You are on page 1of 14

დავით IV ისტორიაში „აღმაშენებლის“ სახელითაა ცნობილი.

ეს ზედსახელი მას
გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოველ შემთხვევაში, XV
საუკუნემდე ცნობა, სადაც დავით IV ამ სახელითაა მოხსენიებული, ჩვენამდე მოღწეული არ
არის. პირველად „აღმაშენებელი“ გვხვდება 1452 წლის ე. წ. ავშანდაძეების სასისხლო სიგელში,
სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“, გადმოვარდნილა,
დამტვრეულა და ავშანდაძეებს უმკურნალიათ მისთვისო. ნარატიულ ისტორიულ
ლიტერატურაში დავითი „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოხსენიებულია XVII საუკუნის
ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორიაში“.
ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით IV „აღმაშენებლად“ უფრო გვიან, „ახალი
ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში („აღწერა სამეფოსა
საქართველოსა“) იწოდება.
ვახუშტი ბატონიშვილი დავითისათვის ამ ზედსახელის დარქმევას ასე ხსნის:
„ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა
ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში
და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური,
ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი...
დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო
ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი
პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და
თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. 

...ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და
უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათორმეტემან
შვილმან ამის დავითისამან, დავით.“

თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და


მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს
დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან, ისინი
დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ.
სელჩუკების მეჯოგეურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური
მეურნეობისათვის. 
საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ
საქართველოზე ვრცელდებოდა, „საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო
წაღულისთავი“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ
აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვარიელებლად და შემდეგ გადმოდიოდა. დავით IV–ს
მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები
და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.

დავითმა შემოიკრიბა თავისი ერთგული ქვეშევრდომები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით


წარემართა ქვეყნის საქმეები. საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა
რაზმებს. სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს სელჩუკებს, ამარცხებდა მათ და
ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარად ჩამოსვლის საფუძველს
უქმნიდა. დავითმა სელჩუკები ქართლიდან თანდათან აჰყარა. ეს წვრილი გამარჯვებები
ქართველ ხალხში მტრის გარდუვალი დამარცხების აუცილებლობასა და საკუთარი ძალის
რწმენას აღვივებდა. ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას,
ქალაქები კი აღორძინების გზას დაადგა
დავით აღაშენებელმა XI საუკუნის ბოლოს მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა დიდგვაროვან
ფეოდალებს. დავითის ისტორიკოსი მელიქ-შაჰის სიკვდილსა და ლიპარიტის განდგომას
ერთმანეთთან აკავშირებს. მალიქ-შაჰი 1092 წელს გარდაიცვალა, ლიპარიტი კი 1093 წელს
განდგა.
ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX-XIII საუკუნეების საქართველოში, მათი სამფლობელო
იყო არგვეთი (ზემო იმერეთში). IX საუკუნის 70-80-იან წლებში ამ გვარის
წარმომადგენელი ლიპარიტ I ბაღვაში ეყმო დავით I ქართველთა კურაპალატს, მიიღო მისგან
მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთაო.

სელჩუკთა ძლიერება თანდათან შესუსტდა სულთან მალიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ (1092


წლიდან). ეს, თავის მხრივ, საქართველოს პოლიტიკური ძლიერების წისქვილზე ასხამდა წყალს.
გარეშე მტრის დასუსტებასთან ერთად აღარც შინაური ურჩი ფეოდალები წარმოადგენდნენ დიდ
საფრთხეს.
დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ ლიპარიტი, რომელსაც ეპყრა თრიალეთი, კლდეკარი
და მისი მიმდგომი ქვეყანა, ერთხანს ერთგულებდა დავითს. როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო
მომხდური მტრის განდევნის სურვილი, რომ დიდგვაროვანი ფეოდალები ახალგაზრდა მეფეს
ამოუდგნენ მხარში. ლიპარიტთან ერთად ჩვენ ვხედავთ ნიანია კახაბერისძესა და აზნაურებს,
რომლებიც თანდათან შემოიკრიბენ საქართველოს სამეფო კარის გარშემო, მაგრამ როგორც ჩანს
ეს მშვიდობიანობა და შეთანხმებული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ლიპარიტის განდგომა ბაღვაშებისა და საქართველოს მეფეთა შორის საუკუნოვანი ბრძოლის
გაგრძელებას მოასწავებდა. 
მეფემ თავგასული ქვეშევრდომის „ინება გაწურთა“ და შეიპყრო იგი. ლიპარიტმა მოინანია ცოდვა
და მეფემაც ამ მონანიების შემდეგ „მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ“
გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება შეუცვლელად ცნო. ლიპარიტის განთავისუფლება 1093
წელსვე უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ლიპარიტმა თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და
მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავითი დარწმუნდა, რომ ლიპარიტის მორჯულება ისევე არ
შეიძლებოდა „რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“ და
კვლავ შეიპყრო 1094 წელს. 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში
გააძევა სადაც გარდაიცვალა კიდეც.
კლდეკარის საერისთავომ კიდევ რამდენიმე წელი იარსება. მას სათავეში ლიპარიტის
ძე რატი ედგა. ვერც რატი ლიპარიტის ძემ გამოიჩინა თავი სიკეთითა და საქართველოს
მეფისადმი ერთგულებით. ისიც, მისი წინაპრების მსგავსად, სამეფო ხელისუფლებისა და
ერთიანი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა. ბუნებრივია, როცა დავითმა კვლავ ორგულობა იხილა
ბაღვაშთა გვარიდან მომდინარე მას ისღა დარჩენოდა უკიდურესი ზომისათვის მიემართა. ეს
უკიდურესი ზომა საერისთავოს გაუქმება იყო. მართლაც, დავითმა გააუქმა კლდეკარის
საერისთავო და მისი მიწა-წყალი თავის სამეფოს შემოუერთა. კლდეკარის საერისთავოს გაუქმება
ემთხვევა საქართველოს მეფის მიერ ზედაზნის ციხის აღებას (1103 წ.)

იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის მიწურულს


გაატარა, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა თურქ-
სელჩუკებს. საქართველოს სამეფო
კარმა ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქ-
სელჩუკების მდგომარეობის აწონ-დაწონვისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ (ბუნებრივია,
შესაბამისად, საკუთარი ძლიერების გათვალისწინებითაც) შესაძლებლად ჩათვალა ხარკის
გადახდის შეწყვეტა 1099 წელს. საფიქრებელია, რომ 1097-98 წლები საქართველოს მოშენება-
მომძლავრების პროცესის დასრულების წლები იყო და უკვე მოძლიერებულ ქვეყანას შეეძლო
უარი ეთქვა მტრისთვის ხარკის გადახდაზე, რადგან მას უკვე ძალაც გააჩნდა და შესაძლებლობაც
იმისა, რომ თვითონ გადასულიყო შეტევაზე. ამ აქტით საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა
დაკარგული დამოუკიდებლობა.

აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთა ერთ-ერთ გამოსვლას საქართველოს სამეფო


კარის წინააღმდეგ ადგილი უნდა ჰქონოდა 1085-1089 წლებს შორის. როგორც ჩანს, ეს გამოსვლა
მარცხით დამთავრდა. მოღალატეები დაუსჯიათ, მაგრამ უკიდურესი ზომები არ გაუტარებიათ

დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმისადმი მიცემულ ანდერძში


მოხსენიებულ ძაგანისა და მოდისტოსის მეფის საწინააღმდეგო მოქმედების ფაქტს, მას ადგილი
უნდა ჰქონოდა დავითის მიერ ზედაზნის აღების (1103 წ.) შემდეგ.

ამგვარად, დავითმა ძაგანი და მისი მომხრეები შეიპყრო. მეფემ ძაგანი სიკვდილით არ დასაჯა,


მაგრამ ყველა პატივი და ღირსება აჰყარა. მისი მიწების ნაწილი მასვე დაუტოვა სიკვდილამდე,
მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძაგანის შთამომავლობა კარგავს ყოველგავრ უფლებას ამ
ქონებაზე.
ამავე პერიოდში ჩანს დავით აღმაშენებლის ბრძანებით შიომღვიმის მონასტრის მშენებლობის
დაწყება, რაც იმ ერთგულების ერთგვარი საზღაური იყო, რაც ბერებმა ძაგანის შეპყრობითა და
მისი მეფისათვის გადაცემით გამოიჩინეს. 1124 წელს მონასტრის მშენებლობა დამთავრებული
ჩანს.
კახეთ-ჰერეთის შემოერთება
კახეთში კვირიკე IV-ის ტახტი მისმა ძმისწულმა აღსართან II-მ დაიკავა. თავისი
წინამორბედისაგან სრულიად განსხვავებით, მას მეფობისათვის არავითარი მონაცემი არ ჰქონდა.
მემატიანის სიტყვებით, იგი ქარაფშუტა, ცუნდრუკი და უმეცრად უსამართლო ყოფილა. ჰერეთ-
კახეთში საქართველოს მეფე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი დიდებული მის
პოლიტიკას მხარს უჭერდა, მითუმეტეს ეს პოლიტიკა მთელი საქართველოს გაერთიანებას
ისახავდა მიზნად. 1104 წელს დიდმა აზნაურებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის
ძმა) ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და საქართველოს მეფეს გადასცეს კახთა მეფე აღსართანი.
დავითმა ჰერეთი და კახეთი დაიკავა („და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი“).

სეპარატიზმის მოსურნენი და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ.


როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი
ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალენ მის საზღვრებს და
დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო.განძის
ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი. მასთან იყო მრავალი კახელი და „ქუეყნისა ერი“ „მტერთავე
თანა გარემოდგომილი ჩვენდა“. ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს. თავგანწირულ
ქართველ მოლაშქრეებს გონიერი ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პირადი
მაგალითით აღაფრთოვანებდა და გამარჯვების რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ.

ერწუხის ბრძოლაში( 1104 წელი- „ხმა გასმენილი დიდი ბრძოლა“) დავითმა ძლევამოსილად
გაიმარჯვა. ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის, მან სრული განადგურება
იგემა. სელჩუკები გაიქცნენ, კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებული იყვნენ
დანებებულიყვნენ. კახეთის დიდებულები მორჩილების გუნებაზე დადგნენ. დავითი
ლმობიერების გზას დაადგა. როგორც ჩანს, კახელი ფეოდალები მკაცრად არ დასაჯა, პირიქით,
„მზეებრ მოჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდართა ქუეყანისათა“. მეფემ ფეოდალებს ციხე-
სიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები ჩააყენა. ნიშანდობლივია, რომ ციხეთა აღებისას
დავითისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ეს ალბათ უაზრობაც იქნებოდა. დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თჳთმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი
და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი“.
1104 წელს ერწუხის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ჰერეთ-კახეთი საბოლოოდ იქნა
შემოერთებული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, ამ უკანასკნელის
ეკონომიკური და სამხედრო ძალების გაზრდის თვალსაზრისით.
საეკლესიო რეფორმა
XII საუკუნის საქართველოს ეკლესიაში წოდებრიობა მთელი სიგრძე-სიგანით იყო
გაბატონებული. მრავალ საეკლესიო თანამდებობებზე როგორც საერთოდ ყველა ფეოდალურ
ქვეყანაში მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ. რაკი ღირსებას ყურადღება არ ექცეოდა მაღალ
საეკლესიო თანამდებობებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი შემთხვვევითი პირები
ხვდებოდნენ, უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები ხდებოდა.
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებსაც. დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ
აღნიშნავს, რომ:
„წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს; და უღირსთა და
უწესოთა მამულობით უფროჲს, ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროჲსნი საეპისკოპოსნი, – არა
კარით მწყემსებრ შესრულ[თა], არამედ ავაზაკებრ ერდოჲთ; და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და
ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი, ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა პყრობისა,
უსჯულოებასა აწურთიდეს მათქუეშეთა; და თჳთ სახლით უფლისაჲთ და მღვდელთაგან
გამოვიდიოდა უსჯულოებაჲ და ცოდვაჲ.

მრავალდღიანი საეკლესიო კრება, როგორც ჩანს, მწვავე ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ


დავითისა და გიორგი მწიგნობართუხუცესის მომხრეებმა მძიმე დებატების შედეგად, როგორც
მემატიანე გადმოგვცემს,
„...ყოველი ცთომილი განჰმართეს და კეთილწესიერებაჲ სათნოჲ ღმერთისაჲ ყოვლითურთ
დაამტკიცეს; უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს და გარდამოსთხივნეს საყდართაგან, დაღათუ
არა-ადვილ იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა
უწესოდ დაეპყრნა საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი და სათნონი ღმრთისანი მწყემსნი
დაადგინნეს.

ჩამოყალიბდა მეფის მკვეთრად გამოსახული საეკლესიო ძალაუფლება. ამას, თავის მხრივ,


ხელი შეუწყო სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ
ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებამ, ჭყონდიდელ-
მმწიგნობართუხუცესობის შემოღებამ.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეფორმები
დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას უთმობდა სამეფოს ადმინისტრაციულ მოწყობას.
დავითის მიერ გატარებული დიდი გარდაქმნები, უპირველესად, სამეფო კარსა და იქ
არსებულ უწყებებს შეეხო: შეიქმნა ახალი თანამდებობები; მეფემ მოაწესრიგა მმართველობა
— როგორც საერისთავოებში, ასევე ქალაქებში. დაითხოვა ურჩი მოხელეები და მათ ადგილას
თავისი ერთგულები დანიშნა.
დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული სასამართლო რეფორმის გატარება და
საგანგებო დაწესებულების — „სააჯო კარის“ შემოღება. მეფის განწესებით, ამ უწყებისათვის
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს უნდა ეხელმძღვანელა. ორშაბათობით ვაზირთა შორის
უპირველესი „სააჯო კარში“ დაჯდებოდა და ქვრივთა და ობოლთა, მიმძლავრებულ
მომჩივანთა საქმეებს განიხილავდა. მას სამართლის ქმნაში სამეფო კარის სხვა მოხელეებიც
ეხმარებოდნენ. „სააჯო კარი“ მუდმივმოქმედი უმაღლესი სასამართლო დაწესებულება იყო,
რომელიც ესოდენ ესაჭიროებოდა ქვეყანას. პოლიტიკური დაშლილობისა და ცენტრალური
ხელისუფლების დასუსტების ჟამს უსამართლობა მომძლავრებულიყო და დავით
აღმაშენებელმა ამ მანკიერების აღმოფხვრა გადაწყვიტა. „სააჯო კარის“ შექმნაც სწორედ ამ
მიზანს ემსახურებოდა.
საქართველოში მკაცრი რეჟიმი დამყარდა, სამეფო ხელისუფლებამ ძლიერი საპოლიციო აპარატი
შექმნა, რომელსაც დავითმა სათავეში მანდატურთუხუცესი (მანდატურთა, შინაგანი პოლიციის
მსახურთა უფროსი) ჩაუყენა სათავეში.

„მსტოვართა ინსტიტუტი“

„მსტოვარნი“ თვალყურს ადევნებდნენ მტრის მოძრაობას და ყველაფერს დროულად ახსენებდნენ


მეფეს. მსტოვარი ქვეყნის მეთვალთვალის — ჯაშუშის მოვალეობასაც ასრულებდა. დავითს
არაფერი დაემალებოდა „არცა სამეფოსა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა,
დიდთაგან მძლეთა საქმე ქმნილი კეთილი გინდა სიტყვა ბოროტი თქმული — არარა
დაეფარვოდა“. ბოროტ სიტყვასა და ღალატში შემჩნეულებს ძალზე მკაცრად უსწორდებოდნენ.

დავითმა თავისი ლაშქარი სწრაფად მანევრირებადი გახადა. ეს უნარი საერთოდ მნიშვნელოვანი


თვისებაა ჯარისა. ლაშქრის სწრაფი მოძრაობის უზრუნველსაყოფად მან გაუვალ მდინარეებზე
ააგო ხიდები და „საწყინოდ სავალნი“ გზებიც „ქვა-ფენილ ყვნა“. ყოველივე ამან კი ხელი შეუწყო
„სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სვლას“.

XII საუკუნის პირველ მეოთხედში, ე. ი. დავითის მეფობის დროს, საქართველოს ლაშქარს


მიღებული ჰქონდა ბიზანტიური, ანუ რომის საომარი დაწყობა ჯარისა, ე. წ. „მწკრივებრივი
ტაქტიკა“. ეს ტაქტიკა მოითხოვდა, რომ რამდენიმე რაზმი ორ მწკრივად დაწყობილიყო
ჭადრაკის ფიგურების მსგავსად. ორივე მწკრივის რიცხვი თანასწორი უნდა ყოფილიყო. პირველი
მწკრივი იერიშით მიდიოდა და თუ სიგრძეზე მტრის მოწინავე ჯარს აღემატებოდა, მაშინ
ფრთებს შლიდა და ორმხრივ მოეხვეოდა მოწინააღმდეგეს. მეორე მწკრივი პირველს შველოდა
და ა შ. დავითს შეუცვლია ეს წესი: ორის მაგიერ სამი მწკრივი შემოუღია, თითოეულ მათგანს
თავისი დანიშნულება ჰქონდა. პირველი — წინამძღოლი ჯარი იყო, მეორე — ყოლბი ჯარი,
ხოლო მესამე — მაშველი ჯარი. მაშველ მწკრივად ითვლებოდა როქის სპა, რომელსაც მეფე
მეთაურობდა.

საინტერესოა მონა-სპის საკითხიც. დავითის ისტორიკოსი აღნიშნავს: „კუალად მონანი რომელ


ჰყვეს რჩეულნი და განსწავლული ღუაწლსა, ვითარ ხუთი ათასი კაცი, ყოველი ქრისტიანი
ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმხნითა“. მონა-სპა საგანგებოდ იყო შედგენილი
რჩეული და გამოცდილი მოლაშქრეებისაგან. იგი მეფის უშუალო ლაშქარი, გვარდია იყო. 5 000
კაცი დავითთან ერთად იბრძოდა, მათ მეფის დაცვაც ჰქონდათ დავალებული. მეფე ბრძოლის
დროს ყოველ მომენტში მონა-სპასთან ერთად იყო. ალბათ იმ რთულ ბრძოლებში, რომლებშიც
საქართველოს ჯარი დავითის მეთაურობით იღებდა მონაწილეობას, პირველ რიგში მეფესთან
ერთად მონა-სპის მოლაშქრეებიც იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ და მეფეს იცავდნენ.

დავით აღმაშენებელმა თავისი ღონისძიებებით დასრულებული სახით ჩამოაყალიბა


საქართველოს ცენტრალური სამოხელეო აპარატი შესაბამისი უწყებებით, რომელთა სათავეშიც
„უხუცესები“ იდგნენ. სახელმწიფოს საშინაო საქმეებს მანდატურთუხუცესი განაგებდა,
სამხედრო საქმეებს — ამირსპასალარი (მისი პირველი თანაშემწე ამირახორი იყო). ცალკე უწყება
განაგებდა სამეფო ფინანსებს. უწყების სათავეში მეჭურჭლეთუხუცესი იდგა, როგორც ირკვევა ეს
უწყება და მეჭურჭლეთუხუცესის სახელო XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე ჩნდება, დავითის დროს
(პირველ მეჭურჭლეთუხუცესად იხსენიება ივანე ვარდანის ძე სვანთა ერისთავი).

სამხედრო მოქმედებანი
დავით აღმაშენებელი გეგმაზომიერად ატარებდა ღონისძიებებს ფეოდალური ქვეყნის
ცენტრალიზაციისა და სამხედრო ძლიერებისათვის. 1110 წელს გიორგი მწიგნობართუხუცეს-
ჭყონდიდელის, მისი დისწულის თევდორეს, აბულეთისა და ივანე ორბელის მოხერხებული
მოქმედების შედეგად აღებულ იქნა ქალაქი სამშვილდე („სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე“)

1110 წელსვე იქნა აღებული და შემოერთებული ქალაქი ძერნა.


ბუნებრივია, სელჩუკებს უაღრესად მძიმედ ხვდებოდათ ამგვარი მარცხი და ერთხელ
დაპყრობილი ტერიტორიის ხელიდან გამოცლას იოლად ვერ ურიგდებოდნენ. ამიტომ იყო, რომ
სამშვილდისა და ძერნის დაკარგვის შემდეგ, 1110 წელს, სულთანმა 100 000-იანი ლაშქარი
გამოაგზავნა საქართველოში. დავითი მაშინ თავის საზაფხულო რეზიდენციაში ნაჭარმაგევს
ყოფილა. როგორც კი შეიტყო მეფემ მტრის მოსვლა თრიალეთამდე, სასწრაფოდ ღამიანად
გაემართა ათასხუთასკაციანი ლაშქრით. . გამთენიისას მრავალრიცხოვან მტერთან ფიცხელი
ბრძოლა გადაიხადეს ქართველმა მოლაშქრეებმა. იძლია მტრის ბანაკი
1115 წელს, როცა დავითი მუხრანს იმყოფებოდა, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა
ქალაქი რუსთავი აიღო.  რუსთავის ხელიდან გამოცლამ ახალი პრობლემები შეუქმნა სელჩუკებს
— ისინი ვეღარ ბედავენ საზამთრო ადგილებზე დგომას, მით უმეტეს, რომ დავითი მიღწეულით
არ კმაყოფილდებოდა, სათანადო დაზვერვის შემდეგ „უგრძნეულად“ ესხმოდა თავს სელჩუკებს
და მუსრს ავლებდა.
1116 წლის ზამთარში ტაოს ჩამოდგნენ დიდძალი სელჩუკები. დავითმა ხერხი იხმარა: ქართლის
ლაშქარს მზადყოფნის საიდუმლო ბრძანება მისცა, თვითონ კი ქუთაისში წავიდა. ამით მოადუნა
მტრის ყურადღება. თებერვალში, მეფის ბრძანებით, ქართლისა და მესხთა ლაშქარი კლარჯეთს
შეიყარა, თვითონ დავითი შიდა სპით შეუერთდა მათ და მოულოდნელად დაესხა თავს
სელჩუკებს და დაამარცხა.
1117 წელს დავითმა აიღო ციხე-ქალაქი გიში და შეიპყრო ასათ და შოთა გრიგოლისძენი. გიში
წუქეთის საერისთაოს ცენტრი და ამასთან, ფეოდალური საგვარეულოს — გიშელების იგივე
გრიგოლის ძეთა რეზიდენცია იყო.  იმავე წელს დავითმა თავისი ძე დემეტრე შირვანს გაგზავნა
აიღო ციხე ქალაძორი, ურიცხვი ტყვე წამოიყვანა და დიდძალი ალაფი წამოიღო.
1118 წლის ადრე გაზაფხულზე, ბზობას, დავითმა ნახიდურს ზატიკი (სააღდგომო ზეიმი)
გადაიხადა. აქ მას მოახსენეს ამბავი თურქთა მიერ ჯავახეთში ბეშქენ ჯაყელის მოკვლის შესახებ.
დავითმა სასწრაფოდ გაილაშქრა და რახსის (არაქსის) პირას მდგარ სელჩუკებს დაესხა თავს.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმავე 1118 წელს დავითის მიერ ციხე-ქალაქ ლორის(ლორე) აღებას.
ეს ქალაქი 1065 წლიდან კვირიკიანების დინასტიის მიერ შექმნილი ტაშირ-ძორაკერტის სამეფოს
ცენტრს წარმოადგენდა. დავითმა ლორე თავისი მიმდებარე ტერიტორიით საქართველოს
შემოუერთა და განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო ამირსპასალართა
რეზიდენციად აქცია.

დავით აღმაშენებელმა 1118 წლის ივლისში ერთ დღეში აიღო აგარანი

ყივჩაყთა ჩამოსახლება
ყივჩაყები თურქული წარმოშობის ხალხი იყო. ისინი კავკასიონის ჩრდილოეთით
მდინარე დონიდან  მოკიდებული კასპიის ზღვის ნაპირებამდე ცხოვრობდნენ. ისინი
განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნენ, მათში, XII საუკუნეში, ჯერ კიდევ გვაროვნული
წყობილება იყო და ტომებად ცხოვრობდნენ. ისინი ცნობილი იყვნენ კარგი საბრძოლო
თვისებებით, ამასთან ნების დამყოლნი და უპრეტენზიონი იყვნენ. დავით აღმაშენებელს ცოლად
ჰყავდა ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი და კარგად „უწყოდა
კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, წყობათა შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა,
სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირველობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა
თჳსისა“.
გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ყივჩაყები კიევის დიდი მთავრის ვლადიმირ
მონომახის მიერ გამოდევნილი იყვნენ რუსეთიდან.
 მას შემდეგ რაც თვით ყივჩაყებისაგან მიიღო თანხმობა, ვლადიმირ მონომახთან შეათანხმა. მეფე
თავად გაემგზავრა ოსეთს გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან ერთად.( გიორგი აქ
გარდაიცვალა) მას ოსეთის მეფე-მთავრები მიეგებნენ და „ვითარცა მონანი დადგნენ მის წინაშე“.
დავითმა დარიალის უღელტეხილი დაიკავა, მძევლები ჩამოართვა ოსებსა და ყივჩაყებს და
ამგვარად შექმნა „გზა მშვიდობისა – ყივჩაყთათვის“.

დავითმა ყივჩაყები რაზმებად („გუარად-გუარად“) დაყო და დაუნიშნა სპასალარნი და


მმართებელნი, ამასთან, უზრუნველყო ისინი საჭურვლითა და ცხენებით. ყივჩაყები სწრაფად
ასიმილირდნენ ქართველებში. უპირველესად, ისინი ქრისტიანდებოდნენ: „უმრავლესნი
ქრისტიანე იქმნებოდეს დღითიდღე და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა“

ყივჩაყთა გადმოყვანისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარება დავითმა 1118 წლის მეორე


ნახევარში დაიწყო (ლორისა და აგარანის აღების შემდეგ) და უნდა ვიფიქროთ, რომ 1119 წელს
მთლიანად მოაგვარა ეს საქმე (დაასრულა ყივჩაყთა ჩამოსახლება). იმავე 1119 წელს ჩაატარა
ძირითადი საწვრთნელი სამუშაო.
ამგვარად, 1118-1119 წლებში ძირითადად გადაწყდა მუდმივი ლაშქრის შექმნის პრობლემა, ამ
ლაშქრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ყივჩაყები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით
ისინი 40 000 იყვნენ. მათ გარდა მუდმივ ლაშქარში, როგორც დასტურდება, ქართველებიც
იყვნენ.
ბრძოლები თურქ-სელჩუკების განსადევნად
სელჩუკები როგორც კი მეფეს შორს დაიგულებდნენ (მათი მსტოვრების მონაცემების მიხედვით),
დასაზამთრებლად ჩამოდგებოდნენ ხოლმე. 1120 წლის თებერვალში დავითი ჯერ გეგუთში
წავიდა იქიდან კი ხუფათს გადავიდა, სელჩუკებმა „სცნეს რა სიშორე მისი ჩამოდგეს ბოტორას,
დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს“. მეფეს მხედველობიდან არ გამოჰპარვია მტრის მოქმედება,
სწრაფად „გარდამოიფრინვა“, 14 თებერვალს დაესხა თავს და ერთიანად გაავლო მუსრი, თანაც
ქართველებმა დიდძალი ტყვე და ალაფი იგდეს ხელთ.
შემდეგ დავითმა შირვანის ქალაქი ყაბალა აიღო, გამობრუნდა ქართლში, სწრაფად შეკრიბა
ლაშქარი, ჩავიდა შირვანს, ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე. 1120 წლის ნოემბერში
დავითის ლაშქარმა „მოსრნა და იავარყვნა“ სელჩუკები აშორნიას და სევგელამეჯს. დავითის
ისტორიკოსი გადმოგვცემს რა სელჩუკთა ამ მწარე მარცხის შესახებ, აღნიშნავს, რომ დავითმა
მტერს „არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა“.
1120-21 წლების ზამთარში დავითი ჩავიდა „აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი
მანდაურნი“.
დავითის სიშორით ისარგებლეს სელჩუკებმა და მშვიდად ჩამოდგნენ მტკვრის პირს. როგორც
მემატიანე გადმოგვცემს, მაშინ დიდი თოვლი ყოფილა, როცა დავითმა გადაათხრევინა ლიხის
მთა, თოვლის სიმაღლე „სამი მჴარი“ ყოფილა. მეფეს ჯარი მზადყოფნაში დახვდა. 1121 წლის
მარტში დავითი დაესხა ხუნანს და ისე გაანადგურა მტერი, რომ აღარავინ დარჩა „მთხრობი
ამბისა“.
დავითი ყივჩაღთა რაზმით ადიდებულ მტკვარზე გადავიდა და 1121 წლის ივნისში დაარბია
ბარდავის საზამთრო საძოვრებზე დაბანაკებული სელჩუკები. როგორც აშკარად ჩანს, დავითი
სელჩუკებს უსპობდა საარსებო წყაროებს და მიერეკებოდა საქართველოდან.
საქართველოს სამეფო კარის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ქვეყანა გაამაგრა და გააძლიერა.
სამეფო ხელისუფლების ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის
ცხოვრების ყველა მხარე თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა და ხელისუფლების სრული
კონცენტრირება მოახდინა: საქართველოს მეფე თვითმპყრობელი გახდა.
გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ მათ
ბატონობას მალე თბილისშიც მოეღებოდა ბოლო და გადაწყვიტეს ერთიანი ძალით კვლავ
შეეტიათ საქართველოსათვის. ამისათვის
„ესევითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-
დმანელნი წარვიდეს სულტანისა წინაშე... და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი
მათ ზედა.“
დიდგორის ბრძოლა -„ძლევაი საკვირველი“ (ასე უწოდა დავითის ისტორიკოსმა)

სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომმა სელჩუკთა სულტანმა(მაჰმუდმა)

„მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი;
და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი... უბრძანა თურქმანობასა, სადაღაცა ვინ იყო, დამასკოჲთ
და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა მჴედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა
ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა.“

მაჰმადიანებმა უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომლის რაოდენობაც 300


000-ს აღემატებოდა. დავით აღმაშენებლის სამხედრო ძალის რაოდენობა, სომეხი
ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, შეადგენდა 40 000 ქართველს, 15 000 ყივჩაყს, 500
ოსსა და 100 ფრანგ (ევროპელ) ჯვაროსანს.

მემორიალი დიდგორის ბრძოლის ადგილას.

დავითმა აქ გამოავლინა დიდი მხედართმთავრული და სტრატეგიული ნიჭი. მან მარჯვედ


შემოიტყუა მოწინააღმდეგის უზარმაზარი არმია დიდგორის ვიწრო ხეობაში, სადაც მტერს
თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება აღარ შეეძლო.
მოწინააღმდეგეები დიდგორის ველზე 1121 წლის 12 აგვისტოს შეებრძოლნენ ერთმანეთს.
ფრანგი მემატიანე გოტიე გადმოგვცემს დავითის მოწოდებას ჯარისადმი ბრძოლის დაწყების
წინ:

ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ,


არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ,
და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ
ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი
სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ
შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც
შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე
იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.
კარგად იცოდა რა მთელი ქვეყნისათვის ამ ბრძოლის გადამწყვეტი მნიშვნელობა, დავით
აღმაშენებელმა სამხედრო თავგანწირვის სასტიკ ღონისძიებებს მიმართა: მან უკანდასახევი
გზები ჩუხერგა ქართულ ლაშქარს.
მაჰმადიანთა ლაშქარი სასტიკად დამარცხდა. გაქცეულ მტერს ქართველებმა დიდ მანძილზე
სდიეს. მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა გააღწია სამშვიდობოს. თვით ილღაზი, ჯარის სარდალი,
ძლივს გადაურჩა ბრძოლის ველზე სიკვდილს და თავში მძიმედ დაჭრილი გაბრუნდა უკან.

თბილისის შემოერთება

(ალ ფარიკი-არაბი ისტორიკოსი)

1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ქართულმა ჯარმა გადამწყვეტი იერიში მიიტანა და აიღო
ქალაქი თბილისი. დავით აღმაშენებელმა მოსახლეობის მიმართ დიდი სიმკაცრე გამოიჩინა —
ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი წვეტიან სარზე წამოაცვა და წამებით მოკლა. რამდენიმე დღეში
ქალაქში წესრიგი დაამყარა და ყოველგვარი ძალადობა აღკვეთა. დედაქალაქი ქუთაისიდან
თბილისში გადაიტანა.

1122 წელს თბილისის მოქალაქეთა ამბოხებას ჰქონდა ადგილი, რომელიც ხან ქრებოდა ხან
ახალი ძალით ძლიერდებოდა. ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ხოცა-ჟლეტას, ქვეყანა სავსე იყო
„სისხლითა ქრისტიანეთათა“ და „ესრეთ ისვროდა ქვეყანა მრავალჟამ“. დავით აღმაშენებელმა ეს
ამბოხებაც ძლევამოსილად ჩააქრო და თბილისი სრულ მორჩილებაში მოიყვანა

არაბთა ბატონობამ მნიშვნელოვნად შეცვალა თბილისის ეთნიკური სურათი: ქალაქში


ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, არაბები, ებრაელები და სხვა ეროვნების
წარმომადგენლები. თბილისი რელიგიური კუთხითაც ჭრელი ქალაქი იყო: მართლმადიდებელი
ქრისტიანები, მუსლიმები, მონოფიზიტი სომხები, იუდეველები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ.
არაბი ავტორები მოგვითხრობენ, რომ მეფეს თბილისის მცხოვრებნი იმ წლის გადასახადისაგან
გაუთავისუფლებია, ამასთანავე, უბრძანებია არავის დაეკლა ღორი მუსლიმთა უბანში.
ქრისტიანებსა და იუდეველებს აეკრძალათ მუსლიმთა კუთვნილ „ისმაილის“ აბანოში შესვლა.
ასეთივე უფლებები ჰქონდათ სომხებსა და ებრაელებს. გადასახადის თვალსაზრისით კი
ებრაელები და მუსლიმები ქართველებზე ნაკლებს იხდიდნენ.

1124 (ან 1123) წლის მარტში დავით აღმაშენებელმა დმანისი აიღო.  მემატიანე მშრალად
მიუთითებს — „აიღო ქალაქი დმანისი“. როგორც ჩანს, ქალაქის დასაუფლებლად დიდი
ბრძოლები არ გამართულა  შესაძლებელია, ყოველმხრივ შევიწროებულ დმანისელებს
თავიანთი ნებითაც ეღიარებინათ ერთიანი საქართველოს მეფის უზენაესობა.

დავითის ისტორიკოსის ცნობით თბილისის აღების მეორე წელს ე. ი. 1123 წელს თურქთა
სულთანი მაჰმუდი მოვიდა შირვანს, რომელიც საქართველოს მეფის ყმადნაფიცი ქვეყანა იყო.
სულთანმა აიღო ქალაქი შამახია, შირვანშაჰი კი შეიპყრო, თანაც საგანგებო ელჩის ხელით
დავითს წერილი გაუგზავნა: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე
ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი
გამოგზავნე და თუ გინდა სამალავად გამოვედ და მნახე“

დავითმა სასწრაფოდ შეკრიბა 50 000 კაცი და საბრძოლოდ მოემზადა. როგორც კი ეს ამბავი


შეიტყო სულთანმა, შეშინებული აიყარა და „ფრიად რამე სიმდაბლით არა სულტნურად“ ითხოვა
„გზა სამლტოლვარო“. სულთანის დასახსნელად რანის ათაბაგი აღსუნღული მოადგა შამახიას და
ბრძოლა გაუმართა ქართველებს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანი ღამით
გაიპარა „სოფლად თაჳსად“.

 1123 წლის ივნისში, დავითი ისევ ლაშქრობს შირვანზე. მან „აღიღო გულისტანი, სახლი თავადი
შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი
მორჩილნი ბრძანებათა მისთანა“

1124 წლის აპრილში დავითმა დაიკავა „შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი
მათი ქვეყანა“, მაისში „აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი,
მანასგომნი და ტალინჯაქარი“

1124 წელი საქართველოს დიდ გამარჯვებათა წელი იყო. დავითმა ამავე წლის ივნისში, როგორც
მისი მემატიანე გადმოგვცემს, „წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა,
ბასიანნი სპერმამდის და რაც პოვა თურქმანნი მოსრა და ტყუე ყო“.

სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა


წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების
სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც
სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის
ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო

ამ პერიოდში ქალაქს ფლობდა აბულ-ასვარი, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩარი შეცვალა.

ანისის ნაქალაქარი

აბულ-ასვარი ძალზე ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას, უდიერად ეპყრობოდა მათ


სარწმუნოებას. ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს, რომ მან ქალაქ ხლათიდან ჩამოიტანა
ვერცხლისაგან გამოჭედილი უზარმაზარი ნალი (ნახევარმთვარე) და სომხური ეკლესიის
გუმბათზე დაადგმევინა. ამასთან, აგრესიულმა მფლობელმა გადაწყვიტა ანისი 60 000 დინარად
ქალაქ კარის ამირასათვის (იგი სელჩუკი იყო) მიეყიდა. ბუნებრივია, აბულასვარის ამგვარმა
მოქმედებამ ანისის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ანელებმა გადაწყვიტეს
დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს მეფისათვის.
დავითი თანაგრძნობით შეხვდა ანელ თავადთა თხოვნას, სასწრაფოდ გააგზავნა „წიგნები
წვევისა“, სამ დღეში 60 000 მხედარი შეკრიბა, ანისისკენ გაემართა და აიღო ქალაქი.

საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა. ტაძრის აღმშენებელი


ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და
ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „გიხაროდეს შენ
წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“
დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად
მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისის გამგებლად ქართველი
დიდებულები აბულეთი და მისი შვილი ივანე დატოვა, შემდეგ დავითმა დაიპყრო ვანანდისა და
არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, რომლებიც ერთ დროს სომეხ მეფეებს კვირიკესა და
აბასს ეკუთვნოდათ, აგრეთვე ქვეყნები კასპიის ზღვამდე ხაბანდა დიდი სომხეთის აცახის
პროვინციაში და სხვა.
სომხეთის საკითხის მოწესრიგების შემდეგ დავითი კვლავ შირვანს დაუბრუნდა. 1124 წლის
შემოდგომაზე ილაშქრა შირვანზე, „აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი
შარვანი“, ე. ი. დავითს შირვანი მთლიანად გაუთავისუფლებია სელჩუკებისაგან, თანაც ციხეებსა
და ქალაქებში თავისი მოლაშქრეები ჩაუყენებია. შირვანის ზედამხედველობა და გამგებლობა
დაევალა სიმონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესსა და ბედიელ-ალავერდელს, რომელიც
გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის დისწული იყო. მემატიანე კმაყოფილებით წერს,
რომ „განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი,
ლეკნი და თარაზნი“. აქედან მოკიდებული დავითი ატარებდა შირვანშაჰის ტიტულსაც.
დავითის მიერ მოპოვებულმა დიდმა წარმატებებმა და ამიერკავკასიიდან სელჩუკების განდევნამ
გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან (ადგილი
თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე (დერბენტამდე) და ოვსეთიდან
არეგაწამდე (სომხეთში).

დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ფულის რეფორმის შესახებ ძვირფას ცნობებს იძლევა
არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, რომელიც ამბობს: დავითმა მოჭრა ფული, რომლის ერთ მხარეზე
ეწერა ხალიფას და სულთნის სახელები, მეორეზე — ალაჰისა და მოციქულის (მუჰამედის),
ხოლო კიდეზე თვით მისი — დავითის სახელიო.
დავითმა გააგრძელა ვლაქერნის გამოსახულებიანი მონეტების მოჭრა და მანვე დაუსვა წერტილი
ამ ტიპის ფულის შემდგომ წარმოებას.
XII საუკუნის პოლიტიკურად და ეკონომიურად ძლიერი საქართველოსათვის დამახასიათებელია
ნუმიზმატიკის „სპილენძის ხანა“. სპილენძის მონეტებს იძულებითი ვერცხლის კურსი ჰქონია. ეს
მონეტები საკრედიტო ფულის ფუნქციას ასრულებდნენ
სპილენძის მონეტა, რომელსაც ასეთი არაბული წარწერა აქვს: „მეფე მეფეთა დავით, ძე
გიორგისი, მახვილი მესიისა“. ეს მონეტა პირველად ფრანგმა მეცნიერმა ლანგლუამ გამოაქვეყნა
და დავით აღმაშენებელს მიაკუთვნა,მაგრამ ეს განსაზღვრა არ გაიზიარა ზოგიერთმა
სპეციალისტმა, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული მონეტა დავით აღმაშენებლის მიერაა მოჭრილი,
რომლისთვისაც აღნიშნული მედიდური ტიტული და ამაყი ეპითეტი მართლაც რომ მთლიანად
შესაფერისი იყო.
დავითის სპილენძის მონეტა 1857 წლიდან ინახება ბრიტანეთის მუზეუმში
მონეტის შუბლზე დავითის გამოსახულებაა მოთავსებული. მეფე წვერებიანია, დამშვენებულია
საიმპერატორო გვირგვინით — სტემით, მას ერთ ხელში უპყრია კვერთხი, მეორეში — სფერო.
გამოსახულების მარცხენა მხარეს მოთავსებულია ასომთავრული წარწერა „ႣႧ“ (დთ — დავით),
ხოლო მარჯვნივ — „ႫႴ“ (მეფე). მონეტის ზურგის ცენტრში ჯვარია მოთავსებული ჩარჩოში.
ირგვლივ ასომთავრული წარწერაა (ქარაგმით): „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა,
რანთა, კახთა და სომეხთა“

საქართველოს სამეფო კარი დიდ ყურადღებას უთმობდა შირვანთან ურთიერთობის საკითხს. მას


შემდეგ, რაც კახეთ-ჰერეთი შემოერთებული იქნა, შირვანი საქართველოს უშუალო მეზობელი
გახდა და შირვანშაჰთან უშუალო დამოკიდებულებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცა.
გარკვეული პოლიტიკური შინაარსი იყო ჩადებული დავითის ასულის — თამარის შირვანშაჰის
მემკვიდრესთან ქორწინებაში. 
დავითი, რომელიც სელჩუკთა ამიერკავკასიიდან განდევნისათვის იბრძოდა, კარგად გრძნობდა
რომ ბიზანტიასთან ურთიერთობა თანაბარ ვითარებაში აუცილებელი იყო. სწორედ
ბიზანტიასთან ურთიერთობის განმტკიცების ინტერესებმა გადაადგმევინა საქართველოს ნაბიჯი
დინასტიური ქორწინებისაკენ, როცა თავისი ქალიშვილი კატა 1116 წელს „გაგზავნა საბერძნეთს
სძალად ბერძენთა მეფისად“. დავითის ასული კატა დაქორწინდა ბიზანტიის
იმპერატორის ალექსი I კომნენოსის უმცროს ვაჟზე — ისაკზე.

ურთიერთობა ჯვაროსნებთან
ნიშანდობლივია დავითის ისტორიკოსის სიტყვები:
„ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია და შეწევნითა ღვთისათა
მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი და არღარა მისცა
სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს.“

„ფრანგნი“-თ დავითის ისტორიკოსი ევროპელ ჯვაროსნებს აღნიშნავს. იგი ისეთ მნიშვნელოვან


მოვლენებს, როგორიც სელჩუკებისათვის ხარკის შეწყვეტა და ქვეყბნის მოშენება-გაძლიერება
იყო, იერუსალიმისა და ანტიოქიის აღებას უკავშირებს.
ჯვაროსანთა გამოჩენამ, მათმა წარმატებებმა ახლო აღმოსავლეთში დავითის პოლიტიკის
გატარებას შეუწყო ხელი. თავის მხრივ, საქართველოს მეფის წარმატებული ბრძოლა
სელჩუკებთან ჯვაროსნების წისქვილზე ასხამდა წყალს. ამიტომ იყო, რომ ჯვაროსნების მიერ
ახლად დაარსებული სამთავროები სელჩუკთა განდევნისა და დამოუკიდებლობისათვის
მებრძოლ საქართველოს თავიანთ მეგობრად თვლიდნენ.
წყაროებიდან აშკარაა, რომ დავითი მეტად პოპულარული იყო ჯვაროსანთა შორის. იოანე
ბატონიშვილის „კალმასობაში“ დაცულია ცნობა, რომ იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ს
გარკვეული კავშირი ჰქონდა დავით აღმაშენებელთან. ისინი საიდუმლოდაც ხვდებოდნენ
ერთმანეთს.
დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და თურქ-
სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა „წინაბურჯად“ მოიხსენიებოდა. საქართველო
ჯვაროსანთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.
საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობას მეტად საინტერესოდ გამოხატავს ამ
უკანასკნელთა დამოკიდებულება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისადმი.
ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ დაარსდა დასავლეთევროპული
ტიპის მსხვილი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც იერუსალიმის
სამეფო ეწოდებოდა. ამ დროიდან მოკიდებული, სამეფოს ტერიტორიაზე მდებარე
მართლმადიდებლური ტაძრები ლათინებმა დაისაკუთრეს, მაგრამ ქართველთა ჯვრის
მონასტერს ხელი არ ახლეს. ჯვაროსანთა ეს მოქმედება განაპირობა იმ სამხედრო-პოლიტიკურმა
ურთიერთობამ, რაც ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის იყო. ჯვაროსნები, თურმე, დიდ
სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც ისინი საგანგებოდ მოიხსენიებიან
აღაპებში.
დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების („ფრანგების“) ყოფნა
ასევე მიგვანიშნებს საქართველოს კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან.
საგანმანათლებლო მოღვაწეობა
გელათის აკადემია დაარსებული უნდა იყოს 1106-1110 წლებში ე. ი. ტაძრის მშენებლობის
დასრულებამდე. ამ ტაძრის მთლიანი კომპლექსი დემეტრე I-ის დროს დასრულდა.
გელათის აკადემია შუა საუკუნეების პირველი აკადემიაა. იგი რეალური მოთხოვნილებების
ნიადაგზე შეიქმნა და უწინარა იმ იდეოლოგიურ მოძრაობას, რომელიც გზას უკაფავდა ქართულ
რენესანსს.  XII საუკუნის 10-იან წლებში მოსულა გელათის აკადემიაში სამოღვაწეოდ იოანე
პეტრიწი. იგი დავითს მოუწვევია. პეტრიწიც მინდობია საქართველოს მეფეს და მთელი ძალით
შესდგომია მოღვაწეობას. 1114 წელს გელათის აკადემიაში მოღვაწეობა დაიწყო ქართველმა
სასულიერო მოღვაწემ ფილოსოფოსმა, მწერალმა და ჰიმნოგრაფმა არსენ იყალთოელმა
აკადემიაში ისე როგორც იმდროინდელი ბიზანტიის სქოლასტიკურ უმაღლეს სკოლებში
ისწავლებოდა მეცნიერების 7 ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა,
არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია.
სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე დავით აღმაშენებელმა შექმნა ორიგინალური პოეტური
ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“,  საგალობელი ზოგადსაკაცობრიო სევდას შეიცავს.
დავითი თავს ადარებს უდიდესი ცოდვის ჩამდენთ და ამბობს, რომ არ არსებობს დანაშაული მის
სულს რომ არ ამძიმებდეს.

დავითის ოჯახის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში მწირადაა შემონახული. ახალგაზრდა


უფლისწული ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინებულიყო. მისი პირველი ცოლის შესახებ
მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით სომეხი ყოფილა.  დავითს მისგან შეეძინა სამი
შვილი: დემეტრე, მოგვიანებით საქართველოს მეფე და ორი ქალიშვილი — თამარი და კატაჲ.
თამარი უფროსი იყო მეფის შვილებს შორის. 1105-1106 წლებში იგი შირვანში გაათხოვეს
აფრიდუნ შირვანშაჰის ძე  მანუჩაჰრ II-ზე. მეფის მეორე ასული გათხოვილი
იყო ბიზანტიის იმპერატორის, ალექსი I კომნენოსის, უმცროს ვაჟზე — ისააკზე.
დავით აღმაშენებელს მეორე მეუღლისაგან, ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის
ძის ასულ გურანდუხტისაგან, შეეძინა ვაჟი — ვახტანგი. გურანდუხტ დედოფალთან დავითს
ქალიშვილებიც შესძენია, თუმცა მათი სახელები ცნობილი არ არის. ისინი მეფის ანდერძში
მოიხსენიებიან. თამარ მეფის დროინდელი ისტორიკოსის თქმით, დავითის ერთი ასული,
რომელიც სწორედ გურანდუხტ დედოფლისაგან უნდა შესძენოდა მეფეს, გათხოვილი ყოფილა
ოსეთში.
1125 წლის 24 იანვარს (ახ.სტ. 6 თებერვალი), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა
საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ
უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო.
ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა
მეფემ გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილება — მან ანდერძად დატოვა, რომ
გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის საფლავზე
დაედგა ფეხი. საფლავის ქვა ტაძრის (ამჟამად ეს შესასვლელი გაუქმებულია, ვინაიდან
მონასტერში მისასვლელი გზა სხვა მხრიდანაა მოწყობილი) შესასვლელში ისეა დადებული, რომ
ყველა შემსვლელი იძულებულია მასზე გაიაროს. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს —
„ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“. არის
ვარაუდი, რომ დავითის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნაწილები მთავარი ტაძრის
საკურთხეველში უნდა გადაესვენებინათ.  ანტონ პირველის მიერ ხსენების დღედ დადგენილია
26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებერვალი).

ოტო ფრაიზენგელის ქრონიკის მიხედვით 1145 წელზე რამდენიმე წლით წინ მეფე-ხუცესი
იოანე, რომელიც სპარსეთსა და სომხეთს იქით ცხოვრობს, თავს დაესხა სპარსელთა და
მიდიელთა მეფე-ძმებს და აიღო მათი სამფლობელოს დედაქალაქი ეკბატანი. ეს მეფეები
თავიანთი ჯარებით, რომელიც სპარსელთა, მიდიელთა და ასურელთაგან შედგებოდა,
გამოვიდნენ მის წინააღმდეგ. სამი დღის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა იოანემ.
ამის შემდეგ იგი გაემართა იერუსალიმის ტაძრის გამოხსნაში ჯვაროსანთა დასახმარებლად
ტიგროსს მიადგა, გადასვლა გემების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა. იგი ჩრდილოეთით აუყვა
მდინარეს იმ იმედით, რომ გაყინულ ადგილას გადავიდოდა, მაგრამ ასეთი არ აღმოჩნდა და
მეფე-ხუცესი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
დღეს ლიტერატურაში სადავო აღარ არის, რომ იოანე მეფე-ხუცესი დავით აღმაშენებელია. ამის
ნათელი დასტური თვით ლეგენდაში დაცული ცნობებია, აქ კი მოცემულია ის გამოძახილი, რაც
დავითის მოღვაწეობას და კერძოდ, დიდგორის ომში მის გამარჯვებას ჰქონდა.  ისიც უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ლათინურ ენაზე შედგენილ XIII საუკუნის ინგლისურ ქრონიკაში
პირდაპირაა მინიშნებული: „მთელს საქრისტიანოში გავრცელდა ხმა, რომ მეფე დავითი, იოანე
პრესვიტერად სახელდებული, აურაცხელი ჯარით დაიძრა ინდოეთიდან და უკვე დაიპყრო
მიდია და სპარსეთიო“.
ცხადია შემთხვევითი არ იყო თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული თქმულება დავით
აღმაშენებელსა და მის მიერ წარმოებულ ბრძოლებზე, ეს იმდროინდელი საქართველოს და მისი
მეფის დიდ ავტორიტეტსა და ფართო პოპულარობაზე მეტყველებს.
ჩვენამდე მოღწეულია არსენ იყალთოელის მიერ დავითისადმი მიძღვნილი ეპიტაფია (დავითის
საფლავის ქვაზე ხუცურად წარწერილი უნახავს მ. საბანინს და დიდი გაჭირვებით
ამოუკითხავს):

ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,


თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს.

ჰერალდიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, დავით აღმაშენებლის დროშაზე გამოსახული იყო


წმინდა გიორგის ჯვარი და „ცხენი რქოსანი

You might also like