You are on page 1of 7

ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში

სალომე შარაძე

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აღმოსავლეთი და დასავლეთი ახალ და უახლეს პერიოდში

ხელმძღვანელი: გიული ალასანია


სალომე შარაძე

1798 წელს ნაპოლეონ ბონაპარტე ეგვიპტისკენ დაიძრა. მისი მიზანი იყო ახლო
აღმოსავლეთის გავლით ინდოეთს გადაწვდომოდა და ასე შეეტია ინგლისის
სამფლობელოებისთვის, რომელიც იმ დროისათვის საფრანგეთისთვის ყველაზე
მნიშვნელოვან მეტოქეს წარმოადგენდა. იგი სწერდა მასიორის სულთანს, რომელიც მაშინ
ინგლისელებს ეომებოდა სამხრეთ ინდოეთში და დახმარებას პირდებოდა მას. ნაპოლეონს
სპარსეთის შაჰთანაც ჰქონდა ურთიერთობისა და შეთანხმების გეგმები. მაგრამ მისი იმედები
არ გამართლდა. უნდა ითქვას, რომ ნაპოლეონმა ვერ განახორციელა თავისი მიზანი მიეღწია
ინდოეთისთვის, მაგრამ მისმა ლაშქრობამ ეგვიპტესა და სირიაში სხვა მნიშვნელოვანი
შედეგები მოიტანა.

ნაპოლეონი დაუსხლტა ხელიდან ნელსონის ძლიერ ესკადრას და ზღვით გადავიდა


ეგვიპტის ნაპირებზე. ხმელეთზე ფეხის დადგომისთანავე, ნაპოლეონმა თავის სტიქიაში
იგრძნო თავი და დაიწყო ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. დაიწყო ქალაქებისა თუ
სოფლების დაპყრობა, დაწყებული ალექსანდრიით და დამთავრებული აკრით, რომლის
ალყაც ორ თვეს გაგრძელდა, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზებისდა გამო ფრანგებისათვის
მარცხით დასრულდა.

საინტერესოა რა მდგომარეობა იყო ამ დროს ახლო აღმოსავლეთში და რა გამოიწვია იქ


ნაპოლეონის გამოჩენამ. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობები ყოველთვის
განსხვავებულად მიმდინარეობდა. ეს ორი მხარე ხან შორდებოდა ერთმანეთს, ხანაც
უახლოვდებოდა და უფრო და უფრო მეტს იგებდა გაუცხოებული მეზობლის შესახებ.
დაახლოება ჩვეულებრივ ომითა და ლაშქრობებით გამოიხატებოდა, მაგრამ ამასთანავე კარგი
შედეგებიც მოჰქონდა, ვინაიდან საბოლოოდ, განსხვავებული კულტურები ერთმანეთს
ეცნობოდნენ.

ეგვიპტე ითვლებოდა თურქეთის სულთნის სელიმ III-ის სამფლობელოდ, მაგრამ


ფაქტობრივად მას განაგებდა ფეოდალური ცხენოსანი ჯარის მმართველი ზედა ფენა. მათ
მამლუქები ეწოდებოდათ. მათ უფროსებს კი, რომლებიც ეგვიპტის საუკეთესო მიწებს
ფლობდნენ მამლუქ ბეები. ისინი ხარკს უხდიდნენ სტამბულის/კონსტანტინოპოლის
სულთანს, აღიარებდნენ მის უზენაესობას, თუმცა რეალურად სწორედ ისინი მართავდნენ
ეგვიპტეს.

ეგვიპტის ძირითად მოსახლეობას იმ დროისათვის წარმოადგენდნენ არაბები. ისინი


მისდევდნენ ვაჭრობას, ხელოსნობას, საქარავნო-სატრანსპორტო საქმეს, მიწათმოქმედებას და
სხვა. აგრეთვე მოსახლეობის ნაწილს წარმოადგენდნენ კოპტები, რომლებიც ყველაზე
შევიწროებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და წინაარაბული ტომების ნაშთები. მათი
საერთო სახელწოდება იყო „ფელახები“. ისინი შავ სამუშაოს აკეთებდნენ, მაგალითად
აქლემთა გამყოლობას ეწეოდნენ და ასე შემდეგ.

მოსახლეობას ნაპოლეონის შესახებ არაფერი სმენოდა და ვერ გაეგოთ მისი გამოჩენის


მიზეზიც. თავის მხრივ ნაპოლეონი ავრცელებდა ხმებს თითქოს იგი არაბი მოსახლეობის
გასათავისუფლებლად იღწვოდა, პატივს სცემდა ისლმაურ რელიგიასა და ყურანს. იგი
არასოდეს გამოირჩეოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის თუ ნეიტრალიტეტის პატივისცემით
სალომე შარაძე

და ამა თუ იმ წესების დაცვით, რომელიც ომსაც ახლავს. იგი ყოველთვის თავისი მიზნების
მიხედვით მოქმედებდა და არაფერზე იხევდა უკან. თუმცა გარკვეული გარემოებების და
გამო, რამენაირად უნდა გაემართლებინა თავისი საქციელი. აქ შეიძლება მიზეზი ყოფილიყო
სულთნის რისხვის და შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ
ნაპოლეონი აცხადებდა, რომ იგი ეომებოდა არა თურქეთის სულთანს, არამედ სულთნის
სასარგებლოდ და მეგობრული დახმარების გასაწევად ებრძოდა მამლუქ ბეებს მათი ჩაგვრისა
და უმოწყალო მმართველობისაგან არაბი მოსახლეობის გასათავისუფლებლად.

რეალურად კი ნაპოლეონი იპყრობა ყველა დასახლებულ პუნქტს თავის გზაზე, სასტიკად


უსწორდებოდა მოსახლეობას და წინააღმდეგობის ყოვლგვარ გამოვლინებას და იქ ფრანგულ
მმართველობას ამყარებდა. მის ჯარისკაცებზე თავდასხმისა და მკვლელობის შემთხვევაში
მთელ სოფლებს ანადგურებდა და სამაგალითოდ სჯიდა, როგორც დამნაშავეებს ისე
უდანაშაულო პირებს. ნაპოლეონის არმია საკმაოდ სწრაფად მოქმედებდა. თითქოს
მოსახლეობამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ნაპოლეონის ბატონობის ქვეშ.
ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდნენ მამლუქები, თუმცა ალბათ მათი შედარებაც არ
შეიძლება, იმდენად დიდი იყო ძალთა სხვაობა.

ფრანგული არმიის ჯარისკაცები ზედმიწევნით შეარჩია თავად ნაპოლეონმა. გარდასული


კამპანიის შემდეგ მან უკვე კარგად იცოდა თითოეული ჯარიკაცის თვისებები.
გაითვალისწინა რა მათი ხასიათი დ მომავალი ლაშქრობის გაუსაძლისი ბუნებრივი
პირობები, როცა ჯარისკაცებს მცხუნვარე მზეში და აუტანელ გარემოში მოუწევდათ
გადაადგილება, შეარჩია ისინი ამტანობისა და სიმტკიცის მიხედვით. ნაპოლეონი
ეგვიპტისკენ ოცდაათი ათასი კაცისგან შემდგარი ჯარითა და არტილერიით დაიძრა.

რაც შეეხება ნაპოლეონის მთავარ მოწინააღმდეგე ძალას, ესენი იყვნენ თავის დროზე
გატაცებული ტყვეები, მონები, რომლებისგანაც შეიქმნა ჯარისკაცების არისტოკრატიული
სოციაულური ფენა, რომელთა ფორმირებაც სალაჰ ად დინის დროს დაიწყო (XII
ს.) აღსანიშნავია, რომ მალუქთა რიგებში მრავლად იყვნენ ქართველი მებრძოლებიც.
მაგალითად:
ალი ბეი ალ-ქაბირი (დიდი) - 1741 წ. საქართველოდან მოიტაცეს და საჩუქრად მიართვეს
ეგვიპტის მომავალ გამგებელს ქართველ იბრაჰიმ ქათხუდას. 1768-1772 წლებში მან დაიწყო
აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ, შექმნა ცენტრალიზებული ხელისუფლება, დაიწყო
სამხედრო კამპანიების სერია, რითაც თავის დროებით კონტროლს დაუქვემდებარა ზემო
ეგვიპტე, ჰიჯაზი, პალესტინა და სამხრეთი სირია. ალი ბეიმ შეწყვიტა გადასახადების
გაგზავნა სტამბოლში, გააძევა ქვეყნიდან ოსმალო ფაშა, ახორციელებდა უპრცედენტო
კონტროლს ქვეყნის ფინანსურ და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

“ალი ბეის აჯანყების შემდეგ - ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციამდე (1798 წ.) ეგვიპტეში
დომინირებდა მამლუქი ბეიების ოლიგარქია - ბეილიქათი, რომელიც, ისევე როგორც
სალომე შარაძე

ოსმალების მიერ ადრე შექმნილი 7 სამხედრო კორპუსის ხელმძღვანელობა, უმთავრესად


შედგებოდა ქართველებისგან”, - აცხადებს პროფესორი გოჩა ჯაფარიძე.
მამლუქი ბეიების - იბრაჰიმის (სოფელ მარტყოფიდან, გვარად შინჯიკაშვილის), რომელსაც
ეკავა შაიხ ალ-ბალადის უმაღლესი პოსტი მამლუქთა იერარქიაში და მურადის
(თბილისიდან) დუუმვირატი მართავდა ეგვიპტეს (შესვენებებით) 1775-1798 წლებში. ისინი
მოქმედებდნენ როგორც ქვეყნის დამოუკიდებელი მმართველები, გამუდმებით
უგულვებელყოფდნენ ოსმალეთის ხელისუფლების ბრძანებებს და ეწინააღმდეგებოდნენ
ოსმალო გამგებლის ყოფნას ეგვიპტეში.

(იბრაჰიმ და მურად ბეიებს, რომელთა სამსახურში 16-დან 12 ბეი ქართველი იყო, მჭიდრო
ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, მეფე ერეკლე II-სთან. )

მამლუქები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულები დამბაჩებით, კარაბინებით და


აღმოსავლური ხმლებით. თუმცა რასაკვირველია, ვერ უწევდნენ სათანადო წინააღმდეგობას
ბონაპარტეს არმიას და ისინი ნელ-ნელა იხევდნენ უკან. მხოლოდ იშვიათად
დაატყდებოდნენ ხოლმე თავს ფრანგებს და შემდგომ თავიანთი მარდი ცხენებით
მიიმალებოდნენ ხოლმე. თუმცა ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. 1798 წლის 20 ივნისს
გაიმართა მთავარი შეტაკება პირამიდებთან. ბრძოლა წარმოებდა სოფელ ემბაბესა და
პირამიდებს შორის. მამლუქებმა სრული მარცხი განიცადეს და მიატოვეს მათი არტილერიის
ერთი ნაწილი (ორმოცი ზარბაზანი) და გაიქცნენ სამხრეთისაკენ. რამდენიმე ათასი კაცი
ბრძოლის ველზე დარჩა.

(1798–99 წლების განმავლობაში მურად–ბეი სათავეში ედგა მამლუკთა ბრძოლას ეგვიპტეში


შემოჭრილი ფრანგული არმიის წინააღმდეგ, მაგრამ პირამიდებთან ბრძოლაში ნაპოლეონის
არმიასთან მარცხის შემდეგ, მურადი ზედა ეგვიპტეში მიიქცა, სადაც პარტიზანული
ბრძოლები გააჩაღა, რის აღკვეთასაც ერთი წლის მანძილზე ცდილობდა დეზე.)

ბონაპარტე შედის კაიროში. იგი ფრანგულ მმართველობას აყალიბებს ეგვიპტეში და ამის


შემდეგ მიდის სირიისკენ. მისი ლაშქრობა სირიაში წარმატებით დაიწყო. უკან იტოვებდა
უამრავ გვამს, რასაც თან სდევდა შავი ჭირის გავრცელება. სირიაში მთავარი იყო აკრის ალყა,
რომელიც სულ ორ თვეს გაგრძელდა და ნაპოლეონისათვის უშედეგოდ დასრულდა. აქ
ბონაპარტეს მეტოქეებს წარმოადგენდნენ არა მამლუქები, არამედ თურქეთის არმია,
რომელიც საერთოდ არ იზიარებდა ნაპოლეონის მიერ თავსმოხვეულ მიზანს
მამლუქებისაგან განთავისუფლების შესახებ და ინგლისი, რომელიც დახმარებას უწევდა
თურქეთს და ამარაგებდა მას სურსათ-სანოვაგითა და იარაღით. ნაპოლეონს საალყო
არტილერიაც კი არ ჰქონდა, ამიტომ 1799 წლის 20 მაისს იძულებული გახდა მოეხსნა ალყა და
უკან გაბრუნებულიყო. ეგვიპტისაკენ მიმავალი გზა მეტად მძიმე აღმოჩნდა გაუსაძლისი
სიცხისა და ეპიდემიის გამო, რომელიც სულ უფრო მეტი ჯარისკაცის სიცოცხლეს იტაცებდა.
დაიწყო აჯანყებებიც. ამრიგად ნაპოლეონის ოცნებას, გაბატონებულიყო სირიაშიც, ბოლო
მოეღო.

კაიროში დაბრუნებულმა ნაპოლეონმა მიიღო ცნობა, რომ ნელსონმა ეგვიპტის


გასათავისუფლებლად თურქეთის არმია გადმოსხა. ნაპოლეონს არ გასჭირვებია თურქეთის
სალომე შარაძე

არმიის დამარცხება, რითაც განამტკიცა თავისი ძალაუფლება ეგვიპტეში. თუმცა მალე იგი
ტოვებს ეგვიპტეს და ბრუნდება საფრანგეთში. მან გაზეთიდან შეიტყო, რომ კოალიცია
(ავსტირა, ინგლისი, რუსეთი, ნეაპოლის სამეფო) კვლავ უტევს საფრანგეთს, ქვეყანაში
არეულობაა. ამდენად ნაპოლეონი ტოვებს ეგვიპტეს კარგად მომარაგებული არმიით,
წესიერად მოქმედი ადმინისტრაციული და საგადასახადო აპარატითა და დაშინებული
ხალხით და მიდის პარიზში მდგომარეობის გამოსასწორებლად. 1801 წელს კი საფრანგეთის
არმია ტოვებს ეგვიპტეს.

რაც შეეხება ლაშქრობის შედეგებს კულტურის ჭრილში, უნდა ითქვას, რომ მან უდიდესი
როლი ითამაშა ეგვიპტოლოგიის განვითარებაში. ნაპოლეონმა თან წაიყვანა მეცნიერები. სულ
ექსპედიციაში 150-ზე მეტი წევრი იყო: ასტრონომები, ქიმიკოსები, მათემატიკოსები,
ფიზიკოსები, ინჟინრები, ნატურალისტები, მხატვრები, პოეტები, ექიმები და ა.შ როდესაც
საშიშორება იქმნებოდა სამხედრო ხელმძღვანელები გასცემდნენ ბრძანებას: „ვირები და
მეცნიერები ცენტრში!“. სამეცნიერო კორპუსისა და ინვენტარის გარშემო იკვრებოდა
სამხედროების წრე და იცავდა მას. კაიროს აღების შემდეგ ნაპოლეონმა ბრძანა შექმნილიყო
ისეთივე სამეცნიერო დაწესებულება ეგვიპტეში, როგორიც საფრანგეთში იყო. 1798 წლის 22
აგვისტოს დაარსდა ეგვიპტის ინსტიტუტი. ინსტიტუტის ხელმძღვანელად აირჩიეს გასპარ
მონჟი, მის მოადგილედ კი ნაპოლეონი.

ინსტიტუტის ძირითადი მიზნები იყო: განმანათლებლობის შემოტანა ეგვიპტეში და


სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წახალისება; ეგვიპტის ისტორიის, კულტურის,
გეოგრაფიის, ფლორისა და ფაუნის შესწავლა; სამეცნიერო კვლევების შედეგების
პუბლიკაცია; საოკუპაციო ხელისუფლების რეფორმების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

ბუნებრივია, პირველ რიგში მეცნიერები უნდა დახმარებოდნენ ფრანგ სამხედროებს.


ნაპოლეონმა მათ კონკრეტული დავალებები მისცა: საჭირო იყო ეგვიპტის
საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემის მოწესრიგება. მეცნიერებს აგრეთვე დაევალათ
მრავალი პრაქტიკული საქმე, მათ შორის ნილოსის წყლის გამტკნარება, არმიის პურით
მოსამარაგებლად ღუმელების შექმნა, ლუდის დამზადება ადგილობრივი მცენარეების
გამოყენებით და მრავალი სხვა.

სამეცნიერო კორპუსმა კვლევითი სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.


მეცნიერები იკვლევდნენ ეგვიპტის ფლორასა და ფაუნას, გეოლოგიას, მინერალებს, ფიზიკას,
გეოგრაფიას. აგრეთვე ქვეყნის ისტორიას, დემოგრაფიასა და ხალხის ჯანმრთელობის
მდგომარეობას. გაკეთდა მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა: ამოიხსნა მირაჟის ფენომენი,
გამოიკვლიეს კაუსტიკური სოდა, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მუმიფიცირების დროს
იყენებდნენ. არქიტექტორები იკვლევდნენ არაბებისა და ძველი ეგვიპტელების უნიკალურ
არქიტექტურას. ფრანგებმა გიზას პირამიდების დაწვრილებითი აზომვა და აღწერა
მოახდინეს.
სალომე შარაძე

სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობდა კაიროში, გიზაში, ლუქსორში, კარნაკში,


როზეტაში და ა.შ ფრანგები იკვლევდნენ სამარხებს, მუმიებს, წარწერებს ტაძრებზე. აქვე
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს როზეტის ქვა – ექსპედიციის ყველაზე დიდი მონაპოვარი.
ეს არის ბაზალტის ფილა, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერები იეროგლიფური,
დემოტური და ძველბერძნული დამწერლობით. ის აღმოაჩინა ფრანგული არმიის კაპიტანმა
პიერ-ფრანსუა ბუშარმა 1799 წელს, ფორტ სენ-ჟულიენის აგების დროს. ამ ქვას „როზეტის
გასაღები“ დაარქვეს, რამეთუ სწორედ მისი მეშვეობით გახდა შესაძლებელი იეროგლიფური
დამწერლობის გაშიფრვა. ამრიგად, ფრანგმა მეცნიერებმა ნიადაგი შეამზადეს
ეგვიპტოლოგიისთვის.

ნაპოლეონი ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავდა ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის იმ


არხის აღდგენას, რომელიც ოდესაღაც არსებობა.

1798 წლის ბოლოს ბონაპარტე მეცნიერებთან ერთად იწყებს არხის მიდამოების


გამოკვლევას. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მონჟი და ბერტოლე, ინჟინერები: ლეპერი და
კოსტაზი.

არხის პროექტის შექმნა უკავშირდება ლეპერს.მან განაცხადა, რომ წითელი და ხმელთაშუა


ზღვათა დონეები განსხვავებული იყო. მის მიერ შექმნილი პროექტი ყველაზე
ავტორიტეტული იყო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მისი ხელმძღვანელობით
შექმნილმა სქემებმა, ჩანახატებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფერდინანდ ლესეპსის მიერ
მოგვიანებით ჩატარებულ სამუშაოებზე.

ფრანგული არმიის კაპიტულაციის შემდეგ ფრანგი მეცნიერების მრავალი მონაპოვარი


ინგლისელების ხელში აღმოჩნდა. ფრანგი მეცნიერები იბრძოდნენ საკუთარი მონაპობარის
გადასარჩენად და დიდი ნაწილის შენარჩუნებაც მოახერხეს. სამშობლოში დაბრუნების
შემდეგ საკუთარი ნაშრომები შეკრიბეს ერთ მონუმენტურ გამოცემაში, რომელიც „ეგვიპტის
აღწერის“ სახელითაა ცნობილი. ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი ეგვიპტის შემდგომი
შესწავლისათვის.

ამდენად, ნაპოლეონის ლაშქრობამ ეგვიპტეში კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა მისი


საოცარი ნიჭი სამხედრო სფეროში და გარკვეული როლი ითამაშა ნაპოლეონის კარიერის
შემდგომ განვითარებაში. საფრანგეთისთვის ეს კამპანია საბოლოდ მარცხით დასრულდა,
თუმცა უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიოსთვის ეგვიპტის შესწავლის საქმეში.
სალომე შარაძე

ბიბლიოგრაფია

ნაპოლეონი - ე. ტარლე, გამომცემლობა „ბედია“, თბილისი 1996

https://www.militarium.org/mamlukebi/

https://www.tsu.ge/science/?leng=ge&cat=jurnal&jnomeri=5&tid=1

https://giorgiarkaniasite.wordpress.com/2016/10/31/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83
%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C-
%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1
%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94/

You might also like