You are on page 1of 3

სპარსული ცივილიზაცია

სპარსულმა (ირანულმა) ცივილიზაციამ რთული ისტორიული ევოლუცია განიცადა.


ძველსპარსული სახელმწიფოს ძირითადი ტერიტორია მოიცავდა ირანის დაბლობს,
რომელიც მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ბუნებრივი პირობები
მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი გახლდათ.
მთიანი რელიეფი გულისხმობდა ტყეებით, ლითონით (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი,
ბრინჯაო), მარმარილოთი მდიდარ ადგილებს.
მე-3 ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ირანის დაბლობზე აზიიდან ე.წ. ირანული ტომები
შემოდიან. დაახ. ჩვ. წ-მდე 670 წ. ამ ტომთაგან ერთ-ერთი - მიდიელები - სახელმწიფოს
აარსებენ, რომლებიც ბაბილონელებთან ერთიანდებიან და ასურეთს ამარცხებენ. თუმც,
ჩვ. წ-მდე 550 წ. ისინი, თავის მხრივ, მეორე ტომს - სპარსებს ემორჩილებიან. სპარსეთის
ერთიან სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა სახელგანთქმული სარდალი და სახელმწიფო
მოღვაწე კიროს მეორე დიდი (- 558-529). მან დაიპყრო სომხეთი, კაპადოკია, ლიდიის
სამეფო (მც. აზია), სადაც ხელთ იგდო ლითონის ფულის პირველი მომჭრელი
მმართველის - კრეზის სიმდიდრე. კიროსმა დაიმორჩილა ბაბილონი, პალესტინა,
ფინიკია. მისი გადაწყვეტილების თანახმად, დაპყრობილ ტერიტორიებზე ძველი
წესრიგი შენარჩუნდა, ადგილობრივ ღმერთებსა და ტრადიციებს სცემდნენ თაყვანს.
კიროს მეორე, სავარაუდოდ, შუა აზიაში ერთ-ერთი ლაშქრობისას დაიღუპა. მისი ძის -
კამბიზის - ზეობაში სპარსებმა დაიმორჩილეს ეგვიპტე, და სპარსეთი მსოფლიოს
ზესახელმწიფოდ იქცა. აქ მსხვილი სოციალური გარდაქმნები მიმდინარეობს. დარიოს
პირველის (-522-486) ზეობაში ქვეყანა სატრაპიებად (ოლქებად) დაიყო, რომელთაც
იმპერიის ფულადი ან ნატურალური გადასახადით უზრუნველყოფა ევალებოდათ.
ისტორიაში პირველად მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ოქროს მონეტა - დარიკი -
მოჭრეს. სატრაპებს უფლება ჰქონდათ სპილენძისა და ვერცხლის მონეტების მოჭრისა.
ისტორიაში პირველად კეთილმოეწყო გზები: ყოველი 20 კმ-ს გავლის შემდეგ აქ იყო
საფოსტო სადგურები, სასტუმროები, საჯინიბოები. ,,ფოსტის მმართველები“, იმავე
დროს, მეფის ინფორმატორებიც იყვნენ. ფულადი სისტემა, გზათა ქსელი, სპარსეთის
სხვადასხვა კუთხეში წარმოებული საქონლის მრავალფეროვნება აიოლებდა
ეკონომიკისა და ვაჭრობის უსწრაფეს განვითარებას. სპარსებს სახელმწიფოში
განსაკუთრებული ადგილი ეპყრათ: მსახურობდნენ ჯარში, სახელმწიფო სამსახურში,
მიწას ამუშავებდნენ, მესაქონლეობას მისდევდნენ და მთლიანად გათავისუფლებულნი
იყვნენ ყველა გადასახადისა და ვალდებულებისაგან. სამეფო ხელისუფლების
დასაყრდენი ჯარი იყო. ხუთი სამხედრო ოლქის მთავარსარდლები უშუალოდ მეფეს
ემორჩილებოდნენ.

აი, რას წერდა ჰეროდოტე სპარსებზე: ,, სპარსელთა ყველაზე დიდი დღესასწაული


თითოეული ადამიანის დაბადების დღეა. ამ დღეს, სადაგ დღეთაგან განსხვავებით,
გამორჩეულ სუფრას შლიან. მდიდრები ღუმელში წვავენ ხარებს, ცხენებს, აქლემებს,
სახედრებსაც კი, ღარიბები კი წვრილი რქოსანი პირუტყვის თავით კმაყოფილდებიან.
კერძები არც ისე ბევრი აქვთ, სამაგიეროდ ერთმანეთს ცვლის დესერტი. სპარსები
ამიტომაც ამტკიცებენ, რომ ელინები სუფრას მშივრები ტოვებენ: სადილს იქ არ მოსდევს
რომელიმე ფასეული კერძი. ელინების სუფრას დესერტიც რომ ამშვენებდეს, მათ,
შესაძლოა, დაუსრულებლად ეჭამოთ. სპარსები სხვათა დასანახად საკვებს არ
მიირთმევენ და არ შარდავენ. ამ წესს მკაცრად იცავენ. ღვინის სმისას, ჩვეულებრივ,
ყველაზე მნიშვნელობან საქმეებზე მსჯელობენ. ამგვარ თათბირზე მიღებულ
გადაწყვეტილებას სახლის პატრონი სტუმრებს მეორე დღესაც შეახსენებს, რათა მათ
ფხიზელი თვალით შეხედონ იმას, რაზეც წინადღით იბჭეს. თუ ფხიზლებიც
შეთანხმდებიან, მაშინ ეს საქმე გადაწყვეტილად ითვლება. ორი სპარსის ქუჩაში
მისალმებისას იოლად გაარჩევ, რა საზოგადოებრივი მდგომარეობა უჭირავს
თითოეულს: ასეთ შემთხვევებში ხომ ისინი სალმის ნაცვლად ერთმანეთის ბაგეს
ეამბორებიან. თუ შემხვედრთაგან ერთ-ერთი ოდნავ დაბალ ფენას მიეკუთვნება, მაშინ
ლოყაზე კოცნიან ერთიმეორეს, ხოლო თუ ძალზე უგვაროა, მაშინ იგი მუხლდაჩოქილი
ეთაყვანება დიდგვაროვანს. საპრსებს სხვებზე მეტად ახასიათებთ უცხო ჩვეულებათა
სესხება. მათ ხომ მიდიელთა ტანისამოსი აცვიათ: მას თავიანთსაზე ლამაზად მიიჩნევენ,
ომში კი ეგვიპტელთა აბჯრით იმოსებიან. სპარსები მაშინვე ეძლევიან ნებისმიერ
გასართობსა და სიამოვნებას, როგორც კი მოეწონებათ. მაგალითად, მათ ელინთაგან
გადმოიღეს ბიჭების ტრფიალი. თითოეულ სპარსელს ბევრი კანონიერი ცოლი და მათზე
ბევრი მხევალი ჰყავს... სპარსთა მთავარი ღირსება სიმამაცეა. სამხედრო სიჩაუქის
შემდეგ ყველაზე დიდ დამსახურებად რაც შეიძლება, მეტი ძის ყოლაა...
რაც ეკრძალებათ, იმაზე სპარსები არ ლაპარაკობენ. არაფერია მათთვის იმაზე
შეურაცხმყოფელი, ვიდრე ტყუილი და ვალის აღება. ამ უკანასკნელს ბევრი მიზეზი
აქვს, განსაკუთრებით კი ვალს იმიტომ ერიდებიან, რომ მათი აზრით, მოვალე უცილოდ
იცრუებს... მდინარეში არ შარდავენ და არ აფურთხებენ; შიგ ხელს არც თვითონ იბანენ
და არც სხვას აძლევენ ამის უფლებას. მდინარეებს სპარსები, ზოგადად, დიდად
ეთაყვანებიან...
ეს ცნობები სპარსებზე შეგიძლიათ დადასტურებულად მიიჩნიოთ, მაგრამ
მიცვალებულის დაკრძალვის წესსა და ჩვეულებებს ისინი საიდუმლოდ ინახავენ.
მხოლოდ ყურმოკვრით ვიცი, რომ სპარსები ცხედარს მხოლოდ მას შემდეგ მარხავენ, რაც
მტაცებელი ფრინველები ან ძაღლები დაძიძგნიან. თუმც, ზუსტად მხოლოდ იმის თქმა
ძალმიძს, რომ ამ ჩვეულებას მოგვები იცავენ“.
ძველად სპარსები ბევრ ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ერთ-ერთი სპარსული ტომის
სახელიდან მომდინარეობს მოგვების (მაგების) სახელწოდება. განსაკუთრებულად
სცემდნენ თაყვანს წმინდა ცეცხლს, რომელიც უზენაესი ღმერთის ძედ მიიჩნეოდა.
ცეცხლის კულტი სპარსებს დღემდე შემორჩათ. გავრცელებული იყო წმინდა
ცხოველების: ხარის, ძროხის, ცხენისა და ძაღლის კულტი. მნიშვნელოვანი ადგილი
ეპყრათ წმინდა მცენარეებსაც, რომელთაგან წმინდა სასმელ ჰაომას ამზადებდნენ.
დაახ. – 628 წ. დაიბადა წინასწარმეტყველი ზარატუსტრა (ზოროასტრი), რომელსაც
მიაწერენ უზენაესი ღმერთის - აჰურამაზდას ერთიან კულტზე დამყარებული
რელიგიური სისტემის ჩამოყალიბებას. დარიოს პირველის ზეობაში მაზდაიზმი
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ზოროასტრიზმს, მაზდაიზმს,
ცეცხლთაყვანისმცემლობას ხანდახან ავესტიზმსაც ეძახიან, თავიანთი წმინდა
წიგნ ,,ავესტას“ გამო. ზოროასტრიზმში მთავარი კეთილი და ბოროტი საწყისების
ბრძოლაა. ნათელმა ღვთაება აჰურამაზდამ (ელინურად ორმუზდმა) შექმნა ყოველივე
ნათელი, წმინდა, გონიერი და სასარგებლო: დამუშავებული მიწა; შიანური ცხოველები;
წმინდა სტიქიები: მიწა, წყალი და, განსაკუთრებით - ცეცხლი; სიმართლე, სიბრძნე,
სიკეთე. წყვდიადის სულთა წინამძღვარია ანჰრა-მაინუ (ელინური არიმანი), რომელმაც
შექმნა ყოველგვარი სიავე, უწმინდურობა და მავნებლობა: უდაბნო; მხეცები, გარეული
ფრინველები, ქვეწარმავლები და მწერები; სენი, სიკვდლი, უნაყოფობა; სიცრუე, სიავე
და მორალური სიბილწე. ავესტა ნათელ სულთა მიმდევარ ადამიანებს ბედნიერ
ცხოვრებას ჰპირდება.
ნათელი და ბნელი საწყისების ამ მკვეთრი დუალიზმის სათავე, რითაც ირანული
რელიგია მსოფლიოს სხვა რწმენათაგან გამოირჩევა, უნდა უკავშირდებოდეს მკვიდრ
მიწათმოქმედთა და მომთაბარე მესაქონლეთა კონფლიქტს. ქურუმები (ატრავანები)
მსხვერპლს სწირავდნენ და წმინდა ცეცხლს ინახავდნენ. ყველა გვამი უწმინდურად
ითვლებოდა და წმინდა სტიქიებს - მიწას, წყალსა და ცეცხლს- არ უნდა გაჰკარებოდა,
რის გამოც საგანგებოდ გამოყოფილი მსახურები გვამს სპეციალურ მრგვალ კოშკზე
დებდნენ: საპროფაგი ფრინველები ხორცისაგან განძარცვავდნენ ძვლებს, რომლებიც ჭის
ფსკერში ცვიოდა. ამ ,,მდუმარების კოშკებს“ მაზდეანები დღემდე იყენებენ.
განსხვავებით სხვა ძველ რელიგიათაგან, მაზდაიზმი გულისხმობდა ესქატოლოგიასა და
საშინელ სამსჯავროს. მხსნელი უნდა შობილიყო ქალწულისაგან, რომელსაც უნდა ეხსნა
კაცობრიობა, ასე ვთქვათ, წერტილი დაესვა ბოროტების სულთან ბრძოლისათვის. ამ
დრომდე აჰურამაზდას თაყვანისმცემლები სამოთხეში, დანარჩენები კი ჯოჯოხეთში
იქნებოდნენ. მხსნელად მიიჩნეოდა მითრა, რომელსაც მეომრად, მითიური ხარის
დამმარცხებლად გამოსახავდნენ. მისი ,,შობის დღე“ იყო 25 დეკემბერი - ზამთარში მზის
შემობრუნების დღე. ზოროასტრიზმმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ებრაელების, რომის
იმპერიაში მცხოვრებ ადამიანთა მენტალობის ჩამოყალიბებაზე, ხელი შეუწყო მრავალი
სექტის: მანიქეველთა, ნესტორელთა, პავლიკელთა, იეზიდთა და სხვ. - წარმოქმნას.
თვით ირანელებმა კი, რომლებიც მე-7 ს-ში არაბებს დაემორჩილნენ, ისლამი აღიარეს.
თუმც, მაზდაიზმი, თავისი თავდაპირველი სახით, შეინარჩუნეს ირანში მცხოვრებმა
ღებრებმა (უსჯულოებმა) და ინდოეთის დასავლეთის მკვიდრმა ფარსებმა.
ჩვ.წ-მდე მე-5 ს. სპარსეთი წარუმატებლად ცდილობდა ძველი საბერძნეთის
მიერთებას, -330 წელს კი, ალექსანდრე მაკედონელის მიერ მისი განადგურების შემდეგ,
თვითონ შეუერთდა მაკედონელის იმპერიას.

You might also like