დემითოლოგიზაციის მოკრძალებული ხიბლი

You might also like

You are on page 1of 17

1

გრიგოლ ჯოხაძე

დემითოლოგიზაციის მოკრძალებული ხიბლი

(ოსიპ მანდელშტამი და ქართული ენობრივი სამყარო)

მოხსენება ეძღვნება იმ საკითხის დადგენას, რამდენად იცნობდა, გრძნობდა და აფასებდა დიდი რუსი
პოეტი, ქართული პოეტური ნიმუშების (ვაჟა-ფშაველა, ,,ცისფერყანწელები“...) მთარგმნელი ო.
მანდელშტამი ქართულ ენობრივ სამყაროს. საამისოდ უპრიანად გვეჩვენა სხვა ენებისადმი
მანდელშტამის დამოკიდებულების გარკვევაც.

მანდელშტამის ტექსტების, ნადეჟდა მანდელშტამისა და სხვა თანამედროვეთა მოგონებების ამ


ინტენციით შესწავლამ ცხადყო, რომ მსოფლიო მანდელშტამმცოდნეობაში გავრცელებული აზრი,
თითქოს მანდელშტამმა იცოდა ქართული ან ხელს ქართულად აწერდა (მ. პრიშვინის
მოთხრობა ,,სოპკა მაირას“ არასწორად მითითების გამო), მითია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის
ქართულს ისევე, როგორც სომხურს, აფხაზურს და, სხვათაშორის, ებრაულსაც (იდიში),
ერთგვარ ,,ეგზოტიკურ“ ენებად მიიჩნევდა, რომლებიც იმდენადვე ეუცხოებოდა, რამდენადაც არ
იცოდა. მეტიც: მას მიაჩნდა, რომ მათი შესწავლა ევროპელს ან არ შეეძლო, ან ძალზე გაუჭირდებოდა.
ცხადია, გულუბრყვილობა იქნებოდა, ამას დაემცრო მისი პოეტური რენომე და დამსახურებული
ავტორიტეტი. ეს მიზანი არ დაგვისახავს არც დემითოლოგიზაციის ამ ცდისას.

ოსიპ მანდელშტამის შემოქმედების მკვლევართ (რამდენიმე გამონაკლისის გარდა)


პირმტკიცედ სწამთ, რომ ოსიპ მანდელშტამი ლამის პოეტი-პოლიგლოტია. ამის
დასტურად მოჰყავთ რამდენიმე ფაქტი მისი ბიოგრაფიიდან:

მანდელშტამი აღიზარდა მულტილინგვურ გარემოში - მას ბავშვობიდანვე ჩაესმოდა


პოლონური, ლიტვური, გერმანული, ებრაული, რუსული...

მანდელშტამი პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. ხუთიოდ წლისა იქნებოდა, როცა


ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ლიტვის სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქ
კოვნოში გადავიდა, ექვსისა კი, როცა მანდელშტამები პეტერბურგში დასახლდნენ
(ევგენი მანდელშტამი 1995).

როგორც მანდელშტამის ბიოგრაფიული პროზა გვაუწყებს, დედამისი


სალიტერატურო რუსულით მეტყველებდა, მამამისი კი ლაპარაკობდა გამორჩეული,
გამოგონილი ენით, რომლის სიტყვებიც ჩაწვნოდა გერმანულ ფილოსოფიურ
ტერმინებს; სინტაქსი თალმუდს ჩამოეყალიბებინა, რის გამოც, გაუცნაურებული
ფრაზები იშვიათად მთავრდებოდა...
2

ებრაული მას უნდა სმენოდა ლიტვაში მცხოვრები ორთოდოქსი ბაბუისაგან (დროის


ხმაური).

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ პირველი დებულება მეტ-ნაკლებად სწორია.

ისიც სწორია, რომ 1908-1910 წწ. მანდელშტამი სწავლობდა სორბონისა და


ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. სორბონაში ესწრებოდა ანრი ბერგსონის
ლექციებს, იტაცებდა ძველფრანგული პოეზია, ფრანსუა ვიიონი, ბოდლერი, ვერლენი
... ჰაიდელბერგში ისმენდა ლექციებს ლიტერატურასა და ფილოსოფიაში (კარპოვიჩი;
მანდელშტამი ჰაიდელბერგში).

იხსენებენ ანა ახმატოვას ჩანაწერსაც: ოსიპ ემილის ძე უჩვეულოდ იოლად ითვისებდა


ენებს. იტალიურად ზეპირად კითხულობდა ,,ღვთაებრივი კომედიის“ მთელ
გვერდებსო (ახმატოვა).

ახმატოვა იქვე ამბობს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლეს - ნადიას სთხოვდა,
ინგლისური მასწავლეო, რომელიც საერთოდ არ იცოდა.

კლასიკურ ენებსა და ლიტერატურას მანდელშტამი პეტერბურგის უნივერსიტეტში


სწავლობდა და, როგორც შემორჩენილ მემუართაგან ვიტყობთ - არც თუ დიდი
წარმატებით (ხოდასევიჩი 1997:280; კავერინი 1989: 300-301; ლეკმანოვი).

პროფესორი კ. მოჩულსკი (1892-1948) იგონებდა: მანდელშტამი გრამატიკას პოეზიად


გარდაქმნიდა და ამტკიცებდა, ჰომეროსი რაც უფრო გაუგებარია, მით მშვენიერიაო.
მანდელშტამმა არ ისწავლა (не выучил греческого языка) ბერძნული, მაგრამ ამოიცნო
ის (но он отгадал его). შემდეგ მან გენიალური ლექსები დაწერაო... (მოჩულსკი
1995:8).

ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რაოდენ სრულყოფილად ფლობდა მანდელშტამი,


ვთქვათ, იტალიურს, ფრანგულს ან გერმანულს, მაგრამ კლასიკური ენები რომ
ნამდვილად ცუდად იცოდა, ხოლო ინგლისური - საერთოდ არა, ეს დასტურდება.

არადა, მსოფლიო აკადემიურ წრეთა წარმომადგენლები, მაგალითად, რუსი


სწავლულები, ასეთსავე აკადემიურ ოპუსებში სავსებით უაპელაციოდ აცხადებენ,
მანდელშტამის მიერ ენების კარგად ცოდნას ადასტურებს თარგმნილ ნაწარმოებთა
შთამბეჭდავი რაოდენობაო, და ჩამოთვლიან ქართულ, სომხურ, ფრანგულ,
3

გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენათაგან თარგმნილ ნაწარმოებებს (გოლუბოვა,


სუდაკოვი 2020:77-84).

სხვათაშორის, შარლ დე კოსტერის ,,ტილ ულენშპიგელის“ გამოცემას, რომლის


თარგმანის ,,გაშალაშინებაც“ დაავალეს მანდელშტამს (ესეც ხერხი იყო არსებობის
შესანარჩუნებლად!), ხოლო სატიტულო ფურცელზე მთარგმნელად მიუთითეს, ჯერ
კიდევ 1928 წელს მოჰყვა სკანდალი: პლაგიატორობა დასწამეს და საჯაროდ გაკიცხეს.
თავზარდაცემულმა, ლექსების წერა შეწყვიტა, ხმებიც კი დაუყრიათ, თავი მოიკლაო
(ღია წერილი საბჭოთა მწერლებს; მანდელშტამი 1994: 179-211; კუბატიანი 2012;
ნერლერი 2015).

ჩემი აზრით, თავი რომ ავარიდოთ მითთა ტყვეობაში ყოფნას, ის კი არ უნდა


ვამტკიცოთ, რაოდენ სრულყოფილად იცოდა პოეტმა ათამდე უცხოური ენა, არამედ
ის დავადგინოთ, რამდენად შეძლო მხატვრული რეალობის შექმნა ამ ენათაგან
რუსულად ანუ მშობლიურ ენაზე თარგმნილ ნაწარმოებებში.

მანდელშტამის პოეზია ისეთივე ან თითქმის ისეთივე დამოკიდებულებით


გამოირჩევა დანტესა და ბოტიჩელის იტალიისადმი, ვიიონისა და რასინის
საფრანგეთისადმი, ჩარლზ დიკენსის ინგლისისა თუ სერ ვალტერ სკოტის
შოტლანდიისადმი, ბიზანტიისა თუ პაპობისდროინდელი რომისადმი, თვით ძველი
ეგვიპტისადმი, როგორითაც - ძველი ელადისა თუ რომისადმი. მანდელშტამის
პოეზიის ლაიტმოტივი მსოფლიო კულტურაა და არა - ძველი კულტურა. ერთხელ,
როცა მას ჰკითხეს, რა იყო აკმეიზმი, ეს - მსოფლიო კულტურის მონატრებააო,
უპასუხა. ის არა იმდენად ,,ელინისტია“, რამდენადაც - კოსმოპოლიტური
კულტურის, კერძოდ კი, დასავლური კულტურის, ერთიანობისა და მარადიულობის,
სიწმინდისა და მშვენიერების მგზნებარე ქომაგი და მგალობელი.
პოეტის ,,ელინიზმი“, რომელიც ვლინდება ძველი საბერძნეთის კულტურის ცოდნით,
ციტაციით, ილუსტრირებითა და ორნამენტალიზაციით სულაც არ არის
ელინოფილური ანტიკვარიზმი. ეს დიონისური აღტაცებაა მშვენიერების ხილვისას,
რაც წააგავს ნიცშეს ესთეტიზმს; ეს ინტუიციის ის უჩვეულო ძალაა, რომელიც
წარსულს მოახელთებინებს (ტერრასი 1995:16).

თუმცა ევროპული ენებისადმი პიეტეტი მაინც შესამჩნევია. მაგალითად,


ლექსში ,,დომბი და მისი ძე“ პოეტი ამბობს:

,,სტვენაზე უფრო მჟღერი და ხისტი

მესმის სიტყვები ინგლისურ ენის,


4

წარმომიდგება ოლივერ ტვისტი,

წიგნებით სავსე ოთახი შენი“ (დომბი და მისი ძე).

გერმანულისადმი დამოკიდებულებას თავად ამ ლექსის სათაურიც ამხელს


- ,,გერმანული ენისადმი“:

ეგ უცხო ენა შემომერტყა, ვით გარსი მყარი,

მანამდე, ვიდრე შობა ჩემი ღმერთმა ინება,

ანბანი ვიყავ, ყურძნის მტევნად ასხმული პწკარი,

ვიყავ ის წიგნი, ახლა სიზმრად რომ გევლინებათ.

როცა ვთვლემდი და უნაოჭო ზმანებებს ვდევდი,

თოფის ხმასავით გამაღვიძა მე ძმობამ მაშინ...

ბულბულ-უფალო, პილადესის მომმადლე ბედი,

ან ამომართვი ენა სულაც, მჭირდება რაში?

ბულბულ-უფალო, ჩამითრიოს, ეცდება ჯერაც

უჟმური ჟამი, მოიფინოს რომ ველი ძვლებით...

ჯანყდება სიტყვა, ვიწროვდება სისინა ბგერა,

მაგრამ შენ ცოცხლობ, და მე შენი სიმშვიდით ვთბები (გერმანული ენისადმი).

გაღმერთებული ბულბული (,,ბულბულ-უფალი“), რომელსაც პროტაგონისტი


მიმართავს, ჰაინრიჰ ჰაინეს სტრიქონის ალუზიაა. საქმე ის გახლავთ, რომ
მანდელშტამი ხმარობს ბულბულის შესატყვის გერმანულ Nachtigall-ს. ეს სიუჟეტი
ნაჰტიგალ-ბულბულზე, როგორც გერმანული და რუსული პოეზიის დამზავებელსა
და ადრინდელი ძმათაკვლის გამომსყიდველ მსხვერპლზე, ჰაინეს ლექსიდან
გადმოფრინდა მანდელშტამთან: ,,Im Anfang war die Nachtigall / Und sang das Wort:
Zьkьht! Zьkьht!”, ანუ ,,პირველითგან იყო ბულბული, და მღერდა სიტყვა: ,,ცუკიუტ,
ცუკიუტ!“ (რონენი 2008).
5

იტალიურის მანდელშტამისეული აღქმა სჭვივის ლექსში ,,არიოსტო“:

მე კვლავაც მიყვარს მისი შმაგი მოცალეობა -

ენა მსუბუქი, მკრთომი ტკბილ და მლაშე სხივებად,

მიჯრილ ბგერათა გადაწვნა და გამარჩბივება,

ორ საგდულს მიღმა მარგალიტთა ჩუმი ტყვეობა (არიოსტო).

სხვა მაგალითთა მოყვანაც შეიძლებოდა.

სულ სხვა დამოკიდებულება იჩენს თავს იმ ენებისადმი, რომელთაც


მე ,,ეგზოტიკური“ ვუწოდე, და ვგულისხმობ სომხურს, აფხაზურსა და ქართულს.

საერთოდ, ცნობილია, რომ მანდელშტამს თარგმნა სძულდა: რომ არა სანატრელი და


მაცდუნებელი ჰონორარი და ნაკისრი ვალდებულება, საკუთარ შემოქმედებით
ენერგიას სხვისი ნააზრევის რუსულად ასამეტყველებლად ნამდვილად არ
დახარჯავდა! თუმცა, როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი, აღიარებდა: სათარგმნი
მასალის რუსულად გადაწყობა მოითხოვს უკიდურეს დაძაბვას, ყურადღებასა და
ნებას, მდიდრულ გამომგონებლობას, გონებრივ სიცინცხალეს, ფილოლოგიურ
ალღოს, დიდ ლექსიკურ კლავიატურას, რიტმის შეგრძნების, ფრაზის გამოსახულების
თვალშესწრების, პყრობისა და გადმოცემის უნარს, და ყოველივე ამის დროს -
საკუთარი თავის ალაგმვას! (თარგმანთა თაობაზე 1993:511).

ცხადია, ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას რამდენადმე აადვილებს იმ ენის ფლობა,


რომელზეც სათარგმნი მასალაა შექმნილი.

შემორჩენილია იმის დამადასტურებელი ტექსტები, როგორ ცდილობდა პოეტი,


მაგალითად, სომხურის შესწავლას. მისი ქვრივი იხსენებდა, მანდელშტამი
სწავლობდა სომხურს და ნეტარებას ჰგვრიდა იმის შეგნება, რომ ბაგეებს ნამდვილი
ინდოევროპული ძირები უმოძრავებდაო; უმტკიცებდა, ის, რომ სომხურმა
ფლექსიურობა არ დაკარგა, ენის ყვავილობაა, მისი შემოქმედებითი პერიოდიაო
(მესამე წიგნი 2006:121).

ამის შესახებ თვით მანდელშტამიც გვიამბობს ნარკვევში ,,მოგზაურობა სომხეთში“:


ძველი სომხურის შესწავლაზე ზრუნვა მოსკოვშივე დაუწყია. მისულა სსრკ
მეცნიერებათა აკადემიის საბჭოთა აღმოსავლეთის ხალხთა ეთნიკური და
ნაციონალური კულტურების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. მათ და ,,ეკლოვანი
შრიფტით“ დაისრულ ,,იაფეტურ წიგნებს“ შორის, როგორც დღის პეპელა - ,,რუსული
6

კომბოსტოს თეთრულა - კაქტუსთა ბიბლიოთეკაში“, ისე კრთოდა ,,ქერათმიანი


ასული“. სამწუხაროდ, ის სრულიად დაცლილი ყოფილა ,,შემეცნების წყაროსაგან“. ეს
იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი სლავური გარეგნობისა და ეთნიკურად რუსი არსება
მანდელშტამს ,,მხსნელად“ ვერ გამოადგებოდა. საჭირო იყო არარუსთა მოხიბვლა,
თუმცა მანდელშტამის მისვლა იქ არავის გახარებია, მის თხოვნას ვერ შეუძრავს
იქაურ თანამშრომელთა გულები... არადა, მანამდე მანდელშტამს ყველა სომეხი
ფილოლოგად წარმოედგინა, რადგან მათი ,,ენის კლიტე“ მაშინაც ჟღრიალებს,
როცა ,,განძეულით სავსე ვერც ერთ ცხრაკლიტულს ვერ აღებს“. საუბარი უსაგნო და
მოსაწყენი გამომდგარა. მოუხსენიებიათ რამდენიმე ,,დიდად პატივცემული
მწერალი“ და აკადემიკოსი მარი, რომელიც, ის-ის იყო, უდმურტეთისა თუ ვოგულის
ოლქიდან მოსკოვის გავლით - ლენინგრადს გაქროლებულიყო“. თანამოუბარნი
აქებდნენ მის ,,იაფეტურ სიბრძნეს, რომელსაც ყოველნაირი მეტყველების
სტრუქტურული სიღრმეები გაეჯერებინა“...

ის იყო, მანდელშტამის მოწყენილობას პიკისთვის უნდა მიეღწია, რომ ოთახში


შემოსულა წარმოსადეგი, დესპოტური მანერების მქონე (?) აშოტ ოვანესიანი,
რომელსაც საუნივერსიტეტო განათლებაც გერმანიაში მიეღო და სამეცნიერო
ხარისხიც; მაღალ პარტიულ თანამდებობებზე მუშაობის სიამენიც ,,დაეჭაშნიკებინა“.
1929-34 წწ.-ში კი ზემოთ დასახელებული ინსტიტუტის დიდმოხელე ყოფილა. პოეტი
ასე წერს მასზე უბის წიგნაკში:

,,აშოტ ოვანისიანი, აღმოსავლეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორი, კაჟივით


ზმნებით შეჭურვილი საეკლესიო გრაბარის (ძველსომხური ენა) მცოდნე, უმკაცრესი
ადმინისტრატორი, საკავშირო კომპარტიის წევრი“ (ნერლერი 2015).

აი, ასე კი - ნარკვევში ,,მოგზაურობა სომხეთში“:

,,მისი პრომეთეოსისმაგვარი თავი ასხივებდა შებოლილ ფერფლისფერსა და


სილურჯეს, როგორც კვარცის აბრდღვიალებული ლამპა... ბოროტი ჯადოქრის
ფართო პირი არ იღიმებოდა. მას მყარად ახსოვდა, რომ სიტყვა საქმეა...“

მანდელშტამი ,,იაფეტურ ნოველას“ უწოდებს იმას, რაც მას მარის თეორიაზე


უთხრეს:

,,ხედვა, სმენა, გაგება - ოდესღაც ყველა ეს მნიშვნელობა ერთ სემანტიკურ კონად


იკვრებოდა. ენის ყველაზე შორეულ სტადიებზე ცნებებს მიმართულება, შიში და
ნდომა, მხოლოდ მოთხოვნილება და საფრთხე ცვლიდა“.
7

ძნელი სათქმელია, რამდენად სრულად გადასცეს მანდელშტამს მარის თეორიის


არსი, ან რამდენად ზუსტად ჩასწვდა თვითონ, ეგ კია, ისევ ოვანესიანის თავს
უტრიალებს:

,,თავის ცნება ათობით ათასწლულმა ჩამოძერწა ბუნდოვანებათა წყებიდან, რომლის


სიმბოლოდაც სიყრუე იქცა“.

უნდა ვიფიქროთ, რომ მეცნიერს არ ესმის მანდელშტამისა, და - პირიქით. ამ ეჭვს


აძლიერებს ეს წინადადებაც:

,,... სიყრუე და უმადურობა გვერგო ტიტანთაგან...“

საქმე კი ის გახლდათ, რომ რუსული ,,სიყრუე“ ანუ глухота მანდელშტამმა


დაუკავშირა სომხურ ,,თავს“, რაც სომხურად ასე ჟღერს: ,,გლუხ“.

ტიტანი პრომეთეოსია. ოვანესიანს თავი პრომეთეოსისას მიუგავს. ისაა ყრუც და


უმადურიც. თუ მისი სიყრუე კიდევ გასაგებია (მანდელშტამის თხოვნას გრაბარის
შესწავლის თაობაზე, შესაძლოა, ის მართლაც უნდობლად მოჰკიდებოდა!), ძნელი
დასადგენია, რა უმადურობას სწამებს პოეტი სომეხ მეცნიერს.

როგორც უბის წიგნაკში წერს, ოვანესიანმა მოიწონა მისი


განზრახვა ,,იაფეტიდოლოგიის“ შესწავლის თაობაზე, გადასცა მარის გრამატიკა
(იგულისხმება 1903 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული Грамматика
древнеармянского языка. Этимология), გ.ჯ.) და მშვიდობით გაისტუმრა (აქაც
ირონიის შესანარჩუნებლად მანდელშტამი მგონი მარის გვარს და სიტყვა ,,მირ“-
ს ,,ათამაშებს“ - выдал мне грамматику Марра и отпустил с миром)... (ნერლერი 2015).

არ არის გამორიცხული, პოეტს უმადურობად მოსჩვენებოდა სომეხი მეცნიერის


სრული გულგრილობა, როცა მის წინაშე რუსი პოეტი - მანდელშტამი იდგა, მისი ენის
შესწავლის სურვილს გამოთქვამდა, ის კი რაღაც განყენებულ და ნაკლებად სარწმუნო
თეორიაზე საუბრით ღლიდა! განა ძნელი შესამჩნევია მანდელშტამის ირონია?! ის
თითქოს ამბობდეს, დიახ, თქვენი სომხური უძველესი ენაა, მაგრამ - აღმოსავლური,
სავსებით უცხო, რომლის შესწავლაც ევროპელისთვის ლამის შეუძლებელიაო!

ამავე ნარკვევში ის ამბობს: ,,გულში შევსვი სომხეთის მძლავრი ენის სადღეგრძელო,


რომელზე ლაპარაკის ღირსიც არა ვართ, იმასღა თუ შევძლებთ, თავი ავარიდოთ
საკუთარსავე უსუსურობას: ,,წყალი“ სომხურადაა ,,ჯურ“, ,,სოფელი“ - გიუხ“...
8

კიდევ ერთი ციტატა ზემოთ გამოთქმული ეჭვის გასაღრმავებლად: ,,სომხური ენა -


გაუცვეთელი ქვის ჩექმები. რასაკვირველია, სქელკედლიანი სიტყვა, ნახევარხმოვნებს
გამომსხლტარი ჰაერის ფენები. ნუთუ მთელი მომხიბლაობაც ესაა? არა! მაშ, რა
გიზიდავს? როგორ უნდა ახსნა, გაიაზრო?

მე განვიცადე რუსის ბაგეთათვის აკრძალულ ბგერათა გამოთქმის სიხარული -


ბგერები იდუმალია, განკიცხული და, შესაძლოა - რომელიღაც ღრმა შრეში -
უხამსიც. თუნუქის ჩაიდანში მტკნარი მდუღარე ესხა, და უცებ ჩაყარეს ერთი მწიკვი
საოცარი შავი ჩაი!

აი, ჩემი ურთიერთობა სომხურ ენასთან“ (მოგზაურობა სომხეთში 1994:179-211).

ნერლერი შენიშნავს, მანდელშტამის ფრაზა - ,,ჩემთვის ვიმეორებ მარის გრამატიკაში


მოცემულ უღლების წესებს“ - იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ეს წიგნი იყო მის
ბარგში ერევანში ჩასვლისას. მაგრამ, რადგან მასწავლებელი ვერ იშოვა, აშკარაა,
მანდელშტამი თავის საყვარელ გზას დაადგა - თვითშესწავლას შეუდგა და ისევე
ისწავლა გრაბარი, როგორც შეთხზა ,,იაფეტური“ ნოველები: შთაგონებითო!
(ნერლერი 2015).

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ვერ ისწავლა, ან იმდენი ისწავლა, რაც ეყო პოეტის
შთაგონებას!

თუმცა, ნერლერის მტკიცებით, მამიკონ გევორქიანის - მთარგმნელისა და


ლინგვისტის - შემწეობით, მანდელშტამმა ის შეძლო, რაც ვერ მოახერხა აშოტ
ოვანესიანთან ურთიერთობით: შეისწავლა გრაბარის ანაბანა! თანაც, იმდენად, რომ,
გევორქიანის მეთვალყურეობით, ის დამოუკიდებლად თარგმნიდა ძველებურ
ტექსტებს!

მკვლევრებმა გ. ახვერდიანმა და ა. მეცმა მიაკვლიეს და სამეცნიერო მიმოქცევაში


ჩართეს ხუთი ფურცელი, რომლებზეც 1931 წელს მოსკოვში მანდელშტამის მიერ
შესრულებული თარგმანებია ძველსომხურიდან: სამ ფურცელზე ფავსტოს
ბუზანდის ,,სომხეთის ისტორიის“ მე-4 და მე-6 წიგნების ფრაგმენტებია, მეოთხეზე -
სებეოსის ,,იმპერატორ ჰერაკლეს ისტორიისა“. მეხუთე ფურცელზე განთავსებული
ტექსტის თავწყარო უცნობია. აღსანიშნავია, რომ ბუზანდის ისტორიის ერთი
ეპიზოდის მანდელშტამისეული ინტერპრეტაცია თვით ნარკვევშიც გვხვდება
(,,მოგზაურობა სომხეთში“) (ნერლერი 2015).
9

ნადეჟდა მანდელშტამი შენიშნავს, მაშინვე ვეჭვობდი, რომ ძველსომხური ენა


დევნიდა მასში თანამედროვე სომხურის იმ ნამცეცებს, რომელთა სწავლაც მოახერხაო
(ნადეჟდა მანდელშტამი 1987:131-132).

ნერლერის მტკიცებით, სევანის ტბის ნაპირას დასახლებულ


მანდელშტამს ,,პერსონალური მასწავლებელი“ - იმხანად 28 წლის ანაიტ
ხუდივერდიევი - შემდგომ ცნობილი პედაგოგი - ასწავლიდა თანამედროვე სომხურს
(ნერლერი 2015).

საინტერესოა, რას ნიშნავს ,,პერსონალური“ მასწავლებელი: მართლაც გაკვეთილებს


უტარებდა, თუ ეს იყო შემთხვევითი და არარეგულარული შეხვედრები?! არავინ
იცის.

იმას კი, რა დონეზე იცოდა მანდელშტამმა თანამედროვე სომხური, ნადეჟდა


მანდელშტამის ნაამბობი ჰფენს ნათელს:

ტალახიან გუბეში მჯდარი ბიჭუნა შეხვედრიათ. მანდელშტამი აღმერთებდა


ბავშვებს, ვერ ძღებოდა სომეხ შავთვალა ონავრების ცქერითაც. მან მამობრივი
ზრუნვის გამოვლენა და ბიჭუნასთვის იმის ახსნა მოინდომა, რომ ცუდად იქცეოდა.
ბიჭუნამ რუსული არ იცოდა. ,,ტალახი, - თქვა მანდელშტამმა ნადეჟდასთვის
გაუგებარ ენაზე, - არ შეიძლება, ცუდია ტალახი...“ შემდეგ უთარგმნია ცოლისთვის.
ბიჭუნამ თვალები დააჭყიტა, ალბათ რაღაცით ემშობლიურა ბგერები, რომლებიც
სავსებით უცხო იყო მისთვის: მოვსეს ხორენაცისა თუ რომელიღაც სხვა მწერლისა
თუ მემატიანის ენა... (ნადეჟდა მანდელშტამი 1987:131-132).

რბილად რომ ვთქვათ, პოეტის ამბივალენტური დამოკიდებულება სომხეთისადმი


სჭვივის ლექსების ციკლიდან ,,სომხეთი“:

,,მხიბლავს მაგ ენის ბედითი ჰანგი,

ეგ კუბოები - ნედლი და შავი,

ყოველი ასო - კალიის ჭანგი,

ყოველი სიტყვა - ნაკვერი კავი“ (Как люб мне язык твой зловещий, Твои молодые гроба,
Где буквы — кузнечные клещи И каждое слово — скоба....).

როგორც ვხედავთ, პოეტს სწორედ ის ,,ხიბლავს“, რაც მართლაც ,,ავბედითია“:


სომხური ასოები, რომლებიც კუბოებსა და ჭანგებს წააგავს და ა.შ. არც ის
10

გამოირცხება, მანდელშტამი აქ ,,ათამაშებდეს“ ძველი სომხურის სახელწოდებას -


გრაბარს (гроба- Грабар)!

,,არარატის ზეგნის ჩხვლეტია ენა, ველური კატაა სომხური ენა, ენა-მტაცებელი


თიხატკეპნილი ქალაქების, ენა დამშეული აგურების...“ - ამბობს მოგვიანებით
(Колючая речь араратской долины, Дикая кошка — армянская речь, Хищный язык
городов глинобитных, Речь голодающих кирпичей....); და იმავე სახეს ვაწყდებით
მომდევნო ლექსში:

,,ველური კატაა სომხური ენა, მაწამებს და ყურს მიფხაჭნის...“ (Дикая кошка —


армянская речь — Мучит меня и царапает ухо....) (სომხეთი).

თითქმის ასეთივეა მისი დამოკიდებულება აფხაზურისადმი - ის ,,ეგზოტიკურია“,


ამიტომაც ევროპელისთვის - ლამის დაუძლეველი:

,,აპრილის დამდეგს ვეწვიე სოხუმს - გლოვის, თამბაქოსა და სურნელოვანი ზეთის


ქალაქს. აქედან უნდა შეუდგნენ კავკასიის ანბანის შესწავლას - აქ ყველა
სიტყვა ,,ანით“ იწყება. აფხაზური ენა მძლავრი და ხმოვანმრავალია, მაგრამ
ბლომადაა ზედა და ქვედახორხისმიერი შერწყმული ბგერები, რომლებიც
წარმოთქმას ართულებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ენა ბალანმოდებული ხორხიდან
ამოიჭრება. მგონი, ჯერ არ დაბადებულა ისეთი დათვი ბალუ, რომელიც, კიპლინგის
ჯუნგლის მკვიდრ ბიჭუნა მაუგლის მსგავსად, ,,აფსნის“ მშვენიერ ენას
შემასწავლიდა“ (მოგზაურობა სომხეთში 1994:179-211).

რაც შეეხება ქართული ენისადმი მანდელშტამის დამოკიდებულებას:

მანდელშტამი სამგზის ეწვია საქართველოს: 1920, 1921 და 1930 წლებში. პირველი


ვიზიტისას, რომელიც ორმხრივ გაცნობას გულისხმობდა, ალბათ - არა, აი, მეორედ
ჩამოსვლისას კი, როცა მასპინძელმა ,,ცისფერყანწელებმა“ საქმე გამოუძებნეს
(ვგულისხმობ, ჰონორარის სანაცვლოდ, ქართულ პოეტურ ნიმუშთა თარგმნას), მას
შესაძლოა ქართულის შესწავლაც ეცადა. როგორც ყოველთვის, ეს პროცესი უნდა
დაწყებულიყო ენის მუსიკის მოსმენით.

პაველ ნერლერი ირწმუნება, ასე მიამბო კოლაუ ნადირაძემო:


მანდელშტამი ,,ქართულ ლექსებს მუსიკასავით უსმენდა, ითხოვდა, ოდნავ ნელა
წაეკითხათ, მელოდიას გამოარჩევდა (საინტერესოა, რომ ამასვე ითხოვდა ა. ბელიც
და, მოგვიანებით, ბ. პასტერნაკიც, გ.ჯ.), მნიშვნელობას კი ხანდახან არც
გეკითხებოდა. ზოგი ლექსის ჟღერადობა ისე აჯადოებდა, მათ დასწავლას
11

ცდილობდა, რუსული ბგერებისათვის უცხო ქართულ სიტყვებს რუსულ ფონეტიკურ


ეკვივალენტებს უძებნიდა. ყველაზე მეტად ბარათაშვილითა და ვაჟა-ფშაველათი
აღფრთოვანდა, ზეპირად იცოდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი
ბარათაშვილის ,,საყურეო“ (ბირნამის ტყე).

არც მანდელშტამს, არც მის ქვრივს ამის შესახებ არსად დაუწერიათ.

თუმცა შეიძლება ვცადოთ ნარკვევში ,,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ ირიბი


მარკერების დაძებნა. მანდელშტამი წერს:

,,იგი [ვაჟა-ფშაველა] თითქოს კბილებით ფლეთს მას [სიტყვას], ფართოდ სარგებლობს


ქართული ფონეტიკის ისედაც ვნებიანი ტემპერამენტით“.

უფრო ადრე კი ასეთი შეფასება გვხვდება:

,,საქართველომ აცდუნა რუსი პოეტები ერთგვარი ეროტიკით, ეროვნული


ხასიათისათვის ნიშანდობლივი ტრფობით, მსუბუქი სიმთვრალის უბიწო სულით,
ერთგვარი მელანქოლიური და საზეიმო თრობით, რომელშიც დავანებულია ამ
ხალხის სულიცა და ისტორიაც. ქართული ეროსი – აი, რა იზიდავდა რუს პოეტებს
(ორიოდ სიტყვა ქართულ ხელოვნებაზე).

ყოველგვარ ეროტიკას ვნებიანი ლტოლვა ამძაფრებს. უნდა ვიფიქროთ, რომ


,,ქართული ეროსი“ მდედრობითი სქესისაა. სწორედ ამას აღეგზნო რუს პოეტ
მამაკაცთა შთაგონება!

თვით ქართული ანბანის ასოებიც კი, რომლებიც მანდელშტამს თმახუჭუჭა ასულთა


წყებად წარმოუდგება, მზერას ათრობს თუ თენთავს (И букв кудрявых женственная
цепь Хмельна для глаза в оболочке света) თბილისისადმი მიძღვნილ მეორე ლექსში
(მას ახსოვს ჩემი ჩაკეცილი ჩექმა, მტვრიანი...).

ეს ქართულენოვანი სრული ვერსიაა:

მას ახსოვს ჩემი ჩაკეცილი ჩექმა, მტვრიანი,

ჩემი ლანჩების ჩრჩილნაჭამი დიდებულება,

მე - მისი ჰანგი, მჭექარე და მრავალხმიანი,

შავდალალიანს ზღვრად მთაწმინდა რომ ეგულება.


12

განახლებული - კედლისპირზე - ცარცი და ცილა,

ქუჩები - ვიწრო, მიწისთხილის ჩენჩოთაფერი,

რცხილა-ცხაური-ცხენი-ცარცი და - ისევ რცხილა,

მუხა, ჭადარი, ძეწნა, სითბო, ხვატი და მტვერი,

ანბანი - ქალებრ მიმოხრილი - ამიშლის ფიქრებს,

ხვეულ ასოთა დასი მთენთავს სხივსახიერი...

ხოლო ქალაქი - ხერხს ხმარობს და ძალღონეს იკრებს,

მის ჭარმაგ ზაფხულს ჭაბუკური დაჰკრავს იერი.

როგორც ვხედავთ, ქართული ენისადმი მანდელშტამის დამოკიდებულება ისეთი


მკრთალია, რომ მისი შემჩნევაც კი ძნელდება.

თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ასეთი მითის შობისათვის: მანდელშტამს თითქოს


სურსათის მისაღებ უწყისზე ხელი ქართულად მოეწეროს და თითქოს ეს მიხაილ
პრიშვინის მოთხრობით («Сопка Маира») დასტურდებოდეს (ნერლერი 1990:380).

ტექსტს, რომელიც 1923 წ. შექმნილა, რუსეთიდან ემიგრირებული მწერლის - ალექსეი


რემიზოვისადმი (1877-1957) გაგზავნილი წერილის ფორმა აქვს. ამ დროს
მანდელშტამი ცხოვრობს მეცნიერთა ყოფის გასაუმჯობესებელი ცენტრალური
კომისიის (ЦЕКУБУ) საერთო საცხოვრებელში ისევე, როგორც - ავტორი. დამშეულ
საბჭოეთს აშშ (American Relief Administration, ARA) დახმარებია, ძირითადად,
სურსათით. ნიშანდობლივია იმხანად ჯერ ისევ ,,საბჭოეთის ადეპტ“ მანდელშტამის
უმადურობა და ველიკოდერჟავიზმი: ,, ამერიკა მწერლებს ეხმარება, მაგრამ
სანაცვლოდ ითხოვს, რომ მას მადლიერება წერილობით დაუდასტურონ. განა საწყენი
არ არის რუსი პოეტის ასე დახმარება? განა არ უნდა დავსვათ ეს საკითხი მწერალთა
კავშირში?“ - ეს მანდელშტამია, რომელსაც მოთხრობის პროტაგონისტისთვის
ჩამოუთვლია, რას გულისხმობდა ,,დახმარება“: ოც ფუნტ ქათქათა ბრინჯს, კაკაოს,
შაქარს, ჩაის...
13

აი, რა მოუფიქრებია პროტაგონისტს ,,ღირსებაშელახული“ მანდელშტამის


დასამშვიდებლად: ,, მადლობას ქართულად დავწერთ: შენი ჭირიმე, სულში ჭირიმე,
გულში ჭირიმე ...

- ეგ რას ნიშნავს?

- ასე გამოხატავენ ქართველები მადლიერებას. ეს ნიშნავს: შენს სენს, იმას, რაც


შენს გულსა და სულს აავადებს, ომებსაც, შიმშილსაც, ტიფსაც - ყოველივეს მე ვიღებ,
თქვენ კი იყავით მდიდრები და ბედნიერებიო. ამაზე შევთანხმდით და
ამერიკელებისთვის გადახდის შემდეგ მივიღეთ მათი ,,არა“... (პრიშვინი).

ჯერ ერთი, ეს მხატვრული ნაწარმოებია და სავალდებულო სულაც არ არის,


პროტაგონისტის ნათქვამი სინამდვილედ მივიჩნიოთ.

მეორეც: იმ ,,გზით“, რომლითაც პროტაგონისტი ხელის მოწერას სთავაზობდა


მანდელშტამს, ამას ვერასოდეს შეძლებდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა.

ეს უმალ იმის მეტაფორა მგონია, რომ მწერლებმა საგანგებოდ დაღვლარჭნეს


თავიანთი ფაქსიმილე, რათა ვერავის ამოეკითხა, სინამდვილეში ვინ აწერდა ხელს
(საბჭოური ვირეშმაკობა ანუ უმადურობა!). საგრძნობია ირონიაც: ქართული ასოები,
სხვა რომ არა ვთქვათ, კირილიცაზე დამყნობილ ანბანთან შედარებით,
რუსულენოვანი სამყაროსათვის ზედმეტად უცხო იყო: თუ რუსულ ასოებს
დაკლაკნავდი, რუსი მწერლისა თუ პროტაგონისტის აზრით, მათ
ეგზოტიკური ,,ქართულის“ იერი მიენიჭებოდა!

ჩემი ვარაუდი დასტურდება პრიშვინის ზემოთ ნახსენები მოთხრობის ეპილოგით,


რომელიც, ისე ჩანს, მანდელშტამის ,,ქართული მითოლოგიის“ უნებლიე ავტორთ
აღარ წაუკითხავთ:

პროტაგონისტს ლიტერატურული შრომით ორი ძროხა შეუძენია და სოპკაზე ანუ


გორაკზე დასახლებულა, რომელსაც მაირა რქმევია. ამასობაში სტამბაში გამოსაცემად
ამზადებდნენ მის წიგნს, აწ უკვე ყველასთვის გასაგები სახელწოდებით - ,,სოპკა
მაირა“. სტამბის მუშაკებს უდიერობა გამოუჩენიათ და წიგნი გამოსულა
სახელწოდებით - ,,სტოპკა მაირა“. ეს რაღაცის ,,დასტოპებას“ ნიშნავდაო, - ქილიკობს
ავტორი.

,,ეს რომ მაშინ მომხდარიყო, როცა ახალგაზრდა მწერალი ვიყავი, გავგიჟდებოდი,


ახლა კი თავი გადავაქნიე და გავიფიქრე: ,,არა უშავს, ჭკვიანი მიხვდება, ბრიყვი ვერ
შეამჩნევს, ჩვენი მუშები კი, ამერიკელებს კი არ ჰგვანან, ყოჩაღები არიან: თავიანთი
14

ვინაობა ისე აღნიშნეს, როგორც მე და მანდელშტამმა ქართულად, და ახლა ალბათ


ხარხარებენ, როცა ,,სტოპკა მაირაზე“ აღბეჭდილ თავიანთ შესანიშნავ სახელებზე
მიუთითებენ (პრიშვინი).

და მაინც, ვის აძლევდა ხელს ლიტერატურათმცოდნეობაში ამ და სხვა მითების


დამკვიდრება?

ჩემი ვარაუდით, იმასვე, ვისაც სჯეროდა, რომ მანდელშტამისა


და ,,ცისფერყანწელების“ დაპირისპირების გამჟღავნება კრამოლა იყო, ხოლო
გაიოლება, ნეიტრალიზაცია ან, პირდაპირ ვთქვათ, მიჩუმათება - ფანდი, რომელიც,
ერთი მხრივ, ხმებს მანდელშტამის უხიაგ ხასიათზე გააქარწყლებდა, მეორე მხრივ კი,
გაახანგრძლივებდა ქართველი და რუსი თანამოკალმეების ურღვევი მეგობრობის
მითს.

პრიშვინის მოთხრობით, სხვა თუ არაფერი, ის მაინც მტკიცდება, რომ მანდელშტამმა


ქართული არ იცოდა, თორემ არ ჰკითხავდა პრიშვინს, ეს ქართული სიტყვები რას
ნიშნავსო.

აი, ნადეჟდა მანდელშტამი კი, მოგვიანებით თავის წერილებში, დადასტურების


ნიშნად, რამდენჯერმე ხმარობს ქართულ ნაწილაკ ,,ჰო“-ს. მაგ.,1954 წლის 23 მარტით
დათარიღებულ წერილში შკლოვსკებისადმი). ასე ok-ს იყენებენ ინგლისურენოვანნი.
მაგ., ნადეჟდა მანდელშტამი სთხოვს ადრესატს: ,,მიყიდეთ ფეხსაცმელი, ჰო (ok)?“
სავარაუდოდ, ეს სიტყვა რამდენიმე ენის მცოდნე ნადეჟდა მანდელშტამის ქართული
ოდისეის რელიქტი იყო; ის, ალბათ, ამ სიტყვას ზეპირმეტყველების დროსაც
იყენებდა, და მისთვის ჩვეულ ხუმრობანარევ სტილს განუმარტავად იგებდნენ
ნამდვილი მეგობრები - ვიქტორ შკლოვსკის ოჯახის წევრები (ფიგურნოვები
2001:334).

ამგვარად, შეიძლება მხოლოდ სინანული გამოვთქვათ, რომ აკადემიური წრეებიც კი


უფრო მეტად სწყალობენ მითებს, ვიდრე - სინამდვილეს. თუმცა ისიც კარგად
გვესმის, რომ დიდ ადამიანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული მითები ხშირად
ნამდვილ ფაქტებზე უფრო დიდხანს ცოცხლობს.
15

დამოწმებანი

1. ევგენი მანდელშტამი 1995: Е. Э. МАНДЕЛЬШТАМ, ВОСПОМИНАНИЯ, «Новый


Мир» 1995, №10, http://magazines.russ.ru/novyi_mi/1995/10/mandel.html

2. დროის ხმაური: Осип Мандельштам. Шум времени,


http://lib.ru/POEZIQ/MANDELSHTAM/shum_wremeni.txt

3. კარპოვიჩი: МИХАИЛ КАРПОВИЧ, МОИ ВСТРЕЧИ С МАНДЕЛЬШТАМОМ,


http://o-e-m.narod.ru/memuary.html

4. მანდელშტამი ჰაიდელბერგში: Павел Нерлер, Мандельштам в Гейдельберге,


http://www.partner-inform.de/partner/detail/2013/12/238/6610

5. ახმატოვა: Ахматова А.: Листки из дневника. Воспоминания об О. Э.


Мандельштаме, http://mandelshtam.lit-info.ru/mandelshtam/vospominaniya/ahmatova-listki-iz-
dnevnika.htm

6. ხოდასევიჩი 1997: Ходасевич В. Собрание сочинений в 4 т. Т. 4., Согласие, М.,


1997

7. კავერინი 1989: Каверин В. Встречи с Мандельштамом // Каверин В. Счастье


таланта. Воспоминания и встречи, портреты и размышления., Современник, М., 1989

8. ლეკმანოვი: Олег Лекманов, Осип Мандельштам: Жизнь поэта,


http://bungalos.ru/b/lekmanov_osip_mandelshtam_zhizn_poeta/13

9. მოჩულსკი 1995: Константин Мочульский, О.Э. Мандельштам (публикация и


примечания Р.Д. Тименчика), МАНДЕЛЬШТАМ И АНТИЧНОСТЬ, Сборник статей под
ред. О.А.Лекманова, Мандельштамовское общество, Москва, 1995

10. გოლუბოვა, სუდაკოვი 2020: А.А. Голубева, Г.В. Судаков, РЕЧЕВЫЕ ОБРАЗЫ
ЯЗЫКОВ МИРА В ПОЭЗИИ О.Э. МАНДЕЛЬШТАМА, Вологодский государственный
университет, ВЕСТНИК ВОЛОГОДСКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО УНИВЕРСИТЕТА.
СЕРИЯ: ИСТОРИЧЕСКИЕ И ФИЛОЛОГИЧЕСКИЕ НАУКИ, 2020

11. ღია წერილი საბჭოთა მწერლებს: О. Мандельштам, Открытое письмо советским


писателям, https://rvb.ru/mandelstam/01text/vol_4/01letters/4_149.htm

12. მანდელშტამი 1994: Осип Мандельштам. Путешествие в Армению, О.


Мандельштам. Cобрание сочинений в четырех томах. М., 1994. Том 3
16

13. კუბატიანი 2012: Г. КУБАТЬЯН, Бегство в Армению и другие этюды о


Мандельштаме, Вопросы литературы 2012, 3

14. ნერლერი 2015: Павел Нерлер, «Путешествие в Армению» и путешествие в


Армению Осипа Мандельштама: попытка реконструкции, Знамя 2015, 11

15. ტერრასი 1995: В. И. ТЕРРАС, КЛАССИЧЕСКИЕ МОТИВЫ в ПОЭЗИИ ОСИПА


МАНДЕЛЬШТАМА, МАНДЕЛЬШТАМ И АНТИЧНОСТЬ, Сборник статей под ред.
О.А.Лекманова, Мандельштамовское общество, Москва, 1995

16. დომბი და მისი ძე: Осип Мандельштам, Домби и сын,


https://slova.org.ru/mandelshtam/dombiisyn/

17. გერმანული ენისადმი: Осип Мандельштам, К немецкой речи,


https://rvb.ru/20vek/mandelstam/01text/vol_3/01versus/01versus/3_058.htm

18. რონენი 2008: Омри РОНЕН, ПОЕДИНКИ, Звезда, 2008, 9,


http://magazines.russ.ru/zvezda/2008/9/po20.html

19. არიოსტო: Осип Мандельштам, АРИОСТ,


https://rvb.ru/20vek/mandelstam/dvuhtomnik/01text/vol_1/01versus/0203.htm

20. თარგმანთა თაობაზე 1993: О. Мандельштам, О переводах, Мандельштам, О. Э.


Собрание сочинений: в 4 томах / О. Э. Мандельштам. – Москва : Арт-Бизнес-Центр,1993–
1999 (Подготовлено Мандельштамовским обществом, т.2, 1993

21. მესამე წიგნი 2006: Мандельштам, Н. Я. Третья книга / Н. Я. Мандельштам, Ю. Л.


Фрейдин. – Москва : Аграф, 2006

22. მოგზაურობა სომხეთში 1994: Осип Мандельштам. Путешествие в Армению, О.


Мандельштам. Cобрание сочинений в четырех томах. М., 1994, Арт-бизнес-центр, т. 3

23. სომხეთი: Осип Мандельштам, «Армения», https://nashasreda.ru/osip-mandelshtam-


armeniya/

24. ბირნამის ტყე: Павел Нерлер, Осип Мандельштам и Бенедикт Лившиц в


«Бирнамском лесу» Тициана Табидзе, https://7i.7iskusstv.com/y2019/nomer8/nerler/

25. ორიოდ სიტყვა ქართულ ხელოვნებაზე: О. Мандельштам, КОЕ-ЧТО О


ГРУЗИНСКОМ ИСКУССТВЕ, https://rvb.ru/mandelstam/01text/vol_2/03prose/2_179.htm

26. მას ახსოვს ჩემი ჩაკეცილი ჩექმა, მტვრიანი...: Осип Мандельштам, Еще он
помнит башмаков износ,
17

https://rvb.ru/20vek/mandelstam/dvuhtomnik/01text/vol_1/01versus/0291.htm

27. ნერლერი 1990: П. Нерлер, «Мне Тифлис горбатый снится…» Осип Мандельштам
и Грузия, Осип Мандельштам, Стихотворения, Переводы, Очерки, Статьи, Тбилиси,
Мерани, 1990

28. პრიშვინი: М. Пришвин, СОПКА МАИРА,


http://prishvin.lit-info.ru/prishvin/proza/cvet-i-krest/sopka-maira.htm

29. ფიგურნოვები 2001: Осип и Надежда Мандельштамы в рассказах современников /


Вступ. ст., подгот. текст., сост. и коммент. О.С. Фигурнова, М.В. Фигурнова. — М.:
Наталис, 2001

30. ნადეჟდა მანდელშტამი 1987: НАДЕЖДА МАНДЕЛЬШТАМ, КНИГА ТРЕТЬЯ,


YMCA-PRESS, 11 , ruе de la Montagne-Ste-Genevieve, 75005 Paris 1987

You might also like