You are on page 1of 14

ლექცია 1.

ლექტორი ეკა ბერელაშვილი

სავაჭრო ურთიერთობები და ნედლეულის წარმოება საქართველოში

საეკლესიო ხელოვნების მთავარი ნიშანია მისი მონაწილეობა ღვთისმსახურებაში, რაც


თითოეული კომპონენტის სიმბოლურ მნიშვნელობას განაპირობებს.

როგორც მატერიალური კულტურის ძეგლთა შესწავლით ირკვევა, საქართველოს ფართოდ


განვითარებულ საფეიქრო წარმოებაში იყენებდნენ სელის, ბამბის, მატყლისა და აბრეშუმის
ნედლეულს. რომლებიც უცხოეთიდან კი არ შემოჰქონდათ, არამედ აქედან გაჰქონდათ.
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი და კლიმატური პირობები ხელსაყრელ
გარემოს წარმოადგენდა საფეიქრო წარმოებისთვის საჭირო, როგორც მცენარეული (სელი,
კანაფი, ბამბა, ჭილოფი), ისე ცხოველური წარმოშობის (ტყავი, მატყლი, აბრეშუმი)
ნედლეულის მოსაყვანად. ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ბერძენი
ისტორიკოსი ჰეროდოტე გვაწვდის ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კავკასიელ ტომებში
საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა წარმოება-ხელოსნობის დარგები: ქსოვა, რთვა, ღებვა, მოხატვა,
მცენარეული საღებავების დამზადება. ჰეროდოტე „ისტორიის“ მეორე ნაწილში კოლხებს
გამოარჩევს, როგორც სელის წარმოებაში დახელოვნებულ ტომს და მათ მიერ დამზადებულ
სელს, ხარისხითა და დამუშავების ტექნოლოგიით, ეგვიპტურს უთანაბრებს: „მხოლოდ
კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებდნენ სელს ერთნაირად“. ასევე აღნიშნავს, რომ კავკასიის
მთებში მცხოვრები ტომები „ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წამალს და ამით ხატავენ
ტანსაცმელს, ხოლო ეს ნახატები კი არ ხუნდება, არამედ ცვდება დანარჩენ შალთან ერთად.“
საღებავად გამოიყენებოდა -ენდრო, კაკლის მწვანე ნაჭუჭი, ხის ქერქი. ყვითელი ფერის
საღებავის დასამზადებლად გამოიყენებდნენ ნარინჯ ყვავილს, რომლისგანაც საკმაოდ
მაღალი ხარისხის საღებავი მზადდებოდა. მე-13 საუკუნის გეოგრაფის ზაქარია ყაზვინის
ცნობით ჩანს, რომ საქართველოდან სელის ქსოვილებს გარდა მატყლის, ბამბისა და
აბრეშუმის ქსოვილები მრავალი გაჰქონდათ მეზობელ ქვეყნებში, თვით თბილისიდანაც.
ამავე გეოგრაფს აღნიშნული აქვს, რომ ქსოვილები ვაჭრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანს
წარმოადგენდა. საქართველოდან აბრეშუმი ჯერ მასალის, შემდეგ კი მზა პროდუქციის და
ნართის სახით გადიოდა. შარდენის გადმოცემით საქართველოში აბრეშუმს საკმაო
რაოდენობით ამზადებდნენ. აქედან გააქვთ თურქეთში, ერზერუმში და სხვ. სადაც დიდ
ვაჭრობას აწარმოებენო. ვახუშტის გადმოცემით აბრეშუმს საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში ამზადებდნენ. შეიძ₾ება ითქვას, რომ მე-9 საუკუნიდან მოყოლებული აბრეშუმის
ქსოვილები თანდათან იკავებდნენ პირველ ადგილს საექსპორტო საქონელში. არაბულ-
სპარსული წყაროებიდან და იტალიელი მოგზაურების აღწერილობიდანაც არის ცნობილი,
რომ მე-14 საუკუნეში ამ ექსპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თვით
საქართველოში, განვითარებულ ფეოდალურ ხანაში, როცა საქალაქო მეურნეობა და

1
ხელოსნობა საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა, როგორც ჩანს, საფეიქრო წარმოებასაც გარკვეული
ადგილი ეკავა. სავარაუდებელია, რომ ქართული საფეიქრო ნაწარმი მარტო შინაურ ბაზარს კი
არ აკმაყოფილებდა, არამედ მისი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაჰქონდათ. ამას
ხელს უწყობდა ფართოდ განვითარებული სავაჭრო- საქარავნო გზების სისტემა.

თემურ ლენგის შემოსევამ გაანადგურა საქართველოში მეურნეობის ეს დარგი. მან გააკაფინა


თუთის ხეები, რომ აბრეშუმის წარმოება სრულიად მოსპობილიყო.

წერილობით წყაროებში აბრეშუმი პირველად მოხსენიებულია იაკობ ცურტაველის


აგიოგრაფიულ ნაწარმოებში „მარტვილობა შუშანიკისი“ (მე-6ს.). სადაც იგი მოხსენიებულია,
როგორც ჭიჭნაუხტი. ამ ნივთიერებისათვის ჩვეულებრივ მიღებული სახელი აბრეშუმი
სპარსულია და უძველესი ხანის ძეგლებში არ გვხვდება.

საინტერესო ისტორიაა თუ საიდან შევიდა აბრეშუმი ბიზანტიაში: თავიდან ჩინეთი


იყო აბრეშუმის ქსოვილების მწარმოებელი, ხოლო ბიზანტია შალს აწარმოებდა და
საექსპორტოდ გაჰქონდა, მაგრამ სპარსელებთან ომი აძნელებდა ვაჭრობას, ამიტომ
ბიზანტია თვითონ უნდა გამხდარიყო აბრეშუმის ქსოვილის მწარმოებელი.
იმპერატორმა იუსტინიანემ თეოდორას ბრძანების თანახმად, ორი ბერი გაგზავნა
ჩინეთში, საიდანაც ბამბუკის ჯოხით საიდუმლოდ ჩამოიტანეს აბრეშუმის ჭია და
უკვე VI ს-დან ბიზანტიელებმა იცოდნენ მისი წარმოების საიდუმლო. სირიასა და
საბერძნეთში ფარჩის წარმოება დაიწყეს. ამ დროისათვის მეწამული ფერის საღებავზე
და აბრეშუმის ქსოვილის წარმოებაზე მსოფლიო მონოპოლია ბიზანტიას ჰქონდა.

საქართველოში გავრცელებული აბრეშუმის ქსოვილები და მათი სახეობანი: - ტილო,


რომელიც მზადდებოდა კანაფისაგან და ჭინჭრისაგან. სელის ქსოვილის გარდა გარკვეული
დროიდან ბამბის ქსოვილიც არსებობდა. სელის შემდეგ ყველაზე გავრცელებული მატყლის
ქსოვილი იყო. ქართულში ცნობილია, არსებობდა და ახლაც შემორჩენილია ტერმინი
თივთიკი, რომელიც ნაზ ქსოვილს ნიშნავდა. არსებობდა განთქმული თივთიკის შალი. დ.
ჩუბინაშვილის მიხედვით თივთიკი თხის ან კურდღლის ბუმბულს ნიშნავს. სულხან-საბას
განმარტებით თივთიკი თხის ბალნისაგან მოქსოვილი ნაზი ქსოვილია. შალი სპარსული
სიტყვაა და ქსოვილს ნიშნავს. თურქულად წამოსასხამსაც ნიშნავს. ამ მასალებს ჩვ.წ.აღ. 2
საუკუნეში აბრეშუმი ემატება. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ოქსინო
ხავერდისმაგვარი ოქროს ქსოვილი. როგორც საქართველოში, ისე სხვაგან. საბას განმარტებით
„ოქსინო ოქროქსოვილი ხავერდი იყო. თავდაპირველად ქსოვილის აღმნიშვნელი ყოფილა
ტერმინი შეიდიშიც რაც მზითვის წიგნებითაც მტკიცდება: მაგ. 1712წ. ანუკა ბატონიშვილის
მზითვის წიგნში სწერია „პერანგისტოლი...დარაი ბაბთისა ცხრა, შეიდიშა ცხრა“. ასევე
დასახელებულია „სამი ჩარექი შეიდიში“, ზომა 3 ჩარექი ცხადია, შესაძლებელია მხოლოდ
ქსოვილზე ითქვას. (თუმცა ამჟამად შეიდიში ქალის შიგნიდან ჩასაცმელ შარვალს ეწოდება.)
საქართველოში გავრცელებულ აბრეშუმის ქსოვილთა შორის ერთ-ერთი სახელი სტავრა იყო.

2
პირველად იგი ქართულ წყაროებში ჯუანშერთან იხსენიება. სულხან-საბას მიხედვით
„სტავრა სირმის ნაქსოვი“ იყო, ე.ი. ოქროს თმისაგან შემზადებული ყოფილა. დ. ჩუბინაშვილს
სტავრაზე ნათქვამი აქვს „ფარჩა, ოქრონაქსოვიო“. ქსოვილის მნიშვნელობით წერილობით
ძეგლებში არაერთგან გვხვდება ტერმინი „ლარი“, რომელიც ზოგჯერ ქსოვილის ზოგად
სახელადაა გამოყენებული, ზოგ შემთხვევეაში კი ძვირფასი ფარჩის ქსოვილის
აღმნიშვნელია. ისტორიანი და აზმანი შარავნედთანის“ ავტორი „ლარს“ თამარის
გათხოვებასთან დაკავშირებით იხსენიებს: „იქმნა ქორწილი სახე-დაუდებელი და იგავ-
მიუწვდომელი, სიმრავლენი სახეობათაგანი, ძღუნობანი და ნიებანი თუალთა და
მარგალიტთანი, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა
და უკერულთანი“. „რკონის დაწერილი“ მას გაცვლა=გამოცვლის ექვივალენტადაც
ასახელებს: „წავედი ორტაღთაგან ლარი და თეთრი ავიღი, ვიარებოდი და ვყიდდი“.
აბრეშუმის თუ ქსოვილების ხმარებას საქართველოში ფულის მაგივრად სხვა წყაროებიც
ადასტურებს. ლარი-აბრეშუმის ქსოვილი ფულის როლს ასრულებდა. ფულის
მნიშვნელობით იხმარება ლარი „ვეფხისტყაოსანშიც“. დიბაც-აბრეშუმის ქსოვილია და მე-14
საუკუნემდე არ გვხვდება. სახელწოდება სპარსულია; მისი ძველი სახელი იგივე სტავრა იყო.
სულხან-საბას მიხედვით „დიბა ქართული არ არის, დებაგი ჰქვია“ ქართულადო. ქსოვილის
სახეობაა ასევე კუბასტი. ატლასზე საბას ნათქვამი აქვს მხოლოდ, რომ ნაქსოვია. ატლასი,
როგორც დ. ჩუბინაშვილსაც აქვს აღნიშნული, არაბული სიტყვაა. არაბულად ატლას გლუვსა
და უსახოს, შემდეგ უსახო აბრეშუმის ქსოვილსაც, ატლასსაც ნიშნავს. ქსოვილთა ერთ-ერთ
ზოგად სახელად ნაქსოვიც იხმარებოდა. ძვირფას ქსოვილთა გარკვეული ჯგუფის ზოგად
სახელად ოქროქსოვილი იყო.

როგორც იცით, მე-17 საუკენეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურეს რუსმა ელჩებმა,


რომელთა თანახმად, მე-17 ს-ის იმერეთში მოსახლეობის ფართო ფენები ძირითადად
ადგილობრივ ნამზადი ქსოვილების (აბრეშუმის, შალის, ბამბის) სამოსს ატარებდა, ხოლო
სამეფო კარისა და დიდგვაროვნების სამოსისათვის ძვირფასი ქსოვილები უმეტესად
ირანიდან და ოსმალეთიდან შემოჰქონდათ. სასანური ირანი აწვდიდა მეზობელ ქვეყნებს,
კერძოდ ბიზანტიას, აბრეშუმის ნედლეულსა და მზა პროდუქციას. სასანური ქსოვილების
გავრცელება გასაკვირი არ არის, „ რადგან თუ მისი სტილი, ერთი მხრივ, ჭეშმარიტად
ეროვნულია, მეორე მხრივ, იგი მეტისმეტად მომხიბლავია ესთეტიკური თვალსაზრისით“.
სასანურ ირანში, ფრინველი და ცხოველი სხვადასხვა სამეფო რეგალიებით იყო მორთული
(სამეფო გვირგვინი, უკან შეკრული და გადაფრიალებული ლენტებით, პირში მძივებით და
სხვა). რაც, როგორც იყო აღნიშნული, ხელისუფლების ძალასა და ძლიერებას გამოხატავდა.
მეზობელი ქვეყანა-ბიზანტია-იღებდა აღმოსავლურ დეკორს, რომელიც მდიდრულ იერს
ანიჭებდა ქსოვილებს. პირველად ბიზანტიის დიდებულები გატაცებული იყვნენ ამ
გამოსახულებებში ხორცშესხმული ძალისა და ძლიერების სიმბოლიკით, შემდგომში კი მათ
ამ ქსოვილების მხოლოდ დეკორატიული მორთულობის სიმდიდრე იზიდავდა.
ბიზანტიელი ხელოსნები ბაძავდნენ აღმოსავლელ ხელოსნებს. ადგილობრივი წარმოშობის
ქსოვილების დეკორის ნახატი იმეორებდა აღმოსავლურ მოტივებს. ხდებოდა მათი

3
გადამუშავება ადგილობრივი მაღალი საზოგადოების გემოვნებისა და მოთხოვნილების
შესაბამისად. ბიზანტიური დეკორატიული აბრეშუმის ქსოვილების წარმოებაში ცალკე
გამოიყოფოდა საიმპერატორო კარისათვის დამზადებული ქსოვილები, რომლებიც
საექსპორტოდ არ გამოიყენებოდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვით იმპერატორი
უბოძებდა მას სხვა ქვეყნის მმართველს. ხატოვანი ქსოვილების დამკვეთი და მომხმარებელი
ძირითადად სამეფო კარი და სასახლის არისტოკრატია იყო. ძვირფასი სასანური ქსოვილების
დეკორში ჩართულია სპილოების, ლომების, არწივების, ფასკუნჯების, ფრთოსანი ცხენების
და სხვა ამგვარი გამოსახულებები, რითაც აღმოსავლური მონარქიის ძლიერება იყო
სიმბოლურად გამოხატული. როდესაც ქსოვილზე ლომების ფიგურებია ამოქარგული,
ამგვარი სახიანი ქსოვილისათვის შუა საუკუნეების საქართველოში საგანგებო ტერმინი -
„ლომოანი“ არსებობდა. ცნობილია, რომ ბიზანტიაში ლომების გამოსახულებიანი ქსოვილები
საგანგებოდ სამეფო კარისათვის მზადდებოდა, რაც ასევე სასანური ირანის მოდის გავლენით
იყო განპირობებული. ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან წარმომავალი ლომის სიმბოლური
თემა სამეფო ძალაუფლებასა და უძლეველობას განასახიერებდა. ბიზანტიაში ქსოვილის
გავრცელებული ორნამენტი იყო გეომეტრიულ ორნამენტში ჩართული ცხოველებისა და
ფრინველების სტილიზებული სახეები (ლომები, ვერძები, სპილოები, ფარშევანგები,
ფასკუნჯები) ასევე გეომეტრიულ ფიგურებში (წრე, რომბი, კვადრატი) ჩასმული
ზოომორფული ან მცენარეული მოტივები (სუროს ფოთოლი, შროშანისებრი ყვავილი,
პალმეტი).

როგორც აკად. გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, არც ერთ კულტურულ სახელმწიფოს არ შეუძლია


იარსებოს სხვა სახელმწიფოების კულტურისაგან იზოლირებულად, მათთან კონტაქტის
გარეშე, პირიქით, ესა თუ ის ქვეყანა სხვა ქვეყნებთან აქტიური კონტაქტებისა და
კულტურულ ღირებულებათა გაცვლის გზით იმაღლებს საკუთარ კულტურას. გარედან
შემოღწეულ მხატვრულ ფორმებს შეეძლოთ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე,
გაემდიდრებინათ ქართული ხელოვნების ინდივიდუალური სახე, მაგრამ სწორედ ამ
მიმართულებით მკვეთრად გამოვლინდა ქართული ხელოვნების შემოქმედებითი ძალები და
მნიშვნელობა. განვითარების მთელ მანძილზე ქართული ძეგლები ინარჩუნებენ თავის
განსაკუთრებულ თავისებურებას და გარე სამყაროდან ითვისებენ მხოლოდ იმ ელემენტებს,
რომლებიც როგორღაც შეესაბამებიან მათ ეროვნულ ხასიათსა და მიდგომას. ეროვნულ
ნიადაგზე აღმოცენებული ქართული კულტურა მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტში
ვითარდებოდა. „საქართველოს ახლო ურთიერთობამ არაბულ-სპარსულ კულტრულ
მიმდინარეობებთან და მათი სალიტერატურო ძეგლების გაცნობამ, საქართველო ერთგვარად
აქცია შუამავლად მაჰმადიანურ აღმოსავლეთსა და ქრისტიანულ ბერძნულ-რომაულ
დასავლეთს შორის, ამ ორ, სარწმუნოებრივად განსხვავებულ სამყაროს შორის.“

ქსოვილებში ნათლად არის გამომჟღავნებული ყოველი აღნიშნული ქვეყნის სახვითი


ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნები,
გადამუშავებული მხატვრული ქსოვილებისათვის საერთოდ დამახასაითებელი

4
ორნამენტულ-დეკორატიული ბუნების შესაბამისად. ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ
ქსოვილები, სწორედ მათი ბუნების გამო, რომელიც დამოკიდებულია მათ უტილიტარულ
დანიშნულებაზე, მეტ თავისუფლებას იძლევა ორნამენტული მოტივების
„მოგზაურობისათვის“.

უცხოური ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილები, რომელიც მაღალი წოდების


წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, ინტენსიური საგარეო ვაჭრობის შედეგად
შემოდიოდა საქართველოში. გარდა ამისა, ბიზანტიის კეისრები, საგანგებო წყალობის
ნიშნად, საქართველოს მეფეებს უგზავნიდნენ ძვირფას სამოსელს. აბრეშუმის ქსოვილები
დიდებულთა საზეიმო სამოსს წარმოადგენდა. ამის მოწმობას ვხვდებით ეფრემ ასურის
ნაწარმოებში „სიტყუა მოღუაწებითი სრულყოფისათვის მონაზონისა“, სადაც ხაზგასმულია
აბრეშუმის საზოგადოებრივი კუთვნილება, „მდიდარაი მოიღებენ ჭიჭნაურსა, ხოლო ქურივი
მატყლსა შეღებულსა“. რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდებულნი საზეიმო ვითარებაში
აბრეშუმის ქსოვილით იმოსებოდნენ, ხოლო გლოვის დროს შავი ფერის მატყლის ტანისამოსს
ხმარობდნენ, ამასვე ადასტურებს მატერიალური კულტურის ძეგლები და საბუთების
ცნობები. მაგ. ოშკის ეკლესიის (952-966) სამხრეთის ფასადზე გამოსახული არიან ადარნასე II
კურაპალატის ვაჟები- ბაგრატ ერისთავთ ერისთავი და დავით მაგისტროსი, შემდგომ
კურაპალატი, წარწერაში აღნიშნული დავითი ჯერ მაგისტროსის, ხოლო შემდეგ
კურაპალატის წოდებას ატარებდა, ტიტულების განსხვავების მიუხედავად, ორივე ძმას-
ბაგრატსა და დავითს- ერთნაირი მდიდრული ტანისამოსი აცვიათ: კაბაზე და მოსასხამზე
დიდი მედალიონებია გამოსახული. ეს მოტივი ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილისთვისაა
ტიპიური. ამ შემთხვევაში გამოსახული ქსოვილი და თვით ტანისამოსიც კი, შესაძლებელია,
ბიზანტიური წარმოშობის ყოფილიყო. მოგეხსენებათ, რომ ტაო-კლარჯეთი ბიზანტიის
გავლენას განიცდიდა „ ქართული პოლიტიკური სხეულის განაპირას ბიზანტიასა და
სომხეთს შორის მდებარე ეს მხარე მეტისმეტად მნიშველოვანი იყო ბიზანტიისათვის,
რომელიც ამიერკავკასიაზე, ძველ რომაულ ტრადიციებს არ ეხსნებოდა“. (ნ. ბერძენიშვილი,
კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო
ურთიერთობაში) რახან ტაოს მმართველები ბიზანტიურ ტიტულებს- „მაგისტროსი“.
„კურაპალატი“- ატარებენ, მათთვის გათვალისწინებული იყო შესაფერისი სამეფო სამოსის
ბოძებაც.

ამრიგად, საქართველოში აბრეშუმის წარმოება არ გამორიცხავდა ამ ნაწარმის გარედან,


კერძოდ, ბიზანტიიდან შემოტანასაც. ამის შესახებ საინტერესო ცნობებს იძლევა კონსტანტინე
პორფიროგენეტი: „ ნეტარხსენებულმან მეფემ, უფალმა რომანოზმა, გაგზავნა კონსტანტინე
პატრიკიოსი და ნაოსნობის დგუნგარი, რომელიც მაშინ პროტოსპათარი და მანგლავიტი იყო,
და მისცა მას სამაგისტრო ჰიმატიონი, რათა მას გურგენ იბერი მაგისტროსად აღეზევებინა“.

ასეთსავე ძვირფას ქსოვილებს ღვთისმსახურნიც ხმარობდნენ. XI ს. 20-30 წლების ქართული


დიპლომატიკის წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახა ცნობა, რომ ბიზანტიის მმართველმა
რომანოზმა და ბაგრატ კურაპალატმა მელქისედეკ კათალიკოზს ძღვნად სხვა ნივთებთან

5
ერთად გაუგზავნეს: „ შესამოსელი სამღვდელმოძღვრო ოქსინო, უღლითა ანაფორითა,
ხატოვანითა, ოქროვანიტა და ყოველივე სრული“.

ასეთ დეკორატიულ ქსოვილებს მაღალი წრის წარმომადგენლები იყენებდნენ არა მარტო


ტანისამოსისათვის, არამედ ფარდების, დეკორატიული გადასაფარებლებისა და
გავალაკებისთვისაც. (ერთგვარი საჩრდილობელი მეფეთა და დიდებულთა
ტახტრევანისთვის). ამ დანიშნულების ქსოვილები იყო მძიმე, მჭიდროდ მოქსოვილი და
იკეთებდა ლამაზ ნაკეცებს. ისინი ამშვენებდნენ სასახლეთა დარბაზებს, ავსებდნენ სვეტებს
შორის არეებს. გამოიყენებოდა ასევე ეკლესიებში. ქსოვილებს ხშირად ეკლესიას სწირავდნენ
და შემდგომში ჯვრებისა და ხატების შესამკობად ხმარობდნენ. ხატის განსაკუთრებულ
მნიშვნელობას მოწმობს მის ზურგზე გადაკრული ძვირფასი, აღმოსავლური ქსოვილი.

საქართველოში, ამდაგვარი ძვირფასი ორნამენტით შემკული ქსოვილების გამოსახულება


გვხვდება აგრეთვე მონუმენტურ მხატვრობაშიც. მსგავსი ქსოვილები გამოსახულია რკონის
ბაზილიკის სადიაკვნოს ჩრდილოეთის კედლის მხატვრობაში, სადაც დიდებულები არიან
წარმოდგენილი, მათი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს მხატვრობა რენე
შმერლინგმა XII ს. მეორე ნახევრით დაათარიღა.

მაგალითად, ზემო სვანეთის იფრარის ეკლესიის მოხატულობაში (1096) კანკელის ფილა და


ტრაპეზი მორთულია ორნამენტული მოტივით, რომელიც ამგვარი ქსოვილის იმიტაციას
წარმოადგენს.

ქსოვილის იმიტაციას ვხვდებით ბერთუბნის სატრაპეზოს საწინამძღვრო ნიშაშიც. აქ


გამოსახულია ორი მედალიონი. ზედა მედალიონის მხოლოდ ნახევარია წარმოდგენილი. შიგ
მოთავსებული გამოსახულება ძლიერ დაზიანებულია, მაგრამ მოხაზულობის მიხედვით, იგი
ფრთოსანი ლომი, შესაძლებელია, ფასკუნჯიც იყოს. ეს მოხატულობა XIII საუკუნის
დასაწყისს ეკუთვნის.

ჩვენამდე შემორჩენილი ქსოვილები იმხანას ეკუთვნის, როცა ფეოდალური საქართველო


ეკონომიკური და კულტურული განვითარების აღმავლობას განიცდიდა. ეროვნულ
ნიადაგზე აღმოცენებული ქართული კულტურა მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტში
ვითარდებოდა. ამ პერიოდში იქმნება კულტურული ცენტრები საქართველოსა და მის
საზღვრებს გარეთ, ვითარდება ლიტერატურა, საისტორიო მწერლობა, ხელოვნების
სხვადასხვა დარგი- ხუროთმოძღვრება, მონუმენტური მხატვრობა, მინიატურა, ჭედურობა. ამ
დროს დიდი მასშტაბით მიმდინარეობს საკულტო და საერო ნაგებობათა მშენებლობა,
საქართველოს მრავალ რაიონში აღიმართა სასახლეები და კათედრალები. გაერთიანებული
ფეოდალური სახელმწიფოს მესვეურები გზების, ფუნდუკების, ქარვასლებისა და ხიდების
მშენებლობაზე ზრუნავდნენ, უწყობდნენ ხელს ხელოსნობისა და ვაჭრობის ინტენსიურ
განვითარებას. წარმოებდა გაძლიერებული საგარეო ვაჭრობა ძვირფასი საქონლით;

6
შემოჰქონდათ და გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი მატყლი, აბრეშუმი, ხალიჩები, ყველი,
თაფლი და სხვა.

სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ ამ დრომ დაგვიტოვა შედარებით დიდი რაოდენობა


ძვირფასი, მაღალი მხატვრული დონის უცხოური თუ ადგილობრივი ქსოვილების
ფრაგმენტები. საქართველოში შემორჩენილი მხატვრული დეკორატიული ქსოვილების
საინტერესო ნიმუშები დაცულია ზემო სვანეთის ეკლესიებში. მართალია, ჩვენამდე მათ
მხოლოდ ფრაგენტების სახით მოაღწიეს, მაგრამ შეიძლება ვიმსჯელოთ ქსოვილების
მხატვრულ ხასიათსა და ტექნიკურ დამუშავებაზე. ისინი გარკვეული ეპოქის
განვითარებული ფეოდალური ხანის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებენ. ყველა ეს ქსოვილი
შესრულებულია მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ძაფით.

აღსანიშნავია, რომ ზემო სვანეთის ეკლესიებში ქსოვილების გარდა, დარჩენილია სხვადასხვა


დროის ჭედური და ფერწერული ხატები. ჯვრები, ფიალები და სხვ. ადგილობრივ
შესრულებულ ნაწარმოებებთან ერთად, აქ ვხვდებით სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებითი
ხელოვნების ნიმუშებსაც. ამ მაღალმთიან რაიონში ხელოვნების ნაწარმთა ასეთი თავმოყრა
გამოწვეული იყო მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობით; იგი საქართველოს
ცენტრალური რაიონების ტერიტორიისგან დაცილებული და მტრისათვის ძნელად
მისაწვდომი იყო. ზემო სვანეთის ეკლესიებში დაცული ქსოვილების ფრაგმენტები
უმთავრესად ხატების და საკურთხევლის წინ აღმართული ჯვრების ზურგს ამკობდნენ- ეს
ჯვრები კვარცხლბეკზე, ეკლესიის შუაში, ე.ი. მლოცველთათვის განკუთვნილ სივრცეში
იდგა. ისინი საქართველოს სხვადასხვა, ძირითადად, მაღალმთიან რაიონებში გვხვდებიან,
(სვანეთი, რაჭა, ყვირილის ხეობა). როგორც შემორჩენილი ძეგლები ადასტურებს, ასეთი
ჯვრების აღმართვას ქართლშიც ჰქონდა ადგილი. აქ დარჩენილია კვარცხლბეკები ჯვრების
გარეშე (მცხეთის ჯვარი). საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვრები საქართველოს გარდა
ევროპაშიც გვხვდება.

ხატებისა და საკურთხევლის წინ აღმართული ჯვრების წინა მხარე და ზურგი, ჩვეულებრივ,


ჭედური ფირფიტებით იყო შემკული. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ამ ძეგლების ზურგი
ჭედურობით არ იმკობოდა, მას ქსოვილი ჰფარავდა. ხატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
მოწმობს მის ზურგზე გადაკრული ძვირფასი, აღმოსავლური ქსოვილი. მაგალითად,
უშგულის თემის სოფ. ჩაჯაშის მაცხოვრის ეკლესიაში ინახება ხატი, რომელზეც
გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით; ხატის განსაკუტრებულ მნიშვნელობას მოწმობს მის
ზურგზე გადაკრული ძვირფასი, აღმოსავლური ქსოვილი და ამ ქსოვილის დაზიანებულ
ადგილებში გამოჩენილი ხატზე დაფიცების აღსანიშნავად დატანილი შავი საღებავებით
გავლებული ხაზები. ქსოვილზე გამოსახულია მედალიონი, რომლის შიგნით ამჟამად ჩანს
ლომის თავი, შეერთებული ოთხ ტანთან. ასეთივე ქსოვილითაა შემკული ჩაჟაშის და სვიფი
ფარის ეკლესიებში დაცული საკურთხევლის წინ აღმართული ჯვრების ზურგი, აგრეთვე
გულის ეკლესიაში დაცული ხატის ზურგი.

7
საინტერესოა, რომ ზოგ შემთხვევაში ხატის ზურგს ფარავს ფერწერა, რომელიც აშკარად
ქსოვილის იმიტაციას წარმოადგენს-გამოყენებულია ქსოვილის მოტივები. ასე, მაგალითად,
ფხოტრერის ეკლესიაში დაცულია მე-11 საუკუნის ხატი. რომელზეც წარმოდგენილია
კომპოზიცია „მთავარანგელოზთა კრება“. ამ ხატის ზურგი დაფარულია თხელი გრუნტით,
ზედ ფერწერით შესრულებულია ოთხი მედალიონი, ერთმანეთთან მრგვალი კვანძებით
გადაბმული. დიდ მედალიონში გამოსახულია ფასკუნჯი, მის მიერ დამარცხებული
ცხოველის ზურგზე. ფერწერით შესრულებული დეკორი, რომელიც დეკორატიული
ქსოვილის იმიტაციას წარმოადგენს, რომლებითაც ბიზანტიაში პატივმიგების ნიშნად
იფარებოდა ძვირფასი შენაწირები-ხატები და ჯვრები. კიდევ ერთხელ ადასტურებს ამგვარი
ქსოვილით ხატის ზურგის შემკობის ტრადიციას საქართველოში. ქსოვილებზე სხვადახვა
ორნამენტულ დეკორთან, ფანტასტიურ ფრინველებთან და ცხოველებთან ერთად გვხვდება
ასოები. კუფური ასოების დეკორატიული ხასიათის გამო მათ ადრევე იყენებდნენ
ორნამენტულ მოტივად. თუმცა ზოგჯერ წარწერები მბრძანებლის სადიდებლად არის
გამოყენებული. ერთ-ერთ ქსოვილზე ამოკითხული წარწერა გვაუწყებს : „მპყრობელს-
გამარჯვება და სამეფო, მფლობელს-გამარჯვება და აყვავება“. ზოგჯერ პარალელებს
იძლევიან არა ქსოვილის დეკორები, არამედ ქვაზე გამოკვეთილი რელიეფური
გამოსახულებები. ხახულის ტაძრის (11 ს.) სამხრეთ ფასადზე გამოსახული „ფარშავანგი“.
ფრინველების გამოსახულება გვხვდება შუა საუკუნეების ქართული მატერიალური
კულტურის სხვადასხვა ხასიათის ძეგლებზე. განსაკუთრებით უხვია ფრინველთა
გამოსახულება, ცხოველებთან და ფანტასტიკურ არსებებთან ერთად, ნიკორწმინდის მე-11
საუკუნის ტაძრის დეკორში. წყვილი ფრინველის მსგავსი გამოსახულების მაგალითად
შეიძლება მოვიყვანოთ პატარა ონის ( 11 ს.) დასავლეთის შესასვლელის ტიმპანზე და ხცისის
(11 ს.) სამხრეთის ფასადის რელიეფები და სხვა.ქართული ქსოვილებიც, ისევე როგორც
ქართული ხელოვნების სხვა ძეგლები, ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებისათვის
მდიდარ მასალას იძ₾ევიან. ამ ფრინველების და ცხოველების გამოსახულებებში წმინდა
დეკორატიული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სტილიზებულ-დეკორატიული
ფორმების მიუხედავად, ცოცხლად არის გამოცემული მათი ზოგადი ხასიათი და მოძრაობა.
ამრიგად, შემორჩენილი-განხილული მხატვრული ქსოვილები ქართული კულტურისა და
ხელოვნების ორგანულ ნაწილად გვევლინება და საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ მაინც
წარმოვიდგინოთ ამ დარგის განვითარების მაღალი დონე შუა საუკუნეების საქართველოში.

ზოგადად საეკლესიო შესამოსელზე გამოსახულებები სრულდება ხავერდის,


აბრეშუმის ან დიბის1 მიწარზე, საქარგავი მასალაა -ოქროსა და ვერცხლის თმა,
ოქრომკედი და ვერცხლმკედი, ზეზი, აბრეშუმის ძაფი, გამოყენებულია - გრეხილი
1
`დიბა ქართული არ არის. დებაგი ჰქვიან. დებაგი – ნაქსოვია. დიბა”. სულხან-საბა, ლექსიკონი-
ქართული, დიბა- (სპარს.) ფარჩა მძიმედ ნაკერი ან ნაქსოვი ოქრომკედითა, მაგალ. Dდიბის ქათიბი.
დ.ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ, 1984

8
სირმა, გრეხილი ვერცხლის თმა, ოქრომკედის გრეხილი, ოქროს ძაფი, მალათინი,
კლაპიტონი, კლანჭურები, კილიტები, ყაითანი, ბუზმენტი, ოქროს ბურთულები,
ძვირფასი ლითონი (ოქრო, ვერცხლი) ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, მინის
მძივები. ხშირ შემთხვევაში საქარგავი მასალაა ოქროს ან ვერცხლის თმა. სულხან-
საბას განმარტებით: ოქროს თმა _ ესე არს ოქროს ძაფი რომელსა სპარსნი სირმას
უწოდებენ და რა თმა იგი გასტკიცო და ბრტყელი იქმნას, ჰქვიან ს ხ ე პ ლ ა.2 ოქროს
თმა _ უწმინდესი ოქროს ღერი მზადდება სპეციალურ ხელსაწყო ადიდაში ოქროს
თანდათანობითი გადაჭიმვით. “ოდეს ოქრო გააწვრილო თმათაებრ ეწოდოს ოქროს
თმა. სპარ. სირმა”.- ასე განმარტავს ჩუბინაშვილი3. “ ისტორიულ წყაროებში
დაცულია დოკუმენტი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ერთი გრამი
ბაჯაღლო ოქროსგან ამოჰყავდათ 500 მეტრი ოქროს თმა.
უწმინდესი ოქროს ღერი ისევე მზადდება, როგორც ოქროს თმა. ოქროსა და
ვერცხლის თმა ოქროსა და ვერცხლის ზოდისაგან მზადდება. ქართველი
ოქრომჭედლები უძველესი დროიდანვე უწვრილესი ოქროსა თუ ვერცხლის თმით
ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს ქმნიდნენ. ამის დამადასტურებელი არა ერთი
ნიმუში გვაქვს ქართულ ოქრომჭედლობაში. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ
ქართველ ოსტატთა შორისაც იყვნენ ისეთები, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის თმას
და მისგან ოქრომკედსა და ვერცხლმკედს ამზადებდნენ.4 ვინაიდან ძალზედ დიდი
წარმატებით იყენებდნენ ოქრომკედსა და ვერცხლმკედს ქართველი მქარგველები,
ისინი საკმაოდ დახელოვნებული იყვნენ ამ მასალით ქარგვაში და შესაბამისად
ქმნიდნენ ხელოვნების არაჩვეულებრივად შთამბეჭდავ ნიმუშებს.

ჩვენი მქარგველები ასევე წარმატებულად იყენებენ საქარგავ მასალად


ოქრომკედსა და ვერცხლმკედს. მკედი, სულხან-საბას განმარტებით, არის „მომსხო
2
სხეპლა (39:3 გამოსვლ.) ესე არს ოქროსა და ვერცხლის თმა გაპრტყელებული, რომელსა სპარსნი
მუყაიშს უწოდებენ. ოქროს თმასავით ბრტყელი (პტყელი) მუყაიში. სულხან-საბა,…ლექსიკონი
ქართული, თბ, 1993, მუყაიში - სხეპლა, ნახე ოქრომკედი. დ. ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული
ლექსიკონი, სხეპლა –ოქროს ან ვერცხლის თმა, მავთული, წკეპლა. დ. ჩუბინაშვილი, რუსულ-
ქართული ლექსიკონი.......
3
დ. ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი…..
4
ი. მელიქიშვილი, „ქართული საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკა“…...……

9
ძაფი”. თვით ძაფი „არს წვრილად დართული აბრეშუმი, ყაჭი, სელი და მისთანანი,
ხოლო კედი მისთანავე ხოშრად დართული”. 5

განსტკეცილი სხეპლა, ეხვევა რა ძალიან მჭიდროდ აბრეშუმის ძაფს ანუ მკედს,


მიიღება უკვე სხვა სახის ძაფი-ოქრომკედი ან ვერცხლმკედი.

საქართველოს ტერიტორიაზე ჯერჯერობით უძველესია 1961 წ. ვანის


არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქრომკედი, რომელიც ძვ.წ. 6-5 სს.
ქალისა და ბავშვის მდიდრულ სამარხებში იქნა აღმოჩენილი.

აბრეშუმის ძაფით ტრადიცულად იქარგება სახის ნაკვთები-თვალი, წარბი, ცხვირი,


პირი და თმა-წვერი.

ზეზი-ეს ტერმინი მრავალჯერ გვხვდება ძველი აღთქმის ტექსტში და ყოველთვის


სიჭრელეს უკავშირდება. რაც მისი დანიშნულებისგანაც მომდინარეობს. ეს
თავისთვად მიუთითებს, რომ აქ ლაპარაკია მასალაზე, რომელიც არაერთფეროვანია.
ზეზის დამზადებისას ფერადი აბრეშუმის ძაფი შეეგრიხება ვერცხლის ან ოქროს
თმას, ან უკვე დამზადებულ ვერცხლმკედს, ან ოქრომკედს. ეს საქარგავი მასალა
ფერადოვანია. აქ აბრეშუმის ძაფი დომინირებს ოქროსა და ვერცხლის ფერზე. ამიტომ
მას იყენებენ ოქრომკედითა და ვერცხლმკედით ქარგვისას ფერადოვანი აქცენტებისა
და სხეულის შიშველი ნაწილების ქარგვისას. ზეზით იქარგება : სახე, ხელები, ფეხის
ტერფები, მაცხოვრის შიშველი სხეული და ზეზით ხდება სამოსის ფერადოვნების
ხაზგასმა. შეუმოსავი დეტალების ზეზით მოქარგვა, გარკვეულ პერიოდზე
მიანიშნებს, გვიან იწყება (მე-17 საუკუნიდან). ადრეულ ნივთებზე სახეები და ხელები
მოქარგულია ლითონის ძაფით; გვიან კი ზეზით. აბრეშუმის ძაფით საერთოდ
იშვიათად იქარგებოდა ჩვენთან სახეები და ხელები, განსხვავებით სხვა
მართლმადიდებლური ქვეყნებისაგან. ჩვენთან სხეულის შეუმოსავ ნაწილებს
ვერცხლის თმით (მაგ: “მიტროფანეს მიტრა“) ან ოქროს თმით ქარგავდნენ ადრეულ
პერიოდში. ჩამოთვლილი მასალით სასურველი გამოსახულებების მისაღებად
გამოყენებულია სხვადასხვა ტექნიკური ხერხები: ნამაგრი სითვი, ორმხრივი სითვი,
რელიეფური სითვი, „კილოური”, „თევზიფხური,”, „კალათური”, „ლიანდაგური”,
ნამაგრის სითვის ერთ-ერთი სახეობა „რომბული”, „კემსურა”, „გადაქნევით”,
„წიწვოვანი”, გამოსახულებები ხშირადაა მოკალმული ოქრომკედის გრეხილით.
ნაქარგობების სახეობები, მათი სახელწოდებები, რომლებიც ქართულ მხატვრულ

5
სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული,

10
ქარგულობაში გვხვდება, ყველა სახელსნოსა და ცენტრისათვის იდენტურია
(იგულისხმება ქართულის გარდა, რუსული, ბიზანტიური, ბალკანური ნაქარგობა).

ქსოვილზე სასურველი გამოსახულების დატანა უძველესი დროიდან ორი წესით ხდებოდა:


1. პირდაპირ ქსოვილზე იხატებოდა (ბასმით, მელნით, ფანქრით) მოსაქარგი კომპოზიცია და
გვაქვს ჩენ ამის მაგალითები.

„სითვი”- ბმულადების ერთი მეორეზე მჭიდროდ და გლუვ მილაგებას ეწოდება.


ბმულადები გამოსახულების მოყვანილობას მისდევს და მისი ზომა სხვადასხვაა.”6
აბრეშუმის ძაფით ქარგვას ზოგადად სითვით ქარგვა ეწოდება. `წმინდად გვირისტით
ნაკერი”7. ტერმინი სითვი კი გვირისტით გაკერვის შესატყვისია. „მჭიდროდ ნაკერი
ნემსის უხარვეზოდ ამოგებით”8. სითვის ის სახეობა, რომლითაც ნაქარგია საეკლესიო
ნაქარგობის უდიდესი ნაწილი - ნამაგრი სითვი, (როდესაც ერთი სახეობის ძაფი,
განლაგებული ქსოვილზე, მაგრდება მეორე სახეობის ძაფით ნემსმოდებით ანუ
ძაფიანი ნემსის ქსოვილში გატარებით.) ფაქტობრივად წამყვანია ქართულ მხატვრულ
ქარგულობაში. ნამაგრი სითვით ქარგვისას ძირითადად ორი სახეობის ძაფს იყენებს
ოსტატი: 1) აბრეშუმის ძაფს, რომლითაც ხდება ჩამაგრება და 2) ოქროს ან ვერცხლის
ძაფს, რომელიც მაგრდება. ჩასამაგრებლად გამოყენებული ძაფის საშუალებით
მიღებული ბმულადების მწკრივი კი განაპირობებს ნამაგრი სითვით ქარგვისას
გამოყენებული ტექნიკური ხერხების სახეობებს.

ოქროქსოვილის, ოქროსა და ვერცხლის დომინირება საეკლესიო


ქარგულობაში, ისევე, როგორც სითვით ქარგვისას გარკვეული ფერების
კანონზომიერი გამოყენება განპირობებულია ლითონის - ოქროსა და ვერცხლის
ფიზიკური თვისებებით. ასევე მასში მოაზრებული სიმბოლიკით. ოქრო, ძველი
აღთქმის მიხედვით, ემბლემაა დიდებისა. ოქრო მაცხოვრის სიმბოლოა.

6
ირ. სონღულაშვილი, „მასალები ხელსაქმის ქართული ტერმინოლოგიისათვის“, (ხელნაწერი). საქმე
#1; შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა მემუარული ფონდი,…
გვ. 72
7
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ.4, თბ, 1960
8
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 2

11
აბრეშუმის სითვით ქარგვისაგან განსხვავებით ნამაგრი სითვით ქარგვისას
ძირითადად ბმულადებით შექმნილი სწორი ხაზის მოძრაობით იქმნება ფორმა.
ნამაგრი ბმულადების განლაგება სამ ძირითად პრინციპს ექვემდებარება: 1- სწორი
ხაზის მოძრაობა წინ და უკან (ლიანდაგური, კალათური, ლასტური და კილოური
ნამაგრი სითვი.

2-სწორი ხაზის მოძრაობა კუთხეზე (ტეხური, წიწვური, თევზიფხური, ნაკრტენი და


კლერტული ნამაგრი სითვი.)

არსებობს ნამაგრი სითვის ორი ძირითადი სახეობა 1-სიპით (მოყინული) ნაქარგი,


როდესაც რელიეფი არ არის წარმოდგენილი. ამ დროს ოსტატი ძირითადად ხმარობს
ოქროსა და ვეერცხლის თმას ან ოქრომკედსა და ვერცხლმკედს, ნაქარგს მხოლოდ
სამუშაო ტილოზე. 2-რელიეფური სითვით ქარგვისას, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება
მიტრებზე, ოსტატი რელიეფურობას აღწევს ოქროსა და ვერცხლის თმის,
ოქრომკედისა და ვერცხლმკედის ქვეშ, სამუშაო ტილოსა და მიწარის ქსოვილს შორის
ნაფენის მოთავსებით. ამ ნაფენის სისქესა და სითხელეზეა დამოკიდებული მისი
რელიეფურობა. ამგვარად გვხვდება მაღალ და დაბალრელიეფიანი ნამაგრი სითვის
ქარგულობა. ნაფენი შეიძლება იყოს ძაფის, ბაწრის (ბაწარი ქაღალდის, ბამბის
ნაგრეხი ძაფის), ქაღალდის ან მუყაოსი. ამ ტექნიკური ხერხიდან გამომდინარე ასეთ
ნაქარგს ნაფენით ნაქარგი ეწოდება. ლიანდაგური სითვი - ლითონის ძაფით ნაქარგ
მიწარზე გამოყოფილია ერთმანეთის პარალელურად განლაგებული მიწარიდან
ოდნავ ამოწეული ლიანდაგები, რომელიც დალიანდაგებულის შთაბეჭდილებას
ქმნის. ამ სახეობით ძირითადად ნაქარგობის ფონი და სამოსი იქარგება.

ქართველი ოსტატები კომპოზიციაში ნაქარგობის ფორმის ხაზგასმისა და


რელიეფურობის ეფექტის შესაქმნელად კიდევ ერთ ხერხს მიმართავენ. ეს არის ორი
ან მეტი სახეობის მასალის გამოყენება ერთ სიბრტყეზე, მაგ. ოქროს თმის გვერდით
ვერცხლმკედის განლაგებითა და ჩამაგრებით მათი ზედაპირის ბზინვარება

12
განსხვავებულია, რაც ქმნის ისეთივე ეფექტს, როგორსაც სხვადასხვა ხერხის
შეპირისპირება. ეს არის საოცრად დახვეწილი, თავშეკავებული გამის ეფექტი.

ცნობილია, რომ მე-18 საუკუნიდან ზოგადად ქართულ ხელოვნებაში და მათ


შორის ნაქარგობაშიც შეიმჩნევა ძლიერი გავლენა ევროპული და რუსული
ხელოვნებისა, განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ მიტრები, სადაც საქარგავ
მასალად, გამორჩეულად ხშირად იყენებენ ევროპული ნაქარგობებისთვის
დამახასიათებელ სხვადასხვა „სამკაულს”: მცენარეული ორნამენტის
გასაფორმებლად- მალათინს,9 პეტალებს10, კლანჭურებს11, კილიტებს12, ფიფინებს13,
ბუზმენტს14, მზის სხივების შესაქმნელად - ოქროს ბურთულებს. ძვირფას ქვებსა და
განსაკუთრებით უხვად იყენებენ მარგალიტს. ძვირფას ქვებსაც და მარგალიტსაც
მხოლოდ სამკაულად არ გამოიყენებენ. როგორც ძვირფას ქვებს ასევე მარგალიტს
აქვს სიმბოლური დანიშნულება......

ოქროს, ვერცხლის, აბრეშუმის ძაფების, ოქრომკედის, ვერცხლმკედისა და ზეზით


ქარგვის ტექნიკის გარდა, შემორჩენილი ნიმუშები გვიჩვენებენ ტექნიკური და
მხატვრული თვალსაზრისით მქარგველთა დიდ დახელოვნებას მარგალიტით

9
მალათიანი - ზოლ-ზოლად დაჭრილი ოქროსა და ვერცხლის თხელი პატარა სხეპლები ნაჭერზე
დანაქარგი. თხელი და ვიწრო ზოლი ვერცხლის, ოქროსი და სხვა ლითონისა დაფერილები, მრავლად
ხმარებული ნაქარგობაში ცნობილია ორნაირად, როგორც მალათი და როგორც მალათინი. ი.
სონღულაშვილი, „მასალები......Gგვ.82; მ ა ლ ა თ ა –მუყაიში, ოქროს თმა. დ. ჩუბინაშვილი, რუსულ-
ქართული ლექსიკონი.
10
პეტალო, პიტალო- (ბერძნ.) მეტალთ ფურცელი, ჯიღჯიღა, ან საჭედარი, ან ფორტალი. დ.
ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, პეტალები- სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლითონის
ფირფიტები. პეტალი- (28:36 გამოს.) ილეკრო ქარტასავით შექმნილი. სულხან-საბა, ლექსიკონი
ქართული.
11
კლანჭურები - იგივე ჭიმური: `ეს არის ლითონის (ძირითადად, სპილენძი და თითბერი) წვრილი
სხეპლა, ძალიან წმინდა, უწვრილესად დაკვლანჭული, დაგრეხილი სპირალისებურად… მას
კლაპიტონი ერქვა“. ი. სონღულაშვილი, „მასალები......Gგვ.82;
12
კილიტა ეწოდება ლითონის წვნიკ წრიარედ ფირფიტას, პეტალი კილიტაზე უფრო ფართო
ფირფიტას /არა წრიარედსაც/ და ფიფინა-ჭდეულ სიფრიფანა ფირფიტას წრიარედს ან არაწრიარედს, ან
ვარსკვლავისა და სხვა მოყვანილობისას. ირ. სონღულაშვილი, „მასალები.... გვ. 81; კილიტა- (გამოს.
28:36). წვრილი პეტალი; სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული,
13
ფიფინები- ლითონის ფირფიტები ზედ ნაჭდევი გამოსახულებით.
14
ბუზმენტი - სირიფი, ჩაფარიში ოქრომკედის არშია; დ. ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული
ლექსიკონი, თბ, 1984, ბუზმენტი - ოქრომკედის ყაითანი. ი. გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, თბ,
1997

13
ქარგვის ამ მეტად რთულ სახეობაში. საქართველოში უძველესი დროიდან
საყოველთაოდ იყო გავრცელებული მარგალიტით ქარგვა, რაზეც მეტყველებს:
რელიეფები, ფრესკები, მინიატიურული მხატვრობა, კლასიკური ხანის მწერლობა,
მოგზაურთა ჩანაწერები, ეკლესია-მონასტრების საბუთები, იურიდიული
დოკუმენტები და სხვა.

ბიზანტიურ ნაქარგობაში მხოლოდ ორი სახის ტექნიკური სახე გამოიყოფა:


აბრეშუმის ძაფი გამოიყენება სახეებისთვის, ხელებისთვის და სხვა დეტალებისთვის
(ძირითადად ორმხრივი სითვი? და ჯაჭვური სითვი?) ხოლო ძირითადი კორპუსი
შედგება მეტალის ძაფებისგან, რომლებიც ქსოვილზეა დადებული და დამაგრებული.
კონტრასტებისა და სხვადასხვა ნაირსახეობის შესაქმნელად კიდევ ერთი საშუალება
იყო მეტალის ძაფის ვარირება. ნამაგრი სითვის დამაგრების ვარირებით, მქარგველს
შეეძლო მიეღო სხვადასხვა ტექნიკური სახეები. მიღებული ტექნიკა იყო მეტალის
წვრილი ფირფიტის დახვევა ფერადი აბრეშუმის ირგვლივ (ზეზი?). იმისდა
მიხედვით თუ სახელოსნო რომელი მეტალის ძაფის აწარმოებდა, ის შეიძლება
ყოფილიყო ვერცხლის, ოქროს ან მოოქრული ვერცხლის ფოლგა, ან
ალტერნატიულად გამოჭედილი ყოფილიყო თხელი მავთულისგან.

14

You might also like