You are on page 1of 6

ეპოქის დასასრული: ტომას სტერნზ ელიოტი.

იოსიფ ბროდსკი

პირველი ლექცია

გამარჯობა!

მე გახლავართ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ჯოხაძე.


აკადემიური ეტიკეტი რომ არა, უბრალოდ გეტყოდით - ისტორიკოსი და
მთარგმნელი ანუ ლიტერატორი ვარ-მეთქი, მაგრამ, არა მგონია, ამას მოლოდინის ის
გრძნობა გაენელებინოს, რომელიც ყოველთვის სდევს პირველ შეხვედრას და ასევე
ყოველთვის დაღს ასვამს (ან დადებითს, ან - უარყოფითს, თუმცა არც ის შემთხვევა
გამოირიცხება, დადებითი უარყოფითად გარდაისახოს, ან - პირიქით) შეხვედრის
ფიგურანტებს.

ამიტომ მეც და თქვენც დიდი გამოცდა გველის, მით უფრო, რომ ჩვენი შეხვედრა
ვირტუალურია.

ტერმინ ,,ვირტუალურს“ რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და, მგონია, რომ ამის


გახსენება ჩვენს საუბარს უნიკალურ გეზს მისცემს:

1. ყველამ იცის, რომ ,,ვირტუალური“ ,,ირეალურს, წარმოსახვითს“ მიემართება -


მაშ, ვინც არასოდეს შემხვედრია, მას ძალუძს, წარმომიდგინოს. ასე მოვიქცევი მეც. ეს
ჩვენს აქტივობას, მერწმუნეთ, უფრო საინტერესოსაც გახდის, ხოლო - ჩვენ
იმაზე ,,ნიჭიერებადაც“ კი გვაქცევს, ვიდრე თვითონვე წარმოგვედგინა!

ამაში ძალიან დაგვეხმარება ის, რასაც ერთმანეთს მივწერთ: აქ გამორიცხულია ჟესტი


(სხეულის გამომხატველობითი მოძრაობა) და მიმიკა (სახის კუნთების ისეთი
მოძრაობა, რომელიც გამოხატავს ადამიანის გრძნობებსა და განცდებს), რის გამოც,
ჩვენი კომუნიკაცია უფრო ალალი და ნაღდი იქნება, თუმცა - უფრო
საპასუხისმგებლოც. ჯერ ერთი, დაწერილი აზრი განსხვავდება თქმული აზრისაგან,
ბოლოსდაბოლოს, თქმულიც კი განსხვავდება იმისაგან, რის თქმაც თქმამდე
გვსურდა.

მეორეც, მთელი ,,ეშხი“ ლიტერატურისა სწორედ ის არის, რომ ერთი აზრი ერთს ასე
ესმის, მეორეს - სხვაგვარად, და ა.შ. მეტიც: დღეს ასე ესმის, ხვალ - სხვაგვარად, და
ა.შ. არა იმიტომ, რომ ერთი სხვაზე უნიჭო და ბრიყვია (რაც სრულებითაც არ
გამოირიცხება!), არამედ იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ,,ადამიანთან“, როგორც ასეთთან -
ის მოაზროვნე და შემოქმედია. აზრსაც ქმნის და აზრიც ქმნის მას. ეს კი
ყოველწამიერი პროცესია. ამიტომაც ეზარებათ ასე ძალიან. მოკლედ, ვისაც არ
ეზარება, იაზროვნოს.

2. ფილოსოფიური მნიშვნელობით, ,,ვირტუალური“ ისეთი რამაა, რის არსებობასაც


გარკვეული პირობები სჭირდება: ის არის, თუ საიმისო პირობები არსებობს, და არ
არის, როგორც კი ეს პირობები ქრება. ორივე მხარე უნდა ვეცადოთ,
ერთმანეთის ,,საარსებო“ პირობები გაქრობისთვის არ გავიმეტოთ, რადგან ეს ორივეს
არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ იმ პირობათა გაქრობას
დავუშვებთ, რომლებიც ჩვენს ყოფნას, როგორც ასეთს, განაპირობებს, ორივენი
,,გავქრებით“. რა პირობებს ვგულისხმობ? ვთქვათ, ამას: მე ოსტატი ვარ, თქვენ -
შეგირდები; ორივეს გვიყვარს ლიტერატურა; მე მინდა, ისეთი ჩვევები
ჩამოგიყალიბოთ, რომ რაღაცის სწავლა, წვდომა, გაგება დამოუკიდებლად შეძლოთ;
თქვენ გინდათ, ეს ჩვევები აითვისოთ, და ა.შ.

არის კიდევ ერთი პირობა, რომლის დაკმაყოფილებაც რეალური ურთიერთობის


დროსაც აუცილებელია და ვირტუალურისაც: ლიტერატურის ცოდნა და სიყვარული.
თუ არ იცით ის, ან, უბრალოდ, არ გიყვართ, რაც, რა თქმა უნდა, დასაშვებია, მაშინ აქ
არაფერი გესაქმებათ, და ერთმანეთს დროულად და უცერემონიოდ უნდა
დავემშვიდობოთ.

ეს ნაწილი მათთვისაა, ვინც დარჩენას გადაწყვეტს.

კურსს, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ჰქვია ,,ეპოქის დასასრული“, რისი გაგება კიდევ
შეიძლება: იყო რომელიღაც ეპოქა და დასრულდა. მაგრამ რა არის, საკუთრივ,
,,ეპოქა?“

ეს ბერძნულ-ლათინური სიტყვა იმ რომელიღაც მიჯნას აღნიშნავს, როცა დროის


თანმიმდევრული ათვლა წყდება. მაშ, ,,ეპოქა“ სიტყვა-სიტყვით ისეთი
მნიშვნელოვანი მომენტია, როცა დროც კი ,,ჩერდება!“ ეს მომენტი იმდენად
ფასეულია, რომ აღარაფერს ნიშნავს, ერთ საუკუნეს მეორე რომ ემატება, წელზე რომ
აღარაფერი ვთქვათ!
უფრო ზოგადად, ეპოქა დროის ის მონაკვეთია, რომელსაც ესა თუ ის
უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა თავის სახელს ანიჭებს: ვთქვათ,
ფეოდალიზმის ეპოქა ან კოსმოსის ათვისების ეპოქა, და ა.შ.

მე მგონია, რომ დროს, როდესაც ინგლისურენოვანი პოეტი ელიოტი და რუსი პოეტი


და ამერიკელი ესსეისტი ბროდსკი მოღვაწეობდნენ, თავისუფლად შეიძლება,
,,ელიოტის ეპოქა“ ან ,,ბროდსკის ეპოქა“ ვუწოდოთ. მეტიც: ერთი ეპოქის
დასრულებისა და მეორის დაწყების მათეულმა შეფასებამ რაღაც შეცვალა ადამიანთა
ცნობიერებაში.

ელიოტი იმდენად დააფრთხო რომანტიზმის ეპოქის აღსასრულმა და მოდერნიზმის


ეპოქის დადგომამ, რომ ყველასაგან განსხვავებული ნაწარმოებები - ლექსები,
პოემები, ესსეები, პიესები - შექმნა. ეგ კიდევ არაფერი: შფოთვა, შიში და უიმედობა,
რაც სულწართმეული და გონმოძალებული ადამიანის ,,ხილვამ“ შთაუნერგა,
მსოფლიო ლიტერატურამ სამაგალითოდ მიიჩნია და ჩამოყალიბდა
ლიტერატურული მოდერნიზმი!

ბროდსკი, პირიქით, მოდერნიზმის ეპოქის დასასრულმა და პოსტმოდერნიზმის


ეპოქის ჩანასახმა დააფრთხო: მასაც მოეჩვენა, რომ ადამიანი რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანს ჰკარგავდა და უმნიშვნელოს ითვისებდა. ამიტომ ჩემ მიერ
დასახელებული ორივე ეპოქის ლიტერატურულ კანონებს გაემიჯნა და კლასიკური
ფორმის ნაწარმოებთა თხზვა დაიწყო. ამ მხრივ, ის ერთგვარი რენესანსელიცაა,
რომელიც ,,ბნელ შუა საუკუნეთა“ ზიზღმა და უგულებელყოფის სურვილმა
ანტიკური კულტურის აღორძინებაზე დააფიქრა! თუმცა ბროდსკის შფოთს კიდევ
ერთი ნევროზი განაპირობებდა: მას სიჭაბუკე საბჭოთა კავშირში გაეტარებინა,
ციხეში ყოფნის ,,სიამეც“ ეწვნია, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომწყვდევის
შოკიც და გადასახლების სუსხიც. ამიტომ დევნილისა და, საბოლოოდ, ამერიკაში
დამკვიდრებულისათვის სულ ერთი სულაც არ იყო, რა ღირებულებების
ერთგულებას იკისრებდა და რომელი ეპოქის დადგომას დაუშვებდა ადამიანი!
*

,,ეპოქის დასასრული“ ფრანგული ტერმინიცაა, რომელიც, ერთი მხრივ, მეცხრამეტე


საუკუნის დასალიერზე მიუთითებს ანუ სევდის, ცინიზმისა და პესიმიზმის
საყოველთაო გაბატონებაზე, მეორე მხრივ კი - ახლის იმედზე!

მოდერნიზმი ლიტერატურულ სცენაზე რომანტიზმის შემდეგ გამოდის. ამიტომ სანამ


მასზე ვისაუბრებდეთ, ეგებ ჩავწვდეთ რომანტიზმის, როგორც ტერმინისა და
მოვლენის, არსს.

მე-18-19 საუკუნეები. ფრანგმა განმანათლებლებმა, რომელთაც სამყაროს თავი იმით


დაამახსოვრეს, რომ მხოლოდ საკუთარი გონებისა და განსჯის შედეგად მიღებული
გადაწყვეტილებების უპირატესობა მიიჩნიეს ხსნად და არა - ზებუნებრივი
ავტორიტეტების რწმენა და სასოება, როგორც იტყვიან, თავიანთი თავი ამოწურეს.
ქარხნები და ფაბრიკებიც გაჩნდა, ორთქლმავალიც, ფოტოგრაფიაც, მაგრამ ადამიანს
ისევ მოუნდა რაღაც ამაღლებულზე ფიქრი და ოცნება, იმაზე, რაც სააქაოში აღარ იყო,
მაგრამ უეჭველად იყო! სად? რომანებში!

რომანების პერსონაჟი ანუ რომანტიკული ქალები და მამაკაცები შუასაუკუნეობრივ


მადონებსა და რაინდებს ჰგავდნენ. ორივე სქესის წარმომადგენლები უფრო
დიდსულოვანნი, კეთილშობილნი, პატიოსანნი, უშიშარნი და თავდადებულნი
იყვნენ, ვიდრე - ჩვეულებრივი ადამიანები, ქუჩაში რომ გხვდებოდნენ ან
გემეზობლებოდნენ;

ურთიერთობას, რომელსაც რომანებში ასხამდნენ ხოტბას, უფრო ფანტასტიკურს თუ


დაუძახებდი, ვიდრე - რეალურს, მაგრამ საქმეც ეგ იყო! ეს ისე ახელებდა
წარმოსახვას, საოცნებო გმირსა და სანუკვარ მოვლენას ლამის შენ გვერდითაც
ამჩნევდი, და თუ სხვა ამას ვერ ხედავდა, გებრალებოდა, რადგან ამაღლებულის
ხილვის უნარი განგებას მისთვის არ გაემეტებინა!

*
ლექსები, რომელთაც რომანტიკოსი პოეტები ქმნიდნენ, ეძღვნებოდა უფორმო,
ჩამოუყალიბებელ, განუსაზღვრელ არსებებს, მოვლენებსა თუ გრძნობებს, და რადგან
სააქაოში, აქ და ახლა მათი წვდომა და დანახვა შეუძლებელი იყო, ამიტომ
სინამდვილეც უნდა უარგეყო, სხეულით აქ ყოფილიყავი, გრძნობით კი - იქ. ეს იქ ,
შესაძლოა, წარსულიც ყოფილიყო, რომელიმე შორეული ქვეყანა, ან სულაც - ზეცა -
ღმერთებისა და სულების სამყოფელი. იქ გადასანაცვლებლად, რა გასაკვირია,
ჯადოსნობაც გეწამა და სასწაულისაც იოლად დაგეჯერებინა!

ამ ნიშან-თვისებათა აღსანიშნავად ფრანგულში გაჩნდა სიტყვა Romanesque,


ინგლისურში კი - romantic ანუ რომანული, რომანის მსგავსი: ყოველივე ის, რაც გულს
მალამოდ ედება, გრძნობებს აღძრავს, და სხვ.

რომანტიზმის ფილოსოფია ანუ საზრისი ჩამოაყალიბა გერმანელმა მოაზროვნე


შოპენჰაუერმა. მისი აზრით, ადამიანს, როგორც ასეთს, თანდაჰყვა უსაზღვრო
სურვილი, ნება, მაგრამ ყველა ამას ვერ აცნობიერებს.ერთადერთი ძალა, რომელიც
ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში, ხელოვნებაა. რომანტიზმი მთავარ
ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. მიუხედავად საერთო ნიშნებისა,
როგორებიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის
ემანსიპაცია, რომანტიკოსთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა
ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რაც
იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას ანუ უკიდურეს აღგზნებასა და აღფრთოვანებას.
ერთი მხრივ, ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ
მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი - აქტიურობაში, ნებისყოფაში, დიდების
სურვილში. აქედან გამომდინარე, არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და
აქტიური.

დღეს რომანტიზმზე საუბარი დიდი ინგლისელი რომანტიკოსის, ბაირონის ლექსით


დავასრულოთ:

მოსაწყენ გზაზე ფეხს მიითრევს სიცოცხლის ჟამი

და, ჰა, გავლიე ოცდაათი და კიდევ სამი;


რა დარჩა ჩემთან? სულს ამ წლებით რად ვაწამებდი?!

სხვა არაფერი - მარტოოდენ "ოცდაცამეტი".

You might also like