You are on page 1of 303

ჯემალ ქარჩხაძე

განზომილება

ტრაგედია კომედიის ერთი აქტია


ბიძაჩემი იონა
კომედია ტრაგედიის ერთი აქტია
პრ. დიდებულიძე
რედაქტორი: ლეილა ბერიაშვილი
© 2008 ქარჩხაძის გამომცემლობა
ყველა უფლება დაცულია

დასაბამი სიტყვა
ღმრთისა მიმართ
გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც. რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო,
რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე.
დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი
ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო:
ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისე
მიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზა-კვალი ისე
ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს,
ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის!
მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ!
სხვაფრივ, დავშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელი
მოწინააღმდეგე.
ხელისუფალთა მიმართ
ღირსნო მამანო (აგრეთვე დედანო), გვამნო (პატიოსანნო), მესაჭენო და მოჭირნახულენო
ნაცადნო, მესვეურნო დიდ-დიდნო! გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი
რიტორი, გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში „რომის სენატი
და სენატის რომი“, რისთვისაც, როგორც ცნობილია, რომის სენატმა იგი სენატის
რომიდან კინწისკვრით გააძევა, ამბობს: „დააკვირდით, რჩეულნო, თუ რა სხვაობაა
ზრუნვასა და ლაპარაკს შორის: ლაპარაკი ყვავილის მათრობელა სურნელია, ზრუნვა -
ოფლის მჭახე სუნი, ლაპარაკი რწმენის თესლია, ზრუნვა კი ეჭვისა. ლაპარაკით
ყოველთვის შეგიძლიათ ზრუნვა შეცვალოთ. ზრუნვით ლაპარაკს ვერასოდეს შეცვლით,
ლაპარაკი ქება-დიდების გზაა, ზრუნვა - ტანჯვა-წვალების ბილიკი; ლაპარაკი მკაა სხვათა
დანათესისა, ზრუნვა თესვაა სხვათა მოსამკელისა, ლაპარაკი სიამეს ჰგვრის ღმერთებს
(ტარტაროსი და ელიზიუმი პოეტების ლამაზი ჭორია), ზრუნვა კი თვლემას. ხედავთ,
მოამაგენო, რაოდენი განსხვავება ყოფილა ცნებათა შორის, რომლებიც უბირთა და
მიამიტთ ერთი და იგივე ჰგონიათ? მაშ, რატომ უნდა აჰყვეთ მორალისტთა
გულისგამაწვრილებელ ზუზუნს და ქოთქოთს? რად უნდა შეაშინებინოთ თავი ავყია
აჩრდილებსა და ცრუ წინასწარმეტყველთ? რატომ არ უნდა იაროთ იმ გზით, საითაც
გულისთქმა გეწევათ?“
ასე ამბობს, აღმაშენებელნო, გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი რიტორი,
გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში „რომის სენატი და
სენატის რომი“. და თუმც გვიანდელი ხანის ზოგი სწავლული ზრუნვისა და ლაპარაკის
სენატის რომი“. და თუმც გვიანდელი ხანის ზოგი სწავლული ზრუნვისა და ლაპარაკის
მისეულ დეფინიციას სადავოდ ხდის, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დავა უმთავრესად
თეორიული და სპეკულატიური ხასიათისაა.
საკუთარი თავის მიმართ
ვიაროთ წინ, რაკი სხვა გზა არა გვაქვს!
მკითხველთა მიმართ
ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო თანამემამულენო! მეგობრებო!
თითქოსდა, ჩვენ მაინც არაფერი უნდა გვქონდეს წინასწარ მოსალაპარაკებელი, ვინაიდან
წიგნია ჩვენი ხიდიც, მოციქულიც, შუამავალიც, გამყოფიცა და შემაერთებელიც, მაგრამ
რაკი მინდორი ისე გრძელია, ხოლო სიცოცხლე ისე მოკლე, რომ არავინ იცის, გავალ თუ
ვერა ბოლოში, გადავწყვიტე ამ ერთხელ ჭკვიანთა, გამჭრიახთა და საქმის მცოდნეთა
მცნებას მივყვე და ხვნაში გაგირიგდეთ. ვფიქრობ, მართებულადაც ვიქცევი. თავად
განსაჯეთ: განა ორთავ მხარისთვის - თქვენთვისაც და ჩემთვისაც - უმჯობესი არ იქნება,
გასარკვევი დროულად გაირკვეს და, ვისაც სერიოზულ მხატვრულ-შემეცნებით
ექსპედიციას მსუბუქი ძილისწინა მოციონები გირჩევნიათ, აქედანვე თქვათ უარი
დამგზავრებაზე, ვიდრე გზადაგზა დამეკარგოთ და შემომეფანტოთ?!
მაშ ასე: უპირველეს ყოვლისა, მინდა ცალკე გამოვყო ის ას ოცდაექვსი (რიცხვი
შემოწმებულია) მკითხველი, რომელთაც მიმართვა და დანამუსება არ სჭირდებათ - რაც
ყურადღებით და დაკვირვებით წასაკითხია, ისედაც ყურადღებით და დაკვირვებით
კითხულობენ - და იმედი გამოვთქვა, რომ წიგნის ბოლოში მათი რიცხვი, სულ ცოტა,
გაორმაგდება.
შემდგომ ამისა, მინდა ყველა დანარჩენს შევძახო: მამულიშვილნო! სად მირბით ასე
თავქუდმოგლეჯილნი?! ნუთუ არ იცით, რომ წინ დიდი გზა გიდევთ, დიდ გზას კი აჩქარება
არ უყვარს! შეანელეთ ნაბიჯი, შეიცადეთ ცოტა, ამოისუნთქეთ და ამოიქაქანეთ. საკუთარ
თავს, სულ ერთია, მაინც ვერ გაასწრებთ და აბა ისე სირბილს რა ფასი აქვს! შეიცადეთ.
შეიცადეთ და, მოდით, ამ შეშლილ დროში მტრის ჯინაზე ერთი დინჯად, მშვიდად,
დარბაისლურად ვიმუსაიფოთ, შევეცადოთ გულიდან გადავიყაროთ ყველაფერი, რაც
გვაჩქარებს და გვაფაციფუცებს, ვინაიდან ის, რაც გვაჩქარებს და გვაფაციფუცებს, ჩვენი
წიაღის კეთილ ნაწილში არ არის აღმოცენებული. შემიძლია შესაბამისი ანდაზებიც
მოგაგონოთ. მაგალითად, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ან კიდევ, ვინც იჩქარაო... ვინც
იჩქარა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ აშკარაა კარგი არაფერი
დამართნია, მით უფრო, რომ მესამე ანდაზა პირდაპირ გვაფრთხილებს: აჩქარებითა
სოფელი არავის მოუჭამიაო. ჭეშმარიტად! და თუ აქცენტს მაინც სწრაფმოჭმაზე ავიღებთ
და მოჭმა-მოჭმით დავუყვებით წუთისოფელს, ბოლოს (რაც უნდა იგულისხმებოდეს ამ
ბუნდოვან სიტყვაში) აბსურდის მოთუხთუხე კუპრში მოვადენთ ტყაპანს. ამას ნათლად
ადასტურებს აქსიომური დებულება, რომლის თანახმადაც გული კუჭი არ არის, გული
გაძღომას ვერ იგებს. მართლაცდა, ვთქვათ, ავჩქარდით, სათქმელი მივჩქმალეთ
(მივაჩუმათეთ, მივაფუჩეჩეთ, მივახუჩაფათეთ) და საშოვარზე წავედით. ვთქვათ, ვიშოვეთ.
ვთქვათ, ბევრი ვიშოვეთ. ვთქვათ, ყველაფერი ვიშოვეთ. ვთქვათ, იმდენი ვიშოვეთ, აღარ
ვიცით რა ვუყოთ. მერე? რა ვუყოთ იმას, რასაც აღარ ვიცით რა ვუყოთ? ანდა, ყველაფერს
რომ ვიშოვით, დანარჩენი სადღა ვიშოვოთ? გულს ხომ ვერ ამოვყორავთ! გული ხომ
ღნავის და ითხოვს! ანდაზებსაც რომ მოვეშვათ, ვინც კაცობრიობის გრძელსა და, ცოტა არ
იყოს, გაჭიანურებულ ისტორიას გასცნობია (რაც თავისთავად ფრიად საქებარი საქმეა),
განა არ იცის, რომ უბედურება, როგორც მყისიერი და ერთჯერადი აქტი, იქ ხდება, სადაც
ზედმეტად ჩქარობენ? აჩქარება ქვეყანას ანგრევს, აუჩქარებლობა კი მშვიდობიანად
არღვევს. დარღვევა ხანგრძლივი, ბუნებრივი და, თუ კარგად დავუკვირდებით, საამური
პროცესია, როგორც სიკვდილის ზომიერი მიზიდულობა, როცა სიცოცხლის უჯრედები
სიბერის ძალით იხოცებიან. მაშ ვაცალოთ ქვეყანას დაბერება, ნუ ვკრავთ ხელს
თავდაღმართში, ამოვიყაროთ გულიდან მატერიალური კატალიზატორები (დაე,
გარაჟებიც თახვებმა აშენონ), დავიმშვიდოთ ამღვრეული სახეები, ჩავიცხროთ
ამღვრეული ვნებები, გადავიყაროთ ბინდი, გავერიდოთ ყაყანს, დავიმორჩილოთ
საკუთარი გული და დავიმორჩილოთ საკუთარი ნაბიჯი, ვიაროთ მშვიდად და ნება-ნება
ვიმასლაათოთ. მერწმუნეთ, ასე უფრო ჩქარა მივალთ, სადაც უნდა მივიდეთ. და თუ ჩქარა
ვერ მივალთ, რა გვეჩქარება! ღმერთი ხომ არსად გაგვექცევა!
არ მოგატყუებთ და მოფრთხილების მომიზეზებით არ დაგიმალავთ: გზა, გარდა იმისა,
რომ შორია, ძნელი სავალიცაა. ალაგ-ალაგ ალბათ მოყინულიც იქნება (ასეთ
მონაკვეთებს, ვიდრე ყინულზე ფეხის მოკიდებას მიეჩვევით, შეგიძლიათ მოურიდებლად
გადაახტეთ). სამაგიეროდ, არც თავმდაბლობის მომიზეზებით იმას დაგიმალავთ, რომ ამ
ხანგრძლივ მოგზაურობაში სიამოვნებაც ბევრი გელით, ხოლო თუ ბოლომდე გაძლებთ,
თქვენი მოთმინება და შეუპოვრობა თქვენი მოთმინებისა და შეუპოვრობის ჯილდოდ
იქცევა.
მაშ დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და, ვინც დაატყობს, რომ გულიც ერჩის და თავის იმედიც
აქვს, გამომყვეს.
ოღონდ გახსოვდეთ: იკითხეთ ნელა და ყურადღებით!

წიგნი პირველი. გვირაბი

თავი პირველი. დეკადენტური დილა


ბიძაჩემის უადგილო დეპეშა, ეწერელი დათიკოს აკუსტიკური გამოცხადება და სხვა
დამაფიქრებელი ნიშნები.
„სანაკლიო უფსკრულში გადაიჩეხა წრტ ყველაფერი მიატოვე და საჩქაროდ ჩამოდი
ბიძაშენი“
ფოსტალიონი, წესისამებრ, დეპეშის ტექსტს წინასწარ კი გასცნობოდა, მაგრამ რაკი მისი
შინაარსიდან, სადაც „წრტ“ -ს გარდა ყველაფერი უკიდურესად ბუნდოვანი იყო, ვერ
დაედგინა, ჰქონდა თუ არა ფეხის ქირის მიღების შანსი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების
მიზნით დარდიმანდულ პოზაში დამიდგა და ხაზგასმულად უდარდელი
გამომეტყველებით შემომაჩერდა - აქაოდა, მე ჩემი ფინანსური პრეტენზიების
სამართლიანობაში ეჭვი არ მეპარება და აწი შენ იცი და შენმა კაცობამო. ხერხმა, რაღა
თქმა უნდა, გაჭრა და მან თავისი გროშები სრულად მიიღო. მართალია, მიიღო არა
იმდენად გარჯისთვის, რამდენადაც რწმენისთვის, მაგრამ ამდაგვარი ნიუანსები,
მოგეხსენებათ, ფულის მყიდველობით უნარზე დიდად არ მოქმედებს.
საგონებელში ჩავარდნილმა მალე მშვენიერი ევაც გავისტუმრე. მშვენიერი ევა -
ცეცხლოვანი და მასშტაბურად კაცთმოყვარე - დილამდე აპირებდა დარჩენას, რასაც
მჭევრმეტყველურად მოწმობდა თან წამოღებული ღამის პერანგი, რომელიც
მოსვლისთანავე ვარდისფერი ულტიმატუმივით გადამიფინა საწოლზე, მაგრამ რა
დარწმუნდა, ბიძაჩემის დეპეშები ადამიანური შემოქმედების ძალზე რთული პროდუქტებია
და მათი გაშიფვრა ღრმა კონცენტრაციას მოითხოვს, არც სცენები გაუმართავს და არც
შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა უთამაშნია (როგორც სხვა, უფრო ცივილიზებული
მანდილოსნები შვრებიან მსგავს ვითარებაში), ხანმოკლე, სავსებით მშვიდობიანი
მოლაპარაკების შემდეგ თავისი ულტიმატუმი ჩანთაში ჩაიდო და წასვლის წინ ისეთი
წრფელი და მგზნებარე კოცნა მომიძღვნა, აშკარად მაგრძნობინა, რომ, თუკი ტრფობის
ცეცხლით მარად მოგუზგუზე მის ჩვილ გულში ეს გაუქმებული ღამე ცოტაოდენ წყენად და
ცოტაოდენ წყრომად მაინც შედედდა, წყენის მიზეზიცა და წყრომის ადრესატიც ბიძაჩემი
იყო.
მარტო რომ დავრჩი, ერთხანს ბოლთას ვცემდი და ფიქრებს ვაგროვებდი, მერე საწერ
მაგიდას მივუჯექი და დეპეშას ჩავუღრმავდი.
რა თქმა უნდა - და ყოველი ღირსი სანაკლიელი (რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, დიდი
აღარ არის) ჩემს ადგილას ამასვე გეტყოდათ - ბიძაჩემის ცნობა, ვითომც სანაკლიო
უფსკრულში გადაჩეხილიყოს, არასწორი იყო. უფსკრულში რომ გადაიჩეხო, უფსკრულს
ზემოთ უნდა იმყოფებოდე. ერთადერთი ადგილი, სადაც სანაკლიო ჯერ კიდევ შეიძლება
გადაიჩეხოს, ჯოჯოხეთია. მაგრამ ეს შესაძლებლობაც წმინდა თეორიულია, ვინაიდან
ამისათვის საჭიროა, ხსენებული ღირსი სანაკლიელები უკლებლივ და უნაშთოდ
აღვიგავოთ პირისაგან მიწისა, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პრაქტიკულად გამორიცხულია.
და რომც მომხდარიყო ამდაგვარი რამ სასწაული, ბიძაჩემი ისე როგორ დაეცემოდა,
სინამდვილე შეელამაზებინა და „ჯოჯოხეთის“ ნაცვლად „უფსკრული“ ეხმარა!
ამ ჯანსაღი წანამძღვრებიდან თითქოს ბუნებრივად გამომდინარეობდა ასეთივე ჯანსაღი
დასკვნა, რომ ბიძაჩემი ტყუოდა, მაგრამ ეს დასკვნა მე მტკიცედ და გადაჭრით უარვყავი.
ასევე მოიქცეოდა ყველა, ვინც ბიძაჩემს ჩემსავით კარგად იცნობს. საქმე ის არის, რომ,
თუმც კი ტყუილი ბიძაჩემისთვის საარსებო სუბსტანციაა, რომელსაც ჟანგბადთან ერთად
იღებს, რათა ნახშირორჟანგთან ერთად გამოყოს, და ურომლისოდაც, თქმა არ უნდა,
ნივთიერებათა ცვლა დაერღვევა, ამ სასიცოცხლო სუბსტანციას მთავარი მკვებავი ფესვი
ესთეტიკაში უდგას (სწორედ ეს არის ერთი იმ გადამწყვეტ ნიშანთაგანი, რისი
წყალობითაც ბიძაჩემი ისე განსხვავდება რიგითი სანაკლიელისაგან, როგორც ფერადი
ტელევიზორი შავ-თეთრი ტელევიზორისგან). ამიტომ, რაკი დეპეშის ტექსტში ესთეტიკის
ნიშანწყალი ვერ ვიპოვე, უყოყმანოდ დავასკვენი, რომ ეს იყო არა შეგნებული ტყუილი,
არამედ უნებური გაზვიადება, რასაც სათავე სულ სხვა ფენებში აქვს, იმ ფენებში, სადაც
გამუდმებით მიმდინარეობს მცირე თერმობირთვული რეაქცია, რომელიც, თავისთავად,
სრულიად უვნებელია, მაგრამ დროდადრო, როცა რომელიმე მუხტი ორბიტას მოწყდება
და ფსიქიკის სფეროს მიაშურებს, წონასწორობა ირღვევა და ბიძაჩემი მყისიერად,
როგორც დაცურებული კრამიტი (გნებავთ, როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი), რაღაც
გამოუცნობ უკიდურესობაში ვარდება. მოვლენათა სამყაროში - ტიპიურ მაგალითს თუ
ავიღებთ - ეს პროცესი ამგვარად მჟღავნდება: ნასმურევზე რომ, ვთქვათ, გამოძინე- ბა არ
დასცალდება და უეცარი ხმაური ან სხვა რამ უეცარი ბიძგი მოულოდნელად ამოაგდებს
ძილის ჯურღმულიდან, ადვილი შესაძლებელია, უწყინარი ბუზი, რომელიც უპრეტენზიოდ
დაბზუის ოთახში, გახელებულ სპილოდ მოეჩვენოს.
იმ ვარაუდს, რომ ტყუილი უნებური იყო, კიდევ უფრო განამტკიცებდა სიტყვა
„ყველაფერი“, რომელიც, რაკი მისატოვებელი არა მქონდა რა (ისეთი ეფემერული განძის
არსებობა, როგორიცაა მშვენიერი ევა, ბიძაჩემმა არ იცოდა) პირიპირზე ემთხვეოდა
სიტყვა „არაფერს“. ფილოსოფიური თვალსაზრისით ამგვარი დამთხვევა უაღრესად
საყურადღებოა, რამდენადაც აქ, ერთი მხრივ, მჟღავნდება დაპირისპირების, როგორც
ასეთის, ემანაციური და, შესაბამისად, რელატური ბუნება და, მეორე მხრივ, ამ
რელატურობის უკან თავს იჩენს პოლუსების ერთიანობა, ეს კი საშუალებას იძლევა
ყბადაღებულ დუალიზმს რეალური ნიადაგი გამოვაცალოთ და ფორმალური ლოგიკის
საზღვრებში მივუჩინოთ ადგილი, მაგრამ ამაზე ახლა სიტყვას არ გავაგრძელებ, ვინაიდან
ეს ძალზე შორს წაგვიყვანს და, შესაძლებელია, მოსაწყენიც აღმოჩნდეს.
რაკი შეგნებული ტყუილი გამოირიცხა, სიტყვა „ყველაფერი“ ან ირონია უნდა ყოფილიყო,
ან სისულელე. ირონია და სისულელე ცნებათა ქანდარაზე გვერდიგვერდ სხედან და
ერთმანეთისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ სისულელე თვითკმარია და
ობიექტს არ საჭიროებს, ირონია კი ურთიერთობის კანონს ექვემდებარება, ან - მხატვრულ
ქსოვილში თუ გრამატიკულ კატეგორიებს ჩავრთავთ - სისულელე ვნებით გვარს
განეკუთვნება, ირონია - მოქმედებითს. და როცა მოქმედება ობიექტს ვერ იპოვის, იგი
ვნებით გვარში გადადის. სიცხადისათვის წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ზაფხულის
მშვენიერ ღამეს სადმე, მთის ფერდობზე, მხართეძოზე ხართ წამოწოლილი და, სიმშვიდის
უზენაეს ნეტარებაში ამოდ ჩაძირული, ვარსკელავებით მოჭედილ ცას შეჰხარით. ამ დროს
მთის წვერზე უჩუმრად გადმოდგა ვინმე ველური მშვილდოსანი და შხამიანი ისარი
გტყორცნათ. თქვენ არც მოსვლა შეგიმჩნევიათ ველურისა, არც წასვლა, ხმაური არ
გაგიგონიათ, ისარი არ მოგხვედრიათ და, საერთოდ, ამ იდუმალ თავდასხმას არავითარი
კვალი არ დაუტოვია. ახლა ვიკითხოთ: შეიძლება ასეთ თავდასხმას თავდასხმა ეწოდოს
ამ სიტყვის რეალური და ობიექტური მნიშვნელობით? ცხადია არა. თავდასხმა - ირონია კი
თავდასხმის ნაირსახეობაა - აუცილებლად გულისხმობს კავშირს. მართალია, ირონიის
მთავარი ღირსება მის შეფარულ ხასიათში მდგომარეობს, მაგრამ სწორედ აქ გვმართებს
განსაკუთრებული სიფაქიზე (ამიტომაცაა ნატიფი ირონია ასე იშვიათი): თუ ირონიის ისარს
შეფუთვა დავაკელით, ფასი არ ექნება, თუ ზედმეტად შევფუთეთ, ჭრა არ ექნება. ოქროს
წესის თანახმად, ისარი უნდა შეიფუთოს მაქსიმალურად, სადაც მაქსიმალურობა
დამოკიდებულია ობიექტის მგრძნობიარობაზე. ყველაფერი ეს ბიძაჩემმა მშვენივრად
იცის და, ირონიის ისარი რომ ეტყორცნა, ეჭვი არაა, მაგრძნობინებდა კიდეც. ასე რომ,
ირონია გამოირიცხა. დარჩა სისულელე. ხოლო რაკი ორი სისულელე ერთ პატარა
დეპეშაში ბიძაჩემისთვისაც კი მეტისმეტია, სხვა რაღა უნდა მეფიქრა გარდა იმისა, რომ
ბუზი, რომელიც სპილოდ მოეჩვენა, ეტყობა, მართლა ხორთუმიანთა რიგის Elephas-თა
გვარს მიეკუთვნებოდა! ნუ შეიცხადებთ და ქვებს ნაჩქარევად ნუ დამიშენთ. ვინც ჩვენს
ყოფა-ცხოვრებას ყურადღებით აკვირდება, შეამჩნევდა, რომ ზოგი სპილო თავიდან ბუზია
და მხოლოდ მერე, მოგვიანებით, რაღაც მანქანებით იქცევა სპილოდ. ბიძაჩემი ამგვარ
სპილოს ზოგჯერ წინასწარ, ჯერ კიდევ ბუზობის სტადიაში ცნობს. მართალია, ამას
ნათელხილვას ვერ დავარქმევთ, ვინაიდან თვითონაც არ იცის, როდის მართლა ცნობს
და როდის ქვეყანას ატყუებს, მაგრამ თავად ფაქტს ამით არაფერი აკლდება.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ყოველმხრივი და ამომწურავი ანალიზის შედეგად
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დეპეშის შეშფოთებულ კილოს რეალური საფუძველი
ჰქონდა. ჩემი ტურფა სანაკლიო თუ უფსკრულში არა, რაღაც მძიმე განსაცდელში კი
ნამდვილად ჩავარდნილიყო და ახლა ბიძაჩემის პირით საშველად მიხმობდა, ვინაიდან
თანამედროვეთა შორის ჩემზე უფრო მართალი, მიუკერძოებელი და მოუსყიდველი
მემატიანე სხვა არავინ ეგულებოდა.
რა მექნა? შეუძლია შვილს მშობლის განწირულ ძახილს ყური არ ათხოვოს?
დამეთანხმებით, ამ რიტორიკულ კითხვაში თავად კითხვის ნიშანიც კი მკრეხელობაა. და
მართლაც, ძილის წინ მტკიცედ გადავწყვიტე: დილაზე სანაკლიოში მივემგზავრები!
ჩემი დილა - პატიებას ვითხოვ კაცობრიობის შრომისმოყვარე ნაწილის წინაშე -
ასტრონომიულსა და, მით უმეტეს, დეკრეტულ დილას არ ემთხვევა (ამასთან
დაკავშირებით - და საერთოდაც - იხ. მოთხრობა „ბიძაჩემი იონა“), მაგრამ ამჯერად,
ვითარების სირთულის გამო (შესაძლოა, ბიძაჩემის მღელვარებაც გადმომედო),
ჩვეულებას ვუღალატე და ვეებერთელა საათი (made in Pensa) რვის ნახევარზე დავაყენე.
მაგრამ გამომეღვიძა არა რვის ნახევარზე, არამედ ექვსის ნახევარზე, და გამომაღვიძა
არა საათმა, არამედ ტელეფონმა.
თვალის გაუხელელად მივხვდი, რომ ჯერ ისევ ბნელოდა. ძილბურანში მდორედ გახსნილ
ცნობიერებას ერთი ხანობა იმედი ჰქონდა, ტელეფონი თავისით გაჩუმდებოდა. მერე, რაკი
ეს იმედი გაცუდდა, ხელი გინებ-გინებით მოვაფათურე და ყურმილი ავიღე.
- ალო...
ვიდრე „ა“-ს ჩავათავებდი, ისევ მოვასწარი ძილის მორევში ჩაყვინთვა და „ლო“ უკვე
ფსკერიდან ამოვიბუყბუყე. აბა მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ განწირულის ეს მეცადინეობა
ფუჭი იყო, რომ ძილი და მოსვენება დიდი, დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელ ნატვრად
მექცეოდა, რომ შეზარხოშებულ ბედისწერას მე საბრალოსთვის ხელი უკვე ყურში წაევლო
და იდუმალ მოვლენათა ეპიცენტრისკენ მიმაწიალებდა!
ყურმილში კაცის ხმა გაისმა, მაღალი, წვრილი, რაღაც უნაყოფოდ მკივანა და დეკემბრის
ქარივით ცივი ხმა, რომელიც დაუბრკოლებლად გადიოდა ყურებში და ყინულოვანი
საბერველებით პირდაპირ თავის ქალაში მიბერავდა.
- გამარჯობა, ღუტუ, შენი! დათიკო ვარ მე, ეწერელი დათიკო, ხო მიცანი?! - აქ ხმა
შეყოვნდა, მაგრამ შეყოვნება ძალზე ხანმოკლე იყო და, სანამ მე მძინარე ენას პირში
მოვატრიალებდი, ისევ ხოშკაკალასავით წამოვიდა, - რატო გირეკავ, თუ იცი: ეწერში რო
ღვთიშობლის ეკლესია გვედგა, ხო გახსოვს?..
ამჯერად პაუზა შედარებით მოზრდილი გამოდგა და სიტყვის ჩაგდება მოვასწარი: -
რომელი ეკლესია?.. - თან ცნობიერების ქვედა ფენებში ჩემდაუნებურად უცნობ ღუტუსთან
იდენტიფიკაციის შესაძლებლობას ვწონიდი.
ეწერელი დათიკო ჩემმა რეპლიკამ ცოტა გაანაწყენა: - სასაფლაოს თავზე, შე კაცო, რავა
არ გახსოვს!
- მერე? - გამოვეპასუხე მექანიკურად და, უნდა გამოვტყდე, დატუქსული შეგირდივით
შევკრთი.
- გაქრა, კაცო.
- რა ქნა?
- გაქრა. გევიღვიძეთ გუშღამ დილას, შენ ხარ ჩემი ბატონი, გევიხედეთ და სადაა ეკლესია!
აღარაა. აპაა! ახლა, ჩემო ღუტუნა, შენი იმედი გვაქ და, შენ იცი, რავა მალე ჩამოხვალ!
- კაცო! - იყვირა მაშინ ჩემი გონების გამოფხიზლებულმა ნაწილმა, - არა...
მაგრამ ეწერელმა დათიკომ ყურმილი უკვე დაკიდა. ტუ-ტუ-ტუ!..
რეგვენი!
რა ოპტიმიზმის პატრონი უნდა იყო, რომ ჩვენებურ ტელეფონს ასე ბრმად ენდო! გაქრა!
რას ქვია გაქრა! რა გააქრობს ეკლესიას, მით უმეტეს დღეს, როცა ურწმუნო და მორწმუნე
ყველა ეკლესიაზეა გადარეული?! ეწერი სადღა ჯანდაბაშია და რომელი საათია?
ჩემი ვეებერთელა, მრგვალი საათი მოჭრილი თავივით იდო მაგიდაზე და სიბნელიდან
უნდოდ მაკვირდებოდა. შუბლზე პაწაწინა რქა ედგა და ავისმომასწავებლად დაკრეჭილ
ციფერბლატზე ორი შავი, წვეტიანი ეშვი ხრუტუნით შეექცეოდა დროს. ამ სანახაობამ
შემზარა და მოჭრილ თავს თვალი ავარიდე. მერე ცოტა დავმშვიდდი და ისევ შევხედე.
ეშვები ექვსის ნახევარზე ისხდნენ.
შეიძლება დილის ექვსის ნახევარზე ადამიანი ნორმალური იყო?
გადავწყვიტე ძილი განმეგრძო და თვალები დავხუჭე. იმავ წამს აღმოვაჩინე, რომ გარეთ
ჩიტები თავდავიწყებით წიოკობდნენ.
სამყაროული ჰარმონია.
ნეტა ყოველ დილით ასეთი გნიასი უდგათ თუ დღეს საგანგებო რამ საკითხის გამო
შეიყარნენ, რომელიც უეჭველად გამთენიის ხანს უნდა გადაიჭრას და უეჭველად ჩემი
ფანჯრის წინ, თორემ სამარადჟამოდ გადაუჭრელი დარჩება?
უნაყოფოდ და, არსებითად, უმისამართოდ გაბრაზებულმა საბანი თავზე წავიფარე.
მაგრამ საბანმა ხმაური ვერ ჩაახშო. გაწიწმატებული ჩიტები - ჩვენში ჩიტიც, ბუნებრივია,
ჩვენებური უნდა იყოს - ერთმანეთს არ აცლიდნენ და ყველა ერთად ჭყიოდა.
რაღას ვიზამდი! შევუკურთხე ეწერს, შევუკურთხე, ზოგადად, ადამიანის სააღმომჩენებლო
გენიას და, კერძოდ, ტელეფონის გამომგონებელს, რომლის ვინაობა არ ვიცოდი,
შევუკურთხე (უფრო შეღავათიანად) კავშირგაბმულობის სამინისტროს და ლოგინში
წამოვჯექი.
ძვლებში ტყვიასავით მესხა ძილი და ტვინზე სქელი ბურუსი მერტყა.
ეგებ მართლა ღუტუ ვარ და აქამდე არ მიმხელდნენ?.. დილის ექვსის ნახევარზე ყველა
წესიერ კაცს სძინავს. ვითომ? ეგებ ყველა წესიერ კაცს კი სძინავს, მაგრამ ყველაზე წესიერ
კაცს არ სძინავს... მაგალითად, სანაკლიოში მამაჩემი ალბათ უკვე წვერს იპარსავს და
იდეოლოგიურ სილოგიზმებს სარკეში რაღაც ჩემთვის გაუგებარი ნიშნის მიხედვით
ახარისხებს. მკაცრი და მიუდგომელი ლოგიკა იმას როგორ დაუშვებს, ეკლესია გაქრეს,
და, რომც გაქრეს, ისე როგორ იქნება, ეს ამბავი ეწერელი დათიკოს სალაპარაკო შეიქნას!
ან კი რა არის „გაქრობა“? ეს სიტყვა ხომ - ისევე, როგორც ყველა სხვა სიტყვა - უფორმო
და ბუნდოვანია და კაცმა არ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს! ან ღუტუ ვითომ ისეთი რა
სულიერია, გამქრალი ეკლესია ხელახლა გააჩინოს, და თუ მართლა ასეთი
სასწაულმოქმედია, მაშ, ღუტუ რატომღა ჰქვია? კითხვები, კითხვები, კითხვები. და ყველა
მათგანი უპასუხო.
აქ ბიძაჩემის დეპეშა გამახსენდა და საბოლოოდ გამოვფხიზლდი. ჩიტების ხმა აღარ
ისმოდა. გამიკვირდა. საწოლიდან გადმოვედი და ფანჯარას მივადექი. გარეთ
სამარისებური სიჩუმე იდგა. მაშასადამე, შეასრულეს თავიანთი მავნე მისია და
გაფრინდნენ. ეს ამბავი ცუდად მენიშნა. სამზარეულოში გავედი და გაზზე წყალი შემოვდგი.
მამაჩემმა, ვინ იცის, უკვე მოათავა ჩაის სმა.
ხელ-პირს რომ ვიბანდი, ერთი უგვანი აზრი ამეკვიატა: იქნებ სიცოცხლისათვის ყველაზე
მოხერხებული დრო განთიადია-მეთქი. ეს აზრი დიდხანს ფარისევლურად მიღიტინებდა
გონებაში, როგორც რომანტიკული ოდის ურცხვი იმპულსი, და მხოლოდ ნასაუზმევს, რის
ვაი-ვაგლახით, მოვიშორე. მერე ტანთ ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე.
ადრე ამდგომსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი. რატომ ვერ დაეწევა, არავინ იცის და
აი კიდევ ერთი უპასუხო კითხვა.
განთიადი, ალიონი, რიბირაბო, რიჟრაჟი, აისი, უთენია, სისხამდილა, ცისკარი, დაფიონი,
დილაადრიანი, გამთენიის ხანი, მამლის ყივილის დრო, მზის ამოწვერის ჟამი...
ის იყო, გასვლას ვაპირებდი და უკანასკნელად მიმოვიხედე, ისეთი ხომ არაფერი მრჩება,
რაზედაც ბიძაჩემის მითითება არ ვრცელდება-მეთქი, რომ გონებაში კვლავ ამოტივტივდა
ეწერელი დათიკო. მაშინ სპორტული ჩანთა, რომელშიაც წვრილმანი და აუცილებელი
ხარახურა მეყარა, ძირს დავაგდე და წიგნების კარადიდან ქართული ენციკლოპედიის
მეოთხე ტომი გადმოვიღე.
ასეც ვიცოდი! და ყველამ, ვისაც ახალგათენებულზე დაგირეკავენ და შემოგჩივლებენ,
ეწერში ეკლესია გაქრაო, იცოდეთ: საქართველოში ათი ოფიციალური ეწერია, ხოლო
დათიკო, რომელიც დაწმუნებულია, სოფლის დავალება პირნათლად შეასრულა და
გრძნეული ღუტუ სანტექნიკოსივით გამოიძახა, ათგზის ვირია. ასეთი იყო ჩემი საბოლოო
დასკვნა, როცა ენციკლოპედიის მეოთხე ტომი მაგიდაზე მოვისროლე და ახლა მეცხრე
ავიღე, რათა ბარემ იმ პატიოსანი კაცის სახელიც დამედგინა, ვისაც ცოტა ხნის წინ
სახელდების გარეშე შევუკურთხე, მაგრამ ქართული ენციკლოპედია - ესეც იცოდეთ - ასო
„ტ“ -ზე ტელეფონის გამომგონებლის სახელს არ იუწყება (რატომ?).
კაცს რომ გაჭირვების დროს მშობლიური ენციკლოპედიაც დაგაღალატებს, რა
გასაკვირია გუნება საბოლოოდ მოგეშხამოს?!
ეს არც გამკვირვებია. ის გამიკვირდა, რომ, როგორც კი გავედი და კარი გავიხურე,
მოულოდნელად უცხო რამ ნაღველი შემომაწვა. მელანქოლიის შავი, მკვრივი და ბლანტი
კუპრი სქელ გარსად შემომეჭდო, პედანტურად მომაწვა ყოველი მხრიდან და გაგუდვა
დამიწყო. გამგუდავდა კიდეც და საამისოდ დიდი დრო არ დასჭირდებოდა. მაგრამ ჩემდა
ბედად სადარბაზოდან გამოსულმა სიხარულით აღმოვაჩინე, რომ ჩემი „ნივა“ არც წუხელ
მოეპარა ვინმეს.
ამან გულიდან ზედმეტი ჯანღი გადამყარა. თუმცა კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილი
ვიყავი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უცხო პლანეტაზე მოხვედრილი კაცი, რაც - თუ
სივრცეს დროით შევცვლით - ამ უთენია სავსებით რეალური შედარება ჩანდა.
დამაფიქრებელი ნიშნები გრძელდება. გონიერი არსებანი ქალაქში. სავარაუდო დოცენტი.
ირგვლივ ჯერ კიდევ ბინდი იდგა. ცა ნაცრისფრად ემხო მიწაზე და ქვეყნად - ყოველ
შემთხვევაში, სადამდეც თვალი წვდებოდა - კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გრილოდა და
ნესტიანი სიგრილე გამოუძინებელ სხეულში უსიამო ჟრჟოლად მივლიდა.
ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ დავძარი თუ არა მანქანა, მომეჩვენა, თითქოს ეს ქალაქი,
რომელსაც ჩემს გულში სიყვარულის სკალაზე მეორე ადგილი უჭირავს, პომპეუსი იყო და
მის ბინადართ დიდი ხანია ვეზუვის სქელი ლავის ქვეშ მარადიული ძილით ეძინათ. მე კი
თავზარდაცემული გავრბოდი. გავრბოდი უკანმოუხედავად. გავრბოდი და ვცდილობდი,
რაც შეიძლება მალე გავცლოდი აქაურობას, ვინაიდან ამდენი სიკვდილის გვერდით ჩემი
სიცოცხლე როგორღაც უადგილო და უხერხული ჩანდა.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, მტკნარი სისულელე იყო და, თუკი რეალურად რამეს
ნიშნავდა, ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ სუბიექტური იდეალიზმის მყიფე მოდელზე
აღმოცენებულ ქვეყნიერებას ძილ-ღვიძილის ნისლი ჯერაც არ გადაეყარა. სინამდვილეში,
ჩემი თანამემამულეები - ეჭვი არაა, ცოცხლები და საღ-სალამათები - საბნების ქვეშ
იმყოფებოდნენ და არა ლავის ქვეშ. არც მე გავრბოდი. მე, თუ მაინცდამაინც, მივრბოდი,
მივრბოდი ბენზინის საყიდლად, ვინაიდან ვიცოდი, რომ მთელ ტრასას, ამ თავიდან იმ
თავამდე, წითელ ზოლად გასდევდა სიტყვა „დეფიციტი“, რომელიც ისე შეეფარდება
სიტყვა „კრიზისს“, როგორც აგური კედელს, და თუ ეს წითელი ზოლი უდროო დროს და
უალაგო ალაგას რეალურ შინაარსად გამჟღავნდა, ადვილი შესაძლებელია, სანაკლიოში
მიმავალი მგზავრი სადმე შუა გზაში ჩარჩე და დანიშნულების ადგილას ვეღარასოდეს
მიაღწიო.
თუმცა ჩემი სნეული ხილვის გასამართლებლად ერთი კი უნდა ვთქვა: ქუჩები ნამდვილად
უკაცრიელი იყო. არსად არაფერი მოძრაობდა - არც ადამიანი, არც მანქანა, არც ნიავი.
შუქნიშნებიც კი, გუშინ რომ სამფეროვან თვალებს მაცდურად აჟუჟუნებდნენ, ახლა ბრმა
ჯაშუშებივით აბსურდულად გადმოყუდებულიყვნენ მაღალ-მაღალი ბოძებიდან და
ყვავების ფანტასტიკურ ფიტულებს გვანდნენ. ხოლო რაკი ჩემს გარდა ქვეყნად არავინ
მოძრაობდა, ჩემი მოძრაობა იდუმალი და საშიში ჩანდა.
მაგრამ ყველაფერი, რაც იწყება, თავდება კიდეც (ბანალური ფრაზა კარგია არა იმდენად
იმის გამო, რომ სწორია, რამდენადაც იმის გამო, რომ კოლექტიური ცნობიერების
ნაყოფია). და მართლაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს რომ გავცდი და მოედანს
მივუახლოვდი - პატარა მოედანს, რომლისთვისაც იმ დროს ჯერ კიდევ არ გადაგვერქვა
სახელი - სიცოცხლის ნიშანი გამოჩნდა.
კაცმა რომ თქვას, ეს ნიშანზე მეტი იყო: მოედნის ქვედა კიდეში, ერთ-ერთი ქუჩის
შესაყართან, ავტობუსი იდგა და ირგვლივ რამდენიმე კაცი ფუსფუსებდა.
„თუ გონიერი არსებებია, იქნებ კონტაქტის დამყარებაც მოხერხდეს“, - გამიელვა
სულელურმა აზრმა სადღაც ცნობიერების გადაღმა, ბნელსა და უღრან ტყეში.
საბედნიეროდ, ცნობიერება ამ დროს უკვე ენერგიულად იფართოებდა საზღვრებს და,
უღრანი ტყე რომ ახოდ იქცა და შიგ სინათლის სხივმა შეაღწია, მე ჯერ ადამიანის
დანახვით გამოწვეული ბუნებრივი შვება დამეუფლა, მერე კი, როცა ავტობუსში მკაცრად
აბურდული კაბელი და ნაირ-ნაირი აპარატურა შევნიშნე, საბოლოოდ შევიგრძენი
მშობლიური პლანეტის მაჯისცემა და შვება სიხარულად მექცა.
თავიდან კინოსტუდია მეგონა და, რაკი ადრიანი დილაც იყო, ვიფიქრე, ალბათ რაღაც
თანამედროვე დუელს იღებენ, ვთქვათ, რომელიმე რაიკომის სანთელ-საკმეველსა და
რეგიონული მაფიის ნათელ-მირონს შორის-მეთქი, მაგრამ მალე ავტობუსის მინაზე
წარწერა გავარჩიე. ტელევიზია ყოფილა და არა კინოსტუდია.
ტელევიზია სხვაა. ტელევიზია, როგორც წესი, ქუჩაში საზოგადოებრივ აზრს აგროვებს, ან
მოგროვებულს ანოყიერებს.
მართლაც, ავტობუსის გვერდით მიკროფონით ხელში იდგა კომენტატორი და ფხიზლად
უდარაჯებდა გამვლელებს, რომელთაც ათიოდე მეტრის მოშორებით, აფთიაქთან
მოეყარათ თავი და რეჟისორის თანაშემწის ნიშანზე თითო-თითოდ მოდიოდნენ.
ავტობუსს იმ დროს გავუსწორდი, როცა კომენტატორს მორიგი გამვლელი
უახლოვდებოდა. ორმოცდახუთიოდე წლის კაცი იყო, თმაშევერცხლილი, ტანსრული და,
ყველა ნიშნის მიხედვით, ჯანმრთელი. მრგვალი, ღაჟღაჟა სახე ჰქონდა ოდნავ ბრიყვული
იერით და ხელში დიდი, ყვითელი პორტფელი ეჭირა. ასე, დოცენტი იქნებოდა. დოცენტი
ზედმეტად ლაღად მოდიოდა და პორტფელსაც ისეთი გამომწვევი დაუდევრობით
მოიქნევდა, ბრმაც კი მიხვდებოდა, როგორ უფანცქალებდა გული კომენტატორთან
შეხვედრის მოლოდინში.
ავტობუსს რომ ჩავუარე, მოედანს რომ გავცდი და ფართო ქუჩას რომ დავუყევი, რომლის
ბოლოშიაც ბენზინის სადგურია, მივხვდი, რომ შეცდომა ჩამიდენია: მერე რა, რომ მთლად
გონიერი არსებანი არ იყვნენ! მაინც უნდა გავჩერებულიყავი, ყური უნდა მიმეგდო, უნდა
გამეგო, რამ ააფორიაქა ასე ადრიანად ჩვენი ტაქიკარდიული ტელევიზია, რა პათეტიკისა
და მაღალფარდოვნების სუნი ეცა ამ უთენია; უნდა გამეგო და სანაკლიოში ისეთი
ცინცხალი ამბავი წამეღო, რომელსაც დედაქალაქი, საფიქრებელია, საღამომდე ვერ
შეიტყობდა.
ამ აზრმა, რაკი ერთი ამიტაცა, აღარ მომასვენა და მცირე ყოყმანის შემდეგ მანქანა უკანვე
მივატრიალე.
მთელ ამ პროცედურას ხუთ წუთზე მეტი არ დასჭირვებია. ხოლო თუ იმ ათ-თორმეტ
გამვლელსაც გაიხსენებთ, რომლებიც თავიანთი რიგის მოლოდინში ისე ტოკავდნენ,
როგორც სტარტზე გამოსული ბედაურები, ალბათ გასაგები იქნება, რატომ მიყო გულმა
რეჩხი, როცა მოედანზე მიბრუნებულს იქ დუმილი და სიცარიელე შემომეგება. აღარც
ავტობუსი, აღარც კომენტატორი, აღარც რეჟისორი, აღარც დამხმარე პერსონალი,
აღარც მგზავრები. მხოლოდ უკაცრიელი, ჭუჭყიანი მოედანი. ავტოინსპექტორი რაა,
ავტოინსპექტორიც კი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, ეტყობა, არსად ჭაჭანებდა,
რაკი ჩემი მუხრუჭების მძლავრ ღრჭიალს მათი მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე იმ იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა,
მაგრამ ამაოდ. ირგვლივ სამარისებური დუმილი იდგა, თითქოს ამქვეყნად სიკვდილის
მეტი ცოცხალი აღარავინ დარჩენილიყო.
დიდხანს გაგრძელდა ეს ცივი გარინდება თუ ცოტა ხანს, ბოლოს ერთმა „ზაპოროჟეცმა“
გამომაფხიზლა. ფერად ლურჯი „ზაპოროჟეცი“ - ძველისძველი მოდელი, კოშმარულ
სიზმარში ნანახ გრანდიოზულ ხოჭოს რომ ჰგავს, ისეთი - ლურჯად ამოცუხცუხდა ქვედა
ქუჩიდან, მოედანი სწრაფად გადაირბინა და გაქრა. საჭეს ქალი უჯდა. და თუმცა შავი თმის
გარდა მკაფიოდ სხვა არაფერი დამინახავს, მყისვე ვიცანი. ეგებ ახლა ეს მთლად
დამაჯერებლად არ ჟღერს, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, „ახლასა“ და „მაშინს“ ბევრი
არაფერი აქვთ საერთო. მაშინ კი დღესავით ნათელი იყო, რომ საჭესთან კლეოპატრა
იჯდა, ეგვიპტის ცბიერი და მუსუსი დედოფალი.
ხოლო მთავარი შეუსაბამობა, რაც მთელს ამ მრუდე დილას შანთივით ჰქონდა გაყრილი,
იმაში მდგომარეობდა, რომ მე ჩემი არსებით, წარმოშობით, აღზრდით, განათლებით,
სულიერი წყობით, ბიძაჩემის ლოცვა-კურთხევით, ბუნებით, გამოცდილებით,
მსოფლმხედველობით, ერთი სიტყვით, ყველა ნაკლითა და ყველა ნაკლულოვანებით,
ფხიზელი რეალისტი ვარ.
„იქნებ „უფსკრული“ გაცილებით უფრო ღრმა ცნებაა, ვიდრე მე მგონია! იქნებ ეწერელი
დათიკო ზეგარდმო ძალის შიკრიკია! იქნებ სამყაროს საფუძვლები მოერყა!“, - გავიფიქრე
მე და ჩემი ანგარიშით ეს იყო უკანასკნელი სერიოზული სისულელე, რაც იმ დილით
გავიფიქრე.
ამასობაში „ზაპოროჟეცის“ თუხთუხი მიწყდა, ლოდის სიმძიმემ გულის პიკი გადაიარა და
თავქვე დაეშვა, ბურუსი ნელ-ნელა გაირღვა და აჰა, ჯანსაღი ლოგიკა, ჩემი ერთგული და
საიმედო ამხანაგი - მზის სხივივით სწორი, მზის სხივივით ბასრი და მზის სხივივით ელვარე
- გახარებული წკმუტუნით დამიბრუნდა, როგორც დიდი ქალაქის ორომტრიალში
დაკარგული ლეკვი.
კლასიკური ფიზიკის კანონები (მასის შენახვის კანონი, ნიუტონის მეორე კანონი და სხვ.),
რომელთაც თავიანთი სიმართლე საქმით დაამტკიცეს, ზოგი პირდაპირ და ზოგი
მოიარებით გვასწავლის, რომ ნივთიერება არ შეიძლება გაქრეს. შეიძლება ერთი სახის
ნივთიერება მეორე სახის ნივთიერებად გადაიქცეს, მაგრამ არ შეიძლება უკვალოდ
გაქრეს. აქედან გამომდინარე, ეწერელი დათიკოს აკუსტიკური გამოცხადება ან
ავადმყოფური ბოდვა იყო, ან მეტაფორული მეტყველება. თუ ავადმყოფური ბოდვა იყო,
საღი განსჯის საგანი ვერ იქნებოდა, თუ მეტაფორული მეტყველება იყო, ეს მეტყველება
უნდა გაშიფრულიყო და ლოგიკის ენაზე თარგმნილიყო. მაგალითად, ასე: „რაკი ეკლესია
არ შეიძლება გაქრეს, როგორც ნივთიერება, უნდა განვიხილოთ მისი, როგორც იდეის,
გაქრობის შესაძლებლობა, და უარყოფითი პასუხი გავცეთ, ვინაიდან იდეა შეიძლება
გაქრეს (თუკი შეიძლება გაქრეს) მთლიანად და არა ნაჭერ-ნაჭერ, ხოლო რაკი ეკლესიის
მთლიანი იდეა ჯერ არ გამქრალა, მაშასადამე, ვერც ეწერის ეკლესიის კონკრეტული იდეა
გაქრებოდა. მაშ, რა გაქრა?..“
აქ მსჯელობა გავწყვიტე. გავწყვიტე შეგნებულად. იმიტომ რომ ამ წუთას მე მაინტერესებდა
არა იმდენად ეწერელი დათიკოს საქციელის (უსაქციელობის) ახსნა, რამდენადაც
საკუთარი აზროვნების შემოწმება. წარმატება აშკარა იყო. გონებაში ნელ-ნელა
მყარდებოდა წესრიგი. ქაოსი იდევნებოდა და მის ადგილს მიზეზ-შედეგის მწყობრი ჯაჭვი
იჭერდა. ფსიქიკის დარღვეული ერთიანობა თითქმის მთლიანად აღდგა და, თუ აქამდე
თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გუნებანაქცევი ღმერთის დაეჭვებულ თვალში ორად
ვჩანდი, ახლა უფლის ღვთაებრივი ფოკუსი გასწორდა და ჩვენ - მე და მე - კვლავ
შევერთდით.
მანქანა დაუყოვნებლივ დავქოქე და გზას გავუდექი. რაკი ლოგიკის ფოსფორული ღერძი
ერთი მოვიხელთე, უკვე აღარაფრის მეშინოდა, მით უმეტეს, რომ ბენზინის რიგში
საკმარისი დრო მექნებოდა, რათა კარგად დამესვენა, შემორჩენილი ნისლიც
გადამეწმინდა და საბოლოოდ გადმოვბარგებულიყავი რეალიზმის მყარ რელსებზე.
ყველაფერი იმაზე უკეთ აგიხდეთ, ვიდრე მოელით! ყოველ შემთხვევაში, მე იმაზე დიდხანს
მომიწია რიგში დგომამ, ვიდრე მოველოდი. თავიდან კარგად მივიწევდით მიზნისაკენ -
ზომიერი სიჩქარით და თანაბარი პაუზებით, მაგრამ იმ დროს, როცა ჩემს წინ სულ ოთხი
მანქანაღა დარჩა, გაუთვალისწინებელმა გარემოებამ ცოტა შეგვაფერხა: ორი ჯეელი,
რომლებიც ერთდროულად მოგვადგნენ წინიდან, რათა ურიგოდ აეღოთ ბენზინი, ვერ
შეთანხმდნენ, ჯერ რომელს აეღო და მერე რომელს, და ამ ნიადაგზე შეიბნენ. თვალები
დააბრიალეს, მკლავები დაიკაპიწეს და მუშტები ერთმანეთს დააყარეს. არ ხმაურობდნენ,
არ იგინებოდნენ, ენერგიას ფუჭად არ ხარჯავდნენ. ეს იყო მხოლოდ, შიგადაშიგ
ხმადაბლა ქშინავდნენ. რიგი შეჩერდა. მოუთმენლობის ნიშანი არავის
გამოგვიმჟღავნებია. ვისხედით მანქანებში და წყნარად ველოდით ორთაბრძოლის
დასრულებას. ვინც უფრო ფრთხილი ან მფრთხალი იყო, კარის მინაც ასწია. შორიდან
მთელი ეს სანახაობა ალბათ ძალიან ჰგავდა „Drive-in cinema“ -ს (უფრო „Drive-in theatre“-
ს, თუკი ასეთი რამეც არსებობს). ბენზინის სადგურის მეთვალყურე, რომელიც სალაროს
გვერდით დიდ ტაბურეტზე იჯდა ამომავალი მზის სხივებში ანგელოზივით გახვეული,
ჩვენთან ერთად - ოღონდ ნაკლები ინტერესით - ადევნებდა თვალს შერკინებას. ბრძოლა
გაგრძელდა. გამარჯვების სასწორი ხან ერთ მხარეს იხრებოდა, ხან მეორე მხარეს.
ძალები იმდენად თანაბარი იყო, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომელს დარჩებოდა
პირველობა. ბოლოს და ბოლოს მოწინააღმდეგეებს მობეზრდათ ეს გაჭიანურებული
ორთაბრძოლა და დანები დააძრეს. მაშინ მეთვალყურე უხალისოდ წამოიზლაზნა,
შარვლის ტოტები ჩამოიბერტყა, გვერდზე უკმაყოფილოდ გადააპურჭყა და სცენისაკენ
გაემართა, მაგრამ დააგვიანდა: ვიდრე ის დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, ერთმა
ჯეელმა იმარჯვა და მეორე ჯეელს დანა დაჰკრა. დაკრულმა დაიბღავლა. ბღავილზე -
თითქოს ეს დათქმული ნიშანი ყოფილიყოს - ბრძოლა შეწყვიტეს და წამსვე ორივე თავ-
თავის მანქანას ეცა. დამკვრელი - გასაქცევად, დაკრული - გამოსაკიდებლად. სიუჟეტმა
კულმინაციას მიაღწია. უპირატესობა ახლა დამკვრელის მხარეს იყო, მაგრამ, ჩვენდა
გასაკვირად, დაკრულმა მოასწრო და, ვიდრე ოპონენტი სადგურის ვიწრობს გასცდებოდა,
ღმუილით დაეტაკა. დაეტაკა და წავიდა. დამკვრელი (უკვე თავადაც დაკრული)
მეთვალყურის დახმარებით როგორც იქნა მოსულიერდა, გვერდშელეწილი მანქანა
გაჭირვებით დაქოქა და ისიც წავიდა. ბენზინი ჩვენ დაგვრჩა.
რაკი ინციდენტი ამოიწურა, რიგი მრისხანედ ახმაურდა და აგუგუნდა, რათა გულში
დალექილი მღვრიე გრძნობა, რომელიც შიშისა და შეურაცხყოფის ნარევს
წარმოადგენდა, შეძლებისდაგვარად ამოეწმინდა. მაგალითად, ჩემს უკან მდგომი
მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა, ჩემს მანქანას მოადგა, დაიხარა, სარკმელს
ჩამოეყრდნო და მოციმციმე იმედით მკითხა: - თქვენ ისტორიკოსი ხომ არა ხართ? - და
როცა გაკვირვებით მივუგე, არა-მეთქი, მისი მოციმციმე იმედი ახდენილი ვარაუდის
კმაყოფილებაში გაიხსნა. მერე ასე კმაყოფილმა განაგრძო, - მაშ, შესაძლოა, არ იცით,
რომ ეს ტერიტორია - ეს ბენზინის სადგურიც, ის ორივე მიმდებარე ქუჩაც და აგერ, ის
დასახლებაც, - ოდესღაც მანდ კოპიტის ტყე ყოფილა - წმინდა ადგილია, - აქ წამით
შეჩერდა, ნერწყვი გადაყლაპა და მეც საშუალება მომცა გამეაზრებინა, რომ მისი
ეფემერული დიალექტური ნიუანსების მიხედვით მხოლოდ ძალზე მახვილი ყური თუ
მიხვდებოდა, რომელი კუთხის შვილი იყო. სული რომ მოითქვა, განაგრძო, - მეთექვსმეტე
საუკუნის ბოლოს, უფრო ზუსტად, ჩპფთ წელსა - ასე აღნიშნავდნენ ჩვენი ძველები
რიცხვით მონაცემებს და კარგი იქნება თუ ამ ეროვნულ ტრადიციას ისევ მივუბრუნდებით -
ძალგულოვანმა ქართველებმა აქ მამაცთა მცირე გუნდით სისხლისმღვრელ ბრძოლაში
ძლიერი და რიცხვმრავალი მტერი აოტეს. დიახ! ახლა კი ნახეთ, როგორ წავხდით,
როგორ დავკნინდით! - აქ ერთხელაც გადაყლაპა ნერწყვი და ტირადა მოულოდნელი
დასკვნით დაასრულა, - სხვათა შორის, მანქანა რომ სისხლით მუშაობდეს და არა
ბენზინით, ამდენი სისხლი უქმად არ დაიღვრებოდა!
ამ სიტყვებით უკანვე მიტრიალდა.
მე თვალი გავაყოლე და მისი მსხვილი, მოთიმთიმე დუნდულების მკვეთრ მოძრაობაზე
ერთბაშად მივხვდი, თუ რატომ მქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთი შეგრძნება,
თითქოს საიდანღაც მეცნობოდა: იმ მოპროვინციალო დოცენტს ჰგავდა, მოედანზე რომ
ვნახე! ერთი შეხედვით დუნდულები ამ ვარაუდის დასტურად თითქოსდა ვერ
გამოდგებოდა - მოედანზე ხომ ზურგიდან არ დამინახავს, მხოლოდ წინიდან დავინახე -
მაგრამ რაღაც ირაციონალური ხმა მარწმუნებდა, რომ ის სახე და ეს დუნდულები
ერთიმეორის შემავსებელი ნაწილები იყო, ასე ვთქვათ, გლობუსის ორი ნახევარსფერო.
ბენზინს რომ ვასხამდი, ამ ირაციონალური ვარაუდის შესამოწმებლად თვალი მისი
მანქანისკენ გავაპარე და იქ, წინა მარჯვენა სკამზე, მართლა შევნიშნე დიდი პორტფელი -
ყვითელი და გატიკნილი, როგორც ფეხმძიმე მთვარე.
ამასობაში (ვიდრე რიგში ვიდექი, საათზე მეტი გავიდა) დღევანდელი დღის ეს უმწიფარი
უვერტიურა - ყალბი რომანტიზმითა და ცრუ-ლირიკული ჭიკჭიკით გაჟღენთილი -
როგორც იქნა, მიწყდა და სამყაროში ჭეშმარიტი დილის ჯანსაღი თემა შემოიჭრა - მხნე,
გამოძინებული მელოდია. კოშმარულ-იდუმალი ბურუსის ნარჩენები, რომლებიც გონებაზე
ჯერ კიდევ საფენებივით მედო, ტკაცანით დაიწვა, ღამის ლანდები თეთრ სინათლეზე
გაქრა და, თუმც ხერხემალში კვლავაც ბუყბუყებდა ძილის ნელთბილი ჭაობი,
ძალმოსილმა მზემ - კურთხეულ იყოს მისი ჩახჩახა მცხუნვარება - რეალური კავშირის
ძაფები ისე აანთო და ააბრიალა, მალე ყველა ეჭვისგან განვთავისუფლდი და რამდენიმე
წუთის შემდეგ ჩემს „ნივას“ გულმსუბუქად მივაჭენებდი ტრასაზე.
სულთმობრძავი „ზაპოროჟეცი“ და მომავლის მონოლოგი. სანაკლიო, პაპასკირის რვა.
მშვიდობით გავცდი მცხეთას - მშვიდობა ნუ მოგაკლოთ ღმერთმა - მშვიდობით გავცდი
ქსანს, იგოეთიც უკვე შორს აღარ იყო და დღევანდელი დეკადენტური განთიადი თითქოს
საბოლოოდ ჩაიძირა დავიწყების მორევში, რომ უეცრად ისეთ სურათს გადავაწყდი,
ტვინის უცხო მუხტები, უკვე დავარცხნილი და თავ-თავიანთ ბუდეებში ჩალაგებული,
ხელახლა წამოიშალა; დავიწყების მორევიც შუა გაიპო და ჩასაფრებულმა მეხსიერებამ
ფსკერიდან ჩუმი ირონიით შემომღიმა. მართალია, ვიდრე ყოველივეს მკაფიოდ
აღვიქვამდი და მივხვდებოდი, თუ რატომ გამომაყოლა შეშფოთების ბუნდოვანი გრძნობა
მანქანამ, რომელიც გზის გადაღმა კაპოტახდილი იდგა ნაპირზე გარიყული თევზივით,
უკვე ისეთ მანძილზე ვიყავი გაცდენილი, თამამად შემეძლო არამკითხე სინდისისთვის ზედ
არ შემეხედა და დამშვიდებით გამეგრძელებინა გზა, მაგრამ ამასობაში სურათმა
ცნობიერების გულს მიაღწია და იქ ლურჯ „ზაპოროჟეცად“ აინთო.
იმის დრო აღარ მქონდა, გავრკვეულიყავი, ფსიქიკამ მიმტყუნა თუ მართლა ზეგარდმო
ძალა მანიშნებდა რაღაცას. მანქანა გავაჩერე და მერე უკუსვლით წავედი.
„ზაპოროჟეცის“ პატრონი ისე ნირწამხდარი იდგა ახდილ კაპოტთან და ისეთი
გაგულისებული პესიმიზმით ჩასცქეროდა მანქანის შიგნეულს, მყისვე მიხვდებოდით, რომ
იგი არათუ დედოფალი კლეოპატრა, სხვა, უფრო დაბალი რანგის დედოფალიც კი არ
შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი მისვლა არ გაუგია. შესაძლოა გაიგო კიდეც და უბრალოდ
ყურადღება არ მომაქცია. მე შორიახლო შევჩერდი და ერთხანს მოთმინებით ველოდი.
ბოლოს, ეს უქმი ლოდინი რომ ნელ-ნელა ორჭოფულ ვითარებაში გადაიზარდა, თავს
ძალა დავატანე და ისეთი კილოთი, რომელსაც ჩემი ვარაუდით ეს ორჭოფულობა უნდა
დაეძლია და წაფორხილებული ღირსებისთვის ხელი შეეშველებინა, ვკითხე: - იტკინა
რამე?
ქალი არ განძრეულა. და მხოლოდ მოგვიანებით, როცა უკვე იმაზე ვფიქრობდი, რა უფრო
გონივრული იქნებოდა - კიდევ ერთხელ შევხმიანებოდი თუ ჩუმად გავცლოდი - თავი
აიღო, წელში გაიმართა, შავი თვალები ერთი კუშტად შემომანათა, მერე კაპოტი ჯახანით
დახურა და მითხრა: - თქვენი ჭირი წაიღო.
თხელი იყო, საშუალო ტანის, პირმრგვალი და შავგვრემანი. მოკლე თმა ჰქონდა,
მორკალული წარბები და დედოფალ კლეოპატრას არა, მაგრამ თვალების სიღრმეში
რომ წამით ის ელვა არ გაკრთომოდა (ერთი მხრივ, უცნობი და მოუხელთებელი, მეორე
მხრივ, შინაური და გარდუვალი), რომელიც იოტისოდენა ეჭვს არ ტოვებს, ვიტყოდი,
სპარსს უფრო ჰგავს, ვიდრე ქართველს-მეთქი. ტანთ ეცვა ღია ვარდისფერი, გრძელი და
სწორი სიფრიფანა საგაზაფხულო პალტო, რომელიც არ ვიცი მოდას რამდენად
ეთანხმიერებოდა, მაგრამ მანქანის საჭესთან კი ალბათ ძალზე მოუხერხებელი უნდა
ყოფილიყო. სახე მკაცრი და ცოტა დაღლილი ჰქონდა და - ახლა აღარ მაგონდება,
რატომ - მომეჩვენა, თითქოს ეს ისეთი სიმკაცრე იყო, ერთი კონკრეტული ადრესატი რომ
არა ჰყავს, და ისეთი დაღლილობა, ერთი კონკრეტული მიზეზი რომ არა აქვს.
მკაცრი და დაღლილი ჯერ კაცი რა არის, რომ ქალი რა იყოს, მაგრამ, მე რომ შევკრთი და
გულმა რეჩხი მიყო (ეს კი იმ წამს მოხდა, რა წამსაც მისი ხმის მკვახე ტონი ტვინმა
აბსტრაქციის ხსნარში გაავლო და შედეგად სიტყვა „უჟმური“ მიიღო), ამის მიზეზი
სიმკაცრე და დაღლილობა არ ყოფილა. ტონს, კი, სწორედ სიმკაცრე და დაღლილობა
განაპირობებდა, მაგრამ განაპირობებდა, როგორც შუამავალი, როგორც გამტარი, და
არა როგორც მიზეზი. მიზეზი ასაკი უნდა ყოფილიყო - დინამიური წერტილი, რომლის
ქვედა ობიექტური ზღვარი ჩემი ვარაუდით, ოცდაშვიდ წელზე გადიოდა, ზედა -
ოცდათერთმეტზე, ეს კი ქალის ბიოლოგიურ განვითარებაში ისეთი კრიტიკული ეტაპია,
როცა იდუმალების პირველი - რომანტიკული - საბურველი უკვე დამდნარია, ან -
ეფექტური, მაგრამ სწრაფწარმავალი ტერმინი რომ ვიხმაროთ - ამორტიზებული, ხოლო
ახალი - უფრო სქელი და უფრო იდუმალი - ჯერ არ მოქსოვილა, და ხასიათიც - უკვე
გაძარცული, მაგრამ ჯერ კიდევ შეუმოსავი - ამ ხანგრძლივ შუალედში შიშველი და
პოლარული ძალაა, სწორხაზოვანი, შუმი, უმართავი. თუ ქალი გათხოვილია, ეს ძალა
საშიში არ არის, პირიქით, იგი ბუნებრივი სიმწიფეა - მშვიდი, რბილი და ზოგჯერ
მწყალობელიც, მაგრამ თუ გასათხოვარია და თანაც - ყველას ჯვარი გწერიათ - ქალწული,
მაშინ დიდი ტაქტი გვმართებს, დიდი სიფრთხილე და დიდი წინდახედულება, ვინაიდან
ასეთ დროს ხასიათის პოლუსი ბასრია, ალოგიკური და ბრმა, როგორც ორლესული
ხანჯალი უკონტროლო იმპულსების ხელში.
და თუმცა ხმა რბილი ჰქონდა და სახის კანი სუფთა, მაინც, რაკი ხმასაც და სახის კანსაც
ზემოდან თოფისწამალივით ეყარა სუსხი, ვამჯობინე თვალი ამერიდებინა. „ნეტა
ყვითელპორტფელიანი დოცენტი სად არის ახლა და რასა იქმს?“, გავიფიქრე ყოყმანით.
მერე „ზაპოროჟეცს“ შევხედე, რომელსაც ისე მწუხარედ ჩაექინდრა თავი, ეჭვი არაა, მისი
რკინისებური კეთილსინდისიერებისთვის სიკვდილი დანაშაული უფრო იყო, ვიდრე
უბედურება, და ამის დანახვაზე გულში უეცრად სიტყვები პარალელური ყვავილებივით
აღმოცენდა: „მოკვდა - გათავდა - დაიღუპა - გარდაიცვალა - განისვენა - აღესრულა -
ჩაძაღლდა - მზე ჩაუქრა - მისი მზე ჩაესვენა - სიცოცხლეს გამოესალმა - იმ ქვეყანას
გადასახლდა - მარადიული ძილით დაიძინა - ხელიდან გამოგვეცალა - ვაი რა ბოძი
წაგვექცა - გაღმა გავიდა - წერილი წაიღო - პატრონს მიეწია - პატრონს ჩაბარდა - ფეხები
გაჭიმა - ფეხები გაფშიკა - სული დალია (განუტევა - გააფრთხო - გასძვრა - ხორცს
გაეყარა) - მიწამ პირი უყო - მარილზე წავიდა...“ აქ, რა შევნიშნე, ქალს, რომელიც ამ დროს
მანქანას კეტავდა, ეს საქმე მიეტოვებინა და სანახევროდ ჩემკენ მოტრიალებული ეჭვითა
და გაკვირვებით მომჩერებოდა, მივხვდი, რომ პარალელური სიტყვები, მე რომ მეგონა
გულში ვაგროვებდი, თურმე გარეთაც გამოცვენილიყვნენ. მაშინ, მას შემდეგ, რაც ამ
აღმოჩენით ცოტა დაბნეულმა სინონიმების ხეივანში ინერციით კიდევ ორი ნაბიჯი
გადავდგი („წირვა გამოუვიდა“ და „ყალიონი მიაყუდა“), როგორც იქნა, გონს მოვეგე და
დავძინე: - იქნებ ჯერ კიდევ უდგას სული. თუ ნებას მომცემთ, მეც გავსინჯავ.
ქალმა ერთხანს მიყურა. მერე მზერა ტრასაზე გადაიტანა, მხრები აიჩეჩა და კიდევ უფრო
გამხდარი გამოჩნდა. საერთოდ, მატყუარა გარეგნობა ჰქონდა, ისეთი, დიდხანს რომ ვერ
მიხვდები, ლამაზია თუ ულამაზო. ერთადერთი, რისი თქმაც ამთავითვე შეიძლებოდა, ის
იყო, რომ გრძელი პალტო არ უხდებოდა.
მხრების აჩეჩვა, ბუნებრივია, თანხმობის ნიშნად მივიღე და საქმეს შევუდექი. ჯერ დაქოქვა
ვცადე, მერე, ამ მცდელობამ რომ ნაყოფი არ გამოიღო, კაპოტი ავხადე და მთელი ცოდნა
ახლა იქ დავაბანდე. სამწუხაროდ, ყველაფერი ამაო გამოდგა: „ზაპოროჟეცს“ საამქვეყნიო
პირი არ უჩანდა. ბოლოს, მას შემდეგ, რაც ჩემი მწირი შესაძლებლობანი სრულად და
უშედეგოდ ამოვწურე, კაპოტი ისევ დავხურე.
ვიდრე მე ვცოდვილობდი, ქალი ერთ ადგილას იდგა და სკეპტიკური მოლოდინით
მიყურებდა, რის გამოც თანდათან ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ნაცარქექიას
როლს ვთამაშობდი. სინამდვილეში ეს შედარება, რაღა თქმა უნდა, უადგილოა. მე ხომ
მკლავები არ დამიკაპიწებია და ტრაბახი არ დამიწყია, ასე და ისე ვიზამ-მეთქი!
მოვალეობის გამო ჩავები ამ უთანასწორო ბრძოლაში, თორემ მშვენივრად ვიცი და არც
როდისმე დამიმალავს, რომ ტექნიკა ჩემი საქმე არ არის.
- ვერ გავამართლე ბედისწერის ნდობა, - შეძლებისდაგვარად მხნედ ვაღიარე მცირე
შინაგანი მომზადების შემდეგ და გაღიმებაც კი ვცადე, - მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ
მკვდარია, ტრასაზე არ დაგასაფლავებინებენ; თუ ცოცხალია, მიტოვება არ ივარგებს.
ყველაფერს ისა სჯობს, წავიყვანოთ და უკეთეს ოსტატს მივგვაროთ, - „რომელსაც, ვინ
იცის, სახელად ჰამლეტი ერქვას“, დავატანე გუნებაში. ხმამაღლაც დავაპირე თქმა, მაგრამ
უკანასკნელ წამს ჩვენმა მზერამ ერთმანეთი გადაკვეთა და რაღაც უცხო, შეუცნობელმა
ძალამ პირზე ხელი დამაფარა.
ქალმა ყურადღებით მომისმინა და მცირე ფიქრის შემდეგ უეცრად მკითხა: - უსასყიდლოდ
დამეხმარებით თუ გასამრჯელო უნდა გადაგიხადოთ?
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წამით სუნთქვა შემეკრა. რამ დააეჭვა ეს ქათამი?
მართალია, ჩემი პატიოსნება არც ისე ლაჟვარდოვანია, ვარსკვლავების მეტს არავის
ეთამაშებოდეს, მაგრამ იმას როგორ ვიფიქრებდი, ასეთი ჩარჩული შესახედაობა თუ
ჰქონდა!
- უსასყიდლოდ, - მივუგე ცივად, - და, თქვენის ნებართვით, უანგაროდაც.
პასუხს აღარ დავლოდებივარ, საბარგულიდან თოკი ამოვიღე, ერთი ბოლო ჩემს მანქანას
ჩავაბი, მეორე მისას, სანიშნებლად შუაში პიონერული ყელსახვევი გამოვნასკვე, რომელიც
მსგავსი შემთხვევებისთვის საგანგებოდ მქონდა შეძენილი, და - რაკი ამასობაში ჩემი
წეღანდელი უხეში პასუხი მე თვითონ უამურად ამომაღოღდა გულზე,
ნახევრადშემრიგებლური კილოთი ვუთხარი: - დაბრძანდით. და თუ გინდათ,
სიკვდილამდე დავალებული ვიყო თქვენგან, ეცადეთ, რომ: პირველი - სიჩქარეში არ
ჩააგდოთ, და მეორე - მუხრუჭს ფეხი ბოლომდე არ დააჭიროთ.
ამაზე ქალმა თავი დამიქნია და მომეჩვენა, თითქოს გულში ჩუმად რაღაც ჩაინიშნა.
ჩავსხედით ჩვენ-ჩვენს მანქანებში და ასე - მეტაფორულად რომ ვთქვათ -
ხელიხელჩაკიდებულები გავუდექით გზას. მალე მარჯვნივ, პატარა ვაკეზე,
პროფილაქტორიუმიც გამოჩნდა და იქით გადავუხვიეთ. ეზოში რომ შევედით და
მანქანებიდან გადმოვედით, პირველსავე სულიერს - ერთ სქელ, მაისურისამარა
ბანჯგვლიან კაცს, რომელსაც მხარზე რელსის ნაჭერი ედო და თავით ფეხამდე მაზუთში
იყო ამოგანგლული, წინ გადავუდექი და ჩვენი გასაჭირი შევჩივლე. ვიდრე მე საქმის
ვითარებას ვაცნობდი, კაცი ჩემს თანამგზავრს უყურებდა და გულწრფელი უტიფრობით
მაგრძნობინებდა, რომ ჩემს ცქერას მისი ცქერა ერჩივნა. სათქმელი რომ მოვათავე, თავი
უკან გადაიგდო და მაღლა ცას ასძახა: - რომეო! მუშტარს გამოხედე!
ამ სიტყვებით შეტრიალდა და ბოქსის ბნელ ხახაში გაუჩინარდა.
მე მისი წაბაძვით ცას ავხედე, მაგრამ მოვტყუვდი. რომეო, თითქოს დიდ წყვდიადს პატარა
წყვდიადი გამოეყოო, ერთ-ერთი გვერდივი ბოქსიდან გამოძვრა და სწრაფი ნაბიჯით
გამოეშურა ჩვენკენ. სრულიად ახალგაზრდა იყო, თითქმის ყმაწვილი, და - დაბალი, შავი,
გაჩხინკული - არმატურის ჟანგიან გადანაჭერს ჩამოჰგავდა. სამაგიეროდ ცხვირი ჰქონდა
პრეტენზიულად გრძელი და, გარდა ამისა, ქუთუთოებგადმოფარებულ, წყლიან თვალებში
შორეული და უსაგნო, ზოგადისტორიული სევდა ედგა. ტანთ ლურჯი კომბინეზონი ეცვა და
ჭუჭყიანი ჩვრით გზადაგზა გულმოდგინედ იწმენდდა ხელებს.
სხვაფრივ უაღრესად საქმიანი და მარჯვე ბიჭი გამოდგა. დაწყებული არ მქონდა ახსნა-
განმარტება, რომ წამსვე შემაწყვეტინა. გასაგებიაო, თქვა, გაზინთული ჩვარი
კომბინეზონის ჯიბეში ჩაიტენა და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა მანქანაში.
კარგახანს დაძვრებოდა იქ ნაწილებსა და ნაწილებს შორის საიდუმლო ბილიკებით.
ყველაფერი შემოიარა, ყველგან შეიხედა, ყველა საეჭვო ადგილი მოჩხრიკა, ბოლოს
უკანვე გამოძვრა, თავისი წმინდა და ნატიფი სევდა - არ ვიცი, რა ინტუიციის წყალობით -
პირდაპირ მანქანის პატრონს მიანათა და გამოაცხადა: - ძრავა უნდა დაიშალოს,
ქალბატონო.
თუ ზედმეტ დეტალებს, ფუჭ გამეორებებსა და არაარსებით წიაღსვლებს ჩამოვაშორებთ
და მაინცდამაინც არც აქცენტს გამოვეკიდებით, მომდევნო ნახევარი საათი, რომელიც
მოლაპარაკებას მოხმარდა, პირობითად შეიძლება ჭაბუკი რომეოს მონოლოგად
ჩამოყალიბდეს: „კარგად მესმის, ქალბატონო, თქვენი წუხილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს
ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ძრავა დაზიანდა - ძრავა უნდა შეკეთდეს. აქ
ალტერნატივა არ არსებობს. სრულ სამ დღეს მოვუნდები. დღეს, ხვალ, ზეგ. გასამრჯელო
ორას ორმოცდაათი მანეთი. შემიძლია (ვხედავ, აქაურები არ ბრძანდებით) მანქანა შინ
მოგგვაროთ, რის შედეგადაც ერთ დღეს - საქართველო პატარაა - თქვენ მოიგებთ, ერთ
დღეს მე წავაგებ. და ეს ერთი დღე, რომელსაც - ასე რომ ვთქვათ - მე ვყიდი და თქვენ
ყიდულობთ, კიდევ ორმოცდაათი მანეთი დაგიჯდებათ. სულ - გთხოვთ, ინფლაციის
ტემპსაც მიაქციოთ ყურდაღება - სამასი მანეთი. გარწმუნებთ, ამ არემარეზე სხვა ისეთ
რომეოს ვერ იპოვით, ამ ფასს დაგჯერდეთ. რა ბრძანებაა, გადასაგდები რა სჭირს, კიდევ
დიდხანს მოგემსახურებათ! გაყიდვით როგორ არ გაიყიდება, მაგრამ - ენდეთ
სპეციალისტის ცოდნასა და გამოცდილებას - ამ სახით რომ გაყიდოთ, საეჭვოა ხუთას
მანეთზე მეტი აიღოთ, მაშინ როცა გამართულში ათასს არ დაგალაპარაკებენ. ეს
პარადოქსი არ არის, ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედების კანონი გახლავთ, რომელიც
გვასწავლის: „გაუმართავი მანქანის ფასსა და გამართული მანქანის ფასს შორის
განსხვავება ყოველთვის აღემატება იმ თანხას, რაც გამართვას სჭირდება“. ამ კანონის
მოქმედება განსაკუთრებით ნაყოფიერია მაშინ, როცა გაუმართავი მანქანა - როგორც
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში - ვერ იქოქება, ან, აუცილებელი ტერმინოლოგიური
განზოგადება რომ მოვახდინოთ, ვერ მოძრაობს. არსებითად, ფსიქოლოგიური
ზემოქმედება სწორედ მოძრაობის ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა და, თუ სიმართლე
გინდათ, მას ბუნების გლობალური კანონის ხასიათი აქვს. მე თავს იმის უფლებას ვერ
მივცემ, თეორიულ პრობლემატიკაში შევიჭრა - ეს ჩემი მხრივ გაუმართლებელი
დილეტანტიზმი იქნებოდა - მაგრამ, ვფიქრობ, მრავალრიცხოვანი ემპირიული მონაცემები
საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ მოძრაობის, როგორც მატერიის არსებობის
ფორმისა და უზოგადესი თვისების, ფსიქოლოგიური - სწორედ ფსიქოლოგიური -
ზეგავლენა სიცოცხლის განვითარების პროცესზე უაღრესად დიდია, ეგებ გადამწყვეტიც,
და როცა მეცნიერება ამ პროცესით, ბოლოს და ბოლოს, დაინტერესდება, ადამიანი
ალბათ სხვა კუთხით წარმოჩნდება... მესმის, ქალბატონო, მაგრამ ეს დელიკატური
საკითხია, რომელიც ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად უნდა გადაწყდეს.
სამაგიეროდ, შემიძლია სრული საბუთიანობით მოგახსენოთ, რომ, თუ გარანტია
არსებობს - მე კი გარანტიას ვიძლევი - ძალზე გავრცელებული და რამდენადაც
გავრცელებული, იმდენადვე ქარაფშუტული ანდაზის - მაპატიეთ და, მე ვიტყოდი,
სპეციფიკურად ქართული ანდაზის - საწინააღმდეგოდ, დღევანდელ კვერცხს
ხვალინდელი ქათამი სჯობს“.
რაღა თქმა უნდა, მონოლოგი მთლად ამ სახით არ წარმოთქმულა, მაგრამ ყველა აზრი
და სიტყვების ერთი ნაწილი ოსტატ რომეოს ეკუთვნის. უაღრესად მიზანმიმართული
ყმაწვილი ჩანდა და აშკარა იყო, სპეციალისტიც ჩინებული იქნებოდა. ჩვენს მდნარ
ცხოვრებაში დღეს პროფესიონალიზმის ამგვარი მურკლები იშვიათობაა. ერთადერთი
ნაკლი ის ჰქონდა, რომ მოძრაობის ფსიქოლოგიური ზემოქმედების კვლევას ზედმეტად
გაეტაცნა და პატარა ფილოსოფიურ ჭიად ქცეოდა. მართალია, დღესდღეობით ეს ჭია
უჩინარ სიღრმეებში თვლემდა და ცხოვრების მდინარებაში არ ერეოდა, მაგრამ თუ
გააზულუქებდა და გაათამამებდა (ასეთი ვარაუდის საფუძველს თვალებში ჩაგუბებული
დიდი და უქმი სევდა იძლეოდა), ისიც - გაზულუქებული და გათამამებული - ეჭვი არაა,
პირდაპირ იმ ფუნდამენტის ღრღნას შეუდგებოდა, რომელზედაც ადამიანის ამქვეყნიური
არსებობაა დაფუძნებული. ჯერჯერობით - ვიდრე ეს სავარაუდო მომავალი მწარე აწმყოდ
არ დადგომოდა - ფსიქოლოგიური ზემოქმედების ყველა კანონი პრაქტიკული
საქმიანობის სამსახურში ეყენა და მალე აკი დაგვარწმუნა კიდეც, რომ მის იქით გზა არ
გვქონდა. პირადად ჩემზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ
ოფიციალურ დასტურს არ დალოდებია. იგრძნო თუ არა ის საკვანძო წამი, როცა, მისი
აზრით, მანქანის პატრონმა გულში დათანხმება გადაწყვიტა (რაც მთლად სწორი არ
გამოდგა), მოლაპარაკება აღარ გაუგრძელებია და პირდაპირ ტექნიკურ საკითხებზე
გადავიდა.
- დღეს, ხვალ, ზეგ და მორჩომილი იქნება, - ამ სიტყვებით ჯიბიდან, რომელშიაც ცოტა ხნის
წინ ზინზლიანი ჩვარი ჩაიტენა, ფანქარი და ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო. და თუმცა
სამივე ეს ნივთი იოლად წარმოიდგინება ერთ ჯიბეში, წამით მომეჩვენა, თითქოს
ილუზიონისტმა გაცვეთილი ფოკუსი გაგვიკეთა, - სახელი და გვარი თუ შეიძლებოდეს.
- სალომე ერისთავი, - თქვა ქალმა. მის ხმაში ჯერ კიდევ ისმოდა ყოყმანი, მაგრამ
ოსტატმა (ისევე, როგორც მე) ეს ყოყმანი ფსიქოლოგიურ ინერციად მიიჩნია და
ყურადღება არ მიუქცევია.
- სალომე ერისთავი... მისამართი თუ შეიძლებოდეს.
აქ უეცარი მეხი გავარდა.
- სანაკლიო, - თქვა ქალმა, - პაპასკირის რვა.
მე ერთბაშად მთელი არსებით შევიგრძენი ძველი სენტენცია იმის შესახებ, რომ, ვინც
სიკეთე ჩაიდინა, სისულელე ჩაიდინა. იმავ წამს გონებაში, როგორც ინსტინქტური
მეხამრიდი, გაჩნდა პასუხი: „არ გავუმხელ, რომ მეც სანაკლიოში მივდივარ, და ავტობუსის
პირველივე გაჩერებასთან მოვიშორებ“. ვიცი, ამგვარი განზრახვა ნაკლულოვანი ზნეობის
ნიშანია, მაგრამ ვიდრე შემაჩვენებდეთ, გაიხსენეთ, თქვენ თვითონ რამდენჯერ გიცდიათ
უსიამოვნო მოვალეობისაგან კიდევ უფრო უკადრისი საშუალებით დაგეძვრინათ თავი!
ჩემი მოვალეობა კი არა მარტო უსიამოვნო, არამედ უაღრესად მძიმეც იყო. მართალია, ეს
ქალი სულ რაღაც ერთი საათის წინ ვნახე და, შეიძლება ითქვას, არც კი ვიცნობდი - მით
უმეტეს, რომ ამ ერთი საათიდან ნახევარი საათის განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტი
მხოლოდ თოკის მეშვეობით გვქონდა დამყარებული - მაგრამ საზოგადოდ ხომ ვიცნობ
ქალს! ის ხომ ვიცი, რომ უფლის ეს მეორადი ქმნილებები, თუ ისეთ ადგილას გიყელეს,
საიდანაც გასაქცევი არსაითა გაქვთ, შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებენ, რომ თავიანთი
ინტელექტუალური განძი სრულად გადმოგილაგონ, ხოლო რაკი ამ საქმისთვის თხუთმეტ
წუთზე მეტი არასოდეს სჭირდებათ, თხუთმეტი წუთის შემდეგ - ცხადია, შესვენებისა და
სულისმოთქმის გარეშე - ტირაჟირებას იწყებენ, რის გამოც თანდათან ისეთი გრძნობა
გიჩნდებათ, თითქოს ნერვული სისტემის კოლოფში სიგნალიზაცია მოგეშალათ.
სანაკლიომდე ათჯერ თხუთმეტი წუთის სავალი მედო. მაშ, თავად განსაჯეთ, რა
რკინაბეტონის ფსიქიკა უნდა მქონოდა, რომ ათგზის განმეორებული ამგვარი
სტრესისთვის გამეძლო, ისიც იმ გიჟნაჭამ დროში, როცა თავგზაარეული ცხოვრება
დაჭრილი ნადირივით აწყდებოდა აქეთ-იქით და კაცმა არ იცოდა, როდის სად
გადავიჩეხებოდით. დაუმატეთ ამას კონკრეტული საფრთხე, რომელიც თავიდანვე
გამოჩნდა - ფეთქებადი ასაკი, ჩახმახზე შეყენებული დაღლილობა, გარიგების გაუგებარი
და შეურაცხმყოფელი მცდელობა („უსასყიდლოდ დამეხმარებით, თუ...“) - და მიახლოებით
მაინც წარმოიდგენთ, რა პერსპექტივა მედო წინ.
მაინც, მიუხედავად ასეთი ხიფათისა, თანდაყოლილმა სიყალბემ (რასაც ფარისევლობით
სიკეთეს ვეძახით, თუმც კარგად ვიცით, რომ წმინდა წყლის ეგოიზმია) ეს ჩემი ჯანსაღი და
სამართლიანი ამბოხი მალევე ჩაახშო და მაიძულა მოვალეობის ტვირთი მორჩილად
ამეკიდებინა. მართალია, თანამგზავრისთვის არ გამიმხელია, ჩვენი მარშრუტები თუ ასე
საბედისწეროდ დაემთხვა ერთმანეთს, და ამით მისი მოშორების თეორიული შანსი
დავიტოვე, გულის გულში ვგრძნობდი, რომ ამ ცრუ-ოპტიმისტურ თეორიას
განხორციელება არ ეწერა. უბრალოდ, თავს ვიტყუებდი, რომ მხნეობა არ დამეკარგა და
გარდუვალ განსაცდელს სასოწარკვეთის მჟავე წყალიც არ გადასხმოდა.
ხოლო იმ დროს, როდესაც მე ჩემს პატიოსნებას გარდამავალი უპირატესობით
ვეძიძგილავებოდი, ოსტატმა რომეომ და მისმა კლიენტმა ბოლოში გასული
მოლაპარაკება მოულოდნელად თავიდან დაიწყეს. ეს ასე მოხდა: ოსტატმა მისამართის
ჩაწერა მოათავა, ქაღალდის ნაგლეჯი ისევ ჯიბეში ჩაიდო და მომლოდინე,
ნახევრადთავაზიანი გამომეტყველებით წასვლის ნიშანი მოგვცა. მაგრამ მუშტარი, იმის
ნაცვლად რომ წასასვლელად მომზადებულიყო, უეცრად დაინტერესდა, მართლა
მოხერხდებოდა თუ არა მისი მანქანის გაყიდვა. დასტური რომ მიიღო, არც აცია, არც
აცხელა და უთხრა, ბარემ თქვენ თვითონ იყიდეთ და მერე, როცა შეაკეთებთ, საკუთარი
შეხედულებისამებრ გაყიდეთო: ამის გაგონებაზე ოსტატი აღელდა, რაც სავსებით
გასაგები რეაქციაა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება
მან წინდაწინ ვერ გაითვალისწინა და ბუნების კანონთა ახსნა ცოტა იჩქარა, რის გამოც
ახლა, თუ უნდოდა (მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, კი უნდოდა) მინიმალური ღირსება
შეენარჩუნებინა, იძულებული იყო მუშტრის მოულოდნელი წინადადება ამ კანონის ფონზე
განეხილა და კოორდინატთა ისეთი გადაკვეთა, გნებავთ, დაპირისპირებათა ისეთი
ერთიანობა, მოეძებნა, რომ შეძლებისდაგვარად მწვადიც გადაერჩინა და შამფურიც.
ბოლოს ამოიხვნეშა და ექვსასი მანეთი შესთავაზა. სამაგიეროდ გადაფორმების
თანმდევი ყველა პრობლემა - ხარჯი, დრო, წვალება - თავის თავზე აიღო. არ ვიცი,
როგორ უნდა გადაეფორმებინა პატრონის დაუსწრებლად, მაგრამ კილოზე ეტყობოდა,
მოახერხებდა - და, საერთოდ, მოგეხსენებათ, თუ კაცი ყოჩაღი ხარ, ჩვენში მოუხერხებელი
არაფერია. ქალი უყოყმანოდ დაჰყაბულდა. ჩემი ანგარიშით იგი წაგებული რჩებოდა,
მაგრამ რაკი, საზოგადოდ, ჩვევად არა მაქვს სხვის საქმეში ჩარევა, არც ამჯერად
ჩავრეულვარ.
ასეთი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი ფინალით დასრულდა ეს ეპიზოდი. მას შემდეგ, რაც
ოსტატს ანგარიში გაუსწორა, კერძოდ, ფული გამოართვა და მანქანის პასპორტი გადასცა,
სალომე ერისთავმა - ალბათ უკვე დროა მყარად მოვიხსენიოთ სახელით და გვარით -
თავისი მცირეოდენი ბარგი - ერთი საშუალო ზომის სამგზავრო ჩანთა, ერთი ხელჩანთა
და ერთიც კანაფით ჯვარედინად შეკრული მუყაოს ყუთი, იმ ტიპისა, შიგ რომ, ჩვეულებრივ,
ან ნამცხვარი დევს ხოლმე, ან ფეხსაცმელები, ჩემს „ნივაში“ გადმოზიდა, მერე
გულთბილად გამოვეთხოვეთ ჭაბუკ რომეოს და გზას გავუდექით.
წარსულის მონოლოგი. მეექვსე პუნქტი, როგორც დიალოგის თეორია, რომლის წაკითხვა
სასურველი კია, მაგრამ სავალდებულო არ არის.
ოცდაათი წელი რომ უქმად შემისრულდა და აშკარა შეიქნა, ოცდაცამეტიც ისე
შემისრულდებოდა, მადლიერ თანამემამულეებს არათუ ჯვარზე გაკვრის საბაბს, პატარა
ძეგლის დადგმის საბაბსაც კი ვერ მივცემდი, ცისფერ იდეალიზმზე საბოლოოდ ჩავიქნიე
ხელი და, რაკიღა უფალ ღმერთს, ჩანს, ჩვენს ამაღლებულ ტრაგედიაზე მეტად ჩვენი
პროზაული წამება სჭირდება, გადავწყვიტე, სხვათა მსგავსად მეც რამე შეუფერებელ
საქმეს მოვკიდებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, არჩევანი მწერლობაზე შევაჩერე,
ვინაიდან აქ ვპოვე შედარებითი ჰარმონიის ის მწვერვალი, რომელზედაც საქმე და
უსაქმურობა ერთი და იმავე ხის ჩრდილში სხედან და თავის გატანაც (რაღა თქმა უნდა,
ჩვენი სოციალური გრძედისა და განედის კვალობაზე) ისე ხერხდება, რომ კუდი, თუ
მაინცდამაინც არ გექიცინება, შეგიძლია არც აქიცინო. მართალია, ბიძაჩემმა რომ ჩემი
გადაწყვეტილება შეიტყო (პირველ რიგში, ბუნებრივია, მას გავენდე, რისთვისაც
საგანგებოდ ჩავედი სანაკლიოში), სიხარულის ისეთი სისხლისგამყინავი ყიჟინა დასცა,
შეცბუნებულმა გავიფიქრე, ნამდვილად მცდარი არჩევანი გამიკეთებია-მეთქი, მაგრამ
საბედნიეროდ ეჭვი უსაფუძვლო გამოდგა. კარგად რომ იხმაურა, კარგად რომ იგუგუნა,
კარგად რომ გამოთვრა და კარგად რომ გამოიძინა, ერთ საღამოს გამომიძახა, თავის
ოთახში ჩამკეტა და პატარა, წინასწარ მომზადებული სიტყვა წარმოთქვა: „საქართველოში
- სტატისტიკა ზუსტია, შეგიძლია თამამად ენდო - ჩვენი ნათესაობა ერთადერთია, ვისაც
დღემდე საკუთარი მწერალი არა ჰყოლია. ეს მოუშუშებელი იარა მთელი ჩემი
მოწამებრივი სიცოცხლის მანძილზე მტანჯავდა და მაწვალებდა, როგორც ქრონიკული
სურდო, ხოლო დროდადრო - უფრო მეტად პოლიტიკური ტემპერატურის
ცვალებადობისას - ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსსაც მიჩენდა. არ
დაიჯერებ და ზოგჯერ იქამდე მივსულვარ, ლამის მე თვითონ ამეღო ხელში კალამი. შენი
სიბეჯითე რომ გამომყოლოდა, ალბათ ავიღებდი კიდეც. კაცმა რომ თქვას, ან კი ვინ
დამძრახავდა, რომ ერთი-ორი შედევრი შემეთხზა, თუკი ამით მთელს საგვარეულოს
ლაქას ჩამოვრეცხდი და მაგ შენს სუსტ მხრებსაც დღეს ესოდენ უსიამო ტვირთისგან
გავათავისუფლებდი! მაგრამ რას იზამ: ღმერთებს არ შეუძლიათ სამყაროული
წონასწორობა არ დაიცვან, ამიტომ იძულებული არიან, ფასეულობანი იმდაგვარად
გადაანაწილონ, რომ ნიჭი და სიბეჯითე უფრო ხშირად სხვადასხვა ჭურჭელში ხვდება. და
თუმც აქედან გარდუვალი აუცილებლობით გამოდის დასკვნა, რომ ის, რაც ჩვენთვის
კეთდება, ჩვენსავ ხარჯზე კეთდება, მაინც კი დღეს მოვალენი ვართ მადლი აღვავლინოთ
უფლის მიმართ. მოვალენი ვართ ერთი იმის გამო, რომ ოჯახური ხარვეზი ბოლოს და
ბოლოს შეივსება და მწერალთა ლეგიონში ჩვენც გვეყოლება საკუთარი მოლაშქრე, და
მეორე იმის გამო, რომ ეს საპატიო მისია შენ დაგეკისრა, ვინც სანათესაოში ჩემს შემდეგ
ყველაზე საღი ყლორტი ხარ, და არა რომელიმე ფუტურო ხეს, რომელსაც ხმელად
ტკაცუნის მეტი არაფერი შეუძლია, - ამ სიტყვებით ერთი თორმეტფურცლიანი რვეული
გამომიწოდა და თან ხელი მხურვალედ ჩამომართვა, - დამილოცნიხარ და აჰა შენ
საყრდენად ფუძემდებლური შეგონებანი. თუ ამ შეგონებებს ერთგულად მისდევ და
ცოტაოდენი ნიჭიც გამოგაჩნდება, დარწმუნებული ვარ, მტერს ჩვენზე გაცინების საბაბი
არასოდეს მიეცემა!“
ლიტთეორიისა და ლიტფსიქოლოგიის ამ ისტორიულ ძეგლს, რომელსაც ბიძაჩემმა
ყასიდი თავმდაბლობის გარეშე უწოდა „ფუძემდებლური შეგონებანი“, მალე სრულად,
სტილისა და პუნქტუაციის დაცვით, გამოვაქვეყნებ. თუ შესაფერისი ადგილი მოვუძებნე,
ეგებ ამ წიგნშივე შევიტანო, თუ არადა მომდევნო წიგნში ხომ შევიტან და შევიტან, რათა
ყველა მწერალი თანაბარ პირობებში ვიყოთ და ერთიმეორის წინაშე საიდუმლო რამ
იარაღი და ფარული უპირატესობა არავის გვქონდეს. აქ კი მხოლოდ ერთი პუნქტი მინდა
გაგაცნოთ. ეს პუნქტი, რომელიც ორიგინალში მეექვსე ნომრითაა აღნიშნული და
დიალოგის ხელოვნებას შეეხება, ასე ჟღერს: „თუ მხატვრულ ნაწარმოებს ცოცხალ
ორგანიზმს შევადარებთ (რაც სავსებით დასაშვებია), სრული დარწმუნებით შეიძლება
ითქვას, რომ ამ შედარებაში სისხლძარღვები დიალოგის არხებია, და ნაწარმოების
სიცოცხლეც არსებითად იმაზეა დამოკიდებული, რა სითხით აავსებ ამ არხებს“. თუმცა
„შეგონებათა“ ერთი გადაკითხვა საკმარისი გამოდგა, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ
ფასდაუდებელი განძის პატრონი შევქნილვარ, მაინც, როგორც კი პირველმა
აღფრთოვანებამ გამიარა, ფუნდამენტური ადამიანური თვისებიდან გამომდინარე, მყისვე
ნაკლსა და შეცდომას დავუწყე ძებნა და უწინარეს ყოვლისა თვალი სწორედ ამ პუნქტს
დავადგი. საქმე ის გახლავთ, რომ დიალოგს აქამდე სასხვათაშორისოდ ვუყურებდი,
როგორც რაღაც მეორეხარისხოვანს, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა მკითხველი
დროდადრო შეაჯანჯღაროს და ჩაძინების საშუალება არ მისცეს. ასე ვფიქრობდი, მაგრამ
რაკი ბიძაჩემს, ღმერთმა ნუ მაჩვენოს და, მოხარშულს ვიცნობ, რაც უფლებას მაძლევს
დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ ეგზომ მნიშვნელოვან დოკუმენტში ჰაიჰარად არაფერს
ჩასწერდა, გადავწყვიტე პრობლემა უფრო გამოწვლილვით შემესწავლა. გადავწყვიტე და
სულ მალე დავრწმუნდი რომ - მამაჩემზე და სხვა დანარჩენ ნათესავებზე არაფერს ვიტყვი
(ან კი რა უნდა ვთქვა) - თვით მეც, მისი სული სულთაგანი და აზრი აზრთაგანი, ბიძაჩემის
ჭკუა-გონებას ჯერ კიდევ თურმე სათანადოდ ვერ ვაფასებდი.
მეექვსე პუნქტი ისეთივე უტყუარი ყოფილა, როგორც დანარჩენი პუნქტები.
მართლაც - თქვენც დააკვირდით - თუ ზეციერი ცნობიერებისათვის ადამიანი წმინდა
იმპულსია და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დაბადებისთანავე მოკვდება თუ
დაუსრულებელი დღეგრძელობით ქვეყანას სიცოცხლეს გაუმწარებს, მიწიერი
ცნობიერებისათვის იგი რეალურ მოვლენად მჟღავნდება და სივრცე-დროის
ოღროჩოღროებში ორ განსხვავებულ ძალად ყალიბდება. ერთია ნება, მეორე ქმედება.
ყოველი ჩვენგანი სწორედ ამ შესაკრებელთა - ნებისა და ქმედების - ჯამი ვართ, ხოლო
დუალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქმედება არის არა ჩვენი ნების რეალიზაცია,
როგორც ტერმინთა არასაკმაო სიზუსტის გამო შეიძლება მოგვეჩვენოს, არამედ
სრულიად დამოუკიდებელი რამ. ამ კუთხით თუ შევხედავთ, სიცოცხლე მოგვაგონებს
ხელოვნურად დაგუბებულ მდინარეს, რომელიც წისქვილის ბორბალს ატრიალებს, ბაღ-
ბოსტანს რწყავს და სხვა მრავალ ისეთ საქმეს სჩადის, რასაც სასარგებლოს ვეძახით.
ცხადია, ყველა ეს საქმე მდინარის მეშვეობით სრულდება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ
მდინარის ნებასთან მათ საერთო არაფერი აქვთ. ეს გარემოებათა ნებაა და გარემოებათა
ნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანს ცალი ფეხი ზღვარდადებულ გუბეში
უდგას, მეორე ზღვარდაუდებელ ოკეანეში. მართალია, ყველას გუბე გვირჩევნია - იქ,
ნელთბილ ტლაპოში ამოდ ჩაძირულები, ისე მონოტონურად ვბუყბუყებთ და ისე ნებიერად
ვთვლემთ, რომ დროთა განმავლობაში თვლემა-ბუყბუყის ერთგვარ პერპეტუუმ-მობილედ
ვიქცევით - სინამდვილეში ეს მოჩვენებითი ნეტარება ინდუქციის დიადი უმეცრებაა: გუბეში
ოკეანის ბაცილები ყრია და ყოველი ადამიანი, რამდენადაც ადამიანი ადამიანია,
მარადიულობის უკურნებელი სენითაა დაავადებული, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
თავზე ორი ქუდი ჰხურავს, რომელთაგან ერთი უჩინმაჩინისაა. ამიტომ მწერლობაც, რაკი
მისი ზეგარდმო მისია შესაქმეს სიმბოლური გამეორებაა, მოვალეა, გუბეშიც
ჩაყურყუმალავდეს და ოკეანეშიც, ანუ, იგავური მეტყველებიდან რომ რეალურ ცნებებზე
გადმოვინაცვლოთ, ქმედებაც გაზომოს და ნებაც, ვინაიდან ქმედება ისეთი ნატურაა,
რომელიც მხოლოდ ნების ტილოზე შეიძლება დაიხატოს.
მაგრამ, აზრს რომ თავი დავადგათ, ისიც უნდა ვთქვათ, როგორ გაზომოს.
ქმედების გაზომვა ძნელი არ არის. ქმედება ქმედებით იზომება და აქ მწერლობა,
არსებითად, ზუსტ მეცნიერებას მიჰყვება, მისი მეთოდებით ხელმძღვანელობს, მის
ინსტრუმენტებს იყენებს და, თუ ქმედებაში შემთხვევით ნების რაიმე მუხტი აღმოჩნდა
ჩატანებული (ასეც ხდება ხოლმე), მას გამორიცხვის გზით პოულობს და აუხსნელ
ფენომენთა სიაში შეაქვს. რაც შეეხება ნებას, წუთისოფელში იგი სიმბოლოდ მჟღავნდება
და სიმბოლოს მეშვეობითვე იზომება. ეს სიმბოლო არის სიტყვა - გრძნობადი სამყაროს
ღერძი და სული.
„დიახ! - მახსოვს, ძლიერ გაიმკაცრა ხმა ბიძაჩემმა, როცა ამ რთულ იდეალისტურ პასაჟს
მიხსნიდა, - სიტყვა, ვითარცა არსის აურა, არა მარტო ნების მოციქულია, არამედ
მარადისობის მახარებელიც. მეორე მხრივ, იგი მაგიური ძაფიცაა და მწერალს, თუ
მწერალი მწერლად ვარგა, - ეს აუცილებელი პირობა გამაფრთხილებელი
ნიშნისმოგებით წარმოთქვა და, ვიდრე განაგრძობდა, ერთხანს ჭირვეული მუშტრის
თვალით მიყურა, - შეუძლია უკუკავშირის ზონდად გამოიყენოს. კაცმა რომ თქვას, ნიჭიც
სწორედ ეს არის. იცოცხლე, სიტყვაზე უფრო საიმედო შიკრიკი აზრი იქნებოდა, რადგან -
სჯობს ისევ შედარება მოვიშველიოთ, შენთვისაც კარგი წვრთნა იქნება: აქედანვე მიეჩვევი
სახეებით აზროვნებას - აზრია იდეისა და მოვლენის დამაკავშირებელი სრუტე,
რომელშიაც გუბის წყალიც დის და ოკეანისაც, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ხშულ ჭურჭელშია
მოთავსებული და შეფარდებითი საზომით არ იზომება. რომ არა სიტყვა, აზრი შიდა
ორბიტას ვერ გასცდებოდა, ადამიანთა ჯოგი საზოგადოებად ვერ იქცეოდა, გენიოსები
საკუთარ წვენში მოიხარშებოდნენ და სოკრატეზე საწყალობელსა და უბედურს მთელ
ათენში კაცს ვერ იპოვიდი. ასე რომ იძულებული ვართ სიტყვა ვიკმაროთ. თუ ვივარგებთ,
ვიკმარებთ კიდეც. ოღონდ ის კი უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვა ყველაზე უკეთ გაჩენის
ჟამს ისინჯება, როცა ჯერ კიდევ ნედლია და აზრის სურნელი ასდის, გარდა ამისა,
ნამდვილი სიტყვა ხელოვნური სიტყვით ვერ იცვლება. ეს - მწერლის მხრივ მაინც - მეტი
რომ არა ვთქვათ, ქარაფშუტობაა. აქ შენ შეგიძლია შემომედავო და მითხრა: სიტყვა ხომ
თავისი ბუნებით ცრუა, რასაც მკაფიოდ ადასტურებს ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც,
როცა პირი ჩვენი ღაღადებს „არა იპარო“, ხელი ჩვენი მოყვასის ჯიბეშია ჩაცურებული!
მაგრამ მე ამ ღირსეულ არგუმენტს არანაკლებ ღირსეული პასუხით გავჭრი: სიტყვა
დიაღაც ცრუა, მაგრამ ეს ჭეშმარიტება ზემოხსენებულ დებულებას არ უარყოფს, მხოლოდ
პრობლემის სირთულეს უსვამს ხაზს: კერძოდ, ხშულ ჭურჭელს რომ თავი დააღწიოს, აზრის
ნამი იძულებულია სიცრუის ორთქლად იქცეს. რაც შეეხება მოყვასის ჯიბეში ჩაცურებულ
ხელს, ამ ადამიანურ ქმედებაში ადამიანური ნება არ მჟღავნდება. ჩემი თუ არა გჯერა,
დიონისე არეოპაგელს დაეკითხე. თეორიულად - ბატონი ბრძანდები - ნება ქმედებაშიც
შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პრაქტიკულად ქმედება ბერწია და მის წიაღში, ბევრიც ეძებო,
ნებას ვერ იპოვი. ნების ლაკმუსის ქაღალდი სიტყვაა და თუ ფორმულა გინდა, ფორმულა
ასეთია: „ნება სიტყვაში მჟღავნდება, ქმედებაში კი იკარგება“, - აქ ცოტა შეისვენა, მერე
მკაცრად დამაცქერდა და მითხრა: - „გაიგე?“. გავიგე-მეთქი, რომ ვუთხარი, გაეხარდა,
ყოჩაღო, შემაქო და მოწონების ნიშნად ბეჭზე ხელი წამომიტყაპუნა, თუმცა, სულო
ცოდვილო, ეს იმდენად გულწრფელი მოწონება არ უნდა ყოფილიყო, რამდენადაც
თვითკმაყოფილი დიდსულოვნება, ჭრაჭუნა ქაღალდი, რომელშიაც მისი შეუვალი
უპირატესობის ბრჭყვიალა მანტია იყო შეხვეული, და, მანტია რომ თვითონ წამოისხა,
შესახვევი ქაღალდი მე მიბოძა.
საერთოდ, იმ დღეს ბიძაჩემმა ბევრი ილაპარაკა (თან, საკუთარ სიღრმეებში
ზეშთაგონებულად ჩამძვრალს, ზოდები და მარგალიტები სულ ფსკერიდან ამოჰქონდა).
ცხადია, ისეთი კაცისგან, ვისაც სიტყვაძვირობის სენი არასოდეს შეჰყრია, ეს არც
მოულოდნელი ყოფილა და არც საკვირველი, მაგრამ საღერღელი კი აშკარად
ჩვეულებრივზე მეტად ჰქონდა აშლილი და ამაში ბრალი მე მიმიძღოდა, რადგან მე
ალალად და თვინიერად ვაღიარე, მეექვსე პუნქტი კარგად ვერ გავიგე-მეთქი (ხოლო
ასეთი აღიარება რომ საკმარისი გამღიზიანებელია, ამას ერთპირად დამიდასტურებს
ყველა, ვისაც ოდესმე მისთვის დამოძღვრის უმცირესი საბაბი მაინც მიუცია).
ახლა კი, ვიდრე ამბავს განვაგრძობ, მინდა შენდობა ვთხოვო მკითხველთა იმ ნაწილს,
რომელსაც არაფრად ეპიტნავება ამდაგვარი ექსკურსები საგანთა ვიწრობებში, სადაც
ჟანგბადი შეთხელებულია, მაგრამ თავს მაინც ძალას ატანს, ვინაიდან არ უნდა ვინმეს
რამეში ჩამორჩეს. მეორე მხრივ, თუმცა ვიცი, ახლა ამის დრო არ არის, ისიც უნდა ვთქვა,
რომ არიადნას ძაფი სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების მხნე სიმბოლო, რომელსაც
ძალა შესწევს უბნელეს ლაბირინთებში ჩაეშვას, რათა იქ მინოტავრის დამარცხებით
ახალი სიმბოლო შექმნას და, დღის სინათლეზე ამობრუნებული, შემეცნების
ცადატყორცნილ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა აღმოჩნდეს. კიბის საფეხურთა
მეთოდური დაპყრობა კი აუცილებელია, ვინაიდან, უფსკრული რომ გადავლახოთ და
აქეთა მთიდან იქითა მთაზე მოვხვდეთ, ამ უფსკრულზე ისეთი ხიდი უნდა გავდოთ,
რომელიც მიზეზ-შედეგის მკვიდრ, მონოლითურ ბურჯებზე იქნება დაყრდნობილი.
ასე და ამგვარად, ვახსენოთ ღმერთი (თქვენ ნუ შეწუხდებით, მე ვახსენებ), და დიალოგის
თეორიიდან თავად დიალოგზე გადავიდეთ.
დიალოგი. წინააღმდეგობანი და მათი გადალახვა.
თეორია, როგორც ნახეთ, იმდენად რთული და ფაქიზია, მისი განხორციელება მხოლოდ
ზიარებულთა ხვედრი თუ იქნება. მე ამ კასტას არ მივეკუთვნები, მაგრამ სამაგიეროდ
თავად თეორიის წინაშე მაქვს ერთი დიდი უპირატესობა: რაკი საკუთარი თვალით ნანახს
მოგითხრობთ, დიალოგის გამოგონება არ მჭირდება, მხოლოდ გაცრა მჭირდება, რათა
უსარგებლო ქატო მოვაშორო და წმინდა ფქვილი მოგართვათ. ცხადია, იოლი არც
გაცრაა, მით უმეტეს, რომ „გაცრა“ მეტაფორაა, რომელიც სინამდვილეში მძიმე შრომას
გულისხმობს - ყველაფერი ფრთხილად, მარცვალ-მარცვალ უნდა გაირჩეს და მერე
გარჩეული და დაწმენდილი მარცვლები ისე აისხას, გადაბმის კვალი არსად დარჩეს -
მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, გაცრას მაინც გაცილებით ნაკლები სულიერი ხარჯი
ახლავს, ვიდრე გამოგონებას, რაც უთვალავ მხატვრულ ხიფათთანაა დაკავშირებული.
წინამავალი ეპიზოდები ამ მხრივ ცოტა თავისებური გამოდგა. პირველ მათგანში (ტრასის
პირას) ქატო სრულებით არ დარჩენილა. სალომე ერისთავმა აქ ორად ორი წინადადება
წარმოთქვა და თუმც ვერც ერთ მათგანში ის მთავარი სიტყვები ვერ დავინახე, რომელთა
დანიშნულებაა ხასიათის ერთიანი პეიზაჟი თვისებათა მრავალფეროვან რელიეფად
დააპოს, მაინც კი ორივე საჭირო და გამოსადეგი ჩანდა, ვინაიდან ორივეში დენთი იყო
ჩადებული და ეს დენთი - ამაში ეჭვი არ მეპარებოდა - მერე და მერე, სხვა სიტყვებთან
ხახუნის შედეგად, ისე აალდებოდა, მრავალ ჩაბნელებულ კუთხე-კუნჭულს გაანათებდა.
სამაგიეროდ მეორე ეპიზოდში (პროფილაქტორიუმის ეზო) მთელი ნახევარი საათის
განმავლობაში ერთთავად ქატო იფრქვეოდა და მხოლოდ ეპიზოდის ფინალში, სულ
უკანასკნელ წამს, როცა რომეოს გამოვეთხოვეთ და მანქანაში ჩავსხედით, სალომე
ერისთავმა, როგორც იქნა, ისეთი წინადადებაც წარმოთქვა, რომელიც, თუ სრულად და
უცვლელად არა, სხვათა სიტყვის „ო“ -თი გადმოცემას კი მაინც იმსახურებს: იგოეთამდე
წამოგყვებით და მეტს აღარ შეგაწუხებთო. მე ამაზე პასუხი არ მიმიცია. ვერც მივცემდი.
მართალია, გულის სიღრმეში იმედი ოპტიმისტურად ბაქიბუქობდა, ამ ჩვენს
დაუპატიჟებელ სტუმარს სულ მალე მოვიშორებთო (სხვათა შორის, ამ სამარცხვინო აქტის
შესაძლო სცენად მე და ჩემს იმედს გუნებაში სწორედ იგოეთი გვქონდა შეგულებული),
მაგრამ იმედს უკან ავად იგორგლებოდა გაკაპასებული სინდისი და, ვიდრე პრაგმატიზმსა
და მორალს შორის ეს უგემური კინკლაობა დასრულდებოდა, მეც ყოყმანის მეტი სხვა
არაფერი დამრჩენოდა. საერთოდ, ეს პასაჟი, თუ დავუკვირდებით, იმაზეც მიუთითებს, რომ
დიალოგის ხელოვნება მართლა ძალზე რთულია. მაგალითად, ეს ამბავი რომ
ნამდვილად არ გადამხდენოდა და სალომე ერისთავი შემოქმედებითი ფანტაზიის
ნაყოფი იყოს, ასეთ რამეს ალბათ ვერ ვათქმევინებდი, ვინაიდან გონიერება (თუნდაც
მდედრობითი) მოითხოვდა, ჯერ დაედგინა, მე სად მივდიოდი, და მერე გადაეწყვიტა
სადამდე წამომყოლოდა. მან კი პირველი ნაბიჯი რატომღაც გამოტოვა და პირდაპირ
მეორე გადადგა, რითაც, მართალია, თავისი ხასიათის შესახებ კი მითხრა რაღაც
მნიშვნელოვანი, რაღაც სპეციფიკური, რაღაც ისეთი, რაც გაშიფვრის შემდეგ ალბათ
ნებისკენ მიმავალ გზას გამიადვილებდა, მაგრამ იმავ დროს ძალზე უხერხულ
მდგომარეობაშიც ჩამაგდო და მაიძულა თავი ისე დამეჭირა, ვითომ მისი ნათქვამი არ
გამეგონოს.
რაღა ბევრი გავაგრძელო, მას შემდეგ, რაც ხსენებული წინადადება წარმოითქვა და მე
იგი უპასუხოდ დავტოვე, მანქანაში ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. საზოგადოდ,
დუმილი - იცით ალბათ - საუბრის ორგანული ნაწილია და, თუ ზომიერება დაცულია,
ყოველთვის ხერხდება მისი სიტყვებად თარგმნა. ოღონდ - თუ ზომიერება დაცულია. თუ
ზომიერება დაცული არ არის და დუმილი მისთვის მიჩენილ საზღვრებს გასცდა, მალე
მეორე უკიდურესობაში გადავვარდებით.
მაგრამ ჩემთვის მაშინ - რაკი ერთიანად პირველი უკიდურესობის მოლოდინით ვიყავი
დაზაფრული - მეორე უკიდურესობის წარმოდგენა ფსიქოლოგიურად ისევე ძნელი იყო,
როგორც ზაფხულის ხვატშია ძნელი ზამთრის სუსხის წარმოდგენა. ამიტომ სიჩუმემ,
პირიქით, მხნეობა დამიბრუნა, ცოტა გუნებაც გამომიკეთდა და მალე ამ ჩემი ხელოვნური
თანამგზავრის არსებობას იქამდე შევეგუე, მისი გრძელი პალტოს შესახებაც კი
პირვანდელი შეხედულება ნაწილობრივ შევიცვალე. საერთოდ, ახლა ერთადერთი,
რითაც იგი ნერვებზე ჯერ კიდევ უსიამოდ მიღიტინებდა, ის იყო, რომ მანქანას ჩემთან
ერთად - პარალელურად - მართავდა. განსაკუთრებით მუხრუჭს არ უსვენებდა. წინ
მიმავალ მანქანებს მჭმუნვარე და დაძაბული გამომეტყველებით გასცქეროდა და
დროდადრო ისეთი ძალით აჭერდა ფეხს წარმოსახვით მუხრუჭს, თუ ჩვენს მოგზაურობას
მშვიდობით დასრულება ეწერა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ ეს მუხრუჭი
წარმოსახვითი იყო და არა ნამდვილი.
მაინც, რაკი ადამიანის ერთი უმთავრესი თვისება შეგუებაა, ნელ-ნელა ამ წამდაუწუმ
დამუხრუჭებასაც შევეგუე და, ვიდრე დუმილის ღრუბელი ტყვიით გაიჟღინთებოდა (რაც
ცოტა მოგვიანებით მოხდა), მანქანაში ნეიტრალური სიმშვიდე სუფევდა. გარეშე
კაცისთვის - თუკი რომელიმე გარეშე კაცი მოიწადინებდა, თავისი სულელური
ცნობისწადილი ჩვენს თვალთვალში დაეხარჯა - ჩვენ ალბათ ვგავდით ცოლ-ქმარს,
რომელთაც ყველაფერი, რაც კი ერთმანეთისთვის სათქმელი ჰქონდათ, კარგა ხანია
თქვეს და ახლა უბრად ისხდნენ ერთმანეთის გვერდით, როგორც მოვალეობის მშრალი
და უქმი სიმბოლოები. გარეშე კაცს მეტი არც მოეთხოვება. სინამდვილეში სალომე
ერისთავი, ნაღვლიანი, კოპებშეკრული და კუთხეში მიყუჟული, ჩემი ვარაუდით, იმიტომ
დუმდა, რომ გადატანილი უსიამოვნების შთაბეჭდილება ჯერ კიდევ არ განელებოდა და
ფიქრით კვლავაც გაყიდულ „ზაპოროჟეცს“ დასტრიალებდა. ცხადია, ეს ბევრს არაფერს
ნიშნავდა და იოტისოდენა გარანტიას არ მაძლევდა, რომ დუმილის რეჟიმიდან ერთბაშად
და ანაზდეულად ლაპარაკის რეჟიმზე არ გადაერთვებოდა. ამიტომ მე და ჩემმა მანქანამ
(მოგზაურობაში ჩვენ განუყოფელი სისტემა ვართ) თავდაცვის თადარიგი ადრევე
დავიჭირეთ და ჩვენს ბოსტანში მოულოდნელად ჩამოვარდნილ ამ უცხო სხეულს,
როგორც თეძოში ჩარჩენილ ნაღმის ნამსხვრევს, ირგვლივ აპკი შემოვაკარით, რათა
გაგვერიყა, იზოლირებულგვეყო და მკაცრად გაგვესვა ხაზი მისი უცხოსხეულობისთვის.
ეგებ ეს შედარება ვითარებას კი ესადაგება და საქმის არსსაც გამოხატავს, მაგრამ - ჩემგან
არ გესწავლებათ - ყოველი შედარება, თუნდაც სრულიად უხინჯო იყოს თეორიულ
პლანში, რეალურ ყოფაში დამიწებული ყოველთვის მეტ-ნაკლებად კოჭლი და
ნაკლულოვანია. მართლაც, როცა დუმილი შორს გასცდა ნორმის ფარგლებს და
მოვალეობის ტვირთი უფრო და უფრო დამძიმდა, ამის შესაბამისად ჩემი ბარიკადებიც
მოირღვა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ გაჭიანურებული სიჩუმე რომ თანდათან უთვალავ
მიკრობად დაიშალა, რომელთაც ფხაჭაფხუჭით ფეხქვეშ ნიადაგის გამოცლა დამიწყეს,
იმის შიში გამიჩნდა, ვაითუ სანაკლიომდე ხმა არ ამოიღოს-მეთქი. ვიცი, სისულელეა,
მაგრამ გამოცდილი გექნებათ - და თუ გამოცდილი არა გაქვთ, ვისაც გამოცდილი აქვს,
იმას ჰკითხეთ და გეტყვით - ზოგი სისულელე ისეთია, ნათლად ხედავ, სისულელეა, თავის
დაღწევა კი ვერ მოგიხერხებია. იმჟამინდელი ჩემი სისულელე ორ მტკიცე ბურჯზე იდგა:
ერთი რომ მე მასპინძელი ვიყავი, ჩემი თანამგზავრი კი სტუმარი, და მეორე - მე მამაკაცი
ვიყავი, ჩემი თანამგზავრი კი ქალი. ხოლო სისულელე, რომელიც რაღაც მანქანებით
უშუალოდ გამომდინარეობდა ამ წანამძღვრებიდან, მდგომარეობდა იმაში, რომ მე
ვალად მედო, დუმილი დამერღვია და საუბარი გამება. დიდხანს კი ვურჩობდი და
ვჭირვეულობდი, მაგრამ მოვალეობა - ვაღიაროთ - ჩვენზე ძლიერია და იგოეთის
მისადგომებთან რაც შემეძლო ბუნებრივი კილოთი ვიკითხე: - „პაპასკირი“ უნდა თუ
„პაპასქირი“?
მე ამ შეკითხვას დიდხანს ვეძებდი და ამიტომ, როცა ვიპოვე, ძალზე საიმედო მეჩვენა,
მაგრამ ადამიანი, თუ შეცდომის შვილი არა (ეს, ვფიქრობ, მეტისმეტია), შეცდომის
ნათლული კი ნამდვილადაა.
- შეიძლება „პაპასქირი“ უნდა, მაგრამ აბრებზე „პაპასკირი“ აწერია.
ასე. ამომწურავად, მაგრამ მშრალად და ნეიტრალურად. არც კილო, არც ინტონაცია, არც
ჟესტიკულაცია, თავიც კი არ მოუტრიალებია. თითქოს ავტომატში მონეტა ჩაუშვეს და
ავტომატმაც ამ მონეტის ღირებულების შესაბამისად იმუშავა. ზუსტად, წერტილიდან
წერტილამდე. შემოიარა დადგენილი წრე და გაჩერდა. პაწაწინა ნაპრალიც კი არსად
დაუტოვია, რომ შიგ საუბრის შემდგომი ძაფი გამეყარა.
ვიდრე საკუთარ თავზე უაზროდ გაბრაზებული ახალ შეკითხვას ვაკოწიწებდი (ჯერ
ვაპირებდი მეკითხა, პაპასკირი ვინ იყო-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სულ
პაპასკირის ირგვლივ ტრიალიც არ ივარგებდა, ხოლო რაკი ამას მივხვდი, ბუნებრივია,
პაპასკირის ირგვლივ დავიწყე ტრიალი და პაპასკირს ვეღარაფრით გავცდი), იგოეთს
მივაღწიეთ და ჩემმა სიტყვაძვირმა თანამგზავრმა თვითონ დაარღვია დუმილი.
- აქ გამიჩერეთ და ავტობუსში გადავჯდები, - მითხრა მან, - დიდი მადლობელი ვარ
თანაგრძნობისთვისაც და დახმარებისთვისაც.
მარჯვენა მხარეს, გზის პირას, მართლა იდგა ორი მახინჯი ავტობუსი, რომლებიც კაცმა არ
იცის სად მიდიოდნენ.
მე სვლა არ შემინელებია. გონებაში, სადაც მთელი სართული ცნობიერ არსს ეჭირა,
გადაწყვეტილება ჯერ არ იყო გამოტანილი, მაგრამ ქვემოთ, ბნელ სარდაფში, როგორც
ჩანს, გაძვალტყავებულ სინდისს უკვე მოეპოვებინა მძიმე გამარჯვება.
ამას რომ მკაფიოდ ვგრძნობდი, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ გაჰყო ამ
ქალმა ჩემი საქციელი ორ ნაწილად - თანაგრძნობად და დახმარებად. სანამ ამ ამოცანას
ვუკირკიტებდი, მან ეტყობა იფიქრა, ვერ გაიგონაო და, ავტობუსებს რომ გავცდით,
გამიმეორა: - გამიჩერეთ. ავტობუსში გადავჯდები.
მაგრამ გამარჯვებული სინდისის ოხშივარმა ამასობაში თავის ქალაში შემოაღწია და იქ,
წვეთებად კონდენსირებული, ტვინის ხვეულებს ცვრად და ნამად დაედო.
- სანაკლიოში არ მიბრძანდებით?
- დიახ.
- მეც სანაკლიოში მივდივარ.
- მართლა?
გაკვირვების მიზეზი დიაღაც რომ ჰქონდა, მაგრამ ჩემი ფშუტე თავდაჯერება (შენი ფშუტე
თავდაჯერება, მისი ფშუტე თავდაჯერება, ჩვენი ფშუტე თავდაჯერება, თქვენი ფშუტე
თავდაჯერება, მათი ფშუტე თავდაჯერება) საკუთარი მიზიდულობის ველში იყო
გახლართული და ვითარების რეალისტურად შეფასება არ ძალუძდა.
- რატომ გიკვირთ?
ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი შეკითხვა. ეს ისეთი შეკითხვა იყო, სპეციალისტები რომ
რიტორიკულს ვეძახით და პასუხს არ მოვითხოვთ. მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე ჩანს
ორთოდოქს სპეციალისტთა ამ ვიწრო წრეში არ შედიოდა.
- იმიტომ, რომ სანაკლიოში მიმავალს აქამდე ორჯერ მაინც უნდა ეთქვა, სანაკლიოში
მივდივარო.
- ორჯერ? როდის და როდის?
- ერთი, ხელოსანს რომ ჩემი მისამართი ჩავაწერინე, და მეორე, იგოეთს იქით აღარ
წამოგყვებით-მეთქი, რომ გითხარით. საკვირველია, ახლა რაღამ გაიძულათ...
ვიდრე ტვინის შრეებში გაქრებოდა, ამ წინადადებამ გზად მრავალი უფორმო მუხტი
დატოვა, რომლებიც ჩემი ცნობიერების ეკლებზე მოუსვენრად ფეთქავდნენ, და მე - ეს
სავსებით სერიოზული ეჭვია - მგონი გავწითლდი. ყოველ შემთხვევაში, ალმურმა რომ
გადამკრა, ეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, და ისიც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ
მერე, ნაალმურევს გულზე მსოფლიო სევდის ცეცხლი წამეკიდა. მართალია, არც ისე
მცხუნვარე, რომ სრული კრემაცია გამოეწვია, მაგრამ საიმისოდ კი საკმარისად ცხელი,
რომ შინაგან მონოლოგს ტრუსის სუნი ასვლოდა. „ხომ უნდა გვესმოდეს, - მხრებს
ვიჩეჩავდი გუნებაში, - რომ ამქვეყნად მარტონი არა ვართ! რომ გამდინარე სამყაროში
(ჰერაკლიტე) სიმართლეც გამდინარეა და შეფარდებითი! რომ მსოფლიო ილუზიაში
(მაია), სადაც ყველაფერი იდეალურად მოჩვენებითია, ეგრეთწოდებულ „ნამდვილ
ურთიერთობებს“ მჭახე დისონანსი შეაქვთ და ათასი გაუგებრობის მიზეზი ხდებიან! რომ
არსებობს მიჯნა, რომელსაც არ შეიძლება გადააბიჯო, ვინაიდან ამით უხერხულ
მდგომარეობაში ჩააგდებ ადამიანს, ადამიანის უხერხულ მდგომარობაში ჩაგდება კი
ისეთი წვრილმანის გამო, როგორიც სიმართლეა, უსამართლობაა! რომ ადამიანის სული,
ადამიანის ცივილიზებული სული, ყოველნაირად უნდა ცდილობდეს ურთიერთობებს ისეთ
სიღრმეებში არ ჩასდიოს, სადაც მანძილი შეიძლება ნულამდე იქნას დაყვანილი და
ფორმალიზმს მანევრებისათვის ადგილი აღარ დარჩეს!“
ეს საყვედური შემოქმედს ეკუთვნოდა და, ვფიქრობ, შემოქმედი სავსებით იმსახურებს
ასეთ საყვედურს, განსაკუთრებით თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაუწერელ კანონს
მეტი მოფრთხილება უნდა, ვიდრე დაწერილს, ვინაიდან დაწერილი კანონის დარღვევა
დიდი-დიდი დანაშაული იყოს, მაშინ როცა დაუწერელი კანონის დარღვევა სულ ცოტა,
მკრეხელობაა. რაღა დამრჩენოდა (და ესეც რიტორიკული შეკითხვაა) - როგორც
უსამართლობა ბადებს საპასუხო უსამართლობას, ისე სიმართლე საპასუხო სიმართლეს
ბადებს.
- ვიცი, გულახდილობაში შეჯიბრი დიდი ვერაფერი სპორტია, მაგრამ, რაკი ხელთათმანი
გადმომიგდეთ, რაღა დამრჩენია: ვიღებ გამოწვევას და გამოგიტყდებით, რომ თქვენი
დამგზავრება მართლა არ მინდოდა. მეტიც, რა გავიგე სანაკლიოში მიდიოდით, გულზე
შემომეყარა. საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც გამოცდილება გვასწავლის, მანდილოსნის
ლაპარაკი ტვინის კუნთებს აბუჟებს და ზოგჯერ მწვავე დეპრესიის მიზეზიც ხდება. ამიტომ -
ვის გაემტყუნება საკუთარ უხიფათობაზე ზრუნვა! - არ გავამხილე, რომ ჩემი გზაც
სანაკლიოში მიდიოდა და რომ საერთოდ ამ ბოლო დროს, როგორც ვატყობ, ყველა გზა
სანაკლიოში მიდის. ერთხანს წარმატებითაც ვმალე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს - ეს
მოსალოდნელიც იყო - პროგრესის გრძნობა არ მეყო და მოვალეობამ, ამ
რუდიმენტულმა ჭირმა, მაინც დაამარცხა საღი აზრი. აი ეს გახლავთ თქვენი მეტნაკლებად
სამართლიანი გაკვირვების პასუხი.
- ო, - თქვა თანამგზავრმა და ეს „ო“, რომელიც საზოგადოდ ემოციის საწყაოა,
ჩვეულებრივ, ძახილის ნიშანს მოითხოვს, ჩემდა გასაკვირად სრულიად უძახილისნიშნოდ
წარმოთქვა, - რაკი ასეა, საცა მოგიხერხდეთ, გამიჩერეთ და გადავჯდები.
მის შავგვრემან, მკაფიოდ მოხაზულ პროფილზე კვლავაც მონოლითური სერიოზულობა
მეფობდა, რომლის შემადგენელ ნაწილებად დაშლა შეუძლებელი ჩანდა, ამიტომ არ
შევიმჩნიე, რომ ამ უძახილისნიშნო „ო“ -მ წამით ისეთი გრძნობა გამიჩინა, თითქოს ჩემი
ქარავანი უდაბნოში ოაზისს წააწყდა.
- სიმართლე ბებერ ძროხას ჰგავს: მძიმედ იხარშება. სამაგიეროდ, როცა მოიხარშება,
ცხადი ხდება, რომ ცნობიერებას ჯერ კიდევ რუდიმენტები მართავენ, არალეგალური,
იატაკქვეშა რუდიმენტები. გადაჯდომას ახლა აზრი არა აქვს. თუ ლაპარაკი ჩემზეა, მე
მირჩევნია დარჩეთ; რაკი ქვაბი უკვე შემოვდგით ცეცხლზე, ვიცი, სინდისი, რომ გადაჯდეთ,
მაშინ უფრო შემაწუხებს. თუ ლაპარაკი თქვენზეა და თქვენ ის გაწუხებთ, რომ მე მაწუხებთ,
უკვე ბარიბარში ვყოფილვართ და საწუხარიც აღარაფერი გქონიათ. და ბოლოს, რაკი
სიცოცხლე ტანჯვაა, როგორც არა ერთი და ორი საქმეში ჩახედული კლასიკოსი
ირწმუნება, ჩემი მხრივ გარანტიას ვიძლევი, სანაკლიოს მშვიდობით მიაღწევთ, თუნდაც
თქვენ სულ მიანებოთ თავი მუხრუჭს და ეს საქმე მთლიანად მე მომანდოთ, - და ამის
გაგონებაზე რომ დასამუხრუჭებლად მოღერებული ფეხი სწრაფად უკანვე წაიღო, კილო
ჯერ შევარბილე, მერე იმ სახიფათო ზღვრამდე გავათბე, რომლის იქით უკვე
ფარისევლური ინტონაცია იწყება, - ისიც გაითვალისწინეთ, რომ მე - ცხადია,
რუდიმენტების ზეგავლენით - პირდაპირ პაპასკირის რვაში მიგიყვანთ, რასაც ავტობუსი
ალბათ არ იზამს. გარდა ამისა, რაკი ვიცი, რომ გულახდილობა უტაქტობაა, ხოლო ჩემი
გულახდილობა მოუზომავიც იყო, პატიებას ვითხოვ.
(სიმართლე გითხრათ, აქ არ ვაპირებდი პატიების თხოვნის ჭეშმარიტი და ფარული
განმარტება დამერთო, რომელიც ორი კანონიკური პუნქტისგან შედგება, მაგრამ რაკი ამ
აჭრილ ცხოვრებაში, რომელსაც საკუთარ ლოგიკასთანაც კი საერთო ენა ვერ
გამოუნახავს, ყოველ წამს შეიძლება მეხი დაგვეცეს ამ გამოთქმის რომელიმე ასპექტით,
საბოლოოდ მაინც დართვა ვამჯობინე, რათა თქვენც აქედანვე იცოდეთ და მერე მუდამ
მხედველობაში გქონდეთ, რომ პატიების თხოვნის ჭეშმარიტი და ფარული განმარტება
ასეთია: „1 (განმარტება ხორციელებისათვის). თუ გულისთქმას იმ ზომამდე დადრეკ და
დაიმორჩილებ, რომ დღეში ოთხჯერ მაინც პატიება ითხოვო, ჯანმრთელი იქნები და
დიდხანს იცოცხლებ. 2 (განმარტება სულიერებისათვის). თუ პატიების თხოვნას გრძნობის
სისხლად შეიწოვ და ლოცვის წმინდა მხურვალებაში გახსნი, საშუალება მოგეცემა,
ქრისტიანული მოძღვრების აბსტრაქციას ხორცი შეასხა და მოკეთე და მტერი - რაღა
თქმა უნდა, საწუთროსათვის მიცემული ლიმიტის კვალობაზე - ერთნაირად შეიყვარო“. თუ
ვინიცობისაა, ადამიანმა ღმერთისაკენ მიმავალი გზა აირჩია, ამ სისტემაზე, ეჭვი არაა,
მალე პრაქტიკული რელიგია აღმოცენდება, მაგრამ მე თვითონ ჭეშმარიტების ამ უტყუარ
მცნებებს გული ვერ დავუდე და თუ ჟამიდან ჟამზე პატიებას მაინც ვითხოვ ხოლმე, ამის
მიზეზი სულ სხვა პუნქტია. ეს პუნქტი არაკანონიკურია, იგი რიტუალებს არ საჭიროებს,
გულწრფელობასაც მაინცადამაინც არ მოითხოვს და იმ მარტივ ფსიქოლოგიურ წესს
ემყარება, რომლის მიხედვითაც პატიების თხოვნით წარმოქმნილი კეთილმყოფელი
პულსაციის ეთერული ღრუბელი პარტნიორს მღელვარებას უცხრობს, წნევას
ურეგულირებს, თავის ტკივილს უამებს და, საერთოდ, თითქმის ყველა დაავადებას
კურნავს, რომელთაც ორგანული მიზეზი არა აქვთ. ეს კი არც ისე ცოტაა.
- რას ბრძანებთ! პატიება მე უნდა ვითხოვო. ამდენი შეგაწუხეთ...
- ეგ თქვენი ბრალი არ არის. შეწუხება არსებობის ფორმაა და ადამიანს პრინციპულად არ
ძალუძს თანაადამიანი არ შეაწუხოს. როგორც დეკარტეს ჭკვიანი ოპონენტი იტყოდა -
დეკარტეს რომ ჭკვიანი ოპონენტი გამოსჩენოდა - „ვაწუხებ, მაშასადამე ვარსებობ“.
მანქანაში, სადაც სივრცე მცირეა, ეჭვი არაა, ეს წესი კიდევ უფრო მკაცრად იმოქმედებს,
მაგრამ იმედი მაქვს საქმეს კონფლიქტამდე არ მივიყვანთ, მით უფრო, რომ
ურთიერთშეწუხება, როგორც არსებობის ფორმა, მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარე
ურთიერთგაძლებაა და იგი არსებობის შინაარსია. ასე რომ დარჩით.
- კარგი, ოღონდ... - აქ ერთხანს იყოყმანა და, როგორც გაირკვა, უმიზეზოდ არ უყოყმანია,
- თუ არ დამამადლებთ.
მე თვალები დავაჭყიტე და, უნდა ვთქვა, ისე გულწრფელად დავაჭყიტე, იმ წამს
გულწრფელობას ალბათ ჩემზე სანდო თანამოაზრე არავინ ჰყავდა.
- რამ გაფიქრებინათ?! - ვუთხარი ბოლოს, - თუ ჩემი ლაპარაკიდან ასეთი დასკვნის
გამოტანა შეიძლება, უფრო მართებული იქნება ენის უცოდინარობა დამწამოთ. შემიძლია
ხატზე დავიფიცო, რომ ეგ სიტყვა ჩემთვის უაზრო და უშინაარსო სიტყვაა. უცხოც კი.
იმდენად უცხო, რომ გადაჭრით არც კი ვიცი, რა უფრო სწორია - „დამამადლებთ“ თუ
„დამამადლით“. მაგრამ რაკი ეჭვი გაგიჩნდათ, მირჩევნია კიდევ ერთხელ გთხოვოთ
პატიება და თან, თქვენც რომ თქვენი ჩვევისამებრ იგივე არ ჩაიდინოთ, საუბრის თემა
გამოვცვალო. სანაკლიოში რა გინდათ? იქაური ხართ?
- დიახ. უფრო სწორად, ნაწილობრივ. წარმოშობით. თქვენ?
ხმა ახლა მშვიდი და გაწონასწორებული ჰქონდა, საიდანაც მე უწინარეს ყოვლისა ის
დასკვნა გამოვიტანე, რომ ავტობუსში გადაჯდომა საბოლოოდ გადაიფიქრა.
- მეც ნაწილობრივ. მაგრამ კატასტროფის ამბავი თუ დადასტურდა, შეიძლება
გაურკვეველი ვადით მომიხდეს დარჩენა.
- კატასტროფის?
- არ გაგიგიათ?
- არა.
- მე ვიფიქრე, თქვენც გამოძახებული იყავით. სანაკლიო უფსკრულში გადაიჩეხა.
მე ეს ცნობა საკმაოდ მხნე კილოთი მივაწოდე, მაგრამ მან კოპები უფრო შეიკრა.
- როგორ თუ უფსკრულში გადაიჩეხა?
მაშინ პიჯაკის ჯიბიდან ბიძაჩემის დეპეშა ამოვიღე და უხმოდ გავუწოდე. მან წაიკითხა და
დაეჭვებით შემათვალიერა.
- ხუმრობაა?
- ღმერთმა შეგინდოთ, - გამეღიმა მე, - ასეთ ტლანქ ხუმრობას ბიძაჩემის თავში რა უნდა!
საბიძაჩემისთავო ხუმრობა თეთრია და ნატიფი, როგორც ესთეტიზმის ყველაზე წმინდა
საცერში გამტკიცული ფქვილი.
- მაშ რა არის? საიდუმლო შიფრი?
- თუ ტავტოლოგიის არ გეშინიათ, ასეც შეგიძლიათ თქვათ. პირადად მე „შიდა-საოჯახო
ენას“ ვეძახი.
- და რას ნიშნავს? - შენიშვნისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
- რა მოგახსენოთ... ვერ გავშიფრე.
- განა ადრესატი თქვენ არა ხართ?
- მე ვარ. მაგრამ ბიძაჩემი თუ ხლართებმა გაიტაცა - ეს კი, სამწუხაროდ, ხშირად ემართება
- ადრესატს კი არა, ღმერთს აღარ გაიხსენებს ხოლმე. საერთოდ, კომუნიკაბელობის
გრძნობა მოჩლუნგებული აქვს - სხვათა შორის, ეს ერთადერთი თვისებაა, რითაც
მითოლოგიურ ამირანს ენათესავება - ამიტომ ზოგჯერ შიდა-საოჯახო ენას კიდევ უფრო
უვიწროებს სამოქმედო არეს და მთლად ინდივიდუალურ ენაზე გადადის, რომელიც მის
მეტს უკვე აღარავის ესმის.
- მე გუშინ ველაპარაკე სანაკლიოს და, რამე რომ მომხდარიყო, შევიტყობდი.
- ნუ დაიჩემებთ! იქნებ, ვისაც თქვენ ელაპარაკეთ, იმან არაფერი იცოდა! მეხის
გავარდნასაც ხომ ზოგი იგებს და ზოგი ვერა! ადვილი შესაძლებელია „უფსკრულში“ და
„გადაჩეხვაში“ ბიძაჩემი ისეთ რამეს გულისხმობს, კლასიკურ ლინგვისტიკას თმა ყალყზე
დაუდგეს. ყოველ შემთხვევაში, ამთავითვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ
უფსკრული, როგორც უფსკრული, და გადაჩეხვა, როგორც გადაჩეხვა, გამორიცხულია:
სანაკლიოზე დაბლა დღეს მხოლოდ მარიანის ღრმულია, მარიანის ღრმული კი - თუ
ბავშვობაში რაიმე მიზეზით გეოგრაფიის გაკვეთილებზე გივლიათ, გეცოდინებათ -
შორსაა. და მაინც ხიფათი რეალური ჩანს. დეპეშაში, ეჭვი არაა, მეტაფორაა ჩადებული,
მაგრამ როგორ გინდა ამოხსნა?.. წუხელ თითქმის მთელი ღამე ვუტრიალე და გარდა
იმისა, რომ რაღაც ნამდვილად მოხდა, სხვა ვერაფერი დავადგინე.
- თქვენ რა მოვალეობა გაკისრიათ?
- მე - მოვალეობა?!. რას გულისხმობთ?
- რისთვის გამოგიძახათ... რატომ მაინცდამაინც თქვენ გამოგიძახათ...
- აა! კონკრეტულად რისთვის გამომიძახა, არ ვიცი. ბიძაჩემი ის კაცი არაა, კარტი წინასწარ
გახსნას, თუნდაც მთელი ქვეყანა შიგ იყურებოდეს. სამაგიეროდ, სამუშაო გეგმა კი
უეჭველად შედგენილი ექნება. რამე ოპტიმისტური და განუხორციელებელი გეგმა. რაც
შეეხება იმას, თუ რატომ მაინცდამაინც მე გამომიძახა, ეს კითხვა ფუჭია. ერთადერთი
ცოცხალი არსი, ვისი გამოძახებაც ბიძაჩემს გაჭირვების ჟამს შეუძლია, მე ვარ, და
ერთადერთი ცოცხალი არსი, ვისაც გაჭირვების ჟამს ჩემი გამოძახება შეუძლია, ბიძაჩემია.
თუმცა, სიმართლეს რომ ძირისძირობამდე ჩავდიოთ, ეს იმდენად რეალური გამოძახება
არ არის, რამდენადაც მხატვრული ხერხი. ბიძაჩემისთვის ჩემი გამოძახება საკუთარი
შინაგანი ძალების დარაზმვას ნიშნავს, ხოლო თუ მე მაინც მივდივარ, მივდივარ იმიტომ,
რომ ამ ძალების რეალური განსახიერება ვარ. ერთი სიტყვით, დეპეშა მხოლოდ
საშიშროებას ადასტურებს, საშიშროების ხასიათს არ განმარტავს.
ამაზე თავი კი დამიქნია, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ რისი თქმაც მინდოდა,
ნათლად და გასაგებად ვუთხარი. მერე უეცრად მკითხა: - ტელეფონი არა გაქვთ სახლში?
- კი, - ცოტა არ იყოს, გაკვირვებით მივუგე მე, - ოცდა...
- მაშ რატომ არ დაგირეკათ? ტელეფონით უკეთ არ აგიხსნიდათ?
- სხვათა შორის, ევამაც ეგ მკითხა.
მე ეს ფრაზა დაუფიქრებლად წამოვისროლე. არც რაიმე პარალელის გავლება
განმიზრახავს და არც იმის დადგენა მიცდია, დაინტერესდებოდა თუ არა ევას ვინაობით.
- რა გასაკვირია! - თქვა მან ისე, რომ ევას ვინაობით არ დაინტერესებულა, - ყველაზე უწინ
ადამიანს ყველაზე ბუნებრივი შეკითხვა მოგდის თავში. მერე თქვენ რა უთხარით?
- მე ვუთხარი: „ჰოი, ცისკრის სხივნათელო ვარსკვლავო! ჰოი, ვენერავ და ასპიროზო!
ცთომილთა დედოფალო და სილამაზის განმარტებითო ლექსიკონო! ეს პრობლემა იმ
სიბრტყეზე არ დევს, სადაც შენი აბრეშუმივით ნაზი, სარკესავით პრიალა და ოცნებასავით
მოუხელთებელი ტვინი დაფრთხიალებს. ჭკუას რომ ზედმეტად დაატანო ძალა, ვაითუ ეგ
შენი ნორჩი სილამაზე ნაადრევად დააზრო და იავარქმნა. მაგრამ რაკი არც ის ძალმიძს,
შენს ბრძანებას გადავიდე, შევეცდები მაქსიმალურად პოპულარული და გასაგები ენით
გითხრა, შენ კი შენის მხრივ შეეცადე გულთან და, განსაკუთრებით, გონებასთან ახლო არ
მიიტანო. მაშ ასე: ბიძაჩემი ამტკიცებს, რომ ჩვენი საუკუნის მეორე ნახევრიდან
მოყოლებული, როცა ზეგარდმო მესაჭემ სამყარო ახალ სიჩქარეში გადართო, ადამიანმა
უგუნურებითა და ქედმაღლობით ზურგი შეაქცია დამწერლობას, რის შედეგადაც
გადაგვარების ხიფათი დაემუქრა, ვინაიდან დამწერლობა საკაცობრიო გენიის არა
მარტო უმნიშვნელოვანესი ნაყოფია, არამედ ერთადერთი ნაყოფიც, რომელშიაც
ადამიანმა თავისი ღვთაებრივი სახის გამჟღავნება და აღბეჭდვა შეძლო. აქედან
გამომდინარე, ვინც დამწერლობას ზურგი შეაქცია, მან საკუთარ ღვთაებრივ ბუნებას
შეაქცია ზურგი და პირი ეშმაკისკენ ქნა. აბა ბიძაჩემი ამას როგორ შეურიგდებოდა! არც
შერიგებია. და ამ მწყრალი შეურიგებლობის ნიშნად მას აქეთ ზეპირსიტყვი- ერებაზე
შეძლებისდაგვარად უარს ამბობს და თავის სანიმუშო აზრებს წერილობითი სახით
გადმოსცემს, რათა, თუ დამწერლობას ვერ გადაარჩენს, ის მაინც ათქმევინოს ისტორიას
(ვინიცობისაა ისტორია მაინც გადარჩეს), ფსიქოლოგიური თვითმკვლელობის ამ კუნაპეტ
ღამეში ერთი ნათელი სხივი მაინც ანათებდაო“. ასე ვუთხარი. და თუ სიტყვა-სიტყვით ასე
არ მითქვამს, მიახლოებით კი ნამდვილად ასე ვუთხარი.
- დიახ...
აქ, როგორც იქნა - შესაძლოა იმის გამო, რომ ეს პასუხი ცოტა უადგილოდ გაისმა -
მივხვდი, რომ ჩემი შიშის მიერ წინასწარ განაწილებული როლები სინამდვილეში
დიამეტრულად შეცვლილიყო: მე გაუთავებლად ვყბედობდი, ის კი მხოლოდ პაუზებს
ავსებდა. რომ მცოდნოდა ასეთი სიტყვაძუნწი იყო, ჩემს გულში ამოდენა ალიაქოთს,
ცხადია, არ ავტეხდი. სამაგიეროდ, რაკი ბოლოს და ბოლოს შევიტყე, რომ საუბრის
გაძღოლა მე მომიხდებოდა, ლოდი ჩამომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე. მაინც, ეჭვის
უკანასკნელი ბაცილებიც რომ ჩამომებერტყა, გადავწყვიტე, ყველაფერი კიდევ ერთხელ
შემემოწმებინა. ამ მიზნით პატარა და უწყინარი ექსპერიმენტი წამოვიწყე: გულში
ათწუთიანი დუმილი გამოვაცხადე. ახლა ეს ძნელი არ იყო. რაკი ყამირი გატყდა და
ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა, უხერხულობის შიში აღარ მქონდა. მართლაც,
შავშვებიდან მოყოლებული ვიდრე გორის გზისგასაყარამდე ორივენი მშვიდად და
უშფოთველად, შეიძლება ითქვას, იდილიურად ვდუმდით. მე გზას გავცქეროდი და
ვცდილობდი ბიძაჩემთან მომავალი შეხვედრის სავარაუდო სცენარი დამეზუსტებინა: ის
სკამის ზურგს მიყრდნობოდა, ხელები მუხლებზე ეწყო და ფიქრებში ჩაფლულიყო. მაშინაც
კი, როცა ორ „კამაზსა“ და ორ „იკარუსს“ ერთ გასწრებაზე გავუსწარი და შემხვედრი
მანქანაც გვარიანად დავაფრთხე, არ გამორკვეულა და დამუხრუჭება არ უცდია. ბოლოს,
მდინარე მეჯუდა რომ გადავიარეთ და ბენზინის სადგურს მივაღწიეთ (სადაც ბენზინი არ
იყო), ექსპერიმენტი დასრულებულად ჩავთვალე და გადავწყვიტე საუბარი განმეახლებინა.
მაგრამ, ვიდრე გადაწყვეტილებას შევასრულებდი, თვითონაც მიიღო ანალოგიური
გადაწყვეტილება და დამასწრო კიდეც. წყნარად და სრულიად ნეიტრალური კილოთი,
თითქოს ეს ერთი რამ უმნიშვნელო ფრაზა ყოფილიყო, რომელიც კაცმა შეგიძლია არც
წარმოათქმევინო პერსონაჟს, მკითხა: - ბიძათქვენი იონა კამკამიძეა?
მამიდები. მამიდები. მამიდები. რიკოთი მოულოდნელი კუთხით.
ამის გაგონებაზე საჭე ისე მივღრიცე გვერდზე, კინაღამ მანქანა გადავაბრუნე.
- იცნობთ?! - შევძახე აღტაცებით და წამით (ალბათ იმის გამო, რაც ბავშვობის ცისფრად
დაჟანგული ჭიშკარი გამოვიხურე, ასეთი ყიჟინა პირიდან არ ამომსვლია) გულში
გარდასულ დღეთა სევდიანი მოგონება ჩამეღვარა.
ჩემი აღტაცება იმდენად დიდი იყო, რომ სალომე ერისთავს კოპები ცოტა გაეშალა და
ნაწილობრივ ჭმუნვის ღრუბელიც გადაეყარა.
- გაგონილი მაქვს.
- უკეთესი! სწორედ ეს არის ჭეშმარიტი პოპულარობა. წარმომიდგენია, რა ამაყი
თავმდაბლობით დაირცხვენს, როცა მივახარებ, რომ მისი სახელი შორს გასცდა
მშობლიურ სანაკლიოს და უცნობი ადამიანები სადღაც გორის აღმართზე შინაურივით
ახსენებენ!.. მაშ ბევრი მისი თავგადასავალიც გეცოდინებათ.
- ბევრი არა, მაგრამ ზოგიერთი კი ვიცი.
- ზოგიერთიც ბევრია, თუ ათვლის წერტილს სწორად შევარჩევთ... ის ხომ გახსოვთ,
მეასიათასე სანაკლიელი რომ დაიბადა, რა გრანდიოზული იუბილე გადაიხადა!
- მეორასიათასე.
მე გაკვირვებით შევხედე.
- მეორასიათასე?.. აა! არა, ეს ახლახან იყო. მე ძველს ვიხსენებ. თუმცა... - აქ გულში ცოტა
რამ ვიანგარიშე და დავუმატე, - თუმცა ეს ამბავი ცხრამეტი წლის წინ მოხდა. თქვენ მაშინ
შეიძლება დაბადებულიც არ იყავით.
კი ვგრძნობდი, რომ მეტისმეტი მომდიოდა, მაგრამ ლაგამის მოზიდვა ვეღარ მოვასწარი,
და თუმცა ამის გამო გულში საკუთარ თავს ცოტა შემოვწყერი, საბოლოოდ ეპიზოდი, რომ
არ მოველოდი, ისე კარგად დასრულდა: სალომე ერისთავმა ჩვენი ნაცნობობის მანძილზე
პირველად გაიღიმა. გაიღიმა და წამით სულ სხვა კუთხით წარმოჩნდა. ღიმილი,
რომელსაც ჭმუნვა კვლავაც არშიასავით ჰქონდა შემოვლებული, თითქმის
მოუხელთებლად გაჩნდა და გაჩენისთანავე ისევ გაქრა. არსებითად, მთელი ღიმილი ის
იყო, რომ მოკუმული ტუჩები ერთი შეთრთოლება შეუთრთოლდა. და მაინც ამ
მოუხელთებელი წამის განმავლობაში სახის გამომეტყველება მკვეთრად შეეცვალა.
მახსოვს, იმის გაფიქრებაც კი მოვასწარი, თუ მისი სანაკლიელობა და ამასთან
დაკავშირებით ჩემი გრძნობების უადგილო აფუება არ მატყუებს, ღიმილი მოუხდა-მეთქი.
- დაბადებული ვიყავი. იმ ზაფხულს ათი წლისაც გავხდი. ოღონდ იუბილე ბუნდოვნად
მახსოვს. სამაგიეროდ მეორასიათასის იუბილე მახსოვს კარგად. სწორედ იმ დღეებში
მომიხდა სანაკლიოში ჩასვლა.
- მეორასიათასე გრანდიოზული იყო, მაგრამ მეასიათასესთან ვერ მოვა. ვერც მასშტაბით,
ვერც პეწით, ვერც შესრულების დონით. ერთ იუბილედ მეასიათასისა მარტო ფინალი
ღირდა - ბიძაჩემის დაქორწინება, რის შედეგადაც მამაჩემი პროფესიონალი პესიმისტი
გახდა.
- თქვენ ბიძათქვენის ძმისწული ხართ?
- დისწული.
- ა, დისწული...
- ოღონდ აქ ცოტა რამ დასაზუსტებელია: მე - შეიძლება ეს უცნაურად მოგეჩვენოთ - სამი
მეოთხედით დედაჩემის შვილი ვარ და მხოლოდ ერთი მეოთხედით მამაჩემის.
შესაბამისად, გაცილებით მეტად დედაჩემის ძმის დისწული ვარ, ვიდრე მამაჩემის ძმების
ძმისწული. ამიტომ ბიძაჩემის საგმირო - ან არც ისე საგმირო, გააჩნია როგორ შევხედავთ -
საქმეებს ჩემთვის სხვა ფასი აქვს. მეასიათასის იუბილე კი სანაკლიოს ისტორიის ოქროს
ფურცელია... თქვენ მაშინ ათი წლისა ხდებოდით, მე ჩვიდმეტის. ვინ იცის, შევხვედრივართ
კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ესოდენ ადრეულ ასაკში შვიდი წელი ისეთი განსხვავებაა, რომ
თვალთახედვის სხივები სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარეობენ და ერთიმეორის
გადაკვეთა არ ძალუძთ. არადა, გენეალოგიის ღრმულებში რომ ჩავეშვათ, შესაძლებელია
ნათესავები გამოვდგეთ. სანაკლიელისა და სანაკლიელისგან, მერწმუნეთ, ეს გასაკვირი
არ იქნება. და თუნდაც ნათესავები არ გამოვდგეთ, რაკი ორი სანაკლიელი ასე
მოულოდნელად გადავაწყდით ერთმანეთს, ახლა ჩვენს მანქანას - ღამე რომ იყოს, ეს
უკეთ გამოჩნდებოდა - ძველსანაკლიური, რომანტიკულ-სანტიმენტალური (და ცოტა
სევდიანი) შარავანდედი ადგას, რომელიც უმანკოების პრიმიტიულ მახეს გვიგებს. თუ ამ
მახეში გავებით, ჩვენს გულახდილობას საზღვარი არ ექნება. წეღან გითხარით,
გულახდილობა უტაქტობაა-მეთქი, და ეს ისეთი სანდო წყაროებიდან ვიცი, არ შეიძლება
მართალი არ იყოს. მეორე მხრივ - ესეც არანაკლებ სანდო წყაროებიდან ვიცი -
გულახდილობა მსხვერპლიცაა, რომელიც ასეთ შუქზე ადამიანმა შეიძლება
დაუფიქრებლად გაიღოს, რათა ზებუნებრივად ამჩატდეს და ღმერთის წინარე ღმერთების
გული მოიგოს. ერთი სიტყვით, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ სანაკლიოდან
თავდაღწეულები ისევ სანაკლიოში არ ჩავცვივდეთ.
- ასე რამ შეგაძულათ სანაკლიო?
- რას ბრძანებთ! ჩემი თეორიული მსოფლმხედველობის ერთი უმთავრესი პრაქტიკული
მარცხი სწორედ ის არის, რომ სანაკლიო დამსახურებისამებრ ვერ შევიძულე. შეძულება
რომ მომეხერხებინა, რაღად გავლანძღავდი! ან ასე ხშირ-ხშირად რაღად ვახსენებდი!
გონებიდან კი მართლა გავაძევე, ვინაიდან, ობიექტურად რომ საძულველია, ვიცი, მაგრამ
გულში, სამწუხაროდ, ისე მყავს გახლართული, გულიანად თუ ამოვიგლეჯ, თორემ ისე
ალბათ ვერ მოვიშორებ. ეს კი სიძულვილი არ გახლავთ. ეს სიყვარული უფროა. და მე -
თქვენ რომც დაგიმალოთ, ჩემს თავს ხომ ვერ დავუმალავ - სანაკლიო მიყვარს. ოღონდ
მიყვარს რაღაცნაირი არაჯანსაღი სიყვარულით, როგორც უზნეო შვილი.
- დიახ, - თქვა სალომე ერთისთავმა და მე ახლაღა მივხვდი, რომ ამ სიტყვას წეღანაც
სხვაგვარი სუნი აუვიდა, ისეთი სუნი, როგორიც შეიძლება აუვიდეს შინააარს, რომელიც
საკუთარ ფორმას არ ემთხვევა. მერე, გვარიანად გრძელი დუმილის შემდეგ, უეცრად
მკითხა: - რამდენი შვილი გყავთ?
- უზნეო?
- საერთოდ.
- არც ერთი.
- მაშ რა იცით რომელი შვილი როგორ შეიძლება გიყვარდეთ?
ასეთ ეკალბარდებს ყველაზე უკეთ უტიფარი სიცრუე კაფავს და მეც სწორედ ეს ნაცადი
იარაღი მოვიმარჯვე: - მმმ... თეორიულად. წარმოსახვის ძალით. სხვათა მაგალითით.
მაგრამ ამჯერად ვერც ეს უებარი საშუალება გამომადგა. სალომე ერისთავმა უტიფრობას
ანგარიში არ გაუწია და სიცრუეს ისე მოეპყრა, როგორც ნამდვილ არგუმენტს: - სხვათა
მაგალითით საკუთარ გრძნობას როგორ ზომავთ?
- ვერ ვზომავ, - ვაღიარე მაშინ, - ვცრუობ. სანამ საკუთარი უზნეო შვილი არ მეყოლება,
უზნეო შვილის სიყვარული ჩემთვის ბუნდოვანი თეორია იქნება. თუმცა გარწმუნებთ,
შედარებას ეს ხელს არ უშლის, რადგან უცნობი მოვლენის უცნობი მოვლენითვე
განმარტება, განსხვავებით ლოგიკური ცოდნისაგან, რაც უცნობი მოვლენის ნაცნობი
მოვლენით განმარტების შედეგია, იძლევა - თუ, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნაც იქნა -
ემოციურ ცოდნას, რომელიც, მართალია, ნაკლებ ზუსტია, ვიდრე ლოგიკური ცოდნა,
სამაგიეროდ გაცილებით უფრო მტკიცეა და საიმედო. და თუ მე სანაკლიოს მიმართ ჩემი
დამოკიდებულება მარჯვედ ვერ გამოვხატე, მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ღვთის შეწევნა
დამკლებია, თორემ პრინციპი უტყუარია. მე ეს საკითხი საგანგებოდ მაქვს შესწავლილი.
მაგრამ - კითხვა რომ შემოგიბრუნოთ - თქვენ კი გიყვართ სანაკლიო?
- მიყვარს, - მიპასუხა მტკიცედ და ზედმეტად სერიოზულად, - და თქვენგან განსხვავებით,
მიყვარს ჯანსაღი სიყვარულით.
- ჩემი არაჯანსაღი სიყვარული ხომ ნაცარტუტად იქცა და ჯანსაღი როგორიღაა?
- რა ვიცი... ალბათ თანდაყოლილი, უშუალო, წრფელი...
- ასეთ მხურვალე ფონზე იქნებ დისონანსად გაისმას, მაგრამ, სანაკლიოში რომ
სიმართლე ჩაიყვანო და იქაურობა აჩვენო, მგონი ისეთები თქვას, უხამსობამაც კი ყურებზე
ხელი მიიჭიროს.
- შესაძლოა. მაგრამ მე მანამ მიყვარდა სანაკლიო, სანამ საქმეში სიმართლე ჩაერეოდა.
იქ დავიბადე, იქ გავიზარდე, ნათესავების უმეტესობა იქ ცხოვრობს და თითქმის ყველა
წინაპარი იქაური იყო. ჩემი სიყვარულიც ჩემზე ადრეა გაჩენილი. მე რომ მოვედი, დიდი
ნაწილი დამხვდა და ჩემი მხრივ მხოლოდ ცოტა რამ თუ მივუმატე. ასე რომ ეს საერთო
სიყვარულია. თაობების სიყვარული. თაობების საერთო სიყვარულს სიმართლე რას
დააკლებს!
- ვერაფერს. თქვენ გიჯობნიათ. მართალია, კარგად თუ დავუკვირდებით, შეიძლება არც
სიმართლე აღმოჩნდეს ისეთი ხელწამოსაკრავი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, და
საერთოდ, შეიძლება სიმართლესთან დათათბირება დროდადრო აუცილებელიც იყოს,
რათა, სიყვარულის სახელით რომ ინსტინქტები აგვიმხედრდება (რაც გარდუვალი ჩანს),
თავი არ წავალეკინოთ, მაგრამ ყველა ეს ვარაუდი ახლა თქვენი გულწრფელობის
აბჯარზე უიმედოდ იმსხვრევა. თქვენი საბუთები დამაჯერებელია. და თუმცა იგივე
გამოცდილება - მეც სანაკლიოში დავიბადე, მეც სანაკლიოში გავიზარდე, ჩემი
ნათესავებიც სანაკლიოში ცხოვრობენ და წინაპრებიც სანაკლიელები იყვნენ - მე საბუთად
არ გამომადგა, თქვენი საბუთები მაინც დამაჯერებელია და პატრიოტულ ყდაში
ჩასასმელი. ოღონდ ის კი უნდა ვთქვა, რომ არ მეგონა სანაკლიოზე თუ ასეთი ტონით
ლაპარაკი შეიძლებოდა. ახლა ვინა გყავთ იქ?
- მამიდები.
- მამიდები?!. ბევრი?
- სამი... ორი.
ძნელი დასაჯერებელია, ზრდადასრულებულსა და, რბილად რომ ვთქვათ, სრულწლოვან
ქალს საკუთარი მამიდები დათვლილი არ ჰყავდეს. ამიტომ დაბნეულობამ რომ გამიარა,
ვკითხე: - სამი თუ ორი?
- ოთხი, - მიპასუხა მან და, მადლობა ღმერთს, ისე განაგრძო, სიტყვის ჩასაგდებად დრო
არ დამიტოვა, - მაგრამ მამიდა ნუცა სოფელში ცხოვრობს. სანაკლიოში - სამი. უფრო
ორი... მამიდა ნატო წუხელ გარდაიცვალა.
იმის გაფიქრებაც კი უტაქტობაა, რომ კაცს ასეთ რამეზე გაგეცინოს, და მე, ცხადია, არც
გამცინებია, თუმცა - რაკი ამგვარი საშიშროება რეალურად არსებობდა, მაინც ვიტყვი -
რომ გამცინებოდა, გამეცინებოდა არა მამიდა ნატოს გარდაცვალებაზე (ამაში სასაცილო
არაფერი დამინახავს), არამედ ადამიანის ვიწრო და სწორხაზოვან ბუნებაზე, რომელსაც
ძალიან უჭირს იმის დაშვება, რომ შესაძლებელია მამიდების რიცხვიც ათვლის სისტემაზე
იყოს დამოკიდებული.
„მაშასადამე, მარტივსა და რთულს შორის, ლოგიკური კავშირის პარალელურად,
არსებობს მეტალოგიკური კავშირიც, და, რთული, რაღაც უცნობი მიზეზების გამო,
ლოგიკის ჩარჩოს რა გასცდება, მით უფრო რთულდება, რაც უფრო მარტივდება და
პირიქით“, დავასკვენი გულში მცირე ხნის შემდეგ, რომლის განმავლობაში გონების
მღვრიე ნისლში კითხვის ნიშნები გაშლილი პარაშუტებივით ეკიდა. და თუმცა პარადოქსი
ერთსა და იმავე დროს შაბლონურიც იყო და უმწიფარიც, ვიგრძენი, რომ მისი წყალობით
ჩემს სტიქიაში მოვხვდი. მართლაც, ასეთი აბდაუბდა ძალიან მიყვარს და სხვა ვითარებაში,
ვინ იცის, ისე ჩავსულიყავი სანაკლიოში, მორევიდან თავი არ ამომეყო, მაგრამ ახლა, რაკი
არც იმის გაუთვალისწინებლობა ეგებოდა, რომ სიკვდილი, მიუხედავად მოსაწყენი
გარდუვალობისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული და ამაღლებული
მოვლენაა, რომელსაც ყურადღება შეიძლება არ სჭირდება, მაგრამ ყურადღების
გამოჩენა კი აუცილებლად სჭირდება, იძულებული შევიქენი ინტელექტუალური ვარჯიში
შემეწყვიტა და ზედაპირზე ამოვტივტივებულიყავი. ასეც მოვიქეცი. მერე თავს ძალა
დავატანე და თანაბარდაღმავალი ინტონაციით, როგორც ამას ოფიციალური სამძიმარი
მოითხოვს, ვთქვი: - ააა!.. - თან გუნებაში გადაჭრით უკუვაგდე საპყარი ვარაუდი, ეგებ
ბიძაჩემმა რაიმე მოსაზრებით სწორედ მამიდა ნატოს გარდაცვალება მიიჩნია სრულიად
სანაკლიოს კატასტროფად და დეპეშაშიც ეს იდეაა კოდირებული-მეთქი. მერე, სამძიმარი
რომ მეტისმეტად კუდმოკვეცილი არ გამომსვლოდა, ვკითხე, - რამდენი წლის იყო?
- სამოცდარვის.
მამიდა ნატოს გარდაცვალებამ (უფრო სწორად, ცნობამ მამიდა ნატოს გარდაცვალების
შესახებ) ვითარება სხვა მხრიდან გაანათა და ერთბაშად გამოჩნდა აქამდე სიბნელეში
გახვეული ვარაუდი, რომ სალომე ერისთავის უგუნებობის მიზეზი, ვინ იცის, გარემოება იყო
და არა ბუნება და რომ, შესაბამისად, შეკრულ კოპებში ჩანდა არა ხასიათი, არამედ, ასე
ვთქვათ, სამგლოვიარო განცხადება. მთლად წყალგაუვალი დიაგნოზი ეს,
რასაკვირველია, ვერ იქნებოდა, მაგრამ აქ, სიკვდილის საზეიმო ფონზე, ძალზე მაღალი
ჩანდა იმის ალბათობა, რომ მიზეზები და შედეგები სწორედ ამგვარი თანმიმდევრობით
ყოფილიყო დალაგებული.
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. მამიდა ნატოს ასაკი ამას თითქოს მაინცდამაინც მკაცრად
არ მოითხოვდა, მაგრამ ასაკს ჩვევამ აჯობა, რომლის თანახმადაც სიკვდილის ხსენებას
რიტუალური დუმილი უნდა მოჰყვეს.
დუმილი გაგრძელდა სოფელ რუისის ბოლომდე, სადაც მოსახლეობას კაცთმოყვარეობის
მიზეზით (შესაძლოა კაცთმოძულეობის მიზეზით, გააჩნია საიდან შეხედავთ) ეზოებს
გარეთ, გზისპირას, წყლის ონკანი დაეყენებინა.
მანქანა ონკანთან გავაჩერე.
- წყალი დავლიოთ, - მივუბრუნდი თანამგზავრს, - აქ კარგი წყალია.
გარეთ უკვე თბილოდა.
მათარას წყალი რამდენჯერმე გამოვავლე, მერე ნახევრად ავავსე და, სალომე ერისთავი
რომ მანქანიდან გადმოვიდა, მივაწოდე.
ალბათ ბოლომდე უნდა ამევსო. ბოლომდე რომ ამევსო, ვინ იცის, თავის უკან გადაგდება
არ დასჭირვებოდა. ახლა კი დასჭირდა. თავი უკან გადაიგდო და ღმერთს შეხედა. და
თუმც დარწმუნებული ვარ, ეს არაფერ შუაში იყო, ისევე როგორც არაფერ შუაში იყო მისი
თხელი პალტოს სიგრძე და ფერი, აქ, სოფლის ბოლოს, მტვრიან შარაგზაზე, კრამიტით
დახურულ სახლებსა და ვაშლის ბაღებს შუა მას ახლა სიტყვა „დისონანსი“ უფრო
შეეფერებოდა, ვიდრე სიტყვა „ქალი“ (ეს ორი სიტყვა რომ ერთმანეთს პირწმინდად და
საგულდაგულოდ არ გამორიცხავს - ამას ვამბობ როგორც შემთხვევით დაეჭვებულთა,
ისე პროფესიონალ სკეპტიკოსთა გასაგონად - მე სხვაზე ნაკლებად არ ვიცი). დალევა
რომ მოათავა, მათარაში ჩარჩენილი წყალი გადაღვარა და ცარიელი მათარა დამიბრუნა.
- გმადლობთ, - მითხრა, - მართლა კარგი წყალია.
- მაშ წავიღოთ კიდეც.
აქ ცოტა ხანს - ვიდრე მეც დავლევდი და მერე მათარას ხელახლა ავავსებდი - მისკენ
ზურგშექცევით ვიდექი, ხოლო მას, ვიდრე მე ზურგშექცევით ვიდექი, პალტო გაეხადა.
„არაფერი საფრთხობელა არ ყოფილა!“, - მყის უარვყავი ადრინდელი და - როგორც
პალტოს გახდამ თვალნათლივ დამარწმუნა - ცოტა ნაჩქარევი ვარაუდი. მართლაც - ეს
ახლა აშკარა იყო - ყველაფერი საკმარისად ჰქონდა, რაც კი ქალს მოეთხოვება და რასაც
სამოსი მხოლოდ იმიტომ მალავს, რომ გამოგვიზოგოს და ისტორიის გრძელ
მდინარებაში ნაწილ-ნაწილ გამოგვიჩინოს.
ამ ახალმა შთაბეჭდილებამ გულსა და გონებაში უპრობლემოდ, უნალექოდ და სწრაფად
გაიარა, როგორც წყალმა ცხრილში. მერე ვკითხე: - კიდევ დალევთ?
- არა, გმადლობთ.
- მაშ წავიდეთ.
- წავიდეთ.
მანქანის კარი რომ გამოვაღე, შევჩერდი.
- საჭესთან ხომ არ დაჯდებით?
- საჭესთან? რატომ?
- ისე. უმანქანოდ რომ დარჩით, იქნებ ტარება მოგენატრათ-მეთქი.
- აჰ, არა.
- მობეზრებული გაქვთ?
- არ მიყვარს.
- არც მე. მაგრამ მე სხვა გზა არა მაქვს, - მერე, რომ დავიძარით, ვკითხე, - მაგიტომ
შეელიეთ ასე იოლად და, მე თუ მკითხავთ, იაფადაც?
- რატომ?
- ტარება რომ არ გიყვართ.
- არა.
- აბა რატომ?
ამაზე ერთხანს ჩუმად იყო, თითქოს გუნებაში რაღაცას წონიდა. მერე თქვა: - სამასი მანეთი
რომ გადამეხადა, ბევრი თავსატეხი გამიჩნდებოდა. ეს ექვსასი მანეთი კი კარგად
წამადგება, - აქ წამით ისევ გაჩუმდა და მერე, ლაპარაკი რომ განაგრძო, ხმაში ოდნავი,
მხოლოდ ძალიან მახვილი ყურისთვის შესამჩნევი ძალდატანება დაეტყო, - მამიდა ნატოს
დასაფლავება უნდა.
- თქვენს გარდა მამიდა ნატოს სხვა არავინ..?
- დანარჩენი მამიდები. მაგრამ ისინი - ნაწილობრივ მამიდა ნუცას გამოკლებით -
მხოლოდ ხელს თუ შემიშლიან. მათთვის მთავარი საზრუნავი ახლა ის იქნება, რომ
დასაფლავება მდიდრული და თავმოსაწონებელი იყოს. რა ქნან! მოხუცდნენ.
მე დაფიქრებით შევხედე და ფიქრში, როგორც ნაკვალევში წვიმის წყალი, მოულოდნელი
და არამკითხე რიდი ჩადგა, რომელსაც ხაზს უსვამდა - არ ვიცი კი რატომ - ის გარემოება,
რომ მას მამიდა ნატო ჰყავდა დასასაფლავებელი და ეს ხაზგასმული გარემოება მე
გამუდმებით უნდა მქონოდა მხედველობაში, როგორც მჭმუნვარების კოეფიციენტი.
- სანაკლიოდან დიდი ხანია წამოსული ხართ? - ვკითხე მცირე სიჩუმის შემდეგ.
- რაც სკოლა დავამთავრე.
- რომელი სკოლა დაამთავრეთ?
- მეოთხე.
- მართლა?! მეოთხე სკოლა, შეიძლება ითქვას, ჩემი სკოლაა. თავის დროზე მანდ
ერთდროულად ორი შეყვარებული მყავდა... მაშ, პაპასკირის ქუჩაც ალბათ შორს არ
იქნება.
- იქვეა, სკოლის გვერდით. შეიძლება ნამყოფიც ხართ თქვენი ორი შეყვარებულის
თანხლებით.
არც კილოზე და არც სახეზე ისეთი არაფერი შეტყობია, რაც შეიძლებოდა ირონიისთვის
მიმემსგავსებინა.
- ჩემდა სამარცხივნოდ, იმ ორი შეყვარებულიდან პირადად არც ერთს არ ვიცნობდი.
- რომანტიკული ბავშვობა გქონიათ, - თქვა ამაზე მცირე პაუზის შემდეგ.
მე გაკვირვებით შევხედე.
- რომანტიკული?!. როგორ გეკადრებათ! რომანტიკული კი არა, ტრაგიკული ბავშვობა
მქონდა. მე ხომ სკოლაში სიარული მიხდებოდა!
- სკოლაში სიარული ყველას უხდებოდა.
- ყველა არ არის „ყველა“. თქვენ იქნებ მიგიხაროდათ კიდეც და, ვინ იცის, კომკავშირის
კრებებსაც ესწრებოდით. მე იმთავითვე მგრძნობიარე ბუნება მქონდა. სკოლაში წასვლის
წინ გულ-გვამი ისე მიხურდებოდა, ზამთრობით ოთახის ტემპერატურა თვრამეტიდან
ოცდაერთ გრადუსამდე ამყავდა. ყოველი დღე - კი, უქმეების გარდა, მაგრამ სხვა მხრივ
გამონაკლისის გარეშე - გოლგოთაზე ასვლა იყო. ჯვრის ატანაშიც ხელის წამომკვრელი
არავინ მყავდა. ის კი არა, დაჩივლებასაც ვერ ვბედავდი - ღმერთო, რატომ მიმატოვე-
მეთქი - იმის შიშით, რომ მამაჩემი გაიგებდა და პედაგოგიურ ჯვარზე გაკრულს ახლა
იდეოლოგიურ ჯვარზე გამაკრავდა.
- სად მუშაობთ? - მკითხა მან მოულოდნელად.
- არსად, - გაკვირვებითა და, მგონი, ცოტა მწყრალადაც მივუგე მე. მერე მივხვდი, რომ
ასეთი პასუხი, კილოც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, მაინც უტაქტო და უხერხული იყო,
ამიტომ შევეცადე ამეხსნა, - პარაზიტი ვარ. მატერიალურ საზრდოს მამაჩემისგან ვიღებ,
იდეურს ბიძაჩემისგან. და მოსალოდნელ მორალურ შეფასებას სავსებით ვეთანხმები.
- მაგრამ რაიმე პროფესია ალბათ გექნებათ...
- კი. ქართული ენის სპეციალისტი ვარ. ცოტა მოუქნელი ტერმინია, ალბათ საჩოთიროც,
მაგრამ სამაგიეროდ სავსებით ოფიციალურია და დოკუმენტურად დადასტურებული.
აქ ის იყო უნდა მეკითხა - თქვენ-მეთქი? - და კითხვის ასეთ შებრუნებას დიალოგის
ნებისმიერი თეორია გაამართლებს, მით უფრო, რომ ინტერესი ნამდვილად გამიჩნდა -
მაგრამ უეცრად მივხვდი, რომ თურმე დადგენა კი არ მინდოდა მისი პროფესიისა, არამედ
გამოცნობა, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ჩემს ინტერესს ლიტერატურულ-
ფსიქოლოგიური მოტივები ამოძრავებდა და არა რეალურ-ყოფითი. ეს არც იყო
გასაკვირი. მართლაცდა, სალომე ერისთავმა არათუ სახიფათო მოლოდინი არ
გაამართლა (არადა, ეს მოლოდინი ინდუქციური იყო და გამოცდილებას ეყრდნობოდა),
ჩემს ზოგად წარმოდგენაში რაღაც ახალი შტრიხებიც შემოიტანა. თავად განსაჯეთ: ყბედი
არ ჩანდა. ტუტრუცანა არ ჩანდა. კეკლუცი არ ჩანდა (ეს უკანასკნელი თვისება,
ობიექტურად თუ შევხედავთ, მაინცდამაინც დიდ ღირსებად ვერ ჩაითვლება, ქალი
ზომიერების ფარგლებში კეკლუცი უნდა იყოს, თვით პარტიული მუშაკებიც კი, წელში რომ
რევოლვერები ჰქონდათ გაჩრილი, იდეოლოგიურ ქერქქვეშ - ეს მრავალგზის
დადასტურებული ფაქტია - კეკლუცები და ცუგრუმელები იყვნენ, მაგრამ პირადად მე - და
განსაკუთრებით მოგზაურობისას - ზომიერი კეკლუცობის გადახარშვაც მიჭირს), ტყავში არ
ძვრებოდა, რომ უფრო ახალგაზრდა გჩვენებოდათ, ვიდრე ეტყობოდა. საგანგებო
ყურადღებას არ მოითხოვდა. მთელ რიგ საკითხებზე საკუთარი აზრი ჰქონდა, რომელთა
გამოთქმისას პულსი არ უჩერდებოდა. თავი საკმარისად დამოუკიდებლად ეჭირა და
საერთოდ ბევრი ისეთი თვისება ჰქონდა, რომლებსაც ცალ-ცალკე და თითო-თითოდ
ქალებშიც იპოვით ხოლმე, მაგრამ ერთად და ერთ ქალში თავმოყრილი კი იშვიათია.
თუმცა, იშვიათის გარდა, ალბათ საზიანოცაა, ვინაიდან რიგი მიზეზების გამო ეს თვისებები,
ერთიან ძაფზე რომ აისხმება, ინტელექტუალიზმის ისეთ ხელოვნურ კრიალოსნად
ყალიბდება, რომელიც აზრის გამამდიდრებელ მუხტებს სექსუალური მადნისგან იღებს,
ანუ - მოდური ტერმინოლოგიით (მრავალთათვის ასე უფრო გასაგები იქნება) -
სექსუალური ენერგიის კონვერსია ხდება (ამ მოცემულობათა ფონზე ქალის ნიმუში და
იდეალი ალბათ მშვენიერი ევაა).
აქ მე ჩემდაუნებურად (ამ დროს მის სავარაუდო პროფესიაზე ვფიქრობდი და შესაძლოა
ახალი რამ ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობდი) ვთქვი: - პირველად რომ მოგკარით
თვალი მოედანზე, დედოფალი კლეოპატრა მეგონეთ.
მაგრამ ახალი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. მხოლოდ ძველი ინფორმაცია
დამიდასტურდა იმის შესახებ, რომ კეკლუცობა არ სჩვეოდა. კეკლუცი ქალი, მით უფრო,
თუ ასაკის პრობლემაც უდგას, ასეთ შენიშვნაზე ალბათ ხაზგასმულად გაიცინებს და
გათამაშებული საყვედურით საყვარლად ჩაიღუღუნებს: „ნუ, მაგდენი ხნისაც არა ვარ!..“ და
თუ ამას არ ჩაიღუღუნებს, რაღაცას მაინც ჩაიღუღუნებს. მან კი სრულიად ფხიზელი
კილოთი მკითხა: - რომელ მოედანზე? - იმავ წამს თავი სწრაფად მოატრიალა და
დაკვირვებით შემათვალიერა, - მაშ ეს თქვენ... რას აკეთებდით იქ, მოედნის შუაგულში?
- ეს ცოტა ძნელი ასახსნელია. შესაძლოა წრის ცენტრად ვიყავი გამწესებული და
რადიუსების ტოლობას ვამტკიცებდი. თუმცა ახლა, პოსტ ფაკტუმ, ისიც შეიძლება ითქვას,
რომ თქვენს გამოვლას ველოდი, რათა წინ გამეშვით და მერე საშუალება მომცემოდა
იგოეთთან მხსნელად მოგვლენოდით.
- პოსტ ფაკტუმ შეთხზული ვერსიები მყიფეა.
- მყიფე, მყიფე!.. წეღან ვიგონებდი ამ სიტყვას და ვერასდიდებით ვერ მოვიგონე.
- რად გინდოდათ?
- არაფრად. ამ ბოლო ხანებში ზოგი სიტყვა მავიწყდება.
- ბიძათქვენიც ქართული ენის სპეციალისტია?
- იონა? არა. რამ გაფიქრებინათ?
- რა ვიცი... რაკი დამწერლობა ასე ყვარებია...
- ბიძაჩემს ყვარებია დამწერლობა? საიდან დაასკვენით?
- თქვენ არა თქვით?!
- არა მგონია. საერთოდ, უმიზეზოდ, როგორც წესი, არ ვცრუობ.
- დამწერლობის გადარჩენა უნდაო, არა თქვით?
- გადარჩენა უნდა-მეთქი, ვთქვი, მაგრამ ეს სიყვარულით მოსდის-მეთქი, არ მითქვამს.
სიყვარულით ძირითადად ლაპარაკი უყვარს. დამწერლობას, უბრალოდ, უფრთხილდება,
ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი ოთხი მისიიდან ერთ-ერთი დამწერლობის გადარჩენაა.
განსაკუთრებული მონდომებით ეპისტოლური ჟანრის გადასარჩენად იღვწის.
- აა! მე კი მეგონა... გასაგებია... - და მცირე პაუზის შემდეგ დასძინა, - ეპისტოლური ჟანრი
მართლა კვდება.
მე ხმის კილოში შერეული ნაღველი შევნიშნე და ვკითხე: - გიყვართ?
- კი.
- მისდევთ კიდეც?
ამაზე ოდნავ F შესამჩნევად გაიღიმა.
- არა. დროდადრო მამიდების წერილებზე მიხდება პასუხის გაცემა, ეს არის და ეს.
- მამიდებსაც უყვართ?
- მამიდებს უყვართ, თუ უყვართ... მამიდა ნუცას გამოკლებით.
- მამიდა ნუცა უმცროსია?
- დიახ.
- დანარჩენებს რა ჰქვია?
- მამიდა მაგდა და მამიდა თეკლა.
- და ოთხივე გაუთხოვარია?
- ოთხივე.
- მამა?
- მამა?
- მამათქვენი სად არის?
- მამაჩემი არ მახსოვს. მხოლოდ მამიდების გადმოცემით ვიცნობ.
- ადრე გარდაიცვალა?
- მოკლეს. კვიპროსზე მოუკლავთ, მე რომ წლინახევრის ვიყავი.
- კვიპროსზე რა უნდოდა?
- გრძელი ამბავია, მოყოლად არ ღირს...
რატომაც არ ღირდა! მე, მაგალითად, აქამდე არასოდეს გამეგონა ვისიმე მამა კვიპროსზე
მოეკლათ, და საერთოდ, ალბათობის თეორიის თანახმად, ასეთი რამ ძალზე იშვიათად
უნდა ხდებოდეს. მაგრამ რაკი მითხრა არ ღირსო, ჩანს არ სურდა მოყოლა, ხოლო რაკი
არ სურდა, ვერც მე ჩავეძიებოდი. ამიტომ ესღა ვთქვი: - ნება თქვენია... მამიდებიც
პაპასკირის რვაში ცხოვრობენ?
- სწორედ მიმიდები ცხოვრობენ პაპასკირის რვაში. მამიდა ნუცას გამოკლებით. მამიდა
ნუცა სოფელში ცხოვრობს.
მამიდების არითმეტიკულ ტოლობაში მამიდა ნუცა ეტყობა მაკლები იყო (თუ ნამდვილად
„მაკლები“ ჰქვია იმას, რასაც ვგულისხმობ).
ამის შემდეგ, ვიდრე სურამის გადასახვევს გავცდებოდით, შედარებით ნაკლები
ვილაპარაკეთ. არსებითად - და ასე თუ ისე საფუძვლიანად - მხოლოდ ერთხელ
დავარღვიეთ დუმილი. კერძოდ, ხაშურთან სვლა შევანელე და ვკითხე: - ნასაუზმევი
ხართ?
- კი.
- აქ ერთი პატარა რესტორანია... ვიწრო შესახვევი რომ მოჩანს მარჯვნივ, მანდ. ბევრი
ვერაფერიშვილია, მაგრამ წახემსება თუ გინდათ, დანამდვილებით ვიცი, მოწამვლის
საშიშროება მინიმალურია.
- მე არა. თქვენ თუ გშიათ, შევიდეთ.
- მე - მით უმეტეს. მე ისეთი ძალები მეწევა სანაკლიოსკენ, გზაში საჭმელად იშვიათად
ვჩერდები.
- რა ძალები?
- შესაძლოა, „ძალები“ ცოტა გაზვიადებული ნათქვამია. სულ ორი ძალაა, მაგრამ რაკი
ენაში ორობითი რიცხვი არა გვაქვს, იძულებული ვარ მრავლობითი ვიხმარო. ერთია
ბიძაჩემი, როგორც მოვლენა, რომელშიაც ზოგჯერ არსი ჩანს, შეუხედავი, მაგრამ მაინც
არსი, მეორე - ბიცოლაჩემი, როგორც კულინარი, რომელსაც არათუ ამ მიზანთროპულ
სასადილოებში, დარწმუნებული ვარ - თუ მაინცდამაინც დედაჩემს არ მივიღებთ
მხედველობაში - მთელს ძირძველ ამერიმერში ბადალი არ მოეპოვება.
- სანაკლიოში ბიძის გარდა კიდევ ვინა გყავთ?
- თითქმის ყველა იქა მყავს, ვინც კი საერთოდ მყავს. ურიცხვი და ულევი ნათესავი. ნაირ-
ნაირი ჯურისა და ხარისხის...
- მარტო ბიძას ახსენებთ ხოლმე...
- მართლა?! არ დავკვირვებივარ... საერთოდ კი, ვინც როგორ იმსახურებს... თუმცა
მეტისმეტადაც ნუ გავუგულახდილდებით ერთმანეთს, რაც უნდა იყოს, თანაქალაქელები
ვართ, ემანდ ისეთი არაფერი წამოგვცდეს, მერე ფეხი წამოვკრათ.
როგორც ითქვა, სურამის გადასახვევამდე თითქმის ჩუმად ვიარეთ. ყოველ შემთხვევაში,
ისეთი არაფერი თქმულა, კაცს გამოსატოვებლად დაენანოს. სურამის გადასახვევს რომ
გავცდით და სურამი მარცხნივ მოვიტოვეთ, დაფიქრებით იკითხა: - საფრთხე მართლა
ემუქრება?
- ვის?
- დამწერლობას.
- რა ვიცი. ბიძაჩემი ფიქრობს, რომ ემუქრება.
- მერედა, დეპეშების გაგზავნით უშველის?
- ღმერთმა უწყის. უფრო ალბათ ვერა. მაგრამ, ჩემი ფიქრით, ამას არა აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა. მთავარი პრინციპის ქონაა და არა პრინციპის განხორციელება.
- მისია?..
- მისიის მისიაც ბრჭყვიალია. საერთოდ, გამოცდილება გვასწავლის, რომ, რასაც მაღალ
მატერიებთან და რაფინირებულ ჰუმანიზმთან შეხების წერტილი აქვს, ყველაფერი
თვითმიზანია. თუმცა რაკი ლაპარაკი ბიძაჩემზეა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ
ბიძაჩემისთვის პრინციპსაც და მისიასაც უფრო დიდი, უფრო რეალური და, აქედან
გამომდინარე, უფრო კომიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საშუალო-არითმეტიკული
სანაკლიელისათვის.
- დიახ... - კიდევ ერთხელ დამიხვედრა ეს სიტყვა, როგორც უცხო ფარი, მერე უცებ მკითხა:
- დაგიწერიათ როდისმე წერილი?
- კი. ბავშვობაში. ერთხელ ერთი წერილი - სამიჯნურო - ლექსადაც დავწერე. ოღონდ
ცოტა გრძელი გამომივიდა.
- და თქვენ ამბობთ, რომანტიკული ბავშვობა არა მქონიაო?
- ბედი შედეგით იზომება. მე ხომ იმ წერილზე პასუხიც მივიღე.
- ბავშვობის მერე აღარ დაგიწერიათ?
- აარა... მე მგონი, არა.
- არც მე. მამიდებს რომ ვწერ ხანდახან მოკლე და მშრალ წერილებს, ისინი წერილებად
არც ჩაითვლება. ადამიანი კი... თქვენ, ალბათ არ დაიჯერებთ, წერილებს უნდა წერდეს
(დამეჯერებინა?). ადამიანს წერილის წერა უხდება. ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა,
რომ ბიძათქვენი მართალია.
!!!
მე კარგახანია შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ქვეყნიერება კანს იცვლიდა, მაგრამ
რამდენად მწვავედ მიმდინარეობდა ეს პროცესი, არ ვიცოდი. ამიტომ, თუმც
დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად გავიგონე, მაინც ყოველი შემთხვევისთვის
დავაზუსტე: - რა ბრძანეთ?
- ბიძათქვენი მართალია-მეთქი.
ჩუმათელეთში ვიყავით. და მე მეეჭვება, ჩუმათელეთის დიდსა და, ვინ იცის, სახელოვან
ისტორიაში ეს აზრი ოდესმე ასე პირდაპირ და მიუკიბავ-მოუკიბავად გამოთქმულიყოს.
- მმ... - არცთუ ისე მკაფიოდ ვთქვი მე, - უაღრესად საინტერესო დაკვირვებაა...
პარადოქსების ეპოქაში გამორიცხული არაფერია, თუმცა, გულახდილად უნდა გითხრათ,
ასეთი სიტყვათშეხამება პარადოქსის კვალობაზეც კი მოულოდნელია. საერთოდ, კარგი
იქნება ეგ დასკვნა პირადად აცნობოთ ბიძაჩემს. გარწმუნებთ, ეამება...
- ვაცნობებ. თუკი ბიძათქვენიც... - ერთი შეყოყმანება, რაც მართალია, მართალია,
შეყოყმანდა, - შეიძლება სიმართლე გითხრათ?
მე უსიამოდ გამაჟრჟოლა.
- თუ იმას გულისხმობთ, რასაც თქვენ ეძახით სიმართლეს, ბატონი ბრძანდებით! თქვენ
ოღონდ შესძელით და შეძლებით როგორ არ შეიძლება! მაგრამ თუ იმასაც გულისხმობთ,
სხვები რასაც ეძახიან, მაშინ ბანალური კონტრშეკითხვა უნდა დაგისვათ: რა არის
სიმართლე?
- იმას ვგულისხმობ, რასაც მე ვეძახი.
- მაშინ ბრძანეთ. თუმცა, რაკი საქმემ ასეთი ხასიათი მიიღო, იქნებ ორმხრივი
ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა: თქვენც სიმართლე თქვით, მეც სიმართლეს ვიტყვი.
- ასე იყოს.
- ექსპერიმენტი უხეიროა, ნახმარი, გაცვეთილი, და როგორც წესი, კრახით მთავრდება.
მაგრამ რაკი სანაკლიომდე ჯერ კიდევ გვარიანი მანძილია, ვცადოთ, რა გვენაღვლება.
ოღონდ გაფრთხილებთ: ეს სახუმარო საქმე არ არის.
- ვიცი.
- ძალიან კარგი. მაშ, დაიწყეთ, თქვენი ჯერია.
- დავიწყებ... - ეს რომ თქვა, გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო. სახე ისეთი
კონცენტრირებული ჰქონდა, თითქოს კიდევ ერთხელ წონიდა მოსალოდნელ შედეგებს.
მერე თქვა, - ირონია გამოქვაბულია. შიგ ადამიანი შიშს ემალება.
- რა შიშს?
- წარსულის შიშს, მომავლის შიშს, არსებობის შიშს, უსასრულობის შიშს. გაუცნობიერებელ
შიშს, რომელიც ყველა უჯრედში ჰყავს ჩაბუდებული...
- თქვენი აზრით შიში სულიერი არსებაა?
- სულიერი არსება?.. - წამით დაიბნა, ვერ გაიგო, რა ადგილას მოხვდა მისი მეტყველების
მესერს ეს დაუფიქრებელი გრამატიკული კენჭი. მერე კი, დაბნეულობის ის ერთი მოკლე
წამი რომ გაილია, ნაცვლად დამშვიდებისა უეცრად, თითქოს ყველა დანარჩენი წამი
ერთმანეთში აირია და ადგილზე დატრიალდაო, შეშფოთებული ხმით წამოიძახა, - იქ რა
ხდება?!
- სად?
- შეხედეთ!
რიკოთის გვირაბის წინ უამრავი მანქანა მოგროვილიყო. მანქანებს შორის ხალხი
ირეოდა.
მე გაკვირვების გაბმული სტვენა ამოვუშვი და სიჩქარეს მოვუმატე.

თავი მეორე. კონცენტრაცია რიკოთზე


ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი. ქერუბიმები. უნაყოფო მოგზაურობა გვირაბის
მიმართულებით. ვერსიები.
ჩემი „ნივა“ გზის განაპირას, თეთრი „ვოლგის“ უკან გავაჩერე და გადმოვედით. იმავ წამს
სხვებიც მოგვადგნენ. ქვემოდან კი კვლავ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მანქანები.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ. მთელი ქვეყანა გზაზე გამოფენილიყო.
- გადამერევიან მამიდები, - თქვა სალომემ.
- ნუ გეშინიათ, - მექანიკურად დავამშვიდე მე და გაკვირვებით გავიფიქრე: „ამ პატარა
მონაკვეთზე ამდენი მანქანა რამ დატია?“
თეთრ „ვოლგასთან“ ლამაზი და მოდურად ჩაცმული ქალ-ვაჟი - ჩემი ვარაუდით, ცოლ-
ქმარი - იდგა. ქალი მაღალი იყო, ზომიერად სავსე, ჯიშიანი; წაბლისფერი თმა კეფაზე
აეკრიფა და ქათქათა ყელ-კისერი მოეშიშვლებინა. და თუმცა სათვალის დიდრონი შუშები
ცოტა ამპარტავნულად უელავდა, როგორც ფეშენებელური სასტუმროს შუქ-რეკლამა, მის
მიმზიდველ სანდომიანობას ეს ვერაფერს აკლებდა. ვაჟი უფრო წერწეტი იყო. წერწეტი
და სუსტი. გვერდზე გაყოფილი გრძელი ქერა თმა ჰქონდა, კრიალა სახის კანი, ნაზი და
თეთრი, და მიბნედილი, წყლიანი თვალები.
- ხომ არ იცით, რა ხდება? - ვიკითხე ისე, რომ კონკრეტულად არცერთისთვის არ
მიმიმართავს.
- არ ვიცი, - შეფიქრიანებული კილოთი მიპასუხა ვაჟმა. ქალმა ისე შემომხედა, თითქოს
ჩემგან კითხვას კი არა პასუხს მოელოდა და, პასუხის ნაცვლად რომ კითხვა მიიღო, ცოტა
არ იყოს, იმედგაცრუებული დარჩა.
მაშინ ისევ სალომეს მივუბრუნდი, რომელიც საგონებელში ჩავარდნილი გასცქეროდა
მანქანების ზღვას, და ვუთხარი: - წავალ, იქნებ რამე გავიგო.
პასუხად მან თავი დამიქნია, მაგრამ წარბებშუა ვერტიკალური ნაოჭი გაუჩნდა - არასწორი
და არამკაფიო, როგორც აკანკალებული ხელით ჩამოსმული ხაზი - და მე ჩემდაუნებურად
დავძინე: - მალე დავბრუნდები: მართლაც, ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე,
შეძლებისდაგვარად, მალე დავბრუნდი. დავბრუნდი ტვირთმძიმე და ხელცარიელი: ერთი
მხრივ, უამრავი ვარაუდი, ათასგვარი ჭორი, ჭრელი ამბები და ნაირ-ნაირი
შთაბეჭდილებები მოვიტანე, მეორე მხრივ, სარწმუნო და დამაჯერებელი ვერაფერი
შევიტყე. გვირაბს საერთოდ ვერ მივაღწიე. რაც უფრო მივიწევდი წინ, მით უფრო ძნელი
და ძნელი ხდებოდა გზის გაკაფვა, და პირვანდელი გაკვირვება, გამოწვეული იმით, რომ
ერთ ბეწო ტერიტორიაზე ამდენი მანქანა იდგა, გაკვირვების ფარგლებსაც გასცდა.
ბოლოს - არ ვიცი, რა მანძილი მქონდა დარჩენილი გვირაბამდე - ადამიანთა და
მანქანების ისეთი ხშირი და გაუვალი ტყე აღიმართა, ჩიტებიც კი, დაბნეულები და
შეცბუნებულები, უკან ბრუნდებოდნენ. ხალხს, განსაკუთრებით წინმყოფთ, უკვე მოესწრო
ერთმანეთის გაცნობა. მოზრდილ ჯგუფებად იდგნენ და შექმნილ ვითარებას
შეშფოთებითა და გატაცებით აანალიზებდნენ. ცხადია, ინდივიდუალისტებიც საკმაოდ
ერივნენ - გაბუტულები, განაწყენებულები, განრისხებულები, განცალკევებულები,
მანქანებში პესიმისტურად გამოკეტილები - მაგრამ პროცენტულად ისინი ცოტანი იყვნენ
(რაც კიდევ უფრო აგულისებდათ), აბსოლუტურ უმრავლესობას გარეთ გამოფენილი და
ჯგუფებად გაერთიანებული კომუნიკაბელისტები შეადგენდნენ. ამის გამო ირგვლივ ისეთი
ყაყანი იდგა, რომელიც, ერთი თუ მიაღწია ტვინამდე, მოსვენებას აღარ მოგცემთ, ან უნდა
აყვეთ, ან სხვა რაიმე საშუალებით შეეგუოთ, წინააღმდეგობას აზრი არა აქვს, ვინაიდან
ყაყანი ესე, ერთი შეხედვით უხეში, მატერიალისტური, მდაბალი, სინამდვილეში ისეთ
ფაქიზსა და ხელთუქმნელ კომბინაციებს აგვირისტებს, რომ თანდათან თვითმიზნურობის
ღვთაებრივ იდეალიზმში გადადის, რის შემდეგაც მისი ჩაქრობა ადამიანის
შესაძლებლობებს საბოლოოდ სცილდება და შედარებით უფრო მაღალი არსის
პრეროგატივად იქცევა. შეფერხების მიზეზთა თაობაზე ხსენებულმა ჯგუფებმა ყველაფერი
იცოდნენ და არაფერი იცოდნენ. ამ შაბლონური პარადოქსის მიზეზი ის გახლავთ, რომ
ვერსიები, თუმც კი შინაარსობრივად დასრულებული და ამომწურავი, რაოდენობრივად
უსასრულო და ამოუწურავი იყო. თუ ჯგუფს ერთი გაბატონებული ვერსია ჰქონდა, იქ
სიამტკბილობა სუფევდა. თუ ვერსიას ალტერნატივა გაუჩნდებოდა, სიმშვიდე ირღვეოდა
და ნარღვევებზე მოუთმენლობა ამოდიოდა. ასეთ დროს ყველანი ცხარობდნენ, ხელ-
ფეხს იქნევდნენ და დაბერილი ძარღვებითა და ლოგიკური არგუმენტაციით
ცდილობდნენ თავ-თავიანთი ვერსია გაეტანათ. ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ
ყოველივე ეს მშვიდობიან კალაპოტში მიედინებოდა და სახიფათო კინკლაობაში არ
გადადიოდა. მაგალითად, როცა ერთ-ერთ ჯგუფში ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი, და ორი
განსხვავებული პასუხი მივიღე - გვირაბის ჭერი ჩამოქცეულაო და გვირაბში წყალი
შევარდნილაო, ჯგუფი გაიყო არა ორ, არამედ სამ ნაწილად, რომელთაგან ერთი თუ
ჭერის ჩამოქცევის ვერსიას ემხრობოდა და მეორე წყლის შევარდნის ვერსიას, მესამე იმის
ცდაში იყო, დაპირიპირებული მხარეები რამენაირად მოერიგებინა და ჯგუფის
მთლიანობა შეენარჩუნებინა. ხალხი - პირველ რიგში პირველ რიგში მოსულები, მეორე
რიგში მეორე რიგში მოსულები, მესამე რიგში მესამე რიგში მოსულები და ა.შ. - ბედს
ემორჩილებოდა, მერე კი, რა რომ ბედს დაემორჩილებოდა და ზოგად, ჯერ კიდევ ოდენ
თეორიულ კომპრომისს გამოიმუშავებდა, მყისვე შეგუების პრაქტიკული გზების გაყვანას
იწყებდა და საფიქრებელია - ამას ადასტურებს კერძოდ ის გარემოება, რომ აქა-იქ უკვე
სმა და სიმღერა იყო გაჩაღებული - საქმეს კარგადაც ართმევდა თავს. ასეთი ქცევა თუ
ღმერთის არსებობას არა, ღმერთის რწმენას კი უეჭველად გულისხმობს და აქედან
გამომდინარე შეუძლია ისეთი რამეები გაამართლოს, რისი გამართლებაც სხვა
საშუალებებით არ ხერხდება. თუმცა ამას მოვეშვათ, მოგზაურობის მთავარი შედეგი
(მთავარი არა მიზანთან და ამოცანასთან მიმართებაში, ამ მხრივ შედეგს, მთავარს ვინ
ჩივის, მინიმალურსაც ვერ მივაღწიე) გახლდათ ის, რომ მოულოდნელად ისეთი
საკრალური პროცესის მონაწილე შევიქენი, როგორიცაა ხალხური შემოქმედება.
პროცესის მიზეზს, კანონზომიერებას და მექანიზმს აქ ვერ ჩავუღრმავდები - ეს შორს
გაგვიტყუებს - და მხოლოდ ფაქტით შემოვიფარგლები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ
გაუთვალისწინებელმა შეფერხებამ მუზები დააღვიძა, მხატვრული იმპულსები
ქილვაშებიდან და პატრონტაშებიდან ამოჰყარა და ადამიანებმა, რომლებიც აქ ადათის,
ხასიათისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების წყალობით ნებაუნებურად ფსიქიკისა და
ღირსების მინიმოდელად ჩამოყალიბდნენ, თანახმად ზეგარდმო მისიისა, ეს მუზები და
იმპულსები იმ დიად საქმეს მიუსიეს, რაც იდეური პირველჩანაფიქრის მიხედვით
ეროვნული უკვდავების განხორციელებას ემსახურება. ვეფხისა და მოყმის ბალადა ამ
დროისთვის უკვე შექმნილი იყო. იგი შექმნილი იყო ჩვენი მონაწილეობის გარეშე (რა
მაგის პასუხია და - „ჩვენს უმისოდ“, როგორც ეშმაკურ-იდუმალი ღიმილით იტყვის ენა,
როცა ზეგრამატიკული თავისუფლების დემონსტრირება მოეგუნებება). ასე რომ, ჩვენ სხვა
რამე უნდა შეგვექმნა. ასეც მოვიქეცით. და ამ საერთო-სახალხო საქმიანობაში - როგორ
ზემოთაც ვთქვი - მეც შევიტანე წვლილი. საზოგადოდ (ამის ცოდნა სასარგებლოა) დემოსს
უზარმაზარი მომნუსხველი ძალა აქვს და, თუ ნებისყოფის უკიდურესად
კონცენტრირებული, უაღრესად მყარი ჯებირი არ დაუხვედრეთ, შეუძლია თქვენი
დამოუკიდებლობის მჯიღი ისე გაშალოს, როგორც ჩაის მჭიდროდ დახვეული ფოთლები
იშლება მდუღარე წყალში. საქმე ის გახლავთ, რომ დემოსი უბრალო სიმრავლე არ არის.
დემოსი ნაღებია, განსაკუთრებული თვისობრიობა, რომელსაც, თავად სიმრავლის
თესლიდან აღმოცენებულს, პირველი იერიში სწორედ სიმრავლეზე მიაქვს, რათა
გახედნოს, მოათვინიეროს, ერთ ძნად შეკრას, კუდი და ყურები დააჭრას, წინა ფეხები
დაუბორკოს, უღელი დაადგას და ისე დაიმორჩილოს და გაიერთგულოს, რომ მასზე
უფრო უტყუარი და უღალატო აღარც მონა იპოვებოდეს სადმე და აღარც იარაღი. ასეთ
ფონზე ის ქარაფშუტული დამოკიდებულება, პერიოდულად რომ ვიჩენთ ხოლმე ამ ცნების
მიმართ, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი უსუსურობის შენიღბვა, ანუ - სხვა სიტყვებით - ჩვენი
უსუსურობის გამომზეურება. სინამდვილეში, ათი ათასი კაცი - თუნდაც ათი ათასივე
მოაზროვნე იყოს - ერთად თუ მოგროვდა, ზეგარდმო აუცილებლობისა ან ბუნების
რომელიღაც ჯერ მიუკვლეველი კანონის გამო, დემოსს ქმნის. სწორედ ამ თვალსაზრისით
ითქმის, რომ ხალხი ბრძენია. ამავე თვალსაზრისით იგი სავსებით სამართლიანად აყენებს
თავს ინტელექტზე მაღლა. ის დემოსიც, რომელიც სახელდახელოდ ჩამოყალიბდა აქ,
გვირაბის წინ, და რომლის წიაღშიც მუზები ბაქტერიებივით ფუთფუთებდნენ, ინტელექტს
თავდაჯერებული შემწყნარებლობით დაჰყურებდა ზემოდან. არ ვიცი, ამის ბრალი იყო, არ
ვიცი, სხვა რამ მიზეზის, ეს კია, რომ მე არც მიფიქრია ამ ძალის ზემოქმედებისგან თავი
დამეცვა. ცხადია, რომც მომეწადინებინა, ვერაფერს გავხდებოდი - ჩემი საწყალი
ნებისყოფა გამოძინებული რა არის, რომ გამოუძინებელი რა იყოს! - მაგრამ მაინც მინდა
ხაზგასმით ვთქვა, რომ არ მომიწადინებია და ამიტომ, რაც უფრო ვუახლოვდებოდი
გვირაბს, მით უფრო მეტად და მეტად ვიხლართებოდი საერთო-სახალხო ბადეში.
მიახლოებით კი ნელა ვუახლოვდებოდი. საცა ჯგუფად თავშეყრილ ხალხს
გადავაწყდებოდი, ცოტ-ცოტა ხნით ყველგან ვჩერდებოდი. საუბარს არათუ არ
გავურბოდი, ვეძებდი კიდეც. მერე და მერე ინიციატივასაც ვიჩენდი. ასე რომ,
ჩემდაუნებურად ვცდილობდი სიმრავლის ის ორგანული და სრულუფლებიანი წევრი
გავმხდარიყავი, რომლის უზენაესი მიზანია დემოსს, ვითარცა თვისობრიობას, უპიროვნო
მსახურად დაუდგეს. რაც შეეხება ჩვენი შეფერხების მიზეზს, ვერაფერი გავიგე. უფრო
სწორად, იმდენი ვერსია მოვისმინე, „ვერაფერს“ საპირისპირო მხრიდან მივადექი. არ
ვიციო, იშვიათად თუ ვინმე მეტყოდა. თითქმის ყველა მოვალედ თვლიდა თავს, კითხვაზე
რაიმე პოზიტიური პასუხი მოეცა. მე ყურადღებით ვისმენდი პასუხს და ახალი პასუხის
საძებნელად მივდიოდი. ამასობაში ჩემი ნებისყოფა, თვითრწმენა, ინტელექტუალური
დამოუკიდებლობა, საერთოდ ის, რასაც სამართლიანად (თუმც კი ერთგვარი შეღავათით)
ინდივიდუალობას ვეძახით, მოდუნდა, მოიმჩვარა, მოირღვა. მერე და მერე კი, რაც რომ
საკუთარ ცენტრს ასცდა და საკუთარ ღერძს მოსწყდა, სულ უფრო აშკარად და აშკარად
ვგრძნობდი, როგორ მიფრინავდნენ ჩემი აურის ეთერული მუხტები ცელქი ტკრციალით
და სხვათა მუხტებს, ასევე უპატრონოდ და უკონტროლოდ მიტოვებულებს,
უერთდებოდნენ. კიდევ ცოტაც და (ეს უკვე გარდუვალი იყო, როგორც განკითხვის დღე)
საერთო ფერხულში ჩავები. ეს ასე მოხდა: ის იყო მორიგ ჯგუფს უნდა გავცლოდი, რომ
ვიღაც მოგვადგა და, როგორც წესია, იკითხა, ხომ ვერ მეტყვით, რატომ ვდგავართო.
ახალმოსულს რომ შევხედე - არ ვიცი რის გამო და - გულმა გაუგებარი რეჩხი მიყო.
შუახნის კაცი იყო, შავი, ხმელი, სათვალიანი. ვიწრო შუბლი ჰქონდა, ჭაღარაშერთული თმა,
უგვანად შეკრული კოპები და ისეთი ზეშთაგონებულად უტიფარი გამომეტყველება,
რომელსაც ძალზე ძნელია რაიმე ამქვეყნიური ახსნა მოეძებნოს. ასეთ კაცს რომ
მთავრობის თავმჯდომარეობა შესთავაზო, ერთს არ შეყოყმანდება. და მე სხვებს
დავასწარი და ვუთხარი: - გვირაბის თავში თურმე გასამხედროებული გველეშაპი ზის და
გამოცანებს იძლევა.
ჩემმა განცხადებამ ჯგუფში (სადაც ისედაც რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია
ტრიალებდა) მსუბუქი ჩოჩქოლი გამოიწვია. ოპონენტმა მტრულად შემომხედა და კოპები
კიდევ უფრო უგვანად შეიკრა. მე თვალი გავუსწორე, მერე კი, მას შემდეგ, რაც ერთი
ხანობა ასე მოღერებული შამფურებივით ვიდექით ერთმანეთის პირისპირ, ზემოთ
ნათქვამს დავძინე: - ახალგაზრდა ყოფილა, მაგრამ ინტერნატში გაზრდილი. გენერლის
ჩინი ჰქონია, ყინულივით ცივი სისხლი და ორი წყება ტუჩ-პირი. ერთი - გამოცანების
ამოსათქმელად. მეორე - ვინც გამოცანას ვერ გამოიცნობს, იმათ ჩასანთქმელად. ჯინსიანს
ჯინსებიანად ნთქავს, უჯინსებოს - უჯინსებოდ.
პასუხად მან თვალებით რაღაც მითხრა ფრიად უწმაწური და ცივად გატრიალდა (ჯინსები
ეცვა). მეც, ვიდრე ჯგუფში ამ ახალი ვერსიის გამო კამათი დაიწყებოდა, სასწრაფოდ
გავეცალე იქაურობას და გზა განვაგრძე.
მაგრამ ჩემზე უფრო ჩქარა, ეტყობა, ამ ჩემმა ვერსიამ იარა. ყოველ შემთხვევაში მე მას,
ესტაფეტაში ჩაბმულსა და გახალხურების შელოცვილ წყალში ერთპირ უკვე
ამოვლებულს, სულ ცოტა ხანში ორჯერ წავაწყდი.
პირველად უფრო წამოვეწიე, ვიდრე წავაწყდი.
წამოვეწიე, კერძოდ, პროვინციული შესახედაობის ორ ახალგაზრდა ბიჭს. ერთი
პროვინციულად შავგვრემანი იყო, მეორე - პროვინციულად წითური. პროვინციულად
შავგვრემანი პროვინციულად წვერმოშვებული იყო, პროვინციულად წითური -
პროვინციულად წვერგაპარსული. რამდენი ხანი მიმიძღოდნენ წინ, სანამ შევამჩნევდი, არ
ვიცი. შემჩნევით კი მაშინ შევამჩნიე, გველეშაპი რომ ახსენეს.
- რაი?
- გველეშაპი. ღამე აუღია გვირაბი და გამაგრებულა შით. ჯის თურმე შესასვლელში...
- რითი?
- რავა რითი?
- რითი ჯის?
- რითი უნდა იჯდეს?!
- შენ რო ჯდები, რითი ჯდები? ხომ გავით?
- აბა?!
- მერე? გველეშაპს აქვს გავა?
- არა აქვს?
- არა!
- როდის ნახე ბოლოს გველეშაპი?
- მტერმა და დუშმანმა ნახოს!
- აბა რა იცი, რომ არა აქვს? იქნება იმისთანა აქვს, იმასთან შედარებით მიმოზა
ქელბაქიანის გავა პინკპონკის ბურთად მოგეჩვენოს!
- ჰუ-ჰუ-ჰუუ!.. შენ კი რა გითხარი! ჰუ-ჰუ-ჰუ-ჰუუ!.. მიმოზა ქელბაქიანის გავა რამ გაგახსენა, შე
ცეცხლწაკიდებულო! ჰუ-ჰუ-ჰუუ!..
- ისე, რო იცოდე, ის გველეშაპი სხვანაირი ყოფილა.
- რანაირი სხვანაირი?
- ყვითელი. თან ავღანეთში ნამყოფი.
- ეეეუჰ!
- აბა! ჯის ახლა გვირაბის თავში და, რომ შეხვალ...
- სად შევალ, თუ ძმა ხარ!
- სიტყვაზე ვამბობ. შენ არ შეხვალ, ვიღაცა ხო შევა! ხოდა, დაგაყენებს კუთხეში და
გტკუცავს გამოცანას. თუ გამეიცანი - არადა, გამოცანები ცოდნია იმისთანა, მტერს და ავს -
თუ გამეიცანი, მოგცემს გზას და გაგიშობს, თუ ვერ გამეიცანი და - რო გგონია, იატაკზე
დგახარ, სინამდვილეში თურმე ქვაბზე დგახარ - პახ! გავარდება გვერდზე ქვაბის სახურავი
და დღლუმპ! ჩავარდები ადუღებულ წყალში.
- რატო?
- რატო! რატო და, დედალივით რო მეიხარშო რგვალად, მიტო. „რა¡თამცა მოიხარშოს
დედალი იგი რგვალად...“ აბაა!
- უმს... მიმო... ჰუ-ჰუ-ჰუუ!.. შენ რა გითხარი! უმს არ კადრულობს ხომ?
- არა.
- კაი ერთი, თუ ძმა ხარ, ზღაპრებში...
- ზღაპრები და არაკები მორჩა. სხვა დროა ახლა. შხამქიმიკატებითაა ყველაფერი
მოწამლული. ვაშლი აღარ იჭმება მოუხარშავად.
- შე კაი დედმამიშვილო, გველეშაპი თუ ხარ...
- გველეშაპი, რო იცოდე, ეკოლოგიურად უფრო აზიზია, უფრო შენახული და, მე თუ
მკითხავ, უფრო პეწენიკიც. თანაც, გითხარი მისი არ იყოს, ყვითელია.
- ნწ-ნწ-ნწ!.. და, ვინც გველეშაპი არაა, იმან რა ქნას?!.. ისე, ერთი რამე კი მეფიქრება...
- ხო...
- არსებობს ვითომ?
- გველეშაპი? რას გეტყვი, თუ იცი... თავიდან მეც ვეჭვობდი. თავიდან კი არა, კაი ძალი ხანი
ვეჭვობდი, მარა აგერ ახლა იმისთანა კაცმა თქვა, კიო... სათქმელად არ გეუბნები და...
მოწიე ყური! იმისთანა კაცმა თქვა, კიო, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძვის.
- რას მელაპარაკები!
- ჩჩუ!.. ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს, ხომ იცი, ტყვილიც დაეჯერება.
- შენი საკუთარი ყურით გაიგონე?
- არა ბიჭო ნანათხოვრებით!
- აქ არის, კაცო?
- ჩჩუ. ორი.
- ორი?
- ჩჩუ-თქვა! ლდერბი.
- რა ლდერბი?
- ჩჩჩუ!.. ლიდერები-თქვა. არალეგალურად არიან.
- ეეეუჰ!.. რომლები, გაფიცებ ყველაფერს?
- ჩჩუ! რვა ნომერი და ცხრა ნომერი. ჩჩუ! არ მითქვამს და არ გაგიგონია... ჩჩუ და დამარხე!
- დამარხულია. უყურე შენ! ჩჩუ! ეძებენ?
- ე!
მეორედ დანამდვილებით წავაწყდი. გზად გადავეყარე.
- ტყვილია მაგ! ჩამოიქცა არა გადაიქცა! კი არ ჩამოიქცა, შესასვლელში ერთი ძონძი
გველეშაპი გათხლაშულა. ყვითელი, ფუჰ! ერთი თუ ფეხი შედგი, თრახ! გკრავს შუბლში
გამოცანას. არადა, გამოცანები ქონია... იმის დედა ვატირე!
- ვაა!..
- გველეშაპი არა ფეხი!
- ე უყურე ამას! მოდი აქ, შე ურწმუნო თომა, სად მიიპარები!
- მოეშვი ნუ!.. არ ჯერა და მაგის ნამეტანი რაციონალისტი კარგიც!..
- ახლო ნახე?
- რას ლაპარაკობ შენ! ახლო ვინ მიგიშვებს! ვერ უყურებ, რა ამბავია! რაც ჩანს, ხო ჩანს და
ერთი მიტინგი ხალხი მაგას იქითაა.
- რა და რა გამოცანები ქონია, ნენა?
- აუჰ! ამან თუ შპარგალკა მოინდომა, გლახათაა საქმე!.. მაგას წინდაწინ ვინ გეტყვის,
ქალბატონო. გამოსაშვები გამოცდები კი არაა!
- მერე, მერე?
- მერე და მერე. გამოიცნობ - დაგეხსნება, ვერ გამოიცნობ და - დაგტკვირავს ძვლებიანა.
ტანზე ასე ა, გარეშემო, როგორც სიმიდის ტაროს, თავიდან ბოლომდე ღოჯები, ეშვები და
ღრჯოლები ქონია წყება-წყება ჩარიგებული.
- ვაა!..
- ო, მალემრწმენნო!
- ბატონო?
- ო-მეთქი, მალემრწმენნო! სად გველეშაპი, სად მეოცე საუკუნე!
- ამას დახე!
- ვინ ხარ შენ, ძმაო?!. რა იცის გველეშაპმა მეოცეა თუ მეორმოცე?!
- ვაა!..
- აბაა! თან ადმირალი, თან ყვითელი. რავალია?
- დიდუჰ!
გვირაბს, როგორც გითხარით, ვერ მივაღწიე. უხილავი სარდალი ლაშქრის რიგებს
სწრაფად ამჭიდროებდა და დაბრკოლების კუთრი წონაც გეომეტრიული პროგრესიით
იზრდებოდა. მართალია ერთი ხანობა მაინც ჯიუტად ვცდილობდი ატომებს შორის ჯერ
კიდევ დარჩენილ ვიწრო ხვრელებში გამეკვლია გზა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როცა
ყველა შესაძლებლობა ამოვწურე და ზღვარს მივადექი, სადაც ადამიანები და მანქანები
ერთიან, მკვიდრ, მონოლითურ მასად შედუღაბებულნი, გადაულახავ ზღუდედ
გადამეღობა, იძულებული შევიქენი გამოვტრიალებულიყავი. უკან რომ მოვდიოდი,
ირგვლივ დიდი ყაყანი იდგა და ჰაერი სავსე იყო ქაოტურად გაბნეული ბგერებით,
რომლებიც წამიწამ ერთმანეთს ეხლებოდნენ. ბგერები სხლტებოდნენ ერთიმეორისაგან,
ამსხვრევდნენ ერთიმეორეს, იკინძებოდნენ ერთიმეორეზე, იხსნებოდნენ ერთიმეორეზე,
ერთდებოდნენ, კავშირდებოდნენ, ივსებოდნენ, ძლიერდებოდნენ, იზრდებოდნენ,
იზრდებოდნენ, იზრდებოდნენ და საბოლოოდ ქმნიდნენ ხმოვანი გარსის ვეება ქსოვილს,
რომელიც, როგორც ატმოსფერო დედამიწის ბურთს, გნებავთ, როგორც თავდაცვის
ინსტინქტი საფრთხეში ჩავარდნილ სიცოცხლეს, არამკითხე პატრონად და მცველად
შემოხვეოდა აქაურობას (იხ. აუდიორუქა). მე, უკვე ოდნავ დაყრუებული, ოდნავ
გაბრუებული და გვარიანად დაძაბული, ფრთხილად მივაბიჯებდი გნიასის ამ ბლანტ
ქარბორბალაში და იმ ადგილას, საიდანაც წამოვედი, რაღაც მოუხელთებელი, მაგრამ
არსებითი ნიშნით გაცილებით უფრო შეცვლილი დავბრუნდი, ვიდრე ცვალებადობის
ყველაზე მკაცრი მათემატიკური და ფსიქოლოგიური ფორმულით მომეთხოვებოდა.
შეფერხების მიზეზთა შესახებ ვერსიები ბლომად მოვაგროვე. თუმცა, შეფარდებითი
სამართლიანობა და ზომიერი თავმდაბლობა მავალებს, მეტისმეტად არ გავუტიო და,
ვიდრე ამბავს განვაგრძობდე, ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით განვაცხადო
შემდეგი: თუ ზემორე მონათხრობის მიხედვით ვინმეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს
ჩემი ნახევრად გველეშაპური და ნახევრად სამხედრო ვერსია მთავარი და
გაბატონებული იყო, იცოდეს, რომ ცდება. ჯერ ერთი, ჩემი მონაცემები ემყარება არა
სისტემატურ კვლევას, არამედ შემთხვევით ყურმოკრულ სიუჟეტებს, რაც ვერც ალბათობას
შეცვლის და ვერც ობიექტურ სოციოლოგიურ გამოკითხვას. მეორე, თვით ამ შემთხვევით
ინფორმაციებშიც კი არც ერთი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი პარამეტრით
(გავრცელების სიხშირე და ინტენსივობა, მასალის სიღრმე, სიმძაფრე და სინატიფე,
ხალხურობის სპეციფიკური კოეფიციენტი, სისადავე, კომპაქტურობა, ინტრიგის სიმწვავე
და სხვ.) დანარჩენი ვერსიებისგან არ გამოირჩეოდა. უბრალოდ, რაკი საკუთარი იყო,
ცოტა მეტი ადგილი დავუთმე, რაც მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ორდინალური დებულება
- ადამიანს სხვისას თავისი ურჩევნია - კიდევ ერთი მაგალითით დავადასტურე. და თუ
საქმე მაინცდამაინც გამორჩევაზე მიდგება, გამორჩეული იყო (ყოველ შემთხვევაში სხვაზე
უფრო ხშირად იხსენიებოდა და სხვაზე უფრო მწვავე ინტერესს აღძრავდა) სიუჟეტი,
რომელსაც პირობითად შეიძლება ქვესკნელის ვერსია ეწოდოს. ამ ვერსიას კიდევ
მივუბრუნდებით, შესაძლოა საგანგებო სპელეოლოგიური ექსპედიციის მოწყობაც
მოგვიხდეს მის შესასწავლად, მანამ კი მინდა კიდევ რამდენიმე გავრცელებული ვერსია
დავასახელო, რათა თვალნათლივ გაჩვენოთ, თუ რაოდენ ფართო იყო დროისა და
სივრცის ამ უცნაურსა და თავისებურ, ვინ იცის, სამყაროს წესრიგიდანაც ამოვარდნილ,
მონაკვეთში ჩვენი ინტელექტუალური, ფსიქიკური და შემოქმედებითი დიაპაზონი.
მაგალითად, აქ მოისმენდით როგორც უაღრესად მწირსა და რეალისტურ (გვირაბის ჭერი
ჩამოიქცა, გრუნტის წყლებმა ამოხეთქა, შუქი გამოირთო...) ისე, ნახევრადფანტასტიკურსა
(გვირაბში ღამურები დაჩეკილან, ლოკალური მიწისძვრა მომხდარა და დიდ-დიდი
ღრმულები გაჩენილა, გვირაბი დანაღმულია, გვირაბი ვიღაცას გადაუტიხრავს...) და
საბოლოოდ ლაგამგადაღრღნილ ვერსიებს (მიწისქვეშა გამყინვარება დაწყებულა და გზა
ყინულითაა დაფარული, მეტეორიტი ჩამოვარდნილა და გვირაბის ბოლო ამოუქოლავს,
ვულკანი ამოფრქვეულა, უცხო მიზიდულობის ძალა გაჩენილა, რომელსაც მანქანები თავს
ვერ აღწევენ, გასასვლელში მფრინავი თეფში ჰკიდია და, რომელი მანქანაც მოეწონება,
მგზავრებიანად იტაცებს, გვირაბი შეცდომით ჯოჯოხეთის თავზე ყოფილა გაყვანილი და
გოგირდს ამოუხეთქავს, შესასვლელში შონიას ხალხი დგას...).
აუდიორუქა
დროის უეცარი მოსახვევი თავგადახდილ უფსკრულზე. დეკარტეს კოორდინატთა
სისტემა გაზაფხულის ჭრელ ყვავილებში მარხია. მზე შუბლშეკრულია და დაეჭვებული,
მოლოდინი - გრძელი და ამაო, მასშტაბი - არეული, კრიზისი - შეშუპებული, და
ავტოჰიპნოზია ერთადერთი, რისთვისაც არა ჯებირი და არა დაბრკოლება არ არსებობს.
ფრაგმენტი №1
- ნამეტანი გრძელ აქციას ნუ წამოიწყებთ. ხომ იცით, თქვენც სიკვდილის შვილები ხართ და
იგენიც.
- ვაი ჩვენი ცოდვა!
- ჩაიწი, ნუ მეფარები!
- ნუ ეფარები!
- ნეტა თქვენ, რომ ღლაბუცის გუნებაზე ხართ!
- კი მარა, თუ პროფესიონალი მოღალატე ხარ, რჩევას რეიზა დაიწყეფ, ვისაც გეტყვიან,
იმას უღალატეფ და, რავარც გადაგიხდიან, ისე უღალატეფ.
- არც თლა მასეა საქმე.
- არა, ბიჭო!
- სამოცდათექვსმეტჯერ ავჭიმე! დაიჯერებთ?
- საღოლ, ძმაო!
- გაგიჟდნენ კინაღამ.
- აბა რა მოუვიდოდათ!
- გინდ ასე თქვი, ჩემო ნაპოლეონ, გინდ ისე, ჩვენი გადასატანი ჩვენ უნდა გადავიტანოთ.
- გადავიტანთ. მაგისთანები გადაგვიტანია?!
- რა იქნება, მართლა არსებობდეს ღმერთი!
- რა იცი, რო არ არსებობს?
- ხათუნა!
- დავსახლებულიყავით ბარეღამ ამ ტყეში. აწი ქეც რო გეიხსნას, ერთ კვირას მოვუნდებით
აქიდან გასვლას.
- რა ვქნა მერე მე? ჩემი ბრალია?
- აჰ, არა, რავა გეკადრება! ჰმ...
- პირიქით, მე იმას ვამტკიცებ, რომ აუცილებელი არ არის ადამიანმა სიკეთე ჩაიდინოს,
მაგრამ თუ ჩაიდენს, აუცილებელია დაივიწყოს, რომ ჩაიდინა. ეს გახლავთ ქრისტიანობისა
და საერთოდ ჰუმანიზმის ერთი უმთავრესი პრინციპი.
- ახლა გასაგებია.
- გავივლით ცოტას ჩვენ. აქედან წამსვლელები მაინც არ ვართ ჯერ.
- დამიცადეთ, მეც მოვდივარ!
- დედა-დედა-დედა!
- ნუ მოთქვამ, შე ქალო! ნეტაი ამაზე გადეიაროს და რას ლაპარიკობ შენ!
- გატყობ, ატყობ, ვარესი იქნება...
- ვატყობ კი.
- ბატონო ივლიანე! ბატონო ივლიანე!
- ბატონო.
- „გიყვარდეს მოყვასი შენი...“ ბუნების კანონებში ვერ თავსდება, ხოლო „შეიყვარე მტერი
შენი...“ ვერც ლოგიკის ჩარჩოში. როგორ ავხსნათ ეს?
- საღვთო კანონები ამქვეყნიურ შესაძლებლობათა თეორიული ზღვარია, როგორც
წრეხაზია მრვალკუთხედის თეორიული ზღვარი; ამიტომ გრძნობად სამყაროში ისინი ვერ
მოქმედებენ. გრძნობად სამყაროში მხოლოდ საერო კანონები მოქმედებენ. საღვთო
კანონების ამქვეყნიური დანიშნულება კი ის არის, რომ მოსამართლის მანტიად უნდა
გვქონდეს წამოსხმული, როცა საერო კანონებით ვსჯით. ცხადია, თუ ზღვრის
მიმართულებით სიარულს ვაპირებთ.
- მადლობთ.
- ნეტა იმის ტურა მქნა, ესენი რაღას დაწანწალებენ წაღმა-უკუღმა! ვერ დაეტევიან იმ
თავიანთ კაი-კაი ქვეყნებში!
- შენ გაუგებ მაგენს!
- ხათუნა-თქვა!
- სრულწლოვანი ვარ მე!
- სპიჩკა ხომ არ გექნება, ქალბატონო?
- სპიჩკა არა მუგუზალი, გადაშენდი იქით!
- ხათუნა, დედა, მობრუნდი, რო გელაპარაკები!
- მეყო, რაც ვიბრუნე თქვენს ჭკუაზე, სრულწლოვანი ვარ მე!
- არ იქნა შენი სრულწლოვანება! მოდი, გოგო, აქ!.. წაატანს ამ უბედურს ვიღაცა ხელს და...
- წაატანს და მაგი უნდა მაგასაც.
- ბატონო?.. ასე, პირველის ნახევარი იქნება.
- ანალოგის ძებნა ფსიქიკის ერთი ძირეული თვისებაა, ერეკლე, და არ შეიძლება მას
მეტაფიზიკური ბაზისი არ გააჩნდეს.
- გასკდა გული!
- კაცო!
- ჰო.
- დავიზეპიროთ თუ რა ვქნათ?
- რა უნდა დაიზეპირო, ქალო, ხუ არ აურიე!
- ოღონდ იცოცხლე ადამიანმა და რას არ ნახავ თურმე ამ დასაქცევ ქვეყანაზე!
- თუ დავინახე, ჩემზე უკეთესი ღმერთი ჰყავს ვინმეს, ის შემშურდება.
- სხვა?
- სხვა კაცისა რა უნდა შემშურდეს, შენი არ მიკვირს?!
- აუ, გენაცვალეთ! შეხედეთ, შეხედეთ!
- რა იყო, ჭობი, რამ აგახუნტრუცა?
- რამ აგაჭყვიტინა, ჭობი?
- ჭობი, რა ხუზარა შეგიძვრა?
- აუ, აუ, აუ! შეხედეთ! აქეთა რვა ნომერია, იქითა ცხრა. ჭირიმე თქვენი, ახლა მიტინგს
გამართავენ!
- ნეტა არ არაკუნებდე! სად რვა და სად ცხრა! რა აქვს საერთო რვა ნომერს ცხრა
ნომერთან? თვარა, ბუდუს ვკითხოთ აგერ.
- მე თუ ბუდუ ვარ, ცხრა ნომერი საერთოდ აბსურდია.
- ა, ჭობი!
- გეგონოთ, მაგაა რაცაა! რვაზე ნაკლები ახლაც არაა, ვენაცვალე! მალე ისე გაქაჩავს,
ექვსი გახდეს იქნება.
- ექვსი თუ გახდა, მაშინ კი. თვარა, ბუდუს ვკითხოთ ისევ.
- მე თუ ბუდუ ვარ და მაშინაც ბუდუ ვიყავი, ჯერ რვა ნომერი უნდა ვახსენოთ, მერე ოცდა-
სამი და ბოლოს ექვსი. სამარკოები მაგენს ქონდესყენ.
- თფუჰ!.. არ გტკივათ თქვენ ერის სატკივარი, თქვე გაოხრებულებო!
- მოიცა, ჭობი, სად მიხვალ?! გულს ნუ აყვები, ჭობი, გვტკივა, რავა არ გვტკივა!.. თქვენც
ნამეტანი იცით. ჩაუკაკლავს ახლა იმ კონკორდია დეგენერატს ყველაფერს და უყარეთ
მერე კაკალი! ვითომ არ იცით, რო დღეს არა და ხვალ მაგენის ხელში გადავა, რაც
ციხეები და კოლონიებია!
- კალიმაც?
- ჯერ ერთი, კალიმა კი არა, კოლიმა.
- მერე მეორე?
- შენ არხეინად იყავი.
- ხათრიჯამად იყავი.
- ღმერთმა მეტი სადარდებელი არ მოგცეს.
- ნოუ პრობლემ.
- წაიგდეთ ჰო ენა! ნახავთ აგერ, თუ არ ჩაუკაკლავს!
- ხი მოო! ჩაუკაკლავს თვარა ფეხები არ მოგვჭამონ! კომუნისტებმა ხომ მოკაკვეს თითი
მატერიალური კეთილდღეობის წინაშე? მაგენიც მოკაკვავენ.
- მოკაკვავენ აბა რას იზამენ!
- ისე, კომუნისტებს მე ეგენი მირჩევნია.
- მეც. უფრო უტუები არიან.
- უტუები არიან თუ კუტუები, არ ვიცი, მარა ფულზე ყველას თვალები აქ დაპრაწული. მისი
წილი მოუტეხე და მაროჟნივით დაგიდნება ყველა, გინდა უტუ იყო და გინდა ის... მოდი აქ,
ჭობი, შე ჩაუხა!
- ფეხუცა.
- შე ფეხუცა!.. დედის სულს გეფიცები, კედლებზე დავდივართ, ისე გვტკივა!
- საკმარისია არსებობის აზრი ვიპოვოთ, რომ არსებამ აზრი დაკარგოს. მაშასადამე,
არსებობის აზრი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ არსებობის აზრი უნდა ვიპოვოთ, არ
არსებობს.
- მეგობარო, ერთი ეს ჭიქა დაგვილიე.
- ჭიქაა ეს?!!!
- პროგრესი? მაგრამ პროგრესი ხომ სხვა არა არის რა, თუ არ უწყვეტი არჩევანი ზნეობასა
და ცივილიზაციას შორის ცივილიზაციის სასარგებლოდ.
- ვითომ?
- რაღა „ვითომ“ გინდა, ამხელა კაცი გეუბნება!
- გამოდის რომ ზნეობა აბსოლუტურად დაღმავალი ხაზი ყოფილა.
- ზნეობა ხაზი არ არის. ზნეობა შარვალია. შარვალი ზოგს აცვია და ზოგს არა. ვისაც არ
აცვია, თავიდანვე უშარვლოდ დატუნტულობს. ვისაც აცვია, ცოტა ხანში იმასაც
უპატარავდება და მერე ისიც უშარვლოდ დატუნტულობს. მაგალითები გინდა? ა ბატონო: -
გამოადგი ადამიანო, ფეხი!
- მოვდივარ ხო. იარე შენ და დაგეწევი.
- ახლა რამდენი გენიოსი უქმად დაგვეკარგა!
- რამდენი?
- რამდენიც გინდა.
- მაინც?
- რა ვიცი...
- აბა ვინ იცის?
- სხვა მე შენი არაფერი მინდა, ოღონდაც კი გული გქონდეს წმინდა!
- საღოლ! პოეტი ხარ იმისთანა, თვალები რომ ამოგჩიჩქნოს კაცმა, ჰომეროსს
გადაუხურავ!
- მოიცვი ქალო, რაღაცა, რას მოშილიფებულხარ ამ მილეთ ხალხში!
- დაბამბულებს ჩავიცმევ მაგ ზღმურტლიანების გულისთვის!
- დაგბამბავ მე შენ!
- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყოფიერების პირველმიზეზზე ვსაუბრობდით, ითქვა, რომ
ერთი, როგორც იდეის ფორმა, და არაფერი, როგორც იდეის შინაარსი, ქმნიან
ერთარსოვანი სამების პირველ ორ წევრს. ახლა ამას უნდა დაემატოს სიყვარული,
რომელიც, როგორც განხორციელების პირობა, სამების მესამე დამფუძნებელი წევრია.
- ვუთხრა, სამიდან ერთი ყოფილა-თქვა?
- არა, კაცო, სირცხვილია!
- ხათუნიი!..
- ისე, ვის ეკუთვნის ნეტა აგი ტერიტორია?
- ოფიციალურად?
- ხოდა, ყველაფრის ცოდნა რომ შეუძლებელია, იაგო ჩემო, ეს უკვე ნიშნავს, რომ
შემეცნება იმთავითვე მცდარი გზით წავიდა.
- ხომ იტყვიან: „დღეს ასი თუმანი ვიშოვე“? იტყვიან. მაგრამ აბა თუ ვინმე იტყვის: „დღეს
კარგი მეტაფორა ვიშოვე“!
- შორიდან არც ერთი ქალი არ დაიწუნება!
- ზოგი არც ახლოდან დაიწუნება.
- ზოგი არა, მაგრამ ზოგი კი.
- ზოგი კი, ჰო.
- შეხედა კეისარმა ბრუტოსს და გაკვირდა კეისარი ნამეტანი. ისე გაკვირდა, მეტი აღარ
შეიძლებოდა. დავიჯერო, ჩემო ბრუტოს, შენც მაგენისკენო? - შეიცხადა. ნუ დაიჯერებ, თუ
გინდაო, - ამ უნამუსომ. ეს რომ გაიგონა, სულ გადირია კეისარი: ამისთანა ხალხის
შემხედვარეს აწი სიცოცხლე რაღად მინდაო... ქეც მოკლეს, ხო.
- სპიჩკა ხომ არ გექნება, ქალბატონო?
- თუ, მაშდამე, სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო ხელისუფლება - მისი ტვინი,
მაშინ საქართველოს ქრონიკული ტვინის ანთება სჭირს და, რაც დრო გავა, იგი უფრო და
უფრო მძიმე ფორმას მიიღებს.
- მასე იქნება, კი.
- რატო, რატო?
- სად მიფორთხავ, ბიჭო, ფეხს დაგადგამს ვიღაცა!
- ქალო!
- იფ, რა დედამ შობა ეს ვირიშვილი!
- მგონი მართლა მიტინგი იწყება.
- მივიდეთ ახლო?
- მიხვიდე, თორემ ეგენიც იმისთანა სიბრძნეს ამოაფრქვევენ, ზედახორა გაიმართება მის
ასაკრეფად!
- მივიდეთ, მივიდეთ.
- მოიცა, კაცო! ამათ თუ თავისებური ბღავილი მორთეს, მივიდეთ კი არა, სად დავიმალოთ,
იმაზე იფიქრე!
- გამომიჩნდა მშვიდობის მაძიებელი! გადი, ძაღლო, იქით!
- პროგნოზი გახლავთ საბუთიერი წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველება გახლავთ
უსაბუთო პროგნოზი.
- რვა ნომერი და ცხრა ნომერიაო, ამბობენ.
- გადაებან ერთმანეთს!
- ენას კბილი დააჭირე, ამხანაგო! და ერს ნუ არცხვენ!
- ა ბატონო, ა!
- ოვიდიუსიც ელვარე ნიჭი გახლდათ და ვერგილიუსიც, მაგრამ დააკვირდით
განსხვავებას: ვერგილიუსი ზამთრის გრძელ ღამეებში ფერხთით ეჯდა იმპერატორ
ოქტავიანეს და ქვემოდან უკითხავდა ენეადას, მაშინ როცა ოვიდიუსი, დასჯილი და
იმპერიის კუთხეში დაყენებული, შორიდან აკრაჭუნებდა კბილებს და მამაცურად
ცდილობდა ნოსტალგია მახვილგონივრულ პოეზიაში ჩაეხრჩო. აი, რა არის
ნიშანდობლივი!
- პრაქტიკულად ყველა გზა რომში მიდის. განა ლინკოლნისა და მაჰათმა განდის
პერპენდიკულარული გადაწყვეტილებანი თავისი პარალელური ფინალით მაგას არ
ადასტურებს?
- მართალია.
- ღმერთმანი, მართალია.
- მართალია, სართანია, ბუდიონი სარდალია!
- ველური სკა, ბატონებო, თუ საჭირო ტექნიკა და ტექნოლოგია ვიშოვეთ, დიდი შეღავათი
იქნება ჩვენი გაფაღარათებული ეკონომიკისათვის.
- შენ არავინ ჩაგიშვია, ხომ იცი, შენმა მზემ!
- ვინ ჩავუშვი? დაასახელე, დაასახელე!
- გაიგე? მართლა გველეშაპი ყოფილა.
- ყოფილა და ყოფილა! მე ჩემდათავად უკვე აღარაფერი მიკვირს.
- მე კიდე ჩემდათავად უკვე ყველაფერი ფეხებზე მკიდია!
- რას ამბობ! ღმერთმა დამიფაროს, ჭკუა ვასწავლო ვინმეს, მით უმეტეს მაგისთანა უჭკუოს!
- ნელა, შე საოხრე!
- მოემზადეთ, ბატონებო, უკვე გავდივართ განვითარებული სოციალიზმიდან.
- შევსულიყავით ჯერ...
- ყურადღება, ყურადღება! მატარებელი ნომერი ცამეტი ხუთი წუთის შემდეგ გავა
განვითარებული სოციალიზმიდან!
- გააჩუმე ენა, შე სასიკვდილე! კუმ ფეხი გამოყოო...
- შონია წამოსულაო, ამბობენ.
- ჯინჯილებიანად ნეტა?
- არ გაგიგოს, თორემ გაგაჯინჯილებს კარგად!
- მე ამაზე ვუთხარი: ვიდრე სიმდიდრე და პატიოსნება ერთმანეთის უკუპროპორციული
სიდიდეებია, რა ვქნა, ჩემო ძვირფასო, და მდიდარი ვერ გავხდები-მეთქი.
- კარგად გითქვამს. რაო მერე?
- გამეყარა.
- საქართველო, მეგობრებო, მცირემიწიანი ქვეყანაა. წმინდა სისხლის ქართველებს ძლივს
გვყოფნის.
- ე!
- თორმეტ თუმანს ვიძლევი და დაკა ხელი!
- ხელს თუ გინდა დავკრავ, მაგრამ თოთხმეტ თუმანზე ნაკლებ არ იქნება.
- დიახ, მაგრამ იმავ დროს, იმავ გარკვეული აზრით, ისიც შეიძლება ითქვას, რომ შრომამ
დაღუპა ადამიანი.
- საერთოდ, სიმართლე, როგორც წესი, უმცირესობის მონაპოვარია. ვიდრე მასობრივი
კულტურა და მასობრივი ინტელექტი განვითარების ისეთ დონეს მიაღწევს, რომ
სიმართლემ უმრავლესობის გრძნობა-გონება დაიპყროს, ბარე ორი ტურა იკივლებს.
- სადმე, დედამიწისგარე ცივილიზაციებში შეიძლება იკივლა კიდეც უკვე.
- თუ არსებობს ტურა დედამიწისგარე ცივილიზაციებში, კი.
- ჰო, თუ არსებობს, რა თქმა უნდა, თორემ ისე რას იკივლებდა!
- არ ჩაიხადო, დემეტრე!
- როდის გაგვიშვებენ ნეტა?
- სად გაგიშვებენ, გადატიხრული ყოფილა გვირაბი!
- გადატიხრული?
- ჭურში ზიხარ?
- აბა რა ვქნათ? ვიყოთ ასე?
- უკან დაბრუნება ჯობდა ყველაფერს, მაგრამ ამ ხალხს რამეს შეასმენ?!
- ხალხი არა ის! ბრბო, ნახირი, ჯოგი, ხროვა...
- მასა.
- მასა...
- სპიჩკა ხომ არ გებნება, ქალბატონო?
- ქალბატონი ვარ ამხელა კაცი, შე მამაძაღლის გაჩალიჩებულო?! მიაშავეთ ვიღაცამ
ერთი კოლოფი და გააჩუმეთ! გამომიჩნდა აქ პრომეთეი!..
- ეეე!..
- რაც კააარგები ვააართ...
- როგორც სიჩქარე რელატური მოძრაობაა, როგორც სხეული რელატური მატერიაა,
როგორც მრავალი რელატური ერთია, ასე ადამიანი რელატური ღვთაებაა, მაგრამ ამას
მხოლოდ მაშინ გავიცნობიერებთ, როცა ჩვენი ცნობიერების ჭურჭელი ფუჭი ხარახურისგან
დაიცლება და კარგად გამოირეცხება.
- მომშივდა ხომ იცი!
- წამოვიღოთ რამე-მეთქი, გითხარი და არ ქენი...
- არ ქენი კაია! რა ვიცოდი ამ სახელმწიფო გზაზე გველეშაპები თუ დამხვდებოდნენ!
- არ იცოდი და მოითმინე.
- ვითმენ, აბა რას ვშვრები! აღარც ვთქვა?!
- კეთილი, მაგრამ თუ ჰერკულესის გადაჭარბება შეუძლებელია, მაშ რაღა აზრი აქვს ისეთი
ხალხის გაჩენას, რომელთა დანიშნულება გმირობაა?
- მე მანდ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. თანაც გმირობა დანიშნულება არ არის. გმირობა
მხოლოდ საშუალებაა.
- ბატონი ბრძანდებით, ეგრე იყოს.
- ხალხი, იმ ერთი ანდაზისა არ იყოს, ციხეშია.
- გამოუშვით ნაწილი.
- კარავი მაინც მოგვცა!
- დაგიხატავენ!
- არ დაკვირვებიხარ, მაგალითად, სიძულვილით შეპყრობილი კაცი ფიზიკურადაც რომ
მახინჯდება ნელ-ნელა?
- ეროვნულ უმცირესობათა უფლებები მთელ მსოფლიოში ილახება მეტ-ნაკლებად.
საქართველო ამ მხრივ არავითარი გამონაკლისი არ არის.
- კი მართალია, ყველანი კომპრომისის მაგნიტურ ველში ვიბადებით, მაგრამ ესეც ხომაა,
რომ ბედისწერა ზოგს ცენტრში მიგვიჩენს ადგილს, სადაც მიზიდულობის ძალა მეტია,
ზოგსაც პერიფერიაში.
- იმას შეხედეთ!
- მაგ რაა! ცოტა ხანში აქაურობა ერთ დიდ ფეხისალაგად რომ იქცევა, მაშინ ნახე!
- ეჰ, ნეტა კი თურქეთის ხონთქრად გავჩენილიყავ!.. დედაკაცო!
- ჭირი და ხორველა!
- კარგი არ იქნებოდა განა, თურქეთის ხონთქრად გავჩენილიყავ, ჰა?
- აი, თურქეთის ხონთქარი შენა და!.. ძლივ ძილი წამამეპარა, შენამც წამოგპარვია მიქელ-
გაბრიელი, რა მეთურქეთიხონთქრებოდა!
- ძალიან კარგი. ვუწოდოთ მაშ ამას პირობითად ნაციონალისტური ხურვება და წავიდეთ
წინ.
- არ მითხრა ახლა სპიჩკაო, თვარა გაგათავე აქავე!
- ნეტა აქედან გასვლა თუ გვიწერია დღეს?
- მე მეუბნებით?
- ეს კომუნისტების შესანდობარი იყოს. აწიეთ მანდატი, რომელს გიყვარიათ აქანა
ლენინი!
- ახლა ხართ ხომ, ბიძიკო, დიდ გულზე?!
- აწიეთ-თქვა ერთგულების მანდატები! პროცენტულად აწიეთ!
- ყველამ თავის მანდატს მოუაროს!
- ეს პროცენტულად აწევა რაღაა?
- ჰუმანიზმი უწინარესად საკუთარი თავისუფლების ნებაყოფლობითი შეზღუდვაა სხვის
სასარგებლოდ. ღირსეული საზოგადოება მხოლოდ ამ პრინციპზე შეიძლება აღმოცენდეს.
- გული მიგრძნობს, შონია მოვა.
- საქართველოს ისტორია, ჩემო კეთილებო...
- ყველაფერი შემოსაზღვრულია, მხოლოდ ღმერთია უსასრულოდ განფენილი.
- სპიჩკა...
- უხ შენი!..
- გვეჭამა, რა ვქნა, რაღაცა.
- კიდევ?..
- მე თუ შემჭამ, არ ვიცი და სხვა, რაც იყო, შეჭამე უკვე.
- ქათამია იმაში... ცალკე იდო.
- გასკდა შენი სტომაქი!
- მუცელი.
- თუნდაც.
- მამულიშვილნო! დღემდე არ წყდება ძირმომპალი იმპერიის დამქაშთა მზაკვრობანი!
კრემლიდან ჯოჯოხეთის ოხშივარი ამოდის!..
- ისევ ჩართეს ამათ! წამოდით, ცოტა ქვევით ჩავინაცვლოთ.
- მოიცათ რა! ცხრა ნომერია, ხომ იცით, ვეხუტუნე!
- ისე, „ოხშივარია“ სწორი თუ „ოშხივარი“?
- ლიტერატურულად „ოხშივარია“.
- ლიტერატურულად არა ბრიტერატურულად! ვინც მაგ სიტყვას ხმარობს, ის „ოშხივარს“
ამბობს, ვინც არ ხმარობს, იმან რა იცის!
- მომასმენინეთ რა!
- სტრეპტოციდი ხომ არა გაქვთ ვისმე?
- აუჰ! არა.
- სპირტით მაინც მობანეთ, კაცო.
- ბანი, ვალიკო!
- თუ გავითვალისწინებთ იმ ინდუქციურ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის, ვითარცა
შეფარდებითი მოძრაობის, ბოლო პუნქტი სიკვდილია, დებულება „საქართველოს
მრავალი გაჭირვება გადაუტანია, მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამასაც გადაიტანს“
ცრუ ლოგიკაა, რომლის სწორი ვარიანტი (მას შემდეგ, რაც გადაბრუნებულ ალბათობას
ისევ გადმოვაბრუნებთ) იქნება: „საქართველოს მრავალი გაჭირვება გადაუტანია,
მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამას ვეღარ გადაიტანს“.
- დაგეძინა, დედა გენაცვალოს?
- დამეძინა არა ის!
- დუ იუ სპიკ ინგლიშ, მაი დარაგოი?
- ეგრეთწოდებული საბჭოთა კავშირი მაინც მალე დაიშლება. ეს ინსტინქტის მდაბიური
წინასწარმეტყველება არ გეგონოთ, ეს მეცნიერული პროგნოზია.
- ნეტაი შენს ხასიათს!
- მაგას რა მიხვედრა უნდა: კალიმაქე.
- რატომაც არა! სიამოვნებით აგიხსნით: როდესაც ზეგარდმო ძალას სურს რაიმე
გვამცნოს, ინფორმაციას კოდის სახით დებს მიზეზ-შედეგობრიობის დინამიკაში და, თუ
კოდი რთული არ არის, ანუ მიზეზ-შედეგის იმაზე მეტ რგოლში არ არის გაბნეული, ვიდრე
შემეცნება გაწვდება, ჩვენ კოდს ვშიფრავთ და ინფორმაციას ვითვისებთ. ეს არის სულ.
მაგრამ თუ ინფორმაცია რთული სახითაა მოწოდებული და შემეცნების ამჟამინდელ
შესაძლებლობებში ვერ ეტევა, ჩვენ ვპოულობთ ან მხოლოდ მიზეზს ან მხოლოდ შედეგს
და მას „სასწაულს“ ვუწოდებთ, რაც ჩვენი უფლებაა.
- დემეტრე, რა გითხარი მე შენ?!
- დროა ერმა გაიღვიძოს, ბატონებო!
- ე ბიჭო, გავეცალოთ, სანამ ბუდილნიკებს ჩამოგვირიგებდნენ!
- ქალო-თქვა!
- აი ეგ არის ტიპიური იდეოლოგიური ბლეფი. საერთო-სახალხო საკუთრება შეიძლება
იყოს ცა, მზე, ვარსკვლავები. ღმერთი, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ არა მიწა. ვინაიდან
საერთო-სახალხო საკუთრების მთავარი ნიშანი - შენ ხარ ჩემი ბატონი და მე ვარ შენი
ყურმოჭრილი ყმა - ის არის, რომ იგი ლიმიტირებას არ ექ-ვემ-დე-ბა-რე-ბა. გაიგეთ ახლა?
- ერთხელაც იქნება დაგიჭერ, შე ბნედიანო!..
- პატრიოტიზმი ღაბაბია, მგელიკავ. არაფერი საჭირო არ არის, მაგრამ არც არაფერს
გიშავებს, თუ მეტისმეტად დიდი არ გაგეზარდა.
- სპიჩკა ხომ არ გექნება, ქალბატონო?
- არა, დედა.
- მონავალა თურმე.
- ვინ?
- შონია. გზაში ყოფილა.
- მონავალა არა წანავალა!
- განავალ-გამონავალა.
- რა იცი?
- თქვეს.
- ნეტა გამაგებინა, როგორ იგებს ეს ხალხი ამ ცხელ-ცხელ ამბებს! ფოსტით?
ტელეგრაფით? ტელეფონით? რაციით? ფაქსით? ტელექსით? თუ მთა-მთა კოცონებს
ანთებენ?
- მე რა ვიცი, ასე ამბობენ და...
- იცით, ესენი უნდა გავაღმერთოთ! ნამეტნავად ცხრა ნომერი.
- ვაახ, კაცოო!..
- რა იქენ, მამი?
- შაქარი თუ შეგხვდა ამ თვეში?
- პარალელური ეწოდება ხაზებს, რომლებიც არსად და აროდეს იკვეთებიან, ხომ?
კეთილი. მაგრამ მოდი ახლა ვიკითხოთ: რას ნიშნავს „არსად“, რას ნიშნავს „აროდეს“ და
რას ნიშნავს „იკვეთებიან“? ესეც არ იყოს, პარალელურ ხაზებს თუ ვაღიარებთ, მაშინ
პარალელური სივრცეც უნდა ვაღიაროთ, პარალელური დროც, პარალელური
სიცოცხლეც. მეტიც: პარალელურ სიცოცხლეთა უსასრულობაც. მერედა გავბედავთ?
- კაიხანს ვერ გავაღწევთ, ვატყობ მე, აქედან.
- ნწ-ნწ-ნწ!..
- რა გაყვირებს, შე კაცო?!
- სტერეოტიპებს შეუმოწმებლად ნუ ენდობი. გამრავლება არ არის აბსოლუტურად და
უპირობოდ დადებითი მოვლენა. უნდა გახსოვდეს, რომ რამდენჯერაც გამრავლდება
მოსახლეობა ზოგადად, იმდენჯერ გამრავლდებიან მისი ცალკეული ნაწილები:
მკვლელები, ქურდები, როსკიპები (ეს უკანასკნელნი შენს ასაკში შესაძლებელია
უარყოფით მოვლენად არც ჩათვალო, მაგრამ შეეცადე პირად ინტერესებზე მაღლა
დადგე და პრობლემას გლობალურად შეხედო), ყაჩაღები, ცილისმწამებლები, ქლესები,
მონები, გონებასუსტები (ის რომაა, მაგალითად, ისეთი), შარახვეტიები, მომხვეჭელები,
მედროვეები (ესენი რომ არიან, მაგალითად, ისეთი), თავდაჯერებული უვიცები და რა ვიცი
- ნაირ-ნაირი სახეობის შეპყრობილები და ზნედაცემულები. ამიტომ, ვიდრე გამრავლების
საჭიროებას აღიარებ, ჯერ კარგად დაფიქრდი, რა თანაფარდობაა ამ მხრივ იმ
საზოგადოებაში, რომლის გამრავლებასაც ქადაგებენ.
- მინისტრი, რომ იცოდეთ, მსახურს ნიშნავს.
- ვა-ხა-ხა-ხა-ხა!..
- არ ვიცი, მარცხენები იმარჯვებენ და მარჯვენები მარცხდებიან, არ ვიცი, მარჯვენები
იმარჯვებენ და მარცხენები მარცხდებიან.
- ყრუ-მუნჯია მაგ, ბატონო, ტყვილა იღლი ენას.
- კი, კაეშანი.
- რავა?
- არ ჩაიხადო, დემეტრე, თორემ მოგკლავ იცოდე!
- რამ შეგაშინა, შე გლახა?! ცისმარა! დაიდე ერთი, ჩემი გოგო, ე ვაშლი თავზე და
გამიჩერდი ოცდახუთ ნაბიჯში!
- სახე იცვალა ქვეყანამ. ისტორიაში არის საკვანძო მომენტები...
- გარშოკ!
- ქოთან!
- ჰა-ჰა-ჰა... სხვათა შორის, როგორც კი რუსეთიდან თავს დავიხსნით, ამ რუსიციზმებს,
დღეს რომ ასე გვაღიზიანებს - თუ ყველას არა, უმრავლესობას მაინც - ენა თავის წიაღში
მიიღებს და ისე ორგანულად ჩადებს ლექსიკურ საგანძურში, ვერც კი შევამჩნევთ. ასე იყო
ნასპარსევს, ასე იყო ნაარაბევს, ასე იყო ნათურქევს, ასე იყო ნამონღოლევს, ასე იყო
ნაირანევს, ასე იყო ნაოსმალევს. ნარუსევსაც, ეჭვი არაა, ასე იქნება. ახლა ჯერ
ფსიქოლოგიური ბარიერი უყენია.
- მოუჭი-მეთქი! მაგრა, კაცო! ჰოო, მაგრე.
- ხშირად გაიგონებ, არსებობისთვის ბრძოლა პროგრესის იმპულსიაო, მაგრამ ნუ
დაიჯერებ. მათ დაე სთქვან, შენ კი იცოდე, რომ ეს დებულება თავისუფლების იდეას
ეწინააღმდეგება და არსებითად მონის - ამ სიტყვის ფართო გაგებით, ერეკლე - ფსიქიკას
გამოხატავს. თუმცა აქ ცოტა რთული გადასვლებია და ასეთ ხმაურში არ ღირს წვრილად
განხილვა.
- ის რავა იყო, სოლომონ ბრძენს რომ ის კაი ლამაზი დედოფალი ჩამოუვიდა?
- საბაოთი.
- ხო, ხო!
- თუ ღმერთი არსებობს, ცნობიერება ანომალიაა აუცილებლობისა გამო. საკითხავი
მხოლოდ ის არის, არსებობს თუ არა ღმერთი.
- მეგობრებო! ზოგი იმ აზრისაა, რომ წკნელით შემოვაკავოთ ეს ჩვენი საყვარელი
სამშობლო და ეგრეთწოდებული ტყრუშული ღობე შემოვავლოთ. ხოლო მე გეტყვით:
არავითარი წკნელი, არავითარი ტყრუში! კედელი! სქელი კედელი! აი, რა გვჭირდება
დღეს ჩვენ! ოღონდ არა ჩინური, ცხადია, არამედ ქართული. ეროვნული ქონგურებით,
ეროვნული სათოფურებით, ეროვნული სათვალთვალოებით! ჩიტი ვერ უნდა
გადმოაფრინდეს, თუ ქართული ცნობიერება არ ექნა!
- შენ გენაცვალე კაკლებში! ბაჯაღლო ოქრო არ ამოსდის პირიდან?! ამასთან ერთად,
ძმაო, ჯოჯოხეთში წავალ შინდისფერი დროშით!
- რად გინდა ჯოჯოხეთში შინდისფერი დროშა?
- ისე ვამბობ, სიტყვის მასალად.
- ხოო...
- დუ იუ სპიკ ინგლიშ?
- გეპეი არ ქვია მაგას, ბიძაჩემო.
- რაც ქვია.
- გეპეი არც ადრე ერქვა. ადრე სპი ერქვა, ახლა ტუ ქვია.
- ბოინგი ერქვას, თუ გინდა! სახელს რა ჭკუა აქვს, ფრენა უნდა იცოდეს.
- ქართველები ველური ხალხია-თქო.
- მაგას არ გადავუთარგმნი!
- ფუჰ! მატლიანია!
- ეგ არის კარგი, შვილო. მატლი ხარისხის ნიშანია.
- ყველა ეროვნების მწერალთა შორის - არ გეგეონოს ჰაიჰარად ვამბობდე, მე ეს
პრობლემა ღრმად და გამოწვლილვით მაქვს შესწავლილი - ყველაზე ხშირად
ნაცვალსახელ „მეს“ ქართველი მწერალი ხმარობს, ხოლო ქართველ მწერალთა შორის -
მოსწი ყური, ეს კონფიდენციური ინფორმაციაა...
- როგორ გეკადრებათ! ადამიანი გაცილებით უფრო ფლიდია, უფრო ვერაგი, უფრო
გაიძვერა, უფრო დაუნდობელი! მას ხომ გველზე ამხედრებული ეშმაკი მართავს! ადამიანი
გენეტიკურად მტყუანია და არათუ გასაკვირი არ არის, ბუნებრივიც კია, რომ
კონიუნქტურასაა მიჯაჭვული. კონიუნქტურის მონას კი - თუ არ გინდათ ისიც დაღუპოთ და
თავიც დაიღუპოთ - ისა სჯობს, საბოძვარი სულ არ უბოძოთ, ვიდრე უდროო დროს
უბოძოთ.
- გმადლობთ.
- გველეშაპიო, რომ ამბობენ.
- ეგრე ბევრ რამეს ამბობენ.
- რის გველეშაპი, მიწაა გახეთქილი. გოგირდის სუნად ყარს მთელი გვირაბი.
- ასე ამოდის სუნი?
- ამოდისო?!.
- კი მაგრამ ქვევით რა არის ასეთი?
- ჯანდაბა! რა ვიცი...
- სპიჩკა ხომ არ...
- აჰა, დაიჭი. ოღონდ ამის მერე, იცოდე, სპიჩკა აღარ თქვა. ან ასანთი თქვი, ან წუმწუმა,
თორემ გუდიანი ლიდერი მოვა და წაგიყვანს.
- უნაყოფო წუხილს რა აზრი აქვს?
- ვინც არ წუხს, ბედს ურიგდება, ბედს შერიგებული კი გამოსავალს ვერ იპოვის. მაშასადამე
წუხილი უნაყოფო არ არის.
- კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი
ჰგონია.
- სკლინტუს, მოისვენე!
- ქართველების პოლიტიკური განათლება ჯერჯერობით კეთილშობილი ყაჩაღის ნატვრას
ვერ გასცდა, რა დროს სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკია!
- არც მაგას გადავუთარგმნი! და საერთოდ ნუ გადამირევთ ამ ხალხს!
- სექსუალური ურთიერთმიზიდულობა, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მარტივად და ნათლად
დემოკრიტეს თეორიით შეიძლება აიხსნას.
- ძაან შინაარსიანი ქალია, ძაან, თვარა, გაიცნობ აგერ და ნახავ.
- შონია ვინ მიგდია!
- სახელდახელო გაანგარიშებით სულზე თურმე ჰექტარ-ნახევარი მოდის. ჰექტარ-
ნახევარი ქართული მიწა სულზე! თავის მყინვარებიან-ჭიუხებიან-უდაბნოებიანად.
- გველეშაპი უძახე შენ! გენერალი-სიმუსის ფორმაში ყოფილა გამოწკმანული - დამაჯინა
და მაყურებიაო, იტყვი.
- რა იცი?
- რო არ იცოდეს, ხო არც იტყოდა!
- დაუკვირდით: როგორ შეიძლება ბოროტება სიკეთის უკანა მხარე იყოს, როცა სიკეთე
აბსოლუტურია, ბოროტება შეფარდებითი, სიკეთე ზოგადია, ბოროტება კონკრეტული,
სიკეთე უწყვეტია, ბოროტება წყვეტილი, სიკეთე ტრანსცენდენტურია, ბოროტება
იმანენტური. არა, ბატონებო. ბოროტება უპირისპირდება არა სიკეთეს, არამედ
თავისუფლებას, როგორც სიკეთის მატერიალისტურ იპოსტასს. ეს ორჯერ ორი ოთხი
გახლავთ.
- და ორჯერ ორი დანამდვილებით ოთხია?
- ნუ ახლა...
- დუ იუ სპიკ ინგლიშ?
- მასე თემისტოკლეც მაგარი იყო თავის ამბავში.
- რა გაყვირებს თუ იცი?!
- დუ იუ სპიკ...
- საქმე ნახე თუ ძმა ხარ, რა მესპიკება!
- ვა რა სუფთა ქართულს ლაპარაკობს!
- აახვიეთ ეხლა აქედან, თორემ სუფთა კი არა იმისთანა თავანკარა ქართულს
გადმოგილაგებთ, ჟრუანტელი დაგივლით ტანში! არ გაატრაკეს საქმე!
- უაა!..
- ჰაა!
- ი!
- ე!
- იიააა!
- ე! ე! რა გინდა, ვა, ვიზა არ გვითხოვია და არაფერი! ეე!
- წამო, კაცო, გიჟია ვიღაცაა! უუ! ოოო!
- კარგი რა მორჩი, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
- ფენომენოლოგიაში, ერეკლე, ახალი რელიგია ჩვევათა უარყოფას უნდა დაეფუძნოს.
- ე ბიჭო, სისულელე არაფერი ჩაიდინოს!
- მაგ ღვთის გლახამ რა სისულელე უნდა ჩაიდინოს!
- კი, კი. როგორც საზოგადოდ საიქიოში, ისე კერძოდ სამოთხეშიც.
- ერთი დავანგრიოთ როგორმე და აშენებას რა უნდა, აგერ არა ვართ?!
- სივრცე-დრო თავისუფლების - და მხოლოდ თავისუფლების - არენაა. ყოველგვარი
განვითარება გვინდა-არგვინდა თავისუფლების ფონზე მიმდინარეობს.
- გაზარმაცდა ქვეყანა, ბატონო, თითის განძრევა აღარავის უნდა. შვილი რო შვილია,
ხალხი ვიცი, თავისით იმის გაკეთებაც ეზარებათ.
- ეს რა არი, ბაბაჩიებო! მამაჩემი ისე მოკვდა, ერთი კბილი არ აკლდა. აპაა!
- ვა!
- ვაა!!
- ვააა!!!
- რა ხნისა მოკვდა, ბაბუ?
- ოცდაექვსი წლის.
- ერთხელაც, მიადგა ეს იმანუელი უფსკრულს, გადაიხედა, შენ ხარ ჩემი ბატონი, და
შეკრთა: აუჰ, აქ სამძღვარი ყოფილაო!
- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა
რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-
თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს.
- ა ბატონო, ესეც თქვენი credo quia absurdum!
- კარგი, სპიტაკს მოვეშვათ, მართლა სხვანაირად არ ჩამოგვართვან, მაგრამ დავიჯერო
პომპეუსში ყველას ერთნაირი ჰოროსკოპი ჰქონდა?
- ასანთი ავიღოთ, მაგალითად... გაიწი, ბიჭო, იქით!
- კაი ერთი!
- გეუბნები.
- ნამდვილად თავისით, კაცო?! თუ ისე თავისით?
- მონა იმიტომ არის მონა, რომ მონაა. ბატონი იმიტომ არის მონა, რომ ბატონია. მოურავი
იმიტომ არის მონა, რომ მოურავია.
- ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო, ნათქვამია.
- შენ ემანდ ჭკვიანად იყავ, შე მუტრუკო, თორე ზრდილობას გაჩვენებ მე შენა!
- კაცი ჩვევის ჟილეტია. წვერი თუ უპოვე ერთი, ისე დაარღვევ, ძაფის მეტი ხელში არაფერი
შეგრჩება.
- ღმერთზე ნუ ვილაპარაკებთ, ერეკლე. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას აღვნიშნავთ ამ სიტყვით.
ამიტომ მოდი ვილაპარაკოთ ნებასა და რიცხვზე.
- ვაჭუმ მაგას ჯაბუნაკს, თუ ვყოფილვარ მაქსიმილიანე დოჭვირი!
- შეხედე, რამოდენა ბუჩქნარია, მანდ ვინ დაგვინახავს?!
- ჰუმანიზმმა თავისი სხივოსანი მზერა, აღსავსე სიკეთით, ლმობიერებითა და იდილიით,
ადამიანიდან ქათამზე გადაიტანა.
- უხ, ერთიც რა, ჩემო სიცოცხლევ და ძუ ფოცხვერო!
- კარი მოხურე, იდიოტო!
- აქედან რა გამოდის? აქედან ის გამოდის, რომ, თუ სულიერი ხარ, არ შეიძლება შვილი
არ იყო. შეიძლება არ იყო მამა, დედა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, დეიდა, მამიდა, ბიცოლა,
ძალუა, ბიძა, დიშვილი, ძმიშვილი, ბიძაშვილი, დეიდა-შვილი, მამიდაშვილი და სხვა ახლო
თუ შორებელი ნათესავი, მაგრამ შვილი არ იყო, არ შეიძლება. მაშინ ისმის კითხვა: აქედან
რაღა გამოდის? აქედან ის გამოდის, რომ, თუ შვილი ხარ, ვინმეს შვილი ხარ და
მაშასადამე შენს გარდა არსებობს კიდევ ვიღაც, ვინც, შენი არ იყოს, რაკი არსებობს,
შვილია, და რაკი შვილია, ვინმეს შვილია. მაშინ ისმის კითხვა: აქედან რაღა გამოდის?
აქედან ის გამოდის, რომ სულიერი არსების არსებობა უეჭველად გულისხმობს
სიმრავლეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ - და ვაღიარებთ სამართლიანად - რომ
ღმერთი ერთია. და აქედან რაღა გამოდის? აქედან უკვე ის გამოდის, რომ ღმერთი ან
არსებობს, მაგრამ სულიერი არ არის, ან სულიერია, მაგრამ არ არსებობს. ეს გახლავსთ
ლოგიკური წინააღმდეგობა, რომელიც გადაულახავია და სწორედ აქედან გამოდის ჩვენი
მთავარი დებულება: პრობლემა ღმერთის არსებობა-არარსებობისა ადამიანის
ცნობიერების გარეთ დგას, ან, უფრო მარტივად - ღმერთის არსებობა-არარსებობა ჩვენი
ჭკუის საკითხავი არ არის.
- შენი ხელით დააკერებ, ვთქვი და გავათავე!
- კაი და, დავუშვათ მეტი აღარ გათხელდა ოზონის ფენა და დედამიწაზე სიცოცხლე ერთ
მილიონ წელიწადს კიდევ გაგრძელდა. ამ ერთ მილიონ წელიწადს სულ რუსეთთან
ვიქნებით? რავა გეკადრებათ!
- ალბათ ოჰაიოს შტატი. რა რო?
- სკლინტუს, მოისვენე!
- ადამიანს თავისი არსებობის დიდი ნაწილი ახლობლებში აქვს დაბანდებული და, როცა
იმ ქვეყანას მიდის და ეს თავისი საქონელიც მიაქვს, იმ ადგილებში ცარიელი ხვრელები
რჩება. სწორედ ამ სიცარიელის შეგრძნებაა წუხილი. საერთოდ წუხილი სხვა არა არის რა,
თუ არა სიცარიელის შეგრძნება.
- დააკვირდი აბა: გინდ გითქვამს „ორი დღის წინ“, გინდ გითქვამს „ორი დღის უკან“.
არაფერს გეუბნება ეს?
- ერთ თავსაო ბევრი თავი სჯობიანო.
- რათაო?
- იმიტო რო ეგრეაო.
- მაშ ერთ ცარიელ თავსა ორი ცარიელი თავი სჯობნებია!..
- სჯობიან მაშ!
- მოძრაობის ჰარმონიული მთლიანობა, რაც იმავ დროს თავისუფლების გარანტიცაა,
იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ შეუძლებელია დამოუკიდებლად არსებობა და
მეორე მხრივ შეუძლებელია დამოუკიდებლობის გარეშე არსებობა. ცხადია ყოველთვის
მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ შინაარსი ფორმის სიმბოლოა.
- საქართველო ავგიას თავლაა, ერთი კარგი ჰერკულესი სჭირდება.
- ნახე ახლა როგორ მოვაკეტინო... ჰერკულესი, ბატონო ჩემო, როგორც დამლაგებელი
თუ როგორც ძლიერი ხელი!
- გამგებმა გაიგოს.
- გითხარი?..
- ე, იმასთან დამაწვინა ამეღამ და მერე თუ გინდა, სულ დაქცეულა ეს ქვეყანა!
- როგორ არა, გარკვეული აზრით საერთო მნიშვნელზეც კი ხერხდება დაყვანა.
მაგალითად, თავისუფლების ის გრძნობა, რომელიც სატუსაღოში დაბადებულ ადამიანს
შეიძლება გაუჩნდეს, პრინციპულად და ფსიქოლოგიურად იგივე რელიგიურობის
გრძნობაა.
- ჯანზე როგორა ხარ, ჯანზე, ჩემო ალექსანდრე?
- გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ...
- ზნეობაზე?
- ყველამ ჩვენ-ჩვენ გულში ჩავიხედოთ, ჩემო ვილმა. „ვერ P£ელ-ეწიფების ქალაქსა
დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა“, შენიშნავს მახარებელი. ჩვენ თუ ვბოზობდით იმ
პერიოდში, შენც ბოზობდი. პარალელურადაც ბოზობდი, მიმდევრობითაც ბოზობდი და
საერთოდ არავის არასოდეს არაფერში ჩამორჩენიხარ. რაში გჭირდება ახლა ეს
ფარისევლობა და ლეღვის ფოთლების აფარება, ვერ გამიგია.
- მოხმარების შნო ვინ მოგვცა ქართველებს, თორემ სამი კოზირი ჯერ კიდევ გვაქვს:
ხალხური სიმღერა, კულინარია და გასათხოვარი ქალები. ხალხური სიმღერით
შეგვიძლია მსოფლიო მოვხიბლოთ, კულინარიით შეგვიძლია მსოფლიო დავიპყროთ,
გასათხოვარი ქალებით შეგვიძლია მსოფლიო დავინათესავოთ.
- რას შვრები, შე ოჯახქორო!
- იმასაც თურმე შეჰყვარებია, იმ უთაურასა. ისე შეჰყვარებია, ისე შეჰყვარებია, რომა
ბოლოს შესძულებია.
- უხ შენი!..
- მე მგონია, აქ რაღაც შეუსაბამობაა. მარტო გვირაბია ჩაკეტილი თუ ყველაფერი
ჩაკეტილია გვირაბს გარდა?
- ყველაფერი ჩაკეტილია გვირაბის ჩათვლით.
- კი მაგრამ რატომ?
- ეგ სხვას უნდა ჰკითხოთ.
- კერძოდ ვის?
- მე კი წავალ და იშლაგბაუმონ მერე მაგათ და იპრესპაპიონ რამდენიც უნდათ!
- ეს მზე რაღაც არ მომწონს...
- საათის რომელია, ვერ მეტყვით?
- ვერა.
- შონია კი არ მოდის კვაშალი მოდის.
- ორივე მოდისო, ვიღაცამ თქვა.
- არა, კაცო, ორივეს რა უნდა!
- ოთხშაბათობით კიდე სარეცხს რეცხავს თურმე და თან ჩუმად იმდუღრება. ენატრება,
წარმოგიდგენია?..
- რა არი მაინც ადამიანი!
- არც ეს, არც ის. რაღაც შუალაა. აქედან შეხედავ - სხეულთა თეორიული ჯამია, იქიდან
შემოხედავ - სივრცის თეორიული განსხეულებაა.
- ფრანკენშტეინი, გენაცვალე; ჯიბო.
- „საცობიო“, მაგ მართლა საცობმა. ისე, კი შეეტყო, თავიდან რომ „პრობკის“ თქმა
უნდოდა, მარა ბოლოს მიგვიხვდა და თათარიახნად გადააკეთა.
- დემოკრატია არა!.. ჭიქა მომაწოდე, სილოვან! დემოკრატია!..
- დიდუ-დიდუ-დიდუ-დიდუ! ეს რა ვნახე და ეს რა ვნახე!
- მისთვის - მითქვამს და ვიმეორებ - უცხოა ყოველგვარი სეპარატიზმი.
- ლაურა? იიფ!..
- ლაურა? ოო!..
- კეთილი, ერეკლე, შენ იცი.
- მალადეც, ცისმარა, ჩემი ფუნჩულია გოგო!
- უკეთესს გეტყვით: ერთმა ჩემმა მეზობელმა, ცოლის ღალატი რა შეიტყო, პირდაპირ
სამზარეულოში დაიწყო საპროტესტო შიმშილობა.
- რას მეუბნები! მერე?
- შიმშილობს ისევ. იმისთანაა, ლანდი გასდის.
- უყურე შენ!
- ბოლოს შეჰყარა მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
- დემეტრე, არ ჩაიხადო!!
ცნობიერებათა ეპიცენტრი. კამბეჩა და სანდრა (შროშანი). უცხო ვინმე ქადაგი.
საათზე მეტი არ იქნებოდა გასული, როდესაც ამოსავალ წერტილს - რაღა თქმა უნდა, ამ
სიტყვის დროებითი და საეჭვო მნიშვნელობით - დავუბრუნდი.
სალომეს - არ ვიცი, შესცივნოდა თუ რა იყო - პალტო ისევ წამოესხა. იდგა ასე, პალტოს
ქვეშ მკლავები ერთმანეთზე გადაეჭდო და მანქანების ზღვას მჭმუნვარედ გასცქეროდა,
როგორც დამარცხებული გენერალი, რომელსაც მეფის წინაშე მძიმე და დამამცირებელი
თავის მართლება მოელის. შედარება ფორმალურია - მეფე ვინ მოგვაშავა - მაგრამ ჩემი
აზრით არანაკლებ ძნელი უნდა იყოს თავის მართლება მოხუცი მამიდების წინაშე,
განსაკუთრებით თუ ისინი ბევრნი არიან.
ლამაზი ცოლ-ქმარი კვლავაც ქერუბიმებს ჰგავდნენ, თუმც კი იმის გამო, რომ ცხვირ-პირი
ჩამოსტიროდათ, სილამაზის სკალაზე მათი პერსონალური სინდიყი თითო დანაყოფით
მაინც დაცემულიყო.
ჩემს დანახვაზე ცოტა მოცოცხლდნენ.
- გაარკვიეთ რამე? - მკითხა ვაჟმა და ბეჯითად და უნაყოფოდ შეეცადა შეკითხვის ლელეჩ
ნაცარში მხნეობის პატარა ნაკვერჩხალი შეეხვია.
- რას გაარკვევ! - მივუგე მე და ქალს შევხედე, - რამდენი ადამიანია, იმდენი ვერსიაა, -
მერე, რა დავინახე ქალმა წარბები ერთმანეთისკენ წაიღო, დასკვნა ცოტა შევარბილე, -
ყოველ შემთხვევაში რამდენი მანქანაცაა, იმდენი ვერსია კი ნამდვილად არის.
- დაღამებამდე, ეტყობა, ვერ გავალთ, არა?
მე მხრები ავიჩეჩე.
- ძალიან ბევრი ხალხია. თანაც... - აქ კინაღამ ვთქვი, თანაც გააჩნია როდის დაღამდება-
მეთქი, მაგრამ გონიერების კალაპოტში ისევ ქალმა ჩამაბრუნა, რომელსაც საავდრო
ღრუბელმა ამჯერად სათვალის შუშებზე გადაუარა, - გააჩნია როდის გაიხსნება გზა.
ქალმა ამოიოხრა. ვაჟმა პასუხად ხელი მაჯაში მოჰკიდა. მე ამით ვისარგებლე და
გავეცალე.
სალომეს უკვე შევემჩნიე და მთელი ტანით შემოტრიალებული დაეჭვებული მოლოდინით
მიმზერდა. შუბლზე, წარბებშუა, როგორც კედელზე ვაგლახად ატუზული მოწაფე, კვლავ ის
ვერტიკალური ნაოჭი აჩნდა, რომელიც მის ასაკს, გაზაფხულის მცხუნვარე ვიწრობებიდან
ისედაც კარგა ხანია გამოსულს, ერთი-ორ ზედმეტ წელს ჰმატებდა.
„შორებელი“ და „ახლობელი“ მოუსრულებელი, არამდგრადი ცნებებია, რომლებიც
ძირითადად გარემოებაზე არიან დამოკიდებული და, როცა გარემოება შესაბამის
პირობებს ქმნის, ზოგჯერ ერთიმეორეშიც კი ირევიან. ეს სალომე ერისთავი, მაგალითად,
აქამდე იმდენად შორებელი იყო, რომ ამის აღსანიშნავად სიტყვა „შორებელიც“ კი
ზედმეტად ფამილარულად ჟღერს. ახლა კი თავისი შეკრული - მე ვიტყოდი, არცთუ ისე
დამაჯერებლად შეკრული - კოპებით უეცრად ძალზე შინაური მეჩვენა. მე ფხიზელი
გონების პატრონი ვარ - ამას სატრაბახოდ არ ვამბობ - და ვიცი: უცხო პლანეტაზე რომ
მოულოდნელად თანაპლანეტელს გადააწყდები და ყელში სიხარულის ბურთი
მოგებჯინება, ეს სიხარული გაზვიადებული სიხარულია, მისი ზომები წარმოსახვითია და
ნამდვილს არ შეესაბამება და ადვილი შესაძლებელია, პირველივე გამოცდის შედეგად
ისე დაიმსხვრეს, კვალი აღარ დარჩეს. ყველაფერი ეს დიაღაც რომ ვიცოდი, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, სიახლოვის ეს უეცარი განცდა იმდენად დიდი იყო, ჩემდაუნებურად
გავიფიქრე, კიდევ კარგი არ წასულა-მეთქი. ეჭვის საფუძველს, ჩემი ჭკუით, ის იძლეოდა,
რომ ძალიან ეჩქარებოდა, ხოლო ვისაც ძალიან ეჩქარება, იმას, კაცმა რომ თქვას, რა
შეუშლის ხელს თავისი ბარგი-ბარხანა აიღოს და გვირაბის მიმართულებით წავიდეს,
რათა ისეთ მანქანაში იშოვოს ადგილი, რომელიც შედარებით მალე ჩაიყვანს
სანაკლიოში?
თქვენი დალაგებული გონებისათვის ალბათ ამთავითვე ნათელია (ცოტა ხნის შემდეგ,
როცა ჩემი არეული გონებაც დალაგდა, ჩემთვისაც ნათელი შეიქნა), რომ ეს შიში
უსაფუძვლო იყო: თუნდაც გადაეწყვიტა წასვლა, ჩემს მობრუნებამდე მაინც არ წავიდოდა -
ტაქტის ანგელოზები, თავაზიანობის ანგელოზები, ზრდილობის ანგელოზები, საერთოდ,
ადამიანურ ურთიერთობათა კანონები არ გაუშვებდნენ - მაგრამ მაშინ ასეთი
შესაძლებლობა სავსებით რეალური მეჩვენა და მისი დანახვა ისე გამეხარდა, თითქოს
ხანგრძლივი და სახიფათო ფრენის შემდეგ მშობლიურ აეროპორტში დავშვებულიყავი.
პირველი ფრაზაც, რომელიც წარმოვთქვი, არსებითად ამ დღემოკლე სიხარულის
ბუდიდან იყო გადმოვარდნილი: - მგონი ინგლისურის მასწავლებელს უფრო ჰგავხართ,
ვიდრე დედოფალ კლეოპატრას.
სალომე ერისთავს საეჭვო კომპლიმენტისთვის ყურადღება არ მიუქცევია; ისე მიყურებდა,
თითქოს რაღაც დავიწყებოდა და გახსენებას ლამობდა. ბოლოს მკითხა: - ვერაფერი
შეიტყეთ?
მე თავი ისე გავიქნიე, რომ ორჭოფობა და ზომიერი პესიმიზმი გამომეხატა.
- ვერაფერი. ყველაფერი შეიძლებოდა შემეტყო შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ
თავად შესაძლებლობის ფარგლები ვერ დავადგინე. სკივრში მხოლოდ ნიღბები ყრია.
ურიცხვ ცრუ მიზეზს ასახელებენ, ნამდვილ მიზეზს არ ამხელენ. შესაძლებელია არ იციან,
შესაძლებელია არ არსებობს, - აქ სალომეს მზერაში დაეჭვებული ინტერესი გაკრთა და
ჩემდაუნებურად ლაპარაკის ტემპს ვუმატე, - მხედველობაში მაქვს შესაძლებლობის
რადიუსი და არა თვით შესაძლებლობა. თქვენ ალბათ არ დაიჯერებთ და ეს სავსებით
ბუნებრივია - თქვენ ხომ იქ არ ყოფილხართ, საცა ეპიცენტრია - მე კი შემიძლია
დავიფიცო, მეტიც, შემიძლია სანაძლეოს ჩამოვიდე, რომ იქით და იქით ცნობიერება
იცვლება. ცნობიერება იცვლება თვალდათვალ და მით უფრო ინტენსიურად, რაც უფრო
უახლოვდებით გვირაბს. ეპიცენტრი უშუალოდ გვირაბის წინაა. ეს არის მოჯადოებული
ტერიტორია, სადაც ცნობიერება ახალ ორბიტაზე გადადის და სულ სხვა სახე აქვს.
- როგორი? - ეს კითხვა იმ ზომამდე მშვიდად გაისმა, ჩემზე გონიერი და წინდახედული
კაცი ეგებ გაფრთხილებულიყო კიდეც, მაგრამ მე ვერ გავფრთხილდებოდი, ვინაიდან
ადამიანს სამწუხაროდ არ ძალუძს საკუთარ თავზე გონიერი და მით უმეტეს წინდახედული
იყოს.
- აბა რა გითხრათ! მაგ კითხვას სხვებმა ვერ გასცეს პასუხი და მე რა შემიძლია, უბირსა და
სწორხაზოვანს! ჩემი მბჟუტავი ჭრაქის შუქზე მხოლოდ ის ჩანს, რომ მოვლენის დედააზრი
უშუალოდ დიამეტრის გადაკვეთის წერტილშია, სადაც ბუნებისმეტყველების კუთხოვანი
ლოგიკა უქმდება და მის ადგილს შემოქმედების სფერული ლოგიკა იკავებს.
- შონია ვინღაა?
- თქვენ რა იცით შონია?
- რამდენჯერმე ახსენეს აქ.
- მაშ კიდევ უფრო გავრცელებული ყოფილა, ვიდრე აღირიცხება. თუმცა რაკი
უარყოფითია, მთავარი ვერ იქნება. ამის თავდები ჩვენი სპეციფიკაა. მოკლედ,
რამდენადაც მე ამ საქმისა რამე გამეგება, შონია ის არის, ვინც ფარულად მოქმედებს და
სააშკარაოზე მხოლოდ ფინალში თუ გამოვა.
- მოჯადოებული ცნობიერების ნაყოფია?
- ცნობიერება არ არის მოჯადოებული. მოჯადოებული ტერიტორიაა.
სალომე ერთხანს ჩუმად მიყურებდა. მერე წყნარად და ცოტა ნაღვლიანად თქვა: - ჩემმა
საბრალო მამიდებმა კი ისეთი მოლოდინი იციან, რომ უყუროთ, გული მოგიკვდებათ.
- ამ დილით მიგელოდნენ?
- წუხელვე მიმელოდნენ.
- წუხელვე?
- დილით ჩამოვალ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ მათთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს.
ერჩივნათ წუხელ ჩავსულიყავი, ამიტომ წუხელვე მიმელოდნენ. საერთოდ, ყოველთვის
მიმელიან. როცა დანამდვილებით იციან, ვერ ჩავალ, მაშინაც მიმელიან. დგანან
ფანჯარასთან მორიგეობით და მიმელიან. მე კი თვეში ერთხელ თუ ჩავაკითხე, ესეც
დიდია.
- ჩემი ბრალია. მანამ რომ მოვსულიყავი გონს, სანამ აქ ასე მკვიდრად
ჩავცემენტდებოდით, ეგებ უღელტეხილით გადავსულიყავით...
- უღელტეხილიც ჩაკეტილი ყოფილა.
- რა იცით?
- თქვეს. უღელტეხილიც ჩაკეტილი ყოფილა და რკინიგზის გვირაბიც.
- ეგ თუ მართალია, ამაღამდელი ღამის გათევა აქ მოგვიწევს.
ღმერთო შეგცოდე და ქალსა და ბატს მგონი მართლა აქვთ რაღაც საერთო.
განსაკუთრებით შემეცნების პროცესში. თუმცა ეს სპეციალური კვლევის საგანია და სხვა
დროისთვის გადავდოთ. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სალომეს შუბლი კიდევ უფრო
შეეჭმუხნა, ხოლო გამომეტყველება, თუ რამდენიმე კომიკურ დეტალს არ მივიღებთ
მხედველობაში, სულ მთლად ტრაგიკული გაუხდა.
- რატომ?
- რაკი ყველა გზა ერთდროულად ჩაიკეტა, მიზეზების ძებნა წყლის ნაყვაა. ასეთ დროს
მიზეზი სადღაც სხვაგანაა, გარეთ, უცნობ და უჩინარ სფეროებში. რეალურ სივრცეში
მხოლოდ კოორდინაცია ხდება და იდუმალი წრე იკვრება. კოორდინაცია კი, ისევე
როგორც იდუმალი წრე, აჩრდილია. აჩრდილს რას დააკლებ!.. ასე რომ თავზეით ძალა
არ არის, განგების ნებას უნდა დავემორჩილოთ.
- ვისხდეთ და ველოდოთ...
- ნუ დაველოდებით, თუ თქვენ ასე გირჩევნიათ, მაგრამ იმ ერთი კარგად გალექსილი
იგავისა არ იყოს, სად გავიქცეთ, სად წავიდეთ?.. გეთანხმებით, რომ ბედი უსამართლოდ
მოგექცათ. ჩემზე უფრო ოპტიმისტი თანამგზავრი გესაჭიროებოდათ, რომელიც, თუ ცოტა
ფხასაც გამოიჩენდა, არა მარტო ფსიქოლოგიურ კომფორტს შეგიქმნიდათ, არამედ
რამდენიმე რეალურ საათსაც მოგაგებინებდათ.
- მაინც როგორ? - იმედის ნაცვლად ეჭვი ჩაუდგა ხმაში.
- გზა რომ გაიხსნება, ჩვენ ხომ კიდევ დიდი ხანი დაგვჭირდება, ვიდრე ეს ზედახორა
გაიწმინდება და გვირაბს მივაღწევთ. ზემოთ კი, გვირაბის პირას, მრავალი მგზავრია,
რომლებიც გაცილებით ადრე წავლენ. მათგან ნაწილი ალბათ სანაკლიოშიც მიდის.
სანაკლიოში მიმავალთაგან ნაწილს ალბათ ადგილიც ექნება მანქანაში. ადგილის
მქონეთაგან ნაწილი ალბათ უარსაც არ გეტყოდათ...
სალომემ თავი ასწია და მწყრალად და მტკიცედ შემომხედა.
- მოშორება თუ გინდოდათ, - მითხრა მერე და ხმაც ისეთივე ჰქონდა, როგორიც
გამოხედვა, - იგოეთში უნდა მოგეშორებინეთ. ახლა, ასეთ ორომტრიალში, ვის მივადგე,
ხომ ხედავთ ადამიანებს სახეები აღარა აქვთ!
- რას ამბობთ! - შუბლი შევიკარი მე და გულმა მსუბუქი სანტიმენტალური რეჩხი მიყო, -
უბრალოდ, რაკი ასეთი შესაძლებლობაც არსებობს, თავი მოვალედ ჩავთვალე, ესეც
დამესახელებინა, თორემ თქვენი მოშორება - ვგულისხმობ, ცხადია, სანაკლიომდე -
ფიქრადაც არ მომსვლია. მოგიშოროთ კი არა, ისე შეგეჩვიეთ, მგონი ვეღარც გამჩნევთ.
ასე გასინჯეთ, ეგ თქვენი პალტოც, რომელიც, გამოგიტყდებით, ადრე მეხამუშებოდა, უკვე
აღარ მეხამუშება. და საერთოდ, თუ სიმართლე გინდათ, აქეთ რომ მოვდიოდი,
შეშფოთებით ვფიქრობდი, ვაითუ წავიდა და არ დამხვდეს-მეთქი. აი ხომ ხედავთ?!
- ვხედავ, - თქვა ცივად, - ვხედავ და მადლობას მოგახსენებთ. გულკეთილობისთვისაც,
კეთილშობილებისთვისაც.
ადამიანი, როგორც წესი, ყველაზე ძნელად სიმართლეს იჯერებს.
- მე თქვენს ადგილას გამოთქმებს მეტი ყურადღებით შევარჩევდი.
ამან გააკვირვა, დააბნია და შეაკრთო.
- რა გამოთქმებს?
- „გულკეთილობასა“ და „კეთილშობილებას“. ერთი და იმავე სიტყვით ზედიზედ ორი
კომპოზიტის შედგენას არც ერთი სტილისტი არ მოგიწონებთ. ყურს არ სიამოვნებს ასეთი
რამ. განსაკუთრებით, როცა საქმე ისეთ ფაქიზ ენას ეხება, როგორიც ქართულია.
სალომემ წამით თვალი თვალში გამიყარა. რაც შეეძლო, მტრულად მიყურებდა და სახე
ისე დაძაბოდა, ეტყობოდა კბილი კბილზე ჰქონდა დაჭერილი, რის გამოც სურათის
სიმძაფრესა და სერიოზულობას, მიუხედავად ორგანული და გამჭოლი გულწრფელობისა,
კომიკურობის ცოტაოდენი წყალი მაინც ჰქონდა შეყენებული.
- იქნებ მართლა წავსულიყავი? - თქვა ბოლოს.
- არა მგონია, სამი-ოთხი საეჭვო საათი ამდენ წვალებად ღირდეს. წასვლას ახლა ალბათ
ისა სჯობს, წასვლაზე დროულად ვთქვათ უარი და სხვა შესაძლებლობანი გავსინჯოთ.
- რაღაა გასასინჯი, თუკი მთლიანად განგების ნებაზე ვართ დამოკიდებული?
- განგების ნება მხოლოდ საფუძველია, რომელიც მიზნად ისახავს - ეს თეორია ბიძაჩემს
ეკუთვნის, მე უბრალოდ ვემხრობი და ვიზიარებ - არა ჩვენი ნების დათრგუნვას, არამედ
შესაძლებლობათა დასაზღვრას. ჩვენ ახლა კრიტიკულ სიტუაციაში ვართ, როცა
უკიდურესად ძნელია მკაფიო ხაზის გავლება ნამდვილსა და არანამდვილს შორის. არადა,
სწორედ ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რაზე მიგვიწვდება ხელი და რაზე არა, რათა
ჯანსაღ ინსტინქტს დავეყრდნოთ, უნიადაგო ფანტაზიას კი დროებით მაინც დავეხსნათ.
გამორიცხული არ არის ეს ხალხი მალე სულ ლანდებად, აჩრდილებად და მოჩვენებებად
გადაიქცეს. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, ჩვენი ზემოური მეზობლები, „ვოლგის“ პატრონები...
- გვანცა და ირაკლი.
- ჰოო? გაიცანით?
- არა. გაცნობა ძნელია, უცხოებთან ურთიერთობას ერიდებიან, მაგრამ სახელები კი
გავიგე.
- გვანცა, კიდევ უფრო რომ ჰგავს ქალს, ალბათ ის იქნება.
სალომემ წამით შეავლო თვალი ქერუბიმებს და სახე უეცრად ისეთი გაუხდა, თითქოს
შემკრთალი და შეცბუნებული მთელი ძალით დააწვა ქვაბის სარქველს, დამწყვდეული
ღიმილი რომ გარეთ არ გამოპარვოდა.
- დიახ, ის არის.
- ჰოდა, აი ეგ გვანცა და ირაკლი მოულოდნელად შეიცვალნენ. მე რომ გვირაბის
სანახავად წავედი, ჯერ კიდევ ძალიან თეთრები იყვნენ, მხოლოდ ლოყები უღუოდათ
წითლად. ახლა შედარებით მუქები არიან. არ შეგიმჩნევიათ?
- არა.
- იმიტომ რომ პროცესი თქვენს თვალწინ მიმდინარეობდა. ასეთ დროს ძნელია
ცვლილებების შემჩნევა. ჩემთან ერთად რომ წამოსულიყავით, თქვენც შეამჩნევდით;
თუმცა ჩემთან ერთად რომ წამოსულყავით, ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ არავითარი
ისეთი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც გვირაბში შესვლა შეუძლებელი ან თუნდაც
გაძნელებული იყოს.
- აბა რაღა გვაბრკოლებს?
- ჩვენივ ნება. უკანასკნელ ხანებში რეალობის მუხტები მოგვაკლდა, სამაგიეროდ ილუზიის
მუხტები დაგვიგროვდა და წონასწორობაც დაირღვა. სინამდვილის სამეფოში
გამონაგონი შეიჭრა. იქნებ ყოველივე ეს გრანდიოზული უგუნურებაა, მაგრამ, როგორც
ბიძაჩემი იტყვის, უგუნურებაც ღვთისა და აუცილებლობის ნაშიერია და, რაკი შესაქმეში
წვლილი აქვს შეტანილი, წილიც ერგება. ამიტომაც დაგვტრიალებს თავს გამუდმებით.
ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო. უწინარეს ყოვლისა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ,
რათა მრავალთა და მრავალთა მსგავსად რაციონალიზმის ფესვებზე მდუღარე არ
გადავისხათ და ანარქიული ემოციების ამარა არ დავრჩეთ. ამას თუ მოვახერხებთ, მერე
გამოსავალიც შეგვიძლია ვეძიოთ. მიზანი ნათელია: მაქსიმალურად მალე ჩავიდეთ
სანაკლიოში. მაშ ავიღოთ ეს მიზანი ამოსავალ წერტილად და ვნახოთ რა შანსი გვაქვს.
ვითარება ექსტრემულია. მართალია თეორიულად ყოველ წამს შეიძლება გაიხსნას გზა,
მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც აქ, განსაკუთრებით ზემოთ და ზემოთ, ხდება,
საფიქრებელია, რომ ამაღამ აქედან ვერ გავაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, რაკი
გადავწყვიტეთ რეალურ ნიადაგზე დავდგეთ, უმჯობესია ვარაუდი უარესზე ავიღოთ, მით
უფრო რომ ერთი ღამე არც კია ყველაზე უარესი ვარაუდი.
- ფეხით წავალ.
- ეგ შანსიც დავდოთ სასწორზე, ყურადღებით დავაკვირდეთ და ვნახოთ, სადამდე
მიხვალთ. მთის გადაღმა სურათი დაახლოებით იგივე იქნება, რაც მთის გადმოღმაა. ასე
არ არის?
- ალბათ.
- მაშასადამე, ვინც ფეხით წასვლას გადაწყვეტს, უნდა გადალახოს მთა, გადავიდეს
უღელტეხილზე, გაიაროს ის გზა, რაც ჩახერგილია, გაიაროს დამატებით ის გზა, რაც
ამასობაში ჩაიხერგება, გავიდეს ისეთ ადგილას, სადაც ტრასა თავისუფალი იქნება და
ელოდოს იქიდან აქეთ მომავალ მანქანას, რომელიც ერთი - უკან დაბრუნდება, მეორე -
ადგილი ექნება და მესამე - თუ პირდაპირ სანაკლიოში არ წავა, იმდენად ახლო მაინც
ჩაუვლის სანაკლიოს, რომ გაყოლა ღირდეს. ხომ ძალზე მცირე ალბათობაა, მაგრამ
მთავარი სიძნელე მაინც ეს არ არის. მთავარი სიძნელე იქამდე მიღწევაა. დავუშვათ, ბედმა
ანგარიში გაუწია თქვენს გასაჭირს და რაიმე საშუალებით გაგაგებინათ, რომ მანქანას
იშოვით. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამოდენა მანძილის გავლას? და თუ შეძლებთ,
რამდენ ხანში შეძლებთ?
- შონიას რომ ვთხოვო? იქნებ ვერტმფრენით გადამიყვანოს...
- შონიას თავი დაანებეთ. შონია, რომც არსებობდეს, თქვენ მაინც არ დაგეხმარებათ.
- რატომ?
- ის მხოლოდ მისიანებს ეხმარება და, ვისაც დაეხმარება, ყველა მისიანია. თქვენ ვერ
დაგეხმარებათ.
- იქნებ მეც მისიანი ვარ.
მე გამეღიმა.
- ნება თქვენია. სცადეთ, მაგრამ ვიდრე ამ გაუფრთხილებელ ნაბიჯს გადადგამთ, ერთ
კითხვაზე მიპასუხეთ: ამაღამ რომ ვერ ჩახვიდეთ სანაკლიოში და ხვალ ჩახვიდეთ -
ვთქვათ, ნაშუადღევს - ამას რაიმე კატასტროფა მოჰყვება?
- ალბათ არა, მაგრამ იმის გარანტია სადაა, რომ ხვალ ნაშუადღევს ჩავალ?
- არსად. უბრალოდ, ერთი შემცვლელი იდეა მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც,
ვინიცობისაა შონია გამოგადგათ, საჭირო არ შეიქნება, მაგრამ შონია თუ ვერ
გამოგადგათ, რაც გაცილებით უფრო მოსალოდნელია, მაშინ შესაძლოა აუცილებელიც კი
აღმოჩნდეს: ცოტა მოვიცადოთ, იმედსაც დავუტოვოთ მცირე შანსი და, თუ ამაღამ არ
გაიხსნა გზა, დილაუთენია თქვენ არა და მე წავალ.
- თქვენ?
- მე. ამჯერად ბედმა მე მომაშვირა თითი. კაცმა რომ თქვას, სამართლიანადაც მოიქცა. მე
უკეთ ვივლი - იმედია ეს განცხადება თქვენს თავმოყვარეობას არ შელახავს - და უფრო
იოლად მივაღწევ სანაკლიომდე. ამბავსაც ჩავიტან, მამიდებსაც, რაზეც ოპტიმიზმი
გამწვდება, გავამხნევებ, თუ საჭიროებამ და შეძლებამ ერთ წერტილში მოიყარა თავი, ეგებ
რამე დახმარებაც გავუწიო და, რაც მთავარია, შესაფერის ჯილდოს მივიღებ. თუმცა მგონი
ჯერ არც მითქვამს, რომ ხანდაზმულ მანდილოსნებთან დარბაისლური საუბარი ჩემი
ძველი ჰობია?
- არ გითქვამთ, - სახეზე მტრული გამომეტყველების კვალი წაეშალა და ახლა ისე
მიმზერდა, როგორც მოყვარეს.
- თქვენ აქ დარჩებით და, როცა გზა გაიხსნება, მაშინ წამოხვალთ. თუ გზაში წამომეწიეთ,
ხომ წამომეწიეთ, თუ არა და სანაკლიოში დამიბრუნებთ მანქანას. მანამ კი მუხრუჭებიც
თქვენს განკარგულებაში იქნება და სიჩქარის კოლოფიც. ვინიცობისაა ავტოინსპექტორმა
დაგისტვინოთ, თამამად შეიგინეთ. ჩემს მანქანაში ეს ნებადართულია. მე ყოველთვის ასე
ვიქცეოდი.
- ეს თავგანწირვაა...
- იყოს, რა უჭირს! მსუბუქი თავგანწირვა რენტაბელურიც კია. მერე შეგიძლია
გაუთავებლად იტრაბახო და პაწაწკინტელა სამსახური ისე გაბერო, მართლა გმირად
იქცე. ასე რომ, თქვენ მაგას ნუ იდარდებთ. ისე, ბევრიც იდარდოთ, სხვა გამოსავალი - თუ
შონიას გამოვრიცხავთ, შონია კი მტკიცედ უნდა გამოვრიცხოთ - მაინც არა ჩანს.
საერთოდ - კარგად დააკვირდით - ეს იდეა ჩემთვის უფრო სასარგებლოა: მე ჩემს საქმეზე
მივდივარ სანაკლიოში და პარალელურად მცირე სამსახურს თქვენც გაგიწევთ,
სამაგიეროდ ვალად უფრო დიდ სამსახურს დაგადებთ: აბა, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა
წავიდე, აქ რომ მანქანის დამტოვებელი არავინ მყავდეს. ერთი სიტყვით, ბარი-ბარში
ვართ. მთავარია ფუნქციები განაწილდეს სწორად.
აქ ქვაბის სარქველი ოდნავ აიწია და ღიმილმა წამით გამოიხედა.
თუ ვილაპარაკებთ ფარულ სანტიმენტალიზმზე, რომელიც ადამიანთა აბსოლუტურ
უმრავლესობას საამური ტკივილით უღრღნის შიგანს (რითაც არსებითად კაცობრიობის
გადარჩენის ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად გვევლინება), ამ ქალის მდგომარეობა
ცოტათი მართლა მაწუხებდა. მე რა მიჭირდა - მე ჩიტივით თავისუფალი ვიყავი (უნდა
ვაღიარო, ამ გამოთქმას სხვათა წაბაძვით ვხმარობ, თორემ დანამდვილებით დღემდე არ
ვიცი, ჩიტის ეს გახმაურებული თავისუფლება რეალურად არსებობს თუ, შროშანის
თავისუფლებისა არ იყოს, წმინდა თეორიული დებულებაა, რომლის მთავარი არგუმენტი
მაცხოვრის ავტორიტეტია) და დღეს გავაღწევდი გვირაბიდან, ხვალ თუ იმ კვირაში, ამით
არც დაიქცეოდა ქვეყანა - ჩვენს ქვეყანაზე მაქვს ლაპარაკი - და არც აშენდებოდა, მით
უფრო, რომ თუ სანაკლიო უკვე გადაჩეხილი იყო უფსკრულში, უფსკრულში გადაჩეხილი
სად გამექცეოდა?! ამ ქალს კი მრავალი მამიდა ჰყოლია, რომელთაგან ერთი
გარდაცვლილა კიდეც. მე თვითონ არასოდეს მყოლია ბევრი მამიდა - მათ შორის არც
ცოტა - ამიტომ ბუნებრივია არ შემეძლო სრულად და ცოცხლად წარმომედგინა, რას
შეიძლება განიცდიდე, როცა შენი მამიდები რიგრიგობით დგანან ფანჯარასთან და
მოუთმენლად გასცქერიან გზას, რომელზედაც უახლოეს ოცდაოთხ საათში არ
გამოჩნდები. დიახ, ყველაფრის ნათლად წარმოდგენა ძნელია, მაგრამ ის კი ეჭვს გარეშე
უნდა იყოს, რომ ასეთ დროს ადამიანი აფორიაქებული იქნები, დარდიანი,
გუნებაწამხდარი, ჭირვეული და ძნელი ასატანი. ეს - ზოგადად. ხოლო თუ ყველა
სიკეთესთან ერთად ქალიც ხარ, ეს საერთოადამიანური განცდა დამატებით
გამრავლებულ უნდა იქნას რომელიმე შესაბამის h კოეფიციენტზე.
ამიტომ სახეზე რომ წამიერმა ღიმილმა გადაურბინა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს
ტვირთი შემიმსუბუქდა.
ხოლო ზოგადი სახელწოდება იმ მძიმე, მაგრამ საპატიო სენისა, რაც მე მაშინ შემეყარა,
გახლავთ მოვალეობის გრძნობა, რომლის პირველი სიმპტომები, გემახსოვრებათ,
ადრევე გამომაჩნდა. თავის დროზე - თუ მკითხველთა ერთგულება ცოტა ხანს კიდევ
შევინარჩუნე და მშვიდობით მივაღწიე იმ თავს, რომელსაც ვგულისხმობ - დაწვრილებით
მოგახსენებთ ჩემს შეხედულებას იმის შესახებ, თუ რა არის მოვალეობის გრძნობა, რა
არის მორჩილების გრძნობა, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან და რატომ
იყო, რომ ჩვენი უახლოესი წინაპრები - მაგალითად მამაჩემი - მთელი ცხოვრება
მორჩილების გრძნობით იყვნენ გაჟღენთილი და მაინც კი თავი ისე ეჭირათ, თითქოს
გაჟღენთილი იყვნენ მოვალეობის გრძნობით, აქ კი მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო,
რომ ის სენი, რაც მე მაშინ შემეყარა, იყო მოვალეობის გრძნობა, რომელმაც ჩუმად და
გადატანითი მნიშვნელობით გვერდზე გამიხმო და გამაფრთხილა, რომ ამ ეტაპზე ჩემი
უპირველესი ამოცანა იყო, ბედისწერის მიერ ესდენ ვერაგულად შემოპარებული ეს
სალომე ერისთავი მაქსიმალურად სწრაფად და... როგორა ვთქვა... უდანაკარგოდ
ჩამებარებინა მისი რიცხვმრავალი მამიდებისათვის და რომ ამ ამოცანის შესრულებაზე მე
ჩემი ღირსებით (?!) ვაგებდი პასუხს.
არადა, რა მრჯიდა?
განსაკუთრებით მწვავედ (გარკვეულწილად ნიშნისმოგებითაც) გაისმის ეს კითხვა ახლა,
როცა ყოველივე ამას შორიდან ვაკვირდები. რატომ არ ავსხმარტალდი? რატომ არ
ავჯანყდი? რატომ მშრალი შიმშილობა არ გამოვაცხადე? რატომ გავყავი თავი ასე
თვინიერად პასუხისმგებლობის გაზინთულ ყულფში? მე ხომ გონიერი არსება ვარ და
მაშინაც გონიერი არსება ვიყავი?! მე ხომ შემწევს ძალა და მაშინაც შემწევდა, ერთი
ინტელექტუალური შელოცვით წამში დამეფრთხო ყველა ანგელოზი ისეთი ალოგიკური
ავსულებისა და სარეველა ცნებებისათვის, როგორიცაა მაგალითად „თანაგრძნობა“?
დიაღაც! დიაღაც რომ შემწევს და მაშინაც შემწევდა ქადილის ძალა, დიაღაც რომ
გონიერი არსება ვარ და მაშინაც გონიერი არსება ვიყავი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ
გონიერება არ არის უმთავრესი ნიშანი, რითაც ადამიანი პირუტყვისგან განსხვავდება.
მართალია ხანდახან, როცა კაცობრიობაზე ზედმეტად აღრენილი ვარ, ცივი
ულმობლობით ვამტკიცებ - საჭირო არგუმენტაციასაც, განსაკუთრებით ცოცხალი
მაგალითების სახით, ღვთის შეწევნით იოლად ვპოულობ - რომ ადამიანსა და პირუტყვს
შორის არ არის არავითარი განსხვავება თვინიერ გონებითი განსხვავებისა, რაც ოდენ
რაოდენობრივია - ამდენად, არაარსებითიც - და შესაბამისად ადამიანი იგივ პირუტყვია,
ოღონდ შედარებით მეტყველი პირუტყვი, მაგრამ უფრო ხშირად ამ დებულებას მაინც ის
დებულება ჯაბნის, რომ ფუყე და უმაქნისი გონება სანახევროდაც კი ვერ ავსებს
განსხვავების იმ ვეებერთელა ხევს, რომელიც ადამიანსა და პირუტყვს ერთმანეთისაგან
ჰყოფს. თავად განსაჯეთ - განა პირუტყვს შეუძლია მამიდათა იდუმალი გულისთქმა
გაიგოს, მამიდათა მოუთმენელი მოლოდინი განიცადოს, მამიდათა მარტოობის,
მამიდათა სევდის, მამიდათა ნატვრის თანაზიარი გახდეს?! რასაკვირველია არა!
ათასგზის არა და ათი ათასგზის არა! აი რა არის თვისობრივი განსხვავება! აი რატომ
არის ადამიანი ადამიანი და რატომ არ არის ადამიანი პირუტყვი (ცხადია, ეს ყველაზე არ
ითქმის)!
- გმადლობთ... - თქვა სალომემ.
- მაშ, რაკი ეს პრობლემა გადავჭერით, ვახშმის თადარიგიც დავიჭიროთ.
- ვახშმის თადარიგი?
- სადილი ვთქვათ. ტერმინებში არ არის საქმე. მთავარია, ცოტა რამ მოვიმარაგოთ, რომ
ამაღამ მშიერ-მწყურვალი არ დავრჩეთ.
სალომემ შემომხედა და მგონი პირველად ამ დროს გაითვალნათლივა მკაფიოდ, რომ
გვირაბის პირას ღამის გათევა რეალური პერსპექტივა იყო. მერე თქვა: - ცოტა ნამცხვარი
კი მაქვს. მამიდებს წამოვუღე...
- მამიდების გაქურდვა აუგია. სასადილოში გადავალ და რამეს ვიყიდი. წყალსაც
მოვიმარაგებ. ჩვენი მათარა თითქმის დაიცალა.
- მეც წამოვალ.
- წამოდით.
მანქანას რომ ვკეტავდი, ჩემი მხედველობის არეში წამით „ვოლგის“ ლამაზი მგზავრები
მოხვდნენ.
- გვანცასა და ირაკლის არ გავაცნოთ ჩვენი განზრახვა? - ვკითხე სალომეს, - იქნებ უნდათ
რამე დაგვაბარონ.
- გააცანით.
გვანცასა და ირაკლის არაფერი დაუბარებიათ. ვიდრე მე ამ საგანზე ირაკლის
ვესაუბრებოდი, გვანცა ისე ჩაციებით მიყურებდა, თითქოს ჩემს ნათქვამს რენტგენის ან
რაიმე სხვა, უფრო ეფექტური სხივებით ამუშავებდა, რათა დაედგინა, მართლა იმას
ვამბობდი, რასაც ვამბობდი, თუ რასაც ვამბობდი, მხოლოდ ნიღაბი იყო და მის უკან იმას
ვმალავდი, რასაც არ ვამბობდი. ირაკლი უფრო ნდობით მომეკიდა. მეტიც: არაფერი
გვინდაო, რომ მეუბნებოდა, შეშფოთებულ გამომეტყველებაში მადლიერების
ნაპერწკალიც კი გაუკრთა.
არადა, რომც დაებარებინათ რამე - თუ მაინცდამაინც იმას არ დაგვაბარებდნენ, ეგებ
ცოტაოდენი იმედგაცრუება წამოგვიძღვანიოთო - მაინც ვერ შევუსრულებდით.
მოგზაურობა უშედეგოდ დამთავრდა. სასადილო დაკეტილი აღმოჩნდა. მე და სალომე
ხელცარიელი დავბრუნდით.
ამაში საკვირველი არაფერი ყოფილა. გონების სიზანტე, თორემ წესით ადრევე უნდა
მივმხვდარიყავით, რომ სასადილო გამოფხეკილი დაგვხვდებოდა. მეორე მხრივ,
სასადილო სწორედ იმიტომ დაგვხვდა გამოფხეკილი, რომ გონების სიზანტე
საყოველთაო და სავალდებულო კანონი არ არის. სიბრძნე მარტივია: ადამიანთა ნაწილი
ფხიანია, ნაწილი უფხო. ფხიანი ადამიანები დროულად და მარჯვედ დატრიალებულან,
რისი წყალობითაც გამოცარიელებული და გამოკეტილი სასადილოს წინ ჩვენსავით უფხო
და ჩვენსავით პირშიჩალაგამოვლებული საზოგადოებაღა დაგვხვდა, რომელსაც, რაკი
ბრძოლა უკვე წაგებული ჰქონდა, სხვა აღარა დარჩენოდა რა, გარდა იმისა, რომ გული
მოეფხანა, და მართლაც, ჩვენ რომ მივედით, სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული. თავისი
უფხოობა და უხერხემლობა უკვე სავსებით ჰქონდა შეგნებული, მაგრამ რაკი ადამიანს
ბუნებისა და ფსიქიკის ზოგ სიღრმისეულ თვისებათა გამო ყოველთვის ის ურჩევნია,
ბრალი სხვას დასდოს, ხოლო გულის მოფხანა მაშინაა კარგი - და საერთოდ გულის
მოფხანა სწორედ ეს არის - როცა კონკრეტულსა და კერძო ურთიერთობებს არ ეხები,
ცხარედ, მაგრამ უმისამართოდ ბრდღვინავდა. მკვახე-მკვახე და მსუყე-მსუყე
გამოთქმებით კიცხავდა და გმობდა ზოგად სიხარბეს, ზოგად ეგოიზმს, ზოგად
გულქვაობას, მოყვასის გასაჭირის არად ჩაგდებას და სხვა მრავალ მანკიერებას (ზოგი ამ
ამბავში პიროვნების უფლებათა ხელყოფასაც ხედავდა და აბსტრაქტულ დამნაშავეთა
მიმართ ბუნდოვან სანქციებს მოითხოვდა). სასადილოს გამგე თავადაც გრძნობდა, რომ
საზოგადოების მხრივ ამ შფოთისა და ყაყანის მიზანი ილუზიური ღირსების გადარჩენა
იყო და არა პასუხის მოთხოვნა, მაგრამ მაინც - მეტი სიფრთხილისათვის - ყველას, ვინც კი
მოსმენას არ დაიზარებდა, წვრილად, მწუხარედ და ქშენით უამბობდა, რაც მოხდა, თან
მოკლე ხელებს, რომელთა ზურგებს, განსაკუთრებით სახსართა არეში, ბალანი ხავსივით
მოსდებოდა, დროდადრო ნაღვლიანი გაკვირვებით შლიდა.
- აბა ეს ერთი ბეწო დუქანი ამოდენა ჯარ-ჯამაათს როგორ გაწვდება?! ეხლა კაცის
სიხარბეც ხომ ანგარიშში ჩასაგდებია და, თუ გასაჭირი რამ ადგას, მაშინ გასაჭირიც
ანგარიშში ჩასაგდებია! ადამიანი რომ ხიფათს იგრძნობს, ნადირი იმასთან არაფერია; აი
აქ აწვება სისხლი და ცოფი! - გაშლილი და ერთმანეთს მიტყუპებული ორივე ხელის
თითები ყელთან მიიტანა და მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახვა ხელის ზურგებზე,
განსაკუთრებით სახსრებთან, ბუჩქ-ბუჩქად აბიბინებული ბანჯგვლები, - ერთი საათის წინ,
ერთი საათიც არ იქნება, ხუთი კაცი შემოვიდა, თუკი რამ ისეთი მქონდა, რომ კუჭი
მონელებას შეძლებდა, სულ ერთიანად იყიდეს. აბა მე რა მექნა? ერთი კი ვუთხარ,
დალოცვილიშვილებო, ცოტა რამ სხვასაც დაუნარჩუნეთ-მეთქი, მაგრამ განა ასეთ დროს
ადამიანს ადამიანის ენა ესმის! ისეთი შემომიბღვირეს, ისეთი შემომიტიეს, ისეთი
შემომიყეფეს და ისეთი შემომაგინეს, ღმერთმა თქვენც გაშოროთ და თქვენს ნაგრამსაც.
თოფსაც დამკრავდნენ, თუ რომ დასჭირვებოდათ, და თვალს არ დაახამხამებდნენ. მაშ,
გამემტყუნება, რომ ნებას დავყევი?! ე დალოცვილი ქვეყანა, რა ჩემგან გესწავლებათ, ისეა
მოწყობილი, სიმართლის ჭერი, კანონის ბურჯი თუ მკვიდრად არ შეუყენე, ან დღე
დაგემხობა თავზე ან ღამე! კანონი კიდე იმათ ეჭირათ ხელში. იყიდეს, განა წამართვეს!
ჩემთვინ ხო არავის დაუვალებია, ერთიანად არ გაყიდო, ნაწილ-ნაწილ გაყიდეო! ჰოდა,
მივეც. მივეც და იმათაც წაიღეს... ხორცი, იცოცხლეთ, კიდევ ბლომად მაქვს გამოწერილი,
მაგრამ ამ სოდომსა და გომორაში ვინ რასღა ამოიტანს!..
ეს ერთი მონოლოგი რომ მოვისმინეთ სასადილოს გამგისა, მეორეს აღარ
დავლოდებივართ. მართალია გულის კოვზთან მაცდურად მიღიტინებდა სურვილი, ამ
საერთო-სახალხო აღშფოთებაში მცირე წვლილი მეც შემეტანა, მაგრამ რაკი ვიგრძენი,
რომ რაღაც ისეთი მოსრულდა, რასაც ჩვეულებრივ ფორმა შენიღბული აქვს და შინაარსი
მძაღე, გაცლა ვამჯობინე.
ერთხანს ჩუმად მივუყვებოდით ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს ჩახერგილ
მანქანებსა და ჩახერგილ ადამიანებს შორის. ბოლოს დუმილი სალომემ დაარღვია: - ნეტა
კი მაშინ იმ სასადილოში შევსულიყავით...
- გშიათ?
- მე არა. მე დიდხანს ვძლებ უჭმელად.
- ყოველი „დიდხანს“ ერთნაირი „დიდხანს“ არ არის. ზოგი „დიდხანს“ ძალიან დიდხანს
გრძელდება. არც დავით მეფე იყო ახალგაზრდობაში მაინცდამაინც მუცელღმერთა,
მაგრამ რომ მოშივდა, ლამის პირიდან გამოგლიჯა ლუკმა იეღოვას სახტად დარჩენილ
ქურუმს, რითაც სხვათა შორის - არ დასჭირვებიათ გამოყენება თორემ - მშვენიერი
საყრდენი შეუქმნა საჩვენქურუმო თეორიას, თითქოსდა ყოფიერება განსაზღვრავს
ცნობიერებას. თუმცა ამას მოვეშვათ, ასეთი ხალხური ფილოსოფია დღეს
სამართალდამცავ ორგანოებშიც კი ფეხს ძნელად იკიდებს.
- ვინც ამოდენა სურსათი იყიდა, ალბათ იმიტომ იყიდა, რომ მერე გაყიდოს და სარგებელი
ნახოს.
- სწორედ მანდ არის ჩვენი მთავარი ცთუნება. რა უფრო შეჰფერის სულდიდ ქმნილებას?
ან, უფრო რეალისტურად რომ ვთქვათ, ისეთ ქმნილებას, რომელსაც თავი სულდიდი
ჰგონია? არამზადებთან დაიჭიროს საქმე თუ მამიდებს შეუჭამოს ძღვენი? ეს არის დილემა
და წყევლაკრულვიანი საკითხავი, თორემ ჭაბუკ დავითს ნამდვილი არჩევანი არც ჰქონია.
მისი არჩევანი პრიმიტიული გამოცდა იყო, რომელსაც უფალი პერიოდულად გვიწყობს
ხოლმე, რათა დარწმუნდეს, რომ განვითარების ამ ეტაპზეც ადამიანის სული კუჭშია
მოთავსებული. ჩვენი გამოცდა გაცილებით რთულია და ჩვენს ადგილას ყველა პატიოსანი
დავითი ჩვენსავით დიდხანს იყოყმანებდა, ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტდა, რა ექნა -
ჩარჩებთან უკადრისი აღებ-მიცემობა გაეჩაღებინა და უზნეობის ამ პატარა ფერხულში
ჩაბმულიყო, თუ მამიდებისთვის შეწირული საღვთო ნამცხვარი მოეპარა და ქურდის
სახელი დავარდნოდა.
სალომეს გაეღიმა.
- მამიდებს არ ეწყინებათ...
- არც იეღოვას სწყენია, დავითმა რომ მის ქურუმს პური შეაწერა. ან კი რატომ უნდა
სწყენოდა! გამოცდებსაც ხომ ფორმალურად აწყობს, თორემ განა უგამოცდოდ არ იცის,
რა კუჭი ჩაუდგა და რა სული შთაბერა თავის ქმნილებას?! მაგრამ აქ სხვა რიგის
გამოცდაა, რომელიც სულისა და კუჭის პრობლემას სცდება. ღირსება ცვალებადი
სიდიდეა, როგორც მთვარე, თანაც მთვარისგან განსხვავებით მისი კლებისა და მატების
პერიოდულობა დაუდგენელია. ბიბლიური დავითი არ ვიცი რას ირჩევდა, ჩვენს ადგილას
რომ ყოფილიყო, მე კი ქურდობა მირჩევნია. თქვენი მამიდები იდეალისტები არიან?
სალომემ დაფიქრებით შეიჭმუხნა შუბლი.
- მე მგონი იდეალისტები არიან, - თქვა ყოყმანით, მერე უფრო მტკიცედ დასძინა, - კი,
იდეალისტები არიან. რატომ მეკითხებით?
- იდეალისტების გაძარცვას სინდისი შედარებით იოლად ეგუება. მაშ წავიდეთ, იქნებ
წყალი მაინც ვიშოვოთ.
წყალი ვიშოვეთ. მართალია მთელი საათი მომიხდა რიგში დგომა, მაგრამ ბოლოს და
ბოლოს ვიშოვეთ. მათარა ავავსე და უკან, ჩვენი მანქანისკენ გავბრუნდით.
ვიდრე მანქანას მივაღწევდით, ორი ისეთი ეპიზოდი მოხდა, რომლებსაც არ ეგების
დუმილით ავუარო გვერდი და არც ძალმიძს. პირველი ის იყო, რომ ნაცნობებს
გადავეყარე, სანდრასა და კამბეჩას, თუ ვინმეს გაგიგონიათ. სულ ოცდაათიოდე მეტრი
გვექნებოდა გამოვლილი წყაროდან წამოსულებს, რომ აქედან მე დავინახე და იქიდან
იმათ დამინახეს. წინ სანდრა მოდიოდა; მხარზე, ჩვეულებისამებრ, ვიდეოკამერა ჰქონდა
გადებული. უკან კამბეჩა მოიზლაზნებოდა და ხმადაბლა ზმუოდა.
მე სალომეს სასწრაფოდ და მაქსიმალურად პოპულარული ენით ავუხსენი, ამ ორ
სულიერს - ისინი ჩემი ნაცნობები არიან - ერთი რომ მაჩვს ჩამოჰგავს და მეორე დათვს,
გაადამიანების საკვალიფიკაციო კურსები ჯერ ბოლომდე არ ჩაუთავებია, რის გამოც
ბუნების შვილებად უფრო გრძნობენ თავს, ვიდრე ბუნების გერებად, ქცევის წესებიც
ბუნების წიაღში აქვთ ნასწავლი და არა საკვირაო სკოლაში, რაც მანდილოსნებთან
ურთიერთობისას განსაკუთრებით თვალშისაცემია, ამიტომ, ორმხრივ უხერხული
ვითარება რომ არ შეიქმნას, ისა სჯობს გზაშივე შევეგებო-მეთქი, და ასეც მოვიქეცი.
- აქეთ რა ქარმა გადმოგყარათ, ჩემო ტარტაროზისმიერო ძმებო? - ვიკითხე მე, - ან ვინ
გამოგიშვათ ამოდენა გზაზე უმეთვალყუროდ? რატომ კაი ყმა არ გახლავთ თან?
- როგორ არ გვახლავს! - თქვა სანდრამ.
- გვახლავს, - კვერი დაუკრა კამბეჩამაც, - კაი ყმაც გვახლავს და აზამათ ლომგულიც.
- ნუთუ ისიც?
- ისიც. მანქანაში დარჩნენ...
- თქვენ რაღას გადმოხვედით! ხომ ხედავთ, ისედაც ყუაზეა დასული ეს საწყალი
დედამიწა!
- შენ დედამიწის დარდი ნუ გექნება, ჟაკ, - მიპასუხა სანდრამ და ვიღაც მანდილოსანს,
რომელმაც სწორედ იმ წამს თიმთიმით ჩაგვიტარა გვერდით გრანდიოზული გორელიეფი,
სწრაფად მიადევნა უკან ვიდეოკამერა. მერე ისევ მე მომიბრუნდა, - შენ დედამიწის დარდი
ნუ გექნება. დედამიწას მწვანეები მიხედავენ. მწვანეებს თუ ფერი ეცვალათ, წითლები ხომ
ჯერ კიდევ აქ არიან. წითლებს თუ მეხი დაეცათ, მეწამულები დაიჩეკებიან, მეწამულებმა თუ
კუდი მოითხვარეს, შავები ჩაენაცვლებიან. შავები თუ გაზიზილპიპილდნენ, რაც ნაკლებ
მოსალოდნელია, აქ არა ვართ?! ერთ წილ მწიფე ბოლოკისფერსა და ერთ წილ ღია
სტაფილოსფერს ორ წილ მუქ შინდისფერში გავაზავებთ და იჩუხჩუხებს და იჩუხჩუხებს ასე
ეს მაცთური ცხოვრება. გაიგე?
- კი. რთული იყო, მაგრამ თავს ძალა დავატანე და გავიგე.
- აი ხედავ, კამბეჩო? - ნიშნისმოგებით უთხრა სანდრამ, - გაიგო. კარგად დაიხსომე და ამ
კასტის ძვირი მეორედ აღარ გამაგონო. არაფერი ხორცმეტები და... - აქ სიტყვა ერთბაშად
შეწყვიტა, მარცხნივ შეტრიალდა, ორი ნახტომით გაჩნდა იმ ადგილას, სადაც მოხუცმა
ქალმა და მოხუცმა კაცმა უეცრად გააფთრებით დაუშინეს ერთმანეთს მუშტები, და კამერა
ჩართო. მერე, მოხუცები რომ კეთილმა ადამიანებმა გააშველეს და სხვადასხვა მხარეს
წააჩაქჩაქეს, უკანვე დაბრუნდა. - ზღვა მასალაა, - თქვა კმაყოფილმა, - დოკუმენტური
ფილმი უნდა გადავიღო, ჟაკ. „საქართველოს ზნეობანი“.
- მრავალსერიანი გადაიღე.
- მრავალსერიანს გადავიღებ. რამდენიმე სერიას ეს მასალაც ეყოფა. დროც საკმარისი
მაქვს. ეტყობა კარგახანს არ ვაპირებთ აქედან ფეხის მოცვლას. თუ შენ სხვაგვარი ცნობა
გაქვს?
- არა, არა, ნუ გეშინია, მაგრად ვდგევართ. ყოველ შემთხვევაში, ხვალ დილამდე შეგიძლია
მშვიდად იმუშაო.
- მაინც რა მიზეზიაო?
- გველეშაპს დაუჭერია გვირაბი.
- აა!..
- სხვათა შორის, - ჩაერია კამბეჩა, - ჩემს ცხოვრებაში ჯერ რიკოთზე ღამე არ გამითევია.
ხომ საკვირველია, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ამაღამდელი ღამე იქნება პირველი... შენ სად
გიდგას კარავი, იაკო?
- ზემოთ, - თითით ვანიშნე.
- ვაკეში ყოფილხარ.
- სადა?
- ვაკეში. შენთან შედარებით ჩვენ ჩუღურეთში ვართ.
- აბა ჩუღურეთი?
- ქვემოთ, ქვემოთ, ქვემოთ. დასაკარგავში. შენ ეს გვითხარი: სასადილოში ხომ არ
შეგივლია?
- შევიარე.
- არის რამე?
- არაფერი, რაც კი იყო, დაუტაცნიათ მოყვასთ, რომლებიც ჩვენ, თუ ნამუსიანი
ქრისტიანები ვართ, საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს.
- მამულიშვილნო! - მსუბუქი საყვედურით შესძახა სანდრამ.
- დავმჯდარვართ მაშ კონიაკის დიეტაზე, - შეწუხდა კამბეჩა.
- არაფერი გიჭირთ, - ვუთხარი მე, - სულ სხვები შიმშილობენ, ერთხელ თქვენც იშიმშილეთ,
თუ ვერ გაძლებთ და, წარსული გაიხსენეთ. აგერ ტყე და აგერ ნადირი. იარაღი ხომ
გაქვთ?
- იარაღის დანიშნულება ნადირის ხოცვა არ არის, - დიდაქტიკურად შენიშნა სანდრამ.
- ჭეშმარიტად მაღალფარისევლური მაქსიმაა. მაშ, ვიდრე გამორიცხვის მეთოდით
დავადგენთ, თუ რა არის იარაღის დანიშნულება, მითხარით, სად მიდიხართ?
- რატომ დაგვცინი, იაკო? - თქვა კამბეჩამ, - ხომ ხედავ, ვდგევართ.
- თუ ვინიცობისაა დაიძარით?
- მაშინ ბაღდათის მიმართულებით წავალთ.
- სახიფათო გზა აგირჩევიათ, მწირებო. თუმცა ახლა უხიფათო რა არის... გაფრთხილდით
მაინც: ყველა ქვევრში ნუ ჩარგავთ თავს. ის გიჟები მართლა გახლავთ?
- კი, - თქვა კამბეჩამ.
- ოთხივე რამ შეგყარათ ერთად, არ აფეთქდეთ გზაში.
- შენც წამო, იაკოპო; ხუთნი ვიქნებით.
- ექვსნი, - ჩაილაპარაკა სანდრამ.
სანდრას რეპლიკას მე ყური ავარიდე.
- ვერა, კამბეჩო.
- რატომ?
- სანაკლიოში მივდივარ. სანაკლიოში რომ მიდიხარ, ხომ იცი, გზიდან არ უნდა
გადაუხვიო.
- ის უცხო შროშანიც თან მიგყავს? - სასხვათაშორისო კილოთი იკითხა სანდრამ.
- რომელი უცხო შროშანი? - შუბლი შევიკარი მე.
სანდრამ კამერა უხმოდ, მაგრამ დემონსტრაციულად დაუმიზნა სალომეს და ჩართო.
აქ ჩემდაუნებურად მეც გავხედე სალომეს. გავხედე დაეჭვებითა და სკეპტიკურად.
- საკუთარ სიბრიყვეს ნუ აჰყვები, სანდრავ! ეგ არც უცხოა და არც შროშანი.
- სოციალისტური რეალიზმის ყიყინავ! - მითხრა მან პასუხად, - აბა ვინ არის?
- ნათესავია.
ამაზე კამბეჩამ თავისი ცნობილი სიცილი ვეღარ შეიკავა.
- ბრავო! - მითხრა და ბეჭზე მოწონების ნიშნად დამკრა ხელი, - მაშ გვიამბე პავლედ
გარდასახვის სასწაულებრივი ამბავი. აგვიხსენი, როგორ ხდება, რომ კაცი, რომელმაც
უმწიკვლოდ განვლო ცხოვრების მთელი ნახევარი, უეცრად ნათესავების მეურვედ იქცევა?
- ტყუის, - თქვა სანდრამ, - და თუნდაც არ ტყუოდეს, - აქ კიდევ ერთხელ, ამჯერად
უკამეროდ გახედა სალომეს, - თუნდაც მართლა ნათესავი იყოს ამისი, ვფიცავ სონისა და
სანიოს ფირმებს, მაინც შროშანია.
- არ არის გასაკვირი, - შენიშნა კამბეჩამ, - ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ნათესავიც
შროშანია. უფრო იმათ თვალში, ვისი ნათესავიც არ არის.
- გეყოფათ! - ხელი ჩავიქნიე მე, - შროშანია და შროშანი იყოს. ბაღდათში რა გინდათ?
- ჩვენ არაფერი, - მიპასუხა კამბეჩამ, - კაი ყმას წამოვყევით.
- იმას რაღა უნდა?
- ეგ საიდუმლოა.
- რა არის საიდუმლო?! ის, რაც თქვენ იცით და ის, რაც აზამათ ლომგულმა იცის,
საიდუმლოა?!
- შამათივით ლოგიკაა, - შენიშნა სანდრამ.
- შამათივით ლოგიკაა, - დაემოწმა კამბეჩაც და მე მომიბრუნდა, - კეთილი, იაკო, გეტყვით:
კაი ყმა დასახლებას აპირებს ბაღდათში.
- ოღონდაც, თუ ძმა ხარ, - სასწრაფოდ ჩაერია სანდრა, რა დაინახა, რომ ყველაფერი, რაც
გულში გავივლე, სახეზე აღმებეჭდა, - სიტყვების ჩამოთვლას ნუ დაიწყებ, ვიცით შენი
ლექსიკური სიმდიდრის ამბავი და ისედაც გენდობით, თანაც ყველა სიტყვა და ყველა
ფრთიანი თქმა - ცოტა შენც გვენდე - რასაც კი საქმე და ვითარება მოითხოვდა, უკვე
ითქვა, თითო-თითოდ დავულაგეთ მაგიდაზე, მაგრამ არ გაჭრა. უნდა და რა ქნას!
შეუყვარდა მიწა. აი შენც ხომ კინაღამ ნათესავები შეგიყვარდა. და თუ ახლა არ
შეგყვარებია, ვინ არის თავდები, რომ მერე არ შეგიყვარდება! იქ, შორეულ ბაღდათში, კაი
ყმას ბაბუამისის ნასახლარი ეგულება.
- ბებიამისისაც, - დააზუსტა კამბეჩამ.
- კი, - დაემოწმა სანდრა, - ბებიამისისაც.
- სიტყვა „აკუდული“ თუ ითქვა? - ვიკითხე მე, - ან სიტყვა „დასისტიქინება“.
- არა, - თავი გაიქნია კამბეჩამ.
- მაშ, ჩაიხედეთ, მტრედებო, ლექსიკონში - არსებობს ასეთი წიგნი - და კარგად
დააკვირდით, რას ნიშნავს „ყველაფერი“... ქანქარებო! სულ თქვენი ბრალია,
კომუნისტებმა რომ ამდენ ხანს იბოგინეს! რა ქნას!.. რა მისი ბრალია, თუკი მიწა
შეუყვარდა... ადრე სმა უყვარდა. სვამდა ყოველთვის, სვამდა ყველგან, სვამდა
ყველაფერს, მათ შორის... მმდაჰ! მერე სულ რომ დალია, რაც იშოვა და რაც ჩაუვიდა, უცებ
მიწა შეუყვარდა და ბაღდათი მოუნდა! ახლა მოგინდათ ბაღდათი?! ახლა მოგინდათ
ბაბუათქვენისა და ბებიათქვენის ნასახლარები?!. კონიაკი რომელი გაქვთ?
- მიდკლასის, - ხელები გაშალა კამბეჩამ, - „ვარციხე“. ჩამოდი საღამოს. ჩამოხვალ?
- არ ვიცი. „ვარციხის“ გულისთვის ავანსებს ვერ გავცემ.
- აკი გეუბნებოდი, კამბეჩო, ავანსებს ვერ გასცემს-მეთქი, - ცრუსაზეიმო კილოთი თქვა
სანდრამ, - გახსოვს! ჯერ კიდევ შარშან ამ დროს გითხარი, ეგ ისეთი კაცია, გაის ამ დროს
რომ რიკოთზე გადავეყაროთ, „ვარციხის“ გულისთვის ავანსებს ვერ გასცემს, მით უმეტეს,
თუ მარტო არ იქნა-მეთქი? გახსოვს?.. წყალი თუ მაინც აიღე, ჟაკ?
- ავიღე, - მაგრამ საათიანი რიგი დგას.
- ჩვენ ვიდეოკამერა გვაქვს.
- ასეა. ზოგს ნამუსი მისცა ღმერთმა, ზოგს ვიდეოკამერა.
- ფიი! - დაიღმიჭა სანდრა, - შენ რომ ელოლიავები, ეგ პატარა ნამუსია, რომელსაც, ვისაც
დიდ ნამუსზე ხელი არ მიუწვდება - ჩემი თუ არ გჯერა ბიძაშენს ჰკითხე - ის ებღაუჭება.
ჩვენი ბრძენი და თვინიერი ხალხი ვიდეოკამერას მოწიწებით უთმობს გზას. აბა, საღამოს
გელოდებით.
- ვნახოთ. თუ ვერ ჩამოვედი, ნუ დამზარდებით და კაი ყმასა და აზამათ ლომგულს
გადაეცით, რომ მათ შესახებ ისევ ის აზრი მაქვს, რაც ადრე მქონდა.
- გადავცემთ.
როდესაც უკან დავბრუნდი, სალომემ დაკვირვებით შემომხედა და შემეძლო სანაძლეოს
ჩამოვსულიყავი, რომ გულში კიდევ ერთხელ რაღაც ისეთი გაივლო, რისი ხმამაღლა
თქმისაგან მცირე ყოყმანის შემდეგ თავის შეკავება ამჯობინა.
მეორე ეპიზოდი - შედარებით უცნაური და დამაფიქრებელი (ვინ იცის, შემაშფოთებელიც
კი) - გზის ბოლოში შეგვემთხვა, როცა ჩვენს მანქანამდე სულ ოციოდე სხვა მანქანაღა თუ
იქნებოდა. ახლა აღარ მაგონდება - კაცმა რომ თქვას, არცა აქვს მნიშვნელობა - რატომ
ვახსენეთ კიდევ ერთხელ შონია. გასაკვირი და უჩვეულო აქ ცხადია არაფერი ყოფილა,
შონიას მაშინ ყველა ახსენებდა, მათ შორის ისინიც კი, ვინც უპირატესობას კვაშალს
ანიჭებდა. ერთი სიტყვით, ლაპარაკი ისევ ჩამოვარდა შონიაზე და ცოტა ხნის შემდეგ,
როდესაც სალომე ხელახლა შეეცადა მისი პიროვნული არსებობის იდეა დაეცვა,
ვუთხარი: - რომც გამოჩნდეს რაიმე სახის ინდშონია, ამით მისი რეალური არსებობა მაინც
ვერ დამტკიცდება. შეუთავსებლობა მეტისმეტად დიდია: რეალური შონია ჩვენი
გულისთქმის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს და რეალურ მოთხოვნათა შესაბამის
შონიას ჩვენი გულისთქმა ვერ შექმნის. ხოლო რა კალაპოტიც გულისთქმამ გაამზადა,
იმაში რომ ადამიანის ჩამოსხმა მოვიწადინოთ, იმისთანა ურჩხული გამოგვივა,
ფრანკენშტეინი ფიდიასად მოგეჩვენებათ. მაქსიმალურად ლოგიკური ფორმა, რომელიც
აქ შონიას სახელით შეიძლება მოქმედებდეს, არის სალტე.
- სალტე?
- ან რაიმე მონათესავე ცნება. მარწუხი, ბორკილი, ყულფი, ალყა... ერთი სიტყვით, ისეთი
რამ, რასაც შეუძლია შეგვკრას და შეგვბოჭოს, განსაკუთრებით - შეგვნივთოს.
- არა, - გაისმა ჩემს ზურგს უკან.
ჰაერის ტალღამ კეფაზე თმა შემირხია.
მართლაც, კაცი, რომელმაც ეს სიტყვა წარმოთქვა, ისეთი სიმაღლისა იყო და ისე ახლო
იდგა, მის ბაგეთაგან წამოსული ჰაერის ტალღა სწორედ კეფაზე უნდა მომწვდენოდა.
გრძელი და ხმელი სახე ჰქონდა, მაღალი, მოსული ცხვირი, დაღარული შუბლი, განიერი
ნიკაპი, ცისფერი თვალები, წითური თმა და კამბეჩასავით ალალი ღიმილი.
- გარსი, - თქვა მან, მე და სალომე რომ მივუტრიალდით, - მაგრამ, გარსი არა როგორც
სალტე, არა როგორც მარწუხი, არა როგორც ბორკილი, არა როგორც ყულფი და არა
როგორც ალყა...
მე ერთხანს ცივად ვუყურე (სალომეს მზერა უფრო გაკვირვებულ ინტერესს გამოხატვდა).
მერე ვკითხე: - არამედ?
- არამედ ისეთი რამ, რის შიგნითაც მხოლოდ სულიერი არსებანი იგულისხმება.
- კერძოდ?
- ქერქი, ტყავი და კანი. - მსუყე ხმა ჰქონდა, დაჯერებული კილო და წარმოთქმის ცოტა
გამაღიზიანებელი მანერა, თითქოს ცდილობდა ცალკეული სიტყვებისთვის თავისთავადი
და დასრულებული მნიშვნელობა მიენიჭებინა, - თქვენს მიერ დადგენილი უპიროვნობის
პრინციპი სწორია და თქვენ ამ ფერდობზე პირველი ხართ, ვინც ამ პრინციპს მიაგნო,
მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა, - მაგრამ კონკრეტული თეორია კი, რომელიც ამ
პრინციპიდან გამოიყვანეთ, კერძოდ, თეორია სალტისმაგვართა შესახებ, მცდარია.
გულისთქმა არაცოცხალ არსს არ ქმნის. არაცოცხალი არსი ყოველდღიური მოხმარების
სფეროა და იგი სხვა, უფრო მარტივი საშუალებებით იქმნება. გულისთქმა მხოლოდ
ცოცხალ არსს დასტრიალებს და მისი დანიშნულება სიცოცხლის შექმნაა. ამიტომ საქმე
გვაქვს არა სალტისმაგვართან, არამედ გარსისმაგვართან. გარსისმაგვარები კი ქერქი,
ტყავი და კანია. თუ მცენარე იქმნება, ქერქი, თუ ცხოველი იქმნება, ტყავი, თუ ადამიანი
იქმნება... მაგრამ გულისთქმა დღესდღეობით ადამიანს ვერ შექმნის. თავდაპირველი
ჩანაფიქრი და თეორიული მოდელი თვით იეღოვამ და სხვა, ამ დარგის სპეციალისტმა
ღმერთებმაც კი ვერ შეინარჩუნეს. რაც იმათ გამოუვიდათ - აგერ, ერთად არიან
მოგროვილი და შეხედეთ - მოდელთან შედარებით მხოლოდ ძალზე პირობითად და
დიდი შეღავათით შეიძლება ადამიანად მოვიხსენიოთ. ეს მაშინ, როცა იმ თაობის
ღმერთები, როგორც ცნობილია, მთელ გალაქტიკას მოიცავდნენ. ამგვარად, ადამიანი
გამოირიცხა. რჩება მცენარე და ცხოველი. მცენარე შეგვიძლია ანალიზისა და კომენტარის
გარეშეც უარვყოთ. მაშასადამე - ცხოველი. ოღონდ ეს ცხოველი ძალზე დაბალი
განვითარებისა უნდა იყოს. ვთქვათ, ბაყაყი, ან ხვლიკი, თუმცა ეს ნაჩქარევი და, ამდენად,
სათუო დასკვნაა. ერთი სიტყვით, გულისთქმამ თავის წიაღში წარმოქმნა ჩანასახი და
სასრულოვნების ნიშნად ირგვლივ შემოაკრა გარსი, რომელსაც ჩემთვის გაუგებარი
მიზეზების გამო აქ შონიას - ზოგჯერ კვაშალს - უწოდებენ. თუმცა სახელდებას
მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რა შეიქმნა და რა დაიბადება, ან დაიბადება თუ არა
საერთოდ ის, რაც შეიქმნა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქ შეიძლება იმას ჰქონდეს,
რამდენად იქნა გათვალისწინებული გვირაბის რეალური ზომები. გამორიცხული არაა,
ჩვენი ასეთი დაყოვნების მიზეზი სწორედ ის იყოს, რომ გვირაბი ვიწროა და გარსში
მოქცეული ჩვენი ერთიანობა იქ ვერ შეეტია. მე არ ვამტკიცებ, რომ ხვალ, ალიონზე,
უეჭველად იძვრის მიწა, მაგრამ თუ იძრა, იცოდეთ ეს ნიშანი იქნება, რომელსაც ამოხსნა
სჭირდება. რამდენ ხანში ამოიხსნება? ეს გახლავთ პირველი დიდი კითხვა. მართალია
ზოგი კითხვას ასეც სვამს: ამოიხსნება თუ არა საერთოდ? მაგრამ ამას უმეტესად
დილეტანტები სჩადიან. ასე რომ, იფიქრეთ, იმსჯელეთ, აანალიზეთ. აი ჩემი სავიზიტო
ბარათი, - ამ სიტყვებით მართლა ამოიღო ჯიბიდან სავიზიტო ბარათი - მუყაოს თეთრი,
ქათქათა ნაჭერი, რომელზედაც ოქროსფერი წარწერა მოჩანდა - მაგრამ იმის ნაცვლად,
რომ მოეცა, ერთი შეატრიალა ხელში და ისევ ჯიბეში ჩაიდო, - ვიცი, კიდევ ვნახავთ
ერთმანეთს, ამიტომ არ გემშვიდობებით. - ესა თქვა, გატრიალდა და მალე ხალხისა და
მანქანების ჭაობში ჩაიძირა.
სალომემ თვალი გააყოლა. მერე, უცნობი რომ გაქრა, დაფიქრებით თქვა: - მგონი
მართალი ხართ.
- რაზე ამბობთ?
- ცნობიერებაზე.
- რა თქმა უნდა, მართალი ვარ! - დაეჭვებული სიმხნევით მივუგე მე. საქმე ის არის, რომ იმ
კაცის ცალფა და სწორხაზოვანმა პირდაპირობამ ჩემს თავდაჯერებაში გრძელი
ლურსმანი ჩაასო და ზედ კითხვის ნიშანი დაჰკიდა, - მართალი კი ვარ, მაგრამ, როგორ
ფიქრობთ, ეს კაცი შექანებული იყო?
სალომემ მხრები აიჩეჩა: - არ ვიცი... ალბათ.
- ალბათ, მაგრამ არა დანამდვილებით. დანამდვილებით კი იქნებ სულაც არ არის
შექანებული. და თუ არ არის... და რასაც ამბობს, ყველაფერს თუ ისეთი იდუმალი ხმა
კარნახობს, რომელიც ჭეშმარიტებათა იმიერბიბლიოთეკაშია ჩაწერილი, ვთქვათ, აკაშას
ქოხსამკითხველოში... თუ აქ მართლა რამე ერთიან ორგანიზმად შევნივთდით და
შევთვისდით - აკი სულ იმას გავიძახით, ერთ მუშტად შევიკრათო - და ცოტა ხანში ბაყაყად
ან ხვლიკად, გნებავთ, ნებისმიერ სხვა ამფიბიად ან ქვეწარმავლად, დავიბადეთ, მაშინ
რაღა ვქნათ? რამდენი ხანი დაგვჭირდება, სანამ კვლავ ადამიანად ვიქცევით?.. განა ეს
თავზარდამცემი პერსპექტივა არ არის?
- გვანცა და ირაკლი რა იქნენ? - გაკვირვებით იკითხა ამ დროს სალომემ.
გვანცა და ირაკლი არსად ჩანდნენ.
- იქნებ სადმე გაიარეს, - ვივარაუდე მე.
- ვითომ გაისეირნეს?
- დიახ. თუმცა, მართალი გითხრათ, მეეჭვება.
- მეც მეეჭვება.
- მე იმიტომ მეეჭვება, რომ აქ ორიენტირებად მეგულებოდნენ, რომელთა მეშვეობითაც
მანქანისკენ გზას ვიგნებდი. თქვენ რატომღა გეეჭვებათ?
- იმიტომ რომ მანქანის მიტოვება ეძნელებოდათ.
- შეამჩნიეთ?
სალომემ მხრები აიჩეჩა.
- რა შემჩნევა უნდოდა!
- მაშასადამე, სასეირნოდ არ წასულან. აუცილებელ საქმეზე წავიდნენ.
- ალბათ.
- მაგრამ თუ მანქანის მიტოვება ეძნელებოდათ, ხომ შეეძლოთ თითო-თითოდ
წასულიყვნენ?
- ჩანს, მანქანის მიტოვებაზე მეტად ერთმანეთის მიტოვება ეძნელებოდათ.
მეც ასე ვფიქრობდი.
ახლა კი, ვიდრე აუდიორუქის მომდევნო ფრაგმენტს წარმოგიდგენდეთ, ერთხელაც
მოვავლოთ თვალი გარემოს.
ნაშუადღევს არემარე ღრუბლებმა დაფარა. ღრუბლები ოთხივე მხრიდან წამოვიდნენ,
ზედ რიკოთის თავზე შეერთდნენ, ნელ-ნელა დაბლა დაეშვნენ და ფერდობს მხატვრული
გუმბათივით ჩამოემხნენ. მე მეგონა, ამას აგრილება მოჰყვებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.
ღრუბლები ჯერ შემჭიდროვდნენ, დამძიმდნენ და ჰაერის მოძრაობა გააძნელეს, მერე
თანდათან ჩახურდნენ და ბოლოს ისეთი სუბიექტური სიცხე ჩამოწვა, რომელიც ბუნებისა
და გეოგრაფიის არანაირ ადგილობრივ მონაცემებს - არც მდებარეობას, არც სიმაღლეს,
არც წელიწადის დროს - ანგარიშს არ უწევდა. სალომემ პალტო გაიხადა. გვანცა და
ირაკლი არ ჩანდნენ. ფერდობზე ზუზუნი იდგა. დროდადრო სროლის შორეული ხმა
ისმოდა. ცოტა ხნის შემდეგ სიცხესა და ზუზუნს სუნიც დაემატა. თავიდან ეს ოფლიან
სხეულზე მოპკურებული ოდეკოლონის სუნს ჰგავდა, მერე და მერე გახრწნილ მძორზე
მოპკურებული ოდეკოლონის სუნს დაემსგავსა. ადამიანი, მოგეხსენებათ, ყველაფერს
ეჩვევა, მაგრამ ვიდრე შეჩვევის მექანიზმი ამუშავდებოდა, მე და სალომემ გადავწყვიტეთ
ტყეში შევსულიყავით, რათა სუნს შეძლებისდაგვარად გავრიდებოდით. მალე
დავრწმუნდით, რომ ეს ამაო მცდელობა იყო, ვინაიდან ტყეშიც ისევე იდგა სუნი, როგორც
ტრასაზე. საბოლოოდ ამ პატარა ექსკურსიის მთავარი შედეგი ის აღმოჩნდა, რომ იმ
მაღალსა და დიდცხვირა მოაზროვნეს კიდევ ერთხელ შევხვდით (აკი
იწინასწარმეტყველა კიდეც): ტყის პირას, ერთი დიდი რცხილის ძირში აუდიტორია ეშოვა
და გულმოდგინედ, ენერგიულად, სრული დატვირთვით მოძღვრავდა. ეტყობა სწორედ ამ
პროფესიული გულმოდგინების გამო მომეჩვენა, თითქოს კი არავის მოძღვრავდა, არამედ
მანქანის ბორბალი დაჩუტოდა და იმას ბერავდა. ჩვენ რომ დაგვინახა, ხელით გვანიშნა,
ახლო მოდით, რასაც ამ ხალხს ვვეუბნები, ამის მოსმენა არც თქვენ გაწყენთო. ჩვენც
მივედით. მისი ვარაუდით იმიტომ მივედით, რომ არ შეგვეძლო არ მივსულიყავით, ჩემი
ვარაუდით იმიტომ მივედით, რომ სხვა უფრო საშური საქმე არაფერი გვქონდა, ხოლო
სინამდვილეში (უკაცრავად პასუხია) არავინ იცის, ან თვითონ ვის ჩანაფიქრს ასრულებდა
როცა მიგვიხმო, ან ჩვენ ვის ჩანაფიქრს ვასრულებდით, როცა დავემორჩილეთ.
აუდიტორიას რომ შევუერთდით, მან თავი დაგვიქნია, რითაც კმაყოფილება გამოხატა
ჩვენი თვინიერი ხასიათის გამო. სიტყვა არ გაუწყვეტია. სიტყვა განაგრძო და, კერძოდ,
განაგრძო ასე: - ...ხსენებული სისტემა სქემატურად შეგვიძლია შემდეგნაირად
გამოვხატოთ: მცენარე-ცხოველი-ადამიანი-ღმერთი. როგორც ხედავთ, ეს ერთიანი და
უწყვეტი სისტემაა და საყოველთაოდ მიღებული მოდელისგან განსხვავებით ღმერთს
სისტემაში გულისხმობს და არა სისტემის გარეთ. საქმე ის გახლავთ, რომ, როდესაც ზევსი,
იეღოვა და იმ თაობის სხვა ღმერთები ჰომო საპიენსის კონცეფციას ამუშავებდნენ,
თვითონ განვითარების ისეთ დონეზე იდგნენ, რომ ცალი ფეხი ჯერ კიდევ ლოგიკის
ხელოვნურ ნიადაგში ედგათ, ისევე როგორც ჩვენ, ამ კონცეფციის ნაყოფთ, ცალი ფეხი
ჯერ კიდევ ინსტინქტის ბუნებრივ ნიადაგში გვიდგას. ამ ევოლუციური ხიდის წყალობით
ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის იოლი იყო და საფიქრებელია
ზეპირგადმოცემებშიც და წერილობით წყაროებშიც ეს ურთიერთობა ძირითადად
სწორად არის ასახული. ღმერთი ადამიანს თავის ახლობლად, ნათესავად, მოძმედ,
მსახურად და მეგობრად მიიჩნევდა და, თუ ისე არ გაცეცხლდებოდა, რომ გონს
გადასულიყო, როგორც წესი, არ მტრობდა. ეს ურთიერთობა მოგვაგონებს ურთიერთობას
ადამიანსა და მაღალგანვითარებულ ცხოველს შორის. მაღალგანვითარებულ ცხოველს
ადამიანი დაბალგანვითარებულ ნათესავად თვლის: უყვარს, ებრალება, თანაუგრძნობს,
მოსაკლავად არ ემეტება. დააკვირდით, რა იოლად კლავთ მწერს და როგორ გიჭირთ
მაიმუნის მოკვლა. მართლა გიჭირთ. ეს ფარისევლობა არ არის. ფარისევლობა
ცხოველთა დაცვის საზოგადოებებია. ცხოველთა დაცვის საზოგადოებები ფარისევლობის
გარდა დინამიური ანაქრონიზმიცაა და ეს უფრო ნიშანდობლივი თვისებაა: რაც უფრო
მაღლა მიიწევს ადამიანი ცივილიზაციის აღმართში, მით უფრო ნაკლები ემოციური
კავშირი აქვს ცხოველთან. ასევე ვითარდება ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაც.
ზემოხსენებული ტიპის - ვუწოდოთ მას ზევსური, რადგან „იეღოვური“ ჟღერადობით
ჩამოუვარდება - ღმერთების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მალე ღმერთების ახალი
თაობა მოვიდა, რომელიც სავსებით თავისუფალი იყო ლოგიკური აზროვნებისაგან და
მატერიალური ნიშნებიც მთლიანად ჩამობერტყილი ჰქონდა, რის გამოც ადამიანს,
რომელსაც უკვე თვისობრივად გაემიჯნა, სულ სხვა თვალით უყურებს. ამ მზერაში
სიყვარული, სიბრალული, თანაგრძნობა, საერთოდ, ემოცია აღარ არის. ამ თაობის
ღმერთებისათვის ადამიანი უცხო არსებაა, რომელშიაც ხედავენ მხოლოდ ცივ, მშრალ
დანიშნულებას და ვერაფერს ხედავენ გარდა ცივი, მშრალი დანიშნულებისა. ისევ იმ
შედარებას რომ მივუბრუნდეთ, რომელმაც ერთხელ უკვე გაგვიწია სამსახური, თუ ძველი
ღმერთი ისე შეეფარდებოდა ადამიანს, როგორც ადამიანი მაიმუნს, ახალი ღმერთი უკვე
ისე შეეფარდება ადამიანს, როგორც ადამიანი ქინქლას.
როდესაც მან ქადაგება დაასრულა, მე და სალომე, რა დავრწმუნდით, სუნს, რომელსაც
უკვე მთელი ფერდობი გაეჟღინთა, თავს ვერ დავაღწევდით, უკანვე დავბრუნდით. გვანცა
და ირაკლი ჯერაც არ ჩანდნენ, რაც თანდათან განყენებულსა და ბუნდოვან, მაგრამ
შემაშფოთებელ ეჭვებს ბადებდა.
საგვირაბო პრობლემებისა ახალი აღარაფერი გაგვიგია. სადღაც, ზედა სფეროებში
ეტყობა ვერსიების რიცხვი, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, მკაცრადაა განსაზღვრული.
ყოველ შემთხვევაში, ირგვლივ მხოლოდ ძველი თემები ტრიალებდა, რომლებიც
მართალია შიგადაშიგ ცალკეული განსხვავებული ნიუანსებით კი ივსებოდნენ, რითაც
ვარიაციულ სიმრავლეს ქმნიდნენ, მაგრამ პრინციპულად და არსებითად ახალი
აღარაფერი აღმოცენებულა. მიუხედავად ამისა, ერთი გამგზავრება კიდევ გავემგზავრე
გვირაბის მიმართულებით. სალომეც თან წამომყვა. სამწუხაროდ, ამჯერად არათუ
გვირაბამდე, პირველი მოგზაურობის უკანასკნელ პუნქტამდეც ვერ მივედით. ნახევარი გზა
არ გვექნებოდა გავლილი, როდესაც იძულებული შევიქენით შემდგომ წინსვლაზე ხელი
აგვეღო: სიმჭიდროვეც მეტი იყო აქეთ, ხმაურიც და სუნიც.
აუდიორუქა
ფრაგმენტი №2
- ნუ შევჭამთ უბრალოზე ერთმანეთს!
- კაი, ჩემო დაია, მასე იყოს, მარა მარტო თქმა გვიშველის?..
- ეს ვერტალიოტი რაღას დაგვბზუის თავზე!
- შონიასია ვითომ?
- რათ უნდა მაგას „ვითომ“?!
- ეგრე - თუ არც ეპოქას გავუწიეთ ანგარიში და არც არაფერს - ისიც შეგვიძლია
ვამტკიცოთ, რომ ევა ადამის უკანონო ცოლი იყო. რა გამოვა აქედან, კი ნახავთ!
- თფუი, რა სამარცხვინო ხალხი ვყოფილვართ!
- მერე, მერე, ბატონო ივლიანე?
- მერე, ჩემო კარგებო - საქართველო რომ დღეს ყრუ ჩანს, ბრმა და შეურაცხადი, მართლა
ყრუ, ბრმა და შეურაცხადი არ გეგონოთ. მიზეზი სხვა ჭრილშია საძებნელი. კერძოდ: დღეს
ქვეყანას ერთი ის დრო დაუდგა, როცა მორალურ და ინტელექტუალურ ფასეულობათა
დიდი გადანაწილება უნდა მოხდეს და, ამ პროცესის გაიოლების მიზნით, ეს ფასეულობანი
დროებით გარეთაა გამოტანილი. ამიტომ შიგნით სიცარიელემ დაისადგურა. დღეს, ჩემო
კარგებო, საქართველო საგამოფენო დარბაზს ჰგავს, რომელშიაც ექსპოზიციის
განახლება ხდება და ამიტომ სურათები ჩამოხსნილია.
- ღმერთო, შენი მუხლ-კალთის ჭირიმე!..
- გამოღმით მე ვაარ, გაღმით შეენ...
- როცა არჩევანი მარქსსა და პურს შორისაა, ჩემო ბიძიებო, მაშვინ მარქსიც პურს რჩეობს,
აბაა!
- რა და, მფრინავი თეფში კიდია თურმე იქითა ბოლოში და, რომელი მანქანაც მოეწონება,
მგზავრებიანად მიყავს.
- მიდიი!
- გეუბნები.
- მტყუანს...
- ეგრე!
- სრულყოფილებისაკენ ბუნებრივი სწრაფვიდან და სრულყოფილების მიღწევის
შეუძლებლობიდან აუცილებლობით გამომდინარეობს, რომ არ შეიძლება არსებობდეს
ორი ისეთი ადამიანი, რომელთაგან ერთი ყოველმხრივ აღემატებოდეს მეორეს. აბა ვინ
ამოხსნის!
- შენ მოგეცა ჩემი ცოდვა! სად დაწანწალებ, გოგო, ამდენ ხანს?!
- სრულწლოვანი ვარ მე!
- ჭირი შენ!
- სულ წავალ!
- ჯანდაბაში წადი. დედა. გაისწორე მაგ კაბა!
- თქვენ კი არ ოცნებობთ ხოლმე ძილის წინ ერთიანსა და ძლიერ საქართველოზე?
- ეჭვიანობა სინდისის დაბინძურების მაჩვენებელია. მართალია, დაბინძურებული სინდისი
ბუნებრივი მოვლენაა, რაკი სული იძულებულია სხეულით შეიმოსოს, მაგრამ ზომაც ხომ
უნდა ვიცოდეთ!
- გამო-მეთქი!
- წადი, შენი დედა!..
- აუ, ჩემი დედა! მაგინებს, ტო!
- ორმა ძმამ მიწის ორი ნაკვეთი იყიდა. ერთმა თავისი მიწა გადააბრუნა. მეორე ზარმაცი
იყო და არ გადააბრუნა. რომელმაც გადააბრუნა, კაი მოსავალი მიიღო. რომელმაც არ
გადააბრუნა, ჩვენ რომ ვიცით, ის მიიღო. საქართველოს გადაბრუნება სჭირდება. ერთი
კარგად, ღრმად, საფუძვლიანად გადახვნა.
- ნამდვილი ყოფილა შონიას ამბავი.
- მოდის?
- მოსულა უკვე.
- რა მისი ყველეის უნდა?
- ჩუ, კაცო!
- რას ქვია ჩუ! რას დაგვზდევს აპა, რო დაგვზდევს! რავა, ინკუბატორში გამოყვანილები
ვგონივართ მაგას ჩვენ, დაპაჩინკებულები ვგონივართ, საჭურისები, წარმართები,
კოსმოპოლიტები, მასონები, თერგდალეულები, მედავითნეები, უცხოპლანეტელები,
რეგენტები, რენეგატები, დეგენერატები, მუნიანები, სვირინგიანები, ლიბერალები,
კონფორმისტები, ზანგები, პროკომუნისტები, ქაჩლები, დემოკრატები, ცისფრები,
ალისფრები, ბანკროტები, ფრთოსნები, ერის მოღალატეები, ხალხის მტრები, კოჭლები,
კუზიანები, ბრუციანები..
- ენა ჩეიგდე, კაცო, ნუ ოუშვი შენებურად!
- შენ რა გინდა, ჩემო ქმაროო...
- ცემენ მგონი ვიღაცას.
- არ გინდათ ნუ ჩაერევით. ჯგუფურში გადავა და მერე ჩვენი გამჩერებელი მამაზეციერი
აღარაა.
- ერთი დათიკო რიჟინაშვილი გვყავდა, ყველა დრიჟინაშვილს ეძახდა.
- მიუხედავად ცეკასა და სუკის მუქარისა, ცამეტ ივლისს, თორმეტი მოციქულის ხსენების
დღეს, მტკვარ-არაგვის შესართავთან სახალხო ნათლობა გავმართეთ. ყველაფერმა
კარგად ჩაიარა; ოცდასამი კაცი მოინათლა, მარტო ერთი უწლოვანი ბავშვი დაგვეხრჩო.
- მოკლამენ, კაცო! აგე, მთელი ნახირი დაესია!
- წუმწუმა ხომ არ გექნება, ქალბატონო?
- რომ წარმოვიდგენ, უნდა მოვკვდე - არადა, მოვკვდები ხო, აბა რა იქნება, დღეს არა -
ხვალ, ხვალ არა - ზეგ, აპრილში არა მაისში, მაისში არა ივნისში, წლეულს არა - გაისად,
გაისად არა გარდამეისად, ამ საუკუნეში არა - იმ საუკუნეში, იმ საუკუნეში დანამდვილებით,
ერთი სიტყვით, ადრე იქნება თუ გვიან იქნება, სად გავექცევი და სად დავემალები, მაინც
ხო მომაგნებს, მაინც ხო გადამიდგება გზაზე, მაინც ხო ჩამოკრავს ზარი, და ამას რომ
წარმოვიდგენ, აღარც კი მჭირდება ზარის ჩამოკვრა, ისედაც ვკვდები და ვთავდები შიშით.
სხვებიც ასე არიან ნეტა თუ მე ვარ მარტო დასჯილი და გამეტებული?...
- ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა!
- სიმართლე ძლიერმოქმედი წამალია, დიდი დოზით მიცემა არ შეიძლება!
- დე, მშია!
- რაღა ვქნა ახლა?!
- ზნეობაზე ლაპარაკი დღეს ღრმა ანაქრონიზმია და მხოლოდ ჩვენისთანა
ანაქრონისტულ ქვეყანაშია შესაძლებელი, სადაც ჯერ კიდევ შუასაუკუნეების ფსიქიკა
მძვინვარებს. ცივილიზებულ სამყაროში კი იგი დიდი ხანია ინტეგრირებულია ადამიანური
ყოფის ერთიან ქსელში და მისი გამოყოფა და ცალკე განხილვა უკვე შეუძლებელია.
- ამისთანა რა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, ქვეყანა რომ მაგაზე ლაპარაკობს?
- თავისუფალ დოგმატიკოსთა კონსერვატიული ლიბერალურ-რადიკალური კავშირი.
- ხედავ?.. უძახე შენ ცუხი და შარახვეტია!
- ადამიანს - ასეა ეს ფსიქოლოგიურად - ყოველთვისა აქვს არჩევანი და ყოველთვის იმას
ირჩევს, რაც უმჯობესი ჰგონია. ეს ბუნების კანონია და მას გამონაკლისი არა აქვს.
როდესაც თავს ვიკლავთ, იმიტომ ვიკლავთ, რომ მოცემულ ვითარებაში თავის მოკვლა
ყველაზე ოპტიმალურ ქმედებად მიგვაჩნია.
- იფ! არ მიიჩნია თავის მოკვლა ყველაზე ოპტიმალურ მოქმედებად!
- მოცემულ ვითარებაში, ისე ხომ არა!
- კი, მოცემულ ვითარებაში, მარა მაინც.
- როდის უნდა გვეშველოს ჩვენ! როდის უნდა ამოვძვრეთ ბიუროკრატიზმის ჭაობიდან!..
მესამედ ჩამომიყვანეს თბილისში არაფრის გულისთვის.
- სულ მთლად არაფრის გულისთვის რავა ჩამოგიყვანდნენ!
- მაგათზე ვამბობ, თორემ ჩვენთვის არაფერი კი არა, ძალიანაც ღირსების საქმეა...
ოთხკლასიანი სასწავლებელი გვაქვს ერთი. ქვევით, ირმის ნახტომის ქუჩაზე. ვიღას
ჭირდება ახლა ოთხკლასიანი სასწავლებელი და გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის სტატუსი
მიგვენიჭებინა. ყოველი შემთხვევისთვის ორ-სამჯერ პატარა ჩასათვლელი აქციაც
გავმართეთ... გაგიგონია! აი დღეს განვიხილავთ, აი ხვალ განვიხილავთ... მესამედ
ჩამომიყვანეს! თახსირი ბიუროკრატები!
- ჩვენთან არს ღმერთი!
- ისემც დაგიმშვენდათ ცხვირი!
- ყველაფერს გავადინე წვენი - ბენდუქიძე ვარ მე გუგული - რასაც ხელი მოვკიდე! კაცმა
თუ მოინდომა?.. და კაცი თუ კაცია?.. ეს ქვეყანა გაცხადებული ფულია. რა მხარესაც
გაიხედავ, ყველგან ფული ყრია. მთავარია დახრა შეიძლო და აკრეფა არ დაიზარო.
- ა ძმაო მოძღვარი!
- დაძინებისას ბოლო სიტყვა უნდა იყოს „ფული“ და გაღვიძებისას პირველი სიტყვა უნდა
იყოს „ფული“.
- მოდით აქ, მოდით, მოუსმინეთ!
- ხანდახან რომ სინდისი სისულელეს ჩაგიფუჩუნებს ყურში, იმწამსვე ხმა უნდა
ჩააწყვეტინო. ვინ კითხავს სინდისს! სად საქმე და სად სინდისი! სინდისს რა ენაღვლება:
ჭამა არ უნდა და სმა, ჩაცმა არ უნდა და დახურვა, ეზო არ უნდა და გარემო, გავლა არ
უნდა და გამოვლა, პარიზი არ უნდა და სინგაპური, ქალი არ უნდა და რესტორანი, ძმაკაცი
არ უნდა და ნათესავი!...
- ჰო-ჰო-ჰო, რა შეუბერა!
- ფულია არსებობის ანი და ჰაე. ფული და მხოლოდ ფული! ღმერთი არაფრის მომცემი
არაა. ფულზე უნდა იფიქრო, ფულის ირგვლივ უნდა მოუყარო თავი შინაგან ძალებს,
ფულზე უნდა გქონდეს დაუნჯებული გონიც და გონებაც და, თუ გულმა ლოცვა მოგთხოვა,
ფულზე უნდა ილოცო. სინდისი იმას დაუტოვეთ, ვისაც ფული არა აქვს. ვისაც ფული აქვს,
იმას ფულიც ყოფნის. ასე არის ეს და თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, ძაანაც ცდება.
- იიფ! ეს რომ კვირაში ერთხელ ტელევიზორში გამოიყვანო, ჩვენი ეკონომიკა ორ-სამ
თვეში დაიძრება ნულოვანი წერტილიდან.
- ოთხმოცი! აბაა! ესაა ქვეყანა?! სამედიცინოზე კიდევ ჰო, მაგრამ აქაც ოთხმოცი, გენცვა?!
სვინდისი აღარაა?! ნამუსი აღარაა?! აღარაფერი აღარაა?!
- აბა თქვენ იცით, მონებო, რაც შეიძლება ღრმად შეუძვერით იმპერიას!
- მონების ხმა გვესმის!
- პარაზიტებო!
- ცოლი გამიიდიდგუულდაა...
- ჩვენში დარჩეს და, გაუდიდგულდა კი არა, უარესი დამართა, მაგრამ ვინ ეტყვის!
- უცნაური? უცნაური კი არა, მე მგონია, გვარიანად წაიდებილებს. ამას წინეებზე დედამისს
ეძახის: „დე! შვიდი უკვე გასუქდა?“ როგორია?.. თურმე იმას კითხულობს, შვიდი საათი თუ
გახდაო!.. მოიცა, სად მიხვალ, კიდე გითხრა: ხელი ჰქონდა ერთხელ შეხვეული. მარცხენა.
რა დაგემართა-მეთქი, ვეკითხები. გავიჭერიო. რითი გაიჭერი-მეთქი. მეც რას ჩავაცივდი!..
მამუკამ სიტყვა გატეხა და ნატეხი შემერჭოო. ელაპარაკე!
- აღსასრულის დღე რომ მოვიდა და ხელმწიფემ იგრძნო, ამაღამ ვეღარ გავატანო,
დედოფალს უთხრა: „შემინდე, ჩემო სიცოცხლევ, რაც რამ აქამომდე შეგცოდე, და
პირობას გაძლევ, ამიერიდან, ვიდრე პირში სული მიდგას, შენი ერთგული ვიქნები.“
- წამო, კაი რამე გაჩვენო! წამო, წამო, გაერთობი. უყურე ახლა... უკაცრავად, ჩემო ბატონო,
თუ შეიძლება თქვენი დაბადების თარიღი გვითხარით.
- ჩან-შინ-კან-ვინ, სურწყუნისის ჰე.
- როგორია?
- აუ, დაგლიჯა!.. რეები თქვაა!..
- გინდა კიდე მოგასმენინო?
- უბრალოდ, ჩვენი ეროვნული სიამაყე სპონტანური სიამაყეა და მასში ცნობიერება
ნაკლებად მონაწილეობს, თორემ ისე არაფერი სასაცილო არაა.
- სამშობლო რავა უნდა გაყიდო, შე იუდა, და თუ ეშმაკმა არ მოგასვენა, ნუ გააპუსტიაკებ
მაინც, ისეთი ფასი დაადე, ღირდეს!
- ეეეჰ!..
- ერთი შვილი რუსეთს გამექცა, მეორე შვილი რუსეთს გამექცა, მესამე შვილი რუსეთს
გამექცა, მეოთხე შვილი მე არა მყავს. რა ვქნა?
- წაგახრჩობ გველის წიწილასავით, კი გავხარ მაინც გველის წიწილას!
- რითი ვგავარ, მაგალითად?
- არჩევნები და არა მარჩევნები! არჩევნებისთვის კანონები და კანდიდატები არ კმარა.
კანონები და კანდიდატები შეინახე იქ და მაგრად, ამომრჩეველი თუ არა გყავს! იცი, რა
არის ამომრჩეველი? ვინც აარჩევს. „ეს მინდა, ის არ მინდა“. გყავს? არა გყავს.
საქართველო პატარა ბავშვივითაა; თუ ჰკითხე: მამა უფრო გიყვარს თუ დედა? გიპასუხებს:
დედა. თუ ჰკითხე დედა უფრო გიყვარს თუ მამა? გიპასუხებს: მამა. მომინდომეს აქ
არჩევნები!
- ამბობენ ამაღამდელი ღამე უკანასკნელი იქნებაო.
- როგორ თუ უკანასკნელი?
- აღარ გათენდებაო.
- ვაი!
- ვითომ?
- უკანასკნელი ალბათ მოცემულ ცივილიზაციაში და არა საერთოდ.
- არ გათენდება კაია!
- თუ არც სხვებისთვის გათენდება, კი ბატონო, მაგრამ თუ მარტო ჩვენთვის არ გათენდა.
ასეთი აქტი შეფასებულ უნდა იქნას, როგორც დაუფარავი და ცინიკური დისკრიმინაცია.
- შენი დედა, გეუბნები მე შენ!
- დანა! დანა! დანა გამოართვით!
- დიანა!
- ქედს ვიხრი რა რუსთაველის მამაცი ნიჭის წინაშე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ
„ბოროტსა სძლია კეთილმან“ აბსურდია. კეთილმა რომ ბოროტს სძლიოს, თვითონაც
ბოროტი უნდა იყოს.
- იქნება მაინცდამაინც ნოკაუტს არ გულისხმობს!
- კოლიამ თქვა, საქართველო საყვარყვარეთიაო.
- ხოდა, მართალი უთქვამს.
- მე, ბატონო, ნელა ვცხოვრობ და წესით გვიან უნდა მოვკვდე.
- აგე, შონიას ხალხი!
- აბა?
- აგე, აგე, ქვემოთ.
- შონიას ხალხია ვითომ?
- ფეჰ!..
- დაიწყება მაშ.
- რა უნდათ?
- ბუს კვერცხები.
- კიდო! დააყენე ენა, რომ გელაპარაკები მე შენ!
- რომ შევიკრათ და დედა ვუტიროთ?
- ვინ უნდა შეიკრას, თუ გიყვარდე! შეხედე! შემკვრელები არიან ეგენი?
- იმე!
- ორმოში ჩავარდნილისა გვითხარი რა, ძია ელიზბარო!
- გეტყვით. აბა, გაისუსენით და ყური მომაპყარით: ერთხელ პატარა რეზიკო ტყეში
მიცუნცულებდა და გზად ორმოში ჩავარდა. ცდილობდა ამოსულიყო, მაგრამ ვერ
ამოდიოდა და საწყალობლად ფართხალებდა. სად იყო, სად არა, ბესიამ ჩამოიარა.
ბესიას თურმე ასეთი ჩვევა ჰქონდა - ყოველ ღამე ჩამოივლიდა ხოლმე, ვაითუ ვინმე
ორმოშია ჩავარდნილი, ამოსვლას ლამობს და ვერ ამოდისო. იმ ღამესაც ჩამოიარა.
მოდის და იძახის: აბა, ორმოში ჩავარდნილებო, მოდის ბესია, ორმოებიდან ადამიანთა
დიდი ამომლალავი! რეზიკომ რომ ბესიას ხმა გაიგონა, გახარებულმა ამოსძახა, არიქა,
ძია ბესიავ, ორმოებიდან ადამიანთა დიდო ამომლალავო, მიშველე რამე, ამომიყვანე ამ
ღრმა და ქიხიანი ორმოდანო. ახლავეო, დაჰპირდა ბესია და ორმოში თოკი ჩაუშვა. ამ
თოკს ხომ ხედავო? ჩასძახა. ვხედავო, მიუგო ჩურჩუტმა რეზიკომ. ჰოდა, ეგ თოკი ყულფად
კარგად გამოსკვენ, კისერზე ჩამოიცვი და მერე მე ვიციო. რეზიკო ისე მოიქცა, როგორც
ბესიამ დაარიგა; ყულფი გამოსკვნა, კისერზე ჩამოიცვა და - მზად არისო! ამოსძახა. მაშინ
ბესიამ თოკი ამოზიდა და სულელიანთ რეზიკო წიალ-წიალით ამოიყვანა. საბრალო
იგეთი იყო, ენა ბოლომდე ჰქონდა გადმოგდებული - ნიკაპამდინ, - თვალები ბოლომდე
ჰქონდა გადმოკარკლული და ხელ-ფეხსაც უკვე აღარ აფართხალებდა, მააშ!
- კაცს თუ ლაგამი არ ამოსდე. ბოროტებას ჩაიდენს, ლაგამი თუ ამოსდე, ამით ბოროტება
უკვე ჩადენილია. აი ეს არის ჩარჩო და არსებითად სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა
ვაცხადებთ, რომ სამყარო სასრულოვანია.
- ჭიქა მოიტა, ჭიქა! ქართველი ფხიზელი არ მოკვდება!
- რამდენიც მომკვდარა!..
- რამდენიც არა!..
- არა ხარ მართალი, ჭიჭის ვენაცვალე. ყველა მთვრალი იყო. ზოგი ღვინით, ზოგი
სიყვარულით, მაგრამ ყველა პაგალოვნათ მთვრალი იყო.
- თეორიულ სირთულეებზე ჩვენ ნამდვილი წარმოდგენა არა გვაქვს, არწივებო. ადამიანს
დიაღაც შეიძლება მიეცეს იმის უნარი, რომ, თუ ჭეშმარიტი წადილით აივსება, თავისი
ცხოვრების ნებისმიერ განვლილ ეპიზოდში დაბრუნდეს, მაგრამ ვისაც ამის უნარი მიეცემა,
იმის უნარი წაერთმევა, რომ თავისი ცხოვრების ისეთი ეპიზოდი იპოვოს, იქ დაბრუნების
ჭეშმარიტი წადილით აივსოს. ეს გახლავთ, ქორ-შევარდნებო, ზეგარდმო ბალანსი.
- აუ, იქ ერთი კლიენტია, გიჟიმყრელია გვარად, აზრზე ხარ?!.
- შენ მაინც გაჩერდი თუ კაცი ხარ! კამერ-იუნკერი აკლია ახლა აქოურობას, მეტი
არაფელი!
- მოდი აქ, შე დამპალო!
- რა ამბავი, შვილო ვამეყ?
- პაკრიშკას ხსნიდა ეს ნაბიჭვარი!
- აა!.. მაგანაც რა ქნას, მაგ ბეჩავმა!.. გაჭირდა ცხოვრება, დეფიციტი გახდა ყველაფერი. ამ
ძნელბედობის ჟამს მანქანის ნაწილებს სადღა იშოვნის?! და აჰა, იპარავს!.. მდაა... ცემა არ
გინდა, შვილო. აგინე ამომწურავად და გაუშვი.
- კარგი.
- ისა... შვილო ვამეყ!
- რა!
- გინებისას კი თვალებში უყურე. ასე მეტ ეფექტს მოახდენ.
- კარგი.
- კუკუ, დედამთილო!
- დაიჩოქეთ! დაიჩოქეთ დიდი საქართველოს წინაშე!
- რა შობი ახლა?
- აქედან რომ ეს ტრეილერი შევარდნილა, იქიდან ის ტრეილერი შემოვარდნილა. შუა
გვირაბში შესკდომიან ერთმანეთს.
- ორი ტრეილერი კი უდრის ერთ გველეშაპს.
- აპაჰ!
- ჩემდათავად დამჩოქებლის...
- ადამიანები იმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ერთ ნაწილს ჰგონია, რაც მე
ვიცი, სხვამ არავინ იცისო - ესენი ოპტიმისტები არიან, მეორე ნაწილს ჰგონია, რაც მე ვიცი,
ყველამ იცისო. ესენი პესიმისტები არიან.
- თოთხმეტით ცამეტი!
- კონფორმისტული გატაცებანი.
- თოთხმეტით თოთხმეტი!
- მედროვეობაზე მეოცნებე.
- თხუთმეტით თოთხმეტი!
- რელიგიური ცთუნება.
- თხუთმეტით თხუთმეტი!
- თავისუფლების მაჯლაჯუნა.
- თექვსმეტით თხუთმეტი!
- მკვლელობის უნარით დაჯილდოებული.
- თექვსმეტით თექვსმეტი.
- მოკლე წერტილი.
- ჩვიდმეტით თექვსმეტი!
- გარდასული მარადისობა.
- ჩვიდმეტით ჩვიდმეტი!
- შავგვრემანი ზანგი.
- თვრამეტით ჩვიდმეტი!
- ქველმოქმედება მაღალი ანაზღაურებით.
- თვრამეტით თვრამეტი! შემდეგი წყვილი!
- ის ბიჭი სულ ყირაზე რატომ დგას?
- ვიღაც დაინტერესებული იდიოტი თითო მანეთს აძლევს თურმე თითო მეტრის გავლაში.
- გვირაბი კი არ ყოფილა, გამოქვაბული ყოფილა.
- რას ქვია გამოქვაბული ყოფილა.
- რა ვიცი... შეიძლება შიგ შეგვლალონ თურმე და კარი ამოგვიქოლონ.
- ნეტა სისულელეს არ როშავდე!
- არაფერს არ ვროშავ! როგორც ვიყიდე, ისე ვყიდი.
- ხანდახან... ის... იცით... ზოგჯერ...
- საქართველოს ისტორია, ჩემო კეთილებო...
- შენი კეთილები სახლში გეყოლება! დამიწყებს ახლა თავიდან ლათაიებს! ისტორია!
ისტორია! ისტორია არა გეოგრაფია! სადა აქვს საქართველოს ისტორია?! საქართველო
სომხეთი კი არაა!
- კარგი ერთი და!.. მითხარი მაშ, ან ბოროტი ცხოველი სად გინახავს, ან ბოროტი
მცენარე?! ბოროტება ცნობიერების ზედნაშენია. შეიძლება ზედნაშენი აბსოლუტური
იყოს?!
- დაიჩოქეთ! დაიჩოქეთ! დაიჩოქეთ, თქვენი!..
- გამოვარდება ჩემი ისარი და შენს კაპარჭში მოადენს ტყლაშანს!
- ა კიდო!
- ტაში-ტაში-ტაში!
- იდეალიზმისა და მატერიალიზმის შეურიგებლობა მე მაგონებს ჭირვეულ ძმებს,
რომელთაც სახლის აშენება სურთ, მაგრამ ვერ აუშენებიათ, ვინაიდან ერთს მხოლოდ
ჭკუით უნდა ააშენოს, მეორეს კი მხოლოდ ხელით. და აი შედეგი - კიდევ ერთი
ზოგადსაკაცობრიო უგუნურობა!
- მწვანეები! მწვანეები!
- იქნება ისეც ქე ვართ გვირაბში.
- რავა?
- რავა და, ეს მზე და მთვარე-თქვა, მიფიქრია ხანდიხან, ეგებო ჩვენი მოგონილია და,
მასალა რო მიგვაკტება, ქე ჩაქრეს იგიც და იგიც!
- ნუ იცი, ბეჩა შენ უნეირო ლაპარიკი! არ გადარია ეს ურცხო ხალხი!
- ინდივიდებად ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ და ინდივიდუალისტები კი უკვე გავხდით.
ეს ხომ აბსურდია! დიაღაც აბსურდია და ჩვენ აბსურდის ხალხი ვართ. ასეთი ხალხის
თანხმობა და ერთიანობა შეუძლებელია.
- ვინმემ ნახა თავისი თვალით ეს შონია? იქნება არც ჩამოსულა.
- უნახავს ვიღაცეებს. ტყეში ყოფილა ვითომ ჩასაფრებული. მაშველს ელოდებაო.
- მაშ მომიზომეთ ჩემი ჰექტარნახევარი!
- თუ მიგიქცევია, ბუსუსი, ყურადღება, რა ზუსტი ზნეობრივი პარალელები გვაქვს ძველ
რომთან?
- ძველი რომი დიდი იყო.
- კაცოო!.. დიდიც იყო და ღონიერიც. მაგაზე არ არის ლაპარაკი.
ლაპარაკია ზნეობრივ პარალელებზე. მაგალითად...
- ქალი არასოდეს მეორეხარისხოვანი არ არის, ჭუკლი! ვისთვისაც ქალი
მეორეხარისხოვანი გახდა, იმას - არ გაუგია ჯერ, თორემ ხელები უკვე გულზე აქვს
დაკრეფილი.
- ამ გვირაბს მარტო ერთი თავი ჰქონია.
- როგორ?
- შესასვლელი აქვს თურმე და გასასვლელი არა.
- მასე თუა, კი თქვა აგერ კაცმა, გამოქვაბულიაო, და მართალი ყოფილა.
- რატო ყოფილა მართალი? გამოქვაბული რა შუაშია! მე გითხარი, შესასვლელი აქვს და
გასასვლელი არა-მეთქი.
- რა ქვია აბა გვირაბს, რომელსაც შესასვლელი აქვს და გასასვლელი არა?
- რა ქვია? მაინცდამაინც გამოქვაბული?
- არა?
- დაიხსომე, შვილო, ცხოვრებაში გამოგადგება: იუმორი სხვაა და იუმორის გრძნობა სხვა.
- სიაბდლის გრძნობა რაღაა?
- ძირს შერეული ქორწინებები!
- აბა ჰე!
- ქვეყანა რომ ჩემისთანა კაცს ვერ გამოიყენებს, მამანტი ჩემო, კია ის ქვეყანა დასაღუპი.
- ალყაში ვყოფილვართ. კაცი იყო აგერ, თავისი თვალით უნახავს.
- გაგვჩხრეკენ ვითომ?
- ამდენ ხალხს რა გაჩხრეკს!
- შეიძლება შერჩევით გაგვჩხრიკონ.
- რა ნიშნით უნდა შეგვარჩიონ?
- რა ვიცი...
- არადა, პირწმინდად რომ მიგვყვნენ, დავობებულვართ აქ და ისაა!
- ქართული ლიტერატურა, საყვარელო, თავისუფალი არასოდეს ყოფილა.
- რატომ, კაცო?
- იმიტომ, საყვარელო, რომ ყოველთვის ეროვნული იდეოლოგიის ყურმოჭრილი მონა
იყო.
- მოგიკვდეთ მოშურნე! ვინ გედავებათ, ძმაო, თქვენი საქმე თქვენ იცით, გინდა
მაიმუნისგან იყავით წარმოშობილი და გინდა კვერნისგან! მაგრამ ჩვენ შეგვეშვით! ჩვენი
გენეალოგია ღვთაებრივია. ჩვენ იქიდან მოვდივართ, ე! პირადად ჰელიოსის ნაგრამი
ვართ, თუ ძალიან გაინტერესებთ, და აიეტი გვივის წინაპრად. ბიჭოს!
- გამოდი, ვალოდია, ფრჩხილებიდან!
- არ გამოდის ხომ?
- არა.
- იცით, რა არის ჩვენი მთავარი ნაკლი?
- რა?
- სი...
- სი...
- ზა...
- ზა...
- რმა...
- ცეე!!
- არ ისროლოს, კაცო!
- ღმერთი არა ის! ღმერთი მაშინ გინდა კაცს, ეშმაკი რომ ხელს აგაღებს, მაგრამ თუ
წესიერად მოიქცევი ეშმაკი რატომ აგაღებს ხელს?!
- სწორია, ახლა, ბაღათერ, მაგ?
- ყველა ვერ შევა, გენაცვალე, ისტორიაში, სადაა ამდენი ადგილი!
- ე ბიჭო, აბოიმა მაინც გამოაცალეთ!
- გულზე ხელი დაიდე მურზაყან, და მაგის ჩიტი ვარ მე?
- არა, კაცო, ჩიტს რა გიგავს!
- იერიში რომ მიგვეტანა?
- კლასიკური მანკიერი წრეა: გამარჯვებისთვის აუცილებელია გაერთიანება,
გაერთიანებისათვის აუცილებელია გამარჯვება. ხედავთ?
- არ ყოფილა საშველი.
- აბა რა გითხრათ...
- ბევრიც რომ მიბღვირო, რა ვქნა, მე რა შემიძლია?!
- ნეტა აბოიმას რა ქვია ქართულად?
- მჭიდე.
- მჭიდე? დეედააა!..
- მაგას ნუ მეტყვით. მითხარით „შარაგზის ყაჩაღები“, „მათხოვრები“, „მონები“, „ხეპრეები“,
„გაუთლელები“, მითხარით „სიბნელე“, მითხარით „ინსტინქტები“. მე ქართველი, ბატონო -
ჩემი გულუბრყვილობით ალბათ - სხვა რამ მგონია. და თუ ვცდები, თუ ქართველი
მართლა ეს არის და არა ის, მაშინ ჩაიბარეთ ჩემგან ქართველის სახელი და იმ პატიოსანი
კაცისა არ იყოს, ეგერ რომ დაყუნცულა, მომეცით ჩემი ჰექტარნახევარი. მე გავდივარ,
ბატონებო, საქართველოს შემადგენლობიდან!
- შეგირცხვა ულვაში!
- სადა აქვს ულვაში მაგ კატავენახას!
- მართლა უნდა გაუშვა მაგისთანა უმადური!
- კი არ უნდა გაუშვა, უნდა გააპანჩურო!
- ღორი! ღორი! ღორი!
- რას გვერჩიან ამ ქართველებს ნეტა გამაგებინა! ან იქნებ ვინმეს ჰგონია ასეთი რამ
მარტო საქართველოში ხდება, აჰ?! ქურდებიც მარტო ჩვენში არიან, ბოზებიც,
ჩათლახებიც, მკვლელებიც, ფარისევლებიც, უნამუსოებიც, დედლებიც, გამყიდველებიც,
მკრეხელებიც, დამსმენებიც, ქვეშიდან გამომსვლელებიც, გონებადაბნელებულებიც,
გაპირუტყვებულებიც, ხარბებიც, წამგლეჯებიც, მონებიც, ლაქუცებიც, პირმოთნეებიც,
შემძრომებიც, გამომლოკავებიც, ვირეშმაკებიც, ბაქიებიც, ლაქიებიც, გოშიებიც,
გუდაფშუტებიც, ორპირებიც, სამპირებიც, მრავალპირებიც, ორგულებიც, სამგულებიც,
მრავალგულებიც, ჩასაფრებულებიც, მოღალატეებიც, დაუნდობლებიც, უკეთურებიც,
ქვემძრომებიც, ქვეწარმავლებიც, ნაძირალებიც, გარეწრებიც. აჰ?!. სხვებს ფრთები ასხიათ
და ყოველ საღამოს ანგელოზებში დაიარებიან ყავის სასმელად, აჰ?!.
- მოიცა ერთი წამით! ყური თუ არ დამიგდე, ისე რას გაიგებ! ადამიანები არიან ხომ ეს
კომუნისტები?
- ადამიანები არა!..
- ე ბიჭო, მოიცა-მეთქი! გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ. ბიოლოგიურად არ არიან
ადამიანები?! ორ-ორი ფეხი აქვთ ხომ, ორ-ორი ხელი, ლაპარაკობენ ხომ - რას
ლაპარაკობენ, მაგას დავანებოთ ახლა თავი - და საერთოდ, ფსიქოლოგიურადაც ხომ
ადამიანები არიან! ბოლო პერიოდს დააკვირდი: რომ დაინახეს, ვიძირებითო,
ბიოგრაფიების გადაკეთება დაიწყეს და დისიდენტებად და ნაციონალისტებად
გადაიქცნენ, ამაზე მეტი ადამიანობა რა გინდა?.. დამიგდე ახლა ყური, რას გეუბნები:
ადამიანს დროის შეჩერება არ შეუძლია. ადამიანს შეუძლია ადამიანის შეფერხება, მაგრამ
დროს ვერ შეაჩერებს. გამიგე? წარმოიდგინე, რომ დრო არის მატარებელი და მიქრის.
კომუნისტები ამ მატარებლის ერთ ვაგონში შეიყარნენ და იქ ფართიფურთობდნენ. რა
იფართიფურთეს? რა და, ვინც ამ ვაგონში მგზავრები ვიყავით, მიგვაწვნენ და ვაგონის
ბოლოში მიგვხვეტეს. მორჩა. მეტი მაგათ არაფერი შეეძლოთ. ესე იგი, რა გამოვიდა?
ათი-თხუთმეტი მეტრი - პირობითად დაგვაკარგვინეს. დაგვახევინეს უკან ათი თხუთმეტი
მეტრი. მაგრამ მატარებელი ხომ ამასობაში მიქროდა და არ გაჩერებულა! რა მანძილი
გაიარა? აი, ამაშია საქმე! მაშასადამე კომუნისტების წყალობით ჩვენი ჩამორჩენა
შეფარდებითი და შედარებითია. გამიგე? ამიტომ, თუ აბსოლუტური ჩამორჩენა და
ადგილზე გაყინვა მოხდა, ეს კომუნისტების ბრალი აღარაა, ბაბა. ჩვენ თუ მიხვეტას არ
დავჯერდით და ჩვენი ნებით უკანა ვაგონში გადავედით, ამის პასუხს კომუნისტებს ნუ
მოვთხოვთ, ჩვენ თავს მოვთხოვოთ. ჩვენ ვისარგებლეთ კომუნისტების სიგლახით და
ჩვენი სიგლახე ავუშვით იმის იმედით, რომ ესეც კომუნისტებს დაბრალდებოდა. გამიგე?
- კაცობრიობის მანქანას დრო მართავს, მაგრამ რად გინდა: მთვრალი უზის მაგ
გაფუჭებული საჭეს.
- რაც უნდა მტანჯონ, მაწვალოონ...
- მაწვალოონ...
- სანამ სამოცის გახდები, ქანცის გაწყვეტამდე უნდა იმუშაო, ხელისგულები გადაიტყავო,
იწვალო, ოფლი ღვარო, ტვინი იჭყლიტო, თავი იმტვრიო, რომ მერე, სანამ ოთხმოცის
გახდები და სული ამოგძვრება - თუ მანამ არ ამოგძვრა - ცოტა დაწყნარებულად
იცხოვრო. ეს არის სულ ჩვენი არსებობა. მიზეზიც, მიზანიც, დანიშნულებაც, ალფაც და
ომეგაც. მითხარით ახლა, ღმერთი რომ ამას დამანათლებს, ის ღმერთი როგორ ვიწამო?
- თავისუფლებისაკენ სწრაფვა, ქალბატონებო და ბატონებო, სქემატურად რომ
წარმოვიდგინოთ, ორგვარია: ემოციური და რაციონალური. პირველი ცხოველის ბუნებაა,
მეორე ადამიანის. ქართველების დღევანდელი დაუოკებელი სწრაფვა
თავისუფლებისაკენ წმინდა ემოციური სწრაფვა გახლავთ.
- ჩამოაგდეთ ძირს, მაგის!..
- ყიამყრალი!
- წურბელა!
- მძორი!
- ნეხვი!
- რამდენი კაცი იქნება ახლა აქ, ამ ხალხში იმისთანა, ქურდი რომ არ იყოს?
- ბავშვებიანად?
- ბავშვებიანად?
- არა, ბავშვების გარდა. ბავშვები ჯერ არ ითვლება.
- ბავშვების გარდა... რა ვიცი... ცოტა ალბათ.
- რაიო, რაიო?
- რამდენი კაცი იქნება ამ ხალხში იმისთანა, ქურდი რომ არ იყოსო.
- მაგ არ ვიცი, მარა ის კი ვიცი, რომ სიჩქარე ჩართული გვაქვს და ზადნით შევდივართ
შუასაუკუნეებში.
- მორჩა. ნამდვილად ალყაში ვართ.
- არაა...
- არა? მარჯვნივ შონიას ხალხი დგას. მარცხნივ შონიას ხალხი დგას, უკან შონიას ხალხი
დგას და წინ ამოქოლილი გვირაბია. შენ თუ სხვა რამეს ეძახი ალყას, არ ვიცი...
- მაინც რა სიკვდილი უნდათ?!
- ჩეიგდე ენა მუცელში, კაცო! არ იქნა ამის გაჩერება!
- მე ვიცი, რაც უნდათ.
- რა?
- გიჟები გამოპარვიათ თურმე ფსიქიატრიულიდან და იმათ ეძებენ.
- აქ გიჟი როგორ უნდა გამოიცნო!
- გიჟები არა!.. განზრახ გაავრცელეს ხმა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
ლიდერებს ეძებენ.
- რამ გაყო...
- რაო?!
- რაო, რაო?!
- რაო, რაო, რაო?! რამ გაყო!
- აი, რამ გაყო!
- აი, თუ რამ გაყო!
- აი, თუ არ გაყო!
- რას შვრებით! ყველა ერთად ნუ დაესევით!
- არ მოკლან, კაცო!
- დააჭიროს ენას კბილი და არ მოკლავენ!
- სად არის სამართალი! არა, სად არის, გეკითხებით მე თქვენ, სამართალი?!
- ნუ მეხახუნებით თუ შეიძლება!
- რელიგიას და კანონს მანამ შეუძლია მართოს საზოგადოება, სანამ გზა სწორია და იოლი
სავალი. როგორც კი აღმართ-დაღმართი დაიწყება, ოღროჩოღროები და მკვეთრი
მოსახვევები, უცებ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ღმერთიცა და ჩვენი მეფეც ინსტინქტი
ყოფილა. საზოგადოება იმ პატიოსან კაცს ჰგავს, რომელიც პატიოსანია მხოლოდ
პირველ მოშიებამდე.
- რაო, რაო, რა მომხდარა?
- მთავრობის ლოჟა ჩამონგრეულა.
- სად, კაცო?
- გვირაბში.
- რა უნდა გვირაბში მთავრობის ლოჟას!
- რა ვიცი, მეც გამიკვირდა...
- არ ყოფილა შონია.
- აბა?
- კვაშალი ყოფილა.
- არ გადამრიო!
- რა განსხვავებაა?
- ბიჭო! შონია სიძეა, კვაშალი ცოლისძმა. არაა ეს განსხვავება?!.
- ნულიდან უნდა დავიწყოთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს.
- ეტყობა დღესაც მაგნიტური დღეა.
- ადამიანი რომ მონა იყოს, აუცილებელი არ არის ბატონი ჰყავდეს.
- არა?
- არა. სრულიად საკმარისია მონის ფსიქიკა ჰქონდეს.
- შენ ვისიღ ტიკი-ტომარა ხარ, ძმისავ?
- გესმის?
- როგორ არ მესმის, მკვდარი კი არა ვარ!
- ავტომატია?
- ტყვიამფრქვევია. მაქსიმკა.
- მაქსიმკა? სად ამოთხარეს ნეტა?
- არ ვიცი. მგონი ილია მურომეცის სამარხში უპოვიათ.
- ღმერთო, გვიშველე!
- გათენებულააა, გამიშვიიი...
- გაიგე, რა ნანდომარა შონიას?
- კვაშალს.
- კვაშალი იყოს.
- რა?
- გიჟებს გამოკიდებია თურმე. რვა ცალი გამოქცევია გუშინ.
- მაგ შონია - გინდა კვაშალი - თვითონაა ყველაზე მეტი გიჟი.
- ეს დღეს წერას ყავს ატანილი!
- ნამდვილი გიჟები არ ყოფილანო. პოლიტიკურები არიან თურმე და ისე ყავდათ - ქე რო
იციან - საგიჟეთში.
- სადაა აქ საგიჟეთი?
- საგიჟეთი სადაა?.. ციდან ხომ არ ჩამოფრენილხარ?!
- შორეულ ალბიონზე წელიწადში ორასი დღე წვიმიანია, სამასი ღრუბლიანი. ამოცანა
გვეკითხება: სულ რამდენი დღეა წელიწადში შორეულ ალბიონზე?
- ქვეშმიწერით შეიძლება?
- რა შობი, კაცო?!
- არა, დედა, არა ჩემი ბიჭი!
- წამო, რა გაჩვენო!
- თუ გლეწე ღრანჭში!..
- დავასხი მაგისთანა კაცს ლაფი!
- მე ვარ და ჩემი ნაბადი! ბანი, ვალიკო!
- არ არის ეს რიკოთი.
- აჰ?
- რიკოთი არ არის ეს.
- რა არის აბა?
- რიკოთი უკან დაგვრჩა, ზევით.
- უკან თუ დაგვრჩა, ზევით არ გამოდის.
- რატომ?
- მიიხედე უკან. „ზევითაა“ ის, რაც ჩანს, თუ „ქვევით“?
- ზევითაა.
- ვაი!
- კი. კაი თორმეტი-ცამეტი კილომეტრით ვართ რიკოთს გამოცდენილი. ეს რიკოთი არ
არის.
- აურია მგონი ამ უბედურმა.
- ძირს სატანური იმპერია!
- ვაშააა!
- მოეშვით. გაგიჟება აკლია მაგას?!
- ხელი რომ გთხოვოთ?..
- რავა, სპიჩკა იშოვე უკვე, კუჭუჭი?
- ალო! ალო! ყველა ძველი რელიგია ანტი-კომპიუტერულია. მაშასადამე, ახალი
კომპიუტერული უნდა იყოს. ალო!
- რა იქნა შონია?
- შეძვრა ბებიამისის იმაში.
- გვირაბში.
- ნუ წაიგდეთ ენა. არ გაგიგოთ.
- შონია არ ყოფილა და რას გაგვიგებს!
- ვინცაა, ის ხომ გაგიგებს!
- ჩემო მკვლელო, ჩემო მწველო, ჩემო კარის მეზობელოო...
- რას მიპარჭყავ მა ხელებს!!!!
- აუუ! ეს რა ხმა ამოუშვა, კაცო!
- ზოგჯერ... იცით...
- გამოვარდება ჩემი ისარი...
- ვინაა ბოლოს და ბოლოს ეს შონია?
- კვაშალი.
- გამოდი, ვალოდია, ფრჩხილებიდან, კაციშვილი არაა, ნუ გეშინია!
- არ გამოდის ხომ?
- არა.
- ამიხსენით ვინმემ, მატერია მოძრაობს დროში თუ დრო მოძრაობს მატერიაში?
- ტაში-ტაში-ტაში!
- სად არის-მეთქი თქვენი სამართალი, სანამ უნდა ერქვას მეთორმეტეს მეათე?!
- აბა ჭეშმარიტება! აბა ქორფა ჭეშმარიტება! აბა ტკიცინა ჭეშმარიტება!
- შონიააა!!
- კვაშალიიი!!
- მგონი კოლექტიურად ავურიეთ.
- აგე! დააკაკუნეს ისევ!
- ხელებს უშნოთ ნუ აფათურებ, ქალო!.. არ გამიიმასქნა საქმე!
- ახალი გვირაბი გავთხაროთ.
- მოიცა თუ ძმა ხარ, რა დროს მასხრობაა!
- არ ვმასხრობ, მართლა გავთხაროთ.
- ჩადის ეს მზე თუ რა ხდება?
- ჩადის მგონი.
- ცოტა ხომ არ იჩქარა?
- რა ვიცი...
- წავიდეს მაგის ეგოცა და ალტერ ეგოც!
- ეს არ არის რიკოთი.
- ჰექტარნახევარზე მეტს ხომ არ ვითხოვ! რა არის აქ უკანონო და შეურაცხმყოფელი!
- შონია, შონია, კაცობა არ გქონია!..
- ტაში!.. ტაში-ტაში-ტაში!
- ისა... ხანდახან..
- მართლა შეუგინეს რეზიკოს სალოცავი?
- იიიო!..
- ოღონდ იცოდეთ: ორივე სიმბოლოა. ისარიც და კაპარჭიც.
- მეთორმეტეს მეათე ქვია და ესაა თურმე ამათი სამართალი!
- ვეღარ გავიგე, მიდიან ეს კომუნისტები თუ მოდიან?
- ხან მიდიან, ხან მოდიან.
- დედა, რატო არ მოვკვდები! დემეტრე!!!
მამიდები. კაი ყმა და აზამათ ლომგული. წუმწუმა ხომ არ გექნებათ?..
ამასობაში დაღამდა კიდეც. სანამ დაღამდებოდა, სამი ბიჭი მოვიდა, რომელთაც შავი
ფერის უცხო რამ უნიფორმა ეცვათ. მოვიდნენ, თან გასაღები მოიტანეს და გვანცა-
ირაკლის მანქანა გააღეს. მე ამ დროს ერთ ღიპიან მოქალაქეს ვესაუბრებოდი, კერძოდ,
ვცდილობდი მაქსიმალურად გასაგები ენით ამეხსნა რელიგიურობის გრძნობის, როგორც
ადამიანადქცევის ერთი უმთავრესი პრინციპის, არსი. ამიტომ, რომ არა სალომე,
ყმაწვილების შემოსევა შეიძლება ვერც კი შემემჩნია. როდესაც მივბრუნდი, კარი უკვე
გაღებული ჰქონდათ.
- რას შვრებით, ბიჭებო? - უფრო დაინტერესებული, ვიდრე მკაცრი კილოთი ვიკითხე მე.
- რასაც ვშვრებით, - აგდებულად მიპასუხა ერთმა, ისე, რომ ჩემკენ არც მოუხედავს.
- რა გესაქმებათ სხვის მანქანასთან! - ახლა კი მეტი სიმკაცრე შევურიე ხმაში.
- ნუ პანიკიორობ რა! - გაბეზრებული კაცის კილოთი მიპასუხა ისევ იმან.
- ჩვენთვის არ არის სხვისი, - ჩაერია ამ დროს მეორე, - სხვისი შენთვისაა და ნუ ერევი
სხვის საქმეში.
თუ ზღმურტლიან თავმოყვარეობას და სხვა ამდაგვარ ცრუ კატეგორიებს არ
გამოვეკიდებით, შენიშვნა სავსებით მართებული იყო, მით უფრო, რომ ყმაწვილები
დაუფარავად და დაჯერებულად საქმიანობდნენ, რაც ან მაღალ პროფესიონალიზმს
მიანიშნებდა - მაგრამ მაღალი პროფესიონალიზმისათვის ძალზე მცირეწლოვანები
ჩანდნენ - ან იმას, რომ დასამალი მართლა არაფერი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა ეჭვი
მაინც არ მშორდებოდა (ამის მიზეზს ეტყობა მათი უნიფორმა და, საერთოდ, გარეგნობა
იძლეოდა, რომელიც კანონიერებას როგორღაც არ ესადაგებოდა).
- თვითონ სად არის? - ვიკითხე მცირე პაუზის შემდეგ. სახელი არ მითქვამს, რაც ჩემი
მზაკვრული ტაქტიკა იყო.
- ვინ? - არ წამოეგენ ანკესზე მამაძაღლები და მეც სხვა არა დამრჩენოდა რა გარდა იმისა,
რომ უკანასკნელ კოზირს ჩამოვსულიყავი.
- გურამი.
ამაზე ის პირველი, რომელიც საგანგებოდ და ერთგვარი კმაყოფილებით უსვამდა ხაზს
თავის უტიფრობას, ჩემკენ მოტრიალდა, დოინჯი შემოიყარა, თვალი გამისწორა და
მითხრა: - ზემოთ არის, ჩვენთან. ოღონდ გურამი არ ქვია, ირაკლი ქვია. გვანცას კიდევ
თინიკო არ ქვია, გვანცა ქვია.
რაღა მეთქმოდა! საბოლოოდ მადლობელიც კი დავრჩი, ვინაიდან მათი წყალობით
ღიპიანი კაციც მოვიშორე (მე რომ უნიფორმიანი ბიჭებისკენ წამოვედი, ის სწრაფად
გატრიალდა უკან და თავის მანქანაში ჩაიკეტა) და იმ ტანჯვას გადავრჩი, რასაც - სხვისი
არ ვიცი და - მე ყოველთვის განვიცდი, როცა რთული აზრების მარტივად ჩამოყალიბებას
ვცდილობ... მერე კი, როგორც მოგახსენეთ, დაღამდა. დაღამდა - სავსებით ვეთანხმები
იმათ, ვინც ამას ჩემამდეც ამტკიცებდა - ცოტა ნაადრევად. კერძოდ, ისეთი შთაბეჭდილება
შეიქმნა, თითქოს მზე რაღაცაზე გაგვინაწყენდა და თავის ჟამს აღარ დაელოდა.
ღამემ სიჩუმე მოიტანა, რომელიც, უსიამო მოლოდინის თხელ ჟრუანტელში ამოვლებული,
ფერდობს შიშისა და ხიფათის მსუბუქ საბურველად გადაეფარა. ხალხი ნელ-ნელა
ჩურჩულზე გადავიდა. ჩურჩულს იდუმალების - უარყოფითი ნიშნით დამუხტული
იდუმალების - ცივი სუნი ასდიოდა. თვითმოქმედი ფანტაზიის რომელიღაც დანაყოფზე
რიკოთი დედამიწას მოსწყდა და სადღაც, შორეულ სამყაროში აღმოჩნდა, როგორც
კუნძული, რომელსაც ირგვლივ სიცარიელის ვეება ოკეანე ერტყა.
უმზეოდ დარჩენილი ღრუბლები სწრაფად გაცივდნენ და წელიწადის ამ დროისათვის
უჩვეულო სიცხე ერთბაშად ასევე უჩვეულო სიცივემ შეცვალა.
სალომემ ისევ ჩაიცვა პალტო, მაგრამ ახლა ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
- მგონი თავიდან იწყება ზამთარი, - თქვა და ხელის ზურგების სრესას მოჰყვა.
- დაიმატეთ რამე. თუ არა გაქვთ, მე მოგცემთ.
- მაქვს.
მთვარე ბჟუტავდა.
სალომე მანქანაში შევიდა, რამდენიმე წუთი დაჰყო იქ და გამოვიდა. პალტოს ქვეშ ახლა
თბილი, ყელიანი ჯემპერი მოუჩანდა და მე უცებ მომაგონდა, რომ კამბეჩასა და სანდრას
შეხედულება თუ არ ცრუობდნენ - რაღაც კუთხით პროფილაქტორიუმის ბანჯგვლიანი
ჯეელის - შეიძლება გახსოვთ - შეხედულებას ეხმიანებოდა.
სალომესთვის ეს დაკვირვება არ გამიზიარებია.
- გათბით? - ვკითხე ზემოხსენებული დაკვირვების ნაცვლად.
- დიახ, - მიპასუხა და დასძინა, - ნამცხვარი არ გინდათ?
- გმადლობთ, ჯერ არა.
- მამიდებისა არ მოგერიდოთ.
- არ მომერიდება. თუკი დავითს იეღოვასი არ მოერიდა... თანაც დარწმუნებული ვარ,
მამიდების კაცთმოყვარეობა უფრო გულწრფელი იქნება, ვიდრე იეღოვას
მეპურეთუხუცესისა, რომლის სახელი არ მახსოვს. მამიდები ალბათ, არც დაგვაყვედრიან
და არც მძიმე-მძიმე პირობებს წამოგვიყენებენ.
აქ სალომემ მოულოდნელად თქვა: - მამიდა ნატო ულამაზესი ქალი იყო.
- მართლა?
- სიბერემაც კი ვერაფერი დააკლო.
- რატომ არ გათხოვდა?
- ბანალური მიზეზით: საქმრომ უღალატა.
- მიზეზი თითქმის ყოველთვის ბანალურია.
- თვითონ ღალატის მიზეზი არ ყოფილა მთლად ბანალური.
- აბა როგორი იყო?
- მმმ... იდეოლოგიური.
- იდეოლოგიური?
- დიახ. საქმრომ იგი იდეოლოგიაში გაცვალა და არა სხვა ქალში. ახლა ეს შესაძლებელია
სასაცილო ჩანს, მაგრამ, როგორც მამიდებისგან გამიგონია, იმ კაცს - საქმროს - მამიდა
ნატო ძალიან ყვარებია და ძალიანაც გაძნელებია ამ ნაბიჯის გადადგმა. ბოლოს და
ბოლოს, მისთვის ხომ ყოველივე ეს კიდევ უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო, რადგან
ამის შემდეგ გამუდმებით სირცხვილსა და სინანულში უნდა ეცხოვრა.
- მოკვდა?
- არა მგონია. რომ მომკვდარიყო, გავიგებდი.
- არჩევანი რაში მდგომარეობდა?
- პაპაჩემი ოცდაჩვიდმეტში დახვრიტეს. იმ კაცს კი თურმე დამხვრეტთა იდეოლოგია
სწამდა და იდეოლოგიის ღალატს მამიდა ნატოს ღალატი არჩია.
- და მამიდა ნატო ამის გამო აღარ გათხოვდა?
- არც ერთი აღარ გათხოვდა.
- არც ერთი... დანარჩენებიც იმავე მიზეზით?
- დიახ.
მე სახტად დავრჩი.
- ნუთუ სოლიდარობას ასეთ კატასტროფულ სიმაღლეს შეუძლია მიაღწიოს?
- მე უფრო იმედგაცრუების ბრალი მგონია. კარგი კაცი რომ ცუდ საქციელს ჩაიდენს,
ადამიანი ამას ძნელად ეგუება. ის კაცი კი კარგი კაცი ყოფილა. მამიდა ნატოსგანაც და
დანარჩენი მამიდებისგანაც ქება ხშირად მსმენია მისი, აუგი არასოდეს. მხოლოდ
ებრალებოდათ. ებრალებოდათ, როგორც გზააბნეული მგზავრი, და მიაჩნდათ, რომ მისი
ხვედრი უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო, ვიდრე მამიდა ნატოსი.
- და არ გათხოვდნენ...
- არ გათხოვდნენ. ვიცი, ძნელია ასეთი საქციელის გამართლება. მაგრამ მე არც
გამტყუნება შემიძლია. თანაც იმ დროს, ვინ იცის, ხალხი საერთოდაც უფრო გრძნობიერი
იყო, უფრო რომანტიკული და რა ვიცი, უფრო სხვანაირი... ნამცხვარი როცა მოგინდეთ,
მითხარით.
- გეტყვით.
რიკოთზე ჩუმი და ნაცრისფერი ღამე იწვა. მთვარეს ჭვარტლი მოსდებოდა და ისე ვერ
ანათებდა, როგორც ეწადა. და თუ ირგვლივ რამე მაინც ჩანდა, ჩანდა როგორც ჩრდილი,
ჩრდილი გატრუნული და ხიფათის მომლოდინე.
სალომე დაიღალა და მანქანაში ჩაჯდა. და თუმც კარი ღია დატოვა, მარტო დარჩენილს
წამით ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ზურგჩანთა მოვიხსენი და შემსუბუქებულმა
მხნედ ვუყელე რაღაცას, რაც მოწინააღმდეგის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს, რაღა თქმა
უნდა, სისულელე იყო, მაგრამ სისულელე ნორმის ფარგლებში, ეფემერული სისულელე,
რომელიც ჩვეულებრივ კვალს არ ტოვებს. არე-მიდამოს ისევ ისე შიშის თხელი საბანი
ეფარა და საბანქვეშ დაძაბული, გატრუნული და დაყურადებული სიჩუმე იწვა. მეც,
თავისთავად ცხადია, საბანქვეშ ვიყავი, რის გამოც ახლა გაცილებით უფრო ნამდვილი და
რეალური ჩანდა ფანტასტიკური ვარაუდი იმის შესახებ, რომ რომელიღაც რეპტილია,
რომელიღაც ამფიბია, რომელიღაც მუხლუხო ფერდობზე ამოცოცებულიყო და ვიწრო
გვირაბში გაძრომას ლამობდა, და მე ამ ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი ვიყავი, არა
აუცილებელი, მაგრამ განუყოფელი, უჯრედი რამ, ან მოლეკულა. უფრო ალბათ ატომი,
პაწაწკინტელა ატომი, რომელსაც ორბიტაზე ელექტრონი დააკლდა და, ნაკლული
ელექტრონის ადგილას რომ გაქცევის იმპულსი არ აღმოცენებულიყო, ატომთმშენებელმა
გამოთავისუფლებულ ორბიტაზე ვინმე სალომე ერისთავი გაამწესა, რითაც ამბოხის
მოსალოდნელ ნაპერწკალს მოვალეობის იმპულსთა ნაკადი მიუშვა. კაცმა რომ თქვას, ეს
ზედმეტი სიფრთხილე იყო: დედა ორგანიზმს მტკიცე გარსი ჰქონდა შემოკრული შონიას
სახით, როგორც ტუსაღს ციხის კედლები, გნებავთ, როგორც ბრილიანტის თვალს ოქროს
ბეჭედი; გარსიც რომ არ ჰქონოდა, მაინც ვერ გავექცეოდი, ვერც მე გავექეოდი და ვერც
სხვა, ვინც ჩემზე უფრო ფეხმარდია. მაგრამ დედა ორგანიზმს ყოველი შემთხვევისათვის
გარსი ჰქონდა შემოკრული, რომელიც თავისუფლების ჭლექიან სხივებს საიმედოდ
ისხლეტდა.
არა, გაქცევა იმთავითვე გამორიცხული იყო სიტყვა „იმთავითვეს“ ისეთი მნიშვნელობით,
რომლის სათავე რეალური დროის მიღმაა. შემადგენელი ნაწილი კავშირია და მხოლოდ
კავშირთა ერთობლიობაა არსი. კავშირი კი ვერსად გაიქცევა. კავშირის გაქცევა
შეუძლებელია.
მე მანქანის წინა ბამპერზე ვიჯექი და ფიქრებმა, რომლებიც ერთხანს უკონტროლოდ და
უთავბოლოდ დახტოდნენ საგნიდან საგანზე, ბოლოს სალომეს მამიდების ირგვლივ
მოიყარეს თავი.
როდესაც სალომეს მამიდებმა ჯანსაღ ცხოვრებაზე უარი თქვეს და ჰერმეტულ
გამოქვაბულში ჩაიკეტნენ, ნეტა ეს მათს ნებას უნდა მიეწეროს, თუ იმ კაცის ნებას,
რომელმაც სიყვარული და ანგარება - სალომეს განმარტებით იდეოლოგია - შესაშური
გულმოდგინებით აწონა, ზუსტად დაიანგარიშა დებიტი და კრედიტი, ფხიზელი დასკვნა
გამოიტანა და ახალგაზრდობაშივე გააკეთა ის არჩევანი, რასაც უმრავლესობა მთელი
სიცოცხლე ეთამაშება? ერთი შეხედვით მამიდების საქციელი ნებაყოფლობითი ჩანდა.
მართლაცდა, თუ მამიდა ნატო სიყვარულის ეპიცენტრში იმყოფებოდა და მისი
გადაწყვეტილება შეიძლება წვის ტემპერატურით აიხსნას, ამას ვერ ვიტყვით შესახებ
დანარჩენ მამიდათა, რომლებიც გარედან ადევნებდნენ თვალს კოცონის ტკაცა-ტკუცს და
მხოლოდ მამიდა ნატოს პრიზმაში გარდატეხილი და არეკლილი სხივები წვდებოდათ,
რაც იმის მეათედ ნათებასაც კი ვერ ქმნის, პირდაპირი სხივები რომ ქმნიან, წვაზე ხომ
ლაპარაკიც ზედმეტია. დიახ, თითქოს ერთი შეხედვით ასეა. მაგრამ რამდენად შეგვიძლია
ვენდოთ ერთი შეხედვით მიღებულ ცოდნას? ერთი შეხედვით ხომ დამაჯერებლად
მხოლოდ ის ჩანს, რაც ზედაპირზე დევს? ზედაპირზე კი ცოტა რამ დევს. ჩვენი მიწიერი
ცხოვრება დაწყვეტილი კრიალოსანია, რომლის თვლები - ამქვეყნიურ იმპულსთა ჩუმი
მოტივები - მიწის, წყლისა და სხვა ელემენტთა სიღრმეებშია მიმობნეული და მათ
აღმოსაჩენად ერთი შეხედვა არ კმარა. ერთი შეხედვა ადვილი შესაძლებელია ილუზია
გამოდგეს.
ისე არ გამიგოთ, თითქოს მამიდების გადაწყვეტილების ნებაყოფლობა ეჭვქვეშ
დამეყენებინოს. სრულიადაც არა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ იქ, სადაც სურათი
ნათელი არ არის, ყველაზე ნაყოფიერი ძალა ეჭვია, რომელიც დროსა და სივრცის
მეძებარი ძაღლივით უნდა ყნოსავდეს და დაუზარებლად ეძებდეს ჭემარიტების კვალს (და
საერთოდ, ეჭვი ისეთი საჭირო თანამგზავრია, ისეთი ერთგული მეგობარი, ისეთი საიმედო
გიდი, ისეთი მრავალპლანიანი საცეცები აქვს და ისე ყვითლად ანათებს ჩაბნელებულ
ხვრელებს, რომ დარწმუნებული ვარ, მისი ქანდაკება - ვთქვათ, ათასთვალიანი ფიგურა
ჩირაღდნის ფორმის თორმეტი რქით - ყოველი დემოკრატიული ქალაქის მთავარ
მოედანს დაამშვენებდა). მამიდების გადაწყვეტილება კი ნებაუნებურობის თვალსაზრისით
მით უფრო სათუო იყო, რომ მე არავითარი წარმოდგენა არ მქონდა იმ კაცზე, ვინც ეგზომ
გაბედულად, შეუშვირა ქედი უმძიმეს პასუხისმგებლობას.
აქ მე, ცნობისწადილით შეპყრობილი, მთელი არსებით ჩავუღრმავდი ამ კაცის ხატს.
ასე და ამგვარად, როგორი უნდა იყოს კაცი, ვისაც ძალუძს საკუთარ თავზეც ამაღლდეს,
თანამოძმეებზეც, გარემოებებზეც, მატერიაზეც და იდეის იმდაგვარ სიმაღლეს მიაღწიოს,
საიდანაც მშვიდად შეიძლება ოთხ ქალს ერთდროულად გადაუჭრას სიცოცხლის
ძარღვი? მშვიდად? შესაძლოა არც ისე მშვიდად, მაგრამ მთავარია, რომ შესაძლოა...
მაშ როგორი უნდა ყოფილიყო ეს კაცი?
თავიდან ამოცანა იოლი მეჩვენა, ვინაიდან მცონარა და ცრუპენტელა გონებამ
გატკეპნილი გზით წამიყვანა, რომელზედაც, ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, კლასიკურ
ურჩხულს გადავეყარე, წმინდა, სწორხაზოვან, შიშველ ბოროტებას, რომელსაც
პათოლოგიურ სხეულში პათოლოგიური სული ედგა და საკუთარი „მე“-ს გარდა არაფერი
გააჩნდა ისეთი, რომ არსებობის საყრდენად გამოდგომოდა. საბედნიეროდ გაიძვერა
გონებას მალე გავუგე მზაკვრობა და რა დავინახე, ჩემი ფანტაზიის მიერ შექმნილი არსება
მითოლოგიურ სამყაროს განეკუთვნება და არა ადამიანურს, ძიება სხვა მხრით
წარვმართე. ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება სალომე მართალს ამბობს,
საქმე შაბლონთან გვაქვს და შაბლონის უკან ტრაგედია დგას-მეთქი. ოღონდ ფანტაზია
ამჯერად მთლად არ მიმიშვია ნებას. კერძოდ, სალომეს ვარაუდი, ვითომც ის კაცი ამ
ტრაგედიის გამო მუდმივ სირცხვილსა და სინანულში იცხოვრებდა და სიკვდილი
სანატრელი ექნებოდა, მამიდების რომანტიკულ გავლენას მივაწერე და არ დამიჯერებია.
მართლაც, მცირე ფიქრის შემდეგ წეღანდელი უსულგულო ურჩხულის ნაცვლად გონების
თვალწინ წარმომიდგა საწყალობელი ვინმე თანამოძმე ჩემი, რომელმაც დიდი შინაგანი
ომი გადაიტანა, ურიცხვი ღამე თეთრად გაათენა, ოთხჯერ თუ ხუთჯერ თავის მოკვლაზეც
იფიქრა (ერთხელ საშუალო ძალის მცდელობაც კი ჰქონდა, რომელიც მშვიდობით
დამთავრდა), მრავლის უმრავლესჯერ თავი ისე შეეზიზღა, რომ ამ ზიზღის შუქზე სახარების
ცნობილი დებულება - „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ - მწარე ირონიად
იქცა, და ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, არჩევანი გააკეთა, თუმც ამის შემდეგაც სამი
კვირა მაინც კიდევ ლოგინად იყო ჩავარდნილი. როგორც კი ამ ხატს მეტ-ნაკლებად
რეალური (მხატვრულად რეალური, ცხადია) კონტურები შემოვავლე, ფიქრების
სიღრმიდან ახლა სხვა ხატი წამოვიდა და ზედაპირზე ამოტივტივდა. ამჯერად ეს იყო კაცი,
რომელიც იარაღით აიძულეს საყვარელი ადამიანი მიეტოვებინა. ამ ხატმა კიდევ სხვა
ხატი წამოიყოლა, იმან კიდევ სხვა და მალე ფანტაზიის შრომისმოყვარე ფუტკარი,
თითქოს დოლის ხმა შემოესმაო, ყოველი მხრიდან შემომესია და წამოვიდა და წამოვიდა
ნაირ-ნაირი ხატები, პორტრეტები, სახეები, ვარიანტები, შესაძლებლობები, ხედვის
კუთხეები, ნიუანსები... კიდევ ცოტა და საბოლოოდ დავიბენი, ვინაიდან ყველაფერი, რისი
შექმნაც კი შევძელი, ერთმანეთში აირია და ჩაიხლართა. აირია, ჩაიხლართა, დაიფარა,
წაიშალა, გაზავდა, აისხლიტა, გაბათილდა. და როცა საბოლოოდ დავიბენი, სალომეს
გავძახე: - სალომე!
- გინდათ ნამცხვარი? - გამომეპასუხა სალომე.
- ნამცხვარი?.. არა. ესე იგი, კი. უფრო სწორად კი, მაგრამ ჯერ არა. ერთი სიტყვით, ვიდრე
ნამცხვარზე გადავიდოდე - გადასვლით კი სიამოვნებით გადავალ - ერთი რამ მინდა
გავარკვიო.
- რა?
- იმ კაცის ვინაობა და ასავალ-დასავალი. სახელი, გვარი, მისამართი.
- რომელი კაცის?
- რომელმაც მამიდა ნატო უარყო და პროლეტარიატის დიქტატურას შეერთო.
ამას მცირე სიჩუმე მოჰყვა; მერე სალომე მანქანიდან გადმოვიდა.
- რად გინდათ?
- ბოლო ხანებში ადამიანოლოგიითა ვარ გატაცებული, ასეთი არაორდინალური
კაცისაგან კი, იმედი მაქვს, თუ შევიტყე, ისეთებს შევიტყობ, ფსიქოანალიტიკოსები სახტად
დარჩებიან.
- რომ არ ვიცი...
- არ იცით? რატომ?
- ისიც არ ვიცი, რატომ არ ვიცი: ან მე არ დავინტერესებულვარ, ან მამიდები განგებ
მალავენ.
- განგებ თუ მალავენ, ძნელი იქნება გაგება.
- გააჩნია ვისთვის. მე თუ მოვიწადინე, ვერ დამიმალავენ.
- მერედა მოიწადინებთ?
- არ ვიცი. თუ ძალიან ეძნელებათ გამხელა, გულს ვერ ვატკენ. მაგრამ... ასე რით
დაგაინტერესათ იმ კაცმა?
- გამორიცხული არ არის, რომ მან გილგამეშზე უფრო ღრმად ჩაიხედა სიბნელეში.. და, ვინ
იცის, რა დაინახა! ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც
ოთხი ქალი ერთდროულად დაეტოვებინოს გაუთხოვარი. მაშ, დამეხმარებით?
- შეპირებით ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვეცდები. და თუ გაგიგეთ, როგორ გაგაგებინოთ?
- დაგირეკავთ. ან შემოგივლით... ტელეფონის ნომერსაც დაგიწერთ. ერთი სიტყვით, თუ
ძნელი არ იქნება...
აი ამ დროს - თუმც ჯერ კიდევ შორიდან - მოისმა: - ჯაკომო!
მე ყურები ვცქვიტე
- გაიგონეთ?
- კი.
- ეს აზამათ ლომგულის ყრონტისმიერი ტენორი იყო.
- ვისი?
- აზამათ ლომგულის. თუ გუმანი არ მატყუებს, პირისსანახავი უნდა მოჰქონდეს.
- რა პირისსანახავი?
- როგორ გითხრათ... კამბეჩამ და სანდრამ რომ დაგინახეს... გახსოვთ კამბეჩა და
სანდრა? აი, ის ადამიანისმაგვარები, ერთი რომ მაჩვს მიამსგავსეთ და მეორე დათვს...
- მე არავინ არაფრისთვის მიმიმსგავსებია.
- შეიძლება, მაგრამ არც უარგიყვიათ, ერთი სიტყვით, კამბეჩამ და სანდრამ რომ
დაგინახეს... იცით, ზოგს ტვინში უჯრედები უსწორმასწოროდა აქვს განლაგებული - ცრუ
დასკვნა გამოიტანეს. ერთი ანდაზისა არ იყოს, მელას რაც ელანდებოდა...
- აზამათ ლომგული ვინაა?
- კაი ყმის ძმობილი. თუ იმის თქმას აპირებთ. რომ სიტყვა „ძმობილი“ ანაქრონიზმია,
გეთანხმებით, ანაქრონიზმია, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია და ფაქტი კი ისეთი
არგუმენტია, რომლის გაბათილება მხოლოდ სასწაულის მეშვეობით თუ შეიძლება. ხოლო
ორივე მათგანი, აზამათ ლომგულიცა და კაი ყმაც, სანდრასა და კამბეჩას ძმობილები
არიან.
ამ დროს ისევ - და უფრო ახლოდან - მოისმა: - დიეგო!
- აი ბანიც! ბანს კაი ყმა გამოსცემს ხოლმე.
- დიეგოა თქვენი სახელი თუ ჯაკომო?
- ვის როგორ ურჩევნია... სანდრა, მაგალითად, სულ სხვას ამჯობინებს. ჭეშმარიტებას, ჩემი
აზრით, ყველაზე უფრო კამბეჩა მიუახლოვდა.
- ჯაკომო!
- დიეგო!
ამჯერად დაძახილი ჩემს მანქანასთან გაისმა. ზედ საბარგულთან.
იმავ წამს ხელის ფარანიც აინთო, რომლის შუქი ჯერ სალომესკენ იქნა მიმართული - და
არა მარტო მიმართული, არამედ ორჯერ თავით ფეხამდე ატარებულ-ჩატარებული - და
მხოლოდ ამის შემდეგ ჩემკენ.
- მოხვედით? - შევეგებე მე.
- მოვედით, - თქვა აზამათ ლომგულმა და სალომეს მიესალმა, - გამარჯობათ!
- გამარჯობათ! - მხარი აუბა კაი ყმამაც. მისი ბანი წვერ-ულვაშით დაფარული პირიდან ისე
ამოვიდა, როგორც ვულკანის მომასწავებელი გუგუნი ეკალ-ბარდებით შენიღბული
გამოქვაბულიდან.
- გამარჯობათ, - მიუგო სალომემ.
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. მე სიჩუმეს იმდენი დავაცალე, რომ თვალშისაცემი გამხდარიყო.
მერე სალომეს მივუბრუნდი: - აი მოვიდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს კაი ყმაა.
მართლა კაი ყმაა, მაგრამ ახლა თმა-წვერშია შეფუთული და არა ჩანს. ესეც - აზამათ
ლომგული: მას წარდგენა არ სჭირდება. ეს კი, ჩემო ცნობისმოყვარებისმიერო ძმებო,
სალომე ერისთავი გახლავთ. ვიცი, ინტერესის სული ამოსვლაზე გაქვთ, ამიტომ
პირდაპირ საქმეზე გადავალ: სალომე „ზაპოროჟეცში“ იჯდა და გეზი სანაკლიოსკენ ეჭირა,
სადაც მამიდების გარკვეული რაოდენობა ჰყავს. „ზაპოროჟეცი“ პატარა იყო და ლურჯი.
იგი გზაში გაფუჭდა. სალომემ მიზეზი ვერ გაუგო და ძალიან დაღონდა. ამ დროს ბედად მე
წამოვეწიე და დახმარების ცივილიზებული ხელი გავუწოდე. გაფუჭებული „ზაპოროჟეცი“
სალომემ უახლოეს პროფილაქტორიუმში გაყიდა. იგი იაფად იყიდა ვინმე
ადგილობრივმა რომეომ, რომლის გვარი ცნობილი არ არის.
- მონტეგი, - ამოიგუგუნა კაი ყმამ გამოქვაბულის ფსკერიდან და მისი მრგვალი ხმის კილო
იყო საზეიმოც, მოწყალეც, თავმდაბლურიც, დაჯერებულიც, მაღალსერიოზულიც.
- უფრო ალბათ ასტვაცატუროვი, - ვუთხარი მე, - ყოველ შემთხვევაში, არა მონტეგი. ეს
უბრალოდ დამთხვევაა. დიახ... ამგვარად სალომეს მანქანა ვინმე რომეო ტერ
ასტვაცატუროვს დარჩა და ჩვენ ჩემი მანქანით წამოვედით. მას აქეთ ჩემი მანქანით
მოვდივართ და ჩემი მანქანით ვაპირებთ სანაკლიოში ჩასვლას, თუ მაღლითაც საჭირო
დასტური მოგვეცა.
- ახლა გასაგებია, - თქვა აზამათ ლომგულმა და ჯიბიდან ერთი ბოთლი კონიაკი
ამოაძრო, ეს კამბეჩამ და სანდრამ გამოგიგზავნეს.
- ოო! ცოდო-მადლი რომ სასწორზე დაიდება, კამბეჩასა და სანდრას ბედს ეს ბოთლი
გადასწონის. თქვენიც, თავისთავად ცხადია, დიდი მადლობელი ვარ, რომ გზაში არ
გატეხეთ, - მერე კაი ყმას მივუბრუნდი, - გავიგე, ბაღდათი აგირჩევია უკანასკნელ
ნავთსაყუდელად.
- კი, - დაიგუგუნა კაი ყმამ.
- რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც სახელოვანი შვილი სიმცირით არ
იწუნებს და ნიშნად მადლიერებისა და სიყვარულისა უკან უბრუნდება.
- მმმააჰ!.. - გაურკვეველი მუხტის ემოცია ამოუშვა კაი ყმამ.
- ალბათ პარაზიტების საზოგადოებას ჩამოაყალიბებ იქ, - უფრო კონკრეტულ რელსებზე
გადავიტანე მაშინ საუბარი.
- ღვთისმაძიებელთა საზოგადოებას ჩამოვაყალიბებ.
- ნუ თვალთმაქცობ!
- ვთვალთმაქცობ?! ბაღდათში დედამიწის ღერძი გადის.
- რა იცი? აკაშას ქრონიკაში წერია ხომ?
- დიაღაც!
- ინტერპოლაციებითაა სავსე მაგ შენი აკაშას ქრონიკა.
- არ გესმის, რა მოგკითხო! ნათელს ვერ ხედავ, რა გელაპარაკო!
- მე! მე არ მესმის! მე ვერ ვხედავ ნათელს და ამას შენ მეუბნები!
- დიაღაც!
- ნამცხვარს არ მიირთმევთ? - წყნარად იკითხა ამ დროს სალომემ.
ამის გაგონებაზე კაი ყმას სიტყვა პირზე შეაშრა.
- სიამოვნებით! - დაიგრუხუნა და ხელების ფშვნეტას მოჰყვა. ძლიერი ბინდი რომ არ
ყოფილიყო, ალბათ ნახევარი რიკოთი მაინც შეამჩნევდა, თუ რა მსუნაგად აუციმციმდა
თვალები, ერთადერთი ადგილი მხრებზემოთ, რომელიც თმით არ ჰქონდა დაფარული.
- ნუ შეწუხდებით! - თითქმის იმავდროულად გაისმა აზამათ ლომგულის ალტერნატიული
შეძახილი, მაგრამ სალომემ ამას ყურადღება აღარ მიაქცია, ნამცხვარი გამოიტანა,
კალკის ქაღალდზე დადო, რომელიც მანქანის კაპოტზე წინასწარ დააფინა, და
პლასტმასის დანით დაჭრა.
- აუ, რა გემრიელია!! - კაი ყმამ გასინჯვამდე მოუხადა ხარკი ზრდილობას, რათა მერე
წვრილმანებზე აღარ მოცდენილიყო, ეკალ-ბარდებით შენიღბული გამოქვაბული წამით
გამოაჩინა და მას შემდეგ, რაც მთელი ნაჭერი - კარგა მოზრდილი - ერთიანად გააქრო
შიგ, ისევ ეკალ-ბარდებში ჩამალა.
- მოგვიშივდა მობაღდათეს, - ნამუსი მოწმინდა აზამათ ლომგულმა.
დასტურად კაი ყმამ მეორე ნაჭერს გადაუძახა ქვესკნელში.
მაშინ მე კონიაკი გავხსენი. ჭიქაც მოვძებნე. ერთი ჭიქა სალომესაც აღმოაჩნდა. აზამათ
ლომგულმა ხელები გაასავსავა, ეგ ბოთლი თქვენ გეკუთვნით, ჩვენ იქაც ბევრი გვაქვსო,
მაგრამ კაი ყმამ რომ ჩიჩვირი ჩამოუშვა და ჩუმად გაიბერა, მის გაწირვას ისევ კონიაკის
გაწირვა ამჯობინა და თითო ჭიქა დავლიეთ (სალომემ მეოთხედი ჭიქა დალია).
სამაგიეროდ მეტი უკვე აღარ დათმო და მას შემდეგ, რაც მანქანის კაპოტთან ეტიკეტით
გათვალისწინებული დრო დავყავით და შეფერხების მიზეზთა შესახებაც ცოტა
წავისაუბრეთ (ეს იყო ჯანსაღი და ძირითადად რეალისტური საუბარი, რომელშიაც
ჯოჯოხეთს მხოლოდ გაკვრით შევეხეთ, გველეშაპი და მფრინავი თეფში კი საერთოდ არ
გვიხსენებია), ეშხში შესულ კაი ყმას, რომელმაც ამასობაში მეოთხე ნაჭერი შთანთქა და
მეხუთე ნაჭრისკენ გაიწია, ხელი მკლავში წაავლო, და ფეხი ფეხზე გამაფრთხილებლად
დააბიჯა. კაცმა არ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა და რით დამთავრდებოდა მათი ჩუმი
ძიძგილაობა, კონფლიქტში რომ სალომე არ ჩარეულიყო. სალომე მოულოდნელი
კუთხით და მშვიდობიანი მისიით ჩაერია: მანქანიდან კიდევ ერთი მოზრდილი ნაჭერი -
ასე, ოცი სანტიმეტრი ოც სანტიმეტრზე - ნამცხვარი გამოიტანა, კალკის ქაღალდში
ფრთხილად შეახვია და მობღლაძუნე ძმობილებს წასაღებად გაუმზადა. აზამათ
ლომგული უარზე დადგა, მაგრამ კაი ყმამ მწყრალი ბანით დატუქსა, ამას კამბეჩასა და
სანდრასთვის გვატანენ და შენ ვისი სახელით უარობო და ძვირფასი ძღვენი მოწიწებით
ჩაიბარა. აზამათ ლომგულმა გაალმასებით ჩაილაპარაკა, ცოტა ხანსაც გაგიძლებ და,
ადგილამდე თუ მშვიდობით ჩაგიყვანე, მერე კისერი გიტეხიათ ორივეს - შენცა და იმ შენს
ბაღდათელ ღმერთსაცო, თან ცდილობდა ცოტა შემწყნარებლური, ცოტა ნაძალადევი და
ცოტა მომბოდიშებელი ღიმილით ვითარება განემუხტა.
ბოლოს, როდესაც წასვლის დრო მოუვიდათ, აზამათ ლომგულმა შემპარავი კილოთი
მკითხა: - კამბეჩამ - ბაღდათში წამოსვლა შევთავაზეო. მართალია? მე ვუთხარი, მარტო
რომ არ არის-მეთქი?..
რომ არ არის-მეთქი?..
- ენას ძვალი არა აქვს, - მივუგე მე, - კამბეჩას ენას არც ხრტილი აქვს.
- თუ წასვლა გინდათ, ჩემი არ მოგერიდოთ, - ჩაგვერია საუბარში სალომე, - მანქანას
სანაკლიოში დაგახვედრებთ.
აზამათ ლომგული (კაი ყმაზე აღარაფერს ვამბობ) ვერ მიხვდა, ეს გულწრფელად იყო
ნათქვამი თუ ყასიდად. საერთოდ, მანქანის თემის ეგზომ მოულოდნელი კუთხით
წარმოჩენამ ცოტა დააბნია. თუმც კი მისია ბოლომდე ამოწურა: - ა, ჯაკომო?
- არა, აზამათო, - შორს დავიჭირე მე, - ხომ ხედავ, რა ამბები ხდება! სანაკლიო
უფსკრულშია გადაჩეხილი, ქვეყანა თავზე გვენგრევა, გვირაბები და გამოქვაბულები
თვალდათვალ იქოლება, დღე ისე ღამდება, კაცმა არ იცის, ისევ გათენდება თუ არა... აბა
ამ დროს ბაღდათში როგორ წამოვალ ღვინის დასალევად, რომელიც არ ისმევა!
- ეეეჰ! - ისეთი ამოიოხრა კაი ყმამ, გეგონებოდათ ლავა ამოაყოლაო, - არ იცნობ
ბაღდათს, რა გელაპარაკო!.. არ იცნობ სამყაროს, განსაკუთრებით ეზოთერული კუთხით,
რა მოგკითხო!.. არა ხოლო ღვინითა ერთითა ცხოვნდება კაცი. მით უმეტეს, ბაღდათში... -
აქ მოულოდნელად სალომეს მიუბრუნდა, - ბაღდათი სასწაულ არს, დაო, დედაო და
ქალბატონო, განსაკუთრებით ცენტრს რომ გასცდებით... ერთი წუთით, აზამათ!..
ყვავილებს გავაშენებ, ბოსტნეულსაც ცოტ-ცოტას... წყაროს ამოვრეცხავ პერიოდულად...
ბაღდათში... მოვდივარ, აზამათ, მოვდივარ... ღმერთთან შეიძლება ლაპარაკი...
- აბა, აბა! - გავუტრიზავე მე, - იქაური ატეესი ერთი წვერით თურმე ზესთასოფელშია
ჩართული. ალო! უფალი შინ ბრძანდება? რა უნდა ღმერთს, გაგიწყრა მისი მადლი,
ბაღდათში?!
- აბა სად არის? სანაკლიოში? - ნელიად ამოიგუგუნა კაი ყმამ მცენარეული საფარის
ქვეშიდან, მაგრამ საკუთარი ირონია მეტისმეტად გესლიანი ეჩვენა და, ეს
მომაკვდინებელი გესლი რომ ცოტათი მაინც გაენეიტრალებინა, ფრაზა შემრიგებლური
და - როგორც ასეთ დროს გულჩვილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე - ცოტა სულელური
სიცილით მოაპირკეთა.
წასვლის წინ აზამათ ლომგულმა მკითხა: - როდემდე დარჩები სანაკლიოში?
- სულ ცოტა, ერთი კვირა, ვუპასუხე მე, - ისე კი, შეიძლება ქვეყნიერების აღსასრულამდეც
მომიხდეს იქ დარჩენა. შემოივლით?
- გააჩნია რა გუნებაზე ვიქნებით.
- თუ ცუდ გუნებაზე იყოთ, ნუ შემოივლით.
- კარგი.
- დაგვრჩა ნამცხვარი? - ვკითხე სალომეს. როცა დავრწმუნდი, რომ სტუმრები აღარ
მობრუნდებოდნენ.
- კი, - სალომემ ნამცხვარი გამოიტანა და წეღანდელივით პლასტმასის დანით დაჭრა.
როგორც კი ერთი ნაჭერი შევჭამე, მყისვე მივხვდი, რომ, ვიდრე კაი ყმის სიხარბეს
დაგმობ, კაცმა ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოსცადო.
- შეიძლება კიდევ ავიღო?
- რა თქმა უნდა. მიირთვით.
- გმადლობთ.
- კონიაკს ხომ არ დალევთ?
- არა.
- მე ერთ ჭიქასაც დავლევ თქვენის ნებართვით... თქვენ აცხობთ ასეთ ნამცხვარს?
- დიახ.
- ფანტასტიკურია. მე და კაი ყმას თუ ნამცხვრისა რამე გაგვეგება, ჭეშმარიტად
ფანტასტიკურია. ნეტა კამბეჩასა და სანდრას თუ შეხვდება? გაგიკვირდებათ, კაი ყმამ რომ
დანიშნულების ადგილამდე კალკის ქაღალდის მეტი ვერაფერი მიიტანოს? მე არ
გამიკვირდება. არც გამიკვირდება და ვერც დავძრახავ.
- წუმწუმა ხომ არ გექნებათ, ქალბატონო? - მოისმა ანაზდად.
სხეულში თითქოს სუსხიანი ქარი შემომეჭრა და ძარღვებში დაიქსელა. რა მიზეზი იყო, ვერ
მივხვდი.
რომ მივტრიალდი, ერთი რამ უწესრიგოდ აჩონჩხლილი ჯეელი დავინახე, მთვარის
მკრთალი შუქი მეტის საშუალებას არ იძლეოდა და მხოლოდ გრძელი ხელები და
გადახოტრილი თავი გავარჩიე. ხმა წვრილი და ბავშვური ჰქონდა. მოთმინებით იდგა
პასუხის მოლოდინში და წყნარად, რიტმულად ირწეოდა. მე ერთხანს ვუყურე და ბოლოს
და ბოლოს, როგორც იქნა, გავიაზრე, თუ რატომ გაჩნდა ჩემს სხეულში ის ცივი ქარი:
ზემოთ მოტანილი ფრაზა, რომელიც მე რამდენჯერმე მაქვს აღნიშნული აუდიორუქაზე, ამ
ჯეელს არ ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ჯეელთან შედარებით ეს ჯეელი ტანად
უფრო დიდი ჩანდა, ასაკით უფრო მცირე. ხმაც უფრო წვრილი ჰქონდა. და მხოლოდ
სიტყვები იყო იგივე. ამით დაბნეული უსიტყვოდ მივჩერებოდი.
დუმილი რომ გაგრძელდა, პასუხის გაცემა სალომემ ითავა.
- წუმწუმა არა გვაქვს. ნამცხვარი ხომ არ გესიამოვნება?
ჯეელმა რწევა შეწყვიტა და გაშეშდა. ერთხანს ასე იდგა, გეგონებოდათ საკუთარ სხეულს
უგდებდა ყურს და ცდილობდა რომელიღაც შემაშფოთებელ კითხვაზე ძნელი პასუხი
ეპოვა. ბოლოს რაღაც იდუმალი, თითქოს დედამიწის ღრმა წიაღიდან ქურდულად
ამომავალი ხმითა და ექოსავით უსაშველოდ გაგრძელებულად თქვა: - კიიიი...
სალომემ მოზრდილი ნაჭერი მოჭრა. ჯეელი ერთხანს მაინც გაშეშებული იდგა. მერე
ორივე ხელი გაიწოდა და მე მომეჩვენა - რა ვიცი, მომეჩვენა? - რომ ამ ხელებს სახსრები
იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე ამას ანატომიის სახელმძღვანელო ითვალისწინებს. ნამცხვარი
ასევე ორივე ხელით ჩამოართვა, მაგრამ მიიტანა არა პირთან - თუმც კი თავიდან,
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი განზრახვა ჰქონდა - არამედ მკერდთან. აქ ცოტა ხანს
ისევ გაშეშდა. გაშეშდა ნამცხვარჩაბღუჯული და თავაწეული. მერე უეცრად შეტრიალდა,
ერთბაშად მოწყდა ადგილს და ცხენივით გაჭენდა.
აუდიორუქა
ფრაგმენტი №3
- კოლექტივი გაძლიერდა, ნანინაა, ნანინაა, ვენაცვალე სტალინსაო, ნანინაა, ნანინაა...
- ასირიელების უკანასკნელმა მეფემ, მაგალითად, სარდანაპალმა, რა დაინახა, ალყაში
ვარო, თავისი დიდებული სასახლე ცეცხლს მისცა და მთელი ჯალაბით შიგ გამოიწვა.
- რაი მერე?
- რეალობა, ჩემო ბატონო, კონიუნქტურის საალერსო სახელია. კი, ანგარიში როგორ არ
უნდა გაუწიო, მაგრამ დროდადრო თუ მარადიულ ფასეულობებსაც არ შეავლე თვალი,
ჩაგიხვევს კონიუნქტურის სადღვები მანქანა და აგანთხლევს ერთიანად. აიღე,
მაგალითად, კაცი რომელსაც შია და საჭმელი არა აქვს. ამისთანა კაცი რომ მარტო
რეალობას მიაცივდეს და მარადიული ფასეულობანი ფეხებზე დაიკიდოს, ან მათხოვარი
უნდა გახდეს, ან ქურდი, ან მონა (ქე ქნა, მისი არ იყოს, ჩვენ რო ვიცით, იმან)!
- ე! მოვიდა ისევ მშვიდობის მაძიებელი!
- აპა აწი არაფელი გვიჭირს!
- გაიგე ძმაო: შენ ადამიანი ხარ და ის ძროხაა. ძროხას შეიძლება გაუწყრე, მაგრამ არ
შეიძლება ძროხაზე განაწყენდე! კაცი რომ ძროხაზე განაწყენდება, ის კაცი თვითონაა
ძროხა.
- ხო სულ იმას ვიძახდი, ორშაბათს მგზავრობა არ ვარგა-მეთქი!
- ორშაბათია მერე დღეს?!
- კარგი ერთი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს!
- ამხანაგო ბატონებო! მე მაინც იქითკენ ვიხრები, რომ რეალობიდან ამოვიდეთ.
- ის გირჩევნია, ილუზიებიდან ამოხვიდე! რეალობიდან რა ხანია ამოსული ხარ!
- ყველაფერი მოგვეზღვება, ყველაფერი!
- დიდი დღე მიეც ღმერთო ხელმწიფეს!
- კომუნისტების მსოფლმხედველობაში „სახელმწიფო“ და „ხალხი“ დაპირისპირებული
ცნებებია, რაც მმართველობაში შესაბამის ასახვას პოულობს იმით, რომ სახელმწიფოს
ძლიერება ხალხის გაღატაკების ხარჯზე მიიღწევა.
- ო, მაგათი დედა!..
- ხოლო როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხს ესოდენი გააფთრებით ებრძვის, მაშინ
დაშინებული და დათრგუნული ხალხიც ძალაუნებურად დამსჯელებად და დასასჯელებად
იყოფა და ყოველი კაცი იმის შიშით, რომ დასასჯელთა კატეგორიაში არ მოხვდეს,
ცდილობს დამსჯელთა კატეგორიაში მოხვდეს.
- უყურე შენ, რამხელა დაკვირვება გჭირდება კაცს!
- რა გვეჩქარება ისე! ვიყოთ აქ ერთხანს, იქნება ნელ-ნელა მართლა ქე ვიქცეთ ერად.
- ერად არა იმად! ვერ ხედავ, რეზიკო ჭაშია!
- ჭაში თუ ორმოში?
- ხან იქაა და ხან იქ. ხომ იცი, პლურალისტია, ორმოდან ამოიყვან, ჭაში ჩავარდება, ჭიდან
ამოიყვან, ჯურღმულში ჩავარდება, ჯურღმულიდან ამოიყვან, ჭაობში ჩავარდება და არის
ასე...
- თავისით ვერ ამოდის?
- თავისით რა სიკვდილი ამოიყვანს!
- კიდევ ერთი შეკითხვა, მისტერ დონდუა...
- დუნდუა.
- დიახ... თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ სამოქალაქო დაუმორჩილებლობით
მოიპოვებთ ეროვნულ დამოუკიდებლობას?
- ჭანჭიკამ - სიმართლე კლასობრივიაო.
- რა იცის მაგ მართლა ჭანჭიკამ!
- ჯამბულამ? ჯამბულამ - ბევრი სიმართლე მაწყინარიაო, იმდენი უნდა თქვა, რამდენსაც
მოინელებო.
- ჯამბულა მაჩალკაა.
- რომა? რომამ - სასარგებლო ტყუილი ბევრად სჯობს ზიანის მომტან სიმართლესო.
- გადააბი სამივე ერთმანეთს.
- ვალერა? ვალერამ - სიმართლე ჩუმად ვუთხრათ ერთმანეთს და ხმამაღლა ის
ვილაპარაკოთ, რასაც უფროსობა გვირჩევსო.
- ვალერაც მიაყოლე ზედ.
- არც ერთმა არ იცის?
- არა-მეთქი!
- აბა ვინ იცის?
- მომეშვი, თუ კაცი ხარ! ვინ იცის და კანტმა იცის, მაგრამ კანტს აქ ვინ დაუჯერებს, მიიხედ-
მოიხედე!
- გეიხსენი, გო, ფოლაქი!
- კი აპა!
- მარტო ზეითა...
- ხელი ფაფას!
- ე გოგო!
- ეგ წმინდა წყლის პროვოკაციაა. ჩვენ კრიტიკის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ.
მაგრამ სიყვარულით უნდა გავაკრიტიკოთ. ფსიქიატრიულში თუ ვათავსებთ ვინმეს, იმას
ვათავსებთ, ვინც ღვარძლიანად გვაკრიტიკებს.
- „ვათავსებთ“ კი არა „ვათავსებდით“. და „გვაკრიტიკებს“ კი არა „გვაკრიტიკებდა“.
- რატომ?
- იმიტომ რომ მორჩა უკვე თქვენი პესნა.
- აბა ეგ რა თქმაა, ენქიდუ! უთხარ, წირვა გამოგივიდათ-თქო!
- ბიჭო! სხეული თუ მიწაში მარხია და სული არამატერიალური სუბსტანციაა, აბა
ჯოჯოხეთის ცეცხლში რა იწვის?
- არ გესმის და რა გელაპარაკო!
- რომ არ მესმის, მიტო გეკითხები და, შენ თუ გესმის, მითხარი, რას მიმალავ!
- კაი ერთი, თუ ძმა ხარ! ოოჰ!..
- ძალად ატეხეს ეს ამოდენა ალიაქოთი. არავის არ იჭერენ.
- რა იცი?
- თვითონ გამოუშვიათ.
- თვითონ? თვითონ რატომ გამოუშვებდნენ?
- გარეთაც რომ გიჟები ჰყავდეთ ალბათ. მერე იტყვიან, მთელი ქვეყანა გაგიჟდაო.
- რაში ჭირდებათ?
- მე რა ვიცი რაში ჭირდებათ!
- ნუშობიმაგაზ!
- მოდი რა, მერცხლისა და შევარდენის ანეგდოტი გვითხარი!
- ეს სირი ხომ მერცხალია? მაგას ნოდარა ყვება კარგად, ნოდარ!
- ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, თქვეს მემარცხენე მარქსისტებმა და
ცნობიერების გაუმჯობესების კეთილშობილური მიზნით ყოფიერება მაქსიმალურად
გაიუმჯობესეს.
- ღმერთო, გვიცოცხლე ხელმწიფე!
- ძია გრიშა, უხუჩაფათო კვირა რომელია?
- უხუჩაფათო კვირა, ბიძიკო, როდინობის კვირაა.
- შენ არ გეკითხები, ვა!
- აბა მე, ძმაო, ჩემი დღე და მოსწრება ერთი ცოლი მყავს და ერთი მანქანა მაქვს... არა ისე
სხვის მანქანაზე კი ვმჯდარვარ, ეგრეც არაა საქმე!
- მაღვალაკი ბაღანაა, ფუჰ, გადაშენდეს იქით!
- რა ქენი, კოტიკო, ვეღარ ჩამოყალიბდი?
- თქვენზეა ზედგამოჭრილი ანდაზა - მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო.
- ერთი მაგ და მეორე - ამყოლს აჰყეო და დამყოლს დაჰყეო.
- ფშატი აჩვენე, დუდუნა, ძიას ფშატი!
- გაუმარჯოს შონიას! ვაშაა!
- ვაშააა!
- ბუნტური, მოდი აქ!
- აგე! იძახეთ ახლა „დაცინვას კაცი არ მოუკლავს“!
- ძირს შონია! ვაშაა!
- ვაშააა!
- ქონებას თუ ვიხვეჭ, იმიტომ ვიხვეჭ, რომ მერე უანგაროდ გავცე და სახელი მოვიხვეჭო.
სახელისთვის მინდა ყველაფერი და სახელი ხომ ჩემი მატერიალური დოვლათი არ არის!
სჯობს ხომ სახელის მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა?! აბა რაღას მედავებით? განა
სახელოვანი შვილი ქვეეყნისთვის საამაყო არ იქნება?!
- ერთ კვადრატულზე?
- ჰო.
- მთელ მსოფლიოში ხომ?
- კი.
- მსოფლიოში... ერთ კვადრატულ მეტრზე... ზნედაცემულთა რიცხვით... მმმ... არ ვიცი.
რომელ ადგილზე ვიქნებით?
- ღმერთმა დაგიფაროს, გულიკო, და ისევ რომ დაგიჭირონ, სასამართლოზე ქართულად
ილაპარაკებ თუ რუსულად?
- ჩაკიდეთ რა ხელი, გთხოვთ! ერთმა ერთი მხრიდან, მეორემ მეორე მხრიდან. იქნება
გამოვარიდოთ!.. გამოსულიყავი შენით, ვალოდია!
- არ იზამს, ხომ იცი მაგის ამბავი, და ტყუილად ეაჯები.
- დღე და ღამე ავიღოთ. ჩვენ ვამბობთ: მიზეზი იმისა, რომ ნახევარსფეროებზე დღე-ღამე
მკაცრი მორიგეობით ენაცვლება ერთმანეთს, არის დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის
ირგვლივ (სხვათა შორის, ეს ღერძი წარმოსახვითია). მაგრამ ხსენებული მიზეზი
ფორმალურია, ზედაპირული, ემანაციური. და ვინც შეძლებს ამ ნივთიერ ემანაციას თავი
დააღწიოს და არსის სიღრმეში შევიდეს, სადაც მითოლოგიური ძირებია, ის ჭეშმარიტ
მიზეზსაც იპოვის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია ვიღაც მუდამჟამ
ფხიზლობდეს, თორემ, თუ ორივე ნახევარსფეროზე ერთდროულად დაღამდა და მთელი
დედამიწა ერთდროულად მიეცა ძილს, გამორიცხული არ არის, რაიმე
გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდეს და ისე გავიპაროთ ძილში ყველანი, ვერც კი
გავიგოთ.
- არამზადებო! ყურუმსაღებო! სალახანებო!
- ნაბიჭვრებო!
- ეეჰ!.. სადღაა კაკაურიძე! კაკაურიძემ შენი ჭირი წაიღო.
- მოკლეს?
- თავისით მოკვდა.
- თავისით?!. მალადეც, ძმაო! ჩვენს დროში ეს პატარა მიღწევა არ არის.
- რას მელაპარაკები შენ, დედოფალთან რა დამაწვენს!
- იაზროვნეთ! იაზროვნეთ, იაზროვნეთ, ნუ მისცემთ გონებას მოდუნების უფლებას!
- აუ! კაკული, კაკული!
- ჰოუ!
- მოდი აქ!
- რა იყო?
- მოდი, მოდი! ჩქარა!
- რა ამბავი?
- რაღა რა ამბავი! შენ რო შენი დღე და მოსწრება სიუჟეტებს ეძებ გაჭირებული ჯანით, ა,
იმისთანა სიუჟეტი ჰქონია აგერ კაცს, თითებს ჩაიკვნეტ! მიდი რა, ბონდო, მოუყევი ამასაც.
- კი კაცო. თქვენ ოღონდ გამოიყენეთ და სიუჟეტს როგორ დაგიჭერთ!
- ისე, რომ იცოდეთ, უცხოეთში სიუჟეტი ფული ღირს.
- უცხოეთი არაა ეს! შემირცხვეს მაშინ ულვაში, სიუჟეტში ფული ავიღო. ვიწყებ აბა.
- ერთი წუთით, ერთი წუთით! ფანქარს მოვძებნი
- უნდა ჩაიწერო?
- კი.
- მაშინ ნელა მოვყვები... ნამდვილი ამბავია, მოგონილი არ გეგონოს. ჰოდა, ერთი ცოლ-
ქმარი იყო. ქმარს ისე უყვარდა ცოლი, მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეჭვიანიც იყო და
ერთხელ ერთ კაცზე ძლიერ იეჭვიანა. ეჭვიანობით კი ეჭვიანობდა, მაგრამ საბუთი არ
ჰქონდა. მაშინ იფიქრა, დავუდარაჯდები და, თუ დამტკიცდა, მოვკლავო.
- რომელსო? ქალსო თუ კაცსო?
- ქალს, კაცო! კაცს რას ერჩოდა!.. კაცი კი არ უყვარდა!.. ერთი სიტყვით, უტრიალა კაი ხანს
და, როგორც იქნა, შეუსწრო. არა, ისე კი არა. ლაპარაკზე შეუსწრო. მარტო იყვნენ ოთახში
და ლაპარაკობდნენ. მიუგდო ყური და რა ესმის: ქალი ეძალება და კაცი უარზეა. ჰაი აქეთ,
ჰაი იქით - უარზეა. ბოლოს, რო ვერ მოიშორა, პირდაპირ უთხრა, არ მომწონხარ, ქალო,
და თავი დამანებეო. არ მომწონხარო!.. ეს რომ ქმარმა გაიგონა, გადაირია. ამ მათხოჯის
და მაიმახის დასაწუნი რა სჭირს ჩემს ცოლსო! შეუვარდა იმ უბედურს და რაც სიგრძე
ჰქონდა, ის სიგანე მისცა. აბაა! ასე უყვარს ზოგს ცოლი. გამოგადგება?
- კი.
- ჰოდა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. დაწერე და, ჰონორარს რომ დაამღერებ,
ჩემი სადღეგრძელოს დალევა არ დაგავიწყდეს.
- დიდი მადლობა!
- აღარ არის გვირაბი. მორჩა!
- რას ქვია, აღარ არის?! რა იქნა?
- რა ვიცი. შეიძლება არც აქამდე ყოფილა.
- ნუ ლაპარაკობ...
- გეუბნები. ბექობია მარტო. ბექობს იქით უფსკრულია, უფსკრულში ჯოჯოხეთია.
ჯოჯოხეთში რა იქნება, თქვენ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ.
- ნუშობითქვამაგაზ!
- რამდენი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში ადამიანისავე ხელით მოკლული! აი, რას
არ სჭირდება კომენტარი! აი, საიდან გამოდის ყველაზე შორსმიმავალი დასკვნა!
- ეეჰ, ქალები სულ ლამაზები უნდა გაგეჩინა, ღმერთო!
- მომკვდარა საწყალი სილოვანი.
- კაი ჭკუა უქნია.
- რას იზამ! წარსულს ხომ ვერ მოაბრუნებ?!
- მოეშვი, თუ ძმა ხარ, ამ ფრთიან შტამპებს! რა იცი, რო ვერ მოაბრუნებ?
- მაგ არ გამიგია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის №5 ლიდერს რომ
ტყუპი გოგო ეყოლა, დანამდვილებით ვიცი, ერთს დეფაქტო დაარქვა, მეორეს - დეიურე.
- გინახავს, როგორ არა, ერთი დიდი, სქელი, მდორე ქალი.
- აპაჰ - იმისთანაა, შიში რა არის, არ იცის.
- დურაქი ჰოფილა.
- რატო, კაცო?
- იმიტო, რო შიში სიცხესავითაა: ოცდათექვსმეტს ზემოთ და ოცდაჩვიდმეტამდე
აუცილებელია.
- ვითომ ის არ ყოფნის საწყალ კაცს, რომ შეწირულია გვარად! ეს დეგენერატი კიდევ
ურეკავს და ვითომ შეცდომით კითხულობს: „ალო, განწირულის ბინაა?“
- ვიღაცას სიუჟეტი ნანდომარა...
- კაკულის უნდა აგერ.
- ცოტა ფსიქოლოგიურია, ხვარაფელი უჭირს?
- არა. უკეთესიც კია.
- აგაშენა ღმერთმა! ვიწყებ აბა: ერთ ღიპიან კაცს - ღიპი დაიხსომე, ესაა მთავარი -
მოურჩენელი სენი ჭირს, ისეთი, რომ ერთ წელიწადში მოუთავებს საქმეს. სენი შენ თვითონ
აირჩიე - მე შენ გეტყვი, გვაკლია, ხა-ხა-ხა!.. ამ კაცმა რომ გაიგო, ერთი წელიწადი
დამრჩაო, ნამეტანი შეწუხდა, გასვენებაში ქვეყნის ხალხი მოვა და რას იტყვიან, კუბოში
რომ ასე ღიპიანს მნახავენო. ერთი სიტყვით, შერცხვა ძალიან და დიეტაზე დაჯდა. მთელი
ის ბოლო წელიწადი იმას მოახმარა, რომ ღიპი დაეგდო, გამხდარიყო, ადამიანს
დამგვანებოდა და კუბოში ღირსეული შესახედაობა ჰქონოდა.
- დიდი მადლობა!
- რა უფრო დიდია, ბატონო ივლიანე, - სიყვარული თუ სიმართლე? და როცა ისინი
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რომლის მხარე დავიჭიროთ?
- ნიჭი მძიმე ტვირთია, ძამა, დროდადრო თუ არ დახარჯე, გაგსრისავს.
- ცუდი კაცი კი არაა, კაცო, მაგრამ... რაღაცნაირი ერთნახადია.
- მოიცა, თუ ძმა ხარ! სანამ რუსეთი რძეს იძლევა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობა კი არა, მამაზეციერი ვერ მოგვწიწკნის მისი ჯიქნიდან!
- აბა თუ მეტყვი, ყველაზე შტერი ვინაა?
- ქართლოსას მერე?
- კი მაგრამ, თუ ქალაჩუნა არ არის, აბა მე რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა მომაგონდა?..
- ბედის უკუღმართობის გამო მას რიჩარდი ერქვა.
- ვიდრე ახალ ჭას არ ამოიღებთ, ძველში ნუ ჩააფსამთ.
- რა არის მართლა და მართლა! გსიამოვნებს ეს ბილწსიტყვაობა?! თქვი, შე
დალოცვილო: „ვიდრე ახალ სახლს არ აიშენებ, ძველს ნუ დაანგრევ“.
- ანდა: „ვიდრე ახალ კოსტუმს არ იყიდი, ძველს ნუ გააჩუქებ“.
- ანდა: „ვიდრე ახალ თანამდებობაზე არ დაინიშნები, ძველს ნუ მიატოვებ“.
- ანდა...
- მე კიდე გეუბნებით: „ვიდრე ახალ ჭას არ ამოიღებთ, ძველში ნუ ჩააფსამთ“.
- „თვითონაც ხო იღლება!“, თქვა ჯალათის დედამ.
- ერთი ბიჭი ქურდობაზე დაიჭირეს... ჩქარა ხომ არ ვლაპარაკობ?
- კრეტინები! დეგენერატები! ფუჰ!
- ტახტზე ვინც ზის, ის არის ქვეყნის სახე და ღირსება. ჩონჩორიკი რომ დადო ტახტზე -
ჩვენში ეს საკვირველი არცაა - ჩონჩორიკი იქნება ქვეყნის სახე და ღირსება.
- ლოგიკა, ბატონებო, ბასრი იარაღია. განსაკუთრებით ჭკვიანი კაცის ხელში. თუ ნაბიჯ-
ნაბიჯ გაყვები, არ შეიძლება კეთილი ნაყოფი არ გამოიღოს. გავყვეთ მაშ ნაბიჯ-ნაბიჯ.
დავსვათ კითხვა: ვინ არის შონია? ან უფრო მარტივად და გასაგებად: ვიცით თუ არა რამე
შონიას შესახებ?
- ცოტა რამ ვიცით, როგორ არა!
- კერძოდ, რა?
- ის, რომ კვაშალის სიძეა.
- კვაშლის.
- კვაშლის არა ვაშლის! კვაშალი არ იკუმშება.
- არც ჯაყელი.
- არც ჯუღელი.
- კიდევ თუ ვიცით, რამე?
- მეტი არაფერი. ეს ვიცით მარტო.
- კეთილი. რაღაც ინფორმაცია მაინც მოპოვებულია. პირველი ნაბიჯი წარმატებით
გადავდგით. მაშ ახლა მეორე ნაბიჯი გადავდგათ: კვაშალის შესახებ თუ ვიცით რამე?
- კი.
- ბრძანეთ!
- შონიას ცოლისძმაა.
- აჰა! ესეც მეორე ნაბიჯი. ძალიან კარგი. წავიდეთ მაშ წინ.
- გიჟია ეს ჩემანალა! სადღა უნდა წახვიდე. შეიკრა წრე!
- კოლექტივი გაძლიერდა, ნანინაა, ნანინაა...
- ნახე, ეს ჩვენი მოძახილა რავალი აცანცარდა და აცუნდრუკდა და ამჩატდა და
ახუნტრუცდა და აცეტდა და ატროკდა?
- მარტო მოძახილა? რამდენი მაგისთანა!
- რა ჭირთ ასეთი?
- საზოგადომოღვაწეობა.
- გადამდებია?
- გადამდებიაო?!. ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნებით გადადის!
- შენ მაინც შეეწიე, ღმერთო, ამ გზააბნეულ ხალხს!
- ებიჭო, მეფსია!
- ხომ აქსიომაა ის დებულება, რომ რაოდენ დღეგრძელიც უნდა იყოს ადამიანი, რაკი
პრინციპულად მოკვდავია, არ შეუძლია ყველაფრის წაკითხვა მოასწროს, რაც დაწერილა.
ამ აქსიომას კი აუცილებლობით მივყავართ დასკვნამდე, რომლის თანახმადაც უეჭველად
უნდა არსებობდეს ინფორმაციათა (მათ შორის, ესთეტიკურის) ათვისების სხვა მეთოდი.
ხოლო რაკი არსებობს, ადრე თუ გვიან აღმოჩნდება კიდეც.
- აღდგომა და ხვალეო. ვნახოთ. აგერ ჩვენ და აგერ ის!
- ო, თქვენი ტან-ფეხი, ქალბატონო, თქვენი ტან-ფეხი!..
- რა კანონზომიერებაში მოთავსდება ახლა მაგ?
- ნეტა შენ! ფაქტი მოხდეს და კანონზომიერებას იმხელა დიაპაზონი აქვს ყველაფერს
მოეძებნება იქ ადგილი.
- გავალთ ვითომ გაღმა?
- რა ვიცი. თუ გევეით, ხო კაი და, თვერ გევეით, ხოკაიდო.
- ნწ-ნწ-ნწ!.. ქვების სროლის დროა ახლა?..
- გადათხლაშულხარ აქ იმასავით, აგიპლაკია ფეხები...
- აგიპლაკავს.
- აგპლაკავ მე შენ! გადი იქით!.. აგიპლაკია ფეხები, წაგიგდია ენა და რას ტლიკინობ არ
იცი! ჭკუა არ გაქ თავში ამხელა ძროხას! არ უყურებ?! რაღაი დამშლელი არ გყავს, უნდა
მოხსნა პირი და, რაც ენაზე მოგადგება, ფქვა და ფქვა ხო?! არ დამიდგინა აქ წესები და
კანონები!
- რას იჭყანები, რო იჭყანები, რას ხედავ აქ საჭყანაოს და სამასხაროს?! ან ოჯახში
ვერაფერი გასწავლეს, ან სკოლაში, ან ინსტიტუტში, ან იმაში, რა ქვია!.. დააყენე ენა! რას
გავს ბოლოს და ბოლოს ეს?! გადათხლაშულხარ აქ იმასავით, აგიპლაკია ფეხები,
წაგიგდია ენა და რას ტლიკინობ...
- აუ! ნოდარა მერცხლისა და შევარდნის ანეგდოტს ყვება!.. გინდა დავუძახო?
- ადამიანი ისე ცოტა ხანს ცოცხლობს, ყოყმანისთვის დრო არც კი უნდა რჩებოდეს.
- ჩვენი კვალი, ჩვენ რო უკვდავებას ვეძახით, ბავშვის გულუბრყვილო მინაწერია
საწუთისოფლო თეატრის ჭუჭყიან კედელზე. „აქ თამაშობდა ცელქი უილიამი“.
- მილეთის ხალხი გახლავთ: თალესი, ანაქსიმანდროსი, ანაქსიმენე.
- რაშობი, რეზიკო, დედა, მაგის ჭამა რავა შეიძლება, განავალია მაგი!
- ნამეტანი ეკონომიურად ხომ არ გაცვიათ, ქალბატონო თინა?
- კაცი რომ ფანჯარაში ლამაზ ნივთს გამოსდებს, ამით თითქოს რაღაცას გჩუქნის.
- იქნება გახარბებს?..
- და სულელი გვერჩივნოს, ბატონო ივლიანე, ბოროტს თუ ბოროტი გვერჩივნოს
სულელს?
- მარკუს ავრელიუსი მესიზმრა. რამ დამასიზმრა!.. იმ თავის კაი ცხენზე იჯდა და აღმა
მიდიოდა წყალდაწყალ. უკან ლენინი უჯდა. ლენინს ხელები წელზე ჰქონდა მარკუსისთვის
შემოხვეული და შეშინებული იყო. ეტყობოდა პირველად იჯდა ცხენზე. რას არ ნახავ კაცი
სიზმარში!
- პირში უტუტურებდა, კაცო ხელებს!
- კი, თვითონაც ამ აზრისაა, იმიტო რო სხვა გზა არა აქვს.
- ეს არის კაკული მწერალი?
- ეს არის, კი.
- სიუჟეტი არ მომიტანია, ჩემო კაკული, მაგრამ რჩევას მოგცემ ისეთს, ბარე ორს
გამოდგომია და შენც გამოგადგება.
- თავისუფლება, ქალბატონებო და ბატონებო, ქარიშხალში იბადება და არა ჭაობში.
ჭაობში ბაყაყები იბადებიან და ამის საუკეთესო დასტური დღევანდელი ქართული
ინტელიგენციაა.
- დაგესო შენ ინტელიგენციის ძვალი, შე მუდუ!
- აბა რა სიკეთე დაეყრებოდა თუ გიყვარდე! მაგისთანა უგზო-უკვლოდ ფიცხი მე მეორე
არ მინახავს. ავტობუსში რომ უკნიდან ვინმე ჰკითხავდა თუ ჩადიხარო, მაგაზეც
გაწიწმატდებოდა: „რა მჭირს ჩასასვლელი!!“
- „სიტყვის კაცი ხარ თუ საქმისაო?“, ჰკითხა დევმა. „საქმე რა ჩემი საქმეა, სიტყვა
მათქმევინე, სხვა მეტი არა მინდა რაო“, მიუგო ქართლოსმა.
- ჯავშანნიფხავი ჩააცვი, ქალბატონო მაგას, თვარა ნამეტანი გლახათ აბრიალებს
თვალებს.
- დეედა, აღარ იქნა ამის ამოპირვა!
- პეტრე!
- ბატონო!
- წამო!
- მოვდივარ!
- ნიფხვებოო!
- პერანგის ამხანიკებოო!
- მერე: ქმარს თავი არ შეაბრალო, სიბრალული, იცოდე, სიყვარულს ჭამს და, იმას რო
სპობს, თვითონაც იწამლება. მერე...
- ამ ლექსთსათხზველ ენაზე რომ პროზას ვწერ, ეს გმირობა არაა, ბრატ?!
- ქართველებს, ჩემო, იგი კი არ უნდათ, რომ კანონი ქონდესყენ, ქართველებს იგი უნდათ,
რომ კანონი ყავდესყენ.
- ბოდიში, საიქიოს გზას ვერ მიმასწავლით?
- კვაშალი მონავალა.
- მართლა კაცო?
- აბა! ქალის მანდილით, მღვდლის ანაფორით და ჯარისკაცის ჩექმით.
- კაი ერთი! ნუ გააფორმებ ყველაფერს შენებურად!
- წასულა საწყალი მინაგოც მუდმივი დისლოკაციის ადგილას.
- ციხეს აშენებენ ერთ ქალაქში...
- ე, ე! მოიცა! მრჩეველის მერე მე ვიყავი!
- ის მრჩეველი საერთოდ ურიგოდ წავიდა.
- რატო გაუშვით?!
- რა ვქნა, წავიდა და...
- ეკუთვნოდა, კაცო, ომის ვეტერანია.
- ვეტერანია, ინვალიდი ხომ არაა! კაი, კაი, მიდი.
- საქართველო ლეშია, რომელსაც საკუთარი შვილები ესევიან.
- თუ მწერალია, რატო დუბლიონკა არ აცვია?
- ამ სიცხეში, ქალო?!
- მწერალი არა ის! ნეტა მაგისთანებსაც თუ ვინმე კითხულობს?
- ყველას ყავს თავისი მკითხველი.
- კაი, თუ და ხარ! მაგას რო მკითხველი ჰყავს, მაგდენი მე საყვარელი გამოვიცვალე.
- ოხ, ეს კუდბუთქუნა მანდილოსნები! არა, აკაკი ბატონო?
- რას ქვია გაუპატიოსნებელი დაგრჩათ?!
- რა გვექნა! მოვიყვანეთ დასაფლავების ბიუროდან სპეციალისტი, მარა რო დახედა ვარი
თქვა - ამისთანა უნამუსოს რა გააპატიოსნებსო!
- სა მიძრობი, რეზიკო, დედა, მაქანე შეძრომა რავა შეიძლება, ნაწყლია მაგი!
- ბოლო ვინ არის?
- იქით იკითხე ბოლო.
- მომიწევს ნეტა?
- გააჩნია.
- ურიგოდ არავინ წავიდეს!
- ფანტასტიკას იღებს?
- ფული თუ გაქვს, ყველაფერს იღებს.
- გაბახების პრობლემასაც?
- კი.
- კაი დაგემართოს, დავდგები მაშინ.
- შენც სიუჟეტს აბარებ, კვრინჩხი?
- ხო.
- მიდი აბა!
- ომზეა. ნახევარი ომზეა და ნახევარი ქვეყნის დაქცევაზე.
- იყოს. მიდი, ხომ ხედავ, გელოდება კაკული.
- ომია. მტრის ქალაქი ალყაშია. შეტევა დანიშნულია ოცდახუთი მაისისთვის. ამ დროს ცაზე
კომეტა გამოჩნდა. მეცნიერებმა იანგარიშეს და დაადგინეს, რომ ოცდასამ მაისს კომეტა
დედამიწას დაეჯახება და ააფეთქებს. მაშინ სასწრაფოდ შეიყარა სამხედრო საბჭო და
შეტევა ოცი მაისისთვის გადმოიტანა. ვარგა?
- მის უარესს ჯობია.
- მიღებულია?
- მიღებულია, კი.
- არ გამოდის თავისით ეს შობელნაშობი და რა ვქნა აბა!
- ესაა საქმე?!
- წუმწუმა თუ არა გაქვთ, ქალბატონო, ხელი მიბოძეთ; - არ არის ეს რიკოთი, გეუბნებით მე
თქვენ!
- შორეულ ალბიონზე ორასი დღე წვიმიანია, სამასი ღრუბლიანი? ამოცანა გვეკითხება:
სულ რამდენი დღეა წელიწადში შორეულ ალბიონზე?
- რა ხმაა ეს?
- გოშია წკავწკავებს.
- ნამდვილად?
- კი.
- ბატონო ივლიანე!
- ბატონო!
- გოშია წკავწკავებსო.
- აკი გეუბნებოდით! გოშია წკავწკავებდა. გოშია წკავწკავებს, გოშია იწკავწკავებს, გოშია
ნაწკავწკავება. აგრეთვე ფინია, მურია, ცუგრია და სხვა ამუნიები.
- აბა ჭეშმარიტება! აბა ქორფა ჭეშმარიტება!
- პატარა უძახე შენ! კი, პატარაა, აბა რა არის, მარა რა შენაძლება!.. დეედააა! უნახავიაო,
ხო არ ითქმის ჩემზე და, დობას გეფიცები, აქობამდე ამისთანა არაფელი მინახავს!
- მომეცით ჩემი ჰექტარნახევარი და წავალ, თქვენი არაფერი მინდა.
- გამოვარდება ჩემი ისარი და შენს კაპარჭში მოადენს ტყლაშანს! ზოგჯერ... ისა...
ხანდახან...
- ხომ ხართ ჭკვიანები! ამიხსენით რატომ ქვია მეთორმეტეს მეათე!
- აბა!.. წევე ქე იცოდეს რამე მა გლახის ჭირმა!
- ბინდისფერია სოფელიიი...
- აგერ! კიდევ წკავწკავებს. გესმით?
- კი. ცივი ზამთარი იქნება.
- დოუდარაჯდი, კარლუშა, დოუდარაჯდი!
- დავეტოლოთ ერთმანეთს?
- დავეტოლოთ.
- თუ ტოლები ვიქენით, დავმეგობრდეთ.
- კარგი.
- ისე, გოგო კი მერჩივნა.
- მეც.
- თქვენი თუა, ქალბატონო, ეს ამძუნებული ბერიკაცი, მომაშოროთ იქნება!
- გამოდი აქეთ, მოუკვდი შენ შენს შვილებს, შენს შვილიშვილებს და შენს
შვილიშვილიშვილებს! არ გამილოველასდა და გამიდონხუანდა ეს წელკავიანი ამ
სიბერეში! თავი მაინც ქონდეს რამესი!.. შენც რას წამოტრაკულხარ ქუჩის დედოფალივით
მანდ, შენ თუ კაი ქალი ხარ! ვერ შეიკრავ მაგ გულისპირს და ვერ ჩამოიწევ მაგ კაბას?!
მაგის დანახვა უნდა კიდევ ამ მოხუცებულ კაცს, ისედაც გული ხელით უჭირავს!
- სიტყვები არ გესიზმრება?
- კი. შენ?
- მეც.
- გავცვალოთ, თუ გინდა.
- გავცვალოთ.
- კარგი.
- რატომაა, რომ „კვარი“ არ იკუმშება და „მტკვარი“ კი?
- რა ვიცი მე, დამანებე თავი!
- მაინც?
- მომეშვი, კაცო, თუ კაცი ხარ!
- რატომ „ხალი“ არა და „მხალი“ კი, „ხარი“ არა და „მხარი“ კი, „ვალი“ არა და „ძვალი“ კი...
- ე ბიჯო, ვინაა ეს! რას გადამეკიდე, ძმაო, რო გადამეკიდე, რომელი ფილიპე მახარაძე მე
მნახე!
- „ბრჭყალი“ არა და „წყალი“ კი, „გვარი“ არა და „ზვარი“ კი, „ღარი“ არა და „ცვარი“ კი,
„ცხვარიც“ კი, „ცხვარიც“ კი და „ჩვარიც“ კი...
- დედა, ღმერთო!
- მაშინ მითხარი, „მთილი“ რა არის?
- რაის „მთილი“ კაცო?
- დედამთილი და მამამთილი.
- ვააიმეეე!..
- მაშინ „პარი“ მაინც მითხარი რას ნიშნავს.
- მიშველეთ ვინცხამ, არ ამომიღო წელი! რაია ბიჭო, პარი?
- წინა-პარი.
- არა, შუშებს წმენდდა. გამოღებული ჰქონდა ფანჯარა და რაფაზე იდგა.
- ნწ-ნწ-ნწ...
- ბედი კიდევ, რო ინტერიერში გადმოვარდა.
- პირადად შენ რა გირჩევნია: დიდხანს ახსოვდე ცოცხლად დარჩენილებს და დიდხანს
ლაპარაკობდნენ შენზე, თუ სიკვდილისთანავე ყველამ დაგივიწყოს და წყნარად იყო
იმქვეყნად შენთვის?
- მმმ... რა ვიცი...
- „დეკემბერი“ რას ნიშნავს თუ იცი?
- კი ვიცი. თვეა ერთგვარი.
- მერამდენეა?
- ბოლო.
- ბოლო მაგრამ მერამდენე?
- მერამდენე?
- მეთორმეტე.
- კი.
- და რას ნიშნავს?
- რა?
- „დეკემბერი“
- რას ნიშნავს?
- მეათეს.
- კი.
- მერე? შეიძლება მეთორმეტე იყო და მეათე გერქვას?
- არა.
- ხომ არის ეს ლოგიკის გაბითურება?
- კი.
- ჰოდა, ჩემი იდიოტი ექიმი მე მეძახის არანორმალურს.
- შენი ექიმიც იდიოტია?
- კი. შენიც?
- ჩემიც.
- ნათესავები იქნებიან.
- უყურეფ, კაკული?
- ღმერთმა ყველა ნატვრა აგისრულოს.
- ნუ იწყევლები, კაცო! რაც მე გულში ნატვრა მიდევს, ის რომ ყველა ამისრულდეს, მეც
დავიღუპები და ქვეყანაც!
- ხომ არ არის სამყარო, ჩემო იადონო და ჩემო სამოთხის ჩიტო, ჩემი ემანაცია და
ამდენად ყველა და ყველაფერი, რაც „ობიექტურად“ არსებობს, ჩემი ორეული?
- ვერ გაგიგიათ, ქართველნო!... თუმცა სხვა რა გაგიგიათ!
- როდის ერთხელ ყოფილა მე ჩემი სიტყვა შემესრულებინოს! ვითომ პირველად გესმის!
- რას შვრებით, ხალხო, ამ ზონაში შონიას ფაქტორი არ მოქმედებს?!
- საიდან, საიდან? გაიმეორე!
- ჩრდილოეთიდან.
- იიფ! გენაცვალე ტკიცინა შუბლში!..
- ლაზღანდარებოო!
- გადამრევს ეს! რა უნდა რიკოთზე ბაგრატის ტაძარს! ბაგრატის ტაძარი ქუთაისშია. არა,
ერმალო?
- ჩუთ!
- ატყოფ, კაკული?
- ჯერ სადა ხართ! სანატრელი გაგიხდებათ კომუნისტები!
- თფუი ეშმაკს!
- ეშმაკიც სანატრელი გაგიხდებათ!
- მადმუაზელ!
- გვადმუაზელ!
- ხომალდი იძირება, ვირთხებო!
- აქედან რას გააგონებ!
- ექსკრემენტებოო!
- აგე, მფრინავი თეფშიცა!
- იუპიტერ პლანეტაზე სუპერგრიგალები ტრიალებენ და ყველაფერს ერთმანეთში ურევენ.
აქაც ასე იყო, ვიდრე ამ ორომტრიალში სიცოცხლე არ შეიქმნა ერთი უჯრედის სახით.
იცით, რამდენი ხანი გავიდა, სანამ ერთუჯრედიანი სიცოცხლიდან მრავალუჯრედიანი
განვითარდა? ათასი წელი? ათი ათასი? მილიონი? არა. ოთხი მილიარდი. ეს იმას
ნიშნავს, რომ შეიძლებოდა არც განვითარებულიყო. იქროლებდა და იქროლებდა
ნეიტრალური გრიგალი: არც ბოროტი, არც კეთილი. ახლა იუპიტერის ჯერია და, თუ
ზომები არავინ მიიღო, იქაც ამისთანა სიცოცხლე გაჩნდება.
- ჩახვთი?
- დედა, მოგვეჭრა თავი! დემეტრეე!..
თავდაცვის კოცონები. კონსოლიდაციის ელექტრომაგნიტური ველი.
უფრო მნიშვნელოვანი ამბები ნაშუაღამევს მოხდა. მე შევეცდები ეს ამბები სქემატური
ქრონიკის ჩარჩოში ჩავტიო და მხოლოდ ზოგადად მიმოვიხილო. გამოცდილებითა და
დაკვირვებით ვიცი, რომ წვრილად აღწერა უმნიშვნელო ამბებს სჭირდება და არა
მნიშვნელოვანს, ვინაიდან არსებითად ყველა ამბავი ერთნაირად მნიშვნელოვანია,
ოღონდ ესაა, მნიშვნელოვანი ამბების მნიშვნელობა თვალსაჩინო ადგილასაა და ისედაც
იოლი დასანახია, უმნიშვნელო ამბების მნიშვნელობა კი კულისებშია დამალული და
ყურადღებით თუ არ მოიძიე, შეიძლება იფიქრო, რომ არც არსებობს, რაც არა მარტო
მცდარი დასკვნაა, არამედ მომავალ დასკვნათა მცდარი წანამძღვარიც. მაშ ასე,
ნაშუაღამევს რამდენიმე თვალშისაცემი ეპიზოდი მოხდა. პირველი ის იყო, რომ კლანი,
რომელმაც სასადილოში მთელი სურსათ-სანოვაგე შეისყიდა, რათა მერე
მონოპოლისტური მოგება ენახა, გაძარცულ იქნა. თავიდან, სროლა რომ ატყდა, - თუმც კი
აქამომდელი კანტი-კუნტი სროლისაგან განსხვავებით ეს უფრო ინტენსიური და საქმიანი
სროლა იყო - ამისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ერთი მიხედვა კი მიიხედეს
უკმაყოფილოდ, ერთი შეგინება კი შეიგინეს გაბეზრებული კილოთი, მაგრამ
დაინტერესებით არ დაინტერესებულან. არ დაინტერესებულან მანამ, სანამ არ გაირკვა,
რომ სწორედ ის ხალხი გაძარცვეს, ვინც ასე უდროო დროს მოინდომა სხვის ხარჯზე
გამდიდრება. ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ახმაურდნენ. იქამდე იხმაურეს, ვიდრე
მომხდარი მაქსიმალურად ღრმად არ შეაფასეს და ეს შეფასება ლაკონურ ფორმულებად
არ ჩამოქნეს, რომლებშიც კოდის სახით თავიანთი მსოფლმხედველობრივი, სოციალური
და მორალური პორტრეტი ჩადეს. რამდენი ფორმულა შეიქმნა სულ, არ ვიცი. მე სამი
დამამახსოვრდა. ერთი იყო „ქურდის ქურდი ცხონებულია“, მეორე „ექსპროპრიატორთა
ექსპროპრიაცია სამართლიანი აქტია“. რაც შეეხება მესამეს - „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი
ვასალი არ არის“ - ვფიქრობ, იგი ნაკლებად მიესადაგება ვითარებას და საერთოდ
ეტყობა აქ რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული, რომლის ძებნას ახლა ნუ გამოვეკიდებით
(თუ ვინმეს სურს, შეუძლია დამოუკიდებლად ეძიოს, ეს უფრო საინტერესოც იქნება). ერთი
სიტყვით, დასკვნები გამოიტანეს. ნაძარცვი რა იქნაო, არავის უკითხავს. ნაძარცვი მაშინღა
გაახსენდათ, როდესაც მეორედ ატყდა სროლა. ამჯერად ექსპროპრიატორთა
ექსპროპრიატორები იქნენ ექსპროპრირებული. ხმა გავარდა, ერთი კაცი დაიღუპა, ოთხი
დაიჭრაო, მაგრამ ამის შემოწმება შეუძლებელი იყო და დღემდე არ ვიცი, მართალია თუ
ტყუილი! დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ამის შემდეგ ნაძარცვი საბოლოოდ
გაქრა, რაც ძალზე უცნაურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთელი ამ ამბის მღვრიე
იდუმალებას. მართლაცდა, როგორც ცნობილია, ყოველდღიური და გამოყენებითი, ასე
ვთქვათ, საერთო-სახალხო ბოროტება მიზეზშედეგობრიობის კანონს ემორჩილება, რაც
ამ ჩვენს კონკრეტულ ეპიზოდში გარდუვალად გულისხმობდა ნაძარცვის შემდგომ
რეალიზაციას, და თუ ასეთი ლოგიკური გარდუვალობა არ აღსრულდა, ბოროტებას
ჯანსაღი გული ეცლება და გულგამოცლილი და ფორმალური, იგი იქცევა თვითმიზნად.
თვითმიზნური ბოროტება კი დიაღაც მღვრიეა და იდუმალი.
სროლა რომ არ ამტყდარიყო, რიკოთი მალე ალბათ გლობალურად და მშვიდად
დაიძინებდა უკეთესი ხვალეს მოლოდინში. მართლაც, თორმეტი საათისთვის თითქმის
მთელი ხალხი მანქანებში იყო შეყუჟული და ირგვლივ სიწყნარე სუფევდა, რომელიც
გარეშე თვალს შეიძლებოდა საამურიც კი მოჩვენებოდა. ვინ იცის, იყო კიდეც საამური.
ყოველ შემთხვევაში, მკვიდრი ნამდვილად იყო და პირველმა სროლამ აკი ბევრი
ვერაფერი დააკლო. მართალია ხმაური და გადაძახილ-გადმოძახილი კი შეიქნა, მაგრამ
ეს მაინც ფორმალობა და ვალის მოხდა იყო, რომლის დროსაც ისე ნელა აღებდნენ
მანქანების კარებს, ისე ტაატით გადმოდიოდნენ და საერთოდ ისე ზანტად ირჯებოდნენ,
აშკარად ჩანდა სხეულში უკვე ჩადედებულ ძილს უფრთხილდებოდნენ. შეწყდა თუ არა
სროლა, წამსვე ისევ მანქანებს მიაშურეს. აი, მეორე სროლაზე კი მართლა და საბოლოოდ
გამოფხიზლდნენ. გამოფხიზლდნენ, მანქანებიდან გადმოლაგდნენ, გაბრაზდნენ,
აღეგზნენ, ძილი გაუტყდათ და იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ამ გატეხილ ძილს იოლად
ვეღარ გაამთელებდნენ. ხოლო რაკი გარეთ ბნელოდა და ციოდა (შესაძლოა სიბნელე და
სიცივე მხოლოდ საბაბი იყო, სინამდვილეში კი რაიმე ზეგარდმო მითითება ჰქონდათ,
რომლის შესახებ თავადაც არა უწყოდნენ რა), კოცონები დაანთეს. პირველი კოცონი
ზემოთ გაჩნდა, ჩვენგან კარგა მოშორებით, და იქ ისეთი ხმაური და სიცილ-ხარხარი
ატყდა, შეუძლებელი იყო დანარჩენებსაც არ მიებაძათ. და მართლაც სულ მალე მთელი
ფერდობი კოცონებით მოიფინა.
მესამე პირის ფორმას რომ მივმართავ, ეს წმინდა გრამატიკული არჩევანია, თორემ მე და
სალომეც ზუსტად ისევე ვიყავით ყოველივე ამის მოწმე და მონაწილე, როგორც სხვები.
კერძოდ, თორმეტ საათზე ჩვენც მანქანაში ვისხედით. დაძინებით არ გვეძინებოდა, მაგრამ
რაკი ციოდა, მანქანაში ყოფნა ვამჯობინეთ. სროლა რომ ატყდა, გადმოვედით. ოღონდ ეს
არის, უმრავლესობისგან განსხვავებით, პირველი სროლის შემდეგ უკან არ
შევბრუნებულვართ. მეორე სროლა რომ ჩათავდა, მაშინ კი ვაპირებდით შებრუნებას,
მაგრამ აქ ჩვენი ყურადღება კოცონმა მიიპყრო. უფრო სწორად, კოცონმა სალომეს
ყურადღება მიიპყრო - მე მაინცდამაინც არ ვგიჟდები კოცონებზე და საერთოდ ბავშვობის
შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ. ეს - რაც შეეხება კოცონს
ზოგადად როგორც ცეცხლს, როგორც სტიქიონსა და ელემენტს, კონკრეტულად აქ
დანთებული კოცონები კი პირადად ჩემთვის მხოლოდ იმის ნიშანი იყო, რომ რიკოთმა
შიშის საბანი გადაიხადა. ორგზის ატეხილი სროლის შემდეგ ასეთი განცხადება იქნებ
უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, სწორედ სროლამ წარმოქმნა ჰაერის
ის მძლავრი ტალღა, რომელმაც შიშის ღრუბელი დახია და გაფანტა. საქმე ის გახლავთ,
რომ შიში სიბნელის საბანქვეშ იწვა და სიბნელეში ყოველი კაცი მარტო იყო შიშის წინაშე,
ეს კი ძნელი გადასატანია. თანაც აქაურ შიშს, ბუნდოვანსა და იდუმალს, სახელი არ ერქვა
და მიზეზი არ ჰქონდა. ასეთ შიშს მხოლოდ სავსე რწმენა თუ გაუმკლავდება, ხოლო საცა
რწმენა არ არის, იქ ვერაფერი უმკლავდება გარდა კოლექტიურობისა. რიკოთმაც
კოლექტიურობა დაუპირისპირა. კოლექტიურობის გრძნობა სროლამ გააღვიძა. და
გადაიხადა რიკოთმა საბანი, წამოდგა, კოცონთა და ხმათა ქსელი გააბა და შიში
ჩამოიბერტყა. და თუ ვინმე იტყვის კოლექტიურობა არის არა შიშის რეალური დაძლევა,
არამედ ფსიქოთერაპია, რომლის მოქმედება დროებითიაო, მე ამ მოსაზრებას სავსებით
გავიზიარებ, ოღონდ იმასაც გადაჭრით განვაცხადებ, რომ მასში საპყარი სოფიზმი მეტია,
ვიდრე ჯანმრთელი ლოგიკა, ვინაიდან ქვეყნად ყველაფერი დროებითია. ჩვენი
შეფერხებაც დროებითი იყო, ეს გაუვალი ღამეც დროებითი იყო, თავად რიკოთიც
დროებითია და საერთოდ უდიდესი ნაწილი იმ შინაარსისა, რასაც სიტყვა „ნამდვილში“
ვგულისხმობთ, სიტყვა „დროებითშია“ თავმოყრილი, რის გამოც დროებითს - თუკი ჩვენს
აზროვნებას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს - ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც
მარადიულს.
კოცონის დანახვა სალომეს ძალიან გაეხარდა. შესაძლოა მისი ბავშვობის უკეთეს
მოგონებებში ჯერ კიდევ ენთო რომელიმე ძველი კოცონი და ახლა, იმ კოცონისა და ამ
კოცონის მოულოდნელი შეხებით, დროთა კავშირი ამაღელვებლად საგრძნობი გახდა.
ასე იყო თუ ისე, იმ ღამეს მე მრავალი კოცონის მოვლა მომიხდა, რაც, ვერ ვიტყვი, რომ
მთლად დაუზარებლად, მაგრამ წუწუნის, ჩივილისა და ყვედრების გარეშე აღვასრულე.
გულახდილად რომ ვთქვა, არც მინანია. საქმე ისაა, რომ კოცონებთან მე ვიხილე ე. წ.
„გარდასული დრო“ რომელიც თურმე - მე ეს აქამდე არ ვიცოდი - რეალურად არსებულა;
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რეალურად არსებულა ჩვენი თანდაყოლილი - არ ვიცი, ეგებ
დასაბამიერიც - რომანტიზმი. რომანტიზმი მოგონება ყოფილა და არა გამოგონება (რაც
გარკვეულწილად ჩვენს მეორე თანდაყოლილ თვისებას, სანტიმენტალიზმს, ამართლებს).
ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც აღგზნებულ გონებაზე ფაფუკი, ლბილი და საამო
ღრუბელი მზრუნველ ბინდად შემოებურა, ამ ხალხისთვის ნათელი შეიქნა, რომ მთავარი
იყო გვირაბი მხატვრულად გადალახულიყო, გადაილახებოდა თუ არა რეალურად, ამას
მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა.
ფორმალური და ზედაპირული რეალობა, რაღა თქმა უნდა, არსად გაქცეულა და ყველაზე
უფრო „ნამდვილი“, მკაფიო და თვალშისაცემი, რაც მე იქ ვნახე, იყო სმა, სიმღერა, ცეკვა-
თამაში, ყაყანი, ღლაბუცი, ხუნტრუცი, სიცილი, ხორხოცი, თავდავიწყება, მაგრამ ამ
ყოველდღიურობის შიგნით ამჯერად მკაფიოდ გამოჩნდა რაღაც უჩვეულო, აქამდე
დამალული ნერვი, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიწვდა იდუმალ სიმებს და გარდასული
დროის მიღმა მარადიული დროის შეგრძნება გააღვიძა. და ისტორიის მდინარებაში
კარგად გამობრძმედილი ეს ხალხი, ვინც სამყაროს იდუმალებათა შემმეცნებელი
მთავარი სული ხანგრძლივი ძიების შემდეგ მუცელში ჰპოვა (რის გამოც ამა სოლიდურსა
და ღრმა ორგანოს სხვა ორგანოებთან შედარებით დღეს გაცილებით უფრო დიდი
ზომები აქვს, უფრო გაბერილია, უფრო დაჭიმული, უფრო მობუყბუყე და უფრო
მგრძნობიარე), აქ ამ ზედროული კოცონების პირას ისეთივე თავდავიწყებით შეეხეტა
საკუთარ ფანტაზიაში, როგორც მისი შორეული წინაპარი, რომელიც, როგორც წინაპრის
წესია, მარტივად აზროვნებდა, გულუბრყვილოდ ენდობოდა ხატოვანსა და სურნელოვან
შედარებებს და ასე ეგონა, სამყაროს იდუმალებანი მიწყივ ქმნადობაში იხსნებოდა და
შემოქმედებაში მჟღავნდებოდა, ვითარცა ღმერთი გამჟღავნდა შესაქმეში. ასეთ დროს
დონესა და ხარისხს მნიშვნველობა არა აქვს, მთავარია - ქმნიდნენ, მიუხედავად იმისა,
რომ შეეძლოთ (რა ვიცი, შეეძლოთ?) არ შეექმნათ. არ გეგონოთ, ოდას ვუძღვნიდე ვინმეს,
მით უფრო მშობლიურ ტომს, რომელსაც მუდმივი ცრუ ორსულობა სჭირს. მე მხოლოდ
გაკვირვება მინდა გამოვთქვა. პათეტიკის შესარბილებლად კი, ვფიქრობ, იმის თქმაც
იკმარებს, რომ შემოქმედის ბუნებრივ ბრწყინვალებას აქ საკუთარი ვიზუალური მხარე -
დაქვეითებული და შეუსაბამო - ერთიანად აქარწყლებდა და ანიორწყლებდა (არსებითად
სწორედ ვიზუალური მხარეა ის, რის გამოც სკეპტიკოსებს რომანტიზმი გამოგონება
ჰგონიათ და არა მოგონება. არც გაემტყუნებათ: განა იოლია ჭაობში მარგალიტის თვალი
იპოვო!..).
რაღა ბევრი გავაგრძელო, მე და სალომემ კოცონების პირას წმინდა სახის შემოქმედება
ვიხილეთ მაღალი ნაყოფიერების ჟამს, რამაც, სალომესი არ ვიცი და, ჩემზე ისეთი
შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ზოგიერთი დასკვნა (მათ შორის
მსოფლმხედველობრივიც), რომელიც აქამდე მტკიცე და მყარი მეგონა, საფუძვლიანად
მოარყია და გადასასინჯი გამიხადა. ნაყოფი ბევრი იყო და მრავალგვარი: დიდი და
პატარა, მოსული და მოუსვლელი, საღი და ჭიანი, მოწყვეტილი და თავისით
ჩამოვარდნილი, პრიალა და ხალებიანი... მე განზრახული მქონდა ყველა ისინი თქვენს
სამსჯავროზე გამომეტანა, მაგრამ მერე - სულ ახლახანს - გადავიფიქრე. გადავიფიქრე
არა იმის გამო, რომ, რამდენიც უნდა ვიყბედო, ბიძაჩემს მაინც ვერ გავუტოლდები (თუმც კი
გასაჩუმებლად ესეც საკმარისი საბუთი უნდა იყოს), არამედ იმის გამო, რომ საჭიროა
ბოლოს და ბოლოს გავაღწიოთ ამ გვირაბს, გავცდეთ ბნელ ვიწრობს, გავიდეთ
ხვრელიდან, შემოვიხსნათ კოლექტიური სალტე - თუნდაც გარსი ვთქვათ (არა მგონია კი
სწორი იყოს) - გავიდეთ სინათლეზე, ამოვისუნთქოთ, წელში გავიმართოთ, თვალს შვება
მივცეთ, ქვეყნიერების ყურე-მარეს მაღალი ბექობიდან გადავხედოთ და ისეთ მინდორზე
შევაბიჯოთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს, და თუნდაც „სინამდვილეში“ და „ობიექტურად“
კი ჰქონდეს ბოლო, რაკი არ უჩანს, ამ „სინამდვილესა“ და „ობიექტურობასაც“ იმოდენა
ფასი აღარ ექნება... მაგრამ ვისაც გასვლა უნდა, ჯერ უნდა შევიდეს. აი, ლოგიკა და
ძაღლის თავი, რომელიც ყარს! ვინც არ შევა, ვერ გავა. მხოლოდ მასა აქვს გასვლის შანსი,
ვინც შევა. რომ გავიდეთ, უნდა შევიდეთ. შევიდეთ და გავიდეთ... ვითარცა ღვინო შლანგში
და ღვინო შლანგიდან, კვამლი ბუხარში და კვამლი ბუხრიდან, გველი ხვრელში და გველი
ხვრელიდან, ტყვია ლულაში და ტყვია ლულიდან, დენი მავთულში და დენი მავთულიდან,
ტყვე დილეგში და ტყვე დილეგიდან, პეპელა პარკში და პეპელა პარკიდან, მთვარე
ღრუბლებში და მთვარე ღრუბლებიდან, ამირანი გველეშაპის სტომაქში და ამირანი
გველეშაპის სტომაქიდან, სიცოცხლე საშოში და სიცოცხლე საშოდან, სული სხეულში და
სული სხეულიდან... შევიდეთ და გავიდეთ ვიდრე ობი არ მოგვკიდებია...
ამის მიზეზის, აგრეთვე ზოგი სხვა - ასეთივე ჯანსაღი და პრაქტიკული - მოსაზრების გამო
აქ არ შევეხები ყველა კოცონს, რომელთა შუქზე ჩვენ ზეგარდმო კაკალს ამქვეყნიური
ფანტაზიის ჭოკი დავცხეთ და ისე საქმიანად ჩავეფალით შემოქმედებით თავდავიწყებაში,
უკვე ვეღარ ვარჩევდით, სად საგანი იყო და სად საგნის ჩრდილი, მხოლოდ ერთ მათგანზე
- უფრო კრებსითზე, ვიდრე ცალკეულზე, უფრო წარმოსახვითზე, ვიდრე რეალურზე, უფრო
ზოგადზე, ვიდრე კონკრეტულზე - შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს აუცილებელია და ამ
აუცილებლობის დასამტკიცებლად სამი ისეთი საბუთი მაქვს, ცალ-ცალკეც კი სამივე
საკმარისი იქნებოდა. ერთი - ყველა უცნობი, ვისთანაც აქ შემთხვევამ და ვითარებამ
წამიერად შემახვედრა და მცირე ინტერესი მაინც დამიტოვა, ამ კოცონის პირას ვნახე
თავმოყრილი. მეორე - ამ კოცონის პირას იყო გულისგული და ცენტრისცენტრი იმ
უმთავრესი თემისა (შესაძლოა უმთავრესი ძარღვისაც), რომელმაც შუქის ძაფებით ქსელი
გააბა, კოცონები ერთმანეთთან ფარული, მაგრამ მტკიცე კავშირით დააკავშირა და ეს
კავშირი ფერდობს საყრდენად შეუდგა, რითაც წამით ის უცხო ნატვრისთვალი გამოაჩინა,
რომელსაც ეს ხალხი ყოველთვის ისე ეძებდა (და დღესაც ისე ეძებს), არც კი იცოდა (და
დღესაც არ იცის), მართლა არსებობს თუ არა. და მესამე - ის მხატვრულ-
მსოფლმხედველობრივი დამღა, რომელიც ცისა და მიწის იღბლიანი კონტაქტით
დანთებულ ყველა კოცონში - მაშინდელშიც, მანამდელშიც, მერმინდელშიც - მეტ-ნაკლები
სიცხადით მოჩანს, როგორც გული იდეა, როგორც დვრიტა, როგორც მარადისობის
ნიშანი, განსაკუთრებით მკაფიოდ და ხელშესახებად სწორედ ამ კოცონის პირას
გამოჩნდა.
ასე და ამგვარად -
უფლისწული და გველეშაპი
(კლასიკური დაპირისპირება) ოდესღაც, უდროო დროში, უჟამო ჟამსა და უხანო ხანაში,
როცა არც წამები იყო, არც წუთები, არც საათები, არც დღეები, არც კვირეები, არც თვეები,
არც წლები და არც საუკუნეები, იყო ერთი საუცხოო ქვეყანა, რომელსაც მორჭმული და
დიდებული ხელმწიფე განაგებდა. ხელმწიფე თავისი სახლეულით, ნაზირ-ვეზირებით,
მსახურებით, მცველებითა და მთავარი სახელმწიფო მრჩევლებით თვალშეუდგამსა და
ხელთუქმნელ სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც სპეტაკი ბროლით იყო ნაგები და
ახალშობილი მზის მეწამული სხივებით შედუღაბებული. ბროლის სასახლეში ხელმწიფეს
ერთი ელვის ტახტი ედგა; იმ ტახტზე რომ დაჯდებოდა და აქეთ-იქით დედოფალსა და
უფლისწულს მოისვამდა, მის ნახვას არაფერი სჯობდა. სასახლეს ირგვლივ ფერუთვალავი
ბაღი ერტყა. რას ინატრებდი, სულო და გულო, რომ იმ ბაღში აურაცხელ და ულევ სახედ
არ ყოფილიყო! რიგი მცენარე ჯერ სულ ახალი ამოწვერილი იყო, რიგი უკვე
აღმოცენებული, რიგი ნორჩი და რიგი ზრდადასრულებული, რიგი დაკვირტული და რიგი
გაფოთლილი, რიგი აყვავებული და რიგი მსხმოიარე, რიგი მკვახე და რიგი შეთვალული,
რიგი მწიფე და რიგი სიმწიფით ჩამოცვენილი, რიგი ახლადგაღივებული და რიგი უკვე
ამოწვერილი... ალაგ გაზაფხული იდგა იმ დალოცვილ ქვეყანაში, ალაგ ზაფხული, ალაგ
შემოდგომა, ალაგ ზამთარი, ალაგ იანვარი იყო, ალაგ თებერვალი, ალაგ მარტი, ალაგ
აპრილი... ალაგ ორშაბათი, ალაგ სამშაბათი, ალაგ ოთხშაბათი... რაღა ბევრი
გავაგრძელო, მზე იმ ქვეყანას არ აკლდა და ჩრდილი, სიმშრალე და სინოტივე, სითბო და
სიგრილე. მტრობა არ იცოდა იქაურმა ხალხმა რა იყო, სიძულვილი და შური, შიმშილი
იმათ არ აწუხებდათ და წყურვილი. ცხოვრობდნენ სიამტკბილობით, არც არა
ენატრებოდათ, არც არა ედარდებოდათ...
ხელმწიფის პატარა ვაჟმა, სხვა მისი კბილა გოგო-ბიჭების დარად, ბავშვობა ლაღად და
მხიარულად გაატარა, მერე კი მამამ გასაწვრთნელად საუკეთესო ოსტატები მოუწვია,
ოსტატები ცოდნას და გამოცდილებას არ იშურებდნენ და უფლისწულიც ყველაფერს
ბეჯითად და დაუზარელად სწავლობდა.
მაგრამ იმ ბედნიერ ქვეყანას უეცრად ერთი უნახავი და გაუგონარი სენი შეეყარა:
ჯადოსნურმა ბაღმა, თითქოს წყალი დააკლდაო, ჭკნობა დაიწყო და ადამიანებმა,
თითქოს ლოდი დააწვათო, ქედზე სიმძიმე იგრძნეს. ხელმწიფემ, რაც კი იმ მხარეში
გამოჩენილი სწავლული, მეცნიერი, მისანი და ვარსკვლავთმრიცხელი იყო, ყველა
სასახლეში დაიბარა და მიზეზი ჰკითხა. იმათაც, რა ყოველივე კარგად, გამოწვლილვით
გაჩხრიკეს, ერთხმად მოახსენეს, შენი სახელმწიფოს გადაღმა სამყაროს ნაპრალი
გასჩენია, საიდანაც შხამი ჟონავს, და ქვეყნის დასნეულების მიზეზიც ეს არისო. რა
უშველსო? იკითხა ხელმწიფემ. გმირი ჭაბუკი უნდა წავიდეს და, როგორც იქნება და არ
იქნება, ის ნაპრალი დაგმანოსო, მიუგეს. ოღონდო, დასძინეს, ასეთი საბედისწერო და
პრობლემატური ნაპრალის დაგმანვას მხოლოდ ისეთი გმირი შეძლებს, ვინც ჭეშმარიტად
ძალგულოვანია, ჭეშმარიტად ზნესრული და ჭეშმარიტად გამჭრიახიო. იმ ქვეყანაში სულ
დარჩეული და შემკული ვაჟკაცები ცხოვრობდნენ, ძალგულოვანიც ბევრი იყო მათ შორის,
ზნესრულიცა და გამჭრიახიც. ბევრმა მოიწადინა წასვლა და წავიდნენ კიდეც, მაგრამ
საუბედუროდ, ვინც წავიდა, ყველა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათი მნახველიც კი
აღარავინ გამოჩენილა. ეს იმიტომ მოხდა, რომ, თუმც კი ბევრი მათგანი ძალგულოვანი
იყო, ბევრი ზნესრული და ბევრი გამჭრიახი, ისეთი არავინ ყოფილა, სამივე ეს თვისება
ერთად ჰქონიყო. ხელმწიფე კი წუხდა და დარდზე დარდი ემატებოდა, აღარ იცოდა რა
ექნა და რითი ეწამლა ქვეყნისთვის. ამასობაში უფლისწული წამოიზარდა და უბადლო
ვაჟკაცი დადგა. მკლავიც ისე უჭრიდა, გულიცა და გონებაც, რომ მის ტოლსა და სწორს იმ
არემარეზე ვერავის იპოვიდით. ხელმწიფემ, რა ნახა მისი ვაჟი ძალგულოვნებითაც
ყველას სჯობნიდა, ზნესრულობითაც და გამჭრიახობითაც, გუნებაში თქვა, ჩანს ამის
ხვედრი ყოფილა ეს დიდი გამოცდა, ამ ქვეყანას სხვა ვერავინ იხსნისო, და თუმც კი ძალზე
უმძიმდა ერთადერთი შვილის ესოდენ სახიფათო საქმეზე გაშვება, წამით არ
შეყოყმანებულა და, როდესაც უფლისწულმა გამოჩენილ ოსტატებთან წვრთნა გაასრულა,
გამოსაცდელად და მოსამზადებლად თავისი ბრძენთაბრძენი აღმზრდელი მიუჩინა,
ყველაზე მახვილი თვალის, ყველაზე მჭრელი ენის, ყველაზე ძალუმი გონებისა და
ყველაზე ჩვილი გულის პატრონი, რომელსაც - უნდა ესეც ვთქვათ - წინასწარ საიდუმლოდ
მოეთათბირა. მოძღვარი ძალზე მოხუცი იყო, სულ მთლად თეთრი თმა-წვერი ჰქონდა და
უამრავი არაკი იცოდა, რომლებსაც საღამოობით უფლისწულს უამბობდა ხოლმე.
„ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, შენი სამემკვიდრეო საუფლოს გადაღმა, სადაც
სინათლე შედედებულია და არსი დამურკლული, იწყება გაუმჭვირვალე მხარე,
რომელშიაც ყველაფერი, რაც არის, განფენილია და ნაწილებისგან შედგება, და არა არის
რა ისეთი, განფენილი არ იყოს და ნაწილებისგან არ შედგებოდეს. იმ დაუჯერებელ
მხარეში მრავალი დაუჯერებელი ქვეყანაა და ყოველ მათგანში დაუჯერებელი ხალხი
ცხოვრობს, რომლებსაც ერთმანეთი - კარგად მიატანე გულისხმა - უყვართ და სძულთ.
დარწმუნებით იმის თქმა, მართლა არსებობს თუ არა ეს მხარე, ძნელია, ვინაიდან,
იქაურობა ვეება მდინარითაა დაფარული, რომლის ულმობელი ტალღები დიდი
სიჩქარით მიქრიან არარსებობის თავდაღმართში და, რაც კი არსებობს, ყოველივე თან
მიაქვთ, რის გამოც ყველაფერი, რაც არსებობს, არსებობს კიდეც და იმავდროულად და
არც არსებობს...“ - ასე იწყებდა თხრობას ბრძენი მოძღვარი და მერე სხვანაირად
აგრძელებდა იმისდა მიხედვით, თუ რომელი არაკის მოყოლას აპირებდა. არაკები კი
მუდამ სევდიანი იყო. მათ მოსმენაზე უფლისწულს თვალზე ცრემლი ადგებოდა ხოლმე და
გული ყელში ებჯინებოდა. ერთი არაკი, რომელსაც სახელად „ოსტატი“ ჰქვია, მას შემდეგ,
რაც შესავალი ისე ჩაათავა, როგორც ზემოთ ვთქვი, მოძღვარმა ასე განაგრძო: „იმ
დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა, სადაც კაცისკვლა რა არის,
დიდხანს არ იცოდნენ. არავინ არავის კლავდა და ყველა მაშინღა კვდებოდა, როცა ჟამი
მოუწევდა. ჟამი კი ზოგჯერ იგვიანებდა. ეს რომ იმ მხარის დიდმა ხელმწიფემ გაიგო,
ძლიერ განრისხდა: მაშ რიღასთვის შემოვიღეთ ეს კაცისკვლის კანონი, თუკი არ
შესრულდებაო?! საჩქაროდ მოიწვია ნაზირ-ვეზირები, მწიგნობრები, მისნები, მოგვები,
მჩხიბავები, ვარსკვლავთმრიცხველები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და
ბჭობა გამართა. ყველამ რაღაცა თქვა. ერთნი ურჩევდნენ, სხვა ქვეყნებში შევარჩიოთ
გამოცდილი, ერთგული და პატიოსანი მკვლელები და მაგ ქვეყანაში ჩავასახლოთ, რათა
მათი ხელით დამყარდეს სათანადო წესრიგიო. მეორენი ურჩევდნენ, პირიქით, ეგ უჟმური
და უსაქციელო ხალხი ავყაროთ და მცირე-მცირე გუნდებად, ისე რომ ვნება ვერავის
მიაყენონ, დანარჩენ ქვეყნებში მიმოვფანტოთო. საზოგადოებრიობის წარმომადგენლები
კიდევ უფრო შორს წავიდნენ: სულ გადავბუგოთ, მაგის რჯული კი დაიქცეს და მაგის ღდინი
კი ამოვარდეს, ქვეყნიარებას ამით ბევრი არა დააკლდება რა, სამაგიეროდ, მომავალი
ურჩები და მუზმუზელები აქედანვე მიეჩვევიან კანონისა და ჩვენი საყვარელი ხელმწიფის
პატივისცემასო. ხელწიფემ ყურადღებით მოისმინა ქვეშევრდომთა ყველა თათბირი,
მაგრამ არც ერთი არ დაუჯდა ჭკუაში. თქვენთვის იოლია ლაპარაკიო, ბრძანა, თქვენ
ოღონდ საქმე ფორმალურად მოაგვაროთ და მეც კუდი გამისწოროთ, სხვა არა
გენაღვლებათ რა, მე კი ხელმწიფე ვარ და მეტი მომეთხოვება. მე ის მწადიან, რომ ჩემმა
მოქალაქეებმა, რომლებიც შვილებად მიმაჩნია, არა მარტო აღასრულონ კანონები,
არამედ იგუონ კიდეცო. მაშინ წინ წამოდგა, დიდი ვეზირი, კაცი ბრძენთაბრძენი და
სწავლულთსწავლული, სათნოების დიდი მაგისტრი და მკვლელობის საქმეთა განთქმული
ოსტატი და ხელმწიფეს მოწიწებით მოახსენა: დღესაც, ისე როგორც გუშინ, გუშინწინ, იმის
წინ და მუდამდღე, შენთა დიდთა ბაგეთაგან ჭეშმარიტების თაფლი და ნექტარი
გადმოედინება. ეს საქმე ისეთი საქმეა, აზრით და შეგნებით უნდა გავიმარჯვოთ, თორემ
მორალურად მუდამ დამარცხებული დავრჩებით. თუ ჩემს თათბირს შეისმენ, ისა სჯობს, იმ
წვრილი ხელმწიფის ვაჟი აქ მოიწვიო და გასაწვრთნელად მე მომაბარო. მართალია,
სიბერის გამო ეს საქმე უკვე მიტოვებული მაქვს, მაგრამ რაკი ქვეყანას სჭირდება,
ერთხელაც შევიცვლი გადაწყვეტილებას, ამით ბევრი არა დაშავდება რა. შვიდი თვე
მომეცი. შვიდ თვეში, სულ რომ კუნძი იყოს - აგერ შენ, აგერ მე და აგერ ჩემი ულვაში - ისეთ
ჩინებულ მკვლელად ჩამოვქნი და ჩამოვაქანდაკებ, არავისგან არ დაიწუნებოდეს, მერე კი,
გაწვრთნას რომ მოვრჩები, - უკანვე დავაბრუნოთ, რათა, რასაც აქ ისწავლის, იქ თავის
თანამოძმეებს ასწავლოსო. ხელმწიფეს მოეწონა დიდი მაგისტრის თათბირი. მართლაც,
სულ მალე იმ პატარა, მაგრამ ურჩი ქვეყნის ყმაწვილი უფლისწული მთავარ სატახტო
ქალაქში ჩამოიყვანეს და მკვლელობის საქმეთა განთქმულ ოსტატს გასაწვრთნელად
მიაბარეს. გამოცდილმა ოსტატმა მცირედით დაიწყო, როგორც ამას იმდროინდელი
პედაგოგიური აზრიც მოითხოვდა. ჯერ ჭიანჭველების სრესა აჩვენა, მერე ბუზების ხოცვა,
მერე ხოჭოების, მერე ჩიტების, გოჭ-ინდაურის, მსხვილფეხა პირუტყვის, მონების, ტყვეების,
ქალების... და აჰა, ბოლოს ადამიანსაც მიაღწია. მაგრამ შეგირდი ჯიუტი და ჩლუნგი
გამოდგა. მის თავში არაფერი შედიოდა: რაღა არ აჩვენა გამოცდილმა ოსტატმა -
ჩამოხრჩობაც აჩვენა, თავის მოკვეთაც, წყალში დახრჩობაც, ხელით გაგუდვაც, ცხენის
ძუაზე გამობმაც, ცოცხლად მიწაში დამარხვაც, აკუწვაც, შანთით ნელ-ნელა, დაგემოვნებით
დადაღვაც, კოცონზე სწრაფდაწვაც... მეომრის სიკვდილიც აჩვენა, მშვიდობიანი
მოქალაქისაც, ბავშვის, მოხუცის, ახალგაზრდის, მდიდრის, ღარიბის, ბედნიერის,
უბედურის, მეცნიერის, პოეტის, სახელმწიფო მოხელის, ნეფე-დედოფლის სიკვდილი
აჩვენა ქორწილის ღამეს, ფეხმძიმე ქალის სიკვდილი აჩვენა, ჩვილის სიკვდილიც აჩვენა
დედის თვალწინ... ყველაფერი აჩვენა, მაგრამ შეგირდზე არაფერმა იმოქმედა. მხოლოდ
გული ერეოდა და ირგვლივ ყველაფერს თხვრიდა, გაწვრთნისა კი არა ეტყობოდა რა.
პირველ ხანებში ოსტატი იხტიბარს არ იტეხდა. სწავლების მრავალი ხერხი იცოდა და
იმედი ჰქონდა, რომელიმე მაინც გაჭრისო. მაგრამ დღე დღეს მისდევდა, თვე თვეს,
შეგირდი კი ისევ ისეთი უბირი და უსწავლელი იყო. ამასობაში დათქმული ვადაც გავიდა
და ხელმწიფემ ოსტატს პირობა შეახსენა. ოსტატმა უთხრა: ყველა ხერხი ვცადე - რიცხვით
სულ ცხრაას სამოცდაექვსი - მაგრამ ჯერჯერობით ვერას გავხდი. ახლა ერთი ხერხი
დამრჩა, რომელიც ფსიქოლოგიურია. შვიდი დღე კიდევ მომეცი, რომ ეს ბოლო ხერხიც
ვცადო, და თუ მაინც არა გამოვიდა რა, ჩანს ოსტატად არ ვვარგებულვარ და რაც გინდა,
ის მიყავიო. კარგიო, ბრძანა მოწყალე და დიდბუნებოვანმა ხელმწიფემ და შვიდი დღე
კიდევ მისცა ოსტატს. წამოვიდა მაშინ ოსტატი, მოვიდა თავის სასახლეში და შეგირდს
ეუბნება: ჩემო სულიერო შვილო, ამ შვიდი თვის განმავლობაში ყველა ხერხი ვცადე -
რიცხვით სულ ცხრაას სამოცდაექვსი - მაგრამ ვერა შეგასმინე რა. ღმერთია მოწამე, არ
მინდოდა ცხრაას სამოცდამეშვიდე ხერხისთვის მიმემართა, რომელიც, გარდა იმისა, რომ
ძალისმიერია, იმითაცაა განსაკუთრებული, რომ, თუ სხვა ცხრაასსამოცდაექვსი სათუოა, ეს
უთუო და უტყუარია, მაგრამ რა ვქნა, რომ მეტი გზა არ დამიტოვეო. ეს უტყუარი ხერხი -
თან მოემზადე, ვინაიდან დრო აღარ ითმენს - ასეთია: შვიდი დღის განმავლობაში მე და
შენ მთავარი ჯურღმულის შუალა საკანში ვიქნებით ჩაკეტილი, სადაც ქვესკნელის
იდუმალი ძალები პარპაშობენ, რომელთა არნახული ჯადოქრობით ჩემი მღვრიე და
ძლიერი სული ნელ-ნელა ჩემი სხეულიდან შენს სხეულში გადმოვა, იქიდან შენს ნორჩსა
და უმანკო სულს გამოდევნის და მის მაგიერ თვითონ ჩასახლდება. ეს დიდი გადატუმბვა
სწორედ შვიდ დღეში დასრულდება და შვიდი დღის შემდეგ ჩემი სულის ნებით, რომელიც
უკვე შენი სული იქნება, პირველ საზეიმო მკვლელობასაც ჩაიდენ. ახლა კი ვიჩქაროთ,
თორემ ჩემი აღსასრულის დღე მოახლოებულია. მანამ რომ მოვკვდე, სანამ ჩემი სული
შენს სხეულში საბოლოოდ გადმოსახლდება, ეს ბოლო ხერხიც უქმად ჩამივლის და
საქვეყნოდ თავი მომეჭრებაო. ესა თქვა ოსტატმა და ფერდაკარგული შეგირდი
სარდაფქვეშ ერთ ბნელსა და ღრმა ხაროში ჩაიყვანა, სადაც ნესტი და სიცივე იყო. ნესტისა
და სიცივის მეტი - თუ მიწურ იატაკს არ ჩავთვლით, მიწურ კედლებსა და მიწურ ჭერს - იქ
სხვა არა იყო რა. ოსტატმა კარი ჩაკეტა და კუთხეში დაჯდა, ფერხთით შიშველი ხმალი
დაიდო, თვალი დახუჭა, თავი ჩაკიდა, დაიწყოო, თქვა და გაირინდა. შეგირდი
დამფრთხალი უყურებდა. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც იგრძნო, თითქოს რაღაც უხილავი
ძალა ტანზე შემოეკრა და უბეში ცივი ქარივით მიუძვრებოდა. ძალიან შეშინდა შეგირდი,
აღარ იცოდა რა ექნა. არადა, ატყობდა, რომ, რაც დრო გადიოდა, იმ ცივი და უცხო
ძალით თანდათან მთელი სხეული ევსებოდა. მეექვსე დღეს ყველა იმედი გადაეწურა და
სასოწარკვეთილი მწარედ ატირდა. ნუთუ ხვალ მკვლელი გავხდები და ამ საშინელ
ხელობას ჩემს საბრალო ხალხსაც ვასწავლიო? ფიქრობდა გულდათუთქული (აბა მან რა
იცოდა, თუ პროგრესი რა არის!) და საკანში გაშმაგებით მიმოდიოდა. ბევრი იარა ასე წინ
და უკან თუ ცოტა, ბოლოს, ის დღეც რომ მიიწურა, უეცრად ოსტატის ნათქვამი გაახსენდა -
მანამ რომ მოვკვდე, სანამ ჩემი სული შენს სხეულში გადმოსახლდება, ეს ხერხიც უქმად
ჩამივლისო. მაშინ ღრმად და გულოვნად გაიფიქრა: თუ ეს ოსტატის უკანასკნელი და
უტყუარი ხერხია, მაშ მეც დამრჩენია ჩემი უკანასკნელი და უტყუარი ხერხიო! ეს გაიფიქრა,
ერთი ფრთხილად მიიხედ-მოიხედა, ხომ არავინ მითვალთვალებსო, მერე ფეხაკრეფით
მიუახლოვდა თვალდახუჭულ ოსტატს, მის ფერხთით დაგებული შიშველი ხმალი აიღო, ზე
აღმართა, კიდევ ერთხელ გაიფიქრა ღრმად და გულოვნად, არა და არა, მე შენ
მკვლელად ვერ მაქცევო, და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაჰკრა. ოსტატის თავი ორად
გაიპო. მაშინ ოსტატმა გაპობილი თავი ასწია, თბილად და სევდიანად შეჰღიმა შეგირდს
და მისუსტებული ხმით უთხრა: აკი გეუბნებოდი, ჩემო სულიერო შვილო, ეს უკანასკნელი
ხერხი უთუო და უტყუარია-მეთქი! საზოგადოდ - ეს ოდესმე საჯაროდაც გამოცხადდება
რომელიმე გამოჩენილი მოძღვართმოძღვრის პირით - ადამიანი განა რასმე სწავლობს!
ადამიანი მხოლოდ იხსენებს იმას, რაც იმთავითვე იცოდა და მერე დაავიწყდა... მაშ
დამილოცნიხარ. ვინძლო შენი ცოდნა წარმატებით მოახმარო შენს ხალხს. მე კი
სიკვდილის ღმერთს, როგორც კი პირადად ვნახავ, სასოებით შევთხოვ, რომ ამ
უკანასკნელი ხერხის გამოყენება დიდხანს არ დაგაჭირვოსო. ესა თქვა ოსტატმა და
მშვიდად განუტევა ვალმოხდილი სული“.
ასე დაასრულა ბრძენმა მოძღვარმა ეს არაკი და, რა დაინახა, უფლისწულს თვალზე
ცრემლი მოადგა და გული ყელში მოებჯინა, მეორე არაკი, რომელსაც „დიდებული“ ჰქვია,
შესავლის შემდეგ ასე განაგრძო: „იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ორი ისეთი
ქვეყანაცაა, რომელთაგან ოდესღაც ერთი მშვიდობისმოყვარე იყო, მეორე კი
ომისმოყვარე. ოღონდ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ, რაკი ის მხარე ერთ ადგილას კი არა
დგას, არამედ დროის ყოვლისწამლეკ მდინარეშია და მასთან ერთად მიედინება,
მშვიდობისმოყვარე ქვეყნები იქ მხოლოდ შეფარდებითად არიან მშვიდობისმოყვარენი
და ომისმოყვარე ქვეყნებიც მხოლოდ შეფარდებითად არიან ომისმოყვარენი. ასეა თუ
ისე, ომისმოყვარე ქვეყანას მშვიდობისმოყვარე ქვეყანა დაპყრობილი ჰყავდა, დიდძალ
ხარკს ართმევდა და სხვაფრივაც ძალზე ავიწროებდა. დიდხანს ითმინა ჩაგვრა და
ძალმომრეობა მშვიდობისმოყვარე ქვეყნის ხალხმა, დიდხანს აძლია ხარკი
დამპყრობელს და ბოლოს, მოთმინების ძაფი რომ გაუწყდა და მისაცემიც აღარა ჰქონდა
რა, იმ ქვეყნის სახელოვანი და მამაცი შვილები საიდუმლოდ შეიყარნენ და ერთმანეთს
შეჰფიცეს, ან ყველანი დავიხოცოთ, ან ქვეყანა მონობისგან ვიხსნათო. მაგრამ
გადაწყვეტილების მიღება ადვილია, აღსრულება კი ძნელი. და რომ აღსრულება
გაადვილებოდათ, ერთი ჩინებული ხერხი მოიფიქრეს: ქვეყნის უკეთეს ვაჟკაცთაგან
აარჩიეს ერთი დიდებული - ყველაზე მამაცი, ყველაზე ერთგული და ყველაზე
თავდადებული - და, ვითომ განდგომილი და საკუთარი ხალხის მოღალატე, დამპყრობთა
ბანაკში მოხერხებულად შეაპარეს. დამპყრობლები შეთქმულებს ეშმაკობას ვერ
მიუხვდნენ, დიდებული პატივით მიიღეს და ღალატის საფასურად მაღალი თანამდებობაც
მისცეს. დიდებული ერთხანს მართლაც კეთილსინდისიერად ცდილობდა შეთქმულების
ქსელი გაება მტრის ბანაკში, მაგრამ მერე და მერე, ხანი რომ გამოხდა და ცხოვრებას
გემო გაუგო, თანდათან გაუტკბა ზემდგომთა უხვი წყალობა და ქვემდგომთა ქლესა
მორჩილება, გაუტკბა ფუფუნება და განცხრომა, მოვალეობაც მიავიწყდა, ფიციც, ქვეყანაც,
ხალხიც, ნათესავებიც, მეგობრებიც და ბოლოს, უკვე სულით ხორცამდე გადაგვარებულს,
მარტო იმის შიშიღა ჰქონდა, ვაითუ გამიგონ, რომ თავდაპირველად ავი განზრახვით ვიყავ
შემოპარული, და თავი გამაგდებინონო. ბევრი იფიქრა ამ საშიშროებაზე თუ ცოტა, ადგა
და ქვეყნის ხელმწიფეს მოახსენა, ერთგულმა კაცებმა ჩუმად ამბავი მომიტანეს, თურმე
შენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებაო, და შეთქმულთა ვინაობაც ჩაუკაკლა.
ომისმოყვარე ხელმწიფესაც მეტი რა უნდოდა! მყისვე ყველა შეთქმული შეიპყრო და
სიკვდილით დასაჯა. მერე იფიქრა, ამ კაცზე ერთგულს სხვას ვერავის ვიპოვი, თანაც
საკუთარი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და აბა საკუთარი ხალხის სისხლს
როგორ ჩამოირეცხავსო, და მოღალატე დიდებული მშვიდობისმოყვარე ქვეყნის
ხელმწიფედ დაადგინა. მართლაც, ახალი ხელმწიფე თითით საჩვენებელი გამოდგა:
ხარკს მუდამ დროულად და კეთილსინდისიერად იხდიდა, დღენიადაგ დამპყრობთა
ძლიერებას შესთხოვდა ღმერთს და ერთთავად მათი ხელმწიფის მზეს ფიცულობდა.
მართალია, რაკი თავის ხალხს კარგად იცნობდა, სულ იმის შიში ჰქონდა, ემანდ აჯანყება
არ მომიწყონო, მაგრამ ფხიზლად იყო და ჯაშუშებსა და ჯალათებს დიდ ჯამაგირს
აძლევდა, ამიტომ არა შემთხვევია რა, დიდხანს იცოცხლა და სიკვდილამდე სახელოვნად
იმეფა“.
უფლისწულს რომ ამ არაკის გაგონებაზე ცრემლი მოერია და გული ყელში მოებჯინა,
ბრძენმა მოძღვარმა შესავალი სწრაფად ჩაათავა და მესამე არაკი, რომლის
სახელწოდებაა „ორეული“, ასე განაგრძო: „იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი
ისეთი ქვეყანაცაა, სადაც ერთ დროს წესი იყო, ხელმწიფეს, გარდა პირად მცველთა დიდი
გუნდისა, ორეულიც უნდა ჰყოლოდა და, როცა საჯაროდ სადმე გამოჩენა დასჭირდებოდა,
წინ ეს ორეული გამოეშვა, რათა ვინიცობაა ვინმეს ბოროტება რამ გარეზრახა, ხელმწიფის
მაგივრად ის შერჩენოდა ხელთ... იმ ხანად ტახტზე მოხუცი ხელმწიფე იჯდა, რომელსაც
ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. ვაჟი რომ წამოიზარდა, მამამ გადაწყვიტა ხელმწიფობა
მისთვის გადაელოცა. ასეც მოიქცა. ოღონდ, ვიდრე ტახტზე დასვამდა, წესისამებრ ჯერ
ცოლი მოჰგვარა - მეზობელი ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი - და ორეული უშოვა,
რომელიც თუმც კი წარმოშობით მდაბიო იყო, გარეგნულად მართლაც რომ გაჭრილი
ვაშლივით ჰგავდა უფლისწულს. ამის შემდეგ ვაჟი აკურთხა და გვირგვინი თავისი ხელით
დაადგა. ჭაბუკი ხელმწიფე კეთილი იყო, სამართლიანი, ღვთისმოსავი და მიმნდობი.
დედოფალი ავხორცი იყო, ავთვალი, ავგული და ავზნიანი. ორეული შურიანი იყო, ღრჯო,
ვერაგი და დაუნდობელი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მალე დედოფალმა და
ხელმწიფის ორეულმა ერთმანეთი შეიყვარეს. ხელმწიფეს არა გაუგია რა. ერთხანს რომ
ყვარობდნენ ერთიმეორეს, ესეც აღარ იკმარეს და ახლა ტახტიც მოინდომეს. ჩუმად
მოითათბირეს, მზაკვრული გეგმა დააწყეს და საქმეს შეუდგნენ. მართლაც, ერთ მშვენიერ
დღეს, როდესაც ხელმწიფესთან ერთად სალაშქროდ გაემგზავრა, ორეულს
მოხერხებული შემთხვევაც მიეცა და ბრძოლის არეულობაში ხელმწიფე მუხანათურად
მოკლა. მერე, ვითომ თავად იყო ხელმწიფე, ლაშქარი შეჰყარა და გამოუცხადა:
თანამებრძოლნო! აჰა, დაეცა ბრძოლის ველზე ჩემი ერთგული და თავდადებული
ორეული. ჩემს განსაგმირად აღმართულ მახვილს მან თავისი დიდი და ძალუმი მკერდი
შეუშვირა, რითაც მე სიცოცხლე გამიხანგრძლივა, თავად კი უკვდავება მოიპოვაო. ტლუ და
უეშმაკო მოლაშქრეებს ეჭვი არ გასჩენიათ, რომ, რაც გაიგონეს, ყველაფერი მართალი
იყო, მაგრამ აბა დედ-მამას რა გამოეპარებოდა! როგორც კი ხელმწიფის მოხუცმა მამამ
ორეული დაინახა, გულმა მაშინვე იჭვნეული რეჩხი უყო. მაინც კი ჩუმად ყველაფერი
შეამოწმა და, როდესაც ღალატი საბოლოოდ დაადგინა, ჯალათებს უბრძანა: ორთავენი,
ეს კუროცა და ის კახპაც, ცხენის კუდზე გამოაბით და იქამდე ათრიეთ, ვინემ სული არ
ამოხდებათ, რათა სამართალმა პური ჭამოს და კანონიერებამ იზეიმოსო. ეს რომ
ორეულმა გაიგო, თავის მხრივ საჩქაროდ დარბაზი შეჰყარა და გამოუცხადა, მიმძიმს
გამხელა, მაგრამ არც დამალვა ივარგებს: ჩემი საბრალო მშობლები სიბერით ჭკუაზე
გადამცდარან, უბედურები საკუთარ შვილს ვეღარ სცნობენ, აღარ ვიცი, რა ვქნა და
სირცხვილს სად დავემალოო... ბევრი ილაპარაკა ცბიერმა ორეულმა და, თუმცა არა
ერთსა და ორ დარბაისელს სიმართლე უკვე გაგებული ჰქონდა, მისი შიშით - თან
ბუნებითაც თურმე ცოტა ლაჩრები იყვნენ - ხმის ამოღება ვერ გაბედეს: ცრუ ხელმწიფესაც
ეს უნდოდა! ჯალათებს, რომლებიც იმ დროს სწორედ თავლაში ფუსფუსებდნენ და
მისთვის კუდგამძლე ცხენებს არჩევდნენ, ეს საქმე მიატოვებინა, ნამდვილი ხელმწიფის
დედ-მამა გაათოკინა და ერთ ბნელ დილეგში ჩააყრევინა, სადაც ჩვეულებრივ
სახელმწიფო შეშლილებს ამწყვდევდნენ ხოლმე. საბრალო მოხუცები იქ ალბათ ისე
დაიხოცებოდნენ, მზის ერთი სხივი რა არის, ერთი სხივის ნახვაც არ ეღირსებოდათ, თუ
რომ ნატანჯთა და ნაგვემთ ბოლოს და ბოლოს ფიცით არ ეღიარებინათ, სწორედ ეს არის
ჩვენი ღვიძლი შვილი, ხოლო ის, ვინც ბრძოლაში დაიღუპა, ამის ორეული იყოო. ამით
დილეგს კი თავი დააღწიეს, მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლიათ, მალევე დაიხოცნენ, იმ
ქვეყნის ტახტი კი დღემდე მოღალატე ორეულის შთამომავალთ უჭირავთ“.
უფლისწულს რომ ამის გაგონებაზე თვალი ცრემლით აევსო და გული ყელში მოებჯინა,
მოძღვარმა მომდევნო არაკი, რომელსაც სახელად „გმირი“ ჰქვია, რა რომ შესავალი
ჩაათავა, ასე განაგრძო: „იმ დაუჯერებელ მხარეში, სხვათა შორის, ერთი ისეთი ქვეყანაცაა,
სადაც ერთ დროს დიდი გმირის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველევი. ეს ქვეყანა
ოდესღაც ერთ ავ ხელმწიფეს დაეპყრო და სწორედ მაშინ ეწინასწარმეტყველათ თურმე
მოხუც მისნებს: ამა და ამ დროს დიდი და უძლეველი გმირი გამოჩნდება და ქვეყანას
გაათავისუფლებსო. ეს წინასწარმეტყველება თაობიდან თაობას გადაეცემოდა და
საუკუნეების მანძილზე ქვეყანა მომავალი გმირის მოლოდინით ცოცხლობდა.
წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი რომ დადგა, სად იყო და სად არა, მართლა
გამოჩნდა ვიღაც უცხო მხედარი. აბა აქაურებს საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ იგი
ნაწინასწარმეტყველევი გმირი კი არ იყო, არამედ ერთი ვინმე ჯაბანი მეომარი, რომელიც
შორეული ბრძოლის ველიდან გამოქცეულიყო და თავშესაფრის ძებნაში ამ კუთხეში
გადმოხვეწილიყო! რაკი წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი იდგა, იფიქრეს,
სწორედ ეს არის, ვისაც ამდენი ხანი სასოებით ველოდითო, და ვაშას ძახილით ირგვლივ
შემოეხვივნენ. ბევრი იუარა იმ გადამთიელმა, არა ვარ გმირი და არა ვარ
განმათავისუფლებელი, ერთი უბირი და საწყალი კაცი ვარ, გამიშვით, ჩემი გზით წავიდეო,
მაგრამ ვინ გაუგონა! აბა რას ამბობო, უთხრეს, ამდენი ხანია ამ დღეს ველით და ახლა,
ნატვრა რომ როგორც იქნა აგვიხდა, სად გაგიშვებთო! მოურბენინეს აბჯარი, შეუკაზმეს
ბედაური, შეაბეს ხმალი და მოამზადეს საომრად. რა ვერ დაარწმუნა ბრძოლის ველიდან
გამოქცეულმა იქაურები, რომ გმირი არ იყო, იფიქრა, ესენი ისე არიან ატროკებული,
ურჩობა რომ განვაგრძო, სულ ერთია, ცოცხალს არ გამიშვებენ; ისა სჯობს, ნებას დავყვე
და, ვინ იცის, იქნებ ბრძოლის ველიდან უფრო მოვახერხო გამოქცევა, ამ საქმეს მაინც
მიჩვეული ვარო. მართლაც, იმ ქვეყნის ხალხს გამოუცხადა, სწორედ ისა ვარ, ვისაც
ელოდით, და თუ აქამდე უარზე ვიდექ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი რწმენისა და
ერთგულების გამოცდა მინდოდაო, და თუმც კი ძალიან ემძიმებოდა და ესიკვდილებოდა,
აბჯარი აისხა, ბედაურზე ამხედრდა და ხმალი იშიშვლა. იმ ქვეყნის მცხოვრებლებმაც, რაკი
ერთი დაიჯერეს წინასწარმეტყველების ახდომა, გული მოიცეს და მტერს ისე მამაცურად
შეუტიეს, სულ კუდით ქვა ასროლინეს. მერე ის ცრუ გმირი განთავისუფლებული ქვეყნის
ტახტზე დასვეს და მანაც, რაკი, ნამდვილი გმირი არსად ჩანდა, სიკვდილამდე ისე იმეფა,
ვითომ ნამდვილი გმირი ყოფილიყო. დღესაც იმ სახელმწიფოში მისი ნაშიერნი მეფობენ.
ხოლო ნამდვილი გმირი, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად იმ ხანებში მართლა
გამოჩნდა, მალევე უსახელოდ დაიღუპა: ვიდრე იმას გაარკვევდა, სად მტერი იყო, და სად
მოყვარე, ერთი შუბი მტერმა აძგერა, მეორე მოყვარემ და ისე მოკვდა, მისი გამოჩენა
არავის გაუგია. ახალი დროის მისნები იმასაც კი ამბობენ, სწორედ ცრუ გმირის მოსვლა
იყო ძველ მისანთა მიერ ნაწინასწარმეტყველევი და სწორედ ცრუ გმირი იყო ნამდვილი
გმირიო“.
კიდევ ბევრი სევდიანი არაკი მოყვა ბრძენმა მოძღვარმა და ყოველი არაკის მოსმენაზე
ყმაწვილ უფლისწულს თვალზე ცრემლი ერეოდა და გული ყელში ებჯინებოდა. ბოლოს,
მოთმინების ფიალა რომ აევსო, თქვა, აუცილებლივ უნდა წავიდე და ეგ დაუჯერებელი
მხარე ვნახოო. კარგს იზამო, მიუგო მოძღვარმა და ხელი წვერზე ჩამოისვა, მაშ ეახელ
ხელმწიფეს, შენი სურვილი მოახსენე და წასვლის ნებართვა გამოსთხოვეო. ეახლა
უფლისწული მამას, ასე და ასეა საქმეო, უთხრა, შენი სახელმწიფოს გადაღმა ერთი
უსწორმასწორო მხარე ყოფილა, მისი ცოდვით აღარა ვარ, მინდა წავიდე და ვნახო, რა
სჭირს და რა უშველისო. ჩვენი უზენაესი ნებაც ეს იყოო, ბრძანა ხელმწიფემ და ხელები
მოიფშვნიტა, თუ სიმართლე გინდა, ეგ ზეოსტატიც ამ ნების შესაბამისად შეგირჩიეთ,
ვინაიდან, ვიდრე ტახტს ჩაიბარებ, ჯერ ის სახიჩარი ქვეყანა უნდა მოვლო, რათა
დაამტკიცო რომ ტახტისა და სახელმწიფოს ღირსი ხარო. გამოცდა ძნელი იქნება და
სახიფათო. აქამდეც ბევრმა სცადა, მაგრამ ვინც სცადა, ყველა დამარცხდა. ზოგმა
ცდუნებას ვერ გაუძლო, ზოგმა ტანჯვა-წამებას, ზოგს სიბრძნე მიაკლდა, ზოგს სიყვარული,
ზოგს ძალა არ ეყო, ზოგს გამბედაობა. ახლა ჯერი შენზეა და მზად ხარ თუ არა დიდი
განსაცდელისთვისო? მზად გახლავარო, მიუგო უფლისწულმა. მზად არისო? ახლა
მოძღვარს ჰკითხა ხელმწიფემ. მზად გახლავსო, მოძღვარმაც მიუგო. მაშინ წამოდგა
ხელმწიფე, ელვარე ამბორით ეამბორა უფლისწულს და უფხრა: დამილოცნიხარ და,
ვიდრე გულში სიყვარულის თუნდაც ერთი წვეთი მაინც შეგრჩენია, ეს ამბორი იქნება შენი
შემწე და გზის მაჩვენებელი. წადი და ვინძლო გამარჯვებული დაბრუნდეო.
წავიდა უფლისწული. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ქვეყნის საზღვარს რომ
მიატანა, ერთი მდინარე დაინახა. წევს მდინარე უძრავად. იმოდენაა, გაღმა ნაპირი
ძლივსა ჩანს, და ისეა გატრუნული, თითქოს თვლემსო. მიადგა მდინარეს უფლისწული,
გაღმა უნდა გავიდეს, მაგრამ არც ხიდია სადმე, არც, ნავი, არც ბორანი. ცურვით
გადავალო, გაიფიქრა და ის იყო უნდა შეედგა კიდეც ფეხი წყალში, რომ უეცრად მდინარე
აბუყბუყდა, აგუგუნდა, აბორგდა, აქაფდა, ერთბაშად შუა გაიპო და იქიდან გველეშაპი
ამოიმართა. გაახილა თვალი გველეშაპმა და გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი
გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა. შეისუნთქა გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი. ისეთი
ქარბორბალა დატრიალდა, ვეებერთელა ხეებს ძირფესვიანად თხრის, უზარმაზარ
ლოდებს ფოთლებივით ათამაშებს და ყველაფერს, რასაც კი წვდება, ერთიანად იწოვს და
ისრუტავს. სუნთქვის ქარიშხალი უფლისწულსაც გველეშაპის ხახისკენ ეწევა, მაგრამ
გაუძალიანდა უფლისწული სუნთქვის ქარიშხალს, გაუმკლავდა; ძვრა ვერ უყო სუნთქვის
ქარიშხალმა უფლისწულს. დამუწა მაშინ პირი გველეშაპმა და კვლავ მდინარეში
გაუჩინარდა. შეფიქრიანდა უფლისწული. შეფიქრიანდა, მაგრამ შეშინებით არ
შეშინებულა. ზემოთ აუყვა მდინარის პირს და იქაურობას რომ კარგა მანძილზე გასცდა,
ახლა იქ დააპირა წყალში შესვლა. ის იყო უნდა შეედგა კიდეც ფეხი, რომ ისევ აბუყბუყდა
მდინარე, ისევ აგუგუნდა, ისევ აბორგდა და აქაფდა. მერე ისევ გაიპო შუა და ისევ
გამოჩნდა გველეშაპი. გაახილა თვალი გველეშაპმა და გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი
გველეშაპმა და დაბნელდა იქაურობა, შეისუნთქა გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი.
ამჯერადაც გაუმკლავდა უფლისწული ქარიშხალს. ბოლოს კი, როცა კიდევ რამდენიმე
ადგილას სცადა ბედი და საცა სცადა, ყველგან გველეშაპი დახვდა, გადაწყვიტა სხვა რამ
გზა მოეძებნა. დაჯდა მდინარის პირას, დახუჭა გარეგანი თვალი და ნატვრის თვალი
გაახილა. იჯდა ასე ნატვრის თვალზე დაუნჯებული და მთელი არსებით ნატრობდა, ისე
გადავიდე ამ მდინარეს, შიგ შესვლა არ დამჭირდესო. როდესაც მთელი თავისი არსება ამ
ნატვრაში ჩადო, გაიხედა და ხედავს, თეთრი გედი მოფრინავს. მოფრინდა გედი, დაეშვა
უფლისწულის წინ და უთხრა: შემაჯექ ზურგზე, უფლისწულო, მე გადაგიყვან ამ მდინარესო.
შეაჯდა უფლისწული გედს. აფრინდა გედი და გაუდგა გზას. მიფრინავს გედი მთვლემარე
მდინარის თავზე და ხედავს უფლისწული, შორს, გაღმა ნაპირთან, პაწაწინა წერტილი
გამოჩნდა, რომელიც თანდათან ახლოვდება და რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო
იზრდება. კარგად რომ მოახლოვდა, ხედავს უფლისწული, ის წერტილი თეთრი გედი
ყოფილა და ზედ ოქროსქოჩრიანი ჭაბუკი ზის. კიდევ უფრო რომ მოახლოვდა, თითქოს
მდინარეზე ერთი რამ დიდი სარკე დგას და იმ სარკეში იყურებაო, დაინახა, რომ ის გედი,
რომელიც გაღმიდან მოფრინავს, ეს გედია, ხოლო ჭაბუკი, რომელიც ზედ ზის, თვითონაა.
ჩანს მართლა უცნაური რამ სარკე დგასო, გაიფიქრა უფლისწულმა, მაგრამ ამ დროს
გედები ერთმანეთს მიადგნენ და ისე შევიდნენ ერთმანეთში და ისე გასცდნენ ერთმანეთს,
ერთმანეთისა არა გაუგიათ რა. გაუკვირდა უფლისწულს. მიიხედა უკან და, ვითომც
არაფერი, მიფრინავს გედზე გადამჯდარი უფლისწული იმ ნაპირისაკენ, საიდანაც თვითონ
წამოვიდა. მისმა გედმა კი ამასობაში ნაპირს მიაღწია და მიწაზე დაეშვა. ჩამოხდა
უფლისწული თეთრი გედიდან და, არც ისე ძნელი ყოფილა ამ მდინარის გადმოლახვა,
როგორც მეგონაო, მხნედ გაიფიქრა. ეს კი გაიფიქრა, მაგრამ დაკვირვებით რომ მიიხედ-
მოიხედა, დაინახა, რომ ისევ იმ ადგილას მისულა, საიდანაც წამოვიდა. დგას თავისსავე
სამემკვიდრეოში იმავ ნაპირზე, სადაც იდგა და ისევ მდინარის გადალახვა უნდა. ის იყო
დააპირა კიდეც წყალში შესვლა, რომ ადრინდელივით აბუყბუყდა მდინარე, აგუგუნდა,
აბორგდა და აქაფდა, მერე შუა გაიპო და წყლიდან გველეშაპი ამოიმართა. გაახილა
თვალი გველეშაპმა და გაშეშდა იქაურობა. დააღო პირი გველეშაპმა და დაბნელდა
იქაურობა. შეისუნთქა გველეშაპმა და ადგა ქარიშხალი... ახლა კი საგონებელს მიეცა
უფლისწული. ჩანს, აქაურობა ჯადოთია შეკრულიო, გაიფიქრა. საგონებელს მიეცა, მაგრამ
შეშინებით არ შეშინებულა. დაჯდა მდინარის პირას, დახუჭა გარეგანი თვალი და ცოდნის
თვალი გაახილა. იჯდა ასე ცოდნის თვალზე დაუნჯებული, მთელი არსებით გაიხსნა და
გაილესა ცოდნაში და აჰა, ჩამოვარდა სიბნელის ფარდა, რომელიც მდინარეს
გადაჰფარებოდა, და დაინახა უფლისწულმა მდინარეში გველეშაპი, რომელიც ნაპირიდან
ნაპირამდე გადაწოლილიყო, იწვა გველეშაპი მდინარეში და მდინარესთან ერთად
თვლემდა. ორი თავი ჰქონდა გველეშაპს, ერთი მდინარის ერთ ნაპირთან, მეორე
მდინარის მეორე ნაპირთან, და ეს თავები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდ- ნენ.
კიდევ უფრო გაიმახვილა ცოდნის თვალი უფლისწულმა, სულ ერთიანად ცოდნად იქცა და
აჰა, გაირღვა გველეშაპის გარსი და გამოჩნდა გველეშაპის წიაღი. და დაინახა
უფლისწულმა, გველეშაპის წიაღში ის დაუჯერებელი მხარე, რომელსაც ეძებდა. მაშინ
მიხვდა უფლისწული, რომ თუ ამ საპყარი მხარის მოხილვა უნდოდა, გველეშაპის ხახაში
უნდა ჩაშვებულიყო. ამის წარმოდგენაზე შედრკა. წამსვე შედრკომის ღია კარში ეჭვები
შემოცვივდნენ. ერთმა უთხრა: უფლისწულო, გახსოვდეს შესვლა იოლია, გამოსვლა კი
ძნელიო. მეორემ განაგრძო: მით უფრო, რომ შესული ბევრი გვინახავს, გამოსული
არავინო. მესამემ დაასრულა: არადა, უკან რომ ვერ დაბრუნდე, ან ხალხს რა პასუხს
აძლევ, ან ქვეყანას ვის უტოვებო? შედრკომით კი შედრკა უფლისწული, მაგრამ შეშინებით
არ შეშინებულა. მხნეობა მოიკრიბა და ეჭვებს მიუგო: ისა სჯობს, სულ ვერ დავბრუნდე,
ვიდრე სირცხვილიანი დავბრუნდეო. ესა თქვა, მდინარის პირას დაჯდა, გარეგანი თვალი
დახუჭა და ახლა გაბედულების თვალი გაახილა. გაბედულების დანახვაზე ეჭვები
კუდამოძუებული გაიქცნენ. უფლისწული კი მალე გაბედულებით აივსო, წამოდგა, ნაპირს
მიადგა და, როდესაც გველეშაპმა ხახა დააღო, იმ ბნელ ხახაში თამამად შეაბიჯა. მაშინ
გველეშაპმა პირი დამუწა და უფლისწულიანად მდინარეში გაუჩინარდა.
გადავარდა უფლისწული გველეშაპის უძირო წიაღში. მიქრის თავქვე, მიექანება საშინელი
სისწრაფით. ირგვლივ უკუნი ღამე, ლორწოვანი ნესტი და მყრალზე მყრალი სუნია. სული
შეუგუბდა უფლისწულს, თავბრუ დაეხვა და ცნობა წაერთვა. დიდხანს იყო ცნობამიხდილი
თუ ცოტა ხანს, გონს რომ მოეგო, ხედავს ლაფში გდია, ირგვლივ კვლავ წყვდიადი და
ნესტი აკრავს და იქაურობაც ისევ ისე საზარლად ყარს. წამოჯდა ტალახში უფლისწული,
დახუჭა გარეგანი თვალი, რომლითაც მაინც ვერას ხედავდა, და მახსოვრობის თვალი
გაახილა, რათა მოეგონებინა, ვინ იყო, საიდან მოდიოდა, სად მიდიოდა და რა ეწადა.
დიდხანს იყო დაუნჯებული მახსოვრობის თვალზე, მაგრამ რამდენიც არ ეცადა, ვერა
გააწყო რა. მაშინ კი გულში შიშმა გაუარა, თვალზეც ცრემლი მოადგა და სინანულით
გაიფიქრა, ნეტა არ წამოვსულიყავიო. სინანულმა შეაკრთო. შეკრთომამ გამოაფხიზლა,
გამოფხიზლებამ ძალა შეჰმატა, ახლა ის ინანა, რად ვინანეო, და საბოლოოდ მაინც
სძლია შიშს. შიშს სძლია, დაიძაბა, კიდევ უფრო გაიმახვილა მახსოვრობის თვალი და,
თუმც გარდასული ცხოვრება ვეღარ მოიგონა, მამის ელვარე ამბორი კი იხილა
ბუნდოვნად და ისიც გაიგონა ყრუდ, მამამ რომ უთხრა, ეს ამბორი იქნება შენი შემწე და
გზის მაჩვენებელიო. დაუბრუნდა მაშინ მხნეობა და ძველებურად აივსო რწმენით. ცოტა
ხნის შემდეგ ისევ გაახილა გარეგანი თვალი და შეეცადა სიბნელეს შეჩვეოდა. თავიდან
ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ნელ-ნელა მართლაც შეეჩვია. შეეჩვია, შეეჩვია, შეეჩვია და
ბოლოს ისიც გაარჩია, რომ დაბურულ ტყეში იყო ერთ პატარა დაჭაობებულ მდელოზე.
მაშინ წამოდგა და ფერდობს დაუყვა. მალე ერთ ნაკადულს მიადგა. ტანთ გაიხადა, სამოსი
გარეცხა, თავადაც განიბანა, მერე ისევ შეიმოსა, ხელთ არგანი დაიჭირა, რომელიც ერთი
ნორჩი, სწორი თხილისგან გამოჭრა, და ალალბედზე გაუყვა გზას. იარა თავდაღმართში,
იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ ქალაქს მიადგა. ქალაქში რომ უნდა
შესულიყო, უეცრად იდუმალი ხმა ჩაესმა: ნუ შეხვალ, უფლისწულო, მაგ ქალაქში, მანდ
უკეთურობის ბუდეა და ავისმქნელთა ნაგრამი სახლობს. აბა შენ, მზისა და სინათლის ვაჟს,
ასეთ ხალხთან რა გესაქმებაო! არ გაუგონა უფლისწულმა იდუმალ ხმას და ქალაქში
შევიდა. ხედავს, ხალხი აჩრდილებივით მიმოდის და თვალებს დაფეთებული აცეცებს.
მართალია, ზოგი ტირის, ზოგიც იცინის, ზოგი რომ კვნესის, ზოგიც იმღერის, ზოგი რომ
დარდიანია, ზოგიც უდარდელია, ზოგი რომ დამარცხებულია, ზოგიც გამარჯვებულია,
მაგრამ გულში ყველას შიში უდგას და ძარღვებში წყალი. უფლისწულის დანახვაზე
ერთიანად იხუვლეს და თავზარდაცემულები სახლებში შეცვივდნენ. უფლისწულმა
მიმართა მათ და უთხრა: გამოდით, ძმებო, ჩემი ნუ გეშინიათ. მე არას გერჩით და, რომც
გერჩოდეთ, აბა ამდენ ხალხს რა უნდა დაგაკლოთო! გაბედეს მაშინ შეშინებულებმა და
სამალავებიდან გამოვიდნენ. ხოლო უფლისწულმა ისევ მიმართა და უთხრა: ვხედავ,
გულში შიში გიდგათ და ძარღვებში წყალი, კარგი არა გინახავთ რა და არც მომავალში
კარგს რასმე მოელით. ატყობთ, უბედურები ხართ, მიზეზი კი ვერ შეგიტყვიათ. მაშ, ყური
მიგდეთ, მე გეტყვით მიზეზს. თავი და თავი მიზეზი თქვენი უბედურებისა ის არის, რომ ეს
ცრუ და უბადრუკი ქვეყანა ნამდვილი გგონიათ, ნამდვილი ქვეყნისა კი არა იცით რა.
ნამდვილ ქვეყანას მაშინ იხილავთ, როცა ამ დილეგს თავს დააღწევთ, სადაც წყვდიადი
მეფობს და სიმყრალის სუნი დგასო... კიდევ ბევრი რამ უნდოდა ეთქვა უფლისწულს,
მაგრამ ამასობაში იქაურმა ხალხმა დაინახა, რომ მომხდური საშიში არ იყო, ხოლო რაკი
ეს დაინახეს, გული მოეცათ, გაყოყოჩდნენ და ერთმანეთს უთხრეს: ნეტა ვინ გდია, რომ
ჩვენს საუცხოო ქვეყანას ეგრე უდიერად იხსენიებს! ან წყვდიადს სად ხედავს აქ, ან
სიმყრალის სუნი საიდან მოსდის, ან ამაზე უკეთესი ქვეყანა სად უნახავს, ეტყობა ჭკუაზეა
გადამცდარი ვიღაცაა, ემანდ ბალღები არ გაგვისულელოსო! ამ სიტყვებით დიდ-დიდ
ქვებს დაავლეს ხელი და უფლისწულს დაუშინეს, რომ იქვე ჩაექოლათ. შეხედა
უფლისწულმა მათ აპილპილებულ სახეებს, გადმოკარკლულ თვალებს, დუჟმორეულ
პირებს, შეხედა და გული სიბრალულით აევსო. განა თავისი თავი შეებრალა! ეს ხალხი
შეებრალა, რომელიც გველეშაპის წიაღში ცხოვრობდა და გველეშაპის წიაღი ეგონა
მთელი ქვეყნიერება. ისე შეებრალა, თვალზე ცრემლი მოადგა და გულიდან ერთი წვეთი
სისხლი მოსწყდა, რომელიც იმ ქვეყნის მიწას დაეცა, მაგრამ რა ექნა! რაკი ვერა შეასმინა
რა, იქაურობას გაეცალა და გზა განაგრძო. ქალაქს რომ გასცდა, ისევ შემოესმა იდუმალი
ხმა: აკი გითხარი, უფლისწულო, მაგ ქალაქში ნუ შეხვალ-მეთქი! გაბრუნდი უკან. იმ ციცაბო
აღმართის ავლას, საიდანაც აქ ჩამოვარდი, მე გიშველი. გველეშაპის ხახიდანაც მე
გაგიყვან. წადი და შენთვის იყავ, აქაურობას კი თავი დაანებე, თორემ იცოდე, ადრე იქნება
თუ გვიან, ამ კუნაპეტ ღამეში ცოცხლად დაიმარხებიო. ვინა ხარო? ჰკითხა უფლისწულმა.
ჩემს ვინაობას რას კითხულობო, მიუგო იდუმალმა ხმამ, ხომ ხედავ, სიკეთე მინდა შენთვის
და შენზედ ვზრუნავ, რომ ამ წყვდიადიდან გაგიყვანო, გირჩევნია გამიგონო, თორემ
აქაური უფსკრული განა მართლა უფსკრულია! თუ გაჯიქდები და შენსას არ დაიშლი, მალე
ფსკერს მიაღწევ და მერე ვეღარაფერი გიშველისო. მაინც ვინა ხარო? კიდევ ჰკითხა
უფლისწულმა. ეგ შენი საქმე არ არისო! გაჯავრდა მაშინ იდუმალი ხმა, ისა ჰქმენ, რასაც
გეუბნები, თუ არ გინდა მწარედ ინანოო! ერთი ამას დამიხედეთ, რომ იმუქრება კიდეცო!
გაუკვირდა უფლისწულს და უთხრა: თუ ვაჟკაცი ხარ, რას მემალები, მეჩვენეო. დრო მოვა
და გეჩვენებიო, მიუგო ხმამ, გეჩვენები და, რა ვაჟკაციც ვარ, იმასაც გაგაგებინებო. ჰოდა,
ეგ დრო რომ მოვიდეს, მაშინ დამიძახეო, უთხრა უფლისწულმა და გზა განაგრძო. იარა,
იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ახლა სხვა ქალაქს მიადგა. ხედავს, მთელი ქალაქი
დიდიან-პატარიანად გარეთ გამოფენილა და ცეკვა-თამაში გაუჩაღებიათ. ქალაქის
ვრცელ მოედანზე კი, ერთ მაღალ ფიცარნაგზე, სახრჩობელაა გამართული. ფიცარნაგის
ირგვლივ ახლადგათხრილი პირღია საფლავებია. გაუკვირდა უფლისწულს, ნეტა
საფლავების პირას ეს თავდავიწყებული მხიარულება რას უნდა ნიშნავდესო, და იქ
შეკრებილ ხალხს მიზეზი ჰკითხა. ძველი ხელმწიფე გადავაგდეთ და ახლის ტახტზე
ასვლას ვზეიმობთო, მიუგეს. ეს საფლავები რისთვისღა გაგითხრიათო? კიდევ იკითხა
უფლისწულმა. როგორ თუ რისთვის გაგვითხრიაო! გაუკვირდა ხალხს, მთავარი ზეიმი
სწორედ ის არის, რომ ცოტა ხანში მანდ ჩვენს მტრებსა და ორგულებს ჩავყრითო. იმ
სახრჩობელაზეც მტერი და ორგული უნდა დაჰკიდოთო? სახრჩობელისა ჯერ არა ვიცით
რა, სახრჩობელის ამბავს ხელმწიფე რომ მობრძანდება, ის გამოგვიცხადებსო. მალე
ხელმწიფეც გამოჩნდა. წითელი სამოსი ემოსა და წითელ ეტლში იჯდა, რომელშიაც
წითელი ცხენები იყო შებმული. ეტლი სახრჩობელასთან შეჩერდა. ხელმწიფე გადმოვიდა,
ფიცარნაგზე ავიდა, სახრჩობელის ქვეშ დადგა და ხალხს უთხრა: ხედავთ, მორჩილნო,
მორჩილების ფასად რა საუცხოო ზეიმი მოგიწყეთ?! ახლა იმასაც გაჩვენებთ, თუ როგორ
დავმარხავთ ცოცხლად ყველას, ვინც ორგულია ან მომავალში უნდა გაორგულდეს. მაშ
უცქირეთ და დატკბითო! ხალხმა ამაზე სიხარულის ყიჟინა დასცა. მერე შესძახეს:
სახრჩობელისაც გვითხარიო! გეტყვითო, მიუგო ხელმწიფემ, სმენა იყოს და გაგონება!
ვიდრე თქვენ ზეიმობთ, უხილავი მტერი განსაცდელს გიმზადებთ. ქალაქში ცრუ
წინასწარმეტყველი შემოპარულა, რომელსაც თქვენი გონების მოწამვლა და თქვენი
გულების დაძაბუნება სწადია. ეს სახრჩობელა იმ ცრუ წინასწარმეტყველისთვის დავდგით,
უნდა შევიპყროთ და ზედ დავკიდოთო. ამის გაგონებაზე ხალხმა კიდევ ერთხელ დასცა
სიხარულის ყიჟინა. მერე ხელმწიფის ბრძანებით ის ხალხი შემოიყვანეს, ვინც ცოცხლად
უნდა დაემარხათ. მაშინ წინ წადგა უფლისწული და ხელმწიფეს უთხრა: ხელი აიღე მაგ
საქმეზე, სულს ნუ წაიწყმედ და შენს შთამომავლობასაც სიცოცხლეს სატანჯველად ნუ
უქცევ. ადამიანის ცოცხლად დამარხვა სად თქმულა! ეს დიდზე დიდი ცოდვაა და თუ შენ
ამას ვერ მიმხვდარხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ გული გაქვავებული გაქვს და გონება
გაყინული, ვინაიდან შენ და შენს უგუნურ ხალხს ეს ცრუ და დუხჭირი ქვეყანა ნამდვილი
გგონიათ, ნამდვილი ქვეყნისა კი არა იცით რა. ნამდვილ ქვეყანას მაშინ იხილავთ, როცა
ამ დილეგს თავს დააღწევთ, სადაც წყვდიადი მეფობს და სიმყრალის სუნი დგასო. გაიცინა
ამის გაგონებაზე ხელმწიფემ და ხალხს უთხრა: აგერ, ცრუ წინასწარმეტყველიც
მხილებული და გამოვლენილია. შეიპყარით და აქ მომგვარეთო! შეიპყრეს ხელმწიფის
კაცებმა უფლისწული და წინ გაიგდეს. ხალხი თავიდან კი მიიწ-მოიწია და გზა მისცა,
მაგრამ მერე ვეღარ მოითმინა, ჩვენც ხომ უნდა ვიყაროთ ჯავრი ემაგ ცრუპენტელა
წინასწარმეტყველზე, რომელსაც, თურმე ნუ იტყვით და, ჩვენი გონების მოწამვლა და ჩვენი
გულების დაძაბუნება სწადიაო, და უფლისწულს ფურთხება, ცემა და სამოსის შემოგლეჯა
დაუწყო. შეებრალა უფლისწულს ეს ხალხი, რომელიც წყვდიადში ცხოვრობდა და
წყვდიადი ეგონა ნამდვილი ქვეყანა, ისე შეებრალა, თვალზე ცრემლი მოადგა და
გულიდან ერთი წვეთი სისხლი მოსწყდა, რომელიც იმ ქვეყნის მიწას დაეცა, მაგრამ რა
ექნა! რაკი ვერა შეასმინა რა, იქაურობას გაეცალა. ქალაქს რომ გასცდა, ისევ ჩაესმა
იდუმალი ხმა: ახლა ხომ მაინც დარწმუნდი, რომ აქაური ხალხი სიბნელის ნაშიერია და
იმად არ ღირს, შენისთანა ვაჟმა თავი გაუყადროსო! არა სიბნელის ნაშიერიაო, მიუგო
უფლისწულმა, არამედ ჯერ სინათლე არ უხილავსო. გაჯავრდა მაშინ იდუმალი ხმა:
სინათლის უფლისწულო, გიჯობს შენი გზით წახვიდეო. აკი ჩემი გზით მივდივარო, მშვიდად
მიუგო უფლისწულმა. ამაზე პასუხად კბილთა ღრჭენაღა მოესმა. იარა უფლისწულმა, იარა,
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, კიდევ სხვა ქალაქს მიადგა. ხედავს, ქალაქის შუაგულში
ვეებერთელა სუფრაა გაშლილი. ირგვლივ იმ ქვეყნის ხელმწიფე, მისი ჯალაბი, ნაზირ-
ვეზირები და სხვა დიდებულები შემოსხდომიან და ქეიფსა სწევენ. ყველანი უკვე კარგა
გვარიანად შეზარხოშებულნი არიან. მოქეიფეებს ურიცხვი მსახური დასტრიალებს თავს.
იქვე ახლო მზარეულები ფუსფუსებენ: წამოჩიტულ გოგო-ბიჭებს თავებს სჭრიან და სისხლს
დიდრონ კასრებში აგროვებენ. მესტუმრეებს ეს სისხლი მაღალი სურებით მიაქვთ
სუფრაზე და ვერცხლის თასებში უსხამენ მოქეიფეებს, რომლებიც თასებს ერთმანეთს
უჭახუნებენ და ისე სვამენ, მერე ხელიხელგადახვეულები, თითქოს მგლები ყმუიანო,
ხმამაღლა და გაბმით ამღერდებიან. შეძრწუნდა უფლისწული ამ სისხლიანი ღრეობის
დანახვაზე და ხელმწიფეს უთხრა: საშინელ ცოდვას იდებთ შენცა და შენი
თანამეინახეებიც. სად გაგონილა ადამიანი მოძმის სისხლსა ხვრეპდეს! თუ ჭკუაზე დროით
არ მოეგებით და მაგ თქვენს შემზარავ საქციელს არ შეინანებთ, მერე გვიანი იქნება და
აღარა გიშველით რაო. ნეტა ეს ამდენი უფასო ადვოკატი სად იჩეკებაო? გაუკვირდა
ხელმწიფეს. მერე სასმისი დაცალა და ბრძანა: აბა ერთი სავსე თასი ამ ჭკუის კოლოფსაც
მიმირთმიეთ, ჩვენებურ სასმელს რომ გასინჯავს, ეგებ ჩვენს ჭკუაზეც დადგეს და გუნება
გამოუკეთდესო. მსახურებმა წამსვე აასრულეს ხელმწიფის ბრძანება: თასი სისხლით
აავსეს და უფლისწულს წინ დაუდგეს, მაგრამ უფლისწულმა თასი გვერდზე გასწია და
ხელმწიფეს უთხრა: არ იცი, რას სჩადიხარ. გული დანაცრებული გაქვს და ტვინი
დამყაყებული, ვინაიდან ეს ცრუ და შლეგი ქვეყანა ნამდვილი გგონია, ნამდვილი ქვეყნისა
კი არა იცი რა. ნამდვილ ქვეყანას მაშინ იხილავ, როცა ამ დილეგს თავს დააღწევ, სადაც
წყვდიადი მეფობს და სიმყრალის სუნი დგასო. გაჯავრდა ამაზე ხელმწიფე და ბრძანა:
რაკი ისეთი უჟმური და უხასიათო ყოფილა, რომ ჩვენი მათრობელა სასმელის გასინჯვა
არ სურს, მაშ ჩვენ გავსინჯოთ მაგის წყალწყალა სასმელი, ვნახავთ მაინც, როგორ
გვეამება და რა ჭკუაზე დაგვაყენებსო, და მზარეულებს უბრძანა, ეჰეი, მზარეულნო, ამ
ჭინჭყლს თავი გააგდებინეთ და მაგის სისხლი პაპიჩემის საყვარელი ჭინჭილით
მომართვითო. მზარეულებმა წამსვე გრძელ დანებს დაავლეს ხელი და ამღვრეული
თვალებით, დორბლიანი პირითა და დაღმეჭილი სახით უფლისწულს გარს შემოერტყნენ.
შეებრალა მაშინ უფლისწულს ეს ხალხი, ისე შეებრალა, თვალზე ცრემლი მოადგა და
გულიდან ახლაც მოსწყდა ერთი წვეთი სისხლი, რომელიც იმ ქვეყნის მიწას დაეცა, მაგრამ
რა ექნა! რაკი ვერა შეასმინა რა, გაეცალა იქაურობას. ქალაქს რომ გასცდა, კვლავ ჩაესმა
იდუმალი ხმა: არც ახლა დაიჯერებ, რომ ეს ხალხი წყვდიადის ნაშიერია და სინათლისა
გაგონებაც კი არ უნდაო? არაო, მიუგო უფლისწულმა, არც ახლა დავიჯერებო, და
განაგრძო გზა. იარა, იარა, დიდხანს იარა, ძალიან დიდხანს იარა, მრავალი ქვეყანა
შემოიარა და მრავალი საკვირველება ნახა. ერთ ქვეყანაში გამოჩენილ მოქალაქეებს
თავები საკუთარ სიბინძურეში ჰქონდათ ჩარგული და კმაყოფილები ბუყბუყებდნენ;
მეორეში იქაურ ხელმწიფეს ორ ფეხზე სიარული კანონით აეკრძალა - ძნელიაო - და ამით
გახარებული მოსახლეობა ხალისიანი ყიჟინითა და ვაშას ძახილით ოთხზე
დაკუნტრუშებდა; მესამეში დანაწევრებული ლაპარაკი მობეზრებოდათ და ერთმანეთს
სათქმელს ღრუტუნით აგებინებდნენ; მეოთხეში ერთმანეთს პირზე კოცნიდნენ და თან
ზურგში ხანჯალს ურჭობდნენ; მეხუთეში ნათესავები ნათესავებს დანა-ჩანგლით
შეექცეოდნენ და პირს ჭრელი ხელსახოცით იწმენდდნენ; მეექვსეში სიკეთეს პირში
აფურთხებდნენ და, ვინც უფრო მარჯვედ მიაფურთხებდა, ჯილდოს აძლევდნენ; მეშვიდეში
სიყვარულს ქვებით ქოლავდნენ; მერვეში სიმართლეს სახრჩობელაზე ჰკიდებდნენ... კიდევ
ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ აქ გავჩერდეთ, ვინაიდან სულ ერთია, სადმე მაინც
მოგვიწევს გაჩერება... ყველა ქვეყანაში, სადაც კი მივიდოდა, უფლისწულს იქაურების
საცოდაობით გულიდან თითო წვეთი სისხლი სწყდებოდა და მიწას ეცემოდა. ჟამიდან
ჟამზე იდუმალი ხმა წამოეწეოდა, ნიშნს უგებდა და უკან დაბრუნებას ურჩევდა, მაგრამ
უფლისწული მის ყრანტალს აინუნში არ აგდებდა...
ბოლოს, მას შემდეგ, რაც მრავლის უმრავლესი ქვეყანა გაიარა, ურიცხვი და უთვალავი
საკვირველება ნახა და გულის სისხლიც ბლომად გასდინდა, ის დაუსრულებელი
თავდაღმართიც ჩაათავა. ჩაათავა თავდაღმართი და ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა,
რომელიც იმოდენა იყო, ბოლო არ უჩანდა. მინდორს შუაში მღვრიე, ბინძური და განიერი
მდინარე ჩაუდიოდა. გაიხედა უფლისწულმა და ხედავს; გამოჩნდებიან პირქუში
ადამიანები, რომლებიც ლანდებს გვანან, მდუმარედ და ფეხაკრეფით მოაბიჯებენ,
ნიავივით უჩუმრად და უხმაუროდ გადაივლიან ტრიალ მინდორს და უწმინდურების
მდინარეში შედიან; იმავ წამს აბუყბუყდება მდინარე, აქაფდება, აზვირთდება,
წამოიმართება უწმინდურების ერთი ვეებერთელა ტალღა, საშინელი ღმუილით
დააცხრება ადამიანებს და ძირს დასცემს; წამოიმართება უწმინდურების მეორე ტალღა,
საშინელი ღმუილით დააცხრება დაცემულებს და ხორცსა და ძვალს ერთმანეთისგან
გაყრის; წამოიმართება უწმინდურების მესამე ტალღა, საშინელი ღმუილით დააცხრება
ხორცსა და ძვალს და უწმინდურებაში გახსნის; დაშოშმინდებიან მაშინ ზვირთები და
მდინარეც დამშვიდებით განაგრძობს გზას, ვიდრე ხელახლა არ გამოჩნდებიან მდუმარე
და პირქუში ლანდები. შეზარა ამ სანახაობამ უფლისწული, თვალი აარიდა უწმინდურების
მდინარეს. იმავ წამს იდუმალი ხმა ჩაესმა: ახლა რაღას იტყვი, სინათლის მოციქულო? არც
ახლა დაიშლი შენსას? იცოდე, ეს მდინარე წარწყმედის დიდი მდინარეა, რომელსაც ვერც
ზემოდან გადაევლები, ვერც ქვემოდან გაუძვრები და ვერც წყალდაწყალ გახვალ ისე,
რომ ამაოების ტალღებმა უწმინდურებაში არ გაგლესონ და არარსებობის მორევში არ
ჩაგითრიონო. არა უპასუხა რა უფლისწულმა იდუმალ ხმას, დაჯდა მოშორებით, გარეგანი
თვალი დახუჭა და განსჯის თვალი გაახილა. ხედავს, მართლაც უკეთურობითაა სავსე
მთელი ეს მხარე, ყველგან სისხლისა და ბალღამის სუნი დგას და სინათლის ერთი სხივიც
კი არსაით ჩანს. შეწუხდა უფლისწული, უფრო გაიმახვილა განსჯის თვალი. ხედავს,
დაუნდობლობა გამეფებულა და შეწყალება არსადაა, სიცრუე გამეფებულა და სიმართლე
არსადაა, გულგრილობა გამეფებულა და თანალმობა არსადაა. კიდევ უფრო შეწუხდა
უფლისწული, კიდევ უფრო გაიმახვილა განსჯის თვალი. მაშინ გაახსენდა მოძღვრის
ნათქვამი, ეს ისეთი მხარეა, სადაც ხალხს ერთმანეთი უყვართ და სძულთო. მაშ ამდენ
სიძულვილში სიყვარულიც უნდა იყოს სადმეო, გაიფიქრა უფლისწულმა და უკიდურესად
გაიმახვილა განსჯის თვალი. და აჰა, დაინახა, რომ ბოროტება ამ მხარეში უმეცრებისგანაა
და არა სიავისგან, სიყვარულიც უმეცრების ხაროში გდია და სიძულვილის ლაფითაა
დაფარული. უმეცრების მიზეზი კი სიბნელეა. ამის დანახვაზე უფლისწულს თვალზე
ცრემლი მოადგა და გული ყელში მოებჯინა, მტკიცედ წამოდგა, გაიხსენა მამის ელვარე
ამბორი და გაბედულად შედგა ფეხი წარწყმედის მღვრიე მდინარეში. აბუყბუყდა წამსვე
მდინარე, აქაფდა, აზვირთდა, წამოიმართა უწმინდურების ვეება ტალღა, აიზიდა, აიქოჩრა
და ღმუილით დაატყდა თავს. საშინელმა ტკივილმა თხემით ტერფამდე დაუარა. გაუძლო
ტკივილს უფლისწულმა. ერთი კი შეტორტმანდა, მაგრამ არ დაეცა. მაშინ ტალღა კვნესით
დაიმსხვრა მის თეთრ სხეულზე. წამოიმართა წამსვე მეორე ტალღა, აიზიდა, აიქოჩრა და
ღმუილით დაატყდა თავს. ამჯერად წარბიც არ შეუხრია უფლისწულს, ხოლო ტალღა
კვნესით დაიმსხვრა მის თეთრ სხეულზე. წამოვიდა მესამე ტალღა, აიზიდა, აიქოჩრა და
ღმუილით დაატყდა თავს. უფლისწულს არც კი გაუგია, როგორ დაიმსხვრა ტალღა მის
თეთრ სხეულზე. მიდის წყალდაწყალ და თეთრად ბრწყინავს მისი სხეული. მიდის
უწმინდურებათა შორის და ვერ ეკარება უწმინდურება, ვინაიდან ლმობიერებითა აქვს
გული სავსე. იარა წყალდაწყალ, იარა და აჰა, მიაღწია ნაპირს. დადგა თუ არა მიწაზე ფეხი,
წამსვე მის წინ წყვდიადის ხელმწიფე გაჩნდა. ხელმწიფე დიდია და საშინელი. ერთი კი
ათვალწუნებით ახედ-დახედა უფლისწულს და მერე ხელი ხელს შემოჰკრა. რას
მიბრძანებო? მოისმა საიდანღაც ნაცნობი იდუმალი ხმა და წყვდიადის ხელმწიფის
გვერდით უეცრად შავი მსახური გაჩნდა. მომახსენე, რაც გაიგეო, უბრძანა წყვდიადის
ხელმწიფემ. ამ ჭაბუკს ჩვენი მოსპობა სწადიაო, მოახსენა მსახურმა. თუ ჩვენი მოსპობა
სწადია, რად არ უთხარით, რომ ეს შეუძლებელია, აქამდეც ბევრმა სცადა, მაგრამ ყველა
დამარცხდაო? ვუთხარით, მაგრამ არ დაიშალაო, მიუგო მსახურმა. თუ უთხარით, მაგრამ
არ დაიშალა, რად არ აჩვენეთ საზარელნი სახილველნი ჩვენნი, რომ თავზარდაცემული
უკან გაბრუნებულიყოო? ყველაფერი ვაჩვენეთ, მაგრამ ვერ შევაშინეთო. თუ ყველაფერი
აჩვენეთ, მაგრამ ვერ შეაშინეთ, რად არ დასაჯეთო? მრავალგზის დავსაჯეთ, მაგრამ
არაფერმა გაჭრაო, მიუგო მსახურმა, ჩავქოლეთ და ვერა დავაკელით რა, ჩამოვახრჩეთ
და ვერა დავაკელით რა, თავი გავაგდებინეთ და ვერა დავაკელით რა, ჯვარს ვაცვით და
ვერა დავაკელით რა, ცოცხლივ მიწაში ჩავდეთ და ვერა დავაკელით რა, კლდიდან
გადავჩეხეთ და ვერა დავაკელით რა, წყალში დავახრჩეთ და ვერა დავაკელით რა,
ცეცხლში დავწვით და ვერა დავაკელით რა, ასო-ასო ავქენით და ვერა დავაკელით რა,
საწამლავი მივეცით და ვერა დავაკელით რა, ყველა სიკვდილით მოვკალით, რაც კი ჩვენს
ხელთ სიკვდილია, და ვერა დავაკელით რა; რაც მეტი ვტანჯეთ, უფრო მოემატა
სიყვარული. წარწყმედის უდიდესი და უბინძურესი მდინარეც ხომ, თავადაც ნახე, ისე
გამოიარა, ფეხის თითი არ დასველებია. ახლა ისღაა ბოლო იმედი, ვისი სულიც შენა ხარ,
და ქვეყნის ბედიც მასზე ჰკიდია, თუ გვიშველის, ის გვიშველის, თორემ დასრულდა შენი
მეუფება და ესააო. ნუ გაიკრიფე ენად, გასწი, თავისუფალი ხარო, მკაცრად უბრძანა მაშინ
მსახურს ხელმწიფემ და, მსახური რომ ისევ ისე უეცრად გაქრა, როგორც წეღან უეცრად
გაჩნდა, კიდევ ერთხელ ახედ-დახედა უფლისწულს და ჰკითხა: რა გინდა, რისთვის
მოსულხარო? რაც შავმა მსახურმა მოგახსენა, იმის მეტი სხვა არა მინდა რაო, მიუგო
უფლისწულმა. რა ცოტა რამ გდომებიაო! თავი გადაიქნია წყვდიადის ხელმწიფემ, მაინც
რას მემართლები, ვისთვის რა დამიშავებიაო? მეტი დაშავებაღა იქნება, ხალხს სინათლეს
უმალავ და ქვეყნად ბოროტებას თესავო! ამაზე წყვდიადის ხელმწიფემ გულიანად
გაიცინა და თქვა: როგორ გეტყობა, რომ ჯერ კიდევ ბალღი ხარ და ცხოვრებისა ბევრი
არა გაგეგება რა, თორემ ეგეთ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს მოერიდებოდიო. მე მხოლოდ
იმას ვუმალავ ხალხს, რისი გამოჩენაც საზიანო და მაწყინარია, და მხოლოდ იმას ვთესავ,
რისი მომკაც იოლი და სასარგებლოა; მზრუნველი ხელმწიფე სწორედ ასე უნდა
იქცეოდესო. შენ რომ სიბნელე გგონია, განა მართლა სიბნელეა - სინათლეა, ოღონდ
მოზომილი სინათლე, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ის გამოჩნდეს, რისი გამოჩენაც
აუცილებელია. ჟამიდან ჟამზე გველეშაპის ორი პირიდან ერთ-ერთი იღება და
მცირეოდენი სინათლე შემოდის, რათა დასანახი დავინახოთ, მაგრამ არკი დავბრმავდეთ.
განა არ იცი, რომ მეტისმეტი ნათელი თვალებსა წვავს. შენც სწორედ იმიტომ გგონია ეს
ქვეყანა უკუნ სიბნელეში დანთქმული, რომ სინათლის ბრწყინვისაგან თვალის ჩინი
დაშრეტილი გაქვს. თუმც, არც იმას დავმალავ, რომ სხვაფრივ კარგი ვაჟკაცი ჩანხარ და
ძალიანაც მომეწონე. თუ ჩემთან დარჩები, ჩემს მემკვიდრედ დაგნიშნავ, ტახტს დაგიტოვებ
და ჩემს შემდეგ ამ დიდებული ქვეყნის ხელმწიფე შეიქნებიო. არაო, უთხრა უფლისწულმა,
მე აქ იმისთვის მოვედი, რომ სინათლეს გზა გავუკაფო, შენი ტახტი არ მჭირდებაო.
კარგად დაფიქრდიო, უთხრა წყვდიადის ხელმწიფემ, აქაურობას რომ შეეჩვევი,
დარწმუნდები, რომ ამაზე უკეთესი ქვეყანა სხვაგან არსადაა. დარჩი, არ ინანებ. ეგ კი არა,
შესაძლოა ემაგ ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკსაც კი გადაეჩვიოო. ტყუილად მათათბირებო,
მიუგო უფლისწულმა, თუ ძალა გერჩის, ძალა მაჩვენე და მეც ძალას დაგახვედრებ, თუ
არადა გზიდან ჩამომეცალე, ეგ შემპარავი ლაპარაკი სულ ამაოაო. წყვდიადის ხელმწიფემ
ამაზე უთხრა: თუ გინდა, მე დამამარცხო და სინათლეს გზა გაუკაფო, გველეშაპის ერთი
პირიდან რომ შემოხვალ, მეორე პირიდან უნდა გახვიდე. განა არ იცი, რომ ეს
შეუძლებელია? ეს სიპი, ციცაბო და თვალშეუდგამი კლდე, საიდანაც გაღმა მხარეს
ტრიალ-ტრიალით ჩამოვარდი, გამოღმა მხარეს უკანვე უნდა აიარო და აბა როგორ
აივლი? რომც აიარო და წვერზე ახვიდე, იქ ხომ ისევ გველეშაპის ხახაში მოხვდები და
გველეშაპის ხახას თავს როგორ დააღწევ? გიჯობს აქ დარჩე, მამაცო უფლისწულო, და
ჩემი წყალობა შეიმშნოვო და შეირგოო. უფლისწულმა რომ კვლავ უარი თქვა, წყვდიადის
ხელმწიფე ძალიან გაწყრა: მაშ კარგი, რაკი არ დაგიშლია, წადი, მაგრამ იცოდე, რაც
დაგემართოს, ყველა შენს თავს დააბრალეო. ეს უთხრა და გზიდან ჩამოეცალა. წავიდა
უფლისწული, შეუყვა ციცაბო კლდეს, მიდის და ძლივს მიდის დაკიდებულ აღმართში. ხელ-
ფეხიდან სისხლი სდის და მაინც წინ მიიწევს, მკლავში ღონე ელევა და მაინც მიდის. მიდის
და აღმართს ბოლო არ უჩანს. ჟამიდან ჟამზე მამის ელვარე ამბორს გაიხსენებს, მამის
ელვარე ამბორი მხნეობას ჰმატებს და მიდის, მიდის... კლდე იმოდენაა, დაბლა ძირი არ
უჩანს და მაღლა წვერი. მაინც მიდის. იარა, იარა, არავინ იცის, რა დრო გავიდა და რა
მანძილი გაიარა, ბოლოს და ბოლოს დაქანცულმა და გასავათებულმა როგორც იქნა ის
პიტალო კლდე აათავა და გველეშაპის ხახას მიაღწია. გაიხედა და ხედავს, გველეშაპის
ლაშების მცირე ნაპრალიდან სინათლის ეული სხივი მოჩანს. გაეხარდა უფლისწულს და
წავიდა იმ ნაპრალისკენ, მაგრამ ახლო რომ მივიდა, გველეშაპი უეცრად შეირხა,
ამოძრავდა, მოირკალა, მოისალტა, დაიგორგლა, პირი პირში ჩაიდო, კბილი კბილს
მოსჭიდა და უფლისწული, იმის ნაცვლად, რომ სინათლეზე გამოსულიყო, ერთი ხახიდან
მეორეში მოხვდა. მაშინ გველეშაპმა პირი პირს მოაშორა და უფლისწული ხელახლა
გადავარდა ვეება და უძირო წიაღში. მიქრის თავქვე, მიექანება საშინელი სისწრაფით.
ირგვლივ უკუნი ღამე, ლორწოვანი ნესტი და მყრალზე მყრალი სუნია... ერთი სიტყვით,
ყველაფერი თავიდან დაიწყო და აჰა, მიაბიჯებს უფლისწული თავდაღმართში, გადადის
ქვეყნიდან ქვეყანაში, საცა კი მივა, ყველგან აბუჩად იგდებენ, დასცინიან, აფურთხებენ,
ტალახის გუნდებს ესვრიან, ხან ძელზე აჰყავთ, ხან ჯვარზე, ხან სახრჩობელაზე, ხოლო უკან
წყვდიადის ხელმწიფის შავი მსახური მისდევს და ნიშნისმოგებით მისძახის: აკი
გაფრთხილებდი, სინათლის უფლისწულო, ამ კუნაპეტ ღამეში დაიმარხები-მეთქი! მიდის
უფლისწული, განვლო ყველა ქვეყანა და ყველგან თითო წვეთი გულის სისხლი დატოვა,
გაიარა უთვალავი განსაცდელი, ჩაათავა ბოლო თავდაღმართი, მიაღწია ტრიალ
მინდორს, გავიდა წარწყმედის მდინარეს, არ შეეპუა წყვდიადის ხელმწიფეს, კვლავ უარი
უთხრა დარჩენაზე და განაგრძო ტანჯვა-წამების გზა, აათავა როგორც იქნა ის
დაკიდებული აღმართი და ავიდა გველეშაპის ხახაში; მოირკალა მაშინ გველეშაპი, პირი
პირში ჩაიდო, კბილი კბილს მოსჭიდა და კვლავ გადაისროლა უფლისწული ბნელსა და
უძირო წიაღში. ერთხელ განმეორდა ასე, ორჯერ, სამჯერ, მრავალჯერ... ჩანს, უნდა
გამართლდეს შავი მსახურის წინასწარმეტყველება, ჩანს, საბოლოოდ უნდა დაიმარხოს ამ
კუნაპეტ ღამეში, მაგრამ იმასაც ატყობს უფლისწული, რომ, როცა კი წარწყმედის მდინარეს
მშვიდობით გააღწევს და წყვდიადის ხელმწიფეს იქ დარჩენაზე უარს ეტყვის, მახსოვრობა
თანდათან უბრუნდება, ხოლო რაც უფრო უბრუნდება მახსოვრობა, მკლავში ძალა
ემატება, გონებაში ნათელი და გულში სიყვარული.
არავინ იცის, რამდენჯერ შემოიარა უფლისწულმა ის პირშეკრული წრე, რამდენჯერ ავიდა
პიტალო კლდეზე და რამდენჯერ ჩამოვარდა. და აი, დადგა ჟამი, როცა იგრძნო, რომ უკვე
შეეძლო იმ შიგანაქოთებულ გველეშაპს შებმოდა. მართლაც, ერთხელ, როდესაც
ჩვეულებისამებრ აათავა აღმართი და გველეშაპიც ჩვეულებისამებრ მოირკალა, პირი
პირში ჩაიდო და კბილი კბილს მოსჭიდა, უფლისწულმა ღმერთი ახსენა და იმ უხსენებელს
დიდი ბრძოლა გაუმართა. თითო ფეხი თითო ხახაში ჩაუდგა, თითო ხელი თითო პირში
გამოსდო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გასწია და გამოსწია. აიზიდა გველეშაპი,
აბორგდა, შეტორტმანდა, ჯერ საზარელი ხავილი ამოუშვა ორთავ პირიდან, მერე
ცეცხლის ენები ამოსტყორცნა. შეიძრა ირგვლივ ყოველი. გველეშაპის ბორგვა მალე
მისსავ წიაღს გადაეცა და აირია და აითქვიფა გველეშაპის წიაღი. წაღმა-უკუღმა
დატრიალდა ყოფის ბორბალი. აქ მიწა იძრა, იქ ვულკანი ამოიფრქვა, სხვაგან
უფსკრულმა პირი გახსნა, მაღალი მთები გუგუნით ჩამოიქცა, კოკისპირული წვიმები
წარღვნად მოვიდა, მიწის გულიდან ამოხეთქილმა ლავამ მიწის პირი დაფარა; მეხი ჭექდა,
ელვა ელავდა, მაღლით დელგმა მოდიოდა, დაბლა ხანძარი მძვინვარებდა, გრიგალი
ღმუოდა, მიწა ტორტმანებდა, ყველაფერი ერთმანეთში იზილებოდა და ილუფხებოდა.
ადამიანებს გონებაზე ლიბრი გადაეკრათ. ლიბრგადაკრულებმა უაზროდ დაავლეს
იარაღს ხელი და ერთმანეთს დაერივნენ. სოფელი სოფელზე აღდგა, ქალაქი ქალაქზე,
ქვეყანა ქვეყანაზე; უმოწყალოდ ხოცეს და ჟლიტეს ერთიმეორე, მათი გოდება და ვაი-ვიში
ცასა სწვდებოდა; სისხლის მდინარეებმა დატბორა ბაღები და ვენახები, მრავალი სამეფო
აღიგავა პირისაგან მიწისა, უამრავი ხალხი მოისრა. თუ ვინმე გადარჩა, თავის ჭკუაზე აღარ
იყო, შიშისაგან დაზაფრულები პირქვე ეყარნენ და წამიწამ სიკვდილს მოელოდნენ.
უფლისწული და გველეშაპი კი დიდხანს იბრძოდნენ, დიდხანს ერთმანეთს ტოლს არ
უდებდნენ. ბოლოს იმარჯვა უფლისწულმა, აჯობა გველეშაპს, კბილი კბილს მოჰგლიჯა,
პირი პირს მოსწყვიტა და აჰა, გამოსცდა აშმორებულ ჯურღმულს, დიდ სინათლეზე
გამოვიდა. გაწყდა წრე და გამთელდა თოკი...
მას აქეთ დგას უფლისწული წარმავლობის მთვლემარე მდინარეში და ზე აღმართულ
ხელებში გველეშაპის თავები უჭირავს. გველეშაპი ახლაც ცოცხალია. იბრძვის,
ტორტმანებს, იკლაკნება და ცეცხლებს ჰყრის, მაგრამ მისი დღეები დათვლილია. ორთავ
ხახა დაღებული აქვს, შიგ სინათლე გადის და წყვდიადი ნელ-ნელა ნათდება. მიუჩვეველ
ადამიანებს ეშინიათ სინათლის და შორეულ კუნჭულებში იმალებიან, სადაც ჯერ კიდევ
ბნელა. ვინც გაბედული იყო, სინათლეს თვალი გაუსწორა და ჯურღმულსაც თავი დააღწია.
ახლა დანარჩენების ჯერია. ხოლო გველეშაპი, თუმც კი დამარცხებულია, მანამ
იბრძოლებს და მანამ არ მოკვდება, სანამ თავის წიაღში ერთი მფრთხალი და მორჩილი
კაცი მაინც ეგულება. როცა ყველას მოეფინება ნათელი, როცა იმ მხარის ყველა
მცხოვრები, ვინც კი ცოცხალი გადარჩა, სინათლეზე გავა, გველეშაპის აღსასრულიც
დადგება: ცეცხლი დაევსება, ძალა გამოელევა და ისე გაქრება, თითქოს არც არასოდეს
ყოფილიყოს. მაშინ თვლემის მდინარე დაშრება, ნაპირი ნაპირს შეუერთდება, ნაპრალი
ამოივსება, რაც დანაწევრებული იყო, ისევ გამთლიანდება და დიდი ბრძოლიდან
დაბრუნებული ძლევამოსილი უფლისწული ბროლის სასახლეში ელვის ტახტზე
დაბრძანდება.
თუ ღმერთმა ინება, ვინ იცის, იქნებ ეს დიდებული დღე ჩვენს მოსწრებაში დადგეს.
ალიონი. ირაკლი, ვითარცა ირაკლის ლანდი. მეორეხარისხოვანი ეპიზოდები.
დავიძარით!
მართლა ასე ითქვა ეს ზღაპარი? ითქვა კია, საერთოდ?
კითხვა კანონიერია, მაგრამ პრობლემის სისტემატურ კვლევას რომ გამოვეკიდოთ,
ადვილი შესაძლებელია, ისეთ მორევში ჩავყვინთოთ, საიდანაც ამოსვლას აღარ
მოვიწადინებთ და თუ მოვიწადინებთ, ვერ ამოვალთ. რომ ვიცოდე პასუხი, თავისთავად
ცხადია, ვიტყოდი კიდეც; ერთადერთი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცედ
შემიძლია განვაცხადო, ის გახლავთ, რომ მაქსიმალური კეთილსინდისიერებით გიამბობთ
იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით გავიგონე, ხოლო თუ ეს საკმარისი არ
აღმოჩნდება იმისათვის, რომ ხსენებულ კითხვას პასუხი გაეცეს, რას ვიზამთ - სჯობს ეს
ერთი კითხვა დავტოვოთ უპასუხოდ, ვიდრე მაგისტრალური გზიდან გადავუხვიოთ და
ჩიხებში და მოსახვევებში დავიკარგოთ.
ღამის ორი საათისთვის კოცონები ჩაიბჟუტა და მალე რიკოთს ძილქუში დააწვა. მანამ კი
ასე თუ ისე ღირსშესანიშნავი მხოლოდ ის მოხდა, რომ სამმა თმაგაშლილმა ქალმა
ჩამოიარა, თან ცელოფანის მოზრდილი პარკი მოჰქონდათ, რომელიც თითო ხელით
სამთავეს ეჭირა, და ხაზგასმულად გაბმული, ნახევრად საზეიმო, ნახევრად სამგლოვიარო
კილოთი მორიგეობით გვამცნობდნენ და გვაუწყებდნენ, გვირაბის გახსნას წინ არაფერი
უდგას, მაგრამ ყურუმსაღები გასამრჯელოს ითხოვენ და, ვისაც რამდენი შეგიძლიათ და
გემეტებათ, საერთო საქმისთვის გაიღეთო. რაკი თაღლითობა თითქმის შეუნიღბავი იყო,
ბევრი არაფერი გაგვიღია, თუმცა, რაც გავიღეთ, ქალები იმითაც კმაყოფილი დარჩნენ,
დაგვლოცეს, ჯვარი გადაგვწერეს და ხითხითით გაეშურნენ შემდეგი კოცონისაკენ.
კოცონები რომ ჩაქრა და ყველა სანახაობა დამთავრდა, მე და სალომე მანქანასთან
დავბრუნდით, რათა დაგვესვენა და ცოტა თვალიც მოგვეტყუებინა. ვიდრე სალომე უკანა
სავარძელზე მოეწყობოდა, მე გარეთ დავრჩი. ვიდექი მანქანასთან და გატრუნულ ღამეს
ვაყურადებდი. დიდხანს ვიდექი ასე თუ ცოტა ხანს, უეცრად ნაბიჯების ხმა შემომესმა. იმავ
წამს ქვემოდან მომავალი კაციც დავინახე, მაღალ-მაღალი, ხმელი, სათვალიანი და
თითქმის მთლიანად მელოტი, თუმც კი არც ისე ხნიერი - ასე ოცდათვრამეტი - ორმოცი
წლისა იქნებოდა. ამ გარეგნობას, რომელიც თავისთავად იმდენად ჩვეულებრივი,
შეიძლება ითქვას, უფერული იყო, რომ ხსენებადაც კი ალბათ არ ღირს, მოულოდნელად
და ძალზე ეფექტურად ასრულებდა (მე ვიტყოდი, ამთლიანებდა და ერთიან სტილში
აქცევდა) რბილი და დახვეწილი, ინტელექტუალური სახე, რომელიც მთვარის ესოდენ
მკრთალ შუქზეც კი თვალშისაცემი იყო. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ჩემი
ყურადღება ამ კაცმა მიიპყრო არა იმდენად გარეგნობით, რამდენადაც იმით, რომ
თავისთვის რაღაცას ლაპარაკობდა. სხვისი წერილების წაკითხვა, ვიცი, წესი არაა, მაგრამ
სხვისი მონოლოგების მოსმენა მგონი დიდი ცოდვა არ უნდა იყოს, და თუ ვცდები და დიდი
ცოდვაა, რა ვქნა, მე ეს ცოდვა ვერ ავირიდე. ხმა თავიდან ყრუდ და გაურკვევლად
ისმოდა, მაგრამ გვერდით რომ ჩამიარა - უნდა ითქვას, ისე ახლო ჩამიარა, კინაღამ მხარი
წამომდო - უკვე მკაფიოდ გავიგონე: - ნწუ, არა... შეუძლებელია... თითქმის... რატომ?..
აბსოლუტურად... რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო, სახლამდე რომ მივიდე? ათი წელი?
ოცი? ასი? მილიონი? ვერავინ იტყვის. თუ ჰორები ოდესმე მართლა არსებობდნენ, დიდი
ხანია აღარ არსებობენ, და თუ დროს ოდესმე მართლა ება კარი, დიდი ხანია აღარ აბია...
დიდი ხანია?.. არა. „ხანი“ არაკორექტული ცნებაა. დროს ხანი არა აქვს. დროს წლები და
მონაკვეთები არა აქვს. დროს ვერაფერს მოაჭრი. „დროის მონაკვეთი“ აბსურდია.
მომდევნო წამი არასოდეს დადგება. დროს არც დანაყოფები აქვს და არც საზღვარი. ის
კი, რასაც დანაყოფები და საზღვარი არა აქვს, დაუსრულებელია. ხოლო რაც
დაუსრულებელია, იმას ვერც რამეს დააკლებ და ვერც სადმე გაექცევი. მაშასადამე...
ამის შემდეგ სიტყვები ერთმანეთში აირივნენ, ხმა დაუნაწევრებელი და გაურკვეველი
გახდა და მალე მიწყდა კიდეც.
მე კაცს თვალი გავაყოლე. უკნიდანაც ინტელექტუალი ჩანდა. აღმართს აუყვა,
ოცდაათიოდე მეტრი გაიარა და მანქანებში და ღამეში ჩაიკარგა. მაშინ მეც მანქანაში
ჩავჯექი, ხელები საჭეზე დავაწყე და შუბლით ხელებს დავეყრდენი იმ იმედით, რომ თუ
თვალს ვერ მოვატყუებდი, თავი მაინც მომეტყუებინა, ვითომ თვალს ვატყუებდი. ირგვლივ
სიჩუმე იდგა. სიჩუმე დიდხანს ეძებდა ხვრელს ჩემს სხეულში და, რა იპოვა, შემოიპარა
კიდეც ნელ-ნელა და ფეხაკრეფით როგორც დესანტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა
ციხე შიგნიდან გაეღო და ძილის ლაშქარი უგრძნობლად შემოეყვანა. ასეც მოხდა. მე არ
გამიგია, რა დრო დასჭირდა ამ ოპერაციას. მხოლოდ მაშინ, როცა გამომეღვიძა, მივხვდი,
რომ ჩამძინებოდა. გამოღვიძებით კი გამომეღვიძა ერთბაშად. რაღაც უცხო და უცნაური,
აბსოლუტური დუმილის შეგრძნებამ გამომაღვიძა. შუბლით კვლავ საჭეზე დაწყობილ
ხელებს ვიყავი დაყრდნობილი და მკაფიოდ ვგრძნობდი, როგორ გამოდიოდა
დაგუბებული ძილი სხეულის გახსნილი პორებიდან. როცა სხეული სულ დაიცალა, თავი
ნელა, უნებური სიფრთხილით, ცოტა გაუბედავადაც კი, ავწიე და მაშინღა გავიცნობიერე ის
შემაშფოთებელი, აუხსნელი, ლამის არაამქვეყნიური დუმილი, რომელიც მე და ჩემს
მანქანას, რიკოთს, მთელს ამ ბნელ ღამეს და შესაძლოა მთელს ამ ბნელ ქვეყნიერებას
ირგვლივ გვერტყა. კაცმა რომ თქვას, ეს დუმილი არც იყო. რაღაც სხვა იყო. რაღაც ღრმა,
გაუვალი, მიზანდასახული და გასაიდუმლოებული; ალბათ უფრო უძრაობა, ვიდრე
დუმილი გატრუნული, გარინდებული, გადარაჯებული; ჩასაფრებული, მიყურადებული,
ჩახმახზე შეყენებული; დაძაბული, დამუხტული, გავარვარებული; უძრაობა, რომელიც
გონებაში ისეთ შემზარავ გამოთქმებს ბადებდა, როგორიცაა, ვთქვათ, „სამარის კარი“. მე
გაუნძრევლად ვიჯექი. იმის შიშით, რომ ჰაერის ტალღა არ აღმეძრა და გატენილი
დუმილი ჩემდაუნებურად არ ამეფეთქებინა, თავის მიტრიალებასაც ვერ ვბედავდი.
ერთხანს რომ ასე ვიყავი და არ ვიცოდი როდემდე მომიხდებოდა ასე ყოფნა, ბოლოს,
როგორც იქნა, თითქოს სამყარომ კლინიკურ სიკვდილს თავი დააღწიაო, ყურს რაღაც
შორეული, მსუბუქი ნიავივით ხმა მოწვდა. გახარებულმა სმენა გავიმახვილე. მალე
მივხვდი, რომ ეს სალომეს სუნთქვა იყო. ამან ერთბაშად დამამშვიდა, თუმცა განძრევას
ჯერ კიდევ ვერ ვბედავდი და მანამ ვიჯექი ასე გაქვავებული და ღამის ბინდს
მიშტერებული, სანამ სიბნელემ ფერი არ იცვალა. სიბნელე დიდხანს ჯიუტობდა, მაგრამ
ბოლოს მაინც გატყდა და ჩამუქებულ ღამეს მღვრიე ნისლისფერი შემოეპარა, რომელიც
აუჩქარებლად და მუყაითად მუშაობდა და თანდათან ფეხს იკიდებდა. ეს სურათი,
საფიქრებელია - და სარწმუნოდ საფიქრებელია - რიჟრაჟის დადგომის მეტს არაფერს
მოასწავებდა, მე კი მის დანახვაზე ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სადღაც სხვა
სამყაროში, ყოველ შემთხვევაში, სხვა პლანეტაზე მაინც, მოვხვდი, ხოლო მეორე წამს
მომაგონდა, რომ ამდაგვარი გრძნობა გუშინ დილითაც გამოვცადე, თუკი გუშინდელი
დილა მართლა გუშინ დილით იყო. ამ პარალელმა ერთბაშად გამიტაცა, ისე გამიტაცა,
რომ მალე ნაცნობსა და ნაჩვევ კალაპოტში აღმოვჩნდი და ყველა ამონაყოლ
სისულელეს ალბათ უკვე შედარებით იოლად ჩამოვიბერტყავდი, მოულოდნელად რომ
წინ, მაღლა, მოშორებით, ირაკლი არ დამენახა, რომელიც მღვრიე განთიადში თალხი
აჩრდილივით მოაბიჯებდა.
თუ სალომეს მშვიდი, თანაბარი სუნთქვა იმის მაუწყებელი იყო, რომ ღამის სიჩუმეს ნელ-
ნელა, ასე ვთქვათ, ევოლუციურად, აეხდებოდა ცრუ-იდუმალი პირბადე, ირაკლის
გამოჩენამ პირბადე იგი ნერვიულად დახია და ნაკუწები ორთავ ხელით ზურგსუკან
გადაყარა. ირაკლი თავჩაქინდრული მოაბიჯებდა და მომეჩვენა, თითქოს რაღაცით -
რითი არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვინც აქ რაიმე ქარაგმასა და ქვენა აზრს დაუწყებს
ძებნას, მწარედ მოტყუვდება - ეროვნულ დემოკრატს ჰგავდა. გაფითრებული იყო (ეგებ
ამაში ბრალი სნეულსა და ფერდაკარგულ მთვარეს მიუძღოდა), ნაბიჯი არეული ჰქონდა
(ეგებ მომავალი მიწისძვრის ნიშნები ამ დროს უკვე გამოჩნდა) და სახეზე გაუცხოებული
გამომეტყველება ედო (ეგებ არსებული წეს-წყობილების გამო), ცარიელი, განყენებული,
არაფრისმთქმელი გამომეტყველება. მთელი ქვეყნის გულთამხილავები, ექსტრასენსები,
მოგვები და პარაფსიქოლოგები რომ ერთ საერთო კონსილიუმზე შეკრებილიყვნენ, ამ
სახეზე ისეთს ვერაფერს იპოვნიდნენ, სიცოცხლის ნიშნად გამომდგარიყო. მართალია,
ირაკლი მოდიოდა და ერთი შეხედვით ეს უკვე კმაროდა სიცოცხლის საბუთად, მაგრამ ნუ
დაგვავიწყდება, რომ ზოგჯერ ქვაც მოდის, ზოგჯერ ღრუბელიც მოდის, ზოგჯერ
ღვარცოფიც მოდის... რაც უფრო ახლოვდებოდა ირაკლი და რაც უფრო იკვეთებოდა
მისი მოხდენილი ფიგურა მღვრიე რიბირაბოს ფონზე, მით უფრო იზრდებოდა ჩემი
შეშფოთება.
ბოლოს - თავის მანქანამდე თითქმის აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი - ვეღარ
მოვითმინე.
- სალომე, გძინავთ? - ვკითხე ხმადაბლა, იმ ანგარიშით, რომ თუ ეძინა, არ გაღვიძებოდა,
მაგრამ თუ არ ეძინა, გაეგონა.
- არა, - სავსებით ფხიზლად მიპასუხა სალომემ.
- ირაკლი მოდის, - ვუთხარი მაშინ.
- მარტო? - სალომეს ხმაში გაკვირვება და შეშფოთება შეერია. შეერია თუ არა
ცნობისმოყვარეობა, ვერ მივხვდი.
- მარტო, - მივუგე მე.
- გვანცა?
ამ ფუჭ კითხვაზე პასუხი, ბუნებრივია, არ მქონდა და ერთხანს ორივენი ჩუმად ვიყავით. მე
თვალმოუშორებლივ მივჩერებოდი ირაკლის. მერე ოდნავ მივატრიალე თავი, რომ
უკანაც მიმეხედა. სალომე გამართული იჯდა.
- შევეხმიანო? - ვიკითხე საკმაო დუმილის შემდეგ.
ეს კითხვა არსებითად საკუთარ თავს დავუსვი, ვინაიდან წესად არა მაქვს ჩემი
გადასაწყვეტი პრობლემები სხვას, მით უფრო, შემთხვევით დამგზავრებულ ქალს,
შევუთანხმო.
ჩემდა გასაკვირად სალომემ მაინც მიპასუხა და მიპასუხა მტკიცედ, გადაჭრით, მგონი
კატეგორიულადაც კი: - არა.
მეც „არას“ ვვარაუდობდი, სავსებით ვიზიარებდი რა ჯანსაღ დებულებას, რომლის
თანახმადაც, თუ ვითარება საორჭოფოა და არ იცი, ჩარევა სჯობს თუ ჩაურევლობა,
იცოდე, ჩაურევლობა სჯობს. ამიტომ გასაკვირი ის კი არ იყო, რომ ახლა ეს „ არა“
საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ურყევი გადაწყვეტილება, არამედ ის, რომ ამ
გადაწყვეტილების მიღებაში - ეს იმდენად ცხადი იყო, გუნებაში მხრებიც კი ავიჩეჩე -
სალომემ გვარიანი წვლილი შეიტანა...
ირაკლის მიტკლის ფერი ედო. ამის შემჩნევა ახლა ძნელი აღარ იყო, ვინაიდან განთიადს
ძალაცა და სინათლეც უკვე საკმაოდ ჰქონდა მოკრებილი. ირაკლიმ მანქანის კარი
გამოაღო, ჩაჯდა და ისევ მიხურა.
მაშინ მე ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან, თავი ისე დავიჭირე, თითქოს ალიონის
ფერთა თამაშით ვიყავი მონუსხული და შენი ირაკლი სრულებით არ მაინტერესებდა და
ნელი ნაბიჯით ავიარე და ჩამოვიარე. ირაკლის ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ მე,
ხელები საჭეზე ეწყო, ოღონდ ჩემგან განსხვავებით ამ ხელებს ნიკაპით ეყრდნობოდა და
არა შუბლით, და თვალგაშტერებული წინ, ზემოთ იყურებოდა. სახე ახლაც უტყვი და
უსიცოცხლო ჰქონდა და ამ უტყვსა და უსიცოცხლო სახეზე - ვისთვისაც მიტკლის შედაrება
გაუგებარი დარჩა, იმათ რომ ეს აზრი კიდევ უფრო გაუგებარი საშუალებით გავაგებინო -
ფერი არ ედო.
ირაკლის ჩემი ჯაშუშური საქმიანობა არ შეუმჩნევია და მალე მე უკან დავბრუნდი.
სალომეს მოგზაურობის შედეგები არ უკითხავს. მეც არაფერი მითქვამს. სამაგიეროდ
მცირე დუმილის შემდეგ სხვა რამ ვუთხარი: - სალომე!
- დიახ.
- აქედან თუ ოდესმე გავაღწიეთ და ერთ მშვენიერ დღეს სანაკლიოში მოვხვდით,
გამიგებთ იმ კაცის ვინაობას და ასავალ-დასავალს?
- არ ვიცი. მამიდების გამოტეხა, აკი გითხარით ძნელი არ არის. მაგრამ თუ შევატყე, რომ
განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი საიდუმლო ჰგონიათ, ვერ დავაძალებ, მიუხედავად
იმისა, რომ ამდენი ამაგი დამდეთ.
- რა გაეწყობა, იმედს დავჯერდები. მით უმეტეს, რომ უკვე ოთხი საათი ხდება და უნდა
ვიჩქარო.
- მართლა აპირებთ წასვლას?
- ამბავს ჩავიტან სანაკლიოში. თან ამაგსაც გავამრავლებ.
- რად გინდათ?
- არაფრად, მაგრამ ამაგი, ხომ იცით მათრობელაა. ადამიანი კი ლოთია: რაც უფრო მეტს
ჩაიდენს, მით უფრო თვრება, და რაც უფრო თვრება, მით უფრო მეტი უნდა ჩაიდინოს.
- იწვიმებს - თქვა სალომემ.
მე გაკვირვებით მივხედე და, მივხედე თუ არა, გაისმა კიდეც ის საშინელი ხმა. ჯერ მანქანის
ღმუილი გავიგონეთ - ისეთი, რომ იფიქრებდით, მთელი რიკოთი გაზის პედალს დააწვაო.
ღმუილს ჭახანი მოჰყვა, რომელშიაც ყველაზე გამოუცდელი და უმეცარი ყურიც კი
ამოიცნობდა დაჯახების ხმას. ამის შემდეგ კვლავ ღმუილი, კიდევ ერთი - არანაკლები
ძალის - დაჯახება, ისევ ღმუილი - ცოტა უფრო ხანგრძლივი, მერე შედარებით გაუგებარი
ხმაური, ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად რომ ვერ განსაზღვრავ, ისეთი, და ბოლოს
ხალხის სასოწარკვეთილი კივილი.
მე ამ დროს უკვე მანქანებს შორის მივიკვლევდი გზას. პირველ ღმუილზე არა, მაგრამ
პირველი ჯახანის შემდეგ კი სწრაფად მივაძახე სალომეს, რაღაც ამბავია-მეთქი,
მანქანიდან გადმოვხტი და ახლა, როცა ყურისწამღები - და ეტყობა საფინალო - კივილი
გაისმა, სულ ახლო ვიყავი შემთხვევის ადგილთან, სადაც უკვე ბლომად ხალხი ირეოდა
და ორი შელანძღული მანქანა იდგა - ერთს თავი ჰქონდა შელანძღული, მეორეს ბოლო -
ხოლო მათ შორის დარჩენილი იყო მესამე მანქანის ადგილი. ადგილი, მაგრამ არა
თვითონ მანქანა. მანქანა უკვე ხევში ეგდო. დაზიანებულ მანქანებს შუა ბერიკაცი ვინმე
მიმორბოდა, ხელებს უაზროდ და ენერგიულად იქნევდა და უბილწესი სიტყვებით
იგინებოდა. რამდენიმე კაცი უკვე დაშვებულიყო ციცაბო ფერდობზე. მეც დავეშვი.
მარჯვედ მივქროდი და მალე დავეწიე კიდეც მოწინავეთ. ასე რომ ხევში ყველანი
ერთდროულად ჩავცვივდით. აქედან რომ ჩვენ მივადექით დალეწილ მანქანას, იქიდან
ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი მოადგა, რომელთაც შავი
პერანგები ეცვათ, შავი სათვალეები ეკეთათ და შუბლები შავი დოლბანდებით ჰქონდათ
გაკრული. ბიჭებმა დაგვასწრეს, ხევი გადმოირბინეს, მანქანას წინ გადაუდგნენ და გზა
გადაგვიღობეს, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ცხადად დავინახეთ დაღუპული, რომელიც
მანქანიდან ადრევე გადმოვარდნილიყო და ამიტომ ისე დასახიჩრებული არ იყო,
როგორც მოველოდით. სათვალე აღარ ეკეთა - ეტყობა გზაში მოძრობოდა - მაგრამ მე
სათვალის გარეშეც ვიცანი ხმელი ინტელექტუალი, რომელიც სიცოცხლეში, ყოველ
შემთხვევაში, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, იმ აზრს ადგა, რომ დრო ერთია,
განუყოფელი და აბსოლუტური და რომელმაც ვინ იცის, იქნებ იმიტომ მოისხიპა ეს თავისი
განაწამები აზრები ესოდენ დაუნდობლად, რომ ამ ცოდვილ, ფარისეველ და ხარბ
ქვეყანაზე ფიქრთა გამზიარებელი ვერავინ ჰპოვა.
- მიბრძანდით უკან, - გვითხრა ერთმა ავტომატიანმა, რომელიც სხვებზე წინ იდგა, -
აქაურობას ჩვენ მივხედავთ.
მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი - რა ვუყოთ, რომ ცოტა დაგვიანებული -
გვაწუხებდა და გვინდოდა მოგვეხადა.
- იქნებ ცოცხალია, - სცადა ერთმა ჩვენგანმა საზოგადოებრიობის ინტერესების დაცვა.
- მკვდარია, - თქვა იმავე ავტომატიანმა. შესაძლოა უფროსი იყო, - და თუ ცოცხალია,
მაინც ჩვენ მივხედავთ. ექიმებიც გვყავს და ყველაფერი. მიბრძანდით.
- თქვენ შონიას ხალხი ხართ? - ვკითხე მე უტაქტოდ.
მან მუქარით შემომხედა. პასუხი არ გაუცია.
- წახვალთ თუ არა?! - მკაცრად თქვა მაშინ სხვამ და თვალები დაგვიბრიალა. შესაძლოა
ეს კიდევ უფრო უფროსი იყო.
ჩვენ მაინც არ წავედით. ამიტომ იმან - მეორემ - ერთი უმისამართოდ და ამაოების
გამომხატველი კილოთი შეიგინა, მერე ავტომატი შემართა და ჰაერში მოკლე ჯერი
მიუშვა.
დღეს, როდესაც მთელი საწყობი ტყვია-წამალი უნდა დაგიცალონ ცხვირთან, რომ
ნახევარი ნაბიჯი მაინც გადაგადგმევინონ უკან, შესაძლოა ჩვენი მოქმედება სამარცხვინო
მოგეჩვენოთ, მეტიც, ზოგიერთმა, ვინც მოჭარბებულად სულსწრაფია და შედეგი მიზეზზე
წინ მიურბის, იქნებ სიმხდალეც დაგვწამოს. სინამდვილეში, მერწმუნეთ, ადამიანის
მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვევაა. დღეს, ალბათ, ის ხალხი, როგორც ყველა სხვა
ნორმალური ადამიანი, ავტომატის კაკანს ისეთსავე ყურადღებას აქცევს, როგორც კატის
კნავილს, ბუზის ბზუილსა და ტანკის გრუხუნს, მაგრამ მაშინ ავტომატის ჯერი ახალი ხილი
იყო და ჩვენი რეაქციაც მოულოდნელი შეკრთომით უნდა აიხსნას და არა სიმხდალით.
ცხადია, მხდალს ყველგან შეხვდებით და ჩვენს შორისაც ერივნენ. ეს გამოჩნდა კიდეც.
ოღონდ - და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი - გამოჩნდა არა რეაქციით, არამედ
რეაქციის ინტენსივობით. მართლაც, ერთი-ორი კაცი ისეთი სისწრაფით გაიქცა ამ
დაკიდებულ აღმართში, რომ სხვა, ჩვეულებრივ, ფსიქოლოგიურად ნორმალურ
ვითარებაში ამის მეათედიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა.
მაგრამ მივუბრუნდეთ სათქმელს: ავტომატის ჯერმა მყისვე გვაიძულა მორჩილების
ვაგლახად აწურული ღმერთი გვეწამა და უკან დავბრუნებულიყავით, რაც, თუ
ზემოხსენებულ მცირერიცხოვან გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში,
გაცილებით უფრო მძიმე და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ხევში ჩასვლა.
ის იყო ავათავე ფერდობი და ჩემი მანქანისკენ დავეშვი, რომ უეცრად ვიღაცამ გზა
გადამიღობა. მე უკმაყოფილოდ ავიხედე და ის ნახევრადნაცნობი ბრძენკაცი შემრჩა
ხელთ, რომელიც შონიასა და გარსის იგივეობის დამტკიცებას კანის, ტყავისა და ქერქის
მეშვეობით ცდილობდა.
ბრძენკაცს მაღალფარდოვანი გამომეტყველება ჰქონდა.
- არა! - მითხრა მტკიცედ, გადამიდგა თუ არა წინ.
- რატომ? - მიამიტად ვკითხე მე.
- შეცდომა იქნა დაშვებული. ორთავ მხრიდან. თქვენგნითაც და ჩემგნითაც. არა სალტე. და
არა გარსი. რაღაც სხვა. რაღაც ისეთი, რისი დიაპაზონიც უფრო ვრცელია, ვიდრე
ნებისმიერი სულიერისა და ნებისმიერი უსულოსი, რადგან ნებისმიერ სულიერზე მაღლაც
ადის და ნებისმიერ უსულოზე დაბლაც ეშვება. ხოლო თავად არც უსულოა, არც სულიერი.
რა არის ისეთი - მეორეხარისხოვან ნიშნებს რომ მოვეშვათ - რაც არც სულიერია და არც
უსულო?
- კერძოდ?
- ფალოსი!
- ფალოსი... თქვენ ამტკიცებთ, რომ ფალოსი ვართ?.. ასე ერთობლივ...
- ჩვენ არა გვაქვს მწყობრი ცნობიერება და თეორიული საყრდენი. ჩვენ გვაქვს ფეთქებადი
ენერგია და სტიქიური მგრძნობელობა. ჩვენი მოქმედება იმპულსური და შემოქმედებითია.
ამაზე მეტს რა საბუთს ითხოვთ?
- მოთხოვნით არაფერს... და აქ რაღას ვდგავართ იმასავით?..
- დაჰკრავს ჟამი და შევალთ, საცა ჯერ არს.
- თქვენ ვარაუდობთ, რომ მითი წიფის მთის განაყოფიერებისა... მაგრამ წიაღში თუ
ჯოჯოხეთია?..
- ტვინს ძალას ნუ დაატანთ. არ უხდება. აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ მალე მიწა
იძვრის, მაინც არა გვაქვს, მაგრამ თუ იძრა, ნიშანი კიდევ უფრო ძნელი ამოსაცნობი იქნება.
იფიქრეთ. ტვინს ნუ იჭყლეტთ, მაგრამ თავსაც მოდუნების ნებას ნუ მისცემთ. ადამიანი
ზომიერი აზროვნებისთვისაა გაჩენილი, გინდ ცოგიტო თქვი, გინდ ცოგიტარე. გარდა
ამისა გახსოვდეთ: ჭეშმარიტება სუბიექტურია და არა ობიექტური, მრავალია და არა
ერთი, და რაც მთავარია, ლოგიკით არ მიიღწევა. ლოგიკით ისევე არ მიიღწევა,
როგორც... ამ დროს ხალხში ნაცნობი შენიშნა და გასძახა, - ერეკლე! - მერე, ერეკლემ
რომ მოიხედა, კიდევ გასძახა, - დამიცადე! - და ისევ მე მომიბრუნდა, - კარგი შედარება
უნდა მეთქვა, მაგრამ მეჩქარება. კიდევ რომ შეგხვდებით, მაშინ გეტყვით. იფიქრეთ
ფალოსობაზე! - ამ სიტყვებით გატრიალდა, ერეკლეს მკლავი მკლავში გამოსდო და
მალე ორივე თვალს მიეფარა.
სალომე მანქანიდან გადმოსულიყო და გარეთ მელოდა.
- რა მოხდა? - მკითხა, დამინახა თუ არა.
- კაცი გადაიჩეხა.
- რას ამბობთ! მანქანით?
- მანქანით.
- როგორ მოუვიდა?
- არ მოსვლია. შეგნებულად ჩაიდინა.
- თავისი ნებით გადავარდა?
- თავისი ნებით.
- გადარჩა?
- დაიღუპა... იმ კაცმა ცოტა ხნის წინ აქ ჩამოიარა, ჩვენს მანქანასთან. თავის თავს
ელაპარაკებოდა. მე გარეთ ვიდექი - თქვენ დასაძინებლად ეწყობოდით - და ყური
მივუგდე. უიმედოდ იყო. დრომ შეაშინა. ჯერ შეაშინა, მერე შეშინებულს დააწვა და გასრისა.
ვერსაიდან დროს გვერდი ვერ აუქცია. ვერსად დანაყოფი და ხვრელი ვერ უპოვა.
ვერაფრით ვერ წარმოიდგინა, რომ შეიძლება დროის რამე ისეთი ნაწილიც არსებობდეს,
კაცს ხელის ჩასაკიდად გამოადგეს.
- თვითონ თქვა?
- თვითონ... ისე, დროის მიზიდულობა რომ განუზომელია, უმისოდაც ცნობილია.
განუზომელია და ისეთი საშინელი, როგორც ათასი შავი ხვრელი და ათი ათასი თეთრი
ჯუჯა. შეიძლება არსებობა არც არაფერია დროის მეტი. ერთიანი დრო სიკვდილია,
დანაწევრებული დრო - სიცოცხლე. ადამიანი უმწეოა მის წინაშე, მაგრამ იგი ვიღაცას
უხილავი თოკით უჭირავს ჩვენს თავზე. საკმარისია, თოკი ცოტათი მოუშვან, რომ დრო და
სამყარო შეერთდნენ და მათ შუა, სადაც ჩვენი სამყოფელია, ფარსისა და ვოდევილის
შუალედი ფინალი გათამაშდეს... წეღან ვიღაცამ თქვა - და, ვინ იცის, მართალიცაა -
თითქოს „სინამდვილე“ სხვა არაფერია, თუ არა მანძილი ჭეშმარიტებათა პოლუსებს
შორის, და რაკი ცვალებადია, განსაზღვრა არ უხერხდება... ის კაცი ინტელექტუალი იყო.
უკნიდანაც შეეტყო, რომ ინტელექტუალი იყო. რატომ დაკარგა დროის ნაწილებად
შეგრძნების უნარი, არ ვიცი. ფაქტია, რომ დაკარგა და მთლიანი დროის მიზიდულობას
თავი ვეღარ დააღწია. ერთი დაპირება კი დავაპირე, გამოველაპარაკები-მეთქი, მაგრამ
მაშინვე გადავიფიქრე. ადამიანი ხომ ბუნებით ფარისეველია! სიკეთეს გულში უეჭველად
გაივლებს, როგორც დამცავ თეორიას, მაგრამ ჩადენით არ ჩაიდენს... აგერ, ირაკლი
გაფითრებული ზის თავის მანქანაში, გვანცა კი, ღმერთმა იცის, რა იქნა...
- იქნებ ფარისევლობაში არ არის საქმე - მშვიდად თქვა სალომემ და წამით მომეჩვენა,
თითქოს მისი სიმშვიდე უცხო სავარძელში იჯდა, - ამოიყვანეთ?
- ვერა. შონიას ხალხმა არ დაგვანება. ყველანი უცერემონიოდ გამოგვყარეს და ცხედარი
თვითონ დაიტოვეს. რად უნდათ, არ ვიცი.- აქ სალომე გამომცდელად დამაცქერდა და მე
დავძინე, - ჯანდაბას. რაც მიუწვდომელია, იმას დარდი არც შვენის და არც შველის.
გავემზადები ბარემ და წავალ, უკვე გათენდა.
- საცაა თავსხმა დაიწყება. ხედავთ, ცა როგორ მოიქუფრა!
მე შესამოწმებლად ცას ავხედე და, შუბლზე, ცხვირზე და მარცხენა თვალის უპეში რომ
წვეთები დამეცა, ვთქვი: - დაიწყო კიდეც.
სალომემ ხელი წინ გაიშვირა და დამიდასტურა: - დაიწყო.
და მართლაც დაიწყო. ღრუბლები ვეება დირიჟაბლებივით დაეშვნენ ძირს და მიწა ცივმა
ნისლმა დაფარა. ისე ჩამობნელდა, კაცი ჰორიზონტს ხელით მიწვდებოდი. მერე თქეში
წამოვიდა. ცა გაიხსნა და, რაც კი რამ ეგროვებინა, ერთიანად გადმოუშვა. მე და სალომემ
მანქანას შევაფარეთ თავი. ორივენი წინ დავსხედით. წვიმა უმატებდა და უმატებდა.
სიზუსტეს თუ გამოვეკიდებით, იმას, რაც ახლა ციდან მოდიოდა, ჩქერი ან აღმატებითი
ხარისხის გამომხატველი სხვა რამ სახელი უფრო შეეფერებოდა, ვიდრე წვიმა. ტრასაზე
პატარ-პატარა ღვარები აქაფებულ მდინარედ შეერთდნენ. წყალმა ხმელეთი დაფარა და
მე წამით ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს რიკოთი ზღვის ფსკერად იქცა, ჩვენ კი, აქ
დაბინავებული მგზავრები - წყლის ბინადრებად. ირგვლივ მონოტონური, მაგრამ
გამაყრუებელი ხმაური იდგა. მე რომ ნოე ვყოფილიყავი და უფლისგან რაიმე შესაბამისი
შეტყობინება მქონოდა, წამით არ დავეჭვდებოდი, რომ წარღვნა დაიწყო. მიუხედავად
ამისა, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდნილვარ და ჯერ კიდევ მხნედ ვფიქრობდი, მანქანას
ვერ აატივტივებს-მეთქი.
წვიმა კი უშენდა და უშენდა. ვიღაც, ვისაც უფლებაცა აქვს ამისა და შესაძლებლობაც,
გამოცდას გვიწყობდა, აინტერესებდა, რამდენ ხანს გავძლებდით, როდის
წარგვეკვეთებოდა სასო, როდის გაგვიწყდებოდა მოთმინების ძაფი და როდის
მოგვიღებდა ბოლოს შიში. დიდხანს გვაწვალა, როგორც ონავარი ბავშვი აწვალებს
ჭიაყელას, რომელიც სოროში შეძრომას ლამობს და მხოლოდ მაშინ, როცა გამძლეობის
ზღვარს მივაღწიეთ და შესაძლებლობის პიკზე ავედით, საიდანაც შეურაცხადობის
უფსკრული გამოჩნდა, დაგვინდო და თავი დაგვანება. ჯოჯოხეთური ხმაური თანდათან
მიწყდა. ჯერ კიდევ წვიმდა, მაგრამ ეს ახლა მხოლოდ წვიმა იყო და გლობალური
კატასტროფის ავი მუქარა აღარ ახლდა.
კიდევ ცოტა ხანი და საბოლოოდ გადაიღო; მერე ნისლიც აიკრიფა, ნიაღვრებიც ჩაიწურა
და რიკოთს სინათლე მოეფინა. მართალია სინათლე ცოტა უცნაური იყო - მეტისმეტად
წითელი და მეტისმეტად მატერიალური - მაგრამ მე ეს დაღლილ ფსიქიკას მივაწერე,
ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია, მით უფრო, რომ ამაზე არც სალომეს უთქვამს რამე.
ამ დროს გუგუნი გაისმა.
- დაიქუხა? - იკითხა სალომემ.
- არა მგონია, - ვუპასუხე მე, - ყოველ შემთხვევაში, თუ დაიქუხა, მიწამ დაიქუხა და არა ცამ.
სალომემ ერთი გაკვირვებით შემომხედა. იმავ წამს ისევ გაისმა გუგუნი და სალომემ
კვლავ შემომხედა გაკვირვებით, ოღონდ მისი გაკვირვება ახლა, ჩანდა, იმით იყო
გამოწვეული, რომ ჩემი ვარაუდი სწორი გამოდგა.
- მიწა იძრა, - ვუთხარი მე.
სალომემ თავი დამიქნია და მესამედაც გაისმა გუგუნი. ამჯერად კიდევ უფრო
ხანგრძლივი. ჩვენ გაუნძრევლად ვიჯექით ახალი ბიძგის მოლოდინში, მაგრამ მეტი აღარ
გამეორებულა.
- მორჩა, - თქვა სალომემ.
- ტრასას ნაპრალი გაუჩნდა.
- სად?
- აგერ, - ვაჩვენე ხელით, - სიგრძივ გასდევს.
შესაძლოა ნაპრალი არც იყო, ბზარი იყო, მაგრამ იმოდენა კი იყო, ბზარი რომ გეთქვა,
გულს მიგაკლდებოდა, რატომ ნაპრალი არ ვთქვიო.
მე ბზარსა და ნაპრალზე ფიქრს განვაგრძობდი, ხოლო რიკოთს წითელი შუქი წითელ
მანტიასავით ესხა... უცებ სალომემ თქვა: - მგონი დავიძარით.
მე ჯერ სალომეს შევხედე, მერე მანქანებს დავაკვირდი, მანქანები თავთავიანთ ადგილას
იდგნენ, მაგრამ მალე სმენას ჩართული ძრავების შორეული თუხთუხი მოწვდა. მაშინ
მანქანიდან გადავედი. მართლაც, ზემოდან, საცა მზერა ვერ აღწევდა, აშკარად ისმოდა
ძრავების ხმა.
სალომეც გადმოვიდა.
- რა წითელი დილაა! - თქვა და ცას ახედა.
- წითელი, გაუგებარი და მრავლისმეტყველი... და მგონი მართლა გაიხსნა გზა.
- კარგია, ფეხით წასვლა აღარ დაგჭირდებათ...მართლა როგორ დაბზარულა ტრასა!..
ნეტა ის კაცი თუ წაიყვანეს?..
მე რაღაცამ გამაკვირვა, მაგრამ თავი ძრავების ხმაურით მქონდა სავსე და უცბად ვერ
მივხვდი, რომ ჩემი უნებური გაკვირვების მიზეზი სალომეს მოულოდნელი
სიტყვამრავლობა იყო.
- წაიყვანდნენ. შონიას ყორნები ნეშტს ვის დაანებებენ!.. შეხედეთ, შეხედეთ!
- რა მოხდა?
- ხედავთ, ზემოთ, ბოლოში რაღაც მოძრაობს?
- მანქანები არ უნდა იყოს.
- არა; ჩვენკენ მოიწევს.
ერთხანს ორივენი მდუმარედ შევცქეროდით. მერე სალომემ გაკვირვებით თქვა: -
თითქოს ცხენოსნებია...
- კი. რაც უნდა საოცარი იყოს, ცხენოსანთა რაზმია... ნუთუ ამის გამო ვიდექით ამდენ ხანს...
- თქვენ ფიქრობთ, რომ გვირაბით მოდიან? - გაუკვირდა სალომეს.
- სხვა გზა მანდ არ არის.
ცხენოსნები მანქანებს შორის ნელა მოიკვლევდნენ გზას. რომელ მანქანასაც
გამოსცდებოდნენ, ის მანქანა მყისვე იქოქებოდა და მოძრაობას იწყებდა. ოცდაათი-
ოცდათხუთმეტი კაცი იქნებოდა. ახლო რომ მოვიდნენ და ყურადღებით დავაკვირდი,
კიდევ მეტად დავიბენი. თან მწყემსებს ჰგავდნენ, თან მეომრებს, თან ტურისტებს, თან
სამეცნიერო ექსპედიციას. და ყოველივე ამას თითქოს რაღაც ერთი და იმავე ნიშნით
ჰგავდნენ.
- მგონი ჯაჭვის პერანგები აცვიათ... - ჩავილაპარაკე მე.
- მართლა ჰგავს, - დამემოწმა სალომე.
- ჰგავს კი არა, ჯაჭვის პერანგებია.
- იქნებ თეატრონია... რამე სახალხო სანახაობა...
- შეიძლება.
ამასობაში მხედრები სულ ახლო მოვიდნენ და მე და სალომემ მანქანას მივაშურეთ, რათა
რიტმი არ დაგვერღვია და, როგორც კი ჩაგვივლიდნენ, დავძრულიყავით.
რაზმი ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მოიკვლევდა გზას მრავალრიგად ჩაწყობილ
მანქანებს შორის, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჩვენ
დაბრკოლების კედელი ვიყავით, რომელშიაც მხედრები დაუბრკოლებლად გადიოდნენ.
მე მანქანიდან ვაკვირდებოდი და ვცდილობდი დამედგინა, ჯაჭვის პერანგები და სხვა
რეკვიზიტი ნამდვილი იყო თუ ბუტაფორული. რაზმი რომ გაგვისწორდა, კინაღამ მართლა
დავადგინე: ერთი მაღალი, წაბლისფერი ულაყი ისე ახლო მოვიდა, ვიფიქრე, ჩემი
დაინტერესება იგრძნო და დახმარება გადაწყვიტა-მეთქი. სამწუხაროდ, ეს ვარაუდი
მცდარი გამოდგა. წაბლისფერი ულაყი, რომელსაც თურმე სულ სხვა განზრახვა ჰქონდა,
ჩემი მანქანის ბოლოში წამით შედგა, ერთი ხმამაღლა და, თუ სმენა არ მღალატობს,
გამაფრთხილებლად დაიფრუტუნა, მერე ფუშფუშა კუდი ასწია და საბარგულს ურცხვად და
შავად დააფუნა.
ულაყის უზნეო საქციელი სალომეს არ შეუმჩნევია. მე კი, რახან არ ვიცოდი, ეს კარგი
ნიშანი იყო თუ ცუდი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და, როგორც შეურაცხყოფილი
კაცის წესია, სხვა მანქანები მოვათვალიერე იმ იმედით, რომ ბედის მოზიარეებს ვიპოვიდი.
მართლაც, ჩემდა სასიხარულოდ, რამდენიმე სხვა მანქანასაც ედო იგივე ნიშანი. უკანაც
მინდოდა შემემოწმებინა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი: ამასობაში ყველა ცხენოსანი გაგვცდა
და, მოძრაობა რომ არ შემეფერხებინა, მანქანა დავძარი.
წინ ნელა მიღოღავდა ირაკლის მანქანა და მე ირაკლის კეფას მივჩერებოდი. ერთხანს
ვუყურე და მერე ჩემთვის ვიკითხე: - ნეტა გვანცა რა უყო?
მალე გვირაბიც გამოჩნდა.
ირაკლი, ეჭვი არაა, კვლავაც წინ მიგვიძღოდა, მაგრამ მე ახლა გვირაბს ვიყავი
მიჩერებული და ირაკლის ვეღარ ვამჩნევდი.
რაც უფრო მივიწევდით ზემოთ, მით უფრო ცხადი და ცხადი ხდებოდა, რომ გველეშაპი,
ქვესკნელი და მრავალი სხვა საკვირველი შედარება, რომლებიც უხვად აღმოცენდა
ატმოსფეროს ამ დაძაბულ და გავარვარებულ ფენაში, მხატვრულ განზომილებას
განეკუთვნებოდა და არა რეალურს. გვირაბი ჩვეულებრივი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც
არაერთხელ მინახავს.
და როდესაც ბოლოს და ბოლოს ამ ჩვეულებრივ გვირაბს მივაღწიეთ და მაღალ
შესასვლელში ღრმა სიბნელე გამოჩნდა, ჩვენ იმ სიბნელეში...
მაგრამ თქვენის ნებართვით აქ ოდნავ წინ გადავხტები, რათა შესავალი ბარემ
მოვასრულო და უდროო დროს უკან მობრუნება აღარ მომიხდეს, და იმასაც გიამბობთ,
რაც რომ სანაკლიოს შესახებ უახლოესი წარსულის ფორმით უნდა ითქვას.

თავი მესამე. კვარცხლბეკი


დიად დამთხვევათა და უცხო კვანძთა ელვისფერ ფონზე (ამ დამთხვევათა და კვანძთა
შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ) ჰორიზონტის ხაზთან უკვე
გამოჩნდა პრ. დიდებულიძის გრანდიოზული (თუმც შესაძლოა ცოტა ამორფული) ფიგურა,
რომელიც სულიერ ძალთა უკიდურესი დაძაბვითა და ღვთაებრივი ინსპირაციის მეოხებით
უკანასკნელ წამს მაინც შექმნა ჩემმა ამოუხსნელმა სანაკლიომ, მაგრამ, როგორც
დავთქვით, ვიდრე თქვენს ყურადღებას მთლიანად და განუყოფლივ მივმართავ მისკენ,
მოვლენებს ოდნავ გავუსწრებ და ჯერ იმას ვეცდები, ჟამსა და ჟამიანობას გადარჩენილი
ნაწილები შევაგროვო და შეძლებისდაგვარად ის გარემო აღვადგინო, სადაც სიკვდილის
პირას მისულ ამ დევგმირს ეგზომ მოულოდნელად და სასწაულებრივად სიცოცხლის
სული კიდევ ერთხელ მოეფინა.
აკადემიური სიზუსტით თუ ვილაპარაკებთ, სასწაული არის არა რაღაც აბსოლუტური
შეუსაბამობა, არამედ ქრონოლოგიური ცთომილება, რომელიც, საკმარისია გლობალური
დროის ფონზე განვიხილოთ, მყისვე დაკარგავს იდუმალების შარავანდედს და
მორჩილად ჩაჯდება საგანთა ბუნებაში. ზემოაღნიშნულ სასწაულსაც უჩინარი ფესვი ეჭვი
არაა მიზეზშედეგობრიობის რომელიმე ლოგიკურ სეგმენტში უდგას. ამ სეგმენტს -
ღმერთი დიდია და მწყალობელი - ადრე თუ გვიან აუცილებლად მივაგნებთ, მანამდე კი
მინდა გაცნობოთ, რომ, როცა სანაკლიოში რამე მნიშვნელოვანი ხდება, მოვლენათა
შუაგულში ყოველთვის და უსათუოდ დგას ჩემი მრავალჭირნახული ბიძა. ოღონდ
გაფრთხილებთ, შაბლონის ბანალურმა ღმერთმა არ გაცთუნოთ და არ იფიქროთ,
თითქოს რაკი შუაგულშია, მთავარი გმირიცაა. არა, ბატონებო, ბიძაჩემის ზეგარდმო
პატივმოყვარეობა ასე არ დაეცემა. მთავარი გმირები სხვები არიან. ბიძაჩემის მისია
გაცილებით რთული და საპატიოა. ბიძაჩემი - არ შევუშინდები პათეტიკას - სანაკლიელი
მთავარი გმირების გზის მანათობელი ვარსკვლავია და ამიტომაც ვალდებულია
გამუდმებით ცენტრში იმყოფებოდეს, სადაც თავს იყრის ყველა უხილავი ძაფი,
რომლებშიც არსებობის ფარული და ჭეშმარიტი მიზნებია კოდირებული. ბიძაჩემი ამ
ძაფებს ხან გადააბამს, ხან გახსნის, ხან მსხვილ კვანძად შეკრავს, ხან წვრილ კვანძად
შეკრავს, ხან პარალელურად შეაერთებს, ხან ჯვარედინად შეაერთებს, და რაც მთავარია,
მთელ მის საქმიანობას ამ დროს წარმართავს არა რაიმე მიზანდასახულობა, არამედ
დემონის ხუშტური; აქედან გამომდინარე, აღვირი, რომლითაც ამა თუ იმ მთავარი გმირის
მოქმედება რეგულირდება, ბიძაჩემის ქვეცნობიერ კვინტენსენციას უპყრია ხელთ. ხოლო
რაკი ამგვარი, იდუმალ ჯურღმულებში დაგეგმილი და დამწყალობნებული საქციელი
ძნელად ეგუება ხილული სიცოცხლის წაღმართ კანონებს, ბიძაჩემიც, როგორც წესი,
ჟამიდან ჟამზე უცხო რამ ხათაბალაში ჩადგამს ხოლმე ფეხს.
ვისაც „ბიძაჩემი იონა“ წაუკითხავს, ეცოდინება, რა ძნელია იონა კამკამიძე იყო და
სანაკლიელთა შორის ცხოვრობდე. ხატოვნად რომ ვთქვათ (ან კი სხვანაირად როგორ
უნდა ვთქვათ!), ეს იგივეა, თივის ზვინს ღამე ცეცხლში გაათევინო. ბიძაჩემი, ჩემი ურჩი და
უტეხი ბიძა, მთელი სიცოცხლე ცეცხლში დგას და რაღაც მანქანებით იგერიებს ცეცხლს,
რითაც შიშველ აბსტრაქციას გრძნობად შარვალს აცმევს და ისეთ შეუთავსებადსა და
თითქმის დაუჯერებელ სიტყვათშეხამებას, როგორიცაა „ცეცხლგამძლე თივა“, რეალურ
შინაარსს ანიჭებს.
ბიძაჩემი ცეცხლგამძლე თივაა.
ბიძაჩემი იმთავითვე მაღალხარისხოვანი თივა იყო, მერე, ჟამთა მღვრიე დინებაში და
გარემოებათა უღირს ბრუნვაში ისე გამოიკვერა, სულ მთლად სუპერთივა გახდა, რაც
მშობელ ქალაქს აკი ნათლად დაუმტკიცა, როცა თავისუფლების მძვინვარე ხანძრიდანაც
კი, სადაც ბედის უკუღმართობის გამო მოხვდა, პრაქტიკულად უვნებელი გამოვიდა.
...თავისუფლება სანაკლიოში გამთენიის ხანს გამოჩნდა, როცა ირგვლივ ყველასა და
ყველაფერს გულის ძილით ეძინა. ეძინა სახლებს, ეძინა ქუჩებს, ეძინა ხალხს, თვით
ნაკლისწყალიც კი წამით გაჩერებულიყო, ჭუჭყიანი თავი სიპ ქვაზე მიედო და ხანმოკლე
ძილს მისცემოდა.
თავისუფლება, მოგეხსენებათ (ზოგს შეიძლება არც მოეხსენება) ისეთი რამაა, ვერ
დაინახავ, ვერ გაიგონებ, გემოს ვერ გაუსინჯავ, სუნს ვერ გაუგებ და ხელით ვერ შეეხები,
ხოლო რაკი ის მეექვსე გრძნობა (ნუმერაცია, რაღა თქმა უნდა, პირობითია), რითაც მისი
დადგენა ხდება, სანაკლიელებს არ გააჩნიათ, მოსალოდნელი იყო, ქალაქს კიდევ
დიდხანს ეცხოვრა ამ გამოუცნობი მოვლენის გვერდით ისე, რომ არც რა მისი თვითონ
შეეტყო და არც რა თავისი მისთვის შეეტყობინებინა, მაგრამ სადღაც ვიღაცამ საჭიროდ
დაინახა რაღაცა გაეთვალისწინებინა და თავისუფლებას თან ინსტრუქცია მოჰყვა,
რომელიც, გრიფის მრისხანე შესახედაობით („სრულიად საიდუმლო“) შეშინებულმა
ქვეშევრდომებმა, პირდაპირ შინ მიართვეს ქალაქის უზენაეს მამას.
დღის თორმეტ საათზე, როცა აპათიას როგორც იქნა თავი დააღწია და
მსოფლმხედველობის იდეოლოგიური პლანერი ხანგრძლივი ტორტმანის შემდეგ
ნამდვილი მატერიალიზმის მშობლიურ პლატფორმაზე დასვა, ხსენებული მამა, რომლის
სახელი კრეონტი იყო და გვარი წილოსანი, რადიოთი გამოვიდა და მთრთოლვარე ხმით,
მაგრამ ტექსტის რაიმე სერიოზული დამახინჯების გარეშე მოსახლეობას ცოტა ყრუდ და
ცოტა ქარაგმულად, რათა ყველა ხიდი არ აეფეთქებინა და უკანდასახევი გზა საბოლოოდ
არ მოეჭრა, თავისუფლების შემობრძანება აუწყა.
ბიძაჩემს ამ დროს, ბუნებრივია, ეძინა. ტახტზე იწვა აივნის კუთხეში და, ანგელოზივით
ნეტარი, გარდასული დროის იმ ფაფუკსა და გრილ ბურუსში დაცურავდა, როცა
ბიცოლაჩემ იაიას ჯერ კიდევ არ შეხვედროდა და, ბედნიერი და უცოლო, არხეინად
დაჭიხვინებდა ღრუბელთქარავანში, როგორც თეთრი ცხენი თეთრ რემაში. მაგრამ
რეალური ვითარება, მოგეხსენებათ, სიზმარეულ ჩვენებებს ძნელად ესადაგება, ხოლო
რაკი ბიცოლაჩემმა ქალაქის მამის ბუნდოვან პათეტიკაში საკმაო მიზეზი დაინახა ხმაურის
ასატეხად, აივანზე გავიდა, ბიძაჩემი ღონივრად შეანჯღრია და ჩასძახა: - ადექი, კაცო,
გაკეთდა ქვეყანა!
იმ ბობოქარი ამბებიდან (იხ. „ბიძაჩემი იონა“) ამდენი ხნის შემდეგაც კი ბიცოლაჩემი
ძველებურად მშვენიერია. ეს თვითონაც იცის და ქალების შურსა და კაცების აღტაცებას
(რაც არსებითად ერთი და იგივეა) ღირსეულად და საქმიანად იმკის, როგორც ობიექტური
ჟიურის სამართლიან გადაწყვეტილებას. ლაპარაკია, ცხადია, გარეგნობაზე, თორემ მისი
ხასიათისა და ბუნების აღწერა, უბრალოდ, გადაუჭრელი ამოცანაა, ვინაიდან ადამიანთა
ენა მეტისმეტად სწორხაზოვანი, მოუქნელი და მწირია საიმისოდ, რომ საჭირო ძალითა
და ხატოვანებით აღწეროს მოვალეობის, ერთგულებისა და სიყვარულის ის უხინჯო
ჯაჭვები, რომლებითაც ბიცოლაჩემი გამობმული იყო ოჯახზე. ამის არაპირდაპირი
დასტურია, სხვათა შორის, ის გარემოებაც, რომ დედაჩემი, როცა მისი ძვირის თქმის
დაუძლეველ მოთხოვნილებას იგრძნობს, როგორც წესი, დიდხანს და ნერვიულად ეძებს
ხოლმე საჭირო სიტყვებს.
მაგრამ ბიძაჩემი ამ რეალურ ოჯახურ ბედნიერებას სათანადოდ ვერ აფასებდა და გული
თავისი საეჭვო სიზმრებისკენ მიუწევდა. ახლაც მხოლოდ ცალი თვალი (ისიც ნახევრად)
გაახილა, რათა დარწმუნებულიყო, რომ დოინჯშემოყრილი სილუეტი, რომელიც
სულთამხუთავივით წამოადგა თავს, ნამდვილად ცოლი იყო და მძინარე ხმით ბლანტად
ამოილუღლუღა: - მტყუანს...
ამაზე ბიცოლაჩემს ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.
- ეს წუთია რადიოთი თავისუფლება გამოგვიცხადეს.
მაშინ ბიძაჩემმა ორთავ თვალი გაახილა. გაახილა ფართოდ, გაახილა გაკვირვებით,
გაახილა ურწმუნოდ. ერთხანს ასე - კონცენტრაციის უნაყოფო მცდელობით -
მისჩერებოდა ცოლს, მერე ცოტა უფრო მაღალფარდოვანი კილოთი, ვიდრე ვითარება
მოითხოვდა, შესძახა: - მართლა თუ?! - და საზეიმო მაღალფარდოვნებამ რომ სხეულიდან
მოსალოდნელი გამოფხიზლების ცივი ხიჭვები ფრთხილად ამოაცალა, სახეზე კვლავ
არაამქვეყნიური ნათელი დაეფინა და უკვე ჩამტკბარი ხმითა და ნელი წამღერებით
დაასრულა, - აბა, მაშ ავსებულა სანაკლიო გმირებით!
ამ სიტყვებით გვერდი იცვალა და ელვის უსწრაფესად გაეშურა უკან, ღრუბლის
ფთილებისაკენ, რომლებიც - მათდა სასახელოდ უნდა ითქვას - ანგელოსური
მოთმინებით უცდიდნენ.
...სანაკლიო მტვრიანი ქალაქია. საითაც უნდა წახვიდეთ, მტვერს აქ ვერსად დაემალებით.
იგი სქელ ფენად ადევს ყველა საგანსა და მოვლენას, რომელიც საკმარისად სწრაფად არ
მოძრაობს (სანაკლიოში კი საკმარისად სწრაფად არაფერი მოძრაობს, საათი რომ
საათია, ისიც ყოველთვის უკან რჩება, წინ არასოდეს მიდის); იგი თვალისმომჭრელად
ლივლივებს ჰაერში, განსაკუთრებით ზაფხულობით, და დილის მზეზე ირეალურობის
ჟრუანტელისმომგვრელ განცდას იწვევს; იგი უძრავია, ვითარცა აწმყოს მარადიული
სამეფო გაუქმებული დრო-ჟამის ნანგრევებზე. მაგრამ როცა ქალაქში განახლების ან სხვა
რამ იდეურად გამართული სიო დაუბერავს და სანაკლიელებს აიძულებს თვალები
დააჭყიტონ, ყურები დაცქვიტონ და პირი დააღონ, მაშინ კი ამოძრავდება და ამ
გაფართოებულ არხებს შხუილითა და მაღალი დიფუზიური გულმოდგინებით ავსებს, რის
გამოც მოქალაქეები ერთმანეთს დაუკონკრეტებელ ლანდებად ხედავენ და ერთიმეორის
ლაპარაკი დაუნაწევრებელ ხმაურად ესმით.
თავისუფლების ფეთქვა ისეთი შემაშფოთებელი რამ გაუგებრობა აღმოჩნდა,
ხელმძღვანელი მუშაკებიც კი საგონებელში ჩაცვივდნენ. მაგალითად, თითქმის
ყოვლადძლიერმა ბატონმა კრეონტმა, რადიოთი გამოსვლა რა დაასრულა, მყისვე
მდივანს უხმო, მეორე დღის დილის ათი საათისთვის საგანგებო სხდომა დაანიშვნინა და
სხდომაზე ქალაქის მთელი ელიტური ჭკუა-გონება გამოაძახებინა, რათა მათი
დახმარებით დაედგინა, რა შეიძლება იყოს თავისუფლება როგორც ასეთი, და რა უნდა
იგულისხმებოდეს, კერძოდ, იმ დირექტიულ თავისუფლებაში, ეს წუთია რომ თავისი პირით
გამოაცხადა, ხოლო რაკი „ქალაქის ელიტური ჭკუა-გონება“ პირობითი და სწრაფცვლადი
ცნებაა, გამოძახებული ხალხის სია თავად უკარნახა მდივანს. შემდგომ ამისა, საღად
შეაფასა რა ვითარება (ღმერთს ღმრთისა, კეისარს კეისრისა და წილოსანს წილოსნისა),
გადაწყვიტა სხდომაზე სხვებთან ერთად მოეწვია ქალაქის ოდინდელი მამა,
სახელგანთქმული კაცია გოგია (იხ. „ბიძაჩემი იონა“), ვინაიდან ასეთ მღვრიე ვითარებაში
ყველაზე სასარგებლო რჩევა სწორედ მას შეეძლო მიეცა. მართლაც, გადაუჭარბებლად
შეიძლება ითქვას, კაცია გოგია ბებერი მელა იყო: უთვალავი ინტრიგის შემსწრე და მათი
უმრავლესობის მონაწილე, ათას საიდუმლო ხვრელში განაძრომი და ათი ათას
საიდუმლო გამოქვაბულში ღამეგანათევი, ცხოვრების ყველა ციცაბო და მოლიპულ
ზღვარზე გადანავალი, ყველა ფუღუროში თითჩანაყოფი და ყველა კორძს წამონადები,
გამოცდილი, გამობრძმედილი, გამოსუქინსინებული. მოკლედ, რომ არ გავაჭიანურო და
ყველა ჩამოთვლილსა და მრავალ ჩამოუთვლელ თვისებას ერთ სიტყვაში - ცოტა
ბუნდოვან, მაგრამ მტკიცედ შესისხლხორცებულ სიტყვაში - მოვუყარო თავი, კაცია გოგია
ბრძენი გახლდათ.
ბატონმა კრეონტმა საკუთარი ხელით აკრიფა საჭირო ნომერი და გამოჩენილ
წინამორბედს ხაზგასმული თავაზიანობით სთხოვა სხდომაზე მობრძანება.
წინამორბედმა დასტური თქვა. ოღონდ, ბატონი კრეონტის გასაკვირად, იონა კამკამიძის
მოწვევაც მოითხოვა (ვისაც „ბიძაჩემი იონა“ წაკითხული აქვს და იცის, რომ ძაღლის
ნაკბენი მაშინ უკეთ დაშუშდება, თუ ის ძაღლი სხვებსაც დაკბენს, ვფიქრობ, ბატონი
კრეონტის გაკვირვება არ გააკვირვებს).
ბატონი კრეონტის მდივანმა სამის ნახევარზე დარეკა. ყურმილი ბიცოლაჩემმა აიღო და
იერარქიულად გაუცხოებული ცრუ თავაზიანობის მატერიალისტური ამპარტავნობით
გაჯერებული ყრონტისმიერი ხმა რომ მოესმა, რომელმაც ბიძაჩემთან „დაუყოვნებლივ
დაკავშირება“ მოითხოვა, დაბნეულმა და დაფეთებულმა ქმარი ისეთი ძალით შეანჯღრია,
თითქოს მძინარე კი არა, მკვდარი უნდა გაეღვიძებინა. რეალურ ცხოვრებას თუ
გადატანითი მნიშვნელობის მცირეოდენ მარილს მოვაყრით, თამამად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ იმ დღეს (ზომიერად თბილი, საამური ივნისი იდგა) ბიძაჩემმა არსებითად
მრავალწლიანი ძილიდან გამოიღვიძა. მართლაც, დიდი, დიდი ხნის განმავლობაში
მისთვის ამქვეყნიური ყოფის ყველაზე ცოცხალი და ნათელი ფერი, ცხოვრების ყველაზე
რეალური - მე ვიტყოდი, ყველაზე აქტიურიც - გამოხატულება ძილი იყო. მას შემდეგ, რაც
მშობლიურ სანაკლიოს დიდებული და ღირსსახსოვარი იუბილე უძღვნა და ჯილდოდ
ბიცოლაჩემი იაია მოიპოვა (იხ. „ბიძაჩემი იონა“), შესაფერის საქმეს ვეღარაფერს ეწია,
შეუფერებელი კი არ იკადრა და დარჩა ხანგრძლივი დროით ასე - უმიზნოდ, უქმად,
მოწყენით. უმიზნოდ დაეხეტებოდა აღმა-დაღმა, მოწყენით ეძალებოდა ღვინოსა და
არაყს, უქმად მოძღვრავდა ნაცნობსა და უცნობს და იჟანგებოდა, როგორც მამაპაპური
ხანჯალი ბაქტერიოლოგიურ ომში. გავბედავ და ვიტყვი, რომ ნეტარხსენებულ „უძრაობის
ხანაში“ ყველაზე უძრავი ბიძაჩემი იყო. თუ წვრილ-წვრილ, შემთხვევითსა და ზოგჯერ
ცოტა ნაძალადევ გამოხდომებს არ ჩავთვლით, მრავალი წლის მანძილზე ფასეული
არაფერი უკეთებია ბავშვების გარდა. ეს უკანასკნელნი, მართალია შეუპოვრად, რაღაც
ჯიუტი გააფთრებით კი ჩნდებოდნენ, თითქოს ბიძაჩემი უიღბლობის ჯავრს ცხოვრებაზე
იყრიდა, და ბოლოს და ბოლოს იმდენი მოუგროვდა, რომ მთელი თავისი გავლენიანი
მტრებისა და მოყვრების (მათ შორის მამაჩემის) ჩარევა დასჭირდა, რათა
ბიცოლაჩემისთვის გმირი დედის საპატიო წოდება აერიდებინა, მაგრამ ამგვარი საბავშვო
შემოქმედება ის გზა და ის საქმიანობა არ არის, რომელმაც ბიძაჩემის პატივმოყვარეობა
შეიძლება დააკმაყოფილოს. ასე რომ, იწვა თავისთვის კუთხეში და დროდადრო
წყალგადასხმული მუგუზალივით უაზროდ და უმისამართოდ შიშინებდა. ერთი
გამოცოცხლება მაშინღა გამოცოცხლდა (უკანასკნელი ჭეშმარიტი აქტიურობაც ეს იყო),
როცა სამეორასიათასე იუბილის მომზადებაც მას მიანდეს.
და აი, როგორც იქნა - დრო ულმობლად მიქროდა და ბიძაჩემი, როგორც ერთ დროს
ემპედოკლე, უკვე სამოცს უკაკუნებდა - სანაკლიოს თავზე სიცოცხლის კიდევ ერთი
ქარბორბალა დატრიალდა; სამშობლოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თავგანწირული
შვილი, რომელმაც თავის მხრივ არ დააყოვნა და დაუფიქრებლად გადაეშვა უხილავ
მორევში.
სასტარტო შთაგონება ბიძაჩემმა გამოფხიზლებისთანავე იგრძნო, მერე, ნაშუაღამევს,
ტვინში პირველი ნაპერწკლებიც აუტკაცუნდა და დილით, წასვლის წინ, ჰალსტუხი შეიბა,
რათა ქალაქის ღირს მამათა სხდომაზე ეფექტი მოეხდინა.
ეფექტისას ვერაფერს გეტყვით, ჰალსტუხისა ის შემიძლია გითხრათ, რომ მამაჩემის
ნაქონი იყო.
ბიძაჩემის გამოჩენაზე ქალაქის ჭკუა-გონებამ, რომელიც უკვე სრული შემადგენლობით და
ნაღვლიანად გატრუნული უჯდა სათათბირო მაგიდას, შვებით ამოისუნთქა, ვინაიდან
მსწრაფლ იაზრა, რომ ეს ახირებული კაცი მას ახლა დაუყოვნებლივ ახსნიდა აზროვნების
მძიმე ტვირთს და თანახმად ძველი ჩვეულებისა, ყველა ქვასა და აგურს თვითონ
აიკიდებდა.
მაგრამ ის, რაც ელიტისთვის მაცოცხლებელი ნამი იყო, ბატონი კრეონტისთვის
მაცოცხლებელი ნამი არ ყოფილა. მართლაც, ფშუტე იგი შვება მის გულს სრულებით არ
მიჰკარებია. ბატონი კრეონტი გაშტრიკინებული იჯდა, ტუჩმოკუმული შესცქეროდა
ბიძაჩემს და სახეზე ნატიფი პესიმიზმი ეწერა. არც გაემტყუნებოდა. ზოგმა იცის და, ვინც არ
იცის, იცოდეს: მარტოობა კარგია სამეფო ტახტზე, მაგრამ ცუდია ბრძოლის ველზე. ბატონი
კრეონტი გრძნობდა, რომ რაღაც უცხო ძალებმა - შესაძლოა დივერსიულმა - სწორედ
ბრძოლის ველზე გადაისროლეს და იქ მარტო დატოვეს. და თუნდაც „ბრძოლის ველი“
ზედმეტად მაღალფარდოვნად ჟღერდეს, განა იგი ახლა სანაკლიოში ყველაზე
შესაბრალისი კაცი არ იყო? სხვას ვის ედო წინ ესოდენ უცნობი დილემა და გაუკაფავი
ჯაგნარი? მთელს ამ დეგენერატ ჭკუა-გონებას, ვინც დარბაზში (და საერთოდ სანაკლიოს
საზღვრებში) იმყოფებოდა, მხოლოდ სათათბირო ხმა ჰქონდა და პასუხისმგებლობაც
შესაბამისად მხოლოდ პირობითად თუ დაეკისრებოდა. მაშასადამე, გზა თვითონ უნდა
გაეგნო, ჯაგნარი თვითონ უნდა გაეკაფა, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიეღო და
პასუხიც თვითონ უნდა ეგო. ხოლო ვინც პასუხი უნდა აგოს, მას სიფრთხილეც მართებს.
ბატონმა კრეონტმა კარგად იცოდა, რომ ბიძაჩემი ჭკვიანი იყო (ასე იცნობდნენ
სანაკლიოში და განსხვავებულ აზრს ძვირად თუ ვინმესგან გაიგონებდით), მაგრამ
საიდუმლო პარტიული ინსტრუქციებიდან, რომლებიც კვარტალში ერთხელ მოსდიოდა,
ისიც იცოდა, რომ ადამიანი რაც უფრო ჭკვიანია, მით ნაკლებ სანდოა. ამიტომ დარბაზში
აფოფინებულ მსუბუქ სიხარულს ანგარიში არ გაუწია და ვითარება წვრილად
(რამდენადაც ამის უფლებას დირექტივა აძლევდა) და სევდიანად ახსნა (კითხვის ისარი
კაცია გოგიას რჩევით მაინც პირდაპირ ბიძაჩემის ნათელი შუბლისკენ ჰქონდა
მიმართული); კერძოდ, თქვა, ქვეყანაში ეგრეთწოდებული „გარდაქმნა“ დაიწყო და ჩვენ
ახლა ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია ამ სიახლეს უნდა მივუსადაგოთო; მაგრამ უბედურება
ისაა, რომ თავად სიახლეა გაუგებარიო; არავინ იცის, რას ნიშნავს ეს „გარდაქმნაო“, ზოგს
რა ჰგონია და ზოგს რაო; ხოლო თუ ვინმემ იცის, არ ამხელსო. ერთი სიტყვით, ბევრი
ილაპარაკა თუ ცოტა, საბოლოო ჯამში საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა ყველაფერი,
რისი ნათლად ჩამოყალიბებაც კი ამ ბნელ ვითარებაში შეიძლებოდა. მერე
გულმოკლულმა დასძინა: - რაც მთავარია, ახლა საჭიროა ხალხს თავისუფლება მივცეთ...
- აქამდე ვინ უკავებდა?! - გაიკვირვა ბიძაჩემმა, მაგრამ მისი გაკვირვება მეტისმეტად
ყასიდი იყო და ბატონი კრეონტი ცოტათი გაწყრა: - კარგი ერთი, თუ ძმა ხარ, ნუ დამიწყებ
შენებურად დემაგოგიას! - სევდიან-უკმაყოფილო კილოთი თქვა და სულ ოდნავ აუწია
ხმას. მერე ისევ დაღმავალი ტონით დაასრულა, - ვითომ ჩემი გაჭირვება არ მეყოფა!
ბატონი კრეონტის ხმის კილოსა და სახის (განსაკუთრებით თვალების) გამომეტყველების
უკან წამით ისეთმა შემზარავმა უფსკრულმა იელვა, რომ ბიძაჩემის მუცელში
წარმოსახვითი ღუმელი რეალური გუგუნით აინთო. ბიძაჩემი ცხლად აიქოჩრა, მაგრამ
მაინც, რაკი ღუმელი გადამჭრელი მოქმედებისათვის საკმარის სიმხურვალეს ჯერ კიდევ
ვერ გამოჰყოფდა, თავი დაიმუხრუჭა და დროის მოგების მიზნით იკითხა: - იქნებ ვინმეს
უკვე აქვს რაიმე მოსაზრება?
- აი, - მიუგო ბატონმა კრეონტმა და ქაღალდის დასტა ახლო მიუჩოჩა. ამ „მოსაზრების“
არსი ჩემთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ ცნობილია ის, რაც არსზედაც მეტია,
კერძოდ - ბიძაჩემის წინდაუხედავი შეფასება, რომელიც კმაყოფილებით გაუზიარა
კრებას: - ამის შემდგენელი, მეტი რომ არა ვთქვა, რეგვენია.
ამაზე ბატონ კრეონტსაც კმაყოფილებით გაებადრა სახე.
- აგერ, ამის შედგენილია, - თქვა და მარჯვენა ხელი ოთხი ერთმანეთზე მიტყუპებული
თითით - ცერი მოკეცილი ჰქონდა - თანაშემწეს (იმავ საიდუმლო მრჩეველს) რომაული
მახვილივით მიაშვირა. თანაშემწე თურმე პასუხად უტყვი, ქვადქცეული სახით
შემოსცქეროდა ბიძაჩემს და მის მზერაში, ბუნდოვანი, მაგრამ აშკარად
არაკეთილმოსურნე დაპირებები ეწერა.
ბიძაჩემმა კი თვალი თვალში გაუყარა, რაც დიდი უგუნურება იყო და მცირე პაუზის შემდეგ
ლირიული კილოთი უთხრა: - მაინც ბრუნავს...
რაზედაც თანაშემწემ კბილები გააღრჭიალა.
ამ მომენტისათვის ბიძაჩემის მგრძნობიარე გულ-გვამში ტემპერატურამ ბოლოს და
ბოლოს საჭირო დანაყოფს მიაღწია და ცეცხლი სხვა ასოებსაც მოედო. ბიძაჩემი
გავარვარდა, ათუხთუხდა, ელემენტებად დაიშალა, ზეგარდმო ძალთა წრედში ჩაერთო,
ზეგარდმო რწმენით აივსო და, ლაპარაკის საღერღელმაც რომ ჯებირი გაარღვია, ყელის
ვიწრობიდან ლავის ამოფრქვევას შეუდგა.
- იქნებ ყველაფერი ეს ბლეფია, ბატონებო! - ასე დაიწყო მან.
კაცია გოგიას თვალები გაუბრწყინდა და სავარძელში კიდევ უფრო მოხერხებულად
მოკალათდა, მაშინ როცა ბატონმა კრეონტმა შუბლი ეჭვით შეიჭმუხნა და რიტორიკული
უნდობლობით იკითხა: - რა არი, კაცო, ბლეფი?!
ბიძაჩემს მოეწონა ბატონი კრეონტის რეაქცია.
- საქმე ის გახლავთ, - თქვა მან, - რომ, როდესაც ცვლილებები ჩაკეტილ სისტემაში
მიმდინარეობს - ვთქვათ, ციხეში, ქვევრში, აკვარიუმში, მოჯადოებულ წრეში, ცირკში,
სანაკლიოში და ასე შემდეგ - ასეთი ცვლილებები თითქმის ყოველთვის ბლეფია. ისინი
ისეთ ეფექტს იწვევენ, როგორც წუმპეში ჩაგდებული ქვა. წუმპეში ჩაგდებული ქვა,
მოგეხსენებათ, წარმოქმნის კონცენტრირებულ წრეებს, რომლებიც მეთოდურად მიიწევენ
პერიფერიისკენ, ხოლო მოვლენის მარილი და წიწაკა ისაა, რომ როცა ბოლოს და
ბოლოს ნაპირს მიაღწევენ, მათი ცენტრი - ის ადგილი, სადაც ქვა ჩავარდა - უკვე
მოწმენდილია. ანდა უფრო შთამბეჭდავი მაგალითი ავიღოთ: ვარსკვლავები,
ღამღამობით რომ ვითომცდა თავს დაგვნათის (რაც ოდესღაც პოეტების ძალუმ
გაშმაგებას იწვევდა), რეალურად - თუ გინდათ ასტრონომებს ჰკითხეთ - მხოლოდ მანამ
არსებობენ, სანამ გამოჩნდებიან, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოჩნდებიან, უკვე აღარ
არსებობენ. ხედავთ? არა, ხედავთ?! ასეთი მაგალითი კი უამრავია და ყველა მათგანი
ბლეფია. მართალია, ზოგჯერ, თუ დიდია, ალაგ-ალაგ ბლეფიც აფეთქდება ხოლმე - მე
რომ მკითხოთ, მაგალითად, ტუნგუსის მეტეორიტიც ბლეფი იყო - მაგრამ მადლი უფალს,
უფრო სწორად ბუნებას, ზემოთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ საიმისოდ, რომ
ქვა წუმპეს მიუსადაგონ. ასე რომ ნუ წამოეგებით ანკესზე, ბატონებო, თქვენ ხომ თევზები
არა ხართ! ლოგიკა და მაგალითები, მით უფრო თუ ზოგიერთ სადღეისო პოლიტიკურ
ქარაგმასაც გავითვალისწინებთ, იმაზე მეტყველებენ, რომ ამ ყაიდის დირექტივებისა
შეუსრულებლობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე შესრულება. ცენტრი უკვე მოწმენდილია,
მოკრიალებულია, დაწყნარებულია და ახალი დირექტივაც, რომლის დანიშნულება
წინამდებარე დირექტივის უარყოფაა, უკვე გამოგზავნილია. მაშ, დააკონსერვეთ ცრუ
დირექტივა! ნუ გაახმაურებთ თავისუფლებას! იგი არავის სჭირდება, ენდეთ ჩემს ნათქვამს,
რომელიც თუ სიმართლე გინდათ, ზეგარდმო რწმენას ემყარება.
ელიტას კონცენტრირებული წრეების თამამი განზოგადება და, საერთოდ, ბიძაჩემის
აზრთა ლაღი და უკონტროლო დინება მოეწონა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასკვნა
ერთხმად დაიწუნა.
პარადოქსი მოჩვენებითია.
მართლაცდა, ერთი მხრივ, კონცენტრირებული წრეები როგორ არ მოეწონებოდათ!
ბიძაჩემის რწმენა - მეც მოგახსენეთ და არც თვითონ დაუმალავს - ზეგარდმო იყო.
ზეგარდმო რწმენა კი ისეთი რამ არის, ადამიანს, როგორც მაცხოვრის ცნობილი
დებულებაც ადასტურებს, შეუძლია მისი მეშვეობით მთები გადააადგილოს. მთებს
ბიძაჩემი, რამდენადაც ვიცი, იმ პერიოდში არ ერჩოდა და ამ მხრივ რაიმე გეოლოგიური
კატაკლიზმები მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რწმენის შესახებ კი ის უნდა ვთქვა,
რომ, როცა რწმენა ზეგარდმოა, მისი ზემოქმედების ძალაც ზეგარდმოა, კერძოდ, ყველა
ფარს ამსხვრევს, ყველა ჯებირს არღვევს, ყველა კლიტეს აღებს, ყველა სამალავში შედის
და ყველა გულსა და გონებას იპყრობს.
მეორე მხრივ, რჩეულთა კრებამ რომ ესოდენ დამაჯერებელი წინამძღვრებიდან
გამომდინარე დასკვნა დაიწუნა და დირექტივის შეუსრულებლობაზე კატეგორიული და
ცოტა ანჩხლი უარი თქვა, ესეც სავსებით ბუნებრივია. საქმე ის გახლავთ, რომ, თუ
ბიძაჩემის რწმენას, როგორც ზეგარდმო ძალას, მან ვერაფერი დაუპირისპირა,
სამაგიეროდ პრაქტიკულ დასკვნას კი ხიფათის გრძნობა დაუპირისპირა, რაც
სანაკლიოში არანაკლებ ზეგარდმო ძალაა. მართლაც, სანაკლიოს გეოპოლიტიკურ
განედზე ადამიანურ გრძნობათა შორის ყველაზე მეტად ხიფათის გრძნობაა
განვითარებული, რის გამოც აქაურებს ბუნების მარადიული კანონები ერთგვარად
ფეხებზე ჰკიდიათ და იმ დროებით, პრაქტიკულ და საყოველდღიო წესებს მისდევენ,
რომლებსაც კონკრეტული ეპოქა და ეპოქის კონკრეტული სისტემა უყენებს. იმ დროს,
როდესაც ჩვენთვის საინტერესო სხდომა მიმდინარეობდა, უმთავრესი პრაქტიკული წესი
ასეთი იყო: სახიფათოა მხოლოდ ის, რაც სახიფათოა დღეს. სანაკლიელის ინსტინქტმა
კარგად იცის, რომ ხვალ შეიძლება ეპოქა გულაღმა ამოტრიალდეს, მეტიც - შეიძლება ეს
„ხვალ“ არც კი დადგეს. ამ სულისკვეთებით და ამ სულისკვეთებაში გადაზელილი შიშით
თხემით ტერფამდე გამსჭვალული იგი მორჩილად ასრულებს მხოლოდ დღევანდელ
ინსტრუქციას, რომლის შეცვლა, მისი აზრით, არც შესაძლებელია და არც სასურველი.
...ბატონი კრეონტის რეზიდენცია - ვინც ნამყოფია სანაკლიოში, ეცოდინება -
ნაკლისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღლობზე იდგა ისე, რომ მრავალი ფანჯარა, მათ
შორის სათათბირო დარბაზის ოთხივე ფანჯარა, მდინარეს გადაჰყურებდა. და აი,
დაახლოებით ორის ნახევარზე, ქალაქის უზენაესი ჭკუა-გონების თვალწინ ნაკლისწყალში
უეცრად სქელი, მკვრივი, განიერი და მღვრიე ნისლი ჩაწვა. სქელი, მკვრივი, განიერი და
მღვრიე. ეს მთლად ჩვეულებრივი ამბავი არ გახლდათ, ვინაიდან ცა იმ დღეს ისეთი
კრიალა იყო, გეგონებოდათ ქალაქმა ვიღაცას ქუდი მოუხადა და მოტვლეპილი თავი
გამოაჩინაო. გარდა ამისა, რაკი ნისლიც სქელი იყო და დიდი, ხოლო ორ ბორცვშუა
მოქცეული ნაკლისწყალი ამ ადგილას ორ მუხლშუაც არის მოქცეული და სასახლის
მაღალი თვალთახედვიდან მხოლოდ ერთ, ძალზე დეფორმირებულ მონაკვეთად მოჩანს,
ეს ნისლი (დეფორმაციასთან ერთად მისი მღვრიე ფერიც მიიღეთ მხედველობაში)
ცოტათი გველეშაპს ჩამოჰგავდა. ეს მსგავსება ცხადია მოჩვენებითი იყო. ჯერ ერთი, ვისაც
რეალიზმის გრძნობა არ ღალატობს, უნდა აღიაროს, რომ ასეთი ფაფუკი გველეშაპი არ
არსებობს, და თუნდაც ამ წინააღმდეგობას რაიმე მანქანებით თავი დავაღწიოთ, წინ სხვა,
არანაკლები წინააღმდეგობა გადაგვეღობება. მაგალითად, ის, რომ ნისლში თეთრი ნავი
დაცურავდა. მართალია მკაფიოდ არ ჩანდა, მაგრამ კონტურების მიხედვით აშკარად ნავი
იყო. და თუ ნისლისა და გველეშაპის იგივეობას სერიოზულად შევხედავთ, მაშინ უნდა
დავუშვათ არა მარტო ის, რომ გველეშაპს თეთრი ნავი გადაეყლაპა, არამედ ისიც, რომ
გველეშაპის სხეული გამჭვირვალე იყო, რაც უკვე მართლა მეტისმეტია. ნავი, თითქოს
ვიღაცას ეპარებაო, ნელა, ძალიან ნელა მოძრაობდა ნისლში. ნავს ზემოთ, ნისლის
შედარებით თხელ ფენაში, შეიძლება ითქვას, პირდაპირ გველეშაპის კანქვეშ, მიმობნეული
იყვნენ და ნავის სიმეტრიულად - იმავე სიჩქარითა და იმავე მიმართულებით -
მოძრაობდნენ ვარსკვლავები. არა ხუთქიმიანი, არამედ საერთოდ ვარსკვლავები -
სხვადასხვა რაოდენობის ქიმებით. ვარსკვლავთა ფერები იყო: ყვითელი, მეწამული,
ცისფერი და შავი. ამგვარად, ნისლში, რომლის მსგავსება გველეშაპთან არსებითად
მოჩვენებითი იყო და რეალური იდენტიფიკაციის საბაბს ნაკლებად იძლეოდა, ნელა
დაცურავდა თეთრი ნავი. ნავს ზემოთ, ზედაპირის მახლობლად, ასევე ნელა დაცურავდნენ
ვარსკვლავები. ყვითელი, მეწამული, ცისფერი და შავი. ეს ღირსშესანიშნავი ნისლი
ნახევარ საათს იწვა ნაკლისწყალში გველეშაპობის საეჭვო, მაგრამ გამომწვევი
პრეტენზიით და მღვრიედ ანათებდა. მერე ნავიან-ვარსკვლავებიანად გაქრა. სხდომის
მონაწილეები, რომელთა შორის ცრუმორწმუნე არავინ ყოფილა - ხოლო
ცრუმორწმუნეობის გარეშე ამგვარი მოვლენის ახსნა თითქმის შეუძლებელია -
პრობლემას მოპირდაპირე მხრიდან მიუდგნენ და იოლადაც გადაწყვიტეს: მათ არაფერი
დაუნახავთ. ცრუმორწმუნე - თუ ამას რაიმე საგანგებო საჭიროება არ მოითხოვდა - არც
ბიძაჩემი ყოფილა, მაგრამ მან დანარჩენ სანაკლიელთაგან განსხვავებით არა მარტო
დაინახა ეს უცნაური ნისლი, არამედ დიდხანსაც იფიქრა მასზე. თქმით არაფერი უთქვამს,
ვინაიდან იცოდა, რომ სანაკლიელებთან ამ თემაზე ლაპარაკი - თემას რომ არ მოვწყდეთ
- ნისლის ნაყვა იქნებოდა, მაგრამ ფიქრით კი ბევრი იფიქრა. იმ ნახევარ საათს ხომ
ფიქრობდა, ვიდრე ეს ნისლი ჩანდა, იმ ნახევარ საათსაც ხომ ფიქრობდა, ვიდრე
სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული, მერეც, სანამ სახლში მივიდოდა, და მერეც,
სანამ საბოლოოდ დაავიწყდებოდა, სულ ფიქრობდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა - ეს
გრძნობა შინაგან ხმას ემყარებოდა - თითქოს ამ არასანაკლიურ გამოცხადებაში რაღაც
ნიშანი და სიმბოლო იმალებოდა.
უნდა ვაღიაროთ, თუ მართლა იმალებოდა, კარგად იმალებოდა. ყოველ შემთხვევაში
ბიძაჩემმა ვერაფერი აღმოაჩინა.
...კრიტიკულ ჟამს, როცა წინ იდეოლოგიური უფსკრული გამოჩნდა, ბატონმა კრეონტმა
სხდომის მონაწილეთა ერთსულოვანი მხარდაჭერით გადაწყვიტა - რაც არის, არის -
გაერისკა და სახელმწიფოებრივი სპირალის ზედა ხვეული შეერხია, რათა დამატებითი
ინსტრუქცია გამოეთხოვა (ჩვენებს დავურეკავო, ოდნავ რომანტიკული, ოდნავ
დაეჭვებული და ოდნავ ნაღვლიანი კილოთი თქვა და, ეს „ჩვენები“ რომ მთლად
პირდაპირი მნიშვნელობით არავის გაეგო, ყოველი შემთხვევისთვის თითი დარბაზის
მაღალ ჭერს მიაშვირა) და შესვენებისას, ვიდრე ჩვენ ნისლითა და გველეშაპით ვიყავით
დაკავებული, თავის კაბინეტში განმარტოებულმა ეს გადაწყვეტილება სისრულეში
მოიყვანა. სამწუხაროდ, „ჩვენებმა“ დამატებით ინსტრუქციაზე უარი უთხრეს. არავითარი
დამატებითი ინსტრუქციაო, ცივად მოუჭრეს, იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებითო. იმ
დროს ამგვარი პასუხი გაუგონარი იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაუგონარი ის იყო, რომ ამას
მოჰყვა მწყრალი შეგონება („ცოტა თქვენც გამოიჩინეთ ინიციატივა, მიდექ-მოდექით,
ტვინი გაანძრიეთ, ჭკუას ძალა დაატანეთ! სანამ უნდა იყოთ სხვის ხელებში შემყურე?!
სანამ უნდა იცქირებოდეთ მაღლა-მაღლა მწიფე ინსტრუქციების მოლოდინში?!.“), რამაც
ბატონი კრეონტი საბოლოოდ დააბნია. ახლა ხომო?! - მწარედ თქვა გულში და
ნაწლავები აეწვა. მაგრამ საბედნიეროდ შეგონებასა და შეგონებას შორის შეფარვითა და
მამაშვილური ტკბილწყრომით მოისმა თუ ინსტრუქცია არა, გაფრთხილება მაინც (ო,
კასტურ-კოლეგიალურო აკუპუნქტურავ!), საიდანაც იმ აზრის გამოტანა შეიძლებოდა, რომ
პრობლემა რთული იყო და უცნობი, რომ ამჯერად ისეთი რამის ჭამა მოუხდათ, რისი
მონელებაც იოლად არ მოხერხდებოდა, რომ ეს დღევანდელი ქარი გუშინდელივით და
გუშინწინდელივით სწრაფად და მშვიდობიანად არ გადაივლიდა და რომ საჭირო იყო
დიდი სიფრთხილე, დიდი სიფხიზლე, დიდი წინდახედულება.
ბატონი კრეონტის თანაშემწე (იგივ საიდუმლო მრჩეველი) მაღალი ყოფილა და
შავგვრემანი. მისი გარეგნობის შესახებ ამის მეტი არაფერია ცნობილი. ვიდრე საკუთარი
თვალით ვნახავდი, მიკვირდა და არ მჯეროდა, ღვთით გაჩენილ (ალბათ ღვთით
გაჩენილი იყო) ადამიანს ამ ორი ნიშნის გარდა სხვა რამ ნიშანი არ ჰქონდეს. ბიძაჩემი
მიმტკიცებდა, ნამდვილად ასეა და ამის გამო ეს კაცი - შენ თუ გინდა ნუ დაიჯერებ -
არაფერსა ჰგავსო. მე რომ ამაზე შუბლი სკეპტიკურად შევიკარი, განმარტა, არაფერსა
ჰგავს, რადგანაც ერთდროულად ყველაფერსა ჰგავსო. მერე, კიდევ უფრო სკეპტიკურად
რომ შევიკარი შუბლი, დასძინა, შენისთანა ჭირვეულ რაციონალისტს შეიძლება
გაუჭირდეს ამის გაგება, მაგრამ რა ვქნა, რომ მართლა ყველაფერსა ჰგავს; მაგალითად,
მის შემხედვარეს თამამად შეგიძლია თქვა, მსუქანიაო და გამხდარიაო, დიდი ცხვირი
აქვსო და პატარა ცხვირი აქვსო, თაფლისფერი თვალები აქვსო და ჭროღა თვალები
აქვსო, ვიწრო სახე აქვსო და განიერი სახე აქვსო, მაღალი შუბლი აქვსო და დაბალი
შუბლი აქვსო, თმა შუაში აქვს გაყოფილიო და თავზე ერთი ღერი თმა არა აქვსო,
მარცხენა ყური უფრო დიდი აქვსო და მარჯვენა ყური უფრო პატარა აქვსო, ოვალური
ფორმის სათვალე უკეთიაო და სათვალეს საერთოდ არ ხმარობსო... მოკლედ, ბიძაჩემმა
თავისი თქვა, ოღონდ, მისდა სასახელოდ, ჩემი დარწმუნება არ უცდია, როგორც მე ახლა
თქვენს დარწმუნებას არ ვცდილობ (თორემ ის კაცი - ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ
მესამე ნასკვი არ გაინასკვა - მართლა ყველაფერს ჰგავს და არაფერს ჰგავდა).
როდესაც სხდომა განახლდა და ბატონმა კრეონტმა „მისიანებთან“ საუბრის შედეგი
დამსწრეთ აცნობა, დარბაზში ჩამოვარდნილი საზეიმო-სამგლოვიარო დუმილი ისევ
ბიძაჩემმა დაარღვია, რომელიც კონცენტრირებულ წრეებზე და სახალისო ასტრონომიაზე
ჩატარებული ნაყოფიერი მოთელვის შემდეგ თავს უკვე სავსებით მზად გრძნობდა
საიმისოდ, რომ ჭეშმარიტი და სრულყოფილი შედევრი გამოეჩეკა. ხოლო ეს მაღალი
მისია რა გაითვალნათლივა, სასწრაფოდ განდევნა გონების თვალსაწიერიდან
ნაკლისწყალში ჩაწოლილი გველეშაპი, რომელიც თავს იკატუნებდა ღრუბელი ვარო, და
თქვა: - რაკი კონცენტრირებული წრეების თეორია - თავისთავად სავსებით სწორი -
შექმნილ პოლიტიკურსა და ფსიქოპოლიტიკურ ვითარებას ვერ მიესადაგა, ისღა
დაგვრჩენია, ბატონი კრეონტის მოსწრებული თქმისა არ იყოს, ხალხს თავისუფლება
მივცეთ. - აქ ცოტა შეყოვნდა, რათა მსმენელთათვის საშუალება მიეცა კარგად
მიმხვდარიყვნენ, რა კატასტროფის წინაშე იდგნენ. მერე, ამ მიზანს რომ ასე თუ ისე
მიაღწია, დამსწრეთა ნერვიული ჩურჩულის ფონზე განაგრძო, - სამწუხაროდ, ქვეყანა
დღეს განვითარების (თუ ამას განვითარება ჰქვია) ისეთ სტადიაშია, როცა ცხადზე
უცხადესი დებულებებიც კი აქსიომათა ნუსხაში ვერ მოხვდა და დასაბუთებას საჭიროებს,
ხოლო რაკი ყველაზე ძნელი სწორედ იმ დებულებათა დასაბუთებაა, რომლებიც
უსაბუთოდაც ნათელია, ჩვენც მძიმე და მომქანცველი შრომა მოგველის. დირექტივა რომ
ხალხისთვის თავისუფლების მიცემას გვავალებს, მოდით და ერთი ესეც ვიკითხოთ, ვინ
არის ის ხალხი, ვისაც თავისუფლება უნდა მიეცეს? სიის შედგენა რომ დაგვჭირდეს, ვინ
უნდა ჩავწეროთ ამ სიაში და ვინ არა? რა ადგილას გადის ის საზღვარი, რომლის ერთ
მხარეს თავისუფლების გამღები დგას და მეორე მხარეს თავისუფლების მიმღები?
თვითონ ეს თავისუფლება სად არის და ვის ხელშია? ანდა, საერთოდ, რა არის
თავისუფლება? უკონტროლო კუნტრუში თუ წრეხაზის მიერ ლიმიტირებულ-
პროკრუსტირებული რადიუსი? და თუ რადიუსია, ან სად იწყება, ან სად თავდება, ან
რამსიგრძეა? თავისუფლების მიცემა რაღას ნიშნავს? როგორ უნდა მიეცეს, ვისაც უნდა
მიეცეს, თავისუფლება? როგორც მზე იძლევა სინათლეს თუ როგორც კიტრი იძლევა
ნაყოფს? ყველაფერი ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენს მაგივრად სხვა ვერ გადაწყვეტს.
ამ პატარა შესავლის შემდეგ, რომლითაც, რაც ჯერ კიდევ აუბურდავი იყო, ისიც აბურდა,
და რაც ჯერ კიდევ დაუბნელებელი იყო, ისიც დააბნელა, მეთოდურად შეუდგა ახალი,
ძალზე ორიგინალური თეორიის ჩამოყალიბებას. სანაკლიელ ქურუმთათვის, რომლებიც
იერარქიის ტაძარში კრძალვით მიმოდიოდნენ და მაღლით მონიჭებულ იდეოლოგიას
შეფრფინვით ემსახურებოდნენ, ასეთი თეორიის დამტკიცება, მეტი რომ არა ვთქვათ,
ძნელი იყო; ამიტომ ბიძაჩემმა დიალოგის ხერხს მიმართა (სოკრატეც, როგორც
ცნობილია, ასე იქცეოდა): - არსებობს თუ არა, ვანიკო ბატონო, ადამიანის ენაში სიტყვა
„შეცდომა“?
- რავა, მასხრათ მიგდებ, შე კაცო?! - იწყინა ვანიკომ.
- როგორ გეკადრება! - დაუყვავა ბიძაჩემმა, - მასხრად მტერმა აგიგდოს, მასხრად
ასაგდები რა გჭირს! უბრალოდ...
და გაუტია...
სხდომის მონაწილენი, რომელთა შორის სხვებზე მეტად აქტიურობდნენ ქალაქის
პროკურორი ლაფიაშვილი (კაცი სამჯერ ნაჯდომი და, საერთოდ,
მრავალჭირგამოვლილი), უკვე ნახსენები ვანიკო, გვარად კოზმანაშვილი (რომელიც მერე
და მერე აცეტდა და ერთი-ორჯერ თავს უკბილო ხუმრობის ნებაც მისცა), დოცენტი
მიროტაძე და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს (ახლა ეს უკვე აღარავის უკვირს)
სასაფლაოს დირექტორი ხერხეულიძე (რომელსაც ბედის უკუღმართობით უმაღლესი
განათლება რუსეთში მიეღო, ორივე დისერტაცია - საკანდიდატოცა და სადოქტოროც - იქ
დაეცვა, პროფესორის წოდებაც იქ მოეპოვებინა, მაგრამ ცოლი ჩვენებური ჰყავდა და
მოგვიანებით, სამშობლოს სიყვარულში რომ დიდი შეჯიბრი გაიმართა, არა ერთი და ორი
მაღალი ჩინის პატრიოტი მოიტოვა უკან), მკვირცხლად, ხალისით და აქტიურად
პასუხობდნენ ბიძაჩემის მიზანმიმართულ შეკითხვებს და სულ თამაშ-თამაშით, ისე რომ
არც გაუგიათ, მალე, სრულუფლებიანი თანაავტორები გახდნენ „აუცილებელი შეცდომის“
უკვდავი თეორიისა, რომელიც მოგვიანებით დაწერილი, შეკუმშული, თითქმის მშრალი
რეზიუმეს სახით (თუ ვინმეს სურვილი აქვს უფრო დაწვრილებით გაეცნოს ამ თეორიას,
სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი მე მაქვს და მზად ვარ ნებისმიერ ორმხრივ
მოსახერხებელ დროს ვაჩვენო) ბიძაჩემის მიერ ამგვარად იქნა ჩამოწიკწიკებული: 1.
შეცდომა უცხოა უსულო საგნისთვის და ორგანულია სულიერი არსებისთვის.
2. განვითარების რაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას სულიერი არსება, მით უფრო
მაღალია მასში შეცდომის კოეფიციენტი.
3. შეცდომა ცნობიერების თვისებაა და, მკაცრად თუ ვიტყვით, არსებითად მხოლოდ
ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.
4. ყოველი ჩადენილი შეცდომა ჭეშმარიტებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
5. თავისუფლება, ფაქტიურად, შეცდომის ჩადენის თავისუფლებაა.
ბიძაჩემი ტრიუმფული რიხინ-რიხინით მიდიოდა მიზნისკენ. მართალია, ერთ მომენტში
(როცა მეორე პუნქტს გასცდა და მესამეს აყალიბებდა) საიდუმლო მრჩეველმა მაინც
სცადა მისი შეჩერება, რისთვისაც დათაფლული ღიმილითა და შემპარავი ხმის კილოთი
ჰკითხა, მაშ რისგანაა, ჩემო იონა, რომ ჭკვიანი კაცი იშვიათად ცდება, უჭკუო კი ხშირადო,
მაგრამ არა გამოუვიდა რა.
- ჩიტი სკლინტით იცნობაო, ნათქვამია, - ბრძნული კილოთი და არანაკლებ დათაფლული
ღიმილით მიუგო ბიძაჩემმა, და თუმცა ეს უტიფარი ტყუილი იყო, ვინაიდან არსად მსგავსი
არაფერია ნათქვამი, დიდი და ზეშთაგონებული თავდაჯერების წყალობით საიდუმლო
მრჩეველი აიძულა, ეს მოგონილი ანდაზა, ჩიტისა და სკლინტის ეს გამხმარი აბი,
მორჩილად ჩაეყლაპა, - ვისაც აქცენტი ჭეშმარიტებაზე აქვს აღებული, მან უწინარეს
ყოვლისა იმისთვის უნდა იზრუნოს, რომ მიზეზი და შედეგი ერთმანეთში არ აურიოს.
თქვენი დებულება ცრუ წანამძღვრებზე დგას. ჭკუა პირობითი სიდიდეა, რომლის საზომი
უჭკუობაა. მეტიც: უჭკუობა ჭკუის საზრდოა და ჭკუა უჭკუობის გარეშე არ არსებობს. კიდევ
მეტი: ჭკუა და უჭკუობა ერთი და იმავე ფურცლის გვერდებია. უგუნური ამაზე იტყვის,
ადამიანი შეცდომებისკენ მიისწრაფისო, გონიერი კი იტყვის, სიმართლის გზა შეცდომებზე
გადისო. დიახ, ადამიანსა და ჭეშმარიტებას შორის ბეწვის ხიდია გადებული და იგი
შეცდომების კენჭებითაა მოკირწყლული. ეს ხიდი რომ გადავიაროთ, გზად შემხვედრი
ყოველი კენჭი უნდა ამოვატრიალოთ. ასე რომ, გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას,
ადამიანი შეცდომის ჩამდენი ცხოველია. სხვათა შორის, ტვინი რომ გვაქვს წაჭმული,
იარაღის მკეთებელია და იარაღის მკეთებელიაო, ვერაფერი იარაღის მკეთებელი ვერ
იქნებოდა, შეცდომის ჩამდენი რომ არ იყოს.
საბოლოოდ, მიუხედავად გადაჭარბებისა, რაც ბიძაჩემისთვის, საზოგადოდ,
დამახასიათებელია, მკაცრად და შეუვალად იქნა დასაბუთებული, რომ თუ სანაკლიოში
ვინმეს თავისუფლება აკლდა, უწინარეს ყოვლისა ბატონ კრეონტს აკლდა, ვინაიდან მას,
ესოდენ განვითარებულს, აქამდე არც ერთი თვალსაჩინო შეცდომა არ ჰქონდა ჩადენილი,
ხოლო იქ, სადაც თავი არ არის თავისუფალი, დანარჩენი ასოების თავისუფლებაზე
ლაპარაკიც ზედმეტია.
- ერთი სიტყვით, - ომახიანად (ბიძაჩემს რომ ვიცნობ, ალბათ, ცოტა მრისხანედაც)
დაასკვნა მან, - თუ შეცდომის ჩადენა ცნობიერების ნიშანია, ხოლო ჩადენის ინტენსივობა
გონების ხარისხის მაჩვენებელი, შეცდომის აღიარება სულიერების ნიშანია, ხოლო
აღიარების ინტენსივობა თავისუფლების ხარისხის მაჩვენებელი. და რაკი სანაკლიოში
თავისუფლება სწორედ თავისუფლებისგანაა თავისუფალი, ჩვენი რეფორმისტული ვალია,
პირველ რიგში ქალაქის თავსა და ტვინს ავყაროთ ბორკილები, რათა სრულიად
სანაკლიოს ამით ბორკილთმსხვრევის ნიშანი მივცეთ, - აქ, ბატონ კრეონტს რომ
დაღრეჯილობა შეატყო, ხმაში თაფლი და შაქარი შეურია, - საშიში არაფერია,
დასაწყისისთვის ერთი პატარა შეცდომა გვეყოფა, რომელსაც ვინმე ერთგული და სანდო
მუშაკი პრესის მეშვეობით საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანს, რათა ამ პატარა
სასწაულის შემხედვარე ქალაქმა თქვენი რეალური თავისუფლება თავის პოტენციურ
თავისუფლებასთან გააიგივოს და საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ იერარქია
მოჩვენებითია, ყველანი ერთსა და იმავე პალოზე ვართ გამობმული. მთავარიც ეს არის.
სანაკლიელი კაცი ხომ თავისუფლებას განიხილავს, როგორც შეფარდებით სიდიდეს,
რომელშიაც არსებითია არა თავად თავისუფლება, რომლის განსაზღვრა მას
დამოუკიდებლად არ ძალუძს, არამედ ის, რომ ყველანი ერთ ტაფაში ვიხრაკებოდეთ.
დარბაზში კიდევ ერთხელ ჩამოვარდა საზეიმო - სამგლოვიარო დუმილი და იგი ამჯერად
საიდუმლო მრჩეველმა დაარღვია. საიდუმლო მრჩეველმა ჯერ მარჯვენა ხელის თითებით
მაგიდაზე რაღაც მინორული მელოდია გამოიყვანა, მერე კი ლაკონურად და
გასამხედროებული ხმით თქვა: - ცენზურა უნდა გაძლიერდეს.
რაზედაც ბიძაჩემმა მართალია სამოქალაქო ხმით, მაგრამ არანაკლებ ლაკონურად
მიუგო: - ცენზურა უნდა გაუქმდეს.
მაშინ დისკუსიაში ჩაება კაცია გოგია, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა, ვინაიდან მშვენივრად
უწყოდა არა მარტო ის, რომ მის სიტყვას დიდი წონა ჰქონდა, არამედ ისიც, რომ რაც
უფრო დიდი წონა აქვს სიტყვას, მით უფრო მომჭირნედ გვმართებს მისი ხარჯვა. კაცია
გოგიამ თავი ასწია, ღრმააზროვანი მზერა აუჩქარებლად (და სულ ოდნავ კრიტიკულად)
მოავლო დამსწრეთ და დინჯად, დაჯერებულად, ოდინდელი სიმტკიცით გამოჭედა: -
ცენზურა უნდა გაუქმდეს და კონტროლი უნდა გაძლიერდეს.
აქ სრულიად მოულოდნელად, თითქოს უადგილოდაც, თანაშემწემ (ნუ დავივიწყებთ, რომ
იგი იმავდროულად საიდუმლო მრჩეველიც იყო), ბიძაჩემს გაუღიმა. გაუღიმა გულღიად,
ფართოდ, მადლიერებით, სიყვარულით, გაუღიმა ისე, როგორც შეიძლება გაუღიმო შენი
ცხოვრების საუკეთესო წამს და ამ საუკეთესო წამის შემოქმედს. ბიძაჩემმა ამ ღიმილში
შეხვეული ცხელი ტყვია, როგორც თვითონ მითხრა, მაშინვე დაინახა, მაგრამ იმას, რაც
მაშინ თანაშემწემ ჩაიფიქრა, თორმეტი ბიძაც კი ვერ ამოხსნიდა, ვინაიდან ამის ამოხსნა
თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო. შემდგომ ამისა თანაშემწე ზეზე წამოდგა და სიტყვა
წარმოთქვა. დანარჩენი ელიტის გასაკვირად და გასაწბილებლად მან სავსებით მოიწონა
ბიძაჩემის თეორია და, როგორც საახალწლო ნაძვის ხეს, ტოტებზე მრავალი ბრჭყვიალა
ეპითეტიც დაჰკიდა. ქებაც ბევრი თქვა და მადლობაც ბევრი თქვა. ბოლოს დასძინა: -
მაგრამ, ამხანაგებო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარგი ის გაბედულებაა, რომელსაც
მრჩევლად სიფრთხილე ჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ის ტოტი მოვჭრათ,
რომელზედაც ვსხედვართ. თეორია, ვიმეორებ, ჩინებულია, მაგრამ ვინაიდან დღევანდელ
მრავალმხრივად რთულ ვითარებაში სულ მცირე წინდაუხედაობასაც კი შეიძლება
გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს, საჭიროა ყველა შესაძლო ასპექტის გამოწვლილვით
შესწავლა, რისთვისაც ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას კომპეტენტური კომისია,
რომელიც ყოველდღიურად აღნუსხავს ვითარების ხასიათსა და მიმართულებას და
ზუსტად შეარჩევს ოპტიმალურ დროს, როცა წარმოდგენილი თეორიის განხორციელება
შესაძლებელი იქნება რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე.
მცირე ყაყანის შემდეგ, რომელიც უკვე არა მარტო მშვიდობიანი იყო, არამედ ტკბილიც,
კომისია მართლაც შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ბატონი კრეონტის
თანაშემწე, იგივ საიდუმლო მრჩეველი. ბიძაჩემი იონა კომისიაში შეყვანილ არ იქნა.
სწორედ ამ დროს დაიწყო ზემოთ ნახსენები ოთხი ნასკვის პარალელური და თითქმის
ერთდროული განასკვა.
მაგრამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაინც დავიცვათ თანმიმდევრობა.
ადამიანთა შეფასება ბიძაჩემის აქილევსის ქუსლია. ეს კოჟრებიანი ქუსლი, ქვეცნობიერ
სამყაროში დაბანაკებული და ბოროტი ძალების მიერ გაქეზებული, გამუდმებით იმის
ცდაშია, რაც შეიძლება მეტი მტერი შესძინოს ჩემს ცოდვილსა და სასიქადულო ბიძას.
ალბათ, ამის ბრალია, რომ ეს, მუდამ შურის აღმძვრელად (მამაჩემის ვერსიით
ქარაფშუტულად) არხეინი და გულდაჯერებული კაცი, ვისაც, თუკი ამქვეყნად რამე
ეჯავრება, პირველ რიგში თავის შეწუხება ეჯავრება, უკიდურესად - და ეს ძალზე რბილი
სიტყვაა - ენერგიული, მუყაითი და მომთხოვნი ხდება, როცა საქმე მტრის შეძენაზე
მიდგება (ცხადია ლაპარაკია არა პატარა და თავშესაქცევ მტერუკებზე, არამედ დიდსა და
სერიოზულ მტრებზე). თანაც ეს საშიში თვისება იმ ზომამდე აქვს წამახული და
გაშიშვლებული, რომ, თუ ვინმე მტრად გადაიკიდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ
ყველაზე ვერაგს, ყველაზე ცბიერს, ყველაზე ფხიზელსა და ყველაზე ჭკვიანს აარჩევს.
სწორედ ასეთი მტერი იშოვა იმხანად ბატონი კრეონტის თანაშემწის (იმავ საიდუმლო
მრჩევლის) სახით, რომელმაც თავისი ძლევამოსილი ლაშქრობა (რომელიც, როგორც
თავის ადგილას ვნახავთ, ერთ-ერთი, კერძოდ, რიგით მესამე, ნასკვის განასკვით
დასრულდება), იმით დაიწყო, რომ ბიძაჩემს ელიტარულ კასტაში ფეხი ამოუკვეთა, ანუ,
თავად ბიძაჩემის თქმით, პირშიჩალაგამოვლებული დატოვა, ბიცოლაჩემის თქმით,
მშრალზე დატოვა, კაციას, ჩემი უფროსი ბიძაშვილის თქმით, თამაშგარე მდგომარეობაში
დატოვა, ხოლო დანარჩენი ბიძაშვილების თქმით, რომლებიც ასაკისა და სხვა ბუნებრივი
უპირატესობის წყალობით სხვებზე უკეთ ადევნებენ თვალს ჟარგონის განვითარებას,
„მოტეხა“.
როგორც ბიცოლაჩემმა მითხრა - ბიცოლაჩემი სათქმელს ყოველთვის გასაგებად ამბობს
- საბრალო ბიძაჩემი იმხანად თურმე მართლა გვარიანად მოტეხილი ყოფილა.
თუმცა ტერმინებში არ არის საქმე. ყოველ შემთხვევაში, მაშინ საქმე გაცილებით უფრო
რთულად იყო, ვიდრე რაგინდარა ტერმინით შეიძლება გამოიხატოს. კერძოდ, მას შემდეგ,
რაც ერთი ხანობა მაინც ელოდა მორიგ სხდომაზე გამოძახებას, მაგრამ არ გამოიძახეს,
იმედი ნელ-ნელა დაკარგა, ძილი გაუტყდა, შფოთვა დასჩემდა, დაბნეული და გულმავიწყი
გახდა და ბოლოს მისი აბობოქრებული და დაუსაქმებელი (დააკვირდით, რა საშიში
შეხამებაა!) ენერგიის ზღვა ისე აღელდა, ლამის ნაპირები წალეკა. ადიდებულმა ენერგიამ
ბიძაჩემს მთელ ტანზე გამოაყარა. ბიძაჩემს ენერგია აქავდა. მთავარმა ძარღვმა
კონტროლის ლაგამი გადაღრღნა და გონების მარწუხებს დაუსხლტა. ვისაც გამოცდილი
გაქვთ, უჩემოდაც გეცოდინებათ, რომ ეს უილაჯობის ისეთი მწვერვალია, როცა კაცი მზადა
ხარ საკუთარი ხორცი დაიძიძგნო, ვისაც არ გამოუცდია, უბრალოდ ვუთხრათ, რომ,
როგორც ზვავის შეკავება შეუძლებელია, როგორც მეწყრის შეკავება შეუძლებელია,
როგორც ვულკანის შეკავება შეუძლებელია, როგორც მიწისძვრის შეკავება შეუძლებელია,
ასე შეუძლებელი იყო იმ პერიოდში ბიძაჩემის ავად დაგორგლილი ენერგიის შეკავება.
მოკლედ, ბიძაჩემის საარსებო სივრცეში საშიში სუბიექტური ვაკუუმი წარმოიქმნა. ბიძაჩემი
დაემსგავსა თუნუქის ბიდონს, რომლიდანაც ჰაერი ამოტუმბეს.
ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში უშველიდა, იყო ობიექტი, ანუ გრამატიკული სიზუსტეც
რომ დავიცვათ - ირიბი ობიექტი, რომელიც ლავად ამოხეთქილი პირდაპირი ობიექტის
შთანთქმასა და მონელებას შეძლებდა.
ასეთი ობიექტი არსად ჩანდა. მართალია, ერთი ხანობა ბიძაჩემი ცდილობდა მთელი
ჯავრი საკუთარ ოჯახზე ამოეყარა, რაშიც ჩუმ-ჩუმად, ისე რომ არ შეემჩნევინებინა,
საგონებელში ჩავარდნილი ბიცოლაჩემიც ეხმარებოდა, მაგრამ ოჯახი მეტისმეტად მცირე
აუზი იყო საიმისოდ, რომ ამოდენა ზღვა დაეტია. და ბიძაჩემი, ენერგეტიკულად
გახელებული, გამეტებით აწყდებოდა აქეთ-იქით, რითაც ერთგვარ პერპეტუუმ-მობილეს
ემსგავსებოდა, ვინაიდან, რაც უფრო გამეტებით აწყდებოდა აქეთ-იქით, მით უფრო
ხელდებოდა და რაც უფრო ხელდებოდა, მით უფრო გამეტებით აწყდებოდა აქეთ-იქით.
ძალიან ბევრს კი ვლაპარაკობ საკუთარ ბიძაზე, მაგრამ, ვფიქრობ, არ გამემტყუნება.
მართლაცდა, თუ ცრუ ჰუმანიზმს თავს დავაღწევთ (სავსებით შეგნებული მაქვს, რაოდენ
რთულ ამოცანას გისახავთ), დავინახავთ, რომ ამქვეყნად ყველას თავისი ბიძა უყვარს,
ყველა თავის ბიძას უფრთხილდება და ყველა თავის ბიძაზე ლაპარაკობს. ერთი შეხედვით
ეს უსინდისო ეგოიზმია, მაგრამ აბა დააკვირდით: მოყვასის ქრისტიანული სიყვარული ხომ
ოდენ თეორიაა, რომლის სრული რეალიზაცია მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც
ჩვენ მთლად „ჩვენ“ აღარა ვართ, გრძნობად სამყაროში კი სიყვარულის ამ ქრისტიანულ
უნიფიკაციას დიდი-დიდი მივუახლოვდეთ (თუნდაც ამ ტერმინს ისეთი ძვირფასი ქურქი
ჩავაცვათ, როგორიცაა სიტყვა „მაქსიმალურად“), თორემ მიღწევით ვერასოდეს
მივაღწევთ. ვისაც კაცთმოყვარეობა შემოსავლის წყაროდ არ უქცევია, ვფიქრობ, ამ ცხად
ჭეშმარიტებას სადავოდ არ გახდის. მართლაცდა, განა შეიძლება წარმოვიდგინოთ კაცი,
რომელსაც სხვისი შვილი ისე უყვარს, როგორც თავისი, სხვისი დედ-მამა ისე უყვარს,
როგორც თავისი, სხვისი და-ძმა ისე უყვარს, როგორც თავისი, სხვისი ცოლი... თუმცა სხვის
ცოლს მოვეშვათ, ამან შეიძლება საქმე გაგვირთულოს... ერთი სიტყვით, მე ის მინდა ვთქვა,
რომ რაკი პრაქტიკულად გამორიცხულია, მოყვასი ისე გიყვარდეს, როგორც საკუთარი
თავი, როდესაც მე სხვის ბიძას ჩემი ბიძა მირჩევნია, ამ სიყვარულს ბუნების კანონი
მართავს და არა ეგოიზმი.
ხოლო ქალაქში უკონტროლოდ დაგორავდა თავისუფლების ნაღმი და ლოკოკინასავით,
საცა გაივლიდა, მოყვითალო კვალს ტოვებდა. ეს კვალი ჯერ შეუმჩნეველი იყო, მერე
თითქმის შეუმჩნეველი, მერე ძლივშესამჩნევი, მერე ოდნავ შესამჩნევი, მერე შესამჩნევი,
მერე აშკარა, მერე მკაფიო და ბოლოს დამაბრმავებელი.
ფრთხილი და წინდახედული სანაკლიელები თავისუფლების ამ აღვირახსნილ პარპაშს
ერთხანს შიშითა და ეჭვით შესცქეროდნენ, მასზე საუბარს ერიდებოდნენ და ისეთ
ადგილებში სიარულს, სადაც შეიძლებოდა ნაღმს გადაჰყროდნენ, ბეჯითად გაურბოდნენ.
საერთოდაც გარე-გარე სიარულს, როცა ყოველ წამს მოსალოდნელი იყო
თავისუფლების სლიპინა კვალზე ფეხი დასხლტომოდათ, შინ ჯდომას ამჯობინებდნენ,
თუმცა მთლად მშვიდად ცხადია ვერც შინ იქნებოდნენ, ვინაიდან გაგებულიც ჰქონდათ და
საკუთარი გამოცდილებაც აფრთხილებდა, ცხოვრება რომ ასერიგად ატროკდება,
ტყიდან ნადირმა იცის გამოსვლაო. ერთი სიტყვით, ისხდნენ თავიანთ ბაკნებში -
ბუნებრივია, გადატანითი მნიშვნელობით - და ერთიანად თავდაცვის ინსტინქტად
ქცეულები ათასი ყურითა და ათასი თვალით აკვირდებოდნენ მოვლენათა განვითარებას.
მაგრამ მოვლენათა განვითარებას დიდხანს არაფერი მოჰყოლია. ეს იყო მხოლოდ,
ბაზარი კიდევ უფრო გაძვირდა.
იცადეს სანაკლიელებმა, იცადეს და, რაკი გაძვირების მეტი მნიშვნელოვანი სხვა არა
მომხდარა რა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხელისუფლებამ ამჯერად რაღაც
ხანგრძლივი თამაში წამოიწყო, თამაშთა მთელი სერიალი, და თუ საერთოდ აპირებდა ეს
სერიალიც, ჩვეულებისამებრ, დაჭერობანათი დაეგვირგვინებია, ყოველ შემთხვევაში,
ჯერჯერობით არ ჩქარობდა. სანაკლიელები ამ ვარაუდს, ცხადია, მაქსიმალური
სიფრთხილით მოეკიდნენ, მაგრამ ადამიანი ყველგან ადამიანია და მისი ფსიქიკაც
ყველგან მეტ-ნაკლებად სანაკლიურია. დღეს თუ არ დაგიჭირეს, ხვალ თუ არ დაგიჭირეს,
ზეგ თუ არ დაგიჭირეს, ძალაუნებურად გიჩნდება რწმენა, რომ აღარასოდეს დაგიჭერენ.
მოკლედ, რა ნახეს, განსაკუთრებით საშიში არაფერი ხდებოდა, ან თუ ხდებოდა,
შეუმჩნევლად ხდებოდა - ხოლო იმის გულისთვის, რაც შეუმჩნევლად ხდება, თავს რატომ
აიტკივებდნენ - სანაკლიელები თამაშში ჩაებნენ. ერთი ხანობა კი მაინც ფრთხილობდნენ
და დროდადრო უკან იხედებოდნენ, მაგრამ მერე და მერე, გემო რომ გაუგეს,
გახალისდნენ, შიშიც საბოლოოდ ამოირეცხეს გულიდან და ლაღები და აზარტულები
ისეთი სანაკლიური ენთუზიაზმით აენთნენ, როგორსაც სხვაგან ძნელად თუ შეხვდებით.
საქმე ის გახლავთ, რომ სანაკლიელები პოლარული ბუნების ხალხია და გაუბედაობიდან
პირდაპირ თავდავიწყებაზე გადადიან ხოლმე, ამიტომ მათ ცქერას - განსაკუთრებით
ენთუზიაზმის ფაზაში - არაფერი სჯობს. მართლაც, მალე იქამდე შეტოპეს, ხელისუფლებას
სულ ჩამოართვეს ინიციატივა. ხელისუფლებამაც თავის მხრივ იგი სიამოვნებით დათმო -
მხოლოდ საჭე და კომპასი დაიტოვა - და ასე შეერთებული ძალით, ზემოდანაც და
ქვემოდანაც, სანაკლიოში თავისუფლების დიდი ზეიმი დაიწყო.
ზეიმის მთავარი ლაიტმოტივი, როგორც ყოველთვის, ის იყო, რომ სანაკლიელები
ერთმანეთს დაერივნენ. თავისუფლების პირველივე ნაჩვრეტებიდან წლობით ნაგროვები
ბალღამი ამოანთხიეს და სულ ნარჩევი სიტყვებით, ხატოვანი გამოთქმებით, ძარღვიან-
სურნელოვანი ქართულით თათხეს და ათრიეს ერთმანეთი, ქვა ქვაზე არ დატოვეს
ერთმანეთის სახელიდან და ღირსებიდან. უნდა ითქვას, კარგადაც ამოვიდნენ
ერთმანეთის ოხტში. ამის პირუთვნელი და დოკუმენტური მოწმე გახლავთ იმდროინდელი
პრესა, რომელიც ერთი პირველთაგანი გადაეშვა თავისუფლების მყრალ ჭაობში, რასაც
შედეგად ის მოჰყვა, რომ იმხანად „სოიუზპეჩატის“ ჯიხურებს უაირწინაღოდ ახლო ვერ
გაეკარებოდით, თუმცა მარტო „სოიუზპეჩატებს“? საერთოდ, ირგვლივ - ყველგან - ისეთი
სუნი იდგა, შუა ზაფხულში რომ ერთდროულად მრავალი გვამი გაიხრწნას (გადაჭარბება
არ გეგონოთ. მაშინ მართლა იმდენი - მათ შორის არაერთი ცნობილი და სახელოვანი -
გვამი გაიხრწნა, შესაძლოა სიტყვა „მრავალი“ მათ დათვლას ვერც კი აუვიდეს).
დიდხანს გრძელდებოდა ეს ნეტარი ჟრიამული თუ ცოტა ხანს, იმ დროს, როდესაც
თავისუფლების მისტერიაში თავით ფეხამდე ჩამბალი ქალაქი თავდავიწყების
მწვერვალზე როკავდა და ტლინკაობდა, ბოლოს და ბოლოს ბიძაჩემმა ირიბი ობიექტი
იპოვა. ეს არ ყოფილა გრანდიოზული წყალსაცავი, რომელსაც შეეძლო ზღვა დაეტია,
მაგრამ მეორე მხრივ ეს გრანდიოზულ წყალსაცავზე მეტი იყო. ეს იყო გრანდიოზული
იდეა.
ბიძაჩემი თავისუფლების საერთო-სანაკლიურ თამაშში ჩაება.
ბიძაჩემი თავისუფლების საერთო-სანაკლიურ თამაშში თავისებურად ჩაება, რაც იმაში
გამოიხატა, რომ მაისის ჩვიდმეტს სანაკლიოს დილის გაზეთში გამოაქვეყნა სტატია:
„თავისუფლება. შემობრუნება 3600“, რომელშიაც უხვი საილუსტრაციო მასალის
მოშველიებით დამაჯერებლად ამტკიცებდა, ხელისუფლების მიერ წამოწყებული დიდი
ექსპერიმენტი პირქვედამხობილ ქალაქს მალე 3600-ით ამოაბრუნებსო.
სტატიაში ბიძაჩემმა კეთილსინდისიერად აღწერა ყველაფერი ის, რაც თავისუფლების
ინტერიერში ხდებოდა, ხოლო მზაკვრობა მისი, ვერაგობა მისი, გაიძვერობა მისი და
დიადი ჩანაფიქრი მისი სათაურში იყო გაცხადებული. რედაქციის თანამშრომლები რომ
გრადუსებში ვერ ერკვეოდნენ (ლაპარაკია, ცხადია, სპეციფიკურ გეომეტრიულ
გრადუსებზე, თორემ ისე როგორ ვერ ერკვეოდნენ!), ეს დღესავით ნათელი იყო და ამ
თვალსაზრისით სტატიის გამოქვეყნებას წინ არაფერი დაუდგებოდა.
მაგრამ რა უნდოდა ბიძაჩემს? რას მოელოდა ამ თავისი მზაკვრობისაგან?
(გაკვრით უნდა შევნიშნოთ, რომ მოგვიანებით, როცა სტატია გახმაურდა და ბიძაჩემს
კიდევ ერთხელ გაუვარდა სახელი სანაკლიოში, ადგილობრივი მოსახლეობა მისი
საქციელის დასახასიათებლად იყენებდა არა ლიტერატურულ „მზაკვრობას“, არამედ
დიალექტურ „ხიმანდრობასა“ და „მაკვარანცხობას“, კერძოდ, ნაკლისწყლის მარჯვენა
მხარე უპირატესობას „მაკვარანცხობას“ ანიჭებდა, მარცხენა კი „ხიმანდრობას“, თუმცა
გამონაკლისებიც იყო „მაღვალაკობის“ სახით).
ბიძაჩემს სკანდალი სჭირდებოდა, სრულიად სანაკლიური აურზაური, უმაღლესი დონის
ადმინისტრაციული გრგვინვა, რათა კვლავ სამოქალაქო დუღილის ეპიცენტრში
მოქცეულიყო, და ამ მიზნით წარმოსახვით რაშს (თეთრს) აბსურდული ბრძოლის
ველისკენ მიაგელვებდა (ცხადია, ის არ იცოდა, რომ ამ ბრუნვა-ტრიალში ძალზე
სახიფათო მანძილზე უახლოვდებოდა იმ გავარვარებულ წერტილს, საიდანაც გაწაფულ
თვალს (გონების თვალს) პირველი ნასკვის დანახვა შეეძლო).
მაგრამ იმისათვის, რომ ტექსტი და მისი სათაური, ვითარცა ნივთიერება და
ანტინივთიერება, მთელი ქალაქის დასანახად შეხებოდნენ ერთმანეთს, რათა აფეთქებას
შეძლებისდაგვარად ფართო მასშტაბის სკანდალი მოჰყოლოდა, აუცილებელი იყო
შემსრულებელი, ვინც სტატიის ღველფში შეხვეულ ცეცხლს მოიძიებდა და დღის
სინათლეზე გამოიტანდა. კერძოდ, საჭირო იყო დაწყებითი განათლების მქონე კეთილი
ნების ადამიანი, გეომეტრიის ანბანში გათვითცნობიერებული ვინმე მოხალისე, ვინმე
ღვთისნიერი, ვინმე ქრისტიანი (ამ სიტყვის არა ვიწრო-რელიგიური, არამედ ზოგად-
სარწმუნოებრივი გაგებით, თორემ ბიძაჩემი, ვისთვისაც უცხოა ყოველგვარი რელიგიური
შეუწყნარებლობა, ცხადია ამ როლში არც მაჰმადიანს დაიწუნებდა).
გამოჩნდებოდა კია ასეთი კაცი?
ოპტიმიზმი ბიძაჩემის ერთგვარი alter ego-ა, მაგრამ ეს ფშუტე alter ego ამჯერად სავსებით
რეალურ ნიადაგში ჩავარდა. ბიძაჩემს ყველაფერი ისე ზუსტად ჰქონდა გათვლილი, მისი
იმედი პირიპირზე დაემთხვა გარდუვალობას, გარდუვალობას კი წინ აბა რა დაუდგება!
მართლაცდა, თუ ღმერთი ისე გაწყრებოდა, რომ სანაკლიოს დილის გაზეთის
მრავალრიცხოვან მკითხველთა შორის პირველდაწყებითი გეომეტრიის მცოდნე არავინ
გამოჩნდებოდა, ბიძაჩემი თავად მოჰკიდებდა ხელს ამ საქმეს და თავისი სტატიის
გაშიშვლებულ მავთულებს თვითონვე მიადებდა ერთმანეთს. ხოლო სანაკლიოს
რესტორნებში, სასადილოებში და დუქნებში საიდუმლოდ დარხეული ხმები იმის შესახებ,
რომ იონა კამკამიძემ თავისუფლება მასხრად აიგდო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
ისეთ ყუმბარად შედედდებოდა, ღმერთმა ყველა უცოდველს (აგრეთვე ყველა ცოდვილს)
გაშოროთ.
ერთი სიტყვით, ბიძაჩემმა ყველაფერი გაითვალისწინა. მარტო ის ვერ გაითვალისწინა,
წრიული თავისუფლების ამ ცრუ ჰიმნს თუ ვინმე პრ. დიდებულიძე გამოეხმაურებოდა.
არადა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სწორედ ასე მოხდა.
თუმცა მაშინ რაღა არ ხდებოდა! მაგალითად, იმ დროისათვის, როცა ბიძაჩემმა პრ.
დიდებულიძის წერილი მიიღო, უკვე იმდენი მნიშვნელოვანი და ღირსსახსოვარი
სისაძაგლე იყო მომხდარი, საგონებელში ჩავარდნილ დრო-ჟამს ვერც კი გადაეწყვიტა,
რომელ მათგანზე აეღო აქცენტი, რომ თავისი იდუმალი და ავი საქმე უკეთ ეკეთებინა.
რაც შეეხება შემსრულებელს, შემსრულებელი მალე გამოჩნდა. არავინ იცის, სად, როდის
და რა მიზნით შეისწავლა ბატონი კრეონტის თანაშემწემ გეომეტრიის საფუძვლები,
მაგრამ ფაქტია, რომ პირველმა სწორედ მან იფეთქა.
ბიძაჩემის ჩანაფიქრი ჩინებულ ნიადაგში მოხვდა. ქალაქის ღირსებაშელახულმა მამებმა
ვერ შეძლეს გულგრილი დუმილით აევლოთ გვერდი 3600-სათვის და თავი ისე
დაეჭირათ, ვითომ არა გაუგიათ რა.
ისტორიული ქრონიკების ლაკონურობით თუ ვიტყვით, ბიძაჩემი გამოიძახეს და ტყავი
გააძრეს. მაგრამ ქრონიკები დაე ისტორიკოსებმა იკმარონ, ჩვენთვის სურათზე უფრო
მნიშვნელოვანი ჩარჩოა, ვინაიდან, როდესაც ტყავის გაძრობაზე ვლაპარაკობთ, საქმე
სწორედ იმ ჰერმეტულ ტყავს ეხება, რომლის შიგნითაც ბიძაჩემს სული ეხუთებოდა.
საბედნიეროდ გეგმამ იმედები გაამართლა და „ტყავის გაძრობა“ ფსიქოლოგიის ენაზე
„წრედის გახსნად“ ითარგმნა. დიაღაც ტუქსავდნენ ბიძაჩემს ვრცელსა და ჭერმაღალ
საკრეონტოში, უჯავრდებოდნენ, უყვიროდნენ, ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ, თვალებს
უბრიალებდნენ, თითს უქნევდნენ, მუშტებს უბრახუნებდნენ, მორალს უკითხავდნენ,
შიგადაშიგ - არ ვიცი, მიამიტობით მოსდიოდათ, არ ვიცი, მღელვარებით - ნამუსზეც
აგდებდნენ... ერთი სიტყვით, სანაქებო გულმოდგინებით ათავისუფლებდნენ შედედებული
ენერგიისაგან, რომელიც კეცა-კეცად შემოხვეოდა და, რომ არა ეს მაშველი ძალა, მალე
ალბათ გაგუდავდა კიდეც. მაშველი ძალა კი, რომელსაც თავი დამსჯელი ძალა ეგონა,
ბობოქრობდა და ვერ კი ხედავდა, რომ ესოდენი წურწურით ბიძაჩემს ოფლი კი არა,
დაგუბებული ენერგია გასდიოდა.
პროცედურა დიაღაც საამური იყო და ბიძაჩემი მალე ალბათ სრულ განცხრომას
მიეცემოდა, მაგრამ უეცრად გაკვირვებითა და შეშფოთებით შენიშნა, რომ ეს
გამობრძმედილი კაცები, ქალაქის ეს ღირსი მამები, ტყავს ისე ვერ აძრობდნენ, როგორც
მათს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს ეკადრებოდა.
არადა, ძალებს თითქოს არ იშურებდნენ.
საგონებელში ჩავარდნილმა ბიძაჩემმა მიზეზი თავიდან ესთეტიკის სფეროში ივარაუდა
და სინანულით დაასკვნა, ამ ხალხს დღეს შთაგონება აკლიაო, მაგრამ მალევე მიხვდა,
რომ ეს ცუღლუტი გონების ხალტურული დასკვნა იყო. სინამდვილეში მიზეზი მიზეზთათვის
განკუთვნილ არც ერთ ხილულ მწკრივში არ ჩანდა. შეიქმნა პარადოქსული ვითარება:
მიზეზი არსებობდა, ვინაიდან შედეგი არსებობდა, და მიზეზი არ არსებობდა, ვინაიდან
მიზეზი არ არსებობდა. ასეთ შეუსაბამობასთან შერიგება არ შეიძლება. სამყაროულ
წესრიგს მოფრთხილება უნდა. მაგალითად, მოსე წინასწარმეტყველს რომ თვალითაც
დაენახა ის ღმერთი, რომელიც მაყვლის ბუჩქიდან ნახევრადინკოგნიტოდ და იდუმალ-
დამაინტრიგებლად გამოეცნაურა, როგორც პირბადეაფარებული ქალი, რომელსაც
სურვილის ღუდღუდა ნაკვერჩხლები კდემამოსილების ნაცარში აქვს შეხვეული, ისტორია
ალბათ ებრაული ფანტაზიის დასაბამიერ მირაჟებს არ გამოეკიდებოდა და გზიდან არ
გადაუხვევდა. შეგვიძლია ვუწოდოთ მოსეს ამ უეცარ ელდას ანომალია, ფსიქიური
აშლილობა, გონების გადახრა... რა ვიცი, რაც კი გაგვახსენდება. მაგრამ, რაც უნდა
ვუწოდოთ, ჩვენი მეცადინეობა ფუჭი გამოდგება, ვინაიდან ტერმინებს თავისთავად
არავითარი ღირებულება არა აქვთ, ღირებულებას მათ ისეთი ფხვიერი და არასაიმედო -
არსებითად, არანამდვილი - ძალა ანიჭებს, როგორიცაა პრაქტიკა და ინდუქცია. არავინ
იცის, რა არის გადახრა და რა არის გადმოხრა, ვინაიდან შეფასება ყველაფერს post
factum ეძლევა, ფაქტი კი ალალბედი არჩევანია თანაბარმნიშვნელოვან
შესაძლებლობათა შორის. თუმცა ეს თემა ცოტა რთულია და მასზე სიტყვას აღარ
გავაგრძელებ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ეგვიპტიდან გამოსვლას ებრაელები
უნდა უმადლოდნენ არა მოსეს, არა იეღოვას და არა, მით უმეტეს, „ისტორიულ
კანონზომიერებას“ (რაც, მკაცრად თუ ვიტყვით, თვალში ნაცრის შეყრაა და სერიოზულ
მეცნიერებაში დიდი-დიდი სამუშაო ჰიპოთეზად გამოდგეს), არამედ იმ გარემოებას, რომ
შეგრძნების ორგანოთა თანხმობა დაირღვა და მოსეს სმენამ და მხედველობამ ტვინს
ურთიერთშეუსაბამო ჩვენება მისცა (აქედანვე გამომდინარეობს მთელი ის ალოგიკური
სული, რომელიც მოსეს წიგნებში დანის პირზე დადის ქრონიკასა და შემოქმედებას შორის
და ისე ცდილობს არსისა და მოვლენის შერწყმას, თითქოს არსი და მოვლენა
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდნენ). საზოგადოდ, სამყარო და შეგრძნების
ორგანოები გაცილებით უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე
გვგონია და, როცა შეგრძნების ორგანოთა თანხმობა ირღვევა, სამყაროს დიდი და
პატარა „ტიკები“ უჩნდება და ისტორიის მდინარებაში შესაბამისად დიდი და პატარა
ცვლილებები ხდება. ცვლილებებზე (განსაკუთრებით, დიდ ცვლილებებზე) ბიძაჩემს იმ
დროს არ უფიქრია, მაგრამ შედეგის მიტოვებას კი ისეთი განუყრელი მეწყვილის გარეშე,
როგორიცაა მიზეზი, ნურას უკაცრავად და, ვერ დაუშვებდა. მაშინ მთელი შინაგანი ძალები
ერთ ფოკუსში შეკრიბა, დაიძაბა, თავს ძალა დაატანა და - ყველაფერი კარგად აგიხდეთ -
ელდანაკრავმა და ღვთიური ნაპერწკლით განათებულმა შეძრწუნებით იპოვა საძიებელი
მიზეზი. მიზეზი იგი ისეთი ნასკვი აღმოჩნდა, რაც მოქმედებით უკვე მოქმედებდა, მაგრამ
არსებობით ჯერ კიდევ არ არსებობდა. ჯერ მხოლოდ იდეათა სამყაროს თეორიული
გადაწყვეტილება იყო, რომელიც რეალურად მაშინღა დაიბადებოდა, როცა დრო-ჟამის
ბილიკით განფენილობაში შემოვიდოდა (ჩვენ კი ცნობიერების ეს იდუმალი უნარი
დაუბადებელ მიზეზთან ურთიერთობისა შეგვიძლია - ცხადია, თუკი ძალა და გამბედაობა
გვეყოფა ისეთ სიღრმეებში ჩავეშვათ, სადაც მეტაფიზიკის ზღვარი გადის - სულის
უკვდავების კიდევ ერთ არგუმენტად გამოვიყენოთ).
...და ბიძაჩემი, შინაგანად განათებული და გარეგნულად დაპანიკებული, საკრეონტოდან
რომ გამოვიდა, ჯერ ნელა გაუყვა ქუჩას, მერე, რაღაც უცხო ბიძგის გამოისობით, ფეხს
აუჩქარა, მერე, ბიძგები რომ სხეულში მეტისმეტად მომრავლდნენ, იძულებული შეიქნა
სირბილზე გადასულიყო (მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სირბილი იცოდა, ცოტა სასაცილო),
მერე, სახლს რომ მიაღწია და ფილთაქვის გულისმომფონებელი კაკუნი შემოესმა,
მონუსხული გაჰყვა იმა გამალღობელ და დამათბუნებელ ხმას და ბოლოს - უკვე
სამზარეულოში - აღელვებით, მაგრამ ჩურჩულით, ისე რომ ცოლს გაეგონა, კედლებს კი
ვერა, ღაღადჰყო: - მარქსიზმმა კრახი განიცადა, ქალო, სისტემამ ვენები გადაიჭრა, რეჟიმი
ნაკერებზე ირღვევა, კომუნისტები იძირებიან, მეფე მიდასს ვირის ყურები გამობმია, ჩშშშ!..
აი, ეს გახლდათ პირველი ნასკვი. მოდი და ნუ შეშინდები!
ბიცოლაჩემმა პასუხად განჯინის თავიდან დაბეჭდილი კონვერტი გადმოიღო და გაუწოდა.
- წერილია შენს სახელზე.
„ბატონო კამკამიძე!
მინდა გაუწყოთ, რომ ა/წ 17/ V გაზეთ „დილის სანაკლიოში“ გამოქვეყნებულ თქვენს
საყურადღებო სტატიაში „თავისუფლება. შემობრუნება 360 0“ დაშვებულია სერიოზული
შეუსაბამობა. კერძოდ, თუ ცნება „360 0“ აბსოლუტური მნიშვნელობით უნდა გავიგოთ,
მაშინ რას უშვრებით დროის, სივრცისა და მოძრაობის თანმდევ ზემოქმედებას? ხოლო თუ
მხედველობაში გაქვთ სპირალი, რომელსაც ბუნების კანონები უფლებას აძლევს
პერმანენტულად მიისწრაფოდეს წრისაკენ, მაგრამ იმის უფლებას კი არ აძლევს, რომ
წრედ იქცეს, მაშინ რატომ არ მიუთითებთ, რომ ლაპარაკია არა სუფთა 360 0-ზე, არამედ
ისეთ 360 0-ზე, რომელიც კორექტირებულია პირობითობის შესაბამისი კოეფიციენტით?
საერთოდ, ვის შეუძლია თქვას, რას უდრის 360 0 გრძნობად სამყაროში?
პატივისცემით - პრ. დიდებულიძე“
ბიძაჩემს ტანში ჟრუანტელმა დაუარა; მერე მხრები აიჩეჩა და წერილი მაგიდაზე მიაგდო.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიუბრუნდა, აიღო, დახედა და რა ნახა, გამომგზავნის მისამართი
არ ეწერა, იგივე მხრები ამჯერად ზედიზედ ორჯერ აიჩეჩა. და პირველი ნასკვი
მოულოდნელად გაუფართოვდა.
თუმცა ჩვენ ახლა ამისთვის არ გვცალია, ჯერ მეორე ნასკვს უნდა მივხედოთ.
ზოგი რამ იმითაა კარგი, რომ მარადიულია. ზოგი რამ იმითაა კარგი, რომ წარმავალია,
ცხოვრება იმითაა კარგი, რომ წარმავალია, და თუ მარადიული ურია ჯერ კიდევ
ცოცხალია, დარწმუნებული ვარ პირველი ის დამემოწმება.
არაფერი ისეთი სუბსტანციაა, რომლის მეშვეობითაც ძალიან ადვილია სამოქალაქო
აჟიოტაჟის გამოწვევა, მაგრამ არაფრის შემოქმედმა თუ ისიც არ გაითვალისწინა, რომ
არაფრის არსებობა დროსა და სივრცეში მკაცრად ლიმიტირებულია, და თავისი
მოქმედება ამ ნიშანს არ შეუწონა, ყველა ისარი უკან მოუბრუნდება და ძმისთვის გათხრილ
ორმოში შესაძლოა ძმაზე ადრე მოადინოს ზღართანი.
თუ ოჯახის უფროსს სურს მის მიერ შემოღებული წეს-ჩვეულებანი უცვლელად და
შეურყვნელად გადაეცეს შთამომავლობას, მემკვიდრედ ის შვილი უნდა დანიშნოს,
რომელიც ამ წეს-ჩვეულებებს ყველაზე მეტი გააფთრებით ებრძვის (თუ ამ დებულებამ
ვინმე დააეჭვა, დაეჭვებულს ვურჩევ იგი დაპირისპირებულთა დიალექტური ერთიანობის
ზოგად კონტექსტში განიხილოს).
მართალია - როგორც ბანალური ჭეშმარიტება გვასწავლის - გრძნობად სამყაროში
ყველაფერი შეფარდებითია - მაგალითად, ათი გრადუსი ტემპერატურა ეკვატორზე
სიცივეა, პოლუსზე სიცხე; ანდა მეორე მაგალითი: კრეონტ წილოსანი პრ.
დიდებულიძესთან შედარებით ძალიან უჭკუოა, ბაჭულიასთან შედარებით ძალიან ჭკვიანი,
- მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაზე უფრო შეფარდებითი თავად
შეფარდებითობაა; სანაკლიოში მაგალითად უდავო მიღწევად ითვლება, მზე თუ
წელიწადში ორას ორმოცდაათჯერ მაინც აღმოსავლეთიდან ამოვა და დასავლეთით
ჩავა.
სიტყვაკაზმულ მწერლობას (ნუ დავკარგავთ ამ გამოთქმას) სხვა მრავალ ღირსებათა
შორის ის ღირსებაცა აქვს, რომ შეუძლია სიმრავლეთა უსასრულობა ერთ მეტაფორაში
მოაქუჩოს, რათა სამყაროს თემატურ-სისტემატური ინვენტარიზაცია მოახდინოს და ქაოსი
დანომროს.
...ოდესღაც სანაკლიო - ყოველ შემთხვევაში თავად სანაკლიელებს ასე სწამთ - აიეტის
ყანა იყო; საერთო-სახალხო საკუთრება მოგვიანებით გახდა. აიეტის ყანა კი - ვინ არ იცის
- ჯადოსნურია, სადაც განსაკუთრებით კარგად დრაკონის კბილები ხარობს. და აი,
გარემოებათა უცნაური (ეგებ საეჭვოც) დამთხვევით კრეონტ წილოსანი და სხვა
ნომენკლატურული მუშაკები, რომელთაც თავისუფლების ბუტაფორიის თესვა ჰქონდათ
დავალებული, შეცდომით - სად იშოვეს, არ ვიცი და - სწორედ დრაკონის კბილებს
თესავდნენ. ისინი ბევრი იყვნენ - მთესველებად გამწესებული მუშაკები - მაგრამ მთავარი
რაოდენობა როდია. მთავარია - გაიხსენეთ სახარების სათანადო ადგილი - რა ნიადაგში
მოხვდება თესლი. მართალია, სახარებაში კონკრეტულად დრაკონის კბილებზე არ არის
ლაპარაკი, მაგრამ, თუკი დრაკონის კბილები შესაფერის ნიადაგში მოხვედრისას ისევე
ამოდის, როგორც ნებისმიერი სხვა თესლი, ვფიქრობ, უნდა იგულისხმებოდეს.
ბუნებრივი სასუქით მდიდარ სანაკლიურ ნიადაგში, მაგალითად, ისეთი ძალაყინები
აღმოცენდნენ, კუნთები ასკდებოდათ, საბერველებივით ქშინავდნენ და მკერდი ძალუმი
გაშმაგებით აუდ-ჩაუდიოდათ. და რა გასაკვირია (ბევრს არც გაკვირვებია) რომ
დამწიფებას არ დალოდებიან, როგორც კი მკლავში ძალა იგრძნეს, გულში ცეცხლი და
თავში ქარი, ომახიანი ყიჟინით ამოცვივდნენ ნიადაგიდან და საომრად მოემზადნენ.
ოღონდ აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც მრავალი უცხოელი დამკვირვებელი
იუწყება, ეს რკინის მეომრები, ეს მამაცი ჯართისკაცები უსინათლონი არიან, რის გამოც
მტრისა და მოყვრის გარჩევა არ ძალუძთ. ამიტომ ომი მათთვის ოდენ პროცესია,
პროცესი თვინიერ მიზნისა, ხოლო რაკი უმიზნოდ ომის დაწყება ისეთი აბსურდია,
არმატურაც კი მხრებს აიჩეჩავს, დრაკონიშვილები მიზანსაც და ნიშანსაც გარედან ელიან
ხოლმე. ტრადიციულად ასეთი ნიშანი ქვა იყო. მეომრები დაძაბული აყურადებდნენ
სამყაროს ხმაურს და თუ ვინმე ქვას ისროდა, წამსვე იქით გაეშურებოდნენ, საიდანაც ქვის
დაცემის ხმა შემოესმოდათ, რათა უქმი, მაგრამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა
გაეჩაღებინათ. თავის დროზე ერთი ასეთი ქვასროლია გმირი საბერძნეთიდან
მოგვევლინა და მას შემდეგ, რაც ჩვენებურ ქალბატონთან ვერაგობის შესავალი კურსი
გაიარა, ქვა პირდაპირ შუაგულ ლაშქარში ჩააგდო. მიამიტმა დრაკონიშვილებმაც
კეთილსინდისიერად გაჟლიტეს ერთმანეთი.
ეს ძველად მოხდა, დიდი ხნის წინ. და აი, დიდი ხნის შემდეგ ისევ დაჰკრა ჟამმა. მზისა და
ჯართის ნაშიერთაც არ დააყოვნეს, წამსვე სტარტზე დადგნენ და რაკი ჰაერში უკვე
ტრიალებდა ქვის ნაცნობი სუნი, ერთიანად ყურადღებად იქცნენ.
ვიღაცამ რაღაცა ვერ მოზომა და არაფერს, რომელზედაც თავისუფლება ისე იყო
გამობმული, როგორც ძროხა თეორიულ პალოზე, ყავლი გაუვიდა. პალო დრომ შთანთქა
და ძროხამ აიშვა. იდეა იდეოლოგიის კონტროლს დაუსხლტა და თავისუფლება
ეპიდემიად იქცა.
თუმცა - მეტაფორა მეტაფორად და - შიგადაშიგ თუ რეალურ ღრმულებსა და
შვერილებსაც არ მივხედეთ, შეიძლება მეტი მოგვივიდეს. მეტაფორა მხატვრულ
ნაწარმოებში იგივეა, რაც პილოტი თვითმფრინავში; უპილოტოდ თვითმფრინავის ფრენა
ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია უთვითმფრინავოდ პილოტის ფრენა.
როდესაც არაფერი მზეზე გადნა, როგორც ყინულის პალო, და თავისუფლების ძროხა
თავისუფლების უპატრონო ძროხად იქცა, მთელი ქვეყანა მას დაედევნა. ყველა იმას
ცდილობდა ძროხა თავის ქოთანში მოეწველა. ამას ანარქია ეწოდება.
ანარქია ისეთი მთელია, რომელიც ნაწილებისგან შედგება. ნაწილი, ცალკე აღებული,
შემთხვევაა, ან, დიდი-დიდი, მოვლენა. ნაწილების ერთობლიობა ანარქიაა (ამასთან
დაკავშირებით იხ. მარქსიზმის კლასიკოსთა დებულებები რაოდენობრიობის
თვისობრიობაში გადასვლის შესახებ).
როდესაც ტოტიდან ჩამოვარდნილი ხოჭო გულაღმა დაეცემა, პაწაწინა ფეხებს დიდხანს
და გულისმომკვლელად აფართხალებს ჰაერში და ბოლოს, საყრდენს რომ ვერ იპოვის,
ასე გულაღმა ასრულებს ტანჯულ სიცოცხლეს.
ხოლო ბუნება რომ სიცარიელეს ვერ იტანს, ეს ჯერ კიდევ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იყო
ცნობილი. ბუნება დაუღალავად დაფუსფუსებს და საცა სიცარიელეს დაინახავს,
ამოუქოლავს არ ტოვებს.
მაგალითად, იმ ადგილას, სადაც თავისუფლება გულაღმა დაეცა და ვეღარ
გადმობრუნდა, ბუნებამ საკუთარ თავს შხაპუნა წვიმა მოუვლინა, რათა გახურებული
სიცარიელე დაენამა და აბურდული გორგლიდან სიცოცხლის ახალი წვერი გამოეჩინა.
არ ვიცი, ვინ მოაფრქვია და, ვინც მოაფრქვია, ამისთანა რა მოაფრქვია თავისუფლობანას
თამაშით გართულ სანაკლიელებს, მაგრამ ფაქტია, რომ უეცრად საუკეთესო შვილებმა
იხუვლეს და, როგორც სოკო ნაწვიმარზე, სანაკლიოში პოლიტიკური ორგანიზაციები
წამოიშალა. ელვის უსწრაფესად შეიქმნა ნაირ-ნაირი პარტიები, კავშირები, ჯგუფები,
გაერთიანებები, ასოციაციები, კლუბები, ორდენები, საზოგადოებები, ლიგები, ფორუმები,
მთავარი კომიტეტები, ნაკლებად მთავარი კომიტეტები, ისე კომიტეტები... ცალკე უნდა
აღინიშნოს ქალთა ორგანიზაციები, რომელთა რიცხვი სანაკლიოში კიდევ უფრო დიდი
იყო, ვიდრე სხვა კუთხეებში, ვინაიდან გარდა ფილიალებისა, რაც აქ ყველა
საერთორესპუბლიკურ ორგანიზაციას ჰქონდა, მრავალი დამოუკიდებელი ამქარიც
დაარსდა, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა სანაკლიელ ბანოვანთა კავშირი, სრულიად
თავისუფალ მანდილოსანთა ასოციაცია, ვეტერან დიაცთა კლუბი, მამალი ქალების
გაერთიანება, პოლიტიკური კავშირი „ამორძალი“, უბიწო ასულთა საქველმოქმედო
საზოგადოება, ასოციაცია „ჟუჟუნა“, შავგვრემან ქალთა კავშირი, კლუბი „ქართვლის
დედა“, ყოფილ ქალწულთა ინტელექტუალური ცენტრი, მოიერიშე დედათა ორდენი,
გაერთიანება „რა ხელჰყრის პატივს ნაზი ბულბული“, ჭრელი ლეჩაქის ლიგა,
ღვთიშობლის სახელობის კლუბი „დედავ, ისმინე ქართლის ვედრება“, ღმერთთან მოუბარ
ქალთა სექტა და სხვა (ახლა ყველასთვის ნათელია - და თავის დროზეც არაერთი
პოლიტოლოგი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი მიუთითებდა - რომ ქალთა
ორგანიზაციების ესოდენი სიმრავლე მანამ უნდა გამხდარიყო სპეციალისტთა საგანგებო
კვლევის საგანი, სანამ ამ ორგანიზაციათა ბაზაზე „წვეროსან მანდილოსანთა ლაშქარი“
აღმოცენდებოდა, სახელგანთქმული და მრისხანე სექტა, რომელმაც, როგორც
საყოველთაოდ ცნობილია... თუმცა ეს უკვე სულ ახალი ისტორიაა და ჩვენი ამჟამინდელი
ინტერესების სფეროში არ შემოდის).
რაკი თავისუფლების ძროხა ჯერაც უპატრონოდ დაკუნტრუშობდა, სანაკლიოში ყოველი
ორგანიზაცია ყველა დანარჩენ ორგანიზაციას კრიჭაში ედგა. მართალია, ყველა თვლიდა,
რომ საჭირო იყო გაერთიანება, რადგან ყველას წაკითხული ჰქონდა წკეპლების კონის
იგავი, მაგრამ ერთია თეორიული ცოდნა და სულ სხვაა თეორიული ცოდნის პრაქტიკული
განხორციელება. ერთადერთი საერთო ნიშანი, რომელიც ზედაპირზე იდო და ამიტომ
აშკარად ჩანდა, გახლდათ მმართველი კასტის სიძულვილი. სამწუხაროდ მაშინ ამ ნიშნით
გაერთიანება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ფეთიანმა და პანიკიორმა მორალისტებმა,
რომელთა რიცხვი ჩვეულებრივ მით უფრო დიდია, რაც უფრო გადაგვარებულია
საზოგადოება, სავარაუდო გამაერთიანებელ ნიშანს მყისვე ზნეობრივი სარცხვინელი
გაუშიშვლეს და ისეთ დროს დაიწყეს ჭიჭყინი - სიძულვილის ირგვლივ შემოკრებილი
ძალა, შენ ხარ ჩემი ბატონი, არ შეიძლება თავისი უღრმესი დანიშნულებით ბოროტების
სამსახურში არ იდგესო - რომ ორჭოფთა, დაეჭვებულთა, გულსუსტთა და გაუბედავთა ჯერ
კიდევ რიცხვმრავალ გუნდში ბევრი დაფრთხა. გაერთიანება რომ დასცლოდათ, ალბათ
მომძლავრდებოდნენ და მორალისტების ყრანტალიც მაგდენს ვეღარაფერს
დააკლებდათ, ახლა კი ეს უშვერი მაქსიმა რეალურ დაბრკოლებად ექცათ.
მაშინ სხვა ნიშნით სცადეს გაერთიანება (თავისუფლების ძროხა კვლავაც ღობე-ყორეს
ედებოდა). ეს ნიშანი გახლდათ პატრიოტიზმი და მისი უპირატესობა წინა ნიშანთან
შედარებით სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ იგი, როგორც მაშინ ვარაუდობდნენ,
წმინდა სიყვარულის შვილია.
ნაპერწკალი თივაში ჩავარდა.
პატრიოტულმა ჟრჟოლამ ქალაქს თავით ფეხამდე დაუარა. სანაკლიელები აღელდნენ,
სანაკლიელები აფორიაქდნენ, საამო მღელვარებისაგან გულები ბუდეებიდან
ამოუცვივდათ და დიადი იდეით ატაცებულები დაუფიქრებლად ჩაიძირნენ პატრიოტიზმის
თბილ აბაზანაში. ქალაქს ტოტალური პატრიოტიზმი დაეფინა; სამშობლოს სიყვარულით
აღტკინებულმა მოქალაქეებმა უყოყმანოდ შეაქციეს ზურგი თავისუფლებას, როგორც
რომეომ - გაიხსენეთ - ჯულიეტა რა დაინახა, უყოყმანოდ შეაქცია ზურგი საბრალო
როზალინას. ახლა ცხადი შეიქნა, რომ თავისუფლება სანაკლიელთათვის (ისევე, როგორც
როზალინა რომეოსათვის) მხოლოდ შემზადება იყო, ერთგვარი გარდამავალი ეტაპი,
რომელსაც ნიაღვრის ძალა უნდა შეერბილებინა, რათა მომავალი პატრიოტიზმის ტალღა
ისეთ მოუზომავ ბედნიერებად არ დატყდომოდათ თავს, რომ უბედურება მოეტანა.
მაგრამ პარტიებმა საერთო ენა მაინც ვერ გამონახეს. ამის მაგივრად პატრიოტიზმის
წახნაგები დაითითოვეს და დათითოებული წახნაგების წვეტიანი ქიმები ნიშნისმოგებით
მიუშვირეს ერთმანეთს, მერე კი, რაღაი ამასობაში სახალხო შეიარაღების ახალი ეტაპიც
შეესწროთ, კრიჭაში დგომა აღარ იკმარეს და პირდაპირ ბრძოლის ველს მიაშურეს.
იარაღის ჟღარუნმა მალე მოსახლეობაც აატროკა. ატროკებულმა მოქალაქეებმა
ფსიქიკის ინდიკატორზე ისარი ლმობიერებიდან მსწრაფლ ულმობლობაზე გადაიყვანეს,
გულჩვილობიდან გულქვაობაზე, შემწყნარებლობიდან დაუნდობლობაზე, თვინიერებიდან
აგრესიულობაზე და, რაკი რომანტიზმის ისარი ადრევე ჰქონდათ გადაყვანილი
პრაგმატიზმზე, გატაცებით ეკვეთნენ ერთმანეთს.
სწორედ ეს კვეთება, სწორედ ეს დუღილი, სწორედ ეს უცნაური და უჩვეულო ამოძრავება,
სწორედ ეს ეროვნულ-პატრიოტული აპილპილება გახლდათ მეორე ნასკვი და იგი, თუ
სანაკლიელის ბუნებრივ მიდრეკილებებს გავიხსენებთ, არანაკლებ საკვირველი და
მოულოდნელი იყო, ვიდრე პირველი ნასკვი.
თავიდან ძალიან ჭირდა ერთი პარტიის მეორესგან განსხვავება. და თუმც მთლად იოლი
არც მერე გამხდარა, მაინც მრავალრიცხოვან შეტაკებათა შედეგად ასე თუ ისე
ჩამოყალიბდნენ, შედარებით დამოუკიდებელი სახეები მიიღეს და იერარქიის ხეზე
საბოლოოდ განლაგდნენ. ნაწილი ზედა ტოტებზე აღმოჩნდა, ნაწილი ქვედაზე, ნაწილიც
შუაში. შუათანები - მით უმეტეს, ნაბოლარები - მაშინაც არავის აინტერესებდა, მოწინავეები
კი, ვფიქრობ, უნდა მოვიხსენიოთ, რათა ისტორიის ქარმა და წვიმამ მათი კვალი არ
წაშალოს. მოწინავეთა შორის გახლდნენ მკაფიოდ გამოხატული ნაციონალისტური
პარტია „სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირი“, რომელსაც კარლო წუწუნავა
მეთაურობდა (წუწუნავას - თუ გახსოვთ, მან ჯერ კიდევ „ბიძაჩემ იონაში“ გამოიჩინა თავი -
არც ამჯერად უმტყუნა ალღომ: როგორც კი ქვეყანა აირია, რამდენიმე თანამოაზრესთან
ერთად მყისვე გამოსცა გაზეთი „ჯილაგი“ დევიზით „წვეთი სისხლის არ არის ჩემში
არაქართული“, რომლის გარშემო წვეთ-წვეთად მოაგროვა წმინდა სისხლის
სანაკლიელები და საბოლოოდ ისეთი ორგანიზაცია შექმნა, რომ ხელისუფლების
სისხლისგამშრობთა სიაში ერთ-ერთ პირველ ნომრად შევიდა), შემდეგ - „ლიბერალ-
დემოკრატთა რადიკალური ფრთა“, რომელსაც შტაბი სასაფლაოზე ჰქონდა, ვინაიდან
სათავეში ხერხეულიძე ედგა, შემდეგ - სახელგანთქმული „შავგვრემან ქალთა კავშირი“,
რომელსაც „მამალი ქალების ასოციაცია“ შეუერთდა და მომავალ „წვეროსან
მანდილოსანთა“ საბაზო გაერთიანება გახდა, შემდეგ - ყოფილ კომკავშირელთა
ეროვნულ-პატრიოტული ძმობა „კომკა“, რომელმაც დიდხანს დამოუკიდებლად იარსება,
მერე კი „სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირს“ შეუერთდა „ახალგაზრდა
ქართლოსიანელთა“ სახელით. მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე
გავლენიანი პარტია იყო „დემოკრატიული შტურმი“. ამ პარტიის ლიდერი გახლდათ -
უნდა გაგაკვირვოთ (თუმცა რა ვიცი, იქნებ ვერც გაგაკვირვოთ, დღეს ვინმეს გაკვირვება
ძალიან ძნელია) - კრეონტ წილოსანის ყოფილი თანაშემწე და საიდუმლო მრჩეველი -
ვოლფგანგ (დავით) კუტუბიძე.
აქ იწყება მესამე საკვირველი ნასკვის გამოსკვნა.
არსებობს მიამიტური გაიძვერობა და გაიძვერული გაიძვერობა. ბიძაჩემი მიამიტ
გაიძვერათა მცირერიცხოვან და საცოდავ გუნდს ეკუთვნოდა, ვოლფგანგი კი (დავითი)
გაიძვერა გაიძვერათა მრავალრიცხოვან ბანდას.
და აი, იმ დროს, როდესაც სანაკლიელთა პატრიოტულმა აზვირთებამ ქაოსის პიკს
მიაღწია, რაც გინდათ ის იფიქრეთ და, ბიძაჩემის თეორიულმა დებულებებმა
მოულოდნელად პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა და
ალბათ არც არასოდეს მოხდებოდა, სამყაროს რომ მხოლოდ ევოლუციის მშვიდი და
ნატიფი კანონები მართავდეს: ჩანს, ვოლფგანგ (დავით) კუტუბიძის კომისიამ, რომელიც
მკითხველს, ვინ იცის, დაავიწყდა კიდეც, ვითარებათა რაღაც ისეთი განსაკუთრებული
ნიშნები დაინახა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სანაკლიოს დილის გაზეთში გამოქვეყნდა
პატარა, მაგრამ მწვავე სტატია, რომელშიც ფრიად გაბედულად სააშკარაოზე იყო
გამოტანილი კრეონტ წილოსანის ერთი შეცდომა, რომელიც საკადრო პოლიტიკას
ეხებოდა. კერძოდ, ქალაქის მამას ბრალად ედებოდა, რომ მან ბევრი მთავარი მრჩევლის
(სიტყვა „საიდუმლო“ არ იყო ნახსენები) პასუხსაგებ თანამდებობაზე დანიშნა საეჭვო
წარსულის მქონე პიროვნება. აქამდე ყველაფერი წესსა და რიგზე მიდიოდა. როგორც
დათქმული ჰქონდათ, რამდენიმე დღის შემდეგ იმავე დილის გაზეთში უნდა
გამოქვეყნებულიყო ბატონი კრეონტის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი, გაკვრითა და
სასხვათაშორისოდ, მაღალი თავმდაბლობით აღიარებდა საკადრო პოლიტიკის
„გარკვეულად“ მცდარ ხასიათს, შემწყნარებლურ მადლიერებასაც გამოხატავდა წერილის
ავტორის „პრინციპულობისა“ და „პირდაპირობის“ გამო, მერე მრჩევლის წარსულს
დაიცავდა, გაშავებულს მკითხველის თვალში ისევ გაათეთრებდა და, საბოლოოდ, ასე
იაფად და იოლად მოიპოვებდა იმ საჩვენებელ თავისუფლებას, რომელზედაც თავის
დროზე ამდენი ილაპარაკა ბიძაჩემმა.
მაგრამ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი და სკანდალური ამბავი. ვიდრე ბატონი კრეონტის
ინტერვიუ მომზადდებოდა, საღამოს გაზეთში გამოქვეყნდა თავად კუტუბიძის საპასუხო
წერილი, რომელშიც ამა კუტუბიძემ საკუთარი პირით დაადასტურა მის წინააღმდეგ
წაყენებული ბრალდება. კერძოდ, წერილში შავით თეთრზე ძალზე მკაფიოდ აღნიშნული
იყო, რომ თუკი საეჭვოა წარსული კაცისა, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი დღე და
ყოველი საათი თავისუფლებისათვის ბრძოლას, დემოკრატიისათვის ბრძოლას,
სატანასთან წილნაყარი რეჟიმის დამხობისათვის ბრძოლას, ხალხის პატრიოტული
გამოღვიძებისათვის ბრძოლას და ა. შ. (კიდევ რამდენიმე სახეობის ბრძოლა იყო
დასახელებული) შეალია, თუ საეჭვოა წარსული კაცისა, რომელიც მოქალაქეობრივი
თავგანწირვის სრული შეგნებით გაეხვია ოფიციალური სტრუქტურის აქოთებულ ქსელში,
რათა ციხე შიგნიდან მოერყია, თუ საეჭვოა წარსული კაცისა, რომლის ერთადერთი
საფიცარი ერი და სამშობლოა, მაშინ იგი, ეგრეთწოდებული „მრჩეველი“ (სიტყვა
„საიდუმლო“ მანაც გამოტოვა), დიაღაც საეჭვო წარსულის კაცია. ამის შემდეგ თანაშემწემ
მიატოვა პირკატანაცემი ხელისუფლება, მიატოვა სამსახური, მიატოვა პარტია,
გამოიცვალა იდეები და შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული შტურმი“,
რომელიც მხოლოდ მშვიდობიანი ბრძოლის ფორმებს აღიარებდა და სულ მალე
ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე უკეთ შეიარაღებული ოპოზიციური ძალა გახდა.
მართალია, სხვა გაერთიანებათა მეთაურები ყოველნაირად ცდილობდნენ მისთვის (ისევე
როგორც ერთმანეთისთვის) სახელი გაეტეხათ და ამ მიზნით მას (ისევე როგორც
ერთმანეთს) უხვად ამკობდნენ ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა „გაყიდული“, „აგენტი“,
„სულძაღლი“, „ქვემძრომი“, „შანტაჟისტი“, „ჩათლახი“, და სხვა, მაგრამ ყოფილი
საიდუმლო მრჩევლის სასახელოდ უნდა ითქვას, ვალში არასოდეს არავის დარჩენია.
პატრიოტიზმის ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში კი, სადაც ნაკურთხი წყალი თავდაუზოგავად
დუღდა, ყველაფერი ჩაიხარშა, აიზილა და აილუფხა. ფენები და ქანები ერთმანეთში
აირია. წინანი უკან აღმოჩნდნენ და უკანანი წინ, მარჯვენანი მარცხნივ და მარცხენანი
მარჯვნივ, ზემოთანი ქვემოთ და ქვემოთანი ზემოთ, აქეთურნი იქით და იქითურნი აქეთ.
რაღაც ფსკერზე მიიწვა და რაღაც ფსკერიდან აიფხიკა. ლექი აიშალა და ყოველივე
გაჟღინთა. ქაფმა ნაღებობა მოინდომა და ნაღები აქაფდა. არეული მონასტერი კიდევ
უფრო აირია და თეთრისა და შავის გარჩევა შეუძლებელი შეიქნა, ვინაიდან შავი
თეთრობას იჩემებდა და თეთრი, იმის შიშით, რომ შავად ჩათვლიდნენ, ვეღარ ბედავდა
თქმას, თეთრი ვარო.
აბსურდი ანარქიის სამკერდე ნიშანია.
არ ვიცი, მართლა მხოლოდ შემოდგომაზე ითვლიან წიწილებს თუ წელიწადის სხვა
დროსაც, მაგრამ ჩვენ ჩვენი ნასკვები სჯობს ახლავე ჩამოვთვალოთ. მართალია, მათი
რიცხვი ჯერ მხოლოდ სამია, მეოთხე ჯერ არ გამოსკვნილა, მაგრამ ეს სამიც საკმარისია
იმისთვის, რომ ადამიანს თავზარი დაგეცეს.
თავად განსაჯეთ: ნასკვი I - ვინ იფიქრებდა, რომ სისტემა, რომელსაც თითქოს საიმისო
არაფერი ეტყობოდა, მოულოდნელად ჭიანი კბილივით მოირყეოდა!
ნასკვი II - ვინ იფიქრებდა, რომ სანაკლიოში, სადაც არასოდეს არაფერი მოძრაობდა,
უცებ ასეთი პოლიტიკური და პატრიოტული ქარბორბალა დატრიალდებოდა!
ნასკვი III - ვინ იფიქრებდა, რომ ბიძაჩემის მახვილგონივრულ თეორიას ვინმე - უახლესი
ხუთი საუკუნის განმავლობაში მაინც - პრაქტიკული მიზნებისთვის გამოიყენებდა!
ერთი სიტყვით, სანაკლიოში უკიდურესად რთული და ჩახლართული იყო პოლიტიკური,
სოციალური, ეროვნული, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური,
სულიერი, ზნეობრივი, ინტელექტუალური, კრიმინალური, იდეოლოგიური,
ფილოსოფიური, პედაგოგიური, რელიგიური, ბიოლოგიური და სექსუალური ვითარება,
როცა ბიძაჩემმა რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა, ფოსტაში წავიდა
და მკითხველისათვის უკვე ცნობილი ისტორიული დეპეშა გამომიგზავნა.
მაგრამ ასეთი იყო ზოგადი ვითარება, ხოლო კონკრეტული მიზეზი, რამაც ამ ზომამდე
მიიყვანა, მეოთხე ნასკვი გახლდათ.
მართლაც, ვინც გაითვალისწინებს ბიძაჩემის საზოგადოებრივ შეგნებას, კერძო შეგნებას,
მათ შორის მიმართებას, ზნეობრივ საზომთა სისტემას და სხვა მნიშვნელოვან
მსოფლმხედველობრივ სისხლძარღვებს, ვერ დაიჯერებს, რომ ზემოთ აღწერილი
ვითარების გამო იგი ფოსტაში წავიდოდა, რომელიც მისი სახლიდან კარგა
მოშორებითაა, და ასეთ - უფრო სამხედრო მინისტრისთვის, ვიდრე რომელიმე
მშვიდობიანი და სავსებით სამოქალაქო ბიძისთვის შესაფერის - დეპეშას აფრენდა. არა,
ანარქიას არ ძალუძს ბიძაჩემის ფილოსოფიური კრედოს შერყევა. მეტიც: ამ მოხარშულ
ქაოსში იგი ისე ლაღად და მსუბუქად გრძნობდა თავს, როგორც სიცარიელე ატომებს
შორის (ან პირიქით). ბიძაჩემის შეშფოთების მიზეზი შეიქნა ქალაქ სანაკლიოს
მოულოდნელი კონსოლიდაცია, რომლის ცენტრში, ვითარცა კისერი ყულფის რგოლში,
აღმოჩნდა პრ. დიდებულიძე.
გახსოვთ ალბათ - როდესაც პრ. დიდებულიძის წერილი მიიღო, ბიძაჩემმა (მას შემდეგ,
რაც ტანში ჟრუანტელმა დაუარა) ჯერ ერთხელ, მერე კი, რა ნახა, ავტორი თავის
მისამართს არ იტყობინებოდა, ზედიზედ ორჯერ აიჩეჩა მხრები.
მოსალოდნელი იყო, რომ ეს ეპიზოდი ამით დამთავრდებოდა და გაგრძელება აღარ
მოჰყვებოდა. სამწუხაროდ, ის, რაც მოსალოდნელია, ყოველთვის არ ხორციელდება.
ბიძაჩემს თავადაც ეგონა, რომ პრ. დიდებულიძის წერილი დავიწყებას მისცა, მაგრამ ეს
ვარაუდი მცდარი გამოდგა. ცოტა ხნის შემდეგ რაღაცამ ააწრიალა და, რა იგრძნო პრ.
დიდებულიძის წერილმა ააწრიალა, კიდევ ერთხელ წაიკითხა. მერე შეგნებულად სცადა
დავიწყება და, ცხადია, ვერ დაივიწყა. წერილი რაღაც გაუგებარ ინტერესს აღუძრავდა და
ჟრუანტელს იწვევდა. მაშინ მძიმე საგონებელში ჩავარდნილმა სცადა, უცნაურად
მოძალებული ინტერესი მხრების ჩეჩვით დაეკმაყოფილებინა, მაგრამ ეს მცდელობა იმას
ჰგავდა, კაცი ყოველ ღამე თავზესაბანწაფარებული ფიქრობდე ბანკის გაძარცვაზე,
ნაცვლად იმისა, რომ წახვიდე და გაძარცვო. რაკი ამას მიხვდა, კიდევ ერთი პატარა
წერილი გამოაქვეყნა (ამჯერად საღამოს გაზეთში), რომლითაც ფორმალურად
მართალია ადგილობრივ ხელისუფალთ მიმართავდა - რაკი თავისუფალი შევიქენით,
განა დრო არ არის ქალაქსაც გამოვუცვალოთ სახელი, როგორც ბევრი იქცევა, და აწ უკვე
შეუფერებელი „სანაკლიოს“ ნაცვლად „უნაკლიო“ ვუწოდოთო - მაგრამ სინამდვილეში
წერილის ფარულ ადრესატად პრ. დიდებულიძე ჰყავდა დაგულებული.
პრ. დიდებულიძე აღარ გამოხმაურებია. და საერთოდაც, აღარავინ გამოხმაურებია, თუ არ
ჩავთვლით რამდენიმე ნიღბიან ტუტუცს, რომელთაც - არ ვიცი ამ მიზეზით, არ ვიცი სხვა
მიზეზით - ეზოში საშუალო ზომის ყუმბარა შეუგდეს, რამაც ბიცოლაჩემი საბოლოოდ
აიძულა შვილები - კაციას გარდა, კაცია ოქსფორდში იყო - სოფლად გაეხიზნა.
ბიძაჩემმა კი ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და მას შემდეგ, რაც ცოტა კიდევ უქმად იჩეჩა
მხრები, მესამედ სცადა ბედი. ეს ის დრო იყო, როდესაც თავისუფლება საბოლოოდ
მოკვდა და მის საფლავზე მეწამული პატრიოტიზმი ამოვიდა. ბიძაჩემი პატრიოტიზმის
ქიმიური შემადგენლობით დაინტერესდა და პრ. დიდებულიძის ყურადღების მისაქცევად
მალე ხერხეულიძის გაზეთში გამოაქვეყნა ჩინებული სტატია „მშობლიური მიწა.
განზომილებათა რიცხვი“. სტატია გეომეტრიული იყო ამ სიტყვის ოდინდელი
მნიშვნელობით, კერძოდ, ბიძაჩემი ამტკიცებდა, ჩვენი პატრიოტიზმი რეალურად მხოლოდ
ორგანზომილებაში არსებობსო. იმიტომ, რომ დღესდღეობით მშობლიური მიწისა
მხოლოდ სიგრძე-სიგანე თუ ვიცით მეტ-ნაკლები ისტორიული სიზუსტით, სიღრმეზე კი
არავითარი წარმოდგენა არა გვაქვსო. არადა, მიწა ხომ სამგანზომილებიანი
სუბსტანციააო! ბოლოს და ბოლოს, როცა ერთმანეთს სამარეს ვუთხრით, განა მშობლიურ
მიწაში არ ვუთხრითო?! მაშ, ისიც უნდა დავადგინოთ, რა მანძილზეა მიწის სიღრმისეული
განზომილება მშობლიურიო. მაგრამ როგორ დავადგინოთო? რომელი ფორმულით
გაიზომებაო? მანძილის კვადრატის უკუპროპორციულიაო? მანძილის კვადრატის
პირდაპირპროპორციულიაო? არც ერთია, არც მეორე და სრულიად სხვა პროპორციები
აქვსო? მაინცო? ჩვენი მშობლიური მიწა სიღრმეში სხვის მშობლიურ მიწას ებჯინება თუ
მშობლიურ მიწასა და მშობლიურ მიწას შორის რაიმე ნეიტრალური, ბუფერული,
არამშობლიური ზონა დევსო? აი კითხვებიო, - ასკვნიდა ბიძაჩემი, - რომლებსაც ცეცხლი
უკიდია და დაუყოვნებლივ პასუხს მოითხოვს, თუ გვინდა ჩვენი პატრიოტიზმი ნამდვილი
და სრულყოფილი იყოსო.
ამ მესამე სტატიაზე ბიძაჩემი დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მოტყუვდა. ამჯერად არათუ
პრ. დიდებულიძე არ გამოეხმაურა, ყუმბარაც კი არავინ შეუგდო ეზოში. მაშინ ძალიან
მოიწყინა, ფრთები ჩამოყარა, მხრების ჩეჩვასაც უმატა და ძნელი სათქმელია სადამდე
მიიყვანდა ეს ჩუმი მელანქოლია, უფალ ღმერთს რომ მისი დარდი გულთან არ მიეტანა
და წყალობის თვალით არ გადმოეხედა.
და აი, მეოთხე საკვირველ კვანძს ვუახლოვდებით.
უფალმა ღმერთმა ეს საკვანძო ეპიზოდი ასე წარმართა: ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის
ცენტრალურ მოედანზე (სადაც ოდესღაც ბიძაჩემმა მეასიათასე სანაკლიელის - ხოლო
უფრო გვიან მეორასეათასისაც - იუბილე გამართა) ერთდროულად სამ პოლიტიკურ
ძალას გაამართვინა მიტინგი: „დემშტურმს“, „ქართლოსიანთა კავშირსა“ და ოფიციალურ
ხელისუფლებას (ამ უკანასკნელი ძალის მონაწილეობით ჩანს უფალმა ღმერთმა
ადამიანებს რაღაც ანიშნა, მაგრამ ადამიანებმა ღმერთის ნიშანი ვერ გაიგეს). მიტინგი
წესზე და რიგზე მიედინებოდა - სამივე მხარე საკუთარ თავს აქებდა და დანარჩენებს
ლანძღავდა - და თითქოს საგანგაშო აღარაფერი იყო მოსალოდნელი, როცა ერთმა
ცნობილმა ორატორმა, რომელიც ძირითადად ოფიციალური ხელისუფლების
მისამართით იგინებოდა, სიტყვა ასე დაასრულა: „მაგენების ინტერნაციონალურ
სიმართლეს ჩვენ ჩვენი ნაციონალური სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ“. თითქოსდა
ისეთი საბედისწეროც რა არის ამ ფრაზაში? ალბათ არაფერი, უბრალოდ, მეოთხე კვანძი
მზადდებოდა.
მართლაც, აქ სიტყვა მოითხოვა პრ. დიდებულიძემ.
„კრაზის“ ძარაზე რომ მიფორთხავდა, სადაც ტრიბუნა იყო გამართული, ჯერ არავინ
იცოდა, წამის შემდეგ თუ მათ წინაშე პრ. დიდებულიძე წარსდგებოდა. და თუნდა
სცოდნოდათ... მართლაც, დაბალსა და ჩაკურატებულ წამყვანს რომ მიკროფონი
გამოგლიჯა და დამსწრე საზოგადოებას ეს პატარა ინფორმაციული ვაკუუმი შეუვსო,
თამამად შეიძლება ითქვას, მზეს ამით არც მომატებია ბრწყინვალება და არც მოკლებია.
ყოველ შემთხვევაში უცნობმა სახელმა და უცნობმა გვარმა სრულიად შეუმჩნევლად
გადაიარა მომიტინგეთა თავებს ზემოთ და ალბათ სულ მთლად შეუმჩნევლად
გაქრებოდა, მოედანზე რომ სხვა ყურთა შორის ბიძაჩემის ზომიერი სიდიდის ყურებიც არ
ყოფილიყო.
ბიძაჩემი მიტინგზე მოსეირის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ პრ. დიდებულიძე რომ
მსმენელებს წარუდგა, ცალი მხარი შეუთრთოლდა და შეეცადა, მუჯლუგუნებითა და სხვა
ძალისმიერი ხერხებით ტრიბუნისკენ გაეკაფა გზა, რასაც მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია.
ხოლო პრ. დიდებულიძემ, წინა ორატორის მიერ მომკილი ტაში რომ ჩაცხრა,
სიტყვასიტყვით თქვა შემდეგი: „მე ვარ სიმართლე, - იტყვის სიმართლე; მე ვარ სიდიდე
აბსოლუტური და განუყოფელი. მე ვარ მადანი წმინდა და შეურეველი. ჩემს დეფინიციას ნუ
შეეცდებით, ჩემი დეფინიცია შეუძლებელია. მე ფარდობითობის კანონს არ
ვექვემდებარები. მე დრო არა ვარ, რომ წამებით გავიზომო. მე განფენილობა არა ვარ,
რომ მიკრონებით გავიზომო. მე ტემპერატურა არა ვარ, რომ გრადუსებით გავიზომო. მე
მზის მოდგმისა არა ვარ, რომ ლაქა დამედოს და ლაქიანი სიმართლე ვიყო; ლაქა თუ
დამედო, ლაქა ვიქნები და არა სიმართლე. არც ღვინის მოდგმისა ვარ, რომ წყალი
შემერიოს და წყლიანი სიმართლე ვიყო; წყალი თუ შემერია, წყალი ვიქნები და არა
სიმართლე. არც ჰაერის მოდგმისა ვარ, რომ დავბინძურდე და დაბინძურებული
სიმართლე ვიყო; თუ დავბინძურდი, სიბინძურე ვიქნები და არა სიმართლე. არც მდინარის
მოდგმისა ვარ, რომ დავგუბდე და დაგუბებული სიმართლე ვიყო; თუ დავგუბდი, გუბე
ვიქნები და არა სიმართლე. არც ადამიანის მოდგმისა ვარ, რომ დამიმორჩილონ და
მორჩილი სიმართლე ვიყო; თუ დამიმორჩილეს, მორჩილება ვიქნები და არა სიმართლე.
მე ვარ სიმართლე - იდეა წმინდა და მადანი შეურეველი. მე არც ასეთი ვარ და არც ისეთი
ვარ. საცა ვარ, ვარ. საცა არა ვარ, არა ვარ. რამეთუ ერთი ვარ, აბსოლუტური და
განუყოფელი. გარნა თუ მაინც შევედრები რამეს - მხოლოდ ღმერთს, არა კეთილ
ღმერთს, არა მარადარს ღმერთს, არა ყველგანარს ღმერთს, არა ყოვლადმოწყალე
ღმერთს, არა ყოვლადძლიერ ღმერთს, არამედ ღმერთს. ღმერთი მამაა ჩემი, მე კი
მამიჩემის ღვთაებრივი ემანაცია ვარ. მე ვარ რელიგია. მე ვარ ნება ჭეშმარიტებისა. მე ვარ
აბსოლუტის დესპანი გრძნობად სამყაროში. მე არ შემიძლია კლასობრივი ვიყო“.
აი, ეს გახლავთ მეოთხე და უკანასკნელი საკვირველი ნასკვი, რისი მეშვეობითაც
ბორბალმა ღირსებაც ჩაითრია, და რომ არა ეს მეოთხე, შესაძლოა წინა სამს სანაკლიო
გადარჩენოდა კიდეც.
მოედანზე შეკრებილი საზოგადოება - განურჩევლად იმისა, ვინ რომელ მიტინგზე მოვიდა
და ვინ რომელ იდეას ემხრობოდა - პრ. დიდებულიძის სიტყვას ღრმა დუმილით შეხვდა.
მართალია, ორმა თუ სამმა კაცმა კი დაუსტვინა ნაძალადევი სიმხნევით, მაგრამ ისინი
ნასვამები იყვნენ და იმის გამო განაწყენდნენ, რომ, როგორც ნასვამ კაცებს მოსდით
ხოლმე, იფიქრეს, ჩვენ ვერ გავიგეთ, თორემ სხვებმა კი გაიგესო, რაც, ცხადია, მცდარი
ვარაუდი იყო.
ბიძაჩემი, როგორც იქნა, გამოერკვა და, როცა პრ. დიდებულიძე „კრაზიდან“
ჩამოფოფხდა, ხელახლა აამუშავა მუჯლუგუნები.
ხოლო სანაკლიოს შვილებმა, რომლებიც ისეთი სულელური მიზეზით ებუტებოდნენ
ერთმანეთს, როგორიცაა პოლიტიკა, იმ დღეს ერთმანეთი კვლავ იპოვეს, და თუ ეს
გამოთქმა - გამოთქმა „ერთმანეთი იპოვეს“ - ცოტა ნაადრევია, მერწმუნეთ, მხოლოდ
ნაადრევია, სხვა ნაკლი არა აქვს. ქალაქი დიაღაც გაერთიანდა.
იმ ღამეს რესტორანში „კიდევაც დაიზრდებიან“ საიდუმლო სერობა გაიმართა, რომელსაც
გარდა იმ საბედისწერო მიტინგში მონაწილე სამივე მხარისა, ესწრებოდა ხერხეულიძე,
„შავგვრემანების“ სამი ტურფა ლიდერი და აგრეთვე საშუალო სიდიდის პარტიათა
რამდენიმე წარმომადგენელი. პრ. დიდებულიძემ შეუძლებელი შეძლო და თუ ისტორიამ
პატიოსნად და დაუზარელად მოჩხრიკა მოვლენათა ფარული ფესვები, ეჭვი არაა, იტყვის,
რომ იმ კრიტიკულ ჟამს თავისი მთავარი როლის პარალელურად მან სანაკლიოს დიდი
გამაერთიანებლის როლიც შეასრულა. მართალია ასეთი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ
ისტორია შედეგს ზომავს და არა განზრახვას. ერთი სიტყვით, გუშინდელმა მტრებმა
საზღვრები გახსნეს და დროებითი ზავი ჩამოაგდეს, ერთმანეთს ლიმიტირებული ძმობა
უთხრეს, დათითოებულ იდეებს ერთი საერთო სუდარა გადააფარეს და ყველამ ამ
ერთიანი სუდარის ქვეშ მოიყარა თავი. ქალაქი გამთლიანდა. ქალაქში ხოცვა-ჟლეტა
შეწყდა. ქალაქი მუშტად შეიკრა. და ქალაქმა განრისხებული სხეულიდან, როგორც
კონსოლიდაციის საერთო მნიშვნელი, თოფის ლულა გამოყო.
თქმა არ უნდა, ამგვარი კონსოლიდაცია წარმავალია და ერთჯერადი, მაგრამ ვინც მას
ძაღლების კონსოლიდაციას შეადარებს, რომელთაც გახურებული ჩხუბის დროს მგელი
წაადგა თავს, მხოლოდ ბუნდოვნად დაინახავს სიმართლეს. სიმართლე რომ მკაფიოდ
დავინახოთ, უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ მხატვრული შედარების სარკეში, ვინაიდან
ქალაქის ეს საგანგებო კონსოლიდაცია, შეიძლება ითქვას, განზომილებათა მიჯნაზე
მოხდა. მართლაც, თუ ხსენებულ სარკეში საკმარისად ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ
არა მოჩხუბარ ძაღლებს, არამედ თეატრის სცენას, სადაც მეოთხე აქტში, როცა
დრამატურგიულმა დაძაბულობამ ზენიტს მიაღწია და ყოველი პერსონაჟი თავისას
მიერეკება, უეცრად დაბნეული ბეღურა შემოფრინდა და წარმოდგენის მსვლელობაში
ციური დისონანსი შემოიტანა, რის გამოც შემსრულებლები იძულებული შეიქნენ
სპექტაკლი დროებით შეეწყვიტათ და შეერთებული ძალით ყველანი იმ აბეზარ ბეღურას
დასდევნებოდნენ.
მეორე დღეს, შებინდებისას, ოთხი კაცი, რომელთაგან ერთი ნომინალურად ქალი იყო,
შინ ეწვივნენ პრ. დიდებულიძეს.
ბევრი ალბათ გამკიცხავს იმის გამო, რომ ამდენი დეფიციტური ქაღალდი შევალიე
პოლიტიკურ და ცრუპოლიტიკურ ფენებს, რომელთაგან ზოგის ყვავილები უკვე
ჩამოცვენაზე იყო და ზოგსაც საერთოდ არ ეწერა ყვავილის გამოტანა (ერთი შეხედვით,
მართლა რა ჩვენი საქმეა ასეთი ბანალური პრობლემები!), მაგრამ თავის დასაცავად და
გასამართლებლად რამდენიმე ძლიერი არგუმენტი მაქვს, რომელთაგან მხოლოდ ორ
უმთავრესს დავასახელებ. პირველი უმთავრესი ისაა, რომ „კვარცხლბეკი“
მომსწრეთათვის, შემსწრეთათვის და დამსწრეთათვის არ დაწერილა; იმათთვის დაიწერა,
ვინც შემდეგ მოვიდა და ამიტომ თავიანთი თვალით არ უნახავთ ის, რაც მე და მრავალმა
თქვენგანმა ჩვენი თვალით ვნახეთ, ხოლო რაკი თავიანთი თვალით არ უნახავთ, ჩვენი
თვალით ნანახს უნდა დასჯერდნენ და ჩვენი ნაამბობის მიხედვით შეიქმნან წარმოდგენა.
წარმოდგენის შექმნა კი ეპოქის ასეთი საკვანძო მონაკვეთის შესახებ აუცილებელია,
ვინაიდან ეს მონაკვეთი ეტაპის დასასრული იყო, როცა ამანათრბენის მონაწილეთა
ერთმა ჯგუფმა შუალედურ ფინიშს მიაღწია და ჭრელი ჯოხი - ჯერ კიდევ გაუშიფრავი
სიმბოლო - მომდევნო ჯგუფს გადასცა, რომელიც უკვე თავქუდმოგლეჯილი მირბის ახალი
შუალედური ფინიშისაკენ. ასეთი მომენტები უეჭველად უნდა აღინუსხოს და მომავალ
თაობებს გადაეცეს, რათა მომავალმა თაობებმა, როცა თავად შეიქნებიან საკვანძო
მომენტის თვითმხილველნი, ახლის ძველთან შედარება შეძლონ. რაღა თქმა უნდა, ჩემს
მიერ აღწერილი ეპიზოდი სუბიექტური ისტორიაა (მაგალითად, ბოროტების ფერი აქ
ბევრად უფრო ბაცია, ვიდრე სინამდვილეში იყო), მაგრამ არსებობს კია სუბიექტური
ისტორია? აქვს კია, საერთოდ, აზრი ამ გამოთქმას? რა არის, კაცმა რომ იკითხოს,
ისტორია? ვინც ჩაუღრმავდა, ალბათ მიხვდა კიდეც, რომ ისტორია არის არა ფაქტი, არა
ხდომილება, არა რეალობა, არამედ სუბიექტურ ინტერპრეტაციათა სპექტრი (თავის
მხრივ, სწორედ სუბიექტური ინტერპრეტაცია გახლავთ ის უპირველესი დინამიური უნარი -
ამას ისე ვამბობ, სასხვათაშორისოდ - რისი წყალობითაც ადამიანი ფაბერია და არა
კომპიუტერი). დიახ, ისტორია სუბიექტურ ინტერპრეტაციათა სპექტრია და რაც უფრო
ფართოა ეს სპექტრი, რაც უფრო მეტი განსხვავებული ინტერპრეტაცია ჩაიდება ისტორიის
კარტოთეკაში, მით უფრო მტკიცე იქნება დროთა კავშირი, ისტორიაც მით უფრო
მიუახლოვდება საკუთარ თავს და შთამომავლობასაც საშუალება მიეცემა - ამასაც ხომ,
ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელობა აქვს - ისეთი ძეგლი დაგვიდგას, როგორსაც
ვიმსახურებთ. მეორე უმთავრესი (შესაძლოა პირველ უმთავრესზე უმთავრესიც)
არგუმენტი ისაა, რომ ქანდაკებას გარემო სჭირდება. ზოგ ქანდაკებას მთა უხდება ფონად,
ზოგს ხეობა, ზოგს მოედანი, ზოგს ბაღი, ზოგს ტყე და ა. შ. პრ. დიდებულიძის
ქანდაკებისთვის, რაკი ეს ქანდაკება ნამდვილია, დოკუმენტური და შეულამაზებელი,
ვამჯობინე გარემოც ნამდვილი, დოკუმენტური და შეულამაზებელი დამეტოვებინა.
აი, რა მაღალი მიზანი ამოძრავებდა მიზეზს, როცა ბანალურ ამბებს ისეთი
გულისგამაწვრილებელი პედანტიზმით უკირკიტა, მკითხველის მოთმინება ლამის ყუაზე
დამაყვანინა.
ხოლო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ბიძაჩემი და პრ. დიდებულიძე
მთელი ქალაქის პირისპირ, როგორ ჩაერთო ბრძოლაში ბიცოლაჩემი იაია და საერთოდ
როგორ წარიმართა ეს უთანასწორო ბრძოლა, გარემოსა და „კვარცხლბეკს“ აღარ
განეკუთვნება და ამიტომ ერთ-ერთ მომდევნო თავში იქნება მოთხრობილი. აქ
დამატებით მხოლოდ იმას დავძენ, რომ სახელი „იონა“ - ამას ადვილად მიხვდება ყველა,
ვისაც შეუძლია ზედაპირს მოწყდეს და მცირე ხნით საკუთარი სულიერი წონასწორობის
ცენტრში განმარტოვდეს - აგებულებითაც, ჟღერადობითაც და იდუმალი შინაარსითაც
ჭექა-ქუხილს ჩამოჰგავს.

თავი მეოთხე. პირველი წიგნის დასასრული


გვირაბი, ანუ დასკვნა, რომლითაც ეს პირველი წიგნი ღვთის წყალობითა და ავტორის
ბეჯითი შრომის მეოხებით როგორც იქნა გასრულდა.
ვიდრე კვლავ სიუჟეტის გუთანში შევებმები და თხრობას განვაგრძობ, მინდა ვისარგებლო
პაუზით და ყველას (განსაკუთრებით ზოგიერთს) ვურჩიო: ამ წიგნში სიმბოლოებს
ტყუილად ნუ დაუწყებთ ძებნას, სიმბოლო მდინარის გაღმა მხარეა, მე კი მამულები
გამოღმა მხარეს მაქვს და შიგ ისეთი კოშკი მიდგას, საძირკვლიდან სახურავამდე სადა და
გამჭვირვალე აზრის აგურითაა ნაგები. გულახდილად რომ ვთქვა, ჩემი უმთავრესი
მხატვრული მიზანი სწორედ ის არის, იდუმალების ხელოვნური ნისლი გონების მახვილით
გავარღვიო და ყოფიერების ფიზიკურ, გეომეტრიულ, ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ
ციხე-სიმაგრეებს სიმბოლოების ფოსფორული ნიღბები ავხადო. ასეთი ამოცანიდან
გამომდინარე, იმის აღწერას, რასაც მე თვითონ არ შევსწრებივარ ან აბსოლუტურად
სარწმუნო წყაროებიდან არა მაქვს გაგებული, შეძლებისდაგვარად ვერიდები. და თუ ჩემი
ასეთი სიფრთხილის მიუხედავად ვინ- მემ მაინც დაინახა აქ რაიმე სიმბოლო, ეს
მოჩვენებითი სიმბოლო იქნება, რომელიც მისსავ ფანტაზიაშია აღმოცენებული. სხვის
ფანტაზიაზე კი მე პასუხს ვერ ვაგებ.
არადა, იმ ერთი ბრძენკაცისა არ იყოს, ვინ იცის, ჭეშმარიტებას იქნებ მართლა ინტუიცია
უდგას კვალში და არა გონება, და მის მოსანადირებლად უკეთესი იარაღი შეგრძნებაა და
არა განსჯა? მართლაცდა, თუ დავაკვირდებით, ყოველ ადამიანს აქვს ბუნებრივი და
თანდაყოლილი (აგრეთვე გაუბზარავი და შეუვალი) გრძნობა, რომ შესაძლებლობა
მრავალია, ხდომილება კი ერთი. და ამ ბუნებრივ გრძნობას განსჯა ვერაფერს დააკლებს,
თუნდაც ათასი საპირისპირო საბუთი მოიპოვოს. განსჯის მონაცემები ადამიანმა შეიძლება
მიიღოს, გაითვალისწინოს, აღიაროს კიდეც, მაგრამ დაჯერებით მხოლოდ შეგრძნების
ნაკარნახევს დაიჯერებს, დაჯერებაზე მტკიცე არგუმენტი კი არსებობის იმ მონაკვეთში,
რომელშიც გრძნობიერი, ეგრეთწოდებული „ამქვეყნიური“ სიცოცხლე მიედინება, ჩვენ არ
გაგვაჩნია, გვინდა თუ არა და „სწორია“ თუ არა, ყველაზე მეტად ჩვენ ჩვენს შეგრძნებებს
ვენდობით და - თუ დაკვირვებიხართ, - მით უფრო ვენდობით, რაც უფრო რთული და
მძიმე გამოცდის წინაშე აღმოვჩნდებით. სხვათა შორის, სწორედ აქ იჩენს თავს მთელი
სიგრძე-სიგანით ადამიანის ღვთაებრივი ინდივიდუალობა, დამოუკიდებლობა,
ერთადერთობა და განუმეორებლობა და სწორედ აქ არის ის არქეჭალა, სადაც
რაციონალიზმის ისეთი ვულკანებიც კი, როგორიცაა ვთქვათ, ლოგიკაზე ამხედრებული
დიდი არისტოტელე, ირაციონალიზმის საძმო კრატერში სხედან.
ამას იმიტომ მოგახსენებთ რომ მინდა დაგარწმუნოთ: იმ გაორებას, რომელზედაც ქვემოთ
მექნება ლაპარაკი, ტრადიციულად გაგებულ დუალიზმთან საერთო არა აქვს რა.
როდესაც გვირაბს გავცდით, და უცხო ფათერაკი უკან მოვიტოვეთ, გულში ჯერ კიდევ
მიფეთქავდა შემაშფოთებელი გრძნობა, თითქოს ჩემი წარსული - ის, რაც დღეს ჩემს
წარსულად მიმაჩნია - აქამდე არ არსებობდა. აქამდე არსებობდა სხვა წარსული,
რომელიც გვირაბში მოულოდნელად შეიცვალა. უფრო სწორად იგი შეუმჩნევლად
იცვლებოდა მთელი ამ უკანასკნელი დღის, გრძელი, გამოუძინებელი და ცოტა არ იყოს
კალაპოტიდან მართლა საეჭვოდ ამოვარდნილი დღის განმავლობაში. გვირაბში ეს
ცვლილება საბოლოოდ დასრულდა და სიბნელეს რომ გავცდით, უკან უკვე სხვა წარსული
მქონდა გამობმული. ადამიანი კი, მოგეხსენებათ, ყოველ ცალკეულ მომენტში საკუთარი
წარსულის ნაყოფია. ხოლო რაკი ეს დებულება საკმარისად ობიექტურია, ჩემი ამ
მეტამორფოზიდან - თუკი ეს მეტამორფოზა მართლა სარწმუნოა - ბუნებრივად
გამოდიოდა საშიში დასკვნა, რომელსაც შეეძლო ყველა სხვა დასკვნა, რაც კი ადამიანს
ისტორიის გრძელ გზაზე უგროვებია, ერთი დაკვრით აეფეთქებინა, მეტიც - თავად
არსებობაც კი, ანუ ის, რასაც ტრადიციულად არსებობას ვეძახით, ეჭვის ქვეშ დაეყენებინა.
ეს გამაოგნებელი შეგრძნება ბუნდოვანი იყო, მაგრამ მძაფრი, როგორც სიზმარი,
რომლიდანაც შთაბეჭდილება აგყვა, აზრი კი არა. მეორე მხრივ, როგორც ტიპიური
საპიენსის დალაგებულ ჭკუასა და ზოmიერ კონფორმიზმს შეეფერება, ურყევად მჯეროდა,
რომ ჩემი წარსული ახლაც ის იყო, რაც გვირაბში შესვლამდე და ამაში მხოლოდ
შეშლილი ფსიქიკა თუ შეიტანდა ეჭვს. მე არ უარვყოფდი (არც ახლა უარვყოფ)
შესაძლებლობათა საწყის ნაირგვარობას, მაგრამ იმ სავარაუდო წარსულთა შორის,
რომლებიც, როგორც თესლი, გნებავთ, არჩევანი, მრავლად იქნა ჩაპნეული ნიადაგში,
რეალურად მხოლოდ ერთი უნდა აღმოცენებულიყო და ერთი აღმოცენდა, აღმოცენდა
სწორედ ეს და არა სხვა. ხოლო მას შემდეგ, რაც აღმოცენდა, აქტიც დასრულდა და
შეცვლა უკვე აღარაფრისა შეიძლებოდა. ასე რომ, ჩემი წარსული ყოველთვის ეს იყო და
უკანასკნელი დღეც, რაოდენ მყიფე, ორჭოფული და უცხოც უნდა ყოფილიყო, მის
ორგანულ ნაწილს შეადგენდა. იგი გათენდა (რასაც უწინარეს ყოვლისა ადასტურებს ის
ფაქტი, რომ მე გამოუძინებელი დავრჩი). იგი გათენდა და მე, ვიდრე სალომეს
„ზაპოროჟეცს“ წავაწყდებოდი, ორჯერ ვნახე პორტფელიანი დოცენტი (მოედანზე და
ბენზინის რიგში), ხოლო მას შემდეგ, რაც სალომეს „ზაპოროჟეცს“ წავაწყდი, ჭაბუკი
რომეო გავიცანი, რომელიც შავი იყო. სულ ბოლოს კი ყველამ, ვინც ასე თუ ისე
ვარსებობთ, რიკოთზე მოვიყარეთ თავი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მრავალ
შესაძლებლობათაგან განხორციელებულიყო არა მაინცდამაინც ეს, არამედ რომელიმე
სხვა, მაგრამ მაშინ ის სხვა იქნებოდა. ერთადერთი, იმის დაშვება კი, ვითომც თავიდან ეს
განხორციელდა და მერე გვირაბში შეიცვალა, ბუნების ურყევ კანონთა ფონზე
მკრეხელობაა. როდესაც მრავალი შესაძლებლობიდან ერთი აღმოცენდება რეალურ
განზომილებაში, დანარჩენები დანარჩენ განზომილებებში იმიერ სივრცuლ, ზედროულ,
მხატვრულ, მითოსურ, ზღაპრულ განზომილებებში იფანტებიან და იკარგებიან
(„სინამდვილე“ სხვა თემაა და სხვა საუბრის საგანი). ამგვარად, გვირაბის ზღურბლზე, ანუ
იმ მოუხელთებელ წამს, როცა გვირაბს გაცდენილიც ვიყავი და არც ვიყავი გაცდენილი,
ჯერ კიდევ მქონდა ბუნდოვანი შეგრძნება, რომ ჩემი წარსული რაღაც მანქანებით და
რაღაც მიზნით შეიცვალა, და ამავე დროს მქონდა ურყევი რწმენა, რომ იმის შეცვლა, რაც
უკვე განხორციელდა, შეუძლებელია. რომელი უფრო სანდოა - რწმენა, რომელიც
დღესავით ნათელია, თუ შეგრძნება, რომელიც ღამესავით ბნელია? ერთი შეხედვით
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ, რაკი კითხვაში „ნათელი“ და „ბნელი“ მონაწილეობს,
პასუხიც უკვე ნაგულისხმევია. მაგრამ ეს მცდარი დასკვნაა. საერთოდ, სტერეოტიპული
აზროვნება ბრტყელი ქვის წყალზე ხერხიანად გასროლას ჰგავს, როდესაც ქვა სკუპ-
სკუპით მიხტის წყლის ზედაპირზე და ისე მიაღწევს გაღმა ნაპირს, წესიერად არც კი
დასველდება. სინამდვილეში ამ კითხვის პასუხი სიღრმეშია და გვარიან სიღრმეშიც,
ხოლო ზოგჯერ იქაც არ არის და კაცმა არ იცის სად არის. მე მაგალითად დიდხანს ვეძიე
და ვერ ვიპოვე. ერთი პირობა სალომეს ჩაბმაც დავაპირე ამ უნაყოფო ძიებაში, მაგრამ
მალევე გადავიფიქრე. მართლაცდა, თუ ყველაფერი ეს ჩემი მირაჟი იყო და სალომეს
წინაშე არავითარი მსგავსი პრობლემა არ იდგა, მაშინ ამ საგანზე სიტყვის ჩამოგდება იმას
ემსგავსებოდა, ფხიზელსა და ჯანსაღ საზოგადოებაში შეშფოთებით მეკითხა, დღეს რომ
მარტო ერთი მზე ამოვიდა, ნეტა მეორე რა იქნაო? ხომ სახიფათოა? მართალია მაშინ
(ისევე, როგორც დღეს) ჩვენში სიგიჟით ვერავის გააკვირვებდი, მაგრამ სალომეს რომ
ჩემს ისედაც თავმოუყრელ საქციელში იმ წუთას საეჭვო რამ გამონაყარი შეემჩნია,
არამარტო გაკვირდებოდა, შეიძლება შეშინებულიყო კიდეც.
არადა, კაცმა რომ თქვას, ისეთიც რა მოხდა, ქვეყანა შევძრა?.. თითქოს არაფერი. ერთი
თვალშეუდგამი წამის განმავლობაში, რომლის გაზომვა არ ხერხდება და ამიტომ „წამიც“
წმინდა პირობითი გამოთქმაა, უეცრად დავინახე - არაზუსტი სიტყვაა, მაგრამ უკეთესი არ
არსებობს - რომ მანქანაც, გზაც, გვირაბიც, მე და სალომეც და საერთოდ ყველაფერი, რაც
ჩანდა და არ ჩანდა, ორად გაიყო. ამის ზუსტად აღწერა შეუძლებელია. ამიტომ ასე ვიტყვი:
რაც ერთი იყო, იქცა ორად და ორივე ისეთი იყო, რომ თითოეული ერთადერთი იყო.
გასაგებია, რომ გაუგებარია, მაგრამ უფრო ნათლად არ გამოითქმის. შორეულ და
ბუნდოვან შედარებად შეიძლება გამოდგეს გეომეტრიული ხაზი, რომელიც სიგრძივ
გაიხლიჩა და ორ ისეთ აბსოლუტურ და მარადიულ ურთიერთპარალელურ ხაზად იქცა,
როგორსაც ვერც ბუნება დაუშვებს და ვერც აზროვნება. აი ასეთ პარალელურ ყოფად
გაიყო ერთი ყოფა. ხოლო საკვირველი აქ არის არა ფაქტი, არამედ ის, რომ ეს ფაქტი
ჩემს შეგრძნებათა ბადეში მოყვა. ვიცი, ბევრი არ დამიჯერებს, მაგრამ მე ჩემსას მაინც
ვიტყვი, ვინაიდან სრულ სიმართლეს ვამბობ. მოკლედ ერთი გაელვების განმავლობაში,
რომლის ობიექტური ხანგრძლივობა უცნობია, მე ვიმყოფებოდი ორ სხვადასხვა ხაზში,
რომელთა შორის არანაირი კონტრაქტი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ მე ერთსა და
იმავე დროს ორთავ ხაზსაც ვგრძნობდი და თითოეულის ერთადერთობასაც.
იმის შეგრძნება, რომ წარსული მოულოდნელად შემიცვალეს და რომელიღაც სხვა
შესაძლებლობა შემომაპარეს, გაჩენისთანავე ჩაქრა, მაგრამ ცეცხლმოდებული კუდი
ერთხანს კიდევ დარჩა და გონებაში თუ სხვა რაღაცაში, რაც მაშინ გონების სახელით
მოქმედებდა, რამდენიმე ეჭვიანი შეკითხვა ერთდროულად აჩოჩქოლდა: იქნებ სხვა
განზომილებაში მოვხვდი? იქნებ ორი ცნობიერება ერთმანეთს შეერია, როგორც ორი
კადრი ერთსა და იმავე ფირზე? იქნებ ამ გვირაბს გარეთ არაფერი არსებობს და
ყველაფერი, რაც არსებობს, ახლა შეიქმნა და აქ შეიქმნა? იქნებ არსაიდანაც არ
წამოვსულვარ და არსად არ მივემგზავრები? იქნებ აქ გავჩნდი და ეს არის ერთადერთი
სამყარო, ხოლო „გარეთ“, ან რელიგიაა ან ცრურწმენა?
იქნებ ოდესღაც, „ნამდვილ“ წარსულში ღუტუ ვიყავი, ხოლო ეს გარდასახვა გაცილებით
ადრე დაიწყო, ვიდრე მგონია? იქნებ ვიღაცამ რომელიღაც ღილაკს ჯერ კიდევ გუშინ,
გამთენიის ხანს დააჭირა თითი, რათა ჩემი სანაკლიური წარსული ეწერული წარსულით
შეცვლილიყო, მაგრამ გაუთვალისწინებელი შეფერხების გამო სრული ჩანაცვლება ვერ
მოხერხდა და ეწერი და სანაკლიო ერთმანეთში აირია? იქნებ მე რომ მგონია
სანაკლიოში დავიბადე, ეს ამ გაუგებრობის ბრალია და სინამდვილეში ეწერში დავიბადე,
ეწერში გავიზარდე, ეწერის მკვიდრი ვარ და სასაფლაოს ბოლოში ეკლესია გაქრა? იქნებ
იმ, აწ უკვე დაკარგულ წარსულში სულაც არ ვყოფილვარ ბიძაჩემის დისწული, იქნებ
დედაჩემი კამკამიძის ქალი არ არის და მამაჩემს არასოდეს ჰქონია ცრუ იდეოლოგიური
გატაცებანი? იქნებ სანაკლიო საერთოდ არ არსებობს და თუ არსებობს, მხოლოდ
მხატვრულ განზომილებაში არსებობს? იქნებ „ბიძაჩემი იონა“ მართლა იმის დაწერილია,
ვისი ხელმოწერაც უზის, მე კი პერსონაჟი ვარ და ჩემი უგუნური მცდელობა, რეალურ
სამყაროში განვხორციელდე, შემწყნარებლური თანაგრძნობის თბილსა და ამაზრზენ
ღიმილს იწვევს? იქნებ ეს გვირაბი საიდუმლო ლაბორატორიაა, რომელსაც რომელიმე
დაბალი რანგის ღვთაება განაგებს და რომელშიაც შესაძლებლობათა ექსპერიმენტული
ჩანაცვლება ხდება? ან იქნებ ფაბრიკაა, სადაც ჩვენ „გვაწარმოებენ“ და მაქსიმალურად
ბუნებრივი სახე რომ მოგვანიჭონ, თან შესაფერის წარსულსაც გვირთავენ?..
თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ყოველ შემთხვევაში, არავითარი ნიშანი არ
ჩანდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური (ან რეალური) ზამბარა ასეთი სისწრაფით, ასეთი
ძალითა და ასეთი ეფექტით გაიშლებოდა: გვირაბი - ადრეც ვთქვი - ისეთი დამხვდა,
როგორიც მახსოვდა. ერთი განსხვავება ის იყო, რომ მიწისძვრის გამო გზა დაბზარულიყო,
და, გარდა ამისა, ჩვენ რომ შევედით, შუქი ჩაქრა.
- შუქი ჩაქრა, - თქვა სალომემ.
- აჰა, - დავუდასტურე მე, - მაგრამ არაფერია. რაკი გზა გაიხსნა, გვირაბს ჩვენ თვითონ
გავანათებთ, - აქ წამით დავეჭვდი, მერე დავუმატე, - დინამოს მეშვეობით.
- დიახ, - ნეიტრალურად დამეთანხმა სალომე და უცებ მკითხა: - იმ წერილზე რა პასუხი
მიიღეთ?
- რომელ წერილზე?
ჩემი მანქანის შუქი გვირაბის ძირს უხვად და კონტრასტულად ეფინა, კედლებს რბილად
და დაბინდულად, ხოლო ჭერს საერთოდ ვერ წვდებოდა და იქ სიბნელე შავ
მაჯლაჯუნასავით იწვა.
- ლექსად რომ დაწერეთ და გრძელი გამოგივიდათ.
მე წამით დავფიქრდი.
- ის წერილი, სხვათა შორის, სანიმუშო ჩახრუხაულით იყო გაწყობილი და მსოფლიო
პოეზიის იმ იღბლიან ძეგლთა სიაში მოხვდა, რომელთაც გადაფასების ხიფათი არასოდეს
დაემუქრება, ვინაიდან სამუდამოდ დაკარგული არიან... პასუხი მივიღე მიამიტური,
ცინიკური და ბუნებრივი. რაც მთავარია, ბუნებრივი. სწორედ ბუნებრიობით დამიდასტურა
იმ წერილმა ყოფის ტრაგიკული უაზრობა. ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო. რაში
გაგახსენდათ ის წერილი?
- რა ვიცი... - აქ გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო. მერე წეღანდელივით მოულოდნელად
მკითხა, - თქვენ უფრო ზარმაცი ხართ თუ ბიძათქვენი?
- რა შედარებაა! - მივუგე მე, - სად ის და სად მე! ის სიზარმაცის ეტალონია, წმინდა იდეა,
სრულყოფილი დაო. მე კი საცოდავი ეპიგონი ვარ, ჩრდილი, ემანაცია...
სწორედ ამ დროს დაიწყო საეჭვო ნიშნების გამოჩენა.
პირველი საეჭვო ნიშანი ის იყო, რომ დროის შეგრძნება დავკარგე. ცხადია, არა ისე
კატასტროფულად, როგორც იმ თვითმკვლელმა ინტელექტუალმა - მან ზღვრის
შეგრძნებაც დაკარგა და საკუთარ თავს გასცდა, რაც მე არ მიქნია - მაგრამ ხანი რომ
გამოხდა, გულზე თანდათან რაღაც უცხო, არაამქვეყნიური კაეშანი შემომაწვა, ძარღვებში
ცივმა შეშფოთებამ დამიარა და გონებაში შავად გაიკლაკნა ფიქრი: ეს გვირაბი მგონი
არასოდეს დასრულდეს.
ადამიანის ცნობიერება მყიფეა და სათუთი, და ფუნქციონირების უაღრესად მცირე
ამპლიტუდა აქვს. არსებითად იგი საცალფეხო ბილიკია ორ უფსკრულს შორის. ცხადია, ეს
მარტო ცნობიერებაზე არ ითქმის. არსებობის ამპლიტუდა საერთოდ
ჟრუანტელისმომგვრელად ვიწროა. მაგალითად, სიცოცხლის ტემპერატურული დიამეტრი
ექვსი-შვიდი გრადუსია, ჯანმრთელობისა სულაც ერთი. არავინ იცის, ეს ღვთაებრივი
სიძუნწეა თუ ბუნების ცინიკური კორექტივი, მაგრამ ცნობიერება ამ დუხჭირ ფონზეც კი
გამოირჩევა თავისი უილაჯობით, რასაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ის გარემოება, რომ
საკუთარი თავის საზომი თვითონვეა და გადამოწმების არანაირი საშუალება არა აქვს.
მალე ისიც შევნიშნე, რომ მარტო ვიყავით. არც წინ და არც უკან, სადამდეც კი თვალი და
ყური წვდებოდა, ჩვენი მანქანის მეტი მანქანა არ ჭაჭანებდა. ეს კიდევ უკვე მეორე საეჭვო
ნიშანი იყო და მე აქ უეცრად გამახსენდა ვიღაცის ნათქვამი - ამ გვირაბს მარტო
შესასვლელი აქვს, გასასვლელი კი არაო. შიშს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩამოხუთულ ჰაერში
რაღაც ავი წინათგრძნობა კი დაიბადა. დაიბადა და თუმც რეალური ხიფათის რაიმე
კონკრეტულ სახეობად ჯერ არ ჩამოყალიბებულიყო, მტკიცედ ჩამიდგა კვალში.
მიწისქვეშეთზე, სიბნელეზე, სივიწროვეზე, სინესტეზე და აგრეთვე წინამავალ გაუგებარ
თავგადასავალზე გადამჯდარი, იგი ჩუმი ქადილით მომდევდა და თანდათან კეცავდა
მანძილს.
კიდევ კარგახანს რომ ვიარეთ, ვეღარ მოვითმინე და სალომეს ვკითხე: - რომელი
საათია?
საათი მეც მქონდა, მაგრამ მაინტერესებდა, ისიც გრძნობდა თუ არა განგაშის ხმას.
- ხუთია, - მიპასუხა სალომემ - ექვსი დაიწყო.
ხმაში განსაკუთრებული ვერაფერი შევამჩნიე, ხოლო გვირაბში რა დროს შემოვედით, არ
ვიცოდი, ამიტომ სხვა არა დამრჩენოდა რა, გარდა იმისა, რომ მესამე ნიშანს
დავდარაჯებოდი. მანაც არ დააყოვნა.
რაც უფრო ღრმად შევდიოდით გვირაბში, მიწისძვრის მიერ წარმოქმნილი ბზარები
თანდათან იზრდებოდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ვარაუდით იმდენი ხანი გავიდა, სამი
ამისთანა გვირაბი მაინც უნდა გვქონოდა გავლილი, ბზარები ვიწრო ნაპრალებად იქცნენ.
მე ერთხანს შეფიქრიანებული ვაკვირდებოდი, იმ ზომამდე ხომ არ გაფართოვდებიან,
რომ მოძრაობა სახიფათო გახდეს-მეთქი. მერე სალომეს ცერად გადავხედე და ვკითხე: -
გოგირდის სუნი არ გცემთ?
- კი, - მიპასუხა სალომემ.
მეოთხე ნიშანი სალომემ შეამჩნია.
- გაიგონეთ? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. ხმის კილოში, როგორც იქნა, შეშფოთება
შეეპარა.
- ჭახანი იყო, მივუგე მე, - თუ უცხოპლანეტელები არ არიან, მაშინ საიდანღაც ქვა
ჩამოვარდა.
- აი კიდევ!
ხმები მეჩხერი იყო და ხან აქ გაისმოდა, ხან იქ, თითქოს გვირაბის კედლებში
ჩაცემენტებული სნაიპერები კენჭებს გვიშენდნენ. თუმცა ამ უჩინარი ქვასროლიების
„სნაიპერებად“ მოხსენიება შესაძლოა გადაჭარბებული პატივია, ვინაიდან არც ერთი კენჭი
მანქანას არ მოხვედრია.
შორეული სიღრმიდან სიბნელე მოგვჩერებოდა და, ჩემი მანქანის გრძელი შუქი რომ
გვირაბის ძირს მკვეთრად და კონტრასტულად ანათებდა, კედლებს რბილად და
დაბინდულად, ხოლო ჭერს საერთოდ ვერ წვდებოდა, ამით კიდევ უფრო მძაფრად
იგრძნობოდა სიბნელის რეალურობა და საშიში სიმკვრივე.
იგრძნობოდა სიბნელის რეალურობა და საშიში სიმკვრივე.
თუმცა, შიშის ჭეშმარიტი წყარო იყო არა სიბნელე, არამედ დროის შეცვლილი ტემპი,
რომელიც სიბნელეს, უბრალოდ, იარაღად იყენებდა. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიარეთ,
ის კი მახსოვს, რომ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტი ძალდატანება მიხდებოდა
თავზე, რათა მოცურებული გონება დამეოკებინა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
აი ამ კრიტიკულ მომენტში სალომემ თქვა: - სხვები რომ წავიდნენ, მგონი იმ გზით არ
მივდივართ.
მე ფეხი მუხრუჭისკენ გამექცა. მართალია, ვიდრე მიწვდებოდა, დავეწიე და უკან
დავაბრუნე, ასე რომ სიჩქარე არ შემინელებია, მაგრამ ტანში წამით ნესტიანმა სიცივემ
დამიარა, სხეულიდან თითქოს რაღაც არსებითი გამომეცალა და კინაღამ წინ მიმავალ
„ნივას“ შევასკდი, რომელიც უეცრად და მოულოდნელად გამოტყვრა საიდანღაც, ისე რომ
ფარები არ ენთო. ღვთის მადლით უკანასკნელ წამს, როდესაც წამოგვეწია და ის იყო
უნდა დაგვტაკებოდა კიდეც, ერთბაშად მკვეთრად გაიწია მარცხნივ და ორიოდე
სანტიმეტრის მანძილზე ჩაგვიქროლა გვერდით.
მაშინ გვირაბში მღვრიე სინათლემ შემოიხედა და მე სალომეს საზეიმო ნიშნისმოგებით
ვუთხარი: - აკი, სხვები რომ წავიდნენ, იმ გზით არ მივდივართო! აგერ!
თუ მიზეზებსა და შედეგებს სწორად ვანაწილებ, აქ წინასწარი ნიშნები მოთავდა და ის
დაიწყო, რისი ნიშნებიც ეს ნიშნები იყო.
როდესაც გზის ორსავ მხარეს, მარცხნივაც და მარჯვნივაც, ორი ფართო ზოლი, თითო ასე
მეტრი-მეტრნახევარი სიგანისა, გამოიყო, მე კარგახანს ვერ მივხვდი, ან რას ნიშნავდა ეს,
ან რას მოასწავებდა. სიტყვა „გამოყოფაც“ მოგვიანებით გაჩნდა, ვინაიდან ის, რაც მოხდა,
თავიდან გამოყოფას არ ჰგავდა, და თუ ჰგავდა, მხოლოდ ფერით გამოყოფას ჰგავდა:
ძირითად გზასთან შედარებით ეს ზოლები უფრო ბაცი იყო. ერთი პირობა ვიფიქრე, იქნებ
ნაპრალებია-მეთქი, მაგრამ ეს ვარაუდი იქვე უარვყავი. მართლაცდა, ნაპრალი უფრო
მუქი უნდა ყოფილიყო და არა უფრო ბაცი. არადა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს
რაღაც საბედისწერო ამოცანა იდო ჩემს წინ, რომლის ამოუხსნელობა დიდ საშიშროებას
მიქადდა. ვიდრე მე ამ ამოცანაზე ვფიქრდებოდი, ზოლები უკვე აშკარად გამოეყვნენ გზას
და ძნელი სათქმელი იყო, ისინი აიწივნენ თუ გზა დაიწია - ტროტუარებად იქცნენ. რა
უნდოდა ტროტუარს გვირაბში, ვერ მივხვდი და ვფიქრობ, ვერც ჩემზე უფრო გამჭრიახი
მგზავრი მიხვდებოდა. სამაგიეროდ, სრულიად ცხადი და თვალშისაცემი იყო, რომ გზა
ძალზე დავიწროვდა და დიდი სიფრთხილე მმართებდა. ცოტა ხნის შემდეგ შევამჩნიე,
რომ ტროტუარები იზრდებოდნენ და მალე ჯებირებად იქცნენ. ახლა ჩემი მანქანა ორ
ჯებირს შორის იყო მოქცეული. მერე ჯებირების კუთხოვანი, სწორი, მოცემენტებული
ზედაპირი სულ დაიკარგა მაღლა, სიბნელეში და ჯებირების ნაცვლად აქეთ-იქიდან ორი
ვეება კლდე მომებჯინა, როგორც ზღაპრული დევის ორი ფეხი, და ვიდრე ჩვენი
პაწაწკინტელა, წერტილოვანი და თავზარდაცემული მანქანა მათ შუა მიიძურწებოდა, დევი
თავისი უსასრულო სიმაღლიდან ეჭვიანი ყურადღებით გვითვალთვალებდა.
რამდენ ხანს მივდიოდით ასე, არ გამიგია. ახლა არც ის მახსოვს, მეშინოდა თუ არა. ერთი
ფიქრი, რომელიც გამუდმებით და მოუშორებლივ გონების ყველაზე ხილულ ადგილას
წრიალებდა და, რომელიღაც მთავარ ნერვს ჩაფრენილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში
წამით არ მომშორებია, ის იყო, რომ მე მოვალე ვიყავი სალომეზეც მეზრუნა და ამიტომ
ნება არ მქონდა საკუთარი თავისთვის ემოციების გამოხატვის თავისუფლება მიმეცა. ეს
მცნება მტკიცედ კი მქონდა შეთვისებული, მაგრამ მისი - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა
მცნების - შესრულება მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე თუ იქნებოდა შესაძლებელი,
ვინაიდან კაცი მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდეა საკუთარი თავის პატრონი; ასე რომ, ეს
ზღვარი ადრე თუ გვიან დაუძლეველ დაბრკოლებად გადამეღობებოდა.
ამასობაში, თითქოს პიკი გადაიარესო, კლდეებმა დაწევა დაიწყეს და აწეწილ გონებაში
კვლავ გაჩნდა იმედის სხივი. მართლაც კლდეები დაიწივნენ, დაიწივნენ და ბოლოს - არ
ვიცი რამდენ ხანში - ჯერ ჯებირებად იქცნენ - სწორ, კუთხოვან, ზედაპირმოცემენტებულ
ჯებირებად - ხოლო მერე, კიდევ უფრო რომ დაეშვნენ და დადაბლდნენ, ტროტუარებად.
იმედის სხივმა სიმშვიდე დამიბრუნა და შვება ვიგრძენი. შვება იმდენად მკაფიო იყო,
გონების თვალს ფარანივით ვაყოლებდი. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც
ტროტუარი კიდევ უფრო დაიწია და ბოლოს გზისპირს გაუთანაბრდა - ისე რომ
ადრინდელივით მხოლოდ ფერითღა გამოირჩეოდა - შვება სიხარულად მექცა.
სამწუხაროდ სიხარული ხანმოკლე გამოდგა: ვერც კი მოასწრო მთელ სხეულში შეეღწია,
რომ ახლა ზოლები ქვემოთ წავიდა, გზას ჩასცდა და ის, რაც ცოტა ხნის წინ ტროტუარი
იყო ამ სიტყვის საკმაოდ საღი და გამართული მნიშვნელობით, ისეთ რამედ გადაიქცა, რის
მიმართაც სიტყვა „ტროტუარი“ მხოლოდ მინუსი ნიშნით შემეძლო მეხმარა და ისიც მცირე
ხნით, ვინაიდან ეს „ტროტუარი“ სწრაფად მიიწევდა ქვემოთ და უკვე ვერანაირი ტერმინი
მის გამოსახატავად ვეღარ გამოდგებოდა. თუმცა ცნებათგანსაზღვრასა და სიმბოლოებს
ვინღა დაეძებდა! საგონებელში ჩავარდნილი მთელი ჩემი ყურადღება ახლა გზისკენ
მქონდა მიპყრობილი, ვინაიდან ცხადი შეიქნა, რომ წეღანდელი ვეება კლდეები, ასე რომ
შემაშფოთა და შემაფიქრიანა, იმასთან შედარებით, რაც ახლა ხდებოდა ჩვენს თავს,
თურმე იმედის ბურჯები ყოფილა და არა შიშის მიზეზი. მართალია იმ კლდეების
წყალობით მაშინ ძალზე ვიწრო გზა მქონდა დარჩენილი სავალად, მაგრამ მაქსიმალური
ფათერაკი, რაც ამის გამო შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა, ის იყო, რომ რომელიმე კლდეს -
ან აქეთ, ან იქით - ოდნავ წამოვდებოდით. ახლა კი იმ კლდეების ნაცვლად ორსავ მხარეს
თვალუწვდენელი უფსკრული მოგვდევდა და საჭის უმცირესი, სულ უმნიშვნელო
ცთომილება კმაროდა, რომ რომელიმე მათგანში დავნთქმულიყავით.
მანქანა ძალზე ნელა მიმყავდა. ძალზე ნელა, ძალზე ფრთხილად და ძალზე დაკვირვებით.
საბედისწერო ზოლები კი სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ მიიწევდა.
იმდენად მობილიზებული და დაძაბული ვიყავი, რომ სალომესკენ ერთხელაც არ
გამიხედავს. თვითონ კი არსებობის რაიმე ნიშანს არ ამჟღავნებდა. გარინდებული იჯდა და
სუნთქავდა თუ არა, ისიც არ ვიცოდი. ერთხანს რომ ვიარეთ ასე, უეცრად რაღაც ხმაური
შემომესმა. ხმაური ქვემოდან მოდიოდა და ყურმა ერთბაშად ვერ გამოიცნო, რა ხმაური
იყო... ბოლოს დაკვირვებულ ყურს თვალიც წამოეშველა და მაშინღა მივხვდი: ქვემოთ
მდინარე მიედინებოდა!
ზოლები აღარ ჩანდა. ზოლები უკვე მდინარეს დაეფარა, რომელიც, რამდენადაც
მანქანების ფარებიდან მოწყვეტილი და უფსკრულში გადაჩეხილი შუქი დანახვის
საშუალებას იძლეოდა, განიერი და ღრმა იყო. მშვიდად, აუჩქარებლად მიაგორებდა
ზვირთებს და დუდუნით მიედინებოდა. ხოლო გზა, რომელსაც ჩვენ მივუყვებოდით, ხიდი
აღმოჩნდა, დიდ მდინარეზე გადებული ბონდის ხიდი, უმოაჯირო და ვიწრო, იმდენად
ვიწრო, რომ ზედ მანქანა ძლივს ეტეოდა.
მდინარე ძალზე შორს იყო ქვემოთ, მაგრამ როდესაც თვალი შევაჩვიე, მაინც დავინახე,
რომ შიგ ვარსკვლავები ირეკლებოდა. რასაკვირველია, ეს ცრუ ვარსკვლავები იყო - ჩვენ
ხომ გვირაბში ვიმყოფებოდით! როგორ (ან რატომ) ირეკლებოდა არარსებული
ვარსკვლავები წყალში, ვერ მივხვდი, მაგრამ გაკვირვებით არ გამკვირვებია და მალე
პატარა, თეთრი ხომალდიც დავინახე. ხომალდი დაბრეცილი და ფორმადაკარგული
ჩანდა, ვინაიდან მდინარეში ჩაწოლილი სქელი ნისლი სინათლეს ნაწილობრივ
შთანთქავდა და ნაწილობრივ ირეკლავდა. მცირე ხნის შემდეგ გაღმა ნაპირზე (გამოღმა
ნაპირი არ არსებობდა) ვრცელ, დამრეც ფერდობზე შეფენილი ქალაქიც დავინახე.
ქალაქი იმოდენა იყო, ბოლო არ უჩანდა და ისევე, როგორც მდინარე, საკუთარი
წარმოსახვის მღვრიე ნისლში იწვა, საიდანაც - შორს, ზემოთ, ჰორიზონტთან - ობლად
ამოშვერილიყო მაღალი მთის შიშველი წვერი, რომელიც ძალიან ჰგავდა ფანტასტიკური
აქლემის კუზს, უაქლემოდ დარჩენილსა და ჰაერში გამოკიდებულს. ქალაქი ხეხილის
ბაღებში იყო ჩაფლული, მაგრამ ნისლში ხეებიცა და სახლებიც - ლურჯი ხეები და
მოწითალო სახლები - ისე ირწეოდნენ და ბარბაცებდნენ, თითქოს წელში არიან
გადამტვრეულნი და საცაა ჩაიკეცებიანო.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, როგორც იქნა, ხიდს გადავცდით. მდინარეც უკან მოვიტოვეთ და
ქალაქიც.
ხიდის გადავლა რაღა თქმა უნდა ვერაფერი შეღავათი იყო: როცა ორ უფსკრულს შუა
მიდიხარ, რა მნიშვნელობა აქვს უფსკრულების ძირში წყალია თუ მიწა!
საბედნიეროდ უსასრულობის გარდა ყველაფერსა აქვს დასასრული და, თუკი
უსასრულობას დაუსხლტი, ბედი ისე არ გაგწირავს, დაპირისპირებათა რაიმე ერთიანობა
არ წამოგაშველოს. მართლაც, როგორც კი ვიგრძენი, რომ დაძაბულობის, დაღლილობის,
შიშის, მოლოდინის და კიდევ ათასი სხვა მაგისტრალური თუ შენაკადი მიზეზის წყალობით
სხეულში სიცარიელის მეტი უკვე აღარაფერი მქონდა და ამის გამო (ალბათ ამის გამო)
სიკვდილსა და მოვალეობაზე ვფიქრობდი, ზოლები ისევ გამოჩნდა. მართალია ჯერ
კიდევ შორს იყო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ზემოთ მოიწევდა. როცა იმედის ამომშრალ
კალაპოტში კვლავ გაჩნდება ტენი, ადამიანს გამძლეობა და მოთმენის ძალა გემატება.
დავინახე თუ არა ზოლები, ჩემს გამოცარიელებულ სხეულში მყისვე ვიპოვე რაღაც, რასაც
ჯერ კიდევ შეეძლო სიცოცხლეს საყრდენად შედგომოდა.
ბოლოს და ბოლოს ზოლები იმ სიმაღლეზე ამოვიდნენ, რომ გზას გაუთანაბრდნენ. ჯერ
გაუთანაბრდნენ, მერე პირიპირ მიადგნენ, მერე შეუერთდნენ და იმ დროს, როცა შიშით
გავიფიქრე, ახლა ისევ ასცდებიან და ზევით წავლენ-მეთქი, ფერთა შორის განსხვავებაც
წაიშალა.
იმავ წამს გვირაბში მღვრიე სინათლემ შემოიხედა და მაშინ იყო, რომ სალომეს საზეიმო
ნიშნისმოგებით ვუთხარი: - აკი, სხვები რომ წავიდნენ, იმ გზით არ მივდივართო! აგერ!
უსასრულობიდან უსასრულობაში მიმავალი ხაზი რომელიღაც სასრულოვან მონაკვეთზე
ორად გაიხლიჩა და ერთმანეთს დაშორდა და მე გვირაბის ზღურბლზე, ერთი უეცარი
გაელვების მანძილზე, უაღრესად მძაფრად ვიგრძენი, რომ ორ ერთადერთ ხაზში
ერთდროულად ცალ-ცალკე ვიმყოფებოდი. მერე ყველაფერი კვლავ თავის ადგილას
დადგა და ის უცნაური განცდაც მეხსიერებიდან გაქრა. ვიცი, ბევრს დაებადება ერთი
შეხედვით უპასუხო კითხვა: მეხსიერებიდან თუ გაქრა, საიდანღა ვიცი? და რომ იგი
მართლა უპასუხო არავის ეგონოს, ამთავითვე ვიტყვი იმას, რაც მერჩივნა მოგვიანებით
მეთქვა: დიდი ხნის (?) შემდეგ, როცა გახლეჩილი ხაზი კვლავ შეერთდება, ეს
ფანტასტიკური შეგრძნება ერთხელ კიდევ შეაზანზარებს ჩემს არსებას და დავიწყებულიც
მაშინ გამახსენდება.
კიდევ რა?
ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი განგების ნებაა. ჭეშმარიტად. მაგრამ განგება ჩვენს
ყოველდღიურ წვრილმანებში - იმ წვრილმანებში, რომლებიც მის მიზანსა და ჩანაფიქრს
არ ემსახურება - არ ერევა, რათა თავისუფლების ილუზია შეგვინარჩუნოს და ამის
წყალობით ის იდუმალი საქმე, რისთვისაც შეგვქმნა, მეტი ენთუზიაზმით გვაკეთებინოს.
ხოლო ადამიანის ერთი ღირსება ისიცაა, ზუსტად განსაზღვროს, სად თავდება ამ უსაგნო
თავისუფლების ასპარეზი და როდის უდგება დრო, როცა ჩხირკედელაობას უნდა მოეშვას
და მთლიანად განგებას მიენდოს. მე თვითონ ამ ჭეშმარიტებას გვიან ჩავწვდი, მაგრამ მას
შემდეგ, რაც ჩავწვდი, დაბეჯითებით ვიცი: ერთისა და მრავლის ურთიერთობა
იდუმალებითაა მოცული და თუ განგებამ თავისი რომელიმე ამოცანის გადასაწყვეტად
საჭიროდ დაინახა ექსპერიმენტი ჩემზე ჩაატაროს, მე მზად ვარ.
არა ერთი და ორი მკითხველი (ვეჭვ, უპირატესად ისინი, ვისაც ყურადღებით არ
წაუკითხავს ან საერთოდ არ წაუკითხავს) ალბათ ბრალად დამდებს, თითქოს ისეთ
რამეებს ვეძებდე, რაც სინამდვილეში არ არის, და ამ ნიადაგზე შესაძლებელია მკვახე-
მკვახე სიტყვებიც დამიშინოს. რას ვიზამ - ავტორის ლანძღვა მკითხველის
კონსტიტუციური უფლებაა. მაგრამ ბატონებო, ბატონებო! განა საგანთა არსი იმით
ამოიწურება, რასაც საგანთა ბუნება გვიმჟღავნებს?! განა მოვლენებში, რომლებიც ჩვენს
ირგვლივ ხდება, მხოლოდ ის არის, რაც „სინამდვილეში“ არის?! განა სალამურის გულში,
რომელიც „სინამდვილეში“ ცარიელია, ურიცხვი საკვირველი მელოდია არ არის
ჩაბუდებული?!
ზოგი იმასაც იტყვის, ყოველივე ეს სიზმარს ჰგავსო, და მეც უყოყმანოდ დავეთანხმები -
დიახ, ჰგავს; ოღონდ თუ ამ ზედაპირული დაკვირვებიდან ვინმე „ლოგიკურ“ დასკვნასაც
გამოიტანს - სიზმარი იყოო - ის კი მწარედ მოტყუვდება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: თუ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება სიზმარი არ არის,
მაშინ არც ეს იყო სიზმარი.
კიდევ რა?
შეიძლება ზოგ-ზოგებმა, მიუხედავად ჩემი მრავალგზისი მობოდიშებისა, მაინც არ
მაპატიონ ენამრავლობა და ძრახვით თქვან, რა იყო, ეს კაცი ასე რამ გადარია
სიტყვებზეო! გარწმუნებთ, ესეც უსამართლო საყვედური იქნება. მე სიტყვებზე იმდენადვე
ვარ გადარეული, რამდენადაც თქვენ, და თუ ჩემი გადარევა უფრო ჩანს, მხოლოდ
იმიტომ, რომ ჩემი მიზანია ჩვენი საერთო გადარევა გამოვხატო.
და ბოლოს: საკუთრივ „განზომილება“ გვირაბს რომ გავცდებით, მაშინ დაიწყება. რაც
აქამდე იყო, შესავალი იყო. და თუმც ერთი შეხედვით სწორი ჩანს შენიშვნა, თითქოს
შესავლის კვალობაზე გრძელი და გაჭიანურებული შესავალი გამოგვივიდა,
სინამდვილეში ამგვარი შენიშვნაც უნიადაგოა. მართლაცდა, თუ ყველა პრობლემას
ურთიერთკავშირში განვიხილავთ, განა რაც ამის შემდეგ დაიწერება, ისიც შესავალი არ
არის? განა რაზედაც ხელი, თვალი და საერთოდ შეგრძნების ორგანოები მიგვიწვდება,
ყველაფერი შესავალი არ არის? განა მთელი ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება შესავალი არ
არის?
მაგრამ სჯობს აქ წერტილი დავსვათ და შევისვენოთ. წინ კიდევ დიდი გზა გვიდევს.

წიგნი მეორე

თავი პირველი. სანაკლიო


ვწუხვარ, პირველ წიგნში ისეთი პიკანტური ვერაფერი შემოგთავაზეთ - ვერც
სატრფიალო, ვერც სათავგადასავლო, ვერც ფანტასტიკური - რომ ამ ვერაგსა და
ცრუპოლიტიზირებულ დროში ცოტა გული გადაგეყოლებინათ, მაგრამ თუ თქვენს
მიმტევებელ თვალში ნდობა ჯერ კიდევ არ დამიკარგავს, მონანიე და,
შეძლებისდაგვარად, პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რაც იქ დაგაკელით, აქ აგინაზღაურებთ.
უეჭველად აგინაზღაურებთ, ვინაიდან უკანასკნელ ხანებში, როდესაც ზოგი ძველი
შეხედულება კიდევ ერთხელ დავდე ეჭვის სასწორზე და საბოლოოდ დავრწმუნდი,
ადამიანი და, კერძოდ, მკითხველი ბუნებით კონსერვატორი ყოფილა, მტკიცედ
გადავწყვიტე, მთავარი ყურადღება საყოველთაოდ აღიარებულ მხატვრულ
მოთხოვნილებებს მივაპყრო, ხოლო ყველაფერი სხვა, რაც ამ მოთხოვნილებათა
დიაპაზონში ვერ ჩაეტევა, მაქსიმალურად შევკუმშო, შევამოკლო და წავშალო.
როგორც გახსოვთ, პირველ წიგნში ბიძაჩემმა სასწრაფოდ გამომიძახა სანაკლიოში. მეც -
თავისთავად ცხადია - დაუყოვნებლივ წავედი. იგოეთის მახლობლად ვინმე სალომე
ერისთავს გადავაწყდი, რომელსაც მანქანა გაჰფუჭებოდა, და რაკი ისიც სანაკლიოში
მიდიოდა, დიდსულოვნების მოსაბაბებით დავიმგზავრე. რიკოთზე მოულოდნელად
შევფერხდით. თექვსმეტი საათი ვიდექით. ამ თექვსმეტი საათის განმავლობაში
მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და ბოლოს, როგორც იქნა, გზა გაიხსნა. სულ ეს არის
ჩემი იმდღევანდელი თავგადასავალი და იგი გვარიანად მოსაწყენია, თუ მხედველობაში
არ მივიღებთ, რომ ერთმა წაბლისფერმა ულაყმა ჩემი მანქანის საბარგულს დააფუნა,
რამაც მგზავრთა შორის არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია: გვირაბს რომ გავცდით და
ფუნა იგი მზის ირიბ სხივებზე უცხო ფერებად აბრჭყვიალდა (რომელთა შორის მბზინავი
მუქი-ლურჯი და დაბინდული ვერცხლისფერი ჭარბობდა), მანქანებმა საზეიმო პიპინ-
პიპინი ატეხეს. მგზავრები, რომელთაც სიხარულისაგან სახეები ისე შეშლოდათ, თითქოს
მწუხარებისაგან შეშლოდათ, სიცილით ბჟირდებოდნენ და რთული პანტომიმური
ნიშნებით თან მამხნევებდნენ, თან თანამიგრძნობდნენ, თან მასხრად მიგდებდნენ.
აღტაცებული ბავშვები გაბრწყინვებულ ცხვირ-პირს მანქანების მინებს აჭყლეტდნენ.
ოჯახის დედები და სხვა ჩაცმულ-დახურული მანდილოსნები ეშმაკურად მოციმციმე
თვალებიდან მდაბიურ იუმორს მაფრქვევდნენ, და კიდევ კარგი, ისტორიული
კდემამოსილების ნარჩენები აკავებდათ, თორემ, ეჭვი არაა, სიტყვიერადაც სიამოვნებით
გამიზიარებდნენ იმ გაბედულ შეხედულებას, ღირსებაშელახული ჩემი საბარგულის
შემხედვარეთ რომ ენაზე ადგათ. მაშინ მე, რაკი არამც და არამც არ მინდოდა, ამ ხალხს
ჩემი მიზეზით ცოდვა დაედო და თავს ღვთის წყრომა დაეტეხა, ერთ პატარა გუბესთან
შევჩერდი და საბარგული გადავწმინდე.
მალე სანაკლიოც გამოჩნდა.
ყოველთვის, როდესაც მწარე და ნეტარი ბავშვობის ამ ცრუ-საიმედო ნავსაყუდელს
მივადგები, სანტიმენტალურად განვრცობილ ჩემს არსებაში მთვლემარე ზღვა იღვიძებს
და დიდი მოქცევა იწყება. ეს სიყვარულის მოქცევაა. მართალია, მას ხშირად სიძულვილის
სახე აქვს (რაც თავის ადგილას სალომემაც შენიშნა), მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია,
თუ გავითვალისწინებთ, რომ სიყვარული და სიძულვილი ისეთი ორი გვერდია, რომლებიც
ერთ ფურცელს ქმნიან და ერთმანეთისგან არაფრით განირჩევიან გარდა იმისა, რომ
როცა ერთი ზემოთაა, მეორე ქვემოთაა და პირიქით.
სანაკლიო კიდევ უფრო შეცვლილიყო. ოღონდ ამჯერად ეს არ ყოფილა დროისმიერი,
მოძრაობისმიერი და ჰერაკლიტესმიერი ცვლილება. თითქოს მთელ მოსახლეობას
ერთდროულად ასტკივნოდა კბილი, ქალაქი ცოტა ფერმიხდილი ჩანდა, ცოტა
შუბლშეჭმუხნილი, ცოტა მოკუნტული, ცოტა გაღიზიანებული და ცოტა საგონებელში
ჩავარდნილი. ადამიანები ფრთხილად, ფეხაკრეფით და, იმავდროულად, გამომწვევადაც
მოძრაობდნენ, რაც გულის კოვზთან გარდაუვალი კონფლიქტის შემაშფოთებელსა და
საამო მოლოდინს აღვიძებდა.
მოსახლეობის ერთი ნაწილი შეუიარაღებელი იყო.
ხოლო ცენტრალურ მოედანთან, ეკლესიასა და თეატრს შუა, ვერნისაჟას სახინკლის წინ,
ამ ზოგად-პესიმისტურ ფონზე მხცოვანი ავტოინსპექტორი ასე მოძღვრავდა ახალგაზრდა
კოლეგას: - რაც მისწავლია, ყველაფერს გასწავლი და მაღალ მორალურ
სულისკვეთებასაც შთაგინერგავ. ოღონდ ერთი კი დაიხსომე: ვინც ავტოინსპექტორად არ
დაბადებულა, ის ავტოინსპექტორი ვერ გახდება. სწავლა სინათლეა, მაგრამ საკმარისი არ
არის. ჩვენს საქმეში მთავარი თანდაყოლილი ალღოა. გაქვს თუ არა თანდაყოლილი
ალღო, ამას გამოსაცდელი ვადა დაგვანახებს. მანამდე ის დაისწავლე, რისი დასწავლაც
შესაძლებელია. პირველ რიგში ავტოინსპექციის მიზანი და დანიშნულება უნდა გაიგო.
კრებებს რომ ყური უგდო, გეგონება ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, მძღოლები
ვაიძულოთ, მოძრაობის წესები დაიცვან. თუ როდისმე კრებაზე გამოსვლა დაგაძალონ,
შენც ასე თქვი, იმიტომ რომ თქმით ასე უნდა ითქვას. სამაგიეროდ, მოქცევით ისე უნდა
მოიქცე, როგორც ადგილი და ვითარება გიკარნახებს. ხომ გაგიგონია, ცხოვრება
არსებობისთვის ბრძოლააო! ავტოინსპექტორის ცხოვრებაც არსებობისთვის ბრძოლაა.
განსაკუთრებით, ჩვენში. მედგრად უნდა ვიბრძოლოთ და ბრძოლით ვიშოვოთ დავლა და
ალაფი, თორემ ყველა მძღოლს თუ ფრთები გამოესხა და წითელ შუქზე აღარავინ გაიარა,
არსებობისთვის კი არა, არარსებობისთვის გვიბრძოლია და ისაა! მონადირეს ნადირი
ჭირდება, შვილო, მასწავლებელს მოწაფე, ექიმს ავადმყოფი, მოსამართლეს მომჩივანი
და წესრიგის დამცველს წესრიგის დამრღვევი. დაოჯახებული ხარ?
- კი. სამი შვილი მყავს.
- აგაშენა ღმერთმა. ვინ შეგინახავს იმ სამ შვილს და ვინ გამოგიზრდის? წესიერი მძღოლი
თუ უწესო მძღოლი? უწესო, ხომ? ჰოდა, ჩვენც იმას უნდა მოვუფრთხილდეთ, ვინც ჩვენი
მარჩენალია. დამრღვევები რომ არ გვყავდეს, მაშინათვე გადავშენდებით, რავარც
დინოზავრები გადაშენებულან გამყინვარების ხანაში! ა, ეს უნდა ისწავლო, ეს უნდა იცოდე
და ეს უნდა გახსოვდეს მიწყივ. ახლა იმას გაჩვენებ, რასაც სწავლა ვერ შველის. მიყურე!
მხცოვანმა ავტოინსპექტორმა მანქანების ნაკადიდან ერთი „მოსკვიჩი“ გამოარჩია და
გაჩერების ნიშანი მისცა. „მოსკვიჩი“ გაჩერდა. მხცოვანი ავტოინსპექტორი მივიდა,
მძღოლს მხედრულად მიესალმა და საბუთები მოსთხოვა. მძღოლმა საბუთები მიაწოდა,
მხცოვანმა ავტოინსპექტორმა ფურცლებშუა ფაქიზად ჩაკეცილი ოცდახუთმანეთიანი
ამოაძრო, საბუთები უკანვე დაუბრუნა მძღოლს და მხედრულად გამოესალმა. „მოსკვიჩი“
წავიდა.
ყრმა ავტოინსპექტორი მთელ ამ პროცედურას უმანკო აღფრთოვანებით ადევნებდა
თვალს.
- არ გამდარიო, ალექსანდერე ბიძია! რა იცოდი?
- ესაა, შვილო, ალღო. ინტუიციას რომ იტყვიან. ამის სწავლა არ შეიძლება. ეს დაბადებით
უნდა დაგყვეს. აბა, ახლა შენ სინჯე.
დამწყებმა ავტოინსპექტორმა სინჯა, მაგრამ გამოუცდელობით ხელთათმანი მე
გადმომიგდო, რაც შეცდომა იყო. მართლაც, გავაჩერე თუ არა მანქანა, ოსტატმა მყისვე
მანიშნა, წადი, წადი, შენ არ გამოგვადგებიო. მე ოსტატის ნიშანს დავემორჩილე და ის იყო,
კიდეც უნდა დამექოქა მანქანა, რომ
- იაშა, ძამია! - გაისმა ამ დროს ხრინწიანი ბარიტონი.
ვიდრე გონს მოვეგებოდი, მანქანიდან უკვე გადათრეული ვიყავი და სახე თბილად და
საამურად მქონდა ჩაფლული ვრცელ, ღრმა და ფუმფულა მკერდში, რის გამოც ბარიტონი,
რომელიც მალევე ვიცანი, ყრუდ ჩამესმოდა, ვითარცა შორეული ქუხილი.
- რამდენი ხანია არ მინახიხარ! დედა, რამდენი ხანია!..
აქ ბარიტონმა ერთბაშად მომწყვიტა მკერდს, მხრებში ჩავლებელი ხელებით ოდნავ უკან
გამწია და გამომცდელად მომაჩერდა.
- ვისკენ ხარ შენ, იაშა?
მერე მე რომ პაუზა ვერაფრით შევავსე გარდა დაუნაწევრებული ზმუკუნისა, შეკითხვა
დააკონკრეტა და უფრო გასაგებად ჩამოაყალიბა: - ფაღარათიანი წუწუნავა გირჩევნია,
ძამია, თუ ღვთით მოვლენილი კუტუბიძე?
- ისევ ისე ფუმფულა ხარ, მედეა, - შევეცადე პირდაპირი პასუხისთვის თავი ამერიდებინა.
- კი, ისევ ისე ფუმფულა ვარ, - სათნო ღიმილით დამემოწმა მედეა, მაგრამ პასუხისათვის
თავის არიდების საშუალება არ მომცა, - მითხარი, ფაღარათიანი წუწუნავასკენ ხარ თუ
ღვთით მოვლენილი კუტუბიძისკენ?
- რა საბუთი არსებობს, რომ, ვისაც შენ „კუტებიძედ“ მოიხსენიებ, მართლა ღვთით
მოვლენილია? - მივუგე მაშინ, - საერთოდ, თუ გინდა ადამიანს არჩევანის საშუალება
მისცე, შენი კლასიფიკაცია არ უნდა მოახვიო თავს. დაე, თავად დაადგინოს, ვინ
ფაღარათიანია და ვინ ბუასილიანი. რაც შემეხება მე, ხომ იცი, რომ მე ყოველთვის იონა
კამკამიძისკენა ვარ!
- იონა კამკამიძე ფლიდია და სლიპინა. ადრეც ფლიდი და სლიპინა იყო, მაგრამ ახლა,
როცა სიბნელე გადაიყარა და ეროვნული ფარნის შუქზე ყველა დაფარული გაცხადდა,
კიდევ უფრო ფლიდი და სლიპინა გამოჩნდა. ზოგი იმასაც იძახის, იმპერიის აგენტიაო და,
რა იცი, რომ სწორი არ არის! დღეს ყველამ საბოლოოდ უნდა გააცხადოს თავისი
არჩევანი და არადანი. საბოლოოდ და გამოთქმით. ასე ითხოვს დრო. ზეგ... დარჩები
ზეგამდე?
- კი.
- ხოდა, ზეგ... ცოლი ითხოვე?
მე მის მზერას გავაყოლე თვალი. სალომე თავისთვის იჯდა კუთხეში. ჩვენკენ არ
იყურებოდა.
- არა.
- ზეგ დღის ორ საათზე პიონერთა სახლში მოდი. კონფერენცია გვაქვს. კუტუბიძის
ირგვლივ უნდა დავირაზმოთ და ფაღარათიანი წუწუნავა მუხის კუბოში ჩავაწვინოთ.
მოხვალ?
- აუცილებლად.
- შენ რა გითხარი! - მედეამ ძველებურად - ეშხიანად და გულშიჩამწვდომად -
გადაიკისკისა, რასაც თავის დროზე, მახსოვს, ვერც ერთი სულდგმული, რომელიც კი თავს
მამაკაცად თვლიდა, გულგრილად ვერ ისმენდა, - ერთ ფინჩხაზე არ შეცვლილხარ. რაც
იყავი, ისევ ისა ხარ. არ მოხვალ და ნუ მოხვალ, არც მაგით დაიქცევა ქვეყანა. ისე,
არჩევანის გაკეთება მაინც მოგიწევს. აბა, კარგად იყავი! შაბათს დიდი დემონსტრაცია
გვაქვს დანიშნული.
მედეა წავიდა და ორივე ავტოინსპექტორმა, რომლებიც მის დანახვაზე მოულოდნელად
ისე დაფეთდნენ და აიწურნენ, როგორც ყაზარმიდან გამოპარული სალდათები,
რომლებსაც პატრული წაადგათ თავს, შვებით ამოისუნთქა. ეს გაუგებარი იყო. ხოლო
მედეა მიდიოდა ამაყად, ფართედ, ღირსეულად. და ჩემი ყურადღება მიიქცია არა იმან,
რომ მედეა ამაყად მიდიოდა - რამეთუ მედეა ყოველთვის ამაყად დადის - არამედ იმან,
რომ მის სასიცოცხლო ძალებს, რომლებიც აქამდე ძირითადად სექსუალური
უპირატესობის გრძნობას ეყრდნობოდა, ახლა საყრდენად პოლიტიკური მრწამსი და
პატრიოტული აღმაფრენა შედგომოდა, რაც სიამაყეს ოდნავ განსხვავებულ იერს
ანიჭებდა.
- მედეა კუტუბიძისკენაა. - ვუთხარი სალომეს, მანქანაში რომ ჩავჯექი, - მე იონა
კამკამიძისკენა ვარ. თქვენ ვისკენ ხართ?
- მამიდებისკენ.
- საქებარი, მაგრამ მეტისმეტად თამამი სეპარატიზმია.
- მედეა ვინ არის?
- მედეა ჩემი თანაკლასელია. თერთმეტი წელი ერთად ვსწავლობდით. თავიდანვე
ფუმფულა იყო. ბარიტონიც თავიდანვე ჰქონდა. კლასში ყველას გვიყვარდა, მაგრამ
მეათეში, მეორე მეოთხედის ბოლოს, როცა ზამთარმა პიკს მიაღწია, გეოგრაფიის
მასწავლებელმა შეგვიცდინა. ცოლად შერთვას დაპირებია. მედეა მაშინ ჯერ თექვსმეტი
წლისაც კი არ იყო და ეგონა, გეოგრაფიის მასწავლებლის ცოლობა საშუალებას მისცემდა
თანაკლასელებისათვის მაქსიმალურად ზემოდან ეცქირა... პირდაპირ ხომ?
- დიახ.
- მაგრამ შეცდენის შემდეგ ერთბაშად და უცნაურად შეიცვალა. შესაძლოა
კონსულტანტები გაიჩინა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ შურისძიება იყო ულმობელი
და, ღვთის წინაშე, ალბათ სამართლიანიც. რა დარწმუნდა, მასწავლებელმა
ქრესტომათიული უნამუსობა ჩაიდინა, ჯერ აიძულა - არავინ იცის, რა გზითა და
საშუალებით - პირობა შეესრულებინა და ცოლად შეერთო, მერე მთელი მისი უძრავ-
მოძრავი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა, მერე უახლოეს მეგობართან -
საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელთან - უღალატა, თანაც ისე აშკარად და
დაუფარავად, რომ საეჭვო, სამარჩიელო და თავის მოსატყუებელი - კაცებს ასეთ დროს
თავის მოტყუება გვიყვარს ხოლმე - არაფერი დაუტოვა, მერე სახლიდანაც გააგდო და
ბოლოს, შობის დამდეგს, შეცდენიდან სწორედ წლისთავზე, ეს ჩვენი მკაცრი და
ქარაფშუტა მასწავლებელი - ოთხიანზე მაღალ ნიშანს არ წერდა საწყალი და სხვა
პლანეტებზე სიცოცხლის არსებობა სწამდა - ნაკლისწყლის პირას მკვდარი იპოვეს.
სიკვდილის მიზეზად ექიმებმა ერთხმად დაასახელეს სიცივე და შიმშილი, მაგრამ იმაზე კი
ვერ შეთანხმდნენ, თუ ამ ორი მიზეზიდან სამედიცინო დასკვნაში პირველი რომელი
მოეხსენიებინათ. საბოლოოდ პასუხისმგებლობა ანბანთრიგს დააკისრაეს... აქ მგონი
მარჯვნივ, არა?
პაპასკირის რვა აღმოჩნდა ორ დიდ სახლს შორის მოქცეული, ერთ დროს თეთრად
შეფეთქილი, მაგრამ აწ უკვე ჭუჭყის ფერში გადასული ბელეტაჟის ტიპის პატარა სახლი,
რომელსაც, როგორც ბავშვის ნახატს, ზემოთ ორი კუთხოვანი ფანჯარა ჰქონდა, ქვემოთ -
ცალფა კუთხოვანი კარი და სულ ქვემოთ - ხუთი თუ ექვსსაფეხურიანი ქვის კიბე. სახლი
ძველი იყო. ამ სიძველეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს კარისა და ფანჯრების ზომაზე მეტად
ვიწრო და წაგრძელებული ფორმა, რაც, რომ არა თვალშისაცემი კუთხოვანება, ალბათ,
ეკლესიის შორეულ ასოციაციასაც გამოიწვევდა. კარს, თითქოს საგანგებოდ
გაუტყავებიათო, სქელი, თავის დროზე უხვად წასმული ღია ყავისფერი საღებავი თითქმის
მთლიანად გადასცლოდა.
მარცხენა ფანჯარასთან, მინასა და ფარდებს შუა, ორი მოხუცი ქალი იდგა, რომლებიც,
ეჭვი არაა - ამის გამოცნობას დიდი გულთმისნობა არ სჭირდებოდა - მამიდები იყვნენ.
ორივე ერთნაირად ტანმორჩილი იყო, ერთნაირად გამხდარი, ერთნაირად ჭაღარა,
მხრებზე ყაისნაღით ნაქსოვი ერთნაირი შალები ესხათ და თავი თავზე ისე მიედოთ, მეც კი,
სიცხადისა და საზღვრების მოყვარულს, თავში სიტყვა „გუგულები“ ამომიტივტივდა და
გულში უნებურად გავივლე: „ნეტა პანაშვიდზე მასვლა მომეთხოვება?“
მამიდები (მახსოვს, გაკვირვებით გავიფიქრე, ნეტა მესამე რა იქნა-მეთქი) ლურჯ
„ზარპოროჟეცს“ ელოდებოდნენ, ამიტომ თეთრ „ნივას“ გულგრილად აარიდეს თვალი.
მაშინაც კი, როცა „ნივა“ ქვის კიბესთან გაჩერდა, მხოლოდ წამით მოატრიალეს ჭაღარა
თავები და მერე სევდიანი მზერა კვლავ ქუჩის ზედა კუთხეს მიაპყრეს, საიდანაც მათს
მოთმინებადაკარგულ მოლოდინში ლურჯი „ზაპოროჟეცი“ უნდა შემოსულიყო. ამასობაში
„ნივის“ კარი გაიღო და, ხმაურზე რომ თვალი ისევ გამოექცათ და სალომე დაინახეს,
განცვიფრებულებმა ხელი ლოყაზე იტკიცეს.
- აი ჩემი ტელეფონები, - ვუთხარი სალომეს მას შემდეგ, რაც უბის წიგნაკიდან ფურცელი
ამოვხიე და ზედ ტელეფონის ორი ნომერი - მამაჩემისა და ბიძაჩემის - დავუწერე, - თქვენს
ნომერსაც ჩავიწერ. იმედი მაქვს, დანაპირებს შეასრულებთ.
- დანაპირებს? - მსუბუქი გაკვირვებით შემომხედა სალომემ, თან თავისი ნომერი
მიკარნახა.
- იმ კაცის ვინაობა ხომ უნდა გამიგოთ, მარქსიზმის კლასიკოსებზე რომ დაიწერა ჯვარი!
- დაგპირდით?
- ჩემეული ინტერპრეტაცია თვითნებურია, მაგრამ აკი თქვით, ცდას არ დავაკლებო!
- დიახ. ოღონდ იმ ფარგლებში, რომელზედაც შევთანხმდით.
- ეგრე იყოს.
სალომე მანქანიდან გადავიდა (სწორედ მაშინ იყო, მამიდებმა რო ხელები ლოყებზე
იტკიცეს და ფანჯარას ჩქარ-ჩქარა მოშორდნენ). მეც გადავედი და ბარგი გადავუტანე -
ერთი საშუალო ზომის სამგზავრო ჩანთა და ერთიც ხელჩანთა (კანაფით ჯვარედინად
შეკრული ყუთი, რომელშიაც - თუ გახსოვთ - ფეხსაცმელი არა და ნამცხვარი კი მართლა
იდო ერთ დროს, უკვე აღარ არსებობდა).
- ძალიან დიდი მადლობა! - მითხრა სალომემ, - არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ...
ამ დროს სადარბაზოს კარიც გაიღო და მამიდები გამოტუსტუსდნენ. ისინი კვლავაც
მხოლოდ ორნი იყვნენ და ამ გარემოებამ - სასაცილო კია, მაგრამ არც ისე, როგორც
ერთი შეხედვით ჩანს - ცოტა არ იყოს, შემაფიქრიანა.
- ჩამოხვედი, ჩემო ანგელოზო?! - შესძახა ერთმა მამიდამ, კიბე სწრაფად ჩამოირბინა და
მოეხვია.
- შენ კი შემოგევლოს შენი მამიდა მაგდა, ჩემო მზეთუნახავო! - შესძახა მეორე მამიდამ,
მანაც სწრაფად ჩამოირბინა კიბე და ისიც მოეხვია.
მამიდებს ღრმა ცისფერი თვალები და თეთრი სახის კანი ჰქონდათ. ჩემკენ არ
გამოუხედავთ. ირგვლივ უვლიდნენ ძმისწულს, ეხვეოდნენ, ეფერებოდნენ, კოცნიდნენ.
ლოყებზე, ყელში, საფეთქლებზე, შუბლში, თმაში... საყელოს ზემოთ ადგილი არ
დაუტოვიათ, რომ არ ეკოცნათ. იმდენი კოცნეს, რომ მე ბოლოს და ბოლოს იძულებული
შევიქენი ამ ტემპერამენტიანი და, ცოტა არ იყოს, გადამდები რიტუალისათვის თვალი
ამერიდებინა და მზერა სახლის სახურავისკენ მიმემართა.
მამიდები ხვევნა-კოცნას არ ათავებდნენ, რაც ვითარებას, რომელიც არსებითად
სამგლოვიარო იყო, უადგილო ზეიმის ხასიათს ანიჭებდა. მართალია ერთი-ორჯერ
მამიდა ნატოც იქნა ნახსენები თბილი და ოდნავ ენამოჩლექილი სინანულით („ვერ
დაგახვედრეთ ცოცხალი, შენ შემოგევლოს შენი მამიდა მაგდა!“ - თქვა ერთმა მამიდამ.
„არადა, როგორც გნატრობდა, ჩემო ვარსკვლავო და ჩემო ანგელოზო!“ - მხარი აუბა
მეორემ), მაგრამ შეხვედრა ძირითადად მაინც სიხარულის ნიშნით წარიმართა. ხოლო მე
ვიდექი მანქანის კარს ლენჩად მიყუდებული და აბსურდის სიმბოლოს განვასახიერებდი,
ვინაიდან ვატყობდი, წასვლა უხერხული იყო და დარჩენა უაზრობა. ბოლოს, როდესაც
ალერსით გართულ ერთ-ერთ მამიდას მხრებიდან შალი ჩამოუცურდა, მე, იმით
გამოცოცხლებულმა, რომ ჩემს უქმ არსებობას ამით მცირე მიზანი და გამართლება მაინც
გაუჩნდა, შალი ავიღე და ფრთხილად წამოვასხი. ამაზე მან მადლიერი ღიმილით
შემომხედა, მაგრამ იმავ წამს, თითქოს ჩემს დანახვაზე რაღაც მოაგონდაო, სალომეს
მიუბრუნდა და შეშფოთებული ჰკითხა: - მანქანა რა უყავი?
- გავყიდე, - მიუგო სალომემ.
- რატომ, დედა? - ახლა მეორე მამიდა შეშფოთდა.
- გამიფუჭდა. იმის შეკეთებას დროც დიდი უნდოდა და ფულიც. მამიდა ნუცა სადაა?
- სოფელშია, - მიუგო პირველმა.
- ჯერ არ ჩამოსულა? - ცოტა გაუკვირდა სალომეს.
- სულ აქ იყო. ახლა მეორემ ითავა პასუხის გაცემა, - მამიდა ნატო რომ ისა, მერეღა წავიდა
სოფელში. კაბა არ ჰქონდა წამოღებული - შავი. შენ რატომღა დაიგვიანე?
- ვერ მოუხერხდა, ალბათ, გუშინ წამოსვლა - გამოესარჩლასავით სალომეს პირველი
მამიდა.
- გუშინ წამოვედი, მამიდა თეკლა. დილაადრიან წამოვედი, მაგრამ ჯერ იყო და მანქანა
გამიფუჭდა, მერე რიკოთის გვირაბი დაგვხვდა დაკეტილი და მთელი დღე და ღამე
მოგვიხდა ლოდინი. ეს ადამიანი რომ არ შემხვედროდა და მადლი არ მოესხა, კიდევ
მეტი დამაგვიანდებოდა.
აქ მამიდებმა, როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალეს.სამაგიეროდ, რაკი ერთი მოიცალეს,
ანდაზის იმ ცნობილი ქაჩალისა არ იყოს, მგონი ცოტა მეტიც მოუვიდათ.
- გმადლობთ, ჩემო ბატონო! - თბილი ღიმილით მითხრა მამიდა თეკლამ, მაგრამ
როგორც კი შემომხედა, ღიმილი წამსვე რაღაც რთული, მრავალწახნაგოვანი
ცნობისმოყვარეობით შეეცვალა და ყურადღებით დამაკვირდა.
- დიდი მადლობა! - მხარი აუბა მამიდა მაგდამაც და ახლა ის დამაკვირდა. ერთხანს რომ
ასე მიყურა - დაბნეული და ცოტა შეშფოთებული ინტერესით - მერე თავი გადაიქნია,
თითქოს უამური რაღაც ფიქრი მოიშორაო, და დასძინა, - კეთილი ხალხითაა ეს ქვეყანა
რომ ჯერ კიდევ ფეხზე დგას.
- ეს კაცი კეთილი არ არის, მამიდა მაგდა, - უთხრა ამაზე სალომემ.
- ნუ სულელობ! - სიყვარულით გაუწყრა მამიდა მაგდა და თავზე ხელი გადაუსვა.
- მართალს გეუბნები. თუ გინდა, თვითონ ჰკითხე. ნიჰილისტია და მიზანთროპი. შესაძლოა,
ათეისტიც. გარდა ამისა, ძალიან ეჯავრება ტრასაზე ქალების დამგზავრება.
- აბა რატომ დაგიმგზავრა? - ღიმილითა და შემწყნარებლური ნიშნისმოგებით მოუჭრა
მამიდა მაგდამ.
- სინდისმა შეაწუხა.
- სინდისმა თუ შეაწუხა, აბა მეტს რაღას თხოვ, დედა! - შენიშნა მამიდა თეკლამ.
- სინდისია, სიკეთეს რომ უკვალავს გზას, - განმარტა მამიდა მაგდამ. ხოლო მე გავიფიქრე:
„ერიჰაა!“
„ერიჰამ“ კლაკვნით გაიარა ჩემი ასტრალური სხეული და რომელიღაც კიდევ უფრო
რაფინირებულ მატერიაში გაუჩინარდა.
მაშინ მე მტკიცედ ვთქვი: - ჩემი წასვლის დროა.
ამაზე მამიდებმა ისევ შემომხედეს, ყურადღებით დამაცქერდნენ, მერე ერთმანეთს
შეხედეს და მამიდა მაგდამ გაგრძელებულად თქვა: - თეკლაა...
მამიდა თეკლამ პასუხად სალომეს შეხედა, ახლა მას დააკვირდა და მითხრა: - იქნებ ცოტა
დაისვენოთ. ჩაის მოგიდუღებთ... ნამგზავრი ხართ...
- გმადლობთ, - რაც შეიძლებოდა თავაზიანად მივუგე მე, - მეჩქარება. - და უეცრად
ვიკითხე, - პანაშვიდი როდისაა?
მამიდებმა კიდევ ერთხელ შეხედეს ერთმანეთს. მერე მამიდა მაგდამ თქვა: - ზეგ და მაზეგ.
- ზეგ და მაზეგ, - გავიმეორე მე და წასასვლელად მოვემზადე, - ჭეშმარიტი სიკეთე,
როგორც ფილოსოფოსთა ერთი ნაწილი ირწმუნება, ის სიკეთეა, რომელსაც ჩვენი
სურვილის წინააღმდეგ ჩავდივართ, - მერე უკვე მანქანიდან ვუთხარი სალომეს, -
ანგელოზებივით მამიდები გყოლიათ, სალომე!
მამიდებმა ქათინაური გაიგონეს, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. ისევ ისე
მიყურებდნენ - გამომცდელად და იდუმალი ინტერესით. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ადვილი
შესაძლებელია მამიდები დეტექტივების კოლექტიური კითხვით იყვნენ გატაცებული,
მაგრამ ეს დეტექტივებით გატაცება მამიდებისთვისაც კი მეტისმეტი იყო და, ახსნა რომ არ
მომეძებნა, ეგებ შევშფოთებულიყავი კიდეც. საბედნიეროდ ახსნა სულ მალე მოვუძებნე.
ახსნა ლოგიკური, მარტივი და დამაჯერებელი. მართლაცდა შინაბერა მამიდებისთვის,
რომელთაც ერთადერთი, კრიტიკულ ასაკს მიტანებული, შეიძლება ითქვას, პოტენციურად
უკვე შინაბერა ძმისწული ჰყავდათ, ალბათ ძალზე საინტერესო უნდა ყოფილიყო იმის
გამოცნობა, მე, ასევე ზღვართან მდგარი, მაგრამ სხვაფრივ საღი და ნორმალური
მამაკაცი, ცოლიანი ვიყავი თუ უცოლო?
ამ ახსნით სავსებით დავკმავყოფილდი და გეზი ბიძაჩემის სახლისკენ ავიღე.
შინ მხოლოდ ბიცოლაჩემი დამხვდა.
ბიცოლაჩემს მე გამორჩევით ვუყვარვარ და უნდა ვთქვა, საფუძველიც აქვს: თავის დროზე,
როდესაც გასაგები (შესაძლოა მისატევებელიც) მიზეზის გამო ჩვენი სანათესაო მას
ამრეზით შეხვდა და ამ ხაზის გადაბიჯებას, რომელიც დედაჩემის სოციალურმა
თავმოყვარეობამ გაავლო, დიდი ხნის განმავლობაში ვაგლახად ვერავინ ბედავდა, მე
ვიყავი ერთადერთი მეამბოხე და გამონაკლისი. მეამბოხე, გამონაკლისი და ხიდი,
როგორც დაპირისპირებულთა შესაძლო ერთიანობის ნორჩი სიმბოლო. მე
პატარაობიდანვე თავისნათქვამა ბავშვის რეპუტაცია მქონდა, რასაც წარმატებით
ვიყენებდი იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფთ იმაზე უფრო თავისნათქვამა ვგონებოდი,
ვიდრე ვიყავი. მართლაც, მიუხედავად უმკაცრესი მოთხოვნისა, რაც, თუმც აშკარა
მითითების სახით არასოდეს ჩამოყალიბებულა, დედაჩემის პერმანენტულ წყევლას მუდამ
მკაფიო რეფრენად გასდევდა, მე ყველასაგან დაწუნებულსა და გარიყულ ბიცოლას,
რომელიც - მრავალრიცხოვან პიროვნულ ღირსებებს რომ თავი დავანებოთ -
უსაყვარლესი ბიძის მეუღლე იყო, სულ მალე შევეთვისე. მანაც, ჩემი ალალი
დამოკიდებულება რა დაინახა, გულით შემიყვარა.
- ასე უნდა მოგვანატრო თავი?! - ახლაც გაბადრული გამომეგება და ორივე ლოყაზე
მაკოცა.
- რა ვქნა, ბიცოლა ია... - უზოგადესი შაბლონით ვცადე მე თავის მართლება.
- რას იზამ! ძნელია მოუცლელი კაცის ცხოვრება... შემოდი. - ამ სიტყვებით სახლისკენ
გამიძღვა - დაჯექი, ყავას მოგიდუღებ. მონატრებული გექნება ჩემი ყავა.
- მონატრებული მაქვს. ბიძაჩემს სძინავს?
- ეეჰ! რა ხანია ბიძაშენმა ძილი რა არის, არ იცის, - უკვე სამზარეულოდან გამომეპასუხა, -
ენაგადმოგდებული დარბის დღე და ღამე. კიდევ კარგი, შენ ჩამოუხვედი. სამნი რომ
იქნებით, ერთმანეთს შეენაცვლებით და უფრო მალე დააყენებთ ფეხზე ამ ცოცხალმკვდარ
ქვეყანას.
- სამნი?... - მე ეჭვით გავხედე ბიცოლაჩემს, რომელიც ყავას ჩასცქეროდა, რომ არ
გადმოსვლოდა, - მაგით რისი თქმა გინდა? ნუთუ მამაჩემი?..
- ჩუ, ბიჭო! - გამიწყრა ბიცოლაჩემი, სწორედ მაგ ჭკუაზეა მამაშენი, შენ და ბიძაშენს აგყვეთ!
- აბა მესამე ვინ არის?
- იშოვა ვიღაცა ბიძაშენმა. ფერი ფერსაო, რომ იტყვიან, იმისთანაა.
ბიცოლაჩემი ყოველმხრივ სანიმუშო ქალია, მაგრამ იმდენი, ცხადია, მანაც არ იცის, რომ
ბიძაჩემი განუმეორებელია.
- ბავშვები სად არიან, ბიცოლა ია?
ამაზე ბიცოლაჩემმა ყავას წამით მოაშორა თვალი და გაკვირვებით გადმომხედა.
- შენ მართლა არ გაგიგია, რა ამბები ტრიალებს აქ?
- ისეთი რა უნდა ტრიალებდეს, სხვაგან რომ არ ტრიალებს?
- რა ვიცი... თუ სხვაგანაც ყოველ ღამე ამისთანა ტყვიის წვიმაა, აღარ ყოფილა ამ ქვეყნის
საშველი! ბავშვები სოფელში გადავმალე. სახლში არ ყოფილხარ ჯერ?
- არა.
- მამაშენია ცოტა შეუძლოდ.
მე შევკრთი.
- რა დაემართა?
- ისეთი არაფერი. მე მგონია, უფრო უგუნებოდაა, ვიდრე შეუძლოდ. სულგუნს ხომ შეატან?
- მამაჩემს მართლა არაფერი სჭირს სერიოზული?
- არაფერი.
- მაშინ შევატან. - მერე, ყავა და პატარა თეფშით სულგუნი რომ გამოიტანა, ვკითხე, -
კაციასი რა ისმის?
- კაციას, რაღაი ამ ვაი-უშველებელს გაასწრო, არაფერი უჭირს. საჭმელიც ხომ არ
გაგიცხელო?
- არა, არა. დროზე მირჩევნია წავიდე. იქნებ ცოტა გამოძინებაც მოვასწრო, ვიდრე
ბიძაჩემი გამოჩნდება.
- რატომ გუშინ არ ჩამოხვედი?
- რიკოთზე შევყოვნდი. გველეშაპმა გადამიღობა გზა.
- ჰოო... აბა კიდევაც ადრე ჩამოსულხარ. სამაგიეროდ ნაგველეშაპარზე უფრო
გაგიადვილდება სიმართლისთვის ბრძოლა.
- ნაგველეშაპევზე.
- კიდევ გინდა ყავა?
- არა. ასეთ ყავას ზედმეტად არ უნდა გაუშინაურდე კაცი. - ამ სიტყვებით წამოვდექი და
წასასვლელად მოვემზადე, - ბიძაჩემმა დაიბარა რამე?
- სახლში იჯდეს და ფეხი არ მოიცვალოს, რა წუთში დამჭირდება არ ვიციო; - აქ შეყოვნდა,
თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა. ბოლოს - უკვე ეზოში ვიყავით
გამოსული - გაბედა და თქვა, - წერას ჰყავს ატანილი. აღარ ვიცი, რა ვქნა.
რაც თავი მახსოვს, ბიძაჩემი სულ წერას ჰყავს ატანილი. ამიტომ ეს მოულოდნელი
განცხადება, ცოტა არ იყოს, უადგილო მეჩვენა.
- ახალია რამე?
- მთელი ქალაქი გადაიკიდა.
მე დავმშვიდდი.
- ქალაქი რას მიქვია, ბიცოლა ია! მე აქ არა ვარ!
ბიცოლაჩემმა ცერად შემომხედა.
- ჰო, რაღაი შენც აქა ხარ, აწი ნამდვილად გვეშველება.
მე გამეცინა.
- კარგი. მაშ, შინ დაველოდები.
თუ დრო, ბოდიში თქვენთან და, ერთგვაროვანი მასაა, რომელიც თანაბარი სიდიდის
დღეებად იყოფა, მაშინ მე თბილისელი უფრო ვარ, ვიდრე სანაკლიელი, რადგანაც ჩემი
წილი ოცდაჩვიდმეტი წლიდან სანაკლიოში მხოლოდ ჩვიდმეტი მაქვს გატარებული,
თბილისში კი სრული ოცი. მაგრამ არის კია დრო ერთგვაროვანი (თავი რომ დავანებოთ
უხეშსა და პლებეურად მკვრივ სიტყვას „მასა“) და იყოფა კია თანაბარი სიდიდის
დღეებად? ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში,
ფსიქიკა - ფსიქიკა კი ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახლავთ - არ ენდობა ასეთ მარტივ
შეფარდებებს, ვინაიდან ამ შეფარდებათა გამაბათილებელი მრავალი სოლიდური
არგუმენტი მოეპოვება.
ერთი სოლიდური არგუმენტი მეც მომეპოვება. მართალია, როგორც კი ასე თუ ისე
ხანგრძლივი განშორების შემდეგ სანაკლოს კვლავ მივუახლოვდები, რაღაც-რაღაცა
არგუმენტები უკვე გზაშივე იშმუშნებიან და პრეტენზიების გადმოლაგებას ცდილობენ,
მაგრამ ისინი, როგორც წესი, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში არიან, ამიტომ ბუნდოვანსა და
მთვარეულ აჩრდილებს ჰგვანან. მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი სახლი გამოჩნდება, ფესვები
და შრეები ირყევა, რომელიღაც მარადფხიზელი არგუმენტი თავს აღწევს დავიწყების
დილეგს და დიდი სიჩქარით ამოტყორცნილი, ქადაგის საშიში თავდაჯერებით ამტკიცებს,
რომ დროის თანაბარ და გონივრულ ნაწილებად დაყოფა ლოგიკური ჭორია, რომ დრო
კი არ მოიცავს დღეებს, არამედ დღეები მოიცავენ დროს; დრო მთლიანადაა ჩადებული
ჩვენი ცხოვრების თითოეულ დღეში, ოღონდ თავად დღეები - მრავალ სუბიექტურ თუ
ობიექტურ მიზეზთა გამო - ამ მთლიან დროს სხვადასხვა ძალითა და სისრულით
განასახიერებენ და დაყოფის მაცდური ილუზიაც ამის წყალობით გვიჩნდება, მე,
მაგალითად, ამ სახლს რომ დავინახავ, მყისვე ვგრძნობ, რომ სანაკლიელი ვარ. აქ
დარჩენილი ჩემი დღეები გაცილებით უფრო დიდია, უფრო ვრცელი, უფრო ტევადი და
უფრო სავსე, ვიდრე ნებისმიერი სხვა დღე.
წითელი აგურით ნაგები და „მარსელის“ კრამიტით დახურული ჩვენი დიდი,
ორსართულიანი სახლი, ორ მხარეს (ფასადსა და მარცხენა კედელზე) შემოვლებული
ფართო აივნითა და თლილი ქვის მოხერხებული, კარგად დაფერდებული კიბით,
რომელსაც შუაში შესასვენებელი მოედანი აქვს დატანებული, ქალაქის ძველ უბანში, ერთი
წყნარი, თანაბარი ქვებით მოკირწყლული ვიწრო ქუჩის პირას დგას. სახლს ირგვლივ
მოზრდილი ეზო არტყია, რომელსაც ქუჩისგან ბეტონის თეთრი, დაბალი კედელი ჰყოფს
შუაში დატანებული რკინის დიდი, განიერი ჭიშკრით, ხოლო მომიჯნავე ეზოებისგან -
ტრიფოლიატის ღობე. სახლის წინ კოინდარი გვაქვს. კოინდრის ბოლოს, ქუჩის გასწვრივ,
იასამნებია ჩარიგებული, ხოლო ეზოს დანარჩენ სამ მხარეს, განსაკუთრებით სახლს უკან,
სადაც ფართობი მეტია, დიდრონი ხეებია, მათ შორის ერთი ტანმსხვილი კაკალი, ერთი
სწორი, ცადატყორცნილი ბალი, რომლის კენწეროდან მთელი უბანი, ე. წ. „ძველი ქალაქი“,
ხელისგულივით მოჩანს, და ერთიც წვრილმარცვლიანი ხურმა Diospyros lotus, რომელსაც
სანაკლიოში უფრო ხშირად უცენზურო მეტსახელით მოიხსენიებენ ხოლმე.
ეს ხეები ჩემს ბავშვობაში უკვე ბებრები იყვნენ.
მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ გარეგნული ფონია, ერთგვარი წიაღი, ხოლო ის
საკვირველი ბიძგი, რომელიც ამ გარეგნულ ფონზე, პირობათა ამ წიაღში იბადება,
როგორც მშობლიურობის ნიშანი, როგორც ფესვების მძაფრი განცდა და ჩემი
სანაკლიელობის შეუვალი არგუმენტი, სულ სხვა მოგონებაა. კერძოდ, ეს არის
გარინდებული სიგრილე დარაბებდახურულ, ნახევრადჩაბნელებულ დიდ სასტუმრო
ოთახში, რომელიც, რაც თავი მახსოვს, მუდამ ეკლესიასავით სუფთა იყო, ვინაიდან იქ,
გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როცა მამაჩემს საპატიო სტუმრები ეწვეოდნენ, თითქმის
არასოდეს არავინ შედიოდა. არ ვიცი, რატომ შემორჩა მეხსიერებას ეს სურათი ასე
მკაფიოდ, მაგრამ რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ფაქტია, რომ აქ, დახურული დარაბების
შიგნით - განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა დარაბები კვირეების მანძილზე არ
იღებოდა, - ეს იდუმალ-ჟრუანტელისმომგვრელი სიგრილე, რომელიც საამურად იწვა
სიბნელეში, როგორც ნეტარება ნეტარების იდეალისტურ ჰამაკში, უცნობ სამყაროში
გაჭრილ სარკმელს ჰგავდა, საიდანაც არაამქვეყნიური რამ სახილველი მოჩანდა. ხოლო
დარაბების ვერტიკალური ჭუჭრუტანებიდან შემოჭრილი მზის თხელი და სიფრიფანა
სხივი, რომელსაც სიგრილისა და სიბნელის ამ საუფლოში თითქოსდა დისჰარმონია უნდა
შემოეტანა, სინამდვილეში მხოლოდ ავსებდა და ასრულებდა ნეტარ განცდას, როგორც
წარწერა ნახატს, როგორც სათაური ლექსს, როგორც გვარი და სახელი ადამიანს.
ჩვენი სახლის დანახვაზე მე მუდამ ეს უცნაური სიგრილე მაგონდება. იგი ჯანსაღი
სანტიმენტალიზმით ავსებს ყოველივეს, რასაც - არცთუ მთლად ზუსტად და მართებულად
- სხეულს ვუწოდებთ, და მე წამით ისეთი ნეტარებით ვიჟღინთები, რომელიც რელიგიურ
ექსტაზს ჩამოჰგავს.
ბავშვობის ნოსტალგია საყოველთაო დაავადებაა და ალბათ არ არსებობს მეტ-
ნაკლებად ცოცხალი ადამიანი, ეს სენი რომ ერთხელ მაინც არ შეჰყროდეს, მაგრამ
ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ მოიყარა თავი ამ დაავადების ყველა მიზეზმა ესოდენ
რიგით - ერთის მხრივ, თითქოსდა უბრალო, მეორე მხრივ, თითქოსდა ბუნდოვან, მესამე
მხრივ თითქოსდა არაფრისმთქმელ - შთაბეჭდილებაში, მაშინ, როცა ჩემი ბავშვობა სავსე
იყო გაცილებით უფრო მძაფრი ეპიზოდებით. ჩემი ბავშვობა ხომ არსებითად - სხვა
დროსაც მითქვამს - პოლარულ განცდათა ჯამია: ერთ მხარეს უმწვერვალესი სიხარულის
მთებია, მეორე მხარეს უღრმესი ტანჯვის უფსკრულები. დაბლობი არ არსებობს.
პირობითად რომ ვთქვათ, ჩემი ბავშვობა ერთდროულად იყო ამომავალი მზეც,
რომელსაც სიცოცხლის ოქროსფერი გვირგვინი ედგა, და ჩამავალი მზეც, რომელსაც
სიკვდილის შავი გვირგვინი ედგა. საცა უნდა ვყოფილიყავი, ეს ორი მზე განსაზღვრავდა
ჩემს ყოფას. ხან ერთი, ხან მეორე. მათ შუა არაფერი იყო. ყოველ შეთხვევაში, ასე ჩანდა
და მეც ასე მეგონა, მაგრამ ბავშვობა რომ დასრულდა და სანაკლიოდან წავედი, უეცრად
გამოირკვა, რომ მოგონებათა ტკბილსა და სათუთ სევდას - დრო-ჟამის ამ შავ ხვრელს -
სიგრილის უცხო და იდუმალი სახე მიუღია და ნახევრადჩაბნელებულ, დიდ, ჭერმაღალ
სასტუმროში ოთახში დახურულ დარაბებს შუა დაუდევს ბინა. ამგვარი შთაბეჭდილების
ჩამოყალიბებას შესაძლოა იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამ ოთახში მარტოობის სულის
გარდა მარადიულობის სულიც ტრიალებდა, ვინაიდან მისი დიდი, მძიმე, მასიური ავეჯი
არასოდეს - ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეხსიერებაში არასოდეს - გადაადგილებულა;
ყველაფერი მუდამ ისე იდგა, როგორც ახლა დგას.
ამ ძვირფას სახლში მე ჩემი საკუთარი ოთახი მქონდა, კუთხის პატარა, წყნარი ოთახი
მეორე სართულზე, რომლის ფანჯარა ეზოს უკანა მხარეს გადის, სადაც, სიღრმეში, ჩემი
საყვარელი ბლის ხე დგას. ჩემს ბავშვობას სხვა ოთახებზე უკეთ ეს ოთახი იცნობს,
ვინაიდან სწორედ ამ ოთახში გაიარა მისმა ყველაზე დიდმა, ყველაზე მწვავე, ყველაზე
გრძნობიერმა ნაწილმა. აქაა დარჩენილი კვალი უაღრესი და უდარესი ჩემი სიმწარისა და
სიტკბოსი. აქაა დარჩენილი ჩემი განმარტოების ყველა მგზნებარე მონოლოგი - საზეიმო-
მაღალფარდოვანიცა და ტრაგიკულ-მაღალფარდოვანიც - სიხარული და წუხილი ჩემი,
ყიჟინა და ელდა ჩემი, სინათლე და სიბნელე ჩემი, ზეცად ასვლა და ქვესკნელს ჩაშვება
ჩემი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, ყველა მაჟორი და ყველა მინორი, რისგანაც მე და ჩემი
ბავშვობა შევდგებოდით. დღესაც, აქ რომ შევალ, მოგონებები მყისვე იღვიძებენ და ენად
გაკრეფილები ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ. და თუმც ყოველივე ეს ფრიად და
ფრიად ტკბილ-მწარეა და ამაღელვებელი, მაინც კი აქაური მოგონებები და მათი
გაუთავებელი ლაქლაქი სრულებით ვერ შეედრება იმ შთაბეჭდილებას, რომელიც
სასტუმრო ოთახის დიდი და გარინდებული სიგრილის გახსენებაზე ერთნაირად შემძრავს
ხოლმე.
ახლაც, ზარს რომ ვრეკავდი, რომლის ღილაკი - თუ როდისმე დაგჭირდეთ - ჭიშკრის
მარჯვნივ, ბეტონის ღობის თავზეა მოთავსებული, თან იმას ვცდილობდი, აჩქროლებული
გული დამეურვებინა.
ჭიშკარი დედაჩემმა გააღო.
- იკო, დედა!
რომ მაკოცა, მერე ერთხანს დაკვირვებით მათვალიერა, რათა დარწმუნებულიყო, რომ,
რაც მისი ხელი მომაკლდა, ჩემს ჯანმრთელობას სერიოზული რამ საფრთხე არ
დამუქრებია, და ბოლოს შვებით თქვა: - მადლობა ღმერთს, ჩამოხვედი!
- მამა როგორ არის? - ვკითხე მე.
ამაზე ეჭვიანი გაკვირვებით შემომხედა.
- კარგად. რა იყო?
- ბიძაჩემთან გამოვიარე და ბიცოლა იამ - ცოტა შეუძლოდააო.
მაშინ კიდევ ერთხელ შემომხედა და ამჯერად სახეზე ისეთი გამომეტყველება დაედო,
რომელიც მე ჩემს გულში ვთარგმნე - ვფიქრობ, საკმაოდ ზუსტად - როგორც „არამკითხე“,
თუმც კი თვითონ სხვა სიტყვებით გამოხატა: - მოგახარა?
დედაჩემმა დღემდე ვერ აპატია ბიცოლა იას ის სარეკორდო ნახტომი, რომლის
შედეგადაც იგი სოციალური ფსკერიდან ესოდენ მაღალ ორბიტაზე აღმოჩნდა. უფრო
ზუსტად რომ ვთქვათ, დედაჩემის დიდი და კეთილშობილური გულისწყრომა გამოიწვია
არა ნახტომის სარეკორდო ხასიათმა, არამედ იმან, რომ რეკორდი ჩვენი ოჯახის ხარჯზე
იქნა დამყარებული და ბიცოლაჩემი ისეთ სათუთ სფეროში შემოიჭრა, რომელსაც ჩვენი
სანათესაო სიამაყით უწოდებს „ჩვენს წრეს“. მართალია - და ამ სიმართლეში, რაც დრო
გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები - საამაყო მაგდენიც არაფერიც გვაქვს, მაგრამ როცა
საგანთა უცნაურ ბუნებასა და ფსიქიკის ზოგ ახირებულ კანონს ვაკვირდები, არც
დედაჩემის დაძრახვა შემიძლია იმის გამო, რომ შემთხვევას არ უშვებს ხოლმე ხელიდან,
„ჩვენი წრისათვის“ შეუფერებელი რძალი არ გაკილოს და არ დაამციროს. მაგალითად,
ახლა რომ პირიქით მომხდარიყო - ბიცოლაჩემს მამაჩემის უქეიფობის ამბავი არ
გაემხილა - დარწმუნებული ვარ, ასეთივე გამომეტყველებით და ასეთივე კილოთი
იტყოდა: „დაგიმალა?“
ხოლო მამაჩემის ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები
კომპრომისულ საერთო მნიშვნელზე დაიყვანა.
- არაფერი შეუძლოდ არ არის. იგონებს, თორემ მშვენიერი კარგადაა.
ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მამაჩემისგან ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ დედაჩემის
ხმაში მოულოდნელად რაღაც უცხო სიმი შეირხა და ჯერ კიდევ შორეული, მაგრამ უკვე
ხიფათის მაუწყებელი ხმა გამოსცა. ამიტომ, მანქანა რომ ეზოში შეიყვანე და ჭიშკარი
დავკეტე, ხელი მოვხვიე და ვკითხე: - რა მოხდა, დედა?
- არაფერი, - ოდნავ, მაგრამ გამაფრთხილებლად გაიმკაცრა ხმა დედაჩემმა, რათა არ
შემქმნოდა ცრუ შთაბეჭდილება, თითქოსდა ხელის მოხვევამ იმედი გამიმართლა და
რასაც ვვარაუდობდი, ის ეფექტი გამოიწვია, - ხომ იცი, რაც პენსიაზე გავიდა, ხასიათი
გაიფუჭა და ცოტ-ცოტა ყველანი შეგვიძულა. თუ სადმე ვინმეს ჯავრი ჩაყვა, სულ ჩვენზე
ცდილობს ამოყრას. უმიზეზო ბუტიაობას მიეჩვია. ხანდახან - მაინც მარიხი თუ სახლში არ
ეგულება - დღე ისე დაღამდება, სიტყვა არ ამოუვა პირიდან.
- ხომ არ ჩაგრავთ?.. - ვკითხე მე და, რაკი ასეთი რამის კითხვას არ ვაპირებდი და
ჩემდაუნებურად წამომცდა, იძულებული შევიქენი განმემარტა კიდეც - მარიხთან
როგორღა გამონახა საერთო ენა?
დედაჩემაა ერთი ისე შემომხედა, ბავშვობაში რომ შემომხედავდა ხოლმე, როცა რამე
ღირსშესანიშნავ სისულელეს ვიტყოდი.
- საერთო ენა კი არ გამონახა, დედა, სხვადასხვა ჭკუაზე არიან და დასაკბენად მიუწევთ
გული ერთმანეთისკენ. ხანდახან იმისთანებს იტყვიან, მიკვირს სად ისწავლეს. მარიხი თუ
სახლში არაა, ჩუმადაა. რამე რომ მოუნდება, დაიკვნესებს. მე მისი კვნესის ხმაზე უნდა
მიხვდე, რა უნდა. ასე რომ, ნუ გაიკვირვებ, თუ ხმა არ გაგცეს. ნურც გაიკვირვებ და ნურც
ყურადღებას მიაქცევ. რაც უფრო დაუტკბები, უფრო შეიფერებს და შეიძლება მართლა
დასნეულდეს.
დედაჩემს ჯანსაღი ფსიქიკა აქვს, რომლის სიჯანსაღე, თუმცა კი დროდადრო
შესაძლებლობის ზღვარს აღწევს, ამ ზღვარს არასოდეს გადადის. ამაზე იმიტომ
ვამახვილებ ყურადღებას, რომ ზოგს ასე ჰგონია, ფსიქიკა, რაც უფრო ჯანსაღია, მით
უკეთესია. სინამდვილეში, მეტისმეტად ჯანსაღი ფსიქიკა სულაც არ არის მეტისმეტად
კარგი. ისევე, როგორც მეტისმეტად სუფთა წყალი არ არის მეტისმეტად კარგი. შიგ თუ
ცოტაოდენი მიკრობები არ ყრია, წყალი უგემურიცაა და მავნებელიც. ფსიქიკაც ასეა. რაც
შეეხება დედაჩემს, დედაჩემის ფსიქიკაში მიკრობები აუცილებელი და მინიმალური
რაოდენობით ურევია, რის გამოც ამ ფუნდამენტზე აღმოცენებული მისი ხასიათი, ანუ ის
ატმოსფერო და ის კლიმატი, რომელიც გარკვეულ რადიუსში და მეტნაკლები დოზით
ყველა შინაურს თავის სპეციფიკურ დაღს გვასვამს, მკაცრია, ოღონდ არა სასტიკი და
პრაგმატულია, ოღონდ არა მოთავისე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი -
განსაკუთრებით ჩვენში, სადაც ინდივიდუალიზაცია ჯერ შუა გზაზეა - ნათესავების
გარემოცვაში ცხოვრობს. სანათესაო პლანქტონების კოლონიაა, რომლის ერთ-ერთი
უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი შიდა ეკონომიკური დიფერენციაციაა. ჩვენი
სანათესაო ისეთი კოლონია იყო, რომელიც მცირე გამონაკლისების გარდა უილაჯო და
ხელმოკლე ნაწილებისგან შედგებოდა. მამაჩემის ოჯახი კი გამონაკლისი რგოლი
გახდათ, შეძლებული და ღონიერი. მე მრავალი მაგალითი ვიცი - ჩვენს სანათესაოშიც და
სხვაგანაც - იმისა, რომ შეძლებულ ოჯახებს თავიანთი შეძლების ირგვლივ მტკიცე
გალავანი აქვთ შემოვლებული, ღრმა, მაგრამ ცრუ ევროპულ იზოლაციაში სხედან და
თავი ისე უჭირავთ, თითქოს ნათესაობა რა არის, საერთოდ არ იცოდნენ. დედაჩემი
ცხრაკლიტულში არასოდეს ჩაკეტილა, არასოდეს არაფერი დაუმალავს და ნათესავებზეც
- მართალია, უფრო თავისებზე, ვიდრე მამაჩემისებზე, მაგრამ ეს, ბოლოს და ბოლოს,
მისატევებელი სისუსტეა - დიდი ამაგი აქვს. ამას ვერც ვერავინ უარყოფს და, კაცმა რომ
თქვას, არც არავინ უარყოფს. სიმკაცრე და პრაგმატიზმი კი იმაში გამოიხატება, რომ მისი
ქველმოქმედება მშრალია და ანგარიშიანი და, დევიზის შედგენა რომ შეიქნას საჭირო,
დევიზი დაახლოებით ასეთი იქნება: „მაქსიმალურ გაჭირვებას მინიმალური დახმარება“.
მართლაც, დედაჩემი ხშირად ეხმარება ღარიბ ნათესავებს, მაგრამ, როგორც წესი,
ეხმარება მხოლოდ იმას, ვისთვისაც აუცილებელია, და ეხმარება მხოლოდ მაშინ, როცა
აუცილებელია. ეხმარება მხოლოდ იმდენს, რამდენიც აუცილებელია. სამაგიეროდ
არასოდეს არავის არაფერს ამადლის. მდიდარი ნათესავი, რომელიც ცოტას იმეტებს და -
რაც განსაკუთრებით დამაფიქრებელი და დამაეჭვებელია - არ გამადლის, ცხადია,
პოპულარული ვერ იქნება. მართლაცდა, ბევრს ვერ დავასახელებ ისეთ ნათესავს, რომ
დედაჩემი გულწრფელად უყვარდეს. სამაგიეროდ, აშკარად რომ სძულდეს, ერთსაც ვერ
დავასახელებ. გულში შესაძლოა ბევრი ცუდი რამ უდევთ - გულში ყველას გვიდევს ბევრი
ცუდი რამ, მტრობაც, სიძულვილიც, სიბინძურეც და ათასი უცენზურო სიტყვაც - მაგრამ
ყველაფერი ეს საიმედოდა გვაქვს ჩაკირული ღრმა ფენებში, სადაც მხურვალე
გრძნობიერება, რომელიც მათ ზემოთ ეწევა, და შემგუებელი გონიერება, რომელიც
ქვემოთ ეწევა, ერთმანეთს კარგად აწონასწორებენ. რაც შეეხება თავად დედაჩემს, მას
სრულებით არ აინტერესებს, თუ რა უდევთ გულში ნათესავებს. დედაჩემისთვის მთავარია
მოვალეობა, მოვალეობა არა ნათესავების, არამედ ღვთის წინაშე, და ამ მოვალეობას
იხდის კიდეც იმ დოზით, რომ უფალ ღმერთს სადავო და სასაყვედურო არაფერი
ჰქონდეს. ამას იქით ნათესავები არ აინტერესებს. არც აინტერესებს და არც სცალია
მათთვის: დედაჩემი იმ კატეგორიის დედებს მიეკუთვნება, რომლებიც ოჯახზე არიან
გადაგებული. ოჯახი მისთვის ის წყაროა, საიდანაც სასიცოცხლო ძალებს იღებს, და ის
ასპარეზია, სადაც ამ ძალებს ხარჯავს.
სამაგიეროდ სადავეებიც ყოველთვის თავად უპყრია ხელთ, ერთპიროვნულად უძღვება
ოჯახს, ერთპიროვნულად განსაზღვრავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას,
ერთპიროვნულად განაგებს მეურნეობას და ერთპიროვნულად გაჰყავს ყველა
სტრატეგიული გზა.
მამაჩემს ოჯახში არაფერი ეკითხებოდა. ის, უბრალოდ, ოჯახის სახე იყო, ფორმალური,
მაგრამ აუცილებელი და შთამბეჭდავი სახე, რომელსაც დისტანციიდან უნდა უყურო,
როგორც ზეთის საღებავით დახატულ პეიზაჟს, თორემ ნატიფი ხელოვნების მაგივრად
შეიძლება ხელთ უგემური მასალა შეგრჩეს. რაკი დისტანციას აქაც დედაჩემი
არეგულირებდა, შორით დანახული მამაჩემი ნათესავების თვალში პატივისცემის, რიდისა
და ზოგჯერ მოწიწების აღმძვრელი იყო და ისეთი ადამიანების სიაში შედიოდა,
რომლებსაც გულკეთილი მიამიტობით „დიდ კაცებს“ ეძახდნენ. ასეთ სახეს ვაგლახად ვერ
შეუთამამდებოდით და ვერ გაუშინაურდებოდით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მეტად
საჭირო დისტანციის დაცვას მამაჩემი შეძლებისდაგვარად თავადაც უწყობდა ხელს.
უწყობდა, კერძოდ, იმით, რომ ნათესავებთან სიარულს მაქსიმალურად არიდებდა თავს
და სახლში უფრო ხშირად უცხოური პიჟამა ეცვა.
მამაჩემს რომ ოჯახში ფუნქცია არ ჰქონდა და ოდენ ფორმალურ სახეს წარმოადგენდა,
ერთგვარ ხარისხის ნიშანს, რომლის ერთადერთი მოვალეობა იყო მტერი და მოყვარე
დედაჩემის მიერ მიჩენილ ადგილას დაემაგრებინა, ამას დრომდე - ვიდრე
ყოველდღიური წესი და რიგი თავისი მონოტონურობისა და თვითიდენტურობის
წყალობით მარადიულობის შთაბეჭდილებას ქმნიდა - ვერავინ ამჩნევდა, რაც გასაკვირი
არ არის, ვინაიდან მამაჩემი თავის როლს მორჩილად და ძალზე ბუნებრივად ასრულებდა
და, გარდა ამისა, ცხოვრების დიდ ნაწილს სამსახურში ატარებდა, სადაც, როგორც
ვვარაუდობდით, შედარებით რეალურად არსებობდა. მართალია, მერე და მერე ეს
ვარაუდიც ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ პირადად მე ამ ეჭვს არ ვიზიარებ: ბოლოს და
ბოლოს რეალურია არა ის, რაც რეალურია - ვინაიდან არავინ იცის, რა არის რეალური -
არამედ ის, რასაც ადამიანი აღიქვამს, როგორც რეალურს. ასეა თუ ისე, დიდი ხნის
განმავლობაში მამაჩემის საოჯახო ყოფის ფორმალურობა შეუმჩნეველი იყო, როგორც
ბუნებრივი საგანი საგანთა ბუნებაში. მაგრამ დრო მიდიოდა (ან მოდიოდა) და ერთ
მშვენიერ დღეს მამაჩემი, როგორც მორალურად გაცვეთილი რგოლი, სამსახურებრივი
ჯაჭვიდან ამოღებულ იქნა.
ეს კარგახნის ამბავია, მაგრამ დრო გარკვეულ დანაყოფამდე, სადაც დამატებითი
სიჩქარეები ჩაირთო (ამაზე ქვემოთ), ნელა მუშაობდა.
პენსიაზე გასულსა და ოდენ ფორმალური არსებობის ამარა დარჩენილს მალე
ფსიქიკაშიც შესაბამისი ცვლილებები დაეწყო. ცვლილებები დიდხანს ნელა
მიმდინარეობდა და შეუმჩნეველი იყო, როგორც ისრების მოძრაობა გამართულ საათზე,
მაგრამ უკანასკნელ ხანებში საათი მოიშალა და უკონტროლოდ აჩქარდა (მამაჩემის
ოფიციალური სარწმუნოება ამას რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლას
უწოდებს).
- წევს თუ ზეზეა? - ვკითხე დედაჩემს.
- ახლა წევს. შუადღისას შეიძლება ადგეს. მიდი, ნახე. მე მანამ საუზმეს მოგიმზადებ. ჭადი
გამოგიცხო?
- კარგს იზამ.
მე ერთი წამით სააბაზანოში შევედი, რათა პირზე წყალი შემესხა და ცოტა
გამოვფხიზლებულიყავი, და დაუყოვნებლივ ავედი ზემოთ მამაჩემის სანახავად. როდესაც
აივნიდან მარჯვნივ, საწოლი ოთახისკენ უნდა გამეხვია, დედაჩემმა, რომელიც, ეტყობა,
მოელოდა ჩემს ამ შეცდომას და ამიტომ გადარაჯებული იყო, მომაძახა, - თავის
კაბინეტშია.
მე წამით დაბნეული გაკვირვებით შევხედე დედაჩემს. ერთის მხრივ, ძალზე საეჭვო იყო,
რომ მას, ერთმმართველობრივი იდეის თანმიმდევრულ განმახორციელებელს, მამაჩემი
თვითონ გაესახლებინა საწოლი ოთახიდან, ვინაიდან შეუძლებელია კაბინეტში მყოფი
ქმარი ისეთი კონტროლის ქვეშ გყავდეთ, როგორც საწოლ ოთახში მყოფი ქმარი. მეორე
მხრივ, არანაკლებ საეჭვო იყო, ასეთი საბედისწერო ნაბიჯი მამაჩემს საკუთარი
ინიციატივით გადაედგა. სად უნდა ეპოვა ამოდენა გამბედაობა? „და თუ იპოვა - მახსოვს,
გავიფიქრე მე - მაშინ რაღაც გაუგებარი მანქანებით დამოუკიდებლობის იმდაგვარი
ხარისხისთვის მიუღწევია, რომელშიაც, საფიქრებელია, გლობალური ნგრევის
მომასწავებელი ნიშნები დევს“.
დედაჩემმა ეს ეჭვი იოლად წაიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ პასუხის მოცემა საჭიროდ არ
ჩათვალა. მაშინ მე შევტრიალდი და მარცხნივ წავედი.
მამაჩემი რბილ ტახტზე იწვა და საბნის ქვეშ თავისი ცნობილი პიჟამა ეცვა, რომელიც,
დღესაც არ ვიცი, რამდენიმე ეგზემპლარად არსებობდა, თუ ერთი იყო, მაგრამ უცვეთელი.
ამბობენ, იმის მიხედვით, თუ რა წიგნები აქვს ადამიანს - მიუხედავად იმისა, კითხულობს თუ
ისე აქვს, ჩვენში რომ იციან, - შეუმცდარად შეიძლება ხასიათის გამოცნობაო.
მამაჩემს, თუმც კი მაინცდამაინც დიდი ბიბლიოთეკა არ ჰქონია თავის კაბინეტში, რაც
ჰქონდა, ის მართლა მკაცრად ჰქონდა შერჩეული და დახარისხებული. ბიბლიოთეკას აქ
ორი კარადა ეჭირა. ერთში ის წიგნები ეწყო, რომლებშიაც მარქსისტულ-ლენინური
მოძღვრების არსი იყო დაკრისტალებული. ბელადების ნაშრომები - საუცხოოდ
გამოცემული, საუცხოოდ მოვლილი და ბელადების ხარისხის მიხედვით ზემოდან ქვემოთ
დალაგებული სქელ-სქელი ტომები. ამავე კარადაში ეწყო ლიტერატურა, რომელიც
ხსენებული მოძღვრების პოზიტიურსა და კონსტრუქციულ ანალიზს შეიცავდა. მეორე
კარადაში ძირითადად მხატვრული ლიტერატურა ელაგა (უპირატესად პოეზია) და იგი
შედგენილობის თვალსაზრისით პროგრესული იყო. თითქოსდა ესოდენ თვალნათლივი
მაგალითი უტყუარი საბუთი უნდა იყოს ზემოხსენებული დებულების სისწორისა, მაგრამ მე
ამ დებულებას ბოლომდე მაინც ვერ ვიზიარებ, ვინაიდან ძალზე მეეჭვება მხოლოდ
ბიბლიოთეკის საფუძველზე და დედაჩემის ფაქტორის გაუთვალისწინებლად
შესაძლებელი იყოს მამაჩემის არცთუ ისე მარტივი და, ჩემი აზრით, გვარიანად ჭირვეული
ხასიათის შესახებ სწორი დასკვნის გამოტანა.
გარდა წიგნების კარადებისა, იმ მნიშვნელოვან ნივთთაგან, რასაც მამაჩემის კაბინეტში
ნახავდით, აღსანიშნავი იყო განიერი ტახტი (სწორედ ამ ტახტზე იწვა, მე რომ შევედი.
გულაღმა იწვა თავისი ცნობილი პიჟამით და ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოწყობილი),
დიდი, ძველებური (მაუდგადაკრული) საწერი მაგიდა საწერი მოწყობილობებით (გრძელი
კალმისტარი, რომელიც ბატის ფრთის იმიტაციას წარმოადგენდა, ვეებერთელა
პრესპაპიე, რომელიც მთელი ბავშვობა რაღაც ცხოველს მაგონებდა, მაგრამ ისე
გავიზარდე და ისე გამინელდა ინტერესი იმ პრესპაპიესადმი, რა ცხოველს მაგონებდა,
ვერ დავადგინე, თხელი და განიერი ხის საქაღალდე, რომელშიც პატარა ზომის
ქაღალდები ეწყო, და სხვ.), საწერ მაგიდასთან მაღალზურგიანი, მოჩუქურთმებული
განიერი სკამი, ცისფერაბაჟურიანი დიდი ტორშერი, კიდევ ოთხი ნახევრად რბილი სკამი,
მარცხნივ, კედელთან, გობელენის წინ ორი სავარძელი, მათ შუა დაბალი, ოვალური
ფორმის მაგიდა და მაგიდაზე საფერფლე, რომლის ფუნქცია ამ მნიშვნელოვან ნივთთა
შორის იმაში მდგომარეობდა, რომ უფუნქციო იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს
კაბინეტი თითქმის ზუსტი ასლი იყო იმ კაბინეტისა, რომელიც მამაჩემის უკანასკნელი
ოცდაათი წლის სამსახურებრივ გარემოს წარმოადგენდა.
- ჩამოხვედი? - გულგრილი ან, შესაძლოა, უფრო გულაცრუებული კილოთი თქვა
მამაჩემმა, კარი რომ შევაღე. არც კი შერხეულა, მხოლოდ ცალი თვალით გამომხედა.
- როგორა ხარ, მამა? - ვკითხე მე და ტახტის წინ შევდექი იმის ლოდინში, რომ თვითონ
მაგრძნობინებდა, გადამეკოცნა თუ ხელის ჩამორთმევას დავჯერებოდი. გამხდარი ჩანდა
ცოტა, თორემ სხვაფრივ ავადმყოფობისა მართლა არაფერი ეტყობოდა.
- დაჯექი, - მითხრა მან. არც გადაკოცნა მოინდომა და არც ხელის ჩამორთმევა, რაც
უეჭველი ნიშანი იყო იმისა, რომ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტისმეტად
გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდა.
მე ოთხი ნახევრად რბილი სკამიდან ერთი ავიღე, ახლო მივიტანე ტახტთან და დავჯექი.
თან გავიფიქრე: „თუ სრული სახელითაც მომმართა, მაშასადამე, რაღაც ეპოქალური ეჭვი
ღრღნის“. საქმე ის გახლავთ, რომ სრულ სახელს არავინ მეძახდა, გარდა მამაჩემისა;
მამაჩემი ბავშვობაში იმ შემთხვევაში მეძახდა, როცა ამას ჩემი დანაშაულის სიმძიმე
მოითხოვდა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი აღარა ვარ, ორჯერ ისეთ შემთხვევაშიც
დამიძახა, როცა განსაკუთრებით მტკივნეული და მძიმე პრობლემა ჰქონდა გადასაწყვეტი
და მორალური ან ინტელექტუალური მხარდაჭერა სჭირდებოდა. მართლაც, მცირე
სიჩუმის შემდეგ, რომლის განმავლობაში ის ჭერს შესცქეროდა, ხოლო მე - კედელს, ჩემი
ეჭვი დადასტურდა.
- იაკობ! - მითხრა მან და კვლავ შეყოვნდა, თითქოს დრო დამიტოვა ვითარების
შესაფასებლად; მერე, როცა მე ეს ვითარება ჩემს გულში შევაფასე, როგორც ძალზე
რთული და ამის შესაბამისად დავასკვენი, რომ წინ ხანგრძლივი და მოსაწყენი საუბარი
მედო, ნელა გადმოტრიალდა ჩემკენ და წამით ყურადღებით დამაკვირდა. ახლა მის
უკიდეგანო მზერაში ამაოების მარცვლები ტივტივებდა. მე ამ ადიდებული მზერის ქვეშ ისე
ვგრძნობდი თავს, როგორც მორყეული ჯებირი. მაგრამ ვიდრე საბოლოოდ დავიქცეოდი,
მამაჩემმა ისევ ამარიდა თვალი, კვლავ გულაღმა გადატრიალდა და უცბად დასძინა, - შენ
ვისკენა ხარ?
მამაჩემმა რომ მედეას სექსუალურ-პატრიოტულ ბაგეთაგან ერთხელ უკვე მოსმენილი ეს
კითხვა ღრმააზროვანი სერიოზულობით ხელახლა დამისვა, მკითხველს შეიძლება
კომიკური ეფექტის ცრუ შთაბეჭდილება შეექმნას. სინამდვილეში ამჯერად ამ კითხვამ
გული მწარედ შემიკუმშა და თუ მაინცდამაინც მსხვილკალიბრიან სიტყვებს მოვიხმობთ,
წარმოშვა არა კომიკური ეფექტი, არამედ ტრაგიკული ფონი, რომელზედაც - გული უკვე
მიგრძნობდა - რაღაც მძიმე პრობლემა იდო.
მე პასუხს ვერ ვპოულობდი და საგონებელში ჩავარდნილი უხმოდ მივჩერებოდი მამაჩემს.
მამაჩემიც გაუნძრევლად იწვა. იწვა გულაღმა და თავქვეშ ხელებამოწყობილი
შესცქეროდა ჭერს. ერთხანს ასე ვიყავით, მერე ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა მოკლე
ულვაშებში (ეს მოკლე ულვაშები მჟავანაძის ზეობის დროს დაიყენა და მერე აღარ
შეუცვლია, ვინაიდან მომდევნო ხატები და სახეები უულვაშონი გამოდგნენ). ღიმილი იყო
არა მხნე და ხალისიანი, როგორც ნამდვილ ღიმილს შეეფერება, არამედ სევდიანი და
ირონიული, ხოლო რაკი ირონია მამაჩემის ბუნებისთვის უცხოა, ეს მოულოდნელი შტრიხი
კიდევ უფრო აშიშვლებდა სიტუაციის ღრმა პესიმიზმს.
დუმილი რა გამიგრძელდა, მამაჩემმა საჭიროდ ჩათვალა თავისი უცნაური შეკითხვა ცოტა
დაეზუსტებინა და ეს საქმე მომბოდიშებელ-წამქეზებლური კილოთი ჩაიდინა: - ვინმესკენ
ხომ უნდა იყო კაცი!
ადამიანი მთელი თავისი არსებით - მოყოლებული რელიგიური, მორალური და
ფილოსოფიური შეხედულებით, ვიდრე უმცირეს ყოველდღიურ წვრილმანებამდე -
დროის პალოზეა გამობმული. მე რომ პატიოსნად გამეცა პასუხი შეკითხვაზე, თუ ვისკენ
ვიყავი, უნდა მეთქვა, რომ ამ წუთას პირველ რიგში ჭამის ღმერთისკენ ვიყავი, მეორე
რიგში - ძილის ღმერთისკენ. ყველაზე ნაკლებად გრძელი საუბრის ღმერთისკენ ვიყავი.
მაგრამ თუნდაც გამებედა და მეპასუხა, ეს უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა; გრძელი საუბარი
ეტყობა მტკიცედ იყო დაგეგმილი და მე, ბევრიც მესხმარტალა, ამ ხაფანგს ვეღარ
დავუსხლტებოდი. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მამაჩემმა შესავალი კარგად წარმართა
და, ასე ვთქვათ, კუთხეში მომიმწყვდია, არამედ - უფრო მეტად - იმის გამო, რომ მისი
მზერის წინაშე, მისი გამომეტყველების წინაშე, მისი ხმის კილოს წინაშე, მისი ზოლებიანი
პიჟამის წინაშე მე უეცრად და ერთბაშად ვიგრძენი ის დანაშაული, რასაც მთელი ჩემი
შეგნებული სიცოცხლე ვაგროვებდი. წარმოიდგინეთ: ოცდაჩვიდმეტი წელი
სრულდებოდა, მამა-შვილი ვიყავით, და ამ ოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში
ერთხელაც კი ისე ახლო ვერ მივედით ერთმანეთთან, რომ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი
მსოფლმხედველობა, ჩვენი მრწამსი, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი არსებობის მიზნები,
საყრდენი და იმპულსები ერთმანეთს შეხებოდა და სერიოზულ, დარბაისლურ,
პრობლემატურ საუბრად გამოვლენილიყო. არადა ახლობელთა შორის, თუნდაც ეს
ახლობლობა ისეთ თხევად სუბსტანციაზე იყოს დამყარებული, როგორიცაა სისხლი,
პოზიციათა შეჯერება ერთხელ მაინც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ
ისეთი დაულაგებელი ურთიერთობა გექნებათ, როგორიც მე და მამაჩემს გვქონდა - როცა
ვერც გაშინაურება მოგიხერხებია ბოლომდე და ვერც გაუცხოება, როცა ერთმანეთს
უამრავ რამეს უმალავთ და თან ღრმად გწამთ, რომ მამა-შვილს შორის ეს დასამალი არ
არის. რაღა თქმა უნდა, ამ დაუწმენდავი ურთიერთობის მთელ ბრალს მე ჩემს თავზე ვერ
ავიღებ, მეტიც: თუ ბრალდებაზე მიდგება საქმე, პირველი ბრალეული დედაჩემია,
რომელმაც მამაჩემი კედელზე ჩამოჰკიდა და ირგვლივ ჩარჩო შემოავლო; მეორე
ბრალეული მამაჩემია, რომელიც დედაჩემის მითითებით კედელზე ჩამოეკიდა და
ირგვლივ ჩარჩო შემოივლო. მე, თუ მაინცდამაინც, მესამე რიგის ბრალეული ვარ,
ვინაიდან მე მხოლოდ ის შემეძლო, რომ ბრძანება დამერღვია და ღობეზე
გადავმძვრალიყავი, რათა ჩარჩოს შიგნით შემეღწია, რაც ძალიან ძნელი - ეგებ
შეუძლებელიც - იყო. თუმცა, ვინ იცის, ჩემი ნამდვილი დანაშაული ის კი არ არის, რომ
ღობეზე არ გადავედი, არამედ ის, რომ გადასვლა არ მომიწადინებია. ერთი სიტყვით,
ცოტა მკაცრად, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, მე მამაჩემისთვის არასოდეს მეცალა,
ისევე, როგორც მამაჩემს არასოდეს ეცალა ჩემთვის. ამიტომ ახლა, როცა ერთმანეთის
პირისპირ აღმოვჩნდით და ჟამმა, რომელსაც ორივენი ბეჯითად გავურბოდით, ბოლოს
და ბოლოს მაინც დაჰკრა, იმასაც მივხვდი, რომ ამ გადამწყვეტი შეხვედრისა მე
ყოველთვის მეშინოდა. მეშინოდა, ვინაიდან ვგრძნობდი, საუბარი დაპირისპირებას
გამოკვეთავდა, დაპირისპირების იმპულსები ერთმანეთთან შეხებისას აფეთქდებოდა და
აფეთქების ტალღაზე კონფლიქტი აღმოცენდებოდა.
მეორე მხრივ, სულაც არ იყო გამორიცხული - ახლა ასეთი ვარაუდი სარწმუნოც კი ჩანს -
რომ ჩვენი საუბარი წინდახედულად იქნა განგების მიერ გადადებული იმ დრომდე, ვიდრე
მე სულიერად, ინტელექტუალურად, მსოფლმხედველობრივად საკმაოდ
დავღვინდებოდი საიმისოდ, რომ ცალმხრივად შემძლებოდა კონფლიქტის არიდება.
მაგრამ შევძლებდი კია? იყო კია დამდგარი საჭირო წამი?
არადა, ეტყობოდა, მამაჩემს უკანასკნელი ძალები მოეკრიბა...
ბიცოლაჩემის ინტუიციური დიაგნოზი, რომელიც - თითქოს დედაჩემის ჯიბრზე -
ყოველთვის დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა, ამჯერადაც დადასტურდა. მამაჩემი უფრო
უგუნებოდ ჩანდა, ვიდრე შეუძლოდ. და თუ უგუნებობას ამ შემთხვევაში ავადმყოფობის
სახე ჰქონდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ავადმყოფური უგუნებობა იყო, რომელსაც ეჭვები
ასაზრდოებდა. ადრე მსგავსი რამ არასოდეს დამართნია - ცის თავანივით მრგვალი,
რვალივით მტკიცე, სარკესავით პრიალა და დღესავით ნათელი მისი
მსოფლმხედველობა ყოველგვარ ეჭვს იოლად და უხმაუროდ ისხლეტდა - ახლა კი
გარემოებათა შეთქმულების წყალობით პირდაპირ ეჭვების ჭინჭრებში ჩავარდნილიყო,
სადაც სახელგანთქმული პიჟამა ჭინჭრის ხურვებისგან ვერ იცავდა, ვინაიდან მას (პიჟამას)
- თბილს, მოხერხებულსა და უცხოურს - ეჭვებსაწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჰქონდა. ასეთ
ვითარებაში ერთადერთ იმედად (არცთუ ისე სანდო, მაგრამ მაინც სხვაზე უფრო რეალურ
იმედად), ვისი მეშვეობითაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ მოულოდნელ ჯუნგლებში გზის
გაგნება, მე ვეგულებოდი. მე მას ახლა ჰაერივით ვჭირდებოდი და, თუმც ამას ცოცხალი
თავით არ გაამხელდა, ჩემი გამოძახებისთვის, ეჭვი არაა, გულში ბიძაჩემის დიდი
მადლობელი იყო.
ამგვარად, სანაკლიოში ჩამოსვლისთანავე ახალი, მოულოდნელი და მძიმე მოვალეობა
დამაწვა. მე პასუხი უნდა გამეცა კითხვაზე: „შენ ვისკენ ხარ?“ ამ კითხვას რომ მედეა
დაგისვამთ, ვინც გრძნობად სამყაროში სავსე მსუბუქ მთვარეს განასახიერებს, თამამად
შეგიძლით ის პასუხი მისცეთ, რაც ენაზე მოგადგებათ, მაგრამ თუ იგივე კითხვა მშობელმა
მამამ დაგისვათ, რომელიც მთელი სიცოცხლე ლარივით სწორ გზას მიუყვებოდა და,
ღრმად დარწმუნებული, რომ ყველაფერი ნათელი იყო, არც აქეთ, იყურებოდა, არც იქით,
ნურას უკაცრავად და, ვერც ეცრუებით და ვერც სახელდახელო ხუმრობაზე გადაატარებთ,
მით უფრო, თუ ისიც ცხადად ჩანს, რომ ამ კითხვას წინ მძიმე ფიქრითა და მტკივნეული
ჭოჭმანით გაჯერებული ხანგრძლივი სამზადისი უძღოდა.
- არავისკენ, - მივუგე ბოლოს.
- ანტიკომუნისტურ ბლოკში ხომ ხარ?
- ანტიკომუნისტური ბლოკი არ არსებობს. თუ შეიქმნა, არ შევალ.
მამაჩემმა ერთი უნდოდ შემომხედა და მერე დაძაბული მრავალმნიშვნელობით
გაიკვირვა: - არაა?!. შეენ?!.
ჩემთვის მისი მრავალმნიშვნელოვნების ყველა ფუძე მნიშვნელობა ნაცნობი იყო.
- მე ანტიიდეოლოგიურ მოძრაობას ვცემ პატივს და არა ბლოკებს. ბლოკში, როგორც
წესი, სააღმშენებლო ენთუზიაზმის ბაცილები ყრია, რომლებიც, ძველ იდეოლოგიას რომ
მოინელებენ, ახლის შექმნას იწყებენ. როგორც ბიძია იო იტყვის, თხა გავყიდე, თხა
ვიყიდე...
ბიძაჩემის ხსენებაზე მამაჩემმა კოპები მსუბუქად შეიკრა.
- ბიძაშენი რომ თხას იყიდის, ის თხა ბიცოლაშენმა მოწველოს. იდეოლოგიის გარეშე
რანაირად უნდა იცხოვრო?! რამეს ხომ უნდა დაეყრდნო?!
ვისაც იდეოლოგია სწამს, როგორც მსოფლმხედველობრივი გრუნტი, მას -
განსაკუთრებით, პატიოსანიც თუა - ამ რიტორიკულ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს
ვერ გასცემ. პრაქტიკულად იდეოლოგიის გარეშე მართლა არავინ ცხოვრობს.
მაშასადამე, პრაქტიკულად იდეოლოგიის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
პრაქტიკულად ყველა ყოველთვის რაღაც იდეოლოგიას ეყრდნობა. მაშასადამე,
პრაქტიკულად იდეოლოგიური საყრდენი აუცილებელია. განა ასეთი წანამძღვრებიდან
თავისთავად არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ იდეოლოგიათა ორთოდოქსი
აღმსარებლები პრაქტიკულად მართალნი არიან, ხოლო იდეოლოგიათა უარმყოფელი
თეორიები - უნიადაგონი?
მე კარგახანს ვყოყმანობდი, მომეშველიებინა თუ არა სიტყვა „თავისუფლება“. ყოყმანის
საფუძველი ბევრი მქონდა, მაგრამ მთავარი მათგან ორი იყო: ერთი რომ ეს სიტყვა, თუმც
კი მეძავი ქალივით ყველასთან წვება, გულს არავის უჩენს და მარად იდუმალია, რისი
წყალობითაც მის ირგვლივ გამართული დისკუსია, როგორც წესი, უნაყოფოა, და მეორე -
მშიოდა და მეძინებოდა.
ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე მაინც მომეშველიებინა.
- ბიძაჩემს ისეთი ბედი აქვს, - ყოველი შემთხვევისთვის ცოტა შორიდან დავიწყე მე, -
მართლა თუ იყიდა თხა, შეიძლება ვაცი გამოდგეს, ადამიანის ამოსაცნობი ნიშანი
თავისუფლებაა. იდეოლოგია კი თავისუფლების მტერია.
მამაჩემს პოზა არ შეუცვლია - ისევ და ისე გულაღმა იწვა თავქვეშ ხელებამოწყობილი და
ჭერს დაფიქრებით შესცქეროდა - ეს კია, რომ სიტყვა „თავისუფლების“ გაგონებაზე სახეზე
რაღაც უცხო კმაყოფილების მსუბუქმა ტალღამ გადაუარა (აბა მე მაშინ რა ვიცოდი,
სწორედ ამ სიტყვას თუ ელოდა, როგორც პაროლს, რათა საპასუხო პაროლი
წარმოეთქვა!); მერე ნელა, დამარცვლით და სულ ოდნავი ნიშნისმოგებით მკითხა: -
რამდენი კაცი შეიძლება ერთდროულად თავისუფალი იყოს? - ამ სიტყვებით ერთბაშად,
მკვეთრი მოძრაობით წამოჯდა, ასე წამომჯდარი შემოტრიალდა, ფეხები ტახტიდან
გადმოაწყო, ისე რომ საბნის კუთხე პიჟამას მუხლებსზემოთღა უფარავდა, თვალი თვალში
გამიყარა და ამჯერად უფრო შემპარავად, ვიდრე ნიშნისმოგებით, გაიმეორა, - რამდენი
კაცი შეიძლება ერთდროულად თავისუფალი იყოს?
მე ვერ გავიგე, რას გულისხმობდა.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ.
მამაჩემმა ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა „მჟავანაძის“ ულვაშებში. ეს მისი თანამდებობრივი
ღიმილი იყო, რომლითაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას იქმნიდა ხოლმე და რომელსაც
ზოგჯერ არათანამდებობრივი დანიშნულებითაც იყენებდა.
- ერთი, მხოლოდ ერთი. მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება თავისუფალი იყოს. ისიც იმ
შემთხვევაში, მეორე ადამიანი თუ არ არსებობს. - აქ შეისვენა და ეფექტს დაელოდა. მე
დაბნეული შევცქეროდი. მაშინ მან მცირე ყოყმანის შემდეგ, ისე კი, რომ არ შეტყობია,
ჩათვალა თუ არა ჩემი დაბნეულობა საკმარის და დამაკმაყოფილებელ ეფექტად,
განაგრძო, - შენ პატარაობიდანვე შენი საკუთარი ჭკუა გქონდა და ისეთ საქმეზე, რაც არ
გჯეროდა ან არ მოგწონდა, ვერავინ დაგიყოლიებდა. შენი და-ძმები - გივის გარდა, გივის
სხვა სიგლახე სჭირს - ფეხის ხმას არიან აყოლილი. ოღონდაც არაფერზე აფიქრო და თუ
გინდა ცეცხლში და ქვესკნელში გამოგყვებიან. კი მართალია, შეხედულებები შენი
მცდარია და იმათიც, მაგრამ შენი მცდარი შეხედულებები შენი შეხედულებებია, და სხვისი
შეცდომების გამეორებას ისა სჯობს, შენ თვითონ ჩაიდინო შეცდომა. გატყობ არ გჯერა. ნუ
გჯერა, შენი ნებაა, ოღონდ ეს მითხარი: ასე გულდანდობით რომ ახსენებ, იცი რა არის
თავისუფლება? - აქ მცირე ხნით შეყოვნდა. ამ ნაცადი პედაგოგიური ილეთის
დანიშნულება იყო, ჩემთვისაც მოეცა საშუალება, ცოდნა გამომემჟღავნებინა და თავი
გამომეჩინა, მაგრამ რა დაინახა, რისკის გაწევას არ ვაპირებდი, ისევ განაგრძო, - არ იცი,
ხომ? არ იცი. არც მე ვიცი. მაგრამ მე ის მაინც ვიცი, რომ თავისუფლება ერთია და,
მრავალს რომ გაუნაწილებ, რაც მეტს გაუნაწილებ, თითოს მით უფრო ნაკლები შეხვდება.
მაინც ვერ გაიგე?
- მმმ... ისე რა... ბუნდოვნად.
- წარმოიდგინე, ვითომ ერთ დიდ, თვალუწვდენელ მინდორში ხარ. მარტო ხარ და შენს
მეტი იმ მინდორში კაცი არ ჭაჭანებს. ხომ სრული იქნება შენი თავისუფლება? კი. მთელი ის
მინდორი შენი საკუთრებაა. რამხელაც ისაა, შენც იმხელა ხარ. თუ ის დიდია, შენც დიდი
ხარ, თუ ის ძალიან დიდია, შენც ძალიან დიდი ხარ, თუ ის უსასრულოა, შენც უსასრულო
ხარ. ყველაფერი შენია და ყველაფერი შენს ნებაზეა. საითაც გინდა, იქით წახვალ, რასაც
გინდა, იმას იზამ. ახლა ის წარმოიდგინე, რომ ერთხანს რომ მარტო იყავი, მერე ვიღაც
გამოჩნდა, ვთქვათ გივი, შენი ძმა და ახლა ერთის მაგივრად ორნი ხართ. ესე იგი რა? ესე
იგი მინდორი უკვე ორივეს გეკუთვნით. თავისუფლებაც ორივესია და მაშდამე, ორადაა
გაყოფილი.
- თავისუფლება წმინდა იდეაა და მისი მატერიალისტური თვალთახედვით განხილვა... -
დავაპირე მე თავისუფლების აპეკუნობა, მაგრამ მამაჩემმა ისე მშვიდად გამაწყვეტინა და
ისე შეუფერხებლად განაგრძო, ჩემი ჩარევა, ეტყობა, არც კი გაუგია.
- როცა მარტო დადიხარ მინდორში - რამდენიც გინდა იარე, შენს თავისუფლებას
მისხალი არ მოაკლდება და ბეწვი არ ჩამოვარდება. როცა ორნი დადიხართ, რაც უნდა
დიდი იყოს მინდორი, არ შეიძლება ადრე თუ გვიან ერთმანეთს არ გადაეყაროთ.
ერთმანეთს რომ გადაეყრებით, ან ერთი უნდა მიდგეთ გვერდზე, ან მეორე. ეს არის
თავისუფლების დაყოფა და შეზღუდვა. თუ ორნი ხართ, თავისუფლება ორად იყოფა, თუ
სამნი ხართ, სამად, თუ ოთხნი ხართ, ოთხად და რამდენიცა ხართ იმდენად. ასე რომ
თავისუფლება ის არ არის, შენ რომ გგონია და ბევრს რომ ჰგონია. თუ სიმართლე გინდა,
თავისუფლება სულ არ არსებობს. თქვენ რომ თავისუფლებას ეძახით, ის ანარქიაა.
ზოგიერთს რომ უანარქიოდ წარმოგიდგენიათ თავისუფლება, ის ილუზიაა. სადაც
თავისუფლების მოსურნე ერთზე მეტია, იქ თავისუფლება სახიჩარია. თავისუფლება
ძალადობის წყაროა. ჩვენი ცხოვრების საძირკველი არის არა თავისუფლება, არამედ
ძალადობა. სანამ სახელმწიფო წარმოიქმნებოდა, ქვეყანაზე განუკითხავი ძალადობა იყო
გამეფებული. როცა სახელმწიფო წარმოიქმნა, დალაგებული ძალადობა გამეფდა.
სახელმწიფო თავისუფლების ნანგრევებზე შენდება. ამიტომ ძალადობაა. ზოგან მეტი,
ზოგან ნაკლები, მაგრამ ყოველთვის ძალადობა. ძალადობა ცუდი არ არის. იმიტომ, რომ
აუცილებელია. რაც აუცილებელია, ის არ შეიძლება ცუდი იყოს. ძალადობის გარეშე
საზოგადოება დაიშლება, ძალადობა საზოგადოების წებოა. შენ გოდორი არასოდეს
დაგიწნავს - შრომასთან ბავშვობიდანვე მწყრალად იყავი - მაგრამ ნახვით ხომ გინახავს!
თუ დაკვირვებიხარ, გოდორში წნელები მოღუნულადაა ჩატანებული და ძალად
დამაგრებული. და სწორედ ამით ასრულებს სასარგებლო ფუნქციას. გოდორი რომ
დაარღვიო და წნელები ნებას მიუშვა, გაიშლებიან და „თავისუფალნი“ გახდებიან, მაგრამ
აღარაფრის მაქნისები აღარ იქნებიან. წნელს მაშინა აქვს ფასი, როცა - გინდა
„ხელოვნური“ უთხარი, გინდა „ნაძალადევი“, გინდა „იდეოლოგიური“ - როცა საერთო
საქმეს ემსახურება. კომუნისტური სახელმწიფო, შენ რომ ასე ძალიან გეჯავრება და შენს
და-ძმებსაც ეჯავრებათ - ოღონდ იმათ ბრმად და უჭკუოდ - სხვაზე უფრო წმინდად
დაწნული გოდორია, უფრო ვიწრო ნაჩვრეტები აქვს და, რამე რომ იყოს, მარცვალიც
უფრო ძნელად გასცვივა. ყველას, ვისაც კომუნისტური წყობა არ მოგწონთ, ერთი საერთო
უბედურება გჭირთ: ერთმანეთში ურევთ თეორიას და პრაქტიკას. შემსრულებლები რომ
არ გამოგვადგა, ამიტომ იდეას უნდა ვკრათ წიხლი?! როგორ შეიძლება!
შემსრულებლებმა - გეთანხმები - ნამდვილად დაგვაღალატეს. დაგვაღალატეს და
დაგვაზარალეს. უფრო იმით, რომ იდეას გაუტეხეს სახელი. ამ კუთხიდან თუ შევხედავთ
საქმეს, კომუნისტური სახელმწიფოს აშენება ცოტა ნაადრევი იყო: ჯერ სამყოფი ზნეობა არ
ჰქონდა მოგროვილი ადამიანს. თქვენ ბავშვობიდანვე ანტიკომუნისტები იყავით. ყველანი
გივის გარდა - გივისთვის კომუნისტი და ანტიკომუნისტი სულ ერთია. მერე? რომელი
ერთი დაგსაჯეთ ამის გამო? რომელი ერთი გაგაგდეთ სახლიდან? კი, არ დავმალავ,
ნამდვილად ვცდილობდი ჭეშმარიტების გზაზე დამეყენებინეთ, მაგრამ უკადრისი
მეთოდები არ მიხმარია და გულიდან არ ამომირეცხიხართ. შენ რომ გკითხოს კაცმა -
შეიძლება ხათრით არ გაამხილო, მაგრამ ხომ ვიცი რომ ასე ფიქრობ - შენ რომ გკითხოს
კაცმა, კომუნისტის უარესი ქვეყნიერებაზე არაფერია. მაშ რატომ მოხდა, რომ მე არ
შევიძულე შენი და მარიხი - მე, კაციჭამია კომუნისტმა და ათეისტმა - იმას კი, ჰუმანისტს,
ანტიკომუნისტსა და ფრთოსან ქრისტიანს, მოსისხლე მტერივით ვძულვარ და დღე და
ღამე იმის ნატვრაშია, რაც შეიძლება მალე ამომძვრეს სული? რატომ მოხდა? რატომ?
მიპასუხე, შენ ხომ პატიოსანი კაცი ხარ! დედაშენს რა უნდა მოვკითხო, მაგას პოლიტიკური
შეხედულებები, გივისი არ იყოს, არა აქვს, მაგრამ გულში ყოველთვის ვძულდი - ისე,
პოლიტიკური შეხედულებების გარეშე - და ახლა, მარიხის სიძულვილი რომ დაინახა,
თავისიც იმას მიუმატა.
- იკო, დედა! - მოისმა ამ დროს ქვემოდან.
რაც თავი მახსოვს, მამაჩემს ჩემი თანდასწრებით ამდენი არასოდეს ულაპარაკია; თანაც
არავითარი ნიშანი არ უჩანდა იმისა, რომ ადრე თუ გვიან (გვიან მაინც) მოათავებდა.
ამიტომ დედაჩემის ხმამ - რატომ უნდა ვითვალთმაქცო და ვიფარისევლო
ტყუილუბრალოდ - შვება მომგვარა. ეს არც იყო გასაკვირი - მაგრამ რაკი მამაჩემი
(დედაჩემის ხმის გაგონებაზე მას აზრი გაუწყდა, სიტყვა პირზე შეაშრა, აღმაფრენა ჩაუქრა
და ნირი წაუხდა) ეჭვიანი ყურადღებით დამაცქერდა, რათა შეეტყო, მისი მონოლოგის
უეცარმა დამუხრუჭებამ ემანდ შვება ხომ არ მომგვარა, თვალი შეძლებისდაგვარად
მშვიდად გავუსწორე და შევეცადე თავი ისე დამეჭირა, ვითომ დედაჩემის ძახილი არც კი
გამეგონოს. მივაღწიე თუ არა მიზანს, არ ვიცი - ჩემი მცდელობის მიმართ მამაჩემს რაიმე
თვალნათლივი დამოკიდებულება არ გამოუხატავს. სამაგიეროდ, მეორედ რომ გაისმა
(ცოტა უფრო ხმამაღლა) დედაჩემის ძახილი, მშვიდად მითხრა: - დედაშენი გეძახის.
მაშინ მე წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და ოდნავ გამოვაღე.
- ბატონო!
- ჩამოდი, დედა, ისაუზმე. მამაშენსაც უთხარი, იქნება მაგიც ჩამოვიდეს.
მე მამაჩემს მივუბრუნდი.
- ჩავიდეთ?
- ჩავიდეთ, - ამოიოხრა მამაჩემმა, წამოდგა, ფაქიზად დაკეცილი ხალათი, რომელიც
ტახტის ბოლოში იდო, აიღო და პიჟამაზე ჩაიცვა. ხალათი - ზურმუხტისფერი, ჩინური,
გრძელი, ფართობორტებიანი, სიგრძივ დაყოლებული ბაცი, ოდნავ მღვრიე, ვიწრო
ყვითელი ზოლებით არანაკლებ ეფექტს ახდენდა, ვიდრე პიჟამა (და მისი მთავარი
დანიშნულებაც, კაცმა რომ თქვას, სწორედ ეს იყო).
სანამ ბუხრის პირას ვისხედით და საუზმეს შევექცეოდით, მე და მამაჩემი უფრო მეტად
ჩუმად ვიყავით და მე საშუალება მქონდა მამაჩემის წეღანდელი ნალაპარაკევი,
რომელშიაც მრავალი კითხვა და მრავალი ეჭვი იდო, შეძლებისდაგვარად
გამეანალიზებინა.
მთავარი ეჭვი გახლართული იყო მთავარ კითხვაში: რა მიზანი ჰქონდა მამაჩემის ამ
მოულოდნელსა და, ერთი შეხედვით, უკონტროლო გულახდილობას?
მაგრამ, ამ კითხვაზე რომ პასუხი გამეცა, ჯერ ის უნდა გამერკვია, თუ რისი იმედით
მიზიარებდა გულის ნადებს ესოდენ დაუფარავად, რისი იმედით შევყავდი იმ იდუმალ
წალკოტში და სანუკვარ ნაკრძალში, სადაც ოჯახის წევრებს აქამდე ფეხი არასოდეს
დაგვედგა. რას გამოელოდა ჩემგან? ჩემ შეხედულებათა შერყევის იმედი ვერ ექნებოდა,
ჩემი გულაჩუყების იმედი ვერ ექნებოდა, ჩემი უჭკუობის იმედი ვერ ექნებოდა (ცრუ
თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ მხრივ ხუთი შვილიდან მხოლოდ მე ერთს
მაღიარებს). ჩემი მოსყიდვის იმედი ვერ ექნებოდა. მაშ, რისი იმედი ჰქონდა?
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე (ჩემთა ფიქრთა დენაზე, ეჭვი არაა, ცხელმა ჭადმა და
ჭყინტმა ყველმაც კეთილმყოფელი გავლენა იქონია), ბოლოს და ბოლოს დავასკვენი,
რომ მამაჩემს გულის მოოხება სჭირდებოდა - რაც მიზეზთა და მიზეზთა, ჯერჯერობით
უცნობთა, გამო მისთვის ეტყობა ახლა სასიცოცხლო აუცილებლობა იყო - და ობიექტად მე
ამირჩია, ვინაიდან (sic და ყურადღება! აქ ერთი პატარა, მაგრამ იშვიათი ჯიშის ძაღლის
თავია დამარხული) ჩემი ტაქტის იმედი ჰქონდა. ნუ გაიკვირვებთ და ნურც ისეთ რამეს
დამწამებთ, ცოდვა გაიმრავლოთ. თუ ოდესმე რეკლამის გაკეთება დავაპირე, მერწმუნეთ,
აქცენტს ტაქტზე არ ავიღებ. უბრალოდ აქ ლაპარაკია ტაქტის ერთ სპეციფიკურ სახეობაზე,
რომელიც მე და მამაჩემის დაულაგებელ ურთიერთობაზე სარეველასავით ამოვიდა.
ზემოთაც, მგონი, ვთქვი, უმოკლეს სანათესაო თოკზე გამობმულები, ჩვენ გამუდმებით
ერთმანეთის ირგვლივ ვტრიალებდით და, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, ერთმანეთის
თვალებში ვირეკლებოდით, ხოლო მეორე მხრივ, გულმოდგინედ ვცდილობდით
ერთიმეორის მზერას არ წავწყდომოდით, რათა ჩვენ-ჩვენი გულისა და გონების
სიმართლე არ გაგვემჟღავნებინა და ერთიმეორის საკირკიტო არ გაგვეხადა. მოკლედ,
ერთსა და იმავ დროს ძალიან შინაურებიც ვიყავით და ძალიან უცხოებიც. ხოლო ტაქტის
სპეციფიკა იმაში მდგომარეობდა, რომ, როგორც შინაურს, შინაურებზე ჩივილს ვერ
დავუშლიდი და, როგორც უცხოს, მწარე სიმართლეს პირში ვერ მივახლიდი. ვინც არ
ითაკილებს და ასეთ შინაურუცხო დამოკიდებულებას იარაღად გამოიყენებს, ათი
შემთხვევიდან ცხრაჯერ მაინც მიზანს მიაღწევს. მამაჩემმა არ ითაკილა, რაც, ეჭვი არაა,
იმის მანიშნებელი იყო, რომ მოთმინების ფიალა პირთამდე ავსებოდა. მაგრამ რამ აუვსო?
და რამაც აუვსო, რითი აუვსო? ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხს მოითხოვდა. ხოლო
მამაჩემი ხაზგასმულად ლაღად იჯდა სუფრასთან და, ამ ხაზგასმული სილაღით
შებორკილი, გაბუტული სახით ილუკმებოდა.
როგორც ითქვა, საუზმეზე ცოტა ვილაპარაკეთ. მამაჩემს თითქმის არ ამოუღია ხმა. ორი
თუ სამი მოკლე ფრაზა წარმოთქვა, ეს იყო და ეს. ამიტომ ძირითადი დატვირთვა
დედაჩემს დააწვა, რომელსაც მე ჩვენების ამბავი ვკითხე. დედაჩემის ნაამბობიდან ზოგი
რამ საყურადღებო აღმოჩნდა. მაგალითად ის, რომ მარიხს თურმე სამსახური
მიეტოვებინა (აქ უნდა აღვნიშნო, რომ იმ ორი-სამი ფრაზიდან, რაც მთელი საუზმის
განმავლობაში წარმოთქვა, მამაჩემმა ერთი სწორედ ამ თემას მიუძღვნა. კერძოდ,
როდესაც საუბარი მარიხის ხსენებულ ნაბიჯს შეეხო - მოულოდნელსა და გაუგებარს -
შენიშნა: „პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა“, რაზედაც დედაჩემმა ელვისებური და
მწყრალი მზერა სტყორცნა). სხვა დედაჩემის ნაამბობში ახალი და განსაკუთრებით
საინტერესო არაფერი ყოფილა.
მარიხის მომდევნო ჩემი ორი უფროსი და-ძმა, ციალა და ლადო, ცალ-ცალკე
ცხოვრობდნენ. ციალა ამ თხუთმეტიოდე წლის წინ თავის ერთ კოლეგას, ვიღაც რუს-
ქართველა ქიმიკოსს, რომელსაც - თუმც კი გვარად ვაშალომიძე იყო - სახელად ვიტალი
ერქვა და ქართველები ველურ და უკულტურო ხალხად მიაჩნდა, ცოლად გაჰვა და
ლენინგრადში (იყო მაშინ ასეთი სახელწოდების ქალაქი) დასახლდა, რის გამოც მარიხი
მას დაშაქრული გესლით ჩრდილოეთის ციალას ეძახდა; ხოლო ლადო, ოჯახში ყველაზე
წყნარი და მშვიდობისმოყვარე კაცი, სანაკლიოში კი ცხოვრობდა, მაგრამ ცალკე იდგა
ნაკლისწყალგაღმა, სიმამრის დანატოვარ სახლში, რომელსაც ირგვლივ ნახევარი
ჰექტარი მაღალნაყოფიერი მიწა ერტყა.
რაკი ცალკე ცხოვრობდნენ, დედაჩემმა ისინი თავშეკავებული და ნეიტრალური
კმაყოფილებით მოიხსენია. გივი, მათი მომდევნო და ჩემი წინამორბედი, თავისი ჯალაბით
რაჭაში, ცოლოურს ყოფილიყო სტუმრად წასული.
ის იყო ვამთავრებდით კიდეც საუზმეს, რომ მარიხი შემოგვესწრო, თან მდედრობითი
სქესის ორი სულიერი არსება მოიყოლია, რომელთაგან ერთს ელზა ერქვა, ხოლო
მეორეს ციცარი.
მარიხი, ბოლოს რომ ვნახე, იმაზე მეტად გამხდარი ჩანდა, მაგრამ რაკი ასეთი რამ
შეუძლებელი იყო, გაკვირვებითა და ცოტა შეშფოთებით გავიფიქრე, ეტყობა სიგამხდრის
პრაქტიკული ზღუდე გადალახა და თეორიულ ნაკრძალში შეიჭრა-მეთქი. საზოგადოდ,
მარიხი თავიდანვე ძალიან გამხდარი იყო და ამ მხრივ ოჯახში ყველასგან მკვეთრად
გამოირჩეოდა. დედაჩემი ხომ მსუქანია, გამხდარი არც მამაჩემია. მართალია, მამაჩემი
არც მსუქანია ამ სიტყვის სრული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გაგებით, მაგრამ თუ ამ
ორ განსაზღვრებას შორის არჩევანი აუცილებელი შეიქნა, ათი კაციდან, ეჭვი არაა, ათივე
სიტყვა „მსუქანს“ დაუჭერს მხარს. ისე კი - ვისაც ასეთი წვრილმანები აინტერესებს - უფრო
ფერხორციანია, ვიდრე მსუქანი. თუმცა ზომიერი მუცელიცა აქვს, რომელიც პიჟამაში სულ
ოდნავ ეტყობა. შვილებიც ზღვარზე ვართ. ამ ზღვარზე ზოგი სიმსუქნისკენ უფრო ვიხრებით
(ციალა და გივი) და ზოგი სიგამხდრისკენ (ლადო და მე), მაგრამ თვალშისაცემად
გამხდარი არც ერთი არა ვართ. ამიტომ მარიხი იმთავითვე გამონაკლისი იყო. სხვათა
შორის, გამონაკლისი იყო არა მარტო სიგამხდრით, არამედ სიმაღლითაც. იგი ოჯახში
ყველაზე მაღალია, რაც არანაკლებ გაკვირვებას - ხოლო ბიჭებში შურსაც - იწვევდა.
ადრე, პატარები რომ ვიყავით (უფრო სწორად, მე რომ ვიყავი პატარა - მარიხი ჩემზე
მთელი ათი წლით უფროსია და ამიტომ ჩემს მეხსიერებაში პატარა არასოდეს ყოფილა),
ლამაზიც იყო. ლამაზიც იყო, ჭკვიანიც, ზრდილიც, გამგონეც, ნაკითხიც, მუსიკალურიც,
დინჯიც, თავდაჭერილიც, კარგი მოსაუბრეც, კარგი მეოჯახეც და საერთოდ, თითით
საჩვენებელი. თერთმეტი წლის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ
ითვლებოდა; სკოლა რომ დაამთავრა, ახლა ექვსი წლის განმავლობაში ერთ-ერთ
საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. ინსტიტუტიც რომ დაამთავრა და კვლავ მშობლიურ
სანაკლიოში დაბრუნდა, მრავალი წლის განმავლობაში ახლა ერთ-ერთ საუკეთესო
პედიატრად ითვლებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე მუდამ გამხდარი იყო, მაგრამ მისი ის
განსაკუთრებული სიგამხდრე, რომელიც მისი ზოგადი სიგამხდრის ფონზეც კი თვალს
ჭრიდა და რომელმაც დედაჩემი და მამაჩემი - პირველი ორი-სამი თვე მაინც, ვიდრე
მიეჩვეოდნენ - ძალიან შეაშფოთა, მას შემდეგ დაიწყო, რაც გათხოვებაზე საბოლოო და
მტკიცე უარი თქვა. რატომ თქვა უარი, დიდხანს არ ვიცოდი, თუმც კი ბუნდოვნად
ვხვდებოდი. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებას ჯანსაღი ინტუიციით ვუკავშირებდი წარსულის
ერთ ხანმოკლე მონაკვეთს, როდესაც ჩვენს სახლში ხშირ-ხშირად წარმოითქმოდა სიტყვა
„სასიძო“, მარიხი მაშინ ახალგაზრდა ექიმი იყო. სამწუხაროდ, ხსენებული სიტყვა, ერთი
ხანობა ესოდენ აქტიური და ყოველთა ბაგეთა ლამის განუყრელი თანამგზავრი, სულ
მალე, როგორც ერთბაშად შემოვიდა ხმარებაში, ისე ერთბაშად ამოვარდა ხმარებიდან,
რასაც ის მოჰყვა, რომ მარიხი მთელი წელი ნაღვლიანი იყო. მერე და მერე ნაღველი კი
გადაიყარა, მაგრამ გათხოვებაზე ფიქრი ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდო გულიდან და
ისედაც გამხდარი სულ მთლად ძვლად და ტყავად იქცა. რამდენჯერმე შესაძლებლობის
ზღვარსაც მიატანა, მაგრამ რამდენჯერაც კი ზღვარს მიატანა, იმდენჯერ გამოირკვა, რომ
ის, რაც ზღვარი გვეგონა, ჯერ კიდევ არ ყოფილა ზღვარი.
მარიხმა გადამკოცნა და მერე ელზა და ციცარი წარმომიდგინა, როგორც - სწორედ ასე
თქვა - მამულისათვის თავდადებული ქალბატონები.
ორივე თავდადებული ქალბატონი შავი იყო, ორივე დაბალი (რაც განსაკუთრებით
თვალშისაცემი ჩანდა მარიხის ფონზე, რომელსაც პატარა ფლიგელებივით ედგნენ აქეთ-
იქით), ორივეს ხუჭუჭი თმა ჰქონდა და ამ ხუჭუჭი თმის ქვეშ ორივე ერთი და იმავე ჯიშის
ფინიას ჰგავდა. ეს მსგავსება კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ერთმა მათგანმა,
კერძოდ, ელზამ, წკავწკავი ატეხა. (ეს მოგვიანებით და ცოტა მოულოდნელად მოხდა;
მანამდე ის, ისევე როგორც ციცარი, მორკალული იჯდა სკამზე, წინა თათები მაგიდაზე
ეწყო და წყნარად იღმურძლებოდა). მართალია, მარიხი შეეცადა საქმე ისე წარმოედგინა,
თითქოს ელზას წკავწკავი სინამდვილეში ხველება იყო, მაგრამ ეს თითიდან გამოწოვილი
ვერსია მე მგონი, თვითონაც არ დაუჯერებია. შესაძლებელია ელზას რაც დაემართა,
უნებურად დაემართა, მაგრამ ეს იმის უფლება არ იძლევა, წკავწკავი და ხველება
ერთმანეთში ავურიოთ. თუ არ აუტეხავს და მხოლოდ აუტყდა (რაც მე პრინციპულად
დასაშვებად მიმაჩნია), სულ ერთია, წკავწკავი აუტყდა და არა ხველება.
ყოველ შემთხვევაში, მე ეს ეპიზოდი ასე დავინახე და ასე აღვიქვი.
მარიხისა და თავდადებული ქალბატონების გამოჩენაზე მამაჩემს სახეზე უკანასკნელი
ჯანსაღი ფერები გაუქრა და სამი წუთის შემდეგ გავიდა კიდეც სამზარეულოდან. მშრალი,
ცოტა მკაცრი კილოთი მოიხადა ბოდიში (წასვლის მიზეზი არ უთქვამს) და გავიდა. სამი
წუთი იმიტომ შეიცადა, რომ მიჩვეული იყო ეტიკეტის წინაშე ვალის მოხდას, ხოლო სამ
წუთზე მეტი იმიტომ არ შეიცადა, რომ არავის შექმნოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს
რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე ეტიკეტის წინაშე ფორმალური ვალის მოხდა. სანამ კარს
მიაღწევდა, ისე მიდიოდა, მის ზურმუხტისფერ ჩინურ ხალათს ზურგზე ერთგვარი
მედიდურობის ბეჭედი ერტყა, რის გამოც მე გული სიბრალულით ამევსო. მობოდიშების
პასუხად არავის არაფერი უთქვამს, არც მარიხს, არც მის ქალბატონებს, არც დედაჩემს.
თვალიც კი არავის გაუყოლებია. „ნუთუ მართლა სძულთ?“ - გავიფიქრე მაშინ მე
(არსებითად, ეს ეჭვი მხოლოდ დედაჩემსა და მარიხს ეხებოდა, ვინაიდან ციალასა და
ლადოს, რაკი ცალკე ცხოვრობდნენ, სიძულვილის მიზეზი, ბუნებრივია, ნაკლები უნდა
ჰქონოდათ, უმიზეზოდ კი ახლობელს არავინ შეიძულებს; რაც შეეხება გივის, მართალია ის
აქ არ იყო და ამგვარად ახალი მონაცემები არ მქონდა, მაინც - ძველი მონაცემების
საფუძველზე - შემეძლო დაბეჯითებით მეთქვა, რომ დედისა და დის სიძულვილს იგი ვერ
გაიზიარებდა. საქმე ისაა, რომ მას ემოციის ამპლიტუდა ძალზე მოკლე აქვს და,
შესაბამისად, გრძნობათა პოლუსებს შორის მანძილი ძალზე მცირე, რის გამოც მისი ყველა
ადამიანური ვნება - მათ შორის, ცხადია, სიყვარული და სიძულვილიც - ამ პაწაწინა
პლატფორმაზე რომ დაეტიონ და ხევში არ გადაცვივდნენ, ისე არიან ერთმანეთს
ჩაკრული, ჩაკონებული, გადაჭდობილი და გადაწნული, თითქმის შეუძლებელია გაარჩიო,
რომელი ნაწილი რომლისაა).
ამის შემდეგ დიდხანს აღარც მე დავრჩენილვარ. იმის გაფიქრებაზე, რომ მონოლოგის
მომდევნო თავები მამაჩემს ყელზე ადგა და ჩემს მოლოდინში ყოველი წამი საუკუნედ
ეჩვენებოდა, თანდათან მოსვენება დავკარგე. მაგრამ ისე მალე, როგორც მინდოდა,
როგორც ვაპირებდი და როგორც იმედი მქონდა, მაინც ვერ მოვახერხე გასვლა,
ვინაიდან, ვიდრე გავიდოდი, ერთ პიკანტურ და იკლიკანტურ კითხვაზე პასუხის გაცემა
მომიხდა.
მარიხი ჯერ თბილისის ამბებით დაინტერესდა. მართალია ძირითადად მიტინგები
აინტერესებდა, დემონსტრაციები, მსვლელობები, საიდუმლო შეკრებები, გაფიცვები,
ბოიკოტები, შიმშილობები, დაუმორჩილებლობები და მისთანანი, მაგრამ თბილისის
ცხოვრებაც ხომ მაშინ ძირითადად სწორედ ამ კომპონენტებისგან შედგებოდა! რაკი მე
ბევრი და სარწმუნო ვერაფერი ვუთხარი, ყველაფერი თვითონ მითხრა. მადლი უფალს,
ზოგად სურათს დამაჯერა და დეტალებსა და წვრილმანებს არ გამოჰკიდებია. ბოლოს, იმ
დროს, როცა თავდადებული ქალბატონები ჩაის ფინჯნებში იყვნენ ჩაყურყუმალებულები
და ვითარებაც საკმაოდ ხელსაყრელი მეჩვენა საიმისოდ, რომ აქაურობას გავცლოდი,
უცებ მკითხა: - მაინც ვისკენ ხარ, იკო?
ამის გაგონებაზე ქალბატონებმა ცხვირ-პირი ფინჯნებიდან ისევ ამოჰყვეს და ყურები
დაცქვიტეს.
- ვინც სიღრმე იხილა, - მივუგე მე.
- სიღრმე, კარლო წუწუნავამ რომ იხილა, ისე უნდა! - შენიშნა ციცარმა და ქაღალდის
ხელსახოცით პირი მოიწმინდა, რის შედეგადაც საჭმლის ნარჩენების ნაწილი კი მართლა
მოიშორა, მაგრამ მათ ადგილას ხელსახოცის სველი, დაგორგლილი ნარჩენები დატოვა.
- ხოკ, - დაემოწმა დობილს ელზა, - რაც მაგას იმპერიის უწმინდურობები უხილავს, ბარე
ორს არ მოელანდება!..
მარიხს ეტყობა ცოტა შერცხვა, ვინაიდან შეეცადა ფინიებისთვის კუდი გაესწორებინა.
- კარლომ რომ იხილა, ისეთი სიღრმე, ცხადია, ბევრს არ უხილავს, მაგრამ ჩემი ძმა,
როგორც მოსალოდნელი იყო, ციტატით გაგვიმასპინძლდა. თუმცა არა მგონია,
გილგამეში ან უთნაფიშთი ჰყავდეს მხედველობაში.
- ბიძია იო მყავს მხედველობაში, - ვუთხარი მე.
- ბიძია იო, - განმარტებითი დიდაქტიკით თქვა მარიხმა, - შენ არ გეწყინოს დედა და
ორპირია...
- რაღა არ მეწყინოს! - უსასოო ღიმილით თქვა დედაჩემმა, - ბიძაზე ასე უნდა ილაპარაკო,
დედა?!
- თუ იმსახურებს, დიაღაც უნდა ვილაპარაკო! - რევოლუციური პირდაპირობით თქვა
მარიხმა, - იონა კამკამიძე ნათესავია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ახლო ნათესავია. ჩვენ
კი სწორედ ჭეშმარიტებაზე გვაქვს ლაპარაკი. ბიძია იო ორპირია. ადრეც ორპირი იყო,
მაგრამ ახლა, ბოლშევიკური წყვდიადი რომ გაიფანტა და მრავალი დაფარული
გაცხადდა, კიდევ უფრო ორპირი გამოჩნდა. ძალიანაც რომ გეწყინოს, დედა, ეს არის მისი
ნამდვილი სახე. დღეს კაცს - თუ მაინცდამაინც მამაჩემივით ნაკურთხი კომუნისტი არა ხარ
- ორთა შორის გაქვს არჩევანი: ან კუდმოთხვრილი კუტუბიძე, ან ღვთაებრივი კარლო.
- ზოგი ამბობს, კუტუბიძე უფრო ღვთაებრივიაო, - ჩავურთე მე.
ელზამ დაასლოკინა. დედაჩემმა წყალი მიაწოდა. ელზამ დალია, მარიხმა თქვა: - ზოგი კი
არა, ბევრი ამბობს. ამიტომაც გვიდევს წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. სული თუ
არა გაქვს მტკიცე და სპეტაკი, თვალისთვის ქრისტე და ანტიქრისტე ძნელი გასარჩევია.
ამიტომ ცდებიან მრავალნი. მალე გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება სინათლესა და
სიბნელეს შორის. ჩვენი ერის მომავალიც ამ ბრძოლის ფონზე გადაწყდება. ჩვენ, გვინდა-
არგვინდა, დიდ საღვთო ომში ვართ ჩაბმული და ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ბრძოლაც მისი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ახალი აპოკალიფსის მერე ისეთი
გულგრილი და ვითომ მიუმხრობელი ხალხისთვის, როგორიცაა ბიძია იო, დედამიწაზე
ადგილი არ დარჩება. ხომ ასეა, დებო? - დაეკითხა თავდადებულ ქალბატონებს და მათაც
მიუგეს: - ხოკ.
- ამის დახსომება, იკო, არც შენ გაწყენს, - ცოტა ნაძალადევი სიცილით მითხრა მარიხმა,
მერე ამ ნაძალადეობის გასაქარწყლებლად ქოჩორში ხელი ჩამავლო და მსუბუქად
შემანჯღრია.
ნჯღრევა რომ მოათავა, ვუთხარი: - ორი ღამეა არ მიძინია. წუხელ და იმის წინ. ამიტომ,
ცოტა თვალი თუ არ მოვატყუე, შეიძლება თვლემა წამომეპაროს და მამულისთვის
თავდადებული ქალბატონების წინაშე სირცხვილი ვჭამო, - მერე თავად ქალბატონებს
მივუბრუნდი, - ამ ერთხელ თუ მაპატიებთ, სააპოკალიფსედ უსათუოდ გამოვსწორდები.
ეს რომ ვთქვი, თავდადებული ქალბატონების პასუხს აღარ დავლოდებივარ და
სუფრიდან ავდექი. თუმცა თავდადებულ ქალბატონებს პასუხი არც მოუციათ. ეს იყო
მხოლოდ, თავები მხრებზე დაიწყეს და კეთილსინდისიერი, მაგრამ უაზრო ყურადღებით
შემომაჩერდნენ. სამაგიეროდ მარიხმა გამიღიმა დამრიგებლურად, როგორც დედა
გაუღიმებს ონავარ შვილს, და თქვა: - შენ იცი, იკო, ოღონდ მამაშენს უფრთხილდი;
პარტიაში შეყვანა თუ დაგიპიროს, არ შეყვე.
მეორე სართულზე რომ ავედი, ძილმა ისე წამართვა თავი, ერთი შეყოყმანება
შევყოყმანდი, იქნებ მეც გავწირო მამაჩემი, ჩემს ოთახში შევიპარო და, ვიდრე ბიძია იო
საგანგაშო სირენას ააყვირებს, ცოტა წავიძინო-მეთქი, მაგრამ, როგორც კი ეს გავიფიქრე,
გონების თვალწინ მყისვე გაწბილებული მამაჩემი დამიდგა, რომელიც ყველასგან (მათ
შორის, ჩემგანაც) მოძულებული, თუმც კი პრესტიჟულ პიჟამაში და მედიდურ ხალათში
გამოწყობილი, ალბათ მოუსვენრად მიმოდიოდა თავის კაბინეტში და საწყალობლად
ებღაუჭებოდა ჩემი ხელახლა დამარტოხელების იმედს. და მე მივხვდი, რომ დედაჩემის
ნათქვამი - ხმას არავის გვცემსო - მთლად სწორი არ იყო. ყოველ შემთხვევაში,
სამეცნიერო-პოპულარული კეთილსინდისიერება მოითხოვდა, ვიდრე იტყოდა, ხმას
არავინ გვცემსო, ჯერ ეთქვა, ხმას არავინ ვცემთო.
მთლად სწორი არც ჩემი ხილვა აღმოჩნდა. მამაჩემი არ მიმოდიოდა. დაფიქრებული იდგა
ფანჯარასთან და ჩინურ ხალათსაც მედიდურობისა ბევრი აღარაფერი შერჩენოდა.
კარი რომ შევაღე, არ მოუხედავს, ისე მითხრა: - ატყობ, ქვეყანა რომ იქცევა?
როცა იმედი გვემსხვრევა, ძნელია ჩვენი პაწაწინა ფათერაკი მთელ კაცობრიობაზე არ
განვავრცოთ და ერთი უსახური, შეუმჩნეველი უჯრედის დაღუპვა ქვეყნიერების
აღსასრულად არ წარმოვადგინოთ. ეს სასაცილო კია, მაგრამ ვიდრე მხოლოდ ჩვენშია,
სისუსტის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის. სისუსტის მაჩვენებელი მაშინ გახდება, სხვებს
რომ გავუზიარებთ.
- რომ ირყევა, ვატყობ, მივუგე მე, - მაგრამ თუ იქცევა, ისე იქცევა, ვერ ვატყობ.
- დააკვირდი ამ ორ ქალს, მარიხმა რომ მოიყვანა? რა არის აბა ეს, თუ ქვეყანა არ
იქცევა?! ან იქნებ გგონია მთელ სანაკლიოში მაგ ორია მარტო ამისთანა შავი?! როგორ
გეკადრება! მაგნაირებითაა სავსე ქალაქი. რამ გააჩინა, თუ ქვეყანა არ იქცევა? საიდან
გაჩნდნენ?
- თუ ეგ კითხვა ფორმალური არ არის, მამა, და პასუხსაც მოითხოვ, ეგ ხალხი იმ რეჟიმის
პროდუქტია, რომლის ერთგულება - მაპატიე და - მოდაში უკვე აღარც კია.
- მე მოდის კაცი არასოდეს ვყოფილვარ, კი უნდა იცოდე შენ ეს. მე ყოველთვის პრინციპის
კაცი ვიყავი.
- მართალია. სამწუხაროდ, შენ ყოველთვის პრინციპის კაცი იყავი.
- მერე? რაში უნდა დასჭირვებოდა კომუნისტურ რეჟიმს ამისთანა ხალხი? რისთვის უნდა
შეექმნა?
- იმისთვის, რომ, როცა სადმე განსხვავებული შეხედულების კერა გაჩნდებოდა, ზედ
საწამლავად მოეფრქვია. ეგ ქალები იმ სახელგანთქმული „კოლექტივის“ ნაწილია,
რომლითაც ბოლშევიკები მუდამ ამაყობდნენ.
- არ იყო საამაყო?
- არა მგონია. კოლექტივი იდეოლოგიური ზიარჭურჭელია, რომელშიაც რეჟიმს
საჭიროებისდა მიხედვით მართული აგრესიის - ან ვითარებასთან შესაფერისი სხვა რამ -
შხამი შეჰყავს. სანამ ზიარჭურჭელი ცარიელია, მასა ინდიფერენტულია - არც
პოლიტიკური მოთხოვნილება გააჩნია, არც მსოფლმხედველობრივი, არც მორალური.
მხოლოდ ზომიერი სოციალური პრეტენზიები აქვს, რომლის დაკმაყოფილება
ბედნიერების განცდას იწვევს. როცა გარემოება მასის დამუხტვასა და დარაზმვას
მოითხოვს, საიდუმლო ონკანი იხსნება და შესაფერისი ხსნარი ზიარჭურჭელში შედის.
ბერკეტი რეჟიმს უჭირავს ხელში. მაგრამ გაუგებარი თავდაჯერების გამო, რაც ასეთი
ეჭვიანი და მფრთხალი რეჟიმისაგან სრულიად მოულოდნელი იყო, კომუნისტებს ეგონათ,
სადავეებს ვერასოდეს ვერავინ გამოგლეჯდა ხელიდან. როგორც ვნახეთ, გამოგლიჯეს.
ყოველ შემთხვევაში, ფაქტიურად გამოგლიჯეს და დღის წესრიგში ახლა ამ ფაქტის
იურიდიული გაფორმებაა, რაც, ეჭვი არაა, მალე მოხდება და ის ხალხიც, რომელიც
რეჟიმს კომუნიზმის მშენებელი იდეოლოგიზებული საზოგადოება ეგონა, კვლავ სუფთა
ფურცლად, იდეოლოგიის ნეიტრალურ ჭურჭლად იქცევა, თუმცა, როგორც მარიხი და
მედეა ამტკიცებენ... გახსოვს მედეა?
- აბა მედეა? - ოდნავ მოგუდული ხმით მკითხა მამაჩემმა.
- ერთი ფუმფულა მედეა იყო ჩემს კლასში, ვარდოსანიძე...
- აა! ვიცი. აქტიური კუტუბიძისტია.
- ალბათ ასეც შეიძლება ითქვას... ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც ყოველთვის ცარიელი
ქვევრი იყო, უკანასკნელ ხანებში, როცა, როგორც ის მედეა და ეს ჩვენი მარიხი
ნიშანდობლივი ხმაშეწყობით იტყოდნენ, კომუნისტური სიბნელე გაიფანტა და ეროვნული
მზის შუქზე ყველა დაფარული გაცხადდა, კიდევ უფრო დაცარიელდა. ახალი ძალა ამ
მზამზარეულ ქვევრს საკუთარი იმპულსებით აავსებს.
მამაჩემმა კვლავ მშვიდად მომისმინა, მაგრამ პასუხს რომ მაძლევდა, ოდნავ შეფერხდა,
თითქოს მის სიმშვიდეს გზად რაღაც მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი
დაბრკოლება შეხვდა.
- ხალხზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება, - თქვა წყნარად, მაგრამ ცოტა გაუცხოებული ხმით, -
ხალხი ბრძენია.
მამაჩემი, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მეტისმეტად პატიოსანი იყო, და, რაკი
მოვალეობის გრძნობაც ძალზე განვითარებული ჰქონდა, გარემოებათა სპეციფიკა რომ
ფარისევლობას დაავალებდა, ამ დავალებასაც პატიოსნად ასრულებდა.
- ისტორია არ ადასტურებს ხალხის სიბრძნეს. ისტორია იმას ადასტურებს, რომ ხალხს
არაფერი ისე არ სწადია, როგორც საბელი და პალო. კომუნისტები, ერთი სიცრუე რომ
გამოუჩნდებოდათ, დასაფარავად ზედ მეორე სიცრუეს ადებდნენ, სიმართლეს
პრინციპულად ერიდებოდნენ. არადა, სტრატეგიული თვალსაზრისით, სიმართლე
ყოველთვის უფრო მომგებიანი უნდა იყოს, ხალხი ბრბოა.
- შენ მაგ ხალხში არ შედიხარ და მაგ ხალხის ნაწილი არა ხარ? - ჯერ კიდევ წყნარად
მკითხა მამაჩემმა, ოღონდ ახლა ეს სიწყნარე ხაზგასმული იყო და შიგ სევდა ერია.
- არა, - მივუგე მე, - მე ამ ხალხის ნაწილი არა ვარ.
ამის თქმა ადვილი არ იყო, მაგრამ უეცრად გულში გამკრა, ხომ შეიძლება ასეთი საუბრის
საშუალება მეტად აღარ მოგვეცეს-მეთქი. გაბედულება ამ ეჭვმა შემმატა,
განხორციელებისთვის საჭირო ასპარეზი და ნიადაგი კი ზემოთ ნახსენებმა შინაურუცხო
დამოკიდებულებამ გამიმზადა. და მე, ესოდენ ხელსაყრელი წინაპირობებით
წაქეზებულმა, ბუნდოვან გულისთქმას, რომელიც სადღაც გრძნობისა და გონების
საზღვარზე თუხთუხებდა და არც კი ვიცოდი, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს,
ვერბალური ფორმა მივეცი. ახლა, როცა მამაჩემის სამოქმედო ბერკეტებსაც
შინაურუცხოობის ურთიერთმაკონტროლებელი ძალები მართავდა, ეს მაინცდამაინც
დიდი რისკი არ იყო: როგორც კი ამ ძალების შინაური ნაწილი როყიოდ პირდაპირი
პასუხის წამოსროლას დააპირებდა, უცხო ნაწილი თავშეკავების ხელს წამსვე პირზე
ააფარებდა. ათიდან ცხრა შემთხვევაში უსათუოდ ასე იქნებოდა, ხოლო ათიდან ერთი
შემთხვევა მე ყოველთვის განგებისთვის მაქვს მინდობილი და თქვენც გირჩევთ ასე
მოიქცეთ, თუ არ გინდათ ცხოვრება სულ მთლად დუბელად გექცეთ.
მამაჩემმა შემომხედა და ერთხანს უხმოდ მიცქირა. ბოლოს თქვა (და მისი სიმშვიდის
ბუნებრიობაში ამ დროს ეჭვის შეტანა ძალზე ძნელი იყო): - ცდები, იაკობ. ხალხი
ნამდვილად ბრძენია და „კოლექტივი“ ნამდვილად საამაყო სიტყვაა. საამაყოცაა და
საჭიროც. დაქუცმაცებულ და დათითოკაცებულ ქვეყნიერებას, სადაც ყველა თავისი
საკუთარი ჭკუით ცხოვრობს, განვითარება არ უწერია: ერთი ჭკუა მარცხნივ მოინდომებს
წასვლას, მეორე მარჯვნივ, ერთი წინ, მეორე უკან, ერთი ზევით, მეორე ქვევით, ერთი
ალთას, მეორე ბალთას, საბოლოოდ ვერც ერთი ვერ გადასძალავს და ყველა ერთ
ადგილას იტრიალებს. ქვეყანა რომ განვითარდეს, ხალხი კოლექტივად უნდა
ჩამოყალიბდეს და ერთი იდეით გამსჭვალულ და ერთი მიზნით შედუღაბებულ მასად
შეიკრას, და თუ იდეა წმინდა იქნა და მიზანი ნათელი, კაცობრიობა სწორ გზას დაადგება.
ყველაზე სპეტაკი იდეა კომუნიზმის იდეაა და ყველაზე ნათელი მიზანი კომუნისტური
საზოგადოების აშენება. კომუნისტური მანიფესტის ბადალი ქვეყანაზე არაფერი
დაწერილა. სამწუხაროდ, შემსრულებლებმა დაგვაღალატეს. გითხარი, მისი არ იყოს,
კომუნიზმის მშენებლობა ნაადრევად დაიწყო: კაცობრიობას ჯერ სამყოფი ზნეობა არ
ჰქონდა მოგროვილი. როცა ქვეყნიერებას ზნეობა აკლია, იქ დიდ იდეას ყოველთვის
საკადრო პოლიტიკა დაღუპავს, ეს იცოდე. ზემოთ გვიმტყუნეს კადრებმა, თავში, თორემ
ხალხი, იცოცხლე, კი იყო მუშტად შეკრული.
- ეს ეტყობა ჩვენი შებრკოლების პუნქტია, სადაც საერთო ენას ვერ გამოვძებნით, -
ვუთხარი მე პასუხად, - იქნებ ჩანაფიქრის მიხედვით, გლობალურად და ისტორიულად,
ხალხი მართლა ბრძენია, ამდენი მე არ ვიცი, მაგრამ იმ კონკრეტულ ეპოქაში, რომელშიაც
ვცხოვრობთ, ის კონკრეტული ხალხი, რომელზედაც ლაპარაკი გვაქვს, იდეოლოგიური
ზიარჭურჭელია, ცარიელი ქვევრი, ბრბო, ფარა.
- და შენ ამ ხალხის ნაწილი არა ხარ, ხომ? - ისევ მკითხა მან და ხმის კილოში სკეპტიციზმი
იმ დოზით შეურია, რაც საკმარისია (მაგრამ მხოლოდ საკმარისი და მეტი არა) საამისოდ,
რომ შეკითხვაში შემკითხველის პასუხიც ივარაუდო. მერე, ჩემდა სასიხარულოდ (მე აღარ
მინდოდა ამ პრობლემაში ჩაღრმავება და მამაჩემის ხელახალი დაინტერესება ცუდად
მენიშნა), შეუსვენებლად დასძინა, - მარიხი? მარიხზე რას იტყვი?
- მარიხს რაღაცა ხომ არ აწუხებს, მამა? - ცოტა უნამუსოდ, მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ
მარჯვედ გადავიყვანე მე საუბარი სხვა ხნულში, - კიდევ უფრო გამხდარა.
- აპაჰ! - როგორც გამართული მატარებელი კარგი მეისრის ხელში, ისე თვინიერად
გადავიდა მამაჩემი ჩემს მიერ გამზადებულ ახალ რელსზე, - დიდი ხანი რომ არ გინახავს,
იმის ბრალია, თორემ როგორც იყო, ისევ ისეთია. მაგ კი არა, ბოლო ხანებში ცოტა მგონი
მოიკეთა კიდეც.
- ვითომ? - ყოველი შემთხვევისთვის, მტკიცედ დავაფიქსირე მე ახალ თემაზე გადასვლა.
- როცა ამნაირი შავ-შავი ქალები მოჰყავს, მაშინ მართლა უფრო გამხდარი ჩანს, ვიდრე
სინამდვილეშია, - თქვა მამაჩემმა და ისე, რომ არც კი უცდია ამ უცნაური დებულების ახსნა,
განაგრძო, - როცა საქმროსთან ერთად მოვა - ამ საღამოს მოვა ალბათ, მაგრამ ამ
საღამოს შენ სახლში არ დახვდები, ბიძაშენთან იქნები - მაშინ მოკეთებული ჩანს.
მამაჩემი ბუნებრივი და ნეიტრალური კილოთი ლაპარაკობდა, ყოველ შემთხვევაში,
ირონიისა არაფერი შეტყობია.
- საქმროსთან ერთად?.. ხუმრობ?..
- რას ვხუმრობ, ვარლამი ქვია სახელად!
მე მცირე პაუზა დამჭირდა, ვიდრე ლაპარაკს განვაგრძობდი.
- ვინ არის? - ვკითხე მერე, - რა კაცია?
- რევოლუციონერია ისიც. წუწუნავას მარჯვენა ხელი ყოფილა. ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის ნიადაგზე დაახლოვდნენ. ისე ნოტარიუსია. ძალიან
მაწუხებს ეს ბეჭი, ხომ იცი!
- ბეჭი?
- მარჯვენა. გამჭოლი ტკივილია რაღაც; ძარღვს მიჰყვება.
- ხომ არ გაგიცივდა? ექიმს არ ეჩვენე?
- არა, - თქვა მამაჩემმა და მოულოდნელად გაიცინა, - ერთი ღირსება კი აქვს მარიხს.
- რატომ ბევრი არა აქვს!
- საჩემოს ვამბობ. ახლა ხომ ყველა სათავისოს ლაპარაკობს! ერთი საჩემო ღირსება
ნამდვილად აქვს: რომ მოვკვდები, მიტირებს.
ვაღიარებ, რომ ჩემი „ხომ არ გაგიცივდა?“ და „ექიმს არ ეჩვენე?“ ვერ იყო მთლად იმ
ხარისხისა და იმ გულწრფელობის თანაგრძნობა, როგორსაც, საფიქრებელია, მამაჩემი
მოელოდა (ვინ იცის, სამართლიანადაც), მაგრამ რას ვიფიქრებდი შეფასებას თუ ესოდენ
შეუფარავი და გამჭვირვალე ქარაგმით გამოხატავდა!
წამით კალაპოტიდან ამოვვარდი და მგონი ცოტა უხერხულადაც შევიშმუშნე. მართალია,
მამაჩემმა უხერხულობა ხელადვე გაფანტა, მაგრამ გაფანტა იმით, რომ კიდევ უფრო
მძიმე უხერხლობის წინაშე დამაყენა.
- ამ დედაშენსაც, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო!
მე ვიგრძენი, რომ იგი ახლა ისეთ კუთხეში მიპირებდა მიმწყვდევას, სადაც სულელური
არჩევანის გაკეთება მომიხდებოდა მასა და დედაჩემს შორის (თქვენ ვისკენ ბრძანდებით,
ქალბატონებო და ბატონებო, დედა უფრო გიყვართ თუ მამა?). ამას, ცხადია, ვერ ვიზამდი.
არადა, მამაჩემს რომ იმ პრეტენზიების, ბრალდებების, საყვედურების, მოთხოვნების,
რეკლამაციების ჩამოთვლა მოესწრო, რომლებიც, აშკარად ჩანდა, ბლომად
მოეგროვებინა, ეჭვი არაა, ორთავენი გამოუვალ ჩიხში მოვექცეოდით. მეორე მხრივ, რაკი
პირველი ნაბიჯი გადადგა და დაწყება გაბედა, ახლა მისი შეჩერება იმ ძალის გარდა,
რომელმაც შეაჩერა, არა ძალას არ შეეძლო.
რაღა ბევრი გავაგრძელო, კაცმა არ იცის, სადამდე შევტოპავდით და, სადაც
შევტოპავდით, იქიდან როგორ გამოვაღწევდით, მოულოდნელ მხსნელად რომ -
ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ - ბიძაჩემი არ მოგვვლენოდა.
მართლაც, ერთი იმ მცირერიცხოვან სიკეთეთაგანი, რაც ბიძაჩემს ჩაუდენია (ძირითადად
უნებურად), ისიც იყო, რომ სწორედ ამ კრიტიკულ ჟამს დარეკა და მამაჩემს გეგმები
ჩაუფუშა.
ტელეფონი კუთხეში, პატარა მაგიდაზე იდგა საფერფლის გვერდით და მამაჩემმა მას
ამრეზით გახედა.
- აიღე, - მითხრა მერე, - ბიძაშენია.
- რა იცი? - ცრუ დაეჭვებით ვკითხე მე.
ბიძაჩემს ისეთი კილო ჰქონდა, ბარე ორ გენერალს შეეხარბებოდა, ხოლო როცა
ბრძანებაც გამომიცხადა - მანქანითა და სრული სამგზავრო აღჭურვილობით
დაუყოვნებლივ აქ გაჩნდიო, მის გენერალურ კილოში ისეთი ინტონაციები გაკრთა, აშკარა
იყო, რაღაც დიდი და საპატიო დავალება მელოდა, რომელსაც წარმატების შემთხვევაში
შესაძლოა ჩინის მომატებაც კი მოჰყოლოდა. ეს ოპტიმისტური კვესება ბოლოში
სიტყვიერადაც გაამაგრა: - აჰა, გეძლევა შანსი - ვინ იცის, ერთადერთი - მცირეზე
ამაღლდე და დიდს მოეჭიდო. სამშობლო უკვე იმ ზღვარზე დგას, როცა შეუძლია ყველა
ერთგული შვილი მსხვერპლად შეიწიროს. მაშ, ნუღა დააგვიანებ.
ყურმილი რომ დავდე, მე და მამაჩემი ერთხანს ჩუმად ვიყავით და ჩვენი სიჩუმე დაძაბული
იყო. ბოლოს მამაჩემმა თქვა: - შენი გულის მესაიდუმლე ყოველთვის ბიძაშენი იყო. არ
ვიცი, რა ანდამატი აქვს ამისთანა. კი მინდოდა ერთი გულდაგულ მელაპარაკა შენთან,
მაგრამ არა უშავს...
- დავრჩები, თუ გინდა; არ წავალ... - არც ისე მტკიცედ ვთქვი მე.
- წადი, - მიპასუხა მამაჩემმა, - სხვა დროს იყოს. ნაჩქარევად და ნაძალადევად მაინც არ
ივარგებს ჩვენი ლაპარაკი. იქნებ მერე გამოგიჩნდეს დრო. ხვალ, ზეგ... როცა იქნება. გინდა
დღე, გინდ ღამე. თუ იშოვი დროს, რაღაც-რაღაცა მინდა გითხრა, სანამ თბილისში
დაბრუნდები. მერე რა ვიცი, იქნებ ვეღარც მოგვიხერხდეს...
მამაჩემს უნდოდა ეთქვა, ახლა თუ ვერ მოვასწარით დალაპარაკება, შემდეგ ჩამოსვლაზე
ეგებ ცოცხალს ვეღარც ჩამომისწროო, მაგრამ მოერიდა და ზედმეტი პატიოსნების გამო
ისეთ მორცხვსა და ბუნდოვან ფრაზას დასჯერდა, რომელიც, თუკი მოიწადინებთ, თამამად
შეგიძლიათ ვერც გაიგოთ. ზედმეტი პატიოსნება (შესაძლოა უფრო სწორია ითქვას -
სპეციფიკური პატიოსნება) მისი ცხოვრების ნიშანდობლივი ხაზი იყო. ამიტომაც ვერ
გაიკეთა ის კარიერა, რასაც მის ადგილას ასიდან ყოველი ოთხმოცდათვრამეტი „მუშაკი“
იკეთებდა. მას, განსხვავებით კომუნიზმის სხვა მშენებელთაგან, ზნეობა ჰქონდა
მოგროვილი, რომელიც ერთთავად ფეხებში ებლანდებოდა და მოძრაობას უშლიდა.
ზემოთ გითხარით, სახლში არაფერი ეკითხებოდა-მეთქი. ეს სიმართლეა, მაგრამ
უბედურება არ არის, პირიქით, თუ კაცი მოხერხებული ხარ და არც მაინცდამაინც საოჯახო
გრძნობიერება გახრჩობს, ამგვარი ვითარებიდან სარგებელიც კი შეიძლება გამოადნო.
მამაჩემის მთავარი და გაუმხელელი - აწ გავამხილოთ - ტრაგედია იმაში მდგომარეობდა,
რომ არც სამსახურში ეკითხებოდა რამე. იერარქიულ ჯაჭვში იგი ერთი იმ მცირერიცხოვან
რგოლთაგანი იყო, რომლებიც ჟილეტის ღილებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ჯაჭვის რგოლებს:
არავითარ გავლენას არ ახდენენ არავისზე და არაფერზე, არც ზედა მეზობელ რგოლზე,
არც ქვედა მეზობელ რგოლზე, არც - მით უფრო - დანარჩენ რგოლებზე. მამაჩემი
ფაქტიურად იზოლირებული იყო იმ ჯაჭვისგან, რომელშიც ფორმალურად ჩაბმული იყო
და საბოლოო ანგარიშით ნათელი მომავლის მშენებელთა ისეთ კატეგორიას
მიეკუთვნებოდა, რომელსაც საკმარისი საზოგადოებრივი და ეკონომიკური
მდგომარეობა კი ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ მინიჭებული არ ჰქონდა ამ მდგომარეობის
შემდგომი გაფართოების შანსი. მისი ყველა ენერგეტიკული (თუნდაც სულიერი ვთქვათ)
იმპულსი ამ იზოლირებულ რგოლში იბადებოდა, ტრიალებდა და აქვე ამთავრებდა თავის
ზომიერ არსებობას. ყველაფერი ამის მიზეზი ის იყო, რომ - როგორც ზემოთ აღვნიშნე -
ზნეობა ჰქონდა მოგროვილი. ზნეობა ისეთი რამ არის, რასაც თუმც ჩუმ-ჩუმად ყველანი
დავცინით, ხმამაღლა აუგად მოხსენიებას ვერ ვუბედავთ; ამიტომ ოფიციალურად იგი
არასოდეს იკრძალებოდა და არც არაოფიციალურად იყო ადვილი მისი ასე
გვერდმომპალი მსხალივით მოწყვეტა და გადაგდება. მეორე მხრივ, ცხადია, მამაჩემს
ვერც იმის ნებას მისცემდნენ, თავის ჭკუაზე ენავარდა და ეს მეტიჩარა ზნეობა დანარჩენ
რგოლებში დაებანდებინა. მართალია, ზნეობით შეპყრობილი კაცი ცოტათი ყოველთვის
სახიფათოა და თვალ-ყურის დევნებასაც საჭიროებს (განსაკუთრებით პოლიტიკურ
მოსახვევებში), მაგრამ თუკი ლოკალიზებული და იზოლირებული გყავთ, ხიფათი
მინიმალურია და შესაბამისად თვალყურის დევნებაც მსუბუქი კმარა, მით უმეტეს, რომ -
ცინიზმში არ ჩამომართვათ და - პატიოსნების ტყვეობაში მოქცეულ კაცზე თვალყურის
დევნების დიდი წილი თამამად შეგიძლიათ მისსავ პატიოსნებას დააკისროთ. სამაგიეროდ
რეჟიმმა რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხქვეშ ნიადაგი ვეღარ იგრძნო და ჩაძირვა დაიწყო,
რის გამოც მონოლითი დაიბზარა და განტევების ვაცების (ზოგი ამ უწყინარ ცხოველებს
„გაშვების თხებს“ ეძახის) მოძებნა შეიქნა საჭირო, პირველ ყოვლისა სწორედ ეს
ფიქსირებული და იზოლირებული რგოლები იქნა განწირული. ეს სავსებით ბუნებრივი იყო
და, თუ კარგად დავუკვირდებით, სამართლიანიც. მართლაცდა, როცა რაიმე იდეისა თუ
სისტემის უარყოფას ვაპირებთ, პირველი იერიში სწორედ ორთოდოქს მორწმუნეებზე
უნდა მივიტანოთ. თაღლითებმა წამსვე გამოაცხადეს, არა გვწამდა, ვთაღლითობდითო,
და ერთი ნახტომით მოწინააღმდეგე ბანაკში გაჩნდნენ, რათა მერე, თუ ფარა ისევ
შემობრუნდებოდა, იგივე ნახტომი უკუმიმართულებით შეესრულებინათ. მამაჩემისთვის
არასოდეს მიუციათ ჯილდო იმის გამო, რომ გულით სწამდა. არც ეკუთვნოდა (თუმც
ნდომით კი, სულო ცოდვილო, უნდოდა). ჯილდოს მსხვერპლის გაღებაში იძლევიან,
ხოლო მსხვერპლი იმათ გაიღეს, ვისაც სწამს, მისთვის რწმენაა ყველაზე დიდი ჯილდო.
ისიც სავსებით კანონიერია, რომ ბოლოს, წყალი რომ შეუდგათ, პირველ ყოვლისა
მამაჩემი და მამაჩემისნაირები გასწირეს - ასეთი უსამართლობა როგორ იწამეთო.
საერთოდ, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ცხადსა და მარტივ ჭეშმარიტებას,
რომ პატიოსნება სიბრიყვის ბაღში ამოსული ყვავილია, რომელსაც არც ფერი აქვს, არც
სუნი და არც დანიშნულება, მაგრამ მამაჩემი ამ დროს უკვე სამოცდათორმეტი წლისა იყო.
ეს ცოტა არ არის. თუ თქვენ სამოცდათორმეტი წლის განმავლობაში გულდაჯერებით,
პატიოსნად და რწმენით თხრიდით მიწას, ვინაიდან მაღლით ხმა ჩაგესმათ, თხარე, თხარე
და მალე დღის სინათლეზე გამოხვალო, მაგრამ სამოცდათორმეტი წლისას ახლა სხვა
ხმა ჩაგესმათ, რას შვრები კაცო, ეგრე ხომ უფრო ღრმად ჩადიხარ ხაროში, ვერა ხედავ
უკუღმა თხრიო, თქვენ პირველი, გარდაუვალი თავზარდაცემის შემდეგ, განსჯის უნარი
რომ დაგიბრუნდებათ, ერთს ქურდულად მიმოიხედავთ და მერე ისეთი სახით
განაგრძობთ თხრას ძველი მიმართულებით, თითქოს ის მეორე ხმა სულაც არ
გაგიგონიათ. და რაც უფრო პატიოსანი ხართ, და რაც უფრო მცირე დრო დაგრჩათ
სიცოცხლის ბოლომდე, მით უფრო მეტია შანსი, რომ სწორედ ასე მოიქცევით. ბოლოს და
ბოლოს, ორივე ხმა საეჭვოდ ჰგავდა ერთმანეთს, სიმართლე კი კაცმა არ იცის რა არის.
და მაინც: შეძლებდა მამაჩემი ამ ახალი ხმის უწყვეტ ფონზე სიცოცხლის ბოლომდე
ერთგულ და უკანასკნელ დარაჯად დადგომოდა ღრმად ჩაფლავებულ ძველ იდეას,
რომელსაც მტერმაც და მოყვარემაც შესაშური ტემპით და შესაშური ერთსულოვნებით
შეაქცია ზურგი?..
და თუმცა ოჯახური ტრაგედია, რომლის გათამაშებასაც კეთილსინდისიერად ცდილობდა,
ვინაიდან წარმოსახვითი ეგონა, მართლა ტრაგედია აღმოჩნდა (რაც ვითარებას
კარდინალურად ცვლიდა), მე ჩემს წმიდათა წმიდა ვალად მიმაჩნდა, ბიძაჩემის დაძახილს
დაუყოვნებლივ გამოვხმაურებოდი, ან, სხვანაირად რომ ვთქვა (ვინ იცის, ეგებ ასე უფრო
ზუსტად და გასაგებადაც გამომივიდეს), მე ჩემს წმიდათა წმიდა ვალად მიმაჩნდა,
როგორც კი ბიძაჩემი ჩემს სახელს ახსენებდა, წამსვე მასთან გავჩენილიყავ.
ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ბედის მიერ არიან დაჩაგრული.
თუ არსებობენ, მამაჩემი მათ რიცხვს მიეკუთვნება.
- წავიდეთ, დიეგო, - მითხრა ბიძაჩემმა, - ხედავ, დღე რა თბილია, ცა რა მაღალი და მზე რა
ბრწყინვალე! ეს ნიშანია იმისა, რომ პირტიტველა ჰერმესი მფარველობას გვპირდება.
მართალია, ამ უწმაწურ დროში ის შეძლება, ადრე რომ ჰქონდა, ალბათ აღარ ექნება,
მაგრამ, თუ პრაქტიკულად ხელს ვერაფრით გაგვიმართავს, მორალურ მხარდაჭერას ხომ
არ მოგვაკლებს და ესეც რამეა.
მაშინ მე ვკითხე: - მართლა, ბიძია იო - ჰერმესზე გამახსენდა - შენ ვისკენა ხარ?
ბიძაჩემმა დამანამუსებლად შემომხედა.
- პროფესორი დიდებულიძისკენ; ვისკენ უნდა ვიყო! შენ?
- პროფესორი დიდებულიძე ვინ არის?
აქ ბიძაჩემს სახეზე ისეთი გამომეტყველება დაედო, ლენჩიც კი მიხვდებოდა, რომ კითხვის
ასე დასმა ჩემის მხრივ მორალური და ინტელექტუალური კაპიტულაციის ტოლფასი იყო.
ამიტომ სწრაფად დავძინე: - ეს ის ცნობილი მესამეა, ბიცოლა ია, შენ რომ მიხსენე?
- კი, - თქვა ბიცოლაჩემმა, - ღმერთი სამებითაა.
- ეგ სხვა სამებაა, - განვუმარტე მე და ისევ ბიძაჩემს მივუბრუნდი, - თავად პროფესორი
დიდებულიძე ვისკენაა?
ბიძაჩემმა მხრები პრეტენზიულად აიჩეჩა.
- ჭეშმარიტებისკენ.
მე სახტად დავრჩი.
- რაი არს, ბიძია იო, ჭეშმარიტება?
- შენი უმეცრება ადვილი ასახსნელია, - მიპასუხა ბიძაჩემმა, - შენი ცნობისწადილი ღრმად
ბუნებრივი; ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ პროფესორ დიდებულიძეს, რომც გითხრა,
მაინც არ დამიჯერებ, რომ ჭეშმარიტება ის არის, რისკენაც პროფესორი დიდებულიძეა, და
ეს ჭეშმარიტების ყველაზე ზუსტი და ამომწურავი განმარტებაა.
- ბიძია იო...
- დროს უნაყოფოდ ნუღა დავკარგავთ. აქ ლოგიკური წრფეები, გონებაჭვრეტითი მეთოდი
და, საერთოდ, სპეკულატიური აზროვნება სწორ დასკვნამდე ვერ მიგვიყვანს. სწორ
დასკვნას რომ მიაგნო, შენ ახლა ემპირიული სოკო გჭირდება, რომელიც ნაწვიმარ ტყეშია.
ასე რომ, ვახსენოთ ღმერთი და გავუდგეთ გზას.
- მითხარი მაინც სად მიგყავარ.
- ხომ გითხარი!
- არ გითქვამს.
- ორჯერ გითხარი. სოფელ ეწერში.
- ეწერში?! - მე წამით გავშრი, - აგაშენა ღმერთმა! მაშ ვიჩქაროთ, თორემ შემჭამა ამ
გიჟდათიკომ თავისი გამქრალი ეკლესიებით.
- რომელმა გიჟდათიკომ? - სავსებით პატიოსნად შეიჭმუხნა შუბლი ბიძაჩემმა და ამ
პატიოსანი შუბლის დანახვაზე მივხვდი, რომ ჩემი ეფემერული ეჭვი უსაფუძვლო იყო;
დათიკოს საქმიანობასთან მას არაფერი ჰქონდა საერთო. მაშინ ჩავეკითხე: - ეწერში რა
გვინდა?
- უკვე ორი კვირაა პროფესორი დიდებულიძე ეწერში გველოდება. დროა ადგილი
გამოვუცვალოთ.
მე დავეჭვდი.
- მართალს ამბობს, ბიცოლა ია?
- არ დაიჯერებ, დედა, და მართალს ამბობს. იქა ჰყავს გადამალული.
მე და ბიძაჩემი რომ მანქანაში ვსხდებოდით, ბიცოლაჩემი კიბის ძირას იდგა ძლიერ
კონცენტრირებული და ოდნავ სევდიანი სახით. მერე ჭიშკარს რომ გავცდით და ქუჩაში
გავედით, გრძელი ჟაკეტის ჯიბიდან ჭრელი ცხვირსახოცი ამოიღო, მაგრამ ამასობაში
სახლების მწკრივი ჩამოგვეფარა და ვეღარ დავინახე, თვალთან მიიტანა, ცხვირთან თუ
სულაც ჩვენ დაგვიქნია.
- რომელ უფსკრულში გადაიჩეხა სანაკლიო? - დაუყოვნებლივ დავსვი მე მთავარი
კითხვა, როგორც კი მარტონი დავრჩით.
მაგრამ ბიძაჩემმა, ასე ვთქვათ, ჩემს კითხვას არც კი დახედა და გაუხსნელად დამიბრუნა
უკან: - რომელ უფსკრულში გადაიჩეხა?
- მე მეკითხები?
- ჰო. არ გკითხო?
- შენ რატომ უნდა მკითხო, როცა მე უნდა გკითხო! მე გამოგიგზავნე ის გაალმასებული
დეპეშა, რომელშიც შავით თეთრზე ურცხვად ეწერა, სანაკლიო უფსკრულში გადაიჩეხაო,
თუ შენ გამომიგზავნე?!
- მე გამოგიგზავნე; ამას ფოსტაშიც დაგიდასტურებენ; მაგრამ სიტყვა „უფსკრული“ იქ
გადატანითი მნიშვნელობით ვიხმარე.
- გადატანითი მნიშვნელობით რომ იხმარე, მაგას დიდი მარჩიელობა არ სჭირდებოდა,
მაგრამ იმას როგორღა მივმხვდარიყავი, თუ კერძოდ რა მნიშვნელობით იხმარე?
- ჰოო... - ნეტარების ტკბილი და გაგრძელებული ბგერები ამოუშვა ბიძაჩემმა, - მაგას ვერ
მიხვდებოდი... - მერე ულვაშებში ჩაიღიმა და კმაყოფილი თანაგრძნობით დასძინა, -
დიდხანს იჭყლიტე ტვინი?
მაგრამ იმ თემის გაღრმავება, რომელიც, აშკარა იყო, ბიძაჩემს სიამოვნებას ანიჭებდა, მე
არ მოვუსურვე.
- პროფესორი დიდებულიძე ვინაა?
- სიბრძნეს, დიეგო, რამდენიმე ნიშანდობლივი მახასიათებელი აქვს. ერთი მათგანი
ისიცაა, რომ იგი სულსწრაფი არ არის. თუმცა, შენი ხნის რომ ვიყავი, ვერც მე
დავიკვეხნიდი - და თუ დავიკვეხნიდი, კვეხნა გამომივიდოდა - დიდ სიდინჯესა და
მოთმინებას. იცოცხლე, ცივილიზაციის განვითარებისთვის ის სჯობს ბიძა ყოველთვის
კარგ მაგალითს აძლევდეს დისწულს, მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და ხანდახან ცუდი
მაგალითით უნდა გავიდეთ ფონს. ეს დიდი უბედურება არ არის: თუ სწორად მოიხმარ,
არც ცუდი მაგალითია ცუდი. ეს ჩემი ცუდი მაგალითი, მაგალითად, იმაში მაინც
გამოგადგება, რომ იმედი არ დაკარგო, ან ყოველ შემთხვევაში ნაადრევად არ დაკარგო.
სანამ პროფესორ დიდებულიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საიდუმლო ჭაში ჩაიხედავ,
მანამ მოდი კითხვა ასე დავსვათ: რატომაა რომ ჩვენს ღვთივკურთხეულ ქვეყანაში
თითქმის ყველაფერია, რასაც კი გამოთქმა „ბუნებრივი სიმდიდრე“ შეიცავს - უდაბნოებიც,
მარადიული ყინულებიც, ჭიათურის მაღაროებიც, ალპური ზონაც, სუბალპურიც, როგორც
ამბობენ, ურანიც, ჭიუხებიც, ზღვაც... ყველაფერია და მხოლოდ ვულკანი არ არის! ჰა,
რატომ? რატომ მაინცდამაინც ვულკანი დაგვაკლო მაღალმა ღმერთმა? ხომ არ იმალება
აქ რაიმე წინასწარგანზრახულობა? - მერე, რაკი მე პასუხი დავაგვიანე, ფიქრებში წასულმა
ტკბილი ოცნებით განაგრძო, - არადა, რას დაგვამშვენებდა ერთი ვულკანი! პირდაპირ
მოგვნათლავდა! უვულკანო საქართველო, დიეგო, ნაკლულოვანი საქართველოა.
- რას ამბობ, ბიძია იო! ჩვენ კიდევ ვულკანი გვინდა, ყოველი ქართველი ისედაც
მოთუხთუხე ლავითაა გატენილი! ან რა ისეთი სიმდიდრე ვულკანია, რომ სანატრელი
გაგვიხდა? რაში გამოვიყენებთ?
- რაში აღარ გამოვიყენებთ! სხვა თუ არაფერი, მწვადებს მაინც შევწვავთ. მწვადებსაც რომ
თავი დავანებოთ - თეორიულად ვამბობ - მარტო ის რად ღირს, გათოშილი მონადირე
რომ ღამე ხელ-ფეხს ეროვნულ ვულკანს მიუფიცხებს! არადა, მთავარი არც ეს არის.
საზოგადოდ, შენ ვულკანის ფასი არ გესმის და, როგორც ვხედავ, არ გესმის ორი მიზეზის
გამო: ერთი, რომ პროფესორ დიდებულიძეს არ იცნობ და მეორე - ვულკანზე საჭირო
გულმოდგინებით არასოდეს გიფიქრია. არადა, საკმარისია სულ ერთი წამით - ოღონდ
ღრმა და სრული კონცენტრაციით - წარმოიდგინო, რომ რომელიმე მაღალი მთის
კარგად ამოკრატერებული წვერიდან გამუდმებით - დღისითაც და ღამითაც - ამოდის
მოცისფრო კვამლი, რომელიც შენი ქვეყნის ყველა წერტილიდან მოჩანს, რათა მიხვდე,
ურთიერთსიყვარულისა და ეროვნული სიამტკბილობის რა მძლავრ იმპულსს ბადებს
ამგვარი საერთო-ეროვნული ბუხრის ცქერა, რომლის კვამლი ყველას, ვისაც ჯერ კიდევ
შემორჩენილი აქვს პატრიოტული გრძნობა, ერთი მხრივ მშობლიურობის
ჟრუანტელისმომგვრელი განცდით ავსებს, ხოლო მეორე მხრივ წარღვნითა და
სიკვდილით ემუქრება! მარტო ეს კმარა ხომ იმისათვის, რომ კაცმა ვულკანი ინატრო?
ახლა სხვა მიზეზებიც ვნახოთ. აბა, მიიხედე უკან... ანდა ნუ მიიხედავ, წინ იყურე და ისე,
მიუხედავად წარმოიდგინე, რა მოჩანს ახლა ჩვენს უკან. ჩვენს უკან ახლა მოჩანს მტვერში
ამოგანგლული და ნაგვით მოვარაყებული სანაკლიო. და როცა უფალი ღმერთი - ცხადია,
ეს ქრისტიანების ღმერთს არ ეხება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მონოთეიზმი გვარიანი
მიქარვაა - რაიმე საპატიო მიზეზით, ვთქვათ, იმის გამო, რომ პატრიოტები და
დემოკრატები მეტისმეტად მომრავლდნენ, ამ ქალაქის აღგვას გადაწყვეტს პირისაგან
მიწისა, რატომ უნდა დასჭირდეს ატომის სადგურის ან ტექნიკის სხვა მსგავსი სახიფათო
სიტყვის აფეთქება? ყველაფერს რომ თავი დაანებო, ეს უხეში მატერიალიზმია,
რომელსაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ კულტურაზე აღზრდილი კაცისთვის ობისა და იეღოვას
სუნი ასდის. ვულკანს რა სჯობს! ჯერ ერთი, ადამიანის ინტელექტუალურ ნაცოდვილართან
შედარებით, რაგინდარა მაღალი ხარისხისა იყოს ეს ნაცოდვილარი, პრომეთეოსის
ინსპირაცია, პერმანენტული სტიქიონი და დასაბამიერი ჩირაღდანი, გაცილებით
ესთეტიურია. დააკვირდი და განსაჯე: განა სანაკლიო - მსგავსად სტაბიუმისა და
პომპეუსისა - ლავისა და ფერფლის სქელი ფენით, ვითარცა უხვად მოსული თოვლით,
თანაბრად დაფარული, ათასჯერ უფრო ლამაზი არ იქნება, ვიდრე ეს ნაგავია, უკან რომ -
შენ ნუ მიიხედავ, შენ წინ იყურე - მოვიტოვეთ!
- განგებას არ ეკადრება წვრილმანი შურისმაძიებელივით ჩასაფრება და კრიჭაში დგომა, -
მივუგე მე, - ზედმეტი ყურადღება ყველა ვითარებაში მავნებელია. შექმენი ადამიანი?
ძალიან კარგი. მაშ შენი მისია ამოწურულად ჩათვალე და თავი დაანებე. თვითონ
მოძებნოს საკუთარი გზა. მოძებნის კიდეც, ზედმეტი მეურვეობა და უფასო ვექილები არ
სჭირდება. ყველაფერს თავისით იზამს, თავისით განვითარდება და, როცა ბოლოში გავა,
თავისით მოიკლავს თავს, რათა განგების ფარული ჩანაფიქრი აღასრულოს და საკუთარი
ნება ფიქციად გამოაცხადოს. დაე ააგოს ატომის სადგური. იმან ააგოს, ჩვენ კი მისი
საქციელი სასწორზე დავდოთ. რა არის ატომის სადგური? ან - არსზე ლაპარაკმა რომ
ძალიან არ შეგვიყოლიოს - რა არის ატომისსადგურობა? პასუხი ერთია: რადიაციული
აფეთქება. გრძნობად სამყაროში, სადაც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, ატომის
სადგურის დასასრული რადიაციული აფეთქებაა. ეს მისი ბედია. რამდენიც აშენდება,
იმდენი აფეთქდება. ხოლო აშენებით იმდენი აშენდება, რომ აფეთქებათა ჯამმა
აუფეთქებელი არაფერი დატოვოს. რადიაციული სიკვდილი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ,
ჰექტარ-ჰექტარ მოედება დედამიწას, ბოლოს ჰერმეტულ ქერქად შემოეკვრება და
გაგუდავს. ეს ძნელი მისახვედრი არ არის; ასე რომ თქმა იმისა, თითქოსდა ადამიანს,
როცა ატომის სადგურს აშენებს, შეგნებული არა აქვს, რომ დედამიწის სისხლში
სასიკვდილო შხამი შეჰყავს, სიცრუეა. რა გრძელი მსჯელობა იმას უნდა, რომ გონება,
რომელსაც არ შეუძლია ეს გაიგოს, ვერც ატომის სადგურს ააშენებს, და პირიქით, გონება,
რომელსაც ატომის სადგურის აშენება შეუძლია, იმასაც მიხვდება, რომ ატომის სადგურის
აშენებით სიცოცხლის მოსპობას ემსახურება. უკვე მესმის, ბიძია იო, შენი შემპარავი კითხვა,
რომელიც მაღალირონიული ეჭვითაა შეკაზმული: „თუ იცის, მაშ რატომღა აშენებს?“ და
წინდაწინ გაძლევ პასუხს: იმიტომ, რომ არ შეუძლია მაღლით მოცემულ ბრძანებას
გადავიდეს. ანუ იმიტომ აშენებს, რომ, მისი განვითარების სქემაში თვითმკვლელობის
იმპულსია ჩადებული. ანუ იმიტომ აშენებს, რომ სიცოცხლე სპექტაკლია და მას ფინალი
სჭირდება. შემეცნების უკანასკნელი და უმწვერვალესი მონაპოვარი - რომ ადამიანის
ცნობიერება სასრულია, იზოლირებული, ჩაკეტილი, და სხვა, უფრო მაღალ
ცნობერებასთან დამაკავშირებელი არა არხი არა აქვს - ყირაზე აყენებს მანამდე
მოპოვებულ ყველა ცოდნას. აქედან აგრეთვე ზოგი დამატებითი წანამძღვრიდან -
გამომდინარე, თვითმკვლელობის იდეა, რომელიც ქაოსში იბადება, გადარჩენის
ერთადერთი შანსია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე გაუგებარი რჩება, თუ კერძოდ
რის გადარჩენაზე ვლაპარაკობთ. მეორე მხრივ თვითმკვლელობის იმპულსის აღმოჩენა
უკვდავებისკენ ბუნებრივ-ფსიქოლოგიურ სწრაფვას წმინდა შემოქმედებად აქცევს. მოვა
დრო და ამისთვის მადლს შევწირავთ უფალს, მანამ კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ
გარემოებით აიხსნება ყოფის ორგვაროვნებაცა და იდუმალებაც: ლოგიკა, რომელიც
უნებურად, მაგრამ ულმობლად ამტკიცებს ცნობიერების სასრულოვნებას, შეხვეულია
შემოქმედების დასაბამიერ ღველფში და - კარგად დაუკვირდი - სწორედ ამ
ღველფიდანაა ამოსული ის ნახევრადეზოთერული ალი, მაყვლის ბუჩქს რომ ერთხელ
ილუზორულად წაეკიდა... მაგრამ ეს იქით იყოს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, თუმცა
ადამიანმა კარგად იცის, რომ იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის, მაინც ჭრის იმ ტოტს,
რომელზედაც ზის, და ის რომ არ ჩამოვარდეს, ცალი ხელით ღმერთს ებღაუჭება,
რომელიც მაინცდამაინც არა სწამს. ასეთ ვითარებაში აფეთქება საუკეთესო პარადოქსია...
და ვატყობ, ატომის სადგურს მაინც გავცდი და სხვა მორევში გადავვარდი, მაგრამ ისიც
იანგარიშე, რა ხანია ამ საკითხზე ჩემი გარდამავალი მოსაზრება არ გამომითქვამს.
- ვიანგარიშე, დიეგო, - მითხრა ბიძაჩემმა, - საერთოდ, ყურადღებით მოგისმინე, კიდევ
ერთხელ დავაკვირდი ცენტრალური და პერიფერიული ტვინის შენეულ სისტემას და
დავასკვენი, რომ თუმც კი ამოსავალ ცნებათა ლოგიკური მიმართულებანი ადრეულ
სტადიაზევე კვეთენ ერთმანეთს და ამით მიზეზისა და შედეგის შემაერთებელ წრფეს
ამრუდებენ, რაც დროდადრო მენტალურ ბარბაცში მჟღავნდება, სხვა მხრივ არა გიშავს
რა, ოღონდ ეცადე, თავი მაინც ამოყო ხოლმე ბურუსიდან, რათა ეგ შენი მოსაზრებები
შეუიარაღებელმა თვალმაც დაინახოს. რაც შეეხება ვულკანისა და ატომის სადგურის
შედარებით დახასიათებას, ატომის სადგური ხელოვნური წარმოშობისაა, ხოლო ვულკანი
ბუნებრივი წარმოშობისა. მიგიქცევია ყურადღება, რა პრიმიტიულად რთულია ატომის
სადგური, რა საწყალობლად ჩახლართული და რა მოუხერხებლად შეკოწიწებული, და რა
სადაა ვულკანი, რა ნათელი, რა ლაღი?! ხოლო სილამაზე, ისევე როგორც ჭეშმარიტება -
გეცოდინება - მარტივშია საძიებელი და არა რთულში. მრავალი და, შეიძლება ითქვას,
ურიცხვი საბუთი შემიძლია მოვიტანო იმის დასამტკიცებლად, რომ ვულკანს არა ერთი და
ორი სხვა უპირატესობაცა აქვს ატომის სადგურის, წყალბადის ბომბის, ხელოვნური
მიწისძვრისა და სხვა კინეტიკური მოვლენების წინაშე, მაგრამ მათი ჩამოთვლა საჭიროდ
არ მიმაჩია: ეჭვიანი კაცისთვის, რაც ვთქვი, ისიც საკმარისია. ოღონდ ის კი უნდა დავძინო,
რომ, როცა ვულკანი ვინატრე საქართველოში, იმიტომ კი არ ვინატრე, რომ ეს დიდებული
სტიქიონი სანაკლიოს ლამაზი და დემოკრატიული განადგურებისთვის გამოვიყენო. მე
სხვა მიზეზი მაქვს, რომელიც პროფესორ დიდებულიძეს უკავშირდება.
- როგორ?
- მეტი თვითკონტროლი, დიეგო. სულ რამდენიმე წამის წინ გისაყვედურე სულსწრაფობა
და სულ რამდენიმე წამს არ გაგყვა კეთილი რჩევა. ელემენტარულ გამოცდას ვერ უძლებ.
- ელემენტურ.
- ცხადია, მე კვლავაც მშვიდად, აუღელვებლად და კეთილმოსურნედ განვაგრძობ შენს
წურთნას; თან გზადაგზა იმ განსხვავებასაც დაგანახვებ, რაც სიბრძნის სფეროში
დღესდღეობით მე და შენს შორის არსებობს და იარსებებს მანამ, ვიდრე სულსწრაფობაზე
ამაღლდები და მოთმინების მეცნიერებას შეითვისებ. მართალია, თუ დანარჩენი
წახნაგებიც არ ალესე და წამახე, ეს მაინცდამაინც დიდი მონაპოვარი არ იქნება, მაგრამ
იმას კი იზამს, რომ ბრძენის გარეგნული სახე შეგიქმნას, რასაც - პირდაპირ ვთქვათ -
შინაგან სახეზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ქვეყნად ისეთი არაფერი ხდება, რომ
აჩქარება გაამართლოს. როცა შენი თვალით ნახავ პროფესორ დიდებულიძეს და
ღირსებისამებრ დააფასებ, მერე სალაპარაკოც მეტი გვექნება. პროფესორი დიდებულიძე
რომ რომელიმე ეპიზოდური ფიგურა იყოს, თუნდაც პირველხარისხოვანი პერსონაჟი,
მერწმუნე, ამ თემას ასე პირწმინდად არ გამოვეკიდებოდი და შენც ასე საფუძვლიანად არ
მოგამზადებდი. მაგრამ პროფესორი დიდებულიძე პირველხარისხოვანი პერსონაჟი არ
არის - აღარაფერს ვამბობ ეპიზოდურობაზე - პროფესორი დიდებულიძე ერთი
ისტორიული კვანძთაგანია, კვინტესენცია, რომელიც ეპოქად იშლება და პიროვნებად
იკეცება იმისდა მიხედვით, თუ საიდან შეხედავ და რა თვალით შეხედავ.
- ვისაც გაშლი, მეტ-ნაკლებად ყველა ეპოქად გაიშლება და, ვისაც დაკეცავ, ყველა
პიროვნებად დაიკეცება. ეს სიცოცხლის თვისებაა. განსაკუთრებით - ცნობიერი
სიცოცხლის.
- მეც მანდა ვარ. მეც სწორედ მეტ-ნაკლებობაზე გელაპარაკები და არა თვისებაზე. ყველა
ერთნაირად არ იკეცება და - მით უმეტეს - არ იშლება. როდესაც დიდი სოკრატე თავისი
ინტელექტის უწმინდესი ბადით ფილოსოფიურ მორევში თევზაობდა, იმ დროს
საბერძნეთში მეთევზეები ბუზებივით ირეოდნენ, ხოლო მიზეზი იმისა, რომ სოკრატე
ორაგულებს იჭერდა, სხვები კი ჭიჭყინებს, სწორედ „მეტ-ნაკლები“ ინტენსივობა იყო.
პროფესორი დიდებულიძე ისეთი ღრუბელია, რომელსაც დიდრონი პორები აქვს და
ეპოქის იდუმალ წვენში რომ ჩაყოფ, აურაცხელ ინფორმაციას იწოვს (სხვათა შორის - და
ეს კარგად დაიხსომე - არა მარტო ფილოსოფიურს), ხოლო როცა ხელს მოუჭერ,
შეგიძლია ეს ინფორმაცია უდანაკარგოდ ჩაწურო ჯამში ან სხვა, შენთვის უფრო სასურველ
ჭურჭელში.
- გენიოსია? - ვკითხე მე.
- ჯერჯერობით მეტის თქმა მეტი იქნება. ისედაც ბევრი გამოგვივიდა. ეს საკრალური
თემაა, დიეგო, და მასზე ფართო და მასშტაბური ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შეიძლება,
როცა ობიექტს იხილავ, ან, უკიდურეს შემთხევაში, როცა სიტუაცია იმდენად მყუდროა და
კამერული, რომ კონცენტრაციის მინიმალურ საშუალებას მაინც იძლევა. აქ, ტრასაზე,
სადაც ერთ მხარეს ტყემლებია სიგრძივ ჩამწკრივებული, ხოლო მეორე მხარეს
ავტოინსპექტორები, ასეთი თემის დამუშავება მიზანშეწონილი არ არის. აგერ, სოფელი
ეწერიც გამოჩნდა.
სოფელი ეწერი, რომელიც თავისი ზვრებით, ხეხილის ბაღებითა და ერთ და
ორსართულიანი სახლებით ხევგაღმა, მაღალი მთის ვაკე ფუძეზე იყო გადაშლილი, რაც
გამოვიარეთ, იმ სოფლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. სახელწოდებაც კი, როგორც
ქართული ენციკლოპედიის მეოთხე ტომის სათანადო ადგილის გასინჯვამ თავის დროზე
დაგვარწმუნა, მთლად საკუთარი და ინდივიდუალური არა ჰქონდა. ეს სახელწოდება ათ
სოფელზე ნაწილდება და თუ რიჟრაჟის დათიკო ერთდროულად ყოველი მათგანის
მკვიდრია და, როცა მელაპარაკებოდა, ყველა მათგანის რწმუნება ჰქონდა, მაშინ, რაოდენ
უსიამოვნოც უნდა იყოს, სიტყვა „მისტიკის“ ხსენება მომიწევს, ხოლო თუ მხოლოდ ერთი
რომელიმე ეწერის შვილი იყო და თავისდაუნებურად ათუცნობიანი განტოლება
შემომაჩეჩა ხელში, ისღა დაგვრჩენია, სინანული გამოვთქვათ, რომ სოფელმა ეწერმა
ესოდენ პასუხსაგები მისიის აღსასრულებლად თავის წიაღში უფრო გონებაგახსნილი
ვერავინ იპოვა.
- მარცხნივ! - მიკარნახა ბიძაჩემმა და მე ტრასიდან გადავუხვიე. ერთხანს გზა აქეთაც
მოასფალტებული იყო, მაგრამ მერე, ხიდი რომ გადავიარეთ, ხევს გავედით და სოფელს
მივატანეთ, ასფალტი ვიწრო შარაგზამ შეცვალა, რომელსაც ორთავ მხარეს ბაღები და
ვენახები მისდევდა.
- თუ ესეც ნაჩქარევი შეკითხვა არ არის, ბიძია იო, და სიბრძნისაკენ მიმავალ გზას ძალიან
არ ჩამიხერგავს, მართლა გადამალული გყავს, როგორც ჩვეული პირდაპირობით თქვა
ბიცოლა იამ, ის შენი პროფესორი დიდებულიძე?
- გადამალული მყავს, - თავი დამიქნია ბიძაჩემმა.
- ვის უმალავ?
- პროფესორი დიდებულიძე - რაკი რჩევა-დარიგების ყადრი ვერ გაიგე და ყველა სხვა
სიამოვნებას სულსწრაფობა გირჩევნია - მრავალ შესადარებელს შეიძლება შევადაროთ
და იმის მიხედვით, თუ რომელს შევადარებთ, ერთი და იმავე არსის სხვადასხვა თვისებად
წარმოვიდგინოთ. შენს კითხვასაც, შესაბამისად, სხვადასხვა პასუხი გაეცემა. მაგალითად,
თუ მარგალიტს შევადარებთ, მაშინ იმას ვუმალავ, ვინც მარგალიტს ღორებს უყრის; თუ
ოქროს ზოდს შევადარებთ, მაშინ იმას ვუმალავ, ვინც ოქროს ზოდებს ჭაში ჰყრის, რათა
წყლის დონე აამაღლოს; თუ ვაზს შევადარებთ, მაშინ იმას ვუმალავ, ვინც ვაზს ყიდის და
აღებული ფულით კირსა და შაბიამანს იმარაგებს, რათა ვაზი შეწამლოს. ახლა არ
მოესწრება და სხვა დროს, როცა მოცალეობა მეტი გვექნება, თუ გამახსენებ, ამასთან
დაკავშირებით ერთ იგავს გიამბობ, იგავს ოთხი ფილოსოფოსი მონისა, რომლებიც
რომაელ სენატორს ტახტრევანით დაატარებდნენ. ჭკუისსასწავლებელი იგავია, შენც
გამოგადგება. პროფესორმა დიდებულიძემ კი თითქმის შეუძლებელი შეძლო: სანაკლიოს
მთელ მოსახლეობას, ყველა სოციალურ ფენას, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა ასაკს,
ყველა რჯულს, ყველა რასას და ყველა კანის ფერს თანაბრად შეაძულა თავი.
საუბედუროდ, დრო შეესწრო ცუდი. გაწონასწორებული და წესრიგიანი ქალაქი რომ
შეგიძულებს და გაგინაპირებს, იცოცხლე, კარგია და სახალისო, მაგრამ გონებაარეულ
ქალაქში, სადაც ყველა ერთიმეორის მოსაკლავად იწევს, მარტო დარჩენა საშიშია.
ამიტომაც გადავმალე.
- ეს სოფელი შემთხვევით აირჩიე თუ რაიმე ჩანაფიქრი გაქვს?
ბიძაჩემმა წამით დაფიქრებით შემომხედა და მარცხენა ყური მოიფხანა.
- განგებას თუ რამე უდევს გუნებაში, არ ვიცი, მე თვითონ კი არავითარი განსაკუთრებული
ჩანაფიქრი არა მქონია. უბრალოდ, რამდენიმე ვარიანტი გამომიჩნდა, რომელთა შორის
ეს ყველაზე ხელსაყრელი მეჩვენა. ჩემი ერთი ძველი პარტნიორი ცხოვრობდა აქ -
პოკერს ვთამაშობდით ხოლმე ერთად - მერე მიატოვა და ქალაქში დაფუძნდა, რადგანაც
ბანქო და სოფლის მეურნეობა ერთმანეთს ვერ შეუთავსა. მშვენიერი კარგი ადგილია.
თანაც სოფლის ბოლოსაა, სულ განაკიდეში. საგანგებოდ მოვლენილ აგენტსაც კი
დაეზარება იქამდე მისვლა.
მართალს ამბობდა. მაგალითად, მე რომ საგანგებო აგენტი ვყოფილიყავი, ნამდვილად
დამეზარებოდა... თუმცა ეს იმაზეც იქნებოდა დამოკიდებული, რამდენს გადამიხდიდნენ.
ასეა თუ ისე და ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მალე სოფლის ბოლოში გავედით, სადაც შარაგზა
მთავრდებოდა. უფრო სწორი იქნება ვთქვა, შარაგზა აქ, აღსასრულის მოახლოებას რა
გრძნობდა, მარჯვნივ უხვევდა და ცდილობდა სიკვდილს ვიწრო ორღობედ გადაცმული
დამალვოდა, მაგრამ განწირულის ეს უკანასკნელი მეცადინეობაც ვერას შველოდა და
ორმოციოდე მეტრს იქით აღარარსებობის დიდსა და ამწვანებულ მინდორში
ინთქმებოდა.
ორღობეს, როგორც ორღობის წესია, ორსავ მხარეს ღობე მისდევდა, საიდანაც ორი
პატარა სახლი, ორი პატარა ეზო, ორი პატარა კარმიდამო ჭიშკრებით, აივნებითა და
სარკმლებით ერთმანეთს შესცქეროდა. ეს სახლები სოფლისგან ოდნავ განცალკევებით
იდგნენ, როგორც გახდილი ფეხსაცმელები ჩეროში წამოწოლილი პატრონისგან.
სახლებს იქით, როგორც გაკვრით უკვე ვთქვი, ამწვანებული მინდორი იყო (მე მინდორში
ლურჯი ყვავილებიც დავინახე), რომელიც თანდათან მაღლდებოდა და ბოლოს მთის
კალთაზე შეფენილ ხშირ ტყეს ერთვოდა.
- აქ კარგი ჰაერია, - აღნიშნა ბიძაჩემმა, მანქანა რომ გავაჩერე და გადმოვედით.
ერთი ამ ორ სახლთაგან, კერძოდ ის, რომელიც ხელმარჯვნივ, სოფლის მხარეს იდგა,
ბიძაჩემის მოპოკერე პარტნიორს ეკუთვნოდა. ამის მიხვედრას დიდი ჭკუა და
გულთმისნობა არ სჭირდებოდა, თვალის ერთი გადავლება კმაროდა, რომ ბანქოსა და
სოფლის მეურნეობის შეუთავსებლობაში დავრწმუნებლიყავით. დაბალ ბოძებზე
შემდგარი ფიცრული სახლი ცალ მხარეს ისე გადაბრეცილიყო, ერთი წიხლი რომ
გეთავაზებინათ, წამსვე ნასახლარად იქცეოდა. სახურავიდან ქარსა და უამინდობას
ყავარი სანახევროდ უკვე აეყარა. მოზრდილი აივანი მოაჯირის დამპალი ნაშთით იყო
მოვარაყებული და ზედ ასასვლელ ერთადერთ საშუალებას მისადგმელი კიბე
წარმოადგენდა. სახლის წინ მთელ ეზოში უხვად აბიბინებული მაღალი და ხასხასა ბალახი
ნათლად მოწმობდა მიწის ჩინებულ ხარისხსა და დიდ თეორიულ შესაძლებლობას.
სახლის უკან, ნაკვეთის მთავარ ნაწილში, სადაც ერთ დროს ვაზი უნდა ყოფილიყო, ახლა
დამცირებული, შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული და ჩაწიხლული ნავაზარიღა
დარჩენილიყო - გადაზნექილი, გადაღუნული, გადაქცეული, უხარდნო და უჭიგოო,
გაუსხლავი და გაუფურჩქნავი, უწამლო და უშაბიამნო, უკვირტო და უნაყოფო,
საწყალობელი რამ მცენარე, რომელსაც სარეველა ბალახი ხარბი გააფთრებით შესეოდა,
როგორც ჭიანჭველა სისხლისგან დაცლილ მეომარს.
არავინ იფიქროს, რამეს ვაჭარბებდე, ან იმ პატიოსან კაცს ვამტყუნებდე, აქაურობის
აზარტულ პატრონს. ღმერთმა დამიფაროს ფარისეველთა ცოდვისგან! პოკერი მეც
მითამაშია და კარგად ვიცი, რაოდენ გადაულახავია ფსიქოლოგიური ზღუდეები,
რომლებიც ამ დროს წარმოიქმნება ხოლმე. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ
ბედისწერა ყოველთვის არ ითვალისწინებს ადამიანის შესაძლებლობებს და ხშირად
ისეთი არჩევანის წინაშე აყენებს, სადაც შეგნებას ფეხი უცურავს და ბურთი და მოედანი
გულისთქმას რჩება, ხოლო ამ სახლის სავალალო შესახედაობას საგანგებოდ (თითქოს
გამომწვევადაც) უსვამდა ხაზს მოპირდაპირე სახლ-კარი, რომელსაც ჩემი მაშინდელი
(მერმინდელიც) ვარაუდით ყველაზე უკეთ მიესადაგებოდა და ყველაზე კარგად
განსაზღვრავდა სიტყვა „კოპწია“.
თუმცა იმ სახლთან ჩვენ არა გვესაქმებოდა რა და ამიტომ ისევ ამ სახლს მივუბრუნდეთ.
ცალფა, ვიწრო ჭიშკარს, რომელსაც მხოლოდ ზედა ანჯამაღა იჭერდა და ამიტომ
გვერდულად და მობრეცილად ეკიდა, როგორც გამოუცდელი ჯალათის ხელით
ჩამომხრჩვალი ბოროტმოქმედი, ბიძაჩემი მძლავრად მიაწვა. ჭიშკარმა პასუხად წვრილი,
მაღალი, გულის გამგმირავი ხმა გამოსცა. მე მოველოდი, რომ პრ. დიდებულიძე -
საერთოდ, ნებისმიერი სულიერი, ვინც კი ერთი კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდა - ამ
ხმის გაგონებაზე დაფეთებული მოვარდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და
მე და ბიძაჩემი მშვიდობიანად შევედით ეზოში. ბიძაჩემმა ცოტა შეიცადა, მერე კი, რახან
არავინ გამოგვეხმაურა, გუნებაში ღმერთი ახსენა და ვერტიკალურად - ყოველ
შემთხვევაში, თითქმის ვერტიკალურად მიდგმულ კიბეს შეუყვა. ბევრი კი იკრუსუნა, მაგრამ
საბოლოოდ აივანზე მაინც ავიდა. აივანი შედარებით იოლად გადაჭრა, დაბალი კარი
შეაღო და გაუჩინარდა.
მალე უკანვე გამოვიდა.
- შინ არ დაგვხვდა, - მაქსიმალურად მხნე კილოთი მითხრა, რათა უსაფუძვლო ეჭვებს არ
შევეპყარი, - ეტყობა ტყეშია წასული სასეირნოდ. აქ დაველოდოთ და, თუ ფათერაკი
არაფერი შეემთხვა, მალე დაბრუნდება.
- სასაფლაო სადაა? - ვკითხე მე ამაზე.
- რა სასაფლაო? - გაუკვირდა ბიძაჩემს.
- ჩვეულებრივი. აფთრებისა და ანთროპოლოგების საყვარელი ადგილი. ხომ ექნება
სოფელს სასაფლაო?
- რად გინდა სასაფლაო? - შუბლშეჭმუხნვით გადმომხედა ბიძაჩემმა აივნის არც თუ ისე
დიდი სიმაღლიდან, რის გამოც მე წამით - ჩემდაუნებურად, რაღა თქმა უნდა -
წარმოვიდგინე, თითქოს ეს ოღროჩოღრო აივანი სახალხო თეატრის სცენა იყო და
ბიძაჩემი - არ ვიცი კი, რა ძალა ადგა - რომელიღაც სუსტ კომედიაში მეხთამტეხი
იუპიტერის როლს ასრულებდა, რაც მისი ამპლუა არ იყო.
- ისე. მაინტერესებს სოფლის სასაფლაოები.
ბიძაჩემი ერთხანს დაჟინებით მიყურებდა და თვალებიდან ეჭვებს აფრქვევდა. მერე თქვა:
- მე მეორედა ვარ ამ სოფელში. ერთხელ მაშინ ჩამოვედი, პროფესორი დიდებულიძე
რომ ჩამოვიყვანე; მეორედ ახლა ჩამოვედი, როცა პროფესორი დიდებულიძე უნდა
წავიყვანო. აბა რა ვიცი, სად არის სასაფლაო! სადმე ალბათ იქნება - უსასაფლაოდ
სოფელი არ ვარგა - მაგრამ, მე თუ მკითხავ, ეს ისეთი პრობლემა არ არის, დროის
დაკარგვად ღირდეს.
ბიძაჩემი თან - პარალელურად - კიბეზე ჩამოსვლას შეუდგა, რაც ასვლაზე უფრო რთული
და სახიფათო პროცედურა გამოდგა და დროც მეტი დასჭირდა, თუმცა ბოლოს და
ბოლოს ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახა. მე დაველოდე, ვიდრე უკანასკნელ
საფეხურსაც ჩამოსცდებოდა, და მერე ვკითხე: - იმ სახლში ვინ ცხოვრობს?
- არ ვიცი, - უკმაყოფილო კილოთი მიპასუხა მან, - როცა პროფესორი დიდებულიძე
ჩამოვიყვანე, არავინ დამინახავს. ახლაც არავინ ჩანს. ეტყობა - თუმც ეს მთლად უნაკლო
ინდუქცია არ არის - არავინ ცხოვრობს.
- ძალზე ნაკლულოვანი ინდუქციაა, ბიძია იო, დაფეხვილი და დაცხავებული ინდუქციაა.
შეიძლება არავინ ცხოვრობდეს სახლში, რომელიც ასეთი მოვლილია?! შეხედე?
- მართალი ხარ, - მითხრა ბიძაჩემმა, - მაგას ვეღარ მივაქციე ყურადღება. ვაღიარებ, რომ
მართალი ხარ. სხვათა შორის, სიბრძნის ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელი ისიცაა,
რომ შეცდომის აღიარებისა არ ეშინია. ესეც დაიხსომე. სადმე და ოდესმე უეჭველად
გამოგადგება. ეჭვი არაა, მაგ სახლში ვიღაც ცხოვრობს. თუ მუდმივად არა, მცირე
წყვეტილებით კი მაინც. გულით მიხარია, რომ დროდადრო სწორ დასკვნებს აკეთებ. - აქ
ბიძაჩემი დაიხარა, მცირეოდენი კვნესით მიწაზე დაჯდა და მეც მიმიპატიჟა, - დაჯექი
დიეგო. ადამიანი ხშირ-ხშირად უნდა დაჯდეს მიწაზე, რათა უკეთ იგრძნოს მიწა. მიწა
უპირველესია ელემენტთა შორის. ანთეოსიც რომ არ ვახსენოთ, რომელიც, გაკვრით
ვთქვათ, დიდი ჭკუით არ გამოირჩეოდა, საამისო საბუთი ისედაც ბევრია. ვინც ამას
უარყოფს და წინა პლანზე სხვა რომელიმე ელემენტს წამოსწევს, ვთქვათ ცეცხლს, მწარედ
ცდება. მიწაა ადამიანის დედა. დედას კი ვერავინ შეედრება, მათ შორის, ვერც მამა, - აქ
ბალახის ღერო მოგლიჯა, ერთხანს უცქირა, მერე კიდევ ერთხანს ხელში ატრიალა,
ბოლოს პირში გაირჭო და კიდევ უფრო ღრმააზროვანი კილოთი განაგრძო, - ადამიანი
მიწაზეა გაჩენილი და რაც უნდა იყოს მისი გაჩენის მიზეზი - მაიმუნი, ენგელსი თუ
კოსმოსიდან შემოტანილი სპეცთიხა - მთავარია, რომ იგი მიწაზეა გაჩენილი. ხოლო მიწა -
ეს იცოდე, დიეგო - ნაკლისწყლის პირასაც ის არის, რაც ევფრატის პირას, მიწა ყველგან
ერთია. ყველგან მშობლიურია და ყველგან წმინდა.
სწორედ ამ დროს შარაგზაზე ქალი გამოჩნდა, რომელიც სოფლის მხრიდან მოდიოდა.
ქალი ხანშიშესული იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და ჭაღარა. ტანთ ბამბაზიის ხალათი
ეცვა, რომელიც სოფლის ზოგად იერსახეს ჰარმონიულად ეხამებოდა, მაგრამ თავზე
ლურჯი ბერეტი ეხურა, რომელიც ამ ეფემერულ ჰარმონიაში სერიოზულ ბზარს აჩენდა.
მაღლით მზე დაჰნათოდა და ფონად მწვანედ გაფოთლილი ზვრები და ხეხილის ბაღები
მოჰყვებოდა. ჩვენ რომ შეგვნიშნა, ნაბიჯს მოუჩქარა და სულ მალე ორღობეში შემოუხვია...
თუმცა უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში (რომ აღარაფერი ვთქვათ
სიცოცხლის დანარჩენ ნაწილზე) ერთთავად მყიფე, ნისლოვანი, მოუხელთებელი და
სწრაფგამდინარე გარემო მერტყა ირგვლივ, მკაფიოდ და ცნობიერად მხოლოდ ახლა
დავუშვი ვარაუდი, რომ ადამიანი, ვინ იცის, მართლა არარეალურ სამყაროში ცხოვრობს.
- ღმერთო, დიდებულო! - აღმომხდა უნებურად, - ეს ხომ მამიდა ნუცაა!
- ვინა? - უნდოდ იკითხა ბიძაჩემმა.
- მამიდა ნუცა, - მივუგე მექანიკურად, თან ქალს ვუყურებდი.
- დიეგო, - მითხრა მაშინ ბიძაჩემმა ძალზე რთული კილოთი, რომელშიც დიდაქტიკური
უკმაყოფილება, შემწყნარებლური ყვედრება, საჩვენებელი თანაგრძნობა, კეთილმოსურნე
ქირდვა, შემღვრეული ოპტიმიზმი, რბილად აქცენტირებული შეუპოვრობა, დანის პირზე
მომუშაითე იმედი და კიდევ რამდენიმე შედარებით ბუნდოვანი შტრიხი ისე
მოხერხებულად იყო შეზავებული და ისე ეშმაკურად დალაგებული, რომ საბოლოო ჯამში
საკუთარი უპირატესობის მაღალსა და ელვარე გუმბათს ქმნიდა, - ქვეყანა რომ უფლის
კონტროლს დაუსხლტება, რაც ჟამიდან ჟამზე გარდუვალია, და ვაგლახად დაიწყებს
ბუყბუყს, ეს იმის უფლებას როდი გვაძლევს, ბნელში დაბმული ძაღლები ავუშვათ და
ფსიქიკის უფსკრულიდან ამოტყორცნილ ცეცხლის ენებს ტვინი მივუშვიროთ. სიბრძნის
ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელი ისიცაა, რომ კატაკლიზმებში არ მონაწილეობს,
ცალკე კონცხზე დგას და, აპოკალიპსის თანამედროვე, აპოკალიპსს მომავლის
დაწმენდილი თვალით შეჰყურებს. ეს ბრძენის ვალია. აბა რას ჰგავს, მითხარი ერთი, შენი
საქციელი ასეთ ნატიფ ფონზე?! გამოჩნდა თუ არა აპოკალიპსის შორეული
ძლივშესამჩნევი, ვინ იცის ჯერ კიდევ ოდენ თეორიული ნიშნები, ხან ბიძია დათიკო
გაბოდებს, ხან მამიდა ისა... ვინა?
- ნუცა.
- თუნდაც.
- ჯერ ერთი, დათიკო ბიძია არ არის, ბიძია იო, ბიძია შენც მეყოფი და ისეთ რამეს, რაც არ
მითქვამს, ნუ მომაწერ. მეორეც, კატაკლიზმები და აპოკალიპსები აქ არაფერ შუაშია, ეს
ქალი მამიდა ნუცაა.
- შენ რომ მამიდა არა გყავს, დიეგო? - ფსიქიატრის შემპარავი კილოთი დამიყვავა
ბიძაჩემმა.
- მე თუ არა მყავს, სხვასა ჰყავს.
- ვინ სხვას? სხვას თუ ჰყავს, მაშინ უნდა თქვა არა „ეს ქალი მამიდა ნუცაა“, არამედ „ეს
ქალი სხვისი მამიდა ნუცაა“.
- ეს ქალი სხვისი მამიდა ნუცაა, ბიძია იო.
ბიძაჩემმა ამის პასუხად ღრმა და მრისნახე ათვალწუნებით შემომხედა.
ამასობაში ქალი, რომელიც ჩვენი ესოდენ მწვავე კამათის საგანი შეიქნა, ახლო მოვიდა
და კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ იგი მამიდა ნუცა იყო: მე კარგად მახსოვდა
ორი დანარჩენი მამიდა და ისიც კარგად ვიცი, რომ ასეთი მსგავსება სხვანაირად არ
აიხსნება.
როდესაც სულ ახლო მოვიდა და ორ მოპირდაპირე ჭიშკარს შუა აღმოჩნდა, იმის
ნაცვლად, რომ იქითა ეზოში შესულიყო (ყოველ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვიყავი,
რომ იქითა ეზოში შევიდოდა, ვინაიდან ძალზე საეჭვოა ასეთი ასაკისა და გარეგნობის
ქალს პოკერის მოთამაშესთან, რომელიც დამატებით ბიძაჩემის ამფსონიც იყო, რამე
საერთო ჰქონოდა, სხვა სახლი კი, როგორც გითხარით, ამ ორღობეში არ იდგა),
მოულოდნელად ჩვენს ეზოში შემოვიდა, რამაც ბიძაჩემი აიძულა სასწრაფოდ ზეზე
წამომდგარიყო და ქუდი მოეხადა.
- თქვენ ალბათ იონა კამკამიძე ბრძანდებით, - უთხრა მამიდა ნუცამ იონა კამკამიძეს.
ხმა დანარჩენ მამიდებს არ უგავდა და - ნუ გაიკვირვებთ - ამან საბოლოოდ დამარწმუნა
მის მამიდანუცობაში. საქმე ის გახლავთ, რომ ხმა, რომელიც დანარჩენი მამიდების ხმას
არ ჰგავდა, ძალიან ჰგავდა სალომეს ხმას.
მე ბიძაჩემს გავხედე და იგი წამით გაკვეთილიდან გაპარულ მოწაფეს ვამსგავსე,
რომელსაც დერეფნის ბოლოში დირექტორის მოადგილე შემოეყარა. ამან სანახაობას
ერთბაშად საწამლავის ფერი მისცა, მაგრამ ბიძაჩემმა, მისდა სასახელოდ, მოწაფის ნაზი
და მგრძნობიარე ტყავი მალევე შემოიფცქვნა და ცოტა ხნის შემდეგ სახეზე ღაჟღაჟა
სიამაყე დაეფინა, რომელიც სწრაფად იკრებდა ძალებს, რათა შემორჩენილი
დაბნეულობა სულ მთლად განედევნა და მდგომარეობის განუყოფელი ბატონ-პატრონი
გამხდარიყო.
- დიაღ, ქალბატონო, - სავსებით მხნედ უპასუხა ბოლოს და ნიშნისმოგებით გადმომხედა, -
იონა კამკამიძე. და თუ ასეთ მწირ მსხვერპლს არ იუკადრისებთ, - ბოლომდე გაშალა
გალანტურობის დროშა, - თქვენი ფერხთა მტვერი და მონა-მორჩილი. ხოლო ეს
შედარებით ახალგაზრდა ვაჟი - იგი მწერალი და ენათმეცნიერია - ჩემი დისწული
გახლავთ. დისწული და, გარკვეული თვალსაზრისით, შეგირდი, რომლის წვრთნა,
ნათესაურ მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, ერთი სიამოვნებაა.
წარდგენის პასუხად მამიდა ნუცამ წამით შემომხედა და ისევ ბიძაჩემს მიუბრუნდა, მაგრამ
მერე, ლაპარაკი რომ უნდა გაეგრძელებინა და საამისოდ პირიც კი გააღო, რაღაცამ
შეაფერხა. გაღებული პირი ისევ მოკუმა, წარბის თავები ერთმანეთისკენ მიაჩოჩა
(საკმაოდაც მიუახლოვდა და კიდევ ერთხელ, ამჯერად გამომეტყველებით, დაემსგავსა
სალომეს) და ისევ შემომხედა. ახლა უფრო მეტი ყურადღებით დამაცქერდა და თვალებში
გაკვირვება ჩაუდგა, თითქოს, ჩემი არ იყოს, მანაც მიცნო და, ჩემი არ იყოს, ეს უცნაური
შეხვედრა მანაც იმის ნიშნად მიიჩნია, რომ ადამიანი არარეალურ გარემოში ცხოვრობს.
ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ალბათ იმის მეასედი დროც არ დასჭირვებია,
რაც აღწერას დასჭირდა. მერე მამიდა ნუცა ისევ ბიძაჩემისაკენ მიტრიალდა.
- და აქ ბატონ პრომეთეოსს ჩამოაკითხეთ.
- დიაღ, ქალბატონო, - ძალზე აღელდა ბიძაჩემი, - და ეს თქვენის მხრივ ჭეშმარიტი
გულთმისნობაა! განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ასეთი დასკვნის
საბაბი, ჯერჯერობით მაინც, არ მოგვიცია.
- საბაბი არაფერ შუაშია, - შენიშნა მამიდა ნუცამ, - ეს წუთია თქვენს მეუღლეს ტელეფონით
ველაპარაკე.
ბიძაჩემი სახტად დარჩა. მეც სახტად დავრჩი.
- თქვენ გინდათ თქვათ, ქალბატონო, - დაფიქრებით დაიწყო ბოლოს ბიძაჩემმა, - რომ იმ
სახლში ცხოვრობთ, - თითი გადაღმა სახლისკენ გაიშვირა, - და ტელეფონი არა გაქვთ?
- ტელეფონის უქონლობა რა სალაპარაკოა, ჩემო ბატონო, აქ ისეთი მეზობლობა იციან,
დარეკვაზე უარს ვინ მეტყვის! მთავარი თქვენი ნომრის გაგება იყო და ბედად იოლად
გავიგე. ჩვენებს აღმოაჩნდათ, წარმოგიდგენიათ?! ჩემი საბრალო ღვთაებრივი ნატო!..
გულმაც მიგრძნო და ტანმაც მიაზრა, რომ საქმეს სხვანაირი პირი უჩანდა, მაგრამ რა
მექნა! თანაც ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, დროც აღარ დამრჩა გონება
მომეკრიბა. წამობრძანდით (აქ ხელი გადაღმა, თავისი სახლისკენ გაიშვირა), ცოტა
დაისვენეთ, ხილი მიირთვით, მეც ყველაფერს დალაგებულად გიამბობთ.
ბიძაჩემს სახე თანდათან ეღრუბლებოდა და ამ დროისათვის უკვე იმ ზომამდე ჰქონდა
მოღრუბლული, პაროლი „ხილი მიირთვით“ რომ არა, ადვილი შესაძლებელია - ენდეთ
ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას - გალანტურობის ყელმოღერებული დროშა ლექსიკურ
წუმპეში ისეთი უწმაწური ტყაპანით ჩავარდნოდა, მის შხეფებს მთელი იდილია მოეთხვარა.
ამ თვალსაზრისით, ხილის ხსენება ძალზე დროული კი გამოდგა („ხილში“ ხომ მარტო
ხილი არ იგულისხმება) - ბიძაჩემს ნაკვთები ცოტა გაეშალა და გალანტურობაც უცენზურო
სიკვდილს გადაურჩა - მაგრამ საქმეც ის არის, რომ ცოტათი გაეშალა; ღრუბლების
საბოლოოდ გასაფანტავად ეს არ კმაროდა. მართლაც, სულ მალე ბიძაჩემის ნაკვეთების
მოძრაობაში უკუპროცესი დაიწყო და ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან მამიდა ნუცას
მონათხრობში - ამას ლენჩის მეტი ყველა დაინახავდა და ზოგი, ალბათ, ლენჩიც
დაინახავდა - რაღაც დაუკონკრეტებელი და დაუფოკუსებელი, ჯერ უცნობი, მაგრამ უკვე
გარდუვალი ხიფათი იდო, რომელსაც, როგორც წითელ ბუშტს, ვიღაც ჩუმად და
უხილავად ბერავდა.
მაშინ, ვიდრე ბიძაჩემი დარღვეული წონასწორობის აღდგენას ელოდა, ხოლო მამიდა
ნუცა იმ სავალდებულო პაუზის გასვლას, რომლის შემდეგ მიპატიჟების გამეორებას
აპირებდა, მე ვთქვი: - თქვენ ნუცა ერისთავი ბრძანდებით.
ამ განცხადებას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა, რისი წყალობითაც მე რამდენჯერმე
გავიგონე, როგორ გალობდნენ ჩიტები ტყეში. ახლა ბიძაჩემს ღრუბელი მთლიანად
გადაეცალა და მის ადგილას ცნობისმოყვარეობა დაეფინა. ასე ცნობისმოყვარეობის
სქელ ხსნარში ამოვლებული, იგი ხან მე მიყურებდა, ხან მამიდა ნუცას, და ისეთი რამის
პოვნას ლამობდა, რისი პოვნაც შეუძლებელია.
მამიდა ნუცა უძრავად იდგა. ჯერ უძრავად იდგა, მერე მარჯვენა ხელი ხალათის ჯიბეში
ჩაიყო და სათვალე ამოიღო. მრგვალშუშიანი და წვრილჩარჩოიანი პატარა,
ძველმოდური სათვალე. სათვალე ორივე ხელით გაშალა, გაიკეთა (არ მოუხდა),
ყურადღებით დამაცქერდა (და ამ დროს კიდევ ერთხელ - ოღონდ ვერ მივხვდი, ამჯერად
რა ნიშნით - დაემსგავსა სალომეს), წამით თითქოს დოინჯის შემოყრაც დააპირა, მაგრამ
ისევ გადაიფიქრა და დაბალი და ნელი, შორეული სიღრმიდან მომავალი ხმით მკითხა: -
თქვენ საიდან იცით ჩემი ვინაობა?
- არსაიდან, „ცოდნა“ ის სიტყვა არ არის, რომელიც ამ შემთხვევას მიესადაგება.
უბრალოდ, თქვენ ძალიან ჰგავხართ თქვენს დებს. კიდევ უფრო ძალიან - ოღონდ არა
გამუდმებით, არამედ ცალკეულ მომენტებში - თქვენს ძმისწულს.
- იმათ საიდანღა იცნობთ? - მამიდა ნუცა თვალებში მიყურებდა და მის მზერაში რაღაც
ისეთი მომეჩვენა, მზე რომ გაავდრების წინ კბენას დაიწყებს.
- თქვენი დები ამ დილით ვნახე (ეს დაუვიწყარი დილა იყო), როცა სალომე შინ მივიყვანე
(პაპასკირის რვაში). თვითონ სალომე კი გუშინ დილით გავიცანი.
აქ მამიდა ნუცამ კრიტიკულად და ცოტა მწყრალად გახედა ჩემს მანქანას, რომელიც
სოფლის მწვანე, წყნარ და ჯერ კიდევ მოიდილიურო ფონზე მზეს მიფიცხებულ
პრეისტორიულ ცხოველს ჰგავდა. მერე ბიძაჩემს შეხედა. თვალებში კვლავაც
მოუწესრიგებელი გრძნობები ედგა და მე იმის შიშით, რომ ამ გრძნობებისთვის უხეში,
მცდარი და საჩოთირო ვერბალური გეზი არ მიეცა (როგორც მოგვიანებით მივხვდი, ეს
შიში უსაფუძვლო ყოფილა), ვუთხარი: - სალომეს მანქანა გაუფუჭდა გზაში და, რაკი მეც
სანაკლიოში მოვდიოდი, წამოვიყვანე. ამდენი იმიტომ მოვგვიანდით, რომ რიკოთის
გვირაბი ჩაკეტილი დაგვხვდა. მხოლოდ დღეს გაიხსნა გზა, ალიონზე. სამივე და - მეოთხე,
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს, არ მინახავს - გასაოცრად ჰგავხართ ერთმანეთს.
მაგრამ თუ ის ორი თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თქვენ ორივესგან
განსხვავდებით. არა გარეგნობით. უფრო... როგორ გითხრათ... რიტმით. თქვენი რიტმი
გაცილებით ჩქარია და თქვენი გამოხედვა, თუ ნებას მომცემთ გულწრფელი ვიყო,
გაცილებით მკვირცხლი; შესაძლოა, მიზანმიმართულიც.
ამგვარი ბუნდოვანი ქათინაურები ხანშიშესულ მანდილოსნებზე კარგად მოქმედებს,
მაგრამ მამიდა ნუცას რაღაც უშლიდა ხელს, რომ შესაბამისი ნდობით მომკიდებოდა. რა
მიზეზი იყო, ვერ ვხვდებოდი. მეტიც: იმასაც ვერ ვხვდებოდი, ეს მოუხელთებელი მიზეზი
ჩემში იყო თუ მასში.
ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი, ჩემი აზრით, უფრო მოახლოებული (და გაუგებარი)
დაბნეულობის გასაფანტავად - თქვა: - წამობრძანდით.
ამაზე ბიძაჩემმა, რომელიც ნიუანსებს სათანადო ყურადღებით არ ეკიდება ხოლმე, უთხრა:
- კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ ქალბატონო (როგორც უკვე დადგინდა - ნუცა), მაგრამ
იქნებ ზოგადად მაინც გვამცნოთ ის უბედურება, რომელიც ხილს უნდა შეგვატანებინოთ.
თუ შენი აზრით, დიეგო, - მე მომიბრუნდა ბიძაჩემი, - „უბედურება“ სწორად შერჩეული
ტერმინი არ არის?
- ჩემი აზრით, ბიძია იო, - მივუგე მე - ჩვენი ვალია, თანხმობა ვთქვათ ქალბატონი ნუცას
თავაზიან მიპატიჟებაზე.
- შენ, დიეგო, ვითარებას არ იცნობ და აქედან გამომდინარე, ვერც ანგარიშს უწევ: მე აქ
ფასდაუდებელი განძი დავტოვე და, რომ ჩამოვედი, აღარ დამხვდა.
- გაიტაცეს, - მიამიტურად და ნაღვლიანად შენიშნა მამიდა ნუცამ, - თუ ბატონ
პრომეთეოსს გულისხმობთ, ბატონი პრომეთეოსი გაიტაცეს.
- როგორ!.. - უმისამართოდ აუწია ხმას ბიძაჩემმა.
- მანქანით, - მიუგო მამიდა ნუცამ, - არ შეგხვედრიათ გზაში მანქანა?
- მანქანა? მანქანა ბევრი შეგვხვდა, ქალბატონო, ხომ იცით ჩვენი ტექნიკური საუკუნის
ამბავი! მაგრამ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ერთ-ერთ მათგანში პროფესორი
დიდებულიძე იჯდა და ჯერ დაუდგენელ პირებს იგი გაურკვეველი მიმართულებით
მიჰყავდათ?..
- სანაკლიოში მიჰყავდათ.
- აჰა! მაშ თქვენ ფიქრობთ... დიეგო!
- ბატონო!
- ქალბატონო... ხომ ნამდვილად ნუცა?
- დიახ.
- დიეგო!
- ბატონო.
- საომარი მდგომარეობა ნომერი ერთი! ქალბატონო ნუცა!
- ბატონო.
- მანქანის მარკაზე არაფერს გკითხავთ. ეს უტაქტობა იქნება. მით უფრო, რომ ასეთ
წვრილმანებში ვერც მე ვერკვევი, მაგრამ იქნებ ფერი მაინც...
- შავი, - თქვა მამიდა ნუცამ.
- ბიძია იო, - მე შემეშინდა, რომ იგი მეტისმეტად გაუტევდა და ამ სათნო ადამიანს
უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა, - არ არის სამართლიანი საქციელი, მანდილოსანს
ასეთ ვითარებაში, როცა, მისივე განცხადებით, იმის დროც აღარ დარჩა, გონება
მოეკრიბა, განსაკუთრებული ნიშნების დახსომება მოსთხოვო.
- სიმართლეს ნუ უღალატებ, დიეგო. სიბრძნე პატიოსანიც უნდა იყოს. განსაკუთრებული
ნიშნები არც მიხსენებია.
მამიდა ნუცამ ამასობაში თავისი ეზოს ჭიშკარი შეაღო.
- მობრძანდით.
ბიძაჩემი შეყოყმანდა. მერე მისატევებელი მაღალფარდოვნებით თქვა: - ჭეშმარიტი მამრი
ასეთ დროს ჭამაზე არ უნდა მოცდეს, დიეგო.
- ჭეშმარიტი მამრისთვის ჭამა არასოდეს არ არის მოცდენა. ამას დიდი ჰომეროსიც
გვასწავლის. თუ არ გჯერა, ოდისეა წაიკითხე. საერთოდაც, სიბრძნის ერთი ნიშანდობლივი
მახასიათებელი - ხოლო შენ რომ სიბრძნის აღმსარებელი ხარ, თავს ნებას მივცემ ეს
ამბავი ქალბატონ ნუცასაც ვაუწყო - ხომ ისიცაა, რომ სულსწრაფობას არ ემონება და სანამ
ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას არ მოიპოვებს, მანამ აქტიურ მოქმედებას არ იწყებს.
ჯერ სირბილსა და მერე ფიქრს, ჩემგან არ გესწავლება, ჯერ ფიქრი და მერე სირბილი
სჯობს.
- ნახევარი საათი არაფერია, - მხარი დამიჭირა მამიდა ნუცამ, - ნახევარი საათის წინ
შეიძლება ყოველი წამი გადამწყვეტი იყო. ახლა არა.
მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ, ვიდრე მე და ბიძაჩემი ხეჭეჭურ მსხალსა და ნიგვზის
ჩურჩხელას მსუბუქი კრუტუნით შევექცეოდით და ზედ თუთის არაყს ვაყოლებდით, მამიდა
ნუცამ, შეპირებისამებრ, დალაგებით გვიამბო პრ. დიდებულიძის გატაცების ამბავი.
დაახლოებით ერთი საათის წინ სამი - როგორც შემდგომ გამოირკვა, ბოროტი - კაცი
მოსულა შავი მანქანით და პრ. დიდებულიძე (მამიდა ნუცა მას „ბატონ პრომეთეოსად“
მოიხსენიებდა) უკითხავთ. თავად მამიდა ნუცა უკვე ორი დღეა ეწერში იყო და ამ ორი
დღის განმავლობაში პრ. დიდებულიძე კარგად გაიცნო. მანამ მთელი თვე მამიდა ნატოს
ადგა თავს. როცა მამიდა ნატომ ტანჯული სული ისეთივე ფაქიზი, უმანკო და წმინდა სახით
დაუბრუნა უფალს, როგორიც თავის დროზე მიიღო, მამიდა ნუცა ცოტა ხნით კვლავ ეწერში
ჩამოვიდა, სადაც რამდენიმე საშური საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. მეზობელ სახლში
რომ უცხო კაცი დაინახა, ერთი გაფიქრება, სულო ცოდვილო, კი გაიფიქრა, ქურდი
იქნებაო, მაგრამ ამ უკადრის ვარაუდს პრ. დიდებულიძისა ჯერ მარტო გარეგნობა
აქარწყლებდა, მერე და მერე ხომ მამიდა ნუცა მრავალი სხვა საბუთითაც დარწმუნდა,
რომ ქურდი კი არა, თურმე ერთი უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა (ეს დასკვნა
მამიდა ნუცამ ოდნავ ზეაწეული კილოთი წარმოთქვა. საზოგადოდ პრ. დიდებულიძის
დასახასიათებლად საქებარ ეპითეტებს არც ამის შემდეგ იშურებდა და არათუ არ
იშურებდა, საჭირო რაოდენობით, მგონი, ვერც პოულობდა. ყოველ შემთხვევაში, მე ისეთი
შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს, ყველა ეპითეტი რომ ამოიწურა, რაზეც კი გონების
ხელი მიუწვდა, გული მაინც ვერ იჯერა). ორი დღის განმავლობაში მათ ბევრი იმუსაიფეს
და მრავალ საკითხზე გაუზიარეს ერთიმეორეს თავთავიანთი შეხედულებანი. ხან აქ
მუსაიფობდნენ, ამ აივანზე, ხან ქვემოთ, ეზოში, ორტოტა კაკლის ძირას, ხანაც გადაღმა,
მინდორში, სადაც მზის ჩასვლა მეტად ლამაზია. ბოროტმა კაცებმა რომ მანქანა გააჩერეს
და მამიდა ნუცას დანახვაზე უჟმური სახეებით პრ. დიდებულიძე მოიკითხეს, პრ.
დიდებულიძე იმ დროს ტყეში იყო წასული წყლის მოსატანად. განა რამე აუცილებლობა
მოითხოვდა ამას - მამიდა ნუცას ეზოში ჰქონდა ჭა - უბრალოდ, ტყეში - აქვე, ახლო -
საუცხოო ცივი წყარო ამოჩუხჩუხებდა და პრ. დიდებულიძეს იმ წყლის მოტანა უყვარდა.
თავიდან, მიუხედავად სტუმრების უჟმური სახეებისა, მამიდა ნუცას საეჭვო არაფერი
შეუმჩნევია, ვინაიდან გამოცდილებით იცოდა, რომ უჟმური სახე დაეჭვების საკმარისი
მიზეზი არ არის. მართალია, მომხდურებმა რომ რაღაც მეტისმეტი გულმოდგინებითა და
ისეთი სხაპასხუპით, თითქოს გაკვეთილს ყვებიანო, საჩქაროდ ჩააბარეს ანგარიში - იონა
კამკამიძის გამოგზავნილები ვართ, თვითონ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ
წამოვიდა, ამიტომ ჩვენ დაგვავალა ბატონი პროფესორის წაყვანაო, ერთი კი გაიფიქრა
მცირეოდენი გაკვირვებით, ნეტა მე რატომ მიყვებიანო, მაგრამ დაეჭვებისთვის სამყოფი
მასალა ვერც ამან მისცა, მით უმეტეს, პრ. დიდებულიძეს სწორედ გუშინ საღამოს ეთქვა -
ცოტა სინანულით ეთქვა, ვინაიდან აქაურობას ძალიან შეჩვეოდა - ამ დღეებში იონა
კამკამიძე ჩამოვა და წამიყვანსო. ამასობაში პრ. დიდებულიძეც გამოჩენილა. დინჯად
მოსეირნობდა ტყიდან და წითელი თერმოსით წყაროს ცივი წყალი მოჰქონდა. ბოროტი
კაცები მას თავაზიანად შეხვდნენ და, რაც ცოტა ხნის წინ ესოდენ ნაჩქარევად აუწყეს
მამიდა ნუცას, ახლა მას აუწყეს. პრ. დიდებულიძეს, როგორც მამიდა ნუცა დაბეჯითებით
ვარაუდობდა, აღარ ეთმობოდა აქაურობა. საქციელიც კი თურმე წაუხდა, მის წასაყვანად
ჩამოსული ხალხი რომ დაინახა, მაგრამ რას იზამდა? წითელი თერმოსი ორტოტა კაკლის
ძირას, პატარა მერხზე დადგა და მამიდა ნუცას გამოეთხოვა. პირველი ეჭვი მამიდა ნუცას
სწორედ ამ დროს გაუჩნდა, ვინაიდან ამ დროს ყველა საეჭვო ნიშანმა რაღაც მანქანებით
ტვინის ერთსა და იმავე ხვეულზე მოიყარა თავი - იონა კამკამიძის ნაცვლად უცხოები
ჩამოვიდნენ; უცხოები, რომლებიც იონა კამკამიძის ნაცვლად ჩამოვიდნენ, მოუსვენრად
წრიალებდნენ, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და ძალიან ჩქარობდნენ, უმთავრესად
შავი ფერისანი იყვნენ - და დაინახა, რომ ეჭვისთვის საკმარისი საბაბი მოგროვილიყო.
მაშინ ერთ ხერხს მიმართა: ბოროტ კაცებს სთხოვა, მეც სანაკლიოში ვარ წასასვლელი და,
თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ბარემ დაგემგზავრებითო. ბოროტმა კაცებმა უარი უთხრეს,
სანაკლიოში არ მივდივართ, ბატონი პროფესორი სულ სხვა მხარეს მიგვყავს, ასე გვაქვს
დავალებულიო. ერთი მუგუზალი ხომ ამით მიუმატეს მამიდა ნუცას ეჭვის ცეცხლს, მეორე
მუგუზალი იმით მიუმატეს, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო აჩქარდნენ, სასწრაფოდ ჩაისვეს
პროფესორი დიდებულიძე მანქანაში და წავიდნენ. აქ კი მამიდა ნუცა, უკვე საბოლოოდ
დარწმუნებული თავისი ეჭვის სისწორეში, მეზობელთან გადავიდა დასარეკად (ვინაიდან
თვითონ ტელეფონი არ ჰქონდა), და აკი გაარკვია კიდეც ყველაფერი...
- არადა, ხვალ საღამოს, - დაასრულა მამიდა ნუცამ, - პანაშვიდზე აპირებდა მოსვლას.
ბიძაჩემმა შუბლი შეიჭმუხნა.
- თფუ-თფუ-თფუ და ვის პანაშვიდზე, ქალბატონო?
- ნატოსი. ჩემი საბრალო ღვთაებრივი ნატოს პანაშვიდზე.
- ბიძია იო, - სასწრაფოდ ჩავერიე მე, ვინაიდან კარგად ვიცი, როგორ უგდებს ხოლმე ყურს
ბიძაჩემი ქალების ლაპარაკს, - ესენი ოთხნი დანი იყვნენ. ერთი ძმაც ჰყავდათ, მაგრამ ის
ადრე დაიღუპა. ოთხნი დანი - ქალბატონი ნატო, ქალბატონი მაგდა, ქალბატონი თეკლა
და ქალბატონი ნუცა. მათგან ქალბატონი ნატო გუშინწინ... გუშინწინ, არა? - მამიდა ნუცას
მივუბრუნდი მე.
- დიახ.
- გუშინწინ გარდაიცვალა. ხვალ საღამოს პანაშვიდია.
ბიძაჩემმა სახეზე მყისვე შესაფერისი გამომეტყველება დაიდო.
- აჰ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი, ქალბატონო! ვინ იფიქრებდა! აჰ! - ეს რომ
თქვა და თავი ვალმოხდილად ჩათვალა, ისევ ისე სწრაფად შეიცვალა გამომეტყველება, -
ხოლო თქვენი ქმედება უნაკლოა. განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ჭრილში. აგერ დიეგოც
დამემოწმება, რომელსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გამო ფსიქოლოგიასთან
ინტენსიური ურთიერთობა აქვს. მართლაცდა, ისეთ მძიმე ვითარებაში, როდესაც ცალკე
უცხო და, როგორც თქვენ მოსწრებულად ბრძანეთ, ბოროტი კაცები გიფორიაქებენ
გონებას, ცალკე გამომშვიდობების მოულოდნელი გარდუვალობა და ცალკე საყვარელი
დის გარდაცვალება, ის, რაც თქვენ მოიმოქმედეთ, დიაღაც შესაძლებლობის მაქსიმუმია.
ამაზე მეტის მოთხოვნა ადამიანისგან უნამუსობაა. ამიტომ, თქვენის ნებართვით, მეც
მხოლოდ თეორიულ სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ გარემოებამ საშუალება არ
მოგცათ მანქანის ნომერი დაგემახსოვრებინათ და იგი ფსიქოლოგიური კვლევისთვის
რეალურ დომკრატად შეგეყენებინათ! თუ დომკრატი არ ჰქვია, დიეგო, იმას რასაც
ვგულისხმობ? აჰ, ქალბატონო, ქალბატონო! მანქანის ნომრისთვის აბა სად გეცალათ,
თორემ მანქანის ნომერი რომ დაგეხსომებინათ!..
მე ჩარევა დავაპირე, რათა ბიძაჩემის ეს უტაქტო ჩაციება აღმეკვეთა, მაგრამ მამიდა ნუცამ
დამასწრო: - ვერ დავიხსომებდი, - მონანიე ღიმილით თქვა მან, - ადრე კარგი მეხსიერება
მქონდა, მაგრამ ბოლო ხანებში, რამე თუ მინდა დავიხსომო, - ამ სიტყვებით ხალათის
ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და მაგიდაზე დადო - იძულებული ვარ ჩავიწერო
ხოლმე.
მე მეტი გაოცებისა და აღტაცებისგან პირი დავაღე, ბიძაჩემს კი მშვენიერი საბაბი მიეცა,
მამიდა ნუცას სადღეგრძელო დაელია და მისთვის გენიოსი ეწოდებინა, რაც მამიდა ნუცამ
ხელების სავსავით გააპროტესტა და, თავის მხრივ, გენიოსად პრ. დიდებულიძე
გამოაცხადა. ამის პასუხად ბიძაჩემმა მომხიბლავი ღიმილით განუმარტა, ერთი მეორეს
ხელს არ უშლისო. მაშინ მამიდა ნუცამ ყოყმანით, სინანულით, ცოტაოდენი შიშითა და
ფარული იმედით ეჭვი გამოთქვა, შესაძლოა ნომერი, რომელიც მე დიდი ამბით ჩავიწერე,
სწორი არც იყოს, ოპერაციის წინ ბოროტმა კაცებმა, ვინ იცის, მანქანას ნამდვილი ნომერი
მოხსნეს და ყალბი მიამაგრესო. ბიძაჩემმა ამაზე ყურადღებით შეხედა და თავი
კმაყოფილებით დაიქნია.
- თქვენ, ეჭვი არაა, ასე მოიქცეოდით. მეც ასე მოვიქცეოდი. სავარაუდოა, რომ დიეგოც ასე
მოიქცეოდა და ყოველი ხერხიანი კაცი, ვისაც კონსპირაცია რამედ უღირს, და
მცირეოდენი დეტექტიური განათლებაც აქვს, ასე მოიქცეოდა. თქვენი მომხდურები კი ასე
არ მოქცეულან. ამგვარი დასკვნის საბაბს სწორედ ეს ნომერი მაძლევს, რომელიც
პირიპირზე ემთხვევა ერთი ნაცნობი მანქანის ნომერს. და თუ ეს ჩემი ვარაუდი სწორია -
ხოლო ჩემი ვარაუდი რომ სწორია, ამას მანქანის ფერიც ადასტურებს - აქედან შეგვიძლია
ორი ალტერნატიული დასკვნა გამოვიტანოთ: ბოროტმოქმედებს ან ჭკუა და
განსწავლულობა არ ეყოთ, ან რაღაც მიზეზის გამო ფარულ მოქმედებას აშკარა
მოქმედება ამჯობინეს. პირადად მე, თუმც კი მათს ჭკუასა და განსწავლულობაზე მაღალი
აზრისა არა ვარ, მეორე ვარაუდი უფრო მართებული მგონია. ასეა თუ ისე, თქვენს მიერ
ჩაწერილი ნომერი, სამწუხაროდ, სწორი ჩანს.
მამიდა ნუცა სიტყვა „სამწუხარომ“ ცოტა არ იყოს დააბნია, მაგრამ მიუხედავად
დაბნეულობისა (უფრო კი, ალბათ, იმის შიშით, რომ ამ უადგილო სიტყვის გამოისობით
ემანდ ეჭვების ისეთ ჩქარსა და ხიფათიან დინებაში არ მოხვედრილიყო,საიდანაც თავის
დაღწევა უკვე ფრიად და ფრიად გაძნელდებოდა) სასწრაფოდ გამოაცხადა, თუ საჭირო
შეიქნება, შემიძლია სამივე ბოროტი კაცი სახეზე ვიცნოო, რის პასუხადაც ბიძაჩემმა ერთი
თავისი იმდაგვარი დიდაქტიკური ღიმილით გაუღიმა, რომელიც, ჩვეულებრივ, ცივი წყლის
მაგივრობას სწევს ხოლმე. მერე თქვა: - ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ
დეტექტივის ჭაობში ესოდენ ღრმად ვერ ჩავეფლობით. უცილებელი ხარკი გავიღეთ და
კმარა. მეტის უფლებას არც პროფილი გვაძლევს ჩვენი და არც რანგი. თანაც მას შემდეგ,
რაც თქვენ ერთი დეტექტიური გმირობა უკვე ჩაიდინეთ და ეპიზოდს ნათელი მოჰფინეთ,
ამის აუცილებლობა აღარცაა. მაგრამ ეს მიბრძანეთ, საიდან დაასკვენით, რომ
სანაკლიოში მიდიოდნენ? მათ ხომ გითხრეს, სანაკლიოში არ მივდივართო.
- ეგ რომ მითხრეს, სწორედ მანდედან დავასკვენი. თაღლითმა თუ თქვა, სანაკლიოში
მივდივარო, მაშასადამე, სანაკლიოში არ მიდის; თუ თქვა, სანაკლიოში არ მივდივარო,
მაშასადამე, სანაკლიოში მიდის. ასე არ არის განა?
- მმმ... - თქვა ბიძაჩემმა, - თუმცა ამ შემთხვევაში მე სავსებით ვიზიარებ თქვენს ვარაუდს და
ვფიქრობ, რომ ნამდვილად სანაკლიოში წავიდნენ.
აქ ჩემი მორიგი გამოხდომის ჯერი დადგა.
- ეკლესია თუა, ქალბატონო ნუცა, ამ სოფელში?
მამიდა ნუცამ, რომელიც მთელი წინამავალი საუბრის განმავლობაში დროდადრო
წამიერად და თითქოს დაეჭვებით შემავლებდა ხოლმე თვალს (რამაც თანდათან ჩემთვის
რაღაც გაუგებარი სისტემის ხასიათი მიიღო), ამჯერად შედარებით ხანგრძლივად მიყურა.
ბოლოს მიპასუხა: - კი არის.
- სასაფლაოს ბოლოში?
აქ ბიძაჩემმაც შემომხედა და მის მზერაში მწყრალი გაკვირვება და ყასიდი თანაგრძნობა
მშვიდობიანად შეერია ერთმანეთს.
- დიახ, - თქვა მამიდა ნუცამ.
- ახლაც დგას?
მამიდა ნუცა ცოტა დაიბნა.
- ბატონო?
- შორს არის?
- აქვეა, - ხელი გაიშვირა მამიდა ნუცამ, - ხედავთ, ცაცხვებს ბორცვის გადაღმა?
- თუ ის სამი დიდი ხე ცაცხვებია, ვხედავ.
- ცაცხვებია. მანდ არის სასაფლაო. ეკლესია იქითა ბოლოში დგას. თუ დააკვირდებით,
დაინახავთ კიდეც. მანდედან ორ მარჯვენა ცაცხვს შორის უნდა მოჩანდეს.
მე გავიხედე, მაგრამ ვერ დავინახე.
- არა ჩანს.
- თვალი გაქვთ შეუჩვეველი.
- დათიკო სად ცხოვრობს? - ვკითხე მაშინ.
- დიეგო!.. - წარბები შეჰყარა ბიძაჩემმა.
- დათიკო? - დაფიქრებით მომაჩერდა მამიდა ნუცა, - დათიკო... დათიკო არავინაა ამ
სოფელში.
- საკვირველია.
- რა არის, დიეგო, საკვირველი?! - ბიძაჩემის მოთმინებას ალაგ-ალაგ უკვე ცეცხლი ეკიდა.
- საკვირველი ის არის, ბიძია იო, რომ გამობრძმედილ სიბრძნეს მოთმინება არ ჰყოფნის,
ხოლო ამაზე საკვირველი ის არის, რომ თურმე საქართველოში შეიძლება ამოდენა
სოფელი არსებობდეს და იქ ერთი დათიკო არ იყოს.
- ადრე კი იყო, - ჩაერია მამიდა ნუცა - ერთი მოხუცი დათიკო იყო, მაგრამ ის დათიკო
შარშან გარდაიცვალა.
მე ერთბაშად, თითქოს ტვინში ელვამ დაკვესაო, მივხვდი იმას, რასაც კარგა ხანია
ბუნდოვნად ვგრძნობდი: როცა ეწერელი დათიკო სოფლის უცნაურ გასაჭირს
შემომჩიოდა, მე მისი ხმა - თუ გახსოვთ - ვამსგავსე ცივ ქარს, რომელიც თავის ქალაში
მიბერავდა. ამგვარი განსაზღვრება - თუმც კი არ გამიმხელია - იმთავითვე არაზუსტი
მეჩვენა. და მხოლოდ ახლა შეიქნა ცხადი, რომ მართლაც არაზუსტი ყოფილა; დათიკოს
ხმა მაშინ სამარიდან ისმოდა.
- სასაფლაოზე უნდა წავიდე, - გამოვაცხადე მე.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, დიეგო. - მკაცრად თქვა ბიძაჩემმა, - ჩვენ ახლა ომში
მივდივართ.
- ეკლესია უნდა ვნახო, - დავიჟინე მე.
- ეკლესია არსად გაგექცევა.
- ეგ შენი კერძო აზრია. ზოგი დათიკოსაც ჰკითხე.
ბიძაჩემმა თვალი თვალში მდუმარედ გამიყარა, რათა მომავალი მკვახე სათქმელი
პაუზით სათანადოდ შეემზადებინა, მაგრამ აქ ჩვენს კინკლაობაში კვლავ მამიდა ნუცა
ჩაერია.
- აქედან უკეთესად მოჩანს.
მამიდა ნუცა აივნის ქვედა კუთხეში იდგა, ორღობის მხარეს. მე რომ მივედი, ხელი
გაიშვირა და მითხრა: - აქედან ორ მარცხენა ცაცხვს შორის მოჩანს.
მე დავაკვირდი. თავიდან ვერაფერი გავარჩიე, მაგრამ ბოლოს, როცა ის იყო უნდა მეთქვა
კიდეც, არაფერი მოჩანს-მეთქი, უეცრად დავინახე. მართლა ერთი წამით დავინახე და
თანაც დავინახე მხოლოდ გუმბათი, რომელიც თითქოს ჰაერში ეკიდა, მაგრამ მე - ადრეც
მითქვამს - რეალისტი კაცი ვარ და გონების კონსულტაციის გარეშე დასკვნების გამოტანა
არ მიყვარს, ამიტომ კარგად ვიცი, რომ გუმბათი არ შეიძლება ჰაერში ეკიდოს. ლოგიკა და
საღი აზრი - ჩვენი ეს ორი სანდო და კეთილსინდისიერი ინსტრუქტორი - გვასწავლის:
საცა ეკლესიის გუმბათია, იქ ეკლესიაცაა. მეც, რაკი გუმბათი დავინახე, მთელი ეკლესია
ვივარაუდე და იმ უცხო დათიკოს შესახებ ჩემი შეხედულება, რომელიც ამასობაში
საბოლოოდ ჩამოყალიბდა, მაგრამ ისეთი იყო, რომ მამიდა ნუცას თანდასწრებით
ხმამაღლა გამოთქმა არ ეგებოდა, უხმოდ, მხოლოდ გულში გამოვხატე.
- დაშოშმინდი, დიეგო? - მკითხა ბიძაჩემმა, რომელმაც საფიქრებელია, დაშოშმინება
სახეზე შემატყო.
- დავშოშმინდი, ბიძია იო, - მივუგე მე.
- მაშ წავიდეთ.
- სანაკლიოში?
- სანაკლიოში.
- ეგებ ქალბატონ ნუცასაც უნდა წამოსვლა? - კითხვის თვალით შევხედე მე მამიდა ნუცას
და, ყოყმანი რა შევატყე, დავძინე, - შიში ნურაფრისა გექნებათ, ჩემმა მანქანამ
ერისთავების მომსახურების ერთი გამოცდა უკვე ჩააბარა.
მამიდა ნუცა აწრიალდა. მერე მორიდებით, მაგრამ დასტურის კილოთი თქვა: - თუ არ
შეგაწუხებთ...
- რა ბრძანებაა! - დამასწრო ბიძაჩემმა, - ეგზომ სათნო და ნატიფი მანდილოსნის
დამგზავრება ჩვენისთანა ღრჯო და გაუთლელი მოაზროვნეებისთვის უდიდესი პატივია.
- ვიპოვით? - მოულოდნელად იკითხა მაშინ მამიდა ნუცამ.
- პროფესორ დიდებულიძეს? - კითხვა შეუბრუნა ბიძაჩემმა და მტკიცედ თქვა, -
აუცილებლად, ქალბატონო! - მერე, მცირე პაუზის შემდეგ ცოტა შემპარავი კილოთი
დაამატა, - თუ მომზადებას ნახევარ საათზე მეტს არ მოუნდებით.
- ხუთ წუთში მზად ვიქნები, - თქვა მამიდა ნუცამ და ხუთ წუთში მართლა მზად იყო.
ხოლო ამ ხუთი წუთის განმავლობაში, ვიდრე მამიდა ნუცა ემზადებოდა, მე და ბიძაჩემს
შორის ასეთი საუბარი გაიმართა: - ეს არაყი, დიეგო, - ასე დაიწყო ბიძაჩემმა, - ორნახადი
კეთილშობილებაა. თუთა ღვთაებრივი მცენარეა, რომელიც აბრეშუმის ჭიას არ უნდა
დავანებოთ. იგი ღმერთების საგანგებო გადაწყვეტილებით იქნა გაშენებული და ოდესღაც
მისგან - ისევე, როგორც რიგი სხვა, ასევე ღვთაებრივი მცენარისაგან -
მაღალკალორიული ნექტარი მზადდებოდა. მაშინ ღმერთები ნაკლებ ბიუროკრატები
იყვნენ, ხოლო სტერილური ნექტარი რომ კალორიის გარდა გრადუსოვან სუბსტანციასაც
შეიცავს, ამას ღმერთებისავე ქცევა ადასტურებს. მეორე მხრივ, თუ ადამიანი მართლა
ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი, მაშინ მოვალეცაა მის ხელთ არსებული ყველა
საშუალებით მიბაძოს თავის შემოქმედსა და ორიგინალს.
- შთამბეჭდავი, მაგრამ უქმი ოდაა, - ვუთხარი მე, - სულ ერთია, ადამიანის ენა თუთის
არაყს ისე მაინც ვერ შეაქებს, რამე არ დააკლოს. სხვათა შორის, ასევეა თაფლის არყის
საქმეც. და საერთოდ, მაგ ფუჭ მაღალსიტყვაობას სჯობს იმ შენი პროფესორი
დიდებულიძისა მითხრა რამე.
- კეთილი, გეტყვი. მე იმედი მქონდა, აქ, ბუნების წიაღში, ერთმანეთს შეგახვედრებდით და
უჩემოდაც მიხვდებოდი, რომ დროა მცირე ნადირთა ხოცვას მოეშვა, რადგანაც ბიძაშენმა
გრანდიოზული პერსონაჟი გიშოვა, რომელსაც დღეის ამას იქით მთელი შენი ნიჭი - იმედი
მაქვს, უფრო დიდი, ვიდრე ზოგ-ზოგი შენი კოლეგისა და თანამოკალმისა - უნდა
მოახმარო. რაღაი მოწინააღმდეგემ დაგვასწრო და გაცნობის ცერემონიალი დროებით
გადაიდო, მგონი მართლა სჯობს იმას, რაც უკვე გითხარი, ცოტაც მივუმატო. ოღონდ ერთი
დაიხსომე: შენი მხრივ ქარაფშუტობა იყო პროფესორ დიდებულიძის მოხსენიება ისე,
როგორც მოიხსენიე. პროფესორი დიდებულიძე, დიეგო, ჩემი არ არის. ის არც შენია. არც
სხვისია. ის არის. ყოველგვარი წინამავალი განსაზღვრის გარეშე. თუ „სუფევს“ უნდა -
სუფევს, თუ „ჰგიეს“ უნდა - ჰგიეს. ამდაგვარი წვრილმანები შენ უკეთ იცი. შემდგომ ამისა,
პროფესორი დიდებულიძე არის თვალსაჩინო ნიმუში იდეისა და გარემოების შუღლისა,
რომლის მეშვეობით უფალი ცდილობს რაც შეიძლება კონტრასტულად დაგვანახვოს
შესაძლებლობა და ხდომილება. მაგალითისათვის ავიღოთ ისეთი მკაფიო და
გამოჩენილი ხდომილება, როგორიცაა ფილოსოფოსი კანტი. რაღაი კანტი კენიგსბერგში
დაიბადა და ფილოსოფოსი გამოვიდა, ახლა ადვილია იმის თქმა, რომ კენიგსბერგში კი
არა, კალინინგრადში რომ დაბადებულიყო და ფილოსოფოსი კი არა, კოლექტივის
მერგოლური გამოსულიყო, მრავალი ინტელექტუალური ბარიერი, რომელიც დღეს
გადალახულია, გადაულახავი იქნებოდა. ასეთია რეალური ვარაუდი, რომლებიც იმას
ემყარება, რომ კანტი რეალურად კენიგსბერგში დაიბადა, მაგრამ კანტი რომ რეალურად
კალინინგრადში დაბადებულიყო და კოლექტივის მერგოლური გამოსულიყო, მაშინ
აზრად არავის მოუვიდოდა, კაცობრიობას თუ უმისოდ რამე დააკლდა.
- ანასუნი შენს საქმეს ბიძია იო, და აი, რატომ: უფალი, რომელიც იმას ცდილობს,
შესაძლებლობანი და ხდომილებანი ერთ საწნახელში ჩაყაროს, ღმერთო შეგცოდე და,
ჯერ კიდევ ადამიანური აზროვნების არტახებშია ჩაჭედილი. შესაძლებლობა და
ხდომილება სხვადასხვა ტიპის სიდიდეებია, სხვადასხვა განზომილებაში მიედინებიან,
სხვადასხვა ბუნების კანონებს (და არა ბუნების სხვადასხვა კანონებს) მორჩილებენ და,
რომც განაპირობებდნენ ერთმანეთს - ორგზის ანასუნი შენს საქმეს, ბიძია იო, - ამას
ლოგიკის მეშვეობით მაინც ვერ დაამტკიცებ.
- ეგ ფსიქოლოგიური მანკია, დიეგო, რომელიც არც თანდაყოლილია და არც
გარდუვალი. სინამდვილეში ვინ იცის, რამდენი კანტი იმის ნაცვლად, რომ კენიგსბერგელი
ფილოსოფოსი გამოსულიყო, კალინინგრადელი მერგოლური გამოვიდა. ზოგი მათგანი
შრომის გმირიც კი გახდა. ეს უსამართლობაა. გონება და ღირსება ასეთ უსამართლობას
ვერ ურიგდება და გამოსავალს ეძებს. ჩვენ გამოსავალი უნდა ვეძიოთ. დღეს, მაგალითად,
არ ვიცით, თუ რამდენი რამ დაკარგა კაცობრიობამ იმით რომ პროფესორი დიდებულიძე
პირველი ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა და იმის მაგივრად, რომ
მოხეტიალე ფილოსოფოსი დამდგარიყო, ის დადგა, რაც დადგა. მე ამაზე ბევრი ვიფიქრე,
მრავალი ვარაუდი გავსინჯე და დავასკვენი: პროფესორ დიდებულიძის სულიერი და
ინტელექტუალური სასუნთქი ხვრელები რომ ხელოვნურად არ ამოექოლათ და მისი
გონებრივი და მორალური შესაძლებლობანი კილკასავით არ დაემწყვდიათ ჰერმეტულ
ქილაში, საქართველოში ერთი კარგად გამტკიცული ფილოსოფიური ლავაში
გამოცხვებოდა, რომელსაც ობიექტური იდეალიზმი, როგორც ლურჯად მბზინავი
მახობელა, განსაკუთრებულ სუნს, გემოსა და სილბოს მისცემდა.
- რას ამბობ, ბიძია იო! ამ გაგანია მატერიალიზმში ობიექტურ იდეალიზმს ვინ
გააჭაჭანებდა! ამოიწვერებოდა თუ არა საერთო-სახალხო ყანაში, წამსვე მარქსისტული
თოხით აჩეხავდნენ.
- მეც მაგას ვამბობ, დიეგო. რომ არ გააჭაჭანებდნენ, რომ არ გაახარებდნენ, რომ
აჩეხავდნენ, რომ აკაფავდნენ, რომ აჩალავდნენ, რომ მოსხიპავდნენ, რომ გათელავდნენ,
რომ ჩაწიხლავდნენ და საფურაჟედ რომ გამოიყენებდნენ, მაგიტომაა, რომ კაცობრიობას
სამუდამოდ ჩაუქრა კიდევ ერთი ბრდღვიალა კვარი...
- ბდღვრიალა.
- ბდღვრიალა იყოს... რომელსაც შეეძლო ჩვენი სულიერი და შემეცნებითი თამასა
რამდენიმე სანტიმეტრით აეწია.
- რა საბუთი გაქვს, რომ ეგ შესაძლებლობა რეალურად არსებობდა? ოღონდ რწმენას,
იცოდე, საბუთად ვერ მივიღებ.
- საბუთი ბევრი მაქვს, ხოლო ერთ პატარა დამატებით საბუთს ჭკვიანი კაცი ჩვენი
სტუმართმოყვარე დიასახლისის მომხიბლავ ჟღურტულშიც შეამჩნევდა.
- ჭკვიანი კაცი, ბიძია იო, სადაა თორემ, იმასაც შეამჩნევდა, რომ მაგ ჟღურტულს
სუბიექტური ალმური ასდიოდა.
- ცინიზმი, დიეგო, საგანგებო დანიშნულების იარაღია, და სადაგი იუმორის მაგივრად არ
უნდა ვიხმაროთ. ხანდაზმულთა გრძნობები სუსტია და სათუთი. თანაც მოსალოდნელია,
რომ ყოველი მათგანი გრძნობათა აბლაბუდის უკანასკნელი ძაფი აღმოჩნდეს.
უკანასკნელს კი, ძაფი იქნება თუ სხვა რამე, მოფრთხილება უნდა. ეს - რაც შეეხება
დიასახლისს. ახლა - რაც შეეხება პროფესორ დიდებულიძეს. ვიდრე შენი თვალით არ
გინახავს, პროფესორ დიდებულიძეზე ლაპარაკი - გითხარი, მისი არ იყოს - მხოლოდ
შედარებების მეშვეობით თუ იქნება მართლებული და გამართლებული. ჩვენც
შედარებებით ვილაპარაკოთ, ეს სასარგებლოცაა, რამდენადაც შედარება და, საერთოდ,
სახეებით აზროვნება შენი პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ რას შეიძლება შევადაროთ
პროფესორი დიდებულიძე? პროფესორი დიდებულიძე შეიძლება შევადაროთ
მითოლოგიურ ხარს, რომელიც იმდენ ხანს იყო დამწყვდეული ბნელ დილეგში, რომ
რქებიც დასძვრა და თვალის ჩინიც დაეშრიტა. კიდევ რას შეიძლება შევადაროთ
პროფესორი დიდებულიძე? პროფესორი დიდებულიძე კიდევ შეიძლება შევადაროთ
ინტელექტუალურ ჯინს, რომელიც ბოთლში იყო დამწყვდეული და თუმცა ტყვეობას,
მრავალი ნიშნის მიხედვით, მალე თავს დააღწევს, ის ობიექტი აღარ დახვდება ცოცხალი,
რომლისთვისაც ეს ინტელექტი რუდუნებით ხვეწა და ლესა. კიდევ რას შეიძლება
შევადაროთ პროფესორი დიდებულიძე? პროფესორი დიდებულიძე კიდევ შეიძლება
შევადაროთ ლაბორატორიულ ნივთიერებას, რომლის ადგილი მხოლოდ
ლაბორატორიაშია, ვინაიდან ბუნებაში წმინდა სახით არსებობა არ ძალუძს. კიდევ რას
შეიძლება შევადაროთ პროფესორი დიდებულიძე? პროფესორი დიდებულიძე კიდევ
ბევრ შესადარებელს შეიძლება შევადაროთ, მაგრამ აგერ ჩვენი დიასახლისიც გამოჩნდა
შავი კაბითა და სამგზავრო ჩანთით, რაც მის პუნქტუალობასა და მოვალეობის
მაღალგანვითარებულ გრძნობაზე მეტყველებს.
ორი წუთის შემდეგ უკვე სანაკლიოს გზას ვადექით, ხოლო ორმოცი წუთის შემდეგ ჩემი
„ნივა“ კიდევ ერთხელ დავამუხრუჭე პაპასკირის ქუჩაზე, რვა ნომერი სახლის კიბესთან.
- ქალბატონო! - გამოთქმით და მობილიზებული დიქციით დაიწყო ბიძაჩემმა მას შემდეგ,
რაც ერთობ მკვირცხლად გადახტა მანქანიდან, რათა მერე მამიდა ნუცასთვის ხელი
შეეშველებინა, - ასეთ ამაღლებულ ვითარებაში, როცა საყვარელ დას გლოვობთ...
- იგლოვთ, - ჩავილაპარაკე მე, რაზედაც ბიძაჩემმა მწყრალი ათვალწუნებით შემომხედა
და ისევ მამიდა ნუცას მიუბრუნდა: - ასეთ ამაღლებულ ვითარებაში ალკოჰოლიანი თემის
შემოტანა, ვიცი, დისონანსია და, ალბათ, არასწორი ტაქტიკაც, მაგრამ რა ვქნა, გული არ
მიშვრება და ენაც არ მისვე- ნებს, კიდევ ერთხელ არ ვთქვა თქვენი არყის ქება.
ამ ჭეშმარიტად უადგილო ჰიმნის გამო მის მაგივრად მე შემრცხვა, მაგრამ ჩემი
სირცხვილი კიდევ უფრო უადგილო გამოდგა, ვინაიდან მამიდა ნუცამ, მოლოდინის
წინააღმდეგ, პასუხად ცისფერ თვალთა რბილი მზერა დანდობილად შეანათა და
დამსახურებული შემოქმედის მადლიერი ღიმილით გაიღიმა.
ამ დროს, თითქოს კომპოზიციამ მოითხოვაო, სალომე გამოჩნდა. იგი ქვემოდან
მოდიოდა და ხელში მოზრდილი ჩანთა ეჭირა, რომელშიაც კარტოფილი და მწვანილი
მოჩანდა. ჩემს დანახვაზე გაკვირვებით შედგა.
- თქვენ?!. - მაგრამ იმავ წამს მამიდა ნუცა შენიშნა და გაკვირვება სიხარულით შეეცვალა, -
მამიდა ნუცა!
- ჩემი მზეთუნახავი! - არ დააყოვნა მამიდა ნუცამაც.
მზეთუნახავმა დარჩენილი მანძილი თითქმის სირბილით ამოიარა, ჩანთა მანქანის წინა
მარცხენა ბორბალთან დაუდევრად მიაგდო და მამიდა და ძმისწული ერთმანეთს
ჩაეკონენ.
ბიძაჩემი ინტერესით ადევნებდა თვალს მოქმედების განვითარებას და ცდილობდა
ვითარებაში გარკვეულიყო. მე კი, რაკი გამოცდილებით ვიცოდი პროცედურა
ხანგრძლივი იქნებოდა, მანქანის ღია კარს ჩამოვეყრდნე (ან ჩამოვეყრდენი) და
გავიფიქრე, ნეტა ცოტა ხნით ცხენად მაქცია, ზეზეურად წავთვლემდი-მეთქი. კიდევ კარგი,
ჩვენი ყოველდღიური ნატვრა არ სრულდება ხოლმე, თორემ, მისალმების ცერემონიალი
ამჯერად ისე ჩქარა მოთავდა, მართლა რომ ცხენად ვქცეულიყავი, წათვლემას მაინც ვერ
მოვასწრებდი და სულ ტყუილად შემრჩებოდა ცხენად ქცევა.
მამიდა რომ გადაკოცნა, სალომემ ისევ მოიცალა ჩემთვის.
- თქვენ... საიდან?.. - ეს კი თქვა, მაგრამ რაკი გაგრძელება ვეღარ იპოვა, განცვიფრების
დანარჩენი ნაწილი ჟესტიკულაციით (ცოტა მოუქნელი და არც თუ ისე ცხადი
ჟესტიკულაციით) გამოხატა.
- ეწერიდან, - მივუგე მე.
- ეწერში რა გინდოდათ? - იგი ჯერ კიდევ, თუმცა უკვე ინერციითღა, ცდილობდა ის
უხილავი ძაფი მოეხელთებინა, რომლითაც გზააბნეული შედეგები მიზეზთა პალოზე უნდა
ყოფილიყვნენ გამობმული.
- აბა რა გითხრათ! თუ ყველა ნიშანს, რაც ამ ორი დღის მანძილზე მოგვეცა, ერთად
მოვუყრით თავს, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ჩემი რომელიმე წინაპარი თქვენი
რომელიმე წინაპრის მოურავი იყო.
- დიეგო! - მოსიყვარულე ბიძისა და მკაცრი პედაგოგის საჩვენებელი კილოთი მითხრა
ბიძაჩემმა, - ტომის ღირსებას ისე არ უნდა მოეპყრა, როგორც შენი პერა...
- ჰო, მართლა! - საჩქაროდ შევაწყვეტინე მე, ვინაიდან საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ
„პერანგის ამხანაგის“ თქმას აპირებდა, - ეს არის, სალომე, სახელგანთქმული იონა
კამკამიძე, ჩემი უსაყვარლესი ბიძა.
სხვა დროს, სიტყვა რომ გამეწყვეტინებინა, ბიძაჩემი საავდრე ღრუბლად აიგოგრლებოდა
და თავს ჭექა-ქუხილს დამატეხავდა. დაპირებით ახლაც დააპირა, - ის კი არა, პირველი
ნაპერწკლები უკვე დააკვესა კიდეც - მაგრამ „სახელგანთქმული“ და „უსაყვარლესი“ რომ
გაიგონა, მყისვე მშვიდობიანად ჩაქრა, როგორც აბოლებული ნავთქურა, რომელსაც
მოსალოდნელი აფეთქების თავიდან ასაცილებლად ძველი ტომარა გადააფარეს.
- ო, ნიმფავ, - ჩაიდუდუნა მერე ასე საამოდ მინავლულმა და სახის გამომტყვვლებითაც,
ჟესტიკულაციითაც და ხმის კილოთიც შეეცადა ჩემს მიერ ჩამოთვლილი ეპითეტები
შეეფერებინა.
სალომემ ტუჩები მოკუმა და, უკუქცეულმა ღიმილმა რომ თვალების კუთხეებში გამოჟონა,
მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ თითქოსდა მოეშმაკურო ღიმილს, რომელიც ჩვენი
გუშინდელი და, როგორც ახლა წამით მომეჩვენა, გვარიანად ხანგრძლივი ერთად
მოგზაურობის დროს რამდენჯერმე ვნახე, იწვევდა არა ქცევების პიკანტური შეუსაბამობა
საკუთარ იდეათა ბუნებასთან, არამედ ამ შეუსაბამობის აღმძრავი უღრმესი და
უადამიანურესი ბიძგები, რის გამოც მასში სითბო, გულითადობა და თანალმობა მეტი იყო,
ვიდრე ირონია.
ასეთი ღიმილით გაუწოდა ხელი და უთხრა: - თქვენს შესახებ ბევრი რამ მსმენია.
გეტყოდათ ალბათ... - აქ წამით შეფერხდა, ვერ გადაწყვიტა, ჩემს მრავალ სახელთაგან
რომელი უფრო შეეფერებოდა ჩვენი ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს; მერე ერთი
ცერად ამომხედა და ყოყმანით დასძინა. - თქვენი დისწული.
- არ უთქვამს, - მიუგო ბიძაჩემმა და გამოწვდილ ხელზე ისე ელეგანტურად აკოცა,
ყველაზე კრიტიკულად განწყობილი დისწულიც კი წუნს ვერ დასდებდა, - ეტყობა შურით
მოუვიდა. მწერლები შურიანი ხალხია.
ამის შემდეგ მე და ბიძაჩემი მალევე წავედით. ჩვენ პრ. დიდებულიძის დასახსნელად
მიგვეჩქარებოდა, ამიტომ, სალომემ რომ შინ შეგვიპატიჟა, თავაზიანი უარი ვუთხარით.
- პროფესორი დიდებულიძე ის კაცია, - ამჯერად საკუთარი ინიციატივით დაიწყო
ბიძაჩემმა, ისე რომ მე არ მიკითხავს, პროფესორი დიდებულიძე რა კაცია-მეთქი, - ვინც
ყველაფერს, რასაც საქართველოს ზნეობა წლების მანძილზე ნაწილ-ნაწილ იხდიდა და
რიყიდან ყრიდა, ასევე ნაწილ-ნაწილ კრეფდა და კაჭკაჭივით აგროვებდა; იქამდე, რომ,
როცა საქართველომ ხალხური სიმღერების გადაყრაც დაიწყო, იმის აკრეფასაც მიჰყო
ხელი, თუმცა მუსიკალური სმენა ძლიერ ღალატობდა.
ამასობაში თავდაღმართი ჩავათავეთ და, ცენტრალურ ქუჩაზე რომ გავედით, ვკითხე: -
ახლა საით, ბიძია იო?
- სასაფლაოზე.
მე შევცბი.
- სასაფლაოზე რა გვინდა?
ბიძაჩემმა ტუჩები მოპრუწა და თავი სინანულით გადაიქნია.
- მიკვირს, დიეგო: მთელი დღე სასაფლაოსკენ იწევდი, როგორც მხარნაქცევი კვიცი;
ძლივს გაკავებდი, და ახლა, ნებას რომ დაგყევი, ტლინკების ყრა დაიწყე, სასაფლაოზე რა
მინდაო...
- ის სხვა სასაფლაო იყო.
- ეს კიდევ უფრო სხვა სასაფლაოა. მივალთ და ნახავ.
რაღა მეთქმოდა! დავადექით სასაფლაოს გზას.
- პროფესორი დიდებულიძე ის კაცია, - კვლავ უკითხავად მიუბრუნდა ბიძაჩემი წეღანდელ
თემას, - ვინც, უნივერსიტეტში რომ იურიდიული განათლება მიიღო, მერე ამას თავის
მხრივ - უნივერსიტეტის გარეშე - ეკონომიკური, ფილოსოფიური და პოლიტიკური
განათლება დაურთო და საბოლოოდ იმ ტიპისა და რანგის სპეციალისტი დადგა, ჩვენში
რომ ყასიდად ნატრობენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ეს წყლის
ნაყვა გამოდგა, ვინაიდან არც პრაქტიკულად და არც თეორიულად ის თავისი რუდუნებით
ნაგროვები ცოდნა არაფერში გამოდგომია.
... თუ გსურთ წალკოტზე და ედემზე თვალსაჩინო და ნამდვილთან ასე თუ ისე
მიახლოებული წარმოდგენა შეიქმნათ, სანაკლიოს სასაფლაოს უნდა ეწვიოთ. ეს აზრი
მგონი ერთხელ უკვე გამოვთქვი და ახლა მეორედ ვამბობ, მაგრამ ამის გამო ნუ
დამძრახავთ; მესამედაც რომ ვთქვა - ვისაც იქაურობა ნანახი აქვს, ვფიქრობ, უყოყმანოდ
დამემოწმება - მეტი მაინც არ იქნება. თუმცა ამჯერად მკითხველის ყურადღება მინდა
მივაპყრო სანაკლიელთა ამ ბოლო ნავსაყუდელის არა ესთეტიკურ, არამედ პოლიტიკურ
წახნაგს, რომლისთვისაც, სულ ცოტასაც თუ წამახავდით, შეგეძლოთ რევოლუციური
წახნაგიც კი გეწოდებინათ: ადმინისტრაციის თეთრად შეთითხნილი, უსახური შენობის წინ
ერთი ათი მანქანა დაგვხვდა (მათ შორის ოთხი „ფირმა“), როგორც ბაგაზე დაბმული
ბედაურები. მართალია, ჩემი სისულელის (აგრეთვე, ზოგადადამიანური სისულელის) გამო
პირველ ყოვლისა ის ვიფიქრე, ეტყობა ვინმე უკვდავთაგანი მოკვდა, რომ ამდენი ხალხი
აფუსფუსებულა-მეთქი, მაგრამ მერე, ჩემი „ნივაც“ რომ იმ ბედაურებს ამოვუყენე გვერდით
და გადმოვედით, უეცრად კიბის ძირას, ზედ შესასვლელთან, ერთი იმისთანა შავი
„ვოლგა“ დავინახე, თავში ყველაფერი ამერია და ადგილზე გავშეშდი.
- ბიძია იო! - შევძახე აღელვებულმა, - შეხედე! ეს ის ნომერი არ არის, მამიდა ნუცამ რომ
დაგვახვედრა?!
- დაწყნარდი, დიეგო, - დამიყვავა ბიძაჩემმა, - დაწყნარდი და მაგ არქიმედობანასაც
მოეშვი. ასატროკებელი აქ არაფერია. ეს ის ნომერია, მამიდა ნუცამ რომ დაგვახვედრა, ეს
ის მანქანაა, რომლითაც პროფესორი დიდებულიძე გაიტაცეს. ეს კრეონტ წილოსანის
საგანგებო საქმეთა რწმუნებულის მანქანაა.
მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ იყო კრეონტ წილოსანი ან რას ნიშნავდა ეს
ბუნდოვანი გამოთქმა - „საგანგებო საქმეთა რწმუნებული“. და როცა ბიძაჩემმა ადგილის,
დროისა და ვითარების გათვალისწინებით ძალზე მოკლედ ამიხსნა ერთიცა და მეორეც,
მივხვდი, რომ მწვავე სათავგადასავლო სიუჟეტში გავბმულვარ, რომელსაც ეროვნული და
პოლიტიკური სარჩული კიდევ უფრო სახიფათო შეფერილობას ანიჭებდა.
მაშინ ჩემს სხეულში, როგორც ნავთობის მოულოდნელმა საბადომ, დიდი ძალით
ამოხეთქა ახალმა სასიცოცხლო ენერგიამ; დაღლილობა და მოუთმენლობა უკვალოდ
გაქრა და მე, ვითარცა სიმამაცემორეული ჯარისკაცი, რომლის სურვილი, მოვალეობა და
მოწოდება სასწაულებრივად დაემთხვა ერთიმეორეს, მზად ვიყავი უყოყმანოდ
გადავშვებულიყავი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.
მაგრამ ბრძოლის სიმძიმემ ძირითადად ბიძაჩემის მხრებზე გადაიარა, ხოლო ბრძოლა
რომ მძიმე იქნებოდა, იმ წამს დავრწმუნდი, რა წამსაც ვიწრო დერეფნის ბოლოში
დოქტორ ხერხეულიძის კაბინეტიდან ვიღაცის (მერე გავიგე, კარლო წუწუნავა ყოფილა)
მაღალი, მკივანა ხმა მოგვესმა: - მერე? ვერ შევძელით საერთო ენის გამონახვა, როცა
ისეთი ხორცმეტი შეგვექნა მოსაშორებელი, როგორიც რომ ეს ეგრეთწოდებული
დიდებულიძეა, მაგალითად?! თქვენ მონდომება თქვით, თორემ, ეროვნული ინტერესები
რომ მოითხოვს, გავერთიანდებით კი არა, ისე შევიკვრებით, წინ ვერაფერი დაგვიდგება.
ახლა მთავარია, ამისთანა წურბელები ყველა ვიპოვოთ, ვამხილოთ და გამოვავ...
ამ დროს გადავაბიჯეთ მე და ბიძაჩემმა ზღურბლს. ჩვენს დანახვაზე წუწუნავას სიტყვა
წამით გაუწყდა, მერე ნერწყვი გადაყლაპა და უკვე სავსებით მობილიზებულმა
ნეიტრალური კილოთი დასძინა: - ა, იონაც.
ტყუილს ვერ ვიტყვი - ხშირად არ მომცემია შემთხვევა, მაგრამ როცა კი მომცემია, ყველას,
მტერსაც და მოყვარესაც, ვისაც კი ყურები ასხია და ეს ყურები შესაბამისი ნერვებით
ტვინზე აქვს მიერთებული, ყოველთვის საგანგებოდ ვაფრთხილებდი: არ გინდათ
ბიძაჩემთან თამაში, თუ მაინცდამაინც, ცეცხლთან ითამაშეთ, თქვენს ასაკში ეს იმდენად
საშიში არ არის, ბიძაჩემს კი მოეშვით, ბიძაჩემი ცბიერია, მზაკვარია, გაიძვერაა და
ერთდროულად იმდენ ბადეს ქსოვს, შეუძლებელია რომელიმე მათგანში არ გაებათ-
მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერავის ვერაფერი შევასმინე.
რას იზამ! ადამიანს - და ეს სხვათა შორის, მარტო სანაკლიელებს არ ეხება - სწავლება
უყვარს და არა სწავლა.
სანაკლიოს პოლიტელიტა იმ დღეს პირველად ვიხილე. სამაგიეროდ ერთად
თავმოყრილი ვიხილე. მარჯვენანი თუ მარცხენანი (შუალანიც), ჩინიანნი თუ უჩინონი,
მტერნი თუ მოყვარენი, ამომავალნი თუ ჩამავალნი, სულ აქ დაგვხვდნენ, დოქტორ
ხერხეულიძის კაბინეტში, რომელიც თავისი ფორმალური მისიით ორი მომიჯნავე
განზომილების, ამიერსოფლისა და იმიერსოფლის გამყოფი და დამაკავშირებელი
რგოლი იყო; იქნებ რგოლი კი არა, უფრო ერთგვარი შლაგბაუმი, ან საგრიმიორო, ანდა
სულაც ცხენების გამოსაცვლელი პუნქტი. თუმცა ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა. ასეა თუ
ისე, როგორც ვთქვი, ყველანი აქ დაგვხვდნენ, ყველანი, გარდა თავად კრეონტ
წილოსანისა, რაც იდეოლოგიური იერარქიის ძლიერი ინერციის წყალობით ჯერ კიდევ
ბუნებრივ მოვლენად ითვლებოდა და პროტესტის გრძნობას არ იწვევდა. კრეონტ
წილოსანის მაგივრობას მისთა საგანგებო საქმეთა რწმუნებული სწევდა.
ელიტა თამბაქოს კვამლში იყო გახვეული და თამბაქოს კვამლში გახვეული ელიტა
უფორმო და ცოტა არამატერიალური ჩანდა, რის გამოც (ან ეგებ სულ სხვა რამ ნიშნით)
ისეთ სიმბოლოს ქმნიდა, რომელშიაც, თუ ყურადღებით დააკვირდებოდით, ხვალინდელი
დღის ანარეკლს დაინახავდით. ყველაფერს, ცხადია, ვერა - ყველაფრის დანახვა
შეუძლებელია - მაგრამ ზოგ მნიშვნელოვან შტრიხს კი (მაგალითად, ამომავალნი რომ
თურმე უფრო ჩამავალნი ყოფილან, ვიდრე ჩამავალნი) გამჭრიახი და მოწადინე თვალი,
დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზევე შეამჩნევდა.
შევდგით თუ არა ოთახში ფეხი, მყისვე ჩვენც ადგილობრივ კვამლში ჩავიძირეთ, სადაც
მცირე მოთელვის, მცირე მომზადების, მცირე ურთიერთდაზვერვის შემდეგ გადამწყვეტი
ბრძოლა დაიწყო, რომელიც ბიძაჩემის სრული, მაგრამ ცოტა საჩოთირო გამარჯვებით
დამთავრდა.
წვრილმანებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ აუცილებელს ვიტყვი.
ბრძოლის მიზეზი - იცით უკვე - პრ. დიდებულიძე გახლდათ. პრ. დიდებულიძე, ნესტან-
დარეჯანისა არ იყოს, ტყვედ ჰყავდა ქაჯთა კოალიციას, რომელიც ყველა (ან თითქმის
ყველა) პოლიტიკურსა და, საერთოდ, ძალას აერთიანებდა, რაც კი იმხანად სანაკლიოში
მოქმედებდა. რა შეეძლო დაეპირისპირებინა ასეთი ზვავისთვის ერთ პაწია, უსუსურ
ინდივიდს, რომელსაც მე და ბიცოლაჩემის გარდა მხარდამჭერი არავინ ჰყავდა? პასუხი,
ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს. ცხადი და სამწუხარო.
მართლაც, გამარჯვების სასწორი თავდაპირველად ისეთი სისწრაფით გადაიხარა
მოწინააღმდეგის მხარეს, რომ მე და ბიძაჩემი კინაღამ სულ გადავცვივდით ჩვენი
აყირავებული პინიდან. დიახ, ძალები უკიდურესად არათანაბარი იყო და დამხვდურები, ამ
არათანაბარი ძალების შეფარდებათა ვრცელ საჩრდილოებში არხეინად
წამოგორებულები და მომავალი გამარჯვების ბანგით წინდაწინ დაბანგულები, თითქოს
მართლა უკვე წაქცეულებთან და დამარცხებულებთან ჰქონოდათ საქმე, თავს უხამსი,
ბრიყვული და გვარიანად უკბილო ხუმრობის ნებასაც აძლევდნენ, რაშიაც განსაკუთრებით
გამოირჩეოდნენ დოცენტი მიროტაძე (მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ იგი
პატარაობიდანვე ოხუნჯობის ღმერთს ყოფილა შეწირული) და კრეონტ წილოსანის
საგანგებო საქმეთა რწმუნებული.
მე ყურადღებით ვაკვირდებოდი პოლიტბელადთა ამ საკრებულოს, რომელსაც ვინმე პრ.
დიდებულიძე - კაცი სრულიად უდანაშაულო და შესაძლოა სრულიად უმანკოც - დილეგში
ჩაემწყვდია და ახლა ბიძაჩემის ირგვლივ ჩაება ველური ფერხული, და მალე შევამჩნიე,
რომ მდაბიური იუმორის, უგერგილო ნართაულების, ბლაგვი ირონიის, ხეპრული სიცილის,
ბეცი თვითკმაყოფილების, ჯოგური სიმამაცისა და სხვა მოსამზადებელი ქმედებების სქელ
ფენებზე შეუპოვრად - თავიდან ოდენ არითმეტიკული, მერე და მერე კი უკვე სავსებით
გეომეტრიული პროგრესიით - მოარღვევდა აგრესიის ეიდოსი, რომელიც სისხლის
მათრობელა სუნში იყო შეხვეული და მისი მოახლოების კვალობაზე დამხვდურთ
თანდათან ფერი ეცვლებოდათ, ხოლო რაც უფრო ეცვლებოდათ ფერი დამხვდურთ, მით
უფრო ცხადი ხდებოდა, რომ მე და ბიძაჩემი ისეთ ხაფანგში გავბმულვართ, საიდანაც
თავის დაღწევა შეუძლებელი ჩანდა. ეს შეშინებული კაცის პესიმიზმი არ გეგონოთ; შიშით
არ შემშინებია, უბრალოდ რეალური ვითარება იყო ასეთი. განა თქვენ კი - გულზე ხელი
დაიდეთ - შეინარჩუნებთ ოპტიმიზმს, თქვენი თვინიერი მეზობლები რომ ერთ მშვენიერ
დღეს სულ ვამპირებად იქცნენ და მადიანი ჟივილ-ხივილით სახლში შემოგიცვიდნენ?
მართალია - და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას - ბიძაჩემი ბიძაჩემია და ნატიფი ქაოსით სავსე
მის თავში ყოველთვის შეიძლება დანარჩენ მოკვდავთათვის მიუწვდომელი
ანტივამპირული რამ შხამიანი კომბინაცია გამოინასკვოს, მაგრამ ამას შთაგონება
სჭირდება - ელექტრომაგნიტური ველის ისეთი უცხო, უმოტივო და უპროგნოზო
დაძაბულობა, რომელიც არც ადამიანის ნებას ემორჩილება, არც მათემატიკურ
ალბათობას და არც სხვა რამ ლოგიკურსა და სამყაროულ კანონზომიერებას.
საბედნიეროდ, პესიმიზმი უსაფუძვლო გამოდგა. ჩემს მრავალნაცადსა და
მრავალნაერშმაკარ ბიძას შთაგონების ეს ჭირვეული თავისუფლებაც გაუთვალისწინებია
და საჭირო კომბინაცია წინდაწინ მოუმზადებია; ამიტომ ახლა, ვიდრე სანაკლიოს
პოლიტვამპირები ალყას დაგემოვნებით ავიწროებდნენ და პირზე ნერწყვმომდგარები
დაუფარავი სიამოვნებით ემზადებოდნენ მის შესახრამუნებლად, გულში იცინოდა.
მოგვიანებით ხმამაღლაც გაიცინა.
ხოლო მე გადავწყვიტე თქვენს მოწყალე სამსჯავროზე უცვლელად და დაუმუშავებლად,
რედაქტირებისა და კორექტირების გარეშე გამოვიტანო
ბიძაჩემის სიტყვა, წარმოთქმული მას ჟამსა შინა ქალაქ სანაკლიოს პოლიტიკური ელიტის
წინაშე
- ნეტარ არიან მორწმუნენი, უფრორე ურწმუნონი, - თქვა ბიძაჩემმა. - პროფესორი
დიდებულიძე რომ ეგზომ დემონსტრაციულად მოიტაცეთ, რათა მეც თქვენს ბუნაგში
შემოგეტყუებინეთ და ამგვარად ორივე თეთრი კურდღელი (sic! - ავტ.) ერთი გასროლით
მოგენადირებინათ, თქვენი ჭკუით, ეს ბრწყინვალე ჩანაფიქრი იყო, რომელმაც - რაკი მე
მართლა მოვედი - გაჭრა კიდეც. ჰოი, მიამიტნო და უბრყვილონო! რა მწარედ ჭამეთ!
როგორ გაგიცუდდათ მოლოდინი! რაოდენ ღრმად ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში!
შეგატყეთ, განა არა, ვითარ გეამათ ჩემი დანახვა, და გული თანაგრძნობით შემეკუმშა.
გეგონათ იმიტომ მოვედი, რომ თქვენი წყალ-წყალა ჩანაფიქრი ვერ გავშიფრე. რომ
გავშიფრე, სწორედ იმიტომ მოვედი, მოკვდავნო! ნუ იტკიცავთ, ნუ შეფუცხუნდებით და
ერთმანეთს წამქეზებლურად ნუ გადახედავთ. გასაკვირი აქ არაფერია. გასაკვირი ის
იქნებოდა, პირიქით რომ მომხდარიყო და თქვენს მდაბიურ მახეში გავბმულიყავი. რას
იზამთ, დროა თქვენც გაუსწოროთ თვალი სიმართლეს. დროა თქვენც შეურიგდეთ ბედს.
დროა თქვენც შეიგნოთ და შეიმეცნოთ, რომ ჩემს მზაკვრობასთან შედარებით თქვენი
მზაკვრობა ბალღის ტიტინია. სად თქვენ, ვინც ეპიგონთა ნასუფრალით ხართ დაზრდილი,
და სად მე, ვისაც ინტრიგის ისეთ ტიტანთა სკოლა გამივლია, როგორიცაა, მაგალითად,
დიდი კაცია გოგია. არა, მეზობლებო, თქვენი თავთხელი და გამჭვირვალე ცბიერება ჩემს
ფესვმაგარსა და წმინდადნაქსოვ ცბიერებასთან ვერ მოვა. თქვენ, ამ დღენაკლული
შეთქმულების მოთავეებსა და ამ სისხლნაკლული სხდომის მონაწილეებს - კომუნისტებს,
პროკომუნისტებს - თუმცა გაჭირვების ჟამს სახელდახელო ბლოკი კი კარგად
გაგიხაზირებიათ, უკლებლივ ყველას რაიკომის მეორე მდივნის სული გიდგათ. მერედა,
რაიკომის მეორე მდივნის პაწაწკინტელა და მოთხვრილი სულით აპირებთ ჩემისთანა
კაცი - ვერაგი, გველაძუა, შემოქმედი, მუხანათი, ანალიტიკოსი და ქვეგამხედვარი -
გააცუროთ და მშრალზე დატოვოთ?! რამ გაფიქრებინათ! თქვენ თუ მართლა გჯერათ,
რომ რაც ზემოთა ხართ, ორი იმდენი ქვემოთა ხართ, ფრიად და ფრიად გაზვიადებული
წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თაღლითობაზე და გაიძვერობაზე. სინამდვილეში ეს
თავის მოტყუებაა და, საბოლოო ანგარიშით, თავის მტრობაც. რაც ჩანხართ, ისა ხართ.
მაგის მეტი არც ზემოთა ხართ რამე და არც ქვემოთ. საერთოდ, ამ ხნის ხალხმა - ქალებს
არ გგულისხმობთ - კი უნდა იცოდეთ, რომ გრძნობადი სამყარო რელატური ბუნებისაა.
„დიდი“ და „პატარა“ შეფარდებითი ცნებებია. რაც ერთისთვის დიდია, მეორისთვის
შეიძლება პატარა იყოს. მართლაც, საცა თქვენი ეშმაკობის ჰოე და აპოგეაა, ჩემი
ეშმაკობისა იქ მხოლოდ ანია და პერიგეა, და მე, როცა მზაკვრობისა და მამაძაღლობის
კლასგარეშე საკითხავ წიგნს შევადგენ - უკვე დაწყებული მაქვს - თქვენს დღევანდელ
ოინს საბავშვო ოინებთან ერთად შესავალ კურსში მოვაქცევ. დიახ, დიახ, დიახ: ჩემი
მზაკვრობის ორბიტა თქვენი მზაკვრობის ორბიტას მთლიანად მოიცავს, ხოლო თქვენი
მზაკვრობის ორბიტა ჩემი მზაკვრობის ორბიტის ერთ პაწაწინა სეგმენტზე ეტევა. აქედან
გამომდინარე, თქვენი ურთულესი ჩანაფიქრი ჩემთვის ნათელი და გამჭვირვალეა,
როგორც აპრილის უღრუბლო დილა კომუნიზმის პიკზე, მაშინ როცა ჩემი უმარტივესი
ჩანაფიქრიც კი თქვენთვის ენიგმა და სფინქსის გამოცანაა. და თქვენ, რაც უნდა ტვინი
იჭყლიტოთ და ინტელექტის წელებზე ფეხი დაიდგათ, ვიდრე მე თვითონ არ გეტყვით, ვერ
მიხვდებით, აქ რატომ მოვედი. ან მე რატომ მოვედი, ან ეს სახელგანთქმული
ჟამთააღმწერელი რატომ მოვიყვანე, რომელსაც განზრახული აქვს სანაკლიოს აწინდელი
ჟამიანობა დაწვრილებით და პირუთვნელად - ყურადღება მიაქციეთ: პირუთვნელად -
აღწეროს და შთამომავლობას, მათ შორის თქვენს შვილებს, შვილიშვილებს,
შვილიშვილიშვილებსა და ბადიშიშვილებს - „ბადიშიშვილები“, მგონი, არასწორად
ვიხმარე, დიეგო - შემოუნახოს. ასე და ამრიგად, ბატონებო და შიგადაშიგ ამხანაგებო,
გნებავთ ომის გამოცხადებად ჩამითვალეთ ეს აქცია, გნებავთ სამშვიდობო ინიციატივად,
ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი ის კი არ არის, სარკედ აგეყუდოთ წინ და თქვენი
ნამდვილი და შეულამაზებელი სახე გაჩვენოთ, არამედ ის, რომ თქვენი ესოდენ უმეცრად
და მოუქნელად დაწყებული ოინი გავაგრძელო და განვავითარო, გავაღრმავო და
გავართულო, გავანატიფო და გავამრავალფეროვნო, და თვალსაჩინოების მეთოდით,
ცოცხლად და ნათლად, ცხადად და მკაფიოდ დაგანახვოთ, თუ როგორი უნდა იყოს
ჭეშმარიტი მზაკვრობა, რათა ხელოვნების ნართაულ და ოკრობოკრო გზაზე საჭირო
კონდიციამდე მიხვიდეთ და ამის მერე მაინც აღარავის ათქმევინოთ, სანაკლიელები
მარტივები და მიამიტები, პრიმიტიულები და უფანტაზიოები, ჭკუამოკლეები და
ერთუჯრედიანები არიანო, ხოლო თუ შეძლებთ, კარგი იქნება იმასაც მიაღწიოთ, რომ
საკუთარ აზრთა სხივებზე ისე იმედიანად შესხდეთ, როგორც ფასკუნჯებზე ანდა ცოცხებზე
და იღლიებში შეძლებისდაგვარად გამუდმებით გქონდეთ შეგრძნება ინტელექტუალური
ფრთებისა, რომლებიც დროდადრო სულიერი გაფრენისაკენ გიბიძგებენ. მაგრამ
მოვეშვათ ამას და მზაკვრობის ხელოვნებას მივუბრუნდეთ. ყოველი კონკრეტული
მზაკვრობა თავისი ეპოქის ჩარჩოში დევს. მაგალითისთვის ავიღოთ შანტაჟი, როგორც
მზაკვრობის ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დარგი. ამ ტიპის მზაკვრობაში
დღეს, გეცოდინებათ, მთავარია კასეტა - აი, ასეთი, შესახედავად სრულიად უბრალო,
უწყინარი და უინტერესო ნივთი, რომელზედაც ბანალური სიბინძურეებია აღბეჭდილი;
ისეთები, რომ თქვენებრ კეთილშობილ კაცთა უმრავლესობა მის სანახავად, ალბათ,
დროს არც დაკარგავს. მაგრამ საუბედუროდ და საბედნიეროდ - ერთი მხარისთვის
საუბედუროდ, ხოლო მეორესათვის საბედნიეროდ - ეს გარეგნული უბრალოება ცრუ
უბრალოებაა და გარეგნული უწყინარობა - ცრუ უწყინარობა, ვინაიდან ხსენებული
უმრავლესობის მიღმა უეჭველად იგულისხმება ვინმე ერთი - ერთი პიროვნება თუ ერთი
ოჯახი, ერთი სანათესაო თუ ერთი საგვარეულო, ერთი ბანდა თუ ერთი კლანი - რომელიც
სახლ-კარს გაყიდის, უკანასკნელ პერანგს გაიხდის, ურიის ვალს აიღებს და ამ წყეულ
კასეტას კი უსიკვდილოდ იყიდის. რატომ? იმიტომ, რომ ის, რაც ფირზეა, არც მტერს
ენახვის და არც მოყვარეს. თვალნათლიობისთვის ვთქვათ, ერთი რომელიმე აქა
მბრძანებელი გადაღებულია საცქერლად არ ვიცი ეგებ საამოც, მაგრამ
გამოსამზეურებლად კი უხერხულ და საშიშ ისეთ ვითარებაში, როცა მეორე რომელიმე აქა
მბრძანებლის მეუღლეს... ერთი სიტყვით კასეტა ფასდაუდებელი განძია, მით უფრო, რომ
აქ ძალადობაც - ყველაზე მარტივი და ათადან-ბაბადან ყველაზე უღალატო საშუალება -
უძლურია, ვინაიდან და რადგანაც ის კასეტა, კლიენტის სამსჯავროზე რომ გამოგვაქვს,
მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, ნიმუშად წამოღებული ასლი, რომლის საფუძველზე ფასი
უნდა დადგინდეს და შეთანხმება გაიჩარხოს, ხოლო კიდევ სამი ეგზემპლარი სამ
სხვადასხვა სამალავში ინახება და მხოლოდ მეშანტაჟის უეცარი გაქრობისას ან სხვა რამ
მსგავსი გართულებისას გამოვა დღის სინათლეზე. დიახ, ხელოვნება დიადი
თავშესაფარია, ხოლო ფირი გამრავლებას ექვემდებარება და დღეს შანტაჟის ბაზარზე
ყველაზე ძვირად კასეტა ფასობს. მაგრამ ასე იყო ყოველთვის? რა თქმა უნდა, არა,
ყოველ ეპოქას თავისი იარაღი და თავისი გემოვნება აქვს. ავიღოთ მაგალითად, ასეთი
ფაქტი: როგორც ცნობილია, თქვენი ამჟამინდელი ტყვის, პროფესორ დიდებულიძის მამა
ოცდაჩვიდმეტის შემოდგომაზე დაიჭირეს. მაშინ, მოგეხსენებათ ყველას იჭერდნენ,
განსაკუთრებით იმათ, ვინც უდანაშაულო იყო. მაგრამ ეს დიდებულიძე დაიჭირეს არა
იმიტომ, რომ უდანაშაულო იყო - თუმცა, ცხადია, უდანაშაულო იყო, არამედ იმიტომ, რომ
ვიღაცას მის სახლ-კარზე თვალი დარჩა და გული შეუვარდა. არა, დიეგო? ახლა ვთქვათ
და, დავაპირეთ, გარდასული დროის ეს გვარიანად ბანალური ამბავი, რომელიც ფირზე,
მოგეხსენებათ ვერ იქნება აღბეჭდილი და, საერთოდაც, ჩვენამდე მხოლოდ
ზეპირსიტყვიერი სახითაა მოღწეული, შანტაჟისთვის გამოვიყენოთ. როგორ უნდა
მოვიქცეთ? როგორ მოიქცეოდა ჩვენს ადგილას პროფესიონალი მეშანტაჟე, ჭკვიანი,
გამოცდილი და უშიშარი? როგორ და დოკუმენტაციის შედგენას მიჰყოფდა ხელს.
პროფესიონალმა მეშანტაჟემ იცის, რომ ცოდნა - ცოდნა ასე ვთქვათ, თავისთავად -
თუნდაც საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული, ოფიციალური თვალთახედვით
ჯერ მაინც მხოლოდ რწმენაა და ნამდვილ ცოდნად რომ იქცეს, საჭიროა ფუნდამენტში,
საიმედოდ, როგორც ზურაბი, ათასგზის შემოწმებული და გადამოწმებული, მრგვალი
ბეჭდებით დაბეჭდილი და კანონის წყალში განბანილი დოკუმენტების დასტა ჩავუწყოთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვალიფიცირებული მეშანტაჟის მიზანია, ზეპირსიტყვიერ,
არაკანონიკურ ცოდნას, ნაბიჯ-ნაბიჯ და მისხალ-მისხალ, მიზეზ-მიზეზ და ფაქტ-ფაქტ,
საბუთ-საბუთ და ქაღალდ-ქაღალდ ისეთი კანონიკური გალავანი შემოავლოს, რომ მის
გადასალახავად სხვა საშუალება, გარდა დაწესებული ჰონორარის გადახდისა, მკაცრად
გამოირიცხოს. ჩვენს მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენს მაგალითში ჭეშმარიტი და
ღირსეული მეშანტაჟე საქმიანობას იმით დაიწყებს, რომ პირველ ყოვლისა დაადგენს, თუ
ვინ ცხოვრობს ამჟამად იმ სახლში, რომელშიაც ოცდაჩვიდმეტის შემოდგომამდე
დიდებულიძეები ცხოვრობდნენ. მერე, ვითარცა ახალი დროის თეზევსი ვინმე, ამ ძაფს
ნელ-ნელა აუყვება ზემოთ და, თუმც სამუშაო, არ დაგიმალავთ, მოსაწყენი და
მომქანცველი ექნება, ბოლოს და ბოლოს უეჭველად მიადგება საძიებელ ობიექტს და ისე
ჩაამწყვდევს ჩინოვნიკური სტილით შედგენილ მშრალ დოკუმენტებში, როგორც
წინასწარი პატიმრობის საკანში. შესაძლოა (სავარაუდოც) რომ თავად ობიექტი ცოცხალი
აღარც იყოს, მაგრამ მისი სიცოცხლე არც არავის აინტერესებს. მთავარია - ღმერთმა
დიდი დღე მისცეთ და - მემკვიდრეები არიან ცოცხლები. მეტიც: ერთი მათგანი იმ ზომამდე
ცოცხალია, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მძიმე, მაგრამ მოოქროვილ
უღელში შებმული, მხნე თავდაჯერებით მიალაჯებს პოლიტიკური კარიერის ციცაბო
აღმართში. შანტაჟის ბუნიკიც სწორედ ამ გამორჩეული მემკვიდრისკენაა მიმართული
(შანტაჟი, საზოგადოდ, გამორჩეულ ხალხს ეტანება). ვინა თქვა შვილები მამათა ცოდვის
გამო პასუხს არ აგებენო?! განა ასეთ პერსპექტიულ, იმედის მომცემსა და ჯანსაღი
პატივმოყვარეობით აღსავსე კაცს კარიერის დასაწყის ეტაპზე სუფთა ხელები და სუფთა
ბიოგრაფია არ სჭირდება?! ამიტომ თქვენს მიერ - სიტყვაზე ვამბობ, თორემ, ვის მიერ,
ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - რუდუნებით მოგროვილ დოკუმენტს იგი
აუცილებლად იყიდის. ღმერთმა დაგიფაროთ და, თქვენ რომ იყოთ მის ადგილას, არ
იყიდიდით? იყიდიდით. ადამიანი მოსახვეჭელს ძირითადად ღირსების ფასად იხვეჭს, და
თუ შეცდომა დაუშვა, ადვილი შესაძლებელია, ჩუმად გაყიდული ღირსება ჩუმადვე
გამოსასყიდი შეექმნას და მთელი ამონაგების ამ საქმეში დაბანდება მოუხდეს. ეს
პარადოქსი არ გახლავთ. როცა საზოგადოებაში ცხოვრობ, რეპუტაციის ქვეშ ნაღმები
გაქვს ჩაწყობილი და ღირსებაც მუდმივი აღებ-მიცემობის საგანია... მაგრამ ამასაც
მოვეშვათ და ისევ ჩვენს თემას მივუბრუნდეთ. მზაკვრობის ხელოვნებაში, ისევე, როგორც,
კაცმა რომ თქვას, ყოველგვარ ხელოვნებაში პარნასზე ასაფრენად კაცს ოთხი ჯადოსნური
ფრთა გჭირდება: ნიჭი, ცოდნა, ენერგია და რეკლამა, ანუ პროფესიონალიზმი ამ ცნების
ყველა თანდაყოლილი და შეძენილი ნიშან-თვისებით. თუ იღბალიც გაქვს ხომ მთლად
კარგი, თუ არადა, ამ ოთხი ფრთითაც შეგიძლია გაიტანო ლელო, ესაა მხოლოდ, ცოტა
მეტი მობილიზება დაგჭირდება და ცოტა მეტი ენერგია დაგეხარჯება. ცალკე და
ხაზგასმით უნდა ითქვას - ეს მომენტი ხშირად გამორჩებათ ხოლმე მხედველობიდან -
რომ ჩვენს საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თემის შერჩევას. გახსოვდეთ: ისეთი
მარადიული თემების გვერდით, როგორებიცაა დაქირავებული მკვლელობა, სამშობლოს
ღალატი, ფინანსური მაქინაციები, ქრთამი და სხვა, არსებობს კონიუნქტურაზე
აღმოცენებული აქტუალური თემებიც. დღეს მაგალითად, ძალზე აქტუალურია და
ბაზარზეც, შესაბამისად, ძვირად ფასობს საეჭვო წარმომავლობა (ვთქვათ, რომელიმე
წინაპრის წინდაუხედაობით ძარღვებში ფარულად დაგიდით სომხური, ოსური ან რუსული
სისხლი); არანაკლებ ძვირად ფასობს უშიშროების სამსახურთან საიდუმლო
თანამშრომლობა, არანაკლებ ძვირად ფასობს, თქვენ ჯვარი გწერიათ და (თუმცა, რა ვიცი,
გწერიათ?) ჰომოსექსუალიზმი... საზოგადოდ, შანტაჟი მზაკვრობის დიდი და
ნაყოფმრავალი ხის მხოლოდ ერთი ტოტია. ასეთი და კიდევ უკეთესი ტოტი მზაკვრობას
სხვაც ბევრი აქვს, მაგრამ მგონი სათქმელი ცოტა გამიგრძელდა და, თუმც დარწმუნებული
ვარ, ამა ხელოვნების მრავალფეროვან მიმდინარეობათა და მიმართულებათა გაცნობა
თქვენთვის საინტერესოც იქნება და სამარგებლოც, სჯობს აქ წერტილი დავსვა, ვინაიდან
სავსებით ნათელია, რომ ქურდს უკვე ეწვის ქუდი... მადლობას მოგახსენებთ იმისათვის,
რომ კოორდინატები წინდახედულად დამიტოვეთ და თავი საძებარი არ გამიხადეთ და,
თუკი პროფესორ დიდებულიძესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება თქვენთვის
მართლა მნიშვნელოვანი საქმეა, მზად ვარ დაუყოვნებლივ წარმოგიდგინოთ ჩემი
წინადადება, რომელიც ზომიერად კომპრომისულია და, იმედი მაქვს, ორივე მხარისათვის
მისაღები იქნება.
ბიძაჩემი დაჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო. მისი წაბაძვით მეც შემოვიდე ფეხი ფეხზე,
მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი ასე და ისევ ჩამოვიღე. ოთახში სამარისებური დუმილი
იდგა. თავიდან - ბიძაჩემმა რომ ლაპარაკი დაიწყო - ხმაურმა იმატა და ერთი ხანობა
აღმავალ ხაზს მიუყვებოდა, მაგრამ რომელიღაც დანაყოფზე შეჩერდა; ჯერ აღმასვლა
შეწყვიტა, მერე ნელ-ნელა დაბლა დაეშვა და ბოლოს ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, არათუ
ბუზის გაფრენას გაიგონებდით, არამედ რამდენიმე ბუზის გაფრენა პირადად მე
რეალურადაც გავიგონე. და რაკი სიტყვა ბუზზე ჩამოვარდა, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ
ერთი ბუზი ბიძაჩემმა შეიპყრო კიდეც. ეს ასე მოხდა: სწორედ მაშინ, როცა რიტორიკული
კითხვა დასვა სუფთა ხელებისა და სუფთა ბიოგრაფიის შესახებ, ერთმა გაქსუებულმა
ბუზმა გამომწვევი ბზუილით ცხვირწინ ჩამოუქროლა; პასუხად ბიძაჩემმა (რომელსაც, უნდა
გითხრათ, ფამილიარობა ძალიან ეჯავრება) იდაყვში მოხრილი მარჯვენა ელვის
უსწრაფესად გაიქნია, კადნიერი ბუზი მუჭაში მოიმწყვდია და დოქტორ ხერხეულიძის
საწერ მაგიდაზე, რომელზედაც ზესთასოფელს მიმავალ სანაკლიელთა ვიზები ფორმდება
ხოლმე, მთელი ძალით დაანარცხა, ისე კი, რომ ლაპარაკი არ შეუწყვეტია და ნირი არ
შეუცვლია. ბუზი გულაღმა დაეცა და მოსარკევებულ ზედაპირზე ბზრიალი დაიწყო.
ერთხანს რომ იბზრიალა, მერე გაჩერდა, გაშეშდა და არავინ იცის როდემდე იქნებოდა
ასე, როგორც სხვათა ბრძოლაში დაცემული აბსურდული მსხვერპლი, მაგრამ,
საბედნიეროდ, დოქტორი ხერხეულიძე, რომელიც თავიდან ეტყობა ვარაუდობდა, რომ
ბუზი უბრა- ლოდ გრძნობადაკარგული იყო და, როგორც კი მოსულიერდებოდა, მაშინვე
გაეცლებოდა აქაურობას, ბოლოს და ბოლოს მიხვდა ამ ვარაუდის უსაფუძვლობას და იგი
ზიზღიანი წკიპურტივით გადააგდო ძირს. ბიძაჩემს კი, მას შემდეგ, რაც ხსენებული
მკვლელობა ჩაიდინა, მოკლულისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მე მგონია მისი
არსებობა - ამ შემთხვევაში იქნებ უფრო სწორი იყოს „არარსებობა“ ითქვას - აღარც
გახსენებია, მშვიდად, აუღელვებლად, წარბშეუხრელად და ინტონაციის შეუცვლელად
განაგრძო ლაპარაკი და ისე გავიდა ბოლოში, სხვა რამ ინცინდენტი, გარდა ამ
შემთხვევითი მკვლელობისა, აღარაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, ახლა უნდა
მომხდარიყო. ახლა, რა რომ გაჩუმდა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო რაღაც; ამას
ჰაერის დამუხტულობის ხარისხიც მოწმობდა. მაგრამ რა? მე ბიძაჩემს - არ ვიცი, რა
ფსიქოანალიტიკურ ფენომენთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთხელ რომ ვიხმარე, კვლავ ის
მომადგა ენაზე - მოხარშულს ვიცნობ, ამიტომ ჩანაფიქრს თავიდანვე მივუხვდი. და ეს
ჩანაფიქრი, მერწმუნეთ, არა მარტო ნატიფი იყო, არამედ უტყუარიც. მაგრამ ერთია
თეორია და მეორეა თეორიის პრაქტიკული განხორციელება. ამ თვალსაზრისით კი ჩემი
მაშინდელი ვარაუდით (რომელიც, მადლობა ღმერთს, მცდარი გამოდგა) ბიძაჩემი
მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. მართლაცდა, ფსიქოლოგიური იერიშის ძალა
ხომ იმაშია, რომ ერთი მხრივ ოპერაცია მაღალი თავდაჯერებითა და შეუბღალავი
ბუნებრიობით ჩაატარო და ოპონენტს მოსალოდნელი უბედურება, რომლის ბერკეტი შენ
გიპყრია ხელთ, ისე ჩაუქარაგმო, მუქარასაც მიგიხვდეს და შენს ძალასა და
უპირატესობაშიც ეჭვი ვერ შეიტანოს - და ოპერაციის ამ ნაწილში ბიძაჩემის ქმედება
დიაღაც უნაკლო იყო - მაგრამ მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე ზედმეტად არ უნდა
გააღიზიანო, წონასწორობიდან არ უნდა გამოიყვანო, ისე არ უნდა დაადგა ფეხი
ჭრილობაზე, რომ ღმუილი დაიწყოს, გონება აერიოს, კონტროლი დაკარგოს და
ცოფმორეულმა ისეთი რამ სისულელე ჩაიდინოს, რომ ყოველგვარი კომპრომისი და
შეთანხმება წყალში გადაყაროს. ამ მხრივ კი ბიძაჩემმა თავისი გამომწვევი
მჭევრმეტყველებით, ვფიქრობ, ცოტა გადაამლაშა (მოგვიანებით, როცა პრობლემას
შედარებით დამშვიდებულ გულზე განვიხილავდით, თვითონაც აღიარა - ობიექტურად
ცოტა კი არა მგონი გვარიანადაც გადავამლაშე, მაგრამ ძალიან მინდოდა მენახა, მწარე-
მწარე აბებს როგორ ჩაყლაპავდნენ, და ეს სურვილი ისეთი იყო, წინ ვერ აღვუდქიო, -
მერე ქარაფშუტული ღიმილით დაუმატა, - სამაგიეროდ, ისიც ხომ გასათვალისწინებელია,
რომ საქმე სანაკლიელებთან მქონდა და, მაშასადამე, ხიფათი მინიმალური იყოო). ასეა
თუ ისე, ჯერჯერობით ოთახში დუმილი იდგა და ძალთა ახალი განლაგება - თუკი ძალთა
განლაგება ნამდვილად შეიცვალა და გადახალისდა - მანამ არ გამოჩნდებოდა, სანამ ეს
დუმილი არ დაირღვეოდა.
ბოლოს და ბოლოს, დიდხანს გაგრძელდა თუ ცოტა ხანს, დუმილი მართლაც დაირღვა.
იგი ერთმა ცალხელა კაცმა დაარღვია, რომელსაც ყელზე, ნიკაპქვეშ, გრძელი,
ვერტიკალური ნაიარევი დასდევდა და შეშლილის მღვრიე თვალები ჰქონდა, თუმცაღა
სინამდვილეში შეშლილი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, იმ ემოციურ ფონზე,
რომელიც იმჟამად სანაკლიოში სუფევდა, სხვებისგან არაფრით განირჩეოდა. ამ კაცმა -
იგი რომელიღაც მეორეხარისხოვანი და აწ უკვე სამარადჟამოდ დავიწყებული პარტიის
ლიდერი გამოდგა - კერძოდ, თქვა: - ე ჟამთაამღწერელი რაღა მოხელე ჩიქვანია?
- ჟამთაამღწერელი არა ის, - სწრაფად გამოეპასუხა ცალხელას გვერდით მჯდომი
ჩაფსკვნილი, თმახუჭუჭა კაცი, რომელიც ეთიოპელივით შავი იყო და, კაცმა რომ თქვას,
პირადად მე არცა მაქვს რამე მკაფიო და შეუვალი საბუთი, რითაც მისი პრინციპული
ეთიოპიელობის უარყოფა შეიძლებოდეს, - არაფელი ჟამთაამღწერელი მაგ არაა.
სანაკლიოშია დაბადებული და გაზრდილი. მაგის დედ-მამა სანაკლიოში ცხოვრობს და
მაგის და-ძმები სანაკლიოში ცხოვრობენ.
ეს, ასე ვთქვათ, მოთელვა იყო. მოთელვის შემდეგ კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
მე, რამდენადაც ამის საშუალებას დაძაბული ვითარება იძლეოდა, შეკრებილთ
ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამომეცნო, რომელი მათგანი შეიძლებოდა
ჰომოსექსუალისტი ყოფილიყო, მაგრამ ეს ცდა ამაო გამოდგა და როდესაც დავასკვენი,
ან ბიძაჩემმა იბლეფა, ან არადა ჰომოსექსუალისტის ტიპი, როგორც ჩანს, ჩემთვის მთლად
ნათელი არ არის-მეთქი, სიჩუმე კვლავ დაირღვა.
- მაგ კასეტაზე რა გაქვს, იონა, ჩაწერილი?
ასეთი იყო პირველი კითხვა. იგი კუტუბიძემ დასვა. კუტუბიძე წარმოსადეგი კაცი იყო,
შევერცხლილი თმაც უხდებოდა და, საერთოდ, რომ არა უძრავი და სრულიად ცარიელი,
შუშის მსგავსი თვალები, ვიდრე გაიღიმებდა, შეიძლება სიმპათიურიც მოგჩვენებოდათ.
- ამაზე? - ბიძაჩემმა კასეტა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ასე დამაინტრიგებლად
დაანახვა შეკრებილთ, ისევ ამოიღო პიჯაკის დიდი ჯიბიდან, ხელში შეატრიალა და ისე
დააცქერდა, თითქოს თვითონაც დაეჭვდა, მართლა საინტერესო ხომ არა არის რაო. მერე
თავი ღიმილით გაიქნია, - ისეთი არაფერი...
- მაინც?
- არაფერი-მეთქი... შემიძლია გაჩვენოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამ წმინდა საბაჟოზე საჭირო
ტექნიკური აღჭურვილობა მოიძებნება... თუ გინდათ დაგიტოვებთ და მერე ნახეთ. ან
სულაც გაჩუქებთ. უნდა ვინმეს? არა ხომ? მაინც ეგდოს აგერ, იქნება მერე მოგინდეთ... - ამ
სიტყვებით კასეტა დაუდევრად მოისროლა მაგიდაზე, მაგრამ ამას რომ იდუმალი,
გაუგებარი და ავის მაუწყებელი ჩოჩქოლი მოჰყვა, ისევ აიღო, - კარგი, რაკი ესოდენ
ავადმყოფური აჟიოტაჟი გამოიწვია, ასე ვიზამ... თეიმურაზ ბატონო, ერთი ეგ საფერფლე
მომაწოდე, თუ არ შეწუხდები, - და თეიმურაზად მოხსენიებულმა ოთხკუთხა კაცმა რომ
საფერფლე გაუწოდა, თავი გაიქნია, - ეგ არა; მეორე. ის უფრო დიდია.
თეიმურაზმა მეორე საფერფლე მიაწოდა. ბიძაჩემმა საფერფლე წინ დაიდო, კასეტა
გახსნა, ფირი შიგნეულივით გადმოყარა საფერფლეზე, ასანთი ამოიღო, გაკრა, მოუკიდა
და ყველაფერი ეს ნელა, დინჯად, აუჩქარებლად მოიმოქმედა.
ამჯერად რომ დუმილი ჩამოვარდა, ის დუმილი უფრო საზეიმო იყო და თავისი
პათეტიკური უშინაარსობით მშვიდობის ჩიბუხის ჩამოტარებას ჰგავდა. ხოლო როცა ეს
დუმილიც მოთავდა, კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა რწმუნებულმა იკითხა: - შენ
ხომ არ გგონია, იონა, რომ მაგ შენი ნამიოკების ვინმეს ეშინია?
რწმუნებული ხმელი კაცი იყო; საშიშრად ფერმიხდილი და უტყვი სახე ჰქონდა, ფართო,
მოტიტვლებული შუბლი, ჩახლეჩილი ხმა, ნელი, ხაზგასმულად თავდაჯერებული
ჟესტიკულაცია და მოღალატის იერი, რასაც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს შავი სათვალე. აი,
ამ რწმუნებულმა მომლოდინე დუმილის შემდეგ, რომლის ჩუმი შიშით სავსე სიბნელეში
ვინმეს წინამძღოლის თუ არა, მეგზურის როლი მაინც უნდა ეკისრა, ჯერ თავისიანებს
მოავლო მზერა, მერე ერთი მე ამხედ-დმხედა აგდებულად და მშვიდობიანი ზიზღით,
ბოლოს შავი სათვალე ბიძაჩემის გაცისკროვნებულ სახეს მიაპყრო და მკაცრი კილოთი,
რომელშიაც ძალზე ფრთხილად დაცურავდა შემრიგებლური ნახევარტონი, ჰკითხა: - შენ
ხომ არ გგონია, იონა, რომ მაგ შენი ნამიოკების ვინმეს ეშინია?
რაზედაც ბიძაჩემმა უპაუზოდ, თითქოს ნატყორცნი ბურთი აისხლიტაო, შეაგება: - როგორ
გეკადრება!
ამ მცირე, მაგრამ ტევადმა და დიდი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე შესიტყვებამ,
თითქოს ადამიანებმა ნაბიჯი ღმერთისკენ გადადგესო, დაძაბულობა მკვეთრად გაანელა.
გარდა ამისა, ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ კომუნისტების ავტორიტეტი, ისევე როგორც
დანარჩენ საქართველოში, სანაკლიოშიც ჯერ კიდევ მტკიცე, თითქმის შეუვალი, ვინ იცის,
ძველებურად მაგიურიც კი იყო. მიტინგებიდან, დემონსტრაციებიდან და მსგავსი
ხალხმრავალი შეკრებებიდან, ცხადია, სულ სხვა შთაბეჭდილება გამოგყვებოდათ, მაგრამ
მიტინგებზე და დემონსტრაციებზე პრიორიტეტი წმინდა სიტყვას ეკუთვნოდა, ხოლო
როცა წმინდა სიტყვა იდეათა სამყაროდან გამოვიდოდა და საქმედ გარდაისახებოდა,
მაშინვე ყველანი კომუნისტებს მიაჩერდებოდნენ და პრობლემის მოგვარებას მათგან
ელოდნენ. კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა რწმუნებულიც, ჩანს, მიხვდა, რომ ამ
საჩოთირო, მრავალმხრივ-საჩოთირო და იდუმალ-საჩოთირო ვითარებაში
გადაწყვეტილება, როგორც კომუნისტების დესპანს, მას უნდა მიეღო, და მიიღო კიდეც იმ
თავისი, ფაქიზი, ძლივსშესამჩნევი ნახევარტონით.
დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო.
ბიძაჩემი არ ჩქარობდა. სიტუაციის სადავეები მტკიცედ ეპყრა ხელთ და იცოდა, რომ
საბოლოო გამარჯვებამდე ახლა ყველაზე სწრაფად ლოდინის ტაქტიკა მიიყვანდა.
ხოლო ვიდრე ის ამ ეფექტურ ტაქტიკას ფეხიფეხშემოდებული მშვიდად და, ცოტა არ
იყოს, ავი სიამოვნებით ახორციელებს, მე მინდა მცირე ხოტბა აღვავლინო სითამამის
მიმართ. „სითამამე“ ამ ადგილას ერთადერთი და უალტერნატივო ტერმინი არ გახლავთ.
შემეძლო „თავდაჯერება“ მეხმარა, ან „რწმენა“, ან „სიმამაცე“, ან „გამბედაობა“, ან
„გულადობა“, და ა. შ., მაგრამ არჩევანი „სითამამეზე“ შევაჩერე, ვინაიდან იმ თვისების
დასახასიათებლად, რომლის დახასიათებასაც ვაპირებ, იგი, ჩემი აზრით, ყველაზე
ზუსტიცაა და ყველაზე მჟღერიც.
მკითხველთა ნაწილს შესაძლოა ზემოთ მოტანილი ეპიზოდი ნაკლებ დამაჯერებელი
ეჩვენა. ნაწილის ნაწილმა კი - ვინც უფრო უბირია და კითხვის ხელოვნებაშიც
არასაკმაოდგაწაფული - ვინ იცის, გულში ლიტერატურული ძალადობაც დამწამა, მაგრამ
მე მტკიცედ ვდგავარ ჩემსაზე და საბუთად იმას მოგახსენებთ, რომ სითამამე - სითამამე,
რომელიც თავხედობის ზღვარზე მიაბიჯებს, ოღონდ ამ ზღვარს არ გადადის - დიდი რამ
ნიჭია; და თუ ეს ნიჭი გამოგაჩნდათ, ღმერთს მადლი შესწირეთ და გამარჯვების მძიმე
გზაზე ნახევარი საქმის გაკეთება მას მიანდეთ. ვისაც ძალუძს ყოველდღიურ ცხოვრებას -
თავისას თუ სხვისას - დაკვირვებით ადევნოს თვალი, ის უჩემოდაც მივა იმ დასკვნამდე,
რომ სითამამე არის ნებისმიერი, მათ შორის ინტელექტუალური და შემოქმედებითი
წარმატების ერთი უმთავრესი საწინდარი, და მისთვის ამ დებულებას დამატებითი
საბუთები არ სჭირდება, სხვებს კი იგავად ერთ ამბავს მოვუყვები. ეს ამბავი ბიძაჩემს
შეემთხვა და თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ თქვენგანს შეემთხვეს.
ერთხელ, შორეულ ახალგაზრდობაში, ბიძაჩემი ერთ დაწესებულებაში - რა
დაწესებულებაზეა ლაპარაკი, ეთიკურ მოსაზრებათა გამო ვერ გაგიმხელთ - ორ
ახალგაზრდა ქალს იცნობდა, ერთი მათგანი დირექტორი იყო, მეორე კი ბოტანიკის
მასწავლებელი. ხოლო საერთო ის ჰქონდათ, რომ ორთავეს ლილი ერქვა. ბოტანიკის
მასწავლებელ ლილის იმ შემოდგომაზე ბიძაჩემი, რა დაგიმალოთ და, დიაღაც ყვარობდა,
ხოლო დირექტორ ლილისა ეშინოდა. უნდა ითქვას, ეს დირექტორი ცალკერძ შეუხედავი
იყო, ცალკერძ ავი, ცალკერძ უკარება და ცალკერძ ქალაქის პროკურორის ცოლი, ამიტომ
ბიძაჩემს კი არა, ბარე ორ ბიძაჩემზე უკეთეს ვაჟკაცს ეშინოდა. ბევრი რომ არ
გავაგრძელო, ერთ მშვენიერ დღეს, ნაშუადღევს, ბიძაჩემმა თავის ბოტანიკოს ლილის
სამასწავლებლოში დაურეკა, რათა დღის განმავლობაში მოგროვილი ქათინაურები
მიეძღვნა და მორიგი პაემანი დაენიშნა, და შემთხვევით - კონკრეტულ მიზეზს ნუ
გამოვეკიდებით, შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ისა ვთქვათ, რომ დემოკრატიულ
სახელმწიფოებში ამგვარი რამ დროდადრო ხდება ხოლმე - ტელეფონზე დირექტორი
ლილი შეხვდა. ამით ქვეყანა ჯერ კიდევ არ დაიქცეოდა, მაგრამ საუბედუროდ -
მატერიალიზმის უხეშ ენაზე თუ ვილაპარაკებთ, აქ ალბათ კავშირგაბმულობის
სამინისტროს ქვეცნობიერი ხელიც უნდა ვივარაუდოთ - ყურმილში ხმა ცუდად ისმოდა და
ბიძაჩემი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, თუ რომელ ლილის ელაპარაკებოდა, რაც რომ
ქათინაურების პინგ-პონგი დასრულდა და პაემანიც დაინიშნა. ჩვენს მიჯნურს პირკატა ეცა
- ყველაზე უფრო ზედგამოჭრილი ეს გამოთქმა, მგონი, სწორედ ამ ადგილასაა - მაგრამ
რაღას იზამდა?! პაემანი დანიშნული იყო და მანაც სამართლიანად ივარაუდა, რომ
მისვლაზე მეტი უბედურება მიუსვლელობას მოჰყვებოდა; და მივიდა. მივიდა ამ
მისვლიდან გამომდინარე მრავალი არაერთგვაროვანი შედეგით, რომელთა შორის
განსაკუთრებით უნდა გამოიყოს დირექტორის მარწუხები, რომელთაგან თავის დაღწევა
დია ძნელი აღმოჩნდა, და ბოტანიკის მასწავლებლის ბრჭყალები, რომლებიც გრძელი
იყო, წამახული და სისხლივით წითელი. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, ჩვენ კი სითამამეზე
ვლაპარაკობდით და იმედი მაქვს დაგანახეთ კიდეც, თუ რა შეძლებია ღვთით გაჩენილ
ადამიანს, რომელსაც შიშის სამარცხვინო გრძნობა არ ბორკავს! მართლაცდა, რომ არა
ბიძაჩემის ეს ლაღი სითამამე, ვინ იცის საბრალო დირექტორი სიკვდილამდე თავისი
ჭიანაჭამი პროკურორის შემყურე ყოფილიყო; ზემოთ აღწერილი საბედისწერო ეპიზოდის
წყალობით კი სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი სულ სიცილ-კისკისში გალია და იმ
პროკურორის გარდა - მხოლოდ ოფიციალურ კონტექსტში რომ ვიტრიალოთ - კიდევ
ოთხი ქმარი გამოიცვალა, ხოლო ბიძაჩემის სანიშანსვეტო ზარს, რომელმაც მისი
ცხოვრება ასოთხმოცი გრადუსით შემოაბრუნა, მუდამ მადლიერებითა და ტკბილი
ჟრუანტელით იგონებდა.
მაგრამ მივუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, მით უფრო, რომ ამჯერად ბიძაჩემს დიდხანს აღარ
დასჭირვებია ლოდინი.
- ჩვენ სისხლი არ გვწყურია, - უწყინარი კილოთი თქვა კრეონტ წილოსანის საგანგებო
საქმეთა რწმუნებულმა და ნერწყვი გადაყლაპა, - აგერ ვარ მე, აგერაა ბატონი კუტუბიძე,
აგერაა ბატონი წუწუნავა, აგერ არიან დანარჩენი ბატონები...
- მთავარი იდეური ფორმა, დიეგო, - მითხრა მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით
ბიძაჩემმა, - რომელზედაც კომუნისტების მსოფლმხედველობა აღმოცენდა, იერარქია
უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია არც ერთი ნამდვილი კომუნისტი -
კომუნისტი კი, ნამდვილიც და ცრუც, აურაცხელი რაოდენობით შემხვედრია, - რომელსაც
შეეძლოს იერარქიის გრძნობას შეელიოს. იერარქია, ჩემი აზრით, ამ სახეობის არსებობის
პირობაა.
ბიძაჩემის ვარაუდი მე დამაჯერებლად ვცანი და უყოყმანოდაც მივიღე. მაგრამ ეს,
როგორც ვთქვი, მოგვიანებით მოხდა, მაშინ კი კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა
რწმუნებულმა ასე განაგრძო: - სისხლი რომ გვწყუროდეს, სისხლის დალევაზე ადვილი
ახლა არც არაფერია, მაგრამ სისხლი არ გვწყურია. პირიქით: თუკი სადმე გონივრულ
კომპრომისს წავაწყდებით, ხელიდან არ ვუშვებთ. მოვედი აგერ, მაგალითად, მე,
ოფიციალური ხელისუფლება, და ოპოზიციასთან კონსტრუქციულად ვმუშაობ. დღეს
ჯანსაღი ძალების მიზანი ისაა, საქართველოს მატარებელი ინტერნაციონალური
რელსებიდან ეროვნულ რელსებზე გადაიყვანოს, და ჩვენ ამ საქმეში ყველას
წავახალისეთ, ხელს შევუწყობთ და გზას გავუკვალავთ. იმიტომ, რომ ეს ჩვენი დიდი ხნის
ნატვრაა. ადრეც, რამდენადაც იმპერიის კონტროლის ქვეშ ამის საშვალება იყო,
ქართველი კომუნისტები ყოველთვის ცდილობდნენ, ეროვნული საქმე ეკეთებიათ, ახლა,
როცა ასე ავზვირთდით და მეტი შესაძლებლობა მოგვეცა, თუ ვინმე თავისუფლების გზაზე
წინ გადადგომას დაგვიპირებს, იცოდეს დანდობა არ ექნება. მტერი და ორგული უნდა
განადგურდეს! ასეთია რევოლუციის კანონი. ახალი ქვეყანა მსხვერპლის გარეშე ვერ
აშენდება. და ნურავის ეგონება, ჩემო იონა, ვითომ შანტაჟებით შეგვაშინებს და დასახული
მიზნიდან გადაგვახვევინებს. ჩვენ არავისი გვეშინია, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი,
ჩვენთან არს სიმართლე და ჩვენთან არს, სხვათა შორის, ეკლესია. გონივრულ
კომპრომისზე კი, გითხარი მისი არ იყოს, უკან არ დავიხევთ. თუ არადა, აგერ მეგობრები
იტყვიან.
ბიძაჩემი ფეხიფეხზეშემოდებული იჯდა. მარჯვენა ფეხი ედო მარცხენაზე და ყავისფერი
ფეხსაცმლის სამარცხვინოდ გაცვეთილ ჭვინტს უადგილო ღირსებით აქანავებდა.
ხოლო კრეონტ წილოსანის საგანგებო საქმეთა რწმუნებულის შემდეგ სიტყვით კარლო
წუწუნავა გამოვიდა.
- ადამიანს რომ გზა გაყავს, მაგალითად, - კარლო წუწუნავა, თუ გახსოვთ, ჯერ მხატვარი
იყო, მერე მწერალი, მერე გაზეთის გამომცემელი, ამიტომ ისე აზროვნებას სახეებით
აზროვნება ერჩივნა, - და წინ ლოდი დახვდება, ადამიანი სხვა ადამიანებს დაიხმარიებს
და იმ ლოდს ხევში გადააგდეს. მაგ დიდებულიძეა თუ დადებულიძე ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის გზაზე დგას. თუ კომპრომისი მისაღები იქნება,
ეროვნული მოძრაობა, მე ჩემი პარტიის სახელით ვიტყვი, კომპრომისზე წავა. თუ არადა -
საწყენად ნურავის დარჩება - ყველაფერს მოვსპობთ და ამოვძირკვავთ.
- გვითხრას აწი თავისი პირობები, - საქმისკენ უქნა პირი კრებას კუტუბიძემ და ბიძაჩემს
მიუბრუნდა - გვითხარი, შენი პირობები, იონა. ოღონდ, თუ კაცი ხარ, მაგ ფშუტე მუქარებს
მოეშვი, მაგისი აქ არავის ეშინია. - მერე ისევ შეკრებილთ მიუტრიალდა, - რა იცი, იქნება
იმისთანა თქვას, ჭკუაში დაგვიჯდეს. აბა ჰე, იონა, მიდი!
ეს წამქეზებლური შეძახილი ზედმეტი იყო. ბიძაჩემს წაქეზება არ უხდება. მან თქვა: - თუ
გვსურს ჩვენი მდგომარეობა გავაცნობიეროთ - ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი კი,
გაგეგონებათ, სწორედ თავისი მდგომარეობის გაცნობიერების უნარია - უწინარეს
ყოვლისა ის უმარტივესი ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ, („ვაღიაროთ“, დიეგო, თუ
„აღვიაროთ“?) რომ სანაკლიოს პოლიტიკურ, მორალურ და კრიმინალურ ძალთა ესოდენ
განსაცვიფრებელი - ლამის რელიგიური - ერთსულოვნების მამოძრავებელი ბერკეტი
არის არა განზრახვა, არამედ გულისთქმა. დაფიქრება რომ არ გეზარებოდეთ, თავადაც
მიხვდებით, რომ ვერავითარი განზრახვა, ვერავითარი აზრი, ვერავითარი ლოგიკა ამდენ
განსხვავებულ პარტიას, ამდენ დაპირისპირებულ კლანსა და ამდენ გადამტერებულ
ხროვას ვერ შეარიგებს და ერთარსად ვერ შეათვისებს. ამისათვის ისეთი რამ არის
საჭირო, რაც არ იზომება, არ იწონება და ანალიზს არ ექვემდებარება. მართლაც - ისემც
კარგი დაგემართოთ - თქვენი შემანივთებელი და შემადუღაბებელი ძალა ღვთისმიერი
ძალაა, გარდუვალი, მარადარსი, პირველქმნილი, პრიორიტეტული, კვინტესენციური
ძალა, რომელიც არაცნობიერ ფენათა მიუწვდომელ სიღრმეში თვლემს, როგორც
ვულკანის ცხელი ფესვები. ეს გახლავთ კოლექტიური გულისთქმა, ღვთაებრივი მცველი,
ქერუბიმთა მბრუნავი მახვილი, რომლის პერიოდული გააქტიურება ცხადად მოწმობს,
რომ ჩვენი არსების გონიერი ნაწილი ჩვენი არსების არაგონიერ ნაწილთან შედარებით
ჯერ კიდევ სამარცხვინოდ მცირეა. ამიტომ ამგვარი ნახევრად ეგზალტაციური
ერთსულოვნების ჟამს ჩვენ, თიხის შთამომავალნი, თუმც კი გვგონია, თითქოს
რომელიღაც მკაფიო, ჩამოყალიბებულ, კარგად გაზეპირებულ იდეას ვემსახურებით,
სინამდვილეში ვემსახურებით პირველგულისთქმას, ხოლო მისი მეშვეობით შემოქმედის
მიზანს, ვინაიდან შემოქმედი სწორედ გულისთქმის მეშვეობით გვაქეზებს და თავის
ღვთაებრივ ბიძგებს გვანიჭებს. გულისთქმა მართავს ადამიანთა კრებულს, რომელსაც,
მასა რომ უწოდო ან, მით უმეტეს, ბრბო, შეიძლება ეწყინოს. გულისთქმა უფლის
მშვიდობიანი იარაღია და იგი ჭეშმარიტი მიზნისაკენ გვიკაფავს გზას, ხოლო ის იდეა, ჩვენ
რომ ჩვენი მსახურების საგანი გვგონია, სინამდვილეში ამ ღვთაებრივი გულისთქმის მცირე
ცნობიერი ემანაციაა, საბაბი, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე სათანადოდ გავხელდებით,
ბიძგის მაგივრობას გვიწევს. დღევანდელი თქვენი დიადი კონსოლიდაციის საბაბი,
კერძოდ, არის პროფესორი დიდებულიძე, რომლის ცხოვრებაში, თუ ყველას არა,
უმრავლესობას მაინც, რაღაც კვალი გაქვთ დატოვებული, ხოლო ცნობიერი იდეა,
რომელიც, როგორც ცნობიერი იდეის წესია, ფსიქიკის ზედა ფენებში გაჩნდა, და
რომელმაც კი არ გაგაერთიანათ, თუმც კი თქვენ ასე გგონიათ, არამედ გამაერთიანებლის
როლი შეასრულა, ეყრდნობა ლოგიკურ დებულებას: ვიდრე შენთა სახამუშო საქმეთა
მოწმე ცოცხალია, არც სულიერი კვარცხლბეკი გაქვს მტკიცე და არც მატერიალური. მე ამ
იდეას, სიმართლე გითხრათ, ვერ შევუერთდებოდი, მაგრამ, როგორც გითხარით, იგი
სინამდვილეში მხოლოდ საბაბია, ხოლო ჭეშმარიტი მიზანი, რამაც შინაგან შეგკრათ და
შეგადედათ, არის, მაქსიმალურად მარტივად რომ ვთქვათ, წმინდა ცოდვის აპოლოგია.
ღმერთმა - გზანი მისნი, როგორც ვიცით, შეუცნობელია - ადამიანი ცოდვილი შექმნა, და
თუ იგი პერიოდულად მაინც ცდილობს ცხოვრება უცოდველად განვლოს, ეს ურჩობა და
მკრეხელობაა. ქვეყნიერება - ამას საღვთო წიგნები გვასწავლის - ცოდვაზე დგას, ცოდვაა
ქვეყნიერების მარილი, და მარილის გარეშე ქვეყნიერება უმარილო იქნება. ამიტომ, როცა
დანაშაულისთვის დაბადებული უდანაშაულობას ცდილობს, უდანაშაულობა დანაშაულია.
შესაბამისად, თქვენი გულისთქმის ეს აზვირთებაც ბუნებრივია; ბუნებრივი, გასაგები,
მისაღები, გასაზიარებელი. ამას ბრძენი ვულპიუსიც გვიდასტურებს, როდესაც თავისი
ცნობილი ნაშრომის „კაცობრიობის უკანასკნელი ნაბიჯი: წინასწარმეტყველება
კომენტარებით“ მე-7 თავის მე-4 პარაგრაფში წერს: „გრძნობად სამყაროში ვერაფერს
ნახავთ იმაზე უფრო არაბუნებრივს, ვიდრე უცოდველი ადამიანია“, ხოლო ცოტა ქვემოთ
(თავი მეცხრე, პარაგრაფი მეორე): „ვინც არაფერს აშავებს, ის ყველაფერში დამნაშავეა,
ანუ, თუ გსურს, უდანაშაულო პერიოდები გქონდეს, პერიოდულად დანაშული უნდა
ჩაიდინო“. ამ თვალით თუ შევხედავთ (სხვა თვალით შეხედვა არცაა მართებული), თქვენ
ღვთის მანდატურები და ჯალათები ხართ და სანაკლიოში ცოდვის ხსნას, ხოლო ამ გზით
მთელი ქვეყნიერებისა და, ბოლოს და ბოლოს, თავად პროფესორ დიდებულიძის ხსნას
ემსახურებით. აქ კი მე არ ძალმიძს თქვენთან ერთად არ ვიყო. და ჩემი სათქმელიც ესაა:
თქვენთან შეერთება მწადია, რათა პროფესორ დიდებულიძის გადარჩენაში ჩემი წვლილი
შევიტანო. არსებითად ამისთვის მოვედი, ოღონდ - და ესეც დაუფარავად უნდა გითხრათ -
თქვენი გეგმა სერიოზულ შესწორებას საჭიროებს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი
გულისთქმის გზაზე - ბატონ წუწუნავას დავესესხები მეტაფორას - ერთი ლოდი დევს, ერთი
„მაგრამ“, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. სათქმელი
რომ უფრო ნათლად გამოვხატო, ისევ ლეგენდარულ ვულპიუსს მოვუხმობ, რომელიც
ამბობს (დასახელებული ნაშრომი, თავი მეორე, პარაგრაფი მერვე): „ჯვარს ნუ აცვამთ
ადამიანს, თუ მტკიცედ არა ხართ დარწმუნებული, რომ იგი ქრისტეა“. ვულპიუსზე დიდი
ავტორიტეტი კი ჯვარცმის საკითხში, მოგეხსენებათ, არავინაა. ახლა ვიკითხოთ: არის კია
პროფესორი დიდებულიძე საკმაოდ უცოდველი საიმისოდ, რომ ამქვეყნიური ტვირთი
დავხსნათ და ჯვარს ვაცვათ? პასუხი ერთია: არა. ცხადზე უცხადესია, იგი ძლიერ
უცოდველია, მაგრამ არა იმდენად, რომ სიკვდილი მიენიჭოს და მიზიდულობისგან
ვადამდე განთავისუფლდეს. მეორე მხრივ - კარგად მესმის თქვენი - ასეთი კაცის სამზეოზე
დატოვებაც ფრიად საშიშია, ვინაიდან იმ კრიტიკულ ეპოქაში, დღეს რომ გარს გვარტყია,
მეტად დიდია საფრთხე, რომ მისი უცოდველობა ხრწნას დაიწყებს და ეპიდემია იფეთქებს.
აკი ძველებს უთქვამთ, ერთმა წვირიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო. სატუსაღოში ჩასმაც
- თუმც კი ჩვენს გრძნეულ კანონებს ეს არ გაუჭირდება - გამოსავალი არ არის, ვინაიდან
პრინციპულად სატუსაღოც ხომ სამზეოზეა! მაშ, რა ვქნათ? სად შეიძლება ჩასვა კაცი,
რომელსაც სატუსაღოში ვერ ჩასვამ? სად არის უცოდველთა კლუბი? მოგეხსენებათ -
ყოველ შემთხვევაში, ბატონ რწმუნებულს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს,
არ შეიძლება არ მოეხსენებოდეს - რომ ნაკლისწყლის ხეობაში, მდინარე ნაკლულას
შესართავთან არის ერთი განმარტოებით მდგარი თეთრი სახლი, რომელშიც მეორე და
მესამე კატეგორიის ანგელოზები ბინადრობენ...
აქ კი მიღალატა მოთმინებამ. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე იცით, ბიძაჩემს
ორგზის მოხარშულს ვიცნობ, თეთრი სახლის ხსენებაზე და იმის წარმოდგენაზე, რომ კაცს,
რომლის ქებითაც ტვინი ამომიღო, ამ სახლში მოსათავსებლად იმეტებდა, თავი ვერ
შევიკავე და სულით ხორცამდე აღშფოთებულმა ავი სისინით წავჩურჩულე: - ბიძია იო!..
თუ მისალმებასა და გამოთხოვებას არ ჩავთვლით, ამ ორი უაზრო სიტყვის მეტი მე იმ
კრებაზე სხვა არაფერი მითქვამს.
მაგრამ ბიძაჩემს ჩემი დარღვეული წონასწორობისთვის ყურადღება არ მიუქცევია. პაუზაც
კი არ გაუზრდია სიტყვასა და სიტყვას შორის, რათა ჩემი აღშფოთება ფორმალურად
მაინც დაეფიქსირებინა.
- სისხლი, - განაგრძო მან, - ბატონი რწმუნებულისა არ იყოს, არც ჩვენ გვწყურია. ადრეც
რქაწითელი გვერჩივნა და ახლაც რქაწითელი გვირჩევნია. ამავე დროს, როგორც
ხედავთ, ჩვენი მხრივ კომპრომისი დიდია. წინადადება, იმედი მაქვს, გასაგებია. მხოლოდ
ერთს დავუმატებ: ხვალ, საღამოს შვიდი საათისთვის პროფესორი დიდებულიძე
პანაშვიდზეა მისასვლელი პაპასკირის ქუჩაზე, სადაც ერთი უმწიკვლო მანდილოსანი
მიიცვალა. და თუ ხვალ პროფესორი დიდებულიძე პანაშვიდზე მივიდა - შეგიძლიათ
მეთვალყურეები გააყოლოთ - ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩემი წინადადება მიღებულია
და პრაქტიკული საკითხებიღა დაგვრჩება შესათანხმებელი. ახლა კი დაგტოვებთ, რათა
სხვა საქმეებს მივხედო და თქვენც საშუალება მოგცეთ ჩემი წინადადება შინაურ წრეში
თავისუფლად და გულახდილად აწონ-დაწონოთ. ხვალ, საღამოს შვიდ საათზე ხსენებულ
პანაშვიდზე პროფესორ დიდებულიძის მისვლა თქვენი „ჰო“ იქნება, მიუსვლელობა თქვენი
„არა“. ასე რომ, პასუხს უეჭველად მივიღებ და ჩემს შემდგომ მოქმედებასაც, ბუნებრივია,
მას შევუწონი.
ბოლო ეპიზოდი, უნდა ვაღიარო, ბიძაჩემმა ჩინებულად ჩაატარა, ხოლო საფინალო სცენა,
ანუ დოქტორ ხერხეულიძის კაბინეტიდან ჩვენი საზეიმო გასვლა შეკრების მონაწილეთა
მძაფრ დუმილში მართლაც რომ მაღალეფექტური დამაგვირგვინებელი აკორდი იყო,
მაგრამ მე თავში დომხალი მედგა, ხოლო გულში რისხვა და ერთი სული მქონდა, რაც
შეიძლება მალე გავცლოდით აქაურობას, რათა ეს რისხვა, რომელიც ტექსტუალური
თვალსაზრისით ძირითადად უცენზურო ტრაფარეტებისაგან შედგებოდა, დროულად
დამეტეხა ბიძაჩემის უკუღმართი იდეებითა და ცრუ გეგმებით გატენილ თავზე იმ ვითომდა
კომპრომისის გამო, რომელიც, ეტყობოდა - და ყველაზე მეტად სწორედ ეს მაცოფებდა -
თვითონ მართლა კომპრომისი ეგონა. თავად ბიძაჩემი გაბღენძილი მიაბიჯებდა, გარს
ტკბილმათრობელა ბურუსის სქელი, შავი გარსი ეკრა და, ჩემი არ იყოს, მასაც ერთი სული
ჰქონდა, რაც შეიძლება მალე გავცლოდით აქაურობას, რათა ყელში მობჯენილი
თვითკმაყოფილება სიტყვებად დაენაწევრებინა და ის საამო, მაგრამ სულისშემხუთავი
ბურუსი ცოტათი მაინც გაეუხშოებინა. ასე მივედით მანქანამდე. და თუმცა მე სანიმუშოდ
მობილიზებული ვიყავი, მაინც დამასწრო და, მანქანაში რომ ჩავსხედით და დავიძარით,
პირველმა დაიწყო: - ესეც ასე! დღევანდელი დღის ამოცანა შესრულებულია, ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღე განაღდებული გვაქვს. რომც არ დაჰყაბულდნენ ჩემს
წინადადებას, მაინც, ვიდრე არ შეამოწმებენ, მართლა რამე რეალური კოზირი მიჭირავს
ხელში თუ ყველაფერი ეს ბლეფია, მანამ აშკარა ომის დაწყებას ვერ გაბედავენ.
შემოწმებას კი დრო უნდა. და ეს დრო რომ მოიგონ, პროფესორ დიდებულიძეს ხვალ
პანაშვიდზე აუცილებლად გამოუშვებენ.
- ცალთვალა კაცისათვის ცალ მხარეს ყველაფერი დღესავით ნათელია, - მკვახედ
ვუთხარი მე და ისე გავხედე, თვითონ რომ გამომხედავდა ხოლმე დროდადრო, - მაგრამ
ერთიც ვნახოთ და დაგყაბულდნენ? მაშინ?
ბიძაჩემი ჩემმა ტონმა ცოტა გააკვირვა.
- მაშინ საზეიმო ბანკეტს შევუკვეთავთ. იმათ ხარჯზე, რა თქმა უნდა. - აქ უცებ შეკრთა, თავი
მკვეთრი მოძრაობით მოატრიალა და იჭვნეულად დამაცქერდა, - ა?.. დიეგო!.. დიეგო,
დიეგო, დიეგო! ნუთუ ისე წახდი, რომ ნაამაგარ ბიძას უხამსი ეჭვი გინდა წასცხო პატიოსან
სახეზე და ამით შენი სრული უმწიფრობა აღიარო? მმდაა... არადა, თითქოს ყველაფერი
ადვილი გასაგებია: მაგათ ცოფი აქვთ ნაჭამი და უკან ახლა არაფერზე დაიხევენ. თანაც
საუცხოო მეძებრები არიან. საცა დავმალე, ყველგან მიაგნეს. ასეთ ვითარებაში სხვა რა
დამრჩენია გარდა იმისა, რომ თვითონვე დავამალვინო? თავიანთ დამალულს ხომ აღარ
დაუწყებენ ძებნას?! გულსატკენია. ძალიან გულსატკენია... შენ უკვე... რამდენი წლისა ხარ?..
მდა... მაგრამ ჩანს შენმა სიბრძნემ, მთელი შენი საგვარეულოს თავმოსაჭრელად, ფეხი ვერ
აუწყო ასაკს და სიბრძნენაკლული ასაკი ძველი შაბლონებისა და ტრაფარეტების
ტყვეობაში დარჩა. ბრძენის ერთი განმასხვავებელი ნიშანი კი ისიცაა, რომ ტერმინების
ყულფში თავს არ გაჰყოფს. ბრძენმა, დიეგო, იცის, რომ „შეშლილთა სახლი“ და
„ნორმალურთა ქალაქი“ შინაარსობრივად სხვა არაფერია, თუ არა „უმცირესობა“ და
„უმრავლესობა“, რაც - მაგხელა კაცმა, სიბრძნე სულ არაა ამისთვის აუცილებელი, ისეც
უნდა იცოდე - არც გონებრივი მახასიათებელია და არც მორალური. ხოლო პატიოსანი
კაცი, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად შერისხულიცაა, ნაკლულას პირას რომ თეთრი
სახლი დგას, იმაზე უკეთეს თავშესაფარს დღეს სხვაგან ვერსად იპოვის. ამაში სულ მალე
დარწმუნდები. ჩვენ ახლა სწორედ... აქ მარცხნივ... მაგ სახლის დირექტორთან მივდივართ.
იგი ჩემი ძველი ნაცნობია.
„თეთრი სახლის“ დირექტორი, როგორც პრაქტიკოსი ფსიქიატრის წესია, მთლად
დალაგებული არ იყო, მაგრამ სხვაფრივ უაღრესად საინტერესო კაცი გამოდგა -
განათლებული, კომუნიკაბელური, კეთილი, ყბედი. იმ სისხლისა და შხამის წვიმაში,
რომლის პირველი წვეთები უკვე გამოჩნდა სანაკლიოს გახურებულ ცაზე, პრ.
დიდებულიძეს, ეჭვი არ იყო, მისი სახით მართლაც რომ საიმედო პატრონი ეყოლებოდა;
გარდა ამისა, ღვინო ჰქონდა ისეთი, ბარე ორ ფსიქიატრს არ ექნება. ჩვენ იმ ღვინოს
გვიანობამდე ვუსხედით რბილად განათებულ ვერანდაზე, რომლის გადაღმა, სიბნელეში,
მსხმოიარე ბაღი ილანდებოდა, და, ახლადშობილმა ეოსმა რომ ვარდისფერი თითები
გამოაჩინა, უკვე დეტალური გეგმაც შედგენილი გვქონდა იმ შემთხვევისათვის, თუ
ქალაქის პოლიტიკური კოალიცია ბიძაჩემის წინადადებას დასთანხმებოდა, ხოლო მეორე
დღეს, საღამოს შვიდ საათსა და ოც წუთზე - დავიცვათ სიზუსტე, კაცმა არ იცის, როდის
გამოგვადგება - პაპასკირის ქუჩაზე, რვა ნომერი სახლი წინ, პრ. დიდებულიძეს შევხვდი.
იგი, მე და ბიძაჩემი რომ მივედით (დავარცხნილები ვიყავით, ჰალსტუხები გვეკიდა და
საზეიმო სახეები გვქონდა), სწორედ იმ დროს გამოვიდა მამიდების სახლიდან.
კიბესთან ბლომად ხალხი ირეოდა და ეს, ცოტა არ იყოს, საკვირველი მეჩვენა - არ
მოველოდი, მამიდა ნატოს პანაშვიდს თუ ამდენი მოაწყდებოდა - მაგრამ ჩემი გაკვირვება
საფუძველსმოკლებული გამოდგა, ვინაიდან სულ მალე გამოირკვა, რომ ამ ხალხის
უმეტესობა პრ. დიდებულიძის სამეთვალყურეოდ ყოფილიყო მოსული და არა სამძიმრის
სათქმელად.
- აი, დიეგო, პროფესორი დიდებულიძე, - მითხრა ბიძაჩემმა.
მე გავიხედე და - თუმცა ბიძაჩემის ზეშთაგონებული და ამომწურავი მჭევრმეტყველების
გამოისობით ახალს აღარაფერს მოველოდი - პრ. დიდებულიძე რომ სახლიდან
გამოვიდა და, თითქოს საკუთარი თავის დაფიქსირება განუზრახავსო, ზღურბლზე, კარის
ჩარჩოში, წამით შედგა, მონუსხულივით მივაჩერდი.

თავი მეორე. პრ. დიდებულიძე


პრ. დიდებულიძე ხან ვოროშილოვი იყო ხოლმე, ხან ბუდიონი და თუმც დასაწუნი არც
ერთს არ სჭირდა რამე და არც მეორეს - ბუდიონს აღმატებითი ხარისხის ულვაში ჰქონდა
და თავში გრილი სიო უღიტინებდა, ვოროშილოვს კიდევ კლიმენტი ერქვა და ტყვიას
ტყვიაში აჯენდა - ბედს მაინც ძალიან ემდუროდა (რასაც ზოგჯერ ისეთი სიტყვებით
გამოხატავდა, რომლებიც ცნება „სამდურავის“ შედარებით უმწიკვლო ლექსიკურ ბუდეში
ვეღარც კი ეტეოდნენ). კი მართალია, ძღინკიანი კობალა და მისი ოთხი ძღინკიანი
დეიდაშვილი სულაც ბურჟუაზიის დამქაშები იყვნენ და გამუდმებით იარაღს
აჟღარუნებდნენ, ხოლო ცანცარა ამალიას ლოქო გულბაათი ბნელეთის მოციქულის
წოდებას ვერ გასცდა, მაგრამ კობალა და გულბაათი, ისევე, როგორც მათი დარი და
ფარდი მრავალი ჭიჭყინა, პრ. დიდებულიძეს მაგალითად არ უჩნდა. პრ. დიდებულიძეს
ბავშვობაში პირველობა უყვარდა და ამიტომ მისი ადრეული შურის საგანს ტყუპი ძმა
საკანდელიძეები წარმოადგენდნენ, რომლებიც ხალხთა მამასა და მასწავლებელს
განასახიერებდნენ. ტყუპი ძმა საკანდელიძეები ხალხთა მამასა და მასწავლებელს
მორიგეობით განასახიერებდნენ, ისე რომ ჩხუბი არ მოსდიოდათ.
ხოლო პრ. დიდებულიძის მამამ, რომელიც ოდენ საკუთარ თავს განასახიერებდა, რა
დაინახა კომუნისტები არსად წამსვლელები აღარ იყვნენ, გადაწყვიტა ბედს შერიგებოდა
და ამ მიზნით, კეთილსინდისიერად ჩაუჯდა მარქსიზმის კლასიკოსებს. სამწუხაროდ, გარჯა
ამაო გამოდგა: ახალმა მოძღვრებამ რწმენის ძველ ჯავშანში ვერ გაატანა და ჯაბუნაკი
ჭამა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ამ მარცხს რომ ახალი მარცხი მოჰყვა - კერძოდ, მის სახლს
კომუნიზმისთვის მებრძოლმა ერთმა პროლეტარმა დაადგა თვალი - წრეც შეიკრა და
ოცდაჩვიდმეტის შემოდგომაზე (შემოდექზეო, სანაკლიოში იტყოდნენ) უფროსი
დიდებულიძე წაიყვანეს.
სანაკლიო იმ დროს ქვაფენილი ქუჩებით იყო დასერილი და ზედ ჯიშიანი ცხენები
ოქროსფერ ფაიტონებს დააქროლებდნენ, რომლებშიაც ისეთი რბილი კომფორტი
სუფევდა, თურქეთის დიდი ხონთქარიც კი, თუ აღმზრდელების მიერ თავიდანვე არ იყო
გაფუჭებული, წუნს ვერ დასდებდა.
მამის წაყვანის საზეიმო სცენა პრ. დიდებულიძის მეხსიერებაში ღრმად აღიბეჭდა. პრ.
დიდებულიძეს მაშინ ექვსი წელი უსრულდებოდა და იარაღის დანახვაზე (თოფისა
იმდენად არა, რევოლვერისა კი ძალიან) გული უჩქროლავდა ხოლმე. არადა, იმ დილით
ოთხი რევოლვერი დაინახა. სამი - სამზარეულოში, სადაც მამა საუზმეს უჯდა, ხოლო
მეოთხე - გარეთ, ჭიშკართან. ძნელი სათქმელია, ტყავისქურთუკიანმა კაცებმა ასე რატომ
დაიგვიანეს.
სანაკლიოში ძუძუთა ბავშვმაც კი იცოდა, რომ მათი მოსვლის ჟამი ღამისა და დღის მიჯნა
იყო, ის საათი, როცა სინათლე უკვე დაძრულია, მაგრამ სიბნელემდე ჯერ არ მიუღწევია.
ამათ კი დაიგვიანეს. შეიძლება რომელიმე მათგანს კბილი ასტკივდა, ან კუჭი აეშალა, ან
კარი ჩაეკეტა და გასაღები დიდხანს ეძია. ასეა თუ ისე, სტუმრები რომ მოვიდნენ, პრ.
დიდებულიძე უკვე ზეზე იყო და სამი რევოლვერიანი კაცის დანახვაზე (ჭიშკართან
დარჩენილი გვიან შენიშნა) მღელვარებისგან გული ყელში მოებჯინა.
დროის ჟანგიან ჩარჩოში მოქცეული და შორიდან დანახული წარსული ტკბილი და
საამურია. მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს შეიძლება გადაჭარბებად
მოგვეჩვენოს, გამორიცხული არ არის, მოსაგონებლად მწარე წარსული უფრო ტკბილი
იყოს, ვიდრე ტკბილი წარსული (ამ აზრს, სხვათა შორის, მრავალი ავტორიტეტი
იზიარებს);თუმცა, გამორიცხული არც ის ვარაუდი ჩანს, რომ მოგონებები აღსასრულის
მოახლოების კვალობაზე ტკბება. ყოველ შემთხვევაში, პრ. დიდებულიძემ რომ შორეულ
ჰორიზონტზე რაღაც ისეთი შენიშნა, რაც - შესაძლოა უბრალოდ, დიდი სურვილის გამო -
მოქმედ ვულკანს მიამგვანა, ტკბილ-ტკბილი მოგონებები, მათ შორის ისეთებიც,
რომლებიც სამუდამოდ დავიწყებული ეგონა და წესით - თუ ბუნებასა და ფსიქიკაში
მართლა ის კანონები მოქმედებენ, ექსპერიმენტული მეცნიერება რომ დროდადრო
აღმოაჩენს ხოლმე - უნდა ჰქონოდა კიდეც სამუდამოდ დავიწყებული, ფუტკარივით
დაესია.
კომუნიზმისათვის მებრძოლი პროლეტარი, სახელად ჟორჟიკა, რომელიც მას შემდეგ,
რაც დიდებულიძეების სახლს დაეპატრონა, სწრაფად განიკურნა ბრძოლის ჟინისაგან და
ისე მოერგო იქაურობას, რომ ასე ადამიანი საკუთარი ხელით აშენებულს ვერ მოერგები,
მშვენიერი კარგი კაცი გამოდგა - გამრჯე, მეოჯახე და ენაწყლიანი.
ისე, ცუდები არც ტყავისქურთუკიან მომხდურებს ეთქმოდათ. ყოველ შემთხვევაში, ერთ
მათგანს, როგორც ქვემორე ეპიზოდიც გვაჩვენებს, ნამდვილად არ ეთქმოდა ცუდი, ხოლო
ერთის თვისებები რომ დანარჩენებზე უკრიტიკოდ არ უნდა გაავრცელო, ეს პრ.
დიდებულიძემ ჯერ კიდევ არ იცოდა. რაც შეეხება იმ ერთს, იგი დაბალი კაცი იყო,
შემელოტებული; სავსე მთვარესავით სახე ჰქონდა (ბრტყელი, მრგვალი და მანათობელი)
და სანიმუშოდ მოღრეცილი ცხვირი; გარდა ამისა, ტუჩის კუთხეები მაღლა-მაღლა
გაურბოდა, რის გამოც ისეთი გამომეტყველება ედო, თითქოს გიღიმისო, და საერთოდ,
ნაცარქექიას ჩამოჰგავდა, უფრო სწორად, იმ წარმოდგენას, რაც პრ. დიდებულიძეს იმ
ხანად ნაცარქექიას შესახებ ჰქონდა. აი, ამ ნაცარქექიას ხატმა და მსგავსმა, მისი ხარბი
მზერა რა დაიჭირა, სიცილით უთხრა: „რას გაგიშტერდა, ბიჭო, თვალი? მეგეწონა ხო ჩემი
სასროლი?!“ ამ სიტყვებით სიყვარულით დახედა წელში გარჭობილ მაუზერს და მერე -
თუმც მანძილის სიშორის გამო ამას რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონიყო -
სულიც შეუბერა. პრ. დიდებულიძე გაწითლდა. ასე იცოდა: ხვაშიადს რომ მიუხვდებოდნენ,
წითლდებოდა. ხოლო იმ კაცმა, ნაცარქექიას მინამგვანმა, ესეც არ იკმარა, სულის
შებერვას რომ მორჩა, პრ. დიდებულიძეს თავზე ხელი გადაუსვა და დაყვავებით უთხრა:
„მეითმინე, ბიძიკო, პატარა და, რო გეიზდები, შენც ქე ჩამეიკიდებ, თუ ივარგებ, ამისთანას“.
პრ. დიდებულიძეს მაშინ მართლა მიეცა იმედი, მაგრამ როგორც მოვლენათა შემდგომმა
განვითარებამ ცხადყო, შუბლზე თურმე სხვა ნიშანი ედო და ბედისწერამ, რომელიც
ნიშანთა განხორციელებაზე აგებს პასუხს, იმ გზით არ გაუშვა, რა გზაზეც მაუზერს - ანუ,
როგორც ის მოცინარე კაცი ეძახდა, სასროლს - იშოვიდა და ჩამოიკიდებდა.
იქნებ პრ. დიდებულიძის ბავშვობაზე მკითხველის ყურადღება არც შემეჩერებინა - ჩვენი
ინტერესის საგანი მოწიფული პრ. დიდებულიძეა, მაგრამ რაკი დაბეჯითებით არავის
ძალუძს თქმა, თუ რა კვალს ამჩნევს კაცის ცხოვრებას ბავშვობის გამოცდილება,
ვამჯობინე ზოგი - შედარებით საეჭვო და ნიშანდობლივი - ეპიზოდი მოკლედ მაინც
მომეთხრო. ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის, არც ისე ხელწამოსაკრავი იყოს მაცთუნებელი
ვარაუდი, რომ თუ კაცი მოწიფულობაში პრ. დიდებულიძე ხარ, ეს იმ ბავშვობის - სწორედ
იმ ბავშვობის და მხოლოდ იმ ბავშვობის - შედეგია, რომელიც გამოიარე, და საკმარისი
იყო მოცემული სქემიდან წამით ან მილიმეტრით გადაგეხვია, რომ ის აღარ ყოფილიყავი,
რაცა ხარ.
პრ. დიდებულიძემ გვარიანად მძიმე და ცოტა მოსაწყენი, თუმც კი მთლიანობაში
ჩვეულებრივი და იმ ხანად ძალზე გავრცელებული ბავშვობა გამოიარა.
თუ ტყავისქურთუკიანთა პატარა რაზმის მისეული შეფასება მწირი ფაქტობრივი
მონაცემების გამო შესაძლოა მთლად სარწმუნო არცაა, პროლეტარ ჟორჟიკაზე ეს არ
ითქმის, ვინაიდან პროლეტარი ჟორჟიკა პრ. დიდებულიძემ კარგად გაიცნო. სამიოდ
კვირა იქნებოდა გასული მამის დაჭერიდან, რომ იგი თავისი ჯალაბით - ცოლითა და
ვაჟიშვილით, რომელმაც, თუმც პრ. დიდებულიძეზე სულ ერთი წლით იყო უფროსი,
შეუდარებლად ღრმა და ძარღვიანი გინება იცოდა - მათ სახლში გადმოვიდა. ავეჯი,
ლოგინი, ჯამ-ჭურჭელი და სხვა მარადიული ნივთები, რაკი პროლეტარები იყვნენ, არა
მოუტანიათ რა, რაც დახვდათ, იმას დასჯერდნენ. აბორიგენ დედა-შვილს ერთი ოთახი
დაუტოვეს ქვედა სართულზე. ოთახი არ დაიწუნებოდა, მოზრდილი იყო და გარდა ამისა
ცალკე კარი ჰქონდა, რომელიც პატარა, სამსაფეხურიანი ხის კიბით პირდაპირ ბოსტანში
გადიოდა. პრ. დიდებულიძეს მეტი არც უნდოდა. ადრეც, როცა მთელი სახლი მათ
ეკუთვნოდა, წინა კარიდან გასვლას მუდამ ამ უკანა კარიდან გასვლა ერჩივნა, ვინაიდან
აქ, კიტრის, ხახვისა და ლობიოს კვლებში საამო მღელვარებით, ვითარცა აკრძალული
სიყვარული, ელოდა თავისუფლება - ცოტა მტვრიანი, ცოტა ოფლიანი, ცოტა უქმი და
ცოტა გზააბნეული, მაგრამ ოპტიმისტურად მოღიმარე, გულგაღეღილი, აქლოშინებული
თავისუფლება, რომელსაც თან ახლდა თავბრუდამხვევი და გამომწვევი რწმენა, რომ
მთელი სამყარო შენი საკუთრებაა. გარდა ამისა, ისიც ანგარიშგასაწევი იყო, რომ ჩეჩმა
სწორედ ამ უკანა ეზოს ბოლოში იდგა და პრ. დიდებულიძე იქ უმოკლესი გზით
დაიარებოდა, მაშინ როცა პროლეტარ ჟორჟიკას ვაჟს, რომელსაც ვილენი ერქვა, მთელი
სახლის შემოვლა უხდებოდა, რაც - თუ უჭირდა და ეჩქარებოდა - კარგს არაფერს უქადდა.
პროლეტარი ჟორჟიკა კარ-მიდამოს ჩინებულად უვლიდა. თუ პრ. დიდებულიძის მამა
წიგნის კაცი იყო, იგი მიწის კაცი იყო და, როცა მტრებს არ ებრძოდა - მტრებს კი, როგორც
უკვე ვთქვი, რაც დიდებულიძეების სახლში გადმოვიდა, სულ უფრო იშვიათად და
იშვიათად ებრძოდა (ეტყობა ისინიც სულ უფრო ცოტანი და ცოტანი იყვნენ) - მთელი
დღეობით მუხლჩაუხრელად მუშაობდა ეზოში. ბიჭებსაც - თავის ვილენსაც და პრ.
დიდებულიძესაც - იხმარიებდა. ისინიც სიამოვნებით ეხმარებოდნენ, მით უფრო, რომ
მუშაობისას გამუდმებით ღიღინებდა და შიგადაშიგ ისეთებს ამბობდა, ბიჭებს მუცლები
ხელით ეჭირათ. ამ გარდასულ ოხუნჯობათა თემა, იდეა და სტილი პრ. დიდებულიძეს არ
დახსომებია. ის კი დაახსომდა, რომ ხუმრობასა და სიცილ-ხარხარში დრო მხიარულად
მიდიოდა და დაღლას ვერ გრძნობდა. სამაგიეროდ ბოსტნეული და ხილი არ აკლდათ.
პროლეტარი ჟორჟიკა თავისი გულკეთილობით წლის მოსავალს მდგმურებსაც - არ ვიცი,
რამდენად მართებულია პრ. დიდებულიძისა და დედამისის მიმართ ამ ტერმინის ხმარება
- უწილადებდა ხოლმე. გარდა ამისა მას, მრავალთაგან განსხვავებით, ცხენი ჰყავდა,
რომელიც ერთხელ დაჭედა კიდეც. ვილენმა და პრ. დიდებულიძემ ეს პროცედურა
საკუთარი თვალით ნახეს და - ვილენისა არ ვიცი და - პრ. დიდებულიძე ისე ღელავდა,
გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა. ცხენის დაჭედვაში პროლეტარ ჟორჟიკას
მეწვრილმანე ვარდენა ეხმარებოდა. ეს ვარდენა, გარდა იმისა, რომ მეწვრილმანე იყო,
წვრილმანიც იყო, რის გამოც უბანი, სადაც იმ ყუაზე დასულ ყოფაში კაცობის მთავარ
საზომად ხელგაშლილობა ითვლებოდა, ძნელად ჰგუობდა და პრ. დიდებულიძის
მეხსიერებაშიც შესაძლოა ვერ დარჩენილიყო, რომ არა ერთი უცნაური გარემოება: თავის
თავს ყოველთვის - და რატომღაც ყოველთვის სიამაყით - ვარდანად მოიხსენიებდა
ხოლმე. ერთი სიტყვით, პროლეტარმა ჟორჟიკამ ამ ვარდენასა თუ ვარდანას დახმარებით
ცხენი წამოაქცია, ფეხები დაუბორკა, ჩლიქები მეწაღის ბასრი დანით საჭირო ზომაზე
გაუთალა, ზედ გამზადებული ნალები ჩააცვა და ნახვრეტებში ლურსმნები ჩააჭედა. მერე
დაჯდა და იმ სარგადაყლაპულ ვარდანასთან ერთად ღვინო დალია. ცხენს ტკენისა
არაფერი შეტყობია. ნაწყენი კი ჩანდა, მაგრამ ნაწყენი, საფიქრებელია, იმის გამო იყო,
რომ პატარა ბავშვების თვალწინ ასე უცერემონიოდ წააქციეს და გაკოჭეს.
ხოლო ვილენი მამის კვალზე მიდიოდა: თავის დიდ ცოდნას, რაც მრავალწახნაგოვან
გინებათა ამოუწურავი მარაგისგან შედგებოდა, დაუზარებლად და უანგაროდ უზიარებდა
პრ. დიდებულიძეს. გაკვეთილები, როგორც წესი, შეჯიბრის სახით ტარდებოდა და თუმცა -
ბუნებრივიცაა - მუდამ ვილენის გამარჯვებით მთავრდებოდა, ყოველი ამგვარი შეჯიბრის
შემდეგ პრ. დიდებულიძე ლექსიკურ არსენალს რამდენიმე ერთეულით იმდიდრებდა.
ასე - თამამად შეიძლება ითქვას, ტკბილად - ცხოვრობდნენ თითქმის ორი წელიწადი.
მერე პრ. დიდებულიძე და დედამისი სოფ. მაღლითში გადასახლდნენ. ოღონდ, ვიდრე
გადასახლდებოდნენ, სხვა მრავალ ნაკლებმნიშვნელოვან ამბავთან ერთად ერთი ძალზე
მნიშვნელოვანი ამბავიც მოხდა, რომელსაც არ შეიძლება გვერდი ავუარო, ვინაიდან ამ
ამბის წყალობით პრ. დიდებულიძე ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ეზიარა ოპტიმიზმის
მასაზრდოებელ პესიმისტურ დებულებას, რომელიც გვასწავლის, რომ უბედურებას
პრაქტიკულად საზღვარი არა აქვს და, რაც უნდა დაგვემართოს, ყოველთვის
შეიძლებოდა უარესი დაგვმართნოდა; უარესი დაემართა, მაგალითად, ცანცარა ამალიას
და მის ქმარს - ცანცარა გრიგოლს: ისინი ორივენი დაიჭირეს და ლოქო გულბაათი
უმცროს დასთან ერთად უპატრონოდ დარჩა. მართალია და-ძმა მალე ნათესავებმა
წაიყვანეს, მაგრამ პრ. დიდებულიძის სამართლიანი ვარაუდით აქ რაღაც ავბედითი
საიდუმლო იმალებოდა, რასაც ის გარემოებაც ადასტურებდა, რომ იმ ნათესავების
ხსენებაზე დედასაც კი თავის დაწმენდილ ლექსიკონში ისეთი სიტყვები
ამოუტივტივდებოდა, პრ. დიდებულიძე თავისდაუნებურად თვალს აარიდებდა ხოლმე.
ცანცარა ამალიასა და ცანცარა გრიგოლის დაჭერამ თვითონ პრ. დიდებულიძესაც
გვარიანად აურია ცხოვრება. ოღონდ ამ უკანასკნელ გარემოებას საფუძვლად
განსხვავებული მიზეზი ედო. საქმე ისაა, რომ პრ. დიდებულიძეს განზრახული ჰქონდა - ამ
განზრახვას თუმც გამხელით არავის უმხელდა, უკვე კარგა ხანს ელოლიავებოდა, - დიდი
რომ გაიზრდებოდა, ლოქო გულბაათის და, რომელიც იმ დროს სამი წლისა ხდებოდა და
სახელად მარიამი ერქვა, ცოლად შეერთო; ის კი ნათესავებმა სადღაც წაიყვანეს. სად
წაიყვანეს, არავინ იცოდა.
როგორც ტყავი გვაქვს გადაკრული ფიზიკურ სხეულზე, ისე გვაქვს ბედი გადაკრული
ასტრალურ სხეულზე, და როგორც ფიზიკური სხეული ტყავს ვერ გაექცევა, ისე
ასტრალური სხეული ბედს ვერ გაექცევა. მომდევნო არა და მომდევნოს მომდევნო
ზაფხულის ბოლოს პრ. დიდებულიძე და დედამისი, როგორც ითქვა, სანაკლიოდან
წავიდნენ. პროლეტარ ჟორჟიკას, რომელსაც ამ დროისთვის პროლეტარი აღარც კი
ეთქმოდა, ის დარჩენილი ოთახიც დასჭირდა. მაგრამ სიკეთეს ნურც ამჯერად
დავუკარგავთ - ჩამორთმეული ოთახის სანაცვლოდ დედა-შვილს ცოლის სოფელში
ერთი ძველი, გამონაცვალი ქოხი გაუხერხა მიწის პატარა ნაკვეთით, რაც უხვი საზღაური
იყო; მართლაც, მიწის ნაკვეთი, რაგინდარა პატარა, ბევრად სჯობს ქალაქის ოთახს -
განსაკუთრებით ისეთ მძიმე დროში, მაშინ რომ იდგა. საზოგადოდ, მიწა ადამიანის
უკანასკნელი შანსია და ვინიცობისაა - ღმერთმა დაგიფაროთ და - ერთ მშვენიერ დღეს
თავისი საქმის კეთილად მცოდნე მისანმა ვინმემ გიწინასწარმეტყველათ, ერთი შანსიღა
დაგრჩათო, ჩემის მხრივ მიწინასწარმეტყველებია: შანსი იგი მიწაშია და, თუ პოვნა
გიწერიათ, მიწაში იპოვით, სხვაგან ტყუილად ნუ დაუწყებთ ძებნას.
ამის შემდეგ, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა, პრ. დიდებულიძე სოფ. მაღლითში
ცხოვრობდა. სანაკლიოში ათასში ერთხელ თუ ჩავიდოდა. როცა ჩადიოდა, მაშინაც,
როგორც წესი (რომელსაც, ბუნებრივია, გამონაკლისებიც ჰქონდა, განსაკუთრებით
პირველი სიმწიფის ხანაში, როცა მთელმა გრძნობადმა სამყარომ ქალის სახე მიიღო),
ჩადიოდა არა სანაკლიოში, არამედ სანაკლიოს ბაზარში, სადაც დედა-შვილი
ჭირნახულის ნაწილს ჰყიდდა, რათა ნავთი, მარილი, საწერ-კალამი და სხვა ისეთი რამ
ეყიდა, რასაც მიწა ვერ იძლეოდა. მიწა კურთხეულია, ერთგული და ბარაქიანი, მაგრამ
ყველაფრის მოცემა არ ძალუძს. საზოგადოდ, ვიდრე სანაკლიოში ცხოვრობდა, პრ.
დიდებულიძე მიწის შესახებ მაღალი აზრისა არ ყოფილა. სანაკლიოში მიწა იყო
ნივთიერება - შესაძლოა, გვარიანად რთული, მაგრამ იმავდროულად ჭუჭყიანი - რომლის
ოდინდელი პრეტენზია უმთავრესი ელემენტის პასუხსაგებ წოდებაზე უსაფუძვლო
გამოდგა. ეგ კი არა, ემპირიული გამოცდილება გარდამავალი წარმატებით ზოგჯერ
იმასაც ამტკიცებდა, შიშველ მიწას მოასფალტებული მიწა სჯობსო. სოფელში ეს
წარმოდგენა კარდინალურად შეიცვალა, თუმც, ცხადია, არა ისე იოლად, ისე სწრაფად და
ისე ლაღად, როგორც ითქმის.
სოფ. მაღლითი არც ისე მაღალი იყო, რომ მაღლითი სიმაღლის გამო დაერქმიათ.
უბრალოდ, იგი სოფ. მთისძირის თავზე მდებარეობდა, ხოლო რაკი ისტორიულად და
გეოგრაფიულად ეს სოფლები თითქმის განუყოფლები იყვნენ - იმ ვიწრო გარდამავალ
ზოლზე, ერთმანეთს რომ აშორებდათ, საერთო ყანები ეთესათ - ხოლო პოლიტიკურად
და ეკონომიურად სულ მთლად განუყოფლები, ვინაიდან ერთსა და იმავე
კოლმეურნეობაში შედიოდნენ, არსებითად, ერთადერთი ნიშანი, რითაც ასიმილაციის
აქოთებულ ბოსელში გამომწყვდეული მაღლითი დამოუკიდებლობის ილუზიას
ინარჩუნებდა, სახელწოდება იყო.
ტყე-ღრეში ჩაკარგული ერთი ბეწო მაღლითი დამატებით ორ ქვესოფლად იყო
გაყოფილი - და ეს მთისძირელთა ირონიულ ღიმილს იწვევდა: გაღმა მაღლითად და
გამოღმა მაღლითად. ამაში ბრალი, თუ თვით მაღლითელებს არ ჩავთვლით, ძირითადად
ღელედიდს მიუძღოდა - პაწია, მაგრამ გადარეულ მდინარეს, რომელიც, მთის წვერიდან
ერთი ხმაურითა და ფახიფუხით ჩამოვარდნილი, სოფელს შუაზე ჭრიდა და ორ
გვარიანად ციცაბო ფერდობად ჰყოფდა. მერე კი - ვიცი, მკითხველთა ერთ ნაწილს ამ
შარახვეტია მდინარის შემდგომი ბედიც დააინტერესებს - ჩამოვაკებული და
ჩამომთისძირებული უკვე ნელა, დინჯად, დარბაისლურად, ასე გასინჯეთ, ცოტა
გაფხორილიც კი მიედინებოდა და მხოლოდ დროდადრო აღელდებოდა ხოლმე - როცა
შორეულ ზღვასთან მომავალი შეხვედრის ჟრუანტელისმომგვრელ სცენას
წარმოიდგენდა, თუმც უკლებლივ ყველა გონიერმა - მათ შორის მრავალმა უგუნურმა -
კაცმა იცოდა, რომ გზად არაერთი შედარებით მოზრდილი მდინარის სტომაქში
მოხვდებოდა, რის გამოც ზღვას მარტო შეცვლილი სახელით კი არ შეერთვოდა, არამედ
შეცვლილი ბუნებითაც. თუმცა, ასეთი მარცხი მერე და მერე მოსდიოდა, იქით და იქით;
სოფ. მაღლითის ტერიტორიაზე კი, სადაც ჯერ კიდევ ღელედიდად იწოდებოდა, მის
წიაღში და მისთა ლოდთა უბეებში სხმარტალა კალმახები ბინადრობდნენ.
მაღლითელები მკაცრი, მომთმენი და დამცინავი ხალხი იყო. მერე, როცა მრავალი სხვა
სოფელიც ნახა, პრ. დიდებულიძე, მართალია, იმ დასკვნამდე კი მივიდა, რომ ეს სოფლის
საზოგადო წესია, მაგრამ პარალელურად იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ზოგიერთი
სოფელი ამ წესს განსაკუთრებული მონდომებით მისდევს, ხოლო რაკი მაღლითი თავისი
მონაცემებით ამ „ზოგიერთთა“ არა მარტო ძირითად სიაში, არამედ ძირითად ბირთვშიც
შედიოდა, ვფიქრობ, მართალს ვიტყვი, თუ ვიტყვი, რომ აქაურები გამორჩეულად
მკაცრები იყვნენ, გამორჩეულად მომთმენები და გამორჩეულად დამცინავები.
სოფელი თექვსმეტი კომლისგან შედგებოდა. ცხრა მარცხენა ფერდობზე სახლობდა,
შვიდი მარჯვენაზე (ცხადია, ქვემოდან რომ შეხედავდით; ზემოდან მხოლოდ ღმერთი
იყურება). თექვსმეტ კომლს მაშინაც კი უბანი უფრო შეეფერებოდა სახელად; ამიტომ,
როცა ასეთი ნახევარსოფლის რომელიმე ბინადარი მშვიდი ღირსებით, ხალასი
სერიოზულობითა და ბოხი ჩახველებით კიდევ იმას წამოაყრანტალებდა „გაღმა
მაღლითი“ და „გამოღმა მაღლითიო“, მთისძირელთა ირონიული ღიმილი არა მარტო
ბუნებრივი და გასაგები მოგეჩვენებოდათ, ადვილი შესაძლებელია, გადაგდებოდათ
კიდეც.
კეისარს კეისრისაო (გნებავთ, თხა თხაზე ნაკლებიო) - მაღლითელები მთისძირელებს
ვალში არ რჩებოდნენ და ირონიას ირონიით პასუხობდნენ. მეტიც: გამომდინარე იმ
გონებამახვილური დებულებიდან, რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალება შეტევაა,
სოფლის ოთხივე მეწისქვილე მთისძირსა და მთისძირელებზე პერიოდულად სახუმარო
ლექსებს თხზავდა. მართალია, ლექსები უფრო ხშირად სუსტი და ნაკლულოვანი
გამოსდიოდათ, თადარიგიანი და გაღმა შემდავებელი მაღლითელები მიზანს
ნაკლულოვანი პოეზიითაც აღწევდნენ. ყოველ შემთხვევაში, ცდას არ აკლებდნენ, რომ
საკუთარ მანკიერებათა მისაჩქმალად მოძმე მთისძირელთა მანკიერებანი მაქსიმალურად
გაეშიშვლებინათ და სატირის მცხუნვარე მზეზე დაეწყოთ. ოღონდ - ესეც საჯაროდ და
ხაზგასმით უნდა ითქვას - სიძულვილით არ სძულდათ. განა არ უნდოდათ შეეძულებინათ!
ძალიანაც უნდოდათ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, ვინაიდან სიძულვილს მოცალეობა
სჭირდება, მაღლითელებს კი - თუ მეწისქვილეებს არ ჩავთვლით - მკაცრი კლიმატის
გამოისობით თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებოდათ.
გეოგრაფიულად და კულტურულად სოფ. მთისძირი და სოფ. მაღლითი იმდენად ახლო
იყვნენ ერთმანეთთან, რომ მათ შორის სხვა განსხვავება გარდა სახელდებისა თითქოს არ
უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ლოგიკურად გამართულ არგუმენტს ერთი დაკვრით
ამსხვრევს ფაქტი - გრძნობადი სამყაროს დიდი მეუფე და ყოველთა არგუმენტთა
არგუმენტი. მართლაც, მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ მთისძირელთაგან მაღლითელები
მკვეთრად გამოირჩეოდნენ თავიანთი ღრმა და ყოვლისმომცველი ცრუმორწმუნეობით.
გაღმა-გამოღმა მაღლითის თავზე გადაჭიმული დაბურული ტყე, რომელსაც მთელი ის
მთა თავის უღრანსა და გაუვალ ტყვეობაში ჰყავდა მოქცეული, სავსე იყო ქაჯებით,
ეშმაკებით, ჭინკებით, ტყისკაცებით, ტყისქალებითა და ზღარბებად თუ სინდიოფალებად
შენიღბული სხვა ავი სულებით. ისინი თითქმის ყველა მაღლითელს საკუთარი თვალით
ჰყავდა ნანახი და, როცა ერთი მათგანი ტიპიურ ტყუილს ყვებოდა ალქაჯთან შეხვედრის
შესახებ, მეორე მის ნაამბობს გულწრფელად და ხალისით იჯერებდა. გულწრფელად
იმიტომ, რომ ამ სოფელში საკუთარი ტყუილიდან სხვისი ტყუილის მამხილებელი დასკვნა
ვერასოდეს ვერავის გამოჰქონდა, ხალისით იმიტომ, რომ, რაკი სხვის ტყუილს ვერ
ამხელდნენ, სხვის ცრუ სიმართლეს საკუთარი ტყუილის გასამართლებლადაც იყენებდნენ.
ავადმყოფს აქ ორად ორი საშუალებით მკურნალობდნენ: თუ ხიდან, სახურავიდან ან სხვა
რამ დამაკმაყოფილებელი სიმაღლიდან გადმოვარდებოდით, საცა დაეცემოდით, იმ
ადგილას ნახშირს მოძებნიდნენ, წყალში გალესავდნენ და დაგალევინებდნენ. თუ სხვა
რამ მიზეზით გახდებოდით ავად, რა მიზეზითაც უნდა გამხდარიყავით, ამას „ამონაყოლი“
ერქვა და მდ. ღელედიდს, ხოლო მისი მეშვეობით ავ სულს უკავშირდებოდა. ასეთი სენი
შელოცვით იკურნებოდა; შელოცვა მაღლითში ორმოც წელს გადაცილებულმა ყველა
ქალმა იცოდა. გარდა ამისა აქ შიშის გრძნობა არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, შიშის ის
სახეობანი, რომელთა გარეშე ცივილიზებული ადამიანის წარმოდგენა შეუძლებელია,
გავრცელებული არ ყოფილა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, აქ ნებისმიერი გალეული,
ნახევრად ცოცხალი დედაბერი, ერთს არ შეყოყმანდებოდა და დათვებითა და ავი
სულებით სავსე იმ უსიერ ტყეს გვიანი შემოდგომის ყველაზე კუნაპეტ ღამეში წელში
გაჩრილი პატარა წალდუნას ამარა მარტოდმარტო შემოივლიდა დაკარგული საქონლის
მოსაძებნად. დედაბრებს ნადირისა არ ეშინოდათ. პირიქით, ნადირი უფრთხოდა მათ და
ერიდებოდა. იქნებ იმიტომ, რომ მაღლითელი დედაბრები ქაჯებს ჰგავდნენ,
ცრუმორწმუნეობა კი აქ ნადირსაც ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ზამთარში
დამშეული მგელი სოფლად ჩამოდიოდა და სევდიანი ყმუილით ორღობეებს იკლებდა.
ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ თუ სადმე ეზოში შეეხეტებოდა, სახლის
პატრონი ისე დაუტატანებდა, როგორც მაწანწალა ძაღლს, და მგელიც, დარიგებულივით,
წამსვე უკან გაიძურწებოდა ეზოდან, როგორც მაწანწალა ძაღლი. აქ ტკივილის განცდაც
სხვანაირი ჰქონდათ. ფეხშიშველა ბავშვი - ხოლო ბავშვები აქ ერთობლივ ფეხშიშველები
იყვნენ - ქუსლში რომ თითის სიგრძე ეკალი შეესობოდა, კრინტს არ დაძრავდა და წვეთ
ცრემლს არ გადმოაგდებდა, მხოლოდ კოპებს შეიკრავდა, იქვე ჩაჯდებოდა და, თუ ეკლის
ბოლო ჯერ კიდევ ჩანდა, ფრჩხილებით ამოაძრობდა, თუ არ ჩანდა, სხვა ეკლით
დაუწყებდა ჩუჩხურს და მანამ უჩუჩხურებდა, სანამ გამოაჩენდა. ამის დანახვაზე პრ.
დიდებულიძეს პირველ ხანებში ტანში ჟრუანტელი უვლიდა და მუცელი უხურდა, მაგრამ
თანდათან შეეჩვია და იმ ზაფხულის სწორზე მსგავს ოპერაციებს უკვე თვითონაც
სხვებივით ოსტატურად ასრულებდა, ბოლოს კი ისე გაიწაფა, რომ დაკვირვებისა და
განსჯის საგნადაც აქცია. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ეკლის ამოძრობამ რამდენჯერმე ენით
გამოუთქმელი შვება მოჰგვარა, იმაზე დაიწყო ფიქრი, ტკივილი და სიამე განსხვავებაა
ერთიმეორის მიმართ თუ მსგავსება, ხოლო მოგვიანებით, როცა ლოგიკის უზადო
ხლართებმა სიღრმეებში და სიღრმეებში შეიტყუა, კითხვა კიდევ უფრო მწვავედ და
გაბედულად დასვა და, როგორც თავის ადგილას ვნახავთ, მაღლითელი ბიჭების
განსაცვიფრებლად ლოგიკური და პარადოქსული დასკვნაც გამოიტანა. რაც შეეხება
ტკივილის პრობლემას, ამ მხრივ მალე სრულფასოვანი მაღლითელი გახდა. ხოლო
მაღლითელები, ტკივილს რომ არად აგდებდნენ, ამას თავიანთ თავს ღირსებად არ
უთვლიდნენ. ეს მართლაც არ ყოფილა რაიმე ღირსება, უბრალოდ, პირობები იყო მკაცრი
და ამის გამო თვითონაც მკაცრი და ამტანი გახდნენ, თორემ, შეფასებაზე თუ მიდგება
საქმე, შესაძლოა ეს ნაკლი აღმოჩნდეს და არა ღირსება, ვინაიდან ადამიანი, როგორც
ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი, გაღიზიანებაზე პასუხს უნდა იძლეოდეს. სამაგიეროდ,
ტკივილისადმი ამგვარი ინდიფერენტულობა მონათესავე სფეროებსაც გადაედო და იმ
დროისათვის, რომელზედაც ლაპარაკი გვაქვს, მაღლითელებს ლმობიერებისა და
სიბრალულის გრძნობაც დაკარგული ჰქონდათ; ოღონდ, რაკი ბუნებით ავები არ იყვნენ,
ეს უმთავრესად დაცინვაში იჩენდა თავს. დაცინვაში მართლაც რომ ულმობლები და
შეუბრალებლები იყვნენ: ერთს თუ ამოგიჩემებდნენ, აღარ მოგეშვებოდნენ, ლამის
სამარის კარამდე მიგყოლოდნენ; შთაგონების ხვიმირაში მოყოლილი მეწისქვილეებიც
დროს არ აცდენდნენ და მთვარიან (აგრეთვე უმთვარო) ღამეებში ლექსებად
იფქვებოდნენ. თუ რომელიმე მათგანს რაიმე რიგიანი გამოუვიდოდა (რაც არამც და
არამც გამორიცხული არ ყოფილა), მთელი სოფელი აიტაცებდა, რათა ინდივიდუალური
მუზების მახვილი ყნოსვით მოძიებული ეს პირველქმნილი მადანი ახლა ხალხურობის
სურნელოვან ქურაში გამოეწრთოთ. და ადრესატსაც - მაღლითელთა პოეტური
მაღვალაკობის მსხვერპლს - სტიქიური მთხზველობის ამ უკონტროლო ლავის წინაშე ის
ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა.
თავად პრ. დიდებულიძემ ეს იდეალისტური სიმწარე, როცა ამაოებათა ჯაჭვურ რეაქციაში
უნუგეშოდ ჩათრეული ზეგარდმო ტკივილით ნატრობ, ნეტა მიწა გამისკდეს და თან
ჩამიტანოსო, სოფელ მაღლითში მრავალგზის იწვნია.
მაგრამ ბავშვობისდროინდელ ხანძრებს დროის ნაცარი აყრია. პრ. დიდებულიძის
ადრეული ხანძრებიც, რომლებიც ოდესღაც ავისმომასწავებლად გუზგუზებდნენ და
ქვეყნიერებას გადაბუგვით ემუქრებოდნენ, ნაცრის გროვებად დარჩნენ ცხოვრების გზაზე,
როგორც წარსულის თავისებური ორიენტირები. თუმცა ერთი მათგანი კი
შემაშფოთებლად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და იმდენ ხანს ასარსალა
გავარვარებული ენა, პრ. დიდებულიძეს აღარც კი ეგონა მის ჩაქრობას თუ მოესწრებოდა.
მაგრამ ეს გამონაკლისი იყო, რომელიც - ხანგრძლივობის საიდუმლოც სწორედ ამაშია -
ისეთი ამოუწურავი და სტაბილური საწვავით იკვებებოდა, როგორიცაა სახელი
„პრომეთეოსი“.
ამ სახელის თაობაზე წესით აქამდე უნდა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა. მართლაცდა, არ
შეიძლება უბრალოდ და უკომენტაროდ გამოაცხადო, ამ კაცს სახელად პრომეთეოსი
ჰქვიაო. ვისაც პრომეთეოსი ჰქვია, კომენტარიც სჭირდება. პრომეთეოსი, თუ ორიგინალზე
არ ვილაპარაკებთ, მარტო სახელი არაა. იგი უწინარეს ყოვლისა დამღაა და ნიშანი,
ნიშანი იმისა, რომ კაცს, ვისაც „პრომეთეოსი“ ჰქვია, იმ კაცივით ცხოვრება არ ძალუძს,
ვისაც „პრომეთეოსი“ არ ჰქვია. არაპრომეთეოს კაცს შეუძლია ამ ქვეყნიდან უკვალოდ
გაქრეს და, როგორც ისტორია გვიდასტურებს, დიდი უმრავლესობა ასეც იქცევა; ამაში
არც უჩვეულოა რამე და არც დასაძრახი. მაგრამ პრომეთეოსი უკვალოდ ვერ გაქრება; თუ
გაქრა, კვალად კითხვა დარჩება: მაშ, პრომეთეოსი რატომღა ერქვა? კითხვა
სამართლიანია; სახელი პრომეთეოსი თავის თავში უკვე გულისხმობს რაღაცის
გაუქრობელ კვალს და, როცა შვილს პრომეთეოსს არქმევ, პასუხისმგებლობას
კისრულობ, ხოლო თუკი შენ თვითონ იაფეტი არ გქვია, რისკსაც სწევ. დაბოლოს,
როგორც ზემორე მსჯელობის ერთგვარი შეჯამება, შეიძლება ითქვას, რომ მამა, რომელიც
შვილს პრომეთეოსს არქმევს, მამის ნორმალურ არტახებში ვერ თავსდება. იგი ამ
არტახებიდან გამოსულია და პოლუსზე დგას, ან ერთზე, ან მეორეზე.
პრ. დიდებულიძის მამამ (რომელსაც იაფეტი არ ერქვა, ვინაიდან ეს მეტისმეტი იქნებოდა),
შვილს რომ პრომეთეოსი უწოდა, რისკი გასწია, ხოლო რაკი დროება მაშინ ჟამიანი იყო
და პირველი პრომეთეოსის ზეარისტოკრატიული ჩამომავლობა და საშიში
დამოუკიდებლობა ისედაც გამომწვევად ირეკლებოდა მუშათა და გლეხთა სისხლში
ამოვლებულ ალამზე, ამ რისკს პოლიტიკური სუნიც ასდიოდა. მართალია, შეუძლებელი
იყო დადგენა, ვარაუდობდა თუ არა მამა, რომ შვილი, რაკი სახელად პრომეთეოსი
ერქმეოდა, მღვიმეში ცეცხლის შემოტანას დაისახავდა მიზნად, მაგრამ ვინ აიტკიებდა
მაშინ თავს იმის სარკვევად, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემთხვევით იქნა
ჩადენილი თუ წინასწარგანზრახულად?! საერთოდ კი, ალბათობა იმისა, რომ მამას
სწორედ ეს სახიფათო გულისთქმა და გაბედული ილუზია ამოძრავებდა - გავიხსენოთ
მისი მრწამსი, რომელსაც მარქსიზმმა ძვრა ვერ უყო - საკმაოდ დიდია. მრწამსსაც რომ
თავი დავანებოთ, სხვა რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს კაცს, რომელიც შვილს, იმის
ნაცვლად, რომ ჯურხა დაარქვას, ან ნოდარი, პრომეთეოსს არქმევს და ტანჯვის ამ
სამყოფელში დამატებით სატანჯველს უმზადებს?!
ერთი სიტყვით, ჩემი აზრი ის გახლავთ, რომ პრ. დიდებულიძის მამამ შეგნებული არჩევანი
გააკეთა. ზემოთ ამ არჩევანს მე „ილუზია“ ვუწოდე. ახლა თავს ნებას მივცემ
„შესაძლებლობა“ ვუწოდო, თან ვეცდები დავასაბუთო, რომ არც მაშინ ვტყუოდი
მაინცდამაინც და არც ახლა ვტყუი. მართლაცდა, თუ საკითხს სათანადოდ
ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ შვილისთვის პრომეთეოსის დარქმევა მხოლოდ
სასოწარკვეთილების ფუჭი სლოკინი როდია, ან ცრურომანტიკული იმედის საზრდო, ან
უტოპიის მტკნარი წყლების მოულოდნელი აზვირთება. ამაში რომ დავრწმუნდეთ,
საკმარისია პატარა აზრისმიერი ექსპერიმენტი ჩავატაროთ; წარმოვიდგინოთ, ვითომ
ქართველებმა ერთხმად გადავწყვიტეთ, ყველა შვილს (ვაჟებს, ცხადია; ქალი რა შვილია!)
პრომეთეოსი დავარქვათ, შევასრულეთ კიდეც მტრისა და მოყვრის გულის გასახეთქად
სიტყვა და აჰა, ჩვენებურ კაცებს სულ პრომეთეოსები ჰქვია და არავინაა ჩვენს შორის
ისეთი, პრომეთეოსი არ ერქვას. გადაიჭედა ჩვენი ედემი და წალკოტი პრომეთეოსებით,
მკალივით მოედო პრომეთეოსების ლაშქარი ძირძველ ქართულ მიწას, ტევა აღარ არის
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ზიმზიმებენ ამერ-იმერში პრომეთეოსები,
ფუთფუთებენ, მზვაობრობენ, ირევიან ერთმანეთში, გვერდს ვეღარ უქცევენ ერთმანეთს,
აწყდებიან ერთმანეთს, ლოშნიან და ტყვიებს ახლიან ერთმანეთს, სვამენ, ღრეობენ,
ყაყანებენ, მღერიან, ბარბაცებენ, იგინებიან და ფახიფუხობენ. ყველა აქ არის, ყველა
ფასონისა და ყალიბის პრომეთეოსი, რაც კი ჩვენი მოდგმის ამაყ ხეს შეეძლო გამოესხა:
ზეკაცები თუ ქვეკაცები, სიბრძნის ყულაბები თუ ისე ყულაბები, რკინისგულიანები თუ
ხისთავიანები, ღვთის პირში შემყურენი თუ ღვთის პირიდან გავარდნილები, ქვასროლიები
თუ პეპლიჭერიები, ღირსი მამები თუ ყველაფრის ღირსი მამები, ერთსულოვნები თუ
ერთუჯრედოვნები, მიმდევრები თუ მიმომდევრები... შედარებით მცირეა ბისექსუალისტ
პრომეთეოსთა რიცხვი, სამაგიეროდ უხვად არიან ხელისუფლების მხარდამჭერი
პრომეთეოსები. განა დასაჯერებელია, პრომეთეოსთა ამგვარ სიმრავლეში ცეცხლის
მპარავიც არ გამოერიოს?!. ასე რომ, უფროსი დიდებულიძის ჩანაფიქრი - თუკი ეს
მართლა შეგნებული ჩანაფიქრი იყო - არც ისე სასაცილოა, როგორც შორიდან ჩანს. ვიცი,
მრავალი თქვენგანი წამომძახებს, მაშ, ის რაღა იყო, გიორგიზე რომ ვიყავით ერთი ხანობა
გადარეული და თითქმის ყველა ვაჟს გიორგი გვერქვა, გველეშაპს კი ვერავინ ვერაფერი
დააკლოო? ამაზე გიპასუხებთ: ერთსა და უსასრულოდ მრავალს შორის არ არის ისეთი
განსხვავება, როგორც „ყველასა“ და „თითქმის ყველას“ შორის. ეს თვისობრივი
განსხვავებაა და ილუზიაც, ზემოთ რომ ვახსენე, ამ თვისობრიობაშია ჩამარხული: როცა
ქვეყანა მხოლოდ პრომეთეოსებად სახელდებული ხალხითაა დასახლებული, მაშინ არა
მარტო მოსალოდნელია, არამედ გარდუვალიც, რომელიმე მათგანმა ცეცხლი მოიპოვოს.
ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, სამწუხარო გამონაკლისი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ
ეს ქვეყანა საქართველოა, მოლოდინი შესაძლებელია ფუჭი და უნიადაგო აღმოჩნდეს,
ვინაიდან საქართველოში არ შეიძლება ვიღაც მეტიჩარა არ გამოხტეს, რომელიც მტრის
ჯინაზე - ან, მტერი თუ ვერ იშოვა, ისე, თავისი მავნე ბუნების გამო - შვილს უმალ ედგარს
დაარქმევს ან ლავრენტის, ვიდრე პრომეთეოსს.
სამწუხაროდ, მამა პასუხს ვერ მოესწრო. ის რომ დააპატიმრეს, პრ. დიდებულიძისათვის
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო ისეთი სპეციფიკური ნიშან-თვისებების გამომჟღავნება,
რომლებიც ცეცხლის ან მისი ფარდი სხვა რამ ფიზიკური სიდიდის აღმოსაჩენად და
მოსაპოვებლად შეიძლება გამოდგეს.
უექსპერიმენტატოროდ დარჩენილი ექსპერიმენტი მალე ჭირად იქცა, ჯადოსნურ შხამად,
რომელსაც გაუთავებლად გასმევენ და არ თავდება.
ვინც მიჩვეული იყო, მიჩვეული იყო. ადრეული ბავშვობის ამხანაგები, მაგალითად, ისე
ეძახდნენ პრომეთეოსს, როგორც - სიტყვაზე - ზურიკოს ეძახიან ზურიკოს. სამაგიეროდ,
ვინც პირველად გაიგებდა პრომეთეოსი ჰქვიაო, უეჭველად შუბლს შეიკრავდა, თვალებს
გადმოქაჩავდა, პირს მოპრუწავდა, ნესტოებს დაბერავდა, ყბას მოიღრეცდა და ერთს
იმნაირად შეიცხადებდა, ვითომ იმაზე საკვირველი, იმაზე სასაცილო, იმაზე სამარცხვინო,
იმაზე გულისამაჩუყებელი, ასე გასინჯეთ, იმაზე გასაწიწმატებელიც კი, ვიდრე სახელი
პრომეთეოსია, თავის დღეში არაფერი სმენოდეთ. პრ. დიდებულიძე დიდხანს - შესაძლოა,
ძალიან დიდხანს - ვერ მიხვდა, რა იყო აქ ესოდენ ასაღელვებელი და შესაშფოთებელი:
ბოლოს და ბოლოს თავად პრომეთეოსსაც ხომ პრომეთეოსი ერქვა! მაგრამ რაკი იცოდა,
ეს გაუბედავი - უღონოც, კაცმა რომ თქვას - არგუმენტი საქმეს ვერ უშველიდა და პირს
ვერავის ამოუკერავდა, უფრო ხშირად მამაზე ბრაზობდა.
სახელი კი, ვიდრე გაიზრდებოდა და ამდაგვარი პაწია სისულელეების გავლენას
საბოლოოდ დააღწევდა თავს, დიდხანს ტანჯავდა. ისე ტანჯავდა, რომ ამ საგანთან
დაკავშირებული ერთი ოხუნჯობა თვით პროლეტარ ჟორჟიკასიც კი დაახსომდა (თუმც,
პროლეტარ ჟორჟიკას ოხუნჯობანი, ითქვა კიდეც თავის ადგილას, მეხსიერებაში,
როგორც წესი, არ რჩებოდა). პროლეტარმა ჟორჟიკამ, მისი სახელი რომ გაიგო, ბევრი
იცინა, ბევრი ახველა, ბევრი აპურჭყა ბუხარში და ბოლოს უთხრა: „პრომეთეოსი რაია,
ბიჯო, ფოთის მატარებელი ხვარ ხარ?!“ პრ. დიდებულიძემ ხუმრობა ვერ გაიგო, მაგრამ
მაინც ძალიან ემწარა და სიმწარე დიდხანს გაჰყვა.
აბა, ავყია მაღლითელები ასეთ მასალას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ! გაიგეს თუ არა,
პრომეთეოსი ჰქვიაო, მთელი სოფელი საოხუნჯოდ განეწყო.
სანაკლიო რომ სხვაა და მაღლითი სხვა, თეორიულად ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მთელი
სიცხადით - როგორც იტყვიან, ხელშესახებად - ეს განსხვავება მხოლოდ გადაკვეთის
წერტილებში იჩენს ხოლმე თავს. მართლაცდა, მაღლითში ჩასვლამდე პრ. დიდებულიძეს
არასოდეს მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ შარვალი ეცვა, პერანგი ეცვა, წუღები
ეცვა და ქუდი ეხურა, პირი უფრო ხშირად დაბანილი ჰქონდა, ხოლო ლოყები და ხელები
თეთრი. მაღლითში ჩასულს კი ყოველივე ეს ერთბაშად ეცა თვალში. ესეც და სხვა რამეც
(მაგალითად, რომ მაჩვი და ზღარბი სულაც არ არის ერთი და იგივე ცხოველი, ისევე,
როგორც გულისცემის სიხშირე არ არის ერთი და იგივე სოფლის ხმაურიან ორღობეში და
ავად გატრუნულ ბნელ ტყეში, ხოლო ხეზე ასვლას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა
აუცილებელია, თუ არ გინდა მაღლითელები სიცილით ჩაბჟირდნენ, და ა. შ.). ასეთ
კონტექსტში კიდევ უფრო თვალშისაცემი გამოჩნდა, როგორც ის უცნაური გარემოება,
რომ მას სახელად პრომეთეოსი ერქვა, ასევე ის საცნაური გარემოებაც, რომ
მაღლითელებს სახელი პრომეთეოსი აქამდე არ გაეგოთ (და, საერთოდ, ბერძნულ
მითოლოგიას ამ რეგიონში ბევრი არაფერი ჰქონდა სატრაბახო და თავმოსაწონებელი).
მოკლედ, მაღლითელებმა ჩინებული მასალა იშოვეს. ერთი შეღავათი ის იყო, რომ
მეწისქვილეებს ნიჭმა უმტყუნა: თეთრ ფქვილში და ვარდისფერ შთაგონებაში
ამოვლებული მათი პოეტური სატირა უდღეური გამოდგა და ხალხის მეხსიერებიდან მანამ
ამოიშალა, ვიდრე ხალხის გულისკენ გზას გაიგნებდა. სამაგიეროდ პროზად ოხუნჯობას
წინ არაფერი ედგა და, გარდა ამისა, ინტონაციას მიეცა ფართო ასპარეზი. ვინ მოთვლის
რამდენ სხვადასხვა ხმაზე და კილოზე გაისმოდა მაშინ სახელი პრომეთეოსი! საბრალო
პრ. დიდებულიძეს სახლიდან გამოსვლა აღარ უნდოდა და, გამოუსვლელობა რომ კიდევ
უფრო ძნელი ასატანი არ ყოფილიყო, ალბათ არც გამოვიდოდა.
ხოლო ბერძნულ მითოლოგიას ნამუსი ადგილობრივი რვაწლიანი სკოლის დირექტორმა
მოსწმინდა. ამ გამოჩენილმა პიროვნებამ - იგი პროფესიით ისტორიკოსი იყო - ერთხელ,
როცა შთაგონების ონავარ ტალღას თავისდაუნებურად ქეჩოზე მოექცა, სასაფლაოს
მიაშურა, სადაც ადგილობრივი წვრილფეხობა ჭინჭის ბურთით ფეხბურთს თამაშობდა, და
თამაშის შეწყვეტა ბრძანა; მერე მოთამაშეები ირგვლივ შემოიკრიბა და ზოგად შტრიხებში
- ისე, რომ მათი სათუთი ტვინები მეორე და მესამეხარისხოვანი წვრილმანებით არ
გადაეტვირთა - მოკლედ მოუთხრო ძირეული და, გარკვეული აზრით, ნამდვილი
პრომეთეოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკვანძო ეპიზოდები, კერძოდ, თქვა, რომ ეს
პრომეთეოსი, რომელიც სხვათა შორის მითიური პიროვნებაა და არა ისტორიული,
სიცოცხლეში სანახევროდ ღმერთი იყო, მაგრამ მშრომელი ხალხი უყვარდა, რის გამოც
თავის პრივილეგირებულ კლასს ზურგი აქცია და ჩაგრულთა მხარეს გადმოვიდა, თან,
რომ გადმოდიოდა, ხელს ცეცხლი გამოაყოლა, რაც ქურდობად არ ჩაეთვლება, ვინაიდან
ის ცეცხლი უსასყიდლოდ გადასცა შემცივნულსა და ექსპლოატირებულ მასებს.
ამ ეპიზოდმა პრ. დიდებულიძის სახელით დაინტერესებას ახალი ბიძგი მისცა.
დირექტორს, რა თქმა უნდა, ასეთი განზრახვა არა ჰქონია და არც მოვლენების ასეთ
განვითარებას მოელოდა. პირიქით, მისი ჰუმანური ვარაუდით ამ პატარა მოთხრობას
ნორჩი მსმენელები მტკიცედ უნდა დაერწმუნებინა, რომ „პრომეთეოსი“ ისეთივე
ჩვეულებრივი სახელია, როგორც, ვთქვათ, შავლეგი ან მელსი, ხოლო ჩვეულებრივი რამ
მოვლენის გამო აჟიოტაჟის ატეხვა, რაც უმეცართა და ველურთ სჩვევიათ, საჭირო არ
არის. სამწუხაროდ, კეთილშობილურმა ჩანაფიქრმა იმედი ვერ გაამართლა.
მაღლითელებმა კიდევ უფრო ინტენსიურად გაიდეს ფეხქვეშ სახელი „პრომეთეოსი“,
ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყოველივე ამას ერთი ნახევრად კურიოზული ეპიზოდიც
დაემატა, დაცინვის ისარი საკონტროლო დანაყოფს გასცდა და აფეთქების ზოლს
მიუახლოვდა.
მთავარი ბრალი, როგორც ყოველთვის, ბედისწერას მიუძღოდა; მაგრამ ბედისწერა თავის
იდუმალ გეგმებს სხვა, ჩვენთვის მიუწვდომელ განზომილებაში აწყობს და თუმც კი ქვემოთ
მოთხრობილ ეპიზოდში მისი მჩხიბავი ხელი აშკარად იგრძნობა, ჩვენება რომ
მომთხოვოთ, ვერ გაჩვენებთ.
ეს - რაც შეეხება ბედისწერას. ახლა - რაც შეეხება ეპიზოდს.
იმ მძიმე ჟამს - ასაკოვან მკითხველებს შესაძლოა ახსოვთ - ასანთს ცეცხლის ფასი ედო,
ამიტომ ცეცხლს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ; რომ არ ჩამქრალიყო,
ნაკვერჩხლებს ღამღამობით ღადარში ინახავდნენ. მართალია, ცეცხლი ზოგჯერ მაინც
ქრებოდა, მაგრამ მეთოდის უტყუარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ შეუძლებელი იყო
მთელ სოფელში ერთდროულად ჩამქრალიყო; თუ ვინმეს ჩაუქრებოდა, შეეძლო
მეზობლისგან მოეტანა და ისევ გაეჩაღებინა.
და აი, ერთ საღამოს დედამ, რა ნახა ბუხარში ცეცხლი ჩამქრალიყო, შვილი, რომელსაც
სახელად პრომეთეოსი ერქვა, მეზობელთან გაგზავნა. პრომეთეოსიც წავიდა. არც
დროთა შორეული ჯახანი გაუგონია და არც სკოლის დირექტორის ამასწინანდელ
კულტურტრეგერულ გამოხდომაზე დაფიქრებულა; კეცის ნატეხი აიღო, წავიდა და ცოტა
ხნის შემდეგ მოპოვებული ცეცხლით უკანვე გამობრუნდა. გზადაგზა ნაკვერჩხლებს სულს
უბერავდა, რომ არ ჩაქრობოდა. მეზობლის სახლიდან, სადაც ცეცხლი იშოვა, თავის
სახლამდე, სადაც ნაშოვნი ცეცხლი უნდა მიეტანა, ოციოდე საჟენი იქნებოდა. ოცი საჟენი
არაფერია უსასრულობასთან შედარებით, შეგვიძლია სულ არ მივიღოთ მხედველობაში
და ალბათ არც მივიღებდით, გზად რომ ბუხუტიე ბლაყუნა არ შეფეთებოდა. „ბლაყუნა“
რატომ შეერქვა ამ ბუხუტიას, დღემდე არავინ იცის. ალბათ, რამე სერიოზული მიზეზი იყო,
თორემ რაღა მაინცდამაინც არაფრისმთქმელი და, არსებითად, აბსტრაქტული „ბლაყუნა“
შეერქმეოდა სოფლის უმახინჯეს ყმაწვილს, რომელსაც ჯერ მარტო თავი ედგა ციცაბო
მხრებზე იმისთანა, გაციმციმებული ქვაბქოთანა რომ გინახავთ, ან თივის ზვინი, ან
ნაკორტალების კოშკი, - ან ტერასებად გაკორტნილ თმასაც თუ გავითვალისწინებთ -
ჯოსერის პირამიდა (ოღონდ ეს ბოლო შედარება მაღლითში იმ დროს ჯერ კიდევ
გაუგებარი იქნებოდა). რამ აუწოწოლა ასე, რა ედო შიგ და რისი მომასწავებელი უნდა
ყოფილიყო ყოველივე ეს, ერთმა ღმერთმა უწყოდა. საერთოდ - არა მარტო თავის,
არამედ ზედ განივრად მიტყეპებული პირისახის, ნაწრთობი შუბლისა და რიგ სხვა ასოთა
გამოისობით - ისეთი უცხო რამ სანახავი იყო, მთელი სიცოცხლე რომ გეოხუნჯათ, შუამდე
ვერ მიხვიდოდით. თუმცა, თვითონ ის სიმეტრიულად დაკბეჩილი თავი ისე ეჭირა,
ვაგლახად ბუზს არ აიფრენდა. სამაგიეროდ სხვის თვალში გამუდმებით ეძებდა ბეწვებს
და თუ იპოვიდა, მის სიხარულსა და სიცილს საზღვარი არა ჰქონდა.
ეტყობა შემთხვევითი არც ის უნდა ყოფილიყო, რომ პრ. დიდებულიძეს სწორედ ეს
ბუხუტიე შეახვედრა ბედისწერამ იმ მოკლე დისტანციაზე, რომელიც წეღან, უსასრულობას
რომ შევადარეთ, კინაღამ უგულებელვყავით.
ბედისწერის გამო წუწუნი, საერთოდ, პროტესტის ნებისმიერი ფორმა, წყლის ნაყვაა.
ბედისწერა ისეთი ინსტანციაა, დროსა და სივრცეს ნაწილებად არ ჰყოფს და თავის
მოქმედებას არავის უთანხმებს. მოელვარე ნაკვერჩხლების დანახვაზე ბუხუტიე წამით
გაშეშდა, მერე ერთი ატროკებული კვიცივით შეიკუნტრუშა და სიბნელეს შეერია, ხოლო
მეორე დღეს, მოსაღამოვებულზე, ანუ, როგორც მაღლითში ამბობდნენ (არ ვიცი, ახლაც
ამბობენ თუ არა) საღამოდრიელე, როცა ბავშვების ქორომ როხვაძეების ბოსტანს
ქვემოდან დაუარა, სადაც საგვიანო კიტრი ეგულებოდა, უეცრად პრ. დიდებულიძეს
გაშტრიკინებული სალოკი თითი მრავალმნიშვნელოვნად მიაშვირა და დაუზუსტებელი
ნიშნისმოგებით გამოაცხადა: „მართლა ქე არ მიქონდა ამ ოჯახქორს ცეცხლი
ექსპლოატირებული მასებიზა!“ ბავშვებს - ისინი მაღლითელებად იზრდებოდნენ -
როხვაძეების საადრიო კიტრი გულიდან გადავარდათ და ბუხუტია ბლაყუნას ეს ამბავი
ზედიზედ რამდენჯერმე მოაყოლეს (აქ ერთი იმას მინდა საგანგებოდ მივაქციო თქვენი
ყურადღება, რომ სოფელ მაღლითში ინფორმაციის სიზუსტეზე მეტად ყოველთვის
ინტერპრეტაციის სიმრავლე ფასობდა, და მეორეც იმას, რომ პრ. დიდებულიძეს
სიბრაზისგან გულგვამი ისე გაუხურდა, ლამის ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ ბუხუტიასთან შებმა
ვერ გაბედა).
თუ თქვენც დამეთანხმებით, ამ მცირე ლირიკული გადახვევის შემდეგ მაღლითში უკვე ისე
შეგვიძლია ჩავიდეთ, ვითომ მოყვრებისა და მოკეთეების სანახავად მივდიოდეთ.
ეს - ჩვენ. პრ. დიდებულიძე კი იქ თავის დროზე კრძალვით ჩავიდა. „ჩავიდა“ პრინციპულად
სავსებით სწორია, ვინაიდან მართლა ჩავიდა, მაგრამ თუ თანმდევ ფსიქოლოგიურ
ჯანღსაც გავითვალისწინებთ, ალბათ „მიახლება“ უფრო ზუსტი ტერმინი იქნება. დიახ, პრ.
დიდებულიძე სოფელ მაღლითს მიეახლა. მიეახლა ისე, როგორც შეიძლება მიეახლო
უცხო ქალს, რომელიც შორიდან დაგანახვეს და გითხრეს: „ეს დედაშენია“.
ასეთ შორეულსა და, არსებითად, თეორიულ დედას ეგებ იმის უფლება კი აქვს,
მორჩილება მოგთხოვოს, მაგრამ სიყვარულს ვერ მოგთხოვს, ვინაიდან სიყვარული,
როგორც პრ. დიდებულიძე დაასკვნის მოგვიანებით, როცა ჟამი მოიწევა, თავისუფალი
ნების ცნობიერებამდელი გამოხატულებაა.
პრ. დიდებულიძე მორჩილად მიეახლა მაღლითს, მორჩილად გაიხადა ფეხთ, მორჩილად
ჩაება მაღლითური ცხოვრების ფერხულსა და რიტმში, მორჩილად ალაპარაკდა
სპეცმაღლითურ დიალექტზე, მორჩილად დაიდგა მოვალეობის უღელი... ერთი სიტყვით,
ისე შეეხამა იქაურ სუნს, ფერს, ხმასა და კლასიფიკაციას, მალე ორთოდოქსი
მაღლითელისგან აღარაფრით გამოირჩეოდა.
თუმცა, როგორც ზოგადამბიციური წესია, ვიდრე დამორჩილდებოდა,
დაუმორჩილებლობა სცადა. ეს მცდელობა ბავშვური იყო, გულუბრყვილო და ცოტა
სასაცილო, ვინაიდან იმ იარაღს, რომელიც ასეთ დროს ყველაზე მარჯვეა, ჯერ არ
იცნობდა, ხოლო ის იარაღი, რომელიც მოიმარჯვა, უვარგისი გამოდგა. საქმე ის არის,
რომ განვითარების ამ ეტაპზე თვითდამკვიდრების ერთადერთი საშუალება, რასაც
რეალურად და ასე თუ ისე პროფესიულად ფლობდა, ხატოვანი გინება იყო. მაგრამ კარგ
სკოლას, რაც თავისთავად ყოველთვის ფასდაუდებელი სიკეთეა, ადრეულ ასაკში ერთი
ის საზოგადო ნაკლი ახლავს, რომ რეალური ცოდნის გვერდით დიდი რაოდენობის
ფსიქოლოგიური ბუშტუკები გვიგროვდება, რომლებიც თავდაჯერების ფშუტე
მოლეკულებისგან შედგება, და ჩვენ, ამ მოფარფატე ბუშტუკებზე, როგორც ილუზიურ
ფასკუნჯზე გადამჯდარნი, ზოგჯერ ისეთ რამეს შევეპოტინებით ხოლმე, რასაც - ჭკუა რომ
გვქონოდა თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავით - ვერ შევწვდებით.
რჩეულ-რჩეული გინებანი - როგორც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული
ტერმინები, ასევე დასრულებული აზრობრივი კონსტრუქციები - რომლებიც პრ.
დიდებულიძემ სანაკლიოში რუდუნებით აგროვა, მაღლითში გადასაყრელი შეექნა. განა
მაღლითელებს კი არ უყვარდათ გინება! უყვარდათ და წარმატებითაც იგინებოდნენ. ეგებ
ისე დახვეწილად და ხატოვნად ვერა, როგორც პრ. დიდებულიძე, მაგრამ ძარღვიანობის
თვალსაზრისით კი ნამდვილად არ დაიწუნებოდა. შებრკოლების ლოდი სხვა განედზე
იდო: მაღლითელებს სპორტული ჟინი აკლდათ და უმიზეზოდ და უმისამართოდ გინება
უჭირდათ. მართალია, პრ. დიდებულიძე, რაც უფრო მეტად ებლანდებოდა ფეხებში
ხსენებული შებრკოლების ლოდი, მით უფრო მეტი შეუპოვრობით ცდილობდა ახალ
სამშობლოში მხატვრული გინების კულტურა დაენერგა, მაგრამ ეს დღემოკლე და
განწირული შეუპოვრობა იყო. მაღლითელ ბავშვებს, თუმც თავიდან საქმეს პატიოსანი
ენთუზიაზმით მოეკიდნენ, როცა კონკრეტული ადრესატი არ ეგულებოდათ, რომელიც
გინების კონკრეტულ იმპულსს აღძრავდა, ენა ებმოდათ და მხრებს მორცხვად იჩეჩავდნენ.
რა ექნათ? თეატრალურსა და, გნებავთ, სპორტულ ბილწსიტყვაობაში იმ სიმწვავესა და
ზემოქმედების ძალას ვერ პოულობდნენ, რითაც, ჩვეულებრივ, უცენზურო სიტყვა სხვა,
სანქცირებული და, ასე ვთქვათ, სადაგი სიტყვებისგან ეგზომ მომგებიანად გამოირჩევა.
მერე და მერე, რა გამოჩნდა, ამ ფრონტზე მარცხი გარდუვალი იყო, ვინაიდან ყველა
დანარჩენ ფრონტზე გარდუვალი იყო თანდათანობითი გამაღლითელება, ეს თავისი
ქონება, აქამდე რომ დიდი საუნჯე ეგონა, დიდ ტვირთად დააწვა, რომელიც არც რგებდა,
არც სიამოვნებდა და უკვე აღარც ძველებურად ესახელებოდა, მაგრამ ვიდრე ინერციის
ტალღაზე იწვა, ინერციის მდინარეს მიჰქონდა და ინერციის ძალაზე იყო დამოკიდებული,
ასე ერთი ხელის დაკვრითაც ვერ მოიშორებდა. ინერციას თავისი ვადა აქვს, რომელიც,
ეჭვი არაა, რაღაცის პირდაპირპროპორციულია და, საქმემ თუ მოითხოვა, შეიძლება
ზუსტად იქნას გამოთვლილი. სამაგიეროდ, ვადა რომ გავიდა და ექსპერიმენტის
შეწყვეტის ჟამმა დაჰკრა, პრ. დიდებულიძე ინერციასთან ერთად მორჩილების
ფორმალური ფიცისგანაც განთავისუფლდა (ასე ვთავისუფლდებით მოლოდინისგან
მოლოდინის ობიექტის გამოჩენაზე).
მართლაც, ამ დღიდან იგი რეალურად შეერწყა მაღლითს. შეერწყა, როგორც
გარდუვალობას, როგორც ბედს, რომელიც მიეცა, თუმც არ კი იცოდა, ვის მიერ და რატომ.
ერთი კია: მაღლითი სამშობლოდ არასოდეს მიუჩნევია. ის, თუ მაინცადამაინც,
სამშობლონაცვალი იყო, ხოლო პარადოქსი იმაში მდგომარეობდა, რომ ისეთ
სამშობლოს უცვლიდა, რომელიც არ გააჩნდა. სამაგიეროდ, ჩვენ ეს პარადოქსი
საშუალებას გვაძლევს, თანაბარი უფლებით ვუწოდოთ - თვითონაც ასე მოიქცა, ცოტა
რომ წამოიზარდა - უსამშობლოცა და ორსამშობლოვანიც. სავარაუდოა, სწორედ ეს არის
ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაღლითი არ უყვარდა და ისე მიატოვა, არც
შეჰყვარებია. ყოველ შემთხვევაში, ის გრძნობა, რასაც თვითონ სიყვარულს ეძახდა -
ხოლო რასაც თვითონ სიყვარულს ეძახდა, რთული და იკლიკანტური რამაა და ჯობს
ჯერჯერობით ნუ ჩავეძიებით - მაღლითის მიმართ არასოდეს გასჩენია.
თუ პრობლემას ტრაგიკული კუთხიდან შევხედავთ (რაც აუცილებელი არ არის), მისი
კუთვნილი დრო, სივრცე და ასაკი იმდაგვარად დაიყო და დანაწილდა, რომ სამშობლოს
გრძნობის ჩამოყალიბება სანაკლიოში ვერ მოესწრო, ხოლო მაღლითში დაგვიანდა.
მაგრამ ეს ზოგად-თეორიული ფონია, გრძნობადი სამყარო კი, რომელიც მიწყივ
წვრილმანებში იყო გახლართული, ისე ირწეოდა, ისე მოძრაობდა, ისე ხმაურობდა, ისე
იცვლიდა ნირსა და ფერს, ისე იწურებოდა, ისე იწმაწნებოდა, ისე იბრიცებოდა, ისე
ირღვეოდა და ისეთი ჯიუტი თავდაჯერებით მიუყვებოდა თავის ოკრობოკრო გზას,
ეტყობოდა, არავითარ ფონსა და თეორიას არა ცნობდა, ან თუ ცნობდა, მხოლოდ იმ
ფონსა და იმ თეორიას ცნობდა, რომელსაც თავადვე ქმნიდა საკუთარ ქმედებათა
მომავალი გამართლების მიზნით.
მაღლითში ჩასვლის შემდეგ, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ყელში უმიზეზოდ
რაღაც უჭერდა და გული მტკივნეულად ეწურებოდა, ერთი-ორჯერ იტირა კიდეც ბალიშში
თავჩარგულმა, საერთოდ, რაღაც ისეთი სჭირდა, ასე ეგონა, ერთ ადგილას რომ დიდხანს
გაჩერებულიყო, სული ამოხდებოდა. მცირე ასაკის გამო მაშინ ვერ მიხვდა, რომ ეს
ნოსტალგია იყო, ნოსტალგია მოულოდნელად მიტოვებული სანაკლიოსი, რომელიც უკვე
ემზადებოდა გასამშობლიურქალაქებლად, და ცოტაც რომ დასცლოდა, ალბათ
გამშობლიურქალაქდებოდა კიდეც. რაკი არ დასცალდა, პრ. დიდებულიძეც მშობლიური
ქალაქის გარეშე დარჩა; თუმცა საბოლოოდ (ეგებ საბედნიეროდაც) ეს ჭირი მარგებელი
გამოდგა, ვინაიდან სწორედ მისი წყალობა იყო, რომ ამ გამთანგავმა სენმა მალევე
გაუარა, სანაკლიო დავიწყებას მიეცა და ცხოვრების ერთადერთი ასპარეზი - თუ ბუნდოვან
სივრცეებს არ ჩავთვლით, რომლებსაც ნედლი გონება დროდადრო თავისთვის ხატავდა -
სოფელი მაღლითი გახდა.
მაღლითში წელიწადის ოთხივე დრო კარგი იყო: გაზაფხულზე მინდორ-ველები
ნაირფერი ყვავილებით იმოსებოდნენ, ზაფხულში ყინულივით ცივი ღელედიდი საამურად
ჩანელთბილდებოდა, შემოდგომაზე ვაზი მზესა და ოქროში ცურავდა და ზამთარში შაშხი
ნერწყვისმომგვრელად ეკიდა გამურულ დირეზე. მეორე მხრივ, ასევე დასაბუთებულად
შეიძლება ითქვას, რომ მაღლითში წელიწადის ოთხივე დრო ცუდი იყო: გაზაფხულზე ხვნა-
თესვის ჟამი დგებოდა, ზაფხულში ყანა გასამარგლი და გასამოროდებელი იყო,
შემოდგომაზე წლის მოსავალს აღება და დაბინავება უნდოდა, ხოლო ზამთარში შაშხის
პატარა ნაჭერი, რომელიც დედა-შვილს გაზაფხულამდე უნდა გამოეზოგა,
ნერწყვისმომგვრელად ეკიდა გამურულ დირეზე, როგორც მარადიული შიმშილის
სიმბოლო. წინააღმდეგობა, რაღა თქმა უნდა, მოჩვენებითია და ნათლად მოწმობს, რომ
ზოგი რამ პროტაგორამაც იცოდა.
და, პრ. დიდებულიძე, სოფელ მაღლითს შეერწყა.
მაგრამ არ შეიძლება ითქვას - დროთა განმავლობაში ეს ვარაუდი ფაქტებითაც
დადასტურდა - თითქოს იგი სრულად გაიხსნა მაღლითში. საქმე ის გახლავთ, რომ გარდა
გინებისა, რაც საეჭვო საუნჯე და ცრუ ინდივიდუალობის მყიფე ყალიბი გამოდგა, არსის
არსში სხვა, გაცილებით მტკიცე, გაცილებით თავისთავადი (თუმც კი დიდი ხნის მანძილზე
შეუცნობელი) რამ ძალა აღმოაჩნდა, რომელმაც ასიმილაციისაკენ მიმართული ყველა
შეტევა მოიგერია და რამდენჯერმე თავად გადავიდა კონტრშეტევაზე გავლენის
სფეროთა მოსაპოვებლად. ეს ძალა უხილავი, მაგრამ სრულიად რეალური იყო და,
როგორც გამორიცხვის გზით დადგინდა, მაცოცხლებელ საზრდოს მამასთან გატარებული
ექვსი (თითქმის ექვსი) წლიდან იღებდა. ჩანს, მამას სახელის გარდა რაღაც კიდევ მიეცა,
რაღაც ნაკლებთეორიული და ნაკლებფორმალური, რაღაც ნიშანი, რაღაც თვისება,
რაღაც ისეთი დვრიტა, რასაც შეუძლია მიზიდულობის მაგნიტურ ღერძად იქცეს და
ირგვლივ ნელ-ნელა, მეთოდურად შემოიკრიბოს დამოუკიდებლობის პაწაწკინტელა
ატომები. ეს კი მომავალი ტანჯვისა და სიამაყისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საფუძველი
იყო. მამამ მოასწრო და ის აუცილებელი პირობა შეასრულა, რასაც მისი განსაზღვრული
ნიშნისა და განუსაზღვრელი მნიშვნელობის გამო შეიძლება მეექვსე დღის მცირე
მისტერია ეწოდოს. პრ. დიდებულიძემ არ იცოდა - ბუნებრივია, არც მე ვიცი - კერძოდ და
კონკრეტულად რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეგება არც არის საჭირო ამის ცოდნა, ეგებ არ
არის საჭირო ძებნა, პოვნა და სიტყვებით გამოხატვის მცდელობა იმისა, რასაც ნათლად
და გასაგებად მხოლოდ შეგრძნებით - ისიც ჩვენი ცხოვრების განსაკუთრებულ წამებში -
შეიძლება მივწვდეთ... ასეა თუ ისე, მოგვიანებით თავად პრ. დიდებულიძემაც მამის
გავლენით ახსნა ის მძაფრი, ერთი შეხედვით ძალზე ზოგადი, შეიძლება ითქვას (?)
თეორიული განცდა, რომელიც მაღლითში ცხოვრების მთელი ათი წლის განმავლობაში
არ მოშორებია: თითქოს გამუდმებით დაძაბული იყო, გამუდმებით გადარაჯებული და
რაღაც უცხო, მოულოდნელი ხიფათის წინაშე მიწყივ მობილიზებული. ეს ღლიდა და
ხშირად გუნებასაც უფუჭებდა, მაგრამ მერე, ახსნა რა მოუძებნა, მოისვენა კიდეც. ახსნა
ასეთი იყო: გონება, სამყაროს ქსელში მტკიცედ და აქტიურად ჩაბმული, შეუსვენებლივ
მუშაობდა, და ამ მუშაობის მიზანი იყო, საკუთარი არსების გულისგულში ისეთი მიუვალი
ციხე-კოშკი აეგო, სადაც ყოველგვარი ძალადობისაგან საიმედოდ დაცული,
მბრძანებელიც თვითონ იქნებოდა და ბრძანების აღმსრულებელიც.
ხოლო თუ ყველაფერი ეს სწორია, მაშინ ისიც სწორი უნდა იყოს, რაც მეორენაირად ასე
გამოითქმის: როცა პრ. დიდებულიძე ადგილობრივ გარემოს შეერწყა, ადგილობრივ
გარემოს იგი ოდენ გარეგნული ფენებითა და ზედა შრეებით შეერწყა. ეს ფენები და
შრეები, თუმც კი ბუნებრივი ძაფით ნაქსოვი, ხელოვნური ფარდა იყო, რომლის უკან
მამისგან ნაანდერძევი დროშით ხელში იდგა ნამდვილი, უხსნადი და შედარებით
ამაღლებული პრ. დიდებულიძე.
დიახ, თუ ის სწორია, ესეც სწორი უნდა იყოს, მაგრამ მაშინ ისიც სწორია, რომ აქ
მთხრობელსაც დიდი სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ასეთი სიტყვებითა და
გამოთქმებით შეიძლება ლიტერატურული ბედისწერის ისეთ ბილიკზე მოხვდეს,
რომელსაც ორთავ მხარეს პათეტიკის უქმად მოშრიალე ჭალა მისდევს.
ნაკლებრადიკალურად რომ ვთქვათ (რაც არა მარტო პათეტიკას დაგვაშორებს, არამედ
სიმართლესაც მიგვაახლოებს), - როდესაც პრ. დიდებულიძე მაღლითის საერთო-
სახალხო ქვაბში მოიხარშა, მისგან პატარა, გაურკვეველი ქიმიური შემადგენლობის კენჭი
დარჩა, რომელიც წყლის დუღილმა, ყოველ შემთხვევაში, დუღილის აქაურმა
ტემპერატურამ, ვერ დაშალა, ვერ შეიწოვა და გარემოს ორგანულ ნაწილად ვერ აქცია.
სწორედ ეს კენჭი იყო ის ფარული სუბსტანცია, რაზედაც მომავალი პრ. დიდებულიძე უნდა
აღმოცენებულიყო.
ხოლო ვიდრე ფარული სუბსტანციები სამალავიდან გამოვიდოდნენ, ამა სოფლის
მდინარე (ამ შემთხვევაში - მიხვდით, ალბათ - არც მაღლითზეა ლაპარაკი და არც
ღელედიდზე) თავისი გზით მიედინებოდა.
ამის დაჯერება ძნელია (ხოლო თუ ისტორიის პროზექტურაში ყურადღებით
მიმოვიხედავთ, თითქმის შეუძლებელიც), მაგრამ მაღლითში ჩასვლის ერთი თვის თავზე
პრ. დიდებულიძის დედამ სამუშაო იშოვა. ძნელი დასაჯერებელი კი აქ ის არის, რომ
სამუშაო იშოვა არა კოლექტივის ყანაში, არამედ ბიბლიოთეკაში, რაც ისეთი ხდომილება
იყო, ხდომილებათა განსაკუთრებით საკვირველ კატეგორიას განეკუთვნებოდა, თუმც,
უნდა ითქვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმარისი ლოგიკური საფუძველიც ჰქონდა.
მაღლითში რომ ჩავიდნენ, პრ. დიდებულიძესა და დედამისს ბიბლიოთეკარის ადგილი
ვაკანტური დახვდათ. წინა ბიბლიოთეკარი ოთხი თვის წინ დაეჭირათ და ოთხი თვის
განმავლობაში სოფლის მამები და შვილები ამაოდ ეძებდნენ მის შემცვლელს. არავინ
იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ეს უიმედო ძებნა - შიგ მაღლითში შესაფერისი კადრი
არ მოიპოვებოდა, გარედან კი აბა ვინ მოვიდოდა! - რომ არა პრ. დიდებულიძის დედა.
პრ. დიდებულიძის დედამ სულზე მიუსწრო ბიბლიოთეკას, სადაც ნესტი და ობი უკვე ყველა
კუთხე-კუნჭულში ჩამჯდარიყო და ჩაბუდებულიყო. მეორე მხრივ, ბიბლიოთეკარის
თანამდებობამ პრ. დიდებულიძის დედასაც ასევე სულზე მიუსწრო. იგი ქალაქში გაიზარდა
და მიწაზე მუშაობას მიუჩვეველი იყო. მართალია, სანაკლიოში ეზო კი ჰქონდათ, მაგრამ,
ჯერ ერთი, ამ ეზოს ძირითადად მამა უვლიდა, და მეორეც, სად საკუთარი ბოსტნის მოვლა
და სად კოლექტივის ყანაში ქანცგამწყვეტი მუშაობა!
შესაძლოა, ყოველივე ეს გაზვიადებად მოგვეჩვენოს: მართლაცდა ჩვენებრ გულმავიწყი
ხალხისთვის ადვილი არ არის იმის გახსენება, თუ რატომ იყო ბიბლიოთეკარის
თანამდებობა ასეთი მიუწვდომელი იქ, სადაც ორთავ მხარის ინტერესები ერთმანეთს
ემთხვეოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ინტერესთა დამთხვევა, თუმც სასურველი
ყოველთვისაა, გადამწყვეტი იშვიათადაა. გადამწყვეტი პოლიტიკური ხაზია, რომელიც
ამჯერად უშუალოდ ბიბლიოთეკაში, ზედ ინტერესთა დამთხვევის ეპიცენტრში, შეიძლება
ითქვას, წიგნებსა და წიგნებს შუა გადიოდა. პრ. დიდებულიძის დედას უმაღლესი
განათლება ჰქონდა. მართალია, თავისთავად განათლება საეჭვო ნიშან-თვისებათა
ძირითად ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ აქ ისაა გასათვალისწინებელი, რომ ქმარი
დაჭერილი ჰყავდა, რაც მის განათლებას ავტომატურად ანიჭებდა მავნებლურ ხასიათს;
ასეთ ვითარებაში ბიბლიოთეკარის თანამდებობა მისწრებად კი არა, რატომ ღვთის
წყალობად არ მოგეჩვენებოდა!
ბიბლიოთეკა სკოლის შენობაში იყო მოთავსებული და სოფელში მას „სკოლის
ბიბლიოთეკად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა იურიდიულად სოფსაბჭოს ეკუთვნოდა და მთელი
სოფლის სამსახურში იდგა. მართალია, სოფელს მაშინ სულ არ ებიბლიოთეკებოდა ან, თუ
ებიბლიოთეკებოდა, ამ სურვილს შეგნებულად და წინდახედულად თოკავდა, ვინაიდან
წიგნი, თავისი ორაზროვანი ბუნების გამო პოლიტიკურად ისედაც ყოველთვის საშიში, იმ
ფიცხ დროში მომეტებულად საშიში იყო, მაგრამ საზოგადოდ ბიბლიოთეკა მაინც საჭიროა
და ნებისმიერ დროში საჭიროა; მეტიც: თუ გარკვეული იდეოლოგიური პირობები
შესრულდება, მით უფრო საჭიროა, რაც უფრო ფიცხია დრო და რაც უფრო საშიშია წიგნი.
სკოლის დირექტორი - კანდიდატურის მოძიება მას ჰქონდა დავალებული - პრ.
დიდებულიძის დედას წინდაწინ მოელაპარაკა და, მადლიერებით გაჯერებული თანხმობა
რომ მიიღო, საკითხი სოფსაბჭოს თავმჯდომარის წინაშე დააყენა, რომელმაც, თავის
მხრივ, კანდიდატურა რაიონის განათლების განყოფილებას წარუდგინა. რაიონის
განათლების განყოფილებამ მას შემდეგ, რაც აუცილებელი მონაცემები რიგ ინსტანციებს
შეუთანხმა, წარმოდგენილი კანდიდატურა დაამტკიცა და, თუკი ამგვარი განსაზღვრა
რამდენადმე მაინც მიესადაგება ვითარებას, ცხოვრება მაღლითში რიგიანად აეწყო.
სანაკლიო - ზემოთაც მოგახსენეთ - პრ. დიდებულიძეს მტკივნეულად, მაგრამ სწრაფად
ამოუვარდა მეხსიერებიდან და მისი ადგილი მაღლითმა დაიკავა. დაიკავა წყნარად,
უხმაუროდ, ძალდაუტანებლად, თითქოს ამოხაპული წყარო ხელახლა აივსო წყლით.
სახელად, ბუნებრივია, პრომეთეოსს ეძახდნენ; თუმცა სიტყვა „ბუნებრივი“ ამ კონტექსტში
მგონი ცოტა ირონიულად ჟღერს. მართლაც, ერთის მხრივ, რაკი პრომეთეოსი გქვია,
იმაზე ბუნებრივი რა უნდა იყოს, პრომეთეოსი დაგიძახონ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ
პრომეთეოსს ისეთი კილოთი და ისეთი დაჟინებით გეძახიან, როგორც პრ. დიდებულიძეს
ეძახდნენ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, პრომეთეოსს კი არ გეძახიან, უბრალოდ, იმ
კომიკურ გარემოებას უსვამენ ხაზს, რომ პრომეთეოსი გქვია. მაგრამ დრო მიდიოდა,
ხოლო დროს ჩვევადა აქვს, როცა მიდის, თან მრავალი უსიამოვნო შთაბეჭდილება
წაიძღვანიოს.
პირველი ორი თვის განმავლობაში პრ. დიდებულიძეს ადგილობრივ მოსახლეობასთან
ურთიერთობა თითქმის არა ჰქონია. პირველ თვეს თავის ახალ კარმიდამოს საერთოდ
არ გასცდენია; დღე ეზოში იყო, ღამე - სახლში; ამიტომ მომიჯნავე მეზობლების მეტი არც
არავინ უნახავს. მომდევნო თვე ძირითადად ბიბლიოთეკაში გაატარა. ვიდრე უშუალო
მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა, დედამ იქაურობა კარგად დაასუფთავა და
პირველ ხანებში, ვიდრე სოფელთან ჯერ კიდევ უცხოდ იყვნენ, სამსახურში რომ მიდიოდა,
შვილიც თან მიჰყავდა. დილით წაიყვანდა, საღამოს წამოიყვანდა, სამაგიეროდ, ორი თვის
თავზე გამაღლითელების პროცესი პრ. დიდებულიძეს უკვე ძალზე სწრაფი ტემპით
დაეწყო და ცოტა ხნის შემდეგ, როგორც ადგილობრივ წვრილფეხათა ნახევრადშიშველი
(და, პირდაპირ ვთქვათ, ნახევრადველური) გუნდის სრულუფლებიანი წევრი, მთელი
დღეები მინდვრებს, ტყეებსა და ღელედიდის ვიწრო ხეობას იყო მოდებული.
თუმცა ზომიერების რაშმა ცოტა მგონი თავი წამართვა. ყოველ შემთხვევაში, „მთელი
დღეები“ მეტისმეტია. სინამდვილეში პრ. დიდებულიძეს პატარაობაშივე - არსებითად,
მაღლითში ჩამოსვლისთანავე - მოუხდა იმ უსიამოვნო (და უკუნითი უკუნისამდე
უსიამოვნო) ფერხულში ჩაბმა, რომელსაც შრომას ვეძახით და ზოგჯერ ფარისევლურ
ოდებს ვუძღვნით.
ერთი სიტყვით, თუ მთელ დღეებს არა, მთელ თავისუფალ დროს კი თანატოლებთან
ატარებდა.
„პრომეთეოსს“ კვლავინდებურად ნაირ-ნაირი კილოთი და ნაირ-ნაირი ინტონაციური
შეფერილობით ეძახდნენ, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, ამ მიმართვაში სულ უფრო
ნაკლებად და ნაკლებად ერია ის ბალღამი, თავის დროზე რომ ესოდენ მწარე ტკივილსა
და მძაფრ რეაქციას იწვევდა.
მდინარე ღელედიდი ორ მოზრდილ ფერდობს შუა მიედინებოდა ჩრდილოეთიდან
სამხრეთისაკენ. ფერდობები ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს და ერთმანეთისაგან
მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ერთი აღმოსავლეთით იდგა, დასავლეთს
გასცქეროდა და, ამიტომ საღამოს მზე ეცემოდა, ხოლო მეორე დასავლეთით იდგა,
აღმოსავლეთს გასცქეროდა და, შესაბამისად, აღმოსავლეთის მზე ეცემოდა; რაც შეეხება
სამხრეთის მზეს - ყველაზე მცხუნვარეს, ყველაზე კაშკაშასა და ყველაზე დემოკრატიულს -
იგი ორთავ ფერდობს თანაბრად ანათებდა და თანაბრად ათბობდა. გზაც, სოფლის
შედარებით ფართო და მოდერნისტული სამკაული, რომელიც ტანჯვით მიიკლაკნებოდა
ცივილიზაციის მიმართულებით, თანაბრად იყო განაწილებული ორივე ფერდობზე, ისე
რომ, ღელედიდს ხან მარჯვენა ნაპირზე გასდევდა, ხან მარცხენაზე.
თავად სოფელი ფერდობების ქვედა კალთაზე, მდინარის გასწვრივ იყო გაშენებული.
ცოტა ზემოთ კოლექტივის ყანები იყო, ყანებს ზემოთ - ტყეები. ტყეები უღრანი იყო,
დაბურული, თითქმის გაუვალი, და ფერდობებს ისე ემხო, მოტვლეპილ თავებს რომ
კრაველის წვეტიანი ფაფახები ჩამოამხო. ხოლო ფერდობების გადაღმა მხარეს, როგორც
ტუჩზე თითის მიდებით, მონიავე ჩურჩულითა და ფარული სიამაყით გაგანდობდნენ
აქაური ნაციონალისტები (ოღონდ გაგანდობდნენ უეჭველად და ამას ვერსად
გაექცეოდით), უძვირფასესი, უმდიდრესი და უიშვიათესი რამ საბადოები ყოფილა, მაგრამ
სოფელი მათს ადგილსამყოფელს საიდუმლოდ ინახავდა იმ იმედით, რომ კომუნისტები
ადრე თუ გვიან წავიდოდნენ და ეროვნული საუნჯე ინტერნაციონალურ განიავებას
გადაურჩებოდა (ამ უცნაურ მოვლენას პრ. დიდებულიძე მოგვიანებით (ჟამი რომ მოიწევა)
თავის გულში ასე ხსნის: „როცა ძალადობა სისტემად ჩამოყალიბდება და ეპოქას იმედის
უკანასკნელ ფესვებს გადაუჭრის, რეალური ცხოვრება იძულებული ხდება ილუზიაში
გაიხსნას და თავი შემოქმედებით გაიტანოს...).
პრ. დიდებულიძისა და დედამისის პაწაწინა სახლი - ამ ინფორმაციას მხოლოდ
ისტორიული და გეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს - აღმოსავლეთ ფერდობზე იდგა,
სოფლის ზედა ბოლოში.
პრ. დიდებულიძის დედა ექიმი იყო და არა ბიბლიოთეკარი, და თუმცა გაჭირვებაში ექიმი
უფრო გამოსადეგია, შესაფერის სამსახურს - თუნდაც გარემოებანი ათასჯერ უკეთესად
დამთხვეოდა ერთმანეთს - ალბათ მაინც ვერ იშოვიდა: მაღლითში სამედიცინო
დაწესებულება საერთოდ არ არსებობდა, ხოლო მთისძირის პატარა „პუნქტში“ ორად
ორი შტატი ჰქონდათ - ერთი ექიმისა და ერთიც ექთნისა - და ორივე დაკავებული იყო.
რომც არ ყოფილიყო დაკავებული, ძალზე საეჭვოა იქ პრ. დიდებულიძის დედა
დაენიშნათ. თავად განსაჯეთ: მავნებლის ცოლი რომ შესაფერის თანამდებობაზე დანიშნო,
პატიოსან მშრომელებს რაღა პასუხი უნდა მისცე?! დედას არც ჰქონია ასეთი
არარეალისტური პრეტენზია, სამაგიეროდ ბიბლიოთეკას საავადმყოფოსავით უვლიდა
და იქ მუდამ თეთრი ხალათი ეცვა. ეს თეთრი ხალათი დროდადრო წარსულის
მოგონებებს უღვიძებდა და ღრმა სევდასთან ერთად მცირეოდენ სიხარულსაც ანიჭებდა,
რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ასეთი სიხარული მოგონების, ვითარცა ფორმის,
თვისებაა და შინაარსთან საერთო არა აქვს რა. სხვათა შორის, თეთრი ხალათი ზოგჯერ -
ანაზდეულად, წამიერად და უმიზეზოდ - პრ. დიდებულიძესაც აღუძრავდა ხოლმე მძაფრსა
და გაუგებარ, ამაფორიაქებელ, შეიძლება ითქვას, შემატორტმანებელ გრძნობას,
რომლის რაობა და წარმომშობი მიზეზები დიდხანს - ვიდრე იმ უცხო საუნჯეს
დაეუფლებოდა, რაც იმხანად მაღლითში უხვად ჩამოიღვარა, მაგრამ მაღლითელთა
თვალთაგან დაფარული აღმოჩნდა - ვერ ამოიცნო.
ხოლო აწ უკვე მოიწია ჟამი, დაფარული იგი საუნჯე გაცხადდეს.
ატმოსფერო - ჩემი თუ არ გჯერათ, ზიარებულთ ჰკითხეთ - სქელი, პირშეკრული და
პრიალა გარსია, რომლის მრავალ ამოცანათა შორის ერთი უპირველესი ისაა, რომ
დედა-პლანეტა ჩვენი - სათუთი, თონთლო და პრინციპულად უმწიფარი - ინფორმაციული
აფეთქებისგან დაიცვას. ატმოსფერო ამ საპატიო მოვალეობას წარმატებით ართმევს
თავს: დაუღალავად ისხლეტს რა სიგნალების ხოშკაკალას, მხოლოდ ძალზე იშვიათად,
ძალზე ფრთხილად, ძალზე მომჭირნედ, სულ წვეთ-წვეთად და მისხალ-მისხალ,
მაქსიმალურად გამარტივებული სახითა და უმცირესი დოზებით, რათა კავშირის ფაქიზი
რეცეპტორები არ გადაგვეწვას, უშვებს ინფორმაციას თავისი ეფემერული სარკმლის
ვიწრო პორებიდან. ეს უმკაცრესი წესია, რომელსაც თავისი უმკაცრესი გამონაკლისი აქვს:
ათასში ერთხელ (ასე ითქმის, თორემ სინამდვილეში ალბათ ათი ათასში ან ასი ათასში
ერთხელ) ატმოსფერო წამით მთლიანად, ყურთამდე აღებს იდუმალ სარკმელს, როგორც
ფოტოგრაფი დიაფრაგმას, და ერთბაშად და დაუბრკოლებლად შემოვარდნილი დიდი
ინფორმაციული ნათება ლოკალურ გადახურებას იწვევს. სწორედ ეს არის - ალბათ
დაგაინტერესებთ - მიზეზი და წინაპირობა გენიოსებისა და ზოგიერთი ტიპის გიჟების
დაბადებისა, რაც ეტყობა ევოლუციის პროგრამითაა გათვალისწინებული. ეს მისტერია
კანონზომიერებათა რაიმე ცნობილ სისტემაში ვერ თავსდება. ამიტომ არავინ იცის,
როდის და სად გაიღება სარკმელი. აქედან გამომდინარე, ცხადია, ვერც იმას
იწინასწარმეტყველებდა ვინმე, ამ ჩვენი ქუში საუკუნის ოცდაათიან წლებში თუ უცნობი
მიზეზ-შედეგობრიობა, ბედი ან სხვა სახეობის რამ ნება (ბოროტი, კეთილი, ნეიტრალური)
მაინცდამაინც იმ ABC მონაკვეთზე გააღებდა ატმოსფეროს საიდუმლო სარკმელს,
რომელიც სოფ. მაღლითის წილად მოდიოდა და, გეოგრაფიული თვალთახედვით, მის
კუთვნილ საჰაერო სივრცეს წარმოადგენდა. არადა, ფაქტი ფაქტია. მაღლითის თავზე
ზეცა დიდი ხანია თხელდებოდა, თხელდებოდა, თხელდებოდა და ბოლოს იმ ზომამდე
გაილია, რომ, აჰა, ერთ მშვენიერ დღეს წარმოსახვითი ფანჯრიდან ნაჭუჭმიღმურმა
ჭეშმარიტებამ გადმოალაჯა და თვალების ხამხამით მიზიდულობის მეწყვილეს დაუწყო
ძებნა. და აი, აქ მოხდა სამწუხარო (დაბეჯითებით არავინ იცის, რატომაა ეს სამწუხარო)
გაუგებრობა: მთელი ანტიკური ფილოსოფიის თავმოსაჭრელად, მსგავსმა მსგავსი ვერ
იპოვა. მაღლითში კაცი არ მოიძებნა, კარს მომდგარი იდუმალი ცოდნა - ათვისებასა და
შესისხლხორცებას ვინ ჩივის - უბრალოდ, მიეღო და დავთარში შეეტანა. არადა, საცა
მიმღები არ არის, იქ გადამცემი ფუჭი და უმაქნისია: ორბუნებოვან სისტემაში პარტნიორის
გარეშე აქტი ვერ ხორციელდება. მეორე მხრივ, სრულიად აშკარა იყო, რომ მაღლითში
რაღაც-რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი - მაინც ხდებოდა. ამგვარი წანამძღვრებიდან კი
ბუნებრივად მარტივად და მკაცრად გამოდის ფეთქებადი დასკვნა, რომ ხსენებული
„რაღაც“ ერთსა და იმავ დროს ხდებოდა კიდეც და არცა ხდებოდა. ხოლო თუ ამ
თვალისმომჭრელ ბურუსში განმაზოგადებელ ნაბიჯსაც გადავდგამთ და მიღებული
დასკვნიდან საკუთარ სახელ „მაღლითს“ - ვითარცა კერძო შემთხვევას - ამოვიღებთ,
სრულიად მოულოდნელად და სულ სხვა მხრიდან მივადგებით კვანტური მექანიკის
ძირითად კანონს - იყო და არა იყო რა. ეს კი იმისთანა ქვეშქვეშა კანონია, ყველა
წინამორბედ კანონს გააუქმებს, მარადიულ საზომებს წყალს გაატანს, ფორმალურ
ლოგიკას დილის ნისლივით გაფანტავს, ხოლო ჩვენ - ქურუმებს - ფარული
აუცილებლობით მიგვიყვანს სახიფათო ვარაუდთან: პრ. დიდებულიძე რომ სწორედ იმ
ხანად წავიდა მაღლითს, ეგებ ეთერულ პორტფელში ბედისწერის მიერ გაცემული
მივლინების ბარათი ედო! ეგებ ზეგარდმო დავალებით წავიდა, რათა იქ უმეცარ
აბორიგენებს ჩანაცვლებოდა. ჩანაცვლებოდა არა იმიტომ, რომ მაღლითის პრესტიჟი
გადაერჩინა - მაღლითის პრესტიჟი ბედისწერას ნაკლებად ადარდებს - არამედ იმიტომ,
რომ მოულოდნელი შეფერხება აღმოეფხვრა და გარე სიგნალების მიღება
უზრუნველეყო. ხოლო პროლეტარი ჟორჟიკა, ისევე, როგორც დანარჩენი მოქმედი და
ხელშემწყობი პირები, სხვა არა იყვნენ რა, თუ არა შრომის იარაღები ბედისწერის ხელში!
პრ. დიდებულიძის მაღლითური პერიოდი მართლაც გამოდგება ამ საჭოჭმანო ვარაუდის
დასტურად, მაგრამ მეორე მხრივ, ფანტაზიის ესოდენ მოუთოკავი (ვინ იცის, გამომწვევიც)
პარპაში მკითხველთა ჯანსაღი უმრავლესობის თვალში უხერხულიცაა და სარისკოც,
ხოლო რაკი ჯანსაღი მკითხველი რეალისტი მწერლის მთავარი ორიენტირია (ყოველ
შემთხვევაში, შემოსავლის მთავარი წყარო), მგონი ის მიჯობს, ახლავ დავიწმინდო ფეხები
და ამ ოკრობოკრო ბილიკიდან, რომელიც კაცმა არ იცის სად მიდის, დროულად და საღ-
სალამათი გამოვიდე მოასფალტებულ და განათებულ გზატკეცილზე.
ალბათ, ასეც ვიზამ.
ამგვარად, მას შემდეგ, რაც რომ ახალ სამკვიდრებელს კარგად მიეჩვია და თავი
შინაურად დაიგულა, პრ. დიდებულიძემ ფეხსაცმელები გაიხადა, წინდები გაიხადა, ბლუზა
გაიხადა, მაისური გაიხადა, ცოტნე დადიანისგან განსხვავებით, შარვალიც გაიხადა და
ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ვიდრე მზეს ჯერ კიდევ დიდი, ცხელი და
ოქროსფერი ეთქმოდა, ადგილობრივი ალქაჯების წახედვით, ტრუსების ამარა
დაშლიგინობდა აღმა-დაღმა; მხოლოდ სადღაც შუა ნოემბერში, როცა დაღლილი და
გაცრეცილი მზე ცათა სიღრმეებში შეიყუჟებოდა, ხოლო ყვითლად დანაღვლიანებულ
არე-მიდამოს გამჭვირვალე ჭირხლი ისე გადაეკვროდა, როგორც ცელოფანის დამცავი
ბუდე მდიდარი მეზობლის ძვირფას სავარძლებს, ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ ისევ
იწყებდა შემოსვას, ასეთი ცხოვრება ეგებ ზოგს არც მოეწონოს (თავიდან დედამისიც ბევრს
შფოთავდა), მაგრამ სწორედ ასეთი ცხოვრების წყალობა იყო, რომ ვიდრე მაღლითიდან
საბოლოოდ წავიდოდა - პაწაწინა ყურცქვიტებზე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას და -
ორ პირველხარისხოვან კურდღელს, კურდღელს ჯანმრთელობისას და კურდღელს
მომჭირნეობისას, ერთდროულად იჭერდა!
ასე გავიდა ორი წელიწადი. თუ სახელ პრომეთეოსთან დაკავშირებულ ქულებსა და
ფთილებს არ ჩავთვლით, ამ ორი წლის განმავლობაში მაღლითის ცაზე ღირსსახსოვარი
რამ საავდრე ღრუბელი არ გამოჩენილა.
ასეთ ვითარებაში ერთადერთი სერიოზული პრობლემა - პრობლემა თავის გატანისა -
დედა-შვილმა დამაკმაყოფილებლად, ყოველ შემთხვევაში, მინიმალურად
დამაკმაყოფილებელ დონეზე, გადაჭრა.
საკარმიდამო ნაკვეთი პატარა ჰქონდათ, მაგრამ არც ოჯახი იყო დიდი. გარდა ამისა,
მეზობლების რჩევითა და ხელშეწყობით მალე ერთი მეწველი თხაც გაიჩინეს. თუმცა თხა
ძროხა არ არის - და ეს ანბანური ჭეშმარიტება თხამაც ხამს იცოდეს და ძროხამაც -
დასამალი არც ისაა, რომ ცუდ ძროხას ზოგჯერ კარგი თხა სჯობს. რაც შეეხება ჩვენს
კონკრეტულ თხას (კონკრეტულს, შავსა და რქაგრეხილს), იგი, მართალია, ვარსკვლავებს
არ ეთამაშებოდა (თხას ეს არც მოეთხოვება), მაგრამ თუ ნოყიერ ბალახს არ მოაკლებდი,
იმდენს იწველიდა, რომ ორი სულის სამყოფი რძეც ყოფილიყო სახლში, ყველიცა და
ნადუღიც. თხის მოვლა პრ. დიდებულიძის ვალი იყო და ისიც, რაკი ყველიც ძალიან
უყვარდა და ნადუღიც, ამ ვალს თხისა და ოჯახის წინაშე პირნათლად იხდიდა.
ორი წლის შემდეგ დოლაბი კვლავ დატრიალდა. და როგორც ადრე - ოცდაჩვიდმეტში -
ახლაც უკუღმა დატრიალდა. შეირხა, შეტორტმანდა, არაყრაყდა და ნელ-ნელა წავიდა
უკან. თავიდან ზანტად მოძრაობდა, გეგონებოდათ, რომ მოვიწადინო, ხელით
გავაჩერებო. ეს შთაბეჭდილება თუმც კი თავის მოსატყუებლად ვარგოდა და ამ
დანიშნულებით ერთი ხანობა პრ. დიდებულიძეც ნაყოფიერად იყენებდა, რაღა თქმა უნდა,
მცდარი იყო: ბედის დოლაბს რომ ძალა აბრუნებს, ის ძალა F-ით არ აღინიშნება,
მათემატიკური ფორმულით არ გამოისახება და სხვა ძალთა ზემოქმედებას არ
ემორჩილება. ასეთი ძალით დატრიალებულ დოლაბს, სანამ თვითონ არ გაჩერდება,
ვერაფერი გააჩერებს.
ორმოცდაერთის მაისში - ალუჩა უკვე სიმწიფეში იყო შესული - პრ. დიდებულიძის დედა
გამოიძახეს.
პრ. დიდებულიძის დედა სოფსაბჭოში გამოიძახეს, რათა ეცნობებინათ, სანაკლიოში ხარ
გამოძახებულიო. სოფსაბჭო მთისძირში მდებარეობდა და დედა იქიდან გაფითრებული
დაბრუნდა. პრ. დიდებულიძეს ეგებ ამისთვის არც მიექცია ყურადღება, ვინაიდან იმ დღეს
ღელედიდის პაწია შენაკადში საკუთარი ხელით დაიჭირა ერთი ცალი ცხრაფეხა, რაც
ისეთი წარმატება იყო, დღის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა დაეჩრდილა, მაგრამ
დედის არაბუნებრივ ფერს ერთი არაბუნებრივი გარემოებაც დაერთო: საღამოს სკოლის
დირექტორი ესტუმრათ. სხვა დროს ასეთი რამ არ მომხდარა. ბიბლიოთეკაში, რაც
მართალია მართალია, კი იცოდა შესვლა ჟამიდან ჟამზე; ყურდაცქვეტილთა და
გადარაჯებულთა გულის გასახარად არც იმას დავმალავთ, რომ უკანასკნელ ხანებში ამას
ცოტა უფრო ხშირად სჩადიოდა, ვიდრე მაღლითური ეთიკით იყო ნებადართული, მაგრამ
ვინც ამ უწყინარ სისუსტეს ხელზე დაიხვევს და უგვანი ვარაუდების აგებას მოჰყვება, ის
ჭორიკანაა და ბეწვის ხიდზე მიაბიჯებს, რომლის ქვეშ ცოდვის მდინარე გადის.
მართლაცდა, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ მუხრუჭზე, როგორიც იყო ასაკი, ან ისეთ
მუხრუჭთმუხრუჭზე, როგორიც იყო თანამეცხედრე, ხსენებულ დირექტორს ისედაც არ
ეწეოდა ხოლმე მაინცდამაინც გული ბანოვანთა საბუდარებისაკენ, და თუ ოდესმე
გაუწევია (ერთხელ, ალბათ, ან, დიდი-დიდი ორჯერ), ეს ისეთი ნატიფი და არამიწიერი
გაწევა ყოფილა, რომელსაც მაღლითელების დურდო სული ვერაფერს გაუგებდა. ახლაც,
ბიბლიოთეკაში რომ დაიარებოდა, დიდ წილად სამსახურებრივი მოვალეობის გამო
დაიარებოდა: სამწყსოს კონტროლი სჭირდება და მწყემსმა დროდადრო მისდამი
დაქვემდებარებულ ყველა ფარეხში უნდა შეიხედოს. რაც შეეხება მცირე წილს, რომელიც
მორცხვად ეფარება დიდ წილს, კერძოდ, სხვა ფარეხებში შეხედვას რომ ბიბლიოთეკაში
შეხედვა ერჩივნა, მიზეზი ამ მისატევებელი სუბიექტივიზმისა, ვფიცავ ჰერკულესს,
ამჯერადაც მაღალ-მაღალ სფეროებში იდო: წუთისოფლის ფლატეზე, როცა
ფეხისგულები, შეიძლება ითქვას, უკვე გრძნობდნენ ფსკერის სიახლოვეს, როგორც იქნა,
საშუალება მიეცა დროდადრო ანტიკურ კულტურაზე და, საერთოდ, მაღალ მატერიებზე
ესაუბრა, რასაც აქაური უტუ და უწიგნური ხალხის გადამკიდე მთელი ცხოვრება
დანატრებული იყო, და თუ კოლეგათა გაფაციცებული და თვალმოუხუჭავი
ცნობისმოყვარეობის მიზეზით სულიერების ამ ანკარა წყაროს ისეთი თავდავიწყებით ვერ
დაეწაფებოდა, როგორც მისი მარილოვანი წყურვილი მოითხოვდა, ორიოდ ყლუპს ხომ
მაინც იგემებდა, და ასეთ მკვდარ უდაბნოში ორი ყლუპი წყალიც სიცოცხლის მთელი
ოაზისია.
ბიბლიოთეკაში პრ. დიდებულიძეს ერთი-ორჯერ საკუთარი თვალითაც ენახა, მაგრამ
სახლში კი, როგორც ითქვა, არასოდეს სწვევიათ. საზოგადოდ, მაღლითელთა მაშინდელი
ფორმალური მორალი (მერე და მერე საზომები ცოტა დამოკლდა) მარტოხელა ქალის
ოჯახში უცხო მამაკაცის სტუმრობას გადაჭრით გმობდა. ტაბუ, ცხადია, სკოლის
დირექტორზეც ვრცელდებოდა.
ალბათ ამითაც უნდა აიხსნას, რომ დირექტორი შინ არ შესულა, გარეთ გამოიხმო დედა,
ცოტა ხანს ელაპარაკა ეზოში და არც კი დამჯდარა, მალევე წავიდა. და თუ პრ.
დიდებულიძე თვალმა არ მოატყუა, თუ დედასთან საუბრისას სკოლის დირექტორს
ორგზის შეუთრთოლდა ულვაში (ულვაში იგი - თუმც ჭაღარა და ნაზამთრი მატყლივით
ოდნავ შეყვითლებული - ფუმფულა იყო, გრძელი, ოპტიმისტური და მთელს გაღმა-
გამოღმა მაღლითში სახელგანთქმული), სავარაუდოა, ამით კიდევ უფრო გაესვა ხაზი მისი
მოულოდნელი ვიზიტის იდუმალ მნიშვნელობას.
მეორე დღეს, როცა სანაკლიოს შესაბამის დაწესებულებაში აცნობეს, თბილისში ხარ
გამოძახებულიო, დედა კიდევ უფრო დაღლილი და კიდევ უფრო გაფითრებული
დაბრუნდა შინ.
თბილისში სამი დღე და ორი ღამე მოგვიანდა. ორშაბათს, დილაუთენია წასული,
ოთხშაბათს, დაღამებულზე ჩამოვიდა.
წასვლის წინა დღეს მეზობლის ქალებს, ანეტასა და ლიზას, რომელთაც, ერთი ის
უცნაურობა სჭირდათ, რომ ერთმანეთს უახლოეს ნათესავებად ერგებოდნენ, მაგრამ,
კერძოდ, რა ნათესავებად ერგებოდნენ, ზუსტად ვერავინ ამბობდა, შეეხვეწა, თქვენი
ჭირიმე, თბილისში ვარ ჩასასვლელი და მეცით პატივი, რომელსაც გეცლებათ
ხვალინდელი ღამე ჩემსას გაათიეთ, ბავშვი მარტო მრჩება და მეშინია არაფერმა
დამიზაფროსო.
ეს რომ პრ. დიდებულიძემ გაიგო, ითაკილა (გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა) და ისეთი სახე
მიიღო, როგორიც უნდა მიიღოს მოზრდილმა ბიჭმა, რომელსაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭად
თვლიან, თუმცა გულში (ესეც გაიხსენეთ) მადლობელი დარჩა, ვინაიდან სინამდვილეში
არც ისე მამაცი იყო, როგორც რომ უნდოდა ყოფილიყო.
ორშაბათს, გაკვეთილების შემდეგ, დირექტორმა სამასწავლებლოში დაიბარა, რათა
დაედგინა, დედამისი რომ თბილისში წავიდა, ღამე მარტო ხომ არ მოუწევდა დარჩენა.
ამდაგვარი საკითხები დირექტორის კომპეტენციაში არ შედიოდა, მაგრამ რაკი არც პრ.
დიდებულიძის კომპეტენციაში შედიოდა დირექტორის კომპეტენციის რევიზია,
მორჩილად მიუგო, არა, მასწ., ანეტა ბიცოლა დარჩება ჩემთანო. ანეტა თუ ლიზაო,
რატომღაც დაინტერესდა დირექტორი. ცხადია, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა,
ანეტა დარჩებოდა თუ ლიზა. თავად პრ. დიდებულიძეს ცოტათი ლიზა ერჩივნა, ისე სულ
ერთი იყო. ორივენი, ანეტაცა და ლიზაც, კოჭლი შალიკოს ცოლები იყვნენ. არ ვიცი, ეგებ
კიდევაა ამ ჩვენს ცოდვიან ედემში ოჯახები, სადაც კაცებს ორ-ორი ცოლი ჰყავთ, მაგრამ
იმას კი ვერ დავიჯერებ, რომელიმე მათგანი ორსავ ცოლს ისეთი გზნებით უყვარდეს,
როგორც ანეტასა და ლიზას თავიანთი ჩაუხა შალიკო უყვარდათ, რამეთუ ანეტასა და
ლიზას თავიანთი ჩაუხა შალიკო ისეთი გზნებით უყვარდათ, მაღლითელებს რომ შვიდი
საოცრების ამბავი სცოდნოდათ, მერვედ ამას მიათვლიდნენ. ვერც ქრისტიანულმა
მორალმა, ვერც პარტიულმა მორალმა, ვერც სხვა რომელიმე ფარისევლურმა მორალმა
ამ ბადაგივით ტკბილსა და მაჭარივით მოშუშხუნე (აგრეთვე ბანგივით მათრობელა)
სიყვარულს ვერაფერი დააკლო. ანეტასა და ლიზას მტკიცედ სწამდათ, რომ თავიანთ
დაფეხვილ შალიკოს სიკვდილის მეტი ვერა ძალა ვერ დააშორებდა.
პრ. დიდებულიძის დედამ რომ სწორედ მათ სთხოვა დახმარება, ეს ორი მიზეზის გამო
ჩაიდინა, რომელთაგან ერთი უბრალო იყო, მეორე კი გადამწყვეტი. უბრალო ის იყო, რომ
ანეტა და ლიზა სხვებზე ახლო ცხოვრობდნენ; გადამწყვეტი კი ის იყო, რომ ღამე
რომელიმე მათგანი უეჭველად თავისუფალი იქნებოდა. იმ ღამეს ანეტა იყო თავისუფალი.
დირექტორი რატომ დაეშვა ესოდენ წვრილმან ცნობისწადილამდე, ძნელი სათქმელია,
ხოლო პრ. დიდებულიძემ რომ დარწმუნებით გაუმეორა, ანეტაო, ეს სავსებით გასაგებია:
ბავშვებმა შალიკო ბიძიას განრიგი კარგად იცოდნენ.
დირექტორს აღარაფერი უთქვამს და თავის დაქნევით ანიშნა, შეგიძლია წახვიდეო. ეს კია
- ამ დროს ცოტა შეჭირვებული გამომეტყველება ჰქონდა.
ისე, რაკი დედა ოთხშაბათამდე ვერ ჩამოვიდა, ერთი ღამის გათევა პატარა პრ.
დიდებულიძესთან ლიზასაც მოუხდა, რომელიც ამ დროისთვის სტაციონარზე ანეტამ
შეცვალა, მაგრამ ამჯერად წვრილმანებზე - რაგინდ პიკანტური იყოს - მართლა ნუ
შევჩერდებით, იმას მივხედოთ, რაც მთავარია.
ოთხშაბათს, სამხრობის ჟამს - მზე ის იყო უკანასკნელ სხივებს კრეფდა და ჩასასვლელად
ემზადებოდა - სკოლის დირექტორი ისევ გამოჩნდა. თავზე ლურჯი შლაპა ეხურა, ხელში
საბიჯგელა ეჭირა და აღმართ-აღმართ ისე დაქიჩმაჩებული მოალაჯებდა, აშკარა იყო,
საშური და საგანგებო რაღაც მიზანი ამოძრავებდა. პრ. დიდებულიძემ ნახევრად მწიფე
ბლის ჭამა შეწყვიტა და სულგანაბული მიაჩერდა. შეუთრთოლდებოდა თუ არ
შეუთრთოლდებოდა პატ. დირექტორს ულვაში?
კითხვა უპასუხოდ დარჩა. იმ დროს, როდესაც სადირექტორო შიშისა და საყმაწვილო
ცნობისწადილის მდინარეები ერთმანეთს შეერთო და შიგანში ისეთი ქიმიური რეაქცია
გამოიწვია, რომ რომელიღაც დაუდგენელმა ორგანომ ამჟავებული მაწონივით
წინწკლების ყრა დაიწყო, დირექტორმა ამასწინანდელი მარშრუტი უეცრად შეცვალა და
აიწონა-დაიწონა შალიკოს ეზოში შეუხვია.
ამ მოულოდნელმა გარემოებამ პრ. დიდებულიძე კალაპოტიდან ამოაგდო და ულვაშით
წვრილმანი დაინტერესება ზოგადი და ყოვლისმომცველი ინტერესით შეუცვალა.
გასაკვირი აქ არაფერია. შალიკოს შვილები არ ჰყავდა. არც ანეტასგან, არც ლიზასგან და
არც განსვენებული აგრიპინასგან, უბავშვებო ოჯახში ოსტატის სტუმრობამ კი
შეუძლებელია შეგირდის ცნობისმოყვარეობის აუზში წყალი არ ააღელვოს და არ
აადგაფუნოს.
პრ. დიდებულიძე ღობის ძირას ჩასაფრდა, მაგრამ თვალთვალში სამი რამ უშლიდა ხელს:
ერთი - ღობე მჭიდროდწნული იყო, მეორე - გადაღმა, შალიკოს მხარეს, ეზოს მთელ
სიგრძეზე თხილის ბუჩქები გასდევდა, და მესამეც - კომშების პატარა კორომამდე, სადაც
მასპინძლებმა სტუმარი მიიღეს, ათი-თხუთმეტი საჟენი იქნებოდა. ასეთ ვითარებაში,
ბუნებრივია, ბევრი ვერაფერი დაინახა და ბევრი ვერაფერი გაიგონა; არადა, თხილის
ბუჩქები რომ ოდნავ გვერდზე გაწეულიყო, ღობეს ჭუჭრუტანები გაეფართოებინა და
კომშებიც ცოტა ახლო მიჩოჩებულიყვნენ, მის მშიერ ცნობისმოყვარეობას პირში ისეთი
ლუკმა ჩაუვარდებოდა, მგონი ყელზეც დასდგომოდა.
შალიკო ჰამაკში იწვა. ჰამაკი ორ ბებერ კომშს შუა იყო გაბმული. პირმოცინარე ცოლები
აქეთ-იქით ისხდნენ ბალახში და ქმარს წყნარად და რიტმულად არწევდნენ; დირექტორის
გამოჩენაზე ეს საქმიანობა შეწყვიტეს, რის გამოც შალიკომ თვალი გაახილა და წარბები
კითხვის ნიშნებად შეჰყარა. მაშინ დირექტორი დამხდურთ შლაპის მოხდით მიესალმა და
მერე, სალამი რომ მოათავა, შლაპამოხდილმა პატარა სიტყვა წარმოთქვა.
- ვიცი და დარწმუნებული ვარ, - ასე დაიწყო დირექტორმა, და თუმც ვერ დავიჩემებ, რომ
სიტყვასიტყვით ასე დაიწყო, რაკი სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლენაში, მათ შორის
მეტყველებაშიც, ადამიანი ყველა წვრილმანითა და ყველა დეტალით მჟღავნდება,
ვფიქრობ, სწორედ ასე დაიწყებდა - ბიბლიოთეკარის ბავშვი რომ ღამე მარტო არ
დამიტოვეთ და ამხელა დიდი მადლი ქენით, თავის დროზე ყველაფერი ორმაგად და
მეტადაც მოგეზღვებათ, მაგრამ ზოგიერთი მიზეზის გამოისობით, რომელი მიზეზების
დასახელებაც არ შეიძლება, ამჟამად ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ დღეის ამას იქეთ
მაგ ოჯახთან ურთიერთობა საშიშია. არ იფიქრო, ჩემო შალიკო, რამეს გიშლი ან რჩევას
გაძლევ, ო, არა. რასაც გეუბნები, მიტო გეუბნები, რომ ყველაფერი სისწორით იცოდე და,
ვინცობისაა ჩემი ბიბლიოთეკარი არც დღეს დაბრუნდეს, გარემოებათა გათვალისწინებით
გადაწყვიტო, ამაღამდელი ღამეც გაათევიო რომელიმე ოჯახობას - რომელსაც ეცლება,
თავისთავად ცხადია - მაგ ბავშვთან თუ არა. ცოდნით უნდა გადაწყდეს ეს საფრთხილო
საკითხი, რომ უცოდინარობით იმისთანა ფათერაკი არ შეიმთხვიო, მერე სანანებელი
გაგიხდეს. პირადად მე, მაგალითად, გადაწყვეტილი მაქვს დავწერო დახასიათება,
როგორც სინდისი და ობიექტურობა მიკარნახებს.
დირექტორის ეს უკანასკნელი აზრი, ალბათ, ბუნდოვანია და თუ არ განვმარტე, შეიძლება
გაუგებარი დარჩეს. საქმე ის გახლავთ, რომ, როცა პრ. დიდებულიძის დედა თბილისში
გამოიძახეს, ეს დირექტორი სოფსაბჭოში გამოიძახეს და დავალება მისცეს, სამი დღის
ვადაში რაიაღმასკომში ბიბლიოთეკარის დახასიათება წარედგინა, თან გადაკრულ-
გადაკრულად და ჩაქარაგმება-ჩაქარაგმებით აუხსნეს, თუ რისთვის შეიქნა საჭირო
ამგვარი დახასიათება და როგორი უნდა ყოფილიყო მისი ზოგადი პათოსი და
კონკრეტული შინაარსი.
ოთხშაბათ ღამეს პრ. დიდებულიძის დედა ჩამოვიდა და შალიკოს ოჯახი მძიმე
არჩევანისგან გაათავისუფლა. ხუთშაბათს პრ. დიდებულიძემ პირველად გაიგონა ეპოქის
უსაშიშრესი სიტყვა „უშიშროება“. პარასკევს სკოლის დირექტორმა ჰალსტუხი შეიბა და
ბიბლიოთეკარის დახასიათება რაიაღმასკომში წაიღო. ოღონდ ქადილი, რომელიც
კოჭლი შალიკოსა და მისი მეუღლეების წინაშე წარმოთქვა, მხოლოდ სანახევროდ
შეასრულა. კერძოდ, დახასიათება მართლა ისე კი დაწერა, როგორც სინდისმა უკარნახა,
მაგრამ - ალბათ სწორედ ამის გამო - ობიექტურობის წინაშე მცირედ შესცოდა, ყოველ
შემთხვევაში, ფაქტია, რომ დახასიათება ზედმეტად ლიტერატურული გამოუვიდა და შიგ
ორჯერ - ორჯერვე უადგილოდ - ნახსენები იყო ბერძნული სახელი „ათინა“. განათლების
განყოფილების გაძვალტყავებულმა გამგემ, როდესაც ყოველივე ეს იდუმალი ბლუკუნითა
და უღრმესი შეძრწუნებით წაიკითხა, თვალები დაპრაწა, ვაგლახად დაბჩენილი პირი
შიგნიდან ენით ამოქოლა, ხელები ისე შეჰყარა, „აღაპყროს“ თქმა ცოდვა იქნება, და
დირექტორს შეშლილი ინტერესით მიაშტერდა. მცირე ხანს რომ ასე უცქირა, მერე
გაშლილი ენა დაავიწროვა და სახის უკან გადამალა, პირიც დამუწა, დირექტორს უხმოდ
ანიშნა, აქ დამელოდეო, თავისი კაბინეტიდან გავიდა და აღმასკომის თავმჯდომარის
კაბინეტისკენ გასწია; დახასიათებაც თან გაიყოლა (უნდა ითქვას, განათლების
განყოფილების გამგეს დახასიათება ისეთი ზიზღითა და სიფრთხილით მიჰქონდა
აღმასკომის თავმჯდომარისთვის, გეგონებოდათ, ღამის ქოთანი მიაქვსო). რამდენიმე
წუთის შემდეგ დირექტორიც თავმჯდომარესთან შეიყვანეს და თავმჯდომარემ, რომელიც
ისეთი გაპიწკინებული იყო, ისეთი გაქათქათებული, ისეთი ჰაეროვანი და ისეთი
ეთერზეთოვანი, რომ ჩვენს საბრალო დირექტორს სიტყვა „საბრალოს“ დაცლა ბოლო
წვეთამდე მოუხდა, რბილად ურჩია, დახასიათება თავიდან დაწერეო; დირექტორმა რომ
უარი უთხრა, ისევ ისე რბილად დაამატა, სანამ გვიან არ არისო; დირექტორმა რომ მაინც
უარი უთხრა (?!.) თავი გაუგებრად გადაიქნია და ოხვრით თქვა, კარგი, კარგი, წადი,
თავისუფალი ხარო.
ამის შემდეგ პრ. დიდებულიძის დედა კიდევ ერთხელ გამოიძახეს თბილისში
(სტაციონარზე იმ ღამეს ანეტას უწევდა მორიგეობა და პრ. დიდებულიძესთან ლიზა
დარჩა. რაც შეეხება გაფრთხილებას, რომელიც სკოლის დირექტორმა ეგზომ
წინდახედულად დაკიდა მათი ოჯახის თავზე, იგი არავის გახსენებია და, საერთოდ, -
ოდესმე ხომ უნდა ითქვას სიმართლე - მაღლითში მავნებელთა და არამავნებელთა
ოჯახებს ისე კარგად ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან, როგორც ეს უფრო ცივილიზებულ
დასახლებებში ხდებოდა).
დიახ, პრ. დიდებულიძის დედა კიდევ ერთხელ - უკანასკნელად - გამოიძახეს და თავი
დაანებეს. ასე, რომ გადარჩა. მართალია, ეს იყო არა აბსოლუტური გადარჩენა, არამედ
გადარჩენა მხოლოდ იმ შეფარდებითი მნიშვნელობით, რა მნიშვნელობასაც მაშინ ამ
სიტყვაში დებდნენ, მაგრამ მაშინ ღმერთსაც ამგვარი შეფარდებითი გადარჩენისთვის
სწირავდნენ მადლს და ბედნიერებაც ამგვარ შეფარდებით გადარჩენას ერქვა, თორემ
ცოტა უფრო გვიანდელი საზომით ერთი ოჯახისთვის ისიც დიდი უბედურება იქნებოდა,
რაც ამ ამბავს თითქოსდა უმნიშვნელო კვალად დარჩა. მართლაც, ორი კვირის შემდეგ,
როცა მაღლითის სკოლის ულვაშიანი დირექტორი პენსიაზე გაუშვეს, ახალმა
დირექტორმა - ენერგიულმა, მაგრამ უულვაშომ - თავისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ
ბიბლიოთეკარი სამსახურიდან დაითხოვა, როგორც „პროფილით შეუფერებელი“.
იმასთან შედარებით, რაც პრ. დიდებულიძის დედამ იმ ხანებში გადაიტანა, და იმასთან
შედარებით, რისი გადატანაც მოუხდებოდა, სკოლის დირექტორი რომ ეგზომ იდეალისტი
და რომანტიკოსი არ გამომდგარიყო, სამსახურის დაკარგვა მართლა არაფერია.
მიუხედავად ამისა, თუ ვილაპარაკებთ არა თეორიული შედარებებით, არამედ რეალურ
გარემოებათა გათვალისწინებით, ფიზიკურ შრომას უჩვევ ქალს ამგვარი გადარჩენა
მრავალ უსიამოვნებასა და მრავალ სატანჯველს, პერიოდულად კი, ალბათ, სრულ
უსასოობასაც, უქადდა. როცა ეს გარდუვალი შედეგი ხელშესახები შეიქნა და პირველი
მწარე ცრემლიც დაიღვარა, გრძნობა და თავმოყვარეობამორეულმა პრ. დიდებულიძემ
გადაწყვიტა ოჯახის სადავეები საკუთარ ხელში აეღო. ამის საფუძველს მისი ვარაუდით ის
გარემოება იძლეოდა, რომ ბავშვი აღარ იყო. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება -
თავისთავად უდავოდ მამაცური და ღირსმოსახსენიებელი - შეუსრულებელი დარჩა,
ვინაიდან ვარაუდი სინამდვილეს არ დაემთხვა, და სადავეები ისევ დედის ხელთ დარჩა.
დედამ მკლავები დაიკაპიწა, ძალ-ღონე მოიკრიბა და იმ პროგრამის შესაბამისად,
რომელიც პროლეტარ ჟორჟიკას დიადმა რევოლუციამ მოიტანა, კოლწევრი და
მიწისმუშა გახდა. ამის შემდეგ, ვიდრე მთისძირში საავადმყოფოს მშენებლობა
დამთავრდებოდა, ყოველ დილით, ბრიგადირის დაძახილზე, თოხით ხელში გადიოდა
სახლიდან და მაღლითის დაკიდებულ ყანებში, სადაც არათუ თოხნა, ფეხის მოკიდებაც კი
ჭირდა, დაბინდებამდე თავაუღებლად მუშაობდა. მისი წვალების შემხედვარე
მაღლითელებს ლაყე და დუბელა თანაგრძნობა ერთი შემოპარვა კი შემოეპარათ გულში,
მაგრამ მალევე განდევნეს და ეს დიდად არ გასჭირვებიათ, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ
თოხით დაბადებულებსა და სათოხარში ჭიპმოჭრილებს სული ჯანმრთელი ჰქონდათ,
ამგვარი საშიში სენის მოსაშორებლად ისეთი უებარი წამალიც იცოდნენ, როგორიცაა
უწყინარი და ხალისიანი დაცინვა. მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ ქალები (მხოლოდ
ქალები. მაღლითი უძველესი ტრადიციებით ცხოვრობდა) გატაცებით, კომიკურად და
ცივილიზაციას მოწყვეტილი სოფლის კვალობაზე საკმაო არტისტულობით
წარმოადგენდნენ, როგორ მოაბიჯებდა ხოლმე დილაადრიან პრ. დიდებულიძის
განათლებული დედა მხარზე გადებული თოხით, რა გაჭირვებით ადიოდა აღმართებს და
როგორ უცურავდა ფეხი თავდაღმართში, რა ვაი-ვაგლახით ინარჩუნებდა წონასწორობას
ციცაბოდ დაკიდებულ ყანაში, რა პანიკურად იყო დარწმუნებული, რომ თოხს კოჭში
მოირტყამდა, როგორ იწმენდდა სიმწრისა და დაღლილობის ოფლს და რა უიმედოდ
გახედავდა დროდადრო სვრელს, რომლის ბოლო ძლივს მოჩანდა სადღაც, ფერდობის
თავზე. ყოველივე ეს ბრიგადის წევრებში თავშეუკავებელსა და ჯანსაღ სიცილს იწვევდა
და შრომის ნაყოფიერების ამაღლებასაც ხელს უწყობდა.
რაც შეეხება საავადმყოფოს, მთისძირში საავადმყოფოს მშენებლობა, მართალია,
ოცდათვრამეტში დაიწყო, მაგრამ ომის გამო ერთხანს შეფერხდა და მხოლოდ
ორმოცდასამის ბოლოს, სწორედ ოცდათერთმეტ დეკემბერს, დასრულდა.
მანამ - თითქმის სამი წლის მანძილზე - დედა კოლექტივში მუშაობდა. არ წუწუნებდა, არ
ჩიოდა, შემჩნევითაც ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ შუბი ხალთაში არ
იმალებოდა. ან კი რა დამალავდა! ხელებზე ბებერები დაასხდა, ტანად ისე ჩამოხმა,
ცარიელი ძვალი და ტყავი გახდა, სახეც თანდათან გაუუხეშდა და საბოლოოდ ისეთი
შეიქნა, მაღლითელი დედაკაცებისგან, რომლებიც თვით მთისძირელ დედაკაცებსაც კი
ყველა პარამეტრით ჩამორჩებოდნენ, აღარაფრით განსხვავდებოდა.
ამ დროისათვის თავად პრ. დიდებულიძეც უკვე მიწისმუშა იყო. ვიდრე დედა კოლექტივის
ყანაში მუშაობდა, ის საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდა. უვლიდა მუყაითად, მონდომებით,
დიდი კაცივით, ისე უვლიდა, რომ სამუშაოდან (ანუ, როგორც მაშინდელი მაღლითელები
იტყოდნენ, სამუშევრიდან) დაბრუნებულ დედას წარბი გაეხსნებოდა ხოლმე და დაღლილ
სახეზე სიხარულის უძლური ღიმილი აღებეჭდებოდა.
ამ წლებში დედა-შვილს სხვა მაღლითელ და მთისძირელ კოლმეურნეთა მსგავსად
დროდადრო სანაკლიოს ბაზარში უხდებოდა ჩასვლა ხილის, ლობიოსა და ღვინის
გასაყიდად.
ერთი ასეთი ბაზრობის დღეს, ბედისწერამ გარემოებანი ისე დაალაგა, დასამთხვევი ისე
დაამთხვია დასამთხვევს, ასაცდენი ისე ააცდინა ასაცდენს, სივრცის კოორდინატები ისეთ
წერტილში გადაკვეთა და მერე ეს წერტილი ისე მოხერხებულად შეუხამა დროის
კოორდინატთა გადაკვეთის წერტილს, მოძრაობათა მრავალკვანძოვანი სქემაც ისეთი
თანმიმდევრობით ჩართო და, საერთოდ, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ პრ. დიდებულიძეს
პროლეტარი ჟორჟიკა კიდევ ერთხელ ენახა.
შეხვედრა „ქვედა ბაზარში“ შედგა, სადაც დედა-შვილი ადესას ყიდდნენ.
სანაკლიოში იმ დროს მოქმედი ორი ბაზრიდან პროლეტარი ჟორჟიკა, როგორც წესი,
„ზედა ბაზარში“ დაიარებოდა ხოლმე, ვინაიდან იგი უფრო ადვილი მოსამხარი იყო,
მაგრამ იმ დღეს მეწვრილმანე ვარდენასთან ერთად ქალაქში რაღაც საქმეზე გასული
ლაპარაკ-ლაპარაკში ისე აღმოჩნდა „ქვედა ბაზარში“ (იხ. აგრეთვე აკაშას ქრონიკა), არც
კი გაუგია.
პრ. დიდებულიძემ პროლეტარი ჟორჟიკა ვერ იცნო. მართალია, დაინახა თუ არა,
ინტერესის ნაკვერჩხლები ისე აუღუდღუდდა, თითქოს მინავლული ცეცხლი საკეცით
მოჩხრიკესო, მაგრამ ცნობით ვერ იცნო, რასაც ის გარემოებაც მოწმობს, რომ მის
დანახვაზე მოაგონდა არა ვილენი, არამედ - ოღონდ ძალზე ბუნდოვნად - ცანცარა
ამალია და ცანცარა გრიგოლი თავიანთი ლოქო გულბაათით, დაფსხრიკული მარიამითა
და შვიდსიმიანი გიტარით, აგრეთვე ტყუპი ძმა საკანდელიძეები, ძღინკიანი კობალა
ძღინკიანი დეიდაშვილებითურთ, ზოგიერთი სხვა თანატოლი თუ უფროსი და მამის
იდუმალი, უცნობი, დაუკონკრეტებელი ლანდი. დრო რომ ჰქონოდა, ვინ იცის, ეგებ
ვილენიც მოჰგონებოდა და თავად პროლეტარი ჟორჟიკაც ეცნო, მაგრამ პროლეტარმა
ჟორჟიკამ ამასობაში თვითონაც შეამჩნია დახლთან მდგომი დედა-შვილი.
თქვენ ბძანდებით ეს? ხო შვიდობით, ხო კარქათ და ჯამთელათ? მალადეც! ეს თქვენი ბიჭი
არაა? გამარჯობა, ბიძიკო, შენი! რავალი დიდი გაზდილა! ხო ხარ სტამბოლის კაჟივით?!
მალადეც! ძაან ქე მოხთენია სოფლის ხაიერი. ისე, რავა შეეწყვეთ იქოურობას? თქვენთვის
უსროლია ავრორას! აპა მე ქე მომსპო და გამიჩინა ჩიხოტკა ამ ქალაქმა. რა ვქნა, თვარა,
თქვენი არ იყოს, მეც გევიქცეოდი სადმე სოფელში. ვატყოფ, ადესა ჩამოგიტანიათ. ჩვენი
ეზოსია ხომ? რაც მე ეს ადესა მისვია! მაჩვენე! ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! გახედე, ვარდენი,
სინათლეზე, რავა თავადიშვილის სისხლივითაა! რა ჯობია ადესას! რამდენი წლის ხარ
ახლა შენ, ბიძიკო? მალადეც! რავა კაცივით იყურება, კაცო! ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! ყველას კი არ
დეელევნება! გოუშინჯე პრობი, ვარდენი! რავალია? ადგილმა იცის, ხო იცი შენ! სხვაგან კი
არ მოდის ამისთანა. აპა, ერთი ჩამოგვისხი ბიძიკო, ეგერ ე, ვარდენი, ა ფული და ნახევარი
კილო მჟავე კიტრი იყიდე. მჟავე კიტრი მოუხდება ამას. ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! აპა, ეს დიდ
სტალინს გოუმარჯოს! ჰიტლერის კუბო ვნახე მე და ჩვენ ულაშას ვენაცვალე ულაშებში!
იმან მოგიტანა, ბიძიკო, იცოდე შენ, ბედნიერი ბავშვობა, თვარა აქანე იდგებოდი ახლა?!
ნიკოლოზე გაგაყიდიებდა შენ ამისთანა ადესას?! იცოცხლე, ვარდენი. ეს კიდო ჩვენს
წითელ არმიას გოუმარჯოს და მალე დაანგრევიოს ღმერთმა ფაშისტების ბუდე და
ფუღურო, ოუჰ-ოუჰ-ოუჰ! ე, ახლა ჩვენს წასვლას და თქვენს აქანე მშვიდობით დარჩენას
გოუმარჯოს! ისე რას ქვია, შე ქალო! აგერ, ა! მეტი იყოს, რა უჭირს მერე! არ მაწყენიო
ახლა! რავა გეკადრება, დედმამიშვილში არ გამემერჩევი. სხვა თქვი, თვარა ფული ქე მაქ
ჩეჩქივით. აპა ჰე, კარქათ იყავით, თუ დაგრჩეთ დრო, გამეიარეთ, ნამეტანი გეეხარდება
ჩემ ქალს. გამოადგი ფეხი, ვარდენი!
იმ ღამეს, მაღლითს რომ დაბრუნდნენ, დედა-შვილი გვიანობამდე ისხდნენ ბუხრის პირას.
შვილი შეკითხვებს სვამდა, დედა პასუხებს იძლეოდა.
კითხვა-პასუხის ძირითადი (ოღონდ არა ერთადერთი) საგანი მამა იყო. ესოდენ მკაფიოდ,
თავბოლოგაწყობილად, მტკივნეულად და ხანგრძლივად პრ. დიდებულიძის
ცნობიერებაში აქამდე ეს თემა არასოდეს ასახულა. მართალია, რაღაც ყრუ და
გამოუთქმელ უხერხულობას ყოველთვის გრძნობდა, ხოლო თუ საგანგებოდ და
ინტენსიურად ჩაუღრმავდებოდა, ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს სიტყვა „მამა“ მის გულში
რაღაც იდუმალ ნივთიერ შესაბამისობას ეძებდა, რათა ხორცი შეესხა და რეალური
არსებობა მოეპოვებინა, მაგრამ, როგორც ითქვა, ყოველივე ეს აქამდე ტვინის უკანა,
შორეულ თაროებზე ეწყო და ფაქტიურად მხოლოდ იმ ღამეს გახდა ნათელი, რომ მამა
ცხოვრების ერთი ძალზე მნიშვნელოვანი - შესაძლოა, აუცილებელიც - შემადგენელი
ნაწილი ყოფილა.
ვინ იყო?
რა იქნა?
რა დააშავა?
ცუდი იყო თუ კარგი?
ჩამოვა?
დედის პასუხები იმ ყაიდისა და ხარისხისა იყო, რომ საბოლოო ჯამში მამა თუმც მკაფიოდ
და ხელშესახებად ჯერ კიდევ ვერ შემოვიდა შვილის გონებაში, ის მთავარი მაცნე კი
შემოგზავნა, რომელმაც დროშა შემოიტანა და განგაში ატეხა.
მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, მამა დედა-შვილის ცხარე და აღგზნებული საუბრის
ერთადერთი თემა არ ყოფილა, იმ ღამეს წარსული ისე ძირისძირობამდე იქნა
განჩხრეკილი, რომ შეუძლებელია ასეთი ღამე კაცს ცხოვრებაში ბევრი შეგხვდეს. პრ.
დიდებულიძის მეხსიერებაში ჩაბჟუტული შუქი ისევ აინთო. ეს შუქი იქნებ საიმისოდ არ
კმაროდა, რომ ყოველი დეტალი ნათლად და მთლად ობიექტურად გამოჩენილიყო -
სხვა თუ არაფერი, - ზოგ ეპიზოდს დროთა განმავლობაში დედის ნაამბობი ჩაენაცვლა
(აკი მრავალი წლის მერე, როცა ფიქრებით კვლავ ამ სათუთ თემას ჩაღრმავებია, არაერთ
ისეთ ეპიზოდს წამოსდებია, რომელთა შესახებ დაბეჯითებით ვერ უთქვამს, საკუთარი
გამოცდილებით იცოდა თუ დედის ნაამბობით), მაგრამ ის არსებითი ეპიზოდები კი,
რომლებიც ხანგრძლივად განსაზღვრავს და, ვინ იცის, ფარულად წარმართავს კიდეც
ადამიანის ცხოვრებას, ხელუხლებლად, საღ-სალამათი ეწყო ფარდის უკან და, დრო რომ
მოვიდა და ფარდა გადაიწია, მათი ცნობა ისე ადვილი გამოდგა, ძნელი მათი ვერცნობა
იქნებოდა.
ქალაქ სანაკლიოში ერთი სახლი იდგა, რომელშიც დიდებულიძეები ცხოვრობდნენ. მამა
დიდებულიძე, დედა დიდებულიძე და შვილი დიდებულიძე. მამა დიდებულიძე იურისტი
იყო, დედა დიდებულიძე - ექიმი, შვილი დიდებულიძე - პრომეთეოსი. ცხოვრობდნენ
თავისთვის ტკბილად და არავის არაფერს უშავებდნენ. მაგრამ ერთ დღეს, სად იყო და
სად არა, იარაღიანი კაცები მოვიდნენ და მამა დიდებულიძე წაიყვანეს. მამამ ჩაის დალევა
ვერ მოასწრო - თავისი დიდი ფინჯანი სავსე დარჩა - ვინაიდან იარაღიან კაცებს
ეჩქარებოდათ. სად ეჩქარებოდათ, არ უთქვამთ. რამდენიმე დღის შემდეგ პროლეტარი
ჟორჟიკაც გამოჩნდა თავისი ჯალაბით და იქაურობას დაეპატრონა. პროლეტარ
ჟორჟიკას დიდებულიძეების სახლ-კარი მოსწონებოდა და რევოლუცია მოეხდინა.
პრ. დიდებულიძე ყურადღებით უსმენდა დედას, მაგრამ მის გულწრფელ სურვილს -
ყველაფერი მიზეზ-შედეგობრიობის გასანთლულ ძაფზე აესხა, მისი მაშინდელი
შესაძლებლობანი მხარს ჯეროვნად ვერ უბამდა. მართლაცდა, ათი წლის ასაკში - სრული
ათისა არც კი იყო - მისებრ ტლუ და ნახევრადველურ მაღლითელს კი არა ფირმა-ფირმა
ვუნდერკინდებს არ ძალუძთ კონკრეტული ფათერაკის უკან კონკრეტული მიზეზის გარდა
სხვა რამ დაინახონ, მაგალითად, ისტორიული კატაკლიზმები, ან - მით უმეტეს -
ისტორიული კანონზომიერებანი; პრ. დიდებულიძემ ერთხელ - პროლეტარი ჟორჟიკა იმ
დროს ჯერ კიდევ უცხოდ დაიარებოდა თავის ახალ კარ-მიდამოში და მოუქნელი
მოძრაობით ცდილობდა ნაალაფარი ფრაკი რევოლუციონერის პლებეურ ბეჭებზე
მოერგო - დიაღაც იპოვა ცხენის ჟანგიანი ნალი მამის სამუშაო ოთახში წიგნების თაროზე
(ზედ იმანუელ კანტის „Metaphisic der Sitten“-ის წინ). მაგრამ ამ კომიკურ დისონანსში
რაიმე სიღრმისეული, კანონზომიერებისეული, ნიშანდობლივი, ეპოქისა და დრო-
ჟამისმიერი რამ დამღა ვერც მაშინ დაინახა და ვერც მერე, როცა სწორედ წიგნები
აღმოჩნდა (თავის „Sitten“ -იანად) ერთადერთი, რაც პროლეტარმა ჟორჟიკამ, დედა-
შვილი რომ მაღლითს გაისტუმრა, არამარტო დაუნანებლად გამოიმეტა, დაუფარავი
სიხარულითაც გაატანა.
სამაგიეროდ - თუ ცხრა წლის ბავშვს გლობალურ კანონზომიერებათა დადგენა არ
მოეთხოვება (მე თუ მკითხავთ, არც შეეფერება) - რისი გაგებაც კი შესაძლებელი იყო, პრ.
დიდებულიძემ იმ ღამეს თითქმის ყველაფერი გაიგო. მარტო ის ვერ გაიგო, რისი გაგებაც
ყველაზე მეტად ეწადა: მამის ასავალ-დასავალი. დედამ უთხრა შორეულ აღმოსავლეთშია
მიმოწერის უფლების გარეშეო. პრ. დიდებულიძე ამ ბუნდოვანი პასუხით - მაშინ არც
„შორეული“ იცოდა წესიერად რა არის, არც „მიმოწერის უფლება“ და, თუ სიმართლე
გინდათ, არც „აღმოსავლეთი“ - ბევრს ვერაფერს მიხვდა. მართალია ერთი ის მცდარი
დასკვნა კი გამოიტანა, რომ მამა ცოცხალი იყო, მაგრამ იმ დროს დედამ თვითონაც არ
იცოდა თუ რას ნიშნავდა პაროლი „მიმოწერის უფლების გარეშე“, ამიტომ ისე ამბობდა
ტყუილს, ეგონა, სიმართლეს ამბობდა, ხოლო როცა ადამიანი ისე ამბობს ტყუილს, რომ
ჰგონია სიმართლეს ამბობს, ასეთ დროს ტყუილი მართლა გამოიცემს სიმართლის ხმებს.
საბოლოოდ, ხსენებული ყოვლად განსაკუთრებული ღამის ერთი უმთავრესი შედეგი (ნუ
ვიკამათებთ, ავი თუ კარგი) ის იყო, რომ თუ აქამდე პრ. დიდებულიძეს მამა, შეიძლება
ითქვას, არ აგონდებოდა, ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, არ დავიწყნია.
აქ ცოტა ხნით შევჩერდეთ. წინ სანტიმენტალიზმის მლაშე გუბეები გამოჩნდა, როგორც
წყალუხვი ტბები მიჩიგანის შტატის რუქაზე, და თუ არ გვინდა რომელიმე მათგანში ტყაპანი
მოვადინოთ და ცრემლებად დავდნეთ, მშვიდად გადავწყვიტოთ, ზემოდან ჯობს
მოვუაროთ ამ რაქიტიან დაბრკოლებას, ქვემოდან თუ გვერდიდან, თან მე ამასობაში ერთ
აუცილებელ საქმეს მოვითავებ, რომელიც ადრე თუ გვიან ჩემი მოსათავებელია: სოფელ
მაღლითის რვაწლიანი სკოლის დირექტორი ეგება მეტი აღარ დაგვჭირდეს და, ასე შუა
გზაზე რომ არ მივატოვო კითხვის ნიშნების საჯიჯგნად, ერთხელაც მივუბრუნდები და
პუნქტუაციის რომელიმე პოზიტიურ სადგურამდე - წერტილი იქნება, წერტილ-მძიმე თუ
მრავალწერტილი - მივიყვან.
ეს დირექტორი, მას შემდეგ, რაც მისი და მისი ბიბლიოთეკარის სამსახურებრივი გზები იმ
ავადმოსაგონარი ინციდენტის გამოისობით საბოლოოდ გაიყარა, დიდებულიძეებთან
აღარ ამოსულა. ეს ადვილი ასახსნელია. შედარებით ძნელი ასახსნელი ის არის, კოჭლ
შალიკოსთან სიარულს რატომ დაეჩვია. არადა, ფაქტია, დაეჩვია. შალიკომ, რომელსაც
დირექტორის მოძალებისთვის თავიდან დიდი ყურადღება არ მიუქცევია, პირველ
სტუმრობაზე ჩინებული სუფრა გაუშალა და არც მეორე სტუმრობაზე დაუკლია
მასპინძლობა, მაგრამ მესამე სტუმრობაზე კი უკვე თხილისა და კორკიმელის არაყს
დააჯერა, მეოთხე სტუმრობაზე წარბი მაღლა გაექცა, მეხუთე სტუმრობაზე ნიკაპი
აუკანკალდა და, ბოლოს და ბოლოს, ის, რაც ვერ მოახერხა დარიგებამ, მუქარამ, საერთო
კრებამ, ეზეკია ნამღვდლარმა, კოლექტივის თავმჯდომარემ, საბჭოს თავმჯდომარემ და
თვით რაიკომის ინსტრუქტორმა ათაბაგმა, ცოტას გაწყდა, კინაღამ მაღლითის
რვაწლიანი სკოლის უსახელო დირექტორმა შეძლო. ყოველ შემთხვევაში, მის თვალებზე
გადაფარებული სქელი, ღრმა ნისლი, რომლის ფონზე მზეს შუქი თვალდათვალ
აკლდებოდა, სოფელ-ქვეყანა სიბნელეში იძირებოდა, საგნებსა და საგნებს შორის
საზღვარ-სამანი იშლებოდა და ჩლუნგი, ამორფული სამყარო პირველყოფილი
ქაოსისაკენ მიექანებოდა, აშკარად მეტყველებდა, რომ უკვე ყოველდღე და ყოველ საათს
მოსალოდნელი იყო, ამ ვარდივით და ბულბულივით ოჯახში მავრის სინდრომი
გაჩენილიყო და გონს გადასული შალიკო უმანკო ცოლებს დარეოდა. ბედი მისი, საქმეში
დირექტორის თანამეცხედრე ჩაერია. თანამეცხედრემ, რომელიც ოჯახში იმთავითვე
გამუდმებით და შეგნებულად თესავდა შიშს, რათა მორჩილება მოემკა (წარმატებითაც
ახორციელებდა, თუ ვინმეს სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ, ამ პროგრამას),
უკანასკნელ მომენტში გადაჭრით და ენერგიულად აღკვეთა ქმრის ეს უპრაგუნო წანწალი.
„უპრაგუნო“ თანამეცხედრის ტერმინია, მაგრამ აქ საყურადღებო ის არის, რომ მან ქმრის
საქციელი მოიხსენია არა როგორც უბრალოდ „უპრაგუნო წანწალი“, არამედ როგორც
„სოფელ-სოფელ უპრაგუნო წანწალი“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ საქციელის
ჭეშმარიტი მიზეზი ეგზომ ფხიზელი მეთვალყურისთვისაც კი გამოუცნობი დარჩა. ხოლო
სინამდვილეში - მაღლა ღმერთია მოწამე, ძირს ადამიანი და შუაში ბონდის ხიდი,
რომელსაც ქვედა მხრიდან ფსიქოანალიტიკოსები აკონტროლებენ, ხოლო ზედა
მხრიდან მწერლები - ეს მიზეზი ასეთი გახლავთ: იმ მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელიც
პრ. დიდებულიძის დედისათვის გაიღო - ხოლო მსხვერპლი რომ დიდი და საშინელი
გაიღო, ვფიქრობ, სადავოდ არავინ გახდის - ჰუმანისტი და სულით მაღალი დირექტორი
საზღაურს არ მოითხოვდა და მხოლოდ იმის აღიარებას მოითხოვდა, რომ საზღაურს არ
მოითხოვდა. შესაძლოა ეს იგივ საზღაური კია, მაგრამ, თუ საზღაურია, მინიმალური
საზღაურია, და დირექტორის მოკრძალებული მოთხოვნაც სამართლიანი ჩანს, მით
უფრო, იმ ლაჟვარდისფერი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს კაცი - ნეტა ან აქამდე რას
გიმალავდით, ხომ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც მომიხდებოდა ფრჩხილების გახსნა
და არაცნობიერ წკვარამში ანთებული კვარით შესვლა - ცოტათი, რამდენადაც კი
შესაძლებელია ოჯახის სანიმუშო მამას, ერთგულ მეუღლეს, ჭკუადამჯდარ ადამიანს,
მაღალი შეგნების მოქალაქესა და ანტიკური კულტურის მეტისმეტ ტრფიალს ასეთი რამ
დაემართოს, გამიჯნურებული იყო. ძლიერ გამიჯნურებული რომ ყოფილიყო, თავს ვერ
დაიურვებდა და ერთხელ მაინც დაუსხლტებოდა მორალური კოდექსის არტახებს, მაგრამ
რაკი ცოტათი იყო გამიჯნურებული, კოდექსს ნამუსი შეუნახა და გრძნობათა დასახარჯად
შორით (კოჭლი შალიკოს აივნიდან) მცირედი ბნედა იკმარა, რაც შალიკომ ჯერ ვერ
გაიგო, მერე კი არასწორად გაიგო.
პრ. დიდებულიძის დედა - თავის ადგილას ესეც ცნობილია - მიუხედავად დირექტორის
დიდი და ფხიზელი თავდაჭერილობისა, მშვენივრად ატყობდა, რა ცეცხლი გუზგუზებდა
მის დარბაისლურ გულში, მაგრამ არ იმჩნევდა, ვინაიდან იმასაც ატყობდა, რომ ასეთი
თვალების, ასეთი ულვაშის, ასეთი მსოფლმხედველობისა და ასეთი თანამეცხედრის
პატრონი თავს იმის ნებას არასოდეს მისცემდა, გონიერების ჯებირი ყმაწვილური
ამჩატებით გაერღვია და უკან დასაბრუნებელი ხიდები ასე ერთი ხელის მოსმით დაეწვა.
ახლა კი, რახან ეს თეთრულვაშა, ცისფერთვალა და ოდნავ გზასაცდენილი დირექტორი
უვნებლად დავუბრუნეთ მშობლიურ ბუდეს და მიჩიგანის ტბებიც მგონი უკან მოვიტოვეთ,
შეგვიძლია დამშვიდებით განვაგრძოთ გზა.
ათას ცხრაას ორმოცდასამი წლის ოცდათერთმეტ დეკემბერს მთისძირის საავადმყოფო
საზეიმოდ გაიხსნა, ხოლო ცოტა მოგვიანებით, თებერვლის შუა რიცხვებში, მშენებლობა
მართლა დამთავრდა და პრ. დიდებულიძის დედა ბავშვთა განყოფილებაში ექიმად
მიიწვიეს.
დედა-შვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. დედა, დილაადრიან რომ დაუყვებოდა
მთისძირის დაღმართს (ფეხით, რასაკვირველია), შინ დაღამებულზე ბრუნდებოდა და
ამგვარად პატარა (ჯერ კიდევ პატარა) პრ. დიდებულიძე მთლად თავის ნებაზე დარჩა,
რაც, დასკვნების გამოტანის ჟამი რომ დადგება, არ უნდა დავივიწყოთ, თუმცა, თუ ოდენ
ეგზოთერულ ბაღში ვიმუშავებთ და უხეშ ემპირიულ ნაყოფს დავჯერდებით, მარტოობის ამ
ეტაპზე მნიშვნელოვანი და ღირსმოსახსენებელი მხოლოდ ერთი ეპიზოდი შეგვიძლია
დავასახელოთ: ათას ცხრაას ორმოცდაოთხ წელს, ივლისის თექვსმეტში, ხუთშაბათ დღეს
(იხ. მუდმივი კალენდარი), ღელედიდის ქვედა მორევის პირას, ნაჭყუმპალავებს, როდესაც
ბავშვები (ბიჭები. სქესისმიერი სეპარატიზმი, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში წინა წელს
დაიწყო, იმ წელს უკვე ნორმად იქცა) ტიტლიკანები ეყარნენ გაფიცხებულ ლოდებზე და
კოლექტივის ყანაში მოპარული კიტრის ხრაშახრუში ღელედიდის ვრცელსა და
მარადიულ ჩუხჩუხში კენჭებივით იძირებოდა, პრ. დიდებულიძემ თავისი პირველი სიბრძნე
წარმოთქვა.
ცხადია, აჯობებდა „სიბრძნის“ მაგივრად „დაკვირვება“ მეხმარა. „დაკვირვება“ შედარებით
ნეიტრალური და ნაკლებგამაღიზიანებელი სიტყვაა და, გარდა ამისა, საკმარისად
ფართო დიაპაზონიცა აქვს საიმისოდ, რომ ვაგლახად ვერავინ გამოგედავოს, მაშინ როცა
„სიბრძნე“, თუმც კი ადრესატისთვის ბანგია და მარიხუანა, დანარჩენ მსმენელთათვის
სამსალა და მაღალი ძაბვის დენია. ეს დიაღაც კარგად ვიცი და გადაწყვეტილიც მაქვს
ამას იქით, თუ არაფერმა შემიშალა ხელი, სულ „დაკვირვება“ ვიხმარო. ახლაც
„დაკვირვებას“ ვიხმარდი, მაგრამ, ჯერ ერთი, ასაკს გავუწიე ანგარიში, და მეორეც, ის, რაც
პრ. დიდებულიძემ თქვა, მომკალით და სიბრძნეა და არა დაკვირვება.
- საჭმელი როა, მიტო, - თქვა პრ. დიდებულიძემ, - თვარა, ისე ლობიოს სხვაზე ნაკლები
ყვავილი კი არა აქ!
ივლისში ღელედიდი ჯერ კიდევ კარგა ცივია, ამიტომ ჭყუმპალაობის შემდეგ გახურებულ
ლოდზე გულაღმა (ან პირქვე) დაწოლა ერთი სიამოვნებაა, ხოლო თუ დაწოლის წინ
ლოდს ორიოდ მუჭა წყალსაც მოასხამ, რათა სიმხურვალეს ზედმეტი სიფიცხე
გამოეცალოს, სულ მთლად ნეტარებაა. მაღლითელმა ბავშვებმა ეს ისევე კარგად
იცოდნენ, როგორც მოპარული კიტრის გემო.
ღელედიდი კისრისტეხით მირბოდა თავქვე და უხსოვარ დროში დასწავლილ
მონოტონურ სიმღერას დაუღალავი ენთუზიაზმით მოიმღეროდა. ჩიტები, ამ გრანდიოზულ
შხუილში რომ ერთმანეთისთვის ხმა მიეწვდინათ, ძალთა სრული დაძაბვით
ჭყლოპინობდნენ. კალიები, თითქოს პატარა ოლიმპიადა გაუმართავთო, მდინარის
გასწვრივ, მინდვრის ვიწრო ზოლზე, სიგრძეზე და სიმაღლეზე დახტოდნენ. იდუმალი
სამალავებიდან ჭრიჭინების მისტიკური ჭრიჭინი ისმოდა. ცხელი ნიავი უქმი შრიალით
დაძვრებოდა ხეთა ფოთლებში. საამოდ მოთენთილი ბავშვები გახურებულ ლოდებზე
ეყარნენ და ქორფა კიტრს ახრამუნებდნენ.
როცა გარეთ ომია და შიგნით სიღატაკე, შუადღის სიცხისგან თავის დასაცავად საუკეთესო
საშუალება არის არა თეთრი ქუდი ან ჭრელი ქოლგა, არამედ ყვავილების გვირგვინი.
ლამაზი შეიძლება ქოლგაც იყოს და ქუდიც, მაგრამ ქოლგასა და ქუდს ფული უნდა,
ყვავილები კი მუქთაა. მაღლითელმა ბავშვებმა ესეც კარგად იცოდნენ და ყოველ მათგანს
თითო ჭრელი გვირგვინი ჰქონდა. ამ მხრივ გამონაკლისი, ცხადია, არც პეტერე კოჭოიე
იყო. პეტერე კოჭოიე იმ მხრივ იყო გამონაკლისი, რომ, როცა გვირგვინს წნავდა, შიგ
ლობიოს ორი მოზრდილი კავი შეჰყვა. ორივე აყვავებული. ასეთ კურიოზს კი არ
შეიძლებოდა ნორჩი მაღლითელების აღფრთოვანებული და კვიმატი გამოძახილი არ
მოჰყოლოდა და მართლაც, თუ აქამდე ღელედიდის ჩუხჩუხს, ჩიტების გალობას,
ჭრიჭინების ჭრიჭინსა და ნიავის ჩურჩულს მათი მხრიდან მხოლოდ მადიანი ხრამა-ხრუმი
ერთვოდა, ახლა ამას ხითხითიც დაემატა, რომელიც მერე და მერე დიდ ჟივილ-ხივილში
გადაიზარდა. სახარებაში წერია, ყოველი დაფარული გაცხადდებაო, და კოჭოიას
გვირგვინში ლობიოს კავებს რა დამალავდა! ბიჭებმა კავები სულ მალე შენიშნეს და
მყისვე სახელდახელო კონკურსიც გამართეს ამ მარცხიანი ფაქტისთვის ადეკვატური
ვერბალური სახის მისასადაგებლად. რა აღარ ითქვა: „ლობიოს გვირგვინი“, „საგვირგვინე
ლობიო“, „გვირგვინოსანი ლობიო“, „ლობიოსანი გვირგვინი“, „ლობიოს მეუფე“,
„პარკოსანთა ხელმწიფე“, „სარის ლობიოს მბრძანებელი“, „ბეწვიანთა და უბეწვოთა
მეფე“, „ჭყინტი ლობიოს უფლისწული“, და ვინ მოთვლის კიდევ რა. ერთი სიტყვით,
ღელედიდის ჩუხჩუხი, ჩიტების ჟღურტული, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ნიავის სუნთქვა და
საერთოდ, სამყაროს ბუნებითი ღვთაებრივი ქორო მალე მაღლითელი ბავშვების დიდმა
ყაყანმა დაფარა.
ხოლო იმ დროს, როცა მხიარულებამ მწვერვალს მიაღწია, პრ. დიდებულიძემ თქვა: -
საჭმელი როა, მიტო, თვარა, ისე, ლობიოს სხვაზე ნაკლები ყვავილი კი არა აქ!
აქ როლები ისევ შეიცვალა. სახტად დარჩენილ ბიჭებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, ეგზომ
მოულოდნელად წარმოქმნილი აუდიო-სიცარიელე კი კვლავ სამყაროს წეღანდელმა
ხმაურმა აავსო. ღელედიდის წარმართული ჩუხჩუხიც აღდგა, ჩიტების კაპასი ჟივჟივიც,
ჭრიჭინების იმიერჭრიჭინიცა და ნიავის უმიზნო შარიშურიც. ბიჭები დიდხანს იყვნენ
ზარდაცემულები და თვალებდაჭყეტილები. ბოლოს, ელდამ რომ გადაიარა და სამყაროს
დინებიდან ამოვარდნილი მათი ყმაწვილი თავები კვლავ სამყაროს დინებაში ჩაირთო,
ვინც უფრო ჭკვიანი იყო, ხელადვე მიხვდა (ბევრმა აღიარა კიდეც), რომ თვითონ ასეთ
რამეს ვერასდიდებით ვერ მოიფიქრებდა. ნაკლებ ჭკვიანები ამ ჭეშმარიტებამდე
შედარებით გვიან მივიდნენ - მას შემდეგ, რაც დღის (აგრეთვე ღამის) განმავლობაში
ფიქრებით არაერთგზის მიუბრუნდნენ ამ იდუმალსა და ღრმა დებულებას, სახტად კი
ყველანი დარჩნენ და ელდა ყველას ეცა. ყველამ იგრძნო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი
მოხდა. მართალია, ბუხუტიე ბლაყუნა აღმოჩნდა გამონაკლისი - ბუხუტიამ ვერაფერი
იგრძნო, ვერაფერს მიხვდა (ვერც მაშინ და ვერც მერე), მეტიც, ასე გასინჯეთ, ხუმრობაც კი
სცადა („ეეეუჰ, პრომეთეოსი!“), და თუ რამემ გააკვირვა და შეაშფოთა, მხოლოდ იმან, რომ
ამ ხუმრობას მოსალოდნელი გამოხმაურება არ მოჰყვა - მაგრამ ბუხუტიე ბლაყუნა, თუ
მთელ მის უბადრუკ სიცოცხლეს მიუდგომლად, უშეღავათოდ და ცრუ ლმობიერების
გარეშე განვსჯით, არცაა სათვალავში ჩასაგდები. აი, ასეთი ღირსშესანიშნავი, შეიძლება
ითქვას საეტაპო, ეპიზოდი მოხდა ორმოცდაოთხი წლის თექვსმეტ ივლისს პრ.
დიდებულიძის ცხოვრებაში. თუმცა აქვე მინდა დაგარწმუნოთ, - არ ვიცი კიდევ ვიპოვი თუ
ვერა შესაფერის დროსა და ადგილს - რომ ოდენ ეგზოთერულ კენკრას არც მე
დავჯერდები და არც თქვენ დაგაჯერებთ. ან კი ისე როგორ წავხდებით, მაგ მყრალსა და
მითოლოგიურ გველეშაპს ერთი-ორჯერ ეზოთერიის ედემში არ შევეპაროთ და
ზღაპრული ვაშლები არ ავწაპნოთ!
რაც შეეხება პრ. დიდებულიძის მომავალ დუმილს, ამ დიად დუმილზე წვრილად მაშინ
ვილაპარაკებთ, როცა სუბიექტური ჟამი დაჰკრავს და ობიექტური ქრონოლოგიაც საჭირო
ნიშანს მოგვცემს. ამთავით კი ერთი მინდა განვაცხადო: პირველი ბიძგი ამ დიდი და
ღირსეული დუმილისათვის სწორედ აქ იგრძნო, როცა პირდაბჩენილი თანატოლების
დანახვაზე თვითონაც პირი დააბჩინა, ვინაიდან უეცრად მიხვდა, რომ ის, რაც მისთა
ბაგეთა მიერ ითქვა, ამა ყურთათვის არ თქმულა. ოღონდ ამის მეტს კი ვერაფერს მიხვდა.
ბიძგის მიზეზი, მიზანი, წყარო და ბერკეტი ისეთ ცხრაკლიტულში აღმოჩნდა გადამალული,
რომლის გაღებას მომწიფებული გონება სჭირდებოდა. ორმოცდაოთხის ივლისში პრ.
დიდებულიძე ჯერ მხოლოდ თორმეტი წლისა იყო - თორმეტი წლისა და შვიდი თვის - რაც
ისეთი ასაკი არ არის, ადამიანმა სიბრძნეებიც აფრქვიო და ზედ განმარტებებიც დაურთო.
ამიტომაც შეკრთა თავის ნათქვამზე. და არა მარტო შეკრთა, არამედ ცოტა ხნის შემდეგ,
როცა ბოლომდე გაიაზრა თუ რა თქვა, სირცხვილის ალმურიც წაეკიდა, როგორც
მიამიტსა და ბედოვლათ მოწაფეს, რომელმაც ზედმეტად ოხუნჯი ვინმე თანაკლასელის
მიერ სალაღობოდ წამოსროლილი სისულელე ალალ კარნახად ჩათვალა და
გამოთქმით გაიმეორა.
ალმურმა მალე გაუარა, მაგრამ ეჭვი იმისა, რომ ეს აზრი თვითონ არც ტვინიდან
ამოსვლია, არც გულიდან და არც სხვა ისეთი სავარაუდო ორგანოდან, საიდანაც ასე თუ
ისე შესაძლებელია კაცს აზრი ამოგივიდეს, არ მოშორებია. ერთი პირობა, სულო
ცოდვილო, კი დააპირა, ცთუნების ფარულ ნიშანს დამორჩილებოდა და თავისი
მოულოდნელი გამოხდომა პეტერე კოჭოიეს სიბრალულით აეხსნა, მაგრამ ყურპარტყუნა
პატიოსნებამ, რომელიც არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს, იმისთანა ყმუილი ატეხა,
ეს ვერსია მყისვე ცივად გააგდო ხელიდან. თუმცა პატიოსნებასაც რა ექნა: პრ.
დიდებულიძის დაკვირვებას მკაფიოდ გამოხატული თეორიულ-ფილოსოფიური ხასიათი
ჰქონდა და ისეთი ცალკეული და შემთხვევითი ფაქტები, როგორიც იყო პეტერე კოჭოიე,
სრულებით არ აინტერესებდა (ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ არც თავად პეტერე
კოჭოიას გასჩენია რაიმე ილუზია). სამაგიეროდ, რა დაინახა, ყველაფერმა მშვიდობით
ჩაიარა და ბუხუტიე ბლაყუნას ბრიყვული გამოხდომა ბავშვების მიერ ატაცებულ არ იქნა,
თუმც შიშისა და ეჭვის სამარცხვინო ტყვეობიდან ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულიყო,
ცოტა მაინც გათამამდა და შეეცადა ამ მკრეხელური აფორიზმისათვის რაიმე გონივრული
საფუძველი მოეძებნა, მაგრამ ვერ მოუძებნა. (ვინც აზროვნების ინტუიციურს, ლოგიკურსა
თუ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს იცნობს, დამეთანხმება, რომ ვერც მოუძებნიდა).
ვიდრე მომდევნო დაკვირვებას წარმოთქვამდა, რამდენიმე თვე გავიდა; ამან დროს
საშუალება მისცა თავისი გამაქარწყლებელი საქმიანობა წარმატებით დაესრულებინა და
მართლაც, ის პირველი დაკვირვება, როგორც ერთი რამ შემთხვევითი მოვლენა,
რომელსაც გაგრძელება აღარ მოჰყოლია, თანდათან დავიწყებას მიეცა.
სინამდვილეში ეს მოვლენა შემთხვევითი არ ყოფილა.
პრ. დიდებულიძის ჩამოყალიბების პროცესი მაღლითში ორი პარალელური თუ
პერპენდიკულარული ხაზით - შერწყმისა და დამოუკიდებლობის ხაზით - მიედინებოდა.
საკუთარი თავის ამარა დარჩენილი - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედამ მთისძირის
საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა - იგი სწრაფი ტემპით აითქვიფა მაღლითელებში და
მაღლითელის ყველა დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშანი შეიძინა. მაგრამ
სწორედ ათქვეფის პროცესში ძალზე მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა მყარად და უცვლელად
შენახულა დამოუკიდებლობის ის კენჭი (იხ. ზემოთ), რომელშიაც მამასთან გატარებული
თითქმის ექვსი წელი იყო ჩაწნეხილი. საბოლოოდ ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო,
მაგრამ ბუნებრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნა ერთგვარი ჰიბრიდი - ახალი ჯიშის
მაღლითელი, გნებავთ ახალი ჯიშის სანაკლიელი, რომელმაც, მას შემდეგ, რაც
პირველდაწყებითი სატრფიალო-სამიჯნურო ეტაპიც მშვიდობით განვლო, სოფელ
მაღლითსა და, საერთოდ, სოფელ-ქვეყანას უფრო ფხიზელი და კრიტიკული თვალით
დაუწყო ყურება და აქცენტი სულისა და ტვინის იმ იდუმალ კუთხეზე გადაიტანა, სადაც
დაკვირვებები - როგორც ხედავთ, „დაკვირვებებს“ ვამბობ - იბადებოდა, ანუ, თუ მთავარ
სინამდვილედ პრ. დიდებულიძის შეგრძნებათა სინამდვილეს მივიჩნევთ, ამოდიოდა,
როგორც ყველი ამოდის რძიდან (ხოლო ყველი რომ რძიდან ამოდის - შდრ. სამყაროს
ამოსვლა თეთრი ქაოსიდან ამის უმთავრესი მიზეზი არის არა ამომყვანის ცოდნა და
სიმარჯვე, არამედ კვეთი, რომელიც ამ შემთხვევაში ღვთაებრივი ნაპერწკლის
განსახიერებაა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - ღვთაებრივი ნაპერწკლის სიმბოლო).
სხვა ამის მეტი - გითხარით კიდეც - რამდენიმე თვის განმავლობაში პრ. დიდებულიძეს
მნიშვნელოვანი არაფერი შემთხვევია. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მამის დაჭერიდან
სწორედ შვიდი წლის თავზე, ათას ცხრაას ორმოცდაოთხის ოქტომბერში, როცა
ქორწილების სეზონი ის-ის იყო დაიწყო, დედა გაუთხოვდა. ამ თემაზე ლაპარაკი ძალზე
ძნელია, მაგრამ გაჩუმება სულ მთლად შეუძლებელია, ამიტომ რაც სათქმელია, ვფიქრობ,
აუცილებლად უნდა ითქვას, ოღონდ უნდა ითქვას მხოლოდ ის, რაც აუცილებლად
სათქმელია. „დედა“ და „გათხოვება“ ერთიმეორის მიმართ მკვეთრად პოლარული
ცნებებია და მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობა, საგანთა დასაბამიერი ბუნებიდან
გამომდინარე, განზიდულობის პრინციპს უნდა მორჩილებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში -
განზიდულობის ძალა თუ გადაილახა და ეს ანტაგონისტური ცნებები ერთ ძაფზე აესხნენ -
ისეთი ავთვისებიანი წინადადება წარმოიქმნება, რომელმაც არ შეიძლება რაიმე
ფათერაკი არ გამოიწვიოს. მართლაც, როცა ხსენებული სიტყვები - თავისთავად ორივე
კარგი - ქვემდებარედ და შემასმენლად დასხდნენ ერთმანეთის გვერდით და მარტივი,
გაუვრცობელი და ზარდამცემი წინადადება შეადგინეს, ამ წინადადების მეტასტაზები პრ.
დიდებულიძის დამბლადაცემულ ფსიქიკას რამდენიმე დღისა და რამდენიმე ღამის
განმავლობაში ისე მიარღვევდა, როგორც სახნისი წვიმით დამბალ მაღლითის მიწას.
ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ყველას, ვისაც დედა გაუთხოვდა ან მომავალში
გაუთხოვდება, მაგრამ ამ ამბის პიკანტურ ნაწილს, ნუ გამკიცხავთ და, ვერ ჩავეძიები:
გარდა იმისა, რომ არც სურვილი მაქვს ამისა, არც ძალა და, შესაძლოა, არც უფლება,
მაინცდამაინც ვერც საჭიროებას ვხედავ. თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ და
ერთმანეთს ლაპარაკს ვაცლით, უეჭველად მივალთ თამამ, მაგრამ ერთსულოვან
დასკვნამდე, რომ დედების სამიჯნურო თავგადასავალში არაფერია განსაკუთრებული და
ბუნების საწინააღმდეგო. დედის გათხოვება მხოლოდ შვილისათვის არის დედის
გათხოვება; საკმარისია შვილი, ვითარცა კერძო შემთხვევა, ფრჩხილებს გარეთ
გავიტანოთ და მთელი ყურადღება - მკვლევარის კეთილსინდისიერი ყურადღება - ზოგად
კანონზომიერებას მივაპყროთ, საქმე გვექნება უბრალოდ განათხოვარი ქალის ხელახლა
გათხოვებასთან, რაც - რაოდენ მაღალი რიგითი ნომერიც უნდა იგულისხმებოდეს სიტყვა
„ხელახალში“ - უკვე პრობლემა აღარ არის. ხელახალი სიყვარული ისეთივე მძაფრია,
ისეთივე სულსწრაფი, ისეთივე ეჭვიანი, ისეთივე ამაღლებული, ისეთივე ბრმა, ისეთივე
უჭკუო, ისეთივე ვნებიანი, ისეთივე იმპულსური, ისეთივე უძლეველი... ერთი სიტყვით
„ისეთივეთა“ სრული სიის შედგენა რომ არ დამჭირდეს, მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა
ხელახალი სიყვარული ისეთივე პირველი სიყვარულია, როგორც პირველი სიყვარული.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ზოგს უყვარს ხაზგასმა - ლაპარაკია
კანონზომიერებაზე, თორემ პრობლემას თუ შვილის სუბიექტური თვალით შევხედავთ,
დედა, როგორც იტყვიან, დედაა და შეუძლებელია იგი თავისი ცხოვრების რომელიმე
წერტილში გასათხოვარ ქალთან იქნას გაიგივებული; ოღონდ ეს ხედვის ისეთი კუთხეა და
მორალის ისეთი ჩრდილი, რომელიც თვით სიყვარულზე რაიმე არსებით ზემოქმედებას
ვერ ახდენს. მორალმა შეიძლება შედეგზე მოახდინოს გავლენა (ვთქვათ, დედა არ
გათხოვდეს. ამგვარი შემთხვევები ისტორიაში ცნობილია), მაგრამ ეს სულ სხვა რამ არის.
სად სიყვარულის შედეგი - ქმედება, რომელიც ასე თუ ისე შეგვიძლია გონებას, ნებას და
ანგარიშს დავუქვემდებაროთ, და სად სიყვარული, როგორც პროცესი - ატეხილ
გრძნობათა უკონტროლო და ღვთაებრივი ამოფრქვევა. სიყვარული არც მოსვლას
ეკითხება ჩვენი არსების ჭკუიანსა და დისციპლინირებულ ნაწილს, არც დარჩენას და არც
წასვლას. პრ. დიდებულიძის დედას, მაგალითად, ქმარი ისე უყვარდა, მთელ ქვეყანას
ერჩივნა (თუმცა რაკი პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანი მთელ ქვეყანას იცნობდეს,
ეს ხატოვანი თქმაც მთლად კორექტული არ უნდა იყოს), მაგრამ ერთადერთი სიყვარული
კი, თუნდაც ამ ორ სიტყვას შორის მესამეც ჩავსვათ და ეს მესამე თვით სიტყვა „ჭეშმარიტი“
იყოს, მეზღაპრეთა მოგონილია და არანაირი აქსიომატური საფუძველი არ გააჩნია.
შესაძლოა ადამიანი - ქალი იქნება თუ კაცი - სიკვდილამდე ერთადერთი (ჭეშმარიტი)
სიყვარულის შემყურე იყოს, მაგრამ აქედან, თუ მეცნიერული პატიოსნება არ
გვიღალატებს, უფრო ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ მას საშუალება არ მისცემია
მეორე (ჭეშმარიტი) სიყვარული ეგემნა, ვიდრე ის, რომ სიყვარული (ჭეშმარიტი) მხოლოდ
ერთი შეიძლება იყოს.
ასეა თუ ისე, ნუღა ჩავუღრმავდებით სატრფიალო-სამიჯნურო მოტივს, თავი ისე
დავიჭიროთ, ვითომ სრულებით არ გვაინტერესებს, რას განიცდიდა პრ. დიდებულიძის
დედა იმ ჯოჯოხეთური სამოთხის უნეტარეს ტანჯვაში, რა შხამი და რა ნექტარი ჰქონდა
დაგუბებული გულის სხვადასხვა საგუბარში და რა უწესრიგოდ, რა უკონტროლო
დოზებად ურევდა ერთმანეთში სიყვარულის წინაუკამო ქარიშხალი იმა შხამსა და
ნექტარს, ფიქრების რა ცეცხლოვანი ნისლი უტრიალებდა თავში ჯერ დილაობით, როცა
მთისძირის თავდაღმართს დაუყვებოდა, და მერე საღამოობით, როცა მაღლითს
შემოუდგებოდა, რა განწირული კვნესით იპობოდა ვნებათაღელვის დიდი მოქცევა
ისტორიული სირცხვილის წყალქვეშა კლდეზე და რა უსირცხვილო სისწრაფით
ერთდებოდა ისევ, როგორც კი პროვინციულ კლდეს უკან მოიტოვებდა, რა საცოდავად
ფართხალებდა ჟანგიანი ტრადიცია გარდუვალობის ელექტრომაგნიტურ ველში და რა
მეთოდურად ითხრებოდა საუკუნო ერთგულების სამარე, რა მძიმე იყო ნაძალადევი ომი
თავდავიწყების წინააღმდეგ და რა შემპარავი იყო დამარცხების ფარული სიტკბო, რა
ძნელი და ძნელი ხდებოდა თვალის გასწორება იმათთვის, ვინც შინაურად ითვლებოდა,
და რა შორებელი ხდებოდა თანდათან ყველა, ვისთვისაც თვალის გასწორება
მოეთხოვებოდა, რა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს სიბნელე და
სინათლე და როგორ იბადებოდა ამ ბრძოლაში თვითსიძულვილის მღვრიე ბურუსი...
მოკლედ, თავი დავანებოთ ნიაღვარს, ლავას, მეწყერს, დელგმას, წარღვნას, ქარტეხილს,
ხანძარს, ადუღებულ კუპრსა და მეორედ მოსვლას და ვიკმაროთ ფაქტი, რომელიც
დაფიქსირებულია, დადასტურებული, ობიექტური და სარწმუნო: საავადმყოფოში
მუშაობის პერიოდში პრ. დიდებულიძის დედამ მოიკეთა. დამსკდარი ხელები დაუამდა,
გაწამებული სახე დაუმშვიდდა და ფერხორციც დაუბრუნდა.
სიყვარულის გამომწვევი ვირუსი იდეათა სამყაროს განეკუთვნება და, ვითარცა ერთი,
განუყოფელი, უცვლელი და დაუსაბამო, მუდამ საკუთარი თავის იდენტურია, მაშინ როცა
ცოცხალი არსი, რომელმაც ეს ვირუსი თავის გულ-ღვიძლში უნდა გამოაშუშოს და თავისი
სისხლით გამოკვებოს, დრო-სივრცესაა გამობმული და, ცვალებადობის კანონით
დადაღული და მოძრაობის ცალმხრივ მდინარებაში მოქცეული, არასოდეს ემთხვევა
საკუთარ თავს. ასეთი წანამძღვრებიდან სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიდეს და, მართლაც,
სიყვარული თვისობრივად ყველგან და ყოველთვის ერთნაირია, ხოლო
რაოდენობრივად - ყველგან და ყოველთვის სხვადასხვანაირი.
პრ. დიდებულიძის დედის სიყვარულიც ამ მარტივ კანონს ემორჩილებოდა -
თვისობრივად ყველა სხვა სიყვარულს ემთხვეოდა და რაოდენობრივად ყველა სხვა
სიყვარულისგან განსხვავდებოდა - და ამ ორდინალურ გარემოებაზე მკითხველის
ყურადღებას არც შევაჩერებდი, რომ არა ერთი უცნაურობა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს
სიყვარული, თუმც კი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ამ რამდენიმე თვის
განმავლობაში ყველა სტადია გაიარა, არ გახმაურებულა და საერთო სახალხო
განხილვის საგანი არ გამხდარა, ყოველ შემთხვევაში, თუ სადმე გახმაურდა, ხმაურის ექოს
მაღლითამდე არ მიუღწევია. ვიცი, ძნელია ამის დაჯერება - ადამიანთა საზოგადოებაში
საიდუმლო, როგორც წესი, არ ინახება, და საერთოდ სიტყვა „საიდუმლო“ მხოლოდ
გამჟღავნების შედეგად იქცევა რეალურ ცნებად, თორემ „გაუმჟღავნებელი საიდუმლო“
ისეთივე აბსურდია, როგორიცაა ვთქვათ „დაუწერელი წერილი“, „დაუნთებელი ცეცხლი“,
„გაუწნავი სილა“ და სხვ. - მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტის უკან ერთი
ისეთი არგუმენტი დევს, რომელმაც ვინ იცის, ეგებ მართლა შეძლოს წინააღმდეგობათა
მორიგება: მთისძირის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მთლიანად მოწვეული
სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული და პროფესიული, ინტელექტური,
მსოფლმხედველობრივი, ჰიგიენური და სხვა თვისებებით გაერთიანებულები აქ, ამ
მიყრუებულ, გაუნათლებელ პროვინციაში ერთგვარ კასტად ჩამოყალიბდნენ, ელიტურ
ფენად, რომელიც ადგილობრივ პლებსს თავს აგრერიგად არ უყადრებდა და, მართალია,
სამსახურებრივ, საზოგადოებრივ თუ სხვა ოფიციალურ და სოციალისტურად
სავალდებულო ურთიერთობებს ვერსად გაექცეოდა, ინტიმური ცხოვრების ალბომს კი -
ხოლო სასიყვარულო ჭორ-მართალი, მოგეხსენებათ, ამ ალბომის პირველ გვერდზეა
ჩაკრული (ზედა მარცხენა მხარეს) - უმალავდა და არ აჩვენებდა. ვისაც ეს ახსნა არ
დააკმაყოფილებს (ალბათ, ბევრს არ დააკმაყოფილებს, ვინაიდან მყიფეა და მრავალი
სუსტი ადგილი აქვს), უკეთესი, თუ გული ერჩის, თვითონ მოიძიოს, ოღონდ თავად ფაქტის
სისწორეში კი გთხოვთ ნუ შეიტანთ ეჭვს და თან, ყოველი შემთხვევისთვის, ისიც
გახსოვდეთ, რომ უცნაურ მოვლენას დაჯერება უფრო უხდება, ვიდრე ახსნა.
ბედი ზოგჯერ აბუჩად გვიგდებს. მიჯნური - განსაკუთრებით, თუ იგი იმავდროულად
დედაცაა - ჩვეულებრივ, იმას ცდილობს, სიყვარული დამალოს, პრ. დიდებულიძის დედა
კი, პირიქით, მას შემდეგ, რაც რომ თავისი სიყვარულის შეუქცევადობაში დარწმუნდა და
დაღლილი თვალი მორჩილად გაუსწორა ბედისწერის ისარს, იმას ნატრობდა, მისი
სირცხვილის ამბავი შვილსაც ჩაწვეთებოდა ყურში, რათა შემზადებულიყო და ამით
მომავალი საუბარი - გარდუვალი და საშიში - დედისთვისაც გაეიოლებინა. დედას არა
მარტო სურვილი ჰქონდა ამისა, არამედ იმედიც. ეს იმედი თავიდან რეალურიც ჩანდა.
მართლაც, პრ. დიდებულიძე მისი ასაკის კვალობაზე ძალიან დაკვირვებული ბავშვი იყო
და, თუნდაც ჭორს პირში წყალი ჩაეგუბებინა (რაც, როგორც ითქვა, ჩაიდინა კიდეც, თუმცა
ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა), პატარ-პატარა ცვლილებების მიხედვით - ხმაში,
გამოხედვაში, მიხრა-მოხრაში, სადილ-ვახშმის გაკეთებაში და სხვ. - წესით ეჭვი
(პროგრესული ეჭვი) ისედაც უნდა გასჩენოდა, მაგრამ იმ ხანად იგი თვითონაც სამიჯნურო
თავგადასავლებში იყო ჩაყურყუმალავებული (გარემოებათა არახელსაყრელი
დამთხვევა) და, თუმც მისი თავგადასავლები უფრო თეორიულ, წარმოსახვით, შეიძლება
ითქვას, მხატვრულ არხში მიედინებოდა, მაინც იმდენ ყურადღებას მოითხოვდა, რომ
დედისთვის აღარა რჩებოდა რა.
სრული მოლოდინი იმისა, რომ შვილი, თუ ნამდვილს ვერ შეიტყობდა, ბუნდოვან ეჭვს
მაინც აიღებდა (ფსიქოლოგიური შემზადებისთვის ესეც იკმარებდა), დედას იქამდე გაჰყვა,
სადამდეც გარემოებანი საშუალებას იძლეოდნენ. გარემოებანი საშუალებას იძლეოდნენ
ოქტომბრის მეორე დეკადამდე, როდესაც მთისძირის საავადმყოფოს მთავარი ექიმი -
დროა ისიც ჩავრთოთ მოთხრობის მდინარებაში - სამუშაოდ თბილისში მიიწვიეს, რის
გამოც ყველა ვადა ერთბაშად ამოიწურა და მთავარი პრობლემა, რომელიც აქამდე
წარმატებით ეფარებოდა მეორეხარისხოვან პრობლემებს და, მათ პრიზმაში
გადატეხილი, ყოყმანისთვის მიზეზსაც უხვად შოულობდა და საბაბსაც, წინა პლანზე
გამოვიდა შიშველი და ოთხივ მხრიდან განათებული.
როდესაც ყოყმანზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მყავს პრ. დიდებულიძის დედა და არა
მთავარი ექიმი. მთავარი ექიმი არ ყოყმანობდა. მას პრ. დიდებულიძის დედა ისე უყვარდა,
როგორც ორმოც წელს მიტანებულ ნორმალურად აღზრდილ, ნორმალურად
განვითარებულ, ნორმალური მსოფლმხედველობის მქონე კაცს შეეფერება, რომელიც
მკაფიოდ გამოხატული დადებითი პიროვნებაა, ხოლო თუ შეფასების კრიტერიუმში
ეპოქის კოეფიციენტსაც შევიტანთ, რაიმე განსაკუთრებული შეღავათის გარეშე შეიძლება
კარგი ადამიანიც ვუწოდოთ (წარმოიდგინეთ ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი,
ფერხორციანი, გაწონასწორებული და ბუნებრივი, ზომიერად პრაქტიკული, სანდო და
საიმედო კაცი, რომელსაც თავბოლო ისეთ ზომაზე აქვს წაკვეთილი, რომ ვერც
პატივმოყვარეობის მეტობით ვარსკვლავების დაკრეფა დაისახოს მიზნად და არც
ღირსების ნაკლებობით აქოთებულ ჭაობში ფეხის ჩადგმა იკადროს); ასეთი ტიპის
ადამიანები კაცობრიობის ყველაზე მყარ, ყველაზე ჯანსაღ, ყველაზე შუათანა ფენას
შეადგენენ და სხვა ფენებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მშვიდი ცხოვრება აქვთ,
ნოყიერად იკვებებიან, დიდხანს ცოცხლობენ და, როცა ბოლოს და ბოლოს დაიხოცებიან,
სულიერსა და მატერიალურ კვალს დაახლოებით თანაბარი სიგრძისას ტოვებენ.
მთისძირის საავადმყოფოს მთავარ ექიმს რომ მივუბრუნდეთ - თან ზოგადადამიანური
საფუძვლებიდან მზერა ცოტა ხნით ეროვნულ საყრდენებზე გადავიტანოთ - იგი
ტრადიციების პატივისმცემელი გახლდათ, რაც, თუ დაკვირვებიხართ, კეთილშობილებას -
თანდაყოლილსაც და შეძენილსაც - ბზინვას მატებს, ვითარცა ლაქი გაშალაშინებულ
ფიცარს. ხოლო მთავარი ექიმი რომ გაშალაშინებული იყო, ამას შემდეგი ეპიზოდიც
მოწმობს: როცა პრ. დიდებულიძის დედას სიყვარულში გამოუტყდა, იქვე განზრახვის
სერიოზულობისა და გრძნობათა სოლიდარობის საზეიმო დემონსტრაციაც მოახდინა და
ოფიციალურად სთხოვა ხელი; ყოყმანი რა შეატყო, თავის წინადადებას ჩალაბულა
მორჩილად მიაყარა და მხოლოდ ზომიერი, მომჭირნედ ოპტიმისტური იმედი დაიტოვა,
ოღონდ იმედი ისეთი კუთხით კი დადგა - და ამის გამო ვერავინ დაძრახავს - რომ ზედ
სიყვარულის ხანძარიც მკაფიოდ არეკლილიყო და სახანძრო რაზმიც, რომელიც
სიყვარულის დაუკრეფავში გადასვლის ნებას არ აძლევდა. ასეთი საქციელი, რაც ახლა
ბევრს ძველმოდური მოეჩვენება და იქნებ მთლად ახალმოდური არც მაშინ იყო, შინაგანი
ღირსებისა და მყარი პატიოსნების ნიშანია. მერეც, როცა ორივე მხრიდან სიმეტრიულად
გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯები და სასიყვარულო წრეც, ასე ვთქვათ, შეიკრა,
საავადმყოფოს მთავარი ექიმი საკუთარ სურვილს ყოველთვის უკანა პლანზე სწევდა
ხოლმე და გადაწყვეტილების მიღებას მთლიანად პრ. დიდებულიძის დედას ანდობდა.
თბილისიდან რომ მიწვევა მოუვიდა, მაშინაც ასე მოიქცა. გინდა წავიდეთ, გინდა
დავრჩეთო, უთხრა, წინადადება კარგია, მაგრამ ჩემთვის მთავარი შენი სურვილია და არა
კარგი წინადადებაო. პრ. დიდებულიძის დედამ წასვლა გადაწყვიტა. სიმართლე რომ
ითქვას, ამ მოულოდნელმა პერსპექტივამ გაახარა კიდეც: ქორწინების ოფიციალური
გაფორმება კარგა ხანია დღის წესრიგში იდგა და ერჩია ეს მძიმე და საჩოთირო
ცერემონიალი უცხო გარემოში ჩატარებულიყო, უცნობი ხალხის წინაშე, ვიდრე აქ,
შინაურთა წრეში, სადაც, ეჭვი არაა, არაერთი მწარე, მკვახე, გამკილავი სიტყვის გაგონება
მოუხდებოდა. ერთადერთი საფიქრალი შვილი იყო, მაგრამ საქმეს უკვე ისეთი პირი
უჩანდა, დედის თავს დატეხილი მწარე ბედნიერება შვილს, ეტყობა, დედისგანვე უნდა
გაეგო. ასეთ ვითარებაში ლოდინს აბა რაღა აზრი ჰქონდა! მართლაც, ძალ-ღონე
მოიკრიბა, გული გაიმაგრა და ერთ მშვენიერ საღამოს შვილს შიშით, ენის ბორძიკით და
შეკავებული ტირილით თავისი საძრახისი გულისთქმა და ამასთან დაკავშირებული
სამომავლო გეგმები გაანდო.
პრ. დიდებულიძეს საუბრის დასაწყისშივე მამა მოაგონდა და მერე, ვიდრე საუბარი
დასრულდებოდა, ამაოდ ცდილობდა მისი სახე გონებაში გაეცოცხლებინა.
საუბარმა დიდხანს გასტანა.
დედა არეულად ლაპარაკობდა, შვილს თვალს ვერ უსწორებდა და უხეშ გრამატიკულ
შეცდომებს უშვებდა. ამის გაგონებაზე, ვიცი, ბევრი ისეთი სპეციფიკური ღიმილით
გაიღიმებს, რომელიც ჰუმანურ შემწყნარებლობასაც გამოხატავს, კეთილ ირონიასაც და
საკუთარი უხიფათობის შეუვალ რწმენასაც, მაგრამ ვისაც ძალა ეყოფა და თავს მის
ადგილას წარმოიდგენს, არ შეიძლება გული თანაგრძნობის თბილი დინებებით არ
დაესეროს. „ვთხოვდები“ ისეთი სიტყვაა, მშობელს ვერ ვეუბნებით თამამად და მთლად
გამართულად და მით უმეტეს შვილს ვერ ვეტყვით, ვინც ასეთ დროს ყველაზე მძიმე,
ყველაზე უხერხული, ყველაზე ძნელად მისადგომი თანამოსაუბრეა (თუ ქმარს არ
ჩავთვლით, მაგრამ ქმართან ამ საგანზე, როგორც წესი, საერთოდ არ ლაპარაკობენ, რაც,
ქმრის, როგორც ასეთის, უკონტროლო ბუნებასა და სუსტ მუხრუჭებს თუ
გავითვალისწინებთ, სავსებით სწორი საქციელია).
მერე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, როცა კი ეს საღამო მოაგონდებოდა, ყოველთვის
უკვირდა, რა ძალამ ათქმევინა ის, რაც თქვა, და თუ თქვა, როგორ არ გაიგუდა ნათქვამის
სიმძიმის ქვეშ. არადა, თქვა. თქვა და არ გაგუდულა. თქვა მიუხედავად იმისა, რომ პრ.
დიდებულიძე მაშინ ისეთ ასაკში იყო, როცა თავმოყვარე ხელში საგოზავი გვიჭირავს და,
სადაც კომპრომისის ხვრელს წავაწყდებით, მრისხანე გულმოდგინებით ვქოლავთ.
დაკვირვებიხართ ალბათ: ვიდრე შვილს არაფერი ესმის, გათხოვება შედარებით იოლია,
როცა უკვე ყველაფერი ესმის, მაშინაც შესაძლებელია სიძნელეებს ასე თუ ისე
მშვიდობიანად დააღწიო თავი, მაგრამ როცა ზოგი რამ ესმის და ზოგი რამ არა, თანაც
რაც არ ესმის, ჰგონია, რომ ესმის, და, რაც ესმის, არასწორად ესმის, დაბრკოლება
მაქსიმალურია, რომ არა ვთქვათ - გადაულახავი. პრ. დიდებულიძე სწორედ ასეთ ასაკში
იყო. ირგვლივ საადრეო რომანტიზმის სქელი ბურუსი ერტყა და შიგ მოჩვენებითი
თავმოყვარეობის, მოჩვენებითი ღირსების, მოჩვენებითი მორალისა და გაძლიერებული
უკომპრომისობის ბარიერები ჰქონდა ჩადგმული. და გასაკვირი ის კი არ არის, რომ
დედას გაუჭირდა იმ სიტყვების პოვნა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ასეთი
ბარიერები გადალახო და თორმეტი წლის ბიჭს თან გასაგებად, თან ობიექტურად, თან
ტაქტიანად აუხსნა ცხოვრების აბსოლუტური და რელატური ღირებულებანი - ამქვეყნიური
არსებობის ნაკლი და ღირსება (მათ შორის ღირსების ნაკლიცა და ნაკლის ღირსებაც),
მაქსიმალიზმის ცრუჰუმანურობა, მცირე ბედნიერების აუცილებლობა, დიდი უფლება ამ
მცირე ბედნიერებაზე და ა. შ. - არამედ ის, რომ დედამ ეს სიტყვები, ბოლოს და ბოლოს,
იპოვა.
ჩემი აზრით კი პრ. დიდებულიძის დედას ტყუილად ეგონა, ვითომ, შვილი თუ ადრევე
შეიტყობდა მის დაცემას (გულში ზოგჯერ ამ უკიდურესი ტერმინითაც მოიხსენიებდა
ხოლმე გრძნობათა, შესაძლებლობათა და ხდომილებათა იმ მღვრიე ედემს, რომელშიაც
უკანასკნელ ხანებში უხდებოდა ცხოვრება), ამით საუბარი გაუადვილდებოდა. უფრო
სავარაუდოა - ნუ ვილაპარაკებთ გაადვილებაზე, რაც ასეთ კონტექსტში, ცოტა არ იყოს,
ქარაფშუტულად ჟღერს, ვილაპარაკოთ შეძლებაზე - საუბარი სწორედ იმან შეაძლებინა,
რომ ახალ ამბავს შვილი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და, მეხი რომ უეცრად
გავარდა, უეცარმა მეხმა ყურიც დაუყრუა, თვალიც დაუბრმავა, ტვინიც მოუჩლუნგა და
მერე, დაყრუებულს, დაბრმავებულს, გამოლენჩებულსა და წინააღმდეგობის
უნარდაკარგულს ის თავისი ნაქები უკომპრომისობის ბარიერებიც სწრაფად მიულეწ-
მოულეწა.
გარედან რომ შეგეხედათ, საეჭვოს, ალბათ, ვერაფერს შეამჩნევდით, ასე გეგონებოდათ
დედა-შვილი რაღაც უბრალო და უმნიშვნელო, ყოველდღიურ საგნებზე წყნარად
მასლაათობენო. სინამდვილეში - გარედან დიაღაც ძნელია ამის შემჩნევა - პრ.
დიდებულიძის დაბუჟებული სხეული ტომარასავით იდო ჯორკოზე, ხოლო, ის რაც სხეულს
ცნობას, გრძნობას და სიცოცხლის სხვა ნიშნებს ანიჭებს, ისეთი სისწრაფით ტრიალებდა იმ
ჯორკოს ირგვლივ, რომ მალე გავარვარებული ალმურის ერთიან მასად იქცა და
საბოლოოდ სხეულს მყარ, გაუმჭვირვალე გარსად შემოეკრა, როგორც ნაჭუჭი თხილის
გულს. ნაჭუჭში ბნელოდა და დედის ცივი სიტყვები სიბნელეში ყრუ ხმაურით ცვიოდა, რაც
უწინარეს ყოვლისა იმას მოწმობდა, რომ პრ. დიდებულიძის დაცარიელებულ ციხე-
სიმაგრეში ჯერ კიდევ ბოგინობდა სიცოცხლე. თუმცა, გარდა დედისა, აქ სიცოცხლის სხვა
მოწმეც იმყოფებოდა. ეს მოწმე მამა იყო. მამა სწორედ მაშინ აღმოჩნდა უკუნში, როცა
ნაჭუჭმა პირი შეიკრა. ოღონდ აქ მცირე დაზუსტებაა საჭირო. ეს ჯერ კიდევ არ ყოფილა
მამა, ეს ჯერ კიდევ მხოლოდ სიტყვა „მამა“ იყო, რომელიც კარუსელივით მბრუნავ
კედელზე ირეკლებოდა და, თუმც კი აზრს თავისას, საგანს თავისას, ხატსა და
შესაბამისობას თავისას ვერ პოულობდა, მაინც, უსაგნოდ და უაზროდ დაშთენილი, არ
კვდებოდა, არ ქრებოდა, იმ ბნელსა და უდაბურ არსებობას არ ტოვებდა; ხოლო მიზეზი
ამისა ის იყო, რომ მის დანახვაზე პრ. დიდებულიძეს უცნაური და უცნაურად ნატიფი განცდა
დაეუფლა - თითქოს ზამთრის გათოშილი შარაგზიდან რაღაც მანქანებით მყუდრო
დარბაზში მოხვდა და უეცრად ბუხრის მივიწყებული სითბო - უფრო სითბოს მივიწყებული
სუნი - იგრძნო.
პრ. დიდებულიძე ამაოდ ცდილობდა სიტყვა „მამისთვის“ ხორცი შეესხა. პირველი, რასაც
ბნელმა ნაჭუჭმა თავისი უხილავი კარი გაუღო, დედის ცრემლები იყო, რომლებმაც
მართალია სიტყვა „მამა“ მთლად ვერ წაშალეს, მაგრამ სითბოს სუნი კი განდევნეს და
შვილის გამოფიტული სხეული საკუთარი ნებით გაჟღინთეს.
ნაჭუჭი რომ, ბოლოს და ბოლოს, თავისსავე ცეცხლზე დადნა და სიბნელეში სინათლემ
შემოიხედა, პრ. დიდებულიძემ იქ ერთბაშად იმდენი გაუგებარი და შიშველი კითხვა
დაინახა, რომ მათი გამოისობით მთავარი პრობლემა - ანუ პრობლემა, რომელიც,
როგორც მერე გამოირკვა, მთავარი ყოფილა - გასაკვირი კია, მაგრამ ვეღარ შეამჩნია;
მაშინ როგორღაც თავისთავად იგულისხმებოდა, რომ შვილს დამოუკიდებელი არჩევანი
არ ჰქონდა. რაკი დედამ ყველა მორალური დაბრკოლება დაძლია და მომავალ ქმართან
ერთად თბილისს გამგზავრება გადაწყვიტა, შვილიც თან უნდა წაჰყოლოდა, და ეს
უალტერნატივო დებულება იყო. შვილს შეეძლო ეჩხუბა, ეყვირა, აჯანყებულიყო,
ნაჯახისთვის დაევლო ხელი და ა. შ. ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ წასვლა
გადაეთქმევინებინა, და არა იმ მიზნით, რომ თვითონ არ წაჰყოლოდა. ყოველ
შემთხვევაში, ის კითხვის ნიშანი, რომლის ქვეშ წაყოლა-არწაყოლის პრობლემა იდო, პრ.
დიდებულიძის მაშინდელი სარკმლიდან არ ჩანდა. ამაში ცხადია, მოულოდნელობასა და
აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიურ მოუმზადებლობასაც ედო წილი, მაგრამ ეს წილი
დიდი არ ყოფილა. მთავარი ის იყო, რომ პრ. დიდებულიძის შეგნებაში ჯერ კიდევ არ
არსებობდა ავტორიტეტთან გადამწყვეტი დაპირისპირების იდეა. უფრო სწორად,
არსებობით კი არსებობდა - ეს იდეა თანდაყოლილია - მაგრამ გაღვიძების დრო არ
დადგომოდა, უდროოდ გაღვიძებისთვის კი საჭირო შეიქნა ისეთ საზეიმო და ხმაურიან
აქციაზე დასწრება, როგორიცაა დედის ქორწილი.
საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა (მისი სახელი და გვარი ბესარიონ კომახიძე გახლდათ)
ტექნიკური საკითხები სწრაფად მოაგვარა და ოქტომბრის მიწურულს (მაღლითი ამ
დროს, უკაცრავად პასუხია და, ახალმოლოგინებულ მზეთუნახავს ჰგავს) სამივენი
თბილისს გაემგზავრნენ. სანაკლიომდე კოლმეურნეობის საბარგო მანქანით ჩავიდნენ,
იქიდან კი მატარებლით (მატარებელი №n) განაგრძეს გზა.
ვაგონში ისე ისხდნენ, როგორც დედა, მამა და შვილი. ასი კაცისთვის რომ გეკითხათ, ასივე
იმას გეტყოდათ, დედა, მამა და შვილი არიანო. მართალია, პრ. დიდებულიძე გაბუსხული
იჯდა და ერთთავად იატაკს ჩასცქეროდა (რომელიც ჩვეულებრივი იატაკისაგან
განსხვავებით მოძრავი იყო, ეს კი ისეთი საინტერესო ფაქტია, რაოდენ გაბუსხულიც უნდა
იყო, არ შეიძლება ერთხელ მაინც არ მოგტაცოს ფიქრი), მაგრამ მის ამ გაბუსხულობას
ზემოთ მოხსენებული ასივე კაცი, ეჭვი არაა, რაიმე წვრილმანი და სწრაფგამდინარე
უსიამოვნებით ახსნიდა.
სინამდვილეში კი პრ. დიდებულიძე მაღლითიდან გამოყოლილ ცეცხლოვან პრობლემებს
ჩაჰკირკიტებდა და ცდილობდა ისეთ კითხვებზე გაეცა პასუხი, ჯერ რომ არც ერთ
თორმეტი წლის ბიჭს არ გაუცია. ეს იყო დასაბამიერი კითხვები სიყვარულის, ღალატისა
და შურისძიების (ნაწილობრივ აგრეთვე თანაგრძნობის) შესახებ, და აბა რა გასაკვირია,
რომ ასეთ რთულ ლაბირინთში, სადაც, ვინ მოთვლის, რამდენი ბრძენი და ჭკუის კოლოფი
უნუგეშოდ დაკარგულა, მისნაირი უმწიფარი ბღარტი რეტდასხმული ქათამივით
აწყდებოდა შებრკოლების ლოდებს და როგორც ერთ დროს მითოლოგიური,
სწორხაზოვანი და ქურუხი ამირანი, კვლავ და კვლავ საწყის წერტილს უბრუნდებოდა,
თითქოსდა ცნობიერების სამყარო გველეშაპი იყოს, რომელსაც კუდი პირით უჭირავს.
მაგრამ წინ გრძელი გზა იდო (ჯერ მე აგერ ახლა რამდენი ხანი მოვუნდი მის გამოვლას
ჩემი სწრაფი „ნივით“ და წარმოიდგინეთ მაშინ რამდენი ხანი უნდა დასჭირვებოდა, როცა
მატარებლები მართლა წელკავიანებივით დაიარებოდნენ და ყოველ მეორე
კილომეტრზე დასვენება სჭირდებოდათ!); დიახ, წინ გრძელი გზა იდო და პრ.
დიდებულიძესაც, შესაბამისად, საფიქრალად ბევრი დრო ჰქონდა.
პირველი ჭექა-ქუხილი, რომელიც დედის იმ მოულოდნელმა აღსარებამ გამოიწვია და
ნერვული სისტემა დროებით მწყობრიდან გამოიყვანა, უკვე ჩამცხრალი იყო. მართალია,
შიშველი ნერვები კვლავაც მარილიან ზედაპირზე ეწყო და პრ. დიდებულიძეს - იგი კიდევ
ერთხელ უნდა შევადაროთ ამირანს, ოღონდ ამჯერად კავკასიონზე მიჯაჭვულს - უჯიგრო
არწივი გულგრილი ინერციით უკორტნიდა გულ-ღვიძლს, მაგრამ ტკივილი ახლა ყრუ იყო
და ძველებური ჭრა აღარ ჰქონდა.
თუმცა ამას მოვეშვათ...
ვაგონში პრ. დიდებულიძის კბილა ერთი ბიჭი იყო, რომელსაც დედ-მამა (ალბათ
ნამდვილი) ახლდა. ბიჭს გაუთოვებული შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. პერანგის
საყელოზე, როგორც საყმაწვილო სახრჩობელას ყულფი, წაჭერილი ჰქონდა შავი ბაფთა,
და თუმცა ბაფთა - რაგინდარა ფერისა - ისეთი ურყევი ნიშანი არ არის, რომ წარმატებით
იწინასწარმეტყველო, რა გამოვა ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ მისი პატრონისაგან, ამ
შემთხვევაში ხუჭუჭ თმასთან, ვუნდერკინდის გამომეტყველებასთან და შავ ყუთში,
როგორც კუბოში ჩასვენებულ ვიოლინოსთან ერთად, რომელიც გვერდით ედო ბიჭს, ისეთ
დასრულებულ სურათხატს ქმნიდა, რომ თუ გინებით სასწრაფოდ ყელს არ
გაისველებდით, სულს არ მოიბრუნებდით და პოზიციას არ განიმტკიცებდით, უპატრონოდ
დარჩენილ თქვენს ყელს, თქვენს სულსა და თქვენს პოზიციას მეორე წამს შურის მწვანე
ეშმაკი დაეპატრონებოდა. პრ. დიდებულიძის სულს, უნდა ითქვას, დაეპატრონა კიდეც,
მაგრამ აქ უეცრად ერთი ისეთი ფსიქოლოგიური აფეთქება მოხდა, იძულებული შეიქნა
უმალვე დახსნოდა. საქმე შემდეგში გახლავთ: შურის ტყვეობაში მოქცეულმა პრ.
დიდებულიძემ რომ ბაფთიანი ბიჭი წარმოსახვის ძალით ბედის კალაპოტიდან ამოაგდო
და მის ადგილას თვითონ ჩაეჭედა, უეცრად თავისი მიტოვებული ბედის მძაფრი
ნოსტალგია დაეუფლა, რომელმაც პათეტიკურად, მაგრამ სავსებით გულწრფელად და
მთელი სამყაროს გასაგონად ასე შესძახა (სტატისტიკის მოყვარულთათვის კიდევ
ერთხელ დავაზუსტებ: მოქმედების დრო - 1944 წლის 28 ოქტომბერი, მოქმედების
ადგილი - მატარებელი №n და ვაგონი №7): ო, ჩემს ბედს ისეთი იდუმალი ანდამატი
ჰქონია, რა სატანჯველსაც უნდა მიმზადებდეს, სხვისაში მაინც ვერ გავცვლიო. ეს
დებულება, რომელსაც პრ. დიდებულიძე დიდხანს ელოლიავებოდა, ვინაიდან თავისი
გამორჩეულობის მაჩვენებელი ეგონა, სინამდვილეში ფსიქიკის საერთო პრობლემაა,
თანაც ისეთი საინტერესო, რომ ფიქრისა და თავსატეხების მოყვარულ კაცს მარტო მის
გახსენებაზეც კი პირზე ნერწყვი მოგადგება, მაგრამ ახლა ამ თემას ვერ ჩავუღრმავდები:
თბილისს მიმავალ პრ. დიდებულიძეს მატარებელში სხვა უფრო საშური და
საჭირბოროტო პრობლემები უღრღნიდა ტვინსა და გულს.
მიღოღავდა მატარებელი და პრ. დიდებულიძე ჟამიდან ჟამზე დედასა და სამამინაცვლოს
ახედავდა. ახედავდა ქურდულად და ყოველ ახედვაზე ხელახლა რწმუნდებოდა, რომ
ორთავენი მოხუცები იყვნენ, ხოლო რაკი დაქორწინება უდავოდ ახალგაზრდობის
პრეროგატივაა, პრობლემა, ამგვარად, ჩიხში იყო მოქცეული, დიახ. პრ. დიდებულიძე,
ჩიხში მოქცეული პრობლემისთვის რომ ცოტა ესაშველა და მძიმე ამოცანა შეემსუბექებინა,
შიგადაშიგ გულში ყოყმანით გაივლებდა, იქნებ მეჩვენება და სინამდვილეში არც ისე
მოხუცები არიანო, მაგრამ ამ ცრუ ლიბერალიზმს წამსვე უარყოფდა: სამამინაცვლო იმ
ზომამდე იყო გამელოტებული, ხოლო დედა უკვე იმდენი ხანია დედა იყო, რომ საეჭვო და
საყოყმანო არაფერი რჩებოდა.
რაც შეეხება ბაფთიანი ბიჭის დედას, იგი განსხვავებით ბაფთიანი ბიჭის მამისგან -
რომელიც ჰალსტუხიანი მუგუზალის სახედ და ხატად იყო შექმნილი - ულამაზეს თეთრ
ცხვარს ჰგავდა და ჰგავდა არა იმდენად წვრილად დახვეული წმინდა კრაველის თმით,
რამდენადაც ვოკალით, განსაკუთრებით, როცა მარცვალ „ბე“ -ს წარმოთქვამდა,
მარცვალ „ბე“-ს კი ხშირად წარმოთქვამდა, ვინაიდან შვილს ბენიამინი ერქვა: „ბეენიამინ“.
და როდესაც ბენიამინმა თეთრი დედის დაკვეთით („აბა, ერთი შენებურად, ბენია!“)
ვიოლინო შავი კუბოდან ციმციმ ამოასვენა და წრიპინი დააწყებინა, პრ. დიდებულიძის
ფიქრებმა სტატისტიკიდან მორალზე გადაინაცვლა. გაზაფხულზე, დედა რომ თბილისში
გამოიძახეს, რათა უშიშროების დაგვიანებულ თუ განახლებულ კითხვებზე პასუხი გაეცა,
მისი ბედი სასწორზე დაიდო. უშიშროება ამოუხსნელი რებუსია. ვერ გაიგებ, რა უდევს
გუნებაში და ვის ემსახურება... სასწორი, რომელზედაც დედის ბედი იწონებოდა, ერთი
პინით ციმბირს დასცქეროდა, მეორეთი მაღლითს, და თითის უბრალო წაკარება
კმაროდა, რომ ან აქეთ გადახრილიყო, ან იქით. საბოლოოდ მაღლითის პინამ
გადასძალა, მაგრამ რატომ, არავინ იცის. იმ დროს პრ. დიდებულიძე პატარა იყო და
უშიშროებისა სრულიად არაფერი გაეგებოდა; მერე, ცოტაოდენი ინფორმაცია რომ
მოუგროვდა, შეკრთა და ღმერთს მადლი შესწირა, რომ დედამ ამ სისხლიან ურჩხულს
მშვიდობით დააღწია თავი; ახლა კი №7 ვაგონში, სადაც ბაფთიანი ბიჭი შთაგონებული
სახით აწიკვინებდა ვიოლინოს და მსმენელთა ჩუმ გინებას იმკიდა, თავის ცივსა და
ცარიელ გულში იმ აზრს დასტრიალებდა, რომ ეგებ უმჯობესი იყო, უშიშროებას ის
წარმოსახვითი სასწორი მაშინ ციმბირისკენ გადაეხარა. ვინ იცის, დედა ამით არა მარტო
იმ დიდ სირცხვილსა და ტკივილს ასცდენოდა, რომელიც ახლა, მაჯლაჯუნად
გარდასახული, შვილს მახრჩობელა გველივით შემოხვეოდა კისერზე, არამედ, გმირიც კი
გამხდარიყო. გმირობისთვის ხომ (პრ. დიდებულიძე მაშინ ამას ბუნდოვნად გრძნობდა)
საგმირო საქმის ჩადენა სულაც არ არის საჭირო, თუ დროს კარგად შეურჩევ. უბრალო
დაღუპვაც კმარა! და თუ გმირი არ გახდებოდა, თანაგრძნობით მაინც მოიხსენიებდნენ,
როგორც უსამართლობის მსხვერპლს, და ვერასოდეს ვერავინ გაიგებდა, ამ
უსამართლობის მსხვერპლს თუ - მისი ცხოვრების დინებაში რომ უშიშროება არ
ჩარეულიყო - საკუთარი შთამომავლობის თვით ესოდენ სამარცხვინო ლაქის დატოვება
ეწერა შუბლზე.
ცხადია, ეს ოცნება არა მარტო ფუჭი, არამედ ამორალურიც იყო და, მართლაც,
ვუნდერკინდმა რომ წრიპინი მოათავა და ვაგონში ფარისევლური ტაში გაისმა, პრ.
დიდებულიძემ სინდისის ქენჯნა იგრძნო.
მამა მატარებელში არ შემოსულა, გარეთ დარჩა და ნიავქართან ერთად ფეხდაფეხ
მისდევდა №7 ვაგონს. დროდადრო ვიწრო სარკმელშიც შემოიხედავდა - ამას პრ.
დიდებულიძე სხეულით გრძნობდა - მაგრამ არ ჩანდა, ვინაიდან მისი შემოხედვა იყო
შემოხედვა აჩრდილისა, წარმოსახვისა, ორგანზომილებიანი მოგონებისა, რომელსაც
ხორცი არ ასხია და რეალური სახე არა აქვს.
ბესარიონ კომახიძე ახლაც, როგორც ყოველთვის, საცოლის ნებას დაჰყვა და
საქორწილო სუფრაზე მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეგობრები მოიწვია, ისე რომ
ერთ მოზრდილ ოთახში ყველანი თავისუფლად დაეტივნენ.
საერთოდ, სამამინაცვლო ზომიერი კაცი იყო, ზომიერიც და წესიერიც, და, ბედს რომ იგი
სხვა, უფრო ნეიტრალურ, უფრო დაუძაბავ და ნაკლებ პირადულ ვითარებაში
შეეხვედრებინა, პრ. დიდებულიძეს ეგებ მოსწონებოდა კიდეც. განსაკუთრებით
საგულისხმო - ალბათ პატივსაცემიც - მის ქცევაში ის იყო, რომ გერის გულის მოგებას არ
ცდილობდა. რაღა თქმა უნდა, ეს ოდენ აბსტრაქტული მსჯელობაა და, თუ ვინმე მასში
ბედისადმი მომავალი მორჩილების სიმპტომებს დაინახავს, ამით მხოლოდ საკუთარ
სიმპტომებს გაამჟღავნებს. პრ. დიდებულიძეს სირცხვილად ისიც ჰყოფნიდა, რომ დედას
თბილისში წამოჰყვა და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი ღალატის მონაწილე შეიქნა.
ერთი სიტყვით, რაიმე კომპრომისზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო და, მართლაც, მეორე
დღეს, როცა სუფრას უკვე სულ ბოლომდე გაცხრილული, გაცრილი და გაფილტრული
შინაურები უსხდნენ, მთავარი ინციდენტიც მოხდა.
ერთი შეხედვით ინციდენტს, რომელზედაც ლაპარაკია, არაფერი ეტყობოდა საიმისო,
რომ მთავარი როლი დაკისრებოდა, და საერთოდაც, მე მგონია, აქ ბოლო წვეთზე უფრო
უპრიანი უნდა იყოს ლაპარაკი, ვიდრე მთავარ როლზე. ასეა თუ ისე, ქორწილის მეორე
დღეს, გვიან ღამით, როცა სუფრა უკვე გვარიანად მოოხრებული და ნახევრად აშლილი
იყო, ერთმა მანდილოსანმა, რომელიც ოთახის კუთხეში სავარძელში იჯდა
ფეხიფეხშემოდებული და სიგარეტს აბოლებდა, სწორედ იმ დროს, როდესაც წინ პრ.
დიდებულიძემ ჩაუარა, მეორე მანდილოსანს, რომელიც ასევე ფეხიფეხშემოდებული იჯდა
მეორე სავარძელში და მასავით სიგარეტს აბოლებდა, ჩუმად ჰკითხა: „ეს ვინღაა?“ მეორე
მანდილოსანმა პრ. დიდებულიძეს თვალი გააყოლა და მიუგო: „ეს მზითევია“. ამაზე
პირველმა მანდილოსანმა გაიცინა და თქვა: „მოზრდილი მზითევი მოჰყოლია“.
იმ ღამეს, როგორც იქნა, მამამ შვილის თვალსაწიერში შემოაღწია და შვილმა მამა
დაინახა. მართალია, რაკი არ ახსოვდა, გადაჭრით ვერ იტყოდა, ზუსტად შეესაბამებოდა
თუ არა გამოცხადება ნამდვილს, მაგრამ ამას იქნებ არცა აქვს მაინცდამაინც დიდი
მნიშვნელობა, ვინაიდან ცხოვრების ეს მონაკვეთი სიზმარს ჰგავდა (ხედვის რომელიმე
კუთხიდან შესაძლოა იყო კიდეც სიზმარი), სადაც ფაქტებს უკრიტიკოდ ვიღებთ ხოლმე.
მამამ ნაღვლიანად გაიღიმა და, თუმც თქმით არაფერი უთქვამს, სახეზე ისეთი
გამომეტყველება დაედო, კაცი რომ სირცხვილს ჭამს, ან უსიამოვნებას რასმე გადაეყრება.
დილით პრ. დიდებულიძეს უცნაური - ცოტა კომიკურიც კი - ეჩვენა, რომ მაღლითიდან
გამომგზავრებისას ასე ეგონა, სამუდამოდ ვტოვებ აქაურობასო. ახლა ეს ფარსს უფრო
ჰგავდა, ვიდრე გულწრფელ განცდას. მართლაც, მთელი დღე ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქო აზიდებდა და საღამოს - ეს გახლდათ დედის ქორწინების მესამე, ხოლო
თბილისში ყოფნის მეექვსე დღე - მამინაცვლის სახლიდან გაიპარა (აქ უმადურობა იქნება
არა ვთქვა, რომ წასვლის წინ ჯიბეები კარგად მოიჩხრიკა და მართალია იქ სანუგეშო ვერა
ჰპოვა რა, ცთუნებას არ აჰყოლია, მერვე მცნების მყიფე საზღვრები არ გადაულახავს და,
რაც საკუთარი შარვლის ჯიბეში ვერ იპოვა, იმის ძებნა სხვისი შარვლის ჯიბეებში არ
დაუწყია; თუმცა, მეორე მხრივ, ფარისევლობა იქნება ისიც არა ვთქვა, რომ ამ
სამაგალითო საქციელის მიზეზი თავმოყვარეობა იყო და არა მორალი).
კარგად რომ დაღამდა, რკინიგზის სადგურზე გავიდა, სანაკლიოსკენ მიმავალი
მატარებელი მოძებნა, ჩუმად შეიპარა ვაგონში იმ დროს, როცა გამცილებელი რამდენიმე
მოყაყანე დედაკაცთან უთანასწორო ბრძოლაში იყო ჩაბმული, და მცირეოდენი
თავგადასავლის შემდეგ, რაც ძირითადად ხსენებულ გამცილებელთან კუკუდამალობანას
უწყინარ თამაშში გამოიხატა, ახალგათენებულზე მშვიდობით მიაღწია სანაკლიოს.
თუმცა სანაკლიოში ჩასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მაღლითში ჩასვლას, მატარებლიდან
გადასულმა, გრილსა და ნაცრისფერ რიჟრაჟში უეცრად ისეთი სიხარული იგრძნო,
თითქოს ეს სანაკლიოს ყოვლად ჭუჭყიანი სადგური კი არა, იუპიტერის წმინდა ტაძარი
ყოფილიყოს, სადაც საშიშ მდევარს ფეხად შეასწრო.
სანაკლიოს ამ დროისთვის უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა და ავტოსადგურის პოვნა არ
გასჭირვებია.
მთისძირის ავტობუსი (მაღლითამდე რეგულარული რეისები არ იყო) ნაშუადღევს
გადიოდა, ამიტომ გადაწყვიტა, ზედმეტი დრო, რაც დაახლოებით შვიდ საათს შეადგენდა,
ქალაქში ხეტიალით მოეკლა.
შვიდი საათი შესაძლოა ძალზე ცოტაა საიმისოდ, რომ მომავალი განჭვრიტო და რაიმე
გულდაჯერებულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე, მაგრამ ბედისწერა თუ ატყდა, საიმისოდ
კი სავსებით საკმარისია, რომ წარსულის რომელიმე ცუდად დაგდებულ ნატეხს ფეხი
წამოკრა და იმისთანა ორმოში მოადინო ტყაპანი, სამუდამოდ დაკოჭლდე.
რაკი დროის მოკვლის მეტი სხვა მიზანი არაფერი ჰქონდა, ალალბედზე მიაბიჯებდა და
ცდილობდა შეძლებისდაგვარად უტყუარი რამ ხერხი მოეგონებინა, რათა იმაზე მეტი, რაც
მატარებლით მგზავრობა დაუჯდა, არც ავტობუსით მგზავრობა დაჯდომოდა. დიდხანს
იარა ასე ფიქრებში ჩაფლულმა თუ ცოტა ხანს, ბოლოს, ქალაქის ცენტრს რომ მიატანა,
მზემაც რომ ძალი მოიცა და გაღვიძებულმა შიმშილმაც სტომაქში სიცარიელეს დაუწყო
ძიძგნა, მეტი ვეღარ მოითმინა და ერთ კაცს, რომელიც საამისოდ სხვაზე უფრო
შესაფერისი ეჩვენა, დრო ჰკითხა. იმის იმედი, რაღა თქმა უნდა, არა ჰქონია, რომ შვიდივე
საათი გულგანგმირული ეყრებოდა მის ფერხთა ქვეშ, მაგრამ ვერც იმას იფიქრებდა,
ესოდენ მყიფე და სწრაფწარმავალ ჟამს თუ ამდენი ხნის განმავლობაში ნახევარ საათზე
მეტი ვერ ჩამოტეხა. ამიტომ, პასუხით იმედგაცრუებულმა, გზა რომ განაგრძო, თან
მტკიცედ გადაწყვიტა ამ თემაზე აღარ ეფიქრა.
მალე ბაზარს გასცდა, - ეს „ზედა ბაზარი“ გახლდათ - ხიდი ხელმარჯვნივ მოიტოვა, ქვევით
დაეშვა, განიერი, ასფალტიანი ქუჩა ჩაათავა, უფრო ვიწრო, მრგვალი ქვებით
არათანაბრად მოკირწყლულსა და ფერდობზე კლაკნილი ხაზივით გავლებულ ქუჩაზე
გავიდა და თავისი წეღანდელი, აშკარად ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო ცოტა არ
იყოს სინანულით შეპყრობილმა ის იყო ქეჩოს ფხანითა და მორცხვი ყოყმანით გაიფიქრა,
რაც არის არის, მოდი ერთხელაც ვიკითხავ დროსო, რომ დრო იგი, ყოველ შემთხვევაში
მისი ის ნაწილი, რომლის ერთი პირობითი წარმომადგენელი გრძნობად სამყაროში
საათიცაა, ერთბაშად გაქრა.
ქუჩის გასწვრივ, ორთავ მხარეს, ეზოები იყო ჩამწკრივებული. ეზოები ერთმანეთს
ჰგავდნენ. ჰგავდნენ მეტ-ნაკლებად, ისე როგორც მათი პატრონები, ხოლო რაკი მეტ-
ნაკლები მსგავსება იგივეა, რაც მეტ-ნაკლები განსხვავება, ეზოები განსხვავდებოდნენ
კიდეც მეტ-ნაკლებად ერთმანეთისგან.
ასეთი ზოგად-აბსტრაქტული და ცოტა უპასუხისმგებლო აღწერა აქაურობისათვის
სავსებით საკმარისი (ალბათ, შესაფერისიც) იქნებოდა, რომ არა ერთი
გაუთვალისწინებელი (ან ათვლის ალტერნატიული სისტემიდან თუ გავხედავთ -
იდეალური სიზუსტით გათვალისწინებული) გარემოება: ეზო, რომელთანაც პრ.
დიდებულიძე მოწყვეტით შედგა (შედგა, გაშეშდა, მუხლები მოეკვეთა და საფეთქლებში
სისხლი მოაწვა), დანარჩენი ეზოებისგან დამატებით იმით განსხვავდებოდა, რომ იქ,
სახლის წინ, ორ ლეღვს შუა, დაბალ, სამფეხა სკამზე პროლეტარი ჟორჟიკა იჯდა.
პროლეტარ ჟორჟიკას ხელში პატარა წალდი ეჭირა და ჭიგოს თლიდა. თუმცა, რას
თლიდა და რას არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ გამოსაჩენზე იჯდა,
იქ, სადაც ცენტრალური ორიენტირის ადგილია, დანარჩენი კი (კოსტიუმი, საქმიანობა,
ატრიბუტები, რეკვიზიტი...) მეორეხარისხოვანია და იმდენად ბედზე არაა დამოკიდებული,
რამდენადაც ბედის გემოვნებაზე.
ისე, როცა ასეთ რამეს შევესწრებით, უნებურად (მაგრამ გარდუვალად) გვებადება კითხვა
(კითხვა გვებადება უფრო ფსიქიკაში, ვიდრე გონებაში): „აუცილებლობაა ყოველთა
საფუძველთა საფუძველი თუ შემთხვევითობა?“ რაც ლიტონი კითხვა კია, მაგრამ მთლად
უსარგებლოც არ ეთქმის, ვინაიდან სწორედ ამგვარი კითხვების წყალობითაა, რომ
ფილოსოფოსები მუდამ დასაქმებულები არიან და ღობე-ყორეს არ ედებიან, როგორც ეს
ჩვეულებრივ სხვა, ნაკლებ ფილოსოფიური პროფესიის ადამიანებს ემართებათ ხოლმე.
ჩემის მხრივ, ლიტონ კითხვებს მაქსიმალურად ავარიდებ თავს, ოღონდ ის კი არ
შემიძლია არა ვთქვა, რომ, ვინ იცის, რამდენჯერ ავუვლით და ჩავუვლით ხოლმე ჩვენს
ბედს და ვერ ვამჩნევთ, ვინაიდან ნიშანს არ გვაძლევს. უფრო სწორად, იშვიათად
გვაძლევს ნიშანს, მხოლოდ მაშინ, როცა თავად მიიჩნევს საჭიროდ. ამ მხრივ
საყურადღებოა არა იმდენად ზემოთ აღწერილი სურათი, რამდენადაც ის, რაც პრ.
დიდებულიძეს სამი წლის წინ შეემთხვა. სამი წლის წინ რომ ბედმა პროლეტარი ჟორჟიკა
აჩვენა (გახსოვთ ალბათ - „ქვედა ბაზარში“), იმიტომ აჩვენა, რომ ჩაეთქვა - დე, ეს იყოს
ნიშანი, რომლითაც სამი წლის შემდეგ მიცნობო. პრ. დიდებულიძემაც იცნო, მაშინ რომ
პროლეტარი ჟორჟიკა არ ენახა, ახლა ამ ეზოს ალბათ ისე უცხოდ ჩაუვლიდა, როგორც
არა ერთსა და ორ ეზოს ჩაუარა. ცხოვრებაც - აუცილებლობა იქნებოდა მისი მეხრე და
მესაჭე თუ შემთხვევითობა - სხვა გზით წავიდოდა, სხვა სახეს მიიღებდა და სამოქმედო
ასპარეზად სხვა სამყაროს შეთხზავდა!
ეზოს მაღალი მესერი ერტყა. მესერს შუაში რკინის ჭიშკარი ჰქონდა დატანებული. ჭიშკარი
ღია იყო. ღია ჭიშკარში პროლეტარი ჟორჟიკა მოჩანდა.
პროლეტარი ჟორჟიკა ღია ჭიშკარში ისე მოჩანდა, როგორც საინდუქციო კოჭა,
რომელზედაც პრ. დიდებულიძის ადრეული ბავშვობა იყო დახვეული.
მოულოდნელობის ელდამ რომ გაუარა, ნაბიჯი სწრაფად გადადგა უკან და ღობეს
ამოეფარა, მერე კი ყველაზე დიდი ჭუჭრუტანა შეარჩია და ზედ მიეკრო.
მოგონებები ნელ-ნელა წამოიშალნენ. ეზოში რომ ვერ დაეტივნენ, ნაწილმა ქუჩაში
გადმოინაცვლა.
მაშინ პროლეტარი ჟორჟიკა ვალმოხდილი წამოდგა, წალდი და ნახევრადგათლილი
ჭიგო ერთ-ერთი ლეღვის ძირას დატოვა და შინ შევიდა. იმავ წამს საიდანღაც მამა გაჩნდა
და ეზო ირიბად, კუთხიდან კუთხემდე გადაჭრა. პრ. დიდებულიძემ იცოდა, რომ ეს ხილვა
იყო და არა ნამდვილი მამა. ნამდვილი მამა შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებოდა
მიმოწერის უფლების გარეშე, როგორც უთხრა ნამდვილმა დედამ ამ სამიოდე წლის წინ...
არადა, თუ ეს მართლა ბედის ჩანაფიქრი იყო, ბედმა ჩანაფიქრი კარგად შეასრულა: პრ.
დიდებულიძემ უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ ეს სახლი, რომელსაც ასე ქურდულად
უთვალთვალებდა მესრის ჭუჭრუტანიდან, ერთ დროს მას ეკუთვნოდა. მას, დედამისსა და
მამამისს. ამ აღმოჩენით ოდნავ გაბრუებულმა ახლა გულს მიუგდო ყური, მაგრამ
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მშობლიურობის თბილი და მომადუნებელი გრძნობა,
დაკარგული ნივთის პოვნისას რომ გვიჩნდება ხოლმე, არ გასჩენია. თუმც კი გული
უთრთოდა, სახლი უცხო იყო. სახლიც უცხო იყო და ეზო-გარემოც.
ამით ცოტა გაკვირვებული და ცოტა შეშფოთებული ჭუჭრუტანას მოშორდა, ეზოს გასცდა,
ფეხს კიდევ უფრო აუჩქარა, მოსახვევს რომ მიაღწია, მარჯვნივ შეუხვია, ზედა
პარალელურ ქუჩაზე გავიდა - ეს ქუჩაც პატარა, მრგვალი ქვებით იყო მოკირწყლული და
ქვედა ქუჩისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ კიდევ უფრო ვიწრო იყო და,
გარდა ამისა, ქვებსა და ქვებს შუა ამოტეხილი ბალახიც თითქოს უფრო მუქი და უფრო
მაღალი ჩანდა - ამ ზედა ქუჩას გამოუყვა უკან.
თავის ეზოს რომ გაუსწორდა, შეჩერდა.
ამ მხარეს ეზო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სახლის წინ, და ქუჩისა და მეზობელი
ეზოებისგან - აქედანაც და იქიდანაც - დაბალი, წნული ღობე ჰყოფდა. ეზოს მარჯვენა
ნახევარი ყანასა და ბოსტანს ეჭირა, სადაც ახლა, თუ აჩეხილი სიმინდის ძირებს არ
ჩავთვლით, კარგა ხნის მოკრეფილი, უკვე ჩამჭკნარ-ჩაყვითლებული, ნახევრადმკვდარი
ლობიოსა და პამიდვრის გარდა აღარაფერი ჩანდა. მარცხენა ნახევარში ხეხილი იდგა -
ერთი დიდი კაკალი, ერთი ძირი მსხალი, სამი ძირი შავქლიავი და ორი ძირი კარალიოკი.
კაკალსა და ქლიავებს უკვე აღარაფერი შერჩენოდათ და საგვიანო მსხალიც თითქმის
მთლიანად გაკრეფილი იყო, სამაგიეროდ, ფოთოლშემოძარცული კარალიოკები
შიშველი ქალებივით იდგნენ მძიმედ დახუნძლულები და ისე ელავდნენ, გეგონებოდათ,
ოქროს ნაყოფი ასხიათ, რომელიც საჭმელად არ ვარგაო.
ხოლო ეზოს ბოლოში, სულ განაკიდეს, სადაც ღობე სამეზობლო მიჯნასთან მართ კუთხეს
ქმნიდა, განცალკევებით, ვითარცა ჯიბრიანი დისონანსი, აყუდებულიყო ძველი, პრ.
დიდებულიძის დროინდელი ფიცრული ჩეჩმა.
ზედა სართულზე სახლს ორი ფანჯარა ჰქონდა და ორივე დაკეტილი იყო. პრ.
დიდებულიძეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. საერთოდ, ზედა სართულს მხოლოდ
გაკვრით შეავლო თვალი და მერე მზერა - დაჟინებული, შეუპოვარი და ცოტა დანისლული
- ქვედა სართულზე ღრიჭოდ დატოვებულ კარს მიაპყრო, რომელიც სამსაფეხურიანი
კიბით პირდაპირ ეზოში გამოდიოდა. სწორედ ამ ვიწრო, დაბალ კარს მიღმა ეგულებოდა
ოთახი, სადაც დედასთან ერთად ბოლო ორი სანაკლიური წელიწადი გაატარა. დედა-
შვილს მაშინ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
პრ. დიდებულიძე მართლა ჩაეფლო იმ ფაფუკ გრძნობაში, რომელიც ძვირფასი და
დაკარგული ნივთის პოვნისას გეუფლება ადამიანს, მაგრამ ამ გრძნობას, თუმც კი ყველა
ნიშნის მიხედვით ტკბილიც უნდა ყოფილიყო, გემო ვერ ჩაატანა, ვინაიდან თვალზე
არამკითხე ცრემლი მოადგა. მართალია ირგვლივ, სადამდეც კი მზერა წვდებოდა,
კაციშვილი არ ჭაჭანებდა და ამგვარად მის ცრემლს მისივე სინდისის მეტი ვერავინ
დაინახავდა, მაგრამ ახლა სინდისის მოწმობაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ
სირცხვილის ის მძიმე ალმური წაჰკიდებოდა, რომელიც პატიოსან ადამიანს მცირე ხნით
ყველა სხვა გრძნობას უჩრდილავს და უუფასურებს.
პრ. დიდებულიძემ ცრემლი უჩუმრად მოიწმინდა და გულში საკუთარი თავი
ქალაჩუნობისათვის მკაცრად დატუქსა, თუმცა ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამ
უკანა ეზოს, განსაკუთრებით კი ამ უკანა კარს ისეთი რამ ეცხო, რაც გულ-მუცელს
უმღვრევდა და ყელში გორგალივით ეცობოდა: აქ თითქმის ყველა მოგონებაში დედა
მონაწილეობდა, რის გამოც წარსულსა და აწმყოს შორის კონტრასტის ცივი და
გულჩათხრობილი მდინარე მიედინებოდა და თან ჩატეხილი ხიდის მელანქოლიური
ნამსხვრევები მიჰქონდა.
პრ. დიდებულიძემ ერთხანს კიდევ უცქირა წარსულის უკანა კარს და მერე, რა დარწმუნდა,
ცრემლის შეკავება უფრო და უფრო ჭირდა, იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, უკანვე
დაბრუნდა და სახლს კვლავ ქვემოდან მიადგა, სადაც მოგონებები გაცილებით
მრავალრიცხოვანი იყო, მრავალრიცხოვანიც, მრავალფეროვანიც და ხალისიანიც.
პრ. დიდებულიძე ნაცნობ ჭუჭრუტანას მიადგა. ახლა ეზო-გარემო ისე უცხო უკვე აღარ
ეჩვენა. მეტიც: მიწის პირს ისევ დაემჩნა მივიწყებული ნაფეხურები, ხოლო სახლის მეორე
სართულზე, რომელიღაც ოთახში, რომლის ფანჯრები, ღმერთო გამახსენე, საით
გადიოდა, წიგნებით გადაჭედილი თაროების ქვეშ, დიდ საწერ მაგიდას მამის აჩრდილი
უჯდა. მამა მოსამართლე იყო და ირგვლივ კანონები ეხვია.
აქ პრ. დიდებულიძე მკვეთრი ბიძგით მოშორდა ჭუჭრუტანას და შეტრიალდა, ვინაიდან
უეცრად გაახსენდა, რომ ქუჩის გადაღმა, მოპირდაპირე ეზოში, რომლის წინ, მაღალი
ტოტებგანიერი ცხენისწაბლი და - ცხენისწაბლის ძირას - უხეშად გამოჩორკნილი, ქარ-
წვიმისაგან უკვე ნახევრადდამპალი ხის მერხი იდგა, ერთ დროს ცანცარა ამალიას ოჯახი
ცხოვრობდა: ცანცარა ამალია, ცანცარა გრიგოლი, ლოქო გულბაათი და დაფსხრიკული
მარიამი.
ნეტა რა გვარები იყვნენო, გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ და გვარები ვერ გაიხსენა.
შესაძლოა არც არასოდეს იცოდა - როცა აქ ცხოვრობდა, მაშინ ხომ ძალიან პატარა იყო:
მაშასადამე (გაიფიქრა ისევ და გული რაღაც უცნობი ტკივილით შეეკუმშა), ახლა რომ
სადმე შეხვედროდნენ, ვერ იცნობდა; გულგრილად შეხედავდა, როგორც უცნობს და
უბრად ჩაივლიდა. ისინიც ასევე მოიქცეოდნენ. ეს რაღაცით სიკვდილს ჩამოჰგავდა და,
თუნდაც სიკვდილი ისეთი არ ყოფილიყო, როგორიც პრ. დიდებულიძის მაშინდელ, ჯერ
კიდევ გაუშლელ ფანტაზიას შეეძლო წარმოედგინა, რაღაცით მაინც ჩამოჰგავდა
სიკვდილს.
ტკივილი რომ ცოტა დაუამდა, ცნობისმოყვარეობა მოეძალა და გულში იმის რკვევას
შეუდგა, თუ რატომ ხდება, რომ უახლოესი ადამიანები ზოგჯერ რაღაც მანქანებით უეცრად
(გნებავთ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ) უცხოებად იქცევიან.
ამასობაში სხვა მოგონებებიც გამოფხიზლდნენ, დაიძრნენ, წამოვიდნენ, ირგვლივ
მჭიდროდ შემოეხვივნენ, კისერზე ყულფივით შემოესკვნენ და მალე პრ. დიდებულიძე
მათში განაწილდა, გაიფანტა და გაიხსნა.
რამდენ ხანს იყო ჩაძირული ამ თავის პატარა წარსულში, როგორც პატარა ჭაში, არ
გაუგია. სამაგიეროდ, როცა გამოერკვა და თავი მოულოდნელად კვლავ სახლს უკან,
წნულ ღობესთან აღმოაჩინა, ამ გარემოებით გაოცებულს, შეშინებულსა და ავი
წინათგრძნობით შეპყრობილს მყისვე დრო მოაგონდა და, რაკი იმ ვიწრო,
ბალახმოდებულ ქუჩაზე კაცი სულიერი არავინ ჭაჭანებდა, სწრაფი ნაბიჯით გაშორდა
იქაურობას, რათა რაც შეიძლება მალე სადმე, ხალხმრავალ ადგილას გასულიყო და
საათი ეკითხა.
და რა შეიტყო, ავტობუსის გასვლამდე თხუთმეტიოდე წუთიღა ყოფილიყო დარჩენილი,
თითქოს გატენილ ხურჯინს ძირი გავარდაო, ყველა ფიქრი გარდა პანიკაში ამოვლებული
ფიქრისა იმის შესახებ, რომ შესაძლო იყო ამაღამდელი ღამე ამ უცხო ქალაქში
დარჩენოდა გასათევი, ერთბაშად დასცვივდა და, მთელ სხეულზე ალმურწაკიდებულმა,
კისრისტეხით მოკურცხლა ავტოსადგურისაკენ.
სხვა ამ ხანმოკლე მოგზაურობის შესახებ არსებითი, მგონი, არაფერია სათქმელი. ერთი ის
შეგვიძლია დავუმატოთ (შეგვიძლია არც დავუმატოთ), რომ, კაცი თუ ცოტა მოხერხებული
ხარ და გარემოებაც გაიძულებს, სანაკლიო-მთისძირის ავტობუსშიც ისევე ადვილად
შეიპარები, როგორც თბილის-სანაკლიოს მატარებელში.
ხოლო ორი დღის შემდეგ - მაღლითში დილდილაობით უკვე ჭირხლს დებდა და,
საერთოდაც, ზამთარი შორს აღარ იყო - დედამ რომ ჭიშკარი შემოაღო და ეზოში
შემოვიდა, მის დანახვაზე პრ. დიდებულიძე ერთბაშად მიხვდა, რომ მთელი ამ ორი დღის
მანძილზე თურმე განუწყვეტლივ, მოუთმენლად და დარწმუნებით ელოდა და მხოლოდ
იმაზე ფიქრობდა, ნეტა მარტო ამოვა თუ იმ თავის ბესარიონსაც ამოიყვანსო. ასეთი
წვრილმანები თითქოს არც ღირდა ტვინის ჭყლეტად, მით უფრო მას შემდეგ, რაც დედის
ქორწილზე დასწრებამ, ნაქორწილევს თბილისიდან გამოქცევამ და, ბოლოს სანაკლიოში
გარდასულ დღეთა სამარხის მოულოდნელმა აღმოჩენამ მომავლის კოორდინატები
ისერიგად გაანათა, რომ მამინაცვალი ჩრდილადღა გამოჩნდა, რომელიც ვეღარც
ჩამოსვლით დაადებდა ქვეყნიერებას რაიმე სათავისო ნიშანს და ვეღარც
ჩამოუსვლელობით, მაგრამ, დედა რომ დაინახა და დაინახა, რომ დედა მარტო იყო,
თავისდამოულოდნელად დიდი შვება იგრძნო.
დედამ, რაღა თქმა უნდა, იტირა. ან კი ვინ არ იტირებდა მის ადგილას! მაშინ იგი
ოცდაცამეტი წლისა იყო (პრ. დიდებულიძეს რომ ოცდაცამეტი წელი სიბერის ასაკი ეგონა,
ეს ბავშვური გულუბრყვილობით მოსდიოდა, რასაც თვითონაც მალე მიხვდა) და ამ
ოცდაცამეტი წლიდან ექვსი, თანაც საუკეთესო ექვსი - მარტოობაში, ტანჯვაში, სიღატაკეში
(უკანასკნელი ოთხი ხომ სულაც მაღლითში) გაატარა. და ახლა, როცა, ბოლოს და
ბოლოს დავიწყებულმა სიცოცხლემ და საგვიანო გაზაფხულის სითბომ კვლავ ჩამოჰხედა
გახევებულ გულში, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე აჩრდილთა და მოგონებათა ცივ
საბუდარსღა წარმოადგენდა, თითქოს უხილავი მეწყერი დაიძრაო, ფეხქვეშ ნიადაგი
გამოეცალა. არადა, ამ საგანზე ლაპარაკი განათხოვარზე კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა;
ძნელიც და სახიფათოც. საზოგადოდ, საკუთარ გრძნობებზე პროზად ლაპარაკი
სახიფათოა, ხოლო თუ თანამოსაუბრე შვილია, რომელსაც ცალი ფეხი უკვე კაცობის
ტლაპოში უდგას, ხოლო მეორე ჯერ ბავშვობის ტლაპოდან არ ამოუყვია, ორმაგად
სახიფათოა. მართლაც, პრ. დიდებულიძეს ახლა თავისუფლად შეეძლო ერთი როყიოდ
წამოსროლილი სიტყვით, ბავშვურად დაუნდობელი უტაქტობით თუ გულუბრყვილო
პირდაპირობით ყველაფერი ის, რაც ჩვენს მიერ - ვფიქრობ, საკმაოდ რეალისტურად -
გაზაფხულად და სითბოდ იქნა გამოცხადებული, წყალში გადაეყარა და დედის გული ისე
მოეკლა, ის მოკლული გული არათუ ახალი სიცოცხლის, ძველ აჩრდილთა სადგომადაც
კი უკვე ვეღარ გამომდგარიყო.
საბედნიეროდ, შესაძლებლობა თეორიულ ბუდეში დარჩა და უბედურება არ მომხდარა.
მართალია, პრ. დიდებულიძე, რომელიც მაშინ პირველ ომს იხდიდა დამოუკიდებლობისა
და თავისუფლების მოსაპოვებლად, ისე იყო სავსე ამ ომით, ამ თავგადასავლით, ამ
სიმამაცით, საერთოდ, საკუთარი პერსონით, რომ სრულებით ვერ ამჩნევდა, თუ რა
ტკივილს აყენებდა დედას, მაგრამ - არ ვიცი, ჩემთვის უცნობი იდუმალი რამ ტაქტის
ბრალი იყო, არ ვიცი, ბედნიერი შემთხვევისა - ისეთი არაფერი უთქვამს, რაც - სულო
ცოდვილო - გულში ერთი-ორჯერ ნამდვილად გაივლო.
დედამ - ზემოთაც მოგახსენეთ - იტირა. და იტირა არაერთხელ. მაგრამ ამჯერად შვილის
სიჯიუტე ვეღარ გატეხა. ვერც გატეხავდა: შვილისკენ მიმავალ გზაზე (რომელიც
იმავდროულად შვილისგან მიმავალი გზაც იყო, რაკი შვილი თითქმის ყოველთვის
შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი საშუალედო პუნქტი), მთავარი
დაბრკოლება მას ბავშვური თავმოყვარეობა ეგონა და თვისთა ცრემლთა სამიზნედაც
სწორედ ეს აბრიალებული ბურბუშელა ივარაუდა, ის კი არ იცოდა, რომ სანაკლიოს
ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებამ ამ ბუტაფორულ დაბრკოლებაში
ნამდვილი ცემენტი ჩაასხა, რის შედეგადაც წინააღმდეგობის მოღნიოშებული კარი ისე
გამაგრდა, ძველი გასაღებითა და ძველი მეთოდებით მისი გაღება უკვე შეუძლებელი იყო.
თუმცა, კარი კარად და შუაღამისას დედის ტირილს შვილიც შეუერთდა. ჩაეკონენ
ერთმანეთს და ჩაკონებულებმა იტირეს. ამჯერად პრ. დიდებულიძემ თავის ტირილში
სამარცხვინო ვერაფერი დაინახა და ონკანები ბოლომდე მოუშვა.
სამარცხვინო მართლაც არაფერი ყოფილა. მეტიც: სწორედ ამ შეხმატკბილებულმა
ტირილმა გაალღო ყინული და, თუ აქამდე პრ. დიდებულიძის მიზანი - გაუცნობიერებელი,
მაგრამ მტკიცე - შურისძიება იყო, რისთვისაც იარაღად ურჩობას ხმარობდა და ხერხად
გულცივობას, ახლა, ამ წმინდა ტირილის გუმბათიდან პრობლემას ლმობიერების მზემ
დაჰხედა და დედის ბანაკში ისეთი არგუმენტები გამოაჩინა, რომლებიც ანგარიშის
გაწევას, პატივისცემას და, ვინ იცის, საგანგებო შესწავლასაც კი მოითხოვდა. საბოლოოდ
(შურისძიების დარცხვენილი ხმალი უკვე ქარქაშში იყო ჩაგებული), ამგვარმა
ლმობიერებამ ნამტირალევზე ადვილად გასწია ჯანსაღი კომპრომისის მაგივრობა და იმ
უძილო ღამის ბოლოს, როდესაც უპარტიო მზემ სოფელს პირველი სხივები გადმოაყარა,
დედა უკვე შედარებით (ოღონდ შედარებით და არა სავსებით) მშვიდად მსჯელობდა
იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი და მოსახერხებელი იქნებოდა ცალ-ცალკე
ეცხოვრათ, თვითონ - თავის ახალ ოჯახში, ხოლო შვილს - მაღლითში, რომელიც ამ ხუთი
წლის მანძილზე ესოდენ - ყოველ შემთხვევაში, სხვა შესაძლო პოზიციებთან შედარებით -
მახლობელი და მშობლიური გამხდარიყო.
ცხადია, ამ კომპრომისს გულზე მრავალი მატლი ეხვია - თუ ფსიქოლოგიური, თუ
მორალური, თუ პრაქტიკული - მაგრამ შვილმა თავისი გადაწყვეტილება დამაჯერებელი
საბუთებით გაამაგრა, ხოლო დედა - იმათ გასაგონად ვთქვათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ
მიმხვდარა - მიუხედავად უხვი გულწრფელი ცრემლებისა, მოვლენათა ასეთი
განვითარებისათვის სავსებით მომზადებული აღმოჩნდა და მეორე დღეს, საბოლოოდ
დამორჩილდა რა გარემოებათა ულმობელ ნებას, გადაწყვიტა თბილისს მარტო
დაბრუნებულიყო. მართალია, ამით პრობლემა მთლიანად არ გადაჭრილა, ვინაიდან
ერთია გადასაწყვეტი გადაწყვიტო და მეორეა გადანაწყვეტი ხმამაღლა გამოაცხადო - ამ
ორ მომენტს შორის კი ხშირად გადაულახავი უფსკრული დევს - მაგრამ ამ საქმეში
შალიკოს ცოლები ჩაერივნენ (ვინ ვინ და შალიკოს ცოლებმა კარგად იცოდნენ ტრფობის
ყადრი).
შალიკოს ცოლებმა სათნოების რაშები შეკაზმეს, ხელთ ლმობის ფარნები დაიჭირეს,
საგზლად სიტყვებისა და გამოთქმების ტკბილეული წაიღეს, გაცინებული პირით ჩაეშვნენ
იმ ბნელსა და პირქუშ ლაბირინთში, რომელიც ახლადგათხოვილი დედის ღრმა
ფსიქოლოგიური ჭრილობის ბაზაზე წარმოქმნილიყო, და მალე დაარწმუნეს კიდეც
კოლეგა და პაციენტი, რომ პატარა პრ. დიდებულიძეს, ვიდრე მიხვდებოდა, დედის
უკეთესი ქვეყანაზე არავინ მყავსო - ხოლო ამას რომ მიხვდებოდა და ადრე თუ გვიან
შესაბამის ნაბიჯსაც გადადგამდა, შალიკოს ცოლებისთვის დღესავით ნათელი იყო - მანამ,
უდედობას ვერ ვიტყვით, მაგრამ უპატრონობას კი არ აგრძნობინებდნენ: არაფერს
გაუჭირვებდნენ, არაფერს მოაკლებდნენ, არავის დააჩაგვრინებდნენ.
თავის მხრივ, დედა შვილის მომავალ მეურვეებს დაჰპირდა, ხშირ-ხშირად
ჩამოვაკითხავო, და ეს პრობლემაც - თითქოს ზედმეტად გაზვიადებული, თითქოს
ზედმეტად გაუბრალოებული (ყოველ შემთხვევაში, პრ. დიდებულიძეს მერე, მთელი
სიცოცხლის მანძილზე, ხან ასე ეჩვენებოდა, ხან ისე და ხანაც არეულად - ასეც და ისეც),
როგორც იქნა, გადაიჭრა და დასრულდა.
სოციალური მიკროსკოპის ქვეშ თუ დავაკვირდებით, ადამიანი ერთი მარტივი ტერმინით
ამოიწურება. ეს ტერმინია „ზრუნვა“, რომლის შინაარსი რეალურ სამყაროში, თანახმად ამ
სამყაროს ბუნებისა, ორ ნაწილად იყოფა: ერთია ზრუნვა, რომელსაც სხვები იჩენენ ჩვენს
მიმართ და მეორეა ზრუნვა, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ სხვათა მიმართ. ყოფის
ჰარმონიულობა და სტაბილურობაც, შესაბამისად, მათს თანაფარდობაზეა
დამოკიდებული.
იმ მღელვარე დღეებში პრ. დიდებულიძის სოციალურ ტაბლოზე ეს თანაფარდობა
მკვეთრად დაირღვა. იმის გამო, რომ ერთის მხრივ, დედა ბესარიონ კომახიძემ
მიისაკუთრა და მის მიმართ ყველა უფლება და მოვალეობა - მათ შორის, ბუნებრივია,
ზრუნვაც - თავის თავზე აიღო, ხოლო მეორე მხრივ ანეტა და ლიზა დედის მაგივრობას
ქველმოქმედების დროშით ეწეოდნენ და სამაგიეროს არ მოითხოვდნენ, საზრუნავი,
ფაქტიურად, მთლიანად გამოეცალა ხელიდან, ზრუნვა კი თითქმის არ მოჰკლებია.
ბალანსის ამგვარი დარღვევა (პირობითად შეგვიძლია ამას პლYუსი ნიშნით დარღვევა
ვუწოდოთ) ცხოვრებას, ცოტა არ იყოს, არხეინ შესახედაობას ანიჭებს, რაც ხამსა და
გამოუცდელ კაცს ხშირად თავისუფლებაში ერევა. საბედნიეროდ, პრ. დიდებულიძე, რაკი
ფიქრისა და სიმართლის მოყვარული იყო, მოჩვენებითი თავისუფლების ამ ცთუნებას
უვნებლად გასცდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა დანარჩენ ილუზიებსაც გასცდა,
სინამდვილეს მიადგა. სინამდვილე იმაში მდგომარეობდა, რომ ამჯერად მართლა მარტო
დარჩა. ცხადია, „მართლა მარტო“ არ ნიშნავს „სრულიად მარტოს“. სრულიად მარტო
დარჩენა შეუძლებელია. ჩვენ იმდენი უხილავი ძაფით ვართ გამობმული სამყაროს, რომ
ქვა და ღორღიც ნათესავად მოგვხვდება, და საერთოდ, ცნება „მარტო“, თავისი
აბსოლუტური სახით, კიდევ ერთი ზღვარია, რომელსაც გრძნობადი არსი ვერასოდეს
მიაღწევს, თუმც კი მიახლოებით შეუძლია უსასრულოდ მიუახლოვდეს. სამაგიეროდ,
შეფარდებითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, პრ. დიდებულიძის მარტოობამ იმ პერიოდში
შესაძლებლობის ზენიტს მიაღწია და - ვინც ყურადღებით განაგრძობს კითხვას, ვფიქრობ,
დამეთანხმება - გვარიანად ღრმა კვალიც დატოვა.
მარტოობას მრავალი ღირსება აქვს. დღეების შესახებ, რომელთა უმთავრესი ნიშანი,
მოგეხსენებათ, ის არის, რომ მათ შუქზე საგნები მკაფიოდ ჩანს, ცალკე ვილაპარაკებ და
ჩემი შესაძლებლობის კვალობაზე სრულ სიმართლეს ვილაპარაკებ, ღამით კი, იმ
საათიდან მოყოლებული, როდესაც მაღლითს ბინდი დაეფინებოდა, ქცევანახევარი მიწა -
პრ. დიდებულიძის საკარმიდამო ნაკვეთი - უცხო რამ კუნძულად გარდაისახებოდა, ხოლო
პატარა ფიცრული ქოხი - მის შუაგულში აღმართულ ციხე-კოშკად, სადაც დროთა
განმავლობაში, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მწიფდებოდა პროფესიონალიზმი,
მარტოობის არაერთი სათუთი რიტუალი შესრულებულა. კი, როგორ არა, ზოგჯერ
დაღამებულზეც შემოეხეტებოდა ვინმე - გამონაკლისი ისეთი წესია, რომელსაც
გამონაკლისი არა აქვს. ერთხელ, მაგალითად, სკოლის ყოფილი დირექტორი ეწვია
თავისი სახელგანთქმული ულვაშით და ეს ცოტათი მართლა საკვირველი იყო, ვინაიდან
იმ საგმირო ეპიზოდის შემდეგ, პენსიაზე გასვლით რომ დაგვირგვინდა, მას თავისი
გაუბედავი სამიჯნური გამოხდომები აღარ განუახლებია. არც ყოფილა ამის
აუცილებლობა: რაც აქამდე ჩაიდინა, ისიც საკმარისი გამოდგა, რომ აქედან
მოყოლებული ვიდრე აღსასრულის დღემდე ორმაგი ცხოვრებით ეცხოვრა, რომელთაგან
ერთი რეალისტურ პლანში მიედინებოდა და თანამეცხედრის მტკიცე ნებითა და მძიმე
ხელით იმართებოდა, ხოლო მეორე წარმოსახვის რომანტიკულ სფეროს
განეკუთვნებოდა და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ასეთი ორმაგი ცხოვრება (უფრო
მისი მეორე პლანი, რომლის მოქმედების ადგილი ედემია და მოქმედების დრო
მარადიული წამი) საშუალებას იძლევა ისეთ წვრილმან ყოველდღიურობას, როგორიცაა
მრისხანე თანამეცხედრე, ფერადი ღრუბლების უხიფათო სიმაღლიდან უცქიროთ და თან
დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ. ყოფილი დირექტორი ასეც იქცეოდა. აქედან
გამომდინარე, თქმა იმისა, თუ რა მოსაზრებით ესტუმრა დედის გათხოვების შემდეგ პრ.
დიდებულიძეს, ძალიან ძნელია; ცხადია, ყოველგვარ ქმედებას თავისი ლოგიკა აქვს,
მაგრამ საქმე ის არის, რომ თვითონ ლოგიკა ყოველთვის არ გამომდინარეობს საგანთა
ჩვენთვის ნაცნობი ბუნებიდან. ასე იყო თუ ისე, ნადირექტორალი საზეიმო-სამგლოვიარო
სახით ეწვია ნაშეგირდალს და ნაწილობრივ უტყვად და ნაწილობრივ მეტყველად საათი
და ორმოცი წუთი დაჰყო იქ.
დიახ, ასეთი რამ ხდებოდა, მაგრამ იშვიათად ხდებოდა და მარტოობის დიდ სუფევაში
საგრძნობი დისონანსი ვერ შეჰქონდა. ამიტომ მაღლითში პრ. დიდებულიძის მარტოობა,
შეიძლება ითქვას, ურყევი იყო. ურყევი, გრანდიოზული და მრავალწახნაგოვანი,
რომელთაგან ერთმა პირველსავე ღამეს (ლაპარაკია თბილისში დედის დაბრუნების
პირველ ღამეზე, როცა საეტაპო ჭურჭელი ძველი ლექისგან საბოლოოდ დაიცალა და
ახალი შინაარსისთვის გამოირეცხა) მამის მოგონება გამოიწვია. შესაძლოა „მოგონება“
მთლად სწორი ტერმინი არცაა, ვინაიდან იმ მცირე ოდისეის შემდეგ, რომელმაც
ემოციურსა და შემეცნებით მწვერვალს სანაკლიოში მიაღწია, როდესაც წარსულის
ხაროში ჩავარდა, მამა არასოდეს დავიწყებია. მოგონებით კი მოაგონდა არა მამა, არამედ
მამის სიტყვები. ის იყო ახალჩაძინებულზე ერთი გაღვიძება, როგორც სჩვეოდა, ისევ
გაეღვიძა, რათა გვერდი ეცვალა და ძილის მეორე, მძაფრ ტალღას სწრაფად და,
შეძლებისდაგვარად, გამოუფხიზლებლად გაჰყოლოდა, რომ უეცრად ამ გარდამავალ
მდგომარეობაში, რომელსაც მთლად დარწმუნებით ვერც ძილს უწოდებ კაცი და ვერც
ღვიძილს, მკაფიოდ ჩაესმა მამის ხმა. მამის ხმამ სამი იარაღიანი კაცის თანდასწრებით
(მეოთხე გარეთ იდგა, ჭიშკართან) მშვიდად და დაყვავებით უთხრა: „შენი იმედი მაქვს და
აბა შენ იცი, როგორ გაუფრთხილდები დედას!“ ამან ძილის ახალი მოქცევა დიდი ხნით
შეაფერხა. პრ. დიდებულიძე გარინდებული უგდებდა ყურს სამყაროს, რომელშიც,
როგორც ზარის შორეული რეკვა, ერთხანს კიდევ ისმოდა მამის რბილი,
ჟრუანტელისმომგვრელი ხმა. თავიდან ყველაფერი ცხადი ჩანდა - მამის ხმა მამის ხმა იყო
- მაგრამ მალე საიდანღაც ეჭვები შემოიპარნენ; ეჭვები მატლებივით შემოეხვივნენ
თავდაპირველ სიცხადეს და ცოტა ხნის შემდეგ ყოველივე ისე აირია და აიბურდა,
შეუძლებელი შეიქნა გარჩევა, მართლა მამას ეკუთვნოდა ეს სიტყვები თუ მისსავ
ფანტაზიას. კითხვა იმ ღამეს უპასუხოდ დარჩა, მერე და მერე დროისა და ფიქრის
გამოისობით კიდევ უფრო ჩაიხლართა და საბოლოოდ მწვავე პრობლემად
ჩამოყალიბდა, რომელიც კვირების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. დედას, ეჭვი
არაა, ეცოდინებოდა, მართლა თქვა თუ არა მამამ ხსენებული საკრალური ფრაზა, მაგრამ
- თუმც დედა-შვილი წერილებს კი სწერდნენ ზოგჯერ ერთმანეთს - წერილობითი სახით
კითხვის დასმა ვერ გაბედა. ამას ორი მიზეზი (ორივე ცრუ) ედო საფუძვლად: ერთი რომ ამ
ტიპის კითხვებს სანტიმენტალურობის ელფერი დაჰკრავს და ამიტომ დედას იგი
შეიძლებოდა შერიგების ნართაულ შეთავაზებად მიეღო, რასაც შვილის დაუღვინებელი
თავმოყვარეობა ვერ დაუშვებდა, და მეორე - პრ. დიდებულიძის ბუნდოვანი ვარაუდით,
დედის გათხოვების შემდეგ მამა, ერთგვარად, არალეგალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა
და წერილში მის ოფიციალურ მოხსენიებას, ვინ იცის, ბუნტის სუნი ასვლოდა. არადა,
პრობლემა მძიმე ლოდად აწვა. მაგალითად, მამამ თუ მართლა დაუბარა, დედას
გაუფრთხილდიო, ხომ უნდა დაედგინა, რა იგულისხმებოდა „გაფრთხილებაში“. იქნებ
სწორედ ის, რომ დედა ბესარიონ კომახიძისთვის არ გაეტანებინა?
დიდხანს დასტრიალებდა თავს ეს აბეზარი პრობლემა, დიდხანს უძიძგნიდა გულს და
დიდხანს უბურღავდა ტვინს, მაგრამ პრ. დიდებულიძე მაშინ მცირეწლოვანი იყო. ხოლო
მარტოობა მრავალწახნაგოვანი, სადაც ყოველი წახნაგი ყურადღების ცენტრში მოქცევას
ლამობდა, ამიტომ მამის შორეული სიტყვები, როგორც ძველისძველი წარწერა, ნელ-
ნელა გაიცრიცა და სხვა პრობლემების ქვეშ დაიმარხა, თუმცა გაქრობით არ გამქრალა,
რაც იქიდან ჩანს, რომ დროდადრო ახალი ძალით აფეთქდებოდა ხოლმე.
ერთი აფეთქება გაზაფხულის პირზე აფეთქდა, როდესაც პიკი კარგა ხნის გადავლილი
ჰქონდა და უკვე არსის ქვედა, ბუნდოვან შრეებამდე იყო ჩასული, სადაც ემოციის თვალი,
ჩვეულებრივ, ვეღარ წვდება ხოლმე.
გაზაფხულის პირზე დედა ჩამოვიდა.
დედის წასვლიდან დედის ჩამოსვლამდე ოთხი თვე იდო; ამ ოთხი თვის განმავლობაში
პრ. დიდებულიძემ თავის ნებაყოფლობით მარტოობას თითქმის ყველა წახნაგი მოუსინჯა,
ზოგ მათგანს, რომლებიც უფრო ბლაგვი ეჩვენა, წვერიც წაუმახა და, თუმც ოთხი თვე დიდი
დრო არ არის, ჭეშმარიტი მარტოსული გახდა. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე სწამდა.
მართალია, მის რწმენას ჯერ ცთუნების გზაჯვარედინი არ გაევლო - რწმენის სიმტკიცე და
გამძლეობა კი, როგორც კაცობრიობის ისტორიული და მითოლოგიური
გამოცდილებიდან ვიცით, მხოლოდ გზაჯვარედინზე შეიძლება ასე თუ ისე ზუსტად
დადგინდეს - მაგრამ პრ. დიდებულიძეს იმ პერიოდში ცთუნება არ აშინებდა და ამიტომ
დედას იგი გაზრდილი და დავაჟკაცებული ეჩვენა (არ ვიცი, შესაძლებელია არც ისე
გაზრდილი და დავაჟკაცებული ეჩვენა და ზოგი რამ თვითონ წაუმატა, რათა
აფორიაქებული სინდისისთვის თვალში ცოტაოდენი ნაცარი შეეყარა).
ოთხი თვე დიდი დრო არ არის-მეთქი, გითხარით, და უმრავლეს შემთხვევაში ასეცაა,
ოღონდ - უმრავლეს შემთხვევაში და არა ყოველთვის. მაგალითად, თუ გაზაფხულზე,
ზაფხულში და შემოდგომაზე ოთხი თვე, ისევე, როგორც ქვეყნიერების სხვა კუთხეებში,
მაღლითშიც, ჩვეულებრივ, ოთხ თვეს უდრის, ზამთარში, როდესაც დრო აქ მოძრაობის
განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და ისე გულისგამაწვრილებლად მიღოღავს, აღარც კი
გჯერა, რომ გაზაფხული ოდესმე ისევ დადგება, ოთხს კი არა, რატომ ოთხჯერ ოთხს არ
უდრის. საქმე ის გახლავთ, რომ მაღლითში ზამთარი მკვდარი სეზონია (ყოველ
შემთხვევაში, მაშინ ასე იყო) და ადგილობრივი მცხოვრებნი იმ დროს ცოტათი დათვებს
ემსგავსებიან. ზამთრის ძილს ეძლევიან-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბუნაგებიდან კი
იშვიათად გამოდიან, რის გამოც საზოგადოებრივ კომუნიკაციებზე, როგორებიცაა შარა,
შუკა, ბილიკი, ორღობე, მინდორი, ყანა და სხვ. თოვლს რომ დასდებს, ზოგჯერ ისე აიღებს,
ზედ ადამიანის ნატერფალი არ გაჩნდება. ასეთი პერიოდი მომეტებულად ნაყოფიერი
იმათთვისაა, ვინც ცხოვრების თანამგზავრად, მსგავსად პრ. დიდებულიძისა, მარტოობა
აირჩია. თვით პრ. დიდებულიძემ, ვინც მარტოობა დიაღაც გადაჭრით აირჩია, ამ ეკლიან
გზაზე გვარიან წარმატებასაც მიაღწია. მართალია მას მეურვეები ჰყავდა და ეს ფაქტი მის
მარტოობას (საერთოდ, მთელ მის ცხოვრებას) სპეციფიკურ დაღს ასვამდა, მაგრამ აქ -
მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, ეს მიკერძოება არ გახლავთ - დამატებით კიდევ
რამდენიმე რჩეული ეპითეტით უნდა შევამკო ანეტა და ლიზა, კოჭლი შალიკოს ნაზი და
ვარდისფერი მეუღლეები, რომლებმაც იმ კრიტიკულ ჟამს ისეთი ფაქიზი, ისეთი ნატიფი,
ლამის დაუჯერებელი ტაქტი გამოამჟღავნეს, როგორსაც განვითარებულ ქვეყნებშიც კი
იშვიათად შეხვდებით. მართლაც, მათი მეურვეობის ქვეშ გატარებული რამდენიმე წლის
მანძილზე პრ. დიდებულიძეს არ შეეძლო დაესახელებინა არც ერთი შემთხვევა, ეს
გუგულივით ქალები მის ცხოვრებაში ზედმეტად ჩარეულიყვნენ. თავიანთ მოვალეობას,
ეგზომ უშიშრად, ალალად და უანგაროდ რომ იკისრეს, უხმაუროდ ასრულებდნენ,
რეკლამისა და დაფდაფების გარეშე; უხმაუროდ და ზუსტად თავის დროზე, რათა პრ.
დიდებულიძეს თხოვნა არ დასჭირვებოდა, რაც გარდამავალ ასაკში, როდესაც ადამიანი
განსაკუთრებით მგრძნობიარე ხარ, თითქმის ტრაგედიაა.
და მაინც, მიუხედავად ამ თვითნაბადი ტაქტისა და ღვთაებრივი არისტოკრატიზმისა,
მეურვეობის ამ სახელდახელო ინსტიტუტის შექმნამ ორი კომლი ფაქტიურად ერთ
კომლად აქცია. ამის დასტურად, აგრეთვე გზის შესამოკლებლად, ეზოების გამყოფი
წნული ღობე, რომელსაც შალიკოს მხარეს თხილის ბუჩქები გასდევდა, ხოლო პრ.
დიდებულიძის მხარეს ჭანჭურები და კორკიმლები, ერთგან ჩატეხეს და გამყოფ კედელში
ალაგე გააკეთეს. პირველ ხანებში, როცა დედა ახალი წასული იყო და პრ. დიდებულიძის
მარტოობა ჯერ კიდევ ხამად გრძნობდა თავს, დედობილებს ხშირად-ხშირად უხდებოდათ
კავშირის ამ ალაგეზე გადასვლა, მაგრამ მერე და მერე, რაც რომ შვილობილმა
მარტოობის შესავალი კურსი - ლოგინის გაშლა და დალაგება, სახლის დაგვა-
დასუფთავება, თხის მოწველა, ყველის ამოყვანა და სხვა - წარმატებით გაიარა (არ
შეიძლება არ აღინიშნოს ის მონდომება და შეუპოვრობა, რომელიც ამ საქმეში გამოიჩინა),
გადასვლათა სიხშირეც შემცირდა. თვითონ შვილობილი უფრო რეგულარულად
დადიოდა მეურვეებთან; ყოველ შემთხვევაში, დღეში სამჯერ - საუზმეზე, სადილად და
ვახშმად - აუცილებლად უნდა გადასულიყო; დანარჩენი სურვილზე და საჭიროებაზე იყო
დამოკიდებული, ხოლო სურვილი და საჭიროება ხშირ-ხშირად იჩენდა თავს; საქმე ის
არის, რომ პრ. დიდებულიძეს დარღვეული ბალანსი აწუხებდა და როგორც კი შესაფერისი
შემთხვევა გამოუჩნდებოდა, ცდილობდა მეურვეებისთვის ამაგი გადაეხადა. და თუმცა
ანეტა და ლიზა კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ამისა, ვინაიდან სხვისი შვილის
დასაქმება უხერხულად მიაჩნდათ, ხოლო ისეთი სხვისი შვილის დასაქმება, ვინც
საპატრონოდ ჰყავდათ მობარებული, სულაც სირცხვილად და თავის მოჭრად, მაინც
ახერხებდა ხან შეშის დაჩეხვაში მიხმარებოდა, ხან წისქვილში გაგზავნოდა, ხან სახურავზე
დაცურებული კრამიტი გაესწორებინა და ხანაც სხვა რამ წვრილმან საქმეში წაეკრა ხელი.
ასე - ნელა, დუნედ, ფეხათრევით - მიდიოდა ზამთარი. სამაგიეროდ გაზაფხულზე, დედა
რომ ჩამოვიდა, პრ. დიდებულიძეს მარტოობის კონტურები უკვე მკაფიოდ და
დამაჯერებლად ჰქონდა მოხაზული.
დედის დანახვაზე კი მამა მოაგონდა. შესაძლოა იდუმალ ძალთა ჩანაფიქრიც ეს იყო: რაკი
კვლავ დადგა მეხსიერების ზედაპირზე მამის ამოსვლის ჟამი - ორ თვეზე მეტი იქნებოდა,
იგი უკვე კულისებში იყო, სხვა პრობლემათა დეკორაციების უკან - დედა საჭირო შეიქნა,
როგორც საბაბი და ფონი.
საზოგადოდ, ამ გრძელ, გაჭიანურებულ ზამთარში პრ. დიდებულიძემ მრავალი რთული და
მარტივი თემა დაამუშავა. მამის გარდა ეს თემები იყო: დედა თავისი ბესარიონით,
როგორც მაგისტრალის გადაკვეთა და მორიგი ეტაპის დასასრული, პროლეტარი
ჟორჟიკა, როგორც სიმბოლო და სინამდვილე, სანაკლიო, როგორც აუხდენელი
სამშობლო, საკუთარი თავი, როგორც უცნობი მისიის ჭურჭელი, სკოლის დირექტორი,
როგორც სუბიექტური იდეალიზმის ნავსაყუდელი, სოფელი მაღლითი, როგორც გამოცდა
და ასპარეზი, აგრეთვე კაი იასონა, გლახა იასონა, ყრუ-მუნჯი ნაზოია და სხვ. დედის
ჩამოსვლის დროს განხილვის აქტიურ ველში პროლეტარი ჟორჟიკა იმყოფებოდა, ვინც
დედა-შვილს, მაღლითს რომ გაისტუმრა, თუ ჭინჭებსა და სხვა ამგვარ წვრილმანებს არ
ჩავთვლით, წიგნების გარდა არაფერი გაატანა, სამაგიეროდ, წიგნები უკლებლივ გაატანა.
მეტიც: ამ საქმეს რაღაც უცნაური და სახიფათო გულისყურით მოეკიდა და, ვიდრე დედა-
შვილი ბარგს ალაგებდა, გვერდიდან არ მოშორებია, რომ ერთი ფურცელი რა არის,
ერთი ფურცელიც არ დარჩენოდათ.
მაგრამ, დედა რომ დაინახა, პრ. დიდებულიძეს მყისვე მამა მოაგონდა. დედა ორი დღე-
ღამე დარჩა და ამ ორი დღე-ღამის განმავლობაში მამის გამოცხადება მაქსიმალურად
კონკრეტული და ემოციური იყო. მამამ ამჯერად შვილის გარსში შეაღწია და იქ ისე
დაბანაკდა ძარღვებსა და უჯრედებში, რომ მისი სხეული შვილის სხეულს შეერწყა, მისი
სული შვილის სულს და მისი განცდები შვილის განცდებს. და თუმც ყრმა და უწრთობი პრ.
დიდებულიძე ლამის გაისრისა ეგზომ მძიმე სატანჯველის ქვეშ, ამ სატანჯველში იმდენი
რამ ნახა ღირსსაცნობარი და გონების ამაფორიაქებელი, რომც შეძლებოდა, თავს მაინც
არ აარიდებდა. ასე მაგალითად, ციხის ცხრაკლიტულში გამოკეტილ მამას რომ სიმწრისა
და უილაჯობისაგან გული ეწურებოდა და ყელში გორგალი აწვებოდა, შვილი ამ
მოწურული გულითა და ყელში გაჩრილი გორგალით ცხადზე ცხადად, არა წარმოსახვად,
არამედ საკუთარ გამოცდილებად გრძნობდა, რა მომაკვდინებლად ძნელი უნდა იყოს,
გარეთ რომ თვალუწვდენელი სივრცეა გადაშლილი, შენ კი პაწაწინა საკანში ხარ
დამწყვდეული და ირგვლივ გაუვალი კედლები გარტყია; ან კიდევ, დედის დანახვაზე რომ
მამის სავარაუდო დანაბარები მოაგონდა - დედის დანახვაზე კი პირველ რიგში სწორედ
მამის სავარაუდო დანაბარები მოაგონდა - ისეთი შემზარავი სისრულითა და სიზუსტით
მიხვდა, როგორ ეწადა მამას, შვილი დედას გაფრთხილებოდა, ნაწლავებზე ლამის
ცეცხლი წაეკიდა. მაგრამ ყველაზე მძიმე, ყველაზე ღრმა და ყველაზე მტკივნეული განცდა
იმან გამოიწვია, მამამ რომ ერთხელ - შუაღამისას - საწყალობლად გადმოხედა და
საწყალობლად და რაღაცნაირი მორცხვი თვითსაყვედურით, თითქოს ეუბნებოდა, ვიცი, ეს
ჩემი დანაბარები სასოწარკვეთილების ფუჭი გაბრძოლება იყო, თორემ შენისთანა პატარა
და უმწეო ბალღმა დედის მოფრთხილების ძალა აბა სად უნდა იპოვოო.
მამას, ჩანდა, დედა ძალიან უყვარდა.
ორი დღის შემდეგ დედა წავიდა. წავიდა ისე, რომ პრ. დიდებულიძეს თავისი უმთავრესი
კითხვა არ დაუსვამს, რამდენჯერმე კი გადაწყვიტა, რამდენჯერმე კი დააპირა,
რამდენჯერმე პირიც კი გააღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაბედა.
დედა ფეხმძიმედ იყო.
იმ დროს, პრ. დიდებულიძე ამა საქმის რთულსა და იკლიკანტურ წვრილმანებში კარგად
ვერ ერკვეოდა, მაგრამ ანეტამ და ლიზამ რომ ერთხელ მეზობლის ბედით
მოულოდნელად დაინტერესებულ მეუღლეს უთხრეს, ექვსი თვის ფეხმძიმეაო, სახტად
დარჩა. ან კი როგორ არ დარჩენილიყო სახტად: მარტი - ერთი, თებერვალი - ორი,
იანვარი - სამი, დეკემბერი - ოთხი, ნოემბერი - ხუთი. მეექვსე? დედა ოქტომბრის ბოლოს
გათხოვდა და მარტის ბოლოს ჩამოვიდა. ოქტომბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ხუთი
თვეა. მაშასადამე, თუ ანეტამ და ლიზამ თავიანთ შალიკოს სიმართლე უთხრეს - ხოლო
ანეტა და ლიზა რომ თავიანთ შალიკოს სიმართლის გარდა არასოდეს არაფერს
ეუბნებოდნენ, ეს არა მარტო მაღლითში, არამედ ყველა ახლომახლო სოფელში
ცნობილი იყო - ხუთი თვის გათხოვილი დედა ექვსი თვის ფეხმძიმე გამოდიოდა. ამის
შემდეგ პრ. დიდებულიძის მარტოობა უფრო მკაცრი გახდა, უფრო ასკეტური და ერთი
ხანობა ცოტა გამომწვევიც, რაც, თუ მხედველობაში ვიქონიებთ, რომ მოქმედების ადგილი
მაღლითი იყო და მოქმედების დრო - ორმოციანი წლები, დიდად არ უნდა გაგვიკვირდეს.
ადამიანი ფსიქიკაა, ფსიქიკა რხევათა ერთობლიობაა, რხევის მიზეზი ველის
დაძაბულობაა, ველის დაძაბულობის მიზეზი გარეშე ძალთა ზემოქმედება; ზემოქმედების
მარეგულირებელი კი წონასწორობის კოეფიციენტია - მათემატიკური სიდიდე, რომელსაც
ზოგჯერ სულადაც მოვიხსენიებთ ხოლმე და რომელიც ინდივიდუალური და ცვლადია,
სადაც „ინდივიდუალური“ იმას ნიშნავს, რომ ყველას მისი კუთვნილი ეძლევა (ოღონდ, ვის
რა ეკუთვნის, ეს ზესთასფეროებში წყდება და გრძნობადი შემეცნებისთვის
მიუწვდომელია), ხოლო „ცვლადი“ იმას ნიშნავს, რომ გარეშე ძალთა ზემოქმედების
მარეგულირებლად დანიშნული თვითონვე განიცდის ამ ძალების პერმანენტულ
ზემოქმედებას (ხედავთ, სად მარხია ძაღლის თავი?!). და, შესაბამისად, ფსიქიკაც
გამუდმებით შორდება თავდაპირველ ორბიტას. გამუდმებით, მაგრამ ნელა, მინიმალური
დოზებით. და თუმც ამ მოლიპულ გზაზე ჩვენ, თანამედროვე ჰომოები, უკვე ისე შორს
წავედით, რამე რომ იყოს (ისე ვამბობ, თორემ რა უნდა იყოს), ჩვენს შორეულ წინაპართან
ფსიქიკის დონეზე კონტაქტს უკვე ვეღარ დავამყარებთ, ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ,
ვინაიდან თავდაპირველ ორბიტას კი დავშორდით, მაგრამ ერთად დავშორდით და
ამიტომ ერთმანეთს არ დავშორებივართ, სამაგიეროდ, ღმერთმა დაგიფაროთ და,
ვინიცობისაა ბიძგების ზემოქმედებამ რაიმე მიზეზით - მიზეზი ყოველთვის შეიძლება
გამოტყვრეს - დადგენილ დოზას გადააჭარბა, ადვილი შესაძლებელია გადახრა მკვეთრი,
ნახტომისებური, რევოლუციური გამოგივიდეთ და იმდაგვარ ფსიქიკურ სივრცეში ამოყოთ
თავი, რომელსაც ადამიანთა ორბიტასთან შეხების წერტილი აღარ ექნება. ცხადია, ასე
ერთი ნახტომით, რაც უნდ დიდი კამარა შეკრათ, ისეთ ადგილას ვერ მოხვდებით, რომ
ჰომოფსიქიკურ გარემოს მთლიანად მოწყდეთ. არა. ადრე თუ გვიან დანარჩენებიც მანდ
მოვლენ. ოღონდ ესაა, დანარჩენები ერთად მოვლენ, ჯგროდ, ამიტომ თითით
საჩვენებლები არ იქნებიან.
ამას შესაშინებლად როდი გეუბნებით (თუმც სიფრთხილესაც - რა ჩემი შეხსენება გინდათ -
თავი არა სტკივა), უბრალოდ, ერთი ნიმუში მინდოდა მეჩვენებინა მარტოობის იმ
ნადავლისა, ზამთრის გრძელ ღამეებში რომ შეიძლება გადარაჯებულმა კაცმა მოიხვეჭო
(სხვათა შორის, მაღლითში გრძელ ღამეს ზოგჯერ „წლისდონ ღამეს“ ეძახდნენ და, ასე
გასინჯეთ, დღესაც კი, როცა მეტყველებასაც ეკონომიკის კანონები მართავს, აქა-იქ ჯერ
კიდევ გაიგონებთ ხოლმე, წლისდონი ღამე ჩამოდგაო).
ამასობაში გაზაფხულმა ფრონტის მთელი ხაზი დაიკავა. მარტოობის სეზონური სალტეები
მზის პირველსავე, ჯერ კიდევ ნელთბილ სხივებზე დადნა, დახშული ბუნაგები გაიხსნა და
მაღლითში კვლავ ახმიანდა სიცოცხლე. საზოგადოდ, გაზაფხული და მასთან
დაკავშირებული სითბური და ბიოლოგიური პროცესები თავისი უღრმესი დანიშნულებით
მარტოობის წინააღმდეგ მიმართული აქციაა, მაგრამ პრ. დიდებულიძისათვის ამას უკვე
აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში თავის
მომავალ დიად მარტოობას ისეთი მყარი საძირკველი ჩაუყარა, რომ სეზონთა
მონაცვლეობა ვაგლახად ვეღარაფერს დააკლებდა; გულის ხნულში უკვე მარტოობის
ნამდვილი თესლი უღივოდა, რომელსაც ირგვლივ მტკიცე დამცველი გარსი ეკრა და
ყოველდღიურობის ცხოველმყოფელობა, რაგინდ მძაფრი და ინტენსიურიც უნდა
ყოფილიყო, ამ გარსს ვერ გაარღვევდა. ვისაც ასეთი თილისმა აქვს - ამაში პრ.
დიდებულიძე მერე და მერე გამოცდილებით დარწმუნდა - შეუძლია მთელი დღე ხალხში
იტრიალოს და მაინც მთელი დღე მარტო იყოს. ის უმნიშვნელო კვალი კი, რომელსაც
დღის ჭუჭყი ყოველთვის ამჩნევს გარსს, ღამის იდუმალებაში ისევ ქრება და თილისმაც
კვლავ პირვანდელ ძალას იბრუნებს. მოკლედ, ის, რასაც მარტოობად მოვიხსენიებ და
რასაც - დანამდვილებით ვიცი - სწორედ მარტოობა ჰქვია, იყო ზამთრის, ფიქრისა და
რაღაც უცხო სუბსტანციის - გამოუცნობის, მოუხელთებელის, პირველარსებულისა და
დიდ-ნაყოფიერის - შეჯერებით მოპოვებული კიდევ ერთი უცვალებელი და უხრწნელი,
პირობითად არსებულისაგან განსხვავებით ჭეშმარიტად არსებული მარცვალი იმ
მარცვლის გვერდით, რომელიც უფრო ადრე წარმოიქმნა, როგორც დამოუკიდებლობის
ბალავერი.
გარეგნულად არაფერი შეცვლილა. რაც რომ გაზაფხულდა, დღის დიდ ნაწილს პრ.
დიდებულიძე ხალხში ატარებდა - სკოლაში, ყანაში, სამწყემსურში, ტყეში, მდინარეზე,
ამხანაგებთან, მეურვეებთან, მეზობლებთან - მაგრამ ურთიერთობანი, როგორც ამ
რამდენიმე წლის წინ, როცა მაღლითურ ადათ-წესებში ჩაყურყუმალავებული
თავისთავადობის კუნძულს ეძებდა, ახლაც სულისა და გონების მხოლოდ ზედა შრეებს
ეხებოდა, სიღრმეში კი ვერ აღწევდა. სამაგიეროდ, სიღრმეში სხვა არხი გაიჭრა და მასში
პრ. დიდებულიძის მეორე, ფარული ცხოვრება მიედინებოდა, ეს არხები ერთიმეორეს არ
კვეთდნენ, თითოეულს საკუთარი დრო ჰქონდა, საკუთარი სივრცე და საკუთარი
მიმართულება.
ერთი სიტყვით, პრ. დიდებულიძემ დამოუკიდებლობის ციხესიმაგრის თავზე ახლა
მარტოობის კოშკიც აიგო და სწორედ ფსიქიკის ეს ორი შტრიხი აღმოჩნდა - თუმც კი ჯერ
ეს არავინ იცოდა და არც შეიძლებოდა ჯერ ვინმეს სცოდნოდა - ის ორი მთავარი ბურჯი,
რომელზედაც მალე უცხო - განსხვავებული და საშიში - მომავალი დაიდგა.
გარეგნულად, როგორც ვთქვით, არაფერი შეცვლილა. უფრო სწორად, რაღაც-რაღაცები
კი შეიცვალა და რაღაც-რაღაცები კვლავაც - გამუდმებით - იცვლებოდა, მაგრამ ეს
რაღაც-რაღაცები დროის, გარემოების, ევოლუციისა და აუცილებლობის კარნახით
იცვლებოდა და პრ. დიდებულიძის ცივ გარდასახვასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
ბავშვები მუშაობდნენ, სწავლობდნენ, თამაშობდნენ, ცხოვრობდნენ. ზოგი რამ ისე
ხდებოდა, გულში, გონებაში და მეხსიერებაში კვალს არ ტოვებდა, ზოგი კი სადღაც
ილექებოდა, იწურებოდა და საბოლოოდ წმინდა სახის არანივთიერი რამ ნაშთი
წარმოიქმნებოდა, რომელიც მერე ნაირგვარ კომპონენტებთან შედიოდა რეაქციაში და
უცნაურ, ზოგჯერ ძალზე უცნაურ, სახეს იღებდა.
კარგად რომ დათბა, ბიჭები რამდენჯერმე აღმა აუყვნენ მდინარე ღელედიდს. აუყვნენ არა
ნაპირ-ნაპირ, როგორც შარშან (თუმცა იოლი საქმე არც ის იყო), არამედ წყალწყალ, იმ
მარშრუტით, რომლითაც მას შემდეგ, რაც წინა თაობის გამბედავი ბიჭები დაკაცდნენ და
ყოველდღიური ცხოვრების უღელი დაიდგეს, აღარავის ევლო. ღრმა კალაპოტში,
რომლის ორივე ციცაბო ნაპირი თხმელებით, ყრუხეებით, ძაღლყურძენათი, შქერით,
მაყვლითა და ხშირი ბალახით იყო დაფარული, ალაგ სრული უკუნი იდგა, ალაგ ოდნავ
აღწევდა მღვრიე, ბაცი, შორეული სინათლე, ალაგ კი ვეება, მკვრივი და ჩახჩახა შუქი
ისეთი ძალით იღვრებოდა, გეგონებოდათ მზე მდინარეში ჩამოსახლებულაო.
გამაყრუებელ შხუილში ბიჭები ნელა მიიწევდნენ წყალაღმა, მოლიპულ ლოდებზე
წამდაუწუმ ფეხი უსხლტებოდათ, ჩანჩქერები ყოველ ნაბიჯზე გზას უღობავდათ და
ყველაფერი ეს - ჩანჩქერებიც, ლოდებიც, სიბნელეც, სინათლეც, საერთოდ, მდინარის
მთელი კალაპოტი - გაჟღენთილი იყო რაღაც უცხო, ჟრუანტელისმომგვრელი
იდუმალებით, რის გამოც პრ. დიდებულიძეს ზოგჯერ ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს
წყალს კი არა, თავად დროს მიარღვევდნენ; და დრო მოკლდებოდა, როგორც მანძილი;
დრო იკეცებოდა, ვიწროვდებოდა, თხელდებოდა, ილეოდა და საკუთარ სათავეს
უახლოვდებოდა; დროს ხანი აკლდებოდა და შიგადაშიგ შიშველი პრეისტორია
მოუჩანდა, სადაც ღმერთს ჯერ თიხა არ მოეზილა და დედამიწა ადამიანისთვის არ მიეცა,
ხოლო ეს რამდენიმე მაღლითელი ბიჭი, უბრალოდ, კეთილგანწყობილი ლოგიკის მიერ
გამონაკლისის სახით დაშვებული მცირე ანაქრონიზმი იყო.
მძაფრი შთაბეჭდილებები ერთხანს გულში კრისტალდებოდა, მერე, სიმწიფის დრო რომ
მოვიდოდა, სულსა და გონებაში იხსნებოდა და სულსა და გონებას, როგორც უცხო რამ
ჯადოსნური წამალი, ძალას მატებდა
საზოგადოდ, როცა გული განცდებითა და შთაბეჭდილებებით ივსებოდა, ღამეული
მარტოობა საუკეთესო მეგობარი იყო (ვინ იცის, ზეგარდმო ძალთა მიერ სწორედ ამ
მიზნით მოვლენილი), ვინაიდან მისი წყალობით შთაბეჭდილებათა ქაოსში განსჯის უფალი
შემოდიოდა. განსჯის უფალი უხმაუროდ და უხილავად შემოდიოდა და ქაოსს რაღაც
ნიშნის, რაღაც წესის, რაღაც მაჩვენებლის მიხედვით ალაგებდა. ასეთ სავსე და ნათელ
ღამეებში იბადებოდა „დაკვირვებები“ ან, ბოლომდე ზუსტნი რომ ვიყოთ „დაკვირვებები“
უჩუმრად ემზადებოდა დასაბადებლად, დაბადებით კი, როგორც წესი, ამხანაგების
თანდასწრებით იბადებოდა მოულოდნელად და უცნაურად.
მაგრამ დაკვირვებებისა მერე ვთქვათ, ახლა კი ცალი თვალით ცხოვრების ერთ ისეთ
მაგნიტურ კუნჭულში შევიხედოთ, სადაც არც დაკვირვებებია, არც მძაფრი
შთაბეჭდილებები, არც დიდი სულიერი ძვრები და არც სხვა რამ საგანგებო და
განსაკუთრებული მოვლენა, მაგრამ ამავე დროს რაღაც არის გარდუვალი და საეტაპო.
კერძოდ, ცხოვრების რუხ უდაბნოში აქა-იქ აღმართულ ფერად მწვერვალთა შორის ეს
გახლავთ ერთი პირველთაგანი, რომელსაც სიყმაწვილეშივე ვიპყრობთ და ვეუფლებით.
შესაძლოა, ბიჭები რომ გოგოებს გადაჭრით გაემიჯნებიან და გარკვეული ვადით, ვიდრე
დიდი უკუქცევა დაიწყება, მკაცრად მამრობით კასტად ჩამოყალიბდებიან (ყოველ
შემთხვევაში, მაღლითში ეს ასე მოხდა), ამის ერთი იდუმალი მიზეზი ისიცაა, რომ ამგვარი
განკერძოება საშუალებას იძლევა ტყეში, ღრეში, მთაში, მდინარეზე, საერთოდ,
ნებისმიერი ექსკურსიისა და ექსპედიციისას, უშიშრად და მთელი არსებით მიეცნენ
თაობათა დაუღალავი მეცადინეობის წყალობით უუძველესი სახით შემონახულ ერთ
ფარულ საქმიანობას. ამ საქმიანობას ჩვენ ჩვენი ეროვნული ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში -
ზოგჯერ ერთსა და იმავე კუთხეშიც კი - სხვადასხვა სახელი გვიქვია. და რომ ტერმინთა
ამგვარ სიჭრელეში არსის მთავარი ძარღვი არ დაგვეკარგოს - ეს კი ადვილი
შესაძლებელია მოგვივიდეს, მით უფრო, რომ ჩვენს მორალურად მდგრად ლექსიკონებში
ამ ტერმინებს ვერ ნახავთ - ნაცადი ხერხი ვიხმაროთ და ლაკონური, ნაჭედი ლათინური
მოვიშველიოთ. ამ ენაზე, რომლის მიტოვება კაცობრიობის ისტორიულ ქარაფშუტობათა
შორის ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესია, ხსენებული ცნება ისეთი მყარი და
პირდაპირი (აგრეთვე მჟღერი, სახიერი და მსუყე) სიტყვით აღინიშნება, როგორიცაა
„მასტურბაცია“ (აბსოლუტური სიზუსტის პრეტენზიით შემიძლია განვაცხადო, რომ სოფ.
მაღლითში იმ დროს ეს სიტყვა ჯერ არავინ იცოდა, და სიზუსტის ძალზე მაღალი
კოეფიციენტით შემიძლია განვაცხადო, რომ პრ. დიდებულიძე იყო პირველი
მაღლითელი, ვინც იგი აღმოაჩინა, მისი მნიშვნელობა დაადგინა და ანალოგიური
მნიშვნელობის ბერძნულ ტერმინს შეუდარა).
ამ ხელობას ოსტატი არ სჭირდება, ყველა ახალბედა თავისით იკვლევს - და, უნდა ითქვას,
ყოჩაღადაც - გზას. მაგრამ იმასაც კი, რასაც ოსტატი არ სჭირდება, სჭირდება მოთავე,
ბოტი, წინამძღოლი. მაღლითში დასახელებულ პერიოდში ბოტის მოვალეობას ბუხუტიე
ბლაყუნა ასრულებდა, რომელიც ასაკით, ღონითა და თავდაჯერებით დანარჩენებზე
მაღლა იდგა, გამოცდილებაც მეტი ჰქონდა და ზოგი სხვა, წვრილმანი, მაგრამ ხშირად
ძალზე მნიშვნელოვანი ტექნიკური პარამეტრებითაც უპირატესობა მის მხარეზე იყო,
რასაც არა მარტო სატრაბახოდ იყენებდა, არამედ იმისთვისაც, რომ წინამძღოლის
საპატიო წოდებაში მოცილე არ გამოსჩენოდა. რაც შეეხება პრ. დიდებულიძეს, იგი ამ
თვალთახედვით ერთი რიგითი მაღლითელი იყო დანარჩენ მაღლითელთა გვერდით,
არც სხვაზე ბევრად მეტი, არც სხვაზე ბევრად ნაკლები. ოღონდ ის კი უნდა ვთქვათ, რომ,
რაკი გული და გონება მაღალი და ნატიფი მატერიებისკენ გაურბოდა - და გაურბოდა
ინტენსიურად - ამ საქმიანობას შედარებით ადრე მიანება თავი და ამის შემდეგ
ძირითადად იმით კმაყოფილდებოდა, რომ დროდადრო - განსაკუთრებით ეს მაღლითში
ცხოვრების ბოლო წლებს ეხება - რამდენიმე თანატოლთან ერთად სანაკლიოს
გაემგზავრებოდა ხოლმე, რათა ის აქტი, რისთვისაც ღვთის განჩინებით ორი ადამიანია
საჭირო, მეორე ადამიანის დახმარებით აღესრულებინა. „მეორე ადამიანი“ თითქმის
ყოველთვის ერთი და იგივე ქალი იყო - ომის ინვალიდი ვინმე ნYურა, რომელიც
დაბინდებამდე „ქვედა ბაზრის“ შესასვლელთან იჯდა და მზესუმზირას ჰყიდდა, ხოლო
დაბინდებისას, რაღაც უცხო ჯადოქრობით გარდასახული, მოპირდაპირე მხარეს
გადაინაცვლებდა, უკაცურსა და ჩაბნელებულ ბაღში (ე. წ. „ბოსთაბაღში“), და იქ გვიან
ღამემდე - ო, მრუშობის გულმოწყალე ღმერთებო - ისეთი საქონლით ვაჭრობდა,
რომელსაც მუშტარი - განსაკუთრებით, ახალბედა და გამოუცდელი - ბუზივით ეხვეოდა და
რომლის ღირსეული დახასიათება მაღლითელ ბიჭებს, ადამიანთა ენაში სათანადო
ეპითეტების არარსებობის მომიზეზებით, შეუძლებლად მიაჩნდათ.
ხოლო გული და გონება რომ პრ. დიდებულიძეს ნამდვილად მაღალი და ნატიფი
მატერიებისკენ გაურბოდა, ამას „დაკვირვებებიც“ მოწმობს, რომლებიც დედის წასვლის
შემდეგ თანდათან გახშირდა.
ადრე გითხარით და ახლა მხოლოდ შეგახსენებთ: პირველი „დაკვირვებიდან“ იმდენი
ხანი გავიდა, რომ თავზარდამცემი შთაბეჭდილების ადგილას მქრქალი ლაქაღა დარჩა,
როგორც ბუნდოვანი მოგონება მოულოდნელი გამოხდომისა, რომელიც უცნაური და
გაუგებარი, ვინ იცის გაუგონარიც, მაგრამ საპატიებელი იყო, ვინაიდან მხოლოდ ერთხელ
მოხდა, ერთხელ კი ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეიძლება რაიმე დიდი გაუგებრობა
შეემთხვეს. და სწორედ იმ დროს, როცა ძე შეცთომილი თითქოსდა საერთო-მაღლითურ
კალაპოტს დაუბრუნდა, ერთ მშვენიერ დღეს (დღე მართლა მშვენიერი იყო) მენტალური
ვულკანი ხელახლა გადაიხსნა და იქიდან მანათობელი ლავა ამოიფრქვა.
აპრილის დამლევს - ეს კი მაღლითში ის დრო გახლავთ, როცა გარდასული სიცივის ჯერ
კიდევ შეუმშრალი კვალისა და მოახლოებული სიცხის პირველი ალმურის ცეცხლოვანი
ჩაკონება სისხლში ისეთ უცხო ბიძგებს აღძრავს, თითქოს სული ფრთებს ატყლაშუნებს და
გასაფრენად იწევსო - პრ. დიდებულიძეს ტყის ბილიკზე ქუსლში ეკალი შეერჭო. პრ.
დიდებულიძე შეჩერდა, ბალახში ჩაჯდა, ეკლიანი ფეხი მეორე ფეხზე შემოიდო,
ფეხისგული ამოატრიალა, ეკალი მოძებნა და მოშავო ფრჩხილებით ჩაეჭიდა. ამის
დანახვაზე დანარჩენი ბიჭებიც შეჩერდნენ და ოპერაციის დამთავრებას დაელოდნენ, რომ
გზა ერთად განეგრძოთ. პრ. დიდებულიძემ ეკალი ამოსწია, ამოაძრო, დახედა, გადააგდო
და თქვა: - სიამეც ტკივილია, ოღონდ ტკივილზე ნაკლები ტკივილი.
ბავშვებს ენა ჩაუვარდათ; მხოლოდ ლადიმია ღაჟომ, რომელიც, ბუხუტია ბლაყუნას თუ არ
ჩავთვლით, ყველაზე უფროსი იყო და გარდა ამისა, ის უპირატესობაც (ეფემერული,
მაგრამ მაინც უპირატესობა) ჰქონდა, რომ პირველი „დაკვირვების“ დაბადებას არ
დასწრებია, ამოიკვნესა: - რავა?
- რავა და, - მიუგო პრ. დიდებულიძემ, - რავაც სიცივე და სითბო. სიცივეც სითბოა, ოღონდ
სითბოზე ნაკლები სითბო.
ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორი შეიძლება იყოს მაღლითელი ყმაწვილების რეაქცია ამგვარ
განცხადებაზე, ამიტომ, რაკი იმ ნაცნობი რეაქციისგან დიდად განსხვავებული არაფერი
მომხდარა, მეც ამ ეპიზოდზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.
ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ - ზემორე დაკვირვება ჯერ არც იყო ბოლომდე აღქმული
და მონელებული - როდესაც შუაღამის ხანს, ვიდრე სახლებში წავიდ-წამოვიდოდნენ,
ბიჭებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ შეევლოთ სასაფლაოზე იმ იმედით, რომ მაკრინია
ცოდვილის სული ბოლოს და ბოლოს საფლავიდან ამოვიდოდა, ვინაიდან ძნელი
დასაჯერებელი იყო, მისი ცოდვების პატრონისთვის, სიკვდილის მიუკერძოებელ
გუშაგებსა და მოწესეებს ამდენ ხანს - უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც დამარხეს -
საფლავში მშვიდად წოლის ნება დაერთოთ, პრ. დიდებულიძემ, რომელიც მხოლოდ
იმიტომ წაჰყვა დანარჩენებს, რომ სილაჩრე არ დაეწამებინათ, ზედ სასაფლაოს
ჭიშკართან უეცრად გამოაცხადა: - ქეც რო ამევიდეს, ჩვენ მაინც ვერ დევინახავთ.
- რატო? - ხმის კანკალით იკითხა პეტერა კოჭოიამ, რომელსაც იმისიც ეშინოდა, ვაითუ
დავინახოო, და იმისიც, ვაითუ ვერ დავინახოო.
- რატო და მიტო, - მიუგო პრ. დიდებულიძემ, - სხვის სიზმარს დეინახავ? - და, პეტერა
კოჭოიამ რომ თვალები დარცხვენით - იქნებ უარის ნიშნადაც - აახამხამა, განაგრძო -
ვერა ხო? ხოდა, სული კიდე უფრო სიზმარია, ვიდრე სიზმარი, და მით უმეტეს ვერ
დეინახავ.
ბიჭები დაითრგუნენ და დადუმდნენ, თუმცა - მათს შეუპოვარ ბუნებასაც საკადრისი
მივუზღოთ - განზრახვაზე ხელი არ აუღიათ: ჭიშკარი შეაღეს, სასაფლაოს ეზოში
ფეხაკრეფით შევიდნენ, რომელიღაც ძველისძველი, უკვე მივიწყებული და ამდენად
ნაკლებ საშიში საფლავის ქვას ამოეფარნენ და სულგანაბულები კარგა ხანს ელოდნენ
იდუმალ სანახაობას; და მხოლოდ მაშინ, რა რომ დარწმუნდნენ, მაკრინია ცოდვილის
სული სამარიდან არ ამოვიდოდა, ან თუ ამოვიდოდა, უჩინრად ამოვიდოდა ისე, როგორც
პრ. დიდებულიძემ იწინასწარმეტყველა და, მაშასადამე, ისე იქნებოდა, გინდამც არ
ამოსულიყოს, ამ საჭოჭმანო საქმეს თავი მიანებეს და უკან გაბრუნდნენ, თან გზად პრ.
დიდებულიძეს ღამის სიბნელეში შიგადაშიგ ისე გახედავდნენ, როგორც საპატიო მტერს.
ამის შემდეგ თანატოლების თვალში (მოგვიანებით სხვათა თვალშიც) პრ. დიდებულიძე
შეიცვალა: სხვა სახე შეიძინა, სხვა იერი, სხვა წონა, სხვა სიმაღლე; იმ ზომამდე შეიცვალა,
რომ თვით „პრომეთეოსშიც“ კი, ამ სასაცილო და სალაღობო სახელში, თანდათან ისეთი
ნიშნები იქნა ნაპოვნი, რომლებიც რაღაც განსხვავებულზე - მეტიც: ძალიან
განსხვავებულზე - მიუთითებდა. რა იყო ეს ნიშნები, ცხადია, არავინ იცოდა, ცვლილებებს
კი ის ფაქტიც ადასტურებს, რომ, ვინც თავის დროზე პირველი „დაკვირვების“ გაგონებისას
- ხალისით აღიარა, მე ჩემდათავად ამისთანა რამეს ვერასდიდებით ვერ
მოვიფიქრებდიო, ახლა, როდესაც აშკარა შეიქნა, რომ მართლა ვერ მოიფიქრებდა,
მსგავსი ნაჩქარევი განცხადებებისაგან უკვე თავს იკავებდა, თავის შეკავება კი ასეთ დროს
- ღრმად თუ დავუკვირდებით - სხვა არა არის რა, თუ არა არსებობისათვის ჩუმი, მაგრამ
შეუპოვარი, გააფთრებული, მომქანცველი ბრძოლა, ხოლო ბრძოლა დიაღაც
მომქანცველი იყო, ვინაიდან პრ. დიდებულიძე ლამის ყოველ ცისმარე დღე ისეთებს
ამბობდა, ბავშვები, რაც უნდა მომზადებული, გაფაციცებული, მობილიზებული
ყოფილიყვნენ, გაკვირვებისაგან პირს აფჩენდნენ. ერთადერთი, ვინც პირს არ აფჩენდა,
ბუხუტიე ბლაყუნა იყო, მაგრამ ეს გამონაკლისად ვერ ჩაითვლება, რადგანაც ბუხუტი
ბლაყუნას დაუფჩენელი პირი გაცილებით მარტივად იხსნება (სხვათა შორის, ბავშვები
სწორედ ასე ხსნიდნენ) მისი უჭკუობით, ვიდრე მისი ჭკუით და, არსებითად,
პირდაფჩენილობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე მეტყველებს. დიახ, იმას ვამბობდი, პრ.
დიდებულიძის უპირატესობის აშკარა აღიარებას ბავშვები უკვე ერიდებოდნენ, მაგრამ
ფაქტი, მოგეხსენებათ, ისეთი საზიზღარი რამაა, ვერსად წაუხვალ, მხოლოდ ის შეგიძლია
მოახერხო, რომ, როცა აღწერას დაუპირებ, სიტყვების ფრთხილი და გონივრული
შერჩევით ცოტა შეარბილო ან ცოტა გაამძაფრო, ცოტა გააბაცო ან ცოტა გაამუქო, სხვა
ფაქტებში შემალო ან ხაზგასმით გამოყო. ბავშვები - რაღა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად
- სწორედ ასე იქცეოდნენ: აღიარებით აღიარებდნენ, ოღონდ ძველ ენთუზიაზმს აღარ
იჩენდნენ და აღარც საკუთარ თავთან დამამცირებელ შედარებას მიმართავდნენ.
საბოლოოდ სურათი ისეთი გამოვიდა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს გამოთქმებით:
„ცივი მოწიწება“, „მკვახე პატივისცემა“, „შუბლშეკრული აღიარება“ და სხვ. იმ ხანებში პრ.
დიდებულიძესა და სოფლის დანარჩენ ბავშვებს შორის დისტანციაც გაჩნდა, თუმცა სწორი
არ იქნება ეს ფაქტი მთლიანად „დაკვირვებებს“ დავაბრალოთ. დისტანცია ადრე თუ გვიან
ისედაც გაჩნდებოდა, გაჩნდებოდა ადრე მიღწეული დამოუკიდებლობისა და მარტოობის
ნიადაგზე, ასე რომ, შეიძლება ითქვას „დაკვირვებებს“ პროცესი არ გამოუწვევია,
„დაკვირვებებმა“ პროცესი დააჩქარა.
რიცხვი „დაკვირვებებისა“ დიდი იყო, დიაპაზონი - ფართო. მეტიც: რაოდენობრივი და
თემატური შეზღუდვა საერთოდ არ არსებობდა (ამის თავდები და პასუხისმგებელი ასაკი
გახლდათ).
„დაკვირვებები“ იქმნებოდა ღამღამობით, ჩვენთვის უკვე ცნობილი დიდი მარტოობის
ჟამს. პრ. დიდებულიძე ასეთ დროს ნათლად გრძნობდა ხოლმე, რომ გონებაში ვიღაც
(ტერმინი უაღრესად პირობითია და მასში ფსიქოლოგიური და გრამატიკული ინერცია
მეტია, ვიდრე სიზუსტე, თორემ ისე კაცმა არ იცის, „ვიღაც“ უნდა ითქვას თუ „რაღაც“)
დადიოდა და, როგორც ინსპირირებული ობობა, შთაბეჭდილებათა და განცდათა
მადნიდან მუყაითად აძრობდა უწვრილეს ძაფებს, რათა უხილავი, ჯერეთ უცნობი,
არსებითად, ექსპერიმენტული ქსელი გაება. ოღონდ ღამეული მარტოობის ამ
უკიდეგანობაში - და ეს ძალზე ნიშანდობლივია, თუმცა, კერძოდ, რა ნიშანზე მიუთითებს,
ძნელი სათქმელია - ქსელი, როგორც წესი, ბოლომდე არ იქსოვებოდა. მოსამზადებელი
სამუშაოები კეთილსინდისიერად სრულდებოდა - აზრი ნაყოფიერდებოდა, ისახებოდა,
მწიფდებოდა - მაგრამ დაბადებით ჯერ არ იბადებოდა. რატომ - ეს სხვა საქმეა. შედეგს
(ყველა არა, ზოგი „დაკვირვება“ - მათზე ცალკე გვექნება ლაპარაკი - მარტოობის ჩუმი
ედემიდან საერთოდ არ გამოდიოდა), ბავშვების თანდასწრებით აცხადებდა. მე ვამბობ
„ბავშვების თანდასწრებით აცხადებდა“ და ეს ქარივით თავისუფალი გამოთქმა არ უნდა
აგვერიოს საბერველივით შეზღუდულ ისეთ გამოთქმებში, როგორიცაა, მაგალითად,
„ბავშვებს უზიარებდა“, ვინაიდან - შესაძლოა ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით ეს
მთლად გასაგები არც იყოს - ბავშვებს ამ შემთხვევაში სრულიად პასიური როლი
ეკისრებოდათ, როლი, ასე თქვათ, ზოგადი ფონისა და არა კონკრეტული აუდიტორიისა,
„დაკვირვებების“ საჯარო დაბადება გარემოებათა რაიმე საგანგებო დამთხვევას არ
საჭიროებდა. საკმარისი იყო სულ მცირე თემატური ბიძგი (შდრ. მწიფე მსხლის
ჩამოვარდნა ნიავის ოდნავ დაბერვაზე), რათა პრ. დიდებულიძეს მორიგი „დაკვირვება“
ამოეტყორცნა (მე აქ შეგნებულად არ ვამბობ, წამოეყრანტალებინა-მეთქი, თუმცა
მშვენივრად ვიცი, რომ ყველაზე ზუსტად საქმის არსს სწორედ ეს სიტყვა გამოხატავს, მით
უფრო, რომ პრ. დიდებულიძეს თავისი ნათქვამი ისევე ან თითქმის ისევე უკვირდა,
როგორც მსმენელებს, და მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩენდა ხოლმე კავშირს ღამეული
მარტოობის რომელიმე ნაყოფიერ წინაისტორიასთან).
- შენ უნდა იყო კაი და, შენ თუ კაი იქნები, ყველაფერი კაი იქნება, - თქვა, მაგალითად,
ერთხელ, როდესაც საუბარი ეხებოდა სოფლის მეველეს, რომელსაც წინა დღეს ერმალო
ჭკუანაკლულის ძროხა დაეჭირა კოლექტივის ყანაში და თხილის ჟვერით უღმერთოდ
ეცემა.
მეორედ სიკვდილის იდუმალ ბუნებას გადაწვდა და, თუმც ამის შესახებ ჯერ თვითონაც
წარმოდგენა არ ჰქონდა, თავისი მომავალი ცხოვრებისა და აზროვნების მთავარ ბჭეს
მიადგა.
- სიქვტილი უსიზმრო ძილია, მეტი კი არაფელი.
მესამედ, უბრალოდ ფაქტი დააფიქსირა, ასე ვთქვათ, სტატისტიკურ მონაცემებს გაუსვა
ხაზი; ოღონდ ეს ისეთი ფაქტი იყო და ისეთი სტატისტიკა, რომლებიც უფრო პოხიერ
ნიადაგში, ეჭვი არაა, ღრმად გაიდგამდნენ ფესვებს და დიდი დიაპაზონის საფიქრალსაც
აღძრავდნენ.
- ყველაფერი შეგიძლია უკან მოაბრუნო, დროს ვერ მოაბრუნებ.
- ძალით თუ შეგაგდეს, - თქვა ერთხელაც, - სასახლეც სატუსაღოა.
ზოგ მაშინდელ „დაკვირვებას“ მხოლოდ მიახლოებით და ერთგვარი შეღავათით თუ
ვუწოდებთ „დაკვირვებას“, ვინაიდან კითხვის სახე აქვთ.
მაგალითად: - სიცოცხლე, კაი, წარმავალია, მარა სიქვტილი თუა მარადიული?
(ამ მაგალითში ყურადღებას ის გარემოებაც იქცევს, რომ სიკვდილი უკვე მეორეჯერ იქნა
ნახსენები).
მოგვიანებით, როცა მაღლითის შვიდწლედი დაამთავრეს და ვისაც სწავლის გაგრძელება
უნდოდა, მთისძირის ათწლედში გადავიდა (ბუხუტია ბლაყუნას არ უნდოდა და არც
გადასულა), პრ. დიდებულიძის აზროვნება ახალ სიმაღლეებს მიწვდა, სადაც თითქმის
გამუდმებით უბერავდა სქოლასტიკური ზენა ქარი, რომელიც თავის კვალს ზოგჯერ
მეტყველებასაც ამჩნევდა, თუმცა ამ უკანასკნელი გარემოების გამო არ შეიძლება ისიც არ
ითქვას, რომ საამისო ბიძგსა და საბაბს თავად მთისძირი და მთისძირის სკოლა ნაკლებად
იძლეოდა, ასე რომ, ეტყობა, აქ საქმე უბრალო ქრონოლოგიურ დამთხვევასთან უნდა
გვქონდეს. მაგალითისათვის მოვიტან ორ გვიანდელ „დაკვირვებას“.
პირველი: - სანამდი ვარსებობთ, ვერ გევიგებთ, რატომ ვარსებობთ, და, თუ გევიგებთ, ეს
იმის ნიშანი იქნება, რომ აღარ ვარსებობთ.
მეორე: - თუ გინდა ომები მეისპოს, ომს რო გამოგიცხადებენ, მაშინათვე უნდა დანებდე, -
და რაკი ამ აზრს, მიუხედავად თეორიული ხასიათისა, შესაძლო იყო სილაჩრის შორეული
სუნი ასვლოდა, დამატებითი განმარტება დაურთო, - ყველა რო დაგნებდება და თელი
დედამიწა შენი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი გახდება, მერე რაღას შობი? ხო ან
ღმერთობას მეინდომებ და რო არ შეგეძლება, დარდით მოკვდები, ან სანატრელი
აღარაფერი გექნება და, ცხოვრება რო აზრს დაკარგავს, სიცოცხლეშივე ქვტრათ იქცევი.
მთისძირელი ბავშვები - ბარემ ესეც ვთქვათ - ისე აფჩენდნენ პირს, მაღლითელი
ბავშვებისგან ვერ გაარჩევდით.
როგორც გითხარით, ზოგი „დაკვირვება“ მარტოობის ჩუმი ედემიდან არ გამოდიოდა.
ახლა სწორედ ერთი-ორი საამისო მაგალითი მინდა მოვიტანო. იმიტომ კი არა, რომ პრ.
დიდებულიძის სახესა და სახელს რამე შევმატო - ეს სრულიად ზედმეტი გარჯა იქნება,
ვინაიდან პრ. დიდებულიძის „დაკვირვებებს“ ამ წიგნში ისედაც ხშირ-ხშირად შევხვდებით
და, საერთოდ, ამ კაცის სიცოცხლე, თუ რამდენიმე საკვანძო სისულელეს გამოვრიცხავთ,
არსებითად, სხვა არა არის რა თუ არა „დაკვირვებათა“ ერთი გრძელი სერია, რომელიც
ისე გასდევს მისი ცხოვრების გზას, როგორც მანძილის აღმნიშვნელი ბოძები
(რომელთაგან ზოგი ამოძრობილია და წაქცეული) ტრასას. არა, ამ მაგალითებით მე
მხოლოდ იმის ჩვენება მინდა, რომ „დაკვირვებები“ ზოგჯერ პრინციპულად
განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, კერძოდ, ზოგი ტიპის „დაკვირვება“ დღის სინათლეს
ვერ იტანდა, წამსვე ან შემადგენელ ნაწილებად დაიშლებოდა, რომელთაც ცალ-ცალკე
ფასი არ ჰქონდათ, ან ისე შეიცვლებოდა, წინა უკანად გამოჩნდებოდა, თეთრი - შავად და
წაღმა - უკუღმად. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ზოგი დაკვირვება უფრო გრძნობისმიერი
იყო, ხილვისმიერი, ინტუიციისმიერი, და მათში ლოგიკური საჩხრეკების ჩუჩხური, მით
უფრო ისეთი საჩხრეკებისა, მაღლითელი ბავშვების ლოგიკას რომ ეჭირა, მხოლოდ
დამატებით დომხალს წარმოქმნიდა, სიკეთეს კი ვერავის მოუტანდა. მაგალითად,
ერთხელ პრ. დიდებულიძე ფიქრებში ჩაფლული იდგა თავისი პატარა სახლის
ოღროჩოღრო აივანზე. უცებ ეზოში ქათამი აკრიახდა. პრ. დიდებულიძეს ფიქრი გაუწყდა,
ქათამი კი კრიახებდა. დიდხანს იკრიახა ქათამმა და, რა აღარ გაჩუმდა, შეწუხებულმა პრ.
დიდებულიძემ გაიფიქრა: „ახლა რო დრო გაჩერდეს და ამ ქათამმა უსასრულოდ
იკრიახოს, და მე უსასრულოდ მისი კრიახი მესმოდეს, და უსასრულო იყოს არსებობა ჩვენი
- ჩემიც და ამ ქათმისაც, რას ემგვანებოდა ამისთანა სიცოცხლე?!“ ანდა მეორე (ცოტა
უფრო გვიანდელი) მაგალითი ავიღოთ, როდესაც ერთხელ, მთვარიან ღამეს, თავის
ეზოში თეთრი ბლის ძირას მჯდარს თავში ასეთმა გრძელმა ფიქრმა გაუარა: (იმ ფიქრში,
სხვათა შორის, უკვე მესამედ გამოჩნდა სიკვდილის სახე): „როგორც მთელი დღის ნაჯაფი
მიწისმუშა საღამოს დაღლილ-დაქანცული მილასლასებს შინისაკენ, ფეხებს ძლივს
მიათრევს, ბეჭებს ვერ შლის, წელში ამტვრევს, მკლავები არ ემორჩილება, ერთ ნაბიჯს
რომ გადადგამს, მეორე ნაბიჯის გადადგმა ისე ესიკვდილება, ურჩევნია გზაში წაიქცეს,
ოღონდ კი ამ დაღლილობას გადარჩეს, მაგრამ მაინც მიდის, რადგანაც ბოლოში
მშობლიური სახლი ეგულება, სადაც მამაპაპურ ტახტზე გემრიელად გაიშხლართება,
მთელი სხეულით მოდუნდება, ყველა ტკივილს ერთბაშად დააღწევს თავს და ტკბილ
ბურანში ჩაიძირება, ასე შეუპოვრად მიდის სიცოცხლის უდაბნოში მოვლენილი კაცი
სიკვდილის ოკეანის გრილი და საამური ნაპირისაკენ“.
ალბათ დამეთანხმებით (არ ვიცი, საჭიროა თუ არა შეგახსენოთ, რომ ზემოთ მოტანილ
„დაკვირვებათა“ სტილში სახამუშო არაფერია, ვინაიდან ადამიანი, რომელიც
მეტყველებაში, ჩვეულებრივ, კილოკავს იყენებს, აზროვნებისას შეძლებისდაგვარად
ცდილობს ლიტერატურული ენის კანონები დაიცვას), ამგვარი „დაკვირვებების“ საჯარო
გამოტანა არათუ მიზანშეწონილი არ არის, შესაძლოა სახიფათოც იყოს, განსაკუთრებით
დაცინვისადმი მაღლითელთა არაჯანსაღი მიდრეკილების ფონზე.
ისე არ გაიგოთ, თითქოს პრ. დიდებულიძე თავის დაკვირვებებს წინდაწინ მომზადებული
ტრაფარეტით ახარისხებდა, როგორც დაქირავებული ჟიური, ერთგვარ A და B ჯგუფად,
რათა მერე A ჯგუფის დაკვირვებები საჯაროდ წარმოეთქვა, B ჯგუფისა კი თავისთვის
შეენახა. არა, გადარჩევის პროცესს შინაგანი ხმა წარმართავდა და აზროვნების
ტექნოლოგია - გაზომვა, გამოთვლა, შეჯერება, შედარება, შეპირისპირება, შეფარდება და
სხვა - მასში მონაწილეობას არ იღებდა. ამას თავისი უპირატესობაც ჰქონდა, რაც იმაში
მდგომარეობდა, რომ გონებისათვის ესოდენ მახლობელი ისეთი ალტერნატიული
პრინციპები, როგორებიცაა სიფრთხილე, ყოყმანი, აწონ-დაწონა, ეჭვი და ა. შ. აქ არ
მოქმედებდა. აქ მყისიერად, მტკიცედ და უშეცდომოდ წყდებოდა, რა უნდა თქმულიყო
საჯაროდ და რა არა. ცხადია, პრ. დიდებულიძეს სახელს ისიც უტეხდა, რასაც საჯაროდ
ამბობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასწორის პინები ერთიმეორეს იჭერდნენ და ბალანსი
სახელის გატეხვასა და სახელის გავარდნას შორის დაცული იყო, რაც შეუძლებელი
იქნებოდა, ისიც რომ ეთქვა, რაც არ უნდა ეთქვა. ისიც რომ ეთქვა, რაც არ უნდა ეთქვა,
მაღლითელი ბავშვები ეჭვი არაა, ბევრს იცინებდნენ და, ვინ იცის, საქმეში მეწისქვილეებიც
ჩარეულიყვნენ თეთრად გადაპენტილი თავიანთი მუზებით.
ალბათ არც ის უნდა დარჩეს უთქმელი, რომ მწყობრი ცნობიერება - სიცოცხლის
წყალზედა ნაწილი, რომელიც მუდამ სამუშაოს ძებნაშია, ვინაიდან მუშაობაა მისი
არსებობის პირობა და ფორმა - პრ. დიდებულიძის დაკვირვებებში გვიან ჩაერია, მას
შემდეგ, რაც საჭირო შეიქნა, პირველადი დაკვირვებების მეორადი ანალიზი.
პირველადი დაკვირვებების მეორადი ანალიზი კი მაშინ შეიქნა საჭირო, როცა ერთ-ერთი
რიგითი დაკვირვების მეოხებით გაირკვა, რომ დაკვირვებებში, თვით დიდ-დიდ ბრძენთა
დაკვირვებებშიც კი, მხოლოდ ბუნდოვანი სახე დევს ჭეშმარიტებისა - მრავალგზის
გარდატეხილი სხივი და მრავალგზის არეკლილი ექო - და არა ცოცხალი ჭეშმარიტება,
ამიტომ დაკვირვებები, მსგავსად ყველა სხვა ამასოფლური ცნებებისა და კატეგორიებისა,
ცვალებადობის კანონს ემორჩილება. ამ მოულოდნელმა აღმოჩენამ მანამდე აღმოჩენილ
დაკვირვებებსაც შესაბამისი დაღი დაასვა. ზოგი მათგანი - მაგალითად, დაკვირვება იმის
შესახებ, რომ ადამიანის დაბადება განპირობებულია აუცილებლობით, ხოლო დაბადების
ადგილი და დრო შემთხვევაზეა დამოკიდებული - საერთოდ, უარყოფილ იქნა. ზოგი
შეიცვალა. კერძოდ, რა გაირკვა, „დანახვა“ თავისი უზოგადესი გაგებით (რაც შეიძლება
გადმოიცეს სიტყვით „ხილვა“) მხოლოდ თვალის პრეროგატივა არ არის, ნაწილობრივ
შეიცვალა ის დაკვირვება, რომელიც ღაღადებდა, სხვისი სულის დანახვა შეუძლებელიაო.
ნაწილი დაკვირვებებისა უფრო ვითარდებოდა და ღრმავდებოდა. მაგალითად, ერთ-
ერთ დაკვირვებაში - გახსოვთ ალბათ - სიამე ტკივილის ნაირსახეობად, მის კერძო
შემთხვევად გამოცხადდა. ამ მიმართულებით ჩატარებულმა შემდგომმა ანალიზმა მალე
ლოგიკური აუცილებლობით მოითხოვა, საერთოდ, სხეული გამოცხადებულიყო
ტკივილად. მაშინ ასეც მოხდა, საბოლოოდ კი (ცხადია, ამ სიტყვის დროებითი
მნიშვნელობით) დადგინდა, რომ სხეული, ერთის მხრივ, მართლაც ტკივილის ნივთიერი
სახეა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ნივთიერი სახე, ერთგვარი იარაღიცაა, დანადგარი,
ხელსაწყო, რომლითაც ადამიანის „მე“ -ზე ზემოქმედება ხდება.
მაგრამ ვიკმაროთ დაკვირვებებზე ლაპარაკი. პრ. დიდებულიძის ბავშვობა მარტო
დაკვირვებებისაგან არ შედგებოდა და ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ, პირველ
ყოვლისა, მინდა დავასახელო სიყვარული, რასაც ჩვენმა გმირმა, როგორც წესი და რიგია,
არაერთი დღე და არაერთი ღამე შესწირა. ზემოთ მე გაკვრით ვახსენე მაღლითელი
ყმაწვილების თემატური ექსპედიციები ქალაქ სანაკლიოში. ახლა იმასაც ვიტყვი, რომ
გარდა სიყვარულის იმ სახეობისა, რომელსაც მზესუმზირას გამყიდველი ნYურა აღძრავდა
ბიჭების გულგვამში, პრ. დიდებულიძე ეზიარა (და ეზიარა, სხვათა შორის, გაცილებით
ადრე, ვიდრე ნYურას ეზიარებოდა) ამა ტკბილზე ტკბილი და მწარეზე მწარე (ნეტა
„ტკბილი“ და „მწარეც“ ერთი და იგივე ხომ არ არის?) გრძნობის მეორე ქვესახეობას,
რომელსაც ლიტერატურაში და ზოგჯერ, ასე გასინჯეთ, ზეპირმეტყველებაშიც კი, ისეთი
გუდაფშუტა ეპითეტებით („რომანტიკული“, „ამაღლებული“, „წმინდა“, „სულიერი“,
„არამიწიერი“ და სხვ.) ვამაგრებთ, რომლებსაც ფესვები სიყალბეში უდგათ. ეს სიყალბე
ადამიანის სულის განვითარების გარკვეულ ეტაპზე - ასე, თორმეტიდან თექვსმეტ წლამდე
- საშიში არ არის. ამ დროს იგი ერთგვარი „ბუნებრივი სიყალბეა“, სასწავლო პროგრამა,
რომელიც სულმა აუცილებლად უნდა გაიაროს, რათა სამომავლო ცოდნა და
გამოცდილება შეიძინოს. ამიტომ ეს გასაგები, მისაღები, მისატევებელი, ასე ვთქვათ,
„გეგმიური“ სიყალბეა (რასაც ვერ ვიტყვით - ცხადია, თუ გამბედაობა გვეყო -
ეგრეთწოდებულ „პლატონურ სიყვარულზე“, ვინაიდან დიდთა შორის უპირველესის მიერ
ნაქადაგევი ესე სიყვარული, რაკი დიდთა შორის უპირველესი მას ასაკობრივ ზღვარს არ
უწესებს, ღმერთო შეგცოდე და უკვე სრულიად შუმი, ხალასი სიყალბეა, რომელსაც ჯანსაღ
გარემოში არავითარი ფსიქო-ბიოლოგიური საყრდენი და გამართლება არა აქვს).
პრ. დიდებულიძემ უწონობის ეს ნეტარი ეტაპი მშვიდობიანად გაიარა. მართალია,
მთისძირის ათწლედში (მანამ მაღლითის შვიდწლედშიც) თითქმის ყველა თანატოლი
გოგო შეუყვარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სიყვარულს ისეთ ღრმა ფენებში, როგორც იცის
ხოლმე, არ შეუღწევია. ვინც შეიყვარა, ყველა მალევე ამოიგდო გულიდან. ეგებ ცოტა
უცნაურად კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთი იმის გამო, რომ ლაპარაკისას თვალებს
ახამხამებდა, მეორე იმის გამო, რომ, გუშინ გული ამერიაო, თქვა, მესამე იმის გამო, რომ
როცა გაკვეთილს პასუხობდა, მღელვარებისგან გავა უცახცახებდა, მეოთხე იმის გამო,
რომ კომკავშირის მდივნად აირჩიეს... საერთოდ კი, ეტყობა, ყველა იმის გამო, რომ მისი
სიყვარული, უფრო ზუსტად, სიყვარულის მისეული გაგება, მეტისმეტად „რომანტიკული“
და მეტისმეტად „ამაღლებული“ იყო.
ახლა, რაკი სიყვარულის ეტაპი ეგზომ ფორსირებულად გავიარეთ, ვიდრე წიგნებზე
გადავალთ, ორიოდე სიტყვით პოლიტიკაზეც შევჩერდეთ.
პოლიტიკაზე შეიძლებოდა არც შევჩერებულიყავით. მაგალითად, რომ მეთქვა, პრ.
დიდებულიძეს პოლიტიკა სრულებით არ აინტერესებდა და, საერთოდ, მაღლითიდან ისე
წავიდა, ეს სიტყვა მისი აზროვნების ზედაპირზე ერთხელაც არ გამოჩენილა-მეთქი, ალბათ
სიმართლეს ვიტყოდი, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა სიყვარული მხოლოდ იმის გამო
გამოგნელდება, რომ სიყვარულის საგანი კომკავშირის მდივნად აირჩიეს, განა ეს შენს
გაუცნობიერებელ პოლიტიზირებაზე არ მეტყველებს? საზოგადოდ, პოლიტიკა
გაუცნობიერებელი სენია და, ეგებ ამიტომაცაა, რომ ყველა სენზე უფრო გადამდებია,
ყველა შესაძლო საშუალებით ვრცელდება და ყველა ცხრაკლიტულში აღწევს. ერთი კია:
იგი არაცნობიერ ფენებშიც ჩინებულად გრძნობს თავს და იმ ფენების მიტოვებას
მაინცდამაინც არ ესწრაფვის, შესაძლოა მთელი სიცოცხლე იქ დარჩეს და ცნობიერი
მოქმედების არეალში ერთხელაც არ შემოვიდეს. პრ. დიდებულიძესაც (და იგივე ითქმის
თითქმის ყველა მის თანატოლზე, გარდა რამდენიმე გარდუვალი გამონაკლისისა), თუკი
რამ პოლიტიკური მუხტები ჰქონდა, სულ გაუცნობიერებელ ფენებში ჰქონდა, და მხოლოდ
ერთხელ, ისიც წამიერად, წყალქვეშა ნავმა ზედაპირზე ამოჰყო თავი. ეს ამბავი ასე მოხდა:
მთისძირის ათწლედში ქართულის მასწავლებელი ჰყავდათ ერთი - ძველი ქართულის
მასწავლებელი, რომელიც მთელი წელიწადი „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ ტრიალებდა
ხოლმე, თუმცა პროგრამის მიხედვით კიდევ მრავალი ნაწარმოების სწავლება
ევალებოდა. ამ კაცზე ათას ტყუილსა და მართალს ამბობდნენ - ლოთიაო, მუსუსიაო,
ნაჯდომიაო, სახლში იარაღი აქვსო, განათლების მინისტრი ჰყავს ნაცემიო... და, რაც
ყველაზე იდუმალი, საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო, ძველი მენშევიკიაო. ბავშვები
მაინცდამაინც არ იმტვრევდნენ თავს იმის დასადგენად, თუ რა იყო აქედან მართალი და
რა არა. ყველაფერი უკრიტიკოდ სჯეროდათ, რასაც სხვათა შორის, მასწავლებლის
გარეგნობაც კარგა გვარიანად უწყობდა ხელს: მასწავლებელი მაღალი იყო, ხმელი,
ულვაშებდაწკეპილი და უცხო. თანაც ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა. და აი, ერთხელ,
მაისის თვეში, პარასკევ დღეს, როდესაც პირველი სწორედ ქართულის გაკვეთილი იყო,
საკლასო ოთახის კარი გაიღო და სკოლის დირექტორი მკერდზე ორდენებდაყრილ
ვიღაც ცალთვალა გმირს შემოუძღვა, რომელმაც ვაგლახი ქართულით ბავშვებს
გამარჯვების მეორე წლისთავი მიულოცა. ბავშვები, თანახმად ინსტრუქციისა, მოლოცვას
ტაშისცემითა და „ვაშას“ ძახილით შეხვდნენ, რის შემდეგაც დირექტორი და მისი
ცალთვალა სტუმარი ვალმოხდილები და კმაყოფილები გაბრუნდნენ უკან. მაშინ
ნამენშევიკარმა მასწავლებელმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში
გულზეხელებგადაჯვარედინებული იდგა ფანჯარასთან და ზემოხსენებულ სცენას
იდუმალი ღიმილით ადევნებდა თვალყურს, ბავშვებს ასე მიმართა: - ყმაწვილებო,
ყმაწვილებო! ამორძალებო და რაინდებო! აღარც ისე პატარები ხართ, შარშან რომ
იყავით. უკვე დროა ტვინი გაანძრიოთ და, ვიდრე ხმაურს ატეხთ, ჯერ გაიაზროთ, რის გამო
ტეხთ ხმაურს. ნუთუ აქამდე ვერ გაიგეთ, რომ, როცა ორი შხამიანი ობობა ერთმანეთს
შეებმება, ქსელში გაბმული პატარა, უსუსური ბუზისთვის სულ ერთია, რომელი გამოვა
გამარჯვებული?! ჭკუას ძალა დაატანეთ, რაინდებო, და წარმოიდგინეთ, რა ბრიყვი უნდა
იყოს ბუზი, რომ ტაშ-ფანდურა გამართოს, აქაოდა ჩემმა ობობამ გაიმარჯვაო. სულელო
ბუზო, რომელია შენი ობობა?.. რომელია თქვენი ობობა, პატარა ქართველებო?..
სიტყვები საშიში იყო და ომახიანი, ხოლო პოლიტიკა, რომელმაც სულ ერთი წამით ამოყო
წყლიდან თავი, იმაში მდგომარეობს, რომ პრ. დიდებულიძე, თუმც კი გუმანით გრძნობდა
(ოღონდ სადღაც მეორე პლანზე) რაღაცას უქმად გამომწვევსა და ხაზგასმით ხაზგასმულს,
გაუგებარ მიზეზთა გამო მასწავლებლის ნათქვამმა აღტაცებაში მოიყვანა და ეს თავისი
აღტაცება რამდენიმე ახლო მეგობარს გაუზიარა, რასაც, საბედნიეროდ, არავითარი
გართულება არ მოჰყოლია.
ასეთი იყო წამიერი შეხვედრა პოლიტიკასთან.
წიგნებზე კი შედარებით წვრილად შევჩერდებით. არა იმიტომ, თითქოსდა, როგორც
ზოგიერთი ხელმოცარული ირწმუნება, წიგნებში რამე ყრია! წიგნებში რა უნდა ეყაროს!
წიგნი ქაღალდია - არა მარტო ყველაზე გამოუსადეგარი ნივთი ნივთთა შორის, არამედ
ფრიად მავნეც (დაკვირვებიხართ, წიგნის მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრები
თანდათან როგორ ემგვანებიან იმ თავიანთ ჩაყვითლებულ, ყდაშემოგლეჯილ,
ფურცლებამოცვენილ, ჭიებისგან შეჭმულ წიგნებს?). არა, წიგნებზე მხოლოდ იმიტომ
მოგვიხდება დაწვრილებით და ხანგრძლივად შეჩერება, რომ წიგნებზე თვითონ პრ.
დიდებულიძეს მოუხდა დაწვრილებით და ხანგრძლივად შეჩერება.
ეს ამბავი ცოტა უცნაურია.
გახსოვთ, პრ. დიდებულიძის დედა რომ ერთხელ უშიშროებაში გამოიძახეს და საღამოს
სკოლის დირექტორი მოვიდა? დედა რომ ეზოში გაიხმო, ჩურჩულით ესაუბრა და
საუბრისას ულვაში ორგზის (პრ. დიდებულიძის ანგარიშით) შეუთრთოლდა? იმ ღამეს რომ
დედამ სანაკლიოდან წამოღებული წიგნები (როგორ არ ეკუთვნის მადლობა პროლეტარ
ჟორჟიკას!) გადმოალაგა, პრ. დიდებულიძისთვის გაუგებარი რაღაც ნიშნით გადაარჩია,
გადარჩეულები ტომარაში ჩაყარა და ნაშუაღამევს შვილის დახმარებით სკოლაში
წაიღო? ბიბლიოთეკაში რომ შეიტანა და იქ სულ ბოლოში, ყველაზე ბნელ კუთხეში, ერთ
ნახევრად დაშლილ და ნახევრად დამპალ კარადაში შეაწყო? გახსოვთ? მაშ, ახლა მე
შევეცდები იმაში დაგარწმუნოთ, რომ გაუგებარი ნიშანი, რის მიხედვითაც დედამ მაშინ
წიგნები გადაარჩია, მართლა გაუგებარი იყო.
ჯერ ისა ვთქვათ, რომ ეს ამბავი სულ მალე დედასაც დაავიწყდა და შვილსაც. დედას რომ
დაავიწყდა, გასაკვირი არ არის: მის გულში იმ ხანად ისეთი ხანძარი გაჩნდა (საუკეთესო
წიგნები სწორედ ასეთ ხანძრებზე იწერება), წიგნებისთვის სადღა ეცალა! თუმცა, შვილს
რომ დაავიწყდა, მაინცდამაინც გასაკვირი არც ესაა: ამ ასაკში წიგნები იოლად
გვავიწყდება, მართალია, დედამ ისეთი საშიში სერიოზულობით გააფრთხილა, კრინტი
არავისთან დაძრა და, საერთოდ, რაც მოხდა, დაივიწყეო, რომ წესით არ უნდა
დავიწყნოდა, მაგრამ ასაკის სილაღემ მაინც თავისი ქნა.
ასეა თუ ისე, რამდენიმე წელი გავიდა და გადამალული წიგნები არავის მოჰგონებია. და
აი, ერთ მშვენიერ დღეს - დედა უკვე კარგა ხნის გათხოვილი იყო, ხოლო შვილი
მთისძირის ათწლედში სწავლობდა - მაღლითის სკოლის მოხუცმა ბიბლიოთეკარმა პრ.
დიდებულიძე სკოლაში დაიბარა. პრ. დიდებულიძემ მხრები აიჩეჩა, მაგრამ მივიდა.
ბიბლიოთეკარმა მის ზურგს უკან კარი მჭიდროდ მიხურა და უეცრად ჯიქურ ჰკითხა,
მამაშენს ალექსანდრე ჰქვია თუ არაო. დასტური რომ მიიღო (დაბნეული, გაკვირვებული
და ცოტა შეშფოთებული), თითით ანიშნა, მომყევიო, და წინ გაუძღვა, თაროებით
გადატიხრული ოთახი, სადაც ჩვეულებრივ, გარეშე ხალხს, მით უფრო ბავშვებს, არ
უშვებდნენ ხოლმე, სიგრძივ გადაჭრა, ბოლოში, ყველაზე ბნელ კუთხეში ერთ ნახევრად
დაშლილსა და ნახევრად დამპალ კარადას მიადგა, გამოაღო, ხელი შეჰყო, ერთ-ერთი
წიგნი ალალბედზე გამოიღო, მიაწოდა და, წარწერა წაიკითხეო, უთხრა. პრ. დიდებულიძე
რომ სიბნელეში უხერხულად აწრიალდა, დასძინა, სინათლისკენ მიიწიე და გაარჩევო. პრ.
დიდებულიძე უკვე ყველაფერს მიხვდა, ხოლო მერე, როდესაც ფანჯარასთან მივიდა. და
ბუტბუტით წაიკითხა: „ალექსანდრე დიდებულიძის წიგნებიდან“, გონებაში იმ შორეული
ღამის ზოგი დეტალიც ამოუტივტივდა - კერძოდ, სკოლის დირექტორის ათრთოლებული
ულვაში და დედის ნერვიული სიჩქარე წიგნების გადარჩევისას - და ცოტა არ იყოს,
შეშინდა. შიში, საბედნიეროდ, უსაფუძვლო გამოდგა. მოხუცმა ბიბლიოთეკარმა, რომელიც
ადრე, როცა დედა მუშაობდა ბიბლიოთეკარად, დამლაგებელი იყო, უთხრა, თუ გიყვარდე,
ეს წიგნები მომაშორე, დედაშენს ნამეტანი ძაან პატივს ვცემ, მარა, რევიზია რომ მევიდეს,
სამსახურიდან მომხსნის, იმიტო რო ბალანსზე არ მაწერია; აბა შენ იცი და შენმა კაცობამ,
ამეღამეე თუ წეიღებ, ძაან დამავალებო.
პრ. დიდებულიძემ წიგნები იმ ღამესვე წამოიღო, დაათვალიერა და ვერ მიხვდა, რა
მოსაზრებით, რა ნიშნებით, რა მონაცემებით ხელმძღვანელობდა დედა, რა სია ჰქონდა
ხელთ, რა შაბლონი, რა ტრაფარეტი, როცა წიგნები სწორედ ასე დაახარისხა და არა
სხვანაირად. სათაურებისა და ავტორების მიხედვით თუ იმსჯელებდით, წიგნებში ისეთი
არაფერი ჩანდა, რომ კომუნიზმის მშენებლობისთვის რაიმე ხიფათი შეექმნა. ან კი რა
ხიფათი შეიძლება შეუქმნას ლათინური და ბერძნული ენების სახელმძღვანელოებმა და
ლექსიკონებმა, გნებავთ, რომაელ და ბერძენ ავტორთა იურიდიული, ისტორიული და
ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებმა? გადამალული წიგნების ძირითად ნაწილს კი
სწორედ ესენი შეადგენდნენ. იყო აგრეთვე სხვა ეპოქებისა და სხვა ჟანრის წიგნებიც, ისევე,
როგორც წიგნები რომელიღაც უცხო ენაზე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მცირე ნაწილზე
შეგიძლია კაცმა დიდი ნაწილის მიხედვით იმსჯელო. ერთადერთი სავარაუდო პრინციპი
(ამ პრინციპს პრ. დიდებულიძემ გვიან მიაგნო, მაღლითში ყოფნის ბოლო წელიწადს),
რასაც დედა წიგნების გადარჩევისას შეიძლებოდა დაყრდნობოდა, იყო იმ ადამიანთა
უვიცობა, რომელთაც წიგნების გასასინჯად გამოგზავნიდნენ. უვიცობა, როგორც
ცნობილია, ეჭვიანია და, რაც უფრო დიდია, მით უფრო ეჭვიანია, იმდროინდელი უვიცობის
მასშტაბები კი ჭეშმარიტად განუზომელი იყო. ეტყობა - თუ პრ. დიდებულიძის ვარაუდი
სწორია - დედამ ეს გარემოება გაითვალისწინა და რამდენიმე წიგნთან ერთად,
რომლებიც მოქმედი იდეოლოგიის თაროებზე შეიძლება მართლა ვერ დატეულიყო,
თავის დაზღვევის მიზნით ნეიტრალური წიგნებიც გაარიდა იქაურობას.
ხიზანი წიგნები რომ დააბრუნა, პრ. დიდებულიძემ შინ დარჩენილი წიგნებიც ამოალაგა
სკივრებიდან და რამდენიმე ღამე მათს შესწავლას („შესწავლა“ აქ მხოლოდ საფუძვლიანი
დათვალიერების მნიშვნელობითაა ნახმარი) მოანდომა; მომდევნო რამდენიმე ღამე
მამაზე ფიქრობდა და, ბოლოს და ბოლოს, თუ გლობალურ მისიას არა, კონკრეტულ
მოვალეობას კი, რასაც მისგან კონკრეტული დრო მოითხოვდა და რის ნიშანსაც
კონკრეტული შემთხვევა იძლეოდა, მიაგნო. პროლეტარი ჟორჟიკა დიაღაც იარაღი იყო.
ნუ ვიმარჩიელებთ - ვისი, მაგრამ, იარაღი რომ იყო, ეს პრ. დიდებულიძის მაშინდელი
ვარაუდით ცხადად გამოჩნდა. მართლაცდა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს წიგნების ის
ველური სიძულვილი, რისი წყალობითაც მამის ბიბლიოთეკა პრ. დიდებულიძის ხელში
აღმოჩნდა! თანაც მთლიანად, უკლებლივ, ხელუხლებლად! ხოლო თუ პროლეტარი
ჟორჟიკა იარაღი იყო, რომლის დანიშნულება იმაში მდგომარეობდა, რომ მამის წიგნები
შვილს გადასცემოდა, აქედან თითქმის აუცილებლობით გამომდინარეობდა შვილის
დანიშნულებაც, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს წიგნები ბეჯითად შეესწავლა და მამის
საქმე გაეგრძელებინა.
ასე იქნა მიღებული ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც პრ.
დიდებულიძის მთელ მომდევნო ცხოვრებას თავისი სპეციფიკური დაღი დაასვა და თავისი
სპეციფიკური კვალი დაამჩნია.
გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის დიდი მნიშვნელობის აქტია, ხოლო დიდი
მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ისეთი აქტია, ზოგჯერ საგანგებო ზეიმითაც
აღნიშნავენ ხოლმე. ოღონდ ერთი რამ კი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოეთხოვება:
ჰაერში არ უნდა იყოს გამოკიდებული, მიწაზე უნდა იდგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პრ.
დიდებულიძის გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით არცთუ ისე მყარი ჩანდა. მართლაც,
წიგნები ბევრი იყო; წიგნები რთული იყო. წიგნების უდიდესი ნაწილი რუსულ ენაზე იყო.
გარდა ამისა (რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე უცხოურ წიგნზე, რომლებიც
საბოლოოდ გერმანული აღმოჩნდა), ბერძნული და ლათინური ენების ლექსიკონები და
სახელმძღვანელოები აშკარად მოითხოვდნენ - ან კი სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა მათს
არსებობას? - ამ ენების შესწავლას. არადა, პრ. დიდებულიძემ წესიერად რუსულიც არ
იცოდა. კი, იმ წლების წყალობით, რაც სანაკლიოში გაატარა, შედარებით უკეთ იცოდა,
ვიდრე მისმა თანაკლასელებმა, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივი მასწავლებლის
შემყურენი იყვნენ, მაგრამ „შედარებით უკეთ“ ცოდნა, მით უფრო, თუ შედარების
ობიექტსაც გავითვალისწინებთ, ასეთი სერიოზული, თითქმის საზეიმო გადაწყვეტილების
ფონზე დიდი ვერაფერი ფორაა. და მაინც, მიუხედავად დაბრკოლებათა სიდიდისა და
სიმძიმისა, პრ. დიდებულიძე მტკიცედ და რწმენით შეუდგა საქმეს. ისე ბეჯითად შეუდგა,
რომ მის სიბეჯითეს ყველაზე უკეთ ალბათ მისივე ერთი დაკვირვება გამოხატავს
(რომელიც სულ სხვა დროს და სულ სხვა შემთხვევის გამო წარმოიშვა): „თუ შრომამ,
გარკვეული აზრით, მართლა შექმნა ადამიანი, მაშინ მე, გარკვეული აზრით, ამ უხამსი
დებულების არგუმენტად გამოვდგები“.
პირველ ხანებში ძალიან უჭირდა, მაგრამ თავს მოდუნების ნებას არ აძლევდა და
ორიოდე თვის შემდეგ, როდესაც რუსული ენის უღრანებში ცოტ-ცოტა გაიკაფა გზა და
გაჭირვების სიმძიმილს აქა-იქ გამარჯვებათა სიხარული ჩაუნაცვლა, წელში გატეხილ
დაბრკოლებებს მეტი ენერგიითა და მეტი ენთუზიაზმით შეუტია, ხოლო კიდევ რამდენიმე
თვეც რომ გამოხდა, რუსულ ენასთან დაკავშირებული სიძნელეებიდან მხოლოდ ნაშთები
და კუდებიღა დარჩა, რამაც საშუალება მისცა ბერძნული და ლათინური ენებისთვისაც
მიეხედა.
დიდი განსწავლის პერიოდი სამ წელიწადს გაგრძელდა და მხოლოდ ორმოცდაცხრის
ზაფხულში, როცა სკოლა დაამთავრა და თბილისს გაემგზავრა უმაღლეს სასწავლებელში
შესასვლელად, დროებით შეწყდა.
ეს იყო უკიდურესად დატვირთული და ძალზე ნაყოფიერი სამი წელიწადი, რომლებმაც,
ვერ ვიტყვი, თითქოს პრ. დიდებულიძე სხვა ადამიანად აქციეს, მაგრამ ის ადამიანი კი,
რომელიც მის გარსში იმთავითვე იყო, როგორც შესაძლებლობა, ფოტოგრაფთა
ტერმინებს რომ მივმართოთ, გაამჟღავნეს და დააფიქსირეს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ
ფაქტს უფრო ღრმად ჩავხედავთ, ადვილი შესაძლებელია შენიღბული მოტივებიც
აღმოვაჩინოთ და იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ პრ. დიდებულიძე მხოლოდ ერთგვარი
მედიუმი იყო ამ სამი საგანმანათლებლო წლისა და არა ჭეშმარიტი მიზეზი და საგანი.
მართლაც, როდესაც წინამდებარე წიგნის შეთხზვა გადავწყვიტე, მე დაწვრილებით
შევისწავლე მაღლითის ისტორია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არ არსებობს
არანაირი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ აქ ვინმეს როდისმე განათლება მიეღოს. ამ
მიმართულებით პირველი ხნული პრ. დიდებულიძემ გაავლო, და თუმცა მიმდევრები არ
გამოსჩენია და დღემდე იმა ხნულში კაკალი თესლი არ ჩავარდნილა, მაგალითი ისეთი
სიცოცხლისუნარიანი ბაცილაა, რამდენიმე თაობის შემდეგაც შეუძლია ეპიდემია
გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე კი თამამად შეგვიძლია სხვა დანარჩენ ვარაუდთა
შორის ის ვარაუდიც დავუშვათ, რომ ხსენებული სამი წლის ფარული ამოცანა სწორედ ეს
მომავლის ეპიდემია იყო და არა ბერძენთა და რომაელთა ნააზრევით საბრალო ბიჭის
ეგზომ ადრეული გაჭყეპა.
მაგრამ ამას მოვეშვათ.
საგანმანათლებლო ხაზს ცხოვრების სხვა ხაზები არ წაუშლია; ყველაფერი -
დაკვირვებები, სიყვარული, პოლიტიკა, წიგნები, მამა, დედა, სახლ-კარი, კოლექტივი, სხვა
წვრილმანები და მსხვილმანები - რაზეც ვილაპარაკე ან არ მილაპარაკია, ერთდროულად
არსებობდნენ, შერეულად, გვერდიგვერდ. და თუ მე ცალ-ცალკე აღვწერ, მხოლოდ
იმიტომ, რომ საქმე გავიადვილო.
სამი წელი ჩაჰკირკიტებდა პრ. დიდებულიძე მამისეულ წიგნებს. კითხულობდა,
იმეორებდა, სწავლობდა. ხშირად, როცა ნავთი და პატრუქი საკმარისად ჰქონდა,
ღამეებსაც ათენებდა კითხვაში. ზოგჯერ წიგნში ამოკითხული თავის ცხოვრებას აგონებდა.
სანიმუშოდ ერთ ამბავს მოვყვები. ეს გახლავთ ამბავი პატარა ბიჭისა, რომელიც, მართლა,
ბედის განჩინებით მერე უკიდეგანო რომის ერთადერთი და განუყოფელი მბრძანებელი
გახდა, მაგრამ პატარა რომ იყო და ჯერ კიდევ არაფრის მბრძანებელი არ ყოფილა, დედა
გაუთხოვდა. ეს რომ წაიკითხა, პრ. დიდებულიძეს თვალწინ თავისი ცხოვრების შესაბამისი
ეპიზოდი დაუდგა და გული მოეწურა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ბიჭის დედა მთლად
მის დედასავით არ გათხოვილა და, საერთოდ, იქ საქმე ცოტა სხვანაირად წარიმართა. პრ.
დიდებულიძის დედა თავისი სურვილით გათხოვდა. იმ ბიჭის დედა კი ძალით წაიყვანეს. ის
დედა რომის ყოვლისშემძლე იმპერატორს გულში ჩაუვარდა. საზოგადოდ, თუ თქვენ
ყოვლისშემძლეს ვისმე გულში ჩაუვარდით, თქვენს მეუღლესა და შვილს ანგარიშს
აღარავინ გაუწევს. ხოლო რომის მაშინდელი იმპერატორი რომ ნამდვილად
ყოვლისშემძლე იყო, ამას მოიარებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ, როდესაც დედა
წაიყვანა, ისეთი საპროფილაქტიკო ღონისძიება, როგორიცაა მამის დატუსაღება,
საჭიროდ არ ჩათვალა. მეტიც: აზრად არ მოსვლია, მეტოქეს თუ შეურაცხყოფა მიაყენა,
პირიქით, მისი ნაცოლარი რომ ცოლად დაისვა, ეგონა ამით დიდი პატივიც დასდო.
შესაძლოა, ასეთი დასკვნა სპეციფიკურ საიმპერატორო ფსიქიკას ეფუძნება და
სპეციფიკურ საიმპერატორო ნამუსზე მიუთითებს, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ, ეტყობა,
მამაც ასევე ფიქრობდა. ყოველ შემთხვევაში, პრ. დიდებულიძეს მაშინ ისეთი
შთაბჭდილება დარჩა, თითქოს ამ უკადრის ეპიზოდში მისი უმთავრესი საფიქრალი,
საზრუნავი და სადარდებელი სარგებლის შოვნა იყო. პრ. დიდებულიძემ ყოველივე ეს
ძალზე მკაფიოდ წარმოიდგინა, მერე კიდევ უფრო მკაფიოდ ის თავისი კოლეგა ბიჭი
წარმოიდგინა და გულგვამი ახლაც ისე ჩაეწვა, როგორც მაშინ, როდესაც თვითონ
გაუთხოვდა დედა. ხოლო იმ საბრალო ბიჭის უბედურება ამით არ დამთავრებულა. რომ
გაიზარდა და თითით საჩვენებელი ჭაბუკი დადგა, ახლა საყვარელი ქალი დაატოვებინეს,
რათა მამინაცვლის ბოზანდარა ასული შეერთვევინებინათ. ამ ადგილას პრ. დიდებულიძე
საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ტკივილი ისეთი ინდივიდუალური რამ შეგრძნება ყოფილა,
ვერც ობიექტურ საზომს მოუძებნი და ვერც ობიექტურ საზღვარს დაუდგენ, ვინაიდან
ყოველი კაცი თავადაა საკუთარი ტკივილის საზომი და საზღვრის დამდგენი, ხოლო იმ
კეთილშობილი, მაგრამ უკვე გამწარებული ჭაბუკის უბედურება არც ამით დამთავრებულა.
რომელიღაც მომენტში, რომელიღაც წელს, წიგნის რომელიღაც გვერდზე, როცა
ჭკუადამჯდრობის ასაკს მიატანა და ადამიანთა სიმდაბლესაც - სიმუხთლეს, სილაჩრეს,
უნამუსობას, პირმოთნეობას, ორპირობას, სიყალბეს... - ბოლომდე ჩაწვდა, ყველა
ტკივილმა - ძველმა თუ ახალმა, მოქმედმა თუ მივიწყებულმა - ერთად უწია, ყველა ტანჯვამ
ერთ წერტილში მოიყარა თავი, ყველა სიმძიმე ერთ გაუსაძლის სიმძიმედ ექცა და ყველა
რისხვა ერთ დაუოკებელ რისხვად; მაშინ გადარაჯებულმა ბედმა, რომელიც თავის ჟამს
ელოდა, მისი არსების კალაპოტიდან უკანასკნელ წვეთამდე გადმოღვარა, რაც კი რამ იქ
შარბათი იყო ჩარჩენილი, და სანაცვლოდ შხამი ჩაასხა; საბოლოოდ, მოწოდებით
თითქოსდა სიმართლის მცველად გაჩენილი, თავით ფეხამდე სიცრუის ჭაობში ჩაიძირა,
სადაც მალე ყველაფერმა დაკარგა აზრი გარდა ბოროტებისა, ვინაიდან
პირქვედამხობილსა და დაჩირქებულ გულში ბოროტების მეტი ვერაფერი ძლებდა. ამბავი
რომ ჩაათავა და მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გაიაზრა, პრ. დიდებულიძემ დაინახა,
რომ ამ კაცს ფეხები პოლუსებზე ედგა, ხოლო პოლუსებს შორის არაფერი იყო გარდა
სიცარიელის უფსკრულისა. სხვა სიტყვებით - ერთი მხარე თეთრი ჰქონდა, მეორე - შავი,
და ეს თეთრი და შავი ერთმანეთში არ ირეოდა. ადამიანისათვის, რომელიც ადამიანის
მიერაა ნაშობი, ეს ძალზე უცნაური ჩანდა (მოგვიანებით, როდესაც დაადგინა, რომ იესო
ნაზარეველმა, რომაულ მონეტაზე რომ რომის იმპერატორის გამოსახულებას დახედა,
რათა ის ცნობილი კომპრომისი წარმოეთქვა, თურმე სწორედ ამ კაცის გამოსახულებას
დახედა, ყოველივე ეს კიდევ უფრო უცნაური ეჩვენა).
სხვა მრავალი მაგალითიც შემეძლო მომეტანა იმის საილუსტრაციოდ, რომ წიგნებში
შეიძლება უფრო მეტი ამოვიკითხოთ, ვიდრე წერია, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ, და თუ
რამის დამატებაა, მხოლოდ ის დავამატოთ, რომ პრ. დიდებულიძე, როცა სკოლა
დაამთავრა და თბილისს გაემგზავრა, არა მარტო ბერძენთა და რომაელთა ენებში,
ჩვევებში, ისტორიაში, ლიტერატურაში, სამართალში და, ნაწილობრივ აგრეთვე,
ფილოსოფიაში იყო გვარიანად გათვითცნობიერებული, არამედ, საერთოდ, მრავალი
თეორიული თუ პრაქტიკული პრობლემა ჰქონდა გაანალიზებული და მრავალი დასკვნა -
ზოგი უთუო და ზოგი სათუო - გამოტანილი, რომელთა ნაწილი უკვე გაგაცანით და
ნაწილსაც (ოღონდ ყველას ვერა, ყველა ძალიან ბევრია) გზადაგზა გაგაცნობთ.
დაბოლოს, ვიდრე მაღლითს გამოვეთხოვებით, ერთი უსიამოვნო - რომ არა ვთქვათ
სამარცხვინო - ამბავიც უნდა მოვყვე. მერჩივნა არ მომეყოლა, მაგრამ რაღაც ხმა
გულისგამაწვრილებლად ჩამჩიჩინებს, მოყევიო, და, თუმც კი დაბეჯითებით არ ვიცი რა
ხმაა, მაინც უნდა დავემორჩილო.
ყრუ-მუნჯი ნაზოიე მგონი ერთხელ უკვე ვახსენე. თუ არ მიხსენებია, ახლა ვახსენებ. იგი
გლახა იასონეს ერთადერთი ასული გახლდათ. პრედიკატი ესე - ეგებ ცოტა უხერხული,
მაგრამ სრულიად უწყინარი - გლახა იასონას მიენიჭა არა რაიმე ღირსშესანიშნავი
სიგლახის უკვდავსაყოფად, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ კაი იასონესგან
განესხვავებინათ, რომელიც ძველი ოფიცერი იყო, მრავალი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი.
ექვს ენაზე შეეძლო გამარჯობის თქმა და, გარდა ამისა, იმჟამად სოფსაბჭოს მდივნის
პოსტი ეკავა.
თავად ამბავი კი მაქსიმალურად მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს.
პრ. დიდებულიძე სკოლას რომ ამთავრებდა, იმ გაზაფხულზე ბუხუტია ბლაყუნამ ყრუ-მუნჯი
ნაზოიე შეაცდინა. ბუხუტია ბლაყუნამ ოსტატურად ისარგებლა იმ გარემოებით, რომ
გლახა იასონე ქვისლის სატირალში იყო წასული, და ნაზოიე მისივ ვენახში სახლს უკან
შეიტყუა.
ზეპირი, მაგრამ სავსებით სარწმუნო წყაროებიდან ცნობილია, რომ ამ მოულოდნელი
ფათერაკის გამო ნაზოიას რაიმე პროტესტი არ გამოუთქვამს და არც რაიმე
უკმაყოფილება გამოუმჟღავნებია. მართალია, ბუხუტიე ბლაყუნას განზრახვა რომ
შეუტყვია, თავიდან ცოტა კი შეშინებულა (რაც დაინტერესებულ მსმენელებს
გამომეტყველების შესაფერისი ცვლილებითა და ბგერათა სათანადო მოდულაციით
სავსებით გასაგებად აუწყა), მაგრამ საბოლოო შედეგით არათუ გულნაკლული არ
დარჩენილა, არამედ იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს სკანდალური ამბავი სოფელში
ყაყანით განიხილებოდა, ერთთავად იდუმალ-ნაამები სახე ჰქონდა და, როგორც
რამდენიმე ახლობელი ამტკიცებდა, რომელთაც მუნჯური ენა განსაკუთრებით კარგად
ესმოდათ, მხოლოდ იმას კითხულობდა, რა იქნა ბუხუტიე, რატომ აღარ ჩანსო.
ბუხუტიე კი იმიტომ არ ჩანდა, რომ გაიქცა. შეუსაბამობა მოჩვენებითია. სოფელ
მაღლითში, ისევე, როგორც დედამიწის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში, ქალიშვილის
ნამუსის ქურუმი - და ერთი ლიტერატურული ნეოლოგიზმი რომ ვიხმაროთ - განმკარგავი
მამა იყო. მამა კი - გლახა იასონე - მომხდარს კარდინალურად განსხვავებული თვალით
უყურებდა. სატირალიდან რომ მობრუნდა და, რაც მომხდარიყო, როგორც მომხდარიყო
და ვისგანაც მომხდარიყო, გაიგო, მაშინათვე ნაჯახს დაავლო ხელი და ჩუმი ქადილით
ბლაყუნების სახლისაკენ დაიძრა.
ბუხუტიე შინ არ დაუხვდა. როგორც კი შეუტყვია, გლახა იასონე ნაჯახით მოიწევსო, მყის
მთისძირისკენ მოუკურცხლავს. ისე მირბოდაო, მნახველები ირწმუნებოდნენ, ქუსლებს -
ბოდიში და - უკანალზე იტყაპუნებდაო, და ამაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია.
მარშრუტი რომ დადგინდა, მდევარი დევნილს კვალში ჩაუდგა და ახლა მაღლით -
მთისძირის გზაზე, რომელიც ალაგ ღელედიდის ნაპირს მისდევდა და ალაგ კოლექტივის
ყანებს შუა მიიკლაკნებოდა (ერთგან წაბლის ხეების ულამაზეს ხეივანზეც გადიოდა), უკვე
ორნი მირბოდნენ.
ამ ეტაპზე ბედი დევნილს მიემხრო. სანაკლიოს ავტობუსი უკვე თუხთუხებდა და, ბუხუტიე
რომ ნაბიჯის შეუნელებლად შეხტა შიგ, დაიძრა კიდეც. მაშინ გლახა იასონამ, რომელმაც
ზუსტად თხუთმეტი წუთით დაიგვიანა, რა ნახა, საქმე წაგებული იყო, ფუნქციადაკარგული
ნაჯახი ქვეყნიერების იმ მხარეს მოუღერა, სადაც სანაკლიო ეგულებოდა, და
გულბოღმიანი შინ დაბრუნდა.
ამგვარად, ბუხუტიე გაიქცა, მაგრამ „გაქცევა“ მისი პაწაწკინტელა ჭკუის ისეთი ცნება იყო,
რომელიც სანაკლიოს ფარგლებს იქით აღარ ვრცელდებოდა. ისე, რეგვენი რომ არ
ყოფილიყო, თავის შეფარება სანაკლიოშიც მშვენივრად შეიძლებოდა, ვინაიდან
სანაკლიო, მიუხედავად სიმცირისა, მაინც საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ ერთ
მაღლითელ ბლაყუნას იქ საიმედო სამალავი ეპოვა. მართლაც, გლახა იასონე, თუმც კი
იცოდა, სამსხვერპლო ვაცი სანაკლიოს არ გასცდებოდა, საგონებელში ჩავარდა და
შურისძიების იმედი რომ საბოლოოდ არ გადასწურვოდა, სულს გინებით იბრუნებდა და
თავს მუქარით იმხნევებდა. მაგრამ, როგორც ითქვა, ბუხუტიე რეგვენი იყო. ერთი თვის
თავზე - პრ. დიდებულიძეს გამოსაშვები გამოცდები უკვე დაწყებული ჰქონდა - ვიღაც
მთისძირელი კაცის პირით გლახა იასონას შემოუთვალა, შვიდას ორმოცდაორ მანეთს
მოგცემ და შემირიგდიო. ვინ იცის, სირეგვნე ეგებ არც არაფერ შუაშია, იქნებ საწყალ
ბუხუტიას მაღლითი მოენატრა - ცხოველსაც კი თავისი ტყე ენატრება - და საბედისწერო
შეცდომაც მშობლიური კუთხის სიყვარულმა ჩაადენინა და არა სირეგვნემ. ამას, კერძოდ,
მაფიქრებინებს თანხის ოდენობა - შვიდას ორმოცდაორი მანეთი. რაიმე მრგვალი თანხა
რომ დაესახელებინა, ასეთი ეჭვი არ გამიჩნდებოდა, მაგრამ შვიდას ორმოცდაორი
დიაღაც რომ დამაფიქრებელი რიცხვია, რომელშიც უკანასკნელი მანეთიც უნდა
ვივარაუდოთ, უკანასკნელ მანეთს კი, ყელში თუ ნოსტალგია არ უჭერს, ასეთი საქმისთვის
არავინ გაიმეტებს... თუმცა რა ვიცი, ეგებ ვაჭარბებ და ბუხუტიე ბლაყუნას სახელით აქ
თავად ავტორის სანტიმენტალობა ლაპარაკობს... ასეა თუ ისე, გლახა იასონამ ეს
შეურაცხმყოფელი წინადადება ამაყი ზიზღით უარყო. იმ მთისძირელ კაცს დააბარა,
თავისი შვიდას ორმოცდაორი მანეთი უკან ამოისვას, თუ შერიგება უნდა, აქ ჩამოეთრიოს
და ეს საწყალი გოგო ცოლად მოიყვანოსო. ამაზე ბუხუტიე გაგულისდა თურმე და, არ
გინდა და შენი მკვდარი და ცოცხალიო, შემოუთვალა. მაშინ გლახა იასონამ ორლულიანი
თოფი აიღო, რომლითაც ახალგაზრდობაში დათვზე ნადირობდა, სანაკლიოში ფეხით
ჩავიდა, ბუხუტია ბლაყუნას მიაგნო (მიაგნო ქალაქის ბაღში, სადაც იმ მთისძირელ შუაკაცს
ხვდებოდა ხოლმე და მიაგნო, ცხადია, სწორედ იმ მთისძირელი შუაკაცის მეშვეობით) და
ადგილზე გააგორა. მერე წავიდა და მილიციას ჩაბარდა - ერთი კაცი მყავდა მოსაკლავი
და მოვკალი, ახლა აგერ ვარ, ჩემი ფეხით მოვედი და, რაც გინდათ, ის მიყავითო.
გლახა იასონა ალალი კაცი იყო, ტყვიას ისე ენდობოდა, როგორც ადამიანს, და რასაც
ამბობდა, ყოველთვის გულწრფელად ამბობდა. ახლაც ბუნებრივია, არ იცოდა, რომ
ვიდრე ოფლად გახვითქული მილიციის მორიგე ხმამაღალი ხვნეშით ადგენდა ოქმს და
საკუთარი მწარე გამოცდილებით რწმუნდებოდა, თუ რაოდენ რთული მეცნიერება
ყოფილა სინამდვილეში გრამატიკა, სანაკლიოს ნომერ პირველ საავადმყოფოში ბუხუტიე
ბლაყუნა თავისი ველური სასიცოცხლო ინსტინქტის უკიდურესი დაძაბვით ჯერ კიდევ
უმკლავდებოდა სიკვდილის ტალღისებურ შემოტევებს...
...იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, აწ მოვეშვათ გლახა იასონას და
ბუხუტია ბლაყუნას - თუ საჭიროებამ მოითხოვა, მერეც დავადგენთ, რა ბედი ეწიათ ან რა
ბედს ეწივნენ, ახლა კი ჩვენი ქაღალდითა და კალმით პრ. დიდებულიძესთან ერთად
თბილისს გავემგზავროთ.
გზად საყურადღებო არა შემთხვევია რა გარდა იმისა, რომ სანაკლიოში, სადაც თბილისის
მატარებლის გასვლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, გულმა არ მოუთმინა და
კიდევ ერთხელ მოინახულა მამისეული კარმიდამო.
ხოლო თბილისში ცამეტი წელი დაჰყო.
თვითონ ამ ცამეტი წლის გახსენება მაინცადამაინც არ უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ
სწორედ ამ დროს გასრულდა (თუკი საერთოდ დასაშვებია პროზად დაწერილ სერიოზულ
ოპუსში კაცმა ისეთი საეჭვო სიტყვა იხმარო, როგორიცაა „გასრულდა“) მისი განათლება
და სწორედ ამ წლებში აღიმართა წინაშე თვალთა მისთა სულისათა და გონებისათა ის
გრანდიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრა მრავალს უცდია, მაგრამ წარმატებისთვის
ვერავის მიუღწევია. დიახ. თვითონ ამ წლების გახსენება არ უყვარდა და შესაძლოა
მართალიც იყო, მაგრამ მე, ვითარცა მემატიანე, ვისაც უწინარეს ყოვლისა ობიექტურობა
მართებს, თავს უფლებას ვერ მივცემ პერსონაჟის გრძნობებს ავყვე და ამოდენა
მონაკვეთს ისე გადავახტე, საკვანძო მომენტებზე მაინც არ შევჩერდე; თუმცა, რაკი წლები
ვახსენე, ვიდრე საკვანძო მომენტებზე გადავალ, ერთ პატარა ქრონოლოგიურ ცხრილს
შემოგთავაზებთ, რომელიც, ადგილი რომ მეპოვნა, წესით აქამდეც უნდა
შემომეთავაზებინა: ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ისტორიას ვწერ! მართალია, ვცდილობ,
შეძლებისდაგვარად მხატვრული სახე მივცე, მაგრამ არსებითად ეს ისტორიაა, ისტორია
კი თარიღების გარეშე არ ვარგა.
ასე და ამგვარად -
პრ. დიდებულიძისათვის
1902 წ. - დაიბადა პრ. დიდებულიძის მამა
1910 წ. - დაიბადა პრ. დიდებულიძის დედა
1930 წ. - პრ. დიდებულიძის დედ-მამა დაქორწინდნენ
1931 წ. - (დეკემბრის 26, ოდეს ციოდა) დაიბადა თავად პრ. დიდებულიძე
1937 წ. - (შემოდგომა) პრ. დიდებულიძის მამა დააპატიმრეს
1939 წ. - დედა-შვილი სოფ. მაღლითში გადასახლდა; პრ. დიდებულიძე სკოლაში შევიდა
1944 წ. - პრ. დიდებულიძის დედა გათხოვდა
1946 წ. - პრ. დიდებულიძემ მაღლითის შვიდწლედი დაამთავრა და მთისძირის ათწლედში
განაგრძო სწავლა.
1949 წ. - პრ. დიდებულიძემ სკოლა დაამთავრა და თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე
1954 წ. - პრ. დიდებულიძემ უნივერსიტეტი დაამთავრა
1962 წ. - პრ. დიდებულიძე საცხოვრებლად (?) სანაკლიოში გადავიდა
სალომე ერისთავისათვის
1920 წ. - დაიბადა მამიდა ნატო
1922 წ. - დაიბადა მამიდა მაგდა
1927 წ. - დაიბადა მამიდა თეკლა
1932 წ. - დაიბადა მამიდა ნუცა
1961 წ. - დაიბადა თავად სალომე ერისთავი
ჩემთვის
1916 წ. - დაიბადა მამაჩემი
1918 წ. - დაიბადა დედაჩემი
1940 წ. - დედაჩემი და მამაჩემი დაქორწინდნენ
1941 წ. - დაიბადა ჩემი და - მარიხი
1943-50 წწ. - დაიბადნენ ჩემი დანარჩენი და-ძმები
1952 წ. - როგორც იქნა, მეც დავიბადე
სხვადასხვა
1925 წ. - დაიბადა სალომე ერისთავის მამა
1930 წ. - დაიბადა ვილენი
1931 წ. - დაიბადა ბიძაჩემი იონა
განსაკუთრებული გარემოებანი
1990 წ. - მე და სალომე ერისთავი იგოეთის მახლობლად ერთმანეთს შევხვდით
ახლა კი შეგვიძლია საკვანძო მომენტებსაც მივხედოთ.
უწინარეს ყოვლისა ის უნდა ითქვას, რომ თბილისს ჩასულმა პირდაპირ მამინაცვლის
სახლს მიაშურა, რაც ეჭვი არაა ყოველმხრივ სწორი გადაწყვეტილება იყო. მართალია, იმ
ხუთი წლის განმავლობაში, რაც ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, დედა-შვილი ერთმანეთს
იშვიათად ხვდებოდა, ვინაიდან დედა ძნელად იცლიდა მაღლითს ჩასასვლელად, შვილი
კი, საერთოდ, არც ერთხელ არ ჩასულა თბილისში, მაგრამ წერილებს კი, ასე თუ ისე,
რეგულარულად სწერდნენ ერთმანეთს, ხოლო წერილი ისეთი რამაა (ეტყობა, სწორედ
ამის თქმა უნდოდა სალომე ერისთავს რიკოთის მისადგომებთან), რაც უნდა ჯიუტი და
შეურიგებელი იყვნენ მხარეები, არ შეიძლება ნელ-ნელა არ მოლბნენ და ერთმანეთზე
გული არ მოუბრუნდეთ. თუმცა, გარდა წერილებისა, აქ განსაკუთრებით ნაყოფიერად
მუშაობდა დრო - ეს ყოვლისგამმსჭვალავი და ცოტა ურცხვი პანაცეა, რომელიც თავისი
უწყვეტი და შეუპოვარი დინებით ნელ-ნელა ყველაფერს ძირს უთხრის. არ შეიძლება აქვე
ისიც არ ითქვას, რომ პრ. დიდებულიძის ცვლილებებს დედამაც თავის მხრივ ცვლილებები
დაახვედრა. გარეგნულად თითქოს არაფერი შეტყობია - ისე მოეხვია, როგორც სხვა
დროს მოხვევია, ისე ჩაიკრა გულში, როგორც სხვა დროს ჩაუკრავს, თვალებიც ისე
აუცრემლდა, როგორც სხვა დროს აცრემლებია, მაგრამ პრ. დიდებულიძეს მოეჩვენა,
თითქოს დედას თითებიდან ახლა მეათასედი გრადუსით ნაკლები სითბო გამოსდიოდა,
ვიდრე სხვა დროს გადმოსვლია, და გულიც მეათასედი წამით ნაკლები სიხშირით
უძგერდა, ვიდრე სხვა დროს აძგერებია. თუმცა, იქნებ ამ მეათასედებში არც იყო საქმე! ან
კი ვის ძალუძს - თუნდაც ათასგზის შვილი იყოს - მეათასედი წამი და მეათასედი გრადუსი
იგრძნოს! იქნებ დედის ცვლილებათა მთავარი წყარო და, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი
ძალა ორი პატარა ბეღურა იყო, ორი პატარა ზღარბი, ორი წითელკაბიანი მურთხი - ერთი
ოთხი წლისა და მეორე ორნახევრის, რომელთაც სალოკი თითები ცნობისმოყვარედ
ედოთ პირში და შემწყნარებლური გაკვირვებით შემოსცქეროდნენ ძმას - ნახევარსა და
დიდს.
მოკლედ ამ ორმაგი ცვლილების წყალობით დედა-შვილის ურთიერთობამ რამდენიმე
დანაყოფის ქვემოთ, შედარებითი სიგრილის ზონისაკენ ჩამოინაცვლა, მოგვიანებით კი,
როდესაც პრ. დიდებულიძემ მისაღები გამოცდები დაამთავრა და სტუდენტი გახდა,
მშობლიურობის ამ განცდას, ისედაც, ცოტა არ იყოს, გაჭიანურებულს, ბასრი პირი
თანდათან მოუბლაგვდა და „დედა“, ეს ელვარე ხმალი, რომელიც შვილის ცხოვრების
ყველა წვრილმანზე აქამდე თავის ჭდეს ადებდა, ასაკის ქარქაშში იქნა ჩაგებული.
მამინაცვალს დიდი ბინა ჰქონდა და გერს ცალკე ოთახი მიუჩინა. და გერი
ნახევარდებთან, ნახევარმამასთან და აწ კი ალბათ უკვე ნახევარდედასთან ერთად თავის
ახალ ნახევაროჯახში დაბინავდა.
როდესაც დედამ და მამინაცვალმა გაიგეს, იურიდიულ ფაკულტეტზე აპირებდა ჩაბარებას,
გადაწყვეტილება ერთხმად დაუწუნეს. ოღონდ ამ სანაქებო თანახმიერებას საფუძვლად
სხვადასხვა მიზეზი ედო. დედა, მაგალითად, აილეწა. წამით სახეც წამოუხურდა. ეს არცაა
გასაკვირი: შვილმა რომ მამის პროფესია აირჩია, დედის გაბზარულმა სინდისმა ეს
საყვედურად მიიღო - ვინ იცის, ეგებ პატარა შურისძიებადაც კი - და ფეხქვეშ ნიადაგი
გამოეცალა. მამინაცვლის არგუმენტი გაცილებით უფრო რეალისტური, ლოგიკური და
პრაგმატული იყო. მამინაცვლის აზრით, იმ ვითარებაში, რაც იმჟამად ქვეყნად სუფევდა,
მათებრ საშუალო ადამიანი (მამინაცვალმა თქვა „ჩვენისთანა ადამიანი“ და პრ.
დიდებულიძე მიხვდა, რომ ამ კაცს თავისი ადგილი საბოლოოდ განესაზღვრა, როგორც
საშუალო, ოღონდ იმ პირობით, რომ გამონაკლისს არც სხვისთვის დაუშვებდა) რაც უფრო
შორს იდგება პოლიტიკისაგან, ისა სჯობს. იურისპრუდენცია კი პოლიტიზირებული
დისციპლინაა და საშიშია, ვინაიდან, იურისტს, თუ სინდისიც რამედ უღირს, მთელი
სიცოცხლე ბეწვის ხიდზე უხდება სიარული. სულ სხვაა, მაგალითად, მედიცინა. მედიცინა
ნაკლებპოლიტიზირებულ სფეროში იმყოფება და უფრო დამოუკიდებელიცაა.
მამინაცვალმა სხვა სპეციალობებიც იცოდა ასეთი - ვთქვათ, მათემატიკა და ბიოლოგია -
მაგრამ მედიცინას მათთან შედარებით ზოგი პრაქტიკული უპირატესობა ჰქონდა.
პრ. დიდებულიძემ ნახევარდედმამის რჩევა ყურად არ იღო და იურიდიულ ფაკულტეტზე
ჩააბარა. ჩააბარა შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად. ან კი მაღლითის იმ თეთრი
ღამეების შემდეგ, რომლებიც მამის დანატოვარი წიგნებით შესწავლას მიეძღვნა, ვინ
შეძლებდა მის შეფერხებას, თუნდაც იმაზე მეტადაც ეცადათ, ვიდრე სცადეს!
„ღირსებას სასწორზე ვერ დავდებ“, - თქვა პრ. დიდებულიძემ (ცოტა ამაყად კი მოუვიდა),
როდესაც სადიპლომო თემის ხელმძღვანელმა მარქსიზმის კლასიკოსების უადგილო
დამოწმება მოსთხოვა.
„მე თუ ვდებ, შენზე ნაკლები ბიჭი ვარ?!“ - იწყინა ხელმძღვანელმა, რომელიც მრავალი
გამოკვლევის ავტორი იყო და ამ საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა.
„თქვენ რა გიჭირთ, - მიუგო პრ. დიდებულიძემ, - თქვენ, ღირსებას რომც შეელიოთ, კიდევ
ბევრი რამ დაგრჩებათ საკომპენსაციო. მე რა ვქნა რომ სხვა არაფერი მაბადია!“
„თეთრ სახლში“, როდესაც ხელახლა ალაპარაკდა, პრ. დიდებულიძემ თქვა:
„საქართველოსგან ენაღა გადარჩა და თუ მაცხოვარი მეორედ მოსვლისას მართლა ამ
ენაზე აპირებს ქადაგებას, მაშინ ქურუმებს - ვფიქრობ, სიტყვა „სპეციალისტს“ ამ
შემთხვევაში სიტყვა „ქურუმი“ სჯობს - ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი: დიდი ასპარეზი
უნდა მივცეთ, დიდი ხელფასი და დიდი უფლებები, რათა მაქსიმალურად მოამზადონ ენა
ესე - დაწურონ, ჩამოქნან, სანთელივით აანთონ და მაცხოვარს ღირსი და საფერი
დაახვედრონ“.
„ადამიანი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - მარადისობისა და დროის ნაჯვარია.
პრ. დიდებულიძე ადამიანია; მაშასადამე, პრ. დიდებულიძე მარადისობისა და დროის
ნაჯვარია“.
„და თუ შრომამ, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ - გარკვეული აზრით მართლა
შექმნა ადამიანი, მაშინ მე, გარკვეული აზრით, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ამ უხამსი
დებულების არგუმენტი ვიყავი“.
„როგორც კი იმას დავუშვებთ, რომ საწუთროს ან აუცილებლობა განაგებს, ან
შემთხვევითობა (რაც თავისთავად შეცდომაა), - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
მყისვე უნდა ვაღიაროთ, რომ აუცილებლობა განაგებს და არა შემთხვევითობა, ვინაიდან,
თუ შემთხვევითობა განაგებს და ყველაფერი, რაც ხდება, შემთხვევით ხდება, გამოდის,
რომ შემთხვევითობას ალტერნატივა არა ჰქონია და, მაშასადამე, აუცილებლობით
ყოფილა გამოწვეული“.
სიკვდილის იდუმალ ძლევამოსილებაში პრ. დიდებულიძემ ადრევე დაინახა ყოველთა
სატანჯველთაგან დიდი განთავისუფლება, მაგრამ მაშინ ეს აღმოჩენა შორეული და
ბუნდოვანი იყო, როგორც ფერმიხდილი მთვარე ვარდისფერი ღრუბლების უკან. ამიტომ
არ აჩქარებულა.
სანაკლიოში რომ დასახლდა, პრ. დიდებულიძეს მოულოდნელად ენციკლოპედიური
განათლების მქონე კაცის სახელი გაუვარდა, რაც, როგორც უკვე ვიცით, სრული
სიმართლე იყო.
„მომეცით ას ორმოცდაათი ასეთი დღე, - გაიფიქრა გაზაფხულის ერთ მზიან დილას
ახლადგაღვიძებულზე პრ. დიდებლიძემ, - და სამყაროს საიდუმლოს ხონჩით
მოგართმევთ“.
საკუთარი საკვანძო სისულელეები რომ გააანალიზა, პრ. დიდებულიძემ, გადაწყვიტა
ექსპერიმენტატორი გამხდარიყო, რომელიც ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებს.
„რომელია ყველაზე გავრცელებული ძირი ქართულ ზმნაში?“ - მკითხა მოულოდნელად
და, „ყენ“-მეთქი, რომ ვუთხარი, კმაყოფილი დარჩა.
„„არაფერი“ არის საწყისი, ცენტრი, არსი, „ყველაფრის“ ტრანსცენდენტი, „ყველაფრის“
ერთი, ერთადერთი ჭეშმარიტება“, - წყალდიდობასავით ალაპარაკდა „თეთრ სახლში“
პრ. დიდებულიძე.
„ნეტა შესაძლებელია თუ არა შინაგანი ძალდატანების გარეშე უპოვრად იცხოვრო და
სხვათა ხარბ ფაციფუცს მშვიდად უცქირო?“ - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ და
ახალი დიდი ექსპერიმენტი წამოიწყო.
„ეს კაცი ცდილობს, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ, - ცხოვრებას რეალური საყრდენი
გამოაცალოს და ისე მოეპყრას, როგორც ესთეტიკის საგანს. მაგრამ ასეთი რამ ხომ
მხოლოდ მცირე ხნითაა შესაძლებელი!“ მერე, ფიქრს რომ მორჩა, ბიძაჩემს შეხედა, წამით
თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: „თქვენ ცდილობთ, ცხოვრებას რეალური საყრდენი
გამოაცალოთ და ისე მოეპყრათ, როგორც ესთეტიკის საგანს. მაგრამ ასეთი რამ
მხოლოდ მცირე ხნითაა შესაძლებელი“.
პრ. დიდებულიძე საკუთარ თავს ყოველთვის ინტერესით ჩაჰკირკიტებდა, მაგრამ,
მეცნიერება რომ მიატოვა, სულ მთლად თვითშემეცნებაზე გადაერთო, რათა პირად
მაგალითზე ადამიანი შეეცნო და ქმედებათა ზოგად მოტივაციაში გარკვეულიყო. სწორედ
მაშინ იყო, შეიცან თავი შენიო, ისე რომ გაიფიქრა, თითქოს ამერიკა აღმოეჩინოს.
„მე ადამიანურ მანკიერებებს ჩემს თავში დავუწყე ძებნა, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - და რამდენადაც შემიძლია ამ სფეროში კომპეტენტური ვიყო, ყველა
ვიპოვე“.
იყო მომენტები, როდესაც პრ. დიდებულიძე თავადაც დაეჭვდებოდა, ნეტა გიჟი ხომ არა
ვარო, და ამ ეჭვს მაღალი მეცნიერული გულმოდგინებით იკვლევდა (რაც არც ჩვენ
გვაწყენს).
„არსებობა გამოცანაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - და ჩვენ ყველანი -
გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებით თუ
ძალით - ჩვენი შესაძლებლობის კვალობაზე მხოლოდ ამ გამოცანის გამოცნობას
ვლამობთ, სხვა ამის მეტი საწუთროში არაფერი გვესაქმება“.
„ქართველები რომ ერთი შეხედვით პირწავარდნილი ნაციონალისტები ვართ, - გაიფიქრა
ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ეს მცდარი დასკვნაა, რომელიც ცრუ წანამძღვრებიდან
გამომდინარეობს. ნაციონალისტობამდე ჯერ ბევრი გვიკლია. ნაციოანლისტები კი არა
ვართ, უბრალოდ, დედის ძუძუს ვერ მოვშორებივართ, და თუმც გარეგნულად ეს მართლა
ჩამოჰგავს ნაციონალიზმს, სინამდვილეში ჩვილის უსუსურობაა - პიროვნული
დამოუკიდებლობის პანიკური შიში და განვითარების ისეთი დონე, როდესაც ცნობიერება
დაუნაწევრებელია და ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მხოლოდ ერთმანეთის
მეშვეობით შეიგრძნობენ, საერთო მამა უნდათ“.
„დრო ერთგვარი „ზეგარდმო გველეშაპია“, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ჩვენ
დაბადების ძალით მის ბნელ ხახაში ჩავცვივდებით და სიკვდილის ძალით მისი უკანა
ტანიდან გამოვალთ, ხოლო დაბადებასა და სიკვდილს შორის გველეშაპის წიაღში
მიმოვიქცევით, სადაც ქაოსი და შიშია“.
პრ. დიდებულიძე ჯერ კიდევ პატარაობისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ომის წინააღმდეგ
ყველაზე ქმედითი ზომა არის დანებება, და რომ მხოლოდ დანებებათა ჯაჭვს შეუძლია
ომები საბოლოოდ გააუქმოს, მაგრამ ეს დასკვნა იმდენად ცხადი ჩანდა, ვერ დაიჯერა,
იფიქრა, ალბათ, რაღაც შეცდომას ვუშვებ, თორემ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას აქამდეც
ხომ აღმოაჩენდნენო, და მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც წამოიზარდა და ინდუქციური
მეთოდის მოშველიებით თანდათან დაადგინა, რომ ადამიანი გენეტიკურად სულელია,
კვლავ ბავშვობის დროინდელი დასკვნისკენ გადაიხარა.
როდესაც საკუთარ მამაზე უფროსი შეიქნა, პრ. დიდებულიძემ თავი უხერხულად იგრძნო
და გაიფიქრა: „უხერხულია, ადამიანი საკუთარ მამაზე უფროსი იყო“.
შაბათობით, მზის ჩასვლის ხანს, პრ. დიდებულიძეს ქალაქის სამხრეთ გარეუბანში უყვარდა
გასეირნება, სადაც ერთი პატარა ხის სახლი იდგა, რომლის ცქერა დიდსა და აუხსნელ
სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ერთ დღეს აღარც ის სახლი დახვდა.
ერთხელ, როდესაც დიასახლისმა ხორცის კონსერვი მოიტანა და პრ. დიდებულიძეს
ხალისიანი ტრაბახით ახარა - ამას რეპრესირებულთა ოჯახებს უფასოდ ურიგებენო, თუ
გყავს ვინმე რეპრესირებული, უშიშროებაში ცნობა აიღე და შენც მოგცემენო, მე
რეპრესირებული არავინა მყავს, მაგრამ ნაცნობობით ვიშოვეო, პრ. დიდებულიძემ
გაიფიქრა: „ამ ქალისთვის ეგებ მართლა უფასოა, რაკი მას რეპრესირებული არავინა
ჰყავს, ჩემთვის კი ეს მამაჩემის სისხლის საფასური იქნება. მერედა, განა შეიძლება,
ადამიანმა მამის სისხლში კონსერვი აიღო?!“
„ჩვევებსა და ჩვეულებებზე გაზრდილი ადამიანისათვის, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - გავარვარებულ კრატერში ჩახტომა იოლი არ არის, მაგრამ არსებობს
ერთი მარტივი ხერხი: გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, ამ გადაწყვეტილებით
შეიარაღებული ყოველდღე (უმჯობესია ერთსა და იმავე დროს) შეგულებულ კრატერთან
უნდა მიხვიდე. პირველ ხანებში შენი გადაწყვეტილება კრატერთან მიახლოებისთანავე
გაქრება, ვითარცა დილის ნამი და უდღეური თეორია, მაგრამ მერე და მერე ძალის
მოკრებას დაიწყებს, თანდათან გამყარდება, გადაწყვეტილების იმპულსებიც ნელ-ნელა
თეორიული სფეროდან გამოვლენ და ნერვულ ქსოვილში შეაღწევენ, რისი წყალობითაც
ფსიქოლოგიური მზადყოფნა დღითიდღე გაძლიერდება და დროთა განმავლობაში
ისერიგად ამაღლდები შიშზეც და საცთურზეც, რომ ბოლოს და ბოლოს განაზრახს
მშვიდად და ღირსეულად შეასრულებ... ერთი სიტყვით, ყოველდღე, პირველ ხანებში, მერე
და მერე, თანდათან, ნელ-ნელა, დღითიდღე, დროთა განმავლობაში, ბოლოს და
ბოლოს... ოღონდ კრატერის პოვნაა ძნელი“.
„იმ მომეტებულ ემოციაში - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რასაც ჩვილი ბავშვის
მიმართ ვიჩენთ ხოლმე, აშკარად ჩანს კანიბალიზმის კვალი. ჩვენ გვიყვარს ბავშვი,
ვითარცა პოჭოჭიკი. „შეგჭამ-შეგჭამ-შეგჭამ!“ - ნერწყვმომდგარი პირით ვეთამაშებით
ბავშვს, ჭკუას ვკარგავთ ბავშვის სუნზე და, როცა ვკოცნით, კოცნა ჩვენდაუნებურად კბენაში
გადაგვდის“.
„ჩემი ექსპერიმენტის ერთი ფუძე კოორდინატი იმაში მდგომარეობდა, - გაიფიქრა
მოგვიანებით პრ. დიდებულიძემ, - რომ მუდამ იმას ვამბობდი, რაც სიმართლედ მიმაჩნდა,
მაგრამ ადამიანს, თუ შეშლილი არაა, ამის უფლება არა აქვს“.
„რომ მატერია სენია, რომელიც დაბადებით შეგეყრება, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - ხოლო სიკვდილი მისგან განკურნება, ამის დაჯერება იოლია, დასაბუთება
კი ძნელი“.
„ჩემი მთავარი ნაკლი ის არის, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ჩემთა
ღირსებათა წარმოჩენა არ მეხერხება, ხოლო ჩემი მთავარი ღირსება ის არის, რომ ყველა
ჩემს ნაკლს მეთოდურად ვაცნობიერებ“.
ბევრი იფიქრა სიკვდილის თაობაზე თუ ცოტა, პრ. დიდებულიძე ბოლოს და ბოლოს იმ
დასკვნამდე მივიდა, რომ ჭეშმარიტების დადგენა მხოლოდ ცდით შეიძლება.
„სიცოცხლე ცვლადი დენივითაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - უწყვეტობის
შთაბეჭდილებას იმით ქმნის, რომ გამუდმებით ინთება და ქრება“.
„ღვთის სახის ხილვა“,- გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - მეტაფორაა და
სინამდვილეში ნიშნავს არა ღვთის სახის ხილვას, არამედ მაქსიმალური სიცხადით
(ოღონდ არა მხოლოდ თვალით და არა იმდენად თვალით) დანახვას. „ღვთის სახე“ არის
ხედვის მკაფიოების ზედა ზღვარი, როდესაც საგანი ირღვევა და საგნის მიღმა არსი
გამოჩნდება“.
„ყველაზე უფრო ქართული სიტყვებია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - „ფახი-
ფუხი“, „რახა-რუხი“, „ფართი-ფურთი“ და „ბაქი-ბუქი““.
„ციხეც ხომ პატიმარია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რაკი პატიმარსაა
მიჯაჭვული! პატიმრის დარაჯიც ხომ პატიმარია, რაკი პატიმარსაა მიჯაჭვული! პატიმრის
ბადრაგიც ხომ პატიმარია, რაკი პატიმარსაა მიჯაჭვული! პატიმარს სურვილი მაინცა აქვს
განთავისუფლების; იმათ ესეც არა აქვთ“.
„მე ლოგიკა იმისთვის მჭირდება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ლოგიკის
მეშვეობით ლოგიკის ალყა გავარღვიო და ლოგიკის სამფლობელოდან ისეთ არეში
გავიდე, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს ხომ ლოგიკურად
გადაუჭრელი ამოცანაა!“
„ადამიანი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - იბადება დროში, სივრცეში და ენაში“.
„როცა სხვა კვდება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - თამამად გამომაქვს
დასკვნა და დარწმუნებით ვამბობ: „მოკვდა“. მაგრამ მე თვითონ რომ მოვკვდები, როგორ
უნდა მივხვდე, რომ მოვკვდი? და თუ ვერ მივხვდები, ხომ არ არის ეს იმის მანიშნებელი,
რომ „სხვა“ მოკვდავია, „მე“ უკვდავი, ხოლო ინდუქცია - სისულელე?“
„არაფერია საშიში იმაში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ჩემი მოსაზრება
ლუციფერის მოსაზრებას დაემთხვეს, თუკი იმავდროულად ჭეშმარიტებასაც დაემთხვევა“.
„მიზანი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სხვა არა არის რა, თუ არა ცნობიერების
ზედნაშენი, ხოლო თავად ცნობიერება სანთელია, რომელიც წუთისოფლის ბნელ
გვირაბში შემოსვლისას გვეძლევა, გასვლისას კი ისევ ჩამოგვერთმევა“.
„მხატვარი რომ საკუთარ ნახატს გაჩუქებს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
საამაყო კია, მაგრამ ცოტა საჩოთიროცაა, ვინაიდან, მოგწონს თუ არა, მაინც კედელზე
უნდა გეკიდოს, თორემ, ავტორმა რომ გაიგოს კედელზე არ გიკიდა, შეიძლება ეწყინოს“.
„თუ იმას დავამტკიცებ, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ მატერიალური
სამყარო არის რეალური სამყაროს წონასწორობის დარღვევა, მაშინ ისიც დამტკიცდება,
რომ ბოროტება თავისუფლების ნაკლებობაა და არა თავისთავადი რამ საბაზისო
კოორდინატის“.
„ჩვენ ისე ვცხოვრობთ გრძნობად სამყაროში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
როგორც ბაღლინჯოები სამტრედიის სასტუმროში. ჩვენ პრინციპულად არ ძალგვიძს
დავადგინოთ, თუ რა კანონები მართავს ამიერსოფელს. ყოველ შემთხვევაში, მტკიცება
იმისა, თითქოს მორალური კანონები მართავს, ძირშივე მცდარია, ვინაიდან, თუმც
მრავალი მაგალითი გვაქვს ამ აზრის დამადასტურებელი, მრავალი მაგალითი ამ აზრის
უარმყოფელი გვაქვს. ესეც არ იყოს, დანამდვილებით არავინ იცის, რას ნიშნავს
„მორალური კანონები“. საზოგადოდ, ადამიანმა თვითნებურად და დაუმსახურებლად
გამოაცხადა თავი „ბუნების გვირგვინად“. მართლაც, თუ მხედველობაში მივიღებთ
უსასრულობას, როგორც რეალურ კატეგორიას, ადვილად დავინახავთ, რაოდენ მყიფეა
ეს პრეტენზია. ჩვენ მეტ-ნაკლებად ვიცით, რა მოხდა, მაგრამ სრულებით არ ვიცით, რა
მოხდება, ამიტომ არ შეგვიძლია გრძნობადი სამყაროს შესახებ რაიმე ისეთი აზრი
შევიმუშავოთ, არსებობის უფლება ჰქონდეს. სამტრედიის სასტუმროში, მახსოვს, ბევრი
ბაღლინჯო იყო. დროის, სივრცის, ისტორიის, გეოგრაფიისა და კონსტიტუციის
თვალსაზრისით ბაღლინჯოები იმ არეალში ცხოვრობდნენ, რომელშიაც სასტუმროს
შინაგანაწესი მოქმედებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს შინაგანაწესი ბაღლინჯოებზე
ვერ ვრცელდებოდა. მართალია, შესაძლებელი იყო ცალკეული ბაღლინჯო ზოგჯერ ამ
შინაგანაწესის ბორბლებში მოყოლილიყო, მაგრამ ეს შემთხვევის კაპრიზი იქნებოდა არა
შესაბამისი პარაგრაფის კანონზომიერი მოქმედება. სწორედ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ
საწუთროში, მაგრამ თუ ამ საწუთროს მართლა რაიმე კანონი განაგებს, ეს კანონი ჩვენ არ
გვეხება; ჩვენ ამ კანონისას მხოლოდ შემთხვევით ანარეკლებს ვხედავთ და, გარდა ამისა,
ზოგჯერ, ვითარცა ბაღლინჯოებს, ბუნდოვანი რეკომენდაციები გვეძლევა, რომელსაც
რელიგიას ვუწოდებთ და უგულებელვყოფთ, ვინაიდან არ ვიცით ვისგან გვეძლევა, რა
მიზნით გვეძლევა და რატომ გვმართებს მათი აღსრულება. ჟამიდან ჟამზე რომელიმე
კანონის შემთხვევითი ათინათი იმდაგვარად მოგვხვდება თვალში, რომ ჩვენი
მიამიტობით გვგონია, თითქოს შეგვიძლია ბალავრად გამოვიყენოთ და ზედ საჩვენო
კანონები დავაფუძნოთ. ამგვარ ათინათს „სიკეთეს“ ვეძახით, თუმცა რას ვგულისხმობთ ამ
გამოთქმაში, მთლად ზუსტად არ ვიცით. ისიც არ ვიცით, რატომ ვთვლით, რომ „სიკეთე“
კარგია (სასარგებლო), ხოლო „ბოროტება“ ცუდი (მავნებელი). ჩვენ ხომ არავითარი
საბუთი არა გვაქვს იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან რითიმე განსხვავდებიან, და თუნდაც
განსხვავება დავადგინოთ, იმას მაინც ვერ დავადგენთ, რომ სტრატეგიულად ერთი უფრო
სასარგებლოა, ვიდრე მეორე. ამიტომ ჩვენი მეცადინეობა - კანონთა შემთხვევითი
ანარეკლებიდან და ისეთი ფაქტებიდან, რომელთა არსში წვდომა არ ძალგვიძს,
ყოვლისმომცველი დასკვნები გამოვიტანოთ - ფუჭია და უნაყოფო“.
„ღამის დარაჯობა საუკეთესო საქმიანობაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
რასაც თავის დროზე აინშტაინიც მიხვდა; ამ საქმიანობას მხოლოდ შეშლილის ცხოვრება
თუ შეედრება“.
პირველი დამწყვდევის შემდეგ პრ. დიდებულიძეს ასეთი ჩვევა დასჩემდა: დროდადრო
შეჩერდებოდა, თავს მაღლა ასწევდა, გაირინდებოდა და ჩაილაპარაკებდა: „აი, შე
რეგვენო!“, რის შედეგადაც თვითონ კი ინტელექტუალური ნაკადის მოზღვავებას
გრძნობდა, მაგრამ მსმენლები მის ნათქვამს ზოგჯერ თავიანთ თავზე იღებდნენ და
სახიფათო სიტუაცია იქმნებოდა.
„იქ მირჩევნია, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ, როცა სიკვდილის მიმართულებით აქტიური
სვლა გადაწყვიტა, - იქ ისეთ ხალხში ვიქნები, ვისაც სიხარბის სენი უკვე მოხდილი აქვს“.
„თუ გამომეღვიძა, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ ერთხელ, როდესაც საუცხოო სიზმარში
იყო, - ყოველივე ამას წვრილად აღვწერ და, ვინ იცის, ეს აღმოჩნდეს საუკეთესო, რაც კი
ოდესმე შემოქმედის ხელიდან გამოსულა“.
„რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? რა არის თავისუფლება? - გაიფიქრა ერთხელ
პრ. დიდებულიძემ, - აი, სრული სია იმ კითხვებისა, რომელთა უკან ჭეშმარიტებაა“.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, - გაიფიქრა ერთხელ, ახალგაღვიძებულზე, პრ. დიდებულიძემ, -
თითქოს ჩემი ცხოვრების სცენარი წაკითხული მქონდეს“.
„როდესაც სატანა პერსონაჟს უდებს ხელშეკრულებას, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - ამ აქტში ყოველთვის გამოკრთის ავტორის მალული ნატვრა, მას
დაუდოს სატანამ ხელშეკრულება და არა პერსონაჟს“.
„იქნებ დრო კავშირის საშუალებაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - გამტარი,
რომელიც სიცარიელეს მანძილად აქცევს; იგი ჩვენს გარეთაა (ჩვენს შიგნით სულია და
მარადისობა), მხოლოდ მატერიაში მოძრაობს და, არსებითად, თვითონაც მატერიაა,
ყოველ შემთხვევაში, იმ აზრით, რა აზრითაც ყურძენი ღვინოა: ყურძენი შეგვიძლია
ვაქციოთ ღვინოდ, მაგრამ ღვინოს ყურძნად ვეღარ ვაქცევთ; ასევე მატერიას დროდ
ვეღარ ვაქცევთ, მაგრამ მატერია კი დროის პროდუქტია“.
„ადამიანი ცდილობს დიდხანს იცოცხლოს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
რატომ? განა მარადისობის თანდაყოლილი შეგრძნება, რისი მეშვეობითაც სულის
უკვდავება გონებას ეუწყება, იმის ლოგიკური საფუძველი არ არის, რომ კაცი
სიცოცხლისგან განთავისუფლებას ესწრაფვოდეს და არა სიცოცხლის
გახანგრძლივებას?! ჩვენ კი გახანგრძლივებას ვესწრაფვით. მაშასადამე, ადამიანში არის
ლოგიკის საპირისპირო რაღაც ძალა, რომელიც ლოგიკას არათუ ტოლს არ უდებს,
ზოგჯერ აღემატება კიდეც. მაგრამ მაშინ ბუნებრივია ვიკითხოთ: სად არის ეს ძალა? თუ
ჩვენი არსების წარმავალ ნაწილშია, რატომ ვერ გვიპოვია და რატომ ვერ განგვიმარტავს
ისე, როგორც ვიპოვეთ და განვმარტეთ ლოგიკა? თუ ჩვენი არსების მარადიულ ნაწილშია,
რატომ ცდილობს რაც შეიძლება გვიან მივიდეს იქ, საცა წესით უნდა მიიჩქაროდეს? მე ამ
კითხვაზე პასუხი არა მაქვს და ვეჭვ ვინმეს ჰქონდეს“.
„ნიშანდობლივია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, როდესაც სიტყვა „წალეკვა“
გაახსენდა, რომ ისეთი სისხლიანი და ხანგრძლივი ტრაგედიისგანაც კი, როგორიც იყო
ლეკთა თარეში, საბოლოო ჯამში სიტყვა შევქმენით, რათა ენა გაგვემდიდრებინა“.
„რასაც სიკვდილის შიშს ეძახიან. - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სინამდვილეში
შურია: შენ არ იქნები, სხვები კი იქნებიან; შენ ვერ დაიკმაყოფილებ ცნობისწადილს, სხვები
კი დაიკმაყოფილებენ. არადა, შური არც ისე ძნელი დასაძლევი უნდა იყოს. P. S. შიში
რაღაა?“
ერთხელ ერთმა შაკიკიანმა მანდილოსანმა, რომელსაც დროდადრო ხილვები ეწვეოდა
ხოლმე მამაკაცების სახით, პრ. დიდებულიძეში უცხოპლანეტელი შეიცნო, რაც მტკნარი
სიცრუე და ღრმა სისულელე იყო.
„იქნებ ჩემი გზა დეგრადაციის გზაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - მაგრამ ვის
ძალუძს ამის დამტკიცება?“
სიკვდილის თეორიამდე უკვდავების თეორიის შექმნას ცდილობდა, და მხოლოდ მას
შემდეგ, რაც დაკვირვებათა წყების მეშვეობით რამდენჯერმე უაღრესად მკაფიოდ
იგრძნო, თუ რაოდენ დამამშვიდებელია ზოგჯერ იმის გახსენება, რომ სიცოცხლე
მარადიული არ არის, საბოლოოდ იწამა სიკვდილის თეორიის უპირატესობა.
„ამას წინეებზე გავიფიქრე, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ცდება-მეთქი
პლატონი, როცა ამტკიცებს, ვითომდა სიკვდილი და სიცოცხლე მკაცრად
ურთიერთგანმაპირობებელი ძალებია, და ხანმოკლე ანალიზის შედეგად დავასკვენი,
რომ სიცოცხლე კი მართლა მხოლოდ სიკვდილისგან გამომდინარეობს - და აქ
ერთადერთი საფუძველი ძალაშია - მაგრამ სიკვდილი არ გამომდინარეობს მხოლოდ
სიცოცხლისგან - და, შესაბამისად, აქ ერთადერთი საფუძველი მოხსნილია; სამწუხაროდ,
ახლა, როცა ყოველივე ეს ისევ მომაგონდა, იმას ვეღარ ვიგონებ, თუ რა წანამძღვრებზე
ავაგე ეს დასკვნა“.
„ჩვენ ისტორია საკმარისი გვაქვს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - კულტურაც
საკმარისი გვაქვს, გონი და სულიც საკმარისი გვაქვს, მაგრამ მიზეზთა სხვათა და სხვათა
გამო საზოგადოებად ჩამოყალიბება ვერ შევძელით. საზოგადოება ერთიანი ხაზია,
რომელსაც მიმართულება აქვს, ჩვენ კი ჯერ ცალ-ცალკე წერტილების გროვა ვართ;
საზოგადოება ერთიანი ქსოვილია, რომელსაც დანიშნულება აქვს, ჩვენ კი ჯერ ცალ-
ცალკე ნაკუწები ვართ“.
„ნეტა როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
პროლეტარ ჟორჟიკას რომ ჩემი სახლი არ მოსწონებოდა, ან მენშევიკები არ
გაქცეულიყვნენ, ან მარქსი არ გაჩენილიყო? რა სამწუხაროა, რომ ასეთ კითხვებზე პასუხი
არ არსებობს!“
„თუკი ემპედოკლემ ისე დაასრულა სიცოცხლე ეტნას კრატერში, რომ ისტორიას ერთი
გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რატომ
უნდა იყოს ჩემთვის იგივ საქციელი - თუ ეტნაში არა, რომელიმე ნაკლებად პოპულარულ,
მაგრამ არანაკლებად გავარვარებულ კრატერში - გამრუდებული ფსიქიკის ნიშანი?“
„მე მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე იმ ზომამდე მიყვარდა სიმართლე, - გაიფიქრა
ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ შეუძლებელი იყო პესიმისტი არ გავმხდარიყავი“.
„ადამიანი უფრო მეტად გვიყვარს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ვიდრე
ცხოველი; ახლობელი ადამიანი უფრო მეტად, ვიდრე შორებელი; „სისხლი და ხორცი“
უფრო მეტად, ვიდრე უცხო. აქედან კი ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად გამოდის დასკვნა:
ადამიანში ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს და რაც უფრო მეტია ჩვენი „საკუთარი თავი“
ადამიანში, მით უფრო მეტად გვიყვარს ეს ადამიანი. რაღა თქმა უნდა, ეს ეგოიზმია, მაგრამ
ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ეგოიზმია. მართლაცდა, ყველა ერთნაირად რომ
გიყვარდეს, რამდენს ვეყოფით და რამდენს გავწვდებით?! ვინ გაუძლებს თუნდაც ნახევარ
დღეს, ყველა ბავშვის სიკვდილს რომ ისე განიცდიდეს, როგორც საკუთარისას?.. მაგრამ,
თუ ეს დებულება მართლა ისეთი მტკიცე და შეუვალია, როგორც მე მგონია, მაშინ რას
ნიშნავს უფლის სენტენცია: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“? რისი თქმა
სურდა უფალს?..“
„ცნობიერება ამპარტავანია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ვის ადგილასაც არ
უნდა წარმოიდგინო თავი, ყოველთვის შენი გირჩევნია“.
„სიცოცხლე, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - არის უდაბნოს გადასერვა
ოკეანიდან ოკეანემდე. შიმშილი, წყურვილი, ტკივილი; ქანცის გაწყვეტა და იმედის
გადაწურვა; ხან პაპანაქება სიცხე, ხანაც დამაზრობელი ყინვა... სვლა შეუსვენებლივ.
ირგვლივ მხოლოდ უდაბნოა და არაფერია უდაბნოს გარდა... მაგრამ ბოლოს ცისფერი
ოკეანე გამოჩნდება, მაცოცხლებელი სიო დაუბერავს, ნამი სიყვარულით მოგელამუნება
და შენც - არაქათგამოცლილი, გაოფლილი, დაჩეჩქვილი და დასისხლიანებული - ამდენი
შიშის, ამდენი ჯაფის, ამდენი ტკივილის, ამდენი ტანჯვის შემდეგ გრილ ტალღებში
გადაეშვები და ერთბაშად დაგავიწყდება ყველაფერი, ყველა განსაცდელი და ყველა
სიმწარე, რაც გამოიარე...
ხოლო ზემორე დაკვირვებიდან დამატებით ის საინტერესო დასკვნაც გამოდის, რომ
თვითმკვლელობა მირაჟია და ცისფერი ოკეანის ცრუ მოლანდება“.
„აწმყოს ყოველ წერტილში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ადამიანი თავისი
წარსულის თვისობრივი ჯამია. ამიტომ წარსულისგან გაქცევა შეუძლებელია. ჩვენ რომც
შევძლოთ წარსულის დავიწყება, წარსული ჩვენს დავიწყებას ვერ შეძლებს. იგი ჩვენს
სისხლშია გახსნილი და მომავალში გადადგმულ ყველა ჩვენს ნაბიჯს თავის დაღს ასვამს“.
„მე რომ ბავშვობაში და ბავშვობის მერეც ომის რაობაზე ვფიქრობდი და ვითომ რაღაც
დასკვნებიც გამომქონდა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - იქნებ სწორი ახსნა ის
არის, რომ, რაკი ადამიანს ისეთი მტერი არ ჰყავდა, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის
საყოველთაო თამაშში ჩააბამდა, იძულებული შეიქნა თვითონ გახდომოდა მტრად
საკუთარ თავს, რათა ბუნებრივი გადარჩევის ხელოვნური საშუალება გამოეგონებინა. ამ
თვალსაზრისით ომები, ვინ იცის, უღრმესი ონტოლოგიური კოორდინატებიდან
აღმოცენდება და ისეთივე სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც სიკვდილი“.
„მე საკუთარი თავი ისე გავიცანი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - როგორც
მეზობლის სარდაფში მცხოვრები კაცი, რომელსაც ქუჩაში სეირნობისას სარკმლიდან
უყურებ ხოლმე - და მიღებული ცოდნა ჩემს არსებობას ფარანივით მივანათე, რათა
დაფარული ცხადმეყო, მაგრამ რა ვიცი მე დღეს ჩემი არსებობის შესახებ?..“
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს პარადოქსს ჰგავს, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - სიტყვა „ყველგან“ სასრულოვნებას აღნიშნავს (რაც ენის ბუნებიდან
გამომდინარეობს და არა ფიზიკის ბუნებიდან). უსასრულობის აღმნიშვნელი სიტყვა არის
„არსად“. საქმე ისაა, რომ სიტყვას „ყველგან“, თუ ენას კარგად მივაყურადებთ, საწყისის
ნიშანი აქვს. საწყისის მქონე კი არ შეიძლება სასრულის მქონეც არ იყოს. სიტყვას „არსად“
არა აქვს საწყისი. „არსად“ თვითონ არის საწყისი, ოღონდ არა საკუთარი თავისა, არამედ
„ყველგან“ -ისა. მაგრამ ეს ცოდნა, სამწუხაროდ, მხოლოდ ინტუიციის მეშვეობით შეიძლება
მოპოვებულ იქნას, რის გამოც ლოგიკურ ჯაჭვში მისი ჩადება ვერ ხერხდება“.
„დრო აკვარიუმია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომლის გარშემო ღვთის
სული ტრიალებს. ღვთის სული აკვარიუმში ვერ შეაღწევს, ვინაიდან ღმერთს არ ძალუძს
დროში ღმერთი იყოს. ჩვენ ვხედავთ ღვთის სულის ანარეკლს და ვიცით, რომ იგი
გარეთაა. სხვა ამის მეტი არაფერი ვიცით“.
„პატიოსნების ხარისხი იზომება არა წესიერი და უწესო ქცევათა რაოდენობით, - გაიფიქრა
ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რამეთუ ქცევა თავისი ბუნებით შემთხვევითია, არამედ იმ
შეგრძნებით, რომელიც ამა თუ იმ საქციელის ჩადენისას გვეუფლება“.
„რასაც ბედნიერებას ეძახიან, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - შემთხვევითი და,
მკაცრად თუ ვიტყვით, არაბუნებრივი განცდაა, რომელსაც ორი პოლარული მიზეზი იწვევს:
ერთია, როცა არსებობის სამი დიდი ნიშანი - გონება, გრძნობა და ვითარება - რაღაც
მომენტში ერთმანეთს დაეწევიან და წამით ერთ ხაზზე განლაგდებიან, და მეორეა, როცა -
პირიქით - ეს ნიშნები ისე დაშორდებიან ერთმანეთს, რომ მათ შორის კავშირი წყდება,
რის გამოც თითოეული მათგანის მოქმედების არეში ჩნდება ერთადერთობისა და
უზენაესობის ცრუ შეგრძნება. პირველ შემთხვევაში ბედნიერება ზერელე და მდაბიურია,
მეორეში - ნატიფი და შფოთიანი. პირველი ყველას გამოგვიცდია, მეორე მხოლოდ
შეშლილებისა და ნახევრადშეშლილების ხვედრია. ხოლო არსებობის ნიშანთა ბუნებრივი
თანმიმდევრობა, როცა კაცი სავსებით დაზღვეული ხარ ბედნიერებისაგან, ისეთია, რომ
გრძნობა ერთი ნაბიჯით ჩამორჩება გონებას და ასევე ერთი ნაბიჯით უსწრებს ვითარებას“.
„ეგრეთწოდებული „დიდი გრძნობები“,- გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - არის არა
დიდი, არამედ კონცენტრირებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მათი სიდიდე მათივ
ხანგრძლივობის უკუპროპორციულია“.
„მერედა ეს მზესავით ქალი ამისთანა ხეპრეს როგორ გაჰყევით?“ - გულუბრყვილო
პათოსით წარმოთქვა პრ. დიდებულიძემ თავისი ერთი საკვანძო სისულელეთაგანი და
პასუხად სილა მიიღო, რაც უაღრესად სახიფათო რეაქციაა, ვინაიდან ამგვარი სტიქიური
ფამილარობა ხშირად შორს მიმავალი დასკვნის მიზეზი ხდება. მართლაც, ეს თამამი
რეპლიკა ქალმა დიდხანს არ დაუვიწყა და ტრფობის ისეთი ცეცხლი შემოუნთო, კიდევ
კარგი ქმარმა იმარჯვა, თორემ საქმე შეიძლება ქორწინებამდე მისულიყო.
„ბრძენი კაცები, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - საჭირონი არიან, ვინაიდან
ერთი და იმავე პრობლემიდან, როგორც წესი, სხვადასხვა დასკვნა გამოაქვთ,
რომელთაგან მეტ-ნაკლებად ყველა მცდარია, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ და
კიდევ დავრწმუნდეთ, რომ ადამიანის მოვალეობა ძებნაა და არა პოვნა“.
„როდესაც დასაკვირვებელს რასმე ვაკვირდებოდი და დასკვნა გამომქონდა, - გაიფიქრა
ერთხელ - მოგვიანებით - პრ. დიდებულიძემ, - ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი ფორმაზე
და ვცდილობდი სათქმელი ხატოვნად, ზუსტად და ლაკონურად მეთქვა (ახლაც კი ასე
ვშვრები), რითაც ჩემს ქართულ წარმომავლობას ვადასტურებდი, ჩემდაუნებურად
ვამტკიცებდი რა, რომ მთავარია არა არსი, არამედ არსის გამოხატვა, ანუ მთავარია არა
სინამდვილე, არამედ შემოქმედება“.
„ვინმე უცხოს, თავისი გზით მიმავალ კაცს რომ შემთხვევით თვალს მოჰკრავ, - გაიფიქრა
ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ამით მის ბედს რაღაც კვალს ამჩნევ და მის ცხოვრებაში
რაღაც ცვლილება შეგაქვს. მით უფრო - თუ გაიცანი, ხელი თუ ჩამოართვი, სტუმრად თუ
ეწვიე, თუ ესაუბრე. ერთი სიტყვით, ადამიანი შენს ხელთაა, ისევე როგორც შენ ადამიანის
ხელთა ხარ. ამიტომ გვმართებს დიდი დაკვირვება. არ უნდა მოვდუნდეთ; ყოველ წამს
ყურადღებით უნდა ვიყოთ; აზრმა უნდა იმუშაოს განუწყვეტლივ, როგორც გული
განუწყვეტლივ მუშაობს“.
„ვირის წიხლის თაობაზე, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ქართველებმა
საერთო ენა ვერ გამონახეს: ზოგი ამბობს, კი არ მეწყინება, მეტკინებაო, ზოგიც, პირიქით,
კი არ მეტკინება, მეწყინებაო. ანდაზა რომ არ გამოგვივიდა, ეს არაფერი, მაგრამ რას უნდა
მოასწავებდეს მსოფლმხედველობის ესოდენი პოლარიზაცია?“
დიასახლისი - იგი პროლეტარ ჟორჟიკას მეორე ცოლი გამოდგა - თავიდანვე ზემოდან
უყურებდა პრ. დიდებულიძეს, ისე როგორც, მისი ვარაუდით, მაღალგანვითარებული
არსება დაბალგანვითარებულ არსებას უნდა უყურებდეს; ერთი ხანობა
კმაყოფილდებოდა კიდეც ამ აბსტრაქტული უპირატესობით, მაგრამ წინააღმდეგობა რომ
არ შეხვდა, ბოლომდე გაუტია და ქირდვა, დამცირება, აბუჩად აგდება დაუწყო, რასაც
განსაკუთრებული ხალისითა და გულმოდგინებით მოწმეთა თანდასწრებით სჩადიოდა. ეს
ნატიფი, მაგრამ სახიფათო საქმიანობაა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნასა და
ხელოვნებას მოითხოვს, დიასახლისს კი ასეთი ცოდნა და ხელოვნება არ ჰქონდა, ამიტომ
საკუთარ გრძნობათა აბლაბუდაში თანდათან თვითონვე გაიხლართა და ბოლოს ისეთი
ავთვისებიანი ეჭვიანობა ჩამოუყალიბდა, რომ თავის მსხვერპლსა და პროტეჟეს ფარეხის
ძაღლივით დარაჯად დაუდგა, რათა კონტროლის გარეშე ახლო არავინ მიჰკარებოდა;
და თუ ვინმე მაინც მიეკარებოდა, შფოთავდა, იღრინებოდა, კრიახებდა და გული მეტოქის
დასაკორტნად მიუწევდა, როგორც გააფთრებულ კრუხს, რომელსაც წიწილას სტაცებენ...
რაც შეეხება პრ. დიდებულიძეს, პრ. დიდებულიძეს დიასახლისის ამ ტექტონური
ციკლებისა სრულებით არაფერი გაუგია.
სანაკლიოში რომ განათლებული კაცის სახელი გაუვარდა, ქალაქის მთავარმა მამამ,
რომელიც ოჯახის დიდი მოყვარული იყო, პრ. დიდებულიძეს მოციქული მიუგზავნა, რათა
შვილის აღმზრდელად მოეწვია. „Non magister ad discipulum venire debet, sed discipulus ad
magistrum“[1], - მიუგო პრ. დიდებულიძემ მოციქულს. მოციქულმა ვერ გაიგო. პრ.
დიდებულიძემ გაუმეორა. მოციქულმა მაინც ვერ გაიგო. მაშინ პრ. დიდებულიძემ გაზეთ
„სანაკლიოს დილას“ კუთხე მოახია და ზედ წაუწერა. მოციქულმა ნახევი წაიღო და
უფროსს მიართვა. ამ ამბავმა ქალაქის ზედა სართულში გვარიანი თავსატეხი კი გააჩინა,
ვინაიდან სანაკლიოში ლათინურის მცოდნენი არ იპოვებოდნენ, მაგრამ მონდომებამ
თავისი ქნა და უცნაური იგი ეპისტოლე ბოლოს და ბოლოს მაინც გაიშიფრა: „თეთრ
სახლში“ აღმოჩნდა ერთი ჩინებული მოლათინე, რომელიც ამ უსამართლოდ მივიწყებულ
ენაზე ეპიგრამებს თხზავდა ექიმებისა და პაციენტების შესახებ და ადგილობრივ კედლის
გაზეთში აქვეყნებდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ეპისტოლის შინაარსი რომ შეიტყო,
ქალაქის მამა განრისხდა და შურისძიება განიზრახა, რაც ვერ აღასრულა, ვინაიდან იმ
შედარებით ნეტარ დროში დიდ-დიდ მამებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ აშკარა ვენდეტას
უფლება: პარტიული კოდექსი მოითხოვდა, რომ მათი ყოველი მოქმედება ფორმალურად
კანონთან შესაბამისი ყოფილიყო; კანონის მიხედვით კი პრ. დიდებულიძეს ვინ რას
დააკლებდა! სამსახურიდან მოსახსნელ მიზეზს უპოვიდით თუ სამართალში მისაცემს!
მაშინ მამათმამამ ჯავრი გულში ჩაიდო და უკეთეს შემთხვევას დაელოდა, რაც
ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა დამოუკიდებლობის სახით.
„ყველაფერს ისა სჯობს, - ასე ფიქრობდა პირველ ხანებში პრ. დიდებულიძე, - რაკეტით
ავფრინდე და სამყაროს სიღრმეებში გადავიკარგო, მაგრამ იმ იდეის განხორციელება
შეუძლებელია“.
„არა „დიდმა სიყვარულმა იცის დიდი სიძულვილი“, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - არამედ „ცხოველურმა სიყვარულმა იცის ცხოველური სიძულვილი“. ეს კი
განვითარების ეტაპია“.
„შორეული სოკრატე, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ახლა ყველასთვის კარგი
და მოსაწონია, მაგრამ ყველასთვის კარგი და მოსაწონი იქნება, ახლაც რომ ბაზრის
მოედანზე იდგეს და თავისებურად ყბედობდეს?“
„ადრე, - გაიფიქრა პრ. დიდებულიძემ, - სანამ ახალგაზრდა ვიყავი, წარმოსახვის ძალას
რომ დავძაბავდი და ჯოჯოხეთს წარმოვიდგენდი, ტანში მბურძგლავდა და გულ-მუცელი
მემღვრეოდა; მერე, როდესაც ასაკში შევედი და ცოტაოდენი გამოცდილებაც
დამიგროვდა, მივხვდი, რომ ჯოჯოხეთი თურმე არც ისე მარჯვე გამონაგონი ყოფილა.
მართლაცდა, კუპრში რომ იხარშები, ეს ალბათ ტანჯვა უნდა იყოს, მაგრამ კუპრში თუ
მარადიულად იხარშები, ეს არ შეიძლება ტანჯვა იყოს. ტანჯვას - ისევე, როგორც სიამეს -
იწვევს არა ზემოქმედება, არამედ იმის შეგნება, რომ ეს ზემოქმედება მუდმივი არ არის,
სასრულოვანია და ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოიწურება. მარადიული მდგომარეობა
კი არც ტანჯვაა და არც სიამე. მარადიულობა უწინარეს ყოვლისა ერთგვაროვნებას
გულისხმობს, სადაც ყოველგვარი ემოცია, „დადებითიცა“ და „უარყოფითიც“, - ანუ
მუხტების თანაფარდობის ყოველგვარი დარღვევა - გამორიცხულია“.
„თუნდაც მართალი იყოს, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ ყოველი
დაძინება პრინციპულად გარდაცვალებაა და ჩვენ უბრალოდ ამას ვერ ვამჩნევთ,
ვინაიდან ჩვენთან ერთად ჩვენი ცნობიერების აპარატიც იცვლება, ეს აღმოჩენა ისეთივე
უნაყოფო იქნება, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, მასშტაბის ტოტალური შეცვლა, ანდა
სხივის სიჩქარეზე დიდი სიჩქარე, როდესაც, თანახმად პარადოქსების მოყვარული
აინშტაინისა, საკუთარ რადიუსს გაცდენილი, ასე ვთქვათ, წრეგადასული სხეული
ორბუნებოვანებას კარგავს, რის გამოც მისი სიჩქარე, თეორიულად თუ დასაბუთდა,
რეალურად ვერ გამოვლინდება, და რეალურად თუ გამოვლინდა, თეორიულად ვერ
დასაბუთდება“.
„სიკვდილის სასარგებლო კიდევ ერთი საბუთი ისაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - რომ, როდესაც ისტორიას ჩავუღრმავდებით, სივრცე-დროის
ნაპრალიდან წარმავლობის კვამლი ამოდის და გულსა და ტვინში ამაოების მწვანე
სევდად ილექება. შესაძლებელია ეკლესიასტესაც ასე ემართებოდა“.
„თუ ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის მამაა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
მაშინ ქართველი ერი მამის მკვლელია“.
„ზნეობრივი გააფთრება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - უფრო ხშირად
უზნეობის ნიშანია“.
„ბიბლიის დებულება იმის თაობაზე, რომ ადამიანის გული ბოროტისკენაა მიდრეკილი,-
გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - კანონის გარდუვალი აუცილებლობით
მტკიცდება, რამეთუ კანონის აუცილებლობას სხვა საფუძველი და სხვა გამართლება,
თვინიერ ამ დებულებისა, არა აქვს“.
„დღევანდელ ქართველობას, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - პრინციპულად არ
ძალუძს ისეთი ხალხური სიმღერების შექმნა, ოდინდელ ქართველობას რომ შეუქმნია, და
ეს ეროვნული მუტაციის მაჩვენებელია; ხოლო დიამეტრულობის მაჩვენებელი ისაა, რომ
ოდინდელი ქართველები არსებობის იდეას პროცესში ხედავდნენ, დღევანდელი
ქართველები კი შედეგში ხედავენ“.
„მონა თუ იბრძვის, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - იმისთვის იბრძვის, რომ
სხვები დაიმონოს, და არა იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თავისუფლების
მოსაპოვებლად მხოლოდ ის იბრძვის, ვინც თავისუფალია“.
„უნიჭოზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
ნიჭიერმა შემოქმედმა კი ძალიან დიდი შრომა უნდა გასწიოს და ძალიან ბევრი ოფლი
უნდა დაღვაროს, თუ უნდა ისეთ შედეგს მიაღწიოს, რომელსაც შრომის კვალი არ ატყვია
და ოფლის სუნი არ ასდის“.
„ნაბოძები თავისუფლება, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სახეცვლილი
მონობაა“.
„როცა ვამბობთ „რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა“,- გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
ასე გვგონია, თითქოს სიხარბის აბსოლუტური კანონი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ
საკმარისია ეს დებულება სულიერ ფასეულებათა სფეროში გადავიტანოთ, წამსვე
არსებობის ღვთაებრივ პირველიმპულსს მივიღებთ“.
„ეგვიპტე ისე ძველია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - დედოფალ
კლეოპატრამდე რომ მოაღწევ, გიკვირს, რატომ ფოტოები არ არის შემორჩენილი“.
„ენა თავისი ბუნებით კორძიანია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ზედმეტი
გაშალაშინება ვნების მეტს არაფერს მოუტანს“.
„მონობაში, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სანამ გახსოვს, რომ მონა ხარ, ჯერ
კიდევ თავისუფალი ხარ; საბოლოოდ მაშინ იქცევი მონად, როცა დაგავიწყდება, რომ
მონა ხარ“.
„ჩვენი მითოლოგიური წინაპარი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომელშიც
ერის სახე და მისიაა გაცხადებული, არის არა მეამბოხე ამირანი - ქურუხი და უხედნელი,
არამედ ზღაპართმოქმედი ნაცარქექია - მკვეხარა, ფანტაზიორი, ცრუპენტელა“.
„აბსოლუტური მარტოობა, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ადამიანობის
ჩარჩოდან გასვლას მოითხოვს, ამიტომ ცოცხალი არსისთვის მიუწვდომელია; საქმე ის
არის, რომ კავშირების დაწყვეტა საკმარისი არ არის, ვინაიდან გაწყვეტილი კავშირის
მიღმა მაინც ყოველთვის იგულისხმება - თუნდაც თეორიულად - ის, რასთანაც კავშირი
გაწყვეტილ იქნა. ნამდვილი მარტოობისთვის საჭიროა არა გარემოსთან კავშირების
დაწყვეტა, არამედ გარემოს შეწოვა შენს მარტოობაში“.
ერთხელ, როდესაც „სახარებას“ კითხულობდა, პრ. დიდებულიძემ გაიფიქრა: „თმის ერთი
ღერიც კი არავის ჩამოუვარდება თვინიერ ბუნების კანონთა“.
„როდესაც ჰერაკლიტე ასკვნის, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომ
სიცოცხლის საყრდენი ბრძოლაა და რომ კონფლიქტია სიცოცხლის არსებობის პირობა,
იგი ქების ღირსია, მაგრამ კიდევ მეტი ქების ღირსი იქნებოდა, აქედან რომ გამოჰქონდეს
არა ბანალური დასკვნა: „მაშასადამე, კონფლიქტი კარგია“, არამედ გაბედული დასკვნა:
„მაშასადამე, სიცოცხლე ცუდია“. ასეთ შემთხვევაში იგი დიდი რელიგიების თანახმიერი
იქნებოდა“.
„მაინც რა არის ცნობიერება? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - მე ვემორჩილები
ბუნების კანონებს და ვიშლები შემადგენელ ნაწილებად. თუ სხეულის სახელით
ვილაპარაკებ, შემიძლია ვთქვა: შემაკავშირებელი ძალა მტოვებს მე - სხეულს. თუ სულის
სახელით ვილაპარაკებ, შემიძლია ვთქვა: მე - შემაკავშირებელი ძალა - ვტოვებ სხეულს.
ცნობიერება რაღაა? რა კავშირია ცნობიერებასა და გრძნობად სამყაროს შორის?“
„სიცოცხლის ფუნქცია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - არის ცნობისწადილი.
ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის გაცემა. სიკვდილის შიში არის შიში იმისა, რომ
„ვეღარ გავიგებთ“ (მთელი კაცობრიობა რომ ერთდროულად დაიხოცოს, ამასთან
დაკავშირებით მძლავრი და მრავალმხრივი ვნებათაღელვა წარმოიქმნება, მაგრამ ამ
ვნებათაღელვაში სიკვდილის შიშს ვერ იპოვით). თუ ადამიანმა ცნობისწადილი დაკარგა,
იგი მკვდარია (ამის მაგალითები არსებობს). თუ ადამიანმა ცნობისწადილი ამოწურა, ამით
ადამიანის ჩარჩოს გასცდა“.
„ერთი კი მაფიქრებს და მაწუხებს: - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ჩემი სხეული
გაიხრწნება და ეს გახრწნილი სხეული მე ვიქნები. იქნებ აბსოლუტური მნიშვნელობით
აღარც ვიქნები მე, მაგრამ რაკი ახლა მე ვარ, ახლა არ შემიძლია არ ვირწმუნო, რომ
მაშინაც მე ვიქნები, ხოლო რაკი ახლა მწამს, რომ მაშინაც მე ვიქნები, მაშასადამე ახლა
მაშინაც მე ვარ“.
„და სხეული ტაძარია სულისა თუ ციხე? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, როცა
ავად იყო, - თუ ციხეა, უნდა დაინგრეს; თუ ტაძარია, უნდა გარემონტდეს“.
„ადამიანი ბუნებით პესიმისტია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - სწორედ ამას
მიგვანიშნებს ანდაზა: „დღევანდელი კვერცხი გერჩიოს ხვალინდელ ქათამს“ და სწორედ
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სიცოცხლე, რა მწარეც უნდა იყოს, მაინც გვირჩევნია
სიკვდილს“.
„ადამიანმა იცის, რომ სიცოცხლე მარადიული არ არის, - გაიფიქრა ერთხელ პრ.
დიდებულიძემ, - და მაინც ებღაუჭება; ცხოველმა არ იცის, რომ სიცოცხლე მარადიული არ
არის, და მაინც ებღაუჭება. საინტერესოა, მარადიული რომ იყოს, მაშინ ან ერთი რას
იზამდა, ან მეორე“.
„სიკვდილი, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - ერთადერთი მიზეზია, რის გამოც
ადამიანი სიცოცხლეს ეგუება და ურიგდება“.
„სიკვდილის მეშვეობით ბუნებრივი მდგომარეობიდან ამო-ვარდნილები კვლავ ბუნებრივ
მდგომარეობას ვუბრუნდებით, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - მაგრამ
გადაჩვეულები ვართ და ისე გვეშინია, როგორც დამწყვდეულ ჩიტს, რომელსაც ბოლოს
და ბოლოს გალიის კარი გაუღეს, გასვლისა ეშინია“.
„შესაძლოა სიცოცხლე არაცნობიერის სიზმარია, - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, -
მაგრამ მაშინ იბადება კითხვა: რატომ ნახულობს არაცნობიერი სიზმრებს?“
„რატომ ვერ იქცევა მრავალკუთხედი წრეხაზად? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ,
- რატომ ვერ მიაღწევს მატერიალური სხეული სხივის სიჩქარეს? რატომ ვერ გახდება
ადამიანი ანგელოზი? რითია შეზღუდული გრძნობადი სამყარო? რა იმალება ამ
შეზღუდვის მიღმა?“
„სიყვარული თავისუფალი ნების ცნობიერებამდელი გამოხატულებაა, - გაიფიქრა
ერთხელ პრ. დიდებულიძემ, - რომელიც ნაწილობრივ შემოდის ცნობიერებაში,
ნაწილობრივ კი არაცნობიერში რჩება, რითაც ერთგვარი ხიდის მოვალეობას ასრულებს.
სწორედ ამიტომაა იგი თავისუფლებასთან ერთად ყოფიერების უზენაესი კატეგორია“.

[1] მასწავლებელი კი არ მიდის მოწაფესთან, არამედ მოწაფე მასწავლებელთან. ლათ.


(რედაქტორის შენიშვნა).

You might also like