You are on page 1of 7

1

კონსტანტინე გამსახურდია

პორცელანი
ჩვენ მჲუნხენში გავიცანით ერთმანეთი,ხელოვანთა მასკარადზე.

ჩემი ნიღაბი იყო:ოდისეჲ,

მისი-ფერია კალიპსო.

ორივენი ერთ შეზლონგში ჩავჯექით,როცა უკანასკნელი პოლონეზი გათავდა.

უნებურად ჩემი მუხლის თავი მისას მოჰხვდა.ეს იყო ჩვენი მასლაათის შესავალი.

-„პარდონ მადამ“,-წავიჩურჩულე.

-მე მადამი არ გახლავართ.-იყო პასუხი.

-ნეტავ ვიცოდე,როგორი ხართ სინამდვილეში?

-მე?მე მუდამ ერთი და იგივე,როგორიც სინამდვილეში,ისე ნიღაბოსანთა


საღამოზედაც.

-არა,სერიოზულად,მე მაინტერესებს თქვენ როგორი სახე გაქვთ,როგორი თმა?

მე გავჩუმდი.

-თქვენ ისეთი ხმა გაქვთ,მთიული უნდა იყოთ.

-როგორ თუ მთიული?

-მთიელი კაცი.

-ეგ სწორია,მაგრამ როგორ შემატყეთ?

-მე ვფიქრობ ეს ადვილია,თქვენ ფოლადისებური ხმა გაქვთ.თქვენი წინაპრები ალბათ


ტივებით ეზიდებოდნენ შეშას მთიდან,ან ჯიხვებზე ნადირობდნენ.

ცნობილია,მენავეებისა და მონადირეების მოდგმას ხმამაღალი ლაპარაკი სჩვევია.

პაუზა.

მას ცალი ხელი მუხლზე უდევს.მეორეს შეზლონგის ხავერდს უცაცუნებს.

-არა,მართლა მითხარით,როგორი თმა გაქვთ,შავი?

-ჰო,ჩემი თმა შავია,როგორც საქართველოს უმთვარო ღამე.

მას რაღაც უნდოდა ეკითხა,მაგრამ მე შევაწყვეტინე.


2

-ჰო,უკაცრავად...

რა ძნელია,კაცს მასკარადშიაც რომ არ დაავიწყდება ზრდილობა.

-თქვით,რა გინდოდათ.

-არა,თქვენ ბრძანეთ.

-ახლა მე არაფერს ვიტყვი,სანამ თქვენ...

-ჰო,მე მინდოდა მეთქვა:ისეთი შთაბეჭდილება მაქვს,რომ თქვენ დანიშნული,ან


გათხოვილი უნდა იყოთ.

-რატომ?ნუთუ ასე ხნიერი...

-არა,ნიღბოსანთა საღამოზე ნათქვამი უკუღმა უნდა გაიგოს კაცმა.საერთოდ,ქალის


ნათქვამიც...

იგი გაჩუმდა,ნიღაბი გაისწორა.

მე მაგრად დავუჭირე ცალი ხელი.

-ახლა უნდა მითხრათ თქვენი ნამდვილი გვარი,საცაა თქვენი კავალერიც მოვა.

მან გადაიხარხარა.

-თქვენ თავხედი ყოფილხართ.

რა ბავშური სიცილია,რა წკრიალა ხმა.ვფიქრობ.

-ბარონესსე ფონ შტაინ.

მე მინდოდა მისამართიც მეკითხა,მაგრამ გავჩუმდი.

-არა,გატყუებთ.ეს ჩემი ქალიშვილობის გვარია.მე გათხოვილი ვარ ბარონ


როსტრუპზე.

-თქვენ,თუ არ ვცდები,ხელოვანი უნდა იყოთ,მხატვარი?..

-არა.

-მუსიკოსი?

-არც ეგ.

-მაშ?

-მე,კაცმა რომ თქვას,წმინდა ხელოვანი არა ვარ.მე ვხატავ პორცელანის ჭურჭელის


დეკორაციის ნიმუშებს,ეგ დარგი პრაქტიკულის მოსაზრებით არ ამირჩევია.
3

-რა ვუყოთ,ინტენსიური ხელოსნობაც...

პაუზა.

-თქვენ რაზე გაჩუმდით?

-მე ვფიქრობ,ხელოვანი ქალი არ უნდა გათხოვდეს.

-რატომ?

-ისე.

- წინააღმდეგ,მე გათხოვების შემდეგ დავიწყე ხატვა.

-როგორ თუ გათხოვების?

-თუმცა მე გათხოვებამდისაც ვიტანჯებოდი მოზღვავებული ფანტაზიის


სიჭარბით,მაგრამ ხელოვნების ვერც ერთ დარგში ვერ მოვეწყვე,რადგან
მეგონა,როგორც სიტყვითი,ფერადობითი ისე ტონალი ხელოვნებანი ვერ იძლევიან
ისეთ ფაქიზსა და რხეულ ნჲუანსებს...

-საერთოდ ხელოვნება დღესაც ბანალურ რეალიზმში იხრჩობა.

- მერმე გათხოვება აქ რა შუაშია?

-აი გეტყვით.მე ბარონ როსტრუპი მიტომაც შემიყვარდა,რომ ის უფანტაზიო კაცია.იმ


ხანებში იგი ბაქტერიოლოგიით იყო გატაცებული.ერთხელ,მარტოყოფნის დროს,მეც
ავიღე ხელში მისი მიკროსკოპი.ნამდვილი სინამდვილე მაშინ ვნახე,სულ სხვა
ფერადი,სულ სხვა ხაზმოსმა,ვიდრე ის სინამდვილე,რომელსაც ჩვენ შეუიარაღებელი
თვალით ვხედავთ.

მაშასადამე,ვიფიქრე მე,ჩვენი სინამდვილე მტკნარი სიცრუე ყოფილა.კიდევ ყოფილა


მეორე სინამდვილე,ხელოვნება კი მესამე სინამდვილეა,მხატვრის მიკროსკოპში
დანახული.ამ შეგნებამდის მე ამ ათიოდე წლის წინათ მივედი და ირაციონალის
ფერების შეხამება დავიწყე.მაშინ სად იყვნენ ექსპრესიონისტები?მე მათდა
დამოუკიდებლად მივაგენი ირაციონალ ექსპრესიონიზმს.სულ მიკროსკოპის
წყალობით.

იგი გაჩუმდა.ჩემს სულში ახალი ჭეშმარიტება ჩაეწვეთა,მე ამაზე ვფიქრობდი.

-თქვენ როგორც თქვით,აღმოსავლეთიდან ყოფილხართ?

-დიახ.

-აღმოსავლეთი ჩემი ოცნების ქვეყანაა.მე სულ ინდოეთის,იაპონიისა და ჩინეთის


ფერები მელანდება.ჩვენი ცა,ჩვენი ზღვა,ფრიად ღარიბია ფერადებით...ყველაზე
უფრო დასავლეთ ევროპის ღრუბლები ღარიბებია ბაღში გაფენილ მჩვრებივით
4

წვირიანი და დაგლეჯილი.მე იაპონელების და ჩინელების მხატვრობა მიყვარს.ისინი


არასოდეს ჰხატავენ ჩიტს ისე როგორც ეს ბუნებაშია,არამედ ჩიტს მუდამ
ტრანზიტორულ მომენტში.

საერთოდ ჩვენი ევროპული რეალიზმი მძაგს,ბანალური რეალიზმი.

იგი გაჩუმდა.

-გენატრებათ აღმოსავლეთი?

-მე აღმოსავლეთში უნდა დავბადებულიყავი.

უნებურად მომაგონდა ჰაინეს ნაძვის ხე,მთის კორტოხზე რომ დგას და მზით


გაბრწყვიავებულ ბზაზე ოცნობს.

რა ძლიერია პოლარულ უკიდურესობათა ლტოლვა საგნებში!

ჩრდილოეთში დაადებული ქალი სამხრეთზე ოცნებობს!..

-ქორწინებას,მრავალ უბედურებათა შორის,ხშირად კარგი მხარეებიც აქვს.ჩემმა


მეუღლემ თავის მიკროსკოპით მთელი ახალი ქვეყანა აღმომაჩენინა,ახალი ქვეყანა
ხელოვნებისა.-ამბობდა მადამ როსტრუპი.

-სამაგიეროდ ჩემმა ირაციონალ ფერადებმა მას აღმოსავლეთის სული და კულტურა


შეაყვარა.მისი საკითხავებია ახლა:უფანიშადები,ლაოძე და იაპონური მითოლოგია.

გამოთხოვებისას დავთქვით:- შევხვდებითო რუდოლფ შტაინერის


მოხსენებაზე.ჰამბურგერის სალონში.ხუთშაბათს მადამ როსტრუპს ხშირად
ვხვდებოდი აპირიტისტების საღამოებზე,თეატრებში და ლიტერატურულ
სალონებში.მალე დავრწმუნდით,რომ ჩვენი დამოკიდებულება ისე სათუთი
გახდა,რომ მრავალთა შორის ყოფნა ჩვენ აღარ შეგვეძლო.უნდა მოგვეძებნა სადმე
კუნჭული,სადაც მარტო ვიქნებოდით.

ჩემს განცვიფრებას საზღავრი არა ჰქონდა,როცა მან წინადადება მომცა,რომ მომავალ


შაბათს საღამოს მათსას მოვსულიყავ ხუთი საათის ჩაიზე.

-ჩემი ქმარი-ამბობდა მადამ როსტრუპი.-ისეთი გატაცებული ორიენტალისტია,რომ


მას დიდად დააინტერესებს თქვენი აზრები,საერთოდ იგი სულიერად
აღმოსავლეთში ცხოვრობს.

მერე დაიწყო მშვენიერი საღამოები ბარონ როსტრუპის ოჯახში...

ძველი,ტრადიციული,გერმანელი ბარონის ოჯახი,რომელიც თავის დეკადენსის


მწუხრში მისტიკით,წმინდა ხელოვნების იდეალებით და არისტოკრატული
ესთეტიციზმით იკვებება.
5

დეკადენსი,ვამბობ,რადგანაც როსტრუპის ოჯახი,როგორც მადამ როსტრუპს


სამკაულებზე შევატყე,ვალებში იყო ჩაფლული.

ყოველ შაბათს საღამოს შავ მაჰაგონის მრგვალ მაგიდას გარს ვუსხედით ჩვენ
სამნი:მადამ როსტრუპი,ბარონ როსტრუპი და მე.ნარინჯრისფრად შეღებილ ოთახის
კედლებიდან გადმოგვცქერდონენ მეჩვიდმეტე საუკუნის მხატვართა
სურათები.ბერები ჟინჟღლივით ანთებული, გავსილი სახეების და გაბრწყინვებული
თვალებით,-იღებენ ხელში მაღალფეხიან წკრიალა ჭიქებს,რომელშიაც ოქროვანი
ღვინო კიაფობს. იქვე მთელი ამალა „ალა პამპადურ“,ჩაცმული ქალებისა,ლუდოვიკო
მზეთა მეფის სასახლიდან,როკოკო ტანისამოსი,რაინდები მოკლე შპაგებით და
მაღალი საყელოებით.მწევრები ამოკეცელი კუდებით და
გრძელი,ბანჯგვლიანი,პარტყუნა ყურებით,მერე მთელი რიგი ჰოლანდიელ მკვდარი
ბუნების მხატვრების:დახოცილი იხვები,ბატები,დაკლული ნადირი,დახლეჩილი
ბროწეულები.ჩვენ სამნი ვისხედით მწვანეაბაჟურიან ელექტორნის ლამპის
ქვეშ,რომელიც ზედ ჩვენს თავზე ეკიდა.ვისხედით როგორც ბედუინის
ოჯახი,უდაბნოს ოაზისში პალმის ქვეშ,და ჩინურ ჩაის შევექცეოდით.

ერთადერთი ნივთი,რომელიც ბარონ როსტრუპის აღმოსავლურ გემოვნებას


მოწმობდა,ეს იყო პორცელანის ჭურჭელი.ჩაის ჭურჭელი, რომელიც ოჯახის
დიასახლისის დიდედის ნამზითვარი ყოფილა,სამ თაობას უსვამს ამ საოცრად
მოხატულ თასებიდან სურნელოვანი ჩაი და ეს თასები პეპლებით,ზღვის
ღინჭილებით,მშვენიერი ჩინელი ქალების გრძელი მარაოსებური წამწამებით უცხოდ
მოხატული,რაღაც განუსაზღვრელი სიყვარულის საგანი იყო ამ ოჯახში.მე ვერ
წარმომედგინა თუ ადამიანის სიყვარული უჰასაკო საგნისადმი უფრო ნაზი
იქნებოდა!ვინაიდან ბარონ როსტრუპის მთავარი დებულება იყო: ახალგაზრდობას
ცუდი აღზდა აფუჭებს,კარგ სურათებს-უგემური მიშტერება,კარგ ჩაის-ცუდი
ჭურჭელი,როგორ უყვარდა ჩაი ბარონ როსტრუპს!

მას სპეციალუად შეუსწავლია ჩაის მოყვანის საქმე ჩინეთში.მე მგონია,რომ ყოველი


ერი,და ყოველი პიროვნება ყოველდღიურ წვრილმანებშიაც ისე აშკარად იჩენს თავის
სულიერ სახეს,როგორც თავის ფილოსოფიისა და მწერლობის უმნიშვნელოვანეს
ძეგლებში.ცხოვრება სხვა რაღაა,თუ არა და საგნებისადმი დამოკიდებულების
გამომჟღავნება. ადამიანიც წვრილმანებში იჩენს თავის ხასიათს,რადგანაც დიდ
საქმეში მას არაფრის დამალვა შეუძლია.

ბარონ როსტრუპი კარგად იცნობდა ჩინეთის ტანგ,სუნ და მინგ დინასტიის დროს


ჩაის კულტურას.მთელ ბოტანიკას ჩაიზე დამყარებულს.

„ჩაის ათასნაირი პირდაპირი და სიმბოლური,რელიგიური დანიშნულება აქვს


ჩინეთში,დაიწყო ბარონ როსტრუპმა.ტაოისტების აზრით ჩაი უკვდავების ერთი
მთავარი ელემენტთაგანია.“
6

მადამ როსტრუპმა ხუფი ახადა ჩაიდანს.მე ახლად დამდგარ ჩაის სურნელება


მეცა,თვალი დავხუჭე.მესმის თუ როგორ ივსება მადამ როსტრუპის მშვენიერი
პორცელანის თასები სურნელოვანი ჩაით.

-ბუდდისტებისათვის ჩაი მათრობელი საშუალებაა მათი მედიტაციის დროს,-


განაგრძო ბარონ როსტრუპმა.-სამხრეთ ჩინეთის დინასტიის პოეტების ფრაგმენტები
მინახავს,სადაც ჩაის დითირამბებს უმღერიან.

ჩაის ნეფრიტის ლივლივა წვენს ეძახის ერთი პოეტი.ჩაის მადიდებელი მოციქული


ლუ ჲუ,თავის ცნობილ თხზულებაში „წმინდა წიგნი ჩაისათვის“ ბუდდიზმისა და
ტაოზმის სინტეზებს გვაძლევს.

დღესაც ჩინელ ჩაის ვაჭრებს პოეტი ლუ ჲუ თავის მთავარ კერპად ჰყავთ


აღიარებული...

მე ვაშტერდები მადამ როსტრუპის წინაშე მდგარ თასს.იგი ყვავილის ყელივით ნაზია


და სიფრიფანა!განსაკუთრებით ის თასი მიყვარს,მადამ როსტრუპის ტუჩები რომ
ეხება ყოველ საღამოს.

ჰოი საკვირველებავ,ისეთი ადამიანებიც რომ მოიპოვებიან,რომელთაც მატერიაში


სულის ჩარგვაც ეხერხებათ!

ერთ საღამოს ბარონ როსტრუპისას სხვა სტუმრებიც იყვნენ.სასადილო ოთახში


მაჰაგონის სუფრაზე ახალი ჩაის ჭუჭელი ელაგა.საუბარი პოლიტიკურ თემებს
შეეხებოდა.მე სულ გაჩუმებული ვიყავი,რადგან ისეთი საგნების შესახებ იყო
ლაპარაკი,რომელნიც ჩემს გულს არაფერს ეუბნებოდნენ.მე ვსდუმდი.აღარ მესმოდა
თხელი,ბუმბულივით მსუბუქი ჩაის სერვიზის ნაზი წკრიალი.ჰაეროვანი ხმა ძველი
კულტურისა.მის ნაცვლად სუფრაზე ვხედავ ტლანქ,უხეშ,ევროპულ ფაბრიკაციის
ჩაის ჭურჭელს.

-ომმა ცხოვრება გააძვირა „მონ შერ ამი“,ცხოვრება შეუძებელი გახდა.ჩვენსას ერთი


ამერიკელი ჟურნალისტი იყო,მან დიდი ფული შემომთავაზა ჩვენს პორცელანში ნჲუ
იორკის ერთი მუზეუმისთვის,მეტი გზა არ იყო,უნდა გაგვეყიდა...-მითხრა
ბარონმა,როცა დამიმარტოხელა, სალონში.

უნდა გაგვეყიდა!

როცა ამას მიამბობდა ბარონი როსტრუპი,მე ვხედავდი თუ როგორ გაულურჯდა მას


ტუჩის კუთხეები,ყველაფერი ისეთის კილოთი,ნაღვლიანი სახით მიამბო,თითქოს
ვიღაც გარდაცვლილიყო ოჯახში.ღამე შინ რომ დავბრუნდი,გულზე ლოდივით მაწვა
ორიოდე საათის წინ გაგონილი ამბავი.

მშვიდობით,მშვენიერო საღამოებო ბარონ როსტრუპის ოჯახში,მშვიდობით


ჰაეროვანო ჩაის ჭურჭელო!
7

შენც ფეხი შესდგი, მეგობარო,უკულტურობის მოლიპულ გზაზე,ქაღალდის


ნაგლეჯებით მოგენილ გზაზე.შენც...

რამდენი სიყვარული,რამდენი ჯაფა მოუნდებოდა იმ მშვიდობიანობის მოყვარულ


ჩინელს,ამ ოთხიოდე საუკუნის წინათ,შენი პორცელანის ფორმებისა და ფერადების
მოსაგონებლად.

მერე რამდენი სიყვარული მოიმკო მისმა ქმნილებამ შენი ცოლის წინაპრებისა და


შენს ოჯახში,რამდენი სულიერი სიკეთე და სათნოება უნდა გამოეჩინათ შენ
მახლობელთა ხელებს,რომ ამ პორცელანის სათუთი,რხეული ყუნწის მსგავსი
ხელსაკიდი არ დაემსხვრიათ...

და შენ,ერთ წამში,ხელიდან გააგდე ეგ ძვირფასი საუნჯე,რომელიც მთელი ეპოქის


სულიერ სიმდიდრის ჭურჭელიც იყო.

ამის შემდეგ მე ბარონ როსტრუპისას ფეზი არ დამიდგამს.

სად არის ნეტავ ბარონ როსტრუპის პორცელანი?ვფიქრობ ხანდახან...ეგებ ნჲუ


იორკის რომელიმე მუზეუმში.

ჰმ მუზეუმი!

მუზეუმი სხვა რაღაა თუ არა უშველებელი სასაფლაო,სადაც ყოველი ერი,ყოველი


რასსა,თავის გრძნობებს ჰმარხავს...დიდი საფლავი მიცვალებულ
გრძნობათა,დრომოჭმულ ფერადებისა და რითმების...

ბარონ როსტრუპის მშვენიერი პორცელანიც ალბათ ასეთ ადგილას ასაფლავია


სადმე...

1919

ატვირთულია ზვიად გამსახურდიას(მთავარი რედაქტორი),

რედაქციით გამოქვეყნებული ვერსია.

ელექტრონული ვერსია მომზადებულია მარიამ ოსიაშვილის მიერ

osiashvilimariami2002@gmail.com

You might also like