You are on page 1of 14

ლექცია 2

ფსიქოთერაპია და მისი ძირითადი მიმდინარეობები


ლიტერატურაში გვხვდება ტერმინის ,,ფსიქოთერაპია“ ბევრი სხვადასხვაგვარი განმარტება. ეს
დაკავშირებულია იმასთან, რომ ფსიქოთერაპია ჯერ კიდევ არ არის ერთიანი, მთლიანი
მეცნიერება საერთო ცნებებით, ტერმინოლოგიით, თეორიით. არსებობს სხვადასხვა თერაპიული
მიმართულება, მეთოდი, ამიტომ ბევრი განმარტება ეფუძნება ამა თუ იმ განსხვავებულ
თეორიულ კონცეფციას, რომელიც გამორიცხავს სხვა მიდგომებს. ამიტომ მაგალითად S.
Kratochvil (1978), გვირჩევს შემოვიფარგლოთ სკმაოდ ზოგადი განმარტებით, რომელიც არ
გამორიცხავს არცერთ არსებულ კონცეფციას. ერთ-ერთი ასეთი ზოგადი განმატებაა:
,,ფსიქოთერაპია - ეს არის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა ფსიქოლოგიური მეთოდების
საშუალებით“. თუ ეს განმარტება ვინმეს მეტისმეტად ,,სამედიცინო“ ხასიათისად ეჩვენება,
რომელიც ფსიქოთერაპიის გამოყენების ფართო არეალს შემოსაზღვრავს, მაშინ შეიძლება სხვა
განმარტება მოვიყვანოთ: ,,ფსიქოთერაპია- ესაა ფსიქოლოგიური საშუალებების გამოყენება
ორგანიზმის დარღვეული ქმედითუნარიანობის აღსადგენად“. ამ განმარტებაში ორი რამ
საჭიროებს დაზუსტებას: რა იგულისხმება ორგანიზმის ქმედითუნარიანობის დარღვევაში და რა
საშუალებები მიეკუთვნება ფსიქოლოგიურს.

ქმედითუნარიანობის დარღევა შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც პიროვნების ფსიქიკურ


პროცესებს, ისე სომატურ ფუნქციებს. სხვა სიტყვებით, საქმე ეხება მდგომარეობას, რომელიც
განპირობებულია ფსიქოგენეზით ან სომატოგენეზით. ფსიქოლოგიურ საშუალებებს
მიეკუთვნება პირველ რიგში მეტყველება, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სიჩუმეც,
შემდეგ ემოციები და ემოციური ურთიერთდამოკიდებულება, მიმიკა, სხვადასხვა სახის
დასწავლა, მანიპულაცია გარემოში. იმის მიხედვით, რამდენად ფართოა ცნების
,,ფსიქოლოგიური საშუალებების“ მოცულობა, განასხვავებენ ფსიქოთერაპიას მისი ფრთო და
ვიწრო მნიშვნელობით. ფსიქოთრაპია ფართო გაგებით მოიცავს სოციოთერაპიას, მკურნალბას
გარემოთი, შრომით თერაპიას: ფსიქოთერაპია ვიწრო მნიშვნელობით შემოიფარგლება
ფსიქოთერაპევტის (ან ფსიქოთერაპიული ჯგუფის) პაციენტზე ზეგავლენით.

ფსიქოთერაპიის მიზანი და მეთოდები

ფსიქოთერაპიული მიდგომების უმეტესი ნაწილისთვის ფსიქოთერაპის მიზანი შეიძლება


ჩამოყალიბდეს D. Bernstein, E. Roy et al. (1988) ამგვარად: ფსიქოთერაპიის საერთო მიზანია
დაეხმაროს პაციენტს შეცვალოს თავისი აზროვნება და ქცევა ისე, რომ უფრო ბედნიერი და
პროდუქტიული გახდეს. პაციენტთან მუშაობისას ეს მიზანი დიფერენცირდება სხვადასხვა
ამოცანად და კერძოდ:

1. თერაპევტი ეხმრება პაციენტს უკეთ გაიგოს თავისი პრობლემები


2. აცილებს ემოციურ დისკომფორტს
3. ხელს უწყობს გრძობების თავისუფლად გამოხატვას
4. ამარაგებს პაციენტს ახალი იდეებით და ინფორმაციით იმის შესახებ როგორ
გადაწყვიტოს პრობლემები
5. ეხმარება პაციენტს გამოსცადოს ახალი ხედვა და ქცევა თერაპიული სიტუაციის გარეთ.

ამ ამოცანების გადაწყვეტისას თერაპევტი იყენებს სამ ძირითად მეთოდს:

1. უპირველეს ყოვლისა, თერაპევტი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.


პირველ რიგში ეს ნიშნავს თანაგრძნობით მოუსმინოს პაციენტს და მას კრიზისულ
სიტუაციაში მიზანშეწონილი რჩევა მისცეს. მხარდაჭერა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ
რომ დაეხმარო პაციენტს გააცნობიეროს და გამოიყენოს თავისი უნარები და ძლიერი
მხარე.
2. მეორე, თერაპიული მეთოდი მდგომარებს დეზადაპტაციური ქცევის მოცილებაში და
ახალი ადაპტაციური ქცევის წარმოქმნაში.
3. და ბოლოს, თერაპევტი ხელს უწყობს ინსაიტს (გაცნობიერებას) და თვითშემეცნებას, რის
შედეგადაც პაციენტს უკეთ ესმის საკუთარი მოტივები, განცდები, კონფლიქტები,
ღირებულებები.

მიუხედავად თეორიის, მიზნების და პროცედურული სხვაობებისა, ფსიქოლოგიური


მკურნალობა გულისხმობს, რომ ერთი ადამინი მეორის დახმარებას ცდილობს (იმ
შემთხვევაშიც კი როცა საქმე ეხება ჯგუფურ თერაპიას, სადაც ყველა მონაწილე გარკვეული
სახით ფსიქოთერაპევტია სხვა ჯგუფის წევრთან მიმართებაში).

მკურნლობის ყველა მეთოდს (არა მხოლოდ ფსიქოლოგიურს, არამედ ნებისმიერს -


თერაპიულს, ქირურგიულს და ა.შ) აქვს საერო თვისებები და შემადგენელი (J. Frank,1978).

1. ადამიანი, რომელიც იტანჯება და ეძებს თავისი პრობლემის შემსუბქებას. ეს კლიენტია ან


პაციენტი.
2. ადამიანი, რომელიც ცოდნის და გამოცდილების წყალობით აღიქმება როგორც
დახმარების გამწევი. ეს თერაპევტია ან მკურნალი.
3. თეორია, რომელიც გამოიყენება პაციენტისთვის პრობლემის აღსაწერად. მედიცინაში
თორია მოიცავს ინფექციურ ან სხვა ბიოლოგიურ პროცესებს. ზოგიერთ კულტურაში
თეორია შეიძლება შეიძლება მოიცავდეს წყევლის ან ბოროტი ძალებით შეპყრობის
ფაქტორს. ფსიქოლოგიაში თეორია მოიცავს ფსიქოდინამიკას, დასწავლის პრინციპს და
სხვა ფსიქიკურ ფაქტორებს.
4. პროცედურების ნაკრებს პაციენტის პრობლემის გადასაჭრელად. ეს პროცედურები
უშუალოდ დაკავშირებულია თეორიასთან. მაგალითად ექიმბაში ან ეგზორცისტი
ებრძვის ზებუნებრივ ძალებს სპეციალური ცერემონიებით, რიტუალებით და
შელოცვებით, ხოლო ექიმი ინფექციას ანტიბიოტიკებით.
5. სპეციალური სოციალური ურთიერთობა კლიენტის და თერაპევტის, რომელიც ეხმარება
კლიენტის პრობლემის შემსუბუქებას. თერაპევტი ცდილობს შექმნას ისეთი ატმოსფერო
რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს ოპტიმიზმით შეხედოს საკუთარი პრობლემების
გადაჭრას. მას ჯერა, რომ მეთოდები, რომელსაც თერაპევტი იყენებს მას დაეხმარება, რის
შედეგადაც მას უჩნდება პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობის მოტივაცია.
ურთიერთობა წარმოადგენს ფქტორს, რომელიც დამახასიათებელია ყველა სახის
მკურნალობის ფორმისათვის. მედიცინაში პაციენტის ფიზიკური და ფსიქოლოგიური
გაუმჯობესება დაკავშირებულია როგორც წესი მედიკამენტების ზემოქმედებასთან ან
ქირურგიული ჩარევასთან, მაგრამ მკურნალობის ეფექტურობა ნაწილობრივ
დაკავშირებულია პაციენტის მოლოდინთან და მკურნალობის რწმენასთან. მაგიური და
რელიგიური მკურნალობიას სპეციფიკური პროცედურები ნაკლებად მნიშვნელოვანია:
უფრო მნიშვნელოვანია პოზიტიური დამოკიდებულება და მოლოდინი, რომელიც
დაკავშირებულია ამ პროცედურებთან. ამ ორ უკიდურეს პოლუსებს შორის - მედიცინას
და მაგიურ მკურნალობას - მდებარეობს მკურნალობის ფსიქოლოგიური მეთოდები.
სპეციფიკური მკურნალობის პროცედურების გამოყენებით, ფსიქოთერაპევტთა
უმეტესობა ასევე ცდილობს შექმნას პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, რადგან
ის ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას. ზოგიერთი თერაპევტი
ურთიერთობის ფაქტორზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ვიდრე სხვები ( მაგ,
როჯერსის კლიენტზე ცენტრირებული თერაპია).

ფსიქოთერაპიის ძირითადი მიმდინარეობები

ფსიქოთერაპიულ მიმდინარებებს შორის სამი ძირითადი მიდგომაა: ფსიქოდინამიური,


ფენომენოლოგიური ( ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური), ქცევითი (კოგნიტურ-
ბიჰევიორალური).

ფსიქოდინამიური მიდგომა
იმისათვის რომ ამ მიდგომის არსი გავიგოთ, აუცილებელია მისი დამფუძნებლის ზიგმუნდ
ფროიდის პიროვნების თეორიას მივმართოთ.

ფსიქოდინამიური მიდგომა ამტკიცებს, რომ ადამიანის აზრები, გრძნობები და ქცევა


დეტერმინირებულია არაცნობიერი ფსიქიკური პროცესებით. ფროიდი პიროვნების ფსიქიკას
ადარებდა აისბერგს: აისბერგის წვერი ცნობიერია, ხოლო ძირითადი მისი მასა, რომელიც წყლის
ქვეშ მდებარეობს და უხილავია - არაცნობიერი.

ფროიდის აზრით, პიროვნება შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. პირველი - იდი ( იგი) -
არაცნობიერი ენერგიის რეზერვი, ლიბიდო. ,,იდი“ შეიცავს ბაზალურ ინსტინქტებს, სურვილებს,
იმპულსებს, რომლითად ადამიანი იბადება, კერძოდ: ეროსი - სიცოცხლის ინსტინქტი,
სიამოვნების პრინციპი, სექსი და თანატოსი - სიკვდილის ინსტინქტი, რომელიც განაპირობებს
აგრესიას და დესტრუქციას საკუთარი თავის და სხვების მიმართ. ,,იდი“ მიისწრაფვის
დაკმაყოფილებისკენ, სოციალური ნორმების და სხვების უფლებების და განცდების
გაუთვალისწინებლად. სხვა სიტყვებით, ..იდი“ მოქმედებს სიამოვნების პრინციპით.

პიროვნების მეორე კომპონენტია ,,ეგო’’ ( მე). ეგო ცდილბს ინსტიქტების დაკმაყოფილებას


საზოგადოებრივი ნორმების და წესების გათვალისწინებით. ,,ეგო“ პოულობს კომპრომისს იდის
არაგონივრულ მოთხოვნებსა და რეალურ სამყაროს შორის - ის მოქმედებს რეალობის
პრინციპით. ,, ეგო“ ცდილობს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ამავდროულად
ადამიანის დაცვას ფიზიკური და ემოციური დაზიანებისგან. ეგო პიროვნების შემსრულებელი
ნაწილია.

პიროვნების მესამე კომპონენტი - ,,სუპერეგოა“. ეს კმპონენტი ვითრდება აღზრდის პროცესში


მშობლების და სოციალური ღირებულებების ინტერნალიზაციის შედეგად. ფროიდი ამ
პროცესისთვის იყენებს ტერმინს ინტროექცია. ,,სუპერეგო“ მოიცავს ინტროეცირებულ
ღირებულებებს, ჩვენს ,,უნდა“-ს და ,,არ შეიძლებას“. ეს ჩვენი სინდისია. ,,სუპერეგო“ მოქმედებს
მორალურობის პრინციპით, მისი ნორმების დარღვევა იწვევს დანაშაულის განცდას.

ინსტინქტები ( იდი), გონიერება ( ეგო) და მორალი ( სუპერეგო) ხშირად ვერ თანხმდებიან და


ჩნდება ინტრაფსიქიკური, ფსიქოდინამიური კონფლიქტი. ფროიდი თვლიდა, რომ
კონფლიქტების რიცხვი, მათი ბუნება და გადაწყვეტის საშუალებები პიროვნებას ფორმას სძენს
და ქცევის ბევრ ასპექტს განსაზღვრავს.

ნორმაში, ადაპტაციური ქცევა დაკავშირებულია ცოტა რაოდენობით კონფლიქტთან და მათ


ეფექტურ გადაწყვეტასთან. მრავალი, მძიმე და ცუდად მართვადი კონფლიქტები იწვევს
პიროვნული თვისებების გადახრას ან ფსიქიკურ აშლილობას.

,,ეგოს“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა შფოთვის და დანაშაულის განცდის წინააღმდეგ


დაცვითი მექნიზმების წარმოქმნა. დაცვის მექანიზმები - ესაა არაცნობიერი ფსიქოლოგიური
ტაქტიკა, რომელიც ადამიანს იცავს არასასიამოვნო ემოციებისგან. ესაა - განდევნა, პროექცია,
რეაქტიული წარმონაქმნი, რაციონალიზაცია, უარყოფა, სუბლიმაცია და სხვა. ნევროტული
შფოთვა, ფროიდის მიხედვით, ეს არის სიგნალი იმისა, რომ არაცნობიერი იმპულსები იმუქრება
დაცვითი მექანიზმების გარღვევით და ცნობიერში შემოღწევით.

დაცვითი მექანიზმების წყალობით არაცნობიერი ძნელად გამოსაკვლევია, მაგრამ ფროიდმა


შეიმუშავა ამისათვის მეთოდი - ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიზი მოიცავს თავისუფალი
ასოციაციების, სიზმრების, ყოველდღიური ცხოვრების ( წამოცდენების, მეხსიერების
შეცდომების და სხვა) ინტერპრეტაციას, გადატანს ანალიზს.

ფსიქოანალიზი ( და სხვა ნებისმიერი დინამიური მეთოდი) საკუთარი თავის წინაშე ორ


ძირითად ამოცანას აყენებს:

1. მიაღწიოს პაციენტში ინტრაფსიქიკური ან ფსიქოდინამიური კონფლიქტის


გაცნობიერებას ( ინსაიტს)
2. დაამუშავოს კონფლიქტი, ანუ თვალი მიადევნოს როგორ გავლენას ახდენს ის აქტუალურ
ქცევაზე და ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე.

მაგალითად, ფსიქოანალიზი ეხმარება პაციენტს გააცნობიეროს ფარული, დათრგუნული


მრისხანება რომელსაც მშობლის მიმართ გრძნობს. ეს გაცნობიერება შემდგომ უნდა
გადამუშავდეს ემციურად და პაციენტი განთავისუფლდეს განდევნილი რისხვისგან
(კათარზისი). ეს სამუშაო შემდგომ ეხმარება პაციენტს გააცნობიეროს, რომ არაცნობიერი
კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული დაცვითი მექანიზმები ქმნის ურთიერთობებში
პრობლემებს. მაგალითად, უფროსის ან სხვა ,,მშობლის ფიგურის“ მიმართ პაციენტის
მტრული დამოკიდებულება, შეიძლება იყოს მშობლების მიმართ ბავშური კონფლიტების
სიმბოლური, არაცნობიერი გათამაშება.

ახლა ჩვენ შეგვიძლია ფსიქოთერაპიაში ფსიქოდინამიური მიდგომის არსის ფორმულირება:


ესაა მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს ემოციური დარღვევების გენეზის და მკურნალობის
გაგებაში ინტრაფსიქიკური კონფლიქტების მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენს
პიროვნების შიგნით არსებული ურთიერთსაპირისპირო მოტივების ფსიქოდინამიური და
ხშირად არაცნობიერი დაპირისპირების შედეგს.

ფსიქოანალზის სახეობები

კლასიკური ფროიდიანული ფსიქოანალიზი ახლა ისე პოპულარული აღარა, როგორც ადრე.


ნაწილობრივ ეს დაკაშირებულია იმასთან, რომ ფროიდის პიროვნების თეორია, რომელიც
ეფუძნება ინსტინქტებს, მოძველდა, ნაწილობრივ იმასთან, რომ ფსიქოანალიზი ძვირია და
ბევრ დროს მოითხოვს. ყველაზე მეტი კრიტიკა შეეხო ფროიდის იდეას იმის შესახებ, რომ
ყველა სიმპტომი წარმოადგენს რეაქციას კონფლიქტზე, რომელიც გამოიწვია ინფანტილური
სექსუალური იმპულსებს ფრუსტრაციამ. გაჩნდა ფსიქოდინამიური პიროვნების თეორიის და
ემოციური დარღვევების მკურნალობის ბევრი სახესხვაობა.

ზოგიერთი მათგანი ფროიდზე ნაკლებად აკეთებს აქტენს ,,იდ“-ზე, არაცნობიერზე და


წარსულზე. ისინი მეტ დროს უთმობენ აქტუალურ პრობლემებს და იმას, როგორ შეიძლება
,,ეგოს“ ძალის გამოყენება მათ გადასაწყვეტად. ამ თერაპიაში კლიენტს ეხმარებიან
გააცნობიერონ არა ,,ოიდიპოსის კომპლექსი“, არამედ ის თუ როგორ იწვევს ღრმა შფოთვა და
არასრულფასოვნება ემოციურ დარვევებს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

უპირველესად მასში შედის ალფრედ ადლერის ინდივიდუალური ფიქოლოგია, რომელიც ხაზს


უსვამს თანდაყოლილი სოციალური ლტოლვების როლს პიროვნების ფორმირებაში. ადლერი
ვარაუდობს, რომ ყოველი ადამიანი იბადება დაუცველი, დამოკიდებული, რაც მის
არასრულფასოვნების განცდას იწვევს. ეს ნეგატიური გრძნობა ხდება მისი პიროვნული
განვითარებისთვის სტიმული. ადლერი ამ პროცესს ხსნის როგორც ძალაუფლებისკენ სწრაფვას,
რომელშიც ის გულისხმობდა თვითრეალიზაციის მისწრაფებას და არა მხოლოდ სხვებზე
უპირატესობის მოპოვების სურვილს. თუ არასრუფასოვნების განცდა ძალიან ძლიერია, მაშინ ის
იწვევს არასრულფასოვნების კომპენსაციას, ჰიპერკომპენსაციასაც კი - ,,არასრულფასოვნების
კომპლექსს“. ნევროზი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არასრულფასოვნების
კომპლექსის გადალახვისას მარცხდება: ნევროზი საშუალებას აძლევს პაციენტს შეინარჩუნოს
საკუთარი ღირსების განცდა და საკუთარი სისუსტე ავადმყოფობას მიაწეროს.

ფსიქოანალიზის სხვა სახესხვაობა ეგოფსიქოლოგია ( ანა ფროიდი, ჰარტმანი, კლაინი).


ეგოფსიქოლოგები ,,ეგოს“ განიხილავენ არა მხოლოდ როგორც შუამავალს იდის, სუპერეგოს და
რეალობის კონფლიქტში, არამედ როგორც შემოქმედ, ადაპტურ ძალას. ,, ეგო“ პასუხისმგებელია
მეტყველების, აღქმის, ყურადღების, დაგეგმვის, დასწავლის და სხვა ფსიქოლოგიური
ფუნქციების განვითარებაზე.
ნეოფროიდიზმის თეორეტიკოსები, ისეთები როგორიცაა კარენ ჰორნი, ერიკ ფრომი, ჰარი
სალივანი გაყვნენ ადლერის გზას და დაიწყეს იმის შესწავლა როგორ გავლენას ახდენს
სოციალური გარემო პიროვნების ფორმირებაზე. ისინი თვლიდნენ, რომ პიროვნების
ფორმირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება -
როგორიცაა დაცულობის, უსაფრთხოების, აღიარების და მიღების მოთხოვნილება. როდესაც ეს
მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება, ადამიანები გრძნობენ ძლიერ დისკომფორტს და
მიისწრაფვიან გადაწყვიტონ პრობლემა სხვა ადამიანების გამოყენებით, მათგან იმის მიღებით
რაც მათ ჭირდებათ. სტრატეგიები, რომლებიც გამოიყენება ამისათვის - სხვაზე უპირატესობის
განცდა ან პირიქით სხვაზე ზედმეტად დამოკიდებულება - აყალიბებს პიროვნებას. სალივანი
უდიდეს მნიშვნელობას სძენს ადამიანებს შორის ურთიერთობებს. ის პიროვნებას განსაზღვრავს
როგორც ,, ინდივიდის ინტერპერსონალური ქცევის პატერნს“.

თანამედროვე ფსიქოდინამიური ხაზში ნეოფროიდიანელებს მოჰყვებიან ობიექტთა


ურთიერთობების თეორეტიკოსები, როგორებიცაა მელანი კლაინი, ოტტო კერნბერგი, ჰაინც
კოჰუტი.

ობიექტთა ურთიერთობის თერია ხაზს უსვამს პიროვნულ განვითარებაში ბავშვის და მათი


სიყვარულის ობიექტების, როგორც წესი დედის და პირველადი ფიგურების ძალიან ადრეულ
ურთიერთობის მნიშვნელობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას, დაცვას,
მიღებას, შექებას ანუ სხვა სიტყვებით, უკმაყოფილებენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ
მოთხოვნილებებს ბავშვს. ამ ობიექტთა ურთიერთობის ბუნებას აქვს პიროვნების
განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იმპულსი. განვითარების პროცესში ჯანმრთელი პიროვნება
გადის გზას ადრეული საიმედო მიჯაჭვულობიდან უნარამდე ააგოს სხვა ადამინებთან
ურთიერთობა როგორც დამოუკიდებელმა ინდივიდმა. დარღვეულმა ობიეტთა ურთიერთობამ
შეიძლება შექმნას პრობლემები, რომელიც ერევა პიროვნების განვითარების პროცესში და იწვევს
არაადექვატურ შეფასებას, ურთიერთობების სირთულეს ან უფრო ძლიერ ფსიქიკურ
დარღვევებს.

ფენომენოლოგიური მიდგომა

ფენომენოლოგიური მიდგომის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სამყაროს თავისებურად აღქმის


და ინტერპრეტირების უნიკალური უნარი. ფილოსოფიის ენაზე გარემოს ფსიქიკურ განცდას
ეწოდება ფენომენი, ხოლო იმის შესწავლას, როგორ განიცდება რეალობა ადამიანში -
ფენომენოლოგია.

ამ მიდგომის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ არა ინსტინქტები, შინაგანი კონფლიქტები


ან გარემოს სტიმულები განაპირობებს ადამინის ქცევას, არამედ ყოველ მოცემულ მომენტში
რეალობის მისეული პირადი აღქმა. ადამიანი - არ არის ინტრაფსიქიკური კონფლიქტების არენა
და არც ბიჰევიორალური თიხაა, რომლისგანაც დასწავლის შედეგად პიროვნება გამოიძერწება,
არამედ როგორც სარტრი ამბობს: ,,ადამიანი - ეს მისი არჩევანია“ (ის რასაც ის ირჩევს) ადამიანები
თავს თავად აკონტროლებენ, მათი ქცევა განსაზღვრულია უნარით გააკეთონ საკუთარი არჩევანი
- აიჩიონ, როგორ იფიქრონ, როგორ მოიქცნენ. ეს არჩევანი ნაკარნახევია ადამიანის მიერ სამყაროს
უნიკალური აღქმით. მგალითად, თუ თქვენ აღიქვამთ სამყაროს როგორც თქვენს მიმართ
კეთილგანწყობილს და მიმღებლურს, მაშინ თქვენც სავარუდოდ იგრძნობთ თავს ბედნიერად და
დაცულად. თუ თქვენ სამყაროს აღიქვამთ როგორც მტრულს და საშიშს, მაშინ თქვენ
სავარაუდოდ იქნებით შფოთვაში და დაცვითი რეაქციებისკენ მიდრეკილი. ფენომენოლოგიური
ფსიქოლოგია ღრმა დეპრესიასაც კი განიხილავს არა ფსიქიკურ დაავადებად, არამედ როგორც
ინდივიდის მიერ ცხოვრების პესიმისტურად აღქმის ნიშანს.

ფაქტობრივად ფენომენოლოგიური მიდგომა თავისი განხილვის მიღმა ტოვებს ინსტინქტებს და


დასწავლის პროცესებს, რომელიც საერთოა ადამიანისთვისაც და ცხოველისთვისაც. ამის
მაგივრად, ფენომენოლოგიური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ისეთ ფსიქიკურ თვისებებზე,
რომლებიც განახვავებს ადამიანს ცხოველთა სამყაროსგან: ცნობიერება, საკუთარი თავის
გაცნობიერება, კრეატიულობა, გეგმების დაწყობის უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი და
მათზე პასუხისმგებლობის აღება. ამ მიზეზით ფენომენოლოგიურ მიდგომას ასევე ჰუმანისტურს
უწოდებენ.

ამ მიდგომის მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრება იმაში მდგომრეობს, რომ ყოველ ადამიანს აქვს
საკუთარი პოტენციალის რეალიზების - პიროვნული ზრდის - თანდაყოლილი მოთხოვნილება
თუმცა გარემო შეიძლება ბლოკირებას უკეთებდეს ამ ზრდას. ადამიანები ბუნებით მიდრეკილნი
არიან სიკეთისკენ, შემოქმედებისკენ, სიყვარულისკენ, სიხარულისკენ და სხვა მაღალი
ღირებულებებისკენ. ფენომენოლოგიური მიდგომა ასევე გულისხმობს, რომ არავის არ შეუძლია
ნამდვილად გაიგოს მეორე ადამიანი და მისი ქცევა, თუ არ შეეძლება შეხედოს სამყაროს ამ
ადამინის თვალით. ამგვარად, ფენმენოლოგები ფიქრობენ, რომ ადამიანის ნებისმიერი ქცევა,
ისეთიც კი, რომელიც უცნაური ჩანს აზრის მქონეა იმისთვის, ვინც მას აღმოაჩენს.

ემოციური დარღვევები ასახავს ზრდის მოთხოვნლების ბლოკირებას ( თვითაქტუალიზაციის),


რომელიც გამოწვეულია აღქმის სახეცვლილებით ( დამახინჯებით) ან გრძნობების
გაცნობიერების არასაკმარისობით. ჰუმანისტური ფსიქოთერაპია ეფუძნება შემდეგ
მოსაზრებებს(D. Bernstein, E. Roy et al., 1988):

1. მკურნალობა არის ორი თანაბარი ადამიანის შეხვედრა ( ენქაუნთერ), და არა წამალი,


რომელიც სპეციალისტის მიერაა გამოწერილი. ის ეხმარება პაციენტს აღადგინოს თავისი
ბუნებრივი ზრდა და იგრძნოს და მოიქცეს იმის შესაბამისად, როგორიც ის
სინამდვილეშია, და არა ისე, როგორიც უნდა იყოს სხვების აზრით.
2. თუ თერაპევტი ქმნის სწორ პირობებს, გამოკეთება პაციენტებში თავისთავად ხდება. ეს
პირობები ხელს უწყობს გაცნობიერებას, საკუთარი თავის მიღებას და საკუთარი
გრძნობების გამოხატვას. განსაკუთრებით იმის, რომელთაც ისინი თრგუნავდნენ და
რომლებიც მათი ზრდის ბლოკირებას ახდენდნენ.
3. როგორც ფსიქოდინამიური მიდგომისას, თერაპია ხელს უწყობს ინსაიტს, თუმცა
ფენომენოლოგიურ თერაპიაში ინსაიტი - ესაა მიმდინარე განცდების აღქმა და
გაცნობიერება და არა არაცნობიერი კონფლიქტების. საუკეთესო საშუალება ამ სწორი
(იდეალური) პირობების შესაქმნელად არის იმ ურთიერთობის ჩამოყალიბება, სადაც
პაციენტი გრძნობს უპირობო მიღებას და მხარდაჭერას. თერაპიული ცვლილებები
მიიღწევა არა სპეციფიკური ტექნიკის გამოყენების შედეგად, არამედ პაციენტის მიერ ამ
ურთიერთობის განცდით.
4. პაციენტი მთლიანად პასუხისმგებელია თავისი ამა თუ იმ აზრების და ქცევის არჩევანზე.

ყველაზე ცნობილ ფორმებს ფენომენლოგიური თერაპიისა წარმოადგენს კარლ როჯერსის ( 1951)


,,კლიენტზე ცენტრირებული თერაპია“ და ფრედერიკ პერლზის ( 1969) ,,გეშტალტ - თერაპია“.

კარლ როჯერსი მუშაობდა ფსიქოდინამიური თერაპიით 30-იან წლებში. მაგრამ მალე მან
დაიწყო მის ღირებულებებში ეჭვის შეტანა. განსაკუთრებით მას არ მოწონდა ექსპერტად ყოფნა
რომელსაც ,,ესმის“ პაციენტის. ის დარწმნდა იმაში, რომ ნაკლებად ფორმალური მიდგომა უფრო
ეფექტურია და დაიწყო ე.წ ,,არადირექტიული თერაპია“, ანუ ის საშუალებას აძლევდა პაციენტებს
გადაეწყვიტათ რაზე ესაუბრათ და როდის, თერაპევტის მხრიდან მიმართულების მიცემის,
შეფასების ან ინტერპრეტაციის გარეშე. ამ მიდგომას ახლა ეწოდება ,,კლიენტზე ცენტრირებული
თერაპია“, რათა კლიენტის როლი იყოს ხაზგასმული. როჯერსის მკურნალობის საფუძველს
წარმოადგენს ურთიერთობის შექმნა, რომელიც ხასიათდება სამი მნიშვნელოვანი და
ურთიერთდაკავშირებული პოზიციით ( ,,როჯერსის ტრიადა“): უპირობო დადებითი მიღება,
ემპათია, კონგრუენტულობა.

1. ,,უპირობო დადებითი მიღება“. თერაპევტმა უნდა აჩვენოს, რომ ის გულწრფელად


ზრუნავს კლიენტზე, ესმის მისი როგორც ადამინის და სჯერა მისი ცვლილების უნარის.
ეს არა მხოლოდ ითხოვს კლიენტის მოსმენის მზაობას, რომ მას არ შეაწყვეტინოს, არამედ
ასევე იმის მიღებას, რასაც ის ამბობს, შეფასების და კრიტიკის გარეშე, მიუხედავად იმისა,
რაც არ უნდა ,,ცუდი“ ან ,,უცნაური“ ჩანდეს ის. თერაპევტს არ ჭირდება მოიწონოს
ყველაფერი, რასაც კლიენტი ყვება, მაგრამ მან უნდა მიიღოს ეს როგორც მოცემული
ადამიანის რეალური ნაწილი. თერაპევტი ასევე უნდა ენდოს კლიენტს რომ თავად
გადაწყვეტს საკუთარ პრობლემებს, შესაბამისად, ის რჩევებს არ იძლევა. რჩევა, ამბობს
როჯერსი, ატარებს ფარულ შინაარსს იმის შესახებ, რომ კლიენტი არაკომპეტენტურია ან
არაადექვატური, - ეს მას ნაკლებად თავდაჯერებულს და უფრო დახმარებაზე
დამოკიდებულს ხდის.
2. ემპათია. თერაპიის ბევრი ფორმა გვთავაზობს პაციენტზე გვერდიდან დაკვირვებას.
ემპათია მოითხოვს შინაგან ხედვას, ფოკუსირებას იმაზე, რასაც შეიძლება პაციენტი
ფიქრობდეს და გრძნობდეს. კლიენტზე ცენტრირებული თერაპევტი მოქმედებს არა
როგორც გვერდიდან დამკვირვებელი, რომელიც მიისწრაფვის დიაგნოსტიკური
იარლიყის მიწებებას კლიენტზე, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც უნდა გაიგოს
როგორ გამოიყურება სამყარო კლიენტის თვალით. ემპათიის შესახებ არ უნდა მოხდეს
თქმა: ,,მე მესმის“ ან ,,მე ვიცი, რასაც ახლა გრძნობთ“. თერაპევტი ემპათიას გადასცემს,
აჩვენებს რა, რომ ის მას აქტიურად უსმენს. კლიენტზე ცენტრირებული თერაპევტები
კლიენტთან კონტაქტში შედიან თვალების საშუალებით, თავის დაქნევით, როდესაც
პაციენტი საუბრობს, და ასევე სხვა ყურადღების გამომხატავი ნიშნებით. გამოიყენება
ასევე ტაქტიკა, რომელსაც ეწოდება არეკვლა ( რეფლექსია). არეკვლა აჩვენებს, რომ
თერაპევტი აქტიურად უსმენს, და ასევე ეხმარება კლიენტს გააცნობიეროს ის აზრები და
გრძნობები, რომელსაც ის განიცდის. მართლაც, კლიენტთა უმეტესობა რეაგირებს
ემპათიურ არეკვლაზე საკუთარ განცდებზე ყურადღების გამახვილებით.
3. კონგრუენტულობა - ესაა თანხვედრა იმას რასაც თერაპევტი გრძნობს და იმას შორის
როგორც იქცევა კლიენტთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ თერაპევტის უპირობო
დადებითი მიღება და ემპათია ნამდვილია და არა მოჩვენებითი. თერაპევტის
კონგრუენტულობის განცდა კლიენტს საშუალებას აძლევს დაინახოს, შესაძლოა
პირველად, რომ ღიაობა და გულწრფელობა შეიძლება იყოს ადამიანების ურთიერთობის
ბაზისი.

როჯერსის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების საილუსტრაციოდ ქვემოთ მოცემულია


მისი კლიენტთან საუბრის ნაწყვეტი.( როჯერსი 1951)

კლიენტი: მე არ შემიძლია ვიყო ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. ვფიქრობ, რომ არ მაქვს
ძალა თავი მოვიკლა, მაგრამ თუკი ვინმე გამანთავისუფლებდა პასუხისმგებლობიდან ან თუ
უბედური შემთხვევა მოხდებოდა, მე ... მე უბრალოდ არ მინდა სიცოცხლე.

თერაპევტი: მოცემულ მომენტში ყველაფერი ისე საშინლად გამოიყურება, რომ თქვენ ვერ
ხედავთ ცხოვრების აზრს. ( ემპათიური რეფლექსია და კრიტიკის არარსებობა)

კლიენტი: დიახ, მე ვნანობ, რომ დავთანხმდი ამ თერაპიას. მე ბედნიერი ვიყავი როდესაც


ჩემს ოცნებეში ვცხოვრობდი. იქ შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მსურდა. მაგრამ
ახლა ისეთი დიდი უფსკრული აღმოცენდა ჩემს იდეალსა და იმას შორის რაც არის...
(დააკვირდით რომ რეფლექსიის შემდეგ კლიენტისგან მეტი ინფორმაცია წამოვიდა)

თერაპევტი: დიახ, მე მესმის, რა რთულია საკუთარ თავში ჩხრეკა და დროდადრო ისეთი


მომხიბლავი და მოხერხებულია საკუთარ ოცნენებში დამალვა ( რეფლექცია)

კლიენტი: ჩემი ოცნებების სამყარო ან თვითმკვლეობა.... ერთი სიტყვით, არ ღირს თქვენი


დროის დახარჯვა, კვირაში ორჯერ მოსვლა... მე არ ვიმსახურებ... თქვენ რას ფიქრობთ?

თერაპევტი: ეს თქვენზეა დამოკიდებული... მე არ ვკარგავ დროს. მე გამეხარდებოდა თქვენი


ნახვა, როცა არ უნდა მოსულიყავით, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია ...( კონგრუენტულობა,
შეხვედრის გულწრფელი სურვილი და უპირობო დადებითი მიღება, რომელიც გამოხატავს მისი
არჩევანის გაკეთების და მასზე პასუხისმგებლობის აღების უნარის მიმართ ნდობას).

კლიენტი: არ აპირებთ უფრო ხშირი შეხვედრები შემომთავაზოთ? არ გეშინიათ და არ თვლით,


რომ მე ყოველ დღე უნდა მოვიდე, სანამ აქედან თავს არ დავაღწევ?

თერაპევტი: მე მჯერა, რომ თქვენ თავად შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. მე თქვენ


მიგიღებთ როგორც კი მოსვლა მოგინდებათ. ( დადებითი დამოკიდებულება)

კლიენტი: ( შიშით) მე მჯერა რომ თქვენ არ გეშინიათ ჩემს გამო... მე მესმის... მე შემიძლია
საკუთარი თავის გამო მეშინოდეს, მაგრამ თქვენ ჩემს გამო არ გეშინიათ.( ის გრძნობს რომ
თერაპევტს მისი ჯერა)
თერაპევტი: თქვენ ამბობთ, რომ თქვენ შეიძლება შიშობდეთ თქვენს გამო და გიკვირთ, რომ მე
არ ვშოშობ თქვენს გამო( რეფლექსია).

კლიენტი: თქვენ მე უფრო მენდობით ვიდრე მე საკუთარ თავს. შესაძლოა მე შემდეგ კვირაში
მოვიდე.

კლიენტი მართალი იყო. თერაპევტი მართლაც უფრო მეტად ენდობოდა მას, ვიდრე თავად
საკუთარ თავს. როჯერსი აღნიშნავდა, რომ კლიენტზე ცენრტირებული თერაპიის პროცესში
კლიენტები არა მხოლოდ უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, არამედ უკეთ აცნობიერებენ
საკუთარ ნამდვილ გრნობებს, ესმით საკუთარი თავის, სხვა ადამინებთან უფრო კომფორტულად
და ბუნებრივად უჭირავთ თავი, უმეტესწილად საკუთარ შეფასებას ეყრდნობიან, ვიდრე სხვების
აზრს და უფრო მშვიდები და პროდუქტიულები ხდებიან.

ქცევითი მიდგომა

ქცევითი თერაპია როგორ ფსიქოლოგიური დარღვევების დიაგნოსტიკისადმი და


მკურნალობისადმი სისტემური მიდგომა შედარებით გვიან აღმოცენდა - 20 საუკუნის 50-იან
წლებში. განვითარების ადრეულ სტადიაზე ქცევითი თერაპია განისაზრვრებოდა როგორც
კლინიკური პრობლემების მკურნალობის ,,დასწავლის თანამედროვე თეორიის“ დამატება. ცნება
,,თანამედროვე დასწავლის თეორია“ მაშინ მიეკუთვნებოდა კლასიკური და ოპერანტული
განპირობებულობის პროცედურებს და პრინციპებს.

ქცევითი თერაპიის თეორიული საწყისი იყო ამერიკელი ზოოფსიქოლოგის უოტსონის Watson


(1913) და მისი მიმდევრების ბიჰევიორისტული კონცეფცია. ბიჰევიორისტების თანახმად,
ადამიანის ფსიქიკური ქმედება უნდა იყოს გამოკვლეული ისევე როგორც ცხოველების,
მხოლოდ გარე ქცევის რეგისტრაციით და სტიმულსა და ორგანიზმის რეაქციას შორის კავშირის
დადგენით უნდა ამოიწურებოდეს, პიროვნების ზეგავლენისგან დამოუკიდებლად.
ნეობიჰევიორისტები (Tolman, 1932, Hull, 1943 и др.) ცდილობენ შეამსუბუქონ მათი
მასწავლებლების აშკარა მექანიკური მიდგომა და მოგვიანებით დაიწყეს სტიმულს და საპასუხო
რეაქციას შორის ე.წ. ,,შუალედური ცვლადების“ მხედველობაში მიღება - ესენია, გარემოს
გავლენა, მოთხოვნილება, უნარები, მემკვიდრეობითობა, ასაკი, წარსული გამოცდილება და სხვა.
მაგრამ ისევ ძველებურად უყურადღებოდ ტოვებდნენ პიროვნებას. თავისი არსით
ბიჰევიორიზმი მიჰყვება დეკარტეს თეორიას ,,ცხოველი მანქანების“ და მე-18 საუკუნის ფრანგი
მატერიალისტის ლამერტის თეზისს ,,ადამიანი მანქანის“ შესახებ.

ეფუძნება რა დასწავლის თეორიას, ქცევითი თერაპევტები ადამიანის ნევროზს და პიროვნების


ანომალიას ონტოგენეზში არაადაპტური ქცევის გამომუშავების გამოხატულებად
განიხილავდნენ. Wolpe (1969) ქცევით თერაპიას განსაზღვრავს როგორც ,, არაადაპტური ქცევის
შეცვლის მიზნით დასწავლის ექსპერიმენტალურად დადგენილი პრინციპების გამოყენებას.
არაადაპტური ჩვევები სუსტდება და ქრება, ადაპტური ჩვევები ჩნდება და ძლიერდება“. ამასთან
ფსიქიკური დარღვევების მიზეზების გარკვევა ზედმეტად მიიჩნვა. Frank (1971) ასევე აღნიშნავს,
რომ ასეთი მიზეზების დადგენა დიდად არ ეხმარება მკურნალობას. ავტორის აზრით, მათ
შედეგზე, ანუ დაავადების სიმპტომებზე ყურადღების გამახვილებას ის უპირატესობა აქვს, რომ
უკანასკნელი შეიძლება უშუალოდ დაინახო, მაშინ როცა მათი ფსიქოგენური წარმომავლობა
მხოლოდ შერჩევითად, სახეცვლილად ავადმყოფის მეხსიერების საშუალებით და ექიმის
სუბიექტური წარმოდგენებით შეიძლება მოვიპოვოთ. უფრო მეტიც, Eysenck (1960) ამტკიცებდა,
რომ საკმარისია პაციენტი გავათავისუფლოთ სიმპტომებისგან და ნევროზიც მოცილებული
იქნება.

წლებთან ერთად ქცევითი თერაპიის განსაკუთრებულ ქმედითობაზე ოპტიმისტური


თვალსაზრისი შესუსტდა. მაგალითად, Lazarus (1971) - ვოლპეს მოსწავლე და კოლეგა
დაუპირისპირდა თავის მასწავლებლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქცევით თერაპიას,
როგორც ყველაზე ეფექტურს შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი სხვა სახის მკურნალობა.
საკუთარი 112 პაციენტის მკურნალობის მონაცემების საფუძველზე ლაზარუსმა ქცევითი
თერაპით მკურნალობის შედეგებში ძალიან მაღალი რეციდივების რიცხი გამოავლინა.
იმედგაცრუების შემდეგ ზოგიერთი ავტორი წერდა, რომ ქცევითი თერაპიის მეთოდები კარგად
მუშაობს უბრალო ფობიებთან ან არასაკმარისი ინტელექტის პირობებში, როდესაც ავადმყოფს
არ შეუძლია საკუთარი პრობლემის ფორმულირება ვერბალური ფორმით.

კრიტიკოსები ქცევითი თეაპიის იზოლირებულად გამოყენების ძირითად დეფექტს პირობითი


განმტკიცებების ტექნიკის ცალმხრივობაში ხედავენ. მაგალითად ამერიკელი ფსიქიატრი
ვოლბერგი Wolberg (1971) აღნიშნავს, რომ როდესაც ფსიქოპათს ან ალკოჰოლდამოკიდებულს
მუდმივად სჯიან ან უარყოფენ ანტისოციალური ქცევის გამო, ისინი თავად ნანობენ საკუთარ
ქცევას. მიუხედავად ამისა რეციდივისკენ მათ ინტენსიური შინაგანი მოთხოვნილება უბიძგებთ,
რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გარედან პირობით-რეფლექსური ზეგავლენაა.

ქცევითი თერაპიის ძირითადი ნაკლი მდგომარეობს არა ადამიანის ნერვულფსიქიკურ


ქმედებაში პირობითი რეფლექსისთვის მნიშვნელოვანი როლის მინიჭებაში, არამედ ამ როლის
აბსოლუტიზაციაში.

შემდეგ წლებში ქცევითმა თერაპიამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ეს დაკავშირებულია


ექპერიმენტული ფსიქოლოგიის და კლინიკური პრაქტიკის მიღწევებთან. ქცევითი თერაპია
დღეს გამოირჩევა კოგნიტური კონცეფციების და პროცედურების გამოყენებით.

კოგნიტური თერაპია

კოგნიტური თერაპიის დაწყება უკავშირდება ჯორჯ კელის მოღვაწეობას. 20-იან წლებში ჯორჯ
კელი თავის კლინიკურ პრაქტიკაში იყენებდა ფსქოანალიტიკურ ინტერპრეტაციებს. მას
აკვირვებდა ის რა მარტივად იღებდნენ პაციენტები ფროიდის კონცეფციას, რომელსაც თავად
კელი აბსურდულად თვლიდა. ექსპერიმენტის სახით კელიმ დაიწყო პაციენტებისადმი
მიწოდებული ინტერპრეტაციების ვარირება სხვადსხვა ფსიქოდინამიური სკოლების
ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ პაციენტები ერთნაირად ღებუობდნენ მათთვის შეთავაზებულ
ინტერპრეტაციებზე და სურვილი აქვთ მის მიხედვით შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. კელი
მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშური კონფლიქტების ფროიდიანულ ანალიზს და წარსულის
შესწავლას არ აქვს გადამწყეტი მნშვნელობა. კელის აზრით, ფროიდის ინტერპრეტაცია
ეფექტური იყო, რადგან ისინი პაციენტებისთვის ჩვეულ აზროვნების მეთოდს არღვევდა და მას
ახლებურად აზროვნების და გაგების საშუალებას აძლევდა.

კელის თანახმად, სხვადასხვა თეორიული მიდგომების კლინიკური პრაქტიკის წარმატება იმით


აიხსნება, რომ თერაპიის პროცესში ხდება საკუთარი გამოცდილების ინერპრეტაციისადმი და
მომავლისადმი ხედვის ცვლილება. ადამინები დეპრესიას და შფოთვას ეძლევიან იმის გამო, რომ
საკუთარი რიგიდული, არაადექვატური აზროვნების მახეში ებმებიან. მაგალითად, ზოგიერთი
ადამიანი ფიქრობს, რომ ავტორიტეტული ფიგურები ყოველთვის მართლები არიან, ამიტომ
ნებისმიერი კრიტიკა ავტორიტეტული ფიგურისგან მათზე დამთრგუნავად მოქმედებს.
ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც ამ წამოდგენას შეცვლის, იქნება ის დაფუძნებული თეორიაზე,
რომელიც ამ წარმოდგენას ოიდიპოსის კომლექსთან აკავშირებს, მშობლების სიყვარულის
დაკარგვასთან თუ სულიერი მოძღვარის მოთხოვნილებასთან, ეფექტური იქნება. კელიმ
გადაწყვია შეექმნა არაადექვატური აზროვნების უშუალო კორექციის ტექნიკა.

მან პაციენტებს საკუთარი წამოდგენების გაცნობიერება და შეემოწმება შესთავაზა. მაგალითად,


მშფოთვარე, დეპრესიული ქალი პაციენტი დარწმუნებული იყო, რომ თუ მისი ქმრისგან
განსხვავებული აზრი ექნებოდა ეს მის ქმარში რისხვას და აგრესიას გამოიწვევდა. დავალების
შესრულების შედეგად, პაციენტი დარწმუნდა იმაში, რომ ეს საშიში არ არის. კელის პრაქტიკაში
ასეთი საშინაო დავალებები ჩვეული გახდა. ზოგჯერ კელი პაციენტებს სთავაზობდა ახალი
პიროვნების როლია მორგებას, რომელსაც საკუთარ თავზე და სხვებზე განსხვავებული
წარმოდგენა ჰქონდა. ეს ჯერ თერაპიულ სეანსებზე უნდა გაეკეთებინა, ხოლო შემდეგ რეალურ
ცხოვრებაში. ის იყენებდა როლურ თამაშებსაც. კელი მივიდა დასკვნამდე, რომ ნევროზების
ცენტრში არაადაპტური აზროვნებაა. ნევროტიკის პრობლემა მდებარეობს აზროვნების აწმყო
(მოცემულ) საშუალებაში, და არა წარსულში. თერაპევტის მიზანია გამოავლინოს აზროვნების ის
გაუცნობიერებელი კატეგორიები, რომელის მტანჯველ განცდებს იწვევს და აზროვნების
ახალი საშუალებები ასწავლოს.

კელი ერთ-ერთი პირველი ფსიქოთერაპევტი იყო, რომელიც პაციენტების აზროვნების


უშუალოდ შეცვლას ცდილობდა. ეს მიზანი საფუძვლად უდევს ბევრ თანამედროვე თერაპიულ
მიდგომას, რომელიც გაერთიანებულია კოგნიტური თერაპიის ცნებით.

ფსიქოთერაპიის განვითარების მოცემულ ეტაპზე კოგნიტური მიდგომა სუფთა სახით თითქმის


არ გამოიყენება: ყველა კოგნიტურ მიდგომაში მეტ-ნაკლებად ქცევითი ტექნიკები გამოიყენება.
მაგალითად ა. ელისის ,,რაციონალურ- ემოციური თერაპია“ და ა. ბეკის ,,კოგნიტური თერაპია“.

კოგნტურ-ბიჰევიორალური თერაპიის ჩამოყალიბება

კოგნიტური ფსიქოლოგიის სფეროში არსებული ექსპერიმენტული კვლევები, კეროდ პიაჟეს


კვლვები მკაფიო სამეცნიერო პრინციპებს ეფუძნებოდა და მათ პრაქტიკაში გამოყენების
შესაძლებლობას იძლეოდა. ცხოველების ქცევის შესწავლამაც აჩვენა, რომ ყურადღება უნდა
მივაქციოთ მათ კოგნიტურ შესაძლებლობებს იმის გასაგებად, როგორ ხდება მათში დასწავლა.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ ქცევითი თერაპევტები, ისე რომ ამაზე თავად არ ეჭვობენ, საკუთარი
პაციენტების კოგნიტურ შესაძლებლობებს იყენებენ. მაგალითად, დესენსიტიზაციისას
პაციენტის მზაობას და წარმოსახვის უნარს იყენებს. სოციალური უნარების გავარჯიშებისას
პაციენტები სწავლობენ არა სპეციფიკურ რეაქციებს სტიმულებზე, არამედ სტრატეგიების
ნაკრებს, რომელიც საშიშ სიტუაცუასთან გამკლავებისთვისაა საჭირო. წარმოსახვის, აზროვნების
ახალი საშუალებების და სტრატეგიების გამოყენება თავის თავში კოგნიტურ პროცესებს
გულისხმობს.

ქცევითი და კოგნიტური თერაპევტებს საერთო თვისებები აღმოაჩნდათ (Ch. L. Doyle, 1987).

1. არც ერთი არ ინტერესდება დარღვევის მიზეზით და პაციენტის წარსულით. მათი სამიზნე


აწმყოა: ქცევითი თერაპევტები ყურადღბას ამახვილებენ აქტუალურ ქცევაზე, ხოლო
კოგნიტური - იმაზე, რას ფიქრობს ადამიანი საკუთარ თავზე და სამყაროზე აწმყოში.
2. ორივე თერაპიას დასწავლის პროცესად მიიჩნევს, ხოლო თერაპევტს - მასწავლებლად.
ქცევითი თერაპევტები პიროვნებას ახალ ქცევებს ასწავლიან, ხოლო კოგნიტური
თერაპევტები - აზროვნების ახალ საშუალებებს.
3. ორივე აძლევს პაციენტებს საშინაო დავალებას, რათა მათ თერაპიულ სეანსებზე
მიღებული გამოცდილება თერაპიული სივრცის გარეთ გამოსცადონ.
4. ორივე უპირატესობას ანიჭებს აბსურდულობას მოკლებულ ( იგულისხმება
ფსიქოანალიზი) პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც არ არის დამძიმებული პიროვნების
რთული თეორიებით.

აარონ ბეკი ( 1967) ნევროტული დერესიის მქონე პაციენტებს აკვირდებოდა. მან ყურადღება
მიაქცია იმას, რომ მათ განცდებში მუდმივად დგას დამარცხების, უიმედობის და
არაადექვატურობის თემები. ბეკმა დაასკვნა, რომ დეპრესია იმ ადამიანებს უვითარდებათ,
რომლებიც სამყაროს 3 უარყოფით კატეგორიაში აღიქვამენ: 1). აწმყოს ნეგატიური აღქმა; რაც არ
უნდა ხდებოდეს, დეპრესიული ადამინი ყურადღებას ამახვილებს ნეგატიურ მხარეებზე, თუმცა
ცხოვრება გვთავაზობს ისეთ მოცემულობებსაც, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობისთვის
კმაყოფილება მოაქვს. 2). მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება: დეპრესიული პაციენტი,
მომავალში მხოლოდ ცუდ მოვლენებს ხედავს; 3) საკუთარი ღირსების გრძნობის დაქვეითება;
დეპრესიული პაციენტი საკუთარ თავს შეუმდგარს, უღირს და უსუსურ ადამიანად აღიქვამს.

პიაჟეს იდეების გავლენით ბეკმა დეპრესიული პაციენტების პრობლემების კონცეპტუალიზაცია


მოახდინა: მოვლენები ასიმილირდება ნეგტივისტურ, აბსოლუტიზებულ კოგნიტურ
სტრუქტურაში, რისი შედეგიც არის სინამდვილიდან და სოციალური ცხოვრებიდან გასვლა.
პიაჟე ასევე ასწავლიდა, რომ ქმედებას და მის შედეგს აქვს ძალა შეცვალოს კოგნიტური
სტრუქტურა. ამან ბეკი მიიყვანა თერაპიული პროგრამის შექმნამდე, რომელიც ქცევითი
თერაპევტების მიერ შემუშავებულ ზოგიერთ ინსტრუმენტს იყენებდა ( თვითკონტროლი,
როლური თამაში, მოდელირება, საშინაო დავალება და სხვა)

სხვა მაგალითს წარმოადგენს ალბერტ ელისის ( 1962) რაციონალურ - ემოციური თერაპია.


ელისი უფრო მეტად ფენმენოლოგიური პოზიციიდან გამოდის. თვლის, რომ შფოთვა,
დანაშაულის განცდა, დეპრესია და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები გამოწვეულია
ფსიქომატრავმირებელი სიტუაციით და იმით თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ამ მოვლენას,
რას ფიქრობენ მათზე. ელისი ამბობს, რომ თქვენ ხასიათი გიფუჭდებათ არა იმიტომ რომ
გამოცდაზე ჩაიჭერით, არამედ იმიტომ რომ თვლით, რომ ჩაჭრა - უბედურებაა, რომელიც
თქვენს უუნარობაზე მიუთითებს. ელისის თერაპია პირველ რიგში მიისწრაფვის ასეთი
ადამინისთვის დამაზიანებელი და პრობლემის გამომწვევი აზრების იდენტიფიცირებას,
რომლებიც პაციენტმა შეიძინა არასწორი დასწავლის შედეგად, ხოლო შემდეგ დაეხმაროს
პაციენტს ჩაანაცვლიოს ეს ნაკლებ ადაპტური აზროვნების სტერეოტიპები უფრო
რეალისტურით, მოდელირების, წახალისების და ლოგიკის გამოყენებით. როგორც ა. ბეკის
კოგნიტურ თერაპიაში, ელისის რაციონალურ-ემოციურ თერაპიაში დიდი ყურადღება ეთმობა
ქცევით ტექნიკებს, მათ შორის საშინაო დავალებებს.

ამგვარად, ,,სუფთა“ ქცევითი თერაპიის მიზანია ქცევის შეცვლა; კოგნიტური თერაპევტის -


საკუთარი და გარემოს აღქმის ცვლილება; კოგნიტურ- ქცევითი თერაპევტები აღიარებენ
ორივეს; საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ ცოდნა ზეგავლენას ახდენენ ქცევაზე, ხოლო
ქცევა და მისი შედეგი მოქმედებს საკუთარი თავის და სამყაროს აღქმაზე.

კოგნიტურ - ქცევითი თერაპევტები, როგორც მათი წინამორბედები, არ ინტერესდებიან


წარსულით ან ნევროტული დარღვევების მიზეზებით. ისინი ამბბენ, რომ არავინ იცის
ნამდვილი მიზეზი, და გარდა ამისა, არ არის დამტკიცებული, რომ მიზეზის ცოდნას პირდაპირი
კავშირი აქვს მის მკურნალობასთან. თუ ავადმყოფი ექიმთან ძვლის მოტეხილობით მოდის,
ექიმის ამოცანაა ამის გამოსწორება და არა იმ პირობების შესწავლა, რამაც ეს გამოიწვია.

You might also like