You are on page 1of 5

მოკალი ევა

ლუკ ჯენინგსი

2021-03-05

1
ლუკ ჯენინგსი

ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი სულაძემ

სარედაქციო ჯგუფი: თეა ბარამაშვილი, სალომე საბანაძე, ნათია მაჭავარიანი,

2
ნანა ბარბაქაძე, მარინა ინანიშვილი, ნატალია ახვლედიანი, ლევან ლაცაბიძე,
გიორგი კიკაბიძე

CODENAME VILLANELLE © 2014,2015,2016 by Luke Jennings

Originally published as ebook singles: CODENAME VILLANELLE,


HOLLOWPOINT, SHANGHAI and ODESSA.

© გამომცემლობა პალიტრა L, 2021


ყველა უფლება დაცულია

I
პალაცო ფალკონიერი იტალიის ერთ-ერთი პატარა ტბის კონცხზეა განთავსებული.
ახლა ივნისის მიწურულია და ქვიან ზედაპირზე გუშაგებივით მდგარ, პატარ-პატარა
ჯგუფებად გაბნეულ ფიჭვებსა და კვიპაროსებს მსუბუქი ბრიზი არხევს. მშვენიერი
და ალბათ დიდებულიც კია ბაღი, რომლის მკვეთრი ფორმები და მუქი ჩრდილები პალაცოს
ასეთივე მოქუფრულ განწყობას კარგად ერწყმის.

შენობის მაღალი ფანჯრები, რომელთაც აბრეშუმის ფარდები ამშვენებს, ტბას


გაჰყურებს. აღმოსავლეთის ფლიგელს ერთ დროს საბანკეტოდ იყენებდნენ, ახლა კი
საკონფერენციო დარბაზის ფუნქცია აქვს. დარბაზის ცენტრში, არტდეკოს მძიმე
ჭაღის ქვეშ, გრძელ მაგიდაზე, რემბრანტ ბუგატის ბრინჯაოს პანტერა დგას.

მაგიდას თორმეტი კაცი უზის, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულები, თუმცა ძვირად
ღირებულ სამოსზე ეტყობათ, რომ წარმატებულები უნდა იყვნენ. მათი უმეტესობა
ორმოცდაათიდან სამოცდაათ წლამდე იქნება. კაცმა რომ თქვას, მათი სახეები
არაფრით გამორჩეული და დასამახსოვრებელი არ არის, თუმცა თითოეულს აშკარად
ახასიათებს არაორდინარული სიფხიზლე.

მთელი დილა საუბარში გადის – ლაპარაკობენ რუსულად და ინგლისურად. ენებს


ყველა მათგანი კარგად ფლობს. შემდეგ ტერასაზე მორთმეულ მსუბუქ ლანჩს
მიირთმევენ: ხემსს, ტბის ორაგულს, ჩაცივებულ თეთრ ღვინოს – ვერნაჩას, ახალ
ლეღვსა და გარგარს. ლანჩის შემდეგ თორმეტივე ყავას მიირთმევს, ათვალიერებენ
ნიავით აშრიალებულ არემარეს ტბის ირგვლივ და ბაღში სეირნობენ. აქ დაცვის
თანამშრომლები არ არიან, რადგან უსაფრთხოების ასეთ დონეზე ნებისმიერი გარეშე
პირი მაღალი რისკის მატარებელია. კაცები მალევე საკონფერენციო დარბაზში
ბრუნდებიან. დღევანდელი დღის წესრიგის თემა მარტივია: ევროპა.

პირველი სიტყვით გამოდის გარუჯული კაცი, რომელსაც ასაკი არ ეტყობა. აქეთ-იქით


იყურება და ამბობს:

– ჯენტლმენებო, დილით უკვე განვიხილეთ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური


მომავალი. ვისაუბრეთ ფინანსურ ნაკადებსა და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს
მათი გაკონტროლება. ამ შუადღით კი მსურს განსხვავებულ თემას შევეხო, –
ოთახი ბნელდება და თორმეტი თავი ჩრდილოეთ კედელზე დამონტაჟებული ეკრანისკენ
ტრიალდება. ეკრანზე ჩანს ხმელთაშუა ზღვის პორტი კონტეინერმზიდებითა და
ამწეებით.

3
– ჯენტლმენებო, დღესდღეობით პალერმო ევროპაში კოკაინის მიწოდების მთავარი
პუნქტია, რაც მექსიკური ნარკოკარტელებისა და სიცილიური მაფიის სტრატეგიული
ალიანსის შედეგია.

– სიცილიელებს კიდევ აქვთ რაიმე გავლენა? – კითხულობს ჩასკვნილი კაცი


მომხსენებლისგან მარცხნივ. – მეგონა დღეს ნარკოვაჭრობას მატერიკული
სინდიკატები აკონტროლებდნენ.

– ასეც იყო. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ კარტელები მხოლოდ სამხრეთიტალიური


რეგიონის, კალაბრიას, ნდრანგეტასთან მუშაობდნენ. ბოლო თვეებში კი
კალაბრიელებსა და სიცილიელი გრეკოს კლანს შორის ომია გაჩაღებული.

ეკრანზე ჩნდება კაცის სახე ცივი თვალებითა და ფოლადის ხაფანგის მსგავსი, ოდნავ
გახსნილი ტუჩებით.

– სალვატორე გრეკომ ცხოვრება მიუძღვნა თავისი ოჯახის გავლენის გაზრდას,


რომელმაც ოთხმოცდაათიანებში, მატეოს ოჯახის წევრის მიერ სალვატორეს მამის
მოკვლის შემდეგ, კოზა-ნოსტრაში ადგილი დაკარგა. ოცდახუთი წლის შემდეგ
სალვატორემ მატეოს ოჯახის ყველა წევრს მიაგნო და დახოცა. მატეო და მისი
მოკავშირე მესინის ოჯახი ყველაზე გავლენიანი სიცილიური კლანებია. ცნობილია,
რომ სალვატორემ პირადად მოკლა მინიმუმ სამოცი ადამიანი, ასობით ადამიანის
სიკვდილი კი შეუკვეთა. ახლა ორმოცდაათი წლის არის, შეუზღუდავად აკონტროლებს
პალერმოს და იქაურ ნარკობაზარს. მსოფლიოში გაბნეული მისი ობიექტები წლიურად
ოციდან ოცდაათ მილიარდამდე გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, ჯენტლმენებო,
რომ ის, პრაქტიკულად, ერთ-ერთი ჩვენგანია.

დამსწრეებს შორის გაკვირვებით გამოწვეული მხიარულების მსგავსი ხმები ისმის.

– სალვატორე გრეკოს შემთხვევაში მთავარი პრობლემა მკვლელობისა და წამებისკენ


მიდრეკილება როდია, – განაგრძობს კაცი. – როდესაც მაფიოზები მაფიოზებს
ხოცავენ, ეს ყველაფერი თვითმწმენდავი ღუმლის მუშაობის პრინციპს ემსგავსება,
მაგრამ ბოლო პერიოდში ის სხვა გავლენიანი ხალხის მკვლელობებსაც უკვეთს. ამ
დროისთვის უკვე მოკლულია ორი მოსამართლე, ოთხი ჩინოვნიკი – ყველანი თავიანთ
მანქანებში აფეთქდნენ და ასევე ორსული ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი ბინის
წინ მოკლეს. ბავშვიც გარდაიცვალა.

ცოტა ხნით ჩუმდება და ეკრანზე აკვირდება გარდაცვლილ ქალს, რომელიც ქვაფენილზე,


სისხლის გუბეში წევს.

– თქმაც კი არ სჭირდება იმას, რომ ამ მკვლელობებს გრეკოებთან პირდაპირი


კავშირი არ აქვს. პოლიციის ნაწილი მოსყიდულია, მეორე ნაწილი დაშინებული,
მოწმეები კი მოშორებული. გაუთქმელობის კოდექსი – ომერტა – ყველაფერზე მაღლა
დგას. ეს კაცი თავის მიზნებსა და სურვილებში სრულიად ხელშეუხებელია. ერთი
თვის წინ შუამავალი გავუგზავნე შეხვედრის სურვილით. მინდოდა, რაღაც ფორმის
შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ამის საჭიროებას ვგრძნობდი. ევროპის ამ კუთხეში
მისი მოქმედებები ზედმეტად გააქტიურდა და უკვე ჩვენს ინტერესებსაც საფრთხეს
უქმნის. გრეკომ მალევე მიპასუხა. მომდევნო დღეს მივიღე დაბეჭდილი პაკეტი.
– ეკრანზე გამოსახულება იცვლება. – როგორც თავად ხედავთ, პაკეტში ჩემი
შუამავლის თვალები, ყურები და ენა იდო. შეტყობინება გასაგებია. არანაირი
შეხვედრა, არანაირი საუბარი, არანაირი შეთანხმება.

4
მაგიდასთან მსხდომები საზარელ კადრებს რამდენიმე წამით უსიტყვოდ აკვირდებიან.
შემდეგ მზერას კვლავ მოსაუბრისკენ მიმართავენ.

– ჯენტლმენებო, სალვატორე გრეკოსთან დაკავშირებით სასწრაფოდ გვაქვს


გადაწყვეტილება მისაღები. ის სახიფათო და უკონტროლო ძალაა, რომელსაც
კანონით ვერაფერს უხერხებენ. მისი კრიმინალური აქტივობები და სოციალური
ქაოსი საფრთხეს უქმნის სრულიად ხმელთაშუა ზღვის სექტორს. გთავაზობთ,
სამუდამოდ გამოვთიშოთ ის თამაშიდან.

კაცი დგება, გვერდითა მაგიდასთან მიდის და უკან ლაქისზედაპირიანი ანტიკვარული


ყუთით ბრუნდება, საიდანაც შავი ველვეტის პატარა აბგას იღებს, ხსნის და
შიგთავსს მაგიდაზე ალაგებს. სპილოს ძვლისგან დამზადებული ოცდაოთხი პატარა
თევზია – ნახევარი მოყვითალო შეფერილობის, ნახევარიც მუქწითლად შეღებილი.
თითოეული დამსწრე სხვადასხვა ორივე ფერის წყვილს იღებს.

მერე ველვეტის აბგა წრეზე მიდის, თითოეული შიგ თითო თევზს დებს, ხოლო როცა
სრულ წრეს მოივლის, აბგა კვლავ მომხსენებელთან ბრუნდება და ის კიდევ ერთხელ
გადმოაწყობს აბგის შიგთავსს მაგიდაზე. თორმეტი წითელი თევზი – ერთხმად
მიღებული სიკვდილის განაჩენი.

ორი კვირის შემდეგ, საღამოს, ვილანელი პარიზის მეთექვსმეტე რაიონში, კერძო


კლუბ “ჟასმინის” ვერანდაზე ზის. აღმოსავლეთით ბულვარ სუშეზე მანქანების
გადატვირთული მოძრაობაა, დასავლეთით კი ბულონის ტყე და ოტეის იპოდრომი
მოჩანს. კლუბის ბაღს შემოვლებული აქვს აყვავილებული ჟასმინის გაზონი და ახლა
ყვავილის სურნელი თბილ ჰაერში იბნევა. მაგიდების უმეტესობა დაკავებულია,
თუმცა მოსაუბრეთა ხმები არ ისმის. სინათლე იკლებს, ღამე ახლოვდება.

ვილანელი დიდ ყლუპად სვამს თავის “გრეი-გუსისა” და “მარტინის” კოქტეილს და


გარემოს აკვირდება. მის ყურადღებას განსაკუთრებით გვერდით მაგიდასთან მჯდომი
წყვილი იქცევს. ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდები უნდა იყვნენ. ბიჭს ელეგანტურად
აცვია, გოგონა კი კოპწიაობით ფისოს წააგავს. ვინ არიან ერთმანეთისთვის?
და-ძმა? კოლეგები? საყვარლები?

და-ძმანი არ უნდა იყვნენ, – გადაწყვეტს ვილანელი, – მათ შორის არასაოჯახო,


თანამზრახველთათვის დამახასიათებელი ოდნავი დაძაბულობა იგრძნობა. სამაგიეროდ,
მდიდრები ნამდვილად იქნებიან, ამის მაგალითი გოგონას აბრეშუმის სვიტერია,
რომლის მუქი ოქროსფერიც კარგად ეხამება მის თვალის ფერს. ახალი არ უნდა
იყოს, მაგრამ ნამდვილად “შანელია”. თან, სვამენ ვინტაჟურ “ტაიტინგერს”, რაც
“ჟასმინში” საკმაოდ ძვირი ღირს.

ბიჭი ვილანელის მზერას ამჩნევს და ბოკალს რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს,


კომპანიონს რაღაცას უჩურჩულებს და ისიც ვილანელისკენ ცივად, შემფასებლურად
იყურება.

– ხომ არ შემოგვიერთდებოდით? – ეკითხება გოგონა. ეს თანაბრად არის მოპატიჟებაც


და გამოწვევაც.

ვილანელი თვალის დაუხამხამებლად აკვირდება. ჰაერში მსუბუქი ბრიზი იგრძნობა.

– სავალდებულო არ არის, – ამბობს ბიჭი თავის მზერასავით მშვიდი ღიმილით.

You might also like