You are on page 1of 203

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა

საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE
ჯემალ ქარჩხაძე
ზებულონი
შურისძიება

მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი ხეტიალითა და უთვალავი ფათერაკით


დაღლილ-დაქანცული, როგორც იქნა, გასცდა ვიწროსა და ბნელ, შმორის სუნით
გაჟღენთილ ხვრელს და კაშკაშა სინათლეში მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი
სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ
მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს
მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი
ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია,
თითქმის მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა,
როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა ყოფილიყო, ყველგან და ყოველთვის გრძნობდა
მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ არასოდეს შეყრია. ახლა კი
თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მათს მზერას ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან
შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით ეწეოდა ერთმანეთისკენ. ზებულონი
ნეტარებით გრძნობდა, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი გზა საბოლოოდ
შეუერთდებოდა სიკვდილის გზას, ისე რბილად შეუერთდებოდა, ისე მშვიდად, ისე
მკვიდრად და ზუსტად - პირი პირზე, ნაჭდევი ნაჭდევზე, წიბო წიბოზე - თითქოს მშობელმა
დაკარგული შვილი იპოვაო. სულ ახლო რომ მოვიდა, სიკვდილი ერთბაშად შედგა და
გაშეშდა. ახლა სამყაროში მხოლოდ მისი ღიმილი მოძრაობდა. ღიმილი უსხეულო და
უხილავ სხივებად იღვრებოდა ზებულონის ირგვლივ და ზებულონს, რომელიც ნელ-ნელა
იხსნებოდა მასში, ისღა უკვირდა, რომ სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი
პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების უცხო ნათელი
გადასდიოდა. ამის დანახვაზე გაიფიქრა, ეგებ ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს
და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევაო. სხეულში ანთებული შუქი
სწრაფად იზრდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭულში შედიოდა, ყველა კუთხე-კუნჭულს
სინათლედ აქცევდა და გარედან დაფრქვეული ღიმილისაკენ მიისწრაფოდა, რათა მათი
შერწყმით სამყაროში განუყოფელი სიმშვიდე დამკვიდრებულიყო. ზებულონისა და
სიკვდილის გზები ახლა სადღაც ძალიან მაღლა, ცის თაღთან ეკიდა ერთიმეორის
პირისპირ. მათ შორის ნაპრალიღა იყო დარჩენილი. ზებულონმა ამ ნაპრალიდან
გადაიხედა და ქვემოთ, შორს, ძალიან შორს დაინახა ურიცხვი წვრილი ნაკადულით
დასერილი ამწვანებული ზვრები. ნაკადულები კლაკვნით მოედინებოდნენ, ყოველი
მათგანი თავის ვიწრო კალაპოტს მიუყვებოდა და ბოლოს, დასალიერთან, იქ, სადაც
თვალი ძლივსღა წვდებოდა, ცისფერ ზღვაში ინთქმებოდა. ზებულონმა თავისი ნაკადული
იცნო და მიხვდა, რომ ეს მიწა და ეს ზვრები მისი სამკვიდრებელი იყო, მისი საკუთრება,
მისი სამყოფი და სამყოფელი. ზებულონი თავის ნაკადულს დააკვირდა. ნაკადული
კლდის ნაჟურად დაიბადა, კლდის ღაწვს ცრემლივით ჩამოედინა, მიწას რომ მიაღწია,
ძალა მოიცა და ჩუხჩუხით წამოვიდა. მერე ანაზდად ფლატეს მიადგა, ფლატეზე გადაეშვა
და ერთბაშად კალაპოტი შეიცვალა. ამის დანახვაზე ზებულონს გულმა რეჩხი უყო და
სქელი, მღვრიე ნისლიდან მეხსიერებაში შორეული განცდა ამოტივტივდა, უცხო,
უსახელო, აუხსნელი განცდა, რომელიც ოდესღაც, ზებულონისა და ზებულონის გათიშვის
ჟამს, ყრუ კედლისა და დახშული ჭიშკრის მიღმა დარჩა და, თუმცა მისი ბუნდოვანი
აჩრდილი მთელი სიცოცხლე თან დასდევდა და ზოგჯერ შორეული მოგონების ტკბილ და
ტკივილიან სევდად შეახსენებდა თავს, იგი დიდი ხანია უკვე სამუდამოდ დაკარგული
ეგონა. ახლა კედელი მოირღვა, დახშული ჭიშკარი გაიღო და ზებულონმა, თითქოს
ცხოვრების დოლაბი ხელახლა დატრიალდაო, უეცრად დიდი სიცხადით იხილა
ყოველივე...

ზებულონი, ცალთვალა ისახარის ვაჟი, წყაროსთვალში დაიბადა, წყაროსთვალში


გაიზარდა და, თვრამეტი წლისა ისე შეიქნა, იქიდან ფეხი არ მოუცვლია.

წყაროსთვალი პატარა სოფელი იყო. იგი ზებულონის მამას, ისახარს, და ზებულონის ორ


ბიძას, ანანიასა და გაბრიელს ეკუთვნოდა. ანანიას, ძმებში ყველაზე უფროსს, თეთრი თმა
ჰქონდა, გრძელი თეთრი წვერი, დინჯი მიმოხრა და ბოხი ხმა. აუჩქარებელი,
დაკვირვებული ლაპარაკი იცოდა, სოფელში დარბაისელ და ჭკუის საკითხავ კაცად
ითვლებოდა და, თუ რამე გადასაწყვეტი იყო, მის უნებურად არ გადაწყდებოდა.
სამაგიეროდ ისახარი, ანანიას მომდევნო და ზებულონის მამა, ორივე ძმაზე უფრო ბრგე
იყო, უფრო წარმოსადეგი და უკეთესი მეომარი. ბრძოლაში ბევრი ვერ დაუდებდა ტოლს,
გულადი იყო, უშიშარი, საცა ყველაზე მეტი ხიფათი ეგულებოდა, სწორედ იქ
გადაეშვებოდა თავისი ცხენით. ამ მეტისმეტი სიმამაცის გამო ერთ ბრძოლაში მარცხენა
თვალი კი დაკარგა, მაგრამ ზებულონის აზრით თეთრად გადაკრული ლიბრი მის
აღნაგობას კიდევ უფრო ვაჟკაცურ იერს ანიჭებდა.

ზებულონი მშობლების ერთადერთი შვილი იყო. დანარჩენი ოთხი, რომლებიც


ზებულონის შემდეგ ეყოლათ, დაბადების პირველსავე კვირას დაიხოცნენ. ცოლ-ქმარსაც
სხვა რა გზა ჰქონდათ, განგების ნებას დამორჩილდნენ და ბედს შეურიგდნენ. იმაზეც
მადლობას სწირავდნენ გამჩენს, რომ ეს ერთი შვილი მაინც ეზრდებოდათ, ნაშრომ-
ნადაგი ოხრად არ დარჩებოდათ, გვარს გამგრძელებელი ეყოლებოდა და ადგილ-
მამულს პატრონი, და თუ თვითონ ვერ გამრავლდნენ, მათი მონაგარი გამრავლდებოდა
და ცხოვრების მდინარეც წესსა და რიგზე იდენდა.

ბავშვობაში ზებულონი არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, უყვარდა თუ არა თავისი


სოფელი. რომც დაფიქრებულიყო, გადაწყვეტილად მაინც ვერაფერს იტყოდა, რადგან
სხვა სოფელი არ ენახა და შედარება არ შეეძლო. მართალია მერე, მეცხრამეტე
გაზაფხული რომ წარღვნასავით მოვარდა და ყველაფერი ულმობლად ქვეშ დაიტანა,
ფეხი აიდგა, მრავალი სოფელი მოიარა, მრავალი ქალაქი, მრავალი კუთხე და მრავალი
მხარე, მაგრამ ეს უკვე სხვა ზებულონი იყო და იმ ძველი, ყრუ კედლისა და დახშული
ჭიშკრის მიღმა დარჩენილი ზებულონის გულის ნადები აღარ ესმოდა. უცხო ადგილას
მყოფს ზოგჯერ უეცარი ხილვა შეატოკებდა, თითქოს მშობლიურმა სოფელმა
მოულოდნელი დესპანი აწვიაო, გონების თვალწინ წამით რაღაც იელვებდა - ან თეთრი
ლოდი აქაფებულ მდინარეში, ან მუხის მსხვილი ფესვი, მიწიდან ამოზნექილი,
კანდამსკდარი და უცნაურად დაგრეხილი, ან სახურავის საყრდენი ბოძი აივნის კუთხეში,
რომელსაც ნაჯახის ნაჭდევი აჩნდა, ძველი, ფერგადასული, ღრმა ნაჭდევი - მაგრამ ეს
ხილვა ისეთი ხანმოკლე იყო, რომ ზებულონი იმასაც კი ვერ ატყობდა, მის მიერ სხეულში
წამით გამოწვეული განცდა ტკივილი იყო თუ სიხარული. მერე კი ავიწყდებოდა, რადგან
ფიქრისთვის არ ეცალა.

ერთი მაინც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: სოფელში ზოგი რამ სიამოვნებას ჰგვრიდა.
მაგალითად, ცივ მდინარეში ბანაობა, ტყეში ხეტიალი და მელიის ხვრელის ძებნა,
ნაწვიმარზე ტალახში ფეხშიშველა სიარული, განსაკუთრებით კი მუხნარში ასვლა, სადაც
ერთხელ თვითონაც მუხად იქცა და მთელი სიმწვავით იგრძნო მუხის ძალაცა და
უძლურებაც. მუხნარი მდინარის გაღმა იყო. დამრეც ფერდობს რომ აათავებდი, მცირე
მოვაკებულ ადგილას შვიდი უზარმაზარი მუხა იდგა. თითქოს მუხები საგანგებოდ
განმარტოებულანო, სხვა არა ხე ახლომახლო არ ჭაჭანებდა. მუხრანს იქით ოციოდ
ნაბიჯზე ისევ ფერდობი გრძელდებოდა და მხოლოდ მერე იწყებოდა ტყე. ზებულონი აქ
ხშირად ამოდიოდა. ხან ფერდობის პირას ჩამოჯდებოდა და მდინარესა და სოფელს
გადასცქეროდა, ხან გაშლილი მკლავებით მუხებს ტანის სისქეს უმოწმებდა, ხანაც
რომელიმე მუხის ძირას გულაღმა დაწვებოდა და ქვემოდან ისა და ზემოდან ცა მუხის
ხშირი ტოტებითა და ფოთლებით ერთმანეთისაგან გაყოფილები ერთმანეთს მალულად
უთვალთვალებდნენ. ერთხელაც მუხების შუა დადგა, ფეხები რაც შეეძლო ღონივრად
დააბჯინა მიწას, ხელები მაღლა შემართა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, ვითომ
თვითონაც მუხა იყო. დიდხანს იდგა ასე, თვალდახუჭული და გატრუნული. მანამ იდგა,
სანამ მუხად არ იქცა და არ მიხვდა რა დიდებული რამ ყოფილა მუხა, რა მძლავრი, რა
მშვიდი, რა ღონიერი. საკუთარ სიძლიერეში ღრმად დარწმუნებული, იგი დინჯად და
უშფოთველად, ამაყი მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს: პაპანაქება სიცხესა და
დამაზრობელ ყინვას, ქარიშხალსა და სეტყვას, გვალვასა და წყალდიდობას. ფესვები
მკვიდრად, იმედიანად ედგა მიწაში, განიერი ტოტები ვეება მკლავებივით გადაეშალა და
შეუპოვარი მოლოდინით შესცქეროდა ცას, თითქოს იცოდა, რომ, რასაც მოელოდა, ის
მისი და მარტოოდენ მისი ხვედრი იყო, არა წიფლის, არა ფიჭვის, არა ნაძვის, არამედ
მხოლოდ და მხოლოდ მუხის... ამის წარმოდგენაზე ზებულონს სულში თბილად ჩაეღვარა
ის უცხო და უსახელო, აუხსნელი განცდა, რომელიც სხვა დროსაც, სხვა გარემოებაშიც,
სხვა მიზეზთა გამოც უგრძნია, რომელიც მუდამ უეცარი ნეტარებით აბრუებდა ხოლმე და
რომელიც მერე, როცა სხვა ზებულონად იქცა, სამუდამოდ დაკარგა. მაგრამ მცირე ხნის
შემდეგ ეს ნეტარი განცდა უკვალოდ გაქრა და მის ადგილას ერთბაშად შიშისა და
გაუვალი უმწეობის გულის შემკუმშველი ზვირთი შემოვარდა. და ზებულონმა უეცრად
იგრძნო: მუხის სიამაყე მოჩვენებითი ყოფილა, მუხის ძალა უქმი ყოფილა, მუხის
მოთმინება უძლური და შემგუებელი ყოფილა. მუხა მიწის ტყვე იყო! მიწა ბორკილებივით
შემოჰკვროდა ფესვებზე და გასაქანს არ აძლევდა. მუხას მოძრაობა უნდოდა და დაბმული
იყო. საცა დაიბადა, იქ უნდა მომკვდარიყო და უცხო მინდორთა სილამაზეს ვერასოდეს
იხილავდა. მუხა განწირული იყო და მის ფუტურო სიამაყეს არავითარი ფასი არა ჰქონდა.
ზებულონი შეკრთა, ხელები ჩამოჰყარა, ფეხები მიწას მოწყვიტა, სწრაფი ნაბიჯით
გაეცალა იქაურობას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მოძრაობის ილაჯი
შერჩენილი ჰქონდა, შიშმა გაუარა. ცოტა ხნის შემდეგ, უკვე საბოლოოდ დამშვიდებულს,
ისევ მოენატრა იმ შიშისა და უმწეობის განცდა, უკანვე დაბრუნდა, ფეხები ისევ ისე მყარად
დააბჯინა მიწას, ხელები ისევ ისე მაღლა შემართა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა,
ვითომ დაუძლეველი ძალით იყო მიკრული ამ ადგილს, აქედან ფეხს ვერ მოიცვლიდა,
მთელი სიცოცხლე აქ უნდა ყოფილიყო, აქ უნდა მომკვდარიყო და ვერასოდეს ნახავდა
შორეულსა და წარმტაც მხარეებს, რომლებზედაც არაერთხელ უოცნებია. შიშისა და
უილაჯობის გრძნობა მალე მართლა დაეუფლა, მაგრამ ამ გრძნობას წეღანდელი
სიმწვავე და სიმხურვალე აღარ ახლდა. ახლა იგი ბუნდოვანი იყო, ბლაგვი და თამაშს
ჰგავდა. ამის შემდეგ ზებულონს ეს ცდა არაერთხელ გაუმეორებია, მაგრამ იმ პირველი
შიშის დიდი და გაუგებრად საამო ტკივილი აღარასოდეს უგრძნია.

თანატოლებში თამაშს მუდამ მარტო ყოფნა ერჩივნა. ჯერ ერთი, ტანად იმთავითვე
ძალიან დიდი იყო, მისი კბილა გოგო-ბიჭები მხრებამდე ძლივსა წვდებოდნენ და მათთან
ისე ჩანდა, წიწილებში რომ ბოჩოლა გაერიოს. ამას თავადაც გრძნობდა, თავისი ვეება
სხეული თვითონვე ეჩოთირებოდა და ამხანაგებთან თამაში ეუხერხულებოდა, თუმცა,
რაკი ამ უხერხულობისაც რცხვენოდა, თავი ისე ეჭირა, ვითომ კი არ ეუხერხულებოდა,
არამედ ეთაკილებოდა. გარდა ამისა - და მთავარი სწორედ ეს არის - როცა სხვებთან
იყო, უნდოდა თუ არ უნდოდა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ისინი იქცეოდნენ, ის
თამაში ეთამაშა, რასაც ისინი თამაშობდნენ, იმაზე ელაპარაკა, რაზედაც ისინი
ლაპარაკობდნენ. ამას კი ვერ იტანდა. ჯიუტი ხასიათი ჰქონდა და სხვების ჭკუაზე სიარული
არ შეეძლო. მარტოობას რა სჯობდა! არხეინად რომ მიაბიჯებდა თავისთვის აჭრელებულ
მინდორზე და იმაზე ფიქრობდა, თუ რატომა აქვთ ყვავილებს სხვადასხვა ფერი, გული
სიხარულით ევსებოდა მიუხედავად იმისა, რომ პასუხს ვერ პოულობდა. ან ზაფხულის
ღამეში ბალახში გულაღმა მწოლარე მოკრიალებულ ცას რომ მიაჩერდებოდა და ამაოდ
ეთათბირებოდა საკუთარ თავს იმის გამო, თუ ეს ამდენი ვარსკვლავი დილით სად მიდის,
ღამით საიდან მოდის, რატომ ხდება, რომ ზოგი მათგანი მოულოდნელად მოწყდება,
მთელ ცას გადაიქროლებს და სადღაც ისე უეცრად გაქრება, თითქოს არც არასოდეს
ყოფილიყოს. როდესაც ერთხელ ყური მოჰკრა, ალიონზე, სინათლისა და სიბნელის
შეხვედრის ჟამს, მდინარე წამით შედგებაო, ამ უჩვეულო რამ ამბის სანახავად სამჯერ
უთენია გაიპარა სახლიდან. მართალია, ვერც ერთხელ დამდგარი მდინარე ვერ ნახა,
მაგრამ ნახვის მოლოდინი სამივეჯერ ისეთი ტკბილი იყო, ისეთი ამაფორიაქებელი და
ჟრუანტელისმომგვრელი, რომლის მსგავსსაც ტოლ-ამხანაგებში ყოფნა ვერასოდეს
მიანიჭებდა.

როცა ბავშვები ცოტა წამოიზარდნენ, ზებულონს გულმა ერთი გაწევა მაინც გაუწია მათკენ.
ეს ის დრო იყო, გოგო-ბიჭები რომ უეცრად დაშორიშორდნენ, მათ შუა გამოუცნობი ზღუდე
აღიმართა, უცნაური, საშიში და გადაულახავი. ბიჭებმა იგრძნეს, რომ რაღაც ვეება
საიდუმლოს მიადგნენ და ნელ-ნელა მიანებეს თავი ლახტის თამაშს, ბავშვურ ბღლაძუნსა
და მინდორში სულელური ჭყივილით ერთმანეთის დევნას. საიდუმლოს ამოხსნა ყოვლად
აუცილებელი ჩანდა და ისინიც ამის შემდეგ გაუგებარი ჟრუანტელით ატანილები, ხან
მდინარის პირას, ხან ყანაში, ხან ტყეში, ერთად შეკრებილები, მტკიცედ შენივთულები და
ერთიანი, უცხო და მხურვალე ბანგით გაბრუებულები მოგუდული ჩურჩულით
ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა არის ქალი, რისგანაა, რომ გოგო, რომელსაც გუშინ
ბიჭისგან ჯერ კიდევ ვერაფრით ვერ ასხვავებდი, დღეს უეცრად სხვა ჯიშად იქცა, მკერდი
სხვანაირად ამოებურცა, თეძოები სხვანაირად მოუმრგვალდა, ხმა სხვანაირად გაუნაზდა
და გაუშორეულდა, და მისი კანჭები, რომლებიც გუშინ ჩვეულებრივი იყო და შენი
კანჭებისაგან არ განირჩეოდა, ერთბაშად რაღაც ისეთი უცნაური ძალითა და
მომნუსხველობით დაიტენა, ისეთი ფერი მიეცა და ისეთი სუნი ავარდა, რომ მის დანახვაზე
გონება ბინდით გევსება და თვალი ნისლით. აი, ამ დროს გაუწია გულმა ზებულონს
ბიჭებისაკენ, რადგან ეს დიდი საიდუმლო მასაც ტანჯავდა და აწვალებდა. მაგრამ მალე
დაინახა, რომ შემცდარა. რამდენჯერაც კი გაერია ბიჭების გუნდში და მათი საუბარი
მოისმინა, იმდენჯერ სირცხვილის ზიზღნარევი გრძნობა გამოჰყვა. ზებულონისთვის
ქალის იდუმალება უცხო და ხელუხლებელი რამ იყო, მართალია, ტკბილი და
ჟრუანტელისმომგვრელი, მაგრამ ამავე დროს უხილავი და არამიწიერი, ბიჭები კი
მხოლოდ იმას ცდილობდნენ, ეს შორეული სილამაზე როგორმე ხელით შეეპყროთ,
მიწაზე ჩამოეთრიათ და უწმაწური მახვილსიტყვაობით დაემდაბლებინათ და მტვერში
ამოეთხვარათ.

და ზებულონი კვლავ განმარტოვდა. მარტოობა შვება და ნუგეში იყო, საკუთარი თავი კი


საუკეთესო მეგობარი და გულის მესაიდუმლე.

თუმცა ზებულონის მარტოობას მთლად მარტოობაც არ ერქვა, რადგან თავის ორ


უერთგულეს მეგობარს, ბროლასა და ლომიას, გვერდიდან თითქმის არასოდეს
იშორებდა. ბროლა და ლომია, როდესაც ერთმა მოხუცმა მწყემსმა მთიდან ჩამოუყვანა,
პაწაწკინტელები და საცოდავები იყვნენ, თვალები ჯერაც არ ახელოდათ, შესაბრალისად
წკავწკავებდნენ და ძლივს დაბაჯბაჯებდნენ. ზებულონმა მათი მოვლა-პატრონობა
თვითონვე ითავა, ახლო არავინ გაიკარა და, ცოტა რომ წამოიზარდნენ, წვრთნა დაუწყო.
ლეკვების დედაცა და მამაც წმინდა სისხლის ნაგაზები იყვნენ და თვითონაც, რაღა თქმა
უნდა, ნაგაზები უნდა გამოსულიყვნენ - შეუპოვრები, მებრძოლები, ავები. მაგრამ
ზებულონი უჯიათი და თავისნათქვამა იყო და ლეკვებს მწევრებად და მეძებრებად
დაზრდა დაუპირა. ბევრი უშალეს, ცალკე მამამ, ცალკე მეზობლებმა, ცალკე გამოცდილმა
მონადირეებმა და გამოცდილმა მწყემსებმა, ან შენ რას წვალობ, ან მაგ საწყალ ძაღლებს
რას აწვალებ, სად გაგონილა ნაგაზი მეძებრად იქცესო, მაგრამ არ დაიშალა და, რაკი
სოფელში მოსვენებას არ აძლევდნენ, ლეკვები ზემოთ მიჰყავდა ხოლმე, ტყეში, და იქ
გეშავდა თავის ჭკუაზე. ამასობაში ხანი გამოხდა. ჯიშმა და სისხლმა, ცხადია, თავისი ქნა
და ბროლა და ლომია ისეთი ნაგაზები დადგნენ, თვალი უკეთესს ვერ ნახავდა -
ვეებერთელები, ბომბორები, ჭკვიანები, ღონივრები და ერთგულები. სიმამაცეზე და
გულადობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ ამავე დროს მთელი სოფლის
განსაცვიფრებლად თავისი ქნა ზებულონის გულმოდგინებამა და მოთმინებამაც: ეს
მოზვრის ტოლა ნაგაზები, რომლებიც არაერთხელ მგლების მთელ ხროვას შებმიან და
გაუფანტავთ კიდეც, ისე გაერთხმებოდნენ ბალახებში მელიის სოროს მახლობლად, ისე
გაშეშდებოდნენ და გაიტვრინებოდნენ და ისე გაფაციცებით ელოდნენ - ზოგჯერ
დილიდან შუადღემდე - საკბილოს გამოჩენას, თითქოს სწორედ ეს ყოფილიყო
მამაპაპითგან მემკვიდრეობით ნაანდერძევი ხელობა. ნადირის სუნს შორიდანვე
იკრავდნენ, კვალს ფრთხილად და უჩუმრად მიჰყვებოდნენ, ჯაგებსა და ბუჩქნარს ისე
გაივლიდნენ, ფოთოლს არ შეატოკებდნენ, პატრონის ყველა სიტყვა და ყველა ნიშანი
ესმოდათ და უყოყმანოდ და მორჩილად ასრულებდნენ; ხან მიწაზე გაწვებოდნენ და
ფორთხვით მიიწევდნენ წინ, ხან გაწოლილები გაშეშდებოდნენ, გაინაბებოდნენ და ახალი
ბრძანების მოლოდინში ლამის სუნთქვას შეიკრავდნენ. ერთი სიტყვით, ნაგაზებიც იყვნენ
და მეძებრებიც, ბრძოლაც იცოდნენ და ეშმაკობაც, ღონეც ჰქონდათ და ხერხიც.

დრო ნელა მიდიოდა, უჩუმრად, მშვიდად, ვერც კი შეატყობდით მიდიოდა თუ არა, სანამ
ჟამმა არ დაჰკრა და ის დიდი და საბედისწერო გაზაფხული, ზებუნებრივი შურისძიების
ღრმა ისრით დაღარული და ამავე დროს არაამქვეყნიურად ლამაზი, როგორც თეთრი
ქალწული ჩამავალი მზის მეწამული სხივებით აელვარებულ ოქროსფერ კუბოში, ყრუ და
გაუვალ კედლად არ აღიმართა ზებულონსა და ზებულონს შორის და კედლის გარეთ
მყოფი ზებულონი ისე დაუნდობლად არ გათიშა კედლის შიგნით დარჩენილი
ზებულონისაგან, რომ მათ შორის ყველა დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა და ყველა
მსგავსება წაიშალა, რის გამოც ნეტარი და დამათრობელი განცდა, უცხო, უსახელო,
აუხსნელი, რომელსაც მაშინ მიწისა და ცის სუნი ასდიოდა, სამუდამოდ გაქრა და
აღარასოდეს დაბრუნებულა.

იმ წელიწადს ძალიან თბილი გაზაფხული იდგა. თბილი და წვიმიანი. დღე ისე არ


გავიდოდა, კოკისპირული წვიმა არ წამოსულიყო. უეცრად, მოულოდნელად წამოუშენდა,
გეგონებოდათ, წარღვნა დაიწყოო, და თვალის დახამხამებაში მიწას ძირისძირობამდე
დაალბობდა. მერე ისევ ისე უეცრად გადაიკარებდა, ღრუბლები მიიწ-მოიწეოდნენ,
გამეჩხერდებოდნენ, შეთხელდებოდნენ და სამხრეთის ცაზე ზღაპრული მშვილდივით
დაეკიდებოდა ნაირფერად აბრჭყვიალებული ცისარტყელა. ცოტა ხნის შემდეგ მზე კვლავ
ძალას მოიცემდა და ქვეყანას მოცინარე პირით დახედავდა, ცხელ სხივებში გახვეულ
მიწას ოხშივარი აუვიდოდა და თან, რაც კი წვიმამ დანამა, დაალბო, დაასველა,
ყველაფრის სუნს აიყოლიებდა. სოფლად ეს უფრო ნუშის სუნი იყო, ზემოთ კი, ტყეში, -
იელისა და წიფლის. მზის სხივები, წვიმის ურიცხვი წვეთებიდან არეკლილი, თავისივე
სიმხურვალისაგან ავარდნილ ორთქლში აცახცახდებოდნენ და მინდვრებსა და
ფერდობებს ისეთ უცხო ფერებად მოეფინებოდნენ, დარდიანიც რომ ყოფილიყავით,
გული მაინც სიხარულით შეგიტოკდებოდათ და საამოდ აგიფორიაქდებოდათ.

ასეთ დროს ზებულონს რბილ ტალახში ფეხშიშველა სიარული უყვარდა. ნელთბილი და


თოთო მიწა რომ ნესტიანი ენით მოელამუნებოდა და ტერფებზე საამო არტახებად
შემოეკვროდა, ის უცხო და უსახელო, აუხსნელი განცდა გულში ნიაღვარივით
შემოვარდებოდა, მერე ყოველ მხარეს გაიფანტებოდა, სისხლს შეერეოდა და მთელ
სხეულს ტკბილი, მომთენთავი ნეტარებით ავსებდა. ზებულონი ნელა, გარინდებით
დადიოდა და ყოველ ნაბიჯს ყურადღებით აკვირდებოდა. ჯერ ქუსლი შეეხებოდა დამბალ
მიწას და ნელა დაიწყებდა შიგ ჩაძირვას, მერე ტალახის სქელი ფაფა კოჭისძირებს
შემოედებოდა, ფეხისგულებს ამოეკვროდა, თითებსა და თითებს შუა კლაკვნით
ამოყელყელავდებოდა და ბოლოს მთელი ტერფი, ფეხისგულიდან კოჭამდე, საამოდ
რომ ჩაეფლობოდა ნელთბილ მიწაში, ზებულონი ნეტარებისაგან ზოგჯერ თვალებსაც
ხუჭავდა. გუბურას რომ წააწყდებოდა, ტალახიდან ამოვიდოდა, მზით გამთბარ წყალში
ფეხებს სათითაოდ ჩაჰყოფდა და კარგად გაალაღლაღებდა, რათა მერე ყველაფერი
თავიდან დაეწყო.

ზებულონმა არ იცოდა, რასაც თვითონ განიცდიდა, იმას განიცდიდნენ თუ არა სხვებიც. ის


კი იცოდა, რომ ნაწვიმარზე შიშველი ფეხებით ტალახის ზელა ყველა ბავშვის საყვარელი
გასართობი იყო. ოღონდ ესაა, სხვა ბავშვებმა ეს გასართობი, როგორც კი წამოიზარდნენ,
მაშინვე მიატოვეს. უცხო თვალის დასანახავად ზებულონმაც მიატოვა. მას შემდეგ, რაც
თოთხმეტი წლისა შეიქნა, პატარა უკვე აღარ ეთქმოდა და ტალახის ზელასა და მუხად
ქცევას აღარავინ მოუწონებდა. დადგა ჟამი, როცა იმ მთავარი საქმისთვის უნდა მოეკიდა
ხელი, რასაც მისგან დრო და ქვეყანა ითხოვდა.

დრო ავი იყო, ქვეყანა - გავერანებული. ყოველი მხრიდან ურჯულოებით


გარშემორტყმული პატარა კუთხე გააფთრებით იბრძოდა თავისუფლების
შესანარჩუნებლად. უცხო თვალისთვის ასეთი უიმედო ბრძოლა იქნებ ღიმილის
მომგვრელი უგუნურობა იყოს, მაგრამ ქართველებს მაშინ დანებება არ უყვარდათ,
სახელს ზომაზე მეტ ფასს ადებდნენ და უმალ ხმალს შეუშვერდნენ კისერს, ვიდრე უღელს.
მართალია, დროდადრო გონიერი კაცებიც გამოჩნდებოდნენ და ირწმუნებოდნენ,
უთანასწორო ბრძოლას დამორჩილება სჯობს, რადგან მონა ადრე თუ გვიან თავს
გაითავისუფლებს, მკვდარს კი აღარაფერი ეშველებაო, მაგრამ მათი ქადაგება უნაყოფო
იყო და ბოლოს და ბოლოს იძულებული ხდებოდნენ, თვითონაც ხმლები აელესათ და
ომში წასულიყვნენ. მტერი კი ქართველობას ნაირ-ნაირი ჰყავდა და ნაირ-ნაირი ხერხებით
ცდილობდა მის მოსპობას. ზოგი დიდი, კარგად გაწყობილი ლაშქრით მოდიოდა, რომ
ერთხელ და სამუდამოდ გაექრო ქართველის სახსენებელი, ზოგი წვრილ-წვრილ,
მუხანათურ თავდასხმას ამჯობინებდა, ზოგიც მეგობრობას ეფიცებოდა, მკერდზე მჯიღებს
იბრაგუნებდა და ცდილობდა გულში ჩაეკრა, რათა ასე გულში ჩაკრული მოეხრჩო.

რაკი ქართველები მორჩილებას ვერ ურიგდებოდნენ და ქვეყანა მუდამ სიკვდილ-


სიცოცხლის მიჯნაზე იყო, აქაური ყმაწვილები, ბიჭობის ვადა რომ გაუვიდოდათ, უბრალო
კაცებად კი არ იქცეოდნენ, როგორც ეს შედარებით უფრო დაწყნარებულ ქვეყნებში
ხდებოდა, არამედ მეომრებად, რომლებსაც მაშინაც კი, როცა ომი არ იყო და გუთანს
ეკიდნენ, რათა მოესწროთ და ოჯახისთვის ცოტაოდენი სარჩო-საბადებელი გაეჩინათ,
წელზე ხმალი ერტყათ, მხარზე თოფი ეკიდათ და მინდვრის თავსა და ბოლოში
მეთვალყურეები ეყენათ, მტერი რომ მოულოდნელად არ დასცემოდათ. ზებულონიც,
რაღა თქმა უნდა, საერთო გზას გვერდს ვერ აუვლიდა. ამ დროისთვის ჩინებულად იცოდა
ცხენის ხედნა, ხარ-ურმის გაძღოლა, ძაღლების წვრთნა, ხვნა-თესვა, ნადირობა, ფუტკრის
მოშენება, ხეხილის დამყნობა და გახარება, და ყველა ეს საქმე გულით უყვარდა, მაგრამ
რაკი საჭიროება მოითხოვდა, ომის სამზადისსაც ჩვეული მუყაითობით მიჰყო ხელი და,
ჩვიდმეტი წლისა რომ შეიქნა, უკვე გაწვრთნილი მეომარი იყო, ხმალსაც კარგად
ხმარობდა, შუბსაც და თოფსაც. ცხენზე ჯდომა და მიუვალ ადგილებში ჭენება ხომ
უამისოდაც იცოდა და იცოდა. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ მზად იყო და, თუმცა ჯერ არ
დაეძახნათ, თავის წარმოდგენაში უკვე მრავალი ბრძოლა გადაეხადა. გონების თვალით
ყველაფერს უაღრესად ცხადად და მკაფიოდ ხედავდა: ცხენდაცხენ რომ მოულოდნელად
მტრის რაზმის შუაგულში გადავარდებოდა და თან ერთს ომახიანად დასძახებდა,
დაბნეული და დაფეთებული მოწინააღმდეგე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ზებულონი
ყიჟინით მისდევდა. ბოლოს გაქცეულებს ერთი კაცი ჩამორჩებოდა. ჩამორჩებოდა,
ჩამორჩებოდა, ჩამორჩებოდა და, როდესაც იგრძნობდა, გამოსავალი აღარ ჰქონდა,
შედგებოდა, აიწურებოდა, კისერს მხრებში ჩარგავდა, თვალებს დახუჭავდა და ხელებს
თავზე წაიფარებდა. ზებულონმა მშვენივრად იცოდა, თუ რა უნდა მომხდარიყო ამის
შემდეგ: ხმალი მთელი ძალით უნდა მოექნია, შიშით წამხდარი მოწინააღმდეგე შუაში
გაეპო და დანარჩენებს დადევნებოდა, რათა ამბის მიმტანი არავინ გაეშვა. მაგრამ ის
მკაფიო და ცხადლივი წარმოდგენა, რომელიც აქამდე წინ მიუძღოდა, აქ ერთბაშად
წყდებოდა. გონება უარს ამბობდა რაიმე დაენახა ამის შემდეგ და ზებულონს შეშინებული
მოწინააღმდეგის მოკვლა ვერაფრით ვერ მოეხერხებინა. ასეთ გაუბედაობას თავს
ქალაჩუნობად უთვლიდა და ყველაფერს თავიდან იწყებდა, მაგრამ ამ ადგილს რომ
მიაღწევდა, წარმოსახვა კვლავ ოჩანი ცხენივით გაჯიქდებოდა, ერთ ადგილას
დადგებოდა და ზებულონი, თუმცა საკუთარ თავთან უჭირდა ამის გამხელა, იძულებული
ხდებოდა მოკვლის ამბავი გამოეტოვებინა, შეშინებული მოწინააღმდეგისათვის გვერდი
აექცია და ისე დადევნებოდა გაქცეულებს.

სოფელში კი უკვე კარგი მეომრის სახელი ჰქონდა დავარდნილი. მისი მეომრობისა ჯერ
არაფერი იცოდნენ, მაგრამ ტანად ვეება იყო, განიერი ბეჭები ჰქონდა და, ქურანაზე
ამხედრებულს რომ დაინახავდნენ, მოწონებით იქნევდნენ თავს. ხოლო შემოდგომაზე
რომ ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლისამ მსუბუქად და ლაღად აიტაცა საჯილდაო ქვა, რომელიც
იმდენ ხანს იდო უქმად სასაფლაოს პირას, რომ მისი ამწევი ძველ თქმულებებსა და
გადმოცემებსაც კი არავინ შემოენახა, სოფელი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ
სახელოვანი მეომარი და საიმედო ქომაგი ეზრდებოდა.

ზებულონმა უამისოდაც მშვენივრად იცოდა, რომ დიდი ღონის პატრონი იყო, მაგრამ
თანასოფლელებისაგან განსხვავებით ეს ამბავი არათუ სიამოვნებას არ ანიჭებდა, არამედ
ცოტა ეუხერხულებოდა კიდეც. ღონეცა და ტანიც, განსაკუთრებით ტანი, რომელიც ისე
დაჰქონდა, თითქოს რაღაც უსიამო ტვირთი ძალად აჰკიდესო; ჯერ კიდევ
ჩამოუყალიბებელი და შეუკრავი სხეული რაღაც გაუგებრად იყო აჩონჩხლილი და
მოძრაობისას ისე ყანყალებდა, გეგონებოდათ, საცაა დაიშლებაო. კიდურები მკვიდრად
ვერ ისხდნენ სახსრებში და, ხელს რომ აიქნევდა, ეს აქნეული ხელი ერთი მტკაველით
იმაზე შორს მიდიოდა, ვიდრე განზრახული ჰქონდა. ზებულონი ყოველივე ამას კარგად
გრძნობდა და, როცა ცდილობდა საკუთარი თავი სხვისი თვალით დაენახა, სასაცილო
ეჩვენებოდა და არაფრად ეჭაშნიკებოდა.

იმ ზამთარს თვრამეტისა შესრულდა, ხოლო გაზაფხულის დამდეგს სოფელ


წყაროსთვალში იოველ ბატონიშვილი ამოვიდა.

აქამდე ზებულონის წარმოდგენაში იოველ ბატონიშვილი უფრო ზღაპრული ჭაბუკი იყო,


ვიდრე ნამდვილი, ხორცშესხმული ადამიანი. არა მარტო იმიტომ, რომ სოფელში მის
შესახებ საკვირველსა და დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ამ
საკვირველსა და დაუჯერებელ ამბებს ზღაპრებივით ჰყვებოდნენ. ნაშემოდგომევს,
როდესაც მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებული იყო და ომის მაცნეც არსად ჩანდა,
ღვთით ნაწყალობევი ამ დროებითი, ხანმოკლე მყუდროებისა და სიმშვიდის დროს
ჩამოსხდებოდნენ დიდი კოცონის პირას სოფლის მოხუცები, რომელთაც, ნიავზე
მოლიცლიცე ალის შუქი რომ გადაურბენდა და ჩამოწოლილი ბინდიდან წამით
გამოჰყოფდა, თავადაც იდუმალი სახეები ჰქონდათ, და, ერთი რომ მოათავებდა
ზღაპარს, რომელშიაც ძალგულოვანმა ჭაბუკმა ცხრათავიანი დევი ყელამდე ჩაფლა
მიწაში, ახლა სხვა დაიწყებდა: „ერთხელ თურმე იოველ ბატონიშვილი...“, ისე თითქოს
ისიც ზღაპარს ჰყვებოდა. ცოტა რომ წამოიზარდა, ზებულონი მიხვდა, რომ იოველ
ბატონიშვილი შესაძლოა უჩვეულო, მაგრამ ნამდვილი ადამიანი იყო, და შეძრწუნებული
მთელი არსებით აუჯანყდა ამ აზრს, რადგან გრძნობდა, რომ ნამდვილი იოველ
ბატონიშვილი ვერ შეითავსებდა თავის საკვირველ თავგადასავალს და ამის გამო
საყვარელი ზღაპარიც გაიძარცვებოდა და გაღატაკდებოდა. სხვა რომელიმე ზღაპარს
იქნებ იოლადაც შელეოდა, მაგრამ იოველ ბატონიშვილის ზღაპრის ხელყოფას ვერ
შეურიგდებოდა. იგი ერთადერთი იყო, გამორჩეული, ყველასაგან განსხვავებული და
განსხვავებულად ამაღლებული. დანარჩენი ზღაპრები ასე თუ ისე ერთმანეთს ჰგვანდნენ:
მძლეთამძლე ჭაბუკი ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლის შემდეგ, ყველა დევს რომ
დაამარცხებდა და ყველა დაბრკოლებას გადალახავდა, მზეთუნახავს ირთავდა ცოლად,
ხელმწიფედ ჯდებოდა და „ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად“. ამ დასასრულს რომ
ისმენდა, ზებულონს ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს სული გაებზარა და შიგ
სიცარიელე შეეპარა. ამგვარი დასასრული მართლა დასასრული იყო, ყველაფრის
დასასრული, რადგან როცა მზეთუნახავს შეირთავ, ხელმწიფედ დაჯდები და ტკბილად და
ბედნიერად ცხოვრობ, მეტი რაღა უნდა მოხდეს! ან თავიდან უნდა დაიწყო ცხოვრება, ან
არადა სიკვდილამდე იყო ასე, ტკბილად და ბედნიერად. იოველ ბატონიშვილის ზღაპარს
კი დასასრული არ ჰქონდა. იოველ ბატონიშვილის ზღაპარი სულ სხვა იყო. თუ დანარჩენი
ზღაპრის გმირები თავიანთ თავგადასავალს იმით ამთავრებდნენ, რომ ხელმწიფეები
ხდებოდნენ, იოველ ბატონიშვილმა თავისი საკვირველი თავგადასავალი იმით დაიწყო,
რომ ხელმწიფობაზე უარი თქვა. ასეთი რამ ზებულონს არც ერთ ზღაპარში არ გაეგონა,
რადგან ზღაპარი არსებითად ყოველთვის ხელმწიფობისაკენ მიმავალი გზაა,
ხელმწიფობაზე უარის თქმა კი იმდენად საოცარი და გაუგონარი ამბავია, კაცი
ზღაპარშიაც ვერ დაიჯერებ. იოველ ბატონიშვილმა კი უარი თქვა. მან, მეფის უფროსმა
ვაჟმა და ტახტის მემკვიდრემ, მამის სიკვდილის შემდეგ მეფობაზე უარი თქვა და
გვირგვინი მომდევნო ძმას დაულოცა. და თუმცა ეს ამბავი ზღაპრადაც დაუჯერებელია,
ამგვარი კაცის ადგილი მხოლოდ ზღაპარშია, ჭაბუკებთან და მზეჭაბუკებთან, დევებთან
და გველეშაპებთან, ფასკუნჯებთან და კუდიან დედაბრებთან. მას შემდეგ, რაც ტახტზე
უარი თქვა, იოველ ბატონიშვილი თურმე ერთხანს თავის საუფლისწულო მამულში
ცხოვრობდა, მერე კი გუდა-ნაბადი აიკრა და სამოგზაუროდ წავიდა. იარა, იარა, ბევრი
იარა თუ ცოტა იარა, მრავალი ქვეყანა შემოიარა, საცა კი ბრძენსა და ნასწავლ კაცს
გადაეყრებოდა, შეგირდად უდგებოდა და მანამ რჩებოდა მასთან, სანამ ყველაფერს არ
ისწავლიდა, რაც კი ოსტატმა იცოდა; თხუთმეტი წელი იარა ქვეყნიდან ქვეყანაში,
სახელმწიფოდან სახელმწიფოში, და თხუთმეტი წლის შემდეგ, ბრძენი და ყოველმხრივ
განსწავლული, სამშობლოში დაბრუნდა. ამბობდნენ, მრავალი ხალხის ენა იცისო. ეს რომ
ზებულონმა გაიგო, ძალიან გაუკვირდა, რადგან მისთვის ქვეყნად ერთი ენა არსებობდა
და ყოველი კაცი, ვინც არ უნდა ყოფილიყო და სადაც არ უნდა ეცხოვრა, ქართულად
ლაპარაკობდა. ან კი როგორ შეიძლებოდა ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა სახელი
ჰქონოდა! მაგალითად, მიწას თუ „მიწა“ არ უწოდე და სხვა რამ უწოდე, ცხადზე უცხადესია,
რომ ასეთი მიწა მიწა კი არ იქნება, არამედ სხვა რამე. მერე და მერე რაღაცას თითქოს
მიხვდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაერკვა. იოველ ბატონიშვილი კი ზღაპრულზე
უფრო ზღაპრული ჭაბუკი და იდუმალი ძალების პატრონი იყო. სამშობლოში
დაბრუნებულმა თურმე თავის მამულში მაღალი მთის წვერზე ტაძარი ააგო და შიგ
სასწავლებელი გამართა, რათა ახლა თავად მოეწვია შეგირდები და, რაც იცოდა,
მათთვის ესწავლებინა. ასეთი ზღაპარი იოლად არ დასრულდებოდა, რადგან მასში არ
იყო „ტკბილი და ბედნიერი“ ცხოვრება, რომელიც აღარ იცვლება და რომლის იქით
არაფერი აღარაა. სხვებს, ვინც შავად გატრუნულ ღამეში მოგიზგიზე კოცონის პირას
მასთან ერთად ისმენდნენ ზღაპრებს, მუხლმაგარი და მკლავმაგარი ჭაბუკები ერჩივნათ,
ცხრათავიან დევებსა და შავ-შავ გველეშაპებს რომ ჭიანჭველებივით ჟლეტდნენ,
ზებულონის გული კი იოველ ბატონიშვილის ზღაპარს ეკუთვნოდა, რადგან იოველ
ბატონიშვილის თავგადასავალში უხილავი და უჩინო, მაგრამ ყველაფერს აღმატებული
ძალა ეგულებოდა, რომლის ვეება, ყოვლისმომცველი იდუმალების წინაშე ყველა სხვა
ძალა უფერული, უქმი და წარმავალი ჩანდა. იოველ ბატონიშვილმა უარი თქვა იმ ტახტზე,
რომლისკენაც ხერხით, ღონითა და ხმლით იკაფავდნენ გზას ტალიკ-ტალიკი მზეჭაბუკები,
და სულ სხვა ტახტზე დაჯდა. ეს ტახტი სადღაც ზემოთ იდგა, ღრუბლებში. შესაძლებელია
ეს, საერთოდ, ღრუბლის ტახტი იყო და ამ ტახტიდან იოველ ბატონიშვილი, ლამის
უსხეულო და უხილავი, ყველაფერს მკაფიოდ ხედავდა, ყველაფერი, ზღაპარიცა და
სინამდვილეც, ისე ედო წინ, როგორც ხელისგულზე, და მისი ძალა, იდუმალი,
ჯადოქრული, სასწაულებრივი, რაც უფრო იხარჯებოდა, მით უფრო იზრდებოდა.
როდესაც ზებულონის აღგზნებული გონება საღამო ხანს მოსმენილ ზღაპრებს ძილის წინ
ოცნების რაშით დაედევნებოდა ხოლმე, გეზს ყოველთვის იოველ ბატონიშვილის უცხოდ
გაცისკროვნებული ზღაპრისკენ იღებდა, ოღონდ ცდილობდა შორიდან ეცქირა, შიგ კი
რაც შეიძლება იშვიათად შეჭრილიყო, რათა ზედმეტად არ შეჩვეოდა, არ გაშინაურებოდა
და ამით არ გაეუფერულებინა, არ გაეუხეშებინა, უბრალო და ყოველდღიურ სახმარად არ
ექცია. მაგრამ როცა ოცნება ლაგამს გადაღრღნიდა და თავისუფლებას მოიპოვებდა,
ჭაბუკი ზებულონი გუდა-ნაბადს აიკრავდა, დედ-მამას გამოეთხოვებოდა და გზას
გაუდგებოდა. ივლიდა ზებულონი, ივლიდა, ბევრს ივლიდა თუ ცოტას ივლიდა, მრავალ
გზაჯვარედინს რომ გასცდებოდა და მრავალ უცხო და უცნაურ ქვეყანას მოიხილავდა,
ბოლოს ერთ დაბურულ ტყეში შუქს შენიშნავდა და იმ შუქისკენ გასწევდა. ახლო რომ
მივიდოდა, დაინახავდა, რომ ტყეში თურმე ტაძარი დგას და ის შუქი ტაძრიდან გამოდის.
„ეჰეი, მასპინძელო, სტუმარი არ გინდაო?“ - დაიძახებდა ზებულონი. კარი ჭრიალით
გაიღებოდა და ზღურბლზე იოველ ბატონიშვილი გამოჩნდებოდა, რომელსაც ბუნდოვანი
და გაურკვეველი შესახედაობა ჰქონდა, რადგან გონებამ მისი გარეგნობა ვერაფრით ვერ
გამოკვეთა და ვერანაირ ყალიბში ვერ მოაქცია. „მობრძანდი, ჭაბუკო, სტუმარი
ღვთისააო, - ეტყოდა იოველ ბატონიშვილი ტკბილზე ტკბილი ხმით. მერე დიდ,
თვალუწვდენელ დარბაზში შეუძღვებოდა, დაკვირვებით აათვალ-ჩაათვალიერებდა და
ჰკითხავდა, - ვინა ხარ და რისთვის მოსულხარო?“ „მე ზებულონი ვარ, ცალთვალა
ისახარის ვაჟიო, - მიუგებდა ზებულონი, - ისეთ ოსტატს ვეძებ, რომ ადამიანის საიდუმლო
იცოდეს. შეგირდად მინდა დავუდგე. ბროლასა და ლომიას ენა კი ვისწავლე, ყოველდღე
ველაპარაკები და ვიცი, რა უჭირთ და რა ულხინთ, მუხების ენაც გავიგე და, ნიავი რომ
დაუბერავს, მესმის როგორ უყვებიან ერთმანეთს თავ-თავიანთ ამბავს, მიწას რომ ყურს
დავადებ, მიწის ლაპარაკს ვისმენ, ღრუბლების თავგადასავალი როცა მინდა გავიგო,
წვიმას სახეს მივუშვერ და წვიმის წვეთები წვრილად მიამბობენ ყველაფერს. მაგრამ
ყოველივე ეს უქმი და უსარგებლოა, რადგან კაცის საიდუმლო ვერ გავიგე. მთელი ქვეყანა
მოვიარე და ისეთი ოსტატი ვერსად ვიპოვე, კაცის საიდუმლო იცოდეს. და აჰა, შენთან
მოვედი, შენ ყველა ბრძენზე ბრძენი ხარ და ყველა სწავლულზე სწავლული. მიმიღე
შეგირდად. მიმიღე და რაც გინდა მთხოვე. თუნდა სული მთხოვე, არ დაგიჭერ, ოღონდ
უარს ნუ მეტყვი...“

ზებულონი კეთილსინდისიერად, ნებისყოფის დიდი დაძაბვით ცდილობდა ოცნების


თავაწყვეტილი რაში ისევ აელაგმა, რადგან ბუნდოვანი, მაგრამ უტყუარი გუმანით
გრძნობდა, რომ ეს სანუკვარი ოცნება, ბანგივით დამათრობელი და ნეტარების თბილ
ბურანში გამხვევი, შეიძლებოდა ისე შემოპაროდა და შემოჩვეოდა, ბოლოს ტკბილ და
ბედნიერ ცხოვრებად ქცეულიყო და ჯერ კიდევ დაუწყებელი ზღაპარი უსახელოდ
დაესრულებინა. იოველ ბატონიშვილის საკვირველი თავგადასავალი ცალკე,
განსაკუთრებულ სკივრში იყო მოთავსებული, თავდახურული და საიდუმლო ადგილას
გადანახული. ამ სკივრის გაღება და იოველ ბატონიშვილის გამოხმობა, როგორც საჭირო
სალამურის დაკვრა, მხოლოდ უკიდურესი განსაცდელის ჟამს შეიძლებოდა, მხოლოდ
მაშინ, როდესაც იმედის ბორბალი ბედუკუღმა დაუტრიალდებოდა, როდესაც იმის
საშიშროება შეიქმნებოდა, რომ სულის ბზარიდან შემოპარულ სიცარიელეს ყოველივე
განედევნა და ყველაფრის ადგილი თვითონ დაეკავებინა.

ზებულონი ასეც იქცეოდა. მაგრამ მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, არათუ არავინ
მოელოდა, თვით ოცნებასაც კი ფიქრად არ მოუვიდოდა: იოველ ბატონიშვილი
წყაროსთვალში ამოვიდა. იოველ ბატონიშვილი წყაროსთვალში ამოვიდა და თავისი
მშვენიერი ზღაპრის ბროლის კოშკს საკუთარი ხელით გამოაცალა საყრდენი და
საძირკველი.

შუა მარტი იდგა. სოფელში თოვლი უკვე აღარ იდო. ფერდობებზეც კი მხოლოდ აქა-იქ
შერჩენილიყო თეთრი ლაქები. შუადღე უკვე კარგა ხნის გადასული იყო, როცა ზებულონმა
ტყავის მოზრდილი აბგა მხარზე გადაიკიდა და აივანზე გამოვიდა. მან დილით ტყეში
ხაფანგები დააგო და ახლა სანახავად აპირებდა წასვლას. პატრონის დანახვაზე ბროლა
და ლომია კისრისტეხით გამოექანენ, კიბის ძირას ჩაცუცქდნენ და მოუთმენლად
შემოაცქერდნენ. თუმცა კარგად იცოდნენ, რომ დილით დაგებული ხაფანგები ნაშუადღევს
უნდა შემოწმებულიყო, ისიც იცოდნენ, რომ ადამიანი მთლად სანდო არ არის. მართალია,
ზებულონის მხარზე გადაგდებული ნაცნობი აბგა წასვლის საკმაო საბუთი იყო, მაგრამ
გული რომ საგულეს ჰქონოდათ, მაინც ის ერჩივნათ, დროზე გადგომოდნენ გზას.

ზებულონმა კიბე ჩაირბინა და ძაღლებს ხელი თავზე გადაუსვა. მათაც ესიამოვნათ,


გაინაბნენ და მეტი იმედი მიეცათ.

ის იყო, უნდა ეთქვა, წავიდეთო, და უკვე პირიც გააღო, რომ ცხენის ფლოქვების ხმა,
რომელიც აქამდეც ისმოდა, მაგრამ ისმოდა შორიდან და ყრუდ, ისე რომ ყურადღებას
მაინცდამაინც არ იქცევდა, უეცრად მკაფიოდ, სულ ახლოდან მოისმა. ზებულონმა სიტყვა
გაწყვიტა და იქითკენ მიტრიალდა, საიდანაც ხმა მოდიოდა. იმავ წუთს მხედარიც
გამოჩნდა, რომელმაც ჭენებით ამოათავა აღმართი. მხედარი გამართული იჯდა თეთრ
ცხენზე, ახალგაზრდა იყო და ძალიან ლამაზი. მოკლე ქერა თმა ჰქონდა, მოკლე ქერა
წვერი და ცისფერი თვალები. სწორნაკვთებიან მშვიდ სახეზე გულღია და კეთილი
გამომეტყველება ეფინა. თეთრი, თხელი ქულაჯა და მაღალი ჩექმები ეცვა. მხარზე თოფი
ეკიდა, წელზე ვერცხლის ბალთიანი ქამარი ერტყა, ცალ მხარეს ხმალი მოუჩანდა, მეორე
მხარეს ხანჯალი. ერთსაც და მეორესაც ვერცხლით მოჭედილი ტარი ჰქონდა.

უცნობის დანახვაზე ძაღლები დაიძაგრნენ, ყურები დაცქვიტეს და, მხედარი რომ ჭიშკარს
მოუახლოვდა, ნახტომისთვის აიზიდნენ, მაგრამ ზებულონმა მოასწრო, თითო ხელი
ორთავეს ქეჩოში წაავლო, მძლავრად მოსწია და ისინიც წინ გავარდნის მაგივრად უკანა
თათებზე დადგნენ და ასე კაცებივით გამართულები გაშეშდნენ პატრონის მარჯვნივ და
მარცხნივ. იმავ წამს მხედარმაც აღვირი მოზიდა და მისი ცხენი ზედ ჭიშკართან ყალყზე
შედგა. წინა ფეხები სახსრებში მოეხარა და ფლოქვებს ისე აცეცებდა, თითქოს საყრდენს
ეძებსო.

სოფელში უცხო კაცის გამოჩენა უმთავრესად იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა მტრის
თავდასხმას მოელოდა და მეფე ქუდზე კაცს ეძახდა. ზებულონი იდგა და უცნობს
უყურებდა. უცნობმა მოზიდული სადავე ისევ მიუშვა და, ცხენი რომ ფეხებით კვლავ მიწას
შეეხო, ღობის ზემოდან შეეხმიანა: - აზნაური ისახარი აქ ცხოვრობს?

- დიაღ, ბატონო, - მიუგო ზებულონმა.

- აბა ერთი, დაუძახე, შენს გახარებას, სიტყვა რამ უნდა ვუთხრა.

- წყნარად იყავით, - ხმადაბლა მიმართა ზებულონმა ძაღლებს და ხელები გაუშვა.


ძაღლები ჩაცუცქდნენ, ყურები დაუშვეს და ახლა ცნობისმოყვარედ მიაჩერდნენ მხედარს.
ზებულონი კი, სანამ მამას დაუძახებდა, ჯერ უცნობისკენ წავიდა და ჭიშკარი გაუღო, -
მობრძანდი, ბატონო!

მამის დაძახება აღარ დასჭირვებია. ისახარი თავად გამოჩნდა აივანზე, ხელი მოიჩრდილა
და, უცხო კაცი რომ დაინახა, კიბე ჩქარი ნაბიჯით ჩამოიარა. სტუმარი მკვირცხლად და
მოხდენილად ჩამოხტა ცხენიდან, მარჯვენა ხელი მკერდზე მიიდო და მასპინძელს თავი
დაუკრა.

- დღეგრძელობა და გამარჯვება, ისახარ ბატონო!

- ღმერთმა გაგიმარჯოს! - მიუგო ისახარმა, - შინ მობრძანდი, სტუმარო.

- შინ შემოსასვლელად არა მცალია. მაცნედა ვარ გამოგზავნილი. შენთან იოველ


ბატონიშვილი მობრძანდება.

ზებულონმა პირი დააღო და ასე გაშეშდა. ისახარიც დაიბნა.

- იოველ ბატონიშვილი?!

- საცაა სოფელს მოაღწევს, - თქვა უცნობმა, - მოვახსენებ, შინ დამხვდა და მალე წინ
შემოგეგებება-მეთქი. - ამ სიტყვებით ისევ ისე მკვირცხლად და მოხდენილად მოახტა
ცხენს, ლაგამი მოზიდა, ყალყზე შეაყენა, ასე ყალყზე შეყენებული მიტრიალდა და
გაქუსლა.

ისახარი და ზებულონი კარგად გამოეწყვნენ, საუკეთესო ცხენებზე შესხდნენ და სოფლის


ბოლოს მიეგებნენ დიდებულ სტუმარს. ზებულონი ღელავდა, გული ძალუმად უცემდა,
გონებაზე ჯანღი შემოჰკვროდა და ვერა აზრი, ვერა ფიქრი, ვერა ვარაუდი, რასაც კი ეს
მოულოდნელი და ზარდამცემი ამბავი ბადებდა - როცა სანუკვარმა ზღაპარმა,
უპირველესმა და უსათუთესმა, ზღაპრული ზღუდე ასე უეცრად გამოარღვია და მთიდან
მოწყვეტილი ზვავივით დაეშვა უხეშსა და უღიმღამო სინამდვილეში - ამ ჯანღს ვერ
არღვევდა, რომ გონების არეში შეეღწია და იქ დინჯად და საქმიანად განსჯილიყო.
ზებულონმა ეს არ იცოდა. ეგონა, ყველაფერს მკაფიოდ ხედავდა, ყველაფერს ნათლად
აღიქვამდა და ყველაფერს საღადა სჯიდა. მხოლოდ გვიან, მეორე და მესამე დღეს,
მიხვდა, რომ თურმე ვერაფერსაც ვერ ხედავდა. ვერაფერსაც ვერ აღიქვამდა და
ვერაფერსაც ვერ სჯიდა. რასაც აკეთებდა, აზრმიუცემლად აკეთებდა, ისე რომ
მოჯადოებული გონება მის საქციელში სრულებით არ მონაწილეობდა, რადგან ოცნებითა
და წარმოდგენებით გაჟღენთილი და გაბრუებული ვერასგზით ვერ შერიგებოდა იმ აზრს,
რომ უპირველესი და უსაყვარლესი ზღაპრის საარაკო გმირმა, დიდმა უფლისწულმა და
ოქროსქოჩრიანმა ჭაბუკმა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ზღაპრის ზღურბლს
გადმოაბიჯა და სოფელ წყაროსთვალში სინამდვილედ იქცა.

მამა-შვილმა რომ სოფლის საზღვარს მიაღწია, მოსახვევში იოველ ბატონიშვილი და მისი


მხლებლებიც გამოჩდნენ, ყველანი თეთრ ცხენებზე ისხდნენ. იოველ ბატონიშვილი წინ
მოდიოდა, დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ. მათ დანახვაზე ისახარი და ზებულონი
ჩამოქვეითდნენ და დარჩენილი გზა ფეხით გაიარეს. როცა სტუმრები და მასპინძლები
ერთმანეთს გაუპირისპირდნენ, იოველ ბატონიშვილიც ჩამოქვეითდა. ამალამაც წამსვე
მის საქციელს მიჰბაძა.

ზებულონის მხედველობის არედან ყველაფერი გაქრა და მხოლოდ იოველ ბატონიშვილი


დარჩა. აქეთ ზებულონი იდგა, იქით იოველ ბატონიშვილი, მათ შორის ვიწრო ზოლად
გადიოდა სოფლის უჩინარი საზღვარი. ზებულონი იოველ ბატონიშვილს მისჩერებოდა.
იოველ ბატონიშვილი ზღაპრის გმირს არ ჰგავდა. შუა ტანის კაცი იყო, გამხდარი და
ასაკში შესული. ჭაღარაშერეული თმა თხემზე პირწმინდად გასცვენოდა. წვერ-ულვაში
სულ მთლად თეთრი ჰქონდა, შუბლი ფართო, წარბები სწორი, ცხვირი მაღალი და
თხელი. ტანთ რუხი ფერის გრძელი, ანაფორის მაგვარი რაღაც კაბა ეცვა, იმდაგვარი,
სოფლის მოხუცი მღვდელი რომ იცვამდა. ერთადერთი, რაც ზღაპრის ნიშანს ჯერ კიდევ
ინარჩუნებდა, თვალები იყო, თაფლისფერი თვალები, თან თბილი და ლმობიერი, თან
სევდიანი და მწუხარე, თან რაღაც შორეულად და ღრმად ფიქრიანი. როდესაც იოველ
ბატონიშვილმა ეს თვალები ზებულონს მიაპყრო, ზებულონს მოეჩვენა, თითქოს მას კი არ
უყურებდა, არამედ მისი სხეულის მიღმა სულ სხვა რამეს აკვირდებოდა და ისეთ
საფიქრალს ფიქრობდა, რასაც ვერავინ გაიგებდა, ვერავინ მისწვდებოდა, ვერავინ
ამოხსნიდა და რაც რაღაცნაირ დამთრგუნველ მოწიწებას იწვევდა. და ეს თვალები, ცოტა
ხნის შემდეგ კი, როცა იოველ ბატონიშვილმა გაიღიმა, ღიმილიც, ალმაცერი და ცოტა
ნაღვლიანი, მაგრამ ამავე დროს გულღია და კეთილმოსურნე, ზებულონის ძირმორყეულ
ზღაპარს ბურჯებად შეუდგნენ და ზებულონს გულზე მოეშვა. თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ
ეს დროებითი საყრდენი იყო და საძირკველმორღვეული ზღაპრის სიმძიმეს დიდხანს ვერ
გაუძლებდა.

რა უნდოდა იოველ ბატონიშვილს ამ მიყრუებულ სოფელში, ძნელი სათქმელი იყო.


მასპინძლად რომ ისახარი აირჩია, ეს, რასაკვირველია, სრულებითაც არ ნიშნავდა, რომ
მასთან რამე საქმე ჰქონდა. უბრალოდ, სოფელ წყაროსთვალში ისახარის ოჯახი
ერთადერთი იყო, ვისაც ამ საერთო გაჭირვების ჟამს ასე თუ ისე შეეძლო სტუმრისთვის
მასპინძლობა გაეწია. დალხინებული ცხოვრება მაშინ არათუ პატარა აზნაურებს, დიდ-
დიდ თავადებსაც არა ჰქონდათ, მაგრამ წყაროსთვალში თუ ვინმე ცხოვრობდა, ისევ
ისახარი ცხოვრობდა და იმანაც ღარიბი კაცის კვალობაზე რიგიანი სუფრა გაუშალა
მოულოდნელ სტუმრებს.

დიდი ბატონიშვილის ჩამოსვლა რომ შეიტყო, მთელი სოფელი ისახარიანთ ეზოს


მოაწყდა. ისახარმა ერთი დაპირება დააპირა, დაღლილი სტუმარი ზედმეტი
არამკითხეებისაგან დაეცვა, მაგრამ ბატონიშვილმა თავად ინება ხალხთან საუბარი.
უფრო ახალგაზრდებთან ისაუბრა, ზებულონი საკუთარი აღგზნებული გონების ბუღში იყო
გახვეული და იმ საუბრიდან მეხსიერებაში ბევრი არაფერი შემორჩა. მხოლოდ ის
ახსოვდა კარგად, რომ ზოგჯერ, როცა ეჩვენებოდა, თითქოს იოველ ბატონიშვილი მასზე
მეტად მის ბიძაშვილებს აქცევდა ყურადღებას, ყელში გორგალი ეცობოდა და თვალზე
ლამის ცრემლი მოსდგომოდა.

იოველ ბატონიშვილმა ვახშად ცოტა ჭამა და ცოტა სვა. მისი მხლებლებიც ასევე ცოტა-
ცოტას ჭამდნენ. ისახარი შეწუხებული იყო, რადგან სტუმრების თავშეკავებას თავისი
სიღარიბით ხსნიდა. ზებულონს კი ეს წყნარი, უხმაურო და გვარიანად ხანმოკლე ვახშამი
კიდევ ერთი აღელვების მიზეზად ექცა.

იოველ ბატონიშვილის მხლებლებში ორი ერთნაირი კაცი ერია. ერთნაირი ტანსაცმელი


ეცვათ და ცოტათი მღვდლებს ჰგვანდნენ, ეს იყო მხოლოდ, რომ წვერი ჰქონდათ ძალიან
მოკლედ შეკრეჭილი. მთელი ვახშმის განმავლობაში ხმა არც ერთს არ ამოუღია. იოველ
ბატონიშვილს მხარმარცხნივ ესხდნენ და ზოგჯერ იოველ ბატონიშვილი რაღაცას
გადაულაპარაკებდა ხმადაბლა, ისე რომ მისი ხმა ზებულონის ყურამდე არ აღწევდა,
რაზედაც ისინი თავს დაუქნევდნენ ხოლმე. ვახშამს რომ მორჩნენ, იოველ ბატონიშვილი
იმ კაცებს მიუბრუნდა, თითი ზებულონისკენ გამოიშვირა და ამჯერად უკვე ხმამაღლა და
მკაფიოდ რაღაც უთხრა. რა უთხრა, ზებულონმა ვერ გაიგო. სანამ მიხვდებოდა, რატომ
ვერ გაიგო, კაცებმა იოველ ბატონიშვილს თავი დაუქნიეს და თვითონაც რაღაც თქვეს
ხმამაღლა, მკაფიოდ და გაუგებრად. და ზებულონი მიხვდა: ეს უცხოთა ენა იყო და ეს
კაცები უცხო კაცები იყვნენ. ზებულონმა პირი დააღო და იგრძნო, რომ გაწითლდა. ყველა
ბგერა, რომლებიც იოველ ბატონიშვილმა და უცხო კაცებმა წარმოთქვეს, ნაცნობი და
ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ეს ბგერები, თითქოს ალალბედზე აჰყარესო, ისე იყვნენ
ერთმანეთში არეულ-დარეული, სრულიად უაზრო, გაუგებარ სიტყვებს ქმნიდნენ. რაც
იოველ ბატონიშვილი ნახა, მას შემდეგ ზებულონს არც ერთხელ არ გახსენებია, რომ მან
უცხოთა ენა იცოდა, და ახლა, ამ გაუგებარმა სიტყვებმა რომ დავიწყებული კვლავ
მოაგონეს, მოეჩვენა, თითქოს ეს ამბავი კიდევ ერთ ბურჯად შეუდგა დასაქცევად
გამზადებულ ზღაპარს.

მაგრამ მთავარი ამბავი, რომელმაც ზებულონი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სოფელ


წყაროსთვალში მოულოდნელი გაცხადებით იოველ ბატონიშვილის ზღაპართზღაპარი
არათუ არ დაინგრა და უღიმღამო სინამდვილედ არ იქცა, არამედ პირიქით, ზებულონის
მწირი და უსახური სინამდვილე გააზღაპრა, ჯადოსნურ გარსად შემოეკრა ირგვლივ,
თავის უსხეულო წიაღში გახსნა და თავის საარაკო საბრძანებელში მიიწვია, მეორე დღეს
მოხდა.

ღამით, დაწოლის წინ, მამამ დაუბარა, დილაადრიან მდინარეზე ჩადი და სტუმრებს


კალმახი მოართვიო. ამიტომ ზებულონი უთენია ადგა. ეზოში რომ გამოვიდა, ბინდი სულ
ახალი შემღვრეული იყო. პატრონის ფეხის ხმაზე ბროლა და ლომია სადგომიდან
გამოცვივდნენ და მკერდზე აეტორღიალნენ.

- აქ დამელოდეთ, - დაუბარა ზებულონმა და თავზე და დრუნჩზე ხელები მიუს-მოუსვა,


რაზედაც ძაღლებს სიამოვნების მოკლე და ხმადაბალი წკმუტუნი აღმოხდათ, - ბადეს
ავიღებ და წყალზე წავიდეთ, - და როცა ძაღლები ჩაცუცქდნენ და მორჩილად, თუმცაღა
მოუთმენლად, დაუწყეს ლოდინი, ეზოს ბოლოსკენ გასწია, ალაგეზე გადააბიჯა, პატარა,
ფიცრულ შენობაში შევიდა, რომელიც ოდესღაც სამზადი იყო, ახლა კი ხაფანგების,
ბადეების, სადურგლო იარაღებისა და სხვა ასეთი რამე-რუმეების შესანახად იყენებდნენ,
კედელზე გაკიდული ბადე ჩამოიღო, ტყავის აბგაში ჩადო და ისევ გარეთ გამოვიდა.
ბროლა და ლომია მოუთმენლობისაგან ოდნავ თრთოდნენ.

- დილა მშვიდობისა, ჭაბუკო! - მოისმა უცებ.

ზებულონმა გაიხედა და იოველ ბატონიშვილი დაინახა. იოველ ბატონიშვილს შილიფად


ეცვა და მკერდი მოღეღილი ჰქონდა. ეტყობოდა, წყაროზე ყოფილიყო და იქიდან
მოდიოდა.

- დილა მშვიდობისა, ბატონო, - ძლივს ამოილუღლუღა პასუხად ზებულონმა, რომელიც


მოულოდნელობისაგან ადგილზე გაშეშდა.

- ამ უთენია საით გაგიწევია?

- სათევზაოდ გეახლები, ბატონო.

- კალმახზე?

- დიაღ, ბატონო.

- კაი საქმეა, - ნელა, გაჭიანურებით თქვა იოველ ბატონიშვილმა და მოწონების ნიშნად


თავიც დაიქნია, - მე და ჩემმა ღმერთმა, კაი საქმეა, - აქ ერთი გამომცდელად შეხედა
ზებულონს, ცოტა ხანს უყურა, მერე თვალები ოდნავ მოჭუტა, თითქოს გუნებაში რაღაცას
წყვეტსო, და უეცრად უთხრა, - მეც წამიყვანე.

ზებულონი გაწითლდა. ვერ გაეგო, მართლა ეუბნებოდა სტუმარი თუ ეხუმრებოდა. ალბათ


ეხუმრებოდა, თორემ ეს ამოდენა კაცი ასე ბავშვივით როგორ შეეხვეწებოდა, წამიყვანეო.
ყოველი შემთხვევისთვის მაინც მიუგო: - თუკი ინებებ, ბატონო...

- რატომაც არ ვინებებ! - გაუხარდა იოველ ბატონიშვილს და ზებულონი მიხვდა, რომ


სტუმარი არ ეხუმრებოდა.

ბროლა და ლომია, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები დარჩნენ, ერთხანს ამრეზითაც კი


უყურებდნენ უცხო სტუმარს, მაგრამ მერე და მერე მიეჩვივნენ და გაუშინაურდნენ.

დასაწყისში ზებულონი აფორიაქებული იყო; იოველ ბატონიშვილის მზერას რომ


გრძნობდა, ღელავდა და ბადეს ისე ვერ ისროდა, როგორც სჩვეოდა, მაგრამ, ბროლასა
და ლომიასი არ იყოს, მალე მიეჩვია, მღელვარება დაიოკა და საქმეც კარგად წაუვიდა.
იოველ ბატონიშვილი თავადაც ჩინებული მებადური გამოდგა. მართალია, ბადეს ცოტა
სხვაგვარად ტყორცნიდა - ერთ წვერს რომ ჩვეულებრივ კბილებში მოიქცევდა, ორ წვერს
ხელისგულებზე თავისუფლად გადაიფენდა, ისე რომ თითებს არ უჭერდა - მაგრამ
კარგად, ერთიანი მოძრაობით გაიქნევდა, ხელებიც, თავიცა და ტანიც ერთად
შეტრიალდებოდა და ბადეც ბოლომდე იშლებოდა, მრგვალად, თანაბრად
დაეფინებოდა წყალს და ლამაზად იძირებოდა. აფართქალებულ კალმახს რომ
დაინახავდა, იოველ ბატონიშვილი ბავშვივით ხარობდა, ხოლო მის ნატყორცნს რომ
პირველად ამოჰყვა თევზი, ისე აცმუკდა, ზებულონს, სულო ცოდვილო, წამით მოეჩვენა,
თითქოს დიდ ბატონიშვილთან კი არა, თავის კბილა სოფლელ ბიჭთან ერთად
თევზაობდა.

ერთ ზღაპრად ისიც კმაროდა, რომ ზებულონმა, ისახარის ვაჟმა, რომელსაც თვრამეტი
წელი ისე შეუსრულდა, თავის ერთ გოჯა სოფელს არ გასცილებოდა, რიჟრაჟზე დიდი
იოველ ბატონიშვილი მდინარეზე სათევზაოდ წაიყვანა, მაგრამ განგებამ ეს არ აკმარა,
განგებამ გადაწყვიტა, თვრამეტი წლიდან მოყოლებული ზებულონის ცხოვრება
მოულოდნელობათა ერთი დაუსრულებელი რიგი ყოფილიყო.

ნასაუზმევს ზებულონმა იოველ ბატონიშვილისა და ისახარის საუბარი მოისმინა.

მზე უკვე ორი შუბის ტარზე იყო წამოსული და სხივებსაც ძალა და სიმხურვალე მისცემოდა.
ზებულონი ფიცრულის წინ დაბალ სკამზე იჯდა და ბადეს კემსავდა. ფიცრულს წნული
ღობე გასდევდა და მთავარი ეზოსგან ჰყოფდა. ცოტა ხნის შემდეგ მუშაობაში გართულს
ფეხის ხმა მოესმა, თავი ასწია, ღობის ჭუჭრუტანიდან გაიხედა და დაინახა იოველ
ბატონიშვილი და ისახარი, რომლებიც სახლიდან გამოვიდნენ და აქეთ გამოემართნენ;
წინ იოველ ბატონიშვილი მოდიოდა, უკან, საპატიო მანძილზე, ისახარი მოსდევდა. ღობის
გადაღმა, განიერი ტირიფის ძირას, ხის მერხი იდგა. იოველ ბატონიშვილი იმ მერხზე
დაჯდა. ისახარი მკერდზე ხელებდაკრეფილი შორიახლო მორიდებით შეჩერდა.

- დაჯექი, ისახარ, - მოისმა იოველ ბატონიშვილის ხმა, - სალაპარაკო მაქვს შენთან.

ისახარი შეყოყმანდა. ბოლოს უხერხულად ჩამოჯდა მერხის კიდეში და თქვა: - მიბრძანე,


დიდო ბატონიშვილო.

აქ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. იოველ ბატონიშვილი შორეულ სივრცეს გასცქეროდა,


ეტყობოდა, თავის ფიქრებში ჩაფლულიყო და მასპინძელი სულ გადავიწყებოდა. ისახარი
მოწიწებით ელოდა. იოველ ბატონიშვილმა როდის-როდის ამოიღო ხმა. სივრცისთვის
თვალი არ მოუშორებია, ისე თქვა: - კარგი ვაჟი გაგიზრდია, ისახარ, დინჯი და გონიერი.

ზებულონი გაკვირვებისაგან ლამის შეხტა. სიდინჯე კიდევ ჰო, მაგრამ ზებულონის


გონიერება რა სათქმელი იყო? სათევზაოდ რომ იყვნენ, თევზაობაზე ისაუბრეს, ბადის
მოქსოვაზე, მოსავალზე. მერე იოველ ბატონიშვილს ძაღლების საქციელი გაუკვირდა და
ზებულონმა ის ამბავი უამბო, სოფლის ჯიბრზე რომ ნაგაზები მწევრებად დაზარდა,
რაზედაც იოველ ბატონიშვილმა გულიანად იცინა. ეს იყო და ეს.

- აბა, რა მოგახსენო, დიდო ბატონიშვილო, - მიუგო ისახარმა, - ჯანი არ აკლია და გარჯა


არ ეზარება. ე დალოცვილი მიწაც ხომ მეტს არასა გვთხოვს. უპატრონებ, გიპატრონებს.
ჩვენი გონიერებაც ეს არი და ყოფაცა.

- ზემოდან რომ ამოდენა ცა დაგცქერის? - დაფიქრებით ჰკითხა იოველ ბატონიშვილმა.

- მაგას რაზედ ბრძანებ, დიდო ბატონიშვილო? - ვერ გაიგო ისახარმა, - ცასთან ჩვენ რა
ხელი გვაქვს, ან ცის ამბავს ვინა გვკითხავს! როცა განგება ინებებს, მაშინ მოწვიმს და,
როცა განგება ინებებს, მაშინ გადაიღებს. განა არა, ვლოცულობთ კიდეც, თუ მაგაზედაც
ბრძანებ, მაგრამ ემ ლოცვაშიაც რომ არა ყრია რა!

- არა, ჩემო ისახარ, მაგას არ გეუბნები, სხვა რამეს ვამბობ. მე თხუთმეტი წელი ვიხეტიალე
უცხოთა ქვეყნებში. მამაჩემი რომ მიიცვალა, ღმერთო, სასუფეველი დაუმკვიდრე, - იოველ
ბატონიშვილმა ნელა გადაისახა პირჯვარი, - უფლის ანგელოზი გამომეცხადა და
მიბრძანა, ტახტზე უარი მეთქვა. მეფობა შენი ხელობა არ არისო, მითხრა, წადი და იარე,
უცხო მხარეები მოიხილე, ქვეყნიერების ოთხივ კუთხე მოვლე, გულისყური გაიმახვილე,
რასაც ნახავ და გაიგონებ, კარგად დაუკვირდი, გულისგულში შეუშვი და აზრის საცერში
გაცერი. თუ ისე მოიქცევი, როგორც დაგარიგე, თხუთმეტი წლის შემდეგ მიხვდები, თუ რა
ყოფილა შენი საქმე და რით შეგიძლია შენს ქვეყანას არგოო. მეც ავდექ და წაველ. სულ
იმის მეცადინეობაში ვიყავი, არა გამომრჩენოდა რა, ყველაფერს გულმოდგინედ
ვაკვირდებოდი, ყველაფერს ბეჯითად ვსწავლობდი და თხუთმეტი წლის ხეტიალის
შემდეგ, როცა იმედი გადამეწურა და თითქოს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამაოდ
დავშვერი და უფლის ანგელოზსაც ამაოდ ჰქონდა ჩემი იმედი, უეცრად ცა გამეხსნა და
ცხადად დავინახე, რომ უკვე რა ხანია არც ერთ ქვეყანაში, ამ ჩვენი ბედუკუღმართი
საქართველოს გარდა, ხალხი მარტო მიწის შემყურე აღარაა. ეს რომ გამეგო, სწორედ
ამიტომ გამგზავნა თურმე უფლის ანგელოზმა. ჩვენ ხმალს ვიქნევთ და მიწას ჩავცქერით,
იქ კი, ჩემო ისახარ, იმაზედ ფიქრობენ, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით
მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა
ხალხი, ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე. მალე ხმლისა და შუბის
ომი დამთავრდება, ისახარ, და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება,
სწავლისა და განათლების ომი. უცხო ქვეყნებში მეომრები უკვე ბრძენთა ფერხთით ყრიან
იარაღს და სწავლულებს შეგირდებად ებარებიან. სანამ მტერი ხმლითა და მკლავით
გვიტევს, ჩვენც ხმლითა და მკლავით ვეგებებით და ავად თუ კარგად, ჩვენს მიწა-წყალს
ვიცავთ. თუმც კი სისხლი ძლიერ გვდის, მაინც სისხლისგან არ დავცლილვართ,
დედამიწის გულზე ჯერ კიდევ წერია ქართველის სახელი. მაგრამ წინ უფრო მძიმე
განსაცდელი გველის. როცა გონების დიდი ომი დაიწყება და ურიცხვი მტერი წიგნითა და
ცოდნით შემოგვიტევს, მაშინ დაგვიდგება ძნელბედობის ჟამი. თუ ახალი იარაღი არ
ავისხით და ძველებურად ხმალი ვიქნიეთ, ჩვენი ხმალი ჰაერს გაჰკვეთს, მტერს კი ვერას
დააკლებს, მტერი სწავლითა და განათლებით გაგვქელავს და გაგვაცამტვერებს. აი, მაშინ
კი უეჭველად მოვისპობით, მაშინ კი უეჭველად გაქრება ჩვენი სახსენებელი და ოდესმე,
როდესაც ქვეყნიერებას საერთო სიყვარულის წმინდა ნათელი დაეფინება, ვინ იცის, ერთი
სულიერიც აღარ იყოს, ვისაც ეხსომება, რომ ოდესღაც დედამიწაზე ქართველი კაციც
ბოგინობდა.

- მაგას ნუ იტყვი, დიდო ბატონიშვილო, შენი სახელის ჭირიმე, - პირჯვარი გადაიწერა


ისახარმა.
- რომ არა ვთქვა, ვითომ ამით საქმეს ეშველება? დრო-ჟამი გზასა ჰგავს, მიდის, მიდის,
მიდის და მერე უეცრად საითკენღაც მოუხვევს. ოღონდ გზა ჩანს, დრო-ჟამი კი უხილავია
და, თუ სიბრძნის შეუცდომელმა ალღომ მისი მოახლოება არ გამცნო, მთავარ გზას
ასცდები და ან ხევში გადაიჩეხები, ან ტყეში დაიკარგები. მადლი უფალს, ვინც გონების
თვალი გამინათა და ის დიდი მოსახვევი დამანახა, ქვეყნიერება რომ ამჟამად მისდგომია.
დამანახა და მიმახვედრა, ჩემო ისახარ, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი ღონე ის
არის, მთელ საქართველოში სწავლა-განათლების კელაპტრები ავანთოთ. შენ გაგებული
გექნება, რომ ჩემს მამულში სასწავლებელი გავმართე და შეგირდების წვრთნას შევუდექი.
აქ რომ ორი უცხოელი მახლავს, გამოჩენილი ოსტატები არიან, ლათინთა ენის ჩინებული
მცოდნენი, ფილოსოფოსთა სიბრძნის მფლობელნი და მნათობთა სრბოლის მჩხრეკავნი.
მალე კიდევ სამი ოსტატი ჩამომივა და მაისის დამდეგს ახალ სასწავლებელს გავმართავ.
ახლა სოფელ-სოფელ დავდივარ და შეგირდებს ვაგროვებ. ჯერ ქართულ წერა-კითხვას
ვასწავლი, რომ წმინდა წიგნისა და ვეფხისტყაოსნის წაკითხვა შეძლონ, მერე სხვაც იქნება
- აქ იოველ ბატონიშვილი გაჩუმდა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავი მოაბრუნა, ისახარს
ყურადღებით დააკვირდა და ჰკითხა: - შვილი რამდენი გყავს, ისახარ?

- ეგ ერთი მყავს, დიდო ბატონიშვილო.

- რატომ? - გაუკვირდა იოველ ბატონიშვილს.

- ასე ინება უფალმა, კურთხეულ იყოს მისი სახელი. ამ ბიჭის შემდეგ ოთხი კიდევ გვეყოლა,
მაგრამ არ შეგვრჩა.

აქ კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა და ორთავემ, იოველ ბატონიშვილმაცა და ისახარმაც, თავ-


თავიანთ საფიქრალს მისცეს თავი. დუმილი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ზებულონმა
გადაწყვიტა, საუბარი მოათავესო, და კვლავ ბადის კემსვას მიჰყო ხელი. მაგრამ ამ დროს
ისევ გაისმა იოველ ბატონიშვილის ხმა: - ისახარ!

- მიბრძანე, დიდო ბატონიშვილო, შენი ჭირიმე, - სწრაფად გამოეპასუხა ისახარი.

- ისეთ ჭაბუკებს ვარჩევ შეგირდებად, რომ მერე ოსტატებად გამოდგნენ. შენი ვაჟი
მომეწონა ძალიან.

ზებულონის გულმა ძალუმი ხმა გამოსცა და ისე შეხტა, ლამის ბუდიდან ამოვარდა.
ზებულონი რაღაც ძალამ ადგილზე გააშეშა. ბადის ერთი ბოლო და საკემსი ლარი ისე
ჩაებღუჯა, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა, სახეზე ალმური აუვიდა, პირი ოდნავ
გაეღო და იჯდა ასე ლენჩივით. ყურებში უცხო ზუზუნი ედგა.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ისახარის ხმამ არ გამოაფხიზლა. ისახარის ხმაში შიში ერია.

- მაგას ნუ ინებებ, დიდო ბატონიშვილო! აკი მოგახსენე, ეგ ერთი მყავს და მთელი ოჯახი
მაგის მოიმედე ვართ. ეგაა ჩვენი პატრონი და დამმარხავი...

- რამ შეგაშინა, ჩემო ისახარ, - დაუყვავა იოველ ბატონიშვილმა, - შენ თუ უარს იქნები, განა
დაგაძალებ! მაგრამ, სანამ მაგ უარს გადაჭრით მეტყოდე, კარგად დაფიქრდი და აწონ-
დაწონე. იცოდე, მხარი თუ არ მივეცით ერთმანეთს და ხელი ხელში არ ჩავჭიდეთ, იმ
მთავარ მოსახვევს გავცდებით და ქვეყნიერება უჩვენოდ განაგრძობს გზას. ნათლის დიდ
ზეიმს, რომელიც ოდესმე უეჭველად დადგება, ქართველობა ვერ დაესწრება. განა
სამუდამოდ გართმევ შვილს. ორი წლით წავიყვან. შენ ჯან-ღონით სავსე კაცი ხარ, ორ
წელიწადს ოჯახსაც იოლად მოუვლი, ყმასაც და მამულსაც. განა ისეთი რა უნდა
გაგიჭირდეს? ორი წლის მერე დაგიბრუნდება. მეომარიც იქნება, მიწისმუშაც და
სწავლულიც. თავად შემოიკრებს ამ შენს პატარა წყაროსთვალში ორიოდ მოწაფეს, წერა-
კითხვას ასწავლის, ანგარიშს, მიწის ზომვას. ისეთ რამეებზე დააფიქრებს, რაზედაც
არასდროს უფიქრიათ. ცუდია განა?

- აბა რა მოგახსენო, დიდო ბატონიშვილო, როცა შენ უკეთ იცი. მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით,
რაც მეტი საფიქრალი აქვს კაცსა, სატანჯველიც მეტი აქვს. დღემდე მიწაა ჩვენი
საფიქრალი და მტერია ჩვენი საგონებელი. ღვთის მადლით ერთსაც ვწვდებით და
მეორესაც. გავწვდებით კია ამაზე მეტს?

- მართალი ხარ, ჩემო ისახარ: რაც მეტია საფიქრალი, სატანჯველიც მეტია. მაგრამ ერთი
ესეც მითხარი, ვინ შესულა ისე ნათელში, რომ სატანჯველი არ გაევლო! უნდა
დავიტანჯოთ, ისახარ, ძალიან უნდა დავიტანჯოთ. ბედნიერ ქვეყანაში რომ
ვცხოვრობდეთ, იქნებ მე და შენ ხელიც ჩაგვექნია და გვეთქვა: რაღა ჩვენ, სხვამ იფიქროს
და იმტვრიოს თავი! მაგრამ ვაი რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ თუ არ
ვიფიქრეთ და ყველამ თუ არ ვიზრუნეთ, მუდამ ბნელ ხაროში ვისხდებით და მზის
სინათლეზე ვერასოდეს ამოვალთ.

„ჰო“ უთხარ, მამა, - ცხარედ და გულმხურვალედ ლოცულობდა ვიღაც ზებულონის


არსებაში - „ჰო“ თქვი, ისახარ“!

ზებულონი ისევ ისე იჯდა, გაშეშებული და გახევებული. ბადის ბოლო და საკემსი ლარი
ძველებურად მაგრად ჩაებღუჯა ხელებში და პირი ოდნავ გაეღო. სახიდან ავარდნილი
ალმური მძიმე ბურუსად შემოკვროდა ირგვლივ და აზრს საძრაობას არ აძლევდა. ხოლო
მის არსებაში მის უნებურად ვიღაც ცხარედ და გულმხურვალედ ლოცულობდა: „ჰო“
უთხარ, მამა, „ჰო“ თქვი, ისახარ!“

ისახარი დუმდა. თავი ჩაექინდრა, კერპად ჩასცქეროდა მიწას. მაშინ იოველ


ბატონიშვილმა მხარზე ხელი დაადო და ტკბილად უთხრა: - შვილი შენია, ჩემო ისახარ, და
ნებაც შენია. ნუ გეშინია, არც გაგიწყრები და არც დაგძრახავ. მაგრამ დღეს რომ ყველამ
მარტო ჩვენ-ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს
და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ყველა ჩვენთაგანისთვის, რათა ქართველობა ერთ
ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მოთავისეობით ისევ დავწყვიტოთ,
დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მთავარი მტერიც, ვისაც
ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს. ხოლო
შთამომავლობამ, ჩვენი უგუნურებით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს,
ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს
ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია...

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, ხოლო ზებულონის არსებაში და ზებულონის უნებურად


წეღანდელივით თრთოდა ვიღაც და ცხარედ და გულმხურვალედ ლოცულობდა: „ჰო“
უთხარ“, მამა, „ჰო“ თქვი, ისახარ!“

ბოლოს ისახარმა თავი აიღო. მუხლებზე დაწყობილი დიდი ხელები ცოტათი


უკანკალებდა.

- მე ერთი უბირი კაცი ვარ, დიდო ბატონიშვილო. სად ჩემი მოკლე ჭკუა და სად შენი
მაღალი გონება! შენა ხარ საქრისტიანო საქართველოს პატრონი და მზრუნველი და შენ
უკეთ იცი, რა არგებს ამ დასნეულებულ ქვეყანას. როგორც მიბრძანებ, ისე მოვიქცევი, - და
იმ დროს, როდესაც სიხარულის ელდით დარეტიანებული ზებულონის გული ისე
ფართქალებდა, როგორც ამ დილით იოველ ბატონიშვილის ბადეს მოყოლილი კალმახი,
ისახარმა განაგრძო, - ოღონდ ერთსა გთხოვ, დიდო ბატონიშვილო: სანამ საბოლოო
პასუხს მოგახსენებდე, დედაკაცსაც დავეკითხები. ამ ერთი ბიჭის შემყურეა, მზე და მთვარე
მაგაზედ ამოსდის. ემანდ... რა ვიცი, შენი ჭირიმე, ქალია და ქალის გული შვილისთვის
სხვანაირად ძგერს...

- დაეკითხე, ისახარ. მე არც გაძალებ და არც გაჩქარებ. ხვალ დილით გავემგზავრები,


გადაწყვეტ მანამ, ხომ კარგი, არადა წინ დრო კიდევ ბევრია, იფიქრე, აწონ-დაწონე. თუ
დასტურს იტყვი, მაისის დამდეგს გამომიგზავნე, თუ უარს იქნები, ღმერთმა მშვიდობა
მოგცეს.

იოველ ბატონიშვილი და ისახარი კიდევ დიდხანს დუმდნენ ტირიფის ძირას. მერე ხმაც
ამოიღეს, ისაუბრეს კიდეც, მაგრამ იმ მთავარ საგანზე კრინტი არც ერთს აღარ დაუძრავს.

ზებულონმა სცადა ბადის კემსვა განეგრძო, მაგრამ არა გამოუვიდა რა. ხელები აღარ
ემორჩილებოდა, სხეულიც ერთ ადგილას ვეღარ ისვენებდა და მოძრაობას ითხოვდა.
მაშინ ბადე მიაგდო და მთავარ ეზოში გადავიდა. იქაც ვერ გაძლო. უცნაური რამ
ემართებოდა. უსაქმოდ ვერ ჩერდებოდა და საქმესაც გულს ვერ უდებდა. მთელი ტანი
უხურდა და საღამომდე დაკარგული ბატკანივით დაბორიალობდა. რაღაც უნდოდა და,
რა უნდოდა, ვერ გაეგო. აზრს ერთი ადგილას თავს ვერ უყრიდა. ისე იყო, თითქოს დღეს
გაჩენილიყო და ამ სამყაროს ჯერ ვერ შეთვისებოდა, რაც ირგვლივ ხდებოდა,
ერთმანეთთან ვერ დაეკავშირებინა და ერთ ძაფზე ვერ აესხა, ყველაფერი ხელიდან
უსხლტებოდა, ყველაფერი ისე იყო, თითქოს იყო და არც იყო. ის მცირეოდენი აზრი,
რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენოდა, ორი საგნისკენ ჰქონდა მიპყრობილი: ერთი ის იყო,
რომ ცდილობდა მამა მხედველობიდან არ დაეკარგა, რათა, თუკი იგი დედას დღესვე
დაეთათბირებოდა, ეს ამბავი არ გამოჰპარვოდა, რადგან მშობლების თათბირს
საბოლოოდ უნდა გაეცა პასუხი დიდსა და მძიმე კითხვაზე: წყაროსთვალის მწირი და
უღიმღამო სინამდვილე თუ იოველ ბატონიშვილის ზღაპართზღაპარი. დედა სათნო და
დამყოლი იყო და, რაკი ისახარის სიჯიუტე გატყდა, თავიდან ზებულონს სხვა აღარაფერი
ედარდებოდა, მაგრამ მერე, მამის ნათქვამი რომ გაახსენდა, ქალის გული შვილისთვის
სხვანაირად ძგერსო, ამ ნათქვამმა დააეჭვა და შეშინდა, ვაითუ დედას დიდი სიყვარულით
უნებურად გადაეჭრა შვილისთვის ზღაპრისკენ მიმავალი გზა. მეორე საგანი, რომელიც
ჯერ კიდევ ბჟუტავდა მღელვარებისაგან დაბინდულ გონებაში, იმ ორ უცხო კაცს ეხებოდა,
იოველ ბატონიშვილს რომ ოსტატებად მოეწვია. ზებულონი მათ შორიახლო
უტრიალებდა და ცდილობდა მათი ხმა გაეგონა, უცხო სიტყვებს დაკვირვებოდა და იქნებ
გამოერკვია კიდეც, რა იყო ამ ჩვეულებრივი ნაცნობი ბგერებისაგან შედგენილი უცხო
სიტყვების უცხოობის მიზეზი, რა იდუმალი ძალა განასხვავებდა მათ ნათელი და
მშობლიური ქართული სიტყვებისაგან. მაგრამ იმ დღეს არც უცხო კაცებს უთქვამთ უცხო
სიტყვები და არც მამა დათათბირებია დედას, ან, თუ უცხო კაცებმა უცხო სიტყვები თქვეს
და მამა დედას დაეთათბირა, ზებულონს ეს ამბავი არ შეუტყვია.

გვიან ღამით, როდესაც სტუმრები მათთვის მიჩენილ ოთახებში ავიდნენ მოსასვენებლად,


ისახარმა შვილი იხმო.

ისახარი დაბალ, სამფეხა ჯორკოზე იჯდა ბუხრის პირას, იდაყვები მუხლებზე დაეყრდნო,
ნიკაპი და ლოყები ხელებშუა მოექცია და კუშტად ჩასცქეროდა გაციებულ ნაცარს.
ზებულონი წყნარად, უხმაუროდ შევიდა, მკერდზე ხელებდაკრეფილი შორიახლო
შეჩერდა და ლოდინი დაუწყო. იცოდა, ისახარს მისი შესვლა არ გამოჰპარვია, მაგრამ,
როგორც სჩვეოდა, სანამ სათქმელს იტყოდა, ჯერ თავის გულში უნდა კარგად აეწონ-
დაეწონა. ზებულონი დიდხანს ელოდა. ბოლოს ისახარმა, ისე რომ არ შერხეულა და არც
მოუხედავს, ნელა, დაფიქრებით, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, თქვა: - დიდმა
ბატონიშვილმა შენი თავი მთხოვა.
„დედას როდისღა დაეკითხა? აკი მთელი დღე თვალყურს ვადევნებდი! ნუთუ მაინც
გამომეპარა?“ - გაკვირვებით გაიფიქრა ზებულონმა, მერე ერთი ღრმად ჩაისუნთქა და
მიუგო: - რისთვის, ბატონო?

ისახარმა მკვეთრი მოძრაობით ასწია თავი, ერთბაშად მთელი ტანით შემოტრიალდა და


შვილს თვალი თვალში გაუყარა, ერთხანს გამომცდელად უყურა, ბოლოს ჰკითხა: - შენ რა
იცი?

ზებულონმა თავი დახარა.

- ბადეს ვკემსავდი ღობის გადაღმა და უნებურად მოვისმინე.

მაშინ ისახარმა თავი ნელა მიაბრუნა და მზერა ისევ გაციებულ ნაცარს მიაპყრო.

- უკეთესი. ბევრი ლაპარაკი აღარ დაგვჭირდება. აბა, რას იტყვი?

- მე რა... როგორც მიბრძანებ, ისე იქნება.

- მე რომ არა გიბრძანო რა, მაშინ რაღას იტყვი?

- როგორც დედა ინებებს, ისე მოვიქცევი, ბატონო.

- საბოლოო პასუხი რომ ორთავემ შენზე მოვაგდოთ? დიდ ბატონიშვილს, მართალია,


დასტური მივეცი, მაგრამ, სანამ საბოლოო სიტყვას ვეტყოდე, შენთან დათათბირების
უფლება გამოვთხოვე...

- ჩემთან?

- დედაკაცს დავეკითხები-მეთქი, ვუთხარი. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, ბიჭს დავეკითხები-


მეთქი! მაგრამ უკვე დიდი ხარ და შენი გადასაწყვეტი შენვე უნდა გადაწყვიტო. ეგეც არ
იყოს, ემაგ საქმისა მე ბევრი არა გამეგება რა. განა არა, ვიცი, რომ ნასწავლი სჯობს
უსწავლელსა, ოღონდ მე იმას ვფიქრობ, სანამ კაცი სწავლობს, ემანდ ისეთი არაფერი
დაუჩლუნგდეს, რაც სწავლაზე მეტად სჭირდება ოჯახსაც და ქვეყანასაც. ამიტომ, შენ
როგორც გიჯობს, ისე ვქნათ. თუ წასვლა გინდა, ჩვენი დარდი ნუ გექნება. ორი წელიწადი
აბა რა ისეთი დროა, ჯანი წამერთვას და საქმეს ვერ გავუძღვე, თუ არ გინდა და უარს
მოვახსენებ დიდ ბატონიშვილს. არ მეწყინებაო, მიბრძანა. აბა, რას იტყვი?

- დედას ვკითხოთ, ბატონო.

- ვკითხე. ძალას ნურაფერზე დავატანთო, მითხრა, როგორც გული ეტყვის და ჭკუა


გაუჭრის, ისე ქნასო.

- რაკი ეგრეა, ბატონო, - ზებულონი მღელვარებისაგან ოდნავ კანკალებდა, - წასვლა


მირჩევნია, თუ არ მიწყენ.

სიჩუმე ჩამოვარდა. რაკი სათქმელი თქვა, ზებულონს მღელვარებამ თითქოს გაუარა,


სამაგიეროდ ერთიანად მოდუნდა, მოეშვა, მუხლთ მოეკვეთა. ისახარი გაუნძრევლად
იჯდა და გაციებულ ნაცარს ჩასცქეროდა. ბოლოს წამოდგა, შემოტრიალდა, მარცხენა
ხელი მარჯვენა მხარზე დაადო შვილს და სახეში შეხედა. ორთავენი დიდები იყვნენ,
მაგრამ ზებულონი უფრო დიდი იყო.

- წადი, - ახლა ხმაც მშვიდი ჰქონდა და გამომეტყველებაც, - ოღონდ სახლსა და ოჯახს ნუ


დაივიწყებ.

ყველაფერი განგების ნებაა. აბა რას იფიქრებდა ზებულონი, ერთი ტლუ ბიჭი, რომ
ოცნების დიდი ზღაპარი, შორეული და მიუწვდომელი, ამ მიყრუებულ წყაროსთვალში
ამოაკითხავდა და იდუმალებით მოჩუქურთმებულ თავის ჯადოსნურ კარს ყურთამდე
გაუღებდა?

როდესაც ისახარმა საბოლოო გადაწყვეტილება მოახსენა, იოველ ბატონიშვილს ეს


ამბავი დიდად ეამა და წასვლის წინ იმის ნიშნად, რომ ეს ორი საკვირველი დღე სიზმარი
და მოლანდება არ ყოფილა, ზებულონს სქელ ტყავში ჩასმული, პატარა, წვრილად ნაწერი
წმინდა სახარება აჩუქა, რომელშიაც, როგორც შემდეგ გამოირკვა (ზებულონს სული
მისდიოდა და ხელები უკანკალებდა, მაგრამ მაშინვე გახსნა ვერ გაბედა), რამდენიმე
ფერადი ნახატიც იყო.

ზებულონი მაისის დამდეგს უნდა ხლებოდა იოველ ბატონიშვილს, მანამ კი წინ


მღელვარებითა და მოლოდინით აღსავსე მრავალი გრძელი დღე იყო, რომლებიც ნელა,
ზოზინით გადიოდნენ, თუმცა ზებულონი მათ მაინც სიყვარულით ელოლიავებოდა,
რადგან ყოველი მათგანი იმ მთავარ დღეს აახლოებდა, როცა სოფელი წყაროსთვალი
უკან უნდა მოეტოვებინა და შორეულსა და უცნობ გზას დასდგომოდა. დროდადრო,
თუმცაღა იშვიათად, თითქოს შიშობდა, ჯადოქრობას ძალა არ დაეკარგა,
გულისკანკალით გადაშლიდა იოველ ბატონიშვილის ნაჩუქარ წმინდა წიგნს, მოწიწებით
გააყოლებდა თითს უცნობ ასოებს და ტანში საამო ჟრუანტელი უვლიდა. მერე ნახატებს
დაუწყებდა თვალიერებას. ნახატებზე, როგორც დედა და მამა ვარაუდობდნენ,
გამოსახული უნდა ყოფილიყვნენ უფლის წმინდა მოციქულები.

საიდუმლო სკივრს, რომელშიაც იოველ ბატონიშვილის დიდი ზღაპარი ჰყავდა


მოთავსებული, ძველებურად აღარ ერიდებოდა, რადგან ახლა თავადაც ამ სკივრში
გრძნობდა თავს, ამ ზღაპრის მონაწილე და დიდი მზეჭაბუკის თანამგზავრი იყო. როდესაც
იოველ ბატონიშვილს პირველად შეხვდა და დაინახა, რომ იგი ზღაპრის გმირს არა
ჰგავდა, გულში მწარედ ჩაწყდა რაღაც. ახლა მაშინდელი განცდა სიცილად არ ჰყოფნიდა,
რადგან იცოდა, რომ იოველ ბატონიშვილი სწორედ ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც
იყო. ჩვეულებრივი ზღაპრის გმირები ჩვეულებრივ დევებს ებრძვიან, იოველ
ბატონიშვილი კი სულ სხვა დევებს ებრძოდა. განა ჩვეულებრივმა მზეჭაბუკმა შეიძლება
იცოდეს, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი ღონე ის არის, რომ მთელ საქართველოში
სწავლა-განათლების კელაპტრები ავანთოთ?

ის გაზაფხული მშვიდობიანი გამოდგა, მთელი მარტი და აპრილი ისე მიილია, ომის მაცნე
არსაიდან გამოჩენილა. თავად წყაროსთვალი მიუვალ ალაგას იყო ვიწრო ხეობაში და
ძნელად რომ მტერი მოულოდნელად დასცემოდა. ქვემოდან მოსულ მტერს, სანამ აქამდე
მოაღწევდა, მთელი საერისთავო უნდა გამოევლო, მთელ საერისთავოს კი, აბა, ასე
უბრძოლველად და დაუბრკოლებლად ვინ გამოატარებდა? რა უჩუმრადაც არ უნდა
შემოსულიყო, სახელდახელო ჯარის შეგროვება ყოველთვის ესწრებოდა, რათა პირველი
ბრძოლა ბარადვე, განაპირა ადგილებში გადაეხადათ და, სანამ გზირები სოფლებს
დაივლიდნენ და ქუდზე კაცს შეაგროვებდნენ, მტერი შეეკავებინათ. ზედა მხრიდან
წყაროსთვალს გაუვალი ტყეები და ციცაბო მთები იფარავდა. სულ ზემოთ, ყველაზე
მაღალი მთის წვერზე, ერთი ვიწრო ყელი კი იყო, მაგრამ აქედან მხოლოდ მსუბუქად
შეიარაღებული და კლდე-ღრეში სიარულს ნაჩვევი კაცი თუ გადმოვიდოდა. მთის
გადაღმა ურჯულოთა დიდი ტომი ცხოვრობდა, რომელიც თარეშითა და ძარცვა-გლეჯით
ირჩენდა თავს. მაგრამ წყაროსთვალზე დაცემა დიდ ვერაფერ სარგებელს მოუტანდა,
რადგან ამ ძნელად სავალ გზაზე ვერც საქონელს წაასხამდა და ვერც ალაფს წაიღებდა.

თუმცა სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკივა და წყაროსთვალელები ომისათვის მუდამ


მზად იყვნენ. იმ გაზაფხულზეც მოსახნავი კი მოხნეს და დათესეს, მაგრამ ამ საყვარელ
საქმეს გული და სული ბოლომდე მაინც ვერ ჩაატანეს, რადგან იძულებული იყვნენ ხმალი
ალესილი ჰქონოდათ, თოფი გაწმენდილი, თვალი და ყური გამახვილებული.

ზებულონმა მთელი გაზაფხული მუყაითად და გულიანად იშრომა. წვრილ-წვრილი


აზნაურები ყმა გლეხებთან ერთად მუშაობას არასოდეს თაკილობდნენ. ზებულონს კი
გარდა იმისა, რომ შრომისმოყვარე იყო, სხვა მიზეზიც ჰქონდა: მუშაობაში გართულს
მომავალ გამგზავრებაზე ფიქრი გულიდან გადავარდებოდა ხოლმე და მოლოდინის
აფორიაქებას უფრო იოლად იტანდა. დღე ასე გადიოდა, საღამოობით კი კარგად,
ჯანსაღად დაღლილი ზოგჯერ იოველ ბატონიშვილის წმინდა საჩუქარს რომ გადაშლიდა,
ან უბრალოდ ხელს დაადებდა და თვალს დახუჭავდა, ნათლად ხედავდა თავის მომავალ
ცხოვრებას, რომელიც უკვე მარტო ზღაპარი კი არა, აცხადებული ზღაპარი იყო. იოველ
ბატონიშვილმა, ყველაზე მაღალი, ყველაზე მიუწვდომელი ზღაპრის უფალმა, ზებულონს
დინჯი და გონიერი ვაჟი უწოდა და ბიძაშვილებისგან გამოარჩია, თუმცა ორი მათგანი
ზებულონზე გაცილებით უფროსი იყო და მოწიფულ კაცებად ითვლებოდნენ. მაშინ
ზებულონს გაუკვირდა, ნეტა რა გონიერება შემამჩნია იოველ ბატონიშვილმაო, მაგრამ
ნელ-ნელა ყველაფერი ცხადი შეიქნა. განა ზებულონი არ იყო, ვინც ღამით ბალახებში
გულაღმა გაწოლილი მოწმენდილ ცას უთვალთვალებდა და ვარსკვლავებზე ფიქრობდა?
ხოლო, რაკი ვარსკვლავებზე ფიქრობდა, მაშასადამე „ვარსკვლავთა სრბოლის
მჩხრეკავი“ იყო; იოველ ბატონიშვილისთანა ბრძენსა და ნასწავლ კაცს აბა ეს როგორ
გამოეპარებოდა! მართალია, „ლათინთა ენისა“ ჯერ არა გაეგებოდა რა, „ფილოსოფოსთა
სიბრძნე“ კი საერთოდ არ იცოდა თუ რას ნიშნავდა, მაგრამ ვინც ვარსკვლავთა სრბოლის
მჩხრეკავია, განა დანარჩენსაც ის უკეთ არ გაართმევს თავს? ამაში ზებულონს ეჭვი აღარ
ეპარებოდა. გონების თვალით ცხადად ხედავდა, როგორ ეახლებოდა ლამაზად
გამოწყობილი და საყვარელ ქურანაზე ამხედრებული იოველ ბატონიშვილს თეთრ
ტაძარში და იქ ნათელ, სუფთა სენაკებში სხვა მის მსგავს დინჯ და გონიერ შეგირდებთან
ერთად სიბრძნის უღრმეს წყაროს დაეწაფებოდა. გუნებაში უკვე კითხულობდა წმინდა
სახარებასა და ვეფხისტყაოსანს და გული სიხარულით უჩქროლავდა. ზოგჯერ ნაცნობსა
და მახლობელ სიტყვებს თითო-თითო ბგერას აცლიდა და მერე ამ ბგერებისაგან იმის
მსგავს უცნაურ სიტყვებს ქმნიდა, ერთხელ რომ იოველ ბატონიშვილის მხლებელთაგან
გაიგონა. ოღონდ ახლა ეს სიტყვები გასაგები იყო და მათი მეშვეობით ზებულონი დინჯად
ესაუბრებოდა დანარჩენ შეგირდებს. მერე, ხანი რომ გამოხდებოდა, ნასწავლი,
დაბრძენებული, უცხოთა ენების მცოდნე, ფილოსოფოსთა სიბრძნის მფლობელი,
მნათობთა სრბოლის საუკეთესო მჩხრეკავი, მშობლიურ სოფელში ბრუნდებოდა, თავად
შემოიკრებდა ცოდნას მოწყურებულ შეგირდებს, ყველაფერს ასწავლიდა, რაც კი იცოდა,
და, აჰა, წყაროსთვალში სწავლა-განათლების კელაპტარი ინთებოდა. ზებულონის
წარმოდგენაში იგი მუდამ სოფლის პატარა ეკლესიის გუმბათზე იდგა. ყელყელაობდა იქ,
თეთრი ეკლესიის თავზე თეთრი კელაპტარი, ალი მზესავით ბრდღვიალებდა და მთელ
სოფელს დაჰნათოდა.

აქამდე წყაროსთვალს წერა-კითხვის მცოდნე არავინ ჰყავდა. სანამ პატარა იყო,


ზებულონს მოხუცი მღვდელი ეგონა გამონაკლისი, მაგრამ მალე მიხვდა, რომ თურმე ისიც
უმეცარი ყოფილა, ყასიდად ედო წინ გადაშლილი ლოცვანი და ყასიდად აყოლებდა
თითს, თორემ, რაც ზეპირად იცოდა, მხოლოდ იმას ლაპარაკობდა, ოღონდ მრევლის
თვალის ასახვევად ისე ბუტბუტებდა, ვერა გაეგოთ რა და ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ
მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდა.

ამ დროს დედ-მამა და მათთან ერთად მთელი წყაროსთვალი ზებულონის გამგზავრების


თადარიგს იჭერდა. ყველა ცდილობდა ჩარეულიყო, ყველა, ვინც კი მეზობელ სოფელში
მაინც იყო ნამყოფი, თავის მოგზაურობას იგონებდა. ვისაც არსად უმოგზაურია, ფარ-
ხმალს არც ის ყრიდა და ურცხვად ტყუოდა, ვითომ ემოგზაუროს, და თუ ვინმე ტყუილში
დაიჭერდა და ამხელდა, მართალი კაცივით ჯავრობდა და იბუტებოდა. განსაკუთრებული
ფასი - და ეს სავსებით ბუნებრივიცაა - იმათ დაიდეს, ვინც ქალაქში იყო ნამყოფი. ქალაქში
ნამყოფი კაცი რომ ლაპარაკს დაიწყებდა, ძალაუნებურად ყველა ჩუმდებოდა, ისიც ამით
სარგებლობდა და, რაც შეეძლო, აჭიანურებდა და აჭიანურებდა. და თუ ვინმე მაინც
გაბედავდა და სიტყვას ჩაურთავდა, ნავალი კაცი მეტიჩარას ერთს დამცინავად
გადახედავდა, მერე დანარჩენებს მიუბრუნდებოდა, ხელებს გაშლიდა და იტყოდა: „ქმარი
ომში იყო და ცოლი ამბავს ახვედრებდაო!“ და მეტიჩარასაც წამსვე აჩუმებდნენ.

საბოლოოდ ზებულონს ღია შინდისფერი შარვალი და ახალუხი შეუკერეს, მუქი


შინდისფერი ჩოხა და მაღალყელიანი წაღები. ჩოხა-ახალუხი და წაღები ზებულონმა
მხოლოდ ერთხელ, გასასინჯად ჩაიცვა, მერე კი ფაქიზად დაკეცეს და სკივრში შეინახეს,
რათა მაისის თვის პირველ დღეს, დილაუთენია ხელახლა ჩაეცვა, საყვარელ ქურანაზე
ამხედრებულიყო, ასე უცხოდ გამოწყობილს მთელი სოფლის თვალწინ ჩაევლო და
შორეულ გზას დასდგომოდა.

ამასობაში მოლოდინის ვადაც მიილია. დადგა აპრილის ბოლო დღე. ხვალ ზებულონი
წყაროსთვალიდან უნდა წასულიყო და იოველ ბატონიშვილს ხლებოდა.

დილით, როგორც ამ გაზაფხულს სჩვეოდა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ერთხანს


იწვიმა, მერე უეცრად გადაიკარა, ღრუბლები გაიფანტა და სამხრეთით ცისარტყელას
ვეებერთელა ბრჭყვიალა რკალი გამოჩნდა. ბოლო ხანებში, რაც უფრო ახლოვდებოდა
წასვლის დრო, ზებულონის მღელვარება და აფორიაქება თანდათან იზრდებოდა, ახლა
კი უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ხუმრობა ხომ არ იყო, უკვე მხოლოდ ერთი, ერთადერთი
დღე აშორებდა იმ ჟრუანტელისმომგვრელ წუთს, როცა სანუკვარ ზღაპარში უნდა შეედგა
ფეხი! მაგრამ დღევანდელ აფორიაქებას სხვა რაღაცაც ახლდა თან: ზებულონს
დილიდანვე უცნაური სევდა შემოაწვა, რომელიც ზოგჯერ, უფრო იმ წუთებში, როცა
გონებაში ხვალინდელი გამგზავრების სურათი შემოიპარებოდა, გულზე მწარედ წიწკნიდა
და მერე მთელ სხეულში რაღაც გაუგებარ უსასოებად ეღვრებოდა.

ზებულონი ბევრს ეცადა რამე საქმე გამოენახა და გული გადაეყოლებინა, მაგრამ ვერას
გახდა, ვერაფერი მოუხერხა ამ მძიმე და გულისმომკვლელ სევდას, რომელსაც ყოველივე
ამოევსო და ამოექოლა. მაშინ ბროლასა და ლომიას დაუსტვინა და მათთან ერთად
ტყეში წავიდა.

ზაფხულივით ცხელი დღე იდგა. საცა კი მცხუნვარე მზის სხივები წვდებოდა, მიწა ისე
გამშრალიყო, წვიმის კვალიც კი აღარსად ჩანდა. სამაგიეროდ, სოფელს რომ გასცდა და
წისქვილისკენ მიმავალ საურმე გზას დაუყვა, რომელიც ორსავ მხარეს ჩამწკრივებულ
მაღალ-მაღალ იფნებსა და ცაცხვებს ისე გადაეხურათ, არათუ სიმხურვალე, სინათლეც კი
ძლივს ატანდა, წვიმისაგან დამბალ მიწას მზის გამოჩენისა არა დასტყობოდა რა.
ზებულონმა ფეხთ გაიხადა და ნელთბილ ტალახში შეაბიჯა. ტალახი კოჭებამდე
წვდებოდა. ზებულონი ნელა მიაბიჯებდა და გრძნობდა, რომ გაუსაძლისი სევდა
თანდათან ლღვებოდა და იფანტებოდა. აქ, სოფლის გზაზე, ადვილი შესაძლებელი იყო
ვინმეს გადაჰყროდა: ან წისქვილიდან მომავალი შეჰფეთებოდა, ან წისქვილს მიმავალი
წამოსწეოდა, მაგრამ ზებულონი ახლა ამას არ დაგიდევდათ. ვინ იცის, ხვალ რომ
წავიდოდა, კვლავ როდისღა დაბრუნდებოდა. და თუკი თოთო ტალახში სიარული
ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა განშორების სევდას, ვისაც რა უნდოდა ის ეფიქრა მის
ბავშვურსა და მჩატე საქციელზე.

ცოტა ხანს ასე იარა, მერე საურმე გზიდან გადაუხვია, ვიწრო ბილიკს გაუყვა. ბოლოს ყანა-
ყანა დაეშვა და ზემოთ, წისქვილიდან კარგა მოშორებით მიადგა მდინარეს. გაღმა რომ
გავიდა, ფეხთ ისევ ჩაიცვა, ფერდობს ირიბად აუყვა და მალე მუხების ნაცნობ კორომს
მიაღწია. მუხებთან შეისვენა. გულაღმა დაწვა და ლურჯ ცას გაუშტერა თვალი. მერე
წამოიწია, მსხვილ ფესვზე ჩამოჯდა და ახლა სოფელს უცქირა, მაგრამ დიდხანს ვერც აქ
გაძლო. სევდა თავისას არ იშლიდა, სულს უღრღნიდა და ერთ ადგილას არ ასვენებდა.
ზებულონი წამოდგა, ტყეში შევიდა და მდინარის გასწვრივ გაუყვა ფერდობს. მალე
მაღალ ტყეს გასცდა და ჯაგებში შევიდა. აქაურობას, ისევე როგორც სოფლის მთელ
შემოგარენს, თავისი ხუთი თითივით იცნობდა. მალე ჯაგნარს გააღწევდა და მცირე
მდელოზე გავიდოდა სწორედ იმ ადგილას, სადაც, მდინარის გაღმა, სოფელი
თავდებოდა. მდელოს იქით კვლავ ტყე იწყებოდა. მალე მართლაც თხილის ხშირი
ბუჩქების ბოლო ტოტები გადასწია და მზით გაჩახჩახებულ მდელოზე აღმოჩნდა. გაღმა
ფერდობზე შეფენილი მშობლიური სოფელი აქედან ხელისგულივით მოჩანდა.

ზებულონმა სოფელს გახედა, მაგრამ წამსვე მოსწყვიტა თვალი, რადგან მისი ყურადღება
უეცრად ისეთმა სანახაობამ მიიპყრო, რომ მშობლიური სოფელი გონებიდან ერთბაშად
ამოუვარდა: ქვემოთ, მდინარეში, საბანაო მორევის პირას, ვეებერთელა თეთრ ლოდზე
შიშველი გოგო იწვა და თეთრი სხეული მზისთვის მიეფიცხებინა. ზებულონი ადგილზე
გაშეშდა და ტანში ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა. მდინარე გვარიანად შორს იყო, მაგრამ
ზებულონს მახვილი თვალი ჰქონდა და გოგო მაშინვე იცნო. ისახარის გლეხის, დარჩოს,
უმცროსი ქალი იყო, თინია. ამან ზებულონი მთლად გააშტერა. თინიას ყოველდღე
ხედავდა, მაგრამ არასოდეს ყურადღება არ მიუქცევია, არასოდეს მასზე თვალი არ
შეჩერებია. ან კი რა თვალის შესაჩერებელი იყო მუდამ აბრანძული, მუდამ გაბურძგნული
და პირდაუბანელი თინია! რას წარმოიდგენდა ზებულონი, მისი დაკონკილ-დაბებკილი
კაბის ქვეშ თუ ასეთი საუნჯე იმალებოდა, ბროლივით ქათქათა და მზესავით
ხელუხლებელი! იწვა თეთრ ქვაზე თეთრი თინია, როგორც სამყაროს ამოუხსნელი
საიდუმლო, თავისი დაბინდული ბზინვარება მზისთვის გადაეშალა და მზეს ეუბნებოდა, შენ
ჩადი, მე უნდა ამოვიდეო. თინია გულაღმა იწვა, მშვიდად იწვა, ლაღად, რადგან არ ეგონა,
მზის გარდა კიდევ თუ ვინმე უყურებდა.

ზებულონს შერცხვა, თვალი აარიდა და გზა განაგრძო, მაგრამ თვალი ქურდი იყო და
მალე ისევ ქვემოთ გაექცა. თინიას მკლავები მაღლა შეეყარა, ხელები თავქვეშ ამოეწყო,
ფეხები ოდნავ გადაეშალა და მზის სხივებში ნებივრად ბანაობდა. ზებულონი თავის თავს
შემოსწყრა და უფრო მტკიცედ განაგრძო გზა. მდელო გადაიარა, ტყის პირს მიადგა და,
ის იყო, ტყეში უნდა შესულიყო, მაგრამ ფეხები აღარ დაემორჩილა და აფორიაქებული
ადგილზე გაშეშდა. იმის გაფიქრებაზე, რომ ერთი ნაბიჯიც და განგების მიერ მოვლენილ
თეთრ სასწაულს ხშირი ტყე დაფარავდა, გული მძლავრად შეუტოკდა, თავს ვეღარ
მოერია და ერთხელაც მიიხედა. თინია ლოდზე აღარ იწვა, ახლა მორევში იდგა
ზებულონისკენ ზურგშექცევით და წყალზემოთ მხოლოდ შიშველი მხრები და სველი თმა
მოუჩანდა. ზებულონმა ტყეში შეაბიჯა.

კიდევ დიდხანს იარა მდინარის აღმა ტყე-ტყე, მერე თავქვე დაეშვა, უკანვე გადაჭრა
მდინარე და ახლა იმ მთას შეუყვა, რომლის ძირშიც სოფელი იყო შეფენილი.

ბროლასა და ლომიას, ცოტა არ იყოს, უკვირდათ პატრონის ჯიუტი დუმილი. ერთი-ორჯერ


შეჰყეფეს კიდეც კითხვის კილოთი, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს და ბოლოს და ბოლოს,
იძულებული შეიქნენ ვითარებას შეჰგუებოდნენ.

ბევრი იარა ზებულონმა თუ ცოტა, იმ მთას წვერზე მოექცა. მწვერვალი შიშველი და ქვიანი
იყო; სოფელს ბორცვი ეფარებოდა და აქედან არ ჩანდა, სამაგიეროდ სოფლის გადაღმა
ჩანდა ბარად მიმავალი გზა, რომელიც მდინარეს გვერდიგვერდ მიუყვებოდა და
რომელსაც ხვალ დილით ზებულონი უნდა დადგომოდა. უკან, ღრმა ხევში, მთა ციცაბოდ
ეშვებოდა. ხევგაღმა, მთელ სიგრძეზე, დაბურული და ბნელი, გაუვალი ტყით შემოსილი
მაღალი ქედი გადაჭიმულიყო. ქედის შუაში, იმ ადგილის თავზე, სადაც მდინარეს სათავე
ჰქონდა, პატარა ვიწრო ყელი იყო. სწორედ ეს ყელი აკავშირებდა აქაურობას ქედს
გადაღმა მცხოვრებ ურჯულოთა სოფლებთან. მარჯვე კაცი, თუ ძალიან მოიწადინებდა,
სხვაგანაც გადმოლახავდა ქედს, მაგრამ დიდ ხიფათშიც ჩაიგდებდა თავს, რადგან,
თუნდაც ნადირს გადარჩენოდა, ძალიან ძნელი იყო ამ უდაბურ და უკიდეგანო ტყეებში გზა
გამოეგნო.

შუადღე კარგა ხნის გადასული იყო. ზებულონი გულაღმა იწვა მაღალი მთის შიშველ
მწვერვალზე და ყურადღებით ადევნებდა თვალს ღრუბლის პატარა ფთილას, რომელიც
შორიდან წამოვიდა, დასალიერიდან, სადაც ცა მიწას უერთდებოდა. ნელა, ტაატით,
მაგრამ მტკიცედ და ჯიუტად მოიწევდა წინ, სოფელს გადმოუარა, ზებულონს
გაუპირდაპირდა და დიდი ქედისკენ განაგრძო გზა. ღრუბელი ცის პირს მიუყვებოდა და
ვერც უღრანი ტყე აბრკოლებდა, ვერც ფრიალო კლდეები.

უეცრად, სრულ სიჩუმეში, სოფლის მხრიდან მონაბერ ნიავს რაღაც ხმა შემოჰყვა,
შორეული, სუსტი, ძლივს გასაგონი ხმა. ზებულონმა იგი ქალის კივილს მიამგვანა, მაგრამ
არ დაიჯერა, იფიქრა, ღრუბლის ცქერაში გართულს მომეჩვენა, თორემ ამ სიშორეს
ადამიანის ხმა როგორ მოაღწევდაო, და ის იყო, უნდა უარეყო კიდეც ეს უგუნური
ვარაუდი, რომ ბროლა და ლომია, რომლებიც მზის გულზე იწვნენ და ნებივრად
თვლემდნენ, უცებ წინა თათებზე წამოიწივნენ, თავები მაღლა ასწიეს, კისრები
წაიგრძელეს და ერთი გულშემზარავად დაიყმუვლეს. ზებულონი შეკრთა, წამოჯდა და
სმენად იქცა. ძაღლების ყმუილი ნელ-ნელა გაიფანტა სივრცეში და მიწყდა. ირგვლივ ისევ
სიჩუმე ჩამოწვა. ის შორეული ხმა აღარ გამეორებულა. ბროლა და ლომია ჩაცუცქულები,
წინა თათებზე დაყრდნობილები და ყურებდაცქვეტილები, სოფლისკენ პირმიქცეულები
განაბულიყვნენ, თითქოს ისინიც ყურს უგდებენ და იმ უცნაური ხმის გამეორებას ელიანო.
მერე უეცრად წეღანდელზე უფრო გაბმულად და უფრო საწყალობლად დაიყმუვლეს.

„რაღაც ამბავია!“ - გაიფიქრა ზებულონმა და ზეზე წამოვარდა. იმავ წამს ძაღლებიც


წამოცვივდნენ, აქეთ-იქით ამოუდგნენ პატრონს და სახეში შემოაცქერდნენ, თითქოს
პასუხს მისგან მოელიანო. ზებულონმა ერთხელ კიდევ მიუგდო ყური. ჩქამი არსაიდან
ისმოდა. მხოლოდ შაშვი ჭახჭახებდა სადღაც ქვემოთ, ტყეში. ძაღლები მოუთმენლად
შესცქეროდნენ პატრონს. მაშინ ზებულონი ადგილს მოწყდა და სწრაფად დაეშვა ქვემოთ.
ძაღლებიც უკან დაედევნენ. ფერდობი ციცაბო იყო, ძნელი სავალი, მაგრამ ზებულონი
ახლა ამას ყურადღებას არ აქცევდა და თითქმის სირბილით მიდიოდა. რა
მიარბენინებდა, არ იცოდა. მხოლოდ მერე, ძალიან გვიან, როცა ყველაფერი ცხადი
შეიქნა, მიხვდა, რომ, რაწამს ის ხმა შემოესმა, რაღაც ავი წინათგრძნობა ელდასავით ეცა
და გულზე მარწუხებად შემოეჭდო.

ერთხანს ასე ირბინა. ყოველ წამს მოსალოდნელი იყო, რომ თავს ვერ შეიმაგრებდა და
ფერდობზე ქვასავით დაგორდებოდა. საბედნიეროდ, მალე მორების დასაცურებელ
ღარს მიადგა, მაშინვე დაუფიქრებლად იმ ღარში ჩახტა და სრიალით დაეშვა. ძაღლები
ღარის ნაპირებს მისდევდნენ აქეთ-იქით.

როგორც იქნა ფერდობი ჩაათავა და იმ პატარა ბორცვზე ავიდა, რომელიც მთის


წვერიდან სოფელს ფარავდა. ახლა სოფელი ისევ გამოჩნდა. თავიდან ზებულონმა
საეჭვო ვერაფერი შეამჩნია და ნაბიჯს ცოტა მოუნელა. მაგრამ მალე ისევ შეუქანდა გული:
ქვემოთ, სოფლის თავში, ხუთი თუ ექვსი მხედარი შენიშნა. მხედრები გაშმაგებული
მოაჭენებდნენ ცხენებს ზემოთ, სოფლის ბოლოსკენ. „მტერი!“ - გაუელვა თავში ზებულონს
და ისევ აუჩქარა ნაბიჯს. მხედრები ხან გზისპირა ხეებსა და პატარ-პატარა ბორცვებს
მოეფარებოდნენ, ხან ისევ გამოჩნდებოდნენ. მალე სოფელს გამოსცდნენ. ზებულონმა
ვერაფერი გაიგო. „სად მიდიან?“ - გაიფიქრა განცვიფრებულმა. აქეთ სოფელი აღარ იყო.
მხოლოდ დაროაშვილების გაურანდავი ფიცრებით ნაგები და გაუთლელ,
უსწორმასწორო ბოძებზე შემდგარი პატარა, უსახური ქოხი იდგა. თუ მტერი იყო, სოფელს
რად გამოსცდებოდა და ზემოთ რად წამოვიდოდა, თუ შინაურები იყვნენ,
დაროაშვილებთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ?

ზებულონი სირბილით წავიდა, მოკლეზე იარა და მალე ზემოდან მიადგა სოფელს.


მხედრები აღარ ჩანდნენ. სამაგიეროდ ახლა ხალხი დაინახა და ამ სანახაობამ კიდევ
უფრო შეაშფოთა: ხალხი სახლებიდან გამოსულიყო და გაჩქარებით მიდიოდა სადღაც.
სახეები ამ სიშორიდან არ ჩანდა, მაგრამ მოძრაობაზე ეტყობოდათ, რომ შეშინებულები
თუ აღელვებულები იყვნენ. ზებულონმა გზა განაგრძო. რამდენიმე ეზოს ისე ჩაუარა,
კაციშვილი არ შეხვედრია, ბოლოს, მისი სახლი რომ გამოჩნდა, მოწყვეტით შედგა და
გულგვამში შიშმა ხანჯალივით გაუარა. ის ხალხი, წეღან რომ გაჩქარებით სადღაც
მიდიოდა, ყველა მისი სახლისკენ მიისწრაფოდა. ეზო თითქმის სავსე იყო, გარეთაც
ბლომად ხალხი იდგა. ყველანი გაცხარებით იქნევდნენ ხელებს და გაცხარებით რაღაცას
ლაპარაკობდნენ. სიტყვების გარჩევა ძნელი იყო. ეზოს გარეთ მდგომთ რომ ზემოდან
მომავალი ზებულონი დაინახეს, თითქოს ვიღაცის უხმო ბრძანებას დაემორჩილნენო,
ერთბაშად გაშეშდნენ, ხელების ქნევაც შეწყვიტეს და ლაპარაკიც. მერე მიიწ-მოიწიეს და
ზებულონს გზა მისცეს. რაღაცნაირი სახეები ჰქონდათ, ვერ გაიგებდით - შეშინებული,
დამწუხრებული, განრისხებული... ზებულონს მუხლები მოეკვეთა. წამით თვითონაც
ადგილზე გაშეშდა, მერე თავს ძალა დაატანა და უფრო გაუგებრობით, ვიდრე შიშით
გულშეძრულმა ნელა გაიარა მისკენ მოპყრობილი უცნაურად გამომზირალი თვალების
ტყე. უნდოდა პირველივე შემხვედრისთვის ეკითხა, რა მოხდაო, მაგრამ ვერ გაბედა.
ჭიშკარში რომ შედიოდა, უკნიდან ქალის ბებრული, ჩიფჩიფა, ნამტირალევი ხმა შემოესმა:
- უნდა გამაგრდე, შვილო.

ზებულონს მიხედვა უნდოდა, მაგრამ ვერ მიიხედა.

ეზოში რომ შევიდა, ახლა ეზოში მყოფნი დადუმდნენ და გაშეშდნენ. ზებულონმა


ნათესავები დაინახა. გაბრიელის ორი ვაჟი, ზებულონის ტოლა ბიჭები, სწორედ კიბესთან
იდგნენ. ზებულონმა ახლა კი გაბედა და ბიჭებს სახეში შეხედა, მაგრამ მათ თვალი
აარიდეს, თავი ჩაღუნეს და მიწას ჩააცქერდნენ. ეზოშიც და ეზოს გარეთაც საშინელი
დუმილი იდგა. ზებულონმა კიბე სწრაფად აიარა. სრულ სიჩუმეში საფეხურების ჭრაჭუნი
კვნესასავით ისმოდა და გულში გაუგებარ ბალღამად ეღვრებოდა. ყელში მძიმე
გორგალი ჰქონდა მოწოლილი. აივანზე შავად შემოსილი რამდენიმე ქალი იდგა. „დედა!“
- გაუელვა თავში ზებულონს და კარი შეაღო.

დედა ტახტზე იწვა. სასთუმალი ორი ბალიშით აემაღლებინათ და ამის გამოისობით თავი
და მხრები ისე ჰქონდა წამოწეული, თითქოს კი არ იწვა, არამედ იჯდა.
სილურჯეშეპარული, დანაოჭებული ხელები ტახტის კიდეებზე ეწყო აქეთ-იქით. სახე
მიტკალივით თეთრი ჰქონდა. უტყვი თვალები გაშტერებით მიეპყრო ჭერისათვის.
თავთით სამი ქალი უჯდა. ტახტის აქეთა მხარეს მაგდა იჯდა, მოხუცი მოახლე, და ხელი
მკლავში ჩაევლო, ტახტის იქითა მხარეს ანანიას და გაბრიე-ლის ცოლები ისხდნენ, ძალო
მათიკო და ძალო გაიანე, და თითო ხელი მწუხარედ შემოედოთ ლოყაზე. ფეხის ხმაზე
ყველამ მოიხედა. მაგდა მთელი ტანით შემოტრიალდა სკამზე, ოღონდ ისე, რომ
მწოლიარისათვის ხელი არ გაუშვია. ძალო მათიკომ და ძალო გაიანემ, რომლებიც
კარისკენ პირით ისხდნენ, თავები ასწიეს. დედამ ოდნავ, სულ ოდნავ მოაბრუნა სახე და
ცერად გამოიხედა. ზებულონი რომ დაინახა, ერთხანს თვალგაშტერებით უყურა, თან
ისეთი მზერა ჰქონდა, ვერ გაიგებდით, იცნო შვილი თუ ვერა, მერე სახე ისევ მიაბრუნა,
უტყვი თვალები კვლავ ჭერს მიაპყრო, ბოლოს, ხანგრძლივი, მძიმე დუმილის შემდეგ,
როგორც იქნა, დაილაპარაკა, დაილაპარაკა უცნაური, რაღაცნაირად გაშიშვლებული
ხმით, რომელსაც არც კილო ჰქონდა, არც ფერი, არც არავითარი გრძნობა ახლდა,
თითქოს ადამიანის გულიდან კი არ მოდიოდა, არამედ ამოუვსები სიცარიელიდან
ისმოდა და სამარისებურ სიჩუმეში ქვებივით ცვიოდა: - ხვალ დიდი ბატონიშვილი
მიგელის... მაგრამ აბა, როგორღა წახვალ ამ შავი დღის შემსწრე. ოხრად დაგრჩა ახალი
ჩოხა...

ქვის სიტყვები ყრუდ ცვიოდა ზებულონის ირგვლივ და ზებულონს ამ ხმის გაგონებაზე


გული უცივდებოდა. მაგრამ უეცრად, სრულებით რომ აღარ მოელოდა, დედას ტირილი
აუვარდა და წამსვე მის ხმაშიც ერთბაშად გამოჩნდა გაუქარვებელი მწუხარების ის
უსასოო, მდუღარე, გულისმომკვლელი კილო, რომელიც ერთადერთი ნიშანია იმისა, რომ
ადამიანს გულში ნუგეშის სხივი ჩაუდგა და სიცოცხლის მძლავრმა ანდამატმა კვლავ ამ
ქვეყნისკენ აქნევინა პირი.

- რა დაგიშავე, ღმერთო, ასეთი! ოთხი შვილი ისე წამგვარე, თვალის ახელა არ დააცალე
არც ერთს. ასეთი რა ცოდვა გვაწევს, რომ ამოდენა უბედურება არ გვაკმარე! რატომ
დაგვღუპე, ღმერთო, რატომ! ეგებ შენ იცოდე, შვილო, ეგებ შენ იცოდე, ზებულონ, რა
ცოდვა მიგვიძღვის ასეთი, რომ შენდობას ვერ ვეღირსეთ! ოთხი და-ძმა ხომ წაგართვა!
რით ვერ იკმარა, რომ ახლა მამაც გამოგაცალა ხელიდან!

ეს ბოლო სიტყვები, რომლებმაც აქამდე ბურუსივით შემოჯარულ, დამთრგუნველ, რაღაც


ველურ გაუგებრობას ბოლოს და ბოლოს ფარდა ჩამოგლიჯა, ზებულონს ტვინში
ბურღივით დაუტრიალდა, მერე ქვემოთ დაეშვა, სასოწარმკვეთი ტკივილით გაარღვია
მთელი სხეული და გზაზე სიცარიელის მშრალი ხვრელი დატოვა. იმავე წამს ბუნების
შემათვისებელმა ძალებმა, უცნობმა და უხილავმა, რომლებიც სიცარიელეს ვერ ეგუებიან,
ამ სიცარიელის განსადევნად ზებულონის სხეული მძლავრად შეკუმშეს, შეკრეს, თითქოს
დაწნეხეს და ზებულონმა უეცრად რაღაც უცხო სიმკვრივე იგრძნო, რაღაც უცხო სიმყარე,
რომელიც გაუგებარი და ბუნდოვანი მსგავსებით თითქოს მტკიცე გადაწყვეტილებას
ჰგავდა, ოღონდ რისი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, ზებულონმა არ იცოდა.
ზებულონი მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ სხეულის უეცარ გარდაქმნას აზრი კვალში ვერ
მისდევდა და მათ შორის არსებული ბუნების შესატყვისი და ჩვეული თანხმობა
თვალდათვალ ირღვეოდა.

სანამ გონება საბოლოოდ გაართმევდა თავს დედის ნათქვამს და თან გაურკვევლად და


თითქოს მოუქნელად ფიქრობდა იმაზე, რომ, რაკი ისახარი მოკვდა, მაშასადამე, სადღაც
უნდა ყოფილიყო დასვენებული, ზებულონმა რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ, ტახტთან
მუხლზე დაიჩოქა და დედის ხელი აიღო. ხელი ყინულივით ცივი იყო, ამიტომ ზებულონმა
იგი ერთხანს გააჩერა თავის ხელებში, რათა ცოტა გაეთბო, მერე ტუჩებთან მიიტანა,
ფრთხილად ეამბორა, წამოდგა და იმ დროს, როდესაც ძალო მათიკო და ძალო გაიანე
ტახტზე დაიხარნენ, რათა აქვითინებული დედა დაემშვიდებინათ, ხოლო მაგდა მათ
აჩერებდა, დააცალეთ, ქა, იტიროს, ცრემლი შხამს გამოიტანს და ცოტა გულზე
მოეფონებაო, უხმოდ გავიდა ოთახიდან.

გამოვიდა თუ არა აივანზე, ეზოში მოგროვილი ხალხი, თითქოს გადარაჯებული


ყოფილიყოს, წამსვე მისკენ მოტრიალდა და ურიცხვი თვალი მოაპყრო. მწუხარე,
შეშფოთებულ და ჯიუტად მდუმარე სახეებზე ისეთი რამ ეწერათ, თითქოს რაღაცას
ითხოვდნენ, ხოლო ამ მოთხოვნის უკან, ვინიცობისაა ზებულონს მის შესრულებაზე უარი
ეთქვა, შეგუბებული და შეკავებული რისხვა იდგა. „ის ცხენოსნები სადღა მიდიოდნენ?“ -
გაიფიქრა ზებულონმა და ამ ფიქრთან ერთად გონებაში არეულად, შეშფოთებით და
თითქოს ცოტა მალულად ტრიალებდა გაუბედავი კითხვა იმის შესახებ, თუ სად უნდა
ყოფილიყო ისახარი დასვენებელი. მერე ბროლა და ლომია გაახსენდა, თვალით დაუწყო
ძებნა ეზოში და, რომ ვერ იპოვა, ახლა ის გაიფიქრა, იქნებ სიზმარში ვარ, ან არადა
ყველაფერი ეს მელანდებაო.

ამ დროს ეზოს გადაღმა ჩოჩქოლი ატყდა. ხალხი ერთბაშად ამოძრავდა და აყაყანდა.


ჩოჩქოლზე ეზოში მყოფთაც მოაშორეს თვალი ზებულონს და ჭიშკრისკენ მიტრიალდნენ.
„ბროლა და ლომია რაღა იქნენ?“ - გაიფიქრა ზებულონმა და იმავ წამს ქვემოდან
მომავალი ორი კაცი დაინახა, რომელთაც ზურგზე ტომრები ეკიდათ, ხალხი სწორედ მათ
მისჩერებოდა.

ერთი მათგანი დარჩო იყო, ისახარის გლეხი. მის დანახვაზე გონების თვალწინ, სადღაც
შორეულ სივრცეში, წამით ჰაერში დაეკიდა თეთრი ლოდი, რომელზედაც თავქვეშ
ამოწყობილი ხელებითა და ოდნავ განზე გადაყრილი ფეხებით იწვა შიშველი, თეთრი
თინია და მზის ოქროსფერ სხივებში ბანაობდა. ხილვა გაჩენისთანავე გაქრა.

მეორე ტომრიანი კაცი დარჩოს უფროსი ვაჟი იყო. მამა-შვილს ერთნაირი ტანსაცმელი
ეცვა, თმა ერთნაირად ჰქონდათ შუბლზე ჩამოშლილი, კეფაზე ერთნაირი მრგვალი
ქუდები ედოთ, ერთნაირი ტომრები ეკიდათ და სიმძიმის ქვეშ წახრილები ერთნაირად
მძიმე ნაბიჯით მოაბიჯებდნენ აღმართში. ხალხმა გაუგებარი მოწიწებით დაიხია უკან და
მომავალთ გზა მისცა. ვიღაცამ ჭიშკარი გაუღო. შუა ეზოს რომ მოაღწიეს, ტომრიანი
კაცები შედგნენ, თითქოს ტვირთის ჩამოღებაც დააპირეს, მაგრამ მერე შეყოყმანდნენ და
კითხვის თვალი მოავლეს ირგვლივ.

- აქეთ, აქეთ! - გაისმა ამ დროს. ზებულონმა მიიხედა და, თეთრწვერა და თეთრთმიანი ძია
ანანია რომ დაინახა, გაციებულ გულში თითქოს სითბოს პატარა სხივი ჩაეღვარა.

- აქეთ, აქეთ! - გაიმეორა ანანიამ. ხალხს გამოეყო და დარჩოსა და მის ვაჟს ფიცრულისკენ
მიუთითა. მერე, როცა დარჩო და მისი ვაჟი ალაგეზე გადავიდნენ და ტომრები მთავარი
ეზოს გადაღმა გადაიტანეს, ხალხი დაკვირვებით მოათვალიერა, ორი შუახნის კაცი
აირჩია, მოუხმო და უთხრა, - მიეხმარეთ.

ზებულონი აივნიდან ჩამოვიდა და ჯერ კიდევ გაბრუებული და ბურუსით


გარშემორტყმული თავადაც ფიცრულისკენ გაემართა, მაგრამ, სანამ ღობეს მიაღწევდა,
ანანია წინ გადაუდგა. ანანია მთელი თავით დაბალი იყო.

- ნუ, შვილო... - უთხრა მან, მხრებში ხელი ჩაავლო, თვალებში შეხედა, მერე სახე მკერდზე
მიადო და ატირდა.

ზებულონიც ატირდა. ზლუქუნებდა და ბეჭები უთრთოდა.

- იქ შენ ჯერ არა გესაქმება რა, - თქვა ანანიამ, - ჯერ გასაკეთებელი გააკეთონ და მერე
მიხვალ. თავად დაგვიძახებენ, როცა დრო მოვა. აბა, დაწყნარდი და გამაგრდი.

ზებულონს ბარემ თვითონაც უნდოდა დაწყნარებულიყო, მაგრამ ვერ მოეხერხებინა.


თვალი ცრემლით ჰქონდა სავსე, ზლუქუნებდა და ვერაფერს ხედავდა. ანანიას ცალი
ხელი მკლავში ჩაევლო მისთვის, მეორე ბეჭზე ედო და ცდილობდა დაემშვიდებინა.
ირგვლივ სიჩუმე იყო. ხალხი გაშეშებული და ხმაგაკმენდილი იდგა.

რამდენი ხანი გავიდა, ზებულონს არ გაუგია. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა


ფიცრულის კარი ჭრიალით გაიღო და კაცები გამოვიდნენ.
ოთხივე ფერდაკარგული იყო და უღონო, გასავათებული სახეები ჰქონდათ. დარჩოს ვაჟს
ხელში ცარიელი ტომრები ეჭირა.

- ეგ არის, ბატონო, - დაიძახა დარჩომ. - მორჩა.

- მივიდეთ, შვილო, - ანანიამ ზებულონს ბეჭზე ხელი მოუთათუნა და წინ გაუძღვა.

დარჩომ ფიცრულის კარი გააღო და ორთავენი გაატარა, მერე ქუდი მოიხადა და


თავადაც შეჰყვა. დანარჩენი კაცები გარეთ დარჩნენ.

ფიცრული მოესუფთავებინათ და მიელაგებინათ. მთელი ხარახურა ერთ კუთხეში


მიეწყოთ, საიდანღაც ხის ტახტი მოეტანათ და კედელთან დაედგათ. ტახტზე სქელი
ფარდაგი ეფინა, ფარდაგზე რაღაც იდო, რასაც ზემოდან თეთრი სუდარა ჰქონდა
გადაფარებული.

- გადაჰხადე! - უბრძანა ანანიამ დარჩოს.

დარჩო ტახტის თავთან დაიხარა, სუდარას აქეთ-იქით, სიგანეზე მოჰკიდა ხელები, ასწია
და ნელ-ნელა გადააცალა.

ზებულონს საკუთარი ხმა შემოესმა, შემზარავი, ველური, დაუნაწევრებელი ბგერა, და


ხელები სახეზე აიფარა. მერე, როცა ბუნების შემათვისებელმა ძალებმა კიდევ უფრო, უკვე
ზღვრამდე შეკრეს და შეამჭიდროვეს მისი სხეული და იქიდან ყველაფერი გამოდევნეს,
რაც მყარი და კირკაჟი არ იყო, ხელები უკანვე ჩამოიღო და თვალი გაახილა. ანანია
ტიროდა. დარჩოც ტიროდა. ზებულონს არ უტირია. მისი შენივთული, დაწნეხილი
სხეულიდან ცრემლი ვეღარ გამოიწურა.

ტახტზე ისახარი იწვა. დარჩოსა და მის კაცებს ყველაფერი ეღონათ, რაც კი შეეძლოთ,
ნაწილები თავ-თავიანთ ადგილას მიედგათ ერთიერთმანეთზე, მაგრამ ისახარის
გამთელება შეუძლებელი გამოდგა. თუმცა ორად გაჩეხილი თავი პირი პირზე კი მიედოთ,
მაგრამ შუაში მაინც ნაპრალი დარჩენილიყო. ჯანსაღი თვალის ადგილას ღრმა სოროღა
იყო, მხოლოდ მეორე ლიბრგადაკრული თვალისთვის არ ეხლოთ ხელი მკვლელებს.
იღლიებში მოკვეთილი მკლავები მერე კიდევ ორ ადგილას დაეჭრათ, იდაყვებთან და
მაჯებთან. ტანი სულ ერთიანად დაფლეთილი იყო და სხეულის ნაფლეთებს ძლივს
ფარავდა ტანსაცმლის ნაფლეთები. ფეხები ბარძაყებთან გადაეჭრათ და მერე რამდენიმე
ნაჭრად აეკეპათ. ისახარის ნეშტს მარცხენა ფეხის ტერფი აკლდა.

ზებულონის დაწნეხილ სხეულში არაფერი არ მოძრაობდა. და ზებულონი სადღაც გარეთ,


სხეულს გარეთ გრძნობდა უცნაურ, გაუგებარ სიმშვიდეს, რომელიც თავადაც სხეულს
ჰგავდა, რადგან სხეულივით დაწნეხილი, მკვრივი და თითქოს ნივთიერი იყო. ზებულონს
უკვირდა და არ სჯეროდა ამ სიმშვიდის, სანამ საკუთარი ხმა არ მოესმა და არ
დარწმუნდა, რომ ეს ხმაც მშვიდი, მკვრივი და ნივთიერი იყო.

- დარჩო, - თქვა ზებულონმა, - მამაჩემს ცალი ტერფი აკლია.

ანანიამ ერთბაშად შეწყვიტა ტირილი და ზებულონს მოხედა. მზერაში გაკვირვება,


მოულოდნელი მოწიწება და ბუნდოვანი შიში ედგა.

დარჩო მწუხარედ და უხერხულად ჭმუჭმნიდა ქუდს ორივე ხელით.

- ვერ ვიპოვეთ, შენი ჭირიმე, - მიუგო ბოლოს, - ყველგან ვეძიეთ, წყალშიაც და


ნაპირზედაცა, მაგრამ ვერსად მივაგენით.

სიჩუმე ჩამოვარდა. ანანია და დარჩო ახლა უხმოდ მისჩერებოდნენ ზებულონს.


- კარგი, - თქვა მაშინ ზებულონმა, - გადააფარე სუდარა. - და როცა დარჩომ ბრძანება
შეასრულა, ბიძას მიუბრუნდა, - ვინა, ძია ანანიავ?

- დაროაშვილებმა, შვილო, - მიუგო ანანიამ, - ეეჰ, ისახარო, ისახარო... სულელი იაგორა


შესწრებია, ყველაფერი თავისი თვალით უნახავს.

„მაშ ის ცხენოსნები დაროაშვილებთან მიდიოდნენ!..“ - გაიფიქრა ზებულონმა. იმავ წამს


იოველ ბატონიშვილი გაახსენდა. მერე შეტრიალდა და ფიცრულიდან გავიდა.

ანანია და დარჩოც უკან მიჰყვნენ.

ღობის გადაღმა, მთავარ ეზოში თავმოყრილი ხალხი აქეთ იყურებოდა. ზებულონი რომ
გამოვიდა, ყველამ მას მიაპყრო მზერა. ახლა ამ მზერაში მოლოდინი იყო.

- დარჩო, - უთხრა ზებულონმა, - იაგორა მიხმე.

- ახლავე, შენი ჭირიმე, - მიუგო დარჩომ და ხალხს შეერია.

წუთის შემდეგ ხალხი მიიწ-მოიწია და სულელი იაგორა გამოჩნდა. მსუქან სხეულზე უხვად
მოდებული ქონი ერთიანად უთიმთიმებდა, თვალები გადმოკარკლული ჰქონდა,
დიდრონი ლაშები გადმობრუნებული, პირზე დუჟი მოსდებოდა. როგორც ყოველთვის,
ბრიყვული, კმაყოფილი ღიმილით იღიმებოდა. თუმცა ახლა მის ღიმილს მიზეზიც ჰქონდა:
მთელი სოფლის თანდასწრებით ბატონებისთვის ისეთი რამ უნდა მოეთხრო, რაც
მხოლოდ მან ნახა, მხოლოდ მან იცოდა და მაშასადამე მხოლოდ მისი საკუთრება იყო.

- იაგორა, - უთხრა ანანიამ, როცა სულელი იაგორა ეზოში შემოვიდა, - უამბე


ბატონიშვილს, რაც ნახე და რაც გაიგონე.

...დაროაშვილები წლინახევრის წინ გამოჩნდნენ წყაროსთვალში. საიდან მოვიდნენ,


არავინ იცოდა. ამბობდნენ, დაროაშვილები არც კი არიანო. ბატონს გამოექცნენ
საიდანღაც და სხვისი გვარით შემოაფარეს თავი აქაობასო. სამნი ძმანი იყვნენ, ორი
ცოლშვილიანი და ერთი უცოლშვილო. სამივეს გაბრტყელებული თავი ჰქონდა, ვიწრო,
ბალნიანი შუბლი, უჟმური სახე და უნდო გამომეტყველება. ლაპარაკისას მოსაუბრეს
თვალს არ უსწორებდნენ. ჩამოვიდნენ თუ არა, მაშინვე ზებულონის მამა-ბიძებს ეახლნენ
და სოფელში დასახლების ნება ითხოვეს. არც ანანიას, არც ისახარსა და არც გაბრიელს
მათი ქუში სახეები და მგლური გამოხედვა არ მოეწონათ, მაგრამ თხოვნაზე აბა უარს
როგორ ეტყოდნენ! დასტურიც მისცეს, დაუყვავეს კიდეც და ადგილიც მიუჩინეს. დასტურსა
და დაყვავებას დაროაშვილები გულგრილად, შუბლგაუხსნელად შეხვდნენ, მიჩენილი
ადგილი კი არ ინდომეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას ამჯობინეს დასახლება.
მალე მართლაც დასახლდნენ, მაგრამ ისეთი უგემური, სახელდახელო ქოხი აიგეს, რომ
წყაროსთვალელებმა იფიქრეს, ალბათ ხვალ-ზეგ ისევ აყრასა და წასვლას აპირებენო.
წასვლით არ წასულან, დარჩნენ და ცოლშვილიან ძმებს იქ თითო ბავშვიც გაუჩნდათ, ეს
იყო მხოლოდ, რომ სოფელთან მეზობლობა და ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდათ.
ქალები საერთოდ არ გამოდიოდნენ სახლიდან და სოფელში ბევრს ისინი თვალით არ
უნახავს. ქვემოთ კაცებიც იშვიათად ჩამოდიოდნენ, ისიც მაშინ, თუ რამე აუცილებელი
საქმე გამოუჩნდებოდათ. წყაროსთვალელები მალე შეეგუენ დაროაშვილების
განკერძოებულობასა და უცნაურობას და ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ერთ დღეს,
ზამთარში, სოფელში ცხვარი დაიკარგა და პატრონმა ეჭვი დაროაშვილებზე მიიტანა.
დაროაშვილებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ისეთი ამბით აღშფოთდნენ, რომ ცხვრის
პატრონმა იფიქრა, ალბათ ცილს ვწამებო, და თავი მიანება. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ
ერთი ცხვარი დაიკარგა. სოფელმა ისევ დაროაშვილებზე იეჭვა, მით უმეტეს, რომ მათ აქ
ჩამოსახლებამდე წყაროსთვალში ქურდობა რა იყო, არ იცოდნენ, მაგრამ ცარიელი ეჭვი
რას უშველიდა, როცა საბუთი არა ჰქონდათ რა. დაროაშვილებს კი თავი ისე ეჭირათ,
აშკარა იყო, უსაბუთოდ ბუზს არ აიფრენდნენ. ამგვარად მეორედაც შერჩათ. მაგრამ
ნათქვამია, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო, და აკი ბოლოს გაებნენ კიდეც.
უმცროს ძმა დაროაშვილს, სწორედ იმას, რომელიც უცოლშვილო იყო, ისახარის ერთმა
გლეხმა იმ დროს წაასწრო, როცა მოპარული ცხვარი ტომარაში ჩაესვა და გაქცევას
აპირებდა. პატრონის გამოჩენაზე ცხვარი ტომრიანად დააგდო თურმე და მოკურცხლა. ის
გლეხი დადევნებია და, თუმცა ვერ დაუჭერია, ისე აშკარად უცვნია, რომ თვით
შუბლისძარღვგაწყვეტილ დაროაშვილებსაც კი ვეღარ დაუფიციათ. მაშინ ისახარს,
როგორც თავისი გლეხის პატრონსა და დამცველს, ქურდი დაუბარებია და ხალხის
თანდასწრებით დამუქრებია, სოფელში რომ ამის შემდეგ თმის ერთი ბეწვი მაინც
დაიკარგოს, მოედანზე გამოგიყვან და შენს თავს საჯაროდ გავაწკეპლინებო.
დაროაშვილს, რომელიც მთელი საუბრის განმავლობაში დაბღვერილი ერთთავად განზე
იყურებოდა, ღრჯოდ და გაუგებრად ჩაულაპარაკებია რაღაც და წასულა. ამის შემდეგ
სოფელში მართლა მოისპო ქურდობა და წყაროსთვალელებმაც ეს უსიამოვნო ამბავი
დაივიწყეს. ვინ იფიქრებდა, თუ გულღრძო დაროაშვილებს ბოღმა ჩახვეული ჰქონდათ და
შემთხვევას ელოდნენ, რომ ამოენთხიათ. რაც იმ დღეს მოხდა, სოფელმა სულელი
იაგორასაგან შეიტყო. სულელი იაგორა ტყეში ყოფილიყო, მდინარის ზემოთ, და იქიდან
დაენახა ყოველივე. რაზე წალაპარაკდნენ ისახარი და უმცროსი ძმა დაროაშვილი, არ
გაუგია. ხმაური რომ შემოესმა და მიუხედავს, დაუნახავს, რომ დაროაშვილს ბარისთვის
დაუვლია ხელი და ისახარზე გაწეულა. ისახარს, რომელიც ჩვეულებისამებრ უიარაღოდ,
მარტო ხანჯლის ამარა იყო, მოქნეული ბარი ცალი ხელით მოუგერიებია, მეორეთი
ხანჯალი დაუძრია და დაროაშვილისთვის ყური ჩამოუთლია, თან უთქვამს, ახლავე
აქედან დამეკარგე, თორემ უარესს დაგმართებო. დაროაშვილს ისევ ბარისთვის
დაუვლია ხელი და ღრიალით გაქანებულა ისახარისაკენ. ისახარს წეღანდელივით
აუცდენია მოქნეული ბარი, ახლა ბარძაყში უტაკებია ხანჯალი და, როცა უმცროსი ძმა
დაროაშვილი ძირს დაცემულა, ხანჯალი გაუწმენდია, ქარქაშში ჩაუგია, მერე პირი
დაროაშვილების სახლისკენ უქნია და დაუძახნია: „ეჰეი, დაროაშვილებო!“ ძახილზე
დაჭრილის ერთ-ერთ რძალს გამოუხედავს. „თქვენს კაცებს დაუძახე, - უთქვამს ისახარს, -
ეს ლეკვი მომაშორონ აქედან!“ უფროსი ძმები დაროაშვილები კი თურმე ამ დროს შინ კი
არა, სადღაც ქვემოთ ყოფილან, ხმაურზე წამოსულან და, რა დაუნახავთ მიწაზე
მოფართხალე, სისხლში მოთხვრილი ძმა და იქვე მდგარი ისახარი, ჩუმად წამოპარვიან
უკნიდან, ჯერ ერთ მათგანს თავში კეტი ჩაურტყამს და მერე წაქცეულს ორთავენი
ნაჯახებით დარევიან...

...იაგორამ მოყოლა დაამთავრა, გაჩუმდა და გადმოკარკლული თვალებითა და


კმაყოფილი ღიმილით ხან ზებულონს მისჩერებოდა, ხან ანანიას.

- კარგი, იაგორა, - უთხრა ზებულონმა, - წადი. მადლობელი ვარ შენი.

იაგორა შეტრიალდა და ნასიამოვნები, რწევა-რწევით და მსუქანი სხეულის თიმთიმით


ამაყად შეერია ხალხს.

სიჩუმე ანანიამ დაარღვია.

- ახლა მთავარი ისაა, ყოველივე სრულად ვაზღვევინოთ მაგ წუნკლებს, რომ საწყალი
ისახარის სულმა იმ ქვეყნად მოსვენებით იცხოვროს. ეეჰ, ისახარო, ისახარო...

ამ დროს გარეთ კვლავ ატყდა ჩოჩქოლი. მერე ვიღაცის ხმა მოისმა: - მოდიან!

ის იყო, ეზოში მყოფი ხალხი შეტრიალდა, რომ მხედრებმაც გაქაფული ცხენები


ჭიშკართან მოაგდეს და სწრაფად ჩამოქვეითდნენ. ექვსნი იყვნენ: გაბრიელი, ზებულონის
უმცროსი ბიძა, ანანიას ორივე ვაჟი და სამიც ახალგაზრდა გლეხი. ყველანი თავით
ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი.

ბიძა და ბიძაშვილები მაშინვე ანანიასა და ზებულონისაკენ გამოეშურნენ, გლეხები იქვე


დარჩნენ, ჭიშკართან, და ირგვლივ შემოხვეულ ცნობისმოყვარე ხალხს ხელების ქნევითა
და აღელვებული ხმით დაუწყეს რაღაცის მოყოლა.

გაბრიელმა და ანანიას ვაჟებმა ზებულონს აკოცეს, მხარზე გამამხნევებლად, თუმცაღა


გაუბედავად, მოუთათუნეს ხელი და იტირეს. მერე გაბრიელი ანანიას მიუბრუნდა,
რომელიც მოთმინებით ელოდა: - ვერ მივუსწარით. დედაწულიანად აყრილან და
გადახვეწილან.

- ცხენები?

- ცხენების წაყვანა ვერ გაუბედნიათ. სამივე თავლაში ება.

- იქ ხომ არ დატოვეთ?

- არა, წამოვიყვანეთ.

- ვიწროები თუ გასინჯეთ მთებში?

- გავსინჯეთ. იქით არ უვლიათ. ან კი როგორ წავიდოდნენ, მსუბუქად მავალ კაცს უჭირს იქ


გადასვლა, ამათ კი ერთი დაჭრილი ჰყავთ, ორი ქალი ახლავთ და სამიც ჩვილი ბავშვი.

- სხვა გზა რომ არ ექნებათ, მაინც მანდედან გადასვლას ეცდებიან.

სიჩუმე ჩამოვარდა. მერე გაბრიელმა იკითხა: - ახლა რა ვქნათ, ანანიავ?

- რაზედ ამბობ?

- ამოდენა ტყეში სად ვიპოვოთ?

ანანია დაფიქრდა.

- მაგაზედ თქვენ ნუ ზრუნავთ, - ჩაერია ამ დროს ზებულონი, - მაგ საქმეს მე მოვუვლი.

- როგორ? - იკითხა გაბრიელმა.

ანანია უხმოდ მოსჩერებოდა.

- მე ვიცი, - თქვა ზებულონმა, - თქვენ მხოლოდ ქვემოთ გასაქცევი გზა არ მისცეთ,


ვინიცობისაა აქეთ დააპირონ გაპარვა.

ამ სიტყვებით ზებულონი მთავარ ეზოში გადავიდა, სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბე. თან
ხალხის მზერა მიაცილებდა. ზებულონმა თავისი ოთახიდან თოფ-იარაღი გამოიტანა, კიბე
ისევ ისე სწრაფი ნაბიჯით ჩამოათავა, თავლაში შევიდა, ქურანა გამოიყვანა, მერე
ხმადაბლა დაუსტვინა და, ბროლაცა და ლომიაც რომ წამსვე მასთან გაჩნდნენ, ბიძებს
მიუბრუნდა: - აქაურობა თქვენთვის ჩამიბარებია. მე თუ დროით ვერ მოვბრუნდე, ვინძლო
ისახარს ისე აუგოთ წესი, როგორც მის კაცობას შეჰფერის. დედას მიმიხედეთ, თავს არა
აუტეხოს რა.

- ჩვენც მოვდივართ! - თქვეს ბიძაშვილებმა.

- არა! - მტკიცედ მიუგო ზებულონმა, - მარტო უნდა წავიდე.


- ხომ არ გაგიჟდი! - გაუწყრა გაბრიელი, - მარტო წასვლა როგორ იქნება!

- ჩემი საქმისა მე ვიცი, ძია გაბრიელ, - იმავე კილოთი თქვა ზებულონმა.

- შენ მაინც უთხარ, ანანიავ! - არ ცხრებოდა გაბრიელი, - იმ ცოფიან მგლებთან ერთი კაცი
რას გახდება.

ანანიამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალმოუშორებლივ უყურებდა


ზებულონს, წყნარად თქვა: - წადი, შვილო, მართალ საქმეს ღმერთი მიუძღვის წინ, - ამ
სიტყვებით ნელა, დინჯად გადასახა პირჯვარი, მერე ძმას მიუბრუნდა, - იქნებ ეგრე
სჯობდეს, გაბრიელო, თავისი სანთელი ყველამ თვითონ უნდა აანთოს.

ზებულონი ცხენს მოახტა. ხალხმა გზა მისცა. ბროლა და ლომია უკან აედევნენ. ის იყო,
ეზოს გარეთ შეგროვილ ხალხსაც გასცდა, რომ სულ ბოლოში უცებ დარჩოს თინიას
მოჰკრა თვალი და ცხენი მოწყვეტით შეაყენა. მერე, სანამ ცხენს ქუსლს ჰკრავდა და გზას
განაგრძობდა, წამით მხედველობის არედან ყველაფერი გაქრა და მხოლოდ თინია
დარჩა, აბრანძული, გაბურძგნული, ცხვირმოუხოცავი (მერე, ზებულონი რომ დაბრუნდა და
წყაროსთვალში სიმშვიდე ჩამოვარდა, თინია თურმე იგონებდა, რომ შემომხედა, შიშისგან
ლამის გული გამეპარაო, ისე მიყურებდა, თუ არ შემჭამდა, არ მეგონაო).

ზებულონი სოფელს გასცდა და გეზი დაროაშვილების ქოხისკენ აიღო. მალე მორღვეულ


ჭიშკარში შეაგდო ცხენი და ქოხის წინ ჩამოხტა. კარი ღია დახვდა. ზებულონი შევიდა და
იქაურობა მოათვალიერა. იგი, ისევე როგორც წყაროსთვალელთა დიდი უმრავლესობა,
დაროაშვილებთან ნამყოფი არ იყო.

სახლი ერთი დიდი ოთახისგან შედგებოდა. კედლები ფარღალალა ჰქონდა, ჭერი


აუფიცრავი; უსწორმასწოროდ დაწყობილი, ალაგ-ალაგ აყრილი ყავრის სახურავიც
ფარღალალა იყო და ნაპრალებიდან აქა-იქ ცა მოჩანდა. ჩამქრალ შუაცეცხლში,
ზედადგარზე, თუჯის შავი, გამურული ქვაბი იდგა. ერთ კედელთან ორ, ერთმანეთზე
მიტყუპებულ განიერ ტახტზე, აბურდული ლოგინი ეყარა. ცალ კუთხეში ფქვილის კოდი
იყო, მეორეში - თავახდილი, ცარიელი სკივრი. შუაცეცხლთან, ტახტების მოპირდაპირე
მხარეს, დაბალი, გრძელი ტაბლა და რამდენიმე ჯორკო იდგა.

ზებულონმა ყველაფერი ყურადღებით მოათვალიერა. მერე ძაღლებს გასძახა: - ბროლა!


ლომია!

ძაღლები მაშინვე შემოცვივდნენ და კართან შეჩერდნენ.

- აქ მოდით! - ზებულონმა ისინი აბურდულ ლოგინთან მიიყვანა, - გეში! - უთხრა და მერე


სამჯერ კიდევ გაუმეორა მკაფიოდ და ბრძანების კილოთი, - გეში! გეში! გეში!

ძაღლებმა ქშიტინით მოყნოსეს იქაურობა და, რომ მოათავეს, მოლოდინით მიაჩერდნენ


პატრონს. მაშინ ზებულონი ეზოში გამოვიდა, ცხენს მოახტა, ეზოს გასცდა და ძაღლებს
უბრძანა: - კვალი! კვალი, კვალი, კვალი!

ძაღლები ჯერ ადგილზე დატრიალდნენ, ერთი პირობა ეზოში შებრუნებაც დააპირეს,


მაგრამ, ზებულონი რომ გაუჯავრდა, მანდ არა, აქეთ, აქეთო, ისევ გადაიფიქრეს, მიწაზე
დრუნჩდადებულებმა ერთხანს კიდევ იწრიალეს ადგილზე და ბოლოს მიაგნეს იმ კვალს,
რომელსაც დაროაშვილები დადგომოდნენ. კვალი ტყის პირს მისდევდა, მდინარემდე
აღწევდა და მერე აღმა მიდიოდა კალაპოტის გასწვრივ.

მდინარის პირას ზებულონი ჩამოქვეითდა. ცხენდაცხენ სიარული უკვე სახიფათო იყო,


რადგან ამხედრებული კაცი ლტოლვილებს შეიძლებოდა შორიდანვე შეენიშნათ. გარდა
ამისა, მალე ისეთი ადგილები დაიწყებოდა, სადაც ცხენი, სულ ერთია, ვერ ივლიდა.

ამიტომ ქურანას კისერზე სიყვარულით მოუთათუნა ხელი, სახე დრუნჩთან მიუტანა და


ჩურჩულით უთხრა: - შინ წადი, ქურანავ. ისახართან, ქურანავ. ისახარი, ქურანავ, ისახარი...

ქურანამ წყნარად დაიფრუტუნა, თავი დააქნია, შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით გაუდგა


გზას შინისაკენ.

ზებულონმა და მისმა ძაღლებმა დიდხანს იარეს და გვარიანი მანძილიც განვლეს.


რამდენჯერმე კვალი ლამის დაკარგეს. პირველად რომ გაქრა კვალი, ზებულონი
საგონებელში ჩავარდა. იმ ადგილას, საცა კვალი შეწყდა, მდინარის პირას, კარგა დიდ
მონაკვეთზე, გაუვალი ჯაგები იყო და ზებულონმაც, ბუნებრივია, ივარაუდა, რომ
გაქცეულები ჯაგებს შემოუვლიდნენ და ისე განაგრძობდნენ გზას, მაგრამ როდესაც
ძაღლებმა, რომლებიც ამ ვარაუდის შესამოწმებლად გაგზავნა, უხალისოდ მიყნოს-
მოყნოსეს იქაურობა და ისევ უკან დაბრუნდნენ, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა და დაიბნა.
ჯაგები კარგად მოათვალიერა, ფიქრი დაიწყო და მცირე ხნის შემდეგ მიხვდა, რომ
გაქცეულებმა ჯაგებს მეორე მხრიდან, წყალდაწყალ შემოუარეს. ასეც აღმოჩნდა.
გასცდნენ თუ არა ჯაგებს, ძაღლებმა ისევ მიაგნეს კვალს. მერე კიდევ რამდენჯერმე
განმეორდა იგივე. ბოლოს კვალი მართლა გაქრა. აქ ჯაგები აღარ იყო და
ლტოლვილებს შემოსავლელი არაფერი ჰქონდათ. „გაღმა გავიდოდნენ“, - გაიფიქრა
ზებულონმა. მართლაც, გავიდნენ თუ არა მეორე ნაპირზე, მაშინვე ისევ წააწყდნენ კვალს.
მაგრამ, ზებულონის გასაკვირველად, კვალი ქვემოთ მიდიოდა.

ზებულონი სახტად დარჩა. რატომ უნდა დაბრუნებულიყვნენ დაროაშვილები უკან?


მართალია, მდინარიდან გადახვევასა და უღრან ტყეში შესვლას ნადირისა და გზის
დაბნევის შიშით, ალბათ, ვერ გაბედავდნენ, მდინარის ნაპირები კი, რაც ზემოთ მიიწევდა
კაცი, უფრო და უფრო ძნელი სავალი ხდებოდა, მით უმეტეს იმათთვის, ვისაც დაჭრილი
კაცი და ჩვილი ბავშვები ახლდა თან, მაგრამ განა უკან დაბრუნება, სადაც ყოველ ნაბიჯზე
შეიძლებოდა მდევარს გადაჰყროდნენ, ნაკლებად სახიფათო იყო? ან კი ქვემოთ სად
უნდა წასულიყვნენ, სად უნდა შეეფარებინათ თავი? იქნებ აღმა სიარული ვეღარ შეიძლეს
და სასოწარკვეთილებმა გადაწყვიტეს, როგორმე სოფელი გადაეჭრათ და ბარად
გაქცეულიყვნენ? მაგრამ სრულ ჭკუაზე მყოფი კაცი ასეთი უგუნური ნაბიჯის გადადგმას ვერ
გაბედავდა; თუ სხვა გამოსავალს ვერ იპოვიდა, ერთი-ორი დღე მაინც შეიცდიდა, სადმე
ახლომახლო შეაფარებდა თავს, ფრთხილად და დაკვირვებით შეამოწმებდა, სად
როგორ იყო გზები შეკრული და გამაგრებული და, გაქცევის გეგმასაც რომ
შეძლებისდაგვარად ლარზე და ხაზზე ააწყობდა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდოდა
სამალავიდან და შეეცდებოდა სოფლის გავლით გაპარულიყო.

ასე იყო თუ ისე, კვალი თავქვე ეშვებოდა და ზებულონს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა
იმისა, რომ უკან გაჰყოლოდა ძაღლებს, რომლებიც ფრთხილად, უხმაუროდ, ყნოსვა-
ყნოსვით, მაგრამ დაბეჯითებით დაუყვნენ თავდაღმართს, და ის გზა, რაც ერთხელ უკვე
გამოიარა, ხელახლა გაევლო. ზებულონს წამით არ მოშორებია უამური გრძნობა იმისა,
რომ ჭკუაში ატყუებდნენ, მაგრამ რა ექნა: მთელი თავისი გეგმა ბროლასა და ლომიას
ალღოსა და გეშზე ჰქონდა დამყარებული და არათუ ვარაუდით, თუნდაც დანამდვილებით
სცოდნოდა, რომ უკან დაბრუნება შეცდომა იყო, მაინც უნდა დაბრუნებულიყო, რადგან
ერთადერთი ძაფი, რომელსაც ადრე თუ გვიან დაროაშვილების ადგილსამყოფელთან
შეეძლო მიეყვანა, კვალი იყო.

„სულ ერთია, ვერსად წამიხვალთ! - გაუელვებდა დროდადრო ფიქრი, - ქვესკნელში რომ


ჩაძვრეთ, იქაც გიპოვით!“ ეს არ იყო ისეთი ფიქრი, კაცი რომ თავის გასამხნევებლად
გამოიწვევს, რადგან გრძნობს შეცდომა მოსდის და ეშინია, იმედი არ დაკარგოს. არა, ეს
ფიქრი დაფუძნებული იყო მტკიცე, გარდაუვალ რწმენაზე, რომელიც ზებულონს იმ წამს
დაეუფლა, რაწამსაც ფიცრულში, ხის ტახტზე, დაკეპილი ისახარი იხილა. მაშინ
ზებულონმა ცხადად იგრძნო, როგორ გარდაიქმნა. ერთბაშად, მოულოდნელად,
უცნაურად. ჩამოუყალიბებელი და შეუკრავი სხეული უეცრად ჩამოყალიბდა და შეიკრა.
ისახარს მარცხენა ფეხის ტერფი აკლდა და ამის გამო ზებულონი ერთიანად დაიძაბა,
შენივთდა, თითქოს ერთ წერტილად იქცა და იმგვარი გახდა, წინ ვერა ძალა ვერ
დაუდგებოდა. გამოხედვაც შეეცვალა, თავის დაჭერაც, დგომაც, სიარულიც; რაღაც
დატრიალდა მის არსებაში ისეთი, რომ დაროაშვილები შურისძიებას ვერ გაექცეოდნენ.
და ახლა, როცა გრძნობდა, რომ შეცდომას უშვებდა, ისიც იცოდა, ეს შეცდომა დროებითი
იყო და საბოლოო ჯამში არაფერი შეიცვლებოდა. თუმცა მაინც წუხდა და ბრაზი
მოსდიოდა, რადგან იმასაც ვერ შერიგებოდა, რომ მტერს თუნდაც დროებით ეჯობნა.

რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ, მით უფრო იზრდებოდა ბუნდოვანი გრძნობა იმისა, რომ
ჭკუაში ტყუვდებოდა. ბოლოს ყველაფერი ნათელი შეიქნა: იმ ადგილს რომ მიაღწიეს,
სადაც, დაროაშვილების სახლიდან წამოსული, მდინარის გაღმა ნაპირს ზემოთ აუყვა,
კვალი ისევ გაქრა. ძაღლები ადგილზე დატრიალდნენ, ერთხანს უნდობლად ყნოსეს
ჭრელი ყვავილებით დაფარული ნაპირი, მერე შეჩერდნენ და ცოტა გაკვირვებულები
ზებულონს შემოაცქერდნენ. ზებულონმა სიბრაზისაგან კბილები გააღრჭიალა. აკი
გრძნობდა! მაინც მოატყუეს!..

ბროლასა და ლომიას ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა და, ეჭვი არაა, დაროაშვილებსაც
გაგებული ექნებოდათ. ამ ტყე-ღრეებში, სადაც უამრავი თავშესაფარი ადგილი იყო ისეთი,
რომ, თუ შემთხვევით თავს არ წაგადგებოდა, კაციშვილი ვერ გიპოვიდა, მდევარს
ადვილად დაემალებოდნენ. სამაგიეროდ ძაღლები იყვნენ საშიში და დაროაშვილებმაც
იმთავითვე დაიჭირეს საიმისო თადარიგი, რომ ძაღლებისთვის კვალი აებნათ.

ზებულონმა როგორც იქნა სიბრაზე მოთოკა და ვითარებას დინჯად და მშვიდად


დაუფიქრდა. დაროაშვილების საქციელი უაზრო და უგუნური ჩანდა. კვალს მაინც ვერ
წაშლიდნენ. თუ უკან დაბრუნდნენ და, ამ ადგილს რომ მოაღწიეს, ისევ აღმა წავიდნენ,
რათა მდევარი დაებნიათ და დრო მოეგოთ, ამით რა სარგებელს ნახავდნენ? თვითონ
ხომ უფრო მეტ დროს დაკარგავდნენ დაჭრილი ძმისა და ჩვილი ბავშვების პატრონები!
ესეც არ იყოს, ხომ შეიძლებოდა მდევარი მალევე დადევნებოდა და უკან მობრუნებულებს
გზაში შეფეთებოდათ! ზებულონი დაძაბული ფიქრობდა, მაგრამ დაროაშვილების
საქციელის აზრს ვერასგზით ვერ მიმხვდარიყო. იქნებ დაროაშვილების უკან დაბრუნება
ფანდი კი არ იყო, არამედ რაღაც ფათერაკი შეემთხვათ და გზა ვეღარ განაგრძეს?
მაგრამ ასეთი რა უნდა შემთხვეოდათ, ან უკან დაბრუნება რას უშველიდა? ეზოში და
ბაღში ხომ ვერ დაიმალებოდნენ! არა, უკან მობრუნება ცხადი უგუნურება უნდა
ყოფილიყო.

ზებულონმა ძაღლებს ნიშანი მისცა და ისევ ზემოთ წავიდა. ამჯერად წინ თვითონ
მიდიოდა.

მზე მთის უკან ჩაეშვა და ჰაერში დამცხრალი, მოწითალო სხივებიღა დარჩა. მერე ისინიც
გაქრნენ. ზებულონი, რამდენადაც ამის საშუალებას კლდიანი და ჯაგებიანი ნაპირი
იძლეოდა, ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა წინ.

მალე ბინდი ჩამოწვა და, თუმცა ზებულონი მდინარის კალაპოტსაც და ნაპირებსაც


სოფლიდან მოყოლებული სათავემდე თავისი ხუთი თითივით იცნობდა, სიარული მაინც
გაძნელდა. გარდა ამისა, ბინდმა თან რაღაც უსიამო სიჩუმე მოიყოლა. ირგვლივ ისეთი
დუმილი ჩამოწვა, თითქოს რაც კი ქვეყნად ცოცხალი იყო, ყველა ერთბაშად
მომკვდარიყოს. ზებულონი და მისი ძაღლები ისედაც ნიავივით უჩუმრად დადიოდნენ,
ახლა კი, ეს უჩვეულო სიჩუმე რომ იგრძნო, ზებულონი კიდევ უფრო გაფრთხილდა და
ძაღლებსაც სიფრთხილე უბრძანა.

ბოლოს, როგორც იქნა, ისევ მიადგნენ იმ ადგილს, საიდანაც უკან მობრუნდნენ.


ზებულონი შეჩერდა და დასასვენებლად და ახალი გეგმის დასაწყობად წყლის პირას
ქვაზე ჩამოჯდა. ძაღლებიც იქვე, მის გვერდით ჩაცუცქდნენ.

მთვარე ამოვიდა. მდინარე ვერცხლისფრად ალაპლაპდა. წყლიდან ამოშვერილმა


დიდრონმა თეთრმა ლოდებმაც ფერი იცვალეს. ისევ თეთრები კი იყვნენ, მაგრამ ახლა
მათ სითეთრეს იდუმალი, ზღაპრული იერი მიეცა.

ზებულონი დაძაბული ფიქრობდა. კვალი მდინარის ორსავ მხარეს ამ ადგილას ქრებოდა.


მაშასადამე, ლტოლვილები მდინარეში შევიდნენ და წყალდაწყალ განაგრძეს გზა.
მაგრამ წყალდაწყალ შორს ვერ წავიდოდნენ. მდინარის ფსკერი ლიპი ქვებით იყო
მოფენილი, კალაპოტი ზოგან ძლიერ ვიწროვდებოდა და დინება ისე ჩქარი იყო, მის
გადასალახავად ხელცარიელსა და მარჯვე კაცსაც დიდი ვაჟკაცობა მართებდა; ზოგან
ბუნებრივი, ღრმა მორევები იყო, რომლებსაც კარგი მოცურავეებიც კი უფრთხოდნენ,
ზოგან მდინარის მთელ სიგანეზე კლდის მაღალი კედელი იყო გადაჭიმული, წყალი
კლდის შუა დარჩენილ ვიწროში მოქუხდა და კედელზე ჩანჩქერად გადმოდიოდა; თუკი
ლტოლვილები ასეთ კლდეებს საერთოდ გადალახავდნენ, ეჭვი არ იყო, ძალიან დიდ
დროს მოანდომებდნენ. ამიტომ, ზებულონის ვარაუდით, დაროაშვილები შორს წასვლას
ვერ მოასწრებდნენ, სადმე ახლო უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო თუ ისევ ნაპირზე ამოვიდნენ
და ისე განაგრძეს გზა, კვალსაც დატოვებდნენ და პოვნაც აღარ გაჭირდებოდა.
მაშასადამე, ცოტა დასვენება და ძალის მოკრებაც შეიძლებოდა. მთავარია, წვიმა არ
წამოსულიყო.

რაკი დასვენება გადაწყვიტა, ზებულონს სოფელი და ისახარი გაახსენდა, ოღონდ ისე კი,
რომ დაროაშვილები გონებიდან არ ამოვარდნია. ისახარი ხის ტახტზე იწვა და მარცხენა
ფეხის ტერფი აკლდა, დაროაშვილები კი წყალდაწყალ მიიწევდნენ აღმა და წყალში და
ოფლში გაწუწულები რის ვაი-ვაგლახით მიათრევდნენ დაჭრილ ძმასა და ჩვილ ბავშვებს.

სად წავლენ! წყალდაწყალ სიარული ძნელია და სახიფათო. ან კი სადამდე უნდა იარონ!


როდისმე ხომ ამოვლენ წყლიდან და, რაკი ამოვლენ, კვალსაც დატოვებენ. ისახარი
ტომრებით ამოიტანეს და ძველ ფიცრულში, ხის ტახტზე ნაწილ-ნაწილ დაალაგეს.
დარჩოსა და მის ვაჟს ბევრი უძებნიათ მარცხენა ფეხის ტერფი, მაგრამ ვერ უპოვიათ.
ფიცრულში სანამ უნდა იწვეს? ასე ტახტიანად გადაიტანენ მთავარ სახლში თუ... ისახარი
ფიცხი კაცი იყო. გაბრიელიც ფიცხი კაცი იყო. მხოლოდ ანანია იყო დინჯი, მშვიდი,
დარბაისელი და სოფელში ჭკუადამჯდარი კაცის სახელი ჰქონდა დაგდებული. არა,
დაროაშვილები განა სულ ვერ მოიგებდნენ დროს, მოიგებდნენ, მაგრამ ცოტას. მოგებით
იმიტომ მოიგებდნენ, რომ აქედან დაჭრილიან-ქალებიან-ბავშვებიანად კი არ
დაბრუნდებოდნენ უკან, მარტო კაცები დაბრუნდებოდნენ, ანდა სულაც ერთ-ერთი
მათგანი, რომელიც უფრო ფეხმარდია, ჩაირბენდა და ამოირბენდა, რათა მდევრისთვის
გზა აებნია. სულ ერთია, შორს მაინც ვერ წავლენ...

უცებ ზებულონმა ხელი მოწყვეტით იტკიცა შუბლში და ზეზე წამოვარდა. ამის შემხედვარე
ძაღლებიც წამოცვივდნენ და ყურები დაცქვიტეს.

თითქოს ელვამ დაკვესაო, უეცრად, მყისიერად გაუნათდა გონება და ერთბაშად მიხვდა


ყველაფერს. აი, თურმე როგორ მოატყუეს ცბიერმა და მზაკვარმა დაროაშვილებმა! თავი
კაცი ეგონა და ბავშვივით კი წამოეგო ანკესზე!

- ჩქარა! წავიდეთ! - აღელვებული ჩურჩულით უბრძანა ძაღლებს, - ლომია, გადაღმა! იქით!


იქით! შენ აქეთ, ბროლა! კვალი! კვალი! კვალი! - და ძაღლებმა რომ დრუნჩები მიწაზე
დასდეს და გზას გაუდგნენ, თავადაც უკან გაჰყვა.

სახეზე ალმური ასდიოდა, მთელი სხეული უხურდა და შუბლზე სიმწრისა და სირცხვილის


ოფლს ასხამდა. კბილებს აღრჭიალებდა და თავის გულს ასკდებოდა, რომ ასე
მიამიტურად გაება მახეში და, ვინ იცის, რამდენი დრო მოაგებინა გაქცეულებს. ახლა,
როცა ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, ვერაფრით ვერ აეხსნა, თავიდანვე როგორ
ვერ მიხვდა, რომ დაროაშვილებს უკან დაბრუნება არც უფიქრიათ. თავიდანვე ორად
გაიყვნენ და ერთმა ნაწილმა ერთ ნაპირზე იარა, მეორემ მეორე ნაპირზე. ზებულონმა კი,
ბრიყვმა, ბატმა, დოყლაპიამ, ორი გზა ტყუილად გაიარა იქით-აქეთ და ქვეყნის დრო
დაკარგა.

„მაინც გიპოვით! - უხმოდ ბრდღვინავდა ზებულონი და სიბრაზისაგან გული ამოვარდნაზე


ჰქონდა, - ვერსად წამიხვალთ! არ შეგარჩენთ ისახარის სისხლს!“

დაკარგულ დროსა და ჩადენილ შეცდომას ახლა აღარაფერი ეშველებოდა. ახლა


მთავარი იყო დამშვიდებულიყო, რომ მღელვარებისაგან ერთ შეცდომაზე მეორეც არ
დაემატებინა.

მალე მართლაც ცოტა დამშვიდდა. ფრთხილად მისდევდა ძაღლებს უკან და მთვარის


შუქს ერიდებოდა.

კვალი კი არა და არ ჩანდა.

დილით, როდესაც აღმოსავლეთით მზე ამოიწვერა და ის საკვირველი დღე გათენდა,


ლამაზად გამოწყობილი და ქურანაზე ამხედრებული რომ იოველ ბატონიშვლთან უნდა
გამგზავრებულიყო, მდინარის სათავეს მიაღწია. მდინარე აქ პაწაწკინტელა ნაკადულად
ამოჩუხჩუხებდა მიწიდან.

დაროაშვილების კვალი არსად იყო.

აქ ზებულონმა ლამის იმედი დაკარგა, მაგრამ მალე იოველ ბატონიშვილი გონებიდან


ამოვარდა და კვლავ ისახარი გაახსენდა. ისახარის დანახვაზე ზებულონმა მაშინ ერთი
უნებურად შეჰყვირა. თუმცა კი არ შეჰყვირა, უფრო სიმწრით დაიზმუვლა. უცხოდ კი
დაიზმუვლა, დაჭრილი ნადირივით, მაგრამ იმ ზმუილმა მთელი მისი არსება ამოწმინდა,
ეჭვიც ამოიტანა, უნდობლობაც, ყოყმანიც, ყველაფერი, რასაც კი შეეძლო წმინდა
შურისძიების გარდაუვალი რწმენა შეერყია. და თუმცა ზებულონმა მაშინ ეს ჯერ კიდევ არ
იცოდა, სწორედ იმწამს გადაწყვიტა, რომ მარტო უნდა დადევნებოდა დაროაშვილებს,
რათა თავისი სანთელი თვითონ აენთო.

ზებულონმა შეისვენა, ბროლა და ლომიაც დაასვენა და მერე ისევ ძებნა განაგრძო.


ამჯერად ძაღლები მდინარის ორსავ მხარეს ნაპირიდან კარგა მოშორებით დააყენა. თუ
დაროაშვილები რაღაც მანქანებით წყლიდან ისე ამოვიდნენ, რომ ნაპირზე კვალი არ
დატოვეს, ფრთებს ხომ ვერ გამოისხამდნენ, ამოდენა მანძილზე სადმე ხომ მაინც უნდა
დაედგათ ფეხი!

ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ჯერ ერთი, დღე იყო და სიფრთხილე მართებდათ, რომ
ლტოლვილებს, ვინიცობისაა სადმე ახლომახლო ყოფილიყვნენ, თვალი არ მოეკრათ.
გარდა ამისა, დროდადრო, სადაც კი ადგილი საეჭვო მოეჩვენებოდა, ზებულონი,
რომელიც ხან ერთ ნაპირს მიუყვებოდა, ხან მეორეს და ხანაც წყალდაწყალ მიდიოდა,
რათა ორთავენი, ბროლაცა და ლომიაც, შეძლებისდაგვარად მხედველობის არეში
ჰყოლოდა, ძაღლებს აჩერებდა და მთელ მიდამოს უფრო დიდ სივრცეზე და უფრო
წვრილად ასინჯვინებდა.

გულში ღმერთს შესთხოვდა, წვიმა არ წამოსულიყო და გაქცეულების კვალი არ


გადაერეცხა.

წვიმა მართლა არ წამოსულა. მთელ ამ გაზაფხულზე ეს ერთადერთი დღე იყო, რომელიც


ასე მშრალად დაღამდა, და თუმცა ეს ამბავი ზებულონს კარგად ენიშნა, კარგი ნიშანი
საქმეს ვერ წაადგა, რადგან საღამოს, როცა კიდევ ერთხელ მიაღწია იმ ადგილს,
საიდანაც გუშინ ძებნა დაიწყო, დაროაშვილებისა კვლავ არა იცოდა რა.

ახლა კი გულში შიში შემოეპარა. დიდხანს იჯდა გაუნძრევლად, თვალგაშტერებით


ჩასცქეროდა ღამის ბინდში გახვეულ სივრცეს და არ იცოდა რა ეღონა. ერთადერთი
კვალი, რომელიც ძაღლებმა იპოვეს, გრძელი თოკივით შემოხვეოდა მდინარეს და მერე
სულ ამ თოკზე ტრიალებდა, სხვაგან აღარსად მიდიოდა, აქ, ამ ადგილას, დაროაშვილები
ორად გაიყვნენ, ორსავ ნაპირს აღმა აუყვნენ, დიდხანს იარეს, მერე კვლავ შეერთდნენ
მდინარეში და გაქრნენ. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, უკვალოდ გაქრნენ.

ზებულონს ეჭვი მაინც არ ეპარებოდა, რომ სწორად მოიქცა, როცა მარტო წამოსვლა
გადაწყვიტა. აკი ანანიაც ხელადვე მიხვდა, რომ ზებულონი მარტო უნდა წასულიყო. და
განა მარტო ანანია! ყველა ამას მოითხოვდა ზებულონისაგან: ნათესავებიც, ახლობლებიც,
მეზობლებიც, ყმებიც... დედას რომ გამოეთხოვა და აივანზე გამოვიდა, და მერეც, ისახარი
რომ ნახა აკეპილი და თავზარდაცემული გამოსცდა ფიცრულს, ყველანი მას
შემოსცქეროდნენ. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა და მთელი სოფელი მას
მოსჩერებოდა. ყველას ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდა და ყველას კუშტი
მოლოდინი ეწერა სახეზე. ვისაც მამა მოუკლეს, შურიც მანვე უნდა იძიოს, თავისი სანთელი
ზებულონმა თვითონ უნდა აანთოს, რათა ისახარი იმ ქვეყნად მშვიდად იყოს და მისი
სული ავმა სიზმრებმა არ შეაშფოთოს. სახეზე ყველას კუშტი მოლოდინი ეწერა,
მოლოდინის უკან შიში ჩანდა, შიში იმისა, რომ ვაითუ შვილი ლაჩარი გამომდგარიყო და
მამის სისხლი ვერ აეღო, ხოლო შიშის უკან ფარული რისხვა იდგა იმ შემთხვევისათვის, თუ
ეს შიში გამართლდებოდა.

ზებულონის რწმენა მტკიცე იყო. ანანიას რწმენაც მტკიცე იყო.

მაგრამ ზებულონი ახლა საგონებელში ჩავარდნილი იჯდა მდინარის პირას და არ იცოდა


რა ექნა. ისახარს მარცხენა ფეხის ტერფი აკლდა და ასე დასახიჩრებული, ასე
დახეიბრებული მიუვიდა მამა-პაპას, ზებულონი კი ორი დღეა ამაოდ ეძებდა მკვლელების
კვალს.

სოფელში დაბრუნებაზე, რაღა თქმა უნდა, ფიქრიც არ შეიძლებოდა. სოფელი მისგან


სამართლის აღსრულებას მოელოდა და აბა როგორ შეეძლო ასეთი მოლოდინი
გაემტყუნებინა და ხელცარიელი დაბრუნებულიყო. იქნებ პირში არც არავის რამე ეთქვა,
ეგებ დაემშვიდებინათ კიდეც, რა შენი ბრალია, ამოდენა ტყეში რომ კაცი დაიმალება,
როგორ უნდა იპოვოო, სამაგიეროდ, ზურგს შეაქცევდა თუ არა, ვინც წამის წინ
ამშვიდებდა, ახლა ზიზღით გვერდზე გადააფურთხებდა, ფუი შენს ვაჟკაცობას, კაცი გქვია
და მამის სისხლი კი ვერ აგიღია, სოფელში მაინც რა პირით გამოჩნდიო! და თუნდაც
ზურგს უკანაც არა ეთქვათ რა, თავის თავს სადღა გაექცეოდა! იმის გახსენებაზე, რომ
ისახარის ამღვრეული და აფორიაქებული სული მანამ ვერ მოისვენებდა, სანამ
დაროაშვილები ცოცხლები და საღსალამათები იყვნენ, ყელში ბოღმა აწვებოდა და
გულში ბალღამი უტრიალებდა. არა, დაბრუნება არ შეიძლებოდა. არც წყაროსთვალში და
არც სადმე სხვაგან. ან უნდა ეპოვა მკვლელები, ან არადა მათ ძებნაში თვითონაც ამ ტყე-
ღრეში ამოხდომოდა სული.

ლტოლვილების კვალი რომ ყულფივით ჰქონდა შემოკრული მდინარეს, თითქოს იმის


მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ შორს არ წასულან, სადმე ახლომახლო იმალებიან,
თუკი რაღაც ჯადო არ იხმარეს და ისე არ გაქრნენ.

ბევრი ფიქრის შემდეგ ზებულონმა გადაწყვიტა, მეორე დღეს, დილაადრიან, კიდევ


ერთხელ კარგად მოეჩხრიკა მდინარისპირა ადგილები, ყველა ბუჩქი, ყველა ჩირგვი,
ყველა გასაძრომ-გამოსაძრომი, და თუ გაქცეულთა ასავალ-დასავალს ვერსად
წააწყდებოდა, ტყეში შესულიყო და ალალბედზე გაეგრძელებინა ძებნა.

უეცრად წვიმამ წამოუშინა. ზებულონს არც გაუგია, როდის მოიღრუბლა, ერთბაშად


მოიხსნა ცამ პირი და თავსხმა დაიწყო, ზებულონს სიმწრისგან ლამის ტირილი აუვარდა.
თუკი სადმე კიდევ იყო შემორჩენილი კვალი, ახლა ისიც წაიშლებოდა და მდევარიცა და
დევნილებიც განგების იმედზეღა რჩებოდნენ.

დაიწყო თუ არა წვიმა, ძაღლები მაშინვე წამოცვივდნენ და იქვე ნაშალი კლდის ქიმს
შეეფარნენ. ქიმი სახურავივით იყო ზემოდან გადმოფარებული და წვიმა ვერ ატანდა.
ძაღლები მშრალზე დაწვნენ და თავები წინა თათებზე დაიწყეს. ზებულონი ფიქრებში იყო
გართული და, კარგად რომ დასველდა, მერეღა მოიფიქრა, თავადაც კლდის ქიმს
შეფარებოდა. ადიდებული მდინარე მრისხანედ ხმაურობდა. დროდადრო ისმოდა,
როგორ აგორებდა ქვებს და ერთმანეთს ახლიდა. ციდან ღვართქაფი მოდიოდა და
ირგვლივ უკუნი სიბნელე იწვა. ზებულონი, ერთიანად სველი, კლდის ძირას იჯდა
ბროლასა და ლომიას შუა და ქუშად გასცქეროდა შავ სივრცეს.

ბოლოს, როგორც იქნა, წვიმამ გადაიღო, იმავ წამს ცაც მოიწმინდა და მბჟუტავი
ვარსკვლავები გამოჩნდა. ხვალის გეგმა ზებულონს უკვე დაწყობილი ჰქონდა. მართალია,
ეს გეგმა მთლად საიმედოდ უკვე აღარ ეჩვენებოდა, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ადრე თუ
გვიან გაქცეულებს იპოვიდა, ჯერ კიდევ არ დაეკარგა. ახლა საჭირო იყო ამაღამდელი
ღამე სადმე გაეთია, რომ ცოტა სული მოეთქვა და თვალი მოეტყუებინა, თორემ ორი
დღის ამაო წანწალმა ძალა გამოაცალა. ძაღლებსაც დასვენება სჭირდებოდა.

იოველ ბატონიშვილი კი ალბათ უკვე აღარ მიელოდა...

ზემოთ, მდინარის მახლობლად, ერთი გამოქვაბული ეგულებოდა, რომელიც შარშან


შემთხვევით აღმოაჩინა. გამოქვაბული, დაროაშვილების კვალი რომ წყდებოდა, იმ
ადგილის ზემოთ იყო მდინარისგან ცოტა მოშორებით.

ზებულონს უცებ გულში ეჭვმა გაკრა: იქ ხომ არ იმალებიან?

გამოქვაბული შამბნარითა და ჯაგებით დაფარული და თითქმის მიუდგომელი იყო. თუ


წინასწარ არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი, ასე გზადაგზა, თანაც მდევრის შიში რომ
ფეხდაფეხ მოსდევდათ, ლტოლვილები ვერ მიაგნებდნენ; სამაგიეროდ, თუ წინასწარ
იცოდნენ, უკეთეს სამალავს ვერც კი ინატრებდნენ. ერთადერთი მისადგომი მდინარიდან
ჰქონდა. ბექობ ნაპირზე რომ ახვიდოდით, დამრეც ფერდობს აჰყვებოდით, ოციოდ ნაბიჯს
გაივლიდით და შამბნარით დაფარულ ბორცვს მიადგებოდით. სწორედ ამ ბორცვს ქვეშ
იყო გამოქვებული. ხელმარჯვნივ, მცირე მანძილზე თუ გააღწევდით შამბნარს,
გამოქვაბულის ვიწრო, ქვევრის ყელივით მრგვალი ჩასასვლელიც გამოჩნდებოდა.
ჩასასვლელი იმდენად ვიწრო იყო, რომ ზებულონი, როცა ჩადიოდა, მხრებით ნაპირებს
ეხებოდა. კედლები, ჭერი და ძირი ერთიანი კლდისა ჰქონდა. ყველა დანარჩენი მხრიდან
გამოქვაბული მიუდგომელი იყო, რადგან ჯაგები, შამბი და ეკალბარდები დიდ მანძილზე
ფარავდა.

სამალავად მართლაც რომ კარგი იყო, მაგრამ ზებულონმა სამჯერ გამოიარა აქ


მდინარის პირი და არც ერთხელ ძაღლებს გამოქვაბულისკენ მიმავალ გზაზე კვალი არ
შეუმჩნევიათ. ზებულონმა მოულოდნელად გაჩენილი ეჭვი იქვე უკუაგდო და იმ
გამოქვაბულში ღამის გათევა გადაწყვიტა.

გამოქვაბულს რომ გაუპირდაპირდა, მაინც შორიდან შემოვლა ამჯობინა. აქვე რომ


ასულიყო მდინარისპირა ბექობზე და პირდაპირ გამოქვაბულისაკენ მიმავალ ფერდობს
აჰყოლოდა, მცირე მანძილი მოტიტვლებულ მინდორზე უნდა ევლო და, თუმცა საეჭვო
იყო შამბნარსა და ხშირ, მაღალ ჯაგებს შუა მოქცეული გამოქვაბულის პირიდან ვინმეს
დაენახა, მაინც სიფრთხილე ამჯობინა, რადგან თუ ლტოლვილები მართლა იქ
იმალებოდნენ, მაშინ იქნებ მეთვალყურე დარაჯიც ჰყოლოდათ საგანგებოდ დაყენებული.
ამიტომ ზებულონმა ცოტა კიდევ იარა აღმა და, ის მოტიტვლებული მინდორი რომ უკან
მოიტოვა, მერეღა ავიდა ნაპირზე. აქ თხილისა და იელის ბუჩქნარი იყო. ტიტველი
მინდორი მარჯვნივ დარჩა. ზებულონი ბუჩქებს ფრთხილად აუყვა და ფერდობი აიარა.
შამბნარს რომ მიაღწია, შეჩერდა, გაიტრუნა და სმენად იქცა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა.
მაშინ ოთხზე დადგა და უჩუმრად შეძვრა შამბნარში. ბროლა და ლომია ასევე უჩუმრად
მოსდევდნენ გვერდით. ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ, ყოველ ნაბიჯზე ჩერდებოდნენ და
აყურადებდნენ. გზას ხშირი, სქელი ეკალბარდები უღობავდათ და, თუმცა ზებულონი
ხანჯლით ფრთხილად ჭრიდა ეკლებს და გზას შეძლებისდაგვარად იკვალავდა, სახე და
ხელები მაინც გვარიანად დაეკაწრა. ადრე ამ მხრიდან გამოქვაბულამდე მისვლა
არასოდეს უცდია, ყოველთვის მინდორ-მინდორ ადიოდა ხოლმე, ამიტომ მხოლოდ
გუმანით გრძნობდა, სად უნდა ყოფილიყო გამოქვაბული და რა მანძილი დარჩა
გასავლელი.

კარგახანს იარეს ასე. ცა უკვე სულ ერთიანად მოწმენდილი იყო, მაგრამ ვარსკვლავები
მკრთალად ბჟუტავდნენ და ირგვლივ სიბნელე იწვა. უეცრად ძაღლები მოწყვეტით
შეჩერდნენ. ზებულონმა იგრძნო, რომ დაიძაგრნენ და ტანზე ბალანი აეშალათ. წამსვე
თვითონაც შეჩერდა და გაინაბა. ჩქამი არსაიდან ისმოდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე
იდგა, მაგრამ ძაღლების დაცქვეტილი ყურები იმის მანიშნებელი იყო, რომ რაღაც საეჭვო
იგრძნეს. ნადირის სუნი თუ იკრესო, გაიფიქრა ზებულონმა, რომელსაც არა სჯეროდა,
რომ დაროაშვილებს შეიძლებოდა ეს სამალავი სცოდნოდათ ან შემთხვევით ეპოვნათ.
კარგა ხანს იდგა ასე ოთხზე, გაშეშებული და სუნთქვაშეკრული, ბოლოს, რაკი სიჩუმე
აღარ დარღვეულა, ძაღლებს დრუნჩებზე ხელები მიუსვ-მოუსვა, ანიშნა, აქ დარჩითო,
თვითონ კი მუცელზე გაწვა და ხოხვით განაგრძო გზა.

ამ მხრიდან შამბნარი ზედ გამოქვაბულის პირამდე გრძელდებოდა და მხოლოდ იქით,


გადაღმა, შესასვლელთან იყო პაწაწკინტელა მინდორი. ზებულონი გრძნობდა, რომ
გამოქვაბულის ყელი უკვე სულ ახლო იყო, ალბათ ორიოდე ნაბიჯი თუ აშორებდა. უცებ
ღამის გრილმა ნიავმა რაღაც ხმა მოიტანა. ზებულონი გაშეშდა და სუნთქვა შეიკრა. ხმა
აღარ გამეორებულა. კარგა ხანს რომ ამაოდ იყო მიყურადებული, იფიქრა, მომეჩვენაო.
ცოტა კიდევ გახოხდა წინ და მიწაზე განრთხმულმა ოდნავ ასწია თავი. მაყვლის ხშირი,
სქელი ბარდების მიღმა ბუნდოვნად გამოჩნდა გამოქვაბულის ვიწრო, შავი ხვრელი და
ხვრელის ირგვლივ პაწაწკინტელა მინდორი. ზებულონი სმენად იქცა. თუმცა
გამოქვაბული ღრმა იყო, თუ ლტოლვილები მართლა იქ იმალებოდნენ, მათი ხმა მაინც
ამოაღწევდა მიწის ზემოთ. რაღა თქმა უნდა, ეცდებოდნენ არ ელაპარაკათ, მაგრამ ისე
როგორ იქნებოდა, ან ბავშვს არ წამოეტირა, ან დაჭრილს არ დაეკვნესა!
ზებულონი დიდხანს ელოდა. გამოქვაბული დუმდა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. მაშინ
ოდნავ უკან გახოხდა და ძაღლებს ხმადაბლა დაუწრუპუნა. ბროლა და ლომია უხმაუროდ
მოვიდნენ, წეღანდელზე მეტად დაიძაბნენ და ბალანი სულ ერთიანად აეშალათ.
ზებულონმა ახლა აქ დატოვა ძაღლები, კვლავ წინ გახოხდა, საცა წეღან იყო, ისევ იქამდე
მივიდა და გაიტრუნა. რაკი ძაღლებმა სუნი აიღეს, ახლა ლოდინის მეტი სხვა არაფერი
დარჩენოდა. დილამდე რომ დასჭირვებოდა შამბებში გაუნძრევლად წოლა, დილამდე
გაუნძრევლად უნდა წოლილიყო.

ხანი რომ გამოხდა, ნიავმა ისევ მოიტანა რაღაც ხმა. რისი ხმა იყო, ზებულონი ვერ მიხვდა,
მაგრამ ამჯერად ხმა მალევე გამეორდა, თანაც უფრო მკაფიოდ; ცოტაც და ხმა ფრთხილ,
უჩუმარ ნაბიჯებად იქცა. ზებულონს გულმა ისეთი ბაგაბუგი დაუწყო, შეეშინდა, თავი არ
გავცეო. ნაბიჯების ხმა გამოქვაბულიდან მოდიოდა. ზებულონი უკანასკნელ ზღვრამდე
იყო დაძაბული და გაფაციცებული.

მალე გამოქვაბულის ვიწრო ყელიდან შავი ლანდი ამოძვრა. ლანდი მხრებამდე ამოიწია,
ხელებით მიწას დაეყრდნო, თავი უკანვე, გამოქვაბულისკენ მიაბრუნა და სუსტი, ძლივს
გასაგონი ჩურჩულით თქვა: - ამო, ნუ გეშინია.

ხმა ქალისა იყო.

ეს რომ თქვა, ლანდი მთლიანად ამოვიდა გამოვაბულიდან. ოღონდ გამართვით არ


გამართულა, იქვე მიწაზე დაჯდა და მიიხედ-მოიხედა.

მალე მეორე ლანდმაც ამოყო თავი და ჩურჩულით იკითხა: - მშვიდობაა?

ესეც ქალის ხმა იყო.

- მშვიდობაა, მშვიდობა, - მიუგო პირველმა, - მშვიდობა არ მისცეს ღმერთმა


დაროაშვილებს ჩვენი გამწარებისთვის. ამო.

მეორე ლანდი ამოვიდა და პირველს მიუჯდა გვერდით. გამოქვაბულის შესასვლელისკენ


ზურგშექცევით ისხდნენ, ღამის სიბნელეში ბუნდოვან აჩრდილებად ჩანდნენ და ხმა რომ
არ გაეგონა, ზებულონი ვერც კი გაარჩევდა, ქალები იყვნენ თუ კაცები.

- აბა, აქ არავინ გვისმენს, ეხლა მითხარ, თუ რა იცი. - თქვა პირველმა ლანდმა.

- ბალახებია, ქა, - უხალისოდ მიუგო მეორემ, - ხუთიოდ სხვადასხვა ბალახია.


დედაჩემისგან მისწავლია. იმ ბალახების წვნითა კეთდება, - აქ ცოტა ხანს გაჩუმდა,
თითქოს რაღაცას გუნებაში სწონისო, მერე განაგრძო, - მაგრამ ჯერ შენ მითხარ, მართლა
ეგრე თქვა შენმა კაცმა?

- ეგრე თქვა, მაშ!

- რაო?

- ესე და ესეო, ჩვენაო ტყეზე ერთი გზა ვიცით, სხვამ არავინ იცისო. ახლა ის გზა კარგად
უნდა გავსინჯოთ და, ე ბიჭი რომ გამომჯობინდება, იმ გზით უნდა წავიდეთო. სანამ არ
გამომჯობინდება, ვერ წავალთ, იმიტო რო ძნელი სავალიაო, ძალიან ძნელი სავალიაო,
ბალღებს კი როგორმე გადავიყვანდით, მაგრამ ამ დაჭრილ ბიჭს იმ კლდე-ღრეში ვერ
ვათრევთ, სადმე ხელში ჩაგვაკვდებაო.

- მაშ, ეგრე თქვა?

- ეგრე თქვა. სიტყვასიტყვით ეგრე თქვა: ბალღებს როგორმე გადავიყვანდითო.


აქ ლანდები გაჩუმდნენ და ერთხანს ასე ისხდნენ. მერე ისევ პირველმა ამოიღო ხმა: -
ახლა რაღას იტყვი?

- მეორე დაფიქრდა. ბოლოს ყოყმანით თქვა: - მაშ რა ვქნათ, ქა...

- ის უნდა ვქნათ, რომ ჩვენი შვილები ვიხსნათ! - პირველმა გაცხარებისაგან ხმასაც კი


აუწია, - მაგათ, რო ჰკითხო, მინამ იმ ბიჭს ფეხზე არ დააყენებენ, აქ აპირებენ დარჩენას.
შენი მტერი დადგეს ფეხზე, ეგ ფეხზე დადგება. ვერა ხედავ, სიცხისაგან ალმური ასდის და
ჯერაც გრძნობაზე არ მოსულა! ვიდრე მაგას რამე ეშველება, ამ ჯურღმულში, მდევარმაც
რომ ვერ მოგვაგნოს, მალე ისეც ამოგვხდება სული. - პირველი ლანდის ხმაში უკვე
სიმკაცრე და მბრძანებლური კილო ერია, - აქ ვიპოვით სადმე იმ შენს ბალახებს თუ შორს
მოგვიხდება წასვლა?

- აგე, ყველა აქ არის, - მეორე ლანდი ისევ უხალისოდ ლაპარაკობდა, - გუშინვე შევნიშნე,
მაგრამა...

- რაღა მაგრამა, ქალო, ხელი მოგვმართვია და ეგ არის!

- ღვთის გაჩენილია, რაც არ უნდა იყოს...

- ღვთის გაჩენილი! - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა პირველმა, - განა არ იცი,


დაროაშვილების გაჩენაში ღმერთი არ ურევია. ეგენი სულ ეშმაკებისა და ქაჯების
ჩამომავალნი არიან.

- სუ, ქა, ღმერთს ნუ სცოდავ!

- ღმერთი და ხატი კი გასწყრომია ჩვენს ამომგდებლებსა და დამაქცევრებს! შენ მაგათ


კიდე არ იცნობ. მამა-პაპაც ეგრე ღვთის პირიდან გავარდნილი ჰყავდათ. ჰეე, ვინ იცის,
მაგათ ხელში რაღა არ გადამიტანია... განა მე ისეთი ოჯახიშვილი ვიყავ, ტყე-ტყე
წანწალში დამეღამებინა ჩემი ყმაწვილქალობა! შენ კიდე, ღვთის გაჩენილიო, გაიძახი!
ღვთის გაჩენილი ჩვენი შვილები არიან და ამათ უნდა ვუშველოთ. განა ღმერთს ეამება,
რომ ერთ დაჭრილსა და ისედაც მომაკვდავ კაცს უმანკო ბალღები ვანაცვალოთ!..

ცაზე ვარსკვლავები ოდნავ ბჟუტავდა. ძირს სიბნელე იწვა. დაროაშვილების ორი რძალი
ორი შავი აჩრდილივით იჯდა გამოქვაბულის ბნელი ხვრელის პირას და დაჭრილი
მაზლის ბედს წყვეტდა.

- რა ვიცი, ქა, რა ვიცი! - მცირე დუმილის შემდეგ თქვა მეორე ლანდმა.

- რა უნდა იცოდე! ადექ და დაკრიფე! მიაგნებ სიბნელეში?

- როგორ არა, ხელითა ვცნობ... მაგრამ... იქნებ ხვალამდე მოგვეცადა?

- ამაღამ რომ დაბრუნდნენ?

- ღმერთო, შემინდე და მაპატიე, - სასოებით თქვა მეორე ლანდმა, ჯერ წამოიწია, მერე
მუხლებზე დადგა, ასე მუხლებზე მდგარმა ხელების ფათურით შემოიარა ის პაწაწკინტელა
მინდორი და მალე უკანვე დაბრუნდა. - აჰა, ეს არის, - უთხრა პირველ ლანდს და
ჩაბღუჯული ბალახები გაუწოდა.

- ხომ იცი, როგორ უნდა?

- უნდა დავნაყოთ.

- გიხმარია?
- მე არა, მაგრამ დედაჩემისგან გამიგონია... წვენი უნდა გამოვქაჯოთ და ჭრილობაში... - აქ
ცოტა ენა დაება, - ისე, რომა... სისხლში რომ გაიხსნას.

- მაშ ჩავიდეთ და დავნაყოთ. - ამ სიტყვებით პირველმა ლანდმა ბალახები გამოართვა და


მერე ორთავენი გამოქვაბულში ჩაძვრნენ.

ზებულონი გაოგნებული იყო. თავში გაუგებრად უტრიალებდა აბურდული ფიქრები,


გონების თვალწინ კი ერთდროულად ხედავდა აკეპილ ისახარსა და დაჭრილ
დაროაშვილს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი.

იწვა ასე შამბნარში პირქვედამხობილი, შავ სიბნელეში მჭიდროდ გამოხვეული,


სუნთქვაშეკრული და გატრუნული. არაფერზე არ ფიქრობდა, თავში აზრი არ უჭაჭანებდა,
იწვა გაუნძრევლად და რატომ იწვა, ან რას ელოდა, თავადაც არ იცოდა.

ვინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ასე, უეცრად რომ გამოქვაბულიდან ამოვარდნილ


ყრუ ღმუილს არ შეეკრთო. ღმუილი შემზარავი იყო და სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირის
ხმას ჰგავდა. ერთი გაისმა საბრალობლად, სასოწარკვეთით, უიმედოდ, და მყისვე მიწყდა.

ღმუილზე ბროლა და ლომია ელვის უსწრაფესად, მაგრამ სრულიად უჩუმრად და


უხმაუროდ, ზებულონის გვერდით გაჩნდნენ. თან გაკვირვებულები ჩანდნენ, თან
დაბნეულები, თან საბრძოლველად გამზადებულები. და ორთავე - ზებულონი ვერ მიხვდა
შიშის გამო თუ სხვა რაიმე მიზეზით - ერთიანად ცახცახებდა. ზებულონი ისე იყო
არაქათგამოცლილი, დიდი ჯაფა დაადგა, რომ ხელები ოდნავ აეწია, რათა
ძაღლებისთვის თავზე გადაესვა და დაემშვიდებინა. მერე ხელები ისევ ჩამოჰყარა და
კიდევ დიდხანს იწვა მოშვებული და გასავათებული, ისე რომ განძრევის სახსარი არა
ჰქონდა.

დაროაშვილების რძლებმა თავიანთი განაჩენი აღასრულეს.

ზებულონს როდის-როდის დაუბრუნდა საძრაობის უნარი, წამოიწია, წამოჯდა და, გონებაც


რომ დაეწმინდა, წამსვე ძველებურად აივსო ძალითა და ღონით, რადგან მიხვდა, რომ
შურისგების ჟამი მოახლოებული იყო.

გამოქვაბულიდან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. ზებულონი წამოდგა, ძაღლებთან ერთად


შამბნარიდან გამოვიდა და მდინარეზე დაბრუნდა. ახლა მთავარი იყო ძმები
დაროაშვილების გამოჩენა არ გამოჰპარვოდა.

დაროაშვილები ან გაღმა მხრიდან უნდა მოსულიყვნენ ტყე-ტყე, ან მდინარეს უნდა


ჩამოჰყოლოდნენ. ზებულონმა ტყის პირი ბროლას ჩააბარა, მდინარის გზა კი ლომიას,
თან აუხსნა, რომ, როგორც კი სუნს იკრავდნენ, წამსვე მასთან გაჩენილიყვნენ. ძაღლებმა
პატრონის ნათქვამი გაიგეს და სადარაჯოდ წავიდნენ, მაგრამ დილა ისე გათენდა,
დაროაშვილები არ გამოჩენილან. ბროლა და ლომია მთელი ღამე ფხიზლად
დარაჯობდნენ, ზებულონი კი მთელი ღამე წყალში დადიოდა და რაღაცას ეძებდა. კაცს
რომ არ სცოდნოდა, გულში რა განზრახვა ედო და ისე ედევნებინა თვალი მისი
საქციელისთვის, იფიქრებდა, ალბათ შეიშალა და რას სჩადის, თავად არ იცისო. ხან აღმა
აუყვებოდა მდინარეს, ხან დაღმა დაუყვებოდა, ხელის ფათურით ეძებდა წყალში ქვებს,
ზოგს, შეეხებოდა თუ არა, მაშინვე თავს მიანებებდა, ზოგს ძირს მოუსინჯავდა, წყლიდანაც
კი ამოსწევდა, ხელებს ყოველი მხრიდან დაკვირვებით მოუსვამდა და მერე მიატოვებდა,
ზოგს კიდევ უფრო დიდხანს სინჯავდა და მტკაველით ზომავდა. თითქმის მთელი ღამე ასე
იარა. გამთენიის ხანს ერთ დიდ, თეთრ ლოდთან ხანგრძლივად შეჩერდა, ყოველი
მხრიდან გასინჯა, რამდენჯერმე გადამტკავლა, ბოლოს ორივე ხელი ქვემოდან ამოსდო,
ფსკერს ოდნავ ააცილა, მაგრამ წყლიდან არ ამოუღია, უფრო მსუბუქი რომ ყოფილიყო,
ასე წყალ-წყალ წამოიღო, იმ ადგილას მიიტანა, სადაც გამოქვაბულისკენ ყველაზე მოკლე
გზა მიდიოდა და აქ ისევ წყალში ჩადო, ოღონდ, სანამ თავს მიანებებდა, ორჯერ კიდევ
გულმოდგინედ გაზომა.

ქვა თეთრი იყო, თავწყვეტიანი და ბოლოგანიერი, და ვეება, ზღაპრულ კვერცხს ჰგავდა.


იმოდენა იყო, სხვა, ზებულონის ადგილას, წყალ-წყალ ტარებასაც ვერ შეძლებდა.

ზებულონმა ქვა აქ დატოვა, თვითონ ზემოთ აუყვა მდინარეს, თხილისა და იელის


ბუჩქნარში შეძვრა და გათენებამდე იქ დარჩა.

დღე შამბნარში გაატარა და შუადღისას, წვიმა რომ წამოვიდა, კარგადაც დასველდა,


მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, თან გამოქვაბულს უთვალთვალებდა და თან იმ
გზას, საიდანაც დაროაშვილების გამოჩენა იყო მოსალოდნელი, თუმცაღა ეჭვი
ეპარებოდა, რომ დაროაშვილებს დღის სინათლეზე ტყიდან გამოსვლა გაებედათ.

დაროაშვილები მესამე ღამეს დაბრუნდნენ.

შუაღამე გადასული იყო. ძაღლები თავიანთ სადარაჯოზე იდგნენ, ზებულონი კვლავ


თხილისა და იელის ბუჩქებში იჯდა ისეთ ადგილას, საიდანაც მდინარიდან
გამოქვაბულისაკენ მიმავალი მინდორი კარგად ჩანდა.

უეცრად აღელვებული და აფორიაქებული ლომია მოვარდა, პატრონს გაეხახუნა,


დრუნჩით ხელები მოუძებნა და ენა აუსვა, მერე ყურებდაცქვეტილი და დაძაგრული წინ
დაუდგა და თვალებში შემოაცქერდა.

დაროაშვილები წყალდაწყალ მოდიოდნენ!

ზებულონი სწრაფად წამოდგა. შესაძლოა დაროაშვილებს ვერც გაებედათ შიშველი


მინდვრით ასვლა და სწორედ ამ ბუჩქებს ამოჰყოლოდნენ; ამიტომ ლომიასთან ერთად
შამბნარში შეძვრა და ძველ ადგილას ჩასაფრდა, გამოქვაბულის შესასვლელთან, იქ,
სადაც პირველად აღმოაჩინა ლტოლვილები. აქედან გამოქვაბულის პირიც ჩანდა და
მინდორიც. ბროლას დარდი არ ჰქონდა. ბროლა ტყის მხარეს დარაჯობდა და, თუ მაინც
აიღებდა სუნს, უგრძნობლად გამოსხლტებოდა და ჩუმად მოძებნიდა პატრონს.

კარგა ხანს დასჭირდა ლოდინი. ეტყობოდა, ფრთხილად მოდიოდნენ, ნელა. ბოლოს,


როგორც იქნა, გამოჩნდნენ. ჯერ ერთი მოკუზული ლანდი გამოჩნდა, მერე მეორე. ხელში
ორთავეს თითქოს რაღაც ეჭირათ და ამან ზებულონი გააკვირვა. ჯერ ვერ გაიგო, თუ რა
უნდა ყოფილიყო, მერე კი, როდესაც წინ მომავალმა ლანდმა ის რაღაც საგანი წყალსა და
ბექობს შორის გასდო, მიხვდა: ფიცარი იყო. გრძელი, განიერი ფიცარი. სანამ ზებულონი
რამეს მოისაზრებდა, ლანდები იმ ფიცარზე შედგნენ, წამოვიდნენ, მერე წინ მეორე
ფიცარი დაიგეს, ზედ გადმოვიდნენ, მიბრუნდნენ, ის პირველი აიღეს და, მეორე რომ
გამოიარეს, ახლა ისევ პირველი დაიგეს.

აი, თურმე რატომ არ დაუტოვიათ კვალი! აი, თურმე როგორ აუბნიეს გზა ძაღლებს?

ზებულონმა ახლაღა დააფასა დაროაშვილების მთელი ვერაგობა და მოხერხებულობა.


გამოქვაბული ხომ სცოდნიათ და სცოდნიათ, ქედზე გადასასვლელი ისეთი გზაც
სცოდნიათ, რომელიც არც წყაროსთვალელებმა იცოდნენ და არც ქედს გადაღმა
მცხოვრებმა ურჯულოებმა. ახლა კიდევ ეს ფიცრები, კვალის დასაფარავად მოგონილი!
ვინ იცის, ეგებ მართლა ეშმაკებისა და ქაჯების ჩამომავალნი არიან!

ამასობაში ფიცარ-ფიცარ მომავალმა დაროაშვილებმა მინდორი ამოათავეს,


გამოქვაბულში ჩავიდნენ და ფიცრებიც თან ჩაიტანეს. ზებულონი ლომიას მიუბრუნდა: -
ბროლა მოძებნე! ბროლა, ბროლა, ბროლა! - უთხრა ჩურჩულით.

ლომია უხმაუროდ გაქრა. ზებულონი კიდევ უფრო ახლო მიიწია, გამოქვაბულის პირს
მიადგა და ყური მიუგდო. ნაბიჯების ხმა მიწყდა. მერე რაღაც სხვა, გაურკვეველი ხმა
მოისმა, მერე მცირე დუმილის შემდეგ, ჩოჩქოლი ატყდა, თითქოს რამდენიმე კაცი ერთად
ალაპარაკდა, მერე ისევ დუმილი და ბოლოს მკაფიოდ გაისმა კაცის ხმა: „მოკალით
ხომ?!“ ხმას არც სიბრაზე ეტყობოდა, არც გამწარება, არაფერი, უბრალოდ გაისმა:
„მოკალით ხომ?!“ და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. ზებულონი კიდევ დიდხანს იყო
მიყურადებული, მაგრამ გამოქვაბულში დუმილი არ დარღვეულა. ამასობაში ძაღლებიც
მოვიდნენ. ზებულონი უკან გახოხდა, ძაღლებს ხელები დრუნჩებზე მოუსვა, ანიშნა, აქ
დარჩითო, თავად შამბნარიდან გავიდა და მინდორს ჩაუყვა. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა და
სიფრთხილეს აღარ იცავდა.

ისახარის ამღვრეული სული უკვე გრძნობდა სიმშვიდის მოახლოებას.

ზებულონი მდინარეზე ჩავიდა, წყალში შევიდა, წინასწარ მომზადებულ და


საგულდაგულოდ დაზომილ თეთრ ლოდს ქვემოდან ამოსდო ორივე ხელი, ასწია,
წყლიდან ამოიღო და ნაპირისაკენ მძიმედ, ნელ-ნელა წავიდა. მაღალი ნაპირი რის ვაი-
ვაგლახით აიარა, ბექობზე შეჩერდა, ლოდი ძირს დადო, წამით შეისვენა, ამოისუნთქა,
მერე ისევ შეუყო ქვემოდან ორივე ხელი, ასწია და ფერდობს შეუყვა. ლოდი მუცელს
ქვემოთ, ბარძაყებთან ეჭირა, სიმძიმისაგან წელში წახრილიყო, თავიც ჩაეღუნა,
წონასწორობა რომ არ დაეკარგა, ფეხები გან-გან დაჰქონდა და მოკლე ნაბიჯებით
მიდიოდა. მარცხენა ფეხს რომ ასწევდა, ლოდის სიმძიმე მარჯვნივ ხრიდა, მარჯვენა ფეხს
რომ ასწევდა, მარცხნივ ხრიდა. მიდიოდა ასე მოკუზული და თავჩაღუნული მთელი ტანის
რხევით და ტვირთის სიმძიმის გამო ყოველ ნაბიჯზე ოდნავ გაღებული პირიდან
ხმადაბალი, მაგრამ გაურკვეველი, დაუნაწევრებელი ბგერები ამოსდიოდა. ამ სიბნელეში
რომ შორიდან შეგეხედათ, იფიქრებდით, ფერდობზე რაღაც უცხო ნადირი მიბობღავსო.

მინდორი გალია, შამბნარის ვიწრო ზოლი გადაჯეგა და, გამოქვაბულისპირა მცირე


მდელოზე რომ გავიდა, ბროლამ და ლომიამ საფარი მიატოვეს, წინ შემოეგებნენ და
გაკვირვებით მოაჩერდნენ. ზებულონს ძაღლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც კი
შეუნიშნავს, რადგან ახლა წარმოუდგენელი სიმძიმის მეტს ვეღარას გრძნობდა. არც
არაფერი ესმოდა, ვერც ვერაფერს ხედავდა. ლოდი ისეთი იყო, მდინარიდან
გამოქვაბულამდე ოთხი მაგარი ვაჟკაცი ვერ ამოიტანდა.

ის მცირე მდელოც გაიარა, გამოქვაბულს მიადგა, ფეხები კიდევ უფრო გაშალა, ძაბრივით
ამოღრმავებული შესასვლელის აქეთ-იქით დააბჯინა, ჩაიკუზა, ლოდი ამოატრიალა, ისე
რომ წვეტი ქვემოთ მოუქცია, და გამოქვაბულის ყელში ჩაუშვა. ლოდი სამ მეოთხედზე
ჩავიდა, მერე გამოქვაბულის კლდოვან პირზე ერთი უამურად დაიხრიალა და ყელს
მჭიდროდ დაეცო.

ძაღლებმა დაიწკავწკავეს და დამფრთხალები უკან გადახტნენ. გამოქვაბულიდან ყრუ,


გაურკვეველი ხმა მოისმა.

იმავ წამს ზებულონს მოეჩვენა, თითქოს გონებას სქელი, მღვრიე ნისლი გადაეცალა და
უეცრად ყოველივე საკვირველი, არაადამიანური სიცხადით გამოჩნდა, გამოქვაბულის
ყელიც, შიგ ჩამხობილი თეთრი ლოდიც, ჯაგნარიც, მთელი ის ხუთი დღეც, რაც შინიდან
წამოსული დაროაშვილების კვალს დაეძებდა, უცნაურად განათდა ყოველივე, თითქოს
მზემ დანარჩენ სამყაროს ზურგი შეაქცია და მთელი თავისი ძალა ზებულონისკენ მიმართა.
ამ დიდმა სინათლემ სხეულში ისეთი ტკივილით გაუარა, ზებულონს ფიქრის დრო რომ
ჰქონოდა, გაუკვირდებოდა, ცოცხალი როგორ გადავრჩიო. მაგრამ ფიქრის დრო არ
დარჩა. გონებაში მხოლოდ ერთმა აზრმა დაკვესა და ისიც ელვის უსწრაფესად ჩაქრა:
რომც მოეწადინებინა, ლოდს უკან ვეღარ ამოიღებდა, რადგან გამოქვაბულის ყელს
ირგვლივ ძაბრისმაგვარი ღრმული ერტყა და, ლოდს რომ მოსჭიდებოდა, ამ ღრმულში
ისე უნდა ჩაკიდებულიყო, როგორც თონეში.

მაგრამ ამ ტყვიასავით სწრაფმა აზრმა წამსვე გადაიარა, მწუხარე ხმებიც - ლოდის,


ძაღლების, გამოქვაბულის - მიწყდა და კვლავ მღვრიე ნისლი ჩამოწვა.

ზებულონმა ერთი ღრმად ამოისუნთქა, ბალახში ჩაჯდა, ხელები შემოკეცილ მუხლებზე


შემოიჭდო, ზედ ნიკაპი ჩამოსდო და უტყვი თვალებით მიაჩერდა შავ სივრცეს.

სხეულში სიცარიელეს გრძნობდა. უკვე მეხუთე ღამე იყო თვალზე რული არ მიჰკარებოდა.
ახლა კიდევ ამოდენა ლოდი ათრია.

მალე გამოქვაბული ხელახლა აგუგუნდა. შორეული, მოგუდული ხმები ერთმანეთში


ირეოდა. სიტყვებს ვერ გაარჩევდით, ხმებს მხოლოდ განწირული უილაჯობა და
გარდაუვალი სიკვდილის დამზაფრავი შიში ეტყობოდა.

ბროლა და ლომია მოშორებით ისხდნენ, მოუსვენრად წრიალებდნენ, ცახცახებდნენ და


დროდადრო საწყალობლად წკმუტუნებდნენ.

გამოქვაბულში ხან სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ხანაც ყრუ, დახშული,


გულისშემძვრელი გოდება ისმოდა.

ხმა რომ მიწყდებოდა, ბროლა და ლომია წამოდგებოდნენ, გაუბედავად


მიუახლოვდებოდნენ გამოქვაბულის ჩასასვლელს, სარქველს ყნოსვა-ყნოსვით
შემოუვლიდნენ, მერე ყრუ გოდება რომ ისევ გაისმოდა, შემკრთალები უკან
გამობრუნდებოდნენ და კვლავ მოშორებით დასხდებოდნენ.

დიდხანს გრძელდებოდა ასე. ბოლოს ცა მოულოდნელად მოიქუფრა და ერთბაშად


ისეთი დელგმა ატყდა, გეგონებოდათ, ზეციერმა მდინარეებმა ნაპირები წალეკეს და
მრისხანე ღრიალით დედამიწაზე გადმოეშვნენო. მერე უცებ სიბნელე ელვის რკალმა
გაკვეთა და ცაზე ტალღა-ტალღა გადაიარა გრუხუნმა. ერთს მეორე მოჰყვა და მალე
გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი დაიწყო. წამი-წამ ელავდა, წამი-წამ ქუხდა, წვიმა
ნიაღვარივით ასხამდა, ირგვლივ მღვრიე ნისლი იწვა, ცა ისე ბობოქრობდა და ისე
დგანდგარებდა, იფიქრებდით, ქვეყნიერების აღსასრული დამდგარაო.

ზებულონი გაუნძრევლად იჯდა. წვიმა გამეტებით სცემდა და სახეზე ღვარად


ჩამოსდიოდა. დიდხანს იჯდა ასე. ბოლოს, როდის-როდის, წამოდგა. ფერდობზე წვიმის
წყალი მღვრიე ნაკადულებად მოედინებოდა. ამის დანახვაზე ზებულონს თვალი
გაუშტერდა. ერთხანს უაზროდ უყურებდა, მერე ხანჯალი ამოიღო, მიწის ჩიჩქნას შეუდგა,
დიდხანს იმუშავა მუყაითად, საბოლოოდ ნაკადულებს კალაპოტი შეუცვალა და
გამოქვაბულის ძაბრში მიუშვა. მერე იდგა და უყურებდა. წყალი სარქველის ირგვლივ
ძაბრში ტრიალებდა, ნაპრალს პოულობდა და გამოქვაბულში ჩადიოდა.

გამოქვაბულიდან აღარაფერი ისმოდა. ეგებ ისმოდა კიდეც. მაგრამ ირგვლივ ისეთი


ქარტეხილი იდგა, ყველა სხვა ხმას ახშობდა. ზებულონმა მხოლოდ ერთხელ გაიგონა:
„ზებულონ! ზებულონ!“ მაგრამ ეს კაცის ხმას არ ჰგავდა და საერთოდ ძნელი სათქმელი
იყო, მართლა გაიგონა თუ მოეჩვენა.

დილით ქვეყნიერება დაწყნარდა, წვიმამ გადაიღო, ცაზე მზე გადმოდგა და ზებულონის


ნამუშაკევს გადმოხედა.
ზებულონი ახლა ისევ ბალახში იჯდა. ისე უაზროდ და უგრძნობლად იჯდა, რომ გეკითხათ,
დაბეჯითებით ვერც კი გეტყოდათ, იმ დროს საერთოდ იყო თუ არა.

დღე როგორ მიილია, არ გაუგია. როცა საკუთარი თავის შეგრძნების ნიჭი დაუბრუნდა, მზე
უკვე დასავლეთით იყო გადახრილი.

ძლივძლივობით, გაჭირვებით წამოდგა. ერთბაშად იგრძნო საოცარი, არაადამიანური


სისუსტე და დაღლილობა. სახსრები ტეხდა, დათეთქვილ სხეულში ძალის ნატამალი
აღარ შემორჩენოდა. თვალით ბროლასა და ლომიას დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერსად
დაინახა. მაშინ ნელა, ლასლასით დაეშვა ქვემოთ. მუხლები ეკეცებოდა და ყოველი
ნაბიჯის გადადგმაზე საშინელ ტკივილს გრძნობდა. თავდაღმართი რომ ჩაიარა და
მდინარის ბექობს მიადგა, მეტი ვეღარ შეძლო და დასასვენებლად დაჯდა. უფრო თავი
მოიტყუა, ვიდრე დაისვენა, რადგან, ზეზე რომ წამოდგა, სახსრები ისევ ისე ტეხდა და
მუხლებიც ისევ ისე ჰქონდა მოკვეთილი. მაშინ წასვლა გადაწყვიტა და ძაღლებს ჩუმად
დაუწრუპუნა. იმავ წამს გაახსენდა, რომ საშიში უკვე აღარაფერი იყო, და ხმამაღლა
დაუძახა. ძაღლები არსად ჩანდნენ. ერთი კი გაუკვირდა, რა იქნენო, მაგრამ ყურადღება
არ მიუქცევია, იფიქრა, ეგებ უკვე წავიდნენ, თუ არადა სადმე ახლომახლო იქნებიან და
გზაში წამომეწევიანო.

დაროაშვილების ნამოსახლარს რომ მიაღწია, შემოაღამდა კიდეც. აქ ცოტა ხანს


შეჩერდა. კარგად არ იცოდა, მაგრამ რაღაც გუმანით გრძნობდა, რომ იმაზე ყოყმანობდა,
შესულიყო თუ არა. ბოლოს გადაწყვიტა არ შესულიყო, სახლს გვერდი აუქცია და გზა
განაგრძო. ორღობესთან მარჯვნივ აუხვია, ზემოდან შემოუარა სოფელს და ცაცხვებით
შემოზღუდულ სასაფლაოს მიადგა. შეიძლება ისახარი ჯერ არც კი იყო დასაფლავებული,
თანაც უკვე ბნელოდა და ახალი და ძველი საფლავები ძნელი გასარჩევი იყო. მაინც
დაუწყო ძებნა. მალე წააწყდა კიდეც სველი, მაგრამ ჯერ კიდევ ფხვიერი, ახლადდაყრილი
მიწის ზვინს. შეჩერდა და პირჯვარი გადაიწერა. ერთხანს იდგა და უყურებდა. მოეჩვენა,
თითქოს იმ ადგილას, საცა ისახარს მარცხენა ფეხის ტერფი უნდა ჰქონოდა, საფლავის
ყორე ჩაზნექილი იყო.

სასაფლაოდან გამოსულმა სახლს ისე მიაღწია, გზად არავინ შეხვედრია. ეზოს რომ
მიადგა და ჭიშკარი შეაღო, მიხვდა, რომ ბროლა და ლომია ჯერაც არ
დაბრუნებულიყვნენ.

სამი დღე და სამი ღამე ზებულონს გადაბმულად ეძინა. ეძინა ღრმად, აუმღვრევლად,
თითქოს ყოველივე ამქვეყნიურს გარიდებული სადღაც შორეთში იმყოფებოდა, სხეული
წყნარ ნეტარებაში გახსნილიყო, ირგვლივ სიმშვიდის თბილი, ფაფუკი საბანი ეხვია და,
მისი ტკბილი ძილი რომ დრომდე და ვადამდე არაფერს აემღვრია და აეფორიაქებინა,
დარაჯად თავად ძილის მეუფე ედგა. ამ სამი დღის განმავლობაში, მართალია, ათასში
ერთხელ, როცა დარაჯს თვითონ წამოეპარებოდა თვლემა, სიზმრის მავნე ეშმაკი დროს
იხელთებდა, უჩუმრად გასხლტებოდა და ზებულონის მიმქრალ ცნობაში წამით
ლანდებივით გაიელვებდნენ დაროაშვილების ბალღები, მაგრამ ძილის მეუფე
სწრაფადვე გამოფხიზლდებოდა, სიზმრის მავნე ეშმაკს დაიჭერდა, გარეთ გასვამდა და
ზებულონიც კვლავ საამო მოთენთილობაში გაიბნეოდა. ზოგჯერ ზებულონს ვიღაც
ეძახდა: ზებულონ! ზებულონ! მაგრამ ეს დაროაშვილების ხმა არ იყო, უფრო თითქოს
დედის ხმას ჰგავდა, თუმცა ზებულონი კარგად ვერც არჩევდა, მართლა ესმოდა თუ
ეჩვენებოდა.

სამი დღე-ღამე იძინა და მერე გაიღვიძა. გაღვიძებულმა პირველად ბროლა და ლომია


მოიკითხა და, რა გაიგო, ჯერაც არ დაბრუნებულანო, შეწუხდა. ნეტა რა იქნენ? სად უნდა
წასულიყვნენ ან რა უნდა დამართნოდათ?

მაგრამ ძაღლების დაკარგვა მალე გულიდან გადავარდა, რადგან სხვა უფრო


შემაშფოთებელი ამბავი შეიტყო: დედა თავის ოთახში ჩაკეტილიყო და არც თავად გარეთ
გამოდიოდა, არც არავის შიგ უშვებდა. მხოლოდ მაგდა შედიოდა დღეში ერთხელ, მზის
ჩასვლის ჟამს, და სპილენძის პატარა სურით წყალი შეჰქონდა. საჭმელს დედა ახლო არ
იკარებდა და მხოლოდ წყლით თუ გაისველებდა პირს ხანდახან. თურმე ერთთავად
მუხლმოყრილი იდგა მაცხოვრის ხატის წინ და დღედაღამ გულმხურვალედ
ლოცულობდა. დედა რომ ღვთისმოსავი იყო, ეს ზებულონმა კარგად იცოდა, მაგრამ ისიც
იცოდა, რომ დედისთვის მთავარი სალოცავი ოჯახი იყო და, არჩევანზე რომ მიმდგარიყო
საქმე, ეჭვი არაა, ოჯახს აირჩევდა და ღმერთს გასწირავდა, რადგან ღმერთი არსებითად
ოჯახისთვის სჭირდებოდა. ამიტომ ზებულონს ვერ გაეგო ეს თავგადაკლული ლოცვა და
მარხულობა. როცა თავისი გაკვირვება მაგდას გაუზიარა, ამ უკანასკნელმა მწყრალად
მიუგო, ღმერთს ცოდვების შენდობას ევედრებაო. ზებულონი წამოენთო და ძლივს შეიკავა
თავი, რომ მოხუცისთვის უკადრისი სიტყვა არ ეთქვა. რაც კი რამ ქვეყნად ნათელი,
წმინდა, სპეტაკი და შეუბღალავი არსებობდა, ყველაფერი დედაში ეგულებოდა. მას ისეთი
რა ცოდვა უნდა ჰქონოდა, რომ ლოცვაში ღამეები ეტეხა? ზებულონი მთელი დღე
გულამღვრეული დადიოდა, გრძნობდა, რომ ეს გულამღვრეულობა მარტო მაგდას
ნათქვამით არ ყოფილა გამოწვეული, რაღაც სხვა მიზეზიც არსებობდა. რა იყო ეს სხვა
მიზეზი, არ იცოდა, მაგრამ გაუაზრებელი და იდუმალი შიში ჰქონდა მისი და ამის გამო
კიდევ მეტად ემღვრეოდა გუნება. რამდენჯერმე მიადგა დედის ოთახს და ისევ უკან
გამობრუნდა. იქნებ აკრძალვა მასზე არ ვრცელდებოდა? თუკი მოახლეს ჰქონდა შესვლის
უფლება, ვითომ შვილს რატომ არ უნდა ჰქონოდა? მით უმეტეს, რომ ზებულონს ახლა -
თუმცა თავს ანგარიშს ვერ აძლევდა და არ იცოდა რატომ - როგორც ჰაერი, ისე
სჭირდებოდა დედის დანახვა. მხოლოდ დანახვა, მეტი არაფერი. მაგრამ ვერ გაბედა
შესვლა. იცოდა, დედა არ დატუქსავდა და მაინც ვერ გაბედა. მაშინ შეეცადა გონების
თვალწინ წარმოედგინა დედის სახე, მაგრამ ვერაფერს გახდა. ყველა მცდელობა ამაო
იყო. ზოგჯერ შორეულ, მღვრიე სივრცეში თითქოს რაღაც ამოძრავდებოდა, სახედ
შენივთდებოდა და ნელა წამოვიდოდა წინ, რათა ნისლოვან სივრცეს გამოსცდენოდა და
სინათლეზე გამოსულიყო, მაგრამ ბოლო წამს ისევ ნაწილებად იშლებოდა და ბურუსში
იხსნებოდა. ზებულონი შიშმა აიტანა. ერთი პირობა გადაწყვიტა თავისი სურვილი მაგდას
პირით შეეთვალა და ნახვის ნება ეთხოვა, მაგრამ ვერც ეს გაბედა. გრძნობდა, რომ მაგდა
შუამავლობაზე ცივ უარს ეტყოდა.

სოფელი ზებულონს მდუმარე მოწიწებით შეხვდა. საიდან ან ვისგან გაიგეს, თუ როგორ


დამთავრდა დაროაშვილების დევნა, არავინ იცის (ზებულონისთვის კაციშვილს არაფერი
უკითხავს), მაგრამ, ყველაფერი რომ გაიგეს, ეს აშკარა იყო. ბიძებმა და ბიძაშვილებმა
უსიტყვოდ, ოღონდ, როგორც ზებულონს მოეჩვენა, ცოტა შემკრთალებმა მოუთათუნეს
მხარზე ხელი და მაშინვე გაეცალნენ. მოხუცი გლეხები ორღობეში ქუდს უხდიდნენ და
მდაბლად უკრავდნენ თავს. სადმე, რომელიმე მეზობლის ეზოს წინ თავშეყრილი და
ხმამაღლა მოყაყანე ხალხი მის გამოჩენაზე სწრაფად დადუმდებოდა, გაისუსებოდა, ასე
მდუმარედ გააყოლებდა თვალს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარგა შორს გაიგულებდა,
განაგრძობდა შეწყვეტილ ლაპარაკს. თუ მოწიწებაში პატივისცემა ურევია,
წყაროსთვალელთა მოწიწებაში შიში ერია. ერთხელ, როდესაც გზად დარჩოს თინია
შემოეფეთა, ეს შიში ზებულონმა თვალნათლივაც ნახა. თინიას მხარზე ფიჩხის კონა
გაედო და შინ მიჰქონდა. ზებულონის დანახვაზე წამით მონუსხულივით გაშეშდა ადგილზე,
მერე უცებ ფიჩხის კონა ძირს დააგდო და კისრისტეხით დაეშვა ფერდობზე. ზებულონმა
განცვიფრებით გააყოლა თვალი, თინია კი დიდი ხნის შემდეგ, როცა ეს ამბავი უკვე
მოძველებული იყო და მშვიდად შეიძლებოდა მისი გახსენება, ჰყვებოდა, იგრეთი
თვალებით შემომხედა, რომ არ გავქცეულიყავ, იქავ კატასავით წამახრჩობდაო, და თუ
დედაკაცები ჩააცივდებოდნენ, რათა, ქა, რას გერჩოდაო, პასუხობდა, წამახრჩობდა კია
და, რას მერჩოდა, აბა, მე რა ვიციო.

აი, მაგდას კი არც შიში ჰქონდა, არც მოწიწება; ისე იქცეოდა, თითქოს ზებულონს სულაც
ვერ ამჩნევდა, ხოლო თუ ზოგჯერ აუცილებელი საქმის გამო ერთი-ორ სიტყვას
გამოიმეტებდა, ამ ორ სიტყვას ისე გადმოუგდებდა, როგორც აბეზარ მათხოვარს პურის
ნატეხს. მისი გულისხმიერება და სინაზე არც ადრე გაუგია ვინმეს, თავისი ქალბატონის
მეტი ქვეყნად არავინ უყვარდა და ზებულონი ისე გაიზარდა, მისგან ერთი თბილი სიტყვა
არ დამახსოვრებია, მაგრამ ახლა მის ქცევაში, გამოხედვაში, ხმის კილოში, მიმოხრაში,
უკვე არა მარტო სიცივე და გულგრილობა, არამედ სიძულვილიც მოჩანდა, რაც აქამდე
ზებულონს არასოდეს შეუმჩნევია.

ძაღლები არა და არ დაბრუნდნენ.

ხანი რომ გამოხდა, მაგდამ თანდათან უკლო დედასთან სიარულს. ბოლოს სამ დღეში
ერთხელ შედიოდა. წყალი აღარ შეჰქონდა, დედამ ყველაფერზე უარი თქვა. ამან
ზებულონი ძალიან შეაშინა, ერთხელაც გამბედაობა მოიკრიბა და მაგდას ჰკითხა, დედა
რასა იქმსო. რას უნდა იქმოდეს, ლოცულობს და მარხულობს, სანამ ძალა ეყოფაო,
მწყრალად მიუგდო მაგდამ. ზებულონმა უიმედოდ, მაგრამ მაინც ამოილუღლუღა, შევალ
და მოვინახულებო. მაშინ მაგდამ ხმაში კიდევ მეტი სუსხი გამოურია და ისეთი კილოთი,
თითქოს თვითონ ყოფილიყოს ბატონი და ყმას ელაპარაკებოდა, უთხრა, თუ
დასჭირდები, თავად დაგიძახებსო, და ზებულონმა უკვე ვეღარ გაბედა შეპასუხება.

ზებულონს ცალკე ბროლასა და ლომიას ამბავი აწუხებდა. რაკი არ იქნა და ძაღლები არ


გამოჩნდნენ, ერთ დღეს ადგა და მდინარეს აღმა შეუყვა. თან ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქოს ძაღლების მოძებნა ტყუილად მოისაბაბა, სინამდვილეში სხვა რამ საქმეზე
მიდიოდა. დაროაშვილების კარ-მიდამოს რომ გაუსწორდა, იქ სახლის ნაცვლად ნაცრისა
და ნახშირის გროვა დახვდა. ვინ გადაწვა, ან როდის გადაწვეს, არ გაუგია, მაგრამ ამ
სურათის დანახვაზე გაფითრდა და ერთხანს დარეტიანებული იდგა. მერე ისევ გზა
განაგრძო. იმ ადგილს რომ მიატანა, სადაც მდინარის ზემოთ გამოქვაბული იყო, შეჩერდა.
შეჩერდა, იწრიალა, იყოყმანა, ბოლოს ნაპირზე ავიდა და ფერდობს აუყვა. გამოქვაბულს
რომ მიუხალოვდა, უცებ მოწყვეტით შედგა. გამოქვაბულის ამოქოლილ ჩასასვლელთან
ბროლა და ლომია ჩაცუცქულიყვნენ. რას აკეთებდნენ, ზებულონმა ვერ გაარკვია, რადგან
იმავ წამს ძაღლებმაც შენიშნეს პატრონი. ერთი მოხედეს, რაღაც უცხო, უცნაური ხმა
ამოუშვეს - ზებულონი ვერ მიხვდა, შიშისა იყო, სიავისა, სასოწარკვეთისა თუ ყველაფერ
ამის ერთად - ისკუპეს და ეკალბარდებში ფაცხა-ფუცხით მოუსვეს.

- ბროლა! ლომია! - გასძახა ზებულონმა, მაგრამ ძაღლები უკანმოუხედავად გარბოდნენ


და მალე თვალს მიეფარნენ.

დედამ ორმოცი დღე იმარხულა და მოკვდა. საღამო ხანს მოკვდა, შებინდებისას. კრინტი
არ დაუძრავს, ერთი კვნესა არ დასცდენია, ლოცვით დაღლილი და ლოცვითვე
დაამებული მისი სული წყნარად, უშფოთველად, უხმაუროდ გაეყარა ხორცს და
ჩამოწოლილ ბინდს შეერია.

სანამ მოკვდებოდა, მაგდას პირით ზებულონი იხმო. მაგდამ ბოლო ხანებში ისევ
მოუხშირა ქალბატონთან სიარულს. მართალია, წყალი აღარ შეჰქონდა, მაგრამ შესვლით
ყოველდღე შედიოდა, ხანდახან დღეში ორჯერაც. იმ დილითაც შევიდა და, როცა უკან
გამობრუნდა, ზებულონს, თითქოს მაწანწალა ძაღლს უჯავრდებაო, ისეთი ხმით უთხრა,
დედაშენი გეძახისო. ზებულონი შეკრთა, აფორიაქდა, გულისცემა გაუხშირდა. ისე
ღელავდა, გეგონებოდათ, მისი ბედი და უბედობა ამ წუთზე ეკიდა.

უკანასკნელად დედა მაშინ ნახა, როცა დაროაშვილების დევნას მორჩა და შინ დაბრუნდა.
თუმცა იმ ნახვას ნახვა არც ეთქმოდა. მაშინ დაღლილ-დაქანცული, მშიერ-მწყურვალი,
ხუთი ღამის უძილო, ღელვისაგან გამოფიტული და საკუთარი ნამოქმედარით შეძრული
უაზროდ მილასლასებდა სოფლისაკენ, ტყვიადქცეულ ფეხებს ძლივს მიათრევდა და, თუ
მაინც მიდიოდა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ რაღაც იდუმალი ძალა, რომელიც
გაუგებრად, მაგრამ მტკიცედ და გარდაუვალად ეწეოდა მშობლიური სახლისაკენ,
თოკივით ჰქონდა გამობმული. სანამ სოფელს მიუახლოვდებოდა, ის იდუმალი ძალა
ედგა მუხლებში საყრდენად, ის ამხნევებდა და მას მიჰყავდა. მაგრამ სოფელი რომ
გამოჩნდა, იდუმალი ძალა, თითქოს თავისი საქმე უკვე მოათავაო, მსწრაფლ გაქრა.
სამაგიეროდ ბუხრებიდან ამომავალი კვამლის სითბო რაღაც მანქანებით მოწვდა, მთელ
სხეულში ჩაეღვარა და მთელი სხეული გაუჟღინთა, მოუდუნა, ტკბილ ძილ-ბურანად
შემოეკრა გარს. ირგვლივ, როგორც სიზმარში, ყველაფერი არამყარი და არამდგრადი
გახდა, ყველაფერი გაურკვევლად იზილებოდა და ითქვიფებოდა ერთმანეთში და
ცნობაწართმეულმა აღარც კი იცოდა ამის შემდეგ როგორ მიდიოდა, ან საერთოდ
მიდიოდა თუ არა. ჭიშკარი რომ შეაღო და ეზოში შევიდა, შესაძლებელია, უკვე ეძინა
კიდეც. ბუნდოვნად გაარჩია შუქი პირველ სართულზე რომელიღაც ოთახში და იქითკენ
გაემართა. ოთახში დედა და მაგდა დახვდნენ. დედა მაღალ სკამზე იჯდა, მაგდა კი
ფერხთით ეჯდა. ყველაფერი ისე ჩანდა, როგორც სიზმარში. ზებულონის დანახვაზე
მაგდამ ერთი შეჰკივლა, ზეზე წამოვარდა და მერე, სანამ ზებულონს მეხსიერება და ცნობა
შემორჩა, შიშისაგან თუ გაკვირვებისაგან გაფართოებული თვალები არ მოუშორებია.
დედაც წამოდგა და ისიც ზებულონს შემოაცქერდა. როგორი სახე ჰქონდა დედას,
ზებულონს არ დაამახსოვრდა, რადგან მის ნახევრად მძინარე, გაბრუებულ გონებას
ეჩვენებოდა, თითქოს ეს დედა კი არ იყო, არამედ დედის შორეული, ბუნდოვანი
მოგონება. ერთადერთი ის ახსოვს, რომ დედა დაკვირვებით უყურებდა, მისი მზერა ნელ-
ნელა დაცოცავდა ზებულონის სახეზე, თითქოს იქ რაღაც დაკარგვია და მის პოვნას
ლამობსო. მერე ყველაფერი, დედაც, მაგდაც, მთელი ოთახიც დიდი სისწრაფით
დატრიალდა და ზებულონს არ გაუგია, როდის დაწვა და დაიძინა.

და აი, ბოლოს და ბოლოს, დედამ მოუხმო.

ზებულონმა ფრთხილად, გაუბედავად, ცოტა შიშითაც კი შეაღო კარი.

დედა იწვა, საბანი ეხურა და მხოლოდ სახე უჩანდა, თუკი სახე შეიძლება ერქვას იმას, რაც
ზებულონს თვალწინ წარმოუდგა: ნაკვთები სრულებით აღარ აჩნდა. ყველაფერი -
ლოყებიც, შუბლიც, ტუჩებიც, ნიკაპიც, ყელიც - ისე იყო შეშუპებული და დასიებული, რომ
ერთმანეთისაგან აღარ გამოირჩეოდა. იდო მაღალ ბალიშზე ეს შემზარავად
გაერთიანებული სახე და მოლურჯო ფერი გადაჰკრავდა. თვალები, დედის წყნარი,
სათნო თვალები, ამ ერთიანი ხორცის გროვაში სადღაც შორს ჩაკარგულიყო და ორ
ვიწრო, ბნელ, უაზრო ნაპრალადღა ჩანდა. ზებულონს გული შეეკუმშა და ამ საშინელ
სანახაობას სწრაფად აარიდა თვალი. იდგა და კედელს შესცქეროდა. თვალებს კიდევ
ერთხელ უნდოდათ ნანახი შეემოწმებინათ, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ
ეს მართლა სახე იყო, და ტახტისკენ გაურბოდა, ზებულონი კი შეშინებული უკან ეწეოდა,
თან გონებაში არეულად უტრიალებდა შიში, ვაითუ დედას შეენიშნა, რომ შვილი თვალს
არიდებდა, და სწყენოდა. მაგრამ დედას არაფერი შეუნიშნავს ან თუ შენიშნა, არა სწყენია.
როცა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო, ეს ხმა თუმცა სუსტი იყო და ისე ისმოდა,
გეგონებოდათ, სადღაც ღრმა და ვიწრო ხვრელიდან მოდისო, სრულიად მშვიდად
ჟღერდა და წყენისა და წყრომის არაფერი ეტყობოდა. მეტიც, ზებულონს მოეჩვენა,
თითქოს ის სითბო და სათნოება, რაც აქამდე დედის თვალებში ეგულებოდა, ახლა ამ
სუსტ, შორეულ ხმაში ჩასახლებულიყო.

- მეტს ვეღარ ვიცოცხლებ, შვილო, და ჩემი იმედი ნუღა გექნება. დღეს უკანასკნელი დღეა.
უნდა წავიდე... მამაშენს უნდა მივხედო... - დედა ნელა ლაპარაკობდა და შიგადაშიგ
ისვენებდა, რათა სული მოეთქვა, - რაც შემეძლო, ვევედრე და ვემუდარე ღმერთს, ყველა
ცოდვა ჩემთვის მოემადლებინა, რომ ჩემი სული შენი სანაცვლო ყოფილიყო, მაგრამ
არაფერი მითხრა და არ ვიცი, შეისმინა თუ არა ჩემი ვედრება...

დედა გაჩუმდა. ეტყობა, დაიღალა. ამდენი მარხულობით ძალაწართმეულისათვის, რაც


ილაპარაკა, ისიც ბევრი იყო. ზებულონი მაინც ელოდა, მაგრამ დედას ხმა აღარ ამოუღია.
მალე ჩაეძინა კიდეც. მისი მშვიდი სუნთქვა რომ მოესმა, ზებულონი მიტრიალდა და, რაკი
იმის შიში აღარ ჰქონდა, რომ, რასაც ამ სანახაობის გამო იგრძნობდა, დედა ყველაფერს
მის სახეზე წაიკითხავდა, უფრო გაბედულად დახედა. ერთხანს უყურა შიშითა და
ძრწოლით, მერე ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან და კარი გაიხურა.

საღამოს დედა უხმაუროდ, მშვიდად, უთქმელად გაერიდა ამა ქვეყანას.

კვირის თავზე მაგდა წავიდა.

ზებულონს თვითონვე უნდოდა დაეთხოვა ეს შავი საფრთხობელა, მისი დანახვა


აღიზიანებდა და მისი ხმის გაგონება გულ-მუცელს უმღვრევდა, რადგან ასე ეგონა, დედის
სიკვდილში მთავარი ბრალი მას მიუძღოდა, მაგრამ თქმა ვერ გაბედა. მაგდა, ჯერ კიდევ
ბავშვი, ზებულონის პაპას მოეყვანა და მას შემდეგ აქ იყო, აქ დაბერდა, აქაურობას
არასოდეს მოშორებია და ოჯახის წევრად ითვლებოდა. მაგრამ ახლა, როცა ზებულონის
მეტი აღარავინ დარჩა, გაცლა გადაწყვიტა. ჩემს ძმასთან წავალო, თქვა, სანამ
ვიცოცხლებ, სახლსა და შვილიშვილებს მივუხედავ, როცა მოვკვდები, ის დამასაფლავებს,
აქ მაინც აღარაფრის მაქნისი ვარო.

მაშინ ზებულონმა შინაყმებიც დაითხოვა და სულ მარტო დარჩა. სოფელში კვლავ


ძველებური მოწიწებით ხვდებოდნენ, ოღონდ ის შიში, რაც ამ მოწიწებაში ერია, თანდათან
იზრდებოდა. ეს ამბავი ზებულონს უკვე აღარ აკვირვებდა და აღარ ეუცხოებოდა.
თვითონაც გრძნობდა თავის უპირატესობას და დარწმუნებული იყო, რომ სოფელს
დიაღაც უნდა ჰქონოდა მისი შიში და რიდი. თუმცა ერთი კი აღიზიანებდა: სოფელს
რატომღაც ეჩვენებოდა, რომ ზებულონი შეიძლებოდა უმიზეზოდ გამწყრალიყო და
განრისხებულიყო, და ამით შეშინებული ასე სამარცხვინო პირმოთნეობით აჩვენებდა
თავის მოწიწებას. აღიზიანებდა ჯერ ერთი იმის გამო, რომ ამ შიშისა და პირმოთნეობის
უკან ბუნდოვნად ხედავდა რაღაც სხვა ძალას, რისთვისაც სახელი ვერ დაერქმია, მაგრამ
რაც შიშზეც უარესი იყო და პირმოთნეობაზეც, და მეორეც, ზოგჯერ თვითონაც
ეჩვენებოდა, თითქოს მართლა შეეძლო უმიზეზოდ გამწყრალიყო და განრისხებულიყო.

ღამღამობით დაროაშვილების ხმა ესმოდა და გაოფლილი იღვიძებდა. ასეთ დროს


ადგებოდა, აივანზე გამოვიდოდა, კუთხეში დაჯდებოდა მოაჯირთან, მთელი ღამე
გაუნძრევლად იჯდა აქ და მხოლოდ ალიონზე, როცა მზის პირველი სხივები სიბნელეს
გაკვეთდა, ისევ წვებოდა. მზის ამოსვლის შემდეგ დაროაშვილები აღარ ესიზმრებოდა.

დაროაშვილები გამოქვაბულში ისხდნენ ხოლმე და თეთრი სარქველიდან, რომელიც, თუ


თვალგაშტერებით დიდხანს დააცქერდებოდა, გამჭვირვალე ხდებოდა, ლანდებივით
ჩანდნენ. ვიცით, ზებულონი ხარ, ცალთვალა ისახარის ვაჟი. გმირი ყოფილხარ და
გიჯობნია კიდეც; ოღონდაც აქედან გამოგვიშვი და სიკვდილამდე შენი ყურმოჭრილი
ყმები ვიქნებითო, - მუხლმოყრილი ემუდარებოდნენ დაროაშვილები. ზებულონს გული
ეთუთქებოდა, მათს ტანჯვას რომ უყურებდა, არადა, რომც მოეწადინებინა, ლოდის უკანვე
ამოღება შეუძლებელი იყო, რადგან გამოქვაბულის ყელს ირგვლივ ძაბრისმაგვარი
ღრმული ერტყა და, ლოდს რომ მოსჭიდებოდა, ამ ღრმულში ისე უნდა ჩაკიდებულიყო,
როგორც თონეში. ამიტომ გაცლას აპირებდა, მაგრამ ფეხები ისეთი ძალით მიკვროდნენ
მიწას, ძვრას ვერ უშვრებოდა.

ზოგჯერ ისახარი ესიზმრებოდა. ისახარი, ვიწრო სამარეში მჭიდროდ ჩაჭედილი და ასე


გაშეშებული, იღლებოდა, სხეული უბუჟდებოდა და შეწუხებული შერხევასა და გვერდზე
გადაბრუნებას დააპირებდა, მაგრამ რაკი ნაწილ-ნაწილ ეწყო საფლავში, ერთიანად
გადაბრუნებას ვერ ახერხებდა, ზოგი ნაწილი ბრუნდებოდა, ზოგიც გადაუბრუნებელი
რჩებოდა. ამის დანახვაზე ზებულონი შეშინებული და გულამოვარდნილი იღვიძებდა.

ბოლოს და ბოლოს იმას მიეჩვია, რომ დღე ეძინა და ღამე ფხიზლობდა. შინიდან უკვე
თითქმის აღარ გამოდიოდა. შინაც არაფერს აკეთებდა. თითქოს გვამში სიზარმაცის ჭინკა
შეძრომოდეს, თითის განძრევა ეზარებოდა. სახლი და კარი ბედის ანაბარა დააგდო, ყანა
და ვენახი - ყმების ანაბარა. სოფელში ხმა დაირხა, ღამღამობით ქაჯები და ავი სულები
დაუდიანო, და წყაროსთვალელთა მოწიწება სულ მთლად შიშად იქცა. ხალხი შორიდანვე
უქცევდა გვერდს მის სახლს და ჭიშკართან ჩავლას კაი ვაჟკაცებიც ერიდებოდნენ.

ქაჯები და ავი სულები არ დაუდიოდნენ, მაგრამ იმას კი გრძნობდა, რომ თანდათან სხვა
კაცი გახდა. კი არ გარდაიქმნა და იმისგან კი არ აღმოცენდა, რაც აქამდე არსებობდა,
როგორც ფესვიდან აღმოცენდება მცენარე, არამედ სულ მოწყდა ფესვს და ცალკე
მცენარედ იქცა. სამაგიეროდ სულში დარჩა იმ ფესვის მარადიული, მტკივნეული,
მახრჩობელა ნატვრა. ხანდახან, როცა სევდა და წუხილი პირთამდე აავსებდა და
აწრიალებული ადგილს ვერ პოულობდა, გონების თვალით წარმოიდგენდა დაკარგულ
ფესვს, ძველ ზებულონს, უმანკოს, უბრალოს, უცოდველს, ვისაც თოთო ტალახში სიარული
გულში თბილ ნეტარებად ეღვრებოდა, ვინც მელიებს განაბული დარაჯობდა სოროებთან,
ვინც მუხების კორომში მუხად იქცეოდა და მიუვალ კლდე-ღრეებში ლაღად
დააქროლებდა ერთგულ ქურანას. წარმოიდგენდა და გულმდუღარე, ლამის
ცრემლმორეული, სასოებით მიისწრაფოდა მასთან შესაერთებლად, რასაც უცხო,
დაუნდობელმა ძალამ გულგრილად მოგლიჯა და მოაშორა, გულგრილად და რაღაც
შეუძლებლად, ადამიანს რომ მისივე ჩრდილი მოაშორო, ისე. მიისწრაფოდა, მთელი
არსებით მიისწრაფოდა, მაგრამ შეერთება შეუძლებელი იყო, რადგან შუაში მტკიცე, ყრუ,
თუმცაღა უსაგნო და უხილავი, კედელი იდგა.

რაკი ყოველგვარ საქმეზე გული აიყარა და ღამეც დაძინება ვერ გაებედა, საფიქრალად
დრო ბევრი ჰქონდა და ისიც ფიქრობდა. იჯდა აივნის კუთხეში ან კიბის საფეხურზე და
გათენებამდე ფიქრობდა. ცხადი იყო, რომ რაღაც გაწყდა, რაღაც მოშორდა, რაღაც
დაიკარგა და ისე შორს დარჩა, ვერა საშუალებით ვეღარ მიწვდენოდა, მაგრამ ის აღარ
იცოდა, კერძოდ, რა დაიკარგა, რით განსხვავდებოდა ახალი ძველისაგან. განა
ზებულონი ისევ ზებულონი არ იყო? განა იგივე გვარი არ ჰქონდა, იგივე სახელი, იმავე
სოფელში არ ცხოვრობდა, იმავე ხალხში? მაშ რა მოწყდა? რა დაიკარგა? ზებულონი
ბევრს ფიქრობდა ამაზე, თავს იმტვრევდა, მაგრამ ეს უცნაური გამოცანა ვერ გამოეცნო.
ერთადერთი, რასაც თითქოსდა ეჭვმიუტანლად გრძნობდა, ის იყო, რომ ყოველივეს
როგორღაც ბუნდოვნად აღიქვამდა. თვალითაც, ყურითაც, წარმოდგენითაც, აზრითაც.
მკვეთრი და ცინცხალი ფერები უცნაურად გახუნებულიყო და გაცრეცილიყო, მჟღერი და
მკაფიო ბგერები მოგუდულიყო და მოყრუებულიყო, ყოველივეს თხელი ლიბრი
გადაჰკვროდა და აზრიც ბურუსში გახვეულიყო. ზებულონი ზებულონი იყო და ზებულონიც
აღარ იყო. ახლა წარმოუდგენელი ჩანდა, ნელთბილ, თოთო ტალახში ევლო, ან
ფერდობიდან სოფლისთვის ეცქირა, ან მუხების კორომში მუხად ქცეულიყო, ან გულაღმა
გაშოტილს ტოტებსა და ფოთლებს შორის ცისთვის ეთვალთვალა და ის უმიზეზო
თრთოლვა ეგრძნო, რაც არაერთხელ უგრძნია.

უფრო ხშირად ის აგონდებოდა, რაც დროით ყველაზე ახლო იყო: იმ უკანასკნელ


მშვიდობიან დღეს რომ მდინარეში თეთრი თინია იხილა თერთ ლოდზე და ამის გამო
სირცხვილით აილეწა. იმ დროს თავადაც ეთაკილა თავისი საქციელი, ახლა კი, როცა
ყველაფერი ეს დაიკარგა და გადაულახავი ზღუდის იქით მოექცა, ზებულონი ტკივილით
გრძნობდა, რომ მაშინდელმა ბავშვურმა სირცხვილმა და გაწითლებამ თურმე ისეთივე
სიხარული მოჰგვარა, როგორსაც რბილ ტალახში სიარული ჰგვრიდა, მუხების კორომში
ყოფნა, ტყე-ტყე ხეტიალი, ბროლასა და ლომიასთან ერთად მელიების დევნა...

ყველაფერი უხილავი ღობის მიღმა დარჩა.

ზებულონი იტანჯებოდა და ღამეებს თეთრად ათენებდა, სოფელს კი ეგონა, ქაჯები და ავი


სულები დაუდიან და რაღაც ბოროტ გეგმებს აწყობენო.

მალე სოფელს ეს აზრი კიდევ უფრო განუმტკიცდა და ერთ დილით ზებულონს ანანიამ შინ
მოაკითხა.

ახალი გათენებული იყო. ზებულონი ის-ის იყო დაწვა და დაიძინა, რომ უეცრად ხმა ჩაესმა:
„ზებულონ! ზებულონ!“

თავისი სახელი ძილში სხვა დროსაც არაერთხელ გაუგონია. ვინ ეძახდა, არ იცოდა. ხან
დაროაშვილების ხმას ამგვანებდა, ხან დედისას, ხანაც ისახარისას. მაგრამ ასეთი რამ
ყოველთვის ღამით ხდებოდა. მზის ამოსვლის შემდეგ აღარავინ აწუხებდა.

თვალი ძალისძალად გაახილა და გაკვირვებულმა მიუგდო ყური. ძახილი მალე ისევ


განმეორდა და ზებულონი მიხვდა, რომ ვიღაც მართლა ეძახდა. სწრაფად ჩაიცვა და
თვალების ფშვნეტით აივანზე გავიდა.

ჭიშკართან ანანია იდგა.

ზებულონს გაუკვირად. რა ხანია მის ეზოს უკვე აღარავინ გაჰკარებია. სწრაფად დაეშვა
კიბეზე და ბიძას შორიდანვე შეეხმიანა: - ხომ მშვიდობაა, ძია ანანიავ?

- ცოტა რამ სალაპარაკო მაქვს შენთან, - მიუგო ანანიამ.

ზებულონმა ჭიშკარი გაუღო.

- მობრძანდი.

ანანია თითქოს შეკრთა.

- არა, არა. მალევე უნდა გავბრუნდე.

ანანიას რაღაც უცნაური გამომეტყველება ედო - თან ღრმააზროვანი, თან კუშტი, თან
საწყალობელი - და ზებულონს უეცრად ძალიან გაუკვირდა, რომ იგი სოფელში ყველაზე
გონიერ და ჭკუის საკითხავ კაცად ითვლებოდა.

რაკი ბიძა არ შემოვიდა, თავად გასცდა ჭიშკარს.

- რა მოხდა, ძია ანანიავ?

- სოფელმა გამომგზავნა შენთან, - ახლა მარტო საწყალობელი გამომეტყველება დარჩა,


ღრმააზროვნება სულ წაეშალა, - ე შენი ძაღლები მთლად გაველურებულან, ხალხსაც
აღარ ეპუებიან. ამ წინეებზე ორჯელ ბატკანი მოსტაცეს მწყემსებს, წუხელ კიდე ბეჟაანთ
ბალღი დაუგლეჯნიათ. ისეთია, ან გადარჩება, ან ვერა.

„ნუთუ იმისთვის გამოგზავნეს, ძაღლების დახოცვის ნება მივცე?“ - გაუკვირდა ზებულონს,


მერე მხრები აიჩეჩა და უთხრა: - დაეხოცათ.

- საქმეც ეგაა, ვერ მოიხელთეს. განა იოლია! ძაღლები კი არა, ნამდვილი ქაჯები
ყოფილან!

ანანია გაჩუმდა. ზებულონი მიუხვდა, წამით სხეულში რაღაცამ მტკივნეულად გაუარა და


თვალები დახუჭა. მერე სახეში შეხედა ბიძას, თვალი გაუსწორა და მშვიდად უთხრა: -
კარგი, ძია ანანიავ, თავად დავხოცავ.

ანანია წავიდა.

ზებულონმა თოფი და ბარი აიღო, სოფელს გასცდა და მდინარეს აღმა აუყვა.

ბროლა და ლომია მისი გაზრდილები იყვნენ და მასზე უკეთ ვინ იცოდა, რომ სოფლის
მონადირეებს ხელში იოლად არ ჩაუვარდებოდნენ. სამაგიეროდ გამზრდელს ვერსად
გაექცეოდნენ, მით უფრო, რომ გამზრდელმა ისიც იცოდა, სად უნდა ეძებნა.

გეზი პირდაპირ გამოქვაბულისაკენ აიღო. ოღონდ, რაკი ნიავი მდინარის მხრიდან


ქროდა, სუნი რომ არ ეკრათ, ადრევე გადაუხვია, ტყე-ტყე იარა და გამოქვაბულს
ზემოდან, მდინარის საპირისპირო მხრიდან მიადგა.

უჩუმრად სიარულიც ზებულონისგან ჰქონდათ ნასწავლი და ამ საქმეში შეგირდებს ოსტატი


სჯობნიდა. ისეთი უხმაურო სიარული იცოდა, რომ, როდესაც სოფელში მის
ეშმაკეულობაზე დაიწყო ლაპარაკი, ესეც ხელზე დაიხვიეს, ამბობდნენ, თუ წმინდა სულია,
მაშ ეს დევივით კაცი ისე როგორ დადის, რომ ნადირი, მინამ თავზე არ წამოადგება,
ვერაფერსა გრძნობსო.

ზებულონმა ბევრი იარა ჯაგებში ხან ოთხზე, ხან მუცელზე ხოხვით და ბოლოს, როცა ისეთ
ადგილს მიაღწია, საიდანაც გამოქვაბულის შესასვლელი უნდა გამოჩენილიყო, თავი
ფრთხილად ასწია და გაიხედა.

ბროლა და ლომია გამოქვაბულის პირას იწვნენ. თავები ზემოთ, ზებულონის მხარეს


მოექციათ. ბროლას ავი, ქურუხი სახე ჰქონდა, ლომია კი ისე იყურებოდა სევდიანი,
შესაბრალისი თვალებით, თითქოს რაღაც ღრმა საფიქრალს მისცემიაო, რის გამოც
ზებულონს წამით მოეჩვენა, რომ იგი ძია ანანიას ჩამოჰგავდა. ამის გაფიქრებაზე კიდევ
ერთხელ გაუელვა გაკვირვების კითხვამ, რომელიც ადრე არც ზებულონსა და არც სხვა
ვინმეს სოფელ წყაროსთვალში თავში არ გასჭაჭანებია: რატომ ითვლებოდა ძია ანანია
ყველაზე უფრო გონიერ და ჭკუის საკითხავ კაცად?

ზებულონმა ფრთხილად განაგრძო გზა. როცა ისეთ მანძილზე მიუახლოვდა, რომ მეტი
მიახლოება უკვე საშიში იყო, შეჩერდა და თოფი მხრიდან ჩამოიღო. თავისდა
მოულოდნელად უეცრად იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ პირველად რომლისთვის ესროლა.
ამან დააბნია. აქამდე აზრად არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა ასეთი არჩევანის წინაშე
დამდგარიყო. სანამ დაბნეულობა გაუვლიდა, საიდანღაც სულ სხვა კითხვა
ამოუტივტივდა, რომელსაც პირველ კითხვასთან საერთო არაფერი ჰქონდა: ნეტა
დაროაშვილების ბალღები ქალები იყვნენ თუ ვაჟები? შუბლი ოფლით დაეცვარა, ხოლო
გონება მის დაუკითხავად შეეცადა თვალნათლივ წარმოედგინა დაროაშვილების
ბალღები და ამ გზით გაერკვია, ქალები იყვნენ თუ ვაჟები. ზებულონმა თვალი დახუჭა,
დაიძაბა და მტკივნეული ფიქრი როგორც იქნა მოიშორა. მერე თვალი ისევ გაახილა და
თოფი თავში დაუმიზნა ბროლას. დაუშვა თუ არა სასხლეტი, ელვის სისწრაფით ზეზე
წამოვარდა და ძაღლებისკენ გაექანა, რომ დრო მოეგო და, სანამ ლომია გონს
მოვიდოდა და სასროლ მანძილზე გასცდებოდა, თოფის ხელახლა გატენა მოესწრო.
ლომიამ თავადვე შეუწყო ხელი. სროლის ხმაზე ერთი ადგილზე შეხტა, მაგრამ, სანამ
გაიქცეოდა, დაბნეულობის გამო თუ სხვა რაიმე მიზეზით, ჯერ აფართხალებულ ბროლას
დახედა და ერთი დაყნოსა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ გაიქცა. ზებულონი მისდევდა და
გზადაგზა თოფს ტენიდა. როცა გატენა, ლომია ჯერ კიდევ ახლო იყო. აქ უცნაური რამ
მოხდა. ძაღლმა, ეტყობა, იგრძნო გარდაუვალი სიკვდილი. გაქცევის ნაცვლად შეჩერდა,
უკან მოტრიალდა, მიწას განერთხო და საწყალობელი წკმუტუნით ზებულონისკენ ხოხვით
წამოვიდა. ზებულონიც შედგა. ლომია სულ ახლო მოვიდა და ორიოდე ნაბიჯზე შეჩერდა.
ახლა იგი იწვა, უეჭველი სიკვდილის შიშით დაზაფრული ერთიანად ცახცახებდა და გულის
შემძრავად გოდებდა. ადამიანივით მოთქვამდა და ადამიანივით ტიროდა. ზებულონმა
იგრძნო, რომ საცა იყო, თვალში ცრემლი მოადგებოდა. და სანამ თვალში ცრემლი
მოადგებოდა, თოფი ლომიასაც, ბროლასავით, თავში დაუმიზნა.

როცა ლომიამ უკანასკნელად გაიბრძოლა და ფართხალი შეწყვიტა, ზებულონმა იგი


ხელში აიყვანა, წამოიყვანა და ბროლას გვერდით დააწვინა გამოქვაბულის წინ. მერე
ბარი აიღო, საფლავი გაჭრა, ორთავენი შიგ ჩაუშვა, მიწა დააყარა და ზემოდან ქვის
დაბალი ყორე დაადგა.

უკანმობრუნებული, სოფელს რომ მიუახლოვდა, ერთბაშად მიხვდა, რომ


წყაროსთვალელები არა ცდებოდნენ, მას მართლა შეეძლო უმიზეზოდ განრისხებულიყო
და თავისი ღრჯო და უმისამართო ჯავრი რომელიმე უდანაშაულო მეზობელზე ამოეყარა.
ამას ბუნდოვნად ადრეც ეჭვობდა, მაგრამ ახლა, მკაფიოდ რომ იგრძნო, გაუკვირდა და
ცოტა შეეშინდა კიდეც.

სოფელში ორი გასროლა ყველამ გაიგონა და მიხვდნენ, რომ პატრონმა თავისი


გაველურებული ძაღლები დახოცა. და ახლა სოფელ-სოფელ რომ მიდიოდა და
ამჩნევდა, რომ, თუ ვინმე გარეთ იყო, მის დანახვაზე სასწრაფოდ სახლში იმალებოდა,
ზებულონს ბრაზი ახრჩობდა და ყველა ეზიზღებოდა, ნათესავებიც, მეზობლებიც,
შორებლებიც, ახლობლებიც...

იმ საღამოს, კარგა შებინდებულზე, როცა ზებულონი კიბის ძირას იჯდა და იმაზე


ფიქრობდა, თუ როდის გათენდებოდა, რომ დაწოლილიყო და დაეძინა, ჭიშკართან
დარჩოს თინიამ ჩამოიარა. დილით ანანია იმიტომ მოვიდა, რომ პირველი კაცი იყო
სოფელში და აბა პირველ კაცს შუამავლობაზე უარი როგორ ეთქვა სოფლისათვის,
თორემ ზედ ეტყობოდა, როგორ უჭირდა ეს შუამავლობა. სხვა კი რა ხანია ზებულონის
კარ-მიდამოს ახლო არავინ გაჰკარებია.

ფეხის ხმაზე ზებულონმა გაკვირვებით ასწია თავი. თვითონაც ვერ მიხვდა, ამ სიბნელეში
როგორ იცნო. ეტყობა, უფრო იგრძნო, რომ თინია იყო, ვიდრე იცნო. თინია ღობის პირს
მიჰყვებოდა და ნელა, ლანდივით მიიძურწებოდა.

- თინია! - გასძახა ზებულონმა.

თინია შეკრთა და ადგილზე გაშეშდა. მოტრიალებით არ მოტრიალებულა. საცა მიუსწრო


ზებულონის ხმამ, იქ გაშეშდა და აღარ განძრეულა.

ზებულონი წამოდგა, ჭიშკართან მივიდა და გააღო. ერთხანს უხმოდ უყურა, მერე უთხრა: -
აბა აქ მოდი!

თინია წამით შეყოყმანდა. მერე უხმოდ მოტრიალდა და თავჩაქინდრული ნელი ნაბიჯით


შემოვიდა ეზოში. შემოვიდა და გაჩერდა. თავი არ აუწევია.

- აქ რას აკეთებ? - მკაცრად ჰკითხა ზებულონმა.

თინიას ხმა არ ამოუღია. იდგა თავჩაღუნული და არ იძვროდა. ფეხშიშველა იყო და


ძველი, დაკერებული კაბა ეცვა, რომელიც კოჭებამდე დასთრევდა.

- არ გესმის, რომ გელაპარაკები?!

თინია ჩუმად იდგა. ეს იყო მხოლოდ, რომ მთელი სხეული უთრთოდა, სწრაფად
სუნთქავდა და შიგადაშიგ გაციებულივით სრუტუნებდა.

მაშინ ზებულონმა უთხრა: - შინ შედი!

თინია მიტრიალდა და ისევ ისე უხმოდ და მორჩილად, ისევ ისე თავჩაქინდრული წავიდა
იქით, საითაც ზებულონმა მიუთითა. შინ რომ შევიდა, ახლა იქ გაჩერდა. სხეული უფრო
მეტად უთრთოდა.

- გაიხადე! - უბრძანა ზებულონმა და თავადვე დაუწყო გახდა.

თინიას არც ახლა ამოუღია ხმა. არც წინააღმდეგობა გაუწევია. ზებულონის ბრძანებაზე
მაშინვე შეუდგა გახდას. ტახტზეც, სანამ იწვა, უხმოდ იწვა, ეს იყო მხოლოდ, რომ
შიგადაშიგ გაციებულივით სრუტუნებდა.

როცა დრო მოვიდა და ზებულონმა უბრძანა, ახლა ჩაიცვი და წადიო, არც მაშინ დაუძრავს
კრინტი, ისევ ისე მუნჯივით ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. და მხოლოდ ეზოში უცებ
შეჩერდა, სანახევროდ მოტრიალდა ზებულონისაკენ, ერთი ქვემოდან ამოხედა, ისე რომ
თავი არ აუწევია, და წიკვინა ხმით თქვა: - ხვალაცა?

- რაო? - ვერ გაიგო ზებულონმა.

- ხვალაც მოვიდე?

ზებულონმა შეხედა.

- არა! - უთხრა მკაცრად, - აღარ მოხვიდე! - მერე, თინია რომ რაღაც უნებური და
გაუგებარი მოძრაობით შეიშმუშნა, უფრო რბილად დაუმატა: - ხვალ მე აქ აღარ ვიქნები.

აქ თინიამ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ასწია თავი. ერთი შეხედა, წამსვე
ისევ ჩაღუნა, გატრიალდა, და უხმოდ წავიდა.

იმ ღამეს ზებულონი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ უკან მიმავალი გზა, სადაც თეთრი
თინია დარჩა, თეთრი ზებულონი და თეთრი ზღაპარი, მოჭრილი ჰქონდა, და
წყაროსთვალიდან წასვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ იოველ ბატონიშვილი
მოაგონა. მაშინ ზედა სართულზე ავიდა, იმ სკივრს მიადგა, რომელშიაც წმინდა სახარება
ჰქონდა შენახული, და თავი ახადა. ერთხანს უყურა წიგნს, ამოღებაც დააპირა. მაგრამ
გადაიფიქრა და სკივრს ისევ დაახურა თავი. მერე უცებ იმედიანად გაიფიქრა: „ეგებ
მიმიღოს იოველ ბატონიშვილმა, ეგებ ჯერ კიდევ შეიძლება ჩარხის წაღმა დატრიალება...“
ეს რომ გაიფიქრა, იმედზე იმედი მოემატა, რადგან იოველ ბატონიშვილი იყო
ერთადერთი კაცი, ვისაც მხოლოდ ძველ, დაკარგულ, დახშული კარიბჭის მიღმა
დარჩენილ ზებულონთან ჰქონდა კავშირი, მაშასადამე, ის ერთადერთი კაციც იოველ
ბატონიშვილი იყო, ვისაც შეეძლო ზებულონი კვლავ ზებულონთან მიეყვანა.

გამთენიისას ახალი ჩოხა-ახალუხი ჩაიცვა, ქურანა შეკაზმა, ზედ ხურჯინი გადაჰკიდა,


რომელშიაც ცოტაოდენი საგზალი, ფული და იოველ ბატონიშვილის დანატოვარი წმინდა
სახარება ედო, შეჯდა და ისე, რომ არც არავინ უნახავს და არც არვის გამომშვიდობებია,
გზას გაუდგა.

ორი დღე იარა და ბოლოს მიადგა იმ მთას, რომლის წვერზეც იოველ ბატონიშვილს
ტაძარი აეგო და შიგ სასწავლებელი გაემართა.

პირველი ღამე ერთი გლეხის ოჯახში გაათია. მასპინძელი უცხო სტუმარს გულღიად
შეხვდა. არ უკითხავს, ვინა ხარ, რა კაცი ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარო.
ზებულონსაც არაფერი უთქვამს. ან კი რას ეტყოდა! ის რომ ეთქვა, ასე და ასეა ჩემი საქმე,
ზებულონი ვარ, ცალთვალა ისახარის ვაჟი, მამაჩემი აპრილის დამლევს დაროაშვილებმა
ნაჯახით აკეპეს, ეს რომ სოფელმა შეიტყო, დიდიან-პატარიანად სახლებიდან გამოეფინა,
კუშტი მოლოდინითა და შეფარული რისხვით უხმოდ მოითხოვა მამის სისხლი ამეღო, მეც
ავდექი და დაროაშვილები დედაბუდიანად ერთ ბნელ, ბინძურ გამოქვაბულში
გამოვახრჩე, მერე, როცა დედაც ამ ამბავს გადაჰყვა, საყვარელი ძაღლები საკუთარი
ხელით დავხოცე და სულ მარტო დავრჩი გაუგებარი, უდაბური და გაუვალი ქვეყნიერების
პირისპირ, გადავწყვიტე იოველ ბატონიშვილთან წავსულიყავი, რადგან იოველ
ბატონიშვილია უკანასკნელი იმედი, მხოლოდ მას შეუძლია ადამიანის საიდუმლო
ამიხსნას და უხილავი ღობის გადაღმა დარჩენილი უზრუნველი ზებულონი მაპოვნინოს,
ხოლო თუ ეს იმედიც ხელიდან გამომეცალა, მაშინ კი საბოლოოდ გაწყდება ყველა ძაფი
და ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივით ქარების სათამაშო გავხდებიო, ვინ იცის, იმ გლეხს
არც შეეშვა სახლში.

მეორე ღამე იოველ ბატონიშვილის მთის მახლობლად, პატარა მდელოზე გაათია. ბოლო
მოსახვევს რომ გასცდა და მთის პირდაპირ გავიდა, ქვეყანაზე უკვე ბინდი იწვა. მთა
ბუნდოვნად და შავად მოჩანდა, როგორც ვეება, მძინარე ნადირი. ზებულონმა
გადაწყვიტა, ღამე აქ გაეთია და დილაადრიან გაეგრძელებინა გზა. ცეცხლი არ დაუნთია,
მოლზე ნაბადი გაიგო, გულაღმა დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ვარსკვლავიან ცას
მიაჩერდა, როგორც სჩვეოდა ოდესღაც, დიდი, დიდი ხნის წინ. ახლა, როცა სანუკვარი
მიზანი აქვე ეგულებოდა, გვერდით, სიხარულის ნაცვლად გულში საიდანღაც ბასრი,
დაუნდობელი ეჭვი შემოუძვრა და ორი დღის წინანდელ გაბედულ იმედს, ეგებ ჯერ კიდევ
შეიძლებოდეს ჩარხის წაღმა დატრიალებაო, საშიში და მწუხარე ჩრდილი მიადგა.
ზებულონი გამხელას ვერ ბედავდა, თორემ ეს ეჭვი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან,
როცა იოველ ბატონიშვილთან წამოსვლა გადაწყვიტა, ვიღაც, ვინც მისი არსების
განუყოფელი ნაწილი იყო, ამ გადაწყვეტილებას იმთავითვე ეურჩებოდა. მართლაცდა,
როგორ გაებედა იოველ ბატონიშვლთან მისვლა? ან რომ გაებედა, რა ეთქვა? ან რომ
ეთქვა, ისეთი სიტყვები სად გამოეძებნა, რომლებითაც ამის თქმა შეიძლებოდა? განა
ყოველივე იმის შემდეგ, რაც გამოიარა, კიდევ მიიღებდა იოველ ბატონიშვილი? ეს ამბავი
რომ უკვე მომხდარი ყოფილიყო, როცა იოველ ბატონიშვილი წყაროსთვალში ჩამოვიდა,
მაინც ზებულონს გამოარჩევდა მისი ბიძაშვილებისგან, მაინც ზებულონისკენ გამოიშვერდა
თითს და უცხო კაცებს უცხოთა ენაზე ეტყოდა, აი, ეს არის ის, ვინც ოსტატად გამოდგება
და წყაროსთვალში სწავლა-განათლების კელაპტარს აანთებსო? განა ზებულონი ისევ
ზებულონი იყო?

ნაღველივით მწარე ეჭვი ავის მომასწავებლად დაძვრებოდა ზებულონის გულ-გვამში და


რაღაცას ეძებდა, ხოლო შიშის მწუხარე ჩრდილი გაფაციცებით ადევნებდა თვალს და
გულისკანკალით ელოდა, იპოვიდა თუ არა ეჭვი იმას, რასაც ეძებდა. ზებულონი
ცდილობდა სხვა რამეზე ეფიქრა და, როცა უკიდურესად დაიძაბებოდა, ახერხებდა კიდეც,
მაგრამ საკმარისი იყო ყურადღება ოდნავ მოსდუნებოდა, რომ ფიქრის თვალი კვლავ
მტანჯველი ეჭვისკენ გაურბოდა.
ალიონზე ერთი ჩათვლემა ჩათვლიმა და სიზმარი ნახა: ვითომ დილა უკვე გათენდა,
ქურანას მოახტა და იოველ ბატონიშვილის მთას შეუყვა. გზას ორსავ მხარეს ხშირი და
დაბურული, მაღალი ტყე მისდევდა და ისე ციოდა, ზებულონი სიცივისაგან კბილს კბილზე
აცემინებდა. ბევრი იარა თუ ცოტა, ის მთა აათავა და თეთრი ტაძარიც გამოჩნდა.
ზებულონი ჩამოქვეითდა, ქურანა ხის ტოტს გამოაბა და იქ დატოვა. ბროლაცა და
ლომიაც, რომლებიც უცებ საიდანღაც გაჩნდნენ, ქურანასთან დარჩნენ. უკანა თათებზე
ჩაცუცქდნენ, ენები გადმოჰყარეს და ქელვა დაიწყეს. ზებულონი ტაძრისკენ გაემართა.
ტაძარს ირგვლივ თეთრი გალავანი ერტყა და შუაში მაღალი, ფართო კარიბჭე ჰქონდა
დატანებული. კარიბჭის წინ მცველი იდგა და ხელში ოქროს ბუნიკიანი შუბი ეჭირა.
ზებულონი ერთხანს გაშტერებული მისჩერებოდა მცველს. მერე მოეჩვენა, თითქოს იგი
ადრეც ენახა. მცველს თეთრი ქულაჯა და მაღალყელიანი, წვრილჭვინტიანი ჩექმები ეცვა.
ჩალისფერი თმა ჰქონდა, ჩალისფერი მოკლე წვერი და ღრმა, ცისფერი თვალები.
ლამაზი იყო, ახოვანი, სახე ისე უბრწყინავდა, ირგვლივ მზესავით სხივებს აფრქვევდა. და
ზებულონმა იცნო: ეს ის კაცი იყო, რომელმაც იოველ ბატონიშვილის წყაროსთვალში
ჩამობრძანების ამბავი მოუტანა ისახარს. მაშინ ზებულონმა გაბედა და ახლო მივიდა. ის
იყო, უნდა მისალმებოდა კიდეც, რომ კარიბჭის მცველი თავად შეეხმიანა: „ვინა ხარ და რა
საქმეზე მოსულხარო?“ კარიბჭის მცველს პირი არ გაუღია, ისე დაილაპარაკა, სიტყვები კი
მაინც მკაფიოდ გაისმა. ამან ზებულონი გააკვირვა და წამით დააბნია. მერე, დაბნეულობამ
რომ გაუარა, მიუგო: „ზებულონი გახლავარ, აზნაურ ისახარის ვაჟი, იოველ ბატონიშვილის
სანახავად მოვედიო“. მცველმა ისე შემოხედა, ზებულონს მოეჩვენა, თითქოს მისმა მზერამ
ტვინი გაუხვრიტა, მერე ისევ ისე ტუჩმოკუმულმა უთხრა: „არა, შენ ზებულონი არა ხარო“.
ზებულონი შეწუხდა. „როგორ არა, ბატონო, ზებულონი ვარ, ნუთუ არ გახსოვს, იოველ
ბატონიშვილთან ერთად რომ წყაროსთვალში ჩამობრ...“ „შენ ზებულონი არა ხარო!“
მკაცრად შეაწყვეტინა მცველმა, თვალები ზეცისკენ აღაპყრო და მწუხარე ხმით თქვა: „ამ
ავაზაკს ჭაბუკი ზებულონი მოუკლავს და გაუძარცვავს, სახელიც კი წაურთმევიაო“.
ზებულონს ცრემლი მოერია, მუხლებზე დაეცა და სასოებით შეჰღაღადა: „ზებულონი ვარ,
ბატონო, აბა კარგად დამაკვირდიო!“ მცველმა ცას მოწყვიტა მზერა და კვლავ ზებულონს
მიაპყრო. თვალებში რისხვა ედგა. ერთხანს ასე უყურა, მერე უეცრად ხელი მოწყვეტით
აიქნია და გაშლილი ხელისგული ზებულონს გამოუშვირა. ზებულონმა მცველის
ხელისგულს დახედა და გააცია. სხეულში მომაკვდინებელმა ტკივილმა დაუარა და
ერთბაშად მიხვდა, რომ კარიბჭის მცველი მისგან იოველ ბატონიშვილის ნაბოძებ წმინდა
წიგნს ითხოვდა. თავზარდაცემულმა ერთი კი მიმოიხედა, მაგრამ ხსნა არსაით იყო; მაშინ
აკანკალებული ხელი ტყავის აბგაში ჩაჰყო, წიგნი ამოიღო, ცრემლმორეულმა სევდითა
და სასოებით დახედა და ნელა გაუწოდა. და სწორედ იმ დროს, როცა მცველს წიგნი უნდა
ჩამოერთმია, გამოეღვიძა. უეცრად გამოეღვიძა, მყისიერად, თითქოს ძილიდან კი არა
ბნელი ხაროდან ამოვარდაო.

გული ისე უცემდა, გულისცემისაგან სხეულიც კი უთრთოდა. უანგარიშოდ მოაფათურა


ხელები, ხურჯინს მისწვდა და გარედან მოსინჯა ის ადგილი, სადაც წიგნი იყო. მერე
ნაბადზე წამოჯდა, ორივე ხელი სახეზე აიფარა და, სანამ სიზმრის ცივი ჩვენება გაილეოდა
და გაქრებოდა, ასე გაუნძრევლად იჯდა. ბოლოს ხელები ჩამოიღო, თვალი გაახილა,
წამოდგა და მიიხედ-მოიხედა. სიბნელეს სინათლე შემოჰპაროდა და ბინდი უკვე
შემღვრეულიყო. ტყით შემოსილი მთა თანდათან კარგავდა მძინარე ნადირის სახეს და
თავის ნამდვილ სახეს იღებდა. ზემოთ, სულ ბოლოში, გეგონებოდათ, წვერი ვიღაცას
საგანგებოდ გადაუჭრიაო, მთა ვრცელი ვაკით ბოლოვდებოდა. ვაკის შუაგულში, თითქოს
ახლა, ამ წუთას, ზებულონის თვალწინ იგებაო, დილის მღვრიე ბურუსიდან ნაბიჯ-ნაბიჯ
გამოდიოდა თეთრი ტაძარი. ჯერ უსხეულო ფერი გამოჩნდა, რომელიც ირხეოდა და
ციმციმებდა, მერე ნელ-ნელა სახეც მიეცა და ბოლოს გაცრეცილ ბინდში მთელი ტაძარი
ჩამოიქნა და გამოიკვეთა. რაც უფრო მეტად იკრებდა ძალას ნათელი დილა, ტაძარიც
მით უფრო მეტად და მეტად თეთრდებოდა. ბოლოს, ქათქათა თოვლივით რომ
აელვარდა, მზეც ამოვიდა და ზემოდან მეწამული სხივები გადმოაყარა, ტაძრის და მზის
ფერი ერთმანეთს შეერია, ერთმანეთში გაზავდა, რაღაც უცნაურ, თვალით უნახავ და ენით
გამოუთქმელ ფერად იქცა და ამ საკვირველ ფერში გახვეული ტაძარი ისე ალივლივდა
და ისე აცახცახდა, დაბეჯითებით ვერც იტყოდით, მართლა იყო თუ არ იყო.

ზებულონი მოჯადოებული იდგა და უცხო სანახაობას თვალს ვერ აშორებდა. უყურებდა


და, რაც უფრო მეტ ხანს უყურებდა, მით უფრო ცხადად გრძნობდა, რომ ეჭვის ჭია,
რომელიც კვლავ გაიკლაკნა და აფუთფუთდა, თანდათან უახლოვდებოდა იმას, რასაც
ეძებდა. ბოლოს მიაგნო კიდეც. ზებულონი მიხვდა, რომ იოველ ბატონიშვილის სანახავად
წამოსვლა იმ უგუნური ბალღის გულადობას ჰგავდა, რომელიც, სანამ დღეა და
ქვეყნიერებას მზე დაჰნათის, მტკიცედ გადაწყვეტს, ღამით მარტოდმარტო წავიდეს
უღრან ტყეში, რადგან დღისით გონებას არ ძალუძს მკაფიოდ და ცხადლივ
წარმოიდგინოს, თუ რა ბნელი და საშიშია ღამე.

მთის ძირას, ხევში, სქელი ნისლი იწვა. ნისლი ზანტად ირხეოდა და ნელ-ნელა მიიწედა
ზემოთ.

ახლა ზებულონმა უკვე იცოდა, რომ იოველ ბატონიშვილთან მისვლას ვერ გაბედავდა,
რადგან იოველ ბატონიშვილს მასთან არა ესაქმებოდა რა. იოველ ბატონიშვილმა სხვა
ზებულონი გამოარჩია ბიძაშვილებში, სხვა ზებულონზე უთხრა უცხო კაცებს უცხოთა ენაზე,
აი ეს გახდება ოსტატი და ეს აანთებს წყაროსთვალში სწავლა-განათლების კელაპტარსო,
სხვა ზებულონი მიიწვია თავის სასწავლებელში. მაგრამ ის ზებულონი უკვე აღარ
არსებობდა, ის ზებულონი დაროაშვილებმა მოკლეს, რათა თავიანთი ზებულონი
გაეღვიძებინათ. ახლა სწორედ ეს ზებულონი, დაროაშვილების ზებულონი, იდგა აქ და
დაროაშვილების ზებულონს ჰქონდა გული სავსე მძიმე, აუტანელი ნაღველით.

ნისლს მთის შუა წელამდე მიეღწია. ზებულონი გაუნძრევლად იდგა და იცოდა და არც
იცოდა, რომ ახლა გაურკვეველი და უაზრო მოლოდინით იმასღა ელოდა, ბოლომდე
ავიდოდა და ტაძარსაც დაფარავდა თუ არა ნისლი. ზებულონის არსების რომელიღაც
ნაწილმა ეს იცოდა, მაგრამ ამ ცოდნას ჯერ გონება ვერ ეპოვა, ამიტომ იმან, რასაც
მთლიანი ზებულონი ერქვა, თან იცოდა და თან არ იცოდა, თუ რატომ იდგა, რატომ
შესცქეროდა მღვრიე ნისლს ასე გულისფანცქალით და რას ელოდა მისი უაზრო,
უკანასკნელი მოლოდინი.

ნისლი კი მაღლა და მაღლა მიიწევდა. ბოლოს მთას ასცდა, ტაძარს მიაღწია, ტაძრის
ფუძეს შემოეკრა და ხარაჩოებივით იწყო აზიდვა კედლების ირგვლივ. თანაბრად,
ერთიანი მოძრაობით მიიწევდა მაღლა, ამიტომ შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ნისლი
უძრავად იწვა და ტაძარი იძირებოდა შიგ ნელ-ნელა.

მალე ტაძარი მთლიანად ჩაიძირა. ახლა იგი ნისლში ბუნდოვანი ლანდივით ჩანდა,
დატეხილი და სახედაკარგული; ისე ჩანდა, როგორც მორევში, რომლის ზედაპირსაც
ნიავი არხევს.

მერე ნისლი შესქელდა, შედედდა და ტაძარი სულ გაქრა. უკვე აღარც მთა ჩანდა, აღარც
ტაძარი. ახლა ზებულონის წინ მიწიდან ცამდე მხოლოდ სქელი, მკვრივი, გაუმჭვირვალე
კედელი აღმართულიყო. ზებულონს თვალში ცრემლი ედგა და ხედვას უშლიდა. ამიტომ,
ვინ იცის, ნისლის ეს ვეება კედელი, რომელიც ყველაფერს ფარავდა, მის თვალში იყო და
არა გარეთ.

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მღვრიე, გაუვალ ნისლს მზერა მოწყვიტა,


მოტრიალდა, ქურანას, ერთადერთ სულიერს, რომელიც ამქვეყნად ჯერ კიდევ
შემორჩენოდა, ხელები კისერზე მოჰხვია და ორი წვეთი ცრემლი, თითქოს მიწისთვის არ
ემეტებაო, მას დააწურა. ქურანამ თავი ოდნავ შეარხია და ხმადაბლა დაიფრუტუნა.
დიდრონ, სევდიან თვალებში მასაც ცრემლი ედგა...

...ცოტა ხნის შემდეგ ზებულონი კვლავ საყვარელ ქურანაზე იჯდა და ალალბედზე


მიუყვებოდა ვიწრო გზას, რომელიც, არავინ იცის, თუ საით მიდიოდა.

სიყვარული

ვიდრე მანუჩარ ბატონიშვილს ირანის შაჰი ისპაჰანს გაიწვევდა, ზებულონი იესე


ერისთავის სასახლეში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და, თუმცა მაშინ ისეთი რამ
იხილა, რომ ერთბაშად იოველ ბატონიშვილიც მოაგონდა, დაროაშვილებიც, მშობლიური
წყაროსთვალიც და შორეულ წყვდიადში გაუჩინარებული ბავშვობაც, რომლისაგანაც
ნაღვლის მეტი აღარა შემორჩენოდა რა, ფიქრადაც კი არ გაუვლია, ბედისწერა თუ
ოდესმე კვლავ იქ მიიყვანდა.

რაც რომ იოველ ბატონიშვილის დიდი ზღაპარი თეთრ ნისლში, როგორც თეთრ
სუდარაში, გაეხვია და ზებულონი მიხვდა, წასასვლელი აღარსაით ჰქონდა, რამდენიმე
დღის უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ ერთხელ, დაღლილი და გულდარდიანი, ერთი
ტყის პირას ჩამოხდა. ქურანა ბალახზე მიუშვა, თავად კი პატარა წყაროსთან ჩამოჯდა და
მწარე ფიქრებს მიეცა. ის, რაც წყაროსთვალიდან წამოსულს მზე ეგონა, სინამდვილეში
ელვა გამოდგა, რომელმაც წამიერი თვალისმომჭრელი სინათლის შემდეგ სიბნელე
კიდევ უფრო საშიში და გაუვალი გახადა. გზა და ბილიკი აღარსად ჩანდა, ყველაფერი
მტვერსა და ნაცარს დაეფარა და მთელ ამოდენა დუნიაზე არათუ ისეთი კაცი არ
ეგულებოდა, ვისაც დარდსა და ვარამს გაუზიარებდა, უბრალო ხმის გამცემიც კი არავინ
ჰყავდა, რომ ლაპარაკი არ დავიწყნოდა და მთლად არ გატყიურებულიყო. თავიდან
ერთი დაპირება ვითომ წყაროსთვალში აბრუნება დააპირა, მაგრამ უმალვე მიხვდა, რომ
ახლა ეს ისეთივე ცრუ ოცნება იყო, როგორც თავის დროზე წყაროსთვალიდან იოველ
ბატონიშვილის საძებნელად წამოსვლა. რომ არ წამოსულიყო, ეგებ გაეძლო.
გაუჭირდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვეოდა. მარტოობასაც შეეჩვეოდა, განაპირებასაც,
მეზობლებისა და ნათესავების გულისშემძვრელ შიშსა და მოწიწებასაც და, ბოლოს და
ბოლოს, ავად იქნებოდა თუ კარგად, გაძლებდა. რაკი წამოვიდა, თვითონვე მოიჭრა გზა,
რადგან ამ წამოსვლით, როგორც ახლა ატყობდა, თურმე რაღაც ისეთი უთქვამს, რაშიაც
ყვედრებაც იყო, ქადილიც, ნიშნისმოგებაც. ამის შემდეგ რომ ასე ხელცარიელი და პირში
ჩალაგამოვლებული დაბრუნებულიყო, მთელი ეს დიდგულობა ქარისთვის უნდა
გაეტანებინა, ქადილი კვეხნად ქცეოდა და თავს უილაჯობაში გამოსტყომოდა. ამას კი,
აბა, როგორ შეძლებდა! რომც ეჯობნა მარცხის სიმწარისთვის და აბრუნებულიყო, მაინც
ხომ ეული და მიუსაფარი იქნებოდა, ნათესავთა შორის უნათესავო, მეგობართა შორის
უმეგობრო და მოყვასთა შორის უმოყვასო, ხოლო თუ მარტოობა ეწერა, ისევ აქ ერჩივნა
მარტოობა, ვიდრე საკუთარ სოფელში, საკუთარ მიწაზე, საკუთარ ეზო-გარემოში,
ვინაიდან გუმანით გრძნობდა, რომ მარტოობა მოწმეთა და გულშემატკივართა
თანდასწრებით უფრო მძიმე და გაუსაძლისი იქნებოდა. ამგვარი ფიქრები წამით არ
შორდებოდა და გამუდმებით უტრიალებდა თავში, მაგრამ ზოგჯერ იმასაც ატყობდა, რომ
ეს ფუჭი ფიქრები იყო. სინამდვილეში არავითარი არჩევანი არა ჰქონია. ჯერ კიდევ მაშინ,
როცა იოველ ბატონიშვილის მთას ვერ შეჰბედა და გულმოკლული უკან გამობრუნდა,
მიხვდა, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თვითონ არ იყო; რაღაც უცხო ძალა
განაგებდა, რაღაც უცხო ძალა მბრძანებლობდა. მერე და მერე თითქოს იცნო ეს უცხო
ძალა: დაროაშვილები იყვნენ. დაროაშვილები უსხდნენ გულ-გვამში და ისინი ატარებდნენ
თავიანთ ნებაზე. თითქოს მას კი არ დაუხოცავს დაროაშვილები, დაროაშვილებმა
თავიანთი სიცოცხლის ფასად იყიდეს იგი და ახლა მათი ყმა და მონა იყო, მათ ნებას
ასრულებდა და, რაც არ უნდა ჩაედინა, ყველაფერი მათი კარნახით უნდა ჩაედინა.

ასეთ მწარე ფიქრებში იყო ჩაფლული და არ იცოდა, რა გზას დადგომოდა, რომ უეცრად
ხმა ჩაესმა: - აგერ, უცხო მოყმე ვინმე, ზის მტირალი წყლისა პირსა!

ზებულონი შეკრთა და თავი ასწია. ოციოდე ნაბიჯის მოშორებით, იქ, სადაც ვიწრო ბილიკი
გადიოდა, მდელოზე მხედრები დაინახა. ათი-თორმეტი კაცი იქნებოდა. ორი მათგანი,
მაღალ, ჯიშიან ცხენებზე შემსხდარნი, წინ იდგნენ, დანარჩენები - უკან, რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით. წინ მდგომთ ჩაცმულობაზე ეტყობოდათ, დიდებულები უნდა ყოფილიყვნენ.
ერთი ტანადი იყო, წელწვრილი და ბეჭბრტყელი, არწივისებური ცხვირი ჰქონდა,
აზიდული წარბები და მტკიცე გამოხედვა. დაინახა თუ არა, ზებულონმა მაშინვე გაიფიქრა,
ალბათ წინამძღოლიაო. მეორე ნაკლებად ჰგავდა მეომარს, მსუქანი, მრგვალი,
ჩაკურატებული, ტიკჭორასავით იდო ცხენზე. სქელი ლოყები ჰქონდა, ჭროღა,
მოწკურული, ეშმაკური თვალები, შუბლზე ჩამოშლილი წითური თმა და თხელი, წითური
წვერ-ულვაში. ის სიტყვები, ზებულონი რომ ფიქრებიდან გამოარკვია, ეტყობა, სწორედ
მან წარმოთქვა, რადგან, ზებულონმა რომ თავი ასწია, თითი ჯერ კიდევ მისკენ ჰქონდა
მოშვერილი და რაღაც სასაცილოდ კოპებშეკრული შემოსცქეროდა.

ზებულონი ნელა წამოდგა და უცხოებს თვალი გაუსწორა. მაშინ იმან, რომელიც მისი
ვარაუდით, წინამძღოლი უნდა ყოფილიყო, ჰკითხა: - ვინა ხარ, ჭაბუკო, და აქ რას აკეთებ?

ვიდრე ზებულონი პასუხის მისაცემად პირს გააღებდა, იმ ჩამრგვალებულმა უეცრად, ისე


კი, რომ ზებულონისთვის თვალი არ მოუშორებია, უცნაურად შეცვლილი ხმითა და
სხაპასხუპით წამოისროლა: - ერთი ვინმე ოტროველა გახლავარ, შენი ჭირიმე, ცოლის
შერთვა მწადიან და სოფელ-სოფელ დავიარები, რომ ჩემი საფერი ვიპუო.

ამაზე უკან მდგომთ ხმამაღლა გაიცინეს. წამით წინამძღოლსაც წასკდა სიცილი, მაგრამ
მყისვე მოისხიპა.

ზებულონი აილეწა, სახე აუპილპილდა, გონებაზეც, ეტყობა, ჯანღი გადაეკრა, რადგან


მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ხმალი ეძრო, როდესაც წინამძღოლის ხმა შემოესმა: - ჩააგე
ხმალი! - და, ზებულონი რომ ამ მბრძანებლურ, მაგრამ ამასთანავე მშვიდ ხმას უნებურად
დამორჩილდა და ხმალი ჩააგო, დაუმატა, - ეგ ხმალი ქვეყნისა არის და არა შენი
გულფიცხობისა. როცა ქვეყანამ გიბრძანოს, მაშინ ამოსწიე ქარქაშიდან. შენ კი,
ამილახვარო ბექავ, - თავის ჩამრგვალებულ მხლებელს მიუბრუნდა მერე, - რაკი ენას
პირში ვერ აყენებ და წინ-წინ მიგირბის, იცოდე: თუ სწორედ ვერ გამოგიცვნია, სამი მაგარი
მათრახი ჩემზეა.

- შენი წყალობა ნუ მომაკლოს ღმერთმა, ჩემო ბატონიშვილო, - თავი დაუკრა იმან, -


მაგრამ, თუ სწორედ გამოვიცან?

- მაშინ ერთ მათრახს გაკმარებ.

მხლებლებმა ისევ გაიცინეს. ჩასუქებულმა კი თავი სინანულით გადაიქნია და ყვედრებით


თქვა: - გულჩვილი ბრძანდები, ჩემო ბატონიშვილო. სიმართლისათვის ერთი მათრახი აბა
რა არის! სიმართლე ფეხით უნდა თელო და თან გამუდმებით ჩასჩიჩინო, ამას იმიტომ
ვშვრები, რომ უსამართლობამ ჭკუა ისწავლოს-თქო!

- ბევრს თუ იყბედებ, ეგრეც ვიზამ, - მიუგო წინამძღოლმა და ისევ ზებულონს მიუბრუნდა, -


აბა, ჭაბუკო, მითხარ, ვინა ხარ?
- ზებულონი გახლავარ, აზნაურ ისახარის ვაჟი. თავად ვინ ბრძანდები, ბატონო?

- ეგეც ბექასა! - თქვა წინამძღოლმა. მერე ზებულონს მიუგო, - მე მანუჩარი ვარ, ქართლის
მეფის ძე.

ამის გაგონებაზე ზებულონი ცალ მუხლზე დაეცა.

- მომიტევე, ბატონიშვილო, შენი ჭირიმე, ვერ გიცანი!

- ადექ! - უბრძანა ბატონიშვილმა. მერე, ზებულონი რომ წამოდგა, ყურადღებით


დააკვირდა და დაეჭვებით ჰკითხა, - მართლა ქალს ხომ არ ეძებ?

ზებულონი ისევ აილეწა და, ცოტა არ იყოს, მკვახედ მიუგო: - არა, ბატონო!

მაშინ მანუჩარ ბატონიშვილი ბექა ამილახვარს მიუბრუნდა: - ახლა რაღას იტყვი,


შაითანო?

- რაღა მეთქმის, ჩემო ბატონიშვილო, შენი ქება-დიდების მეტი! ჯერ ტახტზე არ ასულხარ
და უკვე მეფესავით კი სჯი.

- ეგ როგორაო?

- განა მეტიღა შეიძლება მეფური სიბრძნე: ნაცადი ყმისა და გულითადი მეგობრის არა
გჯერა, ვინც მრავალგზის გაჩვენე ერთგულებაცა და სიმართლის სიყვარულიც, და ვიღაც
გადამთიელი ბალღისა გჯერა, აქამდე რომ თვალით არ გინახავს.

- ტყუილადღა იქავებ ენას, - ღიმილით უთხრა ბატონიშვილმა, - ვეღარ დაიძვრენ თავს. -


და ისევ ზებულონს მიუტრიალდა, - აქ რას აკეთებ ან საით გაგიწევია?

- თავად არ ვიცი, ბატონიშვილო, შენი ჭირიმე... ობოლი გახლავარ, უდედმამო... - აქ ცოტა


შეყოყმანდა, დაროაშვილების ამბავი ვუთხრა თუ არაო, მერე განაგრძო, - შინ გული აღარ
დამიდგა... ჩემი ჭკუით ვითომ იოველ ბატონიშვილს უნდა ვხლებოდი, მაგრამ ვერ
გავბედე და დავრჩი ეგრე...

- იოველ ბატონიშვილთან რა საქმე გქონდა?

ზებულონს სიწითლემ გადაჰკრა, შეიშმუშნა, აწრიალდა, თავი ჩაღუნა და მიწას ჩააცქერდა.


მერე, სათქმელს რომ ამბობდა, ქურდულად ახედა ქვემოდან და დაეჭვებით
მოათვალიერა ორთავე, ხომ არ გაიცინებენო.

- წიგნი მინდოდა მესწავლა, ბატონო.

ეს რომ თქვა, გული აუკანკალდა, მაგრამ არავის გასცინებია. მეტიც: უცებ დუმილი
ჩამოვარდა და ორთავენი, ბატონიშვილიცა და ამილახვარიც, ისე შემოაცქერდნენ,
თითქოს ზებულონს მათთვის რაღაც ცუდი ამბავი მოეტანოს. ბოლოს დუმილი ისევ
ბატონიშვილმა დაარღვია: - ხედავ, ბექავ, როგორ იქცევიან ჭკვიანი კაცები?! მაშ, მე და
შენ რაღა ძალა გვადგას! ავდგეთ და ჩვენც ბიძაჩემს მივებაროთ. მწიგნობრები და
ბრძენკაცები გავხდეთ. ჭირსაც წაუღია ეს საქართველო, ნეტა რას ვაკლავთ თავს!
კაცისკვლას განა სწავლა არა სჯობს?! - ეს რომ თქვა, გაჩუმდა, კარგა ხანს ჩუმად იყო და
სადღაც შორს იყურებოდა. ბოლოს ისევ ზებულონს შეხედა და უცებ შუბლი შეიჭმუხნა,
თვალებში წყრომა ჩაუდგა, ხმაც მწყრალი გაუხდა, რისხვამორეული, - იცოცხლე, წიგნის
სწავლა კაი საქმე იყოს, მაგრამ ესეც მითხარ, ცხენზე ჯდომა და ხმლის ხმარება თუ იცი?

- ან ვირზე ჯდომა და კომბლის ხმარება, - ჩაურთო ბექა ამილახვარმა.


ზებულონი მანუჩარ ბატონიშვილის ხმის კილომ შეაკრთო, მაგრამ ბექა ამილახვრის
სიტყვებმა გულზე ცეცხლი მოუკიდა და ბატონიშვილის წყრომა გადაავიწყა.

- ვიცი, ბატონო, - თამამად მიუგო, - ცხენზე ჯდომაც ვიცი და ხმლის ხმარებაც.


ბალღობიდანვე მიჩვეული ვარ. და თუ შენი ნებაც იქნება, აქვე გამომცადე. აგე, ეგ შემებას!
- ბექა ამილახვრისკენ გაიშვირა ხელი.

მხლებლებს გაეცინათ. ბექა ამილახვარს მსუქანი სახე გაებადრა და თვალები აუციმციმდა.


მანუჩარ ბატონიშვილსაც ჩაეღიმა.

- მაინცდამაინც ეგა?

- დიაღ, ბატონო! - გულმოსული კილოთი მიუგო ზებულონმა.

- ეგებ ამათგან იკმარო რომელიმე? - დაეკითხა ბატონიშვილი და თითი ზურგსუკან


გაიშვირა, - მხლებლებისაკენ, - ბექა ამილახვარი ჩემს ლაშქარში უპირველესი მეომარია.
ვაითუ ბრძოლა უთანასწორო გამოვიდეს.

ზებულონმა იფიქრა, მეხუმრებაო. აბა, იმ ტიკჭორას მეომრისა რა ეცხო!

- მაინც მაგასთან შებმა მირჩევნია, შენი ჭირიმე, - მიუგო ბოლოს.

- რა გაეწყობა, ნება შენია. მაშ, გამოსცადე, ბექავ! - მერე, ბექა ამილახვარმა რომ ნელა
დაძრა ცხენი და ზებულონიც წამსვე ქურანას მოახტა, დაუმატა, - ოღონდ გახსოვდეს:
ბრძოლა მხოლოდ ჯობნაზე. რამე რომ ავნო, იცოდე, ჩემს რისხვას ვერ გადაურჩები!

- ეგ იმას უთხარ, - მიუგო ბექამ, - აბა, მე ამოდენა ზაქს რა უნდა დავაკლო!

რას იფიქრებდა ზებულონი, იმ დღეს თუ ისეთ სირცხვილს ჭამდა, წარმოდგენითაც კი რომ


ვერასოდეს წარმოიდგენდა! ბექა ამილახვრის სიტყვებმა ცეცხლზე ცეცხლი მოუმატა,
ხმალი იშიშვლა, ქურანას ქუსლი ჰკრა და ჯიქურ მიაგდო მეტოქეზე. ბექა ამილახვარი
მოშვებული იჯდა ცხენზე, ისე ზანტად იჯდა, გეგონებოდათ, ბრძოლა კი არა, განძრევაც
ეზარებაო. მრგვალი სახე ღიმილით გაბადროდა და მშვიდად ელოდა. მასხრად ხომ არ
მიგდებსო, უამურად გაუელვა თავში ზებულონს. ამის გაფიქრება იყო და მისმა ხმალმა
შხუილით გაკვეთა ჰაერი, რადგან ბექა ამილახვარი სულ ბოლო წამს წარმოუდგენელი
სიმარჯვით ელვის უსწრაფესად გადაეკიდა ცხენიდან და მოქნეული ხმალი აიცდინა.
ქურანამ რომ მის ცხენს გვერდით ჩაუქროლა, ზებულონი ალღოს ენდო, რომელსაც მერეც
არაერთხელ უხსნია ისეთი ხიფათისაგან, რომლის გააზრების დრო არა ჰქონია, და ხმალი
ზურგსუკან ქვემოდან ზემოთ აიქნია. გაისმა ჭახანი და ზებულონი მიხვდა, რომ ალღოს არ
უმტყუნია: ბექა ამილახვარი, როგორც კი ზებულონის მოქნეული ხმალი აიცდინა, ისევ ისე
სხარტად და მარჯვედ კვლავ გაიმართა ცხენზე და შეეცადა ზურგში მიეწვდინა ხმალი
ზებულონისათვის. ზებულონმა ლაგამი მოზიდა, ქურანა ყალყზე შეაყენა, მოატრიალა და
კვლავ მოწინააღმდეგეზე მიაგდო. ამჯერად უფრო ყურადღებით იყო, მაგრამ ბექა
ამილახვარი მაინც გაუსხლტა და ახლა თავად შემოუტია. ორივე ხელით ჩაბღუჯული
ხმალი მარჯვენა მხრიდან ქვემოდან ზემოთ მოუქნია. ზებულონმა მის ხმალს თავისი
შეაგება და იმავ წამს, სანამ აზრით მიხვდებოდა, იმავე ალღოთი იგრძნო, რომ ეს მოქნევა
ფანდი იყო და მოწინააღმდეგე ახლა სხვა მხრიდან შემოუტევდა. მართლაც, ბექა
ამილახვარმა უეცრად მარჯვენა ხელი გაუშვა ხმალს და გასაოცარი სისწრაფით მარცხენა
ხელით მარცხნიდან მოუქნია, ზებულონმა ბეწვზე მოასწრო ცხენის ზურგზე გაწოლა,
მეტოქის ხმალმა ზედ თავზე გაუზუზუნა. ბრძოლა გახურდა. კიდევ რამდენჯერმე რომ
ააცდინა ზებულონმა და თავადაც აიცდინა, მიხვდა, რომ საქმე ცუდად მიუდიოდა.
მოწინააღმდეგე მუდამ იოლად უსხლტებოდა, თვითონ კი ერთთავად ბეწვზე ეკიდა.
დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა. ზებულონი დაიღალა, ქოშინი აუვარდა, თვალი უკვე
ვეღარ უჭრიდა და უფრო ალალბედზე იბრძოდა. ბექა ამილახვარი კი ძველებურად
იღიმებოდა, თვალები ისევ ისე ეშმაკურად მოეწკურა და არათუ დაღლისა არაფერი
ეტყობოდა, პირიქით, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო უმატებდა სისწრაფეს.
ზებულონი ატყობდა, რომ მეტოქის მოქნეული ხმალი წამი-წამზე მოსწვდებოდა. მალე
უილაჯობის გრძნობა შემოაწვა და ირგვლივ თითქოს ჩამობნელდა. ალბათ, იქაც ასე
ბნელოდა მაშინ და ნადირებივით გამომწყვდეული დაროაშვილები, ვინ იცის, ხსნა რომ
არსაით ჰქონდათ, სიმწრისგან გამოქვაბულის კლდოვან კედლებს ფრჩხილებით
ფხოჭნიდნენ... მარცხის სიახლოვე რა იგრძნო, ზებულონმა უკანასკნელი ღონე იხმარა:
ეგებ ქვეითად ვაჯობოო, და, როცა მოწინააღმდეგე მორიგ შეტევას მოელოდა, ცხენიდან
ისკუპა. ბექა ამილახვარს ღიმილი წამით შეაშრა სახეზე და გაკვირვება დაეფინა, მაგრამ
მყისვე გონს მოეგო და თავადაც სწრაფად ჩამოქვეითდა. ზებულონის ხერხმა არ გაჭრა.
ბექა ამილახვარი ქვეითადაც ისე მსუბუქად და მარჯვედ იბრძოდა, როგორც ცხენდაცხენ.
ბოლოს, როდესაც კიდევ ერთხელ შემოუქნია ხმალი და ააცდინა, მოქნევის ძალამ
ზებულონი წონასწორობიდან გამოიყვანა და წაიფორხილა. მართალია, დაღლილმა
ცოტა მძიმედ კი წაიფორხილა, მაგრამ არ შეშინებულა, რადგან იმედი ჰქონდა, ვიდრე
მოწინააღმდეგე მკლავს გაშლის და ხმალს შემართავს, გავსწორდები და გაცლას
მოვასწრებო. ბექა ამილახვარს კი მკლავის გაშლა არც უფიქრია. წაფორხილებულს
სწრაფად ჰკრა ბეჭი. ზებულონმა თავი ვეღარ შეიმაგრა და გულაღმა გადავარდა. სანამ
გონს მოეგებოდა, ბექა ამილახვარმა ხმალზე ფეხი დაუდგა და თავისი ხმალი ყელში
მიაბჯინა.

სირცხვილის შხამიანი გორგალი ისეთი ძალით გაიშალა, რომ ზებულონის ვეება


სხეულშიც კი ვერ დაეტია და აუტანელი ტკივილით ყოველ მხარეს მოაწვა კედლებს,
რათა ეს სხეული ნაფლეთებად ექცია, გარეთ გამოვარდნილიყო და მთელი ქვეყანა
აევსო. და ზებულონი, სიმწრითა და გაუვალი უილაჯობით გათანგული, აღარც ცოცხალი
იყო და აღარც მკვდარი. ნეტა კი მუცელშივე გასწყალებოდა დედას! ნეტა კი ნადირს
დაეგლიჯა სადმე, წყაროსთვალის უღრან ტყეებში! ნეტა კი ისახარის მაგიერ ის აეკუწათ
დაროაშვილებს!.. როგორღა წამომდგარიყო? თავი როგორ აეწია? თვალი როგორ
გაეხილა? წინასწარ რომ სცოდნოდა, ასეთ დღეში ჩავარდებოდა, მშობლიური
წყაროსთვალიდან წამოსვლას ხომ გულშიაც არ გაივლებდა!

წამით ზებულონი თითქოს ორ ზებულონად იქცა. ერთი მათგანი ქურანაზე იჯდა და


ზემოდან დასცქეროდა მეორეს - გულაღმა გაშოტილს, დამარცხებულს, შერცხვენილს. და
ორთავ ზებულონს გული ყელში მოებჯინა და თვალზე ცრემლი მოადგა.

საბოლოოდ მაინც რომელიღაც ქვენა, უკეთურ გრძნობას დამორჩილდა, რომელმაც


იცოდა, რომ სხვა გზა არ იყო, და ხმალს ხელი უშვა.

მაშინ ბექა ამილახვარმა თავისი ხმალი ქარქაშში ჩააგო, მისი აიღო და ნელი ნაბიჯით
გაემართა მანუჩარ ბატონიშვილისაკენ.

ზებულონი წამოჯდა. სხეულში ავი სიცარიელე ჩასახლებოდა და, თითქოს თვალისჩინი


ერთიანად დაშრეტიაო, ირგვლივ ნაცრისფერი ბურუსის მეტს ვერაფერს ხედავდა. არც
სიძულვილს გრძნობდა, არც სიბრაზეს. მხოლოდ სიკვდილს ნატრობდა, მაგრამ ეს
ნატვრაც რაღაც უსასოო და უნდილი იყო.

ამასობაში ბექა ამილახვარი მანუჩარ ბატონიშვილს მიუახლოვდა და ზებულონის ხმალი


ორივე ხელით გაუწოდა.

- გამოვცადე, ჩემო ბატონიშვილო, როგორც მიბრძანე, - უთხრა წყნარად და მისი ხმა


ზებულონს ისე ყრუდ და ბუნდოვნად ჩაესმოდა, თითქოს საფლავში იწვა და ჭირისუფლის
მოთქმას ისმენდა, - ჩინებული ვაჟი ყოფილა, თუ ჩემი სიტყვა სანდოა. ცოტა წრთობა
აკლია, მაგრამ ნამდვილ ბრძოლაში სულ მალე გამოიბრძმედება და მაშინ საქართველოს
მტრის მეტს სხვას არავის ვუსურვებ მაგასთან შებმას. თუ შენი ნებაც იქნება, ისა სჯობს, ეს
ხმალი უფლისწულის ხელიდან დაუბრუნდეს პატრონს. მე კი ჩემი ყიამყრალობით
ღირსეულად დავიმსახურე სამი მაგარი მათრახი და მზად გახლავარ, მორჩილად მივიღო
სასჯელი.

ბატონიშვილმა ხმალი ჩამოართვა და გაიღიმა.

- დღეს მიპატიებია, მაგრამ, - ამ სიტყვებით ამალას მიხედა, - მოწმე ხართ ყველანი, სამი
მათრახი ერგება ჩემგან, - მერე კვლავ ბექას მიუბრუნდა, - დავაგროვებ და ერთად
გაგისტუმრებ.

ბექა ამილახვარმა თავი დაუკრა.

- დააგროვე, ჩემო ბატონიშვილო. მეფეებსა და უფლისწულებს საქართველოში მეტი


მაინც არა გაქვთ რა დასაგროვებელი.

ამაზე ბატონიშვილმა ღიმილით ჩაიქნია ხელი. მერე ზებულონს გასძახა: - აბა, აქ მოდი!

ზებულონი მძიმედ წამოდგა, ფეხათრევით მიუახლოვდა და აჭარხალებული,


თავჩაქინდრული, ცოცხალ-მკვდარი შეჩერდა მის წინ.

- ვიდრე შენ წიგნს ისწავლიდე, ჭაბუკო, - წყნარად უთხრა მანუჩარ ბატონიშვილმა, -


საქართველო სტამბოლის ბაზარზე გაიყიდება და ჩვენს ეკლესიებს ეშმაკები
დაეპატრონებიან. რა თავში იხლი ასეთ სწავლას! ხვალ ვნახოთ რა იქნება, დღეს კი
ქვეყანას მეომარი უფრო უჭირს, ვიდრე სწავლული. მაშ, აიღე ეს ხმალი და, სანამ მტრის
ქედზე ბოლომდე არ გაცვდება, ქარქაშში არ ჩააგო. ან იქნებ უარსა ხარ, ჩემს მცირე
გუნდში ჩაგწერო, სადაც მხოლოდ დარჩეული მეომრები მყავს?

ზებულონი აწრიალდა. ბატონიშვილის სიტყვები სიბნელეში ნაპერწკალივით აკიაფდა,


მაგრამ ზებულონმა არ იცოდა, ნამდვილი იყო თუ არა ეს ნაპერწკალი. თავის აღებას ვერ
ბედავდა, რადგან მთელი ის სიმწარე და შერცხვენა, რაც ახლახან გადაიტანა, თვალებში
ედგა და არ უნდოდა ვინმესთვის ეჩვენებინა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოილუღლუღა: -
თუკი ღირსი ვარ, ბატონო...

- რაკი ამ ტარტაროზს საქებარი სიტყვა დასცდა, - გაიღიმა ბატონიშვილმა, - ღირსი


ყოფილხარ და ეგ არის.

მაშინ ზებულონმა აკანკალებული ხელით ჩამოართვა ხმალი (და თუმცა მთლად ისე არ
ყოფილა საქმე, რომ ქარქაშში არასოდეს ჩაეგო, იმ ხუთი წლის მანძილზე, რაც მანუჩარ
ბატონიშვილის გუნდში იყო და მის გვერდით იბრძოდა, ხანგრძლივი დროით მართლა არ
ჩაუგია).

მარცხის ნაღველი დიდხანს არ განელებია. მთელი დღე გუნებამოშხამული იყო და თავში


ათასი მწარე ფიქრი უტრიალებდა. თუ ბექა ამილახვარი მართლა საუკეთესო მეომარი
იყო, როგორც ბატონიშვილმა მანუჩარმა ბრძანა, მისგან ჯობნა სათაკილოც არ უნდა
ყოფილიყო, მაგრამ ამ ფიქრით რომ თავს ინუგეშებდა, თან ის ახსენდებოდა, ბექა
ამილახვარმა რომ მანუჩარ ბატონიშვილს უთხრა, გამოვცადეო, და ეჭვები ისევ
უმღვრევდა გონებას: ეგებ არც ებრძოდა, ეგებ ეთამაშებოდა, როგორც ბალღს
ვეთამაშებით ხოლმე, და შექებითაც ისე შეაქო, როგორც ბალღს შევაქებთ.
ამასობაში რამდენიმე სოფელი გაიარეს და შებინდებისას ერთი დამრეცი მთის კალთაზე
ტყეში შევიდნენ. მალე ხევში დაბანაკებულ ლაშქარს მიადგნენ. თუმცა მანუჩარ
ბატონიშვილს იქ დილიდანვე მიელოდნენ, მაინც ჩოჩქოლი და ჟრიამული ატყდა.
მეთვალყურეებმა, დაინახეს თუ არა ბატონიშვილი და მისი ამალა, წამსვე ბანაკში კაცი
აფრინეს. სულ მალე წინამძღოლიც გამოეგებათ და სტუმრები კარავში მიიწვია.
ბატონიშვილმა ჯერ ლაშქარს ჩამოუარა, მეომრებს გამოელაპარაკა, ზოგს ოჯახის ამბავი
გამოჰკითხა, ზოგს გაეხუმრა, ზოგი გაამხნევა. ბოლოს ბექა ამილახვართან და ამალასთან
ერთად წინამძღოლს კარავში შეჰყვა. ზებულონი არ აპირებდა შესვლას - ან კი რა
უნდოდა დიდებულთა გვერდით! - მაგრამ ბექა ამილახვარმა მხარზე ხელი მოჰხვია და
ლამის ძალით შეიყვანა. წინამძღოლმა ღვინო შემოატანინა და მცირე, სახელდახელო
სუფრა გააშლევინა.

- აბა, ბაადურ ჩემო, რას მეტყვი? - ჰკითხა მანუჩარ ბატონიშვილმა წინამძღოლს.

- მშვიდობას, ჩემო ბატონიშვილო. ყველაფერი მზად გახლავს, მტერსღა ველით.

- ღმერთი მოწყალეა, - ჩაურთო ბექა ამილახვარმა, - მტერს არ მოგვაკლებს.

- რამდენი კაცი მოგროვდა? - კიდევ იკითხა მანუჩარ ბატონიშვილმა.

- ორასი, ჩემო ბატონიშვილო.

მანუჩარ ბატონიშვილმა ჩაიცინა.

- აურაცხელი ლაშქარი გვყოლია.

- დილით ხომ შენი გუნდიც მოგვივა!

- ასი კაცი.

- შენი ასი კაცი, ჩემო ბატონიშვილო, თითო ათსა სჯობს. აქაც ისეთი ბიჭები მყვანან,
პირიდან სულ ცეცხლსა ყრიან!

- ერთი ცეცხლისმყრელი ზაქი ჩვენც მოვიყვანეთ, - თქვა ბექა ამილახვარმა და ხელი


ზებულონისკენ გამოიშვირა, - ემანდ უსაქმოდ არ დაგვრჩეს, თორემ გაგვიზულუქდება.

ზებულონს არა სწყენია. რაც ბანაკში მოვიდა და ამდენი მეომარი ერთად თავმოყრილი
დაინახა, ბრძოლის სიახლოვე იგრძნო თუ რა იყო, გული სხვაგვარად აუღელდა და
ფიქრებიც სხვა მხარეს გაექცა. ისეთ მხარეს გაექცა, სადაც ბექა ამილახვრის
მწარესიტყვაობა ეგრერიგად ვეღარ სწვდებოდა.

ბაადურმა ბექა ამილახვრის ნათქვამზე გაიღიმა, ზებულონს შეხედა და თქვა: - მხვნელი


იყოს, სახნავს რა გამოლევს!

- სანოვაგე საკმარისად გაქვთ? - იკითხა მანუჩარ ბატონიშვილმა.

- საკმარისად, ჩემო ბატონიშვილო, - მიუგო ბაადურმა და დაუმატა, - მსტოვარს თავად


დაელაპარაკები?

- შევხედავ მაინც, რა კაცია.

ბაადურმა კარვის კალთა გადასწია, თავი გაჰყო და რაღაც გასძახა. ცოტა ხნის შემდეგ
კარავში ერთი შუა ხანს მიტანებული თათარი შემოვიდა, შემოსვლისთანავე შედგა,
ერთმანეთზე მიტყუპებული ხელები გულზე მიიდო, დამხდურთ თავი მდაბლად დაუკრა,
მერე ისევ გაიმართა და მომლოდინე სახით გაჩერდა.
მანუჩარ ბატონიშვილი ყურადღებით დააცქერდა თათარს, მერე ბაადურს მიუბრუნდა.

- ღვინო მიართვი.

- არ გიახლები, - სუფთა ქართულით თქვა თათარმა.

- რა დროს გვეწვევა ფათალი-ბეი?

- დილაადრიან დაიძვრება. შუადღის ხანს უკვე აქ იქნება.

თათარი მშვიდად ლაპარაკობდა, მკაფიოდ, და ლაპარაკის დროს მანუჩარ ბატონიშვილს


თვალებში უყურებდა.

- მეომარი რამდენი ჰყავს?

- ათას კაცამდე.

მანუჩარ ბატონიშვილს სახეზე წამით შეშფოთებამ და გაკვირვებამ გადაურბინა. მერე


კითხვის თვალი ბექა ამილახვარს მიაპყრო. ბექა ამილახვარმა წყნარად დაუქნია თავი და
თქვა: - იქირავებდა. ორი კვირის წინ ახალციხიდან ბლომად ოქრო მიუვიდა.

თათარმა ბექა ამილახვარს შეხედა და ახლა მის თვალებში გაკრთა წამიერი გაკვირვება.
თქმით არაფერი უთქვამს.

მცირე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მანუჩარ ბატონიშვილი თათარს შესცქეროდა.

- ტყუილი ხომ არ იცი, თათარო?

- ტყუილი რომ არ ვიცოდე, სიმართლე როგორღა გავიგო, ბატონო! - ცალყბად გაიღიმა


თათარმა.

- ეს კაცი იოველ ბატონიშვილზე უფრო ბრძენი ჩანს, - ჩურჩულით უთხრა ბექა


ამილახვარმა ზებულონს, - ეგებ ამას მიბარებოდი შეგირდად. კაი-კაი ბაიათებსაც
გასწავლიდა.

მანუჩარ ბატონიშვილი თვალს არ აშორებდა თათარს.

- იქნებ ჩვენც გვატყუებ?

- არა, ბატონო.

- რა საბუთი გაქვს?

- არაფერი.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა: - კარგი, გასწი. ჯილდოს
ხვალ საღამოს მიიღებ, ბრძოლის შემდეგ.

თათარმა მიტყუპებული ხელები გულზე მიიდო, თავი დაუკრა და გავიდა.

მანუჩარ ბატონიშვილი ბაადურს მიუბრუნდა: - სანდოა ეგ თათარი?

- ნახევრად, - ყოყმანით მიუგო ბაადურმა.

- წელსზევით თუ წელსქვევით? - იკითხა ბექა ამილახვარმა.

ბაადურმა გაიღიმა.
- რასაც გვეუბნება, იმაში სანდოა, მაგრამ, მგონი, ჩვენგანაც უნდა მიჰქონდეს ამბავი.

- მაშ, ნახევრად კი არა, ორმაგად სანდო ყოფილა, - თქვა ბექა ამილახვარმა, - აქაც და
იქაც.

- რაკი ეგრეა, ჯერ არ გაუშვათ, - უთხრა ბატონიშვილმა ბაადურს.

- სად წავა! - მშვიდად მიუგო ბაადურმა.

- ძალიან კარგი, - მანუჩარ ბატონიშვილმა ჯამი ასწია, - მაშ, ღმერთი შეგვეწიოს!

იმ თათრის სახე ზებულონმა კარგა ხანს ვერ მოიშორა. აქამდე მოღალატე არასოდეს
ენეხა, მხოლოდ სხვათა ნაამბობით იცოდა, სხვათა ნაამბობს კი, როგორც ახლა მიხვდა,
როცა მოღალატე საკუთარი თვალით იხილა, თურმე თავისი ბალღური, გულუბრყვილო
წარმოდგენით იმგვარად ავსებდა, რომ ეგონა, მოღალატე უცხო რამ ჯიშის კაცია, რაღაც
ისეთი ნიშანი აქვს, ისეთი დამღა, დაინახავ თუ არა, მაშინვე იცნობ. იმ თათარს კი
არავითარი დამღა არა ჰქონია, რამდენიც არ უნდა გეცქირა, სხვათაგან, ვინც მოღალატე
არ არის, ვერაფრით ვერ გამოარჩევდი. ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივი
ადამიანივით იქცეოდა. ამან ზებულონი გააკვირვა. მართალია, მაშინვე მიხვდა, რომ
საკვირველი აქ არა იყო რა, უბრალოდ, ბალღობისდროინდელი უგუნური წარმოდგენა
ძალზე ღრმად გასჯდომოდა ძვალსა და რბილში და ასე ერთი დაკვრით მისგან თავის
დაღწევა ჭირდა, მაგრამ იმ დღეს კი ვერც თათრის სახე მოიშორა და ვერც თავისი
გაკვირვება (მერე და მერე, როცა ცხოვრების გზაზე უამრავ მოღალატეს, ქართველსა თუ
არაქართველს, გადაეყარა, საბაოლოოდ დარწმუნდა, რომ მოღალატე მხოლოდ იმით
განსხვავდება სხვათაგან, რომ მოღალატეა, სხვა მხრივ კი ისიც ჩვეულებრივი ადამიანია,
და თუმცა, პირველად რომ დაინახავდა მოღალატეს, ის შორეული წარმოდგენა წამით
შეაკრთობდა და შეატოკებდა ხოლმე, გაკვირვებით უკვე აღარ უკვირდა. აი, სიცილს კი
ვერ შეეგუა. მეორე საღამოს, ბრძოლის შემდეგ, ის თათარი, როდესაც მანუჩარ
ბატონიშვილმა იხმო და დაპირებული ჯილდო უბოძა, გამხიარულდა და ბექა ამილახვრის
რაღაც ხუმრობაზე გულიანადაც გაიცინა. ზებულონს ტანში გასცრა და მას აქეთ ის სიცილი
არც არასოდეს დავიწყნია. ღალატზე მერეც ხშირად უფიქრია. კარგად რომ
გარკვეულიყო, ცდილობდა ხოლმე საკუთარი თავი წარმოედგინა მოღალატედ და
წარმოუდგენია კიდეც, მაგრამ მოცინარ მოღალატედ ვერც ერთხელ ვერ წარმოიდგინა.
თითქოს სიცილი ისეთი რამ ყოფილიყოს, რაც ღალატისთანავე უნდა ჩამოგერთვას და
სამუდამოდ აგეკრძალოს).

დასაძინებლად რომ დაწვა, ხვალინდელ ბრძოლაზე დაიწყო ფიქრი და მოღალატე


თათარი გონებიდან ამოუვარდა. წყაროსთვალში არაერთხელ სმენია, თუ როგორ
დაუმარცხებიათ ქართველებს რიცხვმრავალი მტერი, და ეს ამბავი ისე ჰქონდა
წარმოდგენილი, რომ რამდენი მოწინააღმდეგეც თითო ქართველზე მოდის, ყოველმა
ქართველმა იმდენი მოწინააღმდეგე უნდა გამოასალმოს სიცოცხლეს. ცდილობდა კიდეც
წარმოედგინა ის თათრები, რომლებიც მისი მსხვერპლი უნდა შექნილიყვნენ. იმის
წარმოდგენასაც ცდილობდა, თუ როგორ და რა ვითარებაში უნდა მომხდარიყო ეს.

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. წინამძღოლებმა საქმე ისე მოაწყეს,


რომ თათრებმა თვითონვე გაჟლიტეს ერთმანეთი.

მანუჩარ ბატონიშვილი ვარაუდობდა, რომ ფათალი-ბეი ლაშქარს ხევდახევ წამოიყვანდა,


რათა მთა მალულად გადმოევლო, თავი ვადაზე ადრე არ გაემჟღავნებინა და
უგრძნობლად დასცემოდა სოფლებს. ამიტომ, თუმცა თითო-ოროლა კაცი სხვა
გადმოსასვლელებთანაც ედგა, უმთავრესად მეთვალყურენი სწორედ ამ გზას
დარაჯობდნენ, თანაც იმგვარად იყვნენ განაწილებული, რომ თათრების გამოჩენა
ერთმანეთისთვის ენიშნებინათ და ამბავი სწრაფად მისულიყო ბატონიშვილამდე.

ბანაკს ზემოთ ხევი ერთი პატარა მონაკვეთზე ძალიან ვიწროვდებოდა და ორსავ მხარეს
მაღალი ბუჩქნარი ერტყა. მანუჩარ ბატონიშვილმა სწორედ ეს ადგილი აირჩია, ჯარი სამ
ნაწილად გაყო, ერთი ნაწილი ხევის ერთ მხარეს ჩაასაფრა, მეორე - მეორე მხარეს,
მთავარი ნაწილი კი - ას ორმოცდაათი კაცი - ბოლოში, სადაც ვიწრობი თავდებოდა და
ხევი ისევ იშლებოდა. გარდა ამისა მეომრებს ვეებერთელა ლოდები მოატანინა და
გაღმა-გამოღმა, ხევის ორსავ ნაპირას, დასაგორებლად გაამზადებინა.

მალე მეთვალყურეებისგან ამბავიც მოვიდა: ფათალი-ბეის ლაშქარი ხევდახევ მოდიოდა.


მანუჩარ ბატონიშვილმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა ჯარი და დარწმუნდა, რომ
ბრძოლისთვის ყველაფერი მზად იყო.

მსტოვარი მართალი გამოდგა: ფათალი-ბეის ლაშქარი შუადღის ხანს გამოჩნდა. წინ


მცირე გუნდი მოდიოდა - ასე, ათიოდ კაცი - მთავარი ლაშქარი მოშორებით მოჰყვებოდა.
ქართველებმა მეწინავე გუნდი მშვიდობიანად გაატარეს, ხოლო როცა ლაშქარი
მთლიანად შემოვიდა ხევის ვიწრობში, მანუჩარ ბატონიშვილმა თოფი დააქუხა. ეს ნიშანი
იყო. ხევის ორსავ ნაპირზე ლოდებს საყრდენები გამოაცალეს და გრიალ-გრიალით
დააგორეს. გაისმა ყვირილი და თათრების ლაშქარი წამით შედგა. ქართველებმა გონს
მოსვლა არ აცალეს, მყისვე საშინელი ყიჟინით თვითონაც ხევში ჩაცვივდნენ და მტერს
უკნიდან ეკვეთნენ. თათრები დაიბნენ, აირდაირივნენ, უკანანი შედრკნენ და წინ
მიმავალთ მიაწვნენ. ფათალი-ბეი მიხვდა, რომ ხაფანგში გაება, თავიანთ ენაზე რაღაც
შესძახა და ჯარმა ნაბიჯს აუჩქარა, რათა ვიწრობიდან გასვლა მოესწრო და გაშლილიყო.
ის იყო, მიაღწიეს კიდეც გასასვლელს, რომ იქ საფრიდან მთავარი რაზმი წამოუვარდა
ბექა ამილახვრის წინამძღოლობით. ახლა წინანი დაფრთხნენ და გაუაზრებლად
მიატრიალეს ცხენები. უკანანი წინებს აწვებოდნენ, წინანი უკანებს, თელავდნენ და
ჯგლეთდნენ ერთმანეთს. ნამდვილი ცოდვის ტირილი იდგა. ქართველებმა ისარგებლეს
მტრის დაბნეულობით და კაფეს და კაფეს. ბოლოს, როგორც იქნა, თათრები გონს მოეგენ
და ვიწრობის ორსავ მხარეს სასტიკი ბრძოლა გამართეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.
ქართველებმა მტრის მთელი ლაშქარი გაწყვიტეს, მხოლოდ თავად ფათალი-ბეიმ შეძლო
ხუთიოდ მხლებელთან ერთად ბრძოლით გაეკაფა გზა და ტყე-ტყე მთებში გაქცეულიყო.
ბაადურს უნდოდა დასდევნებოდა და ისინიც გაეჟლიტა, მაგრამ მანუჩარ ბატონიშვილმა
არა ქნა, გაქცეულები იმად არ ღირან, მათ დევნას თუნდაც ერთი კაცი შეეწიროსო.

ვიდრე ბრძოლა დაიწყებოდა, ზებულონი განსაკუთრებულს არაფერს გრძნობდა. ეს იყო


მხოლოდ, რომ მოლოდინის გამო ცოტ-ცოტას ღელავდა. ლოდები რომ დააგორეს და
ხევიდან თათრების ყვირილი მოისმა, გულმა ერთბაშად ბაგაბუგი დაუწყო, სახე და ტანი
წამოუხურდა და მთელ სხეულში უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნო. არც კი გაუგია, როგორ
გადაეშვა ქარაფიდან. ერთადერთი, რაც დაამახსოვრდა, იყო შიში იმისა, რომ სხვებს არ
დაესწროთ და მის წილად დასახოცი თათრები არ დაეხოცათ. მერე, როცა უკვე
ბრძოლაში ჩაება, აზრი გაქრა და მის ადგილას უცხო აღტკინება გაჩნდა. ირგვლივ რაღაც
უხილავი, მაგრამ მკვრივი ბურუსი შემოეჯარა. ბურუსი ხმლის მიწვდენის მანძილზე
ყოველი მხრივ კედელივით ჰქონდა შემოკრული. ამ კედლის იქით ვერაფერს ხედავდა,
შიგნით კი მტრის ცხენებს ხედავდა, მტრის თავებს, მტრის ტანებს, და ღონივრად, მარდად
და დაუნდობლად იქნევდა ხმალს. ცხენები, თავები, ტანები ძირს ცვიოდნენ და
ზებულონიც გვამებით ჩახერგილ ხევში წინ მიიწევდა, რათა ბურუსის სქელი კედლის
შიგნით ახალ-ახალი თავები და ტანები მოეხელთებინა. მერე იგონებდა, მაგრამ ვერ
მოეგონებინა, პირველად როგორ დაჰკრა მტერს ხმალი. თავგაჩეხილი თათარი რომ
ძირს დაეცემოდა, ის მყისვე ქრებოდა გონებიდან, რადგან გონება ახალ მსხვერპლს
ეძებდა და მოკლულისთვის აღარ ეცალა. ზებულონი მხოლოდ იბრძოდა, მხოლოდ
ხმალს იქნევდა, თავადაც ერთიანად ხმლად და ბრძოლად იყო ქცეული და იმ დროს არ
იცოდა, რომ თათარი, რომელსაც გამეტებით უქნევდა ხმალს, ადამიანი იყო, სულიერი,
სიცოცხლე უნდოდა და, ხმალი რომ ხვდებოდა, სტკიოდა. მხოლოდ ბოლოს, როდესაც
ბრძოლა დამთავრდა, უეცრად უმისამართო ზიზღი იგრძნო და, ხმალს რომ წმენდდა და
უცაბედად სისხლი ხელზე მოეცხო, კინაღამ გული აერია.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ზებულონმაც მრავლის უმრავლესი ბრძოლა


გადაიხადა. პირველ ხანებში იოველ ბატონიშვილის თეთრი ტაძარი დროდადრო ძველ
ჭრილობასავით გაუხსენებდა ხოლმე და მწვავე ტკივილად თავით ფეხამდე დაუვლიდა,
მაგრამ მერე და მერე იმ მიუვალი ტაძრის მოგონება თანდათან გაფერმკრთალდა და
გაქრა. ზებულონი მიხვდა, რომ მეომრად ყოფილა გაჩენილი, და თუმცა იოველ
ბატონიშვილის ნაჩუქარ წმინდა სახარებას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, განუყრელად თან
ატარებდა, ეს ახლა მხოლოდ სახსოვარი იყო და დაკარგული სიყმაწვილის ნაღვლიანი
მოგონება, თორემ უკვე რა ხანია მანუჩარ ბატონიშვილის ნათქვამი დაიჯერა და თავისი
გამოცდილებითაც დარწმუნდა, რომ ქვეყანა იმ დროს ისეთი სენით იყო შეპყრობილი,
რომლის წამალი მეომარმა იცოდა და არა სწავლულმა. როგორც აღებულ ყანას შეესევა
ჭილყვავი, რათა აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მარცვალი აკენკოს, ასე ესეოდნენ
ლეკები დიდი ომების შემდეგ დაძაბუნებულსა და გაჩანაგებულ ქვეყანას. თურქების
ოქროთი და წაქეზებით შეგულიანებულები ხან წვრილ-წვრილ გუნდებად მოდიოდნენ და
ახლომახლო სოფლებს ძარცვავდნენ, ხანაც ერთიან ლაშქრად შეიკრიბებოდნენ და
მთელ კუთხეს გადაქელავდნენ. საქონელს გაირეკავდნენ, ალაფს წაიღებდნენ, ტყვეებს
წაასხამდნენ და თავიანთ გზაზე ცეცხლსა და სიკვდილს ტოვებდნენ. ქვეყანა სისხლისგან
იცლებოდა. ქვეყანა ცარიელდებოდა. ყმაწვილი ქალები და ვაჟები გუნდ-გუნდად
იყიდებოდა მონებად. სტამბოლისა და ახალციხის ბაზარზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე
ქართული მოთქმა და გოდება ისმოდა. ამ უკადრის საქმეში მრავალ ქართველსაც
ჰქონდა ხელი გასვრილი. თავდაპირველად ზებულონს ეს არ სჯეროდა და მხოლოდ მას
შემდეგ დაიჯერა, რაც თავისი თვალით იხილა საკუთარი ყმებით მოვაჭრე დიდებულები.

მაგრამ უფალმა ღმერთმა არ გასწირა ერთგული სამწყსო და მძიმე განსაცდელის ჟამს


ქვეყანას გმირები მოუვლინა.

მანუჩარ ბატონიშვილს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი მხოლოდ


მაშინ შეიძლებოდა, როცა წვრილ-წვრილ მტერს მოაშორებდა, რომელიც ქურდულად
უკორტნიდა გულ-ღვიძლს და ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად სწოვდა სისხლს, ამიტომ
იმთავითვე მტკიცედ ამოიჭრა გულში, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ლეკთა თარეში
აელაგმა, და წამოიზარდა თუ არა, მამის თანხმობით და ლოცვა-კურთხევით შეუდგა
კიდეც საქმეს. თავად ყოველმხრივ შემკული იყო: მეომარი - საუკეთესო, მამულიშვილი -
თავდადებული, ჭაბუკი - ზრდილი და ზნეკეთილი, მეგობარი - ერთგული და გულითადი,
მსაჯული - მართალი და პირუთვნელი, პატრონი - მოწყალე და ლმობიერი, და მალე
მართლაც მრავალი მომხრე და თანამზრახველი შეიძინა. მართალია, ვისაც ავისა და
კარგის გარჩევა მოეთხოვებოდა და ქვეყნისთვის ზრუნვა ევალებოდა, იმათგან
უმრავლესობა ჯერ კიდევ განზე იდგა, ზოგი იმიტომ, რომ, როგორც შიშიანობის დროს
სჩვევია კაცს, ეგონა, მარტო უკეთ დაიმალებოდა და უფრო იოლად გადაირჩენდა თავს,
ზოგიც იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა, სხვის ბრძოლაში რამე სარგებელს ნახავდა, მაგრამ
მანუჩარ ბატონიშვილს ეს არ აშინებდა. ჯერ ერთი, იცოდა, რომ, თუ ღვთის წყალობით
გამარჯვების სასწორი მის მხარეს დაიწყებდა გადახრას, ადრე თუ გვიან ის შორიდან
მაყურებლებიც მიუვიდოდნენ და გვერდით დაუდგებოდნენ, და მეორეც, ვინც მომხრეებად
ეგულებოდა, სწორედ ისინი იყვნენ ქართლის საუკეთესო ვაჟკაცები. ბექა ამილახვარი,
მანუჩარ ბატონიშვილთან თანშეზრდილი და განუყრელი მეგობარი, გარდა იმისა, რომ
ბრძოლაში ბადალი არა ჰყავდა, ბასრი და გამჭრიახი გონების პატრონიც იყო, ეშმაკი,
ცბიერი, მოხერხებული; რას ფიქრობდა, ვერ შეატყობდი, და, რას ფიქრობდი, ვერ
გამოაპარებდი. იმდენი ლეკ-თათარი მოისყიდა, ზოგი დაშინებით, ზოგი ტკბილი სიტყვით,
ზოგი საჩუქრებით, და მსტოვართა ისეთი ქსელი გააბა, რომ მტრის დაცემას ქართველები
თითქმის ყოველთვის წინასწარ იგებდნენ და მომზადებულები მცირერიცხოვანი ჯარითაც
იოლად უმკლავდებოდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს ლეკებმა შაითანი. ბაადურ
ორბელიანმა ეშმაკობისა არა იცოდა რა, სამაგიეროდ სასტიკი იყო, ულმობელი, ტყვეებს
დაუნდობლად ხოცავდა და, თუ ვინმეს ამის გამო საყვედური დასცდებოდა, თვალებიდან
რისხვის ნაპერწკლებს დააფრქვევდა ხოლმე, მაშ, ისა სჯობს, დედაკაცებივით
ვიგულჩვილოთ და ხვალ ხელახლა შევაწყვიტოთ ხალხი მაგათთან ბრძოლასო?!
მარბიელთა რბევაც პირველად სწორედ ბაადურ ორბელიანმა მოიგონა. რომელი
კუთხიდანაც ლეკების ლაშქარი წამოვიდოდა, დროს იხელთებდა თუ არა, იმ კუთხეს
თავად დაეცემოდა, მოაოხრებდა და წამოსვლის წინ სიტყვას დაიბარებდა, დღეს ეს
იკმარეთ, სხვა დროს კი, თუ კიდევ გაგიბედიათ ქართლის მიწაზე ფეხის დადგმა,
დედაბუდიანად ამოგჟლეტთ სუყველას, ძუძუთა ბავშვებსაც არ დავინდობ, თქვენს
სამკვიდრებელს კი ნაცარტუტად ვაქცევ, რომ ამ არემარეზე ადამის ძემ ვერასოდეს
გაიჭაჭანოსო. ერთი-ორჯერ მცირე რაზმით ზედ საზღვართან აუქცია გვერდი მარბიელ
ლაშქარს და, როცა ეს უკანასკნელი, ქართლის სოფლების ასაოხრებლად წამოსული და
მანუჩარ ბატონიშვილის მიერ დევნილი, უკან დაბრუნდა, საკუთარი სოფლები დახვდა
აოხრებული და გაჩანაგებული. ბაადურ ორბელიანის სისასტიკემ ზებულონი თავიდან
შეაძრწუნა, მაგრამ მერე, რა დაინახა, ამ სისასტიკის მეოხებით ლეკები დიდად დაშინდნენ
და ბევრმა მათგანმა სამუდამოდაც აიღო ხელი ძარცვა-გლეჯაზე, მიხვდა, რომ ესეც
ბრძოლის ხერხი იყო და, როცა ქვეყნის ბედი დევს სასწორზე, ასეთი ხერხიც გამოსადეგია,
მით უფრო, რომ, როგორც ზებულონი სულ მალე დარწმუნდა, ბაადურ ორბელიანი
ბუნებით მშვიდი და თვინიერი კაცი იყო, ბრძოლაში რომ არ გენახათ, ვერც კი
წარმოიდგენდით, თუ ასერიგად შეეძლო გაალმასებულიყო და გული გაესასტიკებინა.
პაპუნა ბარათაშვილი შინაურებს დაერია. ლეკებს თქვენ მიხედეთო, მანუჩარ
ბატონიშვილს უთხრა, მე ქართველებზე ვარ დაგეშილი და ქართველები დამანებეთ,
ჩვენივ უწმინდურობისგან უნდა გავწმინდო ქვეყანაო. და მართლაც, მას შემდეგ, რაც
საკუთარი ყმებით მოვაჭრე რამდენიმე თავადი სამეფო სამსჯავროს წინაშე წარსდგა,
ტყვეთა გაყიდვამ მკვეთრად იკლო. სხვაც ბევრი ჰყავდა მომხრე და თანამდგომი მანუჩარ
ბატონიშვილს, ხოლო ყოველი მოგებული ბრძოლის შემდეგ კიდევ უფრო
უმრავლდებოდა ერთგული ხალხი, რადგან თანდათან ყველამ გაახილა თვალი და
დაინახა, რომ მხოლოდ ერთმანეთის იმედითა და დახმარებით შეიძლებოდა მტრის
მოგერიება და ავაზაკების ალაგმვა. მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ ქვეყნის თითქმის
ყოველ კუთხეში პირველივე დაძახებაზე გამოდიოდა ორასი-სამასი, ზოგჯერ ხუთასი კაცი,
ხოლო რაკი ბექა ამილახვრის მრავალრიცხოვან მსტოვართა წყალობით ისიც იცოდნენ,
თუ სად და როდის იყო მოსალოდნელი ლეკების გადმოსვლა, მტერი თანდათან დაშინდა
და ქვეყანამაც სული მოითქვა. თავად მანუჩარ ბატონიშვილს ასიოდ მეომარი მუდმივად
ახლდა, მხოლოდ ძალზე იშვიათად და ისიც რამდენიმე დღით თუ დაითხოვდა ხოლმე. ეს
იყო საგანგებოდ გაწვრთნილი გუნდი, თავდადებული, ბრძოლებში გამობრძმედილი,
საუკეთესო მეომრები. ამ პატარა გუნდით ქვეყნის ხან ერთ კუთხეში გამოჩნდებოდა, ხან
მეორეში და, სადაც გამოჩნდებოდა, მტერს სულ შიშის ზარს სცემდა. სწორედ ამ გუნდში
ჩაირიცხა ზებულონი და მალე დიდი მეომრის სახელიც დაუვარდა. ამბობდნენ, ბრძოლის
წინ რომ ერთს ღრმად ჩაისუნთქავდა, ვეება მკერდს გამოზნექდა, ხმალს იშიშვლებდა,
თვალებს დააბრიალებდა და მტრის შუაგულში გავეშებული ნადირივით გადავარდებოდა,
ისეთი ზარი და ზაფრა შეჰქონდა, იფიქრებდით, თავად სიკვდილს აუსხამს იარაღი და
ბრძოლის ველზე გამოსულაო. თვალებიდან თურმე ელვასა და მეხს აფრქვევდა. ამ
დროს თანამებრძოლებიც კი არიდებდნენ მზერას, რადგან მისი შემოხედვა არანაკლებ
მომაკვდინებელი ყოფილა, ვიდრე მისი ხმალი და შუბი. თავად ზებულონმა არ იცოდა, თუ
როგორი მეომარი იყო. სანამ იბრძოდა, ერთიანად თავდავიწყებად იყო ქცეული და
ბრძოლის გარდა სხვა არაფერი ახსოვდა, ბძროლას რომ მორჩებოდა, რაც აქამდე არ
ახსოვდა, ყველაფერი ერთბაშად აღდგებოდა და უკვე ბრძოლა ქრებოდა
მეხსიერებიდან. სისხლიანი ხმლის დანახვაზე ტანში ბურძგლავდა და უკვირდა.
განსაკუთრებით პირველ ხანებში. უკვირდა და ვერ წარმოედგინა, რომ ყველაფერი ეს
სინამდვილე იყო. ახლა რომ კაცის მოკვლა გებრძანებინათ, რა მოსისხლე მტერიც არ
უნდა ყოფილიყო ეს კაცი, თუნდ თოფით დასდგომოდით თავს, ვერ მოკლავდა, თითქოს
წუთის წინ მის მაგივრად ვიღაც სხვა იბრძოდა, ან არადა, ბრძოლის დროს კაცისკვლა
ღვთის მოსაწონი საქციელი იყოს.

რამდენიმე კვირის ჩარიცხული იყო მანუჩარ ბატონიშვილის გუნდში, როცა ერთ


სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქურანა მოუკლეს. როგორ ცდილობდა მაშინ, ტირილი
შეეკავებინა და მაინც როგორ ტიროდა! საღამო ხანი იყო. ქურანა, უძრავი,
ფეხებგაჩაჩხული, მაგრამ ჯერ კიდევ თბილი, მწვანე ბალახში იწვა. ზებულონი გვერდით
დაჩოქილიყო, ხელებს მკერდსა და კისერზე უსვამდა და ჩუმად ზლუქუნებდა, რომ არავის
გაეგო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს შიგ გულში რომელიღაც მთავარი ძარღვი
ზრიალით ჩაწყდა და ყველაფერი ჩაიტანა. მხოლოდ ორი დღის შემდეგ, როცა მანუჩარ
ბატონიშვილმა სანაცვლოდ თავისი რემიდან ყველაზე დიდი და ღონიერი ულაყი უბოძა,
მიხვდა, რომ თურმე ქურანა შორეული და აწ უკვე სამარადჟამოდ დაკარგული ყრმობის
ერთი უკანასკნელი სარკმელი ყოფილა, და კიდევ უფრო შეეკუმშა გული.

მაგრამ დრო გადიოდა და ზებულონიც თანდათან ეგუებოდა თავის ახალ ცხოვრებას.

რაც უფრო მეტს იბრძოდა, მით უფრო ეხალისებოდა ბრძოლა, მით უფრო
უშინაურდებოდა და უახლოვდებოდა თანამებრძოლებს და ნელ-ნელა არა მარტო იმაში
დარწმუნდა, რომ მეომრად ყოფილა გაჩენილი, არამედ იმაშიც, რომ მოლაშქრის
ცხოვრება ერთადერთი ნამდვილი ცხოვრება იყო და მხოლოდ მას შეეძლო მწარე
მოგონებები, რომლებიც განუშორებლივ გულში ჰქონდა, როგორც დაღი, როგორც
შხამიანი ისარი, დავიწყების ბურუსში ჩაეძირა. როდესაც მანუჩარ ბატონიშვილმა ხმალი
დაუბრუნა და თავის ლაშქარში ჩარიცხა, ზებულონს იმედი ჰქონდა, რომ სადმე,
რომელიმე ბრძოლაში საწადელ სიკვდილს გადაეყრებოდა და ყოველივე -
დაროაშვილების მოუშორებელი აჩრდილებიც, აკეპილი ისახარიც, დედის გალურჯებული
და შეშუპებული სახეც, იოველ ბატონიშვილის მიუვალი ტაძარიც, ყველაფერი, რაც კი მისი
ცხოვრების მდინარეს ყვითლად ამღვრევდა და სამსალად და საწამლავად აქცევდა,
ერთი დაკვრით გაქრებოდა და გათავდებოდა. მაგრამ მალე მოდუნებული ძარღვები ისევ
გამოცოცხლდა, გულის სიცარიელეში მხნეობისა და სიხალისის სხივი შემოიჭრა და,
ბოლოს და ბოლოს, სიკვდილის ავბედითი ნატვრა სიცოცხლის სიყვარულმა შეცვალა.
სიცოცხლის სიყვარულს ბრძოლა ბადებდა. ბრძოლა ცხოვრება გახდა, ჩვეულებრივი,
ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო ის, რაც აქამდე ყოველდღიური ცხოვრება ეგონა, ახლა
მცირე სულისმოთქმად იქცა, მცირე ჩამუხლებად, რომელიც იმით იყო კარგი, რომ გულს
ახალი ბრძოლის მოლოდინით უჩქროლებდა.

სანამ მანუჩარ ბატონიშვილს ლაშქარი შეყრილი ჰყავდა, ზებულონი


თანამოლაშქრეებთან ერთად ცხოვრობდა, როცა ბატონიშვილი ლაშქარს დროებით
დაითხოვდა, რათა მეომრებს დაესვენათ და ჭრილობები მოეშუშებინათ, ზებულონს,
რომელსაც წასასვლელი არსაით ჰქონდა, თავის მცირე ამალაში ტოვებდა; თუ იმ მცირე
ამალასაც დაითხოვდა და სასახლეში წავიდოდა, ზებულონს ბექა ამილახვარი იახლებდა
ხოლმე.

იოველ ბატონიშვილი, თუმცა მისი ნაჩუქარი წმინდა სახარება, როგორც ითქვა, მუდამ თან
ჰქონდა, სულ გადაავიწყდა და მხოლოდ მაშინ, მანუჩარ ბატონიშვილთან და ბექა
ამილახვართან ერთად რომ პირველად ეწვია იესე ერისთავს და იქ უეცარი და
მოულოდნელი სურათი იხილა, კვლავ მოაგონდა.

ერთხელ, როდესაც ლაშქარი ათიოდე დღით დათხოვნილი ჰყავდა, რადგან მსტოვრები


მტრის მალე გამოჩენას არ იუწყებოდნენ, მანუჩარ ბატონიშვილი ბექა ამილახვრისა და
ზებულონის თანხლებით იესე ერისთავს შინ ეწვია. ზებულონს იესე ერისთავი აქამდე
არასოდეს ენახა, თუმცა გაგებით კი მის შესახებ ბევრი რამ გაგებული ჰქონდა. იცოდა,
რომ მას, ერთ დროს ზვიად თავადს, დიდი მამულებისა და ურიცხვი ყმის პატრონს, მთელს
ამერ-იმერში სახელგანთქმულ ვაჟკაცს, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ქართლის
სამეფო ლაშქრის სარდალი იყო და ქვეყნისთვის დიდი სამსახური გაეწია, სწორედ
დიდების მწვერვალზე ცხოვრების ჩარხი უკუღმა დაუტრიალდა და მტრებისა და
მოშურნეების შესმენით - ამბობდნენ, ამ საქმეში ოსმალთ ხელიც ერიაო - ყველაფერი
დაკარგა. ქართლის მაშინდელი მეფე, მანუჩარ ბატონიშვილის პაპა, მალემრწმენი კაცი
ყოფილა, თანაც მფრთხალი, საცა რა გაფაჩუნდებოდა, ყველგან თურმე შეთქმულება
ელანდებოდა, ამიტომ, როდესაც ყურში ჩააწვეთეს, იესე ერისთავს გულში შენი ღალატი
უდევსო, სჯასა და რკვევას არ მოჰყოლია, ყველა სახელო წაჰგვარა; ესეც არ აკმარა და,
განაწყენებულმა ერისთავმა რომ შემოუთვალა, რაკი მტყუანისა და მართლის გარჩევა არ
ინებე, ამის შემდეგ ჩემი ერთგულების იმედი მართლა ნუღა გექნებაო, ადგილ-მამულებიც
ჩამოართვა, მხოლოდ ერთი ციხე და რამდენიმე სოფელი დაუტოვა. შერისხული
ერისთავი უსამართლობას მოთმინებით იტანდა, იმედი ჰქონდა, ადრე თუ გვიან სანთელ-
საკმეველი თავის გზას იპოვისო, მაგრამ მოთმინებამ არა მოუტანა რა. ქართლის
ახლანდელმა მეფემ კარგად იცოდა, რომ იესე ერისთავი უბრალო იყო და, ტახტზე რომ
ავიდა, დააპირა კიდეც სიმართლის აღდგენა, მაგრამ ვეღარ შეძლო. ვისაც იესე
ერისთავის სახელოები და მამულები ეპყრა, ისე იყვნენ მომძლავრებული, მათი
დაქვეითება უსისხლოდ არ მოხერხდებოდა, სისხლის დაღვრას კი ამ ისედაც
სისხლგამშრალ ქვეყანაში მეფე მოერიდა. საბოლოოდ ისღა იღონა, რომ ერისთავს შინ
ეწვია, დაუყვავა და მისი უდანაშაულობა საჯაროდ აღიარა. ერისთავისთვის ესეც ნუგეში
იყო, ვინაიდან მრავალ უვიცთა თვალში აქამდე განდგომილად და მოღალატედ
ითვლებოდა. მაგრამ მალე ახალი უბედურება დაატყდა თავს: ჯერ იყო და ერთადერთი
ვაჟი ბრძოლაში დაეღუპა, ცოტა ხანში კი ქმრის დარდს რძალიც გადაჰყვა. მაშინ თავისი
სამკვიდრო სულ მიატოვა, ცოლის მამულში გადავიდა და, აგერ უკვე ლამის ათი წელი
იყო, შინიდან გამოუსვლელად ცხოვრობდა იქ. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ
ასულდგმულებდა, შვილიშვილი იყო, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა და მისი
ბედნიერების დღესღა ელოდა, რომ მერე გულზე ხელები დაეკრიფა და მშვიდად
გასცლოდა ამ უსამართლო წუთისოფელს. ცოლის მამულში გადასახლებული მეფის
კარზე მალე ყველას მიავიწყდა, ნათესავებსაც, მეგობრებსაც, შინაურებსაც,
ახლობლებსაც. ერთადერთი, ვისაც მოხუცი არასოდეს მიუტოვებია და იმთავითვე, ჯერ
კიდევ ყმაწვილი, ხშირ-ხშირად დადიოდა მასთან, ბექა ამილახვარი იყო, ერისთავის
განსვენებული რძლის დისწული. ბექა ამილახვარს სიამოვნებას ჰგვრიდა იესე
ერისთავთან საუბარი და მოხუცსაც ისე შეუყვარდა ჭაბუკი ნათესავი, რომ ასაკში ეგზომ
დიდი განსხვავების მიუხედავად მალე ნამდვილი მეგობრები შეიქნენ. მერე ის იყო, ბექა
ამილახვარმა რამდენჯერმე მანუჩარ ბატონიშვილიც მიიყვანა ერისთავთან. მოხუცი
თავიდან მანუჩარ ბატონიშვილს, ცოტა არ იყოს, შუბლგაუხსნელად შეხვდა, მაგრამ, რა
დაინახა მისი პირდაპირობა, ვაჟკაცობა და გულმართლობა, ისიც შეუყვარდა და
საბოლოოდ მის გამწარებულ სიბერეში რწმენისა და სიხალისის ცხოველმყოფელი
სინათლე შეიჭრა.

დღე უკვე იწურებოდა, როდესაც შორს ჩამავალი მზის სხივებში გახვეული სასახლე
გამოჩნდა. სასახლე გორაკის ძირას იდგა. სოფელს რომ მიაღწიეს, დაღამდა კიდეც.
გვიანი შემოდგომა იყო. სიბნელე ერთბაშად ჩამოწვა და სასახლეც უეცრად,
მოლანდებასავით გაქრა. ერთხანს ირგვლივ სრული სიბნელე იდგა. მერე, იმ დროს,
როცა ეტყობოდა, ერისთავის საბრძანებელი სულ ახლო უნდა ყოფილიყო, სადღაც,
სასახლის რომელიღაც კუთხეში, მეორე სართულზე, სარკმელში შუქი გამოჩნდა.
ამასობაში ჭიშკარსაც მიადგნენ. ზებულონი ისედაც ხომ დიდი იყო, თან მანუჩარ
ბატონიშვილის ნაჩუქარ დიდ ცხენზე იჯდა, ამიტომ, სანამ ბექა ამილახვარი,
მასპინძელოო, დაიძახებდა და ეზოში საპასუხო ხმაური ატყდებოდა, თვალი წამით
სარკმლისკენ გაექცა, ბუნდოვნად ოთახიც გაარჩია და რაღაც გაუგებარმა ძალამ უეცრად
გაახევა. თითქოს საკვირველი არა იყო რა: მაგიდაზე შანდალი იდგა და შიგ რამდენიმე
სანთელი ენთო. მაგიდას გოგონა უჯდა, წყვილი ნაწნავი აქეთ-იქით ყელზე ეფინა, ხელთ
წიგნი ეპყრა, თავი ოდნავ დაეხარა და კითხულობდა. თითქოს საკვირველი არა იყო რა,
მაგრამ ნაადრევ სუსხს სარკმელი შეეჭირხლა და ამიტომ ყოველივე ბუნდოვნად,
მკრთალად, უცხო მოლანდებასავით ჩანდა. სანთლის ალი ისე ლიცლიცებდა, თითქოს
წამი-წამ ქრება და ინთებაო, და მთელი ოთახიც, ამ ლიცლიცს აყოლილი, სწრაფად და
უცნაურად იცვლებოდა, ხან ყველაფერი ერთმანეთში ილესებოდა და ერთიან სახეს
იღებდა - გამოუცნობს, საკვირველს, სიზმარეულს - ხანაც თითოეული საგანი რამდენიმე
საგნად ნაწევრდებოდა და მაშინ მთელი ოთახი ისე ჩანდა, როგორც ვარსკვლავები
ნისლგადაკრულ ცაზე. ზებულონის მონუსხულ გონებაში წამით შორეულმა მოგონებამ
იელვა - დიდი, დიდი ხნის წინ, მშობლიურ სოფელში, ღამით, კოცონის პირას
ჩამომსხდარი მოხუცი გლეხები რომ დინჯად ჰყვებოდნენ ლამაზ-ლამაზ ზღაპრებს, და
ყველაფერს, რასაც ისინი ჰყვებოდნენ, სადღაც შორს, ქვეყნიერების დასალიერთან,
თვალითაც ხედავდა, ხედავდა ბუნდოვნად, მკრთალად, მაგრამ მაინც ცხადლივ და
ხელშესახებად - და მოეჩვენა, თითქოს ეს პატარა, შეჭირხლული სარკმელი სიბნელის
ვეება კედელში იყო გაჭრილი და შორს, შორს, სიბნელის ფსკერზე, რომლის იქით
აღარაფერი აღარ არის, წამით მაშინდელივით იელვა ჯადოსნურმა ზღაპარმა, ჯერაც
მოუყოლელმა ან უკვე მოყოლილმა, მაგრამ გადავიწყებულმა.

ყოველივე ეს ელვის უსწრაფესად მოხდა. იმავ წამს ბექა ამილახვარმაც დაიძახა,


მასპინძელოო, სხვა ოთახებშიც აინთო შუქი და მსახურებიც გამოჩნდნენ ზეაღმართული
ჩირაღდნებით. მერე, მანუჩარ ბატონიშვილსა და ბექა ამილახვარს რომ ეზოში შეჰყვა და
ცხენიდან ჩამოხტა, წამით კვლავ გააპარა თვალი იმ სარკმლისაკენ, მაგრამ, რაკი უკვე
ჩამოქვეითებული იყო, მზერა წეღანდელ ჩვენებას ვეღარ მისწვდა. ახლა იქ მკრთალი,
ყვითელი შუქიღა ჩანდა.

მანუჩარ ბატონიშვილი და ბექა ამილახვარი მსახურებმა წამსვე იცნეს. მალე აივანზე


თავად იესე ერისთავიც გამოჩნდა. იესე ერისთავი მაღალი, ხმელ-ხმელი მოხუცი იყო,
ხშირი ჭაღარა თმა და გრძელი ულვაშები ჰქონდა, ხელჯოხით დადიოდა და მარჯვენა
ფეხით ოდნავ კოჭლობდა. ახლო რომ ნახა, ზებულონმა ისიც შეამჩნია, რომ სახეზე სამგან
- მარჯვენა საფეთქელთან, მარცხენა ლოყაზე და ნიკაპქვეშ - ნაიარევები აჩნდა.

ერისთავი შესაგებებლად წამოვიდა. ამ დროს ბრაგაბრუგი გაისმა და აივანზე ის გოგონა


გამოვარდა, რომელიც წეღან ზებულონმა ზღაპარივით იხილა. გოგონამ პაპას გვერდით
ჩაუქროლა, კისრისტეხით დაეშვა ქვემოთ, კიბის ძირში შემოეგება სტუმრებს, ბექა
ამილახვარს კისერზე ჩამოეკიდა და მანამ არ მოშორდა, სანამ იესე ერისთავი თბილად
არ შეუწყრა, განა ბატონიშვილს კი არ უნდა უთხრა სალამიო. მაშინ გოგონამ ცოტა
დაირცხვინა და კრძალვით მიესალმა მანუჩარ ბატონიშვილს, სამაგიეროდ შემდეგ, როცა
მანუჩარ ბატონიშვილი მისალმების პასუხად დაიხარა და შუბლზე აკოცა, ისევ ბექა
ამილახვარს მიუბრუნდა, მკლავზე ჩამოეკონწიალა და ჩხუბი დაუწყო, იმ საძაგელ ლეკებს
გადაჰყევი და ჩვენ კი სულ მოგვიძულე, აღარც მე გახსოვარ და აღარც პაპაო.

იესე ერისთავმა მსახურებს ბრძანება მისცა, ვახშმის თადარიგი დაეჭირათ, და სტუმრები


დარბაზში მიიწვია. ზებულონი თავს უხერხულად გრძნობდა და დიდი ხელები არ იცოდა
სად წაეღო, განსაკუთრებით მაშინ შეწუხდა და აწრიალდა, როცა ბექა ამილახვარმა იგი
ერისთავს წარუდგინა, პაპა იესე, ეს აზნაური ზებულონი გახლავს, ჯერ თუ არ გაგიგია ამის
სახელი, მალე გაიგებ, სანაქებო ვაჟკაცია, ლეკებს ამაზე მეტი რისხვა არ უნდათ, ეს
რამდენიმე თვეა შიშისაგან ზარდაცემულები სულ ამის დაბადების საათს წყევლიანო.
ამაზე ერისთავმა ზებულონი ღიმილით შეათვალიერა, მოწონებით დაიქნია თავი და
უთხრა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, შვილო, ამ ჩვენს ბედუკუღმართ ქვეყანას დღეს
არაფერი ისე არ სჭირდება, როგორც კარგი და ერთგული ვაჟკაცებიო, ხოლო გოგონამ
უცებ მიატოვა ბექა ამილახვრის მკლავი, რომელსაც აქამდე გატაცებით ჩქმეტდა და
აწვალებდა, დიდრონი შავი თვალები ზებულონს შემოანათა და დიდხანს არ მოუშორებია,
რის გამოც ზებულონს ჭირის ოფლმა დაასხა.

სტუმარ-მასპინძლები მოგუზგუზე ბუხრის პირას ისხდნენ და ვახშმის მოლოდინში წყნარად


ბაასობდნენ. იესე ერისთავმა ძველი ამბები გაიხსენა, მერე წუწუნს მოჰყვა, ეჰე-ჰე, შე
საწყალო საქართველოვ, ვისი საჯიჯგნი აღარ გახდიო. მანუჩარ ბატონიშვილი
ამშვიდებდა: - ნუ გეშინიან, ბატონო, სანამ კაცები გვქვიან, მტერს არ მივცემთ ქვეყანას.
ხომ გაგიგია: კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!

- დაიზრდებიან, ჩემო ბატონიშვილო, დაიზრდებიან. ღვთისმშობელი არ გასწირავს მის


წილხვედრ ქვეყანას. აკი თქვენც დაიზარდენით. შენი ამბები რომ მომდის, გული სიამით
მევსება. ეგრე, შვილებო, ეგრე ებრძოლეთ მტერს.

- მტერს, ფიქრი არაა, მუსრს გავავლებთ, პაპა იესე, - ჩაერია ბექა ამილახვარი, - შენ ამ
მოლაღურის ამბავი მითხარ, - ორი თითი მსუბუქად წაავლო ყურში გოგონას, რომელიც
ზურგსუკან ედგა, ხელები მხრებზე მოეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოეყრდნო, - ისევ
ძველებურად ცეტია, თუ შეეტყო რამე ჭკუის მომატებისა?

ამაზე გოგონამ მუშტი ჩაჰკრა ბეჭში და ენა გამოუყო, მოხუცმა კი ჯერ თბილად გაიღიმა,
მერე შუბლი ყასიდად შეიკრა და თქვა: - აბა, რას ამბობ, ბექავ! მთლად ცეტი არც ადრე
ეთქმოდა. ახლა ხომ ისეთია, ჭკუა თავში აღარ ეტევა. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, რომ
სწავლაზე გული აიცრუა, ოსტატს ახლო აღარ იკარებს და თვალი სულ ცხენებისაკენ
უჭირავს. დილაადრიან რომ ჭინკასავით აძვრება ცხენზე, საღამომდინ ძირს არ ჩამოდის.
მაშ!

ზაბულონს გაუკვირდა. გოგონა ცხენზე შემჯდარი ვერ წარმოიდგინა, წიგნით ხელში კი აკი
წეღან თავისი თვალით ნახა!

ბექა ამილახვარი გოგონას მიუტრიალდა და თავი საყვედურით გადაიქნია: - ასეთი


ალქაჯი ვის გამოემსგავსე?

- ვისა და ჩემს დეიდაშვილ ბექასა! - ნიშნისმოგებით მიუგო გოგონამ.

ამაზე ყველას გაეცინა. ხოლო მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა: - შენც თუ ბექას


გამოემსგავსე, პატარა ქალო, საქართველოს მტრებს სულ კუდით ქვას ვასროლინებთ.

- უფრორე, თუ შესახედავად გამომემსგავსე, - ჩაურთო ბექამ, - დაგაყენებთ ქართლის


შუაგულში, როგორც ბოსტანში საფრთხობელას, და მტერსაც ხომ მეტი არ უნდა:
დაგინახავს თუ არა, წამსვე გულშეღონებული ძირს დაეცემა.

- არა, ბექავ, - თავი გაიქნია იესე ერისთავმა, - ეგ საფრთხობელად არ გამოდგება. განა


ტყუილად მიქვიან ნესტანი! ვერა ხედავ, რა ვარსკვლავივით გოგოა! დღესაც, ჩემი ყურით
გავიგონე, მზეს ეუბნებოდა, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო. აკი ჩავიდა კიდეც! მე მითქვამს
და შენ დაიხსომე: ეგ ისეთი ქალი დადგება, მზეჭაბუკის მეტს ცოლად ვერავის გავატან.

- სულაც არ მჭირდება მე თქვენი მზეჭაბუკი! - გაწყრა გოგონა და ცხვირი აიბზუა.

- არ გჭირდება და, აგე, რამოდენა ბაყბაყ-დევი მოგვიყვანია! - ზებულონს მოაშვირა ხელი


ბექამ, - ეგ სწორედ ისეთ გოგოებს ეძებს, ვისაც მზეჭაბუკი არა ჰყავს მცველად, რომ
დაავლოს ხელი და თავის სადევეთში გააძუნძულოს.

ზებულონი გაწითლდა და უხერხულად აწრიალდა. გოგონამ კი კვლავ შემოანათა თავისი


ბრიალა თვალები, უყურა, უყურა და გაიცინა.

- გაიცინე, გაიცინე! შენ არ იცი, რა მშიერი დევები გელოდებიან სადევეთში! შეწვასაც არ


დაგაცლიან, უმადვე შეგახრამუნებენ. ერთი თავი რომ აბია, ეგრე კი ნუ უყურებ! რვა თავი
მხრებში აქვს ჩამალული!

გოგონამ ისევ გაიცინა. ზებულონი კი მთელი საღამო უხერხულად იყო და ერთთავად


ხელებს დასცქეროდა, მაგრამ ერთი-ორჯერ, როცა უხერხულობა როგორღაც
გადაავიწყდა და მშვიდად მიეცა ფიქრებს, გონების თვალწინ კვლავ ის განათებული
სარკმელი დაუდგა და წიგნზე თავდახრილი ნესტანის დანახვაზე იოველ ბატონიშვილის
თეთრი ტაძარი გაახსენდა.

მაშინ ნესტანი თორმეტი წლისა იყო, სუსტი, გამხდარი და ხატივით ფერმკრთალი. თხელი
მხრები ჰქონდა, დიდრონი შავი თვალები და წაბლისფერი თმა.

ვეება სიბნელის ფსკერზე წამით ანთებული უცხო შუქი ზებულონს კარგა ხანს გაჰყვა. მისი
ფიქრით, ამ ხილვაში მთავარი წიგნი და სანთელი იყო, ამიტომ მის მოგონებას
ყოველთვის იოველ ბატონიშვილის თეთრი სასწავლებლის მოგონება მოჰყვებოდა
ხოლმე და გული ეკუმშებოდა, ყელში მოწოლილ უილაჯობას, რომელშიაც უცნაურად იყო
შენივთებული რისხვაც, ტკივილიც, ნაღველიც, ლამის დაეხრჩო. გულ-ღვიძლი
ეფლითებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თვითონ ვერ
გამოდგა და ამიტომ, მისი ცხოვრების ერთადერთი დიდებული ზღაპარი რომ სწორედ იმ
წამს ჩაქრა, რა წამსაც სინამდვილედ იქცა, მის გადასარჩენად ვერა იღონა რა.

თავიდან ეგონა, ამ ახალ ტკივილს ვეღარასოდეს დააღწევდა თავს, და კვლავ სიკვდილი


მოენატრა, მაგრამ თანდათან ისევ გაერთო ბრძოლებით და უცხო შუქის მოგონება და
მასთან ერთად უსასოობის აუტანელი ტკივილიც ნელ-ნელა გაქრა.

ხუთი წელი ახლდა მანუჩარ ბატონიშვილს, ხუთი წელი იბრძოდა რჩეულ ვაჟკაცთა გუნდში
და ამ ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადს, მისი სახელი
მთელ ქართლსა და მთელ დაღესტანში ქუხდა და მისი გმირობის შესახებ ათას რამეს
ჰყვებოდნენ, ზოგს ტყუილსა და ზოგს მართალს.

მაგრამ ბოლოს, ხუთი წელი რომ გამოხდა, ბედის ბორბალი სხვაგვარად დაუტრიალდა
და ზებულონის ცხოვრების ნაკადულმა კიდევ ერთხელ იცვალა კალაპოტი.

ქართლის მეფე დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. პირველ ხანებში აქიმებს იმედი


ჰქონდათ, რომ გამოამჯობინებდნენ, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო გამოდგა და იმათაც
იმედი თანდათან გადაეწურათ, ბოლოს კი, როცა მეფე თავადაც დარწმუნდა, ჩემი
აღსასრულის დღე ახლოვდებაო, გადაწყვიტა, მანუჩარ ბატონიშვილი თავის
სიცოცხლეშივე დაესვა ტახტზე, რათა მისი სიკვდილის შემდეგ მტრებსა და მოშურნეებს
შფოთი არ აეტეხათ და ქვეყანა უარესად არ აშლილიყო. საქართველოში მანუჩარ
ბატონიშვილს ტახტის მოცილე არავინ ჰყავდა, მაგრამ მეფეს ისკანდერ-ხანის შიში
ჰქონდა, თავისი უმრწემესი ძმის, რომელიც შაჰის კარზე იმყოფებოდა. თავის დროზე,
როცა ქართლის მბრძანებელი შეიქნა და ირანის შაჰმა უღალატობის ფიცთან ერთად
მძევალიც მოსთხოვა, დარბაზის ერმა ერთხმად ურჩია უმცროსი ბატონიშვილი გაეგზავნა,
მცირეწლოვანი ალექსანდრე. მალე პატარა ბატონიშვილმა, რომელსაც ირანის შაჰი
შვილივით ზრდიდა და პატრონობდა, რჯული გამოიცვალა, ხოლო რა გაიზარდა და
ჭკუისა და ვაჟკაცობის გარდა თავისი ახალი სამშობლოს ერთგულებაც გამოიჩინა, შაჰმა
კიდევ უფრო გაუმრავლა წყალობა. ერთხანს სასახლის მცველთა უფროსი იყო, ბოლოს
კი, უკვე ისკანდერ-ხანის სახელით, მთელი სპარსეთის ლაშქრის ერთი ოთხ
სარდალთაგანი შეიქნა. სპარსეთის კარზე ესოდენ აღზევებულსა და პატივდებულ
ისკანდერ-ხანს პატარა და ღატაკი ქართლი ეგებ არც არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ
შესაძლებელი იყო ერთგული ყმის გამეფება თავად შაჰს მოეწადინებინა, რათა უფრო
იმედიანად ყოფილიყო და ამ მხარეში ნაკლები საზრუნავი და საფიქრალი ჰქონოდა.
ამიტომ მეფემ შაჰს რამდენიმე დარბაისელი დიდებული აახლა იოველ ბატონიშვილის
წინამძღოლობით და უფლისწულის გამეფება სთხოვა. ქართლის ელჩობა შაჰმა დიდი
პატივით მიიღო, უხვი საჩუქრებით გამოისტუმრა, მეფეს მრავალ ტკბილ სიტყვასთან
ერთად სამი საუკეთესო აქიმიც გამოუგზავნა, მაგრამ საქმე გადაუწყვეტელი დატოვა. უარი
არ უთქვამს, მაგრამ არც დასტური მიუცია. მანუჩარ ბატონიშვილი კი თავისთან იხმო.
მეწვიოსო, შემოთვალა, ბევრი მსმენია მაგის ქველობისა და გმირობის ამბავი, მინდა
ვნახო და წყალობით ავავსოო. შაჰის შემონათვალი ქართლში არაფრად ეჭაშნიკათ,
მაგრამ ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო, თანაც მეფეს იმედი ჰქონდა, სანამ ცოცხალი ვარ,
შაჰი ჩემი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავა და კანონიერ მემკვიდრეს ტახტზე უარს ვერ
ეტყვისო.

მანუჩარ ბატონიშვილმა რამდენიმე ახალგაზრდა დიდებული, მათ შორის ბექა


ამილახვარი და ბაადურ ორბელიანი, თან იახლა.

სანამ გაემგზავრებოდა, თავისი სახელგანთქმული გუნდი დაშალა, დაქსაქსა და თითო-


თითო, ორ-ორი, ზოგან სამ-სამიც, ისეთ სოფლებში ჩაასახლა, სადაც უფრო
მოსალოდნელი იყო მარბიელის დაცემა, რათა მის დაბრუნებამდე იმათ, როგორც
გაწაფულსა და გამობრძმედილ მეომრებს, თვალყური სჭეროდათ და, თუ სადმე მტერი
გამოჩნდებოდა, ხალხი საჩქაროდ შეეყარათ და წინ გასძღოლოდნენ.

ზებულონს თან უპირებდა წაყვანას, მაგრამ მერე, ბექა ამილახვრის რჩევით, გადაიფიქრა
და იესე ერისთავს დაუტოვა.

ბექა ამილახვარი შიშობდა, რომ მეფის ავადმყოფობისა და უფლისწულის სპარსეთის


კარზე გაწვევის გამო ქვეყანაში შესაძლოა განუკითხაობა გამეფებულიყო და უკაცო
ოჯახი, თუკი ვინმე დაჩაგვრას მოუნდომებდა, ადვილი დასაჩაგრი შექმნილიყო. ეს შიში
მით უფრო საფუძვლიანი ჩანდა, რომ იესე ერისთავის ძველი მტრები კარგა ხანია
შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს, როგორ სწყალობდა ტახტის მემკვიდრე მათი ხელით
დამხობილ დიდებულს. ასეთ დროს ნამდვილად ერთგული და სანდო კაცი, თანაც ისეთი
კაცი, რომლის მარტო სახელის გაგონება მტერს თავზარს სცემდა, იესე ერისთავისთვის
დიდი ნუგეში იქნებოდა. მართლაც, მოხუცს ძლიერ ეამა, როცა შეიტყო, რომ მანუჩარ
ბატონიშვილის დაბრუნებამდე ზებულონი მის კარზე დარჩებოდა და მისი სამფლობელოს
მეთვალყურე და ქომაგი იქნებოდა.
თვითონ ზებულონს ამგვარი ყოფა არაფრად ეპიტნავებოდა. ამ ხუთი წლის
განმავლობაში ისე მიეჩვია მოლაშქრის ცხოვრებას, მუდამ მეომრებში ყოფნას,
დღედაღამ ცხენზე ჯდომას, აღმა-დაღმა სიარულს, დევნას, თავდასხმას, საფარში
ლოდინს, უძილობას, ხეტიალს და, საერთოდ, ყველა იმ საამო გაჭირვებას, რაც მეომრის
ცხოვრებას მუდამ თან ახლავს, რომ ამის შემდეგ ერისთავის სასახლე სატუსაღოდ
ეჩვენებოდა. მართალია, მანუჩარ ბატონიშვილმა ბრძანება დააგდო, რომ, თუკი
ვითარება მოითხოვდა, მისი მოლაშქრეები პაპუნა ბარათაშვილის დროშის ქვეშ
შეკრებილიყვნენ და კვლავ მებრძოლ გუნდად შენივთებულიყვნენ, მაგრამ ზებულონს
დიდი იმედი არა ჰქონდა, რომ მანუჩარ ბატონიშვილის გარეშე ნამდვილი ბრძოლის
გადახდა მოუწევდა.

გამგზავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, როცა ბექა ამილახვარმა ზებულონი


იესე ერისთავს მიჰგვარა.

სტუმრების დანახვაზე ეზოში ჟრიამული და გადაძახილ-გადმოძახილი ატყდა. მალე


მსახურები ერთიანად გარეთ გამოეფინენ და ისე დაუწყეს ზებულონს თვალიერება,
გეგონებოდათ, ადამიანს პირველად ხედავენო.

ზებულონი იესე ერისთავმაც დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა, რასაც


ამბობენ, თუ ყველაფერი მართალია, ბარაქალა, შვილო, შენს ვაჟკაცობასო, მერე
სტუმრები აივანზე მიიწვია, დაბალ სკამებზე დასხა და სიტყვა მანუჩარ ბატონიშვილის
გამგზავრებაზე ჩამოაგდო. მოხუცს ეს ამბავი მაინცდამაინც არ უჯდებოდა ჭკუაში, აბა
როგორ შეიძლება ირანის შაჰს ტახტის ორივ მოცილე ერთსა და იმავე დროს ხელთა
ჰყვანდესო, ამბობდა, ემანდ ისეთი ოინი არა დაგვიტრიალოს რა, სინანული გვიანღა
იყოსო. ბექა ამილახვარი ამშვიდებდა. სულ ტყუილი შიშიაო, ეუბნებოდა, ახლა სპარსეთს
ისე არ ულხინს, ისკანდერ-ხანის გულისთვის ქართლი აიმხედროს, ესეც არ იყოს, სხვა გზა
მაინც არა გვაქვს, რაკი შაჰმა იწვია, წაუსვლელობამ შეიძლება უფრო დიდი ზიანი
მოგვიტანოსო. ერთხანს რომ იმუსაიფეს და ორივენი თავ-თავიანთ სიტყვებზე დარჩნენ,
იესე ერისთავს უცებ სახეზე თბილი ღიმილი გადაეფინა და თქვა: - აგე, ჩემი ჩიორაც
მოფრინავს. ჩანს, შენი ჩამოსვლა შეუტყვია.

ზებულონმა მიიხედა. იმავ წამს ნესტანმა თეთრი ცხენი ეზოში შემოაგელვა, მარდად
ჩამოხტა და სირბილით შემოუყვა კიბეს.

გაზრდილიყო, დაქალებულიყო. ძველებურად გამხდარი კი იყო, მაგრამ თუ ადრე ამის


გამო სუსტი და ცოტა შესაბრალისიც კი გეჩვენებოდათ, ახლა ამ სიგამხდრეს რაღაც
მოუხელთებელი სიმკვრივე ახლდა, რაც კელაპტარივით სხეულს ლაზათსა და
მოქნილობას მატებდა. ნაწნავები მოეკვეცა და ხშირი თმა, რომელიც ზებულონს ღია
წაბლისფერი ახსოვდა, ახლა კი უფრო მუქი ეჩვენა, თხელ, ნატიფ მხრებზე ეყარა.
თვალები ძველებურად დიდრონი ჰქონდა, შავ-შავი, ბრიალა, და შიგ რაღაც ისეთი სხივი
ჩაბუდებულიყო, როცა არ იღიმებოდა, მაშინაც კი გეგონებოდათ, იღიმებაო, და
ზებულონს იესე ერისთავის ნათქვამი მოაგონდა, ეგ ისეთი ქალი დადგება, მზეჭაბუკის
მეტს ცოლად ვერავის გავატანო.

- სოფელში მითხრეს, - შორიდანვე დაიწყო ნესტანმა და ზებულონმა შენიშნა, რომ ხმაც


შეცვლოდა. ძველებურად წკრიალა კი იყო, მაგრამ ახლა ირგვლივ რაღაც რბილი ვარაყი
შემოვლებოდა, რომელიც ამ წკრიალს თავისუფალი ნავარდის ნებას არ აძლევდა. - ბექა
ამილახვარი ჩამოვიდაო, - ამასობაში კიბე ამოათავა და ბექა გადაკოცნა, მერე
ზებულონს, რომელიც სწრაფად წამოდგა ზეზე და ხელებჩამოყრილი და
თვალებდახრილი მორცხვად და, როგორც თავადვე გრძნობდა, ცოტა სასაცილოდ იდგა,
ღიმილით დაუკრა თავი, - და თან ერთი ბაყბაყ-დევი ჩამოიყვანაო.

პაპა შეუწყრა: - აბა, ეგ რა სიტყვაა! განა კიდევ ბალღი ხარ!

- აკი თვითონ ბექამ გვითხრა, ბაყბაყ-დევიაო! - გაიკვირვა ნესტანმა და ზებულონს


მოუბრუნდა, - თუ გწყინს, აღარ დაგიძახებ.

- არა, ბატონო, - ძლივს გასაგებად წაილუღლუღა ზებულონმა, - მანდ საწყენი არა არის
რა.

- აი, პაპა, ხედავ? არა სწყინს.

- ბაყბაყ-დევია და რად უნდა ეწყინოს, თუ ბაყბაყ-დევს დაუძახებენ! - თქვა ბექამ, - განა შენ
კი გეწყინება, ჭინკების მზეთუნახავი რომ დაგიძახონ?

ნესტანმა გაიცინა და მზეს თითქოს შუქი მოემატა. მერე ბექას უთხრა: - გავიგე, თურმე
სპარსეთს მიემგზავრები. მართალია?

- მართალია, მაშ! - მიუგო ბექამ, - ცოლი უნდა შევირთო. ასე ჩემს ჭკუაზე სანამ ვიარო
იალაღზე გაშვებული ცხენივითა! ერთი ლაგამი მეც ხომ მერგება!

- მერედა, ლაგამისთვის სპარსეთს მიდიხარ?

- ჰო. შაჰის ქალი ჩამივარდა გულში, - აქ უცებ შუბლი შეიჭმუხნა და დაეჭვებული ისე
მიაჩერდა ნესტანს, თითქოს თვალი გაუშტერდაო, - ეგებ შაჰს სულაც არა ჰყავს ქალი, ჰა?!
- ეს ისეთი გაკვირვებით თქვა, რომ ზებულონსაც კი სიცილი წასკდა. მერე თავი თვითონვე
დაიმშვიდა, - არა ჰყავს და დისწული მაინც ეყოლება. მეც ავდგები და დისწულს შევირთავ!

- შაჰი უშენოდაც შეძლებს თავისი ქალებისა და დისწულების დათხოვებას. შენ ის გიჯობს,


მაჩაბლიანთ ასმათს მიჰხედო, შენი გულისთვის რომ ლამის არის დაჭლექდეს?

- ამ კაჭკაჭს დახეთ! - გულწრფელად გაიკვირვა ბექამ, - შენ რა იცი, ჭორიკნების


არქიეპისკოპოსო?

- ძალიანაც ვიცი!

- თუ ეგრეა, რა გაეწყობა! მაშ, წავალ სპარსეთს და შაჰს გამოვუცხადებ, ვერა, ჩემო ძმაო,
კი ნუ მიწყენ და, ვერც შენს ქალს შევირთავ, გინდაც რომ გყავდეს, და ვერც შენს დისწულს,
მაჩაბლიანთ ასმათი ჭლექისგან უნდა მოვარჩინო-მეთქი!

- ეგრე ჰქმენ! - დასტური მისცა ნესტანმა. მერე დაუმატა, - პაპამ მითხრა, რომ ზებულონს
ჩვენ გვიტოვებ.

- შენ გიტოვებ. რაკი მზეჭაბუკი არ ინდომე, რომ ბაყბაყ-დევები მოგიგერიოს, ბაყბაყ-დევი


მაინც გყავდეს, რომ მზეჭაბუკებისგან დაგიცვას.

- მე ის მინდა, პაპაჩემისგან დამიცვას, - ეს რომ თქვა, თან პაპას თბილად შესცინა, -


დამინახავს თუ არა, ცხენზე ვაპირებ შეჯდომას, არ იქნება, არ გამაფრთხილოს: „სოფელს
ნუ გასცდები, შვილო, ემანდ ლეკს არსად გადააწყდე!“ თუ ზებულონი თან მეახლება, მაშინ
ხომ აღარ დამიშლი, პაპა? - და, პასუხს არ დალოდებია, ზებულონს მოუტრიალდა, - არ
მეახლები ხოლმე?

- თუკი მიბრძანებ... - თავი ჩაღუნა ზებულონმა.

ნაშუადღევს ბექა ამილახვარი წავიდა და ზებულონს გულზე ნაღველი შემოაწვა. ვინ იცის,
როდემდე უნდა გამოთხოვებოდა ნაჩვევ ცხოვრებას - დაუდგრომელს, მჩქეფარეს,
ხიფათიანს! მანუჩარ ბატონიშვილის გუნდში გატარებული წლები ისეთი იყო, რომ არათუ
საბოლოოდ მიეჩვია ასეთ ყოფას, არამედ ყოველგვარ სხვა ყოფასაც საბოლოოდ
გადაეჩვია. მისი ცხოვრება, მანამდე შებოჭილი და გაუბედავი, იქ ვრცელ კალაპოტში
მოხვედრილ მდინარეს დაემსგავსა, რომელიც ლაღად, თამამად, უზრუნველად
მიედინება, რადგან ყოველივე, რაც კი აზრსა და მნიშვნელობას შეიცავდა, ამ
არტახებშემოცლილ მძლავრ დინებაში მოქცეულიყო. ქვეყანა სამსახურს მოითხოვდა
მისგან და ისიც ემსახურებოდა; ემსახურებოდა ბეჯითად, ერთგულად, თავშეუნახავად, და
სამსახურის ჯილდოც სამსახურშივე ეგულებოდა, რადგან ბრძოლაში თავდავიწყებას
პოულობდა, აღტკინებას, აქამდე განუცდელ ნეტარებას, ხოლო გამარჯვებას რწმენა და
სიხარული მოჰქონდა. მაგრამ ყველაზე დიდი საუნჯე, რომელიც მანუჩარ ბატონიშვილის
ლაშქარში იპოვა, თანამებრძოლები იყვნენ. პირველ ხანებში, სანამ ფუჭი და ამაო
წანწალის კვალი ჯერ კიდევ ლანდივით დასდევდა, დილდილაობით შემკრთალი
გაიღვიძებდა ხოლმე, მაგრამ თანამებრძოლთა მშვიდი ფშვინვა რა ჩაესმოდა და
მოაგონდებოდა, რომ მარტო არ იყო, რომ წინ მშფოთვარე, ხმაურიანი, სავსე დღე ედო,
გული საამოდ აუძგერდებოდა და ტანში გამაბრუებელი ჟრუანტელი დაუვლიდა.
ამოჩემებული მეგობარი არა ჰყოლია, ყველა ერთნაირად უყვარდა და თვითონაც
ყველასგან ერთნაირად გრძნობდა სიყვარულს. ამ გამოურჩეველ ძმობაზე რომ
დაფიქრებულა, არაერთხელ, უფრო ღამღამობით, გულიც კი ასჩუყებია. ზოგჯერ,
სასახელო გამარჯვების შემდეგ, მანუჩარ ბატონიშვილი და მისი დიდებულები ლხინს
გადაიხდიდნენ ხოლმე. ასეთ დროს, ღვინით შეთამამებული გრძნობიერება რომ
მორიდებისა და თავდაჭერილობის ლაგამს დაღრღნიდა და ეს ამოდენა ხალხი ისე
დაიღვრებოდა სიყვარულად და სიმღერებად, თითქოს მხოლოდ სიყვარულისა და
სიმღერებისგან ყოფილიყვნენ შექმნილი, ზებულონი გრძნობდა, რომ, თუკი ოდესმე რამე
უძებნია, ყველაფერი ეპოვა, ცხოვრების წრე ერთხელ და სამუდამოდ შეკრულიყო და ამ
წრის გარეთ სანატრელი და საწადელი აღარა დარჩენოდა რა.

რა გასაკვირია, ყოველივე ამის შემდეგ აქაურობა სატუსაღოდ მოსჩვენებოდა!


მართალია, იესე ერისთავი პირველი ნახვისთანავე მოეწონა, მაგრამ მოწონებას რას
აქნევდა, თუკი თავისუფლებას დაკარგავდა! თავისუფლებას, რომელიც მუდმივი
მოძრაობისგან, მოქმედებისგან და ბრძოლისგან იყო შედგენილი! გარდა იმისა, რომ
ერისთავსა და მის შვილიშვილთან ყოველი ნაბიჯი და ყოველი სიტყვა უნდა ეზომ-ეწონა,
ატყობდა, აქ საქმეც არა ექნებოდა რა. ყველაფერზე მეტად სწორედ ეს აღონებდა. იესე
ერისთავის მამული ქვეყნის შუაგულში იყო. აქამდე მტრის არათუ ლაშქარი, მცირე გუნდიც
კი შეუმჩნევლად ვერ შემოაღწევდა, დიდი-დიდი, მარტოხელა ავაზაკი შემოპარულიყო,
რათა ღამით ტყეში დარჩენილი გზააბნეული პირუტყვი მგელივით მოეტაცნა. ასეთ
მამულში მეთვალყურესა და მეომარს რა საქმე უნდა ჰქონოდა?! უქმად მყოფს კი, იცოდა,
ნაღველი შეჭამდა. ამიტომ თავის გუნებაში იმთავითვე გადაწყვიტა, წესად დაედო
მამულის ხშირ-ხშირი შემოვლა, რათა საქმეც გაეჩინა და მასპინძელთაგანაც
მოშორებული ყოფილიყო. იესე ერისთავზე მეტად ნესტანი აშინებდა. ქალებისა არაფერი
გაეგებოდა. მართალია, მშობლიურ წყაროსთვალში მრავალი ქალი იყო - ტოლ-
ამხანაგიც, ნათესავიც, შორებელიცა და ახლობელიც - მაგრამ მათი ანგარიშში ჩაგდება
არ იქნებოდა: სად იქაური მდაბიოები, რომელთა უმრავლესობას თავიანთი სოფლის
მეტი არც არა ენახა, და სად იესე ერისთავის ქალი - ნებიერად გაზრდილი, ნასწავლი და,
ვინ იცის, რა ზომამდე ჭირვეული!

ერთადერთი ნუგეში ისღა რჩებოდა, რომ მანუჩარ ბატონიშვილი მალე სპარსეთიდან


დაბრუნდებოდა და მის ტყვეობასაც ბოლო მოეღებოდა. აბა, რას იფიქრებდა, ბედისწერა
თუ ისეთ განსაცდელს უმზადებდა, რომელსაც არათუ სახელს ვერ დაარქმევდა, იმასაც კი
ვერ იტყოდა, არჩევანი რომ ჰქონიყო, აირიდებდა იმ განსაცდელს თუ არ აირიდებდა.

სადგომად სასახლის მარცხენა კუთხეში ერთი მოზრდილი ოთახი მიუჩინეს და, როცა იქ
მარტო დარჩა, მას უკან, რაც მსახურებმა ყველაფერი - საბან-გობანი იყო, ჭურჭელი თუ
სხვა რამ საჭირო და აუცილებელი ნივთი - თავ-თავიანთ ადგილას დააბინავეს, იმაზე
დაიწყო ფიქრი, თუ ისპაჰანს რამდენ ხანს შეიძლებოდა მოგვიანებულიყო მანუჩარ
ბატონიშვილი. დაანგარიშებით ვერ დაიანგარიშებდა, რადგან არც ის იცოდა, რა
მანძილზე იყო ისპაჰანი, და არც ის, როდემდე დააყოვნებდა იქ უფლისწულს ირანის შაჰი,
მაგრამ მაინც ფიქრობდა და მაინც ვარაუდებს აწყობდა, რათა, თუ ვერ დაიანგარიშებდა,
გულში იმედი მაინც ეხარებინა და ნაღველი გაეფანტა.

ვახშმობის დრომ რომ მოაწია, მსახური შემოვიდა და გამოუცხადა, ბატონი თავის


სუფრაზე გიწვევსო. ზებულონს ეს ამბავი არაფრად ეჭაშნიკა: რაკი ბექა ამილახვარი
გვერდით აღარ ეგულებოდა - თუმც კი არ იცოდა, ასეთი რა ეცხო ბექა ამილახვარს, რომ
მის შებოჭილობას მუდამ მალამოდ ედებოდა - იესე ერისთავის სუფრაზე ვახშმობა
წამებად ექცეოდა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ როცა ისიც შეიტყო, რომ მასპინძელს არა თუ
მხოლოდ დღეს მიეგო ეგზომი პატივი, არამედ მუდმივად მიეჩინა მისთვის ადგილი თავის
სუფრაზე, სულ მთლად წაუხდა გუნება. იესე ერისთავი, თავად სახელგანთქმული მეომარი,
რომელმაც მთელი ცხოვრება ბრძოლებში გაატარა და ახლა, სიბერის ჟამს, იმ გარდასულ
ბრძოლათა მოგონებებითღა სულდგმულობდა, გვარიშვილობასა და ჩამომავლობაზე
მეტად ვაჟკაცობასა და ძალგულოვნებას აფასებდა, მაგრამ ზებულონისთვის ეს
ვერაფერი ნუგეში იყო. და, მართლაც, მთელი ვახშმის განმავლობაში კრიჭაშეკრული
იჯდა, ჭირის ოფლში ცურავდა, თავი ჩაეღუნა, თვალები დაეხარა და ხმის ამოღებას ვერ
ბედავდა. თუ რამეს ჰკითხავდნენ, რის ვაი-ვაგლახით ამოღერღავდა ორიოდ სიტყვას.
შიოდა, მაგრამ დაძაბულობისა და შებორკილობის გამო ჭამა ვერ მოეხერხებინა:
რამდენიმე ლუკმა ძალისძალად გაღეჭა, ეს იყო და ეს. ღვინოს კი სვამდა, მაგრამ ღვინო,
საერთოდ, გვიან ეკიდებოდა ხოლმე, ამიტომ ესეც დიდი ვერაფერი მშველელი იყო.

ნესტანი მის შებოჭილობას აინუნში არ აგდებდა და, რა დაინახა, მორცხვი პატარძალივით


იციცქნებოდა, პაპას მიუბრუნდა და უთხრა: - ბექას რომ ჰკითხო, ჯერზე ერთი კამეჩი არა
ჰყოფნისო.

ამაზე ზებულონმა რაღაც წაილუღლუღა და, ბექა ამილახვარი რომ მთლად არ


გაემტყუნებინა, ხორცის ნაჭერს დასწვდა და სწრაფად ჩაიდო პირში.

ნავახშმევს ნესტანმა პაპას აკოცა, ზებულონს მშვიდობის ღამე უსურვა და თავის ოთახში
წავიდა, ხოლო ერისთავმა მსახურს უბრძანა, ხელადით ღვინო და ორი ჯამი აივანზე
გაეტანა, ზებულონიც იქ მიიწვია და საუბარი გაუბა. ზებულონს აივანზე გამეფებული
მყუდრო ბინდიც ეამა, ღამის მსუბუქი ნიავიც და იესე ერისთავთან მარტო დარჩენაც. რაც
არ უნდა იყოს, იესე ერისთავი მეომარი იყო, მეომარი და მეომარი კი, თუნდაც ერთი
მდაბიო იყოს და მეორე დიდებული, იოლად მოუნახავენ ერთმანეთს გულს. მართლაც,
სულ მალე ზებულონს შეკრული კრიჭა გაეხსნა, ენა ამოიდგა და საუბარში აყოლა
მოახერხა. შუაღამემდე უსხდნენ მოაჯირის ძირას პატარა ტაბლას, ნება-ნება შეექცეოდნენ
ღვინოს და ხმადაბლა, წყნარად, დარბაისლურად მასლაათობდნენ. იესე ერისთავმა ჯერ
ოჯახის ამბები გამოჰკითხა. ზებულონმაც უამბო, მთაში ვცხოვრობდი ერთ პატარა
სოფელშიო, ორიოდ კომლი ყმაც მყავსო. ერთხელ იოველ ბატონიშვილი ჩამობრძანდა,
სასწავლებლისთვის თურმე შეგირდებს აგროვებდა და მამაჩემს ჩემი თავი სთხოვა,
მაგრამ სწორედ იმხანად დედ-მამა დამეხოცა და დათქმულ დროს ვერ ვეახელო, მერე კი
წაველ, რადგან წიგნის სწავლა გულით მეწადა, მაგრამ რაკიღა დაგვიანებული ვიყავ,
ხლება ვეღარ გავუბედეო. უკან გულმა არ გამიწია და ერთი ხანობა უქმად დავეხეტებოდი
აღმა-დაღმაო. ბედად მანუჩარ ბატონიშვილს შევეყარე, წყალობა მოიღო და თავის
ლაშქარში ჩამრიცხაო.

- წიგნი ისეთი განძია, - დაფიქრებით თქვა იესე ერისთავმა, - ვერა სასწორზე ვერ
აიწონება, მაგრამ შენ სადარდელი და სანანებელი არა გაქვს რა. იოველ ბატონიშვილი,
ღმერთო, დიდი დღე მიეც, საკვირველი კაცია და საკვირველ საქმეებსაც სჩადის.
თავიდანვე ეგეთი იყო. სულ მუდამ წიგნს ჩაჰკირკიტებდა, სულ მუდამ რაღაცაზედ
ფიქრობდა. მაშინ ყველას გვიკვირდა, ახლა კი ყველა ხედავს, რომ თავისი დიდი
სიბრძნითა და განსწავლულობით ისეთ საძირკველსა ყრის, რომელზედაც სხვარიგი
ხვალე უნდა აიგოს. მაგრამ ეგეც ხომაა: თუ ის ხვალე ვერ დავიყენეთ, საძირკველი ოხრად
დაგვრჩება. მე ეგრე მგონია, რომ უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავლისთვის აჩენს, ზოგს
ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც
რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია. შენ ბრძოლისთვის გაუჩენიხარ და წიგნზე გული
ნუ დაგწყდება. შენი სახელი დიდსა და პატარას ყველას პირზე აკერია. მხდალებსაც კი
ბრძოლისკენ მიუწევთ გული, შენი ამბები რომ მოსდით. ხმალი რომ შეგეხსნა და წიგნი
აგეღო, განა მაშინაც ეგეთ სახელს დაიგდებდი! შენ და შენისთანებმა ქვა და კირი უნდა
გადაარჩინოთ, რომ იოველ ბატონიშვილის საძირკველზე ის ხელთუქმნელი სახლი
აიგოს. - აქ მოხუცი გაჩუმდა და თავის ფიქრებში ჩაფლული ერთხანს ჩუმად იყო.
მოწმენდილ ცაზე მსხვილ-მსხვილი ვარსკვლავები კიაფობდა, სადღაც ჭრიჭინობელა
თავდავიწყებით ჭრიჭინებდა, ქვემოთ, სოფლის ბოლოში, მდინარე დინჯად დუდუნებდა,
დროდადრო ძაღლის ყეფა ისმოდა. ბოლოს ერისთავმა განაგრძო, - მეც ბრძოლისთვის
ვიყავ გაჩენილი. რაც შევძელ, ვიბრძოლე კიდეც. ვგონებ, უხეირო მეომრის სახელი არც მე
მქონია. წუთისოფლის უკუღმართობამ აღარ დამაცალა ყველა, რაც მეწადა. ლაშქარს
ჩემი ნდობა ჰქონდა და გულდაჯერებული მომყვებოდა. ეეჰ, მეფესაც რომ ბოლომდე
ჰქონოდა ნდობა და ანაზდად გული არ შესცვლოდა ჩემზედ, ვინ იცის, ქართლი ახლა ეგებ
უფრო ღონიერი ყოფილიყო. ჰაი დედასა! სოფლის ამაო ბრუნვას ვინ რას გაუგებს!.. ეს
გაუმარჯოს, - ჯამი ასწია მოხუცმა, - ამ ჩვენს გაწამებულ ქვეყანას! ღმერთო, ნუ ააღებ ხელს!
ღმერთო, დაიცავ ურჯულოსა და მოძალადისგან!

- ამინ! - უთხრა ზებულონმა.

ჯამები დაცალეს და დადგეს. მერე იესე ერისთავმა განაგრძო: - ახლა რაღა ვარ!
დავათრევ ამ ჩემს ჭრილობებს ღვთისა და კაცისგან დავიწყებული და ვაწუხებ ქვეყანას!
მაგრამ რა ვქნა, - მოხუცს ხმის კილოზე შეეტყო, რომ გაიღიმა, - სანამ ნესტანი საპატრონო
მყავს, სიკვდილი არ მინდა. - აქ ხმა ისევ შეეცვალა. კილო ნაღვლიანი გაუხდა, - სამი
წლისა დამიობლდა. მას აქეთ, თუმც ჩემი ხნის ქვა არ გდია ქართლის ხევებში, ღმერთს
სულ იმას ვემუდარები, მანამ მაცოცხლოს, სანამ პატრონს ჩავაბარებდე. მაგის დედ-მამას
ეგ ერთი სადარდებელი გაჰყვა და, იქ რომ მივალ და მკითხავენ, რასა იქმსო, მინდა
კარგი ამბავი მივუტანო.

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, ბატონო, და, - ზებულონი გრძნობდა, როგორ


მოქმედებდა მის გუნებაზე საამო ღამე და საამო ღვინო, - ნესტანს, ვგონებ, მთხოვნელები
არ დაელევა.

- ჯიუტი მყავს, თავისნათქვამა, - ვერ გაიგებდით, მოხუცის ხმის კილოში სინანული


ჭარბობდა თუ სიამაყე, - ან კი განა გამემტყუნება, რომ ეგეთი თავნება გავზარდე. პაპას
სხვაგვარად არ შეუძლიან... მთხოვნელი დიაღაც ბევრი მომდის, - აქ უეცრად მოხუცმა
წყნარად ჩაიცინა, - როცა დიდმა მეფემ, ამ მეფის მამამ, პატივი ამყარა და გაცეცხლებულ
გულზე მამულებიც წამართვა, ვინც მოყვარე და ახლობელი მეგონა, წამსვე ყველამ ზურგი
მაქცია, ვინ შურით, ვინ სიძულვილით, ვინ კიდევ მეფის შიშით.. შერისხული კაცის ბედი
ძნელია. ნათესავებმაც კი ხელი ამაღეს. მერე, როცა ის სულკურთხეული მიიცვალა,
ეხლანდელმა ჩვენმა მეფემ წყალობის თვალით შემხედა; თუმც მამულების დაბრუნება ვერ
გაბედა, ის კი ყველას აგრძნობინა, ვიცი, უბრალოა და მამაჩემის ღალატი მტრებმა
დასწამესო. მაგრამ, ვინც ადრე ზურგი მაქცია, არც ახლა იბრუნა პირი ჩემკენ. ერთი რომ,
უბრად ყოფნით არა აკლდებოდათ რა და აბა აუტკივარი თავი რისთვის აეტკიებინათ,
მეორეც, იცოდნენ, თავად მე ვეღარ შევხვდებოდი იმ გულით. მხოლოდ ბექა დამიდიოდა
ყოველთვის, მაგრამ ბექა სხვა ჯიშის კაცია... რაც ნესტანი წამოიზარდა და დაქალდა, მას
მერე ყმაწვილი თავადები ხშირ-ხშირად იკრიბებიან ჩვენსა. განსაკუთრებით სამ ვაჟს
მოუწევს გული აქეთკენ. ერთიმეორეზე უკეთესები არიან. თუ თვალტანადობით, თუ
გვარიშვილობით, თუ ვაჟკაცობით. კვირას, ალბათ, გვეწვევიან და თავად ნახავ. მე სამივე
მომწონს, მაგრამ ნესტანს არას ვეუბნები. თვითონ გადაწყვიტოს. როგორც გული ეტყვის,
ისე იქნება. მე მხოლოდ ის მინდა, მის ბედნიერებას მოვესწრო, რომ მშვიდად მივაბარო
სული უფალს.

- მოესწრები, ბატონო, ღმერთი მოწყალეა.

კიდევ თითო ჯამი ღვინო დალიეს და მერე ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ბოლოს ზებულონმა
ჰკითხა: - როგორა ფიქრობ, ბატონო, რამდენი ხანი მოაგვიანდება სპარსეთში
ბატონიშვილს?

- თუ შაჰმა არა იმუხანათა რა, ორი თვის თავზედ უნდა მობრუნდეს. რად მეკითხები? უკვე
მოგბეზრდა განა ბერიკაცის ყბედობა?

- არა, ბატონო, - ზებულონს შერცხვა და ენა დაება, - ეგ არის, ლაშქარში ყოფნასა და


ბრძოლას მივეჩვიე...

- ბრძოლამ გატაცება იცის. ამიტომ უნდა ეცადო, ბრძოლით ისე არ გაერთო, უხმლოდ
აღარ გაგეძლებოდეს. ამქვეყნად სხვა უფრო ძნელი საქმეებიცაა...

- სხვაც ვიცოდი, ბატონო, განა არა! ხვნა-თესვა, ხარ-ურმის გაძღოლა, ხეხილის დამყნობა
და გახარება. კიდევ ბევრი რამ... მაგრამ, რაც წყაროსთვალიდან წამოველ, გადავეჩვიე...

- კაცისა შველა ჭირს, თორემ მოკვლა ადვილია, - ეს რომ თქვა, ერისთავი გაჩუმდა და
ერთხანს ჩუმად იყო. ბოლოს განაგრძო, - სანამ ჩემს მამულში ხარ, ვგონებ, ერთხელაც არ
დაგჭირდეს ხმლის ამოღება. მარბიელი აქამდე ვერ შემოაღწევს, დიდი ომი კი,
ჯერხნობით მაინც, არ უნდა ატყდეს. ერთი ის შეიძლება, რომ შინაურები აიშალნენ,
რაკიღა მეფე შეუძლოდაა და ტახტის მემკვიდრეც ისპაჰანს იქნება, მაგრამ, თუ
ქართველები ერთიერთმანეთს დაერივნენ, ჩემს ხალხს - და შენც ხომ, ვიდრე მანუჩარ
ბატონიშვილი არ დაბრუნებულა, ჩემად ითვლები - საომრად ვერ გავუშვებ... - აქ მოხუცი
ისევ გაჩუმდა. ამჯერად უფრო მეტხანს დუმდა. მერე განაგრძო, - განა არ შემეძლო, თავი
დამეცვა, როცა მეფე შემომწყრა. ძალაც შემწევდა და სიმართლეც ჩემს მხარეს იყო.
მაგრამ სიმართლე რა ბედენაა, შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე!
ჩვენ მუდამ ის გვღუპავდა, რომ მტრის საქმეს ვაკეთებდით და მტრის წისქვილზე
დაუფიქრებლად ვასხამდით წყალს. და თუ საბოლოო დაღუპვა გვიწერია, ეგვე
დაგვღუპავს...

მოხუცი გაჩუმდა.

- მშვიდობა იყოს, ბატონო, და მე უომრად გავძლებ, - თქვა ზებულონმა, - ოღონდ, თუ


დასტურს მეტყვი, ხვალ დილაზედ მინდა შენი მიწები შემოვიარო, ყველაფერი კარგად
გავსინჯო. თუ საჭირო იქნა, მცველებსაც დავაყენებ. სიფრთხილეს მაინც თავი არა სტკივა,
ბატონო.
- შემოიარე, - მიუგო ერისთავმა, - გასინჯე. თუმცა, ვგონებ, გასასინჯიც არა არის რა.
ბიჭებსაც გამოგაყოლებ. რამდენი კაცი გინდა?

- ერთი-ორ კაცს თუ გამომაყოლებ... ეგეც კი საჭირო არ არის... ისე, ყველაფერი რომ


დამატარონ და საზღვარ-სამანი მაჩვენონ...

შუაღამე გადასული იყო, როდესაც იესე ერისთავმა ზებულონი დაითხოვა.

ეზოში რომ ჩამოვიდა და თავისი სადგომისკენ გასწია, ზებულონმა აივნის ბოლოს


სარკმელში შუქი შენიშნა. ეტყობა, ნესტანს არ ეძინა. წიგნს კითხულობსო, გაიფიქრა
ზებულონმა და გონების თვალით თითქოს დაინახა კიდეც, ოღონდ ხილვა არ იყო
მკაფიო, რადგან მაგიდას ერთდროულად ორივე ნესტანი უჯდა - ესეც, დაქალებული,
წერწეტა, ყელმოღერებული შველი, და ისიც - პატარა ნუკრი, რომელსაც წყვილი ნაწნავი
ორივე მხრიდან ეფინა ყელზე, ხელში წიგნი ეჭირა, თავი ოდნავ დაეხარა და სანთლების
მოლიცლიცე ალი სახეზე დასთამაშებდა...

დილაზე ზებულონმა ცხენი შეკაზმა და ერისთავის მიწა-წყლის დასათვალიერებლად


გაემზადა. ორი მხლებელი, რომლებიც შეპირებისამებრ დააძახებინა იესე ერისთავმა,
ადრიანადვე მოვიდა. გლეხის ბიჭები იყვნენ, სრულიად ყმაწვილები, ჯერ კიდევ
პირტიტველები. შორიდანვე ჩამოქვეითდნენ, ცხენები ღობეზე გამოაბეს და ეზოში
მორიდებით შემოვიდნენ.

- აი, სოსიკა და სოსიკა გამოგყვება, - უთხრა ერისთავმა ზებულონს, - ყოჩაღი ბიჭები არიან
და აქაურობაც კარგად იციან. - მერე ბიჭებს მიუბრუნდა, - სოსიკავ და სოსიკავ, ზებულონს
ეახლენით, მამული აჩვენეთ და, რაც გიბრძანოთ, ყველა უსიტყვოდ შეასრულეთ.

სოსიკამ და სოსიკამ ბატონს მდაბლად დაუკრეს თავი და ზებულონს ქურდულად, მაგრამ


ხარბად დაუწყეს თვალთვალი.

ის იყო, წასვლას აპირებდნენ, რომ აივანზე ნესტანი გამოჩნდა და გაკვირვებულმა იკითხა,


ბაყბაყ-დევო, საით გაგიწევიაო?

ზებულონს ნესტანისგან მართლა არ სწყინდა ბაყბაყ-დევის დაძახება, მაგრამ ახლა


სოსიკასი და სოსიკასი შერცხვა, ამიტომ თვალი არ გაუსწორებია, ისე მიუგო, მამულების
სანახავად გეახლებიო.

განა მე კი არ წამიყვანო? ჰკითხა ნესტანმა.

გამართული იდგა, ხელები მოაჯირზე ეწყო, თავი აეღირა, შუბლი ოდნავ შეეკრა და შავ-
შავი თვალების თან გაკვირვებული, თან ცოტა კუშტი, თან თითქოს მოღიმარე მზერა
შუბლში მიებჯინა ზებულონისათვის.

ზებულონს გულმა რეჩხი უყო. ამ დილით, გაიღვიძა თუ არა, მაშინვე ის გაახსენდა, რომ
მთელი დღე ერისთავის სასახლეს მოშორებული იქნებოდა და შევარდენივით თავის
ნებაზე იფრენდა. გლეხის ბიჭების დანახვაზე ეს იმედი კიდევ უფრო გაუღვივდა, მაგრამ
ნესტანის გამოჩენამ ყოველივეს ერთბაშად გამოაცალა საყრდენი და ლაღი შევარდენი
გაწვრთნილ მიმინოდ იქცა, რომელიც სხვის ნება-სურვილს ასრულებს და იქით
მიფრინავს, საითაც ანიშნებენ.

რა ექნა? უარს ხომ ვერ ეტყოდა!

- თუკი ინებებ...

ამ სიტყვებმა ნესტანი ისე გაახარა, თითქოს ზებულონს მართლა შეეძლო უარი ეთქვა,
ხელი ხელს შემოჰკრა, ერთ ადგილზე შემოტრიალდა და გასძახა: - პაპა!

მერე, იესე ერისთავი რომ მის ძახილზე გამოჩნდა, კარის ზღურბლზევე მიეგება, კისერზე
ჩამოეკიდა და უთხრა: - პაპა, ხომ დამრთავ ნებას, მეც წავიდე მამულის
დასათვალიერებლად? ზებულონმა დასტური მითხრა. ჰა, პაპა, ხომ გამიშვებ?

იესე ერისთავი უარზე დადგა, ეს საქალო საქმე არააო, უთხრა, აბა, შენ კაცების
კვალობაზე როგორ ივლი, ვინ იცის, რა ტყე-ღრეებში მოუხდეთ სიარული, შენ კიდევ ვერ
მიჰყვები და იძულებული შეიქნებიან შენ გამო თვითონაც ფეხი აითრიონო, და ზებულონს
ისევ მიეცა იმედი. მაგრამ მოხუცის უარი მყიფე და უღონო გამოდგა. ძალიანაც კარგად
ვივლიო, ნესტანმა მიუგო, როცა გინდა, აკი ქალაბიჭას მეძახიო, განა ამ სოსიკასა და
სოსიკაზე ნაკლები მხედარი ვარო, ეგეც არ იყოს, აქაურობა ხომ ჩემია და პატრონმა თუ
არა, მაშ ვინ უნდა იცოდეს თავისი მამულიო. პაპა ერთხანს კიდევ ცდილობდა თავისი
გაეტანა, მაგრამ ნესტანი რომ კვლავ ჩამოეკონწიალა კისერზე, ლოყაზე აკოცა და
მუდარით უთხრა, თუ ჩემი კარგი პაპა ხარ, უარს ნუ მეტყვიო, გატყდა. მაშინ ნესტანმა
კიდევ ერთხელ ხელი ხელს შემოჰკრა და მეჯინიბეს გასძახა, საჩქაროდ ცხენიო. ცოტა
ხნის შემდეგ, კიბე რომ სირბილით ჩამოიარა და ცხენს მართლა ბიჭივით მოახტა -
მარდად, მოხდენილად, ყოჩაღად - ზებულონმა თავისდაუნებურად გაიფიქრა, ნეტა ვაჟად
დაბადებულიყოო. ვაჟს უფრო იოლად შეეგუებოდა. აკი ბექა ამილახვარს შეეგუა, მანუჩარ
ბატონიშვილს, სხვა თავადიშვილებს...

სოსიკა და სოსიკა, როგორც მეგზურები, წინ მიდიოდნენ, ნესტანი და ზებულონი


მოშორებით მიჰყვებოდნენ.

ზებულონი მოწყენილი იყო. ნესტანი რომ არა, სოსიკასა და სოსიკას შუაში ჩაუდგებოდა
და საუბარს გაუბამდა. ათას რამეს გამოჰკითხავდა. სოფლისას, მეზობლებისას, მომიჯნავე
მემამულეებისას, იმ სამი თავადიშვილისას, იესე ერისთავის სიტყვით თურმე ნესტანზე
რომ სჭეროდათ თვალი. მდინარეში იბანავებდა, ტყეში ჩრდილში წამოწვებოდა.. ერთი
სიტყვით, ნებაზე იქნებოდა და მთელ მამულს ისე შემოივლიდა, ვერც კი გაიგებდა. რაკი
ნესტანი წამოვიდა, სოსიკასა და სოსიკას ცალკე უნდა ევლოთ, ზებულონი კი ნესტანს უნდა
ხლებოდა გვერდით და ამიტომ ფიქრებსაც, რაღა თქმა უნდა, თავის ნებაზე ვერ
მიეცემოდა.

ნესტანი გამართული იჯდა ცხენზე და ძალიან ლამაზი იყო. ცხენიც ლამაზი ჰყავდა. თავი
მოხდენილად აეღირა და ისეთი რბილი, მოზომილი, ფრთხილი ნაბიჯით მიდიოდა,
თითქოს იცოდა, თუ რა ძვირფას ტვირთს დაატარებდა.

სასახლეს რომ გასცდნენ და ეკლესიას გაუსწორდნენ, ნესტანმა ცხენი შეაყენა, ხელი


ეკლესიის გვერდით მდგარი ერთი პატარა, კოხტა სახლისკენ გაიშვირა, რომელიც
ხეხილის ბაღში იყო ჩამჯდარი, და თქვა: - აგე, იმ სახლში ჩვენი მღვდელი ცხოვრობს.
მღვდელს ერთი ლამაზი ქალი ჰყავს, სახელად მზევინარი ჰქვიან. ის ქალი უნდა შეგრთო.

ზებულონი შეკრთა და თავისდაუნებურად აღმოხდა: - რათა, ბატონის ქალო?!

ნესტანმა მოხედა და დააცქერდა. მხოლოდ თვალები უღიმოდა.

- იმად, რომ კარგია.

სანამ ზებულონი, შეშფოთებული და დარცხვენილი, პასუხად რამეს იტყოდა, ნესტანმა


ცხენს ქუსლი ჰკრა, გზა განაგრძო და ერთბაშად სხვა საგანზე გადაიტანა საუბარი: - განა
ისეთი რა დაგიშავე, რომ ასერიგად არ გინდოდა ჩემი წამოყვანა?
ზებულონს სიწითლემ გადაუარა.

- აბა, რას ბრძანებ ბატონის ქალო..

- იმას ვბრძანებ, რომ ჩემი წამოყვანა არ გინდოდა და ჩუმად ნატრობდი, პაპას როგორმე
გადაეთქმევინებინა ჩემთვის წამოსვლა... - და როგორც წეღან, სანამ ზებულონი პასუხს
რასმე მოიფიქრებდა, ისევ გამოცვალა საუბრის საგანი, - მაგრამ, თუ არ გამთქვამ, ერთ
საიდუმლოს მაინც გაგიმხელ. არ გამთქვამ?

- თუკი დუმილს მიბრძანებ, რად გაგთქვამ...

- მაშ, გაგიმხელ და დუმილიც მიბრძანებია. პაპა რომ გამაფრთხილებს ხოლმე, სოფელს


არ გასცდეო, განა მართლა ვუჯერი! ვინ იცის, რამდენჯერ გავცდენილვარ, და კარგა
შორსაც გავცდენილვარ. - და, ზებულონმა რომ გაკვირვებითა და შეშფოთებით შეხედა,
შეეჭვებულმა დაუმატა, - გამთქვამ?

- რა ბრძანებაა, ბატონის ქალო! დუმილის აღთქმა მომიცია... მაგრამ... ეგებ ისა სჯობდეს,
პაპას გაუგონო. განა არ იცი, სოფლის გარეთ მარტო სიარული საშიშია?

- ოღონდაც რომ ვიცი. აკი იმიტომაც დავდივარ, რომ საშიშია!

ზებულონმა ამაზე ვერაფერი უთხრა. და იმის გამო, რომ ვერაფერი უთხრა, და აგრეთვე
იმის გამო, რომ დაბნეული და დაძაბული იყო, თმის ძირებში ოფლმა გამოჟონა. ნესტანი
რომ ვაჟი ყოფილიყო, ეგონა, უფრო თამამად ჩაეძიებოდა და გამოარკვევდა, თუ რისი
თქმა ეწადა, მაგრამ ნესტანი ქალი იყო და ზებულონმა კითხვა ვერ გაუბედა. ნესტანმა კი
განაგრძო: - ოღონდ ტყეში შესვლისა მაინც მეშინიან. განა სასაცილო არ არის: შიში მინდა
დავძლიო და შიშის შიში ვერ დამიძლევია! - აქ უცებ ხმამაღლა გასძახა, - ეჰეი, სოსიკავ და
სოსიკავ! - და როცა სოსიკამ და სოსიკამ ცხენები შეაყენეს და მოატრიალეს, უბრძანა, -
ქვემოთ ჩაგვიძეხით, წყალზე. ჯერ ეს მხარე დავათვალიეროთ! - მერე, სოსიკამ და
სოსიკამ რომ მიუგეს, ბატონი ბრძანდებითო, და ცხენები ისევ მიატრიალეს, კვლავ
ზებულონს მოუბრუნდა, - შენზე ამბობენ, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მარტოდმარტოს
მტრის მთელი გუნდი გაუფანტავსო. მართალია?

ზებულონს შერცხვა.

- რა მოგახსენო, ბატონის ქალო... ბრძოლის დროს, აბა, ვინ ანგარიშობს, თუ რამდენია


მოპირდაპირე... ხან ასე მოხდება, ხან ისე...

- მაშ, რატომ შენზე ამბობენ და სხვაზე კი არა?

- აბა, რა ვიცი... - ზებულონმა მხრები აიჩეჩა.

- ისიც მართალია, რომ თურმე წლინახევრის მოზვრისთვის ხმლის ერთი დაკვრით


წაგიცლია თავი?

ზებულონს ჭირის ოფლმა დაასხა და მწუხარე მოგონება ზლაზვნით წამოიმართა გონების


თვალწინ. მაშინ ღვინონასვამი იყო. სხვებიც ღვინონასვამები იყვნენ. მერე დიდხანს
იხსენებდა და ვერ გაიხსენა, თუ ვინ წამოიწყო, ან რისთვის წამოიწყეს ამ საგანზე საუბარი,
ან ისეთი რა ავსული შეუჯდა ტანში, რომ სანაძლეო დადო... იმ მოზვერს ადამიანივით
ედგა თვალებში ნაღველი... საკვირველი ის იყო, დაჰკრა თუ არა ხმალი, წამსვე
გამოფხიზლდა. უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას. მთელი ღამე აღარავის სჩვენებია,
მთელი ღამე განმარტოებით დაძრწოდა და თვალზე რული არ მიჰკარებია. მას შემდეგ,
როცა კი ის ამბავი გაახსენდებოდა, ყოველთვის გუნება ემღვრეოდა და სახე
წამოუხურდებოდა ხოლმე.

- რას გაჩუმებულხარ?! - უთხრა ნესტანმა, - მართალია თუ არა?

ზებულონმა თავი ჩაჰკიდა, მიწას ჩააცქერდა. ერთხანს დუმდა. ბოლოს ისეთი კილოთი
მიუგო, ბალღს რომ დანაშაულზე წაასწრებენ და ისიც იძულებული შეიქნება გამოტყდეს: -
მართალია, ბატონის ქალო...

ნესტანი დაფიქრებული და ცოტა გაკვირვებული უყურებდა. მერე გზა განაგრძო და, სანამ
მდინარეს არ მიადგნენ, ხმა არ ამოუღია.

მდინარე მოზრდილი იყო, განიერი და მდორე.

- აქ გადის მიჯნა? - ჰკითხა ზებულონმა სოსიკასა და სოსიკას.

- არა, ბატონო, - მიუგო ერთმა მათგანმა და გაღმა გაიშვირა ხელი, - ის მინდვრებიც ჩვენი
ბატონისაა. მუხნარს ხომ ხედავ მინდვრებს იქით? საზღვარი მაგ მუხნარს მისდევს.

- ფონი თუ აქვს ამ წყალს?

- აქვს. ერთი ქვემოთაა, აგე, საცა მდინარე უხვევს. ზედ მუხლზეა. მანდედან საზღვარი სულ
წყალდაწყალ მიდის. მეორე ზემოთაა, მოშორებით. ორბელიანთ მიჯნაზეა. იმათიცაა და
ჩვენიცა.

ზებულონი ნესტანს მიუბრუნდა.

- თუ შენი ნებაც იქნება, ბატონის ქალო, გაღმა გავიდეთ, ზემოთ ავყვეთ საზღვარს და ჯერ
ეს მხარე გავსინჯოთ.

ასეც მოიქცნენ. სოსიკა და სოსიკა კვლავ დაწინაურდნენ და ნესტანმა ისევ გაუბა საუბარი
ზებულონს. ამჯერად მისი ამბები გამოიკითხა და ზებულონმაც, რაც გუშინ პაპას მოუთხრო,
ახლა იგივ შვილიშვილს უამბო.

დაროაშვილების ამბავი, როგორც გუშინ, დღესაც გამოტოვა.

ნესტანმა, რა შეიტყო, ზებულონს თურმე წიგნის სწავლა ეწადა, მაგრამ საწადელისთვის


ვერ მიუღწევია, უცნაურად გაიხარა, ცხენი მოწყვეტით შეაყენა, მთელი ტანით
მოტრიალდა და აღტაცებით უთხრა: - მე გასწავლი წიგნს!

ზებულონი შეშინდა. წიგნს დიაღაც რომ სიხარულით ისწავლიდა, მით უფრო, რომ, სანამ
მანუჩარ ბატონიშვილი სპარსეთს მოივლიდა, ხმალი უქმად უნდა სდებოდა ქარქაშში და
სხვა საქმეც ხომ არა ექნებოდა რა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სადილ-ვახშმად ბატონის
სუფრაზე ჯდომა დაუდეს წესად და მამულების დასათვალიერებლადაც ისე ვერ წამოვიდა,
ნესტანი არ წამოჰყოლოდა, ახლა წიგნის სწავლას ის ერჩივნა, ცოტა ხნით მაინც თავის
ნებაზე დარჩენილიყო და მშვიდად ესუნთქა.

ნესტანს მისი შიში არ შეუნიშნავს.

- მე ისე ვერ გასწავლი, როგორც ძია იოველს შეუძლიან გასწავლოს. ძია იოველმა იმდენი
რამ იცის, მთელი ქართლის სწავლულები რომ ერთად შეჰყარონ, მაგდენი არ
ეცოდინებათ, მაგრამ ქართულ წიგნს კი, ვგონებ, რიგიანად გასწავლი.

ზებულონმა არ იცოდა, რა ეპასუხა. მადლობა ღმერთს, ნესტანმა, როგორც სჩვეოდა,


უეცრად სხვა საგანზე გადაიტანა საუბარი.
ეს სხვა საგანი ამჯერად ბექა ამილახვარი და მაჩაბლიანთ ქალი იყო. დაიწყო თუ არა
მათზე ლაპარაკი, თითქოს ჯადოსნური კვერთხი შეახესო, უეცრად თვითონაც შეიცვალა.
სახეზე თბილი შუქი დაეფინა, რომელმაც მისი სილამაზე მოულოდნელად ისეთი
შინაურული გახადა, ისეთი ახლობელი, რომ ზებულონს წამით გული შეუტოკდა და
სხეულში რაღაც საამო ნაკადი ჩაეღვარა, იმგვარი, როგორიც დედისა და ისახარის
სიკვდილის შემდეგ აღარ განუცდია. ნესტანს ხმაც შეეცვალა, უფრო რბილი გაუხდა,
უფრო ამო. ხოლო თავად ისეთი შეიქნა, თითქოს ფიქრებში ჩაფლულა და საკუთარ თავს
ებაასებაო.

- ერთი ვარდია და მეორე ბულბული, - ხმა თბილად მოედინებოდა, ნება-ნება, - ისე


ეტრფიან ერთიმეორეს, როგორც რომ თინათინი და ავთანდილი... ბექა თავის დღესა და
წუთისოფელს ხუმრობა-ხუმრობით ჰკეცავს, თითქოს ამქვეყნად სადარდელი არა აქვს რა.
ყველას რომ ქირდავს და კილავს, თავის სიყვარულზეც ისე ლაპარაკობს, ვითომ ესეც
საოხუნჯო და სალაღობო რამ იყოს. ვისაც მის გულში არ ჩაუხედავს, მართლა ეგრე
ეგონება, მაგრამ, ვისაც ჩაუხედავს, მან იცის, როგორ უყვარს, როგორ დაჰფოფინებს და
დაჰკანკალებს... სპარსეთიდან რომ დაბრუნდება, ალბათ, ქორწილსაც გადაიხდიან...
ასმათი მზეთუნახავია, ბექა კი მზეჭაბუკი...

ზებულონმა ნესტანის ნალაპარაკევიდან ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ ერთი კი


გაუკვირდა: მაჩაბლიანთ ასმათი არასოდეს ენახა და, რაკი არ ენახა, აბა, საიდან უნდა
სცოდნოდა, მართლა მზეთუნახავი იყო თუ არა! სამაგიეროდ, ბექა ამილახვარს ხომ
ძალიან კარგად იცნობდა! მართალია, მას შემდეგ, რაც ბრძოლაში იხილა, თითქოს
შესახედავადაც სხვაგვარი გახდა - უფრო მოხდენილი, უფრო სანდომიანი - მაგრამ
მზეჭაბუკისა კი არა ეცხო რა. ბავშვობაში ზებულონზე მეტი ვის უფიქრია მზეთუნახავებსა
და მზეჭაბუკებზე, მაგრამ ის მზეჭაბუკები, მის წარმოდგენაში რომ ცხოვრობდნენ, სულ
სხვანაირები იყვნენ...

დიდხანს იარეს მდინარის აღმა, ბოლოს ორბელიანთა საზიარო ფონით უკანვე


გამოვიდნენ და, რაკი უკვე საკმაოდ გვიანი იყო, სოფლის გზას დაადგნენ; დანარჩენი
მამულის შემოვლა სახვალიოდ გადასდეს.

ეკლესიას რომ ჩაუარეს და ზებულონმა მღვდლის სახლი დაინახა, შეშინებულმა ცალი


თვალი ნესტანისკენ გააპარა, მაგრამ ნესტანს დილანდელი დანაქადები, მადლი უფალს,
აღარ მოჰგონებია.

იესე ერისთავმა ზებულონი ნავახშმევს, მას შემდეგ, რაც ნესტანი ორთავეს გამოეთხოვა
და თავის ოთახში წავიდა, კვლავ აივანზე მიიწვია და იქ გვიანობამდე ისაუბრეს.
ზებულონი, თუმცა ეს საღამო ისე საამური აღარ ეჩვენებოდა, როგორც წინა, გულისყურით
უსმენდა მოხუც მასპინძელს, რომელიც დინჯად, აუჩქარებლად, ტკბილი ნაღველით
ჰყვებოდა გარდასულ ბრძოლათა ამაღელვებელ ამბებს.

ბოლოს, როცა ნაშუაღამევს ეზოში ჩამოვიდა, შენიშნა, რომ ნესტანის ოთახის


სარკმლიდან წუხანდელივით გამოდიოდა შუქი.

იმ ღამეს ძილი გაუტყდა. ფიქრები ბუზებივით ეხვეოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ.


ათას რამეზე ფიქრობდა ზებულონი და, რაზეც კი ფიქრობდა, თან ყველაფერს გონების
თვალით ხედავდა. ჯერ იყო და შორეული სპარსეთის გზაზე მანუჩარ ბატონიშვილს
გაადევნა თვალი. განა იცოდა, ან გზა როგორი იყო, ან სპარსეთი! თავისივე შექმნილ გზას
გაუყენა, თავისივე შექმნილ ისპაჰანს ჩაიყვანა, თავისივე შექმნილ შაჰს აწვია და თავისივე
შექმნილი ოქროს გვირგვინით თავდამშვენებული გამოისტურმა უკან. მერე იესე
ერისთავის გადახდილ ომებში ჩაება და მას უკან, რაც მალემრწმენი მეფე, ქვებუდანთა და
ავისმზრახველთა ბოროტ ენებს აყოლილი, რის ვაი-ვაგლახით დაარწმუნა ერისთავის
ერთგულებაში, ნაცადი სარდლის წინამძღოლობით მრავალი სასახელო ბრძოლა
გადაიხადა. ქართლი მოღონიერდა, წელი მოიდგა, შიშიანობა უკვალოდ გაქრა. ამის
შემდეგ ნესტანი გაახსენდა, მაგრამ ნესტანი გახსენებისთანავე გაქრა და გონებაში
უეცრად ის მოზვერი შემოცურდა, თვალებში რომ ადამიანივით ედგა ნაღველი და
შექეიფებულ მეომართა უგუნურ სანაძლეოს შეეწირა. საკვირველი ის იყო, რომ, თუმცა
თავისი ნამოქმედარით შეძრწუნებულ ზებულონს ღვინო წამსვე გამოუნელდა და
აფორიაქებული გათენებამდე მოუსვენრად დააბიჯებდა და ადგილს ვერ პოულობდა,
თვალზე ცრემლი არ მოსდგომია, მაშინ როცა ქურანა ცხარე ცრემლით დაიტირა, თუმცა
იგი ბრძოლაში მოუკლეს, ეს კი არც მოულოდნელი იყო და არც უჩვეულო. ნუთუ, რაც
შენია, უფრო შესაბრალისია მხოლოდ იმის გამო, რომ შენია? ამასობაში ბურანიც
წამოეპარა. ის იყო, უნდა ჩასძინებოდა კიდეც, რომ უეცრად კვლავ ნესტანი გაახსენდა,
რომელიც მაჩაბლიანთ ასმათისა და ბექა ამილახვრის ამბებს ჰყვებოდა და ამის გამო
სახეზე თბილი ნათელი ეფინა. ხმაც ფიქრიანი და მეოცნებე ჰქონდა. ბურანი ერთბაშად
გაიფანტა და ზებულონი მიხვდა! ნესტანი განა მართლა ვაჟად უნდა გაჩენილიყო! ეგებ
მაჩაბლიანთ ასმათი ლამაზია და კალმით ნახატი, მაგრამ თუ ვინმეს მზეთუნახავი უნდა
ერქვას, ნესტანს უნდა ერქვას. მზეთუნახავი კი ქალად უნდა გაჩნდეს. ოღონდ ძმა უნდა
ჰყავდეს. ზებულონი უნდა გაჩენილიყო ნესტანის უფროს ძმად! აი, მაშინ ყველა ზღუდე
დაიქცეოდა, ყველა დაბრკოლება მოირღვეოდა, ყველა ბორკილი დაიმსხვრეოდა.
იქნებოდა პაპა - იესე ერისთავი - და შვილიშვილები - ნესტანი და ზებულონი. მაშინ
ნესტანი ნავახშმევს, როცა თავის ოთახში წავიდოდა წიგნის წასაკითხად, გამოთხოვებისას
ზებულონსაც აკოცებდა... დილით ზებულონი თამამად გასძახებდა, ქაჯან, წამო,
სანადიროდ წავიდეთ!.. და წავიდოდნენ. აბა, ძმასთან ერთად რა შეაშინებდა ან ტყეში ან
ღრეში!.. მერე მზეჭაბუკიც გამოჩნდებოდა, ნამდვილი ზღაპრული მზეჭაბუკი, ან უცხო
ქვეყნის უფლისწული და... ზებულონს, თქმა არ უნდა, დიდად დასწყდებოდა გული, მის
ხელში გაზრდილ საყვარელ დას რომ უნდა განშორებოდა, მაგრამ აბა რა ექნა! ქალი,
რომ გაიზრდება, უნდა გათხოვდეს... აქ ზებულონს ისევ წამოეპარა ბურანი და მალე
ძილმა საბოლოოდ წაართვა თავი.

როდესაც გაიღვიძა, სიბნელე ახალი შემღვრეული იყო. იმდენად ცოტა ეძინა, რომ
ფიქრებს, რომლებიც ძილის წინ ასე მოუსვენრად დაფუთფუთებდნენ მის გონებაში, ჯერ
კიდევ ვერ მოესწროთ გაფანტვა; თუმცა მისი სხეულიდან კი უკვე გამოსულიყვნენ, ისევ
ოთახში დაფარფატებდნენ და მზად იყვნენ, უკანვე შემომძვრალიყვნენ.

სწრაფად ადგა, ტანთ ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. დილის გრილი ჰაერი ეამა. წყაროზე
ჩავიდა ქვემოთ, ეზოს ბოლოში, ხელ-პირი დაიბანა და უკანვე ამობრუნდა. ერთხანს
ირგვლივ სიჩუმე იდგა, მერე მსახურებმა გაიღვიძეს. ხან აქ, ხან იქ კარი ჭრიალით
გაიღებოდა, რომელიმე მსახური თვალების ფშვნეტით გამოვიდოდა, ზებულონს ერთს
გაკვირვებით შეხედავდა და თავის საქმეზე გასწევდა. ზებულონი მცირე ხანს ეზოში იჯდა
მერხზე. ბოლოს წამოდგა და საჯინიბოსკენ გასწია. უანგარიშოდ, უფიქრელად. მისი დიდი
ულაყი კუთხეში ება, მაგრამ იქით არ წასულა. ჯერ კარებში შეჩერდა, სიბნელეს თვალი
შეაჩვია, მერე დაკვირვებით მიმოიხედა და ნესტანის თეთრონს მიაშურა. თეთრონმა თავი
ასწია, შემოხედა. ზებულონმა ხელები დრუნჩზე მიუსვ-მოუსვა, მერე მარჯვენა ხელი ყელში
რბილად ამოსდო, ხოლო მარცხენა ფაფარზე გადაუსვა. ცხენმა თავი ოდნავ შეარხია და
ხმადაბლა დაიფრუტუნა. ზებულონმა ახლა ზურგზე დაუსვა ხელი და იგრძნო, როგორ
გააჟრჟოლა ცხენს. სწორედ ამ დროს, თითქოს რაღაცამ აიძულაო, თვალი მარჯვნივ
გაექცა. მის ულაყს თავი აეღირა და პატრონს მოსჩერებოდა. მაშინ ზებულონმა თეთრონი
მიატოვა, თავის ცხენს მიაკითხა, ახლა იმას მიეფერა, დაამშვიდა და, ცხენს რომ
დაძაბულობამ გაუარა, საჯინიბოდან გამოვიდა.
მალე სოსიკა და სოსიკაც გამოჩნდნენ და ნასაუზმევს ოთხივენი კვლავ გზას გაუდგნენ.
ამჯერად, ქვედა ფონს რომ მიაღწიეს, მარჯვნივ წავიდნენ, ჯერ მდინარის პირს დაუყვნენ,
მერე კიდევ მარჯვნივ შეუხვიეს, ყანები და სათიბები გადაიარეს, უკანა მხრიდან მოუარეს
მამულს და საბოლოოდ ერთ ვეება, უღრან ტყეს მიადგნენ. სოსიკამ და სოსიკამ თქვეს, ეს
ტყე მთლიანად ჩვენი ბატონისაა, მაგრამ ისეთი გაუვალია, რომ ბოლომდე არავის
მიუღწევია და ამიტომ არც არავინ იცის, სადამდე გრძელდებაო. ამაზე ზებულონმა ეჭვი
გამოთქვა, რაკი ასეა, ყაჩაღისთვის სამალავად ზედგამოჭრილი იქნებაო. სოსიკამ და
სოსიკამ ხელები გაასავსავეს, რა ბრძანებაა, ბატონო, ასეთ ტყეში რომელი
ჭკუათმყოფელი გაბედავს დამალვას, მგლებითა და დათვებითაა სავსეო. ზებულონს
უნდოდა მცირე მანძილზე მაინც შესულიყო ტყეში, მაგრამ, რა დაინახა, სოსიკასა და
სოსიკას იქ ვერა ძალით ვერ შეიყვანდა და მგლებისა და დათვების ხსენებაზე ნესტანსაც
ფერი წაუვიდა, გადაიფიქრა. ნესტანს ქვედა ტუჩი კბილებით ეჭირა, დიდრონი თვალები
კიდევ უფრო გაფართოებოდა და შეჭმუხნილ შუბლზე ნაოჭები დაჰყროდა. საფეთქლებზე
ძარღვები უფეთქავდა. იჯდა ცხენზე, შიშით კანკალებდა და თან ჭირვეული ბალღივით
მოითხოვდა, შევიდეთ და ტყე დავათვალიეროთო.

ზებულონმა თავს ძალა დაატანა და რაც შეეძლო მტკიცე ხმით უთხრა: - არა, ბატონის
ქალო. კი ნუ მიწყენ და უკან უნდა გავბრუნდეთ.

ნესტანმა თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა: - რატომ? გეშინიან?

თან ცდილობდა ეს სიტყვები ნიშნის მოგებითა და აგდებული კილოთი ეთქვა.

ზებულონმა თვალი აარიდა, მიწას ჩააცქერდა. ბოლოს უთხრა: - მეშინიან, ბატონის ქალო.

ნესტანმა უხმოდ მოატრიალა ცხენი და სოფლის გზას დაადგა. კარგა მოზრდილი


მანძილი უბრად გაიარეს. ნესტანი ცხენზე წრიალებდა, ჟამიდან ჟამზე დაეჭვებული და
შეფიქრიანებული გამოხედავდა ზებულონს, თითქოს რაღაც აწუხებს და თქმა ვერ
გადაუწყვეტიაო. ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა.

- ვიცი, ჩემ გამო თქვი უარი, განა მართლა შეგეშინდა. ეგრე არ არის?

ზებულონმა თავი ჩაღუნა და ხმადაბლა წაიბურტყუნა: - ეგრეა...

- მაშ, სწორე უთქვამს პაპას: ბალღივით გავჯიქდი და აკი ხელი შეგიშალეთ!

- არა, ბატონის ქალო. შენ თუნდაც არ წამოსულიყავ, სულ ერთია, სოსიკასა და სოსიკას
გამო მაინც უარი უნდა მეთქვა ტყეში შესვლაზედ.

ნესტანი ერთხანს დაფიქრებული იყო და სივრცეს გასცქეროდა. მერე ჰკითხა: - მარტო


რომ ყოფილიყავ, შეხვიდოდი?

- მარტო ეგებ შევსულიყავ.

- მგლებისა და დათვების არ შეგეშინდებოდა?

ზებულონმა მორიდებით ჩაიღიმა.

- ვგონებ, მგლებსა და დათვებს უფრო შეშინებოდათ, ბატონის ქალო.

ამის შემდეგ ნესტანი კვლავ გახალისდა და, სანამ სასახლეს არ მიაღწიეს, არც
გაჩუმებულა. ისე ტიტინებდა, როგორც, ზებულონის ვარაუდით, უმცროსი და შეიძლება
ტიტინებდეს უფროსი ძმის გვერდით.
სადილად რომ დასხდნენ, ნესტანმა პაპას მიახარა: - პაპა, პაპა! ზებულონს წიგნი უნდა
ვასწავლო განა!

იესე ერისთავმა თავზე ღიმილით გადაუსვა ხელი და თბილად მიეფერა.

- უნდა ასწავლო, შვილო, მაშ! რაც კი ვიცით, ყველაფერი ერთიერთმანეთს უნდა


ვასწავლოთ, რომ ყველანი ღონივრები გავხდეთ. ეგებ ზებულონმა სამაგიეროდ ხმლის
ხმარება გასწავლოს. მაინც ხომ ქალაბიჭა მყევხარ და ბარემ ესეც იცოდე.

ნესტანმა სიხარულისაგან ბალღივით დასჭყივლა და ტაში შემოჰკრა. ამ აზრმა ისე


გაიტაცა, სადილის განმავლობაში სხვა არაფერზე ულაპარაკნია, წიგნის სწავლება,
ეტყობა, სულ გადაავიწყდა. ნაშუადღევს, მზე რომ გადაიწვერა, პაპამისის მრავალ
ხმალთაგან ერთი, შედარებით მომცრო, აირჩია და ზებულონი იხმო

ზებულონსაც მეტი რა ჩარა ჰქონდა: ხმალი აიღო და სწავლება დაუწყო. იესე ერისთავი
აივანზე იჯდა და ღიმილით ადევნებდა თვალს. ზებულონმა რამდენჯერმე აჩვენა, თუ
როგორ უნდა მოექნია ხმალი, ან მოპირდაპირის მოქნეული ხმლისთვის როგორ
დაეხვედრებინა. მერე კარგა ხანს ავარჯიშა. ბოლოს უთხრა: - დღეს ეს ვიკმაროთ,
ბატონის ქალო. სხვა ხვალ იყოს.

- ხომ კარგად ვსწავლობ? - ჰკითხა ნესტანმა. მერე პაპას მიუბრუნდა, - ხომ კარგად
ვსწავლობ, პაპა?

იესე ერისთავმა და ზებულონმა ორთავემ დიდად მოუწონეს და ნესტანიც კმაყოფილი


გაეცალა ბრძოლის ველს. მაშინ იესე ერისთავმა ზებულონი აივანზე იხმო და უთხრა: -
ეგებ აქაურ ყმაწვილკაცებსაც ასწავლო. სოფელში ჩინებული ბიჭები მყვანან, მაგრამ
ბრძოლისა არა გაეგებათ რა.

- ბატონი ბრძანდები, - მიუგო ზებულონმა, - თუკი მოიწადინებენ, რატომაც არ ვასწავლი!


ჩემთვისაც ხომ კარგი იქნება და კარგი: საქმეს გავიჩენ და გულსაც გადავაყოლებ.

ზებულონი თანდათან შეეჩვია იესე ერისთავის სასახლეში ცხოვრებას. უსაქმოდ ყოფნაც


ძველებურად აღარ აშინებდა. მასპინძლის ადგილ-მამულს კვირაში ორჯერ დაუვლიდა
ხოლმე. მეგზურები უკვე არ სჭირდებოდა, ამიტომ ან მარტო მიდიოდა, ან - უფრო ხშირად
- ნესტანთან ერთად. ნესტანის გვერდით - თუმცა გაუბედაობასა და შებოჭილობას მთლად
ვერ დააღწია თავი - ძველებურად აღარ უჭირდა ყოფნა. ამას თავად ნესტანი უწყობდა
ხელს: ბალღივით იყო, პირდაპირი, მიამიტი, გულმართალი. ჭირვეულობაც ბალღური
იცოდა და, რაც მთავარია, საუბარს მუდამ თვითონ უძღვებოდა, რის გამოც ზებულონს
საკუთარ თავზე ძალის დატანება არ სჭირდებოდა.

დილდილაობით ნესტანს ჩვევად ჰქონდა თავისი თეთრონით სასეირნოდ წასულიყო და,


მას შემდეგ, რაც მამულების დათვალიერებას მორჩნენ, პირველსავე დღეს თან იახლა.
წამყე, ბაყბაყ-დევოო, უთხრა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შემპირდიო?

სასახლის გადაღმა, კარგა შორს, ტყის პირას, ერთი ტიტველი, ოდნავ დამრეცი მინდორი
იყო. იმ მინდორს რომ მიაღწიეს, ნესტანმა თეთრონს ქუსლი ჰკრა და გააჭენა. ზებულონს
თავისი ცხენი არ აუჩქარებია, ნელა მიჰყავდა და შორიდან უყურებდა. ნესტანი
თავდავიწყებით მიაქროლებდა თეთრონს, თან წასაქეზებლად დროდადრო ხმამაღლა
დასძახებდა. ახლა წინ გადაზნექილი, თითქმის წაწოლილი იჯდა ცხენზე; ჭენებისგან
აყენებული ქარი დროდადრო ხშირ, მძიმე თმას წამოუშლიდა და თეთრ-ყირმიზ კისერს
გამოუჩენდა. წამით გამოუჩენდა და წამსვე ისევ დააფენდა თმას. ტყის პირას ნესტანი
შეჩერდა და ზებულონს დაელოდა. მერე, ეს უკანასკნელი რომ წამოეწია, უთხრა: - ბაყბაყ-
დევო, ტყეში შევიდეთ.

- მერედა, არ გეშინიან, ბატონის ქალო?

- მეშინიან, მაგრამ მაინც შევიდეთ.

- კარგი, რაკიღა გწადიან, მცირე მანძილზე შევიდეთ. ოღონდ ერთი პირობით: მე წინ
ვივლი და შენ უკან მომყე.

- ეგრე იყოს, - ნესტანს ხმა ცოტათი უკანკალებდა.

მართლაც მცირე მანძილზე შევიდნენ, მაგრამ ტყე ისეთი დაბურული იყო, რომ ირგვლივ,
საითაც არ უნდა გაგეხედათ, ტოტებისა და ფოთლების მეტი უკვე აღარა ჩანდა რა. მაშინ
ზებულონმა უთხრა: - ვგონებ, დროა უკან გავბრუნდეთ, ბატონის ქალო.

ნესტანმა თავი დაუქნია და უხმოდ მიატრიალა ცხენი.

ამის შემდეგ, რამდენჯერაც კი სასეირნოდ წამოვიდნენ, ნესტანი მუდამ ჯიუტად ითხოვდა,


ტყეში შევიდეთო, და თუმცა ძალიან ღრმად არასოდეს შესულან, მაინც კი ყოველ ახალ
შესვლაზე უფრო შორს მიდიოდნენ, ვიდრე წინაზე.

ნაშუადღევს, მზე რომ დასავლეთით გადაიხრებოდა, ეზოს ქვედა მხარეს, გაშლილ,


მოვაკებულ ადგილას, ზებულონი ხან ნესტანსა და ხან გლეხის ბიჭებს ბრძოლის
ხელოვნებას ასწავლიდა. ათიოდ ბიჭი შეგროვდა, მათ შორის ორივე სოსიკა. ყველანი
მოწადინებულები იყვნენ და მუყაითად ვარჯიშობდნენ, მაგრამ ზოგი უფრო იოლად
სწავლობდა, ზოგსაც უჭირდა. ეს არც იყო საკვირველი. ზებულონს გვარიანი
გამოცდილება ჰქონდა და იცოდა, რომ, ვინც ნამდვილი მეომარია, ის მეომრადაა
დაბადებული და ბრძოლის ალღოც დაბადებითვე დაჰყოლია. ასეთებს აჩვენებ თუ არა
რაიმე ხერხს, არათუ ხელად მოირგებენ და გაითავისებენ, არამედ თანდაყოლილი
ალღოს მეოხებით სხვა დანარჩენ ხერხებს მერე თვითონვე აგნებენ, ვისაც ეს ალღო არა
აქვს, მას ხანგრძლივი წვრთნა და ოფლის დენა სჭირდება. ნესტანი ალღოიანიც იყო,
სხარტიც, მოქნილიც, თან ისეთი თავდავიწყებით იბრძოდა, ზებულონს ზოგჯერ გვარიანი
ჯაფა ადგებოდა იმისათვის, რომ შემთხვევით არა ევნო რა. ამის შემხედვარეს ზოგჯერ
ხელახლა წამოეპარებოდა ძველი ეჭვი - ეგებ მართლა ვაჟად უნდა გაჩენილიყოო, მაგრამ
ცოტა ხნის შემდეგ, სხვა გარემოებაში რომ იხილავდა - გამართულს, ჩამოქნილს,
ტანკენარს, ღვთის ხელით აკინძულ თხელ სხეულს რომ დაინახავდა, უკვე დაქალებულს,
მაგრამ ჯერ კიდევ ბალღური სითბოს სურნელში გახვეულს, სუსტ, ნატიფ მხრებზე
დაფენილ ხშირ თმასა და ბრიალა თვალებში ჩამალულ ღიმილს, ხვდებოდა, რომ მისი
ეჭვი უნიადაგო იყო, ასეთი მზეთუნახავი ქალად უნდა გაჩენილიყო, ოღონდ უფროსი ძმაც
უნდა ჰყოლოდა, რათა ზემოთ, მინდორში, სასეირნოდ წასულნი ცხენებიდან რომ
ჩამოხდებოდნენ, ხელიხელჩაკიდებულებს ევლოთ.

ზებულონს რომ დაჰპირდა, წიგნს გასწავლიო, ის დაპირება აღარ გახსენებია.

კვირას ერისთავმა წვეულება გადაიხადა.

ნესტანმა იცოდა, რომ სტუმრები ადრიანად დაიწყებდნენ მოდენას, ამიტომ იმ დილით


სასეირნოდ არ წასულა, წირვის შემდეგ, ეკლესიიდან მობრუნებულმა ტანთ გამოიცვალა
და სტუმრების შესახვედრად მოემზადა. კვირაობით, წირვაზე, ჩვეულებრივ, საგარეო
სამოსი ეცვა ხოლმე, ამიტომ, როცა შინმობრუნებული თავის ოთახში შევიდა, ზებულონს
აზრად არ მოსვლია, კიდევ თუ გამოცვლას აპირებდა.

ეზოში დიდი ხმაური და გამოცოცხლება იყო. საკლავი დაკლეს, თონე გაახურეს, სოფლის
მონადირეებმა, რომლებიც ერისთავმა წინა დღით საგანგებოდ გაგზავნა ტყეში,
მოზრდილი ტახი მოინადირეს. ყველა ფუსფუსებდა და რაღაცას საქმიანობდა. მოურავი
დაუღალავად ტრიალებდა, ხან აქ გამოჩნდებოდა, ხან იქ, ყველაფერს ამოწმებდა,
ყველაფერს აკვირდებოდა, რომ არა დავიწყნოდათ რა და სტუმრებთან არ
შერცხვენილიყვნენ.

ზებულონს საქმე არაფერი ჰქონდა და, ვინც საქმიანობდა, იმათთვის რომ ხელი არ
შეეშალა, ღობესთან იდგა, ეზოს განაპირას, როდესაც აივანზე ნესტანი გამოვიდა.
ნესტანის გამოჩენა ზებულონმა იმით შეიტყო, რომ უეცრად მოეჩვენა, თითქოს დღეს შუქი
მოემატა, და გაკვირვებულმა მიმოიხედა. მიმოიხედა და აივანზე ნესტანი დაინახა.
ზებულონს ვერ წარმოედგინა, თუ ნესტანის სილამაზეს კიდევ შეიძლებოდა რამე
შეჰმატებოდა. მით უფრო დიდი იყო მისი გაკვირვება, აივანზე რომ სტუმრების
შესახვედრად საგანგებოდ გამოწყობილი დაინახა. ნესტანს ახლა ერთიანი თეთრი
გრძელი კაბა ეცვა, ოქრომკედით ნაქარგი, განიერი სახელოებით და ვიწრო მაჯებით.
წელზე წვრილი ქამარი ერტყა, წინა მხარეს ოდნავ დაშვებული. თავზე დიადემა ედგა,
რომელიც კეფასთან თმას მჭიდროდ ჰკრავდა, რის გამოც თმის დანარჩენი ნაწილი,
კეფის ქვემოთ, კისერსა და მხრებზე, კიდევ უფრო ხშირი და კიდევ უფრო აბულულებული
ჩანდა. ყელზე ოქროს ძეწკვი ეკიდა, მარცხენა ხელზე ვერცხლის სამაჯური ეკეთა, თითებზე
ბეჭდები უბრწყინავდა. ყველაფერი, რაც კი ვაჟური ჰქონდა და რის გამოც პაპა ზოგჯერ
ქალაბიჭას ეძახდა, უკვალოდ გამქრალიყო. სიარული და მიხრა-მოხრაც ახლა სხვაგვარი
ჰქონდა - უფრო ზვიადი, უფრო დარბაისლური და ცოტა ამპარტავნული.

ზებულონი პირდაღებული მისჩერებოდა. ამას რომ მიხვდა, სახეზე სიწითლემ გადაჰკრა,


პირი დამუწა და თვალი სწრაფად აარიდა. მერე, მთელი დღის განმავლობაში,
ცდილობდა ყურადღებით ყოფილიყო და ასეთი სასირცხო რამ აღარ დამართნოდა (უნდა
ითქვას, ამ გადაწყვეტილებას მთლად ბეჯითად ვერ ასრულებდა და რამდენჯერმე
იგრძნო, რომ სიფხიზლე მოსდუნებოდა და კვლავ ისევ ისე პირდაღებული და
თვალებგაფართოებული შესცქეროდა).

სტუმრებმა მართლაც დილიდანვე დაიწყეს მოდენა და შუადღის ხანს, ვინც მოსასვლელი


იყო, უკვე ყველა მოვიდა. უმთავრესად ახალგაზრდა თავადიშვილები იყვნენ, ქალებიცა
და ვაჟებიც, რომელთაც თავიანთი მცირე ამალაც ახლდათ - თითო მსახური გლეხი და
სამ-სამი ან ოთხ-ოთხი აზნაური.

სადილის დრო რომ მოვიდა, სტუმრები აივანზე მიიწვიეს, სადაც ორი სუფრა იყო
გაშლილი - ერთი თავადიშვილებისათვის და მეორე, ცოტა მოშორებით, კიბის მხარეს,
მათი მხლებელი აზნაურებისათვის. გლეხის ბიჭები ქვემოთ სადილობდნენ მსახურებთან
ერთად და იქიდან ხშირ-ხშირად ისმოდა მხიარული შეძახილები და ხმამაღალი სიცილ-
ხარხარი.

ნესტანს უნდოდა ზებულონი თავის სუფრასთან დაესვა, მაგრამ ამჯერად პაპამ გადაჭრით
უთხრა უარი, თავადიშვილებს ხომ არაფრად ესიამოვნებათ აზნაურის გვერდით ჯდომა
და აზნაურებიც შეურაცხყოფილი დარჩებიან, შინაურს რომ სტუმარზე მეტი პატივი
მივაგოთო, და ნესტანიც იძულებული შეიქნა მის ნებას დაჰყოლოდა.

იესე ერისთავის მხრიდან აზნაურთა სუფრაზე ზებულონს გარდა იჯდა სოფლის მღვდელი
თავისი ცოლითა და ქალით. მღვდლის ქალი რა დაინახა, ზებულონს ნესტანის ნათქვამი
მოაგონდა და, თუმცა ცოტა უხერხულად კი იგრძნო თავი, უნებურად მაინც შეათვალიერა.
კარგიაო, ნესტანმა უთხრა მაშინ და ახლა ზებულონმა თავის გუნებაში აღიარა, რომ
სწორი უთქვამსო. ცოტა ტანსრული, მაგრამ მკვრივი, პირმრგვალი, ლოყებღაჟღაჟა,
სახეთეთრი და ცისფერთვალება, გრძელი, ჩალისფერი თმითა და მაღალი მკერდით
მართლა საამო სანახავი იყო, მაგრამ ზებულონმა სრულიად გულგრილად შეათვალიერა
ერთი შეთვალიერება და მერე მისკენ აღარ გაუხედავს.

ნესტანის ცოლად შერთვის მოსურნე სამი თავადიშვილი დანარჩენთაგან სულ მალე


გამოარჩია. ეგონა, რაკი რაყიფები იყვნენ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ იქნებოდნენ
გადაკიდებულნი ერთმანეთს, ესენი კი გულითადი მეგობრები გამოდგნენ. ერთად
ისხდნენ, ერთმანეთში ტკბილად მასლაათობდნენ და მოგვიანებით, სიმღერა რომ
წამოიწყეს, ერთმანეთს ძმობილებივით გადახვიეს ხელი.

ზებულონს არც ერთი მათგანი არ მოეწონა და ვერც ერთი ნესტანის მომავალ ქმრად ვერ
წარმოიდგინა. მიზეზი არ იცოდა, მით უფრო, რომ შესახედავად მართლა ისეთები იყვნენ,
მტერიც კი წუნს ვერ დასდებდა. იესე ერისთავს რომ ეკითხა, ალბათ, იმის თქმას ვერ
გაუბედავდა, არ მომეწონაო. სამაგიეროდ, თავის გულში აშკარად გრძნობდა, რომ არ
მოსწონდა, და ბუნდოვნადაც კი ვერ გრძნობდა, თუ რატომ არ მოსწონდა.

სტუმრებმა იმ დღეს კარგად მოილხინეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, იმხიარულეს, იბაასეს,


იხუმრეს, მთელი დღე ტკბილად გაატარეს, ისე რომ არც სუფრაზე და არც სუფრის შემდეგ
ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ თქმულა, საღამოს შესხდნენ ცხენებზე და
გულგახსნილები და შეჭიკჭიკებულები სიმღერით გაუდგნენ გზას.

ღამით იესე ერისთავმა, როდესაც ისა და ზებულონი ჩვეულებისამებრ (იესე ერისთავმა


ესეც წესად დადო) აივანზე ისხდნენ და მასლაათობდნენ, სიტყვა იმ თავადიშვილებზე
ჩამოაგდო. ზებულონს შეეშინდა, არა მკითხოს, მოგეწონა თუ არაო, და ეს კითხვა რომ
აერიდებინა, დაასწრო და თვითონ ჰკითხა, მოცილეები არიან და ნეტა როგორ
ახერხებენ, რომ ერთიმეორეს არას ერჩიანო. ამაზე ერისთავმა გაიღიმა და მიუგო, ეგ კი
არა, ამ ცოტა ხანში სამივე ერთად აპირებს ხელის თხოვნას და შუამავალსაც სამივე
ერთსა გზავნისო, ჩანს, ამით ის უნდათ აგრძნობინონ ნესტანს, რომელიც არ უნდა აირჩიო,
დაწუნებულები გულში ჯავრს არ ჩავიდებთო. ამან ზებულო-ნი კიდევ მეტად გააკვირვა.

მეორე დღეს იესე ერისთავმა ეს ამბავი ნესტანსაც უთხრა. ამის გაგონებაზე ნესტანს წამით
სიწითლის ალმურმა გადაუარა. ზებულონს მოეჩვენა, თითქოს ეს ალმური სირცხვილისა
კი არ იყო, არამედ რისხვის. მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ზებულონს ეგონა, ეს
მოულოდნელი რისხვა ხმის კილოშიც გამჟღავნდებოდა, ნესტანმა მცირე დუმილის
შემდეგ სავსებით წყნარად თქვა: - მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ, პაპა.

იესე ერისთავი შეწუხდა.

- პატარა აღარა ხარ, შვილო.

- არც დიდი ვარ.

- მაშ, რა ვქნათ?

- ისა ვქნათ, რომ უარით გავისტუმროთ.

იესე ერისთავი თავის ხელებს დააცქერდა. ჩანს, იგრძნო ნესტანის ფარული რისხვა და,
ლაპარაკი რომ განაგრძო, ხმა გაუბედავი ჰქონდა.

- ვინც დღემდე შენი თავი მთხოვა, უარით გავისტუმრეთ, და ვინც კი უარით გავისტუმრეთ,
მას შემდეგ ამ არემარეზე აღარ გამოჩენილა. ასე ეგებ ყველა მოვიმდუროთ და ყველა
დავკარგოთ...
- რომელს ვუთხრა თანხმობა? - ჰკითხა მოულოდნელად ნესტანმა. ისე ჰკითხა, კილოზე
ვერ შეატყობდით, თუ გულში რა ედო.

ერისთავი მოცოცხლდა და გახალისდა.

- რომლისკენაც უფრო გაგიწიოს გულმა... სამივენი კარგი ვაჟები არიან...

- კარგი ვაჟები... - ნესტანი სადღაც შორს იცქირებოდა, - სხვებისთვის ეგებ კარგები არიან,
ჩემთვის კი არა. - აქ პაპამისის შეწუხებულ სახეს შეხედა და ღიმილით დაუმატა, - შენ ნუ
დარდობ, პაპა, მე თავად გავცემ სამთავეს პასუხს. და თუ ვინმე მოსამდურებელია, ისა
სჯობს, რაც ადრე მოვიმდურებთ.

იესე ერისთავმა ამოიოხრა და აღარაფერი უთქვამს.

იმ დღეს ნესტანი ისე დიდივით სჯიდა, ზებულონმა იფიქრა, იქნებ ბალღური მიამიტობა და
ჭირვეულობა მოგონილი თამაშიაო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, კვლავ რომ მიამიტ
ბალღად იხილა, ეს ეჭვი ისევ უარყო და, თუმცა ნესტანის ორი სხვადასხვა ბუნება
ვერანაირად ვერ მოერიგებინა, იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ ორივე ნესტანი
ნამდვილი იყო.

სამაგიეროდ, თვითონ დაეტყო რაღაც გაუგებარი ცვლილება. ოცნებაში თავს კვლავაც


უფროს ძმად თვლიდა, მაგრამ მზეჭაბუკს რომ წარმოიდგენდა, რომელიც შორეული
ქვეყნიდან მოვიდოდა, უფრო და უფრო უმძიმდა უმცროს დასთან განშორება. გარდა
ამისა, საჯინიბოში სიარულს დაეჩვია. შეეხეტებოდა იქ უსაქმოდ და გარინდებული
მიაჩერდებოდა ნესტანის თეთრონს. ზოგჯერ ახლოც მივიდოდა და მიეალერსებოდა.
ერთი-ორჯერ, შინ რომ ერთად დაბრუნდნენ, მეჯინიბეს არ დაანება, თვითონ ჩამოართვა
და თვითონვე შეიყვანა საჯინიბოში.

გუმანით გრძნობდა, რომ რაღაც ხდებოდა. რა - ვერ გაეგო.

რამდენიმე დღე გავიდა იმ წვეულების შემდეგ. ნესტანი და ზებულონი ერთ დილით,


ჩვეულებისამებრ, სასეირნოდ წავიდნენ. ნესტანმა, როგორც ყოველთვის, ტყეში შესვლა
მოიწადინა. ცოტა გზა რომ გაიარეს, ისეთ ადგილს მიადგნენ, სადაც ცხენდაცხენ გავლა
შეუძლებელი იყო. ზებულონმა უკან დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ნესტანი ყელის
გაწვდენით შეევედრა, ცოტაზე კიდევ წავიდეთო, და უარი ვერ უთხრა. ცხენები დატოვეს
და ფეხით განაგრძეს გზა. მალე ერთ ფლატეს მიადგნენ. გაღმა-გამოღმა ისეთი
დაბურული ტყე იყო, დღის სინათლე ძლივს აღწევდა. შუაში პატარა ღელე
მიწანწკარებდა. ზებულონი შეჩერდა, რათა იქაურობა მოეთვალიერებინა და ენახა,
შეიძლებოდა თუ არა გზის გაგრძელება.

უეცრად ადგილზე გაშეშდა. ხევგაღმა, მაღალ, ტოტებგადაშლილ პანტის ხეზე დათვი


იჯდა. ამის დანახვაზე წამით მონუსხულივით იდგა. მერე, ნესტანიც რომ უნებურად
შეჩერდა, არც თავი მიუბრუნებია, არც შერხეულა, ისე უთხრა ხმადაბლა, თითქმის
ჩურჩულით: - ბატონის ქალო, არ გაინძრე და წყნარად მომისმინე, რასაც გეტყვი:
ფრთხილად, უხმაუროდ შეტრიალდი და უჩუმრად, ფეხაკრეფით წადი უკანვე, სანამ
ცხენებთან არ მიხვალ. მერე კი სწრაფად მოახტი ცხენს და შინისაკენ გაქანდი.

- რა მოხდა? - ჩურჩულითვე ჰკითხა ნესტანმა.

- ლაპარაკის დრო არ არის, ბატონის ქალო. ახლავ გასწი. ოღონდ ფრთხილად.

- სანამ არ მეტყვი, რა ამბავია, ფეხსაც არ მოვიცვლი, - მშვიდად თქვა ნესტანმა.


- გასწი-მეთქი! - ისევ ჩურჩულით უთხრა ზებულონმა, მაგრამ ხმაში სიმკაცრე გამოურია.
მერე, რა დაინახა, ნესტანი წასვლას არ აპირებდა, დაუმატა, - ხევგაღმა ხეზე დათვი ზის.

ამის გაგონებაზე ნესტანი ცახცახმა აიტანა.

- აბა სად?

- აგე, პანტაზე. გასწი, სანამ შევუნიშნივართ.

- მერედა, შენ? - ხმის კანკალით ჰკითხა ნესტანმა.

- ჩემზე ნუ დარდობ, - ზებულონი ატყობდა, რომ მოთმინება ღალატობდა, - ცხენზე რომ


შეჯდები, მერე მეც წამოვალ.

- არა, - თქვა ნესტანმა და უცებ ცახცახმა გაუარა, - თუ წასვლაა, ერთად წავიდეთ.

- ბატონის ქალო... - მწარე მუდარით თქვა ზებულონმა, მაგრამ ნესტანმა შეაწყვეტინა: -


მარტო არ წავალ.

სწორედ ამ დროს პანტის ხე შეირხა. ერთი შეირხა და მერე ლაწა-ლუწი ატყდა, ხოლო
წამის შემდეგ ვეებერთელა დათვი უკვე ხის ძირში იყო, ოთხზე იდგა, თავი აეღირა და
დაუპატიჟებელ სტუმრებს შემოსცქეროდა.

- ბატონის ქალო!.. - გაიმეორა ზებულონმა, მაგრამ უკვე გვიანღა იყო.

დათვი შეიკუმშა, დაგორგალდა და ხევში დიდი ხმაურით დაგორდა.

- გასწი ახლავ! ჩქარა! - უკვე მთელი ხმით დაუყვირა ზებულონმა. იმავ წამს თოფი
გადმოიღო და, როცა დათვი გაიშალა და გამოღმა მხარეს ამობობღება დაიწყო, დააქუხა.

ამის შემდეგ ნესტანი აღარ გახსენებია.

დათვმა ერთი მწარედ დაიღმუვლა და უკან გადავარდა, მაგრამ მყისვე ხელახლა


წამოიმართა და უფრო ჩქარა წამოვიდა.

ზებულონმა თოფი დააგდო, ახალუხი სწრაფად გაიხადა, მარცხენა ხელზე დაიხვია,


მარჯვენათი ხანჯალი იძრო და ფლატეზე დაეშვა, რათა ნადირისთვის ამოსვლა არ
დაეცლია. ერთმანეთს შუა გზაზე შეხვდნენ. ზებულონის მდგომარეობა ცოტა უკეთესი იყო,
რადგან დათვს პირი აღმართისკენ ჰქონდა და ზურგი ხევისკენ. როდესაც ნადირი
წამოიმართა და უკანა ფეხებზე დადგა, ზებულონს მოეჩვენა, თითქოს დაბნელდაო. ერთი
კი შეკრთა, მაგრამ გული გაიმაგრა, ნაბიჯი წინ წადგა და მარცხენა ხელი დათვს გაღებულ
ხახაში ჩასჩარა. მაშინვე მარცხენა მხარში მწვავე ტკივილი იგრძნო. ამისთვის ყურადღება
არ მიუქცევია, მთელი გულისყური მარჯვენა ხელზე ჰქონდა გადატანილი, რომელშიაც
ხანჯალი ჩაებღუჯა, და ცდილობდა შეუმცდარად ეპოვა გული, რადგან ახლა ყველაფერი
ამაზე იყო დამოკიდებული. იმავ წამს ვეება სიბნელე ზედ წამოემხო და, პირაღმა რომ
გადავარდა, ნესტანის განწირული კივილიც ჩაესმა, მაგრამ ამ დროს უკვე იცოდა, რომ
გამარჯვება მას დარჩა. ეს იყო მხოლოდ, გულში ხანჯალგაყრილი ნადირი ზემოდან აწვა
და, გარდა ამისა, მარცხენა მხარი სტკიოდა. კარგა ხანს იწვალა. ბოლოს, როგორც იქნა,
თავი გაითავისუფლა და გასავათებული იქვე ჩამოჯდა.

დათვი უძრავად ეგდო.

- სისხლი გდის, - თქვა ნესტანმა.

ზებულონი შეკრთა. ახლაღა შენიშნა, რომ ნესტანი გვერდით ედგა. ერთი კი გაიფიქრა
გაკვირვებით, აქ როდისღა ჩამოვიდაო, მაგრამ ფიქრი იქვე გაუწყდა, რადგან ერთბაშად
მოაგონდა, ახალუხი არ ეცვა. სირცხვილისაგან დაიწვა, აწრიალდა, ახალუხს დაუწყო
ძებნა. ვერ იპოვა და წამოდგომა დააპირა.

- იჯექ, არ ადგე! - მკაცრად, მბრძანებლურად უთხრა ნესტანმა და ზებულონიც უნებურად


დამორჩილდა.

ნესტანმა ფართო სარტყელი მოიხსნა, დაიხარა და, სისხლის მოწმენდა რომ დაუწყო, მისი
თეთრი, გრძელი თითები ზებულონის შიშველ მხარს შეეხო.

- საჭირო არაა, ბატონის ქალო... - ზებულონმა ისევ დააპირა წამოდგომა.

- იჯექ! - კვლავ უბრძანა ნესტანმა. სისხლი მოსწმინდა, მერე სარტყელის ცალი ბოლო
მარჯვენა იღლიის ქვეშ ამოუტარა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოუჭირა და წინ,
მკერდთან გაკვანძა. - უნდა ვიჩქაროთ, თორემ ასე სისხლისდენა არ შეჩერდება. შეძლებ
ცხენზე ჯდომას?

- როგორ ვერ შევძლებ, განა ისეთი რა მჭირს. მაგრამ... - ზებულონს ენა დაება, - ეგებ
ახალუხი ვიპოვო...

- რა დროს ახალუხია! ადექ და წავიდეთ!

ზებულონი წამოდგა. მხარი სტკიოდა, მაგრამ ისე არა, რომ სირცხვილი დავიწყნოდა.
ახლა ისეთი გრძნობა ჰქონდა, როგორც მაშინ, ბექა ამილახვარმა რომ ძირს დასცა და
ხმალზე ფეხი დაუდგა.

იესე ერისთავმა სასწრაფოდ აფრინა კაცი მკურნალის მოსაყვანად.

მკურნალმა ჭრილობა თბილი წყლით კარგად მოჰბანა, მალამო წასცხო, მხარი მჭიდროდ
შეუხვია და, თუმც ზებულონს დასამშვიდებელი არაფერი სჭირდა, მაინც დაამშვიდა, საშიში
არა არის რა, ხვალ ჩიტივით იქნებიო, მერე მსახურ გოგოს, რომელიც ერისთავის
ბრძანებით ზებულონს მიუჩინეს, დარიგებანი მისცა, თუ როდის როგორ მოქცეულიყო, და
წავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო. ზებულონმა იფიქრა, მომვლელი იქნება, ან სხვა
რომელიმე მსახურიო, ამიტომ, რომ მიიხედა და კარის ზღურბლზე ნესტანი დაინახა,
გაკვირვებისაგან კინაღამ შეჰყვირა.

- რასა იქმ? - ჰკითხა ნესტანმა, - უკეთა ხარ?

ზებულონი ერთხანს დამუნჯებული შესცქეროდა, მერე, ნესტანი რომ ახლო მოვიდა და


სკამზე ჩამოუჯდა, თავს ძალა დაატანა, რომ ხმა ამოეღო.

- კარგად გახლავარ, ბატონის ქალო. პაწაწინა ნაკაწრია, სალაპარაკოდაც არა ღირს.

- ჩემი ბრალია, - თქვა ნესტანმა, - მაშინვე რომ დამეჯერებინა და წამოვსულიყავ, ალბათ,


შენც მოასწრებდი გამოცლას. ეგრე არ არის?

- ეგებ მომესწრო, ეგებ ვერა.

- მაგას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ. ვიცი, მოასწრებდი. ნამდვილი სულელი ვარ.


მეგონა, იმიტომ მეუბნებოდი, ჩემს გარიდებას ლამობდი. მე კი გარიდება არ ვინდომე,
მარტო როგორ დავტოვო-მეთქი. თითქოს შემეძლო რამეში გამოგდგომოდი! მაშ,
სულელი არა ვარ?!
„რომ დაგეჯერებინა, ბატონის ქალო, და წამოსულიყავ, მაშინ ხომ მაგ შენი თითების
ცეცხლი ძვალსა და რბილში არ გამატანდა!“ - ზებულონს ასე ეგონა, თითქოს ეს მან კი არ
გაიფიქრა, არამედ მის გულში ვიღაც სხვა ლაპარაკობდა.

სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ უმცროსი დის სათხოვნელად წამოსულ მზეჭაბუკებს გზა
ებნეოდათ, ერისთავის სასახლეს ვერ აგნებდნენ და იძულებული ხდებოდნენ სხვა
ქვეყნებში და სხვა მხარეებში ეძებნათ თავიანთი მზეთუნახავები.

იესე ერისთავმა რამდენიმე გლეხი დაიბარა და უბრძანა, მოკლული დათვი ჩამოეტანათ.


საღამო ხანს მართლაც ჩამოიტანეს და მთელი სოფელი სასახლეს მოაწყდა. ხარბი
გაკვირვებით ათვალიერებდნენ მკვდარ ნადირს, ხელებს შლიდნენ და თავებს იქნევდნენ.
მოხუცი, მრავლისმომსწრე გლეხები, ირწმუნებოდნენ, ჩვენს მახსოვრობაში არ მომხდარა,
ამოდენა დათვს ერთი კაცი შებმოდეს და ეჯობნოსო.

მეორე დღეს ზებულონი ჯანმრთელი და საღსალამათი წამოდგა ლოგინიდან, ხოლო


სამხრობის ჟამს უკვე გლეხის ბიჭებს ბრძოლის ხელოვნებაში წვრთნიდა. ნესტანმა იმ
დღეს უარი თქვა ვარჯიშზე. არც სასეირნოდ წასულა დილით. მთელი დღე თავის ოთახში
იჯდა და სადილიც კი იქ შეატანინა. იესე ერისთავი ძალზე შეშფოთებული იყო, ემანდ შიში
არ დასჩემდეს და არ დამისნეულდესო, ამიტომ საღამოზე სოფლიდან ერთი დედაბერი
ამოაყვანინა, რომელსაც კარგი შემლოცავის სახელი ჰქონდა დაგდებული. მაგრამ
ნესტანმა შელოცვაზე უარი თქვა, დედაბერი არ მიიღო, ხოლო მეორე დილით, თითქოს
არც არაფერი მომხდარიყოს, საუზმეზე ხალისიანი და პირმცინარე გამოვიდა და
ზებულონს უთხრა, თუ აღარ მიწყრები, ხატზე დავიფიცებ, რომ ტყეში შესვლას არ
მოგთხოვო.

შიშმა, თუკი მართლა შეშინებული იყო, უკვალოდ გაუარა და ამის შემდეგ ძველებურად
დადიოდნენ სასეირნოდ. ზოგჯერ, როცა ზებულონი მამულის შემოვლას მოიწადინებდა,
ნესტანი იქაც მიჰყვებოდა.

ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, გარდა იმისა, რომ ზებულონს უცნაური ნაღველი


შემოეჩვია. ეს ნაღველი დროდადრო გაჩნდებოდა - საიდან, არავინ უწყის - და ისეთი
მწარე იყო, ისეთი გამთანგველი, ისე ერთიანად იხსნებოდა და ილესებოდა სისხლში,
ზებულონს სიცოცხლე არარაობად ეჩვენებოდა, ხოლო ცხოვრება აუტანელ ტვირთად.

რა ხდებოდა მის თავს, ვერა და ვერ გაეგო.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სამი თავადიშვილის მოგზავნილი ერთი შუამავალი


მოვიდა - მაღალი, გამხდარი, თეთრწვერა მოხუცი - და ნესტანის ბედის გადასაწყვეტად
დიდ დარბაზში განმარტოვდა იესე ერისთავთან, ზებულონს გულმა ძალუმი ბაგაბუგი
დაუწყო. თუმცა სხეული, თითქოს ყოველი ასო ქვად და ლოდად ექცაო, ისე დაუმძიმდა,
მოძრაობის სახსარი აღარ შერჩენოდა, მაინც კი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და
გამძვინვარებული ნადირივით აქეთ-იქით აწყდებოდა. რაკი თავს ვერა მოუხერხა რა,
გადაწყვიტა თავის ოთახში განმარტოებულიყო, რათა სხვებს მაინც არ შეემჩნიათ მისი
აფორიაქება, მაგრამ ვერც იქ გაძლო, წამდაუწუმ კარს მივარდებოდა და გაიხედავდა.
ბუნდოვნად კი გრძნობდა, მაგრამ დაბეჯითებით ვერ იტყოდა, რომ იმას
უთვალთვალებდა, აბა, შუამავალი თუ წავიდაო. შუამავალი მართლა მალე წავიდა,
მაგრამ ზებულონმა მხოლოდ სადილობისას შეიტყო, რომ ნესტანს სამთავ
მთხოვნელისთვის უარი შეეთვალა. დასხდნენ თუ არა სადილად, იესე ერისთავმა მაშინვე
დაიწყო: - შეგიძლიან, ზებულონ, მოგვილოცო: კიდევ სამი ოჯახი მოვიმდურეთ.

ზებულონს სხეულიდან ლოდები გამოეცალა და თავისდაუნებურად ღრმად ამოისუნთქა.


მერე სწრაფად იკითხა: - როგორ, ბატონო?

- სამთავეს უარი შეუთვალა ამ ჩემმა წუნია მზეთუნახავმა.

- პაპა... - ცოტა გაბუტული კილოთი, მაგრამ სიყვარულით თქვა ნესტანმა, პაპას თავი
მხარზე მიადო და კატასავით გაუხახუნა. მერე მოულოდნელად ხმა გაიმკაცრა და ისე
განაგრძო, - ნუ გამიჯავრდები, პაპა. მე, როცა გავთხოვდები, ეგებ ისეთ კაცს გავყვე, ვინც
არ მეყვარება, მაგრამ ისეთს კი ვერ გავყვები, ვისაც არ ვეყვარები.

- განა მაგ ვაჟებს არ უყვარხარ, შვილო? აკი ისე დაგტრიალებენ თავს, როგორც რომ
ფარვანა სანთელს!

- არა, პაპა, - წყნარად მიუგო ნესტანმა, - სამი ფარვანა რომ ერთ შუამავალს მომიგზავნის,
ეს იმის ნიშანია, რომ არც ერთს არ ვუყვარვარ. და თუ თვითონ ჰგონიათ, ვუყვარვარ, ეგ
სიბრიყვით მოსდით. და თუ არც ბრიყვები არიან, მაშ ჩვენი შეურაცხყოფა განუზრახავთ,
რომ სამთავ ერთი შუამავალი გამოგზავნეს... შენი ხათრი და ჩემი უილაჯობა, თორემ
ისეთი პასუხი უნდა მიმეცა, თავიანთი სიბრიყვე ყელში გასჩროდათ...

- მაგაზე უარესი რა პასუხი უნდა მიგეცა?

- რაც ეკუთვნოდათ. ცოტას გაწყდა, კინაღამ შევუთვალე კიდეც, მაგრამ შევშინდი, ვეღარ
გავბედე.

- ასეთი რა უნდა შეგეთვალა? - შეშფოთდა იესე ერისთავი.

- უნდა შემეთვალა, რაკი არც თქვენ გიყვარვართ და არც მე მიყვარხართ, სულ ერთია
რომელი გახდებით ჩემი ქმარი, ამიტომ, მოდი, ზებულონი გამოიწვიეთ ხმალში და, ვინც
აჯობებს, იმას შევირთავ-მეთქი.

- ღმერთო, დიდებულო! - ამოიოხრა იესე ერისთავმა.

- აკი არ შევუთვალე, პაპა, რაღაზედ სწუხარ!.. - და უცებ სახტად დარჩენილ ზებულონს


მოუბრუნდა, - შენ ხომ არ შეგეშინდებოდა, ბაყბაყ-დევო, ჩემს საქმროებს რომ ხმალში
გამოეწვიე?

ზებულონი, როგორც იქნა, გონს მოეგო.

- რა ბრძანებაა, ბატონის ქალო... - მორცხვად ჩაიდუდუნა და თავი ჩაღუნა.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მერე იესე ერისთავმა ისევ ამოიოხრა და თქვა: - განა რამეს
გაძალებ, შვილო! მე შენი ბედნიერების მეტი სხვა არა მინდა რა. მაგრამ რა ვქნა, რომ
სულ იმის შიში მაქვს, მარტო არ დამრჩე, ობლად და უპატრონოდ...

ნესტანმა მხრებზე მოჰხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.

- ნუ გეშინიან, პაპა.

ზებულონს გული ზღვასავით უღელავდა. როგორ ეწადა ეთქვა, ნუ სწუხარ, ბატონო, სანამ
ცოცხალი ვარ, ნესტანს არავის დავაჩაგვრინებო, მაგრამ აბა, ზებულონი ვინ იყო, რომ
იესე ერისთავისთვის ნუგეში ეცა. ამიტომ მღელვარება ტკივილით შეეცვალა და მწვავე
ნაღველმა მთელი სხეული აუვსო.

ეს ნაღველი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე და მით
უფრო დიდხანს დაუდიოდა ძარღვებში მდუღარე ნაკადულებად. ზოგჯერ იმ ადგილას,
სადაც ერთხელ ნესტანის თითები შეეხო, ბეჭი ისე ეწვოდა, თითქოს ზედ გავარვარებული
ნაკვერჩხალი დაადესო.

გუმანით გრძნობდა რაღაც დიდსა და გარდაუვალ ხიფათს, რომელიც ბედისწერის


მახვილივით აღმართულიყო და რომლის წინაშე ყველა ძალა უქმი და ამაო იყო, და
პირველყოფილი უნებურობით ცდილობდა, როდემდეც კი შეძლებდა, თავს არ
გამოსტყდომოდა, ამიტომ მაშინღა შეატყო (ჯერ კიდევ ბუნდოვნად და გამოუკვეთავად),
თუ რა ცეცხლი და ქარაშოტი დატრიალებოდა გულში, როდესაც პაპუნა ბარათაშვილმა
ლაშქარში დაუძახა.

მაცნე, რომელიც იმ დროს მოვიდა, როდესაც ზებულონი ეზოს ბოლოში გლეხის ბიჭებს
ახლა შუბის ტყორცნას ასწავლიდა, ცხენიდან არ ჩამომხდარა, ისე დააგდო ბრძანება,
ხვალ საღამოს მანუჩარ ბატონიშვილის მთელი გუნდი პაპუნა ბარათაშვილის სასახლის
კარზე უნდა შეიკრიბოსო, და მაშინვე გატრიალდა, რადგან ორი მოლაშქრე ჯერ კიდევ
გასაფრთხილებელი ჰყოლოდა.

ზებულონი ვერ იტყოდა, თუ რა იგრძნო იმ დროს, როდესაც მაცნეს ნათქვამი მოისმინა:


შიში, სიხარული, ნაღველი, თუ ყველაფერი ეს ერთიერთმანეთში არეული. პირველ წამს,
როგორც ელვა გაანათებს ანაზდად ჩაბნელებულ არემარეს და ერთბაშად გამოაჩენს
ყოველივეს, რაც აქამდე ბინდში იყო ჩაფლული, მყისიერად დაინახა თავისი განვლილი
ცხოვრება მანუჩარ ბატონიშვილის ლაშქარში. ეს ხილვა სიხარულის ნიაღვარივით
მოსკდა და უეცრად თითქოს იმ ძალად იქცა, რომელსაც ერთადერთს შეეძლო
ბედისწერის აღმართულ მახვილს წინ აღსდგომოდა, მაგრამ, როგორც ელვა ჩაქრება
ანთებისთანავე და წამიერად განათებული არემარე კვლავ სიბნელეში ჩაიძირება, ასე
ჩაქრა ზებულონის უეცარი სიხარულიც და მისი ადგილი ერთბაშად დაიჭირა შემზარავმა,
ცნობისმიმხდელმა შიშმა, რომ პაპუნა ბარათაშვილთან ჩასვლასა და მერე უკან
დაბრუნებას იმოდენა დრო დასჭირდებოდა, იქნებ მთელი სიცოცხლეც არ ჰყოფნოდა. ეს
შიში წეღანდელი სიხარულის მძლავრ ნიაღვარს ჯებირად გადაუდგა წინ. შიში და
სიხარული კარგა ხანს გააფთრებით და თითქოს უმიზნოდ იბრძოდნენ. მერე ყველაფერმა
დაკარგა პირვანდელი სახე. ყველაფერი ერთმანეთში აირია, ყველაფერი ერთმანეთში
განზავდა და ისეთ ბალღამად იქცა, რომელმაც ზებულონს მთელი სხეული, ყველა ასო,
ყველა ძარღვი მოუდუნა და დაუდამბლავა.

მაშინ ზებულონმა ბიჭები დაითხოვა და ფეხათრევით თავის ოთახში წავიდა, რომ იქ, უცხო
თვალს გარიდებული, ცოტა დამშვიდებულიყო, აწეწილი ფიქრები და გრძნობები რიგზე
დაელაგებინა და გაერკვია, თუ რა ხდებოდა მის თავს.

გარკვევით ვერაფერი გაარკვია, დამშვიდებითაც ვერ დამშვიდდა, მაგრამ ის კი


მოახერხა, რომ თავი მოეთოკა და საღამოს, როცა გამგზავრების ამბავი იესე ერისთავსა
და ნესტანს აუწყა, გარეგნულად თითქმის არა ეტყობოდა რა. იესე ერისთავმა მიზეზი
ჰკითხა. ზებულონმა მიუგო, მიზეზი არ ვიცი, მაცნეს არ უთქვამს. მაგრამ, ჩანს, მტერი
გამოჩენილა, ტყუილუბრალოდ პაპუნა ბარათაშვილი არ დაგვიძახებდაო.

მაშინ ნესტანმა შუბლი შეიჭმუხნა და ჰკითხა: - ხომ დაბრუნდები, ბაყბაყ-დევო?

ზებულონს მისკენ არ გაუხედავს, ისე მიუგო: - დავბრუნდები, ბატონის ქალო. - და მცირე


დუმილის შემდეგ დაუმატა, - თუ ბრძოლაში არა შემემთხვა რა, ჩქარა დავბრუნდები.

- დაბრუნდი, - წყნარად თქვა ნესტანმა და ზებულონი კარგა ხანს გრძნობდა მის


ბავშვურად შეშფოთებულ მზერას.

იმ ღამეს ზებულონი დიდხანს იჯდა ეზოში, პატარა მერხზე. მთელ სასახლეს ეძინა,
ბატონსაც და ყმასაც, მხოლოდ ნესტანის სარკმლიდან იღვრებოდა მკრთალი შუქი. ჩანს,
ნესტანი, როგორც ღამღამობით სჩვეოდა, წიგნსა კითხულობდა. ზებულონი იჯდა
უაზროდ, უფიქრელად და განათებულ სარკმელს შესცქეროდა. ბოლოს, როცა ის
სარკმელიც ჩაბნელდა, წამოდგა და თავისი სადგომისაკენ გასწია, რათა, თუ დაძინებას
ვერ შეძლებდა, ცოტა მაინც დაესვენა გამგზავრების წინ.

რიჟრაჟზე ადგა, ტანთ ჩაიცვა, თოფ-იარაღი აისხა, ოთახიდან გამოვიდა და საჯინიბოში


შევიდა. აქ მცირე ხნით შედგა და თეთრონს მიაჩერდა, მერე თავისი ულაყი შეკაზმა,
გამოიყვანა, შეჯდა და გულდამძიმებული გაუდგა გზას.

ნაშუადღევს, როდესაც პაპუნა ბარათაშვილის მამულს მიაღწია და იქ ერთად შეყრილი


თანამებრძოლები ნახა, გული სიხარულით აევსო და ამ უეცარმა სიხარულმა იქიდან
მთელი ნაღველი გამოდევნა. მაგრამ სიხარული მალევე გაილია და მისი ადგილი კვლავ
ნაღველმა დაიჭირა. ზებულონი ცდილობდა ამხანაგებისთვის არა ეგრძნობინებინა რა და
თავს ძალად იმხიარულებდა.

ყველანი რომ მოგროვდნენ, პაპუნა ბარათაშვილმა შეყრის მიზეზი გამოაცხადა.


რამდენიმე მემამულეს, იმით გაკადნიერებულს, რომ მეფე ლოგინს იყო მიჯაჭვული,
უფლისწული ქართლში არ იმყოფებოდა, მისი მეომრები კი დაქსაქსულნი იყვნენ, პირი
შეუკრავს ავაზაკთა ერთ დიდ გუნდთან, რომელიც ამ ორიოდ კვირის წინ გამოჩენილა
ქართლის მიდამოებში, გაუტაცნიათ უამრავი ყმა, საკუთარიცა და სხვისიც, და
ხელფეხშეკრულები ტყეში გადაუმალავთ, რათა ცოტა ხნის შემდეგ, მდევარი რომ
ხელცარიელი დაბრუნდებოდა და ალიაქოთი მიწყნარდებოდა, მშვიდად დასდგომოდნენ
ახალციხის გზას. ავაზაკთა ასავალ-დასავალი პაპუნა ბარათაშვილმა ზედმიწევნით
კარგად იცოდა. თავიდან უკანვე გადარეკვა განუზრახავს, მაგრამ მერე, მემამულეებთან
მოლაპარაკება რა შეუტყვია, ამ განზრახვაზე ხელი აუღია და მსტოვარი მიუჩენია,
რომელიც ავაზაკთა და ყმებით მოვაჭრე მემამულეთა შესახებ წვრილ ცნობებს აწვდიდა.
სწორედ ამაღამ ნაშუაღამევს აპირებდნენ თურმე აყრილიყვნენ და ტყვეები ახალციხეში
წაელალათ.

პაპუნა ბარათაშვილს თავისი ხალხიც საკმარისად ჰყავდა, მაგრამ, რაკი ავაზაკთა ისედაც
რიცხვმრავალი და ღონიერი გუნდი მოღალატე ქართველებმა კიდევ უფრო გააძლიერეს,
ნაცადი მეომრების შეყრა ამჯობინა.

ავაზაკებს იმ დროს დაეცნენ, როცა გამგზავრების წინ დასასვენებლად მოკალათებულები


ძილს მისცემოდნენ. რამდენიმე დარაჯი, რომლებიც ბანაკის ირგვლივ ეყენათ,
ზებულონმა და ოთხმა სხვა, ფრთხილად და უჩუმრად სიარულში მასავით გაწაფულმა
მეომარმა, უხმაუროდ დახოცეს, ამის შემდეგ დანარჩენებიც წამოეშველნენ, ავაზაკებსა და
მათთან ერთად მყოფ მოღალატე თავადიშვილებს დაერივნენ და ისე გაჟლიტეს, ამბის
წამღები არავინ გაუშვიათ. ხელფეხშეკრული ტყვეები, რომელთა შორის ქალები და
ბალღებიც იყვნენ, გაათავისუფლეს და სახლებში დააბრუნეს.

გამარჯვების აღსანიშნავად და აგრეთვე იმის გამო, რომ მანუჩარ ბატონიშვილის გუნდი


კარგა ხანია ერთად არ შეყრილიყო, პაპუნა ბარათაშვილს ლხინის გადახდა განუზრახავს
და, რაკი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ავაზაკებს იოლად გაუმკლავდებოდნენ და ტყვე ყმა-
გლეხების განთავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, თადარიგი წინა დღესვე
დაუჭერია. ამიტომ, უკან რომ მობრუნდნენ, მის ვრცელ ეზოში უკვე ისეთი სუნი
ტრიალებდა, მკვდარსაც კი მადას გაუღვიძებდა. მოლაშქრეებს ეს ამბავი დიდად ეამათ,
კიდევ უფრო გამხიარულდნენ, კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ და ხელების
ფშვნეტით დაუწყეს ლოდინი სუფრის გაშლას.

ყველანი კმაყოფილები იყვნენ. მხოლოდ ზებულონი იყო აფორიაქებული და მოუსვენრად


წრიალებდა. ერთი გული დარჩენას ეუბნებოდა, მეორე წასასვლელად ეწეოდა. აქ
ხალისიანი, ტკბილი ლხინი იზიდავდა მეგობართა და თანამებრძოლთა გვერდით, იქ კი
რაღაც ბუნდოვანი, ჟრჟოლისმომგვრელი მოლოდინი, რომელიც გაუგებარი ტკივილითა
და გაუგებარი სიამით უკუმშავდა გულს. ორჭოფობა ზებულონს სხვა დროსაც გამოეცადა
და იცოდა, რომ, როგორც არ უნდა მოქცეულიყო, მაინც სანანებელი დარჩებოდა:
წავიდოდა - იმაზე დასწყდებოდა გული, რად არ დავრჩიო, დარჩებოდა და - იმაზე
დასწყდებოდა გული, რად არ წავედიო. ბევრი იწრიალა თუ ცოტა, საბოლოოდ წასვლის
წადილმა გადასძალა, საშური საქმე მოიმიზეზა, პაპუნა ბარათაშვილს დაეთხოვა,
ამხანაგებს გამოემშვიდობა და, თუმც კი ბევრს ეხვეწნენ, დარჩიო, ცხენზე შეჯდა და გზას
გაუდგა.

მართლაც, მცირე მანძილზე გასცდა თუ არა პაპუნა ბარათაშვილის სასახლეს,


ყველაფერი, რაც იქ დატოვა - ერთგული და მამაცი მეგობრები, ბარაქიანი სუფრა,
ხალისი, მხიარულება, ხმამაღალი გადაძახილ-გადმოძახილები, ხუმრობანი, ზმები,
გულიანი, ლაღი სიცილი, ძარღვებში აჩუხჩუხებული საამო ღვინის მათრობელა
ნაკადულები, ომახიანი, ჟრუანტელისმომგვრელი სიმღერები, წრფელი და უეშმაკო
საუბარი - ყველაფერი ეს ფეხდაფეხ აედევნა, მალე გულში ხვრელიც უპოვა, მარდად
შეძვრა და იქ სინანულის მწარე სევდად ჩასახლდა. ეს სევდა ისეთი აუტანელი იყო, ლამის
უკან მიბრუნდა. ეგებ მიბრუნებულიყო კიდეც, მაგრამ ვეღარ გაბედა, იფიქრა, ყველას
გამოვეთხოვე და წამოვედი, ახლა რომ უკან მივბრუნდე, რას იტყვიანო.

მალე უფალს მადლი შესწირა, რომ იმ მწარე სევდას გაუძლო და არ მიბრუნდა, რადგან
შეატყო, რომ, რაც უფრო შორდებოდა პაპუნა ბარათაშვილის სამფლობელოს, ის სევდა
მით უფრო ნელდებოდა და ძალას კარგავდა. ბოლოს სულ გაქრა. მისი ადგილი ახლა
ბუნდოვანმა, აუხსნელმა, მაგრამ მძაფრმა და მოუთმენელმა მოლოდინმა დაიკავა,
რომელიც გულს უჩქროლებდა, ძარღვებს საამოდ უდუნებდა და გონებაზე მსუბუქ ბინდად
ეკვროდა. მოლოდინის ამ ტკბილმა გრძნობამ თანდათან ისე დარია ხელი და ისე
დაიპყრო მთელი მისი არსება, სოფელს რომ მიუახლოვდა, სიმღერაც კი მოუნდა.
წაიღიღინა კიდეც ხმადაბლა, მაგრამ, საკუთარი ხმა რომ შემოესმა, შერცხვა, ემანდ
არავინ გაიგონოსო, და გაჩუმდა.

უკვე საღამოვდებოდა, როდესაც იესე ერისთავის ეზოში შევიდა. მზე მაღალი მთის უკან
ეშვებოდა და მისი უკანასკნელი სხივები - მეწამული, მქრქალი - აივანს დაჰნათოდა,
თითქოს იქ რაღაცას ეთხოვებაო.

ის იყო, ზებულონი ცხენიდან ჩამოხდა, რომ აივანზე - არავინ იცის, მისი ჩამოსვლა შეიტყო
თუ სხვა რამ მიზეზი ჰქონდა - ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გამოვიდა ნესტანი.
მოაჯირს რომ მოადგა და მის ბავშვურად გახარებულ, მოღიმარ სახეზე ჩამავალი მზის
უკანასკნელი სხივები აბრჭყვიალდა, ზებულონს წამით მოეჩვენა, თითქოს ამ სხივებს არა
მზე, არამედ თავად ნესტანი აფრქვევდა.

- დაბრუნდი, ბაყბაყ-დევო? - გადმოსძახა ნესტანმა. მერე, ვიდრე გახევებული და


გაოგნებული ზებულონი პასუხს რასმე ამოღერღავდა, ხელი ხელს შემოჰკრა, შეტრიალდა
და ძახილით „ზებულონი დაბრუნდა, პაპა!“ დარბაზში გაუჩინარდა.

წამით ყველაფერი, რისგანაც კი ზებულონი შედგებოდა - სიხარულიც, მწუხარებაც,


სევდაც, იმედიც, ბრძოლაც, მოლოდინიც, გულისცემაც, სიტკბოც, სიმწარეც, ხმაც,
სუნთქვაც - ყველაფერი გაშეშდა, გახევდა, გაირინდა, გაყუჩდა, თითქოს რაღაც უცხო და
შორეული ზარის ხმა ჩაესმათო; მეორე წამს ყველაფერი ისევ ამოძრავდა, მაგრამ
ფრთხილად, ფეხაკრეფით, უჩუმრად; ყველაფერი გვერდზე მიდგა, როგორც ყმა და
მსახური მიდგება გვერდზე ხელმწიფის გამოჩენისას, ყველაფერი გულის კედლებისკენ
მიიწია, მუხლებზე დაეცა და ასე მუხლმოყრილი დაელოდა ბატონისა და მბრძანებლის
გამოჩენას. და ზებულონმა ისე ცხადად, როგორც აქამდე არაფერი ენახა, დაინახა
ნესტანი. ნესტანი წყნარად, მშვიდად, ამაყად შემოვიდა, მსახურთა მიერ წინასწარ
მომზადებულ ტახტზე დაჯდა და ზებულონის მარადიულ სიცოცხლედ იქცა, რომელიც
ქვეყნად დროის მდინარების კვალდაკვალ ზებულონის ყოველდღიურ ცხოვრებად უნდა
გამჟღავნებულიყო. სამყაროს მოჩვენებითი მრავალსახეობა თავის ერთადერთ ნამდვილ
სახედ შეიკრიბა და ზებულონი მიხვდა, რატომ მოიჩქაროდა ასე ატაცებული, რატომ
უჩქროლავდა გული ეგზომ ძალუმად, რა იყო ის ბუნდოვანი მოლოდინი, რომელიც ასეთი
გარდაუვალი ძალით ეწეოდა: ბედისწერა უხმობდა ზებულონს, მისი წილხვედრი
ბედისწერა, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, გამაყრუებელი ძალით დაიქუხა, ყოველივე
წალეკა და ახლა ზებულონს ხსნა არსაით ჰქონდა.

იმ საღამოს ნესტანისკენ ერთხელაც არ გაუხედავს, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ტყვე


ყმა-გლეხების დახსნის ამბავს უყვებოდა იესე ერისთავს, რომელმაც წვრილად, წვრილად,
გულისმომკვლელად წვრილად გამოჰკითხა ყოველივე, ერთი სული ჰქონდა, თავის
ოთახში განმარტოებულიყო და, ცოტას გაწყდა, მოხუცს კინაღამ სიტყვა პირში შეატოვა,
რათა გაქცევით ეშველა თავისთვის.

ბოლოს, როგორც იქნა, იესე ერისთავს ძილი მოერია და ზებულონი დაითხოვა.

ზებულონი ეზოში ჩამოვიდა. სანამ თავისი სადგომისკენ გასწევდა, ნესტანის სარკმელს


ერთი ქურდულად გახედა. სარკმელი ჩაბნელებული იყო. ჩანდა, დღეს ნესტანს ადრე
დაეძინა. მშვიდად დაუძინია, უზრუნველად, ზებულონს კი თეთრად გასათენებელი ვეება
ღამე ედო წინ, რადგან ახლა, როცა ბედისწერის გადაწყვეტილება მისთვის ნათელი
შეიქნა, სულით ხორცამდე შეძრულს არათუ დაძინება, დაძინებაზე ფიქრიც კი არ შეეძლო.

„შენამც შეგყრია ისრის-მასრის-სანდლის ქალის სიყვარული!“

უნეტარესი თრთოლა, რომელიც მის ჩაბნელებულ არსებაში მწვავე ნაპერწკლებად


იბნეოდა, ზებულონის სატანჯველს კიდევ უფრო ღრმას ხდიდა, კიდევ უფრო გაუვალსა და
უნაპიროს. იმაზე ხომ ოცნებაც არ შეიძლებოდა, რომ ყველაფერი კეთილად
დასრულებულიყო! განა ზებულონი მზეჭაბუკი იყო, ან უცხო ქვეყნის უფლისწული?! იესე
ერისთავი იმისთვისღა ცოცხლობდა, რომ ნესტანის ბედნიერებას მოსწრებოდა, ხოლო
ნესტანმა სამი ისეთი თავადიშვილი გაისტუმრა ცივი უარით, ზებულონი მათ ფეხის
ფრჩხილად არ ღირდა. ზებულონი ერთი ტლუ, გაუთლელი კაცი იყო, რომელმაც ხმლის
ტრიალის მეტი ქვეყნად სხვა აღარა იცოდა რა. ბავშვობისდროინდელ ზღაპრებში
უბრალო გლეხის ბიჭი ირთავდა ცოლად მზეთუნახავს. ხელმწიფედაც ჯდებოდა. მაგრამ
ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ნამდვილ ცხოვრებაში კი ზებულონს თუნდ
ნესტანი შეჰყვარებოდა და თუნდ შორით მოკიაფე ვარსკვლავი. რად დაიბადა ისახარის
ვაჟად! რატომ განგებამ უფლისწულად არ გააჩინა, ან თუნდა უბრალო თავადიშვილად!
და თუ არც უფლისწულად გააჩინა და არც თავადიშვილად, იოველ ბატონიშვილს მაინც
რაღად ჩამოაშორა! და თუ იოველ ბატონიშვილსაც ჩამოაშორა, ბექა ამილახვარს რაღად
შეჰყარა! და თუ ბექა ამილახვარსაც შეჰყარა, იესე ერისთავის კარზე რაღად მიიყვანა!
განა რა იქნებოდა, მანუჩარ ბატონიშვილისთვის გაეყოლებინა ისპაჰანს!

ფიქრობდა ზებულონი და თან ატყობდა, რომ ისეთ რამეზე ფიქრი, რაც შესაძლებელი იყო
მომხდარიყო და არ კი მოხდა, არათუ დარდს არ უმსუბუქებდა, გულის ჭრილობას უფრო
უძიძგნიდა და ტკივილზე ტკივილს უმატებდა. საშველი არსაით იყო. ბედისწერამ ეგრე
გადაწყვიტა და ზებულონის სიცოცხლე დაუსრულებელ და მოუთმენელ წამებად აქცია.
„ახლავ უნდა გავიქცე. ამაღამვე!“

ზებულონი გულაღმა იწვა ტახტზე თავის ოთახში, ხელები თავქვეშ ამოეწყო და, თუმცა
ირგვლივ წყვდიადი იდგა, გაფართოებული თვალებით მაინც რაღაცას დაჟინებით
ჩაშტერებოდა.

„ახლავ! ამაღამვე!“ - ფიქრობდა და ადგილიდან კი არ იძვროდა, რადგან, თუმც გაქცევა


მართლა გულით ეწადა, კარგად იცოდა, რომ გაქცევისთვის ახლა ათასჯერ უფრო მეტი
ძალა იყო საჭირო, ვიდრე თავის მძლავრი მარწუხებით შებორკილ არსებაში შეეძლო
ეპოვა.

ოთახში ბნელოდა და სიბნელე შავ ცეცხლს ჰგავდა. ზებულონი მთელი ღამე ბორგავდა
და, გული რომ საგულეში ადგილს ვერ პოულობდა, ამის გამო ისეთი გრძნობა
უჩნდებოდა, თითქოს ღამე სამუდამო იყო და აღარასოდეს გათენდებოდა.

რაკი გაქცევა ვერ შეძლო, გუნებაში უნებურად ისეთ საბუთს დაუწყო ძებნა, რაც გაქცევას
შეუძლებელს გახდიდა. ეს საბუთი მალე იპოვა. მართლაცდა, ასე უჩუმრად რომ
წასულიყო, ასე ქურდულად, ან ნესტანი რას იტყოდა, ან იესე ერისთავი, ან ბექა
ამილახვარი რომ ჩამოვიდოდა და ჰკითხავდა, რად მიატოვეო, რა პასუხი მიეცა? სინდისი
რომ შეაწუხებდა და ქენჯნას დაუწყებდა, სინდისი რითღა დაემშვიდებინა? ამ საბუთით
თავი ვერ გაიმართლა, მაგრამ სამაგიეროდ მოიტყუა. და ესეც ნუგეში იყო. ოღონდ
წასვლაზე ფიქრს ისევ განაგრძობდა და, გარეთ რომ სიბნელე ოდნავ შეიმღვრა და
სარკმელში რიჟრაჟმა შემოიხედა, გულში უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი,
ადრიანადვე დასთხოვებოდა იესე ერისთავს. რაიმე მოეგონებინა და დასთხოვებოდა, და
თუ შეძლებდა, ისე წასულიყო, ნესტანი არ ენახა. ტანთ რომ ჩაიცვა და ოთახიდან
გამოვიდა, ამ გადაწყვეტილებიდან ჩრდილიღა იყო დარჩენილი და, მზემ დახედა თუ არა,
ის ჩრდილიც მსწრაფლად გაქრა. ზებულონმა ჯერ ეს არ იცოდა, ან შესაძლოა იცოდა,
მაგრამ მისი ცოდნა ბნელ შრეებში იყო ჩამალული და მხოლოდ მაშინ ამოაღწია დღის
სინათლეზე, როცა იესე ერისთავმა გაკვირვებით გადმოსძახა აივნიდან, რა ამბავია,
ზებულონ, რაღაც მოუსვენრად დაძრწი, ხომ არა შეგემთხვა რაო. ზებულონმა პასუხად
უიმედოდ ამოილუღლუღა, არა ბატონო, არაფერიო.

ნესტანი რომ დაინახა, გული მკერდს მოსწყდა და სად-ღაც, ბნელ უფსკრულში დაინთქა.
სახე წამოუხურდა და გონებაზე ჯანღი გადაეკრა.

რაკი ვერ წავიდა, იძულებული შეიქნა ნესტანს სასეირნოდაც გაჰყოლოდა. მთელი დილა,
სანამ ერთად იყვნენ, ალმურში იყო გახვეული, გული ტკივილითა და ნეტარებით უძგერდა,
კრიჭა შეჰკვროდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნესტანმა უთხრა, რამ დაგამუნჯა, ბაყბაყ-
დევოო, შეშინებული ცდილობდა თავისთვის ძალა დაეტანებინა, რომ ნესტანს არა
შეემჩნია რა. ერთადერთი ფიქრი, რაც იმ დღეს თავში უტრიალებდა, ის იყო, ნესტანმა და
იესე ერისთავმა არაფერი შემატყონო. ნესტანს რომ შეეტყო, ალბათ, ამ ამბავზე ბევრს
იცინებდა. იესე ერისთავს რომ შეეტყო, განრისხდებოდა და, ეჭვი არაა, ზებულონს
სახლიდან დაითხოვდა. ამას რომ მიხვდა, ზებულონმა იფიქრა, ეგებ სჯობდეს კიდეც,
ვაგრძნობინოო, მაგრამ ეს აზრი მალევე უარყო. ჯერ ერთი, არ იცოდა, როგორ
ეგრძნობინებინა, და მეორეც, წასვლა ეწადა და არა გაძევება.

მაინც რა იყო ზებულონის ცხოვრება? ასეთი რა გადაუკარებელი დელგმა დაატეხა თავს


ბედმა? რაც რომ ბალღობის ტკბილი ბურანიდან გამოვიდა, მას აქეთ სიმწრის მეტი არა
უნახავს რა. მთელი ბავშვობა წიგნის სწავლაზე ოცნებობდა და სწორედ მაშინ, როცა
ოცნება ცხადად იქცა და იოველ ბატონიშვილის თეთრი ტაძარი ხელის გაწვდენის
მანძილზე გამოჩნდა, ყოველივე მოლანდებასავით გაქრა, თითქოს ტაძარი ზმანება
ყოფილიყოს და ზებულონს უეცრად გამოღვიძებოდეს, ანდა მზის ათინათი ყოფილიყოს,
მზეს კი ანაზდად ღრუბელი გადაფარებოდეს. განსაცდელი მძიმე იყო, საშინელი, მაგრამ
ზებულონმა გაუძლო. მანუჩარ ბატონიშვილის ლაშქარს შეაფარა თავი, წიგნის სიყვარული
გულიდან ამოიგდო და მეომრად იქცა. ეგონა, განსაცდელს საბოლოოდ გასცდა და
სამშვიდობოს გავიდა. ბედისწერა კი არ უსვენებდა და იმ წამს, რა წამსაც ყველაფერი სხვა
დაივიწყა, განუყოფელ მეომრად იქცა და ირწმუნა, რომ, თუ რამეს ეძებდა, უკვე იპოვა,
ირანის შაჰმა, თითქოს ზებულონის ჯავრი სჭირსო, მანუჩარ ბატონიშვილი ისპაჰანს იხმო.
გაუჭირდა ზებულონს, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ამასაც გაუძლო და, თუმც დასაწყისში ეს
წარმოუდგენელი ეჩვენებოდა, ახალ ცხოვრებას ნელ-ნელა შეეგუა. იესე ერისთავსაც
შეეგუა, სოფელსაც, ერისთავის სუფრასთან ჯდომასაც, ნესტანთან ერთად სეირნობასაც.
ყველაფერს შეეგუა. თუ დასაწყისში, დარდიანი და მოწყენილი, ერთთავად მანუჩარ
ბატონიშვილის გზას გაჰყურებდა, მერე და მერე მანუჩარ ბატონიშვილი უფრო იშვიათად
აგონდებოდა, ბოლოს კი იქამდე მივიდა, არათუ აღარ ადარდებდა, თუ რამდენ ხანს
მოუხდებოდა ისპაჰანს დარჩენა მანუჩარ ბატონიშვილს, მგონი, რაც გვიან ჩამოვიდოდა,
ის ერჩივნა. აბა, რას იფიქრებდა, მზაკვარი ბედი თუ ახალ მახეს უგებდა!.. მერედა როგორ
მახეს! ის, რაც შესაძლებელია ადამიანს სამოთხის ნეტარებად გადაგეღვაროს, ზებულონს
ჯოჯოხეთის ცეცხლად წაეკიდა. რა იქნებოდა, განგებას, თუკი უფლისწულად არ გააჩენდა,
ისე მაინც განესაჯა, რომ ზებულონს ნესტანის ნაცვლად მღვდლის ქალი შეჰყვარებოდა?
მზევინარი. მზევინარი სწორედ რომ მისი საფერი იყო. ვითომ არ გამოჰყვებოდა? აკი
ნესტანი შეჰპირდა, შეგრთავო! მაშინ ზებულონი სიყვარულის მწარე ჯოჯოხეთს
ასცდებოდა და სიყვარულის ტკბილ სამოთხეს დაეწაფებოდა. დაქორწინდებოდა,
დასახლდებოდა, დაეფუძნებოდა, ფესვებს გაიდგამდა, ბევრ შვილს იყოლიებდა. ომის
დროს მეომარი იქნებოდა, მშვიდობიანობის დროს მიწის მუშა. ეგებ წიგნიც ესწავლა.
ისწავლიდა. აკი ნესტანი ამასაც შეჰპირდა! ან არადა, წყაროსთვალში ავიდოდა, თავის
მამულს დაეპატრონებოდა, სახლ-კარს მიჰხედავდა, ეზო-გარემოს, მინდორსა და ბაღ-
ვენახს. და...

და?..

და იცხოვრებდა ტკბილად და ბედნიერად?

როცა ნესტანი ახლომახლო არ ეგულებოდა, ჩუმად ნატრობდა, მალე გამოჩენილიყო.


ფარულად ნატრობდა, მალვით, და ცდილობდა საკუთარი თავისთვის არ გაემხილა, რომ
ნატრობდა. როცა ნესტანი გამოჩნდებოდა, მისკენ გახედვას ვერ ბედავდა, მხოლოდ
გრძნობდა მის სიახლოვეს, ხარობდა და ეწამებოდა ამ სიახლოვით და იმის დამალვასაც
ცდილობდა საკუთარი თავისათვის, რომ მზად იყო ეს ტკბილი წამება სიკვდილამდე
ეთმინა.

ღამით, მას შემდეგ, რაც ნესტანის სარკმელში შუქი ჩაქრებოდა და ზებულონი, მთელი
დღის ფიქრითა და დარდით გასავათებული და გამოფიტული, თავის ოთახში ტახტზე
გაიშოტებოდა, მტკიცედ გადაწყვეტდა, რომ ხვალ დილით კი უეჭველად დასთხოვებოდა
იესე ერისთავს და სადმე გადაკარგულიყო. დილით ეს გადაწყვეტილება შიშად იქცეოდა
და, სანამ არ გაქრებოდა, გულ-ღვიძლს უშხამავდა, მერე, ტანთ რომ ჩაიცმევდა და ეზოში
გამოვიდოდა, ქრებოდა. ღამე რომ დადგებოდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
საკუთარ თავთან ეს უიმედო ბრძოლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ბოლოს ჩვევად ექცა,
და თუმცა მალე მიხვდა, რომ ბრძოლა პირწმინდად წაგებული ჰქონდა, რადგან ის
შეუპოვრობა და ნების სიმტკიცე, რომელსაც შეეძლო აქედან წაეყვანა, თავის თავში აღარ
ეგულებოდა, ჩვევა მაინც ჩვევად დარჩა, ღამით უყოყმანოდ გადაწყვეტდა წასვლას,
დილით კი ეს გადაწყვეტილება უკვალოდ ქრებოდა, და ყოველივე ეს ისეთი რუდუნებით
სრულდებოდა, თითქოს ერთი რამ წმინდა ღვთისმსახურება ყოფილიყოს.
ეს ჩვევა ცრუ იმედს უნარჩუნებდა და საბოლოო სასოწარკვეთისაგან იცავდა. ნამდვილი
იმედი კი ახლა მხოლოდ მანუჩარ ბატონიშვილი იყო. ვისაც თავად არა აქვს ძალა, ის
სხვისი ძალის შემყურეა. და ზებულონიც ნატრობდა, მალე დაბრუნებულიყო მანუჩარ
ბატონიშვილი და კვლავ ლაშქარში გაეწვია. ამას გულწრფელად ნატრობდა, ოღონდ
ბუნდოვნად იმასაც გრძნობდა, რომ ეს ნატვრა, თუმც გარედან უზადო და უტყუარი ჩანდა,
შიგნით ფუტურო და ცარიელი იყო, რადგან უკან სხვა ნატვრა ამოჰფარებოდა,
გადამალული, საგულდაგულოდ მიჩქმალული ნატვრა, რომ ირანის შაჰს მანუჩარ
ბატონიშვილი რაც შეიძლება დიდხანს დაეყოვნებინა.

ზოგჯერ (თუმცაღა ძალზე იშვიათად) ნესტანი ნათესავებთან მიდიოდა ხოლმე სტუმრად.


მთელი დღით მიდიოდა, თან რამდენიმე მსახური და მოახლე მიჰყავდა, ზებულონი კი ამ
დროს შინ, იესე ერისთავთან რჩებოდა. ადრე ნესტანის ამგვარი გამგზავრება
ზებულონისთვის თავისუფლების მომასწავებელი იყო, ახლა კი მთელი დღე ადგილს ვერ
პოულობდა, სიცოცხლე ლოდინად ექცეოდა, შეპყრობილი ნადირივით ბორგავდა და
დაძრწოდა, ერთთავად გზას გასცქეროდა ამაო იმედით, ეგებ ნესტანს რამე დავიწყნოდა
და გზიდანვე მობრუნებულიყო, ან ნათესავები შინ არ დახვედროდნენ, ან სხვა რამ
მომხდარიყო ისეთი, რომ იძულებული შექნილიყო სტუმრობაზე უარი ეთქვა, მაგრამ
არასოდეს არაფერი მომხდარა. ნესტანი, ჩვეულებრივ, მზის ჩასვლის დროს ბრუნდებოდა
და ზებულონს, რომელსაც ეგონა, რომ, მთელი დღის დაძაბული ლოდინით
სასომიხდილს, თვალებგამოღამებულსა და არაქათგამოცლილს, გახარების თავიც კი
აღარ ჰქონდა, სიხარულის ისეთი ტალღა დაეტაკებოდა, უეცრად მიხვდებოდა, რომ
არათუ ერთი დღე, მთელი სიცოცხლე შეეძლო ლოდინში გაეტარებინა, ოღონდ კი
ბოლოს ეხილა, ოღონდ კი ერთხელ მაინც, თუნდაც სიკვდილის წინ, თვალი შეევლო.

ასეთი გაუსაძლისი ცხოვრებით ცხოვრობდა ზებულონი იესე ერისთავის კარზე და


თვალდახუჭული დააბიჯებდა უფსკრულის პირას, როცა ისეთი რამ მოხდა, რასაც
მართლა უნდა დაეჩქარებინა მანუჩარ ბატონიშვილის დაბრუნება: ქართლის მეფე
უეცრად გარდაიცვალა.

მართალია, მეფე კარგა ხანია ლოგინად იყო ჩავარდნილი და დღითიდღე ილეოდა,


მაგრამ ასე ჩქარა მის სიკვდილს მაინც არავინ მოელოდა. მერე, როდესაც ამ ამბავს სხვა
უფრო მოულოდნელი და საკვირველი ამბავი დაერთო, ხალხში ხმა გავარდა, თითქოს
მეფის სიკვდილში იმ სამი აქიმის ხელი ერია, რომლებიც სნეულ მეფეს შაჰმა ნუგეშის
სიტყვებთან ერთად გამოუგზავნა.

ასე იყო თუ ისე, მეფე გარდაიცვალა და სამეფო დარბაზმა შიკრიკი აფრინა ისპაჰანს,
რათა შაჰისთვის მეფის სიკვდილი შეეტყობინებინა და მანუჩარ ბატონიშვილის
დაუყოვნებლივ გამოგზავნა ეთხოვა, მანამ კი, არეულობა რომ არა მომხდარიყო რა,
სასახლეში იოველ ბატონიშვილი მიიწვია და ქვეყნის მართვა-გამგებლობა მას დაავალა.

მეფე შესაფერისი პატივით მიაბარეს მიწას და უფლისწულს დაუწყეს ლოდინი.

მცირე ხანი რომ გამოხდა, ხმა დაირხა, ირანის შაჰს ქართლის ტახტი კანონიერი
მემკვიდრის ნაცვლად ისკანდერ-ხანისთვის მიუციაო. ამან დიდი ჩოჩქოლი და მითქმა-
მოთქმა გამოიწვია. ბევრს ეს ამბავი არა სჯეროდა, ბევრი კიდევ ირწმუნებოდა,
ნამდვილიაო, მანუჩარ ბატონიშვილს სანდო კაცის ხელით საიდუმლო წიგნი
გამოუგზავნია და იოველ ბატონიშვილისთვის ყოველივე წინდაწინ უცნობებიაო.
ტყუილისა და მართლის გარჩევა ძნელი იყო, ეს კია, რომ იმდენი მაცნე და
მალემსრბოლი, იმ დღეებში რომ ქართლის გზებზე უნახავთ, ადრე არასოდეს ენახათ. სად
დადიოდნენ, ან რა ამბები მიჰქონდათ და მოჰქონდათ, არავინ იცოდა.
საუბედუროდ, ჭორები და მითქმა-მოთქმა გამართლდა და მალე შაჰის მიერ ქართლის
მეფედ დადგენილი ისკანდერ-ხანი საზღვარს მოადგა. თან ახლდა ბექა ამილახვარი და
ხუთი ათასიანი ლაშქარი ქართლში კარგად ცნობილი იბრაჰიმ-ხანის სარდლობით.

ზებულონმა რომ გაიგო, ისკანდერ-ხანს ბექა ამილახვარი ახლავსო, არ დაიჯერა და


მერეც, სადამდეც კი შესაძლო იყო არ დაეჯერებინა, არა სჯეროდა.

ისკანდერ-ხანი საზღვართან დაბანაკდა, მეფის დარბაზს დესპანი აწვია და შემოუთვალა,


მე ჩემს ძმისწულთან ცილობა გულშიაც არ გამივლია და არც ქართლის ტახტზე ოდესმე
თვალი მჭერია, მაგრამ ირანის მზემ მიბრძანა და მის ბრძანებას კი, თქვენც კარგად უწყით,
მისი ფერხთა მტვერი ვერ გადავუვიდოდიო. თან რომ ლაშქარი მახლავს, ამ ლაშქარს ნუ
უყურებთ, მისი რისხვა მხოლოდ ქართლის მტერსა და ორგულს დაატყდება, სხვას
არავის; თუ მშვიდობით მიმიღებთ, მეც მშვიდობის მეტს არას მოვიტანო. ჩემი სიმართლის
დასტურად შაჰის ფირმანთან ერთად თვით მანუჩარ ბატონიშვილის მოწერილი წიგნი
მომაქვს, რომელიც ჩემს საყვარელ უფროს ძმას იოველ ბატონიშვილს უნდა ჩაბარდეს,
ამას გარდა თან მახლავს ჩემი ძმისწულის ძმადნაფიცი თავადი ბექა ამილახვარი,
რომელსაც ყველანი ჩინებულ სარდლად იცნობთ, გონიერ კაცად, მამაც მეომრად და
ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილადო. თუ ეს ჩემი წიგნი ირანის მზისა და მისი
მონის განზრახვათა სიწმინდეში დაგარწმუნებთ, თქვენს რწმენას იმით შევიტყობ, რომ
დარბაზის ყველა დიდებული საერისთავოთა გამგებლები აქ მეწვევით და ერთგულებას
ფიცით განამტკიცებთ; ვინც მეწვევა, წყალობას არ მოვაკლებ, ხოლო ვინც არ მეწვევა,
იძულებული შევიქნები მეფისა და ქვეყნის მტრად შევრაცხოო.

ზებულონი და იესე ერისთავი (იესე ერისთავს, რაკი აღარც სახელოები ეჭირა, აღარც
დიდი მამულები ჰქონდა და აღარც ჯარი ჰყავდა, ფიცის დადება არ ევალებოდა)
მოელოდნენ, რომ მეფის დარბაზი საჩქაროდ შეყრიდა ლაშქარს, ქუდზე კაცს დაუძახებდა
და მოძალადე ისკანდერ-ხანს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავდა; ოღონდ
ამ მოლოდინს სხვადასხვანაირად უყურებდნენ. ზებულონი ერთთავად გზას გასცქეროდა,
ან ახლა გამოჩნდება ომის მაცნე, ან ახლაო, ბრძოლის ჟინით იყო ატაცებული, თავის
გაწვრთნილ გლეხის ბიჭებსაც ამხნევებდა და აგულიანებდა, მოვიდა დრო, როცა უნდა
გამოჩნდეს, თუ რა მეომრები დადექითო, იესე ერისთავი კი, თუმც ბრძოლის
გარდაუვალობას ისიც გრძნობდა, დაღონებული და ნირწამხდარი იყო; ზოგჯერ
თვალგაშტერებული პირჯვარს გამოისახავდა და წყნარად, სასოებით იტყოდა, ღმერთო,
ნუ ჩაგვყრი განსაცდელში, წყალობა მოიღე და სისხლისღვრას აგვარიდეო. ლოცვით კი
ლოცულობდა, მაგრამ იმედი არა ჰქონდა. ან კი რისი იმედი უნდა ჰქონოდა, როცა მტრის
ლაშქარი საზღვარზე იდგა და უსისხლობის საფასურად სრულ მორჩილებას მოითხოვდა?

ზებულონი ისე იყო აღტკინებული და მტერზე სალაშქროდ შემართული, რომ ნესტანი,


რომელსაც აქამდე მთელი მისი არსება ეპყრა, იძულებული შეიქნა, ცოტა
შევიწროებულიყო და მომავალი ბრძოლის სამზადისისთვის ადგილი დაეთმო. ბექა
ამილახვარი რომ არა, ვინ იცის, მტრის გამოჩენას ზებულონი ასერიგად არც
აეღელვებინა. მას შემდეგ, რაც დედა და მამა დამარხა, ბექა ამილახვარი ექცა საზომადაც
და საყრდენადაც. ამიტომ ბექა ამილახვრის მხრით ღალატი იმის ნიშანი იყო, რომ
ქვეყნად ავკაცობასა და მუხანათობას გაუმარჯვნია. ზებულონს გულში რისხვა ედგა და
მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ბრძოლის ველზე უეჭველად მოეძებნა ბექა ამილახვარი
და ხმალში გამოეწვია, რათა ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულიყო, ღალატს
დარჩებოდა ბურთი და მოედანი თუ ერთგულებას.

მაგრამ ომის მაცნე არსაით ჩანდა, მცირე ხნის შემდეგ კი ამბავი მოვიდა, თითქმის ყველა,
ვინც კი ისკანდერ-ხანმა იხმო, მორჩილად გამოცხადებულა და უკანონო მეფისთვის
ერთგულების ფიცი მიუცია. მხოლოდ ორი დიდებული გაურჩებია, ფიცის მიცემაზე უარი
უთქვამთ და თავთავიანთ ციხეებში გამაგრებულან (შემდეგ, როდესაც ისკანდერ-ხანი
ტახტზე ავიდა, ამ ორ დიდებულთაგან ერთი მალევე შემოირიგა, მეორემ კი, რომელიც
ბექა ამილახვარმა მისსავ სასახლეში შეიპყრო ღალატით, მას შემდეგ, რაც წელიწადი
თბილისის ციხეში დაჰყო, საიდუმლო ვითარებაში გაქცევა მოახერხა და იმერეთს
გადაიხვეწა).

ამრიგად, ისკანდერ-ხანი უბრძოლველად და სისხლის დაუღვრელად შემოვიდა თბილისს


და ტახტზე დაჯდა. ერთადერთი, რამაც მეფედ კურთხევას მცირედი ჩრდილი მიაყენა და
ზეიმი ოდნავ აამღვრია, ის იყო, რომ ქართლის კათალიკოსმა ჯერ საჯაროდ შეაჩვენა
მაჰმადიანი მეფე, მერე კათალიკოსის ძვირფასი სამოსი შემოიძარცვა, ჯვალოს კაბა
ჩაიცვა, ხელში რკინის ჯვარი დაიჭირა და ფეხშიშველამ სოფელ-სოფელ დაიწყო
სიარული; ქადაგად დაცემული ყველა ქრისტიანს, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო,
გულმხურვალედ მოუწოდებდა ხელი გამოეღო, რათა ღვთისმშობლის წილხვედრი
ქვეყანა ურჯულოთაგან ეხსნათ, და თუ ვერ იხსნიდნენ, ნამუსიანად დახოცილიყვნენ,
როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანსა და ქართველს შეჰფერის. ეს რომ გაიგეს, სპარსელებმა
გაკადნიერებული კათალიკოსის მოკვლა მოინდომეს. თავდაპირველად ისკანდერ-ხანიც
ამ აზრს ადგა, მაგრამ მერე ბექა ამილახვარმა გადაათქმევინა. ბექა ამილახვარი ცბიერი
კაცი იყო. მეფეს ურჩია, სიკვდილით რომ დასაჯო, წამსვე წმინდანად შერაცხავენ, მის
სიტყვას ღვთის სიტყვად მიიღებენ, ხალხი მართლა იარაღს აისხამს და შესაძლოა, ვინც
ერთგულების ფიცი მოგცა, ყველა ერთბაშად გადაგიდგესო, ხოლო თუ მაგის ყბედობას
არად ჩააგდებ, იქნებ თავიდან ორიოდ კაცი მართლა აჰყვეს, მაგრამ მალე გონს
მოეგებიან, ერთხელ რომ მოისმენენ ერთსა და იმავეს, ორჯერ რომ მოისმენენ, მესამედ
უკვე ყურს აღარ ათხოვებენ, მეოთხედ მასხარადაც აიგდებენ და თანდათან ისე დაუწყებენ
ყურებას, როგორც ჭკუაზე გადამცდარსო. ისკანდერ-ხანმა რჩევას დაუჯერა,
კათალიკოსის ხელშეუხებლობა ბრძანა და, მართლაც, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც
ბექა ამილახვარმა იწინასწარმეტყველა: კათალიკოსმა ერთხანს იარა სოფელ-სოფელ
და ბოლოს, ხალხი რომ ვერ აიყოლია, სადღაც გადაიკარგა და მას შემდეგ აღარავის
უნახავს. ამბობდნენ, მოკვდაო.

ხალხმა ერთხანს კიდევ იჩოჩქოლა. ქართლში მაჰმადიანი მეფეები სხვა დროსაც


ყოფილან, მაგრამ ყველა ისინი მხოლოდ სპარსთა თვალის ასახვევად აღიარებდნენ
მაჰმადის რჯულს, თორემ გულში ქრისტიანობას ინახავდნენ და ჩუმ-ჩუმად ქრისტიანულ
სალოცავებზე ლოცულობდნენ. ისკანდერ-ხანი სხვა იყო. ისკანდერ-ხანმა მაჰმადი გულით
შეიყვარა და რჯული ნებით გამოიცვალა. მაგრამ ქართველებს თავს ზევით ძალა არა
ჰქონდათ. ქვეყანაში სპარსთა ლაშქარი იდგა და ხალხიც ნება-უნებურად თანდათან
შეეჩვია მაჰმადიან მეფეს.

ისკანდერ-ხანმა სიტყვა შეასრულა. ქვეყნად მშვიდობა დამყარდა. სპარსთა ლაშქრის


შიშით ლეკები საზღვრის გადმოლახვას ვეღარ ბედავდნენ. ყმებით ვაჭრობაც თითქმის
მთლიანად მოისპო. გზები უხიფათო გახდა. შიშიანობა გაქრა. ხალხმა მშვიდად
ამოისუნთქა და ქვეყანამ მოღონიერება დაიწყო. ეს ყველაფერი ძალზე კარგი იყო და
ეგებ ისკანდერ-ხანს სიყვარულიც კი მოეხვეჭა, მის მიერ მოტანილი უხიფათობის უკან
ქართლის თავზე რომ უფრო დიდი და დამზაფრავი ხიფათი არ გამოჩენილიყო:
გათათრების ხიფათი. ვინც რჯულს გამოიცვლიდა და მაჰმადს შეუდგებოდა, მეფე ხარკს
უნახევრებდა და წყალობითაც ავსებდა. ამას კი არ შეიძლებოდა ადრე თუ გვიან ნაყოფი
არ გამოეღო. და მართლაც, თავიდან თითო-ოროლას, მერე კი უფრო მრავლად და
მრავლად ნახავდით ქართველ თავადებს, რომელთაც გრძელი, სპარსული ხალათები
ეცვათ და თავზე ჩალმა ეხურათ.
იესე ერისთავი, დამწუხრებული და შეშფოთებული, იმთავითვე იმას ამბობდა, ისკანდერ-
ხანი, სულით ხორცამდე მაჰმადიანი, მეფობას წყალობითა და დაყვავებით დაიწყებს და,
თუ მანამ საშველი არსაით გაჩნდა, ქვეყნის გათათრებით დაასრულებსო. ზებულონს ვერ
დაეჯერებინა, რომ ქართველები ურჯულო მეფის წყალობას გამოეკიდებოდნენ და
ქრისტეს განუდგებოდნენ, ამიტომ, ჟამიდან ჟამზე რომ ამბავი მოვიდოდა, ესა და ეს
თავადი გათათრდაო, ჭორი ეგონა. მანამ არ ეჯერა, სანამ ერთ დღეს, როდესაც
ისკანდერ-ხანი დიდი ამალით იესე ერისთავს ესტუმრა, თავისი თვალით არ ნახა, რომ ამ
ამალაში მყოფ ქართველ დიდებულთა უმეტესობა სპარსულ ყაიდაზე იყო ჩაცმულ-
დახურული.

მანამ კი, რაკი დიდი ბრძოლის მოლოდინი გაუცუდდა, ზებულონის არსებას კვლავ
განუყოფლად ნესტანი დაეპატრონა. სიყვარულის ბანგით დარეტიანებულს ძველებურად
წაუჭირა ყელში ამ აკრძალული და უიმედო სიყვარულის ყულფმა, რომელიც არც
საბოლოოდ ახრჩობდა და არც თავისუფლებას აძლევდა, ერთთავად სიკვდილ-
სიცოცხლის მიჯნაზე დაატარებდა.

ახლა ზებულონის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე შეიქნა. აქამდე მანუჩარ


ბატონიშვილის დაბრუნებას ელოდა და ეს მოლოდინი, თუნდაც გულის გულში არც
ნდომოდა ბატონიშვილის ჩქარა დაბრუნება, მაინც იმედი იყო, ხსნის ერთადერთი გზა,
რადგან მხოლოდ მანუჩარ ბატონიშვილს შეეძლო აქაურობისთვის გაერიდებინა. მაგრამ
ახლა არავინ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა მანუჩარ ბატონიშვილი, ან, საერთოდ,
დაბრუნდებოდა თუ არა. ამიტომ ეს იმედიც მოესპო. ბექა ამილახვარი, ალბათ, არ
დაუძახებდა, და რომც დაეძახნა, განა ზებულონს შეეძლო ისეთ კაცს ხლებოდა,
რომელმაც თავისი ძმადნაფიცი და ქვეყნის კანონიერი მეფე მიატოვა და
გამაჰმადიანებული მოძალადის სამსახურში ჩადგა?

აქ ზებულონი დაეჭვდა და ჩაფიქრდა. რა უნდა ექნა, ბექა ამილახვარს რომ მართლა


დაეძახნა? თუ გაუურჩდებოდა და არ ეახლებოდა, მაშინ აქ დადგომასაც ვეღარ
გაბედავდა და სადმე უნდა გადახვეწილიყო. მაშ, ესეც იმედი ყოფილა. თუკი ბექა
ამილახვარი დაუძახებს, იძულებული შეიქნება აქაურობა მიატოვოს. აკი ზებულონსაც
სწორედ ეს უნდოდა!

ამის გაფიქრებაზე ზებულონმა მკერდში ტკივილი იგრძნო და უცებ მიხვდა, რომ ახლა იესე
ერისთავის მიტოვება არათუ არ შეეძლო, არც შეიძლებოდა. მართალია, ისკანდერ-ხანის
წყალობით სიმშვიდე ჩამოვარდა და შიშიანობა მოისპო, მაგრამ, სწორედ იმის გამო, რომ
მეფედ ისკანდერ-ხანი იჯდა და ქვეყანაში უცხოთა ლაშქარი იდგა, ქართლის ცაზე
მუდმივად ეკიდა ხიფათის შავი ღრუბელი, რომელიც, არავინ იცოდა, თუ როდის საით
დაიძვრებოდა. ასეთ დროს უჯარო და უსასოო მოხუცის ბედის ანაბარა დაგდება
ლაჩრობა და მუხანათობა იქნებოდა. გლეხის ბიჭებს ცოტ-ცოტა კი ასწავლა ხმლისა და
შუბის ხმარება, მაგრამ იმათ იმედად ყოფნა, წინ თუ ნამდვილი მეომარი არ გაუძღვებოდა,
არ შეიძლებოდა.

ზებულონმა არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა და რითი ეშველა თავისთვის. თან


დღითიდღე უძლიერდებოდა შიში, რომ მისი სასაცილო და კადნიერი სიყვარული ადრე
თუ გვიან გამჟღავნდებოდა. ასე იწვოდა ჯოჯოხეთის ცეცხლში, ასე ნელ-ნელა დნებოდა
სანთელივით, როცა ერთ დღეს ბექა ამილახვრის შიკრიკი მოვიდა და იესე ერისთავს
ამცნო, ხვალ ქართლის მეფე დიდი ამალით შენთან მობრძანდებაო.

ამ ამბავმა იესე ერისთავი საგონებელში ჩააგდო. ვერაფრით ვერ გაეგო, რისი


მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ისკანდერ-ხანის მოულოდნელი სტუმრობა. მან იცოდა,
რომ მეფე არაერთ დიდებულს სწვევია შინ, რათა დაეახლოვებინა და მათი ერთგულების
უფრო ურყევი საბუთები დაეჭირა ხელთ, მაგრამ დაკნინებული და არასმქონე ერისთავისა
ან დაახლოება რად სჭირდებოდა და ან ერთგულება რას შეჰმატებდა?

ამ გამოცანის პასუხი არავინ იცოდა.

იესე ერისთავმა ნადიმის თადარიგი ადრიანადვე დაიჭირა და მეორე დღეს, როცა მეფე
და მისი ამალა გამოჩნდა, სტუმრების დასახვედრად უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა.

პაპა და შვილიშვილი სტუმრებს ეზოს გადაღმა დახვდნენ.

მეფეს მართლაც დიდი ამალა ახლდა, სპარსებიცა და ქართველებიც.

ზებულონმა პირველად სწორედ მაშინ ნახა, რომ ქართველ დიდებულთა უმეტესობა


სპარსულად იყო გამოწყობილი.

მეფე მაღალი იყო, თხელი და ასხლეტილი. ჭრელი ხალათი ეცვა, თეძოს თავთან
ქამარშემოვლებული, თავზე წითელი ჩალმა ეხურა, წვერი მოკლე ჰქონდა, წაწვეტებული
და ინით შეღებილი. შესახედავად მანუჩარ ბატონიშვილს უფრო ჰგავდა, ვიდრე იოველ
ბატონიშვილს, სილამაზით კი, ალბათ, მანუჩარ ბატონიშვილიც ვერ დაედრებოდა.

მეფე წინ მოდიოდა. უკან, ორიოდ ნაბიჯის მოშორებით, სარდალი იბრაჰამი და ბექა
ამილახვარი მოჰყვებოდნენ. მარჯვნივ იბრაჰიმი - კუშტი, შუბლგაუხსნელი, გამოუცნობი -
მარცხნივ ბექა ამილახვარი, რომელსაც, ზებულონის გასაკვირველად, ქართული
ტანისამოსი ეცვა და არა სპარსული. ბექა ამილახვარი სრულებით არ შეცვლილიყო. ისევ
ისეთი ჩამრგვალებული იყო, ისევ ისეთი ლოყებდაბერილი, ისევ ის მოწკურული, ჭროღა
თვალები ჰქონდა, წინ ჩამოშლილი წითური თმა და წითური, თხელი, მაგრამ რაღაც
გაუგებარი მიზეზით მუდამ გაბურძგნული წვერი. მართალია, რაც ქართლიდან წავიდა,
იმდენი დროც არ გასულა, კაცის შეცვლისა და გადასხვაფერებისთვის კმაროდეს, მაგრამ
ზებულონი იმ ნაცნობმა გაკვირვებამ, რომელიც მოღალატის პირველ დანახვაზე გულში
ყოველთვის გაჰკრავდა ხოლმე, ერთი შეკრთომა ახლაც შეაკრთო. იბრაჰიმსა და ბექა
ამილახვარს მოჰყვებოდა მცველთა გუნდი - ათიოდ ბრგე, მხარბეჭიანი, თავით ფეხამდე
იარაღში ჩამჯდარი სპარსი. შემდეგ მოდიოდნენ დანარჩენი დიდებულები, სპარსები და
ქართველები.

ისკანდერ-ხანი რომ ცხენიდან ჩამოხდა, ჯერ იესე ერისთავი ემთხვია ხელზე, მერე
ნესტანი. მეფემ ნესტანს მხრებში მოჰკიდა ხელები, წამოაყენა, სახეში ჩააცქერდა, მერე
დაიხარა, შუბლზე ეამბორა, წამით ბექა ამილახვარს მოუხელთებელი და გაუგებარი
მზერა სტყორცნა და იესე ერისთავს უთხრა: - უცხო საუნჯის პატრონი ყოფილხარ,
ერისთავო.

- ერისთავი მხოლოდ მოლარეთუხუცესია, დიდო მეფეო, - ღიმილით თქვა ბექა


ამილახვარმა, - პატრონი ჯერაც არ გამოსჩენია საუნჯეს.

სუფრა ეზოში იყო გაშლილი, კაკლებისა და ცაცხვების ჩრდილქვეშ. როდესაც მეფე და


დიდებულები დასხდნენ, მცველთა გუნდი ისკანდერ-ხანის უკან დადგა რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით და მთელი ნადიმის განმავლობაში იქიდან ფეხი არ მოუცვლია. მეფემ აქაც
მარჯვნივ იბრაჰიმი მოისვა, მარცხნივ ბექა ამილახვარი. იესე ერისთავი მის პირდაპირ
იჯდა.

ზებულონი იესე ერისთავის უკან იდგა, კარგა მოშორებით, აივნის ძირში. მას დავალებული
ჰქონდა, მსახურთუხუცესთან ერთად თვალი სჭეროდა, რომ სუფრას არა მოჰკლებოდა
რა.

თავიდან ყველაფერი რიგზე მიდიოდა. მეფე ჩინებულ გუნებაზე იყო, ლაღობდა,


საუბრობდა, ღვინოს ეწაფებოდა. ქართველებმა კარგი სიმღერებიც დააგუგუნეს.

ზებულონს ხელები მკერდზე დაეკრიფა და ირგვლივ ყოველივეს ყურადღებით ადევნებდა


თვალს. დროდადრო ბექა ამილახვარს გახედავდა და წამსვე ისევ აარიდებდა მზერას.
მზერა მისდაუნებურად გაურბოდა, თორემ ერჩივნა არ შეეხედა, რადგან ეშინოდა, მის
თვალებს არ შეფეთებოდა. რომ შეფეთებოდა, იცოდა თვითონვე გაწითლდებოდა და ამ
გაწითლებით ისეთ რამეს გაამჟღავნებდა, რისი გამჟღავნებაც, მით უფრო მოღალატის
წინაშე, სამარცხვინოა. სულ არ გაეხედა, არ შეეძლო, არადა, ყოველ გახედვაზე უნებურად
ის ხუთი წელი აგონდებოდა, მის გვერდით რომ გაატარა და მისივე წყალობით ესოდენ
ტკბილ და საამო მოგონებად დარჩა, და ყელში გორგალივით რაღაც ებჯინებოდა.

შუა ნადიმში მეფე უეცრად წამოდგა. ამის დანახვაზე მყისვე მთელი სუფრა წამოიშალა.

მეფეს ღვინო მორეოდა, თვალები ჩასწითლებოდა, ღაწვები შეფაკლოდა, თმის ძირებში


ოფლის წვეთებს გამოეჟონა. ახლა ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდით, მთელი კვირაა
თვალზე რული არ მიჰკარებიაო. მოლოდინის ცოტა შიშნარევ დუმილში მეფემ სუფრას
ნელი, დაფიქრებული მზერა მოავლო, მერე სივრცეს ჩააცქერდა სადღაც შორს,
მონადიმეთა თავებს ზემოთ და წყნარად, ცოტა ნაღვლიანი კილოთი თქვა: - თვალს არ
მისწორებ, ერისთავო, ქვეშ-ქვეშ მიმზერ. არ კი ვიცი, რატომ. განა რამე დამიშავებია
შენთვის? - აქ სივრცეს თვალი მოსწყვიტა და იესე ერისთავს შეხედა, - ან იქნებ
ქვეყნისთვის დამიშავებია რამე? თქვი! ვიცი, გულში რა ფიქრიც გიტრიალებს: ქართლის
მეფობა მანუჩარ ბატონიშვილს ეკუთვნისო. ვითომ რათაო? განა მე კი ქართველ მეფეთა
შთამომავალი არა ვარ და ბაგრატიონთა სისხლი არ მიდგას ძარღვებში? მე არც ვინმე
მომიკლავს და არც ვინმესთვის ტახტი ძალად წამირთმევია. დიდებულმა შაჰმა, ირანის
მანათობელმა მზემ, გამომგზავნა და მეც წამოველ. ეგებ გგონია, მომიხაროდა? ეგებ
გგონია, ძალიან მინდოდა ეგ თქვენი ქართლი, სადაც მეფე ტახტის მაგიერ სიპ ქვაზედ ზის
და ოქროს გვირგვინის მაგიერ თავზე ეკლის გვირგვინი ადგას? არა, ერისთავო.
სპარსეთის კარზე ყოფნა მერჩივნა, დიდებული შაჰის მოწყალე ჩრდილში ამო ცხოვრება
და სპარსთა ძლევამოსილი ლაშქრის სარდლობა, მაგრამ შაჰმა მიბრძანა და წამოველ.
ვიცი, ამას იოლად შეეგუებოდი და, რაკი ბაგრატიონი ვარ და მეფეთა შთამომავალი,
ტახტის პყრობას მაპატიებდი, მაგრამ მუსულმანი რომ ვარ, ამის პატიება გიმძიმს. მერედა,
განა ჩემი ბრალია, რომ მუსულმანი ვარ? განა ქართველებმა არ გამამუსულმანეთ?
როდესაც ჩემი ძმა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს, ტახტზე ავიდა და ირანის მზემ
მძევალი მოსთხოვა, აკი მთელმა დარბაზმა ერთხმად ჩემკენ გამოიშვირა ხელი! რატომ
მაშინ კი არავინ შეხედა მეფეს ეგრე ცერად და ამრეზით? მუხლებში რად არ ჩაუვარდა და
არ შეევედრა: ნუ, მეფეო, ნუ ინებებ ათი წლის ბალღის მძევლად მიცემას. პატარაა ჯერ,
არც რწმენისა გაეგება რამე და არც ქვეყნისა. ვაითუ ცდუნებამ სძლიოს და
გამუსულმანდეს! ახლა გაგახსენდა ჩემი ქრისტიანობა, დიდებული შაჰის მამობრივი
ზრუნვით რომ სპარსად გავიზარდე, მაჰმადის ჭეშმარიტ სჯულს ვეზიარე და ალაჰის
მხედარი შევიქენ? ახლა მაყვედრი? რად, ერისთავო, რად მაყვედრი? ან სხვები, თუკი
სხვაც მაყვედრის ვინმე, რად მაყვედრიან? განა საქართველოდან რომ გულგრილად
გამისტუმრეთ, ამით რჯულის შეცვლა არ მომთხოვეთ? მაშ, რაღა გინდათ? მაშინ ისე
გეწადათ, ახლა კი ასე გწადიათ, და, როცა როგორ გწადიათ, მეც ისე უნდა მოვიქცე?
ვერა, ერისთავო. მე მუსულმანი ვარ და მუსულმანად მოვკვდები, ქართლის ტახტზე იქნება
თუ სპარსეთის ლაშქარში. ან კი რას უყურებთ ჩემს ქუდსა და სამოსს? რა ბედენაა, მეფე
ქრისტიანი გეყოლებათ თუ მუსულმანი? ქართლს ახლა არაფერი ისე არ სჭირდება,
როგორც მშვიდობა. მე კი სწორედ მშვიდობა მოვიტანე. ვინც შემომიდგება, ყველას
მწყალობელი ვიქნები, ქრისტიანისაც და მუსულმანისაც, და თუ იძულებულს არ მყოფთ,
არამც და არამც სისხლის დაღვრა არ მინდა. - აქ მეფე გაჩუმდა და კარგა ხანს ჩუმად იყო.
მერე, სამარისებურ დუმილში, უეცრად ხელი ზებულონისკენ გაიშვირა და ბექას
მიუბრუნდა, - ის ვაჟი ვინ არის, ბექავ?

ნადიმის განმავლობაში ზებულონმა რამდენჯერმე იგრძნო მეფის მზერა, მაგრამ არ


გაჰკვირვებია, რადგან ისეთ ადგილას იდგა, მეფე თავს რომ ასწევდა, არ შეიძლებოდა
მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო. იმას კი აბა როგორ იფიქრებდა, ყურადღებასაც
თუ მიაქცევდა! ამიტომ, მეფის ნათქვამი რომ ჩაესმა, სახტად დარჩა.

ბექა ამილახვარმა წამიერი, თითქმის მოუხელთებელი მზერა სტყორცნა ზებულონს და


ზებულონს ამ მზერაში გაუგებარი წყრომა მოეჩვენა. მერე მეფეს თავი დაუკრა და
მოახსენა: - მანუჩარ ბატონიშვილის აზნაური გახლავს, მეფეო. ბატონიშვილი რომ
დიდებულმა შაჰმა იწვია, იესე ერისთავს უბოძა.

მეფემ ზებულონს შეხედა.

- დიდი კი გაზრდილა.

სუფრაზე სიცილი გაისმა. ბექა ამილახვარმა გაიღიმა.

- დიდი გახლავს, მეფეო. ნებას თუ მიუშვი, ზოგჯერ ეგრე იზრდებიან ხოლმე.

სუფრაზე ისევ გაისმა სიცილი. ზებულონმა ტუჩი ჩუმად ჩაიკვნიტა. აი, ამ დროს ნესტანმა,
რომელიც მოშორებით იდგა თავადის ქალებთან ერთად, ცოტა აღელვებით, მაგრამ
მკაფიოდ თქვა: - ზებულონი ქართლის გამოჩენილი ვაჟკაცი გახლავს, მეფევ ბატონო.

სუფრა გაისუსა. ბექა ამილახვარს წამით თითქოს სახეზე ჩრდილმა გადაუარა. მეფემ თავი
მიატრიალა, ნესტანს შეხედა. ნესტანს წარბი არ შეუხრია, პირდაპირ თვალებში
შესცქეროდა. კარგა ხნის დუმილის შემდეგ მეფემ თქვა: - მართლა თუ?

- დიაღაც, - მიუგო ნესტანმა, - ლეკებს სულ შიშის ზარს სცემდა... ამას წინათ
მარტოდმარტომ ვეება დათვი მოკლა. დიაღაც... და ხმლის ერთი მოქნევით შეუძლია
წლინახევრის მოზვერს თავი გააგდებინოს.

- მართლა თუ? - ისევ თქვა მეფემ, წარბები აზიდა და ბექა ამილახვარს შეხედა. მერე ისევ
ზებულონს შეავლო თვალი. ბოლოს იესე ერისთავს მიუბრუნდა, - ერისთავო, არ იქნება,
უბრძანო, ერთი წლინახევრის მოზვერი გამოიყვანონ? - რაკი ერისთავი ისე იდგა,
თითქოს მეფის ნათქვამი არ გაეგონოს, შუბლი ოდნავ შეიჭმუხნა, - არ გემეტება,
ერისთავო, მოზვერი, თუ არა გყავს? - და მცირე დუმილის შემდეგ ღიმილით დაატანა, -
სამ მოზვერს ვიძლევი ერთ მოზვერში.

მაშინ ერისთავმა მეფეს შეხედა. მერე ხელით მსახური იხმო და ისე, რომ მეფისთვის
თვალი არ მოუშორებია, უთხრა: - ქართლის მეფეს წლინახევრის მოზვერი მოჰგვარეთ!

ამის შემდეგ სუფრაზე კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი ზეზე იდგნენ და მანამ დუმდნენ,
სანამ მსახურმა ყელზე თოკგამობმული მოზვერი არ გამოიყვანა და ეზოს ზედა მხარეს,
სუფრის მოშორებით არ შეჩერდა. მოზვერი მშვიდად იყო, მაგრამ დიდრონ თვალებში
ამასაც იმ მოზვერივით ნაღველი ედგა.

ზებულონსაც ნაღველი შემოაწვა.

იესე ერისთავი ზურგით იდგა და მის სახეს ზებულონი ვერ ხედავდა. ნესტანს თვალები
გაფართოებოდა, თითქოს რაღაცას გაუკვირვებიაო. ცოტა ფერმიხდილი იყო და ისეთი
ლამაზი, ბნელ ღამეში რომ უეცრად მთის წვერზე მთვარე გადმოდგება.

- მოზვერი კარგი ჩანს, - თქვა მეფემ, - მაშ, ახლა ისა ვნახოთ, ქართლის გამოჩენილი
ვაჟკაცი თუ როგორია. აბა... - აქ წამით შეყოყმანდა და ნესტანს ღიმილით შეხედა, -
როგორა თქვი, ერისთავის ტურფა ქალო, რა ჰქვიანო?

ნესტანი რატომღაც შეყოვნდა, გეგონებოდათ, ზებულონის სახელი დავიწყნია და


ცდილობს მოიგონოსო. ეს რა შენიშნა, ბექა ამილახვარმა დაასწრო: - ზებულონი, დიდო
მეფეო.

- ზებულონი, - გაიმეორა მეფემ და ზებულონს მოხედა, - აბა, ჭაბუკო, გვიჩვენე შენი


სიმარჯვე და მკლავის ძალა, - ამ სიტყვებით ხალათს ქვეშიდან ოქროთი მოვარაყებული
ხანჯალი დააძრო, ერთი დახედა, მერე მსუბუქად დაიქნია და სუფრის შუაგულში ჩაარჭო.
სანამ მზის ალმაცერ სხივებში მოლაპლაპე ტარი ირხეოდა და თვალს რამდენიმე ტარად
ეჩვენებოდა, მას დასცქეროდა, მერე, ტარმა რომ რხევა შეწყვიტა და ოდნავ გადახრილი
გაშეშდა, თავი ისევ აიღო, - გვაჩვენე მკლავის ძალა და ეს ხანჯალიც შენი ფეშქაში იყოს.

ირგვლივ სიჩუმე იყო და ეს სიჩუმე ზებულონს ყურებში უცნაურად უწიოდა. ყველანი მას
შემოსცქეროდნენ. მხოლოდ იესე ერისთავი, თავის განუყრელ ჯოხს დაყრდნობილი, იდგა
ზურგით.

- რად ყოყმანობ? - შუბლი შეიკრა მეფემ, - მოზვრისა ხომ არ შეგეშინდა?

ზებულონმა მეფეს აარიდა თვალი და იმავ წამს ბექა ამილახვრის თვალებს წააწყდა. არ
უნდოდა მისკენ გაეხედა, მაგრამ ბექა ამილახვარი ისეთი დაჟინებით შემოსცქეროდა,
მზერა უნებურად გაექცა. ამილახვარმა თავი სულ ოდნავ დახარა და თვალის ქუთუთოები
დაუშვა. სხვას ეგებ არც შეუმჩნევია ეს მოძრაობა, ზებულონი კი მიხვდა, რომ ამილახვარმა
მეფის ბრძანების აღსრულება მოსთხოვა. მაშინ ზებულონმა თავი მდაბლად დაუკრა
მეფეს და უთხრა: - ნუ გამირისხდები, დიდო მეფეო, და არ შემიძლიან.

სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა, და რაც უფრო მეტხანს გრძელდებოდა, მით უფრო მძიმე და
მძიმე ხდებოდა.

მეფეს სახეზე გამოუცნობი გამომეტყველება ეწერა. მერე ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა,


მარჯვნივ ნახევრად შეტრიალდა და იბრაჰიმს შეხედა. იბრაჰიმმა თავი დაუკრა და უკან
მიბრუნდა, სადაც მეფის მცველები იდგნენ. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ წამსვე
რაზმს ერთი სპარსი გამოეყო. ტანად მაინცდამაინც დიდი არ ეთქმოდა, მაგრამ
ჩაფსკვნილი იყო და უჩვეულოდ განიერი ბეჭები ჰქონდა. სპარსმა მეფეს მდაბლად
თაყვანი სცა და ნელა, გამოზომილი ნაბიჯით გაემართა იქითკენ, სადაც ერისთავის
მსახურს გრძელ თოკზე გამობმული მოზვერი ეჭირა. სრულ დუმილში ახლა ყველანი იმ
სპარსს შესცქეროდნენ. მხოლოდ მეფე არ მიბრუნებულა. სპარსი სულ ახლო მივიდა
მოზვერთან და შედგა. ხელები ერთიმეორეზე მიატყუპა, ნიკაპთან მიიტანა, ცას ახედა და
რაღაც წაიბუტბუტა. მერე, სწორედ იმ დროს, როცა მოზვერმა კისერი წაიგრძელა, დრუნჩი
ახლო მიუტანა, ჯერ დაყნოსა მისი ქარქაში და მერე კმაყოფილმა ხაოიანი ენაც აუსვა,
სპარსმა ელვის სისწრაფით იძრო ხმალი და მოიქნია. ყელზე გამობმული თოკი ტანის
მხარეს დარჩა და, თავი რომ ძირს დავარდა, მსახურს უთავო მოზვერი ჯერ კიდევ იმ
თოკით ეჭირა. სპარსმა სისხლიანი ხმალი მოზვრის მუცელზე გაწმინდა, ქარქაშში ჩააგო
და ისევ ისე ნელი, გამოზომილი ნაბიჯით დაბრუნდა უკან. თავის ადგილს რომ
მიუახლოვდა, მეფემ ხელი ასწია და თითით მიიხმო, მეორე ხელით ხანჯალი მაგიდიდან
ამოაძრო, წვერით დაიჭირა და მხარზევით ტარით გაუწოდა. სპარსმა ხანჯალი ორივე
ხელით ჩამოართვა, მუხლებზე დაეცა, მოწიწებით ემთხვია, მერე ისევ წამოდგა და წელში
მოხრილი უკან-უკან სვლით თავისი ადგილისკენ წავიდა.

მეფემ ბექა ამილახვარს შეხედა.

- ქალაქს რომ ჩავალთ, ბექავ, მომაგონე, ამ მოზვრის სანაცვლოდ სამი მოზვერი


გამოვუგზავნოთ ერისთავს. - მერე ღვინით სავსე ჯამი აიღო და იესე ერისთავს მიუბრუნდა,
- შენი მზეთუნახავის დღეგრძელობისა იყოს, იესე ჩემო. სპარსი ქალები ეშხიანები არიან,
მაგრამ შავტუხები, ევროპიელები თეთრ-ყირმიზები არიან, მაგრამ ეშხი ეგრერიგად არ
მოსდევთ. მხოლოდ ქართველი ხათუნები არიან სრულად შემკობილნი. შენი ქალი კი
ქართველ ლამაზმანებშიც ისე გამოირჩევა, როგორც რომ მზე ვარსკვლავთა ჯარში. - აქ
ნესტანს მიუტრიალდა და ღიმილით დააცქერდა, - შენი გამარჯვებისა იყოს, ტურფა
ხათუნო. ნეტავი იმას, ვინც შენი ნორჩი სიყვარულის ცეცხლში დაინაცრება!

ნადიმის დასასრულს მეფემ კიდევ ერთხელ შესვა ნესტანის სადღეგრძელო, ხოლო ერთი
კვირის შემდეგ იესე ერისთავს ბექა ამილახვარი და ერთი სპარსი დიდებული მიუგზავნა
და შვილიშვილი ცოლად სთხოვა.

ისკანდერ-ხანმა რომ ორგზის წარმოთქვა ნესტანის სადღეგრძელო და თანაც ისეთი


სიტყვები უთხრა, რომელთა თქმას სხვა, ალბათ, ვერავინ გაბედავდა, ზებულონს გულში
ისეთმა ამაფორიაქებელმა ტალღამ დაუარა, თავი ადგილზე ძლივს დაიმაგრა, მაგრამ
ამაში მხოლოდ მეფის კადნიერი უფლებამოსილება დაინახა და ფიქრადაც არ მოსვლია,
ისკანდერ-ხანი თუ იესე ერისთავს შუამავლებს მოუგზავნიდა. მერე, როცა ყველაფერი
შეიტყო და პირველი თავზარდაცემისგანაც გამოერკვა, იმასაც მიხვდა, რომ
მოულოდნელი აქ არა ყოფილა რა. უბრალოდ, ზებულონის გულსა და გონებაში ასეთი
კითხვა არ დასმულა, ზებულონს ამაზე არ უფიქრია, რადგან ეგონა, თითქოს უკითხავადაც
იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ისკანდერ-ხანს ნესტანის ცოლად შერთვა მოეწადინებინა,
და რომ ჩასციებოდით და თავადაც სჯა და რკვევა დაეწყო, ამ შეუძლებლობის მიზეზად,
ალბათ, იმას იტყოდა, რომ ისკანდერ-ხანს ორი ცოლი უკვე ჰყავდა და მესამის, თანაც
ქრისტიანის, შერთვა გაუგონარი რამ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა ეს შეუძლებელი
შესაძლებელი შეიქნა და მეფემ იესე ერისთავს შუამავლები მიუგზავნა, ამით
გაკვირვებულმა გონებამ დაფარული მიზეზები სინათლეზე ამოიტანა და დაინახა კიდეც,
რომ ის, რაც, სანამ დაფარული იყო, ურყევი და გადაულახავი ჩანდა, სააშკარაოზე
გამოსული ერთბაშად მყიფე გახდა, ცრუ და უილაჯო. ან ორი ცოლი რა დაბრკოლება
უნდა ყოფილიყო. მაჰმადიანი მეფისთვის, ან მესამე ცოლის ქრისტიანობა! ახლა
ზებულონმა იცოდა, საკვირველი ის კი არ იყო, რომ ისკანდერ-ხანმა ნესტანის ცოლად
შერთვა მოინდომა, საკვირველი უფრო ის იქნებოდა, ნესტანი ენახა და მისი ცოლად
შერთვა არ მოენდომებინა.

იმ ნადიმის შემდეგ ორთავეს, პაპასაც და შვილიშვილსაც, გულჩათხრობილობა დასჩემდა.


იესე ერისთავი ერთთავად დაფიქრებული იყო, მძიმე-მძიმედ დადიოდა, თითქოს
ჩვეულებრივზე მეტადაც კოჭლობდა. რომ გიყურებდათ, დაბეჯითებით ვერ იტყოდით,
გამჩნევდათ თუ ვერა. თუ რამ საქმე გამოგიჩნდებოდათ, ორ-სამჯერ მაინც უნდა
შეხმიანებოდით, რომ გაეგო. ზებულონს ნავახშმევს ძველებურად კი ტოვებდა აივანზე და
მასთან ერთად ნელ-ნელა შეექცეოდა ღვინოს, ებაასებოდა კიდეც, მაგრამ უეცრად შუა
სიტყვაზე შეწყვეტდა ლაპარაკს, ფიქრებში ჩაეფლობოდა და იმდენ ხანს იჯდა ხოლმე ასე
მდუმარე, რომ ზებულონმა უხერხულობისაგან აღარ იცოდა რა ექნა. იესე ერისთავი, ჩანს,
გრძნობდა ისკანდერ-ხანის სტუმრობის მიზეზს. მოელოდა კიდეც იმას, რაც მალე
მართლაც მოხდა, და ამის გამო მისცემოდა საგონებელს. ნესტანის
გულჩათხრობილობისა და უგუნებობის მიზეზი უფრო ძნელი გამოსაცნობი იყო. აქამდე
მუდამ გულუბრყვილოდ და ბავშვურად მოტიტინე, ახლა უეცრად სიტყვაძუნწი გახდა.
ზოგჯერ სასეირნოდ წასულები უკან ისე მობრუნდებოდნენ, ერთ სიტყვას არ იტყოდა. ამის
შემხედვარე ზებულონს გული უკვდებოდა, მაგრამ მდუმარესა და მოწყენილს რომ
ხედავდა, თავადაც კრიჭა ეკვროდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

კვირის თავზე იესე ერისთავს შუამავლები მოუვიდნენ.

ზებულონი შინ არ იყო, რაღაც საქმეზე იყო წასული. უკან დაბრუნებულმა ეზოში უცხო
კაცები დაინახა და მოურავს ჰკითხა, ვინ არიანო. მოურავმა მიუგო, ბატონს ბექა
ამილახვარი და ერთი წარჩინებული სპარსი ესტუმრა და ესენი იმათი მსახურებიაო.
ზებულონს მეფის ამასწინდელი სტუმრობა ისე არ გაკვირვებია, როგორც ახლა ბექა
ამილახვრის სტუმრობა გაუკვირდა. მით უფრო, რომ მარტო არა ყოფილა და თან თურმე
ვიღაც სპარსი ახლდა.

სტუმრები დიდხანს დარჩნენ.

სადილად ზებულონი ზემოთ არ მიუხმიათ, მსახურმა ცალკე გაუშალა სუფრა.

ზებულონს არ უნდოდა ბექა ამილახვარს შეხვედროდა, მაგრამ, ეზოში რომ ჩოჩქოლი


ატყდა და მსახურების ხმა შემოესმა, სტუმრები მიდიანო, რაღაც ძალამ ერთბაშად
გამოაგდო ოთახიდან.

კიბეზე ბექა ამილახვარი და ერთი სქელი, ზონზროხა სპარსი ჩამოდიოდნენ, უკან იესე
ერისთავი მოჰყვებოდა.

ცხენი რომ მოჰგვარეს, ბექა ამილახვარმა მაშინღა მოჰკრა თვალი ზებულონს და უეცრად
მზერაში ის წყრომა გაუკრთა, რომელიც ერთხელ, ნადიმის დროს, ზებულონმა უკვე
წაიკითხა მის სახეზე. ბექა ამილახვარმა თითქოს რაღაცის თქმაც დააპირა, წამით
შეყოვნდა კიდეც, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა და სწრაფად მოახტა ცხენს.

იმ დღეს ზებულონმა ვერ გაიგო, რისთვის მოვიდა ბექა ამილახვარი. მსახურთაგან,


ეტყობა, არავინ არაფერი იცოდა, იესე ერისთავი და ნესტანი კი, რაც სტუმრები წავიდნენ,
აივანზეც კი არ გამოჩენილან. ზებულონი არც ვახშმად მიუწვევიათ ერისთავის სუფრაზე.
ჩანდა, ბექა ამილახვარს რაღაც ცუდი ამბავი მოეტანა. მეორე დღეს ეს ეჭვი კიდევ უფრო
გაუძლიერდა. მართალია, დილით ერისთავის სუფრაზე კი მიიწვიეს, მაგრამ მთელი
საუზმის განმავლობაში პაპაცა და შვილიშვილიც კრიჭაშეკრულები ისხდნენ და, ერთი
სიტყვა რა არის, ერთი სიტყვა არ დასცდენიათ. გაუგებრობით აფორიაქებული და
საგონებელში ჩავარდნილი ზებულონი მერე დიდხანს წრიალებდა ეზოში, ეგებ ნესტანმა
სასეირნოდ წაყოლა მიბრძანოსო, მაგრამ ნესტანს არათუ სასეირნოდ წაყოლა
უბრძანებია, იმ დღეს სახლიდან ფეხიც კი არ გამოუდგამს.

ასე გავიდა სამი დღე, ეჭვებით, ნაღველითა და გაუგებარი მოლოდინით სავსე. ზებულონი
ახლაღა მიხვდა, თუ როგორ მიჩვეულიყო ნესტანთან ერთად სასეირნოდ სიარულს.
სასეირნოდ წასვლის ჟამი რომ დადგებოდა, უცნაურად აფორიაქდებოდა, გულზე მძიმე
სევდა შემოაწვებოდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, განუწყვეტლივ წრიალებდა,
აქეთ-იქით აწყდებოდა, ხან რა საქმეს მოიგონებდა, ხან რას, თუმცა იცოდა, რომ ყველა
ცდა ამაო იყო, შვებას ვერაფერი მოჰგვრიდა.

ამ ხნის მანძილზე იესე ერისთავმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ნავახშმევს აივანზე,


ოღონდ საუბრით თითქმის არ უსაუბრიათ, ვიდრე დაითხოვდა, სულ ორიოდ სიტყვა
უთხრეს ერთმანეთს.

მაგრამ ერთ დილით, სამი დღის შემდეგ, ნესტანი აივანზე გადმოდგა და ზებულონს
ღიმილით გადმოსძახა: - ბაყბაყ-დევო, კარგი არ იქნება, ამ დილით სადმე წავიდეთ? რა
ხანია, შინიდან არ გავსულვარ!

ნესტანის ღიმილი რომ დაინახა, ზებულონის გულში ღრუბლები გადაიყარა და მზე


გამოჩნდა. სიხარულისგან ისე აღელდა, თავი ძლივს დაიმორჩილა, რომ დამშვიდებით
ეთქვა: - თუკი მიბრძანებ...

ამჯერად ნესტანმა ქვემოთ მოიწადინა წასვლა.

მალე სოფელს გასცდნენ და მდინარის პირს დაუყვნენ. ნესტანი ჩუმად იყო და ამიტომ
ვერც ზებულონი ბედავდა ხმის ამოღებას. ერთხანს ასე იარეს. მალე პატარა ჭალაში
შევიდნენ. ნესტანმა ცხენი შეაყენა და ჩამოხდა, ფეხით სიარული მინდაო. მაშინ
ზებულონიც ჩამოქვეითდა და ცხენი ჩამოართვა. ნესტანი წინ მიდიოდა, ზებულონს ორივე
ცხენი სადავით ეჭირა და უკან მიჰყვებოდა. დიდხანს მიდიოდნენ ჭალა-ჭალა. გვერდით
მდინარე წყნარად დუდუნებდა და მის დუდუნს ჩიტების ჭიკჭიკი ერთვოდა. ზებულონი
თვალგაშტერებით შესცქეროდა წინ მიმავალ ნესტანს და მის არსებაში ვიღაც, ვინც
ზებულონიც იყო და არც იყო ზებულონი, მძაფრად, ლოცვასავით ნატრობდა, ყველაფერი
გამქრალიყო, მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ ეს ჭალა დარჩენილიყო და ეს მდინარე,
მუდამ ასე ევლო ამ ჭალაში ნესტანს ზებულონის წინ და მუდამ ასე ეცქირა ზებულონს
ნესტანისათვის. სულ ასე ეცქირა, სანამ სიკვდილი თვალს არ დაუხუჭავდა...

სწორედ ამ დროს ნესტანი შეჩერდა. შეჩერდა, მოიხედა და თქვა: - ახალი ამბავი არ


გაგიგია, ბაყბაყ-დევო?

ზებულონი შეკრთა.

- რა ამბავი, ბატონის ქალო?

- ისა, რომ ვთხოვდები.

ზებულონს თითქოს თავში ურო ჩაჰკრესო, ირგვლივ უთვალავი ნაპერწკალი


აბრჭყვიალდა და ამ ბრჭყვიალმა ყველაფერი დააბნელა. ნაპერწკლები რომ გაიფანტა,
მკერდში ჯერ სიცარიელე იგრძნო, მერე კი თვალნათლივ დაინახა იქ საკუთარი გული,
რომელსაც რაღაც გაუგებარი სახე მიეღო, უცნაურად დაწვრილებულიყო და
დაგრძელებულიყო, საფუვრიან ცომს რომ გაწელავენ და დაწვრილდება, ისე. ამის
დანახვაზე ზებულონი შეძრწუნდა, რადგან მოეჩვენა, თითქოს ეს უცნაურად შეცვლილი
გული რაღაცით მცურავს ჩამოჰგავდა.

ჩანს, დიდხანს ჩასცქეროდა თავის გამოუცნობ სახილველს. ამას მაშინ მიხვდა, როცა
კვლავ მოესმა ნესტანის ხმა: - რას გაჩუმებულხარ! არ გიხარია, განა?

ნესტანი გამართული იდგა, თავი აეღირა და სახეში შემოსცქეროდა.

- ბატონის ქალო... აბა, მე... რა მოგახსენო... - და უცებ ამოხეთქა, - ვის მიჰყვები?

ნესტანს თვალებში უცნაური ღიმილი გაუკრთა.

- ქართლის მეფეს, ისკანდერ-ხანს.

ზებულონი მყისვე მიხვდა, ისე ნათლად და დაბეჯითებით მიხვდა, თითქოს


დაბადებიდანვე სცოდნოდეს, რომ ყველაფერი ეს ასე უნდა მომხდარიყო, რომ არ
შეიძლებოდა ისკანდერ-ხანს გული არ შევარდნოდა ნესტანზე და მისი ცოლად შერთვა არ
მოეწადინებინა, რომ ბექა ამილახვარი შუამავლად იყო მოგზავნილი, რომ მეფის
ამასწინდელი სტუმრობის მიზეზიც ის იყო, რომ ნესტანი უნდოდა ენახა, რადგან მისი
სილამაზის ამბავი გაგებული ჰქონდა და გაგებული ჰქონდა სწორედ ბექა
ამილახვრისაგან.

„მოვკლავ“, - თქვა ზებულონის გულმა ზებულონის მკერდში.

- დამუნჯდი, ბაყბაყ-დევო?

- არა... მომიტევე, ბატონის ქალო...

ნესტანი დაჟინებით და თითქოს გამომცდელად მოსჩერებოდა და ზებულონი თვალის


გასწორებას ვერ უბედავდა.

- გგონია, ცუდია მეფის ცოლობა?

- რა ბრძანებაა, ბატონის ქალო... - გაუბედავად, ენის ბორძიკით თქვა ზებულონმა. მერე


კიდევ უფრო დაება ენა, - ან კი... აბა, მე რა... - ამ დროს მკერდში რაღაც ძლიერი ტალღა
მოაწვა და იგრძნო, რომ ერთიანად გაწითლდა. მისი გაწითლება რომ ნესტანს არ
შეემჩნია, თავი კიდევ უფრო მიაბრუნა და უცებ სხაპასხუპით წამოისროლა, - შენ ისეთი
ხარ, ბატონის ქალო, შენი ღირსი მხოლოდ მეფე თუ იქნება, ან მზეჭაბუკი...

- მართლა?! - ბავშვური, გულწრფელი სიხარულით შესძახა ნესტანმა. მერე, მცირე სიჩუმის


შემდეგ, დასძინა, - მეფე სჯობს თუ მზეჭაბუკი?

ზებულონი კვლავ თავმიბრუნებული იდგა და ცერად ჩასცქეროდა მიწას.

- ეგებ მზეჭაბუკი სჯობდეს, მაგრამ მზეჭაბუკი მხოლოდ ზღაპარშია.

- მაშ, მეფე სჯობნებია... აბა, თუ იცი, შუამავლად ვინ მომიგზავნა?

- ვიცი. - ზებულონმა თავადვე იგრძნო, რა ყრუ და უსიამოვნო გაუხდა ხმა, - ბექა


ამილახვარი.

- ჰო. ბექა მომიგზავნა. ბექა და კიდევ ერთი ვიღაც შედედებული სპარსი, რომელიც ისე
ქშინავდა, როგორც საბერველი.

ზებულონი ერთხანს საკუთარ თავს ებრძოდა. ბოლოს გაბედა და თქვა: - ერისთავმა რა


ბრძანა?

- რა უნდა ებრძანებინა! დიდად ეამა.

ნესტანის მხნე კილოს უკან ზებულონი რაღაცას გრძნობდა ისეთს, რაც ამ მხნეობას ყელში
თოკივით ჰქონდა წაჭერილი, მაგრამ რა იყო ეს, ვერ გაეგო.

ნესტანმა გზა განაგრძო. ზებულონიც უკან მიჰყვა. ერთი მოზრდილი მონაკვეთი ასე უბრად
გაიარეს. მერე ნესტანმა თავი ოდნავ მოაბრუნა და ცერად შემოხედა. ერთხელ შემოხედა
ცერად, ორჯერ, სამჯერ. ბოლოს გაუბედავი ხმით უთხრა: - დუმილი რომ გიბრძანო, ხომ
არ გამთქვამ?

- არა, ბატონო. - ზებულონს გულში გამოუცნობი ეჭვის ჭია დაუდიოდა.

- მაშ, გეტყვი. პაპა, მგონი, უარის თქმას აპირებდა, მაგრამ იმ სქელი სპარსის შეეშინდა.
ისინი რომ წავიდნენ, მერე მითხრა, შენ თუ არ გწადია, მითხარ და რამეს მოვიფიქრებო,
მაგრამ მეორე ღამეს რომ... - აქ ნესტანმა ისე მიმოიხედა, თითქოს ეშინიან, არავინ
გაიგონოსო, და ხმასაც დაუწია, - იცოდე, დუმილი მაქვს ნაბრძანები... მეორე ღამეს რომ
ბექა მოვიდა...
- ბექა მოვიდა?! - ზებულონი გაკვირვებისაგან ადგილზე გაშეშდა, - მე რომ არა გამიგია
რა?

- ჩშშ! შენ გეძინა და ვერ გაიგე. მე კი არ მეძინა. ჩუმად მოვიდა. ნაბადში იყო გახვეული.
პაპა აივანზე ელოდა. მერე დარბაზში შევიდნენ. შუაღამე გადასული იყო. კედელს ყური
მივადე, მაგრამ ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და, რა ილაპარაკეს, ვერ გავიგე. მას აქეთ
პაპა სულ მეფის ქებაშია და სულ იმაზე ზრუნავს, ემანდ უარი არა ვთქვა.

ნესტანმა გზა განაგრძო. ზებულონიც მიჰყვა. მკერდში ეჭვის ჭია დაუდიოდა და


გულისფიცარზე უამურად უღიტინებდა. უეცრად, თავისდამოულოდნელად, იკითხა: - განა
უარის თქმას აპირებდი, ბატონის ქალო?

ნესტანმა მხრები აიჩეჩა და ხმაში წეღანდელივით გამოურია ამპარტავნული კილო: -


ვითომ უარი რად უნდა მეთქვა!

აქ გაჩუმდა და დიდხანს ჩუმად იყო. ჭალას რომ გასცდნენ, უკან დაბრუნება მოიწადინა.
მოტრიალდნენ და დაბრუნდნენ. ნესტანი კვლავ წინ მიდიოდა. ზებულონი დასავადებული
ცხენებით უკან მიჰყვებოდა. მხოლოდ მაშინ, ჭალის აქეთა ნაპირს რომ მოადგნენ,
ნესტანმა ისევ ამოიღო ხმა: - ბაყბაყ-დევო! - უკანმოუხედავად შეეხმიანა ზებულონს.

- მიბრძანე, ბატონის ქალო.

ნესტანი შეჩერდა და, ზებულონი რომ გაუსწორდა, ისეთი ხმით თქვა, თითქოს თავის თავს
ელაპარაკებაო: - იცი, რომ ისკანდერ-ხანს ორი ცოლი ჰყავს?

ეს ქართლში ყველამ იცოდა.

- ვიცი, ბატონის ქალო.

ნესტანი ერთხანს ჩუმად იყო და რაღაცას ფიქრობდა. მერე ისევ თავისთვის თქვა: -
ქართული კი არ ეცოდინებათ... ალბათ, ხნიანი დედაკაცები იქნებიან... ისკანდერ-ხანი
რამდენი წლისაა არ იცი?

- ოცდათხუთმეტისა უნდა იყოს. ცოტა მეტის. - ძლივს ამოღერღა ზებულონმა, რადგან


ყელში რაღაც მძიმედ უჭერდა.

- ეგებ არც არიან ხნიანები... მეფეს ინითა აქვს ხომ წვერი შეღებილი?

- დიაღ, ბატონის ქალო. - აქ ცოტა ხანს ორივენი დუმდნენ. მერე ზებულონმა ჰკითხა, -
როდის უნდა... ბატონის ქალო... როდის უნდა წაგიყვანონ?

ნესტანს თვალებში რაღაცამ გადაურბინა და წამით სახე შეეცვალა. მერე მხნედ მიუგო: -
იქით კვირას ნიშნობაა. მერე კი წასაყვანადაც მოვლენ. - ამ სიტყვებით ზებულონს
თეთრონის სადავე ჩამოართვა და განაგრძო, - მე რომ მეფე წამიყვანს, შენ პაპასთან
დარჩი. დარჩები?

ზებულონს თვალებზე თითქოს ბურუსი ჰქონდა გადაკრული, ნესტანი ბუნდოვნად ჩანდა.

- დიაღ, ბატონის ქალო...

- აქ დასახლდი. ოჯახს მოეკიდე. მღვდლის ქალი შეირთე, მზევინარი. შეირთავ?

ზებულონი გრძნობდა, რომ ცოტაც და ცრემლს ვეღარ შეიკავებდა.

- აბა რა გითხრა, ბატონის ქალო... კი არ მინდა და...


- მაშ, ვინც გინდა, ის შეირთე! - ეს თქვა, მარდად მოახტა ცხენს, ქუსლი ჰკრა და გააჭენა.

ზებულონი თანდათან მიხვდა, რომ მხნე და ამპარტავანი ნესტანი თავად ნესტანმა


გამოიგონა. საგანგებოდ გამოიგონა, სხვათა თვალის ასახვევად, რათა მის უკან
ნამდვილი ნესტანი დაემალა, სუსტი, უილაჯო, დამფრთხალი, ბედისწერის განაჩენს
ძალაუნებურად შეგუებული. მან იცოდა, რომ, რაკი ისკანდერ-ხანმა მისი ცოლად შერთვა
მოიწადინა, ამ წადილის აღსრულებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. მეფე ხომ ვინმე
უბრალო თავადი არ არის, რომ ადგე და უარი უთხრა! ან კი როგორ უნდა ეთქვა უარი,
როცა ორად ორი კაცი, ვინც კი დღემდე ნუგეშად და მცველად ეგულებოდა - პაპა იესე და
დეიდაშვილი ბექა - თანხმობას აძალებდნენ! ნესტანიც დასთანხმდა. დასთანხმდა და
პაპის დასამშვიდებლად მხნეობა და თავმომწონეობა გამოიგონა, თორემ სინამდვილეში
შიშით იყო შეპყრობილი და ჩუმად იტანჯებოდა. მისი შემხედვარე ზებულონიც
იტანჯებოდა, მაგრამ რა ექნა? ხმის ამოღებას ვერ ბედავდა და დარდსა და რისხვას
გულში იკლავდა.

ერთი რამ კი ვერ გაეგო: ბექა ამილახვარს რად დასჭირდა ისკანდერ-ხანის ნესტანზე
დაქორწინება? ყოველივე ეს რომ ბექა ამილახვრის საქმე იყო, ამაში უკვე ეჭვი არ
ეპარებოდა. რა უნდოდა ბექა ამილახვარს? საკუთარი ღალატი არ ჰყოფნიდა, რომ სხვაც
არ გაემწარებინა? ბევრი ფიქრის შემდეგ ზებულონი იმ აზრზე დადგა, რომ, ალბათ,
ისკანდერ-ხანი მანუჩარ ბატონიშვილის განუყრელ მეგობარს ხელაღებით არ ენდობოდა
და ბექა ამილახვარმაც გადაწყვიტა ამ ნდობის განსამტკიცებლად თავისი დეიდაშვილი
შეერთვევინებინა.

ზოგჯერ თავს ძალას ატანდა და ცდილობდა წარმოედგინა, რომ ნესტანის გათხოვება


მისი განთავისუფლების მომასწავებელი იქნებოდა. ნესტანის ნახვის იმედი რომ
საბოლოოდ გადაეწურებოდა, ან მოკვდებოდა უნახაობით და მოისვენებდა, ან, თუკი
შესაძლებელი იყო სიყვარულის შხამს გადარჩენოდა, მაშინ ხელახლა დაიბადებოდა და
სიცოცხლესაც კვლავ ფასი მიეცემოდა. ეგებ მართლა აქვე დასახლებულიყო, ეგებ
მართლა შეერთო მღვდლის ქალი!

მაგრამ მალე ერთი ისეთი შემთხვევა მოხდა, რომლის შემდეგ ზებულონს, როგორც არ
უნდა თავისთვის ძალა დაეტანებინა, საკუთარ თავისუფლებაზე და ბედნიერებაზე ფიქრი
უკვე აღარ შეეძლო.

სასახლის ზემოთ, ეზოს კუთხეში, პატარა სამლოცველო იდგა. სოფელს ერთი მღვდელი
ჰყავდა, რომელიც სოფლის ეკლესიაში წირავდა და იესე ერისთავი და ნესტანიც
ღვთისმსახურებაზე იქ დაიარებოდნენ. სასახლის სამლოცველო თითქმის გაუქმებული
იყო. როგორც ზებულონს გაგებული ჰქონდა, იქ მხოლოდ წელიწადში ერთხელ -
ერისთავის ცოლის სულის მოსახსენებლად - იწვევდნენ მღვდელს.

ნიშნობამდე ორი დღე იყო დარჩენილი. საღამო ახლოვდებოდა, მზე უკვე კარგა შორს
გადახრილიყო დასავლეთით. სოფლიდან მომავალი ზებულონი ზედა მხრიდან მიადგა
ეზოს, ღობეს გადაევლო და ვიწრო ბილიკს დაუყვა, რომელიც სწორედ
სამლოცველოსთან გადიოდა. სამლოცველოს კარს რომ გაუსწორდა, შიგნიდან ხმა
მოესმა და მოულოდნელობისაგან შემკრთალი ადგილზე გაშეშდა: ხმა ნესტანისა იყო!

სუნთქვა შეიკრა და ყური მიუგდო, მაგრამ კარი მოხურული იყო და სიტყვები ვერ გაარჩია.
მაშინ სამლოცველოს მარცხნიდან შემოუარა. ახსოვდა, რომ ამ მხარეს სარკმელი
ჩამსხვრეული იყო. იმაზე არ უფიქრია, ურიგო რასმე საქციელს ხომ არ ჩავდივარო,
უაზროდ, უანგარიშოდ მიადგა სარკმელს, კედელს აეკრო და ფრთხილად შეიხედა.
ნესტანი მუხლმოყრილი იდგა ღვთისმშობლის ხატის წინ, ხელები ჯვარედინად დაეკრიფა
მკერდზე, ისე რომ გრძელი თითები მხრებსა სწვდებოდა, თავი უკან გადაეგდო და
სასოებით შესცქეროდა ღვთისმშობლის გამოსახულებას. თვალთაგან გამომდინარე
ცრემლები ღაწვებზე დასდიოდა და ქვემოთ, გადაჯვარედინებულ მკლავებშუა,
იწურებოდა. წყნარად ლაპარაკობდა, ხმადაბლა, მაგრამ ყველაფერი მკაფიოდ ისმოდა.

- ...შენთან, დედაო ღვთისავ. შენ ერთი მეგულები შემწედ და მეოხად. ეგებ შენ მაინც
მითხრა, როგორ მოვიქცე. მირჩიე რამე, შთამაგონე რამე. მეშინიან, წმინდაო ქალწულო.
რომ იცოდე, რარიგ მეშინიან! ინით შეღებილი წვერი რომ მომაგონდება, შიშისაგან ლამის
სული დამელიოს. ასე მგონია, ნამდვილი არ არის. ასე მგონია, მკვდარს უნდა შემრთონ
ცოლად. ასე რად გამწირა ბედმა! როგორ გავუძლო გაუსაძლისს! როგორ ავიტანო
აუტანელი! ნეტა კი პირველივე მთხოვნელისთვის თანხმობა მეთქვა! რა უშავდა, თუ არ
მეყვარებოდა! ჩემი ტოლი ხომ მაინც იქნებოდა! ქრისტიანი ხომ მაინც იქნებოდა! მერე და
მერე ეგებ შემყვარებოდა კიდეც. ამას ვერ შევიყვარებ. მით უფრო ახლა... ესეც რომ არ
იყოს, მაინც ვერ შევიყვარებდი. ამის მარტო წვერისა და სამოსის დანახვაც კი ზიზღსა
მგვრის და შიშით სული მიცახცახებს. როგორ გავძლო, დედაო ღვთისავ, როგორ
გავძლო! მისი ცოლებისაც მეშინიან... ნეტა თუ მარტო მამყოფებენ?.. ალბათ, ავები
იქნებიან... ო, დედაო ღვთისავ! ჩამოიხედე ჩემს გულში და შეგებრალები. შენ ერთს
გაგიმხელ მხოლოდ, სხვას ვერ ვეტყვი: შვილები რომ გავუჩინო, მგონია, ისინიც საშიშები
და საძულველები იქნებიან... რა ვქნა, რა წყალს მივცე თავი!.. განა არა, შევეცდები
გავუძლო, შევეცდები ავიტანო და მოვითმინო, მაგრამ, თუ ვერ შევძელი, დედაო, მაშინ
ძალა მაინც მომმადლე... - აქ ნესტანმა ხელი უბეში ჩაიყო და იქიდან უცებ ხანჯლის შვილი
ამოიღო, ვერცხლის ძეწკვით ყელზე ჩამოკიდებული და ტყავის ქარქაშში ჩაგებული,
ორივე ხელით დაიჭირა და სასოებით გაიწვდინა ღვთისმშობლის ხატისაკენ, - აი, დედაო,
დანა მომზადებული მაქვს, მაგრამ რა ვქნა, რომ შენი შემწეობის გარეშე ამის მოხმარებაც
არ შემიძლიან... უილაჯო ვარ, სუსტი, მხდალი... დედაო ღვთისავ, თუ სხვა საშველი არა
იქნა რა, იმის ძალა და სიმტკიცე მაინც მომეც, რომ თავი მოვიკლა. გემუდარები,
ღვთისმშობელო, თავადაც ხომ ხედავ, შიშით აღარა ვარ...

ზებულონი სარკმელს მოშორდა, გამოტრიალდა და ლასლასით დაუყვა ბილიკს.


მოდუნებულ სხეულში ძალის ნატამალს ვეღარ გრძნობდა. მუხლებში ისეთი სიძაბუნე
ჩასდგომოდა, ფეხებს ძლივს მიათრევდა. მხოლოდ თავში ფეთქავდა რაღაც ძალუმად და
შეუწყვეტლად.

პირველი ფიქრი ის იყო, რომ ეხლავ იესე ერისთავს ხლებოდა და ყველაფერი ეამბნა,
მაგრამ, როგორც კი ამ ფიქრმა გახურებული გონების ქურაში გაიარა, წამსვე უკან მძიმე
ეჭვი აედევნა: ერისთავი ხომ დარწმუნებული იყო, რომ ზებულონმა არა იცოდა რა!
ნესტანმა დუმილი უბრძანა და ზებულონმაც აღუთქვა. ახლა რომ იესე ერისთავთან
მისულიყო, განა მარტო ის უნდა ეთქვა, რის გამოც დუმილი ჰქონდა ნაბრძანები, ისიც
უნდა ეთქვა, რაც უკადრისად, ქურდულად მოისმინა. ან ერისთავისთვის როგორ აეხსნა
თავისი ქცევა, ან ნესტანისთვის რაღა პასუხი მიეცა? ხომ ჰკითხავდა, ბაყბაყ-დევო, სიტყვა
რად გატეხეო?

ზებულონი დაიბნა და უკვე აღარ იცოდა, რა ექნა. ჯერ ეზოში იწრიალა, მერე თავის
სადგომში შევიდა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. დიდხანს იარა ასე, ბევრი იფიქრა,
მრავალი ვარაუდი მოსინჯა, მაგრამ ვერც ერთზე გული ვერ შეაჩერა.

ერისთავმა მეფეს უარი ვერ შეჰბედა... ბექა ამილახვარი ხელმეორედ რაღად მოვიდა?..
ნესტანს, ჩანს, არც უგრძნობინებია პაპისთვის, რომ ისკანდერ-ხანის ცოლობა არ უნდოდა.
რომ ეგრძნობინებინა? რომ გაეგო ერისთავს, თუ რა ცეცხლი ტრიალებდა ნესტანის
გულში? მაშინ გაუბედავდა მეფეს უარის თქმას? ალბათ, გაუბედავდა. მერედა რას
უშველიდა უარი? ვერაფერს. ორივენი დაიღუპებოდნენ. სად დაემალებოდნენ
შეურაცხყოფილი ისკანდერ-ხანის რისხვას? სად გაექცეოდნენ სპარსთა ლაშქარს? ვის
შეეძლო უმწეოთა და განწირულთა ქომაგობა?

ვახშმად რომ დაუძახეს, სუფრასთან მხოლოდ იესე ერისთავი დახვდა. ზებულონს


არაფერი უკითხავს, მაგრამ მოხუცმა თავად უთხრა, ნესტანი ცოტა შეუძლოდააო.

დიდხანს ბორგავდა იმ ღამეს ზებულონი, დიდხანს დაძრწოდა მოუსვენრად, დიდხანს


უბურღავდა ტვინს ათასი ფიქრი და დაღლილ-დაქანცული საბოლოოდ ორ მტკიცე
გადაწყვეტილებამდე მივიდა: ერთი - დილით, სასეირნოდ რომ წავიდოდნენ, ნესტანს
გამოსტყომოდა, ყოველივე მოვისმინეო, და მუხლიჩოქა შევედრებოდა, თავის მოკვლაზე
ფიქრი გონებიდან ამოეგდო. მეორეც ისა, რომ, საცა იქნებოდა და არ იქნებოდა, ბექა
ამილახვარი დაემარტოხელებინა და ან მოეკლა, ან ზედ შეკვდომოდა.

პირველი მტკიცე გადაწყვეტილება მალევე გაუცუდდა. ნესტანმა სასეირნოდ წასვლა არ


ინდომა, სალაპარაკოდ მოსახერხებელი სხვა შემთხვევა კი ზებულონმა ვერ მოიხელთა.

ნიშნობის დღე რომ გათენდა, ზებულონს რაღაც ბუნდოვანი, მაგრამ ავი წინათგრძნობა
აჰყვა. ეს უცნაური წინათგრძნობა სწრაფად და მოუხელთებლად დაცურავდა სხეულში და
ზებულონი ისე ღელავდა, როგორც აქამდე არასოდეს უღელვია. მას შემდეგ, რაც ისახარი
მოკლეს, მღელვარება მისთვის უცხო ხილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს სხვა იყო.
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მის გულში რაღაც საიდუმლო გადაწყვეტილება
მზადდებოდა მის უკითხავად, მის უჩუმრად, მისგან დაფარულად. უცნაური სწორედ ის იყო,
რომ მის საიდუმლოს მასვე უმალავდნენ.

ამაოდ იმტვრევდა თავს, ამაოდ ცდილობდა რამე გაერკვია.

დილით, იესე ერისთავი და ნესტანი რომ წირვაზე წავიდნენ, თვითონ შინ დარჩა. რად
დარჩა, არ იცოდა. კარგა ხანს უმიზნოდ იწრიალა ხან ეზოში, ხან ოთახში. მერე უეცრად
გაუგებარი მზადება დაიწყო. თავისი ცოტაოდენი ნივთები, რაც კი რამ ჰქონდა, ხურჯინში
ჩააწყო, ნაბადი გადმოიღო და ისიც ხურჯინზე დააგდო. ამას რომ მორჩა, საჯინიბოში
შევიდა, ცხენი შეკაზმა და გამოიყვანა. თავის საქმიანობას რომ უყურებდა, ეგონა, აქედან
წასვლასა და სადმე გადახვეწას აპირებდა, თან ის უკვირდა, როგორ უნდა წასულიყო: აკი
ნესტანმა უთხრა, მე რომ წამიყვანენ, შენ პაპასთან დარჩიო!

სწორედ იმ დროს, შეკაზმული ცხენი რომ ეზოში გამოიყვანა და ხურჯინისა და ნაბდისთვის


ოთახში აპირებდა შესვლას, ეკლესიიდან მომავალი იესე ერისთავი და ნესტანი
გამოჩდნენ. მათ დანახვაზე ზებულონი დაიბნა და უეცრად მიხვდა, რომ მთელი ეს
სამზადისი ამაო და უმიზნო გარჯა იყო.

პაპა და შვილიშვილი უხმოდ მოდიოდნენ. ერისთავს თავი ოდნავ ჩაექინდრა და


ჩვეულებრივზე მეტად კოჭლობდა. ნესტანი ფერმიხდილი იყო და თვალებში ნაღველი
ედგა.

ზებულონის შეკაზმული ცხენი რომ დაინახა, ნესტანს თითქოს გაუკვირდა, წარბები ოდნავ
შეყარა და წყნარად ჰკითხა: - ბაყბაყ-დევო, საით გაგიწევია?

ეს კითხვა ხომ ზებულონსაც მთელი დილა აწვალებდა!

- არსაით, ბატონის ქალო... აქვე... ქვემოთ... მამულს დავხედავ და მალევე მოვბრუნდები.

- განა მე კი არ წამიყვან? - ისევ ისე წყნარად ჰკითხა და ზებულონს მოეჩვენა, რომ ის


ნაღველი, თვალებში რომ ედგა, ახლა ხმის კილოსაც გადაედო.

- თუკი ინებებ... მაშ, ცხენს მოგგვრი. - ამ სიტყვებით საჯინიბოსაკენ გაეშურა.

- შორს ნუ წახვალთ, შვილო, - თქვა იესე ერისთავმა, - მალე სტუმრებიც მოვლენ,


მოსამზადებელი ხარ. - მერე, ზებულონმა რომ შეკაზმული თეთრონი გამოიყვანა,
ორთავეს უთხრა, - თუ დაინახოთ, რომ მახარობელი მოდის, მაშინვე გამობრუნდით.

- კარგი, პაპა, - მიუგო ნესტანმა.

ჩუმად მიდიოდნენ. მდინარისპირა ჭალას ისე მიაღწიეს, ხმა არც ერთს არ ამოუღია.
ნესტანი მოწყენილი იყო. ზებულონს გული გამალებით უცემდა. იქ კვლავაც
გრძელდებოდა რაღაც საიდუმლო სამზადისი.

ზებულონი ფიქრობდა, თუ როგორ ეთქვა ნესტანისთვის, რომ მაშინ ყოველივე მოისმინა.


როგორ ეთქვა, მერე მუხლი როგორ მოეყარა და როგორ შევედრებოდა, ნუ, ბატონის
ქალო, ნუ ინებებ თავის მოკვლასო. ერთი-ორჯერ მოეჩვენა, რომ მართლა შეეძლო
ეთქვა, პირიც კი გააღო, მაგრამ მაინც ვერა და ვერ გაბედა...

- ბაყბაყ-დევო, რატომ არაფერს იტყვი? - დაარღვია ბოლოს დუმილი ნესტანმა.

- აბა რა მოგახსენო, ბატონის ქალო... - ზებულონს ყელში გორგალი ჰქონდა მობჯენილი,


გულში კი ვიღაც გამალებით მუშაობდა.

- არ ვიცი... თუნდაც მზეჭაბუკის ამბავი მითხარ. მართალია, რომ მზეჭაბუკები მარტო


ზღაპრებში არიან?

ზებულონი დაიბნა.

- მე ეგრე გამიგია...

- მეც ეგრე გამიგია.

ამის შემდეგ დუმილი კიდევ უფრო მძიმე გახდა.

შორს ჩაუყვნენ მდინარის პირს. მერე უკან გამობრუნდნენ. ნელა მოდიოდნენ.

უეცრად თქარათქური მოისმა და იმავ წამს წყალგაღმა, მთის ქიმთან, სადაც ფერდობზე
გამავალი გზა მკვეთრად უხვევდა, სამი მხედარი გამოჩნდა.

ზებულონმა იგრძნო, რომ გული საგულეს მოსწყდა და ერთ წვრილ ძაფზეღა დაკიდებული
ახლა გამაღიზიანებლად კონწიალობდა.

მხედრები ქარივით მოქროდნენ. ფერდობი სწრაფად ჩამოიარეს, ქვედა ფონით


გამოვიდნენ გამოღმა და გეზი სასახლისკენ აიღეს.

ნესტანი კიდევ უფრო გაფითრდა. მაინც გაიღიმა, მაგრამ ფერდაკარგულს ახლა ღიმილი
ისე არ უხდებოდა, როგორც ჩვეულებრივ, და ღიმილში რაღაც ჩაფენილიყო, რაღაც
ძალიან მწარე.

- მახარობელია, - ჩუმად თქვა, - წავიდეთ.

ზებულონი თვალმოუშორებლივ უყურებდა.

- რას მომჩერებიხარ? - ნესტანი, რაც კი შეეძლო, ცდილობდა მოღიმარე სახე


შეენარჩუნებინა.
- ბატონის ქალო... - ყრუდ, მოგუდული ხმით თქვა ზებულონმა.

- რა იყო, ბაყბაყ-დევო? - ნესტანს თვალებში ცრემლი აუბზინდა. მერე ორი მბზინავი წვეთი
ნელ-ნელა ღაწვებზე ჩამოუგორდა.

მაშინ ზებულონი გაქრა. ვინც მის ადგილას დარჩა, ეგებ ისიც ზებულონი იყო, მაგრამ ამ
ზებულონმა იმ ზებულონისა არა იცოდა რა.

მსწრაფლ გადაიხარა, ნესტანი თეთრონიდან აიტაცა და ცხენს ქუსლი ჰკრა.

- რას სჩადი?! - შიშითა და განცვიფრებით შესძახა ნესტანმა, - რას სჩადი?! ახლავ


ჩამომსვი!.. ხომ არ შეიშალე!..

ზებულონმა ცალი ხელი მაგრად შემოჰხვია.

- ჩამომსვი-მეთქი!

მეორეთი სადავე ეჭირა.

ცხენი ისარივით მიქროდა.

თეთრონი ზებულონის ცხენს უკან აედევნა. ერთხანს სდია, მერე ნელ-ნელა ჩამორჩა,
ბოლოს სულ გაჩერდა და თავაღერილი გაკვირვებით შესცქეროდა, ვიდრე მხედრები
თვალს არ მიეფარნენ.

ზებულონიც ქვედა ფონით გავიდა წყალგაღმა და იმავე ფერდობს შეუყვა, რომლითაც


წუთის წინ მახარობლები ჩამოვიდნენ.

ნესტანმა რამდენჯერმე კიდევ გაიბრძოლა და გაყუჩდა.

ზებულონს კი ჯერჯერობით თავში აზრი არ უჭაჭანებდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ რაღაც


ჩაიდინა ისეთი, რის ჩადენა არ შეიძლებოდა, ჩაუდენლობა კი არ შეეძლო. გარდა ამისა,
ნესტანის თმის გამაბრუებელ სურნელს გრძნობდა.

ფერდობი გადაიარეს. გაივაკეს. შორს გასცდნენ სოფელს. გზა ერთი ხანობა წვრილ ტყეს
მისდევდა. მერე ისევ ვაკე გამოჩნდა. ვრცელი, თვალუწვდენელი. ხუთი წლის
განმავლობაში, სანამ მანუჩარ ბატონიშვილის ლაშქარში იყო, ზებულონმა ქართლის
სანახები კარგად შეისწავლა. ყველა კუთხეს იცნობდა და იცოდა, რომ ახლა ყველაზე
სახიფათო ამ ვაკის გადავლა იყო. განა მდევრის გამო! მდევარი ჯერ არ გამოჩნდებოდა.
სამაგიეროდ, შესაძლებელი იყო თავად მეფეს შეჰფეთებოდა. მეფესა და ბექა
ამილახვარს! იქ, სადაც ვაკე თავდებოდა და ტყე იწყებოდა, გზის გასაყარი იყო, ერთი გზა
მარჯვნივ, ქალაქისკენ მიდიოდა, მეორე - ზებულონის გზა - ტყის პირს მისდევდა. იმ
ადგილს თუ გასცდებოდნენ, მერე არა უჭირდათ. მთავარი იყო, მეფესა და მის ამალას ამ
ვრცელ ვაკეზე არ შეჰყროდნენ, სადაც სამალავი არსად ეგულებოდა. ვაკეზე
გამოსვლამდე შეეძლო დამალულიყო, ვიდრე მეფე ჩაივლიდა, მაგრამ, ვინ იცის,
როდემდე მოუხდებოდა ლოდინი, და მაშინ უკვე სოფლიდან წამოსული მდევარი
იქნებოდა საშიში. ამიტომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ეს ვაკე დროით უნდა
გადაევლო.

ცხენი კი დაღლილი იყო.

- სად მიგყევარ, ბაყბაყ-დევო? - სრულიად მშვიდად იკითხა უცებ ნესტანმა.

ეს მშვიდი ხმა რომ მოესმა, ზებულონი მაშინღა მიხვდა, როგორ ეშინოდა ნესტანის
რისხვისა.

- დაწყნარდი, ბატონის ქალო...

გზის გასაყარამდე დიდი მანძილი არ ჰქონდათ დარჩენილი, როცა ზებულონმა მარჯვნივ,


შორს, მუქი წერტილი შენიშნა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა და, რაც უფრო
ახლოვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა.

ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ ეს მეფე და მისი ამალა მოდიოდა. სწრაფად ივარაუდა


ყოველივე და ცხენი უფრო ააჩქარა. შემჩნევით, ცხადი იყო, შეამჩნევდნენ, მაგრამ, თუ
ცხენი არ დააღალატებდა, იმდენად ახლო ვერ დაინახავდნენ, რომ ეცნოთ, ხოლო რაკი
ვერ იცნობდნენ, უცხო მგზავრებს ყურადღებას არ მიაქცევდნენ.

დაუნდობლად სცემდა ქუსლს ცხენს, თან თვალი მარჯვნივ ეჭირა, საიდანაც მეფე და მისი
ამალა მოდიოდა.

- სად მიგყევარ, ბაყბაყ-დევო?

- ჩუ, ბატონის ქალო...

გზის გასაყარზე უკვე იცოდა, რომ მთავარ ხიფათს გადაურჩა. მხედრები საკმაოდ შორს
იყვნენ. ამ სიშორიდან კაცი კაცს ვერ იცნობდა. გზის გასაყარს გასცდა და ცხენი
პირველსავე მოსახვევთან შეაყენა. ახლა ცოტა დასვენებაც შეიძლებოდა. ტყეში შეუხვია,
მაგრამ შორს არ წასულა, მცირე მანძილზე შევიდა და გზას ჩუმად დაუწყო თვალთვალი,
რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ მართლა ვერ იცნეს და მდევარს არ
დაადევნებდნენ.

მხედრებმა გზის გასაყარს ჩაუქროლეს და წავიდნენ. აქეთ არც გამოუხედავთ. მაშინ


ზებულონი უფრო ღრმად შევიდა ტყეში, ისეთ ადგილას შეაჩერა ცხენი, რომ გზიდან
საიმედოდ ყოფილიყვნენ დაფარული, და ჩამოხდა.

ნესტანიც ჩამოხდა და თქვა: - ძვლები ლამის დამამტვრიე. ან ეგებ მეც ის დათვი გეგონე?

ზებულონი ახლაღა მიხვდა, რომ დაძაბულობის გამო ამ ხნის განმავლობაში ნესტანი


მთელი ძალით ჰყავდა ჩაბღუჯული. შერცხვა, გაწითლდა და თავჩაღუნულმა
ჩაილუღლუღა: - მომიტევე, ბატონის ქალო.

აქეთ ის იდგა, იქით - ნესტანი. შუაში დაღლილი ცხენი ქასქასებდა.

ნესტანი თვალმოუშორებლივ უყურებდა და ამის გამო ზებულონს თავის აღება ვერ


გაებედა.

- ეს რა ჩაიდინე, ბაყბაყ-დევო?

ზებულონი შეიშმუშნა, აწრიალდა, თავი კიდევ უფრო ჩაღუნა.

- ისა... ბატონის ქალო... გაგიტაცე...

- ვხედავ, რომ გამიტაცე. - ნესტანი თვალს არ აშორებდა და ზებულონმა აღარ იცოდა, მის
მზერას სად დამალოდა, - აქ სად მომიყვანე?

- ცხენი დაიღალა... თუ არ დაისვენა, ჩქარა ვერ ივლის... შენც დაისვენე, ბატონის ქალო...
სადმე ჩამოჯექ... აი, იქ... - და ახლაღა მიხვდა, რომ დილანდელი სამზადისი უმიზნო არ
ყოფილა. ნაბადი მაინც წამოეღო! - მალე მდევარს დაგვადევნებენ და...
- გეშინიან?

ზებულონმა თავი ოდნავ ასწია, წამით შეავლო თვალი ნესტანს.

- არა, ბატონის ქალო.

- რად გამიტაცე?

ადრე თუ გვიან ამ კითხვაზე უსათუოდ უნდა გაეცა პასუხი.

- განა მინდოდა... უნებურად მოვისმინე და...

- რა მოისმინე? - შუბლი შეიკრა ნესტანმა.

- სწორედ იმ დროს გავიარე... აბა, მე რა ვიცოდი... უცებ ხმა შემომესმა... იქ თუ იყავ...

- სად?

- სამლოცველოში.

- სამლოცველოში?! - ისეთი ხმით შესძახა ნესტანმა, რომ ზებულონი შეკრთა და


შეშინებულმა თავი ასწია. ნესტანი გაფითრებული, თვალებგაფართოებული,
ტუჩებმოკუმული შემოსცქეროდა, - ყველაფერი მოისმინე?

- აბა, რა მოგახსენო, ბა...

- რა მოისმინე? - შეაწყვეტინა ნესტანმა.

- ისა, რომ... - და აქ ზებულონმა უეცრად გულმოსული კილოთი დაიწყო ლაპარაკი. ვისზე


მოსდიოდა გული, ვერ იტყოდა, - ისა, რომ ისკანდერ-ხანი ქმრად არ გწადიან და...
გეშინიან და... ღვთისმშობელს შესთხოვდი, თავის მოკვლა შემაძლებინეო...

ნესტანი ყურადღებით უსმენდა.

- კიდევ? კიდევ რა ვთქვი?

- სხვა არ ვიცი... მე მარტო ეგ გავიგე...

- კარგი, - დამშვიდებით თქვა ნესტანმა, მაგრამ წამსვე ისევ გაიმკაცრა ხმა, - მერედა, შენ
ვინა გკითხავს, მე თავს ვიცოცხლებ თუ მოვიკლავ?!

ზებულონი გაბუტული იდგა და ხმას არ იღებდა.

- მაშ, იმიტომ გამიტაცე, რომ ისკანდერ-ხანი ქმრად არ ვინდომე?

- დიაღ, - გულმოსული კილოთი მიუგო ზებულონმა.

ნესტანი წავიდა და ხის ძირას ფესვზე ჩამოჯდა. მერე უცებ გაიცინა.

- ახლა რას მიპირებ?

იესე ერისთავის მამულიდან რამდენიმე გზა მიდიოდა. რაკი ზებულონი მაინცდამაინც ამ


გზას დაადგა - ყველაზე სახიფათო გზას, რომელზედაც პირდაპირ მეფეს შეიძლებოდა
შეჰყროდა - მაშასადამე, გადაწყვეტილიც ჰქონია რაღაც, მაგრამ აქამდე ამ
გადაწყვეტილებისა თვითონაც არა იცოდა რა, და მხოლოდ ახლა მიხვდა: იოველ
ბატონიშვილთან უპირებდა ნესტანს წაყვანას. თუ იოველ ბატონიშვილი არ მიიღებდა,
პაპუნა ბარათაშვილთან ჩაიყვანდა, ორივენი ამ გზაზე იყვნენ. პაპუნა ბარათაშვილს ისე
ვარაუდობდა, თორემ ეჭვი არ ეპარებოდა, იქამდე ჩასვლა არ დასჭირდებოდა. იოველ
ბატონიშვილი უარს როგორ იტყოდა! მიიღებდა, შეიფარებდა, დამალავდა. მთავარი იყო,
იქამდე მიეღწიათ. ერთ დიდ ხიფათს კი გადაურჩნენ, მაგრამ ახლა ის იყო საშიში,
მახარობელი მდევრად არ ქცეულიყო. ჩვეულებრივ, მახარობელი, ამბავს რომ მიიტანდა,
მყისვე უკან ბრუნდებოდა ხოლმე. თუ ასე იქნა, კარგია. მაშინ, ვიდრე მეფე და მისი ამალა
არ მიაღწევს ერისთავის სასახლეს, მანამ მდევარს ვერ დაადევნებენ. იესე ერისთავს
დამდევნებელი არავინ ეყოლება, მისი გლეხები ვერაფერიშვილი მდევრები არიან.
მაგრამ ზებულონს იმის შიში ჰქონდა, რომ შესაძლოა მახარობელი მაშინვე არ
გამოტრიალებულიყო და დაღლილი ცხენების დასვენება მოენდომებინა. არა, ერისთავი
ნესტანს ასე უცებ არ მოიკითხავდა, ეს არ ედარდებოდა ზებულონს, მაგრამ თეთრონი
დაბრუნდებოდა შინ და საშიშიც ეს იყო. თეთრონი, რაკი პატრონს ახლომახლო არ
დაიგულვებდა, ცოტას მოიცდიდა და მერე კი უეჭველად შინისაკენ გასწევდა. ყველაფერი
იმაზე იყო დამოკიდებული, წამოვიდოდა თუ არა მახარობელი თეთრონის
დაბრუნებამდე.

- დაყრუვდი თუ დამუნჯდი? - მოისმა ნესტანის ხმა. მერე, როცა ამ ხმაზე ზებულონი შეკრთა
და გამოერკვა, ნესტანმა დაუმატა, - ახლა რას მიპირებ-მეთქი?

- დაგმალავ, ბატონის ქალო, - ზებულონმა უკვე ნათლად იცოდა ყველაფერი, რაც კი


აქამდე მის გულში საიდუმლოდ წყდებოდა, - იოველ ბატონიშვილთან მიგიყვან. თუ არ
მიგვიღო, პაპუნა ბარათაშვილთან მიგიყვან. იმანაც თუ არ მიგვიღო, წყაროსთვალში
აგიყვან, ჩემს მამულში, იქ არათუ ქართლის მეფე, ირანის შაჰიც ვერ გიპოვის, თუნდ
მთელი თავისი ლაშქრით შენს საძებნელად წამოვიდეს.

ზებულონს თავადვე უკვირდა, რომ ასე მტკიცედ ლაპარაკობდა, შეუფერხებლად და


დაჯერებით.

- პაპაჩემს რაღა პასუხს აძლევ?

- პაპაშენს რომ გაეგო, თავის მოკვლა გადაგიწყვეტია, განა თვითონვე არ მიბრძანებდა


შენს დამალვას?..

- მაშ, რად არ უთხარ?

- იმად, რომ, ერთი, შენგან დუმილი მქონდა ნაბრძანები, მეორეც, ერისთავის თანხმობით
რომ გამეტაცნე, ამის დამალვას ერისთავი ვერ შეძლებდა, ბექა ამილახვარი მაინც
შეატყობდა, და მეფის რისხვას როგორღა გადაურჩებოდა? არა, ბატონის ქალო, ახლა
ისა სჯობს, ერისთავმაც არა იცოდეს რა. საიმედოდ რომ დაგმალავ, თავად ვეახლები და
ყველაფერს მოვახსენებ.

- როგორ თუ ეახლები? განა იქ მიბრუნებასაც გაბედავ? ამოდენა დევი როდემდე


დაიმალები? მოგკლავენ მეფის კაცები.

- ფიქრი არ არის, ბატონის ქალო. პაპაშენამდე როგორმე მივაღწევ და ამბავს მივუტან.


მერე კი - ზებულონმა თავი ჩაღუნა და მორცხვად წაიბუტბუტა, - მერე კი თუნდაც მომკლან,
რა ბედენაა...

ნესტანი უხმოდ შემოაცქერდა.

- ბაყბაყ-დევო...

მაგრამ ზებულონმა ერთბაშად შეაწყვეტინა: - ჩუ, ბატონის ქალო!


თვითონაც გაჩუმდა, გაშეშდა, გაიტრუნა და რაღაცას გაფაციცებით მიუგდო ყური. მერე
ჩაიმუხლა, ხელებით მიწას დაეყრდნო, ყურიც მიწას დაადო. კარგა ხანს იყო ასე. ბოლოს
წამოდგა.

- ცხენებია. შენ აქ იყავ, ბატონის ქალო. ვნახავ, მდევარი წამოგვეწია თუ მგზავრები არიან.

ესა თქვა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა გზისკენ. რაც შეიძლებოდა ახლო მივიდა და
თვალთვალი დაუწყო. ფლოქვების ხმა თანდათან მოახლოვდა. ცოტა ხნის შემდეგ
მხედრებიც გამოჩნდნენ და წინ მომავალთა შორის ზებულონმა მაშინვე იცნო ბექა
ამილახვარი.

სწორედ ის მომხდარა, რისი შიშიც ჰქონდა.

მხედრებმა რომ ჩაიარეს, ზებულონი უკან მობრუნდა.

ნესტანი უხმო მოლოდინით შემოსცქეროდა.

- მდევარია, ბატონის ქალო, - და თუმც ნესტანის თვალებში შიში არ შეუმჩნევია, მაინც


უთხრა, - კი ნუ შეგეშინდება. ეგ არის მხოლოდ, გზაზე სიარული აღარ შეიძლება, ტყე-ტყე
უნდა ვიაროთ.

- ეგრე იყოს, - თქვა ნესტანმა, - ტყე-ტყე ვიაროთ.

ზებულონმა ნესტანი ცხენზე შესვა, თვითონ სადავეს ჩაავლო ხელი და წინ გაუძღვა.

მდევარი რიცხვმრავალი იყო, მაგრამ არც ისე, რომ გზები შეეკრა და


ლტოლვილებისთვის ყველა გასასვლელი ჩაეკეტა. ნეტა რას აპირებს ბექა ამილახვარი?
რა ვარაუდი დააწყო? ზებულონი რომ ამ მხარეს გამოიქცა, ამის გამოცნობა არ უნდა
გასძნელებოდა. როგორც კი მახარობელი მეფეს გზად შემოეგებებოდა და ნესტანის
გატაცებას შეატყობინებდა, წამსვე ყველანი მიხვდებოდნენ, რომ გზის გასაყართან
სწორედ გაქცეულებს მოჰკრეს თვალი. მერე რაღას იზამდა? ზებულონი შეეცადა
წარმოედგინა, თვითონ რას იზამდა ბექა ამილახვრის ადგილას. პირველ ყოვლისა,
მალემსრბოლს აფრენდა, მაშველს დაუძახებდა, თან ლაშქარს ბრძანებას შეუთვლიდა.
ქართლიდან გასასვლელი გზები ჩაეკეტა, თავად კი მდევარს გაუძღვებოდა. მერე?..

ასე იყო თუ ისე, ჯერხნობით ტყე-ტყე სიარული უშიშრად შეიძლებოდა.

დაროაშვილები მაშინ მოაგონდა, როცა იოველ ბატონიშვილის ტაძრის წინ მეთვალყურე


შენიშნა.

უკვე საღამოვდებოდა, იოველ ბატონიშვილის მთას რომ მიაღწიეს. ბილიკებს შორ-შორ


უქცევდნენ გვერდს, ხშირ ტყეებს მიუყვებოდნენ. იოველ ბატონიშვილის მთას უკანა
მხრიდან მიადგნენ. ნესტანი ქვემოთ დატოვა და მარტო შეუყვა აღმართს. რაკი ბექა
ამილახვარი წინ იყო, დიდი სიფრთხილეც მართებდა. უჩუმრად აიარა ფერდობი. ტყის
პირს რომ მიაღწია, ტაძარიც გამოჩნდა - თეთრი, მაღალი, ჩამავალი მზის სხივებში უცხოდ
მოელვარე. ზებულონს წამით გული აუჩქროლდა, გონების თვალწინ ელვის უსწრაფესად
ჩაიქროლეს სევდიანმა და ტკბილმა მოგონებებმა, მაგრამ იცოდა, ახლა ამის დრო არ
იყო, და მზერა ძალისძალად მოსწყვიტა ტაძარს.

ტყიდან არ გამოსულა, ისე შემოუარა ირგვლივ ეზოს. მეთვალყურეები წინა მხარეს


დაინახა. ორნი იყვნენ, ერთი სპარსი და ერთი ქართველი. ცხენებზე ისხდნენ და ჭიშკრის
წინ დინჯად მიმოდიოდნენ.

ზებულონი უკანვე გატრიალდა. ან კი თავიდან როგორ ვერ მიხვდა, თუ რა გეგმას


დააწყობდა ბექა ამილახვარი! ბექა ამილახვარი კარგად იცნობდა ზებულონს და იმასაც
იოლად მიხვდებოდა, თუ სად დაუწყებდა ძებნას თავშესაფარს. მაშ, ალბათ, პაპუნა
ბარათაშვილის კარზეც დარაჯი დახვდება! წყაროსთვალშიც გაგზავნიდა ხალხს. ყველა
თავშესაფარს ამოუქოლავს და, სანამ მაშველი მოუვა, ტყე-ღრეში ყოფნას აიძულებს.

სწორედ ამ დროს მოაგონდა დაროაშვილები.

მარტო რომ ყოფილიყო, ტყე-ღრეში ყოფნა რა არის, თუნდ მთელ წელიწადს გაძლებდა,
მაგრამ ნესტანის დარდი ჰქონდა, ნესტანი დროზე უნდა გაეყვანა სამშვიდობოს.
დაროაშვილებსაც ქალების დარდი ჰქონდათ, ქალებისა და ბალღების, თორემ ისინი
რომ არ ჰყოლოდათ საპატრონო, კაცები, ალბათ, პირდაპირ ტყეს მისცემდნენ თავს და
იოლად დაუსხლტებოდნენ ზებულონს ხელიდან.

მხოლოდ ერთი ვერ გაეგო ზებულონს: რატომ საფარში არ ჩასვა ბექა ამილახვარმა
მეთვალყურე? ზებულონს თავისი სიფრთხილის იმედი დიაღაც რომ ჰქონდა და ეჭვი არ
ეპარებოდა, არც დამალულ მეთვალყურეს ჩაუვარდებოდა ხელთ, მაგრამ ბექა
ამილახვრის მხრით ეს მაინც წინდაუხედაობა იყო.

ნესტანი მშვიდად ელოდა.

- რა ჰქმენ, ბაყბაყ-დევო?

- ტაძრის წინ მეფის ხალხი დგას...

ზებულონს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, რომ ნესტანი დაემშვიდებინა, მაგრამ ნესტანმა
შეაწყვეტინა. ნესტანმა სრულიად მშვიდად თქვა: - დაჯექ, დაისვენე. - და, ზებულონი რომ
უანგარიშოდ დაემორჩილა, დასძინა, - შორია პაპუნა ბარათაშვილამდე?

- არა, ახლოა, - მიუგო ზებულონმა, - მალე დაღამდება კიდეც. ღამე გზაზე შეგვიძლია
გავიდეთ და უფრო ჩქარა ვივლით.

- იქაც რომ მეფის კაცები დაგვხვდნენ?

ნესტანს არც შიშისა ეტყობოდა რამე, არც მღელვარებისა.

- მაშინ წყაროსთვალში წავალთ.

- იქაც რომ დაგხვდნენ?

- მაინც დაგმალავ, ბატონის ქალო. ქვეყანა რომ დაიქცეს, რაც შენ არ გწადიან, ის არ
მოხდება.

ამის შემდეგ დიდხანს ჩუმად ისხდნენ. ტყეში უკვე ბინდი ჩამოწვა. ირგვლივ დუმილი იდგა.
მხოლოდ ხეთა ფოთლების წყნარი, იდუმალი შრიალი ისმოდა.

უცებ ზებულონმა თავისდამოულოდნელად თქვა: - იოველ ბატონიშვილს რომ უნდა


ვხლებოდი სასწავლებელში, იმ გაზაფხულზე დაროაშვილებმა მამაჩემი ისახარი მოკლეს.
განა უბრალოდ მოკლეს, მოკვლა არ აკმარეს და ასო-ასო აკეპეს. ხუთი დღე, მინამ იმათ
ვდევდი, თვალებზედ ყომრალი ნისლი მქონდა გადაკრული. ბოლოს მივაგენ და
ყველანი, კაცებიც, ქალებიც, ბალღებიც, ერთ ბნელ გამოქვაბულში გამოვახრჩე. მაშინ
ნისლიც გადამეყარა თვალთაგან და დავინახე, რომ თურმე ის არა ვყოფილვარ, რაც
მეგონა, რომ ვიყავ. ან იქნებ ის ვიყავ, რაც მეგონა რომ ვიყავ, მაგრამ იმ დროს უეცრად
გამოვიცვალე... წიგნი კი, ჩანს, ჩემი საქმე არ იყო და აკი დაროაშვილებიც ამიტომ
გამომიგზავნა განგებამ...
ნესტანი ჩუმად უსმენდა. ზებულონმა რომ ამბავი მოათავა, მერეც არა უთქვამს რა,
სიბნელეში კი სახე არ უჩანდა და ზებულონმა ვერც ის გაიგო, თუ რას ფიქრობდა.

ერთხანს კიდევ ისხდნენ და დუმდნენ. ბოლოს ზებულონმა უთხრა: - დროა წავიდეთ,


ბატონის ქალო.

- წავიდეთ.

გზაზე კი მალე გავიდნენ, მაგრამ ზებულონის ვარაუდს, რომ ჩქარა ივლიდნენ,


აღსრულება არ ეწერა. ამას ზებულონი სწორედ მაშინ მიხვდა, გზაზე რომ გავიდნენ.
მიხვდა და გაუკვირდა, ან აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეო. მართლაცდა, როცა ნესტანი
მოიტაცა და თავის ცხენზე შემოისვა, ის სულ სხვა იყო, მაშინ მოიტაცა და შემოისვა, ახლა
კი, აბა, ერთ ცხენზე ორივენი როგორ უნდა შემომსხდარიყვნენ!

და ისევ ძველებურად განაგრძეს გზა: ნესტანი ცხენზე იჯდა, ზებულონი კი წინ მიუძღოდა.

მთელი ღამე იარეს და ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს პაპუნა ბარათაშვილის


სასახლეს.

ნესტანი აქაც საიმედო ადგილას დატოვა და სასახლის დასათვალიერებლად მარტო


წავიდა.

ჯერ კიდევ ბნელოდა. სასახლე სოფლის განაპირას იდგა და უკანა მხრიდან მიახლოება
ძნელი არ იყო. ჯერჯერობით ზებულონი სხვას არაფერს აპირებდა გარდა იმისა, რომ
დაედგინა, აქაც ხომ არ იყვნენ მეთვალყურეები. თუ მეთვალყურეები არ
აღმოჩნდებოდნენ, მერე იმასაც მოიფიქრებდა, როგორ ენახა პაპუნა ბარათაშვილი.

უხმაუროდ მიდიოდა და ხეთა ჩრდილებს ეფარებოდა. სასახლე უკვე სულ ახლო იყო,
როდესაც ცხენის ფეხის ხმა შემოესმა.

„მეთვალყურე!“ - გაუელვა თავში და ხეს ამოეფარა. მალე მხედარიც გამოჩნდა. მხედარი


მარტო იყო და ნელა მიუყვებოდა გზას. ზებულონი თვალს არ აშორებდა. მისი
გაკვირვება, რომელიც თავიდან გაუაზრებელი და ბუნდოვანი იყო, თანდათან
იზრდებოდა და მკაფიო სახეს იღებდა, ბოლოს კი, მხედარი რომ სულ ახლო მოვიდა,
ზებულონს აღარ შეეძლო საკუთარი თვალისთვის არ დაეჯერებინა: მხედარი თავად
პაპუნა ბარათაშვილი იყო!

რა უნდოდა ამ დროს გარეთ პაპუნა ბარათაშვილს?! ზებულონს წამით ის ორი დარაჯი


მოაგონდა, იოველ ბატონიშვილის ტაძრის წინ რომ დახვდნენ, გულში რაღაც ბუნდოვანმა
და უამურმა ეჭვმაც გაურბინა, მაგრამ ფიქრის დრო არ იყო: წამიც და პაპუნა
ბარათაშვილი ჩაივლიდა და წავიდოდა.

„ნეტა მართლა მარტოა, თუ?..“ - გაიფიქრა ზებულონმა, მხედველობა რაც შეეძლო დაძაბა
და ბინდში გახვეული არემარე მოათვალიერა, მერე კი, პაპუნა ბარათაშვილმა რომ სულ
ახლო ჩაუარა, ხმადაბლა შეეხმიანა: - ბატონო პაპუნავ!

პაპუნა ბარათაშვილმა ცხენი შეაყენა, თავი ასწია და გაირინდა. ჩანს, ვერ მიხვდა,
მართლა შემოესმა ხმა თუ მოეჩვენა. მაშინ ზებულონმა გაიმეორა: - ბატონო პაპუნავ!

პაპუნამ ცხენი მოატრიალა, წამოვიდა და ხმადაბლავე გამოეპასუხა: - ზებულონი ხარ?

„როგორ მიცნო?“ - გაუელვა თავში ზებულონს, წეღანდელი ბუნდოვანი ეჭვი ახლა


ნაღველსავით ჩაეწვეთა სხეულში და გულ-ღვიძლი ჩაუთუთქა. პაპუნა ბარათაშვილის
პასუხი ისეთი იყო, ჩანს, ელოდა ზებულონის გამოჩენას. „მაშ, რატომ თავი ისე არ
დაიჭირა, ვითომ არ მელოდა?“ ზებულონმა თვალის დახამხამებაში აწონ-დაწონა
ყოველივე. რაკი ერთი შეეხმიანა, უკან დახევა უკვე აღარ შეიძლებოდა. „თუ მარტოა,
საშიში არ არის, გინდაც გულში ღალატი ედოს; თუ ხალხი ახლავს, გასხლტომას
მოვასწრებ“.

- მე გახლავარ, ბატონო.

პაპუნა ბარათაშვილი ცხენიდან ჩამოხდა. ზებულონი დაძაბული და გაფაციცებული იყო.

- კარგია, მოხველ, - თქვა პაპუნამ, - მაშ, ტყუილად არ გელოდი.

- მელოდი? - იკითხა ზებულონმა და გაიფიქრა: „თუ ღალატს აპირებს, ეგრე გულახდილად


რაღად მელაპარაკება?“

- გელოდი, - დაუდასტურა პაპუნა ბარათაშვილმა, - მდევარი იყო. ბექა მოუძღოდა. ქალი


რა უყავ?

ზებულონმა ამაზე არაფერი უპასუხა. პაპუნა ბარათაშვილის სიტყვებმა თუმც დაამშვიდა და


ღალატის ეჭვი თითქმის მთლიანად გაუქრო, მაგრამ ქალის ხსენება არაფრად ეჭაშნიკა.

პაპუნა მიუხვდა.

- კარგი, მაგას არა გკითხავ. ის მითხარ, ახლა რას აპირებ?

- შენთან მოველ, ბატონო, შემწეობის სათხოვნელად.

- ბატონიშვილ იოველის ტაძართან ბექას მცველები დაუყენებია. რაკი აქაც ვერ გიპოვა,
მდევარს შენი მამულისკენ გაუძღვა.

- ეგრეც ვიცოდი...

- სხვაგან თავშესაფარი არსად აქვსო, მითხრა. მაცნე თავიდანვე გაუგზავნია, იმერეთში


გადასასვლელ გზას სპარსთა ლაშქარი ჩაგიკეტავს. ჩრდილოეთში რომ გადახვიდე,
ლეკები გიცნობენ. თუნდ იმათ ჩავარდნიხარ ხელთ და თუნდ ისკანდერ-ხანს. ვერც კახეთს
გაიქცევი. კახთ ბატონს გულითაც უნდოდეს შენი შეფარება, ირანის შაჰის შიშით ვერ
შეგიფარებს. დრომდე ისევ აქ უნდა დაიმალო, ქართლში. მაგრამ ჩემს სახლში ვერ
გაგაჩერებ.

- კარგი, ბატონო, რა გაეწყობა... - ზებულონი თანაგრძნობისთვისაც მადლობელი იყო.


ერთი კაცი მაინც დარჩენილა ქართლში მანუჩარ ბატონიშვილის ერთგული.

- დაიცა, ვეჟო! - უთხრა პაპუნა ბარათაშვილმა, რა შეამჩნია, ზებულონი გაბრუნებას


აპირებდა, - ცხენები თუ გყავთ?

- ერთი ცხენი გვყავს.

- ეს წაიყვანე, - აღვირი გაუწოდა, - და ყური კარგად დამიგდე. ქვემოთ ჩახვალ, - ხელი


გაიშვირა, - სოფელს მარჯვნივ შემოუვლი. სასაფლაოს რომ გასცდები, გეზი
აღმოსავლეთით აიღე. მდევარი ახლა აქედან წასულია და საშიში არა არის რა, მაგრამ
დიდ გზას მაინც ერიდე. ორიოდ საათის სავალზე მდინარე შეგხვდება. აღმა აუყევ
მდინარეს. ტყის პირას ფონს ნახავ. ფონს რომ გახვალ, მთის ფერდს გადაივლი და ხევში
შეხვალ. ხევ-ხევ იარე. იქ, სადაც ხევი ორად იყოფა, მარცხნივ წადი. მალე დაბურულ ტყეს
მიადგები. იმ ტყეში ერთი ძველი, პატარა საყდარი დგას. ძნელი მისაგნებია, მაგრამ,
შეხვალ თუ არა ტყეში, მუხების მწკრივს ნახავ. ბოლომდე გაჰყე, მერე მარჯვნივ გაუხვიე და
სულ პირდაპირ იარე. იქ ვერავინ გიპოვის. საყდარში ქართლის კათალიკოსი
დაგხვდება...

- აკი ქართლის კათალიკოსი მოკვდაო, ბატონო?..

- ვისთვის მოკვდა და ვისთვის ჯერ კიდევ ცოცხალია. ერთხანს იქ დაიმალები. მერე


ღმერთია მოწყალე.

- გმადლობ, ბატონო! - ზებულონს ლამის ცრემლი მოადგა თვალზე.

- ახლა კი გასწი. აბა, მშვიდობით იყავ! - ამ სიტყვებით პაპუნა ბარათაშვილი შეტრიალდა


და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.

დანიშნულ ადგილს საღამო ხანს მიაღწიეს. გზის დიდი ნაწილი ტყეებსა და კლდე-
ღრეებში გადიოდა და ჩქარა სიარული შეუძლებელი იყო.

ნესტანი შიმშილისა და დაღლილობისაგან დასუსტდა, მაგრამ არ იმჩნევდა. გზადაგზა,


ტყეში, ზებულონმა ცოტაოდენი ხილი მოაგროვა და სული იმით მოიბრუნეს.

საყდარი შუაგულ ტყეში იდგა, ირგვლივ ვეებერთელა ხეები ეფარებოდა და, თუმც
ზებულონი პაპუნა ბარათაშვილის მიცემული ნიშნით მიიკვლევდა გზას, მაინც ძლივს
იპოვეს. სანამ ზედ არ წაადგნენ, ვერ შეამჩნიეს.

საყდარი ძველი იყო, დაბალი, გუმბათმორღვეული. კედლებზე ხავსი მოსდებოდა.

პირველმა ზებულონმა დაინახა.

- აგერ, ბატონის ქალო, გამოჩნდა!

- ვხედავ, - თქვა ნესტანმა და უცებ დაუმატა, - მე კი მეგონა, ისკანდერ-ხანს ჩემი თავი


შენთვის წაართვი.

ზებულონი გაწითლდა და სირცხვილისაგან აღარ იცოდა, რა ექნა. კიდევ კარგი, უკვე


დრო იყო ცხენებიდან ჩამომხდარიყვნენ!

- მოვედით, ბატონის ქალო, - ენის ბორძიკით წაილუღლუღა.

ცხენები საყდრის წინ დატოვეს პატარა მდელოზე.

საყდრის კარს თამამად მიადგნენ, შეაღეს და შევიდნენ.

შორეულ კუთხეში, დაბალ, სამფეხა სკამზე, იდაყვდაყრდნობილი და ხელებში


თავჩარგული, მჭმუნვარე სახით იჯდა ბექა ამილახვარი.

- მადლი უფალს, მოხვედით, - წყნარად, თავაუღებლივ თქვა მან.

ელდანაცემმა ზებულონმა ხმალზე გაიკრა ხელი.

გულ-გვამი უდუღდა. სიმწრის, რისხვისა და ტკივილისაგან თვალზე ბინდი გადაეკრა. „მაშ,


პაპუნა ბარათაშვილიც?!“

- ჩააგე ხმალი, - ისევ ისე თავაუღებლივ, წყნარად, ცოტა ნაღვლიანი კილოთი თქვა ბექა
ამილახვარმა.

ნესტანს ქვედა ტუჩი კბილებით ეჭირა.

- არა, ბატონო ბექავ, - მიუგო ზებულონმა, - ისა სჯობს, თავადაც ხმალი აიღო. ან მე უნდა
ვიყო დღეს, ან შენ.

ბექა ამილახვარმა კბილები ჩუმად გააღრჭიალა. მერე უეცრად საშინელი ხმით დაიყვირა:
- ჩააგე-მეთქი ხმალი! - და უკვე წყნარად დაუმატა, - შე მართლა ოტროველავ, შენა!

ბექა ამილახვრის ხმაში რისხვის გარდა ზებულონისთვის გაუგებარი რაღაც სიმწარეც


ერია. ამან ზებულონი წამით დააბნია.

ამ დროს ნესტანმა, რომელსაც პირველმა შიშმა სავსებით გაუარა, ბექა ამილახვარს


ჯიქურ შეხედა და უთხრა: - რათა გვდევ, ბექავ? ერთგულება გინდა აჩვენო შენს ბატონს,
ქართლის მეფეს?

ბექა ამილახვარმა ნელა მიაბრუნა თავი და ნესტანს შეხედა. სახეზე წუხილი ეფინა.

- ჭინკების მზეთუნახავო, - სევდიანი ხმით თქვა, - ჩემი ბატონი ქართლია და არა ქართლის
მეფე. - და უცებ ხმას აუწია, - რად გამოიქეცით?!

- იმად, რომ ისკანდერ-ხანის ცოლობა არ მინდა.

- მაშ, რა გინდა? იქნებ ეგ დათვი გირჩევნია მეფეს?

ზებულონმა ტუჩი მოიკვნიტა. ნესტანმა წყნარად თქვა: - იქნებ მირჩევნია.

ზებულონი ჭარხალივით გაწითლდა. რეტდასხმული იდგა და გული ისე უთრთოდა,


შემცივნულ კაცს რომ ძაგძაგი აიტანს. თან სადღაც, ჩაბჟუტული გონების შორეულ
კუნჭულში, ცდილობდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ ნესტანმა ეს ისე
წამოისროლა, ბექა ამილახვრის ჯიბრზე.

ბექა ამილახვარი კი ნესტანს მდუმარედ დააცქერდა.

- ვხედავ, - თქვა ბოლოს და თავი მძიმედ დაიქნია. ხმაც უფრო ნაღვლიანი გაუხდა, -
ვხედავ. - აქ გაჩუმდა, თავი ჩაჰკიდა და ერთხანს უხმოდ იჯდა. მერე განაგრძო, - მაგრამ
ახლა ერთიმეორის სადევნელად არა გვცალია. ახლა ყველამ ის უნდა ვქნათ, რასაც
ქვეყანა გვიბრძანებს, და არა ის, რასაც გული გვეტყვის.

- მაშ, ქვეყნის ბრძანებით უღალატე მანუჩარ ბატონიშვილს? - მიახალა ზებულონმა.

ბექა ამილახვარმა სწრაფი მზერა სტყორცნა. თვალებში რისხვა გაუკრთა.

- ენა დაიმოკლე, შე ღლავო, ემანდ მოთმინების ფიალა არ ამევსოს!..

- რა გინდა ჩვენგან, ბექავ? - გაბზარული ხმით ჰკითხა ნესტანმა.

- ისკანდერ-ხანს უნდა გაჰყვე ცოლად.

- ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს, - თქვა ზებულონმა.

- ეგებ მოგკლა კიდეც. ვინ იცის, მეფემ მართლა მომთხოვოს შენი სიკვდილის საბუთი.

- მაშ, ადექ, რაღას უზიხარ! - ზებულონს შიშველი ხმალი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.

ბექამ შემოხედა, თვალი თვალში გაუყარა.

- იოველ ბატონიშვილთან იყავ? - ჰკითხა მოულოდნელად.

- ვიყავ.
- იქ რომ ჩემი დარაჯები ნახე, მერე პაპუნასთან წახველ?

- დიაღ.

- პაპუნას რომ აქეთ არ გამოეშვი, შენს მამულში წახვიდოდი?

- ეგრე იქნებოდა.

- ჰოდა, მე კიდევ ბექა ამილახვარი ვარ. არ იცი, ჩემი დარაჯი გამოსაჩენზე რისთვის იდგა?
ან პაპუნა რისთვის გელოდა გზის პირას?

- რისთვის?

- იმისთვის, რომ მდევარს ხელში არ ჩავარდნოდი. ისინი, ვინც მე შაითანი შემარქვა,


თვითონ ისეთი ქრისტეს ფეხის მჭამელები არიან, დედამიწის გულში რა დევს, ისიც იციან.
შაითანი კი მაინც მე შემარქვეს... გულზე გასხია თვალები. გონებაზე უნდა გესხას... ჩააგე ეგ
ხმალი ქარქაშში და ორთავემ ყური კარგად მიგდეთ. - ბექა ამილახვარი გაჩუმდა და
ერთხანს ჩუმად იჯდა. მერე, როცა ზებულონმა, გაკვირვებულმა და თითქოს რაღაცით
მოჯადოებულმა, მართლა ჩააგო ხმალი, თავი გადაიქნია და განაგრძო, - ერთი კი მეც ვერ
გამოვიცან: არ მეგონა, ეგრე გაშმაგებულებს თუ გნახავდით. სხვა უკეთეს დროს ეგებ
თავად მიგგზავნოდი, ბაყბაყ-დევო, პაპა იესესთან და, თუ აზნაურობის გამო დაგიწუნებდა,
მანუჩარ ბატონიშვილისთვის თავადობაც გამომეთხოვა შენთვის. ახლა კი მეტი გზა არა
გვაქვს... რა ვქნა, ჭინკების მზეთუნახავო, რომ ისკანდერ-ხანს ქართლს შენი გულისთვისაც
კი ვერ ავაოხრებინებ.

- მაშ, ქვეყნისთვის არ გიღალატნია, ბატონო? - ყრუ ხმით ჰკითხა ზებულონმა.

- უკვე იმდენი გაიგე, დანარჩენი რომც არ გაიგო, ამის შემდეგ მაინც ან საბოლოოდ უნდა
გენდო, ან მართლა უნდა მოგკლა. ისკანდერ-ხანს მე მანუჩარ ბატონიშვილის ბრძანებით
გამოვყევ. როცა შაჰის მზაკვრობა შევიტყვეთ, ყოველივე ავწონ-დავწონეთ და ჩათრევას
ჩაყოლა ვამჯობინეთ. მანუჩარ ბატონიშვილმა ქართლის ტახტზე თავისივე ნებით თქვა
უარი, ჩემი თავი ისკანდერ-ხანს უბოძა და წიგნიც გამოატანა მეფის დარბაზისათვის.
ყველას უბრძანა, ერთგულება გამოეცხადებინათ და დამორჩილებოდნენ...

- რათა, ბატონო?! - აღელვებით, მხურვალედ შესძახა ზებულონმა, - განა რა გვჭირდა!..


განა ვერ გავუმკლავდებოდით!..

- ვერ გავუმკლავდებოდით. და ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო.


ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ
სპარსეთიც დაერქვას. ახლა მორჩილებაა საჭირო. როდემდე - არ ვიცი. ეგებ ერთი წელი,
ეგებ ათი წელი, ეგებ მანუჩარ ბატონიშვილი ვერც ვერასოდეს ეღირსოს ქართლის ტახტს.
ყველაფერი ჩვენზედ იქნება დამოკიდებული. მაგრამ ახლა მორჩილებაა საჭირო. აქ რომ
ისკანდერ-ხანს ერთი ბუზი ავუფრინოთ, ქართლი ხომ აოხრდება და მანუჩარ
ბატონიშვილსაც შაჰი წამსვე სიცოცხლეს გამოასალმებს. დიდი სიბრძნეც გვმართებს და
დიდი მოთმინებაც. იოველ ბატონიშვილიც, პაპუნა ბარათაშვილიც, კათალიკოსიც, მეცა
და ბევრი სხვაც ქართლში ახლა მარტო იმაზედ ვზრუნავთ, დრომდე და ვადამდე ქვეყნად
სიწყნარე შევინარჩუნოთ და ისკანდერ-ხანს სისხლის დაღვრის მიზეზი არ მივცეთ. თქვენ
კი ასეთ დროს აღმა-დაღმა დამარბენინებთ, ლამის ქანცი გამწყდეს! მსუქანი მაინც არ
ვიყო!

- ჩემი დანიშვნა რაღად დაგჭირდა ისკანდერ-ხანზე? - ჰკითხა ნესტანმა.

- მე არ დამჭირვებია, მოლაღურო. თუმც კი გამეხარდა, ვერ დავმალავ.


- მაშ, ვის დასჭირდა?

- ქვეყანა რომ აირევა, ნადირმა ტყიდან გამოსვლა იცის. ვიღაც-ვიღაცეებმა - მერე


შევიტყე, შენი დაწუნებული სასიძოები ყოფილან - მეფეს შენი ქებით თავი წასჭამეს და
იმანაც პაპაშენთან სტუმრობა ბრძანა. გამეხარდა-მეთქი, წეღან გითხარ. ავადაა თუ
კარგად, ყველაფერს ვუვლით, მაგრამ გათათრების სენს კი ვერა მოვუხერხეთ რა.
გადამდებია ტიელი. სახადივით ვრცელდება. მეფემ რომ შენი გასინჯვა გადაწყვიტა, მე
ჩემი გეგმა დავაწყვე. შენზედ დავამყარე იმედი, ამ ჩვენი მოლაღურის შემწეობით ეგებ
გათათრების მალამოც ვიშოვოთ-მეთქი. რას ვიფიქრებდი, თუ გულში ასეთი ვირგლა
ჩაგივარდებოდა, ეგეთ დიდებულ მეფეს კი დამიწუნებდი!.. ეეჰ, კვიცებო, კვიცებო, ნუთუ არ
იცით, კაცი რომ იბადება, მარტო საკუთარი თავისთვის არ იბადება... მებრალებით, განა
არ მებრალებით, მაგრამ თქვენზე მეტად ჩემი თავი მებრალება. თქვენ რა იცით...
ისკანდერ-ხანს რომ ჩამოვყევ სპარსეთიდან, მოლაღურების დედოფალო, და ასმათმა
მნახა, მაჩაბლიანთ ტურფა ხეკაკუნამ, ისე ლამაზად აიბზუა ცხვირი და ისე
ამპარტავნულად მაქცია ზურგი, ერთ სამეფოდ მარტო მისი ნახვა ღირდა. მანამ თუ
ყელამდე ვიყავ ჩაფლული სიყვარულში, მას აქეთ სულ მთლად ჩაყურყუმალებული ვარ.
ერთი ამრეზით შემომხედა, ცივად შეტრიალდა და ამაყად გაკუნკულდა. იმიტომ, რომ მის
თვალში მოღალატე ვარ. ვინ იცის, ხვალ-ზეგ ეგებ სხვაზეც გათხოვდეს... ეჰა, შვილოსა...
ამ ზაქს რომ სულ ხმალზე უჭირავს თვალი, - ხელი ზებულონისკენ გამოიშვირა, - თანაც, არ
კი ვიცი რატომ, სულ მე მიღერებს, ხმლის ტრიალი იოლი საქმეა, ან გაიმარჯვებ, ან
დაიღუპები. მოფურთხებით არავინ მოგაფურთხებს. მე რა ვქნა, ჩემო კუდმაკრატელებო?
იქნებ მე ისე მოვკვდე, მთელ ქართლს საწყევრად დავრჩე, როგორც ქვეყნის ორგული.
თქვენ ბევრიც იძახოთ, ერთგული იყო, ორგული არ ყოფილაო, ვინ დაგიჯერებთ! მაგრამ
რა ვუყო, ქვეყანას ეგრე უბრძანებია და მეც დავმორჩილდი... ახლა ჯერი თქვენზედაა.
ისკანდერ-ხანი, გნახა თუ არა, სიყვარულისაგან მაშინვე ბოჩოლასავით კუნტრუშს მოჰყვა.
რა ექნა? მისი რა ბრალია, რომ ლამაზი ხარ!.. ეგებ არც შეჰყვარებოდი, არავინ იცის,
მაგრამ შენ თვითონაც ხომ ძალიან შეუწყე ხელი შენი ტიკტიკით!.. კმარა... - ბექა
ამილახვარი გაჩუმდა და თვალებგაშტერებული ჩააცქერდა იატაკს. ვერც ზებულონი
ბედავდა ხმის ამოღებას, ვერც ნესტანი. დიდხანს იდგა დუმილი. ბოლოს ბექა ნელა
წამოდგა, შემოტრიალდა და ასევე ნელა წამოვიდა. დიდხანს მოდიოდა. სულ ახლო რომ
მოვიდა, შეჩერდა, არც ერთს არ უყურებდა, სადღაც მათ შუა იყურებოდა და კიდევ კარგა
ხანს დუმდა. მერე, როგორც იქნა, განაგრძო, - მორჩა. ყველაფერი გითხარით, რაც უნდა
მეთქვა და რაც არ უნდა მეთქვა. ცოტა, მგონი, გულიც ამილაყლაყდა... გზები შეკრულია,
მაგრამ ერთი ბილიკი ჩემთვისაც მაქვს დატოვებული. საიმედო ხალხიც მყავს, რომ
სამშვიდობოს გაგიყვანოთ. ოღონდ, განრისხებული ისკანდერ-ხანი რას ჩაიდენს
ქართლში, ამის წინასწარმეტყველება მე არ შემიძლიან. - აქ ნესტანს შეხედა სახეში და
ნაღვლიანად გაიღიმა, - მაშ, შენ გადაწყვიტე, ჩემო მოლაღურო.

ნესტანს სახე დაძაბული ჰქონდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა, თვალებში ცრემლი


უბრწყინავდა. ცოტა ხანს უძრავად იდგა და ბექა ამილახვარს შესცქეროდა, მერე ხელი
უბეში ჩაიყო, ყელზე ჩამოკიდებული ხანჯლის შვილი ამოიღო, ძეწკვი თავზე გადაიძრო,
ზებულონს მიუბრუნდა, ხანჯლის შვილი გაუწოდა.

- შენა გქონდეს, - უთხრა ხმის კანკალით, - მე აღარ დამჭირდება.

ბექა ამილახვარი ცნობისმოყვარედ და ცოტა გაკვირვებით უყურებდა. თქმით არაფერი


უთქვამს.

ზებულონს თვალებში ბინდი ედგა. ხანჯლის შვილი კი ჩამოართვა, მაგრამ სად წაეღო, არ
იცოდა და დარჩა ასე ხელგაწვდილი.
ნესტანი კი ბექა ამილახვარს მიუბრუნდა.

- ახლავ წავიდეთ, ბექავ?

- ახლავ, - მიუგო ბექამ. ცოტა მასაც უმტყუნა ხმამ, - დრო არ ითმენს. - ამ სიტყვებით
ზებულონს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელი მარცხენა მხარზე დაადო, - შენ აქ დარჩები,
ზაქო. არ ვიცი, ეგებ იმდენ ხანს მოგიწიოს აქ ყოფნამ, კარგა მოწიფულ კამეჩადაც იქცე.
განა არა, გაგაპარებდი და სამშვიდობოს გაგიყვანდი, მაგრამ შენი გამოჩენა არსად
შეიძლება: ისკანდერ-ხანმა რომ გაიგოს, ცოცხალი ხარ, ვინ მოთვლის, რამდენი ცოცხალი
მკვდრად უნდა ვიქცეთ. დილაზე კათალიკოსი მოვა. როცა საჭირო იქნება, ჩემი კაცი
მოგაკითხავს. - აქ გაჩუმდა. მერე გაიღიმა, - თუ შეძლებ, ცხოვრება ჩემსავით თამაშად
აქციო, წუთისოფლის ოღრო-ჩოღროებსაც უფრო იოლად გადაივლი, თუ არადა, შენ იცი.
ხმალი კი, ფიქრი არაა, კიდევ გამოგადგება... - და ნესტანს მიუბრუნდა, - მე ცხენებს
მოვამზადებ. ნუ დააგვიანებ, - ამ სიტყვებით შეტრიალდა და სწრაფად გავიდა.

საყდარში დუმილი დარჩა. ზებულონი უხერხულად იდგა. გაწვდილ ხელში ხანჯლის შვილი
ეჭირა და ცერად ჩასცქეროდა იატაკს.

- მაშ, რაც შენზედ ვთქვი, არა გაგიგია რა? - წყნარად იკითხა ნესტანმა.

- ჩემზედ, ბატონის ქალო? როდის?

- მაშინ, სამლოცველოში.

- სამლოცველოში? ჩემზედ? - ზებულონი მიტრიალდა და განცვიფრებით მიაჩერდა.

- კარგია, რომ არ გაგიგია... - ახლა ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ნესტანმა


უეცრად გაიღიმა. ძველებურად, კარგად, - ჩანს, მართალია, რომ მზეჭაბუკები მარტო
ზღაპრებში ყოფილან... მაშ, მშვიდობით, ბაყბაყ-დევო.

ნესტანი შეტრიალდა და წავიდა. ნელა მიდიოდა, მაგრამ საყდრის კარამდე შორი არ


იყო. გამოაღო, გავიდა და გაქრა.

თავიდან ზებულონი არაფერს გრძნობდა, მაგრამ მერე, როცა მის გაწაფულ ყურს
ცხენების ფეხის ხმა შემოესმა, რომელიც თანდათან მისუსტდა და ბოლოს სულ მიწყდა,
თითქოს კარი ღია დარჩენოდეს, რაც კი სადმე ნაღველი იყო, სულ მის სხეულში
შემოვიდა, იქაურობა აავსო და ბოლოს, ყელში რომ ვეღარ გაეტია და გაეჩხირა, მწარედ,
ბალღივით აქვითინდა.

სიკვდილი

ნაშუადღევს, როდესაც ყურს ფლოქვების შორეული ხმა მოსწვდა და ქვემოთ, მთის ძირას,
ტყეთა გამყოფ ვიწრო მდელოზე, მხედრებიც გამოჩნდნენ, ზებულონმა ქურანა შეკაზმა,
შეჯდა და გზას გაუდგა.

დიდხანს იბრძოდა, დიდხანს იქნევდა ხმალს, დიდხანს ღვრიდა სისხლს და ქართლის


მდინარეებს წითლად ღებავდა, მაგრამ სიკვდილს ვერსად გადააწყდა. ბოლოს,
ბრძოლით დაღლილი, წლებით გათეთრებული და მარტოობით გულდაბერებული,
მიხვდა, რომ ამაო ყოფილა სიკვდილის ძებნა, ისევე, როგორც სიცოცხლის ძებნა
ყოფილა ამაო. მისი წილი სიცოცხლეცა და სიკვდილიც შორს დარჩენილიყო,
ზებულონისა და ზებულონის გამთიშავი ყრუ კედლის მიღმა. ამიტომ, მას შემდეგ, რაც
ულმობელმა ბედმა ნედლი ბალღი ერთბაშად პირქუშ კაცად აქცია და სიყმაწვილის
ჭრელი მინდვრებიდან ნაადრევად გამოაძევა, მისი ცხოვრება იყო არა ცხოვრება, არამედ
ცრუ და უსაგნო ჩვენება, რომელსაც ხმალი არ ჭრის და ტყვია არ ეკარება, როგორც
ზღაპრის დევს არ ჭრის ხმალი და არ ეკარება ტყვია, ვინაიდან მისი სული სადღაც,
რომელიღაც ბებერი მუხის ძირას, მიწაშია ჩაფლული. ამას რომ მიხვდა, გადაწყვიტა
იარაღი აეყარა და წყაროსთვალში წასულიყო ნამდვილი სიცოცხლის, ნამდვილი
სიკვდილისა და ნამდვილი ზებულონის საძებნელად. მაგრამ განა როდის მიუშვია ბედს
ნებაზე, რომ ახლა მიეშვა! რაკი ბრძოლაზე ხელი აიღო, მეფემ სხვა საქმე გაუჩინა: აქ
გამოამწესა, იფნისხევში, ანუ, როგორც იმ საკვირველი გამარჯვების შემდეგ
ქართველებმა ლაღობით შეარქვეს, „სანადიროში“, რათა მეფისავე ბრძანებით
გამოგზავნილი უწვრთნელი ჭაბუკები გაეწვრთნა და მარჯვე მეომრებად და ქვეყნის
საიმედო დამცველებად გამოეზარდა. ზებულონიც წამოვიდა. ან კი სხვა რა უნდა ექნა?..
წამოვიდა და სამი წელიწადი, ღამღამობით, შეგირდები რომ მთელი დღის წვრთნისა და
ვარჯიშის შემდეგ ღრმა, ჯანსაღი ძილით დაიძინებდნენ, თავის პატარა, მიწურ ოთახში
განმარტოებული, შორეულ ბავშვობაში დარჩენილ სიკვდილსა და სიცოცხლეზე
ფიქრობდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაუბედაობას სძლია და, როდესაც მეფე დიდი
ამალით „სანადიროში“ ამობრძანდა აქაურობის დასათვალიერებლად და ჭაბუკთა
წვრთნის სანახავად, წყაროსთვალში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. ცხოვრების მწარე
ქურაში გამოწრთობილს სიმშვიდის ხელოვნება დიაღაც რომ ძვალსა და რბილში ჰქონდა
გამჯდარი, ამიტომ წყნარად იდგა ცალ მუხლზე მეფის წინაშე და იცოდა, უარსაც და
დასტურსაც აუღელვებლად მიიღებდა, მაგრამ გონების თვალწინ უეცრად შორეული და
ბუნდოვანი ჩვენება გაკრთა - ოდესღაც რომ ისახარისგან ბალღური მოუთმენლობით
წყაროსთვალიდან წამოსვლის ნებართვას ელოდა - და გულისგულში წამით მაინც
შეუტოკდა რაღაც. მეფემ თანხმობა ბრძანა. თბილი და მწყალობელი ღიმილით გაუღიმა
და თანხმობა ბრძანა. ძალიან კი მიმძიმს გაშვება, ქართლის ყმაწვილკაცებისთვის შენებრ
კარგ ოსტატს სადღა ვიპოვი, მაგრამ შენ იმოდენა სამსახური გაგიწევია ქვეყნისთვის, აბა,
უარი როგორ გითხრაო. მაშ, ვუბრძანებ, შეგირდები აღარ გამოგიგზავნონ, მხოლოდ,
ვინც აქ არის, ამათი წვრთნა კი უნდა მოასრულო, მერე წადი და ღმერთმა ხელი
მოგიმართოსო. ერთიც იცოდეო, სანამ მე ქართლის მეფე მქვიან, რაც რომ ქვეყანას შენი
სამსახურით ვალი დასდე, ყველაფერი მე მაწევს ვალად, მოკეთედ მიგულე და, თუ
ოდესმე რამე დაგჭირდეს, ჩემი სახელი ახსენეო. ესა ბრძანა, ხელები მხრებში მოჰკიდა და
ზეზე წამოაყენა. ზებულონმა მადლი მოახსენა და მას აქეთ, რაც უფრო ახლოვდებოდა
წასვლის ჟამი, წყაროსთვალის ჩვენება თანდათან ისეთი ხდებოდა, კაცი ცხადისგან ვერ
გაარჩევდი. ზებულონს, რაღა თქმა უნდა, არც მაშინ, როდესაც მეფის წინ ცალ მუხლზე
დაჩოქილი მოთმინებით ელოდა პასუხს, არც მერე, მომდევნო ათი დღის განმავლობაში,
არც წუხელ, როდესაც მოულოდნელად შალვა ჩხეიძემ ამოაკითხა, ეჭვი არ გასჩენია, რომ
ქართლის მეფემ, რაც უთხრა, გულით უთხრა და, რასაც დაჰპირდა, გულით დაჰპირდა.
არა, მეფე დასტურს ყასიდად არ მიბრძანებდაო, ფიქრობდა ზებულონი, მაგრამ ეგ არის,
ახალგაზრდაა ჯერ, გამოუცდელი, და ჰგონია, რაკი მეფეა, იმის ნებაცა აქვს, რისხვა და
წყალობა, როგორც სწადია, ისე დაარიგოსო.

სამი კვირა იყო დარჩენილი შეგირდების დათხოვნამდე, როცა შალვა ჩხეიძე შუაღამისას
ლანდივით უჩუმრად და უხმაუროდ ამოვიდა.

ზებულონმა იდუმალი ალღოთი იგრძნო, რომ ბანაკს ვიღაც მოადგა, თორემ არც
თვალით რამე დაუნახავს და არც ყურით რამე გაუგონია. ცხენიდან რომ ჩამოხდა შალვა,
მაშინღა იცნო და ზღურბლზე გაეგება.

დინჯად, თავშეკავებით მოიკითხეს ერთმანეთი. მერე შინ შევიდნენ, ბუხრის პირას


დასხდნენ პატარა ჯორკოებზე და დარბაისლური მასლაათი გააბეს. ამ მთისა თქვეს, იმ
ბარისა, არც ერთი ჩქარობდა და არც მეორე. უბრალო საქმეზე შალვა არ მოვიდოდა. მით
უფრო, მარტო, შუაღამისას და ფარულად. ზებულონი მიმხვდარი იყო, რომ რაღაც მოხდა,
ვინ იცის, რაღაც ისეთიც კი, რომ დრო არ ითმენდა. მაგრამ წლებით დადინჯებული,
ცხოვრებაგადახდილი, დიდგზაგამოვლილი კაცები აბა დროის მოუთმენლობას როგორ
აჰყვებოდნენ!

ისხდნენ და ბაასობდნენ. მერე გაჩუმდნენ და ჩუმად ისხდნენ. ბოლოს, როცა დრო უკვე
სიჩქარეს ვეღარ დასწამებდა, შალვამ თქვა: - მეფეს შენი შეპყრობა და ქალაქს ჩაყვანა
უბრძანებია.

ზებულონი ბუხარს ჩასცქეროდა. ცეცხლი ნელ-ნელა ინავლებოდა და ნაცარში ჩარჩენილ


მუგუზალს თევზის ქერცლივით ედებოდა თხელი ფერფლი. ნეტა რას მემართლება
მეფეო, წყნარად გაიფიქრა. განა გაუკვირდა, ვერ მიხვდა, რა დაეშავებინა მეფისთვის, და
გულის სარკმლიდან ცნობისწადილმა გამოიხედა, თორემ, ამქვეყნად რომ საკვირველი
არა არის რა, ეს რა ხანია იცოდა. პასუხს არ ჩქარობდა, რადგან ნაჩქარევი პასუხი
ნამდვილი არ იქნებოდა. იჯდა ჩუმად და მოთმინებით ელოდა, ვიდრე ეს მოულოდნელი
ცნობა გულის აღელვებულ ტყეს გააღწევდა და გონების მშვიდ, ნათელ მინდორზე
გავიდოდა. მერე თავაუღებლად თქვა: - ჩანს, ვიღაცამ გააქეზა მეფე.

- ქაიხოსრო ბატონიშვილმა, - შალვაც ბუხარს ჩასცქეროდა, - ქაიხოსრო ბატონიშვილმა


იმთავითვე ავად დაგადგა თვალი. ალბათ მიზეზიც უნდა ჰქონდეს. მეფეს კი, თავადაც იცი,
ახლა, როცა ქვეყანა მოზიდულ მშვილდსა ჰგავს, ნება არა აქვს, ერთი კაცის გულისთვის
ქაიხოსრო ბატონიშვილი მტრად გადაიკიდოს.

ზებულონი ერთი კაცი იყო. გაუნძრევლად იჯდა, უხმოდ ჩასცქეროდა ცეცხლს და შალვამ
რომ ვარაუდად თქვა, ქაიხოსრო ბატონიშვილს ალბათ მიზეზიც უნდა ჰქონდესო, ამაზე
გუნებაში ეღიმებოდა. განა არა, მის ადგილას თავადაც ასე ვარაუდად იტყოდა, რომ
მოუშუშებელ ჭრილობას არ შეჰხებოდა, მაგრამ ისე ვერ იტყოდა, არ წაბორძიკებულიყო
და ენა არ დაბმოდა, შალვამ კი მშვიდად და უბრალოდ თქვა, თითქოს მართლა არა
იცოდა რა. ტყუილად ხომ არ შეარქვეს „ბიძის ფეხი“! შესახედავად არა ჰგავდა; თხელი
იყო, მაღალი, მოხდენილი. არც მწარე-მწარე ლაპარაკი იცოდა. მაგრამ სხვა მხრივ კი
მართლა ბიძის კვალს მიჰყვებოდა და აკი ისეთი დადგა, დიდი ხანია მის უკითხავად
ქართლში აღარაფერი წყდებოდა. ქებას რომ გააგონებდნენ, ღიმილით იტყოდა, მე სამი
ისეთი ოსტატი მყავს გამოცვლილი, ჩემს ადგილას კუნძი რომ ყოფილიყო, ისიც კი კაცად
იქცეოდაო. ეს სამი ოსტატი ჯერ იოველ ბატონიშვილი იყო, მერე ზებულონი და ბოლოს
თავად ბიძამისი ბექა. შალვას დედა იმერელ ჩხეიძეს ჰყავდა, მაგრამ, ქმარი რომ მეფის
წინააღმდეგ შეთქმულებისთვის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, იქაურობა მიატოვა,
ქართლს მოაშურა და მამის ოჯახს დაუბრუნდა. დისწული ბექას უმცროს ძმასავით
უყვარდა და ისე პატრონობდა, მამა შვილს ვერ უპატრონებდა. თხუთმეტი წლისა რომ
შეიქნა, იოველ ბატონიშვილს მიაბარა. შალვამ იქ ხუთი წელი დაჰყო და, როგორც
ამბობდნენ - აბა, ზებულონს ამეებისა რა გაეგებოდა - ერთი საუკეთესო მწიგნობარი და
სწავლული გახდა. მერე ორი წელი ზებულონი წვრთნიდა. ბუნებით მამაცი იყო, მარჯვე,
მოხერხებული, და მალე ისე დაოსტატდა, აღარც ზებულონს უდებდა ტოლს და აღარც
ბექას. ამის შემდეგ ოთხი წელი ბიძის გვერდით გაატარა და, თუ ზებულონთან იარაღით
ბრძოლას სწავლობდა, ახლა უიარაღოდ ბრძოლაში გაიწაფა...

ზებულონმა ნელა ასწია თავი, ერთი შეავლო თვალი შალვას და ისევ ცეცხლს ჩააშტერდა.
შალვა ხუთი თუ ექვსი წლით უმცროსი იყო, მაგრამ მასაც კარგად დასტყობოდა ხანი.
წარბებშიც კი თეთრი გამორეოდა...

ქაიხოსრო ბატონიშვილს დიაღაც რომ ჰქონდა მიზეზი. ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი ისა,
რომ ისკანდერ-ხანის ვაჟი იყო, და მეორეც ისა, რომ ნესტანის ვაჟი იყო. მაგრამ ამ ორ
მიზეზს ხმამაღლა არ იტყოდა. ხმამაღლა სათქმელად სხვა მიზეზი უნდა ეშოვნა.

მუგუზალი ნახევრად უკვე დაიფარა ფერფლით. ზებულონმა ახლა ის გაიფიქრა, ალბათ


წყაროსთვალში ასვლას ვეღარ შევძლებო, და გულზე ნაღველი შემოაწვა.

რაკი ზებულონი დუმდა, დუმილი შალვამ დაარღვია: - არ კი გეგონოს, მოკვლას


გიპირებენ.

ეს ცნობა უფრო საკვირველი იყო და ზებულონი დიდხანს ელოდა, ვიდრე შალვას


სიტყვები გონების სინათლეზე გააღწევდნენ, მერე თქვა: - მაშ, რას მიპირებენ?

- თვალების დაწვას, - წყნარად თქვა შალვამ, თავი მოატრიალა და წამით ზებულონის


თვალებს შეხედა. მერე, მცირე დუმილის შემდეგ, განაგრძო, - ქაიხოსრო ბატონიშვილს
ბარემ მოკვლა ერჩია, მაგრამ მეფემ არ დაანება და ბოლოს თვალების დაწვაზე
გაჩერდნენ, - აქ ცოტა ხანს კიდევ გაჩუმდა და, რომ განაგრძო, ხმის კილოში სულ ოდნავ
გაუკრთა ღიმილი, - ბალღია ჯერ, მაგდენი არ იცის.

ზებულონის გულის უფსკრულში ზვირთი აიზიდა, თითქოს მძინარე ნადირმა გაიღვიძა და


წამოიზლაზნაო. თავად ზებულონი გაუნძრევლად იჯდა და ამ არამკითხე ზვირთს უამურად
ჩასცქეროდა. მერე, მუგუზალმა რომ გაიტკაცუნა და ნაპერწკლები შხეფებივით გაჰყარა,
ზვირთი უკანვე დაეშვა.

- ბალღია... - დაუდასტურა და გონების თვალწინ ისახარი დაუდგა. მაშინ ერთი ცერად


გახედა შალვას, ხომ არ ვუთხრა, რომ მამაჩემი ისახარი ცალთვალა იყოო. იმავ წამს
ისახარი ლანდივით გაქრა და მის ადგილას მეფე გაჩნდა. ჭაბუკი მეფე, როგორც
სიჭაბუკეს შეჰფერის, წრფელი იყო, პირდაპირი და გულკეთილი. მუდამ უკეთესი ეწადა,
მაგრამ გამოუცდელობის გამო ზოგჯერ უარესი გამოსდიოდა.

ზებულონს არა ერთი და ორი თვალებდათხრილი კაცი ენახა და, როცა კი ენახა,
ყოველთვის გული შეკუმშვია და სხეულში მწარე ტკივილს დაუვლია. რომ მიმხვდარიყო,
თუ რასა გრძნობს ადამიანი, რომელსაც თვალისჩინი წართმეული აქვს, ზოგჯერ, სადმე
თავისთვის განმარტოებული, თვალებს დახუჭავდა და წარმოიდგენდა, რომ მთელი
სიცოცხლე ასე თვალდახუჭული უნდა დარჩენილიყო, ვერასოდეს დაინახავდა იმას, რასაც
წამის წინ ხედავდა, მუდამ შავ, გაუვალ სიბნელეში იქნებოდა დანთქმული. ამის
წარმოდგენაზე ძარღვები მოუდუნდებოდა, გულ-გვამი გაუხურდებოდა და იმით
განცვიფრებული, რომ კაცი შეიძლება ვერაფერს ხედავდეს და მაინც ცოცხალი იყოს,
საჩქაროდ ახელდა თვალებს. მეფეს, ეტყობა, სიცოცხლე უფრო მეტად
მოსაფრთხილებელი ჰგონია, ვიდრე თვალისჩინი...

- მაშ, რაკი ეგრეა, გაცლა მიჯობს, - თქვა ბოლოს.

- მეც ეგრე ვივარაუდე, - ამ სიტყვებით შალვა წამოდგა, - ახლა კი წავალ. დროით უნდა
დავბრუნდე, ემანდ ეჭვი არ აიღონ.

დინჯად, თავშეკავებით გამოეთხოვენ ერთმანეთს და შალვა, როგორც უჩუმრად და


უხმაუროდ მოვიდა, ისევე უჩუმრად და უხმაუროდ გაქრა.

შალვა რომ წავიდა, ზებულონი კიდევ დიდხანს იდგა ქოხის კართან მკერდზე
ხელებდაკრეფილი და გაშეშებული.

ირგვლივ ბნელოდა და ისეთი გულისმომკვლელი სიჩუმე იდგა, გეგონებოდათ,


სიკვდილის ცელს გადაუვლია და ეს ამოდენა ქვეყნიერება თვალის დახამხამებაში ერთ
მდუმარე სასაფლაოდ უქცევიაო.

ბოლოს მობრუნდა, ქოხში შევიდა, კვლავ ბუხრის პირას დაჯდა და მიმქრალ ცეცხლს
ჩააშტერდა...

მაშინ კუდიანმა დედაბერმა ჯადოსნური კვერთხი აიქნია და ზებულონის ღამესა და ღამეს


შორის უთავბოლოდ ჩახერგილი ოცდახუთი თუ ოცდაშვიდი წელიწადი კვნესითა და
ბურტყუნით ხევში გადაყარა...

იმ შორეულ ღამეს, პატარა საყდარში მარტო დარჩენილი, ზებულონი ისეთი იყო,


როგორც გულგამოცლილი ხე, რომლის ფუღუროები ქარიშხლის სანავარდო ასპარეზად
ქცეულიყო. ქარიშხალი სტვენითა და ზუზუნით დაქროდა და, რაკი ზებულონს სხეულში
სიცარიელის მეტი არა ჰქონდა რა, სიცარიელეს ედებოდა და ზებულონსაც სიცარიელე
სტკიოდა. ყეფდა და ყმუოდა ქარიშხალი, გააფთრებით აწყდებოდა აქეთ-იქით,
ყინულივით ცივი ენებით ლოკავდა ზებულონის სხეულის კედლებს და ახალ-ახალ
ხვრელებს ეძებდა, რათა ყველგან შეეღწია და ეს დამბლადამცემი ტკივილი ყველგან
შეეტანა.

დიდხანს დათარეშობდა მძვინვარე ქარიშხალი ფუტურო სხეულში, დიდხანს ეხლებოდა


ზარით და ზათქით გაფიჩხულ კედლებს, ბოლოს, რა დაატყო, ზებულონი მეტს ვეღარ
გაუძლებდა, უეცრად გაყუჩდა და გაიტრუნა, რადგან მიხვდა, სიკვდილი ხსნა იქნებოდა,
მას კი ხსნა როდი უნდოდა ზებულონისა, წამება უნდოდა. ამიტომაც გაყუჩდა. ამიტომ
გაიტრუნა. განა ჩადგა, ანდა განა ძალა დაკარგა! რაღაც სხვაგვარი გახდა - ჩლუნგი,
მდორე, ჩუმი, მაგრამ ვეება და მძიმე, თითქოს ქვეყნიერება აითქვიფა და ერთ საშინელ
მაჯლაჯუნად იქცაო. მაშინ ზებულონის ფიქრებმა, რომლებიც, იმ ჯოჯოხეთური
ქარიშხლისაგან დამსხვრეული და მიმოფანტული, აქამდე თავს ვეღარ პოულობდნენ,
ახლა დრო იხელთეს, ყოველი მხრით შეესივნენ და მოგონებები იარებივით გაუხსნეს.

„მე კი მეგონა, ისკანდერ-ხანს ჩემი თავი შენთვის წაართვი!..“

თავში რაღაცამ მძლავრად დაკვესა. ელვამ იელვა, ურიცხვი და უთვალავი ნაპერწკალი


ჯოჯოხეთის ცეცხლივით ამოიფრქვა და ზებულონის სიცარიელე წამით ისეთი ძალით
გაანათა, ყველა ძარღვი ჩაწყდა.

„მე კი მეგონა, ისკანდერ-ხანს ჩემი თავი შენთვის წაართვი!..“

ახლაღა დაინახა ზებულონმა, თუ როგორი სახე ჰქონია ნესტანს მაშინ, როცა ეს უთხრა.
მაშინ ნესტანის სიტყვები დაცინვად მოესმა. ერისთავის ქალს, პაპის ნებიერს,
ამპარტავანს, ჭირვეულს, ნასწავლს, ზებულონის ტლუ და მდაბიური გულისღელვა, მისი
მიამიტური და ცრუ-ზღაპრული შველა - ჩემი სახელი ახსენე და იმწამსვე შენთან
გავჩნდებიო - სიცილად არ ეყო, ბალღურ ქცევად ჩაუთვალა, წყრომის ღირსადაც კი არ
მიიჩნია. მერეც, ბექა ამილახვარს რომ ზვიადი ნიშნისმოგებით უპასუხა, დიაღაც რომ
ქართლის მეფეს ეგ მირჩევნიაო, ასე ეგონა, ჯიბრით უთხრა. ახლაღა მიხვდა ნამდვილს.
ახლაღა დაინახა ნესტანის თვალებში კდემამოსილების გაუბედავი თრთოლა, ზღაპრის
შორეული სხივი და გულისგულიდან მომავალი ჩუმი ძახილი. მაშ, რაც შენზედ ვთქვი, არა
გაგიგია რაო? ზებულონი კი - ლენჩი, ტლუ, ოტროველა - ვერაფერს მიხვდა... ნესტანი
მისთვის ზღაპრის მზეთუნახავი იყო და, აბა, ზღაპრის საზღვარი როგორ გადაელახა? იმას
ხომ ვერ იფიქრებდა, მზეჭაბუკი ვარო? რა იცოდა ზებულონმა, თურმე ზღაპარი თავად
უხმობდა, თურმე კიდევ ერთხელ გაეხსნა ცა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბედნიერების
კარიბჭე. ის კი ვერ მიხვდა, რადგან თვალში ბინდი ედგა, ბრმად გასცდა ზღაპრის
კარიბჭეს და უღრანი ტყიდან გამოსული ისევ უღრან ტყეში შევიდა... გონება
დაბნელებული ჰქონდა, თვალისჩინი დაშრეტილი... ნესტანს თავი ჩაეკიდა და მხრები
ოდნავ უთრთოდა... რა ახლო ყოფილა ზღაპარი! ისე ახლო ყოფილა, როგორც ნესტანის
თმის სურნელი იყო ახლო, როცა ზებულონმა გამოიტაცა და ერისთავის მამულიდან
წამოიყვანა... ეგებ ბედისწერამ გადაწყვიტა ეგრე და ზებულონს არც არაფერი შეეძლო?
ეგებ იმიტომაც გაიღო ზღაპრის კარიბჭე, რომ ბედისწერამ იცოდა, ზებულონი შიგ
შესვლას ვერ გაბედავდა?! რომ გაებედა... მაგრამ ზებულონი ნუთუ თავის თავსა სტირის!..
ისევ დაკვესა რაღაცამ, ისევ იელვა ელვამ, ისევ ამოიფრქვა ჯოჯოხეთის ცეცხლი და
ზებულონის მკერდში გული ისე შეირყა და შეზანზარდა, თითქოს დედამიწა შეირყა და
შეზანზარდაო... ნესტანის სიყვარული განა უბრალო სიყვარული იყო! ნესტანის სიყვარული
იმედი იყო, ნდობა, შიშისგან თავის დაღწევა... აკი იმიტომაც მივდივარ, რომ მეშინიანო.
შიში მინდა დავძლიო და შიშის შიში კი ვერ დამიძლევიაო. ტყეში შევიდეთ, ბაყბაყ-დევოო,
მეშინიან, მაგრამ მაინც შევიდეთო... შესახედავად გაზრდილი და დაქალებული,
სინამდვილეში ისევ ის პატარა გოგონა იყო - წიგნზე თავდახრილი, მკერდზე
ნაწნავებდაფენილი, სანთლების მოლიცლიცე ალით განათებული, თხელი, სუსტი,
ხატივით ფერმკრთალი, ზღაპრის პატარა მზეთუნახავი, რომელიც მას შემდეგ, რაც
გაიზარდა და ნამდვილ ქვეყანაში შემოაბიჯა, მუდამ გულმოდგინედ და მუდამ ამაოდ
მალავდა, რომ ამ ნამდვილ ქვეყანას ვერ შეჰგუებოდა. ვიდრე ზღაპარში ცხოვრობდა,
ოცნების საიმედო აბჯარი ეცვა და შიში არაფრისა ჰქონდა, ზღაპრიდან რომ გამოვიდა და
ნამდვილ ქვეყანაში მოხვდა, რომელსაც ყველაზე მეტად ზღაპარი სძულს, ოცნება
დამსხვრეულ აბჯრად ექცა და გულში შიში ჩაუსახლდა. ერისთავის ქალობა ნიღბად
აიფარა, ტყუილი ამპარტავნობა მოიგონა, ტყუილი სილაღე, ტყუილი სითამამე - როგორც
შეშინებული ბალღი დაიბოხებს ხოლმე ხმას და ჰგონია, ამით შიშს შეაშინებს - მკერდში კი
ჩიტის გული უძგერდა, რადგან თავად ზღაპრისა იყო, ხოლო ყველა და ყველაფერი, რაც
ირგვლივ ეხვია - ნამდვილი ქვეყნისა. განსაკუთრებით პაპას უმალავდა თავის უმწეობასა
და უღონობას, რათა ისედაც სიბერეგამწარებული მოხუცისთვის ახალი დარდი არ
გაეჩინა... თუ ზებულონიც მეახლება, მაშინ ხომ საშიში არა არის რაო... ზებულონს
თავიდანვე მიეჩვია. ვინ იცის, რამდენი ტყუილი და მართალი გაეგო ზებულონის
სიმამაცის, ძალგულოვნებისა და უძლეველობის შესახებ, და ყველა დაიჯერა. ტანად ხომ
ზებულონი მართლა დიდი იყო და ღონეც დიდი ჰქონდა, მერე ერთხელაც, აკი ისე მოხდა,
რომ მის თვალწინ იმ ვეება დათვთან მოუხდა შებმა... ბალღივით შეეჩვია. უშიშრად
იგრძნო თავი მის გვერდით. ამიტომ მთელი არსებით მიენდო, მწედ და მფარველად
დასახა, თავისი უხიფათობის დიდ მცველად დაადგინა. თავად ზღაპრისას, ზებულონიც
ზღაპრისა ეგონა, ამიტომ მშვიდად აიყარა მთელი თავისი შიში, უღონობა, უმწეობა, და
ზებულონს ჩააბარა. ბალღივით დაიჯერა, რომ ზებულონს ყველაფერი შეეძლო, ყველა
განსაცდელისაგან დაიფარავდა, ყველა ხიფათისგან იხსნიდა. ზებულონმა კი მწარედ
გაუმტყუნა ნდობა, მწარედ გაუცრუა იმედი. განა არა, მართლა ყველაფერს შეძლებდა და
მართლა ყველა განსაცდელისგან დაიფარავდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ამის ნება
ჰქონდა. ეს რომ სცოდნოდა, რომ სცოდნოდა, ნესტანს იგი თავის მცველად და
მფარველად გაემწესებინა, ვინ იცის, რა ამბები დატრიალებულიყო ქვეყანაზე, როგორ
შეცვლილიყო და გადასხვაფერებულიყო ყოველივე!.. ერთი ისკანდერ-ხანი რას მიქვია,
თუნდ, რაც კი ქვეყნიერებაზე მეფეებია, ყველა წინ გადასდგომოდა, თუნდ მთელ
ქვეყნიერებას იარაღი აესხა და ზებულონზე წამოსულიყო, ვერას გახდებოდნენ, რადგან
მაშინ ზებულონი მართლა ზღაპრის მზეჭაბუკად იქცეოდა და უძლეველი შეიქნებოდა. ან
ბექა ამილახვრის ჭკუა და მოხერხება რას დააკლებდა, ან სპარსთა ლაშქრის სიმრავლე!
ნესტანის სიყვარულს წინ რა დაუდგებოდა! აბა, ისეთი რა ძალა უნდა გამოჩენილიყო,
ნესტანი წაერთმია! მაშინ ქვეყანაც ვეღარ მოსთხოვდა, ეგ გული ამოიგლიჯე და აქ
მომეცი, მე მჭირდებაო, ეგ შენი სიყვარული ჩემი სიყვარულის სამსხვერპლოზე დადეო...
ვერ მოსთხოვდა. არ ექნებოდა ქვეყანას ამის ნება, რადგან ნესტანის სიყვარული უცხო
ზღაპარია და ყველაფერზედ მაღლა დგას - სამსახურზეც, ვალზეც, ქვეყანაზეც. თავად
ღმერთზეც კი მაღლა დგას... მაგრამ არ იცოდა ზებულონმა... გვიანღა მიხვდა... მაშინ
მიხვდა, როცა უკვე გასწირა და გაიმეტა ის, რისთვისაც ყველაფერი უნდა გაეწირა და
გაემეტებინა... უნდა დაფიქრებულიყო ზებულონი, კარგად უნდა დაფიქრებულიყო და ან
არ უნდა გაებედნა ნესტანის გატაცება, ან, თუ გაბედა და გაიტაცა, მაშინ სხვა ყველაფერი
უნდა დაევიწყებინა ამქვეყნად, სხვა ყველაფრისთვის ზურგი უნდა ექცია, სხვა ყველაფერი
გულიდან უნდა ამოეღო, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით უნდა წაეყვანა, ნანატრ
ზღაპარში დაებრუნებინა. ზებულონმა ეს ვერ შეძლო... სიკვდილიც კი არ დაანება. რა
სასოებით ევედრებოდა ღვთისმშობელს, თავის მოკვლა მაინც შემაძლებინეო!..
ღვთისმშობელს ეგებ შეესმინა გულმდუღარე ლოცვა და შეეძლებინებინა, მაგრამ
ზებულონმა არ შეაძლებინა. წმინდა დანა ხელიდან გამოგლიჯა... თავი მხსნელად
მოაჩვენა და, როცა გულში იმედი ჩაუსახა, მაშინ მოატყუა, მაშინ გამოეცალა, მაშინ
გაწირა...

ზებულონი სხეულს ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ მაჯლაჯუნად ქცეულ ქვეყნიერებას


გრძნობდა, რომელიც ყრუდ და მძიმედ ჩამოსწოლოდა ვეება სიცარიელეს. ზებულონი
თითქოს ცოცხლივ მიწაში იდო, სხეულიც მიწად ქცეოდა, ირგვლივ მიწისა და გაუვალი
სიბნელის გარდა სხვა არაფერი იყო, აღარც ტკივილი იყო, აღარც უტკივილობა,
მხოლოდ გამოფიტული, უგრძნობი და უგონო მოლოდინი დარჩენილიყო იმისა, რომ
მალე სულიც გაიბნეოდა ამ სიბნელეში და ყველაფერი საბოლოოდ გაქრებოდა და
დასრულდებოდა.

მაგრამ სიკვდილი ისე იოლი არ ყოფილა, ზებულონს რომ ეგონა, და ის უძირო და უკუნი
ღამე აკი ბოლოს მაინც გათენდა. პატარა საყდრის ვიწრო სარკმლიდან მღვრიე, ჯერ
კიდევ გამოუძინებელმა განთიადმა ფრთხილად შემოიხედა და ზებულონის
სიცოცხლეგამოცლილ არსებაში რაღაც გამოაღვიძა. ზებულონმა ერთხანს უაზროდ
უცქირა იდუმალ ბურუსში გახვეულ სინათლეს, რომელსაც სქლად ამოევსო სარკმელი, და
ერთბაშად, მოულოდნელად, მაგრამ ისე მტკიცედ, თითქოს მთელი ღამე სწორედ ამაზე
ეფიქროს, გაქცევა გადაწყვიტა. მართალია, გადაწყვიტა თუ არა, წამსვე ისიც იგრძნო,
რომ ეს ამაო და უგუნური საქციელი იქნებოდა, ვინაიდან, რომ გაქცეულიყო, ისე ხომ ვერ
გაიქცეოდა, რასაც უნდა გაქცეოდა, ისიც თან არ წაეღო, მაგრამ მაინც უნდა გაქცეულიყო.
რაც აქამდე სიმართლე ეგონა, ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ქვეყანაც, სამსახურიც,
მოვალეობაც. ნამდვილად თურმე მხოლოდ სიცოცხლე არსებობს. სიცოცხლე და
სიცოცხლის ტკივილი, რომელიც, თუმც კი მოუთმენელია, მაინც უნდა მოითმინო, ვიდრე
ცარიელ სხეულში დატრიალებული გრიგალი, ან მაჯლაჯუნად ქცეული უგრძნობი და
უსხეულო ქვეყნიერება გულის კედლებს გაანგრევს და შიგ შვების სიკვდილს შემოუშვებს.
მოუთმენლის მოთმენა კი მხოლოდ გაქცევით შეიძლებოდა, მხოლოდ მოძრაობით,
მხოლოდ ერთ ადგილზე არყოფნით...

როდესაც მღვრიე განთიადი დაიწმინდა და სარკმელს ახლა კრიალა დილა მოადგა,


ზებულონი თავისი მტკიცე გადაწყვეტილებით საყდრიდან გამოვიდა, მაგრამ იქ გრილმა
ნიავმა გახურებული შუბლიდან ბუღი გადასწმინდა და უეცრად იმაზე დაფიქრდა, თუ სად
უნდა გაქცეულიყო. ერთბაშად გაახსენდა, რომ მისი გამოჩენა არსად არ შეიძლებოდა.
ისკანდერ-ხანს რომ შეეტყო, ზებულონი ცოცხალი იყო, ქართლს ააწიოკებდა. ჩანს, ბექა
ამილახვარს საქმე ისე მოუწყვია, ზებულონი ამ გადაკარგულ საყდარში ცოცხლივ
დაუმარხავს. მაშ, როგორღა უნდა გაქცეულიყო?.. სად უნდა წასულიყო?.. ტყეში უნდა
გავიქცეო, გაიფიქრა და ამის გაფიქრებაზე შვება იგრძნო, რადგან უცებ იმასაც მიხვდა
რომ, როდესაც გაქცევა გადაწყვიტა, თურმე სწორედ ტყეში გაქცევას ვარაუდობდა.
გაქცევა, იმიტომ კი არ ეწადა, რომ გაქცევით ტკივილი დაეყუჩებინა, იმიტომ ეწადა, რომ
ადამიანებს გარიდებოდა. იმის გაფიქრებაზე, რომ ადრე თუ გვიან კვლავ ადამიანებს
უნდა გადაჰყროდა, გულ-მუცელი ეთუთქებოდა და სხეული სევდით ევსებოდა. მთელ
ქართლში უშიშარ კაცად ცნობილ ზებულონს თურმე ადამიანისა ეშინოდა. აქამდე ამაზე
არ უფიქრია, ან თუ უფიქრია, თავს არ გამოსტყდომია, თორემ ადამიანის შიში მუდამ
მოუშორებლივ თან დასდევდა. ამიტომაც უჭირდა ხალხში ყოფნა, ამიტომაც ერჩივნა
მარტოობა. რაც ისახარი მოკლეს და დედაც დამარხა, მას შემდეგ ხომ სულ მთლად
გატყიურდა, სულ მთლად გაუცხოვდა და გაგარეულდა... ნესტანი არ ითვლებოდა...
ნესტანი ამ ქვეყნისა არ იყო, ნესტანი ზღაპრისა იყო... აკი დაკარგა! ამ ბნელსა და ავ
ქვეყანაზე ზღაპარს რა გააძლებინებს! ადამიანები კი ცრუ და ორპირები ყოფილან.
ცხოვრების მდინარე ამღვრეულია და შხამიანი. სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა.
გველეშაპი ყოველივეს ამღვრევს, ყოველივეს შხამავს. ამიტომ ადამიანებიც
ამღვრეულები არიან, შხამიანები, ვერაგები და გაუტანლები... ნადირი სხვაა. ნადირი
ალალია, პირდაპირი, არ მოგატყუებს, მახეს არ დაგიგებს, არაფერს დაგიმალავს და
გულში იდუმალი და მზაკვრული ზრახვა არ უტრიალებს. ეგებ თავად მეც უფრო ნადირი
ვარ და ნადირად უნდა გავჩენილიყავიო, გაუელვა თავში ზებულონს. აკი მუდამ ტყისკენ
მიუწევდა გული! ტყეში, სადაც მხოლოდ ნადირი ეგულებოდა, ადამიანი კი არა,
ყოველთვის მშვიდად იყო, მოსვენებით, ლაღად.

ამ ფიქრებმა გადაწყვეტილება კიდევ უფრო განუმტკიცა და ალბათ შესრულებასაც


მოასწრებდა, ბოლო წამს რომ იმაზე არ დაფიქრებულიყო, ფეხით წავიდე თუ ცხენიც თან
წავიყვანოო. ამ ფიქრს რომ მორჩა და საბოლოოდ დაასკვნა, ცხენი დაეტოვებინა და
ფეხით წასულიყო, რადგან, ვინც ნადირთან ცხოვრებას ამჯობინებს, კიდევაც ნადირივით
უნდა იცხოვროს, უეცრად რაღაც ხმა შემოესმა.

გულმა წამსვე უგრძნო, რომ მის მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელმაც იმ საშინელი ღამის
შემდეგ ესოდენი შვება მოჰგვარა, საფრთხე დაემუქრა და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა,
მაგრამ არ იცოდა, რა ექნა. მოულოდნელობით გაშეშებული, იდგა და დაბნეული
იყურებოდა იმ მხარეს, საიდანაც ხმა მოისმოდა. ვიდრე გონს მოეგებოდა და რამეს
მოისაზრებდა, მუხების ხშირი ტყიდან ჯორზე ამხედრებული კათალიკოსიც გამოვიდა.

ზებულონს კათალიკოსი არასოდეს ენახა. მაგრამ ბექა ამილახვრის დანაბარები


გაახსენდა და მიხვდა, რომ ის უნდა ყოფილიყო.

აბრეშუმივით თეთრი, გრძელი თმა-წვერი ჰქონდა და ისეთი უძრავი, ხმელი, დაღარული


სახე, გეგონებოდათ, მჭედელს გამოუჭედიაო. თავშიშველი იყო. ტანთ ჯვალოს ანაფორა
ეცვა, ნაცრისფერი და ძველი, ფეხთ - გლეხური პაჭიჭები და ქალამნები. კისერზე გრძლად
ეკიდა რკინის ჯვარი.

ზებულონის დანახვაზე კათალიკოსმა მოწყვეტით შეაყენა ჯორი. ერთი წამით შეაყენა,


თითქოს რაღაცამ გააკვირვაო, და მაშინვე ისევ დაძრა. მოდიოდა და თან ზებულონს
თვალმოუშორებლივ უყურებდა. ისე უყურებდა, ვითომ ზებულონის სახე დაწერილი წიგნი
ყოფილიყო და მის წაკითხვას ლამობდა. ზებულონი, რომელსაც მთელი ღამის სიმწარე
ახლა ყრუ ტკივილად ქცეოდა, ამ ტკივილისაგან დაბუჟებული და გაბრუებული,
გაუნძრევლად იდგა და უაზრო მოლოდინით შესცქეროდა. სულ ახლო რომ მოვიდა,
კათალიკოსმა ისევ შეაყენა ჯორი. ერთხანს ასე უცქირა ზებულონს. იჯდა ჯორზე და
უცქეროდა. ბოლოს უთხრა: - მაშ, შენა ხარ მთელ ქართლში სახელგანთქმული
ზებულონი?

ხმა ბოხი ჰქონდა, ძლიერი და გაუბზარავი.

ზებულონმა თვალი აარიდა და განზე გაიხედა. უნდოდა ეთქვა, დიაღო, მაგრამ


წაიბორძიკა და ვერ თქვა, რადგან, ზებულონი რომ იყო, ეს უნდოდა დაედასტურებინა და
არა ის, რომ მთელ ქართლში სახელგანთქმული იყო, „დიაღ“ კი ერთის დასტურიც
იქნებოდა და მეორისაც. ამიტომ შეფერხდა და დაიბნა.

ვიდრე ყოყმანობდა, კათალიკოსი კვლავაც თვალმოუშორებლივ უყურებდა და მისი


დაკვირვებული, გამომცდელი მზერა თავით ფეხამდე უვლიდა. ბოლოს ჯორიდან
ჩამოხდა, გულზე ჩამოკიდებული რკინის ჯვარი მარჯვენა ხელით მაღლა ასწია, ზებულონს
ნელა გამოსახა პირჯვარი და ისევ დაუშვა.

- მე კათალიკოსი ვარ, - ამ სიტყვებით აღვირი, რომელიც ძირს ეთრეოდა, აიღო და ჯორს


კისერზე გადაჰკიდა, - ახლა კი აღარა ვარ, მაგრამ ადრე ვიყავი.

- ვიცი, ბატონო, - თქვა ზებულონმა, იმავ წამს სიწითლემ გადაჰკრა და სწრაფად დაუმატა,
- ვიცი, უწმინდესო.

კათალიკოსმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ზებულონი და ამჯერად, თუმც კი სახე ისევ


ისე უძრავი ჰქონდა, თვალებში წამით თითქოს რაღაც ნაპერწკალი აუკიაფდა.

- ძალიან კი გაგიმწარებია ქართლის მეფე.

მეფის ხსენებაზე ზებულონი აირია და გულმოსულმა თქვა: - მე რა ხელი მაქვს მეფესთან...


თვითონ გამამწარა...

- თვითონ გაგამწარა?.. - დაფიქრებით თქვა კათალიკოსმა და ტუჩები მოპრუწა. მერე


დასძინა. - უკეთესი, თვითონ თუ გაგამწარა.

ამ სიტყვებით შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით წავიდა საყდრისაკენ.

ლამის ზებულონის სიმაღლე იყო, მაგრამ საოცრად გამხდარი, მჭლე, ცარიელი ძვალი და
ტყავი. გამართული კი მიდიოდა. ნაბიჯიც მსუბუქი ჰქონდა.

ზებულონი დაბნეული მისჩერებოდა. მერე ის იყო გაიფიქრა, ეგებ გავტრიალდე და, სანამ
დროა, ტყეს მივცე თავიო, რომ კათალიკოსმა უკანმოუხედავად მოაძახა: - ნუ დაიზარებ
და ეგ ხურჯინი აქ მოიტანე.

ზებულონმა ახლაღა შეამჩნია, რომ ჯორს ხურჯინი ეკიდა. ხურჯინში ცალ მხარეს პურები
მოჩანდა, მეორე მხარეს კი, ეტყობა ტიკჭორა უნდა ყოფილიყო, რადგან, ზებულონმა რომ
ხურჯინი გადმოიღო, მუხლზე წამოედო და შიგ რაღაც რბილად ალაყლაყდა.

- უკეთესი, - თქვა კათალიკოსმა, როდესაც ზებულონმა ხურჯინი საყდარში შეიტანა, - აქეთ


მოიტანე... უკეთესი, თვითონ თუ გაგამწარა... ეს მე და შენი საგზალია: პური, თაფლი,
ნიგოზი, შავი ღვინო, - ამ სიტყვებით კედელში დატანებული განჯინა გამოაღო, - ვინემ
წმინდა ბელზებელი, ღმერთო, მილხინე ცოდვილს, ეპიტიმიას აგვხსნის და ბრძოლის
ველზე გაგვიწვევს, ვინძლო დიდხანს მოგვიხდეს აქ ბერად დგომა.

ზებულონმა ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმას კი ატყობდა, რომ


თავისდამოულოდნელად, ნდობით იმსჭვალებოდა, თითქოს ის, რასაც ცოტა ხნის წინ
ადამიანებზე ფიქრობდა, ტყუილი იყო, ანდა კათალიკოსს არ ეხებოდა. კათალიკოსი კი
თან საქმიანობდა - ხურჯინს ცლიდა და სანოვაგეს განჯინის თაროებზე აწყობდა - და თან
ლაპარაკობდა.

- შენ კი ვერ გაძლებ მარტო პურზე და ნიგოზზე, მაგრამ ირგვლივ ამოდენა ტყეებია,
მოინადირებ რასმე. ეგრე არ არის? იარაღი სადა გაქვს?
- ზედა მაქვს.

- ეგ - ხმალი და ხანჯალი. სხვა?

- სხვა არაფერი წამომიღია.

კათალიკოსმა ერთი შემოხედა, მერე მიტრიალდა და საქმე განაგრძო.

- მე მოგცემ იარაღს. იმ სენაკში ჯერ არ შესულხარ? - ხელი გაიშვირა კარისკენ, რომელიც


ზებულონს აქამდე არც კი შეემჩნია.

- არა.

- კეთილი... - ამასობაში სანოვაგის დაბინავებას მორჩა და განჯინის კარიც მიხურა, - მაშ,


გაგამწარა განა ქართლის მეფემ? - და პასუხს არ დალოდებია, ისე დაუმატა, - ბარემ
ჯორსაც მივხედავ.

ამ სიტყვებით ეზოში გავიდა.

ზებულონიც უკან მიჰყვა და, როცა კათალიკოსმა ჯორს მოუხერხებლად დაუწყო უნაგირის
მოხდა, უთხრა: - მე მოვხდი.

- კარგს იზამ, - მიუგო კათალიკოსმა, გვერდზე მიდგა და, ვიდრე ზებულონი ჯორს უნაგირს
ხდიდა, მის საქმიანობას უყურებდა, თან გაუჩერებლივ ლაპარაკობდა, - ჯორი ერთგული
და საიმედოა. ილია წინასწარმეტყველი ცეცხლის ეტლით დაქროდა. ჰელიოსიც ცეცხლის
ეტლით დაქროდა, თუ ბერძნები არა ტყუიან. კარგი რამ კი უნდა იყოს ცეცხლის ეტლით
ფრენა. შენ რას იტყვი?

კათალიკოსი კითხვითა და მოლოდინით უყურებდა და ზებულონი იძულებული შეიქნა


პასუხი მიეცა.

- რა მოგახსენო... ალბათ, კარგი იქნება.

- ეგ კია, იმ სიშორიდან რომ გადმოიხედავ, ჩვენი მოუსვენარი ფუსფუსი და


გულმოდგინება, ვინ იცის, ცოტა სასაცილო გამოჩნდეს, ან სატირალი, ეგ სულ ერთია, და
ვაითუ ამის გამო ცხოვრებაზე გული გაგვიტყდეს. მე რომ მკითხოს კაცმა, ცეცხლის ეტლს
მაინც ჯორი სჯობს. სხვა თუ არაფერი, ჯორიდან გადმოვარდნა ისე საშიში არ არის. ესეც
არ იყოს, ჯორმა შეჩვევა იცის. ზოგჯერ, როცა გულში ჭუჭყი დაგიგროვდება,
დაელაპარაკები კიდეც. ახლა ის რად ღირს, რომ პატიოსანია და გულიც მუდამ
სიყვარულით უღელავს! ზოგ-ზოგ ეპისკოპოსს კი არა ჰგავს, შეტრიალებული თუ
დაგინახეს, მაშინვე რომ ქვას მოგაყოლებენ ზურგში!

ზებულონს ეჩვენებოდა, რომ კათალიკოსის სიტყვები მის გულში რაღაცას ავსებდა, ისე,
როგორც ღარიდან გადმომდინარე წყალი ავსებს კოკას.

- მეც ეგრე ვფიქრობ, - თქვა ბოლოს, როცა იგრძნო, რომ ის რაღაც აივსო, - კაცს ნადირი
სჯობს.

- ნადირი? - გაკვირვებით ჰკითხა კათალიკოსმა, - განა ჩემი ჯორი ნადირია?

ზებულონი დაიბნა.

- არა... მე ის მოგახსენე, რომ... ჯორი კი პირუტყვია, მაგრამ კაცს ნადირიც სჯობს-მეთქი...

კათალიკოსს ხელები მკერდზე დაეკრიფა, გაუნძრევლად იდგა და დაჟინებით უყურებდა.


მისი მზერა ახლა ისეთი იყო, კაცს რომ თვალებში მზე გიჭყიტინებს და თავი ვერ
აგირიდებია...

ზებულონი უხერხულად აწრიალდა. კათალიკოსმა კი უყურა, უყურა და ჰკითხა: - მაშ, შენ


ფიქრობ, რომ ქართლის კათალიკოსს, გინდაც კათალიკოს-ყოფილი იყოს, ტურა სჯობს?

ზებულონი სულ მთლად აირია.

- მაგას რად ბრძანებ... უწმინდესო... მე განა ეგ მოგახსენე... მე...

- აკი მიგრძნო გულმა, ეგრე ვაგლახად ასვეტილი რომ დაგინახე! - კათალიკოსის ხმაში
ახლა სუსხი გაისმა. შუბლიც შეჭმუხნოდა. - აკი შეგატყე, რომ სიძაბუნე შემოგპარვია! - აქ
მცირე ხანს ჩუმად უყურა, მერე განაგრძო, - ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ
შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან? თუ, რაკი შენ მოჰყვები წუწუნს და სხვა კი
არა, ეს იმის ნიშანია, შენ გტკივა და სხვას არა სტკივა? ნადირი განა სჯობს კაცს, ეგ არის,
ნადირად ყოფნა უფრო იოლია. ჩემმა ჯორმა რომ იცოდეს, მე კათალიკოსი აღარა ვარ,
ეგებ შევძულებოდი და სამსახურზეც უარი ეთქვა, მაგრამ არ იცის და კიდეც ამიტომაა
ჯორი. შენ კი იოლი ცხოვრება მოგიწადინებია. მერედა, რის პატრონს? აბა, აქ მოდი!
მოდი, მოდი! - ეს რომ თქვა, შეიცადა, ვიდრე ზებულონი მივიდოდა, მერე ხელი მკლავში
მოჰკიდა, საყდრისკენ პირით შეაბრუნა, თითი გაიშვირა და განაგრძო, - აგე! შეხედე ამ
საყდარს! გუმბათი მორღვეული აქვს, კედლებს ხავსი მოსდებია, ქარი და წვიმა შლის და
ანგრევს. აი, ეს არის შენი ქვეყანა! ამის პატრონი აპირებ ტურებთან წასვლას და
უზრუნველად ცხოვრებას?

ზებულონს პასუხი არ მიუცია. ცოტა ხნის წინ რომ გულში ნდობის ნამი ჩაეწვეთა, ის ნამი
უკვალოდ გაქრა და გულმოსული ახლა მწარედ ნანობდა, რატომ გაქცევა ვერ
მოვასწარიო. გაქცევა რომ მოესწრო, კათალიკოსის უმართებულო საყვედურსაც
გადარჩებოდა და, რაკი არასოდეს აღარავის ეჩვენებოდა, ყველა დანარჩენ
საყვედურსაც, რასაც მომავალში ალბათ კიდევ არაერთხელ ეტყვიან...

მაინც რას ერჩოდნენ?!

უკვირდა ზებულონს, უკვირდა და ვერ გაეგო, რაღას სთხოვდნენ და რაღას


ემართლებოდნენ. განა ქვეყნის სამსახურში არ აღამებდა და ათენებდა? განა მუდამ
მხოლოდ იმას არ აკეთებდა, რასაც ქედზე მძიმედ დაწოლილი ვალი უბრძანებდა? მაინც
კი საყვედურობდნენ! მაინც უწყრებოდნენ! რატომ, რისთვის? ანდა, რა არის ასეთი ეს
ქვეყანა, რომ, რამდენიც არ უნდა ემსახურო, არა ჰყოფნის და სულ ახალსა და ახალ
სამსახურს ითხოვს? ქართლი განა მიწააო, ბექა ამილახვარმა, ქართლი ხალხია და
ხალხი უნდა გადავარჩინოთო. მაშ, ზებულონი ვინღაა? განა ზებულონი კი ხალხი არაა?
განა ზებულონი კი ქვეყნის შვილი არაა? ქვეყანამ რომ თავის ყველა შვილს ის
მოსთხოვოს, მსხვერპლად შემომეწირეო, ვიღასთვის უნდა ასეთი შეწირულობა? ან იქნებ
ეს მხოლოდ ზებულონის ხვედრია? თუნდაც ეგრე იყოს, სხვა რაღა უნდათ
ზებულონისაგან? განა გული არ ამოგლიჯეს - აქაო და ქვეყანას სჭირდებაო? განა მთელი
შიგანი არ ამოუღეს და ფუტურო ხედ არ აქციეს, რომლის ცარიელ ხვრელებში ახლა
ქარებიღა დაძრწიან?! ნუთუ ეს არ კმარა? ნუთუ მაინც ვერ მოიხადა ვალი ზებულონმა? ან
კი რაღას აქნევს ქვეყანა ფუტუროსა და გულგამოცლილ ხეს? რაღად უნდა? რაღაში
გამოადგება? ტკივილსაც კი არ ანებებენ ზებულონს! გულს ჰგლეჯენ და კიდევ აქეთ
საყვედურობენ, რადა გტკივაო!..

მთელი დღე მოქუფრული დადიოდა და კათალიკოსს თვალს არ უსწორებდა. ზოგჯერ,


კათალიკოსი რომ გამომცდელად მოაჩერდებოდა და რაღაცის თქმას დააპირებდა,
კიდევ უფრო მოიქუფრებოდა და კიდევ მეტი სიჯიუტით ჩააცქერდებოდა მიწას. თავადვე
ატყობდა, რომ მისი საქციელი ბალღის ბუტიაობას ჰგავდა, მაგრამ რა ექნა: როგორც
გული ეუბნებოდა, ისე იქცეოდა. სხვაგვარად არ შეეძლო.

კათალიკოსი მთელი დღე გაუჩერებლივ ლაპარაკობდა. სახე მკაცრი ჰქონდა, ქვასავით


უძრავი, ამიტომ ისე ლაპარაკობდა, თითქოს თვითონ კი არ ლაპარაკობდა, არამედ სხვის
ლაპარაკს უგდებდა ყურს უნდოდ და ურწმუნოდ.

მაგრამ ზებულონის ჩაბნელებული გულიდან გონებაში მალე ნესტანის ხატი ამოცურდა.


ზებულონის მწარე ფიქრები და ზებულონის გამწარებული სიცოცხლე ნესტანმა აავსო და
კათალიკოსის ლაპარაკი უკვე აღარ ესმოდა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ნესტანი
იყო. განა არა, სხვა რამესაც ამჩნევდა. საყდარსაც ამჩნევდა, ტყესაც, მწვანე მდელოსაც,
ცასაც და მიწასაც, მაგრამ ნესტანის ხატი, ჩანს, მისსავ თვალებში იდგა, მისსავ ცრემლში
შეხვეული, როგორც მზე დგას ბალახის წვერზე შემორჩენილ ნამის წვეთში, და რასაც არ
შეხედავდა, წინ ყველაფერს ეს ხატი მოექცეოდა; როცა თვალებს დახუჭავდა, ნესტანის
ხატი გულში გადაინაცვლებდა და ახლა იქ ჩანდა. ამიტომ კათალიკოსის
ნალაპარაკევიდან თითო-ოროლა სიტყვა თუ აღწევდა გონებამდე, დანარჩენი სხეულის
კედლებზევე იმსხვრეოდა და უამური ხმაურით ცვიოდა ძირს. კათალიკოსი ატყობდა, რომ
ზებულონს მისი ლაპარაკი არ ესმოდა, მაგრამ ამას აინუნშიაც არ აგდებდა. თუ
მაინცდამაინც გაგებინებას მოიწადინებდა, ერთსა და იმავეს რამდენჯერმე გაუმეორებდა
და ხმასაც აუწევდა. ასეთ დროს ზებულონი შეკრთებოდა, გამოერკვეოდა,
გამოფხიზლდებოდა და უგულოდ და უხერხულად წაიბურტყუნებდა პასუხს. ზოგჯერ
კათალიკოსი გაჩუმდებოდა, უხმოდ შემოაცქერდებოდა თავისი ღრმად ჩამსხდარი
თვალებით და ისე მოაპყრობდა ბასრ, გამჭოლ მზერას, ზებულონს ეჩვენებოდა, თითქოს
სადღაც, შორეულ საფარში, მტერი ჩამჯდარიყო და თვალს არ აშორებდა. და ამაოდ
წრიალებდა, ამაოდ ცდილობდა დამალვას, იმ საფრიდან ყველაფერი დღესავით ჩანდა.
თუ კათალიკოსს ზებულონის გაწამება სურდა, ერჩივნა ასე უხმოდ და დაჟინებით ეცქირა,
მაგრამ, ეტყობა, თავად ვერ ძლებდა ჩუმად. უცქერდა მცირე ხანს ასე, უცქერდა და მერე
ისევ ლაპარაკს დაიწყებდა.

დაღამებულზე კათალიკოსმა ის კარი გააღო, ზებულონს რომ ადრე არ შეემჩნია, წინ


შეუძღვა და სანთლები აანთო. ზებულონმა მიმოიხედა და ნახა, რომ ეს სენაკი კი არა,
კარგა დიდი დარბაზი იყო. მარცხენა მხარეს, შუა კედელზე, მაცხოვრის ხატი ეკიდა.
კუთხეში იარაღი ეწყო - თოფი, ხმალი და მშვილდ-ისარი. მარჯვნივ, უკანა კედელთან,
სამი ხის ტახტი იდგა.

- ესეც შენი ქვეყანაა, - თქვა კათალიკოსმა.

ზებულონი მოიღუშა, - მაგრამ კათალიკოსს ამჯერად სიტყვა აღარ გაუგრძელებია, ხელი


ერთ-ერთი ტახტისკენ გაიშვირა და უთხრა: - აგერ, იმ ტახტზე დაწექ და დაიძინე.

თვითონ მაცხოვრის ხატის წინ დაიჩოქა და ჩუმი ბუტბუტით ლოცვას მოჰყვა. ნიშებში,
ორთავ მხარეს, სანთლები ენთო და სანთლების იდუმალ, მკრთალ შუქზე მაცხოვრის
ნათელი სახე ცოცხალსა ჰგავდა.

დიდხანს ლოცულობდა კათალიკოსი. ბოლოს სანთლები ჩააქრო, დაწვა და მალევე


დაიძინა.

ზებულონს კი ძილი არც იმ ღამეს მიჰკარებია. კათალიკოსმა რომ დაიძინა და სიბნელე


სამარისებურ დუმილში ჩაიძირა, თითქოს დამწყვდეული ძაღლები გამოუშვესო, აქამდე
გაყუჩებულმა ქარბორბალამ ერთბაშად ამოხეთქა და წუხანდელივით დატრიალდა
გააფთრებული ყეფითა და ღმუილით. მთელი ღამე გამძვინვარებული დათარეშობდა
ზებულონის სხეულში და იქ დაბუდებულ სიცარიელეს აზანზარებდა. მხოლოდ
გამთენიისას, ისიც სულ ცოტა ხნით, ჩასთვლიმა ზებულონს, მაგრამ ქარების ავი ღმუილი
და ყინულივით ცივი ენები არც ძილში ასვენებდა და მზის ამოსვლისას, როდესაც თვალი
გაახილა, უარესად იყო დაღლილი.

ასე გავიდა რამდენიმე დღე. ზებულონი უაზროდ დააბიჯებდა სიკვდილისა და სიცოცხლის


ზღვარზე, სადაც აღარც სიცოცხლეს ედო ფასი და აღარც სიკვდილს. დღისით, თითქოს
კათალიკოსის ლაპარაკის ეშინიაო, მძვინვარე ქარიშხალი სადღაც, გულის ბნელ
ხვრელში შეიმალებოდა და სუნთქვაშეკრული გაიტრუნებოდა, ღამით კი, სიჩუმე რომ
ჩამოვარდებოდა, ისევ წარმოიქოჩრებოდა და ჯოჯოხეთის ჯარას ატრიალებდა.

კათალიკოსი კი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. როცა მოკლედ ეტყოდა რამეს,


ზებულონის მისი ნათქვამი ესმოდა და პასუხსაც აძლევდა, როცა ქადაგივით გრძლად და
გაბმით ლაპარაკს მოჰყვებოდა - უფრო მეტად კი სწორედ ასე შვრებოდა - ზებულონის
გონების კარი თავისთავად იხურებოდა და მწარე, გულისმომკვლელ ფიქრებში შეხვეულს
კათალიკოსის სიტყვები გარედან ისე აცვიოდა, როგორც სეტყვის მარცვლები, რომლებიც
გახურებულ მიწაზე წამსვე დნებიან და ორთქლად იქცევიან. კათალიკოსი ამას არად
აგდებდა, ჯიუტად განაგრძობდა ლაპარაკს და ამ თავისი შეუპოვარი მოთმინებით ბოლოს
და ბოლოს მაინც გაიკვლია გზა ზებულონისაკენ. ჩანს, კათალიკოსმა კარგად იცოდა ის,
რაც ზებულონმა გვიან გაიგო - რომ სიცოცხლის უგუნური სიყვარული უკურნებელი სენი
ყოფილა - და სწორედ ეს მიძინებული სენი გააღვიძა, სწორედ ამ სენის იდუმალ
ნაკადულს ატანდა თავის სიტყვებს, რათა ზებულონის გონებაში შეეღწია და სიცოცხლის
ნამი შეეტანა. ზებულონის გულში, რაღა თქმა უნდა, კვლავაც განუყოფლივ ნესტანი
ბატონობდა. იქ ყველაფერი ნესტანს ეკუთვნოდა და ყველაფერს ნესტანი განაგებდა.
უნდოდა, გაიღიმებდა და ირგვლივ ნათელს მოჰფენდა, უნდოდა, ღრუბლებს
შემოიხვევდა და თავის სამეფოს ქვესკნელივით ჩააბნელებდა. მაგრამ კათალიკოსმა ის
ჩუმი, ცბიერი და აურიდებელი სენი გამოიყენა იარაღად და სიკვდილის საბრძანებელში,
ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლემაც თავისი წილი მოითხოვა. როდესაც ზებულონმა
იგრძნო, კათალიკოსის სიტყვების ნიაღვარს მისი მარტოობის ციხესიმაგრე შეენგრია და
იძულებული შეიქნა, ყური დაეგდო, პირველად ეამა კიდეც, რადგან კათალიკოსი
გარდასულ ამბებზე ლაპარაკობდა, ძველ გმირებს იგონებდა, რომელთაც ქვეყნისათვის
თავის დადება წმიდათაწმიდა ვალად მიაჩნდათ. ამან ზებულონს ბავშვობის წარმტაცი
ზღაპრები გაახსენა, ოდესღაც, ღამით, კოცონის პირას მოსმენილი, და გულიც კი
შეუტოკდა, მაგრამ მერე, როდესაც კათალიკოსი იმ მკრთალ-იდუმალ შუქში გახვეული
წარსულიდან, სადაც თითქოს ზებულონის მისატყუებლად შესულიყო, უკანვე ამოვიდა და
ისევ ამ ცრუსა და ორპირ დროებაში გადმოინაცვლა, ზებულონს სხეულში ჩამალული
ეკლები აეშალა და გული აემღვრა, ვინაიდან კათალიკოსის სიტყვებში ძველებური
ძრახვა და ყვედრება გაისმა.

- რაკი მათი გმირობა მხოლოდ ამბად გაგვიგია, ასე გვგონია, უჩვეულონი და


განსაკუთრებულნი იყვნენ, შუბლზე გამორჩეულობის ბეჭედი ესვათ და სიცოცხლე არად
უჩნდათ. ტყუილია. ეს ყველაფერი ჩვენივ მოგონილია. სინამდვილეში ჩვენებრ უბრალო
ხალხი იყო. ჩვენსავით სიცოცხლე ერჩივნათ სიკვდილს, ჩვენსავით ეშინოდათ ტკივილისა
და ზოგჯერ ჩვენსავით ჭოჭმანობდნენ. მაგრამ რა ექნათ: საქართველოში დაიბადნენ და
სხვა გზა არა ჰქონდათ. მადლი უფალს, კაცი თვითონ არ ირჩევს სამშობლოს და თვითონ
არა წყვეტს, თუ სად დაიბადოს, თორემ ქართლი აქამდე უდაბური და უკაცრიელი
გახდებოდა. ვინ მოიწადინებდა ამგვარ სატანჯველში გაჩენას! ვისაც უკეთესი ბედი აქვს,
ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და, თუ მაინცდამაინც ნადირად ქცევას
მოიწადინებს, შეუძლია კიდეც ნადირად იქცეს, ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა.
ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა ქართლი თავისი
ზურგით უნდა ზიდოს.

ზებულონი სახემოღრუბლული უსმენდა და იმ დროს ნატრობდა, როცა გონების კარი


გადაკეტილი ჰქონდა და შიგ კათალიკოსის ლაპარაკი ვერ აღწევდა. უნდოდა
შეპასუხებოდა, უნდოდა თავი ემართლებინა, უნდოდა ეამბნა, რამდენჯერ სიკვდილის
პირისპირ მდგარა, რამდენჯერ დაუფიქრებლად გადავარდნილა ისეთ ხიფათში,
საიდანაც თავის დაღწევა სასწაულით თუ შეიძლებოდა. უნდოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა
და იმის გამო, რომ ხმას ვერ იღებდა და დამნაშავესავით თავჩაღუნული ჩუმად უსმენდა,
ბრაზი აღრჩობდა და გულსღა ასკდებოდა.

კათალიკოსი კი სულთამხუთავივით ადგა თავს და მწარე სიტყვების შხამს სწორედ იქ


აწვეთებდა, სადაც პირშეუკრავი იარები ეგულებოდა: - ეგებ შენ იმასაც ფიქრობ, რომ,
რაკი ბებერი ვარ, სიყმაწვილე დავიწყებული მაქვს და ამიტომაც ვლაპარაკობ ეგრე,
მაგრამ აბა ერთი ესეც იფიქრე: ვთქვათ და, გაქცეულიყავ და ქალიც გაგეტაცნა,
ისკანდერ-ხანსაც გასხლტომოდი და ბექასაც, იმერეთს გაგეღწია და იმერთ მეფისთვის
თავი შეგევრდომებინა, მეფეს წყალობით შემოეხედნა და შეეფარებინე, სახლიც მოეცა და
კარიც, ადგილიცა და მამულიც, ყმაცა და მსახურიც, ჯვარიც დაგეწერა, ფუძეც გაგეჩინა და
თავი ბედნიერად ჩაგეთვალა. ვითომ მართლა ბედნიერი კი იქნებოდი? ვითომ, ერთ
დღესაც რომ ვინმე დაგიჯდებოდა და გიამბობდა, გაიგე, ქართლში რა ამბავი
მომხდარაო, ერთ ქალ-ვაჟს თურმე ერთმანეთი შეჰყვარებია, ის ქალი კი მეფეს ცოლად
მოუნდომებიაო, ეს რომ ვაჟს შეუტყვია, ქალი გაუტაცნია და გაქცეულაო, მაშინ
განრისხებულ მეფეს, რომელიც ქართველებს ისედაც უნდო თვალით უყურებდა და
მარჯვე შემთხვევას ელოდა, მთელი ქართლი აუწიოკებიაო. ქალის პაპა დილეგში
ჩაუგდიაო, პირველი დიდებული, რომელიც სინამდვილეში თურმე შეთქმულთა მოთავე
ყოფილა და ყიზილბაშებისაგან ქვეყნის დახსნისთვის იღვწოდა, სიკვდილით დაუსჯიაო,
ამდენი და ამდენი თავადი დაუსაჭურისებიაო, ამდენი და ამდენი თავადისთვის თვალები
დაუთხრიაო. გაქცეული ქალის სანაცვლოდ ამდენი და ამდენი ულამაზესი ქალწული
შეუპყრია და შაჰისთვის ფეშქაშად გაუგზავნიაო... მაინც ბედნიერი იქნებოდი? ვერა. ვერ
იქნებოდი ბედნიერი. ახლა უფრო ბედნიერი ხარ, რომ ქვეყნის წინაშე ვალის მოხდა ჯერ
კიდევ შეგიძლია. განა მართლა ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ
ბედნიერებას ანაცვალო!

მწარედ ლაპარაკობდა კათალიკოსი. იმას არა ფიქრობდა, რომ ზებულონი განა საკუთარ
ბედნიერებას მისტიროდა! არა. თავისი თავი არ ადარდებდა. ტლუდ დაბადებული ტლუდ
მოკვდებოდა სადმე. ან მის სიცოცხლეს რა ფასი ჰქონდა, ან მის სიკვდილს! ზებულონს ის
უძიძგნიდა გულ-ღვიძლს, რომ ნესტანს ჯერ გაუჩინა იმედი, მერე კი გაუმტყუნა. ეს იყო
სიკვდილზედ უარესი, თორემ სიკვდილი რა ბედენაა!

ამას არ ფიქრობდა კათალიკოსი. მკაცრი, გაქვავებული სახით კიცხავდა და ტკივილზე


ტკივილს უმატებდა. პირველ ხანებში მაინც დღე ისე არ გავიდოდა, ის არ ეხსენებინა,
ზებულონი რომ ტყეში გაქცევას აპირებდა.

- ეჰ, ბარემ კარგია გაქცევა და შენს ნებაზე ყოფნა, მაგრამ მე და შენ, აბა, ვინ გაგვიშვებს!
მე და შენ ქართველებად და ქრისტიანებად გავჩენილვართ. ქართველობა ჩვენი ხმალია
და ქრისტიანობა - ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა,
ის მეომარია და, ძალიანაც ეგულმძიმებოდეს, მაინც უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი
მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი
ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას
სხეულივით უნდა გრძნობდე და, როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა
გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულზე დადიოდეს და შენს სხეულს თელავდეს.

ზებულონი ალბათ ამდენ საყვედურს ვერ გაუძლებდა. კიდევ კარგი, რომ კათალიკოსი
თუმც კი მუდამ ქვეყანაზე ელაპარაკებოდა, ქვეყნის ერთგულებაზე და ქვეყნისთვის
თავდადებაზე, რაც დრო გადიოდა, იმ სირცხვილს უფრო იშვიათად და იშვიათად
უხსენებდა. იქნებ ესეც იყო მიზეზი, რომ ერთ საღამოს ზებულონს მოეჩვენა, თითქოს
კათალიკოსის გაქვავებულ სახეს სათნოების იერი ედო და მუდამ გამომცდელად
მოპყრობილი თვალებიდანაც სიკეთე და ლმობიერება იმზირებოდა.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც პირველად წავიდა სანადიროდ და ტყე-ტყე წანწალსა და


ნადირის დევნას ცოტა გული გადააყოლა. თვითონ ფიქრადაც არ მოსვლია ნადირობა,
კათალიკოსმა გაგზავნა. ახლა კი, მგონი, დროა ჩვენს ღარიბულ სუფრას ცოტა რამ
წავუმატოთო, უთხრა ერთხელ, მერე ყოყმანით დაუმატა, თუმც ქვეყნიერებას
მოშორებული ვართ, თოფის გასროლა, ალბათ, მაინც საშიშია, და თუნდაც საშიში არ
იყოს, ვაითუ ჩვენმა წმინდა ბელზებელმა დაგვტუქსოსო, ბოლოს ჰკითხა, მშვილდ-ისრის
ხმარება თუ გემარჯვებაო. დიაღო, ზებულონმა მიუგო და სწორედ მაშინ იყო, რომ მთელი
ამ ხნის მანძილზე პირველად გადაურბინა სახეზე ღიმილმა. თქვენ სხვა თქვით, თორემ
იარაღის ხმარება ხომ ზებულონის საქმე იყო, მშვილდი იქნებოდა, ხმალი თუ შუბი...

ზებულონმა მშვილდ-ისარი აიღო, სანადიროდ წავიდა და, ტყეში რომ ნებაზე იგრძნო
თავი, ერთხელ კიდევ გაკრა ფიქრმა, ეგებ უკან აღარ დავბრუნდეო, მაგრამ ეს ფიქრი
უღონო იყო და ხმელი ფოთოლივით მალევე ჩამოვარდა.

კათალიკოსი საყდრის წინ დახვდა. გაუნძრევლად იდგა იქ, პატარა მდელოზე, ზემოთ,
ფერდობისკენ იცქირებოდა და ისეთი იყო, თითქოს რაღაც მძიმე საფიქრალი გასჩენიაო.
ზებულონი რომ დაინახა, სახე გაეხსნა და შორიდანვე შეეხმიანა: - მოხველ?

ზებულონმა გაკვირვებით შეხედა.

- რამე მოხდა, თუ...

- არც არაფერი, - თქვა კათალიკოსმა და გაქვავებულ სახეზე წამით ღიმილი დააჩნდა, -


გულზე უმიზეზო ნაღველი შემომაწვა. ახლა ისევ გადამეყარა.

მაშინ ზებულონს გონების თვალწინ მოულოდნელი და მყისიერი ჩვენება გაუკრთა,


რომელიც ოდესღაც, როცა ჯერ კიდევ ბალღი იყო და ბედნიერი, წყაროსთვალში
არაერთხელ ცხადლივაც ენახა: მარტის ბოლო იყო. უკვე ძალმოკრებილ მზეს ჰაერი
ცხელ, გამჭვირვალე ბუღში აელივლივებინა და ნაზამთრალი სოფელი მონატრებულ
სიმხურვალეში გაეხვია. სახურავებზე დაკიდებულ ყინულის მძიმე ლოლუებს წვეთები
ცრემლებივით სდიოდა და გამლღვარ, აფუებულ მიწაზე პატარ-პატარა, თბილი გუბურები
ჩნდებოდა. ჩვენებამ ერთი იელვა და გაქრა, მაგრამ, სანამ გაქრებოდა, ზებულონმა
ისახარს მოჰკრა თვალი. ისახარი ღობესთან იდგა, ორთავ იდაყვებით ღობეს
ჩამოყრდნობოდა და ცალი თვალით, რომელშიაც გაზაფხულის სითბო თავშეკავებულ
ღიმილად ჩამდგარიყო, სოფელს გასცქეროდა.

აი, მაშინ მოეჩვენა ზებულონს, რომ კათალიკოსს სახე სათნო ჰქონდა და გამოხედვა -
ლმობიერი.

ვახშმად რომ დასხდნენ, კათალიკოსს ნანადირევისთვის პირი არ დაუკარებია;


ჩვეულებისამებრ, ცოტა ნიგოზი და პური შეჭამა და ერთი ჯამი ღვინო დალია. ჩუმად იჯდა
და დროდადრო ზებულონს მოუხელთებელ მზერას სტყორცნიდა. ბოლოს, ზებულონი
რომ უკვე ადგომას აპირებდა, უთხრა: - ერთი ცოდვა დავიდე და, რომ არ გაგიმხილო,
ვერ მოვისვენებ.

ზებულონი შეკრთა.

- ცოდვა? შენ, უწმინდესო?

- სანადიროდ განზრახ გაგგზავნე.

ზებულონმა გაკვირვებით შეხედა და მცირე დუმილის შემდეგ ყრუ ხმით ჰკითხა: -


რისთვის?

- გამოსაცდელად. უფრო ადრე რომ გამეგზავნე, უეჭველად გაიქცეოდი. უფრო გვიან რომ
გამეგზავნე, უეჭველად დაბრუნდებოდი. გაქცევას გულის ღელვა გადაგაწყვეტინებდა,
დაბრუნებას კი სასოწარკვეთა. ამიტომ ისეთ დროს გაგიშვი, რასაც გადაწყვეტდი,
ნამდვილი გადაწყვეტილება ყოფილიყო, უკვე დადინჯებული გულისა და ჯერ კიდევ
დაუჯაბნელი გონების გადაწყვეტილება. რაკი არ გაიქეც, აწ ქართლსაც არა უჭირს რა.

ზებულონს კარგა ხანია უკვე ყოველივე გადაწყვეტილი ჰქონდა და ამიტომ


თვალებდახრილმა წყნარად მიუგო: - სად უნდა გავქცეულიყავ!..

ამ ამბის შემდეგ ზებულონს კათალიკოსზე ცოტა გული მოუბრუნდა და ნელ-ნელა თითქოს


შეეჩვია კიდეც. ოღონდ იმასაც ატყობდა, რომ ისე შეეჩვია, როგორც უცხო რამ
სახილველს შეეჩვევი, რომელსაც თუმც მუდამდღე ხედავ, მაგრამ შორიდან ხედავ, ახლო
კი ვერ მისულხარ, რადგან შუაში გადაულახავი უფსკრულია (მერე ზებულონი არაერთხელ
დაფიქრებულა და დაეჭვებულა კიდეც, ეგებ არც იყო გადაულახავიო, მაგრამ განა
გადაულახავი არ არის უფსკრული, რომელსაც ვერ გადალახავ, და თუ გადალახე, იმას
ვეღარ იპოვი, რისთვისაც გადალახე?).

დილა-საღამოს - დილით ადგომისთანავე, ხოლო საღამოს დაწოლის წინ - კათალიკოსი


მაცხოვრის ხატის წინ დაიჩოქებდა ხოლმე და ხანგრძლივად ლოცულობდა.
ლოცულობდა ჩუმად, ისე, რომ ზებულონს, რომელიც კათალიკოსზე ადრე წვებოდა და
კათალიკოსზე გვიან დგებოდა, არათუ სიტყვები, ხმაც არ ესმოდა. ამის გამო
კათალიკოსის ლოცვა კიდევ უფრო იდუმალი ხდებოდა. ზებულონი სუნთქვას იკრავდა და
გარინდებული მისჩერებოდა. მისი ტახტიდან კათალიკოსისა მხოლოდ ზურგი ჩანდა.
ზურგი და გრძელი, თეთრი თმა. სახე არ ჩანდა. სახე მაცხოვრისა ჩანდა და, როცა ამ
სახეზე მოლიცლიცე სანთლების შუქი ნელა ამოძრავდებოდა, ზებულონს ეჩვენებოდა,
თითქოს შუქი კი არა, თვითონ სახე მოძრაობდა. სახე სუნთქვას იწყებდა, თვალს ახელდა
და ზებულონს ზოგჯერ ასე ეგონა, მაცხოვრის სახე და კათალიკოსის ზურგი შეერთდნენ
და კათალიკოსი მაცხოვრის სახით იდგა მუხლმოყრილი და მაცხოვრის სახით
ლოცულობდა. ასეთ დროს ზებულონის გულში კრძალვა და მოწიწება ისადგურებდა და
კათალიკოსი შორეული, უცხო და მიუწვდომელი ხდებოდა. სამაგიეროდ დღისით, თუ
მაინცდამაინც გრძელ ქადაგებას არ მოჰყვებოდა და უბრალო და ჩვეულებრივ, ნაცნობ
საგნებზე დაიწყებდა ლაპარაკს, თითქოს უფრო ახლობელი ჩანდა, ზოგჯერ ისეთი
ახლობელიც კი ჩანდა, ზებულონს თავად მოუნდებოდა ხოლმე გამოლაპარაკება.

მაგრამ დროდადრო, თავისდაუნებურად, რაღაც გაუგებარი და ბოროტი ძალის


მეცადინეობით, ნესტანს სასახლეში წარმოიდგენდა ისკანდერ-ხანთან ერთად და ბილწი
და დაუნდობელი გონება ისეთ სურათს უხატავდა, რომ თვალთ უბნელდებოდა, ოფლს
ასხამდა, მთელი სხეულიდან გამოწოვილი სისხლი თავში დაუტრიალდებოდა და მის
მკვდარ არსებაში ვიღაც უცხო, აქამდე უცნობი ზებულონი ცოცხლდებოდა, ავი, ველური,
უაზროდ ბოროტი ზებულონი, რომელიც მზად იყო, არა მარტო ისკანდერ-ხანი, არამედ
ყველა სულიერი, ნაცნობიცა და უცნობიც, ახლობელიცა და შორეულიც, კატასავით
წაეხრჩო, მთელი ქვეყნიერება ღრჯო, ავი სიამოვნებით გაესრისა. ასეთ დროს ზებულონს
თვითონვე ეშინოდა იმ მეორე ზებულონისა, ეშინოდა, ამ ბრმა, განურჩეველ სიძულვილს
ლაგამი არ გადაეღრღნა და, რაკი კათალიკოსის გარდა ახლომახლო სხვა არავინ
ეგულებოდა, აზრდაკარგულს კათალიკოსისთვის არა შეემთხვია რა.

თავად კათალიკოსი, არავინ იცის, ვერ ამჩნევდა ამ საზარელ ხიფათს, თუ ამჩნევდა და


ყურადღებას არ აქცევდა.

დრო კი მიდიოდა. უკვე მეოთხე თვე იყო, ზებულონი და ქართლის კათალიკოსი ამ უღრან
ტყეში ჩაკარგულ პატარა საყდარში ცხოვრობდნენ. გაქცევა და ვალისთვის თავის
არიდება ზებულონს რა ხანია გულში აღარ გაუვლია. მეტიც: იმ თავის სირცხვილს რომ
იხსენებდა, ახლა თავადვე უკვირდა, ნუთუ მართლა შევძლებდი, ყველაფერი
მიმეტოვებინა და ტყეში დავკარგულიყავიო. მართალია, მის ტანჯვას ბევრი არა
მოკლებია რა, გულში კვლავაც ურიცხვი პირშეუკრავი იარა ჰქონდა და ზედ ნესტანის
განწირული სიყვარული დააბიჯებდა, მაგრამ დრო მაინც თავისას შვრებოდა: ახლა,
კათალიკოსის ლაპარაკს რომ ყურს უგდებდა, უფრო კი, თუ თავადაც ჩაებმებოდა
საუბარში, ზოგჯერ ნახევარი დღე ისე გაივლიდა, გულის იარები თავს არ შეახსენებდა.

კათალიკოსს შეჩვევით, როგორც ითქვა, შეეჩვია, მაგრამ გაგებით კი ვერა გაეგო რა.
გარდასული დროის გმირებს რომ გაიხსენებდა და გზნებითა და გულმხურვალედ
მოჰყვებოდა მათი თავდადების ამაღელვებელ ამბებს, ზებულონს, ადრე თუ ამის გამო
თავისი სირცხვილი და სულმოკლეობა აგონდებოდა და ჭირის ოფლს ასხამდა, ახლა
უკვე ზოგჯერ გულში ეჭვი შემოეპარებოდა. რამდენჯერ უნახავს, რომ კაცი სწორედ იმაზე
ლაპარაკობს ყველაზე მეტი გატაცებით, რაც თავად არა აქვს. ღატაკს ოქრო-ვერცხლზე
უყვარს ლაპარაკი, გულნამცეცას - დიდსულოვნებაზე, ლაჩარს - სიმამაცეზე. მანუჩარ
ბატონიშვილის რაზმში ერთი ჭაბუკი იყო - მერე ლეკებთან ბრძოლაში დაიღუპა - სულ
მუდამ ქალებზე ლაპარაკობდა, მუდამ თავის სამიჯნურო ამბებს ჰყვებოდა, ზოგჯერ
ისეთებს იტყოდა, ზებულონი სირცხვილისაგან წითლდებოდა. მაგრამ ერთხელ, როცა
საქმე საქმეზე მიდგა, გამოირკვა, რომ იმ საბრალოს ქალისა არა გაეგებოდა რა, რასაც
ჰყვებოდა, ყველაფერი თურმე მოგონილი იყო... ეგებ კათალიკოსიც ამიტომ
ლაპარაკობდა ამდენს მსხვერპლსა და თავგანწირვაზე?.. ზებულონმა კარგად იცოდა,
რომ, როდესაც ისკანდერ-ხანი ქართლის ტახტზე ავიდა, კათალიკოსმა იგი საჯაროდ
შეაჩვენა, მერე კი სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული, რათა ხალხი აემხედრებინა, და რომ
ბექა ამილახვრის მახვილი ჭკუა და მოხერხება არა, ყიზილბაშები ალბათ ასეთი
კადნიერებისათვის სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. განა ეს თავგანწირვა არ იყო? მაგრამ
იქნებ მაშინ დაუფიქრებლობით მოუვიდა, გულისწყრომა ვერ დაიოკა და აჩქარდა? აკი
უკვე აღარ დადიოდა სოფელ-სოფელ, აკი ახლა ზებულონთან ერთად იმალებოდა აქ, ამ
საყდარში...

ასეთი ეჭვი წამით გაჰკრავდა ხოლმე გულში ზებულონს და თავისდაუნებურად


გაიფიქრებდა, ნეტა ერთი, ხიფათი რამ შეგვამთხვია, მაშინ ვნახავ, როგორ შეეცვლება
ხმის კილოო, მერე თავადვე შერცხვებოდა და ისე აარიდებდა თვალს, თითქოს ის, რაც
გულში გაივლო, ხმამაღლა ეთქვას.

ათასში ერთხელ, როდესაც კათალიკოსის სახეზე ლმობიერება გაკრთებოდა, ან


მოუხელთებელი, ძლივშესამჩნევი ღიმილი, ზებულონს სიმწარე წამით გულიდან
გადავარდებოდა და გონების თვალწინ ისახარის ლანდი გაიელვებდა.

მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. ამიტომ ზებულონი უფრო ხშირად თავის იარებს


ჩასცქეროდა და ნესტანზე ფიქრობდა.

მერე და მერე ახალი სადარდებელი გაუჩნდა: უქმად ყოფნამ შეაწუხა. რაც მეტი დრო
გადიოდა, მეტად და მეტად აწუხებდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და კათალიკოსს
შესჩივლა: - ნეტა როდემდე უნდა ვიყოთ ასე განდეგილებივით?

- ვიდრე წმინდა ბელზებელი ბუკსა და ნაღარას არ დაჰკრავს და ბრძოლის ველზე არ


გვიხმობს, - მშვიდად მიუგო კათალიკოსმა.

ზებულონმა იცოდა, რომ კათალიკოსი „წმინდა ბელზებელს“ ბექა ამილახვარს უწოდებდა,


მაგრამ მაინც ჰკითხა: - ბექა ამილახვარზე ბრძანებ, უწმინდესო?

- მაშ, სხვა ვინაა ისეთი, ერთსა და იმავ დროს ბელზებელიც იყოს და წმინდანიც!

- მერედა, ეგ როდის მოხდება? მტერს განა რა ამდენი ყურება უნდა!

- შენთვის არ უნდა. შენ მეომარი ხარ. ომი კი იოლი საქმეა. იმისთვის უნდა. იმიტომ, რომ
მან ომის ბედიც უნდა გადაწყვიტოს... - აქ კათალიკოსი მცირე ხანს დაფიქრებული იდგა,
მერე განაგრძო, - ბექა ამილახვარი ფრთხილობს. იცის, თუ რა უდევს სასწორზე და
ფრთხილობს. სწორსა შვრება. მძიმე ბრძოლა მოგველის და ამ ბრძოლაზე ბევრი რამ
ჰკიდია. თუ დავმარცხდით, შესაძლებელია, სამუდამოდ დავმარცხდეთ. ამიტომ ადვილად
გადაწყვეტა არ შეიძლება.

- იესე ერისთავმა ბრძანა, ისკანდერ-ხანი დაყვავებით დაიწყებს და ქვეყნის გათათრებით


დაასრულებსო... ვაითუ ამდენ ყოყმანსა და ლოდინში დაგვიგვიანდეს...

- გათათრება ეგრე იოლი არ არის. ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს
მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც
კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა. გულში
გვიან აღწევს. ჯერ დრო გვაქვს. ჯერ შეგვიძლია, აუჩქარებლად ვიფიქროთ და
დაკვირვებით ავწონოთ ყოველივე.

მეორე დილით კათალიკოსმა წიგნი აიღო, რომელიც მაცხოვრის ხატის ქვეშ, ნიშაში იდო,
სანთლებს შორის, და ზებულონს გამოუწოდა.

- აჰა! წმინდა სახარება იკითხე. მოთმენასაც გასწავლის და ბევრ სხვა რამესაც.

სახეც ისეთი ჰქონდა და ხმის კილოც, რომ ზებულონმა უცბად ვერ შეძლო ეთქვა, კითხვა
არ ვიციო, და უანგარიშოდ ჩამოართვა წიგნი. რომ ჩამოართვა, მაშინ კი მიხვდა, რომ
თავისდაუნებურად სიცრუე გამოუვიდა, მაგრამ ახლა ამ სიცრუის გამხელისა შერცხვა და
დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მთელი დღე უაზროდ ატრიალებდა წიგნს, ფურცლავდა და
უცნობ ასოებს ჩასცქეროდა, თან ცალი თვალი ერთთავად კათალიკოსისკენ ეჭირა, ხომ
არ შეუმჩნევია, რომ ტყუილად ჩავცქერიო.

მთელი დღე ასე იწვალა. მეორე დღეს, როგორც იქნა, თავს სძლია, წიგნი კათალიკოსს
გაუწოდა და ისე უთხრა, სახეში არ შეუხედავს: - კი არ ვიცი და...

- რა არ ვიცი? - გაკვირვებით ჰკითხა კათალიკოსმა.

- კითხვა... - ძლივს ამოღერღა ზებულონმა.

კათალიკოსმა შუბლი შეიჭმუხნა.

- კითხვა არ იცი? - და ხმას აუწია, - როგორ თუ არ იცი?!


ზებულონი უკვე მიჩვეული იყო კათალიკოსის უმართებულო წყრომას. ამიტომ არც თავი
აუღია, არც პასუხი მიუცია. მიწას ჩასცქეროდა და დუმდა.

კათალიკოსმა კი ერთხანს კიდევ უყურა შუბლშეჭმუხვნით, მერე ჰკითხა: - განა აზნაური


არა ხარ?

- აზნაური გახლავარ, უწმინდესო, - ცოტა გულმოსული კილოთი მიუგო ზებულონმა.

- მერედა, აზნაურმა კითხვა როგორ არ ისწავლე?! - მკაცრად, მწყრალად თქვა


კათალიკოსმა.

ზებულონის თვალწინ წამით მტკივნეული სიცხადით განათდა უზრუნველი ბალღობის ხანა


და მყისვე ისევ ჩაქრა. გულში მწარე ბალღამი დაუტრიალდა, მერე ბალღამი
გორგალივით შეიკრა და ყელში მოებჯინა. ზებულონმა ნელა მოატრიალა თავი და
კათალიკოსს შეხედა. კათალიკოსის სახეზე ახლა წყრომა არ იდგა. წყრომის ნაცვლად
წუხილი იდგა, მწარე, ღრმა, გულისშემძვრელი წუხილი.

და ზებულონმა, თავისდამოულოდნელად, ლაპარაკი დაიწყო.

ყრუ ხმით კი ლაპარაკობდა, ყრუ ხმით და ნელა, მაგრამ გადაბმულად და გაუჩერებლად,


თითქოს ადიდებულმა მდინარემ ჯებირი გაარღვიაო. თავისი ხმა რომ ესმოდა, უკვირდა
და ეშინოდა. თან უკვირდა, თან ეშინოდა, თან სახეზე ალმური ჰქონდა წაკიდებული.

კათალიკოსი თვალმოუშორებლივ უცქეროდა და ჩუმად უსმენდა. ზებულონი ვერ


ატყობდა, როგორი სახე ჰქონდა ამ დროს კათალიკოსს, რადგან თავისი ლაპარაკი
ბურანივით ერტყა ირგვლივ და ამ ბურანს იქით ვერაფერს ამჩნევდა.

ბოლოს, როგორც იქნა, მოათავა.

ახლა, როცა აღარც საკუთარი ხმა ესმოდა და კათალიკოსიც დუმდა, ალმური კიდევ
მეტად მოედო და სახე კიდევ მეტად გაუხურდა.

დიდხანს იდგა მძიმე სიჩუმე. მერე, როდის-როდის, კათალიკოსმა დუმილი დაარღვია. მის
ხმაში ახლა რაღაც ისეთი გაისმა, რაც აქამდე ზებულონს არ შეემჩნია, თუმც, რა იყო ეს, ან
რას ნიშნავდა, ვერ იტყოდა.

- წუთისოფელი ხანმოკლეა. მარტო ცოდვის დადებას ვასწრებთ. სიკეთის ქმნისთვის დრო


აღარ გვრჩება...

კათალიკოსი გაჩუმდა. სიჩუმე კვლავაც მძიმე იყო და ზებულონს სული ეგუბებოდა.


დროდადრო კათალიკოსს ქურდულად შეხედავდა და ნატრობდა, ნეტავ კიდევ თქვას
რამე, რომ ეს უსაშველო დუმილი გაიფანტოსო.

- კარგია, რომ მითხარ, - როგორც იქნა, ამოიღო ხმა კათალიკოსმა, - გული


გაგეწმინდება...

როგორ უნდოდა ზებულონს ეკითხა, ღმერთი თუ შემინდობს, უწმინდესოო, მაგრამ


პასუხისა ეშინოდა და ვერ გაებედა.

კათალიკოსს, თითქოს ზებულონის ნაამბობმა დაამუნჯაო, იმ დღეს ხმა არ ამოუღია. არც


გრძლად უთქვამს რამე და არც მოკლედ. დაფიქრებული სახით დადიოდა და დუმდა.
ზებულონი კი თურმე, თავისდაუნებურად, მის ლაპარაკს ისე მიჩვეულიყო, ახლა მისი
დუმილი უბნევდა ფიქრებს და მთელი დღე მოუსვენრად იყო.
დაწოლის წინ კათალიკოსი ჩვეულებრივზე მეტხანს იდგა მუხლმოყრილი მაცხოვრის
ხატის წინ.

მეორე დილით ლაპარაკის ხალისი ისევ დაუბრუნდა, თანაც ისეთ საგანზე წამოიწყო
საუბარი, რომ ზებულონს აღელვებისაგან გული მკერდში შეუფართხალდა. ახლა კი
მივხვდიო, უთხრა, ამ უღრან ტყეში ღმერთმა თურმე იმიტომ შეგვყარა მე და შენ ერთად,
რომ წიგნი გასწავლოო. სირცხვილია, აზნაურმა კაცმა წიგნი არ იცოდეო. მართალია, არც
ქაღალდი გვაქვს და არც კალამი, მაგრამ ქაღალდად მიწა ვიკმაროთ და კალმად
უბრალო ჩხირი. მთავარი ის არის, საქმეს გული დავუდოთ, და თუ გულს დავუდებთ,
ვინძლო, რამდენიმე თვეში წმინდა სახარების წაკითხვა შეძლოო. ამის გაგონებაზე
ზებულონის გულმა კიდევ უფრო უმატა ძგერას. კათალიკოსმა კი ეზო მოათვალიერა და
ისეთი ადგილი მოძებნა, სადაც მიწა ბალახით არ იყო დაფარული. ის ადგილი ფეხით
დატკეპნა და კარგად მოასწორა, მერე პატარა ჩხირი მოძებნა. ზებულონი მის ყოველ
მოძრაობას ყურადღებით აკვირდებოდა. თან საკუთარი გულისძგერა ესმოდა.
ყველაფერი რომ მოამზადა, კათალიკოსი მცირე ხნით შეყოვნდა და დაფიქრდა. ბოლოს
თქვა: - ჯერ შენი სახელის დაწერას გასწავლი. აბა, კარგად უცქირე.

ამ სიტყვებით ცალ მუხლზე დაიჩოქა, ჩხირი მარჯვენა ხელში დაიჭირა, მარცხენა


ხელისგული მიწას დააყრდნო.

ზებულონი ფეხზე იდგა და ზემოდან დაჰყურებდა.

კათალიკოსმა ჩხირის წვერი მიწაში ჩაარჭო და მარჯვენა ხელმა მოძრაობა დაიწყო.


პატარა ჩხირი პატარა სახნისივით ჩაეფლო მიწაში და პატარა ხნული გაავლო. პატარა
სახნისმა მრგვალი ხნული გაიტანა რბილ მიწაში და, როცა კვლავ იმ ადგილას მივიდა,
საცა დასაწყისში ჩაესო, და ხნული ხნულთან შეაერთა, ზებულონი უცებ შეკრთა, თავი
სწრაფად ასწია და ცას ახედა.

- ვიღაც მოდის!

- რაო? - თქვა კათალიკოსმა და ზებულონს კითხვის თვალით ამოხედა. მერე უცებ მიხვდა,
თუ რა უთხრა ზებულონმა, და გაკვირვებით დასძინა, - ვინ მოდის? - იმავ წამს ისევ
გაჩუმდა, გაიტრუნა და ყური მიუგდო. წამოდგომით არ წამომდგარა, ცალ მუხლზე
დაჩოქილი და ცალი ხელით მიწას დაყრდნობილი აყურადებდა. ბოლოს თქვა, - არაფერი
ისმის...

- ჯერ შორსაა, - მიუგო ზებულონმა, - ხმა გვიან მოაღწევს.

კათალიკოსი ახლა კი წამოდგა.

- მაშ, რა იცი, რომ ვიღაც მოდის?

- ჩიტები დაფრთხნენ. აგერ, მთელმა გუნდმა გადმოიფრინა.

- ნადირი დააფრთხობდა.

- ნადირისგან დამფრთხალს არა ჰგავს. ხმაც ისეთი ჰქონდა, ჩანს, კაცი შენიშნეს.

ამაზე კათალიკოსმა ერთხანს უხმოდ უყურა. მერე თქვა: - ბექას ხალხი თუა... უცხო აქ
როგორ მოგვაგნებს...

- მაინც სიფრთხილე გვმართებს.

- შენ უნდა დაიმალო. შენი გამოჩენა არ შეიძლება.


- ცხენს გავარიდებ. ვინიცობისაა გაცლა დამჭირდეს, ცხენი საშიშია, უჩუმრად ვერ ივლის.

- შენ იცი. თავად რაღას იზამ?

- აქვე დავიმალები ახლომახლო. თუ უცხოებია, შევძლებ ჩუმად წასვლას. შენ კი არ


წამობრძანდები, უწმინდესო?

- მე არავინ მერჩის. ჯობს აქ დავხვდე.

ზებულონმა ცხენი წაიყვანა და კარგა მოშორებით, ტყეში დააბა. მერე უკანვე დაბრუნდა.

- ჯერ კიდევ არა ისმის რა, - უთხრა კათალიკოსმა, - ეგებ შეცდი?

- ისმის, - მიუგო ზებულონმა და ყური მიუგდო, - ერთ კაცია. თუ კაცი არა, ცხენი კი
ნამდვილად ერთია.

მცირე ხნის შემდეგ ფლოქვების ხმა გაძლიერდა და კათალიკოსმაც გაიგონა.

- მაშ, დაიმალე. თუ მოყვარეა, ხელით განიშნებ. სად იქნები?

- მე დაგინახავ. ამ საყდრის წინ, საცა არ უნდა იყო, დაგინახავ. მარჯვენა ხელი ასწიე და
მაგით მივხვდები, რომ მოყვარეა.

- ეგრე ვიზამ.

ზებულონი მცირე მანძილზე გასცდა საყდარს და ზემოთ, ტყეში, დიდი, ორტოტა წაბლის
უკან დადგა, ისე რომ ტოტსა და ტოტს შორის მთელი საყდარი და საყდრის წინა ეზო
ხელისგულივით ჩანდა.

ცოტა ხნის შემდეგ მხედარიც გამოჩნდა. ზებულონი დააკვირდა, მაგრამ ვერ იცნო. აქამდე
არასოდეს ენახა. სრულიად ახალგაზრდა იყო, თითქმის ყმაწვილი.

სწრაფად მოაგელვებდა თეთრ ცხენს. ზედ საყდრის წინ მოზიდა აღვირი და მკვირცხლად
ჩამოხტა.

კათალიკოსი ღიმილით შეეგება და ზებულონი მიხვდა, რომ მტერი არ უნდა ყოფილიყო.

მხედარმა კათალიკოსს თავი დაუკრა, მერე ხელზე ემთხვია, თან რაღაც უთხრა.

კათალიკოსმა მარჯვენა ხელი შემართა და, როცა ზებულონი ტყიდან გამოვიდა და


ქვემოთ დაეშვა, თქვა: - აგერ!

უცნობი ჭაბუკი ზებულონისკენ მოტრიალდა და, ზებულონი რომ მიუახლოვდა, ახლა მას
დაუკრა თავი.

- შალვა ჩხეიძეა, ბექას დისწული, - უთხრა კათალიკოსმა ზებულონს, მერე ჭაბუკს


მიუბრუნდა, - შინ შევიდეთ და ყველაფერი წვრილად გვიამბე.

- საამბობი არც არაფერია, - დაიწყო შალვამ, როცა საყდარში შევიდნენ და დასხდნენ, -


მაგრამ საფრთხე კი, ჩანს, დიდი გველის, რადგან ბიძაჩემი ბექა საგონებელშია
ჩავარდნილი.

შალვას სუფთა და ნაზი სახე ჰქონდა და თაფლისფერი თვალები, რომლებსაც ხან


კათალიკოსს მიაპყრობდა, ხან ზებულონს.

მისმა ნათქვამმა ზებულონი შეაკრთო. ბექა ამილახვარი თუ საგონებელში ჩავარდა, საქმე


მართლა ვერ ყოფილა კარგად!

შალვამ განაგრძო: - ამ საყდარში თქვენი დარჩენა აღარ შეიძლება. მალე აქ ყიზილბაშები


მოვლენ. ბექასაც, დიდ ბატონიშვილსაც, პაპუნა ბარათაშვილსაც და კიდევ ბევრ სხვას
მსტოვრები ჰყავთ მიჩენილი. იბრაჰიმ-ხანი იმთავითვე არ ენდობოდა ბიძაჩემს, მაგრამ ამ
ბოლო ხანს, ეტყობა, რაღაც სუნი იკრეს და მეფეც დააეჭვეს. შეთქმულების ირგვლივ
უხილავი ბადე იქსოვება.

- ბექასგან მიკვირს, - თქვა კათალიკოსმა, - განა რა იმდენი სპარსი დიდებული ახლავს


ისკანდერ-ხანს, რომ მოთავე ვერ გამოუცნია!

- ეგ ოღონდაც რომ იცის ბექამ, უწმინდესო! - მიუგო შალვამ, - მოთავეცა და ყველა


დანარჩენიც. მოთავე ხოჯა ისმაილია. მეფის ჟამთააღმწერი. ეგ რომ იცის, იმიტომაც
გაიგო, რომ აქ მოსვლას აპირებენ. მაგრამ საშიში სხვა რამეა და ბადეც სხვაგან იქსოვება.
ბადეს ქართველ მოღალატეთა გუნდი ქსოვს და სწორედ მათი ვინაობა ვერ დაუდგენია
ბიძაჩემს. სპარსები ისე საშიში არ არიან, როგორც ქართველები. ქართველებმა ბევრი
ისეთი რამ იციან, რომ, რაც არ იციან, ისიც შეუძლიათ ამოჩხრიკონ. ამიტომაა საჭირო
მათი მიკვლევა, სანამ შეთქმულების მტკიცე საბუთი დაუჭერიათ ხელთ. ახლა საქმე
დასწრებაზეა.

შალვა მცირე ხნით გაჩუმდა და კათალიკოსმა ჩაურთო: - მაინც კი მიკვირს ბექასგან...

- მანდ საკვირველი არაფერია, - უთხრა შალვამ, - განა ვერ მიაკვლევდა ბექა, მაგრამ
საქმეც ეგ არის, ისე უნდა მიაკვლიოს, იმათ ვერაფერი შეიტყონ. თუ შეიტყვეს, რომ
გამჟღავდნენ, მაშინ მთელი ამ ბადიდან მხოლოდ ნაწილის ამოგლეჯას შევძლებთ,
დანარჩენს ისევ დავკარგავთ. გარდა ამისა, ისკანდერ-ხანსაც უფრო დავაეჭვებთ. ბექას
სხვა გეგმა აქვს. თუ შეძლო და ისე მიაგნო, რომ იმათ ეჭვი არაფერი გაუჩნდათ, მაშინ
მათს ნაქსოვს იმგვარად შეუხამებს და შეუფარდებს თავის მოქმედებას, რომ
მოღალატეებს ჩვენს წისქვილზე ასხმევინოს წყალი.

ზებულონმა მკაფიოდ დაინახა ბექა ამილახვარი, მსუქანი, ჩაკურატებული,


სახეგაბადრული. მაგრამ ქვეშქვეშა, ცბიერი, ყოვლისმხილველი.

ამ დროს შალვამ თქვა: - ამიტომ უფრო გამომგზავნა ბიძაჩემმა. დავალება გამომატანა


ზებულონთან.

ზებულონმა გაკვირვებით შეხედა.

- მიბრძანე.

შალვა მთელი ტანით შემობრუნდა.

- როგორც გითხარით, მალე აქ ხოჯა ისმაილის ხალხი მოვა. ბექას ეჭვი აქვს, რომ
ყიზილბაშებს რომელიმე ქართველ მოღალატეთაგანი უნდა ახლდეს თან. დარწმუნებით
არ იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ ეგრე იქნება. თუ ეგრე იქნა, - შალვამ თვალებში შეხედა
ზებულონს, - ეგებ გამიგო, ვინ არისო, ბიძაჩემმა. ოღონდ დიდი სიფრთხილეც გიბრძანა,
ისკანდერ-ხანმა ისე იცის, ვითომ ბექამ საკუთარი ხელით მოგკლა, ამიტომ, თავი რომ
გაამჟღავნო, ყველაფერი დაიღუპება. მაგრამ მარტო შენი გაუმჟღავნებლობაც არ კმარა.
ერთი ფოთოლიც კი ვაგლახად არ უნდა შეირხესო, ბიძაჩემმა. ეჭვი თუ გაუჩნდათ, რომ
მათი კაცი ვინმემ შენიშნა, თვითონვე მოკლავენ ეჭვმიტანილს, თავად კი სიფრთხილეს
გაიათკეცებენო. ბექას მოღალატე ცოცხალი და საღსალამათი სჭირდება. ერთი ძაფი
სჭირდება, რომ მთელი მათი ნაქსოვი ნელ-ნელა დაარღვიოს და მუჭში მოიქციოს. ასე
რომ ხიფათი დიდია და სიფრთხილეც დიდი გმართებს. თუ დაატყო ჭირს, გაეცალეო,
ბიძაჩემმა, გაფუჭებას გაუკეთებლობა სჯობსო.

შალვა გაჩუმდა. ზებულონი ერთხანს გულში სწონიდა ყოველივეს. მერე უთხრა: - ორი რამ
მაფიქრებს: ერთი ის, რომ შესაძლებელია ღამე მოვიდნენ და სიბნელეში სახე ვერ
გავარჩიო, მეორეც, გარჩევით კი გავარჩიო, მაგრამ ვერ ვიცნო. სხვა მანდ ძნელი არა
არის რა.

- ბიძაჩემმაც ეგრე თქვა. თუ ღმერთი არ გადაგვიდგა, კაცის გასაკეთებელს ზებულონი


გააკეთებსო.

ზებულონს გულში ეამა ბექასგან შექება. და, რომ არ შემჩნეოდა, სწრაფად თქვა: - თავად
რას აპირებ? უკანვე უნდა გაბრუნდე, თუ...

- არა. სანამ ამ საქმეს ავად თუ კარგად მოვრჩებით, ბექამ შენს ხელქვეითად გამამწესა და
შენი ბრძანების მორჩილი ვარ. მერე კი ორთავეს ახალ სამალავში წაგიყვანთ.

- კეთილი. მაშ, აქაურობას ახლავ გავეცალოთ და ზემოთ, ტყეში დავბანაკდეთ, - ამ


სიტყვებით კათალიკოსს მიუბრუნდა, - თუ შენც ბრძანებ, უწმინდესო.

- ამ საქმისა შენ უკეთ იცი, - მიუგო კათალიკოსმა, - და შენ ბრძანე.

ზებულონს ამაზე სიწითლემ გადაჰკრა. მერე შალვას მიუბრუნდა: - მაინც როდის შეიძლება
გამოჩნდნენ?

- არ ვიცი. ეგებ ხვალ, ეგებ ზეგ, ეგებ რამდენიმე დღის შემდეგ.

კათალიკოსი და შალვა ზებულონმა წინ გაუშვა, თან აუხსნა, თუ სად უნდა


დალოდებოდნენ. თვითონ ცოტა ხანს დარჩა და იქაურობა ბეჯითად მოათვალიერა,
რათა, ყიზილბაშები რომ მოვიდოდნენ, საეჭვო არა დახვედროდათ რა. პირველ
ყოვლისა, საყდრის წინ, მდელოზე, ის გზა გასინჯა, რომლითაც შალვა მოვიდა, და ცხენის
ფლოქვების მიერ გათელილი ბალახი ხელით სათითაოდ გაასწორა. ჩანახშირებულ
ცეცხლს ზემოდან ნაცარი მოაფრქვია, რომ მნახველს ცეცხლი უფრო ძველი
მოსჩვენებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. საყდრის კუთხესთან ერთხანს მკერდზე
ხელებდაკრეფილმა დაფიქრებით უცქირა პატარა სახნისის მიერ გავლებულ პატარა,
მრგვალ ხნულს, მერე ჩაიმუხლა, ხნულიდან ამოყრილი მიწა ისევ ხნულში ჩაყარა და
ხელით მოასწორა: კათალიკოსის ქალამნების კვალიც მოასწორა, რომელიც იქ მიწის
დატკეპნისას დარჩენილიყო. საყდარი გულმოდგინედ დაათვალიერა, ორი ტახტი ასწია
და კედელზე ააყუდა, მესამე, რომელზედაც კათალიკოსი იძინებდა ხოლმე,
ხელუხლებელი დატოვა. თოფი, მშვილდი თავისი ისრებით და ხმალი აიღო, საყდრის
შემოგარენი კიდევ ერთხელ ყურადღებით მოათვალიერა, ფერდობს შეუყვა, ტყეში
დატოვებული ცხენი ახსნა და დათქმული ადგილისკენ გასწია.

მთელი კვირა მოუხდათ ლოდინი. ლამის იმედიც კი გადაუწყდათ. ღამეს ღია ცის ქვეშ
ათევდნენ. ბანაკის გამართვა ვერ გაბედეს, რადგან, ვინიცობისაა მოულოდნელი და
გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო, აქაურობას ისე გაცლოდნენ, მტერი კაცის კვალს
არსად წაწყდომოდა და ეჭვი არ აეღო.

ყველაფერი კარგად, გულმოდგინედ აწონ-დაწონეს და გეგმაც დააწყვეს. ყიზილბაშები


რომ გამოჩნდებოდნენ, შალვა ჯორითა და ცხენებით აქვე დარჩებოდა. კათალიკოსი
ბანაკსა და საყდარს შუა წინასწარ შერჩეულ ადგილას ჩასაფრდებოდა, საიდანაც
საყდარი და საყდრის წინა პატარა ეზო კარგად ჩანდა. კათალიკოსის თან წაყვანას
ზებულონს გული არ უშვრებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ეგრე ამჯობინა. კათალიკოსი
არწმუნებდა, თუ მოღალატე თავადიშვილია, არ შეიძლება, არ ვიცნოო. თვითონ კი,
ზებულონი, აბა იმდენს ვის იცნობდა, რომ საკუთარი თავის იმედი ჰქონოდა! სამაგიეროდ,
დიდი სიფრთხილე გამოიჩინა: ისეთი ადგილი შეურჩია, სადაც საიმედოდ იქნებოდა
დამალული და, თუ ვინიცობისაა მომხდურები, საყდარში რომ არავინ დახვდებოდათ,
ზემოთ წამოვიდოდნენ, ბანაკში დაბრუნებასაც მოასწრებდა, რათა მერე, შალვასთან
ერთად, ტყე-ტყე გადასულიყო ქედზე. თვითონ ზებულონი სხვა გზით წავიდოდა და
მომდევნო ღამეს დათქმულ ადგილას შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს, ერთი კვირის
თავზე - მზე უკვე კარგა შორს იყო გადახრილი დასავლეთით - ზებულონმა თქვა: - მოდიან.

შალვა წამოიწია, გაიტრუნა და ყური მიუგდო. მერე ზებულონს გაკვირვებით შეხედა.


თქმით არაფერი უთქვამს.

ერთხანს სამივენი ჩუმად იყვნენ, ზებულონმა თვალი დახუჭა, დაიძაბა, ყური გაიმახვილა.
ბოლოს თქვა: - ექვსი ცხენია.

შალვამ ისევ ისე გაკვირვებით შეხედა, მაგრამ ხმა არც ახლა ამოუღია.

ზებულონი კვლავაც დაძაბული, გარინდებული, თვალდახუჭული აყურადებდა. ხანი რომ


გამოხდა, თავი გადაიქნია.

- ცხენებიდან ჩამოხდნენ, - მერე კათალიკოსს მიუბრუნდა, გამომცდელად შეათვალიერა,


წამით ის ძველი თანამებრძოლი გაახსენდა, სამიჯნურო ტყუილებს რომ გატაცებით
ჰყვებოდა ხოლმე, და ერთი გაფიქრება დაეჭვებით გაიფიქრა, ემანდ არ შეშინდეს და
უდროო დროს ისეთი არა ჩაიდინოს რა, თავი გავამჟღავნოთო, მაგრამ კათალიკოსის
მშვიდმა და უძრავმა სახემ ეჭვი მალევე გაუქარწყლა და უთხრა, - წავიდეთ, უწმინდესო.

კათალიკოსი წამოდგა. სახეზე წამით ის ღიმილი დააჩნდა, ათასში ერთხელ რომ


გამოჟონავდა ხოლმე, და ზებულონს შერცხვა, რადგან მოეჩვენა, რომ ეს ღიმილი მისი
დაეჭვებული მზერის პასუხი იყო.

ფრთხილად დაეშვნენ ქვემოთ. მალე კათალიკოსისთვის შერჩეულ საფარს მიაღწიეს.


კათალიკოსი საფარში მოეწყო, მერე, ზებულონიც რომ იქვე ჩამოჯდა, გვერდით,
გაკვირვებული ჩურჩულით ჰკითხა: - განა შენ უფრო ქვემოთ არ უნდა ჩახვიდე?

- ადრეა. ჯერ ვნახოთ, რას აპირებენ.

ერთხანს ჩუმად ისხდნენ. მერე ზებულონმა თქვა: - ხმა აღარ ისმის. ჩანს, სადღაც
გაჩერდნენ.

- გაჩერდნენ? მერედა ეს რას უნდა მოასწავებდეს?

- თუ თათბირობენ, არაფერია, ითათბირონ. თუ დაღამებას ელიან, ცუდი ნიშანია.

კათალიკოსმა ზებულონს შეხედა და ხანგრძლივად დააცქერდა. მერე წყნარად, სასოებით


თქვა: - ღმერთო, შენ შეაჩვენე ქართლის ყველა მტერი და ორგული!..

მზე უკვე გადაიწვერა და შორს, მაღალი მთის უკან იწყო ჩაშვება.

- ჩანს, მართლა დაღამ... - ის იყო, შეწუხებული ხმით დაიწყო კათალიკოსმა, რომ


ზებულონმა სწრაფად შეაწყვეტინა.

- ჩუ! - და დაძაბულმა მიუგდო ყური. მერე, როცა ფეხის ხმა უფრო იგრძნო, ვიდრე
გაიგონა, დასძინა, - ყურადღებით უცქირე, უწმინდესო, ახლა გამოჩნდებიან.
მართლაც, მალე საყდრის წინ ხუთი სპარსი გამოჩნდა. ოთხი მათგანი ელვის სისწრაფით
საყდარში შევარდა, მეხუთე გარეთ დარჩა.

- ხუთნი ყოფილან... - ჩურჩულით თქვა კათალიკოსმა.

- ექვსნი არიან. მეექვსე არ გამოჩენილა, - და დაუმატა, - ეგებ რომელიმე იცანი...

- ერთი ვიცანი, აი, ის უიარაღო, გარეთ რომ დარჩა. ეგ ხოჯა ისმაილია.

- დანარჩენი ოთხი მე ვიცანი. ისკანდერ-ხანის მცველები არიან.

- მეექვსე?

- მეექვსე საფარში დარჩა. და რაკი დარჩა, ჩანს, სწორედ ის არის ქართველი. აბა, მე
წავალ და, თუ დაინახო, აქეთ მოდიან, წამსვე შალვასთან დაბრუნდი.

- ჩემი დარდი ნუ გაქვს. წადი, ღმერთი იყოს შენი შემწე.

კათალიკოსის სახეზე კიდევ ერთხელ გაკრთა სუსტი, თითქმის მოუხელთებელი ღიმილი


და მერე, ზებულონი რომ სწრაფად და უხმაუროდ მიაბიჯებდა ქვემოთ, ის ღიმილი კიდევ
კარგახანს ედგა თვალწინ. „ტყუილად ვეჭვობდი, შეშინდება-მეთქი!“, ფიქრობდა
სირცხვილითა და სინანულით.

თითქმის სირბილით მიიწევდა წინ, თან დროდადრო ტოტებსა და ტოტებს შორის


იხედებოდა, რომ არა გამოპარვოდა რა. ისკანდერ-ხანის მცველები ჯერ ისევ საყდარში
იყვნენ, ხოჯა ისმაილი გარეთ იდგა და საყდრის შემოგარენს ათვალიერებდა. მეექვსე
არსად ჩანდა.

ბოლოს, სწორედ იმ დროს, როცა საყდარს გაუსწორდა, ისკანდერ-ხანის მცველები უკანვე


გამოვიდნენ. ზებულონი შეჩერდა. ხოჯა ისმაილი მცველებს მიუტრიალდა. მცველებმა
რაღაც უთხრეს. ზებულონმა გაიგონა, მაგრამ, რაკი სპარსულად ლაპარაკობდნენ, ვერ
გაიგო. ხოჯა ისმაილმა პასუხი მისცა. მცველებმა ისევ უთხრეს რაღაც. ხოჯა ისმაილმა
ამჯერად მარჯვენა ხელი მოწყვეტით დაიქნია და თავად შევიდა საყდარში. მაშინ
ზებულონმა გზა განაგრძო. გადაწყვიტა, ქვემოდან შემოევლო და მეორე მხარეს
გასულიყო: იმედი ჰქონდა, რომ ის მეექვსე სადღაც იქ იქნებოდა. ახლა ნელა მიაბიჯებდა,
ძალიან ფრთხილად. საყდარს რომ გასცდა, ზემოთ, ტყის პირას, ხეებს შორის, მართლაც
მოჰკრა თვალი ვიღაცას. ზურგით იდგა. სპარსული ხალათი ეცვა და თავზე ჩალმა ეხურა.
ჩალმის ქვემოთ, კეფაზე და კისერზე, ჩაბალახის მსგავსი რაღაც შემოეკრა და ზებულონი
მიხვდა, რომ სახე დაფარული უნდა ჰქონოდა. მარცხის წინათგრძნობამ გულზე მწარედ
უკბინა. მზე უკვე ჩავიდა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. ზებულონი გარინდებული იდგა,
უცნობს მისჩერებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა. ამ დროს ხოჯა ისმაილის ხმა გაისმა. ხოჯა
ისმაილმა ქართულად თქვა: - არავინაა, თავადო.

უცნობი ნელა მოტრიალდა. სწორედ ისე იყო, როგორც ზებულონმა ივარაუდა: სახე
ჩაბალახით ჰქონდა აკრული.

- ჩუმად! - თქვა უცნობმა და ნელი ნაბიჯით წავიდა საყდრისაკენ.

ხმითა და სიარულით ზებულონმა ვერავის მიამსგავსა. მაშინ შეტრიალდა, უკანვე


შემოუარა საყდარს, იქითა მხარეს გავიდა, საიდანაც ყველაფერი უკეთ გამოჩნდებოდა,
ხეს აეკრო და ყური მიუგდო.

- არავინაა, თავადო, - გაიმეორა ხოჯა ისმაილმა, როცა უცნობი მიუახლოვდა.


უცნობი ჩაფიქრდა.

- ნუთუ გაიგო და გაგვასწრო!.. - თქვა ხმადაბლა, მერე ისკანდერ-ხანის მცველებისკენ


გაიშვირა ხელი, - კარგად გასინჯეს?

- კარგად, - მიუგო ხოჯა ისმაილმა, - მეც გავსინჯე.

- ეგებ აქვეა სადმე?

- არა. მეტი თუ არა, ორი კვირა მაინც იქნება, აქ არავინ გამოჩენილა, - აქ ხმაში ოდნავ
დამცინავი კილო შეეპარა, - ტყუილი გამოდგა, თავადო, შენი ეჭვი.

- პირიქით, - უთხრა უცნობმა, - რაკი აქ არავინ დაგვხვდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ


სწორ კვალს ვადგევართ. და თუ ორი კვირის წინ წავიდა აქედან, მაშ, ორი კვირის წინ
იკრა სუნი. ამილახვრის ძაღლს ამილახვრის ალღო ექნება.

- კარგი, ეგრე იყოს. ახლა რა ვქნათ?

- რას ვიზამთ!.. დღეს იმან გვაჯობა, ხვალ ჩვენ ვაჯობებთ. დავასვენოთ ცხენები და უკან
გავბრუნდეთ, - ამ სიტყვებით იქვე ბალახში ჩაჯდა და დასძინა, - ჩირაღდნები არ აანთონ,
უბრძანე.

ზებულონი ფრთხილად, ფეხაკრეფით გაეცალა იქაურობას. მერე ნაბიჯს მოუმატა. რაც


უფრო შორდებოდა საყდარს, მით უფრო უჩქარებდა ფეხს და მალე კათალიკოსთან
გაჩნდა.

- წავაგეთ, - თქვა ჩავარდნილი ხმით და იქვე ჩამოჯდა.

- ვხედავ, - ნაღვლიანად თქვა კათალიკოსმა, - ფრთხილი და წინდახედული ყოფილა


წუნკალი. მაგრამ ქართველი კია?

- ქართველი გახლავს. ქართველია და თავადიშვილი.

- თავადიშვილია?

- დიაღ. ორჯერ დაუძახა ამ უიარაღო სპარსმა, თავადოო. სახელი არ დაუძახნია. ხმაზე და


მიხრა-მოხრაზე კი ვერ ვიცან.

- მაშ, თავადიშვილია?.. - დაფიქრებით თქვა კათალიკოსმა, მერე უცებ მოუტრიალდა, -


რად წამოხვედი? ეგებ სახელიც გაგეგო!

- შენს გასაფრთხილებლად წამოვედი, უწმინდესო. შენი აქ ყოფნა საჭირო აღარაა.


წაბრძანდი შალვასთან და ბარემ გზასაც გაუდექით. ხვალღამ დათქმულ ადგილას
შევიყრებით.

- რას აპირებ?

- არც არაფერს.. აბა, რაღა შემიძლიან! ვიდრე წასულან, ვუთვალთვალებ, ეგებ სახელი
წამოცდეთ. როცა წავლენ, ჩუმად ავედევნები. ცოტაზე, თორემ, ცხენებზე რომ შესხდებიან
ან გაშლილ ადგილს გააღწევენ, მერე რაღა!.. უკანვე უნდა გამოვბრუნდე.

- კარგი... - ისევ დაფიქრებით თქვა კათალიკოსმა, - ეგრე ჰქმენ. ოღონდ, ვიდრე წასულან,
არ მოშორდე. ღმერთი მოწყალეა, იქნებ გაიგო რამე.

- რაც რამ შემიძლიან... - უიმედოდ თქვა ზებულონმა და ზეზე წამოდგა.


- ღმერთი მოწყალეა, - გაიმეორა კათალიკოსმა და უკვე მიმავალს დაადევნა, - ყური
გეჭიროს!

ამასობაში კარგად დაღამდა. ცაზე მთვარე ამოვიდა და საყდარი და საყდრის


შემოგარენი მკრთალ ვერცხლისფერ შუქში გაახვია.

ზებულონმა მალე მიაღწია საყდარს. ხოჯა ისმაილი და მისი ხალხი ჩრდილებივით


ჩანდნენ ეზოში. ხუთნი საყდრის წინ ისხდნენ, ქართველი თავადი კი განცალკევებით იჯდა
ხის ძირას.

ერთხანს ყველანი დუმდნენ. ბოლოს ისკანდერ-ხანის ერთ-ერთმა მცველმა რაღაც თქვა.


ხოჯა ისმაილმა თავი დაუქნია და ქართველ თავადს მიუბრუნდა: - არ წავიდეთ, თავადო?

- წავიდეთ, - მიუგო თავადმა. ხმის კილოში სიმწარე ეტყობოდა.

ამ დროს ზებულონს რაღაც გაუგებარი ხმაური ჩაესმა. შეკრთა და სმენა გაიმახვილა.


ხმაური ისეთი მხრიდან მოდიოდა, რომ ჯერ ხოჯა ისმაილსა და მის ხალხს უნდა გაეგო,
მათ კი ყურიც არ შეუბერტყავთ. ნუთუ მომეჩვენაო, გაკვირვებით გაიფიქრა, რომ ნაბიჯების
ხმა გაარჩია. ამჯერად სახეახვეული თავადიც შეკრთა და წამოიწია. დანარჩენებმაც
ყურები ცქვიტეს. ზებულონი ვერაფერს მიმხვდარიყო და დაბნეული აყურადებდა. ფეხის
ხმა კი თანდათან ძლიერდებოდა.

- ვიღაც მოდის! - ხმადაბლა თქვა უნცობმა თავადმა და წამსვე ხის ჩრდილში შეიმალა.

ყიზილბაშებმა ხმლებზე გაივლეს ხელი. იმავე წამს ზებულონმა ფეხის ხმა იცნო და გული
თითქოს სადღაც უფსკრულში გადაუვარდა.

ცოტაც და მთვარის შუქზე კათალიკოსი გამოჩნდა.

ზებულონი გაოგნებული მისჩერებოდა და აზრს აზრზე ვერ აბამდა.

- ვინა ხართ მანდ?! - მრისხანედ დაიგრგვინა უცებ კათალიკოსმა და მხნე ნაბიჯით


მდელოზე შემოვიდა.

ყიზილბაშები დაბნეული შესცქეროდნენ. უცნობი თავადი კიდევ უფრო მიეკრო ხეს და


ახლა ლანდადღა ჩანდა. ზებულონს თავში გაუგებარი ორომტრიალი ედგა.

კათალიკოსმა ისკანდერ-ხანის მცველები შეათვალიერა, რომელთაც ხმლები ნახევრად


ამოეზიდათ ქარქაშებიდან და ასე იდგნენ გაშეშებულები. მერე ხოჯა ისმაილს დააკვირდა.
ქართველი თავადისკენ არ გაუხედავს.

- შენ ხოჯა ისმაილი არა ხარ? - მკაცრად იკითხა ბოლოს.

- ხოჯა ისმაილი გახლავარ, კათალიკოსო, - მშვიდად მიუგო იმან.

- მერედა, აქ რისთვის მოსულხარ?! - რისხვიანი ხმით თქვა კათალიკოსმა, - აკი ისკანდერ-


ხანმა ჩემი ხელშეუხებლობა ბრძანა?! თუ რჯულის მოღალატე ისკანდერ-ხანს არ
გამოუგზავნიხარ და ქვეყნის მოღალატე ამილახვარმა გამოგგზავნა?!

- ჩვენ შენთან ხელი არა გვაქვს, - ისევ ისე მშვიდად მიუგო ხოჯა ისმაილმა, - აქ შენთვის არ
მოვსულვართ.

- ცრუობ! - დაიქუხა კათალიკოსმა, - მაშ, ვისთვის მოხვედით? ვითომ არ იცი, რომ ამ


არემარეზე ჩემს მეტი კაცი არ ჭაჭანებს! რაო? მოკვლა გაქვს ნაბრძანები ჩემი თუ
ცოცხლად შეპყრობა? - აქ უეცრად ხელი იმ ხისკენ გაიშვირა, რომელსაც უცნობი თავადი
მოფარებოდა, და ხმაში წყრომის ნაცვლად ახლა სუსხიანი დაცინვა გამოურია, - გიცანი,
თავადო, ტყუილად აგიხვევია თავ-პირი! მე რომც დამემალო, ხალხს მაინც ვერ
დაემალები! კარგად დაიხსომე: მთელ ქართლს გავაგებინებ, რომ ქვეყნისთვის
გიღალატნია და იმ ძაღლთაპირი ამილახვრის გოშია გამხდარხარ!

- მით უარესი შენთვის, თუ მიცანი! - ამ სიტყვებით უცნობი ხის ჩრდილს მოშორდა, მთვარის
შუქზე პირდაპირ კათალიკოსისკენ წამოვიდა, სულ ახლო მივიდა, თავი აიღო, სახეში
შეხედა და ჩაბალახი ერთბაშად ჩამოიგლიჯა, - მით უარესი შენთვის, თუ მიცანი! - ავის
მომასწავებელი ხმით გაიმეორა.

მთვარის შუქზე მკვრივი, ხორცსავსე სახე გამოჩნდა, სქელი წარბები, დიდი, კეხიანი
ცხვირი და გრძელი ულვაშები.

ზებულონმა ვერ იცნო. კათალიკოსმა კი ამჯერად მშვიდად და მკაფიოდ თქვა: - წეღან


გეხუმრე, თავადო. ახლა კი მართლა გიცანი: გარსევან ორბელიანი ყოფილხარ, - აქ ცოტა
შეიცადა და მერე ხმისაუწევლად, მაგრამ კიდევ უფრო მკაფიოდ და კიდევ უფრო
გარკვევით გაიმეორა, - გარსევან ორბელიანი ყოფილხარ.

ზებულონის აბურდულ ფიქრებს, როგორც დათოვლილ ხეს შეარხევენ და თოვლი


ერთბაშად დასცვივა, ისე ერთბაშად, მყისიერად დასცვივდა რაღაც, რაც ნისლივით ეკრა
ირგვლივ და ხედვას უშლიდა. გავარვარებულმა ნაკვერჩხალმა ავი შიშინით გაუარა
თავით ფეხამდე და საშინელი წამი დღესავით განათდა. მთელი სხეული ისე ჰქონდა
დაძაბული, რომ არ გაუგია, როგორ წაიღო მარჯვენა ხელი და როგორ ჩაავლო მარცხენა
მხარეზე გადაკიდებულ თოფს. როცა მარცხენა მხარმა გაუგებარი სიმსუბუქე იგრძნო,
მაშინღა მიხვდა, რას სჩადიოდა, ჭირვეული ხელი ძალისძალად მოწყვიტა თოფს და
თავის ადგილას დააბრუნა. ყველაფერი სტკიოდა, რაც კი შეიძლება კაცს სტკიოდეს,
მაგრამ რა ექნა, რომ ნება არ ჰქონდა ისე მოქცეულიყო, როგორც გული ეუბნებოდა!
მუდამ ასე იყო! მუდამ იმას უკრძალავდნენ, რაც გულით ეწადა! განა ვერ შეძლებდა! ერთს
რომ დაკრავდა თოფს, ვიდრე გონს მოვიდოდნენ, მეორედ გატენვასა და დაკვრასაც
მოასწრებდა. დანარჩენებს ხომ ხმლითაც გაუსწორდებოდა. იმ წუპაკს კი ცოცხლად
შეიპყრობდა. განა კვეხნით ფიქრობდა ამას ზებულონი! ღმერთია მოწამე, შეძლებდა!
შეძლებდა, მაგრამ ნება არა ჰქონდა. მით უფრო ახლა, როცა საქმე ისე მოეწყო, როგოც
ბექას სურდა...

ყველაფერმა ამან მყისიერად გაიარა ზებულონის გულსა და გონებაში. კათალიკოსი და


გარსევან ორბელიანი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალით
ზომავდნენ. მერე ორბელიანმა ღრჯოდ თქვა: - ღმერთი-რჯული, შენი სისხლი არ
მდომებია. რა ჩემი ბრალია, რომ შენი ბედი შენ თვითონ ეგრე გადაწყვიტე! - ამ სიტყვებით
ხოჯა ისმაილს მიუბრუნდა, - უბრძანე, თავი წააცალონ!

ზებულონის მარჯვენა ხელი ანგარიშმიუცემლად ისევ თოფისკენ მიიწევდა და, ზებულონი


რომ არ უშვებდა, სიბრაზისაგან კანკალებდა. ზებულონის გულიც კანკალებდა ზებულონის
მკერდში. მაგრამ ზებულონს არ შეეძლო გული და ხელი ნებას მიეშვა. მეტიც: თავს ვერ
მორეოდა, თორემ ახლა, რაკი მოღალატის სახელი და გვარი გაიგო, უნდა
გატრიალებულიყო და უკანვე წასულიყო. ბექა ამილახვრის მშვილდივით მოზიდული ნება,
რომელიც უხილავად ერტყა ირგვლივ და ყოველ მის მოქმედებას სინჯავდა და წონიდა,
სწორედ გატრიალებასა და წასვლას უბრძანებდა.

ხოჯა ისმაილმა სპარსულად რაღაც უთხრა თავის ხალხს, მერე ორბელიანს მიუბრუნდა და
თავი გაიქნია.
- ვერა, თავადო, მეფისგან კათალიკოსის ხელშეუხებლობა გვაქვს ნაბრძანები.

ორბელიანი მკვეთრად შეტრიალდა ხოჯა ისმაილისაკენ და სიბრაზისაგან აკანკალებული


ხმით უთხრა: - ის კი არა გაქვს ნაბრძანები, რომ მოწმე ცოცხალი არ უნდა წავიდეს?!

- ეგ იბრაჰიმ-ხანისგან მაქვს ნაბრძანები. სარდლის ბრძანებას კი მეფის ბრძანება


აღემატება.

ორბელიანი წამით მდუმარედ შესცქეროდა ხოჯა ისმაილს.

- კარგი... - ნელა, გაჭიანურებით თქვა მერე, - სპარსთა აქვთ ნაბრძანები კათალიკოსის


ხელშეუხებლობა. ქართველებისთვის მეფეს არა უბრძანებია რა.

ამ სიტყვებით კათალიკოსს მიუტრიალდა, სახეში შეხედა, პირჯვარი გადაიწერა, სწრაფად


იძრო ხანჯალი და ოდნავ ირიბად, ქვემოდან ზემოთ, მკერდქვეშ მთელი ძალით აძგერა.

ზებულონმა თვალი დახუჭა და გაახილა. ორბელიანი ახლა ხელებჩამოშვებული იდგა და


კათალიკოსს შესცქეროდა. კათალიკოსიც ხელებჩამოშვებული იდგა. მკერდქვეშ
გამოჩრილი ხანჯლის ტარი მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ბრჭყვიალებდა.

ხოჯა ისმაილი და ისკანდერ-ხანის მცველებიც ერთ ადგილას გაქვავებულიყვნენ და


ისინიც კათალიკოსს შესცქეროდნენ.

კათალიკოსი რამდენიმე წამს ისე იდგა, თითქოს არა მომხდარიყოს რა, მერე სუსტი ხმით,
მაგრამ წეღანდელივით მკაფიოდ, თქვა: - გარსევან ორბელიანი ყოფილხარ...

და ჩაიკეცა. ჩაიკეცა, გვერდზე გადავარდა და გულაღმა დაეცა.

ორბელიანმა კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, მერე კათალიკოსის მკერდიდან


ხანჯალი ამოაძრო, მისსავ ანაფორაზე რამდენჯერმე გაუსვა ბრტყლად და, კარგად რომ
გაწმინდა, ქარქაშში ჩააგო.

- წავიდეთ, - თქვა ხოჯა ისმაილმა.

- ჰო, - მიუგო ორბელიანმა და დასძინა, - უბრძანე, ნახონ, ცოცხალი არ იყოს.

ხოჯა ისმაილმა თავადს შეხედა. თავისი ხალხისთვის არაფერი უთქვამს, თვითონ მივიდა
კათალიკოსთან, დაიხარა და სინჯვა დაუწყო. ერთხანს რომ უტრიალა, წამოდგა.

- მკვდარია, - თქვა ქართულად, ისე რომ ორბელიანისკენ არ მიუხედავს, მერე


თავისიანებს სპარსულად უთხრა რაღაც და ხელით ანიშნა, წავიდეთო.

ზებულონი კიდევ დიდხანს დარჩა საფარში და მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როდესაც


ფლოქვების ხმა შემოესმა და იმაშიც დარწმუნდა, რომ ხმა ექვსივ ცხენისა იყო.

კათალიკოსი გულაღმა იწვა. ხელები განზე გადაეყარა. ჯვალოს ანაფორა მკერდთან


წითლად შეღებოდა და მარც-ხენა იღლიასთან, მიწაზე, სისხლის გუბე იდგა. სახე მშვიდი
ჰქონდა, ხმელი, დაღარული და მტკიცე; კაცს ქვისგან გამოთლილი გეგონებოდა.

„გარსევან ორბელიანი“, ჩურჩულით თქვა ზებულონმა და თავისი ხმა რომ შემოესმა, ამით
გაკვირვებულმა უკვე უხმოდ, გულში გაიმეორა, „გარსევან ორბელიანი“.

მერე გატრიალდა, ტყეში შევიდა და ლასლასით აუყვა ფერდობს.

- რა ქენით? - მოუთმენლად, აღელვებული ხმით იკითხა შალვამ, ზებულონი რომ დაინახა,


- კათალიკოსი სადღაა?

ზებულონი მოწყვეტით ჩაეშვა ბალახში. ისე იყო დაქანცული, თითქოს ვეება ლოდი, ოთხი
ვაჟკაცი რომ ძვრას ვერ უზამდა, უსასრულო აღმართში მარტოს ეთრია, რათა ბნელი და
საშიში გამოქვაბული ამოექოლა.

შალვა ახლა უხმო მოლოდინით მისჩერებოდა. ზებულონი ერთხანს თვალებდახუჭული


ჩუმად იჯდა. მერე წყნარად თქვა: - გარსევან ორბელიანი.

შალვა შეკრთა.

- გარსევან ორბელიანი? - თქვა გაკვირვებით და უცებ ხმაში შიში შეეპარა, - კათალიკოსი


სადღაა?

- იქაა, - მცირე დუმილის შემდეგ თქვა ზებულონმა. ყრუდ თქვა, უამურად, მოგუდული ხმით.
სიტყვები ძლივს ამოათრია ყელიდან. მერე თავი ასწია და მთვარის შუქზე რომ შალვას
გაფითრებული, შეშინებული სახე დაინახა, ისევ ჩაჰკიდა. ბოლოს ხმადაბლა, თითქოს
თავისთვის, ჩაილაპარაკა, - ნეტა კაცი რად ღალატობს, შალვავ, ქვეყანას?..

შალვას პასუხი არ მიუცია და დიდხანს დუმილი იდგა. ხანი რომ გამოხდა, დუმილი ჯერ
ზებულონის კბილთა ღრჭენამ დაარღვია, მერე მისივ ავმა, საშიშმა ხმამ: - ის ერჩივნა
გარსევან ორბელიანს, დედის მუცლიდან არ გამოსულიყო!

ვიდრე აიყრებოდნენ და წავიდოდნენ, შალვამ კათალიკოსზე უთხრა, მიწისთვის მაინც


მიგვებარებიაო, მაგრამ ზებულონმა თავი გაიქნია, არ შეიძლებაო. არ შეიძლებოდა.
ცხოვრების ჩარხი გაუგებრად ტრიალებდა, არეულად. შველა ხომ არ შეიძლებოდა და
არა კათალიკოსისა, დამარხვაც არ შეიძლებოდა. ერთიც ვნახოთ და მეორე დღეს უკან
მობრუნებულიყვნენ! ხომ მაშინვე იმას ივარაუდებდნენ, კათალიკოსი მარტო არ
ყოფილაო! მიხვდებოდნენ, რომ გარსევან ორბელიანი გამჟღავნებული იყო, და თავადვე
მოიშორებდნენ, თავადვე მოკლავდნენ. გარსევან ორბელიანის მოკვლა კი, აბა, როგორ
იქნებოდა! ქვეყნის ერთგული შვილები მას ხომ ახლა თვალისჩინივით უნდა
მოფრთხილებოდნენ! მაშ, გაუგებრად არ ტრიალებდა ცხოვრების ჩარხი?!

ზებულონმა რომ კათალიკოსის დამარხვაზე უარი უთხრა, შალვამ ერთი კი შემოხედა და


მერე ორი ღამე, ვიდრე იფნისხევს მიაღწევდნენ, ისე იარეს, ხმა არც ერთს არ ამოუღია.
ჟამიდან ჟამზე უხმოდ გაჩერდებოდნენ, თითქოს წინდაწინ ყოფილიყვნენ
მოლაპარაკებულები, ცხენებს დაასვენებდნენ, უხმოდ მოინადირებდნენ რამეს, ორიოდ
ლუკმას უგემურად გაღეჭავდნენ, მერე ისევ ისე უხმოდ, წინდაწინ მოლაპარაკებულებივით,
შესხდებოდნენ ცხენებზე და გზას გააგრძელებდნენ.

ორი ღამე იარეს და ბანაკს მიადგნენ. შალვამ უთხრა, ამას იქით ეს იქნება შენი
სამყოფელიო, აქ ვერავინ მოგაგნებს, ამ მთების გადაღმაც კი, დიდ მანძილზე,
ძეხორციელი არ ჭაჭანებს, არც ცეცხლის დანთებაა საშიში და არც თოფის გასროლაო.
მერე იქაურობა დაათვალიერებინა, თუმც დასათვალიერებელიც არა იყო რა: უღრან
ტყეში პატარა, მიწური ქოხი იდგა. ქოხს უკან, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ერთი ვეება,
ღრმა და მაღალი დარბაზი-გამოქვაბული იყო. გამოქვაბულს კარი ჰქონდა შებმული.
ოდესღაც თურმე აქ ბერებს ეცხოვრათ და ეს ყველაფერი მათი ნახელავი ყოფილიყო.

მეორე დილით, ალიონზე, როდესაც შალვამ ცხენი შეკაზმა და გასამგზავრებლად


გაემზადა, წასვლის წინ უეცრად ზებულონს მოუტრიალდა და ჰკითხა: - შეგირდად რომ
მოგებარო, არ მიმიღებ?
ზებულონმა გაოცებით შეხედა.

- შეგირდად? განა ჩემგან რა უნდა ისწავლო?

- ხუთი წელი იოველ ბატონიშვილთან დავყავ და, რაც კი რამ წიგნებში სიბრძნეა,
შეძლებისდაგვარად ყველაფერი ვისწავლე. სამაგიეროდ, ბრძოლისა არა გამეგება რა.
ბიძაჩემისგან ბევრი ქება მსმენია შენი. ზოგი რამ ხომ ჩემი თვალითაც ვნახე. თუ მიმიღებ,
მგონია, რომ ცუდი შეგირდი არ უნდა ვიყო.

„ხომ კარგად ვსწავლობ, პაპა?“

ზებულონს გული მოეწურა, ტკივილები აეშალა და, მწარე ფიქრებში ჩაფლული, დიდხანს
დუმდა.

შალვამ მისი დუმილი სხვაგვარად ახსნა.

- არ მიმიღებ?

ზებულონმა თავი ასწია და ჭაბუკს სახეში შეხედა. მხედარი კარგი იყო. ცხენზე ისე იჯდა,
თითქოს ზედ ყოფილიყოს შეზრდილი. მერე კი ზებულონმა ისიც ნახა, რომ ხიფათის
დროს სიმშვიდე არ ღალატობდა. კათალიკოსიც, რომელიც, ჩანდა, ძალიან უყვარდა,
ჩუმად გამოიგლოვა, გულში, ისე რომ ერთი ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია. შესახედავად
კი ცოტა სუსტი ჩანდა. თხელი იყო და სახის კანიც მეტისმეტად ნაზი ჰქონდა. ხუთი წელი
იოველ ბატონიშვილთან ვიყავიო. ზებულონმა კი ვერ მიაღწია იოველ ბატონიშვილამდე.

შალვა მოლოდინით შემოსცქეროდა.

ზებულონმა ცოტა ხანს კიდევ უყურა და თქვა: - თუკი გულით გწადია, რატომაც არ
მიგიღებ!

შალვას სახე გაუბრწყინდა.

- მაშ, ბიძაჩემ ბექას მოველაპარაკები. ვიცი, უარს არ მეტყვის.

შალვა წავიდა და ხუთი თუ ექვსი კვირის შემდეგ ისევ დაბრუნდა. გახარებულმა


შორიდანვე მოაძახა ზებულონს, ბიძაჩემმა ნება დამრთოო, და ამის შემდეგ თითქმის
მთელი ორი წლის განმავლობაში ისეთი თავდავიწყებით ვარჯიშობდა, ისე ბეჯითად და
გატაცებით სწავლობდა ყველაფერს, რომ მის შემხედვარეს, ზებულონს ზოგჯერ სახეზე
გადაჩვეული ღიმილი გადაურბენდა და გულში გადავიწყებული სხივი შემოეჭრებოდა.

ღვთივ მომადლებული ნიჭი და უნარი არ აკლდა და, რაკი ამას დიდი მოწადინებაც ზედ
დაერთო, წლის თავზე უკვე ისეთი გახდა, იტყოდით, ნეტა ქართლის მტრებს მტრად სულ
ასეთი ვაჟები მისცაო.

თუ რომელიმე ხერხი იოლად არ მოჰყვებოდა ხელთ, არც შედრკებოდა, არც


დაღონდებოდა, არც გულს აიცრუებდა; დრომდე ყველა სხვა საქმეს მიატოვებდა და იმ
ურჩი ხერხის შესწავლას ნელა, მუყაითად, განსაცვიფრებელი სიჯიუტითა და
შეუპოვრობით მიჰყოფდა ხელს. შუბის ტყორცნისას მოუვიდა ეგრე. ალღო ვერ აუღო.
მიზანში თუ შეუცდომლად გაუშვებდა, ძალას ვერ მიატანდა, ძალას თუ მიატანდა, მიზანი
უცუდდებოდა. მაშინ, მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე აჩვენა ზებულონმა, თუ რა სიმაღლეზე
და რა სისწორეზე უნდა დაეჭირა შუბი, ხელი რა ადგილას ჩაევლო, ფეხები როგორ
დაედგა და მიწას როგორ დაყრდნობოდა, როგორ მოექნია და მოქნევისას სხეული
როგორ მიეყოლებინა, ტყეში ერთი ადგილი შეიგულა და იქ მარტო, ზებულონის
დაუსწრებლად, ყოველდღე ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობდა, სანამ საწადელს არ
მიაღწია.

რაც ბრძოლის ხელოვნებას შეეხებოდა, ყველაფერში სიტყვაშეუბრუნებლად


ემორჩილებოდა ზებულონს და, როცა ზებულონი რაიმე ახალ ხერხს ასწავლიდა,
თვალებში პატარა ბავშვივით შესციცინებდა.

მალე ოსტატი და შეგირდი ერთმანეს შეეჩვივნენ. შალვა აღტაცებული იყო ზებულონის


სიმარჯვითა და მოქნილობით და თავის აღტაცებას არც ფარავდა. ზებულონმაც გულით
შეიყვარა შეგირდი. თავიდან არ ეგონა, თუ კიდევ შესწევდა ადამიანის შეჩვევისა და
შეყვარების უნარი. ნესტანის უიმედო ნატვრა ნაღვლის ღრუბელივით მუდამ გულში ედგა
და ამ ღრუბლის იქით, განსაკუთრებით, მარტო თუ იყო, ვერც ვერაფერს ხედავდა.
კათალიკოსის სიკვდილის შემდეგ კი მის გამოუნელებელ ტკივილს კიდევ ახალი
ტკივილი დაემატა და მისი დაწყლულებული გული ახალი იარებით დაისერა. იმ ორი
ღამის განმავლობაში, როდესაც შალვასთან ერთად იფნისხევში მდუმარედ მოდიოდა,
მხოლოდ ამაზე ფიქრობდა. და რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო მეტად
რწმუნდებოდა, რომ კათალიკოსის დაღუპვაში ბრალი მას მიუძღოდა. რად წაიყვანა თან,
სათვალთვალოდ რომ წავიდა! რომ არ წაეყვანა, ხომ არაფერი მოხდებოდა!
მოღალატის ვინაობას ბექა მაინც გაიგებდა. ცოტა ალბათ დააგვიანდებოდა, მაგრამ
გაგებით, გაიგებდა. არ უნდა წაეყვანა... გუნებაში ვითომ თავსაც იმართლებდა, აბა
როგორ ვიფიქრებდი, ასეთ რამეს თუ ჩაიდენდაო, მაგრამ, რაკი ჩაიდინა, მაშასადამე,
მოსალოდნელიც იყო, ხოლო თუ მოსალოდნელი იყო, უნდა ევარაუდა კიდეც, ეჭვად უნდა
ეფიქრა. შველა მაინც შეძლებოდა!.. ახლა აქ იქნებოდა, ზებულონთან ერთად... მაგრამ
ზებულონის ბედი ისე ჭრიდა, რომ ზებულონი მუდამ ორ ცეცხლშუა იდგა, მუდამ ისეთი
არჩევანი ჰქონდა, რაც არ უნდა აერჩია, მაინც ბრალეული გამოვიდოდა. კათალიკოსი
რომ ეხსნა, ის ყიზილბაშები უნდა დაეხოცა, მაგრამ ამისთვის ხომ კათალიკოსიც
გაურისხდებოდა და ბექა ამილახვარიც, ისკანდერ-ხანი კი ხოჯა ისმაილისა და ოთხი
ერთგული მცველის მოკვლისთვის, ვინ იცის, რა ცოდვის ჯარას დაატრიალებდა
ქართლში!

ასე კი ფიქრობდა ზებულონი, მაგრამ ეს ფიქრი ვერაფერი ნუგეში იყო. გულს მარტო ის
როდი უთუთქავდა, რომ კათალიკოსი დაიღუპა! ახლა მწარე და უილაჯო სინანულით
აგონდებოდა, რომ, ვიდრე ცოცხალი იყო, ზებულონი სულ მუდამ უბღვერდა, თვალს არ
უსწორებდა, მის გრძელ ლაპარაკს უნდოდ ისმენდა, ზოგჯერ კი თავისი სიბრიყვით გულში
ლაჩრობასაც სწამებდა. ერთი-ორჯერ კი შენიშნა მის სახეზე სიკეთე და სათნოება, მაგრამ
ვერ მიხვდა, რომ ნამდვილი სახე სწორედ ეს იყო. თავდადებაზე და გმირობაზე რომ
ლაპარაკობდა, თურმე ზებულონისთვის კი არ ლაპარაკობდა, თავისთვის ლაპარაკობდა,
თავს იმხნევებდა და იმ საშინელი დღისთვის ემზადებოდა... და კიდევ ის სწვავდა გულს
ზებულონს და ის უკარგავდა მოსვენებას, რომ ტყეში გაქცევას აპირებდა და კათალიკოსი
რომ არა, ვინ იცის, ეგებ გაქცეულიყო კიდეც...

ყოველივე ეს ბალღამივით უტრიალებდა გულში, მაგრამ დროდადრო, როდესაც შალვა


რომელიმე რთულსა და ძნელ საბრძოლო ხერხს კარგად შეისწავლიდა, მტკიცედ
შეითვისებდა, ზედიზედ რამდენჯერმე მარჯვედ და სხარტად შეასრულებდა და
სახეგაბრწყინებული ზებულონს მიუტრიალდებოდა, რათა ოსტატის საბოლოო მსჯავრი
მოესმინა, ზებულონის გაყინულ გულში ზოგჯერ სითბოს ჭავლი გაივლიდა.

ზებულონს ძალიან უნდოდა თავის შეგირდს თვითონვე შეგირდად მიბარებოდა და მისგან


წიგნი ესწავლა, მაგრამ თქმა ვერ გაებედა. ერთი ხანობა იმედი ჰქონდა, შევეჩვევი და
მერე ვეტყვიო, მაგრამ ეს იმედიც ამაო გამოდგა. მას შემდეგ, რაც ერთხელ კათალიკოსმა
მწყრალი გაკვირვებით ჰკითხა, როგორ თუ აზნაურმა კაცმა კითხვა არ იციო, ატყობდა,
თავისი უწიგნურობის გამხელას ეგრერიგად ვეღარ შეძლებდა. სამაგიეროდ, როდესაც
შალვა ზოგჯერ იოველ ბატონიშვილის სასწავლებელზე ჩამოაგდებდა სიტყვას, ხარბად
უსმენდა, ეგებ რამე გავიგოო.

დროდადრო - ორ-სამ თვეში ერთხელ - შალვა შინ მიდიოდა. დედა-შვილი რომ ქართლს
დაბრუნდა, ბექამ მაშინვე გამოუცხადა დას, თავი არ შეივიწროო, რაც ჩემია, ის შენიცაა,
თუ ცალკე გირჩევნია ცხოვრება, რამდენიმე სოფელს, რომლებსაც იტყვი, საკუთრივ
მოგცემ, თუ ჩემთან ყოფნას არჩევ, აგერ შენ და აგერ ეს ჩვენი სახლი და კარიო. დამ
ამილახვარიაანთ მთავარ სასახლეში ამჯობინა ცხოვრება, საგვარეულო მამულში, სადაც
ბექას გარდა მოხუცი დედა და ნაბოლარა და ჰყავდა. და თუმც მეფის სამსახურში მდგარ
ბექას ძნელად თუ უხერხდებოდა სასახლიდან წასვლა, ჩანს, დისწულთან ადრევე იყო
შეთანხმებული და, როდესაც შალვა იფნისხევიდან გაემგზავრებოდა, ფარულად
ხვდებოდნენ ერთმანეთს.

შალვას რომ გაისტუმრებდა ხოლმე, ზებულონს გულზე მძიმე ნაღველი შემოაწვებოდა.


თვითონ ამ უკაცრიელი ხევიდან ვერსად წავიდოდა. რომც წასულიყო, წასვლით რა
შეიცვლებოდა, მაგრამ კაცის გული მოუსვენარია და, როცა ნამდვილი იმედი არა აქვს,
ცრუ იმედს ეპოტინება. ამიტომ ზებულონს ეგონა, თავისუფლება რომ ჰქონოდა, ქალაქს
ჩავიდოდა და, ვინ იცის, ეგებ ნესტანისთვის სადმე თვალი მოეკრა, თუ თვალს ვერ
მოჰკრავდა, ახლო ხომ მაინც დაიგულებდა და მისი გამწარებული სიცოცხლისთვის ესეც
ნუგეში იქნებოდა.

როდესაც შალვა პირველად წავიდა, ზებულონმა გადაწყვიტა, რომ დაბრუნდება, ნესტანის


ამბავს გამოვკითხავო. მართალია იმთავითვე გრძნობდა, რომ გამბედაობა არ ეყოფოდა,
მაგრამ თავს არ უტყდებოდა, გულს იმაგრებდა და შალვას დაბრუნებას მოუთმენლად
მოელოდა.

ვიდრე შალვა გამოჩნდებოდა, ნაპერწკალი იმედიანად უღვიოდა გულში, შალვა რომ


დაინახა, მაშინ კი ერთბაშად მიხვდა, რომ ნესტანის სახელს ვერ ახსენებდა და, თუმცა კი
ერთხანს მაინც ცდილობდა გაუბედაობას გაურჩებოდა, ბოლოს ისღა ჰკითხა, ქვეყნად რა
ხდებაო.

- არაფერი, - მიუგო შალვამ, - ვთათრდებით ნელ-ნელა.

ამაზე ზებულონი უცებ გაალმასდა.

- აკი ვამბობდი! მერედა, სანამ უნდა ვითმინოთ?!

- განა მართლა ვთათრდებით! - გაიცინა შალვამ, მერე სიცილი მოიშორა და უკვე


დადინჯებით განაგრძო, - გათათრების სენი მცირე ხნით კარგიც კია. ცხადად გამოჩნდება,
ვინ ერთგულია ქვეყნისა და ვინ - ორგული.

ორგულის ხსენებამ ზებულონს გარსევან ორბელიანი მოაგონა. შალვას ერთი ცერად


შეხედა და ჩუმი წყრომით თქვა: - იმ ძაღლთაპირ ორბელიანს ალბათ თვალისჩინივით
უფრთხილდებით და ისე უვლით, ცივ ნიავს არ აკარებთ!..

- რა ვუყოთ! - მიუგო შალვამ, - საქმე მოითხოვს და ვუვლით. ვიდრე შობას დავიყენებდეთ,


ღორივით უნდა მოვუაროთ. შობა რომ გაგვითენდება, ღორივით ამოვუღებთ გულს.

შალვას თვალებში რისხვა გაუკრთა და ზებულონს გაუკვირდა: ამ ცოტა ხანში, რაც აქ


ერთად იყვნენ, რა სწრაფად გამოცვლილიყო, თითქოს ერთბაშად გაზრდილა და
დავაჟკაცებულაო.
გულში კვლავ ნესტანს დასტრიალებდა, ხმამაღლა კი სიტყვა ახლა ბექაზე ჩამოუგდო: -
ბექა თუ ნახე?

- ვნახე, - მიუგო შალვამ.

- რასა იქმს?

- აბა, რას უნდა იქმოდეს! ვითომ იხტიბარს არ იტეხს, ვითომ ძველებურად ლაღობს და
მწარესიტყვაობს. ამით ეგებ სხვა კი მოატყუოს, მაგრამ დედაჩემს რას გამოაპარებს!
დედაჩემმა მითხრა, თვალებს ძალისძალად იშრობს, თორემ გული ცრემლში აქვს
ჩამბალიო.

ზებულონი დაბნეული უცქეროდა შალვას. ბოლოს გაკვირვებით ჰკითხა: - რათა?

- როგორ თუ რათა?! - გაკვირვებითვე მიუგო შალვამ. მერე უცებ გაახსენდა, - თუმც შენ
ხომ არა იცი რა. ან კი საიდან გაიგებდი! - და მცირე დუმილის შემდეგ წყნარად, ცოტა
ნაღვლიანი კილოთი განაგრძო, - ბიძაჩემს ერთი ქალი უყვარდა...

- ვიცი, შეაწყვეტინა ზებულონმა, - მაჩაბლიანთ ასმათი. მერე?

- გაუთხოვდა. უმცროს ციციშვილს გაჰყვა. განა უნდოდა, ბიძაჩემის ჯიბრზე გაჰყვა.


ბიძაჩემს ხომ ახლა მთელი ქართლი ქვეყნის მოღალატედ თვლის...

ერთხანს ორივენი დუმდნენ. მერე ზებულონი წამოდგა და ქოხისკენ წავიდა. მიდიოდა და


გულში ფიქრობდა: „გალახული ძაღლივით მივლასლასებ“. ქოხში რომ ვერ გაძლო, ისევ
გარეთ გამოვიდა და ტყეში შვიდა. შუაღამემდე იხეტიალა აღმა-დაღმა. მარტო უნდოდა
ყოფნა. ის უნდოდა, რომ, თუ მთელ ქვეყანაზე არა, მთელ იფნისხევში მაინც სულ მარტო
ყოფილიყო, და ქოხში რომ შალვა ეგულებოდა, ამაზეც წუხდა.

მეორე წასვლაზე შალვამ კარგი ამბავი ამოიტანა: გარსევან ორბელიანის მეშვეობით


ბექასა და მის კაცებს ყველა მოღალატის ვინაობა გაეგოთ.

- ჩვენებს რომ ცოტაც დაგვიანებოდათ, ძაღლები შეთქმულების კვალს მიაგნებდნენ და


ყველაფერი დაიღუპებოდა. ახლა მთელი მათი საიდუმლოდ ნაქსოვი ბადე ჩვენს ხელთაა
და ბიძაჩემი ისე ურევს და ისე ხლართავს ყოველივეს, დიდხანს ვერ გაარჩევენ, სად
ტყუილია და სად მართალი.

მესამე წასვლაზე რომ შალვამ ამბავი ამოიტანა, იმ ამბავში, თუმც კი ზებულონს თვალთ
დაუბნელდა და ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ცა და მიწა ერთმანეთს შესკდომოდა
და თვითონ შუაში მოჰყოლოდა, მოულოდნელი არა ყოფილა რა.

ზებულონის კითხვაზე, ახალი რა არის ქართლშიო, არაფერიო, შალვამ მიუგო. მერე უცებ
დაუმატა: - ჰო, ერთი ისაა ახალი, რომ ისკანდერ-ხანს ვაჟი გაუჩნდა და სახელად
ქაიხოსრო დაარქვეს.

მაშინ ვიღაც უცხომ და უხილავმა ზებულონს გულ-ღვიძლი ამოაცალა და ყვავ-ყორნებს


საძიძგნად გადაუყარა.

ზებულონი კი, უგულღვიძლოდ დარჩენილი, კვლავაც შალვას წვრთნასა და გაწაფვას


განაგრძობდა.

ზოგჯერ მწარე გაკვირვებით გაიფიქრებდა, ამდენი სიკვდილი რომ გამოვიარე, ნეტა


ცოცხალი როგორღა ვარო.
წელიწადი და ცხრა თვე დაჰყო შალვამ იფნისხევში, მერე ოსტატს გამოეთხოვა და
წავიდა. ოღონდ წასვლამდე ერთი კვირით ადრე ბანაკში ფარულად ორმოცდაათი
დარჩეული ჭაბუკი ამოიყვანა და ზებულონს ბექა ამილახვრის ბრძანება გამოუცხადა:
როგორც შალვა გაგიწვრთნია და გამოგიზრდია, ეს ჭაბუკებიც უნდა გაწვრთნა და
გამოზარდოო. ისე უნდა გაწვრთნა, თუ შენისთანები ვერ დადგებიან, ჩემისთანები მაინც
დადგნენო.

ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ზებულონს შეთქმულებისა არა გაუგია რა. ორი
წელი რომ გავიდა, შალვა ისევ გამოჩნდა - კიდევ უფრო დავაჟკაცებული და
დამშვენებული - და ბექა ამილახვრის ახალი ბრძანება ამოიტანა: წვრთნა თუ მოათავე,
შეგირდები დაითხოვეო.

ზებულონს წვრთნა მოთავებული ჰქონდა. ჭაბუკებმა უკვე ყველაფერი იცოდნენ, რისი


ცოდნაც კი შესაძლებელი იყო, ამიტომ ბრძანება შეასრულა, ჭაბუკები დაითხოვა და
იფნისხევში სულ მარტო დარჩა.

წელიწად-ნახევარი იყო მარტო.

რაკი ხმის გამცემი არავინ ჰყავდა, თავისივე გულის დარბაზში შევიდა, კარიბჭე მაგრად
დაკეტა და იქ, საკუთარ ფიქრებში და წარმოსახვაში დაიდო ბინა.

უფრო ხშირად ნესტანს ხედავდა. ხან მამულის დასათვალიერებლად მიჰყავდა, ხან


სასეირნოდ მიჰყვებოდა, ხანაც ეზოს ბოლოში ხმლის ხმარებას ასწავლიდა. როცა დათვს
შეებმებოდა, ნესტანი თან შეშინებული და თან გაბრწყინებული სახით უყურებდა, ყველა
სასიძოს იწუნებდა, რადგან გულში ზებულონის სიყვარული ჩავარდნოდა. ზოგჯერ
ზებულონი ოცნებას შორს გაჰყვებოდა, რაც იყო, იმას გასცდებოდა და იმას ფიქრობდა,
რაც არ ყოფილა: ვითომ ქალ-ვაჟმა ადრევე გაუმხილა ერთმანეთს გულისნადები და,
ვიდრე ისკანდერ-ხანი გამოჩნდებოდა, ჩუმად წყაროსთვალში გაიპარნენ. იქ, სოფლის
პატარა, თეთრ ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს. იესე ერისთავმა რომ გაიგო, ღიმილით თქვა,
საჩუმათო რა სჭირდათ, განა ასეთ ვაჟს აზნაურობით დავიწუნებდიო! სოსიკასა და
სოსიკას პირით შეუთვალა, ჩამოდით, რომ თქვენს ბედნიერებას ჩემი ლოცვა-კურთხევის
ბეჭედიც დავუსვაო.

კათალიკოსსაც ხშირ-ხშირად ხედავდა. სიყვარულით შესცქეროდა მის მშვიდ, მტკიცე,


ქვისგან ნათალ სახეს, რომელსაც სიკეთისა და სათნოების შუქი ეფინა, და ისეთი
ყურადღებით უსმენდა მის გრძელ ქადაგებას, ერთი სიტყვა რა არის, ერთი სიტყვა არ
გამოეპარებოდა.

გარსევან ორბელიანი კი, ვინ მოთვლის, რამდენჯერ საკუთარი ხელით მოკლა.

ხოლო ათასში ერთხელ, უნებურად და მოულოდნელად, გონების თვალწინ


დაროაშვილების დამხრჩვალი ლანდები გაიელვებდნენ.

მაგრამ წელიწად-ნახევარი მარტოკაცისათვის ძალზე დიდი დროა და ზებულონი


დაიღალა. დაიღალა, გული გამოუშრა და თანდათან ყველაფრის ნდომა და წადილი
დაკარგა. ზოგჯერ იმასაც იფიქრებდა, ალბათ ბექა ამილახვარს უკვე აღარაფერში
ვჭირდები, ამიტომ სულაც დაავიწყდა, რომ ამ უკაცრიელ ხევში უქმად ვზივარ და ობი
მეკიდებაო. ამას განა სინანულითა და საყვედურით ფიქრობდა! ერჩივნა კიდეც, ბექა
ამილახვარს მისი არსებობა მართლა დავიწყნოდა და, ვიდრე სიკვდილი არ
მოაკითხავდა, ასე ყოფილიყო - მარტო, თავის ფიქრებთან, თავის სატანჯველთან, თავის
ნებაზე.
სწორედ მაშინ, როცა საბოლოოდ შეეჩვია ნადირივით ცხოვრებას და მხოლოდ ის ეწადა,
აღარა შეცვლილიყო რა, შალვა ჩხეიძე ისევ ამოვიდა და ისეთები უამბო, რომ
გაჩერებულმა გულმა კვლავ ძგერა დაუწყო და შედედებულმა სისხლმა დუღილი.

ამ ხუთი-ექვსი წლის მანძილზე ბექა ამილახვარს მრავალი მზაკვრული მახე დაეგო


ისკანდერ-ხანისთვის, მაგრამ ვერა გაეწყო რა, ყველა მცდელობა ამაო გამოსდგომოდა.
შეთქმულები კარგა ხანია ისე იყვნენ მომძლავრებული, აშკარა ბრძოლაში ბექას
ისკანდერ-ხანის დამარცხება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ მანუჩარ ბატონიშვილის დარდი
ჰქონდა და აჯანყება ვერ გაებედა. მისი გეგმა იყო, აქ, ქართლში, ისე ეჯობნა ისკანდერ-
ხანისთვის, რომ იქ, ისპაჰანში, მანუჩარ ბატონიშვილს არა შემთხვეოდა რა. ეს კი ძალიან
ძნელი იყო. რაკი გარსევან ორბელიანის მეშვეობით ყველა მოღალატე ქართველის
ვინაობა გაიგო და მათი ყოველი მოქმედება და ყოველი ნაბიჯი ისე იცოდა, თითქოს
თავად ყოფილიყო მოღალატეთა გუნდის მეთაური, გზა-კვალს იოლად ურევდა და
შეთქმულება ისე ჰქონდა შენიღბული, გამჟღავნებისა უკვე აღარ ეშინოდა. მაგრამ მარტო
შენიღბვა რას კმაროდა, თუკი ვერ იმოქმედებდა და საქმეს ვერ დააბოლოებდა. მრავალი
ცდა რომ გასცუდებია, ახლა უფრო საშიში და გაბედული თამაში წამოუწყია: ამ ერთი წლის
წინ შალვას წაჰკიდებია. იფნისხევიდან წასვლის შემდეგ შალვა ისკანდერ-ხანის
სამსახურში ჩამდგარა და მალე კარგადაც დაწინაურებულა. ამ ერთი წლის წინ კი ხოჯა
ისმაილის შემწეობით, რომელიც თურმე კარგი თვალით უყურებდა, ისკანდერ-ხანისთვის
მეჯინიბეთუხუცესის სახელო უთხოვია და იშოვიდა კიდეც, საქმეში რომ ბექა არ
ჩარეულიყო. ბექას დაჟინებით ისკანდერ-ხანს მეჯინიბეთუხუცესობა სხვისთვის მიუცია.
ამაზე ბიძა-დისწული წალაპარაკებულან. იქამდე წალაპარაკებულან, რომ განრისხებულ
ბექას შალვასთვის საჯაროდ სილა გაუწნავს. შალვას ხმალი უშიშვლია. იმ ზომამდე
გაფიცხებულან, თავად ისკანდერ-ხანს ძლივს დაუშოშმინებია. დაშოშმინებით კი
დაშოშმინებულან, მაგრამ შერიგების გაგონებაზე ქვა აუგდიათ და თავი შეუშვერიათ.
ბექას, გამწარებულ გულზე, და და დისწული საამილახვრო მამულიდან გაუძევებია და
სამაგიეროც არაფერი მიუცია. მაშინ შალვას ისკანდერ-ხანისთვის არზა მიურთმევია და
მამულის წილი მოუთხოვია. ხოჯა ისმაილის გარჯითა და ზეგავლენით სასამართლოს
შალვას მხარე დაუჭერია და მომჩივანისთვის ამილახვრიანთ სამფლობელოდან ექვსი
სოფელი მიუკუთვნებია. ამის შემდეგ ბიძა-დისწული ერთმანეთს სამკვდრო-
სასიცოცხლოდ გადაჰკიდებია. ხოჯა ისმაილს ამასობაში თავისი საქმე უკეთებია და
გაჯავრებული ჭაბუკი კიდევ უფრო დაუახლოებია. შალვაც, მის მამობრივ ზრუნვას რომ
ხედავდა, ახალგაზრდული სიალალით მინდობია და, ბიძის ლანძღვით რომ გული
კარგად უჯერებია, ერთხელაც, ვითომ სასხვათაშორისოდ, ჩაუქარაგმებია, ეგ ბექა
ამილახვარი არც ისეთი ერთგულია შაჰისა და ისკანდერ-ხანისა, როგორც სპარსთ
გგონიათო. ხოჯა ისმაილს ეს ნათქვამი დაუფიქრებლობისა და ახალგაზრდული
გულისწყრომისთვის მიუწერია და დაუტუქსავს კიდეც მსუბუქად და მამაშვილურად - ასეთი
რამ სხვა დროს არ წამოგცდეს, განა არ იცი, რომ ორგულობის დაწამებას, როცა საბუთი
არა გაქვს რა, შეიძლება დიდი ხიფათი მოჰყვესო?! ამაზე შალვას გაცხარებით მიუგია, ის
არა კმარა საბუთად, რომ მანუჩარ ბატონიშვილთან სიყრმითვე თანშეზრდილია და ისე
უყვართ ერთმანეთი, სულში იძვრენენო?! რა დასაჯერებელია, რომ უგულითადეს
მეგობარს ასე უცებ უღალატა და თქვენს მხარეს გადმოვიდაო! არაო, ხოჯა ისმაილს
უთქვამს, ეგ საბუთად არა კმარაო. მართლაცდა, ამგვარი ეჭვი ხოჯა ისმაილს თავადაც
გასჩენოდა, როცა ამილახვარი ისკანდერ-ხანს ქართლს წამოჰყვა, მაგრამ ხოჯა ისმაილი
ფრთხილი და გამჭრიახი კაცი იყო, გულისთქმას ეგრერიგად არ აჰყვებოდა და ლანდებს
არ დაუწყებდა დევნას. როცა ამილახვრის საქციელი დაკვირვებით აწონ-დაწონა, მიხვდა,
რომ აქ ეჭვი ნამდვილ საბუთს ვერ აპოვნინებდა, ვინაიდან მანუჩარ ბატონიშვილმა ისეთი
სათქმელი დაიტოვა, კაცი ვაგლახად ვერსაიდან მიუდგებოდა: რაკი ქართლის ტახტი
ხელიდან გამოეცალა, ის მაინც გააკეთა, რაც მის დღეში მყოფს ჯერ კიდევ შეეძლო
გაეკეთებინა ქვეყნისთვის - ისკანდერ-ხანს რომ ქართლის სამეფო კარზე ვინმე
შემთხვევითი და შეუფერებელი დიდებული არ დაეწინაურებინა, ბექა ამილახვარი
გამოატანა. ამილახვრის მხრით ეს არც ბატონიშვილის ღალატი იყო და არც ისკანდერ-
ხანისა. ხოჯა ისმაილი ეჭვებზე მეტად თავის ალღოს ენდობოდა. სწორედ ალღო
ეუბნებოდა, ბექა ამილახვარს გულში ღალატი უდევსო. მაგრამ თვითონ რომ სჯეროდა
თავისი ალღოსი, ეს არ კმაროდა. მთავარი ისკანდერ-ხანის დაჯერება იყო. ამისათვის კი
საბუთი სჭირდებოდა. საბუთი ხოჯა ისმაილმა ვერ იშოვა, თუმც ბევრი ეძია. ქართველ
მოღალატეთა გუნდიც ამიტომ შეაკოწიწა. ერთი ხანობა დიდი იმედიც ჰქონდა ამ გუნდისა.
გარსევან ორბელიანი ირწმუნებოდა, ამილახვარს ის ვიღაც ზებულონი, ისკანდერ-ხანის
დანიშნული რომ გაიტაცა, არ მოუკლავს, ტყეში გადამალაო, მაგრამ ტყუილი გამოდგა.
რაც დრო გადიოდა, ხოჯა ისმაილი თანდათან იმედს კარგავდა, ბოლოს ეჭვიც გაუჩნდა,
იქნებ ალღო მატყუებსო. ბიძა-დისწულის წაკიდებამ მიმქრალი იმედი ისევ გაუღვივა. ის
თავისი ალღო ახლა იმას ეუბნებოდა, რომ შალვამ ბიძის ღალატი იცოდა, ხოლო რაკი
იცოდა, ხოჯა ისმაილსაც უნდა გაეგო. თავად რომ კარგად დაიახლოვა შალვა, მერე
იუსუფ-ბეი მიუჩინა, სარდლის თანაშემწე. იუსუფ-ბეი ასაკით ახლო იყო შალვასთან და
ყველაფერს უფრო იოლად დასტყუებდა. მართლაც, სულ მალე შალვა და იუსუფ-ბეი ისე
დამეგობრდნენ, უერთმანეთოდ პურს აღარ ტეხდნენ. შალვასაც ეს უნდოდა. რა დაინახა,
იუსუფ-ბეის გული საბოლოოდ მოინადირა, ჯერ ფრთხილად, მოიარებით, მერე კი
პირდაპირაც, მეგობრულად, თავისი ხვაშიადი გაუმჟღავნა: ბექა ამილახვარი რომ, ვიდრე
ცოლი არ შეურთავს და მემკვიდრე არ დარჩენია, გზიდან ჩამომაშორებინა, მისი
მამულები, თუ მეფეც ბრძანებს, მე დამრჩებაო. იუსუფ-ბეიმ ამაზე თავი ეჭვით გადაიქნია,
ძნელი საქმეაო, მაინც ეგ შენი გულისნადები ხოჯა ისმაილს გავუმხილოთ, ხოჯა ისმაილი
ბრძენი კაცია და რამეს გვირჩევსო. ხოჯა ისმაილმაც შორს დაიჭირა შალვას განზრახვა:
ისკანდერ-ხანი, ღალატი თუ არ შეატყო, ისე ბექა ამილახვარს არ მოიშორებსო. მაშინ
შალვამ, როცა საქმე მომწიფებულად ჩათვალა და ბექასგანაც დასტური მიიღო, ერთ
დღეს ხოჯა ისმაილსა და იუსუფ-ბეის პირდაპირ გამოუცხადა, მე ამილახვრის ღალატის
საბუთს გიშოვით, თუ თქვენ იმის რწმუნებას მომცემთ, რომ მის მამულებს მეფე მე
დამინარჩუნებსო. ხოჯა ისმაილი და იუსეფ-ბეი იბრაჰიმ-ხანს მოელაპარაკნენ და შალვამ
სიტყვიერი, მაგრამ მტკიცე რწმუნება მიიღო.

- სამი თვის ვადა ვითხოვე, - თქვა შალვამ, - შენთვის ვითხოვე და საქმე ახლა შენზეა. იმ
კვირას ორმოცდაათივე ნაშეგირდალი აქ ამოგივა. თუ იტყვი, რომ საკმარისი არ არის,
ოციოდ ერთგულ კაცს კიდევ გიშოვით. ბიძაჩემის გეგმა, თუ ღმერთმა შესრულებაც
შეგვაძლებინა, ესაა: ისკანდერ-ხანს თავისი ამალით, თავისი დიდებულებით, თავისი
მცველებით, თავისი ერთგული და ორგული ხალხით აქ შემოვიტყუებთ. მასპინძლობა შენ
და შენმა ბიჭებმა უნდა გასწიოთ. მოსაფიქრებლად და მოსამზადებლად სამი თვე გეყოფა.
ისე უნდა ქნა, ბრძოლის გადახდა არ დაგვჭირდეს. ბრძოლა თუ ატყდა, შესაძლებელია
ისკანდერ-ხანი გააპარონ და მაშინ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ყველაზე საშიში
მცველებია, ეს იცოდე. თორმეტი მცველი ჰყავს, თორმეტივე დიდი მებრძოლი და
თავზეხელაღებული კაცია. თან ძაღლებივით ერთგულები. არც დღე და არც ღამე
გვერდიდან არ შორდებიან. მისი გულისთვის ცეცხლში ჩადგებიან. ყველაფერი მისხალ-
მისხალ უნდა აიწონოს; თითოეული ნაბიჯი, ჩვენიც და მათიც, წინასწარ უნდა გვქონდეს
გათვალისწინებული და გაანგარიშებული. თუ იტყვი, რომ ძნელია, ისა სჯობს თავიდანვე
ხელი ავიღოთ, ვიდრე ისეთ ხაროში ჩავცვივდეთ, უკან ვეღარ ამოვიდეთ.

ზებულონი ერთხანს დუმდა და დაფიქრებული ტყეს გასცქეროდა. მერე ჰკითხა: - ისეთი რა


მიზეზი უნდა მოიგონოთ, რომ ისკანდერ-ხანი აქ შემოიტყუოთ?

- მიზეზი შენ იქნები, - წყნარად თქვა შალვამ.


ზებულონმა შუბლი შეიჭმუხნა და შალვას გაკვირვებით შეხედა.

- მე?

- შენ. ხოჯა ისმაილი ცბიერი და ჭკვიანი კაცია. თან მენდობა, თან მითვალთვალებს.
ამიტომ ისეთი საბუთი უნდა მივცე, ჩემი ერთგულებაც მტკიცედ ირწმუნოს და ბიძაჩემის
ორგულობაც. ამისთვის კი ყველაზე უკეთესი საბუთი შენა ხარ. შენ თუ საიმედო გეგმას
მოიფიქრებ, სამი თვის შემდეგ ხოჯა ისმაილს შენს სამყოფელს ვაჩვენებ და შენს თავსაც
დავანახვებ. მერე კი ისე მოვაწყობთ ყველაფერს, ისკანდერ-ხანმა თავად მოინდომოს
შენი ნახვა, რათა ბიძაჩემის ღალატი დაიჯეროს.

- კარგი, - თქვა მცირე დუმილის შემდეგ ზებულონმა, - რაკი მიზეზი მე ვიქნები, მგონი, ამან
საქმე გაგვიიოლოს.

რამდენიმე დღეში ზებულონს გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა და, ძველი შეგირდები
რომ ამოუვიდნენ, საქმესაც შეუდგა.

ქოხი დაარღვიეს და გამოქვაბულის პირას გადაიტანეს, ისე რომ გამოქვაბულის კარი


წინასწარ გამოჭრილ კედელში დაატანეს. ამგვარად, ქოხის უკანა კარი ახლა პირდაპირ
გამოქვაბულის ბნელსა და ღრმა ხახაში იღებოდა. გამოქვაბულის ბოლოში გვირაბი
გათხარეს და, ქოხიდან კარგა მოშორებით, ტყეში გამოიყვანეს.

ყველაფერი რომ მოათავა, ზებულონმა შალვას დაუწყო ლოდინი, მაგრამ შალვას


ნაცვლად სამი თვის შემდეგ იფნისხევში თავად ბექა ამილახვარი ამოვიდა. თან ერთი
ვიღაც მაღალი, ბრგე ბერი ახლდა.

ბექას დანახვაზე ზებულონს გული უამურად შეუქანდა, მაგრამ თავს მალევე მოერია და
მშვიდად შეეგება.

- აბა, რას მეტყვი? - მოსვლისთანავე დაიწყო ბექამ, - შეგიძლია თუ არა, ქართლის მეფეს
მეფური მასპინძლობა გაუწიო?

- მგონია, რომ შემიძლია, - მშვიდად, დაჯერებით მიუგო ზებულონმა.

- მაშ, მიამბე, რას აპირებ და როგორ აპირებ.

ზებულონმაც უამბო. წვრილად, დალაგებით უამბო ყოველივე, თან შიგადაშიგ იმ ვეება


ბერს გადახედავდა და უკვირდა, ნეტა ეს რიღასთვის ამოიყვანაო.

სათქმელს რომ მორჩა, იქაურობაც დაათვალიერებინა.

- აი, ეს გახლავს გამოქვაბული, - უთხრა და ქოხის უკანა კარი შეაღო, - ფრთხილად,


მაღალია. კიბეს ჩაჰყევი... აქ გამოვდივართ. ქოხიდან შორია, ასე რომ, ალყაც რომ
შემოარტყან ქოხს, საშიში მაინც არა არის რა.

ბექამ ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, ყველაფერი დაკვირვებით გასინჯა და


კმაყოფილი დარჩა.

- ძალიან კარგი, - თქვა ბოლოს, - ამ დღეებში შალვა შეგატყობინებს, თუ როდის


ამოიყვანს თავის მამობილ ხოჯა ისმაილს პირისსანახავად, რომ შენც მზად იყო და ისე
ეჩვენო, თავი მოაწონო. მაინც კი ფრთხილად იყავი. მეთვალყურეები გეყენოს. ეგებ ვერც
მოახერხოს შალვამ წინასწარ შეტყობინება. ერთიც გახსოვდეს, - უთხრა ბოლოს, როცა
უკვე წასასვლელად ემზადებოდა, - ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია. არავინ
იცის, რა ჭკუაზე დადგება ისკანდერ-ხანი. შესაძლებელია, სულაც არ მოინდომოს
წამოსვლა; შესაძლებელია, წამოვიდეს, მაგრამ თან ჯარი წამოიყვანოს. ამიტომ გიტოვებ
იასონ ბერს. ტანად შენოდენაა და მგონი ცოტა, - აქ მსუქან სახეზე წამით ღიმილმა
გადაურბინა, - გგავს კიდეც. თუ დაინახე, რომ თავად ისკანდერ-ხანი არ მოდის, ან ჯარით
მოდის, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი გეგმა ჩაიშალა. წამსვე ყველანი ჩუმად უნდა
გაეცალოთ აქაურობას. ბანაკში მხოლოდ იასონ ბერი დარჩება, ვითომ, შენს სანახავად
რომ მოვიდნენ, მაშინაც ეგ დაინახეს. აბა, ფრთხილად იყავი და, რაც გითხარი, კარგად
დაიხსომე!

ბექა რომ წავიდა, ზებულონმა თვალი გააყოლა. დიდხანს უყურა და თან შალვას ნაამბობი
აგონდებოდა, მაჩაბლიანთ ასმათი გაუთხოვდა და გული ცრემლში აქვს ჩამბალიო.

შალვამ შეძლო ზებულონის გასაფრთხილებლად წინასწარ ამოსვლა და ზებულონიც


დინჯად, აუჩქარებლად მოემზადა. დათქმულ დროს თავისი ხალხი გამოქვაბულში
დამალა - მარტო ორი მეთვალყურე დატოვა გარეთ, ერთი გამოქვაბულის უკან ბორცვზე
დააყენა, მეორე ქვემოთ, ნაკადულთან - თვითონ იასონ ბერის ანაფორა ჩაიცვა და
მნახველებს ასე ეჩვენა.

შალვამ ხოჯა ისმაილი, იუსუფ-ბეი და იბრაჰიმ-ხანი, რომელმაც ბოლო წამს თავადაც


მოიწადინა წამოსვლა, ადვილად დაარწმუნა, რომ ქოხთან მიახლოება სახიფათო იყო -
ვაითუ თავი გაემჟღავნებინათ და ამდენი ნაჯაფი წყალში გადაჰყროდათ. ამიტომ
ზებულონი ისეთი მანძილიდან აჩვენა, რომ, ერთი მხრივ, საკმაოდ კარგად დაენახათ და
ეცნოთ, ხოლო მეორე მხრივ, ვინიცობისაა ბექას შიში გამართლებულიყო, ზებულონის
მაგივრად რომ იქ იასონ ბერი დახვდებოდათ, დაეჭვებულიყვნენ და ეფიქრათ, ალბათ
შევცდით, მეტისმეტი მოწადინების გამო თვალმა მოგვატყუაო.

ამის შემდეგ ბექა ამილახვარი და სხვა შეთქმულები დაძაბული მოელოდნენ, თუ რას


გადაწყვეტდა ისკანდერ-ხანი.

„ნადირობის“ გამართვა ბექას დავალებით შალვას თვითონვე ურჩევია იბრაჰიმ-ხანისა და


ხოჯა ისმაილისთვის. სიცილ-სიცილით ურჩევია, ხუმრობა-ხუმრობით, რათა თან ყურში
კარგად ჩაეწვეთებინა და თან, თუ ჭკუაში დაუჯდებოდათ და ისკანდერ-ხანსაც ურჩევდნენ,
თავიანთ ნათქვამად ერჩიათ და არა შალვას ნათქვამად.

ხერხმა გაჭრა და ერთ დღეს, დილაადრიან, ისკანდერ-ხანმა ბექა თურმე დარბაზში იხმო,
სადაც რამდენიმე დიდებული უკვე შეეყარა. მიზეზი წინდაწინ არ შეუთვლია, რათა
ვინიცობისაა, ბექას ეჭვი აეღო, მაცნეს გაგზავნა და ლტოლვილის გაფრთხილება ვერ
მოესწრო. როდესაც ბექა ხლებია, ისკანდერ-ხანს გამოუცხადებია, სანადიროდ უნდა
წავიდეთო. ბატონი ბრძანდებიო, ბექას მიუგია, მაშ, მოვემზადებიო. ამაზე რომ ისკანდერ-
ხანს უთქვამს, მომზადების დრო არ არის, საჩქაროდ უნდა წავიდეთ, თოფ-იარაღს
მსახურები წამოიღებენო, ბექა თურმე, როგორც შალვამ უამბო მერე ზებულონს, ოდნავ
შეკრთა, ისკანდერ-ხანმა კი ამის დანახვაზე ჩუმად ულვაშებში ჩაიღიმა.

მალე ყველანი, ვინც კი ისკანდერ-ხანმა სანადიროდ იხმო - მეფის თორმეტივე მცველი,


სპარსი დიდებულები, მათ შორის იბრაჰიმ-ხანი და ხოჯა ისმაილი, ქართველ
მოღალატეთა მთელი გუნდი, ბექას რამდენიმე შეთქმული, ათიოდ მსახური და, ყველას
გასაკვირად, პატარა ბატონიშვილი ერთი მოხუცი, გრძელწვერა სპარსის თანხლებით -
სასახლის ეზოში შეკრებილან. როცა ისკანდერ-ხანს დაძვრის ნიშანი მიუცია, ბექას
გაკვირვებით უკითხავს, განა ისე მივდივართ, არც ბაზიერები მიგვყავს და არც მწევარ-
მეძებრებიო? არაო, ღიმილით უპასუხნია მეფეს, მწევრებიცა და მეძებრებიც ჩვენვე უნდა
ვიყოთო.
ერთი სიტყვით, ყველაფერი თურმე წესსა და რიგზე მიდიოდა. ერთადერთი, რამაც ბექა
შეაფიქრიანა, ის ყოფილა, რომ ისკანდერ-ხანმა იუსუფ-ბეი თან არ იახლა. ამან ბექა
დააეჭვა და დარდიც გამოაყოლა, მაგრამ ის ანუგეშებდა, რომ შალვაც ქალაქში იყო და,
თუ იუსუფ-ბეის დატოვება მართლა ავს რასმე განზრახვას მოასწავებდა, შალვა ადვილად
არ მიუშვებდა ნებას.

მეთვალყურემ რომ ამბავი მიუტანა, ისკანდერ-ხანი ორმოციოდე მხლებლით ხეობაში


შემოვიდაო, ზებულონმა კიდევ ერთხელ ჩამოუარა ბანაკს. თხუთმეტი კაცი უკანა კარს
გადაღმა ეყენა, გამოქვაბულის თავში, დანარჩენები გვირაბის ბოლოში. გვირაბის პირი
შენიღბული იყო. თუ მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი არა მოხდებოდა რა,
ისკანდერ-ხანი და მისი ხალხი ბორცვს ზედა მხრიდან მოადგებოდნენ, გვირაბის პირს
მოშორებით შემოუვლიდნენ და ტყე-ტყე ჩამოვიდოდნენ, რათა ქოხის წინ უეცრად
გამოჩენილიყვნენ.

რა დარწმუნდა, სტუმრების დასახვედრად ყველაფერი მზად იყო, ზებულონი ქოხში


დაბრუნდა და ლოდინი დაუწყო. ბევრი რამ ახლა მის მოქმედებაზე ეკიდა. ვითარებამ
ისეთი იარაღი შეაჩეჩა, რომლის ხმარებაც ყველაზე ნაკლებად ემარჯვებოდა, მაგრამ რა
ექნა: ახლა ასე იყო საჭირო და სხვა გზა არა ჰქონდა.

მალე ფლოქვების ხმა მოისმა. ზებულონი ყურს უგდებდა და თან გონების თვალს
ადევნებდა. ბორცვის უკან გაიარეს. ქვემოთ დაეშვნენ. გვირაბს გამოსცდნენ. მადლი
უფალს, არა შეუმჩნევიათ რა. მოახლოვდნენ...

ზებულონი ქოხიდან გამოვიდა, ზღურბლის წინ ჩამოჯდა და თავი ჩაჰკიდა, როგორც


ფიქრებში ღრმად ჩაფლული კაცი ჩაჰკიდებს თავს.

როდესაც მომხდურები ტყეს გამოსცდნენ, თითქოს ხმაურზე გამოერკვაო, მაშინღა ასწია


თავი.

წამით ყველანი გაშეშდნენ, სტუმრებიცა და მასპინძელიც. ზებულონმა ჯერ მთელი გუნდი


ერთიანად და ერთმანეთში არეულად დაინახა. მერე უეცრად, თითქოს წინ წამოდგაო,
გარსევან ორბელიანის სახე გამოიკვეთა - ხორცსავსე, ღაჟღაჟა ლოყები, სქელი წარბები,
დიდი, კეხიანი ცხვირი და გრძელი ულვაშები - და ზებულონს საკუთარი კბილების
ღრჭიალი მოესმა. მაგრამ ეს ამაზრზენი სახე მყისვე ბურუსში ჩაეფლო, რადგან ისკანდერ-
ხანის გვერდით ზებულონმა მაღალ, თეთრ ცხენზე თვალი მოჰკრა მოხუც სპარსს,
რომელსაც წინ ხუთიოდე წლის ბიჭუნა ესვა. ბიჭუნას ოქროსფერი კულულები ეყარა და
შავ თვალებში რაღაც ისეთი გამომეტყველება ედგა, რის გამოც მთელი სახე თითქოს
ღიმილით განათებოდა. ბიჭუნას დანახვამ ზებულონი ისე დააბნია, კინაღამ ყველაფერი
დაავიწყდა. მადლი უფალს, შეძლო თავისთვის ძალა დაეტანებინა, ელვის სისწრაფით
ზეწამოიჭრა, ქოხში შევარდა, უკანა კედელში დატანებულ კარს წიხლი ჰკრა და ბნელ
გამოქვაბულში გადაეშვა. უკნიდან ისკანდერ-ხანის მჭექარე ხმა დაედევნა: - შეიპყარით!

და ვიდრე გამოქვაბულის ფსკერს მიაღწევდა, ფეხების ბრაგაბრუგიც მოესმა.

„გაჭრა!“ გაიფიქრა ზებულონმა, თან იმ ცისკარივით ლამაზი ბიჭუნას სახე ედგა თვალწინ
და გულში ხინჯად ჩარჩა, რომ რამდენი კაცი მოსდევდა, ვერ მიხვდა.

გამოქვაბულის სიღრმე კარგად ჰქონდა გამოზომილი, წინა დღეებში საცდელადაც


არაერთხელ ჩამხტარიყო, ამიტომ მიწაზე მსუბუქად დაეშვა, წამსვე გაიმართა და არ
შეჩერებულა, ისე განაგრძო გზა.

როგორც დათქმული ჰქონდათ, გვირაბში ჩასაფრებულები უკვე გარეთ დახვდნენ.


- ამბავი? - სწრაფად, ჩურჩულით იკითხა ზებულონმა.

- ექვსნი შემოგყვნენ, ოთხნი ქოხის ირგვლივ შემოიფანტნენ, ორნი დარჩნენ და ბექას


ორივ მხრიდან ამოუდგნენ. ეს ორი ისრის წვერზე გვყავს. იმ ოთხსაც ოთხი მოისარი ჰყავს
მიჩენილი.

- სანამ არ გეტყვით, არ სტყორცნოთ.

ის იყო, ზებულონი ჩასაფრებულ მოისართ მიადგა, რომ ოთხი მცველი, ორი ერთი
მხრიდან და ორიც მეორე მხრიდან, ისევ გამოჩნდნენ, წამსვე ქოხში შეცვივდნენ და ისინიც
უკანა კარიდან გამოქვაბულში გადაეშვნენ.

- კარგი და პატიოსანი, - თქვა ზებულონმა, - მაშ, მშვილდ-ისარი აღარ დაგვჭირდება.


მარჯვენა მცველი დათუნასა და გიორგის, მარცხენა საბასა და ელიზბარს.

უხმაუროდ დაეშვნენ ქვემოთ. ისკანდერ-ხანი და მთელი მისი ამალა ქოხს მისჩერებოდა,


სადაც ზებულონი და მცველები გაუჩინარდნენ, ამიტომ კიდევ უფრო იოლად წაადგნენ
თავს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ის იყო ტყის პირს მიაღწიეს, რომ ისკანდერ-ხანის დამცინავი ხმა მოისმა: - მაშ, ვერ იცანი,
ბექავ, ვინ იყო?

ბექამ კი ზურგსუკან უკვე იგრძნო ზებულონისა და მისი ბიჭების სუნთქვა და პასუხის


ნაცვლად ესა თქვა: - მანუჩარ ბატონიშვილის სახელით იარაღის აყრას გიბრძანებთ
ყველას!

მხოლოდ სამმა გაიკრა ხმალზე ხელი: იბრაჰიმ-ხანმა და ორმა მცველმა. მაგრამ


მცველებს - ერთს დათუნამა და გიორგიმ, მეორეს საბამ და ელიზბარმა - ელვის
სისწრაფით თავში მუშტი ჩაჰკრეს და დარეტიანებულებს გათოკვა დაუწყეს, იბრაჰიმ-ხანს
კი ზებულონმა მიუსწრო, ზურგიდან წაადგა, ორთავ მაჯაში, აქეთ-იქით ხელები ჩაავლო და
მაგრად მოუჭირა.

დანარჩენებმა, რა დაინახეს, ალყაში იყვნენ მოქცეული, მორჩილად აიყარეს იარაღი.


მხოლოდ ისკანდერ-ხანი არ განძრეულა, ოდნავ გაფითრებული იდგა და ისეთი
თვალებით შესცქეროდა ბექას, ვერ გაიგებდით, რას ფიქრობდა და გულში რა
უტრიალებდა.

პატარა ბატონიშვილი გრძელწვერა სპარსთან ერთად იჯდა დიდ, ღონიერ ცხენზე და


ცნობისმოყვარე თვალით უცქეროდა ყოველივე ამას.

იბრაჰიმ-ხანს ზებულონმა თავისი ხელით ააცალა თოფი და ხმალ-ხანჯალი. ახლა


მხოლოდ ისკანდერ-ხანი იყო შეიარაღებული.

ბექა მცირე ხანს ელოდა. მერე უთხრა: - მომიტევე, მეფეო... - და ხელი გაუწოდა.

- იქით! - ზიზღით თქვა ისკანდერ-ხანმა და იარაღი თვითონვე აიყარა.

ამასობაში ათი გათოკილი მცველი, რომლებიც გამოქვაბულში დარჩენილებს


გვირაბიდან გამოეთრიათ, ტყე-ტყე ჩამოლალეს და დანარჩენებს ამოუყენეს გვერდით.

- ყველას ხელები შეუკარით მეფის გარდა! - ბრძანა ამილახვარმა.

ზებულონის გასაკვირველად, ბექამ თავისი შეთქმულებიც გაათოკინა.

როცა პატარა ბატონიშვილი ფრთხილად ჩამოსვეს ცხენიდან, ხოლო მოხუც სპარსს


სხვებივით შეუკრეს ხელები, ისკანდერ-ხანმა მწარე ზიზღით გაიღიმა, ხელი შვილისკენ
გაიშვირა და ბექას უთხრა: - ეს ხომ ჯერ მეფე არ არის, ბექავ! რატომ არ უბრძანებ,
გათოკონ?!

ბატონიშვილი დაბნეული და გაკვირვებული იცქირებოდა აქეთ-იქით. აქამდე ყველაფერი


თამაში ეგონა, ახლა კი ნამდვილი ხიფათი იგრძნო, მამასთან მიირბინა, ხელი მკლავში
ჩაავლო და ჰკითხა: - რა იყო, მამი?

- არაფერი, ჩემო ბიჭუნავ, - ისკანდერ-ხანმა მარცხენა ხელი ოქროსფერ კულულებში


შეუყო შვილს, მარჯვენა კი ბექასა და ზებულონისკენ გამოიშვირა, რომლებიც ახლა
გვერდიგვერდ იდგნენ, - აი, ამ ძიებმა ღალატით შეგვიპყრეს.

ბატონიშვილმა ბექას ერთი შეავლო თვალი, მერე ზებულონს დააცქერდა. ბოლოს ისევ
მამას შეხედა და დაფიქრებით ჰკითხა: - რას გვიზამენ?

ისკანდერ-ხანი მარცხენა ხელის თითებს ნელა ამოძრავებდა ბიჭის თმაში. თან ბექას
უყურებდა.

- რაც არ უნდა გვიყონ, შენ ხელმწიფის ვაჟი ხარ და გულში შიში არ უნდა გაიტარო.

ამაზე ბატონიშვილმა ისევ ზებულონს შეხედა. დიდხანს უცქირა რაღაც გაუგებარი


დაჟინებით და უცებ ხმადაბლა, წყნარად თქვა: - დედა მინდა...

ზებულონს გული შეეკუმშა და ცალი თვალით ბექას გადახედა. ბექა უძრავად იდგა. სახეზე
ძარღვი არ უტოკავდა.

ისკანდერ-ხანს მარცხენა ხელი, რომელიც ვაჟიშვილის თმაში ჰქონდა შეყოფილი, ოდნავ


აუკანკალდა. მერე დაიხარა და ბიჭის თავი მხარზე მიიკრა.

- ნუ გეშინია.

ამ სიტყვებით ისევ გაიმართა, ბექას თვალი გაუსწორა და ჰკითხა: - ახლა რა, ბექავ?

- უნდა მოვილაპარაკოთ, ბატონო, - მშვიდად მიუგო ბექამ.

- მე მეფე ვარ, შენ კი ყაჩაღი. მეფეს არ შეჰფერის ყაჩაღთან მოლაპარაკება.

- მაშ, ვიდგეთ ეგრე და ველოდოთ, ან მე როდის ვიქცევი მეფედ, ან შენ ყაჩაღად, - ცივად
მიუგო ბექამ.

ისკანდერ-ხანი ზიზღითა და დაცინვით უყურებდა.

- შენ თუ იცი, იუსუფ-ბეი სად არის ახლა?

იუსუფ-ბეი სად იყო, ან რატომ დატოვა ქალაქში ისკანდერ-ხანმა, ამაზე ბექა ამილახვარი
მთელი გზა ფიქრობდა და ვერ გამოეცნო, მაგრამ ახლა წარბი არ შეუხრია, ისე უყურებდა
ისკანდერ-ხანს, თითქოს იუსუფ-ბეი სრულებით არ აწუხებდა. მაშინ ისკანდერ-ხანმა
თვითონვე განაგრძო: - იუსუფ-ბეი შენს სასახლეში ზის. ციხე აღებული აქვს და დედაშენი
და შენი უმცროსი და ტყვედა ჰყავს. ამაზე რაღას მეტყვი?

არც ახლა შეუხრია წარბი ბექა ამილახვარს. ეს იყო მხოლოდ, ხმაში კიდევ უფრო მეტი
სიცივე ჩაუდგა.

- რაკი ეგრეა, ჩვენც იქ წავიდეთ, იქ გადავწყვიტოთ ჩვენ-ჩვენი ბედი.


ბანაკში მხოლოდ იასონ ბერი დარჩა. იასონ ბერმა ბექას გამოუცხადა, რა განსხვავებაა,
უდაბნოში ვიქნები განდეგილად თუ ტყეში, რაკი ამოველ, რაღად წავიდე, ბარემ აქვე
დავრჩებიო, და დარჩა.

ნაკადულს რომ გასცდნენ და ხეობაში გავიდნენ, ბექამ ოთხი კაცი დააწინაურა, რათა
ნამდვილი შეეტყო, რა ხდებოდა მის მამულში.

სასახლამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი ჰქონდათ დარჩენილი, წინ წასულები რომ
მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, იუსუფ-ბეი შალვას დილეგში ჰყავს დამწყვდეულიო.
ისკანდერ-ხანს მართლა ებრძანებინა იუსუფ-ბეისათვის ბექას ციხის დაჭერა, მაგრამ
შალვა ფხიზლად იყო, მეფის ბრძანება იუსუფ-ბეისგანვე გაიგო და სარდლის თანაშემწე
ისე უჩუმრად შეიპყრო, ეჭვიც კი არავის გასჩენია.

ამილახვრიანთ ჩრდილიანი, ხილიანი და ყვავილიანი დიდი ეზო ჰქონდათ. ეზოში


სამსართულიანი სასახლე იდგა, რომელსაც მაღალი, მტკიცე, კარგად გამაგრებული ციხე
გადმოჰყურებდა.

ისკანდერ-ხანის მცველები, ამალა და მსახურები დილეგში ჩაჰყარეს. ქართველი ტყვეები


ცალკე დაამწყვდიეს. იბრაჰიმ-ხანი და ხოჯა ისმაილი, რომელთაც ბექას ბრძანებით
ხელები შეუხსნეს, მეფესა და მის ვაჟიშვილთან ერთად დიდ სასტუმრო ოთახში
დააბინავეს და მცველებად ზებულონის შეგირდები მიუჩინეს.

იუსუფ-ბეის შეპყრობა რომ შეიტყო, ისკანდერ-ხანი მიხვდა, რომ საბოლოოდ დამარცხდა.

- გიჯობნია, ბექავ. მაგრამ მოლაპარაკებას კი ტყუილად ლამობ. მე შენთან


მოსალაპარაკებელი არა მაქვს რა.

- ნება შენია, მეფეო, - წყნარად მიუგო ამილახვარმა. მერე, მცირე დუმილის შემდეგ,
დასძინა, - ვინძლო, ქვეყნიერების მზემ, ირანის შაჰმა, მაინც არ გვითხრას უარი
მოლაპარაკებაზე.

- ირანის შაჰი პირველ ყოვლისა ჩემს ძმისწულს მოჰკვეთს თავს.

- ირანის შაჰთან ჩვენ გასაყოფი არა გვაქვს რა, - ცბიერმა ღიმილმა ძლივსშესამჩნევად
გადაურბინა ბექას სახეზე, - შენს სარდალს, - იბრაჰიმ-ხანს მიაშვირა ხელი, - შენს
ჟამთააღმწერს, - ახლა ხოჯა ისმაილს მიაშვირა ხელი, - მთელს შენს ამალას და სპარსთა
მთელს ლაშქარს მშვიდობიანად გავისტუმრებთ ისპაჰანს. მგონია, რომ ასეთ
ერთგულებას დაგვიფასებს ირანის მზე და ქართლს კანონიერ მეფეს მისცემს.

ამან ისკანდერ-ხანი დააფიქრა და საგონებელში ჩააგდო. მაშინ ბექა მალევე გაეცალა და


სამივენი მთელი ღამით მარტო დატოვა, რათა დამშვიდებით ეთათბირათ და თავიანთი
მდგომარეობა კარგად აეწონათ.

მეორე დღეს ისკანდერ-ხანმა მოლაპარაკებაზე დასტური თქვა, ოღონდ ორი პირობის


უცილობლად შესრულება მოითხოვა: ერთი - ჯალაბი გვერდით უნდა მყავდეს, რომ
დარწმუნებული ვიყო, საფრთხე არა ემუქრება რა, და მეორე - მოლაპარაკებას ჩემი
უფროსი ძმა, ბატონიშვილი იოველი, უნდა დაესწროსო. ბექა ისკანდერ-ხანის პირობებს
დათანხმდა. ცოლების ჩამოსაყვანად (შვილი ქაიხოსროს მეტი ისკანდერ-ხანს არა
ჰყავდა) შალვა გაგზავნა შეიარაღებული გუნდით, იოველ ბატონიშვილთან კი ზებულონი.

თითქოს ონავარი ბალღის ხელში მოხვედრილიყოს, ზებულონის ბედის ჩარხი უცნაურად


და უკუღმართად ტრიალებდა. იქ, სადაც ორი წელი უნდა დაეყო და სიბრძნის წყაროს
დასწაფებოდა, რათა მერე მშობლიურ წყაროსთვალში სწავლა-განათლების კელაპტარი
დაენთო, ახლა წამიერ სტუმრად და უცხო შიკრიკად მიდიოდა.

ზოგჯერ ეჩვენებოდა, თვითონ კი არ მიაქროლებდა ცხენს, თვითონ ერთ ადგილას იდგა


და შორეული ველ-მინდვრები, მთები, ტყეები და ნაკადულები, უცხო ბურუსში გახვეულები
და ამიტომ ისეთი მყიფეები, თითქოს ნამდვილი კი არა, ნამდვილის ბუნდოვანი
ანარეკლები ყოფილიყვნენ, მისკენ მოქროდნენ.

სიზმარივით გაიარა ის ადგილი, სადაც ერთხელ ღამე გაათია, მეორე დღეს კი გზის
გაგრძელება ვეღარ გაბედა და გაწბილებული უკან გამობრუნდა. სიზმარივით გასცდა
ხევს და ფერდობს შეუყვა.

ფერდობის თავზე გადმომდგარ თეთრ ტაძარს ირგვლივ თეთრი ბურუსი შემოსდგომოდა


და ისე მოჩანდა, თითქოს იყო და არც იყო.

ეზოს ირგვლივ მაღალი გალავანი ერტყა. შუაში ფართო ჭიშკარი იყო დატანებული. ეზოში
რამდენიმე შავანაფორიანი ბერი ფუსფუსებდა.

ყოველივე ისე ჩანდა, როგორც უცხო რამ მოლანდება.

აზრის მიუტანებლად შეეხმიანა ბერებს - ისე, თითქოს ბექას დავალებას გამოგონილი და


სახელდახელოდ შეკოწიწებული ზებულონი ასრულებდა, მეორე კი, ნამდვილი ზებულონი,
ყოველივე ამას შორიდან უყურებდა - და იოველ ბატონიშვილის ნახვა ითხოვა.

როცა იოველ ბატონიშვილი დაინახა, მაშინ კი ცოტა გონს მოეგო.

ბატონიშვილს თავი მდაბლად დაუკრა, მერე გაიმართა და მღელვარე მოლოდინით


მიაჩერდა. ბატონიშვილმა ერთხანს თავადაც მდუმარედ უცქირა და, რაკი ზებულონი ხმას
არ იღებდა, ამბავი ჰკითხა.

აქ ზებულონი საბოლოოდ გამოერკვა და გული მწარედ ჩაწყდა. ძველისძველი იარა


გაეხსნა და სისხლმა წვეთვა დაუწყო.

იოველ ბატონიშვილმა ვერ იცნო.

თავი მოთოკა, მოკლედ მოახსენა სათქმელი და არ დაუსვენია, ისე გამოტრიალდა, რათა


ბექასთან ამბავი დროით მიეტანა.

იოველ ბატონიშვილი, ჩანს, მალევე გამომგზავრებულიყო. ზებულონმა რომ მიაღწია


ამილახვრიანთ სასახლეს, რამდენიმე საათის შემდეგ ისიც გამოჩნდა ოთხი მსახურის
თანხლებით.

მომდევნო დილას ისკანდერ-ხანს ჯალაბიც ჩამოუყვანეს.

ზებულონმა გაიგო, რომ დედოფლებს მეორე დღეს მოელოდნენ, და აფორიაქებულმა


ღამე თეთრად გაათენა. დილაადრიან ადგა და, გამოუძინებელი და დაღლილი, მთელი
დილა უთავბოლოდ დაბორიალობდა ვრცელ ეზოში. იოველ ბატონიშვილმა რომ ვერ
იცნო, ამაზე უკვე აღარ ფიქრობდა. უფრო მცირე ტკივილი უფრო დიდმა ტკივილმა
მიჩქმალა. ხოლო ეს დიდი ტკივილი ერთმანეთში არეულ შხამისა და შარბათის წვრილ
ნაკადულებად დაუდიოდა გულ-გვამში.

ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდნენ. წინ შალვა მოუძღოდა თავისი რაზმით, უკან
საჭურისი მსახურები მოჰყვებოდნენ.

ორთავ სპარს ქალს ჩადრები ეხურათ. ნესტანი უჩადროდ იყო, ყვითელი ატლასის
მოსასხამი ესხა და თავზე ოქროს დიადემა ედგა; წინ, შუბლთან, დიადემის შუაში,
ბრილიანტის თვალი ბრწყინავდა და ალმაცერ სხივებს აფრქვევდა. ცხენზე ახლაც
ვაჟურად იჯდა, ისე, როგორც ყმაწვილქალობაში სჩვეოდა. გამართული იჯდა, მაგრამ
თავი კი ოდნავ ჩაეკიდა. დაღლილი ჩანდა, გაცრეცილი. ტუჩები მოკუმული ჰქონდა და
მთელ სახეზე ისეთი გამომეტყველება ედო, თითქოს პაპამ საქმრო შეურჩია და
გამწყრალი დაწუნებას აპირებსო. შავ თვალებში ის უცხო შუქი, რის გამოც, როცა არ
იღიმებოდა, მაშინაც კი მოღიმარე ჩანდა, აღარ ედგა. უძრავად იჯდა ცხენზე და სადღაც,
წინ, ერთ წერტილს გასცქეროდა.

ზებულონს მკერდში გული უძაგძაგებდა და, თითქოს სისხლი ერთიანად გაუწყალდაო,


მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა. თავის აწევას ვერ ბედავდა და ქვეშ-ქვეშ,
ქურდულად უთვალთვალებდა.

ჭიშკარში რომ შემოვიდნენ და შუა ეზოს მოატანეს, სადაც ბექა, ბექას დედა და ბექას და
ელოდათ, ყველანი შეჩერდნენ. ბექამ ნესტანს გაუღიმა და ნაბიჯი წინ წადგა, რომ
ცხენიდან ჩამოსვლაში მიშველებოდა. ნესტანმა თვალი აარიდა და ცხენიდან თვითონვე
ჩამოხტა. ბექა ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.

ნესტანი არ შეჩერებულა, არც არავისთვის შეუხედავს. ჩამოხტა თუ არა ცხენიდან, გზა


განაგრძო და კიბეს შეუყვა. წელში გამართული მიდიოდა, მხოლოდ თავი კი ისევ ისე
ოდნავ ჩაეკიდა. მალე კიბე აათავა და თვალს მიეფარა.

ზებულონს ახლა მთელი სხეული ქვად ქცეოდა, ქვადქცეულ სხეულში დამაზრობელ ყინვას
ურიცხვი ბზარი გაეჩინა და ყოველი ბზარი არაადამიანური ტკივილით სტკიოდა.

ნაშუადღევს სასახლის მთავარ დარბაზში მოლაპარაკება დაიწყო...

დიდი ამბები დატრიალდა ქართლში. დიდი ამბები დატრიალდა ზებულონის გულშიც. და


არავინ უწყის, ამ ამბებთაგან რომელი უფრო დიდი იყო.

ქართველთა მხრით მოლაპარაკებას ბექა ამილახვარი წარმართავდა და სხვა მის გარდა


არც არავინ მონაწილეობდა. მართალია, იოველ ბატონიშვილი კი ესწრებოდა, მაგრამ
იოველ ბატონიშვილს თავი ისე ეჭირა, თითქოს აქ მხოლოდ ძმის დაჟინებული
მოთხოვნის გამო იყო, თორემ თავისი სასწავლებლის გარდა სხვა არაფერი აწუხებდა და
სულ არ დაგიდევდათ, ქართლის ტახტზე ისკანდერ-ხანი იჯდებოდა თუ მანუჩარ
ბატონიშვილი. ისკანდერ-ხანის მხარემ თავდაპირველად მარტო ბექა ამილახვართან
მოლაპარაკება უჯეროდ სცნო. ხოჯა ისმაილმა მტკიცედ გამოუცხადა ბექას, თუ
მართალია, რომ ქართლის დიდებულთ არ სურს მეფედ ისკანდერ-ხანი, მაშ მოვიდნენ და
თავიანთი სურვილი თვითონვე გვითხრანო. ცბიერი კაცი იყო ხოჯა ისმაილი, შეთქმულთა
ვინაობის გაგება ეწადა, მაგრამ აბა მისი ცბიერება ბექა ამილახვრის ცბიერებასთან სად
მოვიდოდა! განა ტყუილად გათოკა თავისი მომხრეები მოღალატე დიდებულებთან
ერთად! საბოლოოდ ისკანდერ-ხანი იძულებული შეიქნა დაეთმო და ბექასთან
მოლაპარაკებას დასჯერებოდა. ბექა მანუჩარ ბატონიშვილისა და მთელი ქართლის
სახელით ერთს მოითხოვდა: ისკანდერ-ხანს ნებით ეთქვა უარი ქართლის ტახტზე და
თავისი ეს სურვილი შაჰისთვის შეეთვალა, სამაგიეროდ პირობას იძლეოდა, რომ, მას
შემდეგ, რაც მანუჩარ ბატონიშვილი ჩამოვიდოდა, ისკანდერ-ხანსა და ყველა მის
ქვეშევრდომს, სარდლიდან მოყოლებული, ვიდრე უკანასკნელ მსახურამდე და
მოლაშქრემდე, სპარსეთს უვნებლად გაისტუმრებდა.

მოლაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბექამ იოლად დაარწმუნა ისკანდერ-ხანი,


რომ ხსნა არსაით ჰქონდა, და მალე უსტარიც დაიწერა, რომლითაც ისკანდერ-ხანი და
მისი დიდებულები ირანის შაჰს არწმუნებდნენ, ამჟამად ორთავ ქვეყნისთვის უმჯობესი
იქნება, ქართლის ტახტი მანუჩარ ბატონიშვილს მიეცესო.

შეთქმულებმა დესპანობა იოველ ბატონიშვილს სთხოვეს. იოველ ბატონიშვილს შაჰის


კარზე კარგად იცნობდნენ და დიდ პატივსაც სცემდნენ, ამიტომ გადამწყვეტ
მოლაპარაკებას მასზე უკეთ ვერავინ გაართმევდა თავს.

იოველ ბატონიშვილმა რამდენიმე მასავით ხანდაზმული დიდებული იახლა და გზას


გაუდგა.

ქართლს ამასობაში შეთქმულები განაგებდნენ. სადავეები ბექა ამილახვარს ეპყრა ხელთ


და მის უნებართვოდ და უცოდნელად ქართლის გზებზე ჩიტი ვერ გადაიფრენდა. იბრაჰიმ-
ხანის ბრძანებით რომ სპარსთა ლაშქარმა იარაღი დაყარა და ქართველებს დანებდა,
ბექამ და სხვა მოთავეებმა კიდევ უფრო გაიმახვილეს თვალი და ყური. ახლა საშიში ის
იყო, ხალხი შურისძიების წადილს არ დაებრმავებინა, გულს არ აჰყოლოდა და სისხლი არ
დაეღვარა. სისხლის დაღვრას, ადვილი შესაძლებელია, ამდენი წვით და დაგვით ნაგები
კოშკი ერთი ხელის დაკვრით დაექცია. გარდა ამისა, ისკანდერ-ხანის მომხრე ქართველ
დიდებულებს ბექამ თავისი ხალხი ჩაუყენა ციხეებში, რათა შეშინებულები ქვეყნიდან არ
გაქცეულიყვნენ.

ზებულონი, რომელსაც, ისევე როგორც მრავალ სხვა ერთგულ კაცს, წესრიგის დაცვა
ევალებოდა, თავისი ორმოცდაათი შეგირდით მთელ ქართლში დაქროდა.

გული კი იქ ჰქონდა დარჩენილი, ამილახვრიანთ სასახლეში.

ამ დიდ ორომტრიალში მაინც თავის სადარდებელს დასტრიალებდა, თავის საფიქრალს,


თავის ოცნებას. მართალია, ეს ოცნება მყიფე იყო და საეჭვო, მაგრამ, ვიდრე არ
დამსხვრეულიყო, გულში მაინც იმედის მაცოცხლებელ ნამად ეწვეთებოდა.

ეგებ ნესტანს არ მოეწადინებინა სპარსეთს წასვლა! ეგებ ბექას მოეთხოვა ნესტანის


ქართლში დატოვება! ეგებ ისკანდერ-ხანს თავად ეთქვა უარი ნესტანის წაყვანაზე!

დიდი ამბები ტრიალებდა ქართლში. დიდი ამბები ტრიალებდა ზებულონის გულში. და


არავინ უწყის, ამ ამბებთაგან რომელი უფრო დიდი იყო.

ორი თვის თავზე დესპანი დაბრუნდა.

შუადღის ხანს მახარობელმა გაქაფული ცხენი ამილახვრიანთ ღია ჭიშკარში შეაგდო და


ისეთი ხმით დასჭექა, მანუჩარ ბატონიშვილი ქართლს მობრძანდაო, მთელი სასახლე,
დიდიან-პატარიანად, წამსვე ეზოში გამოეფინა.

საღამოს მანუჩარ ბატონიშვილ ელჩიონითა და ამალით ქალაქს შემოვიდა.

ირანის შაჰმა, ქართლში დატრიალებული ამბები რომ შეიტყო, წყენა თურმე უხმოდ
გადაყლაპა, ქართლის დესპანი დიდი პატივით მიიღო, ისკანდერ-ხანის უსტარს თავისი
დასტური მისცა და მანუჩარ ბატონიშვილი ძღვენითა და საჩუქრებით დატვირთული
გამოისტუმრა.

მანუჩარ ბატონიშვილი ტახტზე ავიდა.

სამი დღის შემდეგ ზებულონს ბექა ამილახვრის კაცი მოუვიდა და, მეფე გიბარებსო,
უთხრა.

მანუჩარ მეფემ უკვე ყველაფერი წვრილად იცოდა, რაც ქართლში მოხდა. ზებულონი
აღლუმზე იხმო, ღიმილით შეეგება, ტოლივით მოეხვია, აკოცა და უთხრა, ერთგულების
სამაგიეროდ თავადობა მიბოძებიაო.

ეამა ზებულონს. ქართლის მეფემ ამდენი ხალხის თანდასწრებით პირზე აკოცა და, რა
დასამალია, ეამა. მაგრამ ეს სიამე მალევე გაქრა. თითქოს ზებულონის გულში მისთვის
საგანგებო ხვრელი ყოფილიყო გაყვანილი, ამ ხვრელით შემოვიდა და ამ ხვრელითვე
გავიდა.

გული და გონება ფიქრით ჰქონდა სავსე. ფიქრით, ეჭვით, შიშითა და მცირე იმედით.
ამიტომ სიამისთვის არ ეცალა.

ალბათ უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა, ნესტანი სპარსეთს მიდიოდა თუ ქართლში


რჩებოდა. გადაწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ქართველთაგან
მხოლოდ ბექა ამილახვარსა და მანუჩარ მეფეს თუ ეცოდინებოდა. იმათ კი ზებულონი აბა
როგორ ჰკითხავდა! და იტანჯებოდა თავისთვის, მარტო. ხან ეგონა, აუცილებლად
დარჩებაო, ხან ეგონა, აუცილებლად წავაო. იმედისა და სასოწარკვეთის ეს მძაფრი
ცვალებადობა, ეს გაუგებრობა და მოუთმენლობა ისე აწვალებდა, ისე უღვთოდ და
დაუნდობლად უღიტინებდა მთელ სხეულში, არც დღე და არც ღამე მოსვენება არა
ჰქონდა.

ათი დღე იყო გასული მანუჩარ ბატონიშვილის ტახტზე ასვლიდან, როდესაც


ქართველებმა ამაღელვებელი და საკვირველი სურათი იხილეს.

მთელი ქართლი, დიდიან-პატარიანად, სახლებიდან გამოვიდა და გზაზე გამოეფინა.


ყველას უნდოდა თავისი თვალით ენახა ეს უცხო სახილველი, რათა მერე შვილებისა და
შვილიშვილებისათვის წვრილად ეამბნა, როგორც ერთი რამ საოცარი ზღაპარი,
რომელიც, არავინ იცოდა, ოდესმე კიდევ განმეორდებოდა თუ არა ქართველთა
ცხოვრებაში.

ხუთი ათასი სპარსი, ცხენებზე ამხედრებული და იარაღში ჩამჯდარი, უვნებელი, მაგრამ


დამარცხებული, უხმოდ, თავჩაღუნული, მძიმე ნაბიჯით მიდიოდა ქართლიდან. უკან ბექა
ამილახვარი მიჰყვებოდა ქართველთა ლაშქრით, რათა სპარსეთის საზღვრამდე
მიეცილებინა.

მთელ გზაზე ხალხი იდგა, დიდები, პატარები, ქალები, კაცები, მოხუცები, ბალღები. ჩუმად
ადევნებდნენ თვალს მიმავალ ლაშქარს და, თითქოს, რაც კი ოდესმე სპარსთაგან ვაება
ეწვნიათ, ყველა დავიწყებოდათ, ახლა ამ თავჩაქინდრულ, გაწბილებულ ვაჟკაცებს რომ
უყურებდნენ, გული სიბრალულით ეწვოდათ.

წინ ისკანდერ-ხანი მიდიოდა სარდლითა და თორმეტი მცველით, ამათ მოჩარდახული


ეტლი მიჰყვებოდა უკან, რომელშიაც ისკანდერ-ხანის ვაჟი და სამივ ცოლი იჯდა. მერე
მთავარი ლაშქარი მიაბიჯებდა, ბოლოში კი - იუსუფ-ბეი მცირე გუნდით.

ტახტზე ავიდა თუ არა, მანუჩარ მეფემ ბექა ამილახვრის უმცროსი და ცოლად შეირთო და
დიდი ქორწილი გადაიხადა.

ორი კვირის შემდეგ შალვა ჩხეიძე უცხო ქვეყნებში გაემგზავრა. როგორც ზებულონმა
გაიგო, შალვას თურმე წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მანუჩარ მეფე, ბექა ამილახვარი და
იოველ ბატონიშვილი ჩასციებიან და ისიც იძულებული შეიქნა დაჰყაბულებულიყო. იოველ
ბატონიშვილს წიგნებიც დაუწერია და თავის ნაცნობ სწავლულებთან გაუტანებია.

კიდევ ორი თვე რომ გამოხდა, სპარსეთიდან ამბავი მოვიდა, ისკანდერ-ხანი და მისი
სარდალი იბრაჰიმი ისპაჰანს ჩასვლისთანავე უკვალოდ სადღაც გაქრნენო. ნამდვილი
არავინ იცოდა, ოჯახებსაც კი ვერაფერი შეეტყოთ, მაგრამ ხმები დადიოდა, შაჰმა ორივე
ჩუმად მოაკვლევინაო. ეს ხმები ზოგს სჯეროდა და ზოგს არა და მხოლოდ რამდენიმე
წლის შემდეგ, როდესაც ირანის კარზე გადატრიალება მოხდა, საჯაროდ გამოაცხადეს,
რომ შაჰის ბრძანებით თურმე დილეგში ჩაეყარათ და იქ უსმელ-უჭმელობით
დახოცილიყვნენ.

ბექა ამილახვრისა კი დაფარული არაფერი ყოფილა და ყველამ მაშინვე ნამდვილი


შეიტყო.

ერთ დღეს ქართლს სპარსთა დესპანი მოვიდა და მეფეს გამოუცხადა, ბრწყინვალე შაჰი
ბექა ამილახვარსა და შალვა ჩხეიძეს ისპაჰანს იხმობსო.

ბექამ იმთავითვე იზრუნა, რომ დანარჩენ შეთქმულთა ვინაობა სპარსელებს არ შეეტყოთ.


შალვას მონაწილეობა ვერ დამალა. ამიტომაც გაარიდა ქართლს და უცხო ქვეყნებში
გაისტუმრა. თვითონ კი მშვიდად და აუღელვებლად დაიწყო გასამგზავრებლად მზადება.
დაშლითაც ვერავინ უშლიდა. მეფეს ერთი კი ეთქვა, ოსმალეთს გადადი და სულთნის
კარს შეაფარე თავიო, მაგრამ ორთავემ კარგად იცოდა, რომ ეს ვალმოსახდელად ითქვა,
ვინაიდან გაქცევა და შაჰთან გამოუცხადებლობა ახლა ის იქნებოდა, რაც ააშენა,
თავისივე ხელით დაენგრია.

მალე ამბავი ჩამოვიდა: ბექა ამილახვარი ისპაჰანის დიდ მოედანზე გაეყვანათ (ათი წლის
შემდეგ ის მოედანი ზებულონმა თავისი თვალით ნახა) და თავი მოეკვეთათ.

ქართლი კი იმ მძაფრი აღტკინების შემდეგ თანდათან დაცხრა, დაწყნარდა და


ყოველდღიურ ცხოვრებას მიეცა.

გარსევან ორბელიანი მალე სიკვდილით დასაჯეს. მოღალატეთაგან მანუჩარ მეფემ ზოგს


მამულები ჩამოართვა, ზოგს თვალები დასთხარა, ზოგიც შემოირიგა. სიკვდილი მხოლოდ
გარსევან ორბელიანს გადაუწყვიტა. მას შემდეგ, რაც იფნისხევში ყველანი შეიპყრეს,
ზებულონს ცალი თვალი მუდამ გარსევან ორბელიანისკენ ეჭირა და ერთთავად იმის
ნატვრაში იყო, ნეტა საპყრობილედან გაიქცეს, რომ დავედევნო და ჩემი ხელით
ჩავაძაღლოო, მაგრამ ორბელიანს მისი შეგირდები დარაჯობდნენ და აბა სად
გაიქცეოდა! სამაგიეროდ ზებულონი სიკვდილით დასჯას დაესწრო და ისეთი სიამით
უცქირა, ხანი რომ გამოხდა, ეს ღვარძლიანი სიამე სირცხვილით აგონდებოდა.

წლის თავზე მანუჩარ მეფეს ვაჟი შეეძინა, რომელიც ოთხი წლისა რომ შეიქნა, შაჰმა
ისპაჰანს გაიწვია და მამის გარდაცვალებამდე ქართლს აღარც ჩამოსულა.

ზებულონს ამ დროს დროის ანგარიში უკვე არეული ჰქონდა. ან კი როგორ არ აერეოდა,


როცა ხედავდა, რომ დრო ხან ისარივით მიქროდა, ხანაც კუსავით მიიზლაზნებოდა!

მანუჩარ მეფეს დანაპირები არ დავიწყნია, ზებულონს მალე თავადობის სიგელი მისცა.


მამულიც უნდა ებოძებინა, მაგრამ ზებულონმა უარი თქვა. რა თავში იხლიდა! დღეს არა,
ხვალ მოკვდებოდა და ვისთვის დაეტოვებინა! ეგეც არ იყოს, განა კიდევ ვარგოდა
საიმისოდ, რომ მამულში ჩამჯდარიყო და მიწაში ფესვები გაედგა! სანამ ერთ ადგილას
ყოფნა ეწადა, არავინ გააჩერა ერთ ადგილას, ახლა კი რა ემამულებოდა - სახლ-კარი რა
იყო, აღარ იცოდა.

ერთი დაპირება მაინც დააპირა, ბედი ეცადა. ოჯახს მოვეკიდებიო, იფიქრა და იესე
ერისთავის მამულში ავიდა. აკი ნესტანმა დაუბარა, მღვდლის ქალი შეირთეო! შეირთავდა
თუ არა, არ იცოდა, ასვლით კი ავიდა. როცა მღვდლის სახლს მიუახლოვდა და ეზოში
მზევინარი დაინახა, რომელიც დაბალ სკამზე იჯდა დიდი მსხლის ძირას, აქეთ-იქით ორი
აკვანი ედგა, ორთავ აკვანს ერთად არწევდა და თან წყნარად მღეროდა, ზებულონი
მიხვდა, რომ შეუძლებელი მოეწადინებინა. მაშინ გზა განაგრძო და სასახლეში ავიდა. იესე
ერისთავი რომ დიდი ხანია ცოცხალი აღარ იყო, იცოდა, მაგრამ, როდის და როგორ
მოკვდა, ის აღარ იცოდა და მოხუცი მოურავი ინახულა. ნესტანი რომ ისკანდერ-ხანმა
წაიყვანა, მას შემდეგ ორიოდე თვე იცოცხლაო, მოურავმა, ოღონდ შინიდან აღარ
გამოდიოდაო, ღამე ძილი არა ჰქონდა და ბოლო დღეებში ლოგინშიც აღარ წვებოდა,
სავარძელში იჯდა ხოლმე და ღამეებს თეთრად ათენებდაო. ერთ დილით სწორედ
სავარძელში მჯდომარე დაგვხვდა მკვდარიო. ზემოთ დაესაფლავებინათ, სამლოცველოს
უკან. ზებულონმა საფლავი მოინახულა, ერთხანს იდგა და დასცქეროდა, მერე პირჯვარი
გადაიწერა და გამობრუნდა.

რა ექნა? სად გადავარდნილიყო? როგორ დაეამებინა გულის იარები?

ვითომ წყაროსთვალში დააპირა წასვლა, მაგრამ ვერ წავიდა. მართალია, ეჭვადაც არ


იცოდა, რომელ მხარეს იყო სპარსეთი, მაინც ეგონა, წყაროსთვალში უფრო მოშორებული
იქნებოდა ნესტანს.

მალე ლეკებმა ასევე წამოყვეს თავი და ზებულონს საქმე გაუჩნდა. მანუჩარ მეფის
თანხმობით მცირე, მაგრამ მარჯვე, სწრაფი და მამაცი გუნდი შეადგინა და ის საქმიანობა,
რომელსაც თავის დროზე მანუჩარ მეფე და მისი თანშეზრდილი ყმა და მეგობარი ბექა
ამილახვარი უძღოდნენ, ხელახლა წამოიწყო.

ზემოთ წავიდა თავისი გუნდით, მთის სოფლებში, სადაც უფრო ხშირი იყო ყაჩაღების
გამოჩენა. დიდხნობით არსად ჩერდებოდა. ერთი-ორი კვირა რომ ერთ სოფელში
დაბანაკდებოდა, მერე აიყრებოდა და სხვა სოფელში გადავიდოდა. მალე მსტოვრებიც
გაიჩინა და იმ ქურდ-ბაცაცებს სულ შიშის ზარს სცემდა.

მაგრამ თავის მოურჩენელ ტკივილს ვერაფერი უშველა. დღისით კი მუდამ


თანამებრძოლებში ტრიალებდა, რომელთაც საოხუნჯო და სალაღობო არასოდეს
ელეოდათ, მაგრამ ღამეები უფრო მეტად აქაც მშვიდობიანი იყო, წყნარი, უხმაურო. და
როცა ამ სიწყნარესთან, სიჩუმესთან, მარტოობასთან პირისპირ დარჩებოდა და
დაატყობდა, შემოსეული ფიქრების მოგერიების ღონე აღარ ჰქონდა, გულში ჩარჩენილი
დანის ნატეხი - წვეტიანი, ბასრი - დროს იხელთებდა, ამოძრავდებოდა, სახნისივით გადი-
გამოდიოდა და, საცა გაივლიდა, ყველგან სისხლის კვალს ტოვებდა.

ასეთ დროს გამუდმებით ნესტანზე ფიქრობდა და სპარსეთს წასვლა უნდოდა. აბა,


სპარსეთს როგორ უნდა წასულიყო, მაგრამ სასოწარმკვეთ ფიქრებს ვერ მორეოდა.

ერთი ხანობა სცადა ღვინით გაექარვებინა ნაღველი, მაგრამ ღვინო ისე არ ეკიდებოდა,
დამთვრალიყო, შეზარხოშებულს კი ფიქრები კიდევ უფრო მწარედ წიწკნიდნენ და იმ
ავბედით სახნისსაც უფრო ღრმა და უფრო მტკივნეული ხნული გაჰქონდა დაწყლულებულ
გულში. რამდენჯერმე ამხანაგებმა აიყოლიეს და ქალებში წაიყვანეს სანავარდოდ.
პირველად მოეჩვენა, რომ მართლა იშოვა წამალი. ნეტარების თავდავიწყებაში
ჩაძირულს ნეტარების გარდა ამქვეყნად სხვა ყველაფერი ავიწყდებოდა, მაგრამ მერე,
ვნება რომ დაუცხრებოდა და ქალი, რომელიც მკლავზე ეწვინა, უკვე ისეთი აღარ
ეჩვენებოდა, როგორც თავიდან, რაღაც უცნაური, უსაზღვრო, განუკურნებელი სევდა
ეუფლებოდა, რომელიც ჯერ ცარიელ სხეულს ამოუვსებდა, მერე კი, იქ რომ ვერ ეტეოდა,
ადიდებულ მდინარესავით გადმოსკდებოდა, მთელ სამყაროს ეფინებოდა და ისე
ჟღინთავდა ყოველივეს, როგორც გაზაფხულის წვიმა ჟღინთავდა მიწას წყაროსთვალში.
სპარსეთს კი ბოლოს აკი მართლა წავიდა!

ჩანს, ესეც შუბლზე ეწერა და ბედმა წაიყვანა. განა იმისთვის წაიყვანა, რომ ნესტანი
დაენახვებინა! იმისთვის წაიყვანა, რომ ქაიხოსრო ბატონიშვილისთვის ეჩვენებინა და
შურისძიების მახვილი აელესა.

ახალი შაჰი ქართლს მაინცდამაინც არ აწუხებდა. რაკი ტახტის მემკვიდრე ისპაჰანში


ჰყავდა და ყოველწლიურ ხარკსაც უკლებლად და დაუგვიანებლად იღებდა, იშვიათად თუ
შეახსენებდა თავს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანუჩარ მეფე მორჩილებას არ
გადაჩვეოდა და ზედმეტად არ გათამამებულიყო. მაშინაც, სალაშქროდ მიმავალმა,
ქართლიდან, ისევე, როგორც სხვა ქვეშევრდომი ქვეყნებიდან, მცირე ლაშქარი იწვია,
სულ ხუთასი კაცი.

მანუჩარ მეფემ ლაშქარს ბაადურ ორბელიანი უსარდლა და თანაშემწედ ზებულონი


დაუნიშნა.

მართლა რომ წავიდა სპარსეთს, ზებულონი მაშინღა მიხვდა, თუ რა ბალღური უგუნურობა


ყოფილა სპარსეთს წასვლაზე ფიქრი. ელჩებიც ენახა სპარსეთში ნამყოფი და
მალემსრბოლებიც. ამიტომ ისიც იცოდა, რამდენ ხანს ანდომებდნენ წასვლა-წამოსვლას,
მაგრამ თავად რომ გამოსცადა, მაინც განცვიფრებული დარჩა. რამოდენა გზა ყოფილა
ისპაჰანამდე! ან სპარსთა ქვეყანა რამოდენა ყოფილა! ლაშქრობისას რომ საზღვარ-
სამანები მოვლო, კათალიკოსის ნათქვამი მოაგონდა, ჩვენი ქვეყანა ისეთი პატარაა,
ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მიწვდებიო. მაშინ ამ ნათქვამისთვის ყურადღება
დიდად არ მიუქცევია და მხოლოდ მერე, ვეებერთელა სპარსეთი რომ ნახა, მიხვდა -
თურმე მართლა რა პატარა ყოფილა ქართლი!

აბა, ამოდენა ქვეყანაში ნესტანის პოვნისა რა იმედი უნდა ჰქონოდა!

ასე ფიქრობდა ზებულონი, ბედისწერა კი სხვაგვარად სჯიდა.

ხუთასი ჩინებული მოლაშქრე ახლდა ბაადურ ორბელიანს. და თუმც კი მტრის მტერს


ებრძოდნენ, არ შეეძლოთ, ისე არ ებრძოლათ როგორც გული ერჩოდათ და მკლავი
უჭრიდათ, ამიტომ თავიც დიდად გამოიჩინეს. ისე გამოიჩინეს თავი, რომ შაჰის საგანგებო
ბრძანებით ლაშქრობის შემდეგ განსაკუთრებული პატივის ნიშნად მთელი გუნდი
სასახლის ფართო ქუჩაზე ჩაატარეს. წინ სპარსი მემუსიკეები მიუძღოდათ, რომელთაც
გრძელი საყვირები ეპყრათ ხელთ და ხმამაღლა აყვირებდნენ. ქუჩაში და აივნებზე ხალხი
ხმაურობდა და თავიანთ ენაზე რაღაცას გაიძახოდა. უცებ ზებულონი, თითქოს თავზე
უხილავი ქამანდი ჩამოაცვესო, გაუგებარმა, მაგრამ წინააღუდგომელმა ძალამ მაღლა
აახედა. ესეც მისი ბედი ყოფილა! აივანზე ნესტანი დაინახა. აქეთ-იქით ბატონიშვილები
ედგნენ, თავისი ქაიხოსრო და მანუჩარ მეფის პატარა ვაჟი. ნესტანს გულდახურული შავი
კაბა ეცვა, თავზე შავი ლეჩაქი ეხურა და შავ თვალებშიც, რომელთაც წინანდელი
ბრწყინვალებისა აღარაფერი შერჩენოდათ, თითქოს შავი გამომეტყველება ედგა.
ზებულონი შეკრთა და გული გაუცივდა. ხოლო იმავ წამს ნათლად მიხვდა, რომ ის
ქამანდი, რომელიც ასეთი ძალით ეწეოდა, ნესტანს კი არ ეპყრა, არამედ ქაიხოსრო
ბატონიშვილს. ქაიხოსრო ბატონიშვილი ახლაც იმგვარივე უცნაური დაჟინებით
მოსჩერებოდა, როგორც მაშინ, ათი წლის წინ, იფნისხევის ბანაკში. ყველაფერი ეს ელვის
სისწრაფით მოხდა. ზებულონის გაწვრთნილი ცხენი ისევ ისე, ერთი ნაბიჯის დაშორებით
მიჰყვებოდა ბაადურ ორბელიანის შავ ცხენს და მალე ის აივანი უკან დარჩა...

აივანი კი უკან დარჩა, მაგრამ ის ნესტანი, რომელიც მაშინ იმ აივანზე იხილა, მას შემდეგ
გონებიდან აღარ ამოსვლია და აღარც ოდესმე იმაში დაეჭვებულა, რომ შავი კაბაც
თვითონ ჩააცვა, შავი ლეჩაქიც თვითონ დაჰხურა და შავი გამომეტყველებაც თვითონ
ჩაუყენა შავ თვალებში.

ასეთი ცოდვა, ვიდრე ცოცხალი ხარ, გულზე ლოდივით უნდა გაწვეს და ძვლებს მწარე
ტკივილით გიღრღნიდეს...

ვინ მოთვლის, რამდენი ცოდვა ედო ზებულონს! ცოდვების მეტი თავისი აწეწილი
ცხოვრების გზაზე სხვა რა უგროვებია! თუნდაც ის ლეკის ბიჭი...

ერთხელ ერთ განაპირა სოფელს ლეკები ისეთი მხრიდან დაეცნენ, საიდანაც ზებულონს
გადმოსასვლელი არ ეგულებოდა და ამიტომ არც მეთვალყურე ჰყავდა დაყენებული,
სოფელი დაარბიეს და ნახირიც გაირეკეს. ზებულონმა მაინც მოასწრო, თავისი გუნდით
შუაღამისას ტყეში დაეწია, ნახირიც დაიბრუნა და ყაჩაღებსაც მუსრი გაავლო. ერთი ბიჭი
ცოცხლად შეიპყრეს. სულ ახალგაზრდა იყო, უწვერული, მუქი სახე ჰქონდა, შავი ბრიალა
თვალები და დიდრონი, თეთრი კბილები. გუშინდელივით ახსოვს ზებულონს - მოკუნტული
იდგა, აწურული, და ცდილობდა კანკალი შეეკავებინა. ზებულონს ტყვის დანახვა
გაეხარდა, ოთხი კაცი აარჩია - ორი თავისი გუნდიდან და ორიც სოფლის გლეხთაგან - და
უბრძანა, ლეკის ბიჭი უკანვე წაეყვანათ, რათა ეს, აქამდე უცნობი გადმოსასვლელი ენახათ
და გზა დაესწავლათ, მერე თვითონ ბიჭს მიუბრუნდა, რომელიც ატყობდა, რომ მისი ბედი
წყდებოდა და ცდილობდა სახეების გამომეტყველებაზე და ხელების მოძრაობაზე
მიმხვდარიყო, თუ რა ელოდა, და ანიშნა, შეწყალებული ხარ და შინ წადიო, თან ისიც
აუხსნა, გზაზე რომ ნადირს არსად გადაეყარო, ეს კაცები გამოგყვებიანო. ლეკმა
გამყოლებს ეჭვითა და შიშით შეხედა, ჩანდა, ამათთან ერთად წასვლას, ისევ ნადირთან
შეხვედრა ერჩივნა, მაგრამ რაკი არ მოკლეს, თვალები მაინც სიხარულით აუბრწყინდა.
ზებულონი ცხენს მოახტა და, ის იყო, დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად სოფელში
უნდა დაბრუნებულიყო, რომ ერთმა გამყოლმა მოაძახა: - გზა-კვალს რომ გავიგებთ, ამ
აქოთებულ ლეკს რა ვუყოთ, მოვკლათ თუ გავუშვათ?

ზებულონს ეჩქარებოდა.

სოფელში ერთ ქალს ყვარობდა. თვითონ კი არ ყვარობდა, ქალი ყვარობდა. ქმარი


ლოგინად ჰყავდა ჩავარდნილი - ხერხემალი ჰქონიყო უბედურს დაშავებული და ზეზე ვერ
დგებოდა. ჯანიანი ქალი იყო, ჩათქვირებული, კაბა ტანზე ასკდებოდა და დაბერილი
მკერდი არტახებში ვერ ეტეოდა. ზებულონის გუნდი რომ სოფელში დაბანაკდა,
ზებულონს თავის სახლში მიუჩინა ბინა - ჩემი ოჯახი სოფელში ყველაზე შეძლებულია და
მეთაურისთვის აქ ყოფნა უფრო უპრიანიაო. იმავ ღამეს, შუაღამისას, ფრთხილად,
ფეხაკრეფით შემოვიდა, არც არაფერი უთქვამს, არც არაფერი უკითხავს, ჩუმი
გაშმაგებით ეძგერა ზებულონს და ყელზე შემოეჭდო. მეორე დღეს კი ქმარმა, რომელსაც
გუნდის ჩამოსვლა შეეტყო, ზებულონი იხმო და სუსტი, მიკნავებული, მკვნესარე ხმით
საიდუმლოდ შეეხვეწა, მე, ხომ ხედავ, რა დღეში ვარ, ქალი კი გეცოდინება, მუხანათია,
შინაურებს ვერავის ვენდობი, ამიტომ შენ უნდა მიშველო, თვალი გეჭიროს და, თუ რამე
საეჭვო შეატყო, ჩუმად ამბავი მომიტანეო.

ქალმა იცოდა, რომ ზებულონი ამ სოფელში დიდხანს ვერ დარჩებოდა, და ცდილობდა,


სანამ აქ ჰყავდა, წუთიც კი უქმად არ დაეკარგა. ამიტომ ჩქარობდა ზებულონი. დროზე
რომ არ ჩასულიყო სოფელში, ქალი ერთ ამბავს დააწევდა.

ცხენი არც კი შეუჩერებია, მარტო თავი მიატრიალა და გამყოლს მიუგო: - გზა და კვალი
გაიგეთ და მერე, რაც გინდათ, ის ქენით, გინდა მოკალით და გინდა გაუშვით.

იმ ქალს ალერსი აღარ ეწერა. სოფელში შიკრიკი დახვდა და მეფის ბრძანება აუწყა: შენს
მაგივრად გუნდის უფროსად სხვა დატოვე და დაუყოვნებლივ სასახლეში გამოცხადდიო.

ქალაქს მიმავალს გზაში გაახსენდა თავისი ნათქვამი. შეკრთა, შეშფოთდა, ოფლმა


დაასხა, სხეულში თითქოს წვიმის ჭუჭყიანი გუბურები გაუჩნდა, მაგრამ რა ექნა? უკან ხომ
ვერ მიბრუნდებოდა! რომც მიბრუნებულიყო, რას იღონებდა?! ისღა მოახერხა, რომ
გადაწყვიტა, როგორც კი მეფე გამოუშვებდა, მაშინვე თავის გუნდთან გაჩენილიყო, რომ
გაეგო მაინც, რა უყვეს იმ საბრალო ბიჭს.

მეფემ არ გამოუშვა. ეს ამბავი სწორედ მაშინ მოხდა, როცა ბაადურ ორბელიანს


დაუნიშნეს თანაშემწედ და სპარსეთს გაგზავნეს.

სპარსეთს მთელი წელი მოაგვიანდა. ამ ერთი წლის განმავლობაში დღე არ ყოფილა, ის


ლეკის ბიჭი არ გახსენებოდა და მისი შეშინებული, აცეცებული თვალები არ დაენახა.
ქართლს რომ მობრუნდა, მყის ის თანამებრძოლები მოძებნა, მაშინ რომ გამყოლებად
დანიშნა, და, იმ ბიჭს რა უყავითო, ძლივს ამოღერღა კითხვა. ისე ღელავდა, თითქოს მისი
ბედი და უბედობა წყდებოდა. რომელ ბიჭსო, ვერ გაიგეს თანაგუნდელებმა და ზებულონი
მაშინღა მიხვდა, რომ ის, რაც მას მთელი წელიწადი აწვალებდა, ამათ დიდი ხანია უკვე
დავიწყებული ჰქონდათ. მაშინ ძალა მოიკრიბა და გაახსენა. ამა და ამ სოფელში
ვიყავითო, ისეთი მხრიდან მოვიდნენ, იქ თუ გადმოსასვლელი იყო, არ ვიცოდით, და გზა
რომ გაგვეგო, იმისთვის გაგაყოლეთო...

- იმ ლეკის ბიჭს კითხულობ? - მოიგონეს, როგორც იქნა, თანაგუნდელებმა და გაიცინეს.


მორიდებით გაიცინეს, ცოტა დარცხვენით. - გავუშვით. ისეთი თვალებით გვიყურებდა, ვერ
გავიმეტეთ და გავუშვით.

იმ წამს ზებულონმა დიდი შვება იგრძნო, სიხარულისაგან აღელვებული კინაღამ


გადაეხვია თანაგუნდელებს, კინაღამ დაკოცნა. მაგრამ მერე, პირველმა სიხარულმა რომ
გაუარა, მიხვდა, რომ მისთვის ამით არა შეცვლილა რა. თანაგუნდელებმა ვერ გაიმეტეს,
თორემ თვითონ ხომ გაიმეტა! გამეტებაც არ ერქვა ამას. ეს გამეტებაზეც უარესი იყო.
სახელი ვერ დაერქმია ზებულონს, მაგრამ გრძნობდა, რომ ისეთი რაღაც იყო, კაცი რომ
კაცისთვის დადგენილ საზღვარს გადააბიჯებ და ისეთ რამეს ჩაიდენ, არ შეიძლება თავს
ღვთის რისხვა არ დაიტეხო.

და, მიუხედავად ამისა, ის ლეკის ბიჭი, თუნდაც არ გაეშვათ თანამებრძოლებს, თუნდაც


მოეკლათ, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ზებულონმა ნესტანს უყო...

გრძნობდა, ამის მიტევება არ შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა და არც მიეტევებოდა...

კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ. კიდევ დიდხანს დაძრწოდა და დაეხეტებოდა
ზებულონი ქვეყნად. დაძრწოდა, დაეხეტებოდა და არა კვდებოდა. ჩანს, სიცოცხლე უფრო
დიდი სასჯელი ყოფილა, ვიდრე სიკვდილი.

როცა ომი ატყდებოდა, ლაშქარში იყო, როცა მშვიდობა ჩამოვარდებოდა, მომთაბარე


ლეკებსა და სხვა წვრილ-წვრილ ავაზაკებს ებრძოდა და ქართლის საზღვარს იცავდა.
ერთხანს მანუჩარ მეფემ იფნისხევში გაამწესა. თურმე „სანადიროში“ კარგად იწვრთნებიან
უწვრთნელი ჭაბუკებიო, ღიმილით უთხრა. მაშინ ბანაკი გააფართოვეს, შეგირდებისთვის
ახალი, დიდი სამყოფელი ააგეს. იასონ ბერმა, რა გაიგო, ზებულონი და მისი შეგირდები
იფნისხევში დარჩენას აპირებდნენ, იქაურობა მიატოვა, მაშ, მე ისევ უდაბნოში წავალ,
უდაბნოში სიწყნარე და სიმშვიდეაო, და წავიდა.

დრო მიდიოდა. ყველანი, ვინც კი ზებულონს ახლობლად ჰყავდა დაგულებული, ნელ-


ნელა ამ ქვეყნიდან გაიკრიფნენ.
ძმის დაღუპვა რომ შეიტყო, იოველ ბატონიშვილი თვითონაც მალე გარდაიცვალა, და
ვიდრე შალვა ჩხეიძე უცხო ქვეყნებიდან დაბრუნდებოდა, სასწავლებელი რამდენიმე
წელიწადს გაუქმებული იყო. მერე იოველ ბატონიშვილის საქმე შალვამ განაგრძო. დრო
მიდიოდა და მიდიოდა. ყველანი იხოცებოდნენ. მხოლოდ ზებულონი არა და არ
კვდებოდა. ხოლო რაკი არ კვდებოდა, ხან იბრძოდა, ხან იფნისხევში ჭაბუკებს წვრთნიდა
და ხანაც ისე დაეხეტებოდა, უსაქმოდ.

როდესაც მანუჩარ მეფე მიიცვალა, შაჰმა მისი მემკვიდრე, ჯერ კიდევ სრულიად ჭაბუკი
უფლისწული, დასვა ქართლის ტახტზე.

მანუჩარ მეფის ძე, როგორც ითქვა, ოთხი წლისა გაგზავნეს სპარსეთს და მას შემდეგ
ქართლში არ ყოფილა, მაგრამ არც რჯული გამოუცვლია და არც ქვეყნის სიყვარული
გულიდან ამოუღია. ისკანდერ-ხანის ქვრივს, ძლიერი ნების ქალს, გონიერსა და ზვიადს,
რომელსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ მრავალი მთხოვნელი გამოუჩნდა და ყველანი
უარით გაისტუმრა, ამ დროისთვის სეფე ქალებში და, საერთოდაც, შაჰის კარზე დიდი
გავლენა ჰქონდა მოპოვებული და იმდენი მოუხერხებია, უფლისწული თავის სახლში
დაუბინავებია, სადაც სპარსეთში მყოფ ქართველ დიდებულთა შესაკრებელი ადგილი
იყო. უფლისწული იქ, თუმც მასწავლებლებად, ისევე როგორც ქაიხოსრო ბატონიშვილს,
სპარსი ოსტატები ჰყავდა, ქართულად და ქრისტიანულად იზრდებოდა. ბატონიშვილებს
შორის შვიდი-რვა წელი იყო განსხვავება, მაგრამ ერთმანეთი მალე ძმებივით შეიტკბეს.
ამიტომ, ქართლში ჩამოვიდა თუ არა, ჭაბუკმა მეფემ მაშინვე იმაზე დაიწყო ზრუნვა,
ქაიხოსრო ბატონიშვილიც ჩამოეყვანა. რამდენიმე წელიწადში მიაღწია კიდეც მიზანს და
აი, ერთ დღეს ნესტანი და მისი ვაჟი ისპაჰანიდან გამოემგზავრნენ.

ნესტანმა ქართლს ვეღარ ჩამოაღწია, გზაში გარდაიცვალა. ანდერძად დაებარებინა, პაპა


იესეს გვერდით დამმარხეთო.

დასაფლავებაზე მისვლა ზებულონმა ვერ გაბედა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ,


როცა სასახლეში არავინ იყო, ღამით მგელივით შეიპარა ნაცნობ ეზოში და პაპა და
შვილიშვილი ერთად დაიტირა. მკერდზე ხელებდაკრეფილი დასცქეროდა ძვირფას
საფლავებს და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თვითონ იწვა მიწაში და საკუთარ თავს
დასტიროდა.

მერე გადაწყვიტა წყაროსთვალში წასულიყო. დროც იყო. მართალია, მკლავი ჯერ კიდევ
უჭრიდა, მაგრამ გული აღარ ერჩოდა. ვისთანაც კი ყოფნა ეამებოდა, ყველა უკვე
იმიერქვეყნად იმყოფებოდა, ამიტომ თვითონაც სიკვდილის მოლოდინის მეტი სხვა
აღარა დარჩენოდა რა, სიკვდილის მოლოდინი კი წყაროსთვალში ჯობდა.

არც ახლა გაუშვა ბედმა ნებაზე. ვიდრე წასასვლელად ემზადებოდა, მეფის ბრძანება
მოუვიდა და კვლავ იფნისხევში გაამწესეს ჭაბუკთა საწვრთნელად.

სამი წელი იყო იფნისხევში და სამი წელი წყაროსთვალში წასვლაზე ფიქრობდა. ბოლოს,
როცა ერთ დღეს მეფე ამობრძანდა იქაურობის სანახავად, თავისი ხვაშიადი მოწიწებით
გაუმჟღავნა და დასტურიც მიიღო, მაგრამ მაშინ მეფეს სხვა დიდებულებთან ერთად
ქაიხოსრო ბატონიშვილიც ახლდა და, ქაიხოსრო ბატონიშვილი რომ წასვლის წინ
ძველებური გაუგებარი დაჟინებით დააცქერდა ზებულონს, ზებულონი, თუმც გონებამდე ამ
ამბავს არ მიუღწევია, გულით მიხვდა, რომ შურისძიების მახვილი აღმართული იყო...

ისევ აიქნია ჯადოსნური კვერთხი კუდიანმა დედაბერმა და ზებულონის ორი ღამე,


როგორც ერთიმეორეზე მიჯრით მიდგმული ორი მთა, კვლავ დაცალკევდნენ და შუაში
თვალუწვდენელი უფსკრული გაიჩინეს.
ინათლა თუ არა, ზებულონმა შეგირდები დაითხოვა, წვრთნა დამთავრებულია და თქვენ-
თქვენს სახლებში დაბრუნდითო, გამოუცხადა, ხოლო ნაშუადღევს, როდესაც ყურს
ფლოქვების შორეული ხმა მისწვდა და ქვემოთ, მთის ძირას, ტყეთა გამყოფ ვიწრო
მდელოზე, მხედრებიც გამოჩნდნენ, თავადაც შეკაზმა ქურანა, შეჯდა და გზას გაუდგა.

კუდიანი დედაბერი ჩამოეცალა. ახლა მწარე მოგონებები უბრალოდ მისდევდნენ უკან,


როგორც ერთგული ძაღლები, როგორც ჩრდილები, როგორც ფიქრები, და აღარ
ცდილობდნენ ისე დაპატრონებოდნენ, რაც კი რამ არსებობდა ირგვლივ, ყველაფერი
გამქრალიყო. ახლა აწმყო და წარსული მშვიდობიანად მორიგდნენ ერთმანეთში და
ხელიხელჩაკიდებულები ერთად მოაბიჯებდნენ ზებულონის გვერდით. ორი სამყარო
ერთმანეთში იყო არეული, ძველი ახალში ისე ჩასახლდა, ახალს ხელს არ უშლიდა.
ზებულონი ორთავეს ხედავდა. ახალი ნამდვილი იყო, მყარი, ხელშესახები, და ძველი -
უსხეულო, მსუბუქი, გამჭვირვალე - ლანდივით მოძრაობდა ახალში...

სად მიდიოდა და რას აპირებდა, ამაზე ჯერ არ ეფიქრა. ან კი რა საჭირო იყო ფიქრი! თუკი
ოდესმე გულში რაიმე მიზანი ამოუჭრია და გზა და ბილიკი წინასწარ მოუნიშნავს,
ვერასოდეს იმ მიზნისთვის ვერ მიუღწევია. ბოლოს და ბოლოს, შეეჩვია კიდეც, ჩანს, ეს
ყოფილა ჩემი ბედიო, დაასკვნა, ხელი ჩაიქნია, იღბალსა და ალღოს მიენდო და აკი მას
შემდეგ მთელი ცხოვრება ისე იარა, წინასწარ არასოდეს იცოდა, თუ ბედი სად მიიყვანდა.
ახლაც ცხენი ნებას მიუშვა და ალალბედზე დაადგა გზას. ოღონდ ეგ კია, ქურანას იმედი
ჰქონდა. ეს ქურანა იმ ძველ ქურანასავით თავად გამოზარდა. მსახურიც ის იყო და
მეგობარიც. ზოგჯერ, როცა ზებულონი კაცივით დაუწყებდა ლაპარაკს, ისეთი წყნარი
ყურადღებით შემოაცქერდებოდა თავისი დიდრონი, ნაღვლიანი თვალებით,
გეგონებოდათ, ყველაფერი ესმის და ყველაფერსა გრძნობსო. პატრონის სიყვარულზე
სიყვარულით პასუხობდა, მუდამ წინასწარ ატყობდა, თუ რა ედო გულში, და არათუ
მათრახი, შეძახებაც კი არასოდეს დასჭირვებია.

ის ღამე და მომდევნო ღამე ზებულონმა ტყეში გაათია იფნისხევის მახლობლად და


თანდათან ვარაუდის დაწყობასაც შეუდგა. მეფის რაზმი, რაკი ადგილზე არ დახვდებოდა,
ძებნას აღარ დაუწყებდა და უკანვე გაბრუნდებოდა, რათა გამომგზავნთათვის ამბავი
მიეტანა. ზებულონის გაქცევას რომ შეიტყობდა, ნეტა მაშინ რაღას იტყოდა მეფე და რა
გადაწყვეტილებას დაადგებოდა?

ასე იყო თუ ისე, ერთი კი დაბეჯითებით იცოდა ზებულონმა: ქვეყნად ისეთი ძალა არ
მოიძებნებოდა, რომელიც შეიძლებდა მისთვის ცოცხლივ თვალები დაეთხარა. სიკვდილს
თავადვე დაეძებდა და, სიკვდილით დასჯა რომ გადაეწყვიტათ, ეგებ გამოცხადებულიყო
კიდეც. გაიგებდა მაინც, რა მიზეზი მოიგონა ქაიხოსრო ბატონიშვილმა! თვალების დაწვა
კი კარგად ვერ მოუფიქრებია ქართლის მეფეს... ისახარს ცალი თვალი ჰქონდა. ცალი
თვალით კაცი ალბათ ყველაფერს ხედავ, ეგებ ისე ვერა, როგორც სხვები ხედავენ, ვისაც
ორივ თვალი აქვს, მაგრამ მაინც...

მესამე დღეს ზებულონი ისევ გზას დაადგა. ახლა უკვე იცოდა, სად მიდიოდა და რა ეწადა,
მაგრამ გზაში ამაზე არ ფიქრობდა. გზაში ერთი ხანობა იმაზე ფიქრობდა, რომ, რაკი
ქაიხოსრო ბატონიშვილმა შურისძიება განიზრახა, ალბათ რამე მიზეზსაც მოიფიქრებდა.
ნამდვილ მიზეზს ვერ გაამხელდა, ამიტომ ტყუილი მიზეზი უნდა მოეგონებინა. ნეტა რა
მოიგონაო, გულში კითხულობდა ზებულონი და თუმც ბევრს ცდილობდა გამოეცნო, ვერ
გამოიცნო. მალე ქაიხოსრო ბატონიშვილი გადაავიწყდა და, სანამ სოფელს არ მიაღწია,
ახლა სულ იმაზე ფიქრობდა, სხვებს რომ ფუძეცა აქვთ და ფესვიც, სახლიცა და ვენახიც,
მიწაცა და წყალიც, ოჯახიცა და ნათესავიც, მე კი მთელი სიცოცხლე აღმა-დაღმა
დავწანწალებ, ხან მდევარი ვარ და ხან დევნილი, ნეტა ეს რისგან არისო.
სოფელს დაღამებულზე მიადგა, მაგრამ, ვიდრე კარგად დაბნელდებოდა, შეიცადა, მერე
ქურანა იქვე დატოვა და ორღობეს ფეხით გაუყვა.

უხმაუროდ მიდიოდა, ფრთხილობდა და აქეთ-იქით იყურებოდა. ალბათ მისი ბედი იყო,


რომ ერთ-ერთი სოსიკა სულ განაპირა სახლში ცხოვრობდა. მალე ეზოს მიაღწია. ჭიშკარს
ჩასცდა, ყანაში შეუხვია და მეორე მხრიდან მიადგა ღობეს. აქ ვერავინ დაინახავდა.
შეჩერდა და ლოდინი დაუწყო. ისე როგორ იქნებოდა, სოსიკას რამე საქმე არ
გამოსჩენოდა და ეზოში არ გამოსულიყო! ეგებ არც გამოსულიყო, მაგრამ ზებულონს სხვა
გზა არა ჰქონდა.

დიდხანს ელოდა. ბოლოს ქოხის კარი ჭრიალით გაიღო და სიბნელეში ლანდი გამოჩნდა.
მთვარის მკრთალ შუქზე სოსიკას ჰგავდა, მაგრამ დაბეჯითებით თქმა ძნელი იყო და
ამიტომ დაძაბული აკვირდებოდა. ამ დროს ლანდმა უცებ ჩაახველა და ზებულონმა ხმაზე
წამსვე იცნო.

- სოსიკავ! - გასძახა ხმადაბლა.

ლანდი შეჩერდა და სიბნელეს ყური მიუგდო. ჩანს, იფიქრა, მომეჩვენაო, მაგრამ, ძაღლმა
რომ ყეფა ასტეხა, თავადაც ხმადაბლა იკითხა: - რომელი ხარ?

- აქეთ მოიწი, სოსიკავ.

- ჩუ, შე სამგლე! - ძაღლს დაუტია სოსიკამ და გააჩუმა. მერე ღობისკენ წამოვიდა, თან
ხელიც მოიჩრდილა, თითქოს ამ სიბნელეში ხელის მოჩრდილვა რამეს უშველიდა. ახლო
რომ მოვიდა, ისევ იკითხა, - რომელი ხარ? - იმ წამს იცნო კიდეც ზებულონი და შიშითა და
განცვიფრებით დასძინა, - შენა, ბატონო?!. აქ რამ მოგიყვანა?!

სოსიკას შიშნარევ კილოზე ზებულონი მიხვდა, რომ ტყუილად არ მოსულა.

- რა იყო, სოსიკავ, რად შეშფოთდი? ასე გეწყინა განა ჩემი დანახვა?

სოსიკას თეთრი წვერი ჰქონდა, მოკლე და გაბურძგნილი.

- არა, ბატონო, წყენა რა მოსატანია... მაგრამ... ამ დილით ქაიხოსრო ბატონიშვილი


ჩამობრძანდა... სტუმრებიც ახლავს. აგე, არ გესმის? პურსა ჭამენ.

ზებულონმა ყური მიუგდო. ზემოდან, სადაც ერისთავიანთ ძველი სასახლე იდგა, ნიავს
სიმღერის ხმა მოჰქონდა.

- მერე რა მოხდა, სოსიკავ? ან იქნებ ამოდენა სოფელში მე და ქაიხოსრო ბატონიშვილი


ორივენი ვერ დავეტევით?

- ხუმრობ, ბატონო, - წყნარად და ნაღვლიანად თქვა სოსიკამ, - ჩანს, არა გაგიგია რა.

ზებულონს სოსიკას ნათქვამი ენიშნა. ამიტომაც ჩაეძია: - რა უნდა გამეგო?

სოსიკამ თავი ჩაღუნა და ცოტა ხანს ჩუმად ჩასცქეროდა თავის ფეხებს. მერე ასე
თავჩაღუნულმა თქვა: - ვიდრე ბატონიშვილი მობრძანდებოდა, გზირი იყო. გალავანში
შეგვყარეს ერთად... ხალხი ლაპარაკობს, გზირები მეფეს მთელ ქართლში დაუგზავნიაო...
გზირმა, მეფის ურჩი შექნილაო, შენზედ თქვა, მეფე გაურისხდა და სიკვდილი
გადაუწყვიტაო...

- მაშ, სიკვდილიო?

- ეგრე თქვა... ვინც სადმე წააწყდება და მოკლავს, მეფე დიდ ჯილდოს მისცემსო... იმასაც
ამბობენ, ქაიხოსრო ბატონიშვილი მტრობს და ეგ სულ იმის ბრალია, თორემ მეფე არას
ერჩისო...

სოსიკა გაჩუმდა. მცირე ხანს ზებულონიც ჩუმად იყო. მერე უთხრა: - შენ კი არ გინდა
ჯილდო, სოსიკავ? თუ თოფი არა გაქვს, მე გათხოვებ.

სოსიკამ ახლა კი ასწია თავი და ზებულონს სახეში შეხედა.

- ეგ ვერაფერი ხუმრობა გახლავს, შენი ჭირიმე...

- მომიტევე, სოსიკავ, - ზებულონს ხმა ყრუ და უამური გაუხდა. - მართლა ვერაფერი


ხუმრობაა. აბა, მაშ, მე წავალ.

ის იყო გატრიალდა, რომ სოსიკამ დაადევნა: - ეგებ რამე გჭირდება, ბატონო... ეგებ რამე
გინდა...

ზებულონი წამით შეყოვნდა, რათა სხეულის შორეულ სიღრმეში დაძრული თბილი ტალღა
უკანვე ჩაებრუნებინა. მერე მიუგო: - შენი სიცოცხლე, სოსიკავ, და შენი ოჯახის სიკეთე, სხვა
რა უნდა მინდოდეს!

ისევ ისე ფრთხილად, ფეხაკრეფით გაუყვა ორღობეს და სოფელს გასცდა. ქურანა


თავაღერილი იდგა, თითქოს რაღაცას აყურადებსო, და ასე ელოდა პატრონს.
ზებულონმა ხელი მოჰხვია და კისერზე მოუთათუნა. ახლა, როცა დაკარგული სიმშვიდე
კვლავ დაუბრუნდა, იმასაც უკეთ მიხვდა, თუ რა განსაცდელი გამოიარა ამ ორი დღის
მანძილზე. კაცი, რაკი დაიბადება, უნდა მოკვდეს კიდეც. ზოგი ადრე მოკვდება და ზოგი
გვიან, ზოგი თავისით მოკვდება და ზოგს სხვა მოკლავს! მაგრამ თვალების დაწვა რამ
აფიქრებინა!.. იმის წარმოდგენაზე, რომ თვალებდამწვარსა და დასახიჩრებულს
ქართლის გზებზე უნდა ევლო და მისი სირცხვილი და დამცირება მთელ ქვეყანას ენახა,
გული ყელში ებჯინებოდა. მადლი უფალს, პირვანდელი გადაწყვეტილება ისევ შეუცვლია.

ცხენზე შეჯდა და სოფლის პირს აუყვა. შორ-შორ მიდიოდა, რომ დაგვიანებულ ვინმე
მგზავრს არ გადაჰყროდა. ბოლოში რომ გავიდა, მარცხნივ გაუხვია, ტყის პირი გადაიარა
და სასახლის ზემოთ ფერდობზე გააღწია.

„ტყეში შევიდეთ, ბაყბაყ-დევო“.

„მერედა, არ გეშინიან, ბატონის ქალო?“

„მეშინიან, მაგრამ მაინც შევიდეთ“.

ტკივილმა წამით გააშეშა, მერე გამოერკვა და თავქვე დაეშვა. ნელა მიჰყავდა ცხენი,
დროდადრო შედგებოდა და აყურადებდა, საეჭვო ხომ არა არის რაო. მალე ისევ
მოსწვდა სიმღერის ხმა. რაც უფრო უახლოვდებოდა სასახლეს, სიმღერა მით უფრო
მკაფიოდ ისმოდა. დაბალ ხმაზე მღეროდნენ. კარგად, შეწყობილად.

ეზოს რომ მიაღწია, ცხენიდან ჩამოხტა, მთვარის მკრთალ შუქზე იქაურობა ყურადღებით
მოათვალიერა, მერე ქურანა მარგილზე გამოაბა და ღობეზე გადავიდა.

ბილიკს დაუყვა, მაგრამ სამლოცველომდე არ მისულა. ზემოთ შეჩერდა, სამლოცველოს


უკან, სადაც საფლავის ორი ბორცვი იყო. ხელები მკერდზე დაიკრიბა და საფლავებს
დააცქერდა.

პაპა და შვილიშვილი აქ გვერდიგვერდ იწვნენ.


ზებულონს ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ ორთავეს სიკვდილში ბრალი მას მიუძღოდა. ასეთ
დროს გული რაღაც ღრჯო, ავი მუქარით წამოვიდოდა მაღლა-მაღლა, მკერდის კედლებს
გაგლეჯდა და ისე მჭიდროდ დაეცობოდა ყელს, როგორც თეთრი ლოდი შავი
გამოქვაბულის პირს.

აივნიდან ხმადაბალი, ტკბილი სიმღერა მოისმოდა.

იქ, მეორე სართულის უცხოდ განათებულ სარკმელში, ძველისძველი ზღაპარი


ჩარჩენილიყო. სარკმლის ძირას თხელი, სუსტი, ხატივით ფერმკრთალი გოგონა იჯდა,
ხელთ წიგნი ეპყრა, თავი ოდნავ დაეხარა და ნაწნავები აქეთ-იქით ეფინა ყელზე... ოღონდ
ზებულონი ვერ მიხვდა, რომ ეს მისი ზღაპარი იყო, ამიტომ როგორც იპოვა, ისევე
დაკარგა.

უეცრად სიმღერა მიწყდა და ამის გამო ზებულონს ფიქრები დაებნა. სიმღერის ნაცვლად
ახლა სიცილი მოისმა. სიცილს ხმამაღალი გადაძახილ-გადმოძახილები მოჰყვა. ოღონდ
სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. მერე სიჩუმე ჩამოვარდა. სიჩუმე კარგახანს
გაგრძელდა და ზებულონის გაფანტულმა ფიქრებმა ის იყო ისევ დაიწყეს თავმოყრა, რომ
ყურს უცებ ნაბიჯების ხმა მოსწვდა. ზებულონი დაიძაბა და სმენა გაიმახვილა. ნაბიჯების ხმა
თანდათან გაძლიერდა. მალე ვიღაც გამოჩნდა კიდეც. ზებულონი დააკვირდა და
ქაიხოსრო ბატონიშვილი იცნო. მაშინ კიდევ უფრო დაიძაბა, გაირინდა, სუნთქვაც კი
შეიკრა, მაგრამ, რა დაინახა, ბატონიშვილი პირდაპირ მისკენ მოდიოდა, უჩუმრად
შეტრიალდა და ღობისკენ წავიდა.

სულ რამდენიმე ნაბიჯი ექნებოდა გავლილი, რომ უკნიდან ხმა მოესმა.

- რომელი ხარ მანდ?!

ბატონიშვილი, ეტყობა, გვარიანად ნასვამი იყო. მთლად მკაფიოდ ვერ ლაპარაკობდა;


სიტყვები, თითქოს ბოლოები მოსცვეთიათო, ერთმანეთს კარგად ვერ ებმოდნენ.

მაშინ ზებულონმა თავი ოდნავ მიატრიალა და წყნარად მიუგო: - ზებულონი გახლავარ,


ბატონო, - და გაკვირვებით შენიშნა, რომ ხმის კილოში თავისდაუნებურად წყენა
გამოერია.

ფეხი არ აუჩქარებია.

ზურგსუკან დუმილი ჩამოვარდა. მაგრამ დუმილი სულ ცოტა ხანს გაგრძელდა. წამსვე იგი
ბატონიშვილის მჭახე, რისხვით აღსავსე ხმამ დაარღვია: - ჩქარა მდევარი! მდევარი-
მეთქი! ჰეი, ვინა ხართ მანდ!

ჯერ აივანზე, მერე ეზოში ჩოჩქოლი ატყდა. მალე ჩირაღდნებიც გამოჩნდა.

მაგრამ ზებულონი უკვე ცხენზე იჯდა. უკანვე აიარა ფერდობი და სწორედ იმ დროს,
როდესაც ქვემოთ, ღობესთან ჩირაღდნების მოლიცლიცე შუქით იდუმალ განათებული,
ხმამაღლა მოყაყანე მხედრები გამოჩნდნენ, ტყეს მისცა თავი.

მალე იმ ადგილს მიაღწია, სადაც ერთხელ, დიდი, დიდი ხნის წინ, შიშველ ბეჭებზე
ანთებული სანთლებივით თეთრი და მხურვალე თითები შეეხო...

ზებულონმა ცხენი შეაყენა და მიმოიხედა. ტყეში ბნელოდა და ირგვლივ არა ჩანდა რა. ამ
დროს ზურგს უკან კვალში ჩამდგარი მდევარიც იგრძნო, ამიტომ სწრაფად გაუხვია
მარჯვნივ და სოფლის გასწვრივ წავიდა.

მდევარი ტყეს მოედო, მაგრამ მისი მეცადინეობა ფუჭი და ამაო იყო. ზებულონმა დიდი
ხანია იცოდა, რომ მდევარი დევნილს კი არ მისდევს, არამედ დევნილის შიშს, და თუ შიში
ვერ იპოვა, ვერც დევნილს იპოვის.

ტყეს გასცდა, მდინარე გადაიარა და ორბელიანთ სამფლობელოში გადავიდა. ვიდრე


კვლავ ტყეს მიაღწევდა, ფრთხილად მიაბიჯებდა, მერე კი ქურანა ისევ ნებას მიუშვა.

დიდხანს იარა. ალიონი უკვე მოახლოებული იყო, როდესაც ბნელ, უღრანი ტყით
შემოსილ მთას თავზე მოექცა. ქვემოთ, მთის ძირში, ვრცელი ვაკე გადაჭიმულიყო.

„სად მიგყევარ, ბაყბაყ-დევო?“

ზებულონი ქართლს ისე იცნობდა, როგორც გამრჯე გლეხკაცი თავის ბაღსა და ვენახს
იცნობს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა ყველა კუთხე შემოვლილი და სულ იცოდა, სად რა ხე იდგა
და სად რა ბუჩქი. ამ მთაზეც განა ტყუილად ამოვიდა! ეს ადგილი სამალავადაც კარგი იყო
და სათვალთვალოდაც.

ადვილად მიაგნო ხშირი წყავითა და შქერით შემოზღუდულ, ველური ვაზით გადახურულ


კარავს, რომელიც ბუნებას თითქოს საგანგებოდ მოეწყო ლტოლვილთა შესაფარებლად.
ტოტები გადასწია, შევიდა, ქურანაც თან შეიყვანა და კუთხეში, წყავის ტოტზე გამოაბა.
ვიდრე მდევარი გამწარებული დარბოდა და ამაოდ ეძებდა დევნილის შიშს, აქ
მშვენივრად შეიძლებოდა თვალის მოტყუება.

გულაღმა დაწვა მაღალ ბალახში და ხელები თავქვეშ ამოიწყო.

მას შემდეგ, რაც ყველანი შემოეცალნენ და სულ მარტო დარჩა, ისე აღარ ნატრობდა
სიკვდილს, როგორც ახალგაზრდობაში არაერთხელ უნატრია. ახალგაზრდობაში
სიკვდილის ნატვრას სიმწარე ბადებდა, ხოლო როცა სიმწარე დაგრევს ხელს, მაშინ
სიკვდილის ნატვრა სიკვდილის ნატვრა კი არ ყოფილა, არამედ სიცოცხლის განწირული
სიყვარული, რომელიც სასოწარკვეთის ჟამს ისე აბობოქრდება, კალაპოტში ვერ ეტევა,
და ამის გამო სიკვდილის ნატვრას ემსგავსება. მაგრამ ზებულონმა იმ დროს ეს არ იცოდა.
ამას გვიან მიხვდა, მას შემდეგ, რაც მღელვარე ნატვრა მშვიდმა წადილმა შეცვალა,
რომელიც ნამდვილი და შეურყეველი იყო, რადგან, თუ საჭიროება მოითხოვდა,
მოთმენაც შეეძლო და მოლოდინიც.

მაშინაც კი, როცა ნესტანი, თავჩაკიდებულ და მხრებათრთოლებული, საყდრის კარს


გასცდა და თვალს მიეფარა, როცა ცხენების ფლოქვების ხმა მიწყდა და ბნელ, უსიერ
ტყეში ჩაძირულ პატარა საყდარს ირგვლივ გაუვალი და მძიმე დუმილი შემოაწვა, როცა
მახრჩობელა ზვირთმა ამოქოლილი ყელი გამოარღვია და ცრემლად და ქვითინად
გადმოიღვარა, როცა ის გაუთენებელი ღამე ბოლოს მაინც გათენდა და აღმოსავლეთის
ვიწრო სარკმელში ცისკარმა შემოიხედა, როცა ზებულონს ცრემლი გაუშრა და ამის გამო
მის სხეულში დატრიალებულმა ცივმა ქარბორბალამ კიდევ უფრო მოიცა ძალი, როცა
მოეჩვენა, რომ მტერიცა და მოყვარეც ყველა მას ატყუებდა და მის გულმართლობასა და
მიამიტობას თავისი ბნელი ზრახვების აღსასრულებლად იყენებდა, როცა ერთი
გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა, ჭირსაც წაუღია ყველაფერი - ქვეყანაც, ერთგულებაცა და
მოვალეობაცო, როცა დაინახა, რომ ეს ყოვლისწამლეკი გრიგალი, რომელიც კივილით
დაქროდა მის სხეულში, მალე ამ სხეულს ნაფლეთებად აქცევდა, როგორც ისახარი
აქციეს ნაფლეთებად დაროაშვილებმა, და სიკვდილი შვებად მოევლინებოდა, ხოლო
ვიდრე სიკვდილი შვებად მოევლინებოდა, აქედან უნდა წასულიყო, უნდა გაქცეულიყო,
წამითაც კი ერთ ადგილას არ უნდა გაჩერებულიყო, რომ სიკვდილის დადგომამდე
სიკვდილზე უარესი არა მომხდარიყო რა, მაშინაც კი სიკვდილის ნატვრა იყო არა
სიკვდილის ნატვრა, არამედ სიცოცხლისათვის ბრძოლა. თურმე ყოველივე იმის მიღმა,
რაც იმ ღამეს ზებულონის თავს ტრიალებდა, მგალობელი ჩიტის შორეული ჭიკჭიკივით
ისმოდა სიცოცხლის იდუმალი შრიალი; პატარა, ჭრელი ყვავილი შეუპოვრად არღვევდა
კლდეს და მზის სინათლისკენ მიისწრაფოდა...

მაშინ ზებულონი ახალგაზრდა იყო და აბა საიდან ეცოდინებოდა, რომ სიცოცხლის


ყვავილს მტერ-მოყვარე ასაზრდოებს და, ვიდრე ერთიცა და მეორეც გვერდით გეგულება,
სიკვდილის ნატვრა ცრუ ნიღაბია, რომელიც სიცოცხლის გააფთრებულ სიყვარულს შენს
მოსატყუებლად აუფარებია! მერე და მერე მიხვდა, რომ სიკვდილისა მხოლოდ მშვიდი
მოლოდინი შეიძლება, მოუთმენელი ნატვრა კი - არა, ხოლო მშვიდი მოლოდინის ჟამი
მაშინ დაგიდგება, როცა მტერიცა და მოყვარეც ორივე შემოგეცლება და მარტო დარჩები.
ზებულონს ყველა შემოეცალა. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, თითო-თითოდ წავიდა ყველა,
ყველამ სამშვიდობოს გააღწია... ისახარი წავიდა... წავიდა და, ვინ იცის (ზებულონს ამაზე
ბევრჯერ უფიქრია), ტერფი რომ აკლდა, ეგებ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალების
მეოხებით ხორცით ამოევსო და გაუმთელდა. ვინ იცის, ეგებ დედასაც გაუარა სილურჯემ,
შეშუპებული სახეც დაუცხრა და კვლავ ძველებური გაუხდა - მშვიდი, სათნო, ალერსიანი,
რომლის დანახვა ასერიგად ახარებდა ხოლმე ზებულონს... ქართლის კათალიკოსიც
წავიდა... იოველ ბატონიშვილიც წავიდა... ბექა ამილახვარიც კი წავიდა... ყველანი
წავიდნენ... თუ ვინმე დარჩა, ისინიც დაიფანტნენ და დაიკარგნენ. ახლა აღარც მტერი
ჰყავდა - აბა ქაიხოსრო ბატონიშვილი რა მტერი იყო! - და აღარც მოყვარე. ზებულონს კი
იქ უნდოდა ყოფნა, სადაც მტრები და მოყვრები ეგულებოდნენ. ზოგჯერ, როცა კუდიანი
დედაბერი დაიმარტოხელებდა და ჯადოსნურ კვერთხს აიქნევდა, კვლავ პოულობდა
ყველას, ვინც დაკარგა, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა, ზებულონს კი სამუდამოდ მათთან
დარჩენა სურდა. ამიტომ ფიქრობდა ხშირ-ხშირად სიკვდილზე, როგორც იდუმალ
მეგობარზე, რომლის გამოჩენას მარტოობის ნაღველი უნდა ამოეწმინდა მისი გულიდან.
ეს რომ მეფესა და ქაიხოსრო ბატონიშვილს სცოდნოდათ, ეგებ მდევარი არც
დაედევნებინათ... მაგრამ ეს რომ სცოდნოდათ, მაშინ ალბათ ისიც ეცოდინებოდათ, რომ
სიკვდილის მოლოდინი იმას არ ნიშნავს, შენით მოიკლა თავი, ანდა ნებით ვინმეს
მოეკვლევინო. ასე რატომ იყო, ამას ზებულონი ვერ იტყოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ
გაიოლება არ შეიძლებოდა. დანებება არ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ მოკვდე, უნდა
მოგერიონ, უნდა გაჯობონ, უნდა დაგამარცხონ... მაგრამ ზებულონის დამარცხება იოლი
არ იყო, თუნდაც ქართლის მეფესა და ქაიხოსრო ბატონიშვილს შალვა ჩხეიძეც
მიმხრობოდა და ისიც მტრად გახდომოდა. აი, ბექა ამილახვარი რომ ყოფილიყო
ცოცხალი და ის დადევნებოდა, მაშინ სხვა იყო. ბექა ამილახვარი, მიწის გულში რა იდო,
იმასაც ხედავდა და გონების ისეთ უფსკრულში ნასკვავდა მზაკვრულ გეგმებს, ეშმაკიც კი
თავ-ბოლოს ვერ უპოვნიდა. ბექა ამილახვარს ეგებ ვერ დამალვოდა, სხვებს კი დიდხანს
გაუმკლავდებოდა, სხვებს დიდხანს მოუწევდათ ტყე-ღრეში წანწალი და ოფლის ღვრა,
ვიდრე ზებულონს ჩუმ წადილს შეუსრულებდნენ და იქ გაისტუმრებდნენ, სადაც დიდი ხანია
თავადვე მიისწრაფოდა. საცა არ უნდა გადაჰყროდა მდევარს, არ იქნებოდა, ერთი
ბილიკით მაინც მასზე მეტი არ სცოდნოდა. გარდა ამისა, რაკი სახლი და კარი არა
ჰქონდა, ყანა და ვენახი, ფუძე და ფესვი, ნებაუნებურად მთელი ქართლი მისი სახლი და
კარი იყო, მისი ყანა და ვენახი, მისი ფუძე და ფესვი, ყველგან უშიშრად და იმედიანად
იგრძნობდა თავს.

მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი იმედი არც ისე ძირმტკიცე ყოფილა, როგორც ეგონა.
თურმე სწორედ ყანიდან და ვენახიდან გამოეძევებინათ და ამიტომ დამარცხებაც შორს
აღარ იყო.

ერთს ღამეს ქალაქს ჩავიდა, სადაც ერთი ძველი თანამებრძოლი ეგულებოდა, და დიდად
გაკვირვებული დარჩა, რომ ისიც ისევე შეშინდა და აფორიაქდა მის დანახვაზე, როგორც
სოსიკა შეშინდა და აფორიაქდა რამდენიმე დღის წინ. მაშინ, რამდენიმე დღის წინ,
სოსიკამ რომ მისი მოკვლისთვის დაპირებული ჯილდო ახსენა, ზებულონს ამისთვის
ყურადღება არ მიუქცევია, აინუნშიაც არ ჩაუგდია, გაეხუმრა კიდეც სოსიკას რაღაც
უგემური და უგვანი ხუმრობით, რომლისაც მერე თავადვე შერცხვა. ახლა კი, როცა იგივე
ამბავი ძველი თანამებრძოლისგან შეიტყო, რომელსაც უშიშარ და ძალგულოვან კაცად
იცნობდა, ერთბაშად მიხვდა, რომ მეფესა და ქაიხოსრო ბატონიშვილს საიმედო ხერხი
მოეგონებინათ. ხერხი განა ახალი იყო! ხერხი ძველთაძველი იყო, მაგრამ ზებულონს არ
ეგონა, თუ გაჭრიდა. ამიტომ არად ჩააგდო სოსიკას ნათქვამი. თურმე გაუჭრია და
კარგადაც გაუჭრია. მეფის დაპირებამ ხალხს გონება აურიაო, ჩურჩულით უთხრა ძველმა
მეომარმა, თან აქეთ-იქით იყურებოდა (რის გამოც ზებულონს გული სევდით ევსებოდა),
ჯილდოს შოვნის იმედმა ისეთებს ააღებინა ხელში იარაღი, იარაღის მარტო დანახვა რომ
შიშის ზარს სცემდაო. პირისპირ შებმას აბა რა გააბედვინებთ, მაგრამ, თუ დრო გიშოვეს,
ზურგში კი უეჭველად ჩაგცემენ დანასო. დიდი სიფრთხილე გმართებსო, ვინც ახლობლად
გეგულება, ნურც იმათ ეჩვენებიო, განა გუმანი მაქვს ვინმეზე, მაგრამ ხომ იცი, ეშმაკს არ
სძინავსო. აქ ნუ დადგებიო. ქართლში შენი დარჩენა საშიშია, იმერეთს რომ წახვიდე, იქაც
კი მშვიდად ვერ იქნები, გიჯობს ისევ სპარსეთს გადაიხვეწო, ანდა ოსმალეთსო. ხოლო
ცოტა ხნის შემდეგ, როცა ძველ თანამებრძოლს გამოეთხოვა და ზედ ქალაქის
კარიბჭესთან წამოწეულ მდევარს თავი ძლივს დააღწია, გულში ისეთი მძიმე, მკვრივი
ნაღველი ჩაუდგა, ცოტას გაწყდა, კინაღამ ცრემლი მოერია.

სპარსეთსა და ოსმალეთს გადახვეწა ფიქრადაც არ გაუვლია, მაგრამ ქალაქიდან


წამოსული რომ გორს გადავიდა და იქაც იგივე ამბავი დახვდა, შეცბუნებული დარჩა.
მაშინ, სხვათა გამოსაცდელად და საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რამდენიმე
სოფელში კიდევ გამოჩნდა. ორჯერ ბეწვზე გადაურჩა ჩასაფრებულ ტყვიას. სამაგიეროდ,
გამოსაცდელი გამოსცადა და შესატყობელი შეიტყო.

ამბობდნენ, ზებულონის გმირობაზე ხალხში ლექსები გამოუთქვამთ და საღამოობით


ფანდურზე დამღერიანო. ეგებ მართალიც იყო - ზებულონს თავისი ყურით არასოდეს
გაუგონია და ამიტომ არც დანამდვილებით არა იცოდა - მაგრამ, თუნდაც მართალი
ყოფილიყო, მერე რა, მშიერი ბალღები სიმღერით ვის დაუზრდია?.. ოჯახი კი ყველას
შესანახი ჰყავდა... ამიტომ ჯილდოს შოვნის მოიმედეთ ფანდურები ძირს დაეწყოთ, ხელში
იარაღი აეღოთ და ზებულონს ახლა ყოველ კუთხეში, ყოველ გზისგასაყარზე, ყოველ
დაბასა თუ სოფელში, ჩახმახზე შეყენებული თოფი ელოდა, ამოწეული ხმალი,
შემართული შუბი, ალესილი დანა, მოზიდული მშვილდი... ყველგან მახეები იყო
დაგებული, როგორც წყაროსთვალის ტყეებში ოდესღაც თავად უგებდა მახეებს საბრალო
მელიებს.

მაშინ ზებულონმა სიფრთხილე გაიორკეცა, რათა მას, ვისაც კაცის ბედი აბარია, არ
ჰგონებოდა, თითქოს საფრთხით ისარგებლა და, რაკი სიკვდილი ეწადა, სიცოცხლე
ნებით დათმო.

სიფრთხილის გაორკეცება მით უფრო საჭირო იყო, რომ ვერც მდევარსა და ვერც
ჩასაფრებულ მკვლელს პირისპირ ვერ შეებმოდა. მისი მდევრები ხომ მისივ მოყვრები და
მოკეთეები იყვნენ! მთელი თავისი სიცოცხლე მათთვის იბრძოლა და ახლა რომ
რომელიმე მათგანი შემოკვდომოდა, ყველა ის ბრძოლა ერთბაშად უნდა გასცუდებოდა
და, აბა იმდენი რა გაუკეთებია, მაგრამ, თუკი რამ გაუკეთებია, წყალში უნდა გადაეყარა.
ამიტომ ზებულონის ერთადერთი იარაღი გაქცევა იყო, დამალვა, გასხლტომა, თავის
დაღწევა.

წყაროსთვალში ასვლა ჯერჯერობით სახიფათო ეჩვენა, ამიტომ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა


იფიქრა, გადაწყვიტა, პირველ ხანებში იმ პატარა საყდარში შეეფარებინა თავი, სადაც
ოდესღაც ქართლის კათალიკოსთან ერთად რამდენიმე თვე დაჰყო.

გადაწყვიტა და გზას გაუდგა. სამი დღე და სამი ღამე ისე იარა, ტყიდან არ გამოსულა. და
ბოლოს, მეოთხე დღეს, რიჟრაჟზე, მაღალი ხეებით გარშემორტყმულ საყდარს მიაღწია.

ტყიდან არც ახლა გამოსულა. ზემოთ, ფერდობზე, ისეთი ადგილი მოძებნა, რომ მთელი
საყდარი მხედველობის არეში ჰქონოდა, თავად კი შეუმჩნეველი დარჩენილიყო, და იქ
ჩასაფრდა. ირგვლივ სიჩუმე იყო და საყდარშიაც საეჭვო არა ჩანდა რა, მაგრამ ზებულონს
მთელი დღე საფარი არ მიუტოვებია და საყდრისთვის თვალი არ მოუშორებია.

ერთხელ, დიდი ხნის წინ, ამ საყდარს რომ მოადგა და იფიქრა, ახლა კი სამშვიდობოს
გავედითო, საყდარში შესულმა ბექა ამილახვარი დაინახა. მაშინ ირწმუნა საბოლოოდ,
რომ თათრებს ტყუილად არ შეერქმიათ მისთვის შაითანი. რომ გეგონა, ყველა
განსაცდელს დააღწიე თავი და ყველა ხიფათს ასცდი, სწორედ მაშინ გაებმებოდი მის
მახეში. ეს რომ მარტო ზებულონს დამართნოდა, თავის ბედოვლათობას დააბრალებდა,
მაგრამ ზებულონი მარტო არ იყო, ვინც კი ბექა ამილახვარს მტრად გადაეკიდა, ყველას
მისი ბედი ეწია. რამდენი უფიქრია ზებულონს, მაგრამ აქამდე ვერ მიმხვდარა და ალბათ
ისე მოკვდებოდა - მით უფრო, რომ სიკვდილი შორს აღარ უნდა ყოფილიყო - ვერც
მიხვდებოდა, ბექა ამილახვარი სძულდა თუ უყვარდა. უყვარდა, განა არ უყვარდა, მაგრამ
მის გვერდით მუდამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა ირწეოდა და
ტორტმანებდა. ერთს რომ ლაპარაკობდა, თან ამ დროს მეორეს ფიქრობდა, სულ სხვა
გეგმებს აწყობდა, სულ სხვა ხლართებს ხლართავდა, და ყველაფერი ეს მისი ცბიერი
გონების ისეთ ბნელ ხვრელებში ხდებოდა, სადაც რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო.
მხოლოდ ქვეყანაზე ზრუნავდა, სხვა ყველაფერი არად მიაჩნდა, და ქვეყანას რომ
დასჭირვებოდა, ერთს არ შეყოყმანდებოდა, ისე გაგწირავდა დაუფიქრებლად და
დაუკითხავად, თითქოს სიცოცხლე მისგან გქონოდა ნაბოძვარი. საეჭვოც სწორედ ეს იყო:
შენი სიცოცხლე შენია და, როგორც გინდა, ისე მოიხმარ, მაგრამ სხვასთან რა ხელი გაქვს!
სხვის სიცოცხლეზე შენ რა მბრძანებელი ხარ?!. ზებულონს დიდხანს არც ის ეჯერა, რომ
მაჩაბლიანთ ასმათი ბექას მართლა უყვარდა, რადგან ვერ გაეგო, თუ უყვარდა, მაშ ამ
საგანზე ასეთი სალაღობო კილოთი და ხუმრობა-ხუმრობით როგორღა ლაპარაკობდა?..

მთელი დღე უთვალთვალა ზებულონმა საყდარს. ბოლოს, საღამო რომ დადგა და


მტკიცედ დარწმუნდა, სახიფათო არა იყო რა, საფრიდან გამოვიდა და ქვემოთ დაეშვა.

საყდრის კარი რომ შეაღო და ზღურბლს გადააბიჯა, ნესტანი დაინახა.

ნესტანი შუა საყდარში იდგა ქვის იატაკზე, მკლავები ჩამოეყარა, თავი ოდნავ ჩაეკიდა,
ზებულონს ქვემოდან ამოსცქეროდა და დიდრონ თვალებში ჩუმი ყვედრება ედგა.
ზებულონს გულმა ბაგაბუგი დაუწყო. წამით უანგარიშოდ მოელოდა, რომ ნესტანი
შეეხმიანებოდა კიდეც, მაგრამ ნესტანი არ შეხმიანებია და ზებულონი მიხვდა, რომ
ყოველივე მოლანდება იყო. მაშინ თვალები დახუჭა და გაახილა, დახუჭა და გაახილა,
დახუჭა და გაახილა.

ნესტანი გაქრა.

მაგრამ ზებულონი გრძნობდა, რომ ნესტანი მხოლოდ მის თვალთაგან გაქრა, მისთვის
შეიქნა უჩინარი, თორემ საყდრიდან არსად წასულა, მთელ საყდარში უცნაურად
გაფანტული, უხმოდ და უხილავად დასტრიალებდა თავს. მართლაც, მცირე ხნის შემდეგ
კიდევ ერთხელ ეჩვენა. ჯერ მარტო თეთრი ხელები გაკრთა ბინდში, მერე მარტო
აბულულებული, წაბლისფერი თმა, ბოლოს მთლიანად გამოცურდა სიბნელიდან,
სიბნელის წინ დადგა შუა საყდარში და ასე ეჩვენა. მკლავები წეღანდელივით ჩამოეყარა,
სახეზე წეღანდელივით ნაღველი გადაჰფენოდა, წეღანდელივით ჩუმი, ფარული
ყვედრებით შემოსცქეროდა. ზებულონი მონუსხული მისჩერებოდა. აზრი და ცნობა
წართმეული ჰქონდა, ამიტომ თავადაც არ იცოდა, როგორ ლოცულობდა და როგორ
ევედრებოდა ღმერთს, ღმერთო, არ გააქროო, ღმერთო, არ გააქროო, ღმერთო, არ
გააქროო. „მაშ, იმიტომ გამიტაცე, რომ ისკანდერ-ხანი ქმრად არ ვინდომე?“, მოესმა
ანაზდად. ზებულონი მიხვდა, რომ ნესტანს ეს არ უთქვამს, მხოლოდ გაიფიქრა, და
ზებულონმა მისი ფიქრი რაღაც ჯადოქრობით გაიგონა. ნესტანმა კი უცქირა, უცქირა და
უცებ კოპების შეკვრა დააპირა. ზებულონს გული გაუჩერდა. ირგვლივ ყველაფერი გაქრა,
რაც კი არსებობდა. ახლა ქვეყნად მხოლოდ ეს ორი მშვილდივით მორკალული წარბი
დარჩა, რომლებიც ერთმანეთისკენ მიდიოდნენ და, საცა იყო, კოპებად შეიკვრებოდნენ.
მაგრამ ნესტანმა კოპები ვერ შეიკრა. სულ ბოლო წამს, სად იყო, სად არა, წარბებშუა მზე
ჩადგა და მზემ წარბებს შეკვრა არ დაანება. მაშინ ზებულონის გაჩერებულმა გულმა კვლავ
ძგერა დაიწყო და ნესტანი ისევ გაქრა.

ზებულონი დიდხანს ელოდა. მაგრამ ნესტანი აღარ გამოჩენილა. მაშინ საყდრის კუთხეში
მიწვა, რათა, სანამ ალიონი დადგებოდა, ორიოდ საათით თვალი მოეტყუებინა.

ირგვლივ დუმილი იდგა. მხოლოდ სადღაც ტყეში, ჭოტი გაჰკიოდა მწუხარე ხმაზე.

ზებულონს ძილი არ ეკარებოდა. ან კი რა დააძინებდა! გრძნობდა, ნესტანი საყდარში იყო.


უხილავად იყო, უჩინრად. და ჩუმი ყვედრებით შემოსცქეროდა.

„მე კი მეგონა, ისკანდერ-ხანს ჩემი თავი შენთვის წაართვი!..“

უეცრად ჭოტის კივილსა და კივილს შორის დუმილი სხვა ხმამ დაარღვია. ხმელი ტოტი
გატყდა, ამას რაღაც გაურკვეველი შარი-შური მოჰყვა და წამსვე ისევ დუმილი
ჩამოვარდა. ზებულონმა ყური მიუგდო. ის კი გაიგო, ხმა საიდან მოდიოდა, მაგრამ, კაცი
იყო თუ ნადირი, ვერ მიხვდა.

კარგა ხანს აყურადებდა, მაგრამ დუმილი არ დარღვეულა. ამან დააეჭვა. თუ ნადირი იყო,
ასე უცებ, ასე მოწყვეტით, ასე შემკრთალ-შეშინებულივით რად გაყუჩდებოდა?

საყდრიდან ფრთხილად გამოვიდა და ახლა გარედან მიუგდო ყური. ჩამიჩუმი არსაიდან


ისმოდა. მაშინ ქვემოთ ჩავიდა, ტყის პირას დაბმული ქურანა ახსნა, აღვირში ჩაავლო
ხელი და წინ გაუძღვა. კარგა ღრმად შევიდა ტყეში და ფერდობს შეუყვა. იქ, სადაც
ოდესღაც ქართლის კათალიკოსთან და შალვა ჩხეიძესთან ერთად ყიზილბაშებს ელოდა,
ქურანა ხის ტოტზე გამოაბა და დატოვა, თვითონ კი ცოტა კიდევ იარა აღმართში, მერე
მარცხნივ გაუხვია და იმ საეჭვო ადგილს ზემოდან გაუპირისპირდა. აქ შეჩერდა და ისევ
ყური მიუგდო. სამარისებური დუმილი იდგა. მაშინ უფრო ქვემოთ დაეშვა. ყოველ ნაბიჯზე
ჩერდებოდა და აყურადებდა. სულ ახლო რომ მივიდა იმ ადგილთან, სადაც ცოტა ხნის
წინ ტოტმა გაიტკაცუნა, ყურს სუსტი სუნთქვა მოსწვდა. რაკი უკუნი ღამე იდგა და თვალით
არა იხედებოდა რა, მიახლოება აღარ უცდია, იქვე ჩაჯდა ბალახში, გაინაბა და გათენებას
დაელოდა.

მალე ღამე შეიმღვრა, ჩიტებმა გალობა დაიწყეს, ცა შეწითლდა და არემარეს სინათლე


მოეფინა.

სუსტი, შორეული სუნთქვა ისევ ისე ისმოდა, მაგრამ დანახვით კი ზებულონმა ვერავინ
დაინახა. მაშინ ჯერ ერთ მხარეს გაიწია, მერე მეორე მხარეს და ბოლოს, როგორც იქნა,
იპოვა, რასაც ეძებდა.
კაცი ყოფილა. წიფლის მსხვილ ფესვზე იჯდა და პირი ქვემოთ, საყდრისკენ ჰქონდა
მიქცეული. დაბებკილი, ჭუჭყიანი პერანგი ეცვა, კეფაზე ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული სქელი თმა
ედო. მუხლებზე დაყრდნობილი თოფი ხელით ჩაებღუჯა. გაშეშებული იჯდა და საყდარს
გასცქეროდა, რომელიც იმ ადგილიდან, ეტყობოდა, კარგად ჩანდა.

ზებულონმა ფრთხილად, უხმაუროდ გაიარა დარჩენილი მანძილი, კაცს ზურგიდან


მიადგა, ბეჭზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და უთხრა: - კაცო, რად მითვალთვალებ?

თითქოს მიწის გულიდან ეშმაკმა ჭიტლაყი ამოსცხოო, კაცი ელდანაკრავივით შეხტა,


ზეწამოვარდა, მკვეთრად, მაგრამ, რაკი ფეხები მიწისთვის არ მოუწყვეტია, როგორღაც
უცნაურად, მოუხერხებლად და დაგრეხილად შემოტრიალდა, დაფეთებულმა ერთი
შეხედა ზებულონს (ზებულონმა მოასწრო და დაინახა, რომ შავგვრემან, შიშისაგან არეულ,
გაბურძგნილ სახეზე სუფთა და კამკამა, გამჭვირვალე ცისფერი თვალები ჰქონდა),
აზრდაკარგულმა და აკანკალებულმა თავისდაუნებურად თითი ჩახმახს გამოსდო, ქუხილი
რომ გაისმა, ამან კიდევ მეტად დასცა თავზარი, თოფს წამსვე ორივე ხელი უშვა და, ჩანს,
შიშმა და სასოწარკვეთამ შეჰმატა ძალა, რომ, თოფი ჯერაც ძირს არ დავარდნილიყო,
თავქუდმოგლეჯილი უკვე ლაწალუწით გარბოდა ხშირ ტყეში.

ზებულონმა თვალი გააყოლა. სხეულში რაღაც შორეული მოგონება შეიშმუშნა,


ამოძრავდა და ზემოთ წამოვიდა. ზებულონი გაკვირვებული ყურადღებით ჩასცქეროდა,
მაგრამ მოგონება წამსვე გაილია და, ვიდრე დანახვას მოასწრებდა, გაქრა.

კაცი კისრისტეხით გარბოდა. მისი ბეჩავი ზურგი ხან აქ გაიელვებდა ტყეში, ხან იქ.
საყდარს რომ ჩასცდა, მერე აღარ გამოჩენილა. ახლა ზებულონი მხოლოდ ხეთა
ფოთლების რხევაზე ატყობდა, თუ საით მირბოდა. ბოლოს სულ გაქრა.

ზებულონმა უპატრონოდ დარჩენილ თოფს დახედა და ფეხის წვერი წაჰკრა. თოფი


გადაბრუნდა და მერე გვერდზე დაეცა.

ზებულონი ერთხანს კიდევ იდგა დაფიქრებული. განა შეშინება უნდოდა იმ კაცისა!


უნდოდა ეთქვა, კაცო, ეგებ მართებულად არ იქცევიო, ვთქვათ, შენ გამოდექ ზებულონის
ბედისწერა. შენ მოკალ და დაპირებული ჯილდოც შენ დაგრჩა, მერედა, დალოცვილო,
სისხლში ამოწობილი ოქროთი რომ ბალღებს დაზრდი, რა იცი, რომ შეერგებათო,
სისხლიანი პურით გამოზრდილი ბალღები რომ სისხლიანები დადგნენ, მერე რაღას
აპირებო, თუ, ოღონდაც კი დაიზარდონ და, სულ ერთია, რანი დადგებიანო? ამის თქმა
უნდოდა ზებულონს. დასანამუსებლად კი არ უნდოდა ამის თქმა, თავად არ იცოდა,
როგორ იყო ეს საქმე, და გაგება ეწადა. მაგრამ იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ის საბრალო
შეშინდებოდა და გაიქცეოდა.

გულდამძიმებული გამობრუნდა.

საყდარში დარჩენა აღარ შეიძლებოდა. საცა ერთმა მოგაგნო, იქ სხვებიც მოგაგნებენ.


ამიტომ ცხენზე შეჯდა და გზას გაუდგა. მიდიოდა დაფიქრებული და დროდადრო
ეჩვენებოდა თითქოს, რაც კი რამ ქართლში თოფ-იარაღი მოიძევებოდა, ყველა მისკენ
იყო მოშვერილი.

მთელი დღე იარა და დაღამებულზე მიხვდა: იფნისხევში მიდიოდა.

ერთი კი გაკვირვებით გაიფიქრა, რას დავეხეტები ასე თავბოლოუკუღმა, ის არა სჯობს,


წყაროსთვალში წავიდე, რომ, რაც მოსახდენია, ბარემ დროით მოხდესო, მაგრამ გეზი არ
შეუცვლია, მაინც იფნისხევისკენ განაგრძო გზა.
იფნისხევში შეუმჩნევლად შესვლა, ქაიხოსრო ბატონიშვილს თუ იქ თავისი ხალხი ჰყავდა
ჩაყენებული, ძალზე ძნელი იყო.

იფნისხევი კიბის საფეხურს ჰგავდა, რადგან ერთსა და იმავ დროს ერთი მთის თავი იყო
და მეორე მთის ტერფი. ბანაკი ქვედა მთის პირას, ბექობიდან ოდნავ მოშორებით, უღრან
ტყეში იყო ჩამალული, ისე რომ, იქიდან საითაც არ უნდა გაგეხედათ, ტყის მეტი არა ჩანდა
რა. სამაგიეროდ, ბორცვზე თუ ახვიდოდით ბანაკის უკან, მიდამო ხელისგულივით
გადაგეშლებოდათ თვალწინ. ტყე რომ თავდებოდა, ვრცელი მინდორი იწყებოდა,
რომელიც სამ მხარეს რკალად შემოდგმულ, შიშველ კლდოვან ქედს უერთდებოდა.
საკმარისი იყო, ბანაკში მყოფთ ერთ მეთვალყურე დაეყენებინათ ბორცვზე, რომ ამ სამი
მხრიდან არც მტრის მოახლოება გამოჰპარვოდათ და არც მოყვრის. მეოთხე მხარეს
ქვედა მთის ციცაბო ფერდობს ხშირი ტყე ჩასდევდა. ბოლოში, მთის ძირას, მინდვრის
ზოლი გადიოდა, მერე ისევ ტყე იწყებოდა და იმ მეორე ტყეს გაღმიდან კიდევ ერთი
შიშველი მთა გადმოჰყურებდა. აქაც ერთი მეთვალყურე კმაროდა, მით უფრო, რომ
ფერდობი ძნელად ამოსასვლელი იყო. ბექობის გვერდით, ტყე-ტყე, ვიწრო ბილიკი
მიდიოდა, რომელიც მოშორებით ჯერ მოზრდილ ნაკადულს უერთდებოდა, მერე კი
ქვედა და ზედა მთას შორის გამავალ ხეობას. თავისუფლად და გაუჭირვებლად ბანაკში
მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მისვლა, მაგრამ ერთზე მეტი მეთვალყურე არც იქ იყო
საჭირო, ოღონდ ეს მეთვალყურე მოშორებით უნდა მდგარიყო, ნაკადულს გადაღმა,
საიდანაც მთელი ხეობა მოჩანდა.

ყველაფერი ეს ზებულონმა ჩინებულად იცოდა, რადგან იმდენი ხანი, რაც აქ გაატარა, თუ


მაინცდამაინც წყაროსთვალს არ ჩავთვლით, სხვაგან არსად გაუტარებია. ბანაკიც ხომ
იმის გამართული იყო! თუ თავიდან არა, მერე, როცა იმ საკვირველი დღისთვის
ემზადებოდნენ, ყველაფერი მისი მეთვალყურეობით გაკეთდა.

ეჭვი არაა, მეფე და ქაიხოსრო ბატონიშვილი მდევარს წყაროსთვალშიც გაგზავნიდნენ,


ამიტომ წყაროსთვალში ასვლა ჯერხნობით არ შეიძლებოდა. იფნისხევი კი, თუ იქ
მეთვალყურეები არ ჰყავდათ დაყენებული, საუცხოო სამალავი იყო.

თუ ჰყავდათ?..

ხეობას დაღამებულზე მიადგა. სიბნელის შავ კალთას ამოფარებულს, ერთხანს შეეძლო


უჩუმრად ევლო, მაგრამ, მეთვალყურე თუ ელოდა, ნაკადულს რომ მიუახლოვდებოდა,
სიფრთხილე ვეღარას უშველიდა. აქ ისე ვერავინ გაივლიდა, თავი არ გაემჟღავნებინა.

მაინც შევიდა ხეობაში და აღმართს შეუყვა. რაღად მიდიოდა, ვერ გაეგო.

ნახევარი გზა ექნებოდა გავლილი ნაკადულამდე, რომ უცებ გული უამურად შეუტოკდა და
შემკრთალი შედგა. უეცრად უცხო გუმანით იგრძნო, რომ ნაკადულთან მეთვალყურე უნდა
მდგარიყო.

ოღონდ შეკრთომით ამის გამო არ შემკრთალა.

იფნისხევში ჯერ კიდევ ადრე, ისკანდერ-ხანის დროს, მერეც, მანუჩარ მეფის დროს,
ახლაც, ამ ბოლო სამი წლის მანძილზე, მრავალი ჭაბუკი გამოუზრდია და, რაც კი თვითონ
იცოდა, ყველაფერი უსწავლებია, იარაღის ხმარება - მიზანიცა და სისწრაფეც - ცხენის
საომრად გაწვრთნა, საფარში ჯდომა, შემოტყუება, უგრძნობლად დაცემა, კვალის ძებნა,
დევნა, ქამანდის ტყორცნა, ნადირისა და ფრინველის ხმაზე, ან ხეთა ფოთლებისა თუ
ბალახის მოძრაობაზე იმის შეტყობა, საით მიდის მტერი, ან საიდან მოდის, ყველაფერი
უსწავლებია და, ახლა რომ გული უამურად შეუტოკდა, იმის გამო შეუტოკდა, რომ
ცხადლივ, ისე, თითქოს თვალით დაენახოს, იგრძნო: ზემოთ, ნაკადულთან, მეთვალყურის
საფარში, რომელიმე მისი ნაშეგირდალი უნდა მჯდარიყო.

არც კი დაეჭვებულა, ეგებ გუმანი მატყუებსო. უყოყმანოდ გამოტრიალდა და უკან


წამოვიდა.

იმავ წამს თავში ახალი გეგმა გაუჩნდა და დაუყოვნებლივ მის შესრულებას შეუდგა.

დიდხანს იარა და რამდენიმე დღის შემდეგ იფნისხევის ირგვლივ შემორკალულ შიშველ


ქედს გადაღმა მხრიდან მოადგა.

ღამე ფერდობზე გაათია და დილით, მზე რომ ამოვიდა, ქედზე გადადგა. აქედან ბანაკი
არ ჩანდა, მხოლოდ უღრანი ტყე ჩანდა. სამაგიეროდ, ბორცვზე ჩასაფრებული
მეთვალყურე უეჭველად დაინახავდა. ზებულონსაც ეს უნდოდა. იმსიშორიდან თოფს ვერ
მოაწვდენდნენ, ამიტომ, თუკი ქაიხოსრო ბატონიშვილს მართლა ჰყავდა ხალხი
ჩასაფრებული ბანაკში, უნდა დადევნებოდნენ და ადრე თუ გვიან თავი გაეცათ.

მანამ იარა ქურანაზე ამხედრებულმა ქედ-ქედ, სანამ გამახვილებულ სმენას შორეული ხმა
არ მოსწვდა. მაშინ კი ისევ ქედს უკან გადავიდა, წინასწარ შეგულებული ერთი
დაკბილული კლდის ძირას გაწვა და თავის მოთვალთვალეებს თავად დაუწყო
თვალთვალი.

მას შემდეგ, რაც უზრუნველი ბალღობა და მშობლიური წყაროსთვალი უკან დარჩა და


ცხოვრება დაუსრულებელ წანწალად და ხეტიალად ექცა, ერთადერთი ადგილი
იფნისხევი იყო, სადაც შედარებით დიდი ხანი დაჰყო. ერთიერთმანეთზე ბარე თორმეტი
წელიც გამოუვიდოდა. ამის გამო, ზოგჯერ, როდესაც სხვაგან მყოფს აქ ამოსვლა
მოუხდებოდა, ასე ეგონა, შინ ბრუნდებოდა. ბოლოს და ბოლოს კი იმ ზომამდე შეეჩვია და
შეეგუა, ბოლო ხანებში მაინც, რამდენჯერაც ამოსულა, იმდენჯერ მშობლიურობის
სევდიანი გრძნობა მოსძალებია და გულს წყაროსთვალისკენ გაუწევია...

დიდხანს იწვა დაკბილული კლდის ძირას. მერე უეცრად, სწორედ იმ დროს, როდესაც
კუდიან დედაბერს ის-ის იყო, ჯადოსნური კვერთხი უნდა აექნია, თითქოს ძილში ხელი
ჰკრესო, ერთბაშად გამოფხიზლდა. გაირინდა, სმენა დაძაბა. მაინც ვერ მიხვდა, საიდან
ისმოდა ხმა. გაუკვირდა და ქედის წვერზე, პატარა, დაკბილული კლდის ძირას, მიწას ყური
დაადო. ერთხანს ასე იყო, მერე თავი ასწია. გაკვირვების ნაცვლად გულში ახლა სიამის
წვეთები აწკაპუნდა და იგრძნო, რომ გატანჯულმა ღიმილმა სახეზეც კი გამოჟონა.
„კარგად დამიზრდია!“, გაუელვა გონებაში. ახლა ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იფნისხევის
ბანაკში მისი დაზრდილი ვაჟები ჩასაფრებოდნენ. სწორედ მოეფიქრებინათ: შორიდან
შემოევლოთ, რათა ქედის ორთავ მხარეს ერთდროულად დაშვებულიყვნენ და ორთავ
მხრიდან ეყელათ. მხოლოდ ასე შეიძლებოდა სათოფე მანძილზე მიახლოება. სხვა რომ
ყოფილიყო ზებულონის ადგილას, მიუახლოვდნენ კიდეც და ძვირადაც დაუსვამდნენ
ცოტა ხნის წინ ქედზე ყინჩად გადადგომას.

ზებულონი ქურანას მოახტა, თავქვე დაეშვა და, ვიდრე მდევარი მოსწვდებოდა, გაღმა
გაასწრო და ტყეს მისცა თავი.

ეს ბუნაგიც ამოუქოლეს და ტყე-ღრეში ყოფნას აიძულებენ!

განა რა ძნელი იყო! ტყეშიც გაძლებდა ზებულონი. თუმც კი ცოტა დაიღალა, მაინც
გაძლებდა. დაღლილობას აჯობებდა და, როდემდეც უნდოდა, იქამდე დაიმალებოდა.
მაგრამ მობეზრდა. რა მობეზრდა, კარგად ვერ გაეგო და ამიტომ დაასკვნა, ხეტიალი
მომბეზრდაო.
„რაც არის, არის, წყაროსთვალში წავალ!“ გადაწყვიტა მტკიცედ და მერე ამაზე აღარ
უფიქრია, მთელი თავისი ოღრო-ჩოღრო ცხოვრება, მთელი თავისი სატანჯველი, მთელი
თავისი ცოდვები ზურგზე აიკიდა და ყრმობის ბილიკს დაადგა, რომლის ბოლოში, ამდენი
ხნის ლოდინის შემდეგ, სიკვდილს უნდა შეყროდა.

დღისით ტყე-ტყე მიდიოდა, მხოლოდ ბნელ ღამეში თუ გაბედავდა გზაზე გამოსვლას.

იარა, იარა და ბოლოს უკანასკნელ მთას მიადგა. ამ მთის გადაღმა წყაროსთვალი იყო.

მთვარიანი ღამე იდგა და მთა ისე ჩანდა, თითქოს ვეება ნადირი უკანა ფეხებზე
შემდგარიყო და ზებულონს მღვრიე მუქარით დასცქეროდა ზემოდან.

ზებულონმა მშვიდად გაუსწორა თვალი ნადირს და ფერდობს შეუყვა.

ქურანა ისე წყნარად, ისე დანდობილად მიაბიჯებდა, ვითომ ის ძველი ქურანა ყოფილიყო,
რომელმაც ზებულონი ოდესღაც წყაროსთვალიდან წამოიყვანა. და ხანგრძლივი
წანწალის შემდეგ შინ ბრუნდებოდა.

უკანასკნელი აღმართიც რომ აათავა და მთაზე გადადგა, ზებულონი უეცრად,


თავისდამოულოდნელად, ისეთ რამეს მიხვდა, რასაც ვერავისგან გაიგებდა, ვერც იოველ
ბატონიშვილისგან, ვერც ქართლის კათალიკოსისგან, ვერც ბექა ამილახვრისგან.
ვერავისგან. ზებულონი მიხვდა, რომ ქაიხოსრო ბატონიშვილი განა მამისთვის იძიებდა
შურს! ქაიხოსრო ბატონიშვილი შურს დედისთვის იძიებდა. თავად ეს არ იცოდა, მაგრამ
ზებულონის ბედისწერამ ხომ იცოდა!

ასეთ შურისძიებას ზებულონი, აბა, სად უნდა დამალვოდა!..

ჯერ კიდევ ბნელოდა. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო.

ხევგაღმა, დამრეც ფერდობზე შეფენილი პატარა სოფელი ბინდში იწვა და ღრმა ძილით
ეძინა.

ზებულონი კი უკვე მოვიდა.

ნუთუ მართლა ეს იყო ცხოვრება?.. ნუთუ ზებულონი უბრალო ნაფოტი იყო აღელვებულ
ზღვაში და ბედის ტალღები თავიანთ ნებაზე ათამაშებდნენ? ნუთუ მხოლოდ ბურთი იყო
მობურთალთა ხელში?.. აკი, გონიერიაო, იოველ ბატონიშვილმა, და თუ ვინმე აანთებს
წყაროსთვალში სწავლა-განათლების კელაპტარს, ეგ აანთებსო! აკი ღონეც დიდი
ჰქონდა, სიმარჯვეც და მოხერხებაც! ნუთუ ღონე მხოლოდ იმისთვის მისცა ღმერთმა, რომ
ვეება ლოდი, რომელსაც სხვა მის მეტი ვერავინ მოერეოდა, უსაშველო აღმართში ეთრია
და ბედისწერის გამოქვაბულისთვის დაეცო, რათა იმ ლოდის სიმძიმე მერე მთელი
სიცოცხლე ზურგით ეტარებინა!.. ნეტა ყველას ასე უტრიალებს ცხოვრების ჩარხი, თუ
მხოლოდ ზებულონი აირჩია განგებამ, მხოლოდ ზებულონს დაადგა თვალი?.. ბექა
ამილახვარმა თქვა, შე ოტროველავ, განა არ იცი, კაცი რომ იბადება, მარტო თავისთვის
არ იბადებაო!.. ზებულონი, ჩანს, მარტო სხვათათვის დაიბადა, რადგან თავისი
ყველაფერი წააგო. მას შემდეგ, რაც ბავშვობის ტკბილ ბურანს გამოსცდა, თავისთვის
ერთი წამი არ უცხოვრია... განა ეწადა დაროაშვილების დახოცვა? მაგრამ დახოცა,
ვინაიდან სოფელმა ჩუმი რისხვით უბრძანა, დახოცეო. განა წიგნი არ ერჩივნა ბრძოლას?
მაგრამ ბრძოლაში დააღამა, ვინაიდან მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა, ქვეყანას მეომარი
სჭირდება და არა სწავლულიო. განა უნდოდა, ქვეყნიერებაზე სულ მარტო დარჩენილიყო,
მაშინ, როცა სხვებს ოჯახები აქვთ, ფესვი და ძირი, საზრუნავი და საფიქრალი?.. აბა, ახლა
სინანული რაღა დროსია, თორემ ყველაფერი უკუღმა უკეთებია ზებულონს... არ უნდა
დაეხოცა დაროაშვილები ზებულონს. ისახარს რაღას უშველიდა! სამაგიეროდ, დედა
მაინც არ მოკვდებოდა ასე ჩქარა, ასე შეშუპებული და ასე გალურჯებული... უნდა
მისულიყო იოველ ბატონიშვილთან ზებულონი. ვითომ რატომ არ მიიღებდა?.. ნესტანი არ
უნდა დაეთმო ზებულონს. ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და
არაფერი დაგიტოვოს?!. ან ზებულონს ვინ მისცა იმის ნება, ის, ვინც თავისი შიში, თავისი
იმედი, თავისი სასოება დანდობილად ჩააბარა, ვისიმე ბრძანებით გაეწირა?..

დიდხანს იდგა ზებულონი მთის წვერზე, დიდხანს გაჰყურებდა მშობლიურ წყაროსთვალს,


ბოლოს გზას გვერდი აუქცია, ტყისპირს გაუყვა და ზემოთ, სოფლის განაპირას,
სასაფლაოს მიადგა.

ქურანა მარგილზე გამოაბა და სასაფლაოს ეზოში შევიდა.

ვინ იცის, ზებულონის არყოფნაში რამდენი ახალი საფლავი გაჩნდა წყაროსთვალის


სასაფლაოზე! ვინ იცის, რამდენი ვინმე, ვინც ზებულონს ცოცხალი ახსოვს და ამიტომ
ახლაც ცოცხალი ჰგონია, დიდი ხანია უკვე აქ არის და მარადიული ძილით სძინავს!..

ვიწრო ბილიკს გაუყვა საფლავებს შორის და მალე დიდ, ტანმაღალ ცაცხვს მიაღწია. იქ
იყვნენ ორივენი დასაფლავებული, დედაცა და ისახარიც. ამ ცაცხვის გვერდით. ცაცხვის
ფესვებზე და სქელ, კორძიან კანზე ზაფხულობით პატარა, მოწითალო, მრგვალი ჭიები
დასუნსულებდნენ, რომელთა სახელი ზებულონმა ოდესღაც იცოდა, მაგრამ ახლა
დავიწყებული ჰქონდა.

ხელები მკერდზე დაიკრიბა. სიბნელეს ნელ-ნელა შეაჩვია თვალი.

აქ წვანან ორივენი... ამათი წყალობაა, რომ ზებულონი ცხოვრების მრუდე გზაზე უამურ
სიცოცხლეს დაათრევს და ვერასდიდებით თავი ვერ დააღწია... ფეხისგულებში ეკლები
ჩხვლეტს. გულში ეკლები ჩხვლეტს, მთელ სხეულში ეკლები ჩხვლეტს და ეკლებში
ვერაფერი იპოვა ისეთი, რომ ეკალი არ ყოფილიყო... ნეტა თუ გრძნობენ, ნეტა თუ
ხვდებიან, რომ მრავალი წლის უთავბოლო ხეტიალის შემდეგ შვილი უკან დაბრუნდა და
გულხელდაკრეფილი ახლა მათს საფლავებს დასცქერის?..

აღმოსავლეთით ცა ოდნავ შეწითლდა, ტოროლამ დილის საგალობელი შემოსძახა,


არემარემ ნელ-ნელა იწყო სიბნელიდან გამოსვლა.

ზებულონმა თავი ასწია და ფერდობზე შეფენილ სოფელს გახედა. ჯერ მაინც ბინდბუნდი
იყო და სოფელიც, გაღმა-გამოღმა ფერდობიც, მდინარეც, ყველაფერი, სადაც
ზებულონის ბალღობის კვალი იყო დარჩენილი, ისე ჩანდა, თითქოს ლიბრი გადაკვრიაო.

ისევ ჩაჰკიდა თავი და საფლავებს დააცქერდა. ესენი რომ არა, ზებულონიც არ იქნებოდა
და არც ეს დაუსრულებელი წამება იქნებოდა. ოთხი შვილი კიდევ ეყოლათ ზებულონის
შემდეგ და ოთხივენი პირველსავე კვირას დაიხოცნენ... მაშ, ზებულონის გადარჩენა რაღა
იყო? ზებულონის სიცოცხლე ვიღას დასჭირდა? რატომ არ შეიძლებოდა, ზებულონიც
პირველსავე კვირას მომკვდარიყო? მაშინ ხომ არც ამ საშინელ სიზმარს ნახავდა?..

ანაზდად რაღაცამ გაიზუზუნა. ვიდრე ზუზუნი მიწყდებოდა, ზებულონმა იმის გაფიქრება


მოასწრო, რომ ეს უბრალო ზუზუნი კი არა, ერთმანეთში არეული ზუზუნი იყო. მყისვე,
თითქოს იმის დასტურად, რომ არ შემცდარა, ორთავ ბეჭებქვეშ ორი ისარი
ერთდროულად ჩაერჭო.

ერთხანს გაუნძრევლად იდგა, გეგონებოდათ, რაღაცას ყურს უგდებს და რაღაცაზედ


ფიქრობსო. მერე ნელა მიტრიალდა უკან. იმავ წამს კიდევ გაისმა ზუზუნი და ორი ისარი
ახლა ორთავ ფერდში ჩაერჭო.

წამით მოიკუნტა და ისევ გაიშალა. ბოლომდე რომ გაიმართა, პირველად ის მოაგონდა,


რისთვისაც დიდი ხანია ყურადღება აღარ მიუქცევია. მოაგონდა, რომ ტანად ძალიან
დიდი იყო, ბეჭებიც ძალიან ფართო ჰქონდა. ამისი ყოველთვის ერცხვინებოდა, თითქოს
სხვათა წინაშე რაღაც უნებლიე დანაშაული მიუძღოდა. ახლაც შერცხვა, იმავ წამს
გაიფიქრა: „კიდევ კარგი...“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუკვირდა, ნეტა ეს რად
გავიფიქრეო, მიხვდა, რომ, სანამ ამას გაიფიქრებდა, მანამ ის გაიფიქრა, ნეტა მოისარნი
ვინ არიანო, და ეამა, რომ ვერავინ დაინახა. რომ დაენახა, ალბათ ჩვეულებრივ
მკვლელებს დაინახავდა, ქურდულად ჩასაფრებულებს, მხდალებს, ლაჩრებს, ისეთებს,
რამდენიმე დღის წინ რომ ნახა ტყეში, საყდარს ზემოთ... უეცრად ზებულონი მიხვდა, თუ
რა მოჰგონებია მაშინ, იმ საბრალომ რომ თოფი დააგდო და ლაწალუწით დაეშვა
თავდაღმართში. თინია მოჰგონებია. თინიაც ასე გაიქცა ერთხელ. ფიჩხის კონა დააგდო
და კისრისტეხით გაიქცა... ნეტა ასე რად ეშინოდათ ზებულონის?.. აქ ისევ გაახსენდა
მოისრეები და ისევ ეამა, რომ ვერ დაინახა. რატომ ვერ დაინახა, ამას ვერ მიხვდა.
ირგვლივ სასაფლაო იყო, სასაფლაოს მიღმა მინდორი, მაშ, სად იყვნენ დამალული?..
თუმცა ახლა სულ ერთია, მთავარია, ვერ დაინახა და, რაკი ვერ დაინახა, როგორსაც
უნდა, ისეთს წარმოიდგენს. მის მიერ წარმოდგენილი კი უბრალო მკვლელი არ იქნება,
ზღაპრული მკვლელი იქნება, რომელსაც, ვისაც კი ოდესმე გულში ზებულონის ჯავრი
ჩაჰყოლია, ყველას სახე ერთად ექნება. დაროაშვილების, ისკანდერ-ხანის, ლეკის ბიჭის,
ქაიხოსრო ბატონიშვილის, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ვინმესი... იმ სიკვდილის სახე
ექნება, რომელიც დაბადებითვე თან დაჰყვა ზებულონს, გვერდიდან არასოდეს
მოსცილებია, მუდამ მუშტრის თვალით უმზერდა, მუდამ ეზომებოდა და ეტოქებოდა,
მაგრამ აქამდე პირისპირ შეჭიდება ვერ გაებედა... უცებ ზებულონმა გაუგებარი ბიძგი
იგრძნო. მოეჩვენა, თითქოს რაღაც, რაც მისსავ სხეულში იყო და იმავ დროს უცნაური
მანქანებით მთელ ქვეყნიერებასაც შემოჰკვროდა, დიდი ძალით გაქანდა უკან. ვერ
მიმხვდარიყო, სად იყო ეს უკან, ან რას ნიშნავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც უკან
მიექანებოდა, თითქოს სამყარო აიკეცა და დახვევა დაიწყო, ისე როგორც დიდ ნოხს
აკეცავენ და დაახვევენ. და ეს სამყაროს ნოხი თავად ზებულონი იყო, ზებულონი
იკეცებოდა და ეხვეოდა, ოღონდ ზებულონი ამავე დროს იმ ნოხის ერთი პაწაწკინტელა
ძაფიც იყო და, საკუთარ თავში რომ ეხვეოდა, საკუთარი თავი რომ ირგვლივ მჭიდროდ
ეკვროდა, სული შეეხუთა და იგრძნო, რომ შესაძლო იყო, ახლა ცნობა დაეკარგა. ცნობის
დაკარგვის შიშმა თავში კვესივით გაჰკრა და ირგვლივ ნაპერწკლები გაჰყარა. ამან იხსნა
ცნობის დაკარგვისაგან... ამ დროს მზეც ამოიწვერა და მშობლიურ სანახებს ბინდი
ნისლივით გადააცალა. გადახედა ზებულონმა ახლადამოსული მზის გრილ, მეწამულ
სხივებში გახვეულ სოფელს და პატარა, თეთრი ეკლესიის გუმბათზე კელაპტარი არ ენთო.
კელაპტრის ასანთებად ზებულონი იოველ ბატონიშვილის დიდ ტაძარში უნდა წასულიყო,
იქ წასვლა კი შეუძლებელი შეიქნა, რადგან ისახარი, ზებულონი რომ იოველ
ბატონიშვილის დიდ ტაძარში არ გაეშვა, დაროაშვილებს მოეკვლევინა, რათა
გამოქვაბულის ვიწრო ყელს ისეთი ლოდი დასცობოდა, რომლის დადება შეიძლებოდა,
აღება კი არა... მერე სინათლე წავიდა და სიბნელე მოვიდა. და ზებულონი მიხვდა, რომ
სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა, სინამდვილეში მყისიერი და
მოუხელთებელი რამ ყოფილა, როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი,
რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი
შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა
ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი,
ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა...

...შმორის სუნით გაჟღენთილ ვიწრო და ბნელ ხვრელს რომ გასცდა და დიდ სინათლეში
მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და
ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორში დაეშვა და მისკენ გამოეშურა.
ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად
მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო
ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია, მთელი ცხოვრება მის გვერდით
გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა, როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა
ყოფილიყო, ყველგან გრძნობდა მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ
არასოდეს შეჰყრია. ახლა კი თვალებში შესცქეროდნენ ერთმანეთს და მათს მზერას
ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით
ეწეოდა ერთმანეთისკენ... მოდიოდა ჭრელ მინდორზე ცისფერი სიკვდილი,
ხელებგაშლილი მოიჩქაროდა ზებულონისაკენ და მისი დამათრობელი ღიმილი
ირგვლივ უსხეულო და უხილავ სხივებად იღვრებოდა. ზებულონს, რომელიც ნელ-ნელა
იხსნებოდა ამ საკვირველი ღიმილის ელვარე სითბოში, ახლა ისღა უკვირდა, რომ
სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის
უკან, თეთრ სახეზე, სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა. ამის დანახვაზე გაიფიქრა,
ეგებ ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი
სიკვდილი ეწვევაო, ხოლო როცა სიკვდილი სულ ახლო, ხელის გაწვდენის მანძილზე,
ერთბაშად შედგა და მისმა მანათობელმა ღიმილმა ზებულონის გულშიც აანთო შუქი,
რომელიც სწრაფად გაიზარდა, მთელი სხეული აუვსო, ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია
და ბოლოს სიკვდილის მომნუსხველი ღიმილისაკენ დაიძრა, რათა მათი შერწყმით
სამყაროში განუყოფელი სიმშვიდე დამკვიდრებულიყო, ზებულონმა მღელვარებისაგან
აკანკალებული ხმით გაუბედავად იკითხა: „შენა ხარ, ბატონის ქალო?“, მაგრამ თავისი ხმა
ვერ გაიგონა და ამიტომ ვერც ის გაიგო, მართლა იკითხა თუ არა...

ახლა ისინი - სიკვდილი და ზებულონი - სადღაც, ძალიან მაღლა, ცის თაღთან ეკიდნენ
ერთიმეორის პირისპირ. შუაში მცირე ნაპრალიღა იყო დარჩენილი და, რაწამს
ზებულონმა იმ ნაპრალში გადაიხედა, ნაპრალმა მყისვე პირი შეიკრა და ცისფერი
სიკვდილის ფაფუკი მკლავები ზებულონს რბილად, ნაზად, სათუთად შემოეხვია, როგორც
წმინდა და აუმღვრეველი სიყვარული, რომელშიაც სიყვარულის მეტი სხვა არაფერი
ურევია...

ირგვლივ ყოველივე ისე კაშკაშებდა, თვალით აღარა იხედებოდა რა, და ამის გამო
ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე.

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა


საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE

You might also like