You are on page 1of 125

ქვიან

სანაპიროზე
იენ მაკიუენი

რომანები სიყვარულზე
თავი პირველი

ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო


– განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში
ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ
ამოიღებდი. თუმცა, ამაზე საუბარი არც დღესაა ადვილი.
ჯორჯიანული ეპოქის სასტუმროს მეორე სართულზე,
პაწაწინა ნომერში, ვახშამს მიუსხდნენ. მეზობელ ოთახში, ღია
კარიდან, ბალდახინიანი საწოლი ჩანდა, ტკიცინა
თეთრეულით გაწყობილი, საკმაოდ ვიწრო და ისეთი
შეურყვნელი, იფიქრებდით, ადამიანის ხელი არასდროს
მიჰკარებიაო. ედუარდს არ დასცდენია, რომ სასტუმროში
თავის დღეში არ გაჩერებულა, ფლორენსი კი ბავშვობაში
მამასთან ერთად ხშირად მოგზაურობდა და ამიტომ მშვიდად
იჯდა. გარეგნულად მშვენიერ გუნებაზე ჩანდნენ.
ოქსფორდის ღვთის მშობლის ტაძარში იქორწინეს.
ყველაფერი გემოვნებით მოაწყვეს, წვეულებამ დიდებულად
ჩაიარა, სკოლისა და უნივერსიტეტის ერთგული მეგობრები
ხმაურიანად გამოეთხოვნენ. პატარძალს ტყუილად ეშინოდა:
მისი მშობლები მძახლებს აგდებულად არ ესაუბრებოდნენ,
ხოლო ვაჟის დედას ყურადღება იშვიათად ეფანტებოდა და
არც ბოლომდე დავიწყებია, დღესასწაული რას ეძღვნებოდა.
ახალდაქორწინებულები სიდედრის პატარა მანქანით
გაემზავრნენ და დორსეტის სანაპიროზე წამოჭიმულ
სასტუმროს შუა ივლისისთვის შეუფერებელ, თუმცა, რიგიან
1
ამინდში მიადგნენ: არ უწვიმია, მაგრამ არც საიმისოდ
თბილოდა, ფლორენსს სურვილი აეხდინა და გარეთ,
ტერასაზე გაეშალათ სუფრა. ედუარდი სულ სხვას ფიქრობდა,
მაგრამ აუტანლად მორიდებული მეუღლეს ასეთ
განსაკუთრებულ საღამოს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
მაგიდას თავიანთ ნომერში მიუსხდნენ. აივანზე გამავალი
ნახევრად ღია დარაბებიდან ლა-მანშის სრუტე და ჩეზილ
ბიჩის1 უსასრულო კენჭები მოჩანდა. სტუმრებს პიჯაკში
გამოწყობილი ორი ახალგაზრდა ემსახურებოდა;
გორგოლაჭებიანი მაგიდა გარეთ, დერეფანში იდგა;
ახალდაქორწინებულთა ნომერში სიჩუმეს პერსონალის
შესვლა-გასვლისას აჭრიალებული მუხის იატაკი არღვევდა.
ამაყი და ფრთხილი ედუარდი უცნობების ნებისმიერ ჟესტსა
თუ გამოხედვას აკვირდებოდა. მათ დაცინვას ვერ აიტანდა!
თუმცა, მეზობელი სოფლიდან სამუშაოდ გადმოსული,
წელში მოხრილი ბიჭები საქმეს შუბლშეკრულნი
ასრულებდნენ და მაგიდის გაფითქინებულ
გადასაფარებელზე ჭურჭლის მოკრძალებულად გაწყობისას
ხელები უთრთოდათ. ისინიც ღელავდნენ. ინგლისური
სამზარეულო იმხანად დიდი მრავალფეროვნებით ვერ
დაიკვეხნიდა, მაგრამ ამას არავინ აღნიშნავდა, გარდა
საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრებისა.
ფორმალური ვახშამი, ჩვეულებისამებრ, სიროფში
ამოვლებული ალუბლით მორთული ერთი ნაჭერი ნესვით
დაიწყო. დერეფანში, ვერცხლის ჯამებსა და სანთლით
შემთბარ თეფშებზე, დიდი ხნის წინ შემწვარი, შესქელებულ
სოუსში ჩაწყობილი საქონლის ხორცი, მსუბუქად მოთუშული

1 Chesil Beach - ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და ცნობილი


ქვიანი სანაპირო. სიტყვა Chesil ძველ ენაზე „კენჭებს“, „ქვა-ღორღს“,
„რიყეს“ ნიშნავს.
2
ბოსტნეული და ხარშვისგან გალურჯებული კარტოფილი
ცივდებოდა. ფრანგული ღვინის ბოთლის ეტიკეტზე
კონკრეტული პროვინციის სახელი არ ჩანდა; მხოლოდ
მარტოსული მერცხალი გამოესახათ. ედუარდს წითელი
ღვინის შეკვეთა თავში აზრად არ მოსვლია.
ახალდაქორწინებულებს ერთი სული ჰქონდათ,
ოფიციანტები როდის გაიკრიფებოდნენ და სკამებზე ისე
მოკალათდნენ, რომ ვრცელი, ხავსმოკიდებული მინდორი
შეეთვალიერებინათ, რომლის მიღმაც დამრეც ნაპირზე
ყვავილოვანი ბუჩქები და მაღალი ხეები იშლებოდნენ და
პატარა გზა პლაჟზე ჩადიოდა. სასტუმროდან კარგად ჩანდა
გავერანებული ბილიკი და ატალახებული საფეხურები,
მაღალი ბალახის დასივებული, ორმეტრიანი ღეროები
ჩაშავებული, წყალჩამდგარი ფოთლებით მიწას ეხებოდა.
მცენარეები მონაცრისფრო შუქის სინაზეში მგრძნობიარედ და
ტროპიკებისთვის დამახასიათებელი ვნებით ირხეოდნენ;
რბილი ნისლი ზღვას დაეფინა. კენჭებზე მიმოქცევის ხმა
ქუხილსა და სისინს მოგაგონებდა. ედუარდსა და ფლორენსს
გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვახშმის შემდეგ სქელძირიანი
ფეხსაცმელი ამოეცვათ და რიყიან სანაპიროზე იმ ადგილას
გასულიყვნენ, ზღვასა და ლაგუნას შორის რომ მოქცეულიყო
და ხალხი „ფლიტს“ უწოდებდა; თუ მანამდე ღვინოს ვერ
დაცლიდნენ, აუცილებლად თან წაიღებდნენ და, მოხეტიალე
რაინდებივით, პირდაპირ ბოთლს მოიყუდებდნენ.
ჰქონდათ უამრავი გეგმა, მხიარული და ბავშვური,
ბურუსით მოცულ მომავალში გაწერილი და ისეთი
ნაყოფიერი, როგორიც ზაფხულის ბუნება დორსეტის
სანაპიროზე; და ისეთივე ლამაზი: სად და როგორ
იცხოვრებდნენ, ვინ იქნებოდა მათი უახლოესი მეგობარი,
ბიჭის სამსახური სიმამრის ფირმაში, გოგონას მუსიკალური
კარიერა, რაში დახარჯავდნენ მამისგან ნაბოძებ ქონებას და
როგორ არ დაემგვანებოდნენ დანარჩენებს, შინაგანად მაინც.
3
ეს გახლავთ ეპოქა – და ის სულ მალე, იმავე ათწლეულში
დასრულდება – როდესაც იყო ახალგაზრდა, ნიშნავს
სოციალურ წინააღმდეგობას, შეუსაბამობის ზეიმსა და ოდნავ
სასირცხვილო მდგომარეობას, რომელსაც ქორწინება
მალამოდ ედება ხოლმე. ორი უცხო, მაგრამ ერთ
მთლიანობად შეკრული ადამიანი არსებობის ახალ საფეხურს
მიადგა; ახალი სტატუსით გაბედნიერებულებმა
დაუსრულებელ ყრმობას ბოლო მოუღეს: ედუარდი და
ფლორენსი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ!
ახალშეუღლებულების საყვარელი სალაპარაკო თემა მათი
ახალგაზრდობა იყო, მაგრამ სასაცილო და არასწორი
შეხედულებების ქარბუქში შესვლა არც ერთს არ ხიბლავდა;
არც მშობელთა აღზრდის უპატიებელი შეცდომებისა და
ყავლგასული მეთოდების გარჩევა მოსწონდათ.
ახალი სიმაღლეებიდან ყველაფერს ნათლად ხედავდნენ,
მაგრამ ერთმანეთს წინააღმდეგობრივ გრძნობებში ვერ
უტყდებოდნენ: ორივე შიშით ელოდა ვახშმის დასასრულს,
როდესაც თავიანთი მოწიფულობა უნდა გამოეცადათ და
ბალდახინიან საწოლზე ბოლომდე გაშიშვლებულიყვნენ.
ედუარდს მთელი წელი თავბრუ ეხვეოდა ივლისის იმ
საღამოს წარმოდგენისას, როცა თავისი ყველაზე მგრძნობიარე
ნაწილით (თუნდაც წამიერად) ამ მხიარული, ლამაზი და
უგზო-უკვლოდ განათლებული ქალის ბუნებრივ
გამოქვაბულში დაიკარგებოდა. თუმცა ჯერ არ იცოდა, ამ
სანუკვარ წუთებს ცხოვრებისეული აბსურდისა და
იმედგაცრუების გარეშე თუ მიაღწევდა. ერთი საშინელი და
სამარცხვინო ცხოვრებისეული გამოცდილებაც უწამლავდა
გულს (როგორც ვიღაცისგან მოისმინა): „ნაადრევად გაათავა“,
საზიზღარი მოგონება თავიდან ვერ ამოიგდო. მიუხედავად
ამისა, კიდევ ერთხელ ჩაფლავების შიშს ბავშვური
სიხარულის, მზაობისა და ცოდვების გამოსყიდვის განცდა
უამებდა.
4
ფლორენსს უფრო სერიოზული აზრები ტანჯავდა და
ოქსფორდიდან მგზავრობისას რამდენჯერმე გაიფიქრა,
მხნეობას მოვიკრებ და მეუღლეს ყველაფერს გავუმხელო.
თუმცა, თავის სატკივარს თავი და ბოლო ვერ გაუგო და ვერც
სახელი დაარქვა. თუ ედუარდს მხოლოდ პირველი ღამის
ნაცნობი შფოთვები აწუხებდა, გოგონა მთელი სხეულით
ძრწოდა და გულისრევა ტანჯავდა, როგორც ზღვაზე
მოგზაურს. რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ
ქორწილისთვის მხიარულად ემზადებოდა, ბედნიერების შავ
ლაქას თვალს არიდებდა, მაგრამ როგორც კი წარმოიდგენდა
ჩახუტებას, რადგან სხვა ტერმინს არ ცნობდა, მუცელი
შეეკუმშებოდა, ყელი უშრებოდა და წამოაზიდებდა ხოლმე.
მხიარულფერებიან, ძახილისნიშნებიან და
დანომრილილუსტრაციებიან „მომავალი პატარძლების
სახელმძღვანელოში“ ისეთ ფრაზებს გადააწყდა, სუნთქვა
შეეკრა: „ლორწოვანი გარსი“, და ავისმომასწავებელი, პრიალა
„ასოს თავი“, სხეულში შესვლის აღწერები პირდაპირ
შეურაცხყოფაზე გადადიოდა: სანამ მამაკაცი ქალში შევა... ან:
ახლა კი მამაკაცი შედის ქალში და შესვლიდან ცოტა ხანში
სიამოვნებას... ნუთუ ღამით ედუარდისთვის ერთგვარ
პორტალად ან მისაღებ ოთახად უნდა ქცეულიყო, რომელშიც
ვაჟი მარტივად გაისეირნებდა? ყველაზე ხშირად იმ სიტყვას
გადააწყდებოდა ხოლმე, ფლორენსისთვის მხოლოდ
ტკივილთან რომ ასოცირდებოდა, დანისპირზე გახლეჩილი
ქსოვილი: პენეტრაცია.
კარგ გუნებაზე იმასაც ფიქრობდა, წუნია ვარ და
ყველაფერი მალე გამივლისო. ედუარდის ყვერებზე
ფიქრისას, ბიჭის გაბერილი ასოს ქვეშ რომ ქანაობდნენ (კიდევ
ერთი საზარელი ტერმინი), ცხვირს იბზუებდა, და იმის
წარმოდგენა, „ქვემოთ“ უცხო, თუნდაც საყვარელი ადამიანი
როგორ ეხებოდა, ისეთივე ამაზრზენი იყო, როგორიც თვალის
ოპერაცია. თუმცა, ბავშვის გაჩენაზე ფიქრი არზარავდა.
5
ფლორენსის აზრით, ედუარდისგან დაორსულება გულს არ
აურევდა; უცნაურია, მშობიარობის ტკივილი არ აშინებდა.
ნეტავ შეძლებოდა, მუცელი ღვთისმშობლის მსგავსად
ზებუნებრივი ჯადოსნობის წყალობით გამოჰბერვოდა.
გოგონა, რაც თავი ახსოვს, განსხვავებულად ფიქრობდა,
მაგრამ დადგა დრო, როცა ყველა საიდუმლო უნდა
გამოემზეურებინა. გოგონას აზრით, მისი პრობლემა უფრო
დიდი და ღრმა იყო, ვიდრე ერთმნიშვნელოვანი ფიზიკური
ზიზღი. მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა უცნობ
სხეულთან შერწყმას, ამით მისი სიმშვიდე და ბედნიერება
სამუდამოდ მოიშლებოდა. არ უნდოდა, მასში შესულიყვნენ
ან პენეტრირებული ყოფილიყო. ედუარდთან სექსი
კმაყოფილებას ვერ განაცდევინებდა, მაგრამ როგორც
მეუღლეს, ხარკი სიკვდილამდე უნდა ეხადა.
იცოდა, ხმა მანამ უნდა ამოეღო, სანამ ვაჟი ხელს სთხოვდა,
ან გულწრფელ და კეთილხმიან მღვდელს მიადგებოდნენ,
მშობლებთან ვახშამს მიუსხდებოდნენ, ქორწილში სტუმრებს
დაპატიჟებდნენ, საჩუქრების სიას ჩამოწერდნენ და სავაჭრო
ცენტრში შეიტანდნენ, დიდებულ კარვებსა თუ ფოტოგრაფს
დაიქირავებდნენ, დანარჩენ წვრილმან საკითხებს
მოაგვარებდნენ. მაგრამ რას იტყოდა, რომელ სიტყვებს
გამოიყენებდა, როცა გრძნობებისთვის ზუსტი სახელი ვერ
დაერქმია? ედუარდი მთელი გულით უყვარდა, წიგნებში
ამოკითხული ცეცხლოვანი და ვნებიანი გრძნობით – არა,
მაგრამ თბილი, ღრმა სიყვარულით, ხან როგორც ქალიშვილს
– მამა, ხან როგორც დედას – თავისი ვაჟი. მოსწონდა, როცა
ეხუტებოდა, ბიჭის უზარმაზარი მკლავის ქვეშ
გაიტრუნებოდა, და უყვარდა, როცა ჰკოცნიდა, მაგრამ მის
ენას პირში ვერ ეგუებოდა და ამას უსიტყვოდ, მთელი
სხეულით აგრძნობინებდა. ედუარდი განსაკუთრებული
ვინმე იყო, დანარჩენებს არაფრით ჰგავდა. ქურთუკის ჯიბეში
ყოველთვის თხელყდიანი წიგნი ეგულებოდა, ძირითადად,
6
ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც მოსაცდელ ოთახში
ან რიგში ჩამომდგარი დიდი ინტერესით ჩაჰკირკიტებდა.
წაკითხულ გვერდებს ფანქრით ინიშნავდა. ის იყო
ერთადერთი ადამიანი ფლორენსის სანაცნობოში, რომელიც
არ ეწეოდა. წინდებს არასდროს აწყვილებდა. ჰქონდა
ერთადერთი, ვიწრო, მუქი ლურჯი ძაფით ნაქსოვი
ჰალსტუხი, რომელსაც თეთრ პერანგთან ატარებდა. გოგონა
აღმერთებდა ედუარდის ცნობისმოყვარეობას, მსუბუქ
სოფლურ კილოს, ძლიერ ხელებს, საუბრისას მოულოდნელ
გადახვევებსა და უცნაურ კითხვებს, მის კეთილშობილურ
დამოკიდებულებასა და გულისხმიერ, წაბლისფერ თვალებს,
რომლებში ცქერის დროსაც ფლორენსი სიყვარულის ნაცნობ
მორევში ეშვებოდა. ოცდაორი წლის ასაკში ეჭვი არ
ეპარებოდა, რომ დარჩენილი ცხოვრების ედუარდ
მეიჰიუსთან გატარება მთელი გულით უნდოდა. მის
დაკარგვას როგორ გაბედავდა?
გულს ვერავის გადაუშლიდა. გოგონას და, რუთი, ასაკით
ბევრად პატარა იყო, დედამისი კი, სხვა მხრივ
არაჩვეულებრივი ქალბატონი, ზედმეტად განათლებული,
ცივი და ძველმოდური. ამ უკანასკნელთან ინტიმურ თემებზე
საუბრისას ქალი იმ ლექტორად იქცეოდა ხოლმე,
აუდიტორიას გრძელზე გრძელი სიტყვებით რომ მიმართავს
და გაუთავებლად იმ წიგნებს ახსენებს, ყველამ რომ უნდა
წაიკითხოს. დედა იშვიათად და მხოლოდ სწორად
შეფუთული საკითხების გარჩევისას დაუთბებოდა ხოლმე,
თუმცა, მის რჩევებს თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდით.
ფლორენსს სკოლიდან და მუსიკალური აკადემიიდან
არაჩვეულებრივი მეგობრები შემორჩა, მაგრამ გოგონებს სულ
სხვა აწუხებდათ: გიჟდებოდნენ ინტიმურ საუბრებსა და
ერთმანეთის პრობლემების საათობით გარჩევაზე.
გაუთავებლად ტელეფონზე ჭორაობდნენ და არც წერილების
წერას ერიდებოდნენ. ფლორენსი მეგობრებს საიდუმლოს არ
7
უმხელდა, თუმცა, შესანიშნავად იცოდა, დამნაშავე მხოლოდ
თვითონ იყო. საკუთარ თავსაც ვერ ენდობოდა. უსახელო
პრობლემასთან მარტოსულ ჭიდილში „მხსნელად“ მხოლოდ
თხელყდიანი სახელმძღვანელო შერჩა. მყვირალა წითელ
ყდაზე ორი გაღიმებული, თვალებდაჭყეტილი და
ხელჩაკიდებული ასანთის ფიგურა იყო გამოსახული,
თითქოს უმანკო ბავშვმა თეთრი ცარცით დახატაო.

***

ნესვი ორ წუთში შესანსლეს. ახალგაზრდა ოფიციანტები,


დერეფანში მოცდის ნაცვლად უკან, კართან ახლოს იდგნენ,
ვიწრო საყელოებსა და ბაფთებს თითით აწვალებდნენ,
პიჯაკის სახელოებს ისწორებდნენ. არაფრისმთქმელი მზერა
არცერთს არ შესცვლია, როცა ედუარდმა ფლორენსს
ირონიული ჟესტით თავისი მოჭიქული ალუბალი შესთავაზა.
გოგონა თამაშში აჰყვა, ხილი მეუღლის თითებიდან პირში
ჩაიდო და გამომწვევად დაღეჭა, რათა ვაჟს მისი ენის
მოძრაობა დაენახა. არ ავიწყდებოდა, რომ არშიყობა
მომავალში ძვირად დაუჯდებოდა. იმ საქმის წამოწყებას
აზრი არ ჰქონდა, რომლის ბოლომდე მიყვანასაც არ აპირებდა,
მაგრამ მოსწონდა, როცა ედუარდს, თუნდაც მცირე ხნით,
სიამოვნებას ანიჭებდა: თავს უსარგებლოდ აღარ გრძნობდა.
ნეტავ მხოლოდ წებოვანი ალუბლის ჭამა ყოფილიყო საქმე.
ედუარდმა გადაწყვიტა, გოგონასთვის ეჩვენებინა,
ოფიციანტების ოთახში ყოფნა წამით არ მაღელვებსო,
მიუხედავად იმისა, ერთი სული ჰქონდა, მარტო როდის
დარჩებოდნენ. ღვინის ჭიქით სკამზე გადაჯდა და
მხარუკუღმა იკითხა:
– ნესვი კიდევ ხომ არ გაქვთ?

8
– არა, სერ. უკაცრავად, სერ.
ვაჟს ღვინის ჭიქაზე ჩაბღუჯული ხელი სიხარულითა და
აღტკინებით აუცახცახდა. მის თვალწინ გოგონა
მშვენიერებისგან კაშკაშებდა: იყო წარმოუდგენლად ლამაზი,
მგრძნობიარე, ნიჭიერი და დიდსულოვანი.
ოფიციანტი პასუხის შემდეგ მაგიდას მიუახლოვდა
ზედმეტი ნივთების ასალაგებლად. მეორე დერეფანში იდგა
და მთავარ კერძს, საქონლის შემწვარ ხორცს თეფშებზე
ანაწილებდა. გორგოლაჭებიანი მაგიდის ნომერში შეტანა
შეუძლებელი იყო, რადგან ელიზაბეტის დროინდელი
ფერმის მეთვრამეტე საუკუნის დროინდელ „ჯორჯიანულ“
სტილზე გადაყვანისას, დერეფანსა და ოთახს შორის
ორსაფეხურიანი შემაღლება გაკეთდა.
წყვილი წამით მარტო დარჩა, თუმცა, კარს მიღმა კოვზების
წკარუნისა და ბიჭების ჩურჩულის ხმა ესმოდათ. ედუარდი
ფლორენსს ხელზე შეეხო და იმ დღეს მეასედ გაუმეორა,
მიყვარხარო; ახალგაზრდა მეუღლემ კი იგივე სწრაფად,
მაგრამ გულწრფელად უპასუხა.
ედუარდმა პირველი ხარისხი ისტორიაში ლონდონის
უნივერსიტეტის კოლეჯში მიიღო. სამი მოკლე წლის
განმავლობაში შეისწავლიდა ომებს, აჯანყებებს, შიმშილობას,
ეპიდემიებს, იმპერიების აღზევებასა და დაცემას,
რევოლუციებს შეწირული შვილების თაობებს, სასოფლო
მეურნეობის სირთულეებს, ინდუსტრიული განვითარების
სიბინძურეს, მმართველი ელიტის სისასტიკეს: მრავალფე-
როვან ზეწოლას, უბედურებასა და დამსხვრეული იმედის
კოშკებს. ხვდებოდა, იძულებითი გაჭირვება თაობიდან
თაობას როგორ გადაეცემა. შორიდან თუ შეხედავდით,
ინგლისის მშვიდობიანსა და ნაყოფიერ დღევანდელობაში
ვაჟისა და ფლორენსის ბედნიერება გამონაკლისი იყო,
განუმეორებელი შემთხვევა. კოლეჯის უკანასკნელი წელი

9
„დიდებული პიროვნების“ საკითხის შესწავლას დაუთმო.
განა ძველმოდური წარმოდგენაა, გჯეროდეს იმ
განსაკუთრებული ადამიანების, ქვეყნის ბედიღბალს რომ
განსაზღვრავენ? ვაჟს ხელმძღვანელი არ ეთანხმებოდა:
პროფესორის აზრით, ისტორია, დახრილად ან დიდი
ასოებით რომ იწერება და მომავალში მეცნიერებად იქცევა,
„გარდაუვალი ძალებით აუცილებლად გარდაუვალობისკენ
მიემართება“. თუმცა, იმ ხალხის ცხოვრება, ედუარდმა
გულდასმით რომ შეისწავლა – კეისარი, კარლოს დიდი,
ფრიდრიხ II შტაუფენი, ეკატერინე II დიდი, ადმირალი
ნელსონი და ნაპოლეონი (სტალინი, ხელმძღვანელის
დაჟინებული თხოვნით, გამოტოვეს) – საპირისპიროს
ამტკიცებდა. ედუარდს მიაჩნდა, რომ დაუნდობელ ხასიათს,
უპრინციპობასა და იღბალს მილიონობით ადამიანის
ცხოვრების შეცვლა შეეძლო; სწორედ ამიტომ, სემესტრის
ბოლო გამოცდაზე უმაღლესი ქულა ვერ დაიმსახურა და
ლამის ხარისხსაც დაემშვიდობა.
შემთხვევითი აღმოჩენის წყალობით დაასკვნა, რომ
ლეგენდარულ წარმატებას ბედნიერება არ მოაქვს, მხოლოდ
შფოთვასა და სულისმხვრელ ამბიციებს აძლიერებს. დილას,
ქორწილისთვის რომ იკაზმებოდა (ფრაკი, ფარფლებიანი
ქუდი, ბევრი სუნამო), გადაწყვიტა, დიდებულ ისტორიულ
ფიგურებს ჩემნაირი კმაყოფილება არასდროს განუცდიათო.
ედუარდის აღტაცებას სიდიადის სურნელი დაჰკრავდა.
იხილეთ, ბრწყინვალედ სრულქმნილი... ან თითქმის
სრულქმნილი მამაკაცი! ოცდაორი წლის ასაკში ყველა
დაჩრდილა.
ედუარდი მეუღლეს მიაჩერდა: გოგონას ჭრელი,
წაბლისფერი თვალები მოცისფრო რძეში ყვავილივით
იშლებოდა; ბავშვივით სქელი და ხშირი წამწამებით,
გარინდებული ფლორენსი მართლაც პატარა ბავშვს
დამგვანებოდა: ნატიფი სახე, ქანდაკებასავით გამოკვეთილი
10
ნაკვთები განსაკუთრებულ განათებაში ინდიელ ქალს,
ნამდვილი ბელადის ასულს მოგაგონებდათ; გოგონას
ძლიერი ყბა და ფართო, გულისხმიერი ღიმილი ჰქონდა,
თვალის ნაოჭებამდე რომ ასდიოდა ხოლმე. მისი
ძვალმსხვილი აღნაგობა და მსხმოიარე გავა ქორწილში
რამდენიმე გათხოვილმა ქალბატონმა ხმამაღლა აღნიშნა;
ყურადღების მიღმა არც პატარა ძუძუები დარჩენილა,
რომლებსაც ედუარდი რამდენჯერმე შეეხო და დაუკოცნა
კიდეც; უფერული, მაგრამ ძლიერი ხელებით, მევიოლინის
გრძელი მკლავებით კი სკოლაში სპორტით გატაცებისას
ხელშუბსაც მარჯვედ ისროდა.
ედუარდი კლასიკური მუსიკით არასდროს
დაინტერესებულა, ახლა კი მის პრანჭია ჟარგონს
იზეპირებდა: „ლეგატო“, „პიციკატო“, „კონბრიო“, ფრთხილი
და მკაცრი ვარჯიშით რამდენიმე ნაწარმოების შეყვარებაც
მოახერხა. განსაკუთრებით ის მოსწონდა, ფლორენსი
მეგობრებთან ერთად რომ უკრავდა. სახლში, გამებსა და
არპეჯოებზე მეცადინეობისას, გოგონა თმას არშიით იკრავდა.
ამის შემხედვარე ედუარდი საყვარელ პატარა ქალიშვილზე
ოცნებას იწყებდა. ფლორენსი საოცრად უკრავდა;
შეუდარებელი მუსიკოსის სახელიც მალე გაითქვა. ერთ-
ერთმა მასწავლებელმა ისიც აღნიშნა, ჯერ არ მყოლია მოწაფე,
რომელიც სიმებიან საკრავს ასე თბილად ამღერებსო.
როდესაც ფლორენსი ლონდონის სარეპეტიციო დარბაზსა თუ
ოქსფორდის მშობლიურ სახლში პიუპიტრთან მომხიბლავად
იდგა წელგამართული და ამაყად თავაწეული კითხულობდა
ნოტებს, ლოგინზე გაშხლართული ედუარდი გოგონას
ნდომას ჰყავდა ატანილი, საცოლის მბრძანებლური, თითქმის
ამაყი გამომეტყველება აღაგხნებდა. ახალგაზრდა ქალის
განწყობაში თავდაჯერება და სიამოვნებისკენ მიმავალი გზის
საიდუმლო იმალებოდა.

11
როდესაც საქმე მუსიკაზე მიდგებოდა, გოგონა
თავდაჯერებული და გრაციოზული ხდებოდა, ვიოლინოს
ხემს მომართავდა, ინსტრუმენტს სიმებს უცვლიდა და ოთახს
კოლეჯის სამი მეგობრისთვის მოაწყობდა ხოლმე, რადგან
სიმებიანი კვარტეტი მისი ნამდვილი მისწრაფება იყო.
გუნდთან მუშაობისას უდავო ლიდერად იქცეოდა და
მუსიკალურ უთანხმოებაში ბოლო სიტყვა ეთქმოდა.
ცხოვრებაში გასაოცრად მოუხერხებელი და მორცხვი იყო:
ფეხის ცერებით მაგიდებს ასკდებოდა, ნივთები ხელიდან
უცვიოდა და თავზე კოპები არ უშუშდებოდა. თითებს, ბახის
პარტიტაში ორმაგი ნოტების აღება რომ შეეძლოთ, ჩაით სავსე
ჭიქის აბრეშუმის თეთრეულზე დაღვრა და ქვის იატაკზე
მინის ლარნაკის დანარცხებაც მარტივად გამოსდიოდა.
საკმარისი იყო, ეფიქრა, ვიღაც მიყურებსო, მაშინვე
წაიბორძიკებდა. ერთხელ ედუარდს გამოუტყდა, ქუჩაში
მეგობრის შორიდან დანახვა და მასთან მიახლოება
ურთულესი გამოცდააო. აღელვებისა და შფოთვის დროს
შუბლზე ჩამოყრილ წარმოსახვით თმას გაუთავებლად
ხელით იშორებდა; უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლის
შემდეგაც ვერ წყვეტა ფაქიზად და ფრთხილად მოძრაობას.
როგორ არ უნდა შეგყვარებოდა ეს უცნაური და
გამორჩეული ადამიანი, საოცრად გულახდილი და
თვითშეგნებული, რომლის ნებისმიერი ფიქრი თუ შეგრძნება
შეცვლილ გამომეტყველებასა და მოძრაობაში შიშვლდებოდა?
ძვალმსხვილი და მოხდენილი რომ არ ყოფილიყო, ედუარდს
გოგონასადსი ლტოლვა მაინც არ გაუნელდებოდა. ფლორენსს
მეუღლე მთელი ძალითა და მტანჯველი ფიზიკური
თავშეკავებით უყვარდა. ბიჭს მხოლოდ დაუკმაყოფილებელი
ვნებები კი არა, მამობრივი ინსტინქტებიც მოეძალა. ნეტავ
ფლორენსი მართლა ასე დაუცველი იყო? ვაჟმა ერთხელ მისი
სკოლის ატესტატში ჩაიჭყიტა და გოგონას ზოგადი
განათლების (ტესტის პასუხი ნახა: ას ორმოცდაათი; თავის
12
შედეგზე ჩვიდმეტი ქულით მაღალი. ეს გახლდათ ეპოქა,
როცა ცოდნის კოეფიციენტები ისეთივე მნიშვნელოვანი იყო,
როგორიც სიმაღლე და წონა. ერთხელ ედუარდი კვარტეტის
რეპეტიციას დაესწრო და თავად გახდა მომსწრე, ფრაზებსა
თუ ტემპსა და დინამიკაზე ფლორენსი როგორ ეკამათებოდა
ჩარლზს, ჩასუქებულსა და თავდაჯერებულ ჩელისტს, სახე
ფერიმჭამელებით რომ უბზინავდა. სწორედ მაშინ გაიფიქრა
ვაჟმა, ფლორენსი წარმოუდგენელი ვინმეაო. ეს უკანასკნელი
მუსიკოსებს არასდროს ეპასუხებოდა, წყნარად უსმენდა,
ბოლოს კი გადაწყვეტილებას აფიქსირებდა. შუბლიდან თმას
ბავშვურად არ „იშორებდა“. მუსიკა დანარჩენებზე უკეთ
ესმოდა და მზად იყო, წამყვანი გამხდარიყო, როგორც
ჭეშმარიტ პირველ ვიოლინოს შეეფერება. იმის ძალაც
ჰყოფნიდა, ერთობ საშიში მამა თავის ჭკუაზე გადაეყვანა.
კაცმა ქალიშვილის ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე
მისი რჩევაც გაითვალისწინა და ედუარდს სამსახური
შესთავაზა. სულ სხვა საქმეა, ბიჭს რამდენად უნდოდა
სიმამრის ფირმაში მოწყობა. ქალური ჯადოსნობის
წყალობით, გოგონამ ზუსტად იცოდა, წვეულებაზე რამხელა
კარავი უნდა გაეჭიმათ ან რამდენი საზაფხულო პუდინგი
გამოეცხოთ და ის თანხაც ზუსტად გამოთვალა, მამამისის
ჯიბეს რომ მოაკლდებოდა.

***

– მოიტანეს, – დაიჩურჩულა გოგონამ და ვაჟს ხელი


მოუჭირა, თითქოს მოულოდნელი და უცხო
ინტიმურობისთვის შეამზადაო. ოფიციანტებმა საქონლის
ხორცით სავსე თეფშები შემოიტანეს; ედუარდს ფლორენსზე
ოდნავ მეტი ერგო. დაბალ ბუფეტზე ნამცხვარი თეთრი

13
ღვინის არომატით, ჩედერის ყველი და პიტნიანი შოკოლადი
დააწყვეს. ახალდაქორწინებულებს ბლუყუნით აუხსნეს,
ბუხრის გვერდით ზარი როგორ გამოეყენებინათ (ღილაკს
მაგრად უნდა დააწვეთო), ოთახიდან გაიპარნენ და კარი
დიდი სიფრთხილით გაიხურეს. მერე დერეფანში
გორგოლაჭებიანი მაგიდის ჭრაჭუნის ხმა გაისმა. ცოტა ხანში
დუმილი სასტუმროს ქვედა სართულის ბარიდან ამოსულმა
შეძახილმა დაარღვია და ბოლოს, როგორც იქნა, ქალ-ვაჟი
მარტო დარჩა.
მხარშეცვლილმა ან გაძლიერებულმა ქარმა ზღვიდან მინის
მსხვრევის მსგავსი ხმა მოიტანა. გადაპენტილმა ნისლმა
დაბალი გორაკების კონტურები მოხაზა, სანაპიროდან
აღმოსავლეთით რომ იწელებოდა. ბრწყინვალე ნაცრისფერ
გარემოში რთული გასარჩევი იყო ზღვარი ზღვისა თუ
ლაგუნის გლუვ ზედაპირსა და ზეცას შორის. დარაბებიდან
შემოჭრილ ნიავს მარილიანი ჰაერისა და მაცდური ღია
სივრცის სურნელი მოჰქონდა, რომელიც საერთოდ არ
უხდებოდა გატკიცინებულ მაგიდის გადასაფარებელს,
სიმინდის ფქვილით შესქელებულ საწებელსა და ცვეთამდე
გაპრიალებულ ვერცხლის დანა-ჩანგალს, წყვილს ხელში რომ
ეჭირა. დიდებული საქორწინო სადილი დიდხანს გაიწელა.
არცერთს არ მოშიებია. ორივე კარგად ხვდებოდა, რომ დრო
იყო, ცარიელი თეფშები მიეტოვებინათ, ღვინის ბოთლისთვის
ყელში წაევლოთ ხელი, სანაპიროზე ჩაერბინათ, ფეხსაცმელი
გაეძროთ და გალაღებულიყვნენ. მათი შეჩერება სასტუმროში
კაციშვილს აზრად არ მოუვიდოდა. როგორც იქნა,
ზრდასრულები გახდნენ და უფლება ჰქონდათ, არდადეგები
თავიანთ გემოზე გაეტარებინათ. რამდენიმე წელში ასე
ცხოვრებას სრულიად ჩვეულებრივი ახალგაზრდები
დაიწყებენ; მათ კი დროება ხელ-ფეხს უკრავდა. ედუარდსა
და ფლორენსს მარტოობაშიც ათასი გაურკვეველი წესი
ბოჭავდა. სწორედ ზრდასრულობის გამო ვერ მიატოვებდნენ
14
სუფრას, რომლის გაწყობაშიც მსახურებმა ოფლი დაღვარეს.
ბოლოს და ბოლოს, ვახშმობის საათი იდგა, ბავშვურ
საქციელს კი არავინ მოუწონებდა.
მიუხედავად ამისა, ედუარდს სანაპიროს ძახილი
ჩაესმოდა და, რომ სცოდნოდა, მეუღლისთვის გარეთ გასვლა
როგორ შეეთავაზებინა ან უჩვეულო წამოწყებაში
დაეთანხმებინა, ხმას აუცილებლად ამოიღებდა. ფლორენსს
სახელმძღვანელოდან თავად წაუკითხა, ათასწლოვანმა
ქარიშხლებმა თვრამეტი მილის სიგრძის სანაპიროზე რიყის
ქვები როგორ გაცრა და დააქუცმაცა; ყველაზე დიდი ზომის
ლოდებს აღმოსავლეთ ნაწილში შეხვდებით, ბუნებრივ
საფეხურებს ზღვისკენ თუ დაუყვებით, პაწანინა კენჭებსაც
გამოარჩევთ. ლეგენდის თანახმად, აქაური ფეხშიშველი
მეთევზეები შუაღამის წყვდიადშიც ზუსტად ხვდებიან, სად
დგანან. ფლორენსმა შესთავაზა, ქვები ერთი მილის
მოშორებით შევაგროვოთ და თავად დავრწმუნდეთო. ვაჟს
სასტუმროს ნომერში ყურყუტს სანაპიროზე გასეირნება
ერჩივნა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ჭერი დაიძრა და ცოტა
ხანში თმაზე შემეხებაო. კერძის მძაღე სუნი ზღვიდან მონაბერ
მარილიან ჰაერს ერეოდა და შინაური ძაღლის ამონასუნთქს
ემგვანებოდა. იქნებ თავს ტყუილად იმხნევებდა და
უგუნებოდ იყო?! აზრები გაეფანტა და მეტყველების უნარი
წაერთვა, უცნაურ ფიზიკურ უხერხულობას გრძნობდა,
თითქოს შარვალიან საცვლები დაუპატარავდა.
იატაკიდან ჯინი რომ ამომძვრალიყო და ედუარდისთვის
ერთი გადაუდებელი თხოვნა აესრულებინა, ბიჭი სანაპიროს
არც ახსენებდა. ვაჟს ერთადერთი საწადელი ჰქონდა:
ფლორენსის გვერდით მეზობელ ოთახში ლოგინზე შიშვლად
დაწოლილიყო და იმ წარმოუდგენელ თავგადასავალში
შეებიჯებინა, ყოველდღიურობას რომ არ ჰგავს, არამედ
რელიგიურ აღტაცებას, ან თავად სიკვდილს. დაუნდობელი
წარმოსახვა (ნუთუ, მართლა მოხდება?) მუცელზე გაყინული
15
თითებით მიეფერა და ედუარდმა თავბრუსხვევა
თავშეკავებული ხველით დაფარა.
თავისი დროის ახალგაზრდა მამაკაცების მსგავსად –
თუმცა, ასეთები დღესაც მრავლად მოიძებნება – ედუარდი
სქესობრივი ლტოლვის გამოსარკვევად, როგორც ერთმა
განათლებულმა სპეციალისტმა დაარქვა, გაუთავებელ
„თვითკმაყოფილებას“ ეწეოდა. ვაჟს სწორი ტერმინის
აღმოჩენა გაუხარდა. საუკუნის გვიანდელ ნაწილში, 1940
წელს დაიბადა და აღარ სჯეროდა, სხეულს დავიზიანებ,
მხედველობას დავკარგავ ან ღმერთს განვარისხებ, თუ
ყოველდღიურად წინ გადახრილი საყვარელ საქმიანობას
მივყოფ ხელსო. არც იმის სწამდა, ფარული სურვილები
გაფითრებულსა და მორიდებულ მზერაში რომ ეწერა.
მიუხედავად ამისა, ვაჟის ძალისხმევას თან ახლდა
გაურკვეველი სირცხვილი, მარცხი, უშედეგობა და, რა თქმა
უნდა, მარტოსუ- ლობა. სიამოვნება მხოლოდ შემთხვევითი
სარგებელი იყო, მიზანი – გათავისუფლება დაჟინებული,
გონების ამრევი ვნებისგან, რომელიც ხშირად შეუძლებელს
ეპოტინება. რა არაჩვეულებრივია, თავისი სხეულიდან
გადმოღვრილი ერთი ჩაის კოვზი სუფთა ნაჟური გონებას
წამში დაუამებდა და ვაჟი მზად იყო, ადმირალ ნელსონის
აბუკირის ბრძოლაში გამოჩენილ სიმტკიცეზე ფიქრს
შესჭიდებოდა.
ქორწილის სამზადისში ედუარდმა ყველაზე
მნიშვნელოვანი ის გააკეთა, რომ ერთი კვირით თავი შეიკავა.
მას შემდეგ, რაც თორმეტი წელი შეუსრულდა, ასეთი
პატიოსანი არ ყოფილა. უნდოდა, პატარძალს საუკეთესო
მდგომარეობაში დახვედროდა. განსაკუთრებით ღამით
ლოგინში. წოლისას უჭირდა, და დილას,
ახალგაღვიძებულზე, გრძელ შუადღეებსა და სადილამდე
გაწელილ საათებში, ვახშმის შემდეგ საძინებელში ასვლამდე.
როგორც იქნა, ერთად დარჩნენ ახალდაქორწინებულები.
16
ხორცს რატომ არ მოეშვა?! არ ერჩივნა, გოგონა კოცნით
გაებრუებინა და საწოლისკენ წაეყვანა? რა მარტივი იქნებოდა.
ფლორენსის მორცხვ ხასიათს დიდი ხნის წინ შეეგუა.
ისწავლა, როგორ დაეფასებინა და ერთგვარ გამოწვევად
მიეღო; ხანდახან გოგონას მდიდარი სექსუალური
სურვილების პირსაბურავად აღიქვამდა: მისი ღრმა ხასიათის
გამოვლინებად. დაიჯერა, რომ ფლორენსი სწორედ ასეთი
მოსწონდა. ედუარდი სატრფოს არ უტყდებოდა, რომ გოგონას
სიტყვაძვირობა ვაჟის უცოდინრობასა და გამოუცდელობას
შეეფერებოდა. მგრძნობიარე და მომთხოვნი, ველური ქალი
ბიჭს მარტივად დააფრთხობდა.
მათი არშიყი პავანას2 ჰგავდა: უამრავი შეუთანხმებელი
თუ გამოუთქმელი წესის მიხედვით, ნელა რომ ვითარდება
და მხოლოდ შორიდან ცქერით უნდა დატკბე. მნიშვნელოვანს
არაფერს განიხილავდნენ, მაგრამ არც შინაურულ საუბრებს
გაურბოდნენ. ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემდით, ვერც
განსაზღვრებას მოუძებნიდით. შესაბამისი ენა და
თერაპიული პრაქტიკა, გრძნობათა გაცვლის თანამედროვე
ვალუტა, იმხანად არ იყო გავრცელებული. გაიგებდით,
მდიდრები ფსიქოანალიტიკოსებთან დაიარებიანო, მაგრამ
ჯერ უცხო ხილად ითვლებოდა, საკუთარი თავი მიგეჩნიათ
ყოველდღიურ საიდუმლო, თხრობითი ისტორიის
მაგალითად ან ლამის ამოხსნილ ამოცანად.
ედუარდსა და ფლორენსს შორის სწრაფად არაფერი
ხდებოდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები, უსიტყვოდ მიღებული
უფლება, რა დაენახა და გოგონას სად შეხებოდა, ბიჭმა
ძალიან ნელა გადადგა: ოქტომბრის დღე, როდესაც
ფლორენსის შიშველი მკერდი პირველად იხილა,

2 XVI საუკუნის ცნობილი ევროპული ცეკვის სახეობა, რომელიც


უმეტესწილად პარტნიორებს შორის ხელის შეხების გარეშე, შერეული
ნაბიჯე ბითა და შეხტომებით სრულდებოდა.
17
საგრძნობლად შორს იყო ცხრამეტი დეკემბრისგან, როცა იქ
პირველად შეეხო. თებერვალში კი დაუკოცნა. მხოლოდ
ძუძუსთავებზე არ მიჰკარებია ტუჩებით მაისამდე. გოგონა
ედუარდს უფრო მეტი სიფრთხილით მიუახლოვდა. ვაჟს
თავისი მოულოდნელი, მოუხეშავი მოძრაობები თვეების
სამუშაოს წყალში უყრიდა. იმ საღამოს, კინოთეატრში
„თაფლის გემოს“ ყურებისას ფლორენსის ხელი ფეხებშუა რომ
ჩაიცურა, რამდენიმე კვირით უკან დაიხია. გოგონა უკარება
და გულცივი არ გამხდარა (ასე არასდროს იქცეოდა), მაგრამ
ედუარდს უცხოობდა, თითქოს იმედები გაუცრუეს ან
უღალატესო. თუმცა, ვაჟს მის სიყვარულში ეჭვი არასდროს
შეჰპარვია. როგორც იქნა, ძველ კალაპოტში ჩადგნენ: მარტის
ერთ შაბათ ნაშუადღევს, როდესაც გოგონას მშობლიურ
ჩილტერნ ჰილსის პატარა სახლში მარტოები იწვნენ,
ფანჯრებს მიღმა კი ძლიერად წვიმდა, ფლორენსმა ხელი
წამიერად ვაჟის უბესთან დაასვენა. თხუთმეტი წამის
განმავლობაში, იმედით თავბრუდახვეული ედუარდი
სატრფოს კანს ორი ქსოვილის მიღმა შეიგრძნობდა. გოგონა
მოშორდა, ბიჭი კი მიხვდა, მეტს ვერ მოითმენდა. ცოლობა
სთხოვა.
ედუარდმა რა იცოდა, ფლორენსს რად დაუჯდა ხელის
ზურგი ასეთ ადგილას გაეჩერებინა. უყვარდა და უნდოდა,
ესიამოვნებინა, მაგრამ ჯერ დიდი წინაღობა ჰქონდა
გადასალახი. გულწრფელობით მოუვიდა: ჭკვიანი იყო,
მაგრამ უეშმაკო. სცადა, მანამ გაეძლო, სანამ ბიჭის ნაცრისფერ
ფლანელის შარვალში მოძრაობას იგრძნობდა. თითქოს
(ცოცხალი არსება აღმოაჩინა, საყვარელი ედუარდისგან
დამოუკიდებელი პიროვნება და... შეშინდა. მერე ბიჭმა ხელი
სთხოვა. მოზღვავებულ ემოციებში, კმაყოფილებასა და
მხიარულებაში, მოულოდნელ ჩახუტებაში იგრძნო შვება და
პატარა უსიამოვნებაც მალე დაავიწყდა. ედუარდი თავისმა
თავდაჯერებულობამ ისე გააოცა, აღუსრულებელი ვნებით
18
დაბინდული გონება გაეხსნა და ვერაფრით მიხვდა, რომ იმ
დღიდან მოყოლებული, გოგონამ წინააღმდეგობრივი
ცხოვრება დაიწყო: ზიზღისა და ბედნიერების იდუმალი
ნაზავი.

***

მარტო დარჩენილებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ,


მაგრამ იმ ვახშმის ჭამა განაგრძეს, არცერთს რომ არ უნდოდა.
ფლორენსმა ჩანგალი დადო, ედუარდის ხელს მისწვდა და
მოუქჭირა. ქვედა სართულიდან რადიოს ხმა ისმოდა, ბიგ-
ბენმა სიახლეების დაწყების წინ ათჯერ ჩამოჰკრა. სანაპიროს
გასწვრივ ჩალაგებული გორაკების გამო, აქ ტელევიზორს
მიღება უჭირდა. მოხუცები დიდ დარბაზში შელაგდებოდნენ,
სამყაროს ამბებს ღამის ჩაჩებში გამოწყობილები მოისმენდნენ
(სასტუმრო საუცხოო ალაოს ვისკით უმასპინძლდებოდა),
ზოგიერთი მათგანი ღამის უკანასკნელ ჩიბუხსაც გატენიდა.
რადიოსთან თავმოყრის ომისდროინდელ ჩვევას ვერაფერი
დაარღვევდა. ახალდაქორწინებულებმა მოგუდული
რეპორტაჟის დუდუნში პრემიერ-მინისტრის სახელი
გამოარჩიეს, რამდენიმე წუთში მისი ნაცნობი ხმაც გაისმა.
ჰაროლდ მაკმილანი ვაშინგტონში გამართულ
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იარაღის ტესტირების
აკრძალვის ხელშეკრულების საჭიროებას განიხილავდა. ვინ
შეენწინააღმდეგებოდა, რომ წყალქვეშა ბომბის ატმოსფეროში
აფეთქება და მთელი პლანეტის რადიაციით დაბინძურება
საშინელი გადაწყვეტილება იყო? თუმცა, ოცდაათ წლამდე
ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ედუარდსა და ფლორენსს,
არ სწამდათ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვას
საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა ჰქონდა. იმპერია

19
ყოველწლიურად პატარავდებოდა; პატარა ქვეყნები კუთვნილ
დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. აღარაფერი შერჩათ!
სამყარო ამერიკელებისა და რუსების ხელში აღმოჩნდა.
ბრიტანეთი, ინგლისი ძალაუფლების გარეშე დარჩა. ამის
ხშირად გამეორება ახალგაზრდებს მკრეხელურ სიამოვნებას
ანიჭებდა. ქვედა სართულზე კი, რა თქმა უნდა, სულ სხვა
აზრზე იდგნენ. ორმოცს გადაცილებულ ადამიანს
აუცილებლად გამოვლილი ექნებოდა ომი და დაკარგავდა
უამრავ ახლობელს, ხოლო დღეს ვერაფრით დაიჯერებდა,
რომ გაწეული მსხვერპლისთვის ამგვარი „ჯილდოთი“
დაასაჩუქრეს.
ედუარდსა და ფლორენსს არჩევნებში პირველად უნდა
მიეღოთ მონაწილეობა და ლეიბორისტული პარტიის
მოძლიერება ისეთსავე გამარჯვებად მიაჩნდათ, როგორადაც
1945 წელი. ერთ-ორ წელიწადში წინა თაობას პოზიციების
დათმობა მოუწევდა, ძველისძველ იმპერიაზე ოცნებებს
მოეშვებოდა და გზას გაუხსნიდა ისეთ მოღვაწეებს,
როგორებიც იყვნენ: გეიტსკელი, უილსონი, კროსლენდი –
ახალგაზრდა პოლიტიკოსები, თანამედროვე და თანასწორ
ქვეყანას რომ ააშენებდნენ. თუ ამერიკას მჭევრმეტყველი და
სიმპათიური პრეზიდენტი კენედი ჰყავდა, ბრიტანეთსაც
ვიღაც მსგავსი უნდა ჰყოლოდა, სულ მცირე, სულიერებით
მაინც, რაკიღა ლეიბორისტულ პარტიაში კენედივით
მომხიბვლელი არავინ ეგულებოდათ. იმ შეუგნებლებს,
უკანასკნელ ბრძოლაში რომ ჩართულიყვნენ და ძვეღმოდური
ცხოვრება და მასთან გაჭირვებაც ენატრებოდათ, ყავლი
გაუვიდათ. ედუარდისა და ფლორენსის საერთო შეგრძნებას,
რომ ქვეყანა მალე ახალ კალაპოტს მოძებნიდა და
ახალგაზრდულ ძალას გაუხსნიდა გზას, პირადი
თავგადასავლის ხალისი ემატებოდა. სამოციანები მათი
ზრდასრულობის ეპოქად იქცა და სწორედ მათ ეკუთვნოდა.
ქვედა სართულზე შეკრებილ, ვერცხლისღილებიან პიჯაკებში
20
გამოწყობილ ჩიბუხისმწეველებს, ორმაგ Caol lla-ს ვისკის რომ
წრუპავდნენ და ჩრდილოეთ აფრიკასა თუ ნორმანდიაში
ბრძოლის მოგონებებს ჯარისკაცული უხამსობით
იგონებდნენ, მომავალზე სიტყვა არ ეთქმოდათ. ძილის დროა,
ჯენტლმენებო!
შორს გადასულ ნისლში ნათლად გამოიკვეთა
ახლომდებარე ხეები, ლაგუნას მიღმა წამოჭიმული შიშველი,
მწვანე კლდეები და ვერცხლისფერი ზღვის ნაწილი.
მაგიდასთან საღამოს რბილი ჰაერი შემოიჭრა. ფარულ
შფოთვებს აყოლილი წყვილი ჭამას განაგრძობდა. ფლორენსი
კერძს თითქმის არ მიჰკარებია. ედუარდი კარტოფილს
ჩანგლით აწვალებდა და მხოლოდ პაწაწინა ნაჭერი გასინჯა.
მეორე სიახლის მოსმენას სასოწარკვეთილები უცდიდნენ და
ხვდებოდნენ, რა მოსაწყენი იყო, ქვედა სართულის სტუმრებს
რომ დაემსგავსნენ. ქორწინების ღამე დაუდგათ, სალაპარაკო
კი ვერ მოძებნეს. იატაკიდან გაუგებარი სიტყვები ამოცოცდა.
მხოლოდ ეს გაარჩიეს: „ბერლინი“ და მაშინვე მიხვდნენ,
ბოლო დროის ყველასთვის საყვარელ ამბავს გადმოსცემდნენ.
ქალაქის კომუნისტური ნაწილიდან, ვანზეს ტბის გავლით,
საომარი ხომალდი დასავლეთში გადაიპარა. აღმოსავლეთ
გერმანელი გუშაგების ტყვიებს დევნილები მესაჭის ჯიხურში
ემალებოდნენ. ახალგაზრდებმა ამასაც ბოლომდე გაუძლეს
და მესამე სიახლეზე გადავიდნენ: ბაღდათში ისლამური
კონფერენცია იმართებოდა.
სულელები! მსოფლიო ამბებს გადაჰყვნენ. მოქმედების
დრო დადგა. ედუარდმა ჰალსტუხი შეიხსნა და დანა-ჩანგალი
თეფშის ორივე მხარეს დააწყო.
– შეგვიძლია ჩავიდეთ და ისე მოვუსმინოთ.
ედუარდს ეგონა, იხუმრა, ორივეს უხერხულობას დასცინა,
მაგრამ სიტყვები ისეთი გაცხარებით წამოსცდა, ფლორენსი
გაწითლდა. გოგონამ იფიქრა, მეუღლე მიწყრება, რადგან

21
რადიომ მასზე მეტად გამიტაცაო და სანამ ვაჟი ნათქვამის
შერბილებას მოასწრებდა, წამოიძახა, შეგვიძლია საძინებელში
გავიდეთ და ლოგინზე დავწვეთო; მერე შუბლიდან უხილავი
თმის კულული „მოიშორა“, მთავარია, დაემტკიცებინა,
როგორ ცდებოდა და ბიჭს სანუკვარი ოცნების ასრულება
შესთავაზა, რომელსაც ამდენ ხანს უფრთხოდა. ფლორენსს
უფრო მეტად ის გააბედნიერებდა, ან უბედურებას
გაუქარვებდა, მოსაცდელ ოთახში ჩასულიყო და ხმადაბალი
საუბარი გაება ყვავილებიან დივანზე მოკალათებულ
ქალბატონებთან, რომელთა ქმრებიც სიახლეების მოსმენაში
გარინდებულიყვნენ ისტორიის ხმაურში. ლოგინს ყველაფერი
ერჩივნა!
ედუარდი ღიმილით წამოდგა და გოგონას ხელი
გრაციოზულად გაუწოდა. ლოყები უხურდა. წამით
ხელსახოც თეძოზე აეკრა, მერე იატაკზე ნარნარით დაეშვა.
გოგონა სხვა გამოსავალი არ დარჩა. ცუდი მსახიობი იყო,
თორე გულყრას გაითამაშებდა. წამოდგა და ბიჭს ხელი
ჩაჰკიდა დარწმუნებული იყო, სახეზე ყალბი ღიმილი
მაკერიაო. არ იცოდა, ძილბურანში გახვეულ ედუარდს
მეუღლე ასეთ მშვენიერი არასოდეს ენახა. მომავალში
გაიხსენებს ფლორენსის მკლავებს, თხელსა და უსუსურს,
ცოტა ხანში კისერზე რომ მოეხვევა; დიდრონ, ღიაწაბლისფერ
თვალებს, ვნებით ანთებულს, და ათრთოლებულ ქვედა
ტუჩს, გოგონა ყოველნამს ენით რომ ისველებდა.
ვაჟმა თავისუფალი ხელი ბოთლსა და ღვინით სავსე
ჭიქებს წამოავლო, მაგრამ გონებაგაფანტულმა ვერ
დაიმორჩილა, ძირები გაუსრიალდა და სასმელი დაღვარა.
ბოთლის ყელს მოეჭიდა. აღფრთოვანებულსა და
აკანკალებულს, ფლორენსის თავშეკავება ახელებდა. რა
ბედნიერებაა, დაუვიწყარი თავგადასავლის ერთად დაწყება.
ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ ლოგინზე გადასვლა
გოგონამ შესთავაზა. ქორწინების მოწმობამ ხელ-ფეხი
22
გაუხსნა, თავისუფლების სურნელი აგრძნობინა. ედუარდმა
მაგიდას ისე შემოუარა, ფლორენსისთვის ხელი არ გაუშვია.
მეუღლეს მიუახლოვდა და საკოცნელად დაიხარა. მიხვდა,
უხერხულია, ღვინის ბოთლი რომ მიჭირავსო, და ჭურჭელი
მაგიდაზე დააბრუნა.
– უმშვენიერესი ხარ, – ჩასჩურჩულა.
გოგონამ სცადა გაეხსენებინა, ეს ახალგაზრდა კაცი როგორ
უყვარდა. სათნო და მგრძნობიარე ედუარდი ფლორენსს
აღმერთებდა და არასდროს აწყენინებდა. ბიჭი მაგრად
ჩაეხუტა, გოგონა სახით მის მკერდში ჩაიკარგა და ხარბად
დაეწაფა ნაცნობ, ხეების მსგავს, მშვიდ სურნელს...
– შენთან ისეთი ბედნიერი ვარ.
– მეც ბედნიერი ვარ, – ხმადაბლა უპასუხა ფლორენსმა.
კოცნისას მისი ენა იგრძნო, დაუმორჩილებელი და
მძლავრი, კბილებზე ისე ეხლებოდა, თითქოს ვიღაც არაკაცი
ოთახში მუჯლუგუნებით შესვლას, გოგონაში შეღწევას
ცდილობდა. თავისი ენა უკან გაექცა და ედუარდს მეტი
ადგილი დაუთმო. ბიჭმა კარგად იცოდა, სატრფოს სველი
კოცნა არ სიამოვნებდა, არც თავად ყოფილა ასე დაჟინებული.
ტუჩებით დაეწება და ხორციანი ლოყები შიგნიდან
მოუსინდჯა, მერე ქვედა ყბის ღრძილებს მიადგა და ის
ადგილი ამოუსუფთავა, სადაც ფლორენსს სამი წლის წინ
უხერხული სიბრძნის კბილი ამოუვიდა და ბოლოს
ანესთეზიით გაბრუებულს ამოუღეს. ფიქრებში ჩაძირული
გოგონა ენას სწორედ ამ ღრმულში ასვენებდა ხოლმე. ეს იყო
იდეა, და არა ანატომიური წერტილი; მშობლიური,
გამოგონილი გამოქვაბული, და არა ცარიელი ფოსო;
უცნაურია, რომ უცხო ენას მასში თავისუფლად სრიალი
შეეძლო. ყველაზე მეტად უცნობი ენის ბასრი წვერი
ეზიზღებოდა, ცოცხალი თევზივით რომ ფართხალებდა.
ვაჟის მარცხენა ხელი კისერთან ახლოს, მხრებზე ჩააფრინდა

23
და თავისკენ მიიზიდა. გოგონას კლაუსტროფობიამ სუნთქვა
შეუკრა, მაგრამ მეუღლის წყენინება აშინებდა. ეს
უკანასკნელი ენის ქვეშ უძვრებოდა, მერე ზემოდან
მოექცეოდა, კედლებს ულოკავდა და წრეზე დარბოდა,
თითქოს მარტივი მარყუჟის ამოსკვნას ცდილობსო. მუნჯურ
დუეტში ჩაბმულს სურდა მეუღლის ხათრით ხმა ამოედგა,
თუმცა, დაზაფრული ფლორენსი მხოლოდ იმას ფიქრობდა,
კანკალს არ ავყვე, არ დავიხრჩოო. გაიფიქრა, ედუარდის
პირში რომ ვაღებინო, ყველაფერი ამაღამ დასრულდება,
სახლში დაბრუნება და მშობლების წინაშე თავის მართლე- ბა
მომიწევსო. კარგად ესმოდა ენის ეს თამაში, ეს პენეტრაცია –
დასაწყისია მხოლოდ, tableau vivant3 ძველმოდური პიესის
პროლოგი, რომელშიც ამბავს მოკლედ ჰყვებიან.
გოგონა იდგა და ელოდა, მტანჯველი წამები როდის
დასრულდებოდა. ხელები ედუარდის თეძოებზე
სილამაზისთვის დაეწყო. უეცრად, ერთი ფუჭი სიმართლე
აღმოაჩინა, ისეთივე ძველი და მარტივი, როგორიც
„დანეგელდი“4 ან „პირველი ღამის უფლება“, სტიქიური და
წინასწარ განსაზღვრული: ქორწინების აღთქმის დადებით
ამას დასთანხმდა. გადაწყვიტა, რომ ამის კეთებაც შეიძლება;
აუცილებელია, ასე მოიქცნენ. წირვის შემდეგ, ედუარდსა და
მშობლებთან ერთად ეკლესიის პირქუშ სალაროში შევიდა და
სწორედ ამის საბუთს მოაწერა ხელი, ხოლო დანარჩენი –
ზრდასრულობაზე ოცნება, ფერადი ფურცლები და ტორტი, –
თავაზიანი გასართობი იყო მხოლოდ. თუ არ სიამოვნებს,
საკუთარ თავს დააბრალოს! ბოლო წელს მიღებული ყველა
გადაწყვეტილება ამისკენ ექაჩებოდა, თავისი ბრალია...

3 ცოცხალი სურათი - უხმო, უძრავი ადამიანების გუნდი, რომელიც


მნიშვნელოვან სცენასა თუ შემთხვევას განასახიერებს.
4 დანიური ფული, ხარკი, რომელსაც ევროპის ქვეყნები (ძირითადად,
ინგლისი და საფრანგეთი) ვიკინგებს უხდიდნენ.
24
ფლორენსს წამოაზიდა. მისი კვნესის ხმაზე ედუარდმა
სრულყოფილი ბედნიერება იგრძნო. იატაკზე მსუბუქად
იდგა, თითქოს ჰაერში ლივლივებდა. გული ტკივილნარევი
სიხარულით ყელში ებჯინებოდა. უბესთან ახლოს სატრფოს
მსუბუქი შეხება აღაგზნებდა; მორჩილი, მშვენიერი სხეული
მკლავებში მოიქცია და გოგონას ნესტოებიდან გახშირებულ
სუნთქვას დაემონა. უცნობმა აღტაცებამ ნეკნების ქვეშ ცივად
დაუარა და ფლორენსის გახევებულ ენას მიაწვა. იქნებ ერთ
დღეს მეუღლე იმაშიც დაერწმუნებინა (თუნდაც ამაღამ! იქნებ
თხოვნაც არ დასჭირდეს), რბილსა და მოხდენილ პირში ვაჟის
მამაკაცური ღირსება ჩაედო. თუმცა, ამ აზრს სასწრაფოდ
უნდა გაჰქცეოდა, თორემ ნაადრევად გაათავებდა.
შეშინებულმა იგრძნო, თავი ეჭრებოდა. სიახლეები გაიხსენა
და პრემიერ მინისტრის სახე მოაგონდა: ჰაროლდ მაკმილანი
– მაღალი, წელში მოხრილი, ლომთევზებრი ომის გმირი
ბებრუხანა საუკეთესო გამოდგა აღგზნებისგან
თავდასაღწევად. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, გაყინული
ხელფასები, საცალო ფასების შენარჩუნება. ხალხი
იწყევლებოდა, იმპერიას უღალატაო, მაგრამ სხვა რა
დარჩენოდა?! აფრიკიდან ცვლილებების ქარმა დაუბერა.
ლეიბორისტული პარტიის წევრები ამას არ მოითმენდნენ.
„გრძელი დანების ღამეს“ კაბინეტის მესამედი დაითხოვა.
როგორ გაბედა?! „მეკი დანა“, იწერებოდა ერთი გაზეთი;
„მაკბეტი!“ – იყო მეორე სათაური. სერიოზული ხალხი
ვიშვიშებდა, ქვეყანა ტელევიზიის, მანქანების,
სუპერმარკეტებისა და ათასი სისაძაგლის ზვავში ეფლობაო.
არავის არაფერს უშლიდა. პური და სანახაობა. ახალი
სამყარო... მოინდომა ინგლისი ევროპას შეერთებოდა.
დაბეჯითებით უარს ვინ განაცხადებდა?
როგორც იქნა, დამშვიდდა. ედვარდს გონება გაუნათდა და
თავისი ენის წვერად იქცა. სწორედ ამ დროს ფლორენსი
მიხვდა, მეტს ვერ გაუძლებდა. დაკორტნეს, გასრისეს. სული
25
ეხუთებოდა და გული ერეოდა. გოგონას უწყვეტი ხმა მოესმა,
მუსიკალური გლისანდო; ეს არც ვიოლინო იყო, არც
ადამიანი, მაგრამ სადღაც შუაში გაჩხერილი იზრდებოდა,
დიდდებოდა, თუმცა, ხმოვან დიაპაზონს არ გასცდენია,
სიმებზე ჯერ არდასმული ხემის ვიბრაცია, რომელიც
სიტყვებზე პრიმიტიული სტვენითა და ბგერებით ამცნობდა
რაღაც საგანგაშოს. იქნებ ოთახში იდგა, ან დერეფანში, ან
სულაც მხოლოდ ფლორენსის ყურებში დაიბუდა, როგორც
დაავადებამ. შესაძლებელია, ხმას თავად გამოსცემდა. აღარ
აინტერესებდა, უნდა გაქცეულიყო. თავი ძლიერად გაიქნია
და მკლავები გაითავისუფლა. ედუარდი პირდაღებული
მისჩერებოდა, სახეზე კითხვის ნიშანი მოეხაზა. გოგონამ
სიტყვის დაძვრა არ აცადა, ხელი ჩაჰკიდა და საძინებლისკენ
გაუძღვა. რა უკუღმართობა დაემართა! გადაირია?! უნდოდა
ოთახიდან გაქცეულიყო, ბაღის გადაღმა ბილიკი ჩაერბინა და
სანაპიროზე მარტო ჩამომჯდარიყო. ერთი წუთიც ეყოფოდა.
თუმცა, მტანჯველ მოვალეობის გრძნობას
ვერშეეწინააღმდეგა. ედუარდს გულს ვერ დასწყვეტდა. თავის
ცოდვებში დარწმუნდა. ქორწილის ყველა სტუმარი და
ოჯახის წევრი პაწაწინა ნომერში რომ შელაგებულიყვნენ და
ცოტა ხანს მათთვის ეცქირათ, ედუარდისა და მისი
აუცილებელი, სამართლიანი სურვილების მხარეს
დაიჭერდნენ. გოგონა ხვდებოდა, როგორი საბრალო იყო.
საზარელი ნამისგან თავის დასაღწევად ფსონი უნდა
გაეზარდა და მომდევნო თამაშზე გადასულიყო, თითქოს
ერთი სული ჰქონდა, ვნება ჩაეკლა. ბოლო მოქმედებას
სამუდამოდ ვერ გაექცეოდა. დრო მის საპირისპიროდ
მიემართებოდა, ფლორენსი კი სულელივით წინ მიიწევდა.
თანაცხოვრების კანონებს ვერ შეცვლიდა. ვერ გაექცეოდა
ლოგიკას, რომლითაც ედუარდს საძინებლის ღია კარისკენ
ექაჩებოდა, სადაც ბალდახინიანი საწოლი და
გატკიცინებული თეთრეული ელოდათ. გოგონას წარმოდგენა
26
არ ჰქონდა, ლოგინთან მისული რას იზამდა, მაგრამ
ბედნიერი იყო, რომ ამაზრზენი ხმაური შეწყდა, და სანამ უკან
დაბრუნებოდა, წამიერად თავისი პირი და ენა დაიმორჩილა,
ღრმად ჩაისუნთქა და თავს მოერია.

27
თავი მეორე

ერთმანეთს როგორ შეხვდნენ, ან იმ დროს ასე


თავშეკავებულები და უმანკოები როგორ გაიზარდნენ?
ბავშვები აღარ იყვნენ, ბედისწერის რომ დაეჯერებინათ,
თუმცა მაინც პარადოქსად მიაჩნდათ, რომ მათი პირველი
წამიერი შეხვედრა შემთხვევითობა იყო, რომელიც ასობით
პაწაწინა მოვლენისა და არჩევანის ჯაჭვზე ეკიდა.
უერთმანეთოდ ცხოვრება არ წარმოედგინათ. ტრფობის
პირველ თვეებში ხშირად უფიქრიათ, ყრმობაში რამდენჯერ
გადაკვეთილა მათი გზები, ფორდის მოსანახულებლად
ჩილტერნ ჰილსში მიემგზავრებოდა. სასიამოვნო
წარმოსადგენი იყო, მხრები რომ გაჰკრეს რომელიმე ცნობილ,
ახალგაზრდულ ქალაქის წვეულებაზე სექტემბრის პირველ
კვირას სეინტ ჟილის ბაზრობაზე, ან მაისის დილას, ალიონზე,
თვის პირველ სასაცილო და გადაპრანჭულ რიტუალზე; იქნებ
ჩერველის ნავსაყუდელში ლუდის შეკვეთისას (მიუხედავად
იმისა, რომ ვაჟი ერთადერთხელ იყო ნამყოფი), თუნდაც
უფრო ადრე, ტერლში თავდავიწყებული თრობისას.
ედუარდს ახსოვდა, ოქსფორდის სკოლის ავტობუსში ცამეტი
წლის უჩვეულოდ განათლებულმა და თავდაჭერილმა
გოგონებმა ზოგადი კითხვებით რომ გააბეზრეს. შეიძლება,
სხვაგან სწავლობდნენ. ფლორენსს ასეთი არაფერი
აგონდებოდა, მაგრამ აღიარა, უცნობებთან თამაში
მახალისებდაო. ქალაქის მეხსიერებისა თუ გეოგრაფიული
28
წერტილები რომ მოხაზეს, დარწმუნდნენ, მრავალჯერ
გადაიკვეთნენ.
ახალგაზრდობა 1958 წელს დასრულდა და ორივემ
ლონდონი შეარჩია, ვაჟი კოლეჯში გაემგზავრა, გოგონა –
სამეფო მუსიკალურ აკადემიაში. აქ ერთმანეთს ვერ
გაიცნობდნენ. ედუარდი კამდენ თაუნში ქვრივ მამიდას
შეეკედლა და ბლუმსბერიმდე ველოსიპედით მგზავრობდა.
დღეებს მეცადინეობაში, ფეხბურთის თამაშსა და
ამხანაგებთან ლუდის სმაში ატარებდა. პაბებში ჩხუბი
იტაცებდა, სანამ მორიდება არ ისწავლა. უსაქმოდ მხოლოდ
მუსიკის მოსმენისას იწვა; უსმენდა ემოციურ, ელექტრონულ
ბლუზს, რომელიც ინგლისური როკ-ენ-როლის წინაპირობად
იქცა – ბიჭი ყოველთვის ამ ჟანრის ჟღერადობას აფასებდა და
ლივერპულში აღმოცენებულ, სამწუთიან ტრეკებს,
რამდენიმე წელინადში მთელ მსოფლიოს რომ მოედო,
არაფრად აგდებდა. ხშირად საღამოს ბიბლიოთეკიდან
გამოსული ოქსფორდის ქუჩებში დაეხეტებოდა, „ჰანდრედ
კლაბში“ შეივლიდა და ჯონ მაიალის ოთხკაციან ბენდს,
ალექსის კორნელსა თუ ბრაიან საითს უსმენდა. სამწლიანი
სტუდენტობის განმავლობაში კულტურას მხოლოდ ამ
ლუდხანებში სიარულით ეცნობოდა; მომავალშიც ხშირად
უფიქრია, სწორედ ამ მუსიკას უნდა ვუმადლოდე გემოვნებასა
თუ ცხოვრებასო.
რამდენიმე ახალგაზრდა ქალი – რადგან იმ დროს
უნივერსიტეტში ნაკლები გოგონა სწავლობდა – ლექციებზე
გარეუბნებიდან ჩადიოდა და მკაცრი მშობლების გამო
სახლში საღამოს ექვსისთვის ბრუნდებოდა. მათთან დიდხანს
საუბრის გარეშეც მარტივად მიხვდებოდით: თავს მომავალი
მეუღლეებისთვის „ინახავდნენ“, ცხადია, რომელიმესთან
სექსი თუ გექნებოდა, ცოლადაც უნდა შეგერთო. ედუარდის
რამდენიმე ფეხბურთელმა მეგობარმა სწორედ ეს გზა აირჩია.
სწავლის მეორე წელს ჯვარი დაიწერეს და გაუჩინარდნენ.
29
ერთ-ერთის ყველაზე უიღბლო გამოცდილება დანარჩენებმა
გაკვეთილად მიიღეს. ბიჭმა უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ოფისის თანამშრომელი დააფეხმძიმა და
როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, გოგონამ
„საკურთხევლამდე ძალით მიათრია“, მერე მთელი წელი
არავის უნახავს, სანამ პატნი-ჰაი სტრიტზე ბავშვის ეტლთან
არშენიშნეს, რაც იმ დროს მამაკაცისთვის ნამდვილ თავის
მოჭრად ითვლებოდა.
„კონტრაცეპტივი“ გაზეთში ამოკითხული ჭორი იყო
მხოლოდ – კიდევ ერთი ამერიკული ზღაპარი, სასაცილო
დანაპირები. „ჰანდრედ კლაბში“ მოსმენილი ბლუზის
სიმღერებში ედუარდი მისი ასაკის ვაჟების ცეცხლოვან
სექსუალურ თავგადასავლებზე ისმენდა. პოპ-მუსიკა
მხოლოდ მინიშნებებს სჯერდებოდა, ფილმებში მეტი
სიშიშვლე გაჩნდა; ედუარდის წრეში ბიჭები გაუთავებელ
უხამს ხუმრობებს ჰყვებოდნენ, უხერხულ თავგადასავლებს
იხსენებდნენ და ისე თვრებოდნენ, გოგონების გაცნობას აზრი
ეკარგებოდა. სოციალური ცვლილებები თანმიმდევრულად
არასდროს ხდება. იმასაც ამბობდნენ, ინგლისურის
ფაკულტეტზე, აფრო-აღმოსავლური კურსის სკოლასა თუ
კინგსვეის ლონდონის ეკონომიკის უნივერსიტეტში,
მოტკეცილ შავ ჯინსებსა და შავ მაღალსაყელოიან ჯემპრებში
გამოწყობილი ახალგაზრდები ერთმანეთის ლოგინებში
გორაობენ და მშობლებს ყურს არ უგდებენო. მოსაწევსაც
ახსენებდნენ! ედუარდს არაერთხელ შეუვლია ინგლისურის
ფაკულტეტზე, იმედით – დედამიწაზე ედემი აღმოეჩინა,
მაგრამ დერეფნები, შენიშვნის დაფები და ახალგაზრდა
ქალები მისი კურსელებისგან არაფრით გამოირჩეოდნენ.
ფლორენსი ქალაქის მეორე ნაწილში, ალბერტ-ჰოლთან
ახლოს, ქალი სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში
ცხოვრობდა, სადაც შუქს საღამოს თერთმეტ საათზე
აქრობდნენ, ვაჟებს არ უშვებდნენ, გოგონები კი
30
გაუთავებლად ერთმანეთის ოთახებში დარბოდნენ.
ფლორენსი დღეში ხუთ საათს მეცადინეობდა და
მეგობრებთან ერთად კონცერტებს ესწრებოდა. ყველაზე
მეტად უიგმორ-ჰოლში კამერული მუსიკის მოსმენა უყვარდა,
განსაკუთრებით – სიმებიანი კვარტეტები ხიბლავდა, და
ხანდახან კვირაში ხუთჯერაც სტუმრობდა, ნასადილევს თუ
საღამოს. ჭკუას კარგავდა დარბაზის მშვენიერებაზე;
გახუნებული, გაცრეცილი კედლები კულისებში და პრიალა
იატაკი დიდებული წითელი ხალიჩით – შესასვლელში;
მაყურებელთა დარბაზი ოქროთი მოვარაყებულ გვირაბს
ჰგავდა, სცენის თავზე აღმართული ცნობილი გუმბათი
თურმე „მუსიკის აბსტრაჰირებისადმი კაცობრიობის
შიმშილს“ გამოხატავდა, მარადიული (ცეცხლის ბურთი კი –
„ჰარმონიის გენიას“. გოგონა პატივს სცემდა ძველისძველ
არსებებს, ტაქსიდან გადმოსასვლელად რამდენიმე წუთი რომ
სჭირდებოდათ, ვიქტორიანული ეპოქის უკანასკნელ
შვილებს, სავარძლებამდე ხელჯოხის კაკუნით რომ
მიბარბაცებდნენ, მუსიკას გარინდებულები უსმენდნენ,
მუხლებს კი შინიდან წამოღებული შოტლანდიური შალით
ითბობდნენ. ეს სცენისკენ გადახრილი თავის ქალებიანი
„ნამარხები“, მუსიკის უზადო ექსპერტები, ართრიტით
დაავადებული თითებით საყვარელ საქმეს რომ ვეღარ
ემსახურებოდნენ, გოგონასთვის დიდებულ გამოცდილებასა
და სამართლიან სიბრძნეს გამოხატავდნენ; სასიამოვნო
წარმოსადგენი იყო, სწორედ ამ დარბაზში რამდენმა
(ცნობილმა მუსიკოსმა დაუკრა; რამდენმა აიწყო კარიერა ამ
კედლებში. ფლორენსმა თექვსმეტი წლის ვირტუოზი
ჩელისტი ჟაკლინ დიუპრეც აქ გაიცნო. გოგონას უჩველულო
გემოვნება არ ჰქონდა, მაგრამ მუსიკის მთელი გულით
სწამდა. თავიდან ბეთჰოვენის მე-18 ნაწარმოები უყვარდა,
მერე – მისი ბოლო პერიოდის დიდებული კვარტეტები;
შუმანი, ბრამსი და ბოლო წელს – ფრენკ ბრიჯის, ბარტოკისა
31
და ბრიტენის კვარტეტები. სამი წლის განმავლობაში
უიგმორ–ჰოლში ყველა კომპოზიტორი ცოცხლად მოისმინა.
მეორე წელს კულისებში სამსახურიც მისცეს. კონცერტის
მონაწილეებს ფართო, მწვანე ოთახში ჩაის უმზადებდა და
ჭუჭრუტანიდან იცქირებოდა, სცენიდან დაბრუნებული
მუსიკოსებისთვის კარი რომ გაეღო. ხანდახან კამერული
მუსიკის პიანისტებს ნოტებს უფურცლავდა. ერთ საღამოს
ბენჟამინ ბრიტენს გვერდში ედგა, როცა ეს უკანასკნელი
ჰაიდნის, ფრენკ ბრიჯსა და თავად ბრიტენს უკრავდა.
სოპრანოს პარტიას პატარა ბიჭუნა ასრულებდა, პიტერ
პეარსმა კი ფლორენსს გასვლის წინ ათშილინგიანი ჩაუცურა.
გოგონამ ფორტეპიანოს დარბაზის ქვეშ სარეპეტიცო ოთახები
აღმოაჩინა, სადაც ლეგენდარული მუსიკოსები – ჯონ ოგდონი
და ჩერკასკი – დილის განმავლობაში არპეჯიოებს შეშლილი
პირველკურსელებივით ავარჯიშებდნენ. მუსიკალური
დარბაზი ფლორენსის მეორე სახლად იქცა. ყველა
ჩაბნელებული კუთხე და ტუალეტამდე მისასვლელი ცივი
ბეტონის საფეხურები შეუყვარდა. მოსაცდელი ოთახის
დალაგებისას სანაგვეში ამადეუს-კვარტეტის ფანქრით
გაშიფრული ნოტები აღმოაჩინა. ვიღაცას შუბერტის
კვარტეტზე (ნომერი 15) ფაქიზი, მაგრამ გაურკვეველი
სიტყვები გამოეყვანა. გოგონას თავბრუ დაეხვა, როცა ეს
სიტყვები გაჭირვებით ამოიკითხა: „აქ ცეცხლი გახსენი!“ მას
შემდეგ სულ იმაზე ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვანი
შეტყობინება მიიღო, სასიცოცხლოდ აუცილებელი რჩევა და
ორი კვირის თავზე, მესამე კურსის დაწყების წინ, აკადემიის
სამ საუკეთესო სტუდენტს სთხოვა, კვარტეტი შევქმნათო.
გუნდში ერთადერთი მამაკაცი ჰყავდათ, მაგრამ
ფლორენსს ჩარლზ როდუეის მიმართ რომანტიკული
დამოკიდებულება არასდროს ჰქონია. აკადემიის მოწაფე
ვაჟები, სასტიკად ამბიციური და თავდადებული მუსიკოსები,
რომლებსაც მუსიკალური რეპერტუარის მიღმა არაფერი
32
გაეგებოდათ, გოგონას თვალში არასდროს მოსდიოდა.
როდესაც სტუდენტი გოგონა ბიჭთან ურთიერთობას
იწყებდა, სოციალური წრეებიდან მაშინვე ქრებოდა; როგორც
ედუარდის ფეხბურთელი ამხანაგები. იფიქრებდით,
ახალგაზრდა ქალები მონასტერში გაიხიზნენო. როგორც ჩანს,
შეუძლებელი იყო შეყვარებული ყოფილიყავი და
მეგობრებთან დრო გეტარებინა. სწორედ ამიტომ, ფლორენსმა
თავისი სასტუმროს გოგონები არჩია. მოსწონდა ჭორაობა,
ახლობლური დამოკიდებულება და მათი სიკეთე; მეგობრები
ერთმანეთის დაბადების დღეებს დიდებულად იხდიდნენ,
ჩაიდნებთან ტკბილად ფუსფუსებდნენ, ავადმყოფობისას
თბილ ნაჭრებსა და ხილს არ მოგაკლებდნენ. უნივერსიტეტში
გატარებული წლები ფლორენსისთვის თავისუფლებას
ნიშნავდა.
ედუარდისა და ფლორენსის ლონდონური რუკები
ერთმანეთს არ ემთხვეოდა. გოგონას ფიცროვიასა და სოჰოს
პაბების შესახებ არაფერი სმენია; მართალია, ძალიან
უნდოდა, მაგრამ ბრიტანეთის მუზეუმის სამკითხველო
დარბაზშიც არასდროს მისულა. ბიჭს უიგმორ-ჰოლში ფეხი
არშეუდგამს, არც ჩაის სახლები მოუნახულებია, ჰაიდ-პარკში
პიკნიკზე არ გასულა და მდინარე სერპენტინზე ნავით არ
შეცურებულა. გაუხარდათ, როცა საერთო 1959 წლის
ტრაფალგარის მოედანზე აღმოაჩინეს, სადაც ოცი ათას
უცნობთან ერთად იდგნენ და ნაღმების აკრძალვას
ითხოვდნენ.

***

ლონდონში სწავლა დაასრულეს და შინ დაბრუნდნენ.


ცხელ, მოსაწყენ კვირებს გამოცდის შედეგების მოლოდინსა

33
და ბავშვურ მდუმარებაში ატარებდნენ. მოგვიანებით
ყველაზე ხშირად იმას ფიქრობდნენ, ერთმანეთს რომ არ
შევხვედროდით, რა გვეშველებოდაო. ხომ შეიძლება,
ედუარდს ის დღე დანარჩენების მსგავსად გაეტარებინა:
ვიწრო ბაღის ბოლოში ხავსიან სკამზე ჩამომჯდარიყო, წიგნი
გადაეშალა და დედამისს მოშორებოდა. ქალის
გაფითრებული და არაფრით გამორჩეული, თავისი
საღებავების მსგავსი სახე გამუდმებით სიახლოვეში,
სამზარეულოს ან სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან
იცქირებოდა და ვაჟს აკვირდებოდა. ედუარდი (ცდილობდა,
მშობლისკენ არ გაეხედა, მაგრამ მისი მზერა ისეთი მძაფრი
იყო, როგორიც – მხარზე ხელის დადება. ქალი ხანდახან ზედა
სართულზე ადიოდა და პიანინოზე კლასიკური მუსიკის
ერთადერთ ნაცნობ ნაწარმოებს ასრულებდა, რომელიც ანა
მაგდალენას სახელმძღვანელოდან გაარჩია. ბაღში არასდროს
გავიდოდა და შვილს კითხვაში ხელს არ შეუშლიდა. წლების
წინ, როცა ედუარდი სკოლაში სწავლობდა, ეს წესი მამამისმა
ოჯახში მკაცრად დანერგა.
იმზაფხულს, გამოცდების შემდეგ, ბიჭი შუა საუკუნეების
კულტებით და მათი ველური, გონებაარეული ლიდერებით
იყო გატაცებული, რომლებიც თავს მესიად აცხადებდნენ.
უკვე მეორედ კითხულობდა ნორმან კონის წიგნს
„ათასწლეულის დევნაში“. იოანეს სახარებისა და
წინასწარმეტყველ დანიელის ტექსტებზე დაფუძნებით,
ავტორი ამტკიცებდა, რომ მალე აპოკალიფსი დადგება, რომის
პაპი ანტიქრისტეა და სამყაროს აღსასრული მოახლოვდა,
რომელშიც მხოლოდ ერთეულები გადარჩებიან;
უწმინდურები გერმანიის სოფლებიდან დაიძვრებიან, ქალაქ-
ქალაქ დახოცავენ ებრაელებს, მღვდლებსა და ხანდახან
მდიდრებს. ცოტა ხანში, საქმეში მთავრობა ჩაერევა და
მოძრაობა მიწყნარდება, მაგრამ სხვა კულტის ამბოხი არ
დააყოვნებს. თავისი მოსაწყენი და მშვიდი არსებობიდან
34
ედუარდი წიგნის გვერდებს დახარბებული ფურცლავდა,
საზარელი ინტერესი ახრჩობდა და უხაროდა, რომ იმ ეპოქაში
გაჩნდა, სადაც რელიგიამ მნიშვნელობა დაკარგა. გამოცდაში
მაღალ შედეგებს თუ მიიღებდა, გადაწყვიტა, დოქტორის
ხარისხი მიეღო. საგნად შუა საუკუნეების ამ გამორჩეულ
სიგიჟეს აირჩევდა.
წიფლის ტყეში სეირნობისას ედუარდი იმ ხალხზე
ფიქრობდა, გადამწყვეტ ისტორიულ მოვლენებში უცნობი
წვლილი რომ შეიტანეს. მათი ბიოგრაფიების შეთხზვა
მოუნდა. პირველი სერ რობერტ კარი იქნებოდა; კაცი,
რომელიც ლონდონიდან ედინბურგში ცხენით სამოცდაათ
საათში ჩავიდა, რომ ჯეიმზ პირველისთვის ელისაბედ
პირველის გარდაცვალების ცნობა მიეტანა. კერი საოცარი
ადამიანი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, მემუარებს წერდა.
იბრძოდა ესპანური არმადას წინააღმდეგ, იყო ჩინებული
მოფარიკავე და ლორდ ჩემბერლენის მსახურთა მფარველი.
ჩრდილოეთში გადახვეწის შემდეგ, მეფესთან დაახლოება
ეწერა, მაგრამ ისტორიის ფურცლებიდან უცნაურად
გაუჩინარდა.
ედუარდი ხანდახან გონს მოეგებოდა და ხვდებოდა,
უბრალო საქმით უნდა დაკავებულიყო: დაწყებით კლასებში
ისტორიის მასწავლებლად ემუშავა და რაც მთავარია,
სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა.
თუ წიგნს არ კითხულობდა, ლიმონის ორღობეში
გავიდოდა და სოფელ ნორსენდს ესტუმრებოდა ხოლმე,
სადაც თავისი სკოლის ამხანაგი, საიმონ კარტერი
ცხოვრობდა. თუმცა იმ განსაკუთრებულ დილას, წიგნებით,
ჩიტების გალობითა და სიმშვიდით გაბეზრებულმა
ედუარდმა ფარდულიდან ბავშვობის ველოსიპედი გამოიღო,
სკამი გაასწორა, საბურავები დაბერა და გზას უაზროდ
დაადგა. ჯიბეში ერთი ფუნტი და ოცი კრონა ეყარა; ბიჭს

35
მხოლოდ ზურგის ქარი სიამოვნებდა. სასტიკი სისწრაფით
(რადგან მუხრუჭები არ მუშაობდა) გაძვრა მწვანე გვირაბში,
დამრეც გორაკზე ჩავიდა, ბელჰამის ფერმასა და სტრესის
სახლს გვერდი აუქცია და სტონორ ველიში შევიდა, პარკის
რკინის ჭიშკარს გადაევლო და გადაწყვიტა ოთხი მილის
მოშორებით, ქალაქ ჰენლიში გადასულიყო. მერე იფიქრა,
რკინიგზის სადგურზე ჩავალ,
იქნებ ლონდონში გავემგზავრო და მეგობრებს შევხვდეო.
თუმცა ბაქანთან გაჩერებული მატარებელი საპირისპირო
მიმართულებით მიდიოდა – ოქსფორდისკენ.
საათნახევარში შუადღის ხვატით გაბეზრებული ქალაქის
ცენტრში დაყიალებდა და ხმადაბლა ილანძღებოდა, ფული
და დრო რაში დავხარჯეო. ეს იყო ედუარდის დედაქალაქი!
მისი ბავშვური ოცნებებისა თუ იმედების ცენტრი. თუმცა
ლონდონის შემდეგ იქაურობა სათამაშო მოედანს აგონებდა;
ყველაფერი მოსაწყენი და პროვინციული, სასაცილოდ
პრეტენზიული ეჩვენა. კოლეჯის შესასვლელთან შლაპაში
გამოწყობილი დარაჯი იბღვირებოდა. ედუარდმა ის იყო,
მასთან გამოლაპარაკება გადაწყვიტა, მაგრამ ლუდის დალევა
ამჯობინა. ლუდხანა „არწივი და ბავშვისკენ“ აიღო გეზი.
სეინტ ჟილთან ხელით გამოყვანილი განცხადება შენიშნა და
შეჩერდა. ქალაქში „ბირთვული განიარაღების კამპანია“ (ბგკ)
იყო ჩამოსული. ვაჟს ახალგაზრდების „გულწრფელი“
შეკრებები არ ხიბლავდა; განსაკუთრებით აღიზიანებდა
გამომსვლელთა გაბუქებული რიტორიკა და პატივმოყვარე
დამუნათება. რა თქმა უნდა, საზარელი იარაღის გამოყენების
წინააღმდეგი იყო, მაგრამ მსგავს შეკრებებზე კაცი ახალს
ვერაფერს მოისმენდა. თუმცა, კამპანიის ნაწილი იყო,
საფასურსაც იხდიდა, საქმე არ ჰქონდა და სინდისმაც შეაწუხა.
სამყაროს გადარჩენა მისი მოვალეობაც იყო!

36
ფილებიან დერეფანში შეაბიჯა და ცუდად განათებულ
დარბაზში შევიდა, სადაც დაბალსა და მოხატულ ჭერს
საკმევლისა თუ მტვრის სურნელი ასდიოდა. ხალხი
ხმადაბლა ზუზუნებდა. ედუარდმა სიბნელეს თვალი შეაჩვია
და მაშინვე ფლორენსი შენიშნა. გოგონა კართან იდგა და
გამხდარ, გაყვითლებულ ბიქს ესაუბრებოდა, რომელსაც
ხელში პამფლეტები ეჭირა. ახალგაზრდა ქალს ბამბის თეთრი
ნაზი კაბა ეცვა და ვიწრო, ლურჯი ქამარი წელზე მკაცრად
შემოეჭირა. გაიფიქრა, მედდა არისო. ედუარდს მედდები
საშინლად აღაგზნებდა! მათ ხომ შენი სხეულისა და
სურვილების შესახებ ყველაფერი იციან... ვაჟი, როგორც წესი,
ქუჩებსა თუ მაღაზიაში შეთვალიერებულ გოგონებს წამში
თვალს არიდებდა, მაგრამ ფლორენსს მზერა ვერ მოსწყვიტა.
გოგონას დაბნეული თუ სასაცილო სახე ჰქონდა, ალბათ
მოსწყინდა და ელოდა, როდის გაართობდნენ. უცნაური,
მშვენიერი, მაგრამ ქანდაკებასავით გამოძერწილი ვინმე
გახლდათ. ბნელ დარბაზში მაღალი ფანჯრიდან შემოსული
სინათლის სხივის ფონზე ფლორენსის სახე ხელნაკეთ ნიღაბს
ჰგავდა, ფიქრში გარინდებულს, რომლის სურვილების
ამოკითხვაც გაგიძნელდება. ედუარდმა ოთახში შეაბიჯა.
გოგონასკენ მიეშურებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა,
რას ეტყოდა. უცნობებთან არასდროს ესაუბრა.
ფლორენსი მისკენ მიმავალ ბიჭს მიაცქერდა, მეგობარს
პამფლეტი გამოართვა და ედუარდს ჰკითხა:
– ხომ არ გადახედავთ? ოქსფორდში ჩამოვარდნილ
წყალბადის ყუმბარაზეა.
ვაჟმა პამფლეტი ჩამოართვა, გოგონა ხელისგულზე
საგრძნობლად დიდხანს შეეხო.
– ამაზე უკეთესს რას წავიკითხავ? – უთხრა ედუარდმა.

37
გამხდარი ბიჭი ჯიქურ მიაჩერდა. ერთი სული ჰქონდა,
უცნობი ფლორენსს როდის მოსცილდებოდა, მაგრამ
ედუარდი ფეხს არ იცვლიდა.

***

შინ დაბრუნებულმა ფლორენსმაც მოიწყინა. უზარმაზარი,


ვიქტორიანული ეპოქისა და გოთიკურ სტილში
გადაწყვეტილი მშობლიური სახლი ბენბურ როუდიდან
თხუთმეტი წუთის სავალზე იდგა. ვიოლეტი, გოგონას დედა,
სიცხეში გამოცდის დღეებს რომ ითვლიდა, ფლორენსის
ყოველდღიურ მეცადინეობას – გაუთავებელ გამებსა და
არპეჯიოებს, ორმაგი პაუზის მცდელობებსა და მეხსიერების
გაკვეთილებს – ეჭვის თვალით უყურებდა. ყველაზე ხშირად
სიტყვა „წრიპინს“ იყენებდა. მაგალითად: ძვირფასო, დღეს არ
დამისრულებია. შეგიძლია, წრიპინი ჩაის შემდეგ განაგრძო?
მართალია, ქალიშვილს თბილად მიმართავდა, მაგრამ
ფლორენსი იმ კვირას განსაკუთრებით გაღიზიანებული
ჩანდა და მშობლის აგდებულ დამოკიდებულებაში თავისი
კარიერისა თუ ზოგადად მუსიკის უგულებელყოფას
ხედავდა. ხვდებოდა, დედა უნდა შეჰბრალებოდა. ქალს სმენა
არ გააჩნდა და მუსიკას ვერასდროს შეიგრძნობდა, ეროვნული
ჰიმნი კი დაბადების დღის მისალოც მელოდიაში ეშლებოდა.
ერთ-ერთი მათგანი იყო, ვერასდროს რომ ხვდება, აკორდი
მალლა მიდის, თუ დაბლა. ფლორენსის აზრით, მუსიკის
შეუთავსებლობა ისეთივე თანდაყოლილი ნაკლი იყო,
როგორიც მიწებებული ფეხის თითები, ან კურდღლის ტუჩი,
მაგრამ კენსიგტონში ცხოვრებამ იმხელა თავისუფლება
აგრძნობინა, დედის მიმართ თანაგრძნობას ვერ გამოხატავდა.
მაგალითად: თავის ლოგინს ყოველ დილას ასწორებდა

38
(როგორც ყოველთვის), მაგრამ სძულდა, როცა საუზმის დროს
ეკითხებოდნენ, ხომ არ დაგავიწყდაო.
მამაც წინააღმდეგობრივ განცდებს აღუძრავდა.
აკადემიაშიც ასე ემართებოდა ხოლმე. იყო დრო, როცა მისი
გარეგნობა გულს ურევდა რა კაცის დანახვა არ უნდოდა: მისი
მოტვლეპილი თავი, პატარა, თეთრი ხელები, ბიზნესის
განვითარებისთვის მოფიქრებული ხრიკები და ფულზე
დახარბება. გოგონას გული ეკუმშებოდა მამის მაღალი და
წვრილი – ერთდროულად მლიქვნელური და მბრძანებლური
ხმის გაგონებაზე, უცნაურად რომ სვამდა მახვილს.
ეზიზღებოდა, როცა იახტის შესახებ მის აღფრთოვანებულ
საუბარს ისმენდა, სულელური სახელი – შაქრის ფერია რომ
შეარქვა და პულის ნავსაყუდელში გააჩერა. ფლორენსს თმა
ყალყზე უდგებოდა, როდესაც მამა მეზღვაურობის ახალ
თავგადასავლებს, სანაპიროს რადიოსა და იახტის ზედაპირის
განსაკუთრებული ლაქის შესახებ უყვებოდა. ადრე
სამოგზაუროდ ერთად დადიოდნენ ხოლმე; როდესაც გოგონა
თორმეტი-ცამეტი წლისა იყო, კარტერეს გავლით
შერბურამდე ჩავიდნენ. იმ დღეებს არასდროს იხსენებდნენ.
კაცს ქალიშვილისთვის წაყოლა აღარასდროს შეუთავაზებია,
რითაც ფლორენსი კმაყოფილი ჩანდა. მიუხედავად ამისა,
გოგონას ხანდახან დანაშაულის გრძნობა თუ სიყვარული
მოეძალებოდა, სავარძელში მჯდომ მამას უკნიდან
მიეპარებოდა, მკლავებს კისერზე შემოაჭდობდა, თავზე
აკოცებდა და ეხუტებოდა; მისი სისუფთავის სურნელი
ათრობდა. ცოტა ხანში სინანული მოერეოდა და საკუთარი
თავი ეზიზღებოდა. უმცროსი დაიკოც ნერვებს უშლიდა,
თანამედროვე კილოთი რომ ლაქლაქებდა, ფორტეპიანოსი კი
არაფერი გაეგებოდა. მამის დავალებას როგორ
შეასრულებდნენ (ჯონ სუზას ცნობილი მარში ოთხი
ხელისთვის), როცა რუთი თავს იკატუნებდა, ნოტებს ვერ
ვარჩევო.
39
ფლორენსს ოჯახისგან გრძნობების დამალვა არასდროს
უჭირდა. დიდი ძალისხმევა არც სჭირდებოდა, უბრალოდ,
ყოველ შესაძლებლობაზე ოთახიდან გაიძურწებოდა ხოლმე,
მერე კი უხაროდა, მშობლებსა თუ დაიკოს ცუდი არაფერი
ვუთხარი და გული არ ვატკინეო; ასეთი შეცდომა რომ დაეშვა,
ღამეს თეთრად გაათენებდა. თავს ირწმუნებდა, ოჯახი
ძალიან მიყვარსო და ამით სამუდამოდ მუნჯდებოდა. კარგად
იცოდა, ხალხი ერთმანეთს შორდება, შემდეგ რიგდებიან.
თუმცა ფლორენსმა სწორი სიტყვები ვერც ერთხელ ვერ
შეარჩია: ამის არც ჭკუა ჰყოფნიდა, არც მოხერხება; თანაც
სჯეროდა, ახლობლისთვის ნათქვამ მწარე სიტყვებს უკან
ვერც წაიღებ, ვერც დაივიწყებო. ჯობდა, მარტივად ეცხოვრა.
როდესაც საკუთარ თავს გაზეთის კარიკატურის იმ პერსონაჟს
ადარებდა, ყურებიდან ორთქლს რომ უშვებს, სხვების
ნაცვლად, მხოლოდ თავს იდანაშაულებდა.
ფლორენსს სხვა ფიქრი აეშალა: პროვინციულ ორკესტრში
მოსაცდელ ოთახში დაეწყო მუშაობა (ბორნმაუსის
სიმფონიაში მოწყობა დიდი გამარჯვება იქნებოდა), თუ ერთი
წელი მშობლების, უფრო სწორად – მამის კმაყოფაზე ეცხოვრა
და საკუთარი კვარტეტი პირველი კონცერტისთვის
მოემზადებინა? ამ უკანასკნელის შესასრულებლად
ლონდონში გადასვლა მოუწევდა; ჯოფრისთვის ფულის
თხოვნას ერიდებოდა. ჩელისტმა ჩარლზ როდვეიმ
მშობლების სახლში ცარიელ ოთახში გაჩერება შესთავაზა,
მაგრამ გოგონა თავს იკავებდა; ბიჭი გულჩახვეული და
უცნაური ვინმე იყო, მზერას არ აცილებდა. მასთან მდგმურად
რომ გადასულიყო, ვერსად გაექცეოდა. მერე ერთი
სამსახურის შესახებ გაიგო, სამხრეთ ლონდონის მდიდრულ
უბანში, დიდებული სასტუმროს მისაღებში ტრიოსთან
ერთად სრულ განაკვეთზე უნდა დაეკრა. რა მნიშვნელობა
ჰქონდა, რა მუსიკას შეასრულებდნენ (ვინ მოუსმენდა?!),
თუმცა შინაგანმა ხმამ, ან სნობურმა დამოკიდებულებამ
40
დაარწმუნა, კროიდონთან ახლოს ერთ დღესაც ვერ
გავჩერდებიო. გადაწყვიტა, აკადემიის გამოცდის პასუხის
შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდებაო და ედუარდის
მსგავსად, რომელიც აღმოსავლეთის ტყიან მთებში ზუსტად
თხუთმეტი მილის მოშორებით ცხოვრობდა, დღეებს
წინკარში გამომდგარი ატარებდა, თითქოს ახალ ცხოვრებას
უცდისო.
აკადემიიდან დაბრუნებული ფლორენსი სკოლის მოწაფეს
აღარ ჰგავდა, მაგრამ მისი ზრდასრულობა ვერავინ შენიშნა.
გოგონამ მალე აღმოაჩინა, რომ მშობლების პოლიტიკურ
შეხედულებებს არ ეთანხმებოდა და ვახშმის დროს მათთან
გაუთავებელ კამათში ერთვებოდა. ასე გადიოდა ზაფხულის
გრძელი საღამოები... ფლორენსს მოუთმენლობა დაეტყო.
ვიოლეტს გულწრფელად აინტერესებდა, მისი ქალიშვილი
ნაღმსაწინააღმდეგო კამპანიაში რატომ გაწევრიანდა,
ფლორენსს კი პროფესიით ფილოსოფოსი დედის ყოლა
ახელებდა. წყობიდან გამოჰყავდა ქალის სიმშვიდეს, უფრო
სწორად, სევდას, რომლითაც გოგონას ბოლომდე უსმენდა,
შემდეგ კი თავის აზრს უზიარებდა ხოლმე. ხშირად
იმეორებდა, საბჭოთა კავშირი ცინიკოსი ტირანია, ბოროტი
და გულქვა სახელმწიფო, რომელმაც ხალხის გაჟლეტითა და
პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრების რიცხვით
ნაცისტური გერმანიის ჩადენილ გენოციდს გადაუსწროო;
ყალბი სასამართლო, ცენზურა და უკანონობა ქალის
საყვარელი ფრაზები იყო; ამბობდა, საბჭოთა კავშირი
ადამიანის უფლებებსა და ღირსებას ფეხქვეშ თელავს,
მეზობელ ქვეყნებში ძალის გამოყენებით შედის (ვიოლეტს
უნგრელი და ჩეხი აკადემიკოსი მეგობრები ჰყავდა) და
ჩანასახშივე დამპყრობლურ მთავრობას ისეთივე
წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, როგორიც ჰიტლერს; და თუ
ვერ შევაჩერებთ, რადგან ჩრდილოეთ გერმანიის
ტერიტორიების დასაცავად ტანკები და ქვეითი ჯარი არ
41
გვეყო, უნდა შევაკავოთ მაინც: რამდენიმე თვეში თითს
ბერლინის კედლისკენ გაიშვერს და თავის გამარჯვებას
იზეიმებს – კომუნისტური იმპერია ერთი ვეებერთელა
საპყრობილეაო.
ფლორენსს გულის სიღრმეში სჯეროდა, საბჭოთა კავშირი,
შეცდომების მიუხედავად – მოუხერხებელი, უწესრიგო,
უბოროტო, მაგრამ თავდაცვითი ფორმის – სამყაროში
მოვლენილი დადებითი ძალა იყო. მთელი თავისი არსებით
რეპრესირებული მასების გათავისუფლებას, ფაშიზმთან
ბრძოლასა და ხარბი კაპიტალიზმის ჩახშობას ემსახურებოდა.
საბჭოთა კავშირის გერმანიასთან შედარება გოგონას გულს
ურევდა. დედამისის მოსაზრებებში ტიპურ პრო-ამერიკელს
ხედავდა. იმედგაცრუება ქალთან საუბარშიც არაერთხელ
აღნიშნა.
მამამისს ნამდვილი ბიზნესმენის მსოფლმხედველობა
ჰქონდა. ნახევარი ბოთლი ღვინის გამოცლის შემდეგ
თავისუფლად აჭიკჭიკდებოდა ხოლმე: ჰაროლდ მაკმილანი
სულელია, იმპერია ბრძოლის გარეშე რომ დათმო, სრული
იდიოტი, გაერთიანებებს მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესა და
ნამდვილი კრეტინია, რაკი ევროპელებს დაუმეგობრდა და
უბადრუკ კავშირში გაწევრიანებას ემუდარებაო.
ფლორენსს ჯოფრისთან წინააღმდეგობა უჭირდა. კაცის
მიმართ უჩვეულო ვალდებულების შეგრძნება ვერ მოიშორა.
ბავშვობაში ისე ათამაშებდნენ, როგორც უმცროს ძმას, ან ვაჟს.
წინაზაფხულს სამსახურიდან დაბრუნებულ მამას გოგონა
თავისი მანქანის სატარებლად მიჰყავდა, რომ ოცდაერთ
წლამდე მართვის მოწმობის აღებაში დახმარებოდა.
ფლორენსი მაინც ჩაიჭრა. ხუთი წლიდან ვიოლინოს
დაკვრაში მეცადინეობდა, არ აკლდა საზაფხულო სკოლა,
თხილამურები და ჩოგბურთი; ფრენის გაკვეთილები,
რომელიც გოგონას საშინლად ეზარებოდა. რაც მთავარია:

42
თავგადასავლები, მხოლოდ მამა-შვილი რომ მიდიოდა:
ალპებში ხეტიალი, სიერა ნევადა და პირენზი;
განსაკუთრებული სიამოვნებანი: ერთდღიან მოგზაურობა
ევროპის ქალაქებში, სადაც ფლორენსი და ჯოფრი ძვირად
ღირებულ სასტუმროებში ათევდნენ ღამეს.
ფლორენსი სახლიდან შუადღისას გავიდა, დედასთან
ყოფით საკითხებზე კამათის შემდეგ (ვიოლეტს არ მოსწონდა,
როგორ იყენებდა მისი ქალიშვილი სარეცხ მანქანას)
განაცხადა, ფოსტაში უნდა გავიარო და სადილზე არ
მელოდოთო. სამხრეთით ბენბერი როუდზე გადაუხვია და
ქალაქის ცენტრისკენ გაისეირნა; გული უგრძნობდა, ფარულ
ბაზარზე შევალ და სკოლის ძველ მეგობარს გადავეყრებიო. ან
ნუგბარს იყიდდა და ქრისტეს ეკლესიის ჩრდილში,
მინდორზე, მდინარის პირას შეექცეოდა. სეინტ ჟილთან
სწორედ ის აბრა შენიშნა, თხუთმეტ წუთში ედუარდი რომ
ჩაუვლის, და დარბაზში უაზროდ შებორიალდა. ჯერ კიდევ
დედაზე ფიქრობდა. ერთგულ მეგობრებთან გატარებული
თვეების შემდეგ სასტუმროდან შინ დაბრუნებულმა
ფლორენსმა აღმოაჩინა, როგორ გაუცხოვდა ვიოლეტი.
ქალიშვილს არასდროს ჰკოცნიდა, ან ეხუტებოდა;
ბავშვობაშიც კი. გოგონას არასდროს ეკარებოდა. იქნებ, ასე
იყო საჭირო... თხელი და გამხდარი ქალი გახლდათ,
ძვალმსხვილ ფლორენსს მისი მიფერება ეუხერხულებოდა.
დაიგვიანეს! თბილი ურთიერთობა ვეღარ
ჩამოყალიბდებოდა. მზის სხივებით გაჩახჩახებული ქუჩიდან
ბნელ დარბაზში შესულმა ფლორენსმა გაიფიქრა, დიდი
შეცდომა დავუშვიო. სიბნელეს თვალი შეაჩვია და იქაურობას
ისე უინტერესოდ მიაჩერდა, როგორც ვერცხლის დანა-
ჩანგლის კოლექციას ეშმოლის მუზეუმში.5 უეცრად,
ჩრდილოეთ ოქსფორდელი თანატოლი, ოცდაორი წლის

5 მსოფლიოს პირველი საუნივერსიტეტო მუზეუმი ინგლისში


43
მხრებში აწურული და სათვალიანი ყმაწვილი, რომლის
სახელიც დიდი ხნის წინ გადაავიწყდა, სიბნელეს გამოეყო და
გოგონა კუთხეში მიიმწყვდია. მერე შესავლის გარეშე მოჰყვა
წყალბადის ყუმბარის ოქსფორდში ჩამოვარდნის სავალალო
შედეგებზე საუბარს. ათიოდე წლის წინ, ცამეტისები
რომიყვნენ, ბიჭმა პარკ-თაუნში, სამი ქუჩის გადაღმა, თავის
სახლში დაპატიჟა, სადაც ფლორენსმა პირველად ნახა
ტელევიზორი. პატარა, ნაცრისფერ, ბურუსიან ეკრანზე, მუხის
ხის ჩარჩოში, პიჯაკში გამოწყობილი კაცი იჯდა;
იფიქრებდით, ქარბუქში მოხვდაო. გოგონამ იფიქრა, უცნაურ
გამოგონებას მომავალი არ უწერიაო, მაგრამ ყმაწვილი –
ჯონი? დევიდი? მაიკლი? – დარწმუნებული იყო, ფლორენსს
მისთვის მეგობრობა ემართა და ამიტომ გამოჩნდა; თავის
წილს ითხოვდა.
ოქსფორდის მომავალზე დაწერილი ორასი ერთნაირი
პამფლეტი იღლიის ქვეშ ამოეჩარა. ფლორენსს სთხოვა,
დამეხმარე, ქალაქში გავავრცელოთო. რომ გადაიხარა,
გოგონას მისი თმის კრემის მჟავე სურნელი ეცა. კანი
სიგარეტის ქაღალდივით გაჰყვითლებოდა, სქელ სათვალეში
თვალები შავ, ვიწრო ხვრელებად უჩანდა. ზრდილობიანი
ფლორენსი ინტერესით უქნევდა თავს. მაღალ, გამხდარ
ბიჭებს ყოველთვის დიდი ინტერესით სწავლობდა;
აკვირვებდა მათი ძვლები და კანიდან გამოჩრილი ადამის
ვაშლი, ჩიტისებრი სახე და მტაცებლურად წინ გადაზნექილი
სხეული. ქალაქის
ცენტრში ნახევარი მილი რადიუსისა და ასი ფუტი
სიღრმის კრატერი გაჩნდებაო. რადიაქტიური ნარჩენების
გამო ოქსფორდში ათი ათასი წლის განმავლობაში ვერავინ
მიუახლოვდებაო. გოგონამ მეორედ მოსვლა წარმოიდგინა.
ქალაქი ზაფხულის თაკარა მზეზე თბებოდა, პრიალებდა
ბადაგისფერი კოტსუოლდის ქვა, ქრისტეს ეკლესიის
მინდორი მწვანედ ბიბინებდა. ფლორენსი ბიჭის ვიწრო
44
მხრებს მიღმა აფუთფუთებულ ხალხს აკვირდებოდა, სკამებს
რომ ალაგებდნენ; მერე მისკენ მომავალი ედუარდი შენიშნა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, კიდევ ერთ ცხელ დღეს,
ჩერველზე ტივით შეცურეს, ვიკი-არმსისკენ წყლის
საწინააღმდეგოდ წავიდნენ და ნავსაყუდელთან გავიდნენ.
კუნელის ბუჩქების ჩრდილში წამოგორდნენ. ზურგზე
გაწოლილი ედუარდი ბალახს ღეჭავდა, ფლორენსს თავი
ვაჟის მკლავზე ესვენა. დუმილში ტალღების სუსტი
ტყლაშუნი და ნაპირთან ახლოს, ხის კუნძებზე ტივის
მიჯახების მოგუდული ხმა ისმოდა. სიოს ბენბური როუდის
საავტომობილო გზიდან სასიამოვნო გუგუნი მოჰქონდა. ხის
ფოთლებში დასიცხულ შაშვს გალობა მობეზრდა. ედუარდი
სხვადასხვა დროებით სამსახურში მუშაობდა, ყველაზე
ხშირად კი კრიკეტის კლუბში მოედანს უვლიდა. ფლორენსი
მთელ დროს კვარტეტს უთმობდა. ერთმანეთისთვის დრო
თითქმის არ რჩებოდათ. შაბათი დღე იყო. სატრფოები
ხვდებოდნენ, ზაფხულის უკანასკნელი დღე იდგა;
სექტემბერი მოახლოვდა, მწვანედ შერჩენილი ფოთლები და
ბალახი ზანტად შრიალებდნენ. საუბარი იმ წუთს
დაუბრუნდა, მითოლოგიით გაბერილ ამბავს, როცა
ერთმანეთს პირველად შეავლეს თვალი.
ედუარდის რამდენიმე წუთის წინ დასმულ კითხვაზე
ფლორენსმა უპასუხა:
– რადგან პიჯაკი არ გეცვა.
– აბა, როგორ გამოვიყურებოდი?
– მოღეღილი თეთრი პერანგი, იდაყვებთან აკეცილი
სახელოები, ამოჩაჩული...
– სისულელეა.
– ნაცრისფერი შარვალი მუხლთან ნაკერით; ცერებთან
გაცრეცილი სპორტული ფეხსაცმელი და გრძელი თმა,
ყურებამდე.

45
– კიდევ?
– ველურს ჰგავდი. თითქოს ჩხუბს დააღწიე თავი.
– დილას ველოსიპედზე ვიჯექი.
ფლორენსი ხელს ჩამოეყრდნო, რომ ედუარდისთვის
თვალებში ჩაეხედა. უცხო ადამიანის სახეში ურცხვი ყურება
ორივესთვის უცნობი და ახალი გამოცდილება იყო. სექსი
ამაზე უკეთესი როგორ იქნებაო, ფიქრობდა ედუარდი.
ფლორენსმა პირიდან ბალახი გამოაცალა.
– სოფლელი მამლაყინწა.
– მითხარი, მერე რა მოხდა?
– კარგი. კარში იდექი და ხალხს ისე ათვალიერებდი,
თითქოს დარბაზის პატრონი იყავი. ამაყი... არა, თამამი...
ედუარდს გაეცინა.
– ჩემს თავზე ვბრაზობდი.
– მერე მე დამინახე, – განაგრძო გოგონამ, – კარგად
შემათვალიერე.
– იტყუები. შემომხედე და თვალი ამარიდე, თითქოს შენი
შესაფერისი არ ვიყავი.
ფლორენსმა მსუბუქად, მაგრამ გამომწვევად აკოცა; ან
იქნებ, ვაჟმა ჩათვალა ასე. იმ დროს ჯერ კიდევ ფიქრობდა,
მდიდარი მამიკოს შვილია, რომელსაც ძალიან მალე ლოგინში
ჩავიგორებო. თუმცა გარეთ, მდინარის პირას მის დაუფლებას
არ აპირებდა.
ფლორენსი მიიზიდა და სახე ისე ახლოს მიუტანა,
ვერაფერს არჩევდა.
– მაშინვე იფიქრე, ერთი ნახვით შემიყვარდაო? – ჰკითხა
ვაჟმა მსუბუქად და დაცინვით, მაგრამ გოგონამ
სერიოზულად უპასუხა. ფლორენსი იშვიათად შფოთავდა,
მაგრამ ხანდახან იმასაც ფიქრობდა, საით მივექანებიო.
ერთმანეთს სიყვარულში ერთი თვის წინ გამოუტყდნენ.
ბედნიერი დღეები თეთრად გათენებულმა ღამეებმა
46
ჩაანაცვლა: გოგონას ხშირად ეღვიძებოდა და ეშინოდა, რომ
უცნობს რაღაც მნიშვნელოვანი გაუზიარა. მაგრამ ისეთი
ახალი, საინტერესო და სასიამოვნო შეგრძნება იყო, თავს ვერ
იკავებდა; სიყვარული და მისი გამჟღავნება ათავისუფლებდა
და განცდებში უფრო ღრმად ეშვებოდა. ზაფხულის
უკანასკნელ დღეს, მდინარის მათრობელა სიცხეში
წამოგორებულმა ფლორენსმა ის წამი გაიხსენა, კარში მდგარი
ედუარდი პირველად რომ შენიშნა. რა იგრძნო, ან რა დაინახა,
როცა გოგონამ მისკენ გაიხედა?
მოგონებაში ჩაძირული წელში გასწორდა და მწვანე
მდინარის ამღვრეულ ზედაპირს გახედა. მოსვენება დაკარგა.
წყლის დინებას ერთმანეთზე მიხეთქებული ორი ტივი
მოჰქონდა; ისმოდა კივილი, მეკობრის შეძახილები და
ტყლაშუნი. უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც
ყოველთვის, ბავშვურად ერთობოდნენ. ფლორენსს მოუნდა,
იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა. სკოლაში სწავლის
დროსაც კი, მეგობრებთან ერთად, სტუდენტებს მშობლიური
ქალაქის დიდ სირცხვილად მიიჩნევდა.
მოგონება უსხლტებოდა. ფლორენსმა გონება დაძაბა. ვაჟს
უცნაური ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ ჩაფიქრებული სახე
ჰქონდა: კოხტა, ოვალური, მაღალი შუბლი, მშვილდი- ვით
დაჭიმული მუქი წარბები და მშვიდი მზერა, რომელიც ხალხს
მოავლო, მერე გოგონას მიაჩერდა, თითქოს დარბაზში კი არ
იდგა, სიზმრად ხედავდა. ფლორენსს გონებაში ის ხმა ჩაესმა,
რომელიც იმ წამს არ მოუსმენია – ვაჟის მსუბუქი სოფლური
კილო, დასავლეთ ოქსფორდელებისთვის დამახასიათებელი
ელფერი.
ედუარდს ზურგი აქცია.
– მაშინვე დამაინტერესე...
ყველაფერი უფრო აბსტრაქტულად იყო. გოგონას თავისი
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება აზრად არ მოსვლია. არ

47
ეგონა, ერთმანეთს თუ შეხვდებოდნენ. ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, ოთახში არ ვდგავარო. როცა შეუყვარდა, აღმოაჩინა,
უცნაური ვინმე ვყოფილვარო; მოსაწყენი ფიქრებით
ირთობდა თავს. როცა ედუარდი ჰკითხავდა, როგორ ხარ, ან
რაზე ფიქრობო, უხერხულ პასუხებს სცემდა. ფლორენსს
დიდი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, მარტივი
ადამიანური ხრიკები არ მცოდნია და არავის უხსენებია
წვეულებაზე გაცნობილ უცნობებთან, საკუთარ სურვილებსა
თუ ვნებებთან წამიერი, მაგრამ ძლიერი კავშირი უნდა
მქონდესო. ბოლო წლები მარტოობაში უცხოვრია, საკუთარ
თავთან და მის გარეთ, ახლა კი უკან მიხედვას ვერ ბედავდა.
ქვის იატაკი, დარბაზის ექო და დაბალი ჭერი... მომავალი
დაპირისპირება ედუარდთან შეხვედრის პირველივე წამებში
იგრძნობოდა; პირველივე გაცვლილ მზერაში.

***

ედუარდი 1940 წელს დაიბადა. იმავე კვირას ბრიტანეთი


მსოფლიო ომში ჩაერთო. მამამისი, ლაიონელი, მოგვიანებით
უყვებოდა, ზაფხულის ორი თვის განმავლობაში ისტორია
სუნთქვაშეკრული ელოდა, ბიჭის მშობლიური ენა
გერმანული გახდებოდა თუ არაო. ათი წლისამ აღმოაჩინა, ეს,
უბრალოდ, სალაპარაკო თემა იყო – მაგალითად,
ოკუპირებულ საფრანგეთში ბავშვები ფრანგულად საუბარს
განაგრძობდნენ. სოფელი ტერვილი სოფლის მთავარ ქედზე
იყო გაშენებული. დაბლობზე მიმოფანტული სახლები
დიდებულ ტყეს უერთდებოდა. ოცდაათიანების ბოლოს
ჩილტერნსის ჩრდილო-აღმოსავლური, იგივე ლონდონური
ნაწილი, გარეუბანში ცხოვრების მოყვარულთათვის ნამდვილ
სამოთხედ იქცა. ხოლო სამხრეთ-დასავლეთის მხარეს, ბიკონ-
ჰილის ქვევით, სადაც ტრასაზე მსუბუქი და სატვირთო

48
მანქანები ბირმინგემისკენ გუგუნით მიემართებოდნენ, მიწა
უცვლელი დარჩა.
მეიჰიუების კოტეჯის მეზობლად, წიფლიანის ფესვებით
დასერილი, დამრეცი ჭალა სპინების ფერმას მიუყვებოდა. აქ
შეხვდებოდით უორმლის მდელოს, მწვანე ტალღების
მშვენებას, როგორც იქ ჩავლილმა მწერალმა აღნიშნა,
რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფეინების ოჯახს
ეკუთვნოდა. 1940 წელს კოტეჯში მცხოვრებნი წყალს ჭიდან
იღებდნენ, სხვენში აჰქონდათ და ავზში ასხამდნენ. ოჯახში
კარგად ახსოვდათ, ჰიტლერის თავდასხმის მოლოდინში
ედუარდის დაბადებას ჰიგიენის სავალალო კრიზისი რომ
მოჰყვა. სექტემბერში ბერიკაცები თოხებითა და ნიჩბებით
წყალს ნორსენდ როუდიდან მეიჰიუებისკენ უკვალავდა გზას;
ლონდონ-ბლიცი6 იწყებოდა!
ლაიონელ მეიჰიუ ჰენლის დაწყებითი სკოლის
დირექტორად მუშაობდა. დილაუთენია ველოსიპედით ხუთ
მილს გადიოდა, საღამოს კი ქედის აღმართზე ფეხით
ბრუნდებოდა. საშინაო დავალებები და სხვა ქაღალდები
მოწნულ კალათში ჩაეწყო. 1945 წელს, როდესაც ტყუპი
ქალიშვილები შეეძინა, საშობაო ბაზრობაზე ატლანტის
ოკეანეში დაკარგული საზღვაო ოფიცრის ქვრივისგან
თერთმეტ ფუნტად ნახმარი მანქანა იყიდა. ცარცის ვიწრო
გზებზე, სადაც მხოლოდ ცხენები და ეტლები მოძრაობდნენ,
ავტომობილის გრუხუნი ყველას უკვირდა. იყო დღეები, როცა
ბენზინის ფასის გაზრდამ ლაიონელი თავის ძველ
ველოსიპედს დაუბრუნა..
ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში სამსახურიდან შინ
პროფესორი კაცისთვის შეუფერებლად ბრუნდებოდა.
ქაღალდებს ბინის შესასვლელი კარის მეზობლად, პატარა

6 მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია აქტიურად ბომბავდა


ბრიტანეთის დედაქალაქს 1940-41წწ
49
ფარდულში ინახავდა, რომელსაც სამუშაო კაბინეტად
იყენებდა. სისუფთავეს მხოლოდ აქ იცავდნენ, კაცს კიარ
უნდოდა, საშინაო დავალებები დათხვრილიყო ან
დაჰკარგოდა. შემდეგ შვილებს დახედავდა. იმ დროისთვის
ედუარდი, ენი და ჰარიეტი ნორსენდის სოფლის სკოლაში
დადიოდნენ და შინ ფეხით ბრუნდებოდნენ. კაცი რამდენიმე
წუთს მარჯორისთან განმარტოებული ატარებდა, მერე
სამზარეულოში გაუჩინარდებოდა, ჩაიდანს დაადგამდა და
საუზმეს აწყობდა.
სახლის დალაგება მხოლოდ ვახშმის გამზადების დროს
შეეძლო. შვილები რომ წამოეზარდა, მიხმარებაც სცადეს,
მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. იატაკის მხოლოდ გამოსაჩენ
ადგილებს გადაგვიდნენ და იმ ნივთებს ალაგებდნენ –
ძირითადად, ტანსაცმელსა და წიგნებს – მეორე დღეს რომ
დასჭირდებოდათ. ლოგინებს არ აწყობდნენ, თეთრეულს
იშვიათად ცვლიდნენ, დანგრეულსა და გაყინულ აბაზანაში
ხელსაბანს არ აკრიალებდნენ: ლითონის მტვრიან ზედაპირზე
ფრჩხილით საკუთარ სახელს ამოტვიფრავდით.
გადაუდებელი საქმის მოგვარება უჭირდათ: სამზარეულოს
ქურისთვის ნაკვერჩხლის შემოტანა, სასტუმრო ოთახში
ბუხრის აგუზგუზება, შვილებისთვის ნახევრად სუფთა
სასკოლო სამოსის მოძებნა. სარეცხს კვირას რეცხავდნენ,
რისთვისაც სპილენძის აბაზანის ქვეშ ცეცხლი არ უნდა
ჩამქრალიყო. ლაიონელი უთოს ვერ იყენებდა: ქსოვილს ხელს
ნაზად გადაუსვამდა და ფრთხილად კეცავდა. ხანდახან
მეზობელი მიახმარდა ხელს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ
ჩერდებოდა. სახლში ბევრი საქმე დაგროვდა, სოფლის ქალებს
კი ჯერ თავიანთი ოჯახები ჰყავდათ მისახედი.
მეიჰიუები ვახშამს ფიჭვის გასაშლელ მაგიდაზე
მიირთმევდნენ; გარშემო სამზარეულო ნაგავში იძირებოდა.
დალაგებას მეორე დღისთვის გადადებდნენ ხოლმე. მარჯორი
ოჯახისგან გულწრფელ მადლობას მოისმენდა, შემდეგ
50
სამუშაოს უბრუნდებოდა; ბავშვებს წიგნები გამოჰქონდათ და
სამეცადინოდ იქვე სხდებოდნენ. ლაიონელი კაბინეტში
გადიოდა, მოწაფეების დავალებებს ასწორებდა,
ადმინისტრაციულ ფურცლებს ავსებდა და რადიოში
სიახლეებს უსმენდა. გამუდმებით ჩიბუხს ეწეოდა. საათ-
ნახევარში ბავშვებთან ბრუნდებოდა, გაკვეთილებს იბარებდა
და დასაძინებლად ამზადებდა. წიგნებს ყოველთვის
უკითხავდა. ედუარდსა და გოგონებს განსხვავებული
ნაწარმოებები ხვდებოდათ. ხშირად ქვედა სართულზე
სამზარეულოში მამის ფუსფუსის ხმაზე იძინებდნენ. მშვიდი
კაცი იყო, გლეხივით მსხვილი აღნაგობის, რძიანი ლურჯი
თვალებით, ჟღალში გადამავალი ქერა თმითა და მოკლე
ჯარისკაცული ულვაშით. ომში არ გაიწვიეს: ედუარდი რომ
გაჩნდა, ლაიონელი ოცდათვრამეტი წლის იყო. იმ პერიოდის
მამებისგან განსხვავებით, შვილებს იშვიათად უყვიროდა, ან
სცემდა; არც ქამრით სჯიდა. ბავშვებისგან მხოლოდ
პატივისცემას ითხოვდა. პასუხისმგებლობით დატვირთული
მამის შემხედვარე პატარები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
მშობლიურ გარემოს მიჩვეულები ხანდახან მეგობრების
სახლებში პირდაღებულები ათვალიერებდნენ
კეთილმოწყობილ ოთახებსა თუ წინსაფრებში გამოწყობილ
დედიკოებს. თუმცა ედუარდს, ენსა და ჰარიეტს თავში აზრად
არ მოსვლიათ, რომ სხვებთან შედარებით უიღბლო
ვარსკვლავზე გაჩნდნენ. გაჭირვების სიმძიმე საკუთარ თავზე
ლაიონელმა იტვირთა.
სანამ თოთხმეტი წლის არ გახდა, ედუარდი ვერ
ხვდებოდა, დედამისს რაღაც რომ სჭირდა; ვერც იმას
იხსენებდა, როდის შეიცვალა. ალბათ, როცა ბიჭი ხუთის იყო.
დების მსგავსად, ქალის აშლილობაში უცნაურს ვერაფერს
ხედავდა. სახლში ლანდივით დაიარებოდა გამხდარი და
წაბლისფერთმიანი არსება, ხანდახან შვილებს ზედმეტად
რომ ეფერებოდა, დანარჩენ დროს კი უცნაურად ირთობდა
51
თავს. დღის განმავლობაში (ხანდახან შუაღამისას) პიანინოზე
ერთსა და იმავე მარტივ ნაწარმოებს უკრავდა. ბავშვებმა
ზუსტად იცოდნენ, სად შეეშლებოდა დედას ნოტები. ხშირად
ბაღში იჯდა და ვიწრო ბილიკზე თიხისგან უფორმო საგნები
გამოჰყავდა. უბრალო საღებავებით ხეებით შემოჯარულ
შორეულ გორაკებსა და ეკლესიის გუმბათს ხატავდა, მერე
ყველაფერს არეულ სახლში ყრიდა. ფუნჯებს არასდროს
აპრიალებდა, არ ცლიდა ჯემის ქილებში მომწვანო წყალს, არ
უვლიდა ნაჭრებსა და ტილოებს; არ დაუსრულებია არც ერთი
ნახატი. მუდამ საღებავებით მოთხვრილი გრძელი წინსაფარი
ეცვა. ქალის მეორე გასართობი, სხვა დროს თერაპიის კურსად
რომ ჩათვლიდნენ, ჟურნალებიდან ფოტოების ამოჭრა და
ბლოკნოტში ჩაწებება იყო. მუშაობისას სახლში
დაბორიალებდა და ქაღალდის ნაკუწებს გადაქერცლილ,
ბინძურ ხის იატაკზე ფანტავდა. სკამებსა და ფანჯრის
რაფებზე შემოდგმულ ქოთნებში ჩაყრილი სქელი ფუნჯები
გამაგრდა და გაუხეშდა.
მარჯორის სასტუმრო ოთახიდან ჩიტების ცქერა, ქსოვა,
ქარგვა და თაიგულების შეკვრა უყვარდა. ყველაფერს გიჟური
აღტკინებით ასრულებდა. ხმას არასდროს იღებდა; ხანდახან
გაიგონებდით, საქმის გართულებისას ხმადაბლა რომ
ჩურჩულებდა: „ასე... ასე... ასე“.
ედუარდს არასდროს უკითხავს, ქალი ბედნიერი თუ
არისო. დედამისს ხანდახან შფოთვა და შიში აიტანდა,
სუნთქვა უჭირდა, თხელ მკლავებს უსასოოდ აღმართავდა,
მერე ჩამოყრიდა და ბავშვებს ისე მიაჩერდებოდა, თითქოს
გადაუდებელი საქმე გამოუჩნდაო: ედუარდს ფრჩხილები
მოეზარდა, შარვალი ამოსაკემსი აქვს, ტყუპებს აბაზანა
სჭირდებათ. ქალი მუხლებზე დაეცემოდა, უხერხულად
ფუსფუსებდა, პატარებს უწყრებოდა, ან ეხუტებოდა, სახეს
უკოცნიდა, თითქოს დაკარგული დროის ანაზღაურება
უნდაო. მშობლის სითბოს დანატრებული შვილები დედას
52
სიყვარულით უჯერებდნენ. თუმცა კარგად ესმოდათ,
ფრჩხილების მაკრატელსა და შავ ძაფს დიდხანს ძებნა,
აბაზანისთვის წყლის გაცხელებას კი საათები სჭირდებოდა.
ამასობაში დედა თავის სამყაროს უბრუნდებოდა.
შეტევები ძველი გონების ამოძახილი უნდა ყოფილიყო,
ახალ მდგომარეობას რომ ხვდებოდა და ძილიდან
გამორკვეული თავზარდაცემული აღმოაჩენდა
ცხოვრებისეულ დანაკარგს. თუმცა დანარჩენ დროს მარჯორი
კმაყოფილ ბურანში ატარებდა, საკუთარი ფანტაზიით
შეთხზულ დიდებულ ზღაპარში, რომ თავდადებული
მეუღლე და დედა იყო, სახლში ყველაფერი ქალის
მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით კარგად მიდიოდა და
ხანდახან თავისუფალ დროს იმსახურებდა. წარსულის
ცნობიერება რომ ჩაეხშოთ და მარჯორის უბედურება
შეემსუბუქებინათ, ლაიონელი და ბავშვები დედის
მოფიქრებულ თამაშში ჩაებნენ. ჭამის წინ ქმრის
მომზადებული კერძიდან აიღებდა თავს, შუბლზე
ჩამოვარდნილ თმას მსუბუქად მოიშორებდა და თბილად
იტყოდა:
– იმედია, მოგეწონებათ. დიდი ხანია ამის გასინჯვა მინდა.
როგორც წესი, თეფშზე ყოველთვის ერთი და იგივე საჭმელი
იდო, რადგან ლაიონელი განსაკუთრებული მზარეული არ
იყო, მაგრამ ქალს არავინ ეწინააღმდეგებოდა და ვახშმობის
შემდეგ ქმარ-შვილი გულითად მადლობას უხდიდა.
თეატრალურ წარმოდგენაში ყველას თავისი როლი
გაუნაწილეს; უკმაყოფილო არავინ ჩანდა. ხანდახან მარჯორი
განაცხადებდა, უოტლინგტონის ბაზრობისთვის
პროდუქტების სიას ვწერო, ან იმდენი თეთრეული მაქვს
გასაუთოებელი, ვერ ავუდივარო და ოჯახში ნორმალური
ცხოვრების წარმოსახვა წამიერად გაიელვებდა. თუმცა
ფანტაზია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, თუ არ განიხილავ.

53
ბავშვებმა უცნაურ ყოფას სახელი ვერ მოუძებნეს და ამიტომ
ბუნებრივად შეისისხლხორცეს.
სახლში მოყვანილ მეგობრებს ქალისგან იცავდნენ, დედას
კი – ახალგაზრდებისგან. ადგილობრივი წარმოდგენის
თანახმად (ყოველ შემთხვევაში, ედუარდს ასე სმენია), მისის
მეიჰიუ ნამდვილი ხელოვანი, ექსცენტრიკული და
მომხიბვლელი ქალი იყო; შეიძლება – გენიოსიც. ბავშვებს
არასდროს რცხვენოდათ, როცა მარჯორი ისეთ ამბებს
ჰყვებოდა, სიმართლეს რომ ვერ დაარქმევდი. არა, იმ დღეს
დაკავებული არ იყო, არც მთელი საღამო მონდომებია
მაყვლის მურაბის კეთებას. არასდროს იტყუებოდა! ეს იყო
მისი სიმართლე; შვილები კი ხმისამოუღებლად ედგნენ
გვერდში.
ედუარდის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა
ის იყო, თოთხმეტი წლის ასაკში მამასთან ბაღში
განმარტოებისას, დედაზე პირველად რომ მოისმინა სიტყვა
„ტვინშერყეული“. შეურაცხმყოფელი ხმოვანება ჰქონდა;
ერთგულებაზე მიფურთხებას ჰგავდა. ტვინშერყეული. თავში
რაღაც რიგზე ვერა აქვს. სხვას რომ ეთქვა, ედუარდი მოვალე
იქნებოდა, ჩხუბში გამოეწვია და მუშტი შემოერტყა. ბაღში
მდგომს სისხლი გაეყინა და მამისადმი ზიზღი იგრძნო,
მაგრამ სიხვდა, გულზე მოეშვა. რა თქმა უნდა, სიმართლეს
ამბობდა; ჭეშმარიტებასთან ბრძოლას რა აზრი აქვს?!
ყოველთვის ვხვდებოდიო, იფიქრა ედუარდმა.
მაისის ცხელ, ნესტიან დღეს მამასთან ერთად უზარმაზარი
თელის ქვეშ იდგა. წვიმიანი ამინდის შემდეგ ჰაერში ადრიანი
ზაფხულის სურნელი ტრიალებდა. ჩიტებისა და მწერების
ზუზუნი, სახლის წინ გაკრეჭილი ბალახი, აყვავებული და
გაფურჩქნილი ბაღი, დაწნულ ღობესთან ტყის პირს რომ
უერთდებოდა, თიბვის წინ ავარდნილი მტვერი, მამა-შვილს
თავბრუს რომ ახვევდა, ნიავში ატორტმანებული მზის

54
სხივები და ჩრდილი მინდორზე ერთმანეთს ეჯიბრებოდა.
სოფლის პეიზაჟში მდგარი ედუარდი მამას უსმენდა და 1944
წლის სუსხიანი დეკემბრის დღეს იხსენებდა, ვაიკომბის
მატარებლის სადგურზე ნაცრისფერ ქურთუკში გახვეული
დედამისი ომისდროინდელი საშობაო საჩუქრებით ხელში
რომ ნახა. მერილებონიდან მომავალ მატარებელს ელოდა,
რომელიც პრინს-რიზბორომდე ჩაიყვანდა. იქიდან
უოტლისგტონში გაემგზავრებოდა, სადაც ლაიონელი
ელოდა. შინ დარჩენილ ედუარდს მეზობლის ახალგაზრდა
ქალიშვილი უვლიდა.
არსებობენ მამაცი მგზავრები, გაქანებული ვაგონის კარს
რომ აღებენ და ბაქანზე მატარებლის გაჩერებამდე ხტებიან.
ალბათ, ამით დამოუკიდებლობის შეგრძნება უძლიერდება –
ვიღაც ბოგანო ხომ არ არის?! შეიძლება ახალგაზრდობის
გახსენება უნდა, ან სადღაც მიეჩქარება. მატარებელმა
ჩვეულზე უფრო მოულოდნელად დაამუხრუჭა, მგზავრს
სახელური ხელიდან გაექცა და კარი გაიღო. მძიმე მეტალის
კუთხე მარჯორი მეიჰიუს შუბლში მოხვდა, ჩაუნგრია თავის
ქალა, ხასიათი, ტვინი და მეხსიერება. ქალი მთელი კვირა
უგონოდ იწვა. მგზავრი (რომელსაც თვითმხილველები ასე
ახასიათებდნენ: კოხტად გამოწყობილი შლაპიანი ქალაქელი
ჯენტლმენი, სამოცი წლის, ხელში ჩაბღუჯული ქოლგითა და
გაზეთით), ადგილიდან მიიმალა, მიატოვა ტყუპებზე
ორსული, ბაქანზე გაფანტულ სათამაშოებს შორის
გაშხლართული ახალგაზრდა ქალი, და ვაიკომბის ქუჩებიდან
აორთქლდა, ისე რომ სინდისს არასდროს შეუწუხებია; ყოველ
შემთხვევაში, ლაიონელი ასე ფიქრობდა.
ბაღში გატარებულმა უჩვეულო წამმა – ედუარდის
ცხოვრება სამუდამოდ რომ ამოაყირავა, ბიჭს გონებაში მამის
ახლებური ხატი ჩაუბეჭდა. კაცს ხელში ჩიბუხი ეჭირა, მაგრამ
ამბის დასრულებამდე ცეცხლი არ მოუკიდებია. საჩვენებელი
თითი სქელი ნაწილისთვის ჩაებღუჯა, მოსაქაჩი ტუჩებთან
55
ახლოს ლივლივებდა. კვირა იყო და წვერგაუპარსავი
მუშაობდა (მორწმუნე არ იყო, მაგრამ სკოლაში ლოცვა
უწევდა). ამ დღეს მხოლოდ თავის თავს უთმობდა. მისი
თანამდებობის პირისთვის გაპარსვაზე უარის თქმა უჩვეულო
საქციელი იყო, მაგრამ ლაიონელს სოფლის ხალხში გარევა არ
უყვარდა. დაჭმუჭნული, უსაყელო თეთრი პერანგი ეცვა.
რომელზეც ხელი არ შეუვლია. სიტყვებს ფრთხილად
არჩევდა, თითქოს საუბარი გონებაში ათასჯერ გაიმეორაო.
ვაჟის სახიდან მზერა სახლისკენ გადაჰქონდა, თითქოს
მარჯორის მდგომარეობას უსვამსო ხაზს, ან გოგონების
გამოჩენის ეშინოდა. ბოლოს ედუარდს მხარზე ხელი
უხერხულად დაადო და ბაღის ბოლოში გაიყვანა, სადაც ხის
ღობე ბალახებში იკარგებოდა. აქედან უზარმაზარი მინდორი
იშლებოდა, სადაც ცხვრები არასდროს ძოვდნენ, გაზაფხულის
ბაიები კი ორ დაპირისპირებულ ბანაკად იფურჩქნებოდა.
ცოტა ჩუმად იდგნენ. მერე ლაიონელმა ჩიბუხი გააბოლა,
ხოლო ედუარდის მოუმწიფებელი გონება განცვიფრებას
ებრძოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ხვდებოდა! დედის
ავადმყოფობის სახელი არ იცოდა და ეგონა, გამორჩეული
ვინმე იყო. ვაჟის უმანკოება შეირყა. სიტყვებმა ბურუსი
გაფანტეს და ყველაფერს ნათელი მოეფინა. ტვინშერყეული.
სამედიცინო ტერმინმა მშობლის ბავშვური სიყვარული
მოუსპო. უეცრად სხეული ახალი სივრცით ამოევსო: მიხვდა,
მხოლოდ დედას კიარ დასცილდა, თავის ბავშვობასაც;
თავისი ბუნების სიღრმეში ჩაძვრა და დარეტიანებულმა
აღმოაჩინა, ამ მწარე, ნაღვლიან ნაწილს არავის გავუზიარებო.
დედამისი ტვინშერყეულია, ედუარდი – არა. მშობლებს არ
ჰგავს, ოჯახის ნაწილი არ არის, ერთ დღეს ყველას მიატოვებს
და შინ მხოლოდ სტუმრად დაბრუნდება.
წარმოიდგინა, ზღვაზე გრძელი მოგზაურობიდან
ჩამოვედი და მამაჩემი მამულს მათვალიერებინებს, ბაიების
მინდორს გავყურებთ, ტყისკენ რბილად რომ ეშვებაო.
56
ნაღვლიან შეგრძნებებთან თამაშის რცხვენოდა, მაგრამ
უცნაურმა გამბედაობამ შეაგულიანა.
ლაიონელი შვილს მდუმარების მიზეზს მიუხვდა. უთხრა,
დედაშენს ყოველთვის არაჩვეულებრივად ეხმარებოდი,
სითბოს არ იშურებდი და ჩვენი საუბრის შემდეგ არაფერი
შეიცვლება. უბრალოდ, იმ ასაკში ხარ, ყველაფერს თავისი
სახელი უნდა დაარქვა და სიმართლეს თვალი გაუსწოროო.
ამდროს ბაღში ტყუპები გამოცვივდნენ, ედუარდს ეძებდნენ
და ვიდრე გოგონები წივილ-კივილით მიუახლოვდებოდნენ
და ძამიკოს სახლისკენ წაიყვანდნენ, რომ მორიგ
სისულელეზე მისი აზრი მოესმინათ, ლაიონელმა მხოლოდ
ამის თქმა მოასწრო: „ჩემი ნათქვამი არაფერს ცვლის, ნუ
გეშინია“.
თუმცა, ედუარდის ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლებოდა.
ჰენლის სკოლაში მასწავლებლებისგან ხშირად სმენია,
საუნივერსიტეტო გონება აქვს, სწავლა აუცილებლად უნდა
გააგრძელოსო. ნორსენდელი მეგობარი საიმონი სოფლის
დანარჩენ ბიჭებთან ერთად ხელობასაც ეუფლებოდა, და
მერე, ჯარში გაწვევამდე, ვაჭრობასა თუ ფერმაში მუშაობის
შესწავლას აპირებდნენ. ედუარდს სხვანაირი მომავლის
იმედი ჰქონდა. თანატოლებთან ყოფნისას უცნაურ
გაუცხოებას გრძნობდა. სახლის სამუშაო კისერზე დააწვა
(მსუბუქი ხასიათის მიუხედავად, ლაიონელი შვილებთან
ნამდვილი ტირანი იყო), ამხანაგებთან ერთად სკოლის
შემდეგ ტყეში ხეტიალს, ბანაკებისა თუ ხაფანგების აგებას,
ვორმლისა და სტონორის მემამულეების კარისკაცებთან
ოინბაზობას ვეღარ ასწრებდა. ჰენლი პატარა ქალაქი იყო,
სადაც პროვინციელობას არავის აპატიებდნენ. ედუარდი
მალავდა, რომ სახლის გადაღმა, ფეინების ოჯახის მიწაზე
ყველა პეპლის, ჩიტისა და ველური ყვავილის სახელი იცოდა:
მაჩიტელა, ვარდკაჭაჭა, მახობელი, ათობით სხვადასხვა
ორქიდეა თუ ხარისძირა, ზაფხულის უჩვეულო ფიფქები.
57
სკოლაში ხმას არ იღებდა; დასცინებდნენ და გლეხუჭას
შეარქმევდნენ.
დედის ამბის გაგების შემდეგ გარეგნულად არაფერი
დასტყობია, მაგრამ ახალმა ცოდნამ სული შეუძრა. ქალზე
ზრუნავდა, მის წარმოდგენებს, რომ სახლი დაალაგა და
ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, არ ეწინააღმდეგებოდა,
მაგრამ ბიჭი თავის როლს ცნობიერად ასრულებდა და
თვითშეგნება სხვანაირად უმყარდებოდა. თექვსმეტი წლის
ასაკში გრძელსა და სევდიან საუბრებს მოჰყვა. ფიქრების
დალაგება მხოლოდ სახლიდან გასულს შეეძლო. ჰოლანდ
ლეინზე სეირნობდა, სადაც ცარციან ბილიკებს მდინარე
ტერვილის პირას ხავსი მოჰკიდებოდა, მერე ჰემბლდონ
ვალიზე გადაუხვევდა და თემზასთან ჩადიოდა, ჰენლის კი
ბერკშაირის მდელოებით გადაივლიდა ხოლმე. სიტყვა
„გარდატეხის ასაკი“ ხმარებაში შემოსული არ იყო და
ოჯახისგან გარიყული ედუარდი ვერ ხვდებოდა, მისი ასაკის
ყველა ყმაწვილი ამ სასიამოვნო ნაღველით რომ
„იტანჯებოდა“.
მამისგან დაუკითხავად უქმეებზე ლონდონში გაიპარა და
ტრაფალგარის მოედანზე სუეზის კრიზისს აპროტესტებდა.
ხალხის ბრბოში გარეულმა წამით გაიფიქრა, ოქსფორდში არ
ჩავაბარებო, თუმცა ლაიონელი და მასწავლებლები
ურჩევდნენ. ქალაქი ჰენლისგან არაფრით გამოირჩეოდა.
ლონდონში გადასვლა მოუნდა, სადაც ადამიანები
დიდებული მიზნებისთვის ხმამაღლა იბრძოდნენ, ცნობილი
ქუჩები კი მათ სახელებს მარტივად გადარეცხავდა. ახალი
მიზანი გულში ჩაიხვია, მამასთან ადრიანად კამათს არ
აპირებდა. არც სამხედრო სამსახური ხიბლავდა. ლაიონელი
უმეორებდა, ჯარისკაცად ყოფნა გამოგადგებაო. ფარულმა
სურვილებმა უხილავი ეგო, გრძნობათა ბუნება და მყიფე
გონება გაუმყარა. თანაკლასელებისგან განსხვავებით, სახლი
და ოჯახი არ სძულდა. პატარა ოთახები და სიბინძურე წესად
58
მიიღო, არც ავადმყოფი დედის რცხვენოდა. უბრალოდ,
ცხოვრების დაწყებასა და ახალი სუნთქვის გახსნას ელოდა,
რომელსაც იმდროინდელი გამოთვლებით მისაღები
გამოცდების ჩაბარებამდე ვერ მოესწრებოდა. მეცადინეობას
მოუმატა და არაჩვეულებრივი თემების წერა დაიწყო;
განსაკუთრებით – ისტორიაში. დებთან და მშობლებთან
ძველებურად იქცეოდა, გულში კი ერთი სული ჰქონდა,
ტერვილ ჰითთან მდგარ სახლს როდის მიატოვებდა. თუმცა,
ვერ ხვდებოდა, რომ დიდი ხნის წინ გაიპარა.

59
თავი მესამე

საძინებელში შესვლისას ფლორენსმა ედუარდს ხელი


გაუშვა, საწოლის ერთ-ერთ მუხის ბოძს ზურგით მიეყრდნო
და ჯერ მარჯვნივ გადაიხარა, მერე – მარცხნივ; მხრები
ლამაზად მორკალა და საგარეო ფეხსაცმელები გაიძრო. ისინი
დედასთან ერთად, ერთ წვიმიან საღამოს „დებენემში“ დიდი
კამათის შემდეგ იყიდა; ვიოლეტს მაღაზიაში შესვლა
უჭირდა. ცისფერი ტყავის დაბალძირიან ფეხსაცმელებს
ცხვირთან ლურჯი ბაფთა ჰქონდა, რომელიც უფრო მუქი
ნაჭრით იყო მოხვეული. პატარძალი არ ჩქარობდა. ეს იყო
საქმის გადადების კიდევ ერთი უგერგილო ხრიკი. მეუღლის
მონუსხული მზერა შენიშნა, მაგრამ ამჯერად არ შეშინებულა.
საძინებელში უხერხულმა ზმანებამ ისე მოიცვა, როგორც
ოკეანის სიღრმეში ძველმოდურმა წყალქვეშა კოსტიუმმა.
გოგონას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ჟანგბადის ნაცვლად უცხო
ფიქრებს ვსუნთქავო.
ამ უჩვეულო გარინდებაში მარტივი მუსიკალური ფრაზა
ჩაესმა, გაუთავებლად თავიდან რომ იწყებოდა, მეხსიერების
უჯრაში ჩამალული. ფლორენსი საწოლს მიუახლოვდა.
ხელში ფეხსაცმელები ეჭირა. ჰანგები განმეორდა: ნაცნობი
მოტივი – ვიღაცისთვის, ალბათ უცნობიც – ოთხი აღმავალი
ნოტისგან შედგებოდა და ცბიერი კითხვის დასმას ჰგავდა.
რადგან მელოდია ჩელოს მიჰყავდა და არა ვიოლინოს,
გოგონამ იფიქრა, მაყურებელი მისვამსო კითხვას – რბილი და
60
მსუბუქი, მაგრამ დაჟინებული; მოკლე პაუზის შემდეგ,
დანარჩენი ინსტრუმენტებისგან გადამწყვეტი სიტყვა რომ
ვერ მოისმინა, ჩელომ კითხვა გაიმეორა, განსხვავებული
სიტყვებითა და სხვა ინტონაციით, და მანამ არ გაჩერდა, სანამ
საეჭვო პასუხი არ მიიღო. არა, ამ მუსიკას მეტყველებას ვერ
შეადარებდით; სიტყვა არავის დასცდენია. შეკითხვა
შინაარსის გარეშე: ჭეშმარიტი კითხვის ნიშანი.
მოცარტის კვინტეტის დასაწყისი იყო, ფლორენსისა და
მისი მეგობრების დავიდარაბის მიზეზი, რადგან მის
შესასრულებლად მეორე ალტის დამატება დასჭირდებოდათ,
მუსიკოსებს კი თავის ზედმეტად ატკივება არ სურდათ.
მაგრამ ფლორენსი არ დანებდა და თანაკურსელი გოგონა
რეპეტიციაზე დაპატიჟა. მომაჯადოებელი ნაწარმოების
გარჩევისას პირველი თავმომწონე ჩელისტი გატყდა, მერე
დანარჩენებიც დანებდნენ. რა გასაკვირია?! პირველი
მუსიკალური ფრაზა სრული მორღვევით ემუქრებოდა
ენისმორ- კვარტეტს – სახელი გოგონების სასტუმროს
ქუჩიდან ისესხეს – თუმცა ფლორენსმა წინააღმდეგობას
გაუძლო და სამ თანაგუნდელს ცივი გონებითა და უნაკლო
გემოვნებით შეერკინა.
გოგონამ საძინებელი გადაჭრა, ედუარდს ზურგი შეაქცკია
(დროს წელავდა) და ფეხსაცმელები კარადის გვერდით
ფრთხილად დაალაგა. კიდევ ერთხელ გამეორებულმა ოთხმა
ნოტმა თავისი უჩვეულო ხასიათი მოაგონა. ფლორენსი,
რომელიც კვარტეტს მკაცრად ხელმძღვანელობდა, უბრალო
ხალხის თამაშში არასდროს ჩაებმებოდა. სულელი ცხვარი
არასდროს ყოფილა, ყელს დაუკითხავად რომ გამოღადრავენ.
პენეტრაცია. ჯერ გამოარკვევს, ქორწინებისგან ზუსტად რას
ელის, მერე გადაწყვეტილებას ედუარდს გააცნობს და
მეუღლისგან შეღავათს მოითხოვს. სატრფოები ასე უნდა
ცხოვრობდნენ! პარტნიორი საკუთარ ვნებებს არ უნდა
შესწირო. მიზანი უსაზღვრო სიყვარულია; ერთმანეთის
61
გათავისუფლება. დიახ, ახლავე ხმა უნდა ამოიღოს, როგორც
რეპეტიციებზე! კითხვის დასაწყისი გონებაში დიდი ხანია
უტრიალებს!
ფლორენსმა პირი გააღო და ღრმად ჩაისუნთქა. იატაკის
ჭრაჭუნზე უკან მიბრუნდა. ედუარდი ღიმილით
უახლოვდებოდა და სახეზე ალმური ასდიოდა. გოგონას
ხსნის იდეა (თითქოს სხვა სამყაროდან მოვლენილი) გაქრა.
პატარძლის გამოსასვლელი, თხელი და საზაფხულო,
სიმინდის ღეროსავით მოლურჯო კაბა, ფეხსაცმელს რომ
უხდებოდა, რეგენტ სტრიტსა და მარმარილოს თაღს შორის
ფილაქანზე საათობით ბოდიალის შემდეგ იყიდა.
საბედნიეროდ, დედა არ ახლდა. ედუარდი ფლორენსს
ჩაეხუტა, მაგრამ არ უკოცნია, მკერდზე მიიკრა და ელვის
ძებნაში თითები კისერზე მოუფათურა. მეორე ხელი წელზე
მაგრად მოხვია და თბილი სიტყვები ყურში ისე ჩასჩურჩულა,
გოგონას ცხელი და ნესტიანი ჰაერის ღმუილის მეტი არაფერი
გაუგონია. თუმცა შესაკრავი ცალი ხელით ვერ გახსნა. კაბის
საყელო თითებით მაგრად უნდა დაგეჭირა, რომ მსუბუქი
ნაჭერი არ დაზიანებულიყო. ფლორენსს მიხმარება შეეძლო,
მაგრამ მკლავებს ვერ ამოძრავებდა; არც ის უნდოდა,
პირველივე ღამეს მეუღლისთვის ტანსაცმლის გახდის
გაკვეთილი ჩაეტარებინა. ყველაზე მეტად ედუარდის წყენას
ერიდებოდა. ვაჟმა ამოიოხრა და ელვა მაგრად დაქაჩა, მაგრამ
ლითონი იმ ადგილას გაიჭედა, არც წინ რომ მიდის, არც –
უკან. ფლორენსი კაბის ტყვეობაში აღმოჩნდა.
– ღმერთო ჩემო, ფლო. ერთი წუთით გაჩერდი.
გოგონა ადგილზე მორჩილად გაიყინა. ედუარდს ხმაში
სიბრაზე დაეტყო, ფლორენსი კი დარწმუნებული იყო,
დამნაშავე ვარო. თავისი კაბა და შესაკრავია! გაიფიქრა, ჯობია
თავი გავითავისუფლო, ზურგით დავუდგე და ფანჯარასთან
მივიდე, სადაც მეტი სინათლეაო. მაგრამ ვაჟი მიზანს ვერ

62
მიუხვდებოდა, რაც გაუგებრობას გაამწვავებდა. ფლორენსს
ჩაცმისას დაიკო მიეხმარა, რომელსაც მოხერხებული თითები
ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფორტეპიანოს ვერ მიეჩვია.
დედამისს წვრილმანებით არასდროს აწუხებდა. საბრალო
ედუარდი! ორივე მკლავი აუცახცახდა. გოგონამ
წარმოიდგინა, სატრფო კოტიტა თითებით სამოსის ნაკეცებსა
და დაუმორჩილებელ ლითონს როგორ ებრძოდა.
ებრალებოდა, მაგრამ ოდნავ შეეშინდა. ხმადაბალი რჩევა რომ
მიეცა, ბიჭი ჭკუიდან გადავიდოდა. ფლორენსი მდუმარედ
იდგა და ელოდა, სანამ ედუარდმა ხმამაღლა არ ამოიოხრა და
უკან დაიხია. სინამდვილეში, ცოდვებს ინანიებდა.
– მაპატიე. სულელი ვარ და მოუხერხებელი.
– ძვირფასო... ხშირად არც მე გამომდის.
საწოლზე ჩამოსხდნენ. ვაჟმა გაუღიმა. ფლორენსის
ნათქვამის არ სჯეროდა, მაგრამ ესიამოვნა. საძინებლის ღია
ფანჯრიდან მწვანე მინდორი, ხე-ტყე და ზღვა მოჩანდა. ქარის
თუ მიქცევის ცვლილებამ, ან ახლოს ჩავლილმა გემმა,
სანაპიროზე ტალღები აახმაურა. მერე კენჭებზე ძველებური,
ზანტი ტყლაშუნი გაისმა.
გოგონამ ბიჭს მხარზე ხელი დაადო.
– გინდა, საიდუმლო გაგიმხილო?
– ჰო.
საჩვენებლითა და ცერით ყურის ბიბილოზე მიეფერა და
თავისკენ მიიზიდა:
– იცი, ცოტა მეშინია, – უჩურჩულა ფლორენსმა.
მართალია, ატყუებდა, მაგრამ შეგრძნებებს სხვაგვარად
ვერ გადმოსცემდა: ეგონა, სხეული დაუმოკლდა და
დაუპატარავდა; სექსის წარმოდგენაზე გული ერეოდა;
რცხვენოდა, რომ ედუარდს გულს დასწყვეტდა; და ეშინოდა,
თვითმარქვია გამოვდგებიო. საკუთარი თავი ეზიზღებოდა...
იფიქრა, ისე ვსისინებ, როგორც სცენის ბოროტი პერსონაჟიო.

63
თუმცა, შიშზე საუბარი ამჯობინა გულისრევისა და
სირცხვილის განდობას. ედუარდი ღრუბლებში დაფრინავს;
დროა, მიწაზე დაეშვას.
ედუარდი მეუღლეს თვალებში უცქერდა, მაგრამ
გამომეტყველება არ შესცვლია. თითქოს მისი ხმა ვერ გაიგო.
გაწამებულ ფლორენსს ვაჟის თბილი, წაბლისფერი თვალები
ამშვიდებდა. კეთილი, ჭკვიანი, მიმტევებელი... იქნებ სხვაგან
არ გაეხედა და მის მზერაში დატყვევებულს აესრულებინა
ყველა სურვილი. თავფეხიანად ენდობოდა. რას აღარ
იგონებდა...
– მგონი, მეც მეშინია, – როგორც იქნა, ამოღერღა
ედუარდმა. ხელი მუხლთან დაადო და კაბის ქვეშ, ბარძაყზე
შეუსრიალა. ცერით საცვალზე ეხებოდა. გოგონას კრიალა
შიშველი ფეხები გარუჯვოდა ბაღში მზის აბაზანების
მიღების, ძველ მეგობრებთან სამერთაუნის საჯარო კორტებზე
ჩოგბურთის თამაშისა და ედუარდთან ერთად ულამაზეს
სოფელ ეველმეს ყვავილებიან მინდორზე გორაობისგან,
სადაც ჩოსერის შვილიშვილი ჩაისახა. ერთმანეთს თვალს არ
აცილებდნენ; რა მარტივია! ფლორენსი გრძნობდა კანზე
ბიჭის თბილი და ეკლიანი ხელის შეხებას; წარმოიდგინა, არა,
დაინახა, ედუარდის გრძელი, კაბის მოლურჯო სინათლეში
მოხრილი ცერი, როგორც ალყაში მოქცეული ქალაქის
გალავანი, სუფთად მოჭრილი ფრჩხილი რძისფერ აბრეშუმზე
ჩასრიალდა და მიეფერა (დარწმუნებული იყო, გრძნობდა)
თხელი მაქმანიდან ცალად გამოვარდნილ ხვეულ თმას.
ცდილობდა თავი მოეთოკა, მაგრამ ფეხის
დაუმორჩილებელი კუნთები თავისით ეჭიმებოდა; გოგონას
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ცემინებას ვიკავებო. არ სტკენია,
მაგრამ გული დასწყდა, იგრძნო, სხეული უცხო შეხებას არ
ნებდებოდა. ედუარდმა კაბის კალთის ქვეშ ამოვარდნილი
ქარბუქი იგრძნო, თვალები გაუფართოვდა, წარბები აზიდა

64
და ტუჩები უხმოდ გაეპო; თავგზააბნეულს სატრფოს შიში
ვნებაში აერია.
– ფლო? – ფრთხილად იკითხა, ხმა ჩაუწყდა, თითქოს
ცდილობს, გოგონა დაამშვიდოს და შეუფერებელი
საქციელისგან იხსნასო. თავად კი შარვალში სულ სხვა
ქარიშხალი უტრიალებდა. ღრმად და არეულად სუნთქავდა,
სასაზე მიკრულ ენას რბილად აწკლაპუნებდა.
ხანდახან შეუძლებელია სხეულმა ემოციები შეიკავოს.
აუცილებლად გაგყიდის და თავს მოგჭრის. ვის გამოსვლია
გულისცემა დაიმშვიდოს, ან აწითლებული ლოყები
დაიმუნჯოს? გოგონას დაუმორჩილებელი კუნთი კანქვეშ
გამომწყვდეული ფარვანას მსგავსად აფრთხიალდა. სხვა
დროს ქუთუთო უთამაშებდა ხოლმე. იქნებ დამშვიდდა
კიდეც?! ფლორენსი ვეღარაფერს ხვდებოდა. გონებაში ცივი
ფაქტები ჩამოთვალა: ვაჟი ხელს იმიტომ ადებს, რომ ქმარია
მისი; ქალი არ იშორებს, რადგან ერთგული ცოლია. გოგონას
ახალგაზრდა მეგობრები – გრეტა, ჰერმიონი და
განსაკუთრებით ლუსი – ლოგინში რამდენიმე საათის წინ
ჩაგორდებოდნენ და ქორწინების ვალს ხმაურიანად,
მხიარულად აღასრულებდნენ; ჯვრისწერას არც
დაუცდიდნენ. მზრუნველები და კეთილშობილები ახლა
ალბათ იმას ფიქრობენ, ფლორენსი ყველაზე ბედნიერი
პატარძალიაო. გოგონას მეგობრებთან არასდროს უთქვამს
ტყუილი, მაგრამ არც სიმართლე დასცდენია. დაქალებზე
ფიქრისას თავისი არსებობის ახალი გემო იწვნია: სულ მარტო
იყო.
ედუარდს ხელი არ გაუნძრევია (ალბათ, ზედმეტი
აღტკინების ეშინოდა), მხოლოდ ადგილზე ირწეოდა და
ფლორენსს ბარძაყს უზელდა. ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ
გოგონას ყურადღება გაეფანტა. ვაჟი ვერ ხვდებოდა, ფეხზე
მიფერებისას ცერით საცვლიდან გამოჩრილ მარტოხელა თმის

65
ღერს ფესვიანად რომ ამოძრავებდა, კანქვეშა ნერვებს
აღიზიანებდა და ქალში სიამოვნების ბოროტ, სულს
იძახებდა, მოუხელთებელ ჩანასახს, უსასრულოდ პატარა
გეომეტრიულ წერტილს, სრიალა კიდეს რომ უახლოვდება და
იბერება. ფლორენსი შეგრძნებას მთელი არსებით
გაუძალიანდა, მაგრამ მისკენ გადაიხარა. როგორ შეუძლია
ცალი თმის ფესვს მთელი სხეული დაიმორჩილოს? ედუარდი
ხელს მოზომილად უფათურებდა. ფლორენსს ჟრუანტელმა
დაუარა, მუცლამდე ავიდა და ქვემოთ, ხორცის ნაპრალისკენ
დაიძრა. უცხო გრძნობა არ იყო – ტკივილსა თუ ქავილს
ჰგავდა, ოღონდ უფრო რბილს, თბილსა და ცარიელს;
უჩინარი უჯრედებიდან დაძრული სასიამოვნოდ
ალმოდებული ტალღები სხეულის სიღრმეში ჩაეღვარა.
ცხოვრებაში პირველად ედუარდის მიმართ სიყვარულს
ფიზიკურად შეიგრძნობდა და თავბრუ ეხვეოდა. აქამდე
მხოლოდ თბილ ემოციებში იხარშებოდა, სიკეთისა და
ნდობის ღუნღულა პლედში გახვეული. გოგონას ზედმეტი არ
უთხოვია, არც წუწუნებდა. ლოგინზე მჯდარმა კი ხორციელი
ვნება გამოსცადა, ახლობელი და უცხო, მაგრამ თავისი;
საკუთრივ ფლორენსის. სული მოითქვა, დანარჩენებისგან
არაფრით გამოვირჩევიო. თოთხმეტი წლის ასაკში, როცა
ყველა მის მეგობარს მკერდი წამოეზარდა, თავად კი ცხრა
წლის სასოწარკვეთილ გოლიათს ჰგავდა, ერთ საღამოს
სარკის წინ ახლად შემაგრებული ძუძუსთავები აღმოაჩინა.
დედამისი ქვედა სართულზე სპინოზას კითხვაში გართული
რომ არ ყოფილიყო, გოგონა გამარჯვების ყიჟინას დასცემდა.
ახალი ამბავია: კაცთა მოდგმის უბადრუკ ქვედა ფენას არ
წარმოადგენდა. ხალხის მასას აღტაცებული შეუერთდა.
ახალდაქორწინებულები ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ,
მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ფლორენსი თავს
იკატუნებდა: ედუარდი კაბის ქვეშ არ ეფერება, ხვეულ თმას
არ უსრესს, არც წამიერი შეგრძნება ათრობს. ვაჟის მიღმა
66
შორეული წარსულის სურათი ეკიდა – ღია კარი, დარაბებთან
გაშლილი მაგიდა და დაუმთავრებელი ვახშმის ნარჩენები –
მაგრამ გოგონა იქით გახედვას ვერ ბედავდა. ცოტა ხანში
მაამებელ სიმსუბუქეს წინ აღუდგა შიშის დაუნგრეველი,
ვეებერთელა კედელი. ფლორენსს იმედი ჰქონდა, ედუარდი
კარიბჭის გასაღებს ვერასდროს მიაგნებსო. ახალ
შეგრძნებებში გადავარდნილმა უკან დაიხია. ნეტავ დრო
გაიწელოს, ტანსაცმელი არ გაიძრონ, წაბლისფერი თვალები
და ნაზი თითები არ მოაშორონ, ღვთიურ ნეტარებას ბოლო არ
მოეღოს... თუმცა ხვდებოდა, შეუძლებელს ითხოვდა და
როგორც ხშირად სმენია: იქამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა.

***

ედუარდს სახე ძველებურად ახურებოდა, თვალები


დაეჭყიტა და პირს ვერ ხურავდა; ხშირად, არათანაბრად და
ღრმად სუნთქავდა. ქორწინებამდე ერთკვირიანი მზადება და
თავშეკავება ახალგაზრდა სხეულს უწამლავდა. ძვირფასი და
მშვენიერი ფლორენსი წინ ეჯდა, თავად კი არ იცოდა, რა
ეღონა. ჩამავალი მზის შუქში ცისფერი კაბა, ვერაფერი რომ
ვერ მოუხერხა, გაფითქინებულ თეთრეულზე ლურჯად
ელავდა. გოგონას გრილ ბარძაყს რომ შეეხო, აღტაცებულ
ედუარდს თავბრუ დაეხვა. მეუღლეს თვალებში უყურებდა
და გრძნობდა, სხეულით მისკენ როგორ იხრებოდა.
ცხოველურ ჟინსა და უცოდინრობას შორის გაიჭედა.
ფილმების, ბინძური ხუმრობებისა და უხამსი ანეკდოტების
გარდა, ქალის სხეულის შესახებ ყველაფერი ფლორენსისგან
ისწავლა. ნეტავ ვინმეს ერთხელ მაინც ეხსენებინა საცვალთან
ჩაცურებული ხელის ქვეშ ათრთოლებული გოგონას ბოქვენი;
ნუთუ ეს იყო ქალური ორგაზმის საწყისი?! იქნებ,

67
ნერვიულობდა... ედუარდს მწვავე კითხვებზე პასუხი არ
ჰქონდა და გაუხარდა, როცა იგრძნო, რომ ფლორენსი
გაილურსა და დამშვიდდა. ის დღე გაახსენდა, ეველმეს
სიმინდის ყანაში კომბაინს რომ მოახტა, პატრონთან
დაიკვეხნა გამოცდილი ვარო, შემდეგ კი ვერც ერთ ღილაკს
ვერ მიეკარა. საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. ერთი მხრივ,
საძინებელში სწორედ ფლორენსმა შემოიტყუა, ფეხსაცმელები
გაიძრო და ნება დართო, ხელით მიჰფერებოდა. თუმცა,
ედუარდს საზარელი გამოცდილება კარგად ახსოვდა:
საკმარისია ერთი მოულოდნელი მოძრაობა და ყველაფერი
წყალში ჩაგეყრება. სანამ ცერით ბარძაყზე ეფერებოდა,
გოგონა მაცდურად უღიმოდა – სახის ნაკვთები დაუმშვიდდა,
თვალები დაუწვრილდა, მერე გაუფართოვდა, ახლა თავი
უკან უვარდებოდა... და ბიჭის თავშეკავებას აზრი დაეკარგა.
უსასრულო მოლოდინი სიგიჟე იყო. ღვთის გულისათვის,
ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ, ქალი ახელებდა და
სასოწარკვეთილი აიძულებდა, მთავარი ნაბიჯი გადაედგა.
თუმცა ედუარდს წარსული მოგონებები სტანჯავდა, როცა
გოგონას ნიშნებს ალღო ვერ აუღო, განსაკუთრებით – კინო-
თეატრში, „თაფლის გემოს“ ჩვენებაზე, როცა ფლორენსი
სავარძლიდან წამოხტა და დარბაზიდან დამფრთხალი
ქურციკივით გავარდა. იმ შეცდომის გამოსყიდვას რამდენიმე
კვირა დასჭირდა! ედუარდი კიდევ ერთ გაუგებრობას ვერ
გაუძლებდა; თან არ სჯეროდა, ორმოცწუთიანმა ჯვრისწერამ
პატარძალი ძირფესვიანად გამოცვალაო.
ოთახში ჰაერი დამძიმდა და ორივეს სუნთქვა შეეკრა. ბიჭს
ისტერიული მთქნარება აუტყდა, რომელსაც წარბების
შეკვრითა და ნესტოების დაბერვით მალავდა; ფლორენსმა არ
უნდა იფიქროს, რომ მოიწყინა! ედუარდს გული სწყდებოდა,
რომ ქორწინების პირველი ღამე ასე გაურთულდა. მათ ხომ
ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. აჟიტირებულსა და
დაბნეულს, გადაწყვეტილების მიღებისა ეშინოდა; თავის
68
თავს ვერ ენდობოდა. ყოფილა დრო, სულელურად
მოქცეულა. ბრაზისგანაც აფეთქებულა. უნივერსიტეტში
ძალადობისკენ მიდრეკილ დინჯ და გაწონასწორებულ
სტუდენტად იყო ცნობილი. ლაიონელის თქმით, ბავშვობაში
საშინლად ფიცხი იყო და ხშირად ტიროდა. სკოლასა თუ
უმაღლეს სასწავლებელში ხელჩართულ ბრძოლაშიც
არაერთხელ გარეულა. სათამაშო მოედნებზე, აყაყანებული
ბავშვები წრეს რომ შემოარტყამდნენ, სოფლის განაპირა ტყეში
მარტო სეირნობასა თუ ლონდონის პაბებში უსირცხვილო
აყალმაყალში, ედუარდმა მუშტი-კრივის ღვარძლიანი
მოულოდნელობა შეიცნო – თავისი წყნარი ცხოვრებისგან
გამორჩეული დიდებული თავგადასავალი. ჩხუბისთვის
წინასწარ არასდროს ემზადებოდა, მაგრამ რაწამს ლანძღვა-
გინებას, მეგობრების გამხნევებას, დაჯგუფებასა და
მოწინააღმდეგეთა თავგასულობას იგრძნობდა, თავს ვერ
თოკავდა. თვალთ უბნელდებოდა, ყურები უგუბდებოდა და
ისეთ სიამოვნებაში იძირებოდა, თითქოს ძილი შეიბრუნაო.
ტკივილი მხოლოდ მეორე დღეს აწუხებდა, როგორც
ნამთვრალევს. დიდი მოკრივე ვერ იყო, მაგრამ მკლავებს
ანგარიშმიუცემლად იქნევდა; სწორ დროს და სწორ ადგილას
საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. თან ძლიერი იყო.
ფლორენსს მისი სიგიჟე არასდროს უნახავს, არც ედუარდი
აპირებდა საიდუმლოს გამხელას. თვრამეტი თვე უთანხმოება
არავისთან მოსვლია. 1961 წლის იანვარში, ბოლო სემესტრის
მეორე კურსზე, ერთი-ერთზე უკანასკნელად იჩხუბა.
უცნაურია, ედუარდს პირადი გარჩევები არასდროს მოსვლია.
დარწმუნებული იყო, სამართალი ჩემს მხარეს არისო.
მესამეკურსელ ამხანაგთან, ჰაროლდ მათერთან ერთად ოლდ-
კომპტონ სტრიტიდან დინ სტრიტზე „ფრანგული პაბისკენ“
მიეშურებოდა. საღამო ხანი იდგა. ბიბლიოთეკიდან
გამოსვლისთანავე მალეტ სტრიტზე მეგობრებთან
შესახვედრად გასწიეს. მათერი ედუარდის კლასელი რომ
69
ყოფილიყო, ჩაგვრის მსხვერპლი გახდებოდა: ტანმორჩილ
ბიჭს მიჭეჭყილ სახეზე სქელი სათვალე ეკეთა, აუტანელი
ამბისტანია და ჭკუის კოლოფი იყო. თუმცა, უნივერსიტეტში
დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ფლობდა ჯაზის ყველა
მნიშვნელოვან ფირფიტას, ხელმძღვანელობდა
ლიტერატურულ ჟურნალს, გამოსცა მოთხრობა ჟურნალ
„ენქაუნთერში“, ახალისებდა სტუდენტურ დებატებს და
საოცრად გამოსდიოდა ყველას მიბაძვა: მაკმილანის,
გეითსკელის, კენედისა და ხრუშჩოვის (ყალბი რუსული
აქცენტით), სხვადასხვა აფრიკული ქვეყნის ლიდერებისა თუ
კომიკოსების: ელ რიდისა და ტონი ჰენკოკის. ზეპირად
იცოდა ტელესერიალი „საზღვრებს მიღმა“ და ისტორიის
ფაკულტეტზე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.
ედუარდი თავისი დაღვინებული ხასიათით ამაყობდა: ისეთ
ადამიანთანაც მეგობრობდა, რომელსაც ძველად თავს
აარიდებდა.
იმ დროს ზამთრის საღამოებში სოჰო7 გვიან „იღვიძებდა“,
ლუდხანები გადატენილი იყო, მაგრამ კლუბებში ვერ
შეხვიდოდი; ქუჩაში ხალხმრავლობა არ შეგაწუხებდათ.
ოლდ-კომპტონ სტრიტიდან მომავალი წყვილი ადვილად
შენიშნეს. როკერები იქნებოდნენ: ოცდაათი წლის ტიპს თმა
უჩვეულოდ მოეზარდა, ლითონით მოჭედილი ტყავის
ქურთუკი, ვიწრო ჯინსი და ჩექმები ეცვა. მისი მეგობარი
გოგონაც, ხელკავით რომ მოჰყვებოდა, ისევე
გამოპრანჭულიყო. გვერდით ჩავლისას, უცნობმა ხელი
გაუფრთხილებლად გაიქნია და მათერს თავში წამოარტყა. ეს
უკანასკნელი შეტორტმანდა და ბადი ჰოლის8 მსგავსი
სათვალე მიწაზე დაუვარდა. უცნობმა მათერის სიმაღლისა და
ჩაფსკვნილი ტანის მიმართ გამოხატა ზიზღი; ან ებრაელს

7 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ლონდონში


8 50-იანი წლების ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი
70
მიამგვანა... შეიძლება ისიც იფიქრა, გოგონას გავართობო.
ედუარდს წამი არ დაუკარგავს. წყვილს რომ დაეწია,
ჰაროლდის კივილი მოესმა: „არა“, ან „არ გინდა“, მაგრამ
ვნებას აყოლილს აღარაფერი ესმოდა. ძილ-ბურანში
დაბრუნდა. ამ შეგრძნებას ვერაფერი გაუგო: ზიზღი და
რისხვა აღტაცებაში გადასდიოდა. მარჯვენა ხელი უცნობს
მხარში ჩაავლო და შემოაბზრიალა, მარცხენა ყელში წაუჭირა
და კედელზე ააკრა. კაცმა თავი საწვიმარ მილს მიარტყა.
ედუარდმა იგრძნო, რა სასიამოვნოდ გაიტკაცუნა ლითონმა.
ყელზე ხელი არ გაუშვია და სახეში სულ ერთხელ, მაგრამ
ძლიერად ჩააზილა მუშტი. მერე მათერთან მიბრუნდა და
სათვალის მოძებნაში დაეხმარა. ცალი ლინზა გაბზარულიყო.
მეგობრებმა გზა განაგრძეს და ფილაქანზე ჩაცუცქული
უცნობი უკან მოიტოვეს, ორივე ხელი სახეზე რომ
აეფარებინა, მეგობარი გოგონა კი თავს დასტრიალებდა.
ედუარდმა საღამოს იგრძნო, ჰაროლდ მათერს
მადლიერება რომ არ გამოუხატავს; ბიჭის რამდენიმედღიან
მდუმარებაში უკმაყოფილება და უარესი – სირცხვილის
გრძნობა ჩანდა. ქუჩაში მომხდარი ამბავი პაბში
მეგობრებისთვის არ გაუზიარებიათ, არც მათერს გაურჩევია
ედუარდთან. ხმამაღალი განხეთქილება გულს
დაუმშვიდებდა. ჰაროლდი დიდი აყალმაყალის გარეშე
ჩამოშორდა. მართალია, საერთო ახლობლებთან ერთმანეთს
ხშირად ხედავდნენ, მაგრამ ბიჭი ედუარდისგან თავს შორს
იჭერდა; ძველებური მეგობრობა ვერ აღადგინეს. ედუარდი
ჭკუიდან გადადიოდა იმის წარმოდგენაზე, მათერს ჩემი
უმსგავსო საქციელი არ მოეწონაო, მაგრამ სიმამაცე არ ეყო,
გამოლაპარაკებოდა. ჰაროლდი ვეღარ დაიმარტოხელა.
ედუარდმა თავიდან ისიც იფიქრა, ჰაროლდის დამცირების
ნახვით ღირსება შევულახეო; მერე ქვეყანას დაუმტკიცა, მე
ძლიერი ვარ, ის კი – უმწეო და სუსტიო. ცოტა ხანში
აღმოაჩინა, საშინელი საქციელით თავი მოეჭრა. ქუჩის
71
გარჩევები პოეზიასა და ირონიას, ბიბოპსა9 თუ ისტორიის
შესწავლას არ უხდებოდა. უგემოვნობა გამოავლინა. გულის
სიღრმეში სულ სხვა ადამიანი ყოფილა. ყველა მამაკაცის
თანდაყოლილი ვნება, საინტერესო გასართობი ახლა
ვულგარულობად ეჩვენა. სოფლელი ბიჭი იყო, პროვინციელი
იდიოტი, რომელსაც სჯეროდა, მუშტების ქნევით მეგობარს
გავაკვირვებო. გულისამრევი აღმოჩენა იყო.
ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ ნიშნულს მიადგა:
სურდა, ყველას მოსწონებოდა. მას შემდეგ ედუარდს ჩხუბში
მონაწილეობა არ მიუღია.
თუმცა, ქორწინების პირველ ღამეს თავს არ ენდობოდა.
ეგონა, ცოტა ხანში თვალთ დამიბნელდება და ყურები
დამიგუბდება, ტერვილ ჰითის ზამთრის ბურუსში გავეხვევი
და სახეს საბოლოოდ დავკარგავო. ფლორენსის გვერდით
იჯდა, ხელი გოგონას კაბის ქვეშ ჰქონდა შეცურებული და
ბარძაყზე წუთ-ნახევრის განმავლობაში ეფერებოდა.
მტკივნეული წყურვილი ახრჩობდა და შეეშინდა, ველური
მოუთმენლობის გამო საზარელი სიტყვები არ წამომცდეს, ან
ისეთი არაფერი ჩავიდინო, თორემ დღესასწაული წამში
დასრულდებაო.
ფლორენსი სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ უნდოდა
შეენჯღრია, მუსიკოსის გაყინული თავდაჭერილობიდან
გამოეყვანა, მოეცილებინა ჩრდილოეთ ოქსფორდის
ზნეჩვეულებები და ეთქვა: ყველაფერი მარტივადაა,
უკიდეგანო ვნებითი თავისუფლება ხელის გაწვდენაზეა;
მღვდელმა ნება დართო – დაე გემსახურო ჩემი სხეულით –
ბინძური, მხიარული, შიშველი თავისუფლება გამოეცადათ,
ვაჟმა გონებაში გიგანტურ, ცარიელ ტაძრად რომ
წარმოიდგინა, ოდნავ შელახულ, უგუმბათო, ცაში

9 ბიბოპი – იგივე ბოპი, ჯაზის ერთ-ერთი მიმდინარეობა

72
ატყორცნილ ნაგებობად, სადაც ჩახუტებული საყვარლები
ჰაერში აიჭრებოდნენ და მდუმარე თავდავიწყებით
ერთმანეთში ჩაიღვრებოდნენ. ღმერთო, მარტივია! სად არის
ფრთები? აქ რატომ სხედან, საკუთარ გრძნობებსა თუ
უთქმელობაში გამომწყვდეულნი?
ხელს რა უშლიდათ? ხასიათი და წარსული, უცოდინრობა
და შიში, თავშეკავებულობა, წუნიაობა, თავდაჯერების,
გამოცდილებისა თუ უშუალობის ნაკლებობა, დრომოქჭმული
რელიგიური კანონები, ინგლისელობა და კლასობრივი
განსხვავება, ისტორია. დიდი ვერაფერი... ედუარდმა ხელი
აიღო, გოგონა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში აკოცა; თავს
იკავებდა, ენა სასაზე აიკრა. მერე ლოგინზე დააწვინა და
მკლავი თავქვეშ ამოუდო. გვერდით მიუწვა, იდაყვს
დაეყრდნო და სახეში მიაშტერდა. წყვილის მოძრაობაზე
საწოლმა საბრალოდ გაიჭრიალა; წინა
ახალდაქორწინებულების ამოკივლებამ კიდევ ერთხელ
გაახსენა, როგორი გამოუცდელები იყვნენ. ვაჟმა მათი
წარმოდგენისას სიცილი გაჭირვებით შეიკავა; წარსულ
წყვილთა ლანდების რიგი დერეფანში ჩამოდგა, კიბის
გავლით მისაღებ ოთახამდე გაიჭიმა და დროს შეერია. არა,
ამაზე არ უნდა ეფიქრა; იუმორი ეროტიკის პირველი მტერია.
ვერც იმას წარმოიდგენდა, ფლორენსს მისი როგორ ეშინოდა.
ხელ-ფეხი შეეკრა. მკლავებში მოქცეული გოგონა თვალს არ
აცილებდა, წაშლილ სახეზე გრძნობები არ ეწერა. ღრმად და
თანაბრად სუნთქავდა; თითქოს ეძინა. ედუარდმა მისი
სახელი გაიმეორა და სიყვარულში გამოუტყდა. ფლორენსმა
თვალები ააფახურა, ბაგეები გახსნა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო:
შეწინააღმდეგებას აპირებდა, თუ დათანხმებას? ვაჟმა
თავისუფალი ხელით საცვალი გახადა. გოგონა დაიძაბა,
მაგრამ არ გაუძალიანდა; უკანალი ნელა ასწია საწოლიდან.
ლეიბის სიმები დაიჭიმა და ყელგამოჭრილ ბეკეკასავით
დაიბღავლა. ედუარდს ცალი ხელი ფლორენსის თავქვეშ ედო,
73
მეორე კი მუხლამდე სწვდებოდა. გოგონამ ფეხები მოკეცა და
საცვლის გახდაში მიეხმარა. კიდევ კარგი! კაბის შესაკრავს
აღარ მიეკარებოდა და ლიფი – ცისფერი აბრეშუმითა და
ძვირფასი მაქმანებით გაწყობილი – დროებით თავის
ადგილზე დარჩებოდა. შიშველი, ჰაეროვანი ჩახუტება...
მშვენიერ ფლორენსს სამოსი ბარძაყებამდე ჰქონდა აწეული,
ბოქვენის ხვეული თმა კი თეთრეულს შეეხო. მზის
ქალღმერთი! ედუარდმა კიდევ აკოცა. ვნებისა და
თავმოუბმელობისგან გული ერეოდა. შარვლის გასახდელად
ედემური სიმშვიდე უნდა დაერღვია. ჯადოსნური მომენტი
დაიკარგებოდა. უჩინარი ცვლილება, პაწაწინა
წინდაუხედაობა, ეჭვის მარცვალი და გოგონა გაექცეოდა.
თუმცა ედუარდს სჯეროდა, სექსის დროს – განსაკუთრებით,
ქორწინების პირველ ღამეს – უბრალოდ, ელვის შეხსნა
უხამსობა და უსაქციელობა არისო. ფლორენსს დიდ პატივს
სცემდა.
ცოტა ხანში წამოხტა, ფანჯარასთან მივიდა და
ტანსაცმელი შემოიძრო; ლოგინში ასეთი ბანალური ვერ
იქნებოდა. ფეხსაცმელი ქუსლებით გაიხადა, წინდებს ცერები
მიახმარა. შენიშნა, მეუღლე მას კი არა, საწოლის ბალდახინს
აკვირდებოდა. რამდენიმე წამიც და ედუარდი პერანგსა და
პალსტუხში დარჩა. მაჯაზე საათი ეკეთა. ვაჟის ერექცია,
თეთრ ქსოვილში ნახევრად რომ იმალებოდა, როგორც
ქალაქის ცენტრში წამოჭიმული გაუხსნელი ქანდაკება,
გოგონას ტანსაცმლით დადგენილ წესს მიხვდა. ედუარდი
ფლორენსისკენ დაიძრა, სულელურად შერჩენილი ჰალსტუხი
ცალი ხელით მოიშორა და ზედა ღილი შეიხსნა.
თავდაჯერებულად მიაბიჯებდა და უეცრად ძველი
ედუარდი გაახსენდა, ჩხუბში გაწვრთნილი, მაგრამ
ძირფესვიანად კეთილი, პატიოსანი ახალგაზრდა. მოგონება
წამში გაქრა. ჰაროლდ მათერის აჩრდილი თავს არ ანებებდა...

74
***

ფლორენსი არ წამომჯდარა, მხარიც არ უცვლია; ზურგზე


იწვა და ბოძებს შორის დაშვებულ ნაცრისფერ მოქარგულ
ქსოვილს უყურებდა, მისი აზრით, საძინებლისთვის ძველი
ინგლისის აგურის ციხე-კოშკებისა და აღვირახსნილი
სიყვარულის ელფერი რომ უნდა მიეცა. ნაჭერზე მონეტის
ზომის მწვანე ლაქას მიაჩერდა – ეს საიდანღა გაჩნდა? – ნიავში
რბილად რომ ირწეოდა. მომავალზე ფიქრი არ უნდოდა, არც
წარსულს იხსენებდა, ჰაერში გამოკიდებულ წამებს მიეჯაჭვა,
ძვირფას აწმყოს, როგორც მთამსვლელი, დამცავი თოკის
ნაცვლად კლდის პირს რომ აკრულა. შიშველ ფეხებზე გრილი
სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა. შორეული ტალღების,
მშიერი თოლიებისა და ედუარდის ტანსაცმლის შრიალი
ესმოდა. წარსული მაინც თვალწინ დაუდგა; მშობლიური
მოგონება. მოგონებები ზღვის სურნელმა აუშალა. თორმეტი
წლის იყო, მუხებს შორის ზუსტად ასე ათრთოლებული იწვა
და ელოდა. სირცხვილმა გონება დაუბინდა. ორდღიანი
მოგზაურობის შემდეგ შერბურიდან სამხრეთით, კარტერეს
მშვიდ ნავსაყუდელში გაჩერდნენ. მწუხრი იდგა, მამამისი
ბინძურ კაიუტაში სამოსს ედუარდივით იხდიდა.
ტანსაცმელი შრაშუნებდა, ქამრის ბალთამ გაიტკაცუნა... იქნებ
ხურდები იყო, ან გასაღები? ფლორენსმა თვალები დახუჭა და
საყვარელი მელოდია გაიხსენა. გრძელი მოგზაურობიდან
მორჩენილი დამპალი საჭმლის მოტკბო სურნელი მოაგონდა.
აზვირთებულ ტალღებში მოქცეული, მამას ვერაფერში
დაეხმარა და თავს დამნაშავედ გრძნობდა; უსარგებლო
მეზღვაური.
ახლა მომავალზე დაფიქრდა. იმედი ჰქონდა, რაც არ უნდა
მოხდეს, სიამოვნების განცდა დამიბრუნდება, შიშს

75
გამიყუჩებს და შერცხვენას ამარიდებსო. წარმოუდგენელია...
განცდის მოგონება, შეცნობა და მასში ჩაძირვა, მშრალ
ისტორიულ ფაქტად იქცა. ერთადერთხელ გადახდა თავს,
როგორც თავის ქვეყანას, ჰესტინგსის ბრძოლა. თუმცა, სხვა
გზა არ დარჩა. დრო ხელში უნდა აეღო, ბროლის ძველისძველ
ბურთულასავით, ხელიდან თუ გაგივარდა, აუცილებლად
რომ დაიმსხვრევა. არ უნდა გაინძრეს!
იგრძნო, როგორ ჩაიზნიქა საწოლი. ბალდახინების სურათი
ედუარდის სახემ ჩაანაცვლა. ფლორენსმა მორჩილად ასწია
თავი, რომ ვაჟისთვის ხელის დასადები ადგილი
გამოეთავისუფლებინა. ედუარდმა მთელი სხეულით მიიკრა.
გოგონამ მისი ნესტოების წყვდიადში ჩაიხედა და მარცხენა
მხარეს ცალი, შუაზე მოხრილი თმა შენიშნა, როგორც წმინდა
გამოქვაბულის წინ ძრწოლით თავჩაქინდრული კაცი.
მოსწონდა ვაჟის ზედა ტუჩის მკაცრი, სევდიანი
მოხაზულობა. ცხვირთან მოვარდისფრო ლაქა ემჩნეოდა,
წამოზნექილი ბორცვი, ამოხეთქილი მუწუკის აჩრდილი.
თეძოსთან ედუარდის ცოცხის ტარივით გამაგრებული ასო
იგრძნო, მგზნებარედ მფეთქავი, მაგრამ აინუნში არ ჩაუგდია.
ერთი ოცნება ჰქონდა, თვალი არ შევავლოო.
ბიჭმა თავი დახარა და მეუღლეს აკოცა, ენის წვერით
ფრთხილად შეეხო და გოგონამ უსაზღვრო მადლიერება
იგრძნო. აღმოაჩინეს, რომ ქვედა სართულიდან არაფერი
ისმოდა – არც რადიო, არც საუბარი – და ერთმანეთს
სიყვარულში ჩურჩულით გამოუტყდნენ. ფლორენსს თავის
მოკატუნება სიამოვნებდა, თითქოს საერთო სურვილები
ამოძრავებდათ. გაიფიქრა, იქნებ საქმე ბოლომდე მივიყვანო,
მომავალში კი ნაცნობ სხეულთან ზიარებაში სიამოვნების
მიღება და გაცემაც ვისწავლოო. მომავალში ედუარდთან
ყველაფერს სიცილით გაიხსენებდა: უცოდინარი, ჭკუათხელი
და საბრალო გოგო ვიყავიო. ადრე მკერდზე შეხებისას უკან
იხევდა, ახლა კი მშვიდად იწვა. ფლორენსს გული მიეცა და
76
ედუარდის მკერდში ჩარგო თავი. ვაჟს გულის ჯიბეში
პრეზერვატივები უშრაშუნებდა. მისი ხელი მეუღლის
სხეულზე დაცურავდა და კაბის კალთებს წელამდე უკეცავდა.
მართალია, სასიყვარულო თავგადასავლებსა თუ ყოფილ
გოგონებზე კრინტს არ ძრავდა, მაგრამ ფლორენსი
დარწმუნებული იყო, გამოცდილი ქმარი შემხვდაო. ღია
ფანჯრიდან შემოვარდნილმა ზაფხულის სიომ ბოქვენის
თმაზე გადაურბინა. გოგონამ წყალში ღრმად შეტოპა; უკან
ვერ დაბრუნდებოდა.
ვერ წარმოიდგენდა, ხორციელი სიყვარული ასეთი მძაფრი
დუმილის ფონზე თუ ჩაივლიდა. თუმცა, ცნობილი სამი
სიტყვის გარდა, რა უნდა ეთქვა, რომ ყალბი ან სულელი არ
გამოსულიყო? ედუარდი ხმას არ იღებდა; ფლორენსმა
იფიქრა, სიჩუმე ჩვენი დიალოგიაო. ერჩივნა ბავშვური და
თბილი ფრაზები გაემეორებინათ, როგორც მაშინ,
ჩრდილოეთ ოქსფორდის სახლის საძინებელში, გრძელ
საღამოებს ტანსაცმლის გაუხდელად კოტრიალში რომ
ფლანგავდნენ. უნდოდა, მეუღლის სიახლოვე ეგრძნო, რომ
გონებაში აფუთფუთებული შიშის დემონი დაემარცხებინა.
უნდა სცოდნოდა, გვერდით კეთილი და მზრუნველი
მეგობარი ეწვა; მამაკაცი, რომელიც მისი სხეულის
გამოყენებას არ ეცდებოდა. თუ არადა, ყველაფერი
ჩაუფლავდება და მარტო დარჩება! ედუარდისგან
სიყვარულის გარდა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის
აღიარებას ელოდა...
‒ მითხარი რამე, – თავი ვერ შეიკავა ფლორენსმა. ვაჟს
ხელი გოგონას ჭიპის ქვემოთ გაუშეშდა. თვალებში
მიაშტერდა და ტუჩი აუთრთოლდა: ნერვიულობდა, ან
ღიმილს იკავებდა; იქნებ შესაფერის სიტყვებს ეძებდა.
კიდევ კარგი, ქალს ხუმრობაში აჰყვა და ძველებური
ბრიყვული სახე დაიბრუნა.

77
– მშვენიერი სახე და კეთილი ხასიათი გაქვს, ეშხიანი
იდაყვები და მუხლები, ლავიწი, თავის ქალა და ვიბრატო,
ყველა კაცს რომ გააგიჟებს, შენ კი მხოლოდ მე მეკუთვნი;
კმაყოფილი და ამაყი ვარ, – ნაღვლიანად თქვა ბიჭმა.
– ძალიან კარგი. შეგიძლია ვიბრატო დამიკოცნო, –
უპასუხა გოგონამ.
ედუარდმა მეუღლის მარცხენა ხელი აიღო და ენით შეეხო
მევიოლინის ნატიფ თითებსა და უჩინარ კოჟრებს. მერე
ტუჩებზე დაეკონა და ფლორენსს იმედით აევსო გული.
უეცრად ვაჟს მკლავები დაეჭიმა და გოგონას ზემოდან
სხარტად მოექცა. იდაყვებითა და ხელისგულებით
შეკავებული წონა ფლორენსს მაინც მთელი სიმძიმით დააწვა.
ადგილზე გაშეშებულს სუნთქვა შეეკრა. გული დასწყდა, რომ
ედუარდი ბოქვენზე არ მიეფერა, ვნებამ აიტანა და უცნაურ
რხევას მოჰყვა. მთავარია, სახე არ წაეშალოს, ზიზღმა და შიშმა
არ დასძლიოს და მეუღლე არ შეარცხვინოს, თორემ ეს
უკანასკნელი იფიქრებს, ჯობდა, საცოლედ სხვა ქალი
ამერჩიაო.
ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს! არ გააგებინებს, თავის
მოსათოკად რამხელა ძალისხმევა სჭირდება. მხოლოდ ის
უნდა, ედუარდს ასიამოვნოს, ღამემ წარმატებით ჩაიაროს და
მისი ასოს უჩვეულოდ გრილ თავზე არ იფიქროს,
გაუთავებლად რომ ეხლება შარდსადინარზე. შფოთვა და
ზიზღი დაიოკა. მზად არის საყვარელ ადამიანს სანუკვარი
ოცნება აუხდინოს და თავი უფრო ძლიერად შეაყვაროს.
გოგონამ ხელი ვაჟის უბესთან ჩააცურა. ედუარდმა ტანი
აზნიქა და ადგილი გაუთავისუფლა. ფლორენსს წითელი
სახელმძღვანელო გაახსენდა, სადაც შავით თეთრზე ეწერა:
„სასურველია, პატარძალმა მეუღლეს სხეულის გზა
აპოვნინოს“.

78
თავდაპირველად ყვერები მოუძებნა და თითებით
უშიშრად მიეფერა ამ ეკლიან ქისას, ძაღლებსა და ცხენებზე
ბევრჯერ რომ უნახავს, მაგრამ ვერ იჯერებდა, ზრდასრული
ადამიანის სხეულსაც თუ მოერგებოდა. ქვევიდან აუყვა და
პენისის ძირს მიადგა; ფრთხილად მოუჭირა, რადგან არ
იცოდა, როგორი მგრძნობიარე, ან თავნება იყო. ასოს გლუვ
ზედაპირს გაუყვა და თავი ნაზად შეარხია. გათამამებულმა
უკან დაიხია და უცხო სხეული მაგრად ჩაბღუჯა,
მიმართულება შეუცვალა და საშოს ბაგეებზე გრილი შეხება
იგრძნო.
საიდან უნდა სცოდნოდა, საშინელ შეცდომას რომ
უშვებდა? არასწორ ადგილს შეეხო? ზედმეტად მოუჭირა?
ედუარდმა დაიკივლა, მერე შემაძრწუნებლად გრძელი
ხმოვნების რიგი ამოუშვა, ფლორენსს მხოლოდ სასაცილო
ფილმში რომ ჰქონდა მოსმენილი, სადაც ოფიციანტი ჯერ
ერთ მაგიდას მიაწყდა, მერე – მეორეს და სცადა წვნიანის
თეფშების კოშკი იატაკზე არ დაენარცხებინა.
შეშინებულმა გოგონამ მეუღლეს ხელი გაუშვა. ედუარდს
ზურგის კუნთები დაეჭიმა, წამოხტა და თავშეუკავებელ
თბილ შხეფებად დაიღვარა ფლორენსის ჭიპზე, მუცელზე,
ბარძაყებსა თუ მის მუხლისთავზე. ბოროტი წვეთები
პატარძლის ნიკაპსაც მისწვდა. ხელი მოეცარათ! გოგონა
დარწმუნებული იყო, ყველაფერი ჩემი ბრალია,
გამოუცდელი, უცოდინარი და სულელი ვარო.
სახელმძღვანელოსთვის ყური არ უნდა დაეგდო; საქმეში არ
უნდა ჩარეულიყო. იფიქრებდით, ვაჟს ყელი გამოსჭრესო.
როგორც ყოველთვის, ფლორენსმა ყველაფერი თავის თავზე
აიღო და ისედაც ჩახლართულ საქმეს ბოლო მოუღო; ხომ არ
იფიქრა, სიმებიანი კვარტეტის რეპეტიცია მაქვსო?!
უარესიც – ძველისძველი მოგონებები ამოუტივტივდა,
რომლებიც დიდი ხნის წინ დაიჯერა, მე არ გადამხდენიაო.

79
წუთის წინ ამაყობდა, გრძნობები მოვთოკე და სიმშვიდე
შევინარჩუნეო. ახლა კი ზიზღს ვერ იკავებდა: უცხო
სხეულიდან აფეთქებული წებოვანი სითხით დასველდა,
რომელიც ზღვიდან მონაბერ ქარში წამში გახმა, მაგრამ
გოგონა არ შემცდარა, სხეული ეწვოდა. ყელში პირღებინების
მსგავსად მომდგარ კივილს ქვეყნად ვერაფერი ჩაუხშობდა.
მძაღე სამალავში დიდხანს გამოკეტილი და სახამებლის
სუნად აქოთებული უცხო რძე კანზე შეუსქელდა. ფლორენსი
თავს ვერ შეიკავებდა; ახლავე უნდა მოეშორებინა! ედუარდს
ასო დაუპატარავდა, გოგონა კი წამოჯდა, ლოგინის
გადასაფარებლიდან ბალიში ამოაძვრინა და ტანზე
გაშმაგებით გაისვა. სასოწარკვეთილი იმასაც ხვდებოდა,
საზიზღრად რომ იქცეოდა; ედუარდს გული კიდევ ერთხელ
დასწყდება, როცა დაინახავს, თავისი სხეულის ნაწილს
ფლორენსი კანიდან როგორ იწმენდს. სპერმის მოცილება
რთული საქმე გამოდგა. საძაგლად იწელებოდა და გოგონას
ეკვროდა, ზოგან ქვასა ვით გამაგრდა და აპრიალდა.
ფლორენსი ორად გაიხლიჩა: ერთი ნაწილით ბალიშით ტანს
იხეხავდა, მეორე თითქოს გვერდიდან აკვირდებოდა და
საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ზურგით ედუარდის
გაოგნებული მზერა იგრძნო; ცოლად ისტერიული, ბოროტი
ქალი მოიყვანა...
ფლორენსი ამ სახეს ვერ დაივიწყებს! მეუღლეს
ცხოვრებისეულ სასჯელს გამოუტანს. სასწრაფოდ უნდა
გაეცალოს!
სირცხვილისა და სიბრაზისგან ათრთოლებული
საწოლიდან გადახტა. ცნობიერის მეორე ნაწილი საძინებლის
კუთხიდან მშვიდად უმეორებდა: ეს ყოფილა რისხვა.
ედუარდს თვალი აარიდა. ოთახში იმ მამაკაცთან ვერ
დადგებოდა, რომელმაც გონდაკარგული იხილა. გოგონამ
ფეხსაცმელებს ხელი დასტაცა და სასტუმრო ოთახში
გავარდა, ხელუხლებელ ვახშამს ჩაუარა და დერეფანში
80
გავიდა, კიბე ჩაირბინა, მთავარი შესასვლელი კარი გააღო და
ხავსიანი მინდორი გადაირბინა. სანაპირომდე ჩავიდა, მაგრამ
არ გაჩერებულა...

81
თავი მეოთხე

ედუარდისა და ფლორენსის პირველი შეხვედრიდან


ღვთისმშობლის ეკლესიაში ქორწინებამდე (სენტ-ჟილიდან
ნახევარ მილში რომ იდგა), ვაჟი მთელი წლის განმავლობაში
ერთი ღამით სტუმრობდა ვიქტორიანული სტილის
დიდებულ ვილას ბენბური როუდზე. ვიოლეტ პონტინგმა
სასიძო ქალიშვილისგან მოშორებით, ზედა სართულზე, ე.წ.
„მცირე ოთახში“ გაამწესა. ფანჯრიდან გალავნიანი ბაღის
ხედი იშლებოდა, საიდანაც კოლეჯისა თუ მოხუცებულთა
თავშესაფრის შენობა იდგა. ედუარდმა ბოლომდე ვერ
გაარკვია, რომლის... „მცირე ოთახი“ ტერვილ ჰითის კოტეჯის
ყველაზე დიდ საძინებელზე მოზრდილი იყო; აქ მეიჰიუების
სასტუმრო ოთახიც თავისუფლად დაეტეოდა. ერთ-ერთ
კედელზე ლათინურსა და ბერძნულ ენებზე შედგენილი
ენციკლოპედიებით გადავსებული თეთრი თაროები ეკიდა.
ედუარდს განათლებულ ახალგაზრდად თვლიდნენ, მაგრამ
ხვდებოდა, ფლორენსის ოჯახის წევრებს საწოლის ტუმბაზე
დატოვებული ეპიქტეტუსისა თუ სტრაბონის წიგნებით ვერ
გააკვირვებდა. პონტინგების სახლში ყველა კედელი თეთრად
ბრდღვიალებდა – აქ ვერ ნახავდით ზოლებიან თუ
ყვავილებიან შპალერს – იატაკიც ფიცრული იყო. ზედა
სართული მხოლოდ ედუარდის განკარგულებაში იყო:
დიდებული აბაზანა დერეფნის ბოლოში, ვიქტორიანული

82
ფანჯრებითა და გაპრიალებული ხის ფილებით
დამშვენებული. კიდევ ერთი სიახლე!
ბიჭს ფართო და უჩვეულოდ მაგარი საწოლი ერგო.
კუთხეში, დახრილი სახურავის ქვეშ, სუფთა მაგიდა,
ანგელოზივით წამოჭიმული ნათურა და ლურჯად შეღებილი
სამზარეულოს სკამი იდგა. არ ჩანდა ნახატები, ხალიჩები და
ორნამენტები, ჟურნალიდან ამოჭრილი ფოტოები, თითქოს
ოჯახში არავის ჰქონია ჰობი ან სხვა გასართობი. ედუარდი
ცხოვრებაში პირველად იცავდა სისუფთავეს და მალე
იგრძნო, ასეთ ოთახში რა მარტივია დალაგებულად
აზროვნება. სწორედ აქ, ნოემბრის ერთ მშვენიერ ღამეს,
ედუარდმა ვიოლეტ და ჯოფრი პონტინგების სახელზე
ოფიციალური წერილი შეადგინა, რომელშიც ქალიშვილის
ხელს სთხოვდა.
გოგონას მშობლები კმაყოფილები დარჩნენ და კვირა დღეს
სასტუმრო „რენდოლფში“ ახალგაზრდების ნიშნობა საოჯახო
სადილზე აღნიშნეს. ედუარდი ისეთი გამოუცდელი იყო,
პონტინგებთან დამოყვრება არ გაჰკვირვებია.
ზრდილობიანად დაიჯერა, რომ ფლორენსის მეგობარ ბიჭს
(შემდეგში – საქმროს), ჰენლიდან ოქსფორში ავტობუსით თუ
უფულოდ მგზავრობის შემდეგ აუცილებლად დახვდებოდა
თბილი ოთახი და ცხელი საჭმელი, სადაც მთავრობასა თუ
მსოფლიო კრიზისზე აზრს ჰკითხავდნენ; დაუკითხავად
გამოიყენებდა ბიბლიოთეკას და მშვენიერ ბაღჩას, კრიკეტისა
თუ ბადმინტონის მოედნებს... მადლიერი იყო, თუმცა არ
უკვირდა, როცა ბინძურ ტანსაცმელს დანარჩენებს
შეურევდნენ, გაუთოებულს კი ლოგინის კიდეზე
დაუტოვებდნენ; დამლაგებელი ქალი კვირაში ხუთჯერ
ემსახურებოდა.
გასაგებია, რატომ არჩევდა ჯეფრი პონტინგი სამერთაუნის
კორტებზე სასიძოსთან ჩოგბურთის თამაშს. ედუარდი

83
საშუალო დონის მოთამაშე იყო – სიმაღლის წყალობით
გვარიანად აწოდებდა, ხაზიდან კარგი ჩაგდებაც
გამოსდიოდა; თუმცა ბადესთან მისული იბნეოდა, ჩოგნის
ხელუკულღმა მოქნევა უჭირდა და ბურთს მარცხნიდან
უვლიდა. ვაჟს შეყვარებულის მამა აშინებდა; ფიქრობდა,
ჯეფრი პონტინგს თვითმარქვია, ქურდი ან ყაჩაღი ვეგონები,
რომელსაც ფლორენსის ქალიშვილობის მიტაცება და
გადამალვა უნდაო. ჩოგბურთის მოედნისკენ მიმავალ
მანქანაში ედუარდი მომავალ მატჩზე ღელავდა: გამარჯვება
უზრდელობაში ჩამეთვლება, მაგრამ თუ კარგად არ ვითამაშე,
მასპინძელს იმედებს გავუცრუებ და დროს ტყუილად
დავაკარგვინებო. თავს ტყუილად იმტვრევდა. პონტინგი
განსხვავებული ტიპის სპორტსმენი იყო, ორმოცდაათი წლის
მამაკაცისთვის შეუფერებლად სწრაფი, მოხერხებული და
დაუღალავი. პირველ სეტში ექვსით ერთს იგებდა, მეორეში –
ექვსით ნულს, მესამეს კი ისევ ექვსით ერთით ასრულებდა,
მაგრამ ედუარდის ყველა გამარჯვებაზე გაშმაგებული
ბღაოდა. თავის პოზიციაზე მდგარი ასაკოვანი მოთამაშე
ხმადაბლა ბუტბუტებდა და თავს იმხნევებდა, მეორე ბოლოში
გაჭიმულ ედუარდს მხოლოდ ბილწი სიტყვები ესმოდა.
ხანდახან პონტინგი ტრაკზე ჩოგანს მთელი ძალით
მიირტყამდა ხოლმე. მარტივად გამარჯვება არ უნდოდა;
ყველა ქულა ოფლით უნდა მოეპოვებინა. პირველსა და მესამე
სეტში დაკარგული ორი გეიმის დროს, თუ მსუბუქი
შეცდომებისას ხმამაღლა ყვიროდა: ჯანდაბა! ღვთის
გულისათვის! მიდი, მიდი! შინ დაბრუნებისას ჯეფრი
წარბებშეკრული მგზავრობდა, ედუარდს კი დამსახურებული
ათიოდე ქულა ნამდვილ გამარჯვებად ეჩვენებოდა. ჯეფრი
რომ დაემარცხებინა, შეიძლება ფლორენსი თვალით ვერ
ენახა.
როგორც წესი, ცოცხალი და ენერგიული ჯეფრი პონტინგი
ბიჭს მეგობრულად ეპყრობოდა. შვიდი საათისთვის
84
სამსახურიდან დაბრუნებულს თუ ედუარდი დახვდებოდა,
ალკოჰოლის თაროს მიადგებოდა და ორივესთვის დასალევს
მოამზადებდა: თანაბარი რაოდენობის ჯინი და ტონიკი,
ყინულის ბევრი ნატეხით. ცივი სასმელები ბიჭისთვის უცხო
ხილი იყო. ბაღში ჩამოსხდებოდნენ და პოლიტიკაზე
მუსაიფობდნენ. ედუარდი განაბული ისმენდა მომავალი
სიმამრის აზრებს ბრიტანეთის ჩავარდნილ ბიზნესზე,
პროფკავშირებში საარბიტრაჟო დავებსა თუ ახლად
გათავისუფლებულ აფრიკულ კოლონიებზე. სკამზე მჯდარი
პონტინგი ვერ წყნარდებოდა: სკამის კიდეს ეყრდნობოდა,
თითქოს მზადაა წამოიჭრასო, მუხლებს ათამაშებდა ან ღია
ფეხსაცმელში გაყოფილ თითებს თავის ქნევას აყოლებდა.
ედუარდზე დაბალი იყო, მაგრამ ჩაფსკვნილი, დაბერილ
კუნთებზე ქერა ღინღლი უბიბინებდა, რომლის გამოჩენა არ
ეთაკილებოდა და სამსახურშიც მოკლემკლავიანი
მაისურებით დადიოდა. მელოტი თავი ასაკს კი არა, კაცის
ძალაუფლებას უსვამდა ხაზს. ნარუჯი, მკვრივი და პრიალა
კანი შუბლზე გაბერილ აფრასავით გადაჰკვროდა. ფართო
სახე და მოკლე, დაბუშტული ტუჩები ჰქონდა, პანაწინა
ღილივით ცხვირი და შორიშორს ჩასმული თვალები. ერთი
შეხედვით, გიგანტურ ახალშობილს მოგაგონებდათ.
ფლორენსს მათ საუბრებში ჩართვის სურვილი არასდროს
გასჩენია. იქნებ, პონტინგი უკრძალავდა?! ედუარდმა შენიშნა,
რომ მამა-შვილი ერთმანეთს იშვიათად ეხმიანებოდა და
მოკლე წინადადებებს ცვლიდა. თუმცა უცხო ხალხთან
ურთიერთობისას ერთმანეთისკენ მზერას აპარებდნენ,
თითქოს საიდუმლოს უზიარებდნენ. პონტინგი რუთის
მხარზე მკლავს ხშირად ასვენებდა, მაგრამ ედუარდს
არასდროს შეუმჩნევია, უფროს ქალიშვილს ჩახუტებოდა. ეს
უკანასკნელი ლაპარაკის დროს ხშირად იტყოდა ხოლმე:
„ფლორენსი და შენ“, ან „თქვენ, ახალგაზრდები“,
ვიოლეტისგან განსხვავებით, ნიშნობის ამბავი ძალიან
85
გაუხარდა და სასტუმროში გაშლილ სუფრაზე უამრავი
სადღეგრძელო შესვა. ვაჟმა ისიც იფიქრა, ჯოფრის
ქალიშვილების სახლიდან გაშვება გულს უხარებსო.
სწორედ ამ დროს ფლორენსმა მამას ედუარდის საკუთარ
ფირმაში მოწყობაზე მიანიშნა. პონტინგმა შაბათ დილით
სასიძო თავისი მანქანით უიტნის კიდეზე, ქარხანაში წაიყვანა,
სადაც სამეცნიერო ინსტრუმენტებსა და გადამცემებს
იგონებდნენ და აწყობდნენ. კაცი მანქანას მხნედ მართავდა,
ხის ტოტებს შორის დაძვრებოდა და მშობლიურ
ორთქლადენილ მიწის ბელტებს აბიჯებდა; მეცნიერებითა და
ტექნოლოგიით გაოგნებულმა ედუარდმა ერთი საინტერესო
კითხვა ვერ მოიფიქრა. დღის ბოლოს პატარა, უფანჯრო
ოთახში მელოტ, ოცდაცხრა წლის გაყიდვების მენეჯერს
გადაეყარა, დარჰემის უნივერსიტეტში ისტორიის ხარისხი
რომ მიეღო და სადოქტორო ნაშრომი ჩრდილო-აღმოსავლეთ
ინგლისის შუა საუკუნეების სამონასტრო ცხოვრებაზე
დაეწერა. ედუარდმა შვებით ამოისუნთქა. საღამოს ჯინი და
ტონიკით შემთვრალმა პონტინგმა სასიძოს სამსახური
შესთავაზა. ბიჭს ქვეყნის ყველა მიმართულებით
მოგხზაურობა და პატარა ბიზნესების გადაბირება
ევალებოდა. მანამდე პროდუქციისა და ელექტრონიკის
თავისებურებებს უნდა გასცნობოდა; არც სახელშეკრულებო
სამართლის გადახედვა აწყენდა. ედუარდი სამომავლო
კარიერაში ჩამოყალიბებული არ იყო. იფიქრა, მატარებლით
მოგზაურობისას თუ სასტუმროს ნომრებში ისტორიულ
წიგნებს დავწერო და ჯოფრის ზრდილობიანად დასთანხმდა.
ბიჭი მთელი წლის განმავლობაში პონტინგების სახლს
უვლიდა და ოჯახს მეტად დაუახლოვდა. 1961 წლის
ზაფხულში ბალახები გაკრიჭა (მებაღე ავად იყო),
ბუხრისთვის სამი უზარმაზარი მორი დაჩეხა, მეორე მანქანით
(„ოსტინ-35“) გამოუყენებელი ნივთები ფარეხიდან სანაგვეზე
მიჰქონდა, რადგან ვიოლეტს იქაურობის ბიბლიოთეკად
86
გარდაქმნა ჰქონდა განზრახული. იმავე ავტომობილით
(ჯოფრის „ჰუმბერს“ არ ანდობდნენ) ფლორენსის დაიკო,
რუთი, მეგობრებსა თუ ნათესავებთან დაჰყავდა თემში,
ბენბერსა და სტრეტფორდში; მოგვიანებით შინ აბრუნებდა.
ხანდახან ვიოლეტსაც ემსახურებოდა. ერთხელ ვინჩესტერში
შოპენჰაუერის სიმპოზიუმზე მიიყვანა. გზად ქალმა
„მილენიუმის კულტებზე“ ყველაფერი წვრილად გამოჰკითხა.
რა გავლენა აქვს შიმშილსა და სოციალურ ძვრებს მრევლში?
ანტისემიტიზმის, ეკლესიისა და ვაჭრების სიძულვილის გამო
რუსული სოციალიზმის დასაბამად ხომ არ მოიაზრებოდა?
ყველაზე გამომწვევი შეკითხვები ბოლოსთვის შემოინახა:
ატომური ომი ბიბლიაში ნახსენებ აპოკალიფსს არ ჰგავს?
წარსულისა და ადამიანის ბუნების გამო გამუდმებით იმაზე
ვოცნებობთ, კაცობრიობა როდის აღიგვება პირისაგან მიწისა?
ედუარდი დაძაბული პასუხობდა; კარგად ესმოდა,
განათლებას უმოწმებდნენ. მანქანა ვინჩესტერის გარეუბანში
შესრიალდა. ქალმა პატარა ჩანთიდან პუდრი ამოიღო და
ცხვირზე მოისვა. ვაჟს ყოველთვის აკვირვებდა ქალის თეთრი
მკლავები და წვეტიანი იდაყვები. გაიფიქრა, ნეტავ, მართლა
ფლორენსის დედა თუ არისო. თან საუბრობდა, თან გზას
უყურებდა.
– წარსულსა და აწმყოს შორის განსხვავებების ძიებაზე
მეტად, საერთო ნიშნები მაინტერესებს, – უპასუხა ედუარდმა,
– ერთი მხრივ, სახეზეა რკინის ხანის მიჯნაზე შეთხზული
დაუჯერებელი ზღაპარი, შუა საუკუნეებისთვის
დამახასიათებელი სანდო წყაროებით გადმოცემული; მეორე
მხრივ – საზარელი მოვლენის რაციონალური შიში, რომლის
შეცვლაც შეგვიძლია.
– ვერ გამიგე, – მოკლედ მოუჭრა ქალმა და საუბარი
მარტივად გააწყვეტინა, – საქმე ის კი არ არის, რამდენად
ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები „იოანეს სახარების“ კითხვასა და

87
სამყაროს აღსასრულის მოლოდინში. რა თქმა უნდა,
არასწორად აზროვნებდნენ, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ,
ჭეშმარიტებას მიაგნეს და ამით იხელმძღვანელეს.
ედუარდს სწამდა, ატომური ბომბის შექმნა სამყაროს
აღსასრულისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. რა
მნიშვნელობა აქვს, ცდებოდა თუ არა, მთავარი ის იყო, რომ
მსგავსი იარაღის გამოგონებით მსოფლიო ომი დასრულდა.
ცოტა ხნით კაცობრიობაც დამშვიდდა. ისტორიის
შესწავლისას აღმოაჩინა, საუკუნეების განმავლობაში ხალხის
თვალის აბმას საერთო ხერხებით რომ აღწევდნენ. ედუარდი
მიხვდა, ალმა მიანიშნა, „ბირთვული განიარაღების
კამპანიაში“ გაწევრიანებით, ახალ „მილენიუმის კულტს“
შეუერთდიო. დარჩენილი მანძილი ჩუმად გაიარეს.
მოგვიანებით ბიჭმა ვიოლეტი ჩელტენჰემში წაიყვანა, სადაც
ეს უკანასკნელი ქალთა კოლეჯში ლექციას კითხულობდა
ოქსფორდში განათლების მიღების უპირატესობის შესახებ.
ხმა არცერთი მიმართულებით მგზავრობისას აღარ
ამოუღიათ.
ედუარდი საუცხოო დროს ატარებდა. იმ ზაფხულს
პირველად გასინჯა ლიმონისა და ზეთის სალათა, ერთ-ერთ
საუზმეზე კი – იოგურტი, მდიდრული სითხე, რომელზე
მხოლოდ ჯეიმს ბონდის რომანებიდან იცოდა. მამის უხეირო
კერძებისა და სტუდენტობისას გადამეტებული სწრაფი
კვების ულუფის შემდეგ, თვალებგაფართოებული
აკვირდებოდა უჩვეულო ბოსტნეულს: ბადრიჯანს, მწვანე და
წითელ წიწაკას, ყაბაყს, მწვანე ლობიოს... სახლში პირველად
სტუმრობისას ვიოლეტის მომზადებულ ლობიოს პირი ვერ
დააკარა. ნივრის გემოზე მეტად მისი ცუდი სახელი ურევდა
გულს. რუთმა ხარხარი ვერ შეიკავა და ოთახიდან გავარდა,
როცა სტუმარმა კრუასანზე სთხოვა, ბაგეტი მომაწოდეო.
პონტინგები გაოგნებულები დარჩნენ, როცა ედუარდმა
აღიარა, საზღვარგარეთ ნამყოფი არ ვარ, გარდა შოტლანდიის
88
ნახევარკუნძულებისა, სადაც მთები დავლაშქრეო. გემო
გაუგო ამ უჩვეულო პროდუქტებს: შვრიის ფაფა, ზეთისხილი,
შავი წიწაკა, პურის ნაჭერი კარაქის გარეშე, ქაფშია, ნახევრად
უმი ბატკანი, ნებისმიერი სახეობის ყველი, გარდა ჩედერისა,
რატატუი, ბუიაბე, უკარტოფილო კერძები და ყველაზე
უჩვეულო: მოვარდისფრო ტარამასალატა,10 თევზის
არომატით. ყველაფერს ერთნაირი გემო ჰქონდა! პირველ
ლუკმაზე ედუარდს უმნიშვნელოდ წამოაზიდებდა ხოლმე,
მაგრამ ეშინოდა, თვითმარქვიობაში არ მამხილონო და თავს
ერეოდა. თუ კერძს სწრაფად გადასანსლავდა, ყელი
ეკეტებოდა და ყლაპვა უჭირდა.
ზოგიერთ სიახლეს მარტივად მიეჩვია: ცოცხლად
დაფქული და გაფილტრული ყავა, ფორთოხლის წვენი და
დაჭრილი ლეღვის მურაბა საუზმეზე. ვერ ხვდებოდა,
პონტინგების რა უცნაურ შტოსთან ჰქონდა საქმე:
წარმატებული ბიზნესმენი, ოქსფორდის უნივერსიტეტის
ლექტორის მეუღლე, და თავად ვიოლეტი, ოდესღაც
ელიზაბეთ დევიდის11 მეგობარი, სახლის საქმეების
ავანგარდში მდგომი და სამზარეულოს რევოლუციონერი,
ამავდროულად სტუდენტებს ქრომოსომებსა თუ
კატეგორიულ იმპერატივებს რომ ასწავლიდა. ედუარდი მათ
საოჯახო გარემოში ისე ჩაეწერა, პონტინგების ეგზოტიკური
სიმდიდრე არ გაუაზრებია. იფიქრა, ოქსფორდის
უნივერსიტეტის ყველა ლექტორი ასე ცხოვრობსო. ეშინოდა,
პირდაღებული არ გამოეჭირათ.
ნამდვილ ზღაპარში აღმოჩნდა. იმ ცხელი ზაფხულის
განმავლობაში ფლორენსი ისევე უყვარდა, როგორც მისი

10პურით ან კარტოფილის პიურეთი დაფარული ხიზილალა, ლიმონის


წვე-ნითა და ზეითუნის ზეთით.
11ელიზაბეთ დევიდი (1913 – 1992) – XX საუკუნის ცნობილი რეცეპტების
წიგნების ავტორი
89
სახლი – უზარმაზარი თეთრი ოთახები და მზის სხივებზე
გამთბარი გაკრიალებული ხის იატაკი, ღია ფანჯრებიდან
შემოსული მწვანე ბაღის გრილი ამონასუნთქი, ჩრდილოეთ
ოქსფორდის ყვავილნარი, ბიბლიოთეკის მაგიდებზე
დაწყობილი ახალი, სქელყდიანი გამოცემები: აირის
მურდოკი (ვიოლეტის მეგობარი), ნაბოკოვისა თუ ანგუს
უილსონის ბოლო წიგნები, და რაც მთავარია, ფირფიტების
სტერეოსაკრავი. ეს უკანასკნელი ერთ დილით ფლორენსმა
აჩვენა. ელეგანტური ნაცრისფერი ყუთიდან ხმის
გამაძლიერებლის ნარინჯისფერი სარქველი ამოიზნიქა.
წელამდე სიმაღლის დინამიკებში მოცარტის „ჰეფნერის
სიმფონია“ გუგუნებდა. პირველივე ოქტავის სუფთა
ხმოვანებაზე ედუარდს თვალწინ ორკესტრი წარმოუდგა,
ჰაერში მუშტი აიქნია და გოგონას მთელ ხმაზე სიყვარულში
გამოუტყდა. ვინმეს რომ გაეგონა? არ ეთაკილებოდა! ეს
სიტყვები ცხოვრებაში პირველად წარმოთქვა. ბედნიერმა
ფლორენსმა პასუხი უსიტყვოდ გასცა და გაუხარდა, ვაჟი
კლასიკურმა მუსიკამ რომ მოხიბლა. ბიჭმა ოთახი გადაჭრა,
გოგონას ჩაეხუტა და მასთან ერთად ცეკვა სცადა, მაგრამ
მუსიკა მოულოდნელად ისე აჩქარდა და გადაირია,
სატრფოები ადგილზე შედგნენ და მელოდიას დაუგდეს
ყური.
მოსაწყენი ცხოვრების შემდეგ წარმოუდგენელი
თავგადასავალი ედუარდს თავბრუს ახვევდა. ცდილობდა,
ამაზე ხშირად არ ეფიქრა. საკუთარ თავში ქექვა ისედაც არ
უყვარდა; პონტინგების სახლში გაუთავებელი ერექციით
დაიარებოდა და სიმყარის შეგრძნება გახურებულ გონებას
უმშვიდებდა. დაუწერელი კანონის თანახმად, უფლება
ჰქონდა გოგონას ლოგინზე მთელი დღე ეკოტრიალა, სანამ ეს
უკანასკნელი ვიოლინოზე დაკვრას მეცადინეობდა. მთავარია,
საძინებლის კარი ღია ჰქონოდათ. ედუარდი წიგნიდან თავს
ამოყოფდა და დაუფარავად ათვალიერებდა ფლორენსის
90
შიშველ მკლავებს, თმის შესაკრავს, გამართულ წელს, ნაზად
დახრილ ნიკაპს და მის ქვეშ ამოდებულ ინსტრუმენტს,
ფანჯრის შუქში გამოკვართულ მკერდს, ჩითის კაბის
კალთების ნატიფ შრიალს მზეზე გარუჯულ ბარძაყებზე,
გოგონას ჰაეროვანი მოძრაობისას ფრთხილად დაჭიმულ
ფეხის კუნთებს... ფლორენსი ხანდახან მშვიდად
ამოიოხრებდა და მელოდიას თავიდან იმეორებდა. მისი
ხასიათი ნოტების რვეულის გადაშლაში იკითხებოდა: მაჯის
სწრაფი მოძრაობით მკაცრად ფურცლავდა, ან მშვიდი,
მომლოდინე თვალებით ეძებდა ახალ სიამოვნებას. ედუარდს
მოსწონდა, გოგონა ყურადღებას რომ არ აქცევდა ხოლმე;
ფლორენსს შეეძლო საქმე საათობით ეკეთებინა, ბიჭი კი
დღეებს გამუდმებულ მოწყენილობასა და აღგზნებაში
გალევდა. საათში ერთხელ ქალს სატრფოს არსებობა
ახსენდებოდა, ტკბილად უღიმოდა, მაგრამ ლოგინზე
არასდროს უწვებოდა: პროფესიული ამბიციებისა თუ
საგვარეულო წესების გამო ყოველთვის პიუპიტრთან იდგა.
პორტ მედოუში სასეირნოდ დადიოდნენ, მდინარე თემზას
მიუყვებოდნენ და დასალევად იქაურ პაბებს სტუმრობდნენ.
თუ გრძნობებზე არ საუბრობდნენ (ედუარდს ეს თემა დიდი
ხნის წინ მობეზრდა), თავიანთ მომავალს ხატავდნენ. ვაჟი
ისტორიისგან მივიწყებულ პერსონაჟებს იხსენებდა, მეტად
დიდებულმა თანამოაზრეებმა რომ დაჩრდილეს. აღწერდა
სერ რობერტ კერის გზას ჩრდილოეთისკენ, ცხენიდან
გადმოვარდნის შემდეგ გასისხლიანებული სახით რომ
მიადგა მეფე ჯეიმსის სასახლეს, მაგრამ ძალისხმევა მაინც არ
დაუფასეს. ვიოლეტთან საუბრის შემდეგ ედუარდი ნორმან
კონის „შუა საუკუნეების კულტის მეთაურებს“ ჩაუღრმავდა,
1360-იანი წლების თავმომწონე მესიას, რომელიც
ირწმუნებოდა, ჩემი მეორედ მოსვლის შესახებ
წინასწარმეტყველი ესაია წერდაო. ქრისტე ჩემი
წინამორბედია, მე კი – უკანასკნელი დღეების იმპერატორი,
91
თავად ღმერთი გახლავართო. მრევლი ბრმად ენდობოდა,
მონებივით ემსახურებოდნენ და მის სახელზე აღავლენდნენ
ლოცვას. ამ კაცს კონრად შმიდი ერქვა. 1368 წლისთვის
ინკვიზიტორებმა ალბათ კოცონზე დაწვეს, მისი უამრავი
მიმდევარი კი გაუჩინარდა. ედუარდის აზრით, მხოლოდ
ორასგვერდიან ისტორიულ წიგნებს დაწერდა,
ილუსტრაციებს დაურთავდა და გამომცემლობა „პინგუინ
ბუქსში“ დაბეჭდავდა; როდესაც სერია ამოიწურებოდა,
განსაკუთრებულ ვერსიაზე გადავიდოდა.
ფლორენსი, რა თქმა უნდა, ენისმორ-კვარტეტის
მომავალზე საუბრობდა. ერთი კვირის წინ ძველ კოლეჯს
ესტუმრნენ და გოგონას ყოფილი მასწავლებლისთვის
ბეთჰოვენის მეორე „რაზუმოვსკი“ შეასრულეს. მოხუცი
მუსიკოსი კმაყოფილი დარჩა. ახალგაზრდებს დიდი
მომავალი უწინასწარმეტყველა და ურჩია, ერთმანეთი არ
დაკარგოთ, მეტი იმეცადინეთო. რეპერტუარში ჰაიდნი,
მოცარტი, ბეთჰოვენი და შუბერტი შეიტანეთ, შუმანი, ბრამსი
და მეოცე საუკუნის კომპოზიტორები კი მომავლისთვის
შემოინახეთო. ფლორენსი სატრფოს გამოუტყდა, რომ
ნებისმიერი ორკესტრის წინა რიგში ჯდომას, თავისი
კვარტეტის ჩამოყალიბება ერჩივნა. მეგობრებთან ერთად
დაკვრისას, ნაწარმოებს თითოეული მათგანის მელოდია რომ
ამდიდრებდა, წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებდა და
ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოაჩენდა ხოლმე.
გოგონა ხვდებოდა, ედუარდს კლასიკური მუსიკა გულზე
არ ეხატებოდა და ერჩივნა მელოდიები დაბალ ხმაზე, სადღაც
შორიდან მოესმინა; წარსულს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ
ყავლგასულ მელოდიებში საინტერესოს ვერაფერს ხედავდა.
თუმცა „ჰეფნერის სიმფონიის“ გაგონებაზე ვაჟის
აღტაცებული შეძახილი ფლორენსს წინ გადადგმულ ნაბიჯად
ესახებოდა და ედუარდი ლონდონში, რეპეტიციებზე
დაპატიჟა. ბიჭი მაშინვე დაეთანხმა! რა თქმა უნდა,
92
ფლორენსის ნახვა სიამოვნებდა, მაგრამ უნდა გაერკვია,
კვარტეტის ჩელისტი, ვინმე ჩარლზი, გოგონა ხშირად რომ
ახსენებდა, სატრფოში ხომ არ ეცილებოდა. თუ ასეა,
გამუდმებით იქ უნდა მჯდარიყო!
ზაფხულში ყველა დასასვენებლად გავიდა და
უიგმორჰოლის მეზობლად, ფორტეპიანოს ოთახს, კვარტეტის
წევრები ჩალის ფასად ქირაობდნენ. ფლორენსი და ედუარდი
ყველაზე ადრე მივიდნენ. გოგონამ სატრფოს იქაურობა
დაათვალიერებინა. კულისები, გამოსაცვლელი ოთახი,
აუდიტორია და გუმბათი ფლორენსის სიყვარულს ვერ
იტევდა. უიგმორ-ჰოლით ისეთი აღტაცებული ჩანდა,
თითქოს თვითონ ააშენა. ვაჟი სცენაზე აიყვანა და სთხოვა,
წარმოიდგინე რა ბედნიერებაა, როდესაც გასუსული
მაყურებლის წინაშე დასაკრავად გამოდიხარო.
ედუარდს ფანტაზია არ ეყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ფლორენსმა გაუმხილა, ყველაფერი გადავწყვიტე, ერთ დღეს
ენისმორ-კვარტეტთან ერთად გამოვალ და ნაწარმოებს
ჩინებულად შევასრულებო. ვაჟს გოგონას საზეიმო პირობა
აგიჟებდა. მაგრად აკოცა, მერე დარბაზში ჩახტა, მესამე რიგში
გადაძვრა და ცენტრში ჩამოჯდა. პირობა დადო, რაც არ უნდა
მოხდეს, ამ დიდებულ დღეს არ გამოვტოვებ, ზუსტად ამ
სკამზე, 9C ბილეთით ხელში ვიჯდები და კონცერტის ბოლოს
ყველაზე ხმამაღლა დავუკრავ ტაშსო.
რეპეტიციის დაწყებამდე თხემით ტერფამდე ბედნიერი
ედუარდი ცარიელი ოთახის კუთხეში მიიყუჟა. აღმოაჩინა,
რომ სიყვარული გრძელი წრფე კი არა, ძლიერი ტალღების
რიგი ყოფილა. ფლორენსის ახალი მეგობრის სტუმრობისგან
დაბნეული ჩელისტი, დაბალი, ენაბლუ და მუწუკებიანი
ბიჭუნა, გოგონას მონური მორჩილებით ელაქუცებოდა.
ედუარდს უცნობი ისე შეებრალა, სატრფოს სიყვარულიც
აპატია, რადგან ფლორენსს ვერც თავად მოსწყვიტა თვალი. ეს

93
უკანასკნელი მეგობრებთან ერთად დაკვრისას სხვა სამყაროში
იკარგებოდა. თმის შესაკრავი მოირგო, ედუარდი კი
ოცნებებმა გაიტაცა: ფლორენსთან სარეცელის გაყოფა,
ქორწინება და ოჯახი, პატარა ქალიშვილი... როგორც ჩანს,
გონებაში ჩავარდა. ადრე ასეთ მომავალზე არ უფიქრია.
თუმცა, ყოველთვის უნდოდა, ერთზე მეტ ქალს ჰყვარებოდა!
გოგონას დედის სილამაზე და სერიოზული ხასიათი
გამოჰყვებოდა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე წელგამართული
დაკვრას ისწავლიდა, სავარაუდოდ – ვიოლინოზე, მაგრამ
ედუარდი არც ელექტრო-გიტარას გამორიცხავდა.
იმ საღამოს ფლორენსის მეზობელი ალტი, სონია
მოცარტის კვინტეტზე სამეცადინოდ გამოცხადდა. როგორც
იქნა, დასაკრავად მოემზადნენ. რამდენიმე წამით ყველა
გაიტრუნა. შეიძლება ნაწარმოების წინ პაუზა მოცარტმა
მოიფიქრა. პირველი აკორდის გუგუნზე ედუარდი დაიძაბა
და მსუყე მელოდიის ხმაზე გააჟრიალა. ინსტრუმენტები
ერთმანეთში ხავერდოვნად იღვრებოდნენ. რამდენიმე წუთის
განმავლობაში ვაჟი კმაყოფილი უსმენდა, მერე კი
მუსიკალური ხაზი დაკარგა და ერთფეროვნებამ, როგორც
ყოველთვის, თავი მოაბეზრა. მოულოდნელად ფლორენსმა
დაკვრა შეწყვიტა და ხმადაბალი შენიშვნები გასცა. ცოტა ხანს
ნაწარმოებს განიხილავდნენ. გახურებულ რეპეტიციაში
ედუარდმა ტკბილი მუსიკა აღმოაჩინა, მუსიკოსებს შორის
გაცვლილი რიტმი, გაბედული ნაბიჯები და ნახტომები,
რომელსაც ვაჟი ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო მეტად
აკვირდებოდა. მოგვიანებით, მატარებლით შინ რომ
ბრუნდებოდნენ, ფლორენსს გაუმხილა, მოხიბლული ვარო,
და მოცარტი წაიღიღინა. გოგონას გულში სითბო ჩაეღვარა,
მშვიდი თვალები ძველებურად გაუფართოვდა და სატრფოს
კიდევ ერთი პირობა მისცა: იმ მშვენიერ დღეს, ენისმორ-
კვარტეტი უიგმორ-ჰოლის სცენაზე რომ გავა, მოცარტის
კვინტეტს მხოლოდ შენთვის შევასრულებო.
94
პასუხად, ედუარდმა შინიდან ოქსფორდში
განსაკუთრებული ფირფიტები ჩაიტანა. უნდოდა,
ფლორენსთან ერთად მოესმინა. გოგონა თვალდახუჭული და
განაბული, ზედმეტად ჩაფიქრებული უსმენდა ჩაკ ბერის.
ბიჭმა იფიქრა, Roll Over Beethoven12 არ მოეწონებაო, მაგრამ
ფლორენსმა გულიანად იცინა. ცდილობდა, ედუარდის
საყვარელ სიმღერებზე რაღაც კარგი ეთქვა, მაგრამ სულ ამას
იმეორებდა: მხნე, მხიარული, გულით შესრულებული... ბიჭმა
კარგად იცოდა, გოგონას რა კეთილი გული ჰქონდა. ბოლოს
უთხრა, უბრალოდ, როკ-ენ-როლი „არ გესმის“ და შეგიძლია,
თავი გაანებოო; ფლორენსმა კი უპასუხა, დასარტყამ
ინსტრუმენტებს ვერ ვიტანო. მერე კითხვებით მოაბეზრა
თავი: როდესაც მარტივ, 4/4 მელოდიას უკრავ, უაზრო
ბრაგუნს, ტკაცუნსა და გუგუნს რა აზრი აქვს? რიტმის
შენარჩუნება გიტარას ან პიანინოს უკეთ გამოსდის?
მეტრონომს რატომ არ ხმარობენ? ენისმორ-კვარტეტს
დრამერი ხომ არ დასჭირდება? ედუარდმა გოგონას აკოცა და
უთხრა, დასავლეთ ცივილიზაციის ყველაზე უგემოვნო
წარმომადგენელი ხარო.
– მაგრამ მაინც გიყვარვარ, – გაეცინა ფლორენსს.
– ამიტომ მიყვარხარ.
აგვისტოს დასაწყისში ტერვილ ჰითელი მეზობელი
ლოგინად ჩავარდა და ედუარდს დროებითი სამსახური
შესთავაზეს ტერვილის კრიკეტის კლუბში. კვირაში თორმეტი
საათი უნდა ემუშავა; დროს თავად ანაწილებდა. მოსწონდა
სახლში მამაზე ადრე გაღვიძება და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე
ლიმონის ორღობეში სეირნობა, თითქოს იქაურობის ბატონ-
პატრონი იყო. პირველივე კვირას ადგილობრივი შეჯიბრება
დაგეგმა. ტერვილ ჰითი სტონორის წინააღმდეგ. ბალახი
გაკრიქჭა, ამუშავა გზის სატკეპნი და ჰემბლდონიდან ჩასულ

12 გზიდან ჩამომეცალე, ბეთჰოვენო! (ინგლ.)


95
დურგალს ახალი შედეგების დაფის შეღებვაში წაეხმარა.
თავისუფალ დღეებში, როცა შინ საქმეები გამოელეოდა,
ოქსფორდისკენ მიეშურებოდა. რა თქმა უნდა, ფლორენსის
ნახვა უნდოდა, მაგრამ თან ეშინოდა, გოგონამ ჩემი ოჯახის
გაცნობა არ მოინდომოსო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას
იფიქრებდნენ დედამისზე, ან ბინძური და არეული სახლის
დანახვაზე რას იტყოდნენ. იფიქრა, შეხვედრისთვის ორივე
გვარიანად უნდა შევამზადოო, თუმცა ზედმეტი თავის
ტკივილი არ დასჭირდა: ერთ პარასკევ დღეს, მოედნიდან
გამოსული ჩრდილში მდგარ ფლორენსს გადაეყარა. გოგონამ
ედუარდის სამუშაო საათები ზეპირად იცოდა, ჰენლიდან
სტონორ ველიმდე ადრეულ მატარებელს მოახტა და გზას
პატარა რუკის დახმარებით გაუყვა. პატარა ჩანთაში
ფორთოხლები ეყარა. ნახევარი საათის განმავლობაში
შორიდან გიყურებდი, ხაზებს როგორ ასწორებდი და უფრო
მეტად შემიყვარდიო, გაუმხილა გოგონამ და პირდაღებულ
ვაჟს თბილად აკოცა.
ეს იყო სიყვარულის გარიჟრაჟი, ყველაზე ბედნიერი
დღეები, როცა ქუჩაში ნელა, ხელკავით მისეირნობდნენ და
ქალაქის ცენტრს უახლოვდებოდნენ. ედუარდს გული აღარ
სწყდებოდა, რომ სატრფოს დედას გააცნობდა და თავის
საცხოვრებელს აჩვენებდა. ლიმონის ხეების მუქი ჩრდილები
მზით გაბრდღვიალებულ მიწაზე ლურჯ ლაქებად
დასრიალებდნენ, მწვანე გორაკები ველური ყვავილებით
მოჩითულიყო. ედუარდს მცენარეების სახელების ცოდნით
თავი მოჰქონდა. ბილიკთან ახლოს იისფერ ნაღველას
გადაეყარნენ. მხოლოდ ერთი ყვავილი მოწყვიტეს. ნახეს
გულყვითელა და მწვანე ნიბლია, შევარდენი კი ქლიავის
ტოტზე ჩამოჯდა. ფლორენსმა ცნობილი ფრინველების
სახელებიც არ იცოდა, მაგრამ დაიფიცა, აუცილებლად
ვისწავლიო. კმაყოფილი იყო, რომ რუკაზე უმოკლესი, მაგრამ
თვალწარმტაცი გზა ამოარჩია: სტონორ ველიდან ვიწრო
96
ბილიკით ბიქს-ბოტომის ფერმასთან გავიდა, წმინდა ჯეიმსის
სარეველებით დაფარულ საყდარს ჩაუარა,
მეიდენსგროუვამდე დამრეცი ტყე ჩაირბინა, საიდანაც
ყვავილების უზარმაზარი მინდორი ჩანდა, წიფლნარის კვალს
გაჰყვა და პისჰილ-ბენკს მიაღწია, სადაც ქვითკირით ნაშენები
ეკლესია იდგა, ვრცელი ეზო კი გორაკის ფერდობს
უერთდებოდა. გოგონა ედუარდისთვის ნაცნობ ჯადოსნურ
ადგილებს იგონებდა. ვაჟმა წარმოიდგინა, სატრფო
თავაწეული მისკენ საათობით როგორ მიეშურებოდა.
ხანდახან თვალებს მოჭუტავდა და რუკაში ჩაიჭყიტებოდა. რა
სიხარულია! ასეთი ბედნიერი და ლამაზი ფლორენსი
ცხოვრებაში არ უნახავს. გოგონას თმაში შავი ხავერდით
ბაფთა ჰქონდა დაბნეული, შავი ჯინსი და სპორტული
ფეხსაცმელი ეცვა, და თეთრი პერანგი, რომლის საღილეზე
გაქუცული ბაბუაწვერა დაებნია. ვაჟის სახლისკენ მიმავალ
გზაზე გოგონა ედუარდს ბალახაკრულ მკლავებზე ექაჩებოდა
და ნაზად ჰკოცნიდა. ცხოვრებაში პირველად, ბიჭი
სიყვარულის ზედაპირული გამოხატვითაც კმაყოფილი
დარჩა. ფლორენსმა ფორთოხალი გაფცქვნა. ხილი უხმოდ
მიირთვეს, მერე გაწებილი ხელები ერთმანეთს ჩაჰკიდეს.
უზომოდ ბედნიერი უქმეები წინ ჰქონდათ. ცხოვრება ლაღი,
ხალასი და თავისუფალი ეჩვენებოდათ.

***

კრიკეტის მოედნიდან სახლამდე სეირნობის მოგონება


ედუარდს ერთი წლის თავზე, ქორწინების ღამეს აწუხებდა.
მწუხრი ჩამოწვა. ბიჭი საწოლიდან წამოდგა. მძაფრი
განცდები საპირისპირო მიმართულებით ექაჩებოდნენ.
ფლორენსზე მხოლოდ კარგი უნდა ეფიქრა, თორემ

97
ყველაფერზე ხელს აიღებდა და სამუდამოდ დანებდებოდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფეხებში წყალი ჩაუდგა.
საძინებელი გადაჭრა და საცვალი ხელში აიღო. ამოიცვა, მერე
შარვალს დასწვდა და ადგილზე გაშეშდა; ღია ფანჯრიდან
ქარში მოხრილ ხეებს გასცქეროდა, მიწას მომწვანო-
ნაცრისფერ საფრად რომ მოსდებოდნენ. ცაზე მქრქალი
ნახევარმთვარე ეკიდა. სანაპიროზე დამსხვრეული ტალღების
მონოტონური ხმა გონებაში შეუძვრა. იგრძნო, როგორ
დაიქანცა; გარესამყაროს დაუღალავი კანონები: მთვარე და
მიმოქცევა, რომლითაც არასდროს დაინტერესებულა, მის
უბედურებას არ იზიარებდნენ. ბუნებაში არაფერი შეცვლილა.
ედუარდს გული შეეკუმშა. საყვარელი ხალხის დახმარების
გარეშე, ეულად, როგორ იცხოვროს? რიყეზე გავიდეს და
მეუღლეს თვალებში ჩახედოს? როგორ?! შარვალი თითქოს
დამძიმდა. ორი სასაცილო მილი, თეძოსთან რომ იკვეთება –
გარდასულ საუკუნეთა მოდის გამოძახილი. ბიჭს ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, სამოსს თუ ჩავიცვამ, ძველებურ სამყაროს
დავუბრუნდები, სირცხვილი უნდა ვიწვნიო და მოვალეობები
გავიხსენოო. შარვალში გამოწყობილი ფლორენსის
საძებნელად უნდა გავიდეს... ფანჯარასთან შიშველი კიდევ
დიდხანს იდგა.
ტერვილ ჰითისკენ ფლორენსთან ერთად სეირნობის
მოგონებას დავიწყების მკრთალი ბინდი შემოეკრა. ალბათ
სახლში რომ მივიდნენ, მხოლოდ დედა დახვდათ; მამა და
დები ჯერ კიდევ სკოლაში იქნებოდნენ. მარჯორი მეიჰიუს
უცხო სახის დანახვა არ სიამოვნებდა, მაგრამ ედუარდს
ფლორენსის რეაქცია არ აგონდებოდა; ნეტავ, ჭუჭყიან იატაკსა
და აყრილ ოთახებზე რა გაიფიქრა? ან სამზარეულოს
მილებიდან ამოსულ სიმყრალეზე, ზაფხულში რომ
აწუხებდათ? ედუარდს მხოლოდ ერთეული კადრები
შემორჩა; ღია ბარათები. ყველაზე ხშირად სასტუმრო ოთახის
ცხიმიანი ფანჯრიდან დანახულ სურათს უბრუნდებოდა:
98
ფლორენსი და დედამისი ბაღის ბოლოში, ხის სკამზე სხედან
და ჟურნალიდან ფოტოებს მაკრატლით ჭრიან, გვერდებს
შლიან და მხიარულად საუბრობენ. სკოლიდან
დაბრუნებულმა გოგონებმა სტუმარი მეზობლად,
ახალშობილი ჩოჩრის სანახავად წაიყვანეს, რადგან ბიჭს
ასეთი სცენაც ახსოვს: მწვანე ბილიკზე სამი ახალგაზრდა
ქალი ხელჩაკიდებული მირბის. მესამე მოგონება: ფლორენსი
ბაღში ჩამომჯდარ ედუარდის მამას ლანგრით ჩაის
მიართმევს. ჰო, არ უნდა დაავიწყდეს, არაჩვეულებრივი
ადამიანია, საუკეთესო! იმ ზაფხულს მეიჰიუებს ფლორენსი
ისე შეუყვარდათ, როგორც ერთადერთ ვაჟს. მარჯორი სულ
გოგონას ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფლორენსის
სახელს ვერ იმახსოვრებდა. ლაიონელ მეიჰიუმ შვილს
მოკლედ უთხრა: „ეგ გოგო“ ცოლად მოიყვანე, სანამ
გაგექცევაო.
წინა წლის მოგონებები, შინაურული ღია ბარათები,
ლიმონის ორღობეში სეირნობა, ზაფხული ოქსფორდში
იმიტომ არ გაუხსენებია, რომ დარდი შემოსწოლოდა.
პირიქით, სიყვარულის შეგრძნება და სახეცვლილი
განცდების, პირქუში აზრების მოშორება მოისურვა. სულში
უცხო შხამი ჩაეღვარა: რისხვა. ცოტა ხნის წინ ტვინში
ახმაურებული ეშმაკის დამარცხება მოახერხა... ახლა კი,
მარტო დარჩენილს, მწველი ცეცხლის ალებში გახვევის
ცდუნება შეეპარა. შელახული თავმოყვარეობა უნდა
აღედგინა.
ოცნებას წინ რა უდგას?! ჯობია, ყველაფერი ახლა
მოითავოს, სანამ ქორწინების ღამის ნანგრევებში შიშვლად
დგას. კაპიტულაციაში ვნების დაპურება დაეხმარა.
სურვილები ტვინს აღარ ურევდა და შეურაცხყოფას ცივი
გონებით შეიგრძნობდა. ფლორენსი სასტიკად მოექცა!
ზიზღით შეჰკივლა, ტანი ბალიშით გაიწმინდა, ოთახიდან
უსიტყვოდ გავარდა და თავლაფდასხმული მეუღლე მიატოვა.
99
უკან მისაბრუნებელი ყველა გზა მოიჭრა. ეულად დარჩენილი
ედუარდი ღამის ფიქრებს შეატოვა. აშკარაა, გოგონას ხელისა
და თითების მოძრაობაზე გაათავა. თუმცა ტკბილი შეხების
მოგონებამ, მდუღარე შეგრძნებისა და ხალასი აღგზნების
ცეცხლმა თვალი კიდევ ერთხელ აუხვია. მზად იყო,
ყველაფერი ეპატიებინა. ედუარდი თავს იკავებდა. გვირაბში
შევარდნილი მეშახტის მსგავსად, სასურველი მიმართულება
შეარჩია და ბოღმის ვზას გაუდგა.
მიხვდა, რა სულელი ყოფილა, ყველაფერს წინასწარ რომ
ვერ მიხვდა. ტანჯვას მთელი წელი ითმენდა; გოგონა
სიგიჟემდე უყვარდა და მხოლოდ პაწაწინა, უმანკო
სურვილების დაკმაყოფილებას ითხოვდა: სველი კოცნა,
უბეში ხელის ფათური, თანხმობა... ქორწინება ვაჟის
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ფლორენსი კი
სიამოვნებას წინ აღუდგა. თუ სექსი არც მერე
გამოუვიდოდათ, ამხელა თავშეკავება რა საჭირო იყო?!
ედუარდი ყველაფერს წუწუნის გარეშე ითმენდა.
ზრდილობიანი რეგვენი! მის ადგილას ქალს სხვა მეტს
მოსთხოვდა, ან სამუდამოდ დაშორდებოდა. წლის ბოლოს
თავი ვერ შეიკავა და მნიშვნელოვან მომენტში ხელი
მოეცარა... განა, დამნაშავე მხოლოდ ის იყო? არა. სირცხვილს
არ მიიღებს. თავს მოთოკავს. როგორ გაბედა
იმედგაცრუებისგან წამოკივლება და ოთახიდან გავარდნა?!
ყველაფერი ფლორენსის ბრალია. აქამდეც უნდა
მიმხვდარიყო: ქალს მისი კოცნა და შეხება არ სიამოვნებდა; არ
იზიდავდა სატრფოს სხეული. უგრძნობსა და გულცივს
ვნებები არასდროს ამოძრავებდა. ედუარდს ვერასდროს
გაუგებდა.
ვაჟი მტარვალი ფიქრის სიმაღლეებს მიადგა: ფლორენსმა
ყველაფერი წინასწარ იცოდა! როგორ არ ეცოდინებოდა?!
მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა. ქმარი მოუნდა:
ხალხისგან დაფასება, მშობლების თვალში ამაღლება. იქნებ,
100
უბრალოდ, დანარჩენებს მიბაძა? ყველაფერი თამაშია.
ედუარდი არასდროს ჰყვარებია. ქალვაჟური ურთიერთობის
არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ამის შესახებ კრინტი არ
დაუძრავს. უსინდისო!
რთულია, ფეხშიშველმა და საცვლების ამარამ
მტკივნეული ჭეშმარიტება განსაჯო. ედუარდმა შარვალი
ამოიცვა, სიბნელეში ფეხსაცმელი და წინდები მოძებნა, თან
ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიაზრა, გაურკვევლობის
ჩატეხილი ხიდები შეაკეთა, ფიქრები ჩამოივარცხნა და ისეთი
სიმსუბუქე იგრძნო, რისხვის ტალღებში გადაშვებას არ
შეუშინდებოდა. ამბის კვანძის გახსნას მიადგა. ახლა
აუცილებელი იყო ელაპარაკა. მალე ყველაფერი
გამოაშკარავდება. ფლორენსმა უნდა იცოდეს, ედუარდმა რა
გადაიტანა; უნდა ნახოს, გაიგოს მისი ტკივილი. ვაჟმა სკამზე
გადაკიდებულ პიჯაკს ხელი მოავლო და ოთახიდან გავარდა.

101
თავი მეხუთე

ფლორენსი სანაპიროზე გამოსულ ედუარდს გაჰყურებდა –


ვაჟი მხოლოდ მოლურჯო ლაქად ჩანდა ჩამუქებულ კენჭებზე:
უძრავსა და გახევებულს ჰორიზონტზე გვერდები
უელვარებდა, მერე წინ ხტებოდა, თითქოს ჭადრაკის ფიგურა
დაფაზე მოძრაობსო. მწუხრი იდგა, გოგონას უკან,
აღმოსავლეთით, პორტლენდში შუქი ციმციმებდა. შორეული
ქალაქის თავზე ჩამოწოლილი ვეებერთელა ღრუბელი
ლამპიონების სინათლეს რბილად ირეკლავდა. ფლორენსს
დანაშაულის შეგრძნება აწუხებდა და სასოწარკვეთილს
მარტო დარჩენა სურდა. ნეტავ, ნელა იაროს! მეუღლესთან
საუბრის ეშინოდა. ხვდებოდა, შესაფერისი სიტყვები არ
გააჩნდა, ვერ მოძებნა საერთო ენა, რომლითაც უცნაურ
მოვლენას ზრდასრულივით ჩამოაყალიბებდა. შეპასუხება არ
გამოუვა; ვერაფერს გაარჩევენ. ფიქრი მოჰბეზრდა. იმე~დი
ჰქონდა, ვაჟიც ამ აზრზე იდგა. აბა, რაზე დაელაპარაკება?
გარეთ რატომ გამოვიდნენ? ეს ინციდენტი მათ შუაში
გეოგრაფიული პუნქტივით ამოიზარდა, უშველებელი მთა,
რცხვენოდა! თავისი საქციელი მოაგონდა და ტანში
გააჟრჟოლა და ყურებამდე გაიტანა. სანაპიროზე
გამოსასვლელი ფეხსაცმლით ამდენი იმიტომ ირბინა,
საძინებელს რომ მოშორებოდა, გაჰქცეოდა საკუთარ თავსა და
დანაშაულს. გულისამრევად მოიქცა. გულისამრევად.
უხერხული, მაგრამ ხალხში გავარდნილი სიტყვა გონებაში
102
რამდენჯერმე გაივლო. უსაყვედურო ფრაზაა – ფლორენსი
ჩოგბურთს გულისამრევად თამაშობს, მისი დაიკო პიანინოზე
გულისამრევად უკრავს – საქციელს კიარ აღწერს, შენიღბავს
ხოლმე.
თუმცა, არც ედუარდის თავგასული საქციელი
ავიწყდებოდა: ზემოდან რომ დააწვა, თვალები დააჭყიტა და
ზურგი ცივსისხლიანი ქვეწარმავალივით მოგრიხა. არა, ამაზე
არ უნდა იფიქროს! გოგონას აღიარება არ სურდა, მაგრამ
კმაყოფილი დარჩა, როცა წარმოიდგინა, დამნაშავე მხოლოდ
მე არ ვარო. ჰო, საშინელება იქნებოდა, მაგრამ გულზე
მოეშვებოდა, ვაჟს თანდაყოლილი ავადმყოფობა რომ
სჭირდეს; ოჯახური დაავადება, რომლისგან შერცხვენილიც
კრინტს ვერ ძრავს – ანურეზი, ან კიბო – ფლორენსი ამ
სიტყვებს ხმამაღლა არასდროს ამბობდა, ეგონა, პირს
წავიბილწავო. სისულელეა! ეს როგორ გაიფიქრა?!
სიბრალული გააკეთილშობილებდა და, ფიზიკური ნაკლის
მიუხედავად, შეიყვარებდნენ ერთმანეთს. ედუარდი
ეცოდებოდა, მაგრამ ღალატის შეგრძნება არ ტოვებდა. თუ
უჩვეულო ავადმყოფობას ატარებს, აქამდე თამამად რატომ არ
გამოუტყდა? ფლორენსი ვაჟის დუმილის მიზეზს ჩინებულად
ხვდებოდა. ხმა არც მას ამოულია. ნეტავ, დეფორმაციაზე
საუბარს როგორ დაიწყებს? როგორ მიმართავს? რა სიტყვებს
შეარჩევს? ენა მოკვდა; ენა არ არსებობს, ან ჯერ არ
გამოუგონიათ.
ფლორენსმა დიდხანს იფიქრა, ყველაფერი აწონ-დაწონა
და დარწმუნდა, ჩემს მეუღლეს არანაირი დაავადება არ
ტანჯავსო. ედუარდი სრულებით ჯანმრთელი იყო.
ყველაფერი მისი ბრალია. მისი სხეულისა და ტვინის
შედეგი. ფლორენსი მიწიდან მოგლეჯილ და სანაპიროზე
ზღვით გამორიყულ დიდებულ ხეს ეყრდნობოდა, რომლის
უხეში მერქანი მარილიანმა წყალმა მრავალჯერ გადარეცხა

103
და დაარბილა. გოგონა მოხდენილ ტოტთან ჩამოჯდა და
ზურგით დღის მიმქრალი სითბო იგრძნო. ასე ირწევიან
ჩვილი ბავშვები დედის მკლავებში. არა მგონია, ვიოლეტს
ქალიშვილი ოდესმე აეტატებინა ფიქრისა და წერისგან
ჩამომხმარ სუსტ ხელებში. ხუთი წლის გოგონას ძიძა
უვლიდა, დედობრივი და ფერხორციანი ქალი, შოტლანდიურ
ჰანგებს რომ ღიღინებდა და წითელ მუხლებს ათამაშებდა. ეს
უკანასკნელი სახლიდან იდუმალი დანაშაულის გამო
დაითხოვეს.
ედუარდი სანაპიროს მიუყვებოდა. ფლორენსი
დარწმუნებული იყო, ჯერ ვერ მხედავსო. შეეძლო დამრეც
პლაჟზე ჩასულიყო და „ფლიტამდე“ ერბინა, მაგრამ
მღელვარების მიუხედავად, კარგად იცოდა, მეუღლეს კიდევ
ერთხელ ვერ გაექცეოდა. აქაფებული, ვერცხლისფერი
ტალღების ფონზე ვაჟის მკლავებმა წამიერად გაიელვეს.
ფლორენსს კენჭებზე ფეხის ხმა მოესმა. ცოტაც და
შეხვდებიან. ედუარდმა მიმართულება სწორად შეარჩია!
ვახშმის შემდეგ, ღვინის ბოთლით სწორედ აქ გასეირნებასა
და ქვების შეგროვებას გეგმავდნენ, რომ ენახათ ქარბუქის
შემდეგ სანაპიროზე გამეფებული წესრიგი.
დაკარგული ბედნიერი წამების მოგონებას გოგონა არ
დაუნაღვლიანებია. შუადღის სულ სხვა ფიქრებმა დაუმძიმეს
გონება: გიყვარდეს, და ათავისუფლებდე. დიახ, სწორედ ამ
აზრს წამოაყენებს და ასეთ მომავალს შესთავაზებს, მაგრამ
ედუარდს ქალის სიტყვები სიცილად არ ეყოფა, სულელად
ჩათვლის; იქნებ, ეწყინოს კიდეც?! ფლორენსი ვერ ხვდებოდა,
უცოდინარი იყო თუ ბრძენი... მეტი დრო სჭირდებოდა!
თუმცა, ვაჟი წამში მიადგება და საზარელ საუბარს
გაუბამს. გოგონა ვერ ხვდებოდა, რა დამოკიდებულებით
დახვედროდა მეუღლეს (კიდევ ერთი წარუმატებლობა!) და
მხოლოდ იმის ეშინოდა, ედუარდი რას იტყვის, ან მე რას

104
ვუპასუხებო. არ იცოდა, პატიება უნდა ეთხოვა, თუ
მიმტევებელი გამოსულიყო. არც უყვარდა, არც სძულდა.
ვერაფერს გრძნობდა! უნდოდა გოლიათ ხესთან მარტო
მჯდარიყო და მზის ჩასვლისთვის ეცქირა. ედუარდს ხელში
უცნაური შეკვრა ეჭირა. ფლორენსისგან გვარიანად
მოშორებით ჩამოდგა. გოგონას ეს საქციელი არ ესიამოვნა და
ბიჭის მიმართ მტრულად განეწყო. ასე მალე რატომ
გამოეკიდა?
– აი, სად ყოფილხარ, – გადაღლილი ხმა ჰქონდა ვაჟს.
ასეთ უაზრობაზე რა ეპასუხა?!
– ამდენი სირბილი აუცილებელი იყო?
– ჰო.
– სასტუმროდან ორ მილზე ვიქნებით.
– არ მაინტერესებს, – ფლორენსს თავისი მკაცრი ხმა
აკვირვებდა, – გაქცევა მჭირდებოდა.
ედუარდმა არაფერი უპასუხა. ფეხქვეშ კენჭები
ჩხრიალებდნენ. გოგონამ მის ხელში აფრიალებული პიჯაკი
შენიშნა. სანაპიროზე თბილოდა და უჩვეულო ნესტი იყო.
ფლორენსს გული დასწყდა, როცა წარმოიდგინა, მის
მეუღლეს ამინდი ედარდებოდა და თბილი ტანსაცმელი
გამოიყოლა. კიდევ კარგი, ჰალსტუხი არ წაიჭირა! ქალს ორი
წუთის წინ სირცხვილის შეგრძნება ხრავდა, ახლა კი სიბრაზე
მოერია. სატრფოს აზრს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა,
ახლა კი ფეხებზე ეკიდა.
ედუარდმა სათქმელი შეარჩია და მეუღლეს მიუახლოვდა.
– სასაცილოა. ასე არ უნდა გაქცეულიყავი.
– ვითომ?
– უხერხულად მიმატოვე.
– მართლა? შენც საშინლად მოიქეცი!
– რას ამბობ?
ფლორენსმა თვალები დახუჭა და ისე უპასუხა:
105
– კარგად იცი, – მიხვდა, ამ სიტყვებს ვინანებო, მაგრამ
თავი ვერ შეიკავა, – გულისამრევი იყავი.
ვაჟმა ისე ჩაახველა, თითქოს მუცელში მუშტი ჩააზილესო.
ცოტა ხანს ხმა რომ არ ამოეღო, ქალი თავს ძველებურად
დამნაშავედ იგრძნობდა და აუცილებლად რაღაც თბილს
იტყოდა.
მაგრამ ედუარდმა თავი ვერ მოთოკა:
– კაცთან მოქცევა არ იცი! ყველაფერი შენი ბრალია. ახლოს
არ მიკარებდი. ამის არაფერი გაგეგება, ხომ მართალია? შენი
შემყურე, იფიქრებ, 1862 წელი დგასო. კოცნაც ვერ ისწავლე.
– ხელმოცარული ადამიანისგან ამას არ მოვითმენ, –
მშვიდად უპასუხა ფლორენსმა.
როგორ იქცეოდა? ასეთი სასტიკი და დაუნდობელი
არასდროს ყოფილა. თითქოს მეორე ვიოლინო პირველს
ეხმიანება, მოულოდნელ თავდასხმას არ ეპუება და შეტევაზე
გადადის. დიდი დამცირების ატანა მოუწევს?
ედუარდის მხარეს არც კი გაუხედავს. ვერ ხვდებოდა,
აწყენინა თუ არა. ალბათ, სანაპიროზე ჩამოწოლილმა
სიბნელემ გაათამამა.
– ვერ დამამცირებ, – ხმადაბლა თქვა ვაჟმა.
– შენ კი ვერ დამჩაგრავ.
– არ გჩაგრავ.
– როგორ არა... სულ ასე იქცევი.
– რა სისულელეა! რას ამბობ?
ფლორენსი ფიქრებში გაიბლანდა, მაგრამ მალე მიხვდა,
სწორ გხას დაადგა:
– ძალას მატან და სულს მიხუთავ. გინდა, ჩემგან სხვა
ადამიანი გამოაცხო. შენთან, უბრალოდ, ვერასდროს
ვჩერდები. შენი აზრით, ბედნიერი ვარ?! გაუთავებელი
ძალდატანება... ყოველთვის ზედმეტს ითხოვ. უსასრულო
წუწუნი, ვედრება.
106
– თხოვნაო? არ მესმის. იმედია, ფულს არ გულისხმობ.
არა, ფლორენსი ფულს არ გულისხმობდა. თვალთ
დაუბნელდა. ამ დროს ფულის ხსენება იქნებოდა?! როგორ
გაბედა?
– კარგი, რადგან შენით ახსენე, – წამოიწყო გოგონამ, –
ვხვდები, ბევრი გიფიქრია.
ვაჟის სარკაზმი ახელებდა. მისი ქარაფშუტობა. ფულზე
უფრო მნიშვნელოვან და ღრმა საკითხს უტრიალებდა,
უბრალოდ, შესაფერისი სიტყვები ვერ შეარჩია. გაახსენდა,
ედუარდი კოცნისას პირში ენას რომ უტრიალებდა, კაბის ქვეშ
თითებით უძვრებოდა, უბისკენ იზიდავდა, უჩვეულოდ
აშტერდებოდა, მერე კი სივრცეში ირინდებოდა... ეს იყო
საზარელი მოლოდინი, რომ პირველ ნაბიჯს ქალი
გადადგამდა. უტიფარი ფლორენსის თავშეკავებით გაყინული
გრძნობები! საბრალო ქალს რაც უნდა ეღონა, თავს მორეოდა
და საზღვრები დაერღვია, ვაჟი ახალ წინაღობებს
ახვედრებდა. ყოველ დანებებას ახალი მოთხოვნა
მოჰყვებოდა; გულდაწყვეტა კი მატულობდა. ყველაზე
ბედნიერ წუთებშიც კი იგრძნობოდა დანაშაულის აჩრდილი,
დაუოკებელი ჟინის მყინვარი, უსასრულო სევდის მორევი,
რომელიც ორივემ ქალის მოვალეობას მიაწერა. ფლორენსს არ
უნდოდა სიყვარულში თავის დაკარგვა. ამიტომ ამბობდა
გამუდმებით უარს. ცხოვრებიდან გარიყეს, ავადმყოფობის
საწინააღმდეგო ზვირთებში შეაგდეს. ბრაზობდა, რადგან
სანაპიროზე გასულს ედუარდმა მარტოობა არ აცალა და
კუდში აედევნა. ლა-მანშის სრუტის მიდამოებში მომხდარი
პატარა გაუგებრობა მათი ტრფობის მხოლოდ პატარა ნაწილი
იყო. გოგონას მომავალი ცხადად დაუდგა თვალწინ.
იკამათებდნენ, შერიგდებოდნენ, სანახევროდ მაინც; შემდეგ
მეუღლე საძინებელში შეიტყუებდა და ქალური მოვალეობის
აღსრულებას უფრო მძაფრად დაავალებდა. გოგონას კი ხელი

107
მოეცარებოდა. სუნთქვა შეეკრა. ქორწინებიდან მხოლოდ რვა
საათი გავიდა, მაგრამ გონება ისე დაუმძიმდა, საჭირო
სიტყვებს ვერ პოულობდა. ჯობია ფულზე ილაპარაკოს!
ედუარდიც აღელვებული ჩანს...
– არავის ფული არ მინდა. განსაკუთრებით – შენი, –
გულწრფელად თქვა მან.
ფლორენსმა არ უპასუხა. ზღვის ზედაპირზე
გარდაცვლილი სხივების შუქზე ვაჟის ფიგურა მკვეთრად
გამოჩნდა.
– მამაშენის ფული შენთვის შეინახე. ახალი ვიოლინო
იყიდე. ჩემთვის ნუ დაიხარდები, – ხმა გაებზარა ედუარდს.
ფლორენსი მიხვდა, ზედმეტად ვაწყენინეო, მაგრამ არ
ედარდებოდა. კიდევ კარგი, მეუღლეს სახეში არ უყურებდა.
შემოსავალზე არასდროს ულაპარაკიათ. გოგონას მამამ
ახალდაქორწინებულებს ორი ათასი ფუნტი აჩუქა. მხოლოდ
ერთხელ, ისიც გაკვრით ახსენეს, სახლი შევიძინოთო...
– მამაშენის ფირმაში სამსახური მე გთხოვე? – იკითხა
ვაჟმა, – შენით მოინდომე. მე სულ არ მინდა. გესმის?
მამაშენის ხელქვეითობა არაფერში მჭირდება. გადაეცი, რომ
გადავიფიქრე.
– შენით უთხარი. გაუხარდება. ისედაც ბევრი იწვალა...
– ძალიან კარგი. არ მერიდება.
ედუარდმა ქალს ზურგი აქცია, წყლისკენ დაიძრა, მაგრამ
რამდენიმე ნაბიჯში შემობრუნდა და ურცხვად მიჰკრა ფეხი
კენჭებს. პატარა ქვები ფლორენსის ტერფებთან დაცვივდა.
ვაჟის სიბრაზემ გოგონაც გაახელა. უეცრად მიხვდა, რაში
ცდებოდნენ: ზედმეტად ზრდილობიანები იყვნენ,
თავდაჭერილები და აუღელვებლები; ერთმანეთს პირდაპირ
არ ელაპარაკებოდნენ, მხოლოდ ჩურჩულებდნენ,
ბურტყუნებდნენ, სათქმელს თავს არიდებდნენ ან მორჩილად
ეთანხმებოდნენ. თურმე ერთმანეთი ვერ გაიცნეს, რადგან

108
ტრფობის მდუმარე ქარბუქში გახვეულები თვალს
იბრმავებდნენ. დიდი ხანი იყო, უთანხმოების ეშინოდათ,
მაგრამ ედუარდის რისხვამ ქალი გაათავისუფლა. უნდოდა
ვაჟი დაესაჯა, გული ეტკინა და ამაში ეპოვა სულიერი
სიმშვიდე. უცხო შეგრძნებამ ისე დაათრო, წინააღმდეგობა
ვერ გაუწია. გული აუჩქარა, უნდოდა ეყვირა, მეზიზღებიო. ის
იყო, მწარე, მაგრამ ჯადოსნური სიტყვები უნდა
გადმოენთხია, ვაჟმა ხმა ამოიღო. როგორც ჩანს, ყველაფერს
თავიდან იწყებდა. ღირსება უნდა აღედგინა და ქალი
დაემცირებინა:
– რატომ გავარდი-მეთქი? ცუდად მოიქეცი. გული მატკინე.
ცუდი... ტკივილი... საბრალო!
– ათასჯერ გითხარი, – უპასუხა ფლორენსმა, – სხვა გზა არ
მქონდა. შენთან ერთად იმ ოთახში ვერ გავჩერდებოდი.
– ჩემი დამცირება გინდოდა.
– კარგი, ასე იყოს: დიახ, შენი დამცირება მინდოდა. თავის
მოთოკვა არ შეგიძლია. მეტს არაფერს იმსახურებ.
– ძუკნასავით ნუ ლაპარაკობ.
ბინძური სიტყვა მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა.
ფლორენსს ხელ-ფეხი გაეხსნა. ახლა ყველაფერს თამამად
ეტყოდა!
– თუ ასე ფიქრობ, თავიდან მომწყდი. აქედან დამეკარგე!
ედუარდ, წადი, გევედრები. რატომ არ გესმის? მარტო ყოფნა
მინდა. სანაპიროზე ამისთვის გამოვედი.
მიხვდა, ბიჭი თავის უმსგავსო საქციელში გაიხლართა და
უკან ვერ დაიხევდა. ფლორენსმა მეუღლეს ზურგი აქცია.
როგორ სძულდა ეს გათვლილი, თეატრალური ჟესტი, მისი
თავნება მეგობრები საბრალო სატრფოებთან რომ იყენებდნენ.
თუმცა, საუბარი მობეზრდა. ეს უხმო საქციელი საუკეთესო
გამოსავლად ეჩვენებოდა. ხანდახან, როცა თავს უქეიფოდ
გრძნობდა, წარმოიდგენდა ხოლმე, ყველაზე მეტად რის

109
გაკეთება გამახარებდაო. ახლა პასუხი წამში მოიფიქრა:
ოქსფორდის სადგურზე დგას, დილის ცხრა საათია, ხელში
ვიოლინოს ბუდე უჭირავს, მხარზე გადაკიდებულ სკოლის
ძველმოდურ ჩანთაში კოხტად ჩაწყობილი მუსიკის ნოტები
და წვერწამახული ფანქრები უწყვია, ლონდონისკენ მიმავალ
მატარებელს ელოდება, კვარტეტთან რეპეტიციაზე ეჩქარება,
სადაც მშვენიერებას ეზიარება და მრავალ სირთულეს
შეასკდება, მაგრამ მეგობრებთან ერთად შრომა ყოველგვარ
შიშს ფანტავს; ყველაფერს მარტივად გადაჭრის. იქ კი,
სანაპიროზე, ედუარდი მის პასუხს ელის. ფლორენსმა
იგრძნო, სიმამაცე არ მეყოფა, ჩემი აზრები გავუზიაროთ.
აზრები დაეფანტა. ცხოვრება ამ უცნობს, ჩილტენ ჰილსის
მკვიდრს როგორ ჩააბარა, ველური ყვავილებისა თუ
ნერგების, შუა საუკუნეების ხელმწიფეთა თუ რომის პაპების
სახელები ზეპირად რომ იცის?! გოგონა მიხვდა, ახალ
ცხოვრებას ჩემით დავთანხმდი და უჩვეულო ვითარებაში
საკუთარი სურვილით ამოვყავი თავიო.
ჯერ კიდევ ზურგჩექცევით მყოფმა იგრძნო, ვაჟი როგორ
მიუახლოვდა. წარმოიდგინა, მაჯებს როგორ ათამაშებდა,
მუშტებს კრავდა და თითებს იქნევდა, თითქოს მზადაა, ქალს
მხრებზე შეეხოსო. გორაკებიდან გადმოღვრილმა სიბნელემ
მარტოსული ჩიტის გალობა მოიტანა, ჩახლართული და
ჰაეროვანი. ფლორენსმა მელოდიას ყური მიუგდო და
გაიფიქრა, ნეტავ, რომელი საათიაო. ბულბული იქნება! ნუთუ,
ზღვასთან ასე ახლოს ცხოვრობენ? ივლისში ჭიკჭიკებენ?
ედუარდს ეცოდინება! არა, შეკითხვის გუნებაზე არ იდგა.
– მე შენ მიყვარდი, მაგრამ ყველაფერი გააფუჭე, –
საქმიანად ჩაილაპარაკა ვაჟმა.
დაძაბულები ცოტა ხანს უხმოდ იდგნენ. მერე ფლორენსი
ინტერესით ჩაეკითხა:
– გიყვარდი?

110
ედუარდი სიტყვას არ გადავიდა. არც ის იყო ცუდი
ტაქტიკოსი. მშვიდად ჩაილაპარაკა:
– შეგვეძლო სამოთხეში თავისუფლად გვეცხოვრა.
სანაცვლოდ, ნაგავში ამოვყავით თავი.
მარტივი ჭეშმარიტების მოსმენამ გოგონა დააფრთხო.
წარსულ დროში რატომ ლაპარაკობდა? სიტყვა „ნაგავზე“
საძინებლის ამაზრზენი ეპიზოდი მოაგონდა – ლორწოვანი
სითხე, კანზე რომ მიახმა. დარწმუნდა, მამაკაცთან არასდროს
დავწვებიო.
– ჰო, – უშუალოდ უპასუხა მეუღლეს.
– რაზე მეთანხმები?
– ნაგავში ვართ.
ხმა დიდხანს არ ამოუღიათ. ტალღების შხუილსა და
გადაფრენილი ჩიტის გალობას უსმენდნენ, რომლის ხმაც
შორიდან უფრო მკაფიოდ ისმოდა. როგორც იქნა, ფლორენსს
წინათგრძნობა აუხდა: ედუარდმა მხარზე ხელი დაადო.
ნაზმა შეხებამ ხერხემალსა და წელზე თბილად დაუარა.
გოგონა დაიბნა. ვერ მიხვდა, რა ეფიქრა... არ სიამოვნებდა,
ვაჟისკენ მიბრუნების შესაფერის წამს რომ არჩევდა. საბრალო
ედუარდი... ალბათ, დედამისი მოაგონდა, რომელთანაც
მარტივი საკითხების მოგვარებაც დიდი სირთულე იქნებოდა.
ხომ შეეძლოთ სამოთხეში ეცხოვრათ?! მორჩა, ყველაფერს
გადაჭრით ეტყვის. ეს მისი მოვალეობაა! ქალის ტვირთი;
დედის ვალდებულება.
მეუღლისკენ მიბრუნდა და თავი გაითავისუფლა. ჯერ ვერ
აკოცებს. გონება უნდა დაძაბოს და ვაჟს გეგმები მერე
გაუზიაროს. ფლორენსის თავზე დაკიდებულ მთვარეს
ღრუბლის საბურველი გადასძვრა. ქალმა სუსტ სინათლეში
ედუარდის სახის ნაკვთები გაარჩია. გაიფიქრა, ისე მიყურებს,
როგორც ადრე – გაოცებითა და ინტერესით – ახლა კი
მეტყვის, ლამაზი ხარო. ამ სიტყვების არასდროს სჯეროდა.

111
თითქოს იმ ხარკს სთხოვდნენ, რომლის გადახდაც არ
შეეძლო. თავი ძველებურად დაუმძიმდა და ფიქრები
გაეფანტა.
– ბულბული გალობს? – იკითხა გოგონამ.
– შაშვი.
– ღამით? – გული დასწყდა ფლორენსს.
– მარტოსულია... საბრალო. როგორ წვალობს, –
ჩაილაპარაკა ბიჭმა, – ჩემსავით.
ფლორენსს ხმამაღლა გაეცინა. სატრფოს ნამდვილი ბუნება
დავიწყებია! აი, ეს კაცი შეუყვარდა, ერთგული მეგობარი,
რომელიც მოულოდნელ, საყვარელ ფრაზებს ისვრის... ქალი
დამშვიდდა. სიბრაზე ახრჩობდა. გრძნობები და განწყობა ასე
არასდროს შესცვლია. მზად იყო მეუღლისთვის თავისი გეგმა
გაეზიარებინა, რომელიც, ერთი მხრივ, სრულიად
გონივრული ეგონა, მეორე მხრივ (საბოლოო პასუხს მალე
გაიგებს), გულისამრევი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
ახლიდან დაიბადა.
ქალის სიცილით გათამამებული ედუარდი მეუღლეს
მიუახლოვდა და ხელის ჩაკიდება სცადა. ფლორენსმა უკან
დაიხია. გონება უნდა დაძაბოს. ფიქრები დაალაგოს. ტექსტი
ფიქრებში რამდენჯერმე გაიმეორა და სხაპასხუპით
ჩაარაკრაკა:
– ხომ იცი, როგორ მიყვარხარ... ძალიან, ძალიან. ვიცი, რომ
არც შენ გადაგყვარებივარ. შენს გრძნობებში ეჭვი არასდროს
შემპარვია. შენთან ყოფნა მომწონს, მინდა, მთელი ცხოვრება
ერთად გავატაროთ. დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგი არ
ხარ. ყველაფერს მარტივად უნდა შევხედოთ. მაგრამ, როგორც
შენ ამბობ, „ნაგავში“ აღმოვჩნდით. სიყვარული ვერ გვიხსნის.
ისიც ვიცი, ყველაფერი ჩემი ბრალია. ორივემ კარგად ვიცით.
ალბათ უკვე ყველაფერს ხვდები...

112
ენა დაება. ედუარდმა სიტყვის თქმა სცადა, მაგრამ
ფლორენსმა ხელით გააჩერა.
– საშველი არ ჩანს. სექსი არ გამომივა. უბრალოდ,
მოუხერხებელი კი არ ვარ, არ მინდა, დანარჩენებისა და შენ
მსგავსად არ მიზიდავს. ჩემი ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება.
არ მომწონს, მასზე ფიქრიც კი მზარავს. მიზეზს ვერ ვხვდები,
მაგრამ არა მგონია, რამე შეიცვალოს. დიდი დრო
დამჭირდება. ახლა არაფერი გამომივა. თუ ახლა არ ვაღიარე,
ტანჯვის მეტი არაფერი გველოდება. უბედური იქნები,
ედუარდ. უბედურები ვიქნებით.
ამჯერად ვაჟს ხმა არ ამოუღია. მოშორებით მდგარი ლანდს
ჰგავდა. ფლორენსი შეშინდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა:
– შეიძლება, ფსიქოანალიზი დამჭირდეს. ალბათ დედა
უნდა მოვკლა და მამას მივთხოვდე.
თამამი ხუმრობა, მონოლოგის შესარბილებლად ცოტა ხნის
წინ რომ მოიფიქრა, ჰაერში გამოეკიდა. ედუარდი ხმას არ
იღებდა. ზღვის ფონზე გახევებულ ორგანზომილებიან
ფიგურას ჰგავდა. ფლორენსმა ხელი ნაზად, მაგრამ
ნერვიულად აიქნია და შუბლიდან უჩინარი კულული
მოიშორა. აღელვებისგან უფრო სწრაფად ალაპარაკდა, თუმცა
ყველა სიტყვას მკვეთრად გამოთქვამდა. სიჩქარე თხელ
ყინულზე მოსრიალე მოციგურავესავით აკრიფა,
დახრჩობისგან თავი რომ ეხსნა. წინადადებებს მიერეკებოდა,
თითქოს სატრფოს მხოლოდ ასე შეასმენდა თავის
სიმართლეს; სურვილის ორღობეში დარეტიანებულს
შეაქანებდა, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწია. ედუარდს
მეუღლის სასოწარკვეთა თავხედობაში აერია.
– ბევრი ვიფიქრე. დამიჯერე, არც ისე დიდი სისულელეა.
თუ გინდა, გავიმეორებ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს... ეჭვი
არ გვეპარება. ვიცით, ერთიმეორეს ვაბედნიერებთ.
თავისუფლები ვართ! შეგვიძლია მომავალი ჩვენით

113
განვკარგოთ. ამ საქმეში ვერავინ ჩაერევა. თავისუფალი
აგენტები! დღეს ხალხი თავის ნებაზე ცხოვრობს, აზრს არავის
ეკითხება. დედა ორ ჰომოსექსუალს იცნობს, ბინაში ცოლ-
ქმარივით ცხოვრობენ. ორი ზრდასრული მამაკაცი!
ოქსფორდში, ბომონ სტრიტზე. უცხოებს არ ენახვებიან.
ქრისტეს ეკლესიაში ასწავლიან. არავინ აწუხებთ. შეგვიძლია,
ჩვენი წესები დავწეროთ. ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ. თავს
უფლებას ვაძლევ, გითხრა... ედუარდ, მეც მიყვარხარ და,
მოდი, სხვებს ნუ მივბაძავთ. ვინ გაიგებს, რა გამოგვივიდა ან
ვერ შევძელით? შეგვიძლია ერთად ვიყოთ, ვიცხოვროთ და
თუ მოგინდა, თუ მართლა ძალიან მოგინდა, და ასეც იქნება,
დრო გავა და მოგინდება, წინააღმდეგობას არ გაგიწევ, უფრო
მეტიც, მეც მენდომება, რომ ბედნიერი და თავისუფალი იყო.
არასდროს ვიეჭვიანებ! მთავარია, ვიცოდე, რომ მხოლოდ მე
გიყვარვარ. ცხოვრებას შენ და მუსიკას მოგიძღვნით. ამის
მეტი არაფერი მინდა. გულწრფელად გეუბნები! შენთან
ყოფნა, ზრუნვა და კვარტეტთან მუშაობა – ჩემი მომავალია.
ერთ დღესაც რაღაც მშვენიერს შევასრულებ, მაგალითად,
მოცარტს უიგმორ-ჰოლში, მხოლოდ შენთვის; შენთვის,
ედუარდ.
ფლორენსს სიტყვა გაუწყდა. შეცდა, მუსიკალურ
მომავალზე ახლა არ უნდა ელაპარაკა.
ედუარდმა ამოიოხრა; უფრო სწორად – წაისისინა. პასუხის
გაცემამდე ხმამაღლა წაიკნავლა. გულისწყრომა ვაჟის
გამარჯვება აღმოჩნდა:
– ღმერთო ჩემო! ფლორენს. სწორად მიგიხვდი? გინდა,
სხვა ქალებთან ვიარო! ამას ამბობ?
– თუ არ გინდა, ნუ ივლი, – ხმადაბლა უპასუხა გოგონამ.
– შემიძლია, ნებისმიერს ავეკიდო, ოღონდ შენ არ
გაგეკარო?
ფლორენსმა პასუხი არ გასცა.

114
– დაგავიწყდა, რომ დღეს ვიქორწინეთ? ორ ბებერ ბომონ-
სტრიტელ პედარასტად ვიქცეთ?! ჩვენ ხომ ცოლი და ქმარი
ვართ!
ზღვაზე ჩამოწოლილი ღრუბელი შუაზე გაიხლიჩა.
მართალია, მთვარე მიიმალა, მაგრამ სანაპიროზე მოგლეჯილ
ხესთან მდგარი წყვილი სუსტად განათდა. განრისხებულმა
ედუარდმა მიწიდან პრიალა ქვა აიღო და ხელებში შეათამაშა.
– „დაე, გემსახურო ჩემი სხეულით!“ – ყვირილზე
გადავიდა ბიჭი, – ამას დღეს ყველას თვალწინ დამპირდი. ვერ
ხვდები, რა საზიზღარ და სასაცილო გეგმას მთავაზობ?
შეურაცხყოფას მაყენებ! როგორ... როგორ, – ენა დაება, –
როგორ მიბედავ?!
ფლორენსისკენ ნაბიჯი გადადგა, ქვიანი ხელი აღმართა,
მერე მიბრუნდა და ზღვისკენ ისროლა. ვიდრე კენჭი წყლის
კიდეს შეეხებოდა, ედუარდი მეუღლეს მიუბრუნდა:
– მომატყუე! თვითმარქვია! გინდა, უკეთესს გეტყვი?!
ფრიგიდული ხარ! თავიდან ფეხებამდე ფრიგიდული. ქმარი
გჭირდებოდა და მე – იდიოტი – გამომიჭირე.
ფლორენსმა კარგად იცოდა, ვაჟი არასდროს მოუტყუებია,
მაგრამ ბრიყვულად დაუჯერა. ფრიგიდული... საძაგელი
სიტყვა. თავადაც ხშირად უფიქრია. დიახ, ფრიგიდული იყო.
მეუღლეს ამაზრზენი რაღაც შესთავაზა. აქამდე როგორ ვერ
მიხვდა? შეურაცხყოფა მიაყენა. პირობა დაარღვია. ეკლესიაში,
ხალხის წინაშე წარმოთქმული ფიცი ფეხქვეშ გათელა.
ედუარდმა ყველაფერი სწორად აუხსნა. ვაჟის თვალში
არაფერს წარმოადგენდა. არარაობა იყო!
ენა ჩაუვარდა. წამოქცეული ხის ტანს მოშორდა.
სასტუმროსკენ მიმავალს, მეუღლისთვის გვერდი უნდა
აექცია. ჯერ წინ ჩამოუდგა და ჩურჩულით უთხრა:
– მაპატიე, ედუარდ. საშინლად ვწუხვარ.

115
წამით შეყოვნდა, ვაჟის პასუხს დაელოდა, მერე კი გზა
გააგრძელა.

***

ქალის ნათქვამი ძველმოდური წინადადებები ედუარდს


დიდხანს გაჰყვება. ღამით გამოღვიძებულს ჩაესმება
შორეული ექო, თხოვნა, ხმაში გარეული მუდარა, ამოიოხრებს
და მოაგონდება ბნელი სანაპირო, იდუმალი გარინდება,
თავის მიბრუნება... პლაჟზე მთელი საათი გაატარა,
ტკივილისა და შეცდომის სიმწარეს ბოლომდე გაუგო გემო.
ფლორენსმა შეურაცხყოფა მიაყენა, თავად კი ბედნიერი,
ზრდასრული და ტრაგიკულად გამარჯვებული ბრძოლის
ველზე იდგა. ქვიან სანაპიროზე ბოლთას სცემდა, კენჭებს
ზღვაში ისროდა და ხმამაღლა იგინებოდა. მერე ხის ტანზე
დაწვა და საკუთარი თავის სიბრალულში ჩაიძირა, სანამ
ბოღმამ არ წამოაყენა. წყლის პირას იდგა, სატრფო
ელანდებოდა და გონებაგაფანტულს ტალღებმა
ფეხსაცმელები დაუსველა. სანაპიროს გაუყვა და გონებაში
უხილავ მოსამართლეს ეკამათებოდა, რომელიც უბედური
შემთხვევის საქმეს განიხილავდა. საუბედუროდ, დაიჯერა,
ბრძენი და კეთილშობილი ვარო.
სასტუმროში რომ დაბრუნდა, ფლორენსი არ დაუხვდა.
გოგონას ჩემოდანი ჩაელაგებინა და გაპარულიყო.
გამოსათხოვებელი ბარათის წერით თავი არ შეუწუხებია.
ედუარდი მოსაცდელში ჩავიდა და იმ ორ ახალგაზრდას
გამოელაპარაკა, ვახშამი რომ მიართვეს. უცნობებს
გაუკვირდათ, როგორ არ გაგაფრთხილა, ქალს სახლში ვიღაც
ავად გაუხდა და სასწრაფოდ გაემგზავრაო. მენეჯერმა
მანქანით დორჩესტერამდე მიაცილა. ფლორენსს იმედი

116
ჰქონდა, უკანასკნელ მატარებელს მივუსწრებ და ოქსფორდში
დავბრუნდებიო. ედუარდი მიბრუნდა და
ახალდაქორწინებულთა ნომერში ავიდა. არ დაუნახავს,
მაგრამ კეფით იგრძნო, გაოცებულმა ახალგაზრდებმა მზერა
როგორ გაცვალეს.
ლოგინში ტანსაცმლის გაუხდელად ჩაწვა. მთელი ღამე
თეთრად გაათენა. ჯერ კიდევ ბრაზობდა. გონებაში აზრები
წრეზე ცეკვავდნენ. ჯერ ცოლად გაჰყვა, მერე უარით
გაისტუმრა. ნამდვილი ურჩხულია. სხვა ქალებში იარეო.
იქნებ ყურებაც უნდოდა. როგორ დაამცირა. გაუგონარი
ამბავია, არავინ დაუჯერებს. ეფიცებოდა, მიყვარხარო,
ძუძუებიც კი დაუმალა, ქორწინებაში შეიტყუა, კოცნის
არაფერი გაეგებოდა, გააცურა, გაძარცვა, არავის ეტყვის,
სირცხვილს საიდუმლოდ შეინახავს, რომ ჯერ ცოლად გაჰყვა,
მერე უარით გაისტუმრა, ნამდვილი ურჩხულია...
ალიონზე წამოდგა, სასტუმრო ოთახში გავიდა, თავის
სკამთან ჩამოდგა, ხორცსა და კარტოფილს მიმხმარი
საწებელი ააცალა და შეჭამა. მერე ფლორენსის თეფშს მიადგა.
რა აზრი აქვს, ვის ვახშამს მოასუფთავებს?! პიტნა და ყველიც
გასინჯა. სასტუმროდან მზის ამოსვლამდე გაიპარა, ვიოლეტ
პონტინგის პატარა მანქანაში ჩაჯდა და ვიწრო ფერდობებს
დაადგა. ფანჯრიდან ნაკელისა და მოთიბული ბალახის
სურნელი შემოვარდა. მერე ოქსფორდისკენ მიმავალ ცარიელ
ტრასაზე გადავიდა.
ავტომობილი გასაღებიანად პონტინგების სახლთან
დატოვა. ფლორენსის ფანჯრისკენ არც გაუხედავს. ჩემოდნით
ხელში ქალაქის ქუჩებში გავიდა, რომ პირველი
მატარებლისთვის მიესწრო. ჰენლიდან ტერვილ-ჰითამდე
გადაღლილმა ფეხით იარა. ცდილობდა იმ გზით არ ევლო,
რომლითაც ერთი წლის წინ სატრფომ ატარა. ქალის
ნაკვალევს რატომ უნდა აედევნოს? შინ დაბრუნებულმა, მამას

117
ხმა არ გასცა. დედამისს გადაავიწყდა, შვილს ქორწილი რომ
გადაუხადა. ტყუპებმა მომქანცავი კითხვები დააყარეს და
ათასი ამბავი შეთხზეს. ედუარდმა გოგონები ბაღის ბოლოს
გაიყვანა და დააფიცა, ფლორენსის სახელი არასდროს
ეხსენებინათ.
კვირის თავზე მამისგან შეიტყო, მისის პონტინგმა
სტუმრებს საჩუქრები დაუბრუნაო. ლაიონელი და ვიოლეტი
განქორწინების საბუთებს ჩუმად აგროვებდნენ. მიზეზი:
შეუთავსებლობა. ედუარდი მამის თხოვნას დაემორჩილა, ფ–
ჯეფრი პონტინგს, „პონტინგ ელექტრონიქსის“ დირექტორს,
წერილი მისწერა, ბოდიში მოუხადა, რომ „აზრი შეიცვალა“
და ფლორენსის ხსენების გარეშე სამსახურზე უარი
განაცხადა. ბოლოს დროებით დაემშვიდობა.
ბრაზმა ერთი წლის შემდეგ გადაუარა. ახლა სიამაყე
უშლიდა ხელს გოგონას შეხვედროდა ან წერილი მიეწერა.
ეშინოდა, ფლორენსი სხვასთან გააბამს ურთიერთობასო.
ქალის დუმილიც ამის თანხმობად ჩათვალა. დიდებული
ათწლეულის ბოლოს, უამრავი აღტაცების, თავისუფალი
ურთიერთობისა და გემოვნების გამოცვლის შემდეგ – მას
მერე, რაც მრავალ ქალს ჩაუგორდა ლოგინში და ამ საქმეში
გვარიანად დახელოვნდა – ხშირად იხსენებდა გოგონას
შეთავაზებას, რომელიც ძველებურად სასაცილოდ, და რაც
მთავარია, შეურაცხმყოფლად აღარ ეჩვენებოდა. ახალმა
დროებამ ასწავლა, რომ ფლორენსის იდეებმა დროს გაუსწრო.
უმანკოდ დიდსულოვანი გოგონა ვაჟის ვნებებს მსხვერპლად
ეწირებოდა, ედუარდი კი ვერაფერს მიხვდა. „ფანტასტიკური
წინადადებაა, დასთანხმდი“, ეტყოდნენ მეგობრები,
ყველაფერი რომ სცოდნოდათ. ედუარდს ის ღამე არავისთან
უხსენებია. სამოციანების ბოლოს საცხოვრებლად ლონდონში
გადავიდა. სამყაროს ასეთ გადასხვაფერებას ვინ
იწინასწარმეტყველებდა? ფიზიკური სიამოვნების აღზევება,
დანაშაულის განცდის დათრგუნვა და ჟინმორეული,
118
მშვენიერი ქალების სითამამე... ედუარდმა ახალგაზრდობის
წლები დაბნეული და ბედნიერი ბავშვივით გაატარა,
რომელმაც გრძელვადიანი სასჯელი მოიხადა, ახლა კი არ
სჯერა, რომ ასეთი იღბლიანია. მოკლე სახელმძღვანელოების
წერა და აკადემიური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა;
მომავალზე აღარ უფიქრია. საბრალო სერ რობერტ კერის
მსგავსად ამოვარდა ისტორიის ფურცლებიდან და აწმყოში
თბილად შეიყუუჟა.
ხელმძღვანელობდა სხვადასხვა როკ-ფესტივალს, გახსნა
ჯანსაღი კვების სასადილო ჰემპსტიდში, მუშაობდა ფირების
მაღაზიაში კამდენ თაუნის არხის სიახლოვეს, წერდა
რეცენზიებს მცირებიუჯეტიანი მუსიკალური
ჟურნალისთვის, გაიჩინა უამრავი საყვარელი, იმოგზაურა
საფრანგეთში ახალგაზრდა ქალთან ერთად, რომელიც
ცოლად მოიყვანა და სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში
ერთად იცხოვრეს პარიზში.
ბოლოს ფირების მაღაზიის თანამესაკუთრე გახდა.
გაზეთისთვის დრო აღარ რჩებოდა, თანაც იმხანად
„ნამდვილ“ პრესას არავინ ენდობოდა, რადგან იცოდნენ,
მთავრობის ინტერესებს ატარებდა. მოგვიანებით ედუარდმა
ეს მოსაზრებაც უარყო.
გაზეთს თუ გადაშლიდა, ხელოვნების გვერდებზე
არასდროს ფურცლავდა, სადაც კონცერტების ვრცელი და
მჭერმეტყველური მიმოხილვა იბეჭდებოდა. კლასიკურ
მუსიკაზე გული აუცრუვდა, როკ-ენ-როლი კი მთელი
არსებით შეიყვარა. შესაბამისად, არც 1968 წელს უიგმორ-
ჰოლში გამართული ენისმორ-კვარტეტის ტრიუმფალური
დებიუტის შესახებ სმენია. ჟურნალ „ტაიმზის“ კრიტიკოსი
„სცენაზე ახალი სისხლისა და მოზარდული სულისკვეთების
შემოსვლას“ იუწყებოდა. ავტორი აფასებდა „ნაწარმოების
სიღრმეს, პირქუშ მდინარებასა და ჭკვიანურ დაკვრას“,

119
რომელიც „ოცდაათ წლამდე ასაკის მუსიკოსებში ასეთი
იშვიათობაა“.
კვარტეტი „ჩინებული სიმშვიდით გაუძღვა მოცარტის
ბოლო პერიოდის ჰარმონიებისა თუ დინამიკის
მრავალფეროვნებას. კომპოზიტორის „კვინტეტი D მაჟორში“
ასეთი სათუთი შესრულებით არასდროს მოგვისმენია“,
მიმოხილვის ბოლოს, კრიტიკოსი ხოტბას ასხამდა გუნდის
ლიდერს – პირველ ვიოლინოს. „წარმოუდგენელი გახლდათ
ადაჯოს სრულყოფილი მშვენიერება და სულიერი
სიმდიდრე. მის პონტინგი ამ ნაწილს ჰაეროვანი სინაზითა და
ლირიკული მგრძნობელობით ასრულებდა, როგორც
შეყვარებული ქალი; არა მხოლოდ მოცარტსა თუ მის
მუსიკაზე, არამედ – თავად სიცოცხლეზე შეყვარებული“.
ედუარდს გაზეთის ეს ნომერი რომ წაეკითხა, მაინც ვერ
მიხვდებოდა – რადგან ფლორენსის გარდა არავინ იცოდა –
დარბაზში შუქის ანთებისას, ახალგაზრდა დამკვრელები
ხმამაღალი ოვაციებით რომ შეამკეს, პირველი მევიოლინე
მხოლოდ მესამე რიგის ცენტრში, 9C ადგილისკენ აპარებდა
თვალს.
მომდევნო წლებში, როდესაც ვაჟი ქალს გონებაში
ეკამათებოდა, წარმოიდგენდა, წერილს მივწერო, ან ქუჩაში
გადავეყრებიო, ეჩვენებოდა, ჩემს ცხოვრებას ნახევარ წუთში,
ან ერთ აბზაცში ჩავატევო. რა დაემართა?! დინებას
მიუყვებოდა, მთვლემარე, დაუკვირვებელი, უთავმოყვარეო,
არასერიოზული, ბავშვური, აუღელვებელი... მხოლოდ
მატერიალურ წარმატებას მიაღწია. კამდენ თაუნში პატარა
ბინა იყიდა, ოვერნიში ორსაძინებლიანი კოტეჯის
თანამფლობელი გახდა. გახსნა ფირების ორი განსხვავებული
მაღაზია: ჯაზისა და როკ-ენ-როლის, რომელთაც ინტერნეტის
გამოჩენამ ნელ-ნელა წყალი შეუყენა. დარწმუნებული იყო,
კარგი მეგობარიც გამოდგა. ადრეულ წლებში დიდებული
დროც ატარა; ველური თავგადასავლები გამოიარა. მონათლა
120
ხუთი ბავშვი, თუმცა მათ ყმაწვილკაცობამდე ხელი არ
გაუნძრევია.
1976-ში დედა გარდაეცვალა, ოთხი წლის შემდეგ კი შინ
გადავიდა, რომ ავადმყოფი მამისთვის მიეხედა. ჰარიეტი და
ენი დიდი ხნის წინ გათხოვდნენ, შვილები გააჩინეს და
ოჯახებით საზღვარგარეთ გადაბარგდნენ. ორმოცი წლის
ედუარდი განქორწინებული იყო. ლონდონში კვირაში სამჯერ
ჩადიოდა და მაღაზიებს უვლიდა. მამა 1983 წელს
გარდაეცვალა და ცოლის გვერდით, პისჰილის ეკლესიის
ეზოში დაკრძალეს. ედიარდი სოფლის სახში მდუმარედ
შემორჩა – კოტეჯის მეპატრონეები ვაჟის დები იყვნენ. კამდენ
თაუნიდან გაქცეულს დიდებულ თავშესაფრად ეჩვენებოდა;
ორმოცდაათიანებში კი სამუდამოდ იქ დაფუძნდა. ტერვილ
ჰითი არ შეცვლილა. გლეხებისა და მუშების ნაცვლად
მეზობლად მოგზაურები და ზაფხულის დამსვენებლები
შერჩნენ. ედუარდი ყველასთან თბილ ურთიერთობას
ინარჩუნებდა. ბედნიერი იყო: ლონდონელ მეგობრებს შორის
ერთ ქალს ეტრფოდა, ორმოცდაათი წლის ასაკში ტერვილ
პარკის სახელით კრიკეტის შეჯიბრებაში მონაწილეობდა,
ჰენლის ისტორიკოსებში გაერია, ეველმეს ყავლგასული
წყალგაყვანილობის განახლე-ბას დაესწრო. თვეში ორჯერ
ჰაი-ვაიკომბის კომპანიაში „ტვინშერყეულ“ ბავშვებთან
მუშაობდა.
სამოცი წლის ასაკში გასუქდა, სხეული დაუმძიმდა, ჭაღარა
შეუთხელდა და ვარდისფერი, ჯანმრთელი სახე დაეშუშნა,
მაგრამ მაინც ბევრს სეირნობდა. ლიმონების ორღობეში
მინდვრებზე ველურ ყვავილებსა და პეპლებს აკვირდებოდა,
ბიქს-ბოტომის ბუნებრივ ნაკრძალში დაიარებოდა, შინ კი
წიფლიანით ბრუნდებოდა და პისჰილის ეკლესიასთან
ჩავლილი ფიქრობდა, მეც აქ დავიმარხებიო. ხანდახან ტყის
გზაჯვარედინს მიადგებოდა ხოლმე და წარმოიდგენდა,
წლების წინ, აგვისტოს დილას როგორ დაეკითხებოდა
121
პაწაწინა რუკას ფლორენსი. ორმოცი წლით ახალგაზრდა
გოგონას ხელის გაწვდენაზე ხედავდა. მასთან მოდიოდა!
სატრფოს ძებნაში დაიქანცა! მერე სტონორ-ველისთან
შედგებოდა, იქაურობას მოათვალიერებდა და ფორთოხლით
გაისველებდა პირს. ედუარდი, როგორც იქნა, თავს
გამოუტყდა, ცხოვრებაში ასე არავინ მყვარებიაო.
ქალთან რომ დარჩენილიყო, იქნებ ოცნებები არ
გადარეცხოდა და ისტორიის პატარა წიგნები ეწერა.
მართალია, კლასიკური მუსიკის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ
იცოდა, ენისმორ-კვარტეტმა სახელი გაითქვა და
წარმატებულ კონცერტებს მართავდა. ედუარდი
წარმოდგენებს არასდროს ესწრებოდა, არც ბეთჰოვენისა და
შუბერტის ფირფიტებს ყიდულობდა; წარწერების
წაკითხვასაც ერიდებოდა. არ უნდოდა, ფლორენსის ფოტოს
წასწყდომოდა, ქალის სახეზე განვლილი წლების კვალი ენახა,
მისი ცხოვრების დეტალები მოესმინა. მხოლოდ მოგონებებში
ეტრფოდა: ღილთან დაბნეული ბაბუაწვერა, თმაში ხავერდის
ბაფთა, მხარზე გადაკიდებული ნაჭრის ჩანთა და მშვენიერი,
მსხვილი სახე; ფართო და უეშმაკო ღიმილი. ვერ იჯერებდა,
რომ ეს უცნაური მევიოლინე გოგონა დაკარგა. რა
მნიშვნელობა აქვს, რა შესთავაზა? ფლორენსს მხოლოდ
სიყვარული და გამხნევება სჭირდებოდა! მთელი ცხოვრება
წინ ჰქონდათ. არ უნდა აჩქარებულიყვნენ. სიყვარული და
მოთმინება... ყველაფერს გაუმკლავდებოდა. რამდენი ბავშვი
ეყოლებოდათ? რამდენი თმაშეკრული გოგონა გახდებოდა
მათი ოჯახის წევრი? ასე იცვლება ცხოვრების მდინარება –
არაფრის კეთებით. ჩეზილ-ბიჩზე ფლორენსისთვის უნდა
დაეძახა და უკან ასდევნებოდა. ვაჟმა არ იცოდა და არც
აინტერესებდა, რომ მისგან წასული, გაუბედურებული ქალი
ტკბილი გრძნობებით იყო აღსავსე, მეუღლის ძახილი ხსნად
მოევლინებოდა და მაშინვე უკან მიბრუნდებოდა. ზაფხულის
დაისში გაყინული ედუარდი კი მდუმარედ იდგა და
122
გაჰყურებდა სანაპიროზე მიმავალ ქალს, რომლის ნაბიჯების
ხმასაც მალე პატარა ტალღების დგაფუნი შთანთქავს... სანამ
ჰორიზონტს არ შეერევა; სანამ ფერმკრთალ შუქში
აციმციმებული ქვები ჩაყლაპავენ.

123

You might also like