You are on page 1of 132

ჰაუფ ვილჰელმ

ქარავანი

ერთხელ უდაბნოში დიდი ქარავანი მიიზლაზნებოდა. თვალუწვდენელ დაბლობზე,


სადაც კაცი ქვიშისა და ცის მეტს ვერაფერს შენიშნავდა, შორიდან მოისმოდა
აქლემების ზანზალაკთა ჟღარუნი და ცხენების ვერცხლის ეჟვანთა წკარაწკური.
ქარავნის წინ ამდგარი კორიანტელი მის შორიახლოს ყოფნას მოასწავებდა. როდესაც
ერთ წუთს /აერის ნაკადი მტვრის ბოლქვებს გადაფანტავდა, კაცს თვალს სჭრიდა
იარაღის ელვარება და უცხო სამოსის სიდიადე. ასე წარმოუდგა ქარავანი
მოახლოებულ მხედარს. იგი მშვენიერ, ვეფხვის ტყავით დარახტულ არაბულ ცხენზე
იჯდა. ცხენის ყირმიზი სადავეები ვერცხლის ეჟვნებით იყო მორთული, თავზე კი
წეროს ფრთების ჯიღა ერხეოდა. მხედარს წარმოსადეგი გარეგნობა /ქონდა და
მდიდრული სამოსი ამშვენებდა, როგორც ეს ასეთ ცხენზე მჯდომს შეეფერებოდა.
თავზე ოქრომკედით ნაქარგი თეთრი ჩალმა ეხურა. ალისფერი ხალათი და განიერი
შარვალი ეცვა. წელზე ხმალი ერტყა, ხმალზე ძვირფასი ხეტარი ბრწყინავდა. ჩალმა
შუბლზე ჩამოფხატოდა. ხშირ წარბებს ქვემოდან მომზირალი მოელვარე შავი
თვალები, კეხიანი ცხვირი და გრძელი წვერი უდრეკ, მამაკაცურ გამომეტყველებას
აძლევდა. ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, მხედარმა ცხენს დეზი /კრა
და თვალის დახამხამებაში ქარავანს თავში მოექცა. უდაბნოში მარტოხელა მხედრის
ნახვა ისეთი უჩვეულო რამ იყო, რომ ქარავანის მცველებს თავდასხმისა შეეშინდათ
და შუბებით გადაუღობეს გზა.

– რა ამბავია! – შესძახა ასეთი მიღებით განცვიფრებულმა მხედარმა. – ერთ კაცს ხომ


არ შეუძლია ქარავანს თავს დაესხას!... დარცხვენილმა მცველებმა შემართული
შუბები ძირს დახარეს. მცველთა წინამძღოლი უცნობთან მივიდა და შეეკითხა:

– რა გნებავთ?

– ვისია ეს ქარავანი? – ჰკითხა მხედარმა.

– ერთი პატრონი არა ჰყავს, რამდენიმე ვაჭარს ეკუთვნის, – უპასუხა წინამძღოლმა,


– ისინი ახლა მექიდან სამშობლოში ბრუნდებიან და, რადგან მგზავრებს ხშირად
ავაზაკები ესხმიან თავს, ბადრაგობას ვუწევთ მათ.

მაშინ ვაჭრებთან მიმიყვანეთ, – სთხოვა უცნობმა.

– აქ შეუძლებელია, – სიტყვა არ დააყოვნა წინამძღოლმა. – ჩვენ შეუმჩნევლად უნდა


ვიაროთ, ვაჭრები კი, სულ ცოტა, თხუთმეტი წუთის სავალზე მაინც ჩამოგვრჩებიან.

თუ ინებებთ, წამობრძანდით ჩვენთან ერთად და შუადღის შესვენებისას


შევასრულებ თქვენს სურვილს.

უცნობმა ხმა ვერ დასძრა, გრძელი ჩიბუხი ამოიღო, უნაგირზე რომ მიემაგრებინა,
გააბოლა და გა/ყვა. წინამძღოლმა არ იცოდა, როგორ მოქცეოდა უცნობს, ვერც იმას
ბედავდა, პირდაპირ ეკითხა ვინაობა, ისე კი ყოველმხრივ ცდილობდა სასაუბროდ
გამოეწვია. მის აღტაცებულ შეძახილს: –„რა მშვენიერ თამბაქოს ეწევით,“ ანდა: „რა
მარდი ფეხები აქვს თქვენს ბედაურს!“ – უცნობი მხოლოდ თავის ქნევით პასუხობდა,
ბოლოს შესვენების ადგილს მიაღწიეს. წინამძღოლმა თავისი ხალხი გუშაგებად
დააყენა და უცნობთან ერთად დაუწყო ქარავანს ლოდინი. მძიმედ დატვირთულ
ოცდაათ აქლემს ჩალვადრები მოუძღოდნენ. მათ უკან მო/-ყვებოდნენ მშვენიერ
ცხენებზე მჯდომი ქარავნის პატრონები – შუახანს გადაცილებული, დარბაისელი და
სერიოზული შეხედულების ხუთი ვაჭარი. ერთი მათგანი, სხვებზე ახალგაზრდა,
უფრო ცოცხალი და მკვირცხლი ჩანდა. ქარავანს მრავალი აქლემი და დატვირთული
ცხენი მოსდევდა.

დასცეს კარვები. აქლემები და ცხენები გარშემო დააყენეს. შუაში დიდი ცისფერი


აბრეშუმის კარავი იდგა. იქ შეიყვანა წინამძღოლმა უცნობი. ოქრომკედით მოქარგულ
ბალიშებზე ხუთ ვაჭარს მოერთხა ფეხი. თავზე შავკანიანი მონები დასტრიალებდნენ
და ნაირ-ნაირ საჭმელ-სასმელს მიართმევდნენ.

– ეს ვინ მოგიყვანიათ! – შესძახა ახალგაზრდა ვაჭარმა წინამძღოლს. უცნობმა


დაასწრო და მიუგო: – ბაღდადელი ვარ, სელიმ ბარუხს მეძახიან. მექაში
მივემგზავრებოდი, ყაჩაღები თავს დამესხნენ და შემიპყრეს. ამ სამი დღის წინათ
გამოვიპარე და აი, წინასწარმეტყველის წყალობით, შორიდანვე მომესმა თქვენი
ქარავანის ეჟვანთა ჟღარუნი. მეც აქეთკენ გამოვეშურე. ნება მიბოძეთ თქვენთან
ვიმგზავრო; ვიცი, უღირსს არ გაუწევთ მფარველობას, მე კი დიდვეზირის ძმისწული
ვარ და, როცა ბაღდადში ჩახვალთ, სიკეთეს სიკეთით გადაგიხდით.

სიტყვა აიღო ვაჭართა შორის ასაკით ყველაზე უფროსმა:

– სელიმ ბარუხ! – თქვა მან, – კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს კარავში. შენი
სტუმრობა დიდად გაგვახარებს, მაგრამ ჯერ დაბრძანდი და ჩვენთან ერთად პურ-
მარილი მიიღე.

სელიმ ბარუხმა ვაჭრებთან მოიკალათა და სმა-ჭამას შეუდგა. შემდეგ მონებმა


აალაგეს სუფრა, ყალიონები და თურქული შარბათი მოართვეს. ვაჭრები დიდხანს
ისხდნენ ჩუმად, ყალიონს აბოლებდნენ, თვალს აყოლებდნენ ცისფერ ბოლს,
რომელიც რგოლებად იშლებოდა და ბოლოს /აერში ქრებოდა. სიჩუმე ახალგაზრდა
ვაჭარმა დაარღვია: – სამი დღეა ხან ცხენებზე, ხან კი სუფრასთან ვსხედვართ და
დროს სხვაგვარად ვეღარ ვკლავთ. მომწყინდა ძლიერ, ნავახშმევს ყოველთვის
მოცეკვავეების ცქერას, სიმღერისა და მუსიკის მოსმენასა ვარ ჩვეული. ხომ არაფერს
მოიგონებთ, ჩემო მეგობრებო, ისეთს, რომ დრო უკეთესად გავატაროთ?

ოთხი ხანდაზმული ვაჭარი ყალიონს აბოლებდა, ეტყობოდათ, ღრმა ფიქრებს


მისცემოდნენ.

– თუ თქვენ ჭკუაში დაგიჯდებათ, ერთ რჩევას მოგცემთ. მოდით, ყოველ


შესვენებისას ერთ-ერთმა ჩვენგანმა რაიმე ამბავი მოგვითხროს. ამით დროსაც
ადვილად მოვკლავთ, – თქვა უცნობმა.

– სელიმ ბარუხ, შენი აზრი მართლაც ჭკუასთან ახლოა, – მიუგო ახმედმა, ვაჭრებში
ასაკით ყველაზე უფროსმა. – მაშ ვღებულობთ შენს წინადადებას.
– დიდად მოხარული ვარ, ასე რომ მოგეწონათ ჩემი აზრი, – წარმოთქვა სელიმმა.

– რომ დარწმუნდეთ შეუძლებელს არაფერს ვითხოვ, პირველად მე გიამბობთ


რაიმეს... – ვაჭრები კმაყოფილი სახით ერთმანეთის გვერდით მოთავსდნენ და შუაში
სელიმ ბარუხი ჩაისვეს. მონებმა ისევ შეავსეს თასები, დატენეს ყალიონები და
თავიანთი ბატონებისათვის ნაკვერჩხალიც მოარბენინეს. სელიმმა თურქული
შარბათით ყელი ჩაისველა, გრძელი წვერი ხელით ჩამოივარცხნა და დაიწყო:

– მაშ ისმინეთ ხალიფა წეროს ამბავი.

ხალიფა წეროს ამბავი

ერთ მშვენიერ საღამოს ბაღდადის ხალიფა ყასიდი განცხრომით იჯდა ტახტზე.


აუტანელი სიცხის გამო მთელ დღეს თვლემდა და ახლა, ძილის შემდეგ მხიარულ
გუნებაზე დამდგარიყო. ვარდის ბუჩქის ტოტისაგან გამოთლილ გრძელ ყალიონს
აბოლებდა; დროდადრო მსახურისაგან მოწვდილ ყავას მოწრუპავდა და
სიამოვნებით წვერზე ხელს ისვამდა. ერთი სიტყვით, ხალიფას ეტყობოდა ჩინებულ
გუნებაზე იყო. ასეთი განწყობილების დროს მეტად წყნარი საუბრის მოყვარული
გახლდათ და ადვილიც იყო მასთან მუსაიფის გაბმა.

მთავარი ვეზირი მანსორიც მას სწორედ ასეთ დროს მოინახულებდა ხოლმე. აი,
ამჯერადაც ეახლა ხალიფას, მაგრამ უჩვეულოდ მოწყენილი. ხალიფამ ყალიონი
პირიდან გამოიღო და ჰკითხა:

– დიდო ვეზირო, რატომ გაქვს ეგზომ შეშფოთებული სახე?

დიდვეზირმა გულხელი დაიკრიფა, პატრონს თაყვანი სცა და მიუგო:

– მბრძანებელო, ვერ გეტყვით, რას გამოხატავს ჩემი სახე. ვიცი, მხოლოდ, ქვევით
ერთი მეწვრილმანეა, რომელსაც ძალზედ კარგი საქონელი აქვს გასაყიდი და გული
მწყდება, რომ ზედმეტი ფული არ გამაჩნია.

ხალიფას დიდი ხანია სურდა რითიმე ესიამოვნებინა დიდვეზირი. მან სასწრაფოდ


გაგზავნა შავკანიანი მონა მეწვრილმანის მოსაყვანად. მონა მალე დაბრუნდა
მეწვრილმანესთან ერთად. მეწვრილმანე იყო დაბალი, სქელი კაცი, მოყავისფრო
სახის კანით და დაძონძილი ტანსაცმლით შემოსილი. მის ყუთში ყოველგვარ
საქონელს ნახავდით: მძივებსა და ბეჭდებს, მდიდრულად მოჭედილ დამბაჩებს,
სასმისებსა და სავარცხლებს. ხალიფა და ვეზირი დიდხანს ათვალიერებდნენ
ნივთებს. ბოლოს ხალიფამ თავისთვის და მანსორისთვის ლამაზი დამბაჩები აირჩია,
ვეზირის ცოლისთვის კი სავარცხელი. ის იყო მეწვრილმანეს ყუთის დახურვა
უნდოდა, ხალიფამ იქ პატარა უჯრა შენიშნა და ჰკითხა, აქაც ხომ საქონელი არ
გაქვსო, მეწვრილმანემ გამოსწია უჯრა, ამოიღო კოლოფი, უჩვენა მოშავო ფხვნილი
და ქაღალდი უცნაური ნაწერით. მისი წაკითხვა ვერც ხალიფამ შესძლო და ვერც
ვეზირმა.

– ეს ფხვნილი ერთმა ვაჭარმა მექის ქუჩაში იპოვა და მე მომცა. რისგან შედგება, არ


ვიცი; თუ ინებებთ, შემიძლია იაფად დაგითმოთ. აბა მე რას ვაქნევ, მაინც არაფრად
გამომადგება, – წარმოთქვა მეწვრილმანემ.

ხალიფამ, რომელიც ხალისით აგროვებდა ძველ მანუსკრიპტებს, თუმცა მათი


კითხვა არ შეეძლო, მაინც იყიდა ხელნაწერი ფხვნილთან ერთად და მეწვრილმანე
გაისტუმრა.

ხალიფას მეტად აინტერესებდა – რა ეწერა ბარათში და ვეზირს ჰკითხა: ხომ არ


გეგულება ისეთი ვინმე, რომელიც ამის წაკითხვას შესძლებსო?

– დიდო ბატონო და მბრძანებელო, უპასუხა მან. – მეჩეთში ცხოვრობს ერთი კაცი,


ბრძენ სელიმს ეძახიან. ყველა ენა იცის. ბრძანე, მოიყვანონ, იქნებ ამ საიდუმლოებით
მოცულ ბარათსაც მოუხერხოს რამე.

მალე მოიყვანეს სწავლული სელიმი.

– სელიმ, ამბობენ, დიდად განსწავლული კაცი ყოფილხარ, – ბრძანა ხალიფამ. –


ნახე ერთი ეს ნაწერი. შესძლებ წაკითხვას? თუ შესძლებ, ჩემგან საჩუქრად ძვირფას
ხალათს მიიღებ, ხოლო თუ ვერ მოახერხებ, ვბრძანებ, თორმეტი სილა გაგაწნან და
ოცდახუთჯერ წნელი დაგკრან ფეხისგულებზე: ცრუ სწავლულს მხოლოდ ასე
უმასპინძლდებიან.

სელიმმა თაყვანი სცა და თქვა: იყოს ნება შენი, მბრძანებელო! – მერე დიდხანს
აკვირდებოდა ხელნაწერს. ბოლოს სიხარულით შეჰყვირა:

– თავი წამაგდებინეთ, თუ ლათინური არ იყოს!

– რაკი ლათინურია, დროზე ამოიკითხე, რა წერია შიგ! – უბრძანა ხალიფამ.

სალიმმა დაიწყო ბარათის თარგმნა: „ადამიანო, რომელიც იპოვი ამას, მადლობა


შესწირე ალაჰს წყალობისათვის! თუ ამ ფხვნილს შეისუნთქავ და იტყვი „მუტაბორ“,
– შეგიძლია ყოველგვარ მხეცად გადაიქცე და გაიგო მხეცის ენა. თუ გსურს ისევ
ადამიანი გახდე, სამჯერ უნდა დაიხარო აღმოსავლეთისაკენ და წარმოთქვა იგივე
სიტყვა; მაგრამ გახსოვდეს, სანამ მხეცად ხარ ქცეული, არ გაიცინო, თორემ
დაგავიწყდება ჯადოსიტყვა და სამუდამოდ მხეცად დარჩები.“

წერილში ასეთი რამ ამოიკითხა სწავლულმა სელიმმა. ხალიფა უზომოდ


კმაყოფილი დარჩა. მან დააფიცა სწავლული, არავისთვის გაენდო ეს საიდუმლო,
აჩუქა ძვირფასი ხალათი და გაუშვა. თავის დიდვეზირს კი უთხრა: ძვირფასი რამ
ნივთი შევიძინე! რა სასაცილო უნდა იყოს მხეცად გადაქცევა! ხვალ, დილით ადრე
მოდი ჩემთან; ერთად წავიდეთ მინდორში, დავყნოსოთ ეს ფხვნილი და ყური
მივუგდოთ ვინ რას ამბობს ჰაერში, წყალში, ტყესა და მინდორში.
ხალიფა ყასიდმა როგორც კი ისაუზმა და ჩაიცვა, ვეზირიც ეახლა, რომ
ბრძანებისამებრ სასეირნოდ გაჰყოლოდა.

ხალიფამ ფხვნილიანი კოლოფი ქამარში ჩაიჩარა. მხლებლებს უბრძანა სასახლეში


დარჩენილიყვნენ და დიდვეზირთან ერთად მარტო გაუდგა გზას. კარგა ხანს ამაოდ
დაეძებდნენ რაიმე სულდგმულს, რომ ფხვნილის ძალა გამოეცადათ, ვეზირმა
ხალიფას ურჩია, უფრო შორს წასულიყვნენ ტბისკენ, სადაც მას წინათ მრავალი
ფრინველი ენახა, მათ შორის, ბევრი წეროც. ისინი გარეგნობითა და თავისებური
ხმით მუდამ იპყრობდნენ მის ყურადღებას.

ხალიფა დაეთანხმა ვეზირს და ორივემ ტბისკენ გასწია. ტბასთან რომ მივიდნენ,


დაინახეს წერო, რომელიც მედიდურად ბოლთასა სცემდა და ბაყაყებს
დაეძებდა.მალე ჰაერში შენიშნეს მეორე წერო, იგი აქეთკენ მოფრინავდა.

– ულვაშს ვფიცავ, დიდო ბატონო, – თქვა ვეზირმა,– რომ ეს ორი გრძელფეხა წერო
ერთმანეთში ძალიან საინტერესო საუბარს გააბამს. რა იქნება, წეროებად რომ ვიქცეთ?

– კეთილი! – უპასუხა ხალიფამ. – მაგრამ ერთხელ კიდევ გავიმეოროთ, როგორ


უნდა დავიბრუნოთ კვლავ ადამიანის სახე.

– მართლა! სამჯერ აღმოსავლეთისაკენ დავიხაროთ და „მუტაბორი“ წარმოვთქვათ.


მე ისევ ხალიფა გავხდები, შენ კი ვეზირი... მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს
გაცინებისაგან, თორემ დავიღუპებით.

ამ ლაპარაკში ხალიფამ დაინახა, როგორ გადაუფრინა თავზე წერომ და ძირს


დაეშვა! მან სწრაფად გამოიძრო ქამრიდან ფხვნილი, მიაწოდა ვეზირს, რომელმაც
მყისვე შეიყნოსა და ორივემ დაიძახეს: „მუტაბორ!“

მაშინვე დაუვიწროვდათ და გაუწითლდათ ფეხები. ხალიფასა და ვეზირის


მშვენიერი ქოშები წეროს უფორმო ფეხებად იქცა, მკლავების ნაცვლად ფრთები
გამოესხათ, კისერი წაუგრძელდათ, წვერი გაუქრათ და ტანი ფაფუკი ბუმბულით
დაეფარათ.

– თქვენ მშვენიერი ნისკარტი გაქვთ, ბატონო ვეზირო, – თქვა განცვიფრებულმა


ხალიფამ. – ვფიცავ ალაჰს, ჩემს სიცოცხლეში ამის მსგავსი არაფერი მინახავს!

– დიდად გმადლობთ, – უპასუხა ვეზირმა და თაყვანი სცა. – მაგრამ თუ არ


მიწყენთ, მოგახსენებთ, რომ თქვენი მაღალკეთილშობილება წეროდ უფრო ლამაზად
გამოიყურება, ვიდრე ხალიფად... თუმცა რა დროს ეგაა, მოდით, ყური დავუგდოთ
ჩვენს ამხანაგებს და გავიგოთ, გვესმის თუ არა ნამდვილად წეროების ენა.

ამასობაში მეორე წერო მიწაზე დაეშვა, ნისკარტით გაიწმინდა ფეხები, ფრთები


გაისწორა და პირველ წეროსთან მივიდა. ახლად წეროდქცეულნი სასწრაფოდ
მიუახლოვდნენ მათ და ასეთი საუბარი მოისმინეს:

– დილა მშვიდობისა, ქალბატონო გრძელფეხა, ასე ადრეა და თქვენ უკვე


გამოხვედით მინდორზე?
– გმადლობთ, ძვირფასო ნისკარტტკაცუნა! ცოტაოდენი საუზმე ვიშოვე. იქნებ
ისიამოვნოთ ხვლიკის ან ბაყაყის ხორცით?

– დიდად გმადლობთ, სულ არა მაქვს მადა. აქ სხვა მიზნით მოვედი. დღეს
მამაჩემის სტუმრებთან უნდა ვიცეკვო და განვიზრახე, სიწყნარეში ცოტა
წავივარჯიშო.

წერომ უჩეულო მიხრა-მოხრით გაიარა მინდორზე. ხალიფა და ვეზირი


განცვიფრებით შეჰყურებდნენ მას. მაგრამ როცა წერო ერთ ფეხზე შედგა და ფრთების
რხევა დაიწყო, თავი ვეღარ შეიკავეს და საშინელი სიცილი წასკდათ. გონს მხოლოდ
კარგა ხნის შემდეგ მოეგნენ. – აი, გართობა თუ გინდა, – თქვა ხალიფამ. – ასეთ რამეს
ოქროს ფასადაც ვერ იშოვი. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ყეყეჩი წეროები
ჩვენმა სიცილმა დააფრთხო, თორემ დარწმუნებული ვარ, იმღერებდნენ კიდეც.

სწორედ ამ დროს დიდვეზირს გაახსენდა, რომ გარდაქმნის დროს სიცილი


აკრძალული იყო, და თავისი შიში ხალიფას გაუზიარა.

– ვაითუ სამუდამოდ წეროდ დავრჩი, აბა რას ემგვანება ეს, ჰა? თქვი ერთი ის
სულელური სიტყვა, მე ვეღარ გამიხსენებია. მგონი სამჯერ აღმოსავლეთისაკენ უნდა
დავიხაროთ და თან წარმოვთქვათ:

– მუ-მუ-მუ...

პირი აღმოსავლეთისაკენ იბრუნეს, დაიხარნენ ისე, რომ ნისკარტებით მიწას


ეხებოდნენ. მაგრამ, ჰოი, უბედურებავ, ჯადოსიტყვა დაავიწყდათ და რამდენჯერაც
არ დაიხარნენ, მხოლოდ მუ-მუ-ს წარმოთქმას ახერხებდნენ. ამგვარად ხალიფა და
მისი ვეზირი წეროებად დარჩნენ.

დამწუხრებულნი დახეტიალობდნენ. არ იცოდნენ, რა ეღონათ ასეთ უბედურ


დღეში ჩავარდნილთ. წეროებად ქცეულებს ქალაქში დაბრუნება და თავიანთი
ვინაობის გამოცხადება არ შეეძლოთ; ვინ დაიჯერებდა წეროს ხალიფობას და, რომ
დაეჯერათ კიდეც, განა ბაღდადის მცხოვრებნი მოინდომებდნენ ხალიფად წერო
ჰყოლოდათ!

ასე დაძრწოდნენ დიდხანს, იკვებებოდნენ მინდვრის კენკრით, კენკრის აკენკვა


გრძელი ნისკარტის გამო უძნელდებოდათ. ხვლიკებსა და ბაყაყებზე გული არ
მისდიოდათ, თანაც ეშინოდათ ასეთი სასუსნავით კუჭი არ აშლოდათ.

ერთადერთი სიამოვნება, რომელსაც ამ დღეებში განიცდიდნენ, ფრენა იყო. ხშირად


მიფრინავდნენ ბაღდადში, სხდებოდნენ სახლის სახურავებზე, აინტერესებდათ
ენახათ, თუ რა ხდებოდა იქ.

პირველ დღეს დიდი მოუსვენრობა და გლოვა იგრძნობოდა ქუჩებში, მაგრამ


დაახლოებით მეოთხე დღეს, როცა ისინი ხალიფას სასახლის სახურავზე ისხდნენ,
ქუჩაში საზეიმო მსვლელობა დაინახეს. ყველგან გაისმოდა დოლისა და საყვირის ხმა.

დიდებულად მოკაზმულ ცხენზე წარჩინებული კაცი იჯდა. მას გარშემო


ბრწყინვალე მსახურები ეხვია, ტანზე ოქრომკედით ნაქარგი მოლი ეხურა. მხედარს
ნახევარი ბაღდადი უკან მისდევდა ყვირილით: „დიდება მიზრას, ბაღდადის
მფლობელს!“ სასახლის სახურავზე მჯდომმა წეროებმა ერთმანეთს გადახედეს.
ხალიფა ყასიდმა თქვა: ახლა ხომ მიხვდი, რატომ გამიკეთეს ჯადო, დიდო ვეზირო?
ეს კაცი, მიზრა, ჩემი სამკვდრო-სასიცოცხლო მტრის, ძლიერი ჯადოქრის- კაშნურის
შვილია. იგი გაჭირვებაში მყოფი, ერთხელ, შურისძიებით დამემუქრა. იმედს არ
ვკარგავ, წამომყევი, ჩემი უბედურების ერთგულო მსხვერპლო, გავემგზავროთ
წინასწარმეტყველის საფლავისაკენ, იქნებ ამ წმინდა ადგილმა მოგვიხსნას ჯადო.

ისინი აფრინდნენ სასახლის სახურავიდან და მედინისაკენ გაემართნენ.

ფრენა არც თუ ისე კარგად ეხერხებოდათ. საკმაოდ ნავარჯიშევიც არ იყვნენ.

– ოჰ, ბატონო, – ამოიოხრა რამდენიმე საათის შემდეგ დიდვეზირმა, – თქვენ


ძალიან ჩქარა მიფრინავთ, უკვე დაბნელდა კიდეც, არაქათი გამომელია. კარგი
იქნება, ღამის გასათევ ბინას თუ მოვძებნით.

ყასიდმა მსახურს თხოვნა შეუსრულა. თავშესაფრის საძებნელად ისინი ძირს,


ნანგრევებისაკენ დაეშვნენ.

ეტყობოდა, აქ ოდესღაც სასახლე იყო. ლამაზად მორთული მრავალრიცხოვანი


დარბაზები და სენაკები მოწმობდნენ ყოფილი სასახლის დიდებულებას.

ყასიდი და მისი თანამგზავრი ერთი გასასვლელიდან მეორისაკენ წავიდნენ. მშრალ


ადგილს ეძებდნენ. უცბათ წერო სმანსორი შეჩერდა:

– ბატონო და მწყალობელო, – წაიჩურჩულა მან. – მინდა გამოგიტყდეთ: გულში


რაღაც შიში შემეპარა: აქვე, გვერდით, სულ ახლოს, ვიღაცამ დაიკვნესა და ამოიოხრა
კიდეც.

ხალიფა შეჩერდა, დააყურა და გარკვევით გაიგონა ჩუმი ქვითინი: იგი ადამიანის


ტირილსა ჰგავდა.

ხალიფა გაბედულად გაემართა იმ ადგილისაკენ, საიდანაც გოდების ხმა მოდიოდა.


ვეზირი ნისკარტით წასწვდა ფრთებში და სთხოვა, ახალ საფრთხეს არ გადაეყაროო.
მაგრამ ამაოდ! ხალიფამ, რომელსაც წეროს ფრთების ქვეშაც კი მამაცი გული უცემდა,
რამდენიმე ბუმბული შესწირა, ფრთა გამოიგლიჯა და საჩქაროდ ბნელ გასასვლელში
შევიდა. მალე ერთი კარის წინ აღმოჩნდა. იქიდან გარკვევით მოისმოდა ოხვრა და
კვნესა. ნისკარტით კარი გამოაღო და განცვიფრებული ზღურბლზე შეჩერდა.
დანგრეულ ოთახს რკინისრიკულიანი პატარა ფანჯარა ოდნავ ანათებდა.
უზარმაზარი ზარნაშო ძირს იჯდა, დიდრონი თვალებიდან ცერისოდენა ცრემლები
სცვიოდა და მოკაკული ჩარბით ჩახრინწულ ხმაზე მოთქვამდა თავის გაჭირვებას.

როცა მან ხალიფა და ვეზირი შენიშნა, უფრო ხმამაღლა მორთო ყვირილი.


ყავისფერი ფრთებით ნაზად მოიწმინდა ცრემლი და ორივეს გასაოცრად, ისე როგორც
ადამიანს სჩვევია, წმინდა არაბულ ენაზე წამოიძახა:

– მობრძანდით, წეროებო, თქვენი მოსვლა ჩემი ხსნის იმედია, მე ხომ წეროსაგან


მიწერია ბედნიერება!
როცა ხალიფა განცვიფრებისაგან გამოერკვა, ჩაიკეცა, გრძელი კისერი დაბლა
დახარა, წვრილი ფეხები ნაზად მიმოარხია და თქვა:

– ზარნაშო, შენი სიტყვებიდან დავრწმუნდი, რომ ჩვენ ყველანი ერთ ბედქვეშ


ვყოფილვართ. მაგრამ ტყუილად გაქვს ჩვენი იმედი. ჩვენს უსუსურობას თვითონ
მიხვდები, როცა საბრალო წეროების ამბავს მოისმენ. – ზარნაშომ სთხოვა, რაიმე
ეამბნათ თავიანთი წარსულიდან და ხალიფამაც მოუთხრო ჩვენთვის უკვე ნაცნობი
თავგადასავალი.

როცა ხალიფამ ზარნაშოს უამბო რაც თავს გადახდათ, მან მადლობა გადაუხადა და
უთხრა:

– ჩემი ამბავიც ისმინე და გაიგებ, რომ შენზე ნაკლებ არა ვარ უბედური. მამაჩემი
ინდოეთის მეფე გახლავს. მისი ერთადერთი ბედკრული ასული ლუზა, მაცდურმა
კაშნურმა, რომელმაც თქვენ ჯადო გაგიკეთათ, მეც ამ ყოფაში ჩამაგდო. ერთ დღეს
მოვიდა მამაჩემთან და მოინდომა, მისი ვაჟიშვილის – მიზრას ცოლი გავმხდარიყავი.
მამაჩემი ძალიან ფიცხი კაცია.მან ბრძანა, კიბეებიდან დაეგორებინათ. მაგრამ იმ
წყეულმა სახე შეიცვალა და შორიახლო დამიწყო თვალთვალი. ერთხელ ბაღში მარტო
ვიყავი. მსახურად ქცეულმა კაშნურმა რაღაც სასმელით სავსე ჭიქა მომაწოდა.
დავლიე და სასმელმა ამ საშინელებად მაქცია, შიშისაგან გულწასული მომიყვანა აქ
და საზარელი ხმით ყურში ჩამძახა: მახინჯი, თვით მხეცების მიერ შეძულებული, ასე
დარჩები სიკვდილამდე, სანამ ვინმე ამ საშინელ გარეგნობას არად ჩააგდებს და შენს
ცოლად შერთვას არ მოინდომებს. ამგვარად ვიძიებ შურს შენზე და შენს ამაყ მამაზეო.

მას შემდეგ მრავალმა თვემ განვლო. დამწუხრებული, მარტოდმარტო


განდეგილივით ვცხოვრობ ამ კედლებში. ყველასაგან მიტოვებული, თვით მხეცებსაც
კი ვეზიზღები. ბუნების სიმშვენიერე ვერ მატკბობს: დღისით ბრმა ვარ, თვალებიდან
ბინდი კი მხოლოდ მთვარიანი ღამით მცილდება; მაშინ, როცა მკრთალი სინათლე
კედლებს ეცემა.

ზარნაშომ თხრობა დაამთავრა და კვლავ ფრთებით თვალები ამოიწმინდა: თავისი


ტანჯვის გახსენებამ ცრემლი მოჰგვარა.

სანამ სეფექალი ამბავს მოუთხრობდა, ხალიფა ღრმა ფიქრებში იყო ჩაფლული. –


თუ არ ვცდები, დასძინა მან, – ჩვენს უბედურებას შორის რაღაც იდუმალი კავშირი
არსებობს. მაგრამ როგორ ვიპოვო ამ გამოცანის გასაღები? – ზარნაშომ უპასუხა: – ოჰ,
ბატონო, მეც მაგას ვგრძნობ. ჩემს ბავშვობაში ერთმა ქალმა მიმკითხავა, წერო დიდ
ბედნიერებას მოგიტანსო. ვიცი კიდეც, როგორ უნდა ვუშველო თავს.

ხალიფა დიდად გაოცდა და ჰკითხა, რას ფიქრობო.

– ჯადოქარი, რომელმაც ორივე გაგვაუბედურა, – მიუგო ზარნაშომ, – თვეში


ერთხელ ესტუმრება ხოლმე ამ ნანგრევებს. ჩვენი ოთახის ახლოს დარბაზია. იქ
ამხანაგებთან ჩვეულებრივ ქეიფობს. ხშირად დამიგდია მათთვის ყური. ერთმანეთს
მოუთხრობენ თავიანთ სამარცხვინო ნამოქმედარს; შეიძლება მაშინ წამოაყრანტალოს
ის ჯადოსიტყვა, რომელიც თქვენ გულიდან გადაგივარდათ.
– ოჰ, ძვირფასო მეფის ასულო, – წამოიძახა ხალიფამ, – დროზე თქვი, როდის
მოდის ჯადოქარი, ან სად არის ის დარბაზი?

ზარნაშო ცოტა ხანს შეჩერდა და მერე განაგრძო:

– ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სურვილს მხოლოდ ერთი პირობით


შეგისრულებთ.

– ბრძანე, ბრძანე! – შესწივლა ყასიდმა. – მითხარ, ჩემთვის სულ ერთია.

– მეც მინდა გავთავისუფლდე, ეს კი მაშინ მოხდება, თუ რომელიმე თქვენგანი


ცოლად შემირთავს.

წეროები ამ წინადადებამ, ცოტა არ იყოს, შეაკრთო. ხალიფამ მსახურს ანიშნა, მცირე


ხნით მასთან ერთად გარეთ გასულიყო.

– დიდო ვეზირო! – უთხრა კარებს უკან ხალიფამ, – თუმცა ეს უგუნურებაა, თქვენ


მაინც უნდა დათანხმდეთ.

– რას ბრძანებთ, – შეშფოთდა ვეზირი. – დავთანხმდე, რომ ჩემმა ცოლმა თვალები


ამომკორტნოს, როცა დავბრუნდები? გარდა ამისა, მე მოხუცი ვარ, თქვენ კი უცოლო
ბრძანდებით, თანაც ჭაბუკი და თავისუფლად შეგიძლიათ შეირთოთ ახალგაზრდა
და ლამაზი მეფის ასული.

– საქმეც ეგ არის, – ოხვრით წარმოთქვა ხალიფამ და ფრთები ძირს დაუშვა. – აბა,


საიდან იცით, რომ ის ახალგაზრდა და ლამაზია. ეს იგივეა, თევზი წყალში შეაფასო.

დიდხანს ეჩიჩინებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, როცა ხალიფა დარწმუნდა, ვეზირს


ზარნაშოს შერთვას ისევ წეროდ დარჩენა ერჩია, გადაწყვიტა პირობა თვითონ
შეესრულებინა.

ზარნაშო აღტაცებული დარჩა. მან თქვა: ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვიდით
მოსასვლელად, ჯადოქრები სწორედ ამაღამ უნდა შეიკრიბნენო.

ზარნაშომ წეროებთან ერთად ოთახი დატოვა და ყველანი დარბაზისაკენ


გაემართნენ. ისინი დიდხანს მილასლასებდნენ ბნელ გასასვლელში. ბოლოს
ნახევრად დანგრეული კედლიდან ნათელი სხივი გამოჩნდა. როცა ახლოს მივიდნენ,
ზარნაშომ ურჩია თავი მშვიდად დაეჭირათ. ისინი ჭუჭრუტანიდან მთელ დარბაზს
ხედავდნენ. დარბაზი მშვენიერი სვეტებით იყო შემკული. ათასი ფერის ლამპიონები
დღის სინათლეს აფრქვევდა. დარბაზის შუაგულში მრგვალი მაგიდა იდგა. მაგიდაზე
ნაირნაირი საჭმელი ელაგა. მაგიდის გარშემო ტახტზე რვა კაცი იჯდა. ერთ-ერთი
მათგანი წეროებმა იმ მეწვრილმანედ იცნეს, რომელმაც მათ ჯადოფხვნილი მიჰყიდა.
მის გვერდით მჯდომმა სთხოვა მეწვრილმანეს ეამბნა მათთვის ახალი რამ.

მანაც იქ მყოფთ სხვა ამბებთან ერთად ხალიფასა და ვეზირის ამბავიც მოუთხრო.

– რა სიტყვა უნდა ეთქვა? – ჰკითხა მეორე ჯადოქარმა.

– საკმაოდ ძნელი ლათინური სიტყვა: „მუტაბორ“.


წეროებმა ეს რომ გაიგონეს, სიხარულით კინაღამ ჭკუა დაკარგეს. თავიანთი
გრძელი ფეხებით ისე გაიქცნენ ნანგრევების გასასვლელისაკენ, რომ ზარნაშო ძლივს
დაეწიათ. იქ ხალიფამ აღელვებით უთხრა ზარნაშოს: მე და ჩემი მეგობრის
სიცოცხლის მხსნელო, ამ სიკეთისათვის ამიერიდან ქმრად მიგულეო.

შემდეგ მიბრუნდნენ აღმოსავლეთისკენ, სამჯერ დახარეს თავიანთი გრძელი


კისრები მზისკენ, რომელიც მთის კორტოხიდან ის იყო ამოიწვერა, და შესძახეს:
„მუტაბორ!“

მყისვე ადამიანებად იქცნენ. უზომოდ გახარებულნი ტიროდნენ და ერთმანეთს


ეხვეოდნენ.

მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უკან მიიხედეს.

საუცხოოდ მორთული მშვენიერი ასული იდგა მათ წინ. ქალმა ხალიფას ღიმილით
გაუწოდა ხელი და უთხრა:

– ვეღარ იცანით თქვენი ზარნაშო?- ხალიფა მისი მშვენიერებითა და სინარნარით


ისე იყო აღფრთოვანებული, რომ წამოიძახა:

– ჩემი უდიდესი ბედნიერება წეროდ გახდომა იყო!

სამივე ბაღდადისაკენ გაემგზავრა. ხალიფამ თავის სამოსში იპოვა არა მარტო


ჯადოფხვნილი, არამედ ფულით სავსე ქისაც. უახლოეს სოფელში იყიდა ყველაფერი,
რაც მგზავრობისათვის იყო საჭირო და ასე მივიდნენ ბაღდადის კარიბჭესთან.
ხალიფას გამოჩენამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია.

იგი მკვდრად გამოეცხადებინათ და ხალხს ძალიან გაეხარდა, რომ თავისი


საყვარელი მფლობელი ისევ დაბრუნდა. უფრო მეტად გაღვივდა მათში მატყუარა
მიზრასადმი სიძულვილი. ისინი სასახლისაკენ გაემართნენ, დაიჭირეს ბებერი
ჯადოქარი შვილიანად. ხალიფამ ბებერი იმ ნანგრევებში გაგზავნა, სადაც
ზარნაშოდქცეული მეფის ასული ცხოვრობდა, და ბრძანა, იქ ჩამოეხრჩოთ. შვილს კი,
რომელსაც მამის ჯადოქრობისა არაფერი ესმოდა, არჩევანი შესთავაზა: ან
მომკვდარიყო, ან ფხვნილი დაეყნოსა. როცა ამან უკანასკნელი არჩია, დიდვეზირმა
ფხვნილი მიაწოდა და ხალიფას ჯადოქარმა სიტყვამ იგი წეროდ აქცია.

ხალიფამ ბრძანა, ჯადოქრის ვაჟი რკინის გალიაში დაემწყვდიათ, ხოლო გალია მის
ბაღში დაედგათ.

დიდხანს ცხოვრობდა ხალიფა ყასიდი თავის ცოლთან ნეტარებით. ყველაზე მეტად


ხალიფას ის უხაროდა, როდესაც სადილის შემდეგ დიდი ვეზირი ეწვეოდა ხოლმე.
ისინი ხშირად იგონებდნენ წეროების თავგადასავალს და, როცა ხალიფა მხიარულ
გუნებაზე იყო, ვეზირს აჯავრებდა: წერო რომ იყავი, აი, ასე გამოიყურებოდიო.
ხალიფა სერიოზული სახით და გაშეშებული ფეხებით მიდი-მოდიოდა ოთახში,
ყიოდა, მკლავებს ფრთებივით აქნევდა, მერე აღმოსავლეთისაკენ იხრებოდა და თან
მუ-მუ-ს იძახდა.
ხალიფას მეუღლესა და მათ შვილებს ეს წარმოდგენა მუდამ ძალზე
ამხიარულებდა.

ასეთ დროს ხალიფა დიდხანს ყიოდა და მუ-მუ-ს იძახდა. ვეზირი კი ღიმილით


ემუქრებოდა: თქვენს მეუღლეს ყველაფერს ვეტყვი, რაზე ვკამათობდით მეფის ასულ
ზარნაშოს კარების წინო.

ამ სიტყვებით დაამთავრა სელიმ ბარუხმა თავისი მოთხრობა. ვაჭრები მეტად


კმაყოფილნი დარჩნენ.

– მართლაც ისე გაიარა დრომ, ვერც ვიგრძენით. – თქვა ერთმა მათგანმა და კარვის
კარები გადახსნა. – საღამოს გრილი ნიავი უბერავს და უთუოდ კარგა მანძილის
გავლას შევძლებთ. – თანამგზავრები დაეთანხმნენ, კარვები აკეცეს და ქარავანი გზას
გაუდგა. თითქმის მთელ ღამეს მიდიოდნენ. გრილი და ვარსკვლავებით განათებული
ღამე იყო. დღისით კი ცხელოდა და სულის მოთქმა ჭირდა.

ბოლოს მივიდნენ მოხერხებულ ადგილამდე, კარვები დასცეს და დასასვენებლად


მოეწყნენ. ვაჭრები უცნობისთვის ისე ზრუნავდნენ, თითქოს მათი ძვირფასი
მეგობარი ყოფილიყოს. ერთმა ბალიში დაუთმო, მეორემ საბანი, მესამემ მსახური
მიუჩინა. ერთი სიტყვით, უცნობი თავს ისე გრძნობდა, თითქოს საკუთარ სახლში
გახლდათ.

კვლავ ცხელი დღე დაიჭირა. ვაჭრებმა ერთხმად გადაწყვიტეს ღამეს აქ


დალოდებოდნენ. სადილის შემდეგ ისევ შეიკრიბნენ. ახალგაზრდა ვაჭარი
მიუბრუნდა ასაკით ყველაზე უფროსს და უთხრა:

– სელიმ ბარუხმა გუშინ მშვენიერი საღამო გაგვატარებინა. რა იქნებოდა, ახმედ,


რომ თქვენც მოგეთხროთ რამე, თუნდაც თქვენი ხანგრძლივი ცხოვრებიდან
აღებული. ანდა რომელიმე კარგი ზღაპარი გეამბნათ.

ახმედი კარგა ხანს სდუმდა, თითქოს არჩევდა ეს მოვყვე თუ ისო, ბოლოს დაიწყო:

– ძვირფასო თანამეინახენო! ჩვენი მგზავრობის დროს თქვენ ერთგულ ადამიანებად


გვაჩვენეთ თავი, სელიმიც ჩემს ნდობას იმსახურებს. ამიტომ მინდა მოგითხროთ
ერთი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან, რომელსაც არცთუ ისე ხალისით ვყვები და არც
ყველას ვუმხელ. ეს არის აჩრდილებიანი ხომალდის ამბავი.

აჩრდილებიანი ხომალდის ამბავი

მამაჩემს ბალსორაში პატარა დუქანი ჰქონდა. ის არც ღარიბი იყო და არც მდიდარი‚
ეკუთვნოდა იმათ რიცხვს‚ რომლებიც ბევრს ვერაფერს ბედავენ იმის შიშით‚ რაც
გვაქვს‚ ისიც არ დავკარგოთო. მან კარგი აღზრდა მომცა. მალე ისე შორს წავიდა‚ –
თავის საქმეში მიშველიებდა კიდეც. თვრამეტი წლისა ვიყავი‚ როცა მამამ პირველი
დიდი ქორვაჭრობა გასწია‚ მაგრამ მალე გარდაიცვალა‚ ალბათ იმის დარდით‚ რომ
ათასი ოქრო ზღვას მიანდო. მისი სიკვდილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ამბავი
მოვიდა: ხომალდი‚ რომელსაც მამამ თავისი ქონება გაატანა‚ ჩაიძირაო. ისღა
დამრჩენოდა‚ მამის სიკვდილი ღვთის მადლად ჩამეთვალა.

ჩემი ახალგაზრდული სული ამ მძიმე ამბავმაც ვერ გატეხა. დარჩენილი ქონება


ფულად ვაქციე და ერთგულ მსახურთან ერთად‚ რომელსაც ბოლომდე სურდა ჩემი
ხვედრი გაენაწილებინა‚ ბედის საძიებლად გავემგზვრე.

ბალსორის ნავსადგურიდან ხომალდით გავედით. ზურგქარი უბერავდა. ჩვენი


ხომალდი ინდოეთისკენ მიცურავდა. ორი კვირა ვიმოგზაურეთ. ერთ მშვენიერ დღეს
კაპიტანმა გამოგვიცხადა‚ რომ მოსალოდნელი იყო ქარიშხალი. თვითონ კაპიტანი
ძალზე შეწუხებული გამოიყურებოდა‚ ეტყობოდა‚ ამ ადგილს კარგად არ იცნობდა‚
ამიტომაც ძალა არ შესწევდა ქარიშხალს გულგრილად შეხვედროდა.

მან ბრძანა‚ აფრები დაეშვათ. ხომალდი ნელა მიიწევდა წინ. ნათელი‚ ცივი ღამე
ჩამოწვა. კაპიტანს უკვე ეჭვი ეპარებოდა მოსალოდნელი ქარიშხალის სიცხადეში.
უცებ ჩვენს პირდაპირ სულ ახლოს აღიმართა ხომალდი. იგი მანამდე არ
შეგვინიშნავს. ხომალდიდან ველური ყვირილი და ღრიანცელი მომესმა. ამან ძალიან
გამაკვირვა. კაპიტანს კი‚ რომელიც ჩვენს გვერდით იდგა‚ მკვდრის ფერი დაედო.

– ჩემი ხომალდი დაიღუპა! – წამოიყვირა მან. – იქ სიკვდილი თარეშობს. – სანამ


რამის თქმას მოვახერხებდი‚ ყვირილითა და ღრიანცელით შემოცვივდნენ
მეზღვაურები.

– თქვენი თვალით ნახეთ‚ – იყვირეს მათ. – ახლა უკვე ყველაფერი გათავდა!

კაპიტანმა მანუგეშებელი სიტყვები ამოიკითხა ყურანიდან და საჭეს თვითონ


მიუჯდა‚ მაგრამ ამაოდ. ამოვარდა ქარიშხალი. ერთ საათსაც არ გაუვლია – ხომალდი
დაზიანდა და ჩაძირვა იწყო. ნავები მოამზადეს‚ მეზღვაურებმა ჩასჯდომა ძლივს
მოასწრეს‚ რომ ხომალდი ჩაიძირა. ასე შთაინთქა იგი ჩვენს თვალწინ. დავრჩი ზღვაზე
სასომიხდილი. უბედურებას ბოლო მაინც არ უჩანდა. უფრო მეტად გამძვინვარდა
ქარიშხალი. ნავის მართვა შეუძლებელი გახდა. მაგრად გადავეხვიე ჩემს მოხუც
მსახურს. ჩვენ შევფიცეთ ერთმანეთს, არასოდეს დავცილებოდით. როგორც იქნა‚
ირიჟრაჟა‚ მაგრამ‚ გათენდა თუ არა‚ ქარი დაეტაკა ნავს და გადააბრუნა.
მეზღვაურებიდან აღარავინ მინახავს. უეცარმა დარტყმამ გამაბრუა და‚ როცა გონს
მოვედი‚ ჩემი ერთგული მოხუცი მსახურის მკლავზე ვესვენე. იგი გადაბრუნებულ
ნავზე აცოცებულიყო და მეც თან ავეყვანე. ქარიშხალი ჩადგა. ჩვენი ხომალდის
ნასახიც კი აღარსად ჩანდა. შორიახლო შევნიშნეთ მეორე ხომალდი‚ რომლისკენაც
ტალღები მიგვაქანებდა. როცა ახლოს მივედით‚ ის ხომალდი ვიცანი‚ რომელმაც
ღამე გვერდით ჩაგვიარა და კაპიტანი ასე შეაშინა. ამ ხომალდის დანახვაზე რაღაც
უცნაურმა ძრწოლამ ამიტანა. მაშინებდა ის‚ რომ კაპიტნის წინასწარმეტყველება
ასრულდა‚ მაშინებდა ხომალდის უკაცურობა: მასთან უკვე ახლოს ვიყავით‚
ხმამაღლა ვყვიროდით‚ მაგრამ ხომალდზე ადამიანის ჭაჭანება არ იყო. სხვა რა უნდა
გვექნა‚ ეს ჩვენი ხსნის ერთადერთ იმედად მივიჩნიეთ; წინასწარმეტყველს
მადლობაც კი შევწირეთ‚ რომ ასე მოგვიმართა ხელი.

ხომალდის წინა ნაწილს გრძელი თოკი ეკიდა. ხოფების ნაცვლად ხელებსა და


ფეხებს ვუსვამდით. ასე მივაცურებდით მისკენ ნავს‚ გვინდოდა როგორმე თოკს
ჩავჭიდებოდით. როგორც იქნა‚ გვეშველა. კიდევ ერთხელ მივაწვდინე ხმა.
ხომალდზე ისევ სიჩუმე სუფევდა. თოკს ჩავეჭიდეთ. მე‚როგორც ახალგაზრდა‚ წინ
მივდიოდი‚ მაგრამ‚ ჰოი‚ საშინელებავ! რა დაინახა ჩემმა თვალებმა‚ როცა ხომალდზე
ავედი! იატაკი სისხლით იყო მორწყული‚ თურქულ სამოსში ჩაცმული ოცი-ოცდაათი
გვამი იატაკზე ეყარა. შუა ანძაზე მდიდრულად მორთული კაცი იდგა‚ ხელში ხმალი
ეჭირა‚ სახე გაჰყვითლებოდა და დაღრეჯოდა. შუბლში გარჭობილი ჰქონდა დიდი
ლურსმანი‚ რომლითაც ანძის ბოძზე იყო მიჭედილი. შიშით ფეხები დამება‚
სუნთქვას ძლივსღა ვახერხებდი. ბოლოს ჩემი თანამგზავრიც ამოვიდა. მასაც
თავზარი დაეცა ამ სანახაობაზე. მას შემდეგ‚ რაც წინასწარმეტყველს შევევედრეთ‚
გავბედეთ წინ წავსულიყავით. ყოველ ნაბიჯზე უკან ვიხედებოდით‚ ვშიშობდით –
კიდევ ხომ არაფერი იყო ახალი‚ უფრო საშინელი რამ. მაგრამ ვერაფერი შევამჩნიეთ.
ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობოდა. ვცოცხლობდით მხოლოდ ჩვენ
და ოკეანე. ხმამაღლა ლაპარაკის თავი აღარა გვქონდა: ვაითუ ანძაზე მიჭედილ
მკვდარ კაპიტანს გაქვავებული თვალები ჩვენსკენ მოეტრიალებინა‚ ანდა რომელსამე
მოკლულს შემოეხედა. როგორც იქნა‚ კიბესთან მივედით. კიბე ხომალდის ძირედში
ჩადიოდა. ჩვენდა უნებურად შევჩერდით‚ ერთმანეთს გადავხედეთ. ენა ვერ
მოვაბრუნეთ‚ რომ ხმა ამოგვეღო.

– ოჰ‚ ბატონო‚ – ამოილუღლუღა ბოლოს ჩემმა ერთგულმა მსახურმა‚ – აქ რაღაც


საშინელება დატრიალებულა. მაგრამ თუნდაც გემის ძირედი მკვლელებით იყოს
სავსე‚ მირჩევნია მათ ჩავუვარდე ხელში‚ ვიდრე აქ‚ მკვდრებთან დავრჩე.

მეც იმავე აზრისა გახლდით. გული გავიმაგრეთ და გაურკვეველი მოლოდინით


აღსავსენი ქვევით ჩავედით. სამარისებური სიჩუმე სუფევდა იქაც. მხოლოდ ჩვენი
ფეხის ხმა ისმოდა კიბეებზე. კაიუტის კარების წინ შევჩერდით. ყური მივუგდე.
ჩამიჩუმი არ ისმოდა. კარი გამოვაღე. ოთახში ყველაფერი თავდაყირა იდგა.
ტანსაცმელი‚ იარაღი და სხვა საგნები ერთმანეთში იყო არეული. ყველგან
უწესრიგობა შეიმჩნეოდა. მაგიდა არც აელაგებინათ: – ეტყობოდა‚ დიდი ხანი არ იყო‚
რაც სუფრას უსხდნენ. ჩვენ დავლასლასებდით ოთახიდან ოთახში. ყველგან
აბრეშუმის‚ თვალ-მარგალიტის‚ შაქრის ძვირფასი მარაგი... ამოდენა სიმდიდრის
გამო სიხარულით ცას ვეწიე. თავს ამ ქონების კანონიერ მესაკუთრედ ვთვლიდი.
ხომალდზე იმ წუთში ჩვენს მეტი არავინ იყო. იბრაჰიმმა შემახსენა: ნაადრევია
სიხარული‚ ხმელეთიდან‚ ალბათ‚ ჯერ კიდევ ძალზე შორს უნდა ვიყოთ: მარტონი
კი‚ სხვის დაუხმარებლად‚ ვერც მივაღწევთ იქამდისო. სიამოვნებით შევექეცით
საჭმელ-სასმელს. ისევ ზევით ავედით. მაგრამ აქ გვამების ცქერით შიშისაგან თმა
ყალყზე დაგვიდგა. გადავწყვიტეთ‚ თავიდან მოგვეშორებინა ისინი და ზღვაში
გადაგვეყარა. როგორ შევძრწუნდით‚ როცა ვნახეთ‚ რომ არც ერთის ადგილიდან
დაძვრა არ შეიძლებოდა. თითქოს იატაკზე მიელურსმათ. საჭირო იყო იატაკის აყრა‚ –
საამისო იარაღი არ გაგვაჩნდა. კაპიტანიც ისევე დარჩა ადგილზე. მის გაქვავებულ
ხელს ხმალი ვერ გამოვგლიჯეთ. მთელი დღე გავატარეთ ასე. დაღამდა. მოხუც
იბრაჰიმს ნება დავრთე დასაძინებლად წასულიყო. მე გადავწყვიტე ზევით
დავრჩენილიყავი‚ იქნებ საიდანმე შველა გამომეძებნა.

მთვარე ამოვიდა. ვარსკვლავების მიხედვით ვივარაუდე – ასე‚ თერთმეტი საათი


უნდა ყოფილიყო. უნებლიეთ ისეთი ძილი მომერია‚ იქვე‚ კასრის უკან დავეცი.
გარკვევით მესმოდა ზვირთების ტლაშუნი ხომალდის კედლებზე‚ აფრების
ფრიალისა და ტკაცუნის ხმა. ეს უფრო გაბრუება იყო‚ ვიდრე ძილი. უეცრად მომესმა
ადამიანთა შეძახილებიც. ჩანდა‚ ვიღაც მოდიოდა. დავაპირე წამოდგომა. უხილავ
ძალას გაეკავებინა ჩემი სხეული. თვალის გახელაც არ შემეძლო. ხმაური კი სულ
უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა‚ თითქოს მხიარული მეზღვაურები რაღაცას
აკეთებდნენ ხომალდზე. ვარჩევდი კიდეც რიხიანი ბრძანების კილოს. ვგრძნობდი
აგრეთვე აფრებისა და თოკების აწევ-დაწევას. თანდათან ღრმა ძილი მომერია.
იარაღის ჟღარუნი მაინც აღწევდა ჩემს ყურამდე. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა‚ როცა მზე
კარგა მაღლა იყო ასული და სახეს მიწვავდა. გაკვირვებულმა გარშემო მიმოვიხედე.
ქარიშხალი‚ ხომალდი‚ მკვდრები და ყველაფერი‚ რაც იმ ღამეს ვნახე‚ სიზმარი
მეგონა. როცა სავსებით მოვედი გონს‚ დავრწმუნდი‚ რომ გუშინდელი დღის შემდეგ
არაფერი შეცვლილიყო. გაუნძრევლად იწვნენ მკვდრები‚ გაუნძრევლად იდგა ანძაზე
მიჭედილი კაპიტანი. ჩემს სიზმარზე გამეღიმა და მოხუცის საძებრად წავედი.

მოხუცი ღრმად ჩაფიქრებული დამხვდა კაიუტაში. – ოჰ‚ ბატონო ჩემო!... წამოიძახა


მან ჩემს დანახვაზე. – მირჩევნია ზღვის ფსკერზე ვიწვე‚ ვიდრე ამ ჯადოქრულ
ხომალდზე კიდევ ერთი ღამე გავათიო.

ვკითხე მიზეზი.

– რამდენიმე საათის ძილის შემდეგ გამეღვიძა და გავიგონე‚ ზედ ჩემს თავზე‚


ზევით‚ როგორ დადიოდნენ წინ და უკან. ჯერ თქვენ მეგონეთ‚ შემდეგ დავრწმუნდი‚
რომ ეს ოციოდე კაცის ფეხის ხმას უფრო ჰგავდა. ჩემს ყურამდე აღწევდა რაღაც
ყვირილი და ძახილი. ბოლოს კიბეებზე გაისმა მძიმე ნაბიჯის ხმა. იმ წუთიდან
აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ ხანდახან მიბრუნდებოდა გონება და ვხედავდი იმ
კაცს‚ ზევით რომ არის ანძაზე მიბმული. იგი მაგიდასთან იჯდა‚ მღეროდა და სვამდა.
ის კი‚ წითელტანსაცმლიანი‚ რომელიც მის შორიახლოს გდია‚ გვერდს უმშვენებდა‚
მასთან ერთად სასმელს შეექცეოდა.

ადვილად დამიჯერებთ‚ ჩემო მეგობრებო‚ რა ჭკუაზე დავდგებოდი. ეს უკვე


მოჩვენება აღარ იყო‚ მეც ხომ მესმოდა მკვდრების ხმაური! ასეთ იდუმალებით
მოცულ ხომალდზე მგზავრობა შიშსა მგვრიდა. ჩემი იბრაჰიმი ისევ ღრმა ფიქრებს
მიეცა.

– ახლა მივხვდი! – წამოიძახა მან ბოლოს და გაიხსენა ერთი შელოცვა‚ რომელიც


პაპამისმა‚ მცოდნე და მოგზაურობის მოყვარულმა კაცმა ასწავლა. შელოცვა
ყოველგვარი ავი სულისა და ჯადოს წინააღმდეგ იხმარებოდა. იბრაჰიმს რატომღაც
სჯეროდა: თუ ყურანიდან ლოცვებს კარგად ვიტყოდით‚ იმ ღამით არაბუნებრივი
ძილისაგანაც დავაღწევდით თავს.

მოხუცი კაცის წინადადება მეტად მომეწონა. შეშინებულები დაველოდეთ ღამეს.


კაიუტის გვერდით პატარა ოთახი იყო. გადავწყვიტეთ იქ შევსულიყავით. აქა-იქ
გამოვბურღეთ კარები‚ ასე რომ იქიდან თავისუფლად შეგვეძლო მთელი კაიუტის
დანახვა. შემდეგ შიგ ჩავიკეტეთ. იბრაჰიმმა ოთახის ოთხივე კუთხეს
წინასწარმეტყველის სახელი მიაწერა. ასე ველოდებოდით წინა ღამის საშინელებას.
დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა‚ ისევ ძლიერ მომეკიდა ძილი. ჩემმა
მეგობარმა მირჩია რამდენიმე ლოცვა მეთქვა ყურანიდან. ვილოცე და მიშველა
კიდეც. უეცრად ზევით მყოფნი გამოცოცხლდნენ. გავიგონეთ თოკის ჭრიალი.
ხომალდზე ნაბიჯების ხმა საცნაური გახდა. ჩვენამდე გარკვევით აღწევდა ხმამაღალი
საუბარიც. მცირე ხანს ასე დაძაბული ვისხედით. კიდევ ორიოდე წუთიც და კაიუტის
კიბეზე კაცის ფეხი გამოჩნდა. მოხუცი მაშინვე აბუტბუტდა; გაიხსენა ის შელოცვა‚
რომელიც მისმა პაპამ მოჩვენებისა და ჯადოს წინააღმდეგ ასწავლა:

ციდან ეშვებით‚

როგორც ფრინველი.

ხართ საოცარნი

და საკვირველნი.

მღელვარე ზღვასთან‚

წევხართ და გძინავთ‚

ცეცხლში მარადი

დაიდეთ ბინა.

თქვენ ყველაფერი

გმორჩილებთ ლხენით...

ალაჰი გახდა

მეუფე თქვენი.*

უნდა გამოგიტყდეთ‚ შელოცვებისა არცთუ ისე მჯეროდა. თმა ყალყზე დამიდგა.


კარი გაიღო და შემოვიდა ის დიდი‚ წარმოსადეგი კაცი‚ რომელიც ანძაზე ვნახე
მილურსმული. ლურსმანი ახლაც შუბლში ჰქონდა გარჭობილი. ხმალი ქარქაშში
ჩაეგო. მის უკან მოდიოდა მეორე‚ ნაკლებ მდიდრულად ჩაცმული კაცი. ისიც ზევით
მყავდა ნახული.კაპიტანი ფერმკრთალი ჩანდა. შავი წვერი მოზრდოდა‚ მხეცივით
ბრიალა თვალები ოთახს მოავლო. ახლოს ჩაგვიარეს და მათი დანახვა კარგად
შევძელი. ეტყობოდათ, კარს‚ რომელიც გვიცავდა‚ სრულიად არ აქცევდნენ
ყურადღებას. ორივე მიუჯდა კაიუტის შუაში მდგარ მაგიდას. ხმამაღლა‚ თითქმის
ყვირილით‚ უცნობ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. ყვირილს სულ უფრო უმატეს‚ ძალიან
გაცხარდნენ. ბოლოს კაპიტანმა მაგიდას მუშტი ისე დაჰკრა‚ მთელი ოთახი
აზანზარდა. ველური სიცილით წამოხტა მეორე და კაპიტანს ანიშნა გაჰყოლოდა. ეს
უკანასკნელიც წამოდგა‚ ხმალი იძრო. ოთახი დატოვეს‚ წავიდნენ. ჩვენ შედარებით
თავისუფლად ამოვისუნთქეთ‚ მაგრამ მაინც შიშმა აგვიტანა. სულ უფრო და უფრო
მომძლავრდა ზევიდან ხმაური‚ სირბილი და ყვირილი‚ სიცილი და ღმუილი. თანაც
ისეთი ჯოჯოხეთური ალიაქოთი ატყდა‚ ვიფიქრე‚ მთელი ბანი თავისი აფრებიანად
თავს დაგვატყდება-მეთქი. ამას მოჰყვა იარაღის ჩხარუნი‚ საზარელი კივილი და
უცებ ერთბაშად სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. როცა ცოტაოდენი ხნის შემდეგ
გავბედეთ და ზევით ავედით‚ ყველაფერი ისევე დაგვხვდა‚ როგორც დავტოვეთ.
ყველა თავის ადგილას იწვა გახევებული.

კარგა ხანს დავრჩით. ხომალდი აღმოსავლეთისაკენ მიცურავდა. ამ მხარეს‚ ჩემი


აზრით‚ ხმელეთი უნდა ყოფილიყო‚ მაგრამ მზის ამოსვლისას მუდამ ერთსა და იმავე
ადგილას ვიმყოფებოდით. ისე გამოდიოდა – რა მანძილსაც დღისით გავივლიდით‚
ღამით ისევ უკან ვბრუნდებოდით. რითი შეგვეძლო აგვეხსნა ყოველივე ეს! იქნებ
ხომალდი მკვდრებს ღამით უკან მიჰყავდათ? ამის თავიდან ასაცილებლად‚
დაღამებამდე აფრები ძირს დავუშვით. იგივე საშუალება ვიხმარეთ‚ რაც კაიუტის
კარებთან; ისევ მივაწერეთ წინასწარმეტყველის სახელი ეტრატზე და პაპის
შელოცვასთან ერთად ჩამოშვებულ აფრას შევაბით... შიშით აღსავსენი ველოდით
შედეგს. მოჩვენება უფრო გაბრაზებული ხმაურობდა: მეორე დილას აფრები‚ როგორც
დავტოვეთ‚ ისევ ისე დაგვხვდა. იმდენი აფრა ავუშვით‚ რამდენიც გვჭირდებოდა.
ხომალდი დაიძრა და ამგვარად ხუთ დღეში საგრძნობი მანძილი დავფარეთ.

ბოლოს‚ მეექვსე დილით შორს ხმელეთი აჭიატდა. მადლობა გადავუხადეთ ალაჰს


და წინასწარმეტყველს ასეთი მოწყალებისათვის. ის დღე და ის ღამე მივყვებოდით
ზღვის ნაპირს. მეშვიდე დღეს ქალაქი დავინახეთ. დიდი წვალების შემდეგ ჩავუშვით
ღუზა. ღუზა მალე ფსკერამდე დავიდა. ჩავსხედით პატარა ნავში‚ რაც ძალა და ღონე
გვქონდა‚ ქალაქისაკენ გავცურეთ. ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული‚
მდინარეში შევედით. მდინარე ზღვას ერთვოდა... ნაპირზე გადავედით. მის
შესასვლელში ვიკითხეთ და გავიგეთ‚ რომ ეს ინდოეთის ქალაქი იყო. იგი არც ისე
შორს მდებარეოდა იმ ადგილიდან‚ სადაც პირველად ვაპირებდით შესვლას.

ჩვენ პირდაპირ ქარვასლისაკენ გავემართეთ. ცოტა შევმაგრდით. მერე ვითხოვეთ‚


სწავლულ კაცთან მივეყვანეთ. მასპინძელს ისიც ვთხოვე‚ ისეთი კაცი მოენახა‚
რომელსაც ჯადოქრობისა ცოტათი მაინც გაეგებოდა. მასპინძელმა ერთ უკაცრიელ
ქუჩაზე‚ გარეგნულად შეუმჩნეველ სახლში მიმიყვანა. დააკაკუნა და მითხრა
შევსულიყავი იმ პირობით‚ რომ მხოლოდ მულეის ვიკითხავდი.

სახლში დამხვდა მოხუცი ჩია კაცი‚ რომელსაც გრძელი ნაცრისფერი წვერი და


მოზრდილი ცხვირი ჰქონდა. მან მკითხა‚ რა გსურსო.

მეც ვუთხარი‚ ბრძენ მულეის ვეძებ-მეთქი. მიპასუხა‚ მულეი თვითონ გახლავარო.


მაშინ ვკითხე რჩევა‚ როგორ მოვქცეოდი მკვდრებს და როგორ მომეხერხებინა მათი
ხომალდიდან გადმოტანა. მან მომიგო: ამ ადამიანებს ხომალდზე რაღაც ცოდვის
ჩადენის გამო ზღვის ჯადო აქვთ გაკეთებულიო. მულეი დარწმუნებული იყო‚ –
ისინი ჯადოსაგან გათავისუფლდებოდნენ‚ როცა ხმელეთზე გადმოიტანდნენ.
მაგრამ, მისი აზრით, ეს შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ‚ თუ იმ ფიცრებს‚ რომლებზეც
ისინი იწვნენ‚ აყრიდნენ. ხომალდი კი მთელი თავისი სიმდიდრით მე მეკუთვნოდა.
მე ხომ იგი ვიპოვნე. თუმცა ყოველივე საიდუმლოდ უნდა შემენახა. საჭიროდ ვცანი
მულეის პატარა საჩუქარს დავპირებოდი. სამაგიეროდ ბრძენი მოხუცი თავის
მონებთან ერთად მკვდრების გამოტანაში მომეხმარებოდა. ხუთი მსახურის
თანხლებით‚ რომლებიც ნაჯახებით და ხმლებით იყვნენ შეიარაღებულნი‚ გზას
გავუდექით.

გზაზე ჯადოქარი მოხუცი სულ ჩვენს ქებაში იყო; ამბობდა‚ კარგად


მოგიფიქრებიათ აფრების ძირს დაშვებაო. თანაც დასძინა: შელოცვებმაც ხომალდს
საშუალება აღარ მისცა უკან დაბრუნებულიყოო.

ჯერ კიდევ გათენებული არ ეთქმოდა‚ ხომალდს მივადექით. მაშინვე საქმეს


მოვკიდეთ ხელი. ერთი საათიც და ოთხი კაცი უკვე ნავში იწვა.

რამდენიმე მსახურმა ხმელეთისაკენ გაცურა‚ მათ მკვდრების დამარხვა დაევალათ.


როცა დაბრუნდნენ‚ მოგვითხრეს საოცარი რამ: მკვდრებს ისინი შრომისაგან
გაუთავისუფლებიათ. მიწაზე თურმე მაშინვე მტვრად იქცნენ. ყველამ ჩვენ-ჩვენი
საქმე განვაგრძეთ.

საღამომდე ხომალდზე აღარავინ დარჩა. მხოლოდ კაპიტანი იყო ისევ ანძაზე


მილურსმული. ბევრი ვიჯახირეთ. გვინდოდა როგორმე იმის თავიდან ლურსმანი
ამოგვეძრო. ცდა უშედეგო გამოდგა. აღარ ვიცოდით‚ რა გვეღონა: ანძას ხომ არ
მოვჩეხავდით‚ რომ კაპიტნიანად ხმელეთზე წაგვეღო! მძიმე მდგომარეობიდან ისევ
მულეიმ გამოგვიყვანა. მან მსახური სასწრაფოდ გაგზავნა ხმელეთზე და ერთი
ქოთანი მიწა მოატანინა. ჯადოქარმა საიდუმლოებით მოცული სიტყვები ჩაიბუბუნა
და მიწა მკვდარს თავზე მიმოაყარა. მკვდარმა მაშინვე გაახილა თვალები‚ ღრმად
ამოისუნთქა; შუბლზე მიჭედებულ ლურსმანს იარა გაეჩინა‚ ჭრილობიდან სისხლი
სდიოდა. ლურსმანი უკვე თავისუფლად ამოვიღეთ. საცოდავი დაჭრილი ერთ-ერთ
მსახურს ხელებში ჩაუვარდა.

– ვინ მომიყვანა აქ? – იკითხა მან‚ როცა ოდნავ გონს მოვიდა.

მულეიმ ჩემზე ანიშნა. მე მივედი მასთან.

– დიდად გმადლობ‚ უცნობო უცხოელო! შენ დიდი ხნის ტანჯვას გადამარჩინე.


ორმოცდაათი წელიწადია დაცურავს ჩემი გვამი ამ ზვირთებზე‚ ხოლო ჩემი სული
ყოველღამ სხეულს უბრუნდება ხოლმე. მაგრამ ახლა‚ როცა ჩემი თავი მიწას შეეხო‚
შენდობა მივიღე და შემიძლია ნაპირებთან წავიდე.

უცნობს ვთხოვე ეამბნა‚ რამ მიიყვანა ასეთ საშინელ მდგომარეობამდე. მან დაიწყო:

– ორმოცდაათი წლის წინათ ძლიერი‚ პატივცემული კაცი ვიყავი. ალჟირში


ვცხოვრობდი. გამდიდრების ხარბმა სურვილმა ხომალდი გამაძარცვინა და
მეკობრეობა დამაწყებინა. ამ საქმიანობას კარგა ხანს ვეწეოდი. ცანტეში ქიმზე
დერვიში ავიყვანე. მას უფასოდ მგზავრობა უნდოდა. მე და ჩემი ამხანაგები უხეში
ადამიანები ვიყავით და მის სიწმინდეს ყურადღებას როდი ვაქცევდით. პირიქით‚
მასხარადაც ვიგდებდით. ერთხელ იგი‚ რელიგიურ ექსტაზში შესული‚ ჩემს ცოდვით
სავსე ცხოვრებაზე ჩამჩიჩინებდა. ღამით‚ კაიუტაში‚ მესაჭესთან‚ საკმაოდ ბევრი
დავლიე. მისი სიტყვები გამახსენდა და ბრაზი მომერია. ჯავრმა ლამის დამახრჩო:
როგორ‚ ვიღაც დერვიშმა უნდა გამიბედოს იმის თქმა‚ რასაც სულთანსაც არ
შევარჩენ!... ზევით ავიჭერი და იმ კაცს მკერდში ხანჯალი ჩავეცი. როცა კვდებოდა‚ მე
და ჩემი ამხანაგები დაგვწყევლა: მისი სურვილი იყო – არც სიკვდილი და არც
სიცოცხლე არ შეგვძლებოდა‚ სანამ ჩვენი თავი მიწას არ შეეხებოდა. დერვიში
გარდაიცვალა. ის ზღვაში გადავაგდეთ‚ მისი მუქარა სასაცილოდ არ გვეყო. მაგრამ
დერვიშის წყევლა იმავე ღამეს აღსრულდა. ნაწილი ჩემი ხალხისა ამიჯანყდა. ატყდა
ერთი ალიაქოთი. ჩემი მომხრეები დაჟლიტეს. მე კი ლურსმნით ანძაზე მიმაჭედეს.
მოწინააღმდეგენიც ჭრილობებს გადაჰყვნენ. მთელი ხომალდი დიდ საფლავად
გადაიქცა. მეც დამევსო თვალები‚ სუნთქვა შემიჩერდა. მეგონა მოვკვდი-მეთქი‚
მაგრამ ეს იყო მხოლოდ გაქვავება‚ რომელმაც ერთიანად მომნუსხა.

მომდევნო ღამეს‚ სწორედ იმ წუთს‚ როცა დერვიში ზღვაში გადავისროლეთ‚ მე და


ჩემს ამხანაგს გამოგვეღვიძა‚ დაგვიბრუნდა სიცოცხლე. მაგრამ არაფრის თავი აღარ
გვქონდა‚ შეგვეძლო მხოლოდ იმაზე საუბარი‚ რასაც იმ ღამით ვლაპარაკობდით და
ვაკეთებდით. ასე დავცურავთ ორმოცდაათი წელიწადია‚ არც ვცოცხლობთ‚ არც
ვკვდებით. ვერ იქნა და ვერ მოვაღწიეთ ხმელეთამდე. სიხარულით ავუშვებდით
ხოლმე ყველა აფრას ქარიშხლის დროს: იქნებ რამეს მივხეთქებოდით და დაღლილი
თავი ზღვის ფსკერზე დაგვესვენებინა. მაგრამ ესეც სანატრელი გახდა. ახლა კი
მოვკვდები და მოვისვენებ... კიდევ ერთხელ გმადლობ‚ უცნობო მხსნელო! თუ
განძეულით შეიძლება სამაგიეროს გადახდა‚ მადლობის ნიშნად მიიღე ჩემი
ხომალდი!

კაპიტანმა თავისი სათქმელი დაამთავრა‚ თავი ჩაჰქინდრა და გარდაიცვალა.


საბრალო... ისიც‚ როგორც მისი თანამგზავრები‚ მაშინვე მტვრად იქცა. ფერფლი
პატარა ყუთში შევაგროვეთ და მიწაში ჩავფალით. ქალაქიდან მუშები მოვიყვანეთ‚
ხომალდი შემიკეთეს. საქონელი დიდი მოგებით გადავცვალე‚ დავიქირავე
მეზღვაურები‚ მდიდრულად დავასაჩუქრე ჩემი მეგობარი მულეი და სამშობლოსაკენ
გავწიე.

ბევრგან შევუხვიე. მოვიარე მრავალი კუნძული და ქვეყანა; ბაზარზე საქონელი


გამქონდა‚ ყისმათი მწყალობდა. ნახევარ წელიწადში კაპიტნის მიერ ნაბოძები
სიმდიდრე ერთი-ორად გავზარდე. თანამემამულეებს თვალი დაუყენა ჩემმა ქონებამ.
ჟამიდან ჟამზე გულში გაივლებდნენ: ალბათ ცნობილი მოგზაურის სინდბადის
ალმასები იპოვაო. დაე‚ რაც უნდათ‚ ის იფიქრონ! ერთი კია‚ იმ დღიდან ბალსორის
ახალგაზრდები‚ როგორც კი თვრამეტი წელი შეუსრულდებათ‚ ჩემსავით ბედის
საძებრად მიდიან. მე მშვიდად და წყნარად ვცხოვრობ. ყოველ ხუთ წელიწადში
ერთხელ მექაში მივემგზავრები: წმინდა ადგილებში ვლოცულობ და ალაჰს ვთხოვ
ჩემი წყალობისათვის კაპიტანი და მისი ხალხი სამოთხეში მოახვედროს.

მეორე დღეს ქარავანმა შეუფერხებლად განაგრძო გზა. როცა იმ ადგილას მივიდნენ,


სადაც უნდა დაესვენათ, უცხოელმა სელიმმა მიმართა ვაჭრებში ყველაზე
ახალგაზრდა მულეის:

– თქვენ ჩვენში ყველაზე ახალგაზრდა და ნიადაგ მხიარული ხართ. ალბათ


მხიარული ამბებიც გეცოდინებათ. მოგვითხრეთ რამე‚ რომ ნასადილევს დღის
სიცხისაგან ცოტა დავისვენოთ.
– დიდი სიამოვნებით‚ კეთილო უცხოელო! – უპასუხა მულეიმ. – ეს თქვენ
გაგამხიარულებთ კიდეც. მაგრამ ახალგაზრდობას მართებს თავმდაბლობა ყველგან
და ყველაფერში. ამიტომ ჯერ ჩემმა უფროსმა თანამგზავრებმა უნდა გვიამბონ რამე.
აი‚ თუნდაც ცალეუკოსმა. იგი მუდამ გულჩათხრობილი და ნაღვლიანია. რატომ არ
უნდა მოგვითხროს‚ რამ დაანაღვლიანა მისი ცხოვრება? იქნებ‚ რითიმე გავუქარვოთ
დარდი‚ თუკი მართლა დარდიანია და მწუხარე. ჩვენ ხომ სიამოვნებით
ვემსახურებით ყველას‚ და ამაში ხელს არ გვიშლის არავითარი სარწმუნოება.

ის‚ ვისაც ნაღვლიანი უწოდეს‚ ბერძენი ვაჭარი‚ შუახნის კაცი იყო‚ ლამაზი და
ჯანიანი. მაგრამ მას რაღაც ნაღველი ღრღნიდა. მუსულმანი არ იყო‚ თანამგზავრებს
მაინც ძალიან უყვარდათ; მგზავრობის დროს პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.
ბერძენ ვაჭარს მხოლოდ ცალი ხელი ჰქონდა. ზოგიერთი თანამგზავრი კიდეც
ფიქრობდა: ალბათ ეს ნაკლი უქმნის ამგვარ ნაღვლიან განწყობილებასო. ცალეუკოსი
მულეის ასე გაეხმიანა:

– დიდად გმადლობთ ნდობისათვის‚ ჩემო ახალგაზრდა მეგობარო! დარდი მე არა


მაქვს‚ ყოველ შემთხვევაში ისეთი‚ რომლის გაქარვება თქვენი კეთილი სურვილებით
შეგძლებოდეთ. მულეის თითქოს საყვედურის მსგავსი რამ გამოუვიდა. ამიტომ
მინდა მართლაც რაიმე მოგითხროთ. ვფიქრობ, ეს გამამართლებს იმაში, რომ მე,
სხვებთან შედარებით, უფრო გულჩათხრობილი ვარ. თქვენ ხედავთ‚ მარცხენა ხელი
მაკლია. ასეთად როდი დავიბადე. ხელი ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ დღეებში
დავკარგე. მართალია‚ ზოგჯერ ნაღველი მომეძალება ხოლმე‚ ასეთ დროს დამნაშავე
ვარ თუ მართალი‚ თქვენ თვითონ განსაჯეთ. ოღონდ ჯერ მოკვეთილი ხელის ამბავი
მომისმინეთ.

– კონსტანტინოპოლში დავიბადე.

მამაჩემი თარჯიმანი გახლდათ სულთნის კარზე‚ ამასთან ვაჭრობდა კიდეც


ნელსაცხებლებითა და აბრეშუმის ქსოვილებით. მამამ შეძლებისამებრ კარგი აღზრდა
მომცა. ზოგ რამეს თვითონ მასწავლიდა‚ ზოგსაც ჩვენი მღვდელი. ჯერ მამას დუქანში
ვეხმარებოდი; შემატყო‚ საკმაოდ ნიჭიერი ვიყავი. მეგობრის რჩევით გადაწყვიტა
ექიმი გამოვეყვანე. ექიმს ხომ‚ ჩვეულებრივ თაღლითთან შედარებით‚ ცოტა მეტი თუ
ჰქონდა ნასწავლი‚ კონსტანტინოპოლში ადვილად შეეძლო გამდიდრება. ჩვენს
სახლში ბევრი ფრანკი დადიოდა. ერთმა მათგანმა ჩააგონა მამას – გავეშვი მის
სამშობლო ქალაქ პარიზში. იქ თურმე ამ საქმეს ყველაზე კარგად ასწავლიდნენ.
ფრანკს უკან გამგზავრებისას უფასოდ უნდა წავეყვანე. მამაჩემი‚ რომელსაც
ახალგაზრდობაში ბევრი ემოგზაურა‚ დასთანხმდა. ფრანკმა მითხრა‚ კიდევ სამი თვე
და პარიზში წამოსასვლელად მოემზადეო. სიხარულით ცას ვეწიე; მახარებდა უცხო
ქვეყნებში მოგზაურობა. მოუთმენლად ველოდი იმ წუთს‚ როცა გზას გავუდგებოდი.

როგორც იქნა‚ ფრანკმა თავისი საქმე მოათავა და სამგზავრო თადარიგს შეუდგა.


ხოლო წინა ღამეს მამა თავის საწოლ ოთახში შემიძღვა. მაგიდაზე მშვენიერი სამოსი
და იარაღი ელაგა. ჩემი ყურადღება ოქროს დიდმა გროვამ მიიპყრო. ამდენი ოქრო
ერთად არასოდეს მენახა. მამა გადამეხვია და მითხრა:
– შეხედე‚ შვილო‚ სამგზავრო სამოსი გაგიმზადე. ეს საგვარეულო იარაღი შენია.
თავის დროზე შენმა პაპამ ჩამაბარა. მეც მაშინ სამოგზაუროდ მივდიოდი. ვიცი‚
ყოველთვის შეგიძლია მისი მოხმარება‚ მაგრამ გამოიყენე მაშინ‚ როცა ვინმე თავს
დაგესხმის. ასეთ შემთხვევაში გახსოვდეს‚ მაგრად დაჰკარი!

– მე დიდი ქონების პატრონი არა ვარ. ისიც სამ ნაწილად გავყავი. ერთი მესამედი
შენთვის მიბოძებია‚ მეორე – ჩემს სარჩოდ და შავი დღისთვის გადავინახე‚ მესამეს კი
წმინდა და ხელშეუხებელი თანხა დავარქვი: მან გაჭირვებაში სამსახური უნდა
გაგიწიოს...

ასე მესაუბრებოდა მამაჩემი და თვალებზე ცრემლები სდიოდა. ალბათ გრძნობდა‚


რომ მას ამის მეტად ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს.

მშვენივრად ვიმგზავრეთ და ფრანკების ქვეყანაში ჩასვლის ექვსი დღის შემდეგ


პარიზშიც ამოვყავით თავი.

აქ ჩემმა ფრანკმა მეგობარმა დამიქირავა ოთახი და მირჩია‚ ფული‚ რომელიც ორი


ათას ტალერს არ აღემატებოდა‚ გონივრულად დამეხარჯა.

პარიზში სამი წელიწადი დავყავი‚ შევისწავლე ყოველივე‚ რაც ხეირიან ექიმს უნდა
სცოდნოდა.

მართალი არ იქნება თუ ვიტყვი‚ იქ სიამოვნებით ვცხოვრობდი-მეთქი. ამ ხალხის


ზნე-ჩვეულებანი და ადათ-წესები სრულიადაც არ მომწონდა. ღირსეული
მეგობრებიც ცოტანი მყავდა‚ ისინიც არისტოკრატული წრიდან.

სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ მასვენებდა‚ მამის შესახებაც ვწუხდი‚


არაფერი ვიცოდი. ამიტომ ყოველ წუთს ვეძებდი შესაძლებლობას სახლში
გავმგზავრებულიყავი.

სწორედ იმ დღეებში ფრანკების ქვეყნიდან მაღალი პორტასაკენ საელჩოს


წარმომადგენლები მიდიოდნენ. მე ექიმად მოვეწყე მათ გემზე და მშვიდობით
შევაღწიე სტამბოლში.

მამის სახლი ურდულდადებული დამხვდა. მეზობლებმა რომ დამინახეს‚


გაოცდნენ და მითხრეს‚ უკვე ორი თვეა მამათქვენი გარდაიცვალაო.

მღვდელმა‚ რომელიც ბავშვობაში მასწავლიდა‚ გასაღები მომიტანა. ყველასაგან


მიტოვებული და ეულად დარჩენილი შევედი დაცარიელებულ სახლში. ყველაფერი
ისე იყო‚ როგორც მამას დაეტოვებინა. მხოლოდ ვეღარსად მოვიხელე ოქრო‚
რომელსაც მამა სიცოცხლეში შემპირდა. მღვდელს რომ ვკითხე ამის შესახებ‚ მომიგო:
თქვენი მამა გარდაიცვალა როგორც წმინდანი; მთელი თავისი ოქრო ეკლესიას
შესწირაო. ჩემთვის ეს ამბავი გაუგებარი დარჩა ბოლომდე. რა უნდა მექნა? მღვდლის
წინააღმდეგ არც რაიმე საბუთი გამაჩნდა და არც ცოცხალი მოწმე მყავდა. თქვენ
წარმოიდგინეთ‚ უნდა გამხარებოდა კიდეც: ხომ შეეძლო‚ მთელი სახლი და ავეჯი
მამაჩემისაგან ეკლესიისათვის ნაანდერძევად გამოეცხადებინა!

ეს გახლდათ ჩემი პირველი უბედურება. პირველს მეორე მოჰყვა.


მამის მზრუნველი ხელი მომაკლდა ყოველ საქმეში. იგი კარგად იცნობდა
სტამბოლის მაღალ საზოგადოებას‚ შეეძლო დავეახლოვებინე მასთან. ეს კი
აუცილებელი იყო იმისათვის‚ რომ კარგი ექიმის სახელი მომეხვეჭა. სხვანაირი
ფანდით ფონზე გასვლას ნამდვილად ვერიდებოდი. მდიდრებსა და მაღალი წრის
წარმომადგენლებს სრულიადაც მივავიწყდი. მამის ქონებაც ჩაწვა. ძველი
მყიდველები გაიფანტნენ‚ ახლების ძებნა არც ისე ადვილი გამოდგა.

ერთხელ ჩემს უიმედო მდგომარეობაზე მწარედ ჩაფიქრებული ვიჯექი. გამახსენდა


ის დრო‚ როცა ფრანკების ქვეყანაში ვცხოვრობდი და ხშირად ვხვდებოდი ჩვენი
ქვეყნიდან ჩამოსულ ვაჭრებს. მათ გადმოელახათ ზღვები‚ ხმელეთი და დიდძალი
საქონელი ქალაქის ბაზრებზე გამოეტანათ. მომაგონდა ისიც‚ რომ ყველაფერი კარგად
საღდებოდა‚ რადგან უცხოეთიდან იყო ჩამოტანილი. აი‚ სწორედ ასეთი ვაჭრობით
შეიძლებოდა ერთი-ათად მოეგო კაცს. მაშინვე მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე.
გავყიდე მამისეული სახლი‚ აღებული ფულის ნაწილი ჩემს საუკეთესო მეგობარს
შესანახად მივაბარე. დანარჩენი თანხით ისეთი რამ შევიძინე‚ რომელიც უცხოეთში
შედარებით იშვიათად იშოვებოდა: შალეული‚ აბრეშუმის ქსოვილები‚
ნელსაცხებელი‚ ზეთი. გემზე ადგილი დავიჭირე. ამრიგად დაიწყო ჩემი მეორე
მგზავრობა ფრანკების ქვეყნისაკენ.

დარდანელს გავცილდი. ცხადად ვიგრძენი‚ ბედი ისევ მწყალობდა. მგზავრობა


ხანმოკლე და ბედნიერი გამოდგა. ფრანკების ქვეყნის დიდსა თუ პატარა ქალაქებში
ყველგან ვპოულობდი სანატრელ მუშტარს.

ჩემი მეგობარი სტამბოლიდან სულ ახალ-ახალ საქონელს მაწვდიდა. მეც დღითი


დღე ვმდიდრდებოდი. ბოლოს‚ იმდენი თანხა შევაგროვე‚ შემეძლო უფრო დიდი
საქმე წამომეწყო. ამიტომაც საჭირო საქონლით იტალიას მივაშურე.

უნდა გითხრათ‚ – იქ ჩემი საექიმო ხელოვნებაც მოვიშველიე. ამან ცოტა


სარგებლობა როდი მომიტანა.

ქალაქში ჩასვლისას მცხოვრებლებს წერილობით ვატყობინებდი ხოლმე: ჩამოვიდა


ესა და ეს ბერძენი ექიმი‚ რომელსაც მრავალი ავადმყოფი განუკურნავს – მეთქი. ჩემმა
ბალზამმა და წამლებმა სახელი გამითქვა‚ ფულიც ბევრი მაშოვნინა.

ერთხელაც იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩავედი. იქ დიდხანს დარჩენა


გადავწყვიტე. ქალაქი ძალიან მომეწონა. თანაც ამდენი ხეტიალის შემდეგ მინდოდა
დამესვენა.

ქალაქის ერთ-ერთ უბანში – სანტა კროჩეში დუქანი დავიქირავე. იქვე მახლობლად


მშვენიერ დერეფნიანი ორი ლამაზი ოთახიც დავიკავე.

მაშინვე ხალხს ვაცნობე‚ ჩამოვიდა ექიმი და ვაჭარი-მეთქი. დუქნის გახსნისთანავე


დიდძალი მუშტარი მომაწყდა. შეიძლება ითქვას‚ ჩემს საქონელს სხვებთან
შედარებით ცოტა უფრო ძვირად ვაფასებდი. საოცარია‚ მაინც იოლად იყიდებოდა.
ალბათ ამაში ჩემი თავაზიანობა მშველოდა: მყიდველს მუდამ მეგობრულად და
ზრდილობიანად ვეპყრობოდი.
ორმა დღემ ასე გაიარა. ერთ საღამოს‚ როცა დუქნის დაკეტვა და ჩვეულებისამებრ
ყუთებში დარჩენილი ნელსაცხებლის მარაგის შემოწმება მინდოდა‚ ქილაში წერილს
წავაწყდი.

განცვიფრებულმა გავხსენი და გადავიკითხე. ბარათის დამწერი მთხოვდა: იმავე


ღამით‚ ზუსტად თორმეტი საათისათვის‚ პონტე ვეკიოს ხიდზე მივსულიყავი.

დიდხანს ვფიქრობდი‚ ვის შეეძლო ჩემი იქ მიწვევა; მე ხომ ფლორენციაში არც


ერთი ნაცნობი არ მეგულებოდა. ჩემი ჭკუით დავასკვენი‚ ვიღაც არის‚ ალბათ
საიდუმლოდ უნდა ავადმყოფთან ჩემი წაყვანა-მეთქი. მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად
ხდებოდა ხოლმე.

გადავწყვიტე უკან არ დამეხია. ყოველ შემთხვევაში‚ მამაჩემის ნაჩუქარი ხმალი


საიმედოდ წავიღე.

შუაღამემ მოატანა. გზას გავუდექი და მალე დანიშნულ ადგილას მივედი. ხიდზე


არავინ დამხვდა‚ გადავწყვიტე დამეცადა მანამ‚ სანამ უცნობი პაციენტი
გამოჩნდებოდა.

ციოდა. მთვარე არემარეს ნათელში ხვევდა. მოთმინებით გავცქეროდი მთვარის


შუქზე მოლაპლაპე არნოს ტალღებს.

ეკლესიის ზარმა თორმეტი დაჰკრა. ის იყო წასასვლელად მოვემზადე‚ ჩემს წინ


მაღალი‚ წითელ მოსასხამში გახვეული კაცი აღიმართა. მოსასხამის ზედა კალთა
სახეზე აეფარებინა.

პირველად მართლაც შევშინდი: უცნობი‚ ცოტა არ იყოს‚ მოულოდნელად


წამომადგა თავს. მაგრამ მალე გამოვერკვიე და დაჯერებული ხმით ვუთხარი: თუ
თქვენ მომიხმეთ აქ‚ კეთილ ინებეთ და მიბრძანეთ‚ რა გსურთ-მეთქი.

წითელმოსასხამიანი კაცი შემობრუნდა და ჩუმად მომიგო: „გამომყევი!”

ამ უცხო ადამიანის მეგზურობას მაინცდამაინც სასიამოვნოდ ვერ მივიჩნევდი.


ამიტომ შევჩერდი და შევკადრე:

– არა‚ ბატონო ჩემო‚ ჯერ გამაგებინეთ‚ საითკენ მიგყავართ. მერე ცოტათი მაინც
დამანახეთ სახე. საჭიროა ეჭვი არ შემქონდეს თქვენს კეთილ განზრახვაში.

წითელმოსასხამიანს ეტყობოდა არაფრად ეჭაშნიკა ეს ამბავი.

– თუ არა გსურთ‚ კეთილო ცალეუკოს‚ დარჩით‚ – წაიჩურჩულა და გზა განაგრძო.

სიბრაზისაგან ერთიანად ავენთე.

– ნუთუ ფიქრობთ‚ – შევძახე მე‚ – ჩემისთანა კაცი ნებას მისცემს ყოველ ბრიყვს‚
თავი გაასულელებინოს და ამ ცივ ღამეში ტყუილად ელოდოს აქ?

სამი ნახტომით დავეწიე მას‚ ერთი ხელი წითელ მოსასხამში ჩავჭიდე‚ მეორე
ხმალზე ვიტაცე და ხმამაღლა შევყიჟინე.
ხელში მხოლოდ უცნობის მოსასხამი შემრჩა. თვითონ მოსახვევში გაუჩინარდა.

როგორც იქნა დავმშვიდდი. მე ხომ ხელთ მოსასხამი მქონდა. ეს კი ამ უჩვეულო


შემთხვევის ასახსნელად შეიძლებოდა გამომდგარიყო.

მოსასხამი მხრებზე მოვიხურე და შინისაკენ გავწიე.

ასი ნაბიჯიც არ გამევლო‚ რომ მოულოდნელად ვიღაც მომიახლოვდა და


ფრანკულად ზედ ყურში ჩამძახა: „მიიღეთ მხედველობაში‚ გრაფ‚ დღევანდელ ღამეს
არაფრის გაკეთება არ შეიძლება.” სანამ რაიმეს მოვასწრებდი‚ უცნობი გაქრა და
სახლებს შორის მის ჩრდილსღა მოვკარი თვალი.

ვიგრძენი‚ ამ სიტყვებით უცნობმა მხოლოდ მოსასხამს მიმართა. დავიბენი და


ვერაფერი გავარკვიე. მეორე დილას ვიფიქრე‚ ვიფიქრე და მაინც ვერ მივხვდი‚
როგორ მოვქცეულიყავი.

ჯერ გადავწყვიტე‚ საზოგადოებისათვის მეცნობებინა მოსასხამის ამბავი. თავი


შევიკავე. უცნობს ხომ შეეძლო მის წასაღებად სხვა გამოეგზავნა‚ მაშინ სინამდვილეს
ვეღარ გამოვარკვევდი.

გული ამას მეუბნებოდა და თან მოსასხამს ვათვალიერებდი.

იგი მძიმე‚ გენუის ღია წითელი ხავერდისა იყო‚ ოქრომკედით ნაკერი და


ასტრახანული ბეწვით გამოკრული. თავში ერთი აზრი მომივიდა: რადგან მოსასხამი
ასეთი ძვირფასი გამოდგა‚ დუქანში გამეტანა გასაყიდად. ასეც მოვიქეცი. მყიდველი
რომ არ მოსძალებოდა‚ ძალიან ძვირი დავაფასე. მოსასხამის შეძენის მსურველთ
კარგად ვათვალიერებდი. უცნობს‚ რომელმაც მოსასხამი ხელში შემატოვა‚ ათას
კაცში გამოვარჩევდი.

უცხო მოსასხამი ბევრ მყიდველს იზიდავდა‚ მაგრამ არც ერთი არ ჰგავდა ჩემს
უცნობს. ამასთან არც არავის სურდა ისეთი დიდი თანხის გაღება‚ რომელსაც მე
ვითხოვდი.

აქვე უნდა შევნიშნო: ვისაც ვეკითხებოდი‚ ხომ არ შეგინიშნავთ ფლორენციაში


კიდევ ასეთი მოსასხამი-მეთქი‚ ყველა‚ როგორც ერთი‚ პასუხს მაძლევდა‚ არაო.

მოსაღამოვდა. დუქანში ერთი ახალგაზრდა მოვიდა. იგი სხვა დროსაც ყოფილა


ჩემთან. ახალგაზრდამ დაჟინებით მთხოვა მოსასხამი მიმეყიდა. ფულით სავსე ქისა
გადმომიგდო და თანვე მოაყოლა:

– ღვთის მადლით‚ ცალეუკოს‚ ეს მოსასხამი უნდა წავიღო‚ რადაც არ უნდა


დამიჯდეს‚ თუნდაც სულ გავღატაკდე. – ესა თქვა და მაშინვე ოქრო გადმომითვალა.
ჭეშმარიტად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი. მოსასხამი სამზეოზე იმისათვის
გამოვკიდე‚ რომ უცნობის ყურადღება მიმეპყრო. ეს სულელი კი მოსულა და მასში
გაუგონარ ფასს მაძლევს. რა უნდა მექნა! სხვა გზა არ მქონდა და დავყაბულდი.
ამრიგად‚ ჩემმა ღამეულმა შემთხვევამ პატარა მოგება მაინც მომცა.
ახალგაზრდამ მკლავზე გადაიკიდა მოსასხამი და წავიდა. მალე ისევ მობრუნდა.
მოხსნა მასზე მიმაგრებული ქაღალდის ნაგლეჯი‚ გადმომიგდო და მითხრა: აქ‚
ცალეუკოს‚ რაღაც მიუმაგრებიათ. ვფიქრობ‚ ასეთი რამ მოსასხამს სულაც არ უნდა
სჭირდებოდესო. მშვიდად ავიღე ქაღალდი. ჩემს გაკვირვებას ვერ წარმოიდგენთ...
ქაღალდზე ეწერა: „მოსასხამი ამაღამ დანიშნულ დროს მოიტანე პონტე ვეკიოზე‚
გელოდება ოთხასი ცეხინი”.

ელდანაკრავივით გავქვავდი. ასე გამისხლტა ბედი ხელიდან! თუმცა დიდხანს


როდი დავაყოვნე‚ ორასი ცეხინი მუჭაში ჩავბღუჯე‚ გარეთ გავვარდი; მოსასხამის
მყიდველს დავეწიე და მივაძახე: „ფული უკან მიიღეთ‚ კეთილო მეგობარო‚ და
დამიბრუნეთ ჩემი მოსასხამი. მისი გაყიდვა არ შემიძლია.”

მას ჯერ ხუმრობა ეგონა. როცა მიხვდა‚ რომ სერიოზულად ვეუბნებოდი‚ ძალზე
გაბრაზდა, გამლანძღა კიდეც და ბოლოს ცემაზე გადავიდა. ძიძგილაობის დროს
მოსასხამი ხელიდან გამოვგლიჯე. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი‚ ახალგაზრდა
კაცმა პოლიციელს უხმო‚ ორივე სასამართლოში წაგვიყვანეს. მოსამართლე დიდად
გაკვირვებული დარჩა‚ მოსასხამი ჩემს მოწინააღმდეგეს არგუნა.

მაშინვე დავიწყე თხოვნა-მუდარა‚ რომ მის ორას ცეხინს კიდევ ორმოცდაათს‚


ოთხმოცს‚ თუგინდ ასსაც დავუმატებდი‚ ოღონდ იმ კაცს მოსასხამი დაებრუნებინა.

სადაც სიტყვამ ვერ გაჭრა‚ საქმე ოქრომ გააკეთა. მან ფული აიღო‚ მე კი
გახარებული უკან დავბრუნდი. თუმცა‚ ალბათ‚ მთელი ქალაქი ფიქრობდა‚
საცოდავი‚ გადარეულაო. ხალხის აზრი რაში მეპიტნავებოდა. ისედაც კარგად
ვიცოდი‚ მოგება მაინც ჩემს მხარეზე რჩებოდა.

დაღამებას მოუთმენლად ველოდი. ზუსტად იმ დროს‚ როგორც წინა ღამით‚


საათის უკანასკნელ რეკვასთან ერთად პონტე ვეკიოზე კაცი გამოჩნდა. ეს ისე
მოულოდნელად მოხდა‚ იფიქრებდი‚ მიწიდან ამოძვრაო. ეჭვს არაფერი იწვევდა. იგი
ის კაცი გახლდათ‚ რომელიც გუშინ ვნახე.

– მოსასხამი მოიტანე? – მკითხა მან.

– დიახ‚ ბატონო‚ – მივუგე. – მაგრამ იცოდეთ‚ მოსასხამი მე ასი ოქრო დამიჯდა.

– ვიცი‚ – მომიგო მან. – აჰა‚ ოთხასი ოქრო. – მომიახლოვდა და დაიწყო ფულის


გადმოთვლა. რა მშვენივრად ბრწყინავდა ოქრო მთვარის შუქზე. მისი
მომაჯადოებელი ელვარება გულს ახარებდა. საბრალო ჩემი გული მაშინ არც კი
გრძნობდა‚ რომ ეს მისი უკანასკნელი სიხარული იყო.

ფული შევინახე. მინდოდა კეთილი უცნობის კარგად დათვალიერება‚ მაგრამ


სახეზე ნიღაბი ჰქონდა აფარებული. შავი თვალების მეტი ვერაფერი შევნიშნე.

– წყალობისათვის დიდად გმადლობთ‚ – ვუთხარი მას. – ახლა რაღას მიბრძანებთ?


ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ‚ არაფერი უწესო არ უნდა მოხდეს.
– ტყუილად სწუხართ ამაზე‚ – მიპასუხა და თან მოსასხამი ბეჭებზე მოიგდო. –
თქვენ მჭირდებით‚ როგორც ექიმი‚ თუმცა არა ცოცხლისათვის‚ არამედ
მკვდრისათვის.

– როგორ თუ მკვდრისათვის? – შევძახე გაოცებულმა.

– მე და ჩემი და შორეული ქვეყნიდან ვართ მოსული‚ – დაიწყო უცნობმა‚ თან


მანიშნა გამომყევიო. – ჩემს დასთან ერთად მეგობრის სახლში ვცხოვრობდი. გუშინ
ჩემი დაიკო უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა. ნათესავები დაკრძალვას
ხვალისთვის აპირებენ. ძველი ადათის თანახმად‚ ყველა ჩვენიანი საგვარეულო
აკლდამაში უნდა განისვენებდეს. ისინიც კი‚ ვინც სხვა ქვეყანაში გარდაიცვლება
ხოლმე‚ დაბალზამებული ჩამოჰყავთ და აქ ასაფლავებენ... გადავწყვიტე‚ ნათესავებს
ჩემი დის მხოლოდ ტანი დავუტოვო‚ ხოლო მშობელ მამას მისი ქალიშვილის თავი
მაინც მივუტანო. დაე‚ ერთხელ კიდევ დახედოს საყვარელ პირმშოს.

ამ უცნაურმა ჩვეულებამ – სისხლხორცეული ნათესავის თავის მოკვეთამ‚ ცოტა არ


იყოს‚ შემაძრწუნა‚ მაგრამ უარი არ გამიცხადებია. უცნობის მოსალოდნელ
გაბრაზებას მოვერიდე. ამიტომაც მშვიდად მივუგე‚ ბალზამის გაკეთება კარგად
ვიცი-მეთქი‚ და ვთხოვე მიცვალებულთან წავეყვანე.

გზაზე თავი ვერ შევიკავე და ყოველი შემთხვევისათვის ვკითხე‚ რატომ ხდება


ყოველივე ეს საიდუმლოდ და ისიც ღამით-მეთქი.

მან მიპასუხა:

– ნათესავები ამას სისასტიკედ თვლიან. ცხადია, დღისით ნებას არ მომცემენ. მაშინ


კი‚ როცა თავი უკვე მოკვეთილი იქნება‚ ვეღარაფერს გააწყობენო. თან დასძინა:
თვითონაც მოვკვეთდი თავს‚ მაგრამ დედმამიშვილური გრძნობა უფლებას არ
მაძლევსო.

ამასობაში ერთ მშვენიერ სახლს მივუახლოვდით. მთავარ შესასვლელს ჩავუარეთ


და პატარა კარში შევედით‚ რომელიც უცნობმა დიდი გულმოდგინებით ჩაკეტა.
სიბნელეში ავიარეთ ვიწრო კიბე. კიბემ ოდნავ განათებულ დერეფანში აგვიყვანა.
დერეფნიდან ჭერზე ჩამოკიდებული ლამპარით გაჩირაღდნებულ ოთახში შევედით.

ოთახში სარეცელი იდგა‚ რომელზეც მიცვალებული ესვენა. უცნობმა სახე


მიიბრუნა‚ ეტყობოდა ცრემლებს მალავდა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა‚ რაც
შეიძლება სწრაფად გააკეთე შენი საქმეო. ესა თქვა და გავიდა.

დანა ავიღე‚ რომელსაც მუდამ თან ვატარებდი. სარეცელს მივუახლოვდი.


სარეცელზე მხოლოდ ქალის თავი დავინახე‚ – ისეთი სათნო და მშვენიერი‚ რომ იგი
მეტისმეტად შემეცოდა. ფერმკრთალ სახეზე შავი თმა ჩამოშლოდა. თვალები
დახუჭული ჰქონდა. ექიმის ჩვეულებისამებრ‚ ჯერ კანი გავკვეთე‚ მერე ყველაზე
ბასრი დანა მოვიმარჯვე და ერთი დარტყმით ყელი გადავუჭერი. მაგრამ‚ ჰოი‚
საშინელებავ! მიცვალებულმა თვალები გაახილა და ისევ მალე დახუჭა... ღრმა
ამოოხვრაზე შევატყე‚ რომ სიცოცხლეს მხოლოდ ახლახან გამოესალმა. ჭრილობიდან
თბილმა სისხლმა გადმოხეთქა. დავრწმუნდი‚ რომ ეს საცოდავი ნამდვილად მე
მოვკალი. ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. ამგვარი ჭრილობისაგან გადარჩენა
უკვე აღარ შეიძლებოდა...

ცოტაოდენ ხანს გარინდებული ვიდექი და ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე‚ რაც


დამემართა. ნუთუ წითელმოსასხამიანმა მომატყუა? ან იქნებ თვითონაც მკვდარი
ეგონა? ჩემი უკანასკნელი მოსაზრება უფრო ჭკუასთან ახლოს მეჩვენა.

უცებ შიშმა ამიტანა და გიჟივით ოთახიდან გამოვვარდი.

ტალანში ბნელოდა, ნათურა ჩამქრალიყო.

უცნობი აღარსად ჩანდა. კედელს გავყევი‚ კიბისკენ გავემართე. როგორც იქნა‚


კიბეს მივაკვლიე და ცოცხალ-კვდარი ქვემო სართულისაკენ დავეშვი. კარი ღია იყო‚
იქაც არავინ დამხვდა. ქუჩაში გავედი‚ თავისუფლად ამოვისუნთქე. მყისვე შინისკენ
გავექანე. საწოლზე დავეგდე‚ თავი ბალიშში ჩავრგე‚ ვეცადე გულიდან ამომეღო ჩემს
მიერ ჩადენილ საშინელებაზე ფიქრი. ძილი არ მეკარებოდა. დარწმუნებული ვიყავი‚
უცნობი არ გამცემდა. გადავწყვიტე მეორე დილას ჩვეულებრივად გამეღო დუქანი და
რაც შეიძლება დამშვიდებული სახით მევაჭრა. ეს გავიფიქრე და მაშინღა შევნიშნე‚
რომ დანა‚ ქუდი და ქამარი აღარ მქონდა. ამან უფრო დამადარდიანა: აღარ მახსოვდა‚
ისინი მოკლულის ოთახში დამრჩა თუ შინისკენ მომავალმა ქუჩაში დავკარგე.

სამწუხაროდ‚ პირველი ვარაუდი უფრო შესაძლებელი იყო. მაშინ‚ ცხადია‚ ჩემი,


როგორც მკვლელის‚ პოვნა არ გაუძნელდებოდათ.

დუქანი ჩვეულ დროს გავაღე. როგორც ყოველთვის‚ იმ დილასაც შემოვიდა ჩემთან


მეზობელი და მითხრა: რას იტყვით იმ საშინელ ამბავზე‚ რომელიც წუხელ მოხდაო?
მე ისე დავიჭირე თავი‚ თითქოს ეს პირველად მესმოდა.

– როგორ‚ განა არ იცით? ამაზე ხომ მთელი ქალაქი ლაპარაკობს! არ იცით‚ რომ
ფლორენციის უმშვენიერესი ყვავილი ბიანკა‚ გუბერნატორის ქალიშვილი წუხელის
მოკლეს? საცოდავი‚ ჯერ კიდევ გუშინ ვნახე მხიარული და ბედნიერი თავისი
საქმროს გვერდით. დღეს ხომ ქორწილი უნდა ჰქონოდათ.

მეზობლის ყოველი სიტყვა გულში ეკალივით მჩხვლეტდა. ხშირად მსმენოდა


საშინელი ამბავი‚ მაგრამ ასეთი შემზარავი‚ რომელშიც მე თვითონ ვიღებდი
მონაწილეობას‚ არასოდეს გამეგონა.

შუადღე იქნებოდა. ჩემთან სასამართლოს რწმუნებული შემოვიდა და მთხოვა‚


ხალხი გამეშვა დუქნიდან.

– სინიორ ცალეუკოს‚ – მომმართა მან და წინ ჩემი დაკარგული ნივთები დამილაგა.


– თქვენი საკუთრებაა?

ჯერ უარის თქმა მინდოდა‚ მერე გაღებულ კარში ცნობისმოყვარე სახლის პატრონი
და მეზობელი დავინახე; მივხვდი, ტყუილი არ გამივიდოდა‚ ყველა დაუმოწმებდა‚
რომ საგნები მე მეკუთვნოდა. ამგვარად იძულებული ვიყავი სიმართლე მეთქვა.
სასამართლოს რწმუნებულმა მიბრძანა გავყოლოდი. მან შემიყვანა დიდ შენობაში.
შენობა საპატიმროს წარმოადგენდა. საკანი მიმიჩინეს.

მარტოდ დარჩენილი დავფიქრდი და წარმოვიდგინე‚ რაოდენ საშინელ


მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ის აზრი‚ რომ მკვლელი გავხდი‚ თუნდაც უნებლიე‚
მოსვენებას არ მაძლევდა. ვგრძნობდი‚ ოქროს ბრწყინვალებამ გონება დამიბნელა.
ოქრო რომ არა‚ ასეთ საქმეზე ბრმად არ წავიდოდი.

ორი საათის შემდეგ საკნიდან გამიყვანეს და დიდი დარბაზში შემიძღვნენ. იქ‚ შავ
სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან თორმეტი კაცი იჯდა‚ უმეტესად მოხუცები.
დარბაზი ფლორენციის მცხოვრებლებით გაჭედილიყო.

მაგიდას არც კი ვიყავი მიახლოვებული‚ როცა მკაცრი და დაღვრემილი სახის კაცი


წამოდგა. იგი გუბერნატორი იყო.

წამოდგა და ხალხს მიმართა‚ რომ მას‚ როგორც მამას‚ არ ძალუძს ამ საქმის


განხილვა‚ და რომ‚ ის თავის ადგილს ყველაზე უხუცეს სენატორს უთმობს. უხუცესი
სენატორი სულ ცოტა ოთხმოცდაათი წლისა იქნებოდა.

სენატორი მხრებში მოხრილი‚ მთლად ჭაღარა ბერიკაცი ბრძანდებოდა. თვალები


ნაღვერდალივით ენთო და ხმაშიც სიძლიერე ეტყობოდა.

ბერიკაცი ჩემს დაკითხვას შეუდგა‚ ნამდვილად ხარ მკვლელი თუ არაო.

მე ვთხოვე ჩემთვისაც მოესმინათ და ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი.

თხრობის დროს ვამჩნევდი‚ რომ გუბერნატორს ხშირად ფერი მისდიოდა. როცა


სათქმელი დავამთავრე‚ მან გაბრაზებით წამოიძახა:

– როგორ‚ შე წყეულო! ასე გინდა შენი დანაშაული‚ რომელიც ანგარებამ


ჩაგადენინა‚ სხვას გადააბრალო?

სენატორმა შენიშვნა მისცა საქმეში ჩარევისათვის:

– თქვენ ხომ ნებაყოფლობით განაცხადეთ უარი თქვენს უფლებებზე. ესეც არ იყოს‚


ჯერ არც არის დამტკიცებული‚ ბრალდებულმა ანგარებით ჩაიდინა მკვლელობა თუ
არა. თქვენ თვითონვე აცხადებთ‚ რომ მოკლული გაძარცვული არ არის. – კიდევ
მეტი‚ მან აუხსნა გუბერნატორს‚ რომ აუცილებელია მისი ქალიშვილის წარსულზე
ცნობების წარმოდგენა. – მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავადგინოთ‚ რამდენად
შეეფერება სიმართლეს ბრალდებულის განცხადება.

იმ დღეს სენატორმა სასამართლოს სხდომა შეწყვიტა. საჭიროდ ცნო მოკლულის


ბარათებიდან ზოგ რამეში გარკვეულიყო. ბარათები მისთვის გუბერნატორს უნდა
გადაეცა. მე ისევ საპატიმროში დამაბრუნეს. მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე‚
როგორმე დამედგინა კავშირი მოკლულსა და წითელმოსასხამიან კაცს შორის.

მაგიდაზე სენატორს უამრავი წერილი ელაგა.


სენატორმა მკითხა‚ ესენი შენი ბარათებია თუ არაო. დავხედე და ვიცანი:
წერილები იმავე ხელით იყო ნაწერი‚ რომლითაც ჩემთან გამოგზავნილი ორი ბარათი.
ეს ამბავი სენატორს მოვახსენე. სენატორმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ცოტა ხნის
შემდეგ მიპასუხა‚ რომ ორივე ჩემი დაწერილია‚ რადგანაც წერილების ბოლოს
დასმულია ინიციალი „ც” - ჩემი სახელის პირველი ასო. წერილები შეიცავდნენ
მოკლულისადმი მუქარას‚ თანვე აფრთხილებდნენ, არ გათხოვილიყო.

ეტყობა‚ გუბერნატორმა ცუდად დამახასიათა. ამ დღეს უფრო უნდობლად და


მკაცრად მექცეოდნენ.

თავის გასამართლებლად ვთხოვე შეესწავლათ ჩემს ოთახში შენახული


ქაღალდებიც. მათ მიპასუხეს‚ ყველგან ვეძებეთ‚ მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთო.

სასამართლოს სხდომის დამთავრების შემდეგ ასე გამიქრა ყოველგვარი იმედი.


მესამე დღეს ისევ სამსჯავროს წინაშე წარმადგინეს და განაჩენი წამიკითხეს:
საშინელი მკვლელობის ჩამდენად მთვლიდნენ‚ სიკვდილით დასჯა მომისაჯეს.

ყველასაგან მიტოვებული‚ სამშობლოს მოშორებული‚ უდანაშაულო ახალგაზრდა


სიცოცხლეს უნდა გამოვსალმებოდი.

იმ საშინელ დღეს‚ როცა ჩემი ბედი გადაწყდა‚ საკანში მარტო ვიჯექი. მთელი ჩემი
გონება და ფიქრები სიკვდილის გარშემო ტრიალებდნენ. ამ დროს გაიღო კარი და
შემოვიდა კაცი. იგი შეჩერდა და დიდხანს მათვალიერებდა.

– ისევ გნახე‚ ცალეუკოს! – როგორც იქნა‚ ხმა ამოიღო მან.

მბჟუტავი სინათლის შუქზე ვერ გავარჩიე ვინ იყო. მისმა ხმამ გამახსენა წარსული.
უეცრად ვიცანი ჩემი პარიზელი მეგობარი ვალეტი.

მან მიამბო‚ რომ ფლორენციაში‚ სადაც მამამისი ღირსეულ კაცად ითვლებოდა‚


შემთხვევით მოხვდა და გაიგო ჩემი ამბავი. ახლა ჩემთან მოვიდა‚ სურს პირადად
მოისმინოს‚ თუ როგორ ჩავიდინე ასეთი მძიმე დანაშაული.

დაწვრილებით ვუამბე საამბობი. ძალიან გაოცდა. დამაფიცა‚ ერთადერთი


მეგობრისათვის სიმართლე მეთქვა და მოტყუებული არ გამეშვა.

შევფიცე: სიმართლე გითხარი‚ სხვა არაფერი ცოდვა არ მაწევს‚ გარდა იმისა‚ რომ
ოქროს ბრწყინვალებამ დამაბრმავა და უცნობის ცბიერებას ვერ მივხვდი-მეთქი.

– მაშ ბიანკას არ იცნობდი? – შემეკითხა.

ერთხელ კიდევ გავუმეორე‚ რომ არასოდეს მენახა.

ვალეტმა განაგრძო: ეს ამბავი რაღაც საიდუმლოებითაა მოცული‚ რადგან


გუბერნატორმა ასე საჩქაროდ გამოიტანა განაჩენი. ხალხშიც ისეთი ხმა გაავრცელა‚
თითქოს შენ ბიანკას დიდი ხანია იცნობდი‚ გაიგე‚ რომ თხოვდება‚ შური იძიე და
მოკალიო. მე ვუპასუხე: ეს ამბავი სწორედ წითელმოსასხამიან უცნობზეა
ზედგამოჭრილი‚ ამ საქმეში მისი მონაწილეობა კი‚ სამწუხაროდ‚ ვერაფრით
დამიმტკიცებია-მეთქი.
ვალეტი ცრემლმორეული გადამეხვია და დამპირდა‚ ძალღონეს არ დავიშურებ‚
ყველაფერს გავაკეთებ‚ რომ სიცოცხლე მაინც შეგინარჩუნოო.

მეტად მცირე იმედი მომეცა‚ თუმცა კარგად ვიცოდი ვალეტის გონიერებისა და


ცოდნის ამბავი. იმასაც ვგრძნობდი‚ ჩემს გადასარჩენად არაფერს დაიშურებდა.

ორმა დღემ განვლო‚ ვალეტი კვლავ გამოჩნდა:

– ცალეუკოს‚ საიმედო ამბავი მოგიტანე‚ თუმცა ეს ტკივილსაც გამოიწვევს.


სიცოცხლე და თავისუფლება შეგრჩა‚ მხოლოდ ხელი უნდა მოგკვეთონ. –
სიცოცხლეშენარჩუნებულმა და აღელვებულმა მადლობა გადავუხადე მეგობარს.

ვალეტისგან გავიგე: გუბერნატორი სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა საქმის თავიდან


გარჩევისა. მხოლოდ მას შემდეგ დათანხმებულა‚ როცა ვალეტს ფლორენციაში
მომხდარ შემთხვევათა წიგნი წარუდგენია. წიგნში აღუწერიათ ზუსტად ჩემს თავზე
დატეხილი შემთხვევისნაირი ამბავი. ეს რომ წაუკითხავთ‚ გადაუწყვეტიათ‚
ჩემთვისაც ისეთი განაჩენი გამოეტანათ.

ვალეტსა და მამამისს დღე-ღამ ეძებნათ წიგნებში მსგავსი რამ და მიეგნოთ კიდეც.

განაჩენი ასეთი იყო: მოეკვეთოს მარცხენა ხელი‚ ჩამოერთვას ქონება‚ ხოლო


თვითონ სამუდამოდ განიდევნოსო.

ჩემს განაჩენშიც ახლა იგივე ეწერა. მეტი გზა არ იყო‚ უნდა შევგუებოდი სასჯელს.

არ მინდა მოგითხროთ იმ საშინელ წუთებზე‚ როდესაც მოედანზე გამიყვანეს და


ხელი მომკვეთეს‚ როდესაც შადრევანივით გადმოხეთქილმა სისხლმა წითლად
შემღება.

სანამ გონს მოვიდოდი‚ ვალეტმა თავისთთან წამიყვანა‚ მომცა სამგზავრო ფული.


ყველაფერი‚ რაც კი მებადა‚ სასამართლოს გადაეცა. ფლორენციიდან სიცილიისკენ
გავემგზავრე. აქედან პირველსავე გემით კონსტანტინოპოლში ჩავედი.

ერთადერთი იმედი იმ თანხისა მქონდა‚ რომელიც მეგობარს მივაბარე.


მეგობარსავე ვთხოვე‚ ნება მოეცა მასთან მეცხოვრა. მაგრამ რარიგ გამიკვირდა‚ როცა
მითხრა‚ რატომ შენს სახლში არ მიდიხარო. იქვე გავიგე‚ რომ ვიღაც უცნობს ჩემი
სახელით სახლი ეყიდა და ისიც ეთქვა‚ ცალეუკოსი მალე ჩამოვაო.

მეგობართან ერთად მაშინვე იმ სახლისაკენ გავემართე. იქ დამხვდურებმა ძალიან


მხიარულად მიმიღეს.

ერთმა მოხუცმა ვაჭარმა იმ კაცის დატოვებული წერილი გადმომცა‚ რომელმაც


სახლი მიყიდა. წერილში ეწერა: „ცალეუკოს! ორივე ხელი მზად არის იმისათვის‚
რომ არ იგრძნო ერთი ხელის უქონლობა. სახლი‚ რომელსაც შენ ხედავ‚ და ყოველივე‚
რაც კი შიგ იმყოფება‚ შენ გეკუთვნის. ყოველწლიურად იმდენ ფულს მიიღებ‚ რაც
საკმარისი იქნება შენს მხარეში მდიდარ კაცად გაღიარონ. მიუტევე მას‚ ვინც შენზე
უბედურია.”
მივხვდი‚ ვისიც იქნებოდა ეს წერილი. ვაჭარმა მითხრა‚ წერილი ვიღაც კაცმა
გადმომცა‚ იგი გარეგნულად ფრანკს ჰგავდა და წითელი მოსასხამი ეხურაო.

დავრწმუნდი‚ ჩემს უცნობს კეთილშობილება მთლიანად კიდევ არ დაჰკარგოდა.

სახლში ყველაფერი ძვირფასი და საგანგებოდ შერჩეული დამხვდა.

ათმა წელიწადმა განვლო მას შემდეგ.

ძველი ჩვეულებისამებრ კვლავ მივდევ სავაჭრო მოგზაურობას‚ ის ქვეყანა კი‚


სადაც ეს საშინელება შემემთხვა‚ არასოდეს აღარ მინახავს.

ყოველწლიურად ვღებულობ ათას ოქროს. თუმცა‚ რამდენი ოქროც არ უნდა


მიგზავნოს მან‚ სულიერ სიმშვიდეს მაინც ვერ აღმიდგენს. მოკლული ბიანკას
საშინელი სურათი თვალთაგან არასოდეს მცილდება...

ბერძენმა ვაჭარმა ცალეუკოსმა თავისი ამბავი დაამთავრა. ყველა დიდი


ყურადღებით უსმენდა‚ განსაკუთრებით უცხოელს აღელვებდა მონათხრობი. მან
რამდენჯერმე ამოიოხრა. მულეის მოეჩვენა‚ რომ მას თვალზე ცრემლიც კი მოერია.
ვაჭრები ცალეუკოსის ნაამბობზე კიდევ დიდხანს კამათობდნენ.

– და თქვენ არა გძულთ ის უცნობი‚ რომელმაც უხელოდ დაგტოვათ და თქვენი


სიცოცხლეც საფრთხეში ჩააგდო? – ჰკითხა უცხოელმა.

– ჰო‚ წინათ მქონდა წუთები‚ – უპასუხა ბერძენმა. – როცა ღმერთს შევჩივლებდი


ხოლმე‚ რომ ეგზომ დიდი მწუხარება მომიტანა. მთელი ცხოვრება მომიწამლა. ასეთ
დროს ყოველთვის ჩემი წინაპრების რწმენა მამშვიდებდა.

– თქვენ კეთილშობილი ადამიანი ყოფილხართ! – წამოიძახა უცხოელმა და


მღელვარებით ჩამოართვა ბერძენს ხელი.

უეცრად ბადრაგის უფროსმა ლაპარაკი შეაწყვეტინა. იგი კარავში შეწუხებული


სახით შემოვიდა და სულმოუთქმელად განაცხადა, მზად უნდა იყოთ‚ ამ ადგილებში
ყველაზე ხშირად ესხმიან ხოლმე თავს ქარავნებს‚ მცველებმა შორს რამდენიმე
მხედარს თვალი კიდეც მოჰკრესო.

ვაჭრები მეტად შეწუხდნენ. სელიმი გაკვირვებული იყო მათი შეშფოთებით. ისე


კარგად ვართ დაცული‚ არაბი ყაჩაღების მთელი ხროვისაც არ უნდა გვეშინოდესო.

– დიახ‚ ბატონო‚ – უპასუხა ბადრაგის უფროსმა. – ჩვეულებრივი არამზადები რომ


იყვნენ‚ აინუნშიაც არ ჩავაგდებდით. საქმე ისაა‚ ამ ბოლო დროს ისევ გამოჩნდა
საშინელი ორბაზანი და ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ.

უცხოელი დაინტერესდა ორბაზანის ვინაობით. ახმედმა‚ მოხუცმა ვაჭარმა‚


უპასუხა:
– ხალხში სხვადასხვა თქმულება დადის ამ უცნაური კაცის შესახებ. ზოგი ზეკაცად
თვლის. ხშირად ხუთ-ექვს კაცს მარტო შეებმება ხოლმე. ზოგს მამაცი ფრანკი ჰგონია‚
რომელიც უბედურებამ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ერთი კი ცხადია‚ იგი
უსინდისო ყაჩაღი და ქურდია.

– ამის მტკიცება თქვენ არ ძალგიძთ‚ – ლაპარაკში ჩაერია ლეზა‚ ერთ-ერთი ვაჭარი.


– შეიძლება ყაჩაღია‚ მაგრამ მაინც კეთილშობილი ადამიანია. ეს მან ჩემს ძმასთან
შეხვედრაში დაამტკიცა. თუ გსურთ‚ გიამბობთ კიდეც. ორბაზანმა მთელი თავისი
ტომი წესიერ ადამიანებად აქცია. სანამ ეს კაცი ამ არემარეში თარეშობს‚ სხვა ტომს
გამოჩენის უფლება არა აქვს. ძარცვითაც სხვებსავით არ ძარცვავს‚ ქარავანს მხოლოდ
დაცვის ფულს ართმევს. და ვინც თანხას ნებით გაიღებს‚ შეუძლია უვნებლად გზა
განაგრძოს. ორბაზანი უდაბნოს ბატონ-პატრონია.

ასე საუბრობდნენ მგზავრები. მცველებს კი‚ რომლებიც საგუშაგოზე იდგნენ‚


მღელვარება დაეტყოთ. ნახევარი საათის სავალ მანძილზე გამოჩნდა შეიარაღებული
მხედრების ჯგუფი. მხედრები პირდაპირ ქარავნისკენ მოდიოდნენ. ერთ-ერთი
გუშაგი კარავში შევიდა იმის გასაგებად‚ თუ როგორ მოიქცეოდნენ ვაჭრები. ვაჭრებმა
ერთმანეთში მოილაპარაკეს‚ რა ემოქმედათ. ელოდათ, სანამ ისინი დაესხმოდნენ
თავს‚ თუ თვითონ დახვედროდნენ წინ. ახმედსა და ორ მოხუც ვაჭარს დაცდა
უნდოდათ‚ ფიცხი მულეი და ცალეუკოსი კი დახვედრას მოითხოვდნენ. უცხოელის
თავიანთ მხარეზე გადაბირება განეზრახათ. უცხოელმა მშვიდად ამოიღო ქამრიდან
წითელი ვარსკვლავებით მოჩითული პატარა ლურჯი ბაღდადი‚ ხიშტს მიაბა და
მსახურს უბრძანა‚ კარავზე გაეკეთებინათ.

– ჩემს თავს ვფიცავ‚ – თქვა მან‚ – როცა მხედრები ამ ნიშანს დაინახავენ‚ გვერდს
ჩაგვივლიან. მულეის ეს არ სჯეროდა. მსახურმა ხიშტი კარავზე დაამაგრა. ამასობაში
კარავში მყოფმა ვაჭრებმა იარაღი აისხეს და მხედრებს დაუწყეს ლოდინი. მხედრებმა‚
როგორც ჩანდა‚ კარავზე მიკიდებულ ბაღდადს თვალი მოჰკრეს‚ კარვებს შორს
ჩაუარეს და თავიანთი გზა განაგრძეს.

მგზავრები ერთ ხანს გაკვირვებული შესცქეროდნენ ხან მხედრებს‚ ხან უცხოელს.


ის კარვის წინ იდგა‚ თითქოს არაფერი მომხდარიყოს, და სივრცეს სრულიად
გულგრილად გაჰყურებდა. სიჩუმე მულეიმ დაარღვია:

– ვინა ხარ‚ ძლიერო უცხოელო‚ უდაბნოს ველურ მომთაბარეებს ერთი თავის


დაქნევით რომ იმორჩილებ?

– თქვენ ჩემს ძალას უფრო მეტად აფასებთ‚ ვიდრე სინამდვილეშია‚ – უპასუხა


სელიმ ბარუხმა. – ეს ბაღდადი წამოვიღე‚ როცა პატიმრობიდან გამოვიქეცი. რას
წარმოადგენს‚ თვითონაც არ ვიცი. ჩემთვის ცხადია მხოლოდ ერთი რამ‚ – ვინც ამ
ნიშნით მგზავრობს‚ მას ძლიერი ხელი მფარველობს.

ვაჭრებმა უცხოელს მადლობა გადაუხადეს და თავისი მხსნელი უწოდეს. ეს


გასაგებიცაა. მხედრების რიცხვი იმდენად დიდი იყო‚ ქარავანი მათ წინაშე ვერაფერს
გახდებოდა.
დამშვიდებული გულით დასვენებას მიეცნენ. როცა მზემ ჩასვლა დააპირა და
საღამოს ნიავი სილიან ნიადაგს შეეხო‚ წამოიშალნენ და გზა განაგრძეს.

მეორე დღეს ისეთ ადგილას დაისვენეს‚ საიდანაც ერთი დღის სავალი რჩებოდა‚
უდაბნოდან რომ გასულიყვნენ. როცა მგზავრებმა ისევ დიდ კარავში მოიყარეს თავი‚
სიტყვა ვაჭარმა ლეზამ აიღო:

– გუშინ გითხარით‚ საშიში ორბაზანი კეთილშობილი კაცია-მეთქი. ნება მიბოძეთ


დღეს ეს დაგიმტკიცოთ ჩემი ძმის ამბის გადმოცემით. მამაჩემი ყადი იყო აკარაში‚
სამი შვილი ვყავდით. მე ყველაზე უფროსი გახლდით‚ ჩემი და-ძმა, ჩემზე
უმცროსები. ოცი წლისა გავხდი. ბიძაჩემმა თავისთან მიმიხმო და მემკვიდრედ
გამიხადა იმ პირობით‚ რომ სანამ იცოცხლებდა‚ მასთან დავრჩებოდი. მაგრამ ბიძამ
ღრმა მოხუცებულობას მიაღწია. ამრიგად მე მხოლოდ ორი წლის წინათ დავბრუნდი
სამშობლოში. არაფერი ვიცოდი‚ თუ რა საშინელი ბედი ეწია ჩემს ოჯახს და რა
კარგად შეცვალა ის მოწყალე ალაჰმა.

ფატმას ამბავი

ჩემი ძმა მუსტაფა და ჩემი და ფატმა თითქმის ერთი ხნისანი იყვნენ. ძმა დიდი-დიდი
ორი წლით თუ იქნებოდა უფროსი. მათ ძალზე უყვარდათ ერთმანეთი და ყველაფერს
ერთად იტანდნენ‚ რომ ავადმყოფი მამისთვის სიბერე შეემსუბუქებინათ.

ფატმას თექვსმეტი წელი შეუსრულდა. ძმამ წვეულება გამართა‚ მიიპატიჟა ყველა


მისი ამხანაგი და მამის ბაღში საუკეთესოდ გაუმასპინძლდა. საღამოზე კი მიიწვია
ისინი და სადღესასწაულოდ მორთული ნავით გაასეირნა. ფატმა და მისი ამხანაგები
სიხარულით ცას ეწივნენ. მშვენიერი საღამო იყო. ფიქრობდნენ‚ ზღვიდან ქალაქის
ხილვა საღამოჟამს დიდებული სანახაობა იქნებაო. გოგონებს ისე მოეწონათ ნავით
სეირნობა‚ ჩემს ძმას სთხოვეს‚ სულ უფრო შორს შეცურებულიყვნენ ზღვაში.

მუსტაფას შორს წასვლა არ უნდოდა. იცოდა‚ რამდენიმე დღის წინათ იმ


ადგილებში შემჩნეული იყვნენ მეკობრეები. ქალაქთან ახლოს ზღვაში კონცხი იყო
შეჭრილი. გოგონებმა მასზე ასვლა მოიწადინეს‚ სურდათ მზის ჩასვლისათვის
ეცქირათ. როცა ისინი ამ კონცხს უვლიდნენ‚ სულ ახლოს ნავი დაინახეს. ნავში
შეიარაღებული კაცები ისხდნენ. წინათგრძნობა კარგს არაფერს ეუბნებოდა ჩემს ძმას.
მან მენიჩბეებს უბრძანა ნავი მოებრუნებინათ და ნაპირისაკენ წაეყვანათ.

ჩემი ძმის შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა: მეორე ნავი დიდი სისწრაფით ეწეოდა
ძმის ნავს. გაუსწრო კიდეც‚ მას მეტი მენიჩბეები ჰყავდა‚ ნაპირსა და ჩვენს ნავს შორის
მოექცა. გოგონები‚ რომლებიც მიხვდნენ‚ რა საფრთხე მოელოდათ‚ წამოხტნენ და
წივილ-კივილი ატეხეს. ამაოდ ცდილობდა მუსტაფა მათ დამშვიდებას‚ ამაოდ
არიგებდა‚ წყნარად ყოფილიყვნენ‚ რადგან ამით ნავს გადაბრუნებას უქადდნენ.
არაფერმა არ გაჭრა. როცა მეორე ნავის მოახლოებისას ყველა ნავის ბოლოს მიაწყდა‚
იგი გადაბრუნდა. ნაპირიდან‚ როგორც ჩანდა‚ უცხო ნავს თვალყურს ადევნებდნენ
და ვინაიდან მეკობრეების შიში ჰქონდათ‚ ამ ნავშიც ეჭვი შეიტანეს. რამდენიმე
ორჩხომელი წამოვიდა ჩვენს მოსაშველებლად. სწორედ სულზე მოგვისწრეს‚ არევ-
დარევაში მტრის ნავი გაქრა. გადარჩენილ ორ ნავზე მშველელებმა არ იცოდნენ‚
ყველა იყო თუ არა. როცა ნავები ერთმანეთს მიუახლოვდნენ‚ მხოლოდ მაშინ
გამოირკვა‚ რომ ჩემი და ფატმა და ერთი მისი ამხანაგი აღარსად ჩანდნენ.
სამაგიეროდ ჩვენს ნავზე ერთი უცნობი აღმოაჩინეს‚ უცნობი მუსტაფას მუქარის
შემდეგ გამოტყდა‚ რომ მტრის ნავიდან იყო. მისი თქმით‚ ნავი აღმოსავლეთით ორ
კილომეტრზე იმყოფებოდა. სიჩქარესა და არეულ-დარეულობაში თანამგზავრებმა
სწორედ მაშინ მიატოვეს‚ როცა გოგონების მოტაცებაში ეხმარებოდა. უცნობმა
დასძინა‚ მე თვითონ ვნახე‚ ნავზე ორი გოგონა როგორ აიყვანესო.

მოხუცი მამის გულისტკივილს საზღვარი არა ჰქონდა. მუსტაფა მკვდარსა ჰგავდა.


მისი მწუხარება უსაზღვრო იყო. ერთი რომ საყვარელი და დაჰკარგა‚ რომლის
უბედურებაშიც თავს დამნაშავედ გრძნობდა‚ მეორეც მისი დის მეგობარიც აღარ
ჩანდა‚ რომელიც დის უბედურებას ინაწილებდა. ამასთან იგი მშობლებს
მუსტაფასათვის საცოლედ უნდოდათ. მუსტაფა მამას ჯერ ვერ უბედავდა ამის თქმას‚
რადგან მისი მშობლები ღარიბი და დაბალი წოდებისანი იყვნენ.

მამა მკაცრი კაცი იყო. როცა მწუხარებამ ცოტა გადაუარა‚ მუსტაფას დაუძახა და
უთხრა: შენმა სისულელემ მოსვენება წამართვა. წადი‚ სამუდამოდ დაიკარგე ჩემი
თვალებიდან‚ წყეული იყოს შენი გაჩენის დღე. მხოლოდ მაშინ გიგულებ შვილად‚
როცა ფატმას დამიბრუნებ. ამას კი აღარ მოელოდა ჩემი საწყალი ძმა.

მან მტკიცედ გადაწყვიტა ეპოვნა თავისი და ფატმა მისი მეგობრით‚ ამიტომ


უნდოდა გამგზავრების წინ მამის დალოცვა მიეღო‚ ის კი ახლა წყევლით
ისტუმრებდა: მაშინ იმ დარდმა მოტეხა‚ ახლა უბედურების გრძნობამ ძალა შემატა.

ძმა წავიდა დატყვევებულ მეკობრესთან და ჰკითხა‚ რა მიმართულებით მიდიოდა


ნავი. გაიგო‚ რომ ისინი მონებით ვაჭრობდნენ და ჩვეულებისამებრ ბალსორაში
მართავდნენ დიდ ბაზრობას.

როცა მოსამზადებლად შინ დაბრუნდა‚ შეატყო‚ მამა ცოტა დამშვიდებულიყო. მას


საგზაოდ ერთი ქისა ოქრო გამოეგზავნა. ზორაიდენის‚ ასე ერქვა მოტაცებულ
საცოლეს‚ მშობლებს ტირილით გამოემშვიდობა და ბალსორისაკენ გაემგზავრა.
მუსტაფა ხმელეთით წავიდა. ჩვენი პატარა ქალაქიდან გემი პირდაპირ ბალსორისაკენ
არ მიდიოდა. ბევრი ჯაფა გასწია‚ რომ მეკობრეებისათვის ჩაესწრო. კარგი ცხენი
ჰყავდა‚ბარგი არ ჰქონდა და იმედს არ ჰკარგავდა‚ რომ მეექვსე საღამოს ქალაქს
მიაღწევდა. მაგრამ მეოთხე საღამოს‚ როცა სრულიად მარტო მიდიოდა გზაზე‚ უცებ
თავს სამი მხედარი დაესხა. მან შეამჩნია‚ ეს ღონიერი ხალხი კარგად იყო
შეიარაღებული და მისი ოქრო და ცხენი უფრო აინტერესებდა‚ ვიდრე ამ კაცის
სიცოცხლე. მუსტაფამ შეჰყვირა მათ‚ დაგნებდებითო. მხედრები ცხენიდან
ჩამოხტნენ. მუსტაფას ცხენის მუცლის ქვეშ ამოუკრეს ფეხები და შუაში ჩაიყენეს.
ერთ-ერთმა სადავეს ხელი ჩაჰკიდა და კრინტის დაუძვრელად სწრაფად მოჰკურცხლა
მასთან ერთად.
მუსტაფა მწარე ფიქრებს მიეცა. მამის წყევლამ მიწიაო‚ ფიქრობდა. რაღა იმედი
უნდა ჰქონოდა თავისი დისა და ზორაიდენის გადარჩენისა‚ როცა გაძარცვულს
მხოლოდ საბრალო სიცოცხლე შერჩენოდა და შიშველი ხელებით მიდიოდა მათ
საშველად.

მუსტაფა და მისი მდუმარე თანამგზავრები ერთ საათს მგზავრობდნენ‚ მერე


პატარა მინდვრისკენ შეუხვიეს. მინდორი გარშემორტყმული იყო მაღალი ხეებით.
რბილი‚ მუქ-მწვანე ბალახი‚ ნაკადული‚ რომელიც სწრაფად მირაკრაკებდა‚
დასასვენებლად იწვევდა. მუსტაფამ დაახლოებით ოცამდე დაცემული კარავი
დაინახა. კარვებზე მიბმული იყვნენ აქლემები და მშვენიერი რაშები. ერთ-ერთი
კარვიდან მხიარული ქნარის ხმა და ორი მამაკაცის მშვენიერი სიმღერა ისმოდა.

ჩემს ძმას ეჩვენა‚ რომ ხალხს‚ რომელსაც ასეთი დიდებული ადგილი აერჩია‚ მის
წინააღმდეგ ცუდი განზრახვა არ ექნებოდა. ამიტომ უშიშრად მიჰყვებოდა თავის
წინამძღოლებს‚ რომლებმაც გაუხსნეს ფეხები და ანიშნეს გაჰყოლოდა. ის კარავში
შეიყვანეს. კარავი სხვაზე უფრო დიდი და შიგნითაც ლამაზად მორთული იყო.

ძვირფასი ოქრომკედით მოქარგული ბალიშები‚ ნაქსოვი ხალიჩები‚ მოოქრული


ჩიბუხები სიმდიდრისა და კარგი ცხოვრების მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო‚ აქ კი
ყველაფერს უხეში ძარცვა-გლეჯის დაღი ესვა. ერთ-ერთ ბალიშზე იჯდა მოხუცი
ჯუჯა კაცი. მოშავო-მოყავისფრო კანი გაქონილი ჰქონდა‚ ნაოჭები თვალებთან და
პირთან საზიზღარ შეხედულებას აძლევდა. ამ კაცს ეტყობოდა‚ სურდა თავი
გამოეჩინა: მუსტაფა მაინც მალე მიხვდა‚ რომ კარავი ასე მდიდრულად მისთვის არ
იყო მორთული‚ ეს წინამძღოლების საუბარმაც დაუმოწმა.

– სად არის ძლიერი? – ჰკითხეს ჯუჯას.

– სანადიროდ გახლავთ‚ მე კი მის მაგივრად დამტოვა.

– ვერ მოქცეულა კარგად‚ – უპასუხა ერთ-ერთმა ყაჩაღმა. – სწრაფად უნდა


გადაწყდეს‚ მოიკლას თუ გამოისყიდოს ეს ძაღლი‚ რაც შენზე უკეთ ძლიერმა იცის.

ჯუჯა შეურაცხყოფილი წამოვიდა და გაიწია‚ რომ მოწინააღმდეგის ყურს


წასწვდომოდა. ეტყობოდა‚ სილის გარტყმით უნდოდა შური ეძია‚ მაგრამ როცა
შეამჩნია‚ ეს უშედეგო იქნებაო‚ ლანძღვა დაუწყო (უნდა ითქვას‚ არც ესენი
დარჩენილან ვალში). მათი აყალმაყალისაგან კარავი ზანზარებდა. უცებ კარვის კარი
გაიღო და შემოვიდა მაღალი‚ წარმოსადეგი კაცი‚ ახალგაზრდა და სპარსელი
მეფისწულივით ლამაზი. ტანსაცმელი და იარაღი‚ გარდა მდიდრული ხმლისა და
მოელვარე ხანჯლისა‚ უბრალო და ჩვეულებრივი ჰქონდა‚ მაგრამ მისი მკაცრი
გამოხედვა და გარეგნობა შიშს კი არა‚ პატივისცემას იწვევდა.

– ვინ ბედავს ჩემს კარავში ჩხუბს? – შესძახა მან შემკრთალ მოჩხუბრებს.


რამდენსამე ხანს ხმა არავის ამოუღია‚ ბოლოს მუსტაფას ერთ-ერთმა მომყვანმა
უამბო‚ რაც მოხდა.

ძლიერს – ასე უწოდებდნენ მას – სახე სიბრაზით აენთო.

– როდის დაგნიშნე ჩემს ადგილას‚ ჰასან? – შემზარავი ხმით დაიძახა მან.


ჰასანი შიშისაგან მოიკუნტა‚ წინანდელზე პატარა გამოჩნდა‚ კარვის კართან
მიცოცდა; ძლიერმა პანღური ჰკრა‚ იგი კარვიდან შურდულივით გავარდა.

როცა ჰასანი გაქრა‚ სამმა კაცმა მუსტაფა მიიყვანა კარვის პატრონთან. კარვის
პატრონი ამასობაში ბალიშებზე მისვენებულიყო.

– მოვიყვანეთ‚ ვისი დაჭერაც გვიბრძანე.

მან დიდხანს ათვალიერა ტყვე‚ შემდეგ კი უთხრა:

– ზულეიკის ფაშავ‚ შენი საკუთარი სინდისი გეტყვის‚ რატომ დგახარ ორბაზანის


წინ!

ეს რომ მოისმინა‚ ჩემი ძმა მის წინაშე მუხლებზე დაემხო და უპასუხა:

– ოჰ‚ ჩემო ბატონო! გეტყობა‚ შეგეშალა‚ მე ღარიბი და უბედური ვარ და არა ფაშა‚
რომელსაც შენ ეძებ!

ამ სიტყვებით კარავში ყველა გაკვირვებული დარჩა. კარვის პატრონმა თქვა:

– არაფრად გამოგადგება‚ თავი სხვად წარმოგვიდგინო. ხომ იცი‚ დავუძახებ


ხალხს‚ რომელიც გიცნობს‚ – და მან ბრძანა‚ ზულეიმა მოეყვანათ.

კარავში შემოიყვანეს მოხუცი ქალი‚ რომელმაც კითხვაზე‚ ცნობდა თუ არა ჩემს


ძმაში ზულეიკას ფაშას‚ უპასუხა:

– დიახ!

მან დაიფიცა წინასწარმეტყველის საფლავი‚ რომ ეს ფაშაა და სხვა არავინ.

– ხედავ‚ შე უმსგავსო‚ როგორ ჩაიფუშა შენი ეშმაკობა? – დაიწყო გაბრაზებით


ძლიერმა. – ჩემს ხმალს შენი სისხლით შესვრას არ ვაკადრებ‚ სამაგიეროდ ხვალ
ცხენის კუდზე გამოგაბამ. მზის ამოსვლიდან ცხენს ტყე-ველზე ვაჭენებ იქამდის‚
სანამ ზულეიკას გორას არ მიეფარება.

ჩემი საწყალი ძმა სულით მთლად დაეცა.

– ეს ჩემი უტეხი მამის წყევლაა‚ რომელიც სამარცხვინო სიკვდილს მიმზადებს‚ –


ტირილით დაიძახა მან. – შენც დაღუპული ხარ‚ ჩემო ტკბილო დაიკო‚ და შენც‚
ზორაიდენ.

– თავის მოკატუნება არ გიშველის. – უთხრა ერთ-ერთმა ყაჩაღმა‚ თან ხელები


ზურგზე შეუკრა. – გაეთრიე კარვიდან‚ ძლიერი ტუჩებს იკვნეტს და ხმალზე
იყურება. თუ გინდა კიდევ ერთ ღამეს იცოცხლო‚ წამოდი!

სწორედ იმ დროს‚ როცა ყაჩაღებს ჩემი ძმის კარვიდან გამოყვანა უნდოდათ‚ სამი
სხვა შემოხვდათ‚ რომლებსაც ვიღაც შეპყრობილი მოჰყავდათ. ისინი შემოვიდნენ.
– აი‚ ფაშა მოგიყვანეთ‚ როგორც შენ გვიბრძანე‚ – თქვეს და ტყვე ძლიერთან
მიიყვანეს. როცა ტყვე შეჰყავდათ‚ ჩემმა ძმამ შეათვალიერა. მანაც შენიშნა თავისთან
მსგავსება იმ განსხვავებით‚ რომ იგი სახეზე უფრო შავი იყო და წვერიც მუქი ჰქონდა.
ძლიერს ძალზე გაუკვირდა მეორე ფაშას გამოჩენა.

– რომელია თქვენში ნამდვილი? – თქვა მან და ხან ჩემს ძმას‚ ხან კი მეორეს
უყურებდა.

– თუ ზულეიკას ფაშას გულისხმობ‚ – ამაყად უპასუხა ტყვემ‚ – ეს მე გახლავარ!

ძლიერი მას დიდხანს უცქეროდა გოროზად‚ მერე უსიტყვოდ ანიშნა‚ ფაშა


გაეყვანათ. როცა იგი გაიყვანეს‚ ჩემს ძმასთან მივიდა‚ ხმლით გაუთავისუფლა
შეკრული ხელები და ანიშნა‚ მასთან ბალიშზე დამჯდარიყო:

– ძალიან მწყინს‚ უცხოელო‚ – უთხრა მან‚ – რომ ის საზიზღარი მეგონე. ეს


შემთხვევა ზეცის უჩვეულო სასწაულს მიაწერე. მან სწორედ იმ დროს ჩაგაგდო ჩემი
მოძმეების ხელში‚ როცა იმ უსინდისოს აღსასრულის დრო იყო.

ჩემმა ძმამ სთხოვა: სასწრაფოდ გამიშვით‚ გზა განვაგრძო‚ რადგან შეფერხება


ჩემთვის დამღუპველი იქნებაო.

ძლიერმა ჰკითხა‚ რა სასწრაფო საქმე გაქვსო და‚ როცა მუსტაფა ყველაფერს


მოუყვა‚ დაარწმუნა იმ ღამეს მასთან დარჩენილიყო. შენ და შენს ცხენს შეიძლება
დასვენება გინდათო. ხვალ მე თვითონ გაჩვენებ გზას‚ რომელიც დღენახევარში
ბალსორაში ჩაგიყვანსო. ჩემი ძმა დასთანხმდა. კარგი მასპინძლობა გაუწიეს და იმ
ღამეს ყაჩაღის კარავში ტკბილად ეძინა.

როცა გაიღვიძა‚ კარავში სრულიად მარტო აღმოჩნდა. მას ლაპარაკი მოესმა. კარვის
პატრონი და შავწვერიანი ჯუჯა კაცი უნდა ყოფილიყვნენ.

ყური დაუგდო და გაიგონა‚ რომ ჯუჯა უცნობის მოკვლას დაჟინებით მოითხოვდა.


თავისუფლად რომ გავუშვათ‚ აუცილებლად გაგვცემსო.

მუსტაფა მაშინვე მიხვდა‚ ჯუჯას შესძულებოდა. გუშინ ცუდად რომ მოექცნენ‚


ამის მიზეზი მუსტაფა ეგონა. ძლიერი ერთ ხანს ჩაფიქრებული იდგა.

– არა‚ – თქვა მან. – ის ჩემი სტუმარია და სტუმართმოყვარეობა ჩემთვის


წმიდათაწმიდაა. ესეც არ იყოს‚ კაცი არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას‚ რომ ჩვენი
გაცემა მოიწადინოს.

ეს თქვა‚ კარავი გადასწია და შევიდა.

– აქა მშვიდობა‚ მუსტაფა! – უთხრა მან. – მოდი‚ ცოტა დავლიოთ და წასასვლელად


მოემზადე.

მან ჩემს ძმას შარბათით სავსე ტოლჩა გაუწოდა. დალიეს და ცხენები შეკაზმეს.
კარავი მალე შორს მოიტოვეს და შეუდგნენ ტყისკენ მიმავალ განიერ ბილიკს.
ძლიერმა ჩემს ძმას უამბო‚ რომ ფაშა‚ რომელიც დაიჭირეს‚ დაგვპირდა
ხელშეუხებლად გვეყოლებით ჩემს სამფლობელოშიო. ამის მიუხედავად‚ რამდენიმე
კვირის წინ ჩვენი ყველაზე მამაცი წევრი დაიჭირა და საშინელი წვალების შემდეგ
უბრძანა‚ ჩამოეხრჩოთ. დიდხანს ვუთვალთვალებდი‚ და აი‚ დაჰკრა ჟამმა‚ როცა
ფიცის გამტეხი უნდა დაისაჯოს. მუსტაფამ ამაზე ვერაფრის თქმა ვერ შებედა‚ მას ის
ახარებდა‚ რომ უვნებლად გადაურჩა იქაურობას.

ტყის პირას ძლიერმა თავისი ცხენი შეაჩერა‚ ჩემს ძმას გზა ასწავლა‚ ხელი გაუწოდა
და უთხრა:

– მუსტაფა‚ უცნაურ პირობებში მოგიხდა ყაჩაღ ორბაზანთან სტუმრობა. არ მინდა


გთხოვო‚ არ გამცე-მეთქი. მხოლოდ ერთი კია‚ შენ უსამართლოდ განიცადე
სიკვდილის შიში‚ ამიტომ მოვალე ვარ სამაგიერო გადაგიხადო. წაიღე ხმალი ჩემს
სახსოვრად. როცა გაგიჭირდეს‚ გამომიგზავნე და მე მაშინვე გამოვემართები შენს
საშველად. ეს ქისა მგზავრობის დროს დაგჭირდება.

ჩემმა ძმამ მადლობა გადაუხადა კეთილშობილი საქციელისათვის‚ ხმალი


გამოართვა‚ ქისა უნდოდა უკან დაებრუნებინა. ორბაზანმა კიდევ ერთხელ
ჩამოართვა ხელი‚ ქისა ძირს დააგდო და ტყეში გაუჩინარდა.

როცა მუსტაფამ დაინახა‚ რომ ვერ დაეწეოდა‚ ქისის ასაღებად ჩამოვიდა‚ აიღო და
შეაკრთო მასპინძლის გულუხვობამ: ქისაში აუარებელი ოქრო იყო.

მადლობა გადაუხადა ალაჰს გადარჩენისათვის‚ კეთილშობილი ყაჩაღისათვის


წყალობა შესთხოვა და გამხნევებულმა ბალსორისაკენ გზა განაგრძო.

ლეზა დადუმდა და კითხვით შეხედა ახმედს‚ ვაჭრებში ყველაზე უფროსს.

– არა‚ თუ ასეა‚ – თქვა მან‚ – ორბაზანზე ჩემს შეხედულებას ვიცვლი. რაც


მართალია მართალია‚ შენს ძმას ნამდვილად კარგად მოქცევია.

– როგორც ნამდვილ მუსულმანს შეჰფერის‚ – დაიძახა მულეიმ. – მაგრამ იმედი


მაქვს‚ ამბავს ამით არ დაამთავრებ. მგონია‚ ყველა მოწადინებულია მოისმინოს
გაგრძელება. როგორ წავიდა შენი ძმის საქმე‚ გაათავისუფლა თუ არა შენი და ფატმა
და მისი ლამაზი მეგობარი ზორაიდენი?

– თუკი ამით არ მოგაწყინეთ‚ სიამოვნებით განვაგრძობ თხრობას‚ – უპასუხა


ლეზამ. – ჩემი ძმის ამბავი ნამდვილად შემთხვევებითა და საოცრებებით არის სავსე.

მოგზაურობის მეშვიდე დღეს სადილობის ჟამს შევიდა მუსტაფა ბალსორის


კარიბჭეში. ქარვასლაში რომ დაბინავდა‚ იკითხა‚ როდის იწყება მონების ბაზრობა‚
რომელიც აქ ყოველწლიურად იმართება ხოლმეო. საშინელი პასუხი მიიღო: ორი
დღით დაიგვიანეო. შეწუხდნენ ამ ამბით და უამბეს‚ დიდად წაგებული დარჩიო.
ბაზრობის ბოლო დღეს მოიყვანეს ორი მონა ქალი‚ ისეთი არაჩვეულებრივი
სილამაზისანი‚ რომ ყველა მყიდველის თვალი მოინუსხაო. ისინი ძალიან ძვირად
დააფასეს‚ ბევრმა მათი გულისათვის იჩხუბა და ერთმანეთზე გაიწია კიდეცო.
ბოლოს მართლაც ისეთ ფასად გაყიდეს‚ რომელსაც მხოლოდ მათი ახლანდელი
პატრონი არ შეუშინდებოდაო. მან უფრო დაწვრილებით გამოიკითხა ქალიშვილების
ამბავი და ცხადი გახდა‚ სწორედ ის უბედურები იყვნენ‚ რომელთაც იგი დაეძებდა.
ისიც გაიგო: კაცი‚ რომელმაც ორივე შეისყიდა, ბალსორიდან ორმოცდაათი საათის
სავალზე ცხოვრობდა და სახელად თიული ერქვა. ეს ცნობილი‚ მდიდარი‚ მაგრამ
უკვე ხანში შესული კაცი წინათ სულთანის კაპუდან-ფაშა ყოფილიყო‚ ახლა კი
დაგროვილი სიმდიდრით დასვენება განეზრახა. მუსტაფას უნდოდა ისევ ცხენზე
შემჯდარიყო და დასწეოდა თიულის‚ რომელიც ერთი დღით თუ იქნებოდა
დაწინაურებული. როცა დაფიქრდა‚ მარტოხელა ღონიერ მგზავრებს ვერაფერს
დავაკლებო‚ და მით უმეტეს‚ ნადავლსაც ვერ წავართმევო‚ ახალი გეგმა დააწყო.
მისმა მსგავსებამ ზულეიკას ფაშასთან‚ რომელიც მისთვის ასე საბედისწერო
გამოდგა‚ იმ აზრამდე მიიყვანა‚ რომ მისი სახელით შესულიყო თიულის სახლში და
ასეთნაირად ეცადა ორი უბედური ქალიშვილის გადარჩენა. იშოვა რამდენიმე
მსახური და ცხენები‚ რაშიც ორბაზანის ფული ძალიან დაეხმარა. შეიძინა თავისთვის
და მსახურთათვის ძვირფასი სამოსი და თიულის სასახლისაკენ გაუდგა გზას.

ხუთი დღის შემდეგ სასახლეს მიადგა. ის მშვენიერ ადგილას მდებარეობდა‚ გარს


მაღალი გალავანი ერტყა. გალავანი სიმაღლით ნაგებობას ოდნავ ჩამორჩებოდა. როცა
მუსტაფა მივიდა‚ თმა და წვერი შეიღება‚ სახეზე მცენარის წვენი წაისვა‚ რომელმაც
მოყავისფრო იერი მისცა‚ ისეთი‚ როგორიც იმ ფაშას ჰქონდა.

სასახლეში ერთი მსახური გაგზავნა და ზულეიკას ფაშის სახელით ათხოვნინა‚


უფლება მიეცათ ღამე გაეთენებინა. მსახური მალე უკან დაბრუნდა‚ თან ოთხი
კარგად ჩაცმული მონა ახლდა. მათ მუსტაფას ცხენს სადავეებში ჩასჭიდეს ხელი და
სასახლის ეზოში შეიყვანეს. იქ მიეხმარნენ ცხენიდან ჩამოხდომაში. დანარჩენმა
ოთხმა მარმარილოს კიბით თიულისთან აიყვანა. ამ მხიარულმა მოხუცმა ჩემი ძმა
დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით მიიღო. მოატანინა მისთვის ყველაზე
საუკეთესო კერძი‚ რაც მის მზარეულს ჩინებულად დაემზადებინა. სადილობის
შემდეგ მუსტაფამ თანდათან საუბარი ახალ მონა ქალებზე ჩამოუგდო. თიულიმ
გააღმერთა მათი სილამაზე‚ ჩიოდა‚ მუდამ დაღონებულები არიანო‚ თუმცა
იმედოვნებდა‚ მალე გაუვლითო. ჩემი ძმა ამ მიღებით ძალზე კმაყოფილი დარჩა და
დასასვენებლად დაიმედებული წავიდა.

დაახლოებით ერთი საათი თუ ეძინა‚ როცა გამოაღვიძა სანათის შუქმა‚ ძალუმად


რომ სცემდა თვალებში. ადგა‚ ეგონა‚ სიზმარში ვარო. მის წინ სანათით ხელში ჯუჯა
იდგა‚ მოშავო-მოყავისფრო კაცი‚ ორბაზანის კარავში რომ ნახა. მას უშველებელი
პირი საზიზღარი ღიმილით დამანჭვოდა. მუსტაფამ ჯერ მკლავზე იჩქმიტა‚ მერე
ცხვირზე წაივლო ხელი‚ იმის დასარწმუნებლად‚ ცხადი იყო თუ სიზმარი. მაგრამ
მოჩვენება ადგილიდან არ გამქრალა.

– რა გინდათ ჩემს საწოლთან? – დაიძახა მუსტაფამ‚ როცა ბურანიდან გამოერკვა.

– ასე ძალიან ნუ ღელავთ‚ ბატონო! – უთხრა ჯუჯამ. – მშვენივრად მიგიხვდით‚


რისთვისაც ხართ აქ მოსული. თქვენი ძვირფასი სახეც მშვენივრად დამამახსოვრდა‚
მაგრამ უნდა გითხრათ‚ ფაშას პირადად რომ არ მივხმარებოდი ჩამოხრჩობაში‚
შეიძლება მეც შემშლოდით. ახლა კი მოვედი‚ რომ ერთი შეკითხვა მოგცეთ:
– ჯერ მითხარი‚ როგორ მოხვდი აქ‚ – მიუგო გაბრაზებულმა მუსტაფამ‚ როცა
დაინახა‚ რომ მოტყუება არ მოუხერხდებოდა.

– ახლავე მოგახსენებთ‚ – უპასუხა მან. – მე და ძლიერი დიდხანს ვერ შევეთვისეთ


ერთმანეთს‚ ამიტომ გამოვიქეცი. მიზეზი მხოლოდ შენ იყავი‚ მუსტაფა‚ ჩვენი
ჩხუბისა. ამიტომ შენი და ცოლად უნდა მომათხოვო და გაქცევაშიც დაგეხმარები. თუ
უარს მეტყვი‚ ჩემს ახალ პატრონთან წავალ და ზოგ რამეს ვუამბობ ახალ ფაშაზე.

მუსტაფა შიშისა და სიბრაზისაგან ლამის ჭკუაზე შეიშალა. სწორედ ახლა‚ როცა


ეგონა‚ რომ ასე მოახლოვდა ნატვრის ბოლო‚ გამოჩნდა ეს წყეული‚ რომელსაც უნდა
ჩაეფუშა ყველაფერი. მისი გეგმის გადასარჩენად მხოლოდ ერთი გამოსავალი
რჩებოდა: ჯუჯა უნდა მოეკლა. ერთი ნახტომით მივარდა იმას‚ მაგრამ ჯუჯა
მიუხვდა. ხელიდან სანათი გააგდო. უცებ დაბნელდა. მერე სიბნელეში გაუჩინარდა
და თან შემზარავი ხმით შველას ითხოვდა.

ერთი კარგი რჩევა რამედ ღირდა. ქალიშვილებზე ფიქრისათვის ცოტა ხნით თავი
უნდა დაენებებინა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ეზრუნა. მივიდა ფანჯარასთან‚
უნდოდა გაეგო‚ შესძლებდა გადახტომას თუ ვერა. ფანჯარა საკმაოდ მაღალი იყო‚
მეორე მხარეს კი უშველებელი კედელი მოჩანდა‚ რომელზეც უნდა გადამძვრალიყო.
ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან. ამ დროს მოესმა ფეხის ხმა. რამდენიმე კაცი კარს
უახლოვდებოდა. ხელი დაავლო ხმალს‚ სამოსს და ფანჯრიდან გადაეშვა. მიწაზე
დაეცა. არ დაშავებულა. მყისვე წამოხტა და კედელთან მიირბინა. კედელი სასახლეს
გარს ერტყა. მდევრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა‚ როდესაც აძვრა ზედ და
სამშვიდობოს გავიდა. მალე პატარა ტყეს მიაღწია და ქანცმილეული დაეცა. აქ
დაიწყო იმაზე ფიქრი‚ თუ როგორ მოქცეულიყო. ცხენი და მსახურები ბედის ანაბარა
დატოვა‚ მაგრამ ფული‚ რომელსაც ქამრით ატარებდა‚ თან აღმოაჩნდა.

იფიქრა‚ იფიქრა და მალე სხვა გამოსავალი ჰპოვა. ტყეში გზა განაგრძო და პატარა
სოფელში მივიდა. აქ იაფად იყიდა ცხენი‚ რომელმაც ქალაქში ჩაიყვანა. ექიმი
იკითხა‚ ერთი მოხუცი განათლებული კაცი მიასწავლეს. მოხუცი რამდენიმე ოქროთი
აიძულა მიეცა მისთვის წამალი‚ რომელიც სიკვდილის მსგავს ძილს იწვევდა‚ და
ამასთან მასვე შეეძლო თვალის დახამხამებაში ძილი შეეწყვიტა. როცა ასეთი წამლის
პატრონი გახდა‚ იყიდა გრძელი წვერი‚ შავი ანაფორა‚ სხვადასხვაგვარი კოლოფები‚
რომ თავი მოგზაურ ექიმად გაესაღებინა. ბარგი სახედარს აჰკიდა და თიულის
სახლისკენ გაემართა. დარწმუნებული იყო‚ ამჯერად მის ვინაობას ვერავინ
შეიცნობდა. წვერმა ისე გადაასხვაფერა‚ თვითონაც ძლივსღა ცნობდა თავის თავს.
თიულისთან რომ მივიდა‚ ბრძანა მოეხსენებინათ‚ ექიმი ხაკამანკაბუდიბაბა
მოვიდაო. როგორც ფიქრობდა‚ ისე მოხდა. ამ უცნაურმა გვარმა ყეყეჩ ბებერზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა. მან ექიმი მაშინვე სუფრასთან მიიპატიჟა.
ხაკამანკაბუდიბაბა წარდგა თიულის წინაშე და‚ როცა თითქმის ერთი საათი
ისაუბრეს‚ ბებერმა გადაწყვიტა ყველა თავის მონა ქალს ბრძენი ექიმის წამალი
მიეღო. ექიმი სიხარულს ძლივს ფარავდა‚ რომ თავის საყვარელ დას ისევ ნახავდა და
გულისფანცქალით გაჰყვა თიულის‚ რომელიც სერაილში შეუძღვა. ისინი შევიდნენ
მშვენივრად მორთულ‚ მაგრამ ცარიელ ოთახში.
– სამბაბა‚ თუ რას გეძახიან‚ არ ვიცი‚ ძვირფასო ექიმო‚ – უთხრა თიულიმ. – შეხედე
ამ გახვრეტილ კედელს‚ იქიდან ყველა ჩემი მონა ქალი ხელს გამოჰყოფს და
შეგეძლება მათი მაჯის გასინჯვა; გაგება‚ ჯანმრთელნი არიან თუ არა.

მუსტაფას‚ როგორც სურდა ისე მოიქცეოდა‚ მაგრამ მათი ნახვის უფლება არ


ჰქონდა. თიული მხოლოდ იმაზე დათანხმდა‚ რომ ყოველ მათგანზე ეტყოდა‚ როგორ
გრძნობდნენ საერთოდ თავს.

თიულიმ ქამრიდან გრძელი სია ამოიღო და დაიწყო მონა ქალების სახელებით


გამოძახება. ამის შემდეგ კედლიდან ქალები ხელს სათითაოდ ჰყოფდნენ და ექიმიც
მაჯას უსინჯავდა. ექვსი გამოიძახეს და ექვსივე ჯანმრთელი გამოდგა. თიულიმ
წაიკითხა მეშვიდეს სახელი ფატმა. გამოჩნდა პატარა თეთრი ხელი. სიხარულისაგან
აკანკალებული მუსტაფა მისწვდა ამ ხელს და ძალზე სერიოზული ტონით
წარმოთქვა‚ ავად არისო. თიული მეტად შეწუხდა და უბრძანა თავის ბრძენ
ხაკამანკაბუდიბაბას‚ მალე წამალი მოემზადებინა. ექიმი გავიდა და პატარა წერილი
დაწერა: „ფატმა! მინდა გადაგარჩინო‚ თუ შეგიძლია‚ გადაწყვიტე წამლის მიღება‚
რომელიც ორი დღით მოგკლავს. არ შეგეშინდეს‚ ისევ გაგაცოცხლებ. თუ თანახმა
ხარ‚ მომწერე‚ ამ სასმელმა არ მიშველა-თქო და ეს იქნება შენი თანხმობის ნიშანი”.

მალე დაბრუნდა ოთახში‚ სადაც თიული უცდიდა. თან მოიტანა უვნებელი


წამალი‚ ისევ გაუსინჯა ფატმას მაჯა და სამაჯურში წერილი გაუკეთა. წამალი კი
კედლის ხვრეტილიდან გადასცა. თიული‚ ეტყობა‚ ძალზე შეაწუხა ფატმას
ავადმყოფობამ‚ ამიტომ დანარჩენთა გასინჯვა სხვა დროისათვის გადადო. როცა იგი
მუსტაფასთან ერთად ოთახიდან გავიდა‚ ნაღვლიანად უთხრა:

– ხადიბაბა‚ მართალი მითხარი, რა აზრისა ხარ ფატმას ავადმყოფობაზე?

ხაკამანკაბუდიბაბამ ღრმად ამოიოხრა და უპასუხა:

– აჰ‚ ჩემო ბატონო‚ განგებამ მოგცეს მშვიდობა. ქალი ციებით არის ავად‚ რასაც
წუთისოფელს შეუძლია გამოასალმოს.

თიული გაბრაზდა:

– რას მიბედავ‚ არამზადავ. ექიმი კი არა, ფინაჩი ყოფილხარ! ამ ქალში ორი ათასი
ოქრო მიმიცია და ასე ძროხასავით უნდა მომიკვდეს? იცოდე‚ თუ ვერ გადაარჩენ‚
ბრძანებას გავცემ‚ თავი მოგკვეთონ.

მაშინ იგრძნო ჩემმა ძმამ‚ სულელურად რომ მოიქცა‚ ამიტომაც შეეცადა თიული
დაემშვიდებინა. ისინი რომ საუბრობდნენ‚ სერაილიდან შავი მონა მოვიდა და
მოახსენა‚ ექიმის სასმელმა ვერ უშველაო.

– მთელი შენი ცოდნა მოიხმარე‚ ხაკამდაბაბელა‚ თუ რა გქვია‚ არ ვიცი. უხვად


დაგაჯილდოვებ! – დაიღრიალა თიულიმ იმის შიშით‚ რომ ამდენი ოქრო
ეკარგებოდა.

– მივცემ წამალს‚ რომელიც ყოველგვარი გაჭირვებისაგან იხსნის‚ – უპასუხა ექიმმა.


– ჰო‚ ჰო‚ მიეცი‚ – უთხრა მოხუცმა თიულიმ. – მუსტაფა გახარებული წავიდა
დასაძინებელი წამლის მოსატანად. სასმელი შავ მონას გადასცა და აუხსნა‚ ერთ
ჯერზე რამდენი უნდა მიეცა. შემდეგ თიულის ეახლა და უთხრა‚ ზღვაზე
სამკურნალო ბალახი მაქვს მოსაძებნიო და გასასვლელისაკენ გაეშურა. ზღვასთან‚
რომელიც სასახლის შორიახლო იყო‚ გაიხადა ექიმის სამოსი‚ წყალში გადაყარა‚
თვითონ კი ბუჩქებში ჩაიმალა და დაღამებას დაუცადა. შემდეგ თიულის სახლის
სასაფლაოსთან მიიპარა. მუსტაფა სასახლიდან დაახლოებით ერთი საათის
წამოსულიც არ იქნებოდა‚ როცა თიულის საშინელი ამბავი აცნობეს‚ ფატმა სულს
ლევსო. მან სასწრაფოდ გაგზავნა კაცები ექიმის მოსაყვანად. ისინი მალე
დაბრუნდნენ და მოახსენეს‚ საწყალი ექიმი ზღვაში ჩავარდნილა და დამხრჩვალა‚
მისი შავი ანაფორა წყალზე დაცურავს‚ წვერიც ხანდახან ტალღებიდან ამოიფოფრება
ხოლმეო.

თიულიმ იგრძნო‚ ხსნა აღარსაიდან იყო‚ დასწყევლა თავისი გაჩენის დღე და


ქვეყანა‚ წვერი დაიწიწკნა‚ შუბლი კედელს ახალა. ამით საქმეს რას უშველიდა! მალე
ფატმამ სული დალია. როცა თიულიმ მისი სიკვდილი გაიგო‚ ბრძანა‚ სასწრაფოდ
გაეკეთებინათ კუბო‚ სახლში მიცვალებულს ვერ იტანდა‚ და ცხედარი აკლდამაში
წაეღოთ. კუბო გაიტანეს‚ მიატოვეს და გაიქცნენ: სხვა კუბოებიდან ოხვრა და გოდება
მოესმათ.

მუსტაფა ჯერ ჩუმად იყო დამალული. შემდეგ ხმაურით დააფრთხო კუბოს


მიმტანები. გამოვიდა‚ თან წამოღებული ჭრაქი აანთო‚ შუშა ამოიღო. შიგ
გამაღვიძებელი წამალი ჰქონდა შენახული და ფატმას კუბოს სახურავი ახადა.

მაგრამ დახეთ საშინელებას! ჭრაქის შუქზე სხვა სახე დაინახა. ეს არც ჩემი და იყო‚
არც ზორაიდენი. კუბოში სულ სხვა იწვა. ის დიდხანს გონს ვერ მოეგო. ბოლოს
სიბრალულის გრძნობამ სიბრაზეს სძლია‚ ამოიღო თავისი წამალი და მიცვალებულს
პირში ჩააწვეთა. მიცვალებულმა ამოისუნთქა‚ თვალი გაახილა‚ მაგრამ ვერ გაეგო
სად იმყოფებოდა. ბოლოს გაიხსენა‚ რაც მოხდა‚ კუბოდან წამოდგა და მუსტაფას
ფეხებში ჩაუვარდა.

– რით შემიძლია მადლობა გადაგიხადო‚ კეთილო სულო! – წამოიძახა მან. – შენ


ხომ საშინელი ტყვეობიდან დამიხსენი!

მუსტაფამ შეკითხვით შეაწყვეტინა მადლობის სიტყვები:

– ეს როგორ მოხდა‚ რომ გადაგარჩინე შენ და არა ფატმა‚ ჩემი და?..

ქალმა განცვიფრებით შეხედა:

– მხოლოდ ახლა მივხვდი‚ რისთვისაც გადამარჩინეთ‚ – უპასუხა მან. – იმ


სასახლეში ფატმა მე მერქვა‚ ამიტომაც წერილი და წამალი მე მომეცით.

ჩემმა ძმამ სთხოვა ამ ქალს მისი დისა და ზორაიდენის ამბავი მოეთხრო. ქალის
ნათქვამიდან გაიგო‚ რომ ორივე სასახლეში იმყოფებოდა. თიულის კანონის
მიხედვით მათაც სხვა სახელები მისცეს‚ ახლა მირზა და ნურმაჰალი ჰქვიათო.
როცა გადარჩენილმა ფატმამ დაინახა‚ რომ ჩემი ძმა საქმის ასეთი შეტრიალებით
ძალზე დაღონდა‚ დაჰპირდა, ორივე ქალიშვილის გადარჩენის საშუალებას
გამოვნახავო. ამით დაიმედებული მუსტაფა გამოცოცხლდა‚ სთხოვა მისთვისაც
განემარტა, რა საშუალებაზე ლაპარაკობდა.

ქალმა უთხრა:

– მხოლოდ ხუთი თვეა თიულის ყმა ვარ‚ თავიდანვე დავიწყე თავის დახსნაზე
ფიქრი. ეს ერთი ადამიანისათვის ძნელი იყო… სასახლის ეზოში შეამჩნევდი
შადრევანს. ამ შადრევანმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მამის სასახლეში შადრევანი
გვქონდა‚ რომელსაც წყალს დიდი მოცულობის მილი აწვდიდა. ამის გასაგებად‚ აქაც
თუ იყო ასე‚ შევუქე თიულის დიდებულება და ვკითხე: შადრევანი ვინ გააკეთა-
მეთქი. მე თვითონ გავაკეთეო‚ მიპასუხა. და ის‚ რასაც აქ ხედავ‚ ცოტაა. წყალი
სათავეს ათასი ნაბიჯის სიშორეზე – პატარა მდინარიდან ღებულობს. მერე მილების
ქსელში მიედინება. თითოეული მილი კაცის სიმაღლისაა. ყველაფერი ეს ჩემი
მითითებით გაკეთდაო. ამის მოსმენის შემდეგ ვინატრე – ქვეყნის მპყრობელს
ჩემთვის მამაკაცის ღონე მოეცა‚ შადრევნის გვერდიდან ქვის აწევა რომ შემძლებოდა.
მაშინ ხომ მოვახერხებდი გაქცევას‚ საითაც მოვისურვებდი. წყლის მილს გიჩვენებ‚
იმის საშუალებით შესძლებ ღამით სასახლეში შესვლას და საბრალო ტყვეების
გამოხსნას. თან, სულ ცოტა‚ ორი კაცი მაინც უნდა გახლდეს. ეს საჭიროა იმისათვის‚
რომ თავიდან მოიშორო მონები‚ რომლებიც მათ დარაჯობენ.

ასე ლაპარაკობდა ქალი. ჩემმა ძმამ კიდევ ერთხელ მოიკრიფა ძალ-ღონე და იმედი
მიეცა‚ იქნებ ალაჰის წყალობით ხელი მომემართოსო.

მან პირობა მისცა‚ ვიზრუნებ შენს სამშობლოში დაბრუნებაზე‚ თუკი დამეხმარები


სასახლეში შევიდეო. მაგრამ ერთი საფიქრებელი ჰქონდა‚ არ იცოდა სად ეშოვნა ორი
ან სამი მშველელი. ამასობაში გაახსენდა ორბაზანის ხმალი და პირობა. იგი
ფატმასთან ერთად სასწრაფოდ გამოვიდა აკლდამიდან ყაჩაღების საძებრად.

იმ ქალაქში‚ სადაც ექიმი გახდა‚ უკანასკნელი ფულით ცხენი იყიდა‚ ფატმა


დაასახლა ერთ ღარიბ ქალთან ქალაქგარეთ‚ თვითონ კი გასწია იქითკენ‚ სადაც
ორბაზანს პირველად შეხვდა. ადგილზე სამ დღეში მივიდა. მალე იპოვა კარავი და
მოულოდნელად წარდგა ორბაზანის წინაშე. ორბაზანი ძალზე მეგობრულად შეხვდა.
მუსტაფა მოუყვა თავის უშედეგო ცდებს. მუდამ პირქუში ორბაზანი სიცილს ვერ
იკავებდა‚ განსაკუთრებით მაშინ‚ როცა ექიმ ხაკამანკაბუდიბაბას იხსენებდა. ჯუჯას
ღალატზე მეტად გაბრაზდა. დაიფიცა‚ სადაც ვნახავ‚ საკუთარი ხელით
ჩამოვახრჩობო. ჩემს ძმას დახმარებას დაჰპირდა იმ პირობით‚ თუ მგზავრობის წინ
დაისვენებდა და მომაგრდებოდა. მუსტაფა იმ ღამესაც ორბაზანის კარავში დარჩა.
როცა ირიჟრაჟა‚ წამოდგნენ. ორბაზანმა თან წაიყვანა სამი მამაცი შეიარაღებული
ვაჟკაცი. ისინი ცხენთა ჭენებით ორ დღეში მივიდნენ პატარა ქალაქში‚ სადაც
მუსტაფამ გადარჩენილი ფატმა დატოვა. აქედან მასთან ერთად განაგრძეს გზა პატარა
ტყისაკენ. იქიდან თიულის სასახლე სულ ახლოს მოჩანდა. დაბინავდნენ და ღამეს
დაელოდნენ.
დაბნელდა. ფატმამ ისინი შეუმჩნევლად მიიყვანა მდინარესთან‚ საიდანაც წყლის
მილი იწყებოდა. ფატმა და ერთი მსახური ცხენებთან დატოვეს‚ თვითონ მდინარეში
ჩავიდნენ. ფატმამ კიდევ ერთხელ გაახსენა მათ:

– შადრევანით სასახლის შიგა ეზომდე მიხვალთ. იქ მარჯვნივ და მარცხნივ‚


კუთხეში ორი კოშკიაო. მარჯვენა კოშკის მეექვსე კარებში იმყოფებიან ფატმა და
ზორაიდენი. მათ ორი შავი მონა იცავსო.

იარაღითა და რკინის სატეხებით შეიარაღებული მუსტაფა‚ ორბაზანი და ორი სხვა


კაცი წყლის მილში შევიდნენ. ნახევარი საათის შემდეგ ჭას მიადგნენ და რკინის
სატეხით კედლის მონგრევა დაიწყეს. კედელი სქელი და მაგარი გამოდგა‚ მაგრამ
ოთხი კაცის შეერთებულ ძალას დიდხანს ვერ გაუძლო. მალე ისეთი მოზრდილი
გასასვლელი გამოანგრიეს‚ მასში ადვილად შეეძლოთ გაძვრომა. პირველად
ორბაზანი გაძვრა და დანარჩენებს მიეხმარა. როცა ყველა ეზოში აღმოჩნდა‚
შეეცადნენ აღწერილი კარის პოვნას. სამწუხაროდ‚ კარის აღმოჩენა არც ისე ადვილი
გამოდგა: მარჯვენა კოშკიდან მარცხნისაკენ ერთი კარი აქოლილი დაუხვდათ. არ
იცოდნენ‚ ფატმამ ეს კარიც ჩათვალა‚ თუ გამოტოვა. ორბაზანი დიდხანს არ
დაფიქრებულა.

– ჩემი ბასრი ხმალი ყველა კარს გამოაღებს‚ – დაიძახა მან და მეექვსე კართან
მივიდა. დანარჩენებიც მიჰყვნენ. კარი გააღეს და ძირს მწოლიარე ექვსი მონა იპოვეს.
მონებს ეძინათ. მათ ისევ უკან გამობრუნება უნდოდათ. ამ დროს კუთხიდან ვიღაც
წამოდგა და ნაცნობი ხმით შველა ითხოვა. ეს იყო ორბაზანის ყოფილი ბანაკელი
ჯუჯა. სანამ შავი მონები გონს მოვიდოდნენ‚ ორბაზანი ჯუჯასთან მივარდა‚ ქამარი
მოგლიჯა‚ პირში ჩასჩარა და ხელები ზურგზე შეუკრა. მერე მიბრუნდა მონებისაკენ‚
რომლებიც მუსტაფასა და ორ დანარჩენს უკვე ნახევრად შეეკრათ‚ მათ საქმის
დამთავრებაში მიეხმარა. მონებს გულზე ხმალი დააჭირეს და ჰკითხეს‚ სად
იმყოფებიან ნურმაჰალი და მირზაო‚ მათ უთხრეს‚ გვერდით ოთახში არიანო.
მუსტაფა ოთახში შევარდა‚ ფატმა და ზორაიდენი იპოვა. ისინი ხმაურს გაეღვიძებინა.
ქალიშვილებმა სწრაფად აკრიფეს თავიანთი სამკაულები და მუსტაფას გაჰყვნენ.
ორივე ყაჩაღმა ორბაზანს შესთავაზა‚ თან წაეღოთ‚ რასაც კი იპოვნიდნენ. ორბაზანმა
დაუშალა და უთხრა: არავინ არ უნდა თქვას ორბაზანზე‚ ოქროს მოსაპარად ღამე
სახლებში დაძვრებაო.

მუსტაფა და გადარჩენილები სწრაფად ჩაძვრნენ წყლის მილში‚ ორბაზანიც


დაჰპირდა‚ ახლავე მოგყვებითო. როცა ისინი წყლის მილში ჩაიმალნენ‚ ორბაზანმა
და ერთმა ყაჩაღმა ჯუჯა ეზოში გამოიყვანეს‚ ყელზე აბრეშუმის თოკი მოაბეს‚
რომელიც ამისათვის ჰქონდათ წამოღებული და შადრევნის ყველაზე მაღალ წვეტზე
ჩამოჰკიდეს. წყეული მოღალატე რომ დასაჯეს‚ თვითონაც წყლის მილში ჩავიდნენ
და მუსტაფას გაჰყვნენ. ორივე ქალიშვილმა აცრემლებული თვალებით მადლობა
გადაუხადა მამაც ორბაზანს. მან კი ურჩია‚ ჩქარა გაქცეულიყვნენ: ადვილად
შეიძლებოდა თიულის ყველა მიმართულებით მდევარი გამოეგზავნა. მუსტაფა და
გადარჩენილი მონები ორბაზანს გულთბილად დასცილდნენ. ფატმა კი‚ –
განთავისუფლებული მონა ქალი‚ – გადაცმული წავიდა ბალსორაში‚ რომ იქიდან
თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო. ხანმოკლე და ბედნიერი მგზავრობის შემდეგ‚
სამშობლოში მოვიდნენ ჩემიანები. მოხუცი მამა მათი ნახვით კინაღამ ჭკუაზე შეცდა.
მათი მოსვლის მეორე დღეს დიდი ქეიფი გაიმართა. მთელი ქალაქი იყო მიწვეული.
ამ დიდი შეკრებულობის – ნათესავებისა და მეგობრების წინაშე‚ ჩემს ძმას თავისი
ამბავი უნდა მოეთხრო. თავშეყრილებმა შეაქეს იგი და კეთილშობილი ყაჩაღი. როცა
ძმამ დაამთავრა‚ მამა წამოდგა და ზორაიდენი მოუყვანა.

– გიხსნი წყევლას‚ – საზეიმო ხმით განაცხადა მან. – წაიყვანე ეს‚ როგორც


ბრძოლით მოპოვებული საჩუქარი. მიიღე ჩემი მამობრივი კურთხევა. დაე‚ ჩვენს
ქალაქს ნუ მოაკლდებიან ისეთები‚ რომლებიც ძმური სიყვარულით‚ ჭკუითა და
მამაცობით შენ გემსგავსებიან!

ქარავანმა უდაბნო გალია და მგზავრები მხიარულად მიესალმნენ მწვანე‚ დაბურულ


ტევრს‚ რომელიც დიდი ხანია ენატრებოდათ. ფუნდუკი‚ სადაც ღამის გასათევად
გაჩერდნენ‚ საუცხოო ადგილზე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა‚ რომ კარგად
მოწყობილი მაინცდამაინც არ იყო‚ მთელ საზოგადოებას წინანდელზე უფრო
მხიარულად ეჭირა თავი. იმ აზრმა‚ რომ საშიშროება და სიძნელეები‚ რაც უდაბნოში
მგზავრობას ახლავს ხოლმე‚ უკვე უკან მოიტოვეს‚ ყველას გული გაუმხიარულა‚ კარგ
გუნებაზე დააყენა და გართობის სურვილი მოჰგვარა.

ახალგაზრდა ვაჭარმა მულეიმ სახუმარო ცეკვა ჩამოუარა და სიმღერაც წამოიწყო‚


რითაც ბერძენი ცალეუკოსის ღიმილიც კი გამოიწვია. მან თავისი თანამგზავრები
ცეკვითა და სიმღერით საკმაოდ რომ გაართო და ხტუნვით გული კარგად იჯერა‚
დაიწყო დაპირებული მოთხრობა‚ რომელსაც „პატარა მუკის ამბავი” უწოდა.

პატარა მუკის ამბავი

ჩემს საყვარელ ქალაქ ნიკეაში ცხოვრობდა ერთი კაცი. მას პატარა მუკს ეძახდნენ.
მაშინ ჯერ კიდევ სულ პატარა ვიყავი‚ მაგრამ მუკი მშვენივრად მახსოვს.

უფრო იმიტომ დამახსომდა‚ რომ მის გამო მამაჩემმა ერთხელ ცემით სიკვდილის
პირამდე მიმიყვანა. იმ დროს პატარა მუკი უკვე მოხუცებული იყო‚ სიმაღლით კი სამ-
ოთხ ფუტს ძლივს აღწევდა. გარეგნობაც ძალზე უცნაური ჰქონდა. მის პატარა და
კოხტა ტანს უშველებელი თავი ება. პატარა მუკი დიდ სახლში სრულიად
მარტოდმარტო ცხოვრობდა და‚ ასე გასინჯეთ‚ სადილსაც თვითონ იმზადებდა.

ქალაქის მცხოვრებლები მისი სახლის საკვამურიდან ამოსული სქელი კვამლით


ხვდებოდნენ მის სიცოცხლეს‚ თორემ ქუჩაში მხოლოდ თვეში ერთხელ გამოდიოდა.

უფრო ხშირად სახლის სახურავზე ხედავდნენ‚ სადაც პატარა მუკი ბოლთასა


სცემდა ხოლმე.
ქუჩიდან ხალხს ისე ეჩვენებოდა‚ თითქოს მხოლოდ მისი უშველებლი თავი
დაგორავდა სახურავზე.

მე და ჩემი ამხანაგები ცელქები ვიყავით‚ ყველას ვაბრაზებდით და დავცინოდით.

ამიტომაც ის დღე‚ როდესაც პატარა მუკი სახლიდან უნდა გამოსულიყო‚ ჩვენთვის


ნამდვილი დღესასწაული ხდებოდა.

ასეთ დროს ჩვენ ყველანი მისი სახლის წინ ვიკრიბებოდით და მის გამოჩენას
ველოდით.

გაიღებოდა კარი და ჯერ მისი უზარმაზარი თავი გამოჩნდებოდა‚ რომელსაც მასზე


დიდი ჩალმა ეხვია. შემდეგ მოჰყვებოდა ძველ ხალათსა და განიერ შარვალში
გამოწყობილი პატარა ტანი. წელზე ფართო სარტყელი და ზედ გრძელი ხანჯალი
ეკიდა.

ხანჯალი ისეთი გრძელი იყო‚ კაცი ვერ გაიგებდა‚ მუკი ეკიდა ხანჯალს თუ
ხანჯალი მუკს.

მუკის ასეთი სახით გამოჩენა ჩვენში დიდ სიხარულს იწვევდა და მხიარული


შეძახილები გაისმოდა.

ჩვენ ქუდებს ჰაერში ვისროდით და გადარეულებივით ვცეკვავდით მუკის


გარშემო.

პატარა მუკი მედიდურად დაგვიკრავდა თავს და ნელი ნაბიჯით ქუჩას


გადასჭრიდა. სიარულის დროს ფეხებს ძალზე სასაცილოდ აფრატუნებდა: ისეთი
დიდი და განიერი ქოშები ეცვა‚ ჩემს სიცოცხლეში მსგავსი რამ არ მინახავს. ჩვენ კი‚
ბიჭები‚ უკან მივდევდით და მივძახოდით:

„პატარა მუკო‚ პატარა მუკო!”

მუკს ლექსიც კი გამოვუთქვით და ზოგჯერ მის პატივსაცემად ვმღეროდით ხოლმე:

შენ პატარა მუკო‚ შენა‚

სახლში ხარ და გიდუმს ენა.

სახლი გაქვს და ჩია მხრებით

გარეთ თვეში ერთხელ ჩნდები.

ხარ მამაცი‚ გამბედავი

და მთასავით გადგას თავი.

მუკ‚ გამოდი‚ გელით გარეთ‚

შენი ნახვით გაგვახარე.


ასე ვერთობოდით. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო‚ რომ მე ყველაზე მეტად
ვაბრაზებდი. მივეპარებოდი და ხალათის კალთაში ვტაცებდი ხელს. ერთხელ
უკანიდან ქოშზე ფეხი ისე დავადგი‚ საწყალი მუკი წაიქცა. ეს ძალზე სასაცილო
ამბად მეჩვენა და ბევრიც ვიხარხარე. ხუმრობის ხალისი სულ დამეკარგა‚ როდესაც
მუკი მამაჩემის სახლისკენ მიმავალი შევნიშნე.

ის მართლაც შევიდა შიგ და მცირე ხანს ჩვენთან დარჩა. მე კარს უკან დავიმალე და
დავინახე‚ როგორ გამოვიდა პატარა მუკი‚ რომელიც მამაჩემმა გამოაცილა‚ დიდი
პატივისცემითა და მრავალჯერ თავის დაკვრით გამოემშვიდობა.

ცოტა არ იყოს‚ ცუდ გუნებაზე დავდექი და კიდევ დიდხანს ვიჯექი ჩემს


თავშესაფარში. მაგრამ ბოლოს შიმშილმა‚ რაც ცემაზე ადვილი ასატანი როდი
გამოდგა‚ გამომიყვანა იქიდან და უსიტყვოდ‚ თავჩაქინდრული მამას გამოვეცხადე:

– შენ‚ როგორც გავიგე‚ პატარა მუკი გაგიჯავრებია‚ არა? – ერთობ სერიოზულად


მითხრა მან. – გიამბობ პატარა მუკის თავგადასავალს და დარწმუნებული ვარ‚
არასოდეს აღარ დასცინებ. მაგრამ იცოდე‚ ამბის მოყოლის წინ და დამთავრების
შემდეგ მიიღებ ღირსეულ „გასამრჯელოს”.

ეს „გასამრჯელო” კი გახლდათ ოცდახუთი წკეპლა‚ რომელსაც ყოველთვის


ზუსტად ითვლიდა ხოლმე.

ამის შემდეგ აიღო თავისი გრძელი ჩიბუხი‚ მოხსნა ქარვის თავი და ისე
გამიმასპინძლდა‚ როგორც არასდროს.

ოცდახუთი წკეპლა რომ დამკრა‚ მიბრძანა‚ ყურადღებით მომესმინა‚ და პატარა


მუკის ამბავი დაიწყო:

– პატარა მუკის მამას თავდაპირველად მუკრა ერქვა. იგი ღარიბი‚ მაგრამ


პატივცემული კაცი იყო ჩვენს ქალაქში. ისევე განმარტოებით ცხოვრობდა‚ როგორც
ახლა მისი შვილი. შვილი არ უყვარდა იმის გამო‚ რომ ჩია ტანი ჰქონდა.
ერცხვინებოდა. ბავშვი თავის ნებაზე მიუშვა და არავითარი განათლება არ მისცა.

თექვსმეტი წლის მუკი ჯერ კიდევ მხიარული ბავშვი ჩანდა. მამა ხშირად
უსაყვედურებდა‚ ბავშვობა დიდი ხანია უნდა გაგეთავებინა‚ შენ კი ასეთი ტუტუცი
ხარო.

მოხუცს ერთხელ უბედურება ეწვია: უხერხულად დაეცა და ამ ამბავს გადაჰყვა


კიდეც. პატარა მუკი სრულიად მარტო‚ ღარიბი და გაუთლელი დარჩა.

გულქვა ნათესავებმა‚ რომელთა ვალი განსვენებულს მეტი ჰქონდა‚ ვიდრე შეეძლო


გადაეხადა‚ სახლიდან გამოაგდეს პატარა მუკი და ურჩიეს‚ ბედის საძებნელად
ქვეყნად გასულიყო.

პატარა მუკმა თქვა‚ წასასვლელად მზად ვარო‚ მხოლოდ ითხოვა‚ მამის


ტანსაცმელი მიეცათ. ამ თხოვნაზე უარი არ მიუღია.
მამამისი მაღალი და წარმოსადეგი კაცი იყო‚ ცხადია‚ მისი ტანსაცმელი მუკს არ
მოერგებოდა. მაგრამ მუკმა მალე გამოძებნა გამოსავალი – შეაჭრა‚ რაც სამოსს
გრძელი ჰქონდა და ისე ჩაიცვა. მაგრამ‚ როგორც ჩანს‚ დაავიწყდა‚ რომ ტანსაცმელი
სიგანეშიც ფართო იყო‚ ამიტომაც მისი მორთულობა ასე უცნაურია. დიდი ჩალმა‚
ფართო სარტყელი‚ განიერი შარვალი‚ ლურჯი ხალათი‚ ყოველივე ეს მამისაგან
მიღებული მემკვიდრეობის მონარჩენია და ამ ტანსაცმელს‚ როგორც ხედავ‚ დღესაც
არ იშორებს.

გამგზავრების წინ მამის გრძელი ხანჯალი სარტყელში გაირჭო‚ ხელში ჯოხი


დაიჭირა და გზას გაუდგა.

მთელი დღის განმავლობაში მხიარულად მოგზაურობდა‚ ის ხომ ბედის


საძებნელად მიდიოდა!

საკმარისი იყო მიწაზე სხივებით აბრჭყვიალებული რაიმე ნატეხი დაენახა‚ მაშინვე


შეინახავდა და ეგონა‚ უმშვენიერეს ალმასად გადაიქცევაო. შორს‚ ცეცხლივით
მოკიაფე მეჩეთის გუმბათს‚ ანდა სარკესავით მოელვარე ზღვის ზედაპირს რომ
დაინახავდა‚ სიხარულით გარბოდა იქითკენ: ზღაპრულ ქვეყანაში მოვხვდიო. მაგრამ
დახეთ უბედურებას! მომხიბლავი სურათები მიახლოებისთანავე ქრებოდნენ‚
დაღლილობისა და შიმშილისაგან დასუსტებული მუცელი მალე კვლავ სინამდვილეს
უბრუნებდა. ახსენდებოდა‚ რომ ისევ მოკვდავთა ქვეყანაში სუნთქავდა.

მშიერმა და მოქანცულმა ასე იარა ორ დღეს. უკვე ეჭვიც შეეპარა‚ რომ ბედს ეწეოდა.
მინდვრის მცენარეთა ნაყოფი მისი ერთადერთი საზრდო იყო‚ საწოლად კი ხრიოკი
მიწა ჰქონდა.

მესამე დღე გათენდა. მაღლობიდან დიდი ქალაქი დაინახა. ნახევარმთვარეები


თვალისმომჭრელად ბრწყინავდნენ მინარეთებზე.

სახურავებზე ჭრელი ბაირაღები ფრიალებდა‚ თითქოს პატარა მუკს თავისთან


უხმობენო.

პატარა მუკი ჩუმად იდგა‚ განცვიფრებით ათვალიერებდა ქალაქსა და მის


მიდამოებს. – აი‚ აქ ვიპოვი ჩემს ბედს‚ – გაიფიქრა და‚ მიუხედავად დაღლილობისა‚
ერთი ლამაზად შეიკუნტრუშა კიდეც. აქ‚ ან არსად!… უკანასკნელი ძალ-ღონე
მოიკრიბა და ქალაქისაკენ გასწია.

მიუხედავად იმისა‚ რომ ქალაქი თითქოს სულ ახლოს ჩანდა‚ მუკმა მას მხოლოდ
შუადღისას მიაღწია. პატარა ფეხები თითქმის აღარ ემორჩილებოდა. იძულებული
იყო ხშირად ჩამომჯდარიყო პალმების ჩრდილში და დაესვენა.

ბოლოს‚ როგორც იქნა‚ ქალაქის კარამდე მიაღწია‚ ხალათი შეისწორა‚ ჩალმა უკეთ
მოიხვია თავზე‚ სარტყელი უფრო ფართოდ შემოიკრა‚ შიგ გრძელი ხანჯალი ირიბად
გაირჭო‚ მტვრიანი ფეხსაცმელი გაიბერტყა‚ ჯოხი მოიმარჯვა და ქალაქში მხნედ
შეაბიჯა.
მუკმა უკვე რამდენიმე ქუჩა გაიარა‚ მაგრამ მისთვის კარი არსად არ გაუღიათ‚
არსად არ დაუძახიათ‚ როგორც მას წარმოედგინა: „პატარა მუკ‚ შემოდი ჩვენსა‚ ჭამე
და სვი‚ მოასვენე შენი პატარა ფეხები!”

ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა ერთ დიდსა და ლამაზ შენობას. ამ დროს


სარკმლიდან მოხუცებულმა ქალმა გადმოიხედა და წაიმღერა:

ჩემთან მოდით დილით‚ ადრე‚

ფაფა უკვე გავამზადე.

მეზობლებო‚ ყველას გელით‚ –

მაქვს საჭმელი გემრიელი.

ჩემთან მოდით დილით ადრე‚

ფაფა უკვე გავამზადე.

სახლის კარი გაიღო და მუკმა დაინახა, როგორ შედიოდა შიგ აუარებელი კატა და
ძაღლი.

ერთ ხანს უძრავად იდგა‚ არ იცოდა‚ მასაც მიეღო მიპატიჟება თუ არა. ბოლოს
გული გაიმაგრა და გადაწყვიტა შესულიყო:

მის წინ მიმავალ ორ კატის კნუტს გაჰყვა: სამზარეულოს გზა‚ ცხადია‚ კატებს უკეთ
ეცოდინებოდათ.

როცა კიბე აიარა‚ წინ სწორედ ის დედაბერი შეხვდა‚ რომელმაც სარკმლიდან


გადმოიხედა. ქალმა დაუბღვირა და ჰკითხა‚ აქ რა გინდაო.

– შენ ხომ ყველას ეპატიჟებოდი ფაფაზე‚ – უპასუხა პატარა მუკმა. – მე კი საკმაოდ


მშიერი გახლავარ‚ ამიტომაც მოვედი.

დედაბერმა გაიცინა და თქვა:

– საიდან მოსულხარ‚ უცნაურო ყმაწვილო? მთელმა ქალაქმა იცის‚ რომ მხოლოდ


ჩემი საყვარელი კატებისათვის ვამზადებ სადილს და მეტი არავისთვის. ზოგჯერ მათ
მეზობელ კატებსაც ვპატიჟებ ხოლმე. ამას შენც კარგადა ხედავ.

პატარა მუკმა უამბო მოხუც ქალს‚ თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მამის


სიკვდილის შემდეგ‚ და სთხოვა‚ ნება დამრთე დღეს შენს კატებთან ერთად მეც
დავნაყრდეო. ქალს პატარა მუკის გულახდილობა ძალზე მოეწონა‚ ნება დართო,
დღეს მისი სტუმარი ყოფილიყო და კარგადაც დაანაყრა. როცა მუკმა კუჭი ამოიყორა‚
ქალმა მას კარგად ახედ-დახედა‚ მერე უთხრა:

– პატარა მუკო‚ დარჩი ჩემთან‚ მემსახურე: სულ უმნიშვნელო საქმე გექნება‚


გასამრჯელოს კი კარგს მიიღებ.
პატარა მუკი‚ რომელსაც კატების ფაფა მეტისმეტად მოეწონა‚ დათანხმდა და
ქალბატონ აჰავცის მოსამსახურედ დაუდგა.

მას ადვილი‚ მაგრამ უცნაური სამუშაო დაეკისრა: ქალბატონ აჰავცის ორი ხვადი
და ოთხი ძუ კატა ჰყავდა. პატარა მუკს ყოველ დილით უნდა დაევარცხნა ისინი და
მათთვის ძვირფასი საცხებელი წაესვა.

როდსაც ქალბატონი სადმე წავიდოდა‚ მუკს კატებისათვის თვალყური უნდა


ედევნებინა. ჭამის დროს მათ ჯამებს წინ დაუდგამდა‚ ღამით კი აბრეშუმის
ბალიშებსა და ხავერდის საბნებში დააძინებდა.

სახლში რამდენიმე ძაღლიც იყო. მათი მომსახურებაც მუკს ევალებოდა. მაგრამ


ფინიებთან იმდენი დავიდარაბა არ უხდებოდა‚ როგორც კატებთან. ისინი ქალბატონ
აჰავცის ხომ საკუთარი შვილებივით უყვარდა!

საერთოდ‚ პატარა მუკი დედაბერთან ისევე განმარტოებით ცხოვრობდა‚ როგორც


მამის სახლში. მთელი დღე კატებისა და ძაღლების მეტს ვერაფერს ხედავდა.

რამდენსამე ხანს მუკი მშვენივრად გრძნობდა თავს. მას მუდამ ჰქონდა საჭმელი‚
სამუშაო მაინცდამაინც არ ღლიდა. ქალბატონი აჰავციც‚ ეტყობოდა‚ მუკით საკმაოდ
კმაყოფილი ბრძანდებოდა.

რაც დრო გადიოდა‚ კატები უფრო გაეშმაკდნენ. საკმარისი იყო მოხუცი ქალი
სახლიდან გასულიყო‚ რომ კატები მთელ ბინაში ცოფიანებივით დაიწყებდნენ
ხტომას. რაც კი თვალში მოხვდებოდათ‚ ყველაფერს ძირს ყრიდნენ და ბევრ მშვენიერ
ჭურჭელს ამსხვრევდნენ.

მაგრამ საკმარისი იყო კიბეზე მოხუცი ქალის ფეხის ხმა გაეგონათ‚ თავიანთ
ბალიშებზე ნებივრად აძვრებოდნენ და‚ თითქოს აქ არაფერი მომხდარაო‚
კუდაბზეკილი ეგებებოდნენ მას. ქალბატონს ყველაფერი გადატრიალებული და
არეული ხვდებოდა მის ოთახში‚ მეტად ბრაზდებოდა და ყოველივე ამას პატარა მუკს
აბრალებდა. რამდენიც არ უნდა ეფიცა მუკს‚ უდანაშაულო ვარო‚ ქალბატონს მაინც
თავის მსახურზე მეტად კატებისა სჯეროდა. ისინი კი ასე მიამიტად
გამოიყურებოდნენ.

პატარა მუკი ძალზე დაღონდა. მან ხომ აქაც ვერ ჰპოვა ბედნიერება. ამტომ
გადაწყვიტა‚ თავი დაენებებინა ქალბატონ აჰავცისთან სამსახურისათვის.

მუკმა პირველი მოგზაურობიდანვე იცოდა‚ რა ძნელია უფულოდ ცხოვრება.

– რადაც არ უნდა დამიჯდეს‚ უნდა მივიღო გასამრჯელო‚ – გაიფიქრა მან. –


ქალბატონი მუდამ მპირდება‚ მაგრამ არასოდეს სიტყვას არ ასრულებს.

ქალბატონ აჰავცის სახლში ერთი ოთახი მუდამ დაკეტილი იყო‚ მუკი შიგ
არასოდეს არ შესულა.

მუკს ხშირად სმენია‚ როგორ ფაციფუცობდა იქ დედაბერი. იგი სიცოცხლეს არ


დაიშურებდა‚ ოღონდ გაეგო‚ რას ინახავდა იმ ოთახში მოხუცი.
სამგზავრო ფული რომ დასჭირდა‚ იფიქრა‚ იქნებ მასში ბებრის განძეულობა
ინახებაო. მაგრამ კარები მუდამ მაგრად იყო დაკეტილი და ფიქრი ფიქრად რჩებოდა.

ერთ დილას‚ როცა ქალბატონი აჰავცი სადღაც წავიდა‚ პატარა ძაღლმა პირი
წაავლო მის განიერ შარვლის ტოტს და მანჭვა-გრეხით ანიშნა გაჰყოლოდა. ამ ძაღლს
აჰავცი გერივით ეპყრობოდა და მუკმა იგი ათასნაირი პირმოთნე საქციელით
გადმოიბირა.

მუკი‚ რომელიც ძაღლებს სიამოვნებით ეთამაშებოდა ხოლმე‚ გაჰყვა მას და, დახეთ
საკვირველებას! ძაღლმა იგი მიიყვანა ქალბატონ აჰავცის საწოლი ოთახის პატარა
კარებთან‚ რომელიც მუკს წინათ არასოდეს შეუნიშნავს. კარები ნახევრად ღია ჩანდა.

ძაღლი შიგ შევიდა‚ მუკიც მიჰყვა და წარმოიდგინეთ‚ როგორ გაუხარდა‚ როდესაც


სრულიად მოულოდნელად დიდი ხნის ნანატრ ოთახში აღმოჩნდა. მან ოთახის ყველა
კუნჭული დაათვალიერა‚ იქნებ სადმე ფული ვიპოვოო‚ მაგრამ ამაოდ.

ოთახში ძველი ტანსაცმლისა და უცნაური ფორმის ჭურჭლის მეტი ვერაფერი


შეამჩნია. განსაკუთრებით ერთმა საოცარმა ჭურჭელმა მიიპყრო მისი ყურადღება. ეს
იყო ლამაზად მოხატული ბროლის თასი. მუკმა შეატრიალ-შემოატრიალა‚ მაგრამ‚
საუბედუროდ‚ სახურავი გადმოვარდა და დაიმსხვრა.

პატარა მუკი დიდხანს იდგა შიშისაგან გაქვავებული. ახლა მისი ბედი გადაწყდა…
უთუოდ უნდა გაიქცეს‚ თორემ დედაბერს ცოცხალი ვერ გადაურჩება!

მაშინვე გადაწყვიტა წასვლა და კიდევ ერთხელ მიმოავლო თვალი ოთახს: იქნებ


ქალბატონ აჰავცის ბარგი-ბარხანიდან რამე გამომადგეს სამგზავროდო.

თვალში მოხვდა უზარმაზარი ქოშები. მართალია, ეს ფეხსაცმელი არცთუ ისე


ლამაზი იყო, მაგრამ მუკს საკუთარი ქოშები უკვე აღარ უვარგოდა‚ გარდა ამისა‚
პატარა ფეხსაცმელებში მუკი ყველას ბავშვი ეგონა. მან სწრაფად გაიძრო ძველი
ქოშები და ახალი ჩაიცვა. იქვე კუთხეში კოხტად ამოთლილი ლომისთავიანი ჯოხი
დაინახა. აქ მაინც უქმად უნდა იყოსო‚ გაიფიქრა‚ აიღო ისიც და გავიდა. ჩქარი
ნაბიჯით გაემართა თავისი ოთახისაკენ‚ ჩაიცვა პალტო‚ შემოიხვია მამისეული
ჩალმა‚ ქამარში ხანჯალი გაირჭო და გაიქცა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა. დედაბრის
შიშით ქალაქს სწრაფად გაშორდა. ასე თავის სიცოცხლეში არ უვლია. დიახ‚ მას ისე
ეჩვენებოდა‚ თითქოს შეუსვენებლად შეეძლო სირბილი‚ თითქოს რაღაც უხილავი
ძალა ეწეოდა წინ. ბოლოს შეამჩნია: მთელი ეს ამბავი ქოშების მიზეზით უნდა
ყოფილიყო. ისინი საოცარი ძალით წინ მიაქანებდნენ. მუკი ყოველნაირად
ცდილობდა გაჩერებულიყო‚ მაგრამ ვერ ახერხებდა. ბოლოს თითქმის
ღონემიხდილმა თავისთვის შეიძახა‚ სწორედ ისევე‚ როგორც ცხენს შეჰყვირებენ
ხოლმე:

– დრრ‚ დადექ!

ქოშები გაჩერდნენ. დაქანცული მუკი მიწაზე დაეცა. მას არაჩვეულებრივად


ახარებდა‚ რომ ასეთი ქოშების პატრონი გახდა. თავისი სამსახურის გასამრჯელოდ
რაღაც ხომ მიიღო! ეს კი ქვეყნად ბედის ძებნაში დაეხმარებოდა.
თუმცა ძალზე გახარებული იყო‚ მაგრამ მაინც ჩაეძინა. მის პატარა ტანს‚ რომელსაც
ესოდენ დიდი თავი უნდა ეტარებინა‚ მეტი აღარ შეეძლო‚ საშინლად დაიქანცა.

დაესიზმრა ის პატარა ძაღლი‚ რომელმაც აჰავცის სახლში ქოშებთან მიიყვანა.


ძაღლმა უთხრა:

– ძვირფასო მუკ‚ ხომ გაიგე ქოშების დანიშნულება‚ მაგრამ მათი სწორად ხმარება
ალბათ ჯერ არ იცი. დაიხსომე‚ თუ ქუსლებზე სამჯერ შემოტრიალდები‚ მაშინვე
გაფრინდები საითკენაც გსურს‚ ხოლო ჯოხით შეგიძლია განძეულობა იპოვო: სადაც
ოქროა ჩამარხული‚ იქ ჯოხი სამჯერ დახტება მიწაზე‚ სადაც ვერცხლია – ორჯერ.

ეს დაესიზმრა პატარა მუკს. როცა გამოიღვიძა‚ არაჩვეულებრივი სიზმარი


გაიხსენა: ჩაიცვა ქოშები‚ ცალი ფეხი ასწია და ქუსლზე შემოტრიალდა.

თუ ვინმეს ოდესმე უცდია ასეთ განიერ ქოშებში სამჯერ ზედიზედ შემოტრიალება‚


არ გაუკვირდება‚ რომ პატარა მუკმა მაშინვე ეს ვერ მოახერხა. მით უმეტეს‚ თუ
გავიხსენებთ‚ რომ მას თავისი მძიმე თავი ხან ერთ მხარეს გადასძლევდა‚ ხან მეორეს.
რამდენჯერმე ცხვირით მიწასაც კი დაასკდა საწყალი‚ მაგრამ მაინც არ ეპუებოდა‚
კვლავ განაგრძობდა ცდას. ბოლოს‚ როგორც იქნა‚ ბედმა გაუღიმა‚ ბორბალივით
შემოტრიალდა ქუსლზე: ისურვა დიდი ქალაქი‚ ქოშებმა ჰაერში აიტაცეს და ქარივით
გააქანეს ღრუბლებში.

ვიდრე პატარა მუკი გონს მოვიდოდა‚ უკვე ბაზრის მოედანზე აღმოჩნდა‚ სადაც
მრავალი დუქანი იყო და უთვალავი ხალხი ფუსფუსებდა. მუკი ერთ ხანს ხალხში
აქეთ-იქით დაძრწოდა‚ მერე საჭიროდ ჩათვალა განმარტოებული ქუჩისკენ
წასულიყო. ბაზარში ფეხს ადგამდნენ ქოშებზე. რამდენჯერმე კინაღამ წაიქცა‚ ხან კი
თვითონ გამოსდებდა ხოლმე ვინმეს თავის ხანჯალს‚ ასე რომ‚ ცემას ძლივს
გადაურჩა.

პატარა მუკი ფიქრებს მიეცა‚ აღარ იცოდა‚ როგორ მოქცეულიყო. იქნებ ერთი
ნატეხი ოქრო მაინც ეპოვა სადმე. მართალია, მის ჯოხს შეეძლო დამალული
განძეულობის გამოძებნა‚ მაგრამ სად იყო ადგილი‚ სადაც ოქრო და ვერცხლი
ინახებოდა?

ბოლოს გაახსენდა თავისი ქოშები. გადაწყვიტა შიკრიკად მოწყობილიყო. იმედი


ჰქონდა‚ ასეთ სამუშაოში ყველაზე მეტ გასამრჯელოს ქალაქის მეფე გადაუხდიდა.
ამიტომაც გასწია სასახლისაკენ ამბის გასაგებად.

სასახლის მცველებმა ჰკითხეს‚ აქ რას დაეძებო. მან უპასუხა‚ სამსახურსო. მაშინ ის


მონების ზედამხედველთან გაგზავნეს‚ რომელსაც მოახსენა‚ მეფის შიკრიკად
დადგომა მსურსო.

ზედამხედველმა თავით ფეხთამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა:

– როგორ‚ შენი პაწაწინა‚ გოჯის სიგრძე ფეხებით გინდა მეფის შიკრიკი გახდე?
გაეთრიე აქედან‚ მე აქ იმისათვის კი არ ვზივარ‚ ყოველ სულელთან ვილაზღანდარო!
მაგრამ პატარა მუკმა დაარწმუნა‚ რომ სავსებით სერიოზულად ითხოვდა ამას და
ყველაზე სწრაფ შიკრიკთან შესაჯიბრებლადაც მზად იყო. ზედამხედველს ეს ამბავი
ფრიად სასაცილოდ ეჩვენა. უბრძანა მუკს‚ საღამოს შეჯიბრებისათვის
მომზადებულიყო. შეიყვანა სამზარეულოში და იზრუნა‚ კარგად დაენაყრებინათ.
თვითონ კი გაემართა მეფისაკენ‚ მუკის ამბავი მოახსენა და მისი თხოვნა გადასცა.

მეფე მხიარული ადამიანი იყო. მას ძალზე მოეწონა‚ რომ მონების ზედამხედველმა
ეს პატარა კაცი სასახლეში სამასხარაოდ დატოვა. უბრძანა‚ მიეღო საჭირო ზომები
სასახლის უკან დიდ მინდორზე შეჯიბრების მოსაწყობად‚ რათა სამეფო კარს
მოხერხებულად ეცქირა. მითითება მისცა აგრეთვე პატარა კაცუნაზე კარგად ეზრუნა.

მეფემ უამბო უფლისწულებსა და სეფექალებს, თუ რა სანახაობა მოელოდათ ამ


საღამოს. ამათ მსახურებს მოუთხრეს. საღამოს ყველა ცნობისმოყვარე‚ ვისაც
სიარული შეეძლო‚ მინდვრისაკენ გაეშურა.

მინდორზე ფიცარნაგი გაეშენებინათ‚ რომ ტრაბახა ქონდრისკაცისათვის


ეყურებინათ მოხერხებულად.

როდესაც მეფემ და ბატონიშვილებმა ფიცარნაგზე ადგილი დაიკავეს‚ პატარა მუკი


მინდორზე გამოვიდა და თავის მოხდენილი დაკვრით მიესალმა იქ მყოფ
მაღალსაზოგადოებას.

პატარა მუკის დანახვაზე გაისმა სიხარულის შეძახილები‚ ასეთი მოყვანილობის


კაცი ჯერ არასოდეს ენახათ. პატარა ტანი უზარმაზარი თავით‚ პალტო და ფართო
შარვალი‚ განიერ ქამარში გარჭობილი გრძელი ხანჯალი‚ დიდ ქოშებში წაყოფილი
პატარა ფეხები – ნამდვილად სასაცილო შესახედავს ხდიდა მას. მათ ხმამაღლა
გადაიხარხარეს‚ მაგრამ პატარა მუკი ამ სიცილს არ დაუბნევია. ამაყად იდგა თავის
ჯოხზე დაყრდნობილი და მოწინააღმდეგეს უცდიდა.

მონების ზედამხედველმა თვით მუკის სურვილისამებრ ყველაზე უკეთესი


მორბენალი გამოძებნა. ის გამოვიდა‚ დადგა პატარა მუკის გვერდით და ორივე
ნიშნის მიცემას დაელოდა… ამ დროს მეფის ასულმა ამარცამ პირბადე დაიქნია‚
ისარივით გაქანდნენ წინ შეჯიბრებულნი. პირველად მუკის მოწინააღმდეგემ
საგრძნობი მანძილით გაუსწრო‚ მაგრამ მუკი‚ რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მიაჭენებდა
თავის ეტლ-ქოშებს‚ დაეწია‚ დაეწია კი არა‚ უკვე დიდი ხნის მისული იყო მიზანთან‚
როცა მეტოქემ ქოშინით მიირბინა.

მაყურებლები რამდენსამე წუთს განცვიფრებამ და გაკვირვებამ შეიპყრო. მეფემ


ტაში შემოჰკრა. მთელმა ბრბომ ერთბაშად დაიგრგვინა. ყველა ყვიროდა:

– გაუმარჯოს სირბილში გამარჯვებულ პატარა მუკს!

პატარა მუკი მეფეს წარუდგინეს. ის მუხლებზე დაემხო და შეჰკადრა:

– ყოვლისშემძლე მეფეო‚ მე აქ მხოლოდ მცირე ნაწილი ვაჩვენე ჩემი ხელოვნებისა.


დამრთე ნება‚ შენს შიკრიკთა შორის მომცენ ადგილი.

მეფემ მიუგო:
– არა‚ შენ ჩემი პირადი შიკრიკი უნდა იყო და მუდამ ჩემთან იმყოფებოდე‚ ჩემო
მუკ! ყოველწლიურად ას ოქროს მიიღებ გასამრჯელოს და სუფრაზეც ჩემს პირველ
მსახურთან იჯდები.

პატარა მუკმა ახლა კი დაიჯერა‚ რომ საბოლოოდ იპოვა ბედი‚ რომელსაც ასე
დიდხანს ეძებდა. სიხარულით ფეხზე ძლივს იდგა.

მუკი გახარებული იყო მეფის განსაკუთრებული წყალობით: მეფე მას ყველაზე


სასწრაფო და საიდუმლო დავალებებისათვის გზავნიდა. ამას იგი მუდამ უდიდესი
სიზუსტითა და წარმოუდგენელი სისწრაფით ასრულებდა.

მეფის დანარჩენი მსახურნი უნდობლად ეპყრობოდნენ მუკს. ამ ქონდრისკაცის


გამო‚ რომელსაც სწრაფი სირბილის მეტი არაფერი შეეძლო‚ მათ მეფის წყალობა
მოაკლდათ.

გადაწყვიტეს მუკის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ. მაგრამ არ


გაითვალისწინეს დიდი ნდობა‚ რომლითაც მეფე თავისი მორბენალისადმი იყო
გამსჭვალული (ეს წოდება მან სულ მოკლე ხანში მიიღო)‚ და შეცდომაში შევიდნენ.

მუკს მის წინააღმდეგ წარმოშობილი მტრული მითქმა-მოთქმა არ გამოჰპარვია. არც


კი ფიქრობდა შურისძიებაზე‚ რადგან მეტად კეთილი გული ჰქონდა. არა‚ ის
მხოლოდ ფიქრობდა საშუალებაზე‚ რომ თავის მტრებში სიყვარული
დაემსახურებინა.

და აი‚ მას პატარა ჯოხი გაახსენდა. ეს ჯოხი თავისი ბედნიერების დროს


მხედველობიდან გამორჩა. თუკი განძეულს ვიპოვი‚ მტრები ჩემკენ
გადმოიხრებიანო‚ გაიფიქრა მან.

ხშირად ესმოდა‚ მეფის მამას აუარებელი საგანძური ჰქონდა ჩამარხული‚ რათა


შემოსეულ მტრებს არ ეპოვათო. იმასაც ამბობდნენ‚ ისე გარდაიცვალა‚ შვილისათვის
საიდუმლოების გამხელა ვერ მოასწროო.

ამ დღიდან მუკი მუდამ თან ატარებდა პატარა ჯოხს. იმედს არ ჰკარგავდა‚


ერთხელაც იქნება‚ გავივლი იმ ადგილას‚ სადაც მოხუცს ფული აქვს ჩამარხულიო.
ერთ საღამოს შემთხვევით მოხვდა სასახლის ბაღის შორეულ კუთხეში. აქ იგი
იშვიათად მიდიოდა ხოლმე. უცებ იგრძნო‚ როგორ ატოკდა მის ხელში ჯოხი და
სამჯერ დაენარცხა მიწას. ახლა უკვე ესმოდა‚ რას ნიშნავდა ეს. ამოიღო თავისი
ხანჯალი‚ ნიშანი ამოჭრა ირგვლით მდგომ ხეებზე და ისევ სასახლეში შეიპარა.

იქ იპოვა ბარი და დაღამებას დაუცადა‚ რომ საქმეს შესდგომოდა.

მიწის ამოთხრა ბევრად უფრო გაუძნელდა‚ ვიდრე მას წარმოედგინა.

მისი სუსტი მკლავებისათვის ბარი ძალზე დიდი და მძიმე გამოდგა. ორ საათზე


მეტს მოუნდა‚ სანამ მიწას ორი ფუტის სიღრმეზე ამოთხრიდა. ბოლოს რაღაც მაგარს
წააწყდა‚ რომელმაც რკინასავით ჟღრიალი მოიღო. უფრო მონდომებით დაიწყო თხრა
და მალე რკინის სახურავი გამოჩნდა.
თვითონ ჩავიდა ამოთხრილ ორმოში‚ უნდოდა დაეთვალიერებინა‚ რას ფარავდა
ის სახურავი: იპოვა ოქროთი გავსებული დიდი ქოთანი. ქოთნის ასაწევად ძალა არ
ეყო. ოქრო შარვლის ტოტებში ჩაიყარა‚ ნაწილი თავის პალტოში გამოჰკრა‚
დანარჩენი ისევ მზრუნველობით მიფლა მიწაში‚ პალტო ზურგზე გადაიკიდა და
გასწია. ფეხებზე თავისი ქოშები რომ არ სცმოდა‚ ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა.
მისი ოქროს ტვირთი მეტად მძიმე გამოდგა. შეუმჩნევლად მივიდა თავის ოთახში და
განძი ბალიშებქვეშ და დამალა.

მუკმა რომ დაინახა‚ ამდენი ოქროს პატრონი გახდა‚ იფიქრა‚ ახლა კი მდგომარეობა
შეიცვლება‚ მეფის კარზე მყოფ მტრებს შორის ბევრ კეთილის მსურველსა და
გულთბილ მეგობარს შევიძენო. უკვე ამაშივე ეტყობოდა პატარა მუკს‚ მზრუნველ
აღმზრდელს მოკლებული რომ იყო‚ თორემ აბა ოქროთი მეგობრის პოვნა როგორ
შეიძლებოდა!

ოჰ‚ ნეტავი მაშინ თავისი ქონებითა და უბესავსე ოქროთი გაქცეულიყო!

ფული‚ რომელსაც პატარა მუკი ახლა მუჭა-მუჭა არიგებდა‚ მხოლოდ შურს


იწვევდა კარის დანარჩენ მსახურებში.

მზარეული აული ამბობდა‚ ყალბი ფულის მჭრელიაო. მონების ზედამხედველი


ახმედი აცხადებდა‚ მეფეს გამოსტყუაო. ხაზინადარი არხაზი კი‚ მისი უსაშინელესი
მტერი‚ რომელსაც ხანდახან ხელი წაუცდებოდა ხოლმე მეფის სალაროზე‚ პირდაპირ
ამბობდა‚ მოიპარაო.

ამაში რომ დარწმუნებულიყვნენ‚ მოილაპარაკეს და ერთ მშვენიერ დღეს მთავარი


მეღვინეთუხუცესი კორხუსი წარსდგა მეფის წინაშე.

მან ისე ოსტატურად გამოხატა თავის სახეზე ნაღველი‚ მეფემ ჰკითხა‚ რა


გაწუხებსო:

– ეჰ‚ – უპასუხა კორხუსმა. – მე ვწუხვარ‚ რომ დავკარგე თქვენი წყალობა.

– რას სთხზავ‚ ჩემო მეგობარო კორხუს? – მიუგო მეფემ. – როდის აქეთ არის‚ ჩემი
წყალობის მზე შენთვის აღარ ანათებს?

მეღვინეთუხუცესმა უპასუხა:

– მას შემდეგ‚ რაც თქვენს პირად შიკრიკს ოქროთი ასაჩუქრებთ და ჩვენ კი‚ თქვენს
ერთგულ მსახურთ‚ არაფერს გვაძლევთ.

მეფე ამით ძალზე გაკვირვებული დარჩა. უბრძანა მოეთხროთ მისთვის მუკის


ფულიანობის ამბავი. შეთქმულებმა იმდენი ქნეს‚ რომ მეფეს ეჭვი შეეპარა‚ მუკი
უთუოდ ფულს ხაზინიდან იპარავდაო.

საქმის ასე შეტრიალება მეტად ესიამოვნა ხაზინადარს‚ რომელსაც ფულის


ანგარიშის საქმე არც ისე კარგად ჰქონდა.

მეფემ ბრძანება გასცა‚ მუკისათვის ჩუმად ედევნებინათ თვალყური და შეეტყოთ‚


საიდან შოულობდა ფულს.
იმ ღამეს‚ რომელიც ამ უბედურ დღეს მოჰყვა‚ პატარა მუკმა ნახა – მისი სალარო
უთავბოლო ფლანგვის გამო დაცარიელებულიყო. აიღო ბარი და გაიპარა სასახლის
ბაღში თავისი საიდუმლო განძეულიდან ახალი მარაგის ამოსაღებად‚

მცველები – მზარეულ აულისა და ხაზინადარ არხაზის ხელმძღვანელობით


კვალდაკვალ მიჰყვნენ. სწორედ იმ დროს‚ როდესაც ქოთნიდან ფულს იღებდა‚ თავს
დაესხნენ‚ გათოკეს და მაშინვე მეფეს მიჰგვარეს.

მეფემ‚ რომელიც უძილობის გამო უგუნებოდ გახლდათ‚ თავის პირადი შიკრიკი


ძალზე ცუდად მიიღო და მაშინვე დაკითხვას შეუდგა.

ქოთანი ამოთხარეს მიწიდან და ბართან ერთად ოქროები მეფის ფეხებთან


დაალაგეს. ხაზინადარმა ჩვენება მისცა‚ ჩემს მცველებთან ერთად მუკი მაშინ
დავიჭირე‚ როდესაც ამ ქოთნის მიწაში ჩაფვლას აპირებდაო.

მეფემ მაშინ მუკს ჰკითხა‚ სწორია თუ არა ეს და საიდან გაქვს ოქრო‚ რომლის
ჩაფვლასაც ფიქრობდიო.

პატარა მუკი დარწმუნებული იყო თავის უდანაშაულობაში და განაცხადა‚ რომ ეს


ქოთანი ბაღში იპოვა და მისი ჩაფვლა კი არა‚ პირიქით‚ ამოთხრა სურდა.

ყველა დამსწრემ ხმამაღლა გადაიხარხარა. მეფე ამგვარი პასუხის გამო სასტიკად


გაბრაზდა და იყვირა:

– როგორ‚ შე საზიზღარო! მეფე ჯერ გაქურდე და ახლა გინდა ასე სულელურად‚


სამარცხვინოდ მოატყუო! ხაზინადარო არხაზ‚ მითხარი‚ ეს ის თანხაა თუ არა‚
რომელიც შენს ხაზინას აკლია!

ხაზინადარმა მიუგო:

– სრულიად დარწმუნებული ვარ‚ ეს თანხა და კიდევ მეტიც აკლია ჩემს ხაზინას


უკვე რამდენიმე ხანია. თავს დავდებ‚ რომ ეს ფული მოპარულია.

მეფემ ბრძანა მუკისათვის ბორკილი დაედოთ და ციხეში წაეყვანათ. ოქრო კი


გადასცა ისევ ხაზინაში დასაბრუნებლად.

ხაზინადარი‚ რომელიც საქმის ასე დამთავრებით ბედნიერად გრძნობდა თავს‚


შინისაკენ გაემართა და დაიწყო ბრჭყვიალა ოქროს თვლა. ქოთნის ფსკერზე წერილი
იპოვა‚ მაგრამ ეს ბოროტ კაცს არავისთვის გაუმხელია.

წერილში ეწერა: „მტერმა ჩემი ქვეყანა წალეკა. მას შემდეგ ვინახავ ჩემი განძის ამ
ერთ ნაწილს. თუ ვინმე იპოვის მას და მაშინვე არ გადასცემს ჩემს ძეს‚ თავისი მეფის
წყევლა მიუვიდეს.

მეფე სიდი”
პატარა მუკი ფიქრობდა თავის სავალალო მდგომარეობაზე. იცოდა‚ მეფის ქონების
მოპარვისათვის სიკვდილით დასჯა ელოდა. ჯოხის საიდუმლოების განდობა
მეფისათვის მაინც არ უნდოდა‚ შიშობდა, ძალას რომ გაიგებენ‚ ჯოხსაც და ქოშებსაც
წამართმევენო.

ქოშების გამოყენებაც არ შეეძლო. ოთხ კედელს შუა გამოკეტილი და


ბორკილგაყრილი ქუსლებზე შემოტრიალებას ვერც ახერხებდა. დილას ამცნეს მისი
სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება. მაშინ იფიქრა: უკეთესია უჯოხოდ
სიცოცხლე‚ ვიდრე მასთან ერთად სიკვდილიო. ითხოვა მეფესთან საიდუმლოდ
საუბრის ნება მიეცათ და გაანდო კიდეც ხვაშიადი.

მეფემ ჯერ არ დაუჯერა. მაშინ მუკმა უთხრა:

– თუ დამპირდები‚ რომ სიკვდილით აღარ დამსჯი‚ გაჩვენებ რა ძალა აქვს ჩემს


ჯოხს.

მეფემ პირობა მისცა და ბრძანა – ჩუმად რამდენიმე ოქრო მიწაში ჩაეფლოთ. მუკმა
ორიოდე წუთში იპოვა ოქრო და მაშინვე მიხვდა მეფე‚ რომ მისმა ხაზინადარმა
მოატყუა და აღმოსავლეთის ქვეყნების ჩვეულებისამებრ აბრეშუმის ზონარი
გაუგზავნა‚ რაც იმას ნიშნავდა‚ თვითონვე ჩამოეხრჩო თავი.

პატარა მუკს კი მიმართა:

– მე შენ სიცოცხლე გაჩუქე‚ მაგრამ რატომღაც მგონია‚ მარტო ამ იდუმალი ჯოხის


მფლობელი არ უნდა იყო. ვფიქრობ‚ შენს სწრაფ სირბილშიც რაღაც საიდუმლოებაა
და მიმალავ. ამიტომ ვბრძანებ სამუდამოდ პატიმრობაში გამყოფონ.

პატარა მუკი‚ რომელმაც საპყრობილეში ერთი დღის ყოფნის შემდეგ ყოველგვარი


სურვილი დაკარგა იქ დაბრუნებისა‚ იძულებული გახდა ეთქვა‚ რომ საიდუმლოება
ქოშებში იმალებოდა. მაგრამ ქუსლზე სამჯერ შემოტრიალების შესახებ მეფისათვის
არაფერი უთქვამს. მეფემ თვითონ ჩაიცვა ქოშები‚ რომ შეემოწმებინა და
გადარეულივით დაიწყო ბაღში სირბილი. რამდენჯერმე უნდოდა შეჩერება‚ მაგრამ
არ იცოდა რა საშუალებით. მაშინ პატარა მუკმა‚ რომელსაც უკვე სურვილი დაებადა
ცოტათი მაინც ეძია მასზე შური‚ მეფე იმდენ ხანს არბენინა‚ სანამ გული არ
შეუღონდა. გონს რომ მოვიდა‚ განრისხებულმა მეფემ მუკს განუცხადა:

– დაგპირდი‚ რომ სიცოცხლესა და თავისუფლებას გაჩუქებდი‚ მაგრამ იცოდე‚ თუ


თორმეტი საათის განმავლობაში არ დასტოვებ ჩემს სამთავროს‚ ვუბრძანებ
ჩამოგახრჩონ. ჯოხი და ქოშები კი განძეულის ოთახში წააღებინა.

და ჩვენი მუკი‚ კვლავ გაღატაკებული‚ გაემგზავრა იმ ქვეყნიდან‚ სადაც მისი


უგუნურობა რომ არა‚ შესაძლებელია‚ მნიშვნელოვანი ადგილი დაეჭირა მეფის
კარზე.

საბედნიეროდ‚ მხარე‚ საიდანაც ის განდევნეს‚ არ იყო დიდი და ვრცელი. რვა


საათის შემდეგ‚ თუმცა ქოშებზე შეჩვეულს სიარული ძალზე უჭირდა‚ თავის ქვეყანას
მიადგა.
როდესაც საზღვარს გასცდა‚ დატოვა ჩვეული ქუჩები‚ დაბურულ ტყესა და
უდაბნოს მისცა თავი; გაეცალა ადამიანებს‚ რომლებიც ასე შესძულდა მას.

ერთ უღრან ტევრში თავისი განზრახვისათვის სავსებით შესაფერის ადგილს


მიადგა. ანკარა ნაკადული‚ გარშემორტყმული დიდი ლეღვის ხეებით‚ ეპატიჟებოდა
მას. აქ დაეცა ძირს იმ გადაწყვეტილებით‚ რომ პირში ლუკმა არ ჩაედო და სიცოცხლე
დაესრულებინა. სიკვდილზე მწუხარე ფიქრებში ჩაეძინა.

როდესაც გაეღვიძა‚ შიმშილმა ძალზე შეაწუხა და იფიქრა‚ შიმშილით სიკვდილი


მეტად საშინელი რამ ყოფილაო. მიმოიხედა‚ საკვებად ხომ არაფერი გამოდგებაო.
ხეს‚ რომლის ძირშიც ეძინა‚ მწიფე ლეღვი ესხა‚ მაშინვე აცოცდა ზედ და რამდენიმე
ცალი მადიანად მიირთვა. შემდეგ წყურვილის მოსაკლავად წყლისაკენ წავიდა‚
მაგრამ საშინელი თავზარი დაეცა‚ როცა წყალში დაინახა ორი უზარმაზარი ყურითა
და სქელი გრძელი ცხვირით შემკული თავისი სახე.

განცვიფრებულმა ყურებზე იტაცა ხელი‚ ისინი მართლაც ერთი მტკაველი


სიგრძისა გამოდგა.

– დავიმსახურე ვირის ყურები! – წამოიძახა მან. – ჩემი ბედი ვირივით გავთელე.

ხეებს შორის ხეტიალი დაიწყო და ისევ შიმშილმა მოუარა. სხვა გზა აღარ ჰქონდა‚
კვლავ ლეღვისათვის უნდა მიემართა‚ მეტი საჭმელი ხომ არაფერი იყო ირგვლივ.

ჭამის დროს იგრძნო‚ ყურები გაუქრა. თავის დასარწმუნებლად მაშინვე


ნაკადულისაკენ გაიქცა. ყურებს მართლაც თავიანთი ადრინდელი გამოსახულება
დაბრუნებოდა.

მისი გრძელი‚ უფორმო ცხვირიც სადღაც გამქრალიყო. ახლა გაიგო‚ თუ როგორ


მოხდა ყოველივე. პირველმა ლეღვის ხემ ყურები და ცხვირი გამოაბა‚ მეორემ კი
განკურნა. მიხვდა‚ რომ მოწყალე ბედმა ერთხელ კიდევ მისცა გაბედნიერების
საშუალება. დაკრიფა ორივე ხიდან იმდენი ნაყოფი‚ რამდენის ტარებაც შეეძლო და
ისევ დაბრუნდა იმ მხარეში‚ ამ ცოტა ხნის წინათ რომ დატოვა.

პირველსავე დაბაში ტანისამოსი გამოიცვალა‚ სულ სხვანაირი გახდა და განაგრძო


გზა ქალაქისაკენ‚ სადაც მეფე ცხოვრობდა.

წელიწადის სწორედ ისეთი დრო იყო‚ როცა მწიფე ხილი იშვიათი რამ არის.

მუკი სასახლის ჭიშკრის წინ დაჯდა‚ სადაც ალიონზე ბევრი გამყიდველი იყრიდა
თავს. იცოდა‚ მეფის მზარეული აქ ყოველ დილით გამოდიოდა ხოლმე‚ რომ მეფის
სუფრისათვის იშვიათი რამ ეშოვნა. მუკს დიდხანს ჯდომა არ დასჭირვებია. მალე
დაინახა მზარეული‚ რომელიც ჭიშკრისაკენ მოდიოდა.

მზარეულმა აწონ-დაწონა საქონელი‚ რომელიც გასაყიდად გამოეტანათ. უცებ


თვალი მოჰკრა მუკის კალათს:
– ო‚ ეს კარგია‚ – გაიფიქრა მან. – ამას მისი მაღალკეთილშობილება‚ ცხადია‚
მომიწონებს... – რამდენი გინდა მთელ კალათში? – ფასში მალე მორიგდნენ. კალათი
მზარეულმა მსახურს გადასცა და გზა განაგრძო.

მუკმა მაშინვე მოკურცხლა: თუ უბედურება კარისკაცებს დაატყდებოდათ თავს‚


მის მოძებნასა და დასჯას მოინდომებდნენ.

მეფე სადილობის დროს ძალზე მხიარულ გუნებაზე იყო და თავის მზარეულს


უფრო მეტად აქებდა‚ ვიდრე სხვა დროს. მზარეული‚ რომელმაც კარგად იცოდა‚ რა
გემრიელი ლუკმა ჰქონდა კიდევ შემონახული‚ ბედნიერად იღიმებოდა და ხანაც
ჩაილაპარაკებდა ხოლმე:

ჯერ სად ხართ‚ ბოლო ნახეთო.

სეფექალები ცნობისმოყვარეობით აღივსნენ‚ აინტერესებდათ კიდევ რის მოტანას


აპირებდა მზარეული. როცა მეფეს მწიფე და მშვენიერი ლეღვი მიართვეს‚ ყველამ
ერთხმად შესძახა:

– აჰ‚ რა კარგია‚ რა მწიფეა‚ რა გემრიელია!

მეფემ ერთხელ კიდევ შეაქო მზარეული და თვითონ დაიწყო ლეღვის განაწილება.

უფლისწულებსა და მეფის ასულებს ორ-ორი ერგოთ‚ სეფექალებს‚ ვეზირებსა და


კარისკაცებს – თითო. დანარჩენის მირთმევა თვითონ ინება და სიამოვნებით შეექცა.

– ო‚ ღმერთო დიდებულო‚ რა უცნაურად გამოიყურები‚ მამა? – დაიძახა უცებ


მეფის ასულმა ამარცამ.

ყველა გაკვირვებით შესცქეროდა დიდყურა და გრძელცხვირა მეფეს.

ერთმანეთს რომ შეხედეს‚ დაინახეს‚ რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად შემკული


იყო ასეთივე ყურებითა და ცხვირით.

წარმოიდგინეთ‚ რა თავზარი დაატყდებოდა მეფის კარს. სასწრაფოდ აფრინეს


კაცები ექიმებთან. მოვიდა ექიმთა მთელი გროვა. გამოიწერეს სხვადასხვა საყლაპავი
და დასალევი წამლები‚ მაგრამ ყურებსა და ცხვირს ვერაფერი უშველეს.

ერთ-ერთ სეფექალს მოსჭრეს კიდეც ყურები‚ მაგრამ იმავე წუთს კვლავ გაეზარდა.

მუკმა მთელი ეს ამბავი თავისი თავშესაფრიდან გაიგო. მიხვდა‚ უკვე დრო იყო
მოქმედების დაწყებისა.

ლეღვისაგან მონაგები ფულით შეიძინა სწავლული კაცის ახალი ტანსაცმელი. მეტი


დამაჯერებლობისათვის თხას წვერი მოსჭრა და თვითონ გაიკეთა.

ლეღვით სავსე ტოპრაკით უტრიალებდა იგი მეფის კარ-მიდამოს და‚ როგორც


უცნობმა ექიმმა‚ მეფეს თავისი დახმარება შესთავაზა.
თავდაპირველად არ დაუჯერეს‚ მაგრამ‚ როდესაც პატარა მუკმა ერთი ლეღვი
ერთ-ერთ სეფექალს შესაჭმელად მისცა‚ რის შემდეგაც მისმა ყურებმა და ცხვირმა
ძველი ფორმა მიიღეს‚ ყველამ შველა მოსთხოვა. მაშინ მეფემ ჩუმად მოჰკიდა ხელი
და წაიყვანა თავის დარბაზში. გააღო კარი‚ რომელიც განძეულობის ოთახში
გადიოდა და მუკს ანიშნა თან გაჰყოლოდა.

– აქ ჩემი განძეულობაა‚ – უთხრა მეფემ. – აირჩიე‚ რაც გსურდეს‚ ოღონდ ამ


სამარცხვინო სენისაგან მიხსენი.

ეს სიტყვები ტკბილ ნანასავით მოესმა მუკს. მიუხედავად იმისა‚ რომ


შესვლისთანავე შენიშნა თავისი ქოშები და ჯოხი‚ რამდენიმე ხანს მიდი-მოდიოდა
მეფის დარბაზში‚ თითქოს მის განძეულობას ათვალიერებდა.

მერე მივიდა თავის ქოშებთან‚ ჩაყო შიგ ფეხები‚ აიღო ჯოხი‚ ჩამოიგლიჯა წვერი
და მეფეს დაანახვა განდევნილი მუკის სახე. მეფის განცვიფრებას საზღვარი არ
ჰქონდა.

– ვერაგო მეფევ‚ რომელიც ერთგულ ადამიანს სამსახურს უმადურებით უხდი‚


მიიღე ეს დამსახურებული სასჯელი. სამუდამოდ დაგრჩეს ეგ სახე‚ ახლა რომ ატარებ.
გიტოვებ ყურებს: ყოველდღე გაიხსენე პატარა მუკი‚ – თქვა ეს და ქუსლებზე სამჯერ
შემოტრიალდა. სანამ მეფე გონს მოვიდოდა‚ პატარა მუკი უკვე შორს იყო.

მას აქეთ პატარა მუკი აქ ცხოვრობს დიდად გამდიდრებული. სულ


მარტოდმარტოა‚ ადამიანები სძულს.

– იგი გამოცდილებამ ჭკვიანი კაცი გახადა‚ თუმცა უცნაური გარეგნობისაა‚ შენს


დაცინვას კი არა‚ განცვიფრებას უნდა იმსახურებდეს‚ – მითხრა მამამ და ამბის
დამთავრების შემდეგ დარჩენილი ოცდახუთი წკეპლა კიდევ მითავაზა.

მე ჩემს ამხანაგებს მოვუყევი პატარა მუკის საოცარი თავგადასავალი. იმ დღიდან‚


მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე‚ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
ვეპყრობოდით.

როცა მუკს დავინახავდით‚ თავს ისე მდაბლად ვხრიდით‚ როგორც ყადისა ან


მუფტის წინაშე…

მგზავრებმა გადაწყვიტეს‚ ეს დღეც აქ გაეტარებინათ‚ ძალა მოეკრიბათ გზის


გასაგრძელებლად და პირუტყვიც დაესვენებინათ. გუშინდელი სიმხიარულე დღესაც
გამოყვათ‚ ლაღობდნენ და ერთობოდნენ. ნასადილევს კი მეხუთე ვაჭარს ალი სიბას
შესძახეს‚ ახლავე მოიხადე ვალი და ამბავი რამ გვიამბეო. მან უპასუხა:

– ჩემი ცხოვრება მეტად ღარიბია საინტერესო შემთხვევებით‚ არ შემიძლია რამის


გაზიარება. ამიტომ სხვის ამბავს მოგითხრობთ…

და მოჰყვა ცრუ უფლისწულის ზღაპარი.


ცრუ უფლისწულის ამბავი

იყო და არა იყო რა‚ იყო ერთი თერძის შეგირდი‚ სახელად ლაბაკანი‚ რომელიც
ალექსანდრიაში კარგ ოსტატთან ხელობას სწავლობდა. ვერ იტყოდით‚ ლაბაკანი
ცუდად ხმარობს ნემსსო‚ პირიქით‚ ეხერხებოდა საკმაოდ კარგი კარგი სამუშაოს
შესრულება. სამართლიანი არც ის იქნებოდა გვეთქვა‚ ზარმაცი არისო. მაგრამ
უცნაურობა კი სჭირდა: ზოგჯერ შეეძლო საათობით თავაუღებლად ეკერა ისე‚ რომ
ნემსი უხურდებოდა და ძაფს ბოლი ასდიოდა. ამ დროს ნამუშევარი უკეთესი
გამოსდიოდა‚ ვიდრე რომელიმე სხვას. დანარჩენ შემთხვევაში‚ რაც, სამწუხაროდ‚
უფრო ხშირად ემართებოდა‚ ღრმა ფიქრებს მიეცემოდა ხოლმე… ამ დროს
გაშტერებული თვალებით იცქირებოდა წინ და ისეთი უცნაური გამომეტყველება
ჰქონდა‚ ოსტატი და დანარჩენი შეგირდები ამბობდნენ: ლაბაკანმა ისევ მიიღო
გამოჩენილი კაცის გამომეტყველებაო.

პარასკევობით‚ როცა ხალხი ლოცვებიდან სახლში სამუშაოს უბრუნდებოდა‚


ლაბაკანი, მშვენიერ ტანსაცმელში გამოწყობილი‚ რომელიც დიდი წვალებით
შეიძინა‚ მეჩეთიდან გამოდიოდა. ნელა‚ ამაყად დასეირნობდა ქალაქის მოედნებსა და
ქუჩებში. როცა რომელიმე ამხანაგი ეტყოდა: „მშვიდობა შენდა”‚ ანდა „როგორა ხარ‚
მეგობარო ლაბაკან?” იგი მედიდურად უქნევდა ხელს. ანდა‚ უკიდურეს
შემთხვევაში‚ თავმომწონედ უკრავდა თავს. ასეთ წუთებში ოსტატი ხუმრობით
ეტყოდა ხოლმე: „შენში‚ ლაბაკან‚ უფლისწული იმალება”. მას უხაროდა და
უპასუხებდა:

– მაშ! თქვენც შენიშნეთ?

ანდა:

– მე მაგაზე რამდენი ხანია ვფიქრობ.

ასე იქცეოდა მკერავის პატიოსანი შეგირდი ლაბაკანი კარგა ხანს. ოსტატი უთმენდა
სისულელეს‚ რადგან საერთოდ კარგი ადამიანი და მარჯვე მუშა იყო. მაგრამ ერთ
დღეს სელიმმა‚ სულთნის ძმამ, რომელმაც თავისი მოგზაურობის დროს
ალექსანდრიაზე გაიარა‚ მკერავს შესაკეთებლად სადღესასწაულო ტანსაცმელი
გამოუგზავნა. ოსტატმა ეს ლაბაკანს დაავალა: იგი ყველაზე ფაქიზ სამუშაოს
ასრულებდა. საღამოს ოსტატი და შეგირდები შინისკენ გაეშურნენ‚ მთელი დღის
შრომით დაღლილებს დასვენება სჭირდებოდათ. რაღაც იდუმალმა ძალამ მოაბრუნა
ლაბაკანი უკან‚ სახელოსნოში‚ სადაც მეფის ძმის ტანსაცმელი ეკიდა. ტანსაცმლის
წინ დიდხანს იდგა გაოგნებული. გაოცებული შეჰყურებდა ხან მისი ნაქარგის
ბრწყინვალებას‚ ხან ხავერდისა და აბრეშუმის მოელვარე ფერებს.

თავი ვეღარ შეიკავა‚ უთუოდ უნდა ჩაეცვა… და იცით‚ როგორ მოუხდა‚ თითქოს
მის ტანზე ყოფილიყო შეკერილი.
– რითა ვარ სხვაზე ნაკლები უფლისწული? – შეეკითხა თავის თავს და ოთახში
ბოლთის ცემა დაიწყო. თვითონ ოსტატი არ იყო‚ რომ მითხრა‚ უფლისწულად ხარ
დაბადებულიო?

ტანსაცმელთან ერთად შეგირდმა თითქოს მეფური ჩვევებიც შეიძინა. მას აეკვიატა


აზრი‚ უცნობი უფლისწული ვარო. ამიტომ გადაწყვიტა ქვეყნად გასულიყო‚
დაეტოვებინა ის ადგილი. აქ ხომ ხალხი იმდენად უგუნური იყო‚ ვერც კი ამჩნევდა
უბრალო სამოსელის ქვეშ მის თანდაყოლილ ღირსებას. გეგონებოდათ, ეს საუცხოო
ტანსაცმელი კეთილმა ფერიამ გამოუგზავნაო. არ იუკადრისა საკმაოდ ძვირფასი
საჩუქრის მიღება. მოაგროვა მთელი თავისი სარჩო-საბადებელი და ბნელ ღამეში
დატოვა ალექსანდრია.

ახალი უფლისწული თავისი მოგზაურობის დროს ყველგან გაკვირვებას იწვევდა:


არაჩვეულებრივი ტანსაცმელი‚ მკაცრი და დიდებული შესახედაობა რატომღაც არ
შეეფერებოდა ფეხით მოსიარულეს. როცა ეკითხებოდნენ‚ ჩვეულებრივად
ღებულობდა იდუმალ გამომეტყველებას და უპასუხებდა: ამას თავისი მიზეზი აქვსო.
მაგრამ შენიშნა‚ ფეხით სიარული სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა. იაფად იყიდა
მისი შესაფერისი მეტად მშვიდი და ნელი ბებერი ცხენი‚ რომელიც არ აიძულებდა
კარგი მხედრობა გამოეჩინა. იგი ცხენოსნობაში გაწაფული არასოდეს ყოფილა.

ერთხელ‚ როცა გზაზე ნელი ნაბიჯით მიჰყავდა თავისი მურფა (ასე დაარქვა ცხენს)
‚ რომელიღაც მხედარი წამოეწია და სთხოვა‚ ერთად ვიმგზავროთ‚ საუბარში გზა
მალე დაილევაო. მხედარი მხიარული ახალგაზრდა გამოდგა‚ ლამაზი და სათნო.
ლაბაკანთან მალე გააბა სასიამოვნო ბაასი. გაიგო საიდან მოდიოდა‚ საით
მიემგზავრებოდა და გამოირკვა‚ რომ ისიც, ისევე‚ როგორც მკერავის შეგირდი‚
უმიზნოდ დაეხეტებოდა ქვეყნად. მას ომარი ერქვა‚ კაიროს ფაშას – უბედური ელფი
ბეის ძმისწული გამოდგა. ახლა იგი მოგზაურობდა. ასრულებდა ბრძანებას‚
რომელიც ბიძამ სიკვდილის წინ დაუტოვა. ლაბაკანმა თავის თავზე არცთუ ისე
გულახდილად ილაპარაკა. მხოლოდ გააგებინა‚ თითქოს ისიც მაღალი წარმოშობისა
იყო და დროის გასატარებლად მოგზაურობდა.

ახალგაზრდებს მოეწონათ ერთმანეთი‚ მხარდამხარ განაგრძეს გზა. მგზავრობის


მეორე დღეს ლაბაკანმა ჰკითხა თანამგზავრს‚ რა ბრძანება უნდა შეესრულებინა. მის
გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა‚ როდესაც შემდეგი მოისმინა:

… კაიროს ფაშამ ელფი ბეიმ ომარი პატარაობიდან გაზარდა. საკუთარი მშობელი


არასოდეს უნახავს. როცა ელფი ბეის მტრები თავს დაესხნენ და საშიში საბედისწერო
დარტყმის შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრეს‚ აუცილებლად უნდა გაქცეულიყო. სანამ
ამას გააკეთებდა‚ გამოუტყდა თავის აღზრდილს‚ რომ იგი მისი ძმისწული კი არა‚
დიდებული მეფის შვილი იყო. მეფემ ვარსკვლავთმრიცხველთა
წინასწარმეტყველების შიშით მოიცილა პატარა უფლისწული სასახლიდან ფიცით‚
რომ მას მხოლოდ ოცდაორი წლისას ნახავდა. ელფი ბეიმ მამის სახელი არ უთხრა და
მკაცრად დაუბარა: მომავალი რამაზანის თვის მეხუთე დღეს‚ იმ დღეს‚ მას რომ
ოცდაორი წელი შეუსრულდება‚ გამოცხადდეს ცნობილ ელ-სერუიას სვეტთან‚
ალექსანდრიიდან ოთხი დღის სავალზე. იქ სვეტთან მდგომ კაცებს შემდეგი
სიტყვებით უნდა გადასცეს მისგან მიცემული ხანჯალი: „მე ისა ვარ‚ ვისაც თქვენ
ეძებთ!” როცა პასუხად იტყვიან: „დიდება წინასწარმეტყველს შენი
მფარველობისათვის‚” მაშინ უნდა გაჰყვეს მათ და მამასთან მიიყვანენ. მკერავის
შეგირდი ძალზე განცვიფრდა ამ ამბით. უფლისწულ ომარს შურის თვალით
შეჰყურებდა. გული სწყდებოდა იმაზე‚ ბედმა ომარს უფლისწულობაც არგუნა‚ გარდა
იმისა‚ რომ ისედაც ძლიერი ფაშას ძმისწულად ითვლებოდა. მას კი‚ რომელსაც
თითქმის ყველაფერი აქვს‚ რაც უფლისწულისათვის საჭიროა‚ თითქოს დაცინვად
არგუნეს საცოდავი წარმოშობა და ჩვეულებრივი ცხოვრების გზა. იგი თავის თავს
ადარებდა უფლისწულს და გულისტკივილით ამჩნევდა‚ რომ საუცხოო გარეგნობა
ჰქონდა. მშვენიერი‚ ცოცხალი თვალები‚ გამოკვეთილი ცხვირი‚ თავაზიანი მოქცევა.
ერთი სიტყვით‚ ყველაფერი‚ რაც ადამიანთა მოსაჯადოებლად არის აუცილებელი.
თუმცა თავის თანამგზავრში ბევრ კარგ თვისებას ხედავდა‚ მაინც მიაჩნდა‚ რომ
ლაბაკანისთანა პიროვნებას მეფე უფრო სასურველად მიიჩნევდა‚ ვიდრე ნამდვილ
უფლისწულს.

ასეთი ფიქრები მთელ დღეს მოსვენებას არ აძლევდა ლაბაკანს. ამ ფიქრებშივე


დაეძინა. დილით გაეღვიძა და თავის გვერდით მწოლიარეს გადახედა. ომარს
მშვიდად ეძინა და შეეძლო მომავალ ბედნიერებაზე ეოცნება. ლაბაკანმა გადაწყვიტა
ეშმაკობითა თუ ძალით მიეღწია იმისათვის‚ რაზეც ბედმა უარი უთხრა. ხანჯალი‚
განმასხვავებელი ნიშანი სამშობლოში მიმავალი უფლისწულისა‚ ომარს ქამარში
გაერჭო. ლაბაკანმა ჩუმად ამოაძრო იგი‚ უნდოდა მკერდში ჩაეცა მძინარისათვის.
მკვლელობაზე ფიქრმა შეაძრწუნა კეთილი შეგირდი. დაკმაყოფილდა მხოლოდ
იმით‚ რომ ხანჯალი დაისაკუთრა‚ შეკაზმა უფლისწულის ცხენი. ომარს რომ
გაეღვიძა‚ დაინახა‚ გაძარცვული იყო. მძარცველის დევნაზე ფიქრიც ამაო იქნებოდა –
მისი ვერაგი თანამგზავრი რამდენიმე კილომეტრით ალბათ წინ გაუსწრებდა უკვე.

უფლისწული ლაბაკანმა გაძარცვა სწორედ რამაზანის თვის პირველ დღეს. ასე


რომ‚ მას კიდევ ოთხი დღე რჩებოდა მისთვის კარგად ცნობილ ელ-სერუიას სვეტამდე
მისაღწევად.

სანატრელ ადგილამდე‚ სადაც ეს სვეტი იდგა‚ სულ ორი დღის სავალი იყო.
ლაბაკანი მაინც ჩქარობდა. ეშინოდა ნამდვილი უფლისწული არ დასწეოდა.

მეორე დღის მიწურულს ლაბაკანმა შორიდანვე შეამჩნია ელ-სერუია. ის ჩანდა


პატარა მაღლობზე‚ გაშლილ მინდორზე‚ სამი-ოთხი საათის სავალის დაშორებით.
მის დანახვაზე ლაბაკანს გულმა უფრო ძალუმად დაუწყო ძგერა. ბოლო ორ დღეს
საკმარისი დრო ჰქონდა‚ რომ მოეფიქრებინა ის‚ რის გაკეთებასაც აპირებდა‚ მაგრამ
ცოდვილი სინდისი მასში შიშს იწვევდა. იმ აზრმა კი‚ რომ იგი უფლისწულად არის
დაბადებული‚ გაამხნევა და საბოლოოდ ძალზე დამშვიდებული წავიდა სათაყვანო
მიზნისაკენ.

სვეტის გარშემო ელ-სერუიას მიდამო დაუსახლებელი და უდაბური იყო. ყალბ


უფლისწულს ძალზე გაუჭირდებოდა საკვების შოვნა‚ რომ რამდენიმე დღის მარაგი
არ შეენახა. ბედის მოლოდინში თავისი ცხენის გვერდით პალმების ძირას მიწვა.

მეორე დღეს‚ შუადღის ჟამს დაინახა‚ ცხენებისა და აქლემების დიდი ქარავანი ელ-
სერუიას სვეტისაკენ მიემართებოდა.

შეჩერდნენ იმ მაღლობის ძირში‚ რომელზეც სვეტი იყო აღმართული.


დასცეს ძვირფასი კარვები. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა‚ როგორც მდიდარი
ფაშისა ან შეიხის ამალას შეეფერებოდა. ლაბაკანი გრძნობდა‚ ამდენი ხალხი მისი
გულისთვის მოსულიყო. დღესვე ეჩვენებოდა მათ‚ მაგრამ უფლისწულად
გამოცხადების ცთუნებისაგან შემდეგ დღემდე თავი შეიკავა.

დილის მზემ ბედნიერი მკერავი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან


წუთში გააღვიძა. ამ წუთს იგი მდაბიო და უცნობი მომაკვდავისაგან წარჩინებულ
სეფეწულად უნდა ექცია.

როცა სვეტისაკენ წასასვლელად ცხენს კაზმავდა‚ რაღაც უსიამოვნო გრძნობა


დაეუფლა უსინდისო საქციელის ჩამდენს. ნათლად წარმოუდგა იმედგაცრუებული
ნამდვილი უფლისწულის წუხილი. რაც მოხდა‚ იმას ვეღარ შეცვლიდა. საკუთარ
თავზე წარმოდგენა უკარნახებდა‚ რომ იგი გარეგნულად საკმაოდ კეთილშობილი
შეხედულებისაა და თავისუფლად შეუძლია წარდგეს დიდებული ხელმწიფის
წინაშე‚ როგორც მისი მემკვიდრე.

ამ აზრით გამხნევებული მოახტა ცხენს‚ მოიკრიბა გამბედაობა‚ მთელი სისწრაფით


გაიჯირითა და თხუთმეტ წუთში მიაღწია გორაკის ძირს. გადმოხტა‚ ცხენი გამოაბა
ბუჩქს‚ რომელიც მრავლად იყო ფერდობზე. ამოიღო ქამრიდან უფლისწულ ომარის
ხანჯალი და გორაკს შეუდგა. გორაკთან ექვს კაცს მოეყარა თავი ერთი მეფური
შეხედულების მქონე მოხუცის ირგვლივ. მშვენიერი ფარჩის კაბა‚ თეთრი ქიშმირის
შალი‚ პატიოსანი თვლებით მოჭედილი თეთრი ჩალმა‚ ყველაფერი ამჟღავნებდა ამ
მოხუცის მაღალ წოდებასა და დიდ სიმდიდრეს.

ლაბაკანი პირდაპირ მისკენ გაემართა‚ მდაბლად დაუკრა თავი‚ ხანჯალი გაუწოდა


და უთხრა:

– მე ვარ ის‚ ვისაც თქვენ ეძებთ.

– დიდება წინასწარმეტყველს შენი მფარველობისათვის! – სიხარულით მიუგო


ცრემლმორეულმა მოხუცმა. – გადაეხვიე შენს მოხუც მამას‚ ჩემო საყვარელო შვილო
ომარ!

მგრძნობიარე მკერავი ძალზე გულაჩუყებული იყო ამ საზეიმო მიღებით. მოხუც


ხელმწიფეს გადაეხვია სიხარულისა და სირცხვილის გრძნობით.

თავისი ახალი მდგომარეობის ბედნიერებით მხოლოდ ერთ წამს შეეძლო


დამტკბარიყო. როცა განთავისუფლდა მოხუცი მეფის მკლავებისაგან‚ შეამჩნია‚ რომ
მინდორზე ვიღაც ცხენს მოაჭენებდა.მხედარსა და რაშს არაჩვეულებრივად უცნაური
შესახედაობა ჰქონდათ; ვერ გაიგებდით – დაღლილობისაგან თუ რისგან იყო‚ რომ
ცხენს აღარ ეწადა სიარული‚ ბორძიკობდა ყოველ წუთს. მხედარი‚ შორიდანაც
შეიმჩნეოდა‚ თუ როგორ უჯავრდებოდა მას. ლაბაკანმა მაშინვე იცნო თავისი ცხენი
მურფა და ნამდვილი უფლისწული ომარი. მაგრამ მას ისე შეუჯდა ეშმაკი‚
გადაწყვიტა‚ რადაც უნდა დასჯდომოდა‚ ნირი არ შეეცვალა.

მხედარი რაღაცას ხელებით ანიშნებდა‚ თუმცა მურთა ნელი ნაბიჯით მიიწევდა


წინ. მალე იგი გორაკის ძირს მიადგა‚ ცხენიდან ჩამოხტა და ზევით ავარდა.
– შეჩერდით! – ყვიროდა იგი. – ვინც არ უნდა იყოთ‚ შეჩერდით‚ არ დაუჯეროთ
თაღლით მატყუარას! მე ვარ ომარი და ვაი იმის ბრალი‚ ვინც გაბედავს ჩემი სახელის
ბოროტად გამოყენებას.

ასეთი მოულოდნელი შემთხვევის გამო სვეტთან შეჯგუფული ხალხი დიდად


გაოცდა.

განსაკუთრებით განცვიფრდა მოხუცი. იგი ხან ერთს გადახედავდა‚ ხან მეორეს.


ლაბაკანმა ძალზე გულგრილად დაიწყო ლაპარაკი:

– მოწყალეო მამავ და მბრძანებელო‚ ნუ გაგაკვირვებთ ამ კაცის ქცევა. ეს‚


რამდენადაც ვიცი‚ ალექსანდრიელი მკერავის ჭკუაშეშლილი შეგირდია‚ სახელად
ლაბაკანი ჰქვია‚ იგი შებრალებას უფრო იმსახურებს‚ ვიდრე რისხვას.

ამ სიტყვებმა უფლისწული გააოცეს. უნდოდა სცემოდა ლაბაკანს. დამსწრეები


შუაში ჩაუდგნენ‚ შეიკავეს. მეფემ თქვა:

– ჰო‚ მართალი ხარ‚ შვილო‚ საცოდავი‚ ნამდვილად არ არის სრულ ჭკუაზე.


შეკარით და შესვით ერთ-ერთ აქლემზე. იქნებ შევძლოთ რამით მაინც დავეხმაროთ
უბედურს.

უფლისწული დამშვიდდა‚ ტირილით მიმართა მეფეს:

– გული მეუბნება‚ რომ თქვენ ჩემი მამა ხართ‚ ჩემი დედის სახელს გაფიცებთ‚
მომისმინეთ.

– ღმერთო დაგვიფარე‚ – თქვა მეფემ. – ისევ აურია. საიდან უნდა მოსვლოდა კაცს
ეს აზრი თავში! – მოჰკიდა ლაბაკანს ხელი და დაეშვა გორაკიდან. ორივენი შესხდნენ
ძვირფასი ყაჯრით მორთულ დიდებულ ცხენებზე‚ თავში მოექცნენ საზეიმო
პროცესიას და გასწიეს. უბედურ უფლისწულს ხელები გაუთოკეს‚ აქლემზე მაგრად
დააკრეს. ორი მხედარი ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ყოველ მის მოძრაობას.

მოხუცი მეფე იყო სააუდი‚ ვეჰაბიტის სულთანი. დიდხანს არ ჰყავდა შვილები.


როგორც იქნა, ვაჟიშვილი შეეძინა‚ რომელზეც ამდენს ოცნებობდა.
ვარსკვლავთმრიცხველებმა‚ რომლებსაც რჩევა ჰკითხა ბავშვის ბედის შესახებ‚ ასე
უთხრეს: ოცდაორ წლამდე საშიშროება ელის‚ შეიძლება მისი ადგილი მტერმა იგდოს
ხელთო. ამიტომ‚ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად‚ სულთანმა
უფლისწული თავის გამოცდილ მეგობარს ელფი ბეის მისცა აღსაზრდელად და
ოცდაორ გულისმომკვლელ წელიწადს ელოდებოდა‚ თვალი მაინც მოეკრა მისთვის.

ყოველივე ეს სულთანმა მოუთხრო თავის ცრუ შვილს და კმაყოფილება გამოთქვა


მისი გარეგნობით და ქცევით.

როდესაც ისინი სულთანის სამფლობელოში შევიდნენ‚ მოსახლეობა ყველგან


მხიარული შეძახილებით ხვდებოდა. უფლისწულის მოსვლის ცნობა ელვის
სისწრაფით მოედო ქალაქებსა და სოფლებს. ქუჩებში‚ რომლებზეც ისინი
მიემართებოდნენ‚ ყვავილწნულებისა და მწვანე შტოებისაგან კამარები
გაეკეთებინათ. სახლებს ჭრელი ხალიჩები ამშვენებდა. ხალხი მადლობას უხდიდა
ღმერთსა და მის წინასწარმეტყველს‚ რომ ასეთი მშვენიერი უფლისწული
გამოუგზავნა. ყოველივე ამან მკერავის ამაყი გული პატივმოყვარეობის გრძნობით
აღავსო. მით უფრო უბედურად უნდა ეგრძნო თავი ნამდვილ ომარს. უფლისწული
ჯერ კიდევ ხელფეხშეკრული უსიტყვოდ მიჰყვებოდა პროცესიას. მისი დარდი
არავის ჰქონია საერთო მხიარულებაში‚ თუმცა ეს მხიარულება პირადად მას უნდა
შეხებოდა. ათასობით ხმა განუწყვეტლივ გაიძახოდა მის სახელს „ომარ!” ვინც ამ
სახელს კანონიერად ატარებდა‚ არავინ ყურადღებას არ აქცევდა. დიდი-დიდი ეკითხა
რომელიმეს: ვინ არის‚ ასე ხელფეხგაკრული რომ მოჰყავთო… და შემზარავად
ჩაესმოდა ხოლმე უფლისწულს ყურში მხლებლების პასუხი: ჭკუაზე შეშლილი
მკერავიაო.

პროცესია‚ როგორც იქნა‚ სულთნის დედაქალაქში ჩავიდა. იქ ყველაფერი უფრო


ბრწყინვალედ მოემზადებინათ‚ ვიდრე სხვა ქალაქებში. სულთნის მეუღლე‚ ხანში
შესული დარბაისელი ქალი‚ მთელი თავისი ამალით ელოდებოდა სასახლის
ყველაზე დიდებულ დარბაზში. ამ დარბაზის იატაკზე ფიანდაზად გაეფინათ
უზარმაზარი ხალი. კედლებზე ცისფერი აბრეშუმის ქსოვილები ოქროს თასმითა და
ფოჩებით ვერცხლის რგოლებზე ეკიდა. დაბნელდა. პროცესია სასახლეს მიადგა.
დარბაზში ანთებულმა მრავალმა სხვადასხვა ფერის კანდელმა ღამე დღესავით
გააკაშკაშა. მაგრამ ყველაზე მეტად ის ადგილი აჩირაღდნებდა დარბაზის სიღრმეს‚
სადაც დედოფალი თავის ტახტზე იჯდა. ტახტი ოთხი კიბის სიმაღლეზე დაედგათ‚
სულ ოქროთი და პატიოსანი თვლებით მოეჭედათ. ოთხ წარჩინებულ ამირას
დედოფლის წითელი ხავერდით მოფენილი ბალდახინი ეჭირა. მედინის შეიხი კი
ფარშევანგის ფრთებით უნიავებდა.

ასე ელოდებოდა დედოფალი ქმარსა და შვილს.

მასაც არ ენახა თავისი შვილი დაბადებიდან. ერთი კია – ისე ხშირად


ესიზმრებოდა‚ მის სახეს ათას კაცში გამოიცნობდა. მოახლოვდა პროცესიის ხმა.
ნაღარისა და დოლის ბრახუნი ხალხის შეძახილებში ირეოდა. სასახლის ეზოში
ცხენებმა თქარათქურით შემოიქროლეს. გაიღო დარბაზის კარი და პირქვე დამხობილ
მსახურთა შორის ხელჩაკიდებული სულთანი შვილთან ერთად დედოფლისაკენ
გაემართა.

– მოგიყვანე ის‚ – უთხრა მან‚ – რომლის ნახვის სურვილიც ამდენი ხანია გტანჯავს.

დედოფალმა შეაწყვეტინა სიტყვა და დაიძახა:

– ეს არ არის ჩემი შვილი! ეს ის სახე არ არის‚ მეუფე რომ სიზმარში მაჩვენებდა!

სწორედ მაშინ‚ როდესაც სულთანს უნდოდა ესაყვედურა


ცრუმორწმუნეობისათვის‚ დარბაზში შემოვარდა უფლისწული ომარი. მას დარაჯები
მოსდევდნენ. ომარი ტახტის წინ დაეცა.

– აქ უნდა მოვკვდე‚ უბრძანეთ მომკლან‚ მრისხანე მამავ‚ რადგან მეტი დამცირების


ატანა აღარ შემიძლია! – ამ სიტყვებმა ყველა დააღონა‚ შემოეხვივნენ უბედურს.
დარაჯებმა მოინდომეს მისი დაჭერა და ისევ შეკვრა. დედოფალი‚ რომელიც
ყველაფერს უყურებდა‚ თავზარდაცემული წამოხტა ტახტიდან.
– შეჩერდით! – დაიძახა მან. – ეს არის ნამდვილად ჩემი შვილი‚ სწორედ ის‚
რომელიც ჩემს თვალებს არასოდეს უნახავს‚ მაგრამ რომელსაც გული მუდამ
გრძნობს!

მცველებმა უნებურად გაუშვეს ხელი. გაბრაზებულმა სულთანმა ბრძანა შეშლილი


შეეკრათ.

– აქ მე განვაგებ ყველაფერს! – წარმოთქვა მან ბრძანების კილოთი. – დედაკაცთა


სიზმრების მიხედვით კი არ წყვეტენ საქმეს‚ არამედ უტყუარი და ნამდვილი
ნიშნებით‚ – თქვა და თან ლაბაკანზე მიუთითა: – აი‚ ეს არის ჩემი შვილი. მან
მომიტანა ნამდვილი ნიშანი – ჩემი მეგობრის ელფის ხანჯალი.

– მან ის მოიპარა! – იყვირა ომარმა. – ჩემი გულუბრყვილო გულღიობა ბოროტად


გამოიყენა.

სულთანი არ უსმენდა შვილს. მიჩვეული იყო ყველა საქმეში მხოლოდ თავის


გადაწყვეტილებას გაჰყოლოდა. მერე ბრძანა‚ უბედური ომარი ძალით გაეთრიათ
დარბაზიდან. თვითონ ლაბაკანთან ერთად თავისი ოთახისაკენ გაემართა,
გაბრაზებული თავის ცოლზე‚ რომელთანაც ოცდახუთი წელიწადი მშვიდად და
ტკბილად გაატარა.

დედოფალი მომხდარი ამბით ძალზე დამწუხრდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა‚ რომ


თავხედმა მატყუარამ სულთანის გული მოინადირა. სიზმარში იგი სხვა სახეს
ხედავდა.

როცა გულისტკივილი ცოტათი დაუცხრა‚ დაიწყო ფიქრი მხოლოდ იმაზე‚


როგორმე დაერწმუნებინა სულთანი თავის შეცდომაში. ეს‚ ცხადია‚ არ იყო ადვილი:
იმას‚ ვინც თავი შვილად გამოაცხადა‚ ჰქონდა პირობითი ნიშანი – ხანჯალი. თანაც
იმდენი გაეგო ომარისაგან მის წარსულ ცხოვრებაზე‚ ახლა თავის როლს მშვენივრად
ასრულებდა.

დედოფალმა გამოუძახა იმ ხალხს‚ რომელიც სულთანს ახლდა ელ-სერუიას


სვეტთან. დაწვრილებით გაიგო ყველაფერი და გადაწყვიტა ამ საკითხზე
მოთათბირებოდა ყველაზე დაახლოვებულ მხევლებს. ისინი ხან ერთ საშუალებას
მიმართავდნენ‚ ხან მეორეს. ბოლოს მელეჰზალამ‚ ჭკვიანმა ბებერმა ჩერქეზმა ქალმა
თქვა:

– თუ არ ვცდები‚ თქვენო მაღალკეთილშობილებავ‚ კაცმა‚ რომელმაც ხანჯალი


გადმოგცათ‚ ლაბაკანი და შეშლილი მკერავი უწოდა მას‚ ვისაც შენ შვილად სთვლი.

– დიახ‚ სწორია‚ – უპასუხა დედოფალმა. – მაგრამ რა გინდათ მაგითი თქვათ?

– რას იტყვით‚ ძვირფასო‚ – განაგრძო მან. – იქნებ ამ მატყუარამ თქვენს შვილს


თავისი საკუთარი სახელი შეაჩეჩა? და თუ ასეა‚ არის მშვენიერი საშუალება
მატყუარას დასაჭერად. ამის თქმა ძალზე საიდუმლოდ მინდა.

დედოფალმა ყური მიუგდო‚ მან ჩურჩულით მოახსენა ყველაფერი. დედოფალს


სავსებით მოეწონა მისი აზრი და მაშინვე კაცი აფრინა სულთანთან.
დედოფალი ჭკვიანი ქალი გახლდათ. იცოდა სულთნის სუსტი მხარეები და მათი
გამოყენებაც შეეძლო. ისე მოაჩვენა თავი‚ თითქოს ბედს შეურიგდა და შვილს ცნობდა
მხოლოდ ერთი პირობით. სულთანი‚ რომელიც უკვე ნანობდა თავის სიფიცხეს‚
დათანხმდა მიეღო პირობა.

დედოფალმა განუცხადა:

– მინდა ორივე გამოვცადო მათი მოხერხებულობის დასამტკიცებლად. შეიძლება


სხვას ეთხოვა ცხენის ჯირითი‚ ან ფარიკაობა და ისრის სროლა. ეს ხომ ყველას
შეუძლია. მე მინდა მათ მივცე ისეთი დავალება‚ რომლისთვისაც მოსაზრებაა
საჭირო‚ – თითოეულმა მათგანმა შეკეროს ხიფთანი და შარვალი. ვნახოთ‚ ამ
სამუშაოს ვინ უკეთ შეასრულებს.

სულთანმა გაიცინა და თქვა:

– დიდი ჭკვიანური რამ კი მოგიგონია! ჩემი შვილი შენს შეშლილ მკერავს უნდა
შეეჯიბროს ხიფთანის შეკერვაში? უაზრობაა!

მაგრამ დედოფალმა შეახსენა‚ რომ ის წინასწარ დათანხმდა ამაზე. სულთანი


თავისი სიტყვის პატრონი იყო. მეტი რა ჩარა ჰქონდა‚ წინ ვერ აღუდგებოდა. თუმცა
დაიფიცა‚ როგორი მშვენიერი ხიფთანიც არ უნდა შეეკერა შეშლილ მკერავს‚ შვილად
მაინც არ ეცნო.

სულთანი თვითონ წავიდა შვილთან და სთხოვა დათანხმებოდა დედის უცნაურ


დაჟინებას: დედას აუცილებლად სურდა ენახა მისი ხელით შეკერილი ხიფთანი.
მიამიტი ლაბაკანის გული სიხარულით აძგერდა. – საქმე თუ მხოლოდ ეს არის‚ –
ფიქრობდა თავისთვის‚ – დედოფლის გადმობირება არ გამიჭირდება.

ორი ოთახი გამოჰყვეს – ერთი უფლისწულისათვის‚ მეორე მკერავისათვის.


თითოეულს მისცეს აბრეშუმის ქსოვილი‚ მაკრატელი‚ ნემსი და ძაფი.

სულთანს ძალზე აინტერესებდა‚ რანაირ ხიფთანს შეკერავდა მისი შვილი.


დედოფალსაც მოუსვენრად უძგერდა გული: მიაღწევდა თავის ეშმაკობით რამეს‚ თუ
არა? ორი დღე მისცეს სამუშაოს შესრულებისათვის; მესამე დღეს სულთანმა ბრძანა
მეუღლისათვის დაეძახათ. ისიც მოვიდა და ხელოსნების მოსაყვანად კაცები გაგზავნა
ორსავე ოთახში. ტრიუმფით შემოვიდა ლაბაკანი და გაშალა თავისი ხიფთანი
გაკვირვებული სულთნის წინაშე.

– შეხეთ‚ მამა! – მოახსენა მან. – შეხეთ‚ პატივცემულო დედა! განა ეს საჩვენებელი


ნიშანი არ არის? სანაძლეოს ვდებ კარის საუკეთესო მკერავთან‚ იგი ასე კარგად ვერ
შეკერავს.

დედოფალს ჩაეცინა და ომარს მიუბრუნდა.

– შენ რაღა გააკეთე‚ ჩემო შვილო?

მან უკმაყოფილოდ დააგდო ძირს აბრეშუმი და მაკრატელი:


– მე მასწავლიდნენ ჯირითსა და ხმლის ხმარებას‚ ჩემი შუბი სამოცი ნაბიჯის
მანძილზე მიზანში ხვდება. მკერავის ხელობა ჩემთვის უცხოა. ეს არ შეეფერებოდა
ელფი ბეის – კაიროს მფლობელის აღზრდილს.

– ო‚ ჩემი ბატონის ნამდვილო შვილო! – დაიძახა დედოფალმა. – მომეცი ნება


გადაგეხვიო‚ მომეცი ნება შვილი გიწოდო! მაპატიე‚ ჩემო მეუღლევ და მბრძანებელო‚
– მიმართა მან სულთანს‚ – რომ მე ასეთ ეშმაკობას მივმართე. განა ახლა მაინც არ
ხედავთ‚ ვინ არის უფლისწული და ვინ – მკერავი? ჭეშმარიტად‚ თქვენი შვილის
მიერ დამზადებული ხიფთანი არაჩვეულებრივია და მე ძალზე მაინტერესებს გავიგო‚
რომელ ოსტატთან უსწავლია მას.

სულთანი იჯდა ღრმა ფიქრებში წასული. უნდობლად უყურებდა ხან თავის ცოლს‚
ხან ლაბაკანს‚ რომელიც ტყუილად ცდილობდა დაეფარა სიწითლე და სინანული‚ ასე
სულელურად რომ გასცა თავისი თავი.

– ეს არ არის საკმარისი‚ – თქვა სულთანმა. – თუმცა, მადლობა ალაჰს‚ საშუალება


ვიშოვე გავიგო მოტყუებული ვარ თუ არა!

მან ბრძანა შეეკაზმათ თავისი ყველაზე მარდი ცხენი‚ შემოახტა და გააჭენა


ტყისაკენ‚ რომელიც ქალაქიდან არცთუ ისე შორს იწყებოდა. ძველი თქმულების
თანახმად, იქ ცხოვრობდა კეთილი ფერია‚ სახელად ადოლცაიდე‚ რომელსაც თავისი
რჩევით მძიმე წუთებში მრავალჯერ გაუწევია დახმარება მისი მოდგმის ბევრი
მეფისათვის. სულთანიც სწორედ მისკენ მიიჩქაროდა.

ტყის შუაგულში ცაცხვით შემოფარგლული მოტიტვლებული ადგილი იყო.


თქმულება ამბობს‚ რომ აქ ცხოვრობდა ფერია. იშვიათად თუ გაბედავდა მოკვდავი ამ
ადგილას მოსვლას. დიდი ხანია მისდამი შიში მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან
შვილზე.

სულთანი მივიდა‚ ცხენიდან ჩამოხტა. მერანი ხეს გამოაბა‚ მინდვრის შუაგულში


დადგა და ხმამაღლა დაიძახა:

– თუკი ეს მართალია‚ რომ ჩემს წინაპრებს მძიმე წუთებში რჩევას აძლევდი‚ მაშ ნუ
მეტყვი უარს მათ შვილიშვილსაც. მირჩიე ისეთ საქმეში‚ რაშიც ადამიანის გონება
უძლურია!

ის იყო დაამთავრა ბოლო სიტყვები‚ ცაცხვის რტო გადაიწია და იქიდან თეთრ


მოსასხამში გახვეული ქალი გამოვიდა.

– ვიცი‚ რისთვისაც მოსულხარ ჩემთან‚ სულთან სააუდ‚ – წარმოთქვა მან. – შენი


გადაწყვეტილება სწორია და ამიტომ მიიღე ჩემი დახმარება. აიღე ეს ორი კოლოფი!
დაე‚ იმ ორმა‚ რომელთაც შენი შვილად გახდომა უნდათ‚ აირჩიონ! მე ვიცი‚ ის‚
რომელიც შენი ნამდვილი შვილია‚ სწორად აირჩევს.

ასე უთხრა მოსასხამიანმა ქალმა და გაუწოდა ოქრო-მარგალიტით მოჭედილი


სპილოს ძვლის ორი პატარა კოლოფი. სახურავზე‚ რომლის ახდასაც სულთანი ამაოდ
ეცადა‚ წარწერები ალმასით იყო ამოტვიფრული.
სახლში რომ ბრუნდებოდა‚ სულთანი თავს იმტვრევდა იმაზე‚ თუ რა უნდა
ყოფილიყო ამ ორ კოლოფში. კოლოფები ვერ გახსნა. წარწერაც არაფერს ეუბნებოდა.
ერთზე მიეწერათ: „პატიოსნება და დიდება”‚ – მეორეზე კი – „ბედნიერება და
სიმდიდრე”. სულთანმა იფიქრა‚ ჩემთვისაც ეს წარწერები ძნელი გამოსაცნობია‚
ორივე მაცდურიაო.

როცა სასახლეში დაბრუნდა‚ ბრძანა დედოფალი მოეყვანათ. მეუღლეს გადასცა


ფერიას ნათქვამი და აჩვენა იდუმალი კოლოფები. დედოფალი ტკბილმა ოცნებამ
გაიტაცა‚ სჯეროდა‚ რომ ის‚ ვისკენაც გული მიუწევდა‚ აირჩევდა კოლოფს‚
რომელიც მის მეფურ შთამომავლობას დაამტკიცებდა.

სულთნის ტახტის წინ დადგეს ორი მაგიდა. მათზე სულთანმა თავისივე ხელით
დააწყო ორივე კოლოფი‚ შემდეგ ტახტზე დაჯდა და ერთ-ერთ მონას ანიშნა
დარბაზის კარი გაეღო. ბრწყინვალე ფაშებისა და ამირათა დიდი ჯგუფი‚ რომელიც
სულთანს მოეწვია‚ შემოიჭრა კარებში. ისინი მშვენიერ ბალიშებზე დაეშვნენ.
ბალიშები კედლის გასწვრივ დაეწყოთ.

ყველამ მოიკალათა. მეფემ მეორედ ანიშნა და შემოიყვანეს ლაბაკანი. ლაბაკანმა


ამაყი ნაბიჯით გამოიარა დარბაზში‚ დაეცა ტახტის წინ და თქვა:

– რას მიბრძანებს ჩემი ბატონი მამა!

სულთანი ტახტიდან ადგა და უთხრა:

– ჩემო შვილო‚ ეჭვი ეპარებათ შენს უფლისწულობაში. აქ ორი კოლოფია. ერთ-ერთ


მათგანში არის შენი მაღალი წარმოშობის დამამტკიცებელი საბუთი. აიღე‚
დარწმუნებული ვარ‚ სწორად აირჩევ.

ლაბაკანი წამოდგა და კოლოფთან მივიდა. დიდხანს ფიქრობდა‚ თუ რომელი


აეღო. ბოლოს წარმოთქვა:

– დიდად პატივცემულო მამავ‚ შენს შვილად ყოფნაზე მეტი ბედნიერება რაღა


შეიძლება იყოს‚ ან რა იქნება უფრო კეთილშობილი შენგან ნაწყალობევ
სიმდიდრეზე? მე ვირჩევ კოლოფს წარწერით: „ბედნიერება და სიმდიდრე”.

– ჩვენ შემდეგ გავიგებთ‚ რამდენად სწორად აირჩიე. ახლა კი ცოტა ხნით ფეხი
მოირთხე ბალიშზე მედინას ფაშას გვერდით‚ – უთხრა სულთანმა და თავის მონებს
რაღაც ანიშნა.

შემოიყვანეს ომარი. დაღვრემილი გამოხედვა‚ დაღონებული სახე ჰქონდა და მისი


შეხედულება ყველაში თანაგრძნობას იწვევდა. მან ტახტის წინ დაიჩოქა და იკითხა‚
რას ბრძანებდა სულთანი.

სულთანმა უთხრა‚ ერთ-ერთი კოლოფი უნდა აირჩიოო. ომარი ადგა და


მაგიდასთან მივიდა.

ყურადღებით წაიკითხა ორივე წარწერა და თქვა:


– ბოლო დღეებმა მასწავლა‚ თუ რამდენად მერყევია ბედნიერება და როგორი
გარდამავალია სიმდიდრე. ამავე დღეებში გავიგე: გულადს გააჩნია ერთი
შეუდრეკელი ღირსება – პატიოსნება. ჩემთვის ისიც ცხადი გახდა‚ რომ დიდების
ბრწყინვალე ვარსკვლავი არასოდეს ჩაესვენება ბედნიერებასთან ერთად. თუნდაც
გვირგვინზე უარის თქმა მომიხდეს‚ ჩემმა კამათელმა „პატიოსნება და დიდება”
მიჩვენა და მეც ამ კოლოფს ვირჩევ.

ომარმა ხელი დაადო არჩეულ კოლოფს. სულთანმა შეაჩერა. ანიშნა ლაბაკანს ისიც
მაგიდასთან მისულიყო. ლაბაკანმა დაადო ხელი თავის კოლოფს. მაშინ სულთანმა
ბრძანა‚ მოეტანათ კოკა წყალი მექადან‚ ზემზემის წყაროდან. სალოცავად ხელი
დაიბანა‚ მიბრუნდა აღმოსავლეთისკენ‚ პირქვე დაეცა და ლოცვა დაიწყო: – ჩემი მამა-
პაპის ღმერთო‚ საუკუნეთა მანძილზე მფარველობ ჩვენს გვარს წმინდად და
შეულახავად. ნუ მისცემ ნებას‚ რომ შეარცხვინოს უღირსმა აბასიანთა სახელი. ჩემი
ნამდვილი შვილის მფარველი იყავ ამ გამოცდის ჟამს…

სულთანი წამოდგა და ისევ ტახტზე დაჯდა. ყველა დამსწრემ სული განაბა.


ამოსუნთქვას ვერავინ ბედავდა. ისეთი დაძაბული სიჩუმე სუფევდა‚ დარბაზში
ბუზის გაფრენას გაიგონებდით‚ უკანა რიგებში მდგომმა ხალხმა კისერი წაიგრძელა.

სულთანმა თქვა: „გაიღეთ!” კოლოფები‚ რომლებსაც ძალით ვერ აღებდნენ‚ ახლა


თავისთავად გაიღო.

იმ კოლოფში‚ რომელიც ომარმა აირჩია‚ ხავერდის ბალიშზე ოქროს გვირგვინი და


კვერთხი იდო‚ ლაბაკანის კოლოფში კი – მახათი და ძაფი. სულთანმა ბრძანა ორივე
მასთან მიეტანათ. მან ბალიშიდან გვირგვინი აიღო. მშვენიერი სანახავი გახლდათ –
თანდათან დიდდებოდა‚ სანამ ნამდვილი გვირგვინისოდენა არ გახდა. მან დაახურა
გვირგვინი თავის მუხლმოყრილ შვილს ომარს‚ შუბლზე აკოცა და უბრძანა გვერდით
მოსჯდომოდა.

შემდეგ ლაბაკანს მიუბრუნდა და უთხრა:

– როგორც ჩანს‚ ნემსი კვლავაც შენი განუყრელი მეგობარი იქნება. თუმცა ჩემი
წყალობა არ დაგიმსახურებია‚ მაგრამ შენთვის დანაშაულის პატიება ერთმა კეთილმა
ადამიანმა მთხოვა‚ რომელსაც დღეს უარს ვერაფერზე ვეტყვი. ამიტომაც გაჩუქებ მაგ
საცოდავ სიცოცხლეს. თუ გინდა ჩემს რჩევას დაუჯერო‚ აქაურობას რაც შეიძლება
მალე გაშორდი.

დამცირებულ‚ განადგურებულ მკერავის შეგირდს რაღა ეთქმოდა‚ დაეცა


უფლისწულის წინაშე და თვალთაგან ცრემლი წასკდა.

– შეგიძლიათ მაპატიოთ‚ უფლისწულო? – შესთხოვა მან.

– ერთგულება მეგობრის‚ დიდსულოვნება მტრის წინაშე‚ აი‚ რით არიან


განთქმული აბასიანები‚ – უპასუხა უფლისწულმა და თან წამოაყენა. – წადი
მშვიდობით…
– ოჰ‚ შენ ჩემო ნამდვილო შვილო! – წამოიძახა გულაჩუყებულმა სულთანმა და
შვილის მკერდს მიესვენა. ამირები‚ ფაშები და დიდებულები წამოდგნენ თავიანთი
ადგილებიდან და შეჰღაღადეს:

– გაუმარჯოს ნამდვილ უფლისწულს!

საერთო მხიარულებაში ლაბაკანი თავისი ამორჩეული კოლოფით დარბაზიდან


გაიპარა.

იგი ჩავიდა სულთნის საჯინიბოში‚ შეკაზმა თავისი ჯაგლაგი მურფა და გაემართა


ქალაქის კარიდან ალექსანდრიისაკენ. უფლისწულად ყოფნის ეს დღეები სიზმარი
ეგონა. მხოლოდ მარგალიტითა და ალმასით შემკული მშვენიერი კოლოფი აგონებდა‚
რომ ეს სიზმარი არ იყო. ალექსანდრიაში დაბრუნებისას მივიდა თავისი ხელოსნის
სახლთან‚ ჩამოქვეითდა‚ ცხენი კარებზე მიაბა და სახელოსნოში შევიდა. ხელოსანმა‚
რომელიც მაშინვე ვერ მოეგო გონს‚ მოწიწებით ჰკითხა‚ რით შემიძლია
გემსახუროთო. მაგრამ როცა სტუმარში თავისი ძველი ლაბაკანი იცნო‚ დაუძახა
შეგირდებს‚ მოწაფეებს. ყველა გამწარებით დაეტაკა საწყალ ლაბაკანს. დიდკაცობაზე
მეოცნებე შეგირდი ასეთ მიღებას არ მოელოდა. ისინი ჩქმეტდნენ‚ ნემსითა და
მაკრატლით ჩხვლეტდნენ‚ სანამ ღონემიხდილი არ დაეცა ძველი კაბების გროვაზე.
ვიდრე ასე იწვა‚ ხელოსანი საყვედურით ავსებდა მოპარული ტანსაცმლის გამო.
ლაბაკანი ამაოდ ცდილობდა დაერწმუნებინა‚ რომ სწორედ მისი დაბრუნების მიზანი
იყო აენაზღაურებინა ყოველივე. ტყუილად სთავაზობდა სამმაგ ფასს; ხელოსანი და
შეგირდები ისევ თავს დაესხნენ‚ კიდევ მეტად მიბეგვეს და კარში გააგდეს. ნაცემი და
დაბეჟილი შეაჯდა თავის მურფას და წაჩანჩალდა ქარვასლაში. იქ მიდო თავისი
დაღლილი‚ ნაცემი თავი და მიწიერმა ფიქრებმა წაიღო ამქვეყნიური სიკეთის
უსუსურობასა და დაუდგრომლობაზე.

დაიძინა იმ გადაწყვეტილებით‚ რომ თავი დაენებებინა მაღალი მისწრაფებისათვის


და პატიოსანი მოქალაქე გამხდარიყო.

მეორე დღეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ეტყობა‚ ხელოსნისა და შეგირდების


მძიმე მუშტებმა სრულიად წაუხდინა განდიდების სურვილი.

მან დიდ ფასად მიჰყიდა თავისი კოლოფი ერთ ოქრომჭედელს‚ შეიძინა სახლი და
გამართა სახელოსნო. როცა ყველაფერი კარგად მოაწყო‚ გამოაკრა ფირი წარწერით:
„მკერავი ლაბაკანი”. შემდეგ დაიწყო დახეული ტანსაცმლის ამოკერვა‚ ვიღაცამ
მოაცდინა სამუშაოს და‚ როცა ისევ იმ საკერავს უნდა დაბრუნებოდა‚ უცნაური
სანახაობა იხილა: ნემსი განაგრძობდა კერვას ადამიანის დაუხმარებლად. ისე
მშვენივრად კერავდა‚ რომ თვითონაც კი ვერ დაიკვეხნიდა ამგვარ რაიმეს.

ჭეშმარიტად‚ კეთილი ფერიას მცირე საჩუქარსაც დიდი სარგებლობა მოაქვს. მას


კიდევ მეორე სიკეთეც ჰქონდა: ის ცოტაოდენი ძაფი არასოდეს ილეოდა‚ ნემსს
რამდენიც არ უნდა ეკერა.

ლაბაკანს ბევრი შემკვეთი გაუჩნდა და მალე მთელ მხარეში ცნობილი მკერავი


გახდა. გამოჭრიდა ხოლმე ტანსაცმელს‚ პირველად ამოუყრიდა ნემსს‚ მერე კი ნემსი
უკვე თვითონ აგრძელებდა საქმეს.
მთელმა ქალაქმა ხელოსან ლაბაკანთან დაიწყო დაკვეთების მოტანა. იგი
ოსტატურად მუშაობდა და ძალზე იაფადაც. მხოლოდ ერთ რამეზე აქნევდნენ თავს
ალექსანდრიის მცხოვრებნი‚ უკვირდათ: უშეგირდოდ და გამოკეტილ ოთახში
როგორ კერავსო. ასე ცხოვრობდა ლაბაკანი თავისი თავით კმაყოფილი‚
პატივცემული მოსახლეობაში. თუ ნემსმა ამ ხნის განმავლობაში არ დაკარგა თავისი
ძალა‚ ალბათ ახლაც კერავს კეთილი ფერია ადოლცაიდეს მუდმივი‚ დაულეველი
ძაფით.

მზის ამოსვლასთან ერთად ქარავანი წამოიშალა. მალე გამოჩნდა ბირკეტ ელ გადა‚


ანუ მოგზაურთა ჭა. აქედან კაირომდე სამი საათის სავალი რჩებოდა. ამ დროისათვის
ქარავნის მოსვლას ელოდნენ. ვაჭრებმა ძლიერ გაიხარეს‚ როცა დაინახეს კაიროდან
მათ შესახვედრად წამოსული მეგობრები. ისინი ქალაქში ბებ ელ ფალჰის ჭიშკრით
შევიდნენ. კარგ ნიშნად ითვლება მექადან ქალაქში ამ ჭიშკრით შესვლა‚ რადგან
ოდესღაც ამ გზით წინასწარმეტყველი დაბრუნდა.

ბაზარში ოთხი თურქი ვაჭარი დაემშვიდობა უცხოელს‚ ბერძენ ვაჭარს –


ცალეუკოსს და მეგობრებთან ერთად შინისკენ გასწია. ცალეუკოსმა უცხოელს უჩვენა
კარგი ქარვასლა და სადილად მიიპატიჟა. უცხოელი დასთანხმდა და პირობაც მისცა
მოვალ‚ როგორც კი ტანსაცმელს გამოვიცვლიო.

ბერძენი‚ რაც შეიძლება‚ კარგი მასპინძლობისათვის მოემზადა. არაფერი დაიშურა


უცხოელისათვის‚ რომელსაც ასე შეეჩვია მგზავრობის დროს. საჭმელ-სასმელი უხვად
მოიტანეს‚სუფრა გაშალეს. დერეფანში‚ რომელიც მის ოთახებს უერთდებოდა‚ გაისმა
ნელი და მძიმე ნაბიჯების ხმა. ცალეუკოსი წამოდგა‚ რომ უცხოელს მეგობრულად
შეხვედროდა შემოსასვლელთან. კარი გააღო‚ შეძრწუნებულმა უკან დაიხია: ახლაც ის
საშინელი წითელმოსასხამიანი კაცი იდგა მის წინ. კიდევ ერთხელ შეხედა.
ნამდვილად ის იყო‚ – იგივე დიდებული შეხედულება‚ იგივე ნიღაბი‚ ნიღბიდან
მოელვარე შავი თვალები. იგივე ოქრომკედით მოქარგული მოსასხამი‚ რომელიც ასე
კარგად ახსოვდა თავისი ცხოვრების მანძილზე.

საწინააღმდეგო გრძნობები ბობოქრობდნენ ცალეუკოსის გულში. დიდი ხანია


შეურიგდა თავისი წარსულის ამ შემაზრზენ ამბავს‚ მაგრამ ახლა მისმა დანახვამ
ძველი იარები გაუხსნა. ტანჯვით აღსავსე სიკვდილის წინა საათები‚ რომლებმაც
მოწამლეს მისი აყვავებული სიცოცხლე‚ თვალის დახამხამებაში გაცოცხლდნენ
გონებაში.

– რა გინდა‚ საშინელებავ? – დაიძახა ბერძენმა.

მოჩვენება გაუნძრევლად აღმართულიყო კარებში: – იჩქარე წასვლა‚ სანამ არ


დამიწყევლიხარ.

– ცალეუკოს! – გაისმა ნიღბიდან ნაცნობი ხმა. – ასე ღებულობ სტუმარს?

წითელმოსასხამიანმა ნიღაბი ჩამოიხსნა‚ მხრებიდან მოსასხამი გადაიგდო: მის


წინაშე სელიმ ბარუხი – უცხოელი იდგა.
ცალეუკოსი ჯერ კიდევ არ დამშვიდებულიყო. მას უცხოელმა შიში მოჰგვარა‚
რადგან ნათლად იცნო მასში პონტე ვეკიოელი. სტუმართმოყვარეობის ძველმა
ჩვეულებამ დასძლია. უსიტყვოდ ანიშნა მას მაგიდასთან დამჯდარიყო.

– მე ვკითხულობ შენს აზრებს‚ – დაიწყო მან‚ თან სკამზე დაეშვა. – შენს თვალებში
გაოცებაა გამოხატული. შემეძლო სიჩუმე მერჩია და სამუდამოდ გავმქრალიყავი შენი
თვალებიდან‚ მაგრამ მსურს თავი ვიმართლო შენს წინაშე და ამიტომ გავბედე აქ
მოსვლა ჩემი წინანდელი სახით. ვერ ვიტყვი‚ თითქოს დაწყევლისა არ მეშინოდეს.
ყველაფერი რომ გამიგო‚ შორიდან დამჭირდება ამბის დაწყება.

დავიბადე ალექსანდრიაში‚ ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მამა‚ ფრანგთა


ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი‚ კონსული იყო
ალექსანდრიაში. ათი წლიდან ვიზრდებოდი საფრანგეთში დედის ერთ-ერთ ძმასთან.
მხოლოდ რევოლუციის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბიძასთან ერთად
დავტოვე მშობლიური ქალაქი. მას სამშობლოში დარჩენა უკვე საფრთხეში აგდებდა.
თავშესაფარი ვპოვეთ ზღვის გადაღმა მყოფ ჩემს მშობლებთან. იქ ჩავედით იმედით
აღსავსენი‚ გვეგონა აჯანყებული ფრანგი ხალხის მიერ წართმეულ სიმშვიდესა და
სიწყნარეს მშობლების სახლში დავიბრუნებდით. მაგრამ, ვაი‚ რომ მამაჩემის სახლშიც
არ გვეწერა სულიერი სიმშვიდე. იმდროინდელ არევ-დარევას აქამდე არც მოეღწია‚
მაგრამ ჩვენდა მოულოდნელად უბედურება ჩემს სახლში დაბუდებულიყო. ჩემმა
ძმამ‚ რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდნენ‚ მამის პირველმა მდივანმა‚ ჯვარი
დაიწერა ფლორენციელი დიდებულის ასულზე. სარძლო ჩვენს მეზობლად
ცხოვრობდა. ჩვენს ჩასვლამდე ორი დღით ადრე იგი უეცრად სადღაც გამქრალიყო.
მის გზა-კვალს ვერ მიაგნო ვერც ჩვენმა ოჯახმა და ვერც მამამისმა. ბოლოს
გადაწყვიტეს: სეირნობის დროს‚ ალბათ სადღაც შორს წავიდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა
ხელშიო. ეს აზრი ჩემი ძმისთვის უფრო დამამშვიდებელი იყო‚ ვიდრე ის
სინამდვილე‚ რომელიც ჩვენთვის მალე ცნობილი გახდა. ის ქალი მამის სახლში
შეხვედრილ ნეაპოლელთან ერთად ზღვით გაპარულიყო. ჩემი ძმა‚ უსაზღვროდ
აღშფოთებული მისი საქციელით‚ ყოველ ღონეს ხმარობდა დამნაშავის დასასჯელად.
მაგრამ ამაოდ. მისმა ცდამ ნეაპოლსა და ფლორენციაში დიდი აურზაური გამოიწვია
და კიდევ უფრო დიდი უბედურება მოგვიტანა.

ფლორენციელი დიდებული თავის სამშობლოში გაემგზავრა იმ საბაბით‚ თითქოს


სურდა ჩემი ძმის ინტერესები დაეცვა. სინამდვილეში კი მისი საწადელი ჩვენი
დაღუპვა ყოფილა. მან მოსპო ფლორენციაში ყველა კვლევა-ძიება‚ რომელიც ჩემმა
ძმამ აღძრა. მიაღწია იმას‚ რომ მთავრობამ მამაჩემსა და ჩემს ძმას უნდობლად
შეხედა. შემდეგ ორივენი სამარცხვინო ხრიკებით შეიპყრეს‚ საფრანგეთში გაგზავნეს
და იქ ჯალათის ხელით სიცოცხლეს გამოასალმეს.

საცოდავი დედა ჭკუაზე შეიშალა და მხოლოდ ათი თვის შემდეგ გაათავისუფლა


სიკვდილმა საშინელი ტანჯვისაგან‚ თუმცა ბოლო დღეებში დაუბრუნდა საღი‚
ნათელი აზროვნება. ასე დავრჩი სრულიად მარტო ამქვეყნად. მხოლოდ ერთი აზრი
ამხნევებდა ჩემს გულს‚ მხოლოდ ერთმა აზრმა შემიმსუბუქა მწუხარება‚ ეს იყო
ძლიერი ცეცხლი‚ რომელიც უკანასკნელად დედამ დაანთო.

ბოლო წუთებში‚ როგორც გითხარი‚ დედას გონება დაუბრუნდა. მომიხმო და


წყნარად მესაუბრა ჩვენს ბედ-იღბალზე‚ თავის აღსასრულზე. გვანიშნა, ჩემს მეტი
ყველა გასულიყო ოთახიდან. სარეცელიდან წამოიწია და გამიმჟღავნა: ჩემს ლოცვა-
კურთხევას მიიღებ‚ თუ დამპირდები იმის შესრულებას‚ რასაც ანდერძად
დაგიბარებო. მომაკვდავი დედის სიტყვებით გრძნობამორეულმა მივეცი პირობა‚
რომ ყველაფერს შევასრულებდი‚ რასაც მეტყოდა. მაშინ მან ფლორენციელი და მისი
ასული აუგად მოიხსენია და მიბრძანა შური მეძია ჩვენი უბედური ოჯახის
განადგურებისათვის. დედამ ჩემს ხელზე დალია სული. შურისძიების გრძნობას
დიდი ხანია გულში ვატარებდი‚ მაშინ მან უფრო მეტი ძალით იფეთქა. თავი
მოვუყარე მამის დარჩენილ ქონებას და დავიფიცე‚ ან სამაგიერო გადამეხადა‚ ან
მოვმკვდარიყავი.

მალე ჩავედი ფლორენციაში. იქ ყველასგან მალულად დავიწყე ცხოვრება. ჩემს


გეგმებს ძალზე შეუშალა ხელი ჩემი მტრების ამაღლებულმა მდგომარეობამ.

მოხუცი ფლორენციელი გუბერნატორი გამხდარიყო‚ ყველა შესაძლებლობა


ჰქონდა ცოტაოდენი ეჭვის შეტანის შემთხვევაშიც დავეღუპე. ერთ საღამოს დავინახე
ქუჩაში ნაცნობი ტანსაცმლით მომავალი კაცი. უთანაბრო სიარულზე‚ მკაცრ
გამოხედვაზე და დროდადრო წამოსროლილ სიტყვებზე სანტო საცრამენტო,
მალედეტტო დიავოლო* ‚ ვიცანი მოხუცი პიერო‚ ფლორენციელის მსახური. იგი
ჯერ კიდევ ალექსანდრიიდან მახსოვდა. ცხადი იყო‚ პიერო ბატონზე ბრაზობდა.
გადავწყვიტე მისი უმანკოებით სარგებლობა. მას მეტისმეტად გაუკვირდა ჩემი
დანახვა. შემომჩივლა: ჩემს პატრონს‚ რაც გუბერნატორი გახდა‚ გულს ვერაფრით
ვუგებო. ოქრომ კი‚ რომელიც მე მივეცი‚ მალე ჩემს მხარეზე გადმოიბირა. ყველაზე
დიდი სიძნელე დაძლეულად ითქმოდა. უკვე მყავდა კაცი‚ რომელსაც ყოველ წუთს
შეეძლო ჩემთვის სასახლის კარი გაეღო. ახლა შურისძიების გეგმას სწრაფად
ესხმებოდა ფრთები. მოხუცი ფლორენციელის სიცოცხლეს‚ ჩემი აზრით‚ არ შეეძლო
გამოესყიდა ჩემი ოჯახის წინაშე ჩადენილი დანაშაული. მას ყველაზე საყვარელი
არსების სიკვდილი უნდა ენახა. ასეთი იყო ბიანკა‚ მისი ასული‚ – ის‚ ვინც ჩემს ძმას
უსინდისოდ მოექცა‚ მთავარი მიზეზი ჩვენი უბედურებისა. ნამდვილად სასურველ
დროს შეიტყო შურისძიების სურვილით აღსავსე გულმა‚ რომ ბიანკა მეორედ
აპირებდა გათხოვებას. გადაწყდა‚ იგი უნდა მომეკლა. პირადად ჩემთვის ამ საქმის
ჩადენა შემაძრწუნებელი იყო. პიეტროსაც არ ეყოფოდა საამისო ძალა. ამიტომ
ყველგან დავეძებდი კაცს‚ რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებდა. ვინმე
ფლორენციელის მოსყიდვა არც კი მიცდია. გუბერნატორის წინააღმდეგ ამას არავინ
ჩაიდენდა. მერე პიეტროს მოუვიდა აზრი‚ რომელიც განვახორციელე კიდეც. ამის
შემსრულებლად დაგასახელა შენ‚ როგორც ექიმი და უცხოელი. ამის შემდეგ შენთვის
ყველაფერი ცნობილია. ოღონდ შენმა სიფრთხილემ და კეთილშობილებამ კინაღამ
ჩამიშალა გეგმა. აქედან მომდინარეობს მოსასხამის ამბავიც.

პიეტრომ გაგვიღო გუბერნატორის სასახლის კარი. ასევე შეუმჩნევლად


გამოგვიყვანდა იქიდან‚ რომ გამოღებული კარიდან დანახულ საშინელ სანახაობას არ
გამოვქცეოდით. ორასიოდე ნაბიჯი გავირბინე‚ სანამ ეკლესიის კიბეზე არ დავეშვი.
როცა გონს მოვედი‚ პირველი ჩემი ფიქრი იყავი შენ და შენი საშინელი ბედი.

მივეპარე სასახლეს. ვერც შენ გნახე‚ ვერც პიეტრო‚ კარები ღია იყო. შემეძლო
მეფიქრა‚ რომ ამ საშუალებას თავდასახსნელად გამოვიყენებდი. თენდებოდა. საქმის
გახსნის შიშმა და უსაზღვრო სინანულმა შორს გამდევნა ფლორენციის კედლებიდან.
რომისკენ გავწიე‚ მაგრამ‚ წარმოიდგინე‚ რა დღეში აღმოვჩნდებოდი‚ როცა
რამდენიმე დღის შემდეგ ყველგან ამ ამბავზე დაიწყეს ლაპარაკი. თანაც
დაბეჯითებით ამბობდნენ მკვლელი‚ ბერძენი ექიმი, დაჭერილიაო. ძალზე
შეწუხებული დავბრუნდი ისევ ფლორენციაში. თუ წინათ ჩემი შურისძიება ძალიან
შემაძრწუნებლად მეჩვენებოდა‚ ახლა ვწყევლიდი მას. შენი სიცოცხლე დიახაც მეტად
ძვირი საფასური იქნებოდა მისთვის. მე სწორედ იმ დღეს ჩამოვედი‚ ხელს რომ
გკვეთდნენ. არაფერს გეტყვი ჩემს გულისტკივილზე‚ როცა ეშაფოტზე ადიოდი და
მამაცურად შეხვდი თავზე დატეხილ უბედურებას. ჩემს თვალწინ შენმა სისხლმა
შადრევანივით იფეთქა. იმ მრისხანე წამს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე‚ შენი
სიცოცხლის დარჩენილი დღეები მაინც დამეტკბო.

რა მოხდა შემდეგ‚ თვითონაც კარგად იცი. მხოლოდ ახლა ისღა დამრჩა სათქმელი‚
რატომ ვიმგზავრე შენთან ერთად.

ფიქრი‚ რომ ჯერ კიდევ არ გიპატიებია ჩემთვის‚ მძიმე ლოდად მაწვა გულზე.
ამიტომ გადავწყვიტე შენთან ერთად რამდენიმე დღე დამეყო და ბოლოს მეთქვა‚ რით
ვარ შენს წინაშე დამნაშავე.

ჩუმად უსმენდა ბერძენი თავის სტუმარს და‚ როცა დაამთავრა‚ მორჩილი სახით
მარჯვენა ხელი გაუწოდა.

– ვიცოდი‚ ჩემზე უბედური იქნებოდი. ის საშინელება‚ როგორც ბნელი ღრუბელი‚


სამუდამოდ დაგიჩრდილავს დღეებს. გულით შეგინდობ‚ მაგრამ ნება მიბოძე ერთი
კითხვა მოგცე: როგორ მოხვედი ამ სახით უდაბნოში? რას მიჰყავი ხელი მას შემდეგ‚
რაც კონსტანტინოპოლში სახლი მიყიდე?

– ალექსანდრიაში დავბრუნდი‚ – უპასუხა მან. – ადამიანებისადმი ზიზღი გულში


აზღვავდა. განსაკუთრებით ვეღარ ვიტანდი იმათ‚ ვისაც განათლებულებს
უწოდებდნენ. დამიჯერე‚ მუსულმანთა შორის უკეთესად ვგრძნობდი თავს. ვერც კი
მოვასწარი ალექსანდრიაში რამდენსამე თვეს დარჩენა‚ რომ ჩემმა თანამემამულეებმა
დაიპყრეს იგი. ისინი მამისა და ძმის ჯალათებად მიმაჩნდნენ‚ ამიტომ შემოვიკრიბე
თანამოაზრე ახალგაზრდები და შევუერთდი იმ მამაც მამლუქებს‚ რომლებიც ასე
ხშირად შიშის ზარს სცემდნენ საფრანგეთის ჯარს. ლაშქრობა რომ დამთავრდა‚
მშვიდობიან ცხოვრებასთან დაბრუნება ვეღარ გავბედე. ვცხოვრობდი
მცირერიცხოვან მეგობრებთან. ერთად ვატარებდით მოუსვენარ‚ მოხეტიალე‚
ბრძოლით და ნადირობით აღსავსე ცხოვრებას. კმაყოფილად ვგრძნობ თავს იმ
ხალხთან‚ ისინი თავიანთ ბატონად მთვლიან. თუმცა ჩემი აზიელები ისე
განათლებულები როდი გახლავან‚ როგორც თქვენი ევროპელები. სამაგიეროდ შორს
არიან შურის‚ ცილისწამების‚ პატივმოყვარეობისა და ეგოიზმისაგან.

ცალეუკოსმა მადლობა გადაუხადა გულახდილობისათვის. თან არც ის დაუმალა‚


რომ მისი წარმოშობისა და განათლების ადამიანს უფრო მოუხდებოდა ეცხოვრა და
ეშრომა ქრისტიანულ ევროპულ ქვეყნებში. მან ჩაჰკიდა ხელი‚ სთხოვა გაჰყოლოდა
ახალ გზაზე‚ ერთად ეცხოვრათ და ერთად გასცლოდნენ ცოდვილ ქვეყანას.

სტუმარმა აღელვებით შეხედა:


– ამით ვგრძნობ‚ – უთხრა მან‚ – შენგან სავსებით შენდობილი ვარ. კიდეც
გიყვარვარ. მიიღე სამაგიეროდ ჩემი უღრმესი მადლობა.

წამოდგა და მთელი ახოვანებით აღიმართა ბერძენის წინაშე. ცალეუკოსს სტუმრის


მხედრული შეხედულება‚ მუქი‚ მოელვარე თვალები‚ ბოხი‚ საიდუმლოებით აღსავსე
ხმა – თითქმის შიშსა ჰგვრიდა.

– შენი წინადადება მოსაწონია‚ – ჩაიბუბუნა მან. – ყველასათვის ძალზე


სახარბიელო იქნებოდა. მე კი მას ვერ მივიღებ. უკვე შეკაზმული მიცდის ჩემი ცხენი‚
მელოდება ჩემი მსახური. იყავი კარგად‚ კეთილო ცალეუკოს!

ახალი მეგობრები‚ რომლებიც ბედმა ასე დააახლოვა‚ გამოთხოვებისას


გადაეხვივნენ ერთმანეთს.

– სახელად რა გიწოდო? რა ჰქვია ჩემს სტუმარს. შენ ხომ სამუდამოდ დამრჩები


მეხსიერებაში? – ჰკითხა ბერძენმა.

უცხოელი დიდხანს შესცქეროდა მას. კიდევ ჩამოართვა ხელი და უთხრა:

– უდაბნოს ბატონ-პატრონად მიცნობენ‚ ყაჩაღ ორბაზანს მეძახიან.

ალექსანდრიის შეიხი და მისი მონები

ალექსანდრიის შეიხი ალი ბანუ უცნაური კაცი იყო. ყოველ დილით საზეიმო
ტანსაცმელში გამოწყობილი ქალაქის ქუჩებში გამოდიოდა.

თავზე ძვირფასი ქიშმირის ჩალმა ეხურა‚ წელზე თხუთმეტ აქლემად ღირებული


ქამარი ერტყა. დინჯად მიაბიჯებდა შუბლშეჭმუხვნილი‚ წარბებშეკრული‚
თავდახრილი და ყოველ ხუთ ნაბიჯზე თავის გრძელ შავ წვერზე ხელს ჩამოისვამდა
ხოლმე. წოდების მიხედვით მორწმუნეთათვის ყურანის საქადაგებლად‚ როცა ასე
მეჩეთისაკენ მიდიოდა‚ გამვლელები ჩერდებოდნენ‚ თვალს აყოლებდნენ და
ერთმანეთს ეუბნებოდნენ:

– ლამაზი და წარმოსადეგი ვაჟკაცია! მდიდარი‚ ძალზე მდიდარი კაცია.

მეორე კი უმატებდა:

– ძალიან მდიდარია‚ განა სტამბოლის ნავსადგურში სასახლე არა აქვს? განა


მამული‚ მინდვრები და მრავალი ათასი სული საქონელი და ბევრი მონა არა ჰყავს?
– დიახაც‚ – ამბობდა მესამე. – თათარმა‚ ალაჰი იყოს მისი შემწე‚ რომელიც ამ
ბოლო დროს სტამბოლიდან თვით მბრძანებლის მიერაა გამოგზავნილი, მითხრა:
ჩვენს შეიხს დიდ პატივს სცემს რაის ეფენდი‚ კაპიჯის ფაშა‚ ყველანი‚ თვით
სულთანიც კიო.

– ჰო‚ – ჩაიღუღუნებდა მეოთხე. – ის მდიდარი‚ წარჩინებული კაცია... თუმცა იცით


რა მაქვს მხედველობაში?

– დიახ‚ დიახ‚ – წაიბუტბუტებდნენ სხვები. მართალია‚ მასაც აქვს თავისი


მწუხარება‚ არც კი ვისურვებდით მის ბედში ჩავარდნას. იგი მდიდარი და
ცნობილია‚ მაგრამ...

ალი ბანუს მშვენიერი სახლი ედგა ალექსანდრიის ულამაზეს მოედანზე‚ სახლს წინ
დიდი აივანი ეკვროდა‚ მარმარილოთი შემოვლებული და პალმებით დაჩრდილული.
საღამოობით ხშირად იჯდა ხოლმე იქ. ყალიონს ეწეოდა‚ თორმეტი კარგად ჩაცმული
მონა შორიახლო ედგა და მის ნიშანს ელოდა. ერთი კევს მოართმევდა‚ მეორეს ქოლგა
ეჭირა‚ მესამეს – ძვირფასი შარბათით სავსე ოქროს ჭურჭელი‚ მეოთხე ფარშავანგის
ფრთის მარაოთი უგერიებდა ბატონს ბუზებს. დანარჩენები მომღერლები იყვნენ‚
ხელში ფანდური და სალამურები მოემარჯვებინათ. მათ შორის ყველაზე ჭკვიანს
მზად ჰქონდა გრაგნილად დახვეული ნაწერები‚ რომ კითხვით გაერთო იგი.

ამაოდ ელოდნენ ნიშანს. ის არ ითხოვდა არც მუსიკას‚ არც სიმღერას‚ არც სურდა
ძველი ბრძენი მგოსნების ლექსთა მოსმენა‚ არ უნდოდა არც შარბათის შესმა‚ არც
კევით თავის შექცევა. ფარშავანგის ფრთის მარაოთი აღჭურვილი მონა ამაოდ
ცდილობდა ბუზის მოგერიებას: ბატონი ვერც კი ამჩნევდა მის ბზუილს.

ახლომახლო ხშირად ჩერდებოდნენ გამვლელები. მათ აოცებდათ სახლის


მშვენიერება‚ მდიდრულად ჩაცმულ-დახურული მონები და მყუდროება‚ რითაც
ყველაფერი იყო მოცული. პალმების ჩრდილში მჯდომ დაღონებულ შეიხს რომ
შეხედავდნენ‚ თავს იქნევდნენ ხოლმე: შეიხის თვალები არაფერს ხედავდა‚ გარდა
ყალიონის ცისფერი კვამლისა. ასეთ დროს ისინი ამბობდნენ:

– ჭეშმარიტად‚ მდიდარი კაცი უბედურია. ამდენი ქონების პატრონი უფრო


ღარიბია‚ ვიდრე ის‚ ვისაც სულის გარდა არაფერი აბადია‚ წინასწარმეტყველს
მისთვის სიმდიდრით დატკბობის შნო და ლაზათი არ მიუცია.

ასე ამბობდა ხალხი‚ ზოგიც დასცინებდა და თავის გზას განაგრძობდა. ერთ


საღამოს შეიხი ისევ სახლის წინ პალმებში იჯდა მარტოდმარტო და დაღონებული
ეწეოდა ყალიონს. შორიახლოს რამდენიმე ახალგაზრდა კაცი გაჩერებულიყო‚
ათვალიერებდა მას და ჩუმად იცინოდა.

– ეს შეიხი ალი ბანუ მართლაც ქარაფშუტა კაცია‚ – წაიქილიკა ერთმა. – მაგის


სიმდიდრე რომ მქონდეს‚ სულ სხვაგვარად მოვიხმარდი. ყოველდღე მხიარულებასა
და დროსტარებაში ვიქნებოდი. მეგობრებს სასახლის უზარმაზარ ოთახებში
მოვალხენდი‚ მხიარული ხმები და სიცილი აავსებდა დარბაზებს.

– ჰო‚ – მიუგო მეორემ‚ – ასეთი რამ როდი იქნებოდა ცუდი. მაგრამ


მრავალრიცხოვანი მეგობრები მალე გაანიავებდნენ შენს ქონებას. მე კი ეს სიმდიდრე
რომ ხელში ჩამვარდნოდა‚ – წინასწარმეტყველი იყოს ჩემი შემწე‚ – დავჯდებოდი
პალმების ქვეშ მშვენიერ ადგილას‚ მონებს ვამღერებდი და დავაკვრევინებდი‚
მოცეკვავეები იცეკვებდნენ‚ იხტუნებდნენ და სხვადასხვა ჯამბაზურ ოინს
მაჩვენებდნენ. ამაყად მოვწევდი ყალიონს‚ შევსვამდი საუცხოო შარბათს და
დავტკბებოდი ყოველივე ამით‚ როგორც ბაღდადის ხალიფა.

– შეიხი‚ – თქვა მესამემ‚ მწერალმა‚ – უთუოდ ნასწავლი და ჭკვიანი კაცია. ისე


ქადაგებს ყურანს‚ ეტყობა ყველა პოეტისა და მწერლის ნაწერები უნდა იცოდეს.
მაგრამ განა ცხოვრება‚ რომელსაც ის მისდევს‚ შეეფერება განათლებულ ადამიანს?
აი‚ იქ დგას მონა მთელი იღლია ნაწერი გრაგნილებით. ჩემს სადღესასწაულო
ტანსაცმელს არ დავიშურებდი‚ ოღონდ ერთი მათგანის წაკითხვის უფლება მოეცათ:
მართლაც იშვიათი თხზულებებია. ის კი რას შვრება? ზის არხეინად‚ ყალიონს ეწევა
და წიგნების დარდი სულაც არა აქვს. მე რომ შეიხი ალი ბანუ გახლდეთ‚ იმდენს
ვაკითხებდი მონას‚ სანამ სუნთქვა არ შეეკვრებოდა‚ ანდა სანამ არ დაღამდებოდა.

– თქვენც შეგძლებიათ‚ რაღა‚ კარგი ცხოვრება‚ – ჩაიცინა მეოთხემ. – ჭამა და სმა‚


ცეკვა და თამაში‚ საცოდავი მგოსნების ამბებისა და ლექსების მოსმენა! არა‚ მე სულ
სხვაგვარად მოვიქცეოდი. მას მშვენიერი ცხენები და აქლემები ჰყავს‚ თანაც უამრავი
ფული აქვს. მის ადგილზე ვიმოგზაურებდი ქვეყნის დასასრულამდე‚ თვით
მოსკოვამდე‚ ფრანკების ქვეყნამდე. რაც უნდა გრძელი გზა ყოფილიყო‚ შორეულად
არ მომეჩვენებოდა‚ ოღონდ სამყაროს საოცრებანი მეხილა.

– ახალგაზრდობა მშვენიერი ხანაა‚ ბედნიერი ასაკია‚ – ჩაილაპარაკა ერთმა


მოხუცმა ჩია კაცმა. იგი იქვე იდგა და მათი საუბარი გაიგონა. – მაგრამ ნება მომეცით
გითხრათ‚ რომ ახალგაზრდა ზოგჯერ სისულელეს როშავს და ლაყბობს ისე‚ არც კი
ესმის‚ ამით რას შვრება.

– ვითომ რისი თქმა გსურთ‚ მოხუცო? – გაკვირვებით შეეკითხნენ ახალგაზრდები.


– მაგ სიტყვებს ჩვენზე ხომ არ ხარჯავთ? თქვენ რა გაწუხებთ‚ შეიხის ცხოვრებას რომ
ვკიცხავთ?

– თუ ერთმა მეორეზე ოდნავ მაინც მეტი იცის‚ დაე‚ გაუსწოროს შემცდარს. ასეთია
ნება წინასწარმეტყველისა‚ – მიუგო მოხუცმა. – მართალია‚ შეიხისათვის ღმერთს
სიმდიდრეც მიუცია და გააჩნია ყოველივე‚ რასაც გული ინატრებს‚ მაგრამ
დაღონებისა და ჩაფიქრების მიზეზიც აქვს. თქვენ გგონიათ‚ იგი ყოველთვის ასეთი
იყო? არა‚ მე ის თხუთმეტი წლის წინათ მინახავს. მაშინ ჯეირანივით ყოჩაღი და
ხალისიანი ჩანდა. მხიარულად ატარებდა დროს და თვრებოდა ცხოვრების
სიამტკბილობით. იმ დროს მას ჰყავდა შვილი‚ მისი სიცოცხლის სიხარული‚ ლამაზი
და განათლებული ყმაწვილი. ვინც ნახავდა და მოუსმენდა‚ შეიხის ეს საუნჯე უნდა
შეშურებოდა: ის მხოლოდ ათი წლისა იყო და უკვე ისე განათლებული‚ როგორც სხვა
თექვსმეტი წლის ასაკშიც არ იქნებოდა.

– მერედა მოუკვდა? საცოდავი შეიხი! – შესძახა ახალგაზრდა მწერალმა.

– დამშვიდებულად იგრძნობდა თავს‚ რომ თავისი შვილი წინასწარმეტყველის


სამფლობელოში ეგულებოდეს. იქ იგი უკეთ იცხოვრებდა‚ ვიდრე ალექსანდრიაში.
რაც მან შეიტყო‚ ბევრად უარესია. ეს ის დრო იყო‚ როცა ფრანკები მშიერი
მგლებივით შემოესივნენ ჩვენს მხარეს და ომი დაგვიწყეს. მათ დაიპყრეს
ალექსანდრია‚ აქედან გაითარეშეს შორს და აიღეს მამლუქების ქვეყანა. შეიხმა‚
როგორც ჭკვიანმა კაცმა‚ იცოდა‚ როგორ მოქცეულიყო; მაგრამ‚ არ ვიცი რამ
გამოიწვია ეს: დაინტერესდნენ ფრანკები მისი სიმდიდრით‚ თუ ამის მიზეზი ის იყო‚
რომ შეიხი თავის თანამემამულეებზე ზრუნავდა‚ ერთ დღეს მოვიდნენ მასთან
სახლში და ბრალი დასდეს, ვითომდა ის იარაღით‚ ცხენებითა და სურსათით
ამარაგებდა მამლუქებს. შეიხმა ბევრი იმართლა თავი‚ მაინც არაფერმა უშველა.
ფრანკები უხეში და გულქვა ხალხია‚ როცა საქმე ფულის შოვნას ეხება. მათ ბანაკში
მძევლად წაიყვანეს მისი ერთადერთი ვაჟიშვილი‚ რომელსაც კაირამი ერქვა.

შეიხი დიდძალ ფულს სთავაზობდა შვილისათვის. კაირამს არა და არ


უბრუნებდნენ‚ უნდოდათ მეტი დაეტყუებინათ. ამ დროს მოუვიდათ ბრძანება
ფაშისა თუ მბრძანებლისაგან‚ გემით გამგზავრებულიყვნენ. ამის შესახებ
ალექსანდრიაში არაფერი იცოდნენ. მოულოდნელად ზღვაში გავიდნენ და პატარა
კაირამიც‚ ალი ბანუს შვილი‚ თან გაიყოლეს. ეს იყო და ეს‚ მეტი აღარაფერი
გაუგიათ.

– ო‚ უბედური კაცი‚ როგორ შეურისხავს ალაჰს! – ერთხმად შესძახეს


ახალგაზრდებმა‚ გულისტკივილით შეხედეს შეიხს‚ რომელიც ფუფუნებაში
ჩაფლული‚ მაგრამ გულსაკლავად დაღონებული და მარტოდმარტო იჯდა პალმების
ჩრდილში.

– ცოლი‚ რომელიც ძალზე უყვარდა‚ შვილის დარდს გადაჰყვა. თვითონ იყიდა


გემი‚ დაითანხმა ფრანკი ექიმი‚ ფრანკთა ქვეყანაში დაკარგული შვილის საძებრად
წაჰყოლოდა. გემით დიდხანს დაცურავდნენ ზღვაზე და ბოლოს აღმოჩნდენ იმ
გიაურთა‚ იმ ურწმუნოთა ქვეყანაში‚ რომლებიც ალექსანდრიაში იყვნენ ნამყოფნი. იმ
დროს იქ რაღაც არეულობა იყო: ხალხმა თავისი სულთანი და ფაშები ტახტიდან
ჩამოაგდო‚ მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს თავს კვეთდნენ‚ ქვეყანაში
მღელვარება სუფევდა. ამაოდ დაეძებდნენ პატარა კაირამს‚ არავინ იცოდა მისი
ამბავი. ბოლოს ფრანკმა ექიმმა ურჩია შეიხს‚ უკან გამგზავრებულიყვნენ‚
ტყუილუბრალოდ თავს საფრთხეში იგდებთო.

დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში. ჩამოსვლის დღიდან შეიხი ასეა‚ თავის შვილზე


დარდი ჰკლავს. განა შეუძლია ჭამა-სმა შეირგოს და არ იფიქროს იმაზე‚ ვაითუ ჩემი
საწყალი კაირამი მშიერი და მწყურვალიაო? როცა ძვირფას სადღესასწაულო
ტანსაცმელში გამოეწყობა‚ როგორც ამას მისი წოდება და მდგომარეობა მოითხოვს‚
განა არ უნდა გაიფიქროს: იქნებ ჩემს შვილს შიშველი ტანის დასაფარავი არაფერი
აქვსო? როცა გარშემორტყმულია მომღერლებითა და მოცეკვავეებით‚
მკითხველებითა და მონებით‚ განა გულში არ გაჰკრავს: ალბათ ჩემი საბრალო შვილი
იძულებულია იხტუნოს და დაუკრას‚ როგორც მისი ფრანკი ბატონი ინებებს? და რაც
ყველაზე მეტ მწუხარებას აყენებს‚ ის არის‚ რომ შეიხი ფიქრობს‚ მისი საყვარელი
კაირამი‚ რომელიც სამშობლოდან მოშორებული იტანს ურჯულოების დაცინვას‚ –
დაივიწყებს წინაპართა რჯულს. მამა-შვილი ვეღარ შეხვდება სამოთხის ბაღში და ვერ
გადაეხვევა ერთმანეთს.

ამიტომ არის ასე ლმობიერი მონების მიმართ და უანგაროდ აჯილდოებს ღარიბებს.


ჰგონია‚ ამით გულს მოულბობს ფრანკებს‚ მისი შვილის ბატონებს‚ და ისინიც უფრო
ალერსიანად მოეკიდებიან ყმაწვილს. მას შემდეგ შვილის მოტაცების დღეს შეიხი
ყოველთვის ათავისუფლებს თორმეტ მონას.

– ეგ ამბავი გაგებული მაქვს‚ – მიუგო მწერალმა. – მაგრამ რას არ იტყვის ხალხი!


მის შვილზე კრინტიც არ დაუძრავთ‚ იმას კი ამბობენ‚ ძალიან უცნაური კაცია და
განსაკუთრებით უყვარს ზღაპრებიო. თურმე ყოველწლიურად ერთმანეთს აჯიბრებს
კარგი ზღაპრების მთხრობელთ და‚ ვინც უკეთეს ზღაპარს იტყვის‚ იმას
ათავისუფლებს.

– ხალხის ჭორს ნუ აჰყვებით‚ – წარმოთქვა მოხუცმა. – როგორც გეუბნებით‚ ისეა‚


ზუსტად ვიცი. შესაძლებელია ამ მწუხარე დღეს უნდა ცოტა გაერთოს და ბრძანებს
ზღაპრები მოუთხრონ‚ მაგრამ მონებს კი შვილის სახელზე ათავისუფლებს. უკვე
საღამოა და აგრილდა‚ გზა უნდა განვაგრძო. სალამ ალეიქუმ‚ მშვიდობა თქვენდა‚
ახალგაზრდებო‚ მომავალში კეთილ შეიხზე უფრო ჯანსაღი აზრი იქონიეთ!

ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს მოხუცს მონათხრობისათვის. კიდევ


ერთხელ შეავლეს თვალი დაღონებულ მამას‚ დაეშვნენ ქუჩაზე და თან ერთმანეთს
ხმამაღლა უმჟღავნებდნენ‚ რომ არასოდეს არ ისურვებდნენ ალი ბანუს ადგილზე
ყოფნას.

რამდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდებს დილის ლოცვის დროს იმავე ქუჩაზე


გავლა მოუხდათ‚ სადაც მათ მოხუცი კაცი შეიხ ალი ბანუს ამბავს მოუთხრობდა.
გაახსენდათ ბერიკაცი და მისი ნაამბობი‚ შეიცოდეს შეიხი და შეათვალიერეს მისი
სახლი. ყველაფერი საზეიმოდ მორთული დაინახეს. ძალზე გაუკვირდათ. ბანზე‚
სადაც სადღესასწაულოდ მორთული მონები დასეირნობდნენ‚ ფრიალებდა ალმები
და ბაირაღები‚ ოთახებში ძვირფასი ხალიჩები დაეგოთ‚ ხოლო ფართო კიბეზე
აბრეშუმის ფიანდაზი გაეფინათ‚ თვით ქუჩის მთელ სიგრძეზე გაეშალათ მშვენიერი
ქსოვილი. ამ ქსოვილისგან შეკერილ საზეიმო ტანსაცმელს ბევრი ინატრებდა.

– ვაი‚ როგორ შცვლილა შეიხი ამ ორიოდე დღეში! – გაიკვირვა ახალგაზრდა


მწერალმა. – წვეულების გადახდას აპირებს? მომღერლებისა და მოცეკვავეების
მოსმენა მონდომებია? შეხეთ ამ ხალიჩას‚ ამაზე უკეთესი ალბათ მთელს
ალექსანდრიაში არ მოიძებნება. მიწაზეც ისეთი მშვენიერი ქსოვილი დაუგიათ‚
მართალი გითხრათ‚ ცოდოც არის!

– იცი‚ რა მგონია‚ – გაეპასუხა მეორე. – შეიხი ნამდვილად ვიღაც წარჩინებულ კაცს


ელის სტუმრად. ასეთი მზადება მხოლოდ დიდი ქვეყნის მბრძანებლისა ან ეფენდის
დარბაზობისათვის ეწყობა. ნეტავ‚ ვის მოელიან?

– შეხეთ ერთი‚ ეს ჩვენი მოხუცი არაა? მან ხომ ყველაფერი იცის და ამასაც
გაგვაგებინებს. კეთილო მოხუცო‚ ხომ არ ინებებთ ჩვენთან მობრძანებას? –
მოწიწებით შეეხმიანენ ისინი.

მოხუცი ახალგაზრდებს მიუახლოვდა‚ იცნო ისინი. მათ ხომ აქ რამდენიმე დღის


წინ ესაუბრა. ყმაწვილებმა შეიხის სადღესასწაულოდ მორთულ სახლზე მიუთითეს
და ჰკითხეს: ხომ არ იცით‚ შეიხი რომელ დიდ სტუმარს ელოდებაო.
– თქვენ ფიქრობთ‚ – მიუგო მან‚ – რომ ალი ბანუ დიდ სასიხარულო დღეს
ზეიმობს‚ ან რომელსამე წარჩინებულ კაცს ელის სტუმრად? ასე არ გახლავთ.
რამაზანის თვის მეთორმეტე დღეა. როგორც იცით‚ ამ დღეს გაიტაცეს მისი შვილი
ბანაკში.

– მაგრამ‚ წინასწარმეტყველის წვერს ვფიცავ‚ – დაიძახა ერთმა


ახალგაზრდათაგანმა‚ – ისე გამოიყურება ყველაფერი‚ თითქოს ქორწილი და
წვეულება ჰქონდეთ. სინამდვილეში მისი მწუხარების დღეა. როგორ შევუთავსოთ ეს
ერთმანეთს? დამეთანხმებით‚ შეიხი ცოტა ჭკუაზე ვერ უნდა იყოს.

– თქვენ ისევ ისე იოლად სწყვეტთ რთულ საქმეს‚ ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? –
სიცილით ჰკითხა მოხუცმა. – ამჯერზეც თქვენი გასროლილი ისარი მიზანს ვერ
მოხვდა.

– იცით‚ დღეს შეიხი თავის შვილს მოელის!

– მაშ იპოვეს? – აყიჟინდნენ გახარებული ახალგაზრდები.

– არა‚ და ვერც იპოვნიან დიდხანს. საქმე შემდეგშია: რვა თუ ათი წლის წინათ
შეიხმა ეს დღე მწუხარებითა და გოდებით დაიწყო. მონებს ათავისუფლებდა‚ ბევრ
ღარიბ-ღატაკს აჭმევდა და ასმევდა. მაშინ‚ სხვათა შორის‚ ერთ დერვიშსაც‚ რომელიც
დაღლილ-დაქანცული იმ სახლის ჩრდილში იწვა‚ საჭმელ-სასმელი გაუგზავნა.
დერვიში წმინდანი აღმოჩნდა. დამერწმუნებით‚ რომ მას შეეძლო
წინასწარმეტყველება და ვარსკვლავთმისნობა. და აი‚ წმინდანი დერვიში შეიხის
მოწყალე ხელით შენაყრდა‚ მასთან მივიდა და უთხრა: მე ვიცი შენი მწუხარების
მიზეზი. განა დღეს მეთორმეტე რამაზანი არ არის და განა ამ დღეს არ დაკარგე
შვილი? მაგრამ დამშვიდდი‚ მწუხარების ეს დღე დღესასწაულად გადაგექცევა:
იცოდე‚ ერთხელაც იქნება და ამ დღეს დაგიბრუნდება შვილი! – ასე თქვა დერვიშმა.
მუსულმანისთვის დიდი ცოდვა იქნება‚ ასეთი კაცის სიტყვებში ეჭვი შეიტანოს. ალის
მწუხარება ამით არ შემსუბუქებულა. ამ დღეს ყოველთვის მოელის თავის შვილს‚
სადღესასწაულოდ რთავს სახლს‚ ოთახებს‚ კიბეს.

– საოცარია! – თქვა მწერალმა. - ძალიან კი მინდოდა მენახა‚ როგორ არის ყოველივე


მორთული‚ თვითონ როგორ ხვდება ამ დღესასწაულს და‚ რაც მთავარია‚ მომესმინა‚
რას აამბობინებს მონებს.

– ამაზე ადვილი რა არის‚ – მიუგო მოხუცმა. – იმ სახლის მონების ზედამხედველი


ჩემი დიდი ხნის მეგობარია‚ ამ დღით მუდამ მითმობს მცირე ადგილს დარბაზში‚
სადაც ერთ ადამიანს უამრავ მსახურებში და შეიხის მეგობრებში ვერც კი ამჩნევენ.
მოველაპარაკები‚ იქნებ თქვენც შეგიყვანოთ‚ თქვენ ხომ მხოლოდ ოთხნი ხართ.
ვფიქრობ ეს მოსახერხებელია. ცხრა საათისათვის თავი შეიყარეთ ამ ადგილას და
პასუხს გეტყვით.

ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს მოხუცს და წავიდნენ. მათ ძალზე


უნდოდათ გაეგოთ‚ როგორ ჩაივლიდა ეს დღე.

დანიშნულ დროს შეიხის სახლთან მივიდნენ‚ შეხვდნენ მოხუცს. სიამოვნებით


შეიტყეს‚ რომ მონების ზედამხედველს ნება დაერთო მათი სტუმრობისათვის.
ახალგაზრდებს მოხუცი წინ გაუძღვა‚ მაგრამ მდიდრულად მორთული კიბით და
წინა კარით კი არ შეიყვანა‚ არამედ გვერდით‚ დაბალი შესავლიდან. შესავალი ისევ
მაგრად ჩაკეტა. მერე ტალანებში მანამ ატარა‚ სანამ დიდ დარბაზთან არ მივიდნენ.
მას უამრავი ხალხი მისწყდომოდა ყოველი მხრიდან. აქ იყვნენ მდიდრულად
ჩაცმული ქალაქის დიდებულნი და შეიხის მეგობრები. ისინი მოსულიყვნენ მისი
მწუხარების გასაზიარებლად და სანუგეშებლად.

თავი მოეყარათ ყველა ფერის‚ კანისა და ეროვნების მონებს. დარბაზის ბოლოში


მდიდრულ ტახტზე ისხდნენ ალის ყველაზე წარჩინებული მეგობრები. მათ მონები
ემსახურებოდნენ.

მეგობართა გვერდით‚ იატაკზე‚ შეიხს ფეხი მოერთხა‚ შვილზე მგლოვიარეს არ


უნდოდა სადღესასწაულო ხალიჩაზე დამჯდარიყო.

თავი ხელებში ჩაერგო და ეტყობოდა არც აქცევდა ყურადღებას იმ მანუგეშებელ


სიტყვებს‚ რომლებსაც მეგობრები ჩასჩურჩულებდნენ. მის პირდაპირ რამდენიმე
მოხუცი და ახალგაზრდა მონა იჯდა. ჩვენმა ნაცნობმა მოხუცმა აუხსნა
ახალგაზრდებს‚ ეს მონები ალი ბანუმ დღეს უნდა გაათავისუფლოსო. მათ შორის
ორიოდე ფრანკიც ერია. მოხუცმა ჭაბუკებს ერთ მათგანზე ყველაზე მეტად
მიაქცევინა ყურადღება. იგი მშვენიერი გარეგნობისა და ჯერ სულ ახალგაზრდა
ჩანდა. შეიხს რამდენიმე დღის წინათ მასში ძალზე დიდი სასყიდელი მიეცა
ტუნისელი მონებით მოვაჭრისათვის. მიუხედავად ამისა‚ დღეს უკვე
ათავისუფლებდა. მას სჯეროდა – შინ რაც უფრო მეტ ფრანკს დააბრუნებდა‚
წინასწარმეტყველი მით უფრო მალე გაუთავისუფლებდა შვილს.

გამაგრილებელი სასმელი ყველას რომ ჩამოურიგეს‚ შეიხმა ნიშანი მისცა მონების


ზედამხედველს.

ის ადგა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ზედამხედველი


გასათავისუფლებელ მონებთან მივიდა და მათ ყველას გასაგონად მიმართა:

– თქვენ‚ რომლებიც დღეს თავისუფლდებით ჩემი ბატონის – ალექსანდრიის


შეიხის ალი ბანუს წყალობით‚ ისე მოიქეცით‚ როგორი წესიც არის ამ სახლში‚ –
დაიწყეთ ამბის მოყოლა.

მონებმა რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს‚ მერე სიტყვა აიღო ერთმა მოხუცმა


მონამ და დაიწყო:

ქონდრისკაცი ცხვირა
ბატონებო! დიდად ცდება ყველა‚ ვისაც ჰგონია‚ ჯადოქრები მხოლოდ ბაღდადის
მფლობელ ჰარუნ ალ რაშიდის დროს არსებობდნენ. დღესაც არიან კეთილი და ავი
ჯადოქრები. არცთუ ისე დიდი ხანია მას შემდეგ‚ რაც ერთი ჯადოქრული საოცრება
მოხდა. მისი მოწმე თვითონ გახლდით. მინდა ამის შესახებ ახლა თქვენც
მოგახსენოთ.

ჩემი საყვარელი სამშობლოს – გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში რამდენიმე წლის


წინათ მშვიდობიანად ცხოვრობდა ერთი მეწაღე თავის ცოლთან ერთად.

მეწაღე ქუჩის კუთხეში იჯდა‚ ფეხსაცმელსა და ქოშებს აკერებდა‚ ხოლო თუ ვინმე


მოისურვებდა‚ სიამოვნებით ახლებსაც შეუკერავდა. ასეთ შემთხვევაში ტყავს
ყიდულობდა; ღარიბი იყო და ტყავეულის მარაგი შინ არა ჰქონდა.

მისი ცოლი ბაზარში ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობდა. მას ხილი და


ბოსტნეული თავისი სახლის წინ შემოღობილ მიწის ნაკვეთზე მოჰყავდა.

ქალი მუდამ სუფთად და კოხტად იცვამდა‚ ბოსტნეულსაც ლამაზად აწყობდა


გასაყიდად‚ ამიტომაც მუშტარი ბევრი ესეოდა.

ცოლ-ქმარს მშვენიერი ვაჟიშვილი ჰყავდა. ბიჭს მეტად სასიამოვნო სახე და


მოხდენილი გარეგნობა ჰქონდა. თორმეტი წლისამ უკვე ძალზე აიყარა ტანი.

ბაზარში ჩვეულებრივ დედის გვერდით იჯდა ხოლმე და‚ როცა ქალები ან


მზარეულები დედისაგან სანოვაგეს ბლომად შეიძენდნენ‚ სიამოვნებით ეხმარებოდა
შინ წაღებაში. ერთხელაც ისე არ დაბრუნებულა‚ რომ სამაგიეროდ ფული ან
ნამცხვარი არ მიეღო. ყველას მეტად მოსწონდა ლამაზი ბიჭი და კარგადაც
ასაჩუქრებდნენ.

ერთ დღეს მეწაღის ცოლი ბაზარში იჯდა. წინ კომბოსტოთი‚ მწვანილით‚


ადრეული მსხლით‚ ვაშლითა და ჭერმით სავსე მომცრო კალათები ელაგა. პატარა
იაკობს – ასე ერქვა ბიჭს – მის გვერდით ჩაემუხლა და წკრიალა ხმით გაჰკიოდა:

– აქეთ‚ ბატონებო‚ შეხეთ‚ რა მშვენიერი კომბოსტოა‚ მსხალი‚ ვაშლი‚ მწვანილი...


აბა, ვინ იყიდის! დედა იაფად მოგცემთ! – ბიჭი რომ ამას გაიძახოდა‚ დახეულ და
დაძონძილ კაბიანი მოხუცი ქალი მიუახლოვდა. მას პატარა და წაწვეტებული‚
სიბერისაგან მთლად დამანჭული სახე‚ დაწითლებული თვალები‚ გრძელი‚
ნიკაპამდე ჩამოსული და მოკაკული ცხვირი ჰქონდა. მიუხედავად იმისა‚ რომ დიდ
ჯოხს იშველიებდა‚ მაინც ძლივს მიდიოდა. სიარულის დროს კოჭლობდა და
ბარბაცებდა‚ გეგონებოდათ‚ ფეხების ნაცვლად თვლებზეა შემდგარიო. ყოველ წუთს
შეიძლებოდა წვეტიანი ცხვირით მიწაზე დაცემულიყო.

მეწაღის ცოლი დედაბერს ყურადღებით დააცქერდა. თექვსმეტი წელდიწადი


ყოველდღე ბაზარში ვაჭრობდა‚ ამ უცნაურ არსებას კი პირველად შეხვდა.

მოხუცი მის წინ გაჩერდა‚ უსიამოვნო‚ ჩახრინწული ხმითა და თავის ქნევით


იკითხა:

– თქვენა ბრძანდებით‚ კეთილო‚ ბოსტნეულით მოვაჭრე?


– დიახ‚ მე გახლავართ‚ – უპასუხა ქალმა. – გნებავთ რამე?

– ვნახოთ‚ ვნახოთ! გადავარჩევ მწვანილს და გავიგებ‚ გაქვს თუ არა ის‚ რაც მე


მსურს‚ – უპასუხა მოხუცმა‚ დაიხარა და მწვანილით სავსე კალათაში მუქი
ყავისფერი‚ მეტად საზიზღარი ხელი ჩაყო. იღებდა თავისი გრძელი თითებით
ლამაზად დალაგებულ მწვანილს‚ მიჰქონდა გრძელ ცხვირთან‚ ყნოსავდა და უკანვე
ყრიდა.

მეწაღის ცოლს გული უკვდებოდა‚ როცა უყურებდა ბებერ ქალს‚ რომელიც ასე
უდიერად ექცეოდა მის მწვანილს. მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. მყიდველს
ხომ ამის უფლება აქვს. ესეც არ იყოს‚ მოხუცმა ქალმა რაღაც უცნაური შიში გამოიწვია
მასში.

დედაბერმა მთელი კალათა გადაქექა და გაბრაზებით წაიბუტბუტა:

– საძაგელი მწვანილია‚ არაფრად ვარგა. ორმოცდაათი წლის წინათ ბევრად


უკეთესს ჰყიდდი. ცუდია‚ ცუდი!

ამ სიტყვებმა გააბრაზა პატარა იაკობი:

– შე უსირცხვილო ბებერო! – დაიძახა მან. – ჯერ ერთი‚ შენი საშინელი თითებით


სულ გადაგეჯე მწვანილი. მაგ გრძელი‚ უხეირო ცხვირით ყნოსავ. ვინც ამას
დაინახავს‚ ჩვენგან მწვანილს ხომ აღარ იყიდის! თან რომ აგინებ კიდეც ჩვენს
საქონელს! მას თვით ჰერცოგის მზარეული ყიდულობს!

ბებერმა ალმაცერად გახედა ბიჭს‚ საზარლად გაიცინა და ჩახრინწული ხმით


ჩაიხროტინა:

– შვილო‚ მაშ მოგწონს ჩემი ცხვირი‚ ჩემი გრძელი‚ ლამაზი ცხვირი? დაე‚ შენც
ჩემისთანა გაგიხდეს‚ ნიკაპამდე ჩამოგივიდეს. – ამ სიტყვებით მიუახლოვდა
კომბოსტოთი სავსე კალათას‚ აიღო საუცხოო თეთრი კომბოსტო და თითებით
მოჭყლიტა. კომბოსტომ ჭრიალი გამოსცა. მან იგი ისევ კალათაში გადაისროლა.

– ცუდი‚ ძალზე ცუდი კომბოსტოა!

– ნუ აკანტურებ ასე საზიზღრად მაგ თავს‚ – წამოიძახა ბიჭმა. – კისერი კომბოსტოს


ღერივით წვრილი გაქვს. იცოდე‚ ადვილად გადაგიტყდება‚ თავი კომბოსტოს
კალათაში ჩაგიგორდება და აღარავინ იყიდის რამეს ჩვენგან!

– არ მოგწონს წვრილი კისერი, განა? – სიცილით წაიბუტბუტა ბებერმა. – მალე


სულაც აღარ გექნება‚ თავი მხრებში ჩაგიძვრება‚ რომ პატარა ტანიდან არ
ამოგივარდეს!

– ნუ ეუბნებით ასეთ სისულელეს ბიჭუნას‚ – უთხრა ბოლოს ამდენი შემოწმებითა


და შეფასებით გაბრაზებულმა მეწაღის ცოლმა. – თუ გსურთ რამის ყიდვა‚ იყიდეთ‚
თორემ სხვა მყიდველებს მიფრთხობთ.
– კარგი‚ იყოს ნება შენი‚ – დაიძახა მოხუცმა ქალმა და გაბრაზებულმა შეხედა. – ამ
ექვს კომბოსტოს ვყიდულობ შენგან. ხომ ხედავ‚ ყავარჯენს ვატარებ და წაღება
გამიჭირდება. ნება მიეცი შენს შვილს შინ მიმატანინოს. საფასურს გადავუხდი.

ბავშვს არ უნდოდა წაყოლა და ტირილი დაიწყო‚ საშინელი ქალისა ძლიერ


ეშინოდა. დედამ უბრძანა, გაჰყევიო. ცოდვად მიაჩნდა‚ მოხუც ქალს ტვირთი მარტო
წაეღო. იაკობმა ტირილით აიღო კომბოსტოები‚ გრძელ ნაჭერში გაახვია და ქალს
გაჰყვა.

ქალი ნელა მიდიოდა. თითქმის საათი დასჭირდათ‚ სანამ ქალაქის ერთ შორეულ
ქუჩაზე მდგარ პატარა‚ ნახევრად დანგრეულ სახლთან მივიდოდნენ. კარის წინ
ბებერმა ქალმა ჯიბიდან რკინის ჟანგიანი კაკვი ამოიღო‚ მარჯვედ შეყო პატარა
ჭუჭრუტანაში და კარი მაშინვე ჭრიალით გაიღო.

იაკობი შიგ რომ შევიდა‚ საშინლად განცვიფრდა. მდიდრულად მოწყობილ სახლს


კედლები და ჭერი მარმარილოსი ჰქონდა. შავი ავეჯი ოქროთი და პატიოსანი
თვლებით იყო მოოჭვილი. მინის იატაკი ისე პრიალებდა‚ იაკობს რამდენჯერმე ფეხი
დაუსხლტა‚ დაეცა კიდეც.

მოხუცმა ჯიბიდან ვერცხლის სასტვენი ამოიღო. დაუსტვინა. ხმა მთელ სახლს


მოედო. მაშინვე კიბიდან ზღვის გოჭები ჩამოგორდნენ. ეს იაკობს ძალზე უცნაურად
მოეჩვენა. ისინი ორ ფეხზე დადიოდნენ‚ ფეხსაცმლის ნაცვლად კაკლის ნაჭუჭები
გამოეყენებინათ. ტანზე ადამიანისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი ემოსათ‚
თავზე უკანასკნელი მოდის ქუდები დაეკოსებინათ.

– რა უყავით ჩემი ქოშები‚ თქვე ოხრებო? – დაიჩხავლა ქალმა და ისე დასცხო ჯოხი‚
ისინი კივილით მაღლა ახტნენ. – რამდენ ხანს უნდა ვიდგე ასე? – გოჭები მარდად
ავარდნენ კიბეზე და სწრაფად მოურბენინეს ერთი წყვილი ქოქოსის კაკლის ნაჭუჭი.
ტყავით აკრული ნაჭუჭები მარჯვედ ჩააცვეს მოხუცს ფეხებზე.

კოჭლობამ გაუარა‚ ფეხიც აღარ უსრიალებდა‚ ყავარჯნები გადაისროლა‚ პატარა


იაკობს ხელი ჩაჰკიდა და მინის იატაკზე ელვისუსწრაფესად გასრიალდა.

ბოლოს‚ როგორც იქნა‚ ერთ-ერთი ოთახის წინ შეჩერდნენ. მასში უამრავი


სხვადასხვა სახის ჭურჭელი ეწყო. თუმცა ოთახი სამზარეულოს ჰგავდა‚ შავი ხის
მაგიდები და ტახტები ძვირფასი ხალიჩებით იყო მოფენილი‚ ასეთი ავეჯი მხოლოდ
სასახლის საუცხოო ოთახს ეკადრებოდა.

– დაჯექი‚ შვილო‚ – საკმაოდ მეგობრული ხმით უთხრა დედაბერმა და თან


ტახტის კუთხეში ჩასვა. წინ ისე მიუდგა მაგიდა‚ ბიჭს გამოსვლა აღარ შეეძლო. –
დაჯექი‚ მძიმე ტვირთი გქონდა სატარებელი. ადამიანის თავების ზიდვა განა ასე
ადვილია?

– კი მაგრამ‚ ქალბატონო‚ რა უცნაურ რამეს ბრძანებთ‚ - დაიძახა პატარამ‚ –


დაღლილი ვარ‚ მაგრამ მაინც მახსოვს‚ აქ კომბოსტოები მოვიტანე‚ დედაჩემისაგან
რომ იყიდეთ.
– ოჰ‚ ძალზე სცდები‚ – გაიღმიჯა ქალი. კალათას საბურავი გადახადა და კაცის
თავი ამოიღო. თავი ხელში ქოჩრით ეჭირა. საცოდავ ბიჭს შიშისაგან კინაღამ გული
წაუვიდა. ვერ გაეგო‚ როგორ მოხდა ყოველივე ეს. დედის დარდიც აფორიაქებდა. –
საკმარისია ამ საოცრების შესახებ რაიმე გაიგონ‚ – ფიქრობდა თავისთვის‚ – დედას
ხომ მაშინვე ციხეში ჩასვამენ.

– შენც უნდა მოგცე რამე გასამრჯელო‚ ასეთი გამგონე და კარგი რომ ხარ‚ –
წაიბუტბუტა დედაბერმა. – თუმცა‚ მოიცა ცოტა ხანს‚ ჯერ კერძს გაჭმევ. – ამ
ლაპარაკში ისევ დაუსტვინა. მაშინვე გაჩნდნენ კაცის ტანსაცმელში ჩაცმული
წინსაფრიანი ზღვის გოჭები. მათ ქამარში დიდი კოვზები და დანები გაერჭოთ.
გოჭებს მოჰყვნენ ციყვები‚ - განიერი თურქული შარვლები ეცვათ და თავზე მწვანე
ხავერდის ქუდები ეხურათ.

ესენი‚ ეტყობა‚ სამზარეულოში დამხმარე ბიჭების მოვალეობას ასრულებდნენ.


დიდი სისწრაფითა და მოხერხებულად დახტოდნენ კედლებზე‚ თაროებიდან
ჩამოჰქონდათ საჭირო ჭურჭელი‚ კვერცხი და კარაქი ‚ მწვანილი და ფქვილი.
ყველაფერს ფილაქურასთან ალაგებდნენ. იქ ქოქოსის კაკლის ფეხსაცმლით წინ და
უკან დადიოდა ბებერი ქალი. კოჭებში ეტყობოდა‚ ბიჭისთვის კარგის არაფრის
მოხარშვას არ აპირებდა. ღუმელში ცეცხლი გაძლიერდა და ტაფიდან წამოსული
სასიამოვნო სუნი მთელ ოთახს მოედო. დედაბერი აქეთ-იქით დარბოდა‚ უკან
ციყვები და ზღვის გოჭები დასდევდნენ.

წამდაუწუმ მიდიოდა ღუმელთან და სადილს თავისი გრძელი ცხვირით ყნოსავდა


ხოლმე.

ბოლოს ქოთანი ადუღდა და აქოთქოთდა. ორთქლი ამოვარდა და ცეცხლზე ქაფი


გადმოვიდა. ქოთანი გადმოდგა‚ წვენი ვერცხლის ჯამში გადაასხა და პატარა იაკობს
წინ დაუდგა.

– ასე‚ ჩემო შვილიკო‚ ასე‚ – წაისისინა მან. – ჭამე ეს კერძი და ყველაფერი გექნება‚
რაც ეგზომ ძლიერ მოგეწონა ჩემში. კარგი მზარეულიც დადგები‚ ცოტა რამ ხომ მაინც
უნდა იცოდე. მაგრამ მწვანილი? არა‚ ასეთ მწვანილს ვერსად იგემებ. რატომ არ ელაგა
დედაშენს იგი თავის კალათაში?

პატარას ხეირიანად არც ესმოდა‚ რას ბუტბუტებდა დედაბერი. მთელი ყურადღება


კერძისკენ მიეპყრო. მას მადიანად შეექცა და ძალზე კარგიც მოეჩვენა.

დედა გემრიელ კერძებს უმზადებდა‚ მაგრამ ასე ძლიერ არაფერი მოსწონებია.


კერძიდან მშვენიერი სუნი ამოდიოდა. მწვანილისა და ძირხვენებისაგან
მომზადებული შეჭამანდი ტკბილიც იყო და მომჟაოც. როცა ამ საუცხოო კერძის
უკანასკნელი კოვზი შეხვრიპა‚ ზღვის გოჭებმა აანთეს არაბული ყალიონი. მისი
მოცისფრო კვამლი მთელ ოთახს მოეფინა‚ კვამლის ბოლქვი სულ უფრო და უფრო
სქელდებოდა და ძირს ეშვებოდა. ამ სურნელებამ პატარას თავბრუ დაასხა.
რამდენჯერმე გაიფიქრა‚ სახლში დედასთან დაბრუნების დროაო. ასადგომად თავს
წამოსწევდა თუ არა‚ მოწყვეტილი ისევ ტახტზე ეშვებოდა. ბოლოს ღრმად ჩაეძინა.
უცნაური სიზმარი ნახა: თითქოს დედაბერი ტანსაცმელს ხდიდა და ციყვის ტყავში
ახვევდა. ახლა მას მათებური ხტუნვა-ცოცვა შეეძლო სხვა ციყვებთან და ზღვის
გოჭებთან ერთად. ეს ციყვები და გოჭები აგრეთვე ძალზე წესიერი ადამიანები იყვნენ.

პირველად იგი ფეხსაცმლის მწმენდავად დასვეს. ეს ნიშნავდა: ქოქოსის კაკლის


ნაჭუჭისათვის‚ რომელსაც დედაბერი ქოშების ნაცვლად ხმარობდა‚ ზეთი და
სხვადასხვა საცხი წაესვა. მას მამასთან ამგვარი საქმის გაკეთება ხშირად უხდებოდა
და აქაც თავი ისახელა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შედარებით უკეთესი სამუშაო მისცეს.


რამდენსამე ციყვთან ერთად მზის სხივებზე მტვერი უნდა დაეჭირა. როცა მტვერს
საკმაო რაოდენობით მოაგროვებდნენ‚ ცრიდნენ და დედაბრისათვის პურს
აცხობდნენ. ბებერს ეს ყველაზე გემრიელ პურად მიაჩნდა. მას ერთი კბილიც კი აღარ
შემორჩენოდა‚ და ამიტომ ადვილად ღეჭავდა.

ერთი წლის შემდეგ ისევ მოსამსახურედ გადაიყვანეს. ბიჭი დედაბრისათვის წყალს


იმარაგებდა. არ გეგონოთ‚ თითქოს საამისოდ დედაბერს დიდი ჭური ჰქონდა მიწაში
ჩაფლული ან კასრი ედგა ეზოში. არა‚ ციყვებსა და იაკობს კაკლის ნაჭუჭით ვარდის
ნამი უნდა შეეგროვებინათ. ეს გახლდათ დედაბრის დასალევი წყალი და‚ რადგან იგი
საკმაოდ ბევრსა სვამდა‚ წყლის შემგროვებლებსაც მძიმე და გამოულეველი სამუშაო
ჰქონდათ.

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი და იაკობს ახლა სხვა საქმე გაუჩინეს. მას იატაკი
უნდა გაეწმინდა. იატაკი მინისა იყო. ანაორთქლიც კი დაემჩნეოდა ხოლმე‚ ამიტომ
სამუშაო ბევრი ჰქონდა და არც ისე ადვილი: იატაკი ჯერ უნდა დაეგავა‚ მერე ჩვარზე
შემდგარიყო და ეპრიალებინა.

მეოთხე წელს სამზარეულოში გადაიყვანეს. ეს მეტად საპატიო ადგილად


ითვლებოდა. მისი მიღწევა დიდი ხნის გამოცდის შემდეგ შეიძლებოდა. იაკობმა იქ
მზარეულობის ყველა საფეხური გაიარა. მზარეულის ბიჭობიდან მთავარ
მზარეულამდე ავიდა. ისწავლა ყველაზე ძნელი‚ სხვადასხვაგვარი ბოსტნეულით
შეზავებული კერძების შემზადება. ყველაფერს მალე ითვისებდა და კარგადაც.

დედაბერთან სამსახურში ასე გაიარა შვიდმა წელიწადმა. ერთ დღეს დედაბერმა


გაიძრო ქოქოსის ქოშები‚ აიღო ყავარჯენი და ქალაქში გავიდა‚ იაკობს კი უბრძანა‚
სანამ დავბრუნდები‚ ქათამი გაპუტეო.

იაკობმა ყველა წესის დაცვით დაამზადა ქათამი. კისერი წააცალა‚ დამდუღრა‚


მარჯვედ გაპუტა‚ კანი კარგად გაუწმინდა‚ ისე, რომ ნაზი და ბრჭყვიალა გაუხადა‚
შემდეგ გამოშიგნა‚ მწვანილი შეაგროვა‚ რითაც ქათამი უნდა დაეტენა. ოთახში‚
სადაც დედაბერი მწვანილს ინახავდა‚ იაკობმა შენიშნა განჯინა. იგი წინათ არასოდეს
შეუმჩნევია. განჯინის კარები გამოღებული იყო. იაკობი ცნობისმოყვარეობით მივიდა
ახლოს‚ სურდა გაეგო‚ რა ინახებოდა შიგ. დაინახა უამრავი პატარა კალათა.
კალათებიდან ძალზე სასიამოვნო სუნი ამოდიოდა.
ახადა ერთი კალათა და შენიშნა განსაკუთრებული ფორმისა და ფერის მწვანილი.
მწვანილს შტო და ფოთლები მოლურჯო-მომწვანო ჰქონდა‚ ყვავილი კი ღია წითელ-
ყვითელი არშიით შემოვლებული. ყვავილი დაყნოსა. მას ზუსტად ისეთი სუნი
ჰქონდა, როგორც იმ კერძს‚ ბებერმა პირველად რომ აჭამა. ყვავილის მჭახე
სურნელებამ ცხვირის ცემინება დააწყებინა. ბოლოს ამან გამოაღვიძა კიდეც.
დედაბრის ტახტზე იწვა. გაკვირვებულმა ირგვლივ მიმოიხედა. – ასე ცოცხლად
სიზმრის ნახვა! – თქვა მან თავისთვის. – ხომ შემიძლია‚ ვამტკიცო‚ რომ მე ციყვი‚
ზღვის გოჭების მეგობარი ვიყავი‚ თანაც დიდი მზარეული გავხდი. რამდენს იცინებს
დედა‚ როცა ყველაფერს ვუამბობ‚ მაგრამ‚ ალბათ‚ კარგად დამტუქსავს კიდეც‚ რომ
ბაზარში დაბრუნების ნაცვლად სხვის სახლში დავიძინე.

ამ ფიქრებით ფეხზე წამოვარდა. ძილისაგან კიდურები დაბუჟებოდა,


განსაკუთრებით კისერი‚ რადგან თავს აქეთ-იქით თავისუფლად ვერც კი აბრუნებდა.

საკუთარ თავზე თვითონვე ეცინებოდა‚ ასე როგორ დამაწვა ძილქუშიო. სიარულის


დროს წარამარა ცხვირით ეჯახებოდა კედელს‚ კარადას ან კარებს.

ციყვები და ზღვის გოჭები ხროვად დასდევდნენ კუდში‚ თითქოს მისი გაცილება


სურდათ. კარში გასვლისას იაკობმა სთხოვა გაჰყოლოდნენ‚ მაგრამ ისინი კაკლის
ნაჭუჭებზე ისევ სწრაფად შესრიალდნენ სახლში და მათი წრიპინი შორიდან მოისმა.

სახლი‚ სადაც დედაბერმა მიიყვანა‚ ქალაქიდან საკმაოდ დაშორებული იყო. ვიწრო


ქუჩებს ძლივს აღწევდა თავს. ქუჩებში შეჯგუფული ხალხი‚ ეტყობოდა‚ ქონდრისკაცს
უყურებდა. ყოველი მხრიდან ესმოდა შეძახილები: „ხედავთ‚ რა საზარელი
ქონდრისკაცია!”, „ეს ქონდრისკაცი საიდან მოსულა!”, „შეხედეთ‚ რამოდენა ცხვირი
ჰკიდია!”, „თავი როგორ ჩავარდნია მხრებში და რა საზიზღარი ყავისფერი ხელები
აქვს!” სხვა დროს თვითონაც გაიქცეოდა საცქერლად‚ უყვარდა ხოლმე მათი ნახვა‚
მაგრამ ახლა დედასთან მიეჩქარებოდა.

ბაზარში რომ შევიდა‚ შიშმა აიტანა. დედა ჯერ კიდევ აქ იყო‚ კალათებში უხვად
ჰქონდა ხილი და ბოსტნეული.

ეტყობოდა‚ არცთუ ისე დიდხანს სძინებოდა იაკობს. შორიდანვე შენიშნა‚ დედა


ძალზე დაღონებული იყო. იმის ნაცვლად‚ მყიდველები მიეხმო‚ თავი ხელებში
ჩაერგო და ასე იჯდა. ახლო რომ მივიდა‚ უფრო ფერმკრთალი მოეჩვენა‚ ვიდრე სხვა
დროს. იაკობი შეყოყმანდა. არ იცოდა‚ როგორ მოქცეულიყო. ბოლოს ძალ-ღონე
მოიკრიბა‚ უკანიდან მიეპარა‚ მაჯაზე ხელი დაადო და უთხრა:

– დედიკო‚ რა დაგემართა‚ გაჯავრებული ხარ ჩემზე?

ქალმა მაშინვე მოიხედა და შემზარავად შეჰკივლა:

– რა გინდა ჩემგან‚ საშინელო ქონდრისკაცო! გასწი‚ გამეცალე‚ ასეთ ხუმრობას ვერ


ავიტან.

– კი მაგრამ, დედიკო‚ რა დაგემართა? – ჰკითხა იაკობმა‚ უკვე შეშინებულმა. –


ალბათ კარგად არა ხარ‚ რატომ მაგდებ შენს შვილს?
– ერთხელ უკვე გითხარი‚ გაიარე-მეთქი შენს გზაზე‚ – მიუგო მეწაღის ცოლმა
გაბრაზებით. – მაგ პამპულობაში ფული გინდა‚ შე მახინჯო‚ შენა!

– ნამდვილად ჭკუაზე შემცდარა დედაჩემი‚ – დაღონებულმა ჩაილაპარაკა პატარამ.


– როგორ წავიყვანო სახლში? – საყვარელო დედიკო‚ კარგად შემომხედე‚ მე ხომ შენი
შვილი ვარ‚ იაკობი.

– არა‚ ამას კი ვეღარ ავიტან! – გასძახა ქალმა თავის მეზობლებს. – შეხედეთ ამ


მახინჯ ქონდრისკაცს. დგას აქ‚ მყიდველებს მიფრთხობს‚ ჩემს უბედურებას
დასცინის და მეუბნება ეს უსირცხვილო‚ მე შენი შვილი – იაკობი ვარო.

მეზობელი გამყიდველი დედაკაცები წამოიშალნენ და ისე დაუწყეს საწყალს


ლანძღვა‚ როგორც ბაზრის ქალებს სჩვევიათ. აგონებდნენ‚ რომ საწყალი ქალის
უბედურებას დასცინოდა‚ რომელსაც შვიდი წლის წინათ ახატულ-ჩახატული შვილი
მოჰპარეს. ქალები დაემუქრნენ იაკობს‚ თუ ახლავე არ წახვალ‚ ყველა ერთად
დაგესევით და სახეს ჩამოგაკაწრავთო. პატარა იაკობმა აღარ იცოდა‚ რა ეღონა.

მისი აზრით‚ დღეს‚ როგორც ყოველ ჩვეულებრივ დილას‚ დედასთან ერთად


მოვიდა ბაზარში‚ მიეხმარა ხილის დაწყობაში. მერე მოხუც ქალს წაჰყვა სახლში‚
კერძი შეჭამა‚ ცოტა ხნით წაიძინა და ახლა ისევ აქ არის. დედა და მეზობელი კი
რაღაც შვიდ წელიწადს ახსენებდნენ‚ საზიზღარ ქონდრისკაცს ეძახდნენ. ნეტავ რა
მოხდა?

როცა დარწმუნდა‚ რომ დედას მისი მოსმენა არ სურდა‚ ცრემლმორეული


გამობრუნდა‚ წავიდა დუქნისკენ‚ სადაც მამა მთელ დღეს იჯდა და ფეხსაცმელს
აკერებდა. – საინტერესოა ვნახო‚ – ფიქრობდა თავისთვის. – მამაც არ მოისურვებს
ჩემს ცნობას? კარებთან გავჩერდები და ისე დავუწყებ ლაპარაკს. როცა დუქანს
მიუახლოვდა‚ კარებთან გაჩერდა და შეიხედა. ოსტატი მუშაობით ისე იყო
გართული‚ შვილი არც კი შეუნიშნავს. მაგრამ, როცა შემთხვევით მოჰკრა თვალი‚
შეშინებულს სამუშაო ხელიდან გაუვარდა და დაიყვირა:

– ღმერთო ჩემო, ამას რას ვხედავ!

– საღამო მშვიდობისა‚ ოსტატო! – თქვა პატარამ და დუქანში შევიდა. – როგორ


ბრძანდებით?

– ეჰ‚ ცუდად‚ ჩემო ბატონო‚ – უპასუხა ხელოსანმა‚ ეტყობოდა მანაც ვერ იცნო. –
საქმე არ მომდის ხელში‚ მარტო ვმუშაობ‚ თანაც ვბერდები. კარგი იქნებოდა‚
შეგირდი მყოლოდა, მაგრამ სამაგისო საშუალება არ გამაჩნია.

– კი მაგრამ‚ განა შვილი არა გყავთ‚ რომელიც საქმეში მოგეშველებოდათ? – ჰკითხა


პატარამ.

– მყავდა. მას იაკობი ერქვა. ახლა ოცი წლის აშოლტილი ყმაწვილი იქნებოდა‚
მხარში ამომიდგებოდა და ცხოვრებას გამიადვილებდა. თორმეტი წლისა გახლდა.
ზოგიერთი რამის კეთება უკვე იცოდა კიდეც. ამასთან ლამაზი და მშვენიერი რამ იყო.
მალე ისე მომიწყობდა საქმეს‚ ჯღანების კი არა‚ მხოლოდ ახლების კერვას
დავიწყებდი. მაგრამ ცხოვრებაში ასე როდი ხდება!
– ახლა სად არის თქვენი შვილი? – ჰკითხა მამას იაკობმა აკანკალებული ხმით.

– ეს ღმერთმა იცის‚ – უპასუხა მამამ. – შვიდი წლის წინათ‚ – უკვე რამდენმა დრომ
გაიარა‚ – იგი ბაზრიდან მოგვპარეს.

– შვიდი წლის წინათ? – საშინელი ხმით შესძახა იაკობმა.

– დიახ‚ პატარა ბატონო‚ შვიდი წლის წინათ‚ დღესავით მახსოვს‚ როგორ


დაბრუნდა ბაზრიდან ჩემი ცოლი ყვირილითა და ღმუილით: ბავშვი მთელ დღეს არ
დაბრუნებულა‚ უკვე ყველგან ვეძებე და ვიკითხეო.

მუდამ ვშიშობდი და ვეუბნებოდი‚ ასე მოხდება-მეთქი.

უნდა გითხრათ‚ იაკობი ლამაზი ბავშვი იყო. ჩემი ცოლი მუდამ ამაყობდა ამით.
უხაროდა ხოლმე‚ როცა ბავშვს აქებდნენ. ხშირად გზავნიდა მას ხილითა და სხვა
სანოვაგით მდიდრების სახლში‚ სადაც მუდამ კარგად ასაჩუქრებდნენ. მე მაინც
ვეუბნებოდი‚ ფრთხილად იყავი‚ ქალაქი დიდია‚ აქ ბევრი ავი ადამიანი ცხოვრობს –
მეთქი. და ნამდვილად ასე მოხდა. ერთხელ ბაზარში უშნო მოხუცი ქალი მოსულიყო.
იმდენი რამ ეყიდა‚ თვითონ ვეღარ ეზიდა. ჩემს ცოლს‚ ყველას გულშემატკივარი რომ
არის‚ შესცოდებოდა და თავისი შვილი გაეყოლებინა. იმ დღიდან იაკობი აღარც
უნახავს.

– და მას შემდეგ შვიდმა წელმა განვლო?

– შვიდი წელიწადი გაზაფხულზე შესრულდება. მისი დაკარგვა გამოვაცხადეთ‚


კარიდან კარზე დავდიოდით და დავეძებდით. ზოგიერთი იცნობდა ლამაზ ბიჭს და
ჩვენთან ერთად ეძებდა. ყველაფერი ამაო გამოდგა.

იმ დედაბერსაც‚ რომელმაც ბოსტნეული იყიდა‚ არავინ იცნობდა. მხოლოდ ერთმა


ოთხმოცდაათი წლის დედაკაცმა გვითხრა‚ ის ქალი შეიძლება ავი ჯადოქარი
კროიტერვაისი იყო‚ რომელიც ყოველ ორმოცდაათ წელიწადში ერთხელ ქალაქში
მოდის საჭირო სანოვაგის საყიდლადო.

ასე ლაპარაკობდა იაკობის მამა და თან მაჯაგანს ურტყამდა ლანჩას‚ გაყრილ ძაფს
ორივე ხელით განზე ეწეოდა.

პატარასათვის თანდათან ნათელი გახდა‚ რა შეემთხვა მას; რომ სიზმარში კი არა‚


შვიდი წელიწადი ციყვადქცეულს ბოროტ დედაბერთან სამსახურში გაუტარებია.

სიბრაზისაგან გული ლამის გაუსკდა. ახალგაზრდობის შვიდი წელიწადი მოსტაცა


დედაბერმა. რა მისცა სამაგიეროდ? ქოქოსის ნაჭუჭის ქოშების გაწმენდა‚ ოთახის
მინის იატაკის მოპრიალება იცის! ზღვის გოჭებისაგან მზარეულის საიდუმლოება
ისწავლა! კარგა დიდხანს იდგა ასე‚ ფიქრობდა თავის ბედზე. ბოლოს მამამ ჰკითხა:

– იქნებ მოგწონთ რამე ჩემი ნამუშევრიდან? იქნებ იყიდოთ ერთი წყვილი ახალი
ქოშები‚ ანდა‚ – მამას სიცილი წასკდა‚ – იქნებ თქვენი ცხვირისათვის ბუდე გნებავთ?

– რას ერჩით ჩემს ცხვირს? – შეეკითხა იაკობი,– ან ბუდე რად მინდა!


– ოო‚ – მიუგო მეწაღემ. – მართალია, ყველაფერი გემოვნების საქმეა‚ მაგრამ‚ უნდა
გითხრათ‚ მე რომ მაგისთანა საშინელი ცხვირი მებას‚ აუცილებლად გავიკეთებდი
ვარდისფერი ლაქის ბუდეს. აი‚ შეხედეთ‚ სწორედ ხელთა მაქვს მშვენიერი ნაჭერი.
თუმცა თქვენს ცხვირს არც ისე ცოტა ტყავი დასჭირდება. სამაგიეროდ რა კარგად
იქნებოდა დაცული‚ ჩემო ბატონო; ხომ ვიცი‚ ცხვირით ყველაფერს ეჯახებით.

იაკობი შიშისაგან გაჩუმებული იდგა. მან მოისინჯა ცხვირი. მართლაც


გასქელებოდა და დაგრძელებოდა. მაშ, დედაბერს მისთვის გარეგნობაც შეუცვლია.
ალბათ იმიტომ ვერ იცნო დედამ‚ იმიტომაც ეძახდნენ საზიზღარ ჯუჯას!

– ოსტატო‚ – ნახევრად მტირალი ხმით მიმართა მეწაღეს‚ – სარკე ხომ არა გაქვთ‚
ჩავიხედო?

– ბატონო‚ – უპასუხა მამამ სერიოზულად‚ – თქვენ სრულიადაც არ ბრძანდებით


ისეთი გარეგნობის პატრონი‚ რომ თავი მოგწონდეთ და ყოველ წუთს სარკეში
იყურებოდეთ. სჯობს, თავი მიანებოთ ამას‚ თქვენთვის იგი სრულიად
გამოუსადეგარია.

– გთხოვთ, ჩამახედოთ სარკეში! – დაიძახა პატარამ. – დამიჯერეთ, თავის


მოწონებას არ ვაპირებ.

– თავი დამანებეთ‚ არა მაქვს. ჩემს ცოლსა ჰქონდა პატარა სარკე‚ მაგრამ არ ვიცი‚
სად შეინახა. თუკი აუცილებლად გსურთ ჩახედვა‚ გადადით ქუჩაზე‚ იქ ცხოვრობს
დალაქი ურბანი‚ მის დიდ სარკეში ჩაიხედეთ. ნახვამდის!

ამ სიტყვებთან ერთად მამამ ნელა წაჰკრა ხელი‚ დუქნიდან გაიყვანა‚ კარები


გადარაზა და მუშაობა განაგრძო.

იაკობი ძალზე დაღონებული გადავიდა ქუჩაზე და მიადგა დალაქ ურბანს‚


რომელსაც წინათ მშვენივრად იცნობდა.

– დილა მშვიდობისა‚ ურბან‚ – უთხრა მან. – მიყავით სიკეთე და ნება მიბოძეთ


თქვენს სარკეში ჩავიხედო.

– დიდი სიამოვნებით‚ აი‚ იქ დგას‚ – მიუგო სიცილით დალაქმა. – თქვენ მშვენიერი


ყმაწვილი ბრძანდებით‚ მაღალი და ტანწერწეტა‚ გედის კისერი გაქვთ‚ სეფექალის
მკლავები და პაჭუა ცხვირი. თქვენზე ულამაზესი ქალის წარმოდგენა შეუძლებელია.
თქვენ‚ ცოტა არ იყოს‚ თავიც მოგწონთ. აბა‚ ჩაიხედეთ სარკეში‚ თორემ იტყვიან‚
შურით არ მისცა სარკეში ჩახედვის უფლებაო.

ურბანის ხუმრობაზე სადალაქოში ხმამაღალი სიცილი გაისმა.

ამასობაში იაკობი სარკესთან მივიდა‚ დაინახა თავისი თავი და თვალებზე


ცრემლები მოადგა.

– ჰო‚ ასე‚ ცხადია, ვერ იცნობდი შენს იაკობს‚ ჩემო საყვარელო დედა‚ –
ჩაილაპარაკა თავისთვის. – ასე არ გამოიყურებოდა შენი შვილი ბედნიერ დღეებში‚
როცა ჩემით ეგზომ ამაყობდი ხალხის წინაშე.
თვალები ღორივით პატარა გახდომოდა‚ საშინელი ცხვირი ნიკაპამდე ეკიდა‚ თავი
ღრმად ჩასძვრომოდა მხრებში და მხოლოდ დიდი გაჭირვებით ატრიალებდა.

ტანი იმავე სიმაღლისა დარჩენოდა‚ როგორიც შვიდი წლის წინათ ჰქონდა. სხვები
რომ თორმეტიდან ოც წლამდე სიმაღლეში იზრდებოდნენ‚ ის სიგანეში მატულობდა.
გამოწეული მკერდი და ზურგი პატარა‚ მაგრამ გატენილ ტომარას მიუგავდა. სქელ
ტანს მომცრო‚ სუსტი ფეხები ეკიდა. ხელები კი ფეხებამდე დაგრძელებოდა. თანაც
უხეში მოყვითალო-მოყავისფრო ჰქონდა‚ თითისტარივით გრძელი: კარგად რომ
გაეჭიმა‚ შეეძლო დაუღუნავადაც მიწას მისწვდომოდა. ასე გამოიყურებოდა იაკობი.
იგი საშინელ ქონდრისკაცად ქცეულიყო.

ახლა იდგა‚ ფიქრობდა იმ დილაზე‚ როცა დედაბერი დედის კალათებთან მივიდა


და მწვანილის რჩევა დაიწყო‚ როგორ დასცინა დედაბერს‚ გრძელი ცხვირი‚
საზიზღარი თითები გაქვსო. ყველაფერი თვითონ დაატყდა თავს. მხოლოდ მაღალი
კისრის ნაცვლად სულ უკისროდ დარჩა.

– აბა‚ მეფისწულო‚ საკმარისად დატკბით სარკეში ყურებით? – უთხრა დალაქმა‚


სიცილით მიუახლოვდა და ახედ-დახედა. – კაცს რომ ამის მსგავსი სიზმარში ენახა‚
ისიც კი არ იქნებოდა უფრო სასაცილო. ერთი წინადადება მინდა მოგცე‚ კაცუნავ.
ჩემს სადალაქოში ბევრი ხალხი დადის‚ მაგრამ ამ ბოლო ხანებში იმდენი არა‚
რამდენიც სასურველია. ეს იმიტომ მოხდა‚ რომ ჩემმა მეზობელმა დალაქმა შაუმმა
სადღაც უშველებელი კაცი მოძებნა‚ რომელიც ხალხს სადალაქოში იტყუებს. კაცი
გოლიათი რომ გახდეს‚ დიდი საქმე არ არის‚ მაგრამ ისეთი კაცუნა‚ როგორიც თქვენ
ხართ‚ სულ სხვა რამეა. დადექით ჩემთან სამუშაოდ. გექნებათ ბინა‚ საჭმელ-სასმელი‚
ჩასაცმელი. ერთი სიტყვით‚ ყველაფერი‚ სამაგიეროდ დილით კარებთან აიტუზებით
და გამვლელებს მოიპატიჟებთ‚ მომიმზადებთ საპონს‚ მუშტრებს მიაწოდებთ
პირსახოცს და მერწმუნეთ‚ ორივე მოგებული დავრჩებით. ჩემთან მეტი ხალხი მოვა‚
ვიდრე მასთან და მის გოლიათთან. თქვენც ყველა სიამოვნებით გიწყალობებთ ერთ-
ორ გროშს.

გულში იგი ძალზე აღშფოთებული იყო დალაქის წინადადებით‚ მაგრამ რას


იზამდა‚ უნდა მოეთმინა ეს შეურაცხყოფა. დალაქს სრულიად მშვიდად უთხრა‚
ასეთი სამუშაოსათვის დრო არა მაქვსო და წავიდა.

მართალია‚ ავმა დედაბერმა გარეგნულად დაამახინჯა‚ მაგრამ მის სულსა და


გონებას ვერ შეეხო. ამას მშვენივრად გრძნობდა. ისე აღარ ფიქრობდა‚ როგორც შვიდი
წლის წინათ. არა‚ ახლა უფრო ჭკვიანურად და გონივრულად მსჯელობდა. იაკობს
უკვე ის კი არ აწუხებდა‚ რომ სილამაზე დაკარგა და ასეთი საშინელი გახდა‚ არამედ
ის‚ რომ მამამ დუქნიდან ძაღლივით გამოაგდო. ბიჭი შეეცადა დედასთან კვლავ
მისულიყო.

იაკობი ბაზარში დედასთან გამოცხადდა და სთხოვა წყნარად მოესმინა მისთვის.


მან გაიხსენა ის დღე‚ როცა მოხუც დედაბერთან ერთად წავიდა‚ გაიხსენა თავისი
ბავშვობის ცალკეული წვრილმანი. შემდეგ უამბო‚ შვიდი წლის განმავლობაში
როგორ მუშაობდა ციყვადქცეული იმ დედაბერთან და როგორ გადააქცია ისეთივე
მახინჯად‚ როგორც თვითონ დედაბერი იყო. მას ხომ ამაზე ბაზარში პატარა იაკობმა
დასცინა.
დედამ არ იცოდა‚ რა ეფიქრა. შვილი თავისი ბავშვობიდან ყველაფერს ზუსტად
მოუყვა. როცა იმ შვიდ წელიწადზე ლაპარაკობდა‚ რომელიც ციყვადქცეულმა
დედაბერთან გაატარა‚ დედამ არ დაიჯერა და უთხრა‚ ეს შეუძლებელია‚ ჯადოქრები
არ არსებობენო. შეხედავდა თუ არა საშინელ კაცუნას‚ არ სჯეროდა‚ რომ ეს მისი
შვილი იყო.

ბოლოს გადაწყვიტა ქმართან წასულიყო და მოლაპარაკებოდა. აკრიფა კალათები


და იაკობს უთხრა‚ შინ წაჰყოლოდა.

ასე მივიდნენ მამის დუქანთან.

– ერთი შეხედე! – უთხრა ქმარს‚ – ეს კაცი ამბობს‚ თითქოს ჩვენი დაკარგული


შვილი იყოს. ყველაფერს მომიყვა‚ როგორ მოგვპარეს შვიდი წლის წინათ და ჯადომ
როგორ გადააქცია მახინჯად.

– ასე გიამბო? – შეაწყვეტინა გაბრაზებულმა ოსტატმა. – მოიცა‚ შე ტუტუცო. ეს-ეს


არის‚ მე თვითონ მოვუყევი ყველაფერი და ახლა შენთან გამოქცეულა‚ რომ
გაგასულელოს. მაშ ჯადო გაგიკეთეს? მოიცა‚ ახლავე მოგხსნი მაგ ჯადოს. – აიღო
სქელი ქამარი‚ მივარდა პატარას და ისე დასცხო კუზსა და გრძელ მკლავებზე‚ რომ
კაცუნამ დაიყვირა და ტირილით მოჰკურცხლა.

იმ ქალაქში‚ სხვა ქალაქების მსგავსად‚ ცოტა იყო გულშემატკივარი‚ რომლებიც


უბედურ‚ სასაცილო არსებას შეიკედლებდნენ და შეიბრალებდნენ‚ ამიტომაც
საბრალო კაცუნა მთელ დღეს უსმელ-უჭმელი დადიოდა‚ ღამის გასათევად
იძულებული გახდა ეკლესიის ქვის ცივი კიბე აერჩია.

როცა მეორე დილას მზის სხივებმა გამოაღვიძა‚ დაიწყო ფიქრი‚ როგორ მოეწყო
თავისი ცხოვრება. თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას დალაქთან დამდგარიყო
სამუშაოდ. რისთვის მიეყო ხელი? უცბად გაახსენდა‚ რომ ციყვად ყოფნის დროს
მზარეულობა დიდი წარმატებით შეისწავლა‚ ამიტომაც გადაწყვიტა თავისი ხელობა
გამოეყენებინა.

როცა საკმაოდ გათენდა და ქუჩები ხალხით აივსო‚ კაცუნა ადგა‚ ჯერ ეკლესიაში
შევიდა სალოცავად და მერე გზას გაუდგა. ამ მხარის პატრონი ბატონი ჰერცოგი ჭამის
დიდი მოყვარული და ღორმუცელა კაცი იყო. უყვარდა კარგი სუფრა და
მზარეულები ქვეყნის ყველა კუთხიდან მოჰყავდა. პატარამ მისი ციხე-დარბაზისაკენ
წასვლა გადაწყვიტა. როცა ჭიშკარს მიადგა‚ მცველებმა ჰკითხეს, რა გსურსო‚ და
დაცინვა დაუწყეს. მაგრამ პატარა მოითხოვდა‚ მთავარ მზარეულთან შეეშვათ.
სიცილ-ხარხარით შეიყვანეს ეზოში. სადაც ქონდრისკაცი გამოჩნდებოდა‚ ყველა
ჩერდებოდა და შეჰყურებდა მას. იწყებდნენ სიცილსა და ხარხარს. მალე მის უკან
სხვადასხვა მსახურებისაგან მთელი კუდი წარმოიშვა.

მეჯინიბეებმა მიატოვეს თავიანთი სამუშაო‚ შიკრიკები გარბოდნენ‚ რაც ძალი და


ღონე ჰქონდათ. ხალიჩების მომვლელებს დაავიწყდათ მათი გაბერტყვა. ყველაფერი
აირ-დაირია და ისეთი ხმაური ატყდა‚ თითქოს კარებს მტერი მოადგაო.

– ქონდრისკაცი! ქონდრისკაცი! ნახეთ ქონდრისკაცი! – ყვიროდნენ აქეთ-იქიდან.


ამ დროს კარებში გამოჩნდა სასახლის ზედამხედველი გაბრაზებული სახით.
ხელში უშველებელი მათრახი ეჭირა.

– რა დაგემართათ‚ რას ხმაურობთ‚ თქვე ძაღლებო! განა არ იცით‚ რომ ბატონს ჯერ
კიდევ სძინავს?

მოიქნია მათრახი და ერთ-ორ მსახურს ისე გადაუჭირა‚ რომ ისინი ძირს დაეცნენ.

– ოჰ‚ ბატონო! – წამოიკვნესეს მათ. – განა ვერ ხედავთ‚ ისეთი ქონდრისკაცი


მოგვყავს‚ როგორიც თქვენ არასოდეს გენახვებათ!

სასახლის ზედამხედველმა ძლივს შეიკავა თავი ხმამაღალი სიცილისაგან‚


როდესაც პატარა დაინახა. ყველა მათრახით გარეკა‚ იაკობი სახლში შეიყვანა და
ჰკითხა‚ რა გსურსო.

როცა გაიგო‚ რომ მზარეულის ნახვა უნდოდა‚ ზედამხედველმა უთხრა:

– ალბათ სცდები‚ ჩემო შვილო‚ გეტყობა ჩემთან‚ სასახლის ზედამხედველთან


გსურს მოსვლა‚ უთუოდ გინდა ჰერცოგთან ქონდრისკაცად მოეწყო. ასე არ არის?

– არა‚ ბატონო! – უპასუხა პატარამ. – მე ძალიან კარგი მზარეული გახლავართ და


სხვადასხვა იშვიათი კერძის დამზადება ვიცი. წამიყვანეთ მთავარ მზარეულთან‚
იქნებ გამოიყენოს ჩემი ოსტატობა.

– როგორც გსურდეს‚ კაცუნავ. გეტყობა, უცნაური ადამიანი ყოფილხარ. სასახლეში


ჰერცოგის ქონდრისკაცად რომ მოწყობილიყავი‚ სამუშაო არ გექნებოდა‚ საჭმელ-
სასმელი და ტანსაცმელი კი‚ რამდენიც გულს გაეხარდებოდა... მაგრამ ვსინჯოთ შენი
მზარეულობის ნიჭი. ისეთი მზარეული ვერ იქნები‚ რომ თვით ჰერცოგისათვის
ამზადო სადილები‚ მზარეულის ბიჭად კი ძალზე შესაფერისი ხარ. – ამ სიტყვებით
მოჰკიდა იაკობს ხელი და მზარეულის ოთახისაკენ წაიყვანა.

– ჩემო ბატონო‚ – დაიწყო პატარამ და ისე მოიხარა წელში‚ რომ ცხვირით იატაკს
შეეხო. – არ გესაჭიროებათ მარჯვე მზარეული?

მთავარმა მზარეულმა ქონდრისკაცი თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-


ჩაათვალიერა‚ ხმამაღალი სიცილი აუვარდა და უთხრა:

– როგორ? შენ‚ მზარეული? გგონია‚ ჩვენი ღუმელები ისე დაბალია‚ რომ შეგიძლია
მისწვდე‚ თუგინდ ფეხის წვერებზეც შედგე და კისრიდან თავის ამოწევაც შესძლო?
ოჰ‚ ჩემო საყვარელო პატარავ! ვინც შენ ჩემთან მზარეულად გამოგგზავნა‚
სასაცილოდ აუგდიხარ.

ასე ელაპარკებოდა მთავარი მზარეული‚ თან სასახლის ზედამხედველთან და


მსახურებთან ერთად ხმამაღლა ხარხარებდა.

ქონდრისკაცი წონასწორობიდან არ გამოსულა.

– რა დიდი საქმეა მომცეთ‚ როცა სახლში ასე ბევრი გაქვთ‚ ერთი ან ორი კვერცხი‚
ცოტა ვაჟინი‚ ღვინო‚ ფქვილი და სხვა საჭირო მასალა. – თქვა მან. – მითხარით‚
რომელი საჭმელი მოგიმზადოთ‚ მომეცით‚ რაც დამჭირდება საამისოდ და თქვენს
თვალწინ სწრაფად გავაკეთებ ისეთ კერძს‚ რომ უთუოდ იტყვით‚ მართლაც
ნამდვილი მზარეული ყოფილაო!

ასე ამბობდა ქონდრისკაცი. საინტერესო იყო იგი ლაპარაკის დროს: თვალები


უელავდა‚ გრძელ ცხვირს ხორთუმივით აქანავებდა‚ თითისტარისებურ თითებს
ლაპარაკს აყოლებდა.

– მაშ კარგი! – დაიძახა მთავარმა მზარეულმა და ხელი გაუყარა სასახლის


ზედამხედველს. – ნება მოგვეცით სამზარეულოსკენ წავიდეთ‚ რომ სეირს ვუყუროთ.

მათ მრავალი დარბაზი და ტალანი გაიარეს. ბოლოს‚ როგორც იქნა‚ სამზარეულოს


მიაღწიეს.

ეს იყო დიდი და ფართო‚ მშვენივრად მოწყობილი შენობა. ოცი ქურა


განუწყვეტლივ გიზგიზებდა. სამზარეულოს შუაში ანკარა წყლით სავსე აუზი იყო
გამართული. შიგ ცოცხალი თევზები დაცურავდნენ.

მარმარილოსა და ძვირფასი ხის კარადებში საჭირო სანოვაგე ელაგა. ათ დარბაზში


ქვეყნის ყველა კუთხიდან მოტანილი სურსათი ინახებოდა.

მზარეულები და მსახურები დარბოდნენ წინ და უკან‚ დაჰქონდათ ქვაბები და


ტაფები‚ დანები და კოვზები.

როცა სამზარულოში მთავარი მზარეული შევიდა‚ ყველა ერთ ადგილას გაქვავდა‚


მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი და წყლის თუხთუხიღა ისმოდა.

– რა მოითხოვა დღეს ბატონმა საუზმედ? – ჰკითხა მთავარმა მზარეულმა მოხუც


მზარეულს.

– დანიური შეჭამანდი და ჰამბურგული ხინკალი.

– კეთილი‚ – მიმართა მთავარმა მზარეულმა. – გაიგე‚ რა სურს ბატონს საუზმედ?


შეიძლება განდოთ ამ ძნელი კერძების მომზადება? ხინკალს კი ნამდვილად ვერ
გააკეთებთ. ეს ჩვენი საიდუმლოებაა.

– მაგაზე ადვილი რა უნდა იყოს‚ – უპასუხა ყველას გასაკვირად ქონდრისკაცმა. ეს


საჭმელი ხშირად გაეკეთებინა ციყვობის დროს. – მაგაზე ადვილი არაფერია. მომეცით
კერძისათვის მწვანილი‚ ძირხვენები‚ გარეული ღორის ქონი და კვერცხი.
ხინკლისათვის კი... – აქ ისე ჩუმად დაიწყო ლაპარაკი‚ რომ მხოლოდ მთავარ
მზარეულსა და საჭმლის მკეთებელს გაეგოთ‚ – მჭირდება ოთხნაირი ხორცი‚ ცოტა
ღვინო‚ ბატის ქონი‚ ზარდანჩო და განსაკუთრებული მწვანილი‚ რომელსაც „კუჭის
დამაწყნარებელი” ეწოდება.

– მითხარი‚ რომელ ჯადოქართან გისწავლია‚ – დაიძახა გაკვირვებულმა


მზარეულმა. – ყველაფერი თქვა მან‚ „კუჭის დამაწყნარებელი” მწვანილი კი ჩვენ
თვითონ არ ვიცოდით. ჰო‚ ის‚ ცხადია‚ უფრო სასიამოვნოს გახდის. – საოცრება
ყოფილხარ‚ მზარეული კი არა!
– ამას არ ვიფიქრებდი‚ – თქვა მთავარმა მზარეულმა – მოდი‚ საცდელად
გავაკეთებინოთო. მიეცით‚ რასაც მოითხოვს‚ ჭურჭელი და ყველანაირი სანოვაგე‚
გააკეთოს საუზმე!

ისე მოიქცნენ‚ როგორც მან უბრძანა. ყველაფერი ღუმელზე შედგეს. იაკობი


ცხვირით ძლივს მისწვდა ღუმელს. მაშინ მიადგეს სკამი‚ შესვეს ზედ საოცარი
კაცუნა‚ რომ თავისი ხელობა ეჩვენებინა. ირგვლივ შემოეხვივნენ მზარეულები‚
სამზარეულოს ბიჭები‚ მსახურნი და სხვები. უყურებდნენ და უკვირდათ‚ როგორ
მარჯვედ და მოხდენილად გამოსდიოდა ყველაფერი ხელიდან.

როცა მასალა მოამზადა‚ მოითხოვა ორივე ჭურჭელი ღუმელზე დაედგათ და


იმდენ ხანს ედუღებინათ‚ სანამ ნიშანს არ მისცემდა.

შემდეგ დაიწყო თვლა: ერთი‚ ორი‚ სამი... და როცა ხუთასზე მივიდა‚ დაიძახა‚
კმარაო. ჯამები გადმოდგეს. ქონდრისკაცმა სთხოვა მთავარ მზარეულს‚ გემო ენახა.
მზარეულმა მოატანინა ოქროს კოვზი‚ აუზში გაავლო და გადასცა სამზარეულოს
უფროსს. იგი მხიარული გამომეტყველებით მივიდა ღუმელთან‚ აიღო კერძი‚ გემო
გაუსინჯა‚ სიამოვნებისაგან თვალები დახუჭა‚ ენა გააწლაკუნა და თქვა:

– მშვენიერია‚ ჰერცოგი არ მომიკვდეს‚ მშვენიერია. არ გსურთ‚ თქვენც იგემოთ‚


სასახლის ზედამხედველო?

ზედამხედველი მოიხარა‚ კოვზი აიღო‚ გასინჯა და სიხარულისაგან ცას ეწია.

– არ მინდა გაწყენინოთ‚ ძვირფასო მზარეულო‚ თქვენ საქმის ძალიან კარგი


მცოდნე ხართ‚ მაგრამ ასე საუცხოოდ ჯერ არც შეჭამანდი და არც ხინკალი არ
მოგიმზადებიათ.

მზარეულმაც გაუსინჯა გემო‚ ხელი ჩამოართვა ქონდრისკაცს და უთხრა:

– ამ საქმის ოსტატი ყოფილხარ. მართალია‚ „კუჭის დამაწყნარებელი” სულ სხვა


გემოს აძლევს!

ამ დროს სამზარეულოში მოვიდა ჰერცოგის მსახური და აუწყა‚ რომ ჰერცოგი


საუზმეს თხოულობდა.

საჭმელი ვერცხლის თეფშებზე დააწყვეს და ჰერცოგს გაუგზავნეს. მთავარმა


მზარეულმა ქონდრისკაცი სასაუბროდ წაიყვანა თავის ოთახში.

ის იყო სალაპარაკოდ დასხდნენ‚ რომ მოვიდა ჰერცოგის გამოგზავნილი მსახური


და მოახსენა‚ ბატონი მთავარ მზარეულს უხმობსო.

მან სასწრაფოდ გადაიცვა სადღესასწაულო სამოსი და მსახურს გაჰყვა.

ჰერცოგი ძალზე კმაყოფილი გამოიყურებოდა. მას ყველაფერი შეესანსლა‚ რაც


ვერცხლის თეფშებზე ელაგა. ის იყო წვერს იწმენდდა‚ როცა მთავარი მზარეულიც
შევიდა.
– მომისმინე‚ მზარეულო‚ – თქვა მან. - აქამდის მუდამ კმაყოფილი ვიყავი შენი
საჭმელებით‚ მაგრამ მითხარი‚ ვინ მოამზადა დღეს ჩემი საუზმე? რაც ტახტზე
ვზივარ‚ არასოდეს ყოფილა ასე გემრიელი. მითხარი‚ რა ჰქვია მზარეულს‚ რომ
საჩუქრად რამდენიმე დუკატი გავუგზავნო?

– ბატონო‚ ეს მეტად საოცარი ამბავია‚ – უპასუხა მთავარმა მზარეულმა და


მოუთხრო‚ როგორ მოუყვანეს დღეს დილით ქონდრისკაცი‚ რომელსაც მზარეულად
გახდომა უნდოდა‚ და შემდეგ რაც მოხდა.

ჰერცოგს ძალზე გაუკვირდა. ბრძანა, მიეგვარათ მისთვის ქონდრისკაცი...


გამოჰკითხა‚ ვინ იყო‚ ან სადაური. იაკობმა იმის თქმა ვერ გაბედა‚ რომ ჯადო ჰქონდა
გაკეთებული და წინათ ციყვადქცეული მუშაობდა. უთხრა‚ ახლა არც დედა და არც
მამა აღარა მყავს და მზარეულობა ერთი ბებერი ქალისაგან ვისწავლეო.

ჰერცოგს მეტი არც არაფერი უკითხავს‚ მხოლოდ თავისი ახალი მზარეულის


უცნაურ გარეგნობაზე დიდხანს იცინოდა.

– თუ გსურს ჩემთან დარჩენა‚ – თქვა მან‚ – წელიწადში თხუთმეტ დუკატს‚ ერთ


სადღესასწაულო ტანსაცმელს და დამატებით კიდევ ორ შარვალს მიიღებ.
სამაგიეროდ‚ ყოველდღიურად უნდა მომიმზადო საუზმე‚ თვალყური ადევნო
სადილის მზადებას და საერთოდ სამზარეულოს მეთვალყურეობა გასწიო. ვინაიდან
ჩემთან სასახლეში ყველა ზედმეტ სახელს ატარებს‚ შენც შეგარქმევ „ცხვირას” და
მიიღებ სამზარეულოს უფროსის თანაშემწის წოდებას.

ქონდრისკაცმა ცხვირამ ჰერცოგს თავი დაუკრა‚ ფეხები დაუკოცნა და შეჰფიცა‚


ერთგულად ვიმუშავებო.

იაკობი ცხოვრებაში პირველად იყო უზრუნველყოფილი და სამსახურითაც


კმაყოფილი.

თამამად შეიძლება ითქვას‚ სანამ ცხვირა მივიდოდა‚ ჰერცოგი სულ სხვა ადამიანი
იყო. ადრე, თუ საჭმელი არ მოეწონებოდა‚ ხშირად თეფშებსა და ჯამებს თავში
ესროდა ხოლმე მზარეულებს. ერთხელ თვით მთავარ მზარეულს ისე ძლიერად
მოხვდა თავში ჰერცოგის მიერ ნასროლი შემწვარი დეკეულის ფეხი‚ რომ მზარეული
ძირს დაეცა და სამ დღეს ლოგინი ლესა.

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ‚ ჰერცოგი რასაც ვინმეს გაბრაზების დროს


დაუშავებდა‚ შემდეგ ერთი მუჭა დუკატით ისევ მოიმადლიერებდა. ამის
მიუხედავად‚ არ იყო ისეთი მზარეული‚ შიშითა და კანკალით რომ არ მიეტანა
მასთან საჭმელი.

მას შემდეგ‚ რაც მათთან ქონდრისკაცი გაჩნდა‚ ყველაფერი შეიცვალა. ჰერცოგი


ახლა დღეში სამჯერ კი არა‚ ხუთჯერ მიირთმევდა და არასოდეს ყოფილა საჭმლით
უკმაყოფილო. მას ყველაფერი მოსწონდა‚ ყველაფერი ახალი და არაჩვეულებრივი
მზადდებოდა. ყოველთვის კარგ გუნებაზე იყო და დღითი დღე სუქდებოდა.
ხშირად შუა სადილობის დროს მოითხოვდა‚ რომ მთავარი მზარეული და ცხვირა
მოეყვანათ. ერთს მარჯვნივ მოისვამდა‚ მეორეს მარცხნივ და თავისი ხელით
აძლევდა თითო ლუკმას გასასინჯად.

მთელი ქალაქი ალაპარაკდა საოცარ ქონდრისკაცზე.

მთავარი მზარეულისაგან ნებართვას იღებდნენ‚ რომ შესულიყვნენ სამზარეულოში


და ეყურებინათ‚ როგორ ამზადებდა საჭმელს. ქალაქის რამდენიმე მდიდარმა
ჰერცოგს სთხოვა კიდეც, მათ მზარეულებს ცხვირასაგან კერძების მზადება
ესწავლათ‚ ამაში საკმაოდ ბევრ ფულს იძლეოდნენ.

თითოეული ყოველდღიურად ნახევარ დუკატს იხდიდა. ცხვირა ამ ფულს


დანარჩენ მზარეულებს უნაწილებდა‚ რომ მისდამი შური არ აღძვროდათ.

ასე ცხოვრობდა თითქმის ორ წელიწადს კმაყოფილებასა და პატივისცემაში. მას


მხოლოდ მშობლებზე ფიქრი აწუხებდა.

ერთხელ ასეთი რამ შეემთხვა: ცხვირა განსაკუთრებით კარგად არჩევდა


სადილისათვის სანოვაგეს. ამიტომ‚ დრო თუ ჰქონდა‚ მუდამ თვითონ დადიოდა
ფრინველისა და ხილის საყიდლად.

ერთ დღეს ბაზარში წავიდა‚ უნდოდა ისეთი მძიმე და მსუქანი ბატის ყიდვა‚
როგორიც ჰერცოგს უყვარდა. მან რამდენჯერმე აიარ-ჩაიარა ბაზარში. აქ მას თავისი
გარეგნობით‚ ამავე დროს, როგორც ჰერცოგის მზარეულს‚ ყველა იცნობდა. იმის
ნაცვლად‚ რომ ჩვეულებრივ დაეცინათ და მასხარად აეგდოთ‚ ყველა პატივისცემით
ღებულობდა‚ თუკი თავის ცხვირს მათკენ მიაბრუნებდა და ჰერცოგისათვის რამეს
იყიდდა.

სიარულის დროს ბაზრის ბოლოს‚ კუთხეში‚ უცბად შენიშნა ქალი‚ რომელიც


ბატებით ვაჭრობდა. ის სხვებივით არ ყვიროდა და არ იწვევდა მყიდველებს. ცხვირა
მასთან მივიდა‚ გასინჯა მისი საქონელი. ბატები სწორედ ისეთნი იყვნენ‚ როგორიც
მას სურდა შეეძინა. მან იყიდა სამივე ბატი თავისი გალიით.

გალია მხარზე შეიდგა და შინისკენ გასწია.

გზაზე ძალზე ეუცნაურა: სამი ბატიდან მხოლოდ ორი ყიყინებდა ისე‚ როგორც
ბატებს სჩვევიათ‚ მესამე კი ჩუმად იჯდა და დროდადრო ადამიანივით ოხრავდა.
ალბათ ავად არის‚ გაიფიქრა თავისთვის‚ უნდა ვიჩქარო‚ მალე დავკლა და
გავამზადო‚ მაგრამ ბატმა სრულიად გარკვევით უპასუხა:

მიჩხვლეტ‚ გიკბენ‚ დამახრჩობ და მეც ნაადრევად დაგასამარებ!

შიშისაგან ცხვირამ მაშინვე ჩამოიღო გალია და მიწაზე დადო. ბატმა ლამაზი‚


ჭკვიანი თვალებით შეხედა და ამოიოხრა:

– დალახვროს ეშმაკმა‚ – დაიძახა ცხვირამ. – თქვენ ლაპარაკი შეგძლებიათ,


ქალბატონო ბატო! ამას კი არასოდეს ვიფიქრებდი. ნუ გეშინია‚ ასეთ იშვიათ
ფრინველს დასაკლავად არავინ გაიმეტებს‚ მაგრამ რაზეც გინდა დაგენაძლევები‚ რომ
შენ თავიდან ბატად არა ხარ დაბადებული. ერთ დროს მეც თავად ციყვად ვიყავი
ქცეული.

– მართალი ხარ‚ – უპასუხა ბატმა‚ – ფრინველად არა ვარ დაბადებული. ჩემს


აკვანთან არ უმღერიათ‚ რომ მე‚ მიმის‚ დიდებული ვეტერბოკის ქალიშვილს‚
ჰერცოგის სამზარეულოში დამკლავდნენ.

– დამშვიდდი‚ ძვირფასო მიმი‚ – ეუბნებოდა ქონდრისკაცი. – სანამ პატიოსნება


შემრჩენია და ჰერცოგის მთავარი მზარეულის მოადგილე ვარ‚ თითსაც ვერავინ
დაგაკარებს. ჩემს საკუთარ ოთახში დაგითმობ ადგილს. საჭმელი სამყოფი გექნება და
თავისუფალ დროსაც შენ შემოგწირავ. ყველას ვეტყვი‚ ბატს ჰერცოგისათვის
სხვადასხვა განსაკუთრებული მწვანილით ვკვებავ-მეთქი და‚ როგორც შემთხვევა
მომეცემა, თავისუფლებას მოგანიჭებ.

ცრემლმორეულმა ბატმა მადლობა გადაუხადა. ცხვირა ისე მოიქცა, როგორც


დაჰპირდა. დაკლა დანარჩენი ორი ბატი. მიმი კი გალიით თავის ოთახში მოათავსა.

მიმის ისე ჩვეულებრივ ბატის საკვებს როდი აძლევდა; ნამცხვარს‚ შაქარლამასა და


სხვა ტკბილეულს არ აკლებდა.

როგორც თავისუფალ დროს მოიხელთებდა‚ მასთან მიდიოდა სასაუბროდ და


სანუგეშებლად. ისინი ერთმანეთს მოუყვნენ თავიანთ თავგადასავალს. ცხვირამ
გაიგო‚ რომ ბატი ჯადოქარ ვეტერბოკის ასული იყო‚ რომელიც კუნძულ გოტლანდზე
ცხოვრობდა. მამამისს ერთხელ ჩხუბი მოსვლია დედაბერ ჯადოქართან. მან
მოტყუებითა და ცბიერებით იძია შური‚ ქალიშვილი ბატად აქცია და ასე შორს
გადმოკარგა.

როცა ცხვირამ თავისი ამბავი უამბო‚ ბატმა უთხრა: მაგ საქმისა ცოტა რამ გამეგება.
მამამ მე და ჩემს დებს‚ რაზეც ხელი მიუწვდებოდა‚ შეგვასწავლა. მწვანილის
კალათასთან ჩხუბი‚ მწვანილის დაყნოსვისას შენი უეცარი გარდაქმნა‚ აგრეთვე შენს
მიერ ნახსენები დედაბრის ნათქვამი სიტყვები მარწმუნებენ‚ რომ მწვანილით
გაგიკეთეს ჯადო. თუკი იმ მწვანილს იპოვი‚ რომელიც დედაბერმა მოგცა‚ ჯადოსაგან
განთავისუფლდებიო.

ამ ამბით ბატმა მაინცდამაინც ვერ დაამშვიდა ცხვირა. იგი ხომ ასეთს ვერაფერს
იპოვიდა! მადლობა გადაუხადა და ცოტაოდენი იმედი მაინც მიეცა.

ამ დროს ჰერცოგს ესტუმრა მეზობლად მცხოვრები მეგობარი თავადი. ჰერცოგმა


მაშინვე მოიხმო ცხვირა და უბრძანა:

– დადგა დრო‚ როცა უნდა მიჩვენო‚ რამდენად ერთგულად მემსახურები და შენი


საქმის როგორი ოსტატი ხარ.

თავადს‚ რომელიც ახლა ჩემთან სტუმრად არის‚ კარგი პირის გემო აქვს და
მშვენივრადაც ერკვევა კერძების ავკარგიანობაში. იზრუნე იმაზე‚ რომ მას ჩემი სუფრა
ყოველდღიურად ანცვიფრებდეს‚ ისიც იცოდე: სანამ აქ არის‚ ორჯერ ერთი და იგივე
კერძი არ დამანახო. რაც კი საამისოდაა საჭირო‚ ჩემი ხაზინადრისაგან მიიღე. თუ
საჭმლისთვის ოქრო და ალმასი გახდეს აუცილებელი‚ ისიც იხმარე‚ მირჩევნია
გავღატაკდე‚ ვიდრე გავწითლდე მის წინაშე!

ესა ბრძანა ჰერცოგმა‚ ქონდრისკაცმა კი თაყვანი სცა და უპასუხა:

– ყოველივე ისე იქნება‚ როგორც თქვენ გსურთ‚ ჩემო ბატონო. ისეთ კერძებს
დავამზადებ‚ რომ თავადს მოეწონოს.

ცხვირა მთელი მონდომებით შეუდგა მუშაობას. არ ზოგავდა არც ჰერცოგის


ქონებას და, უფრო მეტად‚ არც თავის თავს. მთელი დღე ბოლსა და ორთქლში
გახვეულს ხედავდნენ.

თავადი უკვე ორი კვირა იყო ჰერცოგთან. სიხარულით ატარებდა დროს. დღეში
არანაკლებ ხუთჯერ სჭამდნენ და ჰერცოგი მეტად ნასიამოვნები ჩანდა ცხვირას
ხელოვნებით. მის სახეზე კმაყოფილება იხატებოდა.

მეთხუთმეტე დღეს ჰერცოგმა იხმო ცხვირა‚ წარუდგინა თავის სტუმარს და თან


ჰკითხა: კმაყოფილი იყო თუ არა მისით.

– შენ არაჩვეულებრივი მზარეული ყოფილხარ‚ – უთხრა თავადმა. – გესმის‚ რას


ნიშნავს კარგი ჭამა-სმა. ჩემი აქ ყოფნის მთელი ხნის განმავლობაში არც ერთი კერძი
არ გაგიმეორებია. ყველაფერი საუცხოოდ შემზადებული მოგქონდა‚ მაგრამ მითხარი‚
რატომ არ მოგვართმევ ამდენ ხანს „მეფის პაშტეტს?”

ცხვირას ძალზე შეეშინდა‚ „მეფის პაშტეტი” არასოდეს გაეგო‚ მაგრამ არ დაიბნა და


უთხრა:

– ბატონო‚ იმედი მქონდა‚ რომ აქ მეტ ხანს დარჩებოდით და „მეფის პაშტეტი”


მინდოდა თქვენი წასვლის დღეს მომერთმია. აბა, სხვა რით შემეძლო მესიამოვნებინა
თქვენთვის?

– ჰო? – სიცილით უთხრა ჰერცოგმა. – გეტყობა‚ ჩემი სიკვდილის დღეს უცდიდი‚


რომ ჩემთვისაც ამდენ ხანს არ მოგირთმევია. იმ დღისთვის სხვა რამ მოიფიქრე. ხვალ
კი პაშტეტი სუფრაზე უნდა იყოს.

– ბატონი ბრძანდებით‚ – უპასუხა ცხვირამ და წავიდა დაღონებული. დგებოდა


დღე‚ როცა სირცხვილი უნდა ეჭამა. მან არ იცოდა‚ როგორ უნდა მოემზადებინა
პაშტეტი. ჩაიკეტა ოთახში და თავის უკუღმართ ბედზე მწარედ ატირდა.

ამ დროს მასთან მივიდა ბატი მიმი. მას უფლება ჰქონდა ოთახში თავისუფლად
ევლო. მიმიმ ჰკითხა‚ რა გაწუხებსო.

როცა გაიგო წუხილის მიზეზი‚ უთხრა: დამშვიდდი‚ ეგ კერძი ხშირად მოჰქონდათ


ხოლმე მამის სუფრაზე და მეც დაახლოებით ვიცი‚ როგორ მზადდებაო. აიღე ესა და
ეს სურსათი‚ ამდენი და ამდენი. თუ ყველაფერს‚ რაც საჭიროა‚ ვერ იხმარ‚ ნუ
იდარდებ‚ ბატონები არც ეგრერიგად ერკვევიან საჭმელებში‚ ვერც მიხვდებიანო.
ქონდრისკაცი სახარულისაგან შეხტა. დალოცა ის დღე‚ როცა ბატი იყიდა და
წავიდა „მეფის პაშტეტის” დასამზადებლად. პირველად ცოტა გააკეთა გემოსათვის.
გასინჯა‚ საუცხოო იყო. მთავარ მზარეულსაც გაასინჯა. მანაც ძალზე მოიწონა.

მეორე დღეს პაშტეტი უფრო დიდი ფორმისა შეამზადა და თბილ-თბილი‚


ღუმელიდან ახლადამოღებული‚ ყვავილების გვირგვინით მიიტანა სუფრაზე.

თვითონ ჩაიცვა თავისი საუკეთესო ტანსაცმელი და ეახლა სასადილო დარბაზში.

სწორედ იმ დროს შევიდა ოთახში‚ როცა პაშტეტს ჭრიდნენ‚ ვერცხლის კოვზით


ჰერცოგსა და მის სტუმარს აწვდიდნენ.

ჰერცოგმა გემო გაუსინჯა‚ თვალები ზეაღაპყრო და თქვა:

– ოჰ‚ ოჰ‚ოჰ! ნამდვილად ეწოდება ამას „მეფის პაშტეტი”‚ მაგრამ ჩემი


ქონდრისკაციც მეფეა მზარეულებში. ასე არ არის‚ საყვარელო მეგობარო?

სტუმარმა ლუკმა გადაყლაპა‚ პირი ააწკლატუნა და დაცინვით უთხრა:

– კარგად არის მომზადებული‚ – და თან თეფში გასწია‚ – მაგრამ „მეფის


პაშტეტამდე” ბევრი აკლია. როგორც ვფიქრობდი‚ ისე მოხდა.

ჰერცოგმა შუბლი შეიჭმუხნა‚ სირცხვილისაგან სულ გაწითლდა.

– შე ჯუჯა ძაღლო! – დაიძახა მან. – როგორ უბედავ შენს ბატონს ასეთ რამეს‚ გინდა
ეგ დიდი თავი მოვაკვეთინო კერძის ცუდად მომზადებისათვის?!

– ოჰ‚ ჩემო ბატონო! ზეცის მადლმა‚ საჭმლის მომზადებისას ყველა წესი დავიცავი‚
მას არაფერი არ უნდა აკლდეს‚ - ამბობდა ქონდრისკაცი და თან შიშისაგან თრთოდა.

– სცრუობ‚ შე არამზადავ‚ – უპასუხა ჰერცოგმა და ფეხი წაჰკრა. – ჩემი სტუმარი


ტყუილად არ იტყოდა‚ რაღაც აკლიაო. შენ თვითონ შეგწვავ და პაშტეტად გაქცევ.

– მოიღეთ მოწყალება... – ცხვირა მუხლებზე ხოხვით მივიდა სტუმართან და


ფეხებზე მოეხვია. – მითხარით‚ რა აკლია საჭმელს‚ რაც თქვენს გემოვნებას არ
აკმაყოფილებს? ნუ აკვლევინებთ ჩემს თავს ერთი მუჭა ხორცისა და ფქვილის გამო.

– ეს შენ არაფერს გიშველის, ჩემო ცხვირა‚ - უპასუხა სიცილით თავადმა. – მე


გუშინვე ვიცოდი‚ პაშტეტს ისე ვერ შეამზადებდი‚ როგორც ჩემი მზარეული. საჭმელს
აკლია მწვანილი‚ რომელსაც აქ არც კი იცნობენ. მწვანილს ეწოდება „აცემინე ღვთის
წყალობით”. უამისოდ პაშტეტი არ იქნება ნორმალურად შეზავებული და შენი
ბატონი ვერასოდეს იგემებს ისეთს‚ როგორსაც მე.

ჰერცოგი რისხვით აენთო და დაიყვირა:

– მე მაინც მივირთმევ მას! – და სიბრაზისაგან თვალებიდან ნაპერწკლები


გადმოყარა.
– პატიოსნებას გეფიცებით‚ ხვალ ან ისეთ პაშტეტს მოგართმევთ‚ როგორსაც
თხოულობთ‚ ან ამის თავს ჩემი სასახლის ჭიშკარზე წამოცმულს განახვებთ. გასწი‚
შე ძაღლო‚ კიდევ ოცდაოთხ საათს გაძლევ დროს!

ასე ბრძანა ჰერცოგმა. ცხვირა ისევ ტირილით შევიდა ოთახში და ბატს შესჩივლა
თავისი ამბავი. შეატყობინა‚ რომ უსათუოდ მოკლავდნენ‚ მას ხომ ასეთი მწვანილი
არასოდეს გაეგონა.

– სულ ეს არის? – შეეხმიანა ბატი. – ამაში კი დაგეხმარები. მამამ ყველა მწვანილის


გამოცნობა მასწავლა. სხვა დრო რომ ყოფილიყო‚ სიკვდილი არ აგცდებოდა. ახლა
ახალი მთვარეა და სწორედ ამ დროს ჰყვავის ეს ბალახი. მითხარი‚ ძველი წაბლის
ხეები არის სადმე სასახლის ახლოს? მხოლოდ ძველი წაბლის ხის ძირში იზრდება ეს
მწვანილი‚ – განაგრძობდა მიმი. – ამიტომ ნუ გავაცდენთ დროს და წავიდეთ,
მოვძებნოთ ის‚ რაც შენ გჭირდება. ამიყვანე ხელში‚ გარეთ დამსვი და მე მოგინახავ!

ქონდრისკაცი ისე მოიქცა‚ როგორც ბატმა უთხრა. გასწია გასასვლელისაკენ. იქ


დარაჯმა იარაღით გზა გადაუღობა და მიმართა:

– ჩემო ცხვირა‚ შენი საქმე გათავებულია‚ სასახლიდან გასვლის უფლება არა გაქვს‚
ამაზე მკაცრი ბრძანება მივიღე.

– კი‚ მაგრამ‚ ბაღში გასვლის უფლება ხომ მაქვს? – უპასუხა ქონდრისკაცმა. –


ძალიან გთხოვ‚ გაგზავნე ვინმე სასახლის ზედამხედველთან და ჰკითხე‚ შემიძლია
თუ არა ბაღში გავიდე და საჭირო ბალახი მოვძებნო?

ცხვირას ნება დართეს.

ბაღს მაღალი გალავანი ერტყა და იქიდან გაპარვა ყოვლად შეუძლებელი იყო.


ბაღში ცხვირამ ჩამოსვა ბატი‚ იგი მაშინვე წავიდა ტბისკენ‚ სადაც წაბლის ხეები
იდგა. ქონდრისკაცი უგულოდ მიჰყვებოდა უკან. ეს ხომ მისი უკანასკნელი და
ერთადერთი იმედი იყო. ვერ იპოვიდა ბალახს და მისი ბედიც გადაწყდებოდა. მაშინ
ტბაში დახრჩობას არჩევდა‚ ვინემ თავის მოკვეთას. მიმი ყველა წაბლის ძირში ამაოდ
ეძებდა‚ ნისკარტით ყველა ბალახს სინჯავდა‚ მაგრამ არსად არაფერი ჩანდა. მან
ტირილი დაიწყო‚ რადგან უკვე ღამდებოდა და ბალახის პოვნა ძნელდებოდა.

ამ დროს ცხვირამ ტბის გაღმა გაიხედა და დაიძახა:

– შეხედე‚ შეხედე‚ ტბის იქით კიდევ ერთი წაბლის ხე დგას. მოდი‚ მოდი‚
გადავიდეთ‚ იქნებ იქ ჰყვავის ჩემი ბედი!

გახარებული ბატი ხტომით წავიდა წინ და ქონდრისკაციც უკან მიჰყვა. წაბლის ხის
ჩრდილქვეშ სიბნელე იყო‚ თითქმის აღარაფერი ჩანდა. უეცრად ბატი
სიხარულისაგან გაიტრუნა‚ ფრთა ფრთას შემოჰკრა‚ თავი მაღლა ასწია‚ რაღაც
მოწყვიტა‚ ფრთხილად გადასცა ცხვირას და უთხრა: აი, ის ბალახი‚ აქ ისე ბევრია‚
არასოდეს შემოგაკლდებაო.
ცხვირამ კარგად დაათვალიერა მშვენიერი სურნელების მქონე ბალახი‚ რომელიც
უნებურად მისი მოჯადოების დღეს აგონებდა. ღერო და ფოთლები მოცისფრო-
მომწვანო ჰქონდა‚ ყვავილს ღია წითელ-ყვითელი არშია მოვლებოდა.

– ღმერთო დიდებულო‚ – დაიძახა ბოლოს ცხვირამ. – რა საოცრებაა!


დარწმუნებული ვარ‚ ეს ის მწვანილია‚ რომელმაც ასეთ საშინელ მახინჯად მაქცია.
ვცადო?

– ჯერ არა‚ – სთხოვა ბატმა. – აიღე ერთი მუჭა ბალახი‚ წავიდეთ შენს ოთახში‚
ავკრიფოთ ოქრო და რაც გაბადია. შემდეგ ბალახის ძალა ვცადოთ.

ასეც მოიქცნენ. დაბრუნდნენ თავიანთ ოთახში‚ შეკრიბეს თხუთმეტი თუ ოცი


დუკატი‚ რომელიც ცხვირას ჰქონდა შეგროვილი‚ რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი
და ფეხსაცმელი. ჰერცოგის მზარეულმა ღრმად ჩარგო ცხვირი ბალახში და
შეისუნთქა.

მისმა ძვლებმა ტკაცა-ტკუცი დაიწყო. გრძნობდა‚ როგორ ამოსდიოდა თავი


მხრებიდან‚ დაიხედა ცხვირზე და დაინახა‚ იგი დაუპატარავდა‚ კუზი გაუქრა‚
ფეხები დაუგრძელდა.

ბატი ყოველივე ამას განცვიფრებით შესცქეროდა.

– ოჰო‚ რა მაღალი‚ რა ლამაზი ყოფილხარ! – დაიძახა მან. – მადლობა ღმერთს‚


აღარაფერი შეგრჩა იმისა‚ რაც წინათ გქონდა!

იაკობს ძალზე გაეხარდა‚ მაგრამ ამ სიხარულმა არ დაავიწყა, მიმის რა დიდი


მადლობელი უნდა ყოფილიყო. თუმცა გულით მშობლებისაკენ მიიჩქაროდა‚ მაინც
დასძლია სურვილს და წარმოთქვა:

– ვის უნდა ვუმადლოდე ამას‚ თუ არა შენ. უშენოდ ამ ბალახს ვერასოდეს


ვიპოვიდი და‚ მაშასადამე‚ სამუდამოდ უნდა დავრჩენილიყავი ისეთი‚ როგორიც
ვიყავი‚ ანდა სულაც ჯალათის ცელის ქვეშ მოვმკვდარიყავი. მსურს სამაგიერო
გადაგიხადო‚ მამასთან წაგიყვანო. მან ხომ კარგად იცის მისნობა და ჯადოს
ადვილად მოგხსნის.

ბატმა სიხარულის ცრემლები გადმოყარა და დასთანხმდა. იაკობი ბატთან ერთად


მშვიდობით გამოვიდა სასახლიდან‚ ვერავინ იცნო‚ და გაუდგა გზას მიმის
სამშობლოსაკენ.

მგზავრობამ მშვენივრად ჩაიარა. მამამ ქალიშვილი ჯადოსაგან გაათავისუფლა‚


იაკობი კი კარგად დაასაჩუქრა.

შინ დაბრუნებული იაკობი მშობლებმა სიხარულით მიიღეს. ნაჩუქარი ფულით მან


დუქანი იყიდა და ბედნიერ ცხოვრებას შეუდგა.

მისი სასახლიდან გაპარვის გამო ჰერცოგმა მოსვენება დაჰკარგა. მეორე დღეს‚ როცა
ჰერცოგს თავისი დაპირების შესრულება უნდოდა და ეძებდა ცხვირას თავის
მოსაკვეთად‚ იგი ვეღარსად იპოვეს.
თავადმა დააბრალა ჰერცოგს‚ თვითონ გააპარე ცხვირა‚ რომ საუკეთესო
მზარეული არ დაგკარგოდაო. სიტყვის გამტეხი ყოფილხარო.

ამის გამო მათ შორის დიდი ომი ატყდა: იგი ისტორიაში „ბალახის ომის” სახელით
არის ცნობილი.

ბევრი იომეს. ბოლოს შერიგდნენ და ამ შერიგებას „პაშტეტის ზავი” ეწოდა.


შერიგების აღსანიშნავ დღესასწაულზე თავადის მზარეულმა მოამზადა „მეფის
პაშტეტი”‚ რომელიც ბატონმა ჰერცოგმა დიდი სიამოვნებით მიირთვა.

ხედავთ‚ პატარა მიზეზს ხშირად რაოდენ დიდი უბედურება მოჰყვება ხოლმე.


ასეთია ქონდრისკაცის – ცხვირას ამბავი.

მეორე მონა წამოდგა და დაიწყო:

ახალგაზრდა ინგლისელი

ჩემო ბატონო‚ წარმოშობით გერმანელი გახლავართ. თქვენს მხარეში იმდენ ხანს არ


მიცხოვრია‚ რომ შემეძლოს გიამობოთ სპარსული ზღაპარი ან სულთნებისა და
ვეზირების თავშესაქცევი ამბებით გაგართოთ. ამიტომაც ნება მიბოძეთ მოგიყვეთ
რამე ჩემს სამშობლოზე. ეს უსათუოდ სასიამოვნოც იქნება.

სამწუხაროდ‚ ჩვენი ზღაპრები არაა ისე ცნობილი‚ როგორც თქვენი. ისინი არ


მოგვითხრობენ არც სულთნებზე‚ არც მეფეებზე‚ არც ვეზირებსა და ფაშებზე. მათ
ჩვენთან‚ იუსტიციის მინისტრს‚ ფინანსთა მინისტრს‚ აგრეთვე საიდუმლო
მრჩეველსა და სხვა მის მსგავს სახელებს უწოდებენ. ჩვენი ზღაპრები ეხება, თუ
ჯარისკაცებს არა‚ ჩვეულებრივად ქალაქის მცხოვრებლებს მაინც.

გერმანიის სამხრეთით მდებარეობს პატარა ქალაქი გრუნვიზელი. მე იქ დავიბადე


და აღვიზარდე.

ის ისეთივე ქალაქია‚ როგორც ყველა დანარჩენი. შუაში ბაზრის მომცრო მოედანია


ჭით‚ გვერდით – ძველი რატუშა. ბაზრის ირგვლივ მოსამართლისა და წარჩინებული
ვაჭრების სახლებია. სხვა რამდენსამე ვიწრო ქუჩაზე ცხოვრობს დანარჩენი
მოსახლეობა. ყველა ერთმანეთს იცნობს‚ ყველამ იცის‚ სად რა ხდება და‚ როცა
მღვდელს‚ მამასახლისს ან ექიმს სუფრაზე ერთი თავით მეტი საჭმელი აქვს‚
ნასადილევს ეს ამბავი უკვე მთელმა ქალაქმა იცის.

საღამოობით ქალები ერთმანეთს ესტუმრებიან. შავ ყავას შეექცევიან გემრიელი


ნამცხვრით‚ საუბრობენ რაღაც ღირსშესანიშნავ მოვლენებზე და დაასკვნიან: ალბათ
პასტორმა ლატარიის ბილეთები იყიდა და უღმერთოდ ბევრი მოიგოო‚ მამასახლისმა
ქრთამი აიღო‚ ანდა მეაფთიაქემ ექიმს რამდენიმე ოქრო მისცა‚ რომ შემდეგ ძვირად
ღირებული წამლის რეცეპტები გამოუწეროს ავადმყოფსო.

წარმოგიდგენიათ‚ ბატონო ჩემო‚ რა სასიამოვნო იქნებოდა ასეთი ზნე-ჩვეულების


მქონე ქალაქისათვის უცხო კაცის გამოჩენა‚ კაცისა‚ ვისზეც არავინ არაფერი იცოდა –
საიდან იყო‚ რა სურდა და რით ცხოვრობდა. მართალია‚ მამასახლისმა გაუსინჯა
პასპორტი‚ ქაღალდი‚ რომელიც ჩვენში ყველას უნდა ჰქონდეს.

– განა ისეთი მოუსვენრობაა ქუჩებში‚ – სიტყვა შეაწყვეტინა მონას შეიხმა‚ – რომ


აუცილებელია თან იქონიოთ სულთნის ბრძანება‚ რათა ყაჩაღებს თქვენი რიდი
ჰქონდეთ?

– არა‚ ბატონო‚ – მიუგო მონამ. – ეს ქაღალდი ვერც ერთ ქურდს ვერ აფრთხობს‚
მხოლოდ წესრიგის დამყარების მიზნით არის შემოღებული. ყველამ უნდა იცოდეს‚
ვისთანა აქვს საქმე. ჰოდა‚ აი‚ მამასახლისმა გაუსინჯა პასპორტი და ექიმთან ყავის
სმის დროს გამოთქვა აზრი. თუმცა პასპორტზე ვიზა სავსებით სწორად იყო
დადებული ბერლინიდან გრუნვიზელამდე‚ შიგ მაინც რაღაც იმალებოდა. ჩამოსული
ძალზე საეჭვო გარეგნობისა იყო. მამასახლისი ქალაქში დიდი პატივისცემით
სარგებლობდა და, რა გასაკვირია‚ თუ ჩამოსულს ყველამ ეჭვის თვალით დაუწყო
ცქერა. მისი მოქცევა ჩემს თანამემამულეებს აზრს ვერ შეუცვლიდა.

ჩამოსულმა უცხოელმა რამდენიმე ოქროდ დაიქირავა მანამდე სულ ცარიელი


მთელი სახლი‚ გადმოატანინა სავსე ფორანი უცნაური ავეჯეულობა‚ ღუმელები‚
ქოთნები და სხვა საგნები. დაიწყო მარტოხელა ცხოვრება‚ ისე, რომ სადილსაც
თვითონ იმზადებდა. მასთან არც ერთი ცოცხალი არსება არ შედიოდა‚ გარდა ერთი
გრუნვიზელელი მოხუცებული კაცისა‚ რომელსაც მისთვის პური‚ ხორცი და
ბოსტნეული დაჰქონდა. იმასაც ნება ეძლეოდა მხოლოდ ოთახის შესასვლელთან
მისულიყო. იქ ეს კაცი სანოვაგეს ჩამოართმევდა ხოლმე.

ათი წლის ბიჭი გახლდით‚ როცა უცნობი ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა.


გუშინდელივით მახსოვს‚ როგორი აღელვება გამოიწვია მან ჩვენს ქალაქში.

ნასადილევს სხვების მსგავსად იგი არ დადიოდა სათამაშოდ‚ საღამოობით ვერავინ


ნახავდა სასტუმროში‚ არც სხვებსავით აბოლებდა თამბაქოს‚ ახალ გაზეთებსაც
როდი ჩაჰკირკიტებდა.

ამაოდ ეპატიჟებოდნენ რიგრიგობით სადილად ან ჭიქა ყავაზე მამასახლისი‚


მოსამართლე‚ ექიმი და მღვდელი. იგი ყოველთვის სხვადასხვა მიზეზით უარობდა.

ამის გამო ზოგიერთი გიჟადაც კი თვლიდა‚ ზოგი ებრაელად‚ სხვები


დაბეჯითებით ამტკიცებდნენ‚ ეგ კაცი ჯადოქარი და გრძნეულიაო.

უკვე თვრამეტი-ოცი წელი შემისრულდა და ამ ადამიანს ქალაქში ჯერ კიდევ


„უცხო კაცს” უწოდებდნენ.

ერთხელ ჩვენთან მოხეტიალე კომედიანტებმა მხეცები ჩამოიყვანეს. მათ ჰყავდათ


გაწვრთნილი აქლემები‚ მოცეკვავე დათვები‚ ადამიანის ტანსაცმელში გამოწყობილი
ძაღლები და მაიმუნები‚ რომლებსაც სხვადასხვა ოინბაზობის ჩადენა შეეძლოთ.
კომედიანტები გაივლიდნენ ხოლმე ქალაქში‚ გზაჯვარედინზე ან მოედანზე
გაჩერდებოდნენ‚ საყვირსა და დოლს უსიამოვნოდ აახმაურებდნენ‚ თავიანთ დასს
აცეკვებდნენ‚ ახტუნავებდნენ‚ მერე სახლებს ჩამოუვლიდნენ და ფულს
აგროვებდნენ.

გრუნვიზელში ჩამოსული დასი ამ ჯერზე განსხვავდებოდა უზარმაზარი


ორანგუტანგით. ორანგუტანგი თითქმის ადამიანისოდენა იყო. ორ ფეხზე დადიოდა
და სხვადასხვა ოინბაზობა შეეძლო. ძაღლებისა და მაიმუნების მარაქა უცხოელის
სახლთანაც გაჩნდა. დოლისა და დუდუკის ხმაზე უცხოელი ერთთავად ჩაბნელებულ
ფანჯარასთან დროდადრო გამოჩნდებოდა. მალე მოლბა კიდეც‚ ყველას გასაკვირად
ფანჯრიდან თავი გამოჰყო და ორანგუტანგის ოინბაზობაზე გულიანად გაიცინა. ამ
გართობისათვის იმდენი ვერცხლი გაიღო‚ მთელი ქალაქი მასზე ალაპარაკდა.

მეორე დღეს მოხეტიალე დასმა გზა განაგრძო. აქლემებს კალათები უნდა ეზიდათ.
მათში ძაღლები და მაიმუნები ისხდნენ. წინამძღოლები და დიდი მაიმუნები
აქლემებს უკან მიჰყვებოდნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქის კარს გასცილდნენ. უცხოელმა ფოსტაში კაცი


გაგზავნა‚ ეტლი და ფოსტის ცხენები მოითხოვა. იგი იმავე კარისკენ და იმავე გზით
გაემგზავრა‚ რა მიმართულებითაც მხეცები წავიდნენ.

მთელი ქალაქი გულნატკენი დარჩა‚ ვერ გაიგეს‚ საით გაემართა იგი.

ღამე იყო‚ როცა უცხოელი ეტლით ისევ ქალაქის კარს მოადგა. ეტლში კიდევ ერთი
კაცი ჩანდა‚ რომელსაც სახეზე ქუდი ჩამოეფხატა‚ პირსა და ყურებზე აბრეშუმის
ხილაბანდი აეკრა.

მეკარემ თავის მოვალეობად ჩათვალა მიემართა მეორე კაცისათვის და პასპორტი


მოეთხოვა‚ მაგრამ ძალზე უხეში პასუხი მიიღო და თანაც სრულიად გაუგებარ ენაზე.
– ეს ჩემი ძმისწულია‚ – თავაზიანად უთხრა უცხოელმა და თან რამდენიმე ვერცხლის
ფული ჩაუდო ხელში. – ჯერჯერობით გერმანული ცუდად იცის. ეს-ეს არის‚ თავის
მშობლიურ ენაზე შეიგინა ჩვენი შეჩერების გამო.

– ო‚ თუ თქვენი ძმისწულია‚ – უპასუხა მეკარემ‚ – შეუძლია უპასპორტოდ


შემოსვლა‚ უთუოდ თქვენთან იცხოვრებს‚ არა?

– რა თქმა უნდა‚ – მიუგო ჩამოსულმა. – კარგა ხანსაც დარჩება აქ.

მეკარეს სხვა აღარაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო და უცხოელი ძმისწულთან


ერთად ქალაქში შევიდა. მამასახლისი და მთელი ქალაქი უკმაყოფილო დარჩა
ჭიშკრის მცველის საქციელით – რამდენიმე სიტყვა რომ დაეხსომებინა ძმისწულის
ნათქვამიდან‚ მაშინ მაინც გაიგებდნენ‚ რომელი ქვეყნიდან იყვნენ თვითონ იგი და
ბიძამისი.

მეკარე ირწმუნებოდა: ის არც ფრანგულად, არც იტალიურად არ ლაპარაკობდა,


უფრო ინგლისურს წააგავდა‚ თუ არ ვცდები‚ ახალგაზრდა კაცმა „გოდდამ”
წარმოთქვაო. ასე იხსნა გაჭირვებიდან თავი მეკარემ და კაცსაც სახელი გაუთქვა: ახლა
ქალაქში მხოლოდ ახალგაზრდა ინგლისელზე დაიწყეს ლაპარაკი.
ინგლისელიც არ გამოჩენილა არც სათამაშო მოედანზე‚ არც ლუდხანაში. მაგრამ ის
სხვა გზით აძლევდა ხალხს მითქმა-მოთქმის საბაბს: უცხოელის წყნარი სახლიდან
ხშირად საშინელი ყვირილი და ალიაქოთის ხმა გამოდიოდა. ხალხი სახლის წინ
შეჯგუფდებოდა და თავაწეული იდგა. ზევით ჩანდა წითელ ფრაკსა და მწვანე
შარვალში გამოწყობილი‚ თმააბურძგვნილი ახალგაზრდა იგლისელი. ახალგაზრდა
საშინელი სახით აქეთ-იქით სწრაფად მიმოდიოდა.

წითელხალათიანი მოხუცი უცხოელი მათრახით ხელში დასდევდა. ხშირად


მათრახს ააცდენდა. სახლის წინ შეკრებილ ცნობისმოყვარეებს რამდენჯერმე
მოეჩვენათ‚ რომ ახალგაზრდას მოხვდა კიდეც. ყველამ გაიგონა მათრახის ტყლაშუნი
და შემზარავი ყვირილი. ახალგაზრდის ასეთი მოპყრობისადმი ჩვენი ქალაქის
ქალებმა ისეთი დიდი ყურადღება გამოიჩინეს‚ მამასახლისი აიძულეს საქმეში
ჩარეულიყო. მამასახლისმა უცხოელს გაუგზავნა ბარათი‚ სადაც საკმაოდ უხეში
გამოთქმებით ლანძღავდა ძმისწულისადმი უდიერი მოპყრობისათვის და
ემუქრებოდა: თუ ასეთი ამბავი კიდევ განმეორდება‚ ახალგაზრდა კაცს ჩემი
განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ავიყვანო.

მაგრამ‚ აბა, ვინ იქნებოდა ისე გაკვირვებული‚ როგორც მამასახლისი‚ როცა ათი
წლის განმავლობაში პირველად დაინახა თავისთან მისული უცხოელი.

მოხუცმა უცხოელმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო და თავი იმით


გაიმართლა‚ თითქოს დავალებული ჰქონდა ახალგაზრდის აღზრდა. საერთოდ
ჭკვიანი და ნიჭიერია‚ მაგრამ ენას ძნელად ითვისებს. მე ძალზე დიდი სურვილი
მაქვს ძმისწულს გერმანული კარგად შევასწავლო‚ რომ ამით უფლება მომეცეს
გრუნვიზელის საზოგადოებაში გამოვიყვანოო. მიუხედავად ყოველივე ამისა‚ ენის
შეთვისება ისე უჭირს, ხშირად სხვა აღარაფერი დამრჩენია‚ მაგრად თუ არ
გავამათრახეო.

მამასახლისი სავსებით დაკმაყოფილდა უცხოელის განმარტებით და საღამოს


ლუდის სარდაფში ყვებოდა‚ იშვიათად შემხვედრია ისეთი განათლებული და
თავაზიანი კაცი‚ როგორიც უცხოელიაო.

– სამწუხაროა მხოლოდ‚ – დაუმატა მამასახლისმა‚ – ასე იშვიათად რომ ჩნდება


ჩვენს საზოგადოებაში. ვიმედოვნებ‚ შეასწავლის თუ არა ძმისწულს გერმანულს;
უფრო ხშირად დაესწრება ჩემს დარბაზობებს.

ამ ერთადერთმა შემთხვევამ საზოგადოებას შეხედულება მთლიანად შეუცვალა.


უცხოელი თავაზიან კაცად მიაჩნდათ. ცდილობდნენ დაახლოებოდნენ და სავსებით
ჩვეულებრივ ამბად თვლიდნენ‚ თუ დროდადრო უკაცრიელ სახლში შემზარავი
ყვირილი გაისმოდა.

– ძმისწულს გერმანული ენის გაკვეთილებს უტარებს‚ – იტყოდნენ ხოლმე


გრუნვიზელელები და შეუჩერებლივ ჩაივლიდნენ.

სამი თვის შემდეგ მეცადინეობა თითქოს დაამთავრეს – მოხუცი ახალ საქმეს


შეუდგა. ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა ერთი დაჩაჩანაკებული ბებერი ფრანგი. მოხუცი
ახალგაზრდობას ცეკვის გაკვეთილებს უტარებდა. უცხოელმა იხმო იგი და უთხრა‚
მინდა ჩემს ძმისწულს ცეკვა ასწავლოთო. თანაც დასძინა‚ თუმცა ძალიან საზრიანია‚
მაგრამ ცეკვაში ცოტა ახირებულიაო. წინათ სხვასთან სწავლობდა‚ მაგრამ ისეთი
უცნაური ილეთები შეათვისებინა‚ რომ მისი საზოგადოებაში გამეორება
უხერხულიაო.

მისი ძმისწული თურმე სწორედ ამის გამო თვლიდა თავის თავს დიდ მოცეკვავედ‚
თუმცა მის ცეკვას არავითარი მსგავსება არა ჰქონდა არც ვალსთან‚ არც გალოპთან
(ამათ‚ ბატონო ჩემო‚ ჩემს სამშობლოში ცეკვავენ)‚ ეკოსეზსა და ფრანსეზსაც კი
არაფრით ჰგავდა.

უცხოელი გაკვეთილში თითო ტალერს შეჰპირდა. ცეკვის მასწავლებელი


სიხარულით დასთანხმდა ჭირვეული ახალგაზრდისათვის ცეკვა ესწავლებინა.

მერე ხშირად უთქვამს ფრანგს‚ ქვეყნად ამ გაკვეთილებზე უცნაური არაფერი


მინახავსო.

ძმისწული საკმაოდ მაღალი‚ მოხდენილი ახალგაზრდა იყო და ოდნავ მოკლე


ფეხები ჰქონდა. გაკვეთილზე წმინდად გაპარსული‚ წითელი ფრაკით‚ განიერი
მწვანე შარვლითა და ლაჟვარდისფერი ხელთათმანებით მოდიოდა.

იგი ცოტას ლაპარაკობდა და უცხოური კილოკავი ემჩნეოდა. გაკვეთილი რომ


დაიწყებოდა‚ მოკრძალებული და საზრიანი იყო‚ მაგრამ მერე უცებ მანჭვა-გრეხას
მოჰყვებოდა‚ ისეთ ცეკვას იწყებდა‚ მასწავლებელი ჭკუა-გონებას ჰკარგავდა. როცა
ფრანგი შეეცდებოდა მის გონზე მოყვანას‚ მაშინვე გაიძრობდა მოხდენილ საცეკვაო
ფეხაცმელს‚ თავში ესროდა მასწავლებელს და ოთხზე იწყებდა ოთახში სირბილს. ამ
ხმაურზე მეორე ოთახიდან გამოირბენდა განიერ წითელხალათიანი მოხუცი‚
ძმისწულს ზურგზე მათრახს გადაუჭერდა. მაშინ ძმისწული საშინელ ღმუილს
მორთავდა‚ აძვრებოდა მაგიდაზე‚ კარადებზე‚ ფანჯრის რაფებზე‚ ბუზღუნებდა
უცხო‚ გაუგებარ ენაზე. წითელხალათიანი მოხუცი არ იბნეოდა‚ წაავლებდა ფეხში
ხელს‚ ძირს ჩამოათრევდა‚ კარგად მიბეგვავდა და ბალთით მაგრად მოუჭერდა
ყელსაბამს. ამის შემდეგ ძმისწული კვლავ წყნარდებოდა. ცეკვის გაკვეთილიც
შეუფერხებლად გრძელდებოდა.

როცა ცეკვის მასწავლებელმა იმდენი შეასწავლა‚ რომ გაკვეთილზე მუსიკის


დაკვრა შეიძლებოდა‚ ძმისწული მთლად გამოიცვალა.

მოიწვიეს ქალაქის ორკესტრის მუსიკოსი. მუსიკოსი უკაცრიელი სახლის


დარბაზში მაგიდასთან დასვეს. ცეკვის მასწავლებელი ქალის როლში გამოიყვანეს‚
თან მოხუცი უცხოელის მოთხოვნით აბრეშუმის ქვედაწელი ჩაიცვა და მოდური
შალი შემოიხვია.

ძმისწული საცეკვაოდ იწვევდა და იწყებოდა ერთად ცეკვა. იგი დაუღალავი და


შმაგი მოცეკვავე იყო‚ მასწავლებელს არ ათავისუფლებდა თავისი გრძელი
მკლავებიდან‚ რამდენიც არ უნდა ეკვნესა და ეყვირა. ცეკვა იმდენ ხანს
გრძელდებოდა‚ სანამ მასწავლებელი არ დაეცემოდა‚ ანდა მუსიკოსს ვიოლინოზე
დაკვრით ხელი არ დაუბუჟდებოდა. ცეკვის მასწავლებელი ამ გაკვეთილებმა კინაღამ
საიქიოს გაამგზავრა. თითო ტალერს‚ რომელსაც ყოველდღიურად ღებულობდა‚ და
კარგ ღვინოს მაინც თავისი გაჰქონდა. მოხუცი კვლავ მიდიოდა‚ თუნდაც წინა დღეს
მტკიცედ ჰქონოდა გადაწყვეტილი‚ უკაცრიელ სახლში ფეხი აღარ შეედგა.

გრუნვიზელელები ამ ამბავს მოხუცი ფრანგივით არ უყურებდნენ. ისინი


ფიქრობდნენ‚ რომ ახალგაზრდას ბევრი მონაცემი გააჩნდა მაღალი წრის
საზოგადოებისათვის.

ქალაქელ ქალებს უხაროდათ‚ რომ ზამთრის სეზონში ასეთი მკვირცხლი მოცეკვავე


ეყოლებოდათ‚ მით უმეტეს‚ როცა კარგ მოცეკვავეთა მწვავე ნაკლებობას
განიცდიდნენ.

ერთ დილას ბაზრიდან სახლში დაბრუნებულმა მსახურებმა თავიანთ პატრონებს


უცნაური შემთხვევა უამბეს. უკაცრიელი სახლის წინ იდგა მინის მდიდრული
კარეტა მშვენიერი ცხენებით. ძვირფას ლივრეაში გამოწყობილ მსახურს კარეტის კარი
ეჭირა. ამ დროს გაიღო უკაცრიელი სახლის კარები და ორი კარგად ჩაცმული კაცი
გამოვიდა. ერთი მათგანი მოხუცი უცხოელი უნდა ყოფილიყო‚ მეორე ალბათ ის
ახალგაზრდა‚ რომელიც ეგზომ ძნელად ითვისებდა გერმანულ ენას და ასე
გაშმაგებით ცეკვავდა.

ორივენი კარეტაში ჩასხდნენ. მსახური უკან ფიცარზე ახტა და კარეტა‚ ასე


განსაჯეთ‚ პირდაპირ მამასახლისის ბინისაკენ გაემართა.

როგორც კი ქალებმა თავიანთი მსახურებისაგან ეს ამბავი მოისმინეს‚ მაშინვე


მოიხსნეს წინსაფრები‚ მიყარეს არცთუ ისე სუფთა ხილაბანდები და თავი წესრიგში
მოიყვანეს.

– ცხადზე უცხადესია‚ – ეუბნებოდნენ შინაურებს და თან ყველანი გაფაციცებით


საქმიანობდნენ‚ რომ მისაღები ოთახი‚ რომელიც ამავე დროს სხვა დანიშნულებასაც
ასრულებდა‚ დაელაგებინათ... – ცხადზე უცხადესია‚ უცხოელს თავისი ძმისწული
საზოგადოებაში გამოჰყავს. ბებერი სულელი ათი წლის განმავლობაში არასოდეს
ყოფილა ისე თავაზიანი‚ რომ ერთი ნაბიჯი გადმოედგა ჩვენს სახლში. ძმისწულის
ხათრით‚ რომელიც საუცხოო ვაჟკაცი უნდა იყოს‚ შეიძლება ვაპატიოთ.

ასე ქაქანებდნენ ისინი. თან არიგებდნენ თავიანთ ქალიშვილებსა და ვაჟებს‚ უფრო


წესიერად მოქცეულიყვნენ‚ როცა უცხოელები მოვიდოდნენ‚ ღირსეულად სჭეროდათ
თავი და უკეთესი გამოთქმები ეხმარათ საუბარში‚ ვიდრე საერთოდ.

ქალაქელი ქალები არც შემცდარან. მოხუცს თავისი ძმისწული რიგრიგობით


ყველასთან მიჰყავდა მათი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად.

ყველგან მხოლოდ იმ ორ უცხოელზე ლაპარაკობდნენ და ნანობდნენ‚ რომ


სასიამოვნო ნაცნობობა უფრო ადრე არ გაიბა.

მოხუცს თავი ძალზე ღირსეულად და ჭკვიანურად ეჭირა‚ თუმცა საუბრისას


რატომღაც თითქმის ყველაფერზე ეღიმებოდა‚ ისე რომ ვერ გაიგებდით‚
სერიოზულად საუბრობდა თუ არა. მაგრამ ამინდზე‚ მიდამოებზე‚ ზაფხულის
სიამოვნებაზე ისე ჭკვიანურად და ლამაზად მუსაიფობდა‚ რომ მსმენელები
ერთიანად მოხიბლა.
ძმისწულმა ნამდვილად ყველა მოაჯადოვა‚ ყველა დაიმონა. რაც შეეხება მის სახეს‚
მართალია ლამაზად არ შეიძლება ჩაგვეთვალა. სახის ქვედა ნაწილი‚ განსაკუთრებით
ქვედა ყბა‚ მეტისმეტად წინ წამოსწეოდა‚ ძალზე შავტუხა იყო‚ თანაც დროდადრო
სახეს უცნაურად მანჭავდა‚ თვალებს ხუჭავდა და კბილებს კრეჭდა. მიუხედავად
ამისა‚ მისი სახის ნაკვთები არაჩვეულებრივად საინტერესო ეჩვენათ.

არ შეიძლება უფრო სხარტი და მოქნილი ტანის წარმოდგენა‚ ვიდრე მას ჰქონდა‚


თუმცა ტანსაცმელი უცნაურად მოსდგომოდა ტანზე. მაინც ყველაფერი უხდებოდა.

გაცხარებით მიმოდიოდა ოთახში‚ ხან ტახტზე ჩამოჯდებოდა‚ ხან სკამზე


დაეშვებოდა და ფეხებს წინ გაიშვერდა‚ მაგრამ რასაც სხვისგან ვულგარულ და
უზრდელ საქციელად მიიჩნევდნენ‚ ძმისწულს გენიალობად ეთვლებოდა.

– ეს ინგლისელია‚ – ამბობდნენ გრუნვიზელელები. – ასეთები არიან ისინი‚


ინგლისელს შეუძლია ტახტზე წამოწვეს და დაიძინოს‚ თუგინდ იმ დროს ათი ქალი
იდგას ირგვლივ და უადგილობის გამო ფეხზე გაჩერებაც მოუხდეთ.

ინგლისელს ასეთი რამის გამო ვერ გაუწყრები.

თავის მოხუც ბიძას იგი ყველაფერს უჯერებდა. ერთი მკაცრი შემოხედვა საკმარისი
იყო‚ რომ წესრიგზე მოეყვანა‚ როცა ის ოთახში ხტომას იწყებდა ხოლმე‚ რასაც
განსაკუთრებული სიამოვნებით აკეთებდა. ანდა როგორ შეიძლებოდა გაჯავრება‚
ბიძამისი ხომ ყველა ოჯახში მასპინძელს ასე ეუბნებოდა: ჩემი ძმისწული‚ ცოტა არ
იყოს‚ ჯერ კიდევ უნდილი და გაუზრდელია. მე საზოგადოებაზე ვამყარებ იმედს.
საზოგადოება მას საკმაოდ გამოზრდის და ჭკუაზე დააყენებს ისე‚ როგორც საჭიროა.
განსაკუთრებით თქვენი იმედი მაქვს, ბატონო.

ასე შეიყვანეს ძმისწული საზოგადოების მაღალ წრეში. მთელი გრუნვიზელი


მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა.

მოხუცს თითქმის ფიქრები და ზნეც შეეცვალა. ნაშუადღევს ძმისწულთან ერთად


მიდიოდა მთაზე გამართულ ლუდხანაში. იქ გრუნვიზელის წარჩინებული ბატონები
ლუდს სვამდნენ და კეგლის თამაშით ირთობდნენ თავს. ძმისწულმა ამ თამაშში
შესანიშნავი ოსტატობა გამოიჩინა‚ არასოდეს არ ახვედრებდა ხუთზე ან ექვსზე
ნაკლებ კეგლს.

მართალია‚ დროდადრო რაღაც ეშმაკი შეუჩნდებოდა‚ სრულიად უმიზეზოდ


ისარივით სწრაფად მოსწყდებოდა ადგილს და ბურთთან ერთად ნამდვილ
ალიაქოთს აყენებდა. ხანაც მეფეს რომ მოახვედრებდა‚ უცებ ყირას აჭიმავდა‚ ფეხებს
ზევით აიშვერდა. ზოგჯერ თვალის დახამხამებაზე ახლოს ჩავლილი კარეტის
სახურავზე წამოსკუპებული იჯდა და იღმიჭებოდა. ცოტაზე გაჰყვებოდა‚ მერე
ხტუნვა-ხტუნვით ისევ საზოგადოებას უბრუნდებოდა.

ასეთ დროს მოხუცი ბატონი მამასახლისსა და სხვა კაცებს სთხოვდა ხოლმე‚


მიეტევებინათ ძმისწულის უზრდელობა.

ისინი იცინოდნენ‚ ყველაფერს მის ახალგაზრდობას აწერდნენ და ამბობდნენ‚


თითქოს ახალგაზრდობაში თვითონაც ასეთივე მოუსვენრები იყვნენ. უყვარდათ
დამთხვეული ახალგაზრდა‚ როგორც ისინი იტყოდნენ ხოლმე. ზოგჯერ გულიც
მოსდიოდათ‚ მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ‚ ახალგაზრდა ინგლისელი ყველგან
განათლებულ და მწიგნობარ ადამიანად იყო მიღებული.

მოხუცი კაცი თავის ძმისწულთან ერთად საღამოობით ქალაქის სამიკიტნო „ოქროს


ირემშიც” შეივლიდა ხოლმე. ძმისწული, თუმცა ჯერ სულ ახალგაზრდა კაცი იყო‚
მაინც ხანში შესულივით იქცეოდა. მიუჯდებოდა ჭიქას‚ გაიკეთებდა უშველებელ
სათვალეს‚ ამოიღებდა ვეებერთელა ჩიბუხს‚ მოუკიდებდა და ყველაზე ძლიერ
აბოლებდა. გაზეთებზე‚ ომზე‚ მშვიდობაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი‚ ექიმი
ერთი აზრისა იყო‚ მამასახლისი მეორისა‚ დამსწრე საზოგადოება კი განცვიფრებული
რჩებოდა მათი ღრმა პოლიტიკური ცოდნით. უცებ ძმისწული გამოთქვამდა ხოლმე
სულ სხვა აზრს. ხელს‚ რომლიდანაც ხელთათმანს არასოდეს იხდიდა‚ მაგიდას
დაარტყამდა და პირდაპირ აგრძნობინებდა ხოლმე‚ ამ საქმისა არაფერი გაგეგებათო.
მას ამაზე სულ სხვა წარმოგენა ჰქონდა და უფრო ღრმადაც ესმოდა. შემდეგ
დამტვრეული გერმანულით გამოთქვამდა თავის შეხედულებას‚ რომელიც
მამასახლისის გულის გასახეთქად უფრო სწორად მიაჩნდათ. ინგლისელს ხომ
ყველაფერი უკეთ უნდა სცოდნოდა.

როცა გაბრაზებული მამასახლისი და ექიმი ხმამაღლა უკმაყოფილების


გამომჟღავნებას ვერ ბედავდნენ და ჭადრაკს მიუსხდებოდნენ‚ ძმისწული
მიუცოცდებოდა‚ თავისი უშველებელი სათვალით მამასახლისის მხრებიდან
დასცქეროდა თამაშს‚ უწუნებდა ამა თუ იმ სვლას‚ ექიმს კი რომელსამე სვლას
ურჩევდა. რასაკვირველია, ორივე მოთამაშე გულზე სკდებოდა. გაჯავრებული
მამასახლისი შესთავაზებდა‚ ერთი ხელი ეთამაშა მასთან‚ რათა წესის დაცვით
დაეშამათებინა. თავის თავს იგი მეორე ფილიდორად თვლიდა. მაშინ მოხუცი
მაგრად მოუჭერდა ყელსაბამს‚ რის შედეგადაც ახალგაზრდა თვინიერი და
თავაზიანი ხდებოდა და მამასახლისს აშამათებდა. თამაშობდნენ თითო ხელს
ნახევარ კროიცზე; ძმისწულმა ეს ძალზე მცირე თანხად ჩათვალა და ყოველ ჯერზე
კრონენტალერსა და დუკატებს ჩადიოდა. თან დასძენდა‚ ჩემსავით კარგად ვერავინ
ითამაშებსო. ნაწყენ ბატონებს მხოლოდ იმითღა შეირიგებდა‚ რომ თამაშის დროს
გაუგონრად დიდ თანხას აგებდა. მათ სრულიადაც არ აწუხებდათ სინდისი‚ როცა
უცხოელისაგან ამდენ ფულს იღებდნენ. ის ხომ ინგლისელია და‚ მაშასადამე‚
დაბადებიდანვე მდიდარიაო‚ ამბობდნენ და დუკატებს ჯიბეში იტენიდნენ.

ამგვარად უცხოელის ძმისწულმა მოკლე ხანში ქალაქსა და მის მიდამოებში


არაჩვეულებრივი პატივისცემა დაიმსახურა.

მანამდის არავის ახსოვდა და არც ენახა ამის მსგავსი ახალგაზრდა გრუნვიზელში.


ეს ყველაზე უჩვეულო მოვლენადაც ითვლებოდა.

არ შეიძლებოდა კაცს ეთქვა‚ რომ ძმისწულს რაიმე ცოდნა გააჩნდა‚ ცეკვის გარდა.
ლათინური და ბერძნული მისთვის‚ როგორც იტყვიან‚ ჩინური იყო. ერთხელ
მამასახლისთან ერთ-ერთი თამაშის დროს რაღაც უნდა დაეწერა და გამოირკვა‚ რომ
თავისი გვარის მოწერაც კი არ იცოდა. გეოგრაფიაში გასაოცარ შეცდომებს უშვებდა.
მისთვის არაფერს ნიშნავდა გერმანიის ქალაქი საფრანგეთში გადაეტანა‚ დანიისა –
პოლონეთში‚ არასოდეს არაფერი წაეკითხა და ესწავლა. პასტორი‚ ახალგაზრდა
კაცის უვიცობის გამო ხშირად ჩაფიქრებული‚ თავს გააქნევდა ხოლმე.
ამის მიუხედავად‚ რასაც იგი აკეთებდა‚ ან ამბობდა‚ ყველაფერი ჭეშმარიტებად
მიაჩნდათ. თვითონ ყოველთვის უსირცხვილოდ ფიქრობდა‚ რომ მართალი იყო‚ და
ლაპარაკის ბოლოს დაატანდა ხოლმე‚ მე ეს უკეთ მესმისო.

ასე დადგა ზამთარი. ძმისწულის დიდება უფრო მეტი შარავანდედით შეიმოსა.


უიმისოდ ყოველგვარი თავყრილობა მოწყენილად ტარდებოდა‚ ამთქნარებდნენ
ჭკვიანი კაცის საუბარზე. მაგრამ‚ როცა ძმისწული დამტვრეული გერმანულით
საშინელ სისულელებს როშავდა‚ ყველა სმენად იყო გადაქცეული. თანდათან
გამოირკვა‚ რომ ეს ყოველმხრივ შემკობილი ახალგაზრდა პოეტიც იყო. საღამო ისე
იშვიათად ჩატარდებოდა‚ რომ მას ჯიბიდან ქაღალდი არ ამოეღო და
საზოგადოებისთვის სონეტი არ წაეკითხა. მართალია‚ რამდენიმე კაცი ამბობდა‚ რომ
ამ ლექსების ერთი ნაწილი უხეირო და უაზროაო‚ ზოგი უკვე სადღაც დაბეჭდილიც
ენახათ‚ ამის მიუხედავად ძმისწული როდი იბნეოდა‚ კითხულობდა და
კითხულობდა. მერე ლექსის სილამაზეზე მიაქცევინებდა ყურადღებას და იმის
წარმატებას ყოველთვის ერთსულოვანი ტაშით აჯილდოვებდნენ.

ნამდვილ ტრიუმფს ინგლისელი გრუნვიზელის მეჯლისებზე აღწევდა. არავის


შეეძლო მასავით დაუღალავად და სწრაფად ეცეკვა. ვერავინ აკეთებდა ისეთ გამბედავ
და არაჩვეულებრივად კოხტა ნახტომებს‚ როგორც ის. ამასთან ბიძამისი ყოველთვის
კარგად‚ მოდის უკანასკნელი სიტყვით აცმევდა და‚ თუმცა ტანსაცმელი ახლაც
როგორღაც უხეიროდ ადგა ტანზე, მაინც მიაჩნდა‚ რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი
იყო და ძალზე უხდებოდა.

უნდა ითქვას‚ დანარჩენი მამაკაცები‚ ცოტა არ იყოს‚ ნაწყენი იყვნენ იმ ახალი


წესით‚ რომელიც ძმისწულმა ცეკვის დროს შემოიღო. წინათ მეჯლისს პირადად
მამასახლისი ხსნიდა ხოლმე. მერე წარჩინებული წრის ხალგაზრდებს უფლება
ჰქონდათ დანარჩენი ცეკვისათვის ეხელმძღვანელათ. მას შემდეგ‚ რაც ეს უცხო
ახალგაზრდა გამოჩნდა‚ ყველაფერი შეიცვალა. იგი ზედმეტი ლაპარაკისათვის დროს
არ ჰკარგავდა. დაავლებდა ხელს საუკეთესო ქალს‚ დგებოდა პირველ წყვილად‚
ყველაფერს ისე აკეთებდა‚ როგორც მას ესიამოვნებოდა. ყოველთვის მეჯლისის
ბატონ-პატრონი‚ მეფე ხდებოდა. ქალებს ასეთი მოქცევა მოსწონდათ და
არაჩვეულებრივად მიაჩნდათ. მამაკაცებსაც აღარ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა.
ერთი სიტყვით‚ ძმისწული იმ სიმაღლეზე რჩებოდა‚ რომელზეც თვითონ აიყვანა
თავისი თავი.

მოხუც უცხოელს ეტყობოდა მეჯლისები დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. ის თავის


ძმისწულს თვალს არ აშორებდა‚ ჩუმად ეცინებოდა და‚ როცა მთელი საზოგადოება
მისკენ გაემათებოდა ხოლმე‚ რომ ქება-დიდება შეესხა კარგად აღზრდილი
ახალგაზრდის გამო‚ სიხარულისაგან თავს ვერ იკავებდა‚ აუვარდებოდა სიცილი‚
პირდაპირ გადარეულს ემსგავსებოდა. გრუნვიზელელები სიხარულის ასე
გამოვლინებას ძმისწულისადმი არაჩვეულებრივად დიდ სიყვარულს აწერდნენ და
სრულიად ბუნებრივად თვლიდნენ.

დროდადრო მაინც სჭირდებოდა ძმისწულის მიმართ მამობრივი მზრუნველობის


გამოჩენა. ვაჟს შუა ცეკვაში ზოგჯერ აზრად მოუვიდოდა ამხტარიყო ტრიბუნაზე‚
სადაც მუსიკოსები ისხდნენ‚ ხელში კონტრაბასი ჩაეგდო და საზარლად
ეჭიჭყინებინა. ანდა ცეკვის დროს უცებ ყირაზე დადგებოდა. მაშინ ბიძა ჩვეულებრივ
განზე გაიყვანდა‚ უსაყვედურებდა და ყელსაბამს მაგრად მოუჭერდა. ამის შემდეგ
ძმისწული უცებ დაშოშმინდებოდა.

ასე იქცეოდა ძმისწული საზოგადოებაში და მეჯლისებზე. როგორც ეს საერთოდ


ხდება‚ ცუდი ჩვეულება კარგზე ადვილად ვრცელდება ხოლმე‚ რადგან ახალ
ორიგინალურ მოქცევაში‚ რაგინდ სასაცილოც უნდა იყოს იგი‚ ყოველთვის არის
რაღაც მიმზიდველი ახალგაზრდებისათვის. ახალგაზრდობა ამ დროს არც თავის
თავზე‚ არც ქვეყანაზე არ ფიქრობს.

გრუნვიზელშიც ასე მოხდა. ახალგაზრდობამ დაინახა‚ რომ ძმისწულის უხეშ


მოქცევას‚ მხეცურ ღრეჯვა-ლაყბობას და უფროსების მიმართ უწმაწურ სიტყვებს
არათუ გმობდნენ‚ არამედ აქებდნენ და გენიალურადაც თვლიდნენ. ამიტომ მათ
იფიქრეს‚ ჩვენთვისაც ადვილია ასეთი უსაქმური გავხდეთო. ადრე ბეჯითი‚ წესიერი
ახალგაზრდები‚ ახლა ფიქრობდნენ‚ რა საჭიროა სწავლა‚ როცა უსწავლელობით
უფრო შორს წავალთო. მათ დაივიწყეს წიგნები‚ აედევნენ ქუჩებსა და მოედნებს.
წინათ ყველას მიმართ თავაზიანნი და ზრდილობიანნი ახლა უფროსებს
გაუტოლდნენ‚ მათთან ერთად ხუმრობდნენ‚ თავის აზრს გამოთქვამდნენ‚ პირში
დასცინოდნენ მამასახლისს‚ როცა ის რამეს იტყოდა. ამტკიცებდნენ‚ რომ მათ
ყველაფერი უკეთ იცოდნენ.

წინათ გრუნვიზელის ახალგაზრდებს სძულდათ უხეში და უწესო დროსტარება.


ახლა კი მღეროდნენ ყოველგვარ უხეშ სიმღერას‚ უშველებელი ჩიბუხებით თამბაქოს
აბოლებდნენ და სამიკიტნოში დაეხეტებოდნენ.

თუმცა ჩინებული მხედველობა ჰქონდათ‚ მაინც შეიძინეს დიდი სათვალე‚


ცხვირზე წამოიგეს და თავი უფროსებად წარმოიდგინეს. ისინი ხომ ყველასათვის
ცნობილი ძმისწულივით გამოიყურებოდნენ.

სახლში ან სტუმრად ყოფნისას ჩექმებითა და დეზებით ტახტზე


გაიშხლართებოდნენ. მოწინავე საზოგადოებაში სკამზე ქანაობდნენ‚ ან ლოყებს
მუშტებზე აყრდნობდნენ‚ ნიდაყვებს მაგიდაზე აწყობდნენ.

ამაოდ ჩასჩიჩინებდნენ დედები და მამები‚ თუ რა უხეშობა და უგუნურება იყო


ყოველივე ეს. ისინი ძმისწულის ბრწყინვალე მაგალითს მისდევდნენ.

ამაოდ უმტკიცებდნენ‚ რომ ძმისწულს‚ როგორც ახალგაზრდა ინგლისელს‚ უნდა


ვაპატიოთ ეროვნული უხეშობაო. ახალგაზრდა გრუნვიზელელები უპასუხებდნენ‚
ჩვენცა გვაქვს სრული უფლება ისეთივე უზრდელები ვიყოთ‚ როგორიც საუკეთესო
ინგლისელიაო.

მოკლედ‚ ნამდვილი უბედურება იყო იმის ცქერა‚ თუ როგორ ეცემოდა


გრუნვიზელის კარგი ზნე-ჩვეულებები ძმისწულის საშინელი მაგალითის წაბაძვით.

მაგრამ ახალგაზრდობის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთმა


შემთხვევამ მთლიანად შეცვალა სურათი.

ზამთრის გართობები დიდი კონცერტით უნდა დასრულებულიყო. გრუნვიზელში


უნდა შეკრებილიყო ქალაქის მუსიკოსებისა და მუსიკის მოყვარულთა ნაწილი.
მამასახლისი ვიოლინოზე უკრავდა‚ ექიმი – ფაგოტზე‚ მეაფთიაქე‚ რომელსაც
სმენა არ უვარგოდა‚ – ფლეიტაზე. რამდენიმე გრუნვიზელელმა ახალგაზრდა ქალმა
შეისწავლა არიები‚ რომ კონცერტი უკეთესი გამოსულიყო. აკლდათ მხოლოდ
დუეტი. დუეტი ხომ ყოველი წესიერი კონცერტის აუცილებელი დამატებაა. ამით‚
ცოტა არ იყოს‚ შეწუხდნენ.

მამასახლისის ქალიშვილი იადონივით მღეროდა. მაგრამ სად მოეძებნათ კაცი‚


რომელსაც მასთან ერთად შეეძლო დუეტი შეესრულებინა. უნდოდათ მოხუც
ორღანისტზე შეჩერებულიყვნენ‚ რომელსაც ერთ დროს მშვენიერი ბანი ჰქონდა‚
მაგრამ უცხოელმა თქვა‚ ყველაფერი ეს ზედმეტია‚ ჩემი ძმისწული
არაჩვეულებრივად მღერისო. ახალგაზრდა კაცის ამ ახალმა ნიჭმა დიდი გაკვირვება
გამოიწვია.

შესამოწმებლად მას რაიმე უნდა ემღერა. უჩვეულო მიხრა-მოხრით‚ რაც ინგლისურ


მანერებად ითვლებოდა‚ ძმისწულმა ანგელოსივით იმღერა. ასე სასწრაფოდ
შეასწავლეს დუეტი და ბოლოს დადგა საღამო‚ როცა გრუნვიზელელებს კონცერტი
უნდა მოესმინათ.

სამწუხაროდ‚ უცხოელს არ შეეძლო ძმისწულის კონცერტს დასწრებოდა. მაგრამ


მან მამასახლისს‚ რომელიც კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინახულა‚
რამდენიმე რჩევა მისცა თავისი ძმისწულისათვის.

– კარგი ვაჟკაცია ჩემი ძმისწული‚ – უთხრა მან. – მაგრამ ზოგჯერ რაღაც უცნაური
აზრები მოსდის თავში და აფორიაქებს ხოლმე. სწორედ ამიტომ მწყდება გული‚ რომ
კონცერტს ვერ ვესწრები. ჩემი დიდი რიდი აქვს და მშვენივრადაც იცის‚ რატომ. მის
საქებად უნდა ვთქვა‚ ავი ზნისა არ არის. ყველაფერი მის ბუნებაშია მოცემული. თუ
მოისურვებთ‚ ბატონო მამასახლისო‚ რომ ზოგჯერ წრეგადასული ისევ გონს
მოიყვანოთ‚ მოუშვით ყელსაბამი. თუ მაინც არ დაწყნარდა‚ მაშინ სულ მოხსენით...
და თქვენ დაინახავთ‚ როგორ მოჭკვიანდება და წესიერი გახდება.

მამასახლისმა უცხოელს‚ რომელმაც თქვა, ავადა ვარო‚ მადლობა გადაუხადა


ნდობისათვის და შეჰპირდა‚ საჭიროების შემთხვევაში ისე მოიქცეოდა‚ როგორც მან
ურჩია.

საკონცერტო დარბაზი ხალხით იყო გაჭედილი. მთელ გრუნვიზელს თავისი


გარეუბნებიანად აქ მოეყარა თავი.

ყველა მონადირე‚ მღვდელი‚ მოსამსახურე და მათი მსგავსი ადამიანები


სხვადასხვა მხრიდან მრავალრიცხოვანი ოჯახებით უკვე სამი საათიდან
მოსულიყვნენ.

ქალაქის მუსიკოსებს მშვენივრად ეჭირათ თავი. მათ შემდეგ ვიოლინოზე დაუკრა


მამასახლისმა‚ რომელსაც მეაფთიაქე ფლეიტით აჰყვა. მერე ბანის არია იმღერა
ორღანისტმა. იგი ყველამ ტაშით დააჯილდოვა. ექიმმა მოასმენინა ფაგოტი და მანაც
ნაკლები ტაშისცემა არ დაიმსახურა. კონცერტის პირველმა ნაწილმა ჩაიარა და ყველა
მეორე განყოფილებას უცდიდა. დაძაბულნი ელოდნენ ახალგაზრდა უცნობს,
რომელსაც მამასახლისის ქალიშვილთან ერთად დუეტი უნდა შეესრულებინა.
ძმისწული საუცხოო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მან საზოგადოების
ყურადღება თავიდანვე მიიქცია.

იგი ნერვიულად გაშხლართულიყო სავარძელში‚ მეზობელი ქალაქის გრაფის


მეუღლისათვის რომ იყო განკუთვნილი. ფეხები გაეშოტა‚ ყველას უშველებელი
ჭოგრიტით ათვალიერებდა‚ ჭოგრიტს სათვალის ზემოდან ხმარობდა და თან
უზარმაზარ ძაღლს ეთამაშებოდა. მართალია‚ საზოგადოებაში ძაღლის გამოჩენა
აკრძალული იყო‚ მას მაინც თან მოეყვანა.

გრაფის მეუღლე‚ ვისაც ეს სავარძელი ეკუთვნოდა‚ მობრძანდა. ძმისწულს


ადგილის დათმობა აზრადაც არ მოსვლია. პირიქით‚ უფრო მოხერხებულად
მოკალათდა შიგ და სიტყვის თქმაც ვერავინ გაუბედა. წარჩინებული ქალბატონი
უბრალო ტახტზე უნდა დამჯდარიყო ქალაქის დანარჩენ ქალებს შორის და ძალიან
ნაწყენიც დარჩა ამ ამბით.

იმ დროს‚ როცა მამასახლისის მშვენიერი დაკვრით‚ ორღანისტის სასიმოვნო


ბანით‚ ექიმის ფანტაზიებით მოჯადოებულნი ყველანი სმენად იყვნენ ქცეულნი‚
ძმისწული ძაღლს ეთამაშებოდა და ხმამაღლა ეხუმრებოდა მეზობლებს. ვინც მას არ
იცნობდა‚ ყველა ძალზე გაოცებული იყო ჭაბუკის საქციელით.

და, რაღა თქმა უნდა‚ ყველას ძალზე აინტერესებდა‚ როგორ შეასრულებდა იგი
თავის პარტიას.

დაიწყო მეორე განყოფილება.

მუსიკოსებმა ცოტა დაუკრეს და მამასახლისი თავის ქალიშვილთან ერთად წარდგა


ახალგაზრდა კაცის წინაშე‚ გადასცა ნოტები და უთხრა:

– მუსიო‚ სურვილი გაქვთ დუეტი შეასრულოთ?

ახალგაზრდა გაიღმიჭა‚ კბილები დაკრიჭა და წამოხტა. ორივე უკან გაჰყვა. მთელი


საზოგადოება მოუთმენლად უცდიდა. ორღანისტმა ტაქტი მისცა და ძმისწულს
ანიშნა‚ დაიწყეო. ის კი უშველებელი სათვალიდან იცქირებოდა‚ ნოტებს
დასჩერებოდა და რაღაც უჩვეულო ხმებს გამოსცემდა. ორღანისტი უყვიროდა: „ორი
ნოტით დაბლა‚ პატივცემულო‚ სი უნდა იმღეროთ!” იმის ნაცვლად‚ რომ სი ემღერა‚
ძმისწულმა ფეხსაცმელი გაიხადა‚ ორღანისტს თავში ესროლა და პუდრის მტვერი
დააყენა. ეს რომ მამასახლისმა დაინახა‚ იფიქრა: „აჰა‚ უკვე დაეწყო ბუნებრივი
უცნაურობაო”‚ მივარდა‚ ყელსაბამში ხელი სტაცა და მოუშვა. მაგრამ ამის შემდეგ
ახალგაზრდა უფრო მეტად გადაირია. გერმანულად კი აღარ ლაპარკობდა‚ არამედ
სულ სხვა‚ რაღაც უცნაურ ენაზე. მისი არავის ესმოდა‚ თანაც მოზრდილ ნახტომებს
აკეთებდა. მამასახლისმა ასეთი უსიამოვნო მდგომარეობის გამო აღარ იცოდა‚ როგორ
მოქცეულიყო. ბოლოს გადაწყვიტა ახალგაზრდა კაცისათვის‚ რომელსაც
განსაკუთრებული რაღაც უნდა შემთხვეოდა‚ სულ მთლად შეეხსნა ყელსაბამი‚
მაგრამ ადგილზევე შიშისაგან გაქვავდა: ადამიანის კანის ნაცვლად ახალგაზრდა
კაცის ყელს მუქი ყავისფერი ბეწვი ფარავდა. ახალგაზრდა უფრო ხმამაღლა აყვირდა
და უცნაური ხტომა დაიწყო. ხელთათმანიანი ხელი თმაში წაივლო‚ მოსწია და ჰოი‚
საოცრებავ! ეს მშვენიერი თმა პარიკი გამოდგა. პარიკი მამასახლისს სახეში სთხლიშა.
შემდეგ ისევ ყავისფერი ბეწვით დაფარული თავიც გამოუჩნდა.

მაგიდასა და სკამზე შეხტა‚ გადააბრუნა პიუპიტრი‚ გადათელა ვიოლინოები და


კლარნეტები. ნამდვილ ჭკუაშეშლილს ჰგავდა.

– დაიჭირეთ‚ დაიჭირეთ! – ყვიროდა გააფთრებული მამასახლისი‚ – დაიჭირეთ‚


გაგიჟებულია! – მაგრამ ეს ძალზე ძნელი საქმე გამოდგა. მან გაიხადა ხელთათმანები
და ბრჭყალები გამოაჩინა‚ ხალხს სახეში ეცა. ბოლოს‚ როგორც იქნა‚ ერთმა მამაცმა
მონადირემ მოახერხა გასწორებოდა. მან ორსავე მკლავში ხელი ისე მაგრად მოუჭირა‚
რომ ძმისწულს მხოლოდ ფეხებითღა შეეძლო ტლინკაობა. იგი ჩახლეჩილი ხმით
ყვიროდა და იცინოდა. ხალხი ახალგაზრდის გარშემო შეგროვდა. ჭაბუკი ადამიანს
სრულიად აღარ ჰგავდა. მეზობელი ქალაქიდან მოსული ერთი სწავლული კაცი‚
რომელსაც ბინაზე საბუნებისმეტყველო კაბინეტი და სხვადასხვა მხეცის ფიტულები
ჰქონდა‚ მიუახლოვდა‚ ყურადღებით დაათვალიერა და გაოცებულმა დაიძახა:

– ღმერთო ჩემო! პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო‚ როგორ დაუშვით ეს


მხეცი თქვენს საზოგადოებაში? ეს ხომ მაიმუნია. Hომო Fროგლოდყტეს ლინნაეი!
ახლავე მოგართმევთ ექვს ტალერს‚ თუკი დამითმობთ ჩემი კაბინეტისათვის.

გრუნვიზელელების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა‚ როცა ეს ყოველივე


მოისმინეს.

– რაო? მაიმუნი ორანგუტანგი ჩვენს საზოგადოებაში? ახალგაზრდა უცხოელი


სრულიად ჩვეულებრივი მაიმუნი ყოფილა! – გაიძახოდნენ ისინი და განცვიფრებით
შეჰყურებდნენ ერთმანეთს. თვალსა და ყურს აღარ უჯერებდნენ. კაცები მხეცს უფრო
დაკვირვებით ათვალიერებდნენ და‚ სამწუხაროდ‚ იგი ისევ ნამდვილ მაიმუნად
რჩებოდა.

– ეს როგორ! – დაიძახა მამასახლისის ცოლმა. – განა ის ლექსებს არ მიკითხავდა


ხოლმე‚ განა სხვა ადამიანივით არ სადილობდა ჩვენთან ერთად?

– მაშ‚ მაშ! – დაუმატა ექიმის ცოლმა. – როგორ? განა ჩემთან ყავა არ მიურთმევია‚
ჩემს ქმართან მეცნიერულ თემზე არ უბაასნია და თამბაქო არ გაუბოლებია?

– როგორ შეიძლება! – დაიძახეს კაცებმა. – განა ჩვენთან ერთად არ თამაშობდა და


ჩვენსავით პოლიტიკაზე არ საუბრობდა? როგორ? – ჩიოდნენ ისინი‚ – ჩვენს
მეჯლისებზე არ ცეკვავდა? მაიმუნი! მაიმუნი! ეს ჯადოქრობაა!

– დიახ‚ ეს ჯადოქრობაა‚ ეშმაკის მოჩვენება‚ – თქვა მამასახლისმა და თან


ძმისწულისა თუ მაიმუნის ყელსაბამი მოიტანა. – შეხედეთ‚ ამ ყელსაბამშია მთელი
ჯადოქრობა‚ რომელიც მას ჩვენს თვალში ასე საოცარს ხდიდა. აქ ჩაკერებულია
ეტრატის ფართო ზოლი‚ დაწერილი სხვადასხვა უცნაური ნიშნით‚ ვფიქრობ,
ლათინური უნდა იყოს. არავის შეუძლია წაიკითხოს?

მღვდელი‚ სწავლული ადამიანი‚ რომელსაც მაიმუნთან ხშირად ჭადრაკი წაუგია‚


გამოვიდა‚ ეტრატს შეხედა და თქვა‚ აქ მხოლოდ ასოებია ლათინურიო. მან წაიკითხა:
სასაცილოა უყურო მაიმუნს‚ როცა ის ვაშლს მიირთმევს.

– დიახ‚ ეს ჯოჯოხეთური ცთუნებაა‚ ჯადოსნობის ერთ-ერთი სახე‚ – განაგრძო მან.


– ამისთვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

მამასახლისიც ამავე აზრისა იყო. იგი უცხოელისაკენ გაემართა‚ რომელიც‚ ალბათ‚


ჯადოქარი უნდა ყოფილიყო. ქალაქის ექვს ჯარისკაცს მიჰყავდა მაიმუნი. სურდათ
დაკითხვა მაშინვე დაეწყოთ.

ისინი ურიცხვ ხალხთან ერთად მივიდნენ უკაცრიელ სახლთან. ყველას


აინტერესებდა‚ როგორ წარიმართებოდა საქმე. არახუნებდნენ‚ ზარს რეკავდნენ‚
მაგრამ ამაოდ. არავინ ჩანდა. მაშინ გაბრაზებულმა მამასახლისმა ბრძანა‚ კარი
შეემტვრიათ და გაემართა უცხოელის ოთახისაკენ. იქ არაფერი ჩანდა ძველმანების
გარდა. უცხოელი ვერსად იპოვეს. მის საწერ მაგიდაზე ნახეს ვრცელი წერილი
მამასახლისისადმი. მან მაშინვე გახსნა და წაიკითხა:

„ჩემო საყვარელო გრუნვიზელელებო!

როცა ამას წაიკითხავთ‚ თქვენს ქალაქში აღარ ვიქნები და უკვე გაგებული


გექნებათ‚ თუ საიდან არის და რა წარმოშობისაა ჩემი ძმისწული.

ხუმრობა‚ რომელიც თქვენ შემოგბედეთ‚ მიიღეთ როგორც გაკვეთილი.


დაიხსომეთ: უცხოელი‚ რომელსაც თავისთვის ცხოვრება სურს‚ არ უნდა აიძულოთ
თქვენს საზოგადოებაში შემოვიდეს. პირადად მე ჩემს თავს გაცილებით მაღლა
ვაყენებ იმაზე‚ რომ თქვენს ჭორებში‚ ჩვევებსა და სასაცილო ყოფაში მონაწილეობა
მივიღო და გავიზიარო ისინი.

ამიტომაც აღვზარდე ახალგაზრდა ორანგუტანგი‚ რომელიც ჩემი შემცვლელივით


შეიყვარეთ. იყავით ბედნიერად და ეს გაკვეთილი კარგად გამოიყენეთ”.

გრუნვიზელელები თავს ძალზე შერცხვენილად გრძნობდნენ. ერთადერთი‚ რითაც


მშვიდდებოდნენ‚ ის იყო‚ რომ ყველაფერს არაბუნებრივ ძალებს მიაწერდნენ.

ყველაზე მეტად გრუნვიზელელ ახალგაზრდებს რცხვენოდათ‚ რადგან ყველა


ცუდი ჩვევა და წესი მათ მაიმუნისაგან გადმოეღოთ. ისინი ნიდაყვს აღარ
ეყრდნობოდნენ‚ სავარძელში ჯდომის დროს აღარ ქანაობდნენ‚ დუმდნენ‚ სანამ
რამეს არ შეეკითხებოდნენ. სათვალე მოიხსნეს და ისეთივე თავაზიანნი და
მორიდებულნი გახდნენ‚ როგორც მანამდე. თუ ვინმე ცუდად იქცეოდა‚
გრუნვიზელელები იტყოდნენ ხოლმე‚ მაიმუნიაო. მაიმუნი კი‚ ასე დიდხანს
ახალგაზრდა კაცის როლს რომ ასრულებდა‚ გადასცეს სწავლულს‚ რომელსაც
საბუნებისმეტყველო კაბინეტი ჰქონდა. მაიმუნს იგი თავის ეზოში უშვებს
სასიარულოდ‚ აჭმევს‚ ასმევს და დღესაც ყველა უცხოელს უჩვენებს‚ როგორც იშვიათ
ეგზემპლარს.

როცა მონამ დაამთავრა‚ დარბაზი ახმიანდა. ყველანი ხარხარებდნენ.


– ეტყობა‚ ფრანკებს შორის ბევრი უცნაური ხალხი უნდა იყოს და‚ მართალი
გითხრათ‚ მირჩევნია ალექსანდრიაში ცხოვრება შეიხთან და მუფტისთან‚ ვიდრე
მღვდლის‚ მამასახლისისა და მათი ტუტუცი ქალების საზოგადოებაში‚ – წამოიძახა
ერთმა.

– ამაში მართლი ხარ‚ – მიუგო ახალგაზრდა ვაჭარმა. – ფრანკისტანში სიკვდილი არ


მინდა. ფრანკები უხეში‚ ველური‚ ბარბაროსი ხალხია და ნასწავლი თურქისა ან
სპარსელისათვის საშინელება უნდა იყოს იქ ცხოვრება.

– ამას თქვენ მალე მოისმენთ‚ – შეჰპირდა მოხუცი – როგორც მონების


ზედამხედველმა მითხრა‚ ის მშვენიერი ახალგაზრდა ვაჟი ბევრ რამეს მოყვება
ფრანკისტანის შესახებ‚ რადგან დიდხანს იყო იქ‚ თუმცა წარმოშობით მუსლიმანია.

– როგორ‚ ის‚ ბოლოში რომ ზის? მართალი გითხრათ‚ ცოდოა‚ შეიხმა მონობიდან
რომ გაათავისუფლოს. ის ხომ ულამაზესი მონაა მთელს მხარეში. შეხედეთ მის
ვაჟკაცურ გამომეტყველებას‚ მამაც თვალებს‚ მშვენიერ ტანს. შეიხს ხომ შეუძლია იგი
იოლ საქმეზე დააყენოს? – ბუზების მოგერიება ან ჩიბუხის მიწოდება დაავალოს?
ასეთი რამ გართობაა‚ იგი მთელი სახლის დამამშვენებელი იქნება. სულ სამი დღეა‚
რაც აქ არის და შეიხი უკვე ათავისუფლებს. სისულელეა‚ ცოდოა!

– ნუ ჰკიცხავთ იმას‚ ვინც ეგვიპტეში ყველაზე ჭკვიანია‚ - მიუგო მოხუცმა


ხაზგასმით. – განა მე უკვე არ გითხარით‚ – ათავისუფლებს იმიტომ‚ რომ სჯერა‚
ამით ალაჰის წყალობას დაიმსახურებს. თქვენ ამბობთ‚ რომ ის ლამაზი და
განათლებულია. მართალს ბრძანებთ. მაგრამ შეიხის შვილიც‚ – დაე‚
წინასწარმეტყველმა შინ დააბრუნოს‚ – ისიც ხომ ლამაზი ბიჭი იყო და ახლა ისიც
მოზრდილი და განათლებული უნდა გვეგულებოდეს.

– მაშ‚ თქვენი აზრით‚ შეიხმა ოქრო უნდა შეინახოს და იაფად ღირებული‚


უძლური და დაბერებული მონა გაათავისუფლოს იმ იმედით‚ რომ სამაგიეროდ
თავის შვილს დაიბრუნებს.

– თუ ვინმეს სურს ამქვეყნად რამის გაკეთება‚ ან სულ არ უნდა გააკეთოს‚ ან


კარგად უნდა გააკეთოს!

– შეხედეთ ერთი‚ შეიხი არ აშორებს ამ მონას თვალს. ამას მთელი საღამოა ვამჩნევ.
ამბების მოყოლის დროს იგი ხშირად მიაშტერდებოდა ხოლმე მონის კეთილშობილ
ნაკვთებს‚ ალბათ‚ ცოტა არ იყოს‚ გული სტკივა მისი განთავისუფლების გამო.

– ნუ იფიქრებ ასე ადამიანზე. გგონია სამას თუმანზე დასწყდება გული იმას‚ ვინც
ყოველდღე სამჯერ მეტს ღებულობს? – თქვა მოხუცმა კაცმა. - მაგრამ, თუ მისი მზერა
ახალგაზრდის მიმართ დარდით აღსავსეა‚ ეს იმიტომ‚ რომ ნამდვილად თავის
შვილზე ნაღვლობს‚ რომელიც უცხოეთში იტანჯება; ფიქრობს‚ შეიძლება იქაც
გამოჩნდეს გულშემატკივარი ადამიანი‚ რომელიც მას გამოისყიდის და მამას
დაუბრუნებს.

– მართალი ბრძანდებით‚ – უპასუხა ახალგაზრდა ვაჭარმა. – მრცხვენია‚ რომ


ხალხზე მუდამ არაკეთილშობილი აზრები მაქვს‚ მაშინ‚ როცა თქვენ ყველაფერში
ლამაზ შინაარსს ხედავთ. მაგრამ მაინც ადამიანები‚ როგორც წესი‚ ცუდები არიან.
თქვენ არ გგონიათ‚ რომ ასეა‚ მოხუცო?

ამ დროს მონების ზედამხედველი მოხუცთან მივიდა და სიტყვა შეაწყვეტინა:

– ჩემო ბატონო‚ ალექსანდრიის შეიხი ალი ბანუ ნასიამოვნები დარჩა‚ თქვენ რომ
შეგნიშნათ თავის დარბაზში‚ გთხოვთ მასთან მიბრძანდეთ და გვერდზე მიუჯდეთ.

მოხუცის მიმართ ასეთი პატივისცემა ახალგაზრდა ვაჟებს ძალზე გაუკვირდათ.


ვიღაც გლახაკი ეგონათ. როცა მოხუცი შეიხისაკენ გაემართა‚ მათ მონების
ზედამხედველი შეაჩერეს. მწერალმა ჰკითხა:

– წინასწარმეტყველის წვერს გაფიცებ‚ გვითხარი‚ ვინ არის ეს მოხუცი კაცი‚


რომელსაც ვესაუბრებოდით და რომელსაც შეიხი ასეთ პატივს სცემს?

– როგორ? – გაიკვირვა მონების ზედამხედველმა და ხელები გაასავსავა‚ – თქვენ არ


იცნობთ ამ კაცს?

– არა‚ არ ვიცით, ვინ არის.

– კი მაგრამ‚ რამდენჯერ დაგინახეთ‚ ქუჩაში რომ ესაუბრებოდით. ჩემმა ბატონმა


შეიხმაც შენიშნა ეს და სწორედ ახლა მითხრა‚ ეტყობა პატიოსანი ახალგაზრდები
უნდა იყვნენ‚ რომ ამ კაცმა თავისთან საუბრის ღირსნი გახადაო.

– ბარემ გვითხარი, ვინ არის! – დაიძახა მოუთმენლობით აღსავსე ახალგაზრდა


ვაჭარმა.

– მომშორდით თავიდან‚ მასხარად აგდება გინდათ ჩემი‚ – უპასუხა მონების


ზედამხედველმა. – აქ ხალხი მხოლოდ პირადი მოწვევით დაიშვება. დღეს კი
მოხუცმა ითხოვა შეიხისათვის მეთქვა‚ თუ თანახმა იქნებით‚ რამდენიმე
ახალგაზრდას მოვიყვანო. ალი ბანუმ ბრძანა გადამეცა‚ რომ ის თავის სახლში
გეპატიჟებოდათ.

– ნუღარ გვაწვალებ. სიცოცხლეს გეფიცები‚ არ ვიცით ვინ არის ეს კაცი‚


შემთხვევით გავიცანით და ვსაუბრობდით მასთან.

– მაშ ბედნიერად უნდა ჩათვალოთ თავი‚ რადგანაც ელაპარაკებოდით სწავლულ


და ცნობილ ადამიანს‚ რის გამოც ყველა დამსწრე პატივისცემითა და შურით
შემოგცქერით. ეგ კაცი მუსტაფა გახლავთ‚ სწავლული დერვიში.

– მუსტაფა‚ ბრძენი მუსტაფა‚ რომელმაც შეიხის შვილი აღზარდა‚ მრავალი წიგნი


დაწერა‚ ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში? მუსტაფასთან
ვლაპარაკობდით? და ვესაუბრებოდით როგორც ჩვენს ტოლს‚ ისე‚ უბრალოდ‚
ყოველგვარი მოწიწების გარეშე?

ახალგაზრდები მოსმენილ ამბავზე‚ დერვიშ მუსტაფაზე ლაპარაკობდნენ და


ნასიამოვნები იყვნენ‚ რომ ასეთმა ცნობილმა კაცმა ყურადღება მიაქცია მათ‚
ესაუბრებოდა და ხშირად ეკამათებოდა კიდეც. მათთან მივიდა მონების
ზედამხედველი და მიიპატიჟა – შეიხთან გაჰყოლოდნენ‚ რომელსაც
ახალგაზრდებთან მუსაიფი მოესურვებინა. ახალგაზრდებს გულმა ძგერა დაუწყო.
მათ ასეთ წარჩინებულ კაცთან‚ ამგვარ დიდ საზოგადოებაში არასოდეს ელაპარაკათ.
ძალა მოიკრიბეს‚ სულელებად რომ არ ჩაეთვალათ და გაჰყვნენ მონების
ზედამხედველს.

ალი ბანუ ძვირფას ბალიშებზე იჯდა და შარბათის მირთმევას აპირებდა. მარჯვნივ


მოხუცი მოესვა‚ მისი ღარიბული ტანსაცმელი მშვენიერ ბალიშებზე ესვენა. ძველი
სანდლები კი ძვირფას სპარსულ ხალიჩაზე ეწყო. მშვენიერი თავი‚ სიბრძნით აღსავსე
თვალები მოწმობდა‚ რომ იგი ღირსი იყო შეიხისთანა კაცის გვერდით მჯდარიყო.

ეტყობა‚ შეიხი ძალზე უგუნებოდ ბრძანდებოდა. მოხუცი ცდილობდა როგორმე


გაემხნევებინა და დაემშვიდებინა.

ახალგაზრდები მიხვდნენ‚ რომ შეიხის წინაშე მათი წარდგენა მოხუცის ეშმაკობა


იყო. მოხუცს სურდა ნაღვლიანი მამის ფიქრები მათთან საუბრით გაექარვებინა.

– მობრძანდით‚ ახალგაზრდებო‚ – მიმართა შეიხმა‚ – კეთილი იყოს თქვენი


მოსვლა ალი ბანუს სახლში. ჩემმა ძველმა მეგობარმა მადლობა დაიმსახურა თქვენი
აქ მოყვანისათვის; ცოტა არ იყოს‚ გავუწყერი კიდეც‚ რომ ამდენ ხანს არ გამაცნო
თქვენი თავი. რომელია თქვენში ახალგაზრდა მწერალი?

– მე გახლავართ‚ ჩემო ბატონო‚ მზად ვარ გემსახუროთ! – წარმოთქვა


ახალგაზრდამ‚ გულხელი დაიკრიფა და თავი დაუკრა.

– მაშ თქვენ სიამოვნებით ისმენთ ამბებს‚ კითხულობთ წიგნებს მშვენიერი


ლექსებითა და გამოთქმებით?

ახალგაზრდა კაცი შეკრთა და გაწითლდა: გაახსენდა‚ როგორ ეუბნებოდა მოხუცს


შეიხზე‚ მის ადგილას მსახურთ ამბებს მოვაყოლინებდი ან წიგნებს წავაკითხებდიო.
მან მოხუცს‚ რომელმაც, როგორც ჩანს‚ შეიხს ყველაფერი გადასცა‚ ეჭვნეულად
შეხედა და თქვა:

– ო‚ ჩემო ბატონო! მეტი სასიამოვნო საქმიანობა სხვა არაფერი მაქვს‚ იმის გარდა‚
რომ ამით გავატარო დრო. ეს გონებას ავითარებს და დროის გასვლასაც ხელს უწყობს.
მაგრამ ყველა თავისებურად იქცევა და მე‚ რა თქმა უნდა‚ არ ვძრახავ იმას‚ ვინც...

– საკმარისია‚საკმარისი‚ – სიცილით შეაწყვეტინა შეიხმა და მეორე მიიხმო. – შენ


ვინღა ხარ? – იკითხა.

– ბატონო‚ მე ექიმთან ვმუშაობ დამხმარედ და უკვე თვითონაც მომირჩენია


რამდენიმე ავადმყოფი.

– მართლა? – თქვა შეიხმა. – და თქვენც გიყვართ კარგი ცხოვრება? ალბათ,


სურვილი გაქვთ‚ კარგ მეგობრებთან ერთად იქეიფოთ და დრო გაატაროთ. ასეა‚ არა?
ხომ მიგიხვდით?

ახალგაზრდა კაცმა დაირცხვინა‚ გრძნობდა‚ რომ ისიც გასცეს და რომ მოხუცმა


მისი ნათქვამიც უამბო. მაგრამ ძალა მოიკრიბა და უპასუხა:
– დიახ‚ ჩემო ბატონო‚ ცხოვრების ბედნიერებას ამხანაგებთან დროსტარებაში
ვხედავ. მაგრამ ჯიბე მხოლოდ იმის საშუალებას მაძლევს‚ რომ ჩვენ ამითაც
ვხარობთ‚ წარმოგვიდგენია‚ რა მხიარულად ვიქნებოდით‚ რომ მეტი ფული
გვქონოდა.

შეიხს მოეწონა ეს გულწრფელი პასუხი და სიცილისაგან თავი ვერ შეიკავა.

– ვაჭარი რომელიღაა თქვენში? – იკითხა.

ახალგაზრდა ვაჭარი კარგად აღზრდილი კაცი იყო‚ წინ წარდგა და შეიხს


მოხდენილად თავი დაუკრა.

შეიხმა უთხრა:

– თქვენ ალბათ გიყვართ მუსიკა და ცეკვა. სიამოვნებით ისმენთ‚ როცა კარგი


ოსტატები უკრავენ და მღერიან‚ მუშტრის თვალით უცქერით‚ როცა კარგი
მოცეკვავეები ცეკვავენ.

ახალგაზრდა ვაჭარმა უპასუხა:

– ვხედავ‚ ჩემო ბატონო‚ ამ მოხუცმა კაცმა თქვენი გამხიარულების მიზნით ჩვენი


სისულელე გიამბოთ. თუკი ამით თქვენი გამხიარულება მოახერხა‚ მაშინ მე
სიამოვნებით გამიწევია თქვენთვის სამახური. რაც შეეხება მუსიკასა და ცეკვას‚ უნდა
მოგახსენოთ‚ რომ ადვილი არ არის მოიძებნოს ისეთი რამ‚ რაც ამაზე მეტად
ესიამოვნება ჩემს გულს. თუმცა არ იფიქროთ‚ რომ ამის გამო გკიცხავთ‚ ჩემო
ბატონო‚ რომ თქვენც ასევე არ...

– საკმარისია‚ ნუ განაგრძობთ‚ – ღიმილით დაიძახა შეიხმა და ხელი გაიქნია. –


ყველა თავისებურად იქცევა‚ გინდათ თქვათ‚ არა? მაგრამ იქ კიდევ დგას ვიღაც‚
ალბათ, ის არის‚ რომელსაც ასე ძალზე სურს მოგზაურობა? ვინა ხარ‚ ახალგაზრდავ?

– მხატვარი გახლავართ‚ ჩემო ბატონო‚ – მიუგო მან. – დარბაზის კედლებსა და


ტილოებზე ლამაზ ხედებს ვხატავ. უცხო ქვეყნების ნახვა ნამდვილად ჩემი ოცნებაა.
უცხოეთში ბევრ მშვენიერ ადგილს ნახავს კაცი. მერე მათი დახატვა შეიძლება.
ნანახის დახატვა‚ როგორც წესი‚ მუდამ უფრო ლამაზი გამოდის‚ ვიდრე ის‚ რასაც
ადამიანი თვითონ შექმნის.

შეიხი ათვალიერებდა ახალგაზრდებს და უცბად მოიღუშა.

– ერთ დროს მეც მყავდა საყვარელი შვილი‚ – თქვა მან. – ისიც თქვენოდენა უნდა
იყოს ახლა. შეგეძლოთ მისი მეგობრები და თანამგზავრები ყოფილიყავით და ყველა
თქვენი სურვილი თავისთავად დაკმაყოფილდებოდა‚ თითოეულ თქვენგანთან
ერთად წიგნებს იკითხავდა‚ მუსიკას მოისმენდა‚ კარგ მეგობრებს მოიპატიჟებდა და
დროს გაატარებდა; მხატვართან გავგზავნიდი მშვენიერ ადგილებში სამოგზაუროდ...
მაშინ ხომ ყოველთვის უკან დამიბრუნდებოდა. ასე არ ისურვა ალაჰმა და მეც
უსიტყვოდ ვემორჩილები მის ნებას. მაგრამ შემიძლია თქვენი სურვილის
შესრულება‚ ალი ბანუსაგან გახარებული გულით უნდა წახვიდეთ თქვენ‚ ჩემო
სწავლულო მეგობრებო‚ – განაგრძო მან და მწერალს მიუბრუნდა. – დღეიდან ჩემს
სახლში იცხოვრებთ და ჩაუჯდებით ჩემს წიგნებს. შეგიძლიათ შეიძინოთ ის‚ რაც
თქვენ გსურთ და რაც კარგად მიგაჩნიათ. თქვენი ერთადერთი მოვალეობა იქნება‚
როცა რამეს კარგს წაიკითხავთ‚ მიამბოთ; თქვენ‚ რომელსაც მეგობრებთან კარგი
პურ-მარილის მირთმევა გიყვართ‚ ჩემი გასართობების ზედამხედველი იქნებით.
პირადად მე მარტო და უსიხარულოდ ვცხოვრობ‚ მაგრამ ჩემი მოვალეობაა და საქმე
ითხოვს‚ დროდადრო ბევრი სტუმარი მოვიწვიო. იქ ჩემს ნაცვლად ყველაფერზე
უნდა იზრუნოთ და შეგიძლიათ საკუთარ მეგობრებსაც დაუძახოთ‚ ვინც კი თქვენ
გსურთ. მაშინ საზამთროზე უკეთესი რამით უნდა გაუმასპინძლდეთ. ვაჭარს‚
მართალი გითხრათ‚ ვერ მოვაცდენ თავის საქმეს‚ რომელსაც მისთვის პატივი და
ფული მოაქვს. მაგრამ ყოველ საღამოს‚ ჩემო ახალგაზრდავ‚ თქვენს განკარგულებაში
იქნებიან მოცეკვავეები‚ მუსიკოსები და მომღერლები‚ რამდენიც თქვენ გსურთ.
დატკბით სიმღერითა და ცეკვით! თქვენ კი‚ – მიმართა მხატვარს‚ – დაათვალიერებთ
უცხო ქვეყნებს‚ რომ თვალი ნანახით გააძღოთ. ჩემი ხაზინადარი პირველი
მოგზაურობისათვის‚ რომელიც ხვალვე შეიძლება მოეწყოს‚ ათას ოქროს მოგცემთ.
თან ორ ცხენსა და ერთ მონას გაგატანთ. იმგზავრეთ‚ საითკენაც გული მიგიწევთ და‚
თუ კარგს ნახავთ‚ ჩემთვის დახატეთ.

ახალგაზრდები გაოცებისაგან ჭკუაზე არ იყვნენ‚ სიხარულით ხმას ვერ იღებდნენ‚


უნდოდათ კეთილი კაცის მუხლების დაკოცნა‚ მაგრამ მან ნება არ მისცა.

– თუ გსურთ ვინმეს მადლობა გადაუხადოთ‚ იგი ამ სწავლულ კაცს ეკუთვნის‚


რომელმაც თქვენი ამბავი გადმომცა. ამით მეც მასიამოვნა‚ რადგან ოთხი ასეთი
მშვენიერი ვაჟკაცი გავიცანი.

დერვიშმა მუსტაფამ უარი უთხრა ახალგაზრდებს მადლობის გადახდაზე.

– ხომ ხედავთ‚ – წარმოთქვა მან‚ – არასოდეს არ შეიძლება აჩქარებით ვინმეს


გაკილვა. განა მე რამე ზედმეტი გითხარით ამ კეთილშობილ ადამიანზე?

– ახლა კი მოვისმინოთ ამბავი ჩემი უკანასკნელი მონისა‚ რომელიც დღეს უნდა


გავათავისუფლო‚ – შეაწყვეტინა სიტყვა ალი ბანუმ და ახალგაზრდებმა თავიანთ
ადგილებს მიაშურეს.

ის ახალგაზრდა მონა‚ რომელმაც ამ მაღალ წრეში თავისი ტანით‚ სილამაზითა და


თვალწარმტაცი შეხედულებით ყველას ყურადღება მიიპყრო‚ წამოდგა‚ შეიხს
თაყვანი სცა და სასიამოვნო ხმით დაიწყო:

ალმანსორის ამბავი

ო‚ ჩემო ბატონო! მონები‚ რომლებიც ჩემამდე ლაპარაკობდნენ‚ გიამბობდნენ უცხო


ქვეყანაში მოსმენილ სხვადასხვა საოცარ ამბებს. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა
გამოგიტყდეთ‚ თქვენი ყურადღების ღირსი არაფერი შემიძლია მოგითხროთ და
მაინც, თუკი თავს არ შეგაწყენთ‚ მინდა ჩემი მეგობრის უცნაურ ბედზე გიამბოთ.

იმ ალჟირელი მეკობრეების გემზე‚ საიდანაც თქვენმა წყალობამ მიხსნა‚ იყო ჩემი


ხნის ახალგაზრდა‚ რომელიც არ უნდა ყოფილიყო მონის ტანსაცმლის სატარებლად
გაჩენილი. დანარჩენი უბედურები გემზე ან ისეთი უხეში ადამიანები იყვნენ‚
რომლებთანაც ცხოვრებას არ ვისურვებდი‚ ანდა ხალხი‚ რომელთა ენაც არ მესმოდა.

ამიტომ თავისუფალ დროს სიამოვნებით ვატარებდი იმ ახალგაზრდასთან.


სახელად ალმანსორი ერქვა და წარმოშობით ეგვიპტელი უნდა ყოფილიყო. ჩვენ
ერთმანეთს ძალიან შევეწყეთ და ერთ დღეს გადავწყვიტეთ ურთიერთისათვის ჩვენი
თავგადასავალი გვეამბნა. მეგობრის ამბავი უფრო უცნაური აღმოჩნდა‚ ვიდრე ჩემი.

ალმანსორის მამა წარჩინებული კაცი ყოფილა ეგვიპტის ქალაქში‚ რომლის სახელი


მას ჩემთვის არ უთქვამს.

ბავშვობის წლები კმაყოფილებასა და მხიარულებაში გაუტარებია.


გარშემორტყმული იყო დედამიწაზე არსებული ყოველგვარი ფუფუნებითა და
ყურადღებით. მაგრამ ამასთან მას არ ანებივრებდნენ და გონებრივად ადრე
განვითარდა. მამამისი ჭკვიანი კაცი იყო და ქველმოქმედებას აჩვევდა. ამის გარდა
მასწავლებლად ჰყავდა ცნობილი სწავლული. მასწავლებელი ყველაფერში
ამეცადინებდა‚ რაც კი ახალგაზრდას უნდა სცოდნოდა. ალმანსორი ათი წლისა
იქნებოდა‚ როცა ფრანკებმა ზღვა გადმოლახეს‚ მის ქვეყანას თავს დაესხნენ და მის
ხალხთან ომი გამართეს.

როგორც ჩანს‚ ბიჭის მამამ რაღაცით ვერ ასიამოვნა ფრანკებს. ერთ დღეს‚ როცა
დილის ლოცვებზე მიდიოდა‚ მიადგნენ და მისი ცოლი მოითხოვეს ფრანკების
მიმართ ერთგულების ნიშნად. ამაზე მამა არ დასთანხმდა. მაშინ ვაჟიშვილი წაართვეს
და ბანაკში წაიყვანეს.

როცა ახალგაზრდა მონა ამას ყვებოდა‚ შეიხმა სახეზე ხელები აიფარა. დარბაზში
უკმაყოფილო დრტვინვა გაისმა:

– როგორ? – დაიძახეს შეიხის მეგობრებმა. – რა უფლება აქვს ახალგაზრდა კაცს ასე


სულელურად მოიქცეს‚ იმის ნაცვლად‚ რომ ალი ბანუს ჭრილობა მოულბოს‚ ასეთი
ამბებით უფრო ამწვავებს. რა უფლება აქვს‚ რომ ტკივილებს უახლებს!

მონების ზედამხედველიც გაბრაზდა უსირცხვილო ახალგაზრდაზე და მოითხოვა


დადუმებულიყო.

ახალგაზრდა მონა ამით ძალზე გაკვირვებული დარჩა და შეიხს შეეკითხა‚ ჩემმა


ნაამბობმა ხომ არ გამოიწვია თქვენი აღელვებაო. ამ სიტყვებზე შეიხი მხრებში
გასწორდა და მიუგო:

– დაწყნარდით, მეგობრებო! როგორ შეიძლება ამ ახალგაზრდამ ჩემს უბედურ


ბედზე რამე იცოდეს. იგი სულ სამი დღეა ამ ჭერქვეშ არის. განა არ შეიძლებოდა
ასეთივე საშინელება ფრანკებს სხვასთანაც ჩაედინათ? განა თვით ალმანსორი არ
შეიძლება‚ რომ... მაგრამ განაგრძე‚ ჩემო ახალგაზრდა მეგობარო!

ახალგაზრდა მონამ თაყვანი სცა და განაგრძო:

– მაშ ასე‚ ალმანსორი ფრანკების ბანაკში გაამგზავრეს. საერთოდ თავს იქ კარგად


გრძნობდა‚ ვინაიდან ერთ-ერთმა მხედართმთავარმა თავის კარავში მიიყვანა და
ერთობოდა ბავშვის პასუხით‚ რომელიც თარჯიმანს უნდა გადაეთარგმნა. ზრუნავდა,
მისთვის სასმელ-საჭმელი და ტანსაცმელი არ მოეკლოთ‚ მაგრამ დედისა და მამის
ნახვის სურვილმა ძალზე დაანაღვლიანა ბიჭი.

დიდხანს ტიროდა. მისი ცრემლები არ აღელვებდა ამ კაცებს. ბანაკი აიყარა და


ალმანსორს ეგონა ისევ უკან დააბრუნებდნენ‚ მაგრამ ასე არ მოხდა. ჯარი წინ იწევდა‚
იბრძოდნენ მამლუქებთან და ალმანსორს ყველგან თან დაატარებდნენ. როცა
მხედართმთავარსა და უფროსებს ემუდარებოდა სახლში გაეშვათ‚ ისინი უარს
ეუბნებოდნენ იმის გამო‚ რომ იგი მამამისის ერთგულების მძევლად ჰყავდათ. ასე
მრავალი დღის განმავლობაში მათთან ერთად ლაშქრობაში იყო.

ერთბაშად ჯარში აღელვება დაიწყო‚ რომელიც ბავშვს არ გამოჰპარვია.


ლაპარაკობდნენ აყრაზე‚ შინ დაბრუნებაზე‚ გემზე ასვლაზე. ალმანსორის სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა. ახლა‚ როცა ფრანკები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ‚ ის
უნდა გაეთავისუფლებინათ. ჯარი დატვირთული გაემგზავრა ზღვის ნაპირისაკენ‚
ბოლოს გემიც გამოჩნდა ღუზაჩაშვებული. ჯარისკაცებმა მასში იწყეს ჩასხდომა.
დაღამდა‚ სანამ მათ მოასწრეს ერთი ნაწილის გადაყვანა. ალმანსორი ცდილობდა არ
ჩასძინებოდა. ბიჭი ხომ ყოველ წუთს ელოდა სახლში გამიშვებენო‚ მაგრამ მაინც
ღრმა ძილს მიეცა. მისი აზრით‚ ფრანკებმა წყალში ძილის წამალი ჩაუყარეს. როცა
გაეღვიძა‚ პატარა ოთახში მზე ანათებდა. ამ ოთახში იგი სულაც არ ყოფილა.

საწოლიდან წამოხტა. იატაკზე ფეხი რომ დადგა‚ დაეცა. გემი ირწეოდა.


ეჩვენებოდა‚ თითქოს მის ირგვლივ ყველაფერი ქანაობდა და ცეკვავდა. წამოდგა და
კედლებზე მიყრდნობით ოთახიდან გასვლას შეეცადა.

ირგვლივ საკვირველი ხმაური და შრიალი ისმოდა. ვერც კი გაეგო‚ ძილში იყო თუ


ცხადში. მსგავსი რამ არასოდეს ენახა.

ბოლოს მიაღწია პატარა კიბეს. ძლივს ავიდა ზედ და რა საშინელება იხილა!


გარშემო არაფერი იყო ცისა და ზღვის გარდა. ბიჭი გემზე იმყოფებოდა. იგი
საცოდავად ატირდა. უნდოდა ზღვაში გადამხტარიყო და უკან გაეცურა
სამშობლოსაკენ. ფრანკებმა დააკავეს. ერთმა მხედართმთავარმა მიიხმო და
შეჰპირდა‚ თუ გამგონი იქნები‚ სამშობლოში დაბრუნების ნებას მოგცემენო. თან
აუხსნა‚ რომ მისი სახლში დაბრუნება შეუძლებელი იყო და ნაპირზე დატოვება კი
შიმშილით სიკვდილს არ ააცდენდა.

მაგრამ ფრანკები თავიანთი სიტყვის პატრონები არ გამოდგნენ. გემი რამდენიმე


დღის განმავლობაში გზას განაგრძობდა და‚ როცა ხმელეთს მიადგა‚ ნაპირი
ეგვიპტისა კი არა‚ ფრანკისტანისა აღმოჩნდა. ალმანსორმა ჯერ კიდევ ბანაკში
ყოფნისა და შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობის დროს ისწავლა ფრანკების ენა. ეს იმ
ქვეყანაში‚ სადაც მისი კილოკავი არავის ესმოდა‚ ძალზე გამოადგა.

მრავალი დღის განმავლობაში მიჰყავდათ ქვეყნის შუაგულისაკენ. ყველგან მის


სანახავად ხალხი გროვდებოდა. მისი თანამგზავრები ამბობდნენ‚ ეს ეგვიპტის
უფლისწულია‚ მამამისმა თავისი შვილი ცოდნის მისაღებად გამოგვატანაო.

ასე აცხადებდნენ ჯარისკაცები მხოლოდ იმიტომ‚ რომ ხალხი დაერწმუნებინათ‚


ეგვიპტე დავიპყარით და ახლა მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვსო.
რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ დიდ ქალაქში‚ რომელიც მათი მგზავრობის
მიზანი გახლდათ.

იქ გადასცეს ბიჭი ერთ ექიმს‚ რომელმაც თავის სახლში წაიყვანა‚ შეასწავლა


ფრანკისტანული წესები და ჩვეულებანი. უპირველეს ყოვლისა‚ ჩააცვეს ფრანკული
ტანსაცმელი. იგი ძალზე ვიწრო გამოდგა და თანაც არც ისეთი ლამაზი‚ როგორც მისი
ეგვიპტური. მას გულხელდაკრეფით თაყვანი აღარ უნდა ეცა. ხოლო‚ თუ
პატივისცემის გამოხატვა სურდა‚ ცალი ხელით უშველებელი შავი ბეწვის ქუდი
უნდა მოეხადა‚ რომელსაც ყველა მამაკაცი ატარებდა და მასაც დაახურეს; მეორე
ხელი განზე გაეწია და მარჯვენა ფეხი მეორისათვის მიედგა. არ შეეძლო
ფეხმორთხმით ჯდომა‚ როგორც ეს აღმოსავლეთის ქვეყნებშია მიღებული.
მაღალფეხებიან სკამზე უნდა დამჯდარიყო‚ ფეხები ძირს ჩამოეშვა. ჭამაც მცირე
სიძნელეს როდი წარმოადგენდა. ყველაფერი‚ სანამ პირში ჩაიდებდა‚ ჯერ რკინის
ჩანგალზე უნდა წამოეგო.

ექიმი მკაცრი კაცი იყო. იგი ბავშვს ტანჯავდა. როცა ზოგჯერ მისალმებისას
დაავიწყდებოდა ხოლმე და სტუმარს მიმართავდა: „სალამ ალეიქუმ!”‚ ჯოხით
სცემდა‚ რადგან უნდა ეთქვა „Vორტე სერვიტეურ”. ბიჭს თავის ენაზე აკრძალული
ჰქონდა ეაზროვნა‚ ელაპარაკა და ეწერა. შეეძლო მხოლოდ ეოცნება და ალბათ,
სრულიად დაავიწყდებოდა დედაენა‚ თუ არა იმ ქალაქში მცხოვრები ერთი კაცი‚
რომელმაც განსაკუთრებული სარგებლობა მოუტანა.

ეს მოხუცი დიდი სწავლული კაცი იყო‚ იცოდა მეტ-ნაკლებად ბევრი


აღმოსავლური ენა: არაბული‚ სპარსული‚ კოპტური‚ ჩინური. იმ მხარეში ცნობილ
მეცნიერად ითვლებოდა‚ უამრავ ფულს აძლევდნენ‚ რომ ეს ენები სხვებისათვის
ესწავლებინა.

კაცი კვირაში რამდენჯერმე იხმობდა თავისთან ალმანსორს‚ უმასპინძლდებოდა


იშვიათი ხილითა და ტკბილეულით. მაშინ ბავშვი ისე გრძნობდა თავს‚ როგორც
საკუთარ სახლში. მოხუცმა შეუკვეთა ალმანსორისათვის ტანსაცმელი‚ როგორსაც
ეგვიპტის წარჩინებულნი ატარებდნენ. ამ კაბებს თავისთან‚ განსაკუთრებულ ოთახში
ინახავდა. მოვიდოდა თუ არა ალმანსორი‚ მსახურთან ერთად გაგზავნიდა იმ ოთახში
და თავისი ქვეყნის ჩვეულებისამებრ გამოაწყობდა ხოლმე. აქედან გაემართებოდა
სწავლულის დარბაზში‚ რომელსაც პატარა არაბეთს უწოდებდნენ. ეს დარბაზი
მორთული იყო ხელოვნური ხეებით‚ პალმებით‚ ბამბუკით‚ ახალგაზრდა კედრითა
და ყვავილებით‚ რაც მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებში იზრდება. იატაკზე
სპარსული ხალიჩები ეფინა. კედლებთან ბალიშები ეწყო‚ არსად ჩანდა ფრანკული
სკამი ან მაგიდა. ერთ-ერთ ასეთ ბალიშზე პროფესორი იჯდა. მისი გამოხედვა
ჩვეულებრივს სულ არ ჰგავდა. თავზე ჩალმასავით შემოხვეული ჰქონდა მშვენიერი
თურქული შალი. ნაცრისფერი ხელოვნური წვერი‚ მუცლამდე რომ სცემდა‚
ნამდვილისაგან ძნელად გამოირჩეოდა. ამის გარდა‚ დილის ფარჩის ხალათისაგან
შეკერილი წამოსასხამი ეხურა‚ განიერი თურქული შარვალი‚ ყვითელი ქოშები ეცვა
და‚ თუმცა საერთოდ მშვიდი ბუნებისა იყო‚ ამ დღეს იკეთებდა თურქულ ხმალს და
ქამარში ყალბი ქვებით მოჭედილ ხანჯალს ირჭობდა. ეწეოდა ორი მტკაველი
სიგრძის ჩიბუხს და იმსახურებდა თავის ხალხს‚ რომელიც ასევე აღმოსავლურად იყო
გამოწყობილი‚ ნახევარს ხელები და სახე შავად ჰქონდა შეღებილი.

პირველად ალმანსორს ყოველივე ძალზე უცნაურად ეჩვენებოდა. მაგრამ მალე


დაინახა‚ რომ ეს მოხუცისათვის მეტად სასიამოვნო იყო.

თუ ექიმთან აკრძალული ჰქონდა არაბულად ლაპარაკი‚ აქ ფრანკულად არ


შეიძლებოდა ხმის ამოღება.

ალმანსორს შემოსვლისას უნდა მშვიდობა ესურვა‚ რაზეც მოხუცი სპარსული


აღფრთოვანებით აძლევდა პასუხს. მერე ანიშნებდა ახალგაზრდას‚ გვერდზე
მისჯდომოდა‚ და იწყებოდა სპარსულად‚ არაბულად‚ კოპტურად და ყველაფრის
ერთმანეთში არეულად ლაპარაკს. სწავლული ამას აღმოსავლურ საუბარს უწოდებდა.
მის გვერდით იდგა მსახური‚ ანდა‚ როგორც ეძახდნენ‚ მონა‚ რომელსაც დიდი წიგნი
ეჭირა. წიგნი ლექსიკონი იყო. როცა მოხუცს სიტყვა შემოაკლდებოდა‚ მონას
ანიშნებდა‚ გადაეშალა‚ მონახავდა‚ რისი თქმაც უნდოდა‚ მერე კი ჩვეულებრივ
განაგრძობდა.

მონებს თურქული ჭურჭლით მოჰქონდათ შარბათი და სხვა მსგავსი სასმელები.


თუ ალმანსორს სურდა დიდად ესიამოვნებინა მოხუცი‚ უნდა ეთქვა‚ აქ ყველაფერი
ისეა მოწყობილი‚ როგორც ჩვენთან‚ აღმოსავლეთშიო. ალმანსორი მშვენივრად
კითხულობდა სპარსულს. ეს კი მთავარი იყო მოხუცისათვის. მას ბევრი სპარსული
ხელნაწერი ჰქონდა. აქედან აკითხებდა ალმანსორს. თვითონ ყურადღებით
იმეორებდა ყოველ სიტყვას და იმახსოვრებდა სწორ გამოთქმას.

მოხუცი პროფესორი მას არასოდეს უშვებდა ხელცარიელს. ხშირად მოჰქონდა


ძვირფასი საჩუქრები‚ ფული‚ ტილო და სხვა საჭირო ნივთები‚ რასაც ექიმი მას არ
აძლევდა. ასე ცხოვრობდა ალმანსორი ფრანკების დედაქალაქში რამდენსამე
წელიწადს და არასოდეს შენელებია სამშობლოში დაბრუნების სურვილი. როცა
თხუთმეტი წელი შეუსრულდა‚ მოხდა ერთი შემთხვევა‚ რომელმაც მის შემდგომ
ბედზე დიდი გავლენა მოახდინა.

ფრანკებმა თავიანთი მთავარსარდალი‚ ვისაც ალმანსორი ეგვიპტეში ისე ხშირად


ესაუბრებოდა‚ მეფედ და მბრძანებლად აირჩიეს. მართალია‚ ალმანსორი ქალაქში
გამართული ზეიმის მიხედვით ხვდებოდა‚ რომ მოხდა რაღაც ამისი მსგავსი‚ მაგრამ
ის კი ვეღარ წარმოედგინა‚ რომ მეფე სწორედ ის იქნებოდა‚ ვისაც ეგვიპტეში
ხედავდა. სარდალი ხომ ჯერ მეტად ახალგაზრდა ჩანდა!

ერთ დღეს ალმანსორი ქალაქის ფართო მდინარეზე გაბმულ ხიდს გადიოდა. აქ


დაინახა უბრალო ჯარისკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი. კაცი ხიდის
მოაჯირს დაჰყრდნობოდა და ტალღებს ჩასცქეროდა. კაცის სახე თითქოს სადღაც
უკვე ენახა. ის სწრაფად დაუბრუნდა წარსულის მოგონებებს და‚ როცა მივიდა
ეგვიპტის მოგონებებთან‚ გონება უცებ გაეხსნა. გაახსენდა‚ რომ ეს კაცი ფრანკების
მხედართმთავარი იყო. ბანაკში იმას ხშირად ესაუბრებოდა‚ მისდამი ყოველთვის
კეთილად იყო განწყობილი და მზრუნველობას იჩენდა. მისი ნამდვილი სახელი
კარგად ახსოვდა. მოიკრიბა გამბედაობა‚ მიუახლოვდა‚ დაუძახა‚ როგორც მას
ჯარისკაცები ეძახდნენ‚ თავისი ქვეყნის ჩვეულებისამებრ გულხელი დაიკრიფა და
უთხრა „სალამ ალეიქუმ‚ პტი კაპრალ!”

განცვიფრებულმა კაცმა უკან მოიხედა. მომნუსხავი მზერა მიაპყრო‚ რაღაცას


იგონებდა და მერე წარმოთქვა:

– ღმერთო‚ განა შესაძლებელია‚ შენ რომ აქ გხედავ‚ ალმანსორ? რას აკეთებს


მამაშენი? რა ხდება ეგვიპტეში? რამ მოგიყვანა ჩვენთან?

ალმანსორს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო‚ მან მწარედ დაიწყო ტირილი და უთხრა:
მაშ შენ არაფერი იცი‚ რაც ძაღლებმა‚ შენმა თანამემამულეებმა გამიკეთეს‚ პტი
კაპრალ? არ იცი‚ რომ რამდენიმე წელიწადია ჩემი სამშობლო აღარ მინახავს?

– არ მინდა დავიჯერო! – წამოიძახა კაცმა და შუბლი მოეღუშა. – არ მინდა


დავიჯერო. შენ ძალით წამოგიყვანეს თან?

– ნამდვილად‚ – უპასუხა ალმანსორმა. – იმ დღეს‚ როცა თქვენი ჯარისკაცები


გემზე ავიდნენ‚ ჩემი სამშობლო უკანასკნელად ვიხილე. მათ თან გამომიყოლეს და
ჩემი მდგომარეობით გულაჩვილებულმა ერთმა სპათარმა ფული გადაუხადა
დაწყევლილ ექიმს‚ რომელიც მცემდა და ნახევრად მშიერს მკლავდა. მისმინე‚ პტი
კაპრალ‚ – განაგრძო გულუბრყვილოდ. – კარგია‚ რომ აქ გნახე‚ უნდა მიშველო!

კაცმა‚ რომელსაც ელაპარაკებოდა‚ ჩაიცინა და ჰკითხა‚ რა გზით დაგეხმაროო.

– მართლა უსამართლობაა‚ რომ შენგან კიდევ რამე მოვითხოვო‚ – მიუგო


ალმანსორმა. – მუდამ ისე კეთილი იყავი ჩემს მიმართ‚ მაგრამ‚ ვიცი‚ შენც
ალალმართალი კაცი ხარ და იმის მიუხედავად‚ რომ მხედართმთავარიც
ბრძანდებოდი‚ არასოდეს დადიოდი ისე მოხდენილად ჩაცმული‚ როგორც
დანარჩენები. ახლაც გეტყობა ტანსაცმელსა და ქუდზე‚ შენი საქმეები არც ისე კარგად
მიდის. დიდი ხანი არ არის‚ რაც ფრანკებმა სულთანი აირჩიეს და‚ რა თქმა უნდა‚
იცნობთ ხალხს‚ რომლებიც მასთან უფრო ახლოს არიან‚ – იანიჩრების აღას‚ ან რეის
ეფენდის‚ ანდა კაპუდან ფაშას‚ არა?

– კი‚ – უპასუხა კაცმა. – მერე?

– მათთან შეგეძლო ჩემზე რაიმე გეთქვა‚ პტი კაპრალ‚ რომ ეთხოვათ ფრანკების
სულთანისათვის‚ სახლში გავეშვი. მერე დამჭირდება კიდევ ფული სამგზავროდ‚
მაგრამ პირობა უნდა მომცე‚ რომ ამაზე არაფერს ეტყვი არც ექიმს და არც არაბული
ენის პროფესორს.

– ვინ არის არაბული ენის პროფესორი? – ჰკითხა მან.


– ოჰ‚ ეს საოცარი კაცია‚ მაგრამ მასზე სხვა დროს გიამბობ. ეს რომ ვინმემ გაიგოს‚
ფრანკისტანიდან ვეღარ დავაღწევ თავს. ეტყვი აღას ჩემზე? მითხარი ნამდვილად!

– წამომყევი‚ იქნებ ახლავე გამოგადგე რამეში.

– ახლა? – დაიძახა შეშინებულმა ბიჭმა. – ახლა არავითარ შემთხვევაში. ექიმი


მცემს‚ უნდა ვიჩქარო‚ რომ შინ დროზე მივიდე.

– რა მიგაქვს კალათით? – შეეკითხა და თან შეაჩერა.

ალმანსორი გაწითლდა. არ უნდოდა ეჩვენებინა. ბოლოს უთხრა:

– შეხე‚ პტი კაპრალ‚ მე აქ ისეთი სამუშაო უნდა შევასრულო‚ რასაც მამაჩემის


მონები ასრულებენ. ექიმი ძუნწი კაცია და ყოველდღე მგზავნის ერთი საათის
სავალზე ბოსტნეულისა და თევზის საყიდლად. იქ ბაზრის ჭუჭყიან დედაკაცებთან
უნდა ვივაჭრო‚ ამ ბაზარზე რამდენიმე კაპიკით იაფი ღირს სურსათი‚ ვიდრე ქალაქის
ჩვენს ნაწილში. შეხე‚ ამ აყროლებული თევზის‚ ერთი მუჭა სალათისა და ერთი ბეწო
კარაქისათვის ყოველდღე ორი საათი უნდა ვიარო. ოჰ! ეს რომ მამაჩემმა იცოდეს!

კაცს გული აუჩუყდა ბავშვის გაჭირვებაზე და უთხრა:

– წამომყევი და დამშვიდდი‚ ექიმი ვერ გაბედავს შენს წყენინებას. – ამ სიტყვებით


ხელი მოჰკიდა ალმანსორს და თან წაიყვანა. ბიჭს თუმცა გული ეკუმშებოდა ექიმზე
ფიქრით, ამ კაცის სიტყვებსა და მოქცევაში იმდენი რწმენა იყო‚ რომ მაინც
გადაწყვიტა გაჰყოლოდა. იღლიაში ამოდებული კალათით ჯარისკაცის გვერდში
ქალაქის ქუჩები გაიარა. უცნაურად ეჩვენებოდა‚ რომ ყველა გამვლელი ქუდს
უხდიდა‚ ჩერდებოდა და შესცქეროდა მათ. მისი თანამგზავრი კი იცინოდა და ამაზე
არაფერს ამბობდა.

ბოლოს მშვენიერ სასახლესთან მივიდნენ.

– აქ ცხოვრობ‚ პტი კაპრილ? – შეეკითხა ალმანსორი.

– აქ არის ჩემი ბინა‚ – მიუგო მან. – მინდა ჩემს ცოლთან მიგიყვანო.

– ოჰ‚ რა კარგად ცხოვრობ! – განაგრძო ალმანსორმა. – ალბათ, სულთანმა მოგცა


თავისუფალი ბინა.

– ეს ბინა მართლაც მეფისაგან მაქვს მიღებული‚ – მიუგო თანამგზავრმა და


სასახლეში შეიყვანა. ავიდნენ ფართო კიბეზე. იქ‚ მშვენიერ დარბაზში დაატოვებინა
კალათა და მასთან ერთად შევიდა საუცხოო ოთახში‚ სადაც სავარძელში ქალი იჯდა.
კაცმა უცხოურ ენაზე რაღაც უთხრა‚ რაზეც ორივეს გაეცინა და მერე ქალმა
ალმანსორს ფრანკულად ეგვიპტის ამბები გამოჰკითხა. ბოლოს პტი კაპრალმა
ახალგაზრდას მიმართა.

– იცი‚ რა სჯობია ყველაფერს? მეფესთან წაგიყვან და იმას მოველაპარაკები შენზე.


– ალმანსორს ძლიერ შეეშინდა‚ მაგრამ გაახსენდა თავისი ბედი და სამშობლო.
– უბედურებს‚ – მიმართა ორივეს‚ – უბედურებს ალაჰი გაჭირვების დროს
სიმხნევეს მატებს და მეც‚ საწყალ ბიჭს‚ არ დამტოვებს. შევასრულებ ყველაფერს‚
წავალ მასთან. მაგრამ მითხარი‚ კაპრალ‚ მეფის წინაშე მუხლებზე უნდა დავეცე‚
შუბლით იატაკს შევეხო თუ რა გავაკეთო?

ორივემ ისევ სიცილი დაიწყო და უთხრა‚ ყველაფერი ეს საჭირო არ არისო.

– როგორი შეხედულება აქვს‚ ძალიან საშინელი და დიდებულია? – განაგრძობდა


კითხვას. – გრძელი წვერი აქვს? თვალები უელავს? თქვი‚ როგორ გამოიყურება!

მისმა თანამგზავრმა ისევ სიცილი დაიწყო და უთხრა:

– უკეთესია‚ არ აგიწერო‚ ალმანსორ‚ თვითონ უნდა გამოიცნო როგორია. მხოლოდ


ერთ ნიშანს გეტყვი: ყველა‚ ვინც მეფის დარბაზში იქნება, მოწიწებით მოიხდის
ქუდს, ვისაც თავზე ქუდი ეხურება‚ მეფე ის იქნება.

ამ სიტყვებით მოჰკიდა ხელი და მეფის დარბაზისაკენ გაემართა. რაც უფრო


უახლოვდებოდა‚ მით უფრო ძალუმად უცემდა გული ალმანსორს და‚ როცა კარს
მიადგნენ‚ მუხლებმა კანკალი დაუწყო.

მსახურმა კარი გააღო. სულ ცოტა ოცდაათი კაცი ნახევარწრედ იდგა‚ ყველა
ოქრომკედით მოქარგულ ძვირფას ტანსაცმელში იყო გამოწყობილი‚ როგორც ეს
ფრანკების ქვეყანაშია მიღებული. ალმანსორს ეგონა‚ მისი თანამგზავრი‚ რომელიც
ასე უბრალოდ იყო ჩაცმული‚ ყველაზე პატარა კაცი იქნებოდა მათ შორის. ყველამ
მოიხადა თავსარქმელი და ალმანსორი დააკვირდა‚ ვის ეხურა ქუდი: მეფე ხომ ის
იქნებოდა. ამაოდ ეძებდა. ქუდი ყველას ხელში ეჭირა. მეფე მათ შორის‚ ცხადია‚ არ
უნდა ყოფილიყო. ამ დროს შემთხვევით შეხედა თავის თანამგზავრს და გაოცდა – იგი
ქუდდახურული იდგა.

ახალგაზრდა განცვიფრებული და თავზარდაცემული დიდხანს შესცქეროდა თავის


თანამგზავრს. მერე თვითონაც ქუდი მოიხადა და წარმოთქვა:

– სალამ ალეიქუმ‚ პტი კაპრალ! რამდენადაც ვიცი‚ მე არა ვარ ფრანკების


სულთანი‚ გამოდის‚ ქუდიც არ უნდა მეხუროს. შენ კი ქუდი გხურავს. პტი კაპრალ‚
ნუთუ შენა ხარ მეფე?

– გამოიცანი‚ – უთხრა მან. – ამის გარდა მეგობარიც ვარ შენი. შენს უბედურებას მე
ნუ მომაწერ: ეს მდგომარეობის ბრალია. დარწმუნებული იყავი‚ პირველივე გემით
გაემგზავრები სამშობლოში. წადი ისევ ჩემს ცოლთან‚ უამბე არაბული ენის
პროფესორის ამბავი და სხვა რაც იცი. თევზსა და სალათას თვითონ გავუგზავნი
ექიმს‚ შენ კი გამგზავრებამდე აქ დარჩები‚ ჩემს სასახლეში.

ასე ლაპარაკობდა კაცი‚ რომელიც მეფე იყო.

ალმანსორი მუხლებზე დაეცა მის წინაშე‚ დაუკოცნა ხელები და პატიება სთხოვა‚


რომ ვერ იცნო‚ რადგან არ ეგონა‚ თუ ის მეფე იქნებოდა.
– მართალი ხარ‚ – უპასუხა სიცილით. – როცა მეფედ სულ ცოტა ხანს იმყოფები‚
შუბლზე არ გეწერება. – ეს უთხრა და ანიშნა გასულიყო.

ამ დღიდან ალმანსორი ბედნიერად და მხიარულად ცხოვრობდა. არაბულის


პროფესორი‚ რომელზეც მეფეს უამბო‚ რამდენჯერმე ინახულა‚ ექიმი აღარ
მოუკითხავს. ორიოდე კვირის შემდეგ მეფემ იხმო და აცნობა‚ რომ გემი‚ რომლითაც
ეგვიპტეში უნდოდა გაეგზავნათ‚ მზად იყო. ალმანსორი სიხარულისაგან ცას ეწია.
ბევრი დრო არ დასჭირდა მის მომზადებას‚ მადლობით სავსე გულით‚ ქონებით‚
საჩუქრებით კარგად დატვირთული მეფისაგან ზღვისკენ გაემგზავრა და გემზე
ავიდა.

მაგრამ ალაჰს კიდევ დიდხანს უნდოდა მისი გამოცდა‚ მისი ნებისყოფის


უბედურებაში გამოჭედვა‚ თავისი სამშობლოს ნაპირი ჯერ კიდევ არ აჩვენა.

სხვა ფრანკი ხალხი‚ ინგლისელები‚ ომს აწარმოებდნენ ზღვაზე‚ ისინი ყველა გემს
ძარცვავდნენ‚ რომლის დამარცხებასაც შეძლებდნენ. მოხდა ისე‚ რომ მგზავრობის
მეექვსე დღეს გემს‚ რომელზეც ალმანსორი იმყოფებოდა‚ ინგლისელთა გემები გარს
შემოერტყნენ და სროლა აუტეხეს. ისინი უნდა დანებებოდნენ. მთელი ეკიპაჟი
პატარა გემზე გადაიყვანეს‚ რომელმაც სხვა გემებთან ერთად ცურვა განაგრძო.

მაგრამ ზღვაზე ისეთივე მოუსვენრობაა‚ როგორც უდაბნოში‚ სადაც ქარავნებს


მოულოდნელად ყაჩაღები ესხმიან თავს‚ კლავენ და ძარცავენ.

ტუნისელი მეკობრეები თავს დაესხნენ პატარა გემს. გემი ქარიშხალმა სხვა გემებს
დააცილა. იგი ხელთ იგდეს‚ მთელი ეკიპაჟით ალჟირში წაიყვანეს და გაყიდეს.

ალმანსორი არ მოხვდა ისეთ მკაცრ მონობაში‚ როგორც ქრისტიანები‚ –


მართლმადიდებელი მუსლიმანი იყო. მაგრამ მაინც ყოველგვარი იმედი დაკარგული
ჰქონდა სამშობლოსა და მამის ნახვისა. იქ ერთ მდიდარ კაცთან ხუთ წელიწადს
დაჰყო. მისი მოვალეობა ყვავილების მორწყვა და ბაღის მოვლა გახლდათ. მაგრამ
მდიდარი კაცი მოკვდა ისე‚ რომ მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ქონება დაიტაცეს‚
მონები დაინაწილეს‚ ალმანსორი კი მონებით მოვაჭრეს ხელში ჩაუვარდა. სწორედ ამ
დროს იგი ამზადებდა გემს‚ რომ მონები უფრო ძვირად გაეყიდა სხვა მხარეში. მოხდა
ისე‚ მე თვითონაც ამ მოვაჭრეს მონა ვიყავი და იმავე გემზე აღმოვჩნდი‚ სადაც
ალმანსორი იმყოფებოდა. იქ გავიცანით ერთმანეთი და მან მიამბო თავისი უცნაური
თავგადასავალი. მაგრამ ნაპირს რომ ვუახლოვდებოდით‚ალაჰის საოცარი სურვილის
მოწმე გავხდი. ნაპირი‚ რომელსაც ჩვენ მივადექით‚ მისი სამშობლო აღმოჩნდა.
სწორედ მის მშობლიურ ქალაქში გადმოვედით. და აი‚ ჩემო ბატონო‚ მოკლედ რომ
ვთქვა‚ კაცი‚ რომელმაც ის იყიდა, მისი საკუთარი ძვირფასი მამა იყო.

შეიხი ალი ბანუ ამ ამბის მოსმენის შემდეგ ღრმა ფიქრებს მიეცა. ამბავმა უნებლიეთ
გაიტაცა. ღრმად სუნთქავდა‚ თვალები უელავდა და ხშირად მზად იყო სიტყვა
შეეწყვეტინებინა ახალგაზრდა მონისათვის. ეტყობოდა‚ მოსმენილი ამბის
დასასრულმა ვერ დააკმაყოფილა.

– მაშ, შენ ამბობ‚ ოცდაერთი წლისა იქნებოდა ახლა?

– ბატონო‚ ის ჩემი ხნისაა‚ – ოცდაერთი- ოცდაორი წლისა.


– და რომელი ქალაქი დაასახელა თავის სამშობლოდ? ეს არ გითქვამს ჩემთვის.

– თუ არა ვცდები‚ – უპასუხა მან. – ალექსანდრია.

– ალექსანდრია! – შესძახა მეფემ. – ეს ჩემი შვილია! – სად დარჩა იგი? არ იტყვი‚


რომ მას კაირამი ერქვა? განა შავი თმა და ყავისფერი თვალები არა ჰქონდა?

– დიახ‚ ეგეთი იყო. მწუხარების წუთებში თავის თავს კაირამს უწოდებდა და არა
ალმანსორს.

– ალაჰ! ალაჰ! მითხარი ჩქარა‚ შენს თვალწინ იყიდა მამამისმა? თვითონ თქვა
მამაჩემიაო? მაშ‚ ის ჩემი შვილი არ ყოფილა!

მონამ უპასუხა:

– მან მითხრა: მადლობა ალაჰს‚ ამდენი უბედურების შემდეგ ჩემი სამშობლო


ქალაქის ბაზარი კვლავ რომ ვიხილეო. მერე კუთხიდან წარჩინებული კაცი გამოვიდა.
მაშინ მან დაიძახა: ოჰ‚ რა დიდი მადლი მიანიჭა ზეცამ ადამიანს‚ თვალები რომ
მისცაო. კიდევ ერთხელ შევძელი ჩემი პატივცემული მამის ნახვაო! ის კაცი მოვიდა
ჩვენთან‚ დაათვალიერა ყველა და ბოლოს იყიდა იგი‚ ვისაც ყოველივე ეს გადახდა.
მაშინ ალაჰი იხმო‚ მხურვალედ გადაუხადა მადლობა და ჩამჩურჩულა: აი‚ ისევ
ვუბრუნდები ბედნიერების სავანეს. მე საკუთარმა მამამ მიყიდაო.

– მაშ, ის ჩემი შვილი არ ყოფილა‚ ჩემი კაირამი! – თქვა შეწუხებულმა შეიხმა.

მაშინ ახალგაზრდამ თავი ვეღარ შეიკავა‚ სიხარულის ცრემლი მოადგა თვალზე‚


დაეცა შეიხის წინაშე და დაიძახა:

– ამის მიუხედავად მაინც კაირამ-ალმანსორი თქვენი შვილია‚ რადგან სწორედ


თქვენ იყიდეთ იგი.

– ალაჰ‚ ალაჰ‚ სასწაულია‚ დიდი სასწაულია! – აზრიალდა იქ მყოფი ხალხი და


ახლოს მიიწია. შეიხი კი სიტყვაგამშრალი დასცქეროდა ახალგაზრდას‚ რომელმაც
თავისი ლამაზი სახე მისკენ მიაბრუნა.

– ჩემო მეგობარო მუსტაფა! – მიმართა შეიხმა მოხუც დერვიშს. – თვალებზე ლიბრი


გადამეფარა‚ ვეღარაფერს ვხედავ‚ არის ამ სახეში დედის ნაკვთები‚ რომელსაც ჩემი
კაირამი ატარებდა? მიდი‚ ახლოს დააკვირდი!

მოხუცი მიუახლოვდა‚ დიდხანს უყურა‚ ხელი დაადო ახალგაზრდის შუბლს და


თქვა:

– კაირამ‚ გამახსენე‚ რა გითხარი იმ უბედურ დღეს‚ როცა ფრანკებმა წაგიყვანეს?

– ჩემო ერთგულო მასწავლებელო‚ - უპასუხა ახალგაზრდამ და თან მისი ხელი


ტუჩებთან მიიტანა. – თქვენ მითხარით: ვისაც ალაჰი უყვარს და სულით წმინდაა‚ ის
მწუხარების უდაბნოშიც არ იქნება მარტო‚ რადგან მას ორი თანამგზავრი ჰყავს‚
რომლებიც დააწყნარებენ და ნუგეშს სცემენო.
მაშინ მოხუცმა მადლით სავსე თვალები ზეაღაპყრო‚ ბიჭი გულში ჩაიკრა‚ შეიხს
გადასცა და უთხრა:

– წაიყვანე... როგორც ის არის სწორი‚ რომ მასზე ათ წელიწადს დარდობდი‚ ისევე


სწორია‚ რომ ეს შენი შვილი კაირამია.

შეიხი თავდავიწყებამდე მივიდა სიხარულისა და ბედნიერებისაგან. ხარბად


მისჩერებოდა დაბრუნებულს და ნათლად აღადგინა თავისი შვილის სახე. ყველა იქ
მყოფმა გაიზიარა მისი სიხარული. შეიხი უყვარდათ და ყველა მათგანი ამას ისე
განიცდიდა‚ თითქოს ალაჰს თვითონ მათთვის ეჩუქებინოს შვილი.

ამ სახლში ისევ გაისმა სიმღერისა და მხიარულების ხმები‚ როგორც ბედნიერ


დღეებში ხდებოდა ხოლმე. ახალგაზრდას კიდევ ერთხელ და უფრო ვრცლად
აამბობინეს თავისი ამბავი; ლოცავდნენ არაბულის პროფესორს‚ მეფესა და ყველას‚
ვინც კაირამი შეივრდომა. შეკრებილნი გვიან ღამემდე დარჩნენ და‚ როცა დაიშალნენ‚
შეიხმა მდიდრულად დაასაჩუქრა ხალხი ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად.

You might also like