You are on page 1of 7

მარკ ტვენი - ინტერვიუ

ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც ცმუტია, კოხტად გამოწკეპული, მხიარული სახის


ახალგაზრდა გამომეცხადა და მითხრა, გაზეთ „ყოველდღიური ჭექა-ქუხილიდან“
გახლავართო, როგორც კი სავარძელი შევთავაზე, ჩამოჯდა და დასძინა:

- ინტერვიუსთვის მოვედი, სერ, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ?

- რისთვის მოხვედით?

- ინტერვიუსთვის.

- ააა, მესმის, მესმის.


იმ დილით ვერ ვიყავი გუნებაზე. რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ღრუბელი
გადაფარებოდა ჩემს ისედაც გადაღლილ გონებას. მაინც წამოვდექი, მივედი წიგნის
კარადასთან და სულ გადმოვქექე იქაურობა, მაგრამ ამაოდ. ასე რომ, ისევ იმ
ახალგაზრდას მივუბრუნდი და ვუთხარი:

- მითხარით, გეთაყვა, როგორ იწერება ეს სიტყვა?

- რომელი?

- აი, ახლა რომ თქვით, ინტერვიუ.

- კი, მაგრამ რად გინდათ, უნდა ჩაიწეროთ?

- ჩაწერა კი არა, მინდა ვნახო, რას ნიშნავს.

- როგორ თუ რას ნიშნავს? საკვირველია პირდაპირ. არა, ისე, რა თქმა უნდა, გეტყვით,
რასაც ნიშნავს... თუ თქვენ... თქვენ...

- მართლა? რომ იცოდეთ, როგორ დამავალებთ.

- ინ, ინ, ტერ, ტერ, ინტერვ...

- ასე რომ, „ი“-თი იწყება, არა?

- რა თქმა უნდა.

- აჰა, ამიტომაც ვერ მოვნახე ამდენ ხანს.

- კი, მაგრამ, თქვენი აზრით, მაინც როგორ უნდა დაიწეროს ეს სიტყვა?

- იცით, მართალი გითხრათ... არ ვიცი. ამიტომაც გადმოვიღე ეს დიდი ლექსიკონი და


ბოლოში დავუწყე ძებნა, ეგებ სადმე ნახატებს შორის წავაწყდე-მეთქი, მაგრამ,
სამწუხაროდ, ჩემი ლექსიკონი ძველისძველი გამოცემაა.

- როგორ გეკადრებათ, ბატონო, ასეთ ნახატს, მერწმუნეთ, ვერ იპოვით თვით უახლოეს
გარემოც... სერ, გთხოვთ, ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ რატომღაც ვერ ტოვებთ ისეთი
განათლებული კაცის შთაბეჭდილებას, როგორიც მეგონეთ. გთხოვთ, მომიტევოთ, სერ,
თქვენი შეურაცხყოფა არც მიფიქრია.
- არა უშავს რა, ჩემო კარგო, აქ საბოდიშო არაფერია. თქვენ კი არა, მთელი ქვეყანა
ლაპარაკობს, ამ მხრივ რომ ბადალი არ მყავს. მერედა ნეტავ განახათ, რა სიამოვნებით
ქაქანებენ ამას.

- წარმომიდგენია. თუმცა მოდით, ამას თავი დავანებოთ და ჩვენს საქმეს მივხედოთ. სერ,
ალბათ მოგეხსენებათ, რომ ახლა ყველას, ვინც კი სახლს გაითქვამს, ჩვეულებრივ,
ინტერვიუს სთხოვენ.

- მართლა? უნდა გამოგიტყდეთ, არაფერი მსმენია ამაზე. ალბათ ძალიან საინტერესო


უნდა იყოს, არა? მაინც როგორ ხდება ეს... ინტერვიუ?

- ოოო, ეს პირდაპირ საშინელებაა. ხანდახან კეტია საჭირო, ისე ვერაფერს გახდები.


ჩვეულებრივ კი ინტერვიუ კითხვა-პასუხით მიმდინარეობს. ახლა ასეა მოდაში.
ჟურნალისტი ეკითხება, ის კი, ანუ სახელგანთქმული პიროვნება, უპასუხებს. მაშ ასე,
ჩვენც დავიწყოთ. შეიძლება, ორიოდე კითხვა დაგისვათ თქვენი პირადი ბიოგრაფიისა და
საზოგადოებრივი მოღვაწეობის უმთავრესი მომენტების შესახებ?

- როგორ არა, სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით, მხოლოდ იცით, ერთი რამ უნდა
მომიტევოთ - მეხსიერება მღალატობს, უფრო სწორად, მეტად არეული და
დაულაგებელი მეხსიერება მაქვს. ვერაფერი გამიგია, ხანდახან ისარივით გავარდება, ხან
კი ერთ ადგილზე გაიყინება და ფეხს არ მოიცვლის მთელი ორი კვირა. გავიტანჯე,
პირდაპირ არ ვიცი, რა მეშველება.

- არა უშავს, გულს ნუ გაიტეხთ, გაივლის, ახლა გთხოვთ, თავს ძალა დაატანოთ და, რაც
შეიძლება, მეტი მოიგონოთ.

- კეთილი, ვეცდები, მერწმუნეთ, არაფერს დავიშურებ.

- გმადლობთ. მზად ხართ, რომ დავიწყოთ?

- მზად ვარ.

კითხვა - რამდენი წლისა ხართ?

პასუხი - ივნისში ცხრამეტისა გავხდები.

კითხვა - მართლა? მე რატომღაც ოცდათხუთმეტი-ოცდათექვსმეტი წლის მეგონეთ. სად


დაიბადეთ?

პასუხი - მისურის შტატში.


კითხვა - წერა როდის დაიწყეთ?

პასუხი - ათას რვაას ოცდათექვსმეტ წელს.

კითხვა - როგორ? აკი, ცხრამეტი წლისა ვარო?

პასუხი - არ ვიცი, ეს მართლაც საკვირველია.

კითხვა - ვინ მიგაჩნიათ ყველაზე სასახელო პიროვნებად იმ ადამიანთა შორის,


რომლებიც თქვენ შეგხვედრიათ?

პასუხი - აარონ ბარი.

კითხვა - კი, მაგრამ, თქვენ მას როგორ შეხვდებოდით, თუ მართლაც ცხრამეტი წლისა
ხართ?

პასუხი - დალოცვილო, ჩემზე კარგად გცოდნიათ ჩემი ამბავი და რაღას მეკითხებით?

კითხვა - ო, მაპატიეთ, მაპატიეთ, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი იყო და მეტი არაფერი.


საინტერესოა მაინც, როგორ შეხვდით ერთმანეთს თქვენ და არონ ბარი?

პასუხი - უბრალოდ, ერთხელ როგორღაც მის დასაფლავებაზე მოვხვდი და მთხოვა, თუ


კაცი ხარ, ჩუმად იყავი, რა გაღრიალებსო.

კითხვა - მოიცათ, მოიცათ, თუ მის დასაფლავებაზე იყავით, მაშინ იგი მკვდარი უნდა
ყოფილიყო. ხოლო თუ მკვდარი იყო, რა ენაღვლებოდა, იყვირებდით თუ
გაჩუმდებოდით?

პასუხი - მეც ეგ არ მიკვრის? დიდი უცნაური კაცი იყო.

კითხვა - მაინც ვერაფერი გამიგია. თქვენ ამბობთ, გამომელაპარაკა და ამავე დროს


მკვდარი იყოო, არა?

პასუხი - მკვდარი იყო-მეთქი, როდის ვთქვი?

კითხვა - როგორ? არ იყო მკვდარი?

პასუხი - ჯანდაბას მისი თავი... რა ვიცი, ზოგი ამბობდა, იყოო, ზოგი - არაო.
კითხვა - თქვენ როგორ გგონიათ?

პასუხი - რა ჩემი საქმეა? მე ხომ არ მასაფლავებდნენ.

კითხვა - კი, მაგრამ... თუმცა არა, არა, ასე ამ საკითხს ვერ გავარკვევთ. ნება მიბოძეთ, სხვა
რამ გკითხოთ. როდის დაიბადეთ?

პასუხი - ათას ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი წლის ოცდათერთმეტ ოქტომბერს, ორშაბათს.

კითხვა - რაო! ეს შეუძლებელია. მაშინ ახლა ას ოთხმოცი წლისა ყოფილხართ. ამაზე რას
იტყვით?

პასუხი - რა უნდა ვთქვა?

კითხვა - ჯერ იყო და ცხრამეტი წლისა ვარო, ახლა ას ოთხმოცი წლის ბერიკაცად
ასაღებთ თავს. აქ რაღაც დიდი არეულობაა.

პასუხი - ააა, თქვენც შენიშნეთ არა? (ამ სიტყვებთან ერთად წამოვდექი და ხელი
ჩამოვართვი), მეც რა ხანია ვგრძნობ, რომ აქ რაღაც გაუგებრობაა. მაგრამ საბოლოოდ
მაინც ვერ იქნა და ვერ გავიგე, რა მოხდა, თქვენ კი, აი, რა უცებ შენიშნეთ.

კითხვა - გმადლობთ ქათინაურისთვის. და-ძმანი თუ გყავდათ ან თუ გყავთ?

პასუხი - მე... მე... მგონი, კარგად არ მახსოვს.

კითხვა - რაო? არ გახსოვთ? გეფიცებით, ასეთი რამ პირველად მესმის.

პასუხი - ვითომდა რატომ?

კითხვა - როგორ თუ რატომ? არ გახსოვთ საკუთარი... თუმცა კარგი, კარგი, აბა ერთი
აქეთ მოიხედეთ: ვისია ეს სურათი, კედელზე რომ კიდია? შემთხვევით, თქვენი ძმა ხომ
არაა?

პასუხი - დიახ, დიახ, მომაგონდა, მომაგონდა. ჩემი ძმაა - უილიამი. ჩვენ მას ბილს
ვეძახდით. საწყალი ბილი.

კითხვა - როგორ მოკვდა?

პასუხი - ეჰ, ვინ იცის, იქნებ მართლაც მოკვდა. გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. აქ რაღაც
დიდი საიდუმლოებაა.
კითხვა - სამწუხაროა, მეტად სამწუხარო. ალბათ უგზოუკვლოდ დაიკარგა, არა?

პასუხი - დიახ, დიახ, ზოგადად რომ ვთქვათ, ასე გამოდის. ჩვენ დავასაფლავეთ იგი.

კითხვა - დაასაფლავეთ?! დაასაფლავეთ ისე, რომ არც გაგიგიათ, მკვდარი იყო თუ


ცოცხალი?

პასუხი - ო, არა. იგი საკმაოდ მკვდარი იყო.

კითხვა - მაპატიეთ, სერ, მაგრამ ვერაფერი გამიგია. თუ იცოდით, რომ მკვდარი იყო და
დაასაფლავეთ კიდეც, მაშინ...

პასუხი - არა, არა. ჩვენ მხოლოდ გვეგონა, რომ მკვდარი იყო.

კითხვა - აა, გასაგებია, ისევ გაცოცხლდა, არა?

პასუხი - რაზედაც გინდათ, დაგენიძლავებით, რომ არ გაცოცხლებულა.

კითხვა - ვერაფერი გამიგია. ადამიანი გარდაიცვალა, შემდეგ დაასაფლავეს. ჰოდა რაღა


უნდა იყოს აქ გაუგებარი?

პასუხი - სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი, სწორედ აქ. იცით, ჩვენ - მე და ჩემი
განსვენებული ძმა, ტყუპები ვიყავით. ორი კვირაც არ გასულა დაბადებიდან, როცა
ჩვენებს შევეცვალეთ თურმე ერთმანეთში და ერთ-ერთი ჩვენგანი დამხრჩვალა
აბაზანაში. მაგრამ კერძოდ რომელი, ვერავინ გაიგო. ზოგს ბილი ეგონა, ზოგს - მე.

კითხვა - პირდაპირ საოცარი ამბავია. თქვენი აზრით, მაინც რომელი უნდა


დამხრჩვალიყო?

პასუხი - ღმერთმა უწყის. ნეტავი ეს გამაგებინა და მეტი არაფერი მინდა. რომ იცოდეთ,
როგორ მომიშხამა სიცოცხლე ამ საზარელმა ამბავმა. ახლა ერთი საიდუმლოება მინდა
გაგანდოთ, რომელიც ჯერ არავისთვის გამიმხელია. იცით, ერთ-ერთ ჩვენგანს
დაბადებიდან ნიშანი დაჰყვა - დიდი ხალი მარცხენა ხელზე. ეს ნიშანი კი მე მქონდა და,
თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ეს ხალიანი ბიჭი დაიხრჩო.

კითხვა - თუ ასეა, მგონი, აქ საიდუმლო უკვე აღარაფერია.

პასუხი - ვითომ? ჩემი აზრით, არის და ძალიან დიდიც. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ
მაინც ვერ გამიგია: როგორ მოხდა, რომ ჩვენებმა ის ბიჭი დაასაფლავეს, რომელსაც
არაფერი სჭირდა დასამარხი, მაგრამ ჩუ! ჩვენებთან ამაზე არაფერი წამოგცდეთ. ღმერთია
მოწმე, ისედაც დიდი მწუხარება გადაიტანეს.

კითხვა - კეთილი, კეთილი. დღეისათვის ზღვა მასალა დამიგროვდა. გმადლობთ, სერ.


მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან დამაინტერესა არონ ბარის დასაფლავების ამბავმა.
მაინც რატომ მიგაჩნიათ იგი ასე დიდ პიროვნებად?

პასუხი - ეეჰ, თქვენც ერთი, მოგცლიათ. კაცს არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება. როცა
განსვენებულს წესი აუგეს, ცხედარი დიდი პატივისცემით დაასვენეს კატაფალკზე და
პროცესიაც ის-ის იყო უნდა გასდგომოდა სასაფლაოს გზას, იგი წამოდგა, ითხოვა,
ერთხელ კიდევ გადამავლებინეთ თვალი მშობლიური მხარისთვისო, და მეეტლის
გვერდით დასკუპდა...

ამის შემდეგ ახალგაზრდა დიდი მოწიწებით გამომემშვიდობა. რა მშვენიერი მოსაუბრე


იყო. გული დამწყდა, ასე მალე რომ წავიდა.

You might also like