You are on page 1of 97

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

იბრაჰიმ ალ-ქუნი

ქვიდან ნაჟური სისხლი

1
იბრაჰიმ ალ-ქუნი ................................................................................................................................... 1
ქვიდან ნაჟური სისხლი ............................................................................................................................ 1
იბრაჰიმ ალ-ქუნის „მაგიური რეალიზმი“ ............................................................................................. 3
* * * ............................................................................................................................................................. 13
ქვის გამოსახულებები ............................................................................................................................ 14
კერპის წინ ლოცვა (მეთვალყურე) ....................................................................................................... 17
ბინდის სტუმარი ..................................................................................................................................... 19
ეშმაკი, სახელად ადამიანი! ................................................................................................................... 24
განმარტოების ფასი ................................................................................................................................. 28
გოგონა ....................................................................................................................................................... 31
მოჩვენება ჰიმალაიდან ........................................................................................................................... 35
დანაპირები............................................................................................................................................... 37
ქვესკნელი ................................................................................................................................................. 42
საიდუმლო სიტყვა .................................................................................................................................. 50
ხვლიკი ...................................................................................................................................................... 55
ტრანსფორმაცია ....................................................................................................................................... 57
სხეულის მოგზაურობა ........................................................................................................................... 57
ორი უკიდურესობა ................................................................................................................................. 59
ცეცხლზე დასხმული ნავთი .................................................................................................................. 61
ვედრება ..................................................................................................................................................... 62
ნაპოვნი ბავშვი ......................................................................................................................................... 66
კანიბალები ............................................................................................................................................... 68
მიგრაცია ................................................................................................................................................... 70
ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს! .................................................................................................... 72
აღთქმა ....................................................................................................................................................... 75
ოპიუმი ...................................................................................................................................................... 79
სისხლით ნათესავის ხორცი .................................................................................................................. 83
ამულეტები ............................................................................................................................................... 88
ხილვა......................................................................................................................................................... 92
ქვიდან ნაჟური სისხლი .......................................................................................................................... 94

2
იბრაჰიმ ალ-ქუნის „მაგიური რეალიზმი“
რომანი „ქვიდან ნაჟური სისხლი“ (მთარგმნელის წინასიტყვაობა)

„ასეულობით წლების მანძილზე, ჰეროდოტეს შემდგომ, დასავლურ სამყაროს


თითქმის არანაირი ინტერესი არ გამოუვლენია უდაბნოს მიმართ და ასე
გრძელდებოდა XX საუკუნის დამდეგამდე. ძვ. წ. აღ. 425 წლიდან მეოცე საუკუნის
დასაწყისამდე ევროპელები შეგნებულად არიდებდნენ მას თვალს და დიდად მასზე
არც ლაპარაკით იწუხებდნენ თავს. XIX საუკუნე მდინარეთა მაძიებლების
ასწლეულად იქცა, შემდეგ კი, უკვე მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან, დედამიწის
ხმელეთის ამ იდუმალი კუთხის ისტორიას ნაგვიანევი, თუმც კი ერთი შეხედვით
სასიხარულო და სასიამოვნო მინაწერი გაუჩნდა. მოხალისე მკვლევრები საკუთარი
სახსრებით შეუდგნენ სხვადასხვაგვარი ექსპედიციების მოწყობას... ამოუცნობი
ადგილების ეს რომანტიკოსი მკვლევრები, ძირითადად, უდაბნოს მწველი მზით
გათანგული ადამიანები იყვნენ, ჯოზეფ კონრადის მეზღვაურებისა არ იყოს, ცოტა
უხერხულად რომ გრძნობდნენ თავს ქალაქის ტრანსპორტში...

1939 წელს დასრულდა ლიბიის უდაბნოს შესწავლის დიადი ათწლეული და


დედამიწის ეს ვეება, მდუმარე ნაწილი საომარი მოქმედებების ასპარეზად
იქცა...

აქაური ქარავნები, აქაური ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადათ-წესები


თუ კულტურები უკვალოდ გაქრნენ, აღარაფერი დარჩა მათგან, მინავლებული
კოცონის ფერფლის მსგავსიც კი“.

მაიკლ ონდააჩი, ინგლისელი პაციენტი[1]


არსებობს თუ არა დღეს უდაბნოს არაბული ლიტერატურა? ჰყავს თუ არა დღეს
უდაბნოს არაბულ მწერლობაში ისეთი მემატიანეები, როგორებიც ისლამამდელ
პოეზიაში, რომელთაც თაობებს შემოუნახეს უდაბნოს ხიბლი?! უკანასკნელი
ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი არაბი მწერალი გახდა
ცნობილი იმით, რომ ისინი თავიანთ შემოქმედებაში უდაბნოს გეოგრაფიულ სივრცეს
აღწერენ, მაგალითად, საუდელი აბდ არ-რაჰმან მუნიფი, ეგვიპტელი საბრი მუსა,
თუნისელი მაჰმუდ მასყუდი... თუმცა ვერცერთი არაბი მწერალი დღეს ვერ შეედრება
და ახლოსაც ვერ მოვა იბრაჰიმ ალ-ქუნისეულ უდაბნოს აღწერებთან.[2]

იბრაჰიმ ალ-ქუნი, ცნობილი თანამედროვე ლიბიელი პროზაიკოსი, ნოველისტი და


რომანისტი, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, არაბული რომანის
ერთერთი საუკეთესო ავტორი, ლიტერატურის კრისტიკოსთა და მწერალთა მიერ
უდაბნოს მწერლადაა აღიარებული. უდაბნოს ტონები, უდაბნოსთან ფიზიკური და
მეტაფიზიკური სიახლოვე ძალიან დიდი დოზით იგრძნობა მწერლის ცხოვრებასა და
მწერლობაში. ის წარმოშობით ტუარეგია, დაიბადა და გაიზარდა ლიბიის უდაბნოს
(წითელი ჰამადის) მახლობლად, ფეზანის ოაზისებში მდებარე პატარა ქალაქ
ღადამესში. ბავშვობიდან შეისისხლხორცა უდაბნო, მისი ცხოვრების წესი და მორალი.
უდაბნომ ჩამოაყალიბა მისი სულიერი სამყარო. მისი შემოქმედებითი, სამწერლობო
საქმიანობაც მთლიანად უდაბნოს საოცარი სამყაროს აღწერა და მისი ყოფის
3
დაწვრილებითი თხრობაა.[3] ის უდაბნოს კოსმოსს – ბუნებას, მის წარმმართველ
სამყაროს ძალებს, იქ მცხოვრებ ადამიანებსა და ცხოველებს ერთ მთლიანობად
აღიქვამს, საოცარი სიღრმით გვიხატავს და ფურცელზე აცოცხლებს მათ
ურთიერთობას ერთმანეთთან, მათ უდაბნოსთან ურთიერთობას, რომელიც მთელი
სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.

იბრაჰიმ ალ-ქუნის სამწერლობო საქმიანობიდან მისი რომანები „ოქროს ქვიშა“ (1989


წ.) და „ქვიდან ნაჟური სისხლი“ (1990 წ.) აჯამებს ალ-ქუნის შეხედულებებს
არსებობის, ყოფიერების, ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობისა და ამ
ურთიერთობის უდაბნოს სივრცეში გამოვლინების შესახებ. ეს ურთიერთობა მაღალი
სულიერებითაა აღბეჭდილი, სიწმინდესა და

გასაოცარ გულწრფელობას ემყარება და ღრმა ფესვები აქვს გადგმული ბუნებაში. ეს


ურთიერთობა ალ-ქუნისთან ერთგვარი თეატრალური პერფორმანსია, სადაც
მოქმედების ადგილი – უდაბნოს შემოსაზღვრული, მწირი თეატრის სცენაა,
რომელზეც ადამიანურ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ ბრძოლაში ხმაურით
ერთვებიან მითიური, ზღაპრული არსებები, უდაბნოს კერპები, რომლებიც უდაბნოს
მკვიდრთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ და აყალიბებენ მათ
კულტურას, აზროვნებას. მწერალი ამ ჩაკეტილ წრეში ახერხებს მკითხველს უდაბნოს
მრავალფეროვნება და განუმეორებელი ხიბლი აგრძნობინოს, უდაბნოსი, სადაც მიწა –
ცას, ადამიანი კი ბუნებას შეერწყმის და სადაც ბევრად მძაფრია სამყაროს ერთიანობის
ცოცხლად და ხელშესახებად აღქმა, სადაც შემოქმედი თავის ქმნილებასთან უწყვეტ
დიალოგშია, სადაც მწერალი მკითხველს იდუმალი მეგზურივით შეუძღვება და
ცხოვრების ჭეშმარიტსა და მარადიულ ფასეულობებზე დააფიქრებს. რომანში „ქვიდან
ნაჟური სისხლი“ ჩართული ლეგენდები, მითები და ფილოსოფიური თუ სუფიური
მედიტაციები, ისლამური მისტიციზმის ელემენტები ავტორს მოკრებილი აქვს ახლო
აღმოსავლეთისა და მედიტერიანული სივრცის სხვადასხვა კულტურიდან:
ფარაონების, ფინიკიელებისა და ბერძნების, არაბების... უდაბნო კი ის ადგილია,
რომელიც გადააქცევს არსებობას ერთ მთლიანობად და კრავს ამ ყველაფერს, სადაც
განიწმინდება სული და სუფთავდება უსასრულო სივრცესთან შესარწყმელად.[4] ალ-
ქუნის მიზანი და სურვილი უდაბნოს ამეტყველებაა, მან თავის სამწერლობო
საქმიანობაში შეძლო, დარჩენილიყო შუა საუკუნეთა რავია[5] – მთხრობლად, ამბების
გადმომცემად, იმისათვის, რომ თავისი შეხედულებები და აზრები თავისივე
გმირებისა და პერსონაჟების მეშვეობით წარმოედგინა მკითხველისთვის. ის, რასაც
ალ-ქუნი გვთავაზობს თავისი სამწერლობო საქმიანობით, ფილოსოფიური და
ეგზისტენციალური მედიტაციით, ესაა ნომადიზმი მეტაფიზიკური გაგებით, ესაა
უდაბნოს ანთროპოლოგიური შესწავლა – მისი კულტურით, არსებობის ხედვითა და
მისი ცხოვრების სურათებით. ალ-ქუნიმ გააერთიანა რეალური და წარმოსახვითი,
ლეგენდარული და ყოფითი.

ალ-ქუნიმ თავისი მწერლობით ლიბიური რომანის უტყუარი არსებობა დაადასტურა


როგორც არაბებთან, ისე მთელ მსოფლიოში, რომელიც ლიბიურ რომანს სწორედ
იბრაჰიმ ალ-ქუნის შემოქმედებით გაეცნო, სადაც ავტორმა გამორჩეული მწერლური
ხელწერით შეძლო, გადმოეცა ტუარეგების საზოგადოების შეხედულებები და
რწმენები, მითები, საწესჩვეულებო რიტუალები, მათი ყოფა.[6] იბრაჰიმ ალ-ქუნის

4
რომანები არის ტუარეგების ცხოვრების აღწერა საჰარის უდაბნოში, ყველაზე დიდ
უდაბნოში დედამიწაზე, ადგილზე, სადაც სიცოცხლის ნებისმიერი სახეობისთვის
ძალიან რთულია იყოს ამტანი.[7] მწერალი საჰარის უდაბნოს მისი გაშლილი და
უსასრულო პეიზაჟებით წარმოგვიდგენს, როგორც პარადოქსულ სივრცეს, რომელიც
აქ მცხოვრებთა სულს – თავისუფლებას, ხოლო სხეულს ტყვეობას სთავაზობს.[8] ბევრი
მკვლევარი გამოთქვამს აზრს, რომ ალ-ქუნის მხატვრული შემოქმედება აღვიძებს და
აცოცხლებს ისლამამდელ არაბულ პოეტურ სულს.[9] ზოგი კრიტიკოსი ამას იმით
ხსნის, რომ არის გარკვეული გეოგრაფიული მსგავსება დიდ საჰარას (სადაც
ტუარეგები ცხოვრობენ) და არაბეთის ნახევარკუნძულის ლანდშაფტსა და ნეჯდის
მიდამოებს შორის, სადაც უკვდავი ისლამამდელი არაბული პოეზია შეიქმნა; თუმცა
ალ-ქუნის შემოქმედებისა და არაბული ისლამამდელი პოეზიის შედარება მაინც
პრობლემატურია. თავად ალ-ქუნი, ტამაშეკის ენაზე მოსაუბრე ტუარეგი, რომელიც
არაბულად წერს, არ ეთანხმება იმ განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ მისი
მხატვრული შემოქმედება არაბიზირებულია (მაგ., ამას ამტკიცებს არაბული
ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი როჯერ ალენი, რომელიც ისლამამდელ პოეტურ
ტრადიციებთან ალ-ქუნის სიახლოვეს აღნიშნავს); მწერალი თვლის, რომ აბდ
არრაჰმან მუნიფის „მარილის ქალაქების“ გარდა, არ არსებობს უდაბნოს შესახებ
თანამედროვე არაბული ლიტერატურა. ისლამამდელი არაბები ცხოვრობდნენ და
წერდნენ უდაბნოს საზღვრებს შიგნით, ეს კი სულ სხვა რამაა. ალ-ქუნის მიზანი კი,
მისი თქმით, ის არის, რომ უდაბნომ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს ლაპარაკი. ის კი,
როგორც მწერალი, თავის როლს სწორედ უდაბნოს ამეტყველებასა და მისი ხმის
სხვათა ყურამდე მიტანაში ხედავს.

თავის წიგნში „შუა საუკუნეთა არაბული ლიტერატურის ხელოვნება“ მკვლევარი


ანდრას ჰამორი ისლამამდელ კასიდას[10] ახასიათებს, როგორც ძველ არაბთა
ცხოვრების

თვალსაწიერის რიტუალურ გამოხატულებას. ისლამამდელი კასიდა ემყარებოდა


„ჰეროიკულ მოდელს“ – პრეისლამური მორალური ფასეულობების პარადიგმას.
კასიდის პროტაგონისტი წარმავალი სიამოვნებებისთვის გაღებულ ყოველგვარ
ძალისხმევას ნებაყოფლობით თმობდა და მამაცურად და თავდაუზოგავად, პირისპირ
ხვდებოდა სიკვდილს უდაბნოს სახიფათო მოგზაურობებსა თუ ბრძოლაში,
ნებაყოფლობით მიეახლებოდა სიკვდილს, როგორც ფინალურ სამზღვარს.

ისლამმა ძირეულად შეცვალა არაბული პოეზიის საფუძვლები, პრეისლამური


კასიდის ძველ ჰეროიკულ კონცეფციას ნიადაგი შეუმჩნევლად გამოეცალა.
არსებითად შეიცვალა პოეტური ეთოსიც. სიკვდილ-სიცოცხლის
ურთიერთმიმართებაში რადიკალური ცვლილება შეინიშნება – თუ უწინ ისინი
ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები იყო, ახლა ერთმანეთის თანამიმდევრულ
საფეხურებად იქცა გზაზე სამოთხის ან ჯოჯოხეთისაკენ. ძველმა ჰეროიკულმა
მოდელმა აზრი დაკარგა მუსლიმისთვის, რომლისთვისაც სიკვდილი უკვე არა
ყოფიერების, არამედ მხოლოდ იმ საქმეთა დასასრული გახლდათ, რომლისთვისაც
ადამიანი სიკვდილის შემდეგ აგებს პასუხს. ამრიგად, სიკვდილის მიმართ
დამოკიდებულების შეცვლამ ბევრი რამ შეცვალა არაბულ პოეზიაშიც. ცხოვრების
ჰეროიკული წესი დაინგრა, ან უკეთ რომ ვთქვათ, ცხოვრების ის წესი დაინგრა,

5
ჰეროიკულ იმიჯს რომ ქმნიდა; თუმცა, როგორც მკვლევარი სავსებით მართებულად
აღნიშნავს, პრეისლამური ლექსის მამოძრავებელ ძალაში იყო რაღაც, რაც
თვითმეტამორფოზის

საფუძველს განაპირობებდა. ერთი მხრივ, ისლამამდელი პოეტური ტრადიციით


დაბალანსებული ჰეროიკული მოდელი რელიგიურ საზოგადოებაში სიკვდილის
მიმართ დამოკიდებულების კარდინალურად შეცვლით დაირღვა და მეორე მხრივ,
რაც ძალზე საინტერესოა, გაჩნდა ერთგვარი გაუცნობიერებელი ნოსტალგია მის
მიმართ, თუმცა, როგორც ჰამორი შენიშნავს, სრულებით არ იყო აუცილებელი, რომ
აუდიტორია, რომელიც ამ სიძველის მიმართ ნოსტალგიას განიცდიდა, გრძნობდა და
გააზრებული ჰქონდა, რომ ძველი პოეტების წვდომა და ხედვა ხშირად უფრო ფართო
იყო, ვიდრე მათი რომელიმე თანამედროვე პოეტისა.[11] ჰეროიკული ცხოვრების წესმა,
რომლის მუზაც სიკვდილია, ტრანსფორმაცია განიცადა ისლამურ ლიტერატურაში. ეს
იყო ერთგვარი ნოსტალგია წარმართული წარმოდგენების, კონცეფციების მიმართ,
რამაც პრეისლამური პოეტური მანერის დიდხანს შენარჩუნებას შეუწყო ხელი
მომავალ თაობებში.

აი, სწორედ ამ უკანასკნელი მტკიცებულების დასტური იბრაჰიმ ალ-ქუნის


შემოქმედება გვგონია, სადაც ძალუმად იგრძნობა ისლამამდელი არაბული კასიდის
ჰეროიკული მუხტის მიმართ ნოსტალგია და მრავალი საუკუნის შემდეგ მისი
უძლიერესი გამოძახილი. ალ-ქუნის მწერლობა – ესაა ისლამამდელი არაბული
საზოგადოების მორალური ფასეულობების, უდაბნოს ტუარეგების წარმართული
წარმოდგენებისა და კონცეფციების ერთგვარი ნაზავი, გამოტარებული
არაბულისლამური ზეპირი და წერილობითი ტრადიციებისა და სულიერების,

ევროპული რომანტიზმისა და ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის, რუსული


ლიტერატურის ფასეულობათა პრიზმაში[12] და მოტანილი თანამედროვე
მკითხველამდე ისეთი განუმეორებელი მწერლური ძალით, რომელიც ამ ტრაგიკული
რომანების ავტორს დაუვიწყარს ხდის. ორივე რომანის – „ოქროს ქვიშისა“ და „ქვიდან
ნაჟური სისხლის“ მთავარი გმირები, მათი განცდები და სულისშემძვრელი
ტრაგიზმით აღბეჭდილი „განწირული სულისკვეთება“ შანფარას „ლამიას“
პროტაგონისტს გვაგონებს – ადამიანთა საზოგადოებიდან გარიყულ უშიშო,
შეუპოვარ, ტრაგიკულ რაინდს, ხან ღარიბსა და ხან მდიდარს, „დარდების მეგობარს“,
„მოთმინების უფალს“ – მეომარს, მარტოსულს, ყოფით გაწამებულსა და განწირულს
უდაბნოში მარტოდმარტო ხეტიალისა და ზღვარდაუდები სრბოლისთვის ერთგვარ
„ირეალურ“ სამყაროში, ვინც შუბივით კვეთს წვიმასა და წკვარამს, ვისი თანამგზავრიც
შიმშილი, სიცივე და თავსხმაა და თავისუფალი სული აკავებს მას აუგისაგან,
შერცხვენას განარიდებს[13].

ალ-ქუნის გმირებს ბუნების თანაზიარობის ისეთივე ძლიერი განცდა აქვთ, როგორიც


ისლამამდელ არაბ პოეტებს, მაგ., იმავე შანფარას „ლამიას“ პროტაგონისტს, რომელიც
აცხადებს:

„შენმა სიცოცხლემ, გონიერ კაცს ამ ქვეყანაზე არაფერი გაუჭირდება,


როცა ღამით გზას დაადგება თავისი ნებით ანდა ხიფათს
განრიდებული. მე

6
მყავს ოჯახი ახლობელი თქვენზე უმეტეს: უღლელი მგელი,
ლაქებიანი ბალანმოკლე[14] და აფთარი ხშირფაფრიანი.
აი, ეს არის ჩემი ოჯახი. თუ მათ გაანდობ საიდუმლოს, არ გამჟღავნდება.
არც დამნაშავეს მოიკვეთენ ცოდვა-ბრალისთვის“...

„მიდი-მოდიან ჩემ გარშემო ჟღალ-ნაცარა ნიამორები.


გვანან მონაზვნებს გრძელკალთიან მოსასხამებში.
საღამოობით მშვიდდებიან. თითქო მეც ერთი მათგანი ვარ
რქებდაგრეხილი, ფეხმოხრილი, ფერდობზე რომ ცქვიტად
ადიან“.[15]
ბუნებასთან ერთარსობის ამგვარი განცდა არაბულ ლიტერატურას ჯაჰილიის ეპოქის
შემდეგ საუკუნეთა მანძილზე არ ახსოვს. ნარატივის უდაბნოში მოთავსებით იბრაჰიმ
ალ-ქუნი დროისა და სივრცის კატეგორიებსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას
სრულიად გაცნობიერებულად არღვევს[16], უდაბნოს სამყაროს მოდელირების
ინსტრუმენტად იყენებს და მას უდროო/უჟამო მიკროკოსმოსად წარმოაჩენს[17], სადაც
დროში მიმდინარე მოქმედების ტემპი უსასრულოდ მდორე და განმეორებადია,
ადამიანის სიცოცხლის გზა კი მიყრაჯია[18] – სულიერი ამაღლების გზა საკუთარი
თავისა და გარემომცველი სამყაროს/უდაბნოს შეცნობიდან

შემოქმედის, უფლის შეცნობამდე[19], ანუ სადაც ჯერ უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.[20]
ალ-ქუნის გმირებიც განსაცდელის ჟამს მესამე განზომილებაში ხვდებიან –
სიკვდილსა და სიცოცხლეს, ყოფნასა და არყოფნას, ზეცასა და მიწას შორის... ე.წ.
„ბარზახის“ მიჯნას გაივლიან.[21]

სუფიური ფილოსოფიიისა და ტუარეგული კოსმოლოგიის ნაზავი – ასე ახასიათებენ


იბრაჰიმ ალ-ქუნის მწერლობას.[22] მითი არის მწერლისთვის ალქიმიური საშუალება,
რომელიც ტუარეგების ტრადიციას გადააქცევს მაღალმხატვრულ ნაწარმოებად.
მკვლევართა მიერ შენიშნულია, რომ ტუარეგული მითოლოგია, რომელსაც ალ-ქუნის
ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით, უკიდურესად დახვეწილია და ძალიან ჰგავს
ძველეგვიპტურ მითოლოგიას. კლდის ნახატები, რომლებიც ლიბიის უდაბნოში,
თასილის გამოქვაბულებშია აღმოჩენილი, საკმარისია ამ აზრის მხარდასაჭერად.
ტუარეგული და ეგვიპტური მითოლოგია ადამიანსა და ცხოველს ერთ არსებად
გამოსახავს. ისინი ერთ ენაზე მეტყველებენ, განუყოფელნი არიან და მაღალი
სულიერების მატარებლებად გვევლინებიან. ტუარეგების რწმენით, ისინი ჯინთა
ტომის შთამომავლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა ცხოველის სახე მიიღეს[23];
იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანში „ქვიდან ნაჟური სისხლი“ ტუარეგებისთვის წმინდა
ცხოველები – ჯიხვი და ქურციკი, რომლებშიც, წინაპართა გადმოცემით, მთის სული
და ქვიშიანი უდაბნოს სული სახლობს – გასულიერებულია და სუფიური
ფილოსოფიით, კადირიის საძმოს მოძღვრებით, მათში უფლის

საიდუმლო, ღვთაებრივი ჭეშმარიტებაა დავანებული, რაც მხოლოდ რჩეულთათვის


არის ხილული და მთავარი გმირის – ასუფის ღვთიური რჩეულობაც სწორედ ამით
საცნაურდება – ის ჯიხვად იერნაცვალი უვნებლად უსხლტება ხელიდან იტალიელ
დამპყრობლებს და მთებს ისე შეაფარებს თავს, ტყვიების წვიმა არც კი ეკარება. ასევე
ტუარეგული რწმენებისა და სემიტური გადმოცემების ნაზავია ასუფის ანტაგონისტის

7
– კაენისათვის ჩვილობაში ქურციკის სისხლის წოვების მოტივი, რამაც ის
დაუნდობელ ხორცისმჭამელად ჩამოაყალიბა.[24]

იბრაჰიმ ალ-ქუნის შემოქმედების მიმართ ტერმინ „მაგიური რეალიზმის“


გამოყენება[25], რომელსაც თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ძირითადად
ლათინოამერიკული ლიტერატურის მიმართ ხმარობენ, ალბათ მართებულია, რადგან
მის რომანებში რეალური ცხოვრების მითოლოგიზებული სურათების გადმოცემა
ჩვეულებრივია და საოცრებაც მოთხრობილი სამყაროს შემადგენელი ნაწილია.
მაგიურ რეალიზმს აბსურდამდე, კარიკატურულობამდე მისული გაუცხოება
ახასიათებს, პოეტური, სიურრეალისტური და სიმბოლური ფერიცვალებით
ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები ხდება წინასწარგანზრახული ზღაპრული
კომპოზიციის ნაწილები. მაგიურ რეალიზმს შემეცნიებითი ფუნქციაც აქვს, რასაც
განსაკუთრებით კარგად ვხედავთ იბრაჰიმ ალ-ქუნის შემოქმედებაში.

ტუარეგულ საზოგადოებაში ფესვგადგმული მატრიარქალური ტრადიცია სამოთხეში


მამას

ხედავს, ხოლო დედამიწაზე – დედას.[26] ალ-ქუნის რომანებში ტრადიციული


საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი მშობლების კულტია. მამა ხშირად არ ჩანს,
შვილი კი მის ნაკვალევს მიჰყვება და იმავე გზას იმეორებს.

ალ-ქუნი ხშირად უბრუნდება თავის რომანებში იმ იდეას, რომ ბინადარი, მკვიდრი


ცხოვრება აქრობს სულიერებას, რომ წინასწარმეტყველება დაიბადა უდაბნოში და
ათასობით წლის განმავლობაში ასაზრდოებდა კაცობრიობას თავისი სიბრძნით.
მიგრაციამ უდაბნოს შიგნით შექმნა უძველესი ცივილიზაციები, დასაბამი მისცა
მსოფლიოს პირველ კულტურებს საჰარიდან უძველეს ეგვიპტესა და
მესოპოტამიამდე, ისევე როგორც არაბეთის ნახევრკუნძულსა და მცირე აზიაში. თავის
კრებულში „ქვის ქალღმერთი და სხვა ტექსტები“ (1992 წ.) ის შეახსენებს მკითხველს
ტუარეგულ რწმენას, რომ თუკი ადამიანი ერთსა და იმავე ადგილზე ორმოც დღეზე
მეტხანს დარჩება, ის დაკარგავს თავისუფლებას. უძრავი, მკვიდრი ცხოვრების
მახასიათებელი სიკვდილია, ხოლო მოძრაობა, რაც დამახასიათებელია
მიგრაციისათვის, არის სულზე ზრუნვა.[27] სულს მხოლოდ უდაბნო განბანს,
ოაზისებში ცხოვრების ხაფანგია. რამდენადაც ოაზისები ეშმაკისეულია, იმდენად
უდაბნო ღვთიური და მისტიკურია. მართლაც, ზეციური ძღვენი, მიწიერი სამოთხე და
ნეტარება უდაბნოშია!

სწორედ ამ კონტექსტში რომანში „ქვიდან ნაჟური სისხლი“[28] მწერალი ბიბლიურ


ალუზიებს

მიმართავს. აქ კაენ-აბელის ბიბლიური მითი ლიბიის უდაბნოში ვითარდება.


ბიბლიური პირველი მკვლელობის – ძმის ხელით ძმის მოკვლის – მიზეზია ის, რომ
უფალმა მოჰხედა აბელსა და მის ძღვენს და არ მოჰხედა კაენსა და მის ძღვენს, ანუ
მიჩნეულია, რომ აბელ-კაენის ტრაგიკულ ამბავში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი
ერთმანეთთან შეუთავსებელი კულტურა – მწყემსობა და მიწათმოქმედება. უფალმა
უარყო მიწათმოქმედი, მიწის მკვიდრი და მზის შემყურე და ირჩია მწყემსი –

8
მოხეტიალე, მთვარის შემყურე. ანუ უფალი არ სცემს დასტურს მკვიდრ ცხოვრებას.
მწყემსობა ესქატოლოგიური შინაარსით არის ღვთით კურთხეული.[29]

საცთურის, დაცემის საშიშროება, განცხრომა და ამქვეყნიური სიამით ტკბობა, პატივი


და ძალაუფლება მჭიდრო კავშირშია მკვიდრ ცხოვრებასთან; ამასთანავე მუდმივი
შიში და ძრწოლა, მოუსვენრობა, – ეს მოხვეჭილი ძალაუფლება არ გამოეცალოს
ადამიანს ხელიდან, ასევე თანამდევია სიმდიდრისა და ძალაუფლებისა. სწორედ ამის
გამო ანიჭებს უფალი უპირატესობას მოხეტიალე ცხოვრებას, კარავში ხედავს
თავისუფალ სულს, აქ ჩანს უდაბნოს ასპექტი, როგორც ფეხდაუდგმელი მიწისა,
საკუთარ თავთან განმარტოების, საკუთარი თავის შეცნობისა და ღვთის
თაყვანისცემის ადგილისა. უდაბნო, როგორც მარადი გზა, სულიერებითაა
აღბეჭდილი და უპირისპირდება ხორციელ, მკვიდრ ცხოვრებას, როგორც დაცემული
წუთისოფლის სიმბოლოს.

რომანის მთავარი გმირი – ასუფი მეუდაბნოეა, უდაბნოს ისეთივე ბინადარი,


როგორიც მისი მკვიდრი ყველა ცხოველი. მართალია, ის ლიბიის არქეოლოგიური
სამმართველოს მიერ გამოგზავნილ ტურისტულ ჯგუფებს ხვდება და უცხოელებს
ადგილობრივი უძველესი კლდოვანი მხატვრობის ნიმუშებს ათვალიერებინებს,
მაგრამ თავად უცვლელი პირველყოფილი ცხოვრების წესით მცხოვრები თხის
მწყემსი, უდაბნოს განმარტოებაში ადამიანთა საზოგადოებას, ხალხის მზაკვრობას
განრიდებული, უდაბნოს ცხოველთა მეგობარი და ქომაგი, მთვარიან ღამეებში
ჯინებთან მოსაუბრე მარტოსული ბედუინი, ღვთისმოშიში მორწმუნე და უფლის
თაყვანისმცემელი მუსლიმი, ღვთიურ ჭეშმარიტებას ნაზიარები რჩეულია, რომელიც
ხორცისა და ხორციელის დათრგუნვით სულიერ განწმენდასა და ამაღლებას აღწევს.

რომანში მისი ანტაგონისტია კაენი, ადამის ძე, ჩვილობაში დაობლებული და


ქურციკის სისხლნაწოვები, უმი ხორცის მჭამელი, სისხლისმსმელი, წითელი ჰამადის
უდაბნოში ქურციკთა რემების ამომწყვეტი, ბოროტმოქმედი და მკვლელი; მუსლიმი,
რომელიც არც ლოცულობს, არც ზაქათს[30] გაიღებს და არც ღვთის სახლში ყოფილა
საპილიგრიმოდ. რეალურად, ისაა ეშმაკი, სახელად ადამიანი, უდაბნოს ყველაზე
დაუნდობელი და დაუძინებელი მტერი, პატრონებიანი შაშხანებითა და ლენდ
როვერის მანქანებით, შვეულმფრენით რომ შეესია ჰამადის უდაბნოს უდანაშაულო
ცხოველთა სისხლიანი სასაკლაოებით წასაბილწად.

აღიარებული ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის აბრაამისტული რელიგიები


რადიკალური დუალიზმის ნიშნითაა აღბეჭდილი. დასაბამიდან არსებობს ორი
ურთიერთსაპირისპირო საწყისი, ორი ძირეულად განსხვავებული სუბსტანცია:
კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი, ჭეშმარიტება და ცრუ მოძღვრება,
სამართლიანობა და უსამართლობა, ხორციელი და სულიერი, სივრცეში
განფენილობის თვალსაზრისით ღვთის სამკვიდრო და მიწიერი საცხოვრისი, მიწიერი
და ზეციური; კოსმიური დრამა კი ორი მტრული საწყისის დაუსრულებელ ბრძოლაში
გამოიხატება რეალურ სამყაროში, სადაც ერთმანეთშია არეული სინათლე და
სიბნელე, სიკეთე და ბოროტება. არჩევანი ამ ორ მტრულ საწყისს შორის ადამიანმა,
თავისუფალი ნების მქონე არსებამ, თვითონ უნდა გააკეთოს. ღვთაებრივი ცხონება თუ
წაწყმედა ადამიანის ნებელობითაა ასარჩევი.

9
ლიბიის უდაბნოში განვითარებული ამ ბიბლიური დრამის ჯალათიცა და
მსხვერპლიც ბედისწერის წინასწარგანჩინებას მორჩილად იღებენ. კაენს თავისი
წინასწარმეტყველური ხილვა – ძილ-ღვიძილში გამოცხადებული ჯიხვი, რომელიც
თითქოს შექმნის საიდუმლოს უმჟღავნებს, უდაბნოთა ქვიშის ტალღებზე მიაფრენს,
თავად კი კისერში ეშვებით ჩაჰფრენია და დაუნდობლად ჯიჯგნის, საბოლოოდ კი,
ასუფის სახემიღებული, ზეციური მწვერვალებიდან უფსკრულში მოისვრის – ცხადად
ექცევა და კლდოვან ქვაზე ჯვრის ფორმით გაკრულ ასუფს სამსხვერპლო
ცხოველივით გამოსჭრის ყელს. ეს მკვლელობა რიტუალური

მსხვერპლშეწირვასავით ხდება მუთხანდუშის პირბადიანი ქურუმის წინაშე, თითქოს


ის საიდუმლო ღვთისმსახურებას აკურთხებსო. ბედისწერა მკაცრია და რომანის
მთავარ გმირს – ასუფს სასიკვდილო განაჩენს ისე გამოუტანს, როგორც სამსხვერპლო
ცხოველს, რომელსაც ნაყოფიერება, სიკეთე და აღორძინება მოაქვს უდაბნოს მშრალი
ბუნებისათვის, უგზავნის უხვ წვიმას და ერთმანეთთან მოარიგებს მთიანსა და ბარიან
უდაბნოებს. სისხლიან არენაზე კი ქურუმის ასევე წინასწარმეტყველური წარწერა
რჩება:

„მე, უდიდეს ქურუმ მუთხანდუშს, თაობათა წინასწარმეტყველებად მიბრძანებია: ხსნა


მოვა მაშინ, როცა წმინდა ცხოველი – ჯიხვი სისხლისგან დაიცლება და ქვას სისხლი
დაედინება. იშვება სასწაული, რომელიც ჩამორეცხს წყევლას, მიწა განიწმინდება და
უდაბნოს წარღვნა წალეკავს“.

ავტორს ეს მცირე ფორმატის რომანი ძირითადად შავ-თეთრ კონტრასტებზე,


ოპოზიციურ წყვილებზე აქვს აგებული, რომელთა მძაფრი დაპირისპირება,
ბინარული კონტრასტების პოლარულობა ცხადყოფს რომანის მთავარ სათქმელს.
რომანის სხვა პერსონაჟთა კონტრასტული წყვილებია:

ჯონ პარკერი – ამერიკული სამხედრო ბანაკის ოფიცერი, კალიფორნიის


უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული,
აღმოსავლეთის ფილოსოფიური მოძღვრებებით – ზოროასტრიზმით, ბუდიზმითა და
სუფიურ-ისლამური ნააზრევით გატაცებული; ჩრდილო აფრიკაში სამსახურებრივი
მისიით ჩასული სუფიურ საძმოებთან დაახლოებას ცდილობს, არამყარი სულიერი
ფასეულობების მქონე, ქურციკსა თუ ჯიხვში დავანებული უფლის საიდუმლოს,
ღვთაებრივი ჭეშმარიტების წვდომის სურვილით შეპყრობილი მათ ხორცს
ოპიუმივით ეძალება. მისი ანტიპოდი რომანში კადირიის საძმოს დერვიში შეიხი
ჯალულია, თავისუფალი აზრის მქონე ღირსეული კაცი, სხვა საძმოთა მიერ
ერეტიკოსობაში ბრალდებული, ვინც თავისი ორდენის სუფიური მოძღვრებით
უფალს, მისი ღვთაებრივი დიდებულების გამოვლინებას ყველა არსებაში ხედავს;
ჯონ პარკერის შემჩვენებელი მისი ქურციკთა სისხლიანი სასაკლაოების ამბის
შეტყობის შემდეგ.

ასეთივე კონტრასტული წყვილია იტალიელი არქეოლოგი – ლიბიის საჰარაში,


მუთხანდუშის ხეობაში პრეისტორიული ადამიანის ხელით შესრულებული
ბრწყინვალე ნახატების უბადლო მცოდნე და თავგადადებული მკვლევარი, უდაბნოს
უსაზღვროდ მოყვარული და ქომაგი და იტალიელი დამპყრობელი კაპიტანი
ბორდელო – იტალიურ გარნიზონში დატყვევებული ადგილობრივი ახალგაზრდობის

10
მწვრთნელი თავისი შეშლილი ოცნების ასახდენად – აღმოსავლეთიდან აქლემების
კავალერიით ეთიოპიის დასალაშქრად.

რომანი „ქვიდან ნაჟური სისხლი“ თავისი მაღალმხატვრულობით, შინაარსობრივი


ტევადობით, საჰარის ტუარეგთა ეთნოლოგიურ-ფსიქოლოგიური დეტალების
შესანიშნავი წარმოჩენით, გამორჩეული სულიერებითა და კულტურული
ფასეულობებით, მითოლოგიური და რელიგიური ტრადიციული სახეების
გამოყენებითა და საკუთარი ორიგინალური ინტერპრეტაციებით თვალნათელი
დასტურია იმისა, რომ მისი ავტორი – იბრაჰიმ ალ-ქუნი – თანამედროვეობის დიდი
მწერალია და ლიტერატურის მკვლევართა სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.
***

იბრაჰიმ ალ-ქუნი და საქართველო

რომან „ოქროს ქვიშის“ გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, მწერლისთვის, რომელიც


ვიცოდი, რომ წლებია შვეიცარიაში ცხოვრობდა, მიმეწვდინა ხმა და შემეტყობინებინა
ამ თარგმანის გამოცემის შესახებ, რომელიც შარჯას წიგნის საერთაშორისო გამოფენის
მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. „ოქროს ქვიშის“
ქართული თარგმანის გამოსვლიდან

სულ რაღაც სამ თვეში კაიროს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იბრაჰიმ ალ-ქუნი
საპატიო სტუმრად მიიწვიეს და კაიროში საქართველოს საელჩოს გზით (პირველი
მდივნის, მაკა ოძელაშვილის დიდი დახმარებით) მისი საკონტაქტო ინფორმაცია
(ელექტრონული ფოსტა) მოვიპოვე.

ჩემს წერილზე პასუხი, ჩემდა გასაოცრად, ძალიან სწრაფად მივიღე და ნაცვლად ჩემი
მოლოდინისა, რომ მწერლის ლიტერატურული აგენტი გამომეხმაურებოდა
ტრადიციული თავაზიანობის გამომხატველი ფრაზებით, თავად იბრაჰიმ ალ-ქუნის
პასუხი მომივიდა, სადაც ის მწერდა, რომ ევროპაში გატარებული ათწლეულების
მანძილზე, როცა მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა მისი რომანები, არაფერს ისე არ
გაუკვირვებია, როგორც რუსთაველის ენაზე მისი რომანის თარგმნამ გააკვირვა.

აქ უკვე ჩემი გაოცების ჯერი დამდგარიყო – წერილით შევიტყვე, რომ მოსკოვში,


გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლის წლებში მწერალი
რუსთაველისა და დობროლუბოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე ინსტიტუტის საერთო
საცხოვრებელში ცხოვრობდა თურმე, თუმცა რუსთაველის სახელი მხოლოდ ყოფითი
ცხოვრებიდან როდი ჰქონდა შეთვისებული – „ვეფხისტყაოსანს“ ის სწავლობდა
სტუდენტობისას და მისი რუსული თარგმანი საკურსოდაც კი ჰქონია დამუშავებული
და მოხსენებით გამოტანილი. ამჟამად

შვეიცარიაში კი არა, უკვე სამხრეთ ესპანეთში დასახლებულა და მისივე სიტყვებით,


ის დასავლეთის იბერიიდან აღმოსავლეთის იბერიაში მიგზავნიდა გულითად სალამს,
თან იმედოვნებდა, რომ ოდესმე თავადაც მოხვდებოდა თბილისში, მისი
მკითხველებისა და ქართველი აღმოსავლეთმცოდნეების წრეში. მეც მინდა ვისურვო
უახლოეს მომავალში მწერლის საქართველოში ჩამოსვლა და მის მკითხველს კი
ამჟამად შეთავაზებული რომან „ქვიდან ნაჟური სისხლის“ თარგმანთან ერთად (მისი

11
თარგმანის უფლება მწერალმა სრულიად უანგაროდ და ყოველგვარი ფინანსური
პირობებისა და ვალდებულებების გარეშე გამომიგზავნა, როცა შეიტყო, რომ ამ
რომანის თარგმანზე ვმუშაობდი) გავაცნო იბრაჰიმ ალ-ქუნის იმ ნაწარმოებთა სია,
რომელიც დღემდე გამოცემულა ქართულად:

1. მცირე პროზა „თითის ფალანგზე მოკლე მოთხრობები“, არაბულიდან თარგმნა


იზოლდა გრძელიძემ. დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“,
№21
(229), 17 ოქტომბერი, 2014 წ. გვ. 68-70.

2. ნოველები „ნიაღვარი“ და „შავი ვაცი“, არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ.


დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“, №13 (247), 26 ივნისი, 2015
წ. გვ. 66-69.

3. ნოველა „ერთი ყლუპი სისხლი“, არაბულიდან თარგმნა იზოლდა გრძელიძემ.


დაიბეჭდა აღმოსავლურ ჟურნალ „არმაღანში“, №2 (მარტი-აპრილი), თბილისი, 2016 წ.
გვ. 23-29.

4. რომანი „ოქროს ქვიშა“, არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ. გამოიცა


გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ, თბილისი, 2016.

ასევე აღნიშვნის ღირსი მგონია ის ფაქტი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტმა გოგა ასლამაზიშვილმა დაიცვა
სამაგისტრო ნაშრომი არაბისტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
თემაზე: „პიროვნებისა და ბედისწერის საკითხი ლიბიელი მწერლის იბრაჰიმ
ალქუნის რომანში „ოქროს ქვიშა“, თბილისი, 2016 წ.

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ იზოლდა გრძელიძეს, რომელმაც პირველმა


შემოიტანა მწერლის სახელი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში თავისი მშვენიერი
თარგმანებით.

დარეჯან გარდავაძე

12
***
„თითოეული ნადირი მიწაზე და თითოეული ფრინველი ზეცაში, რომელიც
ფრენს თავისი ორი ფრთით, სხვა არა არის, თუ არა თემნი თქვენი მსგავსი“.
ყურანი, სურა მე-6, „საქონელი“, აია 38[31]

„...და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. უთხრა უფალმა კაენს:
სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი
ძმის სისხლი შენი ხელიდან.
დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და
მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე“. ძველი აღთქმა, დაბადება. თავი 4, 8-12

13
ქვის გამოსახულებები
ერკემლებს სწორედ მაშინ მოუნდათ მის ცხვირწინ ერთმანეთთან რქებით შეტაკება,
როცა ასუფი ლოცვას შეუდგა.

მოსაღამოვებულს, როცა მზის მოელვარე დისკო ცარგვალის შუაგულში თავისი


საბრძანებელი ტახტიდან გადაგორდა, იქაურობას დაემშვიდობა და დატოვა მუქარა,
რომ მეორე დღეს დაბრუნდებოდა და დაასრულებდა თავის მისიას – გადაბუგავდა
იმას, რისი დახრუკვაც იმ დღეს ვერ შეძლო – ასუფმა მკლავები განსაწმენდად
ვადის[32] სილაში ამოურია და ნაშუადღევის ლოცვისთვის გაემზადა.

ძრავის შორეული გუგუნი მოესმა და იჩქარა, უფლისთვის თავისი ვალი მიეგო, სანამ
ქრისტიანები მოაღწევდნენ, რომლებსაც ბოლო წლებში ჩვეულებისამებრ
მიეგებებოდა ხოლმე ვადიში, რათა მათთვის კლდეზე ამოკვეთილი ნახატები
დაეთვალიერებინებინა.

მაგრამ ეშმაკი შეუჩნდა თხებს და ზედ მის წინ ერთმანეთთან რქებით დაჯახება
სწორედ მაშინ მოანდომა, როცა ასუფი ალაჰს ადიდებდა და ფათიჰას[33] ბუტბუტებდა,
თითქოს ერთმანეთს თავის რქებს ახარბებდნენო და მისთვის კი ამ შერკინებისას
საკუთარი რაინდობის ჩვენება

უნდოდათ. ერკემლების დღევანდელი ბრძოლის მიზეზი კეკლუცი დედალი თხა იყო,


რომელსაც ერთი ჯიუტი ვაცი ეცდუნებინა და ისიც დილიდან ფეხდაფეხ დასდევდა,
მის უკანალს ნესტოებით ეპოტინებოდა და დაჟინებით ცდილობდა, უკნიდან
მოხტომოდა, რამაც სხვა ერკემლებში ეჭვიანობის გრძნობა აღძრა – შექუჩდნენ და
დაიწყეს გრძელი რქებით ორთაბრძოლა.

ასუფმა ლოცვა შეწყვიტა, ეშმაკი დაწყევლა და წავიდა მუთხანდუშის ვადის[34]


ყველაზე მთავარი კლდის წინ თავისი რელიგიური მოვალეობის შესასრულებლად.

კლდე ვადის დასავლეთით, განაპირას აღმართულიყო, აინესისის ვადისთან შეყრის


ადგილას, იქ, სადაც ორივე ერთ ღრმა, ფართო ხეობას ქმნიდა და
ჩრდილოაღმოსავლეთით ეშვებოდა, რომ ბოლოს მასაქ მალათში შერთვოდნენ დიდ
აბრაჰოჰს[35].

დიდი კლდე, რომელიც მღვიმეთა ჯაჭვს ესაზღვრებოდა და კუთხის ქვასავით იდგა


ბოლოში, ათასწლეულების მანძილზე სასტიკად მწველი მზის პირისპირ, მთელ
საჰარაში პრეისტორიული ადამიანის ხელით შესრულებული ყველაზე ბრწყინვალე
ნახატით იყო შემკული – უზარმაზარი კლდის მთელ სიგრძეზე გიგანტი ქურუმი
წამომართულიყო, სახეს იდუმალი პირბადე უფარავდა, მარჯვენა ხელით ჯიხვს[36]
ეხებოდა, რომელიც მის გვერდით

იდგა, თავადაც ღირსებით სავსე, ამაყი, მასაც ქურუმივით თავი მაღლა აეწია და სახე
შორეული ჰორიზონტისთვის მიეპყრო, საიდანაც ამოდიოდა მზე და მისი სხივები
ორივეს ყოველდღე სახეზე ეღვრებოდა.

14
ათასწლეულების მანძილზე დიად ქურუმსა და ჯიხვს – საკრალურ ცხოველს –
შემონახოდა ქვაზე ამოკვეთილი ნაკვთები – ცხადი, ღრმა, დიდებული, მეტყველი,
უტყვი კლდის გულზე ამოტვიფრული.

პიტალო ქვაზე ამოკვეთილი ქურუმი, მთელი თავისი ბუნებრივი ტანის სიმაღლით


მდგარი, ზემოდან იცქირებოდა, მაგრამ ადამიანის ბუნებრივი ზომის ტანზე უფრო
დიდი და მაღალი ჩანდა. ოდნავ დახრილიყო გრძნეული ჯიხვისკენ, რომელიც ზომით
ჩვეულებრივ ჯიხვს აღემატებოდა.

ბუნებრივია, ასუფს წარსულში, როცა ის ახალგაზრდობაში ამ უდაბურ ვადის


გადაკვეთდა ხოლმე თავისი ცხვრის მწყემსვაში, აზრადაც არ მოსვლია, კლდეებზე
ამოკვეთილი ეს ნახატი ისეთი მნიშვნელობისა თუ იქნებოდა, როგორადაც მას ახლა
ხედავს, როცა ის ქრისტიან ტურისტთა კიბლად[37] იქცა. მის სანახავად უშორესი
ქვეყნებიდან ჩამოდიან, უდაბნოს ყველგანმავალი მანქანებით კვეთენ, რათა ეს ქვა
მოინახულონ, მისი დიდებულების,

სილამაზისა და იდუმალების წინაშე გაოცებისგან პირი დააღონ. მეტიც, ერთხელ


ასუფმა ევროპელი ქალი ნახა, კლდის წინ მუხლებზე დაცემულიყო და რაღაცას
გაურკვევლად ბუტბუტებდა. ინტუიციით მიხვდა, ეს ქრისტიანთა ლოცვები უნდა
ყოფილიყო.

მთათა კლდოვანი ქვები და მღვიმეები სხვა ხეობებშიც – მთელ მასაქ სატფათში –


ნახატებით იყო შემკული. ისინი ჯერ კიდევ პატარაობაში აღმოაჩინა, როცა
მოუსვენარი ფარის დევნა სიქას გამოაცლიდა ხოლმე და მღვიმეებს შეაფარებდა თავს
მზისგან მოსაჩრდილებლად და ცოტა ხნით დასასვენებლად. ფერადი ნახატების ნახვა
ართობდა – მონადირეები წაგრძელებული, უცხო სახეებით მისდევდნენ უხვ ნადირს,
რომელთაგან თავად მხოლოდ ჯიხვი, ქურციკი და კამეჩი იცოდა. კლდეებზე შიშველი
ქალებიც იყვნენ გამოსახულნი დიდი, ძალიან დიდი ჯიქნებით... მათი ტანის
ზომასთან შეუფერებლად დიდი მკერდით. ეს სანახაობა აცინებდა, წარმოიდგენდა,
მოძრაობისას მკერდი როგორ უშლიდა ქალს ხელს. გადაწვებოდა ზურგზე და
იცინოდა ხმამაღლა, უცნობი მღვიმეები კი მის მოგუდულ ექოს ახმიანებდნენ.

შემდეგ უკვე სხვა ნახატებიც აღმოაჩინა, როცა მთებზე მიცოცავდა თხების


კვალდაკვალ. კლდოვან კედლებზე ნახა ღულების[38] სახეებივით საზიზღარი სახეები
და საშინელი ცხოველები, რომელთა მსგავსიც უდაბნოში არაა. გააოცა იმან, თუ
როგორ არაფერი უთქვამს მათზე დედას აქამდე, თვით ზღაპრებშიც კი. არც მამისგან
სმენია რაიმე მათ შესახებ, სანამ იგი გრძნეული, გადარეული ჯიხვის იმ საზარელ
დევნაში დაიღუპებოდა. დედამ უთხრა:

– ესენი მღვიმეთა ძველი მოსახლეები არიან. პირველი წინაპრები... – მაგრამ შენ ხომ

მითხარი, რომ მღვიმეები ჯინებითაა დასახლებული?!

დედამ გაოცებული მზერა მიაპყრო, გაიღიმა, შემდეგ გადაიხარა ჯერ მარჯვნივ, მერე –
მარცხნივ, თან ხელებშორის მოქცეული ტიკით რძეს თქვეფდა. ასუფმა დაიჟინა:

– ჩვენი ძველი წინაპრები ჯინები იყვნენ?

15
დედამ სიცილი დამალა, მაგრამ ასუფმა თვალებში შეატყო ეს. კითხვა გაუმეორა.
შებეზრებულმა დედამ შეძახილით მოიშორა:

– მამაშენს ჰკითხე!.. მამასაც ჰკითხა. იმან გაიცინა და უთხრა:

– ალბათ ჯინები იყვნენ, ოღონდ კეთილი ჯინები. ადამიანებივით ისინიც ორ ტომად


იყოფიან – კეთილ და ბოროტ ჯინებად. ჩვენ სხვა ტომს ვეკუთვნით, ჯინთა იმ ტომს,
რომლებმაც სიკეთე აირჩიეს...

– ამიტომ არ ვემეზობლებით არავის?!

– დიახ, ამიტომ. ბოროტებს თუ ემეზობლები, ბოროტება მოგეწევა. ადამიანი,


რომელიც სიკეთეს აირჩევს, უნდა გაურბოდეს ხალხს, რომ თავს ტანჯვა და
ტკივილი არ დაატყდეს. ჯინთა ეს ჯგუფიც ამასვე აკეთებს – ისინი მღვიმეებში
დასახლდნენ, რადგან ძველთაგანვე ბოროტს გაურბოდნენ. განა არ გესმის ხოლმე
მთვარიან ღამეებში მათი ერთმანეთში გადალაპარაკება?! დედა ჩაერია:

– რატომ აშინებ ჯინთა ღამეული საუბრებით?! უმჯობესია, დედალი აქლემი


მოწველო და ვახშმამდე რძე მომიტანო.

მამამ გაიცინა და აქლემის მოსაწველად წამოდგა. ასუფი დედას მიუტრიალდა და


უთხრა:

– მე ყოველდღე ვისმენ მღვიმეებში ჯინთა საუბრებს. საკვირველ რამეებს ამბობენ.


ხანდახან სიმღერა მოეპრიანებათ ხოლმე. მე არ მეშინია ჯინების. დედას გაეცინა და
ფიჩხი ცეცხლს შეუკეთა.

ასუფმაც გააგრძელა ჯინთა სახეებით თავშექცევა მთების გამოქვაბულებში.

ხვატს გაექცეოდა და აქოშინებული კლდეთა სიღრმეებს შეაფარებდა თავს, ერთხანს


წამოწვებოდა, შემდეგ კლდოვან კედელზე აცოცდებოდა და იწყებდა მტვრის ფენების
ჩამოცილებას, სანამ ქვებზე ამოკვეთილი ხაზები არ გამოჩნდებოდა. განაგრძობდა
უტყვი კედლების წმენდას, სანამ პირბადიანი ან წაგრძელებული სახეები არ
გადმოხედავდნენ, ან პირბადიან მონადირეთა ისრებს გაქცეული ცხოველები არ
გამოჩნდებოდნენ: ჯიხვები, ქურციკები, კამეჩები და სხვები, უზარმაზარი ტანის,
მაღალფეხება ცხოველები, რომლებიც დღევანდელ უდაბნოში არასდროს უნახავს.

ხეობებს, უღელტეხილებს, მთებს დაუწყო კლდეებზე გამოსახული სახელების


დარქმევა: ეს ქურციკების ვადია, ის – მონადირეთა უღელტეხილი, ეს – ჯიხვთა მთა,
ის – მწყემსთა ველი... სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ აღმოაჩინა ყველაზე დიდი ჯინი –
პირბადიანი გოლიათი,

საკუთარი ღირსებით აღვსილი ჯიხვის გვერდით წამომართული, კიბლის


მიმართულებით პირშექცეული, მზის ამოსვლის მომლოდინე, უფლის სადიდებელი
მარადიული ლოცვის აღმავლენელი.

იმ დღეს ფარის ურჩ თხებს მისდევდა, დანარჩენ საქონელს რომ გამოჰყოფოდნენ და


მუთხანდუშის უკაცრიელ ვადიში ჩასულიყვნენ. სირბილით მიჰყვებოდა უკან, სანამ

16
არ დაეწია მეზობელი აინესისის ვადის შესართავთან, სადაც ეს ორი ვადი ერთიან,
ღრმა, შემაშინებელ მდინარის ხეობას ქმნიდა, რათა თავიანთი მძიმე გზა
გაეგრძელებინათ უნაყოფო, გადამხმარუდაბნოში აბრაჰოჰის ველების
მიმართულებით. იქ იყო მღვიმეთა ერთი ჯგუფი, რომელსაც თავზე უზარმაზარი
კლდეები ედგა. ეს კლდეები ესაზღვრებოდა იმ მაღალ კლდეს, რომელიც ცისკენ
ამავალი ნაგებობასავით იდგა, ღვთაებების მიერ აგებული წარმართული კერპივით.
პირბადიან ჯინს, თავის საკრალურ ჯიხვთან ერთად, უზარმაზარი ქვის ნატეხი
თხემით ტერფამდე ფარავდა. ასუფი დიდხანს იდგა და ფილას ათვალიერებდა,
შემდეგ შეეცადა, კლდეებზე აცოცებულიყო, რომ უზარმაზარი ჯინის პირსაბურავს
შეხებოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

გზა კლდისკენ ოღროჩოღრო ქვებით იყო გარემოცული.

კიდევ ერთხელ სცადა სიპ კლდეებზე მოჭიდება, მაგრამ ფეხქვეშ ქვების გროვა
ჩამოეშალა, სიმაღლიდან მოწყდა და ხეობაში ზურგით დავარდა.

ტკივილისგან იკლაკნებოდა. ოთხით გახოხდა, შეეცადა, ვადის შუაგულში მდგარი


აკაციის[39] მაღალი მწვანე ხის ჩრდილისთვის შეეფარებინა თავი.

გული გამალებით უცემდა. სხეულზე ოფლი ღვარად სდიოდა. ხეს მიაღწია და


ჩრდილი გაქრა.

მიუხედავად ხის ჩრდილის გაქრობით გაოცებისა, მის ქვეშ გაწვა და მწველი მზის
ჩასვლას დაელოდა.

მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ ის ურჩი თხები, რომლებიც ფარას გამოეყვნენ და დიდი
ჯინის მღვიმესთან მიუძღვნენ მას, მგელს მოეგუდა იმ ღამეს და გაახსენდა, როგორ
განუდგა მას აკაციის ხე და ჩრდილი როგორ გაიქრო, კლდიდან ჩამოვარდნის შემდეგ
ასუფმა თავი რომ შეაფარა.

კერპის წინ ლოცვა (მეთვალყურე)


ლოცვა დაასრულა და თავი უკან გადააგდო გიგანტური კედლის თვალიერებაში,
თავზე რომ წამოსდგომოდა. დიდი ჯინი კურთხევას აძლევდა მას. საბურველს მიღმა
მისი იდუმალი მზერა კმაყოფილებასა და სიმშვიდეზე მეტყველებდა. პატივით
შემკული ჯიხვი, თავზე დაგრეხილრქებწამოდგმული, ასევე ეთანხმებოდა თავის
ღვთაებას და საიდუმლოდ ანიშნებდა ასუფს, რომ ლოცვა მიღებული იყო და ტაძრის
მეუფის წყალობა მოპოვებული ჰქონდა.

ასუფმა არც კი უწყოდა, რომ მიმართულება შეეშალა და რაქათები[40] ქააბის[41] მხარეს


კი არ შეუსრულებია, არამედ მის თავზე აღმართული ქვის კერპის მიმართულებით,
ღრმა უდაბნოს გულში.

მანქანის გუგუნი მოახლოვდა.

ფეხზე წამოდგა გაბნეული თხების მოსაკრებად, სანამ ტურისტები მოვიდოდნენ და


მოსაღამოვდებოდა.

17
თხების ნაწილი მეზობელ ვადიში გაშლილიყო იმ დროს, როცა მეორე ნაწილი
კლდეებს შორის

ბალახის ძებნაში მთების მწვერვალებზე ამძვრალიყო და თავის ანც ციკნებს


დაუღალავად და ენერგიულად დასდევნებოდა.

ასუფმა გათვალა, რომ სტუმრების მოსვლამდე შეძლებდა გაბნეული თხების


დაბრუნებასა და ფარის შეგროვებას. ძრავის გუგუნის მოახლოება უდაბნოში მანქანის
მოახლოებას როდი ნიშნავს! ხმები უდაბნოში მატყუარა და მოჩვენებითია.
დილაუთენია და მოსაღამოვების ჟამს სიჩუმე აახლოებს უშორეს ძახილს და
ყვირილად და ხმაურად აქცევს მას.

გაიხსენა, არქეოლოგიური სამმართველოს ხალხი წლების წინ მანქანების ქარავნით


რომ მოვიდა. ღამე მუთხანდუშში გაატარეს. ხნიერი ქერა იტალიელი ახლდათ,
რომელზეც თქვეს, რომ ის დიდი არქეოლოგი იყო. მაღალტანიანი, გამხდარი,
თმაგაჭაღარავებული, მზერას მზისგან დიდი შავი სათვალით იცავდა. შენიშვნებს
რვეულში იწერდა, რომელსაც ხელიდან არ აგდებდა. მთელი დღე კლდეებს შორის
ურჩი ციკანივით დახტოდა, მსუბუქად მოძრაობდა, სწრაფი ნაბიჯით დადიოდა,
მთებზე მისი ასაკისთვის შეუფერებლად ცოცხლად დაცოცავდა.

მოსულებმა მასაქ მალათიდან წამოღებული ქურციკით ივახშმეს, დილით კი ასუფს


სარდინის, ტუნის, შედედებული რძის კონსერვები და თეთრი პურის კვერი აჩუქეს.
არქეოლოგიური სამმართველოს თანამშრომელმა უთხრა: „დღეიდან შენ
მუთხანდუშის ვადის მცველი ხარ,

ჩვენი თვალი ხარ ხეობაში. სხვადასხვა რჯულისა და მოდგმის ბევრი ხალხი ჩამოვა აქ
სიძველეების სანახავად. შენ მათ თვალი უნდა ადევნო. ქვების მოპარვის უფლება არ
უნდა მისცე, კლდეების ჩამონგრევის ნება არ დართო. ეს კლდეები დიდი სიმდიდრეა.
ეს ნახატები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. თვალები კარგად გაახილე. ისინი სიხარბითა და
ანგარებიანი სურვილით არიან შეპყრობილნი – ჩვენს ქვებს იპარავენ, რომ თავიანთ
ქვეყნებში ათასებად და მილიონებად გაყიდონ. თვალი არ მოაშორო მათ. შენ, სწორედ
შენ ხარ მეთვალყურე!“ – შემდეგ ხელიუიმედოდ ჩაიქნია, ჯიბიდან ათი გინეა ამოიღო
და გაფრიალებული სამოსის ჯიბეში ჩაუჩურთა. – „ეს ავანსია. ყოველთვიურად
გადაგიხდით. სამმართველოდან ყოველთვიურ ხელფასს მიიღებ. იცი, რას ნიშნავს
მთავრობისგან ხელფასის მიღება?!“ – ხელი მეორედ ჩაიქნია. უიმედობა მის თვალებში
ტანჯვას დაემსგავსა.

ასუფმა ათი გინეა უკან დაუბრუნა და უთხრა, რომ არ იცოდა, რა ექნა მისთვის. „მე
ვიცავ ვადის. მე მასაქ სატფათის ყველა ხეობას ვიცავ... უფულოდ!.. მასაქში ფულს რა
უნდა ვუყო!“

კაცმა ნერვიულად გაიცინა. შეეცადა, დაერწმუნებინა: „მაგრამ ეს არ შეიძლება. თუ


თანამშრომელი ხარ, ფულს უნდა იღებდე. ეს შენი უფლებაა. ეს ხელფასია
მთავრობისგან. შენ მეთვალყურე ხარ. შენ ხარ თანამშრომელი. ეს როგორ აგიხსნა და
გაგაგებინო?!“ – მეტი კონსერვის კოლოფი მისცა და თავის ჯგუფთან ერთად ხეობა
დატოვა. ასუფს ის ამ დღის შემდეგ აღარც უნახავს.

18
ახსოვს მხოლოდ არქეოლოგიური სამმართველოს თანამშრომლის მზერა. ეს
სიბრალული იყო?.. ტანჯვა?!.. თუ უმწეობა?!.. თუ ტანჯვაში არეული სიბრალული,
რადგან უძლური იყო, დაერწმუნებინა, რომ ხელფასი აეღო?!..

მოხელე დაქანცული და ძალაგამოცლილი იყო. ალბათ, ეს მისი პირველი მოგზაურობა


იყო უდაბნოში და უდაბნომ დაღალა. იტალიელი სჯობნიდა მას სიცქვიტითა და
ენერგიულობით, ქვების მიმართ ინტერესით.

ათასწლეულების მანძილზე დავიწყებულ ხეობაში სწორედ იმ დღიდან დაიწყეს


მნახველებმა ნელ-ნელა შემოდინება. ჯგუფები მოდიოდნენ ასე ორ კვირაში, ხან –
თვეში ერთხელ. იშვიათად, რომ თვეზე მეტი გასულიყო მათ არყოფნაში.

ყველანი უცხოელები იყვნენ – კაცები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები...


ქრისტიანთა სხვადასხვა მოდგმა. დიდი ჯინის წინ მუხლს იყრიდნენ, ტაძრის წინ
სურათებს იღებდნენ, უმრავლეს შემთხვევაში ღამეს ათევდნენ და შემდეგ უკან
მიდიოდნენ, მას კი კონსერვებს, ყველსა და რძის ფხვნილს ან დაკონსერვებულ
შედედებულ რძეს, ჩაის, შაქარსა და ბისკვიტებს უტოვებდნენ. ხელგაშლილები იყვნენ.
უფრო ხელგაშლილები, ვიდრე არქეოლოგიური სამმართველო ოაზისებში...

ხშირად უკითხავს საკუთარი თავისთვის, თუ რა არის ის საიდუმრო, რის გამოც


ქრისტიანები ძველი ნახატებით ინტერესდებიან... და იმ დასკვნამდე მისულა, რომ
ქრისტიანები პილიგრიმობენ მუთხანდუშის კერპებთან, რადგან ისინიც იმავე ძველი
აღმსარებლობის მიმდევრები იყვნენ. მათ ხომ არ სწამთ მოციქული მუჰამედი და
მუსლიმებივით ღვთის თაყვანისცემას ქააბის მიმართულებით არ ასრულებენ!..
მოწიწება, ვედრება, მორჩილება, რომელზეც მათი თვალები მეტყველებდა, იმ
გამოუცნობ ნიშნებს უმჟღავნებდა, მათ სახეებზე რომ გამოისახებოდა, როცა ისინი
დაკვირვებით ათვალიერებდნენ ხეობის მეფის გიგანტურ ტანს, მის საკრალურ ჯიხვს,
ქურუმის გვერდით რომ წამოჭიმულიყო და შორეულ ჰორიზონტს გაჰყურებდა.

ქრისტიანები ისე იდგნენ პირშებურული გიგანტის წინ, როგორც მუსლიმები – ალაჰის


წინაშე; მაგრამ მამამ ხომ უთხრა, რომ პირბადიანი ჯინი მისი წინაპარიცაა...

ბინდის სტუმარი
ასუფმა შეძლო, წვრილფეხა საქონელი ერთ დიდ მღვიმეში მოეგროვებინა, სანამ
მნახველები მოაღწევდნენ.

მანქანის გუგუნი ნელ-ნელა იმატებდა. დაინახა, მტვრის კორიანტელი როგორ ავარდა


მაღლა, ჰორიზონტზე გაშლილ ველზე.

თხები ხმამაღლა კიკინებდნენ. ციკნები ადრიანად დამწყვდევას აპროტესტებდნენ და


ქვაბულის შესასვლელში ხტოდნენ. მზე მთის გადაღმა თვალს მიჰფარვოდა, მაგრამ
თავის წითელ სხივებს მოპირდაპირე ველს ისევ ზედ აღვრიდა. ჩასვლისას მზეს
მოსწონდა თავისი შუქის წითელ საბურველში უდაბნოს გამოხვევა.

მანქანამ ხევში დაშვება იწყო. ხეობის ძირში, აკაციის ხეების გვერდით გაჩერდა.
კალაპოტში უდაბნოს ბუჩქები მიმობნეულიყვნენ, რომელთაც გასული წლის
ნიაღვრებიდან სიმწვანე შემოენახათ. მანქანიდან ორი კაცი გადმოვიდა,
19
განსხვავებული სიმაღლისა და სხეულის. ერთი მაღალი, მეორე – დაბალი. მაღალი
გამხდარი იყო, დაბალი – ტანმსხვილი. დაახლოებით ერთი ასაკისანი. დაბალი უფრო
ცოცხალი და ენერგიული ჩანდა, მიუხედავად სრული ტანისა.

მთლიანად იყო ჩაფლული მანქანიდან ტვირთის გადმოცლაში, რომელსაც პირდაპირ


მიწაზე ყრიდა მწვანე ბუჩქებს შორის, მაღალი აკაციის ქვეშ. ჭურჭელი, თეფშები, ხის
ყუთები, ტომრები, დიდი კარავი... მერე კარვის გაშლით დაკავდა. მეორე კაცი,
მაღალტანიანი, მისკენ გამოემართა. მისალმების ნიშნად ხელი შორიდანვე დაუქნია.
ასუფი ამან წაახალისა და თვითონაც მისკენ გაეშურა. ნახევარგზაზე შეხვდნენ
ერთმანეთს. კაცმა გულითადად გამოუწოდა ხელი და სიცილით უთხრა:

– მაშ, ეს შენ ხარ ჯინი ასუფი, რომელმაც უდაბნოს განმარტოებაში, ხალხის


საზოგადოების გარეშე ამჯობინა ცხოვრება?! შენზე ვადი აჯალში გვიამბეს.

ასუფს კომენტარი არ გაუკეთებია. უხერხულობის დასაფარად სასწრაფოდ სახეზე


პირსაბურავი შეისწორა. კაცმა დოინჯი შემოიყარა, მთებს მზერა მიმოავლო და
იკითხა:

– აქ ბევრი ტურისტი გაკითხავს? გავიგეთ, რომ უცხოელები ყველგან ჩვენზე ადრე


მისულან უდაბნოში. სადაც კი წავედით, ვნახეთ, რომ მათ უკვე დაგვასწრეს.
უცხოელები ეშმაკები არიან.

მის ქამარში ასუფმა შავი იარაღი შენიშნა, პატარა იარაღი, რომელსაც რევოლვერს
ეძახდნენ... უთხრა:

– დიახ. მუთხანდუშში აქამდე ქრისტიანების გარდა არავინ მოსულა. მუსლიმებს


პირველად ვხედავ. კაცმა გაიცინა და გამომცდელად ჰკითხა:

– ვინ გითხრა, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ?!

ასუფმა მეორედ იგრძნო შეცბუნება დაუხერხულობის დასაფარავად სახეზე


პირბადის ბოლოები სწრაფად მოქაჩა. კაცმა დაბნეულობა შეატყო და
დაამშვიდა:

– ვხუმრობ. ჩვენ მუსლიმები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვლოცულობთ,


ზაქათს[42] არ გავცემთ და ალაჰის სახლში საპილიგრიმოდ არც ერთხელ არ
ვყოფილვართ. ასუფი შეყოყმანდა, სანამ ჰკითხავდა:

– სიძველეების დასათვალიერებლად მოხვედით?! შემიძლია ის ადგილები გაჩვენოთ,


რომლებიც ქრისტიანთათვის არასდროს მიჩვენებია... კაციშვილისთვის არ
მიჩვენებია აქამდე. კაცი კარგა ხანს გულიანად ხარხარებდა, მერე სიცილი შეწყვიტა
და დამცინავად თქვა:

– სიძველეები?! სიძველეებს რა უნდა ვუყოთ?.. განა არ იცი, რომ ჩვენ თვითონ ვართ
სიძველეები?! ჩვენ, შენი არ იყოს, სანახავი სიძველეები ვართ. ევროპელები ზღვების
გადაღმიდან მოდიან, რომ ჩვენ დაგვათვალიერონ, ჩვენი ცხოვრება ნახონ... გინახავს
ძეგლს ძეგლები აინტერესებდეს?!.. ჰა... ჰა... ჰა...

20
ასუფს სისხლი ლოყებზე შესამჩნევად მოაწვა. აღარ იცოდა, ხელებისა და
თვალებისთვის რა მოეხერხებინა!.. მღელვარება კიდურებზე გადაუვიდა და
აუთრთოლდა.

სტუმარმა თქვა:

– სინამდვილეში, ჩვენ სხვა ნაკვალევის საძებრად მოვედით... ჯიხვის კვალის...


შეგიძლია გვიჩვენო ჯიხვის კვალი?!.. ამბობენ, რომ მასაქ სატფათში ჩიტი სად იკეთებს
ბუდეს, ისიც კი იცი!..

ასუფი მისკენ მიტრიალდა. მის თვალებში უცნაური გაელვება დაინახა. ისევ


თრთოდა, როცა უპასუხა:

– ეს ვინ გითხრა?!.. ჯიხვი დიდი ხნის წინ გადაშენდა, ისევე, როგორც ქურციკი. მე არ
ვიცი ჯიხვის კვალი... – კვლავ თრთოდა. კაცს მისი პასუხი არ გაჰკვირვებია.
გაბრაზება დამალა, ეჭვით მიაჩერდა, შემდეგ უთხრა:

– კეთილი, მაშინ სიძველეთა კვალს გვიჩვენებ, რაკი ამტკიცებ, რომ არ იცი, ჯიხვი სად
ბინადრობს... ორივენი კარავს მიუახლოვდნენ და კაცმა დასძინა:

– მაგრამ მე ღამის გათევა ხორცის გარეშე არ შემიძლია. უხორცოდ როგორ უნდა


ვივახშმო?!

მისმა მსუქანმა მეგობარმა გაიცინა და კომენტარი ისე გააკეთა, ასუფისთვის ხელი


ჩამოსართმევად არც კი გაუწვდია:

– უნდა დაუჯერო! რაც დედამ გააჩინა, მას მერე ერთი ღამე არ უძინია უხორცოდ.
ამბობენ, დედამ რომ შვა, მაშინაც პირში ხორცის ლუკმა ედოო... კრავის ხორცის... ჰა...
ჰა... ჰა... მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ და შემიძლია ვამტკიცო, რომ საკუთარ თავს
შეჭამს, თუ ღამით საჭმელი არ იპოვა. ჰა... ჰა... ჰა... გაფრთხილებ, მის გვერდით ძილს
ერიდე! თუ უხორცოდ დაუღამდა, შეიძლება შენკენ გამოცოცდეს და შეგჭამოს... ჰა...
ჰა...

ასუფმა გულუბრყვილოდ წაიბუტბუტა:

– ღმერთო, დაგვიფარე!.. ნუთუ ამ ზომამდე უყვარს ხორცი?! მაღალტანიანმა კბილების

კაწკაწით, უცნაური ელვით თვალებანთებულმა თქვა:

– განა არის ამქვეყნად რამე ხორცზე უფრო ტკბილი და გემრიელი?!.. ყველაფერი


ხორცით იწყება და მთავრდება. ქალიც ხორცია! გქონია შემთხვევა და გაგისინჯავს
ქალის ხორცი?!

ასუფმა თავი უარის ნიშნად გადააქნია. თვალებში შფოთვა ჩაუდგა. კაცმა სიცილით
დაამატა:

– მაშ, საცოდავი ყოფილხარ! ქალის ხორცი არ გიჭამია! ის მართლა უტკბესია, თუ


გაზელის, კრავისა და ჯიხვის ხორცს არ ჩავთვლით... ჰა... ჰა... ჰა... ყველა ხორცი
გემრიელია. გაგისინჯავს, იცი, რისი ხორცი?.. ასუფმა შეშფოთებით იყვირა:

21
– არა! არა!.. მე ხორცი არ გამისინჯავს. ხორცს არ ვჭამ!

– ხორცს არ ჭამ? მაშ რას აკეთებ ცხოვრებაში?! კაცი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და თქვა:

– თუმცა მართალი ხარ. ვინც ხორცს არ ჭამს, იმას მართებს კიდეც, რომ ხალხისგან
შორს იყოს! გართობა როდია, შენ რომ ამ უკაცრიელ, ცარიელ უდაბნოში ირჩიე
ცხოვრება!.. ვინც ხორცს არ ჭამს, ის არც ცოცხლობს!.. შენ ცოცხალი არ ხარ, შენ
მკვდარი ხარ!.. ასუფმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ისე თქვა, თითქოს გაქცევას
აპირებსო:

– ამბობენ, რომ შენ შეჭამე ამქვეყნად ყველა კრავი ჩრდილოეთში! ეს მართალია?!

– ჰა... ჰა... ჰა... უსმინე ერთი, რას ამბობს!.. მართალია, მართალი!..

– ამბობენ, რომ შენ გაწყვიტე ქურციკთა ყველა რემა წითელი ჰამადის[43] უდაბნოში. ეს
მართალია?!

– ჰა... ჰა... ჰა... მოდი, უსმინე ერთი, რას ამბობს!.. მართალია! ვამაყობ, რომ მე ვარ, ვინც
შევჭამე ბოლო ქურციკი ჩრდილოეთის უდაბნოში!.. რამე საწინააღმდეგო გაქვს?!.. ეს
შენ გაწუხებს?!.. ასუფი ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ დაბნეულმა უხერხულად თქვა:

– ამ უდაბნოში ჯიხვი არაა. ჯიხვი დიდი ხანია, გადაშენდა. მე თხები მყავს. შემიძლია
თხა დაგიკლა.

კაცი სიცილისგან უკან გადაწვა. ქამარში გარჭობილი იარაღი გამოუჩნდა, მიწაზე


რამდენჯერმე დააფურთხა. მხეცურად თქვა:

– ტფუ!... თხის ხორცს შენ ხორცს ეძახი?! ის ხომ სიდამპლეა, ძაღლებსაც რომ
ეზიზღებათ! მგლები მის შეჭმას არ კადრულობენ!.. მე თხის ხორცს არ ვჭამ, არც
არასდროს მიჭამია ჩემს ცხოვრებაში!.. საბედნიეროდ, ყველაზე შავ დღეშიც კი არ
გავმხდარვარ იძულებული, ეს გამეკეთებინა!.. სასწრაფოდ თავი გამხმარ ბუჩქში
წარგო და რწყევა დააწყებინა.

მსუქანმა კიცხვით უთხრა ასუფს:

– ხედავ, სტუმარი რა დღეში ჩააგდე?!.. მას სძაგს თხის ხორცი. ასუფმა

გულუბრყვილოდ მიუგო:

– რა ვქნა, მე მხოლოდ თხები მყავს.

– თხა მასთან მეორედ აღარ ახსენო! მასავით ხორცის სიყვარულით შეპყრობილები


თხის ხორცს, ჩვეულებრივ, არ ჭამენ. მისნაირი ბევრია ჩრდილოეთში.

მან ყუთების დახსნა და იქიდან შიგთავსის ამოლაგება დაიწყო. ასუფმა მის თვალებში
ბილწი ღიმილი შენიშნა, როცა ამას ამბობდა:

– მასპინძელს უჯობს, გაძვალტყავებული თხებისთვის ყელის გამოჭრის ნაცვლად


ჯიხვის მღვიმეები გვიჩვენოს! ამ მთებში ჯიხვი სად უნდა მიიმალოს?! ჯიხვის
ბუნაგი შენ არ გამოგეპარება, თუკი მართლა კლდეებზე პირველი ადამიანის
ნაკვალევის ამოცნობის დიდოსტატი ხარ და მთვარიან ღამეებში ჯინებთან

22
გაგიმართავს დიალოგი, როგორც გვითხრეს!.. მარტოსული ბედუინი ჯინთა
გულითადი მეგობარია.

ისე გაიცინა, რომ ჭურჭლიდან, თეფშებიდან და ბარგიდან თავი მაღლა არ აუწევია,


შემდეგ მეგობარს წაჰკრა ხელი და ორივე ერთად სამხრეთისკენ გაემართა ვადის
მიხვეულ-მოხვეული

გზებით, შეშის მოსაძებნად. ასუფმა ორივეს თვალი გააყოლა. დაბალი ხმით


საუბრობდნენ და ხმელი ტოტებისკენ წაიხრებოდნენ ხოლმე.

ასუფი თავის თხებს მიუბრუნდა. ციკნები გარეკა და დიდ მღვიმეში დააბრუნა. ის ორი
შენიშნა, მაღალ კლდეებზე ნახატებს განურჩევლად, უინტერესოდ ათვალიერებდნენ.
დროდადრო ფილებზე მიუთითებდნენ და ხარხარით იხოცებოდნენ. ხორცისმჭამელი
დამცინავ კომენტარებს ისროდა, მსუქანი მეგობარი კი სიცილით ეპასუხებოდა,
რომლის ექო დასავლეთის მაღალ მთებში მეორდებოდა.

ორივე ერთი შეკვრა ფიჩხით დაბრუნდა. მსუქანმა ის კარვის გვერდზე დაყარა და


ასუფის მიმართულებით დაიყვირა:

– მომისმინე, რაც არ უნდა გერქვას!.. ჩვენ ახლომახლო ხეობების დასათვალიერებლად


მივდივართ, სანამ მზე ჩასულა. ბარგსა და საგზალზე თვალყური გეჭიროს!..

ორივენი მანქანაში შეხტნენ და ვადის გაყოლებაზე დაიძრნენ, მეორე მხარეს,


აბრაჰოჰისკენ მიმავალი გზით. მზე წაწვეტებული კლდოვანი გვირგვინით
თავდამშვენებული მთების მიღმა გასხლტა და შეუმჩნევლად გაიპარა. მოპირდაპირე
ველზე ჩრდილები ისე გამოიშალნენ, როგორც ჯინთა ჯარების მწკრივი.

მოეჩვენა, თითქოს იმ ორი კაცის სიცილი და ჩურჩული ჯერ ისევ ხმიანობდა ვადის
კლდეებში... ამ სიცილმა და ჩურჩულმა შეაწუხა და ვერ მიხვდა, რატომ. საკუთარი
გულისცემა იგრძნო.

23
ეშმაკი, სახელად ადამიანი!
გული მეგზურია ხალხის შეცნობაში იმისთვის, ვინც ხალხთან არ ურთიერთობს.

გული ის ცეცხლია, რომელიც ბედუინს წუთისოფლის უდაბნოში სწორ გზას უნათებს,


ისე როგორც გზააბნეული ადგება სწორ გზას იდის ვარსკვლავით[44] უკაცრიელ
უდაბნოში. ყველა სხვა მნათობი გადაადგილდება, მოძრაობს, ადგილს იცვლის და
ჩადის, მხოლოდ ის რჩება უძრავად დილამდე. იდის ვარსკვლავი გულივითაა, არ
მოგატყუებს.

მამამისიც გულისთვის ყურის გდებას ურჩევდა, სანამ მოკვდებოდა.

მის წინ იჯდა ხოლმე მთვარის შუქზე ზაფხულის ღამეებში, ფათიჰას სურას
კარნახობდა, რათა ლოცვაში დახმარებოდა. ყოველდღე ერთი აია უნდა
დაემახსოვრებინა. როდესაც მთელი სურა[45] დაიზეპირა, მამამ უთხრა: „ახლა შენს
გულს უნდა მიხედო! რაში ვარგია უდაბნოს ძე, თუ მან გული დაკარგა?!.. ვინც გულს
დაკარგავს, ის დაიკარგება ხალხში, რადგან უდაბნოში მცხოვრებმა არ იცის ხალხის
მზაკვრობანი!“

ასწავლიდა იხლასის სურასაც[46], სანამ ასეთი საზარელი სიკვდილით მოკვდებოდა.


ცხოვრობდნენ მარტონი თავიანთ მოგზაურობებსა და უდაბნოს ერთი ადგილიდან
მეორისკენ გადაადგილებაში. გაჩენის დღიდან არ ახსოვს, კაციშვილს
დამეზობლებოდნენ. აგონდება, ბავშვობაში როგორ ჩამოსახლდა მათთან
თადრართიდან[47] აყრილი ერთი ოჯახი და ზედა ხევებში დაიდო ბინა, როცა ზეცამ
წყალობა მოიღო და იმ წელს მასაქში გულუხვად იწვიმა. მათი ჩამოსვლის მეორე დღეს
ადრიანმა ხმაურმა გამოაფხიზლა. თვალები გაახილა და ნახა, მამამისი ბარგს კრავდა,
სადავეებს უჭერდა და აქლემებს სამგზავროდ ამზადებდა. მოძრაობის ხმაურს კი არ
გაუღვიძებია და ჯამ-ჭურჭლის გროვების ხმას, დედ-მამის ცხარე კამათმა
გამოაფხიზლა. მიხვდა, რომ კონფლიქტი ამ მოულოდნელმა გამგზავრებამ გამოიწვია,
რადგან დედამისი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შერცხვენას, თავის
მოჭრასა და ხალხის აზრს ერთმანეთზე, მიიჩნევდა, რომ ეს გამგზავრება ხეობის
ახალი სტუმრების მიმართ გამომწვევი საქციელი იყო და მათი შეურაცხყოფა. გაიგონა,
მამა განრისხებული ამბობდა: „ჯინებს დავემეზობლები და ადამიანებს – არა! ალაჰს
შევთხოვ შემწეობასა და ხსნას ადამიანთა ბოროტებისგან!“ ხშირად გაუგონია მისგან
საძოვრებზე, როგორ იმეორებდა მავალს[48], რომელზეც უთქვამს, რომ სუფიური
საძმოს წევრებისგან სმენია ალ-ავაინათის[49] პატარა სამლოცველოებში:

„უდაბნო განძია! ჯილდოა მათთვის, ვისაც თავის გადარჩენა სურს ადამიანის


დამონებისა და ხალხის სატანჯველისგან! უდაბნოშია ნეტარება, გაშლილი სივრცე და
ყოველი სასურველი!“

ამ დროს თვალებს მილულავდა და ირწეოდა მარჯვნივ და მარცხნივ, სუფიური


საძმოს შეიხებს ბაძავდა, როცა ისინი ექსტაზში ცვიოდნენ.

თან დაჰყავდა თავის მგზავრობებში საძოვრებზე და სანადიროდ. ასწავლიდა, როგორ


მოეთვინიერებინა გაგარეულებული აქლემები და ისე გაეწვრთნა ისინი, რომ

24
მორჩილნი და სწრაფნი გამხდარიყვნენ. მასაქ სატფათში ნადირობაში ავარჯიშებდა,
მასთან ერთად დღეებს ატარებდა მასაქ მალათში და შაშხანის დამიზნებას ასწავლიდა.
დილაუთენია აღვიძებდა იმ ქურციკების ჯოგებზე გასალაშქრებლად, რომლებიც
საძოვრებსა და ველებზე ბალახობდნენ რიჟრაჟის ბინდბუნდში.

მოსწონდა ღამით მწვანე ჩაის დაყენება და უდაბნოს ცხოველთა თუ ფრინველთა


ზნეჩვეულებაზე საუბარი. მიწას ქვებისგან გაასუფთავებდა და ზედ წამოწვებოდა
ხოლმე. პირსაბურველს მოიხსნიდა და წვერში შერეული ჭაღარა გამოუჩნდებოდა.
შეჰღიმებდა და მერე ეტყოდა:

– როგორ გგონია, რას ეუბნება ქურციკი საკუთარ თავს, როცა თავის მტერ
არსებას ხედავს?! ეუბნება: „ველისაკენ!..“ და რას ეუბნება ჯიხვი თავის თავს, როცა
თავისი მტერი არსების საფრთხეს გადააწყდება?! ეუბნება: „მთისკენ!..“ მთა
ქურციკისთვის მახეა, ხოლო ველი – ჯიხვისთვის!

შემდეგ თავს ვარსკვლავებისკენ აღაპყრობდა და ნაღვლიან მავალს წაიმღერებდა,


სანამ კვლავ თხრობას დაუბრუნდებოდა და ჯიხვთან გადამხდარ თავის ისტორიას
მოუყვებოდა. უამბო:

– გზააბნეულ ჯიხვს გადავაწყდი უდაბნოს გაშლილ სივრცეში. მაჰრული


აქლემით[50] დავედევნე, სანამ ქანცი არ გაუწყდა და თუ იცი, რა ქნა, როცა ძალა
გამოელია?!
მოუტრიალდა და მაჰრულ აქლემს დაესხა თავს. სასტიკი დარტყმები მიაყენა თავისი
უხეში რქებით. დაშინებული აქლემი უკანმოუხედავად გაიქცა. იძულებული გავხდი,
ჩამოვქვეითებულიყავი და გარეულ ცხოველს შევბმოდი, ხელში კი ბოჭკოვანი
საბელის გარდა სხვა არაფერი მქონდა. შევეცადე, ამ ბოჭკოვანი თოკით დამეხრჩო,
მაგრამ რქა მატაკა და მიწაზე მომისროლა. გრძელ რქებში ჩავაფრინდი და რა
აღმოვაჩინე?! არაფერი მინახავს ჯიხვის რქებზე უფრო ძლიერი!.. ღმერთო, რა ძლიერი
რქები ჰქონია!.. მიწას მომწყვიტა და ერთი მოძრაობით შორს მომისროლა, შემდეგ
დამედევნა, რომ თავისი ეშმაკეული იარაღით გავეცამტვერებინე. ბოლო წუთს
დავუსხლტი მის დანასავით ბასრ რქებს, თავად კი ქვებს მხეცურად დაენარცხა.
შემდეგ თავი ჩემი მიმართულებით ასწია და იმ მოკლე წამში დავინახე სიძულვილი
და ტანჯვა მის თვალებში, დავინახე სიჯიუტე და სიუხეშე, სიავე... ბევრი რამ
დავინახე, ჩემთვის გაუგებარი. ტუჩებზე დუჟი გადმოსდიოდა. ჭაღარაშერეული ბეწვი
ნაკელითა და თიხით ჰქონდა მოსვრილი. მივხვდი, რომ შიშველი ხელებით მის
მოგერიებას ვერ შევძლებდი, ვისკუპე და მაჰრული აქლემისკენ გავიქეცი, რათა
უნაგირზე ჩამოკიდებულ შაშხანას ვწვდომოდი.

მამა უეცრად დადუმდა. ღია უდაბნოს მძიმე, ხშირ, სქელ სიბნელეს მიაჩერდა და
მზერაში მოულოდნელი ტანჯვა ჩაუდგა. წამოდგა, გულზე ხელები დაიკრიფა და ისევ
სიბნელისა და ცარიელი სივრცისკენ პირშექცეულმა თქვა:

– დამავიწყდა, მეთქვა შენთვის, რომ ჩვენი ბრძოლა მთებს მოწყვეტილ ვადიში


მიმდინარეობდა. ჯიხვმა იცოდა, რომ ვერ შეძლებდა თავის დაღწევას, რადგან
თავისი მთების ციხესიმაგრიდან შორს იყო. ვადის შუაგულში, ბორცვს თავზე
მაღალი პიტალო კლდე წამოსდგომოდა. როცა დამინახა, თუ როგორ წამოვავლე

25
ხელი შაშხანას, სწრაფი მოძრაობით კლდეზე ავარდა და იქიდან მიწაზე გადმოხტა,
კისერი მოიმტვრია. ნესტოებიდან სისხლი წასკდა და ისე მოკვდა, რომ ღია
თვალებიდან ის უცნაური მზერა არ გაჰქრობია: ტანჯვის, სიძულვილისა და
უმწეობის ნაზავი. ასუფმა ჰკითხა:

– დაკალი? ყელი გამოსჭერი?!.. მისკენ არ მობრუნებულა, ისე უპასუხა:

– როგორ დავკლავდი ცხოველს, რომელმაც თავი მოიკლა?! თანაც, სული


მაშინვე განუტევა. გითხარი, კისერი მოიმტვრია-მეთქი, უკვე გვამი იყო... მძიმედ
ამოიხვნეშა და მინავლებულ ცეცხლს ფიჩხი შეუკეთა. სევდიანად თქვა:

– არ შემიძლია იმ გადარეული, შეპყრობილი ჯიხვის დავიწყება. კიდევ უფრო


ძნელია ის საშინელი, სასოწარკვეთილი მზერა დავივიწყო, რომელიც მომაპყრო,
როცა ჩემს ხელში შაშხანა დაინახა და ხსნის იმედი დაკარგა. საცოდავი გადარეული
ჯიხვი!..

მოიცადა, სანამ მთვარე კარგად ამოვიდოდა და უამბო, როგორაა ჯიხვი მთის სული.
ძველ, გარდასულ დროში მთიან უდაბნოს მარადი ომი ჰქონდა გაჩაღებული ქვიშიან
უდაბნოსთან. ზეციური ღვთაებები დაეშვებოდნენ ხოლმე მიწაზე წვიმებით და ორ
მეგობარს აშველებდნენ – მტრობის ცეცხლს აქრობდნენ მათ შორის. როგორც კი
ღმერთები ბრძოლის ველს დატოვებდნენ და წვიმები შეწყდებოდა, ორ მარად მტერს
შორის კვლავ ომი გაჩაღდებოდა ხოლმე. ერთ დღესაც განრისხდნენ ღვთაებები მაღალ
ზეციურ საბრძანებელში და მეომარი მხარეები დასაჯეს – გააქვავეს მთები მასაქ
სატფათში და შეაჩერეს ქვიშის შეუპოვარი წინსვლა მასაქ მალათში. ქვიშამ ეშმაკობა
იხმარა და ქურციკის სულში გადავიდა, მთებმაც, თავის მხრივ, ხრიკს მიმართეს და
ჯიხვის სულში შევიდნენ. იმ დღიდან გახდა ჯიხვი მთათა სულით შეპყრობილი. იმ
ღამით, სულთა ისტორიის გავლენით, ასუფმა ჰკითხა მამას: – კი მაგრამ, ქურციკი და
ჯიხვი ახლა რომ არ მტრობენ ერთმანეთს?!

მამამ სიცილი დააყარა და მიწაზე წამოწვა, იდუმალებით აღვსილი ტონით უთხრა,


თან უკუნი სიბნელიდან ამომავალ ჯადოსნურ მთვარეს ადევნებდა თვალს:

– ეს იმიტომ, რომ ალაჰმა დედამიწაზე უფრო დიდი უბედურება


გარდმოავლინა, ორივეს ერთად რომ შეება. მოვიდა ადამიანი და ორივეს – ქურციკსა
და ჯიხვს ერთი მტერი გაუჩნდა. ღმერთებს მობეზრდათ ბავშვური ჩივილები – ხან
ქვიშა ააღწევდა მაღლა და ზეცასთან საქმეს აღძრავდა მთებზე ჩივილით, რომ ეს მათ
წამოიწყეს ომი და პროვოკაციულად გამოიწვიეს ქვიშა, ხან მთის მწვერვალები
მისწვდებოდნენ ზეცას და შესჩიოდნენ ქვიშის შემოსევებზე. განრისხდნენ
ღმერთები და მოქიშპენი დასაჯეს ეშმაკით, სახელად ადამიანი! მას გადასცეს საქმე,
ისიც მოვიდა და გაჩერდა მეტოქეთა ზღვარგამყოფ ვადიში. ღვთაებებმა გული
დაიწყნარეს და იმ დღიდან მოყოლებული, საჩივარი აღარ სმენიათ. მამა მოუბრუნდა
ასუფს და იმავე იდუმალი კილოთი უთხრა:

– ადამიანს როგორ ვემეზობლო?! დედაშენი მკიცხავს და მამუნათებს. სურს,


აბრაჰოჰში ტომის მეზობლად დავბრუნდეთ. მარტოობას უჩივის და ღამღამობით
ტირის. შენც იცი, რომ ის ღამით ქვითინებს და ამბობს, რომ მე ჯინი ვარ... რომ მე

26
ეშმაკი ვარ და არა – ადამიანთაგანი... მაგრამ მე არ შემიძლია არავის გვერდით
ცხოვრება! ასე მასწავლა ბაბუაჩემმა, ასე უნდა გასწავლო შენც... არაფერი მინდა,
სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარდა... შემდეგ იმ სევდიანი სიმღერით აუწია ხმას.

27
განმარტოების ფასი
„თასილის[51] მაცხოვრებელთა რწმენით, ჯიხვზე ნადირობა ცუდის
მაუწყებელია. მონადირე მაგიურ შელოცვებს ბუტბუტებს, თავზე ქვას
შემოიდებს და ოთხზე დახტის, სანამ სანადიროდ გავა“. ჰენრი ლოტი,
„თასილის ფრესკები“

მაგრამ უდაბნოში მამასთან ერთად განმარტოების სიამტკბილობა დიდხანს არ


გაგრძელებულა... ხნიერი მამა ჯიხვზე სანადიროდ დასავლეთ მასისის მთებში[52]
წავიდა და ასე ეწერა, რომ აღარ დაბრუნებულიყო. ასუფი და დედა რამდენიმე დღე
ელოდნენ და შემდეგ დედამ თავისი შფოთვა გაუმჟღავნა:

– მამაშენი უმიზეზოდ არ გაქრებოდა. კვირაზე მეტი გავიდა მისი გამგზავრებიდან...

ასუფმა წყალი და ფინიკი საგზლად მოიმარაგა და მამის კვალს დაადგა. მამა


შეიარაღებული არ ყოფილა, ამიტომ მასაქ მალათში ქურციკებზე ნადირობაზე ხელის
აღება მოუწია და იძულებული შეიქნა, მთის სულით შეპყრობილ ჯიხვს მთის მკაცრ
მწვერვალებზე

დასდევნებოდა. იმ შემთხვევის შემდეგ ჯიხვებზე ნადირობას უფრთხოდა. მთის


გოროზ წვერთა მიმართულებით ისე არ დაიძვრებოდა, თუ ყურანის ყველა იმ აიას არ
წაიკითხავდა, რომლებიც ზეპირად იცოდა, აუსას ენაზე[53] ზანგთა მაგიურ
შელოცვებს იმეორებდა, კისერზე მცველ ამულეტებს იკიდებდა, გველის ტყავისგან
გაკეთებულს, ქანოს[54] გრძნეული მკითხავებისგან მისთვის ქარავანთა მოვაჭრეების
მიერ ჩამოტანილს. გამგზავრების წინა დღეს იჯდა და თილისმებს ბუტბუტებდა,
საუბარს თავს არიდებდა და ცოლ-შვილის შეკითხვებსაც არ პასუხობდა. კარვის
გარეთ ეძინა, რათა იძულებული არ გამხდარიყო, მათთან ელაპარაკა და განთიადზე
გასდგომოდა გზას თავის აქლემზე ამხედრებული, უიარაღოდ, შიშველი ხელებით.
დიას, სწორედ უიარაღოდ, შიშველი ხელებით, რადგანაც შაშხანის ძველი ტყვიების
მარაგი ამოეწურა და სუდანისა და აღადისისკენ[55] სავაჭრო ქარავნების მოგზაურობის
ვადები კი სულ უფრო და უფრო შორდებოდა და იშვიათდებოდა. თვეები ისე
გადიოდა, რომ შავკანიანთა ქვეყნებისკენ მიმავალი ან იქიდან წამოსული ერთი
ქარავანიც კი არ ჩამოივლიდა. მისი კავშირები ვადი აჯალის, ღათის[56], ავაინათის ან
მარზუკის[57] ოაზისებთან გაწყვეტილიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სანაპირო
რეგიონებში იტალიელთა შემოჭრის ამბები გავრცელდა. მათი მიზანი სამხრეთით
სიღრმეში შეჭრა იყო, უდაბნოს დასალაშქრად. ამან ტყვია-წამლის ფასი გაზარდა,
იარაღის ტარება მაცხოვრებელთა მიერ აკრძალული და სახიფათო გახდა. უდაბნოს
ყველა ბედუინმა თითო ტყვიის თვალის ჩინივით გაფრთხილება დაიწყო იმის
მოლოდინში, რომ ამ ტყვიით საკუთარ შვილებს დაიცავდა იმ რთულ მომენტში,

როცა მტერი უდაბნოს საზღვრებს გადმოლახავდა, რადგან იტალიელები თუ


უდაბნოში შემოვიდოდნენ, ყოველ კარავში შეიჭრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
ისინი განმარტოებით ცხოვრობდნენ სამხრეთ უდაბნოში, ქარს მუდმივად მოჰქონდა
მათთან დამპყრობელთა ამბები ჩრდილოეთიდან, ისე როგორც მას მუდამ დააქვს
ჭორები უდაბნოს ტომებში ქორწინებაზე, გაყრაზე, სამარცხვინო სკანდალებზე,

28
ახალშობილთა დაბადებასა და ტომის წევრთა სიკვდილზე... არაფერი დაიმალება
უდაბნოში, როგორც არ უნდა განმარტოვდე.

დედამ ჩურჩულით უთხრა მამის არყოფნაში: „არ დაუჯერო! რამდენიმე ტყვია აქვს
დამალული მონადირეთა მღვიმეში. ტყვია-წამლის ხარჯვაში ის საკმაოდ ძუნწია“.
ასუფმა მაშინ გაიცინა და გაახსენდა ის, რაც ერთხელ მამამ უთხრა: „კაცი უდაბნოში
ორ რამეს უნდა უფრთხილდებოდეს და ზომიერად მოიხმარდეს – წყალსა და ტყვიას“.
ისიც უთხრა, რომ წყალი და ტყვია უდაბნოში ჰაერივით საჭიროა. პირველს თუ
დაკარგავ, წყურვილი მოგკლავს და მეორეს თუ დაკარგავ, მტერი მოგიღებს ბოლოს –
იქნება ეს ადამიანი, მხეცი თუ ქვეწარმავალი. წყალი და ტყვია მარტოსული კაცისთვის
ყველაზე არსებითი რამაა. ყველაფერს შეიძლება შეელიოს, მათ გარდა. ასუფს წამითაც
არ შეჰპარვია ეჭვი, რომ დედა მართალი იყო. მამა შავი დღისთვის მალავდა ტყვიას
ქვაბულში, რათა შესძლებოდა თავისი კაცობისა და ძალის დამტკიცება; რათა სანამ
მოკვდებოდა, ჯერ მტრისთვის სახეში ესროლა ტყვია და არ გაეხარებინა; რათა მტერს
ის ცხვარივით თოკმობმული არ წაეთრია; რათა იარაღით ხელში მომკვდარიყო და არა

შერცხვენილი!.. სირცხვილი ცხვარივით სიკვდილი იყო, სირცხვილი მტრის ხელში


ცოცხლად ჩავარდნა იყო, ტყვედ ჩავარდნა... ტყვედ მხოლოდ ჯაბანი ვარდება ან
უიარაღო კაცი.

ამიტომაც ამჯობინებდა მამა, სიფრთხილისათვის რამდენიმე ტყვია მონადირეთა


მღვიმეში გადაემალა, ჯიხვზე სანადიროდ კი უიარაღოდ წასულიყო და მოკვდა
კიდევაც იმ საზარელი სიკვდილით. ასე რომ არ ყოფილიყო მოწადინებული, მტერს
ხელში ცოცხლად არ ჩავარდნოდა და ტყვია-წამალი შავი დღისთვის არ გადაემალა, არ
აღესრულებოდა იმ საშინელი აღსასრულით.

კვალზე დადგომაში დღეები გავიდა. როდესაც ჯიხვთან ბრძოლის კვალს წააწყდა


აინესისის ვადიში, შფოთვამ შეიპყრო. ბრძოლის კვალი ვადის მთელ სიგრძეზე
გასდევდა. ნახა, ქვები სისხლის ლაქებით იყო დასვრილი. ვადის შუაგულში, სილაზე,
სისხლის წვეთები ერთმანეთის დაშორებით დაცემულიყო. ვერ მიხვდა, ჯიხვი იყო
დაჭრილი თუ მამა. კვალი ჩნდებოდა და ქრებოდა. მარცხნივ, ბასრი შავი ქვებით
მოფენილი, ოღროჩოღრო ფერდობისკენ უხვევდა, შემდეგ ისევ ვადის ქვიშიან
ფსკერზე – დაბლობზე ბრუნდებოდა, სადაც აკაციის ხეები და უდაბნოს
ბალახეულობა მიმობნეულიყო. მაღალი აკაციის ქვეშ სასტიკი ბრძოლა უნდა
ყოფილიყო. კვალი იყო უხვი და ხშირი, ერთმანეთში გადახლართული. ნუთუ
ხანშიშესულმა მამამ სცადა, გარეული ცხოველი მაღალი აკაციის ტანზე მიება?!..
შემდეგ ჯიხვმა იმარჯვა და

ვადიში რამდენიმე ნაბიჯზე ათრია?!.. შემდეგ... ო, ღმერთო!.. ნუთუ რქებში სწვდა?!..


ნუთუ ის ქნა, რაზეც თავად აფრთხილებდა, რომ არასდროს გაეკეთებინა?!.. მან ხომ
უთხრა, რომ არაფერი აგიჟებს ჯიხვს ისე, როგორც რქებში წვდომა!.. რაც არ უნდა
ძლიერი იყო, რაც არ უნდა გაცდუნოს და დაგაბრმავოს იმედმა, რომ გაიმარჯვებ,
მაინც წააგებ ბრძოლას, თუკი ამ ხერხს მიმართე!.. მისი სიგიჟე და გახელება მის
რქებშია! მთელი მისი ფარული სიმხეცე იღვიძებს და გამოჩნდება! ის იწყებს
შემოტევასა და აგრესიას. ჯიხვი ამ დროს ხელიდან გასხლტომას ცდილობს!.. აი,

29
მთისკენ გადაუხვია. ხეობა უფრო ღრმავდება, მთები კი უფრო მაღლდება. აჰ!.. აი, ის
იმ საზარელ, პირქუშ მწვერვალს შეუყვა...

ასუფს გული აუძგერდა. თავი ასწია და მზერა მაღალ მწვერვალს მიაპყრო. იგრძნო,
რომ იქ ახლა რაღაც მოხდებოდა – იმ მწვერვალის ქვეშ, ან მის ზემოთ, ან მის
ფერდობზე... ბრძოლის კვალი გაქრა, დაიკარგა. ასუფმა ორ მთას შორის
გამომწყვდეული ვიწრო ვადი სირბილით გაიარა, გულამოვარდნილი მძიმედ
სუნთქავდა. ავისმომასწავებელი მწვერვალის ჩრდილებს ვადის ვიწრო ყელი
გადმოეკვეთათ. ასუფმა მარცხნივ გადაუხვია და უხეშ ფერდობზე სწრაფი
ხტომახტომით ავიდა. მოეჩვენა, რომ ცხვირში უცაბედად უცნაური სუნი ეცა. გული
საგულიდან ამოუხტა. გულისრევის შეგრძნებამ და თავის ტკივილმა შეიპყრო. გიჟურ
აღმასვლაში რაც უფრო უახლოვდებოდა მწვერვალს, კლდეები მით უფრო მაღალი,
ციცაბო და შავი ხდებოდა. მიცოცავდა ხელებით, ფეხებით... ლპობის სუნი უფრო
გაძლიერდა. ზედ ავისმომასწავებელი

მწვერვალის ქვეშ, წაგრძელებული კლდის გვერდზე, ფერდობს გასწვრივ რამდენიმე


მკლავის გაშლაზე რომ მიჰყვებოდა, იპოვა ხანშიშესული მამა. ზურგზე იწვა და სახე
ზეცისკენ მიეპყრო. თვალის ფოსოები ცარიელი ჰქონდა, სახის ნაკვთები – ლურჯი,
დიდი ზომის ლურჯი ბუზები ესია. სისხლდენის არავითარი კვალი არ ეტყობოდა,
არც სისხლის ლაქები ჰქონდა, მხოლოდ ნაკაწრები ემჩნეოდა სხეულის
პარალელურად დაწყობილ ხელებზე.

გრძნეულმა ცხოველმა კისერი წაატეხინა, ისე როგორც მან მოამტვრევინა კისერი


ჯიხვს, რომელმაც თავი მოიკლა.

30
გოგონა
„ლიბიის სამხრეთში, ნასამუნიელთა[58] მწვერვალებზე, უხვმხეციან ქვეყნებში
ცხოვრობენ გრამანტები[59]. ეს ის ხალხია, ვინც ადამიანებს გაურბის, მათთან
საუბარს უფრთხის. არ იყენებენ არავითარ იარაღს და არც თავდაცვა იციან“.
ჰეროდოტე
მასაც მწარე გამოცდილება ჰქონდა ჯიხვთან...

მამის აღარყოფნაში ასუფმა იკისრა პასუხისმგებლობა, ემწყემსა ცხვარი, ეძებნა


გაბნეული აქლემები მეზობელ ხეობებში, მოეტანა შეშა, გზაზე დახვედროდა
ქარავნებს და თხები ქერისა და ფინიკის ტომრებში გადაეცვალა. ეს გადაცვლა ადვილი
საქმე როდი იყო ყმაწვილისთვის, რომელიც ხალხთან საუბარს არ იყო ჩვეული და
საამისო ენას არ ფლობდა, არ იცნობდა ხალხის ბუნებასა და ზნეს, მათ მოქმედებებს. ან
კი საიდან უნდა სცოდნოდა, როცა მთელი ცხოვრება მათგან იზოლირებულად ჰქონდა
გატარებული, მათგან სიშორესა და მათი შიშით?! უმწეობა აფრთხობდა და ხალხთან
მიახლოების მხოლოდ გაფიქრებაც კი აშინებდა, მაშ, მათთან საუბარი და
ურთიერთობა როგორღა უნდა ჰქონოდა?! პირველ ჯერზე შორს გაჩერდა და
აკვირდებოდა

დაკლაკნილ გზაზე დამდგარ გრძელ ქარავანს. გზა ხეობებს კვეთდა, ძნელად სავალ
მთებზე ადიოდა, ხან მარჯვნივ უხვევდა, ხან მარცხნივ, სანამ უცნობ ჰორიზონტს არ
მიეფარებოდა, რათა შერთვოდა მას ტვირთით დახუნძლულ, საქონელაკიდებულ,
თვინიერ, ამტან აქლემთა მწკრივი... ქარავანი თვალს ისე მიეფარა, ასუფმა ვერ
შეძლო, მიახლოებოდა.

დაბრუნდა შინ დამარცხებული, ისმინა მკაცრი ბრალდებები დედისა, რომელიც მას


გოგოს ეძახდა. დედამ იტირა და თქვა: „ეს შენი ბრალი როდია! ცხონებული მამაშენია
დამნაშავე, რომელმაც ისეთ აქლემად გაგზარდა, ხალხის ჩრდილი რომ აფრთხობს!“

ღამეები არ უძინია. კვირები უნდა მოეცადა, სანამ ახალი ქარავანი ჩამოივლიდა. მათი
მარცვლეულის მარაგი კი მომდევნო ათი დღეც არ ეყოფოდათ. რამდენიმე დღის
შემდეგ ბარგი შეკრა, წვრილფეხა საქონელი მოაგროვა და გაემართა მარზუკისა და
ქანოს შემაერთებელი გზისკენ, რომელიც სამი დღის სავალზე იყო. გადაწყვიტა, იქ
დადარაჯებოდა სავაჭრო ქარავნებს. ვადიში დაბანაკდა, საქონელი უდაბნოს ბუჩქებში
საძოვრად მიუშვა, თვითონ შემაღლებულზე ავიდა, გზისთვის რომ თვალი
ედევნებინა. დღეში რამდენჯერმე ადიოდა დასაზვერად. მისი იქ გაჩერებიდან მეოთხე
დღეს შენიშნა ქარავანი შორეულ ჰორიზონტზე,

გარშემო მოცეკვავე ილუზორული ზმანებით. მსუქან, ქონით შევსილ თხას ყელზე


პატარა ქისა შეაბა, ხორბლის მარცვლებით სავსე. ვაცს, ავსა და გრაციოზულს,
რომელიც თიკნებს მტრულად რქენით ნეკნებს უმტვრევდა, პატარა ქისა მოაბა,
რომელიც ქერით გაავსო. თვითონ ისევ შემაღლებულზე ავიდა, თხა და ვაცი კი ორ
პალოზე გამოაბა, რომლებიც უდაბნოს ღია სივრცეში დაასო საქარავნო გზასთან.
დაუბრუნდა თავის ადგილს ფერდობზე, კლდეებში გამაგრდა და ქარავნის ჩამოვლას
დაელოდა.

31
თხა შეეცადა, თავი დაეხსნა ტყვეობისგან, მაგრამ იმედი რომ გადაეწურა, სიჩუმე
დაარღვია და იქაურობა საწყალობელი კიკინით აიკლო. საბრალო ვაცი უფრო ამტანი
გამოდგა, შეწუხებული და ნაღვლიანი მზერით შიშველი უდაბნოს ღია სივრცეს
დაუწყო თვალიერება, შემდეგ თავი ასწია ჰორიზონტის მიმართულებით, ქარავნის
მხარეს და თავის ბედს დაელოდა.

მოაღწია ქარავანმა. კაცები თხასა და ვაცს გარშემო შემოეხვივნენ. დაიწყეს უდაბნოში


მათი პატრონის ძებნა. ასუფი თავისი სიმაგრიდან გამოვიდა და ვადის
გადმომყურალი კლდეების გასწვრივ გაიარა. ქარავნის კაცებმა მისალმების ნიშნად
ხელები დაუქნიეს. საპასუხოდ მანაც ასწია ხელი, სახის წინ ჰაერში აიქნია და სწრაფად
დაუშვა. აღელვებული იყო. კისერსა და ზურგზე ოფლმა დაასხა. ხელები სად წაეღო,
არ იცოდა. დაბნეულობის დასაფარად თავზე ჩალმის სწორება დაიწყო. ქვემოდან
ხელით ანიშნეს, რომ მათთან მისულიყო. თავი ისე დაიჭირა, ვითომ მიპატიჟება ვერ
შენიშნა.

კაცებს ერთ-ერთი გამოეყო და მისი მიმართულებით წამოვიდა. თრთოლამ აიტანა.


თავისი თავი იმ მდგომარეობაში აღმოაჩინა, როცა ისკუპა და კლდეებს უკან ამოეფარა.
ჯიხვივით მიხტოდა ქვებში ვადის მიმართულებით. ფერდობზე გულამოვარდნილი
შეჩერდა, ოფლსა და სირცხვილში ამოსვრილი. დედამისი მართალია! ის გოგოა! კაცი
კაცებთან შეხვედრას არ გაურბის! სირცხვილი გოგოებისაა! დედამისმა უთხრა ასე,
თორემ თავად არც გოგონები უნახავს და არც მათ თვალებში – დარცხვენა! ფუი, რა
სამარცხვინოა! იმ წამს პირველად დაიბოღმა ცხონებულ მამამისზე, რომელმაც
ხალხის მიმართ ისეთი შიში შთაუნერგა, რომელიც ყველა გოგოს ეყოფა ამქვეყნად,
კაცებისგან სამუდამოდ რომ გააქციოს!

თავქუდმოგლეჯილი გაიქცა უკან და კლდეს ამოეფარა. დაინახა, კაცები იცინოდნენ


და ერთმანეთში კამათობდნენ, შემდეგ ქარავანი დაიძრა. გრძელ, მიხვეულ-მოხვეულ
გზაზე დასავლეთით შეუხვია, სანამ მთის მწვერვალებში არ გაქრა.

წაიყვანეს თან ვაცი და თხა, მას კი ორი საშუალო ზომის ტომარა დაუტოვეს –
ხორბლისა და ქერის.

მოჩვენება ჰიმალაიდან

ორი მეგობარი მხოლოდ მეორე დღის დილას დაბრუნდა.

მანქანა კარვის გვერდზე გააჩერეს. პირველად მაღალტანიანი გადმოვიდა. აწეწილი


თმით, ფერგამკრთალი და მოთენთილი, ხანგრძლივი მოგზაურობიდან
დაბრუნებულს ჰგავდა, თითქოს უდაბნო გადაეკვეთოს ტიმბუქტუდან

32
[60] ნაფუსას

მთებამდე
[61]

. ასუფისკენ გაეშურა, ძლიერი, გაუხეშებული ხელი გაუწოდა:

– მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი! მე კაენ ადამი ვარ, ჩემს მეგობარს მასუდი ჰქვია, მასუდ
ად-დაბაში.

მზერა ვადის მოავლო, მერე თავი ასწია, ცისკენ და სერიოზულად დაიჩივლა:

– დილიდან სასტიკი მზეა!.. შუადღე ჯოჯოხეთია. ო, ღმერთო!.. სად გაგექცე, უდაბნოს


მზეო?! – და სანამ მოულოდნელად შეცვლიდა თემას, ტუჩებზე უიმედო, ნაღვლიანი
ღიმილი გამოესახა:

– მზეს კი ვიტანთ, მაგრამ უჯიხვობის ატანა არ შეგვიძლია! – წარბები შეკრა და


გაბრაზებით დაამატა:

– ხუმრობა იქით იყოს და ახლა სერიოზულად გეუბნები: ორი დღეა, ჯიხვის ხორცს
გვიკრძალავ, მე კი ჩემს ცხოვრებაში ორი დღე უხორცოდ არ გამიძლია!

ასუფი შეეცადა, გაეპროტესტებინა და ბრალდება უარეყო, საქმის ვითარება განემარტა,


მაგრამ არ იცოდა, როგორ. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა:

– ჯერ ერთი, ჯიხვი აქ არ ბინადრობს და მერე... მისი მონადირება ძნელია, ძნელი...

კაენმა შესძახა:

– ძნელია თუ იოლი, ეგ ჩემი საქმეა!.. შენ მაჩვენე და მერე ნახავ!..

– ჯიხვი მხოლოდ მთათა წვერზე ცხოვრობს, ყველაზე მიუვალ მთათა მწვერვალზე...

33
– ამრიგად, შენ აღიარებ მთებში ჯიხვების ყოფნას.

ასუფი აიბნა, აირია და ენა დაება. საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ თქვა:

– ალბათ არის მთებში, არ ვიცი...

კაენმა ოფლი ხალათის სახელოთი მოიწმინდა და თქვა:

– ამ მთებში შენ მეტი ვინ ცხოვრობს?! ოაზისების მაცხოვრებლებმა გვიამბეს,


გვითხრეს, რომ მასაქ სატფათი დასახლებულია მხოლოდ ერთი ადამიანით, ჯინთა
მთელი ტომებითა და ჯიხვებითო. – შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და შესძახა:

– ხომ გესმის?! კაცი აღიარებს მთებში ჯიხვების ყოფნას.

ასუფმა არ იცოდა, რა მოეხერხებინა საკუთარი თავისთვის. დაწყევლა გაჩენის დღე და


თავისი ქალწულებრივი სიმორცხვე. არ იცოდა, როგორ უარეყო, რომ აღიარა. ვერ
მონახა პროტესტის შესაფერი ენა. როგორ გააპროტესტოს ხალხის პრეტენზიები მან,
ვისაც ცხოვრებაში ხალხთან ურთიერთობა არ ჰქონია?!

მასუდ ად-დაბაშიმ გამომშრალი ხორცის ნაჭერი მოიტანა. ნაწილი კაენს მიაწოდა და


დარჩენილ ნაწილს კბილებით სწვდა, თან მეგობარს უთხრა:

– ჭამე შენი წილი, სანამ სულ მთლად გაგიჟებულხარ და შეტევას დაურევია შენთვის
ხელი. არ მინდა, შენგან რაიმე უბედურებას ვეწიო ამ უდაბნოში! – შემდეგ ასუფს
მიმართა:

– იცი, რომ ჯინები ეუფლებიან მის გონებას, თუკი ხორცის გემო არ გასინჯა?!

ასუფმა უპასუხა:

34
– დიახ, ცხონებული მამაჩემი მიყვებოდა ამაზე. ხორცის მიმართ მიდრეკილებაა ამ
სიგიჟის მიზეზი.

ორმა მეგობარმა ერთმანეთში მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაცვალა, შემდეგ


ხმამაღალი ხარხარი აუტყდათ. კაენმა ხორცის ნაჭერს ნაწილი მოაციცქნა და ასუფს
გაუწოდა, თან უთხრა:

– ის კი გვითხრეს, რომ შენ ჯინებთან გაქვს ურთიერთობა მღვიმეებში, მაგრამ თუ


აქიმობდი კიდეც, ამაზე არაფერი უცნობებიათ.

ასუფმა ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს ხორცს გაურბისო. ხელი მადლობის ნიშნად
გულზე მიიდო და ზიზღით წაიბურტყუნა:

– არა, არა!.. მე არ ვჭამ ხორცს.

ორმა მეგობარმა კიდევ ერთხელ გაცვალა მზერა ერთმანეთში. კაენმა კიცხვით უთხრა:

– ამას სერიოზულად ამბობ?! არის ამქვეყნად ადამიანი, ვინც ხორცს არ ჭამს, გარდა იმ
მოჩვენებებისა, რომლებზეც გვსმენია, რომ ჰიმალაის მთათა მწვერვალებზე
სახლობენ?! – მიუახლოვდა და შეეცადა, ხორცის ლუკმა მისთვის პირში ჩაეჩურთა.

– ჭამე, ჭამე!.. შენი დამპალი თხის ხორცი არ გეგონოს! ეს კრავის ხორცია, ზოლზოლად
დაჭრილი და გამხმარი. მისი გემო ქურციკისას ჰგავს, ჯიხვისას...

ასუფმა უარი უთხრა და უკან დაიხია. კაენი მიჰყვა. მასუდმა შეაჩერა:

– ნუ აძალებ ადამიანს!.. როგორც ჩანს, მართალს ამბობს და ჰიმალაელი მოჩვენებები


ჩვენს უდაბნოშიც არიან!..

მოჩვენება ჰიმალაიდან
ორი მეგობარი მხოლოდ მეორე დღის დილას დაბრუნდა.

35
მანქანა კარვის გვერდზე გააჩერეს. პირველად მაღალტანიანი გადმოვიდა. აწეწილი
თმით, ფერგამკრთალი და მოთენთილი, ხანგრძლივი მოგზაურობიდან
დაბრუნებულს ჰგავდა, თითქოს უდაბნო გადაეკვეთოს ტიმბუქტუდან[60] ნაფუსას
მთებამდე[61]. ასუფისკენ გაეშურა, ძლიერი, გაუხეშებული ხელი გაუწოდა:

– მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი! მე კაენ ადამი ვარ, ჩემს მეგობარს მასუდი ჰქვია, მასუდ
ად-დაბაში. მზერა ვადის მოავლო, მერე თავი ასწია, ცისკენ და სერიოზულად
დაიჩივლა:

– დილიდან სასტიკი მზეა!.. შუადღე ჯოჯოხეთია. ო, ღმერთო!.. სად გაგექცე, უდაბნოს


მზეო?! – და სანამ მოულოდნელად შეცვლიდა თემას, ტუჩებზე უიმედო, ნაღვლიანი
ღიმილი გამოესახა:

– მზეს კი ვიტანთ, მაგრამ უჯიხვობის ატანა არ შეგვიძლია! – წარბები შეკრა და


გაბრაზებით დაამატა:

– ხუმრობა იქით იყოს და ახლა სერიოზულად გეუბნები: ორი დღეა, ჯიხვის ხორცს
გვიკრძალავ, მე კი ჩემს ცხოვრებაში ორი დღე უხორცოდ არ გამიძლია!

ასუფი შეეცადა, გაეპროტესტებინა და ბრალდება უარეყო, საქმის ვითარება განემარტა,


მაგრამ არ იცოდა, როგორ. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა:

– ჯერ ერთი, ჯიხვი აქ არ ბინადრობს და მერე... მისი მონადირება ძნელია, ძნელი...

კაენმა შესძახა:

– ძნელია თუ იოლი, ეგ ჩემი საქმეა!.. შენ მაჩვენე და მერე ნახავ!..

– ჯიხვი მხოლოდ მთათა წვერზე ცხოვრობს, ყველაზე მიუვალ მთათა მწვერვალზე...

– ამრიგად, შენ აღიარებ მთებში ჯიხვების ყოფნას. ასუფი აიბნა, აირია და ენა დაება.

საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ თქვა:

– ალბათ არის მთებში, არ ვიცი... კაენმა ოფლი ხალათის სახელოთი მოიწმინდა და

თქვა:

– ამ მთებში შენ მეტი ვინ ცხოვრობს?! ოაზისების მაცხოვრებლებმა გვიამბეს,


გვითხრეს, რომ მასაქ სატფათი დასახლებულია მხოლოდ ერთი ადამიანით, ჯინთა
მთელი ტომებითა და ჯიხვებითო. – შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და შესძახა:

– ხომ გესმის?! კაცი აღიარებს მთებში ჯიხვების ყოფნას.

ასუფმა არ იცოდა, რა მოეხერხებინა საკუთარი თავისთვის. დაწყევლა გაჩენის დღე და


თავისი ქალწულებრივი სიმორცხვე. არ იცოდა, როგორ უარეყო, რომ აღიარა. ვერ
მონახა პროტესტის შესაფერი ენა. როგორ გააპროტესტოს ხალხის პრეტენზიები მან,
ვისაც ცხოვრებაში ხალხთან ურთიერთობა არ ჰქონია?!

მასუდ ად-დაბაშიმ გამომშრალი ხორცის ნაჭერი მოიტანა. ნაწილი კაენს მიაწოდა და


დარჩენილ ნაწილს კბილებით სწვდა, თან მეგობარს უთხრა:

36
– ჭამე შენი წილი, სანამ სულ მთლად გაგიჟებულხარ და შეტევას დაურევია შენთვის
ხელი. არ მინდა, შენგან რაიმე უბედურებას ვეწიო ამ უდაბნოში! – შემდეგ ასუფს
მიმართა:

– იცი, რომ ჯინები ეუფლებიან მის გონებას, თუკი ხორცის გემო არ გასინჯა?! ასუფმა

უპასუხა:

– დიახ, ცხონებული მამაჩემი მიყვებოდა ამაზე. ხორცის მიმართ მიდრეკილებაა ამ


სიგიჟის მიზეზი.

ორმა მეგობარმა ერთმანეთში მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაცვალა, შემდეგ


ხმამაღალი ხარხარი აუტყდათ. კაენმა ხორცის ნაჭერს ნაწილი მოაციცქნა და ასუფს
გაუწოდა, თან უთხრა:

– ის კი გვითხრეს, რომ შენ ჯინებთან გაქვს ურთიერთობა მღვიმეებში, მაგრამ თუ


აქიმობდი კიდეც, ამაზე არაფერი უცნობებიათ.

ასუფმა ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს ხორცს გაურბისო. ხელი მადლობის ნიშნად
გულზე მიიდო და ზიზღით წაიბურტყუნა:

– არა, არა!.. მე არ ვჭამ ხორცს. ორმა მეგობარმა კიდევ ერთხელ გაცვალა მზერა

ერთმანეთში. კაენმა კიცხვით უთხრა:

– ამას სერიოზულად ამბობ?! არის ამქვეყნად ადამიანი, ვინც ხორცს არ ჭამს, გარდა იმ
მოჩვენებებისა, რომლებზეც გვსმენია, რომ ჰიმალაის მთათა მწვერვალებზე
სახლობენ?! – მიუახლოვდა და შეეცადა, ხორცის ლუკმა მისთვის პირში ჩაეჩურთა.

– ჭამე, ჭამე!.. შენი დამპალი თხის ხორცი არ გეგონოს! ეს კრავის ხორცია, ზოლზოლად
დაჭრილი და გამხმარი. მისი გემო ქურციკისას ჰგავს, ჯიხვისას... ასუფმა უარი
უთხრა და უკან დაიხია. კაენი მიჰყვა. მასუდმა შეაჩერა:

– ნუ აძალებ ადამიანს!.. როგორც ჩანს, მართალს ამბობს და ჰიმალაელი მოჩვენებები


ჩვენს უდაბნოშიც არიან!..

დანაპირები
იმისათვის, რომ საკუთარი თავი და დედა გამოეკვება, ეცხოვრა თავისუფალ
ადამიანად ალაჰის ვრცელ უდაბნოში, გარდა საკუთარი თავის დაძლევისა და იმ
ხერხის პოვნისა, რომლის მეშვეობითაც ისაუბრებდა ადამიანთა შეიტნებთან[62],
გაუცვლიდა მათ თხებს და მათ გარეული ცხოველების კლანჭების მაგვარი სახიფათო
ხელებიდან საკუთარ საკვებს – ხორბალსა და ქერს გამოგლეჯდა, ასუფი ვალდებული
იყო, გაერისკა და თავი ხიფათში ჩაეგდო სხვა მისიითაც, რაც შუბლზე დაწერილი აქვს
ყველას, ვისაც ბედისწერით წილად ხვდა უდაბნოში დაბადება და ცხოვრება – ეს იყო
ჯიხვზე ნადირობა.

37
ცხონებულ გარდაცვლილ მამამისს ვრცელი უდაბნოს ღია სივრცეში, ზაფხულის
ღამეულ საუბრებში უყვარდა თქმა: „თუკი გადაწყვეტ, იცხოვრო მარტომ, მაშ,
ჯიხვზეც მარტომ უნდა ინადირო! ეს წყურვილივითაა, შიმშილივით,
გადაადგილებახეტიალივით... ესაა განმარტოების ხვედრი, უდაბნოს ბედისწერა!
ჩვენმა უფალმა ყველაფერს თავისი ფასი დაადო!“, მაგრამ მამა ძალიან შეიცვალა მას
მერე, რაც იმ ჯიუტმა ჯიხვმა მის თვალწინ თავი მოიკლა. მჭმუნვარე, დაღვრემილი და
ნაღვლიანი გახდა, ხშირად იმეორებდა ლირიზმით სავსე, ნაღვლიან მავალებს,
საუბრისას ყურს მიღმა უშვებდა მის მიმართვას ან შეკითხვას. ასუფი

ხშირად ხლებია მას თადრართის მთებში ან მასაქ მალათის უდაბნოში ისე, რომ
სიტყვაც არ გაუცვლიათ ერთმანეთში. იჯდა ხოლმე უნაგირს უკან მაჰრულ აქლემზე
და უსიტყვოდ უსმენდა გრძელ, გაჭიანურებულ სევდიან მავალებს, ბოლო რომ არ
ჰქონდა. რაღაც ცეცხლი წაჰკიდებოდა მამის გულს და ამ მავალებით უნდოდა მისი
ჩაქრობა. ეს მავალები მასაც სწვავდა. უხმოდ ტიროდა ხოლმე უნაგირს უკან, თავის
დასაჯდომ ადგილას. რატომ უწურავდა გულს ეს სიმღერები? რატომ აწუხებდა ასე
სასტიკად? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი უმწეობის გამომხატველი იყო უდაბნოში?!.. ან
იმიტომ, რომ უდაბნოს სიმკაცრეს აგრძნობინებდნენ?!.. იმიტომ ხომ არა, რომ
მარტოსული, იზოლირებული ადამიანის ბედისწერა სევდა და ტანჯვაა?! ან ნუთუ
იმიტომ, რომ ეს სიმღერები ილუზიას ფარდას ჩამოახევდა და ამოთქვამდა, რომ
ადამიანმა, რომელმაც ხალხთან კავშირი დაკარგა, დაკარგა კავშირი საკუთარ თავთან
და თუ სხვები დაკარგა, დაკარგა საკუთარი თავიც და არად აქცია!.. იმიტომ ხომ არა,
რომ ეს მავალები შთააგონებდა, რომ ხსნა და თავისუფლება უდაბნოს ნიშნავს და
უდაბნო კი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა სიკვდილს?!.. ნუთუ იმიტომ ტიროდა, რომ
სევდიანი მამის მავალები ნიშანი იყო მათი უცნაური სიცოცხლისა მარადიულ
უდაბნოში, რომელიც მთელ დუნიას შეადგენდა და ეჩვენებოდა, რომ სხვა არაფერი
იყო ამქვეყნად უდაბნოს გარდა?!..

თუ ეს ყველაფერი მისი წარმოსახა იყო და მამის სევდა კი არაფერი იყო, თუ არა


ტკივილი, რომელსაც სასტიკი ცხოვრება იწვევდა, რომელიც აიძულებდა, ენადირა
ჯიხვზე მაშინ, როცა მას

არ სურდა ჯიხვზე ნადირობა?! სამხრეთის მწველი ქარი – კიბლი შეუშრობდა ცრემლს,


ნელა რომ სდიოდა ლოყებზე, სინოტივეს მოწყურებული ქვიშა წამოკრეფდა და
ყლაპავდა სისხლის წვეთებს, დაკბენილი ტუჩებიდან რომ მოსდიოდა და წვეთ-წვეთ
ეცემოდა ძირს. რაკი შიგანში წაკიდებულ ალს ვერაფერი უქრობდა, ტუჩებს კბილებით
ისე იგლეჯდა, ვერც კი გრძნობდა. მამამ ადრიანად დაიწყო ნადირობაში მისიწვრთნა,
როგორც კი ათის გახდა, თუმცა ათი წლის ასაკი ადრეული როდია უდაბნოს
ყმაწვილებისთვის! პირდაპირ ჯიხვზე ნადირობით არ დაუწყია. ჯერ მთაში კლდეებსა
და ქვებზე დამიზნება ასწავლა, შემდეგ შემოისვა უნაგირს უკან, მაჰრულ აქლემზე და
რამდენიმე დღე მასაქ მალათის ველებზე გაატარებინა, სადაც ქურციკთა ჯოგები
ბალახობდნენ. რიჟრაჟის სიბნელეში აღვიძებდა სახეზე ცივი წყლის წვეთების
მიშხეფებით, კარგად რომ გამოეფხიზლებინა ან, როგორც თვითონ მოსწონდა თქმა,
„თვალთა წამწამები რომ გაეხსნა“. ხელით უბიძგებდა და ფართო ხეობებში ჩაჰყავდა,
სადაც ბინდბუნდში უამრავი ქურციკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში
უდაბნო სავსე იყო ქურციკებით, მამამისს საკუთარი თავისთვის დაეწესებინა, რომ

38
თითო სანადირო მოგზაურობაზე ერთზე მეტი ქურციკი არ უნდა მოენადირებინა.
მისი მტკიცებით, ქურციკის სული ძლიერდება, თუკი ნანადირევმა ერთს გადააჭარბა.
ის შეიძენს ყურანის სიმტკიცესა და გრძნეულთა თილისმების მცველ ძალას, აღარ
გაჭრის მკითხავთა ამულეტები და ფაკიჰთა[63] შელოცვები. ქანოს ერთ ცნობილ
მკითხავს გაუფრთხილებია, რომ არ გადაეჭარბებინა ამ ზღვრისთვის ქურციკებზე
ნადირობაში და მისთვის ნიშანიც დაუხატავთ იმ გრძნეულების, რომლებიც ხალხს
ატყუებენ,

თითქოს შეუძლიათ ისეთი თილისმების შექმნა, რომლებიც უდაბნოს ცხოველთა


ხოცვის გადამეტებულ სურვილს აქრობს. მათთვის ცრუპენტელები უწოდებია,
რომელთა მონაჩმახზე გონიერი ხალხი არ უნდა წამოეგოს. ქანოს ამ მკითხავს მამა
ყოველთვის აქებდა და ამბობდა, რომ მასზე უფრო მართლისმთქმელი მაგი არ
უნახავს, სწორედ ამან გაუთქვა მას სახელი მთელ საჰარაში და ხალხი ღადამესიდან[64]
ტიმბუქტუმდე[65], ნაფუსას მთებიდან აღადესამდე მისკენ მოეშურებოდაო.

როდესაც ასუფმა შეძლო და ქურციკს მოარტყა გარიჟრაჟის სიბნელეში, მამამ


შესანიშნავი საჩუქრით დააჯილდოვა – თამბას ფერადი სანდლებით, ორნამენტებით
შემკულითა და მოსირმულით, თამანღასეთის ქალიშვილთა თხელი, ნატიფი თითის
წვერების ნახელავით, ოცნების რაინდებთან შეხვედრის მგზნებარე სურვილითა და
სიყვარულით რომ აევსოთ ნამუშევარი. ეს მათი გრძნობები იღვრებოდა ხაზებიდან,
ორნამენტებიდან, მოხატულობიდან. ქალიშვილი, რომელმაც ეს სანდლები შექმნა,
შეყვარებული იყო. ტყავზე ყმაწვილქალთა შესრულებული ნაყშების დიდი მცოდნე
დედამისი ამტკიცებდა ამას! გოგოს გული მის ხელის მტევანში ფრთხიალებსო, – ასე
ამბობდა, მისი სიყვარული კი მისი თითის წვერებშიო. ყველა ხანში შესული ქალი
კითხულობს ამ ანბანს – იქნება ის ტყავზე ან ქსოვილზე დაწერილი, თუ მატყლის
ძაფებში ჩართულ-ჩაქსოვილი. ეს ის ენაა, რომლის ასო-ბგერებს მხოლოდ ბრძენი
ხანში შესული ქალები ხვდებიან.

ეს რაც ქურციკებთან დაკავშირებით იყო, ჯიხვის ამბავს რაც შეეხება, ის ამისგან


განსხვავდებოდა.

ეს თავგადასავალი ძალიან გვიან დაიწყო, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წელი
შეუსრულდა. ამის მიზეზი ის საიდუმლო ამბავი იყო, რომელიც მამას ჯიხვთან
აკავშირებდა – გაურკვეველი, დახლართული, ძველი ურთიერთობა, რომელიც იმ
თვითმკვლელობის ფაქტს დიდი ხნით უსწრებდა. რამდენჯერაც კი მამისგან
მოითხოვდა ჯიხვზე სანადიროდ გაყოლას, იმდენჯერ გაურბოდა მამა და დათქმული
დროის გადასადებად გამამართლებელ მიზეზს პოულობდა. რამდენჯერაც
დაიჟინებდა ასუფი ჯიხვზე ნადირობის სწავლას, იმდენჯერ წელავდა მამა დათავის
დასაღწევ ხერხს ნახულობდა. აგონდება, ზამთრის ერთ მკაცრ ღამეს, როგორ იყვნენ
სამივენი კოცონთან თავმოყრილები და ცეცხლით თბებოდნენ მწყემსების მღვიმეში,
როცა პირისპირ ყოფნის ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და თხოვნა გაუმეორა.
ასაკოვანმა მამამ თვალებში დიდხანს უყურა, შემდეგ დედას კიდევ უფრო
ხანგრძლივი მზერა გაუცვალა, მერე თავი ჩაქინდრა, ცეცხლის ალზე თვალები
დამალა, რომლებშიც ასუფმა ის შეშფოთება დაინახა, მანამდე რომ არ შეუნიშნავს.
დედის თვალებშიც იგივე შფოთვა იდგა. პირველად მაშინ იგრძნო, რომ საქმე რაღაც

39
საიდუმლოსთან ჰქონდა. მოინდომა, დედისგან გამოერკვია მიზეზი, მაგრამ მან
თვითონ დაასწრო და ერთ დღეს უთხრა: „რატომ მოითხოვ მამაშენისგან ასე
დაჟინებით ჯიხვის მოსაკლავად შენს წაყვანას? ვერ ხედავ, ამით ტკივილს

აყენებ?!“ ასუფმა შემთხვევით ისარგებლა და სულმოუთქმელად ჰკითხა: „მაგრამ


რატომ განიცდის ასე ძალიან?! არაფერი მესმის!“ დედას საიდუმლო მისთვის იმ დღეს
არ გაუმჟღავნებია, მხოლოდ მამასთან ერთად, მეზობელ მთებში ჯიხვის
მოსანადირებლად მრავალი წარუმატებელი ლაშქრობის მერე უთხრა. პირველ
სანადირო მოგზაურობაში მამა-შვილი მთელი ჯოგის კვალს გაჰყვა, სანამ ხეობის
ფსკერს არ ჩააღწიეს. დაიწყო დევნა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. ჯოგი მთის
მწვერვალთა კლდეებს შეეფარა და მათ თვალიდან გაუქრა. მანამდე კი შეამჩნია, რომ
მამამისი ზუსტად არ უმიზნებდა და განზრახ დააფრთხო ჯოგი. მეორედ მდედრ,
გვერდებშევსებულ ჯიხვს დაეწივნენ, რომელიც ზედ მათ წინ გაჩერდა. მამამ და
ჯიხვმა შეუმჩნევლად შეხედეს ერთმანეთს, ამის შემდეგ კი მამა მოუბრუნდა და ასუფს
უთხრა, რომ მდედრი ჯიხვი მაკედ იყო, მდედრი ცხოველის მონადირება კი დიდი
ცოდვაა. გაბრუნდნენ უკან. მესამედ ასუფმა თავად შეძლო, ეპოვა სამი ჯიხვის
თავშესაფარი, ფერდობს შეფენილ ბუჩქებში რომ ბალახობდნენ. მამა აიძულა, მისთვის
მიეცა შაშხანა და როცა ასუფი უმიზნებდა, მამამ განხრახ ჩაახველა. ჯიხვები
დაფრთხნენ, გაცვივდნენ და მეზობელ მთათა კლდეებს შეაფარეს თავი.

მამას თვალებში შეხედა და ისე, რომ მისთვის შაშხანა არ დაუბრუნებია, უთხრა:

– რატომ არ გინდა, რომ ჯიხვზე ნადირობა ვისწავლო?! თუ ასე მონდომებული


ხარ, რომ ჯიხვი

ვერ მოვინადირო, ან თავს რატომ იღლი და ან მე რატომ მღლი ამ სასაცილო სანადირო


მოგზაურობებით?! სიმართლეს რატომ არ მეუბნები?!

მამას ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია. თავი ჩაღუნა და ჩალმა სახის გარშემო ისე
ჩამოიწია, რომ თვალები დაემალა. სახლში ისე დაბრუნდნენ, რომ სიტყვა არ
წარმოუთქვამს.

ამის შემდეგ ისევ დედა გახდა იძულებული, სიმართლე ეღიარებინა. მამა


დილაუთენია გავიდა ქვიშიანი უდაბნოს ველებზე აქლემების მოსაძებნად და
შესაგროვებლად. დედამ ასუფი გააჩერა და მოცდა სთხოვა. ფიჩხი ცეცხლს შეუკეთა
და ცხიმით დაწინწკლული წინსაფარი წაიკრა. სანამ საიდუმლოს მოკლედ
მოუყვებოდა, ხელებში მოქცეული ტიკით რძის თქვეფა დაიწყო:

– მამაშენს ჯიხვის სისხლის დაღვრა არ სურს, რადგან აღთქმა აქვს დადებული


დიდი ხნის წინ, სანამ შენ დაიბადებოდი. აინესისის მთების ფერდობებზე
ნადირობისას ფეხი დაუცდა და ცასა და მიწას შორის გამოკიდებული აღმოჩნდა.
კლდეს ისე ჩაეჭიდა, რომ ფეხები უფსკრულში ჰქონდა ჩაკიდებული. გადარჩენის
იმედიდაკარგა.
იქიდან იმავე ცხოველმა ამოათრია, რომელსაც ის ებრძოდა და რომლის მოკვლაც
სურდა. იმან გადაარჩინა დაღუპვას. ახლა ხომ გესმის!.. აღთქმა დადო, რომ ჯიხვს აღარ
გაეკარებოდა და არც შთამომავლობას ასწავლიდა მასზე ნადირობას, მაგრამ რომ
დაიმშა, შიმშილმა რომ შემოგვიტია ყველას სასტიკი გვალვის

40
წლებში, შენს დაბადებამდე, მე ორსულად ვიყავი და მამაშენი იძულებული გახდა,
აღთქმა დაერღვია და სანადიროდ წასულიყო... იტირა, სანამ ამას გააკეთებდა, მე
თავად მოვისმინე, როგორ ტიროდა ღამით. დილით წავიდა და დიდი ჯიხვით
დაბრუნდა. გავატყავეთ და ვჭამეთ ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ. მაშინ თქვა, რომ
აღთქმას უღალატა და ამისთვის მთების სული დასჯიდა. მარწმუნებდა, რომ ჯიხვზე
ნადირობას არ ასწავლიდა შვილებს, თუკი ბიჭი მოგვეცემოდა. ახლა ხომ გესმის, შე
ჯიუტო?! გითხარი ჯიხვთან დაკავშირებით არაფერი დააძალო-მეთქი, მისთვის ეს
მტკივნეულია!

41
ქვესკნელი
[66]

„მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა!“


ძველი აღთქმა, ფსალმუნნი 30:3

„კმაობის არსებობა მოთმინების ერთ-ერთი საფუძველია. მოთმინება ძლიერების


ერთერთი საფუძველია და ძალა კი – ხელისუფლების ერთ-ერთი საფუძველი!“ ან-
ნიფარი „კმაობის არსებობა“
... და როდესაც გრძნეულმა ცხოველმა მამამისს კისერი მოამტვრევინა, ასუფმა
გაიხსენა დედის სიტყვები დანაპირებზე, მერე დაბრუნდა და ხელმეორედ მიივიწყა.
ეშმაკი ახალგაზრდობის მეწყვილეა! ყურში ჩასჩურჩულა ასუფს და მანაც
უგულისყუროდ გადაივიწყა. ერთხელაც თხის ფარაში სამი ჯიხვი შემოეპარა, როცა
მთის წვერზე იჯდა და მათ გადმოჰყურებდა.

ეს მოხდა მამის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, როცა მუთხანდუშის ვადის


სამხრეთით ფარას მწყემსავდა, სადაც ნიაღვრებსა და სეზონურ მდინარეებს ღრმა
თხრილები გაეთხარა, სანამ ხეობა მარჯვნივ გადაუხვევდა და დასავლეთის მაღალ,
კლდოვან მთებში დაიკარგებოდა, რომელთა ვერტიკალური კლდეები ქვიანი
უდაბნოს მცველი აჩრდილებივით წამომართულიყვნენ და უფსკრულში აკაციის
ხეებს დაჰყურებდნენ. ასუფი ფერდობზე, კლდის ქვეშ წამოწოლილიყო და თვალყურს
ადევნებდა ჯიუტ თხებს, რომლებიც წინა ფეხებს გამეტებით იწვდენდნენ აკაციის
ხეების მწვანე რტოებისკენ. გაეცინა იმის დანახვაზე, თუ როგორ ეძებდა ხარბი,
ღორმუცელა დედალი თხა რამე ეშმაკურ გზას, მაღალტანიანი აკაციის ხის მწვანე
რტოებს რომ როგორმე მისწვდომოდა. ხის გვერდით წვეტიანი, ვერტიკალური ქვა
იდგა, რომელსაც თხა ორი ნახტომით ზედ თავზე მოექცა და იმ მომენტში, როცა ამ
მოხერხებული ადგილიდან კისერი გაიწვდინა საბრალო ხის კენწეროსკენ, მისი მწვანე
ქუდის გასანადგურებლად, ხეობის მეორე მხარეს, უდაბნოს ფერმიხდილ ტყეღრესთან
უზარმაზარი ერკემალი, თავზე დიდი, დაგრეხილი რქებით, მშვენიერ ვერცხლისფერ
დედალ თხასთან არშიყობით იყო დაკავებული. მათ ორის გვერდზე ერთი შეუხედავი,
უსახური, ბეწვგაბურძგნილი ვაცი იყო გაჩერებული და ამ ფლირტაობას ავად
მისჩერებოდა. დედალი თხა უზარმაზარი ერკემლის ღლაბუცს ეპასუხებოდა, მისკენ
კისერს ატრიალებდა, მის ნესტოებს თავისას უცაცუნებდა სწრაფი კოცნის ნიშნად,
მერე კი თავი ფერგახუნებულ ტყე-ღრეში შერგო და ისე დაიჭირა, ვითომ
მცენარეულობის ძოვით იყო დაკავებული. ჩანდა, მისმა

„უკადრისობამ“ უზარმაზარი, ლამაზი ერკემალი აღაგზნო და გამბედაობა შემატა. მან


ნაბიჯით წინ წაიწია და თავი ასევე ტყე-ღრეში შერგო დედალი თხის გვერდით,
მოაჩვენა, ვითომ ისიც ჭამით იყო დაკავებული და მისგან სწრაფი კოცნის
მოსატაცებლად ნესტოები მიუახლოვა. შემდეგ უკან გაბრუნდა, რათა დედალი თხა
მორცხვად და ორჭოფულად უკნიდან შეეთვალიერებინა. ერკემალმა თვალი საძოვარს
მოავლო და უსახურ ვაცს მუქარის მზერით გადახედა, შემდეგ ნესტოებით ისევ
კეკლუცი დედალი თხის სხეულს დაუარა, სანამ მის უკანალს არ მისწვდა, დაყნოსა და
შეიგრძნო მისი სურნელი.

42
მეორე ვაცის შფოთიანი მზერა გაგრძელდა. მასში იყო მღელვარება, მზადყოფნა,
გაკვირვება. გონებაში წამიერი შთაგონებით ასუფი მიხვდა, რომ უზარმაზარი ლამაზი
შეყვარებული ერკემალი მამალი თხა კი არა, ნამდვილი ჯიხვი იყო. ამის ნიშანი მეორე
ვაცის თვალებში დაინახა, რომლისთვისაც ჯიხვი ნამდვილი მეტოქე, კონკურენტი
გახლდათ...

ფერფლისფერ გიგანტ ჯიხვს, ხშირ ბეწვში ვერცხლისფერი თმის მოელვარე ღერებით,


ნიკაპზე ჩამოკიდებული გრძელი წვერით... თავზე გვირგვინად უზარმაზარი,
მორკალული რქები ედგა. ასუფი გაკვირვებული იყო, თავიდანვე როგორ ვერ მიხვდა,
რომ ერკემალი, რომელმაც მისი აღტაცება გამოიწვია, რომლის მოძრაობებსაც
აკვირდებოდა და დედალ თხასთან შეხუმრებას თვალს ადევნებდა, ერკემალი კი არა,
უზარმაზარი ჯიხვი იყო!

შუაგულ ვადიში, თხის ფარაში დაინახა ორი სხვაც – თხებთან ერთად


დაეხეტებოდნენ. არც მამამისსა და არც დედას ასუფისთვის არ მოუყოლიათ, რომ
ჯიხვი შეიძლება თხებს იმ ზომამდე მიეჩვიოს, რომ საძოვარზე მათთან ერთად
მშვიდად იბალახოს ისე, რომ ამ მგრძნობიარე, მფრთხალი ცხოველის მამრი
გათამამდეს და დედალ თხებთან არშიყობაში გადაეშვას.

დაღუპვამდე კვირებით ადრე უთხრა მას მამამ, რომელსაც ასუფი აბრაჰოჰისკენ გაჰყვა
შეშის მოსატანად რამდენიმე აქლემით: „ხომ არ გგონია, რომ ცხოველს, მხოლოდ
იმიტომ, რომ შენსავით საუბარი არ შეუძლია, არც ესმის?! ის ჩემზე და შენზე უფრო
გონიერია!“ – ეს იყო პასუხი ასუფის დაცინვაზე, რომ მამა მეტისმეტ სინაზეს
აფრქვევდა თავისი ამლაყი[67] აქლემის მიმართ. ის მას ესაუბრებოდა დღითა და
ღამით – განთიადზე, სანამ ილოცებდა, შუადღისას, სანამ ისადილებდა, ღამით, სანამ
დასაძინებლად დაწვებოდა. სხეულის ნაზ ბეწვზე ეთამაშებოდა, გრძელ კისერზე
ხელისგულს უსვამდა, მის ჩამოკიდებულ გრძელ ტუჩებს ნაზად ეხებოდა, იქიდან
დუჟს სწმენდდა, შემდეგ მაჰრულ აქლემს თავზე მკლავებს შემოხვევდა და
იმეორებდა: „გინახავს უდაბნოში მასზე უფრო ლამაზი აქლემი?!.. იცნობ მასზე უფრო
მაღალს, უფრო ამტანსა და მამაცს?!.. გინახავს უფრო გონიერი და ჭკვიანი?!.. ღმერთო,
რა ლამაზია ეს ამლაყი!.. შეხედე!.. შეხედე მის თვალებს, მის კბილებს, მის ჩამოქნილ
კისერს, მის ფეხებს... ყველაფერი მასში გრაციოზული და ჰარმონიულია!.. მისი
მუცელიც კი არ ჰგავს აქლემთა მუცლებს!.. თხელია, პატარა, დასაშვები ზომის... მას
მუცელი არა აქვს, რადგან კეთილშობილი

და წარჩინებულია! წარჩინებულია ის, ვინც მუცელს არ დაიდებს!.. მას ვერ აიძულებ,


სატრფო მიატოვოს მუცლის ამოსავსებად, როგორც ამას სხვა დანარჩენი ღორმუცელა
მაჰრული აქლემები აკეთებენ. საჰარის ყველა დედალი აქლემი მასზეა
გამიჯნურებული. გუშინ გამვლელი მწყემსისგან თამანღასთის ლამაზი დედალი
აქლემების ამლაყით აღტაცება და მისი ქება მივიღე, მათ ოქროს ძაფით მოქარგული
და მრავალფერად მოსირმული ახალი სადავე გამოუგზავნიათ ამლაყისთვის. ყველა
დედალმა აქლემმა იცის ამის ფასი, ეტრფიან მას, რადგან მთელ საჰარაში ყველაზე
ლამაზი და კეთილშობილი აქლემია!“, შემდეგ წავიდოდა და მოჰქონდა მისთვის
ერთი მუჭა ქერი, რომელზეც ზრუნავდა, რომ ყოველთვის თან ჰქონოდა,
განსაკუთრებით, მოგზაურობებში. აჭმევდა მას გაწვდილი ხელებიდან, მეტისმეტად

43
ანებივრებდა და თავის წილ, ისედაც მწირ წყალს ასმევდა. უდაბნოში წყლის მარაგი
სიცოცხლის მარაგია. ვერცერთი მხედარი ვერ გაბედავს, უხვად გაიღოს იგი
უდაბნოში, რომელიც წყურვილით ემუქრება მას! გასართობ ხუმრობებს შორის
მამამისს მოსწონდა, მიბრუნებოდა შვილს და ერჩია: „გმართებს, ყოველთვის
დაინტერესებული იყო შენი მაჰრული აქლემით. თუ შენ არ გიყვარს, ისიც არ
შეგიყვარებს! თუ არ გაუგებ, ისიც არ გაგიგებს და არ გიხსნის კრიტიკულ მომენტში!
ცხოველი ადამიანზე უფრო ერთგულია“. იმ ღამით უამბო, როგორ შეძლო და
გადაარჩინა ერთგულმა აქლემმა თავისი პატრონი, იხსნა იგი გარშემორტყმული
მტრებისგან, რომლებმაც წრიულ ალყაში მოიმწყვდიეს და ლამის ტყვედ ჩაიგდეს
ერთ-ერთი გამოლაშქრებისას. პატრონი მხოლოდ აქლემის ვაჟკაცობამ და
გამბედაობამ იხსნა. მან მტრების

ალყა ისე გაარღვია, რომ შუბების, დანებისა და მახვილთა ძგერებისთვის ყურადღება


არ მიუქცევია. სისხლდენა არ გასჩერებია, ისე გაიყვანა პატრონი და უსაფრთხო
ადგილს მიაღწია, შემდეგ ძირს დაეშვა, კისერი გაჭიმა და მოკვდა.

ცხოველებზე თავისი ნაამბობი მამამ იმ ღამეს ქურციკების შესახებ ნაღვლიანი


მარსიით[68] დაასრულა, რომლის გამეორება არასდროს სწყინდებოდა მაშინ, როცა
მთვარე რამდენიმე მტკაველზე ამოიწვერებოდა მიწიდან და თავის მკრთალ
ვერცხლისფერ შუქს გადმოაფრქვევდა იდუმალ, ჯადოსნურ ვრცელ ღია უდაბნოს.
მამას მოსწონდა ქურციკების დატირება და ისე მოთქვამდა, თითქოს საკუთარ თავს
ესაუბრებაო: „რა ლამაზი ქმნილებაა!.. რა ტანწერწეტა!.. რა სასიამოვნო სხეული აქვს!..
მისი თვალებიდან გრძნეულება იღვრება!.. ამქვეყნად უმშვენიერესი ქმნილებაა!..
ქვიშიანი უდაბნოს სული!.. მასშია ამ უდაბნოს თვალუწვდენლობა, სიმშვიდე და
აუმღვრევლობა, მისი მთვარის მაგია!.. მასშია მიუწვდომლობა, მასშია თავისუფლება!..
ამიტომაც არცერთ არსებას არ შეუძლია იოცნებოს მის ცოცხლად შეპყრობაზე!.. მეც ეს
მწვავს, რომ აქამდე ქურციკი ცოცხლად არ შემიპყრია!“ – შემდეგ თვალის უპეებზე
ცრემლი აუბრწყინდებოდა და პირსაბურავით დამალავდა. ცრემლი რომ ახრჩობდა,
ისეთი ხმით დაამატებდა: „საგონებელში მაგდებს, რატომ უნდა სდევნიდეს დამნაშავე
ადამიანი ასეთ ანგელოზს მოსაკლავად და თავისი მუცლის ამოსავსებად?! ნუთუ
ქურციკს თუ არ მოკლავს, შიმშილით ამოხდება სული?! რატომ იმშევა ადამიანი ისე,
რომ იძულებული ხდება ამ

მშვენიერი ქმნილების სისხლი დაღვაროს?! ალბათ ამიტომაც გვსჯის უფალი და მას


ცოცხლად არ გვაჭერინებს!“. როცა ჯიხვის ხსენების დრო მოვიდოდა, მამას სახის
ნაკვთები ეცვლებოდა. იდუმალი კილოთი იტყოდა: „ჯიხვი სულ სხვაა! მეშინია
ჯიხვის!“

მაგრამ ჯიხვიც ხომ გონიერია! აი, ისიც მოშინაურდა. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც
სიმშვიდემ დაისადგურა მასაქ სატფათის ხეობებში და აღარც მონადირეები არიან,
აღარც მწყემსების ძაღლები და არც თავგადასავლების მოყვარულთა შაშხანები!.. მამის
სიკვდილის შემდეგ ჯიხვი ამ მიდამოებში აღარავის მოუკლავს. ცხოველმაც გული
დაიმშვიდა და მაღალი მთების სიმაგრეებიდან ძირს ჩამოვიდა, გაბედა და თხებს
შეერია, მათი მწირი საკვები გაიზიარა ქვედა საძოვრებზე.

44
აღთქმა უკრძალავდა ვაჟს, მემკვიდრეობით მიჰყოლოდა მამის ხელობას. მამა ხომ
მხოლოდ იმიტომ მოკვდა, რომ აღთქმა დაარღვია?! აღთქმა ხუმრობა როდია! ჯიხვმა
ეს იცის. ან კი როგორ არ ეცოდინება, ის ხომ მთათა სულია! სულები უფლის სულიდან
მომდინარეობენ და ყოვლისმცოდნენი არიან! ადამიანი გულში რას მალავს, ისიც
იციან! ეს უნდა იყოს ამ გასაოცარი გამბედაობისა და თავდაჯერებულობის მიზეზი!
დიდებული ჯიხვი ლამის ეჭვიანვაცს რქებით შეებას!.. გაბურძგნილ, საზიზღარი
შესახედაობის ვაცს, რომელიც წინა ჩლიქებით მიწას თხრიდა გამომწვევად და
ბრძოლისთვის ემზადებოდა.

ღმერთო დიდებულო!.. ვის უნახავს, ჯიხვი ვაცს ერქინებოდეს?!

ასუფმა შეამჩნია, რომ ხელი უკვე ჯოხისა და თოკისთვის წაევლო და ვადის


შუაგულისკენ მიიპარებოდა კლდეებსა და უდაბნოს ბუჩქების კორომს ამოფარებული,
სანამ იმ ადგილს არ წაადგა, სადაც ჯიხვს გადაეყარა, მშვენიერ დედალ თხას რომ
დასდევნებოდა და არად აგდებდა საძაგელი, ეჭვიანი ვაცის გამომწვევ გამოხდომებს.
მოძრაობდა მედიდურად, ღირსებით... მის ფერფლისფერ ბეწვში გაბნეული
ვერცხლისფერი ქვიშა მზის სხივებზე ბრწყინავდა, რომლის ელვარებაც მას
დიდებულებასა და იდუმალებას მატებდა.

თავადაც არ იცოდა, როგორ წამოხტა და გაცოცდა გრძნეული ცხოველის


ადგილსამყოფლისკენ. მეტიც, ამ მოქმედების მიზანიც კი ვერ გააცნობიერა. რაღაც
უხილავი ძალა ეწეოდა და მისკენ. დაივიწყა აღთქმა, დაივიწყა მამის ხვედრი და ამ
ძალას აყოლილი, ნებაწართმეული გაემართა ჯიხვისაკენ. მამა და დედა ამბობდნენ,
რომ ჯიხვის სული თავისკენ იზიდავს, თავგზას უბნევს, გონებასა და ნებელობას
ართმევს ადამიანს, მონადირე კი აღმოაჩენს, რომ შეპყრობილი და ამ ძალას
მინებებულია, ეს სული ჩასახლებულია მასში და ისიც ოთხზე ხტომით მისდევს მას
მასიურ, პიტალო, ფრიალა კლდეებზე.

სინამდვილეში, დიდი საიდუმლო იყო ის, რამაც მას იმ დღეს აღთქმა გადაავიწყა და
გზნებით მონუსხულივით ჯიხვს მორჩილად გაადევნა უკან!

ამ ცხოველში დიდი საიდუმლო სახლობს, რომლის მსგავსიც არაა ჯადოსნურ


ქურციკში! მამა მართალი იყო, როცა ამბობდა: „მეშინია ჯიხვის!..“, აკი არც უმტყუნია
მისთვის წინათგრძნობას და აღსასრული სწორედ ჯიხვის მიზეზით დაუდგა.

ო, ღმერთო!.. თუ არა სიგიჟემ, მაშ რამ უბიძგა, ის მარყუჟი ჯიხვის უზარმაზარი


რქებისთვის მოექნია?! რა იდუმალმა ძალამ აიტანა, ბოჭკოვანი თოკი ამ
ძლევამოსილი, მძვინვარე ცხოველისთვის თავზე შემოეხვია და საკუთარი ხვედრი
მის ბედთან სამარადისოდ გადაენასკვა?! ნუთუ ესეც უხსოვარი დროიდან
ბედისწერის ფიცარზე ეწერა, სანამ ის დედის წიაღში ჩაისახებოდა და ამ სასტიკ
წუთისოფელს მოევლინებოდა?!

ეს რა მოედო და წაეკიდა?! ნუთუ ეს ის ექსტაზია, რომელსაც სუფიური სიმღერები,


მუსიკა და დოლის ცემა აღძრავს ოაზისებში, რაზეც მამა ესაუბრებოდა?!

მაგრამ სალმა კლდეებმა იციან, როგორ გამოაფხიზლონ იგი თრობისა და


ექსტაზისგან! უზარმაზარმა, გადარეულმა ცხოველმა, როგორც კი შემაშინებელ

45
რქებზე მარყუჟი ჩამოეცვა, ისკუპა ჰაერში და ბასრი, უხეში ქვებით მოფენილი
ფერდობისკენ გაქანდა. ასუფი მიწაზე მოითრია და ვადი თავისი უზარმაზარი
სხეულისთვის შეუფერებელი სიმსუბუქით გადაატარა. მართალი ყოფილა მამა, როცა
ამბობდა: „თუ ჯიხვი გაექანა, ყველაზე მკაცრი კლდეებისკენ

წაგიყვანს, მთის ყველაზე რთული უბნებისკენ!“. ჯიხვი ფერდობისკენ გავარდა,


სწორედ იმ ოღროჩოღრო ადგილისკენ, სადაც სიპი, ბასრი ქვები ისე
ამოშვერილიყვნენ, როგორც ეშვები მხეცთა ხახიდან. მთაშია ჯიხვის თავშესაფარი,
მისი ციხესიმაგრე, მისი ხსნა!.. ასუფი კვლავ თოკს იყო ჩაფრენილი, ჯიხვი კი
ნერვიული მოძრაობით გადაიქნევდა ხოლმე თავს მახის მოსაშორებლად და თან
გაუჩერებლად გარბოდა კლდეებისკენ. მონადირიანად მიაღწია შავი ქვით მოფენილ
მთის ფერდობს. ასუფი შეეცადა, კლდეს მოსჭიდებოდა, მაგრამ ხელი აუსხლტა. კიდევ
ერთი წამიც და წინ გამოშვერილი ქვა გადაეღობა. ასუფი მარცხენა ხელით ჩაებღაუჭა,
მარჯვენათი კი კვლავ თოკს იყო მოჭიდებული. გამძვინვარებული ცხოველი ერთ
მხარეს ეწეოდა და თვითონ მეორე მხარეს ქვას ჩაჰფრენოდა. იგრძნო, როგორ
გადაუტყავდა ხელი და მხარს მოშორდა, მაგრამ საკუთარ თავს აიძულა, ქვისთვის
ხელი არ გაეშვა. კიდევ წამიც არ გასულა და ქვა შეუმჩნევლად მოსცილდა მიწას.
ჯიხვი უკვე ორივეს ერთად მიარბენინებდა, ასუფს კი არც შეუმჩნევია, მარცხენა
ხელით გრძელ ქვას როგორ მიათრევდა, სანამ ჯიხვმა სხვა მანძილი არ დაფარა და იმ
სამეფოს სიღრმეში არ შევიდა, რომელსაც მასავით არავინ იცნობდა, რომელსაც მის
გარდა არავინ ფლობდა... ასუფმა ქვას ხელი უშვა და პირველად იგრძნო წვა – მთელ
სხეულზე მხურვალება მოსდებოდა. ქვებს ჭრილობებით მისთვის ტყავი გადაეცალა.

სახეს დამდინარე სითხე უფარავდა და ეს სითხე იყო ოფლი, ხოლო სითხე, რომელიც
სდიოდა მუხლებზე, წვივებზე, ხელებსა და იდაყვებზე, იყო სისხლი. ვადიში
დაწყებული ბრძოლიდან

მოყოლებული, მის ტანსაცმელს ნაკუწებად ეწყო ქცევა. იმ ქვებსა და ბუჩქებს


შემოეგლიჯა, რომლებსაც გზად ჩაუარა ჯიხვთან ერთად, როცა ის მწვერვალებზე
თავისი სიმაგრისკენ მიარბენინებდა.

კვლავ ქვის შვერილებსა და კლდეებზე ხტომა-ხტომით მიჰქროდა. შიშმა აიტანა


მხოლოდ იმ უზარმაზარი კლდეების დანახვაზეც კი, რომლისკენაც ჯიხვი ეწეოდა.
საბელს ხელი ხომ არ გაუშვას?! ხომ არ მიატოვოს და თავი ანებოს?!.. მაგრამ უკან
როგორ დაიხიოს ამ ველური ბრძოლის შემდეგ?!.. როგორ დანებდეს მას შემდეგ, რაც
სისხლი დაღვარა, გზად ქვებმა სხეული დაუფლითა!.. როგორ დაბრუნდეს შინ,
შეხვდეს დედას ჭრილობებით დაუძლურებული, სისხლში ამოსვრილი, ძლეული,
ხელცარიელი?!.. მონადირემ ხელები სისხლში როგორ უნდა გაისვაროს და მერე
ნადირის თავის, ნანადირევის გარეშე როგორ უნდა დაბრუნდეს?!..

წინ კიდევ უფრო დიდი ქვა გადაეღობა. ასუფი მარცხენა მკლავით შემოეხვია. ახლა
ვნახოთ, რომელი ჩვენგანი უფრო ძლიერია – რომელი უფრო ღონიერია –
ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც გადარეულ აქლემს აშინებს და ძირს აგდებს, თუ
ჯიხვი, რომელიც რქებით კლდეებს ამტვრევს?! ჯიხვის ძალაზე ლეგენდებს ჰყვებიან
უდაბნოში. ასუფი კვლავ შავ, სიპ, მხურვალე კლდეს იყო შემოხვეული, ჯიუტი და

46
შეუპოვარი ჯიხვი კი კვლავ ზედიზედ მიყოლებული, ნერვიული, სასტიკი
ნახტომებით ეწეოდა საბელს. ასუფს ხელი მალე მოსწყდებოდა მხრიდან.

შეეცადა, ჭრილობებით ამწვარი, გავარვარებული და დასისხლიანებული ფეხები


მიეშველებინა, მაგრამ გოლიათმა ცხოველმა არ მისცა შენაცვლების საშუალება. მისი
ნერვიული ნახტომები უფრო გიჟური გახდა. ასუფი გრძნობდა, რომ ამ ხტომებში
ყველა კიდური დაემტვრა და დაეფლითა... რაღაც მომენტში ყვირილით ითხოვა
შველა. ყვირილის ექო მთებში ჯინთა წიოკივით გახმიანდა. ამაზე მეტის ატანა უკვე
აღარ შეეძლო. ცხოველი სიგიჟის აპოთეოზში იყო. რამე ხერხი უნდა იხმაროს!..
ხერხი!.. მოთმინება და ხერხი!.. მამა ეუბნებოდა, რომ ცხოვრება მხოლოდ მოთმინებასა
და ხერხზე იდგა. ომიც მხოლოდმოთმინებითა და ხერხით მოიგებოდა. ცხოვრება ომია
და ის ახლა ომში ებმებოდა. თუ ცხოველს არ დაღლიდა, ძალას არ გამოაცლიდა,
ვერაფერს მიაღწევდა. ჯიხვი თავისი სასიცოცხლო ძალისა და აქტივობის პიკზე იყო.
ასუფმა კლდეს ხელი უშვა და უგრძნობლობა, შვება და სასოწარკვეთა იგრძნო.
დაწყევლა საკუთარი თავი კლდისთვის ხელის გაშვებისთვის.

დევნა გაგრძელდა. დევნა კი არა, თრევა... თრევა უხეში, ქვიანი ფერდობის წვეტებზე.
კიდურებმა ჭრილობების შეგრძნება დაკარგეს. ცხელი სისხლი, რომელიც ხელ-ფეხსა
და სხეულზე დაედინებოდა, იგრძნო, რომ გაცივდა და სხეულზე მიეყინა. როცა
ტკივილი ზღვარს გადადის, სხეული მის შეგრძნებას კარგავს. კიდურები კვდება.
ტკივილი ტკივილს შთანთქავს. ტკივილი ტკივილს ამსუბუქებს.

ჯიხვმა იწყო მიუვალ კლდეებზე აცოცება. ასუფმა თვალები დახუჭა, რომ უსაშინლესი,
უზარმაზარი ქვები აღარ დაენახა. წამით ფეხზე წამოიმართა, მაგრამ მსხვერპლი
თავისაკენ ეწეოდა... თავისი ჯალათისაკენ... ხტომა-ხტომით მიჰყვა უკან,
დაფლეთილი სხეულით ზურგზე ეცემოდა... მისდევდა სირბილით, ფართო
ნაბიჯებით... ქვებს ეხლებოდა, კლდეებს ეჯახებოდა, სანამ საკუთარი თავი მთის
მწვერვალზე არ აღმოაჩინა. ჯიხვი გაქანდა მწვერვალის საშიშ კიდეზე, პატარა
მანძილი გაირბინა და შემდეგ... ო, ღმერთო!.. რის გაკეთებას აპირებს, რა უნდა, საით
მიმათრევს?!.. უფსკრულისკენ?.. უხილავ ღრმულს გადაახტა ყველაზე საშინელ
ადგილას. გაიგონა, ამ გავეშებულმა ცხოველმა რქები როგორ შეახალა კლდეს. ერთ
წამში, ელვის გაკრთომასავით მოკლე წამში ასუფმა საკუთარი თავი მთის
მწვერვალზე, კლდის შვერილზე ჩამოკიდებული აღმოაჩინა, ფეხებით უძირო
უფსკრულში ჩაკიდებული. არ იცოდა, როდის და როგორ გაუშვა ხელი იმ წყეულ
თოკს... რა ბედისწერამ მიიყვანა ამ შვერილთან!.. თვალუწვდენელი, უძირო
უფსკრულის თავზე კლდის წანაზარდს ჩაჰფრენოდა, სუნთქვაშეკრული იყურებოდა
ქვემოთ ქვესკნელის ფსკერის დანახვის მცდლობაში. სიბნელის გარდა ვერაფერს
ხედავდა. გული უფართხალებდა და ზედიზედ უცემდა, სუნთქვა ისევ გახშირებოდა.
ცდილობდა აეხსნა, რა მოხდა. საშინელ წყურვილს გრძნობდა. ყელი გამომშრალი
ჰქონდა, პირიც – გამომშრალი. კიდურებიდან სისხლი სდიოდა. მზე კვლავ სასტიკად
მწველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაისი იდგა და მზეც ჩასასვლელად
გადახრილიყო. უსაბურავო, შიშველ თავზე აჭერდა, ჩალმა ვადის კორომს
მოეტაცებინა და თავიდან წაეძრო მისთვის

47
თრევის პირველივე წამებში. შეიცადა, სანამ სუნთქვა მოუწესრიგდებოდა. აქეთ-იქით
მიიხედ-მოიხედა, ადგილი შეათვალიერა. ხსნის გზას ეძებდა. შეეცადა, ფეხებით
მწვერვალს მისწვდომოდა, მაგრამ თავზე ქვები დაეყარა. ზეცა უფსკრულში ჩაგდებით
დაემუქრა, თუ მცდელობას კიდევ გაიმეორებდა. ძირს იყურებოდა და ფეხებით
კლდეს ან ღრმულს ეძებდა, რომელსაც შეახტებოდა და ქვესკნელს გადაურჩებოდა.
დაინახა, რომ სიპი კლდე პირდაპირ უკუნ ბნელს დაჰყურებდა. ეჩვენებოდა, რომ
ზეცაში იყო გამოკიდებული. თავს ზემოთ, შვერილს ჩაბღაუჭებული მოცახცახე
ხელები აამოძრავა და მარცხნივ გადაინაცვლა ზედა კლდის მოსასინჯად, მაგრამ
აღმოაჩინა, რომ კლდის შვერილი პიტალო, ციცაბო დაქანებით ბოლოვდებოდა,
რომელზე მოჭიდებაც შეუძლებელი იყო. მარჯვნივ წაიწია ფრთხილი, ნელი
მოძრაობით და მაღლა ატყორცნილ, სიპ ნაპირს გადააწყდა, რომელსაც ასევე ვერ
მოეჭიდებოდა. აღმოაჩინა, რომ ორი მტკაველი მიწის ტყვე იყო... ისე როგორც
საფლავში. ნუთუ ესაა მისი საფლავი?! ესაა, რასაც საფლავს ეძახიან?!.. ნუთუ ეს
დასასრულია?! შეეშინდა და ატირდა. არ აქვითინებულა, მაგრამ ნაკვერჩხალივით
ცხელმა სითხემ, თვალებიდან რომ წამოსკდა, იმწამსვე აუწვა ლოყები. ეს განრისხება
იყო თუ შიში?!.. მარცხის გამო იყო ეს თუ იმიტომ, რომ საკუთარმა სიხარბემ და
აღთქმის გატეხვამ ამ მახეში ამოაყოფინა თავი?!.. აღთქმა, აღთქმა... აღთქმა გაახსენდა.
მამამისიც ხომ იმიტომ მოკვდა, რომ აღთქმა დაარღვია. ნუთუ ისიც მოკვდება?!.. ნუთუ
სიკვდილი ასე ადვილია?! ნუთუ იმ ზღვართან ახლოა, როცა საკმარისია წამიერი
მოსუსტება, ხელის თითების მოდუნება და უფსკრულში დაინთქმება?!.. ნუთუ
ცხოვრება ასეთი

ხანმოკლეა?! რატომ არ გააგებინეს არც მამამ და არც დედამ, რომ სიკვდილი ადვილია,
სიცოცხლე კი – ხანმოკლე და რომ წამიერმა უჭკუობამ შეიძლება უფსკრულის პირას
მიგიყვანოს?! განა უგუნურება არაა ის, რამაც უბიძგა გრძნეულ ჯიხვზე
თავდასასხმელად და მისთვის რქებზე საბელის წამოსაცმელად?!.. და თუ არა, მაშ ეს
წამი რაღას ნიშნავს?! ნუთუ ეს ისაა, რასაც ბედისწერას ეძახიან?!.. მამასა და დედას არ
სწყინდებოდათ ამ სიტყვის გამეორება და თავად კი მისი მნიშვნელობა ამ წამამდე არ
ესმოდა. ბედისწერა, ბედისწერა!.. უხილავი საიდუმლო, რომელიც მოდის შენთან
ჯიხვის სახით, რომელიც უფსკრულის პირას მიგიტყუებს. ხელებს უკვე მისი ზიდვის
ღონე აღარ აქვთ. დაღლილობა მის ძალას აღემატება. სიწყნარესა და უმოძრაობასთან
ერთად ტკივილი დაეწყო. კიდურები უკვნესოდა, სტეხდა და სტკიოდა. ეს
აქლემებთან თავისი ორთაბრძოლებიდან უკვე იცოდა – დაღლილობა და
ქანცგაწყვეტა მხოლოდ მოგვიანებით მოდის. ჭრილობა მტკივნეული მაშინ ხდება,
როცა სისხლი ცივდება. არ შეეძლო, ტკივილს დანებებოდა. ბრძოლა ჯერ არ
დასრულებულიყო. სიწყნარე და უმოძრაობა ჯერ არ დამდგარიყო. ბრძოლა ახლა
უფსკრულის თავზე იყო დაწყებული, შიგ შუაგულ სიწყნარესა და უმოძრაობაში. თუ
ახლა ტკივილს დანებდებოდა, დაღუპული იყო! მაგრამ წყურვილს რა უყოს?!
წყურვილი როგორ აიტანოს ცასა და მიწას შორის გამოკიდებულმა?!.. ყელი
გამომხმარი ჰქონდა, ტუჩები ნერწყვგამომშრალი და დამსკდარი. შეეცადა ნერწყვი
გამოეყო, მაგრამ ვერ შეძლო. ღრმა სიმშრალე ჰქონდა ყელში – სიმშრალე, რომელიც
ყელს გასცდენოდა და კუჭამდე აღწევდა. სხეულის მთელი ტენის ნატამალი მას ამ

48
ბრძოლაში გამოეწურა, ოფლის წვრილ ნაკადულებად გამოსულიყო გარეთ. გამშრალი
ნერწყვი აუცილებლად უნდა დაელბო, აუცილებლად უნდა დაეჭირა წვეთი,
რომელიც სიმშრალისგან დაშაშრულ ყელს დაუსველებდა. მოთენთილი ენა გარეთ
გამოყო და ტუჩებზე დადენილი ცრემლი აილოკა. მლაშე იყო, მაგრამ მარილის გემო
გულის გასკდომაზე უკეთესია, შემდეგ მარჯვენა ხელი მოადუნა და ენით მის ლოკვას
შეუდგა. ლოკავდა სისხლს, რომელიც ხელიდან განუწყვეტლად სდიოდა. სისხლიც
მარილიანი იყო და წებოვანი. მარჯვენა ხელი თავის ადგილას დააბრუნა და კლდის
შვერილს ჩასჭიდა. ახლა მარცხენა გაილოკა. რაღაც დროის განმავლობაში ასე
მორიგეობით ანაცვლებდა ხელებს – მარჯვენას წამით დაასვენებდა, შემდეგ ისევ
კლდის შვერილზე აბრუნებდა და ახლა მარცხენას აძლევდა შვებას.

თვალწინ დაუბორიალებდა ეფემერული ღრუბლის ფთილა – წყურვილისა და


დაქანცულობის წარმოსახვა. მალე ქვესკნელში ჩავარდება. ადრე თუ გვიან ჩავარდება,
მაშ, რაღას ელის?! სანამდე გაძლებს ქვაზე ჩამოკიდებული ღამურასავით?! რას
უცდის?! ვინ დაარწყულებს?! ვინ მოვა ამ ხაფანგიდან მის გადასარჩენად?!.. მოხუცი
დედა ქვაბულს ვერ დატოვებს და მამა მკვდარია. მთელი ქვეყანა კი უდაბნოა. ვინც
უდაბნოში მარტო, თავისუფლად, შეუზღუდავად ცხოვრება ირჩია, ის საქმეს თავად
უნდა გაუმკლავდეს და საკუთართავს თვითონ მიხედოს. ეს ის სიბრძნეა, რომელიც
მან მამის ცხოვრებაში ამოიკითხა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ამ
ცხოვრების ფასი და თავადაც საკუთარი სიცოცხლით გადაიხდის!.. ნუთუ ესაა

თავისუფლება?!.. ნუთუ ხალხისგან სიშორე და განმარტოება დანაშაულია, რომლის


საფასურიც სიკვდილია?!.. ნუთუ მარტოსულობა ურწმუნოება და უფლის
უარყოფაა?!.. თავს რატომ იტანჯავს?! მისი ბედი გადაწყვეტილია!.. სასწაული მას ვერ
იხსნის, რადგან სასწაულს მანამდე მამამისიც არ გადაურჩენია!.. არ არის სასწაულები
უდაბნოში!.. თუ ხაფანგში გაები, მაშ, მარტომ უნდა დაიხსნა მისგან თავი და თუ ეს
ვერ შეძელი, მაშინ ვაჟკაცურად უნდა მიიღო შენი ხვედრი!.. ნუთუ ეს იმას ნიშნავს,
რომ ჩაფრენილი ხელი წამით უნდა უშვას კლდის შვერილს და ამით ყველაფერი
დამთავრდება სამარადისოდ?!.. საკმარისია თითები მოადუნოს ან ხელები აღარ
შეანაცვლოს, შეწყვიტოს ხსნის ძაფზე – კლდის ამ პატარა შვერილზე მათი
მორიგეობით მოჭიდება... და გადაეშვება ძირს, გული მანამდე გაუსკდება, სანამ
ქვესკნელის ფსკერს ჩააღწევს. აღარასოდეს იგრძნობს ტკივილს... იქ ტკივილი არაა,
ტკივილი აქაა, კლდეზე, შვერილზე მობღაუჭებაში, სიცოცხლეში... კლდის შვერილია
სიცოცხლე!.. რა სასტიკია ცხოვრება!..

სადაა გამბედაობა?!.. სადაა კეთილშობილება?!.. სადაა სირცხვილისა და თავის მოჭრის


შიში?!.. სადაა ის რაღაცები, რაებსაც მამამისმა სიცოცხლე შეალია და რის დანერგვასაც
ცდილობდა მის გულში?!.. ეუბნებოდა, რომ მანამდე მიიჩნევდა თავს ცოცხლად, სანამ
ეს პრინციპები იცოცხლებდა მისი ვაჟის გულში. მაშ, მამის უკვდავება მის სიკვდილში
ყოფილა!.. თუმცა ის არ უღალატებს არცერთ პრინციპს, თუ სიცოცხლე უნდა!.. თუ
სიცოცხლის ხელიდან გაშვება ასე ადვილია, მაშ რად გვჩუქნის მას უფალი?!..
სიცოცხლე!.. მარადიული, სევდიანი უდაბნო და

49
ბედნიერად მოხტუნავე თხები, გაფანტული ტანწერწეტა ქურციკები, დედის
ბუტბუტი ქვაბულში ზამთრის ღამეებში – ესაა სიცოცხლე და როგორ გაეყაროს მას,
ჩაფრენილი ხელი როგორ გაშალოს, როგორ დატოვოს ის და ისკუპოს უფსკრულში?!..

საიდუმლო სიტყვა
არ ჩამოვარდება კლდის შვერილიდან!.. თითებს არ მოადუნებს!.. მოთმინება!.. აჰ,
კინაღამ დაივიწყა მამის ანდერძი: „გიანდერძებ მოთმინებას. უდაბნო მოთმინების
გარეშე როგორ იქნება!.. ვისაც ეს წყალობა არ ხვდომია წილად, უდაბნოში ყოფნით ის
ვერასდროს მიიღებს სიამოვნებას! მოთმინება და ხერხი გმართებს! ეს ორია უდაბნოს
საიდუმლო! არავის ძალუძს იწინასწარმეტყველოს, თუ საიდან შეიძლება მოვიდეს
ხსნა – ზეციდან თუ მიწიდან. მნიშვნელოვანია, მოითმინო და იცადო! მოთმინებაა
საიდუმლო სიტყვა“.

საღამო ჩამოდგა და სიბნელე გამეფდა.

ასუფი ბევრჯერ შეეცადა, ნერწყვი გადაეყლაპა, მაგრამ ნერწყვის ნატამალიც აღარ


ჰქონდა. ძალა სრულიად გამოეცალა. ხელების მოძრაობები ნელი და დუნე გაუხდა...
მთელი ძალა ხელებში მოიკრიბა, მთელი თავისი ფარული ძალა და ენერგია,
რომლითაც უდაბნო ამარაგებდა მას წლების მანძილზე და გულში უნერგავდა. კაცის
ძალა მის სხეულში კი არა, მის გულშია!..

ღამის დადგომასთან ერთად გულით იწყო ბრძოლა. გული ამარაგებდა მას


მღვიძარებით, სიფხიზლით. ისიც მილულულ თვალებს ხსნიდა და მკლავების
ჭრილობებიდან მეტ სისხლს

გამოიწოვდა. როცა გამოსაწოვს ვეღარ ნახულობდა, კბილებით ხელებს იგლეჯდა,


რათა იქიდან სისხლი და სისველე გამოესრუტა. წყვდიადი და სიჩუმე უფსკრულზე
უარესი იყო!.. სიწყნარეს აყურადებდა იმის მცდელობაში, იქნებ ჯინთა დიალოგები
გაერჩია. სად იყვნენ კეთილი ჯინები, სხვა დროს, ჩვეულებისამებრ, ხმამაღლა
საუბარი რომ უყვარდათ?!.. რატომ არ მოდიოდნენ ახლა მის გადასარჩენად?! რატომ
არ მოდიოდნენ სულაც მხოლოდ მის გასართობად და ქვესკნელის წყვდიადში
ველური მარტოობის გასაფანტად?!.. სად ხართ, ჰეი, თქვენ, ჯინთა საზოგადოებავ!..
მაგრამ ჯინები არ ეპასუხებოდნენ, არც ბუტბუტებდნენ... არ მოსულან იმ ღამით.

თხებიც გაქცეულან. დაბრუნდებოდნენ ალბათ თავიანთ თავშესაფარში,


გამოქვაბულებში, თუკი მგლებმა არ დაგლიჯეს. საბრალო მოხუცი დედა რას იზამს,
როცა ფარას მარტოს, უმისოდ დაბრუნებულს ნახავს?!.. შიშით მოკვდება. ო, ღმერთო,
თუ თვითონ მოკვდა, დედაც მოკვდება. გააოცა იმან, რომ ამაზე მანამდე არ უფიქრია.
გონება სულ არეული ჰქონდა. გულის ენერგიამ მხოლოდ ახლა დაუწმინდა იგი და
დაანახა, რომ ის სიკვდილზე უფრო სასტიკ და საზარელ მდგომარეობაში
იმყოფებოდა. დედა მარტო რჩებოდა და ერთ დღეს მგლები დაფლეთდნენ. ასუფის
გარეშე ის ვერ გადარჩებოდა და ისიც კიდევ ერთი იქნებოდა, ვინც მარტოობისა და
იზოლაციის ფასს გადაიხდიდა, თავისუფლების ფასს, ხალხისგან მოგვრილი

50
ტკივილისგან თავის გარიდების ფასს. იქით ტკივილი და დამცირებაა, აქეთ –
თავისუფლება და სიკვდილი!

სწორედ ამიტომ ეკამათებოდა დედა ყოველთვის მამას და კიცხავდა მას ხალხთან


თანაცხოვრებაზე უარის თქმის გამო. ხვდებოდა, რომ ეს მოგზაურობა კეთილად არ
დასრულდებოდა. სხვა არაფერი შეეძლო და მხოლოდ ცრემლებითა და ტირილით
აპროტესტებდა ამას. ის ახლა მარტოა და მღვიმეში ტირის. სიკვდილს ელოდება. არა!..
არა!.. ასუფი არ მოკვდება!.. არ დაუშვებს, რომ მოკვდეს!.. ამ მახიდან თავის
დასახსნელად რამე უნდა იღონოს!.. ფეხები აამოძრავა. გულის ძალებით შეეცადა,
ისინი კლდის შვერილისთვის მიეწვდინა. ფეხებს თავზე მაღლა სწევდა, ზევიდან კი
კენჭი და თიხა აცვიოდა. საშიშროება იყო, შვერილი კლდეს მოსწყდომოდა.
იმედგაცრუებულმა ფეხები ძირს დაუშვა. მარჯვენა ხელი მოადუნა და ისიც ჰაერში
ჩამოეკიდა, აქანავდა გაუხეშებული აკაციის ტოტივით.

ღრმად ამოისუნთქა. ჯინები!.. ო, კეთილ ჯინთა თავყრილობავ!.. სადა ხართ?!..


მოთმინება!.. ვისაც ეს წყალობა არ ხვდომია წილად, უდაბნოში მისი ადგილი არაა!..
მაგრამ საიდან მოვა ხსნა, ათასი წელიც რომ ითმინოს ამ სახრჩობელაზე მყოფმა?!..
უფლის უდაბნო ვრცელია, ეს ადგილი არც ქარავანთა სავალი გზაა და არც მწყემსთა
საძოვარი. სასწაულიც რომ მოხდეს და უფალმა მხსნელის გამოგზავნა გადაწყვიტოს,
საიდან მიაგნებს მას ამ უფსკრულს გადაკიდებულ სამალავში?!.. გადარჩენის
არავითარი იმედი არაა. მამის ხმა გაიგონა, ეუბნებოდა: „უნდა მოითმინო, თუნდაც
იმედი გქონდეს დაკარგული. ეს უდაბნოს კანონია“... მოულოდნელად, თავისი ნების
გარეშე, ღრმა სიჩუმე შემაძრწუნებელი ყვირილით გააპო, სასოწარკვეთილი
ღრიალით:

– ააა... ააა... ააააა!..

მთის ღრმა მწვერვალებმა სიჩუმესა და უკუნში გამოძახილი კიდევ უფრო უარესი


ძახილით დაუბრუნეს:

– ააა... ააა... ააააა!..

ექო დიდხანს, დიდხანს ხმიანობდა...

ჯინები არ გამოპასუხებიან. ხოლო კაცთ რაც შეეხება, მას არც დაუყვირია მათგან
დახმარების მიღების იმედით. ადამიანთაგან იქ არავინ იყო, დიდი ხანია, არავინ იყო.
მას მერე, რაც მამამისმა ეს ქვეყანა მათ დაუტოვა და თვითონ უდაბნოს მარადიული,
ღია სივრცისკენ იბრუნა პირი, მათგან არც აღარაფერი უნდოდა გარდა იმისა, რომ
მათი სიავე აერიდებინა თავიდან და მათგან მიყენებული ტკივილისგან თავი დაეცვა.
ნუთუ ეს საზღაურია იმისი, ვისაც ადამიანებთან სასაუბრო ენა დაუკარგავს?!..

მოეშვა. სისუსტემ ზღვარს მიაღწია. გულის ძალა საშველად მოიხმო. მკლავებზე


ჭრილობები ენით აილოკა, აილოკა დამშრალი სისხლის კაპილარები. მოთმინება!..
მოთმინება!.. მოეჩვენა,

რომ თვალთ უბნელდებოდა... თავბრუსხვევა იგრძნო, თავს ბინდმა გადაუარა... თავი


გააქნია, რომ ბინდი გაეფანტა და ყვირილით ითხოვა დახმარება:

51
– ააა... ააა... ააააა!..

მთებმა კვლავ დაუბრუნეს გამოძახილი კიდევ უფრო მეტი ძალით:

– ააა... ააა... ააააა!..

შემდეგ კვლავ სიჩუმე გამეფდა. არა ჩურჩული, არა მოძრაობა, არა ბუტბუტი, არა
ჯინები!.. ჯინთა ნასახი არ იყო მთების წვერებზე. სად იყვნენ ჯინები?!..

თვლემას ებრძოდა და ცდილობდა, დაღლილობის აჩრდილებს მორეოდა.


წარმოსახვები აუბორიალდნენ თვალწინ და აცდუნებდნენ, ცნობიერების კონტროლი
მოედუნებინა. თუ გრძნობა დაკარგა, უფსკრულში გადავარდება. თუ გულის ძალამ
უმტყუნა, ქვესკნელში დაინთქმება! არ უნდა შეწყვიტოს საბრალო მშობელი დედის
ბედზე ფიქრი, რა მოუვა მისი დაღუპვის შემდეგ?!.. თავს რას მოუხერხებს მოხუცი ამ
უდაბნოში?!.. ან წყურვილით მოკვდება, ან შიმშილით, ან მგლები დაფლეთენ. არ
უნდა მოკვდეს!.. უფლება არა აქვს მოკვდეს და დედა

ამ სასტიკი ხვედრის პირისპირ დატოვოს!.. თვითონ დამნაშავეა. აღთქმა დაარღვია და


სასჯელიც დაიმსახურა, მაგრამ დედამ რა დააშავა ისეთი, რომ მისი სიკვდილით ისიც
მოკვდეს?! სად არის სამართლიანობა?!.. სად არის უფალი?!.. როცა შვიდი წლისა
შესრულდა და მამამ გადაწყვიტა, მისთვის ფათიჰას სურა ესწავლებინა, შვილს
ჰკითხა:

– იცი, სადაა უფალი? მან კი თითი ზევით აღაპყრო და უპასუხა:

– ცაში. მამამ ისე გაიცინა, რომ ზურგზე გადაწვა, მერე მკერდზე მიუთითა და უთხრა:

– უფალი აქაა და არა – ზეცაში! – შემდეგ ისე წაიბუტბუტა, თითქოს საკუთარ თავს
ესაუბრებაო:

– გულშია, ჩვენთან, ჩვენში!.. – თავი ასწია და ისეთი უცნაური მზერა მიაპყრო, თითქოს
შორეულ საბრძანებელში მოგზაურობიდან დაბრუნებულაო, დიდი ხნის არყოფნის
შემდეგ და წაიჩურჩულა:

– თუ გკითხავენ, საკმარისია უპასუხო, რომ გულშია. არ შეგეშალოს, გულში!..

ასუფი მაშინ ვერ მიუხვდა ნათქვამს. როგორ შეიძლება დიდი, დიადი, ყოვლისშემძლე
ღმერთი პატარა გულში იყოს, ამ მკერდის გალიაში გამომწყვდეული?! და აი, ახლა,
კლდის წვერზე გამოკიდებული, გრძნობდა, რომ ცხონებული მამამისი მართალი იყო.
გული რომ არა, გასაძლებ ძალას საიდან მიიღებდა?!.. რომ არა გულის იდუმალი ძალა,
რომ არა უფალი გულში, დიდი ხნის ჩავარდნილი იქნებოდა უკუნეთ ქვესკნელში,
ქვემოდან ფეხებით რომ ეწეოდა თავისკენ.

ღამის მეორე ნახევარში მოეჩვენა, რომ ჩასთვლიმა. ჩასთვლიმა ჩამოკიდებულს. გააოცა


იმან, თუ როგორ არ ჩავარდა. ალბათ ილუზია იყო და თვლემა არ მორევია.
ტკივილები განუახლდა, უფრო სასტიკი, ვიდრე მანამდე. აღარ შეეძლო ასე
გაგრძელება, აღარ შეეძლო ამის ატანა. არანაირი იმედი. არავითარი იმედი. სადაა
გულის ძალა?!.. სადაა ღმერთი?!.. ცოტა ხანიც და ჩავარდება. ხელების გატოკების
ძალაც კი დაკარგა. უკვე აღარ შეეძლო მათი მორიგეობით შენაცვლება კლდის

52
შვერილზე მოსაბღაუჭებლად. მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. საკუთარი თავისა და
დედამისის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგა. დედას ბედისწერით ტანჯვა
სწერებია! ალბათ დიდხანს ეწამება, სანამ მოკვდება. ყველაზე ცუდი კი ამ ამბავში ის
იყო, რომ დედა ალბათ ძალიან გაწამდებოდა სიკვდილამდე. სასიკვდილო ყვირილი
აღმოხდა – სასიკვდილო აგონიაში მყოფის მოგუდული ხრიალი. მარჯვენა მუჭმა
გაშვება და მოდუნება

იწყო... მალე ყველაფერი დამთავრდება... დამთავრდება ტკივილი და წყურვილი...


გაქრება მარტოსული დედის ხვედრის საზარელი, ტრაგიკული განცდა. ყველაფერი
გაუჩინარდება. აღარ იქნება მარადიული უდაბნო. მეტად ვეღარ ნახავს ქურციკებს.
ვეღარც მოცეკვავე მირაჟს გაადევნებს თვალს ჰორიზონტზე. რა სისასტიკეა, რომ აღარ
იქნება უდაბნო!.. უდაბნოსთან განშორებას როგორ აიტანს?! ყველაზე საშინელი რამ
დედის წამების შემდეგ ისაა, რომ ვეღარ შეხედავს, მარადიული უდაბნო როგორ
უჩინარდება უფლის ყოვლისმომცველ კოსმიურ სივრცეში. თავს ზემოთ ნაბიჯები
გაიგონა. ნუთუ ეს სიკვდილის ილუზიათაგანია?!.. სასიკვდილო აგონიაში მყოფი იმას
ხედავს, რასაც სხვა ადამიანები ვერ ხედავენ და ის ესმის, რაც ხალხის სმენას არ
ეყურება. ნელი, ფრთხილი ნაბიჯები განმეორდა. ფეხის ხმამ გზაზე ქვები დააგორა.
ნუთუ ეს დასაშვებია?! ნუთუ სასწაულის მოხდენა შესაძლებელია?! შეუძლებელია!..
მომაკვდავის წარმოსახვებია!.. ზედ მის პირდაპირ, ჰორიზონტი ნაზმა სინათლის
ზოლმა – განთიადის შუქმა გააპო. ცოტა ხნით სიჩუმე გაგრძელდა. მიაყურადა და
დიდი ალბათობით, წარმოსახვითი ნაბიჯების ხმა გაიგონა. ილუზიაც რომ
ყოფილიყო, გულში იმედს უნერგავდა. თვალები გაახილა. არ დაიჯერა. რაღაც უხეში
შეეხო ცხოვრების შვერილზე ბღაუჭით გახევებულ მის ხელის თითებს. ნუთუ ეს
თოკია?!.. თავს ძალა დაატანა და მკვდარი თითები გაშალა. იმ რაღაცას ჩააფრინდა.
თოკი იყო, უხეში, ბოჭკოვანი თოკი. არ სჯეროდა. ორივე ხელით მოეჭიდა. ზედ
დაეკიდა. მორჩა, აღარასოდეს აღარ გაუშვებს! მასზე იქნება ჩაბღაუჭებული, თუნდაც
ხელები ცეცხლით დაუშანთონ! თოკმა გასწია და წაათრია. მისი თავი

უკვე ზემოთ, მწვერვალზე აღმოჩნდა. ბინდბუნდში არაფერი ირჩეოდა. რაღაც სხეული


მოძრაობდა მის წინ და ძლიერად მიათრევდა. ნუთუ ეს ჯინები არიან?!.. სხეული
განაგრძობდა მოძრაობას. უფსკრულის პირიდან მიათრევდა ასუფს. მკერდით კლდის
შვერილს ეხებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ყველა იმ მთას, რომელიც მკერდზე
ეწვა, ერთბაშად უკან დაეხია და ქვესკნელის ველურ, საზიზღარ უკუნ წყვდიადში
შთანთქმულიყო. გადარჩა!.. გადარჩა!.. ჯინი, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა, ჯერ
ისევ მიაბიჯებდა ქვებით მოფენილ ღია სივრცეში ნელა, წყნარად და მდუმარედ.
ასუფი შეეცადა, განთიადის ბინდბუნდში გაერჩია და ამოეცნო იგი. თვალები
რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა, სანამ ამ ამტან აჩრდილს მიაშტერდებოდა.
დაინახა მისი ნაკვთები... ო, ღმერთო!.. ეს... ჯიხვი იყო!..

იგივე ჯიხვი!.. მისი მსხვერპლი და მისი ჯალათი!.. ამ ორიდან რომელია მსხვერპლი


და რომელი – ჯალათი?!.. მათგან რომელია ადამიანი და რომელი – ცხოველი?!..

შემდეგ უზარმაზარმა ჯიხვმა სვლა შეწყვიტა. ასუფმა დაინახა, როგორ ასწია


ზღაპრული რქებით დაგვირგვინებული უზარმაზარი თავი და რიჟრაჟის მაუწყებელი
მკრთალი, სუსტი, ნათელი ზოლისკენ იბრუნა პირი, იმ სუსტი ციაგისკენ, რომელშიც

53
მუდამ არის დავანებული სიცოცხლის საიდუმლო... და უცაბედად... ბინდბუნდში,
ღვთიური ელვის მრუმე შუქზე, დიადი, ამტანი ჯიხვის თვალებში მამამისი დაინახა,
მამის სევდიანი, კეთილი თვალები,

რომელთაც ვერ გაეგოთ, რატომ აყენებს ტკივილს ადამიანი თავის მოძმე ადამიანს...
მამა, რომელიც უდაბნოში გაიჭრა და ხალხთან დაბრუნებას მთებში მარტო სიკვდილი
არჩია... ის თვალები, რომლებმაც მძიმე და მკაცრი თავისუფლება აირჩიეს, ისე რომ არ
იცოდნენ, რატომ...

იმ თავის სამყოფელ, წვეტიანი ქვებით მოფენილ ადგილას ასუფმა მოგუდული ხმით


ისე იყვირა, თითქოს უფალს შეჰღაღადებსო:

– შენ მამაჩემი ხარ!.. გიცანი!.. მოიცადე, მინდა გითხრა... – და გონება დაკარგა.

54
ხვლიკი
გონს მოსაღამოვებულს მოვიდა. მზემ კარგად გამოწვა და გონწახდილობისგან
გამოაფხიზლა. უდაბნოს მზე მკვდრებსაც კი გააღვიძებს! დილის მწველი სხივების
მიუხედავად, მნათობი ახლა ღრუბელსა და ბინდში ჩაძირულიყო. საგნები ასუფის
თვალში ისეთ ბურუსში გახვეულიყო, როგორც მტვრის ქარიშხლისას. ნუთუ ქარია?!..
წყურვილი გაახსენდა. წყურვილმა ყველაფერი გადაფარა. განძრევას შეეცადა და
ტკივილები განუახლდა. განუზომლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ კიდურები
აემოძრავებინა და გახოხებულიყო. მწვერვალის მიპირდაპირედ გაცოცდა.
ცდილობდა, უფსკრულს გარიდებოდა. გრძნობდა, რომც დაბრმავებულიყო, ადგილი
არ აერეოდა – ამ ადგილს ცხოვრებაში ვერ დაივიწყებდა! გული გააფრთხილებდა,
თვალახვეულსაც რომ ევლო! გული რომ არა, უფსკრულს ვერ გადაურჩებოდა!

შესაფერი ადგილი იპოვა და დაშვება იწყო, თან კლდეებს იშველიებდა. ფეხი აუცდა
და საკმაოდ გრძელ მანძილზე იგორა. მოეჩვენა, რომ ეს გორვა აღარ დამთავრდებოდა...
ქვებმა ხელ-ფეხი გადაუტყავა, მაგრამ მკვდარი კიდურები უკვე აღარ სტკიოდა.
დაქანებულ ფერდობს მინებდა, სანამ არ აღმოაჩინა, რომ ვადის ბუჩქებს გამოსდებოდა
და მოსჭიდებოდა. თვალების გახელასა

და თავისი ბარგის მოძებნას შეეცადა, მაგრამ გამჭვირვალე ნისლის საბურველი


თვალებზე უფრო და უფრო გასქელდა... ქვეყანას სიბნელე გადაეფარა. გონება
კიდევ ერთხელ დაკარგა.

არ იცოდა, მზემ კიდევ როდის გამოაფხიზლა.

ხელი გაიწვდინა, უდაბნოს ხის გამხმარი ფოთლები მოსხიპა. ვადის გაყოლებაზე


გაცოცდა. მოთმინებას მოუხმო. რომ არა მოთმინება, უფსკრულში დაინთქმებოდა!..
კიდევ ერთი გმირული მცდელობა!.. დარჩენილი ძალები მოიკრიბა, უკანასკნელი
ძალები გულიდან და სწრაფად გახოხდა ვადის გაყოლებაზე.

ეს განწირული ხოხვა იყო... ბოლო გაფართხალება!.. სიკვდილ-სიცოცხლის


გაბრძოლება სასიკვდილო აგონიაში მყოფი ადამიანის დაჟინებით – სიცოცხლის
ბოლო, ღრმა სუნთქვა მოეკრიბა, თუნდაც რომ თავი სხეულიდან უკვე მოცილებული
ჰქონოდა!.. თხა ჰაერს იკრებს და კარგა ხანს კიდევ სუნთქავს დაკვლის შემდეგ, როცა
მისი თავი სხეულს მოცილებულია!.. ყელგამოჭრილი ჯიხვი კი უთავოდ წამოვარდება
ფეხზე და გრძელ მანძილს გარბის ღია უდაბნოში, სანამ საბოლოოდ დანებდება და
უფალს მიანდობს თავის საქმეს. ხვლიკი!.. ხვლიკის

საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. დილით რომ დაკლავ და საღამოს ცეცხლში ისვრი
შესაწვავად, აუცილებლად უნდა ამოხტეს ჯოჯოხეთის ალიდან და ღია უდაბნოში
გაიქცეს.

არის რაღაც სხვა ცხოვრება – სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. არის რაღაც მესამე
განზომილება – არც არყოფნა და არც ყოფნა. ის ახლა ამ მესამე განზომილებაში იყო.
გველივით მიცოცავდა ვადის გადასაკვეთად, თვალებზე ლიბრგადაკრული...

55
ვერაფერს ხედავდა... ვერაფერს აღიქვამდა... წყლის წვეთებს ეძებდა, გუშინ რომ
დატოვა ხეობის ძირში, სანამ ბრძოლა დაიწყებოდა.

მოცახცახე ხელის ცეცებით მოსინჯა მათარაზე შემოხვეული ბრეზენტის ნაგლეჯი...


დაეწაფა... და დაეძინა. ღამით მოვიდა გონს. ეს მეორე ღამე დამდგარიყო, რაც ის
მოხუც დედასთან არ იყო.

56
ტრანსფორმაცია
„დაეხეტებოდა უღრან, ხშირ ტყეებში, მთათა
ნაპრალებში, როგორც ჯიხვი, რომლისთვისაც
მწუხარებასა და ნაღველს ქანცი წაერთმია.
სურდა, ხელიდან დასხლტომოდა იმას,
რაც ბედისწერის დაფაზე ჰქონდა
დაწერილი, მაგრამ ბედისწერის
წინასწარგანჩინებანი კვლავ თავს
დასტრიალებდნენ მარადჟამს“. სოფოკლე,
„ოიდიპოს მეფე“

მას შემდეგ ხორცი შესძულდა... ყოველგვარი ხორცი. ეს ცვლილება პირველად ციკნის


სიკვდილისას შენიშნა, როცა ნახა, რომ მღვიმის შესასვლელში დედა ქვაბში კერძს
ხარშავდა. თვითონ საძოვრიდან ბრუნდებოდა, როცა შორ მანძილზე სუნი ცხვირში
ეცა. თავბრუსხვევა და გულისრევა იგრძნო. სანამ შინ მიაღწევდა, რამდენჯერმე
წამოაზიდა ღია უდაბნოში და მშიერი ნაწლავებიდან ყველაფერი ამოიღო.

ხორცის მიმართ ზიზღი დასჩემდა. აკვირვებდა, თუ როგორ შეეძლო ოდესმე


ხორციანი კერძი გაესინჯა?! როგორ შეეძლო ღვთის ქმნილებას, სხვა ქმნილების
ხორცი ეჭამა?! რა განსხვავებაა ადამიანისა და ცხოველის ხორცს შორის! – ვისაც
შეუძლია ჯიხვის ხორცის ჭამა, მას ადამიანის ხორცის ჭამაც შეუძლია!.. მამამისი
ჯიხვში ჩასახლდა, ჯიხვი კი – მასში. ის, ცხონებული მამა და დიადი ჯიხვი ახლა
ერთნი არიან და მათ ვეღარაფერი განყოფს და გააცალკევებს!

დედა შეშფოთდა და თქვა, რომ ეს ჯინთა მოწყობილი საქმე იყო. ურჩია, გრძნეულთა
ამულეტებისთვის მიემართა. გაბრაზებულმა დაამუნათა:

– ბოლოს და ბოლოს, იყავი კაცი! დაელაპარაკე ქარავნების ვაჭრებს ქანოდან ან


ტიმბუქტუდან მცველი თილისმა ჩამოგიტანონ.

ასუფი არ დაჰყვა დედის თხოვნას და არ დალაპარაკებია ვაჭრებს მცველ თილისმაზე,


რადგან არ ეშინოდა ჯინების და არც ჯიხვისგან თავის დაცვა სურდა. ვინ იცავს თავს
საკუთარი თავისგან?! მას დედისთვის ტრანსფორმაციის საიდუმლო არ გაუმხელია.

სხეულის მოგზაურობა
ამ ტრანსფორმაციაზე ოაზისებში მცხოვრებლებმა ლეგენდები შეთხზეს.

უდაბნოს გვალვამ განდევნა იგი და აიძულა, ოაზისებში ჩასულიყო, პირველად თავის


ცხოვრებაში, გამოეცადა ოაზისებში მცხოვრებთა ხვედრი. მისი ჰაჯი[69] ღათში
კაპიტან ბორდელოს ექსპედიციას დაემთხვა, ოაზისების ახალგაზრდებს რომ
ატყვევებდა და წაასხამდა მარზუკში, იქ კი სამხედრო ბანაკში ამწყვდევდა, რომელიც
მას ადგილობრივი მოსახლეობის ვაჟების საწვრთნელად მოემზადებინა – ეთიოპიაში
ლაშქრობისათვის მათ აღსაჭურვად.

57
გვალვამდე უდაბნოს ხეობები ზეცამ დასაჯა და წყალდიდოებებით დატბორა. წყალი
მოულოდნელად მოვარდა და ისე წალეკა მოხუცი დედა მღვიმიდან, რომ მისი
ნაშთები ასუფმა აბრაჰოჰში ნახა სამი დღის შემდეგ. ქვებს დაეგლიჯა მისი სხეულის
ორგანოები ამ ხანგრძლივ მგზავრობაში. თავი დაჭეჭყილი ჰქონდა, თმა –
გადამძვრალი. მოკლე, ჭაღარა თმის ღერები პატარა თავიდან ხეებს სრულად
გადაეცალათ მისთვის. თავის ქალაზე მხოლოდ გრძელი ბეწვებიღა დარჩენოდა აქა-იქ,
ალაგ-ალაგ, მეჩხერად, ზემოდან გადაგლესილი თიხის ფენით. მარჯვენა თვალი
ამოვარდნოდა – ამ ველური მოგზაურობისას იგი ქვებს ამოეთხარა. მისი ფოსო ღიად
ჰქონდა დარჩენილი. პირი დაღებული ჰქონდა. მეორე თვალის კაკალი უელავდა და
ცას

იყო მიშტერებული. თავთან ერთად იპოვა კისრის ნაწილი, ზემოდან თიხის ფენით
დაფარული. თიხა სისხლს შეხმობოდა. სხვა კიდურებს რაც შეეხება, ხელ-ფეხი და
სხეულის დანარჩენი ნაწილი დანაწევრებული და გაბნეული ნახა მთელი ვადის
გასწვრივ სამი დღის სიარულის განმავლობაში – დაქუცმაცებული, ჭრილობებით
დასერილი, თითქოს დანით აუკუწავთო. მარჯვენა ხელს კვლავ აკაციის ეკლები
ეჭირა, მანამდე რომ ჩაებღუჯა, სანამ სხეულს მოსწყდებოდა. მკლავის რამდენიმე
ნაწილიდან ძვალი ელავდა. ბასრ, უხეშ ქვებს მკლავის რბილობიდან ხორცი
ამოეჯიჯგნა. ასუფი შეეცადა, გიჟურად ჩაბღუჯული ეკალი ხელიდან მოეშორებინა,
მაგრამ ვერ შეძლო. გახრწნილი, დაშლილი ხორცი ჩამოცვივდა, მაგრამ თითების
ძვლები კვლავ ჯიუტად ხის ეკლებს ჩაბღაუჭებოდა. მოხუცი ხეს მაშინ უნდა
მოსჭიდებოდა, როცა ღვარცოფმა მისი სხეული ააბურთავა, მაგრამ გადარეულმა
ნიაღვარმა სუნთქვისა და სიცოცხლის დაუოკებელ სურვილს აჯობა – სხეული
მოსწყდა მკლავს, რომელიც ხსნის ეკლებს დარჩა ჩაჭიდებული. ეს სწორედ ის
მდგომარეობა იყო – მესამე განზომილება სიკვდილსა და სიცოცხლეს, ყოფნასა და
არყოფნას, ზეცასა და მიწას შორის, რომელიც ასუფს დაკლულ ცხოველებში ენახა და
რომელიც თავადვე გამოიარა იმ დღეს, როცა ვადიში მიხოხავდა წვეთი წყლის
საძებნელად... სიკვდილ-სიცოცხლეს შორის მანძილია, საიდანაც ან დაბრუნდება
ღვთის ქმნილება ცხოვრებაში, ან გადაკვეთს ამ მანძილს სიკვდილისკენ და წავა
არყოფნასა და წყვდიადში.

გრძელ, ფართო ვადიში დედის სხეულის მეტი ნაწილი აღარ უპოვია.

რამდენჯერაც სხეულის ნაგლეჯს ნახავდა, იმდენჯერ თავის აბგაში უკრავდა თავს,


ავიდოდა შემაღლებულ ბორცვზე, გაუთხრიდა სამარეს და დამარხავდა იქ, სანამ
წამებულ დედამისს გრძელი ვადის ბორცვებზე ხუთი საფლავი არ დაუგროვდა
ერთმანეთისგან მოშორებით; მათზე დადგმული ქვები კი გზის მაჩვენებელ ნიშნებს
ჰგავდნენ, უხილავი დამნაშავის სისასტიკეს რომ გმობდნენ.

58
ორი უკიდურესობა
წყალი მოვარდა და კვლავ მოულოდნელად დაეცა მათ თავს თავისივე მარადიული
იარაღით – მუხანათობით!..

არაფერი მიანიშნებდა მასზე – ცა დილიდან მოწმენდილი იყო და უღრუბლო. ამან


ასუფი წაახალისა, ადრიანად გაეყვანა თხები საძოვარზე. ღამითაც არ დაუნახავს ელვა
ცაზე, არც ქუხილის შორეული ხმა გაუგონია, თუმცა თადრართი და მთელი აქასუსის
მთაგრეხილი[70] ისეთი წვიმის მოწმე გახდა იმ ღამით, მრავალი წლის მანძილზე
მასზე უფრო დიდი და წყალუხვი თავსხმა რომ არ ყოფილა!.. ჩვეულებრივ, ხევებს
ნიაღვარი ორიოდე დღის გასვლის შემდეგ მიასკდება ხოლმე. წყალმოვარდნამ
მოულოდნელად უწია დედას, მოსაღამოვებულს, ასუფის საძოვრებზე ყოფნისას.

უდაბნოში ადამიანს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობა კლავს – ან


ნიაღვარი, ან წყურვილი!..

დედის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე კვირა ასუფმა მაღლობებზე გაატარა


დარჩენილ თხებთან ერთად, სანამ მოვარდნილი ღვარცოფის ნაკადი შეწყდებოდა და
გამომშრალი ხევები შეიწოვდნენ წყალს.

ათასწლეულობით დაგროვილი წყურვილი მიწას ეხმარებოდა, წყლის მოვარდნილ


მდინარეს გამკლავებოდა, აშრობა დაეწყო და მალე დამსკდარიყო კიდეც, რადგან მეტ
წყალს ითხოვდა.

იმ წელიწადს ხეობები, ველები და მთების განაპირა მხარეები ტყეებით,


მცენარეულობითა და ბალახით შეიმოსა. ასუფი ისეთ ხეებს ნახულობდა, სხვა დროს
რომ არ ენახა. ისეთი ბალახეული გასინჯა, მანამდე რომ არ ეგემა. გაოცებული იყო –
მაინც სად ინახავდა და მალავდა უდაბნო ამ მცენარეთა თესლს?!.. საკმარისი იყო,
წვიმებს ედინა და ნიაღვრები მოსულიყო, რომ მკაცრი, მწყურვალი, დამშრალი და
მოწყენილი მიწა ათასი ჯიშის მცენარეულობით გადამწვანებულიყო! მცენარეები
სწრაფად იზრდებოდნენ. უფერული, გადამხმარი ხეები სულ რამდენიმე დღეში
მწვანდებოდნენ. თითქოს არყოფნაში, ქვიშის ნაკეცებში, ყრუ კლდეებში გაბნეული
თესლი ამ წუთს უცდიდაო, მოუთმენლად ელოდაო ზეცის მიწასთან შეყრას და
როგორც კი ეს შეხვედრა შედგებოდა, თესლი არყოფნაში შეიკრიბებოდა, ერთი კარგად
ამოისუნთქავდა, მიწას გამოარღვევდა, ქვას გახეთქავდა და თავს წამოყოფდა მზისა და
სიცოცხლის ძიებაში.

ასუფს მოსწონდა, შეჩერებულიყო, დახრილიყო და ისე დაკვირვებოდა პაწაწინა


ფოთლებს,

რომლებსაც თიხის ფენა ამოეხეთქათ, არყოფნიდან ამოეყოთ თავი – სიცოცხლის


ძალას ებიძგებინა მათთვის! სიბნელის საბურველი ჩამოეხიათ, რათა დამტკბარიყვნენ
კოსმოსითა და უდაბნოს ვრცელი, გაშლილი სივრცით. წყალმა ისევე მიანიჭა უდაბნოს
სიცოცხლე, როგორც მის მოხუც დედას უწყალობა სიკვდილი!..

როგორც ყოველთვის ხდება, წამლეკავ ნიაღვარს აუცილებლად მოსდევს გვალვა და ის


გვალვა დიდხანს, ოთხ წელზე მეტხანს გაგრძელდა. პირველი ორი წელი უხვი

59
ნიაღვრებიდან დარჩენილი მცენარეულობით ცხოვრობდა, მაგრამ სამხრეთის ქარის
ტალღებმა, მესამე წელს რომ შემოუბერა უდაბნოს, შთანთქა და მოსრა დარჩენილი
ხეები და შეისრუტა ბოლო იმედი ხევების მცენარეებით ცხოვრებისა.

მესამე წელს დაიწყო ფარის განადგურება. რაც კი კარგ წელს ჰყავდა მოშენებული –
ციკანი, თხა – ერთიანად გაუწყვიტა ასუფს სამხრეთის ქარმა. ხევები, რომლებმაც
მოიწყინეს და დასევდიანდნენ, სულ გადაყვითლა, გადაჭკნა. თხები საკვებს ვერ
პოულობდნენ და თავიანთ გამხმარ კურკლს ეძებდნენ კლდეებს შორის,
წყალდიდობის წლებში დანატოვარს და იმას ჭამდნენ.

ასუფი კლდეზე იჯდა, ჭის თავზე და თხებს წყალს უსხამდა, რომ დაელიათ, თან მათ
სხეულებს

აკვირდებოდა – გამხდრებს, გამოფიტულებს, მომჩვარულებსა და გაზანტებულებს.


სადღა იყო ის სიუხეშე, თხებს რომ გამოარჩევს?! სად იყო თავნებობა, სიცოცხლის
ნაპერწკალი?!.. ან ციკნებისთვის ჩვეული მოუსვენრობა და დაუდგრომლობა?!.. სადღა
იყვნენ ძლიერი ერკემლები, სატრფოსთვის ერთმანეთთან შერკინებასა და რქებით
შეტაკებაზე რომ არ ამბობდნენ უარს?! სად იყო მოელვარე, შავი თვალებიდან
გამომკრთალი მათი ცქვიტი გამოხედვა?!

ეს ყველაფერი გამქრალიყო, რადგან თხები ვეღარ პოულობდნენ კურკლის


ნამცეცებსაც კი, საიდანაც იმ საოცარი წლის ბალახთა სურნელი ქროდა. ქარავანთა
ვაჭრებმაც შეწყვიტეს თხებში საქონლის გადაცვლა. ერთხელ წავიდა და ღია
უდაბნოში სამი სული თხა დააბა შემაღლებულ ადგილას, თვითონ მოშორებით
გაჩერდა ქანოსკენ მიმავალი ქარავნის ჩამოვლის მოლოდინში. ჩამოვიდნენ ვაჭრები,
დიდხანს ათვალიერეს საქონელი, გასინჯეს თხები, ერთმანეთში ილაპარაკეს და მერე
ისე წავიდნენ, არაფერი დაუტოვებიათ. თხები დატოვეს. მისი საქონელი
გადასაცვლელად აღარ ვარგოდა! ახლა რაღა ქნას?! როგორ იცხოვროს ფინიკისა და
ქერის გარეშე?!

მაგრამ წინ უფრო უარესი განსაცდელი ელოდა – მისმა ფარამ კვდომა იწყო. ერთ
დილას გარიჟრაჟზე გაიღვიძა და ნახა, დედალი თხა მომკვდარიყო ღამით, შემდეგ მას
კიდევ ორი დედალი თხა მიჰყვა, შემდეგ – ვაცი, ციკანი... და ასე წაეწყო გვამები.
შფოთვა გაუძლიერდა. დაიწყო სერიოზულად ფიქრი ოაზისებში ჩასვლაზე.

იოლი როდი იქნებოდა მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ არ ენახა,


სიკვდილი ნელ-ნელა ახლოს როგორ უცოცდებოდა.

ხევი სავსე იყო თხების გვამებით, ის კი მხოლოდ მაყურებლად რჩებოდა – არც


განძრეულა, რომ დაეკლა მაინც! უფსკრულის ამბის შემდეგ ხორცს აღარ ჭამდა. ღამით
მგლების ჩხუბის ხმაზე იღვიძებდა, ლეშების გამო რომ გაემართათ. დილით მიწას
წააყრიდა ხოლმე მუცელგამოფატრულ, გახრწნილ გვამებს, საიდანაც მგლებს
ნაწლავები გამოეჭამათ და მატლებს კი შავი, ლამაზი, სევდიანი თვალები.

მაგრამ ქვაბულები არ დაუტოვებია და აქასუსის მოშორებულ მთიანეთში არ წასულა,


სანამ უკანასკნელი თხაც არ მოუკვდა. ამით ბოლო ძაფიც გაწყდა, მასაქ სატფათთან
რომ აკავშირებდა.

60
ცეცხლზე დასხმული ნავთი
ასუფი კაპიტან ბორდელოს კაცებმა ოაზისში შესვლისთანავე დააპატიმრეს, როცა
ალჰადადას ბაზარში კედლის ძირას იჯდა და გრძელი მოგზაურობის შემდეგ სულს
ითქვამდა. ხელებზე ბორკილი დაადეს და შემაღლებულზე მდებარე იტალიური
გარნიზონისკენ წაიყვანეს. იქ, გარნიზონის შიგნით, ახალგაზრდების ჯგუფი ნახა,
ასევე დაპატიმრებულები, რომლებმაც მის მისვლაზე სიცილი ატეხეს და დამცინავი
ფრაზებით გადაულაპარაკეს ერთმანეთს, შემდეგ კითხვები დააყარეს. როდესაც
შეიტყვეს, რომ გვალვით გადამწვარი, შორეული მასაქ სატფათიდან პირველად
ჩამოვიდა ღათში, ერთმა მათგანმა ნერვიულად გაიცინა და თქვა: „ამას ჰქვია ცეცხლზე
ნავთის დასხმა“. ყველამ ერთად გადაიხარხარა. მეორე დღეს ცხვრებივით წაასხეს
გრძელ რიგად დამწკრივებულები, წაიყვანეს ავაინათის მიმართულებით,
მარზუკისკენ გზაზე. იქ მათ შეშლილი კაპიტანი ელოდა გასაწვრთნელად და მათი
მეშვეობით თავისი გმირული ოცნების ასახდენად – აღმოსავლეთიდან აქლემების
კავალერიით ეთიოპიის დასალაშქრად.

იქ, გზად, სანამ ავაინათს მიაღწევდნენ, ისეთი რამ მოხდა, რასაც მაცხოვრებლები მერე
ერთმანეთს გადასცემდნენ და ლეგენდებიც კი შეთხზეს ამაზე. მათ ეს იმ
დატყვევებულმა

ახალგაზრდებმა უამბეს, უთხრეს, რომ ცხოვრებაში პირველად სასწაული იხილეს –


ნახეს, ადამიანი როგორ დასხლტა თოკიდან და ჯიხვად იქცა, რომელიც მთებისკენ
გავარდა. კლდეებზე ქარის სისწრაფით მიხტოდა, ყურადღებას არ აქცევდა ტყვიების
წვიმას, ყოველი მხრიდან რომ სეტყვასავით წამოვიდა. გინახავთ ადამიანი ჯიხვად
ქცეულიყოს?! გინახავთ ფეხით მორბენალი ადამიანი იტალიელთა ტყვიებს
გადარჩენოდეს და მთების წყვდიადისთვის შეეფარებინოს თავი?!

ოაზისებში ექსტაზში ჩავარდნილი ბრძენი სუფიები თავებს აქნევდნენ, ცეცხლში


კეთილსურნელოვან გუნდრუკს ყრიდნენ და ერთხმად ირწმუნებოდნენ, ეგ უფლის
რჩეულთაგანი იქნებოდაო.

საღამოს პატარა მეჩეთში ზიქრის[71] წრე მოაწყვეს, სადაც განთიადამდე


ბზრიალებდნენ უფლის რჩეულის პატივსაცემად და ბედკრულ ადამიანურ
ქმნილებაში ღვთაებრივი არსის ჩასახლების სიხარულით.

ეს იყო ასუფისა და ოაზისების მცხოვრებთა პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. ის


მასაქ მალათისკენ გაეშურა, სადაც მისი აქლემები ბალახობდნენ. იქ უფალმა მას ის
კარი გაუღო, რომელსაც მხოლოდ თავის რჩეულთ უხსნის ხოლმე – ქვემო ხევებზე
გადავლილმა ღრუბელმა

მოწვიმა და მოასველა ველები. ქვიშიან უდაბნოში თავის აქლემებთან ერთად მანამდე


დარჩა, სანამ რამდენიმე თვეში ზეცას მთიან უდაბნოზე გული არ მოულბა, მაშინ კი
დაბრუნდა მუთხანდუშის მღვიმეებში.

ნუთუ სუფი დერვიშები თავიანთ ხილვებში უფლის რჩეულობასა და ღვთაებრივი


სულის ჩასახლებაზე დაფარულს კითხულობდნენ?!
61
ვედრება
კაენმა დაიჟინა, რომ ასუფი მათ ორს თან უნდა გაჰყოლოდა ჯიხვის მოსაძებნად
მეზობელ მთებში. ჩაისვა ის თავისა და მასუდის შუაში. მასუდმა მანქანის მართვა
ითავა. შუბლზე მომსკდარ ოფლს იწმენდდა და უდაბნოს ისეთი უშვერი სიტყვებით
ლანძღავდა, ასუფს მანამდე რომ არ გაეგო. პირველად იყო, კაცისგან წარმოთქმულ
უხამს გამოთქმებს რომ ისმენდა. ვერ ხვდებოდა, ასეთი რა დააშავა უდაბნომ, ეს
ლანძღვა რომ დაიმსახურა. მანქანა გაემართა ჰორიზონტს შერწყმული ველის
გადასაკვეთად.

ასუფი სულ მეორედ იჯდა მანქანაში – პირველად ჭაღარა იტალიელ ექსპერტთან


ერთად, რომელმაც ის გვერდით მოისვა თავის გადახდილ მანქანაში და აინესისის
ხეობის მღვიმეთა ჩვენება სთხოვა. იმ კაცმა ხეობის მთები სულ ქვა-ქვა გადაჩხრიკა და
ზოგიერთი ქვაბულის წინ ქვის ნიშნები დააწყო. ამ სანიშნე ქვებს თეთრი, წებოვანი
სითხე შეასხურა სხვა დანარჩენი ქვებისგან გამოსარჩევად, შემდეგ მასთან ერთად
მუთხანდუშში დაბრუნდა, მისცა მას კონსერვები, თეთრი პურის კვერი, ერთი შეკვრა
ბისკვიტი, გაუცინა და თავის გადახდილ მანქანაში ჩაჯდა; აღმოსავლეთით,
აბრაჰოჰისკენ აიღო გეზი. სახეგახსნილი, კეთილი ქრისტიანი იყო. მუთხანდუშში რომ
ბრუნდებოდნენ, გზაზე მათ წყვილი ჯიხვი გადაეყარა – მამრი და

მდედრი. ნელი სირბილით მთისკენ მიემართებოდნენ. მდედრი ჯიხვი მაკედ იყო და


მამრი იძულებული იყო, მისთვის ფეხი აეწყო ამ ნელ, მძიმედ სირბილში. იმ
ქრისტიანს უკანა დასაჯდომზე ტყვიით დატენილი შაშხანა ედო. ხელი უკან
გადაიწოდა და თან თვალს არ აშორებდა წყვილს, რომელიც მკაცრ კლდეებს შორის
გადაადგილდებოდა. ასუფმა დაიჯერა, რომ ის შაშხანას სწვდებოდა და ჯიხვებს
ცეცხლს გაუხსნიდა. შუბლზე ოფლმა დაასხა. გაურკვეველმა ძრწოლამ აიტანა, მაგრამ
ქრისტიანი ბინოკლს დასწვდა და თვალებთან მიიტანა. მისი ლინზებიდან იქამდე
აკვირდებოდა ჯიხვებს, სანამ ისინი მთის მწვერვალთა ჩრდილებში არ გაუჩინარდნენ.

გაახსენდა, კაპიტან ბორდელოს შენაერთმა ღათში როგორ მიიღო და საკუთარ თავს


უთხრა, რომ ის ქრისტიანი ამ ქრისტიანებს არ ჰგავდა.

ნეტავ, ეს იმიტომ თქვა, რომ იმ ქრისტიანმა ჯიხვები არ დახოცა, თუ იმიტომ, რომ მან
საჩუქრები და კონსერვები მისცა?!... არა!.. არა!.. იმიტომ თქვა, რომ წინათგრძნობამ
შთააგონა – იმ ჭაღარა ხნიერ კაცს უყვარდა უდაბნო. ასუფმა ეს დაინახა მის თვალებში,
მის დამოკიდებულებაში მოხატულ ქვებთან. დაინახა, როგორ უცახცახებდა თითები,
როცა ძველი ხალხის ხელით მოხატულ მღვიმეების კედლებს ეხებოდა. იმ მომენტში
მისი თვალებიდან იდუმალი ელვა გადმოდიოდა. ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებდა და
მტვერსა და თიხას სწმენდდა

ყრუ კლდეებზე ამოკვეთილ სახეებს, სანამ გამოსახულება მთლიანად არ


გამოჩნდებოდა. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხევდა და ნახატს ისე შეათვალიერებდა
ხოლმე. ხან ტუჩებს ღიმილი გაუპობდა და ხანაც თვალებში სევდის ჩრდილი
ჩაუდგებოდა. ზოგჯერ დიდხანს იყო გაჩერებული ქვის სურათის წინ
გულხელდაკრეფილი, თავს ხან მარჯვნივ გადახრიდა და ხან – მარცხნივ. თვალებში
62
მლოცველი მუსლიმის მოწიწება ედგა; გაურკვევლად ბუტბუტებდა რაღაცას და
მიმართავდა ვიღაც უხილავ თანამგზავრებს, ტაშს შემოჰკრავდა, დერვიშივით ჰაერში
ხტოდა, რაღაცას ეუბნებოდა მას გაუგებარ ენაზე... საკუთარი თავი საერთოდ
დავიწყებოდა. როცა არყოფნიდან ისევ ამქვეყნად დაბრუნდა, მობოდიშებით შეჰღიმა
ასუფს, მხრებზე ხელი წამოარტყა, თითქოს უნდოდა, დაემშვიდებინა და
დაერწმუნებინა, ჯერ არ გავგიჟებულვარო.

ველი დამთავრდა და მასაქ სატფათი დაიწყო, – აღნიშნა თავისთვის ასუფმა.


მარადიული მზის ცეცხლით გადამწვარ-გადაბუგული უზარმაზარი შავი კლდეებით
დაფარული ზეგნები გადაიშალა გარშემო. დასრულდა ადამიანთა მიმართ
მწყალობელი, მოსწორებულ-გადაჭიმული ქვიშიანი უდაბნოს აუმღვრეველი
სიმშვიდე. დაიწყო ბრაზიანი, მთიანი უდაბნოს დაბრკოლებები და წინაღობები. ამ
მკაცრი შტრიხებით ეგებება ეს უდაბნო მის მოპირდაპირედ მდებარე, ქვიშიანი
უდაბნოდან მოსულ მოგზაურებს. თითქოს მემკვიდრეობით მიუღიაო სიძულვილი
და ქიშპი იმ უხსოვარი დროიდან, როცა ამ ორ უდაბნოს შორის განუწყვეტელი,

სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობდა, თვით ზეციური ღვთაებებიც რომ ვერ


აცხრობდნენ – ვერც მორიგებით ამთავრებდნენ ამ მტრობას და ვერც მის ცეცხლს
ანავლებდნენ. აი, ის სიძულვილით უცქერდა ახლა მისი მოწინააღმდეგე უდაბნოდან
მოსულ მნახველებს. მანქანა ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდა და ზედიზედ ჰაერში
აფრინდებოდა ხოლმე. მასუდი იძულებული გახდა, სიჩქარე მინიმუმამდე
შეენელებინა. უზარმაზარი კლდეები მანევრირებასა და პატარა ხევების
შემოსავლელად მიხვევ-მოხვევას აიძულებდა. მძღოლი მათ დაკვირვებით ადევნებდა
თვალყურს, რადგან სიურპრიზებსა და ღრმულებში ჩავარდნას უფრთხოდა.

ასუფი ორივეს აფრთხილებდა მთიანი უდაბნოს მოულოდნელობებსა და მის


სისაძაგლეზე, რომ ზოგჯერ მიწა მოსწორებული და გადაჭიმული გეჩვენება, სანამ
უეცრად უფსკრულს არ გადაეყრები!.. ხეობები მიწას ნაპრალებივით აპობს, მაგრამ
მათ შემაშინებელი სიღრმე აქვთ! ასუფი რამდენჯერაც გააფრთხილებდა მათ
მიმალულ ღრმულსა თუ ხეობაზე, კაენი იმდენჯერ შესძახებდა: „განა არ გითხარი,
ჯინი ხარ-მეთქი?! ვის შეუძლია ამ ხაფანგების დანახვა, თუ არა ჯინებს?! შენ რომ არა,
რომელიმე ხევის ფსკერზე ვიწვებოდით დიდი ხანია!“

მზე თავისი საბრძანებელი ტახტიდან გადაგორდა და მარცხის კვალი შეეტყო, რადგან


მოტეხილი იყო დაისის მოახლოებით. ჩასვლის ჟამს მზე ყოველთვის მჭმუნვარე და
სევდიანი ჩანს. ალბათ იმიტომ, რომ უდაბნოს ეთხოვება თავისი ყოველდღიური,
მარადი სამყოფლისკენ

მიმავალი. დილაობით მის სახეზე ასეთი შტრიხები როდი შეიმჩნევა! დილით ის


მკაცრად გამოიყურება, იქადის, ცოცხალ არსებებს მკაცრი სასჯელითა და წამებით
ემუქრება!

ღრმა ხეობისკენ მიმავალი მანქანა ფერდობზე დაეშვა. მთელი მგზავრობის


განმავლობაში ასუფი ლოცულობდა, ფათიჰას კითხულობდა, უფალს შესთხოვდა,
ჯიხვი არ გამოსულიყო მათ გზაზე. ხეობას მიაღწიეს თუ არა, კაენმა მძღოლს მანქანის

63
გაჩერება უბრძანა, გადმოვიდა და დაიწყო ჯიხვის კვალის გაფაციცებით ძებნა.
უთხრა:

– განა ეს ჯიხვის კვალი არაა?!

ასუფი მის კვალდაკვალ გადმოვიდა მანქანიდან. ენის ბორძიკით უპასუხა:

– არა მგონია. ეს თხის კვალი უნდა იყოს.

კაენი ეჭვით მიაშტერდა და ჰკითხა:

– თხის კვალი?!.. ნუთუ ეს თხის კვალია?!..

ასუფისთვის თვალი არ მოუშორებია. მის მზერაში ბრაზი და შეფარული მუქარა


იკითხებოდა,

შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა ფარის კვალზე და ისევ გაიმეორა: „თხის კვალი?!..
ნუთუ ეს თხის კვალია?!..“

იმ წუთას მოხდა ის, რასაც ასუფი მთელი დღის განმავლობაში შიშობდა. კლდის
უკნიდან, ზუსტად მათ პირდაპირ, ჯიხვმა თავი გადმოყო, გაჩერდა და ხეობაში მათ
მოძრაობას ადევნებდა თვალს. ასუფმა პირი სასწრაფოდ სხვა მხარეს წაიღო. უფალს
მადლობა გადაუხადა, რომ კაენმა და მასუდმა უზარმაზარი ცხოველი ვერ შენიშნეს.
თავისი დაბნეულობისა და უხერხულობის დასამალად და მათი ყურადღების
გადასატანად თავი მაღლა აღაპყრო და უფლის სადიდებელი თქვა, ლოცვისთვის
მოემზადა... ნაშუადღევის ლოცვისთვის... იგრძნო, რომ ცხოველი კვლავ მის ზურსგს
უკან იდგა და კლდოვანი ღრმულიდან მათ თვალს ადევნებდა. საბრალო ცხოველმა
მისი სუნი იგრძნო, დამშვიდდა და სტუმრებს მიენდო. ასუფს ჯიხვი მას შემდეგ
შემოეჩვია და მის გვერდით, დიდ ფარაში თავისუფლად იწყო ბალახობა, რაც მან
ხორცის ჭამა შეწყვიტა... უფსკრულის შემთხვევის შემდეგ; მას შემდეგ, რაც მისი
სიკვდილს გადამრჩენელი, დიდებული ჯიხვის თვალებში მამა დაინახა, იმ ჯიხვისა,
რომელიც შეუმჩნევლად მიეპარა, სანამ ის გონებას დაკარგავდა... ჯიხვის რემამ
დაიწყო სიარული მასთან საძოვარზე. თხებს შეერეოდნენ ხოლმე, მათი მამრები ასუფს
მიეგებებოდნენ, მის სამოსს ნესტოებით ყნოსავდნენ, მისჩერებოდნენ თვინიერი,
იდუმალი, ათას ენაზე მეტყველი თვალებით, ხმი სამოუღებლად ესაუბრებოდნენ
ათას ენაზე, შემდეგ მიდიოდნენ კორომში

საბალახოდ. ასუფი თავდაპირველად მუნჯდებოდა და გაოცებისგან ხელ-ფეხი


ერთმეოდა, დროთა განმავლობაში კი მათ შეეჩვია და ეთამაშებოდა, ესაუბრებოდა,
უყვებოდა ათას ამბავს, თავის დარდებს შესჩიოდა – უდაბნოს სიმკაცრეს, ადამიანთა
საზოგადოების მიმართ საკუთარ შიშს... ისინიც თანაუგრძნობდნენ მას ათას ენაზე
მეტყველი თვალებით, ხმის ამოუღებლად ესაუბრებოდნენ ათას ენაზე.

ჯიხვმა ახლაც იცნო ასუფი, უნდოდა, მასთან მისულიყო და მისალმებოდა. თუ


მოვიდოდა, მხეცებს ჩაუვარდებოდა ხელში – იმ ხალხს, რომლებიც მხოლოდ
ქურციკთა და ჯიხვთა ხორცს ჭამენ!.. და მერე, ვაი, შენ!.. გაშორდი აქაურობას!.. ისკუპე
მთის სიღრმეში, მთის სულო!.. დაუბრუნდი შენს დაცულ, მიუვალ, საიდუმლო

64
თავშესაფარს!.. უთხარი შენს ციხესიმაგრეს, დაგმალოს და გაგაქროს, სანამ საშინელი
საფრთხე გადაივლიდეს!

ასუფმა ლოცვა დაამთავრა. კიდევ გაიმეორა გულში მთის მიმართ ფარული მიმართვა,
ეხსნა და დაეფარა თავისი სული, შემდეგ მოტრიალდა. მის უკან ჯიხვი უკვე
გამქრალიყო.

სწორედ იმწუთას კაენი ჯიხვის კურკლისაკენ წაიხარა, ხელისგულზე დაიყარა და


გაბრაზებით თქვა: „მაშ, ესეც თხის კურკლია, არა?!“

65
ნაპოვნი ბავშვი
ხორცთან დაკავშირებული მისი ისტორია ძუძუს წოვის დროიდან დაიწყო.

მამა დანის ჩარტყმით მაშინ მოუკლეს, როცა დედა მასზე ორსულად იყო. დედას
მშობიარობიდან ერთ კვირაში შხამიანი გველის ნაკბენმა მოუღო ბოლო. მისი აღზრდა
დეიდას ერგო მემკვიდრეობით, რომელმაც, ჰამადის უდაბნოში ერთ-ერთი
მგზავრობისას, ერთი ფაკიჰის რჩევით ქურციკის სისხლი დაალევინა. როგორც
ფაკიჰმა უთხრა, ეს ერთადერთი მცველი ამულეტი იყო, უბედური ბედისგან
ახალშობილის განწმენდა და მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების იმ წყევლისგან
დაცვა რომ შეეძლო, რომელიც ბავშვს ჯერ კიდევ დედის მუცლადყოფნიდან სდევდა
თან... მაგრამ დეიდა და მისი ქმარი წყურვილით გარდაიცვალნენ იმ მგზავრობაში.
გამვლელმა ქარავანმა აიყვანა ჩვილი, რომელსაც თავი ქურციკის შიგანში ჰქონდა
შერგული და სისხლსა და განავალს ლოკავდა მის გამოფატრულ მუცელში... როგორც
თქვეს, ბავშვი სწორედ სისხლმა გადაარჩინა და იხსნა იმ უბედური ხვედრისგან,
რომელიც დეიდამისსა და მის ქმარს ხვდა წილად. ქარავნის მეპატრონე ბავშვს არ
აიყვანდა, რომ სცოდნოდა მისი წარსული. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს „პატარა
ანგელოზი“ მისი უბედურების მიზეზი გახდებოდა – ვაჭრობაში ხელი მოეცარა,
უდაბნოს ყაჩაღებმა ხელში ჩაიგდეს მისი ფარა, მეკობრეებმა კი ტიმბუქტუსკენ
მიმავალი მისი ქარავანი გაძარცვეს.

მძარცველები ზედ შუადღისას მოულოდნელად დაესხნენ თავს, როცა ის უსაფრთხო


ოაზისებში შუადღის ძილით თვალს ატყუებდა. კინაღამ ალყაში მოიქციეს, მხოლოდ
ერთ-ერთი თავისი ერთგული თანაშემწის დახმარებით გადარჩა, რომელიც მის
საშველად შემოიჭრა და თავდამსხმელები ძველი ოსმალური შაშხანის ლულიდან
ტყვიების სროლით დააფრთხო. ამ იარაღიდან მანამდე ტყვია არ გასროლილა და არც
არავის ეგონა, ოდესმე ის დღე თუ დადგებოდა, როცა მშვიდობიან მოსახლეთა შორის
მისი დახმარება დასჭირდებოდათ. დიდვაჭარი სასწაულით კი გადაურჩა მტრის
ხრიკებს, მაგრამ მთელი თავისი მოძრავი ქონება დაკარგა, საჰარის გავლით რომ
გადაჰქონდა.

სოვდაგარმა უბედურების საიდუმლო მანამ არ იცოდა, სანამ ერთხელ არ ნახა, თუ


როგორ ჭამდა თავისი აყვანილი შვილი უმ ხორცს თეფშიდან და როგორ მოწვეთავდა
სისხლი მისი კბილებიდან. სწორედ ამის გამო, ქანოში ერთ-ერთი შემდეგი
გამგზავრებისას მან რჩევისთვის მკითხავს მიმართა. გრძნეულმა მოსთხოვა, ბიჭის
თავიდან თმის ბეწვი ან მისი სამოსის ნაკუწი მიეტანა. დიდვაჭარმა ბავშვს მაჯიდან
ტყავის სამაჯური შეხსნა და მკითხავს მიუტანა. უთხრა, რომ ეს საბამი ბავშვს კისერზე
ება. მკითხავმა თავი გადააქნია, შელოცვები წაიკითხა, თვალები ზეცად აღაპყრო,
ტყავის სამაჯური ცეცხლში ისროლა და ჰაუსას ენაზე რაღაცას დიდხანს
გაურკვევლად ბუტბუტებდა. შემდეგ თვალებჩაწითლებულმა წაიბურტყუნა:

– ვინც პატარაობაში ქურციკის სისხლის სმას გადაუჩვევიათ, ის არ გამოსწორდება,


სანამ დიდობაში ადამის ხორცით არ გაძღება! სოვდაგარი, სახელად ადამი, გაოგნდა
და გრძნეულ ზანგს შეუყვირა:

66
– ჩემი ხორცით უნდა გაძღეს?!

მკითხავმაისე უპასუხა, უხერხულობა არ დასტყობია:

– მე გითხარი, ადამის ხორცით-მეთქი, შენი ხორცი მე არ მითქვამს!

სოვდაგარი ჯადოსნის ქოხიდან გაბრაზებული გამოვიდა, ორი დღის შემდეგ კი


ყველაზე განთქმულ მკითხავთან წავიდა. უამბო აყვანილი ბავშვის ისტორია –
დაწყებული თავიდან, უმი ხორცის ჭამით დამთავრებული. მკითხავმა დახანება
ითხოვა. დიდვაჭარი დათქმულ დროს მივიდა და პასუხმა გააოგნა. მკითხავმა
მკაფიოდ, გასაგები ხმით თქვა:

– ო, კაენ!.. ძეო ადამისა!.. ვერ გაძღები ხორცით, ვერ მოიკლავ წყურვილს სისხლით,
სანამ არ შეჭამ ადამის ხორცს და არ დალევ ადამის სისხლს!.. – ეს იდუმალი ფრაზა
სამჯერ გაიმეორა.

ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ მკითხავი დასჯერდა სოვდაგრისთვის დამცავი


ამულეტის დამზადებას, მაგრამ ქანოს ჯადოქართა თილისმებიც კი ვერ იცავს ვერავის
წინასწარგანჩინებული ბედისწერისგან! დიდვაჭარმა ამულეტი ერთ მგზავრობაში
დაკარგა და ბიჭი ისევ სწვდა კბილებით უმ ხორცს. ადამი ტროპიკულ ჯუნგლებში
შორეულ სავაჭრო მოგზაურობაში წავიდა, სადაც ის იამიამის ტომებმა შუბებზე
ააცვეს, დაანაკუწეს და მისი ხორცი უმად ჭამეს. იამიამის ტომები ცნობილნი არიან
თეთრი ხორცის სიყვარულით.

67
კანიბალები
თავისი თანატოლები კაენსაც მეტსახელად იამიამის ძეს ეძახდნენ მას შემდეგ, რაც უმი
ხორცის სიყვარულით გაითქვა სახელი. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მეზობლის ბიჭებთან
წაიჩხუბებდა და ისინი ლანძღავდნენ:

– შე უბედურ დღეზე გაჩენილო! დედობილ-მამობილის ხორცის მჭამელო! ამქვეყნად


ყველა ხორცს შენ შეჭამ, შე იამიამის ძევ, შაიტანო!..

კაენი მათ თავს ესხმოდა და ისინიც გარბოდნენ. ეს კიდევ მათ შესაშინებლად კბილებს
გამოაჩენდა და ისე ააწაკწაკებდა, თითქოს იამიამის ტომის ზანგებს აჯავრებდა.
ბავშვები ტიროდნენ და სახლებში გარბოდნენ შიშით ფერდაკარგულები. კაენი ამას
ხუმრობით აკეთებდა, მაგრამ საკუთარი სახის ნაკვთებისა და გამომეტყველების
დანახვა რომ შესძლებოდა იმ წუთას, ნახავდა, როგორ ჰგავდა იამიამის ტომის
ზანგებს, როცა ისინი ადამიანის ხორცით პირს იტკბარუნებდნენ.

ამ საშინელ ჩვევას დიდობაშიც ვერ გადაეჩვია, როცა განთქმული მონადირე გახდა


წითელი ჰამადის უდაბნოში. მისი უზომო ნდომა ქურციკის ხორცისა იქამდე
მიდიოდა, რომ

შეძრწუნებულს ეღვიძებოდა, თანატოლ მეგობრებსაც აღვიძებდა, რათა სანადიროდ


გაჰყოლოდნენ. მასუდს, რომელიც მას ყველაზე მეტად ემეგობრებოდა და თან
დაჰყვებოდა, უყვარდა იმ კურიოზული ამბის მოყოლა, როცა კაენმა გადაწყვიტა,
ხორცის ჭამისთვის თავი დაენებებინა. მისი გადაწყვეტილებიდან სულ ერთ თვეში
სახის ნაკვთები შეეცვალა, ფერი დაკარგა, სხეულზე ხორცი ჩამოუჭკნა, ყვრიმალები
წინ წამოეწია. თავის ტკივილისა და ეპილეფსიის მაგვარი ნერვული შეტევებისგან
იტანჯებოდა. საშინელი კანკალი აიტანდა ხოლმე, პირზე დუჟი მოსდიოდა, მიწაზე
ეცემოდა და ისე სასტიკად ფართხალებდა, როგორც დაკლული ქათამი. მასუდი
მივარდებოდა ხოლმე და წყალს ასხამდა მოსასულიერებლად, ჭიქით მწვანე ჩაი
მიჰქონდა, რადგან ეგონა, რომ ის თვით ხორცის მიმართ მიდრეკილებასაც კი
კურნავდა, რაკი მავნე ჩვევების მქონე ხალხს ჩაის სმით მკურნალობდნენ. შესაძლოა,
ამას იმიტომაც აკეთებდა, რომ უდაბნოში მხოლოდ ერთი – მწვანე ჩაის მიმართ
მიდრეკილება არსებობს!.. მაგრამ მასუდი მაშინ მიხვდა თავისი გარჯის უნაყოფობას,
როცა ერთ ღამეს მეგობრის ხმამ გამოაღვიძა – გონსგადასული ხმამაღლა ტიროდა:

– არ შემიძლია!.. არ შემიძლია!.. არ შემიძლია!.. ვეღარ მოვითმენ!..

მასუდი გაჰყვა უდაბნოში და მოანადირებინა ქურციკი, რომელიც მან იმ ღამესვე


შეჭამა.

იმ წლებში ჰამადის უდაბნოში სიცოცხლე ჩქეფდა. იქაურობა ქურციკთა რემებით იყო


სავსე. უხვი წვიმები დიდხანს არ შეწყვეტილა. თუ ცა იძუნწებდა და უხვ წყალს არ
გაიმეტებდა ერთ წელს, მომდევნო წელს მაინც ვერ გაძლებდა მიწის გარეშე და ეს
მონატრება გადაარჩენდა ხოლმე მცენარეთა თესლს მოსპობა-გადაგვარებას, იცავდა
უდაბნოს ხეებს გახმობისაგან და ხსნად ევლინებოდა. მინდვრები მწვანედ ბიბინებდა
გაზაფხულზე. უხვად იყო სოკო, ფრინველი, კურდღელი და ქურციკი. ზედა
ველებისთვის თვალი ერთხელ მაინც რომ გადაგევლო, ულამაზეს ქმნილებებს
68
აღმოაჩენდი, ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად რომ ბალახობდნენ. როგორც კი
ადამიანისმოძრაობასა და ხმაურს გაიგონებდნენ, გასაქცევად მოემზადებოდნენ.
ერთიანად, ჯგუფურად რომ ამოძრავდებოდნენ, მინდორიცა და უდაბნოც
ზანზარებდა, თითქოს თავად უდაბნო გაურბოდა ადამიანის თავდასხმასა და
ძალადობას.

სხვა მიზეზიც იყო, იმ დროს ულამაზეს ქმნილებათა მომრავლებას რომ უწყობდა


ხელს – უდაბნოს ნაკრძალში ჯერ არ შესულიყვნენ არც ლენდ როვერის მარკის
მანქანები, არც პატრონებით დატენილი შაშხანები. ეს მხეცური მანქანები ნავთობისა
და წიაღისეული სიმდიდრის მაძიებელ კომპანიებთან ერთად მოვიდნენ აქ. გავიდა
რამდენიმე წელი და ეს ეშმაკისეული იარაღი გამოიგონეს, სპეციალურად ჰამადის
უდაბნოს წასაბილწად და ცხოველთა მშვიდობიანი რემების ამოსაწყვეტად.

ამ იარაღის შემოტანა ყველაზე მშვენიერი საჩუქარი იყო, რაც კაენ ადამმა ამერიკული
სამხედრო ბანაკის ოფიცრისგან მიიღო ღარიანში.[72]

ამ ოფიცერთან ჯერ კიდევ მაშინ დაიჭირა საქმე, როცა იმ ძველი ოსმალური შაშხანით
ნადირობდა, მამობილისგან რომ ერგო მემკვიდრეობით და როცა ბავშვობის მეგობარ
მასუდთან ერთად აქლემებით სერავდა ღია უდაბნოს. გაზაფხულის პირზე
გავიდოდნენ ხოლმე დასავლეთის მთის საზღვარზე მდებარე წყნარი, მიძინებული
დასახლებიდან და მთელი კვირები რჩებოდნენ უდაბნოში. მხოლოდ მაშინ
ბრუნდებოდნენ, როცა საგზლად წაღებული წყალი და საჭმელი გაუთავდებოდათ.
კაენის მადას გადარჩენილი ქურციკის ხორცის გამომშრალი ნაჭრები მოჰქონდათ თან
და სამხედრო ბანაკს მიაკითხავდნენ ხოლმე, რათა ისინი ამ ამერიკელი ოფიცრისთვის
მიეყიდათ ან გაეცვალათ ფქვილის ტომრებში, ჩაიში, შაქარსა და კონსერვებში.

სამწლიანი ნაცნობობისა და ურთიერთობის შემდეგ ამერიკელმა ოფიცერმა კაენს


მანქანის მართვა ასწავლა და ძველი ლენდ როვერის მარკის მანქანა აჩუქა, რათა მას
შესძლებოდა, მშვენიერ ქმნილებებს დასდევნებოდა. კაენს არ შეუთვალიერებია
ქურციკის უზომო სილამაზე ამ საოცარი, ეშმაკისეული მანქანის შეძენამდე, ახლა კი
შეეძლო, ახლოდან შეეთვალიერებინა. მანამდე ქურციკი ორას მეტრზე ახლო მისვლის
საშუალებას არ აძლევდა. ქურციკი ყველაზე

უფრო მგრძნობიარე და ფრთხილი ცხოველია უდაბნოში. ადამიანის სუნს ყველაზე


შორი მანძილიდან გრძნობს. მხოლოდ შემთხვევით თუ შეიძლება მისი დანახვა
რიჟრაჟის ბინდბუნდში ან იმ დღეებში, როცა ჰაერი არ იძვრის და ქარი სრულიად
ჩაცხრება.

ამ გიჟურმა ბორბლებმა შანსი მისცა, თვალი დაეტკბო ულამაზეს ქმნილებათა


თვალიერებით. როცა მასუდი მანქანის მართვას დაეუფლა და ქურციკთა რემას გზას
გადაუჭრიდა ხოლმე, ორივე დიდი გატაცებით არჩევდა კონკრეტულ მსხვერპლს –
კაენი იყო ის, ვინც ირჩევდა, ხოლო მძღოლის ფუნქცია იყო დევნა ჰორიზონტამდე
გადაჭიმულ ღია უდაბნოში, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ქურციკი ჰაერში
მიფრინავდა, ჯოჯოხეთური მანქანა კი მისდევდა და ეწეოდა მას. გვერდით
გაუსწორდებოდა და აი, ეს ის სანატრელი ქურციკი იყო, რომელზეც უდაბნოს ყველა
ბავშვივით გიოცნებია, რომ ხელში დაგეჭირა, ჩამოქნილ ყელზე მოჰფერებოდი,

69
ოქროსფერ ბეწვზე შეხებოდი, ჭკვიან, გონიერ, საწყალ თვალებში ჩაგეხედა, შუბლზე
გეკოცნა და მკერდზე მიგეკრა. მასში ხომ ქალის ხიბლი, ბავშვის უმანკოება, კაცის
სიმტკიცე და რაინდთა კეთილშობილებაა?!. ქალწულის სიმორცხვე, უდაბნოს მძიმე
ცხოვრება, ფრინველის სიმკვირცხლე და უდაბნოს საიდუმლოებაა!..

და აი, ეს ქურციკი, ძალაგამოცლილი, გატეხილი, სხეულზე ოფლდაღვრილი,


ტუჩებზე ქაფმომდგარი, გადარეული მიფრინავდა და თან ძალა აღარ შესწევდა
გაგრძელებისა... მაგრამ

ითმენდა, ითმენდა, ითმენდა გაჭირვებასა და უბედურებას!.. მისი სირბილის მანერა


არცერთი ცხოველისას არ ჰგავდა! ის არ აფარებდა თავს მთიან, უგზო-უკვლო
რაიონებს, როგორც ამას ჯიხვი აკეთებდა. ის არც წრეს არტყამდა რამეს, სირბილისას
კი არ მანევრირებდა გასაცურებლად და მოსატყუებლად, არამედ მისდევდა სწორ
გზას უდაბნოს ღია სივრცეში ღირსეულად, სჯეროდა, რომ სირბილში შეჯიბრის
წესების დარღვევა კეთილშობილებისა და ღირსების საწინააღმდეგო, სამარცხვინო
ქმედება იყო. სიმდაბლესა და ფლიდობას ის გაბედულებასა და გმირობას
ამჯობინებდა. უარს ამბობდა ხრიკსა და ეშმაკობაზე და რაინდთა წესის დაცვას
არჩევდა.

საწყალი უდაბნოს ქურციკი!.. მან ხომ არ იცოდა, რომ მხოლოდ ამ დემონური მანქანის
გამოყენებაც კი უკვე ბუნების ღალატი და მოტყუება იყო!.. კეთილშობილი,
ღირსეული ბრძოლის წესების დარღვევა და ყველაზე მდაბალი ვერაგობის
გამოყენება!..

მაგრამ კაენი ბუნების წესების დარღვევაზე ბევრს როდი ფიქრობდა!.. მას მხოლოდ ის
აღელვებდა, რაც შეიძლება, ბევრი ქურციკი მოენადირებინა, რომ თავისი გაალებული
მადა ჩაეცხრო, შიმშილი მოეკლა და დარჩენილი კი ამერიკული სამხედრო ბაზის
ოფიცრისათვის მიეყიდა.

მიგრაცია
შემდეგ...

შემდეგ ამერიკელმა ჯონ პარკერმა აჩუქა მას სხვა დემონური აპარატი...

პატრონებიანი შაშხანის უდაბნოში შემოსვლასთან ერთად ქურციკთა გადარჩენის


შანსმა ნელ-ნელა იკლო. მათია ჯოგები გადაშენებისა და გაქრობის პირას აღმოჩნდა.
კაენს კარგად ახსოვს სისხლის მდინარეები, ამ იარაღის მოპოვების შემდეგ რომ
დაატრიალა! დაეშვებოდა ხოლმე ქურციკებით სავსე ველზე და იწყებდა მათ
მოცელვას. ცეცხლის ერთი ჯერი ცხოველთა მთელ ჯგუფს აწვენდა ძირს!.. სასხლეტს
ხელახლა დააწვებოდა და ქურციკებს ერთიმეორის მიყოლებით ისე დაყრიდა ძირს,
როგორც ფინიკის პალმის რტოებს აყრევინებს რხევა მას ქარიშხლის შემობერვისას.
ქარიშხალი ნაყოფს ერთბაშად, ერთი დარტყმით აცვენს. ერთ-ერთი ლაშქრობისას
შაშხანის პატრონამ მაკე ქურციკს გაუარა სხეულში, მომცრო ზომის
კურდღლისცოცხას რომ ეფარებოდა თავდასაცავად. საწყალობელი ჩივილი აღმოხდა.
ნაყოფი ჩამოეშალა და თავგამოდებით იწყო პატარა შვილის სხეულიდან სისხლისა და
70
ლორწოს ლოკვა. ქურციკი სისხლისგან იცლებოდა. სისხლისგან იცლებოდა დაჭრილი
მისი პატარაც, რომელიც ტყვიით გახვრეტილი თავის წამოწევას ცდილობდა. როცა
სულ მოეშვა, მოწყდა და დედა

ქურციკი დარწმუნდა, რომ შვილი მკვდარი იყო, თავი მოწმენდილი ცისკენ აღაპყრო
და ტკივილიანი ხმით შეჰყვირა... საზარელი ხმა იყო! კაენი მისკენ შემობრუნდა და
თვალებში მსხვილი ცრემლები დაუნახა. ქურციკმა ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა
მანქანისკენ, შემდეგ დაეცა და მოკვდა. მისი იდუმალი თვალები ტანჯვაზე
მეტყველებდა და სიცარიელეს მიშტერებოდა.

ადრინდელ ლაშქრობებში თუ ბედი გაუღიმებდა, ერთ გასვლაზე მხოლოდ ერთ-ორ


ქურციკს მოინადირებდა. ახლა კი სიტუაცია სრულიად შეიცვალა – ერთ ლაშქრობაში
მთელ ჯოგს აწვენდა ძირს, მხოლოდ ერთი-ორი ქურციკი თუ გადაურჩებოდა, ისიც
თუკი საწყალ ცხოველს ბედი გაუღიმებდა.

დახოცილ ქურციკთა მატებასთან ერთად მისი ხორცის მადა და მოხმარებაც იმატებდა


– ახლა ერთი ქურციკით საუზმობდა, ერთით სადილობდა და ვახშმადაც ერთ ან,
შეიძლება, მეტ ქურციკსაც მიირთმევდა, თუკი ვინმე სტუმარს მასპინძლობდა ან
გამვლელ მწყემსებს, მოგზაურებსა და ქარავნების ვაჭრებს შეიპატიჟებდა. ვერ
წარმოედგინა, რომ ოდესმე, ერთ მშვენიერ დღეს, ქურციკთა რაოდენობა ამ ზომამდე
შემცირდებოდა. ვერ წარმოედგინა, რომ ეს ცხოველი, რომელიც უდაბნოს ავსებდა,
შეიძლებოდა, გადაშენებულიყო. მხოლოდ ამ დროს ახსენდებოდა ხოლმე ის ნაყოფი,
რომელიც დაკლული მდედრი ქურციკის შიგანიდან გამოჰქონდა... კერძოდ კი, ის მისი
მსხვერპლი მაკე ქურციკი ახსენდებოდა, რომელსაც ნაყოფი

მუცელში მოუკლა და იმ საცოდავმა ზეცას შეჰღაღადა... მაგრამ მალევე დაივიწყა ეს


ყველაფერი და ჰამადის უდაბნოს ჩხრეკა განაგრძო გაბნეული, მოხეტიალე
ქურციკების საძებნელად, რომელთაც სამხრეთისკენ დაეხიათ და ჰასავნას[73] მთის
ზეგნებისა და შემაღლებებისთვის შეეფარებინათ თავი.

მოხეტიალე მოგზაურები და ქარავანთა ვაჭრები ამბობდნენ, რომ მათ ნახეს, როგორ


გადაკვეთეს ქურციკებმა საზღვრები თასილისკენ გრძელი, რთულად სავალი გზით,
რომელიც შავი, კლდოვანი ქვების საშინელი ხალიჩით მოფენილ რაიონებზე
გადიოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ იქ ყველგან სისხლის კვალი იყო, რადგან შავი,
ბასრი, უხეში ქვები თავის წილ ნადავლს წეწდა და გლეჯდა – მიგრირებულ
ქურციკთა რემებს ჩლიქებს შეუბრალებლად უტყავებდა.

ჰასავნას მთა ალჟირის უდაბნოსკენ მიგრირებულ ლტოლვილ ქურციკთა


გადასასვლელ ბლოკპოსტად იქცა. დაჭრილი ქურციკები ჰასავნას მიუვალ
მთაგრეხილში თავშესაფარს ნახულობდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად, რომ
განკურნებულნი უკან ჩამოსულიყვნენ და დასდგომოდნენ თავიანთ შორ გზას და
გაეგრძელებინათ სვლა ღრმა სამხრეთისკენ. ძველი მონადირეები ქურციკთა
ზნეჩვეულების ამ საკვირველ ტრანსფორმაციაში, რომლის მსგავსს უდაბნო თავისი
ისტორიის მანძილზე არ მოსწრებია, ზეციურ ნიშანს ხედავდნენ. მათგან ბრძენთ არ
დაუხანებიათ, ყოველი ლოცვის კვალად უფლისთვის მოეხმოთ, დემონი

71
ადამიანისგან საშველად და შეწევნა ეთხოვათ მისთვის ადამის ძის ბოროტებისა და
მისი სიხარბისგან დასაფარად, რამაც მას ეშმაკეული იარაღი გამოაგონებინა,
რომლითაც უმშვენიერეს არსებებს გაწყვეტით ემუქრებოდა, გადარჩენილი
ცხოველები კი აიძულა, ქვეყნის დასალიერში ემიგრირებულიყვნენ არა საძოვრებისა
და საკვების ძიებაში, არამედ თავიანთი არსებობისა და საკუთარი შთამომავლობის
დაღუპვისაგან გადასარჩენად.

ეს მონადირენი ერთმანეთს ხვდებოდნენ უდაბნოს ღია სივრცეში, ერთმანეთს ჩინურ


მწვანე ჩაისთან ესაუბრებოდნენ, უთანაგრძნობდნენ და ამშვიდებდნენ: „ქურციკი
ჯიხვს დაემსგავსა, მთის მწვერვალებს ეპოტინება. ეს უთუოდ სამყაროს აღსასრული
და ბოლო ჟამია!“ – არავის შეუძლია მოვლენათა ახსნა ისე, როგორც უდაბნოს
მცხოვრებთ! უხილავის დაფარულ საიდუმლოთა ამოკითხვაში მათ ვერავინ
შეეჯიბრება! როცა კი შეიკრიბებიან, მხოლოდ ბოლო ჟამის ნიშანთა ახსნას ეძებენ!..

ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს!


„მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან
ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან“.
ფსალმუნი 11: 2 ჩხუბი

მოულოდნელად ატყდა.

წარუმატებელი დასაზვერი მგზავრობიდან რომ დაბრუნდნენ, ასუფმა კაენის


გაუმაძღრობაზე სასხვათაშორისოდ თქვა:

– მომისმენია, მამაჩემი ამბობდა, რომ ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს!

ეს ფრაზა კაენს არ გამოიწვევდა, ლაშქრობიდან ხელმოცარულები რომ არ


დაბრუნებულიყვნენ. ის ბედუინისკენ გაქანდა და ბრაზით იყვირა:

– რისი თქმა გინდა, შე თხის მწყემსო?! ასუფმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და

სულელურად გაიმეორა: – ვთქვი, მამაჩემი ამბობდა-მეთქი, რომ ადამის ძეს

მხოლოდ მიწა გააძღებსო!

დამცინი, შე მავნე ბერიკაცო?!..

ამ დროს მასუდმა ხმამაღლა გადაიხარხარა, მაგრამ მეგობარმა ავი მზერით დაადუმა,


შემდეგ ისევ ასუფს მიუტრიალდა და მისკენ წავიდა. ბედუინი იმ მღვიმის
მიმართულებით გაიქცა, სადაც თხის ფარა აფარებდა თავს. ფართო ნაბიჯებით
მიდიოდა, მაგრამ კაენი დაეწია და გზა გადაუღობა.

– მე შენ გიჩვენებ სეირს, მავნე ბებერო!.. შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ?.. თუ თავს
ისულელებ?!.. თავს ისე მაჩვენებ, თითქოს სადარაჯოზე დგახარ, მაშინ როცა განზრახ
ცდილობ, ჯიხვის ბინადრობის ადგილები დაგვიმალო!.. გგონია, შენი ხრიკი ვერ
ამოვიცანი?!

72
ასუფი აკანკალდა, ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა. კაენი მუშტით დაემუქრა, ცხვირწინ
ისე უტრიალა ხელი, ლამის მის უფერულ ჩალმას შეეხო.

– ჯიხვს არ გვაჩვენებ და მე შენ გიჩვენებ სეირს!.. განანებ!.. ისეთ დღეში ჩაგაგდებ,


შუადღით ვარსკვლავებს დაგანახვებ!.. მე არ ვხუმრობ!

მასუდი მათკენ წავიდა. კაენმა ის ხელით ისე გასწია, მისკენ არც მიუხედავს. ასუფმა
რამდენიმე ნაბიჯით კიდევ დაიხია უკან. ხელებს ისე აფრიალებდა, თითქოს უნდა
გაფრინდესო. შემცბარი იყო.

კაენმა თვალები კიდევ უფრო გადმოკარკლა. პირზე დუჟი მოედინა. სიგიჟე ნელ-ნელა
ემატებოდა. იყვირა:

– მასუდ, თოკი მომიტანე! ორი დღეა, ისე დაგვცინი, როგორც პატარა ბავშვებს!.. ახლა
ჩვენი ჯერია შენზე ვიცინოთ, შე ძაღლიშვილო!

მწყემსმა მოძრაობის უნარი დაკარგა. გრძელ ხელებსაც კი აღარ ატოკებდა. ისევ


გაქვავებული იყო, როცა მასუდმა კანაფის გრძელი თოკი მოიტანა. კაენი კვლავ
საბრალდებო სიას უკითხავდა:

– არ გრცხვენია, ბებერი კაცი რომ იტყუები?!.. ოაზისებში გვითხრეს, რომ შენ


ერთადერთი ხარ, ვინც ჯიხვის საცხოვრისი ადგილები ამ მიდამოებში კარგად იცის.

ასუფმა პირი გააღო, მაგრამ სათქმელი ვერ იპოვა. ისევ ის სასტიკი ფრაზა გაიმეორა
სულელური გულუბრყვილობით:

– ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს! მამაჩემი ასე ამბობდა.

პირველად მას ჯერ კაენი დაესხა თავს და მერე მასუდი მიჰყვა. მათდა გასაოცრად,
ბედუინს წინააღმდეგობა არ გაუწევია. კაენმა უთხრა:

– მე ისე ვერ დამისხლტები ხელიდან, როგორც კაპიტან ბორდელოს ჯარისკაცებს


დაუძვერი! ოაზისების მცხოვრებლებმა მიამბეს შენი ისტორია. მე არ მჯერა, რომ შენ
ჯიხვად გარდაისახე!.. გესმის?!.. მე არ მჯერა, რომ შენ ღვთის რჩეული ხარ!.. – მისი
ხელ-ფეხის გათოკვა მოათავა და დოინჯი შემოირტყა. შავი რევოლვერი გამოუჩნდა.
იყვირა:

– თუ მართლა ღვთის რჩეული ხარ, როგორც ამბობენ, მაშ, აიხსენი თოკები და მთაში
გაიქეცი, როგორც ჯიხვი აკეთებს ამას!.. ჰა... ჰა... ჰა... თუ ჯიხვად გადაიქცევი,
პირველი მე ვიქნები, ვინც შეგჭამს!.. ჰა... ჰა...

მაგრამ ასუფმა ისევ ის ფრაზა გაიმეორა ისე, თითქოს ის შელოცვა ყოფილიყოს,


ჯალათის ძალადობისგან მისი დაცვა რომ შეეძლო:

– ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს!

კაენმა ჭკუა და საღი აზრი დაკარგა. გამოწვევამ დასუსხა და ხელფეხშეკრულ


მსხვერპლს თავს დაესხა. ქვიშიან ვადიში თრევა-თრევით წაათრია მაღალი კლდის
მიმართულებით, რომელზეც ლეგენდარული, უზარმაზარი ჯიხვი წამომართულიყო

73
დიდი ქურუმის გვერდით. დაღლამ ძალა გამოაცალა. შეჩერდა. შუბლზე ოფლი
მკლავით მოიწმინდა და მეგობარს შეუძახა:

– აქ ჩემ საყურებლად მოხვედი?! რატომ არ მეხმარები?!

მასუდი მისკენ გაეშურა და ასუფის კლდესთან მითრევაში დაეხმარა. მარჯვენა ფეხში


ჩაეჭიდა მას. ასუფი შიშისა და თხოვნის გამომხატველი თვალებით მიაჩერდა, მაგრამ
კაცს ამ დახმარების თხოვნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ალბათ, არც შეუმჩნევია.

კაენმა მაღალ კლდეს შემოუარა და უკანა მხრიდან – ველის მხრიდან ავიდა მაღლა,
სადაც ის ებმოდა მღვიმეთა მწკრივს, ვადის სიღრმეში, სამხრეთ-დასავლეთისკენ რომ
გადაჭიმულიყო. მასუდს დაუყვირა: – თოკი მოიტა!.. თოკის ბოლო მესროლე!..

მასუდმა კანაფის თოკი ჰაერში მოიქნია. კაენი შეეცადა დაეჭირა, მაგრამ წონასწორობა
დაკარგა და კინაღამ გადმოვარდა. ბოლო წამს კლდის შვერილს ჩააფრინდა. წამით
მოძრაობა შეწყვიტა. თვალებში სიგიჟე მოემატა. ისე გაიმეორა, თითქოს საკუთარ თავს
ელაპარაკებაო:

– მავნე ბერიკაცო!.. მაჩვენე ერთი შენი კეთილშობილება და ჯიხვის ტყავში


მოკურცხლე მთისკენ!.. სად არის შენი ღირსებები, უფლის რჩეულო?!.. მონათა
მონავ!..

თოკი ძლიერად გაქაჩა ზემოთ. ასუფის სხეული კლდოვან ფილას შეასკდა, რომელმაც
ზურგი გადაუხეხა. ჩუმი კვნესა აღმოხდა. კაენმა კლდის ზედა შვერილზე სახრჩობელა
ჩამოჰკიდა. მასუდი ეხმარებოდა. ბედუინის სხეულს შეკრული ფეხებით ზემოთ
ეწეოდა. ასუფმა ისევ დაიკვნესა. კაენმა ჩამოკიდებული სხეული შეამოწმა. პოზიცია არ
მოეწონა. მეორე მხრიდან ძირს დაუშვა. მანქანისკენ გაიქცა და სხვა თოკით
დაბრუნდა. კლდეზე აძვრა იმავე ჰორიზონტალური მხრიდან, მღვიმეთა მწკრივისკენ
რომ გადიოდა. ახალი თოკი ასუფს მარჯვენა ხელზე მოაბა და ის კლდის მარჯვნივ,
მცირე მანძილზე დაშორებულ შვერილზე დაამაგრა. ჯიბიდან დანა ამოიღო და თოკი
გადაჭრა. კლდიდან ჩამოძვრა, პირველი თოკი დანით გახსნა. ასუფის მარჯვენა ფეხი
ახალი თოკით მარჯვნივ დაამაგრა, მარჯვენა ხელის პარალელურად. მარცხენა ფეხს
დაუბრუნდა, კანაფის თოკის ნასკვი გაამაგრა და მეორე ფეხიდან შორს გასწია,
მოშორებულ შვერილს მიაბა. ხელფეხგაფარჩხული ასუფი ახლა ჯვარზე გაკრული
აღმოჩნდა. მისი სხეული იმ ლეგენდარულ, ღირსებით აღვსილ ჯიხვს ფარავდა, ხოლო
ქურუმის ხელი მის ჩალმაგადამძვრალ თავს ეხებოდა, თითქოს ხელს უსვამსო.

ჩანდა ჭაღარით დაფარული მისი წვერი და მელოტშეპარული თავი. თვალებში


გაოცება ედგა, ქურუმს კი პირბადეში – გაურკვევლობა. ქურუმის მზერაში
იდუმალებამ იმატა. კაენმა მუქარით წარმოთქვა:

– ილაპარაკე!.. აბა, სად ბინადრობს ჯიხვი, შე მონათა მონავ!.. ასუფმა ბავშვური

სიჯიუტით თავისი შელოცვით უპასუხა:

– ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს!

74
აღთქმა
უკანასკნელი ქარავანი გაემგზავრა. დარჩა მხოლოდ ერთი მდედრი ქურციკი, ჰასავნას
მთის გარშემო მობორიალე თავის პირმშოს რომ დასდევნებოდა. დარჩენილი ქურციკი
იმ მცველი თილისმის იმედზე იყო, დედისგან რომ მიეღო მემკვიდრეობად კაცთა
ბოროტებისგან დასაცავად.

განთიადის ბინდბუნდში ჯერ თავის პირმშოსთან ერთად ცისფერი მთების


მეზობლად მდებარე ველებზე ბალახობდა, შემდეგ კლდეებს მიაშურებდა, როგორც კი
დილის ნიავი დაუბერავდა და ჰორიზონტს სინათლის სხივი გააპობდა. მიუვალი
ქვების ჩრდილს შუადღემდე აფარებდა თავს. დიდგულა მზის სხივებით
გადახრუკულ ყრუ კლდოვან ფილებს შორის გადაადგილდებოდა. თავისი პატარის
გასართობად კლდის წვერებზე ისე დახტოდა, როგორც შიშის მომგვრელი ჯიხვი;
ეჯიბრებოდა პატარას სიმკვირცხლეში, თამაშსა და სირბილში, სანამ სხვა ბოლო
ქურციკები წამოეწეოდნენ და შეუერთდებოდნენ მათ ღამის გრძელ სავალ გზაზე.

ბრძენმა დედა ქურციკმა თავისი პატარის თვალებში სიმარტოვე დაინახა და გაებაასა


იმაზე, თუ რამ გააბედვინა, დარჩენილიყო და მიგრირებულ მწკრივებს ჩამორჩენოდა.
სანამ ძლიერი მცველი თილისმის დეტალებზე ეტყოდა რამეს, საჭიროდ ჩათვალა,
შთაგონებით მოეთხრო

მისთვის ჭკუის სასწავლებელი იგავი – ამბავი სამშობლოზე. უთხრა: „ერთ საღამოს,


როცა შემოქმედმა უფალმა სული შექმნა, მას საზღვრები დაუდო და სამ
საპყრობილეში გამოამწყვდია – დროის, ადგილისა და სხეულის! ამოქმედდა წყევლა
და ყველა, ვინც შეეცადა, ამ საზღვრებს მიღმა გასულიყო, დაიღუპა, რადგან
შემოქმედმა წმინდად მიიჩნია დაწესებული და თავის ქმნილებათა ბედისწერად
აქცია. მათი დარღვევა კი უფლის ნების წინააღმდეგ ამბოხი იყო. მოხდა ისე, რომ
ცდუნდა ქურციკი, თავისი დიდი რქების ხიბლში ჩავარდა და ველზე რემას გაერიდა,
გარეთ გავიდა და მთისკენ გაუწია გულმა. ავიდა ყველაზე მაღალ მწვერვალზე...
შემაშინებელ, ცისფერ მწვერვალზე, ღრუბლის ჩალმით თავდამშვენებულზე,
რომელთან მიახლოებას თვით ჯიხვიც კი უფრთხოდა... და რა იყო სასჯელი ამ
გასვლისთვის?!.. უფალმა ის იმით დასაჯა, რომ გარეული მტაცებელი ფრინველი
მოუვლინა, რომლისთვისაც არცერთი მაღალი მწვერვალი არ იყო მიუწვდომელი.
ფრინველმა კლანჭებით მუცელი გაუფატრა და განგმირა. ქურციკის გამოშიგნული
გვამი მთის ფერდობზე დააგორა, უკან, იმავე ველზე დააბრუნა. ვისაც თავისი
ადგილიდან გასვლა სურს, იმას საკუთარი სხეულიდან გასვლა უნდა. ვისაც საკუთარი
სხეულიდან გასვლა სურს, იმას თავისი დროიდან გასვლა უნდა. ვისაც დროიდან
გასვლა სურს, ის უკვდავებაზე აცხადებს პრეტენზიას. ვინც უკვდავებაზე აცხადებს
პრეტენზიას, მას არ სწამს და უმადურია თავისი ბედისწერის, უფლის სასწაულის
წინააღმდეგ მიდის და მას ემეტოქება ღვთაებრიობაში. ვინც შემოქმედს ეჯიბრება
ღვთაებრიობაში, მას პასუხად დაღუპვა ელის. რატომ გავურბივართ ჩვენს ბედისწერას
და რატომ მივდივართ

თასილში?! როგორ ვტოვებთ ჰამადის ველებს, მათი მოულოდნელობებითა და


სიურპრიზებით?!.. მის ყვავილებს, მის ბალახბულახს, უდაბნოს სოკოს, მის ჰაერს და

75
მიგრაციაში მივდივართ ქვიშისგადაღმა, სადაც ქვეწარმავლები დასრიალებენ და
მტაცებელი მხეცები დაძრწიან?!“

აქ მისმა პატარა შვილმა გაბედა შეწინააღმდეგება და უთხრა, რომ მხეცები, რომელთა


მომსწრეც ჰამადა ბოლო წლებში გახდა, სიველურესა და სისასტიკეში ტყის
მტაცებლებს აჭარბებდნენ. დედა თავის დაკვრით დაეთანხმა, შემდეგ ჟესტით
დახანება ანიშნა, სანამ ძლიერი მცველი ამულეტის ისტორიას მოუყვებოდა, დედისგან
რომ ერგო მემკვიდრეობით. უთხრა, რომ ეს უბადლო, შეუდარებელი თილისმა იყო
მთელ უდაბნოში და რომ არცერთ ქურციკს არ ჰქონია უწინ ამისი მსგავსი; რომ არა ეს
თილისმა, მთებში დარჩენას ნამდვილად ვერ გავბედავდიო, როცა დარწმუნებით
ვიცი, რომ წყევლა მიეწევა ყველა მიგრანტს, რადგან ისინი იმ სამი საფუძვლიდან
ერთერთს ეწინააღმდეგებიან, რასაც ცოცხალ არსებათა კანონი ემყარება. მიგრანტს
უცხო მიწაზე სიცოცხლე არ უწერია! ზეციური წყევლა მიეწევა მას, სადაც არ უნდა
დამკვიდრდეს.

უბედურების თმენა ერთადერთი მცველი თილისმაა, რომელიც იცავს ბოროტებისა და


სიმხეცისგან.

„შორეული წარსული წლების ერთ გაზაფხულზე ერთი განთქმული მოხეტიალე


მოგზაური დაბანაკდა გაზაფხულის ბალახით მოფენილ ველზე. დაბალტანიან ხეებს
შორის მუხლებზე დახოხავდა. ოჯახი შემაღლებულზე დატოვა. გავიგონეთ, ბავშვი
ღნაოდა დედის მკლავებში, რომელიც ბარბაცებდა და წაქცევის პირას მყოფი,
უღონობას ებრძოდა. ბრძენმა დედაჩემმა თქვა, რომ ეს წყურვილი იყო. მოგზაური
ოჯახისთვის ვრცელი უდაბნოს დიდგულა მზეს დაეკრა და წყურვილით გამოეფიტა.
ძუძუთა ბავშვმა ხმას აუწია ტირილითა და წუწუნით. დედა არწევდა და ჩუმი
აღუაღუთი ანუგეშებდა. კაცი კვლავ ოთხზე ფოფხვას განაგრძობდა ჩვენი
მიმართულებით. დედაჩემს მივეკარი და ვთხოვე, გავცლოდით იქაურობას. არ ვმალავ,
ძალიან მეშინოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ადამის ძეს ასე ახლოდან, ასეთ
საშინელ მდგომარეობაში ვხედავდი – პირზე ქაფი ედგა, სახე მტვრით დაფარვოდა,
ნაკვთები ჩამოჭკნობოდა, ტუჩები დაშაშროდა. თავის უბედურ სავალ გზაზე ქანცი
გასწყდომოდა, სუნთქვაშეკრული ცდილობდა, ჩამქრალი თვალები როგორმე გაეხილა
და მზერა არ მოეშორებინა ჩვენთვის. მისი შემაშინებელი თვალის კაკლები თითქოს
სიცარიელეში იმზირებოდნენ. საბრალო შეუიარაღებელი იყო. მას რომ იარაღი
ჰქონოდა, იძულებული არ გახდებოდა, ამ ხრიკისთვის მიემართა, რომელსაც არ
წამოვგებივართ და მაშინვე მივუხვდით, როგორც კი ველს მოუახლოვდა. ქურციკების
რემა ინტერესით აკვირდებოდა მას, დიდი ჯოგის ყველა წევრი მონაწილეობდა ამ
სანახაობაში. ყველანი თანაუგრძნობდნენ. დაიწყო გვერდზე გადალაპარაკებები და
ბჭობა, შემდეგ ჯოგის უხუცესი დედალი ქურციკი წინ წამოვიდა და

მოგვმართა ამ სიტყვებით: ღმერთმა თავისი შექმნილი ცოცხალი არსებები


დააჯილდოვა მათთვის სიცოცხლის მინიჭებით; შემდეგ მიზანშეწონილად ჩათვალა
მათი მოთმინების გამოცდა და ისინი უდაბნოში გააჩინა. მან თავისი ერთი საიდუმლო
– არარსებულ წყალში, მეორე საიდუმლო კი სასტიკ მსხვერპლშეწირვაში ჩადო. ვინც
საკუთარ თავს მსხვერპლად გაიღებს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, საიდუმლოს

76
ეზიარება და მარადიულობას შეიძენს. ადამის ძე წყურვილით კვდება და მას სისხლის
გარდა არაფერი გადაარჩენს.

აქ მას შეუბრალებელი სხვა დედალი ქურციკი შეეწინააღმდეგა: ადამის ძე


ბოროტმოქმედი და მკვლელია! განა დაგავიწყდა, დიდო დედავ, იმ საზარელ
სასაკლაოზე ჩვენი ტომის ათობით ქურციკის სისხლი როგორ დაღვარა?! წყეული
სისხლისმსმელის გამო თავი როგორ უნდა გავწიროთ?!

გამხდარმა დიდმა დედამ გაიღიმა და მოთმინებით, სევდიანად მიუგო:


მსხვერპლშეწირვა შევაჭრებას არ იცნობს. იმას ნუ აქცევ ყურადღებას, ვის
პატივსაცემადაც სამსხვერპლო შეიწირება, რადგან მსხვერპლშეწირვა დიად
შემოქმედს ეძღვნება!.. და გარდა ამისა, კეთილ ქურციკთა ტომო, განა ვერ ხედავთ
დედის მკლავებში მწოლიარე იმ ძუძუთა ანგელოზს?! მას ხომ ცოდვა არ ჩაუდენია და
არც იმ სასაკლაოში მიუღია მონაწილეობა!..

მკიცხველმა ქურციკმა შეჰყვირა: ნუ მოგატყუებთ მისი თვინიერი გარეგნობა!


გაიზრდება და ათობით ჩვენს ტომელს გამოსჭრის ყელს.

გაუწყრა მას დიდი დედა ქურციკი და გამოაცხადა, რომ თავად იქნებოდა ის, ვინც
თავს მსხვერპლად შესწირავდა ადამის ძეს.

გაისმა ხმამაღალი საპროტესტო შეძახილები. ხმაური გაძლიერდა. საცოდავი


ადამიანისკენ გავიხედე და დავინახე, დაღლილობას ძალა გამოეცალა, თავი ქვიშაში
წაერგო და ხელებიც შიგ ღრმად დაემალა.

ამ დროს დავინახე, დედაჩემმა ისკუპა, ბრძენ მოხუც ქურციკს გვერდით ამოუდგა და


ყველას გასაგონად შეჰყვირა: არ მივცემთ უფლებას დიდ დედას თავი მსხვერპლად
გაიღოს და დავკარგოთ წარმმართველი და წინამძღოლი, რომელიც გვაყენებდა და
გვაყენებს სწორ გზაზე![74] ამის გარდა, ის გამხდარია, გალეული, მასში სისხლის
წვეთიც კი არ არის. შეხედეთ, კეთილ ქურციკთა საზოგადოებავ! განა ამ სხეულში
არის სისხლი?!.. მოიძევება ამ სხეულში წვეთი სისხლი, რომელიც გადაარჩენს
ოჯახს?!.. ვფიქრობ, პატივსაცემი დედა დამეთანხმება და მომცემს ნებას, მის ნაცვლად
მე გავწირო თავი.

გაისმა მოწონების ხმამაღალი შეძახილები. დიდი დედა მიუტრიალდა დედაჩემს და


უთხრა: არის სხვა საიდუმლოც მსხვერპლშეწირვაში. მსხვერპლშეწირვა აღთქმას
უდებს საფუძველს შენსა და ადამის ძის შთამომავლობას შორის – მას ეკრძალება შენი
ქალიშვილის, მისი შვილებისა და შვილთაშვილების სისხლის დაღვრა უკუნითი
უკუნისამდე. ეს არის აღთქმა, მსხვერპლშეწირვის ამულეტი, სისხლისმიერი კავშირი
და წყევლა მიეწევა მას, ვისაც თავში ამ კავშირის დარღვევის მზაკვარი აზრი მოუვა.
არაფერია ამქვეყნად უფრო ძლიერი, ვიდრე სისხლისმიერი კავშირი და არც უფრო
საზარელი დანაშაული არსებობს, ვიდრე ამ კავშირის დარღვევა და ღალატი.

დედა მომიახლოვდა, მაკოცა, კისერზე მომეფერა და ყურში მითხრა: „მე ეს შენთვის


გავაკეთე. დღეიდან ადამიანი აღარ შეგიპყრობს“, შემდეგ წავიდა და თავისით ჩაბარდა
განადგურებულ ადამიანს, რომელსაც სახე მიწაში ჩაერგო კურდღლისცოცხას ხის
ქვეშ. ვერ მივხვდი, რა მოხდა. ჩემი პატარა გონება არ მაძლევდა საშუალებას, აღმექვა

77
მომხდარის სისასტიკე. საფრთხე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა ადამიანის ხელში
მზის სხივებზე მოელვარე დანა დავინახე. რომ იცოდე, ჩემო პატარავ, როგორმა
ტკივილმა დამიფლითა გული იმწუთას! გულში მოწამლული ისრის გარჭობა
ვიგრძენი. შევყვირე და დიდ დედას თავს დავესხი, ჩემი წამოზრდილი რქებით
ვურქინე, ბებერი ჯინი ვუწოდედა დედაჩემის უკან ვისკუპე, რომელსაც იმ მომენტში
მთელი ოჯახი დაესია. ქალი წინ წამოვიდა და მწყურვალი ბავშვი საბრალო

მსხვერპლი დედაჩემის შიგანში შეჩურთა. კაცმა მსუბუქი დარტყმით მომიშორა.


ახლაც არ ვიცი, თუ რატომ არ მაძგერა მეც დანა კისერში?! დავბრუნდი ჯოგში, ავედი
მოპირდაპირე ბორცვზე და ზეცას შევჩივლე ყველა ცოცხალ არსებაზე – ადამიანსა და
ქურციკებზე, დიდ დედაზე... ვთხოვე ყველას შეჩვენება იმ ტკივილის გამო, რომელიც
მომაყენეს, შემდეგ ავტირდი და დღემდე დავხეტიალობ უდაბნოში მარტო.
რამდენჯერაც მსხვერპლად შეწირული დედაჩემი გამახსენდება, მოწამლული ისარი
მესობა გულში. მან ეს ჩემი და შენი გულისთვის გააკეთა, რათა ჩვენი შთამომავლობა
უსაფრთხოდ ცხოვრობდეს ყველა თაობაში. მისმა სისხლმა ჩვენ და ადამის მოდგმა
ძმებად გვაქცია. ჩვენ და ადამის ძე ახლა სისხლისმიერი ძმები ვართ. ეს ის მცველი
თილისმაა, რომელიც სასტიკ ფასად გვაქვს ნაყიდი“.

ბრძენმა ქურციკმა დაამთავრა თავისი ისტორია და ფეხზე წამოდგა. თავი მთის


მწვერვალისკენ ისე მოიღერა, თითქოს მცველ ამულეტს ზეცის გასაგონად
კითხულობსო.

აღმოსავლეთ ველებზე ისევ სიბნელე ჩამოწოლილიყო, მაგრამ დილის სუნთქვას უკვე


დაეწყო ჰორიზონტის ხაზის გაჭრა ცისფერი შუქის ციმციმით. მთის წვერვალი მას
გამჭვირვალე ძაფებს დასესხებოდა და შესდგომოდა თავის გარშემო ცისფერი
თავსაბურავის ქსოვას.

78
ოპიუმი
ჯონ პარკერი, ჰვეილისის ბაზის კაპიტანი, ნაფუსას მთაზე, სტრატეგიულ ადგილას
განლაგებულ ბაზას დაქვემდებარებულ სამხედრო ბანაკში იყო სამუშაოდ
გაგზავნილი. კალიფორნიის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტზე სტუდენტობის დროიდან აღმოსავლეთის ფილოსოფიური
მოძღვრებებით იყო გატაცებული. კითხულობდა ზოროასტრიზმის, ბუდიზმისა და
სუფიურ-ისლამურ ნააზრევს. როდესაც ფლოტში დაიწყო სამსახური და 1957 წელს
ჩრდილო აფრიკაში ჩავიდა, შემთხვევით ისარგებლა და სამსახურიდან თავისუფალი
დრო სუფიური საძმოების შესწავლას მიუძღვნა. როდესაც ტრიპოლში მიმავლები
გზად თუნისში გაჩერდნენ, ის ღვინის დუქანში ღამის გასათევად შესულ კოლეგებს
გამოეყო და არჩია, ზიქრის წრე მოენახულებინა. მიუხედავად ამერიკული ფლოტის
წესდებაში დაბეჯითებული ინსტრუქციებისა რელიგიური თავშეყრისა და საეჭვო
ადგილების მონახულებისგან თავშეკავების შესახებ, საელჩოს თანამშრომელი არაფერ
ცუდს არ ხედავდა იმაში, რომ პარკერის სურვილს დაჰყოლოდა და მასთან ერთად
უფლის ხსენებასა და ექსტაზში წასული აღგზნებული დერვიშების რიტუალს
დასწრებოდა. თავშეყრის ადგილას მათი გაჩერებიდან წუთების შემდეგ მათ
რამდენიმე ახალგაზრდა ექსტრემისტი დაესხა თავს. ქვები დაუშინეს და ისე გააძევეს
წრიდან.

გემზე ჩალურჯებული ადგილებით დაბრუნდა და შემთვრალი კოლეგების დაცინვა


დაიმსახურა. უთხრეს, რომ უცხო ცნობისმოყვარეთა ჩაქოლვით დასჯა ძველი
ტრადიცია იყო აღმოსავლეთში.

პარკერს ყველაზე მეტად ხიბლავდა და აღელვებდა ის აზრი, რომელიც ფრანგ ავტორს


თავის წიგნში: „სუფიზმი ჩრდილო აფრიკაში“ ჰქონდა მოტანილი – მისი მტკიცებით,
არაბულმა მაღრიბმა[75] სუფიზმი ზეციური ფილოსოფიიდან ყოველდღიური
ცხოვრების მიწაზე დაუშვა. ამ ქვეყნებში, არაბული მაშრიკისგან[76] განსხვავებით, ვერ
შეძლებ, განასხვავო ერთმანეთისგან ბრძენი შეიხი და სისულელემდე გულუბრყვილო
დერვიში ან კეთილმსახური ღვთის რჩეული, რადგან ისინი ყველანი მაწანწალა
მათხოვრებს ჰგვანან, ამიტომაც სუფიზმი აქ ეზოთერული ფილოსოფიური
მოძღვრების მსგავსია. ის უფრო ბუდიზმთანაა ახლოს, რამეთუ არავითარი
განსხვავება არაა ზეცაში ღმერთსა და მიწაზე მოხეტიალეს შორის, თუკი თავად
ღმერთს არ ეუხერხულება ამ უბრალო, სულელ კაცში თავის შეფარება.

იმავე წიგნში იპოვა ის ამაღელვებელი ისტორია, რაც გახდა მიზეზი მისი ქურციკის
ხორცის მიმართ დაუოკებელი ლტოლვის გაჩენისა. წიგნის ავტორს მოტანილი ჰქონდა
ერთი მივიწყებული დიდი სუფი მოგზაურის ტექსტი, რომელიც ამბობდა:
„ჭეშმარიტება პირუტყვშია! ქურციკებში უფალმა საიდუმლო დაავანა და არსის
მარცვალი ჩანერგა. ვისაც ამ ქმნილების

ხორცი გაუსინჯავს, საკუთარ თავში უძლურება დაუმარცხებია. გამყოფი საბურველი


ჩამოუგლეჯია და შესაბამის საფეხურზე მდგარისთვის[77], უხილავი ხილული
გამხდარა“. ეს სუფიური გამოთქმა მასში იდუმალ ზარს არ ჩამორეკდა, ბუდისტური
თამამი აზრებით რომ არ ყოფილიყო დაინტერესებული უტყვი არსებების შესახებ.

79
უნივერსიტეტში კაროლინას ის ბუნდოვანი ფრაზა უთხრა, რომელიც ცინის[78]
მოძღვრებას დაესესხა, იმ დროსრომ მას ასე ძლიერ იტაცებდა. ეს ფრაზა კი ასე ჟღერდა
– ადამიანის სწრაფვა ღვთაებრივი საფეხურის მიღწევისა მხოლოდ მაშინ შეიძლება
განხორციელდეს, თუ კაცი ცხოველის მდგომარეობას გაივლის; განმარტოვდება
გაველურებამდე; დამუნჯდება, სანამ მეტყველების უნარს არ დაკარგავს; ბალახის
ჭამაზე გადავა, სანამ საკვების გემოს არ დაივიწყებს. თავად შემოქმედიც უფრო მეტად
ისეთ არსებაში დავანებისკენაა მიდრეკილი, რომელიც ღრმა უდაბნოში ბინადრობს
და უდაბნოს სივრცეშია გამოკეტილი, ისეთ ცხოველებს კი თავს არიდებს, რომლებიც
ადამიანს არიან მიჩვეულნი და უდაბნოს განდეგილობაში ცხოვრებას არ ირჩევენ.

ბევრი მსგავსი სიტყვა უთხრა კაროლინას და მომაკვდინებელი შეცდომაც დაუშვა –


დაავიწყდა გაეფრთხილებინა მისით მოხიბლული გოგო, რომ ამ სიტყვებს
ბუდისტური განმარტებითი ლექსიკონის ტექსტს დაესესხა. შედეგი კი ის იყო, რომ
გოგომ სიგიჟეში დასდო ბრალი და მის სიყვარულზე ხელი აიღო.

ბოდვად წოდებულმა ამ მივიწყებულმა სუფიურმა ტექსტმა დაუნგრია პირველი


ურთიერთობა ქალთან. დასავლეთის მთებში იზოლირებისას მან შემთხვევა
გამოიყენა და საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტა. იმ ლეგენდარული ცხოველის
ხორცის გასინჯვა დააპირა – ეგებ უფალს კარი გაეხსნა მისთვის და შემოქმედის
ხილვით დამტკბარიყო შესაბამის საფეხურზე მდგარი. აოცებდა სუფიების მიერ
ერთხმად მტკიცება იმისა, რომ ცხოველები უფრო ღირსნი იყვნენ უფლის
მფარველობისა და ღვთაებრივი სულის დავანებისა მათში, ვიდრე სხვა დანარჩენი
არსებანი. ამ შეხედულებაში მან ცინის ბუდისტური მოძღვრების ძლიერი საყრდენი
დაინახა, რომელშიც ცხოველი ბევრად მეტი ინტერესითა და ყურადღებით არის
მოსილი, ვიდრე ადამიანი. ისევე როგორც ცხოველთა ერთ სახეობას მეორესთან
შედარებით უპირატესად მიიჩნევენ, მტაცებელ მხეცებს გამორიცხავენ და ღვთიური
წყალობისგან შორს აყენებენ, ხოლო მშვიდობიან ცხოველებს ღვთიურ მფარველობაში
განიხილავენ. ის უცნობი სუფიური ტექსტი კიდევ უფრო შორს წავიდა თავის
მსჯელობებში და იმ იდუმალებით მოცული დაავადებების გრძელი სია ჰქონდა
ჩამოთვლილი, რომლის წამლობა მხოლოდ ქურციკის ხორცით შეიძლებოდა. როგორც
კი მოსახლეობას განუცხადა ქურციკის ხორცის შოვნის სურვილი, მათ მაშინვე კაენ
ადამზე მიუთითეს. უთხრეს: „რომც მოხდეს უბედურება და ქურციკი გაწყდეს
უდაბნოში, მხოლოდ ერთიც რომ იყოს დარჩენილი, იმ ერთსაც უეჭველად კაენი
შეჭამს!“ და უამბეს ლეგენდები მის ავხორცობასა და გაუმაძღრობაზე, ხორცის მიმართ
მის სიყვარულზე. დერვიშმა მას იდუმალი ტონით უთხრა: „ამ არსებას პირში ისეთი
ჭია ჰყავს, საკუთარი თავის

შეჭმას აიძულებს, თუკი საჭმელად ხორცი ვერ იპოვა!“ – ეს მარტოსული შეიხი იყო,
მეჩეთის კედელზე ზურგით მიყრდნობილი იჯდა ხოლმე და ყოველდღე ჩამავალი
მზის სხივებს ეგებებოდა, ხალხში არ გაერეოდა. მოსახლეობაც თავს არიდებდა მას
რელიგიისა და წუთისოფლის შესახებ უცნაური აზრების გამო. მიუხედავად
ტრიპოლის სამხედრო ბაზის გენერლის გაფრთხილებებისა, ადგილობრივ
მოსახლეობასთან შეხვედრებისა და ურთიერთობისგან თავი შეეკავებინა, მან მაინც
ვერ შეძლო ცდუნებასთან გამკლავება და შეიხს გამოელაპარაკა, რომელსაც სხვები
დერვიშობასთან ერთად ერეტიკოსობაში სდებდნენ ბრალს. ჩანდა, რომ ხალხის მისგან

80
თავის არიდების მიზეზი სხვა სუფიური საძმოების შეიხებთან მისი დაპირისპირება
უნდა ყოფილიყო. ერთხელაც მას ზიქრის წრეზე გაჰყვა, სადაც ექსტაზში

ჩავარდნილმა დერვიშებმა სახე და მკერდი ჩამოიხოკეს, ტრანსში გადავარდნილები


დანებს ატრიალებდნენ. თავად ამ შეკრებილი ხალხისგან მოშორებით იდგნენ და
მაშინ დერვიშმა უთხრა:

– შეხედე ამ თიჯანიის საძმოს[79] უღმერთოებს, ეს რა გამოიგონეს!.. სუფიზმსა და


ისლამს როგორ შეურაცხჰყოფენ!.. უკანა გზაზე ჯონ პარკერმა შეიხს მოულოდნელად
ჰკითხა: – თქვენი საძმოს მიხედვით, უფალი ქურციკში თუ ჩასახლდება? შეიხი
დიდხანს დუმდა, შემდეგ ისე თქვა, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო:

– უფალი, მაღალიმც არს იგი, ყველა სულში სახლობს. მისი მხოლოდ ქურციკით
შემოფარგვლა ერესის მაგვარი რამაა. – შემდეგ პარკერს მოუტრიალდა და უთხრა:

– ეს თიჯანიელთა გამოგონილია!

ჯონს წაეკითხა ჩრდილო აფრიკის სუფიურ საძმოთა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო


ბრძოლებზე და სხვა დერვიშებისგანაც იცოდა, რომ ეს დერვიში კადირიის საძმოს[80]
მიმდევარი იყო, ამიტომაც იდევნებოდა. თიჯანიის შეიხები მოსახლეობას მის
წინააღმდეგ ამხედრებდნენ. ჯონ პარკერი იმ საღამოს გაოცებული დარჩა ამ დერვიშის
შეხედულებებით, როცა მან ყველა მიწიერ არსებაში უფლის მყოფობის საკითხზე
საუბარი გააგრძელა:

– ჩვენი განსხვავების საიდუმლო თქვენგან, ქრისტიანთა საზოგადოებისგან, სწორედ


ამაში იმალება. თქვენ ამბობთ, რომ მესია, ქრისტე არის უფალი და მის ღვთაებრივ
დიდებულებას მხოლოდ ერთი არსებით შემოზღუდავთ, მაშინ როცა ჩვენ მას ყველა
ადამიანში ვხედავთ, მეტიც, ყველა არსებაში!.. ჩვენი რწმენა თქვენს რელიგიაზე
სამართლიანია.

ბრძენმა დერვიშმა მას ამცნო ისეთი რამეები, რამაც მას შეხედულება ცხოვრების
სუფიური წესისკენ შეაცვლევინა. რაც უფრო ღრმად ინტერესდებოდა, მით უფრო მეტ
ისეთ ჭეშმარიტებას ნახულობდა, სერიოზულ მოპყრობას რომ იმსახურებდა.

კადირიის საძმოს დერვიშმა ასწავლა ცხოვრების ბევრი საიდუმლო. მას მერე, რაც
კაენთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა და მან ჯონ პარკერის ქურციკის ხორცით
მომარაგება დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ეს დერვიში ტიბეტისა და ჰიმალაის მთებში
მცხოვრები ბუდისტების მსგავსი კაცი იყო – ხორცს საერთოდ არ ჭამდა და ქერის
პურით საზრდოობდა. ამის მიუხედავად, ერთხელ გაკვრით საუბარში ჯიხვი ახსენა.
თავისი იდუმალი კილოთი, რომლითაც ისეთი საიდუმლოს გამხელას აპირებდა
ხოლმე, სხვამ რომ არ იცოდა, უთხრა: „ზეთი ღარიანისა უნდა იყოს, ფინიკი –
ფეზანისა, ხორცი კი... ჯიხვისა!“ – მერე სიცილით დასძინა: „თიჯანიის ერეტიკოსებმა
ის რომ იცოდნენ, უდაბნოს საიდუმლოებებს ქრისტიანს რომ ვუმხელ...
ჩამქოლავდნენ“. – შემდეგ ხანგრძლივი მზერა მიაპყრო და იმავე იდუმალი კილოთი
უთხრა: „მაგრამ ჯიხვი ნამდვილად სულ სხვა რამაა!.. შორეულ წარსულში
გამისინჯავს, როცა ჯერ კიდევ ვჭამდი ხორცს. ღვთაებრივი საიდუმლო ჯიხვშია!“

81
ეს საუბარი მაშინ გაახსენდა, როცა მასთან კაენი მივიდა, უდაბნოში ქურციკის
გადაშენება შეატყობინა და შვეულმფრენი მოსთხოვა ჰასავნას მთის გადასაჩხრეკად.
უთხრა:

– გზააბნეული დედალი ქურციკები შეუნიშნავთ იქ. ჰასავნას მთა ქურციკთა ბოლო


გამაგრებული პუნქტია. ჯონმა უპასუხა:

– მაგრამ შენ იცი, რომ უდაბნოს ვერტმფრენით ჩხრეკა აკრძალულია. ინსტრუქციები


მკაფიოა.

– ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო, შენ ეს ანდაზა არ გაგიგია?

– ჰა... ჰა... ჰა... მაშ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო?!.. მართალია!.. მაგრამ მე ის არ
ვიცი, ვარდი რომელ ჩვენგანს უფრო მეტად უყვარს – მე თუ ამ არსებას, რომელსაც
ჭია უჭამს კბილებს და ერთი დღეც კი არ შეუძლია უხორცოდ გაძლება!..

კაენმა გაიცინა, მაგრამ შეხუმრება გულზე მოხვდა, სახეაწითლებულმა ბრაზი დამალა.


ჯონმა უთხრა:

– ქურციკებს მოვრჩით! დადგა დრო ჯიხვის საქმეს შევუდგეთ!

– ააა... ჯიხვი!.. – კაენი დადუმდა, ჩაი მოწრუპა და მიუგო:

– ჯიხვის მონადირება რთულია. სამხრეთ უდაბნოს მთების წყვდიადს აფარებს თავს.


იქ გამგზავრებას მომზადება სჭირდება. მანქანების მწკრივია საჭირო,
სპეციალისტები... ეს იმ დროს, როცა ჰასავნას მთის გადასაჩხრეკად შენ ვერტმფრენი
დაინანე. ვისაც ვარდი უყვარს, ის მის ეკალსაც უნდა იტანდეს, ჯონ!.. ჯიხვის ეკლები
კი ქურციკის ეკლებზე უფრო მჩხვლეტავია!

– ღმერთმანი, არ ვიცი, ჩვენ შორის რომელი უფრო არიდებს ეკალს თავს. შენ არ გინდა
უდაბნოს ეკლების ატანა. ნაყოფის მოკრეფა გსურს და არ გინდა, მზითა და მტვრით
თავი გაიტანჯო. ქურციკის მონადირება აბრეშუმის ხელთათმანებით მოგინდა,
ხომ?!..
ჰა... ჰა... ჰა... შენ უდაბნო არ გიყვარს! შეიხი ჯალული, რომელსაც თქვენი ქვეყნის
შეიხები დერვიშად აღიარებენ, ამბობს, რომ წყალი სხეულს წმენდს, უდაბნო კი
სულსო. თქვენ შორის მასზე უფრო უდაბნოს ერთგული მე არ მინახავს, მიუხედავად
ამისა, ის უდაბნოს სიკეთით არ სარგებლობს თქვენსავით და არც მის ქურციკებს ჭამს!
შენ, კაენ, იმ ჭაში აფურთხებ, საიდანაც წყალს სვამ! უდაბნომ შენ ვერ გაგწმინდა,
რადგან შენ ის არ გიყვარს. ახლა მანქანების ქარავანს ითხოვ, რომ სამხრეთ უდაბნოში
ჯიხვზე სალაშქროდ უწვალებლად, ციმციმ წაგიყვანონ. გინდა, ისევე გამომძალო,
როგორც გასული წლების განმავლობაში მძალავდი ქურციკებთან დაკავშირებით. შენ
ხარ ეგოისტი, ხარბი, გაუმაძღარი და ზარმაცი!

კაენს ბრაზი არ დასტყობია. სულელურად გაიღიმა და მოთმინებით და


შემრიგებლურად უთხრა:

– თუ მე ქურციკი მოვსპე და გავწყვიტე, ეს მხოლოდ შენი დახმარებით. შენ


მამარაგებდი მანქანებითა და პატრონიანი შაშხანებით. ნადავლის შენს წილსაც

82
მიირთმევდი და შენს წილზე მეტსაც!.. ეს შენ გაწყვიტე ქურციკი უდაბნოში მას
შემდეგ, რაც თავი გამომიჭედე ამ საცოდავი ცხოველის ხორცში ჩამალული
ღვთაებრივი საიდუმლოებების შესახებ ლეგენდებით! შენ უფრო დიდი დამნაშავე
ხარ!.. ქურციკებს შესტრფი, მიაწერ მათ უმწიკვლობას და ამავე დროს, მათ ხორცს
კბილებით გლეჯ აჩემებული საიდუმლოს ძებნაში, რომელიც მხოლოდ შენს
ურწმუნო თავში არსებობს! ირწმუნები, რომ კეთილგანწყობილი ხარ ამ ცხოველის
მიმართ და ამ დროს ჩემზე უფრო გაუმაძღარი ხარ, იმაზე უფრო გაუმაძღარი, ვიდრე
უდაბნოში სახელგანთქმული ჩემი ხორცის მადაა! ჭია, რომელიც შენს კბილებს
ხრავს, ჩემი კბილის ჭიაზე უფრო ავი და დაუნდობელია!

სხვა გზა არ იყო, ჰასავნას მთა უნდა დაელაშქრათ და გაეჩხრიკათ იგი იმ ქურციკების
ძებნაში, რომლებიც, გამვლელების რწმუნებით, იქ დაენახათ. ვერტმფრენით
გაემგზავრნენ საიდუმლო მოგზაურობაში. ეს ამბავი შეიხმა ჯალულიმ შეაჩვენა და
დაწყევლა. მას შემდეგ, რაც შეიხმა ქურციკების სასაკლაოს ამბავი გაიგო, ჯონი
მოიკვეთა და ხელს აღარ უწვდიდა ჩამოსართმევად. აღარც მის მისალმებას
პასუხობდა და შუამავლების მეშვეობით შეჩვენება და წყევლა-კრულვა შეუთვალა.
ჯონი მას ერთ პარასკევს ძველი ბაზრის გალავანთან გადაეყარა. ჯალულიმ თავი
ჩაქინდრა და მისთვის თავის არიდებას შეეცადა, მაგრამ ჯონი წინ გადაეღობა. შეიხმა
ტკივილით წაიჩურჩულა:

– როგორ ამტკიცებ, რომ ქრისტეს რელიგია გწამს, მაშინ როცა მასთან არაფერი გაქვს
საერთო?! შენ მასთან არაფერი გესაქმება და მას – შენთან! – აბაია[81] თავზე
შემოიფარა და ხალხმრავლობაში გაუჩინარდა. ამ მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ
ჯონს იგი აღარ უნახავს. ვერ შეძლო მის თვალებში გამოხატული ტკივილის
დავიწყება იმ მომენტში, როცა იმ მწარე სიტყვებს ეუბნებოდა. მხოლოდ იმწამს
იგრძნო ჯონმა ამ მშვენიერ ქმნილებათა წინაშე თავისი ამაზრზენი დანაშაული,
მაგრამ რა ექნა! ქურციკის ხორცი ოპიუმივით იყო – ვისაც ის გაესინჯა, მისჩვეოდა
და ვინც მას მისჩვეოდა, უმისოდ ჭკუიდან გადადიოდა.

სისხლით ნათესავის ხორცი


მოსაღამოვდა. ჰორიზონტზე მთის მწვერვალი ილანდებოდა, ლურჯ პირბადეში
გამოხვეული, რომლის ქსოვილი შუადღის დადგომასა და მზის გაფიცხებასთან
ერთად გამჭირვალე ხდებოდა და ცისფერში გადადიოდა. ეს ერთადერთი მწვერვალი
იყო უდაბნოში, რომელსაც ზეციური პირბადე ემოსა.

უდაბნოს ადრიანი გარიჟრაჟი შემოაქსოვდა ხოლმე მწვერვალს ლურჯ ჩალმას,


რომელიც მას უდაბნოს ხასიათის ცვალებადობისგან იცავდა. თვითმფრინავში
მფრინავის გვერდით კაენი იჯდა. ჯონი და მასუდი კი უკანა ორ სკამზე გვერდიგვერდ
განლაგებულიყვნენ. ვერტმფრენის მფრინავი ზანგი იყო, ტიპური ფართო ცხვირით.
მოღუშული ჩანდა, მკაცრი ნაკვთებით, მაგრამ როგორც კი გაიღიმებდა, მისი
მოღუშულობა მაშინვე იფანტებოდა. მოკაშკაშე თეთრი კბილებით მოჭედილი პირი
და დამატყვევებელი სიცილი ჰქონდა. სიცილი რომ აუტყდებოდა, ძნელი იყო მისი

83
გაჩერება, თუნდაც კაპიტან ჯონ პარკერს შეეყვირა მისთვის ან თავისი წვრილი დეზი
ეკრა და ეჩხვლიტა.

ზღაპრული „კალია“ მოწმენდილ, უღრუბლო სივრცეში ლივლივებდა და ჰამადის


მდუმარე, ცარიელ ველებს კვეთდა. ღია უდაბნოში მიმობნეულიყვნენ ლოტუსის,
აკაციისა და

კურდღლისცოცხას ხეები – მინდვრებზე ერთმანეთისგან შორიშორ ამოზრდილიყვნენ


და არცთუ დიდი ხნის წინ მოვარდნილი ნიაღვრებით გამაძღარ ხევებში ერთმანეთს
ავიწროებდნენ. მოჩანდა მაღლობთა ციცაბო ფერდობებს მოჭიდებული ბალახი, ზოგ
ადგილას ჯერ ისევ მწვანე – ფერდობთა ბალახს ხომ მაღლობებიდან დადენილი
წყალი ყველაზე მეტად ერგება.

გადამფრენი ფრინველები ჩრდილოეთისკენ მიგრირებულიყვნენ. მთელი მათი


მოგზაურობის განმავლობაში მხოლოდ ერთ ფრინველს გადაეყარნენ, მაღლა ცაში რომ
მიფრინავდა, ჰაერს ეკვეთებოდა, ფრთებს გრძელი მანძილის დასაძლევი
გაბედულებით რიტმულად ამოძრავებდა. ისიც მიგრანტი იყო.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უდაბნოს ყველა ტოვებს. რჩება მისი ღია სივრცე,
ჯიუტად შერკინებული მირაჟს, მდუმარებასა და მზის სხივებს.

მთელი გზის მანძილზე ერთი ქურციკისთვისაც კი არ მოუკრავთ თვალი. ქურციკები


ჩიტებივით ჩრდილოეთისკენ კი არ მიგრირდებოდნენ, არამედ პირიქით –
სამხრეთისკენ.

კაენი „კალიის“ ფანჯრიდან გადასცქეროდა მიდამოს. მიუთითა ნაჭრილობევის


კვალზე, ლამის ქვიშიან, მუქ მიწას რომ შეხორცებოდა და თქვა:

– ხედავთ?! ეს მიგრირებულ ქურციკთა კვალია.

შავი ქვებით მოფენილ უხეშ მიწას წვრილი ძაფი მიუყვებოდა ჰასავნას მთისკენ.
უზარმაზარმა „კალიამ“ ჰასავნას მთას აღმოსავლეთ საზღვრებიდან შემოუარა და მის
გასწვრივ, სამხრეთისკენ გაფრინდა. გამოჩნდა მთელ თვალსაწიერზე გადაჭიმული
ქვიშიანი უდაბნო. ღრმად, ქვიშაში შენიშნეს ფინიკის პალმების წვეროები –
შექუჩებულიყვნენ და ერთმანეთს ისე ეხლებოდნენ, თითქოს ხმაურისა და გრუხუნის
საწინააღმდეგო საიდუმლო შელოცვებს გაურკვევლად ეჩურჩულებიანო ერთმანეთს.

აქ მთავრდებოდა ჰამადა. აქვე იწყებოდა უზარმაზარი ქვიშის ზღვა – ამოუცნობ,


უგზო-უკვლო ლაბირინთთა დაუსრულებელი შენაკადი. ამ უდაბნოში იმალებოდნენ
ადამიანთა მიერ მოწყობილ სასაკლაოებს გამოქცეული არსებები.

მფრინავი „კალია“ მოტრიალდა და ფართო წრე მოხაზა. მთაგრეხილის კალთებს


გაუყვა. შუადღემდე დაბალ სიმაღლეზე ტრიალებდა. მირაჟის მდინარეები მიაწყდა
და მთის ძირს წალეკვით ემუქრებოდა.

ჯონ პარკერმა იმედი გადაიწურა. კაენმა მობეზრება და მოწყენილობა იგრძნო.


საფეთქლები დადენილმა ცხელმა ოფლმა აუწვა.

ჯონ პარკერმა ძრავის გუგუნის გადასაფარად ყვირილით დაიძახა:

84
– ჰასავნას მთაზე შენი ქურციკების კვალიც არაა! კაენმა გულგატეხილი

შეძახილით უპასუხა:

– მწყემსებმა სულ რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. როდისღა მოასწრეს ქვიშაში


შემალვა?! მთის მწვერვალს ზეციური ჩალმა შემოეძარცვა და სრულიად
მელოტი გამოჩნდა. ჯონმა იყვირა: – უნდა დავბრუნდეთ!

უხალისო სიჩუმე გამეფდა. ეშმაკეული პროპელერი კვლავ წისქვილივით ტრიალებდა.


საძაგელი „კალია“ უმიზნოდ ბრუნავდა მთაგრეხილის კალთის გასწვრივ, ზვერავდა
ღრმულებს, კლდეებს, შიშველ ფერდობებს და შორიდან თავისი მსხვერპლის
დაუღალავ ძებნაში გართული არწივივით ჩანდა.

მთის ძირას დაეშვნენ. გაავებული მზისგან თავშესაფარს ეძებდნენ. ჩრდილიანი


მღვიმეები მთის წვერებს წამოსდგომოდნენ თავს. მათკენ სავალი გზა სიპ, ციცაბო,
გაუდაბურებულ, მხეცთა ეშვებივით წვეტიანი ქვებით მოფენილ კლდეებზე გადიოდა,
ქვებს შორის ადგილებს კი უდაბნოს ველური, ჯიუტი ბალახი მოსჭიდებოდა,
გაფანტული სილის კონცხებით გარშემორტყმული. რბილ სილაზე გველების,
ხვლიკებისა და უდაბნოს ვირთხების ნაკვალევი გამოსახულიყო.

ოქროსფერი ქვიშის ზედაპირზე კაენი სხვა კვალსაც გადააწყდა: ქურციკების


ნაკვალევს!.. ნეტავ ჯოგია თუ ის ქურციკები, რომლებზეც მწყემსები საუბრობდნენ?!
განცვიფრებული კაენი კლდეებს შორის ხტუნვა-ხტუნვით მთაზე დაეშვა. იყვირა:

– ქურციკები!.. ქურციკები!.. ჩქარა, თვითმფრინავისკენ!.. მთელი ჯგუფი

„კალიისკენ“ გაექანა. აქოშინებულმა კაენმა დაამატა:

– კვალი ჯერ ისევ ახალია! კურკლიც ვნახე. ისინი სადღაც აქ, ახლოს აფარებენ
თავს. – თავად ისევ თვითმფრინავის გვერდით იდგა. სახიდან ოფლს იწმენდდა
და აგზნებულობისადა დაქანცულობისგან მძიმედ სუნთქავდა. სწორედ იმ
დროს შენიშნა ქურციკი. დიდი კლდის

ჩრდილს იყო შეფარებული, ფერდობის მარჯვენა მხრიდან, სადაც ვიწრო ნაპრალს


კლდე გაეპო, ქვემოთ ეშვებოდა და ხეობამდე აღწევდა. მისი დიდი, შავი, გონიერი,
გამოუცნობ ენაზე მეტყველი თვალები რაღაცას უამბობდნენ, რაღაც საიდუმლოს
უმჟღავნებდნენ. დიახ!.. დიახ!.. საიდუმლოს გრძნობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა.
ყველაზე სასტიკი და მტანჯველი რამ ამქვეყნად არის ის, რომ გრძნობდე საიდუმლოს
და უძლური იყო ამოხსნა იგი. რისი თქმა სურდა ამ მშვენიერ ქმნილებას?!

ხანგრძლივი მზერა გაცვალეს. ქურციკი არც გატოკებულა. გვერდზე თავისი ნორჩი


ნუკრი ედგა და ისიც იდუმალი მზერით მისჩერებოდა. ისიც მეტყველებდა, დედის
ნათქვამს ეთანხმებოდა და ადასტურებდა. რა მძიმეა, არ გესმოდეს ცხოველთა ენა!
კაენმა მხოლოდ მოწიწება კი არა, შიშიც იგრძნო. ვერც კი გაიგო, როგორ გამოიყვანა
მასუდმა მკლავზე ხელმოკიდებული. ზანგი მფრინავი სიცილით კვდებოდა,
შეუდარებელ კბილებს აჩენდა და იმეორებდა:

– ო, ღმერთო ჩემო! რაღას ელოდება?

85
კაენი თავის სავარძელში ჩაეშვა, ჩაიმალა. ოფლი კიდევ უფრო უხვად მოასკდა,
სუნთქვა გაუხშირდა. ჯონი ლაპარაკობდა, მასუდიც. სამივენი საუბრობდნენ,
კომენტარებს აკეთებდნენ. ჩანს, მათ არ შეუნიშნავთ, რა მოხდა. არ დაუნახავთ კაენისა
და ქურციკის შეხვედრა.

თვითმფრინავი აფრინდა. კაენი გონს კიდევ ვერ მოსულიყო. რაც თავი ახსოვდა, მას
შემდეგ ქურციკებს იყო შებმული და მათზე ნადირობდა, მაგრამ არასდროს ყოფილა,
რომ ქურციკში ადამიანი დაენახა. გაოცებული იყო, ცეცხლი რომ არ გაუხსნა. სულ
დაავიწყდა შაშხანა, დაავიწყდა, რომ სანადიროდ იყო მოსული, დაავიწყდა, ადამის ძე
კაენი რომ იყო, სისხლისა და ხორცის სანთქავად შექმნილი. ვერ იჯერებდა, რომ მას,
კაენს, შეეძლო, თავი შეეკავებინა და სასხლეტს არ დასწოლოდა, როცა მის წინ
ტანწერწეტა და ჩამოქნილი ქურციკი აღმართულიყო. იყო კი ის ქურციკი
სინამდვილეში?!.. ან თავად თუ იყო მართლა კაენი?!..

თვითმფრინავი ჰაერში წრეს კრავდა. მთის გასწვრივ, დასავლეთით, დაბალ


სიმაღლეზე დაუყვებოდა. მასუდმა შენიშნა: – აი, რას მოვესწარით!
ქურციკი მთას შეეფინა.

ამ შენიშვნაზე არავინ გამოპასუხებია და იძულებული გახდა, დასკვნა თავადვე


გამოეტანა:

– ბრძენი ხალხი ამბობს, ეს მეორედ მოსვლის ნიშანთაგანიაო.

მთის მწვერვალებზე ჰაერის მასები ამოძრავდა. ძაფად მომდინარე ოფლის წვეთები


გაიყინა. პირქუში დუმილი გრძელდებოდა. ჯონმა მასუდთან დიალოგის გაბმის
სურვილი გამოთქვა.

– თქვენი შეიხები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენაში რაღაცის მომასწავებელ ზეციურ


ნიშანს ხედავენ. მასუდმა გაიცინა და მიუგო:

– მართალი ხარ. მათ წინასწარმეტყველებებს რომ დაუჯერო, აქამდე მეორედ მოსვლა,


სულ მცირე, ათასჯერ მაინც უნდა დამდგარიყო. შემდეგ ჯონს დაჟინებით მიაჩერდა
და ბილწად, შეპარვით უთხრა:

– შენი მეგობარი სუფიური საძმოს შეიხებიც ასევე ფიქრობენ.

– შეიხი ჯალული ასე არ ფიქრობს. არასოდეს უსაუბრია ჩემთან მეორედ მოსვლის


ნიშნებზე.

– ეს იმიტომ, რომ ის ამქვეყნიურია. დანარჩენი საძმოების მტრობა და სიძულვილიც


ამით დაიმსახურა.

– ალბათ უფრო პირიქითაა. ისინი არიან ამქვეყნიურნი და რწმენიდან განდგომილნი,


ამიტომაც დაუპირისპირდა მათ. შეიხი ჯალული ღვთაებრივი და ღირსეული კაცია.

– მხოლოდ ის, რომ ამ სიტყვებს ქრისტიანი ამბობს მასზე, მის ერეტიკოსობაში


დასადანაშაულებლად საკმარისია.

86
– ეს შენი აზრია თუ იმ ერეტიკოსი შეიხების?

– ჰა... ჰა... ჰა... ალბათ ჩემი აზრიცაა.

– ხალხის თვალთმაქცობას საზღვარი არა აქვს!..

– ჰა... ჰა... ჰა... ეს ფრაზა მისი ლექსიკონიდანაა, ხომ?!.. უეჭველად დიდი მზაკვარი
ვინმეა, რადგან ისიც კი შეძლო, რომ ქრისტიანებიც ასე გამოეწვრთნა!.. შეიხები
მისგან საფრთხის სერიოზულობას ვერ აფასებენ! ჰა... ჰა... ჰა...

კაენი კამათში არ ჩართულა, ხოლო გამოცოცხლებული ზანგი პილოტი სიცილით


ზანზარებდა, ოღონდ ამ დიალოგისა არაფერი ესმოდა.

მთაგრეხილი გაწყდა და ჯონმა თავის ქვეშევრდომს უბრძანა, წრე დაერტყა და იმავე


მიმართულებით დაბრუნებულიყო უკან. წრეში ვრცელი ფართობი მოექცა. ხეობის
თავზე

მიფრინავდნენ, სანამ პილოტი მთის მიმართულებით კიდევ ერთხელ არ მიბრუნდა.


ფანჯრიდან თვალს ადევნებდნენ უხეში, წვეტიანი ქვების ხალიჩას. ჯონი კაენს
გაეხუმრა:

– არ ვიცი, კაენი თავისი კბილების ჭიას როგორ გააცურებს და მიაჩუმებს! მის


კბილებში ხომ ყველაზე ავ და სასტიკ ჭიას სძინავს, რომელიც კი ოდესმე ადამიანს
უნახავს?! კაენმა შემთხვევით ისარგებლა:

– დიახ, ქურციკის კვალიც არაა. გვიჯობს, დავბრუნდეთ.

სწორედ იმ წამს ზანგმა იყვირა:

– შეხედეთ!.. შეხედეთ!..

დედა ქურციკისბეწვმა მუქ კლდეებს შორის გაიელვა და ისეთივე სისწრაფით


მიიმალა, როგორითაც გამოჩნდა. ზანგი პილოტი მისკენ გაფრინდა და წრე დაარტყა
იმ ღრმულის თავზე, სადაც დაინახა, ქურციკი უკუნს როგორ შეუმჩნევლად შეერია
ღრმულის ღიობში, თავისი ტანით შვილის დაცვას რომ ცდილობდა. ცხოველი
კანკალებდა.

„კალია“ ზუსტად ღრმულის შესასვლელის თავზე ტრიალებდა. ზანგმა იყვირა:

– ცეცხლი! მასუდი და ჯონი ერთხმად აჰყვნენ:

– ცეცხლი გახსენი!

კაენიც კანკალებდა. შაშხანის ლულა ღრმულის ღიობს გაუსწორა. მათი მზერა


ერთმანეთს შეხვდა. სახე მიაბრუნა, თვალები დახუჭა და სასხლეტს დააწვა. იარაღმა
დაიგრგვინა. კაენმა სახეზე მომსკდარი ოფლი მაჯით მოიწმინდა. ჯგუფური ხმაური
და ჟრიამული, ძრავის გუგუნსაც კი რომ ფარავდა, თავს უხეთქავდა. ღრმულისკენ
მიტრიალდა და პატარა დაინახა, მიწაზე ეგდო და ფართხალებდა. დედა თავზე ედგა.
თავად სისხლმდინარე, მომაკვდავ შვილს ჭრილობას ულოკავდა. შემდეგ უეცრად

87
გადახტა და კლდოვანი ღრმულის კედელს რქებით მხეცურად ეტაკა. მის თვალებში
ახლა სულ სხვა გამომეტყველება იდგა – ნუთუ ეს ტანჯვა იყო?!

ღია სივრცეში ისკუპა და თავი მზის სხივებით დაფლეთილი, მოწმენდილი ცისკენ


შემართა. თან მშიერი მგელივით საზარლად აყმუვლდა. პირველად გაიგონა, ქურციკი
რომ მგელივით ყმუოდა. შემდეგ მიწაზე დაეცა. მარჯვენა გვერდზე დაწვა და თავი
კიბლის მიმართულებით გაჭიმა. თვალებში ისევ ის შემაშინებელი გამომეტყველება
დარჩენოდა. კაენმა ვერ შეძლო, მიახლოებოდა.

მთელი ჯგუფი ხტუნვა-ხტუნვით გაექანა ქურციკისკენ. მასუდის ხელში დანამ იელვა.

იმ ღამით კაენმა, ადამის ძემ, მხოლოდ თავისი და კი არ მოკლა, არამედ მის ხორცსაც
შეექცა.

ამულეტები
კაენს ჯიხვის ხორცი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გასინჯული. აღადისიდან ქარავნების
ვაჭრებმა ჩამოიტანეს ერთი ფილა და მეზობელმა ძღვნად უბოძა დიდი, გამომშრალი
ნაჭერი.

კაენი კბილებით სწვდა ნაწილს და დანარჩენი ნადიმისთვის დაიტოვა. მასუდსა და


ჯონ პარკერს შეუთანხმდა, ნადიმი პარასკევს ღამით ვადი სიდრში[82] ჰქონოდათ,
რომელიც მათ მთიან ოაზისსა და ჰამადის უდაბნოს შორის ბუნებრივ საზღვარს
ქმნიდა დასავლეთიდან და სამხრეთიდან.

კაენმა ერთი ყმაწვილქალის პირით გაყრილ ცოლს შეუთვალა, ჯადოსნური ხორცის


მოსახარშად საჭირო სუნელ-სანელებლები მოემზადებინა. კაენის გაყრილი ცოლი
ერთი ტანაყრილი ქალი იყო, მოხდენილი, ლამაზნაკვთებიანი, მაგრამ მკაცრი, კუშტი,
ბუნებით დამოუკიდებელი, რასაც კაცური ელფერი მიეცა მისთვის. თავის ოჯახთან
ერთად კი ცხოვრობდა, მაგრამ საკუთარ თავს თავად ირჩენდა – მატყლს ართავდა,
შალის მოსასხამებს ქსოვდა და ბაზარზე აგზავნიდა. ამბობდნენ, რომ სწორედ ის იყო
გაყრის ინიციატორი, ამას კი იმით ამართლებდა, რომ ამბობდა, თავის გადარჩენა
მსურს, სანამ მხეცი შემჭამდესო. სიზმრად უნახავს, თუ როგორ გაწყვიტა მისმა ქმარმა
ყველა ქურციკი ჰამადის უდაბნოში, შინ დაბრუნდა

და ხორცი რომ ვეღარ ნახა, მას მიახტა და კბილებით სწვდა. ქალი უფალს სულ
მადლობას სწირავდა, რომ მისგან ბავშვები არ ეყოლა. გაყრის ნებართვა ყადიმ მისცა
კაენის თანხმობის შემდეგ, თუმცა ამ ამბავს მტრობა არ გამოუწვევია, პირიქით, მათი
ურთიერთობა უფრო თბილი და ადამიანური გახდა. ბევრჯერ უნახავთ, როგორ
გაუგზავნია ქალს მისთვის ყმაწვილი ქალის ხელით თეფში ქუსქუსი[83], ან ჭის
მახლობლად წახრილს მისი სამოსი როგორ ურეცხავს.

ამ ნადიმზე კაენს ამულეტების სახით სიურპრიზი ელოდა. მხოლოდ მასუდს როდი


ეხვია ყელზე თილისმა, არამედ – ჯონსაც. ცეცხლთან ფეხმორთხმით მჯდომმა ტყავის
ამულეტი ამოიღო, ზედ გამოსახული ზანგი ჯადოსნების ნიშნებით და ზედ ცხვირწინ
ნიშნის მოგებით დაუქნია. კაენი სწვდა, გადმოატრიალა და თქვა:

88
– ეს არის ქანოს მზაკვართა ტატუ. ეს მათი ხელწერაა, მათი სიმბოლოებია. ამერიკელ
ქრისტიანს, ნაფუსას მთაში მცხოვრებს და გამოკეტილს, საიდან ჯინთა ეს
ამულეტი?!

ჯონმა და მასუდმა ერთმანეთს შესცინეს. ჯონმა ეშმაკურად ჩაუკრა თვალი. მასუდმა


დიდ ცეცხლს შეშა შეუკეთა და თქვა:

– მე მიმადლოდეს! ქარავანთან ერთად ჩამოსულ გრძნეულ ზანგთან მივიყვანე,


რომელმაც მე

ასეთივე მცველი ამულეტი გამიკეთა. – ხაკის ხალათის ღილები შეიხსნა, გაიღეღა და


ტყავის ნაჭერი გამოაჩინა, ასევე ჯადოსნური სიმბოლოებით ამოტვიფრული.

კაენმა შესძახა:

– თქვენ მე გამაცურეთ!.. არცერთს არ გითქვამთ, რომ ჯიხვის ნადიმზე თილისმებია


საჭირო.

მასუდმა უთხრა:

– ეს ვინ არ იცის?! მთებში ბავშვებმაც კი იციან. ჯიხვი გრძნეულია, მასში მთის სული
სახლობს. ვინც მას პირველად გასინჯავს, მცველი ამულეტებით უნდა შეიარაღდეს.
სულებს ნუ ეხუმრები! ყველაფერი შეიძლება, სულებთან თამაშის გარდა. – თავის
ამულეტს წაეთამაშა და ეამბორა, შემდეგ კვლავ ხალათში დამალა და თქვა:

– ჯონიც კი ჩახვდა ამ საიდუმლოს, შენ როგორ არ იცი!

– შენ გარდა სხვა ვინ გაუმხელდა მას საიდუმლოს, შე ეშმაკო?!

– მე ის ქარავნის ბრძენთან მივიყვანე და არა საიდუმლოსთან!

– მაშ სხვამ ვინ დააკვალიანა?!

– თავად მას ჰკითხე. ჯონმა გაიცინა, ქვაბიდან ამომავალ ორთქლს მიაშტერდა და

თქვა:

– ნუ გავიწყდებათ, რომ მე კადირიის საძმოს იმ შეიხს ვემეგობრები, რომელსაც თქვენ


დერვიშობას აბრალებთ.

– რაო, დაზავდით?

– არა, კვლავ ჯიუტად აქვს გაწყვეტილი ჩემთან ურთიერთობა. ქურციკთა


სასაკლაოებს არ მპატიობს. მითხრა, რომ მე ქრისტიანობასთან არაფერი მესაქმება და
ქრისტიანობას – ჩემთან. ჩემთან შეხვედრას გაურბის... კაენმა გაიცინა:

– ის მართალია. შენ ერთ-ერთი უდიდესი დამნაშავე ხარ ამ ქვეყანაში. თუ არა შენ, მაშ
ვინ შეიყვანა ლენდ როვერი ჰამადის უდაბნოში?!.. ან პატრონებიანი შაშხანა და
ვერტმფრენი – მფრინავი „კალია“?!..

89
– შენ ხარ ექსპედიციის კაპიტანი და წინამძღოლი. ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ
კაპიტნის კბილებში ჩაბუდებული ჭიის მადა ჩავაცხროთ. უდაბნოს ღია სივრცეში
მათმა სიცილმა გაიჟღერა. მასუდმა კაენს უთხრა:

– ის საზარელი ზანგი რომ გენახა და ის დაკითხვა, რაც მან ჯონს მოუწყო, სიცილით
მოკვდებოდი. თავისი ჩაწითლებული თვალებით დიდხანს გამომცდელად
მიშტერებოდა და მერე ჰკითხა, დედაშენს რა ჰქვიაო. ჯონმა უპასუხა, განა მამაჩემის
სახელი საკმარისი არ არისო? ჯადოქარმა უთხრა, ეგ შენ არ გეკითხება, ჩემი საქმისა
მე ვიციო, დედაშენის სახელის ცოდნის გარეშე არაფერი გამოვაო; მაგრამ მამაჩემი
ხომ მაინც მამაჩემიაო, არ ცხრებოდა ჯონი. ზანგს მოთმინება ამოეწურა და
დაიღრიალა: „დედაშენია ის, ვინც გაგაჩინა და მამაშენი ვინაა, ეგ კიდევ საკითხავია!“
მე სიცილი ამივარდა და მოხუცმა ჩაწითლებული თვალებიდან გამოტყორცნილი
მრისხანე მზერით დამამუნჯა. ჯონმა უთხრა: „თქვენ, ყველას, ქრისტიანი ქალების
პატიოსნებაში ეჭვი შეგაქვთ და თავისუფალი ყოფაქცევის კეკლუცებად მიიჩნევთ!“
ჯადოსანმა უპასუხა: „ჩვენ დედამიწის ყველა ქალში შეგვაქვს ეჭვი. ქალი ქალია და
ეშმაკია მისი თანამგზავრი, სულ ერთია, ქანოელი იქნება ის თუ ვაკვაკის
კუნძულელი[84]. ჩვენ, უხილავის

მცოდნე მეცნიერთა საზოგადოება, არავის მამობაზე გარანტირებულად თავს არ


ვდებთ, რადგან ყველაფერს ისე ვხედავთ, როგორც არის, ილუზიების გარეშე. მაშ,
გსურს დედაშენის სახელის გამჟღავნება, თუ გარისკავ გრძნეული ხორცის ჭამას
მცველი ამულეტის გარეშე?!“ და აი, აქ კი დანებდა ჯონი და აღიარა დედამისის
სახელი.

ხორხები სიცილისგან აუდ-ჩამოუდიოდათ. მათი ხარხარის ექო უდაბნოს


დიაპაზონში, მდუმარებასა და წყვდიადში იკარგებოდა. კაენი ისევ თემას
დაუბრუნდა:

– მაშ, მხოლოდ მე მიწერია თქვენ შორის ჯიხვის ხორცის გასინჯვა მცველი ამულეტის
გარეშე?! მასუდმა ქვაბი ქვის სამფეხაზე დაამაგრა და შეშა შეუკეთა. დასძინა:

– ნუ გეშინია, შენ ერთადერთი ხარ ქურციკის სისხლნაწოვები. შენში უდაბნოს სულია


ჩასახლებული და ჯიხვში – მთებისა. უფლის განგებით, სული სულისგან დაცულია.

კაენმა გულში, თავისთვის ძველისძველი შელოცვა გაიმეორა:

– ზეთი – ღარიანისა... ფინიკი – ფეზანისა... ხორცი – ჯიხვისა!.. უფალო, უფალო!..


ხორცი – ჯიხვისა!.. ხორცი – ჯიხვისა!.. ქურციკზე არაფერი თქმულა.

საყოველთაო სიჩუმე გამეფდა. სიბნელე გახშირდა.

კაენმა ცეცხლში ჩაფერფლილი ტოტები იქაურობას მოაცილა და აალებული


მუგუზლები გვერდზე მისწია, ზედ ჩაის ჭურჭელი შემოდგა. მასუდი კი
შეუჩერებლად უკეთებდა სამსხვერპლო ცეცხლს შეშას. ჯონმა თქვა:

– ქურციკში არსებულ საიდუმლოზე წამიკითხავს, მაგრამ ჩანს, ის მივიწყებული,


უცნობი სუფი ზედმიწევნით ზუსტი არ ყოფილა. რაღაც დროის შემდეგ ტრიპოლში,

90
სამხედრო ბაზის ბიბლიოთეკაში წავედი და ენციკლოპედიაში ჯიხვზე ინფორმაცია
დავძებნე. თქვენ იცით, რომ ეს ცხოველი მსოფლიოში მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ
გადაშენებულა?!

მასუდმა და კაენმა ერთმანეთში მზერა გაცვალეს. ჯონმა გააგრძელა, თან ცეცხლის


ენებს აკვირდებოდა:

– ბოლო ჯიხვი საფრანგეთის პრინცს 1627 წელს მოუნადირებია და საჰარაში ეს


ცხოველი როგორღა გამოჩნდა?! მასუდმა თქვა:

– ჩვენი უდაბნო ყოველგვარი განძის საცავია, მათ შორის, გადაშენებული


ცხოველებისაც. ნუ გაგიკვირდება.

ჯონი აკვირდებოდა, ცეცხლი როგორ ნთქავდა შეშას. ოცნებაში წასულმა


წაიჩურჩულა:

– მაშ, თქვენი გრძნეული ჯადოსნები მართლები ყოფილან. თუკი საიდუმლო


გადაშენებულ ცხოველშია, მაშინ ეს საქმე სამსხვერპლოსა და შელოცვებს ითხოვს.

იმ ღამით ჯონ პარკერი არ ყოფილა ჯონ პარკერი. მისი ხმა მაღლობებზე ჯინთა
ბურტყუნს დაესესხა, უდაბნოში დუმილის ჯადოსნობა შეიძინა და ერთ-ერთი მისანი
ქურუმივით ალაპარაკდა.

91
ხილვა
იმ ხილვამდე კაენი ვერც წარმოიდგენდა, რომ დედამიწაზე არსებობდა ცხოველი,
რომლის თვალებიც ქურციკის თვალებს შეეჯიბრებოდა გამომეტყველებაში,
მომაჯადოებლობასა და გონიერებაში. იხილა შეუდარებელი თვალები, რომელთა
ბადალი ცხოველებში კი არა, ამქვეყნიურ არსებებში არ ენახა. საიდუმლო ქურციკის
თვალებივით მათ სილამაზეში კი არ იყო, არამედ მათ იდუმალებაში. ისინი
უთქმელად და უენოდ ყველაფერს ამბობდნენ, იმასაც კი, რის გადმოსაცემადაც
სიტყვები უძლურნი არიან.

პარასკევ ღამის ნადიმის შემდეგ კაენს ხორცის გემო მთელი ერთი კვირის
განმავლობაში არ გაესინჯა. მასუდის მცდელობა, ბაზრიდან ნისიად წამოეღო ცხვრის
ხორცი, წარუმატებლად დასრულდა. კაენი ლოგინად ჩავარდა. თავი ტკივილით
უსკდებოდა. კბილებში ჩაბუდებული ჭია ხრავდა. გულისრევა სტანჯავდა.

მოსაღამოვებულს ცხელება გაუძლიერდა. არწყია არაერთხელ. მასუდმა მოინახულა


და ცოლყოფილის მიერ გამოგზავნილი აქლემის თივის წვნიანი მოუტანა. კაენმა
წვნიანის მოხვრეპაზე უარი თქვა, როცა მისგან ხორცის სურნელი არ ეცა. მასუდმა
უთხრა:

– სასარგებლოა, ცხელებას კურნავს.

კაენმა მათლაფა განზე გასწია. ტრანსში მყოფივით იმეორებდა:

– ჩემი განკურნება ხორცშია, შენ ეს იცი! თავი მისკდება, მეტს ვეღარ გავუძლებ.

იმ წლებში ხორცის შოვნა არც ისე იოლი იყო. ოჯახები ოაზისში საკლავს მხოლოდ
მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე[85] კლავდნენ. ძალიან იშვიათად, ისეც ხდებოდა,
რომ შეამხანაგდებოდნენ, კაპიკებს მოაქუჩებდნენ თხის ან ცხვრის საყიდლად, ხორცს
პატარ-პატარა წილებად დაყოფდნენ და ყიდვაში შეზიარებულ ოჯახებს
დაურიგებდნენ. იმ წლებში, როცა ზეცა მოწყალებას მოიღებდა და გულუხვად
მოწვიმდა, გაბედავდნენ და აქლემის დასაკლავად შეამხანაგდებოდნენ, საიდანაც
უპოვარ ღატაკებსაც კი ერგებოდათ ხოლმე თავიანთი წილი, იმათ, ვისაც წილის
გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა. საკლავიდან მოწყალების გაღებას ასეთ სეზონებში
მათ ზეცასთან სიახლოვე ავალდებულებდა, რომელმაც მათთვის წვიმა არ დაიშურა.

ჩვეულებრივ თვეებში ღატაკებს საკლავიდან რამის მიღების არავითარი იმედი არ


ჰქონდათ. კარებს გმანავდნენ, სახლებში კერიის ცეცხლს აქრობდნენ და ბავშვებს
გარეთ არ უშვებდნენ, სხვა სახლებიდან გამოსულ ხორცის სუნს რომ არ
გაეღიზიანებინა ისინი. ამ სიფრთხილის

ზომების მიუხედავად, ბევრი ხორცზე დამოკიდებული იდუმალი დაავადების


მსხვერპლი გახდა, რომელსაც სწორედ ხორცის უკმარისობა იწვევს.

კაენს, რომელიც ხორცის უზომო ჭამით გამოირჩეოდა და თავს ინებივრებდა მისი


უგემრიელესი სახეობებით, წამით არ მოსვლია აზრად, რომ დადგებოდა დღე, როცა
ამოიწურებოდა ქურციკთა ღვთაებრივი მარაგი, რომლითაც ჰამადის უდაბნო იყო
სავსე. არც კი დაუშვია, რომ უდაბნოს ყველაზე სასტიკ მონადირეს ავადმყოფობა
92
ლოგინად ჩააგდებდა, დაუძლურებულს, ხორცის უკმარისობა თავის ტკივილით
დატანჯავდა და გააწამებდა.

მეორე დღეს მასუდი მივიდა მასთან ჯონის მიერ სამხედრო ბაზიდან გამოტანებული
ხორცის, ტუნისა და სარდინის კონსერვებით და მრგვალ, ვარდისფერ კონსერვის
ქილებში ჩაწყობილი სხვა წითელი ხორცით, რომელზეც ჯონმა უთხრა, რომ
ფრინველის იყო.

კაენს რწყევით ლამის ნაწლავები გადმოუბრუნდა. მასუდი მთელი საღამო თავს


დასტრიალებდა, შემდეგ გაზის სანათური დაუტოვა სასთუმალთან და თვითონ შინ
გაბრუნდა. მისი გასვლისთანავე კაენთან ჯიხვი მოვიდა. თავზე ორი უზარმაზარი რქა
ედგა, უკან, ზურგამდე გადაგრეხილი და მერე თავის მიმართულებით
შემობრუნებული. სანათის მიმქრალი შუქის ფონზე კაენმა ის თვალები დაინახა.
ნუთუ შექმნის საიდუმლოს ეჩურჩულებოდნენ?!..

თუ უდაბნოსა და სამყაროს ჩამოყალიბებაზე ესაუბრებოდნენ?!.. იქნებ განკითხვის


დღეზე ეუბნებოდნენ რამეს?!.. ან ქურციკთან მისი მუხანათობის ამბავს ხომ არ
უამბობდნენ?!.. სამაგიერო სასჯელს ჰპირდებოდნენ?!.. კაენმა და ჯიხვის თვალებმა
სათქმელი და როლები გაცვალეს. კაენი მათში ჩაიკარგა და ისინი – კაენში. აღარ
იცოდა, სად იყო, ვინ იყო. ის ჯიხვი გახდა და ჯიხვი კი – კაენი.

იდუმალმა ცხოველმა მოგზაურობისკენ უხმო. იხეტიალეს უდაბნოში. ჰამადის


უდაბნო გადაკვეთა ჯიხვზე ამხედრებულმა. მოსწყურდა. მოშივდა. თავი ტკივილით
უსკდებოდა. აღმოაჩინა, ვეება ჯიხვი მიაფრენდა ქვიშის ზღვის ტალღებზე. ახლა სხვა
უდაბნოში შევიდა, რომელიც მირაჟს წაელეკა, მისი ქვიშის ბორცვებზე მზის სხივები
იღვრებოდა. წყურვილი, შიმშილი და თავის ტკივილი ისე გაუძლიერდა, ლამის
უზარმაზარი ცხოველის სხეულიდან ჩამოვარდნილიყო. ჯიხვზე ამხედრებულმა
მთიან უდაბნოს მიაღწია – მის ოღროჩოღრო ფერდობებს, პირდაღებული ბნელი
ღრმულებითა და პირქუში მღვიმეებით. ჯიხვი სალ კლდეებს შორის საოცარი
გრაციოზულობით გადაადგილდებოდა. კაენს დაღლილობამ ბოლო მოუღო, მაგრამ
შიმშილი მის ყველა სენზე სასტიკი იყო. ეშმაკეული ჭია მის კბილებში
აწრიალებულიყო. კაენი ჯიხვს კისერში სწვდა კბილებით და ხორცის ნაჭერი
შესანსლა, თუმცა ცხოველი კვლავ გაუჩერებლად მიხტოდა ქვიან მთებში. კაენმა
კისერში ეშვები ჩაასო და ხორცის სხვა ნაჭერი ამოჯიჯგნა. ასე გაუჩერებლად აცლიდა
სხეულიდან ხორცს, ისე რომ ცხოველი

სირბილს არ წყვეტდა, მაგრამ მისი სისწრაფე ყოველ კბენაზე ნელ-ნელა სუსტდებოდა,


სანამ მისმა ჩლიქებმა არ შეწყვიტეს მიწასთან შეხება და ჰაერში ჩამოკიდებულებმა
განაგრძეს ფრენა. ცხოველი მთის მაღალ მწვერვალზე ავიდა და კაენმა აღმოაჩინა, რომ
ერთი უბედური, მანამდე მისთვის უცნობი კაცის ზურგზე იჯდა, – გამხდრის,
გალეულის, აწოწილის და მისი კისრიდან სისხლი წვეთავდა. სანამ გამოერკვეოდა და
ამ გარდასახვის საშინელებიდან გონს მოვიდოდა, კაცმა საცოდავი სახე ასწია მისკენ
და უთხრა: „ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს!“ და ზეციური მწვერვლიდან
მოისროლა. კაენმა აღმოაჩინა, რომ უფსკრულისკენ მიფრინავდა.

93
ქვიდან ნაჟური სისხლი
„ლიბია გაუდაბნოვდა. პაპანაქებამ მოსპო ტენი. მოტირალმა ნიმფებმა თმა
გაიშალეს, დაიტირეს დამშრალი წყაროები და ტბები“.

რომაელი პოეტი ოვიდიუსი, „მეტამორფოზები“, წიგნი მეორე


პირველი საუკუნე ჩვ. წ. აღ-მდე

მოსაღამოვებულს, მზე სხივებს ქედმაღლურად აფრქვევდა. ასუფი ქუთუთოების


გახსნას ვერ ახერხებდა. მზე ამოსვლის შემდეგ ყოველთვის უკმაყოფილო და
გაბრაზებულია, ამპარტავანი, შურისმაძიებელი. მისი მძვინვარება მხოლოდ
ჩასვლისას მოტყდება ხოლმე, როდესაც ხანი მიეწევა, თავმოსაწყლებული მუხლს
მოიყრის და იწყებს მუდარას, სანამ ჩაესვენება ყოველდღიურ არყოფნაში.

ასუფს გაახსენდა, გადარეული ჯიხვი როგორ გაუძღვა და იმდენი ატარა, სანამ


უფსკრულში არ გადააგდო და დატოვა ასე, ქვესკნელის პირზე დაკიდებული. რომ არა
დიადი საიდუმლო, რომელიც მამამ უანდერძა, რომ არა მოთმინება – ერთადერთი
საიდუმლო, უდაბნოს

დამორჩილება რომ შეუძლია, ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა იმ ხაფანგს. ნუთუ


მოთმინება ამ ხაფანგიდანაც იხსნის?!

მაგრამ ის საზარელი შემთხვევა ახალგაზრდობის გაფურჩქვნის ხანაში მოხდა.


ამჯერად კი უძლურებამ თავი ჩააქინდრინა და კინკრიხო მოუგრიხა, ისე გადაამტვრია
კლდეზე, როგორც ყოყოჩი და დიდგულა მზე გადაიმსხვრევა ხოლმე, ჩასასვლელად
რომ გადაიწვერება. რომ არა ხნოვანება, ასე მალე არ დანებდებოდა იმ მესამე
განზომილებას. უფსკრულის შემთხვევისას დიდხანს გასწია წინააღმდეგობა, სანამ ამ
მდგომარეობაში გაწამდებოდა. მედგრად უმკლავდებოდა, სანამ იმ საოცარმა ჯიხვმა
არ ამოათრია იქიდან. გონმიხდილი დაგორდა ფერდობზე და სწორედ მაშინ შეიპყრო
იგი მესამე განზომილებამ... გრძნეული ხვლიკის მდგომარეობამ – დილით რომ
დაკლავდა და აბგაში ჩაიგდებდა, მერე, საღამოს, ცეცხლში შეაგდებდა, ის კი ,
დაკლული, ცეცხლიდან გარბოდა. აი, ახლა თავად ასუფი შორდებოდა სიცოცხლეს,
მაგრამ ჯერ არც სიკვდილში შეებიჯებინა, სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არსებულ
კარზე აკაკუნებდა.

ქვაზე ჯვრის ფორმით გაკრული სხეულის წინ კაენი აისვეტა. თავში ორივე ხელს
იცემდა თავის ტკივილის ძლიერი შემოტევის შესამსუბუქებლად. პირიდან დორბლის
გრძელი ძაფი ჩამოეკიდა, რომელიც ჩამავალი მზის სხივებზე აელვარდა და ძირს
დაეცა. დაჰბერა სამხრეთის ქარმა კიბლიმ და კაენის სიგიჟემ იმატა.

– თქვი, უდღეურო ბერიკაცო, სად გადამალე შენი აქლემები?! მწყემსმა თავისი

შელოცვა წაიბუტბუტა:

– ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს! – წარმოთქვა ეს თილისმა და თვალს მიეფარა


ზეცასა და მიწას, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ კარს მიღმა. კაენმა
მუშტი შემოირტყა თავში და მასუდს შეუძახა:

94
– გამახსენდა!.. ახლა გამახსენდა!.. ეს ის ცხოველია, რომელიც იმ ღამით მოვიდა
ჩემთან. ეს ის შაიტანია, რომელმაც უფსკრულში მომისროლა. ეს დაუდევრობა
როგორ მომივიდა?!.. როგორ დამავიწყდა!.. იქიდან აქ, ამ მოშიშვლებულ უდაბნოში,
რამ მომიყვანა!.. გამახსენდა!.. მის რქებს ვიყავი ჩაჭიდებული, ამ ეშმაკის რქებს!.. ჰა...
ჰა...
ალაჰს გაფიცებ, მის რქებს შეხედე!.. განა ეს იმ წყეული სატანის რქები არ არის,
ყურანში რომაა აღწერილი?!.. ჰა... ჰა... ჰა...

კაენს პირიდან მეტი დორბლი წკაპწკაპით, წვრილ ძაფებად წამოუვიდა. რამდენჯერაც


ისტერიული სიცილით მოიკაკვებოდა, იმდენჯერ დორბლის მოელვარე ძაფები
წამოსკდებოდა პირიდან. ამ სანახაობამ მასუდს ზიზღი მოჰგვარა. მას კაენი ასეთ
მდგომარეობაში მანამდე არ ენახა. ფარული შფოთი იგრძნო. მეგობრისკენ წავიდა და
შეემუდარა:

– კმარა! ეს საკმარისია!.. უნდა წავიდეთ აქედან. ხორცს უახლოეს ოაზისში მოვძებნით.


გპირდები, შენთვის ხორცს ვიშოვი. კაენმა მისი ხელი უხეშად მოიშორა და
დაიღრიალა:

– გაგიჟდი?.. ხუმრობ?.. დამცინი?.. საჰარა გადმოვლახეთ, ტკივილმა, წყურვილმა


გაგვაწამა და ახლა ოაზისებში უჯიხვოდ დავბრუნდეთ?! უკან, ოაზისებში
ხელმოცარულები წავიდეთ?!.. წადი!.. მომშორდი!.. – თვალები ჩაუცვივდა, გაავება
და სისასტიკე მოემატა. კარვისკენ გაემართა და იყვირა:

– სულელურ ყბედობას გირჩევნია, ამ უბედურს ამოგლიჯო პირიდან, სად მალავს


აქლემებს. – წამით ჭურჭელს წაჰკრა ხელი, მერე ისევ გარეთ, ქვიშიან ღია სივრცეში
გამოვარდა გაფითრებული, კიდევ უფრო მეტად ლოყებჩაცვენილი,
თვალებგადმოკარკლული. თვალები ისე უელავდა, რომ ამან მასუდი კიდევ უფრო
ააღელვა. ფარული შფოთვა გაუძლიერდა. დაინახა, როგორ გაიელვა დანამ კაენის
ხელში და თან თავისი მსხვერპლისკენ გაემართა. მასუდი გაიქცა და გზა გადაუღობა.
შეევედრა:

– კაენ, რას აკეთებ?! შენ ნამდვილად მზემ დაგკრა. გვიჯობს, ახლავე წავიდეთ აქედან.
მე... – ნერწყვი წვალებით გადაყლაპა, მუხლებზე დავარდა და მეგობრის წინ
დაჩოქილმა დაამატა:

– მე ვიცი, სადაც მალავს თავის აქლემებს. წავიდეთ მასაქ მალათში, სულ რამდენიმე
კილომეტრია აქედან...

კაენმა გიჟივით გაიცინა და ჰაერში მოელვარე დანა მოიქნია:

– აღარ მჭირდება შენი აქლემები! მე ჩემი აქლემი მყავს, ჩემი სამსხვერპლო ცხოველი...
შეხედე!.. ვერ ხედავ იქ ჩამოკიდებულ ჯიხვს?!.. ის ჯიხვია!.. აქამდე როგორ არ
მიმიქცევია ყურადღება!.. ჰა... ჰა... ჰა... ეს რა სულელი ვიყავი! – თავში დანის პირი
შემოირტყა და შებარბაცდა.

მასუდი წამოვარდა და კიდევ ერთხელ გადაუჭრა გზა. კაენმა უხეშად ჰკრა ხელი.

95
მასუდმა წონასწორობა დაკარგა და უკან გადადგა ნაბიჯი. ძირს დაეცა. მაშინვე ფეხზე
წამოხტა. კაენს ხალათში ჩაეჭიდა და ხელში შემოეხა. შეეცადა, მისთვის დანა
ხელიდან გამოეტაცა, მაგრამ კაენმა მხეცურად მოუქნია. მასუდმა დარტყმა ბოლო წამს
აიცილა. დანის წვერმა მაჯა გაუჭრა. სისხლი წამოსკდა და წვეთ-წვეთად დაედინა
მწყურვალ ქვიშას.

კაენი კლდოვან კედელზე ჩამოკიდებული ასუფის ფეხებქვეშ გაჩერდა, რომელსაც


თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა, სახეჩამომჭკნარს ტუჩები გათეთრებოდა და
დახეთქოდა წყურვილისა და სამხრეთის ქარისგან. მისი სხეული კლდის ღრუს
ავსებდა, ერწყმოდა

დახატულ ჯიხვს. ნახატი ჯიხვის რქები კისერზე გველებივით შემოხვეოდა.


პირბადიან ქურუმს ხელი მის მხარზე ისე ედო, თითქოს საიდუმლო
ღვთისმსახურებას აკურთხებსო.

კაენმა შემოუარა კლდეს, დასავლეთ მხრიდან რომ ასულიყო. მასუდი შეეცადა, გზა
გადაეღობა და მკლავები ისე გაიწვდინა, თითქოს გულში უნდა ჩაიკრასო.
წაიბურტყუნა:

– შეაჩვენე ეშმაკი და დააგდე დანა!

კაენმა იარაღი ჰაერში მუქარით მოიქნია. მასუდმა უკან დაიხია. კაენი კლდეზე
მოსწორებული მხრიდან აძვრა. მზეს სახეში ველურად შესცინა, შემდეგ დაკიდებული
მწყემსის თავისკენ დაიხარა, წვერში სწვდა და კისერში დანა გამოცდილი, გაწაფული
მოძრაობით გამოუსვა. გამოცდილება კი წითელი ჰამადის უდაბნოში ქურციკთა
ყველა ჯოგის დაკვლით ჰქონდა მიღებული. ასუფს არ დაუყვირია, არც
წინააღმდეგობა გაუწევია, სამაგიეროდ, მასუდმა იყვირა და მისი ყვირილის ექო
მეზობელ მწვერვალებში გახმიანდა.

ჯინები მღვიმეებიდან გოდებით გამოეხმაურნენ. მთა გაიპო, მზის პირი გაშავდა,


ხეობის ნაპირები მარადიულ უდაბნოში ჩაიკარგა.

მკვლელმა თავი ფილის ზემოდან, კლდის ფასადისკენ ისროლა. ასუფის ტუჩები


ამოძრავდა, კისერს მოცილებულმა, მოჭრილმა თავმა წაიბუტბუტა:

– ადამის ძეს მხოლოდ მიწა გააძღებს!..

სისხლის ძაფები ქვის ფილას წვეთ-წვეთად დაედინა. ნახევრად მიწაში ჩაფლულ


ფილაზე გამოისახა თიფინაღით[86] შესრულებული იდუმალი წარწერა, ქანოს
ჯადოქართა თილისმების სიმბოლოებს რომ წააგავდა – „მე, უდიდეს ქურუმ
მუთხანდუშს, თაობათა წინასწარმეტყველებად მიბრძანებია: ხსნა მოვა მაშინ, როცა
წმინდა ცხოველი – ჯიხვი სისხლისგან დაიცლება და ქვას სისხლი დაედინება. იშვება
სასწაული, რომელიც ჩამორეცხს წყევლას, მიწა განიწმინდება და უდაბნოს წარღვნა
წალეკავს“.

ქვიშაში ჩაფლულ ქვის ფილაზე სისხლდენა გრძელდებოდა. მკვლელს არ შეუნიშნავს,


როგორ გაშავდა ზეცა და უდაბნოს მზეს ღრუბლები პირბადედ როგორ ჩამოეფარა.

96
მასუდმა მანქანაში ისკუპა. მანქანის გასაღები სწორედ იმ წამს გადაატრიალა, როცა
წვიმის მსხვილი წვეთები ლენდ როვერის შუშას დაასკდა და კლდოვან კედელზე
ჯვარცმულის სისხლი ჩამორეცხა.

97

You might also like