You are on page 1of 19

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის

სამსახური

ინდიკატორები
ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტების
გამოვლენისას სახელმძღვანელო
საყურადღებო ნიშნები

2016 წ.

დოკუმენტი განკუთვნილია მხოლოდ საფინანსო სექტორის წარმომადგენლების


შიდა მოხმარებისთვის
შიდა მოხმარებისთვის

შინაარსი

1. შესავალი ................................................................................................................................................. 2
2. კლიენტი.................................................................................................................................................. 3
2.1 კლიენტის ქცევა ............................................................................................................................... 4
2.2 ხარჯვითი აქტივობა ....................................................................................................................... 4
2.3 ფინანსური კავშირები .................................................................................................................... 5
3. გეოგრაფიული რისკი და უცხოელი ტერორისტი მებრძოლები .................................................. 5
3.1 მაღალი რისკის იურისდიქცია/რეგიონი .................................................................................... 7
3.2 უცხოელი ტერორისტი მებრძოლები .......................................................................................... 7
3.3 სხვა გეოგრაფიული ინდიკატორები ........................................................................................... 8
4. ინდივიდუალური პროდუქტები და მომსახურება ........................................................................ 8
4.1 ნაღდი ფული .................................................................................................................................. 10
4.2 საკრედიტო ბარათი ...................................................................................................................... 11
4.3 სესხის გაცემა.................................................................................................................................. 11
4.4 ვალუტის გადაცვლა ..................................................................................................................... 12
4.5 ელექტრონული საფულე ............................................................................................................. 12
4.6 წინასწარი გადახდის ბარათი...................................................................................................... 12
4.7 ქრაუდფანდინგი............................................................................................................................ 13
5. კომერციული ორგანიზაციები .......................................................................................................... 13
5.1 საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა .................................................................................... 14
5.2 ნავთობპროდუქტები .................................................................................................................... 15
5.3 კულტურული ღირებულების მქონე ნივთები......................................................................... 16
6. არაკომერციული ორგანიზაციები.................................................................................................... 16
6.1 შემოწირულობები ......................................................................................................................... 16
6.2 დანახარჯები .................................................................................................................................. 17
6.3 ტრანზაქციები ................................................................................................................................ 17
6.4 მენეჯმენტი და თანამშრომლები................................................................................................ 18
7. დასკვნა .................................................................................................................................................. 18

1
შიდა მოხმარებისთვის

1. შესავალი

ინდიკატორების ჩამონათვალი შედგენილია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის


სამსახურის მიერ ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) წევრი ქვეყნების
გამოცდილების საფუძველზე და განკუთვნილია მხოლოდ საფინანსო სექტორის
წარმომადგენლების (შემდგომში - ფინანსური ინსტიტუტების) შიდა მოხმარებისთვის.
ინდიკატორების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსურ ინსტიტუტებს ტერორისტებისთვის
გამიზნული ფინანსური ნაკადების გამოვლენასა და შეჩერებაში. წინამდებარე
დოკუმენტის მესამე პირებისთვის გადაცემა ან სხვაგვარად გავრცელება დაუშვებელია
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი თანხმობის გარეშე.

ქვემოთ მოყვანილი ინდიკატორები წარმოადგენს მინიშნებებს ფინანსური ინსტიტუტის


კლიენტის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის ალბათობაზე. ინდიკატორების
ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შეუძლებელია მოიცავდეს ყველა ისეთ ვითარებას,
როდესაც ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის საფრთხე
არსებობს. ამასთან, ცალკეული ინდიკატორები შეიძლება პირდაპირ არ მიუთითებდეს
ტერორიზმის დაფინანსებაზე, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებს ისეთი შემთხვევების
იდენტიფიცირებაში დაეხმარება, რომლებიც დამატებით გამოკვლევას და ანალიზს
იმსახურებს.

ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენა განსაკუთრებით რთულია, რადგან


ჩვეულებრივ იმაზე მცირე თანხების მოძრაობას გულისხმობს, ვიდრე ფულის
გათეთრების მიზნით შესრულებული ტრანზაქციები და ხშირად კლიენტის
ყოველდღიური ლეგიტიმური საქმიანობის მსგავსია. შესაბამისად, ინდიკატორები
შეიძლება დიდი სურათის მხოლოდ ერთ ასპექტზე მიანიშნებდეს და ფინანსური
ინსტიტუტის მიერ თითოეული ინდიკატორის მნიშვნელობის შეფასება კლიენტთან
საქმიანი ურთიერთობის ხასიათის, კონტექსტუალური გარემოებებისა და სხვა რისკ-
ფაქტორების ერთობლიობაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

ინდიკატორებით უნდა იხელმძღვანელონ ფინანსურ ინსტიტუტებში მონიტორინგის


განხორციელებაზე პასუხისმგებელმა პირებმა. ინდიკატორების უმეტესობა კომერციული
ბანკების საქმიანობას ეხება, თუმცა შეიძლება სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან
მიმართებაშიც აქტუალური იყოს. ინდიკატორები კლიენტების ფართო სპექტრს მოიცავს
და შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მცირე და საშუალო
ბიზნესს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მსხვილ კორპორაციებსა და კონგლომერატებს.

2
შიდა მოხმარებისთვის

2. კლიენტი

კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა


უზრუნველყოს მისი სახელის/სახელწოდების გადამოწმება გაეროს უშიშროების საბჭოს
ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, რომელიც ქართულ ენაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება.1 პოტენციური
კლიენტებისთვის, რომლებიც ამ სიაში აღმოჩნდებიან, რაიმე მომსახურების გაწევა
დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, კანონმდებლობით
დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურში.

ფინანსურმა ინსტიტუტმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს არსებულ


კლიენტებს შორის ტერორისტებთან ან ტერორისტულ დაჯგუფებებთან შესაძლო
კავშირში მყოფი პირების გამოვლენას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული ღონისძიებების გატარებას. ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ
პირებზე ხელმისაწვდომი მონაცემების შედარება არსებულ კლიენტებსა და მათ
ბენეფიციარ მესაკუთრეებზე დაცულ ინფორმაციასთან იძლევა შესაძლო ტერორისტული
ქსელების და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირების საშუალებას.

კლიენტის ვინაობის განსაზღვრას და მისი ტრანზაქციების შესწავლას გადამწყვეტი


მნიშვნელობა აქვს კლიენტის ქმედებების ასახსნელად და მისი ფინანსური კავშირების
დასადგენად. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან
კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება და პერიოდული განახლება,
აგრეთვე კლიენტის მიერ შესრულებული გარიგებების/ოპერაციების სრულფასოვანი
ანალიზი. თუმცა, ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, მაღალი რისკის მატარებელი
კლიენტების გამოვლენას შესაძლოა ისეთი დამატებითი წყაროების გამოკვლევაც
დასჭირდეს, როგორიცაა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ცნობები,
ექსტრემისტებში პოპულარულ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია ან
მონაცემები კლიენტის მდებარეობის შესახებ ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას.

დაუშვებელია ტერორიზმის ასოცირება რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობასთან ან


ეთნიკურ წარმომავლობასთან. თუმცა, ვინაიდან თავად ტერორისტები ხშირად
მიაკუთვნებენ თავს გარკვეულ ჯგუფებს, ფინანსური ინსტიტუტის მოვალეობაა,
ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირებისა და მართვისას,
მხედველობაში მიიღოს რადიკალური ხასიათის რელიგიური ან ნაციონალისტური
მოსაზრებებით მოტივირებული ქმედებები.

1
https://www.un.org/sc/suborg/en/sanctions/un-sc-consolidated-list

3
შიდა მოხმარებისთვის

2.1 კლიენტის ქცევა

 კლიენტის მიერ ექსტრემისტული შეხედულებების მიმდევრობა (მაგ. ფინანსური


ინსტიტუტის რომელიმე თანამშრომელთან ურთიერთობაზე უარის თქმა
რელიგიური, სქესობრივი ან სხვა რაიმე ნიშნით);
 კლიენტის მიდრეკილება ძალადობრივი მეთოდებისადმი (მაგ. სოციალურ ქსელში
ტერორიზმის მხარდამჭერი შეხედულებების გაზიარება);
 კლიენტის მიერ ანგარიშის რეკვიზიტების განთავსება ინტერნეტში ან სოციალურ
ქსელში, ექსტრემისტული შეხედულებების მხარდასაჭერად, შემოწირულობების
შეგროვებისათვის;
 კლიენტის მიერ მეტსახელების ან/და ფსევდონიმების გამოყენება, მათ შორის,
სახელისა და გვარის შემადგენელი ელემენტების თანმიმდევრობის ცვლილება;
 მცირე მოცულობის ტრანზაქციების განხორციელება ფინანსური ინსტიტუტის
ერთდროულად რამდენიმე ან ერთსა და იმავე ოფისში/ფილიალში სხვადასხვა
მოლარე/კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობის აშკარა განზრახვით;
 დიდი მოცულობის ტრანზაქციების განხორციელება ფინანსური ინსტიტუტის
სხვადასხვა ოფისებში/ფილიალებში;
 რამდენიმე პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტის ერთსა და იმავე ოფისში/ფილიალში
დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობის უეცარი
ზრდა;
 კლიენტის მისამართის, ტელეფონის ნომრის ან სხვა საკონტაქტო მონაცემების ხშირი
ცვლილება ან საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან მცირე ხანში მასთან
დაკავშირების შეუძლებლობა;
 ფიზიკური პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე ანგარიშის გახსნა მცირე თანხების
გადარიცხვა/მიღების მიზნით;
 კლიენტის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული
ხარჯების მიმართ.

2.2 ხარჯვითი აქტივობა

 თანხის შეწირვა ექსტრემისტული შეხედულებების მხარდამჭერ ორგანიზაციას,


მედია საშუალებას ან ვებ-გვერდს;
 შემოწირულობების მიღება საქველმოქმედო დახმარებისთვის განკუთვნილ
ანგარიშზე და შეგროვებული თანხის გადარიცხვა ექსტრემისტული შეხედულებების
მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის;
 ძვირადღირებული ან/და მაღალტექნოლოგიური საკომუნიკაციო ხელსაწყოს (მაგ.
სატელიტური ტელეფონი) შეძენა;

4
შიდა მოხმარებისთვის

 ორმაგი დანიშნულების ისეთი საქონლის შეძენა, რომელთა გამოყენება


შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
დასამზადებლად;
 ანგარიშზე თანხების მოძრაობის მოცულობის ან/და სიხშირის აუხსნელი ზრდა.

2.3 ფინანსური კავშირები

 ისეთი კლიენტების მიერ, რომელთა შორის პირადი ან საქმიანი ურთიერთკავშირის


დადგენა ვერ ხერხდება, ანგარიშის გახსნისას ერთი და იგივე მისამართის,
ტელეფონის ნომრის ან სხვა საკონტაქტო მონაცემების მითითება;
 იურიდიული პირის ანგარიშის გახსნისას ისეთი მისამართის მითითება, რომელიც
აღნიშნულ იურიდიულ პირთან კავშირში არ მყოფი ფიზიკური პირის მისამართს
ემთხვევა;
 სხვადასხვა კლიენტების მიერ, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტს ერთგვაროვან
საკონტაქტო მონაცემებს წარუდგენენ, თანხის გადარიცხვის ოპერაციების
შესრულების მოთხოვნა დროის მცირე მონაკვეთში;
 ანგარიშის გახსნა ან/და გამოყენება რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ, რომელთა
შორის პირადი ან საქმიანი ურთიერთკავშირის დადგენა ვერ ხერხდება;
 თანხის მრავალჯერადი გადარიცხვა ისეთი პირების სასარგებლოდ, რომლებთან
კლიენტის საქმიანი ურთიერთკავშირის დადგენა ვერ ხერხდება;
 პირების მიერ, რომლებიც ერთი შეხედვით დამოუკიდებლად მოქმედებენ, თანხების
გადარიცხვა ერთი და იგივე კონტრაგენტებისთვის ან მათ სასარგებლოდ ასეთი
კონტრაგენტების მიერ თანხების ჩარიცხვა (მაგ. ე.წ. მომხმარებელთა ქსელი,
რომელიც წარმოადგენს საერთო კონტრაგენტებით დაკავშირებულ პირთა ჯგუფს);
 თანხის გადარიცხვის ადრესატად არა თანხის რეალური მიმღების, არამედ სხვა
ისეთი პირის მითითება, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილია.

3. გეოგრაფიული რისკი და უცხოელი ტერორისტი მებრძოლები

ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ტერორიზმის დაფინანსების რისკის ანალიზისას,


გათვალისწინებული უნდა იქნას ფულადი სახსრების წყაროსთან, დანიშნულების
ადგილთან და სატრანზიტო ქვეყნებთან დაკავშირებული რისკები. ასეთი გეოგრაფიული
ხასიათის რისკები შეიძლება მოიცავდეს როგორც კლიენტის მოქალაქეობას, მის
საცხოვრებელ ადგილს ან მისამართს, ისე ნებისმიერი სხვა სახის კავშირს ტერორიზმის
დაფინანსების კუთხით მაღალი რისკის მატარებელ იურისდიქციასთან/რეგიონთან.

ფინანსურმა ინსტიტუტმა, მაღალი რისკის მატარებელი იურისდიქციის ან რეგიონის


განსაზღვრისას, პირველ რიგში, უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული

5
შიდა მოხმარებისთვის

ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული საყურადღებო ზონების ნუსხით.2


თუმცა, ტერორიზმის დაფინანსების თვალსაზრისით, მაღალი რისკის მატარებელი
იურისდიქცია ან რეგიონი შეიძლება ასევე მოიცავდეს ისეთ ტერიტორიას, რომელზეც
ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ, მათ შორის, თავდასხმების დაგეგმვის და
ორგანიზების, მოხალისეთა რეკრუტირების, დაფინანსების მოზიდვის ან ლოგისტიკური
მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

ტერორიზმის დაფინანსების კუთხით მაღალი რისკის მატარებელი იურისდიქციის ან


რეგიონის მაგალითად შეიძლება განხილულ იქნას:

 კონფლიქტის ზონა - ადგილი, რომელიც სერიოზული არასტაბილურობით


ხასიათდება, მათ შორის, საომარი ვითარების, შეიარაღებული დაპირისპირების ან
ტერორისტული ორგანიზაციების აქტიურობის გამო;
 პროვინცია/რეგიონი, რომელსაც კავშირები აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან
რომელიც ტერორისტების კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება;
 ქვეყანა, რომელშიც აქტიურად ხორციელდება ტერორისტული დაჯგუფებების თუ
თავდასხმებისთვის განკუთვნილი დაფინანსების მოზიდვა;
 იურისდიქცია/რეგიონი, რომელიც უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა გადაადგილების
ან ტერორისტებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების მოძრაობისთვის
სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას ასრულებს;
 იურისდიქცია, რომლის საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ჩარჩო ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
სერიოზული ხარვეზებით ხასიათდება და აშკარად შეუსაბამოა ფინანსური ქმედების
სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან.

გეოგრაფიული რისკების კატეგორიაში ასევე ექცევა უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა


მგზავრობასთან დაკავშირებული ტრანზაქციები. კონფლიქტის ზონაში გამგზავრებამდე,
როგორც წესი, ასეთ პირებს სჭირდებათ მთელ რიგი ფინანსური და ლოგისტიკური
საკითხების მოგვარება. მგზავრობისთვის ლეგიტიმური ხასიათის მისაცემად, ისინი
შეეცდებიან, დანიშნულების ადგილი შენიღბონ არაპირდაპირი მარშრუტის არჩევით და
სატრანზიტო ქვეყნის სამგზავრო ვიზის აღებით. ასეთ დროს, კლიენტის ასაკის, ფულადი
სახსრების წარმომავლობის და ხარჯვითი აქტივობის მიზნების შესწავლა ფინანსურ
ინსტიტუტს საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.

2
https://www.fms.gov.ge/Uploads/files/watch_zones_ge.pdf

6
შიდა მოხმარებისთვის

3.1 მაღალი რისკის იურისდიქცია/რეგიონი

 კლიენტის კავშირი მაღალი რისკის იურისდიქციასთან საცხოვრებელი ან


რეგისტრაციის ადგილით, საქმიანობით ან სხვა ნიშნით;
 ტრანზაქციების განხორციელება რამდენიმე, მათ შორის, მაღალი რისკის,
იურისდიქციის გავლით;
 თანხის გადარიცხვა მაღალი რისკის იურისდიქციაში/იურისდიქციიდან, რაც
კლიენტის ჩვეულებრივი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს სცილდება;
 მაღალი რისკის იურისდიქციაში/იურისდიქციიდან შესრულებული ტრანზაქციის
მონაწილე პირებს შორის პირადი ან საქმიანი ურთიერთკავშირის დადგენა ვერ
ხერხდება;
 რამდენიმე პირის მიერ თანხის გადარიცხვა ერთი და იგივე მიმღების სასარგებლოდ
მაღალი რისკის იურისდიქციაში;
 ერთი და იგივე პირის მიერ თანხის გადარიცხვა რამდენიმე მიმღების სასარგებლოდ
მაღალი რისკის იურისდიქციაში;
 მრავალჯერადი ჩარიცხვის ოპერაციები საქველმოქმედო დახმარებისთვის
განკუთვნილ ანგარიშზე, რომელთა დანიშნულება შეგროვებული თანხის მაღალი
რისკის იურისდიქციაში მყოფი ფიზიკური პირისთვის გადაცემაა;
 კლიენტის მიერ კონფლიქტის ზონაში ან მის მოსაზღვრე რეგიონებში ბანკომატიდან
თანხის გატანა;
 ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა კონფლიქტის ზონაში ან მის მოსაზღვრე რეგიონებში
ექსპორტის განხორციელების მიზნით.

3.2 უცხოელი ტერორისტი მებრძოლები

 კლიენტის მიერ კონფლიქტის ზონაში ან მის მოსაზღვრე რეგიონებში მგზავრობა (მაგ.


ინტერნეტ-ბანკში ისეთი IP მისამართით შესვლა, რომელიც კონფლიქტის ზონაში ან
მის მოსაზღვრე რეგიონებში მდებარეობს);
 კლიენტის მიერ ინტერნეტ სისტემით სარგებლობის შედეგად დგინდება, რომ მისი
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული მითითებული
საცხოვრებელი ადგილისგან;
 კლიენტის მიერ ერთი მიმართულებით ავიაბილეთის შეძენა/დაჯავშნა საკუთარ ან
სხვის სახელზე კონფლიქტის ზონაში ან მოსაზღვრე რეგიონებში სამგზავროდ;
 კლიენტის მიერ თვითმფრინავის, მატარებლის ან/და ავტობუსის რამდენიმე
ბილეთის შეძენა კონფლიქტის ზონის მარშრუტში მის ანგარიშზე განხორციელებული
ჩარიცხვის რამდენიმე ოპერაციის შემდეგ;
 ვიზის მოსაკრებლის გადახდა, მათ შორის, ინტერნეტ ბანკით ელექტრონული ვიზის
შეძენა, კონფლიქტის ზონაში ან მის მოსაზღვრე რეგიონებში სამგზავროდ;

7
შიდა მოხმარებისთვის

 კლიენტის, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს, დაინტერესება


სიცოცხლის დაზღვევის ბენეფიციარების მიერ ანაზღაურების მიღების საკითხით
ტერორისტული აქტის შედეგად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;
 ახალგაზრდა პირის მიერ, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს,
სიცოცხლის დაზღვევის შესყიდვა ან სადაზღვევო პრემიის დაბრუნება (მცდელობა)
სამგზავრო ხარჯების დაფარვის მიზნით.

3.3 სხვა გეოგრაფიული ინდიკატორები

 კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში შესრულებული ოპერაციების, განსაკუთრებით


ფულადი გადარიცხვების, მოცულობის ან/და სიხშირის უეცრი ზრდა, რაც არ
უკავშირდება რაიმე არსებით გარემოებას (მაგ. ხელფასის აღების პერიოდის დადგომა
ან დღესასწაულის მოახლოება);
 ფიზიკური პირის მიერ მცირე თანხების მრავალჯერადი გადარიცხვა უცხო ქვეყანაში
რამდენიმე მიმღების სასარგებლოდ, რომლებთან მისი პირადი ან საქმიანი
ურთიერთკავშირის დადგენა ვერ ხერხდება ან მის სასარგებლოდ მცირე თანხების
მრავალჯერადი ჩარიცხვა ასეთი პირების მიერ;
 ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან
დაშორებულ რეგიონში ან სხვა ქვეყანაში გონივრული ახსნა-განმარტების გარეშე;
 პირის სასარგებლოდ უცხო ქვეყნიდან თანხის ჩარიცხვა ქველმოქმედების,
დახმარების ან სესხის გაცემის დანიშნულებით და მიმღების მიერ დაუყოვნებლივ
თანხის გატანა ან სხვა ანგარიშზე გადარიცხვა;
 კლიენტის ახლად გახსნილი ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხის ხარჯვა უცხო
ქვეყანაში;
 პირის მიერ უჩვეულოდ დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვა უცხო ქვეყანაში
გახსნილ სტუდენტურ ანგარიშზე.

4. ინდივიდუალური პროდუქტები და მომსახურება

ფინანსურ პროდუქტებთან და მომსახურების სხვადასხვა სახეობებთან დაკავშირებული


ინდიკატორები საკმაოდ მრავალფეროვანია და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით
ფულადი სახსრების მოძრაობის გამოვლენას ისახავს მიზნად. კლიენტის ქცევა ან
გარიგების მონაწილე პირების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხშირად ფინანსური
ინსტიტუტისთვის საწყის რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს, ხოლო ინდიკატორები,
რომლებიც კონკრეტულ პროდუქტს ან მომსახურებას უკავშირდება, როგორც წესი,
რისკების თავდაპირველი შეფასების კორექტირების საშუალებას იძლევა.

8
შიდა მოხმარებისთვის

ტერორიზმის დაფინანსებას შედარებით მცირე მოცულობის თანხები ესაჭიროება.


შესაბამისად, ნაღდი ფულის მეშვეობით შესრულებული ტრანზაქციები, რომლებიც
ანგარიშგებისთვის დადგენილ ლიმიტს არ აღემატება, ტერორიზმის დაფინანსების
გავრცელებული მეთოდია. მსგავსი ტრანზაქციების მაგალითია შემოწირულობების
შეგროვების მიზნით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მცირე თანხების შეტანა სხვადასხვა
ფორმით, ხოლო შემდგომ მათი განაღდება კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონებში
არსებული ბანკომატების მეშვეობით. ამასთან, პროცესის დამაგვირგვინებელ ფაზაში
ნაღდი ფულის კონფლიქტის ზონაში გადატანა, ჩვეულებრივ მსხვილი ნომინალის
ბანკნოტებში, უშუალოდ უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან მათი ნათესავებისა და
მეგობრების მიერ ხორციელდება.

ტერორიზმის დაფინანსების მიზნით ხშირად გამოიყენება ვალუტის გადამცვლელი და


ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მომსახურებაც. მაგალითად,
ასეთი პირების საქმიანობა ფართოდ არის გავრცელებული სირიასა და ერაყში, სადაც
მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო ანგარიშები არ გააჩნია და ამდენად, ბიზნესის
წარმოება მათ გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამასთან, ე.წ. ერაყისა და ლევანტის
ისლამური სახელმწიფოს (ISIL) მიერ, საკუთარი ფინანსური რესურსების განკარგვის
მიზნით, მათი მომსახურების ბოროტად გამოყენების რისკი ძალიან მაღალია. ერაყის
ცენტრალური ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვალუტის გადამცვლელი და
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი ისეთი პირების სია, რომლებიც ISIL-ის
დავალებით ახორციელებენ ტრანზაქციებს ან მის კონტროლირებად ტერიტორიაზე
საქმიანობენ.3

ტერორიზმის დაფინანსების მიზნით ფულადი გზავნილების განხორციელების ერთ-


ერთი ნაირსახეობაა ე.წ. ჰავალა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ხშირად
გამოიყენება და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მყოფი არალეგალურად მოქმედი
შუამავლების (ჰავალადარების) მიერ თანხის მიღების და გაცემის პროცესის ორგანიზებას
გულისხმობს. ფულადი გზავნილების ეს სისტემა სრულიად არაფორმალურ ხასიათს
ატარებს და მთლიანი პროცესის, მათ შორის, თანხის გამგზავნი და მიმღები პირების
ანონიმურობას უზრუნველყოფს. უშუალოდ ჰავალადარებს შორის ანგარიშსწორება,
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი სხვა პირებისგან განსხვავებით,
ხანგრძლივი ინტერვალებით და ისეთი არასაბანკო საშუალებების გამოყენებით
ხორციელდება როგორიცაა ვაჭრობა ან ნაღდი ფული. ჰავალადარების საქმიანობის
გამოვლენაში ფინანსურ ინსტიტუტს შეიძლება დაეხმაროს შემდეგი ინდიკატორები:

 კლიენტის მიერ ანგარიშის აქტიური გამოყენება მცირე თანხების ჩარიცხვისა და


რეგულარული ინტერვალებით საზღვარგარეთ გადარიცხვის ოპერაციებისთვის;

3
http://www.cbi.iq/

9
შიდა მოხმარებისთვის

 ვაჭრობით დაკავებული კლიენტის მიერ თანხების ხშირი გადარიცხვა უცხო


ქვეყნებში, რომლებთან მისი საქმიანი ურთიერთკავშირი ვერ დგინდება;
 კომერციული იურიდიული პირის ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხების ბრუნვა,
რომელიც რაიმე სახის ბიზნეს საქმიანობას არ უკავშირდება;
 პირად ან ბიზნეს ანგარიშზე მესამე პირებზე გამოწერილი ჩეკების ხშირი წარდგენა
გასანაღდებლად.

საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებული ინდიკატორების უმეტესობა გეოგრაფიული


რისკის კატეგორიაშია მოყვანილი, ხოლო ამ ნაწილში აქცენტი თანხების გადარიცხვის
ახალ საშუალებებზე კეთდება (მაგ. ელექტრონული საფულე და წინასწარი გადახდის
ბარათი). მათი გამოყენებით შესაძლებელია როგორც შესყიდვის და სხვა ადგილობრივი
სავაჭრო ოპერაციების შესრულება, ისე საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება.
ქვემოთ მოცემული ინდიკატორები ასევე მოიცავს ნაღდი ფულის მოძრაობასთან, სესხის
გაცემასა და საკრედიტო ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს.

4.1 ნაღდი ფული

 თანხის შეტანის ოპერაციების დანაწევრება იმისათვის, რომ თანხის ოდენობამ


ანგარიშგებისთვის დადგენილ ზღვარს არ მიაღწიოს;
 თანხის გატანის ოპერაციის დანაწევრება რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და
იგივე ბანკომატიდან ან ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა (ახლომდებარე)
ბანკომატებიდან თანხის გატანით;
 თანხის გატანა სადებეტო ბარათით ერთსა და იმავე ან მიყოლებით რამდენიმე დღის
განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტის ზონის მარშრუტშია;
 თვითმომსახურების ტერმინალით მცირე თანხების შეტანა ანგარიშზე, რომელიც
შემოწირულობების შეგროვების მიზნით გამოიყენება და თანხის შეტანიდან მცირე
ხანში მისი გატანა;
 დიდი ოდენობით თანხის განთავსება პირად ანგარიშზე, რასაც მოსდევს
საზღვარგარეთ მცირე მოცულობის გადარიცხვები, რომლებიც ანგარიშგებისთვის
დადგენილ ზღვარს არ აღემატება;
 მესამე პირის მიერ თანხის შეტანა კლიენტის ანგარიშზე, რასაც დაუყოვნებლივ
მოსდევს თანხის განაღდება საზღვარგარეთ სატრანზიტო პუქტში ან მაღალი რისკის
იურისდიქციაში განთავსებული ბანკომატებით;
 კლიენტის ანგარიშისთვის დამახასიათებელი ოპერაციების უეცარი ცვლილება, მათ
შორის, ბანკომატით დიდი ოდენობით თანხების ანგარიშზე განთავსება და
ტელეფონით ბალანსის მრავალჯერადი შემოწმება, ხოლო შემდგომ დიდი ოდენობით
თანხების ისევ ბანკომატიდან გატანა.

10
შიდა მოხმარებისთვის

4.2 საკრედიტო ბარათი

 საკრედიტო ბარათის აღებისას კლიენტის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა ბარათით


სარგებლობის პირობების მიმართ;
 საკრედიტო ბარათიდან ნაღდი ფორმით თანხის მრავალჯერადი გატანა ან გადახდის
ოპერაციების შესრულება კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე რეგიონებში ან ისეთ
ქვეყნებში, რომელიც კონფლიქტის ზონის მარშრუტშია;
 საკრედიტო ლიმიტის ამოწურვა უცხო ქვეყანაში, განსაკუთრებით მაღალი რისკის
იურისდიქციაში, გამგზავრებამდე;
 კონფლიქტის ზონაში კლიენტის გამგზავრების მიუხედავად, ქვეყნის ფარგლებში
მისი საკრედიტო ბარათით სარგებლობის გაგრძელება (მაგ. ბარათს იყენებს მესამე
პირი);
 საკრედიტო ბარათის გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების
გატანა, მაღალი რისკის იურისდიქციაში, რასაც წინ უძღოდა საკრედიტო ბარათზე
ხანგრძლივი უმოქმედობა;
 საკრედიტო ბარათის გამოყენება მხოლოდ თანხის გადარიცხვის/ჩარიცხვის მიზნით
და გადახდის ოპერაციების გარეშე (მაგ. გამტარის ფუნქციის შესრულება).

4.3 სესხის გაცემა

 სესხის აღებისას კლიენტის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა სესხის პირობების


მიმართ;
 სესხის ნაღდი ფორმით გატანა და ვალდებულების შეუსრულებლობა;
 კლიენტის მიერ მცირე მოცულობის სესხის აღება ერთდროულად რამდენიმე
ფინანსური ინსტიტუტიდან და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
 კლიენტის მიმართ ეჭვის არსებობა, რომ ის შეიძლება გეგმავდეს სასესხო
ვალდებულების შეუსრულებლობას და საზღვარგარეთ მიმავლვას (მაგ. სესხის აღების
მიზნით ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტის გამოაშკარავება);
 კლიენტის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის მრავალჯერადი აღება ძვირფასი
ნივთების უზრუნველყოფით;
 ფინანსურ ინსტიტუტში სესხის ისეთი განაცხადის წარმოდგენა, რომელიც აშკარად
შეუსაბამოა განმცხადებლის ეკონომიკურ ან ფინანსურ პროფილთან;
 სესხის გაცემის გარიგებაში მსესხებლის თავმდებად ისეთი პირის მონაწილეობა,
რომელთან მისი პირადი ან საქმიანი ურთიერთკავშირი ვერ დგინდება;
 კლიენტის მიერ სესხის აღება გარკვეული ხასიათის საქონლის შეძენის ან სხვა
დანიშნულებით და მიღებული თანხის გაურკვეველი მიზნით გამოყენება.

11
შიდა მოხმარებისთვის

4.4 ვალუტის გადაცვლა

 პირის მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესრულება, რასაც მცირე ხანში


მოსდევს მაღალი რისკის იურისდიქციაში ან კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე
რეგიონში თანხების გადარიცხვა;
 ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესრულება მაღალი რისკის იურისდიქციაში
რეგისტრირებული ან არაფორმალური ვალუტის გადამცვლელების მონაწილეობით;
 ვალუტის გადაცვლის ოპერაციები საზღვარგარეთ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი
პირების მონაწილეობით, რომელთა მიმართ არსებობს უკანონო საქმიანობის ეჭვი;
 დიდი ოდენობით ვალუტის გადაცვლა მსხვილი ნომინალის ბანკნოტებში (მაგ. 500-
ევროიანები).

4.5 ელექტრონული საფულე

 პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე ელექტრონული საფულის შექმნა სხვადასხვა


საგადახდო სისტემებით სარგებლობის მიზნით;
 ელექტრონული საფულის შექმნა ან ანგარიშის შევსება მაღალი რისკის
იურისდიქციიდან;
 ელექტრონული საფულით თანხის გადარიცხვა მაღალი რისკის იურისდიქციაში;
 ერთსა და იმავე ელექტრონულ საფულეში დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება
მრავალფეროვანი წყაროებიდან.

4.6 წინასწარი გადახდის ბარათი

 წინასწარი გადახდის ბარათების შეძენა ოჯახის წევრების სარგებლობაში


გადასაცემად მაღალი რისკის იურისდიქციაში გამგზავრების წინ;
 წინასწარი გადახდის ბარათების მრავალჯერადი შეძენა მესამე პირების
სარგებლობაში გადასაცემად;
 მაღალი რისკის იურისდიქციაში შეძენილი წინასწარი გადახდის ბარათის გამოყენება;
 წინასწარი გადახდის ბარათით მაღალი რისკის იურისდიქციიდან/იურისდიქციაში
თანხის გადარიცხვა;
 წინასწარი გადახდის ბარათით ლიმიტს ზემოთ ტრანზაქციის განხორციელების
არაერთი მცდელობა (მაგ. ბარათის გამოყენება ისეთი პირის მიერ, რომელიც არ
წარმოდგენს ბარათის შემძენს ან მფლობელს);
 წინასწარი გადახდის ბარათზე თანხის ჩარიცხვა დისტანციურად (მაგ.
ელექტრონული საფულის ან ბანკომატის მეშვეობით).

12
შიდა მოხმარებისთვის

4.7 ქრაუდფანდინგი

 ქრაუდფანდინგის პლატფორმის გამოყენებით ანგარიშზე დიდი ოდენობის თანხის


აკუმულირება მცირე რაოდენობის ფიზიკური პირებისგან;
 ქრაუდფანდინგის პლატფორმით მცირე მასშტაბის პროექტის დასაფინანსებლად
თანხის შეგროვება ერთმანეთთან დაკავშირებული პირებისგან (მაგ. არაკომერციული
ორგანიზაციის თანამშრომლები) მაღალი საკომისიო გადასახადის მიუხედავად;
 პროექტი, რომლის დასაფინანსებლად ქრაუდფანდინგის პლატფორმა გამოიყენება,
ექსტრემისტული შეხედულებების მხარდაჭერას ემსახურება;
 ქრაუდფანდინგით მოზიდული თანხის აკუმულირებისთვის გამოყენებული საბანკო
ანგარიშები პროექტის განხორციელების ადგილთან კავშირში არ მყოფ გეოგრაფიულ
არეალშია გახსნილი.

5. კომერციული ორგანიზაციები

გლობალური ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, საქონლით და მომსახურებით


ვაჭრობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოყენება უკანონო შემოსავლების
მოძრაობისთვის სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ადგილობრივი თუ
საერთაშორისო ვაჭრობა და კომერციული საქმიანობა როგორც ექსპორტიორ და
იმპორტიორ კომპანიებს შორის ანგარიშსწორებით, ისე შედარებით უფრო კომპლექსური
ფინანსური პროდუქტების მეშვეობით ხორციელდება, როგორიცაა აკრედიტივი,
დოკუმენტური ინკასო და გარანტია. ფინანსური სექტორი ასევე უზრუნველყოფს
ექსპორტის დაფინანსებას და გასცემს სესხებს სავაჭრო კომპანიებზე პროდუქტის
წარმოება/მიწოდებიდან ანაზღაურების მიღებამდე ინტერვალის დასაფარად. ასეთი
ტიპის პროდუქტები და მომსახურება მოწყვლადია ვაჭრობის სფეროში ტერორიზმის
დაფინანსებისთვის გამიზნული საქმიანობის მიმართ.

ISIL-ის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა მის კონტროლირებად ტერიტორიაზე


მოპოვებული ნავთობით ვაჭრობა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2199 (2015
წ.) კრძალავს ISIL-თან ნავთობპროდუქტებით, ისევე როგორც მათ წარმოებასთან
დაკავშირებული მოწყობილობებით პირდაპირ ან არაპირდაპირ ვაჭრობას. ამიტომ,
ფინანსურ ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ნავთობის წარმოებისთვის, მათ
შორის, ბურღვითი სამუშაოების ჩასატარებლად და ნავთობის გადამუშავებისთვის
საჭირო მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ, რომელთა შეძენით ISIL
შეიძლება იყოს დაინტერესებული. ISIL-თან ბრძოლის ფინანსური ჯგუფის (CFIG) მიერ,
ნავთობის ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, შეიქმნა ამგვარი მოწყობილობების

13
შიდა მოხმარებისთვის

საილუსტრაციო სია, რომლითაც უნდა ისარგებლონ ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მათ


შეძენასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოსავლენად.4

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით 2199 (2015 წ.) ასევე გამოცხადებულია


საყოველთაო მორატორიუმი სირიიდან და ერაყიდან კულტურული ღირებულების
მქონე ნივთებით ვაჭრობაზე. ISIL-ის შემოსავლის დამატებითი წყაროა ადგილობრივ
მაცხოვრებლებსა და კონტრაქტორებზე გათხრითი სამუშაოების ნებართვის გაცემა,
ხოლო აღმოჩენილი სკულპტურების, კერამიკული ნაწარმის, მონეტებისა თუ მოზაიკების
გაყიდვისა და მისი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატანის დაბეგვრა. აღნიშნული
საქმიანობის მასშტაბებიდან გამომდინარე, სერიოზული ეკონომიკური ღირებულების
მქონე ნივთები სავარაუდოდ კრიმინალური დაჯგუფებების ხელში იყრის თავს.
მოსალოდენილია, რომ ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელების მეშვეობით ამ
ნივთების ბაზარზე გატანა საერთაშორისო ყურადღების შესუსტების შემდეგ უფრო
აქტიურად მოხდება. ამიტომ, ნებისმიერი ტრანზაქციის მიმართ, რომელიც შეიძლება
სირიული ან ერაყული წარმოშობის კულტურული ღირებულების მქონე ნივთებით
ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი გაძლიერებული
პროცედურები უნდა განხორციელდეს.

5.1 საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა

 კომპანიის მონაწილეობა ისეთი საქონლის ან ტექნოლოგიის წარმოებასა თუ


ვაჭრობაში, რომელიც საერთაშორისო ან ადგილობრივ ფინანსურ სანქციებს
ექვემდებარება;
 კომპანიის ტერორისტ და ტერორიზმის მხარდამჭერ პირთა სიაში შეყვანიდან მცირე
ხანში, მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის რეგისტრაცია და ახალი
ანგარიშის გახსნა;
 კომპანიის შექმნიდან მცირე ხანში ფულადი გადარიცხვების განხორციელება მაღალი
რისკის იურისდიქციაში;
 კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შეუსაბამოდ დიდი
რაოდენობა კომპანიის საქმიანობის მასშტაბის გათვალისწინებით;
 ნაღდი ფულის ინტენსიურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის მწარმოებელი
კომპანიის მიერ ტრანზაქციების შესრულება ფულადი გზავნილების მეშვეობით და
არა საბანკო გადარიცხვებით;
 ახლად შექმნილი კომპანიის ტრანზაქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან,
რომლებთან მისი საქმიანი ურთიერთკავშირის დადგენა ვერ ხერხდება ან რომელთა
მიმართ არსებობს ეჭვი, რომ ფიქტიურ პირებს წარმოადგენენ;

4
http://www.state.gov/e/enr/c71196.htm

14
შიდა მოხმარებისთვის

 ტურისტული კომპანიის მიერ რელიგიურ მომლოცველთა ტურების ორგანიზება


მაღალი რისკის იურისდიქციებში არაგონივრულად დაბალ ფასად;
 შეძენილი საქონლის ბენეფიციარი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოო მიმღებს
(მაგ. ცხოვრობს სხვა ქვეყანაში);
 კომპანიის რეგისტრირებული ბიზნეს ხაზი არ შეესაბამება მის რეალურ საქმიანობას;
 კომპანიის ანგარიშზე მრავალჯერადი ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება,
რომლებსაც არ გააჩნია აშკარა ლეგიტიმური მიზანი;
 მაღალი რისკის იურისდიქციაში ორმაგი დანიშნულების ისეთ ნივთებთან
დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია
ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად;
 ბიზნეს საქმიანობა ისეთ იურისდიქციაში, რომელშიც ეკონომიკის ცალკეული
სფეროები ტერორისტული დაჯგუფებების გავლენას ან კონტროლს ექვემდებარება
და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის თანხის (ქონების) გამოძალვის რისკი
მაღალია;
 ინვესტირება სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ან მის
მოსაზღვრე რეგიონებში საქმიანობს;
 ინვესტირება კომპანიაში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ან მის მოსაზღვრე
რეგიონებში ავტომობილების ყიდვა-გაყიდვას ახორციელებს;
 კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე რეგიონებში ნაღდი ფულის ინტენსიურ ბრუნვასთან
დაკავშირებული საქმიანობის უჩვეულოდ დიდი მოცულობა.

5.2 ნავთობპროდუქტები

 ფინანსური კავშირების არსებობა მაღალი რისკის იურისდიქციაში მოქმედ ნავთობის


მომპოვებელ კომპანიებთან, ბროკერებთან ან სათადარიგო ნაწილების
მომწოდებლებთან;
 ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა
ან/და გადაზიდვა სირიაში, ერაყში ან მათ მოსაზღვრე ქვეყნებში, რაც კლიენტის
ჩვეულებრივ ბიზნეს საქმიანობასთან შეუსაბამოა;
 ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება ფიქტიური
კომპანიების მონაწილეობით;
 ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას საბოლოო მიმღებად გადამზიდავი კომპანიის
მითითება;
 ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული გადარიცხვის ან გადახდის ოპერაციის
შესრულება იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც აკრედიტივის თავდაპირველ
ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული;

15
შიდა მოხმარებისთვის

 ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება


აკრედიტივის ისეთი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მრავალჯერ
დაექვემდებარა ცვლილებას ან ვადის გახანგრძლივებას.

5.3 კულტურული ღირებულების მქონე ნივთები

 ტრანზაქციები, რომლებიც უკავშირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში


2199 (2015 წ.) და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წითელ სიებში
მოხსენიებულ ერაყული და სირიული წარმოშობის კულტურული ღირებულების
მქონე ნივთებს;
 ტრანზაქციები, რომლებიც უკავშირდება ინტერნეტში ან სოციალურ ქსელში
გასაყიდად გამოტანილ ერაყული და სირიული წარმოშობის კულტურული
ღირებულების მქონე ნივთებს;
 ტრანზაქციები, რომლებიც ნიადაგის სკანირებისთვის საჭირო მოწყობილობების
გადაზიდვას უკავშირდება (მაგ. ლითონის დეტექტორები, რომლებიც ერაყისა და
სირიის ტერიტორიაზე უძველესი არტეფაქტებისა და კულტურული ღირებულების
მქონე სხვა ნივთების აღმოსაჩენად გამოიყენება);
 ყალბი საბაჟო დეკლარაცია, რომელშიც არტეფაქტის წარმოშობის ქვეყნად ერაყის ან
სირიის მეზობელი სახელმწიფოა მითითებული.

6. არაკომერციული ორგანიზაციები

არაკომერციული ორგანიზაციების აბსოლუტური უმეტესობის საქმიანობა, ტერორიზმის


დაფინანსების კუთხით, მაღალ რისკს არ უკავშირდება. ამდენად, ქვემოთ მოცემული
ინდიკატორები არ ემსახურება ლეგიტიმური საქველმოქმედო საქმიანობისთვის ხელის
შეშლას. გამოცდილი საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებშიც ტერორისტების
მოქმედების არეალში საქმიანობენ, არ შეიძლება განხილულ იქნან თავისთავად მაღალი
რისკის მატარებელ კლიენტებად. მეორე მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის
მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არაკომერციული
ორგანიზაციები არაერთხელ გამხდარა ტერორისტული დაჯგუფებების სამიზნე,
ლეგიტიმური საქმიანობის საფარქვეშ, ფინანსური რესურსების მოზიდვის და მოძრაობის
უზრუნველსაყოფად. არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობასთან კავშირში
მყოფი ინდიკატორები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა.

6.1 შემოწირულობები

 მსხვილი შემოწირულობის მიღება არარეზიდენტი იურიდიული პირისგან, როდესაც


მიმღებ ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთკავშირის დადგენა ვერ ხერხდება;

16
შიდა მოხმარებისთვის

 ორგანიზაციის ანგარიშზე მცირე მოცულობის ჩარიცხვის ოპერაციების უეცარი ზრდა


გონივრული ახსნა-განმარტების გარეშე;
 ორგანიზაციის ანგარიშზე ნაღდი ფორმით დიდი ოდენობით თანხების შეტანა
გონივრული ახსნა-განმარტების გარეშე;
 ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხული შემოწირულობების დიდი ნაწილის წყაროა
ისეთი უცხო ქვეყანა, რომელიც დონორის მიერ ფინანსური ოპერაციების
შესასრულებლად არ გამოიყენება;
 ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხული შემოწირულობების დიდი ნაწილის წყარო
სავარაუდოდ ფიქტიური პირია;
 ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხული შემოწირულობების ბენეფიციარად ფიზიკურ
პირთა მცირე რაოდენობაა განსაზღვრული;
 ორგანიზაციის ანგარიშზე შემოწირულობების ჩასარიცხად ისეთი ფინანსური
ინსტრუმენტების კომბინაცია გამოიყენება, რომელიც შემომწირველის ბიზნეს
საქმიანობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს;
 კონფლიქტის ზონაში მოქმედი ორგანიზაციის ანგარიშზე შემოწირულობის ჩარიცხვა
ამავე ზონაში ბიზნეს ინტერესების მქონე კომერციული იურიდიული პირის მიერ,
რომელიც შესაძლოა ტერორისტული დაჯგუფების გამოძალვის მსხვერპლი იყოს.

6.2 დანახარჯები

 ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროში არ შედის ჰუმანიტარული დახმარება,


ახორციელებს ფულად გზავნილებს მაღალი რისკის იურისდიქციაში;
 გადახდის ოპერაციები შეუსაბამოა ორგანიზაციის ჩვეულებრივ საქმიანობასთან;
 ორგანიზაციისთვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების მიზნით
განხორციელებული ტრანზაქციები, როდესაც თანხის მიმღების კავშირი აღნიშნულ
პროექტთან ან სამშენებლო ბიზნესთან ვერ დგინდება;
 საქველმოქმედო ორგანიზაციების გამოყენება საქონლის გასაყიდად;
 ორგანიზაციისთვის მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა მესამე პირის და
არა საქონლის იმპორტიორის მიერ.

6.3 ტრანზაქციები

 ორგანიზაციის ტრანზაქციები შეუსაბამოა მისი საქმიანობის მასშტაბთან ან/და


მიზნებთან;
 ორგანიზაციის ტრანზაქციები ეწინააღმდეგება შემომწირველის/მხარდამჭერის მიერ
გაცხადებულ მიზნებს;
 რამდენიმე ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელთა შორის გაურკვეველი კავშირი
არსებობს (მაგ. ერთი მისამართით სარგებლობენ ან ერთი და იგივე

17
შიდა მოხმარებისთვის

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ყავთ), დროის მცირე მონაკვეთში


განხორციელებული დიდი მოცულობის ტრანზაქციები;
 ორგანიზაციის მიერ შეგროვებული თანხის დიდი ნაწილის გადარიცხვა
ტერორიზმის დაფინანსების კუთხით მოწყვლად გეოგრაფიულ არეალში;
 ორგანიზაციის ანგარიშზე მხოლოდ ჩარიცხვის და ნაღდი ფორმით თანხის გატანის
ოპერაციების განხორციელება.

6.4 მენეჯმენტი და თანამშრომლები

 ორგანიზაციის ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილ პირებს შორის საქმიანი


ურთიერთკავშირის დადგენა ვერ ხერხდება ან ხდება ასეთი პირების ხშირი
ცვლილება;
 ორგანიზაციის დამფუძნებლების ან ხელმძღვანელი პირების პირადი ანგარიშებზე
მსხვილი გადახდის ოპერაციების შესრულება და ამავე ანგარიშებიდან დიდი
ოდენობის თანხების ნაღდი ფორმით მრავალჯერადი გატანა;
 არასაკმარისი ინფორმაციის ასახვა ორგანიზაციის ან მასთან დაკავშირებული
პირების სასარგებლოდ თანხის გამომგზავნი პირის შესახებ;
 ორგანიზაციის კუთვნილი თანხების განთავსება ფიზიკური პირების პირად
ანგარიშებზე;
 თანამშრომლების მიერ ორგანიზაციის ანგარიშიდან თანხის ნაღდი ფორმით გატანა
კონფლიქტის ზონაში ან მის მოსაზღვრე რეგიონებში გამგზავრებამდე.

7. დასკვნა

ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა


მრავალმხრივი პროცესია და დამოკიდებულია როგორც ფინანსური ინსტიტუტების
შიდა კონტროლის ადეკვატურობაზე, ისე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ
გატარებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ
ზემოთ მოცემული ინდიკატორები მრავალმხრივია და შეიძლება დროთა განმავლობაში
შეიცვალოს, ავტომატიზებულ სისტემებში მათი ინტეგრირება და მუდმივი განახლება
მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, ფინანსური ინსტიტუტის შიდა
კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა. იმავდროულად,
აღნიშნული დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს მონიტორინგს დაქვემდებარებული
გარიგებების ან ოპერაციების ახალი ნუსხის შედგენა. მისი დანიშნულება ფინანსური
სექტორისთვის ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სფეროში მოწინავე ქვეყნების
გამოცდილების გაზიარებით შემოიფარგლება.

18

You might also like