონისაა. თხელია, დიდი სულაც არ არის, მაგარი კი
იმითაა, რომ სწორედ ჩესტერტონისნაირმა კაცებმა უნდა
წერონ დიკენსის შესახებ.
დიკენსის გაბმულად კითხვა სრულიად მოულოდნელად,
სიბნელესა და სიცივეში დავიწყე. ეს ძალიან ჰგავდა ივლინ ვოს
მოთხრობის ამბავს. თბილისში ის იყო, რაც იყო; ბახ, ბუხ. ანუ

33
ყველაფერი დიკენსის საწინააღმდეგო.
არ შეგეშინდება ამსისქე და ასეთი მდორე ამბების კითხვის? არ
მოგბეზრდება უკვე მესამე ღამით? მაგრამ ეს იყო საოცარი და
საშინელი დრო, ადრე ღამდებოდა, შორიდან მოისმოდა
კანტიკუნტი სროლები, იყო კერასინკები, სანთლები, საბნები
და, სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა, რომ დიკენსის წიგნების
გარეშე ვეღარასდროს დავიძინებდი, სანთელზე კითხვა კი
დღემდე გამომყვა. ყველანაირ ღამის ლამპას მირჩევნია. არ
ვიცი, მხედველობას რამდენად ეხმარება, მაგრამ რაღაცა ხო
უნდა დაგიტოვოს ბნელმა და საშინელმა დრომ? მე სანთელზე
კითხვა და დიკენსი დამიტოვა, უნდობლობასა და სხვა არცთუ
სახარბიელო რამეებთან ერთად.
ოჰ, იქ მაგარი რამეები ხდებოდა. ვკითხულობდი და მინდოდა,
რომ ასე მეწერა; სხვანაირად რომ ვთქვათ, სქელი წიგნები
ასეთი ამბებით. ოღონდ ძალიან საეჭვო იყო, რომ სქელი
წიგნები „ასეთი ამბებით“ გამომსვლოდა. სქელ წიგნებს კი არა,
თხელსაც ვერ ვწერდი, საერთოდაც, ერთი მქონდა დაწერილი
და ისიც... ოღონდაც, უცნაურობა ამ დიკენსის კითხვისა
ზამთრის გრძელ და შფოთიან ღამეებში ის იყო, რომ თითქოს ამ
წიგნების კითხვა ამ დროს უხდებოდა, სანთელს, პირქუშ
ვითარებას და ასეთ რამეებს. სულ საპირისპირო იყო, მაგრამ
მაინც უხდებოდა. დიკენსის წიგნებშიც ხომ სანთლებია და
თავად დიკენსიც ხომ სანთლის შუქზე წერდა. მაშინ ჩვენს
ქალაქში ჩქარი არაფერი იყო, მგონი, ყველაფერი ზუსტად
ისეთი ტემპისა გამოდიოდა, როგორიც იმ წიგნებში იყო. ბნელი
სცენები ხომ საერთოდ: ლონდონის ნავსადგურების ბნელი
სცენები, შუაღამეები, ანდა დოგ აილენდზე კუნაპეტ ღამეში
დამალული ბილ საიქსი, ჯუჯა და საზიზღარი დენიელ კვილპი,
ღამით რომ დაქრის თემზისპირა კანტორებში და ბოლოს რომ
დაიხრჩობა იმ შემზარავ სიბნელეში, რომ ღრიალებს და ასე, და
მარტოხელა მხედრები ღამის გზებზე, ანდა გამვლელები,
უცნაური საიდუმლოებით მოცული ტიპები. ეს რაღაცნაირი,
მშვიდი საიდუმლოებანი, რომლებიც მრავალ გვერდს გასდევენ
რაღაცნაირად, წარმოუდგენლად მშვიდად და მღელვარედ.
სულ უბრალო საიდუმლოებები, რომელთა გამჟღავნება
ბედნიერებასაც კი გააჩენს ხოლმე, ანდა ზოგჯერ კიდევ უფრო
დიდ უბედურებას.
მგონი, მაშინ ჩემთვის წიგნების სათაურებს აღარც ჰქონდა

34
რაიმე მნიშვნელობა, მივყვებოდი და მივყვებოდი, ზამთრის
ბოლოს კი პერსონაჟები უკვე ერთმანეთში მერეოდა, ვიღაცეები
ჰგავდნენ ერთმანეთს, ვიღაცეები არაფრით, მაგრამ
მისახვედრი იყო, რომ მთელი ეს ტომები ერთი უშველებელი
წიგნია. მე ასეთი შეგრძნება მქონდა. გეოგრაფია ამ ადგილისა
თითქმის ყოველთვის ერთი იყო: ლონდონი და მისი
შემოგარენი, მხოლოდ ზოგან აღმოჩნდებოდნენ გმირები
ამერიკაში ან საფრანგეთში. აქ მთავარი მაინც ლონდონი იყო,
ასეთი ნათელი და ბნელი. დიკ სვივლერი მხოლოდ ლექსად
ლაპარაკობდა, ზუსტად რომ ლექსად, მგონი, იმაზე ლაღად, ასი
წლის შემდეგ ტოლკინმა რომ აალაპარაკა ტომ ბომბადილი
ლექსებით. დიკი ვექილის უბრალო კლერკი იყო და არა ტყის
მეუფე, როგორც ბომბადილი, და მაინც საუცხოო ლექსებით
ლაპარაკობდა, თითქოს ვერაგობისკენ იწევდა, მაგრამ ბოლოს
მაინც უკეთილესი გამოდგა. სხვა წიგნებშიც ველოდი მის
გამოჩენას და ის აქა-იქ გაკრთებოდა ხოლმე სულ სხვა
ხასიათებში.
ხომ ამდენი ვიკითხე, ამის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ის,
რასაც აქ ვყვებოდი დიკენსის უკიდეგანო სამყაროსა და მისი
ასობით პერსონაჟის შესახებ, ბევრად გვიანდელია, ვიდრე იმ
ზამთრისა. ეს შეგრძნება გვიან მოვიდა. საერთოდაც, ლამის
ხუთი-ექვსი წლის შემდეგ. მაშინ, უბრალოდ, ვკითხულობდი
და მივხვდი, როგორ ველოდებოდი და როგორ ვხედავდი ამ
სამყაროს, რომელსაც ვერ ვხედავდი. ვხედავდი, მაგრამ ვერ
ვხედავდი. არ ვიცი, ჭკუა არ მქონდა იმდენი თუ გრძნობა, რომ
ეს სამყარო მართლა მთელი თავისი ამბებით შემეგრძნო, თუ
რაღაც სხვა მაკლდა, მაგრამ ასე კი იყო, რომ ძალიან
მსიამოვნებდა. მგონი, ამ სიამოვნების გამო ვკითხულობდი
ასევე გაუთავებლად და გარემოს გამო. სამსახურშიც კი
დამქონდა, თუმცა დიდად ვერ ვახერხებდი, მაინც სიბნელე
სჭირდებოდა.
ერთ დღეს კი, მგონი, საერთოდაც ზაფხულში, როცა წესით,
დიკენსის ღამეები და ის სროლებიანი დროება აღარც უნდა
მხსომებოდა, უცებ გამოხეთქა და გამოიფრქვა და მივხვდი,
რომ ცოტათი სქელი წიგნის დაწერაც შემიძლია, რომელშიც
ხუთი-ექვსი თბილისელი უსაქმურის გარდა პერსონაჟი სხვაც
იქნება და ეს ყველაფერი სწორედ დიკენსის სამყაროზე
გაივლის. ძალიან უცნაურად უცებ ისევ დავიწყე მისი გმირების
დანახვა და მოლოდინი, ძალიან ფერადოვნადაც ვხედავდი

35
რაღაც უცნაურ მოძრაობებს და გადაადგილებებს, ისეთ
მანიაკურ რამეებს, როგორიცაა, მაგალითად, სკრუჯის
მარშრუტი საშობაო საგალობლებიდან. მერე ლონდონში ამ
მარშრუტის ძებნაც კი დავიწყე. ეს ცოტა არ იყოს, სიგიჟეს
ჰგავდა. სქელი რომანები ადრე როგორ არ წამეკითხა, „ომი და
მშვიდობა“ მაგალითად და დოსტოევსკის წიგნები, მაგრამ
ესენი სხვა იყო. დიკენსს არ ჰყავდა ტოლსტოისნაირი
პერსონაჟები, პირიქით, მისი მთავარი გმირები ისე
ითქვიფებოდნენ არამთავარში, რომ ვეღარც გაიგებდი, ვინაა
მთავარი და რატომ ჰყვება ეს კაცი ამბებს ასე. მერე მივხვდი,
რომ ეს გათქვეფა ცხოვრებას ნიშნავს. ის ასე ხედავდა
ცხოვრებას, ვთქვათ, ნელის და ბაბუამისის ამბავს, ანდა
ბერნების და ნიკლბის ამბავს. ადამიანი უამრავ ხალხში ექცევა:
ყველას რაღაც უნდა, ყველა რაღაცითაა დაკავებული და ისე
მოხდება, რომ მათი ქმედებები გადაიკვეთება. მგონი, ეს
ნახაზები, დიკენსის რომანების ნახაზები სადღაც შენახულიც
კი მაქვს. „ცივი სახლის“ ნახაზი მქონდა და „ედვინ დრუდის
საიდუმლოსი“. ეს ხომ დაუმთავრებელია, მოკვდა დიკენსი,
მაგრამ თითქოს დამთავრებულია. მთავარი საიდუმლო
გაუხსნელია, მთავარი ამბავი – გაუგებარი. არსებობს
გადასარევი ესე ამ წიგნის გარჩევით. ავტორის გვარი
დამავიწყდა, დიკენსის საზოგადოების პრეზიდენტი იყო
ძველად.
განა იოლია? კრიტიკოსები თუ ლიტერატურის მკვლევრები
ათას ნაკლს, ათას სასაცილოს უძებნიან მას და ალბათ აქვს
კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს სულაც არ იყო მნიშვნელოვანი და
არც მისი ბიოგრაფიის რაღაცეები, როცა პირსონის წიგნშია
ჩამოთვლილი. შეიძლება ის სამ გვერდზე წერს იმას, რასაც
ჩვეულებრივ აბზაცში ატევენ ხოლმე, მაგრამ ეს სამი გვერდი
კარგია. თუ ამას მიიღებ, მერე მისი წაკითხვა ერთი
სიამოვნებაა. ედვინ დრუდში რომ ბუხართან სხედან და
კაკლებს ამტვრევენ და ჭამენ, რამდენი გვერდია? არ მახსოვს.
პერიოდულად ისმის კაკლის მტვრევის ხმა. სასაცილოა და
ბავშვური ალბათ, მაგრამ მაგარია.
მერე წამოვიდნენ სულ სხვანაირი მწერლები და სულ სხვა
რამეები შეიქნა საწერი, სადღა იყო ფეჯინი, ანდა პირშავი
ლორდი გროდონი, ანდა სხვანი. ვინ ჩამოთვლის? ჯერ მარტო
იმ გასათხოვარ გოგოებს ვინ ჩამოთვლის, მის წიგნებში არცთუ
დიდებულ მეჯლისებზე რომ კისკისებენ? ჯინგლი, თუ

36
გახსოვთ ასეთი? ესპანელ მიჯნურზე რომ ჰყვება და
ზარბაზნების ქუხილში დაწერილ რვაათასსტრიქონიან
სასიყვარულო პოემაზე? ანდა ლოთ, გათეთრებულ მსახიობზე?
ეჰ, თავი დამანებე, ძმობილო...
თავი დამანებე.
ასე ჩანს, რომ დიკენსის წიგნების მოყოლას ვიწყებ. და
სხვანაირად როგორ შეიძლება დიკენსზე ლაპარაკი? სხვათა
უფრო მაგარ და უფრო ჭკვიანურ წიგნებში ათასი რამაა, მაგრამ
იმათგან ვერასდროს იგრძნობ, როგორ სითბოს აფრქვევს
ბუხარი. ცეცხლი ხომ ქაღალდს წვავს? დიკენსთან კი
საოცრებაც ის არის, რომ ქაღალდზე, ნაწერში ბუხარი ანთია და
ის ათბობს. სითბო არ წვავს. მაინც ასეა. და როგორი გემო აქვს
გროგს, როცა შეცივნული ჯეელები ტავერნაში შევლენ და მას
ჩასათბობად მიეძალებიან? არ ვიცი, სჭირდება თუ არა ვინმეს
ასეთი რამეები დღეს, მაგრამ მე მჭირდება და ამიტომ ვერ
ვთმობ. ის მსუბუქი, თითქოს მისტიკური ნისლიც მჭირდება,
მის ამბებს რომ აფენია. თუ სხვასაც დასჭირდება, ხომ კარგი,
აგერაა ეს მუქი მწვანე ტომეულები, თუ არადა, რას ვიზამ?
ვერაფერს. მეხმარება ეს თხელწვერიანი და თვალებდარდიანი
კაცი. მაგარი კაცია, ბავშვები უფრო უყვარს, ვიდრე დიდები.
დიდებში ცხოვრებას ვგულისხმობ, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ
ყოველდღე. მეტი არაფერი. ასე რომ გაჰყვე, ბოლო არ ექნება.
სადამდე გავყვე? თვითონ თურმე გადასარევად კითხულობდა
თავისსავე წიგნებს: შეიკრიბებოდა ხუთასი კაცი და ეს იდგა და
კითხულობდა, სამ, ოთხ, ხუთ საათს. ალბათ საინტერესო
სასმენი იქნებოდა. თვითონ უკეთ არ იცოდა თავისიანების
ამბავი?
სანთელი კი მართლა ძალიან უხდება და თან იმაზე არ უნდა
იფიქრო, რომ დილით „პრობკაში“ მოჰყვები და, საერთოდ...

ჰოლმსი და დოილი
ედინბურგი. ახალგაზრდა ირლანდიელი სტუდენტი, მოგრძო
სახე, იმ დროის კოსტიუმი. ქუჩა.
არის რაღაცნაირი ბურუსი ამ წარმოდგენაში, ისეთი ფერი, ჯიმ
შერიდანის ირლანდიურ ფილმებში რომაა ხოლმე. არა ამბავი,

37
არამედ სწორედ ფერი. ჯიმ შერიდანი, რა თქმა უნდა, დიდად
არაფერ კავშირშია არტურ კონან დოილთან, გარდა იმისა, რომ
ორივენი ირლანდიელები არიან, ხოლო კონან დოილის
საგვარეულო ფესვები, როგორც მახსოვს, სადღაც საფრანგეთში
იკარგება.
მაგრამ ფერი, რომელიც ჯიმ შერიდანის ფილმებში მინახავს,
სულ კონან დოილს მახსენებს.
საშობაო დღეების ლონდონი, ბურუსი, ხალხმრავალი ქუჩები.
საღამო, ბურუსი და ხალხმრავალი ქუჩები. ცუდად ჩაცმულ
კაცს იღლიაში ცოცხალი ბატი ამოუჩრია. საშობაო დღეები ბატის
გარეშე, აბა, როგორ გამოვა. ბურუსი. ის, მგონი, მთლიანად
გასდევს კონან დოილის მოთხრობებს ჰოლმსის შესახებ.
ყველგან, ყოველ ადგილას, შეიძლება ჩამოწვეს დანარჩენი
მსოფლიოსათვის სრულიად უცნობი და მოულოდნელი
ბურუსი. ბატს კი მუცელში ცისფერი კარბუნკული აქვს,
გადააყლაპეს.
უნდა გამოვტყდე, რომ ლონდონში ბურუსი ერთადერთხელ
მინახავს, დეკემბრის შუა რიცხვებში. იმდენ ხანს
ველოდებოდი ამ ბურუსს, რომ ის პირადად კონან დოილის
მოგონილი მეგონა. მერე ვიფიქრე, რომ ეს, უბრალოდ, ის ფერია,
ჯიმ შერიდანის ფილმებში რომ აღმოჩნდა. ირლანდიური ფერი,
დაძაბულობის, ფიქრისა და ხშირად დრამის, უფრო კი
მარადისობის გამოსახატავად რომაა საჭირო.
კონან დოილი ის კაცი იყო, რომელმაც პირველად შემაშინა.
პატარა ვიყავი, რა გასაკვირია. საერთოდ არ ვიცოდი, როგორ
გამოიყურებოდა ეს კონან დოილი. ერთი წიგნი მქონდა, კონან
დოილის ყველაზე ვრცელი, ყველაზე პირველი, ყველაზე
პოპულარული გამოცემა, ელგუჯა მაღრაძის თარგმანებით.
წიგნს ყდაზე ნიღბიანი ბოროტმოქმედი ეხატა და სისხლის
წვეთებიც იქავე იყო. უცნობილესი გამოცემაა, ახსნაც არ უნდა,
ძალიან ბევრგან სრულიად დაფლეთილი და მიწებებულ-
მოწებებული მინახავს ძველ დროში. იერით ყველგან
ეტყობოდა, რომ ძალიან ნაკითხი წიგნი იყო. უნაკითხესი,
შეიძლება ითქვას. მხოლოდ ერთი-ორგან მინახავს სრულიად
უხმარი და კარგად შემონახული, მაგრამ იქ სხვა წიგნებიც
სრულიად უხმარი იყო.
ჩვენსას შეეხედებოდა, ასე ვთქვათ, დაფლეთილი არ იყო,

38
მაგრამ არც უხმარი, მხოლოდ კიდეები ჰქონდა შემოცვეთილი.
ახლაც მაქვს ეს წიგნი, მაგრამ მეტად მძიმედ გამოიყურება.
ბოლო გამანადგურებელი მკითხველი ჩემი ვაჟი იყო.
მოკლედ, მესამე კლასში ვიქნებოდი და ავად გავხდი.
რა სჯობია ავად გახდომას, როცა ბევრიც არაფერი გჭირს და
ბებიაც ამბობს, კარგად გამოშუშდესო. წევხარ შენთვის,
სკოლაშიც არ დადიხარ და კითხულობ რაღაცეებს, რაც
გაგიხარდება. რაც მე გრიპების დროს წიგნები მაქვს
წაკითხული. ოღონდ ეს, მგონი, პირველი იყო. ეს „შერლოკ
ჰოლმსის თავგადასავალი“.
იმ ჯერზე კარგად მახსოვს, რაც წავიკითხე: „ექვსი ნაპოლეონი“,
„შავი პიტერი“ და „ბასკომბის ველის საიდუმლოება“.
დღისით კი კარგი იყო ამეების კითხვა, მაგრამ რომ
მოსაღამოვდებოდა, ის დღისით წაკითხული სულ
მახსენდებოდა. განსაკუთრებით, მკვლელები. იტალიელი
ბეპო, ნაპოლეონის თაბაშირის ბიუსტში რომ მალავს შავ
მარგალიტს, თითქმის ზუსტად ისე, როგორც ნახსენებ ცისფერ
კარბუნკულს მალავენ ბატის მუცელში... ცისფერ კარბუნკულს
თუ... მგონი, ყველაფერი ამერია. მაშინ კი ვერ ვხვდებოდი, რომ
ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. სქემა ერთია და მთავარი კონან
დოილის დეტექტივებში ეს კი არ არის, არამედ პერსონაჟი.
კაი, ამას მერე მივხედოთ. რო ჩამოღამდებოდა და
შემეშინდებოდა, ფანჯრისკენ გადაბრუნება არც მინდოდა.
განსაკუთრებით მზარავდა სცენა, როცა ბებერი საზიზღარი
მეზღვაური შავი პიტერი, პიტერ კერი (ვახ, ახლაც მახსოვს ეს
სახელი!), პირბასრი ბარჯით გულგაპობილი, თავისი
ფარდულის ბოძზეა მიჭედებული. მგონია, დღეს წავიკითხე ეს
ამბავი.
მთავარი შეცდომა კი ალბათ ის იყო, რომ სულ პირველი
მოთხრობა არ წავიკითხე. მოთხრობა კი არა, მოკლე რომანი.
მაშინ უფრო კარგად შევიტყობდი, თუ ვინ არის შერლოკ
ჰოლმსი. ამიტომ პირველ წაკითხვაზე შიშებსა და სხვა რამეებს
მივაწექი. სხვანაირად არც გამოვიდოდა. ისედაც გამეგონა, რომ
ეს წიგნი საქმეთა გამოძიებაზეა და მისტერ ჰოლმსი კი
ყოველივეს გამოარკვევს. საინტერესოც ეს არის, რომ ჰოლმსის
ამბების კითხვა დოილის არცთუ საუკეთესო მოთხრობებიდან
დავიწყე და ჰოლმსმა სულაც არ აღმაფრთოვანა. იძიებდა,

39
ჭკვიანი იყო, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, ვინ არის ეს კაცი?! თან
საშინლად მეშინოდა. ის ბასკომბის ველიც... სამი წაკითხული
მოთხრობიდან ორი პროვინციაში ხდებოდა, ერთი –
ლონდონში. ანუ მთელი ჯიგრობები განზე დამრჩა. რაც
ჩამითრევდა, ის არ წამიკითხავს. მესამეკლასელს მკვლელობა
და სისხლით დაშხაპული ოთახი სულაც არ სჭირდება, იმიტომ,
რომ როცა ამას წარმოიდგენს, მერე ვეღარაფერს წარმოიდგენს.
ფანჯრისკენ არც ვიყურებოდი, ისე ვიძინებდი. აბა, რა ვიცოდი,
რომ ფანჯრის სახით ახალი მახე მელოდა მოთხრობაში,
რომელსაც ქართულად „ალისფერი კვალი“ ჰქვია, ისე კი –
„სთადი ინ სქარლეტ“.
„ალისფერი კვალი“.
ეს კონან დოილის პირველი რომანია ჰოლმსის შესახებ. ისევე,
როგორც მოთხრობების სრულ უმრავლესობას, მასაც ექიმი ჯონ
უოტსონი ჰყვება. სხვებს თუ სახელი და დიდება მოუტანა
ავღანეთის ომმა, მე მხოლოდ ჭრილობაო, ასე იწყება. დაჭრილი
სამხედრო ექიმი ლონდონში ჩამოდის და ქუჩაში შემთხვევით
შეხვედრილი ნაცნობის წყალობით, თანამოქირავნეს ქიმიურ
ლაბორატორიაში იპოვის: მოფუსფუსე მაღალ, გამხდარ კაცს,
რომლის ახირებულობაც იმთავითვე შეაშფოთებს. ინგლისელი
და ახირებულობა საკვირველი სულაც არ არის, მით უმეტეს,
რომ უოტსონიც კაი ახირებულია ხოლმე. ჰოდა, ისინი ერთად
დასახლდებიან ბეიკერ-სტრიტის 221ბ-ში, მისის ჰადსონისგან
იქირავებენ ორსაწოლოთახიან ბინას.
მე ნამყოფი ვარ იმ სახლში, როგორც მილიონობით ტურისტი.
კაი თეატრია. წინ ძველი დროის ცოცხალი პოლისმენიც კი
დგას. ბუხრის წინ ჩიბუხი და ქუდი დევს დაბალ მაგიდაზე.
შეგიძლია ესენი მოირგო და სურათი გადაიღო. გარშემო, პარკის
კიდემდე, სულ ჰოლმსის მაღაზიებია. ქუდები, პალტოები,
ნივთები... ბეიკერ-სტრიტის მეტროს ამოსასვლელში თვითონ
ცოცხალი ჰოლმსი დგას და თავის მუზეუმში გიწვევს.
მაღალშუბლიანი, ხმელი, ენერგიული თითებით, მოხდენილი,
დედამიწის სიმრგვალის უცოდინარი, რომანების
არმკითხველი, გაზეთების ჭია, ქიმიკოსი, კაი მსროლელი...
ბეიკერ-სტრიტის სახლის უცნაურობა ის არის, რომ ის არ
არსებობს და არსებობს.
მე მაქვს ჰოლმსის განთქმული ქუდი, რომელიც მას „სტრენდ
მეგეზინის“ მხატვრებმა მოარგეს. არ მახსოვს იმ მხატვრის

40
სახელი, ქუდს კი „ირმის მადევრის ქუდი“ ქვია. ასეთი ქუდი,
ნამდვილი მატყლისა, ინგლისში ხშირად ახურავთ. ყოველდღე
შეგხვდება კაცი ასეთი ქუდით. კაი თბილია და კოკარდა წინაც
აქვს და უკანაც, ანუ ორივე მხარე წინაა. მონადირეების ქუდად
ჩაითვლება, ის კაცი კი, რომელმაც პირველად დახატა ჰოლმსი
ამ ქუდით, კაი ჭკუისა ყოფილა, ჰოლმსიც ასეთია, უკანა მხარე
არა აქვს. ყოველი მხრიდან წინაა.
ოდესღაც ერთ გერმანულ ქალაქში ვცხოვრობდი. გერმანული
სრულიად არ ვიცი, უფრო სწორად, ვიცი, რომ „შრიფტშტელერ“
მწერალია. ჰოდა, საკითხავი მეტად შემომაკლდა, გავუყევი
ბულვარს და ინგლისური წიგნის მაღაზიაც ვიპოვე. იქ კაი
იაფად იყო გიბონის „რომის იმპერია“ და „შერლოკ ჰოლმსის“
სრული კრებული. იმსისქე წიგნები კი იყო, მაგრამ იაფი. არის
ხოლმე ასეთი გამოცემები. წამოვიღე ორივე. ჰოლმსი აღმოჩნდა
მშვენიერი, არ დამეზარა და შინ რომ ვბრუნდებოდი, წამოვიღე
კიდეც, სისქის მიუხედავად. იქ იყო სწორედ „სტრენდ
მეგეზინის“ რეპრინტები. ასეთი გამოცემა იყო. ჰოლმსი ხომ
ჟურნალებში იბეჭდებოდა, თავისი ილუსტრაციებით. მანამდე
კიდევ ერთი წიგნი მქონდა და სხვადასხვა ინგლისური
ფოქეთბუქებიც ჰოლმსის მოთხრობებით. მისი მემუარებიც კი.
თუმცა, ცნობილი ამბავია: რაც პირშავი მორიარტი და ჰოლმსი
ერთმანეთს ეკვეთნენ ჩანჩქერის პირად და დაიხოცნენ, მერე კი
კონან დოილმა ჰოლმსი გააცოცხლა, მოთხრობები წახდა. წახდა
სქემა და დეტექტიური ინტრიგა, თორემ ჰოლმსი იგივე იყო. ეს
კონან დოილის ბრალი არ არის. გააცოცხლეო, და გააცოცხლა.
თვითონ, ალბათ რამდენ ხანს ემზადებოდა მის მოსაკლავად.
ჰო, იმ სრულ კრებულზე მოგახსენებდით, იმის ფურცვლისას
მივხვდი, თუ რა იყო ჰოლმსიადა, რომელიც, მგონი, ორმოც
წელიწადს გრძელდებოდა. მივხვდი, ეს კაცი ვინ იყო და კონან
დოილს რა გამოუვიდა.
ვიფიქრე, რომ ჰოლმსი მითოლოგიური პერსონაჟია. სრულიად
მითოლოგიური. როგორც ძველი ღმერთები. მისი
თავგადასავლები იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მათ
სწორედ ასეთი ვინმე იძიებს. ჰოლმსი ერთგან ამბობს, მე თავს
იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ქალის შეყვარებით დავკავდეო.
არადა, ქალი ამგვარ მოთხრობებს სულ სხვა რამეს შეჰმატებდა.
უოტსონი ადამიანია და შეირთო კიდეც ცოლი, მაგრამ ჰოლმსი
ხომ ადამიანი არ არის? ყოფით სიტუაციებში ის გამუდმებით

41
მალავს სიკეთეს, თითქოს არ სურს, რომ გრძნობები
გამოაჩინოს. კი, ეს ჯენტლმენის წესია, ხოლო სიკეთე მისი
საქმიანობის პრინციპი, მაგრამ პატარა ყოფითი სიკეთის
გამოვლენა ჰოლმსს არ უყვარს. უფრო სწორად, ამას ძალიან
თავმდაბლურად და შეფარვით აკეთებს. რამხელა
თავგადასავალს გადაიტანს, რათა საიდუმლო წერილი
პრემიერ-მინისტრის მდივანს დაუბრუნოს და მერე კი იმიტომ,
რომ პირდაპირი მადლობა არ მიიღოს, წერილს უჩუმრად დებს
იმ კოლოფში, რომლიდანაც ის გაქრა, თანაც აცხადებს, კარგად
მოძებნეთ, ისევ იქ იქნებაო. ჰოლმსს არც მადლობა სჭირდება,
არც დაფასება. მას ჰონორარი სჭირდება: ერთგან იტყვის კიდეც,
მდიდარი კაცი არა ვარო. ქალიც ასევე ერთხელ შეუყვარდება,
სულ ოდნავ, როცა ჰონორარის ნაცვლად ირენ ადლერის ფოტოს
მოითხოვს.
მოკლედ, ჩემი ჭკუით, ჰოლმსს ადამიანისა ცოტა აქვს, უფრო
ზევსის ნათესავად გამოდგება. ეს მაშინ ხდება თვალში საცემი,
როცა მის თავგადასავლებს გაბმით კითხულობ.
ჩიბუხს ხომ ეწევა, ვიოლინოს ხომ აწრიპინებს და
ნარკოტიკებსაც მალიმალ დაეტანება ხოლმე. მის ნესესერში
ყოველთვის იპოვი კოკაინის შუშებს. რამდენი ენა იცის?
მართლა არაფერი გაეგება უამრავი რამისა? ვერ მიხვდები. როცა
სჭირდება, უცებ ყველაფერი იცის და ოპერაზეც კი წერს ესეებს.
ეს საწყალი უოტსონი კი მთელი ცხოვრება მის გვერდითაა და
მისგან ეგრეც ვერ ისწავლის რამეს, ვერც დედუქციის მეთოდს,
ვერც იმას, რომ სურათი მთლიანად უნდა დაინახო.
ჰოლმსისგან მართლა ვერ ისწავლი, მას რომ ჰგავდე, თავიდან
ბოლომდე მისნაირი უნდა იყო. მისნაირი კი როგორ იქნები,
ადამიანი არ არის, ღვთაებაა. გამოძიების ღმერთი, თუ
არსებობს ასეთი რომელიმე პანთეონში.
ისე კი, ის რაღაცითაა საყვარელი. განსაკუთრებით მაშინ, როცა
შიმშილობს ხოლმე და გამხდარი და გაყვითლებული,
განუწყვეტლივ ეწევა. დასასვენებლადაც კი მიჰყავს ხოლმე
უოტსონს. ერთხელ საგანგებოდ იშიმშილებს, რათა თავი
მოიმკვდარუნოს და სუმატრული შხამების ოსტატი მახეში
გააბას. მაზოხისტი კი არ არის, სჭირდება ხოლმე. ქურდობასაც
არ ერიდება. როგორ გადაძვრება შანტაჟისტ მილვერტონის
სახლში, არ გახსოვთ?

42
როცა ჰოლმსის აღარ მეშინოდა და ზაფხულობით, გამუდმებით
ვკითხულობდი იმ წიგნს, მთავარ ქართულ წიგნს ჰოლმსის
შესახებ, ისეთი გაწაფული ვიყავი, რომ დანაძლევებაც
შემეძლო. სადაც გინდოდა, იმ ადგილას გადაშლიდი ამ წიგნს
და ერთ წინადადებას წაიკითხავდი, მე გეტყოდი, რომელი
მოთხრობიდანაა ეს წინადადება. კი, თავისუფლად. ეგებ ახლაც
შემიძლია. არ ვიცი. ერთი ოცი წელიწადი იქნება, ასეთი რამ არ
გამიკეთებია. სახელები კი მახსოვს, სრულიად უარყოფითიც
და დადებითიც: ექიმი გრიმსბი როილოტი, სახლში რომ პავიანი
ჰყავს და გერებს გველს უცურებს ოთახში; ბრუს აპრტიგტონი,
ლესტრეიდი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ
ჰოლმსმა სკოტლანდ-იარდს თავისი უპირატესობა დაანახოს,
პროვინციელი მაძებრები ჰოპკინსი და ბეინსი, ბერიმორი,
დიდი, შავი წვერით. ბერიმორი, სელდენი, გაქცეული
კატორღელი, მისი ცოლის ძმა. ჯანდაბა, კიდევ რამდენი ვინმე
მახსოვს. აბ ლენი, ამერიკელი „მოცეკვავე კაცუნებიდან“.
კუკლუქსკლანელები, მასონები, პოლკოვნიკი მორანი... ეჰ,
მორიარტი... ქუჩაზე მომავალი კაცი, რომელშიც ჰოლმსი ძველ
ბოცმანს ამოიცნობს, სვირინგსაც კი დაუნახავს ხელზე. კიდევ
სხვანი.
ისე, მე „ბასკერვილების ძაღლიც“ მომწონდა. ინგლისური
ადაპტირებული გამოცემები მქონდა და იმაშიც
ვკითხულობდი, ნახატებით იყო, ქართულისგან განსხვავებით.
მომწონდა კი არა, ყველაზე მეტად ის მომწონდა. ის და „ოთხთა
ნიშანი“.
ოღონდ ოთხთა ნიშანი იმ ცნობილ გამოცემაში არ იყო, არამედ
თხელყდიანში, რომელსაც ეწერა ორ ტომადო და მე კი მხოლოდ
პირველი მქონდა. კიდევ ორი ქართული ჰოლმსი მაქვს ნანახი,
რომელშიც გვიანდელი თავგადასავლები შედიოდა. „სასექსელი
ვამპირი“, „ეშმაკის ფესვი“ და ასეთები. ეგენი ახლა აგარაკზე
მაქვს.
სხვანი ქართულად არ მინახავს. ერთიც დაბეჭდა კონან
დოილმა, ჰოლმსი რომ დოსტოევსკის ჩაჰკირკიტებს და
მკვლელობას იძიებს კარამაზოვებიდან, მაგრამ, მგონი, მაშინ
ძალიან ადრე იყო ასეთი რამეების წერა და მოთხრობა
კრებულებში არ არის. გია ჭუმბურიძემ დაბეჭდა ჟურნალში და
იქ წავიკითხე.
მოკლედ, საკმაოდაა ჰოლმსი ქართულად და მეტიც, კონან

43
დოილის ტომეულებიც არის. მე ორი მაქვს ნანახი და, მგონი,
ბევრად კი იყო ჩაფიქრებული ოთხმოციანი წლების ბოლოს.
რუსული ტომეულებია კარგი, ოღონდ მე არასდროს მქონია.
მინახავს და ეგ არი.
იმ ქართულ ტომებში კი არის ალბათ ამ მწერლის, მისივე
აზრით, საუკეთესო წიგნი „თეთრი რაზმი“, XIV საუკუნის
მებრძოლების შესახებ. ოღონდაც კონან დოილს ისე
გამოუვიდა, რომ ყველაფერი ჰოლმსმა გადაუფარა, რაც
გასაკვირი არ არის. ის უამრავ სხვა რამესაც წერდა და სულ
უნდოდა ეთქვათ, უოლტერ სკოტივით კარგად გამოსდის
ისტორიული რომანებიო. არც ერთი მისი რომანი სუპერმენზე
არ იყო და როგორ იტყოდნენ, სუპერმენი სხვაგან გამოუვიდა.
ჰოლმსი.
სახალისო წიგნები ბლომად აქვს: გინდა „დაკარგული ქვეყანა“
აიღე, დინოზავრების მხარეში მოხვედრილ ექსპედიციაზე,
შმაგი პროფესორი ჩელენჯერი რომ ხელმძღვანელობს. ანდა
ბრიგადირ ჟერარის ჩანაწერები, ნაპოლეონის ომის დროის
აღმწერი მსუბუქი მოთხრობები, ანდა, რა ვიცი, ნახევრად
ფანტასტიკები და ფანტასტიკები... მეკობრეთა ციკლი, კოპლი
ბენქსისა და კაპიტან შარკის ამბები, ცნობილი მოთხრობა
„ჰებეკუკ ჯეფერსონის შეტყობინება“, რომელიც დიდხანს
ნამდვილი ამბავი ეგონათ, ანდა სტივენსონის ნაწერი...
უამრავი რამ, მარტო სპირიტიზმის ისტორიის ტომეულები რო
მოთვალო. ერთი სანახევროდ მაქვს წაკითხული ამ
სპირიტიზმის ისტორიისა. პირველ მსოფლიო ომში ვაჟი რომ
დაეღუპა, მაშინ გაიწია სპირიტიზმისკენ, სეანსებს ესწრებოდა,
ვაჟის სულთან ლაპარაკს ცდილობდა. ძალიან ჩაეფლო ამ
ამბავში. მსოფლიოში სახელგანთქმული კაცი იყო უკვე,
დაისისკენ მიდიოდა. ამერიკაში ჰოლმსი ნამდვილ გმირად
ქცეულიყო, იქ სუპერმენებზე თავიდანვე იყო მოთხოვნილება.
ამერიკული თემაც შემოვიდა თანდათან, თუნდაც
„საშინელებათა ველი“, არცთუ მაგარი რომანი მასონებზე,
რომლებიც უფრო მაფიოზები არიან. მის მოთხრობებში ხშირად
ჩანან ამერიკელები, საკმაოდ ხშირად.
აი, ასეთი უცნაურობაა, კონან დოილზე მინდოდა ლაპარაკი.
მინდოდა მეთქვა, რომ რაღაცნაირი მწერალია. თითქოს
ჟანრული, მაგრამ მაინც აქვს რაღაც ისეთი, რომ გამორჩეულ
მწერლად ჩათვალო. ჰოლმსი? არ ვიცი. ჰოლმსი თავისთავად.

44
ასეთი ვინმე ხომ უნდა მოიგონო. მაგრამ არის კიდევ სხვა.
დედოფალ ვიქტორიას დროების ბოლო ათწლეულები. ალბათ.
არ ვიცი. ჰოლმსზე იმდენი ფილმი არსებობს, რომ... ალბათ ესეც
მიეხმარება კაცს.
რაღაც სულია იქ, ჯენტლმენობის მოუხელთებელი სული.
უოტსონი ხომ სრულიად უსუსურია რაიმეს გამოძიებაში,
მაგრამ საუცხოო ჯენტლმენია. საუცხოო მეგობარია. ჰოლმსიც
საუცხოო მეგობარია, თუმცა, უოტსონს ხშირად ატყუებს.
საქმის საჭიროებისთვის რაღაცას არ გაუმხელს. ოღონდ მერე
მოუბოდიშებს ხოლმე. ჰოლმსისნაირ ჯენტლმენს სწორედ
უოტსონისნაირი ჯენტლმენი სჭირდება. სხვანაირად ამბავი არ
გამოვა. არაფრით. ჰოლმსი არ ენდობა ხოლმე უოტსონს. მის
ხასიათს. სიავით კი არა, ისევ გამოთვლით... აი, მეთქი, ამას
ვამბობდი, კონან დოილზე მინდოდა ლაპარაკი, იმაზე,
რამდენად ჰგავს ჰოლმსი ედინბურგელ დოქტორ ჯოზეფ ბელს,
ხოლო უოტსონი მაიორ ვუდს, მაგრამ წახვალ, წამოხვალ და
ისევ ჰოლმსზე ლაპარაკობ.
თითქოს გავიწყდება, რომ ჰოლმსი კონან დოილმა მოიგონა. ხო
იცი, სადაც არის ჰოლმსის მუზეუმი? აბა, კონან დოილისა სად
არის? ანდა მისი საფლავი სად არის? ეჰ, შორს, შორს იყო მისი
საფლავი, ძველ სახლთან, ინგლისური შემოდგომის პეიზაჟში.
სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, ასვენია თუ არა კონან დოილი
ვესტმინსტერის სააბატოში. ბოლო დრომდე სხვაგან იყო მისი
საფლავი და არ მგონია, ახლა გადმოესვენებინათ. ჰემფშირში
ესვენა. მახსოვს, ალბათ დაახლოებით, მისი საფლავის წარწერა:
არტურ კონან დოილი, რაინდი, ნამდვილი ფოლადის შიშველი
ხმლით, ექიმი და ასოთშემოქმედი კაცი.
კაი წარწერაა. მას მოეწონებოდა. მისი აწკეპილი ულვაში,
ირიბად აჭრილი თვალები. ფიქრები სულებზე, წიგნები
ფერიებზე.
იცით, რა? პროფესორი ჩელენჯერი არანაკლებ საინტერესო
ვინმეა, ვიდრე ჰოლმსი. ის ძალიან პოპულარული იყო, როცა
პირველად გამოჩნდა „დაკარგულ ქვეყანაში“, მერეც, როცა ბარე
კიდევ ხუთიოდე რომანის გმირი შეიქნა... და გაქრა, ჰოლმსმა
გადახაზა. რატომ? ისევ ძველი პასუხია: მაინც ადამიანი იყო,
მეცნიერი. თუმცა, მისი გრძელი წვერი, კურატა ტანი და
ელვარე თვალები არანაკლებ მიმზიდველია, ვიდრე ჰოლმსის
გრძელი, მოძრავი თითები და ჩიბუხი.

45
იმ სრულ წიგნში ჰოლმსის ცხრავე კრებულია თავმოყრილი.
ახლა რომ ვფიქრობ, ყველას მაინც „ოთხთა ნიშანი“ მირჩევნია,
ისე წიგნებში კი „როდნი სტოუნი“, ამბავი ბიჭზე, კრივსა და
ქვეყნის მთავარ ადამიანებზე. მგონი, ეს კონან დოილის
ერთადერთი წიგნია, რუსულად რომ წავიკითხე. არ ვიცი,
მეთვრამეტე საუკუნის კრივით მოვიხიბლე, თუ რა იყო.
სამუდამოდ დამამახსოვრდა.
თუმცა, რამდენიც უნდა ვიხტუნაო, ჰოლმსს მაინც ვერსად
წავუვალ.
ვისაც წერა უნდა და ეხალისება, იმისთვის ჰოლმსის ამბების
კითხვა სასარგებლოც კია. მით უმეტეს, როცა ცამეტი-
თოთხმეტი წლისაა. რატომღაც ასე მგონია.
ძალიან პრაქტიკული, ჰოლმსური მიზეზის გამო: მგონი, ეს
თავგადასავლები პირველი ისეთი წიგნია, ყმაწვილს რომ
გააგებინებს, თუ რა არის დაკვირვება და თვალი. მანამდე რა
ბიძია თომები და თუნდაც ადრეგანვითარებულობები იკითხო,
ვერ დაფიქრდები დაკვირვების აუცილებლობის შესახებ.
ყველაფერი მიწაზეა და ყველაფერი შენ გარშემოა. მხოლოდ
უნდა უყურო. ჯერ შეამჩნიო, მერე კი ათვალიერო დიდხანს,
ჰოლმსისავე ლუპით. აუცილებლად რაიმეს დაინახავ, რაიმე
ისეთს, რაც აქამდე არ დაგინახავს. ხოლო რახან შენ გარშემო
მარტო არაფერი და ყველაფერი როგორღაც უკავშირდება
ერთმანეთს, ამ დაკვირვებით ალბათ მთელი სამყაროს აგება
შეგიძლია. უბრალო საგნებისა და მოვლენებისგან შედგენილი
ნამდვილი სამყაროსი, რომლის გამო ფიქრიც ალბათ ძალიან
მაგარი რამეა.
რა ვიცი, მე მიყვარს კონან დოილი. ვიცი, რომ კიპლინგი
ათასჯერ სჯობს, ყოველი მხრიდან შემოარტყამს ალყას.
სტივენსონი საერთოდ ბურთს აუკენწლავს. ვიცი, რომ
ჩესტერტონს ვერაფრით შევადარებ, ვინაიდან მისი ბურუსი
არაფერია ჩესტერტონის ფეირვერკებთან შედარებით, ვიცი,
რომ ახლავე ჩამოვთვლი ასამდე მწერალს, რომლებიც ალბათ
უკეთეს, უფრო ჩახლართულ, უფრო დახვეწილ დეტექტივებს
წერდნენ და წერენ. მაგრამ კონან დოილმა ხომ უკვე დაწერა ეს
ყველაფერი. პოს რამდენიმე მოთხრობაში მოქმედი დიუპენი
კონან დოილმა ჰოლმსს გაალანძღვინა და ამ დიუპენისგან
შექმნა მარადიული პერსონაჟი, რომელსაც შერლოკ ჰოლმსი
დაარქვა. თავიდან, მგონი, შერინგფორდ ჰოლმსი უნდოდა.

46
იყო, კი... წინ ედგარ პო იყო. მაგრამ ახალი დროის პირველი და
უკანასკნელი მითოლოგიური გმირი, დადებითი
მითოლოგიური გმირი კონან დოილმა მოიგონა. ის პირველი
იყო. მან უკვე დაწერა. გაკეთებულის ატაცებას კი რა უნდა?
თავიდან რადიო იმხელა იყო, რომ საგანგებო მაგიდაზე
დგამდნენ, ახლა მობილურში ეტევა. საქმე ის იყო, რადიო
გაგეკეთებინა, თორემ ასი წლის თავზე რომ
დაპატარავდებოდა...
ძმები შოლტოები, ტყუპები. აი, რა გამახსენდა. ჯონათან
სმოლი, ხისფეხიანი შურისმაძიებელი... ნეტავ სადმე თუ
არსებობდა მსგავსი სამყარო, ისეთი, როგორიც ჰოლმსის
სამყაროა ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭისთვის?
არ ვიცი, ალბათ არსებობს უკეთესი წიგნების ნაჩუქარი
უკეთესი სამყაროები, მაგრამ... იმ დროს, როცა ძილის წინ ერთი
ჰოლმსური რომანი ან მოთხრობა გელოდება და სინათლის
ჩაქრობა სულ მრავალნაირი მიზეზის გამო არ გინდა, აქვს
თავისი ფასი.
ხაიებიც ბლომადაა ჰოლმსის ამბებში. ოღონდ ეს კონან
დოილისაა, არა ჰოლმსის. ჰოლმსი არ ცდება. მხოლოდ
ერთხელ... ქალი. ის ქალი. როგორც თვითონ იტყოდა.
ფერი, რომელიც ჯიმ შერიდანის ფილმებშია, ისევ ძალიან
მომწონს. რატომღაც ეს ჰოლმსის ფერია.

ჰემერჰედი, ცოტა რამ პოს შესახებ


ედგარ პოს შემორჩენილი, სამიოდე დაგეროტიპიდან ყველაზე
მაგარია უკანასკნელი, რომელზეც ის შავ სერთუკსა და თეთრ
ყელსახვევშია აღბეჭდილი, არის გამხდარი, უზარმაზარი
შუბლით, ჩაცვენილი, მანათობელი თვალებითა და ოდნავ
მოღრეცილი ტუჩითა და ნიკაპით. ულვაშიც კი მარჯვენა
მხარეს, ცოტა ჩამოგრძელებული აქვს, უპეები –
ჩამოკიდებული. გამხდარია, მაგრამ რაღაცნაირად
დასივებული.
ეს ალბათ სასმელის ბრალია. სვამდა და თან, როგორც ამბობენ,
ოპიუმსაც ეტანებოდა.

47
ეს დაგეროტიპი კი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფოტოს
წინამორბედი რამ, ასე კარგად იმიტომ ვიცი, რომ მისი ასლი
კედელზე მაქვს ჩაჭიკარტებული, მისთვის სრულიად
მოულოდნელ გარემოში. პოს გარშემო სხვადასხვა
საფეხბურთო მატჩების სააკრედიტაციო ბარათები კიდია.
არ ეწყინება, მისთვის ასეთი რამეები, მგონი, სულერთი იყო.
ამ გამოსახულებაზე პო ოცდაცხრამეტი წლისაა, თუმცა, იერი
ისეთი აქვს, რომ ასაკს ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება;
არანაირი აზრი არა აქვს იმიტომ, რომ მისი იერი სრულიად
მარადიულია.
ედგარ პო ბალტიმორის ქუჩაში იპოვეს დაგდებული და
წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ეცვა
სხვისი ტანსაცმელი და, როგორც მახსოვს, იძახდა სახელს,
რომელიც მისგან მანამდე არავის გაეგონა.
თუ არ ვცდები, შეჰყვირებდა ხოლმე: რეინოლდს, რეინოლდს!
იმასაც ამბობენ, ღმერთს შესთხოვდა, ჩემი საბრალო სული
მიიღეო.
მისი მკურნალობის ქაღალდები დაკარგულია, ამიტომ
უცნობია, რა დაემართა და რატომ დაეგდო ქუჩაში: ეგებ
ლოთური უძლურების გამო ან ტვინის ანთებითო, ასე ამბობენ.
მაგრამ იმავდროულად, ისიც უცნობია, სად გაატარა დღეები ამ
წაქცევამდე. ასე მოკვდა.
ჩვენს დროში ამ ასაკის კაცს ახალგაზრდა ჰქვია, თუმცა,
როგორც მოგახსენეთ, ასაკს მის შემთხვევაში არანაირი
მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ბოლოს ისეთი ღატაკი იყო, რომ აღარც კი იცოდნენ, სად
ცხოვრობდა.
ორმოცი წელი რა დიდი ამბავია, ახლა ვარ ორმოცი წლის, არა,
უფრო მეტისაც, სულ არაფერია: გგონია, რომ დიდხანს
იცოცხლებ და გგონია, რომ ბიჭი ხარ. მას როგორ ეგონა, არ ვიცი
და, საერთოდ, რაებს ფიქრობდა თავისი მდგომარეობის
შესახებ, ამასაც ვერ მოვყვები.
ასეთ ადამიანებს უბედური ადამიანები ჰქვიათ: ყველანი რომ
უკვდებიან გარშემო, ანდა ყველანი რომ უარს ეუბნებიან
მისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ რამეებზე. ხომ იცით,

48
როგორც არის, სხვა რომ ერთი მიწოლით შეაღებს კარს, ის
ათჯერ უნდა მიაწვეს და შიგნით რაღა დახვდება, ის კიდევ
ცალკე ამბავია.
ამას წინათ ძველი ჟურნალები გადმოცვივდა საიდანღაც, ერთი
ათი წლის წინანდელები, ან მეტის, და ერთ „ინასტრანკაში“
ხულიო კორტასარის დაწერილი ედგარ პოს ცხოვრება ვიპოვე.
იმ დროსაც წავიკითხე და ახლაც გადავათვალიერე. ეტყობა,
რაღაც ჟურნალისთვისაა დაწერილი, შეკვეთით, საინტერესო
კია.
მისი ცხოვრების ძირითადი ამბები მკითხველმა ხალხმა ისედაც
იცის.
ბოლო სიყვარული, თავისი კუზინა ცამეტი წლისა შეირთო და
ეს გოგო მოკვდა. ვირჯინია ერქვა, ასე მახსოვს. ის რომ
ავადმყოფობდა, პოს შეშის ფული არ ჰქონდა და კოტეჯს ვერ
ათბობდა. ყინვები იყო და რაც რამ გააჩნდა, ავადმყოფს
აფარებდა. ეს მახსოვს ყველაზე შთამბეჭდავად მისი
ცხოვრებიდან. თვითონ კი დადიოდა მშიერი და გათოშილი.
მაშინ ერთ კოტეჯში ცხოვრობდნენ, მგონი, იქ ახლა მუზეუმია,
ბრონქსში.
საერთოდ, პო ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამყაროზე
ამხელა გავლენას მოახდენდა. ასეთი უკვდავი და მარადიული
შეიქნებოდა.
ის ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, მგონი, გასაოცრად
მათემატიკურად მოაზროვნე, მაგრამ მაინც გაუჭირდებოდა
იმის გამოცნობა, რომ დღემდე ისეთი ვინმე იქნებოდა, გვერდს
რომ ვერ აუქცევ.
მისი წარმატებები და პოპულარობა სიცოცხლის წლებში სულაც
არ განაპირობებდა, რომ მას შეეძლო თავისი ნაწერებით
ეცხოვრა. თანაც, ეს უმძიმესი დრო იყო ამერიკის
საგამომცემლო საქმეში.
მაგალითად, „ყორანი“ რომ დაწერა, ერთგან ცხრა დოლარი
აიღო, მეორეგან – თხუთმეტი, ამ ლექსმა კი სახელი გაუთქვა.
ბევრგან გადაბეჭდეს, მთელი ამერიკის სიგრძეზე. გინდა ლექსი
ეძახე, გინდა ბალადა, მოთხრობასაც ასევე დაუძახებ და
რომანსაც. არა აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც მის ასაკს.

49
ახლა სულაც არ მინდა, რომ მისი ბიოგრაფიის მოყოლით
შევიქციო თავი და წამკითხველიც შევაქციო. უბრალოდ, იმის
გახსენებას ვცდილობ, როდის წავიკითხე პირველად პო და,
მგონი, გამახსენდა.
მგონი, ეს ზუსტია: დედაჩემის ამხანაგმა დაბადების დღეზე
პოს რუსული კრებული მაჩუქა. ახლა ის კრებული აღარ მაქვს,
სროლების დროში სხვა მრავალ წიგნთან ერთად გავყიდე.
მაგრამ მახსოვს, ტილოს ყდა ჰქონდა და შავი და ლურჯი
რუსული ასოებით ეწერა ზედ: ედგარ პო. შარშანწინ ეს წიგნი
ერთი მონასტრის ერთ ოთახში, სულ მაღლა თაროზე დავინახე.
რაღაცნაირი წაგრძელებული, არასტანდარტული იერისა იყო.
პირველი, რაც ამ წიგნში წავიკითხე, იყო „მატცენგერშტეინი“:
უნგრელი გრაფის საშინელი ამბავი. მაშინ, რა თქმა უნდა, არ
ვიცოდი, გოთიკა რა იყო, და გვარიანადაც შევშინდი. შევშინდი
როგორ, წარმოსახვის ამბავში, იმიტომ, რომ ამ ყაიდის რამე
არასდროს წამეკითხა. სრული საშინელება და ძრწოლა იყო.
მეორე მოთხრობა გამომძიებელ დიუპენის პარიზული ამბავი
იყო, დედა-შვილს რომ გორილა დაგლიჯავს თუ ორანგუტანგი,
ახლა აღარც მაგონდება. ეს ცხოველი ბულონის ტყეს აფარებს
თავს. მახსოვს ქალების ბღუჯა-ბღუჯა დაგლეჯილი თმები და
ასეთი რამეები. „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“.
საერთოდ, მოგვიანებით ვიფიქრე, რომ რახან პოს უნდოდა,
როგორმე გაეყიდა თავისი მოთხრობები, ძალიან
ითვალისწინებდა მკითხველთა მისწრაფებებს და ბევრ თემას
სწორედ ამის მიხედვით ირჩევდა.
ბოსტონი, ნიუ-იორკი, რიჩმონდი, ფილადელფია, ძველი
ამერიკის რაღაცნაირი ქალაქები. ამ უნახავ ქალაქებზე ფიქრისას
რაღაც პირქუში მომყვებოდა ხოლმე. თუმცაღა, პო ხან პარიზში
ამოყოფდა თავს, ხან ლონდონში. პარიზში, მგონი, ნამყოფი არც
იყო, რუკებით იცნობდა. ლონდონში კი ბავშვობისას
მამინაცვლის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
არის ასეთი ცნობილი ტილო, „ამერიკული გოთიკა“ – მე მგონი,
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საცნობი ამერიკული ტილო,
რომელიც გრანტ ვუდმა დახატა. მასზე ხნიერი წყვილის უკან
ამერიკული ხის სახლი ჩანს, რომელიც თითქმის ისეთია,
როგორიც პოს კოტეჯი ბრონქსში. ეს ტილო რომ ვნახე,
მივხვდი, ვისთვისაც წერდა პო, თუმცა ჩემს წარმოსახვაში მისი

50
ნაწერები ბევრად უფრო პირქუშ სურათებს ქმნიდა, ვიდრე ეს
ერთი შეხედვით სიმშვიდის მფრქვეველი წყვილი. ამის
მიუხედავად, რატომღაც მეგონა, რომ ამ ტილოს სიღრმეში,
სადღაც უკან, რაღაც ურჩხული დადის და სამკაპი, რომელიც
კაცს უჭირავს, საბრძოლო იარაღი უფროა, ვიდრე სამუშაო.
აკი მოგახსენეთ, გოთიკა სულაც არ ვიცოდი, რა იყო-მეთქი,
მაგრამ რატომღაც ეს სურათი პოსთან დავაკავშირე. მგონი,
რომელიღაც მოთხრობა იყო დამნაშავე. ჰო, მახსოვს იმ
მოთხრობის სათაურიც და მერე წაკითხული მისი ისტორიაც:
„მარი როჟეს საიდუმლოება“.
ეს მოთხრობა პომ სრულიად ნამდვილი ამბის გამო დაწერა,
გოგო მოკლეს, მერი როჯერსი, და მისი სახელი გააფრანგულა.
მთლიანად შეისწავლა ეს საქმე, ის ადგილები, სადაც გვამი
იპოვეს, და მერე დაწერა იმგვარად, რომ ყველაფერი
გამოძიებულია სრულიად წარმოუდგენელი სიზუსტითა და
კვლევის უნარით. მგონი, მკვლელი როცა დაიჭირეს,
გამომძიებლებს ეგონათ, რომ ის პოს მოთხრობას ჰყვებოდა:
ყველაფერი ზუსტად ისე იყო, მან რომ აღწერა.
მას ასეთი ტვინი ჰქონდა. უფრო სწორად – ასეთიც.
მოთხრობები წარმოუდგენელი სიზუსტითაა დაწერილი.
სიზუსტეში შესრულების ოსტატობას ვგულისხმობ. ეს
საშინელებანი და შავი რომანტიზმი, რომელსაც პო ასეთი
ოსტატობით მისდევდა და, მგონი, მისი ნაწერი დიდად არც
განირჩეოდა მისი ცხოვრების გამო წარმოშობილი
განწყობილებებისგან, ძალიან ჩამოსხმული და ზუსტია.
სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, რომ პოს მოთხრობები
მსოფლიო ლიტერატურის შედევრები იყოს, მაგრამ, მეორე
მხრივ, მის პროზას ერთი უცნაური უკვდავება აქვს: ხან სად
გადააწყდები მის კვალს, ხან სად. არ არსებობს, კაცი ასეთ
რამეებზე წერდეს და ამით დიკენსისა და ბალზაკის გვერდით
იყოს. მაგრამ მას აქვს რაღაც სხვა. ის, რაც ფოტოზეა. მისი
ნაწერები ყველა დროისაა. არ ჟანგდება. მარადიულია.
საერთოდ, პომ რამდენიმე ჟანრი დაიწყო დეტექტივიდან
მოკიდებული, სათავგადასავლო მოთხრობით გაგრძელებული,
ჰორორით დამთავრებული. თუმცა, დამთავრება სრულიადაც
ადრეა, რადგან ეს კაცი, შავით მოსილი რომ დადიოდა
აღმოსავლეთის სანაპიროს დიდი ქალაქების რედაქციებში და

51
ხშირად ისტერიულ ჩხუბებს ტეხდა ფილოსოფიურ საკითხთა
გამო, მანამდე წარმოუდგენელი სალიტერატურო გონების
ადამიანი იყო. რა ვიცი, მე ასე მგონია.
ჟანრებს რომ თავი დავანებოთ, მისი კვალი იმდენ ადგილასაა,
რომ ვერ წარმოიდგენ. იმ დღეს რაღაც არხზე გადავრთე და
„კუკუშკა“ იყო, ის განთქმული ფილმი, გრძელი სათაური რომ
აქვს. მაკმერფი, ბელადი და მთელი ამბავი. დიდი ხანი იყო, არ
მენახა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ვუყურებდით: ის
მიყვარდა, კრისტოფერ ლოიდის გმირი რომ დაიღრიალებს
უცბად. ჰოდა, ცოტა ხნით შევყოვნდი, ბოლო ხუთი წუთი
ძალიან მიყვარს. უცებ ვიფიქრე, რომ მთელი ეს საგიჟეთები
ლიტერატურაში და კინოში და, მგონი, საერთოდ ყველაფერში,
პოს დაწყებულია.
აქვს ასეთი მოთხრობა, „დოქტორ კუპროსა და პროფესორ
ბდღვერის სისტემა“. ეს სათაური სწორედ რომ ქართულად
მახსოვს, იმ ერთადერთი ქართული კრებულიდან, რომელიც
ასე, ოცდახუთი წლის წინათ იქნება გამოცემული. თხელი,
ცისფერყდიანი წიგნია. გუშინ დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვეღარ
ვიპოვე. მთარგმნელი ყოველთვის მახსოვდა, მაგრამ, მგონი, ეს
ასაკი წეღან რომ ბიჭურად დავსახე, სულაც არ არის სახუმარო.
იქ გვარები და გეოგრაფიული ადგილები ერთგვარად
მოულოდნელადაც კია თარგმნილი. ანუ ისე, როგორც პო
ადგენდა ინგლისურად. მაგალითად, ჰოლანდიურ სოფელს
ერთ მოთხრობაში ჰქვია ღა-დღო-იქნებისი... კარგი, ამას
მოვეშვათ.
იმას მოგახსენებდით, რომ იმ მოთხრობაში გამოირკვევა,
საგიჟეთში გიჟები აჯანყებულან, გაუმარჯვიათ და ექიმები
თავად შექნილან, ხოლო ნამდვილი ექიმები გიჟებად
დაუსვამთო.
პოს ასეთ კვალს იმდენს იპოვი ყველგან, რომ ბოლოს
დაგეზარება კიდეც.
შიფრები, წერილები ბოთლებში, აღმდგარი მკვდრები...
ამონტილიადოს კასრი. შავი კატა. ეს ის მოთხრობებია,
რომლებშიც ამბავს თვით მკვლელი ჰყვება. ეს გაუგონარი
ამბავი იყო პოს დროში, ოღონდ ამით პოს დუხჭირ ცხოვრებას
არ ეშველა. საერთოდ, სულ ის მგონია, რომ პო მეცნიერივით
იყო.

52
აი, ხომ იყო აღმოჩენების ეპოქა და გასაგიჟებელი,
ხუჭუჭათმიანი ევროპელი მეცნიერები, რომლებმაც რა აღარ
გამოიგონეს. პოც ასევე იყო, ოღონდ ლიტერატურაში. რა აღარ
გამოიგონა. თანაც, უამრავ ესეს წერდა ლიტერატურაზე,
კომპოზიციაზე, ყველაფერზე.
„ამონტილიადოს კასრი“ ძალიან ოსტატური მოთხრობაა
ცოცხალი კაცის კედლის ნიშში ჩაშენებაზე, რაც პოს სხვა, იმ
დროის ათასნაირ მოთხრობაში ჰქონდა წაკითხული და,
საერთოდ, პო უამრავ ისეთ ამბავს იყენებდა, მაშინ რომ მოდაში
იყო სათხრობადაც და საწერადაც. იმ დროში პლაგიატზე
ლაპარაკი მეტად ხშირი იყო და ლიტერატურული მტრობაც.
მაგალითად, პომ ლონგფელო დაადანაშაულა და ასე შემდეგ.
ასეთი უამრავი ეპიზოდი არსებობს.
აქ მთავარი ის კი არ არის, რომ პო იმ დროს ნაცნობ უამრავ
ამბავსა და მოთხრობას იყენებდა, რაც შეიძლება ითქვას,
ნაცნობიც კი იყო მაშინდელი მკითხველებისთვის, არამედ ის,
თუ როგორ წერდა მოთხრობას პო, როგორ იკითხება იგი და
როგორაა გამოთვლილი მანძილები, მოქმედებები და
წერისთვის აუცილებელი ასეთი რამეები. ამას ოსტატობაც აღარ
ჰქვია. რასაც ის აკეთებს თავის საშინელ სიუჟეტებში, არის
გროსმაისტერობა. „სკუპ-სკუპო“ და „წითელი სიკვდილის
ნიღაბი“, „მეფე ჟამი“, „ლიგეა“ და ასეთები იმგვარი ხილული
საშინელებითაა ნაწერი, რომ თუ მიჰყვები, გული გაგიჩერდება.
მიჩერდებოდა მაშინ, როცა ვკითხულობდი და ახლა კი პოს
მოთხრობებს ვეღარ ვკითხულობ.
რასაც ვკითხულობ და ალბათ სულ წავიკითხავ, პოს ლექსებია.
ღმერთო ჩემო, რა მაგარი ლექსებია, ისე, ჩვენებურად რომ
ვთქვათ.
ერთი საბჭოთა გამოცემის ინგლისურენოვანი ანთოლოგია
მქონდა ინგლისელი და ამერიკელი პოეტებისა, და პოს ლექსი
პირველად იქ წავიკითხე. ის პირველი ლექსი იყო „ანაბელ ლი“.
როგორ ვთქვა, არ ვიცი, ალბათ ისევ უბრალოდ: ეს ჩემი
საყვარელი ლექსია. ისე მიყვარს, რომ ერთხელ ვთარგმნე კიდეც
და საკუთარ წიგნში ჩავტენე.
ეს ლექსი მაშინებდა კიდეც, მაგრამ მისი წაკითხვა მაინც
მინდოდა. მგონი, ისე, ხალხურად, პოს ნაწერებში სწორედ ეს

53
არის მთავარი, ძრწოლა, რომელსაც ვერ სწყდები. ოღონდ ეს ის
კი არ არის, ვთქვათ, სტივენ კინგის წიგნებსა და სუნთქვის
შემზღუდველ დეტექტივებში რომაა, არამედ ასჯერ მაღალი და
ასჯერ ძლიერი, პოს მუსიკით გამდიდრებული. ამათ,
საერთოდ, პოსგან ისწავლეს, ყველამ პოსგან ისწავლა ეს
სუნთქვის შემზღუდველობა, ოღონდ პო ჟანრული არასდროს
ყოფილა. იმ დროს მისი ჟანრები არ არსებობდა.
ყველაფერს ისწავლი, მაგრამ გაიმეორებ პოს მუსიკას? რაღაცას
ბახსა და „ბლექ საბათს“ შორის?
ხშირად ადამიანები რბილად ფიქრობენ სიყვარულზე: პო
არასდროს.
„ანაბელ ლიც“ ეს არის, რა თქმა უნდა – ავის დანახვის
ხელოვნება, დასასრულის დანახვის ხელოვნება. აკლდამაში
მიჯნურს მიწოლილი ბიჭის ამბავი. „პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარი“ გახსოვთ? იქ უფრო ფრანგულადაა ეს ყველაფერი,
პოსთან კი... ახადეთ პოს თავის ქალა. მისი დროის ერთ
რომანში პოს პაროდიული პროტოტიპია გამოყვანილი და მას,
როგორც მახსოვს, ჰემერჰედი ჰქვია. ჩაქუჩისთავა. პოს ალბათ
არ შეეძლო ნაბიჯი უკან. მას საშინელებიდან გამოძრომა კი არა,
იქ ტრიალი და იქვე ბრძოლა უნდოდა, იქვე ბრძოლა და ამ
ბრძოლის ჩვენება. რომანტიკოსი ისედაც მებრძოლია, ის რომ
საშინელებაში მოხვდება, კაცი თვალს ვეღარ მოსწყვეტს. პოს
ფერები, პოს სახეები... ამ სამყაროს, მისი თავის ქალის ქვეშ
დაბუდებული რამეების აღწერა შეუძლებელია. სრულიად
შეუძლებელი. ეს საინტერესო რომანი იქნებოდა: ედგარ პოს
თავი. შიგ მიმდინარე ამბები და მოძრავი, ღამითა და
ჩრდილოეთის ციალით გაჯერებული სამყარო. ამერიკელი რომ
ვიყო, გავბედავდი და ვეცდებოდი ამის დაწერას.
„უილიამ უილსონი“, ორად ქცეული სტუდენტი...
ვირჯინიის უნივერსიტეტის ძველი კამპუსის ვიწრო
სტუდენტური ოთახი, რომლის შემინულ კართანაც ერთ დროს
ფოტო გადაგვიღეს ზურა ქარუმიძეს და მე.
იქ მთელი ორი სემესტრი გაატარა ედგარ პომ, რომელსაც
ბანქოს ვალები დაედო და მერე ჯარისკაცად ჩაეწერა. ფოტო კი
უცნაური გამოვიდა. ერთადერთხელ ვნახე და როგორც
მახსოვს, შუშის კარი, რომლის იქითაც პოს ოთახია, სრულიად
შავად აღბეჭდილიყო.

54
მგონი, ეგრეც უნდა იყოს – იმ შუშის ტიხარს იქით პოს ტვინია,
რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით. საგნები მრუმედ ჩანს
ოთახში, რაფაზე კი ყორანი დგას.
ყორანი პოს დღევანდელი პასპორტია: ყორნის ფიტული
ყველგანაა.
„ყორნის“ გმირი ალბათ ვირჯინიის უნივერსიტეტის
სტუდენტია. სავარაუდოდ, ის ისედაც სტუდენტია. ასე
ამბობენ მკვლევრები.
იცით, რა? „ყორანის“ ყოველდღე კითხვა ნამეტანი იქნება,
მაგრამ ხანდახან, ერთ მძიმე ღამეს, უნდა გადმოიღოთ და ეგებ
ამ ბალადამ რაღაცეებს უპასუხოს. შვებას ვერ მოგგვრით,
მაგრამ პასუხებს კი გამოიმეტებს. სიბნელის მხარეს
გადახრილნი, სწორედ პოს ჩირაღდნით დაინახავთ, რა არის
სიბნელე. ხომ მიგიწევთ ხოლმე გონება სიბნელისკენ? არის
ეგეთი რამეები. მაგრამ თქვენი გონება ვერა ხედავს, რა არის იქ.
ჰოდა, პო დაგანახვებთ. სიყვარული და უბედურება, ბოროტი
და მტვრით დაფარული მაგიური წიგნები, კაკუნი კარზე...
მოლაპარაკე ყორანი დიკენსისგან მოვიდა პოსთან: გრიპი,
ბერნები რეჯს რომ ჰყავს. ლექსთწყობაც ვიღაცისგან მოსულა,
როგორც ამბობენ. მე ვერ ვარ ინტერესიანი ამ ამბავში, მაგრამ
მთავარი იქ პოს ხმაა, პოს უბედური, ძლიერი, ფერადი,
რაღაცნაირად მოლიცლიცე ხმა.
ნევერმორ, ნევერმორ, ნევერმორ.
ღმერთო, როგორი სუნთქვაა ამ „ყორანში“. ვაჟა-ფშაველამაც კი
თარგმნა. უამრავი თარგმანი არსებობს ქართულად. ცალკე
წიგნიც კი გამოვიდა რამდენიმე წლის წინათ. „ყორანის“
ქართული თარგმანები.
საერთოდ, პოს ქართველებთან დაკავშირება, ცოტა არ იყოს,
ძნელია. ერთადერთი გალაკტიონი. რამდენჯერ უხსენებია
თავის ლექსებში, ახლა ვერ მოვყვები, სახელით, სახელითა და
გვარით, მინიშნებით. მაგრამ ხმა, ხმა მოისმის ხოლმე. ხმა და
სურათი. არსებობს ეს კავშირი ზოგიერთ ადგილას.
ეს ხილვები, პოს საშინელი ხილვები. მაგრამ ასეთი
მხატვრული, სრულიად არარიგითი. ულალუმ, ულალუმ... ის
გენიოსი იყო. ყველაფერს გადაუსწრო ისე, რომ ვერავინ

55
შეამჩნია. შეიძლება ის ცოცხალიც არ იყო. მკვდარი იყო. ან
სადღაც, სხვა სამყაროში. რაღაც მესამე: ესეც ცნობილია ჩვენს
პოეზიაში.
როცა პო მოკვდა, ერთმა გამომცემელმა, რომელსაც მის
მოთხრობებზე უფლებები ჰქონდა, გვარად გრისვოლდმა
დაწერა ნეკროლოგი და დაწერა იმ ნეკროლოგში დღეს
განთქმული ფრაზა: ბალტიმორში მომკვდარა ედგარ პო. ამ
ცნობამ ეგებ ბევრი კი გააოცა, მაგრამ ცოტა თუ დაამწუხრა.
ეს ენამწარე ფრაზა სრულად გამოხატავს პოსადმი მისი
თანამედროვეების დამოკიდებულებას. ამ გრისვოლდმა პოს
მოთხრობები ხელიდან არ გაუშვა, მათ ხელახლა ბეჭდვას გზა
გადაუკეტა და წიგნიც კი დაწერა მის შესახებ, რომელშიც პო
სრულ შეშლილად, ლოთად, ნარკომანად და გიჟად გამოიყვანა.
სიმართლე ითქვას, ეს დღემდე ყველაზე პოპულარული წიგნია
პოს შესახებ.
ეგებ პო მართლაც ასეთი იყო, მაგრამ მისი სამყარო, უბრალო
სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან დიდი სამყაროა. ეს არ არის
მარტო სიშავის სამყარო. თუნდაც ოსტატური სიშავისა. მას
ისეთი მოდელები აქვს, რომ დღემდე თანამედროვედ რჩება.
როგორც მანქანას ყოველთვის ექნება ოთხი ბორბალი და ძრავა,
ისევე პოს მოდელებს ვერავინ ვერსად წაუვა. ვერც პოს სახეებს
და ვერც მის განწყობებს.
მგონი, მეასედ ვამბობ: ეს ძალიან უცნაურია. აკი გითხარით,
ჩემთვის პოს მოთხრობები ბევრი არაფერია მის ლექსებთან
შედარებით-მეთქი, მაგრამ ის, რაც პომ წერით
დაინტერესებული ადამიანებისთვის გააკეთა, ერთეულებს თუ
გაუკეთებიათ.
აიღეთ პოს ნებისმიერი მოთხრობა და მის აგებულებაზე
დაწერეთ მოთხრობა სულ სხვა სიუჟეტით, თუ გინდათ,
კომიკურითაც. უნივერსალურია, სრულიად.
რასაც ახლა ვწერ, ბორხესთან მაქვს წაკითხული, უკვე
„პერესტროიკის“ დროს, როცა ბორხესის წიგნები გამოჩნდა
ჩვენში. საერთოდ, პოსადმი ინტერესი მან შემომიბრუნა. მისმა
ერთმა ლექციამ, ამერიკაში რო კითხულობდა და რომელიც, თუ
არ ვცდები, ასე იწყებოდა: „არის ასეთი წიგნი ვან ვიკ ბრუკსისა,
ახალი ინგლისის აყვავება...“

56
მაშინ სულ სროლები იყო და რაღაც მსგავსი ბნელი ღამით
სამზარეულოში და ნავთის ლამპის შუქზე მეც გავაკეთე
„ამონტილიადოს კასრის“ და „სკუპ-სკუპოს“ აგებულების
მიხედვით. ისინი კი არ გამომიქვეყნებია, უბრალოდ,
საინტერესო იყო. მაშინ კი საერთოდაც არ ვაქვეყნებდი
მოთხრობებს. არც ვიცოდი ასეთი რამეები.
ისე, ყველა ერჩოდა ამ საწყალ პოს. უოლტ უიტმენის დედამ
ბოლო იმედი, ბოლო ქორწინება ჩაუშალა და დაბოდიალობდა
მარტო, ანთებული, ბრაზიანი თვალებით. რედაქციებში
ერიდებოდნენ მის გამოჩენას, მასთან კამათი ომს ნიშნავდა.
მინდოდა უფრო მაგრად დამეწერა ყორანზე, მთელი გვერდები
გამევსო. მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ეს მხოლოდ
სურათი იქნება და თან, არა მხოლოდ არასრული, არამედ
არასრულფასოვანიც. წარმოსახვის ნამდვილი ომი და უკვე
რაღაც მართლა შემოქმედებითი უნდა ყოფილიყო და ეგ კი
შორს წაგვიყვანდა. წიგნი, მოკლედ. ესეც პოს ერთგვარი
მიღწევაა, მისი სამყაროს წარმოსახვაში ვარჯიში. საერთოდ,
მგონია, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი
ფანტაზიაა. წარმოსახვის უნარი. იგი პოს, მგონი,
წარმოუდგენლად დიდი ჰქონდა, იმხელა, რომ არსად ეტეოდა.
არსად, მის უზარმაზარ შუბლს უკანაც კი. ეს წარმოსახვა
ნათელი დიდად არ იყო. თუმცა, პო სატირასაც წერდა და
იუმორსაც.
ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი წარმოსახვის უნარის მქონე
ადამიანი იმ დროში. ამას სხვა დიდი ნიჭიც ერთვოდა. მას
მეცნიერის ტვინი ჰქონდა.
პოს ერთადერთი რომანი, „ნანტაკეტელი არტურ გორდონ
პიმი“, რომელშიც ყველაფერია პინგვინების ცხოვრების
წყობიდან კანიბალიზმამდე, ძალიან ოსტატური წიგნია.
გასაოცარი სიმეტრიის. როცა წერ, ზომები უნდა გახსოვდეს. ეს
ასეა. მის შინაარსსაც ვერ მოვყვები. ქართულად არ არსებობს. მე
რუსულ ორასტომეულში წამიკითხავს და არც ინგლისურად
გადავყრივარ ცალკე წიგნად.
მელვილი მოგზაურობდა და ყველაფერი იცოდა ვეშაპების
ჭერისა. პო არასდროს ყოფილა გემზე ბავშვობის შემდეგ. პოს
არც კანიბალები უნახავს ოდესმე, მელვილისგან განსხვავებით,
არც სამი ადამიანიდან ერთის მკვლელობა წილისყრის შემდეგ.

57
ის ითხოვდა სამხრეთ პოლუსის თვალუწვდენელი
სითეთრისკენ ცურვას. მგონი, უსასრულობის შესწავლას
ითხოვდა ეს არტურ გორდონ პიმი, რომელსაც კარგა ხანია
პოსთან აიგივებენ, რადგან ედგარ ალან პო ისევე ჟღერს,
როგორც არტურ გორდონ პიმი. ეს ცნობილი ამბავია და ყველა
საიტზე წერია ალბათ. ბორხესიც ასე ამბობს.
წერა მაგიური რამეა. ამას ხვდები, როცა ამ „ნანტაკეტელ
არტურ გორდონ პიმს“ კითხულობ. იმიტომ, რომ წერის ერთ-
ერთი კაიფი ნაწერში ავტორის, როგორც უხილავი გმირის,
მონაწილეობაა. არა რაღაც სისულელეები, პროტოტიპებზე რომ
ეკითხებიან ხოლმე დამწერს, არა ავტორობა, როგორც ხელობა
და სტილი და ასეთი რამეები, არამედ უხილავი შრეები,
რომლებზეც თავად ავტორი გიჟდება, იმიტომ რომ წიგნში
მხოლოდ ესაა მხოლოდ მისი. დანარჩენი ყველაფერი ყველასია,
მკითხველების. ესეც ბევრია პოსთან.
როგორ ფიქრობთ, დალევდით პოსთან ერთად? ვთქვათ, ჯინს.
ცუდი სიმთვრალე ჰქონდაო, ამბობენ, ნამდვილი ლოთისო, ხო
წაიქცა ბოლოს ბალტიმორის სადგურთან.
ჰა, დალევდით პოსთან ერთად? ვთქვათ, ჯინს. მაშინ არ იყო
ტონიკები და ეგეთი რამეები, ჯინში ცხელ წყალს ურევდნენ და
ცოტა შაქარს.
როცა საუბარი ედგარ პოეზეა...

„სოფელი“ რო წავიკითხე და ცოტა სხვა ფოლკნერიც


პირველი, რაც ფოლკნერისა ვნახე, ჟურნალ „მართვეში“
გამოქვეყნებული ფოტო იყო.
ეს ფოტო, სრულიად გახუნებული და ერთი ციცქნა, ახლაც
შენახული მაქვს.
ძველ პიჯაკსა და სამხრეთულ კომბინეზონში გამოწყობილი
უკვე ხნიერი ფოლკნერი სამჭედლოს კართან დგას.
ფოტოს ქვეშ გამოქვეყნებული წერილიც, რომელსაც „კაცი

58
გაძლებს“ ერქვა, ძალიან მაგარი იყო, თუმცა მისი ავტორის
გვარი (ალბათ ამერიკელის) არ მახსოვს. ის მახსოვს, რომ იქ
ფოლკნერზე, მჭედლებზე და ცხენებზე იყო ლაპარაკი.
ფოლკნერი ხომ ცხენმა გადმოაგდო და მერე ამისგან მოკვდა,
თრომბი დაეცო. ცხენის სახელიც მახსოვს: სთოუნვოლი – ქვის
კედელი. ისიც მახსოვს, რომ სამოც წელს გადაცილებული
მწერალი რაღაცნაირად ეჯიუტა ამ ცხენს, რომელზე
შეჯდომასაც კლუბში არ ურჩევდნენ.
იმ წერილშიც, მგონი, ამ ამბებზე იყო ლაპარაკი, ერთი
სამხრეთელი მჭედელი მას ოსტატ ფოლკნერს უწოდებდა და
თავის სამჭედლოში მის მყოფობას იხსენებდა.
ეს წერილი ჟურნალ „მართვეში“ იმიტომ იყო დაბეჭდილი, რომ
თითქოსდა სპორტულ თემას ეხმიანებოდა, რახან „მართვე“
(რომელიც, ჩემი ჭკუით, საერთოდაც საუკეთესო ჟურნალი იყო
იმ დროში) სპორტულ ჟურნალად იწოდებოდა. სინამდვილეში,
ეს უიშვიათესი კარგი საქმის ამბავი იყო, ფოლკნერის შესახებ
უცხოელი წერდა, რაც სრულიად საუცხოო რამ იყო იმ დროში.
ფორმალურად, ეს სპორტის ამბავი იმიტომ იყო, რომ სტატიაში
ფოლკნერის ცნობილი ნაწერი, „ცხენი გაძლებს“ იყო
მიმოხილული.
„კაცი გაძლებს“ ხომ ამის გამოძახილით ერქვა.
ფოლკნერი კენტაკის დოღზე მიიწვია ერთმა გაზეთმა, არ
მახსოვს, რომელმა – რამე დაგვიწერეო.
ალბათ კარგადაც უხდიდნენ, მან კი „ცხენი გაძლებს“ დაწერა,
რომელსაც კენტაკის დოღთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იმ
საბჭოთა ბიჭობაში კენტაკის დოღი რა იყო, სრულიადაც არ
ვიცოდი: ახლა კი ვიცი, რომ ამერიკის უმაგრესი რბოლაა და იქ
მოხვედრილ მწერალს ალბათ ბევრი რამის დაწერა შეუძლია
საკუთრივ დოღის, ნანახის ანდა განცდილის გამო.
ეს მხოლოდ ფოლკნერს შეეძლო, რომ „ცხენი გაძლებს“
დაეწერა იმ გაზეთისთვის, რომელიც მისგან ეგებ დოღის
ხსენებასაც ელოდა.
მერე ეს „ცხენი გაძლებს“ წავიკითხე, და საერთოდ, მისი
პუბლიცისტიკაც წავიკითხე, ერთ მოზრდილ რუსულ ტომში,
რომელშიც ფოლკნერის ინტერვიუებიც იყო და სტატია-

59
ესეებიც. ქართულად ამ ინტერვიუების მხოლოდ ორი გამოცემა
არსებობდა: პირველი – თხელი, რომელსაც ნობელის პრემიის
ასაღებად მისული ფოლკნერის ფოტო ამშვენებდა, და მეორე –
უფრო სქელი, მგონი, 90-იან წლებში გამოსული. ორივე პაატა
და როსტომ ჩხეიძეების თარგმნილ-მომზადებული იყო და მე
განსაკუთრებით ის პირველი დამამახსოვრდა: დედაჩემმა
მომიტანა და იმდენჯერ წავიკითხე, რომ სულ ზეპირად
ვიცოდი. დავამთავრებდი, დავიწყებდი და ასე კარგა ხანს.
ფრაზები ვიცოდი მისი საუბრებიდან სტუდენტებთან და
ჟურნალისტებთან: ტოკიო, ვირჯინია, პარიზი... რა ვიცი. ბევრი
რამე იყო იმ პატარა წიგნში. კაცი ამბობდა, წერისთვის
მოსახერხებელი პროფესია ბორდელის დირექტორობააო,
დღისით შენს სამყოფელში სრული სიწყნარეა და საღამოს კი
მთელი ქალაქის კაი ხალხი იქ იკრიბებაო. თეატრში სამჯერ თუ
ვარ ნამყოფი, ერთხელ აქლემი შემოიყვანესო და ასეთები,
მგონი, კინოზეც რაღაც მსგავსებს ამბობდა, თუმცა,
ჰოლივუდში იყო ნამუშევარი. მოკლედ, მოულოდნელი ამბავი
იყო ეს საუბრები და, მგონი, პოლიტეკონომიის გამოცდაზე რომ
მივედი, მაშინაც კი ჯიბეში მედო და ამას ვკითხულობდი
მერხში შემალული ყვითელი სახელმძღვანელოს ნაცვლად.
მაგრამ ეს უფრო მერე იყო.
როცა საუბრები ჩავიგდე ხელთ (დღემდე მაქვს სწორედ ეგ
გამოცემა), უკვე წაკითხული მქონდა „სოფელი“, „ქალაქი“,
რამდენიმე მოთხრობა, „ხმაური და მრისხანება“ (თუ
მძვინვარება) სულ ქართულად; და რუსულად მქონდა
სტაფილოსფერი კრებული, რომელშიც „ნეშტის
შემბილწველი“, „დათვი“ და „აგვისტოს ნათელი“ იყო. ეს წიგნი
ჩემი მეგობრისა იყო, ოღონდ იმდენ ხანს მქონდა, რომ ჩემი
მეგონა. როგორც სხვა ყველაფერი, ფოლკნერის რუსული
გამოცემებიც მაღაზიებში არასდროს იყიდებოდა
„პერესტროიკამდე“. საშოვარი იყო.
კარგა ხანია, ფოლკნერის წიგნები არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა
რომ ვითვლი, ამდენი წიგნი სახლში სხვა არც ერთი ავტორის არ
მექნება. ჩვენთვის მისაწვდომ სამ ენაზე მაქვს მისი წიგნები და
რამდენი კიდევ დაკარგული.
მაშინ კიდევ, ოთხმოციან წლებში, გიჟივით ვკითხულობდი.
ერთი „სარტორისი“ მქონდა ინგლისურად, ფოქეთბუქი, მაგრამ

60
ამდენ ინგლისურს ვერ ვქაჩავდი, რომ ფოლკნერი მეკითხა.
„აბესალომ, აბესალომიც!“ იყო, რუსული „პროგრესის“
გამოცემა, რომელსაც ასევე ვერ ვკითხულობდი, თუმცა
საუცხოო კომენტარები ახლდა, როგორც „პროგრესის“ ყველა
ასეთ გამოცემას და მქონდა ქართულად „დათვი“, ცალკე
წიგნად და იგივე აბესალომიც. რუსულების ჩამოთვლა ახლა
მეზარება. სახლში რომ შევდივარ, ახლაც ვხედავ ყვითელ ყდას
სადღაც მაღლა, თითქმის ჭერში: „ასაბნიაკ“, აწერია შავად.
საკვირველია, მაგრამ 90-იანი წლების გამოცემებიც მაქვს –
„სავანე“, რომელიც დეტექტივის სერიითაა გამოსული, და
კიდევ რამდენიმე.
ერთი ყვითელიც მქონდა, უგადასარევესი, შიგ ჩემი საყვარელი
მოთხრობები იყო. მოსკოვში მაჩუქა ერთმა ბიჭმა, კობამ. ის
ყვითელი აღარ ჩანს. იქ იყო ჩემი უსაყვარლესი მოთხრობა
„მაღალი ადამიანები“ და კიდევ, რამდენიმე სამხრეთული
ამბავი. მგონი, ის რამდენიმეც, რომლებიც დეტექტივებს
ჩამოჰგავდა და რომლებშიაც ადვოკატი გევინ სტივენსი
მონაწილეობდა საქმეთა გამხსნელად. საბჭოთა კავშირში
ერთადერთი მისი რვატომეული (ნამეტანი არ მომივიდეს,
მგონი, ექვსტომეული იყო. კი, ნამდვილად), რა თქმა უნდა, არ
გამაჩნდა: ოღონდაც, ირაკლისგან მომქონდა, როცა კი
მომინდებოდა, ნებისმიერი ტომი.
ის „მაღალი ადამიანები“ კი დღემდე ჩემი უსაყვარლესი
(მერამდენედ გავიმეორე ეს სიტყვა, ესე იგი, მართლა
საყვარელია) მოთხრობაა. შუა მოთხრობაში კაცს ფეხს აჭრიან
კოჭში, მის სახლში კი ჩინოვნიკი მისულა, რათა მისი
დეზერტირი შვილები დააკავოს. კაცი ეუბნება, მოსავალს
ავიღებთ და წავლენ ჯარშიო, და მერე კი ფერმერებს ფეხი
დასამარხად მიაქვთ.
ერთი დრო იყო, რომ ფოლკნერის წიგნებს მხოლოდ ვხედავდი
და არ ვკითხულობდი. მაშინ სკოლის მოწაფე ვიყავი.
პირველად ჩემი კლასელის ძმასთან ვნახე „ხმაური და
მძვინვარება“, ინგლისურად. „უცხო ენებში“ სწავლობდა და
ალბათ ამიტომაც ჰქონდა. მე ვკითხე, კითხულობ-მეთქი, და
კიო, საკურსოც უნდა დავწეროო. და მე ვკითხე ის, რაც
გამეგონა, ეს ის არი ხო, ძაან გრძელ წინადადებებს რო წერს-
მეთქი.
ასე გამეგონა და რატომ დავმალო?

61
იმან ჩაიცინა, მე კი წიგნი გადავფურცლე და ვნახე, რომ
წინადადებები არც ისე გრძელია და წერტილებიც მრავლად
არის.
პირველი, რაც წავიკითხე, იყო „სოფელი“, რევაზ თვარაძის
თარგმნილი და მერე რუსულადაც, „ძერევუშკა“ ერქვა (მგონი,
ქართულიდან ერთი წლის თავზე, ხოლო რატომ, არ ვიცი). ამ
წიგნიდან დამემართა ერთი უცნაური რამ: მისი კითხვით
აღტაცებული სულაც არ ვიყავი, მაგრამ ყველა პერსონაჟი
ცხადლივ წარმოვიდგინე და ხალხში ძებნაც დავიწყე.
ეს მოულოდნელი იყო: პერსონაჟებს, მგონი, მხოლოდ
სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვისას წარმოიდგენ
ფერადოვნად და ისიც, განსაზღვრულ ასაკში, ისიც ერთგვარ
სილუეტებად და ისიც, მგონი, თუ ილუსტრაციები გეხმარება.
მაგალითად „სამი მუშკეტერი“, მსუქანი პორთოსი, ლოთ-
სევდიანი ათოსი და ასე; ანდა „განძის კუნძულის“ სილვერი,
რომელიც ასევე, მგონი, ყველაზე ფერადოვანი და
ცხოველმყოფელია წარმოდგენებში. არ ვიცი, ასაკი ემთხვევა, არ
ვიცი მის გარეგნობას აქვს განსაკუთრებული ძალა. თვით
წიგნშიაც, სანამ ნახავდეს, ჯიმ ჰოკინზი სრულიად ათასფრად
და ათასნაირად წარმოიდგენს ხოლმე ცალფეხა მეკობრეს.
ამ „სოფელის“ კითხვისას კი მთლად ბავშვიც აღარ ვიყავ,
მთავარი რამეები დამენახა და რაღაცეებიც განმეცადა, მაგრამ ამ
ადამიანებმა, ფრანგის ხევში რომ ცხოვრობდნენ, სრულიად
მოუშორებლად დაიბუდეს ჩემში.
ეს ძებნა რაღა იყო, ვერ ვხვდებოდი: თან წარმოდგენილი
მყავდა, თან ვეძებდი. მაგალითად, საკერავი მანქანების
კომივოიაჟერი დაბიუქეი რეთლიფი, რომელიც თავისი
ფურგონით ჩამოივლიდა ხოლმე, თვითონ უფროსი უორნერი,
სნოუპსების მთელი ბრიგადა, დებილიდან ვერაგამდე, ტალი
და ბუკრაიტიც კი, ჰენრი არმსტიდი – (ეს სამნი
მეორეხარისხოვნები არიან) თბილისში რატომ უნდა გეძებნა?
თან ოთხმოციან წლებში.
იულა უორნერი, უორნერის გოგო, ვიღაც მაკმაონმა რომ
დააფეხმძიმა.
როგორი რამეები იცის ფოლკნერმა, იცი? აი, ახლა გამახსენდა:
ახალი ამოპირული ცელის ფერის თვალები ჰქონდაო.

62
ეს წიგნი ზაფხულში წავიკითხე, ზამთარში კი ერთ მთიან
სოფელში ვიყავი, თოვლებით განთქმულში. „ფეჩთან“
ვისხედით და ზამთრის გემრიელობებს ვჭამდით და ვსვამდით,
გარეთ კი ჯიგრიანადაც თოვდა.
შემოვიდა მეზობლის გოგო. მდიდარი მეზობლის.
ლოყაწითელი და სავსე სოფლურად და ქერა და მე ვიფიქრე,
ასეთი იყო იულა უორნერი-მეთქი. სრულიად ცხადად. მეტროში
კი იდგა ვიღაც მსუქანი ჯეელი და ვიფიქრე, რომ ეს იყო ფლემ
სნოუპსი. საკვირველია, რომ ეს წიგნი იმ რუსულ-
ქართულობის შემდეგ არ წამიკითხავს, ანუ იქნება ასე
ოცდაოთხი წელიწადი ან ოცდასამი (რა ვიცი, ზაფხულები კი
იყო), მაგრამ ისე ვხედავ ყველას, თითქოს გუშინ დავშორდი. ის
სოფლელი გოგოც იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იულა მეგონა.
ეს ძალიან უცნაური იყო, სულ არ ვფიქრობდი იმაზე, რასაც
ფოლკნერის შესახებ წერდნენ მისივე წიგნების
წინასიტყვაობებსა და სქელ ლიტერატურულ ჟურნალებში:
„ცნობიერების ნაკადი“, „დრო ფოლკნერის შემოქმედებაში“,
„მითოსი და იგავი“ და ასე შემდეგ. არც მესმოდა ეგეთი რამეები
და მისი წიგნების კითხვაც, მგონი, ეგეთი რამეების გამო
მეზარებოდა ხოლმე. უცნაური ესეც იყო, მეზარებოდა: რომ
წამოიწყებდა ამბავს და გაუხვ-გამოუხვევდა, მიუღრმავდ-
მოუღრმავდებოდა, ვერ ვითმენდი, ამიტომ მეგონა, რომ მისი
კითხვა არ შემეძლო და არ მიყვარდა. ამ დროს კი ძალიანაც
მიყვარდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებზეც წერდა,
გასაოცრად მომწონდა და მამახსოვრდებოდა.
ოჰ, „ქალაქში“ თაიგული რით არის შეკრული? ეგეც არ
წამიკითხავს ძალიან დიდი ხანია. იკა მეუბნებოდა, „აგვისტოს
ნათელი“ წაიკითხეო, ის მოსწონდა. მე კიდევ „ნეშტის
შემბილწველი“, რაც ჩემი გონების მწირ მოთხოვნილებებს
ადასტურებდა. სამაგიეროდ, ახლაც მახსოვს ელეგანტურად
ჩაცმული ზანგი, ლუკას ბიჩემი, ოქროსთავიანი კბილის
საჩხრეკით.
ეს ზანგი იყო პირველი განსაკუთრებული ზანგი ჩემს
ცხოვრებაში, იმის მიუხედავად, რომ მანამდე ვიცნობდი ბიძია
თომას და მანამდე ვიცნობდი სრულიად გენიალურ ჯიმს,
ქვრივი დუგლასის გამოქცეულ მონას, რომელიც დღემდე
გულკეთილობის მაგალითად მიმაჩნია პირადად მე. ამის
მიუხედავად, ასეთი ზანგი არ მენახა.

63
მასაც ვეძებდი, მაგრამ, აბა, თბილისში ზანგი სად უნდა მენახა:
ერთადერთი ზანგი ცხოვრობდა, შამბე ბაშირი და ისიც უკვე
გარდაცვლილიყო და ერთხელ, ღამით ვნახე ფილმი,
ამერიკული ფილმი, სრულიად გადასარევი. როდ სტაიგერი იყო
პატარა სამხრეთული ქალაქის შერიფი და იძიებდა
მკვლელობას, ხოლო ფილმს ერქვა „ცხელი სამხრეთული
ღამით“ და იქ, ჩრდილოელ გამომძიებელს, ზანგს, თამაშობდა
სიდნეი პუატიე და მე მივხვდი, როგორი იყო ლუკას ბიჩემი. აი.
აი, ასეთი ბოდიალები მქონდა. ერთხელ ერთმა მკითხველმა
წერილი მომწერა, შენს წიგნებს მეორედ არასდროს
წავიკითხავ, იქ ნამდვილი დიდი ხასიათები არ არისო. მაშინ, რა
თქმა უნდა, დავეთანხმე მკითხველს, ახლა კიდევ, რომ
ვფიქრობ, დიდი ხასიათები კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ
როგორ გამახსოვრებინებს მწერალი თავის გმირებს, თუნდაც
არა დიდებს. რეთლიფი სულაც არ არის დიდი ხასიათი, მაგრამ
ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კარამაზოვზე ნაკლებად მახსოვს.
ამ ხსომებაში, ცხადია, მხოლოდ ხსომება არ იგულისხმება.
რაც შეეხება „დათვს“, დღემდე ზეპირად შემიძლია დათვზე
მონადირეების ბრიგადა ჩამოვთვალო და ჩამოვთვლი დიდი
სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს კაცები ყველა ვიცი სახეზე და
ყველა უხსოვარი დროიდან არსებობს ჩემში: ძაღლი ლომი(ა),
ბებერი სემ ფაზერსი, ბუნ ჰოგენბეკი, რომლის ძარღვებშიც
ინდიელური სისხლი ჩქეფდა, კაპიტანი დე სპეინი, აიკი, აიზეკ
მაკქასლინი, ვინც ბიჭი იყო მაშინ და... კარგი, აღარ არის საჭირო,
ბაიარდ სარტორისები, კვენტინ კომპსონები, სხვა გიჟობები:
ისინი ისედაც უკვდავნი არიან. ეს ადამიანები სულ ერთმა
კაცმა მოიგონა. მოიგონა და ინდიელური სახელის ერთ
საგრაფოში დაასახლა. ძალიან გაცვეთილი რამ იქნება, თუ ახლა
ვიტყვი, რომ ამ საგრაფოს იოკნაპატოფა ერქვა და რომ
ფოლკნერმა ის ასე და ასე მოიგონა და მას ესა და ეს რომანები
მიუძღვნა.
სრულიადაც არ არის საინტერესო.
საინტერესოა ეს დაბალი, გამოწკეპილი კაცი, ტიპიური ძველი
სამხრეთელი, მოხდენილი პროვინციელი, თითქოს თავიდან
ბოლომდე პატრიარქალური, მოდერნისტობაზე მეოცნებე,
არცთუ წარმატებული ცდებით, პარიზში მოხეტიალე, ნიუ-
ორლეანში მოლოთავე, ხელოვნების ფაკულტეტის ორი
სემესტრის განათლებით, წლიდან წლამდე რომ ერთსა და

64
იმავე წიგნებს კითხულობდა და ერთსა და იმავე ვისკის
სვამდა ერთსა და იმავე ვირჯინიული თამბაქოს თანხლებით,
რას ფიქრობდა სინამდვილეში.
მისი ყველაზე სუსტი წიგნი, მე მგონი, იგავია, რომელშიც იესო
ქრისტე პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ირჯება.
ეს ნამდვილად არ იყო მისი თემა, მის პატრიარქალური იერის,
ცხენების, მელიებზე ნადირობის, მბზინავი ჩექმების და
უთვალავი ჩიბუხის მიუხედავად.
სიმართლე რომ ვთქვა, ადრიდანვე მიყვარდა ამერიკის
სამხრეთის შესახებ წიგნების კითხვა და ფილმების ცქერა. ის
ფილმიც რომ ვახსენე და რაღაცეებიც, რაც, მგონი, წინა
ნაწერებშიც მიხსენებია, ფოლკნერის და კიდევ რამდენიმე
სამხრეთელი მწერლის დამსახურებაა.
შესაძლოა, ფოლკნერს ასე პირდაპირ არც ეხებოდეს, მაგრამ მე
სრულიად ვგიჟდები ჰარპერ ლის წიგნზე „ნუ მოკლავ
ჯაფარას“ (ქართულად, მგონი, ზუსტად ასეა). ეს სულის
შემძვრელი სამხრეთული ისტორია და ადვოკატი ატიკუს
ფინჩი ალბათ სწორედ ის არის, რაც ასე მიყვარს ამერიკულ
წიგნებში და არც არასდროს ხუნდება: რაღაცნაირი, ერთიანი
სამყარო, სამართლითა და უსამართლობით, უამრავი ხასიათით
და მოძრაობით, გაუთავებელი გადაადგილებით ერთ პატარა
ტერიტორიაზე. ასეთი რამეებია ერსკინ კოლდუელის წიგნებში
და ასეთი რამეებია ფოლკნერის წიგნებშიც. ასეთი რამ
არასდროს არის რუსულ, ქართულ და ბევრი სხვა ქვეყნის
წიგნებში: ჩვეულებრივი ქალაქისა და ჩვეულებრივი გარემოს
გარშემო აგებული ნამდვილი დრამები.
ფოლკნერიც ასეთია, ოღონდ თავისი ზედ დართული
სიგიჟეებით. სიგიჟეს ცუდ სიტყვად ნუ ჩამითვლით.
ლიტერატურაში დიდად გარკვეული ადამიანი არ გახლავართ,
მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და მოგონებებს ვწერ და
ამიტომ ვერასგზით ვიცრუებ, რომ კოლდუელის „ჯორჯიელ
ბიჭს“ „ფაუსტი“ მირჩევნია. რა ვქნა? აკი შოთამაც თქვა, მეორე
ლექსი ცოტაიო და ასე შემდეგ. ჩათვალეთ, რომ მეორე ლექსი
ცოტაის ადამიანი ვარ საქმით და გემოვნებით და ამიტომაც „ნუ
მოკლავ ჯაფარას“ უფრო მომწონს, ვიდრე „ჩევენგური“.
შემიძლია თავი იმ სამხრეთელად წარმოვიდგინო,

65
ჯეფერსონში, გალერეაში რომ ჩამოსხდებიან ხოლმე, სუფთა
შლაპებით, ახალი დაუთოებული თეთრი პერანგებით და
წლევანდელი ხორბლის ფასზე ლაპარაკობენ, ამ დროს კი
რეთლიფი ჩამოივლის, ჯერ ფურგონით, მერე ეგებ მანქანითაც,
ვინაიდან დრო გადის, ხოლო რეთლიფი მარადიულია, მერე
შეიძლება მემფისის მატარებლის განრიგითაც დაინტერესდე,
მერე კიდევ ათასი რამ. გადასარევია, თუ გევინ სტივენსთან
ერთად ვივახშმებ და მერე მე და ის მანქანით მისიანებთან
წავალთ სახლში, ათას კეთილ ჩვეულებრიობაზე
ვილაპარაკებთ ვერანდაზე მსხდომნი, მაგრამ არასდროს
დაგვავიწყდება, რომ დრამაში ვართ, რომ სამხრეთიც,
იოკნაპატოფაც, ეს ქალაქი ჯეფერსონიც ერთი გადასატანი
დრამაა და თუ ახლა ვლაღობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ
ანტრაქტია და მეორე მოქმედება ჯერ არ დაწყებულა. ხოლო
მეორე მოქმედება ასევე დრამა იქნება, ოღონდ იმგვარად
მოთხრობილი, რომ პირველს არაფრით ჰგავდეს, თუმცა
წამდაუწუმ გახსენებდეს, რომ ეს ყველაფერი ერთი მთლიანი
ამბავია, რომ ჩვენი პატარა ქალაქი იმხელაა, რომ შესაძლოა,
დედამიწაზე დიდიც კი იყოს, არა მაინცდამაინც მოცულობით,
არამედ სიღრმით.
აი, ეს არის ფოლკნერი.
მგონი, ეს არის, არ ვიცი.
მისი სამყარო ლოტოს კოჭებით სავსე ტომარას ჰგავს. რომელიც
არ უნდა ამოიღო, გრძნობ, რომ შიგნით კიდევ დარჩა რაღაც
მისი მსგავსი, რაც ასე მიმზიდველად ჩხრიალებს სხვა
ასეთებთან ერთად. იღებ და იღებ, აჩხრიალებ და აჩხრიალებ. ეს
ინდიელები, დასუქებული ინდიელები და მდინარის ნაპირზე
გამორიყული გემი, კაცი, რომელმაც დევიდ კოლენკორი
დაირქვა, ბებიაჩემი მილარდ, ის დეგენერატი პერსი გრიმი,
კვენტინი. რა ვიცი, არ ვიცი, რატომ ჩამოვთვლი ამ სახელებს.
უბრალოდ, ჩემთვის რაღაც დგას მათ უკან. არა რაიმე
კონკრეტული, მაინცდამაინც ოსტატის ნახელავი და
ლიტერატურული, არამედ, პირიქით – რაღაც ძალიან
ადამიანური და თითქოს სინამდვილეში არსებული. არადა, ის
თითქოს ისე წერდა, რომ სინამდვილე სრულიად არ
გაგახსენდებოდა, იფიქრებდი რაღაც უხილავსა და მძიმეზე,
მოძრავზე, მდორეზე, მოქნილსა თუ მოუქნელზე, ისეთზე,
ფიქრი რომ უნდა ჩასჭიდო და არა ხელი, ამ დროს კი ყველაფერ

66
ამას სრულიად მოულოდნელად ხედავ, იმიტომ რომ ხვდები,
ესენი, ყველანი, შენსავით ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან,
რომლებიც, მაპატიეთ და, სრულიადაც არ არიან
ჩვეულებრივნი.
ჩვეულებრივი ადამიანი არ არსებობს. არ არსებობს მდუმარე
ადამიანი. თვით ყველაზე უტყვი და არამიმზიდველი
ადამიანიც კი ყველაზე მეტყველი და მიმზიდველია, თუ შენ
უილიამ ფოლკნერი ხარ.
და ხარ შენ უილიამ ფოლკნერი?
კარგი, ნუ გაიცინებთ, მთელი გულით დავწერე ეს სტრიქონები.
ძალიან მინდოდა გამომეხატა, რასაც ვფიქრობ და არც ვიცი,
გამომივიდა თუ არა.
დიდ ხანია, ფოლკნერის არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს.
სახლში მაქვს მის საუკეთესო გამოცემად მიჩნეული მალკოლმ
კოულის მიერ შედგენილი პორთეიბალ ფოლკნერი, რომელიც
სულ სუპერ ფოლკნერს წარმოგიდგენს, კოულისავე
წინასიტყვაობით. ამასაც მოვკიდებ ხოლმე ხელს,
დავატრიალებ, გადავფურცლავ და არ ვკითხულობ. რატომ, არ
ვიცი. სამხრეთი არ გამქრალა ჩემში, მისისიპი ახლა უფრო
დიდი და საოცარია, ვიდრე ოდესმე, ზედ მდორედ მცურავი
ბორბალა გემიც, ჩატეხილი შლაპებიც, ტილოს კომბინეზონებიც
და კანჭებდაბანდული ცხენებიც... მაგრამ აღარ ვკითხულობ.
ვწუხვარ ამის გამო, იმიტომ რომ მაკლია ეს ცეცხლწაკიდებული
სამყარო, ამ სამყაროს სიცოცხლე. ნამდვილად არ მყოფნის მისი
ნაშთები და კარგად ჩაცმული ლუკას ბიჩემი. ვწუხვარ, მაგრამ
არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ მოვა ერთი ზაფხული და
ტომარაში ჩავყრი ამ ოციოდე წიგნს, მანქანის უკანა
სავარძელზე დავაგდებ და ქალაქიდან გავქუსლავ, იქ, სადაც ამ
ტომარას იოლად მოვაპირქვავებ აივანზე ნაზამთრალ ტახტზე,
სადაც დავეგდები და სულ თავიდან დავიწყებ, ყველაზე
პირველი წიგნებიდან, სულ ჩემით დავხაზავ სარტორისების,
კომპსონების და, ჯანდაბას, სნოუპსების საგვარეულო ხეებს,
პირდაპირ სახლის კედელზე მივახაზავ და მივაწერ: ეს ასანთის
კოლოფი შესაძლოა დედამიწაზე დიდიც იყოს, გააჩნია, რა დევს
შიგ და გააჩნია, ვის ჯიბეში დევს ეს ასანთის კოლოფი,
რომელიც...
მანამდე კიდევ, აგერ, ჯადოსნური წიგნი: უილიამ ფოლკნერი,

67
„ინტერვიუები, ესეები, სიტყვები“. ამას რატომღაც ყოველთვის
ვკითხულობ. ძალიან კარგ გუნებაზე მაყენებს ხოლმე.

კაცი, რომელიც იყო მარუტი, ან ვიღაც სხვა


მგონი, საქართველო რაღაცით მექსიკას ჰგავს.
რასაკვირველია, თუ ჩრდილოეთიდან გამოიხედავ, მექსიკა ის
ადგილი იქნება, სულ ბოლოს რომ გაგახსენდება, მაგრამ, თუ
აქედან გაიხედავ ჩრდილოეთით, ეგებ იფიქრო კიდეც,
იმათთვის მექსიკელი ხომ არ ვარო... რაღაცით ჰგავს-მეთქი, ისე
კი არა, რომ აუცილებლად. ერთი დიდი ამბის რაღაც
განწყობებით შეიძლება ჰგავდეს.
ყოველ შემთხვევაში, რატომღაც ასე ვიფიქრე ერთი მორიგი
ამერიკული ფილმის ცქერისას. სულ უბრალო ფილმი იყო,
მელოდრამასა და კომედიას შუა გაჩხერილი: ერთ თავისი
ჭკვიანობით გამდიდრებულ კაცს სიცოცხლის განმავლობაში
სამი ქალი ჰყვარებოდა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,
ეს სამი ქალი, ბებია, დედა და შვილი რომ არ გამომდგარიყვნენ.
ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ამ ფილმში წარამარა
ისმოდა რომელიღაც მექსიკური სოფლის სახელი, სადაც ეს კაცი
შეყვარებულთან ერთად გაპარულიყო.
ეს იყო და ეს, ხსენება და მეტი არაფერი. მაგრამ, როგორც ჩანს,
ეს ხსენება სულ ბოლო წვეთი იყო იმისთვის, რომ გონება
არამეცნიერულ ფიქრებს შეთამაშებოდა.
ამერიკულ ფილმებში ხომ წარამარა მექსიკისკენ მიიწევენ.
წარამარა. კანადას არც კი ახსენებენ, თუ რაღაც სასწაული არ
მოხდა. ვისაც არ დაეზარება: პოეტს, ბანდიტს, ჟურნალისტს,
შეყვარებულებს, გაქცეულ პატიმრებს, ყველას მექსიკისკენ
მიუწევს გული.
გულიც და ფეხიც. რა ჩამოვთვალო, არც ვიცი. ამ ფილმების
მექსიკა ვამპირებითაცაა დასახლებული და უკეთილესი
ადამიანებითაც.
იქ სიყვარულის ადგილიც არის, გადარჩენისაც და ათასი სხვა

68
რამისაც.
თან სულ სხვა ადგილია. სულ სხვა. და ამერიკული საზღვრის
ფილმები? მთელი ეს ტელი სავალასები და მესაზღვრე
ნიკოლსონები? და კიდევ სულ ბოლოს ნანახი მელკიადეს
ესტრადას „სამი დასაფლავება“?
და კიდევ, ზედ საზღვარზე მომხდარი დრამები?
ჰო, და „შაუშანკის გამოსასყიდში“ ენდი დუფრეინი რომ
გარბის, აბა, სად გარბის? იმ ქალაქის სახელი დიდებულად
ჟღერს. სიუატანეხო.
მოკლედ, უამრავია, როდრიგესის ბანდიტებით, მუსიკოსებით
დაწყებული და მელკიადეს ესტრადასნაირი ნამდვილი
რამეებით დასრულებული.
ამ კინოების შემხედვარე, ასე გამოდის, რომ მექსიკელები
ამერიკაში სამუშაოს საძებრად მოიპარებიან, ხოლო
ამერიკელები – მექსიკაში, თავის ან სულაც სულის
გადასარჩენად.
ამიტომ, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა ამევსო და ამიტომაც
ვიფიქრე, რაღაცით მექსიკას ხომ არ ვგავართ-მეთქი.
რა თქმა უნდა, რუსებისთვის საქართველო ისეთ ადგილად ვერ
იქცა, როგორიც მექსიკაა ამერიკულ ფილმებში. მეეჭვება, რომ
აქეთ ვინმე სულის დასამშვიდებლად მორბოდა, მაგრამ რაღაც
იდუმალება და ქვეყნის დასალიერი კი იყო მათთვის.
რასაკვირველია, უფრო ადრე, ვიდრე ჩვენს დროში. რაღაც
ამოუცნობი იყო მთელი ამ ლერმონტოვის კავკაზებით და ამას
მიყოლებული კიდევ ათასი ამბით. რაღაც იმ ტიპისა, ვისოცკიმ
რომ მარინა ვლადი ბაკურიანში წამოიყვანა.
ამის თაობაზე ბევრს არაფერს ვიმსჯელებ, უბრალოდ, მექსიკა
მართლა დასამალი და იდუმალი ამბავია და
ამერიკელებისთვის სრულიად განსაკუთრებული
მნიშვნელობის მატარებელი. მგონი, ამერიკელების მთელი
საიდუმლოებები მექსიკაშია შენახული, ჯეკი ბრაუნს თუ იქით
ფული დააქვს, კარლოს კასტანედას აქეთ სულ სხვა რამეები
მოჰქონდა: ბალახბულახსა და დონ ხუანის სწავლებებზე,
გასაგები მიზეზების გამო, ვერ შევჩერდები. იმას ხომ
ვერანაირად ვერ ჩამოვთვლი, რა მოგვცეს რუსებმა და ჩვენგან

69
რა წაიღეს.
თუნდაც იმიტომ, რომ რასაც ახლა ვლაპარაკობდი, სრულიად
არ ეხება იმას, რის მოთხრობასაც ვაპირებდი.
რა თქმა უნდა, წიგნების თაობაზე მოგახსენებთ.
ჰოდა, აქაც მექსიკაა გარეული.
ოდესღაც სახლში ერთი მომცრო, მაგარყდიანი წიგნი გვქონდა,
რომელიც საზღვაო თავგადასავალს შეეხებოდა. რომანი იყო, რა.
რუსულად თარგმნილი, მგონი, ინგლისურიდან, ან ეგებ
გერმანულიდანაც.
თუ არ ვცდები, ენა მითითებული არ იყო, უბრალოდ,
თარგმანიო, ეწერა და ეს გვარიანი უცნაურობა იყო იმ დროში
რუსულენოვანი გამოცემისთვის. ქართულისთვის პირიქით,
ხშირი იყო: თუ უცხოელს რუსულიდან თარგმნიდნენ, ენას არ
მიუთითებდნენ ხოლმე.
ამ წიგნის კიდევ ერთი უცნაურობა ის გახლდათ, რომ ყდაზე
ავტორის სრული სახელი და გვარი არ ეწერა. მხოლოდ
ინიციალი, წერტილი და გვარი.
ასეთი რამეც დიდი იშვიათობა იყო. ერთადერთი, მგონი,
საბჭოთა სამხედრო მემუარების სერიის ყდებზე იყო ინიციალი
და გვარი.
ამ წიგნს კი ეწერა ბ. ტრავენი.
ოდესღაც, როცა ეს წიგნი აღმოვაჩინე სახლში, მისი წაკითხვა
დიდად არ მომნდომებია. სათაურიც კი აღარ მახსოვს, მხოლოდ
ის, რომ საზღვაო რომანი იყო. დიდ ტალღებშიო, თუ ასე
მოითარგმნებოდა რუსულიდან, თუმცა, მგონი, სათაური
შეცვლილი იყო, მორუსულებული, ასე ვთქვათ, თავისი
ენისთვის თუ მოერგოთ.
კი ვატრიალე ხელში, რახან ზღვას შეეხებოდა, და მამაჩემს
ვკითხე, ეს წიგნი თუ წაგიკითხავს-მეთქი. მამაჩემი
სათავგადასავლო ლიტერატურის სწრაფი მკითხველი იყო და
ძირითადად იწუნებდა ხოლმე. ეს წიგნიც შეატრიალა ხელში და
მითხრა, არც მახსოვსო. ჰოდა, მივაგდე ეს წიგნი, რაღას
გამახსენდებოდა.
მერე, ერთხელ, ჟურნალი „საუნჯე“ ჩამივარდა ხელში და იქ

70
წავიკითხე ბ. ტრავენის შესახებ.
რაც „საუნჯეში“ ეწერა, მგონი, უფრო საინტერესო იყო, ვიდრე
საკუთრივ ის წიგნი.
იქ ეწერა, რომ ბ. ტრავენი, იგივე ბრუნო ტრავენი, ვითარცა
ადამიანი, ყველაზე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს მეოცე
საუკუნის ლიტერატურაში, ვინაიდან მისი ვინაობა
დანამდვილებით არავინ იცის, ამბობენ კი, რომ ძველი
გერმანელი რევოლუციონერია, რომელიც სასიკვდილო
განაჩენს გამოექცა და მთელი ცხოვრება მექსიკის ჯუნგლებში
გაატარა, საიდანაც უგზავნიდა თავის რომანებს ამერიკულ
გამომცემლობებს და ის არასდროს არავის უნახავს, ხოლო
როდესაც გარდაიცვალა, მის კუბოს მექსიკის კომპოზიტორთა
კავშირის წევრები მიაცილებდნენ.
ეს კომპოზიტორთა კავშირი, მგონი, სამუდამოდ ჩამრჩა
მეხსიერებაში, იმიტომ რომ მართლაც საკვირველი იყო, რატომ
უნდა გაჰყოლოდნენ მის კუბოს კომპოზიტორები.
თანაც, დიდი და იდუმალი რამ იყო, რომ ეს ჯუნგლებში
ნამალავი კაცი, რომელიც უკვე ნამდვილი მოხუცი იყო,
მეხიკოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
მოკლედ, მეტად დამაფიქრებელი ამბავი იყო, თუ
საიდუმლოებები გიყვარს.
მაგრამ საბჭოთა დრო გახლდათ და იმაზე მეტს, რაც იქ ეწერა,
აბა, სად იპოვიდი. სასწრაფოდ იმ წიგნის ძებნა დავიწყე,
მაგრამ ვეღარ ვიპოვე.
სად მეკარგება ხოლმე ეს წიგნები, ვერ ვიტყვი. ახლა კი მაქვს
სახლში ბ. ტრავენის ერთი რომანი, მაგრამ ეს გვიანდელია,
ამერიკაში ვიყიდე.
ბრუნო ტრავენის ყველაზე ცნობილი წიგნი გახლავს „სიერა
მადრეს საგანძური“.
ეს მაგიური სახელი, რა თქმა უნდა, კინომაც უკვდავყო.
გინახავთ ეს ძველი ფილმი? ჯონ ჰიუსტონის. ამბობენ,
სტალინიც კი უყურებდაო.
ამბავი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. სამი ამერიკელი
მოხეტიალე კაცი, რომელთაგან ერთი ბებერია, ოქროს საბადოს

71
გადააწყდება მექსიკაში. ეს მექსიკა 20-იანი წლებისაა, მის
ტიტველ მიწებზე რევოლუციას მონარჩენ ბანდიტებსა და
ჯარებს შორის ომი გახურებულა და ამ ომის ბილიკებზე ეს სამი
კაცი ოქროს ქვიშების მფლობელი ხდება. ოქროს ქვიშა. ჰოდა,
ერთმანეთს დაერევიან. კარგა ჩახლართული ამბავია წიგნადაც
და ფილმი ხომ გადასარევი. თანაც ჰემფრი ბოგარტი თამაშობს.
ბოლოს კი კვდება, მაგრამ სადაც ჰემფრი ბოგარტი თამაშობს,
იქ, უბრალოდ, ყურება ანდა ჩათვლემა არ გამოვა, იმიტომ რომ
ჰემფრი ბოგარტია.
ასეთი წიგნები ალბათ უამრავ ადამიანს დაუწერია, მაგრამ
საქმე ის არის, რომ როცა ჰიუსტონმა ეს წიგნი ნახა და მისი
გადაღება გადაწყვიტა, ავტორის ძებნა დაიწყეს, ავტორი კი,
რასაკვირველია, არ ჩანდა. უფლება ხომ უნდა მოგცენ, რომ
რომანი ფილმად აქციო?
ჰოდა, ჰოლივუდში ავტორის აგენტი გამოჩნდა, ჩიკაგოში
დაბადებული კაცი ვარო, თქვა. ჰალ კროუვზი ერქვა და კინოში
დიდად გარკვეული არ ჩანდა, მაგრამ პროდიუსერებს სულ
იოლად მოელაპარაკა და ისიც აუხსნა, სენიორ ტრავენი
საზოგადო ცხოვრებას გაურბის და თუკი რაიმე გაინტერესებთ
სიუჟეტის თაობაზე, მე ზუსტად გავიმეორებ მის სიტყვებსო.
მერე კროუვზი ჰოლივუდიდან გაუჩინარდა და საერთოდაც
გაუჩინარდა. ფილმი რომ გამოვიდა, ბრუნო ტრავენის რაობის
ძიებაც დაიწყეს ჟურნალისტებმა, მაგრამ, აბა, რას
შეიტყობდნენ.
ჯონ ჰიუსტონს მთელი ცხოვრება ეგონა, რომ ჰალ კროუვზი
თვითონ იყო ბრუნო ტრავენი და თავს კი აგენტად ასაღებდა.
მგონი, ტრავენის შესახებ მეტი წიგნია დაწერილი, ვიდრე
თავად ტრავენს დაუწერია. და საერთოდ, მისი ამოუცნობი
ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი შემოქმედება. ხომ
არის ხოლმე, რომ კაცს ბედი გაუღიმებს. მგონი, მასაც ასე
დაემართა. გაუღიმებს იმ მხრივ, რომ ის საინტერესო
პერსონაჟად იქცევა.
ადამიანების უმრავლესობა ხომ სრულიად უინტერესო
პერსონაჟია. იცით რატომ? ჩემი მოკლე ჭკუით, იმიტომ, რომ
მათში ყველაფერი ცხადია. ანუ მათზე წარმოსახვა ვერაფრით
გაშლის ფრთებს და თუკი მაინც შეეცდება გაშლას, ეს მეტად
ხელოვნური გამოუვა. იმისთვის, რომ ადამიანი ისეთივე

72
საინტერესო იყოს, როგორიც რომანის პერსონაჟი, მან მის
შესახებ დაფიქრებულ კაცს ცარიელი ადგილები უნდა
დაუტოვოს. ანუ რაღაცეები კი უნდა აჩვენოს, მაგრამ რაღაცეები
სამუდამოდ უნდა გადაუმალოს, მიწაში უნდა ჩამარხოს ან
რაღაც ასეთი, თორემ თუ ყველაფერი გამოუჩინა, რაღა
პერსონაჟი ის არის, პერსონაჟი კი არა, გარკვეული ვინმე
ყოფილა.
ადამიანების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, სულაც არ უნდა
პერსონაჟად ყოფნა. ზოგიერთს არ უნდა და მაინც გამოუვა
ხოლმე, თავისი ხასიათიდან და ცხოვრების წესიდან
გამომდინარე, ზოგიერთს კი უნდა და გამოსდის. სხვა
საკითხია, თუ როგორ გამოსდის. ესეც იმაზეა, კაცი რას
აჩვენებს სხვებს. ანუ, გემოვნების და სიზუსტის ამბავია.
მგონი, ბ. ტრავენს ეს მშვენივრად გამოსდიოდა. არ იყო დიდად
მსახიობური ჩვენების მომხრე. უბრალოდ, რაღაცეებს
არასდროს ამბობდა და თუკი მართლა კროუვზი იყო,
ბოლომდე ეს ვერავინ დაამტკიცა, თუმცა, ისიც შეიძლება
ითქვას, რომ ერთგვარად კიდეც დაამტკიცეს.
შესაძლოა, ბუნდოვანების ტრფიალი სულაც არ იყო, მაგრამ
ორი რამის მსხვერპლი გახლდათ: ერთის იმისა, რომ წერა
საჯაროობისკენ ეწევა კაცს და, მეორის ალბათ იმისა, რომ
წარსულში ჰქონდა რაღაც ისეთი, რასაც არაფრით
დაადასტურებდა.
„სიერა მადრეს საგანძურის“ გადაღებიდან ათიოდე წლის
შემდეგ, ჰალ კროუვზი მეხიკოში გამოჩნდა. იქ ცხოვრობდა,
ვითარცა ხნიერი ბატონი და ცოლად თავისი მდივანი ჰყავდა,
რომელიც ასევე ვერ ადასტურებდა, რომ ეს კაცი ბრუნო
ტრავენია, ჯუნგლების რომანების ავტორი.
საქმე ეს იყო, რომ ტრავენი ორენოვანი მწერალი გახლდათ.
გერმანულადაც წერდა და ინგლისურადაც, თუმცა იმთავითვე
ძნელი გასარკვევი იყო, რომლიდან რომელზე თარგმნიდა, ან
თარგმნიდა თუ არა საერთოდ. როცა კროუვზს ძალიან მიაწვნენ
და საბუთად მისი ინგლისურის გერმანული აქცენტი
მოიტანეს, მან თქვა, რომ ჩიკაგოში დაიბადა და ბავშვობაში
გერმანიაში მოხვდა, ამიტომ გერმანული მშობლიურივით იცის.
მოკლედ, მთელი ამბავი.

73
ჟურნალისტებმა და ლიტერატურის ხალხმა გვარიანად
იმუშავეს. ბრუნო ტრავენი, როგორც მწერალი, პირველად ერთ
გერმანულ ჟურნალში გამოჩენილიყო, პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ თუ მიწურულს, მერე კი – ოციანი წლების
მექსიკასა და ამერიკულ გამომცემლობებში.
1969 წელს, როდესაც კროუვზი მეხიკოში გარდაიცვალა ლამის
ოთხმოცი წლისა, გამოირკვა, რომ მისი სრული სახელი და
გვარია ტრავენ ტროსან კროუვზი, ხოლო ერთმა მექსიკელმა
ჟურნალისტმა 1925 წელს აკაპულკოში ბ. ტრავენის სახელზე
გაცემული საბანკო ქვითარი იპოვა.
ტრავენ ტროსანი იყო, თუ ბრუნო ტრავენი, თუ ჩიკაგოელი ჰალ
კროუვზი ან თუ კიდევ ვინმე სხვა, იმის დადასტურება მაინც
თითქმის შეუძლებელია, რომ ტრავენ ტროსანი წერდა იმ
რომანებს, რომელიც იბეჭდებოდა ბრუნო ტრავენის სახელით.
ის ბოლომდე ჯიუტად იმეორებდა, რომ ბრუნო ტრავენი
პატარა, შორეულ სოფელში ცხოვრობს და მას ანდობს თავის
ნაწერებს, თავად კი, ვითარცა კროუვზი, მრავალი
კინოსცენარის ავტორია, რომელთაგან არც ერთი ფილმად არ
ქცეულა ტრავენის სცენარებისგან განსხვავებით და ამიტომ
გასაკვირი არ არის, რომ მისტერ ჰიუსტონთან ერთად ფილმზე
მუშაობა მისთვის საძნელო არ იყო.
ბრუნო ტრავენი გერმანიაში იყო საძებარი, რადგან ჩიკაგოურ
დავთრებში ტ. ტ. კროუვზი ვერასდროს ვერავინ იპოვა.
ის კი კვლავ ჩიკაგოელობას აწვებოდა, რასაც საფუძველიც
უპოვეს. იოლი შესამჩნევი იყო, რომ ბ. ტრავენის რომანებში ენა
ძალიან ამერიკული გახლდათ. ამერიკანიზმები შეიმჩნევაო.
ანუ კაცს რომ ამერიკაში არ ეცხოვრა, ის ენა რომ არ
შეესისხლხორცებინა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამგვარად
ეწერაო.
სადაც ამდენი საიდუმლო შეთხზა, ბ. ტრავენი იმას ვერ
მოახერხებდა, რომ თავისი წიგნებისთვის ამერიკული ხმა
მიეცა? ჭკვიანი კაცი ჩანს. მე იმ „სიერა მადრეს საგანძურში“
დიდი ამერიკულობა ვერ დავინახე, მაგრამ, აბა, მე რა ვიცი
იმდენი ამერიკულები, რომ ეს გამოვარკვიო? ლინგვისტებმა
იციან.
იმ წიგნებში კიდევ ბევრი რამ არის შესამჩნევი. ამბობენ, რომ
მოვლენებისადმი მიდგომა მათში ძალიან მემარცხენე კაცისაა,

74
ზოგჯერ მთლადაც ანარქისტულიო. ესეც გამოსარკვევია, ბოლო
მემარჯვენე რომანისტი როდის გარდაიცვალა დასავლეთში,
მაგრამ ხალხმა იცის, რასაც ამბობს; ბამბის პლანტაციებში
საბრალო ხალხზე წერა და ინდიელების დაცვა მაინცდამაინც
მემარჯვენე მწერალთა საქმე რომ არ არის, ისედაც ცხადია.
ჰოდა, ეძებეს, ეძებეს და გერმანიაში ორი პერსონაჟი იპოვეს.
ორივე 20-იანი წლების მემარცხენე რადიკალი: რეტ მარუტი და
ოტო ფაიგე.
ეს უკანასკნელი ნაკლებად, მაგრამ მარუტი – იცოცხლე: თავად
რადიკალური ჟურნალის რედაქტორი, მერე გასამართლებული,
სიკვდილმისჯილი, ინგლისში გაქცეული და სწორედ
ინგლისიდან გაეშურა მექსიკაშიო. იმასაც ამბობენ, ეგებ ეს
ორნი ერთი და იგივე კაციაო, და მრავალი მცირე
მტკიცებულება და დამთხვევა ჩამოჰყავთ.
მაგრამ წარსულში გარკვევა ძნელია, როგორც „ოტელოს“
გმირები იტყოდნენ, ძნელია, კაცმა იალქანს მოჰკრას თვალი.
ასე იყო თუ ისე, ბრუნო ტრავენი არსებობდა, ამაში კი ყველა
დარწმუნებულია. მე თუ მკითხავთ, სწორედ ის კროუვზი იყო.
ოღონდ ვინ იყო სინამდვილეში კროუვზი, ამას კი ვეღარ
მოგახსენებთ, მარუტი თუ ვინა. ჰიტლერის ყმაწვილბიჭობის
მიუნხენში კი უტრიალია. ის რომ პუტჩს აწყობდა, ეს იმ დროს
ციხეში იჯდა და სიკვდილს ელოდა, ოღონდ გაიქცაო.
ერთი, რომ მას ატლანტიკა ნაღდად გადაცურული ჰქონდა,
იმიტომ რომ წიგნებში გემის გამოცდილება არის; მეორე, რომ
ჯუნგლებისა და ინდიელებისა ბევრი რამ იცოდა, იმიტომ რომ
ეს წიგნებში არის, მესამე, რომ ცხოვრებისაც ბევრი რამ
გაეგებოდა, რადგან „სიერა მადრეს საგანძურს“ რომ წაიკითხავ,
ეს სრულიად არ არის მაინ რიდი და ლუის ლამური. ცოტა სხვა
დონეა, სხვა კუთხე და სხვა შესრულება. ეგებ რაღაცით
კონრადიც გაგვახსენოს. რაღაცით.
კონრადის შესახებ სხვა დროს მოვყვები, მაგრამ ბ. ტრავენთან
დაკავშირებული კიდევ ერთი საიდუმლოა, რომელიც
გარკვეული პოპულარობისა და ბიოგრაფიის ავტორებს
ყოველთვის თან ახლავს, ვითარცა აზაზელო ვოლანდსა.
სხვა უყვებოდაო. ანდა, სულაც ვიღაც წერდა და მთელი ეს
ტრავენები კროუვზ ტრავენმა მოიგონა, ვინაიდან მართლა

75
ბევრი რამ იცოდა გერმანიისა და მარუტიც ცნობოდაო.
მოკლედ, მსგავსი ხლართები არ გენახოთ. ვინ უყვებოდა და
როგორ, ამაზეც არსებობს თეორიები. ჩიკაგოელ კაცს ჯუნგლები
საიდან უნდა სცოდნოდა, თუ ისინი ბეტონისა არ იყო, ანდა
ინდიელებიო.
ამაში ნამდვილად ვერ გაერკვევი.
ფსევდონიმი ისეთი რაღაცაა, რომ თავისთავად დამალვას
გულისხმობს. მაგრამ ჩვენს დროში, იშვიათი გამონაკლისების
გარდა, ფსევდონიმი ბევრს აღარაფერს მალავს, რაც სამწუხარო
ამბავი მგონია.
არიან მკვლევრები, რომლებიც ამბობენ, რომ ტრავენი და
კროუვზი მართლაც სხვადასხვა ადამიანები იყვნენ. ორი
სხვადასხვა კაცი, ორი ძველი მეგობარი.
ტრავენმა რაც წიგნები დაწერაო, სულ 1940 წლამდეო, ამ
წელიწადს კი გარდაიცვალა და მერე მისი ხელნაწერები და
საქმენი მისმა მეგობარმა კროუვზმა გადაიბარაო.
ტრავენის უკანასკნელი რომანი „ასლან ნორვალი“ სრულიად
სხვა ენითაა დაწერილი და საფიქრებელია, რომ კროუვზმა
იშემოქმედაო. უცნობია, ვინ თარგმნიდა ტრავენის ნაწერებსო,
და ეგებ სწორედ კროუვზი, რომელიც ბავშვობაში გერმანიაში
იყო ნამყოფიო და, საერთოდ, თავისი პირველი რომანი „ბამბის
ამღებები“ ტრავენმა 1925 წელს გაუგზავნა ამერიკულ
გამომცემლობებს და მაშინ ან ბამბის პლანტაციებისა რა იცოდა,
ან მექსიკისა, ან ამერიკული გამომცემლობებისა, ოკეანის გაღმა
სულ ახალი ჩასული იყოო.
მოკლედ, კითხვები ნამდვილად არ დაილევა, იმიტომ რომ
ტრავენი პერსონაჟია, და რახან კითხვები არ დაილევა, მგონი,
საუკეთესო პერსონაჟიც არის.
ჯეკ ლონდონი ხომ მხოლოდ ორმოცისა გარდაიცვალა და
ვიღაცამ აიჩემა, კი არ გარდაიცვალა, გატრავენდაო და მერე
ასეთ წიგნებს წერდაო. რა თქმა უნდა, ეს ზღაპარია. კიდევ
სხვებსაც ასახელებენ. მექსიკის გადაცმულ პრეზიდენტებს,
კაიზერ ვილჰელმის უკანონო შვილებს და თვით ლეგენდარულ
ამბროზ ბირსსაც, რომელიც სამოცდაათი წლისა დაიკარგა
მექსიკის ომში.

76
ბირსი, აი, ვინ იყო პერსონაჟი. ან რა მწერალი, ან რა
ჟურნალისტი. დიდი სიბრაზის და პესიმიზმის კაცი. მაგრამ არ
ემთხვევა. ბირსი ისედაც მოხუცი იყო უკვე, რაც სამწუხაროა.
სრულიად გადასარევი იქნებოდა, რომ ბირსი ტრავენი
ყოფილიყო.
არ გამოდის.
არაფრით.
20-იანი წლების მექსიკა კი საოცარი ტერიტორიაა. მის შესახებ
ლაპარაკი სრულიად შეუძლებელია. ამის აღწერა
შეუძლებელია. აი, მარლონ ბრანდო რომ თამაშობს ერთგან
პანჩო ვილიას... აი, ის რომანები, ის დიეგო რივერა და ფრიდა
კალო და ის ბანდიტების არმიები, ის გრინგოები და ის თეთრი
ეკლესიები ხრიოკ მოედანზე. ის პიკინპას ამბები. რა ვიცი, რა
აღარ, წითელი, სისხლისფერი, მზიანი, მხიარული,
კაქტუსებიანი... რა აღარ. მაჩეტე... ოფლსა და მტვერში არეული
ჰემფრი ბოგარტი. ისევ ის გამახსენდა.
როცა კაცი საიდანღაც გარბის და სწორედ ასეთ ქვეყანას ირჩევს,
ეს კაცი უბრალო ვინმე არ არის. გასაგებია, რომ თავადაც
რევოლუციონერი ისეთ ადგილს აირჩევს, სადაც რევოლუცია
იყო და სადაც... მაგრამ ამის გარეშეც მექსიკას რომ ირჩევ, ესე
იგი, რაღაცას ხედავ. ისევე, როგორც უამრავი სულელი და
ჭკვიანი პერსონაჟი ამერიკულ ფილმებში.
ისინი მექსიკას ირჩევენ.
ბრუნო ტრავენმაც მექსიკა აირჩია.
მგონი, ეს დიდი იღბალია, როცა საიდუმლოს აშენებ და
გამოგდის.
ეს ზოგადად ცხოვრების წესების წინააღმდეგ წასვლაც არის და
საკუთარი თავის შენარჩუნებაც. მიზეზი, სიკვდილმისჯილობა,
თუ რაღაც სხვა, უმნიშვნელოა. მგონი, ბრუნო ტრავენს ეს
გამოუვიდა და, საერთოდ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა
ერქვა მას სინამდვილეში. ალბათ მას არ უნდოდა ის რქმეოდა,
რაც ერქვა, ჰოდა, გამოუვიდა კიდეც. ალბათ მას ათასი სხვა
რამეც არ უნდოდა. არ მგონია, რომ თუკი მემარცხენე
რადიკალი იყო და სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას
ელოდა, წარსული იოლი გასახსენებელი ყოფილიყო მისთვის.

77
ათასი რამეა: კაცის გული ხომ ისეთია, ვით მორევი შავი
ზღვისა.
საერთოდ კი, დღეს ისეთი დროა, რომ თუ კაცს იმგვარი ამბის
განხორციელება აინტერესებს, ბ. ტრავენმა რომ მოახერხა, ერთი
ფსევდონიმი არ ეყოფა. ფსევდონიმს უკან ფსევდონიმი უნდა
იყოს, მის უკან კიდევ ფსევდონიმი და რაღაცნაირი მოგონილი
კაცები უნდა არსებობდნენ.
ახლა აღარც მაგონდება, რეტ მარუტიც ფსევდონიმია თუ
ნამდვილად იყო ვიღაც?
მოკლედ, მგონი, მისი მიზანიც სწორედ ეს იყო.
ჰო, მაგრამო, შეიძლება იკითხოთ, ყოფილიყავი შენთვის
წყნარად, გეწერა ეგ შენი რომანები, თუ მაინცდამაინც წერა
გინდოდა, და შეგენახა უჯრაში; არც ფსევდონიმები
დაგჭირდებოდა და არც სხვა ასეთი რამეებიო.
რა თქმა უნდა, ასეც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ხომ თამაში არ
გამოვიდოდა. პერსონაჟი უხილავი დარჩებოდა.
ახლა კი ასე გამოდის: წიგნი ხალხის თვალს და ფიქრს
ავტორისკენ მოაბრუნებდა, ავტორი კი, აი, ასეთ
თავგადასავალს დაახვედრებდა მკითხველებს.
თავგადასავალს, რომელიც ალბათ უფრო მაგარი იყო, ვიდრე
მისი წიგნები, და რომლის მოყოლაც მას არ უნდოდა.
ამიტომ ბ. ტრავენისთვის წიგნები აუცილებელი იყო, ისევე
როგორც ფილმი, რომელშიაც ჰემფრი ბოგარტს კლავენ.
ჰოდა, მოიგონა კაცმა. მან დამალვის ხელოვნება მოიგონა, რაც,
როგორც მოგახსენეთ, აუცილებელია, პერსონაჟად რომ იქცე.
სხვანაირად, აბა, ჰა, რის პერსონაჟია ჩვენი საწყალი ჰემინგუეი?
რომელ ოთახში რა თქვა, ისიც კი ჩაწერილია, სად რას სვამდა,
ისიც, და სად ვის ებუტებოდა და რამდენი კატა ჰყავდა, ხომ
საყოველთაოდაა ცნობილი.
აი, ბ. ტრავენი კი...
მოკლედ, ის რუსული გამოცემა ვეღარსად ვიპოვე, სიერა მადრე
კი მაქვს.
ეს უცნაური წიგნია, იმიტომ რომ მას როცა კითხულობ, სულ

78
სხვა რამეზე ფიქრობ.
ეს ფიქრი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.
ვინ იცის, ეგებ ბრუნო ტრავენის მიზანიც ეს იყო.
მწერლობა სულ სხვადასხვანაირად შეიძლება. სულ
სხვადასხვანაირად.
p. s. მაინც ინტერნეტის ხალხი ვართ და ამის წერას რომ
ვამთავრებდი, ბრუნო ტრავენი გუგლში შევაცურე. პირველივე
ლინკი მისდამი მიძღვნილი საიტი აღმოჩნდა. აღარ ჩამიხედავს,
იქ რაღაც ფოტოც არის. მგონი, წერია, რეტ მარუტი იყო ბ.
ტრავენიო. მოკლედ, ვისაც გაუხარდება, ნახავს.
აი, მისამართი http://www.btraven.com/english/frameenglish.html

კაცი ღამეში
ეს წიგნი ეძღვნება ნათანიელ ჰოთორნს, ნიშნად მისი გენიის
თაყვანისცემისა.
მგონი, ზუსტად ასე წერია „მობი დიკის“ პირველ გვერდზე.
სადღაც-სადღაც წამიკითხავს, რომ მელვილს წარმოუდგენლად
უყვარდა ჰოთორნი, შეიძლება ითქვას, აღმერთებდა მას,
თავისი მწერლობის მთავარ სტიმულად მიაჩნდა: უამრავ
წერილს სწერდა, ეკითხებოდა, უხსნიდა, თავის გეგმებზე
უამბობდა. ჰოთორნის წერილები მელვილისადმი არ
შემორჩენილა, მელვილისა ჰოთორნისადმი კი – უამრავი.
თითქოს მელვილი უფრო მაგარი მწერალი იყო, ვიდრე
ჰოთორნი, მაგრამ, რახან ამგვარ გაჯიბრებაში ბევრი
პირობითობა შემოგვერევა და შეგვიძლია მრავალგზის
ვიკითხოთ, გააჩნია რაში სჯობდაო, ასეთი რამეების თქმა,
შეიძლება სისულელეც იყოს.
ყოველ შემთხვევაში, ასე კი იყო, რომ მელვილი უზომო
პატივისმცემელი იყო ჰოთორნისა და მას არა მარტო დიდ
მწერლად, დიდ ამერიკელადაც თვლიდა. მერე და მერე, მგონი,
უფრო ჩვენს დროში, ამას კუდები გამოაბეს, შენიღბული
ჰომოსექსუალიზმი გაიტაცებდა ხოლმე მელვილსაო, და რას

79
აღარ წერდნენ; თავის წიგნებში კაცების გარეგნობას
ფერადოვნად და გასაოცარი შთამბეჭდაობით აღწერსო და
ასეთები. ჰოთორნსაც იმგვარი სიტყვებით უდასტურებს
პატივისცემას, რომ ძნელია წარმოვიდგინოთ, ეს უბრალო
პატივისცემა იყოსო.
რა ვიცი, ასეთ რამეებზე არ ვფიქრდები ხოლმე, მაგრამ რახან
დაწერენ, მერე ძალაუნებურად ფიქრიც წაგიღებს.
მელვილმა კი მთელი ბიჭობა და სიჭაბუკე გემზე გაატარა,
სწორედ ახოვანი კაცების გარემოცვაში და ყველაზე ახლოს
რასაც ხედავდა და შეისწავლიდა თავისი მომავალი მწერლის
თვალით, სწორედ სამხრეთის ზღვებში დანახული
მეზღვაურის სხეული იყო. ეგებ წერის მიქელანჯელოც კი იყო
ეს ჩვენი მელვილი. რა გასაკვირი ეს უნდა იყოს, რომ კაცის
სხეულს მაგრად აღწერდა? მგონი, დიდი არაფერი. თუმცა,
როგორც გინდა, ისე გამოიკვლევ ამ კაცის ამბავს და
ათასგვარადაც დაფიქრდები. ქვიქეგი და იშმაილი ერთ
საწოლში წვებიან მეზღვაურთა სასტუმროშიო. აჰა, ესეც
თქვენაო, მაგრამ იქ სხვა ადგილი არ არის და იმ კომიკურ
სცენაში კაცს ძნელად რომ გაახსენდეს ასეთი რამერუმეები.
მაგრამ ახსენდებათ. სინამდვილეში კიდევ ამეების წერა სულაც
არ მინდოდა, უფრო ჰოთორნზე ვფიქრობდი და მის სამყაროზე,
რომელიც დღეს, მგონი, დიდად აღარსად მოიხმარება და არც
დიდად ცოცხალი უნდა იყოს იმაზე მეტად, ვიდრე ამერიკული
ლიტერატურის ჩუმ კლასიკოსს შეეფერება. ხომ არსებობენ
ხმაურიანი კლასიკოსები და ჩუმი კლასიკოსები...
ჰოდა, ჰოთორნი ჩუმია, ვთქვათ, ედგარ პოსგან და
მელვილისგან განსხვავებით, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ვინ არის ჰოთორნი? ან რა გაახსენდება კაცს, როცა მის გვარს
ამოიკითხავს სადმე?
მე, მაგალითად, მახსენდება ღამე და ღამეში მდგომი
ძველებურად ჩაცმული კაცი, რომელსაც მაღალი ცილინდრი
ახურავს, დიდი მოსასხამის შიგნიდან კი თეთრი, აპრეხილი
საყელო მოუჩანს. ამ კაცს ხელში ჩირაღდანი უჭირავს და
სადღაც, ღამეში გზაზე მიაბიჯებს ფრთხილად. მიაბიჯებს, თუ
დგას და გარემოს ათვალიერებს, ეს აღარ ვიცი. გარშემო
უზარმაზარი სამყაროა, მაგრამ სიბნელეში არ ჩანს.
ვინ არის ეს კაცი?

80
შეიძლება ის იანგ გუდმენ ბრაუნია, ახალგაზრდა ბრაუნი,
ჰოთორნის ერთ-ერთი პერსონაჟი, ან სულაც თავად ჰოთორნი,
ანდა ვინმე ასეთი, რომელიმე ფებე პინჩონი ანდა კიდევ სხვა.
ეს, რა თქმა უნდა, რომანტიზმია, ჰოთორნის დროება.
პირველი ნამდვილი ამერიკელი მწერლები, ანუ თავიდან
ბოლომდე ამერიკელი მწერლები, ჰოთორნის სიკვდილის
შემდეგ გამოჩნდნენ. მარკ ტვენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
საკუთრივ ჰოთორნი კი, მე თუ მკითხავთ, ინგლისელი
მწერალი არ იყო და ჯერჯერობით, არც ბოლომდე ამერიკელი;
ანდა ორივე ერთად იყო. თუმცა, იმ დროის ინგლისში მისი
ყაიდის მწერლები მოიძებნებიან, მაგრამ მთლადაც არა, ანუ
არის მასში რაღაც მოუხელთებლად ამერიკული. მგონი, ეს
რაღაც მოუხელთებელი ამერიკული სივრცეა, რომელიც
ჰოთორნის მრუმე, კუშტ, მგრძნობიარე და მღელვარე გარემოში
არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა.
იგრძნობა, რომ ის, რასაც ჰოთორნი აკეთებს, სრულიად
უსაზღვროა, არც ბოლო აქვს და არც თავი, არც დასაწყისი და
არც დასასრული. არა, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ არა აქვს.
დაახლოებით ისეთი სურათია, მონადირეები კოცონს რომ
შემოსხდომიან ღამით, შუაგულ ტყეში, და ყველაფერი ამ
კოცონის გარშემოა თავმოყრილი, ამბავიცა და მოქმედებაც, ამ
დროს კი შეიძლება, რომ ამბავიცა და მოქმედებაც ნებისმიერ
წამს გასცდეს კოცონს და ტყის უზარმაზარ სამყაროში აგერიოს,
სრულიად შეიცვალოს და გადასხვაფერდეს. ეს ამბავი ნახსენებ
ჩირაღდნიან კაცს ჰგავს, მაგრამ, არა უშავს. მე ასეთი შეგრძნება
მაქვს, ჰოთორნის წიგნს რომ გადავფურცლავ ხოლმე, ანუ
ცეცხლის და სიბნელის საზღვრების საკითხი მაწუხებს.
სწორედ რომ გადავფურცლავ, იმიტომ, რომ კარგა ხანია,
ჰოთორნის წიგნები არ წამიკითხავს.
უცნაური მწერალია, შეგრძნება მისი წიგნებისა მაქვს და თან
სრულიად გაუხუნარი. ალბათ მისი გადაკითხვა სწორედ
ამიტომ არ მჭირდება, თუ რა არის, არ ვიცი.
ისე, რომ თქვა, არ არის იოლი საკითხავი, ანუ ლაღად
საკითხავი. ტემპი რომანტიზმისა აქვს და, მგონი, კიდევ უფრო
მძიმე.
ამბავი სრულიად უცნაური გამოსდის, რომანტიზმისაც და

81
ასჯერ კიდევ უფრო რომანტიზმისაც. შინაგანად ძალიან
ამოუცნობი კაცი ჩანს და როგორც მახსოვს, გვარიანად მკაცრია.
იმავდროულად ამოსაცნობი კაციც არის, თუმცა, დაჯერებით
ვერაფერს იტყვი.
შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი თვალები ჰქონდა, როცა
იჯდა და წერდა. ის ალბათ დიდხანს იჯდა მაგიდასთან, წერდა
ალბათ სვენებ-სვენებითაც, სრული განცდით და რაღაცნაირი,
თითქოს მოქანდაკისთვის დამახასიათებელი მანერით. აი,
მოქანდაკე რომ მუშაობს სახელოსნოში. ზოგიერთი მისი წიგნი
დაუმთავრებელ ქანდაკებას ჰგავს, რაც ახლოა იმასთან, რასაც
ვწერდი უხილავ, მაგრამ არსებულ სივრცეზე. არ ვიცი,
მელვილი რას ფიქრობდა ამის თაობაზე, მაგრამ მე ასეთი
შეგრძნება მაქვს. თანაც, ამეების მიუხედავად, ჰოთორნი
წარმოუდგენლად გეგმიანია.
ჰოთორნის წიგნებს სრულიად მექანიკურად ვყიდულობდი.
რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, საბჭოთა გამომცემლობა
„პროგრესი“, რომელიც უცხოურ ენებზე წიგნების გამომცემი
ერთადერთი დაწესებულება იყო, საუცხოოდ გამოსცემდა ძველ
ამერიკელ მწერლებს, სწორედ, ჰოთორნის ეპოქისას. მშვენიერი
კრებულები იყო, საუცხოო წინასიტყვაობებით, დეტალური
კომენტარებით და გაუგებარი გამოთქმების განმარტებებით.
სრულიად აკადემიური რამეები იყო ეს წიგნები, სრულიად.
ეს ამერიკელები იქით იყოს და ლოურენს სტერნის ბრწყინვალე
ორტომეულიც მახსოვს და რომანტიკული პროზის მშვენიერი
კრებულიც, „კოლრიჯის“ პატარა ტომიც და კიდევ რამდენიმე
დაუვიწყარი რაღაცაც.
ეს წიგნები საკუთრივ რუსულად ძალიან იშვიათად
გამოიცემოდა, ქართულად კი, მგონი, საერთოდ არა. ყოველ
შემთხვევაში მე ქართული ჰოთორნი არსად შემხვედრია. ეგებ
ჟურნალში იყო სადმე, მაგრამ წიგნად არ მინახავს. მელვილზე
მონოგრაფიაც კი მინახავს ქართულად, ჰოთორნზე – არაფერი.
მერე ჰოთორნს მოთხრობების ერთი რჩეულის ნიუ-იორკული,
გვარიანად გაცვეთილი, სულ ხაზგასმებით და ათასგვარი
წარწერებით აჭრელებული გამოცემაც ვიყიდე, გაქექილი და
ნახმარი, ძალიან მიმზიდველი სწორედ ამ იერის გამო,
თხელყდიანი, როგორც წესია, ალფრედ კასინის მაგარი
წინასიტყვაობით, რომელიც ჰოთორნის სიკვდილით იწყება.

82
ისა და მისი ძმაკაცი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი
ფრანკლინ პირსი ნიუ-ჰემფშირში, მგზავრობაში იყვნენ.
ჰოთორნი სამკურნალოდ მიეშურებოდა და ძველი კოლეჯის
მეგობარი, ეს პირსი ახლდა, არცთუ იღბლიანი პრეზიდენტი,
ლინკოლნის წინამორბედი, რომელსაც სუსტმა ჯანმრთელობამ
საჭირო კვალი ვერ დაამჩნევინა ამერიკაზე. ჰო, მგონი, ასე იყო.
ეს პირსი, ჰოთორნი და ლონგფელო კლასელები იყვნენ.
პირსის არჩევნების წინ ჰოთორნმა წერა დააგდო და მეგობრის
კამპანიაში ჩაერთო, ხოლო პირსის გამარჯვების შემდეგ
კონსულადაც დაინიშნა ინგლისში, ლივერპულში, და იქით
გაცურა.
ჰოდა, ახლა, რახან ნიუ-ჰემფშირი ვახსენე, მივადექით იმას, რაც
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.
წეღან რომ ვამბობდი, ვერ იტყვი, ჰოთორნი სადაური მწერალი
იყო-მეთქი, ახლა შემიძლია ვთქვა, ის ახალი ინგლისის
მწერალი იყო.
ახალი ინგლისი ერთ-ერთი საოცარი ამერიკაა მრავალ
ამერიკათა შორის. ნიუ-ინგლენდი ამ ქვეყნის უკიდურეს
ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩადებული ამერიკის ძველი გონება
და იერია.
ახალი ინგლისი – ეს გახლავთ: მენი, როდ-აილენდი, ნიუ-
ჰემფშირი, ვერმონტი, კონექტიკუტი და მასაჩუსეტსი. ეს
ძველისძველი შტატები, ეს ძველისძველი ამერიკა, სულ
სხვანაირი სუნთქვის, სულ სხვანაირი შეხედულების მიწებია.
ახალი ინგლისი, რომელიც ძველ ინგლისს ეომა და თავი
დაიხსნა: პურიტანების ძველი თავშესაფარი, დღევანდელი
ამერიკის დასაწყისი და დღესაც სხვანაირი, ვერ წარმოიდგენთ,
იმდენად სხვანაირი. ჩემისთანა, აბა, რას გაარჩევს, მაგრამ
ამბობენ, ახალ ინგლისში დღესაც შეიგრძნობა ძველი ინგლისის
სამხრეთული დიალექტებიო, დღესაც ძველი ოჯახები ამაყობენ
საუკუნოვანი საგვარეულო ხეებით და დღესაც... კიდევ ათასი
სხვა რამ, რაც ახალ ინგლისს განასხვავებს და გამოარჩევს. აბა,
თუნდაც ბოსტონი ნახეთ, ანდა ჰართფორდი.
ჰოთორნი ახალი ინგლისის ნამდვილი შვილი იყო; ძველი
ოჯახის შვილი. მისი წინაპარი კუდიანებს ასამართლებდა
განთქმულ სალემის პროცესებზე. სოფელ სალემში და ქალაქ

83
სალემში. იმასაც ამბობენ, ჰოთორნმა თავის გვარს ერთი ასო,
დაბლიუ იმიტომ ჩაუმატა, რომ იმ განთქმულ, მკაცრ
პურიტანთან წერილობითი კავშირისთვის აერიდებინა თავიო.
რას გაუგებ მწერლებს. ყოველთვის აქვთ რაღაცნაირი,
სხვებისთვის არცთუ გასაგები მიზეზები.
ასევე ამბობენ, რომ მის გონებაში ბევრი რამ იყო დარჩენილი
პურიტანთა ფიქრებისა და წინაპრებში კი ბლომად ქვაქერებიც
ერიაო. ეს ამბავი საგანგებოდ არ მიკვლევია, თუმცა ის ვიცი,
რომ ერთხანს რომელიღაც ტრანსცენდენტურ თემს იყო
შეერთებული, ოღონდ მათ პრინციპებს დიდად არ
თანაუგრძნობდა. ამ თემში ცხოვრება ფულის დაზოგვის გამო
გადაეწყვიტა, რახან ცოლი ახალი შერთული ჰყავდაო.
ეს ყველაფერი მაინც მისი ბიოგრაფიის ნაკუწებია, რომლებსაც
მის ნაწერებთან იმდენად თუ აქვთ კავშირი, რომ შეიგრძნობ:
ჰოთორნი რაღაცნაირი, ერთიანი კაცი იყო. რატომღაც ასე
მგონია. ნაწერშიც და ცხოვრებაშიც ის ერთი იყო. აი, როგორა
ვთქვა. მაგალითად, ჰემინგუეი არ იყო ერთიანი ნაწერსა და
ცხოვრებაში. მან თავისი ნაწერი ისეთად მოიგონა, როგორიც
თავად სურდა რომ ყოფილიყო, ჰოთორნი კი ასეთი იყო და ასე
წერდა და ვაააახ, რა ძნელია, რომ ასეთი ხარ, როცა ასეთ
სამყაროს მთლიანად დაუპყრია შენი გონება.
იმის მიუხედავად, რომ ჰოთორნის წიგნებს ინგლისურად
ვყიდულობდი, რატომღაც არ ვკითხულობდი. ბევრს ალბათ
ვერაფერს გავიგებდი და იმიტომ.
იმ ამერიკული რომანტიკული პროზის კრებულებში თუ რამის
წაკითხვა მიცდია, უფრო ვოშინგტონ ირვინგის მოთხრობებისა,
რომელთაგან ერთი „რიპ ვან ვინკლი“, ქართულადაც მქონდა
წაკითხული.
ჰოთორნის წიგნი კი პირველად ჩემი დეიდაშვილისგან
წამოვიღე. სოლოლაკში ერთი კარგი ბიბლიოთეკა იყო,
რომელსაც ჩემების უახლოესი მეგობარი მართავდა. ჩვენ იქ
ხშირად მივდიოდით წიგნებზე, სულ პატარაობიდან. ბოლოს,
როცა დახურეს, მაშინაც მივედით და გადაყრილი წიგნებიდან
ავირჩიეთ რაღაცეები. პირდაპირ ყრიდნენ მანქანებზე. არც ვიცი,
ახლა იმ კარგი ბიბლიოთეკის ადგილას რა არის. ჰოდა, იქიდან
გამოტანილი რუსული ტომი იყო, მუქი შინდისფერი,
ყდამოფლეთილი, ზუსტად ისეთი, ჰოთორნს რომ შეეფერება.

84
შიგნით შემოტანა-გატანის ფურცელიც შერჩენოდა.
ნამდვილად გაგიკვირდებოდათ: ადამიანების გვარიან
ოდენობას გაეტანა სამოციანი წლების ბოლოს გამოცემული ეს
წიგნი წასაკითხად. ეჭვი მაქვს, რომ ეს მკითხველები უფრო
რუსულენოვანნი იყვნენ: იმ უბნის გარემოც
ინტერნაციონალური იყო და, საერთოდ, მგონი, ქართველებს არ
უყვარდათ ჰოთორნისნაირი მწერლების კითხვა.
იმ დროზე ვამბობ, რომელსაც კითხვის ეპოქას ეძახიან, თორემ
დღეს რაღა მნიშვნელობა აქვს, ჰოთორნია თუ სეზმან
ერთაწმინდელი.
ჰო, აი, ეს წიგნი წავიკითხე პირველად. ჩემს დეიდაშვილს
ძალიან მოსწონდა – წაიკითხეო, მითხრა. მაშინ რომ წამოვიღე,
მგონი, 1983 წელს, ახლაც სახლში მაქვს. აი, სასაცილო ამბავი.
ეს წიგნი იყო „შვიდფრონტონიანი სახლი“. არ ვიცი,
მოხდენილად როგორ ვთარგმნო ქართულად, შვიდკოშკურიანი
თუ შვიდწვეტიანი.
სახლი დგას და იქ ადამიანები ცხოვრობენ. ძველი, პირქუში
სახლი. გოთური რომანების სახლები ხომ გახსოვთ?
სახლის ამგვარი აღწერა მანამდე არც წამეკითხა სადმე და არც
ამნაირი ადამიანებისა მსმენოდა. არ ვიცოდი ასეთი
პერსონაჟები. მერე წავიკითხე, რომ ეს სახლი სალემში იდგა,
ზუსტად ასეთი სახლი, მის მშობლიურ ქალაქში.
მოხუცი შინაბერა ქალი, ციხიდან გამოსული მისი ძმა, ვერაგი
მოსამართლე, რაღაც ასეთები მახსოვს. ჰო, კუდიანები. სახლს
ცუდი სახელი აქვს, იმიტომ რომ კუდიანობას უკავშირებენ. იქ
სიკვდილიცაა და, მგონი, სიკვდილზე სახიფათო რამეებიც. აბა,
რა უნდა ჩანდეს სიკვდილზე სახიფათო. არის რაღაც
შეგრძნებები, რომლებიც თავისთავად ეგებ სულაც ყალბია და
საყრდენიც არა აქვს, მაგრამ კაცს გაანადგურებს. აი, ასეთი
რაღაცეები ხდება. კარგს რას უნდა ელოდე, თუმცა კი ბოლოში
წარსული კვდება და ამ სახლში მოტრიალე ადამიანები
სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ.
წარსული. რა იყო წარსული ჰოთორნისთვის?
მგონი, უზარმაზარი, სერიოზული ხალხისთვის განკუთვნილი
კითხვაა, მაგრამ ჰოთორნის რომანებში წარსული მძიმეა ხოლმე

85
და გმირები მისგან გათავისუფლებისთვის იბრძვიან. ხშირად,
მის წიგნებში წარსული ყველაზე აუტანელი და მოსარევი რამ
არის. რა ვიცი, მე ეგრე დავინახე. ეს წარსული ზოგჯერ
სრულიად მკვეთრ სახეს იღებს. გამოხატულია ერთი
შთამბეჭდავი, ხილული სიმბოლოთი.
აი, „ალისფერო ასო“, რომანია ეგეთი, მე თუ მკითხავთ, მისი
საუკეთესო რომანი, თუმცა, მოთხრობები რომანებზე უკეთესი
აქვს. ეს რომანი კი მის სიცოცხლეში ბესტსელერი იყო.
ქალს გულზე დაკრული აქვს სირცხვილის ნიშანი, ალისფერი
ასო „ანი“, რაც ადიულტერს გულისხმობს, ვინაიდან მას
უკანონო შვილი ჰყავს, მამის ვინაობას კი ჯიუტად არ ამხელს.
პურიტანების ამბავია, მთელი თავისი კვანძებით, ბავშვიც
უცნაური. ამ ნიშნის მოხსნა-კეთება, ყოფილი ქმარი, ბავშვის
მამა, გადახლართული მძიმე ამბები... მეჩვიდმეტე საუკუნის
ახალი ინგლისი.
ერთ დროს ედგარ პო რეცენზიებს წერდა ჰოთორნის
მოთხრობების შესახებ. სამწუხაროდ, ის რეცენზიები არ
წამიკითხავს. საერთოდ, არაფერი წამიკითხავს ჰოთორნის
შესახებ მისი ბიოგრაფიის და წიგნების წინასიტყვაობების
გარდა, მაგრამ მგონია, რომ მას სრულიად სხვანაირი გონება
ჰქონდა. აუცილებელი არ იყო, ის მწერალი გამხდარიყო.
შეიძლება იფიქრა, რომ ამ გონებასა და ფიქრებს საუკეთესოდ
სწორედ წერა გამოხატავდა, მაგრამ არ ვიცი, მართლაც ასე იყო
თუ არა. ჰოთორნს რომ ხატვის ნიჭი ჰქონოდა, მგონი, უფრო
საინტერესო იქნებოდა.
ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო გოთური რომანების,
ინგლისური და გერმანული რომანტიზმის ნაზავის და რაღაც
ასეთების შედეგი, ზედ დადებული ახალი ინგლისის
იდუმალებით, სიმკაცრითა და მშვენიერებით. მაგრამ მე
მგონია, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ის მეტაფორის და
სიმბოლოების კაცი იყო. რამდენად გამოვლენილია ეს,
რამდენად შესწავლილი და რამდენად ამოცნობილი, მე არ ვიცი.
ის რაღაც იდეას არგებდა ხოლმე თავის ხასიათებს. არა ამბავს,
მელვილისგან განსხვავებით, არამედ იდეას.
მელვილმა ზღვა იცოდა. ამიტომ არის მისი სამყარო ასე
ხილულად უკიდეგანო, ამიტომ არის ის, ჰოთორნისგან
განსხვავებით, დამთავრებული ქანდაკებების ოსტატი.

86
ჰოთორნსაც გადაეცურა ატლანტიკა, მაგრამ როგორც
დიპლომატს, საუკეთესო კაიუტაში მჯდომს. ევროპაშიც
ემოგზაურა, მაგრამ ამან მისი ნაწერები კიდევ უფრო უხილავნი
გახადა.
რომში ჰოთორნი თითქმის შეიპყრო პრაქსიტელეს ნაქანდაკევი
ფავნის ქანდაკების ხილვამ.
მგონი, ათი წელიწადი იქნებოდა, რაც წიგნი არ დაეწერა. ამ
საქმეს ჩამოშორებული იყო. წაიკითხეთ მისი უკანასკნელი
წიგნი, თუკი სადმე მისწვდებით. „მარმარილოს ფავნი“.
წაიკითხეთ ეს წიგნი და შეკითხვებს ნუ დასვამთ, ვინაიდან
არც ერთ კითხვაზე პასუხი არ იქნება. ვინც ამ შეკითხვებზე
პასუხი იცოდა, ის კაცი, თავად ნათანიელ ჰოთორნი, კარგა ხნის
მკვდარია. დანარჩენი ყველაფერი სამეცნიერო მკითხაობა
გამოვა.
ჰოთორნის ბოლო რომანი ერთ-ერთი უცნაური წიგნია
დედამიწის ზურგზე და იქ ერთბაშად რამდენიმე საწერ ხერხსა
და ჟანრს იპოვით, ტურისტული რვეულიც კი შემოგხვდებათ.
იქ ამბავი არარსებულ, ფანტასტიკურ იტალიაში ხდება. იქ არის
ჭეშმარიტად ახალი ინგლისის სულიც, გადაჯაჭვული მძიმე
გოთურ სუნთქვასთან და არის მხიარული რამეებიც. არ ვიცი, ეს
წიგნი რვა წლის წინათ წავიკითხე დიდი გაჭირვებით, უცხო
მხარეში, სრულიად შემთხვევით. იმ ადგილას, სადაც ვიყავი,
არაგერმანული წიგნები ძალიან ცოტა იყო, იმათ შორის კი –
სწორედ ეს „მარმარილოს ფავნი“. კარგა ხანს უნდა
ვყოფილიყავი და, აბა, გამუდმებით შერლოკ ჰოლმსის კითხვას
ვინ გაუძლებდა.
ჰოდა, ეგრე გამოვიდა, რომ აჰა და, წავიკითხე. სიცილით რომც
მოკვდეს ყველა, მთელ თვე-ნახევარს ვკითხულობდი. ორი
ქალის ამბავია და ერთი კაცისა, ოღონდ ვერც იტყვი, ესენი
ადამიანები არიან თუ ღმერთები. რა თქმა უნდა, სიმბოლოებია,
თანაც კრებითი. ესენი ხასიათები არც არის: იქ ყველაა,
კლეოპატრადან მარიამ ღვთისმშობლამდე. ახლა რომ
გითხრათ, დიდად არ მახსოვს, მაგრამ შეგრძნება კი მახსოვს.
საერთოდ, ჰოთორნმა, მგონი, ეგრე იცის, თანდამსწრები
უფროა, მისი მოთაყვანე, მელვილისგან განსხვავებით.
მელვილიც მიდრეკილი იყო სიმბოლიკისკენ.
როგორც ჩანს, მელვილი გასაოცრად გრძნობდა ჰოთორნს.

87
მასზე უმცროსი კი იყო და თან გვარიანად, მაგრამ გრძნობდა
და გულიც მიუწევდა მისკენ. ლამის ანგარიშს აბარებდა, აი,
ასეთ წიგნსა ვწერ, ამაში და ამაში ამას და ამას ვგულისხმობ, ეს
ფიქრი მაქვს და თქვენ რას იტყვითო.
ახალი ინგლისი. აქ პირველად გააუქმეს სიკვდილით დასჯა.
აქედან დაიწყო ომი სამხრეთთან, რომელმაც გადაატრიალა
ამერიკული ცხოვრება.
ჰოთორნი მაშინ გარდაიცვალა, როცა ომი ჯერ დამთავრებული
არ იყო. მერე ომი დამთავრდა და ჰოთორნიც დამთავრდა.
ახალი ამერიკელები მოვიდნენ. ახალ ინგლისშიაც კი. მარკ
ტვენმა საცხოვრებლად ჰარტფორდი აირჩია, როგორც ყველაზე
მშვენიერი ქალაქი ამერიკაში. ის ჰარიეტ ბიჩერ სტოუს კარის
მეზობელი იყო.
ომის ბოლოს თავის უკანასკნელ, უკვე ჟურნალისტურ
სტრიქონებს და ლექსებს წერდა ორმოცდაათს მიტანებული
მელვილი, რომელმაც ოცდათვრამეტი წლის ასაკში შეწყვიტა
რომანების წერა მათი სრული წარუმატებლობის გამო. მერე
საოკეანო ამბების ლექტორად დადიოდა კოლეჯებსა და
ლიცეუმებში. მან კიდევ დიდხანს იცოცხლა: მოხელედ იყო
საბაჟოში ლამის სამ ათეულ წელიწადს, მწერალი აღარ იყო,
მწერლები უკვე სხვანი იყვნენ, მისი საყვარელი ჰოთორნი
საერთოდ აღარავის ახსოვდა და არც ის ახსოვდა ვინმეს, არც
პირველის – დაძაბულად მდუმარე და არც მეორის – ტალღების
ხეთქებით გალუმპული ამოუცნობი სივრცეები.
სიმართლე რომ ვთქვა, ჰოთორნის წიგნებს არ ვკითხულობ,
მხოლოდ გადავფურცლავ ხოლმე, თუ თაროზე გადავაწყდები,
მაგრამ ის კაცი, თავში რომ ვახსენე, დიდ მოსასხამში
გამოხვეული რომ დგას კუნაპეტ ღამეში, მაშხალით ხელში,
არსად წასულა. აღარც ვიცი, კაცია თუ ქალი, ან აქვს თუ არა
ღიმილი ან ცრემლი. რაღაც აქვს. ამოუცნობი. მგონი, ეს რაღაც
ფიქრის დიდი საიდუმლოა.

კუნძული და სხვა
მართლის თქმა ჯობია... მეძინა: ასე ეუბნებოდა ქოსიკო ბაყბაყ-
დევს სპექტაკლში „ჭინჭრაქა“.

88
ჰოდა, მართლის თქმა ჯობია, ყველაზე მეტად რობერტ ლუის
სტივენსონის „განძის კუნძულის“ პირველი ოთხი თავის
კითხვა მიყვარს. შემდეგ ოთხსაც სიამოვნებით წავიკითხავ,
მაგრამ პირველი ოთხის მიყვარს და სიამოვნება და სიყვარული
ხომ სხვადასხვა რამ არის?
სამწუხაროდ, მე არც ერთი ლექსი არ ვიცი ზეპირად, ვიცი
სტრიქონები, რაღაც ნაგლეჯები და სრულიად უსირცხვილოდ
ლექსების თხრობას ვიწყებ ხოლმე, რაც იმის ბრალია, რომ
ზეპირობა არასდროს შემეძლო და პატარაობისას მტანჯავდა
ხოლმე, მერე კი, მგონი, ამ ყაიდის მეხსიერება საერთოდ
დამიჩლუნგდა.
დიდი უცნაურობის წყალობით ზეპირად ვიცი „განძის
კუნძულის“ დასაწყისი. ალბათ იმიტომ, რომ ხშირად
ვკითხულობდი და ძალაუნებურად დამამახსოვრდა. ახლაც
შემიძლია დავიწყო, გინდა ქართულად და გინდა იმ ორ ენაზე,
რომლებიც ასე თუ ისე მესმის.
სკვაირმა ტრელონიმ, დოქტორმა ლივსიმ და სხვა
ჯენტლმენებმა მთხოვეს, მეამბნა ყველაფერი... ინგლისურად
ძალიან მომწონდა ეს „სხვა ჯენტლმენებმა“: აზა რესთ ოფ
ჯენთლმენ...
„განძის კუნძულის“ პირველი ინგლისური გამოცემა –
ჩვეულებრივი, „პინგვინის“ კლასიკისა – თბილისშივე ვიყიდე,
ალბათ ოთხმოციან წლებში. საუნჯეში შემოჰქონდათ ხოლმე
„პინგვინის“ წიგნები და კიდევ სხვა გამომცემლობებისაც.
მოსკოვში და ლენინგრადში, ცხადია, ეყარა, ჩვენთან კი ალბათ
მოინგლისურეებს ჰქონდათ ასეთი წიგნები. ეს წიგნი აქამდე
შემომრჩა.
ცოტა რომ ამ ჩვენს ქალაქს გავცდი, ისე გამოვიდა, რომ სადაც
გადავაწყდებოდი, ყველგან ვყიდულობდი „განძის კუნძულს“.
ერთი ტურიკამაც კი ჩამომიტანა ამერიკიდან. ყველაზე
მოულოდნელს, რა თქმა უნდა, ლონდონში გადააწყდები: ერთი
ასეთიც მაჩუქეს, მოწაფისთვის რომ მიუციათ ჯილდოდ ოციან
წლებში.
საერთოდ, ლექსების არ იყოს, ყოველგვარ კოლექციაში
უსუსტესი ვარ. ეს კი როგორღაც გამოდის, ალბათ იოლია და
იმიტომ.

89
მოდერნისტებს არ უყვარდათ სტივენსონი, არანაირად. მის
წიგნებს დასცინოდნენ და წაკითხვის ღირსადაც არ თვლიდნენ.
ის უფრო სხვანაირ ვინმეებს მოსწონდათ, ოღონდაც ამის
გარჩევა და გამორკვევა ახლა სრულიად არ არის საჭირო.
ეს იყო ძალიან სხვანაირი კაცი, სრულიად სხვანაირი,
არაადამიანური ენერგიის, თავგადასავლების და სიცოცხლის
წყურვილისა, იმავდროულად კი დაუნდობლად სუსტი
ჯანმრთელობისა. ბავშვობიდანვე სუსტი ფილტვები ჰქონდა,
იმ დროის სიკვდილის მომასწავებელი ავადმყოფობაც, ჭლექი.
ორმოცდაოთხი წლისა გარდაიცვალა. ამ მცირე დროში კი
მარტო წერა კი არა, იმდენი ცურვა და მოგზაურობა მოასწრო,
რომ სხვას, ჯანმრთელს და ჯანიანს შეშურდებოდა.
მისი მოგზაურობები ინტერესისთვისაც იყო და
სიცოცხლისთვისაც.
სტივენსონი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა
ადგილს, სადაც ჰავა სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა.
მოდგმით, მამისა და დედის მხრიდან, ცნობილ შოტლანდიურ
ოჯახებს ეკუთვნოდა: ედინბურგელი სტივენსონი იყო,
შუქურათა ამშენებელი სახელგავარდნილი გვარიდან. დედის
მხრიდან ბარონეტები, პოლიტიკოსები ჰყავდა. მისი ბაბუისა
და მამის ნაშენები შუქურები დღესაც იქ დგას, შოტლანდიის
წყლების კიდეებზე. შუქურათა აგების ოსტატობას
ბავშვობიდანვე იცნობდა, ოღონდ სრულიად არ მიუდიოდა
გული. ამას სუსტ ჯანმრთელობას მიაწერდნენ, მამა წუხდა
კიდეც ამის გამო. მამა იყო მკაცრი, ითხოვდა მორჩილებას და
ღელავდა მისი ჯანმრთელობის გამო. მის გარდაცვალებამდე
სიტვენსონს ერთხელაც არ გაუშლია ფრთა გემრიელად, თუმცა
თავგადასავლები მანამდეც ჰქონდა. ცალ ხელს გაჭირვებით
ხმარობდა, მაგრამ საღი ხელიდან ყველაფერი გამოუდიოდა,
ხეზე ხელოსნობაც კი შეეძლო. მისი უნარები გასაოცრად აქვს
ჩამოთვლილი ჩესტერტონს პატარა ესეში „განძის კუნძულის“
შესახებ. ედინბურგის უნივერსიტეტში სამართალს
სწავლობდა, მაგრამ ერთი დღეც არ უმუშავია ვექილად ანდა
რაიმე იურიდიულ საქმეზე. ახალგაზრდობიდანვე უყვარდა
საფრანგეთში ყოფნა, იქაური რბილი მზე. ბიჭობიდანვე
კითხულობდა ბევრს, როგორც ავადმყოფი ბავშვების წესია:
ნამინისტრალმა ბაბუამ ბიბლიით დააწყებინა, მერე კი
შექსპირის და „ათას ერთი ღამის“ ფანი შეიქნა, თვალი

90
მიურბოდა უოლტერ სკოტისკენაც და, საერთოდ, ეტყობოდა,
რომ უნდა ეწერა და ეწერა.
სამგზავრო ჩანაწერები და ასეთი რამეები უთვალავი ჰქონდა.
ავადმყოფობდა, ფიქრობდა და „განძის კუნძულიც“ აქედან
გამოდნა.
წიგნს თავიდან „სი-ქუქი“, ანუ ხომალდის მზარეული ერქვა და
ავტორის მითითების გარეშე დაიბეჭდა რაღაც ჟურნალში,
რითაც სახელი და დიდება ვერ მოიპოვა. როგორც მახსოვს, ორი
წლის შემდეგ გამოვიდა „განძის კუნძულის“ სათაურით და
ავტორიც მითითებული იყო.
გამოვიდა და გამოვიდა, იმის შემდეგ აღარც დამთავრებულა.
ადრე დიდად ვერა ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ, ამ
წიგნის გარეშე ბიჭობა წარმოუდგენელია. განსაკუთრებით
პირველი თავების გარეშე.
ამ პირველ თავებს იმიტომ ვაწვები, რომ შემჩნეული მაქვს,
სტივენსონს, თავისი რომანების დასაწყისები აქვს ძალიან
მაგარი. სწორედ დასაწყისები, მერე თითქოს ტემპიც ვარდება
და ფერებსაც ეჩვევი. დასაწყისები კი ისეთი აქვს (მოდი,
ფეხბურთს მოვიხმობ) შაბათ შუადღეს ენფილდზე რომ თამაში
იწყება და მინდორზე რომ „ლივერპული“ გამოდის კოპის
ტერასების გუგუნში.
დიახ, დასაწყისები, სრულიად მოურიდებლად და ტკბილად
შემტევი.
ეს ალბათ მხოლოდ „ბატონ ბალანტრეს“ არ ეხება – იქ
ყველაფერი ძალიან მაგარია.
მაგრამ, აბა, ნახე, რა უნდა დაგემართოს, როცა ჯერ კიდევ ბიჭი
ხარ, დიდად ვერ მიმხვდარხარ, მაგრამ გრძნობ, რომ არსებობს
რაღაც სხვა სამყარო, ვიდრე შენი სკოლისა და გარემოსი,
რომლებიც დიდად არც მოგწონს, არც გიზიდავს და არც
გიყვარს. რა დაგემართება, როცა რაღაცას გრძნობ, ის კი
პირველივე გვერდზე წერს: „იმ დროს ვუბრუნდები, როცა
მამაჩემს ტრაქტირი „ადმირალი ბენბოუ“ ჰქონდა და იქ კი
ძველი, მზით დამწვარი მეზღვაური დასახლდა, რომელსაც
ლოყაზე ნახმლევი აჩნდა“.
რა მეზღვაური, რის ნახმლევი, სად ცხოვრობ, როგორ მიდი-

91
მოდიხარ ქუჩაში... თან საღამოა, სკოლაში უნდა წახვიდე.
გაკვეთილებზე ორი წიგნი მაქვს წაკითხული, უფრო ადრე
„უთავო მხედარი“ და მერე კი „განძის კუნძული“.
ის ლურჯყდიანი „განძის კუნძული“ აღარ მაქვს და ვერც
ვერსად ვიშოვე. საუცხოო გამოცემა იყო, ძველებური
ილუსტრაციებით, ქართული სათავგადასავლო ბიბლიოთეკის
სერიისა, „შავ ისართან“ ერთად. ის „შავი ისარიც“ მაგარი იყო,
რიჩარდ მესამეს რომ გადაეყრება დიკ შელტონი, მაგრამ
„განძის კუნძული“ სრულიად სხვა ამბავია.
მგონი, იმიტომ, რომ ეს იყო პირველი წიგნი, რომელშიც
მოქმედი ადამიანებიც დავინახე.
დაინახავდი, აბა რა, თვითონ წერს, დაინახავო. ჯიმ ჰოკინსი,
შენი ტოლი ბიჭი წევს და იმ ცალფეხა მეზღვაურს
წარმოიდგენს, რომლის შესახებაც თავისი მდგმური უამბობს.
ხან ასეთს წარმოიდგენს, ხან ისეთს, ყველანაირად საშინელს.
საოცრებაც ეს არის, რომ ამ წარმოდგენების შემდეგ თვითონ
შეხვდება და დაუმეგობრდება ამ ცალფეხა კაცს, ლონგ ჯონ
სილვერს, რომლის პროტოტიპიც ერთგვარად მაინც
სტივენსონის ცალფეხა ძმაკაცი ყოფილა. მაგრამ ჯიმს ისე
მოეწონება სილვერი, რომ ვერც კი აკავშირებს პირშავი
მდგმურის მიერ აღწერილ სახიფათო და სისხლისმსმელ
კაცთან.
ამიტომ, რა გასაკვირია, რომ შენც წარმოიდგინო.
ჯიმის გარდა, ყველას ვხედავდი. ალბათ იმიტომ, რომ
უმეტესად ჯიმი ჰყვებოდა ამ ამბავს და თან ჯიმი უფრო შენი
თავი გგონია. შენი თავისა კი ისედაც იცი.
სხვას კი, ეგრევე ყველას ხედავ და ყველაფერს. ბრმა პიუს,
რომელიც საშინლად გაჰკივის სიკვდილის წინ. იმის კივილი
ახლაც ყურში მაქვს, თუმცა, ეს ის კივილი არ არის, „განძის
კუნძულის“ მიხედვით გადაღებულ ფილმებში რომ მოისმის
პიუს როლის შემსრულებელთა ბაგეებიდან. ის პირველი
კივილია, კითხვისას რომ ჩამესმა. არ მახსოვს სად,
გაკვეთილზე თუ სახლში, მაგრამ კი ჩამესმა და... დიახ, ასეა,
აბა, როგორ დაგავიწყდება ის ამბავი, ბილი ბონსის მოქნეული
ხმალი რომ შავ ძაღლს ვერ მისწვდა და კვალი დატოვა
ადმირალ ბენბოუს კარის ჩარჩოზე. ვერ ხედავ იმ ნახმლევს? რა

92
თქმა უნდა, ხედავ.
ანდა, როგორ ზის ლონგ ჯონ სილვერის დუქან „ჭოგრიტში“
ბებერი მეზღვაური მორგანი და როგორ ჰყვება გემზე დასჯის
ხერხების შესახებ. ანდა როგორ ამოხია ყმაწვილმა დიკმა
ფურცელი ბიბლიიდან, რათა ზედ შავი ნიშნის ამბები
დაეწერათ მეკობრეებს. ანდა, როგორ დასძახის კუნძულის
მთებიდან ბენ განი შეშინებულ მეკობრეებს კაპიტან ფლინტის
სიკვდილისწინა სიტყვებს: – დარბი მაკგროუ, რომი... რომი
ჩამომისხი...
ოჰ, ამ წიგნის მოყოლას ხომ არ დავიწყებ?!
დავიწყე და ეგ არი.
– ფეხი იმ საქმეში დავკარგე, რომელშიაც პიუმ თვალები... –
სილვერი რომ უყვება ღამით, ვაშლის კასრს მიყრდნობილი.
ანდა, ფლინტი ექვს კაცთან ერთად რომ გადავა კუნძულზე
განძის დასაფლავად და მარტო რომ ბრუნდება, ცისფერი
თავსაფრით თავწაკრული, ის ექვსი რომ მარტოს გაუსაღებია.
და თუთიყუში ფლინტი სილვერის მხარზე?
სრულიად უკვდავი სურათი.
წიგნის ბოლო სიტყვები: და ყოველთვის წამოვხტები ხოლმე,
როცა ძილში ჩამესმის კაპიტან ფლინტის მჭახე ხმა: –
პიასტრები, პიასტრები, პიასტრები...
ქართულ თარგმანში რვიანები წერია. იმიტომ, რომ
ინგლისურად ფლინტი ჭყივის: ფისიზ ოფ ეით. რვიანის
ნაკუწებიო.
პიასტრს, ესპანურ ვერცხლის მონეტას, სწორედ რვად ჭრიდნენ
ხოლმე. ინგლისელები ამიტომაც ეძახდნენ რვიანს.
სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ ეს რვად დაჭრილი პიასტრიც
მაქვს; მოდელი, რა თქმა უნდა. ამერიკაში ვიყიდე, ერთ პატარა
მაღაზიაში, სადაც ჩემნაირი მანიაკებისთვის ასეთი
მანიაკობებია გათვალისწინებული. კოლოფს ეწერა, სწორედ ის
ფულია, „განძის კუნძულის“ მკითხველებს რომ უყვართო.
არის რაღაც ბუტაფორიული ამ ამბავში, მაგრამ ბიჭობის
დაბრუნებაც არის. იმ ბიჭობის, გარემოს რომ გაურბოდა და
ვიღაცეებთან, არარსებულ ჯეელებთან რომ ცხოვრობდა.

93
დიახ, ასე ამბობენ, საბავშვო მწერალიაო, საბიჭოო. აბა, იმ კაცს
რა ეშველება, თუ რაღაცა არ დაურჩა იმ დროიდან. ისე, რა უნდა
აკეთოს, სამსახურში იაროს, მოვიდეს, დაიძინოს ანდა
ტელევიზორს უყუროს და ხანდახან დათვრეს ხოლმე? იქიდან
თუ არ დაგრჩა, რის მაქნისი ხარ?
მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან მართლა ასე იყო:
სტივენსონი, რომელიც სიცოცხლეში უპოპულარულესი ვინმე
გახლდათ, თანდათან გაუჩინარდა, მეორეხარისხოვან ავტორად
იქცა და ასეც ეძახდნენ, სათავგადასავლო და საშინელებათა
ჟანრის ავტორიო. ის ინგლისში სკოლებიდანაც გაქრა,
ქრესტომათიებიდანაც და ათასი სხვა ადგილიდანაც.
სამაგიეროდ, ის დიდ მწერლებს უყვარდათ, ისეთებს,
რომლებიც ერთმანეთის ნაწერებს ვერ იტანდნენ: ვთქვათ,
ნაბოკოვს და ჰემინგუეის, ანდა ბორხესს. ბევრგან შეხვდებით
მის ხსენებას ამათ ნაწერებში.
ის მარადკითხვადია, თუმცა, მოგეხსენებათ, ასეთ
კრიტერიუმებს ძნელად ცნობენ ხოლმე ნამდვილი
ლიტერატურის მიმდევრები. ეს, აბა, რა ჩემი სალაპარაკოა,
მაგრამ, ისე, გამახსენდა.
საშინელებათა ჟანრს იმიტომ ახსენებენ ხოლმე, რომ მან
დაწერა „მარკჰეიმი“, „ოლალა“ და კიდევ სხვა მოთხრობები,
ასევე, განთქმული დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის
ისტორია. მშრალად, ავად, საშინლად დაწერილი ამბავი კაცის
გაორების შესახებ.
მერე, მშიგნავმა ჯეკმა რომ ამბები დაატრიალა აღმოსავლეთ
ლონდონში, მგონი, გამოძიების და, საერთოდ, დღემდე
პოპულარული ვერსიები ამ ჯერაც უპოვნელი მანიაკი
მკვლელის თაობაზე სწორედ დოქტორ ჯეკილის ამბავს ჩაება.
ბოლო კინოვერსიაც კი ძალიან ჰგავს ჯეკილის ამბავს. ამ
საქმეში საინტერესო ისიც არის, რომ სტივენსონმა თავისი
მოთხრობით ბარე ხუთი-ექვსი წლით დაასწრო მანიაკის
საშინელ ისტორიას.
ის მაფიქრალი კაცი იყო და ადამიანების ხასიათებისა ბევრი
გაეგებოდა. ავადმყოფობათა შორის წერდა თავის წიგნებს და
განუწყვეტლივ მოძრაობდა. თავისი ცოლი, ფანი, საფრანგეთში
გაიცნო და ეგრევე შეუყვარდა. ფანი გათხოვილი იყო, ამერიკაში
ცხოვრობდა, იქით კიდეზე, სან-ფრანცისკოში. როცა

94
განშორების ჟამი დადგა და ფანი წავიდა, სტივენსონმა ვერ
გაუძლო და გაეკიდა. მამამისი ძალიან ბრაზობდა,
უფრთხილდებოდა მის სუსტ ჯანს, მაგრამ ეს მაინც გაეკიდა,
არც კი უთხრა თავისიანებს, რომ მიემგზავრებოდა. ნიუ-
იორკამდე გემით მიცურა, იქიდან მატარებლით გადასერა
მთელი ამერიკა და სან-ფრანცისკოში ჩასული, უსახსროდ
დარჩენილი, ლოგინად ჩავარდა. იქ კვდებოდა და ფანიმ
მოუარა.
მერე ისინი დაქორწინდნენ. ნაწერებით სტივენსონი იმდენ
ფულს კი შოულობდა, რომ თავისთვის სასურველი ადგილი
ეძებნა. მამა რომ გარდაიცვალა, უფრო თამამად იწყო ზღვათა
სერვა და ერთხანს ამერიკაში დაიდო ბინა, მერე კი წყნარ
ოკეანეს შეუტია: ჰავაის მეფეს დაუმეგობრდა, იქაც იცხოვრა;
კუნძული არ დატოვა, არ მისულიყო და იქაური ჰაერი არ
ესუნთქა. ნაქირავები იახტა ჰყავდა და ეძებდა ადგილს, სადაც
არ მოკვდებოდა. ასე გაჩერდა სამოაზე, სადაც მიწა იყიდა და
დასახლდა კიდეც. იქავე მოკვდა, თურმე ღვინის ბოთლს
ხსნიდა და უცებ წაიქცა: რა მომივიდაო, იძახდა, რატომ
წავიქეციო.
ფოტოებზე ძალიან ავადმყოფური იერი აქვს. იმ სამოურ
ფოტოებზე არის დაღლილი, გალეული და ამოწეული
ყვრიმალებით. დღევანდელი საზომით, ძალიან ახალგაზრდა
გარდაიცვალა.
დიდი არაფერი პოეტი იყო, სიმართლე რომ ითქვას, მაგრამ
ჯიგრული ბალადები კი გამოუდიოდა. მე ერთადერთი
მახსოვს, „მანანის ლუდი“. აჰა, მივადექი ისევ ლექსების
შინაარსების მოყოლას. პირდაპირ გასკდები სიცილით.
შოტლანდიელებმა რომ პიქტები გაჟლიტეს, ორი პიქტი
გადარჩა, მამა და შვილი და მეფემ მათ უბრძანა მანანის
ლუდის საიდუმლოს გათქმა: მამამ თქვა, შვილის მეშინია და
მოკალითო, და როცა მოკლეს, მეფეს შესცინა, ახლა აღარ
მეშინია, რომ ყმაწვილი გატყდება და საიდუმლოს გათქვამსო
და კლდიდან გადაეშვა. რატო ვყვები და, სტივენსონმა იცოდა
ასეთი რამეების გემო და რახან იცოდა, სწორადაც ჰყვებოდა.
ერთ-ერთი სწორად მთხრობელი კაცია, მე თუ მკითხავთ.
უბრალოდ კარგად კი არ ჰყვებოდა, არამედ სწორად. არა ისე,
რომ დიდოსტატურად და გენიალურად, არამედ სწორად.
მგონი, მე თვითონაც სწორად ვერ ვთქვი, რას ვგულისხმობ ამ

95
სწორად მოყოლაში.
აი, მოთხრობა აქვს, „სახლი დიუნებზე“. ისეთი სიჩუმე, იქ რომ
არის, საერთოდ არ ვიცი. ბნელი ამბავია, იტალიელი
კარბონარიები და მთელი უბედურება. სიჩუმე კი –
განუმეორებლად ავის მომასწავებელი. ყოველი ხმა რაღაცას
ნიშნავს.
ჯონ სილვერს მივუბრუნდეთ, იმიტომ რომ სტივენსონს
კარგად გამოსდიოდა ასეთი უარყოფითი მომხიბვლელობის
გმირები. უფროსი ბალანტრეც ასეთი არ არის? კიდევ სხვანიც.
ეს ხალხი არასდროს დაგავიწყდება. არის ხოლმე ასე, ბევრი
მწერალია, რომ რაღაც გამოუდის საუკეთესოდ, რაღაც ერთი,
რასაც ალბათ თვალდახუჭული აკეთებს. მაგალითად,
დიკენსის პატარა პერსონაჟები, ანდა ო.ჰენრის ნაღველი. ისინი
თვალდახუჭულები აკეთებენ ამას, სრულიად ინსტინქტურად.
მგონი, სტივენსონის მთავარი და საუკეთესოც ეს უარყოფითი
მომხიბვლელობა იყო.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთნაირად არ გამოუდიოდა.
ზოგჯერ ხედავ, როგორ იწელება ამბავი, როგორ ვერ
ტრიალდება რაღაც, მაგრამ მას პატარა მხსნელები ჰყავს,
რომლებიც უცებ გადაარჩენენ ხოლმე ისტორიას. „განძის
კუნძულში“ ასეთი მხსნელი ბენ განია. აბა, რა იქნება იმ
კუნძულზე ყოფნა ბენ განის გარეშე?
ასევეა „შავ ისარშიც“, რომელშიც არლბასტერი გამოჩნდება;
ასევეა ბევრგან. „დევიდ ბელფურშიც“. ოღონდ, სტივენსონის
საუკეთესო წიგნი მაინც „ბატონი ბალანტრეა“. „განძის
კუნძული“ განუმეორებელი რამ არის, იმას ნამდვილად ვერ
დავთმობ, მაგრამ ბალანტრე ნამდვილი ოსტატობაა.
რაღაცნაირად, თითქოს ცოტა სიტყვებია იმსისქე წიგნში.
დერისდირელი ორი დიური
ერთად ცხოვრობდა კოშკში, ერთი დაურჩა მამულს პატრონად,
ერთიც წავიდა ომში.
ასეთია სტივენსონის მოგონილი ხალხური ლექსი, ორი
ერთმანეთის მოძულე ძმის თავგადასავალს რომ იწყებს. ერთი
სწორედ ის უარყოფითი მომხიბვლელობაა, მეორე წესიერება,
პატიოსნება, მაგრამ რაღაცნაირი უფერულობა და სიპატარავე.

96
ჰოდა, გადასწვდება მთელ მათ სიცოცხლეს ურთიერთქიშპი და
ბრძოლა. რაღაცით შექსპირს ჰგავს, რაღაცით მატიანეს,
რაღაცით მკაცრია. ფერები, რომლებიც ამ წიგნიდან გამოგყვება,
მხოლოდ რუხია და შავი. აჰ, თოვლში დადგმული ფარნის
შუქზე რომ ებრძვიან ერთმანეთს ხმლებით. თითქოს
ყოველთვის ერთი იმარჯვებს, თითქოს ყველაფერი უნდა
დაწყნარდეს. რა დააწყნარებს? კაცი მკვდარია და ცოცხლდება.
კიდევ მკვდარია და კიდევ ცოცხლდება. კიდევ მკვდარია და
კიდევ ცოცხლდება.
თითქმის ისევე, როგორც თვითონ სტივენსონი.
სამწუხაროდ, არ ვიცი, არის თუ არა „ბატონი ბალანტრე“
ქართულად. მე არ შემხვედრია. არის „განძის კუნძული“ და
„შავი ისარი“, რომელიც დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ
გამოიცემა ნაირგვარი ხარისხის ყდებით. თარგმანი, რა თქმა
უნდა, ძველია და ტკბილი, როგორც სხვა ძველი თარგმანები.
თუმცა, როგორც მახსოვს, ამ წიგნებში ჩართული ლექსები ცოტა
მოუხერხებლადაა თარგმნილი.
ახლა რომ გადაიკითხავ, რაღაცნაირი ხიბლი მაინც აქვს.
ჯონი ყველას-მოსარჩლეს ლექსი, მგონი, ასეა: მე მქონდა ოთხი
შავი ისარი
და ოთხი დარდით ვიყავ მოსილი, ერთი ვისროლე, გავხარჯე
კარგად, ბებერ ეპლიარდს მოვარტყი მაგრად...
მეტს მე ვერ ვიმახსოვრებ და...
ბალანტრე რუსულად მახსოვს. საერთოდ, რუსულად
სტივენსონი ბევრნაირი არსებობს.
ყველაზე კარგი და ტევადი ხუთტომეულია, რომლისაც, თუ არ
ვცდები, ორი გამოცემა არსებობს: ყავისფერი და ლურჯი.
მშვენიერი გამოცემებია, განთქმული ბროდსკის
ილუსტრაციებით, მაგარი კომენტარებით, როგორც რუსებმა
იცოდნენ ხოლმე კომუნისტების დროს. ყავისფერი უფრო
გვიანდელია, მე კი ლურჯი მაქვს. სულ დაფანტულია, თაროში
არ დევს, ხან სად ვიპოვი, ხან სად. რატომაა ასე, არ ვიცი, მაგრამ
ასე კია და, გაუგე. წიგნების გადაადგილება ხომ გვარიანად
უცნაური ამბავია.
ერთი ჩინური წიგნი მაქვს წაკითხული, მგონი, მესამე

97
საუკუნისა. იქ მთების გადაადგილებაა აღწერილი. ისე კოხტად
და ისეთი საბუთების მოხმობით, ეს მთა დაიძრაო და იქ
მივიდა და დადგაო, რომ რა გასაკვირია, თუ წიგნები
გადაადგილდნენ? მით უმეტეს, ისეთი კაცის წიგნები,
რომელიც სულ გადაადგილდებოდა და როგორც ისპანიოლას
ეკიპაჟი მიცურდა ჩონჩხის კუნძულთან საბოლოოდ, ეს
ტანჯული კაციც ისე მიცურდა ერთი კუნძულიდან მეორემდე.
იცით, რა არი?
იმდენი კი ვიცი, რომ ლიტერატურაში მას რევოლუცია არ
მოუხდენია... მოკლედ, სხვა რამეს ვამბობ. სტივენსონი რას
აკეთებს, როცა ბიჭი ხარ? მას მადლობა იმისთვის ეკუთვნის,
რომ ფერები მოგცა. გამოაღვიძა თავგადასავლების წყურვილი,
რომელიც ისედაც აქვს თვით ყველაზე მოდუნებულ ბიჭს.
რაღაცნაირი, სასიამოვნო შიში დათესა და შენი ქალაქის
ნაცრისფერი და უნდო ქუჩები გააქრო. გააქრო ოდესღაც, მაშინ,
როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო და ისე გააქრო, რომ ის
ქუჩები დღემდე აღარ დაგინახავს.
საინტერესო კი ის იქნებოდა, ორმოცი წლისას რომ პირველად
მეპოვა „განძის კუნძული“ და წამეკითხა. ნეტავ რა იქნებოდა?
მგონი, სადღაც, უკან დავბრუნდებოდი. სხვისი არ ვიცი და მე –
კი. ის „უკან“, ურიგო სულაც არ იქნებოდა.
სტივენსონი ჯადოსნური სულაც არ არის, რომ ეს დაბრუნება
ჯადოსნური და ფერადოვანი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც
სინანულს კი გააჩენდა. მგონი, იმის სინანულს, რომ აგე, ამ
ხნისა მოვყრილვარ და სხვანაირად ფიქრი კი ვერ ვისწავლეო.
მე კიდევ, ისე დამამახსოვრდა ის „განძის კუნძული“, რომ
სადაც არ მივადგები რაიმეს წერას, აუცილებლად შემახსენებს
ხოლმე თავს და ვიწყებ მისი ამბების ჩაწერას საკუთარ
წიგნებში. ხან ისე, ხან ასე: გადაკეთებულად,
გადმოკეთებულად, სახელების გამოცვლით, შეძახილების
გამოცვლით, მაგრამ ეს ამბები შემომეპარებიან ხოლმე.
შეიძლება ეს სისულელეა, მაგრამ მე რატომღაც მომწონს.
უკვდავი ამბებია და თავს ეგრე იოლად ვერ ვანებებ.
ახლა რომ ცამეტი წლის ვიყო, გამიხარდებოდა.

98
ჰაკ ფინის შორიახლოს
მისისიპი არის ფართო მდინარე, მოშავო ფერისა და თითქოს
ჩქარი. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვნახე, ასეთი იყო. შუა
მდინარეში ზუსტად ისეთი ფართომილიანი და ბორბლიანი
გემი ირწეოდა, ოდესღაც კუნძულზე დამალულ სამ ბიჭს რომ
ეძებდა როგორც დამხრჩვალებს. იმ გემიდან პურის ნატეხებში
ჩატენილ ვერცხლის ფულებს ყრიდნენ წყალში, ამ ნაზავმა
დამხრჩვალისკენ წაყვანა იცისო.
მისისიპიში ხელი ერთადერთი მიზეზით ჩავყავი, მინდოდა
მარკ ტვენს შევხებოდი. სხვანაირად ამას ვერ მოვახერხებდი
და ეს მისისიპი მაინც...
დიდი გონივრული საქციელი არ იყო, მეცნიერული
თვალსაზრისით, მაგრამ მშვენიერი შეგრძნება კი იყო.
„დიდი მისური“, მგონი, ასე ჰქვია გემს, რომელსაც ერთი ბიჭი
ასახიერებს შაბათ დილით, როცა ქუჩაზე ჩამოივლის და
ღობესთან მომუშავე მეორე ბიჭს შეათვალიერებს.
ეს გემები, ტივები, ზანგები, ზეპირად სასწავლი ფსალმუნის
ლექსები, მკვდარი კატები, მდინარის პირს დაყოლებული
ძველი ამერიკის პატარა ქალაქები, მოქიშპე გვარები,
შეფერდსონები და... ეხ, რამდენნი იყვნენ. პოლკოვნიკი
შერბონი, ბებერი მეფ პოტერი, ბებერ ცხენ უილიამსის
საფლავი. მსოფლიოს ყველაზე მაგარი და თავისუფალი
ადამიანი ჰაკ ფინი, მსოფლიოს ყველაზე მეოცნებე და
დაუდეგარი ადამიანი ტომ სოიერი. ამათ ხომ ადრიდანვე
ვიცნობდი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ერთი ძველი წიგნი
მქონდა, „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჯერ კიდევ
ომამდელი გამოცემა, მთლად გაყვითლებული და ნახატებით
სავსე. იქ ელენე ახვლედიანის ნახატები იყო, თან ძალიან
ბევრი, ნაწერის გარდა უამრავი რამის დანახვაც შეიძლებოდა.
ლამის ყოველ ამბავს თავისი ნახატი ჰქონდა, ლამის ყოველი
პერსონაჟი ხილული იყო.
ნახატები რომც არ ჰქონოდა წიგნს, იქ მაინც ყველას და
ყველაფერს დაინახავდი.
აი, შეძახილი: ერთი მოხდენილი დარტყმით ძირს დასცა გაი
გისბორნი.

99
ტომ სოიერი წიგნებს კითხულობდა, დონ კიხოტივით. მგონი,
ზუსტად იმ წიგნებს, ან დაახლოებით ისეთ წიგნებს, დონ
კიხოტი რომ კითხულობს, და მერე ისევე იქცეოდა, როგორც
დონ კიხოტი, აღარარსებული სამყაროების შექმნას ცდილობდა.
მართალია, ბიჭი იყო და საქმეც ბიჭებთან ჰქონდა და გულიც
უფრო ყაჩაღობისკენ მიუწევდა, მაგრამ ნამდვილად ისე
იქცეოდა, როგორც დონ კიხოტი. ლომის გალიას არ მისდგომია,
მაგრამ საკუთარი სისხლით კი მოაწერა ხელი საიდუმლო
ქაღალდს.
როცა „ტომ სოიერის თავგადასავალს“ პირველად კითხულობ,
ამას სულაც არ მიაქცევ ყურადღებას, ვერც იმას მიხვდები, რომ
ბიჭი ხარ და თუ ოდნავ მაინც ჰგავხარ იმ ბიჭებს, რომლებიც ამ
საოცარ წიგნში მოძრაობენ, ესე იგი სწორად ცხოვრობ. ამეებს
ვერ მიხვდები, მაგრამ რაღაც უცნაური, იქამდე
წარმოუდგენელი ერთობის გრძნობა გიპყრობს და, მგონი,
წუხხარ კიდეც, რომ შენ არაფრით გამოგდის ის, რასაც ტომ
სოიერი და ჰაკ ფინი აკეთებენ. ეგებ იმიტომ არ გამოგდის, რომ
ტომ სოიერივით არ გიყვარს თამაში და ჰაკ ფინივით მყარად არ
დგახარ მიწაზე, მაგრამ ის ერთობა, ამ ბიჭებთან რომ გრძნობ,
სრულიად განუმეორებელია. სხვა ამგვარი ერთობა არ
არსებობს და არც მიიღწევა.
ეგებ იმიტომაც არ გამოგდის ეს ამბავი, რომ ქალაქ სანკტ-
პეტერბურგში არ ცხოვრობ. შენი ქალაქი არ იძლევა იმის
საშუალებას, რასაც ტომის და ჰაკის ქალაქი. ეგებ შენი ქვეყანაც
სხვანაირია და იმიტომ.
სანკტ-პეტერბურგი სინამდვილეში ჰანიბალია, პატარა
მდინარისპირა ქალაქი, სადაც მარკ ტვენი იზრდებოდა ოთხი
წლის ასაკიდან. გამოქვაბულებიც იქვეა და ყველაფერიც. კაი
კოხტა ქალაქია, პარკიც კი აქვს. იმ ქალაქში ცნობილია ტომის
და ჰაკის თავგადასავლების გმირთა პროტოტიპები: ნამდვილი
ბეკი ტეტჩერის სახელი და ვინაობა, ნამდვილი ჰაკის ვინაობა.
ჰო, ეს სახელი კი მახსოვს. ნამდვილ ჰაკს ტომ ბლენკენშიფი
ერქვა. ანუ, სინამდვილეში ჰაკს ტომი ერქვა, რაც გასაკვირი
სულაც არ არის. იქაც და ყველგანაც ყველამ იცის, რას ნიშნავს
მარკ ტვენი; მისისიპისპირელი აღარ უნდა იყო, რომ იცოდე,
რატომ და რისთვის – ეს მარკ ტვენი.
მარკ ტვენი. იცით, რაშია საქმე? მარკ ტვენს ძალიან ძნელი
ცხოვრება ჰქონდა. ყოველთვის ისინი უკვდებოდნენ, ვინც

100
გამორჩევით უყვარდა. უამრავი ფული ჰქონდა და ყოველთვის
კარგავდა, რადგან ბიზნესი მისი საქმე არ იყო. ცოლის
სიკვდილსაც კი მოესწრო. საყვარელი ქალიშვილი სიუზი
მენინგიტით გარდაეცვალა, მეორე ქალიშვილი, ჯეინი
აბაზანაში იპოვეს მკვდარი, მას ეპილეფსია სჭირდა და
გაგუდულიყო. მანამდე ვაჟი გარდაეცვალა, დიფტერიით.
ყველა უკვდებოდა, ვინც უყვარდა. ასეთ კაცს შეეძლო დაეწერა
სასაცილო მოთხრობები მაკ-უილიამსებზე, სასაცილო ოჯახური
მოთხრობები, იმიტომ რომ ის ამერიკის სიცილი იყო.
მეტიც, ის ამერიკული სიცილი იყო, პირველი დიდი ამერიკული
სიცილი, რომელსაც სულ სხვანაირი სიღრმე ჰქონდა.
ცოლი, ოლივია, ფოტოდან შეიყვარა. უნახავი სიყვარულით
უყვარდა. ოლივია მისი მეგობრის და იყო და შემთხვევით ნახა
მისი ფოტო. მერეღა შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი
ამერიკული სიცილისთვის ცოტა მოულოდნელი ამბავია; ანუ
ისეთი ვინმესთვის, სიცილის და ხალისის მეფედ რომ
წარმოიდგენენ.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ტვენი არ იყო მხოლოდ სიცილის მეფე.
ის რაღაცნაირი, პირდაპირი სიცილის ხელმწიფე იყო. მე თუ
მკითხავთ, ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს იმაზე სასაცილო,
ტვენი რომ ჯეიმს ფენიმორ კუპერის რომანებს არჩევს.
ბავშობაში ყველას გვიფურცლავს ეს წიგნები: „უკანასკნელი
მოჰიკანი“, „ტყავის წინდა“, „ნადირთმჟლეტი“... და ასე
დაუსრულებლად, მონადირე ნატი ბამპოს თავგადასავლები
ჯერაც ჩამოუქნელ ამერიკაში. საოცარი, გრძელი, თითქოს
დაუსრულებელი წიგნები, რომლებშიც ნამდვილი
თავგადასავლები წარმოუდგენელი სიდინჯით მიმდინარეობს.
ეს წიგნები სწორედ მანამდე გახსოვს რაღაც პირქუშ, ოდნავ
საშიშ და თითქოს დაუნდობელ ნაწერებად, სანამ ტვენის
ესეების ტომს არ გადააწყდები. მერე ეს წიგნები აღარ
არსებობს, ისევე როგორც უამრავი სხვა სიყალბესთან
მოტრიალე რამ, რასაც ტვენი ეხებოდა. ასეთი კაცი იყო:
თავიდანვე სჯეროდა რაღაცეების და დანარჩენის კი არაფრის.
რაც უფრო შედიოდა ასაკში, მით უფრო რადიკალი და
პირდაპირი ხდებოდა. ჩვეულებრივ კი, პირიქითაა ხოლმე.
თავის საუკეთესო წიგნად „ჟანა დ’არკი“ მიაჩნდა,
უკანასკნელი დამთავრებული რომანი, რომლისთვისაც

101
თორმეტ წელიწადს ემზადებოდა და ორ წელიწადს კი წერდა.
იმ რომანში იუმორის ნასახიც არ არის. რა თქმა უნდა, ის არავის
მიაჩნია ტვენის საუკეთესო წიგნად. ყველას ერთხმად,
„ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ ურჩევნია. მეტსაც ამბობენ:
მგონი, ჰემინგუეიმ თქვა, მთელი ჩვენი ლიტერატურა ამ
წიგნიდან წამოვიდაო, მგონი, ფოლკნერმაც რაღაც ამის მსგავსი
თქვა.
ამ წიგნს რაღაცეებსაც უწუნებენ, განსაკუთრებით ბოლოსკენ,
მაგრამ ცნობილი ტერმინი – „დიდი ამერიკული რომანი“ –
სწორედ მისგან იწყება.
საერთოდ, ეს ძალიან საინტერესო წყვილია, ეს ორი წიგნი:
„ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „ჰაკლბერი ფინის
თავგადასავალი“. როცა ბიჭი ხარ, უფრო პირველისკენ მიგიწევს
გული, როცა გაიზრდები, მეორისკენ.
ეს მისახვედრი ამბავია. „ტომ სოიერის თავგადასავალი“
გეოგრაფიულადაც კი ერთ სამყაროში ხდება, პატარა ქალაქში,
ბიჭის სამყაროში, რომელსაც მხოლოდ წარმოდგენით შეიძლება
გასცდე, ანდა პატარა კუნძულზე გადაიპარო, ჰაკ ფინი კი
მოგზაურობის წიგნია, ახალი სამყაროების აღმოჩენისა.
ჯიმი. ღმერთო ჩემო, რა კაცია ჯიმი. წუხელ სიზმარშიო კისერზე
ეშმაკები მომასხდნენ და მთელი შტატი მომატარესო. ხნიერი
ზანგი და ბიჭი ტივზე. კარგი, ყველამ იცის ეს ამერიკული
სურათი, ამერიკულ გზებზე გაფენილი ამბების დასაწყისი.
მერე და მერე მარკ ტვენი ხშირად იხსენებდა ტომს და ჰაკს,
ისინი მის სულ ნაირგვარ, დაუმთავრებელ წიგნებშიაც კი ჩანან.
„იდუმალი უცნობის“ ერთ-ერთ ვარიანტშიო ტომი თვით
სატანას გადაეყრებაო.
მაგრამ არის ასეთი წიგნი, „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“ და
კიდევ „ტომ სოიერი – დეტექტივი“. რა გითხრათ, იქ ის საჰაერო
ბურთშია, თუმცა, მის ძველ მეგობრებს იქაც შეუძლიათ მისი
ხასიათის განვითარებას მიადევნონ თვალი.
ტომი და ჰაკი ბავშვობიდანვე უკვდავნი იყვნენ, ამიტომ
შეიძლება, რომ ისინი სხვაგანაც მოხვდნენ, სრულიად
მიუჩვეველ ამბებში. ის, რაც უკვდავია და მარადიული,
სრულიად ჩვეულებრივ ამბებშიც მონაწილეობს ხოლმე და თუ
იტყვიან, არ არის მისი ხარისხის ამბავიო, მთლად ვერ

102
დავეთანხმები. ის უკვე ისეთია, რომ სულერთია, რომელ
ამბავში გამოჩნდება, შერლოკ ჰოლმსისა და ეზრა პაუნდისა არ
იყოს.
ქართულად ტომ სოიერის ახალი გამოცემაც არსებობს. ის ასევე
შესულია ბავშვთა ბიბლიოთეკის ცნობილ ტომებსა და
მსოფლიო ლიტერატურის ოთხმოცტომეულში. ჩვენი
ბავშვობის დროის წიგნი კი იყო რბილყდიანი და გრძელი „ტომ
სოიერის თავგადასავალი“ ჯემალ ლოლუას ილუსტრაციებით.
აი, იმას ვკითხულობდი ხოლმე, ვინაიდან ის ძველი, ომამდელი
სულ მთლად დაიფლითა და დაიცრიცა და მისი მხოლოდ
რამდენიმე ფურცელიღა შემომრჩა.
ჰაკლბერი ფინისა კი ქართულად ერთადერთი გამოცემა
მინახავს, ბავშვთა ბიბლიოთეკის და ოთხმოცტომეულის
სერიებში შესულის გარდა. ეს იყო სამოციანი წლების
დასაწყისის მაგარყდიანი ყვითელი წიგნი, რომელსაც ქოხის
სარკმლიდან სანახევროდ გამომძვრალი ჰაკ ფინი ეხატა. ის
ბიჭი საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ჰაკ ფინს, მაგრამ რას იზამ.
ყველას თავისი ფინი ჰყავს, ოღონდ კი ფინი მაინც ერთია.
ქართულად მარკ ტვენის სხვა გამოცემებიც იყო, ძირითადად,
რაღაც კრებულებში გაბნეული მოთხრობები და ცალკე კი,
მგონი, მისი ანტირელიგიური სატირა, ვინაიდან ტვენი დიდად
ეჭვიანი კაცი იყო მთელ რიგ რელიგიურ საკითხებში.
მაგალითად, მისი ცნობილი გამოთქმა დაახლოებით ასე ჟღერს:
რელიგია ასი წლის შემდეგაც იარსებებს, ოღონდ მუზეუმშიო.
სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დაახლოებით ასეთი
ნათქვამია. მას აქვს მოთხრობა, „კაპიტან სტრომფილდის
მოგზაურობა სამოთხეში“, სადაც ერთი იქ მოხვედრილი
გლეხიკაცი სტრომფილდს სამოთხის რაობას უხსნის. ტვენის
ეს მოთხრობა უფრო იმათ წინააღმდეგაა, ვინც სამოთხეს
ხილულ სამყაროდ აღწერდა და ტვენსაც მეტი რა უნდოდა.
ევას და ადამის დღიურები და სხვა ათასი ამგვარი ნაწერი
ფართოდ გამოიცემოდა საბჭოთა კავშირში, გასაგები მიზეზების
გამო. მეც კი მქონდა რუსულად, „პოლიტიზდატის“ მიერ
გამოცემული წიგნი, რომელსაც ზედ მარკ ტვენი და ღმერთი
ეხატა.
საერთოდ, ტვენს უყვარდა ადამიანების ისეთ სამყაროში
შეგზავნა, რომელიც არავის ენახა. კონეკტიკუტელი იანკის და
მეფე არტურის ამბავიც ამაზეა და მისი სხვა ბევრი წვრილი

103
ნაწერიც.
ტვენს ისტორიის ჩხრეკაც უყვარდა, ოღონდ უფრო წერით და
არა მისი შესწავლით. შესწავლა, მგონი, უფრო მერე დაიწყო,
„ჟანა დ’არკისთვის“ რომ ემზადებოდა. ამიტომ ამბობდნენ,
მისი „უფლისწული და მათხოვარი“ ინგლისის ისტორიის და
ადათების სრულ უცოდინარობას ამჟღავნებსო. ადგილის ცვლა,
სადღაც სხვაგან გადავარდნა მოულოდნელი შემთხვევის
წყალობით, ტვენს სხვაგანაც აქვს. უფლისწული და მათხოვარი
ხომ შეიცვლებიან და „მილიონი გირვანქა სტერლინგის
ბანკნოტიც“ ამაზეა. მოგზაურობა სხვა სამყაროში: რომ
გავაერთიანოთ. მგონი, აი, ეს იზიდავდა ტვენს. მისი ამბები
მოძრაობის ამბებია, ოღონდ სრულიად უცხო გარემოში.
„ბითური ვილსონიც“, ძალიან კარგი წიგნი სამხრეთის შესახებ,
„უფლისწულსა და მათხოვარს“ ჰგავს, ოღონდ იქ ბავშვები
შეეცვლებათ და ისინი განსხვავებულ გარემოში იზრდებიან.
ქართულად ასევე წამიკითხავს „კაცი, რომელმაც აცდუნა
ჰედლიბერგი“ და მაგარი და მტკივნეული მოთხრობაა.
როცა ტვენი თავის იუმორს სადღაც გადამალავს, ის ისეთი
მტკივნეული ხდება, რომ ლამის ფიზიკურ ტკივილში
გადაგიყვანს. უბრალოდ წერს, რაღაცნაირი, ალბათ ამერიკული
ტემპით.
მეტი არც კი მაგონდება, რომ მისი რამე მენახოს ქართულად.
ადრიდანვე მქონდა ტვენის თხზულებათა რუსული
რვატომეული, სტაფილოსფერობით თვალში საცემი, მაგრამ ეს
გამოცემა არ მიყვარდა და არც ახლა მიყვარს. როგორღაც ცოტაა
თუ რა არის, არ ვიცი. ანუ, რვავე ტომი რომ გადმოიღო და
გადაშალო სათითაოდ, როგორღაც გული ვერ მიგდის. კი,
მაქედანაც მაქვს წაკითხული ერთი-ორი რამ, „მისისიპის
დაყოლებით“ და „ბითური ვილსონი“, მაგრამ რაღაცნაირია
მაინც.
ჩემს ამხანაგს ჰქონდა ტვენის დიდი და სქელი, ცისფერი
თორმეტტომეული. აბა, ის იყო, თუ იყო. იქ ძალიან ბევრი
პუბლიცისტიკა შეეტანათ და სულ მინდოდა ამ გამოცემის
ყიდვა. ქალბატონ იზოსთან იდო ხოლმე, ჭავჭავაძეზე, მაგრამ
ხან ფული არ მქონდა, ხან რა და ახლა კი კარგა ხანია იქით ვერ
შემივლია, თუმცა, ხომ ვიცი, ისეთ დროს შევივლი, ფული რომ
არ მექნება და აღარც ვიცი საერთოდ, იყიდება სადმე ეს

104
რუსულად თარგმნილი ტომეულები?
ძალიან მაგარი პუბლიცისტიკა იყო იმ ტომებში: მოლინჩე
შეერთებული შტატები და რა ვიცი კიდევ რა. უამრავი
სასაცილო, სატკენი და ასე დაუსრულებლად. ნახსენები
მისისიპი ეკვატორის დაყოლებაზე, ავტობიოგრაფია... ეს
ძალიან მაგარი „ნონფიქშენია“. ტვენი ბევრს წერდა ასეთებს.
უამრავ ლექციას კითხულობდა, ბევრს ლაპარაკობდა.
მის პუბლიცისტიკაში და „ნონფიქშენში“ ყველაზე
შთამებჭდავი ფრაზებია. რადიკალური, თითქოს მშრალად
აწყობილი, დახლართული, თან სასაცილო, თან სატირალი, თან
დასაფიქრებელი...
მიხვდები, როგორი კაცი იყო. დაახლოებით მიხვდები.
ოღონდ კი უამრავი ადამიანისთვის ის მაინც ტომის და ჰაკის
გამომგონებლად რჩება.
კარგა პატარა ვიყავი, ჰაკ ფინს რომ ვკითხულობდი და ადგილ-
ადგილ ვერ ვამუღამებდი, სიმართლე რომ ითქვას. უაღრესად
შთამბეჭდავი ადგილი, რომელიც იმ დროს სულ თვალწინ
მედგა, იყო ხის სახლი, რომელიც მდინარეს მოაქვს და ჯიმი და
ჰაკი ზედ გადასხდებიან. სახლში მკვდარი კაცი გდია,
რომელსაც ჯიმი რაღაცას გადააფარებს. ჰაკი მამას გაურბის და
მხოლოდ წიგნის ბოლოს გაიგებს, რომ ის კაცი მამამისი იყო.
ოღონდ ჩემთვის უფრო შთამბეჭდავი იყო იმ ნივთების
ჩამონათვალი, ამ სახლიდან ტივზე რომ გადმოიტანეს ჰაკმა და
ჭაღარა ზანგმა. ოჰ, რა ნივთები იყო და როგორ მინდოდა.
ფულიც კი იპოვეს, ტანსაცმელში ჩაკერებული.
კიდევ მაგიჟებდა სიტყვათშეთანხმება: ტოლჩა არაყი.
ქართულად ეს საოცრად ჟღერდა. უფროსი ფინი რომ მიიპარება
ხოლმე არყის დასალევად. მერე კი ის ორი უბადრუკი კაცი, ორი
საბრალო კაცი, მეფე და ჰერცოგი. მაგრამ ყველაზე
გულისგანმგმირავი ჩემთვის ჰაკის და ბაკის მეგობრობა იყო.
მოსისხლე გვართა ამბავში მოხვედრილი ჰაკი, რომელიც
სწორედ მაშინ ტოვებს იქაურობას, როცა გვართაშორისი ომი
ახალი ძალით იწყება. ჰაკი – კაბაში, ჰაკი – მემკვიდრე... ვინ
აღარ არის ეს ჰაკი ამ წიგნის განმავლობაში.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჰაკი უკვე მდიდარი

105
კაცია, საკმარისია, საკუთარ სრულწლოვანებას დაელოდოს და
საზრუნავი აღარაფერი ექნება. მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთი არ
არის. საუკეთესო ადამიანები ასეთები არ არიან. ჰაკს ფული
აქვს, მაგრამ თავისუფლება უნდა. ეგებ ის ბიჭია და ამიტომ არ
იცის, რომ უნდა მოიცადოს და გაძლოს? კაცი რომ იყოს,
სხვანაირი იქნებოდა? კი, ცოტა სხვანაირია საზღვარგარეთულ
ამბებში, მაგრამ... ის სხვა ლაპარაკია. ის წიგნი ამ წიგნთან
არაფრითაა ჩაბმული.
ჰაკი ისევე გარბის, როგორც მონა ჯიმი. მონობა
სხვადასხვანაირი არსებობს. მგონი, „ტომ სოიერის
თავგადასავალში“, ბოლო გვერდებზე ლაპარაკობენ ტომი და
ჰაკი და ამბობენ: „დიდი არაფერი ყოფილა ეს ფული... სულ
ტყუილად გვეგონა კარგი რამ...“
ჯიმის განთავისუფლება, ჰაკის განთავისუფლება. უკეთესი რა
უნდა გააკეთო? კაცს მონობიდან ათავისუფლებ.
გულუბრყვილო, საბრალო, ცრურწმენებით შეპყრობილ კაცს,
უპატიოსნეს კაცს.
რომ არ მოგატყუოთ, ასეთი რამეები სულ არ მიფიქრია
ჰაკლბერი ფინის ადრე კითხვისას. ანდა რატომ უნდა მეფიქრა.
წიგნების წერა მაინც თვალის ხელოვნება მგონია და არა
გონებისა. თუ თვალი კარგად ხედავს და ჭრის, მერე გამოვა,
რომ გონებასაც სწორად უმუშავია. არ მგონია, ტვენს რაიმე
იდეებზე დაყრდნობით დაეწეროს ჰაკ ფინის თავგადასავალი.
შეგრძნებებზე დაყრდნობით კი დაწერდა. ეს მისი მისისიპის
ნაპირები იყო, ნაპირები, რომლებსაც ვერაფრით მოშორდა,
თუმცკი ათას და ათი ათას რამეზე წერდა და მთელი მსოფლიო
ფეხქვეშ ჰქონდა, იმდენი ემოგზაურა და ენახა.
ეს დიდი და საოცარი საჩუქარია, რაც მან გააკეთა.
დიდი, განუმეორებელი, თითქოს უცხო საჩუქარი. თანაც
ძალიან ამერიკული საჩუქარი. რატომღაც მგონია, რომ ვერც
ერთი ევროპელი მწერალი ასეთ წიგნებს ვერ დაწერდა
ბიჭებზე. რატომ მგონია ასე, ბუნდოვნად მაქვს
წარმოდგენილი. ოლივერ ტვისტი ძალიან მიყვარს, უზომოდ,
მაგრამ, აბა, რომელი ბიჭი იგრძნობს მასთან ერთობას?
ოლივერიც უპატრონოა და ჰაკ ფინიც. ორივეს მემკვიდრეობა
აქვს.
როგორ ვთქვა, აი, სერჯიო ლეონე ხომ იღებდა ვესტერნებს? ხო

106
ძალიან საყურებელია და მთელი ამბავი, ხო ნაირგვარი
რამეებია იქ? მაგრამ, აი, არის ერთი უბრალო ფილმი,
„მსროლელი“, ისეთ დროს გადაღებული, როცა ვესტერნი
დიდად ვეღარ იყო ვარგისი. ეს არის ჯონ ვეინის ბოლო ფილმი.
ისევე, როგორც გმირს, მსახიობსაც კიბო აქვს. ჰოდა, ამ ფილმში
მოთხრობილია ამბავი, რომ ყველას უნდა სახელი დაიგდოს
მომაკვდავი ლეგენდარული კოვბოის მოკვლით, ბევრად
ნამდვილია, ვიდრე ლეონეს გადასარევი და საკაიფო ფილმები.
ადამიანურ კავშირზე ვამბობ, თორემ „მსროლელი“ ვის
ეხსომება?
ამ ხელობათა ერთ-ერთი კუთხე ხომ გაიგივების უნარია. ეს
ხშირად ძალაუნებურად გამოდის, ამბავი ისეთია ხოლმე, რომ
გაიგივება შეგიძლია. რა თქმა უნდა, მოქნილი მაგალითი ვერ
არის, მაგრამ, მგონი, იმის თქმა მინდოდა, რომ არის რაღაცეები,
რაც მხოლოდ ამერიკულია. „მსროლელი“ ვესტერნია, მორჩა და
გათავდა. ჰოდა, რატომღაც ასე მგონია, რომ ჰაკ ფინის
ისტორიაც მხოლოდ ამერიკული ისტორიაა. აი, მგონი, ამის
ახსნა მინდოდა და ხაჭვიანად კი გამომივიდა, ბევრი
სიტყვებით და არცთუ სწორად.
იმავდროულად, ჰაკის ამბავი მსოფლიო ისტორიაცაა: ბიჭი,
ტივი და მდინარე. სვლა იქით, სადაც თავისუფლებაა.
პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველგვარი სიმბოლოების
გარეშე. წიგნის ყოველი ამბავი მსოფლიოში გავრცელებული და
ცნობილი ამბავია: ტყუილი მემკვიდრეობა, სისხლის აღება,
ერთი კაცი ბრბოს წინააღმდეგ და ასე დაუსრულებლად.
ამერიკული მხოლოდ ერთია: თავისუფლება კონკრეტულ
საზღვარს იქითაა. აი, იქ გადავალთ და ჯიმი თავისუფალი
იქნება. მეც რაღაცნაირად თავისუფალი ვიქნები, იმიტომ რომ
უკვე ყველასთვის მკვდარი ვარ. ძალით აღარ დამსვამენ
სავახშმო მაგიდასთან და მამაჩემიც თავს დამანებებს. როგორ
მინდა, რომ ყველაფერი ჩემს ხელში იყოს, ჩემი თავი ჩემს
ხელში. ამ ამბავში ამერიკული სწორედ ეს არის.
რა ვიცი, მგონი, ეგრეა. რომელი გამომკვლევი მე ვარ.
მე, უბრალოდ, ვიცი და ყოველთვის მახსოვს მარკ ტვენი და
ყოველთვის მენატრება ჰაკ ფინი.
ის საინტერესო ბიძაკაცი იქნებოდა: მოუვარდებოდა ხოლმე
ტომ სოიერი თავისი იდეებით. არ მგონია, მისი იდეები

107
თავმდაბლური ყოფილიყო. მაგრამ ჰაკი იოლად მოახერხებდა
ნამდვილის და მოგონილის გარჩევას. წლების განმავლობაში
ტომის ოპტიმიზმი მოიკლებდა, ის უფრო სევდიანი
გახდებოდა. მგონია, რომ ის ჰაკს დაუახლოვდებოდა
შეხედულებებით, მას ხომ ყოველთვის ასე უნდოდა, რომ
ჰაკისნაირი ყოფილიყო. თუმცა უფროსობაც უყვარდა. ჰაკს
არად მიაჩნდა მეგობრის უფროსობა, ამას მიმტევებლურად
უყურებდა. ძმურ ამბავში ჩაჰყვებოდა კიდეც ათას სრულიად
რომანტიკულ წამოწყებაში, რომელთაც ცხოვრებასთან
ნაკლებად ჰქონდათ კავშირი. სამაგიეროდ, ჰაკის ცხოვრება
ყოველთვის ცხოვრებასთან იყო ახლოს და ტომს ადრე თუ
გვიან მოუწევდა იქ შესვლა.
მერე კიდევ, ზაფხული მოვა და ტომის და ჰაკის
თავგადასავლების გადაკითხვის დროც მოახლოვდება.
ზამთარში, შემოდგომაზე ან, ზოგადად, ქალაქზე ამ წიგნებს
როგორ გავაფუჭებ.
ვერანაირად.
ზაფხულის წიგნებია.
ზამთარში, მგონი, შექსპირის გადაკითხვა სჯობს.
– გამიგონე, ჰაკ, ეგ რა გიჭირავს?
– მკვდარი კატა...
– ჰი, სულ არ გაშეშებულა?
მარკ ტვენს, სემუელ კლემენსს, რომელიც თხუთმეტი წლისა
უკვე გაზეთებში წერდა, ყველაფერი ესმოდა ბიჭებისა და
ადამიანის გულში მიმდინარე ამბებისა. უბრალოდ, ზოგჯერ
დიდად არ აინტერესებდა ეს ამბავი და შედარებით უბრალო
რამეებზე იხარჯებოდა. ეტყობა, იმიტომ, რომ ადამიანის
გულში მისთვის საიდუმლო არ არსებობდა და იქ, თუ უცხო
რამეს ვერ შეამჩნევდა, სწყინდებოდა.
მე კიდევ, იცით, რა მაქვს? სიმინდის ტაროსგან გამოჩორკნილი
ნამდვილი სამხრეთული ჩიბუხი. ზუსტად ისეთი, ტომი, ჰაკი
და ჯო ჰარპერი რომ აბოლებდნენ კუნძულზე.

108
რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ
როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა
წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო
მწერალი ჰგონია.
მგონი, მეც ასე ვიყავი.
მისი კარგა მოზრდილი სურათიც მქონდა, რომელიც მეცხრე
საავადმყოფოს მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე,
„კრუგთან“, როგორც მაშინ ამბობდნენ.
„კრუგი“ იმ ადგილს იმიტომ ერქვა, რომ ოდესღაც ტრამვაი
უხვევდა. ასე მითხრეს ძველმა ვაკელებმა, იქ თავდებოდაო.
მაგრამ ეს ჰემინგუეის არ ეხება. მიწისქვეშეთში უზარმაზარ
ფოტოქაღალდებზე დაბეჭდილი ბუნდოვანი პლაკატები
იყიდებოდა – „ბითლზი“, ხელიხელგადახვეული სიუზი
კვატრო და კრის ნორმანი, „პინქ ფლოიდი“. ვერ იყო ღირსეული
გამოსახულებები, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა ხოლმე. ჰოდა,
ჰემინგუეიც ამათში იყო. მგონი, მეცხრე კლასში ვიყიდე.
ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰემინგუეის ყველაზე
გავრცელებული ფოტო, რომლისთვისაც პერანგის ზედა
ღილები და საყელო რეტუშით შეესწორებინათ.
ჰემინგუეის ხელი ჩამოედო რაღაცაზე და სევდიანი ღიმილით
უყურებდა ობიექტივს. რახან სრულიად განუმეორებელი
გამოხედვა ჰქონდა, ჰემინგუეი ძალიან პოპულარული იყო.
ამ ფოტოს ბავშვობიდან ვიცნობდი: ასეთი სერიის წიგნაკი
გვქონდა: ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკა და ყდაზე
ყოველთვის მწერლების ფოტოები იყო. ერთი მოთხრობა და
ფოტო. ჰოდა, გვქონდა „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“, ზედ
კი ეს ფოტო, რომელიც მერე გადიდებული ვიყიდე. ოღონდ
წიგნაკის ყდაზე მას კუბოკრული პერანგი ეცვა, გადიდებულზე
კი – უფერო; ანუ იქაც რეტუში იყო.
ახლა, როცა ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ და ის სურათიც სადღაც
გაქრა, რატომღაც მგონია, რომ სურათი ჰემინგუეის
წიგნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ის იერი გაკითხებდა. თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია

109
სურათებზე. სულ სხვანაირი, ვიდრე სინამდვილეში იყო.
თუმცა, აქვე უნდა გამოვტყდე, რომ „კილიმანჯაროს
თოვლიანი მთა“ ეგრეც ვერ წავიკითხე, ვერც მაშინ (ალბათ
იმიტომ, რომ 13-14 წლის ვიყავი და ძალიან მოსაწყენი და
ბუნდოვანი რამ იყო ჩემთვის, თუ იმას გამოვაკლებთ, რომ
მოქმედება აფრიკაში ხდება) და ვერც მერე.
ამ წიგნს ჯადოსნური ეპიგრაფი აქვს. სრულიად გადასარევი.
არც ვიცი სხვა წიგნი, ასეთი მაგარი ეპიგრაფი რომ ჰქონდეს.
მერე რომ ვცდილობდი „კილიმანჯაროს“ წაკითხვას,
მეჩვენებოდა, რომ ეპიგრაფი ბევრად ჯობია თვითონ წიგნს. არ
ვიცი, ეს რის ბრალი იყო, მაგრამ მაინც ვეღარ წავიკითხე. ეგებ
იმიტომ, რომ ჰემინგუეის კითხვა ისე აღარ მიყვარდა, როგორც
ოცი წლის წინათ.
არის ასეთი სულელური ფილმი „კილიმანჯაროს“ მიხედვით,
თვითონ ჰემინგუეისაც არ მოსწონდა: გრეგორი პეკი თამაშობს.
იქ ესპანეთის ომის ამბებიცაა ჩამატებული. ის ფილმი რომ
ვნახე, მერე კიდევ ვცდილობდი „კილიმანჯაროს“ წაკითხვას
და მაინც არაფერი გამომივიდა.
ერთი დრო იყო და, ჰემინგუეის ნაწერებით ვცხოვრობდი და
მეგონა, რომ იმ ნაწერებში ვიყავი და ცხოვრებაც ისეთია,
როგორიც იმათში იყო აღწერილი. მეტს არც არაფერს
ვკითხულობდი და რახან რაღაცეების წერა მინდოდა, მეგონა,
რომ მასზე უკეთ ამას ვერავინ ახერხებდა. საერთოდ, ახლაც
მგონია, რომ ჰემინგუეიმ უამრავი რამ შეცვალა ნაწერში.
ოღონდ ისე მოხდა, რომ რომანები მოსაწყენი გამოუვიდა,
მოთხრობები კი, მგონი, მსოფლიოში საუკეთესო.
ასევე მგონია, რომ მოთხრობას, ნოველასაც რომ ეტყვიან, მან
აზრი დაუკარგა, უფრო სწორად, მის სერიოზულად წერას,
იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, კაცმა ისეთი
სერიოზულობით დაწეროს მოთხრობა, როგორც ამას ჰემინგუეი
ახერხებდა. არ გამოუვა და მორჩა. თუ მის გამოთვლებს და
წერის მანერას გაჰყვება, ეს, უბრალოდ, გამეორება იქნება და
მორჩა. სხვანაირად კი ისეთი არ გამოვა.
როგორ ვთქვა, არ ვიცი, ამ ჭკვიანურ ლაპარაკებში მოვისუსტებ.
გვერდების იმ მოცულობაზე, ჰემინგუეის მოთხრობა რომაა
განფენილი, შეუძლებელია, სხვამ იმდენი დატიოს, რამდენსაც
ის ტევდა. ჩვენს ბავშვობაში მოარულ ფანტასმაგორიებს შორის

110
ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ იაპონელებმა თითის სიგრძე
ბოთლი გააკეთეს, რომელშიც სამი ლიტრი ეტევაო. აი, რაღაც
ასეთია. თვითონაც რომ ლაპარაკობდა, აისბერგიო. დღეს ცოტა
უბრალო შედარებად ჩანს, მაგრამ მაინც ეგრეა და მორჩა.
სხვა ვერავინ შეძლებს ასეთი ნოველების წერას. ეს კაცი დილის
ექვს საათზე დგებოდა და ფეხზე მდგომი წერდა საწოლ
ოთახში, მაღალ მერხთან, ფანქრით ხელში. ითვლიდა და
ხაზავდა. თუ თავი მოვაბი, მერე დავწერ, როგორ
წარმომიდგენია მისი სამოთხრობე მუშაობა.
ჰემინგუეის პირველი მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, ისეთი
იყო, რომ ავტორს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ სკოლაში
ვსწავლობდი და ჩემმა კაი ამხანაგმა გამოაძვრინა წიგნი
გაკვეთილზე.
მოთხრობის წაკითხვის არსი ერთადერთი იყო – იქ აღწერილი
ეროტიკული სცენა. მოთხრობას ერქვა „იქ, მიჩიგანში“, „უ ნას ვ
მიჩიგანე,“ „აფ ინ მიჩიგან“ და თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი
მოთხრობა, რომელიც ცხოვრებაში გამოუქვეყნეს ჰემინგუეის.
მოთხრობამ მოულოდნელად ვიღაცის აღმოჩენით მოიპოვა
პოპულარობა ჩვენს კლასში და ზოგიერთები იმასაც კი
ეშმაკობდნენ, რომ ცდილობდნენ, გოგოებისთვის
წაეკითხვებინათ.
ამ მოთხრობიდან რაც მახსოვს, სიცივეა, მიჩიგანის ტბის პირად
რომ დგას. გოგოს, მგონი, ლიზი ჰქვია, ბიჭს კი – მჭედელი ჯიმი
ან რამე სხვა. იქ მათი სექსია აღწერილი. გოგოსთვის ეს
პირველია. ეს არის მთელი მოთხრობა. ახლა რომ ვფიქრდები,
კიდევ რა მახსოვს, პირველ რიგში რაღაცნაირი სისველე
მაგონდება, ნესტი, თუ რაღაც ასეთი, ფიცრები და ის, რომ
შემთვრალ ჯიმს თმა გასწეწოდა. საუცხოოდ დაწერილი
მოთხრობაა, ოღონდ ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეროტიკა – თუ
სასწაულით ხელში მოხვედრილ ჟურნალს ან იატაკქვეშა
ფოტოებს არ ჩავთვლით – იძებნებოდა თვით „დეკამერონსა“
და „დიდოსტატის მარჯვენაში“, ასევე ნებისმიერი ფილმის
ნებისმიერ კადრში – რავი, ყველგან. ამიტომ დიდად არ ვთვლი,
რომ ეს ჩემი ნამდვილი ნაცნობობა იყო ჰემინგუეისთან. თანაც,
მოთხრობა ეროტიკის დასამახსოვრებლად ძალიან პირქუში
იყო და გოგოც წარმოუდგენლად საცოდავი; ანუ, ავტორმა
თავისი საქმე გააკეთა და იმან, აბა, რა იცოდა, როცა ანასტას

111
მიქოიანთან ერთად არაყს სვამდა, რომ სამხრეთ საბჭოეთში (და
ეგებ სხვაგანაც) მისი პირველი მოთხრობა ეროტიკულ
შთაგონებათა წყარო შეიქნებოდა ყმაწვილთა შორის.
ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო „ჰარი
მორგანი“ – ცალხელა შკიპერის ამბავი, კი უესტსა და ჰავანას
შორის რომ დაცურავს, კონტრაბანდისტებთან,
რევოლუციონერებთან, ემიგრანტებთან ერთად, და შინ ცოლი
და სამი ქალიშვილი ჰყავს.
აქვე უნდა გამოვტყდე, რომ ეს არის ჰემინგუეის ერთადერთი
რომანი, რომელიც თავიდან ბოლომდე და იმავდროულად,
ბევრჯერ წამიკითხავს და თან ფურცლები არ გამომიტოვებია.
მაგრად მომწონდა „მშვიდობით, იარაღო“, მაგრამ იქაც კი
გამომიტოვებია რაღაცეები. „ფიესტაზე“ აღარაფერს ვიტყვი. რა
თქმა უნდა, ეს ჩემს სასახელოდ არაფერს ამბობს, მაგრამ აქვე
დავამატებ, რომ „ვის უხმობს ზარში“ ყველაზე მეტი
გამომიტოვებია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
კომუნისტების დროს ეს წიგნი კუპიურებით იყო გამოცემული,
შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, არც წამიკითხავს.
ახლა მინდა გამოვტყდე, რომ ჰემინგუეის ომისშემდგომი
წიგნებიდან ყველაზე უფრო „მარადიული დღესასწაული“
მომწონს. ბოლო დროს არქივში ნაპოვნი „სამოთხის ბაღი“ ვერ
დავამთავრე, „მდინარის გაღმა, ხეთა ჩრდილებში“ ორ საღამოს
მომევლინა სატანჯველად, ხოლო „სახიფათო ზაფხული“ მაინც
უბრალო ჟურნალისტური წიგნი მგონია, ისევე როგორც
„აფრიკის მწვანე ქედები“, რომელიც ამას მირჩევნია.
მოკლედ, ამის წამკითხველი იტყვის, რომ თუკი რამე
მეჯავრება ქვეყნად, ჰემინგუეის რომანებია.
ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალია და
თუ ვეღარ ვკითხულობ, უფრო ჩემი ბრალი უნდა იყოს, ვიდრე
მისი. მიზეზები არ მიძებნია. მოსაწყენობა – იოლი სიტყვაა.
ის კი ზუსტად ვიცი, რატომ ვკითხულობ „ჰარი მორგანს“
ხშირად (ოღონდაც მწერლის და მისი ქალის ამბების
გამოტოვებით): იმიტომ, რომ ამბავი მომწონს და ისიც, რომ
რაღაცნაირად, მგონი, ჰემინგუეისთვის სრულიად
მოუწესრიგებლადაა დაწერილი.
ოღონდაც, ეს სულ არაფერს ნიშნავს, რადგან ჰემინგუეის

112
მოთხრობებზე არაფერი მითქვამს.
თავიდან „ნიკ ადამსის მოთხრობებს“ ვკითხულობდი, ისევ
მიჩიგანურ ამბებს. იმათში ყველაზე მაგარი ჩემთვის „ათი
ინდიელი“ იყო: როცა ნიკს მამა უამბობს, რომ მისი ინდიელი
მიჯნური, პრუდი, ვიღაცასთან დაინახა ტყეში. ისე
დახვეწილად უამბობს, ისე დგას გზაში, სხვადასხვა ადგილას
ათი მთვრალი ინდიელი... ჰემინგუეის დედა არ უყვარდა.
მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით, მერე თვითონაც –
სანადირო თოფით. ნიკის მოთხრობებში ყველგან მამაა. როცა
თვრამეტი წლის ხარ და ათასი პრობლემა გაქვს, ხშირად თავი
ნიკი ადამსი გგონია. თუ, რა თქმა უნდა, კითხულობ მის
ამბებს. თან, მგონი, წარმოიდგენ კიდეც, რომ ბარე ორმოცი
წლის ჰემინგუეი ხარ და ეს ყველაფერი დაწერე. თან ისიც
გგონია, რომ ეს ყველაფერი გაიარე, რაღაც ამის მსგავსი შენც
გემართება. ნიკ ადამსის ამბებში არაფერი ისეთი არ არის,
თვრამეტი წლის ბიჭისთვის უცნობი რომ იყოს, ოღონდაც, რას
ნიშნავს ეს ამბები, თვრამეტი წლის ბიჭი გვიანღა ხვდება. იმ
დროს კი, როცა კითხულობს, თავგადასავლებშია გახვეული:
სვამს კიდეც, უარესებსაც სჩადის ხოლმე და, რა თქმა უნდა,
გოგოს ეძებს. იქ ჰემინგუეის ბიჭს პირველი გოგო ჰყავს
აღწერილი: ეს ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ
მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას, თუმცა ალბათ ყოველ
კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასეთი რამ, მგონი, არც ჯეკ
ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნდაც ისეთებს,
სულ ქალებზე რომ წერენ. გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ
მოჰფიქრებია. საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში ძალიან
მაგრად ერკვეოდა. მთელი ცხოვრება მათთან მარცხდებოდა,
მაგრამ ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა მათზე. „ვის
უხმობს ზარში“ ერთი ადგილია, უმაგრესი. წეღან რო
ეროტიკულ სცენას ვიხსენებდი მიჩიგანიდან, ის არაფერია
ამასთან შედარებით. სრულიად არაფერი. იქ, უბრალოდ,
დიალოგია. „ჰარი მორგანში“ ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია,
ჰარის ცოლი ვერ ითმენს, აქ კი, გაქანებულ ომში... რა ვიცი,
უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს ადგილი ჯობია. მე
მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები.
ყველაფერ იმაში, რაც ჰემინგუეის დაუწერია, ჩემი პირველი
უსაყვარლესი ნაწერია მოთხრობა „ფრენსის მაკომბერის
ხანმოკლე ბედნიერება“. იმის მერე – „მკვლელები“ და
„მარადიული დღესასწაული“, მაგრამ ამაზე ახლა არ მოვყვები.

113
„ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება“ არის
უსასტიკესი, უსაშინლესი, უმძიმესი ამბავი კაცზე, რომელიც
ბედნიერების წამს მოკვდა; თუ თავისუფლების წამს. თუ
მაშინ, როცა იფიქრა, რომ ღირსებამ არ მიატოვა.
„მოხუცსა და ზღვაში“ ჰემინგუეი წერდა, კაცი
დამარცხებისთვის არ დაბადებულა, შეგიძლია მოსპო, მაგრამ
ვერ დაამარცხებო. მაკომბერი კი ოცი წლით ადრინდელია.
მგონი, ოცით, ჰო.
ახლა ამ მოთხრობის შინაარსის მოყოლა სისულელეა.
უბრალოდ, პირველად რომ წავიკითხე, სწორედ მაშინ ვიფიქრე,
რომ მოთხრობების წერას აზრი არა აქვს.
აქა-იქ წამიკითხავს, რომ ჰემინგუეის სიუჟეტების პრობლემა
ჰქონდა.
მგონი, უფრო ბოლო 15-20 წელიწადს. ეს მოთხრობა კი იმ
დროისაა, როცა ის ყველაზე კარგად წერდა.
მერე და მერე, სულ ვფიქრობდი, როგორ მოიფიქრა მან ასეთი
დასასრული, როცა ქალი გაისვრის და თავის კაცს დააჭედებს
შუბლში. რა თქმა უნდა, თავიდანვე იცოდა. საერთოდ, როგორ
იგონებდა ასეთ მოთხრობებს?
ტორეროებზე რომ არის კიდევ, „50 ათასი“ ჰქვია და კიდევ
სხვებიც. უბრალოდ, ეს მაკომბერი ძვალსა და რბილში ატანს.
არის კიდევ ერთი ეგეთი მოთხრობა, „სამდღიანი უამინდობა“,
„კატა წვიმაში“ და კიდევ „თეთრი სპილოების მსგავსი მთები“
და კიდევ – „ბატონი და ქალბატონი ელიოტი“ და ამ ნაწერებში
ყველაფერი ქალზე და კაცზეა. ერთგან უშვილობა, მეორეგან
შვილის მოლოდინი, მესამეგან სასტუმროს ოთახი, მეოთხეგან
კი, მაკომბერის ამბავში – ტყვია შუბლში. არანაირი რომანტიკა
და სირბილე ამ მოთხრობებში არ არის. კი არა, ისიც მეეჭვება,
რომ მის საომარ და სანადირო თავგადასავლებში არის რაიმე
რომანტიკა. ის ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი,
რომელიც დილიდან ნელ-ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა
ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო მოთხრობები
რაღაცით ჰგავს ჯოისის „დუბლინელებს“ და ტურგენევის
„მონადირის ჩანაწერებს“. მაგრამ მისი კაცები ხშირად რაღაცით
ჰგვანან ჯეკ ლონდონის კაცებს. მგონი, ბედისწერის ამბავში,
ხოლო ნიკი ადამსი უღიმილო ტომ სოიერი თუ იქნება. ეს

114
რომანტიკა კი რატომ ვახსენე, ვერ მივხვდი: თითქოს
ჩვეულებრივ ამბებშიც კი დამალულია დიდი თავგადასავალი.
ასეთი გამოდის ჰემინგუეის მოთხრობები. დიდი დრამების,
დიდი ტრაგედიების სიჩუმით თხრობა. ფაქტობრივად,
სიჩუმით. იმიტომ, რომ მან ყველაზე უბრალო ინსტრუმენტები
აირჩია და ისინი ხელიდან აღარ გაუგდია.
რომანებში ეს რატომღაც იკარგება. ალბათ იმიტომ, რომ რომანი
სქელია, მოთხრობა კი თხელი. საერთოდ, რომანებიც
მოთხრობებია. თუკი რამ არის იქ კარგი, გადასარევი მოთხრობა
იქნებოდა, ოღონდ რახან რომანშია მოქცეული და ტერიტორიის
პრობლემა აღარ აქვს, იჩაგრება.
მაკომბერი კიდევ... – ეგ, მე მგონი, მაგ კაცის ცხოვრებაა. უფრო
სწორად, კოშმარი, რომელიც ქალებში გახლართულ ჰემინგუეის
ეწვეოდა ხოლმე. ცოლი სულ ოთხი ჰყავდა, მანამდე აგნესა ფონ
კიროვსკი, ბოლოს კი ადრიანა ივანჩიჩი უყვარდა. ჯავრობდა და
ნერვიულობდა. მგონია, რომ ბევრ კოშმარულ რამეს ფიქრობდა.
ფრენსის მაკომბერიც ერთი ასეთი კოშმარია. ოღონდ კოშმარი
რომ დრამად გადააქციო, ძალიან მაგარი მწერალი უნდა იყო.
ჰოდა, ჰემინგუეი იყო ის მწერალი, რომელსაც ედგარ პოს
მსგავსი ამბები მოსდიოდა თავში.
პო ბრწყინვალედ წერდა. მის მოთხრობებში მათემატიკაცაა,
ისევე როგორც ჰემინგუეის მოთხრობებში, მაგრამ პოს
მოთხრობებში, იქაური დახვეწილი კოშმარების მიუხედავად,
არ არის ტრაგედიის შეგრძნება; ანუ ის, რაც ასეთი მაგარია
პოსავე ლექსებში. ჰემინგუეისთან კი არის, ოღონდ კოშმარს
რომანტიკული იერი დაკარგული აქვს და ყოფით ამბადაა
ქცეული. ასე რომ მივყვე, გავაჭრელებ და ძალიან შორს წავალთ.
ისე კიდევ, რაღაც მომენტში, განსაკუთრებით ბიჭობაში, ის
შენი ასაკის ტკივილების და განცდების კონსპექტს გაწვდის.
ოღონდ მაშინ არ იცი, რომ სამყარო ამას იქითაც არსებობს.
საიდან იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?
თავს ვერ დავდებ, მაგრამ, მგონი, ოცდაათ წელიწადს რომ
მიუახლოვდები.
მგონი, ნაბოკოვი ამბობდა, ჰემინგუეი საყმაწვილო
ლიტერატურააო. არ ვიცი, იმან ეგრე იცოდა ხოლმე თქმა, ისე
გამოსდიოდა, მარტო მე ვიცი სწორად წერაო.

115
მაგას მოვეშვათ.
საბჭოთა კავშირში ხო როგორ იყო?
საინტერესო ადამიანების პორტრეტები მითებით იყო სავსე.
მით უმეტეს, თუ მაინცდამაინც ინტელექტუალი არ იყავი და
იმაზე უკეთესი წიგნები არ გქონდა, რაც სხვას.
ახლა გავიხსენებ, რა ვიცოდი ჰემინგუეის შესახებ.
მონადირე, მოკრივე, ყველა ომში პირველი გარბოდა, პირველ
მსოფლიოში მძიმედ დაიჭრა, მერე ნობელის პრემიის
მისაღებად თავისი ძმაკაცი, კოხიმარელი მეთევზე წაიყვანა,
მერე თავი მოიკლა.
კიდევ რა? არც მახსოვს. ზოგჯერ ესპანეთის ომის ქრონიკაში
გამოაჩენდნენ კომუნისტები და მორჩა. მაგრამ იქ იმდენად
უცხო იყო, რომ სახესაც ვერ დაიმახსოვრებდი, პოლ
რობსონთან ერთად ახსენებდნენ.
ამ ამბებიდან მართალი თითქმის არც ერთი არ იყო; ანუ იყო
მთლიანი ტყუილები და ნაწილობრივიც. ნობელის პრემიის
ასაღებად ჰემინგუეი საერთოდ არ წასულა. კოხიმარელი
მეთევზე კი პრესკონფერენციაზე გამოიყვანა, რათა ამ
უკანასკნელს დაედასტურებინა, მწერალს ჩემი
თავგადასავალი არ მოუპარავსო.
დაჭრით მართლა დაიჭრა, მთელი ორასი ნამსხვრევი ჰქონდა
ფეხში, მაგრამ არა ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ სიმშვიდეში
მოწინააღმდეგის მხარეს ინტერესისთვის გაისროლა და ამას
უაზრო ბრძოლის დაწყება მოჰყვა. ის სანიტარულ ბატალიონში
იყო და იმ დღეს, მგონი, პირველად მივიდა ფრონტის ხაზზე.
მონადირე და მეთევზე მართლაც კარგი ყოფილა, ასე ამბობენ.
თუმცა, არ მგონია, რომ ომების დროს ადამიანებს ხოცავდა.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ლონდონში მყოფმა, მეორე
ფრონტის გახსნის წინ, მთვრალმა ფეხი მოიტეხა და მესამე
ცოლმა, მაგარმა ჟურნალისტმა მარტა გელჰორნმა სასტიკად
დასცინა, როგორც მეომარს. მერე ანდრე მალროსთან მოუხდა
ჩხუბი (მალრო მაგრად იბრძოდა და რაღაცეები, მგონი, იმანაც
შეახსენა) ერთ-ერთი ფრანგული სასტუმროს ნომერში, რის
შემდეგაც მისი ძმაკაცი, შოტლანდიელი სერჟანტი მალროს
გასაღებს სთხოვდა.

116
ეს უარყოფითები უფრო უყვართ, თუმცა, სადაც იყო,
პატიოსნად იყო და ბევრი კარგიც გაუკეთებია, დაჭრილების
მოვლით დაწყებული, იახტით კარიბის ზღვაში გერმანელთა
სუბმარინების ძებნით დამთავრებული.
მე ძალიან შევშფოთდი, როცა ახალგაზრდა ჰემინგუეის ფოტო
ვნახე პირველად, ბორის გრიბანოვის წიგნში. სწორედ იმ
დროის, როცა ის საუკეთესო მოთხრობებს წერდა. ერთი
ჩამრგვალებული, ულვაშიანი ჯეელი, გადაკვანწილი თმებით,
არაფრით არ ჰგავდა იმ ადრე დაბერებულ, წარმოუდგენელი
მომხიბვლელობით სავსე კაცს, რომელიც კუბაზე ფეხშიშველა
დატანტალებდა, შორტებსა და ჩაღეღილ პერანგში
გამოწყობილი. საერთოდ, მგონი, რაც უფრო ბერდებოდა,
ჰემინგუეი მეტს და მეტს ფიქრობდა თავის გარეგნობაზე:
ნერვიულობდა თმაზე, რომელიც გასცვივდა და ის უკანიდან
ჰქონდა წამოფარებული.
ისე კი ამ ორ სურათს შორის საერთო მაინც იყო – თვალები.
ზუსტად ისე, როგორც „მოხუცი და ზღვაში“ დაწერა, მოხუცს
ყველაფერი ბებრული ჰქონდა, გარდა თვალებისაო. ამ წიგნს
რომ წერდა, ორმოცდაათი წლის იქნებოდა და უკვე მოხუცს
ჰგავდა. ეს ის დრო იყო, როცა სასმელს ჩაის ფინჯნებში
ისხამდა, რადგან დღის განმავლობაში ნორმირებული ჰქონდა
და ამ ფინჯნებით ატყუებდა თავის ბოლო ცოლს, მერის.
ჰო, როდის იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?
მგონი, მაშინ, როცა მოთხრობების ყველაფერი იცი და მის
რომანებზე გადახვალ. რომანები კარგია, მაგრამ მათსა და
მოთხრობებს შორის ერთი სხვაობაა: ისეთი რომანებია, რომ
შეგიძლია გადადო და დიდხანს არ დაუბრუნდე, ხშირად კი ეს
დიდხანს სამუდამოდ გამოდის, მერე კი აღარც მოთხრობებს
უბრუნდები. ისინი ზეპირად იცი და სიახლის შეგრძნება
დაკარგული გაქვს.
მაგრამ ამასთან ერთად, ჰემინგუეის არწაკითხვა იქიდანაც
შეიძლება დაიწყოს, როცა მისი ცხოვრების შესახებ წიგნების
ფურცვლას მოჰყვები.
ჩვეულებრივ, ეს იმის შემდეგ ხდება, როცა მისი მოთხრობები
უკვე ზეპირად იცი და აღარც ცხრამეტი წლისა ხარ.
სიმართლე რომ ვთქვა, ჰემინგუეის შესახებ ოთხი წიგნი მაქვს

117
წაკითხული. აქედან ორი – რუსების დაწერილი. ერთი
გრიბანოვის, ბიოგრაფია, მეორე პაპოროვის „ჰემინგუეი
კუბაზე“. პაპოროვი ჟურნალისტად იყო კუბაზე და წიგნი
კარგია. რა ვიცი, მე მომწონს. იქ ბევრი ისეთი ამბავია, სხვაგან
რომ ვერ შეხვდები და მთელი წიგნი ჰემინგუეის მსახურების
და კუბაზე დარჩენილი მისი ძმაკაცების მოგონებებითაა სავსე.
წიგნი კეთილგანწყობილია, ამბები დამაფიქრებელი და მძიმე.
მოკლედ, ამ წიგნის წაკითხვისას მიხვდები, რომ მას მძიმე
ცხოვრება და რაღაც სისულელეებით შეჭმული ხასიათი
ჰქონდა, საკუთარ თავთან გამკლავებას კი ძალიან იშვიათად
ახერხებდა. ასევე, აქედან ამოიცნობ, რომ ბრძენიც არ იყო და
მის შესახებ დაწერილ ყოველ სტრიქონს საშინლად განიცდიდა.
ბოლო ათ წელიწადს ის იშვიათად ერეოდა რამეს, თვით
საკუთარ წიგნებსაც კი.
ხოლო თუ გინდათ, რომ ის საბოლოოდ განადგურებული და
გაბურთავებული იხილოთ, ენტონი ბერჯესი უნდა
წაიკითხოთ.
მე რაც ვიცი, ბერჯესს ორი წიგნი აქვს ჰემინგუეიზე, ერთი –
„ერნესტ ჰემინგუეის სამყარო“, რომელიც 80-იანი წლების
ბოლოს ქართულადაც გამოვიდა, ოდნავ გრძელი სათაურით. ამ
ქართულ წიგნზე ჰემინგუეის ფოტოა, რომელშიაც ის ფიდელ
კასტროს ჰგავს, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს
ჰემი, კუბელთათვის კი პაპა, გრძელი წვერით დაიარებოდა და
არც მოხუცურად გათეთრებული ჰქონდა.
ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მარტა გელჰორნთან მოუხდა
უვარგისობა. მარტა მაგარი ამერიკელი ჟურნალისტი იყო,
მგონი, ახლახანს გარდაიცვალა. ის შიგნიდან იცნობდა პაპას და
ხშირად დასცინოდა კიდეც, განსაკუთრებით ბოლო დროს.
როცა ჰემინგუეიმ ლონდონში ჩააკითხა, ამბავიც იქ მოხდა.
ადრე კიდევ, ჰემი მარტას მეგობარ მაგარ-მაგარ და ელიტურ
ჟურნალისტებთან სმას ვერ იტანდა და იმათთან ლაპარაკსაც.
მას სმა სხვა ხალხში უყვარდა. ჰოდა, მარტასთან ჩხუბ-ჩხუბში
გადაეყარა მერის. მერის მშობლებს ის არ მოსწონდათ.
მას ლოთის და მაწანწალა კაცის სახელი ჰქონდა, ამერიკულ
გაზეთებს თუ გაადევნებდი თვალს. მარტას ის არ დანანებია.
უზარმაზარი ხორცის ნაჭერი, რომელსაც სპირტის სუნი უდის.
ერთ ფილმში ასეთი ფრაზაც კია, ხანდახან მაინც დაიბანეო.

118
მისი ბიოგრაფია უცნობი და მომხიბვლელი იყო. სინამდვილეში
კი არ არსებობდა იმ სახით, როგორითაც ნებისმიერ, მისი
წიგნებით აღფრთოვანებულ კაცს შეეძლო წარმოედგინა და
პრობლემაც აქვე იწყებოდა.
მე, პირადად, ძალიან ვბრაზობდი, როცა ერთი-ორი ჭკვიანი
უფროსი რაღაც ამნაირს იტყოდა, გაბერილი და გაბუქულიაო,
თვითონ ბევრი არაფერი საერთო აქვს იმასთან, რასაც ამბობენ
და ბევრად უსუსური და რთული კაციაო.
აბა, ჩვენ რა ვიცოდით...
ჰო, ამასობაში კიდევ, ბერჯესის მეორე წიგნი: „ჰემინგუეი“,
რომელიც მის პირად ცხოვრებას აღწერს. ბერჯესს იუმორი აქვს.
მას დაცინვაც ეხერხება. ცინიკურობაც გამოუვა. ტიპიური
ინგლისური რამეები ბიოგრაფიული წიგნისთვის. წიგნი
ქართულად არ არის, არც რუსულად, მგონი. იქ ჰემინგუეი
უბედური, მდაბალი, სახელს, ტრაბახს გამოკიდებული და
საცოდავია. მერე ძნელია „ვის უხმობს ზარის“ კითხვა.
ომის შემდეგ ჰემინგუეიმ ამერიკული მედალი დაიწუნა, უფრო
მაღალი ჯილდო მერგებოდაო, ოღონდ მაინც მიიღო.
საერთოდ, ჰემინგუეის დრამატულ ამბებში და მის შინაგან
სიმძიმეებში, რომელთაც საგულდაგულოდ მალავდა (ვინ არ
დამალავს) მთავარი ის იყო, მას წარმოედგინა, რომ რაღაც უნდა
დაემტკიცებინა. როგორც ნაწერებში, ასევე ცხოვრებაში.
პრობლემა მაშინ იწყებოდა, როცა ორივე უჭირდა – წერაც და
ცხოვრებაც. ცხოვრება სულ უბრალო რამეთა გამო წაუხდებოდა
ხოლმე, წერა კი უფრო და უფრო ჰგავდა სატანჯველს. წერაში
სისხარტე დაკარგა. ბევრს მუშაობდა, მაგრამ ყველაფერი
მოსაწყენი და ტლანქი ჩანდა. ცხოვრებაში სიმშვიდე რომც
მოეპოვებინა, წერა მაინც არ გამოსდიოდა.
მის ცხოვრებაში სიახლე აღარ იყო: ნადირობა აფრიკაში, სმა
ჰავანაში და ახალი რა? ადრიანა რომ შეუყვარდა, ხვდებოდა,
რომ მერის ვეღარ მოშორდებოდა. ჯერ ორმოცდაათისაც არ იყო,
მაგრამ – უკვე მოხუცი, რომელიც გრძნობს, რომ ვეღარაფერს
შეცვლის. და უცებ, ამას მოჰყვა „მოხუცი და ზღვა“. მაინც
მოახერხა. ჟურნალმა „ლაიფმა“ დაბეჭდა. ტირაჟი მთელ კვირას
იზრდებოდა. უცებ ნობელის პრემია მიიღო. მაგრამ ცხოვრება
ძველებურად გაგრძელდა.

119
მგონი, მას უნდოდა, ერთხელ და სამუდამოდ ყველას ერთად
ეთქვა, რომ ის არა მხოლოდ დიდი მწერალია, არამედ მამაცი და
სრულიად განუმეორებელი ადამიანი. ის დონ კიხოტი
ნამდვილად არ იყო, თუმცა მხეცებთან გალიაში მართლა
შესულა.
ეს ჰავანაში მოხდა. ცირკის გაქნილმა იმპრესარიომ მისი გვარი
აფიშას დააწერა, რათა წარმოდგენა გადაერჩინა. მხეცების
მომთვინიერებელი ავად გახდა. სისულელე იყო, მაგრამ
იმპრესარიო მის ვაჟკაცობას გაეთამაშა და, ცოლის პროტესტის
მიუხედავად, ჰემინგუეი გალიაში შევიდა და ვეფხვები
ახტუნავა. ეს მართლა გამაოგნებელი ამბავია სამოცს
მიტანებული კაცისგან. მას სწორედ ეს უნდოდა.
მეტიც უნდოდა, მას უნდოდა ბელადი ყოფილიყო: ერთხელ,
აფრიკიდან დაბრუნებულმა, თავის მეგობარს უამბო, რომ ერთ
იქაურ ტომში ვაჟკაცების შეჯიბრში გაიმარჯვა, რითაც ტომის
ბელადის ქალიშვილი დაიმსახურა და ამ ქალისგან ახლა ბიჭი
შეეძინა, რომელიც ტომის ბელადი გახდება.
ჰო, ამ მეგობარს რაღაც ძვირფასი დანა გაატანა აფრიკაში, ეს
ჩემს შვილს გამოადგება, ბელადი რომ გახდებაო.
კაცი გაოგნებული იყო: რის ტომის ბელადი, რა ქალი, რომელი
შვილი...
უფრო სწორად კი მეგობარი ექიმი იყო და ყველაფერს მიხვდა.
დანა თვითონ შეინახა და პაპასაც აღარაფერი უკითხავს.
ასეთი ამბავი უამრავია.
მისი ფრაზა – კაცს არა აქვს ლოგინში სიკვდილის უფლება: ან
ბრძოლაში, ანდა ტყვია შუბლში – ვაჟკაცობის აუცილებლობის
დამტკიცებას გულისხმობს.
მისი თვითმკვლელობა ელექტროშოკით ნამკურნალევი მძიმე
ავადმყოფის საქციელი იყო. მაგრამ მან ამით ის დაამტკიცა, რის
გამოძერწვასაც ბოლო ოც წელიწადს ცდილობდა: რომ ვაჟკაცი
იყო.
არ ვიცი, ამბობენ, ბოლოს დევნის შიში ჰქონდაო, ფედერალური
ბიუროს აგენტები ელანდებოდაო, ვეღარ გაუძლო და ამიტომაც
მოიკლა თავიო. თუ ასეა, ეს უბედურებაც ისევე გამოუვიდა,
როგორც წიგნები და ცხოვრება. თავი მოიკლა და ეს მის

120
სიმამაცეს უჩვენებდა, ღრმა მიზეზები კი სხვა იყო. თვითონ
გასროლა და მისი აისბერგი ერთმანეთს არაფრით ჰგავდნენ.
არ ვიცი.
ისიც არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ეს ამბები მის
ვეღარწაკითხვაზე, მაგრამ როგორღაც მისი ცხოვრება ცხადი
ხდება. მგონი, არც ვიცი სხვა მწერალი, მისი პირადი ცხოვრების
შესახებ ამდენი რომ წამეკითხოს და მესმოდეს. ალბათ ამის
ბრალიცაა. ძალიან ცხადად ადარებ მის წიგნებსა და ცხოვრებას.
ცხოვრებას კი ისეთი თვისება აქვს, რომ წიგნებს
გააფერმკრთალებს ხოლმე. ეს რომ მარკიზ დე სადი ყოფილიყო,
პრობლემა არ იქნებოდა: რასაც წერდა, იმას ცხოვრობდა და
რასაც ცხოვრობდა, იმას წერდა. მაგრამ ეს ჰემინგუეია. ის
ცდილობდა ეცხოვრა ისე, როგორც ესმოდა და რაღაც აკლდა,
წიგნებში ეს რაღაც შუბლით გაჰქონდა, ცხოვრებაში კი
ნაკლებად. ჰოდა, გასაჭირიც ეს იყო.
მერე წიგნებშიც გაუჭირდა.
წაკითხვა-არწაკითხვა... ვერწაკითხვა... საერთოდ ერთია, როცა
ცოცხალ მწერალს კითხულობ და მეორე, როცა ძველს. ეს
სისულელეა. იმიტომ, რომ არ იცი, როდის მიუბრუნდები და
როდის შეძლებ ჰემინგუეის ხელახლა წაკითხვას. ეგებ უცებ
ისევ დაგიახლოვდეს, სწორედ იმ დროში, რომელიც წინ გაქვს,
და რომელიც მის ერთ მოთხრობაშია აღწერილი –
დაუძლურებული მწერალი რომ ძლივსღა დაჩოჩავს სახლში.
ჰემინგუეი ამბობდა, რომ ცხოვრება ტრაგედიაა, რადგან მისი
ავი ბოლო თავიდანვეა ცნობილი. სიკვდილზე ყურადღების
გამახვილება მისთვის ჩვეული რამ იყო, სიკვდილთან
შეხვედრა, მგონი, საერთოდაც უმნიშვნელოვანესი რამ.
„მკვლელებში“ არის სრულიად გასაგიჟებელი ადგილი, როცა
შვედი მოკრივე ოლე ანდერსონი სახლში წევს, კედლისკენ
გადაბრუნებული და მკვლელებს – ელს და მაქსს ელოდება.
ნიკი აფრთხილებს, გეძებენო. ის კი წევს და ელოდება.
რატომ?
დაიღალა?
მოთხრობა ადრინდელია, მაგრამ ჰემინგუეი ადრიდანვე
გრძნობდა დაღლას.

121
ისე კიდევ, თავის საუკეთესო წლებში ის ვირტუოზი გახლდათ.
წერის სისტემა, რომელიც მან მოიგონა, სრულიად
უნივერსალურია, თუმცა ფასდაკარგული, რადგან სულ სხვა
წიგნებში, სულ სხვა ავტორების ნაწერებში მისი არამოცნობა
შეუძლებელია. იქ კი მათ ფასი არა აქვს.
ეს მთელი ჯადოა: კითხულობ რაღაც წიგნს და ჰოპ! უცებ
თეთრი წვერი, ნაღველში ჩაფლული თვალები... – აი, ეგ არის
მისი სისტემა. ასლების კეთებაზე კი არ ვამბობ, კაი მწერალს
რომ უცებ გაეპარება. ისე მოახერხა, რომ ვეღარსად წაუხვალ.
კი, არის კაფკიანური რომანები, ფოლკნერიანული,
ჯოისიანური, პრუსტიანულიც იქნება... – გასაგებია, ასეთი
საუკუნე იყო.
მაგრამ ჰემინგუეის ნაწერი სხვანაირად მოიპარება. მან
მოიგონა საუკუნის ტემპი, საუკუნის დიალოგი, საუკუნის
ნოველა. თან ის ისე მოიპარება, რომ ძალაუნებურია და არა
წინასწარგანზრახული, რომ აი, მე ჯოისი მიყვარს და ასე ვწერ.

კაცი საკურორტო ბიბლიოთეკიდან


ადრე, ინტერვიუზე რო მოვიდოდნენ ხოლმე, აუცილებლად
მკითხავდნენ, თქვენი საყვარელი მწერალი რომელიაო. ეტყობა
წესია ასეთი, რომ აუცილებლად უნდა გკითხონ: რახან წიგნებს
წერს, საყვარელი მწერალიც ეყოლებაო.
ხან რას ვპასუხობდი, ხან რას, იმ წუთში რაც
მომაფიქრდებოდა, ანდა იმ წუთში რის გადაკითხვაშიც ვიყავი.
აღარც მახსოვს, რაებს ვპასუხობდი, სიმართლე რომ ვთქვა,
იმიტომ, რომ მგონი, ბარე შვიდი წელია, დავატყვე, რომ
ინტერვიუს გაცემას აზრი არა აქვს, მით უმეტეს, როცა ის ისეთ
რამეებს ეხება, რაც საერთოდ არ მაინტერესებს და ზრდილობის
გულისთვის შეკითხულს, საყვარელი მწერალი რომელიაო,
ძნელად გასცემ პასუხს ჯიგრიანად.
არა, იყო ხოლმე, რომ ვინც მეკითხებოდა, კარგად
მეკითხებოდა, იმიტომ, რომ რასაც მე ვაკეთებდი, დაახლოებით
იმასვე აკეთებდა, ოღონდ ცოტა სხვა ჟანრში, მაგრამ ეგეთი
შემთხვევა სულ ერთი-ორი ყოფილა.

122
ჰო, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს საყვარელი მწერალი
რომელიაო, დამამახსოვრდა და გვარიანადაც დავფიქრდი
ერთხელ.
იმის გამო კი არა, რომ ვიღაცისთვის მეთქვა, ჩემი საყვარელი
მწერალი ეს არის და ამიტომ და ამიტომ-მეთქი, არამედ მე
თვითონაც დამაინტერესა. ეს ეგებ სასაცილოც იყოს, იმიტომ,
რომ არა მხოლოდ იმას მეკითხებოდნენ ხოლმე, საყვარელი
მწერალი რომელიაო, არამედ იმასაც, საყვარელი წიგნიო.
რაღაცეებს იქაც ჩამოვთვლიდი ხოლმე, მაგრამ მერე და მერე
დავატყვე, რომ ესეც საინტერესო არ იყო, რადგან, ჩვეულებრივ,
აღარ გკითხავდნენ, რატომ არის მაინცდამაინც საყვარელიო, და
პირდაპირ ვეუბნებოდი, უჰ, ბევრია-მეთქი ასეთი. მართლა
ბევრია, რო დაფიქრდე, მაგრამ მაინც სხვანაირად შეიძლება.
ახლა რომ დავფიქრდი, საყვარელი წიგნი სულაც არ ნიშნავს
მაინცდამაინც, რომ ეს შედევრი იყოს. მგონი, ადრეც დავწერე ამ
რვეულებში. უბრალოდ, რაღაცით დაგემთხვევა ესა თუ ის
წიგნი და მორჩა.
არის წიგნები, რომ მილიონებს დაემთხვევა, და არის,
რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს. ბორხესს
უწერია ერთგან, როცა გავიგე, ჩემი წიგნი ოცდარვა ცალი
გაიყიდაო, ძალიან გამიხარდაო. ხუმრობა ხომ არ არის, ჩემთვის
უცნობმა ოცდარვა კაცმა ჩემი წიგნი იყიდაო. სიზუსტეზე თავს
ვერ დავდებ, მაგრამ ორმოცზე მეტი ნამდვილად არ უთქვამს.
ამიტომ ალბათ საყვარელ მწერალზე რომ დაფიქრდები, მის
ნაწერებთან ერთად მისი ცხოვრებაც გახსენდება. როცა მის
ნაწერებს კითხულობდი, ალბათ სულაც არ იცოდი რაიმე მისი
ცხოვრებიდან და მერე და მერე იმიტომ შეიტყვე, რომ მისი
ნაწერები გიყვარდა.
მე კიდევ ის მახსენდება, რომ ერთი ზაფხულიც იყო და ერთ
სამთო კურორტზე გახლდით, ვითარცა მოზარდი. იქ
მინერალური წყლებიც მრავლად მოჩუხჩუხებდა და იყო
კინოდარბაზი, რომელშიაც ყოველდღე დავიარებოდით, თუ
მაინცდამაინც ინდური მიუზიკლი არ გამოდგებოდა. კინო
ყოველდღე იცვლებოდა, თუ ინდური არ იყო: ინდურს უამრავი
მაყურებელი ჰყავდა და ორ-სამ დღესაც კი დატოვებდნენ.
კინოდარბაზის, სხვანაირად რომ ვთქვათ, კლუბის შენობაში,
მარცხენა მხარეს იყო ადგილობრივი საკურორტო ბიბლიოთეკა.

123
არ მგონია, რომ იქ მოსახლეობა დაიარებოდა. ეს სწორედ
მეკურორტეებისთვის იყო. წიგნების მისაღებად პასპორტი იყო
საჭირო, ანუ თან უფროსი მაინც უნდა გხლებოდა.
პასპორტიდან რაღაცეებს გადაიწერდნენ და მერე წიგნების
წამოღებაც შეგეძლო.
ოღონდაც, ამ ბიბლიოთეკას, ისევე როგორც ბევრ სხვას, ერთი
უცნაური განწყობა ჰქონდა: ბიბლიოთეკარებს წიგნების
გამოტანება დიდად არ უხაროდათ. ასეთ რამეს სკოლის
ბიბლიოთეკაშიც შეამჩნევდი.
რატომ იყო ასე, დაჯერებით ვერას მოგახსენებთ, მაგრამ
დიდად არ უყვარდათ. პირველად რომ მიხვიდოდი,
საერთოდაც ერთი წიგნის მეტს არ გამოგატანდნენ, აქაოდა, აბა,
ამას როგორ დააბრუნებ, იმის მიხედვით მოგექცევითო.
ნახსენები უნდობლობა, მგონი, სწორედ წიგნის დაბრუნების
საკითხი იყო: თუკი ვინმეს ბიბლიოთეკაში ფეხი შეუცდა და
წიგნი გამოიტანა, ძალიან საეჭვოა, რომ მის დასაბრუნებლად
მეორედაც მივიდეს იქ და მერე ამ წიგნის ძებნა
ბიბლიოთეკარებს უწევთ. მგონი, ასე იყო: ჩვენი ქართველური
მოუწესრიგებლობის ამბიდან გამომდინარეობდა.
ჰოდა, არ უყვარდათ ბიბლიოთეკარებს, რომ წაიღებდი.
განსაკუთრებით, კურორტზე: მიდი და ეძებე მერე.
იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, კურორტებზე ბიბლიოთეკებში
ხალხმრავლობა იყო-მეთქი, მაგრამ ვიღაც ხომ მაინც მიდიოდა
იქ? ახლა რომ ვიხსენებ საკურორტო ბიბლიოთეკების თაროებს,
ნოდარ დუმბაძის ოთხი რომანის გამოცემა მახსენდება. ასეთი
ნაკითხი წიგნი იშვიათად მინახავს. არ მახსოვს, რომელი
პატარა ქალაქის თუ კურორტის ბიბლიოთეკაში ვნახე ეს წიგნი,
მაგრამ ასეთი ნაფურცლი არასდროს არაფერი მინახავს.
საერთოდ, იმ დროის ბიბლიოთეკებში სწორედ ამით
მიხვდებოდი, ვის წიგნებს კითხულობს ხალხი. ანდა, ვთქვათ
გეტყოდნენ, პოპულარულ წიგნზე, გატანილიაო, და მორჩა.
რატომღაც ბიბლიოთეკებში სულ დავდიოდი. წიგნები სახლშიც
მქონდა, მაგრამ ბიბლიოთეკის წიგნს სხვა გემო აქვს. ქვითარზე
რომ ვადას გიწერდნენ, მაგარი რაღაცა იყო, ანუ ამ ვადაში უნდა
დაგებრუნებინა. არ მგონია, საქართველოში დათქმულ
თარიღზე მიეტანოს ვინმეს, მაგრამ ხომ გიწერდნენ.

124
მერე: ბიბლიოთეკის ბეჭედი რომ ერტყა, თუ არ ვცდები
მეთექვსმეტე და ოცდამეთორმეტე გვერდებზე. ისე, რანაირი
მკითხველი ვარ, იმ ძველი ბიბლიოთეკების ერთი წიგნიც არ
შემომრჩენია სახლში. ერთი-ორჯერ საგანგებოდ ვეძებე.
იმიტომ, რომ მახსოვს, ერთხელ, სოლოლაკში ერთი კარგი
ბიბლიოთეკა დაიხურა, სრულიად გადასარევი და წიგნები
ჩამოწერეს, პირდაპირ უნდა გადაეყარათ, მე მგონი. მე და
ირაკლი მივედით, რახან ბიბლიოთეკის უფროსი ჩვენი
დედების ახლო მეგობარი იყო და ვიქექებოდით იმ
გადასაყრელად გამზადებულ წიგნებში. რაღაცეები წამოვიღეთ,
მაგრამ სად არის ის რაღაცეები? აი, შეკითხვა.
კაი, მოვეშვები ახლა ამ ბიბლიოთეკების გახსენებას. მგონი,
იმიტომ გავაგრძელე ასე, რომ სწორედ გუშინ, მანქანაში ვიჯექი
და რა გასაკვირია, რომ საცობში მოვყევი და, მგონი, მთელ ათ
წუთს ვუყურებდი ერთი რკინის ცხაურებით დაცული,
თითქოსდა სამუდამოდ დაკეტილი ბიბლიოთეკის ფასადს
ქუჩის კიდეზე.
თუმცა, უბიბლიოთეკოდ მაინც ვერ ვილაპარაკებდი საყვარელ
წიგნზე და ეს ორი ამბავიც ერთმანეთს გადაეხლართა, საცობი
და საკურორტო ბიბლიოთეკა, რომელიც კინოდარბაზის
ხელმარცხნივ მდებარეობდა.
იმ ბიბლიოთეკაში შავებში ჩაცმული ქალი უფროსობდა.
ეტყობა, ქმარი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და თუმცა
წიგნების გამოტანება დიდად ალბათ მასაც არ უყვარდა,
მაგრამ, მშობელთა პასპორტებით შეჭურვილი რომ დამინახა,
უკან აღარ დაუხევია.
იცით, რა? ერთი ცუდი თვისება მქონდა და, მგონი, ახლაც მაქვს.
საერთოდ ვერ ვერთობოდი ახალგაზრდულ, გინდაც
მოზარდულ თავყრილობებზე. საერთოდ. ამას დივანზე გდება
მერჩივნა. იქ კი, იმ კურორტზე კარგი აივანი იყო, ზედაც
სრულიად გაცვეთილი დივანი. პანსიონატში ჰყვებოდნენ, რომ
ის ოროთახიანი და ორაივნიანი ნომერი, რომელიც იმხანად ჩვენ
გვეჭირა, უშიშროების თანამშრომლების სამყოფელი იყო მაშინ,
როცა კურორტზე ქვეყნის რომელიმე მეთაური ჩამოვიდოდა.
ქვეყნის მეთაურს მაშინ ცეკას მდივანი ერქვა. ამიტომ, ნომერში
ტელევიზორიც კი იყო, აივნიდან გადაშლილ ხედზე კი უკვე
მოგახსენეთ. წამოწვებოდი იმ აივანზე და მიდიიი...

125
ჰოდა, წიგნები საჭირო იყო. უწიგნოდ, აბა, როგორ?
აი, უყურე, როგორ არი. სადმე რომ მიდიხარ და სახლიდან
მიგაქვს წიგნი, მერე ამ წიგნის წაკითხვა დიდად არ გინდა და
წიგნს იმ ახალ ადგილას ეძებ. მე ასე ვარ და სხვისი კი არ ვიცი.
სახლიდან წაღებული წიგნი, დიდი-დიდი, თვითმფრინავში
წავიკითხო, ანდა მატარებელში, იმ ახალ ადგილას კი ძალიან
მიჭირს და იქ ვეძებ ხოლმე წიგნებს. ჰოდა, იმ ძველ დროსაც ასე
მჭირდა და იმ შავებში ჩაცმულმა დეიდამ ამარჩევინა და
ამარჩევინა. მთლად აწყვეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ
ოთხი წიგნი კი გამომატანა. იმ ოთხიდან ორი ნამდვილად არ
წამიკითხავს, მაგრამ იმ ოთხიდან ორი ამერიკული
მოთხრობების კრებული იყო. ქართულად, სქლად, კოხტად
გამოცემული.
ეს ორტომეული მერე სახლშიც მქონდა, ანდა მანამდეც მქონდა
სახლში, ოღონდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მოკლედ, აღარ
მახსოვს. იქ რომ გამოვიტანე, ნაღდია.
ამერიკული მოთხრობის ორტომეული რუსულად გვქონდა.
ახლა იმის მხოლოდ მეორე ტომი ვიპოვე სახლში. იქ ორი
სრულიად გადასარევი მოთხრობაა: ო.ჰენრის „მუნიციპალური
ანგარიში“ და ტომას ვულფის „მხოლოდ მკვდრებმა იციან
ბრუკლინი“. არა, სხვებიც მაგარია იქ, რინგ ლარდნერის, ეპტონ
სინკლერის და ასეთი მოწითალო ხალხისა, მაგრამ ის ორი მე
განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ეს ქართული გამოცემა კი რაღაცით უკეთესი იყო.
ცხადია, ორი ტომი ორ საუკუნეს ნიშნავდა, პირველი
მეცხრამეტეს და მეორე მეოცეს. ჰოდა, ის მეოცისა არ
წამიკითხავს. რატომ, არ ვიცი. ეტყობა, ჰემინგუეი უკვე
ვიცოდი, სხვები კი არ მაინტერესებდა იმხანად. ეს შეცდომა
იყო, თუმცა მეცხრამეტე ისეთი მაგარი იყო, რომ მეოცეს ვეღარც
გადავწვდებოდი.
ვაშინგტონ ირვინგით იწყებოდა: „რიპ ვან ვინკლი“,
უცნობილესი ამბავია ერთი კაცისა, რომელიც ტყეში ძველი
დროის ამერიკის მოსახლეებს გადააწყდება და შინ მრავალი
წლის შემდეგ მოხუცებული დაბრუნდება, ისე რომ ეს მრავალი
წელი თვითონ ერთი დღე ჰგონია.
საერთოდ, ყველა ამერიკული კრებული ირვინგით იწყება და

126
ახლა იმას ნამდვილად ვერ მოვყვები, რა მაგარი ვინმე იყო
ირვინგი, როგორ დაეხეტებოდა ესპანეთში, როგორ მოიგონა
დიტრიხ ნიკერბოკერი და ასე შემდეგ. „რიპ ვან ვინკლი“
მრავალი წლით მქონდა ჩახვეული, ინგლისურის
გაკვეთილებზეც კი ამ მოთხრობას ვკითხულობდი.
წიგნში ბევრი მაგარი ვინმე იყო. ედგარ პოდან მარკ ტვენამდე.
პოსი, მგონი, „ოქროს ხოჭო“ და დიუპენის ერთ-ერთი
მოთხრობა მოეთავსებინათ, დიდი მაიმუნი რომ დედა-შვილს
დაგლეჯს. ასე მახსოვს. მარკ ტვენის უსასაცილოესი ნაწერები
შეეტანათ მაკ-უილიამსების ოჯახზე: თუ როგორ
უმკლავდებიან ისინი ჭექა-ქუხილსა და ხუნაგს. მოკლედ,
ძალიან კარგი წიგნი იყო ეს პირველი ტომი: ჰოთორნი,
მელვილი... თუ არ ვცდები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამათი
მოთხრობები იმ წიგნში არ მახსოვს. ჰო, ო.ჰენრიც იყო, თუმცა,
მეცხრამეტე საუკუნისთვის მიეკუთვნებინათ. მგონი, ეს
ორტომეული არა საუკუნეთა საზღვრით იყო გაყოფილი,
არამედ პირველი მსოფლიო ომით. საბჭოურად რომ ვთქვათ,
ამერიკელი მწერლები დიდი ოქტომბრის სოციალისტურ
რევოლუციამდე და მის შემდეგ განეთავსებინათ ორ ტომში. კი,
მგონი, ასე იყო. იმიტომ, რომ ო’ ჰენრისიც ძალიან კარგი
მოთხრობები იყო, არც მთლად რიგითი. ვთქვათ, „ეი შენ, ნუ
ეკურკურები ჩემს გოგოს“. ეს კარგად მახსოვს. ღმერთო, სად
არის ეს წიგნი? იქ, მგონი, ერნესტ სეტონ-თომპსონის „ლობოც“
კი იყო, თუმცა სეტონ-თომპსონი კანადელი გახლდათ, ოღონდ
ამერიკის მოქალაქე. ალბათ ამიტომაც. ხომ გახსოვთ სეტონ-
თომპსონი? „როლფი ტყეში“ და „პატარა ველურები“,
ავტორისავე ნახატებით. ღმერთო, სად არი ეს წიგნები?
საქმე ის კი არ იყო, რომ ამ სქელ და კარგა დიდ წიგნში
უბრალოდ მაგარ მწერლებს მოეყარათ თავი, არამედ ის, რომ
რაღაცნაირი, მოუხელთებელი ერთობა იგრძნობოდა. თითქოს
ბევრ მწერალს დაეწერა ერთი წიგნი. ეს ძალიან მიმზიდველი
სამყარო იყო. აკი ვამბობ, ზაფხულში წიგნის კითხვას სულ სხვა
გემო აქვს. ზამთარში კიდევ, მოიცა ერთი...
კი, ეს ერთიანი სამყარო იყო. სამწუხაროდ, მე ამ წიგნის
რედაქტორი და გამომცემლობა არ მახსოვს. მკითხველი
იშვიათად აკვირდება ასეთ რამეებს. მერე მისი მსგავსი
რამდენიმე წიგნი მქონია. ცნობილი კრებულებია, „გრეით
ემერიქან შორთ სთორი“, რომელშიც ეს ყველაფერი არის, რა

127
თქმა უნდა, ცოტა სხვანაირად და სხვა ავტორებითაც. თუმცა,
არც ერთ ასეთ ამერიკულ კრებულს რატომღაც ისეთი გემო არ
ჰქონია ჩემთვის, როგორიც იმ პირველ ტომს ჰქონდა.
შეიძლება ვთქვა, რომ ძალიან დიდხანს ეს ჩემი საყვარელი
წიგნი იყო, მაგრამ ახლა ეს წიგნი აღარ მაქვს. დაიკარგა სადღაც,
გაძვრა ხელიდან. ვიღაცას მივეცი თუ ვიღაცამ წაიღო, აღარ
ვიცი. მაშინ კი, წამოსვლის დილას დავაბრუნე ბიბლიოთეკაში
სხვა წიგნებთან ერთად.
ახლა კი ვიტყვი, რა იყო ჩემთვის მთავარი ამ წიგნში; ანუ,
ყველაზე უფრო ვინ მომეწონა და ყველაზე უფრო ვინ
იმოქმედა.
საქმე ის იყო, რომ იმ მწერლების სრულ უმრავლესობას,
კრებულში რომ მოეყარათ თავი, ასე თუ ისე, ვიცნობდი. მაშინ
რამდენის ვიქნებოდი? ალბათ ცამეტის. ჰოდა, მარკ ტვენი
ვიცოდი და მიხაროდა, ედგარ პო ვიცოდი და ძალიანაც
მაშფოთებდა, მელვილიც ვიცოდი, „ტაიპი“ გვქონდა სახლში და
„მობი დიკიც“, რომელიც, რა თქმა უნდა, არ წამეკითხა. უფრო
სწორად, მხოლოდ შესავალში, ვეშაპებზე შეკრებილი
ამონარიდები წამეკითხა. ო.ჰენრი, რა თქმა უნდა. სეტონ-
თომპსონი. აი, ხედავთ რა შეუძლია წლებს? ბრეტ ჰარტი
საერთოდ დამავიწყდა. ოღონდ, აი, ნახავ, ბრეტ ჰარტზე ცალკე
დავწერ. და ამბროზ ბირსი? ყველა გამეგო, მაგრამ სტივენ
კრეინი კი არ ვიცოდი.
გულახდილად რომ ვთქვა, ამ წიგნში შესულ მოთხრობებს
ამორჩევით ვკითხულობდი და კრეინს ეგებ მხოლოდ მესამე
დღეს მივადექი. არ ვიცოდი და ალბათ ჯერ ნაცნობებს
ვეტანებოდი.
ჰოდა, კრეინს რომ მივადექი, ამ წიგნის კითხვის ხერხი
სრულიად შემეცვალა.
იმიტომ, რომ მერე კარგა ხანს მხოლოდ კრეინს ვკითხულობდი
და ვერაფრით ვანებებდი თავს.
წიგნში კრეინის სულ სამი მოთხრობა იყო. „ნავი“, „ცისფერი
სასტუმრო“ და „პატარძალი მოვიდა იელოუ-სკაიში“. პირველი
ორი უფრო ერთი პონტისა იყო, დრამატული, მესამე კი
სახალისო.

128
„ნავი“ დიდად არ მომწონდა, მაგრამ „ცისფერი სასტუმრო“ და
პატარძალი, ო-ჰ-ჰო...
არ მგონია, რომ მაშინ საბჭოთა კავშირში გამოცემული
ყოფილიყო კრეინის „მეგი, ქუჩების გოგო“ და „სიმამაცის
ალისფერი ნიშანი“ – სამოქალაქო ომის ამბავი. მაშინ
საერთოდაც არ ვიცოდი, ვინ იყო ეს კრეინი, საიდან და რატომ
არ არსებობდა მისი წიგნები.
საინტერესოა, როგორ მოქმედებს ხოლმე წიგნები ადამიანზე.
უჰ, რა გაცვეთილი რამე ვთქვი. ჩემზე ძალიან იმოქმედა
კრეინმა. წარმოუდგენლად. საერთოდ, ეს კრებული იმით იყო
მაგარი, რომ რაღაც სრულიად უცნობ სამყაროში შეჰყავდი და
გრძნობდი, რომ ამ სამყაროს საზღვრები არა აქვს. მაშინ, რა
თქმა უნდა, ასე ვერ გამოვხატავდი ამ აზრს, მაგრამ
ვგრძნობდი. ცამეტი წლის რომ ხარ, ასეთ სიტყვებს ვერაფრით
მოიფიქრებ. რაღაცას გრძნობ. ასე მემართებოდა, როცა ამერიკის
სამხრეთის შესახებ ვუყურებდი ფილმებს. სამხრეთ ამერიკის
კი არა, სამხრეთის შტატების შესახებ. ძალიან მიზიდავდა ეს
სამყარო. ჩვენ გარშემო, ჩვენს წიგნებში ასეთი რამ არ
არსებობდა. ამას კი მიხვდებოდი, ცამეტი წლისა რომ იყავი,
რომ იქ რაღაც სხვაა და სულ სხვანაირ რამეებს წერდნენ და
წერენ. ამიტომ, მგონია, რომ ამ წიგნმა ძალიან შემცვალა.
გარეგნულად რას შემცვლიდა, დიდად ვერა, შლაპას
ნამდვილად ვერ დავიხურავდი, როგორც ალბათ ამ კრებულის
გმირების უმრავლესობას ეხურა, მაგრამ შიგნით კი შემცვალა.
ინტერესი სულ სხვა მხარეს წაიღო. მაგ ასაკში ისედაც
გეჯავრება იმის მიღება, რასაც გთავაზობენ, ეს კი ზედ დაერთო.
მივხვდი, რომ შეიძლება მოიგონო რაღაც სამყარო, რომელიც
სულაც არ იქნება იმის მსგავსი, რომელსაც ყოველდღე ხედავ.
მოგონებაც არ უნდა, აგერ იყო, წიგნში. თუმცა, როგორც
გაირკვა, ბოლოს მაინც მოგონება ვამჯობინე.
ამ საქმეში წამყვანი კრეინი იყო. მაშინ ჩემს ფიქრებში გმირების
პირდაპირ გადმოღებით ვიყავი გართული. აბა, მეტი რა
შეგიძლია ეგეთ ასაკში? მაგრამ ეს ძალიანაც მომწონდა.
„ცისფერ სასტუმროზე“ ვგიჟდებოდი. ერთი ოხერი კაცის
ისტორიაა, რომელსაც სასტუმროში არ დააყენებენ და
სიკვდილს კი შულერის ხელიდან ჰპოვებს სალუნში. სრულიად
მხიბლავდა პერსონაჟების სახელები, აღმოსავლეთელი,
კოვბოი, შვედი.

129
ანდა იელოუ-სქაის, პატარა ქალაქის ამბავი. შერიფი სხვა
ქალაქიდან უნდა დაბრუნდეს იქ და თან ახალშერთული ცოლი
მოჰყავს. რაღა თქმა უნდა, შერიფს ქალაქში მისი მთავარი
მტერი ელოდება, რომელსაც სურს, რომ მთელი ქალაქის წინაშე
კაცურად გაარკვიოს ურთიერთობა მასთან. არის ასეთი
განთქმული ვესტერნი, „შუადღე“ ჰქვია. ძალიან ჰგავს კრეინის
ამ მოთხრობას, მაგრამ მისდაგვარი გულუბრყვილო სიკეთე კი
არა აქვს. ჰოდა, ეს ორი მტერი ერთმანეთს შუა ქუჩაზე ეგებება
და ხანმოკლე ლაპარაკში, რომელსაც ალბათ სროლა უნდა
მოჰყვეს, შერიფი ამბობს, აი, დავბრუნდი, ცოლი შევირთეო.
მტერი კიდევ ისე გულწრფელად დაიბნევა და აიჭრება, რომ...
ყველაფერი წესრიგშია, მემ, ჩემის მხრივ, ყველაფერი
წესრიგშია, – მგონი, ასე ეუბნება პატარძალს. მერე მკვეთრად
მიტრიალდება ქუსლებზე და დეზების ჟღარუნით მიდის.
კრეინი ოცდაცხრა წლისა გარდაიცვალა, ჭლექიანი იყო.
ამერიკელებს მისი წიგნები დიდად არ უყვარდათ,
ამათრახებდნენ კიდეც. განსაკუთრებით – ლექსებს. ინგლისში
კი „სიმამაცის ალისფერმა ნიშანმა“ დიდი სახელი დაიგდო.
ბოლო ხანს სწორედ ინგლისში ცხოვრობდა, მაგრამ ჭლექთან
საომრად ჰაერს ეძებდა და საბერძნეთშიაც იყო და გერმანიაშიც.
იმიტომ მოუსწრო სიკვდილმა. როგორც მახსოვს, ბოლო ხანს
ღატაკად იყო, მანამდე კი საგაზეთო სახელი სამხედრო
კორესპონდენტობით ჰქონდა გავარდნილი. კუბაზეც იყო და
თურქეთ-საბერძნეთის ომშიაც. წვალობდა. ძირითადად,
წვალობდა. ცოლად ბორდელის მეპატრონე ქალი ჰყავდა,
რომელიც იმავდროულად მწერალიც იყო და ჟურნალისტიც.
ერთად დაეხეტებოდნენ ბრძოლებში. თავიდანაც ასე გაიცნო,
ომზე საწერად მიმავალმა. იცით, რა არის? პოეტები რომ ადრე
კვდებიან ხოლმე, თითქოს გასაგებია. ძველი, დიდი, ნამდვილი
პოეტები. რომანების და მოთხრობების მწერალი კი ადრე რომ
კვდება, დიდი საცოდაობაა. ოცდაცხრა წლისა და ასეთი ნაწერი,
ასეთი გამოცდილება, ასეთი სიცოცხლეების და ბედ-იღბლის
საქმეებში ჩახედულობა. ის კი მოკვდა. რა მაგარი იქნებოდა
კრეინი ორმოცი და ორმოცდაათი წლისა, ადვილი მისახვედრია.
როგორი იქნებოდა, ისიც წარმოსადგენია. იცით, რა ჰქონდა
კრეინს? ფერები და სინამდვილე. სინამდვილეს არა აქვს
ხოლმე ისეთი ფერები, რომ წაგაქციოს. კრეინთან კი ჰქონდა.
მას ჰქონდა დაუნდობლობა და სიკეთე. დაუნდობლობას არა
აქვს ხოლმე სიკეთე. მასთან კი ეს გამოდიოდა.

130
მაშინ, როცა პირველად ვკითხულობდი, ამას, რასაკვირველია,
ვერ ვხვდებოდი.
მაშინ მხოლოდ ფერები და ამბავი იყო. როგორ ვთქვა? მარკ
ტვენი და ჰემინგუეი რომ შეურიო.
ეს დიდი იღბალი იყო, საკურორტო ბიბლიოთეკაში რომ
კრეინის სამი მოთხრობა „შემომხვდა“. არა მგონია, რომ
უამისოდ რაიმეს წერა დამეწყო, ვინაიდან მახსოვს, რას
ვწერდი, როცა თოთხმეტი წლისა ვიყავი. არ ვიცი, ამით რაიმე
ხეირი თუ გამოვიდა, მაგრამ წერა კი სწორედ იმიტომ
მსიამოვნებდა, რომ კრეინის გმირთა აჩრდილებს დავატარებდი
სასაცილო ფურცლებზე. ძალიან სასაცილოა, ახლა რომ
ვფიქრობ, მაგრამ ფერებს კი ვგრძნობდი და გადმომქონდა.
მერე კრეინი სხვამ შეცვალა, ისევ ამერიკელმა, მაგრამ ჩემთვის
დასაწყისი ის იყო. რას ამბობ?! ბუხრის გვერდით ქვიშით სავსე
საფურთხებელი ყუთი რომ დგას, რომელშიაც ჩიბუხს
ჩაბერტყავენ ან სიგარის ნამწვავს ჩააგდებენ. ასეთ ნივთებს
ვხედავდი იქა და მეც მინდოდა, რომ ასეთი ნივთებით
გაძეძგილ სამყაროში ვყოფილიყავი. ადამიანებზე არაფერს
ვამბობ. ამ სამყაროს დაფიქსირების აუცილებლობა კი წერა იყო.
ეს მერე იყო, ყველგან რომ ვყიდულობდი კრეინის წიგნებს.
ბევრი არ არის, რას მოასწრებდა? ახლაც მიდევს თაროზე
„სიმამაცის ალისფერი ნიშანი“. ზედ შუბლგადახვეული
ჩრდილოეთის არმიის ჯარისკაცი ახატია. ძალიან მოხდენილია,
ძალიან. თეთრ ნაჭერს სისხლი აჩნევია. ნამდვილი სიმამაცის
ალისფერი ნიშანია. უი, საიტიც არსებობს ამ რომანისა და იმის
ჩათვალიერებაც შეუძლია ვინმეს.
ეს ლაპარაკი კი, მგონი, სულ სხვა რამის გამო წამოვიწყე.
საყვარელი წიგნიო, საყვარელი ავტორიო. მგონი, რაღაცები
ვთქვი ამის შესახებ. ოღონდ ეს უფრო ძველი დროის საყვარელ
წიგნსა და ავტორზე იყო.
ისე კი, ჩემი საყვარელი წიგნი ერსკინ კოლდუელის
„ჯორჯიელი ბიჭია“.

პატარა ბიჭები და დიდი წიგნები


სიმართლე რომ ვთქვა, პატარა რომ ვიყავი, არავის ურჩევია, ესა

131
და ეს წიგნი წაიკითხეო. ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს.
ერთი ის მახსოვს, რომ „ბიძია თომას ქოხს“ ვატრიალებდი
ხელში და შეიძლება ვინმემ მითხრა, წაიკითხეო, მაგრამ იმას
იქით ბევრი არაფერი.
რომ მაჩუქებდნენ, იმის ფურცვლას მოვყვებოდი, თორემ ისე,
სახლის წიგნები დიდად არ აღმაფრთოვანებდა და გულიც
დიდად არ მიმიწევდა. ეტყობა, ახალი მომწონდა. თანაც, მაშინ
ალბათ ძალიან პატარა ვიყავი და ჯერ კიდევ ჰარიეტ ბიჩერ-
სტოუმდე საბავშვო წიგნებს ვატრიალებდი ხელში.
„სალამურა“ სადღაც ზღვის პირას მახსოვს, სადაც მამაჩემს
ორმა ძველმა ფეხბურთელმა ჩამოაკითხა და სოჭში რატომღაც
მეც წამიყვანეს, გამხეთქეს ნაყინის ჭამით. მე, რა თქმა უნდა,
ვერ ვხვდებოდი, რომ ნაყინს იმიტომ მაჭმევდნენ
დაუნანებლად, რომ მათთვის სმა დამეცლია. თანაც,
დედაჩემიც არ იყო და ნაყინს ვინ დათვლიდა.
მანამდე კიდევ, ჩოჩორ მაფინზე ვკითხულობდი (რაც, მგონი,
ადრეც ვახსენე) და კიდევ გივი ჭიჭინაძის საბავშვო პოემებს,
ჭიანჭველათა ომებზე.
ბებიაჩემის ქუჩაზე ერთი ბიჭი ცხოვრობდა, გელა ერქვა, ასანთს
„გააძრობდა“ და ჭიანჭველების ბუდეებს უკიდებდა ხოლმე,
ნახე, როგორ დარბიანო. მე კიდევ ის ჭიანჭველები
მახსენდებოდა, პოემებში რომ ომობდნენ.
იმ დროში წიგნებისა თითქოს მეტი არაფერი მახსოვს.
ერთი ის მაგონდება, რომ წიგნებზე მელაპარაკებოდნენ ხოლმე.
ამ ლაპარაკებიდან სრულიად მაგიური და შემაშფოთებელი ის
იყო, რომ ყური მოვკარი ფრაზას, რომელსაც, მგონი, მთლად მე
არ მეუბნებოდა ერთი ჩვენი ნათესავი ქალი, დამათენდა
„წითელისა და შავის“ კითხვაშიო, და ისე ცუდად გავხდი, უცებ
მოვისროლე წიგნი და მისკენ გახედვის მეშინოდაო.
რა თქმა უნდა, ძველ ამბავს იხსენებდა, მგონი, საერთოდაც
ომამდელს, როცა მერვე-მეცხრე კლასელი გოგონა იქნებოდა.
კი ვიფიქრე, რა დიდი და საშინელი რამ უნდა იყოს ეს „წითელი
და შავი“-მეთქი და, საერთოდ, წიგნები დიდად კეთილი რამ არ
მეგონა, ალბათ ამ დეიდის ლაპარაკიდან გამომდინარე. თანაც,
„რობინზონ კრუზო“ რომ მიამბო იმავე დეიდამ, სულაც

132
შევშფოთდი, კაციჭამიები, მარტოობა დაუსახლებელ
კუნძულზე და მთელი ამბავი.
ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ის „ბიძია თომაც“ დიდად
საშინელი რამ იყო.
მოკლედ, ცხოვრებაში კარგი არაფერი ხდებოდა, ესეც ცხადი
იყო, ოღონდ მხოლოდ რაღაცნაირად საშიში. თუ წიგნს არ
გადაშლიდი, დიდად საშიში არც რამე გამოვიდოდა. ზოგ წიგნს
სრული საშინელება ეხატა. მაგალითად, შარლოტა ბრონტეს
წიგნს იმგვარად შეწუხებული ქალის სახე ამშვენებდა, რომ აბა,
ჰა... თუმცა, მგონი, ამის შესახებაც დავწერე სადღაც და
წარამარა რაღაცეები რომ არ გავიმეორო და შერლოკ ჰოლმსის
სისხლიანი ამბებით მოგვრილი ძრწოლა რომ არ გამახსენდეს,
ისევ სხვა საშინელებისას მოვყვები.
არ ვიცი, ეტყობა, იმის ბრალია, რომ მაინც პატარა ვიყავი და
რაღაცეებს ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე
ვკითხულობდი. თანაც, ხშირად ისე, როგორც ახლა
ვკითხულობ ხოლმე, ანუ პირდაპირ წიგნების თაროებთან და
ალალბედზე გადაშლილი წიგნიდან რამდენიმე გვერდს.
დაახლოებით ისე, როგორც კაცები უყურებენ ხოლმე
ტელევიზორს, წამდაუწუმ აქეთ-იქით რომ რთავენ და ქალები
რომ ბრაზობენ, რაიმეს ყურება მაცალეო. ქალებმა, რა თქმა
უნდა, არ იციან, რომ ტელევიზორში იმიტომაა ამდენი არხი,
რომ წამდაუწუმ გადართო და თუ ფეხბურთი არ არის ან
შემთხვევით კინო არ მოგეწონა, იქ გულდადინჯებით საცქერი
არაფერია.
ჰოდა, წიგნების კარადაც ეგრეა. ხან რას გამოაძრობ, ხან რას.
მერე საწოლთან დაიხვავებ და ხან ერთს გადაშლი, ხან მეორეს.
ეგებ რაღაცა კიდეც მოგეწონოს, ანდა მიაგდო, სულაც ექვსი
თვით და მერე დაუბრუნდე.
მოკლედ, საშინელება კარს იყო მომდგარი.
მგონი, ასე თერთმეტი წლის ვიყავი და აუცილებლად
ზაფხული იყო, ვინაიდან შინ მხოლოდ მე და ბებია ვიყავით.
თან ძალიანაც ცხელოდა.
ამ დროს ბიჭები ეზოში არ ჩამოდიოდნენ ხოლმე, შუადღე
რაღაცნაირი, სიესტასავით დრო იყო. დილით ითამაშებდი და

133
მერე საღამოსღა ჩახვიდოდი დაბლა.
შუადღე გვარიანად იწელებოდა.
მე შენ გეტყვი და, ტელევიზორში იყო რამე. ჰოდა, კითხვა
რჩებოდა. საერთოდ, ზაფხული კითხვის დრო იყო.
სწორედ მაშინ გამოვაძრე კარადიდან დიდი, არცთუ ისე სქელი
წიგნი, რომელსაც უზარმაზარი ასოებით ეწერა – მიხეილ
ჯავახიშვილი, მოთხრობები.
ჯავახიშვილის ტომეულების ორი გამოცემა არსებობს. მწვანე
და რუხი, ეს კი, უბრალოდ, მოთხრობების კრებული იყო, თანაც
არასტანდარტული ფორმისა.
ჰოდა, ავიღე და ვიფიქრე, წავიკითხავ-მეთქი.
რას წაიკითხავ...
წადი, რამე გადაფურცლე. აფრიკასა და სპილოებზე
მონადირეების შესახებ, მით უმეტეს, რომ იცი, სადაც აწყვია ეგ
წიგნები. შიგ ფოტოები და ნახატები მაინც არის. ანდა რა არის
შენი წასაკითხი ამ უსურათებო წიგნში, რომელშიც
მოთხრობები ორ სვეტადაა დაბეჭდილი?
მაინც ავდექი და დავიწყე სარჩევის თვალიერება.
საერთოდ, მოთხრობების კრებულებს პირველიდან არასდროს
ვიწყებ, სადმე შუიდან.
ახლა კი ვიცი, რომ ეს ხსენებული წიგნის ბრალია, მაგრამ ამას
რაღა მნიშვნელობა აქვს?
ავიღე ეს წიგნი და წავედი ტახტისკენ.
ბებია კი მომიკითხავდა ხოლმე, რას დაბოდიალობს ამ სახლში,
რის გაფუჭება გადაუწყვეტიაო, მაგრამ წიგნით რომ
დამინახავდა, იქ შეკითხვები აღარ ექნებოდა.
გადავშალე და პირველივე წავიკითხე.
ვკითხულობდი ალბათ დიდხანს, საათზე მეტს. პატარა ვიყავი
მაინც. ეგებ ორ საათსაც. რა ვიცი, კი ვკითხულობდი და...
ბევრი აღარაფერი მახსოვს იმ დროისა, მაგრამ იმ მოთხრობის
კითხვა დიახაც რომ ზუსტად მახსოვს, რადგან ასეთ საშინელ

134
დღეში, ასეთ გამოუვალ ვითარებაში არასდროს
აღმოვჩენილვარ.
კაცი იტყვის, რას მიაცივდი, ვერ მიანებე თავი და ვერ დაკავდი
უფრო იოლი საქმითო? მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ ვერ
მოვახერხე, ანუ კითხვა ვერ შევწყვიტე, ანუ გამიტაცა. თუმცა,
ეს გატაცება იყო სრულიად ძრწოლის მომგვრელი.
ლამის ისეთი რამე დამემართა, ბუდას ცხოვრებაში რომ წერია.
ძალიან სასაცილო შედარებაა, მაგრამ ასე კი იყო და... სამყაროს
მთელი საშინელება და უბედურება აღმოვაჩინე. თან ისე, რომ
ვერ მივხვდი. არც დამინახავს. უბრალოდ, წავიკითხე და მორჩა.
არაფერი მინახავს. წავიკითხე.
მოთხრობას, რა თქმა უნდა, ერქვა „ჩანჩურა“.
მე ჩანჩურა სახუმარო სიტყვა მეგონა. ბაბუაჩემი ამბობდა
ხოლმე, როგორა ხარ, ჩანჩურ პეტროვიჩო.
ცირკის კლოუნის ყაიდის ვიღაცა მეგონა ეს ჩანჩურა და, მგონი,
ამიტომაც დავიწყე კითხვა.
მოთხრობა კი, რა თქმა უნდა, აღწერდა ბაზრის ქონდრისკაც
მაწანწალას ცხოვრებას.
ასეთი მაწანწალები დღესაც არიან ჩვენს ბაზრებში, თუ დარჩა
სადმე ბაზარი.
იცით, რა არის? ტრივიალურ რომანებში ალბათ უარესი
ამბებიცაა მოთხრობილი, მაგრამ როგორღაც ჩატკბილულად.
მაშინ ამ ტრივიალური რომანებისაც არ ვიცოდი რამე, მაგრამ
რაღაცეები კი წამეკითხა, რასაც სრულიად არ ემოქმედა,
როგორც ცუდ ამბავს. იმ დროში, რატომღაც სულ თვალში
მხვდებოდა წიგნი: აბატი პრევო, „მანონ ლესკო“, ანდა ერკმან
შატრიანის „გლეხკაცის ისტორია“, ანდა ანრი ბარბიუსის
„ცეცხლი“. ანდა, „იზა“, ილია ჭავჭავაძემ რომ თარგმნა (ავტორი
აღარც მახსოვს). ალბათ იმიტომ მხვდებოდა თვალში, რომ
თაროს კუთხეში შეეჭეჭყათ, თან ჩემი თვალის სიმაღლეზე,
უფროსებისთვის სრულიად გამოუყენებელ და დაუნახავ
ადგილას.
ეს ანრი ბარბიუსი რაღა ჯანდაბა იყო. ვარდისფერი ყდა და ზედ
მეომარი. მერე კი გავიგე, ვინც იყო. აწვებოდა, სტალინი ჯობია
ყველას და ყველაფერსო. კაი-კაი დიდური წიგნები,

135
რუსულადაც და ქართულადაც, მაღლა ეწყო. ჰო, კიდევ ის იყო,
„პოლი და ვირჟინი“, მგონი, სენ-პიერის დაწერილი, კიდევ
რაღაცეები.
ესენი სულ ადგილ-ადგილ და უაზროდ მქონდა წაკითხული და
სიმართლე ითქვას, გინდა წამეკითხა, გინდა არა, რადგან არ
უმოქმედია. არც კარგად, არც ცუდად. არც შევუშინებივარ და
არც გავუხარებივარ.
კიდევ რაღაც დავიწყებული წიგნები მახსოვს, უზარმაზარი
საგები ქართულად, რომლებშიც მთელი ისტორიები
ვითარდებოდა. სად არის ახლა ის წიგნები? ანდა რა ეწერა შიგ?
უიმე, ორდე დგებუაძე. მისი დეტექტივებიც. რომლებიც მაშინ
არ წამეკითხა. „ოთხი სიცოცხლე“, ყდაზე რომ ყაბალახიანი
გრძელწვერა კაცი ეხატა. კაი საშიშარი ყდა იყო ესეც.
ჰოდა, „ჩანჩურა“.
სრულიად გავნადგურდი.
ერთთავად იმას ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, ადამიანი უმ
ხორცს ჭამდეს-მეთქი. ჩანჩურას ხომ საკლავის ნარჩენებს
ჩუქნიან ყასბები. მერე კიდევ იქ პოლიციელია, რომელიც, თუ
არ ვცდები, გამუდმებით წუხს, სიცილისტი უნდა დავიჭიროო.
ეს სიცილისტი საერთოდ ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. კარგა ხანს
ვერ გავიგე. ახლა კი ვიცი, სოციალისტი.
რა აღარ წარმოვიდგინე ამ სიცილისტთან დაკავშირებით;
მაშინვე, სხვათა შორის.
ჯერ მეგონა, რომ ვიღაც ტიპები არიან, ვინც ყველაფერს
დასცინიან. მთელი სექტა სიცილისტებისა. ამიტომ ისინი უნდა
დაიჭირონ. ცოტა რომ წამოვიზარდე, მგონი, საერთოდაც
სიფილისს დავუკავშირე და როდის-როდის ვიფიქრე, რომ
სოციალისტი ყოფილა.
მთელი ოხუნჯობა იმაშია, რომ ახლაც, როცა ამას ვიხსენებ,
მგონია, რომ მაშინ ეს სიტყვა შეცდომით წავიკითხე. მაგრამ
გადამოწმებას არ ვაპირებ.
იმიტომ, რომ ვიფიქრე, ბაზრის პოლიციელი სიტყვას რუსულად
წარმოთქვამს და საცალისტ-სიცილისტ ამბავში სწორედ ასეთი
ჟღერადობა ექნება-მეთქი. თან, პოლიციელი უბირი კაცია და
ამახინჯებს კიდევაც.

136
მგონი, „ჩანჩურა“ ჯერ რუსულადაა დაწერილი და მერე
ქართულად. ესეც თუ არ მეშლება. არ ვიცი.
მოკლედ, ეს სიცილისტ-სიფილის-სოციალისტის ამბავი სულაც
არ არის მთავარი. უბრალოდ, ერთ-ერთი ამოუცნობი სიტყვა
იყო.
ეხლა კიდევ, რა მინდა ვთქვა.
ყოველთვის მეჯავრებოდა ბაზარი. სულ რამდენჯერმე ვარ
ნამყოფი.
ერთი-ორჯერ დედამ წამიყოლა ბავშვობაში და მერეც, ერთი-
ორჯერ ცოლმა. ყოველთვის დიდი შრომა იყო. ასე ადგილი არ
მეჯავრება. გვერდით ჩავლაც კი არ მინდა. არ მიყვარს და
მორჩა. თვით აღმოსავლური ბაზრის მთელი ამბავიც არ
მიზიდავს, არანაირად.
ჩემი მოკლე ჭკუით, მგონია, რომ ეს „ჩანჩურას“ ამბავია. ხატვის
სკოლაში რომ დავდიოდი, იმავე წლებში, შორიახლოს
არსებული დახურული ბაზარი დიდად მძულდა. სულ იმ
ბაზარზე ვფიქრობდი და ხატვითაც ბევრი არაფერი
გამომდიოდა. ეს ზუსტად იმ ხანებში იყო, როცა „ჩანჩურა“
წავიკითხე. ახლაც დიდად არ მიმიწევს გული განთქმულ
„კალხოზნისკენ“, სადაც ბაზარი, მგონი, აღარ არის.
სწორედ იმ ხანებში საბოლოოდ ავიკრძალე ხორცის ჭამა და
დღემდე არ მიჭამია. ხორცის როგორ, იმისა, „ჩანჩურაში“ რომ
ყასბებს ულაგიათ წინ, თორემ ხინკალი – ტკბილად; ანუ
მწვადი, რამშტექს-ბიფშტექს-დედალ-გოჭ-ვარია-ბურვაკ-სხვა-
ქართულ-არაქართულობები და ასე შემდეგ, ჩანჩურამ
დაასრულა. როგორც გაირკვა, სამუდამოდ. მთლად
პატარაობაშიც არ ვიყავი დიდი ტრფიალი, მაგრამ რას გაგივა.
გამივიდა. როგორც ჩანს, მეტად მძიმედ საცქერი ვიყავი
დედაჩემისთვის, როცა წინ ხორცს დამიდებდნენ. ის ფილტვები
და რაღაცეები, ჩანჩურას რომ მიუყრიან ყასბები, დღემდე
თვალწინ მაქვს. განსაკუთრებით, როცა მეგობრებთან ერთად
მაყალის შორიახლოს აღმოვჩნდები ზაფხულის აგარაკებზე. კაი
საღამოა, შენ კიდევ, „ჩანჩურა“.
ამეებზე ამასწინათ დავფიქრდი. მანამდე გულშიც არ გამივლია,
რა კავშირი უნდა ჰქონოდა თერთმეტი წლის ასაკში წაკითხულ
„ჩანჩურას“ იმასთან, ხორცის იერი რომ მეჯავრება და ბაზრის

137
სიახლოვეს გავლა რომ წამახდენს.
შეიძლება ეს სულაც სულელური ფიქრია და ესენი არაფერ
კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად ასეც არ გამოდის. მე
ხომ მახსოვს, ამ „ჩანჩურამ“ როგორი კვალი დატოვა. სრულიად
მოუწესრიგებელი თავი მქონდა ნამდვილის და წარმოსახულის
გაცალკევების თვალსაზრისით და თუ ფიქრს წავყვებოდი,
მტერს და ავს.
საერთოდაც, ჰიპერბოლა, გაბერვა და ასეთი რამეები ისედაც
შემეძლო, დაახლოებით ისე, ძველი „ძელეცები“ ციფრებს
ნოლებს რომ უმატებდნენ ფაქტურებში და, რა გასაკვირია, რომ
ამ მოთხრობას თავისი საშინელი სინამდვილით სამუდამოდ
ემოქმედა. ბავშვი საფრთხილო ამბავია, მით უმეტეს, თუ
წარმოსახვითაა შეპყრობილი. არ ვიცი, თხუთმეტი წლისას რომ
წამეკითხა, რა მოხდებოდა, მაგრამ თერთმეტი წლისას კი
გამიარა სისხლში.
იმის შემდეგ ჩანჩურა სულ ერთხელ წავიკითხე, იმიტომაც არ
მახსოვს დეტალები. თუმცა, ჩანჩურა იმდენჯერ მინახავს, რომ
ვერც დათვლი.
მაინ რიდები შორს იყოს და ეს იყო ალბათ ჩემი პირველი
ლიტერატურული შთაბეჭდილება. ამ მოთხრობისა არაფერი
მიყვარდა. მისი გადაკითხვა არ შემეძლო, არც ვინმესთვის
მიკითხავს რამე მის თაობაზე, მაგრამ, აი, უბრალო, ადამიანური
მემარცხენეობაც, მგონი, აქედან უნდა იყოს. ის ჩემთვის
მაწანწალების, მათხოვრების, ობლების წინაშე სრულიად
განიარაღებულად და უსუსურად ყოფნას გულისხმობს. ეგებ ამ
ხალხში ხშირად არანაირი ჭეშმარიტება არ იყოს, ეგებ ისინი
სულაც თაღლითობდნენ, რათა იმ წუთში რაიმე დაგცინცლონ,
ანდა მოგატყუონ და ჩათვალონ, რომ კიდევ ერთი ვიღაც
გააბითურეს, მაგრამ მე მათ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ.
იმიტომ, რომ... ჩანჩურა.
არ შემიყვარდა, მაგრამ განმაიარაღა.
ნამდვილად ასეა, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან
ცხოვრებაშიც მინახავს რამდენიმე ისეთი სურათი, რომელიც
ჯავახიშვილის სრულიად დაუნდობელ და შიშველ სურათებს
უტოლდებოდა. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის ხოლმე
ცხელ გულზე, ცხოვრებაც ეგ არი. მე მგონი, მხოლოდ ეგ არ

138
არის, მაგრამ ახლაც ვხედავ საკუთარ თავს იმ
არასტანდარტული წიგნით ხელში. ეეეეჰეეე, რამდენ
წელიწადს არ გადამიშლია.
მერე, რამდენიმე წლის შემდეგ ჯავახიშვილის ტომეულებს
რომ მივადექი და სხვა მოთხრობებთან ერთად „ჩანჩურა“
კიდევ ერთხელ წავიკითხე, მივხვდი, რომ იმ სხვა ნაწერებში
უფრო საშინელი ამბები ტრიალებდა, ვიდრე „ჩანჩურაშია“
აღწერილი, უფრო ცუდი ადამიანებიც არსებობენ, უფრო
საშინელი ვიღაცეებიც, ვიდრე ჩანჩურას გარშემო მოტრიალე
დაუნდობელი ხალხი. ეფექტი დიდი იყო, მაგრამ ისეთი
ნამდვილად არ ყოფილა, როგორიც იმ პირველი, ძრწოლის
მომგვრელი კითხვისას.
ამ ეფექტებზე, ოქროს კბილებზე, გივი შადურსა და კიდევ
ათასზე, სხვა დროს დავწერ.
რაც ინდურ კინოებში სროლა და უბედურება იყო, მაგრამ ისინი
სულაც არ მოქმედებდა; ანდა ჩგინგაჩგუკებში. ხედავთ, რა
დროზე ვამბობ? გოიკო მიტიჩზე რომ სერიოზულად ფიქრობ,
თერთმეტი წლისა, ამ დროს კიდევ ჩანჩურა. დიდი დათვის
თანავარსკვლავედის შვილები და ჩანჩურა.
რა თქმა უნდა, ჩანჩურამ აჯობა და დატანჯა ბავშვი. დააფიქრა,
როგორც ბავშვს შეეძლო. არა მხოლოდ დააფიქრა, არამედ
გრძნობებსა და გემოებზე იმოქმედა.
ამ მოთხრობამ საერთოდაც დაშალა ჩემი წარმოდგენა
ცხოვრებაზე.
რა საინტერესოა, რას ფიქრობს ცხოვრებაზე თერთმეტი წლის
ბიჭი? არ ვიცი, რას ფიქრობს, მგონი, ბევრსაც არაფერს, მაგრამ
ცოტ-ცოტა რაღაცეები იცის.
ქუჩაში ყველაფერი ისე რომ არ არის, როგორც სახლში, მგონი,
ხვდება. ახლა აღარ მახსოვს, რა და როგორ, მაგრამ განსხვავება
უკვე იცი. ვიღაც ცუდად მოგექცევა, ანდა დაინახავ, რომ
ვიღაცას ცუდად ექცევიან, ანდა დაგცინებენ, ან დაინახავ, რომ
ვიღაცას დასცინიან. აი, ხომ არიან ეზოში რაღაცნაირი ბიჭები,
რომლებსაც ყოველთვის დასცინიან. თან ყველანი. ანდა, არიან
ხოლმე, რომ ამოიჩემებენ ისეთები და უპარტყუნებენ და
უპარტყუნებენ. პატარა რომ ხარ, ეს მთლად პირდაპირ არ
გეხება, მაგრამ ხედავ. თუმცა, რა ვიცი, ახლა არიან ასეთები?

139
ეზოებში ბევრი აღარავინ არის, მარტო ჩაკუზულები ეწევიან და
ეგაა.
ამ განსხვავებას კი ხედავ, რომ არსებობენ კარგები და ცუდები,
მაგრამ, მგონი, სახელს ვერ არქმევ, უბრალოდ, ფაქტებია და
გამახსოვრდება, რაც მერე, ცოტა რომ დაჭკვიანდები, კოხტად
ჩამოყალიბდება და შეგრძნებებს, სიფრთხილეებსა და
სითამამეებს მოერგება. ლოგიკაზე მეტად გამოცდილებაა,
მოკლედ.
მაგრამ ჩანჩურასი ყველაფერი გარკვეული იყო. სახელს
ვერაფერს დავარქმევდი, მაგრამ მწერლის ნაწერი ხომ
ცხოვრებისგან იმითაც განსხვავდება, რომ არ განსხვავდება და
იმავდროულად იმით განსხვავდება, რომ იქ ყველაფერი
შეკუმშულია და ის, რასაც ცხოვრებაში წლები სჭირდება, აქ
ერთ საათში დაგიდგება თვალწინ; ერთ საათში, ან სულაც
წამში.
ღმერთო, რა საშინელება იყო.
ახლა რომ ვხვდები, ძალიან ოსტატურად დაწერილი
მოთხრობაა. რაღაცნაირი სიბრაზით და უიმედობით სავსე.
რაღაცით ჟურნალისტიკას გაგახსენებს. ნამდვილ, დათვლილ,
სწორ სქემაზე დაწერილ, სულის შემძვრელ და უკომპრომისო
ჟურნალისტიკას. თან, ჯავახიშვილის პირველი მოთხრობაა.
ჩვენს დროს სკოლაში „არსენა მარაბდელს“ ასწავლიდნენ.
ამოარჩიეს. სოციალურ ამბავში ვითომ. მე „თეთრი საყელო“
მომწონდა და „კვაჭი კვაჭანტირაძე“. მაგრამ ყველაზე მეტად –
„ლამბალო და ყაშა“. ეს იყო ჩემთვის სუპერ. ვხვდები, რომ
სხვები ეგებ ჯობდეს, მაგრამ ეს მირჩევნია.
„ჯაყოს ხიზნები“ ცალკე წიგნადაც გვქონდა, ზედ რომ ჯაყო და
ურემზე წამოგორებული მარგო ახატია. 50-იანი წლების
გამოცემა იყო, თუ არ ვცდები.
სხვა დროს, ესენი სხვა დროს.
ახლა ჯავახიშვილის უბის წიგნაკებს ვკითხულობ. ძალიან
მაგარი რამეა, საინტერესო. ყდაზე მისი ახალგაზრდობის
ფოტოა, იმ დროისა, როცა „ჩანჩურა“ დაწერა.
ამოუცნობი და იმავე დროს მისახვედრი კაცია, ისევე, როგორც
მისი წიგნები.

140
მაგრამ, მოდი, მაინც სხვა დროს. უაზროდ რომ არ მებოდიალა
თაროებთან, ეგებ კვაჭიც ხალისით გამეცნო და არა ასეთი
ტკივილით.
რომ აკრძალეს, ბაბუაჩემს ჰქონდა თურმე გადამალული
„კვაჭი“, თეთრყდიანი წიგნი იყოო, ასე ამბობდა. მე არ
მოვსწრებივარ იმ წიგნს. რეაბილიტაციების შემდეგ გამოვაჩინე
და დაიხა კითხვაშიო. უამრავ წამკითხველს ვერ გაუძლო, სანამ
ტომები გამოჩნდებოდა.

პატარა ბიჭები და მძიმე წიგნები


ყველაზე უცნაური და მოულოდნელი წიგნი, რომელსაც
ბავშვობისას ვფურცლავდი, იყო მძიმე და დიდი, სადღაც,
იშვიათად სახმარ ნივთებს შორის შენახული მოგრძო და
უსქესი ალბომი „საბჭოთა საქართველო, 1921-1951“.
რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე.
ამ ალბომს, მგონი, ბოლო არ ჰქონდა და მივაგენი სრულიად
შემთხვევით: ნაფტალინებში: გარდერობის ქვედა
განყოფილებაში, სადაც ბებიაჩემის ალბათ ორმოცდაათიანი
წლების პალტოები ეკიდა.
ასეთი მძიმე ნივთი იქამდე საერთოდ არ მენახა.
მგონი, არც კი ვიცოდი, რა იყო სიმძიმე. იტალო კალვინოს რომ
აქვს ლექცია, სიმძიმე, სიმსუბუქე და ასე შემდეგ.
ალბათ კი ვხვდებოდი, რომ ლოდები, ავეჯი და სხვა ასეთი
რამეები მძიმეა, მაგრამ რას ნიშნავს სიმძიმე, არ ვიცოდი.
ჰოდა, გავიგე, როცა ამ ალბომს დავეჯაჯგურე.
აბა, როგორა ვთქვა, უმძიმესი.
ძლივს გამოვაძვრე იქიდან.
არც ჰგავდა წიგნს და, მით უმეტეს, ალბომს.
ჯერ ერთი, ვერც იფიქრებდი, რომ ალბომია, თორემ ალბომები
კიდეც მქონდა და კიდეც დამეთვალიერებინა, ნახატების
ამბავში.

141
საერთოდ, ჩემის დაკვირვებით, ბავშვმა წიგნის ამოჩემება იცის.
ეს ბევრზე შემიმჩნევია. მაშინაც, ბავშვობაში, და მერეც.
მაგალითად, ჩემს დეიდაშვილს ერთი საავიაციო წიგნი ჰქონდა
ამოჩემებული, შიგ სულ ლამაზ-ლამაზი ძველებური
თვითმფრინავები ეხატა.
მეც მქონდა ამოჩემებული წიგნი. სამწუხაროდ, ავტორი აღარ
მახსოვს. ალბათ ამერიკელი იყო. კოხტად, ქართულად იყო
გამოცემული, წითელი, აცტეკური ორნამენტებით
აჭრელებული ყდით. ჰო, წიგნს ერქვა ამბავი ამერიკის
არქეოლოგიისა და მეტად მიყვარდა, სიმართლე რომ ვთქვა.
ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ხსენებული ალბომი, თუ მაინც
ალბომს ვუწოდებთ, კარგა ხნით ამოვიჩემე.
რაღაც სამშენებლო მასალას ჰგავდა. იყო უსქესი და
ტყვიასავით, უნდა დაგედო სადმე და ისე გეფურცლა,
მუხლებს ჩაგაწყვეტდა.
როგორც ყველაფერი სტალინური დროისა, ისიც მკვიდრად იყო
ნაკეთები, თითქოს სამუდამოდ.
იმ საქართველოდან, იმ ალბომში რომაა, მგონი, აღარაფერი
დარჩა.
რა თქმა უნდა, ვამეტებ. შენობები და ადამიანები დარჩნენ,
ოღონდ, ასე რომ გადაათვალიერო, იფიქრებ, აღარაფერი
დარჩაო. იმ შენობებში და ადამიანებში აღარ დარჩა ის
რაღაცეები.
არც ვიცი, რამდენი გვერდი იყო ამ წიგნში და ალბათ ოცდაათი
წელიწადი იქნება, საერთოდ აღარ გადამიფურცლავს. ეჭვი
მაქვს, რომ ისევ იქ დევს, სადაც ადრე იდო. მის თვალიერებას
რომ თავი მივანებე, ალბათ ისევ იქ შედეს.
არის და ასვენია თავისთვის.
ახლა ვხვდები, საფლავის ქვასავით წიგნია.
აი, ზუსტად.
ნამდვილი საფლავის ქვასავით, თან, კაი ძვირფასი საფლავის
ქვასავით.

142
მუქი ლურჯი ყდა აქვს და ზედ უკვე ჩახუნებულ ოქროსფრად
აწერია „სავეტსკაია გრუზია“.
ნამდვილი საფლავის ქვაა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი.
თან ისეთი, დიდი ხანია, რომ არ გინახავს კაცს.
არ ვიცი ამ ლაქლაქში ახლა რა მეტაფორა გამოდის, მაგრამ
ნამდვილად რაღაც ისეთია, საფლავის ქვისნაირი.
ხმას რომ ავუწიოთ, ძველებურ ყაიდაზე რომ ვთქვათ და
ძველებურივე სიყალბით რომ გავაჯეროთ, საბჭოთა
საქართველოს ოცდაათწლიანი ისტორიის ძეგლია.
ოღონდ შიგ, რა თქმა უნდა, მარტო კარგი ცხოვრებაა. სევდაც კი
არ გაკრთება.
თავის დროზე ნამდვილად ხარჯიანი ალბომი იქნებოდა.
შიგ ბელადის რამდენიმე ფოტოც ვიპოვე. ცალკე ფოტო, ანუ
ალბომში შეტანილი კი არა, არამედ ისე ჩადებული. ეტყობა,
ერთად მიივიწყეს.
რა გვარი იყო ის ცნობილი ფოტოგრაფი, სტალინს რომ უღებდა
ხოლმე? აი, მგონი, მისი ფოტოებია, ტირაჟირებული. ნეტავ სად
არის ახლა ის ფოტოები? არც მინახავს სტალინის ეგეთი
პორტრეტები, ყველა ფოტოზე ჩიბუხით იყო.
ერთი, უნდა მოვძებნო.
ნაპელბაუმი იყო ფოტოგრაფი? არა, არა...… აი, გამახსენდა.
ბალტერმანცი. ბალტერმანცი უნდა ყოფილიყო. ოღონდ ეს,
რასაკვირველია, „პერესტროიკის“ ჟურნალებში ეწერა.
მოკლედ, ეს სქელი ალბომი მოიცავდა საქართველოს
ცხოვრების ყველა სფეროს. ფოტოები სამ ფერზე იყო
შეფერილი: სეპია რომ ჰქვია, იმგვარად, აი, ყავისფერი რომ
გადაჰკრავს, ჩვეულებრივ შავ-თეთრად და ლურჯად.
ეს ლურჯი არ ვარგოდა, მე არასდროს ვათვალიერებდი. იმ ორს
კი გაგიხარიათ. თუმცა, ალბომის თვალიერებას რომ
დაიწყებდი, წამსვე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენის კარიბჭეს
შეახებდი ხელს.
დიახ, ეს ამერიკის აღმოჩენას ჰგავდა, რადგან ალბომი გორით

143
იწყებოდა, სტალინის სახლით და ზედ დაშენებული იმ
აკლდამით. უბრალო ნივთებით, მის სახლში, ქოხში რომ
შემორჩა, მრგვალი სარკით.
მაგრამ იქამდე ტექსტი იყო. კვლავ სტალინის სურათით.
დიდი თავი და საყელოებზე სამხედრო ნიშნები. ასე ლამაზად
რეტუშირებული ფოტო არც გენახოთ. ახლაც მახსოვს მთელი
მისი სიგლუვე. ეს ყოფილა, ვინც ყოფილაო, იფიქრებდი.
როგორღაც ნეიტრალური გამოხედვა ჰქონდა.
არც კარგი, არც ცუდი, ოდნავ გაღიმებული უსასრულობისკენ.
როდის აქვს ადამიანს ასეთი ღიმილი?
მგონი, რაღაც დიდებულს და საუცხოოს რომ მოითავებს, მაშინ.
უფრო სწორად, მაშინვე კი არა, არამედ ამ მოთავებულის მეორე
ან მესამე დღეს, გამოყოლილი რომ აქვს იმ მოთავების მთელი
დიდებულება.
მერე მოდიოდა რუსული ტექსტი, კარგა გრძელი, რამდენიმე
ფართო გვერდზე და ჰოპ…... ამ ტექსტში იყო კარგა გვარიანი
თეთრი ქაღალდი.
ზედ ფურცელზე დაეკრათ თეთრი ქაღალდი.
ეს იყო ასევე დიდი აღმოჩენა, რადგან იქით აღარც წავსულვარ,
გვარიანი დრო ამ დაწებებულ ქაღალდთან ბრძოლას
მოვანდომე.
ქაღალდი არ იყო დაწებებული სასტიკად, ანუ თავიდან
ბოლომდე. თავის დროზე წებო მხოლოდ კიდეებზე დაესხათ
და ერთი ხაზიც დიაგონალზე ჩაეტარებინათ, მაგრამ ხომ
წარმოგიდგენიათ, ეს წიგნი თუ ალბომი რამდენ ხანს არ
გადაეშალა ადამიანს? დარწმუნებული ვარ, ოცდახუთ
წელიწადს არ გაჰკარებოდა ვინმე.
ჰოდა, თავიდან ფრჩხილებით ვებრძოდი, მერე კი ფურცლების
საჭრელი ხის დანით, რომელსაც ორი პალმა ეხატა და გაკრული
რუსულით ეწერა: გაგრა.
ვფხიკე, ვქერცლე, ვხიე და გამოჩნდა სრულიად მელოტი,
ოდნავ კისერწაგრძელებული კაცი, „გალსტუკით“ და მრგვალი
სათვალით.

144
ცხადია, ეს იყო ლავრენტი პავლოვიჩ ბერია.
ოღონდ არ ვიცოდი, რომ ეს იყო ლავრენტი პავლოვიჩ ბერია.
წარწერა ფოტოს ქვეშ მელნის არცთუ საგულდაგულო
ნაჩხაპნით იყო გადაშლილი: იქ ამოვიკითხე, რომ ბერია იყო.
ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.
რატომღაც მგონია, რომ როცა ეს წიგნი გამოვიდა, იმ დროს
ბერია უკვე სხვანაირი იყო, გასუქებული და რაღაცნაირად
ბინძური. აქ კი ოცი წლის წინანდელი ფოტო დაებეჭდათ.
ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ასე კი იყო.
მერე და მერე, წიგნის ფურცვლისას ფოტოების ქვეშ
გადახაზული წარწერები მიგახვედრებდათ, თუ რა იყო
საქართველოში ბერიას სახელობისა. როგორც ირკვევა,
თითქმის ყველაფერი.
იქ იყო ძველი „დინამოს“ სტადიონის საუცხოო ფოტო, თამაშის
დროს გადაღებული, მთელი ტრიბუნების მომცველი და ქვეშ კი
გადახაზული იყო. თავისუფლების მოედნის ფოტოს ქვეშაც
გადახაზული იყო, კოლმეურნეობის მეწინავე მუშაკთა
ფოტოების ქვეშაც.
ბერია ნამდვილად არ გამეგონა, ჰოდა, რახან ეს ფოტო
გავწმინდე, ბებიასაც მივადექი.
ბებიას დიდი აღშფოთება არ გამოუხატავს, ფოტო რატომ
გამოაჩინეო. რო ვკითხე, ვინ იყო-მეთქი, მავნებელიო, მითხრა.
მავნებელი რა არის-მეთქი და ადრე იყვნენ მავნებლებიო.
ბებიაჩემი მოცალეობის ჟამს ლენინს ლანძღავდა ხოლმე და ეს
ფრაზები გვარიანად შთამბეჭდვოდა გონებაში, მაგრამ ბავშვის
ამბავიც ეგ არის, რომ ამ ალბომში ნანახი ლენინის ძეგლები და
ბერია ერთმანეთს ვერ დავუკავშირე.
მოკლედ, ვერ მივხვდი, ბერია ვინ იყო. ბებიამ კი რატომღაც
ლაპარაკი არ ისურვა.
ცხადია, რომ წარწერები იმ დროის გადახაზული იყო და ფოტოც
იმ დროის დაწებებული, როცა ბერია დაიჭირეს, გაასამართლეს,
იმპერიალიზმის აგენტი უწოდეს და, შესაბამისად, მისი
ხსენებაც აიკრძალა.

145
ჩვენ სტალინური საბჭოთა ენციკლოპედია არ გვქონდა, თორემ
ეს ამბავი ალბომამდეც მეცოდინებოდა. სადაც მინახავს ეს
ენციკლოპედია, ყველგან შემიმოწმებია, არის თუ არა ბერია და
ყველგან ამოხეულია სწორედ ის გვერდი, რომელზეც მისი
ფოტო და ტექსტი უნდა იყოს.
ახლა, როცა ეს ალბომი გამახსენდა, ერთ უცნაურ რამეს
დავუფიქრდი.
რატომ არ ამოხია ბებიაჩემმა ეს ფოტო თავის დროზე?
ქაღალდის დაკვრა, თანაც გვარიანად ზერელედ რაღა იყო? ანდა
წარწერები რატომ არ იყო მთლად მონდომებით გადახაზული?
ანდა, რამდენად მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში ბაბუამ? ეგებ
ქაღალდის დაკვრა მითითებაც იყო?
ესენი ახლა ვეღარ გამოირკვევა.
ბებიაჩემი მაინც ფრთხილი ქალი იყო. ასეთ რამეებს ზერელედ
არ მოეკიდებოდა. ყოველ შვიდ ნოემბერს ამბობდა, ამინდიც
კომუნისტების მხარეს არისო.
მოკლედ, სახლში ბევრი ისეთი რამის პოვნა შეიძლება, თუ
ჩვეულებრივი სიმაღლის არ ხარ და უფროსებზე უფრო დაბალ
სამყაროში აცეცებ თვალებს, რომ ერთბაშად შეიძლება ბევრიც
კი მოგივიდეს.
ალბომი კი ძალიან საინტერესო იყო.
მე მაშინაც სპორტი მიყვარდა, მაგრამ მხოლოდ სპორტში არ
იყო საქმე და არც ბორის პაიჭაძის, გრიშა გაგუასა და გაგნიძის
ფოტოებში. იქ იყო კალათბურთიც, ფრენბურთიც, ცხენბურთი
და ლელობურთიც კი...
მაგრამ ყველაზე საინტერესო სკოლები იყო.
პირდაპირ კლასები იყო გადაღებული. მგონი, სწორედ მაშინ
თბილისის სკოლებში ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე
სწავლობდნენ.
ხომ გაგიგონიათ, მეშვიდე ვაჟთაო, დღევანდელი „პიისიატ
ტრეწიო“ და ასეთები. გამიგონია, მეცხრე ვაჟთა
„შტრაფნიკების“ სკოლა იყოო.
საინტერესო სკოლებში ის იყო, რომ ბიჭებს ისე ეცვათ, როგორც
გიმნაზიელებს ფილმში „აკაკის აკვანი“. ამ წიგნში იმ ბიჭის

146
ფოტოც იყო, ვინც „აკაკის აკვანში“ პატარა აკაკის თამაშობს.
თუ არ ვცდები, სწორედ სასკოლო გვერდებზე.
ვფიქრობდი, ნეტავ ასეთი კლასები სადმე თუ არსებობს-მეთქი.
უნივერსიტეტის ფოტოებიც იყო, ნიკო კეცხოველი, მთელი
ამბავი... საერთოდ, იმდენი რაღაც და ვიღაც გადაეღოთ, რომ
მართლა მთელ ქვეყანას დაინახავდი, ოღონდ რაღაცნაირად
საზეიმოდ ჩაცმულს, თითქოს ყველა ქორწილში მიდისო.
ამით ალპინისტები განსხვავდებოდნენ. საოცარი ფოტოები
იყო. ჯაფარიძეები, ხერგიანები. აღარ მახსოვს ერთი რუსი
ალპინისტის გვარი, სათვალეებითა და შლაპით რომ იდგა
ამდენ სვანს შორის და ალექსანდრა ჯაფარიძის ფოტოც იქ იყო.
მოკლედ, სულო და გულო, სულ მაგარი რამეები, თუ
მოგწონდა ასეთი რაღაცეები. თეატრი და ოპერა, მხატვრები,
იაკობ ნიკოლაძე რომ აქანდაკებს ლენინს, „იმელის“ სხდომათა
დარბაზის კედელზე დახატული ბათუმის დემონსტრაციის
დარბევა, შუაში ახალგაზრდა სტალინით, კუბოკრული შარფი
რომ მოუხვევია. ამ ტილოდან მახსოვს გადაყირავებული
კალათა, რომელსაც გადაფარებული ტილო გადასძრობია.
ალბათ საბრალო მუშის ცოლს მიჰქონდა სადილი და რბევაში
კი მოჰყვა.
ეს დიდი ფრესკო ახლა გადაღებილი უნდა იყოს „იმელის“ იმ
დარბაზში, სადაც პარლამენტის სხდომები ტარდებოდა. ახლა
იქ სასტუმრო „კემპინსკი“ უნდა გახსნან, თუ არ ვცდები, და ეს
პანო კი გამოსაყენებელია, იმიტომ, რომ... თუმცა „კემპინსკი“
და ბათუმის დემონსტრაცია... არ ვიცი, არ ვიცი.
ქართველი საოპერო მომღერლები „ვეფხისტყაოსნის“ სამოსში.
ბათუ კრავეიშვილი, მიხეილ გელოვანი, ხორავა... რა ვიცი.
მეცნიერები, მუშები, ქალაქების ხედები... ისეთი ცარიელი
ზემელი, მხოლოდ ერთი მანქანით. სხდომები, ლექციები,
სუბტროპიკები... ხო ვთქვი, აღარ არსებობს-მეთქი.
ახლა ვფიქრობ, რომ ხალხი და შენობები გარემოს დიდად ვერ
ქმნის. მთავარია, მათ შიგნით რა არის.
ამ წიგნში რაც არის, ის გარემოს ვეღარ ქმნის საქართველოში.
საბჭოთა რაღაცეებს კი არ ვგულისხმობ, ანდა იმ განწყობას,

147
მეჩაიეები რომ ჩაის კრეფის დროს იცინიან, არამედ იმას, რომ ამ
ყაიდის ადამიანები საერთოდ აღარ არსებობენ.
არ დავკვირვებივარ, მაგრამ ალბათ ყველგან ასეა.
ერთი ამბავი გამახსენდა ჯონ ბოინტონ პრისთლის
მოგონებებიდან. ეს განთქმული ინგლისელი დრამატურგი
ომის შემდეგ თბილისში იყო ჩამოსული და „ინტურისტში“
ცხოვრობდა, დღევანდელ „მარიოტში“. ჰოდა, წერს, ნომერში
ცხელი წყალი იყოო, რასაც ჩვენთან ომის შემდეგ ჯერ ვერსად
შეხვდებიო.
ადამიანები ხომ ისეთ უცნაურ რამეებს მიაქცევენ ხოლმე
ყურადღებას, ისეთ რამეს ჩათვლიან წიგნში ჩაწერის ღირსად,
რომ ხანდახან გაგიკვირდება. მით უმეტეს, თუ ისინი კარგი
მწერლები არიან და, შესაბამისად, თვალიც აქვთ.
წყალი რაღა სახსენებელი იყოო, ხომ იფიქრებს კაცი.
თანაც იმ დროში თბილისური სახლების სრულ
უმრავლესობაში სააბაზანოები საერთოდ არ იყო. ბავშვობაში
ხუმრობაც კი გამიგონია, თბილისში აბაზანები მარტო
ჩამოსულებს აქვთო.
ამ ხუმრობის არსი ის იყო, რომ ძველი თბილისელები ძველ
სახლებში ცხოვრობდნენ და იქ კი სააბაზანოები არ იყო. ისინი
აბანოებში დაიარებოდნენ. ჩამოსულებს კი ახალი ბინები
ჰქონდათ და იქ ცხელი წყალი მოჩხრიალებდა.
პრისთლის მიერ ნახსენებმა ცხელმა წყალმა ის გამახსენა, რომ
ალბომში საერთოდ არ არის ძველი თბილისი, არცა აბანო, არცა
მეიდანი, არცა სოლოლაკი, არც რამე სხვა, რაც კაცის თვალს
მიიზიდავდა. ზემელიდან ვაკემდეა თბილისი.
ანუ ის თბილისი, რომელიც იმ დროისთვის თვითონ ააშენეს.
მარტო ჩვენი რაც არიო.
ეს გასაკვირი სულაც არ არის. თან იმას კი არ ვამბობ, რომ
ალბომში აუცილებლად ძველი თბილისი უნდა იყოს. იმ დროს
ძველი თბილისი არ ითვლებოდა ქალაქის მთავარ, როგორც
მერე უწოდებდნენ, კოლორიტად. ის, მგონი, 70-იანი წლების
დასაწყისში გამოაღვიძეს.
მეც კი მახსოვს, ახლა რომ პუშკინის ქუჩა ჩადის და მთელი

148
აივნები და ყველაფერი იქაა, სწორედ მანდ, რაღაც გრძელი,
აგურით ნაშენი ქარხანა იყო. ქარხანა იქნებოდა, არ ვიცი.
ძველებისგან გამიგონია, ცოტა მაღლა სულ სასადილოები იყოო
და მერე გააუქმესო. მე რომ გავიზარდე, თბილისში ხომ ძალიან
ცოტა კაფე, დუქანი, სახინკლე და რესტორანი იყო. ჰოდა,
მანამდე ეს იაფიანი „ზაბეგალოვკები“ ბევრი ყოფილა,
რუსთაველზეც, პლეხანოვზეც და სხვაგანაც.
ჰო, იმ ქარხანაზე თეთრ-ცისფერი აფრიალებული დროშები იყო
მიკრული, ალბათ თუნუქისგან ნაკეთები. გრძელი რიგები იყო,
ბოლოში კი სასაცილო კაცი და ქალი გამოეჭრათ: მუხინას
ერთგვარი პაროდია გამოვიდოდა, მუშა და კოლმეურნე ქალი
რომ არის. ოღონდ უფრო ბრტყელები და განიერები იყვნენ.
ასევე იყო დიდი წარწერა, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა
იმას, ვისაც ერთხელ მაინც დაკვირვებით შეუხედავს.
იქ ეწერა: „დიდება საბჭოთა საქართველოს“.
ოღონდ იმგვარად ეწერა, რომ სასაცილო იყო. სიტყვები
ერთმანეთის ქვეშ მოექციათ, პირველი სიტყვა, დიდება კი
მთლად ორად გაეყოთ და პირველ სტრიქონზე ეწერა „დიდ“,
მის ქვეშ კი „ება“. მერე საბჭოთა, მგონი, ერთად იყო და
საქართველოც კვლავ დანაწევრებული.
დიდ-ება, გლეხური ენით რომ მოვთარგმნოთ, გვარიანად
უხერხული და სასაცილო რამ გამოდიოდა.
იმ ჩემს საფლავის ქვასავით წიგნში ასეთი რამეები არ იყო.
მეტიც, ასეთი წარწერებიც არ არსებობდა. მაშინ ასეთ რამეებზე
იჭერდნენ. ეს დიდ-ება რომ მოეხერხებინა ვინმეს, ტინდას ვერ
გამოსცდებოდა მთელი სიცოცხლე, თუ, რა თქმა უნდა, არ
დახვრეტდნენ.
იმის თქმა მინდა, რომ 70-იანი წლები უკვე კომიკური იყო, 50-
იანი კი არა.
ამ ალბომში კი სულ იცინიან, ძალიან ბევრგან, თითქმის ყველა
გვერდზე, მაგრამ სასაცილო არაფერი არ არის.
აი, ასეთი ალბომია.
სწორედ იმ დროს, როცა ალბათ ამ ალბომისთვის იღებდნენ
სურათებს, რობერტ კაპამ გადაიღო თბილისი და ბათუმი.

149
მან გამოიცნო, რა ქალაქებში იყო, რას ფიქრობდა ხალხი და
როგორ ცხოვრობდა.
არანაირი ბასრი ფოტოები მას არ გადაუღია, მაგრამ რაც
გადაიღო, გადასარევად გადაიღო.
მე კიდევ ლამის ყოველდღე ვათვალიერებდი იმ ალბომს.
ამოვიჩემე, როგორც თავიდან მოგახსენეთ. ეს იყო პირველი
სამყარო, რომელიც ვნახე. პირველი საქართველო, რომელიც
აღმოვაჩინე და საინტერესოც, მგონი, ეს არის, რაიმეზე
დამაფიქრა თუ არა.
მგონი, არაფერზე.
უბრალოდ, რაღაცეები მომწონდა და რაღაცეები – არა. მგონი,
ყველაზე მეტად იმ დროის ალპინისტების სამოსი მომწონდა.
მეორე მხრივ კი, ვფიქრობდი: რატომ არის ქუჩები ასეთი
სუფთა? ყველას ასე კარგად რატომ აცვია? რატომ აღარ
არსებობენ თეთრწვერა ადამიანები?
წიგნში ბებერი მეცნიერი თეთრწვერა იყო, მაგრამ მე არსად
მენახა თეთრწვერა ადამიანი. ჩემს ბავშვობაში თეთრწვერა
ხალხი აღარ არსებობდა, თუ მღვდლებს არ ჩავთვლით. ყოველ
შემთხვევაში, ასე, ქუჩაში, ნურას უკაცრავად.
ამეებს რომ ვფიქრობდი, კარგად მახსოვს.
საერთოდ, ისეთი წიგნი იყო, რომ რაღაცნაირად, უნდა
დაეწყნარებინე.
საფლავის ქვაც ასე არ არის? რომ ჩამოუჯდები, სულაც არ
ღელავ. ეგებ რაღაცას წუხხარ, მაგრამ ღელვა, შფოთი და ასე
შემდეგ, არა მგონია, იქ ტრიალებდეს, იმიტომ რომ საფლავის
ქვები ყველაზე ძლიერი საკეტებია.
მხოლოდ ცალ მხარეს იღება.
ეს წიგნიც ასეთია, ჩაკეტილი ჰყავს ის მოგონილი საქართველო.
საინტერესოა, რამდენი ასეთი წიგნი არსებობს? მართლა
საინტერესოა.

150
არათბილისური თარო
რა გამახსენდა და ზაფხულის წიგნის თაროები. არა
მაინცდამაინც თბილისში – თუმცა, თბილისშიაც კი წიგნის
თაროები სხვანაირი იყო ზაფხულში – არამედ სადმე პატარა
ქალაქში, უფრო დასავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ
პატარაობისას ხშირად მოვხვდებოდი ხოლმე იქით.
ამ პატარა ქალაქების უცნაურობა ის გახლდათ, რომ იქ
თბილისისგან სრულიად განსხვავებული წიგნის მაღაზიები
იყო. რატომ იყო ასე, არ ვიცი, მაგრამ ასე კი იყო და,
შესაბამისად, ისეთი წიგნები, იქ რომ იყიდებოდა, თბილისში
არასდროს მინახავს. არც ისეთი მწერლები გამეგონა, სიმართლე
რომ ითქვას, და ამდენი ქართულად დაწერილი თუ
გადმოთარგმნილი წიგნიც ერთად ძნელად რომ მეპოვა
თბილისის მაღაზიებში.
მგონი, ის დრო იყო, რომ თბილისს გარეთ ჯერ ისევ არსებობდა
რაღაცნაირი სამყაროები და იმ სამყაროებს თავიანთი მწერლები
ჰყავდათ, რომლებსაც თბილისთან ნაკლები სიახლოვე
ჰქონდათ და თავიანთ, იქაურ გამომცემლობებში უფრო
ბეჭდავდნენ წიგნებს. რაღა პატარა ქალაქები, აბა, ბათუმში მე
სახლი არ მინახავს, პარმენ ლორიას წიგნები რომ არ ყოფილიყო
თაროზე. უფრო ძველები, 50-იანი, 60-იანი წლებისა, მაგრამ არ
მინახავს ასეთი სახლი. ალბათ თუ იყო სადმე, საერთოდ არ
ჰქონდათ წიგნები. არც ქუთაისში მინახავს სახლი, თაროზე
დავით კვიცარიძის ორი სქელი რომანი მაინც რომ არ
დებულიყო. შეიძლება ბევრგან არსად ვყოფილვარ, მაგრამ
სადაც ვყოფილვარ, ასე იყო.
ასე რომ, მოულოდნელ რამეებს იყიდდი პროვინციულ წიგნის
მაღაზიაში. ის, რასაც შენ რუსულად კითხულობდი,
კითხულობდი თბილისში, იქ ქართულად ძნელად
შეგხვდებოდა. ნახავდი რუსი მწერლების თარგმანებს და ეგ
იყო. ხოლო იმ დროის საკითხავები და სახელგავარდნილი
რამეები, რაც რუსულად გვქონდა, ცხადია, არ არსებობდა.
ისეთი წიგნები, იმ მაღაზიებში რომ იყო, ალბათ თბილისშიც
მოიძებნებოდა, ოღონდ თბილისში ნაკლებად აქცევდი
ყურადღებას ასეთ წიგნებს. იქ კიდევ ჩანდა. უცებ ნახავდი
პუშკინს და ტოლსტოის ქართულად. „ევგენი ონეგინი“
ქართულად.

151
რასაკვირველია, იმ მაღაზიებში რუსულ ენაზე არაფერი
იყიდებოდა. საკითხავი რუსული იქ არავინ იცოდა. ეგეც იყო,
რომ თბილისში სხვა წიგნებს ეძებდი და ლიტერატურას სხვა
მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე იქ. იქ წიგნი ის იყო, რაც
მაღაზიაში ან სახლში დაგიხვდებოდა და მორჩა. თბილისში კი
წიგნი უნდა გეშოვა, კითხვა მარად განახლებადი რამ იყო.
თბილისში წიგნი იოლადაც ქრებოდა. ახლაც ასეა, რაღაც წიგნი
ხომ სულ გაქვს და უცებ არა გაქვს და ისედაც, წიგნები იმ
პატარა ადგილების პატარა თაროებზე თითქოს სამუდამოდ
ეწყო, თბილისში კი არა.
ჰოდა, ის თაროები საინტერესო იყო იმ ზაფხულის სიცხეში და
მოულოდნელიც.
იქ, რა თქმა უნდა, იყო კომუნისტური რომანებიც და თუ
პატრონი წიგნების მადევარი იყო, ბიბლიოთეკაც გვარიანად
დიდი გამოდიოდა. იმათში უმეტესი ადგილი ქართულ
ლიტერატურას ეჭირა; რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ
უცხოურიც მრავლად იყო, ოღონდაც – რაღაცნაირი,
ბესტსელერული იერისა, თუ იმას ბესტსელერი დაერქმეოდა.
იმ ბიბლიოთეკით მიხვდებოდი, როდიდან დაიწყეს
ადამიანებმა წიგნების ყიდვა პატარა ქალაქებში. ჩემი
ანგარიშით, ეს ომის მერე იყო, უფრო კი ორმოცდაათიანი
წლების შუიდან, მერე კი 60-იანებში გახურდა და გახურდა,
იმიტომ რომ იმ თაროებზე იშვიათად მინახავს ომამდელი ან
თუნდაც ომისშემდგომი წიგნები, რომლებსაც ეწერა სრულიად
მოულოდნელი სახელები, „სახელგამი“ და „საბლიტგამი“,
ისეთი წიგნები, რაღაცნაირ, მუქ ქაღალდზე რომ იყო
დაბეჭდილი. ასეთები რამდენიმე შემორჩა ჩვენთან, სახლში, და
იქიდან ვიცი. გახურებული ომის დროს გამოცემული
ინგლისური ბალადები, გივი გაჩეჩილაძის მიერ თარგმნილი და
კიდევ „რობინზონ კრუზო“.
ჰოდა, იქ ასეთები იშვიათი იყო. ოთხთაგან ერთი, რაც მახსოვს,
ალექსანდრე ყაზბეგის სქელი თეთრი ტომი იყო, ომის მერე
გამოცემული. დანარჩენი ყველაფერი გვიანდელი იყო.
დასავლეთში უყვარდათ გალექსვა და წიგნს ეწერა: შვილო
ნოდარ, წიგნს გიგზავნი, დიდი მწერლის დანაწერსა, ისწავლე
და იმ გზას გაჰყევ, რაც სტალინმა დააწესა.

152
ნოდარი ვინ იყო, არ ვიცი. რომ მივყვეთ, ეგებ მამიდამ
გამოუგზავნა პატარა ქალაქში ან სულაც – მამამ. ხელწერა
ქალისა არ იყო, ასე მახსოვს. ლექსებს საერთოდ ვერ
ვიმახსოვრებ. რატომღაც სწორედ ეს დამამახსოვრდა.
ასეთ თაროებზე განსაკუთრებით ბევრი იყო სამოციანი წლების
წიგნები და თარგმანები. საქართველოში წიგნების თარგმნა
იმის მეასედიც არ იქნებოდა, რაც რუსეთში, მაგრამ რაც
ითარგმნებოდა, ითარგმნებოდა. ძველიც და აქა-იქ ახალიც.
აბატი პრევო, „მანონ ლესკო“. აი, რა მახსოვს. რატომ იყო ეს
„მანონ ლესკო“ ასე ყველგან, არ ვიცი. ანდა რატომ იყო ასე
საკითხავი, ესეც არ ვიცი. მე, როგორც იტყვიან, გული ვერ
დავუდე. ყდა კი ჰქონდა იდუმალი, ღამის ვიწრო ქუჩაზე
მიმავალი ცხენოსანი, მთვარის შუქი, ამბავი. მაგრამ იმას იქით
მიჭირდა. გვარიანად ნაკითხი წიგნიც იყო, რადგან თხელი ყდა
და ყუა სულ ერთიანად მოცვეთილი ჰქონდა ხოლმე, სადაც არ
გადააწყდებოდი.
საერთოდ, ნახავდი ისეთ ბიბლიოთეკებს, სადაც სრულიად
ხელუხლებელი წიგნები ეწყო, რაღაცნაირად ნესტიანი,
დარბილებული ფურცლებით. ასეთი ბიბლიოთეკების არსი ის
იყო, რომ ადამიანს ესმის წიგნის მნიშვნელობა, ოღონდ კი მისი
კითხვა არ ძალუძს.
მერე რომ ამბობდნენ, წიგნები იმიტომ აქვთ სახლშიო, რომ
თავი მოიწონონო, და ასეთებს, თორემ არ კითხულობენო,
რაღაც ამის მსგავსი ამბავი გახლდათ, ოღონდ სრულიადაც არა
უარყოფითი, უბრალოდ, წიგნების ყიდვა თაროების
გასალამაზებლად სრულიადაც არ ჩანდა აუცილებელი. ეგ
უფრო მდიდრების ამბავი იყო. თანაც, არის ხოლმე, რომ
წიგნებს იმიტომ ყიდულობ, რომ უნდა იყიდო. თორემ, აბა,
რომელი თავისმოსაწონებელი ადგილი პირადი ბიბლიოთეკა
შეიძლება იყოს პატარა ქალაქის ჩვეულებრივი
მცხოვრებისთვის. ტონი შეიძლება ყოფილიყო, კარგი ტონი,
რაღაც ეპოქაში, რომელიც მერე გადავარდა და წიგნების
ფურცლებიც ამიტომ ჩარბილდა და ჩანესტიანდა, თორემ იქ რა
იყო გასაპრანჭი, ანდა იმ წიგნებს რა „ზალატოი ტისნენიის“
ყდები ჰქონდა, ოქროს ვარაყებს რომ იტყვიან, რომ იმით
მტრისთვის დაგებნელებინა თვალი.
იყო და მორჩა.

153
ბევრგან მსოფლიო ლიტერატურის ქართული
ოთხმოცტომეულის სქელ-სქელი წიგნებიც შეგხვდებოდა. ეს
უფრო გვიანდელი ამბავი იყო, ცხადია. 70-იანების ბოლო.
რუსული ხომ ორასტომეული იყო ასეთი და ქართული კი
ოთხმოცტომეული. ეტყობა, ქართული გამომცემლობა ვერ
გასწვდებოდა ორასს. ჰოდა, მსოფლიო ლიტერატურა
დაპატარავდა. ის რუსული ძალიან მაგარი გამოცემა იყო თავის
დროზე.
მაგრამ იმ თაროებს რომ მივუბრუნდეთ, აღმოაჩენდი
სრულიად მოულოდნელ რაღაცას, მაგალითად, ჭეიშვილის
„ლელოს“. მერე გავიგე, რომ ჭეიშვილი ერთადერთი მწერალი
იყო რობაქიძის შემდეგ, საზღვარგარეთ რომ წავიდა და იქ
დარჩა. ჩვეულებრივი საბჭოთა მწერალი და უცებ, ბახ! არაფერი
დისიდენტური მის წიგნებში არ იყო. ის „ლელოც“ ვერ
წავიკითხე. ძალიან კოლმეურნეობისა იყო.
რახან კოლმეურნეობა ვახსენე და ასეთი თარო, ასეთი
ადგილები არ არსებობდა კონსტანტინე ლორთქიფანიძის
„კოლხეთის ცისკარის“ გარეშე. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ
ერქვა წიგნს „კოლხეთის ცისკარი“, როცა იქ იმერეთის ამბები
იყო აღწერილი. სხვათა შორის იმავე თაროებზე არსებობდა ამ
წიგნის უფრო ძველი გამოცემებიც – „იმერეთის ცისკარი“ და
„ძირს სიმინდის რესპუბლიკა“. ეს უკანასკნელი სათაური
ძალიან მომწონდა. ბაბუაჩემი მეუბნებოდა, საქართველო რომ
დამოუკიდებელი გახდაო, რუსები დასცინოდნენ,
„კუკურუზნაია“ რესპუბლიკა არისო, სიმინდის მეტი არაფერი
აქვსო. ჰოდა, მომწონდა, რა ვიცი, კარგად დარქმეული სახელი
იყო. საერთოდ, სხვა საკოლმეურნეო წიგნებისგან
განსხვავებით „კოლხეთის ცისკარი“ წაკითხული მქონდა,
სწორედაც რომ ზაფხულში. თან მეუბნებოდნენ, ყველა
გამოცემას არა მხოლოდ განსხვავებული სათაური, არამედ
განსხვავებული ბოლოც აქვსო, მაგრამ ამგვარი შესწავლა არ
მიცდია. მახსოვს, რომ იკითხებოდა კარგად და კომუნისტურიც
ისე იყო, რა. თან რომ იყო, მაგრამ თან ვითომ ბევრი სხვა რამეც
რომ არის გარეული. ნამდვილი საგის ტიპის ბესტსელერი
გახლდათ იმ გარემოში, რომლისთვისაც შეიქმნა. ეროტიკაც კი
იყო შიგა, თალიკოს მუხლისთავები და მთელი ამბავი. ერთი
სცენა იყო, მთვრალი საბჭოს თავმჯდომარე თუ რაღაც ასეთი,
ტუჩა დაშნიანი, ამ თალიკოს მუხლისთავებს უყურებს და
ფიქრობს საფიქრალებს. პერსონაჟებს ისეთი სახელები ერქვათ,

154
რომ აუცილებლად დაგამახსოვრდებოდა. ახლაც მახსოვს
ყველას სახელი. ეს სახელები და გვარები დღეს ძალიან
მოულოდნელად გაისმებოდა, ვინმეს რომ წარმოეთქვა.
მაინცდამაინც ერთი სახელი დამავიწყდა, ყაჩაღია იქ ერთი და
ასეთ ამბავს ჰყვება, ქეიფშიო, თეფში მესროლესო, გამოფრინდა
და ყელში მომხვდა და იმის მერე ხმა დავკარგეო. ახლა რომ
ვხვდები, ამ წიგნის სქემა ნამდვილად ისეთი იყო, 30-იან
წლებში რომ მოითხოვდნენ მწერლებისგან, როგორც ნამდვილ
სოციალისტურს, მაგრამ სხვა ასეთი წიგნებისგან
განსხვავებით, კარგად იყო დაწერილი. ანუ ავტორმა კარგი
წერა იცოდა, იმერული იუმორიც ჰქონდა და კიდევ რაღაცა.
ეს მოულოდნელი წიგნები იყო-მეთქი. თბილისში ასეთები არ
გვქონდა. იქ ბევრი იყო აკაკი ბელიაშვილის წიგნებიც,
რომლებიდანაც რაღაცეებს წავიკითხავდი ხოლმე. სასაცილო
მოთხრობები იყო რაჭველებზე და ოსებზე და კიდევ იყო
ნარკვევების ერთი წიგნი, საიდანაც ძველი ჭიათურის
აღწერილობა მახსოვს. ისეთი იყო, ვესტერნებში რომ ქალაქები
შენდება საბადოს გარშემო. მაშინ, საბჭოთა კავშირში სულ
ერთი ვესტერნი არსებობდა, „შესანიშნავი შვიდეული“, თუ
გოიკო მიტიჩებს არ ჩავთვლით და ამიტომ ჭიათურას
ნამდვილად ვერ შევადარებდი სილვერადოებს და
დედვუდებს, მაგრამ კი მიკვირდა. საქართველოში რატომღაც
ყველაფერი ძალიან ძველი მეგონა. ალბათ იმიტომ, რომ
გარშემო ბევრი ისტორია იყო და მთავარი, რაც სულ ისმოდა, ის
გახლდათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ძველია და მთავარი რამ
ჩვენი განუმეორებელი სიძველეა. ჰოდა, აგერ კაცი ყვებოდა,
რომ ბევრი ამბავი მხოლოდ ასი წლის წინათ დაიწყო.
საერთოდ, იმ პატარა ქალაქის პატარა სახლის წიგნის
თაროებზე იყვნენ დღეს დავიწყებული პერსონაჟები. მექი
ვაშაკიძეს და ერემო პირტახიას რომ თავი დავანებოთ, იქ
ისხდნენ ლავროსი (თუ ლევარსი?) როხროხაძე და ყარამან
ყანთელაძე. და რა თქმა უნდა, კიმოთე ლახუნდარელი! ასეთი
წინადადება მახსოვს: „და ოთახში კი არ შემოვიდა,
შემოფრინდა აზნაური კიმოთე ლახუნდარელი!“
ეს ლახუნდარელობა რაღაცას ძალიან კომიკურს თუ ნიშნავდა
ძველი დროის იმერულ გონებაში. აკაკისთან ამნაირი სიტყვა არ
შემხვედრია, მაგრამ „კოლხეთის ცისკარშიც“ მთავარ კომიკურ
გმირს დახუნდარა ჰქვია. ისეთი სიტყვაა, სვანები და ბასკები

155
გაგახსენდება კაცს.
ლახუნდარელი მიუნჰაუზენის ქართული იერი იყო. სერგო
კლდიაშვილის წიგნები, ცხადია, იყო იმ თაროებზე, უმაგრესი
სვანური მოთხრობებით. მართლა მაგარი რამეებით.
დევლეთ ყიფიანი მთებში გარბოდა. ოჰ! იმათი კითხვა ძაან
რამე იყო. მთებში ხეტიალი ჩვევად გადაექცა არკადი ადოლინს.
რუს ოფიცერზეა, სვანეთის აჯანყების წინ რომ მსახურობს იქ.
იმ მოთხრობებიდან რამდენიმეს ბაბელიც მოაწერდა ხელს.
მაგრამ ეს ლახუნდარელი მაინც განსხვავებული რამ იყო. აი, ეგ
ლახუნდარელის თავგადასავალი „ძირს სიმინდის
რესპუბლიკასთან“ და კონსტანტინე გამსახურდიას
„ბელადის“ პირველ წიგნთან ერთად იყო ყველზე ძველი წიგნი
იმ ბიბლიოთეკებში.
რა ვიცი, ალბათ ბევრი რამე იყო კიდევ, გზადაგზა გაგახსენდება
კაცს. ისტორიული რომანები, ქართული ისტორიული
რომანები. არა კონსტანტინე გამსახურდიასი და არა ლევან
გოთუასი, არც გრიგოლ აბაშიძისა.
არა, ცხადია ესენიც იყო. „ლაშარელას“ სულ
ფერადილუსტრაციებიანი დიდი გამოცემა.
მე სხვებზე ვამბობ. სხვა, ნაკლებად სახელგანთქმული
წიგნები. „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებლები“. იყო ასეთი
წიგნი. რამდენი კიდევ. და რაღა თქმა უნდა, „იყალთოელი
ბიჭები“. ბუჩუკურთელის რგოლი. სანდრო ბუჩუკურთელი.
ქართული თინ-ფიქშენი. სანდრო ბუჩუკურთელი. რა
სახელები, როდინდელი. ოროსანი ბიჭი, მეტსახელად სნაიპერი,
რომელსაც სკოლიდან გარიცხავენ.
ასე მგონია, რომ რაღაც ძალიან შორეული მახსენდება. არ ვიცი,
ეგებ შორეულია. ეს წიგნები კი ნამდვილად იყო და ახლაც
იქნება იქ, სადაც ოდესღაც დავტოვე.
აბატი პრევო, ერკმან-შატრიანი, ესა დე კეიროში, „გრაფი
მონტე-კრისტოს“ თამბაქოსფერი ტომები და, რა თქმა უნდა,
ბლასკო იბანიესი, „სისხლი და ქვიშა“. და სპარსული რომანები,
ანდა აზიზ ნესინის წიგნი ქართულად. სპარსული რომანები,
აბა, წარმოიდგინეთ. იცით, რა მაგარი საკითხავი იყო? და
საინტერესო და რაღაც წიგნი, „ეჭვიანი და მოღალატე ცოლები“,

156
რომელიც სათაურის გამო თუ დამამახსოვრდა. აბა, როგორ არ
იყო საოცარი თაროები. „სისხლი და ქვიშა“ ხომ საერთოდაც
ისეთი წიგნია, წარამარა რომ წაიკითხავ. ტორეროს ცხოვრება.
ისეთი კი არა, ჰამინგუეის კარგ წიგნებში რომ წაგიკითხავს
ანდა მომავალში რომ წაიკითხავ, არამედ ესპანელის
დაწერილი, ნამდვილესპანურად მოთხრობილი. მთელ წიგნში
ისეთი სიცხე იყო, როგორიც ჩვენთან იცის ივლის-აგვისტოში. არ
ვიცი, ზაფხულში რომ ვკითხულობდი იმიტომ, თუ წიგნშიც
ნამდვილად იყო სიცხე, მაგრამ რაც იქიდან გამომყვა, მართლა
ქვიშა, სისხლი და ლამის მუდმივი მზე იყო. ცხვრების მოჭრილი
თავები თეირანის სახაშის ვიტრინაში – აი, ასეთი სურათიც
მახსოვს რომელიღაც წიგნიდან.
რას არ ნახავდი, მოკლედ. ლადო ავალიანის რომანი ამირანის
შესახებ. ეგეც თინ-ფიქშენ.
მისივე მოთხრობების პაწაწინა კრებული, სადაც
შეყვარებულები ფეხბურთზე ლაპარაკობენ. კევანის თამაშს
აფასებენ. ჰარი კევანი ისე იყო მაშინ, როგორც დღეს ვეინ
რუნია, ჰოდა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ რომ იყო თბილისში და
„დინამოს“ 3:0 მოუგო, იმათში იყო კევანი. რა არ გაგახსენდება.
ვააჰ, მთავარი დამავიწყდა. მთავარი კი არა, ყველაზე დიდი.
მოცულობით, რა თქმა უნდა. რამდენი ტომი იყო, ექვსი?
შვიდი? „დიდი მოურავი“. ანა ანტონოვსკაია. სიმართლე
გითხრათ, არასდროს წამიკითხავს. მიკვირდა კი გვარიანად,
ავტორი ქართველი არ იყო და ამსისქე რაღაცა მაინცდამაინც
ქართველებზე რატომ დაწერა-მეთქი. რამხელა რაღაცა იყო,
თუმცა შრიფტი მაინცდამაინც პატარა არ მახსოვს და
გვერდებიც ვიწრო ჰქონდა, ასე რომ, ის ექვსი ტომი ოთხშიც
ჩაეტეოდა.
ეჰ, რამდენი რამე იყო. მოლა ნასრედინზე უფრო რა
გამოგიკეთებს გუნებას? პუშკინს უწერია, გულს სევდა რომ
შემოგაწვება, ან შამპანური გახსენი, ანდა გადაიკითხე
„ფიგაროს ქორწინებაო“. ჩემს გემოზე, მოლა ნასრედინის
გადაკითხვა აჯობებს. იყო ასეთი კარგა სქელი წიგნიც, „მოლა
ნასრედინის ოხუნჯობანი“. იმ საწყალს ხმარებისგან ყდა სულ
შემოხეოდა, პირველი გვერდები იყო მისი ყდა. ბევრი სევდა კი
ყოფილა მოგროვილი, რომ მოლას ნათქვამებს ასე ხშირად
კითხულობდნენ.

157
ეგეთი ამბები იყო. ახლა სულ მეტი და მეტი მახსენდება იმ
არათბილისური თაროებისა და მეტი კი სხვა დროს იყოს. ცოტა
სევდის მომგვრელია და მოლა ნასრედინის წიგნი კი თან არა
მაქვს.

დღიური „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ


20 ივნისი
რა მიყვარდა ბავშვობისას „ვეფხისტყაოსანში“ და გეოგრაფია
და ზიჩის ნახატები. ბევრნაირი „ვეფხისტყაოსანი“ გვქონდა:
ერთი, გუდიაშვილის ნახატებითაც იყო, ქობულაძის და, მგონი,
საერთოდ ყველასი, ვისაც დაუხატავს, მინიატურებითაც და
კიდევ სხვებიც, სულ უსურათოები. იმის კითხვას, აბა, სად
შევიძლებდი. ეტყობა, რომ ვათვალიერებდი, თან რაღაცეებსაც
მიამბობდნენ, იქიდან თუ დამამახსოვრდა მულღაზანზარი.
ამ სახელზე დღემდე ვგიჟდები. არც ვიცი, ვინმეს თუ
გამოუკვლევია რომელიმე ენაზე, რაიმე სიტყვათშეთანხმება
თუა.
ზღვები, ციხესიმაგრეები, ქალაქები, გულანშაროები მაშინ
შევიტყვე. ეს გულანშაროც ძალიან მომწონდა. მშიშარა ვაჭრები
იყვნენ გუდიაშვილის ნახატზე, ნავში მსხდომნი, წამხდარნი,
გაუბედურებულნი და ავთანდილი, ხელში უცნაური ხმლით.
ხმალი არც იყო, რაღაც განიერი. კარგად მოიგონა გუდიაშვილმა.
საერთოდ, გუდიაშვილის ილუსტრაციები ძალიან მაგარი იყო,
გმირები არ ჰგავდნენ არც არაბებს, არც ინდოელებს, არც
ჩინელებს და არც ქართველებს. საერთოდ არავის არ ჰგავდნენ
დედამიწის ზურგზე. რაღაცნაირად მოქნილებიც იყვნენ,
რაღაცნაირად, მოუხელთებლად ელასტიკურები და
გრძნობებიც ისეთი აჩნდათ, რომ ბავშვი ვერ მიუხვდებოდა.
ცოტათი საშიშიც კი იყო. ვთქვათ, ხატაელთა მეფე რომ
მოჰყავთ გაკოჭილი.
ნახატები ბევრ რამეს მიამბობდა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.
ქობულაძის ხმლები მომწონდა, ძველი „ვეფხისტყაოსნის“ ის,
რომ ყველანი რაღაცნაირად გაღიმებულები იყვნენ, ზიჩისთან
კი – ტანსაცმელი.

158
ზიჩის ნახატებში ყველა იყო ლამაზი, სიმპათიური და, მგონი,
მაშინ ჰოლივუდი არ არსებობდა, მაგრამ ყველანი მსახიობები
იყვნენ. სადღაც გამიგონია ზიჩის ნატურების შესახებ. როცა ის
ხატავდა, მაშინ საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი
სურათები იყო პოპულარული, იმ დროის ლამაზი ქალები და
კაცები ფოტოებს იღებდნენ შესაბამისი ჩაცმულობით. არ ვიცი,
მგონი, ამის შესახებ საგანგებო გამოკვლევებიც არსებობს, ვინ
დაიხმარა ზიჩიმ, რატომ და როგორ.
საერთოდ, ეს მაგარი თემა იქნებოდა – „ვეფხისტყაოსნის“
მხატვრების შესწავლა. აი, გუდიაშვილმა როგორ დახატა,
რატომ მაინცდამაინც ასე დახატა და ასე დაუსრულებლად.
ხომ ვამბობ, ბავშვისთვის თვალწარმტაცი, რა თქმა უნდა,
უფრო ზიჩი იყო.
ალბათ ქობულაძეც, მაგრამ ქობულაძე რაღაცნაირად მკაცრი
იყო. მგონი, ზუსტად ისეთი სინათლე იყო მის ნახატებში,
როგორიც შუა საუკუნეებს შეეფერება. ამას ახლა მივხვდი და
არ ვიცი, თვითონ თუ ფიქრობდა, რომ შუა საუკუნეებში არ
არსებობს ისეთი სინათლე, ტახტზე ლაღად წამოგორებულ
ავთანდილსა და ფატმანს რომ ადგათ ღამით ზიჩის ნახატზე.
მაგრამ გუდიაშვილი ისეთი იყო, რომ სამუდამოდ
დაგამახსოვრდებოდა.
მე რომ მკითხოთ, რაც გუდიაშვილმა „ვეფხისტყაოსნისთვის“
დახატა, ყველაზე მეტად ამჟღავნებს მხატვრის სამყაროს, მის
მაშინდელ განწყობას და მდგომარეობას. ხელოვნებათმცოდნე
და ექსპერტი მე ვერა ვარ, მაგრამ ახლა გუდიაშვილი მირჩევნია.
რომ იყოს სათვალიერებლად, აუცილებლად მას
დავათვალიერებდი. ერთად, წიგნის გარეშე. ეს ძალიან მაგარი
იქნებოდა.
„ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ სურათებით.
ყველანაირი „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს და ახლა შეიძლება
ასეთებიც გამოვცეთ, მხოლოდ მხატვრების „ვეფხიტყაოსნები“,
უტექსტოდ.
ასეთიც არსებობს, საბჭოთა დროისა, ოღონდ არასრული.
ამ შემთხვევაში გუდიაშვილი სულ სხვანაირად გამოჩნდებოდა
და „ვეფხისტყაოსანიც“ სულ სხვანაირად. ერთ-ერთი წაკითხვა,

159
ასე ვთქვათ.
თორემ რაც მეცნიერებს „ვეფხისტყაოსანზე“ უმუშავიათ, რაც
მისი სახისმეტყველებანი და ასეთი სერიოზული რამეები
უკვლევიათ და უწერიათ, მგონი, ერთი წიგნისთვის
სარეკორდოც შეიძლება იყოს.
ეს არც არის საკვირველი.
ყველამ იცის, რომ ეს მთავარი წიგნია.
თავიდანვე ასე გამოვიდა.
ჰოდა, ამიტომ, ვინ როგორ დახატა „ვეფხისტყაოსანი“, ძალიან
საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოში, საუკუნეთა
მანძილზე ყველა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანს თავისი
„ვეფხისტყაოსანი“ ჰქონდა თავში. მგონი, არა მხოლოდ თავში,
არამედ ძვალსა და რბილშიაც. ჯერ მარტო ხალხური
„ვეფხისტყაოსანი“ რამდენი არსებობს.
21 ივნისი
გეოგრაფია. მგონი, „ვეფხისტყაოსანი“ არის ერთ-ერთი იშვიათი
ქართული წიგნი, რომელიც მოიცავს უზარმაზარ სამყაროს.
ვიცი, რომ სარაინდო რომანები ერთგვარად გზის რომანებია.
კაცმა თუ არ იარა, რამეს თუ არ გადაეყარა, ისე ამბავიც არ
გამოვა. თანაც, რაინდები ტყუილად კი არ დახეტიალობენ
გზაზე, მიზანი აქვთ. მიზანი სრულიად კონკრეტულიც
შეიძლება იყოს და სრულიად ზოგადიც: ვთქვათ, საგმირო
საქმეთა ჩვენება მიჯნურისთვის. ამისთვის სამყაროა საჭირო
და სარაინდო რომანების ავტორი იგონებს ხოლმე ასეთ
სამყაროს. ან კიდევ სხვა რომანიდან გადმოიღებს და
გადაასხვაფერებს. ანდა სულაც ნამდვილ გეოგრაფიას
გამოიყენებს და მას გამოგონილი ამბებით გააფერადებს.
შეიძლება, რომ სამყაროს ნაწილი ან მოგონილი იყოს ან
ნამდვილი.
მოკლედ, გეოგრაფია საჭიროა.
ქართველების და ზღვის უცნაური ურთიერთობა
ერთმანეთთან, კარგა ხანია, ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ
ტარიელი ინდო კი არის, მაგრამ, აბა, სადაური ინდოა? ანდა
ავთანდილის არაბობა სად თქმულა. ქართველი ამას არასდროს

160
დაეთანხმება.
აბა, რამდენი წიგნია დაწერილი „ვეფხისტყაოსანსა“ და
ღმერთზე და იქ ალაჰი და ბუდა, მგონი, არავის უხსენებია.
თვითონ გმირებიც ღმერთზე რომ ლაპარაკობენ, მას რომ
მიმართავენ, პირდაპირ არასდროს ახსენებენ თავიანთ რწმენას.
მეცნიერები სულ სხვადასხვა რამეს წერენ ამის თაობაზე და
არამეცნიერი კი, რომ წაიკითხავს ამ სერიოზულ ნაკვლევს და
ფიქრს წამოიწყებს, რახან მეცნიერულის ენით ფიქრი არ
შეუძლია, ძნელად ირჩევს, რომელ მეცნიერს მიენდოს.
ჰო, ეს იმას მოვაყოლე, რომ ზღვა და გეოგრაფია. ამხელა
გეოგრაფია, აბა, რომელ ქართულ წიგნს აქვს-მეთქი, ნამდვილი,
ან მოგონილი. ანუ რუსთაველის ხილული და მოგონილი
სამყარო მაინც აღმოსავლეთითაა, თუმცა ავთანდილი
ნამდვილი ევროპელი დიდმოხელეა და, საერთოდ, ამ წიგნში
ისეთი ფეოდალიზმია, ევროპულს რომ მივამსგავსებთ. ასეთი
ფეოდალიზმი იყო საქართველოში, დიახ. ამაზეც უამრავი
წიგნია დაწერილი.
ზღვა ისეთია „ვეფხისტყაოსანში“, იმხელაა, რომ ლამის
ხმელეთს არ ჩამოუვარდება. ზღვა ისედაც დედამიწის სამი
მეოთხედია და წიგნებში მის სიმრავლეს ერიდებიან ხოლმე.
კაი, ვიხუმროთ, რა მოხდა... თან ეს მეთორმეტე საუკუნეა და
ზღვის სიდიადე და მნიშვნელობა წიგნებში მხოლოდ სამი
საუკუნის შემდეგ გაიზრდება დასავლეთის ქვეყნებში.
აღმოსავლეთში კი სინდბადი მოგზაურობს და ცურავს და
მთელი ამბავი.
„ვეფხისტყაოსნის“ სამყაროს შეგრძნება ალბათ ძალიან
თავისებური იყო, ვთქვათ, XV ან XVI საუკუნეში.
დროთა განმავლობაში ეს ალბათ ოცნებასთან ან რაღაც ძალიან
შორეულ საერო იდეალთან იყო დაკავშირებული. ასე
ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ის, რაც „ვეფხისტყაოსანში“ იყო,
საქართველოს არ ჰქონდა; ანუ ჰქონდა და არც ჰქონდა,
ხედავდა და ვერ სწვდებოდა, ანდა ჰქონდა და ისეთი ვერა,
როგორიც ეს „ვეფხისტყაოსანში“ იყო.
არ ვიცი, რას ნიშნავს ზღაპარი შუა საუკუნეებში. ანდა რომანი
რას ნიშნავს. როგორ კითხულობენ მათ და რას ფიქრობენ,
ვთქვათ, ზღაპრის შესახებ.

161
აი, მაგალითად, ქაჯებზე რას ფიქრობენ.
რომ ეს უბრალოდ ცუდია, თუ ქაჯები არსებობენ? სამხრეთში
იყო ასეთი, ქაჯთა ქალაქი. სხვა სახელებიც ერქვა, მაგრამ ასეთი
ტოპონიმი რუსთაველის დროს არსებობდა.
წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების მკითხველი.
ის არისტოკრატიიდან არის. უფრო ხშირად, უმაღლესი
არისტოკრატიიდან.
სამღვდელოებაშიც არისტოკრატიაა და ქვეყნის სათავეშიც.
წიგნებს ეს ხალხი კითხულობს, უფრო სწორად, ამ წიგნს.
წიგნი სახლში უფრო ხშირად ორია: სახარება და
„ვეფხისტყაოსანი“. ეს ბოლო დრომდე, აგერ მეცხრამეტე
საუკუნის შუა ხანებამდე, ასე იყო ჩვეულებრივ ქართველ
თავადებში, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე გადაჭარბებული
წიგნისმოყვარეობით არ იყო შეპყრობილი. აი, აკაკი იგონებს,
რომ მამამისი სწორედ ამ ორ წიგნს კითხულობდა, თან – დიდი
გრძნობებით. კითხულობდნენ უფრო ცოლები. წიგნი
როგორღაც საოჯახო საქმეში შედიოდა.
„ვეფხისტყაოსნის“ და სახარების მხარდამხარ კითხვა დიდად
უცნაური რამაა. მით უმეტეს, როცა ეს საუკუნეების
განმავლობაში გრძელდება.
როგორ მოიპოვა „ვეფხისტყაოსანმა“ ქვეყნისგან
განუყოფლობის, მისი აუცილებელი თანმხლების
მდგომარეობა? ამას ალბათ კარგი ფილოსოფოსი სჭირდება.
მისი დაწერიდან საუკუნეთა შემდეგ ქართველი პოეტები, რაღა
თქმა უნდა, კვლავაც არისტოკრატიიდან და მთლად მეფეებიც
ვერ გაექცნენ რუსთაველის თექვსმეტმარცვლიანს. ამ
მარცვლებში ძალიან სუსტი ვარ, მაგრამ არამეცნიერული ენით
რომ ვთქვა, მათ აიღეს ჩარჩო, რომელიც იდეალურად მიაჩნდათ.
სხვა არ უნდოდათ. იმდენი საუკუნე გავიდა და კიდევ
ებაასებოდნენ. ცხადია, ხელჩასაჭიდი ეს წიგნი იყო. მეორე
ასეთი ან ამის მსგავსი არ არსებობდა.
მეტი რა გინდა? ისტორიულ ქრონიკებსაც კი ამ ლექსით
წერდნენ.
22 ივნისი

162
არის ასეთი დავიწყებული წიგნი: „დანიელ ჭონქაძე და მისი
დრო“. ეს წიგნი ფილიპე მახარაძემ დაწერა. თუ გახსოვთ
ფილიპე მახარაძე. ამოვთხრით, რა უნდა მთაწმინდაზეო,
ზუსტად ის ფილიპე მახარაძე. მთავარი ინტელექტუალი იყო
ქართველ ბოლშევიკებს შორის, დიდად დამსახურებული,
გრძელწვერიანი. ილია და ასე შემდეგ... ეს ყველამ იცის, მაგრამ
უამრავი წიგნი რომ დაწერა, ეს ვიღას ეხსომება?
ჰოდა, არის ასეთი წიგნი.
საინტერესო წიგნია, სხვათა შორის, ჯერ კიდევ, ეჰეეე, როდის
დაწერილი.
იმიტომ გამახსენდა, რომ მის შესავალშივე
„ვეფხისტყაოსანზეა“ ლაპარაკი. ფილიპეს არ უყვარდა
„ვეფხისტყაოსანი“. სადაც წასწვდებოდა, ყველგან ფეოდალურ
რომანად მოიხსენიებდა და მარქსისტულ ჭრილში საზიანო
წიგნადაც კი მიაჩნდა. ხალხისთვის საზიანოა, ხალხმა უნდა
იცოდეს, რომ რაც იქ წერია, ცხოვრებისეულ სინამდვილესთან
არანაირი შეხება არა აქვს და იდეალიზებული გმირები
ადამიანებს კარგს არაფერს მოუტანენო. თანაც, ამბობდა, მორჩა
ეგ ამბავი, დამთავრდა, ვიღას სჭირდება ან ვიღას ახსოვს ეს
წიგნიო. ანუ ამბავს ხედავდა და ამბავი კი საზიანო იყო
მშრომელი ხალხისთვის, რაღაცა საოცნებო და მისაბაძი, თუ
კიდევ სხვა, არ ვიცი.
ამის საპირისპიროდ, ნამდვილი ქართული წიგნი „სურამის
ციხეაო“, წერდა. წიგნიც ამაზეა, დანიელ ჭონქაძეზე და
სურამის ციხეზე.
აბა, ფილიპემ რა იცოდა, რომ მისი ორმოცდაათწლიანი
მოღვაწეობის მიწურულს ეს წიგნი სტალინს დასჭირდებოდა;
სოსოს, ძველებურად.
ნეტა, სტალინზე რომ ფიქრობდა, რას ეძახდა გულში ფილიპე,
სოსოს, იმას, ამას, თუ კიდევ რაღაც უფრო სხვას. არ უყვარდა,
ეს ცნობილი ამბავია. სტალინი კიდევ ადამიანად არ თვლიდა,
სიმართლე რომ ითქვას. მერე, თორემ ახალგაზრდობაში
კუდშიაც დასდევდა. მაგან მართვის არაფერი იცისო, აქეთ
იწერებოდა, მეორედ რომ დაიპყრეს საქართველო. ფილიპე
დაიბარა ჩეკას ნარკომმა მერე და სულ წვერი დააგლიჯაო, ესეც
გამიგონია. ამის შემდეგ, უკვე მოხუცებულს, სისხლი ჩაექცა და
მოკვდაო.

163
რა ვიცი, „ვეფხისტყაოსანზე“ ვლაპარაკობდი, მაგრამ ფილიპე
რა ზიანსაც ხედავდა ამ წიგნში, ის გასაგებია. საერთოდ,
საიდუმლო ამბავია, სტალინს რომ დასჭირდა მისი კიდევ
ერთხელ რუსულად თარგმნა და ამ უძველებელი ყდით
გამოცემა. მგონი, იმის გამო, „გორეცის“ სახელი რომ ჰქონდა.
მოკლედ, ქართული კულტურის დღეები და ასე შემდეგ.
საინტერესოა, ეს რომ არ ყოფილიყო, ანუ საქართველო რომ
ნამდვილ ქართველ ბოლშევიკებს ემართათ, ამ წიგნის
სიცოცხლე და მისდამი ინტერესი საბჭოთა დროში ასეთი
განუზომელი თუ იქნებოდა.
ერთ დროს სკოლის პროგრამაში „ვისრამიანიც“ კი შედიოდა,
მერე უკუაგდეს, ეტყობა, სპარსულიაო, ნათარგმნიაო და არ
გვეკადრება ჩვენ, ქართველებსო. ესე ამბავი სპარსული,
ქართულად ნათარგმანები…..
კაი, ვიხუმროთ, მით უმეტეს, რომ ვიცით, სპარსულ ენაზედ
ასეთი არ იპოების. ეს ვახტანგმა თქვა? მგონი. არ მახსოვს. იმან
კი იცოდა სპარსული ლიტერატურა. მერე ნიკო მარი ამბობდა,
აქ არის, პეტერბურგშიო, სპარსულიო, ზუსტად ასეთი
სიუჟეტითო... არ გამოუჩენია. მხოლოდ ამბობდა. ვერც ვერავინ
იპოვა. არ მგონია, ქართველი სწავლული გაჰყვეს მარის
მუქარას.
მოკლედ, როგორია „ვეფხისტყაოსნის“ ძალა დღეს? მინდა
ვთქვა, რომ ის ძალიან მცირეა, თუ არის საერთოდ.
სამყარო გამოიცვალა. ფილიპე სწორედ ამას ამბობდა, აღარ
არის ამეების დროო. თქვენ გინდათ, რომ „ვეფხისტყაოსანი“
როგორც მხოლოდ საგანძური ისე არსებობდეს? თუ გინდათ,
რომ ის ცოცხალი იყოს? აბა, თქვი, დღეს ვინ ფიქრობს ამაზე?
მგონი, არც არავინ.
ისტორიის რაღაც ეტაპზე „ვეფხისტყაოსანმა“ ისეთი რამ
გააკეთა, არც ვიცი, სხვას თუ გაუკეთებია. დღევანდელი
გაგებით რომ ვთქოთ, აი, დღევანდელი სამყაროს ენით, ასე
გამოვა: ეს, მგონი, მსოფლიოში უნიკალური ვირტუალური
თამაშია. „ვეფხისტყაოსანი“.
და ის ჯერ კიდევ მაშინ იყო ვირტუალური თამაში, როცა
ქვეყნად არც კომპიუტერი არსებობდა, არც ელექტროენერგია
და არც ნიუტონის ნაფიქრი.

164
ოდესღაც ასე იყო.
24 ივნისი
ყველაზე მეტად რაც არ მომწონს შოთა რუსთაველის ამბავში,
ეს მისი ბუხრის ქუდია. ყალმუხის ქუდი, სხვანაირად რომ
ვთქვათ, კრაველის ბოხოხი, უფრო გაინტელექტუალურებული
ყარაჩოღელის ქუდი, ზედ მიმაგრებული ბატის ფრთით. არ
ვიცი, ეს ფრთა სამკაულს აღნიშნავს ხოლმე თუ იმას, რომ
მწერალი იყო. ცოტა სპარსული ამბავია, ცოტაც მინიატურების,
მაგრამ ეს ბუხრის ქუდი ვერ მოშორდა. ფრესკაზე ბუხრის
ქუდი არ აქვს.
ერთი მეცხრამეტე საუკუნის ნახატია, რომელიც კარგა ხანს იყო
პოპულარული და იქ ძალიან კეთილი სახე აქვს, ოღონდ იმ
დროის რუსული საეკლესიო მხატვრობის თვალები და იერი
ემჩნევა.
მე ფრესკის მხარეს ვარ, მეჭურჭლეთუხუცესი შოთა და მთელი
ეს ისტორიები. მისი ბიოგრაფია უცნობია, დანამდვილებით
ვერაფერს გაიგებ, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი, რაც ამის
შესახებ წამიკითხავს, პავლე ინგოროყვას წიგნია. ისიც
გამიგონია, რას ამბობენ ხოლმე ამ წიგნზე, მაგრამ სრულიად არ
უმოქმედია ჩემზე, რადგან სწორედ ასეთი წიგნები და ასეთი
კვლევა მიყვარს, წერტილიდან რომ სამყარო წარმოიქმნება
ხოლმე.
იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვეთანხმები ან არ
ვეთანხმები. ანდა ეს რა მკითხველის სათქმელია ასე
გადაჭრით, მაგრამ ასეთი საინტერესო წიგნი ყველაზე დიდი
ქართველი უცნობის შესახებ მე ნამდვილად არ წამიკითხავს.
„ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე კარგი გამოცემა კი სასკოლო
„ვეფხისტყაოსანი“ მგონია. იყო ასეთი, სულ უბრალო იერისა.
ნოდარ ნათაძისა, თუ არ ვცდები. ალბათ არ ვცდები. ძალიან
კარგი იყო, ადამიანს ეხმარებოდა.
„ვეფხისტყაოსნის“ საუკუნეში ქართველები წიგნებს წერდნენ.
ეს საუცხოო ამბავია იმიტომ, რომ მერე და მერე ამას შეეშვნენ,
თუმცა მერე ისევ დაუბრუნდნენ. ასე იტყვიან ხოლმე, როცა
ზარბაზნები გრიალებენ, მუზები დუმანო. არ მგონია, მაგრამ
მაინც.

165
თვითონ რუსთაველს აქვს ჩამოთვლილი და უამისოდაც ვიცით
„ამირან-დარეჯანიანი“, „აბდულმესია“, „დილარგეთ“ და კიდევ
სხვანიცა. რა თქმა უნდა, სპარსული კვანძი არსებობს მთელ ამ
ამბავში, იმიტომ რომ იმ დროის სპარსეთი ლექსის და,
ზოგადად, ხელოვნების საუცხოო ადგილია.
იმ ქვეყანაში ბრმა პოეტი შეიძლება ქალაქის გამგებელი იყოს
და ათასი სხვა რამეც. ჰოდა, რატომ არ შეიძლება, რომ შოთა
მეჭურჭლეთუხუცესი იყოს? სარგის თმოგველი რა,
კონტროლიორი იქნებოდა ტრამვაიში? ხომ ვიცით, ვინც იყო.
იმასაც დაუწერია.
მე კიდევ რას ვამბობ. რაღა „ვეფხისტყაოსანი“ -მეთქი? ვთქვათ,
რატომ არა „ამირანდარეჯანიანი“? რა, ქურციკის ამბავი არ არი
მაგარი?
მარტივი პასუხია: რომ ჯობია ასჯერ და იმიტომ; რომ დიადი
პოეზიაა; რომ ისა; რომ ესა. რომ „ვეფხისტყაოსნის“ ამბავი
უფრო ადამიანური და გულში ჩამწვდომია, ვიდრე
„ამირანდარეჯანიანისა“.
მაგალითად, „ვისრამიანიც“ უზომოდ პოპულარული იყო
საქართველოში. აგერ ლამის ასი წლის წინათ კი ყველაზე
კითხვადი წიგნი „ყარამანიანი“ იყო, დავით სარდალმა რომ
თარგმნა ერეკლეს დროს.
საქმე მგონი, სხვა არის. რა თქმა უნდა, სიტყვასაც არ ვიტყვი
მისტიკურ მნიშვნელობებზე, ათას სხვა თეორიაზე და ასე
შემდეგ. უბრალო კაცმა უბრალოდ უნდა თქვას. აბა, მე რა ვიცი
დაფარული რამეებისა? მე მესმის სიყვარულის, სიძულვილის,
სიცილის, ტირილის, სიმძიმის, სიმსუბუქის, დღის, ღამის,
წყლის, ხმელეთის და ასეთი რამეების. რაც ყველას ესმის. ეს
უბრალოა.
უბრალოდ კი ასეა: ადამიანს, წიგნს რომ კითხულობს, ან სჯერა
მისი, ან არ სჯერა.
ამ საქმეში მას ავტორი ეხმარება; ანუ ავტორზეა
დამოკიდებული, დაიჯერებს თუ არა მკითხველი წიგნს.
თუ დაიჯერებს, ყველაფერი მაშინ დაიწყება.
დაჯერების შემდეგ სწრაფ-სწრაფად მოდიან მიღება,
დაახლოება, შეყვარება და ასეთი რამეები.

166
შეყვარებისთვის რაღაც თვისებებია საჭირო.
უნდა დაემთხვეს. წიგნის რაღაცეები უნდა დაემთხვეს
წამკითხველის რაღაცეებს; ანუ აქ უკვე ორი მხარეა: დამწერი
და წამკითხველი.
გადამწყვეტი ისევ დამწერია.
რუსთაველი ბრწყინვალე ავტორია.
რა და როგორ, ამის მოყოლა საჭირო არ არის. ეგებ ვიფიქროთ,
რა დაემთხვა? არ მგონია, რომ ეს აუცილებლად სიუჟეტი და
ხასიათები იყოს, ანდა სიბრძნეს რომ იტყვიან, ის. აქედან
ალბათ ყველაფერი იყო, მაგრამ მთავარი სხვა რაღაც გამოდის.
მგონი, ეს არის ცხოვრება, რომლითაც გინდა იცხოვრო.
ქართველ არისტოკრატიაზე ვამბობ.
10 ივლისი
ერთ-ერთი მაგარი რამ, რაც „ვეფხისტყაოსანს“ გამოჰყვა ამ
საუკუნეების განმავლობაში, არის ის, რომ მას ჰყავდა
ინტერპოლატორები, ანუ ადამიანები, რომლებიც შიგნით,
პოემაშივე წერდნენ.
ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ამბავია შუა საუკუნეებში,
მაგრამ არ მგონია, სტამბის გამოგონების შემდეგ ხშირი იყოს.
გადამწერლებს უფრო ადრე ჰქონდათ ეს თვისება ტექსტის
შევსებისა, სიახლით თუ, უბრალოდ, თავიანთი აზრებით
გამდიდრებისა. ხელნაწერებზე მინაწერებისა და ასე
დაუსრულებლად.
ეს სულაც არ არის გასაკვირი რამ.
სულხან-საბას უწერია, ლექსიკონს რომ ვადგენდი, ერთი
მღვდელი იყო, თუ არ ვცდები, იობი ერქვა და სულ
მლანძღავდა, რას აკეთებს, ცუდ სიტყვებს წერს შიგო. ყველაზე
ნასწავლი და კალიგრაფი მღვდელი იყოო და როცა მოვრჩი ამ
საქმეს, ამ მღვდელს მივეცი გადასაწერად და როცა გადაწერა,
ნახე, რა ქნაო: სადაც ჩემი სახელი ეწერა, ყველგან თავისი
ჩაწერაო.
ასეც ხდებოდა, და ეძებე მერე ავტორი.

167
გადამწერელი ცოტათი ავტორადაც გრძნობდა თავს. ანუ
ავტორი ვერ იყო ისეთი ავტორული, დღეს რომ არის. რაღაც
ხელოსანსა და ხელოვანს შუა მოძრაობაა, სტადიის მსგავსია.
აბა, ტყუილად ხომ არ არსებობს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის
დამდგენი კომისია. მთელი სამეცნიერო დაწესებულებაა,
რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ ასუფთავებს ნაყალბევი
სტროფებისგან და მთელი გვერდებისგან, გვერდებისგან კი
არა, თავებისგანაც. ერთი ცალკე წიგნიც არსებობს, რომელიც
ადრე მინახავს და გადამიფურცლავს, იქ მთელი ეს ნაყალბევი
სტროფებია თავმოყრილი.
მეცნიერებში ალბათ კამათია ნამდვილ და ნაყალბევ
სტროფებზე. ინდო-ხატაელთა ამბავი და ასე დაუსრულებლად.
„ვეფხისტყაოსნის“ შიდა ტერიტორიაზე მომუშავე ხალხისგან
სახელიც შემორჩა, ნანუჩა ციციშვილი.
არჩილ მეფე ამბობს, რომ ბევრი ჩაურია შიგაო. დიდად საოცარი
კაცი იქნებოდა ეს ნანუჩა.
სტალინმა ერთი სტროფის რუსულად თარგმნით შემოფარგლა
თავისი თანამონაწილეობა ტექსტში. ჰგავს, არა? ნანუჩობაა
რაღაცნაირი, შენიღბული. ხედავთ, რა ამბიცია ჰქონია? ნანუჩა
კიდევ, სრულიად საოცარი ქართველი, მთლიანად შევიდა.
ეტყობა, რაც შეიძლო, ჩაამატა და ჩაამატა.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველი არისტოკრატია გვარიანად
ნასიარულებია „ვეფხისტყაოსანში“, არა მხოლოდ ოცნებით,
არამედ კალმით, დაზომებით, დატოლებით, შიგნით ხმლის
ქნევით, ორმოების თხრით და სხვა ათასი რამით.
ეს შუა საუკუნეების გადამწერთა შორის გავრცელებული
ქმედება „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაში, შესაძლოა,
სხვაგვარი იერისაც იყოს.
„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტში საკუთარი სტროფებით ჩარევა არ
არის მხოლოდ იმის სურვილი, რომ ისტორიული ქრონიკა
გაამდიდრო, ახალი ცნობა, ან შენი სუბიექტური აზრი მიაწერო
სხვა მემატიანის ნაწერს. არც ის არის მხოლოდ, რომ
გადამწერის სახელი უკვდავყოს.
მგონი, „ვეფხისტყაოსანში“ ლექსების ჩაწერა, ერთი მხრივ,
განასახიერებს სიდიადეში თანამონაწილეობის სურვილს;

168
მეორე მხრივ, შეუგუებლობას არსებულ სინამდვილესთან;
მესამე მხრივ, საკუთარ თავში დარწმუნებულობას და
უკიდეგანო ამპარტავნებას და, მეოთხე მხრივ,
გარესამყაროსთან ჭიდილში აშკარა უძლურებას.
პირდაპირ ნანუჩაში და სხვა ასში და ორასში კი არ არის საქმე,
საზოგადო სურვილში, რომ „ვეფხისტყაოსანში“ იყო.
მგონი, ადრე ვირტუალური თამაში ვახსენე.
„ვეფხისტყაოსანში“ ლექსების ჩაწერა რაღაცით აშორდიას
აზნაურობასაც კი ჰგავს: ცხოვრება სხვაგან მიდის, ხდება
რევოლუციები, რუსთ ხელმწიფის ტახტი ირყევა, ამ დროს კი
ქართველები ფულს უხდიან სოლომონ აშორდიას, რომ მან მათ
აზნაურული წარმომავლობის საბუთები შეუდგინოს.
რა თქმა უნდა, ყოფითად აშორდიას აზნაურობას სხვა
მნიშვნელობა ჰქონდა: შენს შვილს ისეთ სასწავლებლებში
მიიღებდნენ, სადაც მხოლოდ „დვორიანსტვოს“ შეესვლებოდა,
მაგრამ იდეურად სულ სხვაგან შეიძლება წავიდეთ: ქვეყანა
იმისთვის ინგრევა, რომ წოდებრიობა გააუქმონ, შენ კი
ნაყალბევ წოდებას ყიდულობ.
რაღაცით ჰგავს.
ნანუჩამაც და სხვებმაც ხომ მშვენივრად იცოდნენ, ეს არის
ხელით ქმნილი საუკეთესო რამ, რაც მოსდევს საქართველოს
მთელი საუკუნეების განმავლობაში. არა მხოლოდ იცოდნენ,
რამედ შინაგანად აღიარებდნენ კიდეც; ანუ ბოლომდე
შესისხლხორცებული ჰქონდათ, რომ ეს ასეა: ამაზე უკეთესი
არც შეიძლება, რომ რამე იყოს.
ჰოდა, ამ უკეთესში მონაწილეობა, მგონი, რაღაც ამგვარი
სურათია.
სურათები ბუნდოვანი და ჩამოუქნელია, მაგრამ
მიმართულება, მგონი, სხვა არ არის.
მეცნიერი ხომ არ ვარ, მაგრამ რომ ვკითხულობ, უცებ
გავიფიქრებ: ეს არ იქნება რუსთაველის დაწერილი. ზოგჯერ,
ისეთ რამეებზე გავიფიქრებ, რომ ვერც გავამხელ.
11 ივლისი
ძალიან მიზიდავს ეს ვირტუალური თამაშის სურათი. მგონი,

169
გამონაგონი მომეწონა და მეც რაიმე ნანუჩობა არ დამემართოს,
იმას ვფიქრობ.
ამიტომ ისევ უბრალოდ ჯობია.
რაც უფრო აქეთ მოდიოდა საქართველო XII საუკუნიდან, მით
უფრო უბედურდებოდა, უდაბურდებოდა და ყოფის ანაბარა
რჩებოდა. შეიძლება უბედურება არ დავარქვათ, მაგრამ უკეთეს
შემთხვევაში ეს ადგილის ტკეპნა იყო. უფრო სწორად კი,
როგორი ადგილის ტკეპნა იყო, იცით? აი, ასი ნაბიჯით უკან
რომ დაიხევ და იქ ტკეპნი ადგილს, მერე კიდევ ასით, და იქ
ტკეპნი. ტკეპნი და ტკეპნი, ოღონდ არა იქ, სადაც ოდესღაც
იყავი, არამედ სადღაც დაბლა.
წინ წასვლა არ გამოდის.
ომის დროს კაცი რომ გორაკს დაიჭერს, იქ რაც მეტს გატკეპნის
ადგილს, უკეთესია, მერე ეგებ მოღონიერდეს და სხვა გორაკიც
დაიჭიროს. იქიდან რომ ჩამოაგდებენ, გორაკის ძირში რამდენიც
უნდა ტკეპნოს, ხეირი არ იქნება.
ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც იყო, ვთქვათ, საქართველოს
სამეფოები მეჩვიდმეტე საუკუნეში ანდა მთლად
მეთვრამეტეში, სადაც ორმოც ლეკს შეეძლო მცხეთამდე ისე
მოსულიყო და ბებრის ციხე ისე დაეჭირა, რომ გზად წინაღობა
კი არა, უბრალოდ, კაცი არ შეხვედროდა, „ვეფხისტყაოსნის“
მნიშვნელობა არის განუზომელი.
მეჩვიდმეტე საუკუნეს კიდევ რა უჭირს? იქ ყველაზე რთულ
ქართველ მეფეს, ყველაზე უბედურს და სივერაგით დროის
შესაბამისს, თეიმურაზს, რუსთაველი ახსოვდა. თეიმურაზი
პოეტი იყო.
საინტერესო ესეც არის, რას ფიქრობდა „ვეფხისტყაოსანზე“
გიორგი სააკაძე. სააკაძის მნიშვნელობაზე აღარ მოვყვები. სულ
სხვა მხარეს წავალ.
უბრალოდ, ერთი ამბავი გამახსენდა: ლუარსაბ მეორეს რომ
სააკაძის მოკვლა გადააწყვეტინეს და მსხვერპლი წავკისში
დაიბარეს, იქ მისულ მოურავს მეფის ფარეში ბააკა
ხერხეულიძე დაუხვდა და გააფრთხილა, ასეა და გაიქეციო.
სააკაძე უუნაგირო ცხენს მოახტა და გააჭენა. აქედან დაიწყო
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი და ეგებ

170
ყველაზე სისხლიანი ამბავი.
ბააკას ცხვირი მოსჭრეს.
მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რასაც ერთ-ერთი მემატიანე
წერს.
მთელი ჩვენი უბედურება აქედან დაიწყოო. ეს პირველად იყო,
რომ მსახურმა პატრონს უღალატაო. ანუ ბააკამ მეფეს.
შერმადინმა ავთანდილის მხარე არ დაიჭირა.
აბა, როდის არის გაცოცხლებული და უღონო „გლახის
ნაამბობში“ ავთანდილის და შერმადინის ამბავი? ამ
ისტორიიდან ორას ორმოცდაათი წლის შემდეგ. ეგ არი, ბიჭო,
შენი შერმადინობაო? როგორი ავთანდილიც შენ იყავო... და ასე
შემდეგ. ანუ, ფუტლარიღა დარჩენილა.
სარგის კაკაბაძეს ერთგან გაკვრით უწერია, სიმონ მეფე იყო
უკანასკნელი წარმომადგენელი რაინდულ საქართველოსიო.
სიმონი ლუარსაბ მეორის ბაბუა იყო.
რაინდულ საქართველოსი, ანუ „ვეფხისტყაოსნის“
საქართველოსი.
მერე მოვიდა სააკაძის დრო და არა რომელიმე მეფისა.
თეიმურაზს ახსოვდა „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ ეს უკვე
ერთგვარი კულტურული მეხსიერება იყო. სააკაძეს
„ვეფხისტყაოსანი“ არ სჭირდებოდა (არც სახარება, სხვათა
შორის), ის სწორედაც რომ დაანგრევდა იმას, რაც
„ვეფხისტყაოსანი“ იყო. არა რაღაც განსაკუთრებული ცუდი
კაცობის გამო, არამედ იმის გამო, რომ საჭიროებისდა
მიხედვით, ცუდიც იყო და კარგიც. ასევე იყო თეიმურაზიც.
როგორც იეთიმ გურჯი იტყოდა, ვის შევჩივლო, რუსთაველი
მკვდარია.
მგონია, რომ ეს ძალიან სერიოზული ფრაზაა და ბარე ორას
წელიწადს იტევს.
სიმონის მამა, ლუარსაბ პირველი ნამდვილი რაინდი იყო.
სრულიად ნამდვილი. სიმონიც. მგონი, სწორედ მათი დროიდან
გამოიკვეთა „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ვირტუალური
სამყარო ქართული არისტოკრატიისთვის.

171
აქ იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს ქართლის ბოლო
ბაგრატიონებამდე ქართულ სამეფოებში ცუდი და უღირსი
არაფერი ხდებოდა.
ხდებოდა, როგორ არა, იმდენი ხდებოდა, რომ ვერ დათვლი,
მაგრამ ეს მაინც რაინდული ეპოქა იყო, აგე, მეჩვიდმეტე
საუკუნის დასაწყისამდე. ამიტომ „ვეფხისტყაოსანი“ ცოცხალი
იყო, როგორც არისტოკრატული მორალის ნაწილი.
სხვათა შორის, ნანუჩა რომ ვახსენე, ისიც, XVI-XVII
საუკუნეების საზღვარზე ცხოვრობდა: სწორედ იმ საშინელ და
მდიდარ დროში.
უცნაურია, მე უფრო გვიანდელი მეგონა და მაინც
გადავამოწმე.
იჯდა და წერდა „ვეფხისტყაოსანში“ სწორედ იმ ხანებში, როცა
ქართულ ქვეყნებში ასეთი სისხლიანი ვნებები ტრიალებდა:
ცალკე – გარედან, ცალკე – შიგნიდან. ასეთი ვნებით სავსე დრო,
მგონი, საქართველოს არც ჰქონია: XVII საუკუნის პირველი
ოცდაათი წელიწადი.
ამ დროიდან იქცა „ვეფხისტყაოსანი“ ვირტუალურ თამაშად,
რომელშიც ქვეყნის უმთავრესი ადამიანები შედიოდნენ და
თამაშობდნენ, რადგან გარეთ ამის შესაძლებლობა აღარ იყო.
გაიხსენეთ, როგორ წაართვეს საცოლე ანტონ კათალიკოსს და
როგორ აღიკვეცა ბერად. საინტერესო ისტორიაა.
ეს იყო საოცარი ვირტუალური თამაში, რომლის მსგავსიც
დედამიწაზე არ მოიძებნებოდა. თუმცა, ეს თამაში არავინ
იცოდა ქართველი დიდგვაროვნების გარდა.
მის აღწერას წიგნი დასჭირდება. აქ ნამდვილად ვერ
მოვახერხებ. იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ თამაშმა უამრავი
რამ გადაარჩინა საქართველოში.
თუმცა, მეოცე საუკუნემ თამაში მიივიწყა, იმის მიუხედავად,
რომ ამდენი და ასე ჭკვიანურად და მეცნიერულად
„ვეფხისტყაოსანზე“ არც ერთ ეპოქაში არავის ულაპარაკია და
უწერია.
რაინდობაც ასე არასდროს დამახინჯებულა, ყველაფერს
საბრალო ბააკას კი ნუ დავაბრალებთ.

172
14 ივლისი
მთელ ამ ამბებში მწერალი მაინტერესებს ხოლმე.
საერთოდ, წიგნს რომ ვკითხულობ, ხშირად მწერალი უფრო
მაინტერესებს, ვიდრე საკუთრივ წიგნი. უფრო სწორად, წიგნს
რომ ვკითხულობ, მხოლოდ წაკითხულზე არ ვფიქრობ, არამედ
იმაზეც, ვინც დაწერა. ასე თუ ისე, ვხვდები ხოლმე, რას
ფიქრობდა, როცა წერდა; ტექნიკის და გონების ამბავში. ასევე
გადაწყვეტილებებს: რატომ ასე, რატომ ისე არა. ჭადრაკივით
არი რა, აი, კაი პარტიას რომ გაარჩევ და იმას უფიქრდები, ამა
თუ იმ განთქმულმა მოჭადრაკემ ოდესღაც რატომ დაძრა
სწორედ ეს ფიგურა და იმის შემდეგ ყველა რატომ ძრავს ასე.
წიგნებში ცოტა სხვანაირადაა, რადგან წიგნებში მოგება არ არის
საჭირო. სხვანაირად რომ ვთქვათ, იქ სხვა შეჯიბრი არ არის,
გარდა ერთისა, დამწერი თავის მოფიქრებულს ებრძვის და
უნდა ისე გამოიყვანოს, როგორც თვითონ ხედავს. საუკეთესო
შემთხვევებში სულელი ნამდვილად არ არის, შეიძლება
ცდებოდეს, მაგრამ მაინც, როგორც თვითონ ჰგონია, ისე უნდა
გააკეთოს.
მგონი, ამის ლექსად კეთება გაცილებით ძნელია. გაცილებით კი
არა, წარმოუდგენლად.
ჰოდა, ვხვდები ხოლმე, მწერლები რა ტიპები არიან. როგორც
ყველაფერს ასეთს, ამ მიხვედრასაც ბუნდოვანება ახლავს,
მაგრამ ნამდვილი ღამითაც ნამდვილია: დაინახავ აფრას ღამის
ზღვაში და ხვდები, რომ ვიღაც მიცურავს.
ჰოდა, აი, რუსთაველზე მინდა ვთქვა, რომ მიჭირს მიხვედრა.
ერთგვარად ყველაფერი გარკვეულია. ასეთ წიგნს
ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაწერს, თუნდაც ნიკო მარს
დავუჯეროთ და სიუჟეტი სპარსეთიდან მოიტანოს.
საერთოდ, ამდენი ლაპარაკი სიუჟეტის წარმომავლობაზე
დღეს, მგონი, სისულელეა. ყველაფერი საიდანღაც მოდის. ასი
წლის წინანდელი ლაპარაკი პლაგიატზე სრულიად
ძალადაკარგულია.
ამის მიუხედავად, სიუჟეტი ძალიან მაგარია და არა აქვს
აღმოსავლური ჩახვეულობა, მიბრუნება-მობრუნება,
გახლართვა, ათასერთღამეობა და ასეთები.

173
კაცი მიდის, მერე ორი კაცი მიდის, სულ ბოლოს კი სამი კაცი
მიდის და საქმეს აკეთებს. ყველაფერი გზაზე ხვდებათ,
ფლეშბექები – დროული, არადამღლელი და ასე
დაუსრულებლად. მოკლედ, ჩვეულებრივად რომ ვთქვათ,
მშვენიერი აწყობილია.
სიტყვის თქვენ იცით. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის
ლექსი არ გესმის და ეს გესმის. მუსიკისაც თქვენ იცით. ამ
კაცის ცოდნა-ნაკითხობისა ხომ ყველამ ვიცით.
ჰოდა, თითქოს ყველაფერი ვიცით. მერე ვიტყვით, რომ გენიოსი
იყო და მოთავდა საქმე.
რა მოთავდა, სწორედ მანდ იწყება. მე მაქედან მაინტერესებს.
მაგალითად, რამდენ ხანში დაწერა ეს წიგნი? დღისით უფრო
წერდა თუ ღამით? ძნელი წარმოსადგენია, ფატმანის ამბები
ღამით არ იყოს დაწერილი.
ასეთ ქალებზე დღისით არ გამოდის. არ გამოდის ისეთი,
როგორიც საჭიროა და რა ვქნა?
როგორ წერდნენ ძველი მწერლები? წაკითხული მაქვს, როგორ
წერდა რაბლე. როგორ ცხოვრობდა რაბლე. არის ბოკაჩოს წიგნი
დანტეზე. ჩვენ ხომ არა გვაქვს ასეთი რამეები. ფიროსმანის
საფლავისა არ იყოს.
მგონი, ძალიან ადრე იყო რუსთაველი. „ქართლის ცხოვრებაში“
რაღაცის დეტალი საკმაოდ გემრიელია ხოლმე, მაგრამ საკმაოდ
იშვიათი და ძუნწი.
ის ფილოსოფოსი არ არის. მწერალია. ნამდვილი მწერალი.
თანამდებობები არ ნიშნავს, რომ რაღაცაში შებორკილი
ყოფილიყო. თუ ის მართლა მეჭურჭლეთუხუცესი იყო,
ბრწყინვალე მეჭურჭლეთუხუცესი იქნებოდა. თვლა, ანგარიში
და განჭვრეტა მწერლისთვისაც ძალიან საჭიროა. ლექსად
წერდა, ესე იგი, ითვლიდა.
მგონი, კაი სახალისო რამეებს ვწერ, მაგრამ მინდა, რომ
დავინახო, ის კი არ ჩანს.
რკინა, ქსოვილი, ტყავი, ყველაფერი ძალიან ნაცნობი იყო
მისთვის. ოქრო, ქვა, წყალი და ისევ ზღვა. ეს ზღვა არ ჩანს
ზეპირად დაწერილი, თუმცა, მგონია, რომ მასთან ვერ გაარკვევ,

174
რა გამოცდილებითაა ნაწერი და რა წარმოსახვით. მასტერიც ეგ
არი, რო ეგრე მოახერხოს.
მისი დრო არ არის ყოფითი დეტალების დრო, იმ დროის
ნაწერებში ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდება, მაგრამ ხმელეთზე
წვიმას ვერ ნახავთ.
იმიტომ, რომ ზღვა განსაცდელია და ქარიშხალი სჭირდება,
წვიმა კი ვის გაახსენდება? დასველდი და მორჩა.
წიგნები, რომლებსაც ის კითხულობდა. ტექსტში ჩანს და
გამოკვლეულიცაა, რა წაეკითხა, რაზე მიანიშნებს, რას
ფიქრობს. მაგრამ ის ფილოსოფოსი არ იყო. მწერალი იყო და
სწორედ ეს მაინტერესებს, გრძნობდა თავს მწერლად? ანდა თუ
გრძნობდა, რას ნიშნავდა იმ დროში მწერლად ყოფნა.
მესხეთი იმ დროს საქართველოსთვის დაახლოებით ის იყო,
რაც დღეს თბილისია. მესხი იყო? თუ ის მესხი ვიღაც სხვა არის?
აბა, რა ვიცი.
ყოფილა ბარდაში ან დამასკოში? სპარსეთში? ასუიტი ვთქვათ,
ან რომელიმე ასეთი ადგილი.
ინდოეთის ოკეანე.
იმ დროის ინდოეთი.
ზურა ქარუმიძემ მომიყვა ამ საღამოს, როგორ იდგა
მეუღლესთან ერთად ქალაქ მილუოკიში ავტობუსის
გაჩერებაზე ღამით. როგორ გაჩერდა უცებ ტაქსი და გადმოვიდა
იქიდან კაცი, რომელიც პირდაპირ ამათკენ წამოვიდა და
ჰკითხა: – არაბები ხართ?
ზურამ უთხრა: – არა, ქართველები.
– დასხედით, წაგიყვანთ, – იყო პასუხი, – ისე წაგიყვანთ,
ძმურად.
და იმ ტაქსისტმა უთხრა: – თქვენ არ იცით, რა მნიშვნელობა
ძევს არაბისთვის სიტყვაში „გურჯი“. რას ნიშნავს ეს ჩვენს
მეხსიერებაში.
ჩვენ დავკარგეთ ეს სამყარო, ისევე, როგორც იერუსალიმი,
სადაც აღმოჩნდა რუსთაველის ერთადერთი პორტრეტი. მგონი,
რაღაცეები სულ სხვაგან უნდა ვეძებოთ. ავთანდილი ხომ

175
არაბია. გასაგებია, ვიცით, რომ ეს ხერხია. ეს წიგნი მთელი
აღმოსავლეთისთვის არის და მთელ აღმოსავლეთზეა – ჩვენს
მაშინდელ სამყაროზე, რომელიც აშკარად უფრო საინტერესო
და დიადია, ვიდრე ჩვენი სამყარო ბოლო ორასი წლის
განმავლობაში. რამდენს მოიცავს „ვეფხისტყაოსანი“ და ჩვენ კი
გაგვიჭირდება, რაიმე მოვიცვათ, იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ
ჩვენი სამყარო. რაიმე ისტორიულს და გეოპოლიტიკურს კი არ
ვამბობ და ასეთ თანამედროვე კვანტის ტრიალს, არამედ
ბუნებრივ შინაგან სამყაროს.
არ მახსოვს, რომელ არაბ ისტორიკოსს უწერია, ეჰეე, ათი
საუკუნის წინანდელს: თბილისი არის ასეთიო, არის მდინარეო,
ხიდი და მოედანიო, ამ მოედნის გარშემო დუქნებიო და შიგ კი,
ჰოი, ღმერთო, სახეშეუბურავი ქალები სხედან და ამ მთისას და
იმ მთისას ამბობენო. ჭორაობენ ესე იგი. გარეგნულად არაფერი
შეცვლილა, შიგნით კი... სად არის რუსთაველი?
ცოტა კი გადავუხვიე, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს
ადამიანი – რომელიც სამი რაინდის და დიდი სიყვარულის
ამბავს ჰყვება, რომელსაც მიაჩნია, რომ სიყვარულზე მაგარი
ძნელად რომ რამე იპოვო, რომელიც კაცს იქამდე მიიყვანს, რომ
ვეფხვს კოცნის – რას უპასუხებდა ვინმეს, ვინც, ვთქვათ,
ჰკითხავდა: „როგორ ფიქრობ, ცხოვრება რა არის?“
არ მითხრათ, რომ მაშინ ასეთი კითხვები არ არსებობდა.
ქართველები არა ვართ? ჩამოსხდებოდნენ, ცოტას დალევდნენ
და გულისთქმა, გულისხმა.
გულისხმა მიხვედრას ნიშნავს ძველქართულად, თუ არ
ვცდები. სახარებაში ასეა, „ვეფხისტყაოსანში“ კი არ მახსოვს ეს
სიტყვა. იქნება.
15 ივლისი
ასე, დაუსრულებლად შეიძლება. ასეთი წიგნია. სხვა დროს
გავაგრძელებ...

დღიური „ჰამლეტის“ შესახებ


23 დეკემბერი
რა მიყვარს, ძვირფასო ამხანაგებო, და „ჰამლეტის“ კითხვა.

176
განსაკუთრებით – ზამთარში.
ძნელად რომ ვინმეს დაეწეროს ასეთი მაგარი რამ, რაც
უჩემოდაც ცნობილია.
რაიმეს შემძლე ყოველი რეჟისორი თავს მოვალედა რაცხს,
„ჰამლეტი“ გაათამაშოს სცენაზე.
თურმე სწორედ რომ „ჰამლეტით“ იზომება რეჟისორთა
ნიჭიერებანი და გონიერებანი.
ეს ერთმა რეჟისორმა მითხრა და იქვე ამიხსნა, რომ მსახიობები
გიჟდებიან ხოლმე, თუ ჰამლეტის როლი მთელი გაქანებით და
წრფელად გაითამაშეს. მაგალითებიც მოაყოლა, თუმცაღა
მეტად სადავო.
აბა, მართლა არ გაგიჟდები, თუ დაიჯერებ, რომ ბიძაშენმა
მამაშენი მოკლა და ეს ყველაფერი გველს გადააბრალა, გველი
კი იმ ჩრდილოეთში არავის უნახავს; მერე კიდევ, ბიძაშენმა
დედაშენი შეირთო და შენ კი ორი საზიზღარი ჯეელი მოგიჩინა,
რომლებსაც ბავშვობისას აგრერიგ ჩინოვნიკობას ვერ ატყობდი;
ყოველივე ამის შემხედვარე თავს იგიჟიანებ, თან კი
შეყვარებულიც ხარ, ფარდას ხმალს გაუყრი და ამ შენი
შეყვარებულის მამა შემოგაკვდება; მანამდე კი მამაშენის
აჩრდილს ელაპარაკე, რომელიც ღამის შესვენებაზე გამოსულა
ჯოჯოხეთიდან.
გინდა ვიტენბერგული დოქტორის დიპლომი აფრიალე და
გინდა პარაცელსის მოწაფეობა დაიჩემე. აუცილებლად
გაგიჟდები, თუ ამ საშინელებას დაიჯერებ და სცენაზეც დიდი
რწმენით გაითამაშებ.
თუმცა, გაგიჟება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეს ამბავი
სცენაზე მოთამაშეს შინაც გამოჰყვება და მისი განცდების
მორევიდან ვეღარ ამოვა.
მოკლედ, რეჟისორებს დიდად უყვართ „ჰამლეტი“ და მთელი
ცხოვრება მიისწრაფვიან მისკენ.
ამბობენ, რომ ყოველ რეჟისორს თავისი „ჰამლეტი“ აქვს და
ზოგიერთს კი ორი და სამიც, რახანღა ცხოვრების სხვადასხვა
დროს მიბრუნებიან ხოლმე შექსპირის სწორედ ამ ტრაგედიას,
რომელშიც ნაკლები სისხლია, ვიდრე „მაკბეტში“, ნაკლები
სიყვარული, ვიდრე „რომეოსა და ჯულიეტაში“, ნაკლები

177
ისტორია ვიდრე მეფე ჰენრის ამბებში და ნაკლები სიცილი,
ვიდრე „ჭირვეულის მორჯულებაში“, მაგრამ ერთად არის
სისხლიც, სიყვარულიც, ისტორიაც, და სასაცილოსაც
ამოიკითხავ.
ისე გამოდის, რომ უნდა დაჯდე და „ჰამლეტი“ იკითხო,
განსაკუთრებით – ზამთარში.
„ზამთარს“ პირადი გამოცდილების საფუძველზე ვაწვები,
ვინაიდან ზაფხულში რამდენჯერაც მიცდია, გული ვერ
დამიდია. ჩვენებური ზაფხულისთვის „ჰამლეტში“ მეტად
ცუდი ამინდია. ხომ გახსოვთ, როგორ სტვენს ქარი ელსინორის
ფრონტირზე, სადაც ეული ჯარისკაცი დგას?
ეს ქარის სტვენა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან
ამბავს სწორედ ის იწყებს. როგორც იწყება და ისე გრძელდება.
რეჟისორებს კი, ჩემის დაკვირვებით, ეს სტვენა საერთოდ არ
აინტერესებთ. მათ ხომ თავიანთი „ჰამლეტი“ აქვთ.
ერთხელ, ბავშვობისას, დღეს რომ აღარ მახსოვს, ისეთი დასის
გათამაშებული „ჰამლეტი“ ვნახე და იქ ამ ჩვენს დანიის პრინცს
ჰოკეის მეკარის ფორმა ეცვა.
ეს სურათი მტკიცედ და სამუდამოდ დამამახსოვრდა და მერე
და მერე ხომ მივხვდი და მივხვდი, რომ „ჰამლეტის“
გათამაშება რეჟისორთა შეხედულებებზე ყოფილა
დამოკიდებული.
ამ ზამთარს კი ისე მოხდა, რომ თაროდან ის წიგნი გამოვაძვრე,
რომლისთვისაც არასოდეს მიხლია ხელი. ისეთ უხერხულ
ადგილას იდო, რომ არც კი ვიცოდი, თუ ეს წიგნი მქონდა. ეს
იყო უშანგი ჩხეიძის მოგონებებისა და წერილების კრებული,
50-იან წლებში გამოცემული და საოცრად გამჭვირვალე
სტილით დაწერილი. იმ წიგნს ყოველგვარი ჩაკირკიტების
გარეშე ეტყობა, რომ ბევრად მეტია, ვიდრე მსახიობის
მოგონებები.
ამავე წიგნში არის მეტად საინტერესო მოგონება იმის შესახებ,
თუ როგორ დგამდა კოტე მარჯანიშვილი „ჰამლეტს“ და როგორ
თამაშობდა თავად ჩხეიძე დანიის პრინცს.
რა თქმა უნდა, იმის მოყოლას არ ვაპირებ, როგორ დგამდა
მარჯანიშვილი „ჰამლეტს“, როგორ თამაშობდა მას უშანგი

178
ჩხეიძე და როგორ გვიამბობს ამას თვითონვე დიდი მსახიობი.
იქ არის ფოტოებიც ჩხეიძისა ამ როლში და ჰამლეტს აქვს
არაამქვეყნიური კაეშანი თვალებში.
უბრალოდ, პირველად ვნახე ქაღალდზე დაწერილი სპექტაკლი.
არ ვიცი, იმიტომ, რომ თეატრში თითქმის არ დავდივარ და მისი
გემო გვარიანად მიმავიწყდება ხოლმე, არ ვიცი, იმიტომ, რომ
ზამთარია, და სიმართლე ითქვას, სინათლე არ იყო და სანთლის
მოყვითალო შუქზე ვკითხულობდი ამ წიგნს, მაგრამ ამ
მიხვედრამ, რომ სპექტაკლი ქაღალდზე დაწერა თავად
ჰამლეტმა, დიდად ჩამაფიქრა.
იმ ფიქრებს ახლა არ მოვყვები, იმიტომ რომ იფიქრებთ, კარგა
დაბურდული ტვინი ჰქონია და არც ისეთი წესიერი კაცი
ბრძანებულა, როგორადაც თავს გვაჩვენებსო.
არ არის სხვისთვის მნიშვნელოვანი, თორემ მოვყვებოდი.
მთავარი კი ეს გამოვიდა, რომ ჰამლეტმა თავად დაწერა თავისი
ცხოვრების ამბავი, რომელიც მარტო არ მოუგონია, არამედ
ვიღაცის ხელისა და გონების წაკვრით გაითამაშა. ეს რაღაცა
საბედისწერო ამბავი გამოვიდა. პიესაში ხომ ჰამლეტი ისედაც
პიესას ათამაშებს, „გონზაგოს სიკვდილს“, თუ რაღაც ამგვარს,
თავისი მოკვარახჭინებული დადგმის ცქერისას კი ცდილობს,
ოფელიას კაბის ქვეშ შეყოს თავი. ანუ მისთვის უფრო
საინტერესო რამეები დაათვალიეროს, რადგან სპექტაკლის
შინაარსი მისთვის საინტერესო არ არის. თავის მხრივ კი, ეს
სპექტაკლი ზუსტად იმეორებს იმას, რაც ელსინორის
სასახლეში მომხდარა. თუმცა, ასე რომ მომხდარა, ჩვენ
მხოლოდ იქიდან ვიცით, რომ ჰამლეტს მამამისის აჩრდილმა
უამბო. აჩრდილის ნათქვამი კი ძნელი დასაჯერებელია
იმიტომ, რომ ძნელი დასაჯერებელია; ანუ ჰამლეტს ძალიან არ
მოსწონს, რომ ბიძამისმა დაქვრივებული დედამისი შეირთო და
მისთვის სწორედ ეს არის მთავარი და არა მაინცდამაინც
აჩრდილის ნალაპარაკევი. გამოდის, ჰამლეტი წინასწარვე
მზადაა, რომ აჩრდილის ნათქვამი დაიჯეროს, ანუ ის ცდება,
რადგან წინასწარ ვერაფერს დაიჯერებ, ხოლო რახან ცდება,
ამიტომაც ხდება ტრაგედია, რადგან ამ პიესაში ყველა ცდება.
თვით როზენკრანციც და გილდენსტერნიც. ცდება
ფორტინბრასიც, რომელსაც ჰგონია, რომ ქვეყანა მოიგდო
ხელთ, სინამდვილეში კი ეს ახალი უბედურების დასაწყისია.

179
ჰორაციოც ცდება, რადგან ისე დაჰყვება ჰამლეტს, თითქოს
თვითონაც ჰამლეტი იყოს. შეიძლება ასეც ითქვას, რომ
ჰორაციო ერთგვარად ჰამლეტია, ოღონდ რახან უფლისწული
არ გახლავთ, მამამისიც არ მოუწამლავთ.
აი, არ მინდოდა, მაშინ რასაც ვფიქრობდი, იმათი გახსენება და
მაინც გამომექცნენ ეს უცნაური რაღაცეები.
3 იანვარი
მე იმას მოგახსენებდით, რომ ჰამლეტის როლის დიდმა
შემსრულებელმა უშანგი ჩხეიძემ მისივე ნათამაშევი
სპექტაკლი ფურცელზე გადაიტანა, ამან კი საბოლოო ჯამში ის
მაფიქრებინა, რომ თუკი ყოველ რეჟისორსა და მსახიობს ჰყავს
თავისი ჰამლეტი, ანუ ახორციელებს სცენაზე ამ ჰამლეტს,
რატომ არ შეიძლება, რომ ყოველ მწერალს ჰქონდეს თავისი
„ჰამლეტი“.
ეს მეტად საინტერესო იქნებოდა.
ვთქვათ, რა იქნებოდა, უილიამ ფოლკნერს რომ „ჰამლეტი“
დაეწერა, ანდა აკაკი წერეთელს, რომელიც პიესებს მთელი
ცხოვრების მანძილზე წერდა ქართული თეატრისთვის, აეღო
თავისი მეგობრის, ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „ჰამლეტი,“ და
თავისი „ჰამლეტი“ დაეწერა. დაერქმია მისთვის „კლავდიუს
ცბიერი“, ანდა „ჰამლეტ ყული ხანი,“ ანდა,
გადმოექართულებინა, როგორც იმ დროს მიღებული იყო და
რომელიმე იმერელი ან ქართლელი პრინცის ცხოვრებად
დაეტოვებინა ჩვენთვის. ინტრიგა ამბისა ეხამება ქართულს
კარის ინტრიგებს, ცოტა სიყვარულს მიუმატებდი და ესაა.
აკაკიმ იცოდა შექსპირის ამბავი. ტყუილად კი არ დაწერა,
„შექსპირის გონება მეო“.
ასე არ მომხდარა.
სამწუხარო კი არის.
სწორედ აკაკი წერეთელს ყველაზე უკეთ გამოუვიდოდა ეს,
რადგან საქართველოში დღემდე ვერავის მოუხერხებია
წინადადებების და ლექსების ისე გასაგებად და მზიანად
გაწყობა, როგორც მას. სწორედ მისი ამბავი სჭირდება
შექსპირობანას. ერთხელ პარიზში იქაურმა ჟურნალისტმა
ქალმა ჰკითხა, თქვენზე ამბობენ, ნობელის პრემია უნდა

180
მიანიჭონო. ამაზე აკაკიმ გაიცინა, ეგ მშვიდობისმოყვარული
პრემია როგორ უნდა მომანიჭონ, ჩემს ნაწერებში სულ იარაღის
ჟღარუნი ისმისო. ეს აღიარება მას დიდად წაადგებოდა თავისი
„ჰამლეტის“ დასაწერად.
ზოგადად, დამახსოვრებით ჩვენ დიახაც ვიცით, რომ ვისაც
„ჰამლეტის“ გარშემო უტრიალია, არის ტომ სტოპარდი,
ინგლისელი პიესების მწერალი და იმას 36 წლის წინათ
დაუწერია „როზენკრანცი და გილდენსტერნი მკვდარნი არიან“,
რომელიც რუსულ ჟურნალში ამოგვიკითხავს 80-იან წლებში.
იმას იქით კი ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, რომ უცხოეთის
მწერლები თავ-თავიანთ „ჰამლეტებს“ ადგენდნენ. ერთი ბობ
სმიტიც ყოფილა, ვისაც ჰამლეტის მსახურის მემუარები
დაუწერია, თუმცა რაზეა ეს წიგნი, ვერ მოგახსენებთ.
შექსპირი მოარულ და ცნობილ ამბებზე ააგებდა ხოლმე თავის
პიესებს. იმავე ამბებზე სხვებიც წერდნენ და ეს „ჰამლეტიც“
ასეა. დღევანდელი ჭკვიანი მწერლები წარამარა იყენებენ ძველ
სიუჟეტებს, მაგრამ ისე, რომ კაცმა დაწეროს მაინცდამაინც
„ჰამლეტი“, იშვიათია.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჭკვიანი მწერლები სამი რამის
გამო არ წერენ თავიანთ „ჰამლეტს“.
ერთი ის, რომ, უბრალოდ, მათ არ მოსწონთ ეს ამბავი; მეორე
კიდევ ის, რომ მათ საერთოდ არ მოსწონთ, ამ წიგნში რომ
ამბავია მოთხრობილი; მესამე და ყველაზე ღონიერი მიზეზი კი
ის არის, რომ მწერალი ვერაფრით გადაძერწავს ჰამლეტის
ხასიათს ისე, რომ მას უკვდავება შეუნარჩუნოს, აშკარა
დამარცხების აღიარება კი არ უნდა.
ამასობაში კი ჩვენი დრო გადაწერის დროა. ოღონდ
გადამწერელი უნდა ეცადოს, რომ ძველი, სისხლით დაწერილი
წიგნი სისხლითვე გადაწეროს. შეიძლება საიდუმლო მელნით
გადაწერაც. ანუ ნაწერი რომ მხოლოდ მაშინ გამოჩნდეს, როცა
ფურცელს სანთელზე გადაატარებ. ბოჰემური მელნით
გადაწერილიც ივარგებს. ყველაზე უარესი კი არის წყლით
გადაწერა, თუმცა, ბევრი სწორედ ამას ამოირჩევს ხოლმე.
ჭკვიანი მწერლები ყოველთვის ცდილობენ, ისეთი სიუჟეტები
მოიგონონ, სადაც ერთი მესამედი მაინც იქნება მართლა მათი.
გულახდილად რომ ვთქვათ, „ჰამლეტის“ მარწუხები ყველას
შეაშინებს. მწერალი ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ თვითონ

181
ჰამლეტს ვერაფერს მოუხერხებს. ჰამლეტი ისეთი ვინმე არ
არის, რომ „მარშუტკაში“ შეგხვდეს.
წიგნების გმირებს აქვთ ეს თვისება, რომ „მარშუტკაში“
შეგხვდებიან ხოლმე. იმ დღესაც სამი ბიჭი ამოვიდა უფასო
მგზავრად და „მექანიკური ფორთოხალი“ გამახსენდა.
მეტად ჰგავდნენ.
მაგრამ ჰამლეტი არ შეგხვდება „მარშუტკაში“ და არც კაფეში.
მით უმეტეს – არც უნივერსიტეტში.
ხშირად ავიწყდებათ, რომ ჰამლეტი უფლისწულია.
უფლისწულს „მარშუტკაში“ რა უნდა? ის არა მარტო დანიის,
არამედ ხასიათების უფლისწულიც არის. ის საერთოდ
გმირების უფლისწულია და მკითხველზე იმხელა
ძალაუფლება მოუპოვებია, რომ იმ თავის დანიაში ვერც
იოცნებებდა. ჰამლეტი სწორედ მკითხველების უფლისწულია
და არა მაყურებლების, რადგან დღეს აღარავინ უყურებს
„ჰამლეტს“ ისე, რომ წაკითხული არ ჰქონდეს.
დღეს მეტად გულუბრყვილოდ ჩანს ერთი ჩემი საყვარელი და
ოქრო ძმაკაცის შეკითხვა, „ოტელოს“ ცქერისას რომ დაებადა:
„იაგოსაც კლავს, ტო?“
ჰამლეტი საშიში ვინმეა მწერალ-მკითხველისთვის ისევე,
როგორც იმ მსახიობისთვის, ვინც მის ამბავს გადაიტანს.
ოღონდ მწერალ-მკითხველისთვის ის საშიშია არა
თავსგადახდენილი ძრწოლის მომგვრელი ამბის გამო, არამედ
იმიტომ, რომ თავისი ხასიათით კაცს ისე ჩაასობს სადგისს
კისერში, როგორც ნაცარქექია დევს.
ხუმრობა, რომ აკაკი წერეთელს კარგად გამოუვიდოდა
„ჰამლეტი,“ სინამდვილეში ავი ხუმრობაა.
„ჰამლეტიდან“ რაღაცა გამოგივა იმ შემთხვევაში, თუ
გამოცდილი კოსმეტოლოგი ხარ, ხოლო თუ ხუროთმოძღვრობა
დაგიპირებია, ზედ შეაკვდები. ის დგას, როგორც კლდე და
გეუბნება, აბა მოდი და გადამაკეთე, მოიგონე შენი ჰამლეტიო.
შენ კიდევ ამ დროს მიდიხარ და ფერუმარილს უსვამ, რადგან
შენი ილეთები „ჰამლეტთან“ სასაცილო ჩანს.
კოსმეტიკით კარგად გამოსული „ჰამლეტი“ შენს
გონებამახვილობას დაანახვებს ხალხს, მაგრამ არასდროს

182
არავინ იფიქრებს, რომ იმ შენს ნაწერში შენი ჰამლეტი
გამოჩნდა. ის იქნება მხოლოდ აჩრდილი და იმ ჰამლეტის
მამასავითვე საშინელებებს ილაპარაკებს, მერე კი გაბრუნდება
ჯოჯოხეთში.
ამგვარმა ფიქრებმა ხელი ამაღებინა „ჰამლეტის“ გამო ფიქრზე.
ოღონდ კი ის საბოლოოდ ვერ გადავიგდე გულიდან და
გადავწყვიტე, ჰამლეტი დეტექტივებში მომეძებნა. ეს
ნამდვილი „ჰამლეტი“ არ იქნებოდა, მაგრამ რახან ჭკვიანი
მწერლები გაურბიან „ჰამლეტის“ პირდაპირ გადმოტანას და
მის რაობაზე კი ათასობით სამეცნიერო წიგნია დაწერილი ჰა
თუ ფილოლოგოსების, ჰა თუ ფსიქოლოგოსების მიერ,
ვიფიქრე, ეგებ ისეთ ჰალალ მწერლებს, რომლებიც
დეტექტივებს თხზავენ, ჰამლეტის ამბავი მოსწონებოდათ და
თავისებურად დაებლანდათ, რაც კარგი წასაკითხი იქნება-
მეთქი.
ჭეშმარიტად, როგორც ფოლკნერმა თქვა, მე დეტექტივები
მიყვარს, აი, „ჰამლეტივით“ დეტექტივებიო.
დიდი ბოდიში, მაგრამ მეც მიყვარს დეტექტივები. აი,
მაგალითად, რობერტ ვან გულიკი – ჰოლანდიელი, ძველი
ჩინეთის მკვლევარი, რომელმაც მოსამართლე დი გამოიგონა.
არ იფიქროთ, რომ ტყუილად მოგაყარეთ: მის წიგნში „ჩინელი
ოქროსათვის მკვლელები“ მოსამართლის აჩრდილი ისე
დაბოდიალობს, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი ჩვენს
ტრაგედიაში. ანდა, ვთქვათ, ერიკ ლინკლეიტერი,
შოტლანდიელი. მისი წიგნი „მისტერ ბიკულა“ მართლა მაგარი
წიგნია, თეთრპალტოიანი ქალი და პატარა ფინია წვიმაში
რომელიღაც დიდ სადგურზე, და ასეთი რამეები. ჩემი ძალიან
საყვარელი დეტექტივ-ჯაშუშური წიგნი კი არის ჯ. ბ.
პრისთლის „ჩამობნელება გრეტლიში“, რომელიც, მე თუ
მკითხავთ, მის ყველა პიესას სჯობს, მაგრამ, სამწუხაროდ,
ამათგან არც ერთში არ გაუვლია ჰამლეტს, იმის მიუხედავად,
რომ ვან გულიკთან მოხეტიალე მსახიობები შეიქნებიან
საიდუმლოს ახსნის მიმნიშნებელნი.
ზამთარი გრძელია. ზამთრის ღამეები კიდევ უფრო გრძელი,
ვიდრე საკუთრივ ზამთარი. საკვირველია, მაგრამ ასეა. მთელი
ათას ერთი ღამე გამოდის. შეიძლება ითქვას, ბოლო არა აქვს.
ათას ერთ ღამეში კი რა არ მოხდება. ეს ათას ერთი ღამე
ტყუილად კი არ მითქვამს. თუ ღამეს ბინდის ჩამოწოლიდან

183
დავითვლით, მაშინ ოთხმოცდაათი დღე კი არა, სწორედ ათას
ერთი გამოვა. საინტერესოა, ჰამლეტი თუ ითვლიდა ამგვარ
რამეებს.
6 იანვარი
აქედან დავიწყოთ. იმიტომ, რომ მთავარია ჰამლეტის
შენარჩუნება, თორემ დანარჩენებს კაცი როგორმე მოუვლის.
კლავდიუსი ისეთივე ბითურია, როგორიც ნამდვილი
კლავდიუსი, რომის იმპერატორი, რომლის შესახებაც დედამისი
ამბობდა, მთელ ხილულ დედამიწაზე არ მოიძებნება ასეთი
ბრიყვიო.
მთავარი ჰამლეტია, თორემ სხვები ყველანი ისე იქცევიან,
როგორც უნდა მოიქცნენ. ანუ, სხვაგვარად მოქცევაც
შეუძლიათ.
აქედანვე უნდა გამოირიცხოს, რომ ჰამლეტს ვინმე მოკავშირე
ეყოლება. ოფელია ნამდვილ ოფელიაზე ჭკვიანი ვერ იქნება,
როზენკრანცი და გალდენსტერნი რა ბიჭებიც არიან,
მოგვეხსენება, ჰორაციო კი, როგორც შევეჭვდით, იგივე
ჰამლეტია, ოღონდ უთვისტომო და მას არ დასწოლია
ელსინორის სიმძიმეები. ეგებ მასხარა იორიკი ყოფილიყო
ჰამლეტის მოკავშირე: ტყუილად ხომ არ ატრიალებს მის თავის
ქალას ხელში დანიის პრინცი, მაგრამ იორიკი მკვდარია.
ჰამლეტისთვის გაუსაძლისია ღამეები. ყოველ შემთხვევაში,
ასე ჩანს. ეს არის საშინელი ზამთრის ღამეები და ეს ოხერი
ქარიც სასტიკად სტვენს. ყოველ დილით ჰამლეტის გუნება
უარესია და უარესი.
ჰამლეტის მამა, დიდი ჰამლეტი, არ უნდა ყოფილიყო დიდად
კეთილი კაცი. გარდა იმისა, რომ დამპყრობელი მეფე
ბრძანდებოდა, ჯოჯოხეთშიაც მოხვდა და იქიდან შესვენებაზე
გამოდის. ამას იმიტომ ვიმეორებთ, რომ ჰამლეტისთვის
შემზარავია არა მამის სიკვდილი, რომელთან ყოფნასაც ის
ვიტენბერგში სწავლას არჩევდა (და ჩვენ ვიცით, რა არის იმ
დროის სტუდენტობა), არამედ ის, რაც შემდგომ მოხდა. ანუ იმ
ბითურმა კლავდიუსმა დედამისი შეირთო. ეს რომ შექსპირის
დროის მუსლიმურ ქვეყანაში მომხდარიყო, კლავდიუსი
სავსებით კანონიერად შეირთავდა ძმის ცოლს, უფლისწულს
რომელიმე მედრესედან გამოიტყუებდა, თვალებს დასთხრიდა
და მერე სადმე, ვთქვათ, მძიმე ჰავით განთქმულ

184
მაზენდარანში გადაასახლებდა.
დაბრმავებული ჰამლეტი კი დიდად არ განსხვავდება
თვალხილული ჰამლეტისგან. ჰამლეტმა უკვე იცის ცხოვრებისა
და მისი ფიქრები ამით არ შეიცვლებოდა; არც შეხედულებები
ბიძის თაობაზე. აჩრდილში თუ გარეგნულად ვერ ამოიცნობდა
მამას, ხმით მაინც ამოიცნობდა, რადგან იშვიათია ჰამლეტის
ჭკუისა და მიხვედრილობის კაცი.
ჰამლეტისნაირ კაცს თვალები აღარაფერში სჭირდება. ერთი
მაშინ თუ ინატროს, როცა ოფელიას სურნელს შეიგრძნობს
შორიახლოს და მისი კაბის ქვეშ შეჭყეტა მოეწადინოს, თორემ
ალ მაარი სულაც ბრმა მართავდა თავის ქალაქს.
განა ჰამლეტი ისედაც ბრმა არ არის, როცა ფარდას უყრის
მახვილს და პოლონიუსს გაასაღებს? დიახ, არის მომენტები,
როცა ჰამლეტისნაირ ბრმასაც სჭირდება თვალები.
მიუხედავად დიდი წარმოსახვისა, ჰამლეტი მაინც
მეცნიერებებს ნაზიარები კაცია და სიზუსტე უყვარს. ბრმას კი
მაინც აკლია სიზუსტე.
ეს თვალები მისი დამღუპველია.
ვერასოდეს ვერავინ მიხვდება, რატომ სჯერა ჰამლეტისნაირ
კაცს იმისა, რომ აჩრდილები არსებობენ. ახლა არ მოვყვები
აჩრდილების ამბავს, მაგრამ ჰამლეტის ყოველი სიტყვა
გვარწმუნებს იმაში, რომ მას აჩრდილების არ უნდა სჯეროდეს.
დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს სჯეროდათ და სჯერათ
აჩრდილებისა, მაგრამ ჰამლეტისნაირ ადამიანებს არასოდეს
სჯეროდათ აჩრდილებისა. საქმე ის კი არ არის, არსებობენ თუ
არა აჩრდილები, არამედ ის, სჯერათ თუ არა მათი არსებობის.
მეცნიერები განგვიმარტავენ, რომ როცა პირველსავე სცენაში
ოფიცრები სთხოვენ ჰორაციოს, აჩრდილს გაესაუბროს, ეს
იმიტომ ხდება, რომ ამ ნასწავლმა ვიტენბერგელმა სტუდენტმა
იცის, როგორ უნდა მოიქცეს აჩრდილებთან, რადგან წიგნები
წაუკითხავს ამის თაობაზე.
აქ ერთი ნიშანია: შექსპირს უყვარდა ტრაგედიების პირველსავე
წუთიდან შემაძრწუნებლად დაწყება, აჩრდილი, კუდიანები,
ვერაგი ლაპარაკები, მიცვალებულის გამოსვენება და ათასი
სხვა. მაყურებელი ამ დროს გმინავდა, ისევე როგორც

185
მოთამაშენი.
რომ გავიხსენოთ „უკანასკნელი დიდი ტრაგიკოსი“ ცაკონი,
რომელიც „მეფე ლირს“ ასახიერებდა – ის ფინალურ სცენაში
ოცდათვრამეტჯერ წარმოთქვამდა ერთადერთ სიტყვას,
კორდელიას, და არც ერთხელ ერთი და იმავე ინტონაციით –
რომელი მაყურებელი დაიჯერებს და გაუძლებს დღეს ამას?
სამაგიეროდ, სრულიად უკვდავია თვითონ პიესა, ანუ ნაწერი.
მეტიც, ის საუკეთესო ნაწერია დედამიწის ზურგზე, მაგრამ არა
ისეთი, რომელსაც შენს ჭკუაზე ვერ მოატრიალებ.
9 იანვარი
ჩვენ კი როგორ უნდა დავანახოთ ჰამლეტის ამბავი
წამკითხველს დღეს ისე, რომ ეს ამბავი „გოსთ სთორიდ“ არ
გადაიქცეს?
ნამდვილად გადაიქცევა „გოსთ სთორიდ“, ერთ ჟანრულ რამედ,
რადგან პირველსავე გვერდებზე აჩრდილის გამოჩენა
აჩრდილის კვლავ და კვლავ გამოჩენას მოგვთხოვს. თუ
აჩრდილმა ერთხელ დაარწმუნა ისეთი კაცი, როგორიც ჰამლეტი
გახლავს, ჰამლეტს კვლავ და კვლავ დასჭირდება მისგან
რწმუნებები და მერე ტომას ლავ პიკოკის სააბატოში უნდა
ვეძოით ჩვენი ამბავი.
აქავე მოგახსენებთ, რომ „ჰამლეტის“ დასაწერად
სავალდებულო არ არის პიესა. რომანი, მოთხრობა და ნოველაც
კი შეიძლება.
„ჰამლეტს“ რომ ჩავუფიქრდეთ, მთელ უბედურებებს
აჩრდილის გამოჩენა არ იწვევს. გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება
აჩრდილი, დანიის ტახტს მაინც არ დაადგება კარგი დღე.
კლავდიუსი გახურებულ მზადებაშია, გემებზე ტვირთავს
საჭურველს, ნორვეგიელთა ატეხილი უფლისწულის
დასაშოშმინებლად ემზადება, ელსინორის ფრონტირებზე
გუშაგები დაუყენებია და მთელი ამბავი. ნორვეგია და ინგლისი
მისი ყმა ქვეყნებია, უფრო სწორად, მისი ძმისა, რომელიც ძაან
მეფე იყო და კლავდიუსის ბითურობაც ის არის, რომ ნამდვილი
მეფე მოწამლა და ჰგონია, რომ თვითონაც გასწვდება
სახელმწიფო საქმეებს. როგორ გასწვდება სახელმწიფო
საქმეებს კაცი, რომელმაც ქალის გულისთვის ძმა მოკლა,
„გონზაგოს სიკვდილის“ გათამაშებისას კი ლამის გულყრა
დაემართა? ანდა რა საქმე უნდა განარიგოს, როცა ვეზირად

186
პოლონიუსივით უფერული კაცი ჰყავს? ამ პოლონიუსს კი ვაჟი
ისეთი გამოსვლია, რომ ვაჟკაცობას კი აწვება, მაგრამ მეტად
სწორხაზოვანი გონებისა არის და საქმეებში ერთხელაც ვერ
ჩაერევა შნოიანად და ვერც რომელიმე საქმეს ბოლომდე
მიიყვანს.
აი, ასეთ სამზარეულოში ტრიალებს ჰამლეტი, რომელსაც
განუზრახავს, რომ ერთი თავისებური წვნიანი მოხარშოს.
13 იანვარი
ჰამლეტი დიახაც შეძრწუნებულია აჩრდილთან ლაპარაკით,
მაგრამ რახან აჩრდილი აღარ ჩანს და მალიმალ არ არწმუნებს
მას, ამიტომაც გამოიგონებს წარმოდგენას. ანუ ჰამლეტს
მაინცდამაინც არ სჯერა აჩრდილისა, თუმცკი ვერ ივიწყებს მას,
რაც აჩრდილთა ერთ-ერთი თვისებაა. და საერთოდ, ვინ ნახავდა
აჩრდილს, ციხე-დარბაზის ფრონტირზე რომ, კლავდიუსის
ბრძანებით საგუშაგოები არ გაემართათ და იქ ბერნარდო და
მარცელუსი არ მდგარიყვნენ? ჰამლეტი მეტად ჭკვიანია და
ყოველგვარი აჩრდილის გარეშე მიხვდება, რა დაემართა
მამამისს. ერთი, რომ დედამისი ბიძას მიჰყვება და, მეორეც,
დანიაში და ინგლისშიც კი გველებს არაფერი ესაქმებათ. ამას
სჯობდა ეთქვათ, თავისით მოკვდაო. ნამდვილად ბითურია
კლავდიუსი, ისე როგორც მისნაირ ხელმწიფეთა უმრავლესობა.
მას ისიც შეეძლო ეთქვა, გველი დაქირავებულმა იტალიელმა
ოფიცრებმა ჩამოიყვანესო. ვთქვათ, ბერნარდომ. რა
სისულელეა? მაგრამ გველის ხსენება სცენიდან ცოდვას
ამძიმებს. ყველას მოგვეხსენება, გველი ვინცა ბრძანდება და რა
ვაშლებიც მოუთავაზებია. ამ საზიზღარმა კეთილი მეფე
მოგვიკლა და ჯოჯოხეთში წაიყვანაო, დაახლოებით ასე ჟღერს.
ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მე აჩრდილი არ მეყოლება.
გერტრუდაც ვერ ამჩნევს აჩრდილს მერე, როცა ის და ჰამლეტი
დავობენ – რას მიშტერებიხარ ცარიელ ადგილსო, ჰამლეტს
ეკითხება. ამიტომ ისე გამოდის, რომ ჩემი საყვარელი პირველი
სურათი, ჩემი საყვარელი დასაწყისი განზე გადავდე.
მაშ, როგორ დავიწყოთ „ჰამლეტი“? ისე, როგორც რეჟისორები
იწყებენ ხოლმე?
არა, ამხანაგებო, დავიწყოთ პირველივე სცენით და
მღელვარედ, ძალიან მღელვარედ, ფრონტირზე გაყინული
ოფიცრებით, მათი ლაპარაკით, და იმგვარ მოულოდნელობას

187
მივაწვეთ, რომ აი, თქვენ ყველანი აჩრდილს ელით, სულ ბოლო
წამამდე, აჩრდილი კი არ არის.
შექსპირს არ ეწყინებოდა, ის სულ მუდამ გადაკეთება-
გადმოკეთებაში იყო.
18 იანვარი
რახან პირველი ნაბიჯი გადავდგით, ახლა ხასიათთა რეესტრიც
უნდა გამოვაქვეყნოთ, რათა უფრო იოლად გასაგები გახდეს
მთელი ამბის მოქმედება.
ზამთარი გახლავს და დრო ბევრია. ჰამლეტსაც უყვარდა ალბათ
დროის ანგარიში.
ხასიათთა და იერთა რეესტრი სამაგალითოდ აქვს
წარმოდგენილი თავის ნაწერებში გაბრიელ სუნდუკიანცს და
ჩვენც იმის მაგალითს მივბაძავთ.
რახან დავადასტურეთ, რომ კლავდიუსი ბითურია, მის გამო
ბევრს არ შევჩერდებით. და თავიდან მოკლედ მოგახსენებთ:
კლავდიუსი მესამეხარისხოვან ვინმედ მიგვაჩნია.
კლავდიუსი: ჩემი წარმოდგენით, ჰგავს კარგად ჩაცმულ
საშუალო მოხელეს, ისეთს, როგორებზეც დღეს დგას ევროპა.
მისი გონების სიღრმეები საინტერესო სულაც არ არის, ისინი
ცნობილია, ქცევები კი წინასწარ მისახვედრი.
დედოფალი გერტრუდა: უბრალოდ, ცოლი იქნებოდა, მაზლზე
ქორწინებას რომ არ დასთანხმებოდა; უბრალოდ, დედა
იქნებოდა, შვილის ენა რომ ესმოდეს. კარგად ეცმება, ცხადია.
ეს იგულისხმება. თუ გადავწყვეტთ, რომ ქმრის მკვლელობაში
გარეულია, ეს მას სიძლიერეს შეჰმატებს. ამას თუ ვერ
გადავწყვეტთ, ბოლოში მოსაკლავიც აღარ იქნება. ჩვენ კი უნდა
მოვკლათ. ამიტომ, წარმოვსახავთ, როგორც სისხლისგან და
ვნებისგან დაცლილ ლედი მაკბეტს.
პოლონიუსი: იმისთვის, რომ ნამდვილ ჯაშუშად იქცეს,
მოქნილობა აკლია. ნამდვილი ჯაშუშები შემთხვევით არ
კვდებიან. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ეს არის ზორბა,
მხვნეშელი და გაწამებული კაცი, რომელმაც იცის მეფის
საიდუმლო და მის ყოველ მოქმედებას განსაზღვრავს შიში
ახალი მეფისადმი. მთელი ცხოვრება სულ შიშშია და სძულს ის
მოდგმა, რომელსაც ემსახურება. ჰამლეტი საერთოდაც გიჟად

188
მიაჩნია, რადგან მეტად ტრადიციული კაცია, და ამიტომ
ოცნებობს, ჰამლეტი როგორმე თავიდან მოიშორონ, რათა მისი
ქალიშვილი არ შეირთოს. პოლონიუსი გრძნობს, რომ
მიმდინარე ამბებიდან კარგი არაფერი გამოვა. ჰამლეტი მეფე
ვერასოდეს გახდება, მისი შვილი კი – დედოფალი. „ცუდ
ამბებს ვხედავთ, კვლავაც უნდა ცუდს მოველოდოთ“ – მან
უნდა თქვას და არა ჰამლეტმა.
როზენკრანცი და გილდენსტერნი: აი, რა მინდოდა, კარგად
გამოსულიყო. ეს რომ სადმე აქეთ ხდებოდეს, ჰამლეტის
ძუძუმტეებად გამოვიყვანდი და ერთ პატარა დრამასაც
მოვაყოლებდი, თუ როგორ უღალატეს ბატონს ძუძუმტეებმა.
მაგრამ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მე კი ამ
ორის გამო სულ სხვა რამ ჩავიფიქრე და ორიოდე სიტყვით
მეტსაც მოგახსენებთ.
ყველამ იცის, რომ გილდენსტერნი და როზენკრანცი ორნი კი
არიან, მაგრამ სინამდვილეში ერთია და ახლა ჩრდილოეთის
ზღვის ფსკერზეა მათი ძვლები, ორი ერთნაირი თავის ქალა და
ყველაფერი. გილდენსტერნი და როზენკრანცი ისეთივე
მეგობრები არიან, როგორებიც გახლავან ჰამლეტი და ჰორაციო.
ჰამლეტის და ჰორაციოს განსხვავებულობაზეც მოგახსენეთ და
მათ ერთობაზეც, როზენკრანცსა და გილდენსტერნს კი ვერც კი
განვასხვავებთ, რადგან ამათ შორის პრინცი არც ერთი არ არის.
ესენი ტავერნის დონის ხალხია, თუმცა მეფის წინაშე
პატიოსანი აზრების არაგულწრფელად წარმოთქმაც
ეხერხებათ. ტყუპებად მათი გამოყვანა სხვა რამე იქნებოდა, მე
ვიცნობ ტყუპებს და ისინი საოცარი ხალხია. ისეთ ტყუპებად კი
ვერ გამოვიყვან, დიურენმატმა რომ მოახერხა. ამიტომ ეს ორი
ერთი კაცი იქნება, რომელსაც როზენკრანც გილდენსტერნი
ერქმევა. ამით ის უფრო გაძლიერდება და ჰამლეტისთვის
თავისი ბნელი მხარე იქნება, ანუ ბნელი ჰამლეტი, მაშინ როცა
ჰორაციო იქნება ნათელი ჰამლეტი. ამგვარად შეიკვრება
სამკუთხედი მეგობრებისა და როზენკრანც გილდენსტერნი
გამოხატავს იმას, რაც ჰამლეტს უშლის, გათავისუფლდეს
ელსინორის მაჯლაჯუნებისგან. ხოლო თუ რა არის ელსინორის
მაჯლაჯუნები, მერე მოგახსენებთ. როზენკრანც
გილდენსტერნის სამოსი წითელია, ალისფერი, როგორიც
წითელოსანი რაინდებისა ძველ წიგნებში.
ლაერტი: ამის გამო უკვე მოგახსენებდით. სიბრიყვე მისი და

189
უღონობა მისი კარგი გამოსაყენებელია ჩვენთვის. ლაერტი
ხალხს ააჯანყებს და მერე ისე იქცევა, როგორც უკანასკნელი
ბურჟუა, ერთ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ მეფეს უჯერებს, ის
ვერ ხვდება, რომ აჯანყება სწორია, და საქმე შურისძიებამდე
დაჰყავს. დიახ, „ჰამლეტი“ არის შურისძიებაზე დაწერილი
პიესა და მშვენივრადაც გვიჩვენებს, თუ რა მოსდევს
შურისძიებას. ეს ხომ არ არის ამბავი დანიელთა სახლის
დაქცევაზე. ეს არის ამბავი რენესანსის დაბრმავებულ
ადამიანზე, რომელმაც ციხესიმაგრიდან ვერ გამოაღწია და
იფიქრა, რომ შურისძიება გაანგრევდა ალაყაფს.
რახან ლაერტმა არ იცის, რომ მოქნეული და მოზომილი არ
გამოვა, ის ზომავს. ან ბრიყვია, ან არაგულწრფელი და მამის
მკვლელობაზე შურისძიებას კი არ ლამობს, არამედ რაღაც
სხვას. ჩვენ მის სიბრიყვესაც დავიტოვებთ და მერყეობასაც
მივუმატებთ, რაც ალბათ მამისგან გადმოეცა. ამ ლაერტს ჩვენ
პრეფერანსის მიზერივით გავათამაშებთ, კოხტად. რადგან ოთხ
ახალგაზრდა კაცში, ვინაც გახლავან ჰამლეტ, ჰორაციო,
როზენკრანც გილდენსტერნ და ლაერტ, ის ყველაზე დაბალი
ტევადობის ბანქოს ქაღალდი გახლავს. ის ჩაცმულია, როგორც
უნახატო ბანქოს ქაღალდი.
ჰორაციო: ის არის ჩემი ჯილა. ფსიქოლოგიურად ეს რაღაც
დასკვნებსაც გამოგატანინებთ, მაგრამ ამას დიდი
მნიშვნელობა არ ექნება ჩვენი საქმისთვის. ამასობაში მე ერთი
გაცინება მომენატრა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,
„ჰამლეტში“ რომ ჩაეფლობი, გაცინება შეუძლებელია. არადა,
ზოგჯერ უნდა გაგეცინოს. ერთი ვინმე ჭკვიანი მწერალი
შეიძლება ცინიკურად ახარხარდეს კიდეც „ჰამლეტის“
დაბოლოებაზე და შესძახოს: „გვამები, შეხედეთ, გვამები!“,
კვენტინ ტარანტინომ კი ეს დაბოლოება თავის სისხლიან
კინოებში გადაიტანოს, მაგრამ „ჰამლეტი“ ჩვენ მაშინაც არ
გვაძლევს გაღიმების საშუალებას, როცა დანიის პრინცი
მოსწრებულად ოხუნჯობს ან თავს იგიჟიანებს და წიგნით
ხელში, წინდებისამარა დააბოტებს ტალანებში. რატომ? რატომ
და იმიტომ, რომ ეს კაცი, როგორც ჰემინგუეი იტყოდა სხვა
კაცზე, სიკვდილის ნიშნითაა დადაღული. ის თითქოს კიბოიანი
ავადმყოფია. კიბოიანი ავადმყოფი კი ვერაფერზე ფიქრობს
თავისი ავადმყოფობის გარდა.
და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე ახლო მეგობარი ასეთი

190
კაცისა. უღალატო და ნასწავლი მეგობარი, რომელსაც ჰამლეტი
ეუბნება თავის ყველა სათქმელსა და გულისნადებს. ისე ჩანს,
თითქოს ჰამლეტი თავის თავს ელაპარაკება და ჰორაციოც
ყოველთვის იმას პასუხობს, რის გაგონებაც ჰამლეტს უნდა,
ოღონდ კი პრინცი მაინც იქცევა თავისებურად.
ამიტომ ჩვენ გამოკვეთილ მეცნიერულ წრთობას და კეთილ
გულს შევძენთ ჰორაციოს, თუმცა მას ვერ მივანიჭებთ
გამორჩეულ სიმტკიცეს და მოქმედების უნარს. თავად მისი
გონების არსებობაც იქნება საკმარისი. ეს გონება ეყოფა
როზენკრანც გილდენსტერნთან ქიშპობას, რომელიც მათ
ჰამლეტის გულში უნდა მოახდინონ.
ოფელია: გამორჩეულ ადამიანებს ხშირად უყვარდებათ ხოლმე
ჩვეულებრივი ქალები. აკადემიკოსებს – საკუთარი მდივნები,
ოპერის ვარსკვლავებს – თავიანთი გრიმიორები,
მილიარდერებს – მარტოხელა ქვრივები, რეჟისორებს –
მეგარდერობეები და ასე დაუსრულებლად. ხშირად ესენი არიან
ქალები, რომლებსაც მათი შემყვარებლები ყოველდღე ხედავენ
და კარგად იცნობენ. ელსინორში კი სხვა ქალები არ არიან და
უნდა ვიფიქროთ, რომ ჰამლეტს დიახაც უყვარს ოფელია,
მაგრამ ისიც იცის, რომ ქვეყნად სხვა ქალებიც არსებობენ.
ოფელიამ კი არ იცის, რომ ქვეყნად სხვა კაცებიც არსებობენ და
თითქოს გრძნობს, რომ უფლისწული მისი ბედისწერაა.
ოფელია ამ საშინელ ციხე-დარბაზში გაზრდილი ქალწულია და
აქედან გამომდინარეობს იმდენი რამ, რომ ჩამოთვლაც არ
მოხერხდება.
ჰამლეტმა იცის, როგორ ეკურკუროს ქალებს. ოფელიას
წარმოდგენა არა აქვს, როგორ ეკურკურებიან ქალებს; ჰამლეტი
თავს იგიჟიანებს, ოფელია მართლა გიჟდება. ახლა გამახსენდა,
რომ მეფე ერეკლეს ქალიშვილი ელენე გაგიჟდა, როცა იმას არ
გააყოლეს, ვინც მთელი განცდით უყვარდა. ოფელიასთვის
ჰამლეტი ერთადერთია და ამას თან ახლავს შიში. შიში ყოველ
ქალწულს აქვს. ოფელია მთლიანად ჰამლეტის ხელშია და ეს
შიშს კიდევ უფრო გააძლიერებს. ჰამლეტისთვის კი ოფელია
სულაც არ არის მთავარი. მისთვის მთავარია შურისძიება და
თავის დასახულ გეგმაში ოფელიას სულაც არ გასწევს განზე,
არამედ მას ერთ-ერთ მონაწილედ ჩართავს და, რაც მთავარია,
მტრული ბანაკის მონაწილედ. ასე გამოუდის, რადგან
ჰორაციომ კი იცის, რა უფიქრია უფლისწულს, მაგრამ

191
ოფელიასთვის ეს არავის გაუნდია. მაშ, რა სიყვარულია ესა?
ჰამლეტისთვის ცხადია, რომ ოფელიას სიყვარული მას
ვერაფერს მისცემს. ოფელიას კი სჯერა, რომ ჰამლეტი უყვარს
და ვერ იგებს ვერც მის სისასტიკეს და ვერც უზრდელობას.
მაშ, რა ვქნათ? როგორ მოვექცეთ ოფელიას?
ასე ვთქვათ: ქალწული, რომელიც ციხე-დარბაზში აღიზარდა,
ფერმკრთალია და ვითარებაში გაურკვეველი. არანაირი
ხალისი. სიგიჟე. პირველი ნამდვილი მსხვერპლი სწორედ ის
არის და არა მამამისი, რომელიც ხმალს არ წამოეგებოდა,
ფარდის უკან რომ არ მდგარიყო. ფარდის უკან მისმა დგომამ
გააგიჟა ოფელია.
19 იანვარი
მოკლედ მოგახსენებდით, წიგნის ამბავში. სქოლიო და იხ. უ.
შექსპირი, „ჰამლეტ, დანიის პრინცის ტრაგედია“. ოღონდ კი ეს
კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩვენს სრულ უსუსურობას
ჰამლეტის წინაშე.
ვინ უნდა ყოფილიყო ის კაცი, ვინც პირველად დაინახა
ჰამლეტი?
აი, საქმე რა არის. ჩვენ თუ არ გავიგეთ, როგორ დაინახა ამ კაცმა
ჰამლეტი, ჩვენ ვერაფერს გავიგებთ. საერთოდ, ამ კაცის გაგება
იმდენი რამის გაგებას ნიშნავს, რომ ბევრი აღარც რამე
დაგჭირდება, რათა ადამიანის რაობაში გაერკვე. მე არ მჯერა,
რომ შექსპირი მაინცდამაინც სკანდინავიურ მატიანეებს
კითხულობდა, საქსოს ან ვიღაცის ნაწერებს, სადაც პრინცის
ამბავია მოთხრობილი. ეს საქსოს აღწერილი ამბავი მოდებული
ისტორია იყო და თეატრებში ტრიალებდა სიუჟეტები დანიელი
უფლისწულის შესახებ. შექსპირმა იმ დროისა თითქმის
ყველაფერი იცოდა, პოლიტიკაც კი: ვთქვათ ის, რეჩ-
პოსპოლიტა რომ მაგარი ქვეყანა იყო სწორედ იმ დროს, როცა
„ჰამლეტს“ წერდა. ამ პიესაში ხომ სულ პოლონეთს გაიძახიან.
მაგრამ საკუთრივ ამბავი, რომელიც შექსპირმა იცოდა,
გადამწყვეტი არ არის. მას შეეძლო სხვა რამ ამბავშიაც
გამოეყვანა ჰამლეტი, ოღონდ კი ამჯობინა სწორედ
შურისძიების ამბავი. ასეთი კაცი და შურისძიება. ჰამლეტის
შეხედულება ცხოვრებაზე ისეთია, რომ მას შურისძიება არ
უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ის ხომ უფლისწულია და
ამიტომაც აინტერესებს შურისძიება. ის აღზრდით, ოჯახობრივ

192
არის შურისმაძიებელი. ასეთია სამეფო კარის აღზრდა. დანია
საპყრობილეაო, ჰამლეტი რომ ამბობს, იქავ მიუგებენ, მთელი
ქვეყნიერებაც ესააო. განა ეს თავად ჰამლეტმა არ იცის? მაგრამ
ის უფლისწულია და დანიის ამბავი აინტერესებს, თავისი
ხელქვეითი ქვეყნისა.
როგორი მეფე იქნებოდა ჰამლეტი?
ის ვერ იქნებოდა მეფე.
მისი ცოდნა და განათლება გამოუსადეგარია მეფობისთვის.
მისი ხასიათი მიუღებელია მეფობისთვის. ჰამლეტი
განწირული კაცია, რადგან ელსინორში ცხოვრობს. მაგრამ
ელსინორში რომ არ ცხოვრობდეს და უბრალოდ იაროს მიწაზე,
რა დარჩებოდა მისგან? ელსინორში თუ მის გარეთ მას
ედებოდა სიკვდილის, ამ ქვეყნიდან წასვლის დაღი. ის
იქნებოდა ტავერნების ენამწარე მელანქოლიკი. ფილოსოფოსიც
არ იქნებოდა.
ეს რა მოიგონა ამ კაცმა? ნახეთ, ვინ მოიგონა! ჩემთვის
მნიშვნელოვანია, თვითონ თუ იცოდა, ვინ მოიგონა.
საკუთრივ ჰამლეტისთვის საბედისწეროდ იქცევა ოჯახის
ისტორია.
შინაურულად რომ ვთქვათ, ის ვერ ერკვევა ამ ისტორიაში.
ზედმიწევნით იცის ეს ისტორია, მაგრამ მას იმგვარად
წარმოიდგენს, რომ მთავარი ფიგურა დანიის სამეფო გვარისა
თვითონ არის. ესეც მისი საბედისწერო შეცდომაა.
ის ხომ ამდენს ფიქრობს და სჯის წუთისოფლის რაობის გამო.
მას სიკვდილისთვისაც შეუხედავს თვალებში და მერეც
თამამად გადის ხმალში, ლაპარაკობს იორიკის შესახებ და
ჩასცქერის გაჭრილ საფლავებს. სინამდვილეში კი ჩვენ მაინც
ძნელად ვხვდებით, რას ფიქრობს ჰამლეტი.
არა, მისი შეხედულებები ცნობილია და ეს ქმნის მას მთავარ
გამოგონილ ხასიათად ლიტერატურაში, მაგრამ შექსპირი ხომ
იმის ჯადოქარიც გახლავთ, სრულიად დაუჯერებელი ამბები
იმგვარი დასაჯერებელი სიტყვებით აახმაუროს, რომ
ყველაფერი დავიჯეროთ, თითქოს ასე იყო.
ჩვენ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას მის პირობითობებს
იმიტომ, რომ ამ პირობითობებს ეფარება მისი საოცარი

193
სიტყვები. ის ახერხებს, რომ მოქმედება სისულელედ აქციოს,
ხოლო უკეთეს შემთხვევაში შემთხვევითობა აუცილებელ და
მტკიცე სურათად წარმოსახოს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შუა ზამთარში სამი
განთქმული წიგნი წავიკითხე ჰამლეტის რაობის შესახებ და
მათი ავტორები ისეთი პროფესორები იყვნენ, რომ ახლა მათი
სახელის თქმა სირცხვილიც კი იქნებოდა, აქაოდა, ამ ბრძენთა
ნაწერი ამდენი თუ იკითხე და მაინც ვერაფერი გაიგე, რაღას
გვაწვალებო, მაინც ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება ჰამლეტის
გამოძრავება ისე, რომ მასზედ რაიმე მხატვრული დაწერო ისე,
რომ მის ჰამლეტობას ბევრი ვერაფერი მოაკლდეს.
აქ ერთი პასუხი იქნებოდა: შექსპირი დიდი მწერალია, შენ
კიდევ ერთი პედრო კამაჩო ხარ ერთს რომელსამე მივარდნილ
და სასაცილო ქალაქში, და საპნის ოპერებს გაჩვეული შენი
ხელი და ტვინი ამ კაცის რაობას ვერ გასწვდებაო, მაგრამ
სწორედ „გასწვდება“ არაფერ შუაშია, იმიტომ რომ ამ
შემთხვევაში ალალად მწერალს უპირატესობა აქვს
ჭკვიანურად მწერალთან.
ეს უპირატესობა კი ის არის, რომ ჭკვიანურად მწერალს სიცილი
არ შეუძლია და მთელი ცხოვრება ჰამლეტს უფრო ჰბაძავს,
ვიდრე ვთქვათ, ფალსტაფს.
ჰამლეტის მიბაძვა დიდი იდიოტობაა, ფალსტაფისა კი
დიდებული საქმეა.
თუმცა, ალალ მწერალს უნდა ახსოვდეს, რომ თავისი ფანდები
აქ არ გამოადგება, თუკი ვერ მიხვდება, რომ ჰამლეტს გულში
კი არ უნდა შეუძვრეს, როგორც ამას ჭკვიანი მწერალი
გააკეთებდა, არამედ გარედან უნდა ჩხვლიტოს და პრინცის
მოძრაობით დაადგინოს რაღაცეები.
რომ აღარ გავაგრძელოთ, ხერხია მთავარი, თორემ ჰამლეტთან
გულდაგულ მისვლა როგორ შეიძლება?
22 იანვარი
ეს ზამთარი ხომ გრძელია და თქვენა გგონიათ, მხოლოდ
„ჰამლეტს“ ვკითხულობდი? რაღაცეებს კიდევ, თუმცა სულაც
არ მიფიქრია, რომ ეს წაკითხულები სწორედ „ჰამლეტისთვის“
გამომადგებოდა. ისე ვკითხულობდი, წიგნებად და არა

194
საქმისთვის.
უშანგი ჩხეიძის მოგონებებზე ჩაფიქრებისას სულ იმას
ვეძიებდი, როგორ მომეთხრო „ჰამლეტი“. გზას დავეძებდი, ასე
ვთქვათ, და თუკი ხასიათებში ასე თუ ისე ჩამოვჭერი
რაღაცეები და აჩრდილიც თავიდან მოვიშორე, ამბის
მოთხრობისა ვერაფერი გადავწყვიტე და, შესაბამისად,
სიუჟეტური კოსმეტიკით სავსე ნესესერი ვერ გავხსენი.
საერთოდ, ამ ამბავში აჩრდილის გაქრობაზე დიდი ცვლილება
ვერაფრით წარმოვიდგინე.
ჰოდა, გულსგარეთ ვფურცლავდი ვიტოლდ გომბროვიჩის
წიგნს და იქ ერთი მოთხრობის პირველსავე აბზაცში მეტად
მნიშვნელოვანი რამ ამოვიკითხე. გომბროვიჩი ასე
მოგვახსენებს, რომ ყოველ ოჯახურ ისტორიას ორი ამბავი აქვს.
ერთი – საგარეო, ანუ ოჯახში მომხდარი ამბის საგარეოდ
გავრცელებული სურათი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს და
რომლის მიხედვითაც ყველა ასკვნის, რომ ზედმიწევნით იცის
ამ ოჯახში მიმდინარე ამბავი, და მეორე – ნამდვილი ოჯახური
ისტორია, ანუ პრივატული ამბავი, რომელიც სინამდვილეში
მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან და რომელიც არის სწორედაც
რომ უფრო ნამდვილი, ვიდრე ის, რომელიც სახალხოდ
სალაპარაკო და განსახილველი შექნილა. ამბავი რომც არ იყოს,
არსებობს ოჯახის საგარეო იერი და ოჯახის შინაური ცხოვრება,
რომლებსაც იშვიათად რომ საერთო ჰქონდეთ რამე. საერთონი
მხოლოდ მოქმედი პირები არიან.
ამის გამო დაფიქრებამ მიმიყვანა ისევ „ჰამლეტთან“ და ამ
ოჯახური ისტორიის გამოც განვსაჯე: „ჰამლეტი“ პიესა
გახლავს, ანუ სახალხოდ საცქერი და განსასჯელი ამბავი. რახან
ასეა, იქ ოჯახის ამბავი სხვათა დასანახად სახალხოდაა
მოთხრობილი. მეტად ძნელია ამ ისტორიაში ჩარევა და მასში
რაიმეს ფასიანად შეცვლა, ამიტომ გომბროვიჩის მინიშნება თუ
შეხსენება ჩვენი მხსნელია.
ჩვენ უნდა მოგითხროთ ისეთი „ჰამლეტი“, რომელშიაც
ნამდვილი ოჯახური ამბავი იქნება წარმოდგენილი,
ყოველგვარი მოჩვენებებისა და აჩრდილების გარეშე. ანუ,
პირველ სცენაში ოფიცრები ფრონტირზე იდგებიან და
აჩრდილს კი არ დაელოდებიან, არამედ იმის თაობაზე
იჭორავებენ, რომ მათ პრინცს განსვენებული მამამისი
დასიზმრებია.

195
დიახაც, დასიზმრებია, რაც უბირ ხალხში ისე გავრცელდებოდა,
თითქოს ჰამლეტს დიდი ჰამლეტის აჩრდილი ენახოს.
კაცს ხშირად ესიზმრება ის, რაზეც გამუდმებით ფიქრობს.
ჰოდა, ჰამლეტსაც დაესიზმრა მამამისი. უნდოდა, რომ
დასიზმრებოდა და დაესიზმრა. სიზმარში კი მამამისიც
თვითონ იყო და საკუთარი თავიც. ცხადია, სიტყვა-პასუხიც
თავისი გახლდათ და სწორედ ის გაიგონა, რის გაგონებაც
სურდა.
ოფიცრებს სჯერათ თავიანთი უფლისწულისა, ვის არ
დასიზმრებია რაღაც იმგვარი? აგერ, გუშინწინაც დამესიზმრა,
რომ ერთ რომელიმე გაჩახჩახებულ ქალაქში ვიყავი, ზღვის
პირას, დიდი დაბზარული და ლამაზი ქალაქი იყო და ეზოს
ონკანიდან წყალსა ვსვამდი, აივანზე კი პატარა გოგო
გადმომდგარიყო. რაღაც ლათინური ქალაქი იყო, ოსმანა კი
ერქვა. რატომ ერქვა ოსმანა, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძილის
წინ ჩემი ძმობილი მიამბობდა, როგორ ყოფილიყო მისი ერთი
ძმობილი ჰავანაში და ხელმეორედ წასასვლელადაც
ემზადებოდა; თურმე ჩვენც მოგვიწოდებდა, ჩაუსწარით, სანამ
კომანდანტე ჯერ კიდევ დგას, მერე ამნაირ ჰავანას ვეღარ
ნახავთო. ჰოდა, ჩავუსწარი. მგონი, „ოსმანაც“ ჰგავს „ჰავანას“.
ჰამლეტს კი როგორ არ დაესიზმრებოდა? სულ ამ საქმეზე
ფიქრობდა. პირდაპირ შეჭამა ამ ფიქრმა. ამიტომ პირველი
სცენა დიახაც მზად მაქვს, ოღონდ იქ ერთ-ერთ თემად უნდა
იყოს კლავდიუსისა და გერტრუდას დაქორწინება, რასაც,
უეჭველია, რომის პაპთან წერილების და ძღვენის გზავნა
დასჭირდებოდა. სხვანაირად კი ელსინორიანთ ოჯახობა დიდი
ქრისტიანები არ ჩანან, რომ ამ საკითხზე შეყოვნდნენ და
განსაჯონ, ეს რა ვქენითო. ამიტომ, რახან ნამდვილ, შინაურულ
ამბავს აღვწერთ და ამისთვის ვმადლობთ ბატონს ცხონებულს
გომბროვიჩს, უნდა ვთქვათ, რომ კლავდიუსს გერტრუდა კი არ
შეურთავს, მხოლოდ საყვარლობს და ძმა მხოლოდ
ტახტისთვის მოწამლა. ისედაც ყველა იცნობს ჰამლეტს
ელსინორში, იმის გამეფებაზე, აბა, ვინ დაიკნავლებდა, თანაც,
ალბათ ვიტენბერგში იყო. ჰოდა, საჩქაროდ აკურთხეს ეს
კლავდიუსი. ოჯახში რა დაიმალება. ერთ სოფელში ვიყავი და
იქ ერთ ბიჭზე ამბობდნენ, ბაბუამისის შვილიაო, ასე მოხდაო.
ჰამლეტსაც ხრავს ეს ამბავი, სხვა საფიქრალი არცა აქვს,
როგორც დაპყრობილს და ისე დამარცხებულს, რომ თვითონ
გვიან მიხვდა ამ დამარცხებას. როგორც ზემოთვე მოგახსენეთ

196
ბერნარდ შოუს ნათქვამი, კიბოიან ავადმყოფს თავის
ავადმყოფობაზე მეტი საფიქრალი არა აქვს. ასეთი ამბები არ
იმალება და იმდენად მოდებულია, რომ მათზე „გონზაგოს
სიკვდილის“ გათამაშებაც შეიძლება.
ასე რომ, პირველი სცენა გამართული მაქვს და იქ გადმოვცემ
მომხდარი ამბის სურათს, ოღონდ მაინც ჩურჩულით.
პირველსავე სურათში გამოჩნდება ჰამლეტიც აუცილებლად,
პირველივე წუთიდან ჭკუით, უცნაურობით,
ენამოსწრებულობით და სიკვდილით სავსე.
ახლა რახან პირველი სურათი მოვიფიქრე, აღარაფერი მიჭირს.
ადრე მეგონა, რომ მოფიქრებული მქონდა და სინამდვილეში
ახლა მოვიფიქრე.
მეორე, მესამე, მეოთხე და სულ ორმოცი სურათის მოფიქრებას
აღარ დაველოდები და დავწერ პირველ სურათს. დიდად
სასიამოვნო იქნება ჩემთვის. ერთი „მაკმილანის“ სრული
შექსპირი მაქვს, დავჯდები და თარგმნა-თარგმნით დავწერ
პირველ სცენას. სასიამოვნო საქმეა ზამთრის პირობებში.
პირველი სცენის შემდეგ კი დავფიქრდეთ.
ორ წელიწადს უნდა ვწერო ეს „ჰამლეტი“, სადმე კი არ
მეჩქარება. შექსპირს, ცხადია, უცებ გამოუდიოდა. იმიტომაც
მოგახსენებთ, ამ კაცზე მეტს ვიფიქრებ, ვიდრე მის პიესებზე-
მეთქი.
27 იანვარი
იმდენი ვწერე პირველი სურათის შესახებ, რომ ამ სურათის
დაწერა ვეღარ მოვახერხე. რასაკვირველია, დავიწყე:
ელსინორის ფრონტირი, ღამე, ქარი უსტვენს, ისმის ზღვის
ტალღების შხუილის ხმა. დგას ბერნარდო, ან ფრანცისკო, და
შემოდიან მარცელუსი და ჰორაციო. ამდენი იტალიელი რა
უბედურებაა. ამ შხუილსა და გრგვინვაში ისინი იწყებენ
პოლიტიკური სურათის ხმადაბლა მიმოხილვას, მეფეს
ფრთხილად გაკილავენ, მაგრამ რახან ისმის ქარის სტვენა,
ტალღების შხუილი და სხვა სასიამოვნო ხმები, ხოლო ესენი კი
ჩურჩულით ლაპარაკობენ, რადგან ერთი, რომ საგუშაგოზე
ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება და მეორეც – მეფის ხმამაღლა
ლანძღვა სად გაგონილა? ამიტომ ამ ხმაურობაში მაყურებელს
ბევრი არაფერი ესმის და მოდუნდება, აღარც კი უსმენს
სცენაზე მყოფთ და აქეთ-იქით იყურება. რაო, რაო, რა თქვესო?

197
და მერე ამასაც აღარ ჯავრობს. ოღონდ კი უცებ მოლაპარაკეთა
მნიშვნელოვანი და გასაგები სიტყვები დაემთხვევა ტალღის
და ქარის წამიერ სიჩუმეებს და მაცქერალი შეიტყობს, რომ
უფლისწულს რაღაც დასიზმრებია. ნაშუაღამევს ფრონტირზე
მოდის თავად ჰამლეტი. ისე მოდის, როგორც მამამისის
აჩრდილი, ისე რომ, მის ოფიცრებს, სხვანაირად კი მის
მეგობრებს, აშინებთ კიდეც პრინცის გამოჩენა. ლურჯი
მოსასხამი, ჰამლეტის მოსასხამი, ღამის ჩაჩი და უშანგი ჩხეიძის
თვალები, უშანგი ჩხეიძის ხმა. მოჩვენებასავით ჰამლეტი
რაღაცას ბუტბუტებს, რაც ასევე არ გვესმის ბუნების ძალთა
ხმაურობაში. ის ჰორაციოს ებღაუჭება, ვითარცა თავის ძმას და
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეუბნება რაღაცეებს. ჰამლეტი ჩვენა,
მაყურებელს, ვერაფერს გვაგებინებს, რადგანაც ჩვენც ისევე არ
გვესმის ჰამლეტისა, როგორც დედამისს, როგორც როზენკრანც
გილდენსტერნს, მეფეს და სხვებსაც ყველას. მისი ესმის
ჰორაციოს და ჩვენ თავიდანვე უნდა მიგანიშნოთ, რომ
ჰამლეტს ბევრს ვერას გაუგებთ. ის დაბოდიალობს სცენაზე და
ცდილობს ფეხიდან გახდილი წინდით უხილავი ვინმეს
მოხრჩობას. ჰორაციო ამცნობს მეგობრებს, რომ უფლისწულს
სიზმრად უნახავს მამამისი, რომელსაც მოუხსენებია, რომ ძმამ
მოწამლა. ამ ნალაპარაკევსაც ძლივს ვიგებთ, რადგან სწორედ
ამ დროს ქარი საშინლად შემოუსტვენს, ტალღები კი ეხეთქება
კლდოვან ნაპირს. ჰამლეტს რომს დაალევინებენ და სიზმრების
სისულელეზე ჩამოუგდებენ ლაპარაკს, თუმცა ის იქავე
პასუხობს, რომ ეს ყველაფერი სიზმრის გარეშეც მშვენივრად
იცოდა; ის ცდილობს წამოიწყოს თავისი ცნობილი მონოლოგი...
მაგრამ ვერ ახერხებს, ბევრჯერ უწყდება სიტყვა. შემცბარი
ოფიცრები მას საკუთარ მოსასხამებს შემოახვევენ და ხელში
აყვანილი გაჰყავთ სცენიდან...
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რა შუაშია აქ მაყურებელი?
ხედავთ, როგორი რამეა, რომ ამ პირველი სცენის წერისას მაინც
ისე გამოვიდა, რომ მთავარი მაყურებელი გამოდგა? როგორ
უნდა დაწერო პირველი სურათი ისე, რომ შიგვე ჩადებული
იყოს ბუნების ხმაური და ჩურჩული, რომლისაც მხოლოდ
ნაწყვეტები ესმის ხალხს? ვერგაგონება კი შეიძლება, მაგრამ
ვერწაკითხვა? სცენისთვის ხომ არ ვწერთ, არამედ ჩვენთვის.
ამგვარი რამის საინტერესო ტექნიკა ვერ აღმოვაჩინე ვერაფრით
და ეგებ გაზაფხულზე აღმოვაჩინო ისე, რომ გამოცდილი

198
ხერხებით არ აღიწეროს ეს პირველი სცენა. მეტად ძნელი კი
ყოფილა უმაყურებლოდ პიესის დაწერა. მკითხველზე
დაფიქრება კი კიდევ უფრო ძნელი, ვიდრე მაყურებელზე და
ახლა ხომ კიდევ ერთხელ გახურდება ტვინი იმაზე ფიქრით,
ვინ ყოფილა ის კაცი, ვინც „ჰამლეტი“ დაწერა?
ამის მიუხედავად, პირველ სურათზე ფიქრი დიახაც
გავაგრძელე. სურათი იქნება თუ პირველი თავი, სულერთია,
მაგრამ იქ მთავარი ლაპარაკია, რომელსაც ქარი უშლის ხელს.
6 თებერვალი
ამაზე ფიქრით კარგა ხანს შევიქციე თავი, ლამის ფიქრიად
გადავიქეცი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ პირველი სურათი
შერეულად დამეწერა. იმგვარი ხერხი გამომეყენებინა, რომ
წამკითხველს ქარის სტვენა და ტალღების ხეთქება
შეძლებისდაგვარად ხმამაღლა დასჯახებოდა, ოფიცერთა და
ჰამლეტის ლაპარაკი კი იდუმალ ხმებად ცუდ ამინდში. და, აი,
რა მოვიგონე: მთელი პირველი სურათის ტექსტი დაწერილი
იქნება პროზად: დაწვრილებით აღწერილი ღამეც, ბუნების
ჭახაჭუხიც, გუშაგებიც და ყოველი მოძრაობაც, ჰამლეტის
შემოსვლასთან ერთად. ეს იქნება მოქმედების შთამბეჭდავად
აღწერა, ყოველ საჭირო ალაგს კი ექნება დასმული სქოლიოში
ჩასახედი ნიშანი, თავად სქოლიოში კი მეტად წვრილი ასოებით
მოცემული იქნება ნაწყვეტ-ნაწყვეტი დიალოგები. რახან
აჩრდილი გავაუქმეთ და მხოლოდ ვწერთ და არ გავითამაშებთ,
ეს გამოსავალი ჩანს. ვკითხულობთ, ხომ არ ვუყურებთ?
ჰოდა, მოვდივარ დელისზეეე... სულ გადაწყვეტილი მაქვს
პირველი სურათის ამბავი. იქ კიდევ ჯიხურში ერთი
სათვალეებიანი ხნიერი ქალია, რომელსაც აკუნინის ქალს
ვეძახი. ცხადია, იმიტომ, რომ იმისგან აკუნინის ბევრი წიგნი
მიყიდა, განსაკუთრებით – ზაფხულში საკითხავად. იმას აღარ
ახსოვს, მე რა მიყიდია და რა არა. მთელი აკუნინები მე კი არა,
გეგონება, იმას დარჩა აგარაკზე და „ფორტოჩკაში“ ყველა
შეჭყეტაზე მატენის ამ ძველებს. ჰოდა, მოვდივარ და
შევიჭყიტე და შემომატენა ისევ და მეუბნება, აი, ახალიც
მაქვსო. წაღმა-უკუღმა წიგნია, ტრაგედია და კომედია. რა
მისახვედრია, რომ ტრაგედია „ჰამლეტი“ გამოდგა. აკუნინს
დაუწერია: „გამლეტ. ვერსია“. აგე, როგორ არის საქმე.
საფიქრალიც კი გვიან ჩამოდის, წერილზე და წიგნზე რომ
აღარაფერი თქვა. ეს წიგნი რომ ადრე მენახა, განა ჰამლეტის

199
გამო ფიქრს დავიწყებდი? ისედაც ერთი-ორს მეტყვიან ხოლმე,
რომაო აკუნინზედ გაქვს სწორებაო, რაც, მართალია, არ
მაბრაზებს, მაგრამ უხერხულობას კი ქმნის. თუ სწორებაა, ლევ
ტოლსტოიზე გასწორდი, რაღა იმ მათემატიკის ოსტატზე უნდა
გასწორდე.
ჰო, ეს კი გადავწყვიტე იმავე წუთს, რომ „ჰამლეტის“ გამო
ფიქრს სასწრაფოდ შევწყვეტდი. ორი წელიწადი მოვზომე ამ
საქმისთვის და რა მეჩქარება? შევწყვეტდი და შევწყვეტდი,
მაგრამ მე რა მეწყინა, იცით? ის კი არა, რომ აკუნინს „ჰამლეტი“
დაუწერია. ის მეწყინა, რომ აკუნინმა ვერაფერი მოიფიქრა.
გაუშვა თავისი მათემატიკა და ისეთი მარტივი, ისეთი
გაცვეთილი, ისეთი ჩვეულებრივი ხერხი, რომ ჰორაციო როგორც
კი გამოჩნდა წიგნში, იმწამსვე დავძახე: „ეჰ, აკუნინ, ბორის
შალვოვიჩ, ეს რა გიქნია?!“
ამ ძახილმა ჩემი ცოლი გამოაღვიძა, საწოლი ოთახიდან
გამოახედა და დააძახებინა: – „მანჩესტერს“ გაუტანეს?
ასე მაშინ დავიყვირებ ხოლმე, როცა „მანჩესტერს“ გაუტანენ. მე
ხომ „მანჩესტერის“ მხარეს ვარ.
ზამთარი ოხერია. აკუნინს „ჰამლეტი“ საზაფხულოდ დაუწერია
და ყველაფერი დაწყობილად არის იქ, ოღონდაც მე ის მეწყინა,
რომ მივხვდი, ყველაზე თახსირ კაცად რუს მწერალს ჰორაციო
გამოუყვანია. ძველი ფანდი გახლავს და ლიტერატურის იმგვარ
მცოდნეს, როგორიც არის აკუნინი, მეტი შეეძლო ეფიქრა
„ჰამლეტის“ თაობაზე. ჰორაციო ფორტინბრასის აგენტი
ყოფილა. იფ, რა იოლია? დაუქცევია ელსინორის ოჯახობა. ეგრე
ხო ყველა დაწერს. ეხლავ ოც ვარიანტს მოგართმევთ, სადაც
ლაერტი მეფე გახდება, როზენკრანცი კი ჯიგარი იქნება. ამას რა
უნდა? მაგრამ ეს ხომ „ჰამლეტიდან“ არ გამომდინარეობს. ეს
ისეა, მოვიგონეო. „უჰამლეტოდ“ კიდევ ნამდვილ ჰამლეტს
როგორ მოიგონებ?
„ჩაიკა“ უკეთესად გამოუვიდა.
მე კიდევ იმას მოგახსენებთ, რომ ჰამლეტი „მარშუტკაში“ არ
შეგხვდება. აკუნინს კი სწორედ ნდომებია, რომ ჰამლეტი
„მარშუტკაში“ შეხვდეს და კიდევ მეტი, დიმიტრი ნაგიევთან
მივიდეს გადაცემა „ოკნაში,“ რათა იქ ყველას უამბოს, აი, რა
დაატრიალეს ბიძაჩემმა და დედაჩემმაო, მერე კლავდიუსსაც
შემოიყვანენ და ჰამლეტი მის დასაპორჭყნად წაიწევს, რასაც

200
დაცვის ბიჭები არ დაუშვებენ. მერე ნაგიევი ჭკუას დაარიგებს,
ბიძას ეტყვის, ცუდად მოქცეულხარო, ჰამლეტს კი – შენი
ხასიათი შენივე მტერიაო, ცხოვრება ისე არ არის, შენ რომ
გგონიაო, და მეტი არც არაფერი. წავა სახლში ჰამლეტი და
დომინოს ითამაშებს.
რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ იოლია.
მე კი წამართვა ხალისი და აწი თვითონ იცის.
იმას მოგახსენებდით, რომ ყოველ მწერალს უნდა ჰქონდეს
თავისი ჰამლეტი, საშინაო რვეულში მაინც. ჰამლეტი ისე
გაგყიდის, მოხედვასაც ვერ მოასწრებ, იმიტომ, რომ ჰამლეტზე
როცა ფიქრობ, საკუთარ ფიქრებზეც ფიქრობ, ვინაიდან და
რადგანაც, არ არის მეორე ასეთი კაცი, სხვათა გონების
უსუსურობაში რომ ამგვარი გაქანებით ერკვეოდეს, ამგვარად
სძულდეს სიმახინჯე და აგრე სწყუროდეს შურისძიება.
წიგნი, ხმალი და თავის ქალა... ჩვენს დროში ამ ნივთებს ვეღარ
ნახავ ერთი კაცის ხელში, ამიტომაც, აკუნინმა ააცდინა. თუმცა,
ერთი კაი საქმე კი ქნა, რომ ამ ზამთარს შემახსენა, ჩაი დალიე
და საქმეს მიხედე, რა შენნაირი პედრო კამაჩოს საქმეა ამგვარ
რამეებზე ფიქრიო.
მოკლედ, უნდა დავიშალოთ, მინამ ლამაზები ვართ და იმ
პირველ სურათსაც როგორმე, ოდესმე დავადგამ თავს. ვის რას
შევუშლი ჩემი წილი „ჰამლეტით“?! მარტო პირველი სურათი
იქნება, მეტი კი არა.
არ წერენ თავიანთ „ჰამლეტებს“. ცხოვრება უამისოდ უფრო
იოლია.

201

You might also like