You are on page 1of 1

აღწერითი ტექსტი.

ჩემი საყვარელი ნივთი

ჩემი წიგნების თაროზე დგას პატარა მხიარული კლოუნი - ჩემი ბავშვობის


საყვარელი სათამაშო, რომელიც ბიძაჩემმა მაჩუქა ერთ ახალ წელს. სათამაშოს
თავზე ახურავს წითელი და ყვითელი რბილი ნაჭრებისგან შეკერილი პატარა ქუდი.
კლოუნის ფუმფულა თმები ყვითელი ფერის ძაფითაა მოქსოვილი და მთლიანად
ფარავს შუბლს. შუბლის ქვემოთ გრძელი შავი წარბებია, წარბების ქვემოთ - დიდი
მწვანე თვალები. ლოყები, ცხვირი და ტუჩები კლოუნს წითლად აქვს შეღებილი. იგი
მხიარულად იღიმება და თეთრი კბილები მოუჩანს.

ტანზე კლოუნს აცვია მუქი მწვანე კომბინეზონი განიერი ჯიბეებითა და


ყვითელი ქამრით. მარცხენა ხელში უჭირავს ფორთოხლისფერი ბურთი, რომელსაც
ნამდვილი ფორთოხლის სუნი ასდის, მარჯვენა ხელში - ოთხკუთხა წითელი
კოლოფი. ახლა ეს კოლოფი ცარიელია, მაგრამ როდესაც მაჩუქეს, სავსე იყო
შოკოლადის მრგვალი, უგემრიელესი კანფეტებით, რომლებიც, რა თქმა უნდა,
მაშინვე შევჭამე. მარჯვენა ფეხის მუხლზე კლოუნს მრგვალი ღილაკი აქვს
დაკერებული. თუკი ამ ღილაკს ხელს დააჭერ, მხიარული სიცილის ხმას გაიგონებ.
ფეხებზე კლოუნს აცვია დიდი შავი ფეხსაცმელები, რომლებზეც წითელი ფერის
ბაფთებია დამაგრებული.

ყოველთვის, როდესაც ჩემს ოთახში შევდივარ და ვხედავ მხიარული კლოუნის


პატარა ფიგურას, კარგ ხასიათზე ვდგები. მახსენდება ახალი წელი, ბავშვობა და
ბიძაჩემი, რომელიც ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და დიდი ხანია, არ მინახავს.

You might also like