You are on page 1of 33

FB.

COM/GROUPS/ELLIB
მორჩილაძე აკა
წიგნიდან “კაპულა ორშაურაშვილის მემუარები”

როგორ არა ჰყვარობდა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე ურდოვანაანთ კნეინას

მე ვარ კაპულა ორშაურაშვილი, ოთხმოცდაორი წლისა ვიქნები, ან ოთხმოცდაათისა.


ყიზილჭალაზე ჩემზე უფროსი ქვა ბევრი დაითვლება, ხე კიდენა – ყველა ჩემზე უმცროსია
და ჩემი დარგული. რაც ჩემზე უფროსები იყო და პაპაჩემ დოზია მეწისქვილის დარგული,
სულ მე ამაკაფინეს კოლექტივის მოთხოვნილობით. უცხო რამ ხეები იყო და ჩვენთვინ
სარგებელი არა აქსო. იმ დროსავე არ დავიჯერე, მარამა რა გამოვიდოდა: მოვადექ და
ვსჭერი. მერე ტივებად ვკარი და დაუდე ყიზილას წყალსა. განა არ ვიცი? ქალაქში შეშა
ჰკლებიყო ცეკას ხალხსა და იმისთვინ მამუშავეს. აგე, მხარიც მაქ გაფუჭებული, ზედ რო
წამემექცია ბოლოსწინა. არ მეეწონა ღმერთსა და დამადო ნიშანი – რათ სჭრი პაპაშენის
დარგულსაო.

მე კიდენა, ხო ვიცი, რო იმის ჩაყრა ერთი წვალება გახდა და ახლა კიდენა, აჩეხვა. ის
ნერგები პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს სათათრეთიდან მეეტანა თორმეტი ცალი.
თხუთმეტი ყოფილიყო სულა, მარამა სტრაჟნიკები მდგარიყვნენ შამბიანში და ორი იმათ
წეერთმიათ – შაშვები დეეხოცათ და ნაკვერჩხალში ეხმარათ, რახან ფიჩხი იქ არა
ჰქონიყოთ. ერთით კიდენ, რო წამოსულიყო, მგლები მისეოდნენ ქოროღლიზე და იმათ
დარეოდა.

მაშინ უკვე ურდოვანაანთ ვიყავნით. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე ბარათაანთ ხელში


მედროშედ იყო ნამყოფი ძველ დროში და ბარათაანი დროშის დამჭერს შემოწმებას არა
ჰკადრებდნენ. რაც ურდოვანაანთ ხელში გადმოველით, მერე კიდენა მანმელოვ
რომანოზასი, სულ თვლაში და უნდობლობაში ვყვანდით. კოდს რო გაუმსებდა
ფქვილითა, პაპაჩემი ზედ ნაჯახის ტარს გადაატარებდა და რაც ფქვილი განზე
გადმოვიდოდა, ჩვენა გვრჩებოდა. ბაბოჩემი ეტყოდა, ბატონსა ჰპარამო? ეს კიდენა, სულ
ერთს მიუგებდა, თვლით უყვართ და თვლითა ჰქონდეთო.

რათ ვამბობ აემასა?

იმათ, რო, კნეინამ ანგარიში ასტეხა, ხარჯი თხუთმეტისა გავსწიეთ და თორმეტი


მოგიტანიაო. ისე ჰქონიყო ფიქრში იმათი ჩარგვა, რო ბაღი გამოსვლოდა – ხუთ რიგ, სამ-

1
სამი ნერგი უნდა გავახაროო. რახან სტრაჟნიკებს შაშვები შეეწვათ, თხუთმეტი როგორღა
გამოვიდოდა. მგლების ანგარიში კიდენ ცალკე იყო. გული ეეყარა კნეინასა და ეთქო, წადი
და სადაც არ მოგინდეს, იქ ჩაჰყარე ეგენიო. აემის ხარჯ-ანგარიშში თოთხმეტი გოდორი
ჩვენი ყურძენი დეემატებინა.

რაღა უნდა ექნა პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა, გეეგონა, იმის პაპის პაპა კევრში რო გეებათ.
მაშინ ოძელაშვილი არსენა დადიოდა შამბიანში და პაპაჩემის პაპის პაპისთვის იმას
ესწავლებინა ნაღვლის წამლობაცა. რო ჰბრუნავს გულმუცელში და მწვანედ რო გაანათებს
კაცსა, უნდა აიღო მუჭით ტყვია-წამალი, ჩაიყარო პირში თითო-თითოდ და ჰკვნიტო,
უეჭველ შენს გადამრჩენ რასმეს მოადუღებ თავშიო.

დოზიაც აგრე მოქცეულა, ჰკვნეტს ტყვია-წამლის მარცვლებსა და ჰფიქრობს, სად არის


ამათი სარგო მიწაო. ბოლოს წისქვილს მაღლა, ყიზილჭალაში დეენიშნა ალაგი – წყალთან
ახლო იქნებაო. დავსწვები იმათ გრილში და გადავსწყვეტ, ფოთოლი უფრო მეტია მიწაზე,
თუ ვარსკვლავი – ცაშიო. სულ ცის ამბის წვალება ჰქონდა.

ხალხში კიდენა, ხმა გავარდნილიყო, კნეინამაო დოზია მეწისქვილესაო უცხო რამ


ხეხილის ნერგი აჩუქაო. კაი ნაჩუქარი ის იყო, თოთხმეტი გოდორი ყურძენი დაგვიჯდა. იმ
წელიწადს ვეღარ დავსწურეთ და ეგ იყო, ღვინო არყისდენი დაგვირჩა. მარამა, ვინ
გისმენს? მეტიც, დეერხიათ ლაპარაკები, გაიზრდება ეგ ნერგებიო და თვალ-მარგალიტს
მაისხამსო. ბიჭობაშიო, დოზია კნეინასა ჰყვარობდაო, დაუნახიათ წისქვილშიო და ეჰე,
როგორ დაუფასდაო. ახსოვდათ, რო ერთხელ კნეინა მოდიოდა ცხენზე დამჯდარი, ხელში
ქოლგის ტრიალითა, პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდენა, თივის ბულულზე იდგა და
საზამთრო ზვინებს ატკეპნიდა ზემოდანა. გეეყოლებინა თვალი, გეედევნებინა და
მიჰყოლოდა აემ მოსახვევამდის, რო გედეეხვია კნეინასა, ბულულზედ მდგომი პაპაჩემიც
გადაზნექილიყო, თვალი ვერ გეეძღო იმის ცქერითა. გადაზნექილიყო და
გადმოვარდნილიყო კიდეცა, მარგილს წამოჰგებულიყო ფერდითა. სამ დღეს უგონოთა
ჰყავდათ და მერე ისევ არსენას ეშველნა. შამბიანში დაიარებოდა მაშინა და იქ
დადარაჯებულიყო ბაბოჩემი, ხო სცნობილობ დოზიასაო და ასეთ დღეშიაო.
წამოჰყოლოდა. ძაან ჯილაგისა იყო, წვერი რო მოგეპარსა, მთავრობის კაცში ეგერეოდა. რო
მოსულიყო, პაპაჩემის ფერდის ნახვრეტში ორნახადი არაყი ჩეესხმევინებინა და ტყვია-
წამალიც ჩეეყარა ბლომათ, მერე ერთი ნაკვერჩხალი ეეღო და ისიც ზემოდან დეედო. აგრე
გამოეწვა წამხდარი ადგილები. პაპაჩემ დოზია მეწისქვილის ღრიალი ცასა სწვდებოდა და
მერე ყველა ამბობდა, ფერდში ცეცხლამოვარდნილი რო ჰყვიროდა, იმ ყვირილს შიგნიდან
კნეინას სახელი მოისმოდაო.

ყვირილი ცასა სწვდებოდა და ბატონის სახლს ვერ მისწვდებოდა? გეეგოთ იმათაცა და


თავიდან ეფიქრათ, ეშმაკეულია რამეო და ბიჭები გამეეგზავნათ ხმის კუდის დასაჭერათ.
მერე შეეტყოთ, რო პაპაჩემია, და თითონ კნეინა მოსულიყო მალამოებითა, მარამ არსენას
არ დეენებებინა, ნაწამლია უკვეო, ეგ შუშები თქვენსა შაინახეთო.

აი, ეს ამბავი ხსომებიყო ხალხსა და ზედ გამოება მელიას კუდები.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე მეტყოდა, არა ვჰყვარობდი, თვალმა წამახდინაო და იმ


ქოლგის ტრიალმაო. გული კი არ გეედევნა ჩემი, თვალიო. ეგრე იყო, თუ არ იყო ეგრე, განა
არ ვიცი, რო პაპაჩემს ყურის ბიბილო ოხრად აუწითლდებოდა ხოლმე? ახსენებდნენ
კნეინასა და მიეცემოდა აიმ ჩვენი მთების ფერი. არაო, უარობდა, ბაბოჩემს კიდენა

2
აუცილებლივ გაუწვიმდებოდა გაფენილ სარეცხზე და ასტეხდა ტირილს. ხო ნათქვამია,
ვინაც ქმრის ხალათი გარეცხოს და გაუწვიმდეს, იმან იდარდოს ქმრის სხვაგან ყურებაო.

ეს ლაპარაკი კიდენა ხელახლა ატყდა ამდენ ხნის მერე. კაცი მეეყვანათ ქალაქიდან და იმას
ეეხსნა, ლეღვისაა ეგ ნერგები, განა უცხო ხილისაო. მარამ რუსულათ ამბობდა და აქ ვინ
მიხვდებოდა? ძაღლთან ლაპარაკი ვისწავლე, რუსთთან – ვერა.

ჩვენი ბატონი, ქურდოვანიძე თილისონ, ოსმალოსთან ომში ნამენდლარი კაცი იყო. ცალი
ხელი არა ჰქონდა, ცალ ყურში არ ესმოდა, ცალი თვალით ვერ ხედავდა და ცალი ულვაში
არ ეზრდებოდა. ოსმალოს ომში ზარბაზნის გვერდზე მდგარიყო და იმ ზარბაზანს
თავისით გეესროლა გაუფრთხილებლივ. ცალი ხელი განზე გაფრენილიყო, ცალი ყური
ხმას გამეევსო, ცალი თვალი კვამლს ჩეექრო, ცალი საულვაშე ცეცხლს გეეტრუსა. იმის
მერე აღარა ჰქონდა ცალი მხრის საშუალება. სწორედ ვერ გეეგო პაპაჩემის და კნეინას
ამბავი. დაგუბულ ყურში თუ ეჩურჩულათ სიავის მოყვარულებსა. ხმლით დარეოდა
ბალკომის ბოძებსა და იმათთან ეომა, აქ მომგვარეთ დოზია მეწისქვილეო. მოურავი
მოსულიყო პაპაჩემთან, მეერიდეო. ერთი ხანობა დასცემს ბუკსა და მიავიწყდებაო. არ
მიავიწყდა. აიხირა და მიგვყიდა მანმელოვ რომანოზასა. რომანოზას ხელშივ დაიწვა
ურდოვანაანთ სახლი და კნეინაც იქ დარჩა.

მარამა, ჯერ სად იყო სახლის დაწვა? იმას ხო არ დეელოდებოდა პაპაჩემი? წამოუსვია
ხელი იმ თორმეტი ნერგისთვის და მიუცია თავი წითელ მთებისთვისა. იქ ერთ
გამოღრუტნულში ზის და ხმელა პურზედ გადადის. თურმე გადმოჰხედავს ყიზილხევსა
და იტყვის, ისევა სდგას ნახევარბატონის სახლიო? პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ხო
ნახევარკურდღელას ეძახდნენ და ეხლა ამან დაარქვა ნახევარბატონა.

მერე იყო, რო აბრალებდნენ, დოზია მეწისქვილემ დასწვა ურდოვანაანთ ბინაო.


ურიადნიკმა ხოსიაშვილმა უშველა.

მარამ ეგ მერისა არის.

ერთიც დაღამდა და იმ თავის გამოღრუტნულიდან ჰხედავს პაპაჩემი დოზია მეწისქვილე,


ქვემოთ, შამბიანში ცეცხლი ღუდღუდებს. ქარი კიდენა, ნიავათ გადაცმული, ხო იმისთვის
მოუგონია ეშმაკეულსა, რო ერთი ადგილიდან მოიპაროს მწვადის სურნელი, გამააქანოს
და პირდაპირ ცხვირში დააჯახოს ხმელა პურზედ გადამავალ კაცსა და თავზე ხელიც
ააღებინოს. აბა, რომელი წმინდა გიორგი პაპაჩემი დოზია მეწისქვილეა, რო ჭირი
დაითმინოს? უყურებს შამბიანის ღუდღუდა ცეცხლსა და იმის ნაკვერჩხალზე დაწვეთილი
შვლის ცვარიც ისე დაიწკაპანებს, რო ყური ცხვირს გაახსენებს, ამბის პირველი შემტყობი
მაინც მე ვარო.

თუ სტრაჟნიკები არიან და წავიდე, ჩემი წილი მოვთხოვო, იმათი შაშვის გულისთვინ ჩემ
წისქვილსა ვნატრობო. თან არსენაა და ერთ შამფურს არ დამაჯერებს; თუ ვინმე უცხოა და
არ დამამადლის ხმელა პურზე მყოფსაო.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, რაც გზაში მოგიხდესო, შენ ფეხებს მოკითხეო.
მარამ მთელი თავი იმ მწვადის შიშხინით გამაევსო და ეს აღარა ხსომებოდა: წამოსულიყო
თავქვე შამბიანისკენ და თავის გულს ეუბნება, ყორანა ყაჩაღი ნუ იქნება და თუნდ
შახბაზიანები დამიხვდნენ, იმათ გავაგებინებ, რო თათრებში ნავალი ვარ, ყორანას კიდენა,
რა გავაგებინო, ხანჯალი დამაღერა კაჭრელების დუქანშიო.
3
გასწორებია შამბიანსა და იმ ოხერი შამბებიდან გამოყოფილ თოფის ლულებს არ
მიდგომია გულისფიცრით? ისევ ურდავანაანთ როზგის ქვეშ დამელია სულიო, დაუძახნია
ტყვიის დამნახავი კაცის ხმით, დოზია მეწისქვილე ვაარ და ვახშამი არ მინახავს,
მერამდენე დღეაო. ან გამაფუჭეთ, ან ნახევარი შამფური მაჭამეთო. გამოჩენილან ის თოფის
მომშვერები და მოსწონებიყოთ, შენაო, კახელი ხო არა ხაარო, რა კარქათა თქვიო. პაპაჩემს
კიდენა, მიეგო, კახელიო წისქვილში დავტოვე მარცვლის დამთვლელათაო. არა სწამდა
კახელებისა – იქაო, პური იოლად მოსდითო.

ესენი ყოფილან გუშაგები და თან – კახელები. დაუვლიათ ხელი და წაუყვანიათ შამბიანის


გულში, სადაც ცეცხლი ღუდღუდებს და მწვადი წკაპანს აპირობს. ოცი კახელი ზის,
მწვადსა სჭამს და ტიკჭორიდან ასხამს ღვინოსა. ერთი კაცია ნაბადში გამოხვეული,
ცარიელა შამფური უჭირავს და დაატარებს ნაღვერდალში, იქ ხაზები გამოჰყავს. იმ კაცის
წინაშე დაუყენებიათ. რო შემოუხედია, თვალები იმ ნაღვერდალსავით მოუნათებია, რას
დადიხარ ღამღამობითაო, ვინა ხარ, რისი პატრონიო? პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ხო
შეეძლო რო ეთქვა, მშიერი ვარ, თქვენი ქეიფობის ამბავი დამანახა სიბნელემაო, მარამა
უფიქრია, ამ ჩემ წითელა მთებშიო კახელებს დევესაცოდაოო? გზაზე მივდიოდიო,
მიუგია. ვისი ხაარო, იმას უკითხია. ურდოვანაანთი ვარო, მარამ იმათ ნაგალობებს გიორგი
სააკაძის ამონაკვნესი მირჩევნიანო. სცნობ გიორგი სააკაძესაო? გასცინებია თითონ იმ
კაცსა. შენა ვერა გცნობ, თორე იმისი ნაჩუქარი ორღარიანი ხანჯალიც კი მქონიაო. ამ დროს
მოუწოდებიათ ერთი შამფური და ნახევარლიტრიან ბანკით ღვინო, ჭიქები არა ჰქონიყოთ,
დაგვლოცეო. პაპაჩემს ეეღო ეს ბანკა და ეთქო, თუ კახურსა ვსვამ, ჯერ კახელებს
გაუმარჯოს, იმათი ნასროლი, ყიზილხევს გადასცდენოდეს და ოსმალოში
ჩავარდნილიყვესო. მოსწონებოდა იმ ნაბდიანსა და ეკითხა, მაინც ვინა ხარო, კარგათ
გამაგებიეო და მეეხსნა პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს პირი და დეეწყო კნეინას ყურებაში
რო დეესო მარგილსა და ამ თორმეტი ნერგით გეეთავებია. ეს რო ყვება ამაებსა, და
კახელები ტაშსა სცემენ მოწონებითა და მალიმალ დაიძახებენ, ეს ვინა ყოფილა, ბელადოო.

იმდენჯერ სთქვეს ეს ბელადო, რომ მე ჩემი დამემართაო. თურმე პაპაჩემ დოზია


მეწისქვილეს ჰგონებიყო, წითელ სახლიდან ხო არ არი მოსულიო, ბიჭობის მერე არ
მინახამს და ეგებ ისიც იყოსო. წაჰხდენია გუნება და დადუმებულა, აბა თითს რო
მოგპარამენ იმის გულისთვის, რაღა ამოგადგმეინებს ხმასა? იმ ნაბდიანს უკითხავს, რათ
დადუმდიო. რათაო და თუ ბელადი ხარ, მე ისედაც გეცნობებიო და ამაზე ისევ
აუტეხნიათ სიცილი. ის კაცი წამომდგარა, ნაბადიც შამოუხსნია და გამოჩენილა თელ
თავის ტანადობით, კოხტა ბლუზაში ჩაცმული და კაი სააფიცრო ჩექმაში. აბა, ვგავარ აემ
პატარა ბელადსაო? პაპაჩემს ეპასუხნა, როგორც მეფე ერეკლეს პირგალესილი კბილის
საჩხრეკნად წატეხილ ხიჭვსაო. ესეც ძალიან მოსწონებიყოთ. პაპაჩემს კიდენა, მიუგია,
სათათრეთში ნავალი ვარ, კახეთი მხოლოდ ძილში მინახამს და ვერა გცნობილობო.
ქართლელებს სულა გძინამთ და კახელებიც იმიტო მოვედით აემ თქვენ შამბიანშიო,
ჩოლოყაშვილი ვარო და ამის გამგონეს დაუკრავს მუშტი გამწარებულ პაპაჩემს შიგ იმ
ნაღვერდლებშია, ქართლელებს გიორგი სააკაძე მოგვკვდომია და აგე ვინ გამოგვიგზავნა
ღმერთმაო. ხელი დასწვია და ღვინით დეებანათ და დეელბოთ დამწვარი ალაგი. იმას
კიდენა უთქვამს, ეგ რა ჰქენიო, ემაგ ნაღვერდალ-ნაცარში მთელი საომარი გეგმა მქონდა
ჩახაზულიო.

მაინც დილამდინ დეეძალებინათ ღვინო. ერთი პარკი გეემსოთ ხორცითა და საგზლად


მიეცათ.

4
პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდენა იწევს, თქვენთან წამოვალო. არაო, ჩოლოყაშვილს
უთქვამს, ჩვენაო, სულის მოსათქმელად ოსმალოში გავდივართო, შემოვბრუნდებით და
ვიციო, ყიზილაანთ ჯარის უფროსათ შენ იქნებიო, ქაღალდზე დეეწერა ეს ყველაფერი და
მიეცა. ის ქაღალდი მერე ქოთანქვეშ ამოდო ბაბოჩემმა და ერთხელაც, ლობიო რო ჩაუდგა
ცეცხლში, ძირზედ მიჰკრობიყო და დაიწვა.

ეს კი ეთქვა ჩოლოყაშვილსა, რო არ შაუშინდეო, თუ გულში ამოგიჭრია ემაგ ხეების


დარგვა, დარგეო. ის რო იყვავილებს პირველათ, იცოდე, ნიშანია, ჩვენ მოვდივართო. ამ
სიტყვებზე დაშორებოდა.

პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს კიდენა, ჩამეეტანა იმ თავის გამოღრუტნულიდან ყველა


ნერგი და იმავ სისხამზე ყიზილჭალაზე დეერგო. მერე თამამათ წამოსულიყო შინა, რაც
მოხდება მოხდესო, რას დეემალებიო. მართალი გამოდგა, დავიწყებული ჰქონიყო
თილისონა ნახევარსა. ურიადნიკ ხოსიაშვილსაც პირი მიეცა, არ მოუშვებ შენამდიო.

ყოველ გაზაფხულზე ათვალიერებდა ხეებსა, აბა, ყვავილი თუ გამოიღოო. როგორც მე არ


მომისხამს რამე, ისე იმასაცა. მერე მეც ვათვალიერებდი. არაფერი. მერე კიდენა, ამაკაფინეს
და აწი რომც მოვიდნენ აქა, მე იმ კახელებს სახით ვერა ვცნობ.

თუ ჰხედამ, რა კუდები გამოაბეს? არა ჰყვარობდა კნეინას პაპაჩემი დოზია მეწისქვილე.


იტყოდა კი ხოლმე, ქალი რო მარტო კანჭი იყვეს, ბაბოშენს არც შავხედავდიო.

ჩიტებმა რო დასწერეს მე ნათქვამი მაქ, რო ნათლიაანთ დავყვებოდი ცხვარში და ის კაი


ყველი, ორი ურემი გუდა მამქონდა ხოლმე ბაბოჩემის საკუჭნაოში. იქ ლეკებმა მასწავლეს
ძაღლებთან ლაპარაკი, რაც გინდა რო ძაღლი არ დამიხვდეს, იმის გულისთქმას ამოვიცნობ
და სიავეს თათარაში ამოვავლებიებ.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე მეტყოდა, ძაღლთან სალაპარაკო რიყის ქვაა, ან კიდევ კაი
გათლილი შვინდის ჯოხიო. იმას ძაღლი ადამიანის ამხანაგად არა სწამდა. მგლის
ბიძაშვილი კაცს ვერ მეეხმარებაო. იმას ჩიტისა, ფრინველისა სწამდა. აბა, ვინ არ იცოდა,
რო პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ცაში ყურება უყვარდა? დააღებდა პირსა და ასცქეროდა
მაღლა ცასა. გალობა ესწავლებინათ, მღვდელი იქნებოდაო, ასე ამბობდნენ, სულ ღმერთს
დეეძებს ცაშიო.

ღმერთი ბევრჯელ მოხმარებიყო ცხონებულ პაპაჩემსა, მარამა ცაში ის ღმერთს არ


დეეძებდა, იმიტო, რო ცაში მარტო ღმერთის ნიშნებია და არა თითონ უფალი ღმერთი. ეს
სხვაგან არის, ყოველ ალაგას და არც სადმე დასანახად.

პაპაჩემმა დოზია მეწისქვილემ ამინდის ამოცნობა იცოდა. რო ამაივლიდა ურიადნიკი


ხოსიაშვილი, ჰკითხავდა, აბა, დოზიავ, რასა ჰკითხულობ ცაშიო. უყურებდა პაპაჩემი ცასა
და ზოგჯერ ეტყოდა, ვერაფერსაო, ზოგჯერ კიდენა, ასე და ასეო, ზეგის დასეტყვასაო.
პაპაჩემი დოზია მეწისქვილე წერაში გარჯილი კაცი არ იყო, არაფერი დეეწერა თავის
ცხოვრებაში. სამაგიეროთ, კითხვა და ასოების გამორჩევა იცოდა. მეც ასე გამომზარდა, რო
გაზეთს წავიკითხამ, მარამ დაწერაზე ოფლი მომივა.

რათ გამახსენდა იმის წერა-კითხვის ამბავი?

5
იმათ, რო ურიადნიკი ხოსიაშვილი რო მოაგდებდა წისქვილის კარს თავის ჭაკსა, არც
ერთხელ არ იტყოდა, რასა ჰხედამ ცაშიო, ყოველთვინ, რასა ჰკითხულობო. ერთხელ მეც
ვკითხე პაპაჩემსა, რა არის რომ ურიადნიკი სულ ასე გკითხავს, ცა რომელი ყარამანიანია,
რომ შიგ ასოები ეწეროს-თქო. ამაზე გეეცინა პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა, ხოსიაშვილმაო,
ჩემი ყველაფერი იცისო, და ამიხსნა:

ასოები ყველგან ჩანსო.

თურმე, პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ჩიტების ნდობა აქვს. სულ ვხედამდი, რო გამაიტანს
წისვქილიდან ვარცლით პურის კაკალსა და დადგამს განზე. ფრინველი ჰყავს მოჩვეული.
რამდენჯერ მიყურებია, # აე იმ ქვებზე ჩამოდგამს ვარცლსა და წამოუსხდებიან
მერცხლები და ბეღურები. ძერაც მინახავს იქა, რო პურის კაკალს სჭამდა პაპაჩემის
გამოტანილსა. ძერას აჭმევდა პურის კაკალსა, ძერასა და ქორ-მიმინოსა.

პაპაჩემ დოზია მეწისქვილის მეტი ვინ იზამდა ამასა? ვის დაუჯდებოდა ძერა პურის
საჭმელათ?

თურმე, ცას რომ აჰხედავს პაპაჩემი, თუ ჩიტი არა ფრენს, მაშინ ამბობს, ამინდისა არა ვიცი
რაო. თუ ჩიტი რომელიმე დაინახა, ჩიტიც ხო ხედამს, რომ ქვემოდან დოზია მეწისქვილე
უყურებს, თავისი ახლო ამხანაგი, და ცაში ასოები გამოჰყავს თავისი ფრენითა. ამ ასოებს
ჰხედამს პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, შააერთებს ერთ სიტყვად და გვეუნება პასუხსა.

ჩიტი ცაშია, იმან ისეთები იცის რო, ამინდი რა მოსატანია? ოღონდაც, რო ფრინველს
ლაპარაკი არ ეხერხება და უფალ-ღმერთს მისთვის ასოების ცაში გამოყვანა უსწავლებია,
რო გააგებიოს ჭკვიან ხალხს თავისი ნანახი.

ჩიტს რო უნახავს, აბა ვინ იტყვის? მეც არ მიკვირდა? პაპაჩემი დოზია მეწისქვილე
თათარში ნავალი კაცი იყო, მარამა იმდენი ამბავი იცოდა გარეშემო ქვეყნისა, თათარს
ბევრით გასცდებოდა. თურმე, ჩიტები უწერენ ცაში ნაირ-ნაირ ამბავსა და თუ რამ არი, რო
კუდი შაიკეცო, წინდაწინ შაატყობინებენ.

ზემოთკენა ხო ფაცერი ედგა ხოლმე პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა. ერთი დრო არა ჰქონდა
იმის ჩადგმისა, ეტყოდენ სოფელში, ჰაო, ჩადგიო? და თავს გააქნევდა, ჯერ არ მოსულა
კალმახიო. დროაო, დაძრული უნდა იყოსო, მეთევზე ხალხი ამბობდა. ეს კიდენა, თურმე,
ჩიტების ნიშანს ელოდება. ისინი ხო ხედამენ ზემოდანა, ჯარათ როდის წამოვა კალმახი
ჩვენ ყიზილაში. ყველაზე მეტნი რო დაიძრებიან, და ჩადგამს.

მერე არ მიკვირდა, რო ამ დაჭერილ კალმახის ერთ ლიტრას წაიღებდა და წითელ


კლდეებში დაალაგებდა? ყველას თავის წილი უნდაო. იქ ორი ძერა მივიდოდა და
ვახშმადა ხვდებოდა. შაატყობინეს და შახვდათ.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, წინდაწინ ცოდნა შიშიაო. გაღმით რო ნემეცები


ცხოვრობდენ და რო აჰყარეს, იმათი ამბავი წინდაწინვე იცოდა. ვინ ეტყოდა? ჩიტები
დაუხატავდნენ ცაზედ, სხვა ვინა?

ეს სულ იმის მოგონილია, რო იტყვიან, ჩიტმა ამბავი მომიტანაო.

კარგი...

6
ერთხელაც მე და ბაბოჩემი ვართ ბოსტანში და პაპაჩემი დოზია წისქვილში გვეგულება.
დაგვადგა თავსა და აქეთ-იქეთ აცეცებს თვალებს, ცხვირზე ოფლის წვეთი ჰკიდია მწიფე
მსხალივითა. ბაბოჩემმა, ხო მშვიდობააო, და ეს მე მომიბრუნდა, ბიჭოო, კაჭრელების
დუქან არ დაგინახო გაცილებულიო. მაშინ ხო დავდიოდი გადაღმით, ხან ფიჩხზეო, ხანაც
კუნელზეო.

მეტი არაფერი სთქვა და წავიდა უკან. იმას ხო არ დავიმახსოვრებდი? ბიჭი ვიყავ და


დუქანსაც გავსცდებოდი.

მერეღა მივხვდი, რო ჩიტებმა მოუტანეს ამბავი. რომ მივხვდი, კაი დროც ის იყო.

დემეცენ ლეკები, ყიზილჭალაზე რო ვძღებოდი მაყვლიანში და იმ მაყვლის ბუჩქიანა


მომიტაცეს. ჩემზე კაი მაგარი ბიჭები მოუტაცნიათ ძველ დროში და გაუყიდიათ
ურჯულოზე. ტომარა რო მეცვა თავზე, სულ არა მქონდა ამის ჯავრი, ვიფიქრე, სალდათათ
გამყიდიან, ჯარის უფროსი შევიქნები და ჯინჯილებით რო ამოვალ ყიზილხევში, ხო
დამინახავს პაპაჩემი დოზია მეწისქვილე და ხო დაირტყამს ხელს იმ გაფქვილულ
მუხლისთავზე-თქო.

ერთიც გავიხედო და, დამიბრუნეს თვალისჩინი. მივიხედე-მოვიხედე და რასა ვხედავ,


არაშენდას ციხეზედ მოუყვანივარ. ერთხელ თელეთზე რო წავედით, მამიჩემი რო
ფარავანში იყო საპოვნელი, იმის სათხოვნელად, მაშინ დამინახავს ეს არაშენდა. რა ციხე ეგ
იყო, კედელი ერთი ედგა და დასცინოდნენ, ვინც დაბლა გაუვლიდა ურმითა თუ ფეხითა.
ცხენიანს, აბა, ვის ეცალა, იმის დასაცინად, გაიქროლებდა, წავიდოდა თავის საქმეებზე.

მივიხედ-მოვიხედე, აქეთ ლეკები მიდგანან.

ეხლა ვფიქრობ, აბა, მოვა ოსმალოს ვაჭარი და გადმოვა წითელ თუმნიანებს, რო


წამიყვანოს. ჯარის უფროსობა დამიდის თვალებში.

ამის მაგივრათ, მოვიდა ერთი მაღალი-მაღალი კაცი, პაპაჩემ დოზია მეწისქვილის ხნისა,
დამიწყო თვალიერება და ბეჭებზე ხელების სმა, ამხედამს-დამხედამს, საულვაშეზე
მიყურებს და ისე ტკბილათ ლაპარაკობს, ჩემი თავი მეფის შვილი მაინცა მგონია.

იფ-იფ-იფ, ასე ამბობს და გაჰხედავს ჩრდილოეთის მხარესა.

ერთიც გაჰხედა და დამიარა ძვალ-რბილში სიკვდილის ძაფმა. იმიტო რო, პირისპირ ვერა
ვცნობდი და გვერდულ რო შავხედე, ვუთხარი ჩემ ყმაწვილ გულსა, თუნდ ლეკისა იყავ,
დეგერჭობა-მეთქი ყარაიული ბებუთი. ჩვენა ხო ბარათაანთ ნაყმევი ვართ და ყველა
ბარათაშვილსა ვსცნობთ. იმათში ორი ყოფილა ფინთი და ავი და ერთი იდგა ჩემ წინ
არაშენდას ციხის პირზე.

ჩემ წინ იდგა ბარათაანთ შადიმანა, ვინაც თვალების ჭუტვით მისცა ლეკებს გიორგი
სააკაძე და განთქმულია მეფისთვინ ჩახოხბილის კაი კეთებით.

ჩემი ნება ყოფილიყო, იმას კაჭრელების დუქანში დავაყენებდი ჩამხოხბავათ, მარამა აგე,
ვოროშილოვივით დგას და იმ ფაფარა თმასაც ქარი უფრიალებს.

ეხლა რა არის საქმე:

7
ქარი ტყუილად კი არ გამხსენებია. ეშმაკისაა ეს ქარიცა და ყველაფერი სხვაცა, რაც
ფრინველს ხელს შეუშლის ცაში, ისე, როგორც ადამიანს რო შაუშლის მიწაზე. არაშენდას
კიდე, იმიტო ჰქვია არაშენდა, რო ამ ქარის მიზეზითა. ააშენებენ, დაიგულებენ გულს
საგულესა და მეორე დღით რომ ამოჰხედავენ – ჩრდილო კედელი დანგრეულია. ქარი
სცემს იქედანა, ის პირმყრალი.

იწვალეს, იფიქრეს და გეეგონათ, გოგიას ციხეზედო, რო დამეხა და წყალი დააწდოო,


კედელში ლეკები ჩაატანესო. აბა, ვის ეცოდინებოდა, რო ის ლეკები ღმერთმა გააქვავა,
შეცდომით ლოდები ეგონათ და იმიტო ჩაატანეს.

ერთი ოსი მეეყვანათ და დეეწუნებინა შადიმანას, ოსი არ მინდაო, ქართლის ციხის


კედელში ოსი როგორ ჩავატანო, რა გულით მიიღებს კედელზე მოხეთქილ ყუმბარასაო.
ბედი იმისა, და გაჰყიდეს. მერე სარდალი გამხდარიყო და თითონ გიტლერს
გამოჰკიდებოდა. ვერ მეესწრო, თორემ მარშლობაც ზედა ჰქონიყო. გიტლერს რო დეენახა,
შხამის შუშა გეეკვნიტა სიბრძნის კბილითა.

შადიმანამ კიდენა, აბა, თქვენ იცითო, ყველას უნდა გიხაროდეთ, რო მამულისთვინ


დეეტანებით კედელშიო. გინდა, არ გინდა, არა გკითხავდა. ვითომ თითონაც იქ
ეტანებოდა, თერთმეტი ჯეილი ბიჭი დაგვსხა იქა და მოჰყვა ლაპარაკსა, გვიჭირსაო, მტერი
წამოგვესიაო. კაი მეხრე ბიჭები ვიყავით. ცოტაც და, გუთნიდედობასაც გავსწევდით. ერთი
იყო, ღამის მეხრეობაც გაეწია უკვე და ოხრადა ვრჩებოდით. ვინ მტერი წამეესია? ის
გარშემო არ დაგვინახავს, ბარათაანთ დროშას მიეცეს ცხონება. გვითხრა ეგეები, ხვალ
მღვდელს ამოვიყვანო, რო სამოთხის კარი გაგიღოთო და ერთიც მედავითნესო, რო თქვენი
სახელები წიგნში ჩასწეროსო, წაიკითხავენ მომავალნი და თქვენი გმირობისას ჩაის ჭიქას
ასწევენო. ერთი კი გამოვსთქვი, ჩვენ წიგნში რა გვინდაო, მარა მათრახის ტარი მომკრა
ტუჩებზე და გავჩერდი. წავიდა თითონა სითბოში დასაძინებლათ, ჩვენ კიდე დაგვყარა
ეგრე, დაბორკილები, სტრაჟნიკის ხელში.

დევეყარენით ეგრე, გულაღმა და ვუყურებ ცასა. ვარსკვლავი კი ბევრია, მარამა რას


გიშველის იმ სიშორიდან? ფიქრი ერთი მაქს, რო ეგებ ჩიტმა რამემ გადმაიFფრინოს,
დაგვხედოს, რა დღეში ვართ, რო მამულისთვინ შესაწირათ მოგვიპარეს და ფაფა რაა, ის არ
მოგვცეს სიკვდილის წინა. ამის ფიქრი მაქ, რო გაქანდეს, წაადგეს თავს პაპაჩემ დოზიას
წისქვილსა და ჩემი ამბავი დაუწეროს ცაზედა. ბნელში კი გაუჭირდება წაკითხვა, მარამა
სულ არაობას... ვიცქირები მაღლა და ერთი ჩიტი არა ჩანს, ღამურები კი ბრუნავენ ბლომ-
ბლომად, თითქო ქორწილი ჰქონდეთ. მარამა, აბა მე რა ვიცი, პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს
სცნობენ? იმ ციხის ღამურებია, იქა ჰკიდიან ძელზე და ღამე კიდე ტაშ-ფანდურა აქვთ.

ამაზე ფიქრში დემეძინა და რო გემეღვიძა, მოსულა უკვე ბარათაშვილ შადიმანა და


მღვდელი კი არ მაუყვანია. თერთმეტი პატარა სანთლის ფული შენანებია, ისე ვიცი,
როგორც ეხლა აემ წითელ მთების მოხაზულობა. ეგ მღვდელს მაიყვანდა? სამაგიეროთ,
თანა ჰყავს ხოვლელი კალატოზი – თაღია შიმბაქაშვილი და ორიც ბერძნები. ეს ბერძნები
მეკირეები არიან. თურმე, კირი უნდა ჩაასხან კედელშია და შიგ ჩვენ ჩაგვაყოლონ
მუხლამდის. მერე, კირი რო გაშრება, ეს თაღია ამაიყვანს კედელსა აქეთ-იქედან. მერე ისევ
ბერძნები მუცლამდის ჩაგვასხამენ კირსა და მერე ისევ თაღია დაალაგებს ქვასა. ეგრე
ამოვლენ კისრამდის და ბარათაშვილ შადიმანა კედელს გაიჩენს. ეხლა რა არი, ეს თაღია
იყო კაი პურისმჭამელი კაცი. თურო სისხამზე ჩარექი არ დეეკრა და ხახვი არ ჩეეკბიჩა,
საქმეს არ დაიწყებდა. სადილზედ კიდენა, თუ ცხელი კერძი არ იქნებოდა, წამოწვებოდა

8
და ხელს არ გაანძრევდა. შადიმანა მეფეს კი უწყობდა ჩახოხბილებსა, მარამ ძუნწი იყო,
კენჭი დეენანებოდა, ჩემი მიწის არიო. ხოვლელი თაღია კიდე, ზის და ელოდება ჩარექსა.
თანაც, არ იტყვის, რიდი აქვს. მზე რო კარქა ამოიწვერა, სტრაჟნიკებმა უთხრეს ბარათაანსა,
ასეაო, სასმელი უნდა და ორი თავი კაი დიდი ხახვიო და ერთიც დედას პურიო. შადიმანა
იგრე დააწვა კბილით კბილსა, რო ერთი ეშვი მოტყდა, გაფრინდა და ღელეში ჩავარდა. ის
ეშვი ეპოვნათ მერე ბამბალოელ თათრებსა და კამათლები გეეკეთებინათ. მაინც გაგზავნა
კაცი და როდის-როდის, მოიტანეს. მე კიდენა, ეგრე დაბორკილი ვარ და ცაში ვიყურები.
ჩიტებია ბევრი, ხაზამენ რაღაცეებსა, მარამა მე ხო მაშინ კითხვა ჯერ არ ვიცი.

ეგებ და რამეს მეუბნებიან.

როდის-როდის მოიტანეს ჩარექი და საჭმელი. დაჯდა ხოვლელი თაღია, ნელა სჭამა და


თორმეტი ჩაის ჭიქა დალია. იმსიგრძეს დაილოცებოდა, რო კაი შუადღეც მოვიდა. მერე კი
დაიწყო ჩქარ-ჩქარა და ბერძნებსაც დაუყენა მტვერი, დროითო, სადილობა მოდისო. რაღა
სადილობა, სამხრობა იყო ახლო.

ეჰაა, ვიფიქრე, მორჩომილია, კაპულავ, შენი ამბავი, ულვაში არ გეღირსაო. სანამ მოვიხედე
და, წელამდის კირში ვარ. შადიმანა კიდენ კაი-კაი სიტყვებს გვეუბნება, იფაო, რა კოხტათ
შახვალთ სამოთხეშიო. თერთმეტნი ვართ. ერთიც მოვიხედე და კისრამდის კირში ვარ, ცას
ვეღარა ვხედავ, თავი მაქ გაკვეხილი ამ კირის კუბოში, როგორც კაკალი გეკვეხება ყბაში და
ელოდება თავის აღსასრულსა.

ეს საქმეა და ხოვლელ თაღიამ გადმააგდო ორი სიტყვა, ბუღლამისა რა ისმისო, და


ჩამოჯდა. ბარათაშვილი შადიმანი ეუნება, სტოლი მაქ დაკვეთილი კაჭრელების
დუქანშიო, მორჩები ამასა და ფითია, ბუღლამაა, კაი ცხვრის მწვადია გელოდებაო.
სტომაქი ემ საათში მთხოვსო, ძალიან შიებოდა, თორე, რიდიანი იყო, არ ეტყოდა. ამ
ლაპარაკშია გაჩხირული და მომესმის ერთი კოხტა სიმღერა, დევეცეთ ბარათაანსაო და
განა ერთი მღერის? ერთი რო იყოს, მწყემსია და რაღა? ბევრი იქნება. იქა, ამოსახვევი იყო
და იმ ამოსახვევიდან მაიპარება ეს ხმა. განა მარტო მე მომსწვდა? ყველასა და აქედან კაი
ცხინვალელი ბიჭი იყო, ჩემსავით კისრამდი დაქვავებული, ბანი უთხრა. და თაღიამაც,
ხოვლელმა ბანი დაუჭირა და ისეთი იყო, რომა, მე ჩემი მივახმარე და...

მეტი რაღა იყოს, ჯარმა არ შემოუხვია?

შემოუხვია და გამაიგორა წინ ზარბაზანიიი... ერთი კაცი მოუძღვით, გაფუჭებული ხელი


შავი თავსაფრით ჩამოუკიდია ყელზე. დასცეს ერთი და მოანგრიეს აღმოსავლის კედელი,
დასცხეს მეორე და ახლა – დასავლისა. მერე წამოუჩოქეს და დააყარეს ფინდიხი შადიმანას
სტრაჟნიკებსა. ამის დამნახავი შადიმანა მოახტა ცხენსა, დეზი უქნა და დეეშვა
საბარათიანოსკენა. ამოვიდა ეს კაცი და უბრალო კი არა ყოფილა, ესე ყოფილა
მაზნიაშვილი, კავთისხეველი. მოაყენა ეს ბერძნები და თავისი ნაშენები ანგრევინა
ყიყვებითა. როდის-როდის, ჯარს უკნიდან გამოვიდა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე და იმ
თავის მესამე ნეკით იწმენდს თვალიდან წირპლსა. წელზედ თავის პაპის საპირისწამლე
შაუბამს და ერთი გრძელი თოფიც შემართული აქს. უნდა რო ჩამიკონოს გულში, მარამა
ვერა მწვდება, კირის ყუთში ვარ ჩამჯდარი.

ეხლა რა ყოფილა. პაპაჩემისთვინ ჩიტებს დაუწერიათ კოხტათ, რო მე ციხის კედელში


უნდა ჩამატანონ. პირკატა სცემია, რა უნდა ექნა? აუღია ეს ძველი ჩვენი თოფი, მე რო

9
ძუაგამობმული ანკესათ მქონდა და წამოსულა. სხვა თოფი ჩვენ აღარა გვქონდა. ცხენი ვერ
ეშოვნა და ფეხით მოდიოდა, თანაც ჰფიქრობს, ბარათაანთ ნაყმევი ვარო, დავეჩოქები
წინაო, თუ არ გასჭრა და ვიკრავ ტყვიასა და ჩემი შვილიშვილის უმალ გავთავდებიო.

გზად შემოხვედრია მაზნიაშვილი და უცვნია. შენა ყიზილხეველ ორშაურაანთი არა ხაარო.


შენა კიდენა, კავთისხეველი მაზნიაანთი, არაო? რა გაგჭირვებიაო, და პაპაჩემ დოზია
მეწისქვილესაც მოუყოლნია, ესეო და ესეო. მაზნიაშვილს უთქვამს, ეხლაო, ბებრის ციხე
ოსებს უჭირავთაო და იმათ ჭკუის სასწავლად მივაგორებ ამ ზარბაზანსაო, მარამაო, უწიმც,
მეორე ხელი წამიხდეს ლობიოს ჭამაში, ჯერ შენ უნდა წამოგყვეო, შენ დაფქულს
ჩვენამდიც მოუღწევიაო.

ასე ყოფილა ეს ამბავი.

მე კიდენა დამდეს ეგრე კირის გალიაში ჩაქვავებული ურემზე და მომასვენეს


ყიზილხევშია. სამ დღეს მიმტვრევდნენ გარშემო კირქვასა და ძვრა ვერ უყვეს, ბერძნის
ხელობა ხო განთქმულია. თავის სამი თითით მაჭმევდა ბაბოჩემი. მერე პაპაჩემ დოზია
მეწისქვილეს კაცი გეეგზავნა ხოვლელ თაღიას მოსაყვანად, ამის წამალი ის არიო,
ჩამოამტვრევსო. მარამა შიმბაქაანთ თაღია ავად ყოფილიყო: შადიმან ბარათაშვილსა, იმ
ორი კურკის წონასა, ბოღმა ამოეშო თვალებში, დროით არ გაისარჯეო, და მარჯვენა ხელი
მეეჭრა. ემაგ ხელით ხო სწევდი ჩაის ჭიქასა და იმიტომაც მოგვისწრო მაზნიაანთ ჯარმაო.

ხელი ცალკე დეემარხათ ხოვლეს სასაფლაოზე. მერე ავიდოდა ხოლმე თაღია და ჭიქას
წაუქცევდა, ამის მოგონება იყოსო. ერთხელაც ასულა და ჰხედამს, ამ თავის ხელის კაი
გათლილ საფლავის ქვაზე, რომელიც რო მარტო ცაციათი გასთალა, ორი თათარი ზის და
კამათელს თამაშობს. აუყრია ეს კამათელი, რასა შვრებითო, ესაო, ჩემი ხელი ასაფლავიაო,
ნახევარი ქართლიო ემაგ ხელით მაქ ნაშენებიო. არც ჩვენი კამათელია უბრალოო,
ბარათაანთ შადიმანას კბილისააო, მიეგოთ თათრებს, ფერი ფერსაო. ეეღო ეს კამათლები
და ჩეჩმის ხვრელში ჩეეყარა, აქვეო, დავმარხე იმის ნაწილიო.

მარამა, აესა სხვა ამბავია, მერმინდელი.

პაპაჩემისთვის კიდენა, შემეეთვალა, ერთი საძროხე ქვაბი წყალი შამოდგითო, რო


დუღილში მოვაო და, ოცი დიდი პეშვი მარილი მიეცითო, ნელ-ნელათ, ჯამით ასხით
ზედაო და რკინა აღარ უნდაო, ხელითაც მოცილდებაო.

ეგრე გამომიხსნეს კირის სატუსაღოდანა და ჩიტების საჭიროებაც იქ დამტკიცდა.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, ჩიტს რო ოთხი ფეხი ჰქონდეს, ძაღლი ცაში
იფრენდაო. მეც აეგრე მგონია, აიმ მერცხლის ბუდეს ხო ჰხედავ? რომელი ძაღლი
მოგიწყობს ეგეთ ბუნაგსა?

ყარყატაანთ ხანჯალი

10
მე ბევრი მაქ ნასწავლი ჩემ პატარა ბიჭობაში. ჩვენი კნეინა ურდოვანიძისა იყო და სანამდის
მანველოვს მიჰყიდდა ამ მიწებს, იმის სახლში ხშირათ ვიყავ. ხან კვერცხს გამატანდა
ბაბოჩემი, ხანაც იმდღის ჩაკრულ პურსა, ღირსი ქალია, იამებაო. კნეინას ძლიერ
მოვსწონდი და შემოიკრებდა ხოლმე ხალხსა და გაშლიდა ხოლმე კარაბადინის წიგნსა და
დამაფარებდა თავზე, ამით ცოდნა შავა აემ ბალღის ფიქრშიო. ყველას უხაროდა ეს ამბავი,
რახან ბოროტება ბატონ-ყმას შორის არ იყო. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს რო ვეტყოდი
ხოლმე, კნეინა აგრე მადებს წიგნებს თავზეო, გეეხარდებოდა, ვირს ვირის წილიო და
ჯორი მაკეთ არ არიო.

რახანც ადრიდანვე ხოშკაკალა მქონდა ფიქრში, ამ პაპაჩემის ნათქვამს აგრე მოგახსენებ, რო


რამდენი ცოდნაც მერგებოდა, იმდენი ღმერთმა მომცა კნეინას ხელით და ეხლა მე ამ ჩვენ
წითელ ქვისგან მარილს ვერ მოვიგონებდი. მარა ნასწავლობა იმდენი მაქ, რო ქათმის
ძილის დრო ქათამზე შეუხედავად მივხვდე.

რაც არი ჩვენ ყიზილხევში და წითელი ქვა არი და კალმახი. მოჰყავთ მანქანები, დინამიტს
უდებენ და მიაქვთ ეს კალმახი და ქვა, რისთვინაც – ხო იცი. ბატონობა გადავარდა და
მანველაშვილი რომანოზა აღარ არი ცოცხალი. იმას ვერ გაუბედავდენ. ეს ორი გვაქ და
დინამიტით მიაქთ. მესამეცა გვაქ შენახული და რო იცოდნენ, იმასაც დინამიტით
მაადგებოდნენ.

ეს მესამე არი ყარყატაანთ ხანჯალი.

აექ, ქვემოსკენ რო გამაიტანს ყარყატაანთ მარო ბალკომში ემაგ ხანჯალსა, ჯერ დაფქულ
აგურს უსვამს, რო სიბერემ არ გახრას, მერე კირსა, მერე კიდე გააშრობს კოხტათა და
შეინახავს ისევა. მთელი დღე აუსვამს და დაუსვამს ნაფხვენ აგურსა, ასე რო აი მაღლა
მესმის ოთახში. შორიდან მესმის მაგ ხანჯლის ხმა და ეგრე ვიტყვი, აი ყორანაანთ მარო,
დაგეცა ასი ფუთი ღორის ქონი, რო დარჩე შიგა-თქო.

ეხლა რა არი.

მე ამ ყარყატაანთ მარგოს ყორანაანთ მაროს ვეძახი. ერთი რო, ყორანი უფრო ჩვენი ჩიტია
და ყარყატი ერთხელ მინახავს გაზეთში და იმას ყიზილხევში რა დარჩენია? ამიტო,
მითქვია, რო ეგენი ყორანაანთ არიან, რახან ყორანა რო იყო ყაჩაღათ წასული და პაპაჩემ
დოზია მეწისქვილეს თითის წაჭრა რო დაუპირა კაჭრელების დუქანში, ის ყორანა არი
ამათი წინაპარი. ყორანაანთი კიდენა, ყარყატაანთი როგორ გამოვა. ერცხვინებათ, რო
ყორანი იყო ამათი თესლის ჩამყრელი. ყიზილა რო წითელი წამოვიდოდა ხოლმე,
ეტყოდნენ, ჩვენი წითელი ქვის მტვერი მოაქსო. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდენ
იტყოდა, მაღლაო, სადაცდა ყიზილა იწყებაო, ყორანას ბუნაგი აქსო და უთუოდ ვინმემ
მოჰკლაო, წყალიც იმის სისხლმა გააფერადაო.

მეორე ისა, რომ ეგ ხანჯალი შავ მაროსი კი არა, ჩვენი გახლავს. შავ მაროსაც ვეძახი. ეგ
ხანჯალი კიდენა, ის ხანჯალია, კაჭრელების დუქანში რო დააღერა ყორანამ პაპაჩემ
დოზია მეწისქვილესა. აბა, ყორანაანთ ხელში რა უნდა გიორგი სააკაძის ხანჯალსა. იმის
სახელი ქვეყანაზე ობოლი დადიოდეს და ხანჯალს შავ მარო უსვამდეს დაფქულ აგურსა?
ეგ რო იცოდენ, რო გიორგის ხანჯალი აქა აქვს ყარყატაანთ მაროსა და მარტო იმიტო
ჰფერავს, რო ჩემ ტანში დენსავით ზრიალი გაატაროს, ვინ შაარჩენდა? მთელი მთავრობა აქ

11
მოვიდოდა და ემ ყარყატაანთ ყორეზე დინამიტებს დაალაგებდა, ვითომ ხაშლამა იყოს
დიდ ფადნოსზე.

რათ გააქ ჩემ ტანში ამ მაღლა სახლში იმ ხანჯლის ფერვას ზრიალი? იმათ რომ, მე და იმ
ხანჯალმა ვიცით, ერთათ უნდა ვიყვეთ.

პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს რა ქონება ელაგა ისეთი, რო ისიც არ წაეღოთ?

ახლა გეტყვი, საიდან მოხვდა ორშაურაანთ ხელში ეს გიორგი სააკაძის ხანჯალი. ამაში
ისევ ჩვენ წითელ მთებს უჭირავს ალაგი. არა სჯერათ კი, რო რაც ურჯულო მოდგომია
ჩვენ მხარესა, ამ წითელი ქვისთვინა. უწინ ხო დინამიტი არ იყო, ეს ქვა რო საშენათ
წეეღოთ. სამაგიეროთ განთქმული იყო, რო ყიზილის ქვაზე გალესილი ხმალიო, ერთის
მოქნევით სამ თავს წასჭრისო. უწინ ხო ტყვია-წამალი არ არსებობდა, ხმალ-ხანჯალი იყო
ხალხის ტყვია-წამალი. ესენი კიდე, გალესილი უნდა გჭეროდა. სად გალესამდი, თუ არა ამ
ჩვენ კლდეს მომტვრეულ ქვაზედა? ის რო ხეხამს ეხლა აგურითა.

ამიტომ ბევრი მოდიოდა ჩვენსა და ურდოვანაანთ სთხოვდნენ, საომრათ მივდივარ, ერთი


კაი რამე ქვა ჩამომიტეხეო. ურდოვანიძე თილისონ, ჩვენი ძველი ბატონი, იმის ულვაში რო
მზესა ჩრდილავდა სიგრძითა, პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ეტყოდა, გაჰყე, მოუმტვრიე
ერთი-ორი ურჯულოს საშიგნავიო. ესეც გაჰყვებოდა, ოღონდ, ბატონის უკითხავ ვერა.
იმის ულვაში მზესა სჩრდილავდა და წარბს რო ჩამოაფარებდა თვალსა, ხო ღამე
დადგებოდა.

ერთი ღამეც არი და, წისქვილში ზის პაპაჩემი დოზია მეწისქვილე. წილს გადაუღებს და
თანაც ჰფიქრობს, იმდენი ცხოვრება მომცეს, ცაში ყველა ვარსკვლავი დავითვალოო.
დაუძახნიათ და რო გამოსულა, ორი ურმით არიან კაი ჩაცმული კაცები. ისეთი კაი
ჩაცმულები ყოფილან, ღამეშიაც დაუნახია. ერთი წამომდგარა წინა, აი, რაიონში რო ძეგლი
დააყენეს, იმაზე დიდი. დოზია ხაარო? ვარ, შენი კვნესა მეო. გაგვიგონია, სალესი ქვის
ალაგი იცი, მოგვიმტვრიე, ღმერთი გიშველისო. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს მიუგია,
უბატონოდ ვერ ვიზამო. ამათ ორი ურემი ხმალ-ხანჯალი დატვირთული აქთ, საომრათ
მიდიან, მარამა რაღაც ფიქრით ბატონისას არ მიდიან.

ეს დიდი კაცი წინ წამომდგარა და აბა, კარგად შამხედე, დოზია მეწისქვილე, ჩემზე დიდი
ბატონი რომელი გინდაო. შაუხედავს პაპაჩემსა და თითქო სადგისი მამცეს კისერში, ისე
ჩავიჩოქე და ნუ წამახდენ, ჩვენო ქართლი მოურავოვო. ესა ყოფილა თითონ გიორგი
სააკაძე, თავის ერთგულ ხალხით.

აბა, გაგვიძეხ წინაო, ბევრი გვინდა სალესიო, ურმები კი იქავე დაუტოვებიათ ორი
სტრაჟნიკითა. გაუძღვა ესეცა, მარა გულში აქ, რო გიორგი სააკაძე ხო ლეკებ ჰყავთ
მოტაცებული, ორმოში უზით და ლექსებსა სწერამს იმ ორმოში. ხალხშიც ეგრე იყო, რომ
სანამ გიორგი ორმოდან არ ამოვაო, ქვეყნის საშველი არ მოვაო. მისულან კლდის პირზე და
აბა, რა დააყენებდა პაპაჩემის ენასა? უთქვამს, ლეკის ორმოდან როგორ ამოძვერიო.

იმის გამჩენი დაილოცოს და ხმალი კიდევ იმისა ორჯერ, მიუგია გიორგი სააკაძესა...

ხუთ წელიწადს ვიჯექ ლეკის ორმოში და ოცი დავთარი ლექსი დავსწერეო. ეგ ყველაფერი
მართალიაო. ლეკები ოსმალოში გაყიდვას მიპირობდნენ, მარამა იმხელა ფასი თქვეს, იმით
შახაბაზი თელ ჯარს შეადგენდა და ამათაც არ დაუკლესო. ერთხელაც, გამოჩენილა ერთი

12
კაცი და უთქომს, მე ვიყიდიო. ერთ შორ ქვეყნის მეფე ყოფილა. უთქომს კიდეცა, მსმენია,
ქართლ-კახეთში ეგ არისა და აქეთ მე ვარო. ვიყიდიო. ოღონდ წინდაწინვე გააფრთხილეთ,
აქეთ ცივი ქვეყანა არისო და თუ ქურქი არ ჩაიცვი, გაიყინებიო. გიორგი სააკაძეს უთქომს
პაპაჩემ დოზია მეწისქვილისთვის, ქურქი ხო ხმლის გაქნევაში ხელს შემიშლიდაო, მარამა
ორმოში მელანიც გათავებული მქონდაო და ლექსსაც ვეღარ ვსწერამდი და გავჩუმდიო.
შამოუყვანიათ გოგიას ციხეზედ, საცა თორმეტი თუმანი უნდა მეეტანა იმ კაცსა. გიორგის
კიდევა, ჩვენებური ჰაერი რო დაჯახებია, ის არტახები დაუგლეჯია, ლეკები დაუწიხლია
და თავქვე წამოსულა.

ლეკებს რო ტყვია დაუყრიათ, ღმერთი ხო უყურებს? აუღია და, ჩაჩუმდით მანდაო, მეხი
დაუცია გოგიას ციხისთვის. ის ლეკები იქავ დაუქვავებია. ხალხი რო აუგზავნია
სუმბათაშვილს, მონგრეული ამოაშენეთო, დამეხილი ლეკები ქვები ჰგონებიყოთ და
კედელში ჩაუშენებიათ. იმის მერეა, რო კვნესა ისმის გოგიას ციხიდან და ბორჯომშიც რო
წყალი გააშრო.

მეემტვრია ბლომათ პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა და არ დეენებებინა, თავის ზურგით


ეთრია წისქვილამდე. მერე დამჯდარიყო და მინამ თოთხმეტი კოდი არ ჩამოფქვილიყო,
თითონ ელესა. აბა, იმაზე უკეთ ვინ გალესავდა? ეს იარაღი გიორგი სააკაძეს მეფე ერეკლეს
საფლავქვეშ ჰქონიყო დამალული შავი დღისთვის. იმ სულკურთხეულზე უკეთ, აბა, ვინ
მოუვლიდა? შავ მარო რო უვლის ისე კი არა. ქმარი დამარხა, სამი შვილი დამარხა და
გამაიტანს და ჩემი ჯინისთვის აძლევს აგურის ხელში. პაპაჩემს რო გეელესა ყველაფერი,
ხელები ასწვოდა და წყალში ჩეეყო წისქვილთანა. იქ ჩაჰყოლოდა გიორგი სააკაძე.
შემეეხსნა წელიდან ეს წმინდა ხანჯალი და ეჩუქებინა, ატარე ჩემ სახელობაზეო. პაპაჩემ
დოზია მეწისქვილეს ცრემლი მოსვლოდა და ეთქვა, სხვისი ფქვილის თვლასა, შენ
სახელობაზე მიწაში წოლა მირჩევნიანო. არ წეეყვანა გიორგის, აქ იჯექ და მელოდე,
სალესი რო დამჭირდეს, ვიღა გამიმართავს ხელსაო. აგე, ჩვენი წითელი ქვა რაებს
გამოიყვანდა...

რო დაჯდებოდა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე და დაჩუმდებოდა აემ ორღობეს


მიშტერებული, ბაბოჩემი ჰკითხავდა, ვის ელოდებიო, მიქელგაბრიელსაო? პაპაჩემი
მიუგებდა, იმასაო. ვის კიდენა არ იტყოდა. იმას გულში ჰქონდა, რო გიორგი სააკაძე
ამაივლიდა თავის ჯარითა და ეტყოდა, დოზია მეწისქვილევ, აბა, გამაიტა ჩემი ნაჩუქარი
ხანჯალი და დამიდექ ასისთავადაო. ჩემ ბიჭაობაში ის არ მოსულა, ერთი ხმა იყო, რომ
თათრებ დეეტაკა და ღვდლათ გადაცმული გავიდა ახალციხეშიო.

მერე კიდე ეს ხანჯალი ჩვენსა იყო. ვის დაანებებდა პაპაჩემი? ისევ მილიციასა. გულში
ჯანყი გაქო, სააკაძე გიორგი დაძრულა ტირძნის უკანიდან და იმასთან შეერთება
გინდათო, და რაც რამ იყო, ხელთოფა, ხანჯალი თუ ხმალი, ყველა აართვეს ხალხსა. მაშინ
იმერეთში ყოფილიყო სროლები, მარამა აქ არ გაგვიგონია. მთები უშლის ხელსა და
იმერეთისა არაფერი გვესმის. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს რო გეემხილა, თითონ გიორგის
ნაჩუქარია ესაო, ხო ჩააგდებდენ ციხეში. ამიტო გაატანა.

ვისაც რა არ აართვეს, ყველაფერი თავისთან გამოჰკეტეს განჯინებში და ყარაულობდენ.


ერთხელაც დეეძინათ და ყორანა იყო ახირებული მაგათზე, ერთი კაი ჭედილა ეერთმიათ
მაგის სიმამრიშვილისთვის. შეეკრიფა ერთი-ორი ყაჩაღი და დასცემიყო მილიციას. ათნი
ყოფილიყვნენ, რო დეეძინათ, ყორანას ათი უსვრია და ათივე ტივზე დაუყრია, გაუშვი,

13
ქალაქამდინ ყიზილამ ატაროს, ტივზე ძილი ტკბილიაო. გაუღია ის განჯინები და რაც რამ
მოსწონებია, იმ თავის ძმაბიჭებისთვის დაურიგებია.

ეხლა უყურე.

ორი წელიწადი მიდის ამ ამბიდანა და პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს კოლექტივის ფქვილი


მოაქ მაღლითა გზიდან. აქ კიდე კაჭრელების დუქანია. ის კაჭრელები კიდე მირონათ
ერგებოდენ. შასულა, დამჯდარა და თათარ-ბერაყსა სჭამს, ერბოში ათბობს თითებსა. იქეთ
კიდე, ყორანა ზის და ღვინოსა სვამს. წინ ერთი დიდი ბეჭი დაუგდია. აიღებს ხანჯალსა და
მაათლის ბეჭსა. პაპაჩემი კიდენა უყურებს და ჰხედავს, ის ჩვენი ხანჯალია, ის პირბტყელი,
ისა. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს რო გადეეფარებოდა შუბლზე პატიოსან ვაცის ბაღდადი,
ხარი ვერ გააჩერებდა. დადგომია ყორანასა და ეუბნება, ყაჩაღის სახელი გქვია და ემაგ
გიორგი სააკაძის ნაქონ ბებუთსა ღორის ხორცზე ხარჯამო. ყორანას სწყენიყო, ღორის არა,
ძროხისააო, და გიორგი სააკაძისა კი არა, მილიციისა არისო. მიჰყოლიან ლაპარაკსა და რო
გეეგო, რო ხანჯალი ჩვენია, უფრო სწყენიყო, უფრო მონდომებოდა, რახან გიორგისიაო.
წამომხტარიყო და დეეღერებინა პაპაჩემისთვის, უნდა გაგაფუჭოო. კაჭრელები
ჩაცვენილიყვნენ შუაში და დეეშოშმინებინათ. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე წამოსულიყო.
ერთი თუთუნის საჭრელი ჯაყვა ჰქონდა და სააკაძიანთ ხანჯლიან კაცზე იმით ხო არ
მივიდოდიო. თან კიდენა, რო დავინახე გიორგის ხანჯალი ეგრე აფრიალებული, კისერში
ისევ სადგისი დემეძგერაო. იმდენხან მქონდა სახლში და ქარქაშიდან გამოღება ვერ
გამებედნაო.

მერე ყორანა გზაზე მეეკლა მილიციის უფროსსა და იმერეთში წასულიყო. იმერეთში


ყოფილიყო უფროსათ. მარამა, ეს ჩვენი ხანჯალი თან არა ჰქონიყო ყორანას. სახლში
ჰქონიყო ყარყატაანთა. თან რო ჰქონიყო, მილიცია მეერეოდა?

ეხლა ეს შავ მარო, ყარყატაანთ მარო, მე რო ვეძახი ყორანაანთსა, კიდენა გამაიტანს და


უსვამს დაფქულ აგურსა. ვითომ რო პაპამისი გიორგი სააკაძე იყო. ყორანა იყო პაპამისი. მე
კიდენა იმის ფხეკის ხმაზე ტანში სულ ზარი მამდის. მივსწერამდი ცეკასა, მარა ისინი
დინამიტს მაიტანენ და ის ვათქმეინო, ცოცხალ ყორანას ვერ მეერივნენ და მკვდარს
გაადინეს ბოლიო?

ვიღაცა იმერელისა

აი, ჰხედავ ამ წითელა კლდეებსა? ეგ არი ჩვენი გადამრჩენელი და დამღუპველიცა.


რამდენჯერ დაუმალნივართ მე და პაპაჩემი დოზია მეწისქვილე თავის გამოქვაბეულებში
და რამდენჯერ კიდე ლოდი და ქვა ჩამოუგორებია ჩვენ თავზე. რატომა? ღმერთი ხო
ყველაფერსა ჰხედამს. აგე, გვაჩუქა ყიზილას კალმახი, ჭალა და ფონი მოგვიდგა და
დაგვასახლა წისქვილითა. აი, წითელა ქვის მთებიც შემოგვილაგა გარშემო, წაგიცდებათ
ხელიო და წამოგაყრით ქვა-ღორღსაო.

14
ერთი დრო იყო და, ძრიელ გვაწყენინა ჩვენმა ბატონმა მანმელოვ რომანოზამ. კაჭრელების
დუქანში სულ იმის ძვირი მოისმოდა. კომლობრივ თორმეტ პეშვ მარილს არ დაგვჯერდა
და თვრამეტი გახადა. ჩვენ კიდენა მარილს თათრებისგან ვყიდულობდით. თათარი რა
არი? დაატყო, ყიზილაანთ მარილი მოეთხოვებათო, და შაური მიამატა პეშვსა. დამოჟნიმ
და აქციზნიმ შაჰხედა, გამოდის თათრის საზღვარზე ყიზილხევის ხალხი და ურმით
ეზიდება მარილსა. ამანაც, რა მიზეზიაო, და კაპეიკი თავისი დაადო ზემოდანა. ასე გაწყდა,
რო ტომარა ფქვილი გავიდა სამ პეშვ მარილზე და პაპაჩემი დოზია მეწისქვილე დარჩა იმ
მარილის მადევარი. არ დეემალნა, ეთქვა ურიადნიკ ხოსიაშვილისთვის, მარილის ხალხათ
გამოგვიყვანაო. ან რათ უნდოდა იმდენი მარილი? გაუვსო საბძელი. გეებედნა მღვდელსა
და ეკითხა. ვერა გავიგეთ რა, პასუხი გაბურდული მიეცა: ერთი დრო მოვა, ფჩხილზე
დატეულიო, ამდენსავ ოქროს გაუსწორდებაო. ვისგან შეეტყო, რა ვთქვა?

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდენა, ზის წისქვილის წინა და ჰფიქრობს, ბატონი როგორ
გაჩნდა დედამიწაზეო და რა მიზეზია, რო მარილს ფასი დეედოო. მე მაშინ პატარა ვარ და
აკვანში ჩაბმული. მამაჩემი ფარავანზედ დაჰყვება რუსებსა, თევზი მოაქს და თათრებთან
მარილზედ ცვლის.

დაატარებს მანმელოვ რომანოზა სოფელში თავის ბიჭებსა და კერძში მარილსა ჰკრძალამს,


ყველა გამოუშვით ჩემ საბძელშიო. მოურავი ამოსულიყო ერთხელა და პაპაჩემისთვის
ეთქო, რუსეთში წასაღებათ ამზადებსო, კაი თამასუქები აქ მიღებულიო. იქაო, მარილს
ქუჩაზედ ჰყრიანო და ბევრი ესაჭიროებათო. რა მიზეზი იყო, რო ქუჩაზედ დეეყარათ, ვერ
გამოარკვიეს.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, მარილიო, კერძს მოუხდებაო და ჩიტი კიდენ არ


კენკამსო. თუ ჩიტის საკენკათ არა, რათ დაჰყრიდნენ ქუჩებშიო. ამის ფიქრშია, რო
რუსეთში სხვანაირი ჩიტები თუ არისო და ჰხედამს, აემ გადმოღმიდან კაცი მოაჭენებს
ცხენსა.

აი, ჩემ უკან ხო ჰხედამ მთასა. იმის იქეთ კიდე ერთი მთა არის და იმას იქეთ კიდე – ერთი.
იმ მთის წვერზე ორი ქარი დეეჯახება ერთმანეთს და ატრიალებს ეშმაკეულ ბორბალსა.
პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იყო ნამყოფი იქა და გამიგონია, ფეხისგულებზე ლურსმნები
უნდა გქონდეს, რო ეგ ადგილი გადაიაროო. თუ გადაივლი და იქ არი იმერეთი. იმერეთისა
ჩვენთან ხმა არ მოდის. სროლა იყო ხოლმეო, მარამ აეს მთები ისეა ჩაჯარული, იმის ხმა
სანამ მიხვეულ-მოხვეულში გამაივლის, ღონე ელევა. იმერეთიდან ქოსებმა იციან გზა,
მიდი-მოდიოდნენ და იმ ქარაშოტებს შუა დათქვამდნენ შეხვედრასა. ვინ იქედან
მოდიოდა საქოსაოთა და ვინ – აქედან, შეეყრებოდენ ერთმანეთსა და აბა, რომელი
აჯობებდა ტყუილში.

იქ არი ნამყოფი პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, იმათ ლაპარაკებში და იცის ეს ქოსების


ამბავი. აქეთაც ჩამოივლიდენ ხოლმე, ნახევარი მუჭა მარილი მოგვეო, ლობიოზე
გვაკლდებაო. თურმე იქეთ არი დაწყებული ეგ მარილის ამბავი და რომანოზა ეშვიანმა
მერეღა შაიტყო. ესენი კიდე აგროვებენ ამ ნახევარმუჭობით და ტომრებით გადააქვთ.
მაშინა, აბა, ვინ დაუთვლიდა მარილსა, ზოგიერთი მუჭასაც ჩაუყრიდა, აბა, ვინ
დაუთვლიდა მაშინა, ჯერ არ იყო ატეხილი, რო მარილია მთავარი.

რათ ვამბობ ახლა ემასა?

15
ის კაცი რო მოდის ცხენითა, იმერეთიდან მოდის. ეგრეა, რო ან ყორანა ყაჩაღია, ან კიდენ
იმერეთიდან მოდის. ყორანა ვერ იქნება, იმიტო, რო ყორანას შავი ცხენი ჰყავს, ეს კიდე
წაბლა ცხენია. ჩამოუყვა წყლისპირსა და ჰხედავს პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, იმერელია.
ქოჩორი აქს და გაწკიპული ულვაში. ისე აქ გაწკიპული, როგორც რო იმერლებზე იტყვიან,
ულვაში აქთო, ტყემლის ტოტის კიდესავითო, ზედ ჩიტი ჩამოჯდებაო. მოუვიდა ახლოსა
და ჩამოხტა. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე მეუბნებოდა, არც წამოუდექი და არც სალამი
მივეციო, ეგებ მოჩვენებაც კი იყო, ფინთი დღე გამოვიდა და უარესიც მომლანდებიაო. იმას
კიდენა, ლაპარაკი დეეწყო, რა ალაგიაო, რა ჰქვია ამასაო, პაპაჩემს ეთქო, შენ ვინა ხარო,
ულვაშებში გატყობ, ვიღაცა იმერელი ხაარო. იმას კიდე აბგა გეეხსნა და ამოეღო იქედან
ორი თავი ხახვი და სჭამს, სჭამს და ცრემლი მოსდის. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე
უყურებს ამის ცრემლის დენასა და ჰფიქრობს, ხახვი ატირებს, თუ საქმეა რამე უბედურიო.
ამიტო უკითხავს, რო ქართლია ესაო და ქართლში თუ ცნობილობ ვინმესაო. მოუწმენდია
ის ცრემლი და უპასუხნია, ჩოლოყაშვილსაო. აბა, არ გამცინებოდაო? ვიღაცა ხარ
იმერელიო და ჩოლოყაშვილი კახელიაო, აქ რა უნდაო, აქაო ბარათაანი არიანო. ის კიდენა,
ჯიუტობს, საქმე ჩოლოყაშვილთან მიჭერიაო. ჩოლოყაშვილიო, ერთხელ ვნახე აქაო და
ისიც ვნახეო, თუ მემელანდაო, აღარ ვიციო, ოსმალოში მიდიოდაო. დაიცა გულში
მჯიღიო...

ეგრე იყვნენ და დაისვენა მზემაცა და შესცოდებიყო პაპაჩემსა, ამდენი უჭენებიაო. შემო,


წასწექ სკამლოგინაზეო და თითონ თურმე გეემზადა, რო მამიჩემს ჩაუაროს, თევზი
დავატვირთინოო, რო იმან წაიღოს, მარილზე გაუცვალოს თათრებსა. ამ ვიღაცა იმერელს
გამოუკითხია, რასა სწვალობთო და სულ მუხლზე მუჭის ცემით უამბნია რომანოზას
მარილის რამეები. იქ ხელადაცა ჰქონია და წაყოლიან ლაპარაკსა. ეს ვიღაცა იმერელი
წამოსულიყო თავის საცოლის მოსაძებნათ. გამეეტაცნათ ვიღაცა ქოსებს, მოტყუებით
წამეეყვანათ გზისპირიდან, ქართლში კაი იარმუკებია და ფართალს მოვაცემინებთ
იაფათო. რა იარმუკები აქეთ იყო? წამეეყვანათ ქოსებს და გეექროთ, ვინძლო თათარს
გაუცვალეს მარილში.

თათრებს კიდენა, მაშინა ბევრი ცოლები ჰყვანდათ. რას გამოარჩევდი იმდენში.

აი, ამ ძებნაში ყოფილიყო და რახან დარდისგან ცრემლი გაშრობოდა, ხახვსაც ამიტომ


სჭამდა, ყველას რო დეენახა, წუხილი აქვს გულზეო. ნაღველა ჯერ არ ჩაქცეოდა, რახან
პირისახე მწვანე არა ჰქონია, მარამ დიდხანს რო გეგეჩერებია, დამჟავდებოდაო. პაპაჩემი
დოზია მეწისქვილეს ეგ არ შეეშლებოდა, კაი მცოდნე იყო მწნილისა.

მაინც დეეტოვებინა იქა და წამოსულიყო სახლისკენ, თევზი საშიგნი იყო და მარილზეც


ამაივლიდნენ ხვალ-ზეგა რომანოზას კაცები. მე ამ დროს აკვანში ვწევარ გაკოჭილი, რა
ხდება, იმის გაგება არა მაქს. მამიჩემი თევზზე დაიარება, პაპაჩემი წისქვილშია, დედა
კიდენა, ის საწყალი, ბაბოჩემს ეხმარება. რო არ ვიჩხავლო და დედაჩემი სამუშაოს არ
გამოსცდეს, ჩამიგდებენ პირში ხაშხაშის ნამცეცსა, გამარწევენ და ვაარ გაბანგული! ეს
წათვლემა რო ვიცი, იქედან გამომყვა.

ეხლა რა:

უმუშავნია პაპაჩემსა, ვახშამიც მიუღია და რო ჰგონიათ ყველასა, მისწვება ეხლა სიზმრის


ცდაშიო, მოუვლია ხელი ერთი ბღუჯა ბოლოკისთვინ, გაუკეცია პური და შუაშიც ორი

16
თავი ხახვი ჩაუდევს. წისქვილში წამოსულა, უფიქრია, დავაგდე იქა, სკამლოგინაზეო, ის
ვიღაცა იმერელიო და ან წისქვილი არ წაახდინოსო და ან კიდენა, თავისი თავიო.

რო მოსულიყო, იმერელი წყნარათ დახვედროდა, მარამ პურს, ბოლოკს და ხახვს


დაძღომოდა და გამეეშვა ისევ ცრემლი. თან სტირის და თან დამბაჩას აღერებს აქეთ-იქეთ.
პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ეთქო, ემაქეთ ტყუილა აღერებ, კედლებია, განა შენი
წამახდენელი ქოსებიო. ეგ რა არიო, დაუწყია იმ იმერელს, ორი ჩემი ღვიძლი ტყუპი დაც
მოტაცებულიაო, ისინი თათრების ჯარის უფროსს მისცესო. იტირებს, იტირებს, ბაღდადს
გაისვამს და ჩააწურავს ნაცრემლარს პირდაპირ კოდში. პაპაჩემს უთქომს, ემანდაო
ფქვილიაო, ცრემლი კიდენა, მარილიანიაო და ნაფქვავს წამიხდენსო. მაინც კარგათ
მოიზილებაო, იმას უპასუხია, ეგეთ პურსაო ჩვენთან ჭადი ჰქვიაო. თურმე, იმერლები რო
ატირდებიან, პირდაპირ ფქვილში ჩასდით ცრემლები და იმათი ნატირალი პური გახლავს
ჭადი. მე არ მიჭამია. იქეთ მე არა ვყოფილვარ და ეგ ამბავი რო იყო, მაშინ აკვანში ვიწექი
და ხაშხაშით დამთვრალი გულში ვმღეროდი. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს არ
მოსწონებიყო, რა ქვიშა და მარილი გიჭამია და რა ისაო. ცხვარსა სწუნობთ და ჭადით
მოგაქთ თავიო? იმ ვიღაცა იმერელს გასცინებიყო, ჭადი არა ძველდებაო, თუნდ წელიწადს
იყოს განჯინაშიო და აბა, აქეთ რა გაქვთ ასეთიო. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს გასცინებია,
თქვენ თუ ჭადი გაქთ თავის მოსაწონებელი, ჩვენა – ბატონებიო. ის ვიღაცა იმერელი კაი
ხასიათზე მოსულიყო, ბაბოჩემის ჩაცხობილები ნაჭამი აქ, ბოლოკი კაი კოხტათ
გახრაშუნებული თამამ ხმაურითა, გეგონება, ჯარს მოუძღვის და ხელადასაც მისდგომია.
ან რა იქნებოდა იმ ხელადაში იმდენი, რო იმისთვის ლაპარაკი დეეწყებინებინა, მარამ
დაუწყია.

თქვენაო, მარილზე მტირალი ხალხი ბრძანდებითო, მე რო ჩემმა ბატონმა მარილი


მომთხოვოსო, იმას ოხრად დავარჩენო. ვინ გაუბედავს იმერეთში ერთი მეორეს მარილის
მეტის მოთხოვნასო, იქაო ბატონიც ისე სჩიჩქნის მიწასა, როგორც ყმაო. ფიჰ, პაპაჩემი
დოზია მეწისქვილე მალიმალ გაჰხედავს წისქვილის გამოღებულ კარსა, ვინმეს ძროხა არ
დაჰკარგვოდა, იმის საძებრათ არ ჩამაიაროს და ამის ნათქვამები არ დაიხსომოსო. ის
ვიღაცა იმერელი კიდენა, მეტს ამბობს, თქვენაო, ჭიანჭველა ხართ, ხალხი კი არაო.
ჩოლოყაშვილი აქა გყოლიათ და განზე უვლიდით, სალამი არა გვთხოვოსო. მერე კიდენა,
არ გინახამს, იმერლებს რო დიდი თმა-წვერი მოგვიზდიაო, თქვენ კიდე გახოტრილხართ
ობლებივითაო? ეს დიდი თმა-წვერი იმისთვინ მოგვიზდიაო, რო ცხენს რო მოვახტებით
და ვკრამთ დეზსა, იგრე გვიფრიალებს ქარი, რო მტერს ლომი ვგონივართაო.

პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს მიეგო:

ერთიო, რო ქარი ეშმაკის მოგონილიაო და იმის აფრიალებული თმა კი არა, ბარათაანთ


დროშა მიტარებია და ის არ მინდაო. მეორეც კიდენა, გრძელ თმამ ტილი იცისო, და
მესამეცა, თაგვი და ჭიანჭველა ვინა ვართ, ჩვენ მივჰყვებოდით ხმლითა ი
სულგანათლებულ მეფე ერეკლესა და თქვენ კიდენა გორაზე იდექით და ხელით
იჩრდილავდით მზესა, კარქა დავინახოთ, საით მიდიანო. ვერ გამოგვადევნეთ განა კარგათ
თვალი, სად ჩავიხოცენით თათართან ომშიო?

ამაზე იმ ვიღაცა იმერელს გასცინებიყო, განა საწყენათ მითვქამსო, უწინა, რო იმ თქვენ


ერეკლეს დაჰყვებოდით, ახლა მარილის ფასმა წაგახდინათო. მე იმათ გეუბნები ამაებსა,
რომ თქვენ ბეჩავ ყოფასა ვხედამ და გამოსავალიც ვიციო. აბაო, თავი მოუქექია პაპაჩემსა.
აბაო და, შენ გზა მიმასწავლე და მე მივალ იმ თქვენ ბატონთანა და მოვახსნევიებ მარილის

17
სახდელსაო. რა გინდა მაგის ფასათაო, ზრდილობისთვინ ეკითხა პაპაჩემ დოზია
მეწისქვილესა. რა უნდა მინდოდეს, რახან მარილზეა საქმე, მუჭა-ნახევარი მარილი მამეცი
და მოგაშორებ ამ ჭირსაო. პაპაჩემი უყურებს და ჰფიქრობს, იმსიგრძე ენა აქვს ამ ვიღაცა
იმერელს, ყარაიამდე რო გააფინო და გაჰყვე, მიწაზე ფეხდაუდგმელი ჩახვალო, ეგება,
მართლა მოსთაფლოს მანმელოვ რომანოზაო. და დაუკრამს ხელი, სამი პეშვი იყოსო. კი
ვიცოდიო, ამ ვიღაცა იმერელს უთქვამს, რო ყიზილაანთ გამმეტებელი ხალხი ცხოვრობსო,
მარამ თავის ბატონში თუ სამ პეშვ მარილს გამოიმეტებდენო, არ მეგონაო, და წამომდგარა,
აბა, მიმასწავლე მანმელაანთ სახლის გზაო.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, ღამე სიარულსაო, დღისით ბრმად ყოფნა მიჯობსო,
და ეთქო, მაიცა, კაცო, გამოთენდეს, ეხლა გულის ძილში იქნება რომანოზა და რას
დეელაპარაკებიო. მე რო ლაპარაკი ვიცი, იმისთვის ახლა არი გამოჭრილი დროო.

წამოსულან.

გარე-გარე ვატარეო, ორღობეში რო წამყროდა ვინმეო, ეხლა იმისთვინ გველაპარაკაო, სად


მივდივარო. იმერელი კიდენა მოჰყვება და მოღიღინებს. შორიდანვე დავანახეო,
ქვითკირისა იყო და ღამეშიაც ჩანდაო. ახლო ვერ მივბედეო, პაპაჩემმა დოზია
მეწისქვილემ, ურდოვანაანთ რო ყოფილიყო ისევა, მივიდოდი, კნეინას
დეველაპარაკებოდიო, მარამ მანმელოვ რომანოზასთან სიტყვა არ მიჭრიდაო. ჩვენი
ურდოვანაანთ კნენა მამიდა იყო რომანოზასი და ბიჭობაში პაპაჩემს თვალი ედგა აემ
კნეინაზე. რომანოზამ ესეები არ იცოდა, მარამ ყველა კაცში მარილის ფუთას ხედამდა და
იმას არ უნდოდა, ვინ არი დოზია მეწისქვილე.

გაჩერებულიყო პაპაჩემი შორიახლო და ჰფიქრობს, უეჭველი მათრახის კუდით


დეელაპარაკება ამ ვიღაცა იმერელსაო, ან კაი გამოძინებული რა არიო და ძალათ
გამოღვიძებულს რას შეასმენო. ამ ფიქრშია და, გადაძვრა იმერელი ღობეზე. ჭიშკარი ხო
დაკეტილი აქთ. ჩამომჯდარა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე და მთვარეს უყურებს. სავსე
მთვარე იყოო. ამის ფიქრშია, რო ისევ გარე-გარე ტარებით მოვაბრუნებ წისვქილში ამ
ვიღაცა იმერელსო, და კაი წკიპინიც შემოესმა. აქეთ გაჰხედა, იქეთ გაჰხედა და წკიპინია,
წალამს რო დააყრი ბლომად ცეცხლსა. ჰხედავს პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, ალი ავარდა
ბატონის სახლის სახურავიდანა. ავარდა და ჰბრიალებს. ის ვიღაცა იმერელი კიდე არა
სჩანს. ვაიმეო, დაუძახია პაპაჩემსა, მაგრამ რა ჰქნას, ახლა გვერდებიდანაც გამოსდის
ცეცხლები, რა ვქნაო, ეკლესიისკენ გავქანდე, ზარი შემოვკრაო თუ... ამას ელაპარაკება
თავის თავსა და ჰხედავს, იმერელი ეზოში გამოსულა და თავის დამბაჩას იმარჯვებს.
ცეცხლმა კიდენა გამოხეთქა ფანჯრები და ეთამაშება ბალკომის ძელებსა. ვაი, ჩემი ჭირის
დღევო, გამისტუმრებენ თოვლის ქვეყანაშიო, ეს არი და ჰხედავს გამოიღო ბალკომის კარი
და გამოვარდა იქიდან რომანოზა, პაპისეულ სევადიან ხმლითა და აჰა, დამიდექითო. იმის
დამნახავი კი მივხვდი, თათარი რათ ვერ მოგვრევიაო. დაინახა იმერელიცა და რა ვალი მაქ
შენიო, დაჰყივლა. დაჰყივლა და გამოუშალა ფეხიც იმერელმა, ჰკრა ტყვია და გადააქცია ეს
ამოდენა ვაშკაცი, ნახევრათ იყო დარჩენილი ისედაცა, ოსმალოს ომის მერე და ტყვიას
ეგრე ვეღარ დაუხვდა. იმერელი კიდენა, იგრე მარდად გადმოევლო ღობესა, თითქო ვაშლი
მეეპარა და პაპაჩემს ეუბნება, აბა, დავიძარითო. გაგიწყრა ღმერთიო, ეგ არი შენი ლაპარაკი
და საქმის ჩარხვაო? ეს სიტყვებია და უკვე დეენახა ვიღაცასა და ზარს ჰკრამს ეკლესიაზე.

რაღა უნდა ექნა პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა? დაძრულან ხევ-ხევ და ამოსულან


წისქვილზე, ამოსულან და ინათა კიდეცა. იმ ვიღაცა იმერელს ეთქო, აბა გავაჭენეო,

18
თქვენაო, ყველაფერი ასე უნდა ჰქნათო, რო შიში ჰქონდეთო, უკრავს დეზი და გაუჭენებია,
წაველი თათარშიო, ჩემი საცოლის გამოსასხნელადო, მუჭანახევარი მარილიც
გამოუნასკვავს და ჰეი!..

უყურებს პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, ლომზე რო მეუბნებოდა, აბა, თუ მართალიაო და


რასა ჰხედამს? ამ ჭენებაში კი არ გადასძვრა ის თავის ქოჩორი და არ დარჩა მოტვლეპილი!
დაწეპილი ჰქონია ზემოდანა! ქოსა ყოფილა! ქოსა ყოფილა... შავარდნილა და გამოუტანია
სოლკაანთ ბერდენკა! სოლკა ხო ბიძა იყო მისი. რას მიაწვდენდა? ულვაში უფრო კარქა
ჰქონოდა მიწეპილი. ქოსა ყოფილა! მარილის საშოვარზე მოსული და დახე, რა მოუგონია?

ჰაიო, პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა, ჩემეფლო ცხოვრების ურემი ლაფშიო. ქოსამ


მამატყუაო, რაღათი გავისწორებ გზასაო... დეეგდო ის ბერდენკა და გაქცეულიყო
მისახმარებლათ.

ცეცხლს დეეწევი? ჩამწვარიყო მანველაანთ სახლი, ძველი ურდოვანაანთ სახლი. ის


ქვითკირი გაშავებულიყო და რომანოზას გამხმარ ბეჭში ჰქონოდა იმერელის ტყვია.
ურდოვანაანთ კნეინა კიდენა, რომანოზა ბატონის მამიდა, იმ ჩამწვარში დარჩენილიყო.
ვერ გამეეტანათ ლოგინითა და ფეხზე ის ვეღარა დგებოდა. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე
ამბობდა, არ კი ვიცოდიო, თუ კნეინა იქ იყოო. მერეღა გეეგო, რო მიეყიდნა ურდოვანაანთ
თილისონას ე ჩვენი ყიზილხევი მანველოვ რომანოზასთვის, კნეინას არ ექნა, ურმითაო,
ქალაქს არ წავალო. სიარულით ხო ვეღარ დადიოდა და მკვდარსავით ხო ვერ წამასვენებთ
ქალაქის სახლშიო. რომანოზას ელაპარაკნა, მამიდა ჩემიო, იყოს, იწვეს აქაო, აემ წითელ
მთების ყურებაში უნდა სიკვდილიო. იმის ფანჯრიდან მართლა ჩანდა ყიზილა მთები.
ლაპარაკით ის ვეღარ ლაპარაკობდა და უყურებდა იმ მთებსა და ჰფიქრობდა ალბათ
ათასსა. ახლა კიდენა, ეძებდენ ჩანახშირებულსა და ვერ ეპოვნათ. ეგრეც ვერ იპოვეს,
იმიტო იყო თქმა, რო კნეინაო, მთლად ჩაიფერფლაო და ქარმა გაატარ-გამაატარა აქეთ-
იქეთო და მოაფინა ყიზილას ქვეყანასაო. ზედა გვაქ დაფენილი იმის დარდები და
ახალგაზრდობის სილამაზეო.

აბა, განა გინახამს ყიზილჭალაზედ მოხდენილი ალაგი?

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდენა, დამჯდარიყო ქვაზედ და ეტირნა. განა ხახვითა.


ხახვით ტირილი ჩვენი წესი არ არის. ამით ხომ მაინც უნდა მიხვედრილიყო ქოსობასა. მე
კიდენა, ამ დროს აკვანში ვარ. გამარწევენ, ჩამიგდებენ პირში ხაშხაშსა.

ის დღე იყო და ის დღე, ბაბოჩემისთვინ ეთქო, ჩემი ცხოვრება გათავებულიაო. გზის


მასწავლებელი გზაზე წამსვლელზე უარესიაო. ის იმერლის ნასვამი ხელადაც მიემტვრია
წითელ ქვებზე. რომანოზა ბატონისთვის კიდენ გამოეღოთ ტყვია გამხმარ ბეჭიდანა.
ბაბოჩემს კრინტი არ დეეძრა, რო დოზია მეწისქვილეს ენახა ის ვიღაცა იმერელი. ამით
ვერავის შეეტყო იმის წამხდარ საქმეში გარევა.

მეეყვანა რომანოზას ხოვლელი თაღია კალატოზი, ისიც ცალხელა, და ხელახლა


ეშენებინათ ბატონის სახლი.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდენა, ელის, რო ღმერთმა მსჯავრი გამოუგზავნოს.

ის ზამთარია და საწყალი დედაჩემი ხო იშვილა სახადმა. გამოზაფხულდა და მამაჩემი


დამალა ფარავნის წყალმა. გამოსულიყო პაპაჩემი დოზია მეწისქვილე ერთ ღამეს

19
წისქვილიდანა და დეეძახნა, ღმერთოო, მამყოფინეო, კაპულა არ წამართოო, ერთი ეგღა
დამრჩაო. სავსე მთვარე იყოვო და იმან ამირია თავი და მანდო ქოსასაო.

გეეგონა, თუ რა იყო, არ ვიცი, აგე, აქამდინ კი მოველი.

ამას არ დაჯერებიყო. გეეტენა სოლკაანთ ბერდენკა, გედეეკიდა მხარზე და გაჰყოლოდა


აიმ ბილიკსა. ბევრი ევლო, ტყეში ეთენებინა და ბოლოს მისულიყო იმ მთაზე, ჩვენი და
იმერეთის ქარები რო ერთმანეთს დეეჯახება და ქოსები რო არიან ხოლმე.

სამ თვეს იყო იქა.

რა ქოსას არ გამეევლო, ყველა დეეყენებინა და ის ვიღაცა იმერელი მაინც ვერ ამოეცნო, ცამ
ჩაყლაპა, თუ მიწამო.

რო მობრუნდა, მუხლამდის წვერი ჰქონდა.

რომანოზასთვის კიდენა, რუსთ ხელმწიფეს ეეკრძალნა მარილის ამბავი. აქა ყოფილიყო და


დეეთროთ, მოსწონებიყო ღვინო და ეთქო, რაც გინდათ, ისა მთხოვეთო. ჭკვიან ხალხს
ეთქო, მარილზეო თათრებს შაური მოახსნევინეო და დამოჟნის კაპეიკიო. ექნა.

ეხლა კიდენა, იმ ქარაშოტა მთაში გვირაბია გაჭრილი.

აგე, ვზივარ აქა, ველოდები მიწეპებულულვაშიან ქოსასა, რო სუ ტყვია-წამალზე ვაცეკვო.

არა სჩანს.

ბოღმისა, ჯავრისა და დარდისა არ არის სწორე, რო ხიდებს დაუდებენ მდინარეებსა. არ


არი სწორე, რო აემ ჩვენ ყიზილას გაუდეს რკინები. მდინარეზე რო გაუდებ ხიდსა, კაცს
ფონი დაავიწყდება. ფონი რო დაავიწყდება და როგორ უშველის თავსა? აგე, რამდენი
ფონი ვიცოდი ბიჭობაში. თუ ხიდზე ჯარი გამაიყვანეს და ფონი დავიწყებული გაქ, ცალი
ნაპირისა ხარ. ცალი ნაპირისა კიდე, ძაღლი არ ვარგა და კაცი რაღა იქნება. ხიდი ეგრე
ჰგუდამს ჩვენ ყიზილასა, როგორც ბორკილი დაგადონ ალალ-მართალ კაცსა. მარამა, კაცმა
არ იცის თავის ამბავი და წყლისა ეცოდინება?

ეხლა მე აემ ჩემ ფიქრში გამოვჩხრიკე ეგ ამბავი და სულ ძალისძალათ გამოვიყვანე. პაპაჩემ
დოზია მეწისქვილეს ლაპარაკი არ უყვარდა, თორე ის ადრევე მიმახვედრებდა ამასა.
რომელი ალაგია მთავარი კაცის ტან-ფეხში? თავი, სადაც ტვინი შეუნახია ღმერთსა და
გული, რომელიც ვირის მუშათ გაუხდია გამჩენ უფალსა. ჩემის ფიქრით, ეს მთავარია,
მარამა სეფე ალაგი კაცის ტან-ფეხზე მაინც არის ღაბაბის ალაგი. ნიკაპს ქვეშ რაც შაინახება,
ის ამოქმედებს კაც-ადამიანსა. კაცი ხო ძაღლი არ არი, რო პირდაღებული იყოს და
ვერაფერი შაატყო, თუ იმისი ენა არ იცი. განა სულელი იყო მეფე ერეკლე და სხვანიცა
ძველები, რო წვერი მეეშვათ? ამით სითბოში ამყოფებდენ ღაბაბ-ადგილსა. ამის სითბო კი
აუცილებელია. ეხლა რო დაიპარსეს წვერები, დავიწყნიათ, ძველ დროში, მანმელოვ
რომანოზას დროში ყველაზე საწყალი ქოსა კაცი იყო.

რათა?

რათა და იმათა, რო ღაბაბშეუნახავი იყო. ეჰაი, ჰა! რო მიაყრიდენ ქოსებს წიხლსა,


კაჭრელების დუქანში...

20
ეხლა, რათ არი ღაბაბი მთავარი ალაგი. კუჭი თუ საჭმელს შაინახავს და გადაფქვავს
პაპაჩემ დოზია მეწისქვილის წისქვილივითა, რო ტან-ფეხ ჯანი მისცეს, ღაბაბი კიდე, რათ
არი ჩამოწეული, თუ ჩამალული? იმიტომ, რო იქ შენახულია სამი რამე – ბოღმა, ჯავრი და
დარდი. ზოგსა ჰგონია, რო ათასი რამეა მთავარი – ფეშქაშობა, პრუწაობა და
სვინდისიერობა. ეს ყველა აქ კაცსა, მარა მთავარი რა არი? მთავარი არი რო, ეს სამი რამე
რო არი შენახული ღაბაბში – ბოღმა, ჯავრი და დარდი, კაცმა იქ დააკაოს და მაღლისკენ არ
გამაატაროს. თუ გამაატარა და ჯერ ცხვირში მოვა ძმრის იერით და სასმელს არ შაარგებს
კაცსა. არ გაახალისებინებს იმ კუნაპეტა, ვერან ჯიგარსა. ცხვირი რა არი, ბევრი არც
შეეკითხება. მერე მივა თვალებში და კაცს პირისახეზე დეეხატება. პირისახეზე რო კაცს
ბოღმა, ჯავრი და დარდი დეეხატება, იმ კაცთან ეშმაკს უკვე დაბეჭდილი ქაღალდი
გამოუშვია. კარგი ისა, რომ დარდმა ამაასწროს ბოღმას და ჯავრსა, მაშინ ეშმაკს ის კაცი
აღარ უნდა, დარდის ანგელოზისა იყოსო. იმიტო, რო ხელს ვეღარ გაანძრევინებს.

ეხლა რატო მახსენდება ესა:

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე თათარში რო ნაჯაფარი კაცი იყო, წისქვილი რო დაიჭირა და


ჩამოჯდომა შაიძლო, ხელები მუჭათ ჰქონდა შეკრული. იმდენ ნაშრომისგანა, თერთმეტივე
თითიო, იგრეთ მქონდა დაგრეხილიო, როგორც რო ნაზამთრალი ვაზი როა წაწვენილი
მიწაზე სათათრეთშიო, ამდენი ნაჯაფარიო და თორმეტი აბაზის ქონება არ მებადაო.
პირველი შვილი მოგვიკვდა მე და ბაბოშენსაო, მეორე ვზარდეთ და ყინვაში დაძინებიყო
გარეთ, შეშა რო მოჰქონდა მაღლიდანა და ისიც მოგვიკვდაო, მესამე იყო და აკვნის სამ
გარწევაში გათავდაო, მეოთხე, საწყალი მამაჩემი გაზდილი და უკვე მეც გაჩენილი,
ფარავანზე წასულიყო თევზზე და იქ ცოტა დეელია ბერძნებში, უფიქრნია,
გავგრილდებიო და აბა, ფარავანი ფხიზელს გავლებს კოჭში თავის სველ ხელსა და
დალეულს რაღას უზამდა?

ამას რათ ვამბობ ეხლა:

ხო ასე იყო პაპაჩემი და ნაღველა უდუღდა, უშავებდა ჯიგარსა, თუ რამეს ამოუშვებდა


ღაბაბიდან თვალში, მარტო დარდსა. ჯავრი და ბოღმა მაინც იქა ჰქონდა დაკეტილი.

ეჰე, პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, კურდღელი ცალი ფეხითაც დაჭერილიაო.

ეს იქედან იცოდა, რო კურდღელზე დადიოდა. საჭმელი არა გვქონდა, მახუხითა


ვძღებოდით და ცხელი კერძისა კურდღელი უნდა მეეტანა. ეხლა რა არი – ყველა იცინოდა
ამისასა, ის ხანი იყო, რო ექვსთითა დოზიას ეძახდნენ და დოზია მეწისქვილე ჯერ არ
დეერქმიათ. ვიღაცამ კიდენა ნახევარყურდღელა დაარქვა. მითამ შინა ნახევარი
კურდღელი მოაქსო. ეხლა რატო:

კურდღელზე ხო საფანტით მიდიან, სანადირო თოფითა. პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს კი,


აბა სად ქონდა საფანტი და სანადირო თოფი? იმას ბერდენკა ჰქონდა. ის ბერდენკა კიდე
დათვსა ხვრეტამდა და კურდღელს რო მოხვდებოდა, ნახევარს ცაშივე გააფეთქებდა.
ძველი ბერდენკა იყო ესა, ზედ ეფხაჭნა, სოლკა შერმადინისა ვაარო. სოლკა პაპაჩემის ბიძა
იყო, ღორები ჰყავდა გადაღმით. ბევრი გეეფუჭებინა ამ ბერდენკითა და იმათ შორის თავის
ბატონიც საგურამოს გზაზე. მერე გეესამართლებინათ და ხეზე დეეკიდათ ქალაქის
შესასვლელში, პაპაჩემი დოზია მეწისქვილე შესწრებიყო ამ ამბავსა და ეფიქრნა, ცოცხალი
კაცის ეგრე დაკიდება როგორ იქნებაო, ოინი იქნებაო. მერე ჰხედავს რო, ბიძამისი სოლკა

21
არ არი? ამოუცვნია სოლკას ხალხში და დაუძახნია, დოზიავ, დისწულო, ბერდენკა აქა და
აქ დავფლე და მაიხმარე, თუ ვინმეს შორიდან კოცნა მოგინდესო. ამ ლაპარაკში დეეხჩო,
პაპაჩემ კიდე მილიცია მისეოდა, უთუოდ ამის ძმობილიაო. ურიადნიკ ხოსიაშვილს ეცნო
და ეთქო, მართლადა ჩვენი საწყალი დოზია რა შუაში უნდა იყოსო, და გამეეშვათ.

დაფლული ალაგი ენახა თავის ას ოცდაერთ პირგალესილ ტყვიითა.

იმით დადიოდა კურდღელზე და კაი ნასროლიც მოუდიოდა. განა ბერდენკა საფანტსავით


მიასხურებს ნასროლსა? ერთი ხვდება და დასცემს. მაშინ რო დინამიტისა სცოდნიყოთ,
იტყოდნენ, დოზია კურდღლებს აფეთქებსო. მარამა ნახევარყურდღელა დაარქვეს.

აიმ ალაგას ნადირობდა. გაიგდებდა ძაღლსა და დაუდგებოდა თითონ მაღლა. პაპაჩემი


დოზია მეწისქვილე იტყოდა, ღარიბისთვინაო, პეპლის დევნაც სარგებელიაო.

ეხლა რა არი. ერთი დღე არი და აიმ წითელ მთებშია პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, სოლკა
შერმადინის ბერდენკა აგრე აქ შემართული და გამოუგდო ძაღლმა კურდღელი. ესროლა
პაპაჩემმა ერთი და დააცილა, იქეთ აამტვრია წითელი ქვა. გადმააგდო ნასროლი, მიაყოლა
მეორე და ისევ დააცილა. ისევ ქვა აამტვრია, ოღონდ კი, ეს ქვა აიღო და ფეხზე დეეცა
კურდღელსა. ისე, რომ ფეხი მოსტეხა და სამფეხა კოჭლაობით გარბის. მერე ლექსი ეთქოთ:
კურდღელი რო ჩამოცანცალდაო, ფეხმოტეხილი და საწყალიო, ზურგზე ეკიდა საგზალიო
და თუნგნახევარი მაჭარიო. ვითომ რო, პაპაჩემი დოზია მეწისქვილე მთვრალი
ყოფილიყოს და ასე გამეეგონოს ამ ნადირობის ამბავი.

მთვრალი არა ყოფილა! მერე კი დაითრო, რო ჯავრი და ბოღმა არ ამოეშო ღაბაბიდანა.

ეხლა კიდე ეს კურდღელი გარბის ფეხმოტეხილი და ძაღლი გადევნებიყო. რა მანქანით


იყო, ეს არ გამოირკვა, მაგრამ ძაღლი მობრუნებულიყო და პაპაჩემისთვის თვალებით
ეთქო, იმის გამდევნებელი არა ვარო. მე რო ვყოფილიყავ, უფრო გამოვკითხავდი, რახანღა
ძაღლების ლაპარაკი ვიცი, მარამა პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს თვალებიდან შეეტყო, შინ
წადიო, ძაღლი გამეეშვა და თითონ მიჰყოლოდა. ეგრე მირბის წითელ ქვებზე კურდღელი
და უკან – პაპაჩემი დოზია. იგრე მისდევს, რო თოფი ვერ გაუტენია, მესამეც რო
მიაყოლოს. ამასობაში კიდენა, დააქუხა ციდანა და ჰკვეთავს მეხითა, ცოტაც არის,
გადმააქცევს ცრემლსა. ეს დაქუხება კიდე რისი ნიშანია? რო ღმერთი დარაჯებით არი, აბა,
რა უნდა მოხდესო! ჯიგარი რო ცხვირში მოვიდა და წაუმუხლია პაპაჩემ დოზია
მეწისქვილესა, გაუშვი, წავიდესო. ეს ფეხმოტეხილი კურდღელი კიდენა მიხტის მაღლა და
სადაც არი, უნდა დეემალოს. დაუნახია პაპაჩემს, რო ერთი კლდეა გამოშვერილი და იმაზე
შეხტა ეს კურდღელი. საღი ფეხი დაჰკრა და შეძვრა სადაც არის.

მიჰყვა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, მისწვდა იმ წითელ შვერილსა და ავიდა მაღლა.


ავიდა და დაინახა ერთი შავად პირგაღებული გამოქვაბული. დააჭექა ისევ ციდანა და
წაუმტვრია წითელი კლდეები ცხვირწინა პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს. წამააყარა და
წამააყარა ციდან ხოშკაკალა.

ეს რა არი? შენა გგონია, კურდღელია? ციდან ნიშანი ეძლევა პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა,
რო შააფარე თავი გამოქვაბულსაო. ვითომ რო, წმინდა გიორგი ბეჭზე წაჰკრამს ხელს, შადი
შიგაო. კურდღელი გაგახსენდება კაცსა? ადგა და შავიდა იმ გამოქვაბულში. შავიდა და
დაჯდა, რო ამოისუნთქოს. ერთი ხელი ჩამოვისვი დასველებულ ცხვირპირზეო და
ჰხედავს, აბრჭყვიალდა ყველაფერი, როგორც რო დედოფლის გულისპირზე. ერთიც
22
ჩამოვისვიო, ხო არ დამკრა მეხი, უკვე ხო არ დამაცია და იმ ქვეყნის კარში ხო არა
ვდგევარო.

ცხადი ყოფილა.

თვალ-მარგალიტიო, თოფ-იარაღი – სულ ოქრო-ვერცხლის სევადიო, ზანდუკები ოქროს


თუმნიანებითო. გარშემო სულ ეს ალაგია და უციმციმებს თვალშია. ახლაც იქ
ვიჯდებოდიო, ისე რო არ დეეკრა ციდან იმ ძალიანსაო. დეეკრა და კინაღამ არ დეეკლა,
სულ ახლო მიეცა მეხის ისარი, ენიშნებინა, წამოდექიო.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე ამბობდა, ის კურდღელიც იმან მოგზავნაო, ჭექაც იმან


გამოუშვაო და ბიძაჩემ სოლკა შერმადინის ბერდენკაც იმან გასწყვიტა მეხითაო. ბერდენკა
ხო გამოქვაბულის შესავალში წეეყუდებინა პაპაჩემს, აბა, გამოქვაბულში ხო არ ვესვრი
კურდღელსაო. ჰოდა, ემას დეეჭექა ზედა და შუაზე გეეწყვიტა.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კიდე უყურებს თვალ-მარგალიტ საგანძურს და ჰფიქრობს,


უეჭველ ჩემი სამშობლო უნდა გამოვიხსნა თათრისგანაო. ამ ოქრო-ვერცხლით იმდენს
თოფ-იარაღს ვიყიდი და დავლესავ ყიზილას ქვებზეო. მერე წავალ და ამ დალესილ
საოხრესა მეფე ერეკლეს წაუღებ მცხეთაშიო. მილიციონრების შიში კი ჰქონიყო და
რაიკომშიც რო გეეგოთ, სულ ერთიანად წაართმევდნენ, მარამა, მეფე ერეკლეს თუ
მივსწვდებოდიო, რაიკომი რაღას დამაკლებდაო. ურიადნიკ ხოსიაშვილის იმედი
ჰქონიყო, იმას უყვარდა ჩვენსკე ამოსვლა და პაპაჩემ დოზია მეწისქვილის მოსმენა, რო
ქვეყნის ამბავი უკეთ გეეგო. ის უშველიდა, ურმებს ამოუყვანდა და ღამით ფონ-ფონ
გაზიდავდნენ საჭირო ალაგს. იქ სომხები დეელოდებოდნენ და თვალ-მარგალიტში
იარაღს მოსცემდენ.

დროის ანგარიშიაო, უფიქრია პაპაჩემ დოზია მეწისქვილესა და მისწვდომია ექვსთითა


ხელით თვალ-მარგალიტსა. ექვსთით მუჭში მეტი ჩეეტეოდა და იმიტომ. იყრის უბეში და
იმძიმებს სველ პერანგსა. ერთიც ჩაიყარა და უფიქრია, ცალი უბე თვალ-მარგალიტით, აბა
რა ჯარი უნდა შევადგინოო. აღარ შაუხედნია სოლკაანთ გაბზარულ თოფისთვის და
წამოსულა თავქვე, ფიქრი აქ, რო ოთხი გოდორი გაავსოს და იმით ოთხი შამტევი ლაშქარი
შეთქვას და ოთხივ მხრიდან შეუსიოს სათათრეთსა.

მოვიდა სოფელში და ერთი ამოისუნთქა. ჩვენ ყორესთან ამოვისუნთქეო, იგრე მოვქროდი


თავქვე, სუნთქვის დრო სადა მქონდაო. ღარიბები ვიყავნით: გოდორი ორი გამოგვაჩნდა,
ერთიც ძირმოუწნავი იყო, ძაღლს ეძინა შიგა. წასულა დაბლისკე და ორი გოდორი კიდევ
უშოვნია შინჯიაანთა. ერთი იქაც ამოუსუნთქია და, აბა, კლდეებისკენაო.

მიუყვება მაღლით დახსომებულ ბილიკსა და ერთ წითელ კბოდეზე არ შააყენა დინამიტის


ხმამა?

გაჰხედა პაპაჩემმა დოზია მეწისქვილემ და მიჰხვდა, რაც ყოფილიყო. ცას სულ წითელი
მტვერი მოჰყროდა მარილივითა. დაუნანებლად. მოსულიყვნენ ეს ტიალი კრაზები და
დეეწყოთ ქვის ფეთქება, რო რუსეთში წაიღონ დიდი სახლების ასაშენებლად. ისე
ჩეელაგებინათ დინამიტი, რო თითქო საგანგებოდ პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს
უშლიდნენ გზასა. საითაც ეცა, იქ დაახვედრეს ბუთქი. დაღამებამდის მაინც არ ჩეემუხლა
და ეძებნა. მერე მიმხვდარიყო, ტყუილიაო, ისე აურ-დაურიეს ფეთქითაო, რო
გამოქვაბული ამოიქოლაო. აქეთ რო იყო წითელი მთა, ახლა იქეთ ამოზრდილიყო. ეჰა,
23
იდგა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კლდისპირზე და უყურებდა ვითომ ცასა და ისე კი
არაფერსა.

მაშინღა შეეტყო, რო ტყუილად დგას, ღაბაბთან რო ორი ცრემლის წვეთს დარდის თოკები
გეეფსკვნა, აბა მაშ, ვინღა გამოიხსნიდა ქვეყანას, თათარზე ვინღა წავიდოდა? მარამა, არაო,
კბილი მივეც კბილსა და დარდი, ჯავრი და ბოღმა ღაბაბიდან არ გამოვატარეო, ის
გაბანტული დარდის თოკი კიდენაო, თავქვე წამოსულმა, ყიზილას ტალღებში
დავამარცხეო. მადლიანი წყალი ჩამოგვდის, დიახაც, ყოველ დიდ ბოღმას ისე დააციებს,
როგორც რო გიორგის ბტყელპირა. ეგრევ ტანსაცმლით რო ებანავნა, ამოსულიყო და
ყიზილჭალის ქვებზე სწოლილიყო. იქ გახსენებოდა, უბეშიაც ხო მელაგა თვალ-
მარგალიტიო. ჩეეყო უბეში ხელი და მუჭი რომ გეეშალა, სადღა იყო ის თვალისმჭრელი
კენჭები – რაღაც მანქანებას თხილად გედეექცია.

იქ კი შეშინებულიყო პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, უთუოდ ეშმაკეული მიბნევს


გონებასაო, და ის თხილი სულ მინდვრის თაგვებისთვის დეერიგებინა. მშივრები ისხდნენ
თურმე შორიახლო და კაი ვახშამიც გაუმართავთ.

იგრე დაგვირჩა განზე ის წითელმთიანთ თვალ-მარგალიტი. ეგება, არც იყო თხილი და


ჯავრისგან მომეჩვენაო, ასე ამბობდა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე.

ხო ეგეთი ზარალი დეგვემართა, სხვის დასანახად, არც ბოღმა, არც ჯავრი და არცა კიდე
დარდი არ ამოუშვია თვალებამდის.

ის იყო დოზია მეწისქვილე, ბარათაან დროშის დამჭერი ძველ დროში და დინამიტისთვინ,


ნაღველს არ გაამწვანებინებდა თავსა. ისე კი, დაითრო კაჭრელების დუქანში.

პაპაჩემის თითისა

აგე, ზემოთ რო წითელი მთებია, იმის გამონგრეული წითელი ქვები რუსეთში მიაქვთ და
იქ აშენებენ მთავრობის სახლებს. რახან და წითელიაო და მთავრობას გეეხარდება, რო
წითელ სახლში იცხოვროსო. მაგას ხო საბუთიც წითელი აქვს. ზოგი ქვა არი ისეთი, რო
თეთრი ზოლები დაყვება და ის თურმე არ მიაქვთ რუსეთში, იმით უბრალო ხალხის
სახლებს აშენებენ, რომელიც მშრომელი ხალხია და იმას ვინ მიუქცევს ყურადღებას, რო
მაინცდამაინც წითელი ჰქონდეს. ჩვენი სოფლისთვისაც ხო იმიტო დაურქმევიათ
ყიზილხევი, რო ეს წითელი ქვა მოიპოვება. ყიზილ თათრულად წითელსა ნიშნავს.

გაღმა რო ნემეცები ცხოვრობდნენ ძველ დროში და ზაფხულში ყინულის შენახვა


იცოდნენ, იმათგანაც გამიგონია, ჩემ ბიჭობაში, ამ ქვას ეგრე არ დატოვებენო. განა იმან არ
იცოდა, რო აქ წითელი ქვა იყო? იმან წინდაწინვე იცოდა, რა იქნებოდა და ადრიდანვე
თვალი დადგმული ჰქონდა, ამით სახლი უნდა ავიშენოო. მოსკოვში გივლია? იქა, დიდი
გალავანია შემორტყმული ქალაქსა, ამ ჩვენი ყიზილხევის ქვისგან აშენებული. მთელი

24
რუსეთის კალატოზებისთვის დაუძახნია და ამოუყვანიათ ეს კედლები. ყიზილხევის ქვას,
აბა, რა ყუმბარა გაიტანდა. იმიტო ახლეინა ზედ ცხვირი გიტლერსა! გალავნისთვისაც ეგრე
დაუთქვამს, წითელი გალავანიო, თუ მოედანიო. აგე, სად გააგდო ჩვენი ყიზილხევის
სახელი...

ყიზილხევი განთქმულია კალმახით. იმასაც წითელი ნახატი აქვს ფერდებზე, მარამა ამ


ქვის სიწითლესთან ვერ მოვა. აქეთ კალმახი რო დაალაგო და იქით ქვა, დაინახამ, რო ქვა
უფრო წითელია. მარამა, ამ კალმახზეც ბევრი მოდიოდა აქა. ჩვენი ბატონი იყო,
მანმელოვი რომანოზა, მოახტებოდა ცხენსა და სახრით ჩამოირბენდა ყიზილას პირსა.
ვისაც ნახამდა, რო სხვა მხარისა იყო, არა ყიზილხევისა, გადაუჭერდა სახრესა და
დასძახებდა, აჰა და, ჩაგახჩე რომანოზას წყალშიო. ჩვენი ყიზილა თავისა ეგონა. და
მართალიც იყო. უწინდელ დროს ყიზილა სხვა მხრით მიედინებოდა და ამის მამა-პაპას
გადმოუგდია ჩვენ ხევში.

ეგრე იყო: ბარათაანთ ყოფილა ეს მდინარე და გაუცვლია მანველოვ-ურდოვანაანთ


პაპისთვინ ერთ კაი ცხენში. ყარაბაღული ყოფილიყო, მეფე ერეკლესთვინ გამოზდილი,
მარამა მომკვდარიყო ის პირკურთხეული და ცხენი რომანოზას პაპას, დიდ რომანოზას
ეყიდნა ბორჩალოელებისგან. ბარათაანთ კიდე, სწყენოდათ, ერეკლე ჩვენი ნათლია იყო და
იმის ცხენი მანმელოვს რათ უნდა ჰყონდეს, მანმელოვი რომელი ყარამანიაო.

ასე დაერქვა ყიზილა ჩვენ მდინარესა: რო გადმოუგდიათ ჩვენ ხევში, ქვა მეერეცხა და სულ
წითელი წამოსულიყო. სხვა რას დაარქმევდნენ? მამადხანს დაურქმევია. იყო ეგეთი,
გაპარსული თათარი...

ეჰაა, და პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, ვენახი ორი ქვევრისა მინდაო, იმან იცოდა,
რასაც იტყოდა. იმდენი ენახა ამ ქვეყნიერებაზე, რო სათათრეთში თვალდახუჭული
წავიდოდა. იმის აზრი იყო, რო კაცმა ზედმეტი არ უნდა მოსთხოვოს გამჩენ მიწასა.
პაპაჩემი დოზია მეწისქვილე ყველაფერს ხედამდა და თავის თავზეც იცოდა, რო ზედმეტი
რაც შეგხვედრია, ის სულ წყლათ წავა და წაჰყვება ყიზილასა. აბა, საიდან იცოდა?

იქედანაც რო, აემ მარჯვენა ხელზე ახალგაზრდობაში ექვსი თითი ჰქონიყო. რაღაცა
ჭანდრაკობით დაბადებულიყო ეგრე, ორი ნეკა თითით გამოსულიყო სინათლეში. სანამ
მეწისქვილედ გახდებოდა, ექვსთითიან დოზიას ეტყოდნენ. მე იმის ექვსთითობას
მოსწრებული ვარ, მარამა ხუთი როგორ გაუხდა – არა. ნათლიაჩემის შვილ ხურაველელ
ფარნაოზას ვიყავ გაყოლებული ცხვარში და იქ ლეკებმა ძაღლებთან ლაპარაკი მასწავლეს.
ეხლაც რო დაუდგები ნაგაზსა, თავის ენაზე ვაგებინებ. ლეკებისთვის ეს ლაპარაკი სანამ
გათათრდებოდნენ, წმინდა გიორგის უსწავლებია. იმისთვის კიდე – ქრისტე ღმერთსა.
ერთხელ წმინდა გიორგი ტყვედა ყოფილა და დარაჯად ნაგაზები სდგომია. წამოდგებოდა
ცალ მუხლზე და ესენიც წაიწევდნენ ზედა. მაშინ უთქომს, ქრისტე ღმერთო, შენთვინ
დამიყენეს ეს ძაღლები და მემეხმარეო. ამასაც უსწავლებია და ეგრე დაუხსნია თავი.

მერე წმინდა გიორგი თურმე ლეკებში დადიოდა, იქ კიდე ბევრი ენახა ძაღლისგან
დაგლეჯილი და შესცოდებიყო. სხვაც ბევრი ესწავლებინა, მარამა რო გათათრებულან
დავიწყნიათ. მარტო ეს დახსომებიათ და გადაქცეულან ცხვრის ქურდებათ – ნაგაზს
დეელაპარაკებიან, მოურიგდებიან და ბაგიდან წალალავენ ცხვარსა.

25
მარამა, მოდი, ისევ პაპაჩემის დოზიას თითისა ვთქვა. ეგ არი, რო დაგანახოს, როგორ
წინდაწინ იცოდა იმან ყველაფერი. მოველი ცხვრიდანა, ბიჭი ვარ, თორმეტი თავი აემ
წისქვილის ქვის ტოლა ყველი მოვიტანე, ბაბოჩემი კი ზის ჭიშკართანა და სტირის,
მიკვდება ჩემი დოზია მეწისქვილე, სწევს და მიკვდებაო. შაველი შინა და სწევს პაპაჩემი
დოზია ცეცხლთანა და ჰკვნესის. ის თავისი მარჯვენა ხელი იმხელაზე დეებინტათ, იმის
გამოხსნას ნათლისღებამდე ვერ მოასწრეფ. დამბანგეს, დამბანგესაო, იძახის.

დაჰბანგეს, გონი წეერთოო, ბაბოჩემიც ჰკვნესის.

ეხლა რა არი. წინა კვირეებზე მოსულიყო ერთი მილიციის მანქანა ზედ წისქვილზე,
ჩეესოთ შიგა და ეტარებინათ ქალაქამდე. სიტყვა არ გეეცათ, მიეყვანათ ოშპიტალში და
ჩეეცმიათ თეთრები. მერე დეელევნებიათ ტკბილი წყალი და დასძინებიყო. გაჰღვიძებიყო
და სწევს დაბინტული ხელითა. სტკივა, სტკივა, თითქო რომანოზა სცემს სახრესო. სამი
დღე ეგრე დეეგდოთ. აჭმევდენ ცოტასა და იმ ტკბილ წყალს მალიმალ ასმევდნენ და
დეეძინებოდა ხოლმე. ბანგი იყო იმ წყალშიო, აბა, რას მოატყუებდნენ? პაპაჩემი დოზია
მეწისქვილე თვალდახუჭული დადიოდა აემ წითელ მთებში და ბანგს ვერ ამაიცნობდა?
მეოთხე დღეა და მოსულიყო ერთი მილიციის უფროსი, ოთხი თვალი ჰქონიყო. არ ვიცი,
რო დაბანგულს დემენახა ასეო, არ ვიცი მილიციონრობისთვის სჭირდებოდა ასეო, სთქვა
პაპაჩემმა დოზია მეწისქვილემ. დეეწყო ლაპარაკი. შენაო, ექვსი თითი გქონდაო და ჩვენ
ხალხის მთავრობა ზრუნავს გლეხკაცებზეო, ამიტომაც მოგაშორეთ ეგ ზედმეტი თითი, რო
ამით კი სადარდებელი მოგაშორეთო. ერთ კვირას კიდე დეეტოვებინათ და მერე
გამოეშვათ. ძლივს გამოეგნო აქამდინა, სათათრეთში ნამყოფობამ მიშველაო.

აბა, რა გითხრა?

მიფიქრნია ამაზე და პაპაჩემი დოზია მეწისქვილეც ამბობდა – ორი კოდი პური გეყოს და
მიწაზე იარეო.

მე კიდენა გამიგონია, რომ ამ ჩვენებურ კალმახს ბევრი მოეყვანა მადაზე. ისიც ხო


მოდიოდა აქა. ერთი გაზაფხული სულ პაპაჩემის წისქვილში აქ გატარებული. ზანდუკი
რო ედგა პაპაჩემს წისვქილშია, აი, იქ იჯდა და ემალებოდა მეფის მთავრობასა. ურიადნიკი
ხოსიაშვილი რო ამაივლიდა, იმას პაპაჩემთან პურისჭამა უყვარდა. გააჩერებდა
სტრაჟნიკებს წისქვილთანა, გადმაიღებდა ტიკსა და დაუძახებდა, აბა, დოზია
მეწისქვილეო, მითხარ შენი ჭკუის ნაყოფიო. პაპაჩემიც მიუგებდა, ზოგის ურიადნიკობა
მიჯობს ზოგის მინისტერობასო. დაჯდებოდნენ შიგნითა და ურიადნიკი ზანდუკზე
დაჯდებოდა. შიგ კიდევ ესა ზის. აბა, მაშინ ვინ იცოდა, რო ამას წინდაწინ მოუფიქრებია
ესენი და ეხლა ყიზილხევში ზის, რო ასწონ-დასწონოს. მაშინ ხო არ ამხელდა, რო სტალინი
ჰქვია. უყურებდა აემ ჩვენ წითელ მთებსა და თურმე ჰფიქრობს, გიტლერ როგორ
ახლეინოს ცხვირი აემ ჩვენ წითელ ქვით აშენებულ კედლებზე.

წინდაწინ სცოდნიყო ყველაფერი.

პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს კიდე მეფისგან დამალული ხალხი უყვარდა, ყველას ვერ
მისწვდა რომანოზას სახრეო. რამდენი დეემალნა ძველ დროში, ის თავის თერთმეტი
თითი არ ეყოფოდა დასათვლელად.

წისქვილი ხო განზე იდგა სოფლიდანა და იქ, აბა, ვინ შაამოწმებდა, ურიადნიკთან


პურიჭამის კაცსა. წისქვილ მაღლა კიდე, პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს ფაცერი გეემართნა,
26
ისე გეეჭედებოდა შიგ ეს ბარათაანთ კალმახი, იმდენი გეეჭედებოდა, სამოთხის კარში რო
წესიერი ხალხის რიგი დადგება. შვილსავით უვლიდა, სანამ ჩვენსა ყოფილიყო. ეს ხო არ
ეუბნება, რო სტალინია, მარამა ის მაინც შვილსავით უვლიდა. აიყვანდა მაღლა და
გამოჰყავდათ თევზი, მერე ფქვილში აბანავებდნენ და იქავ სწვავდა და აჭმევდა.

ეს მომიყვა პაპაჩემმა დოზია მეწისქვილემ, რო ერთხელაც, რო გაიძრეს ქალამანი და


წყალში შადიან ფაცერზე, ჰხედავს პაპაჩემი, რო ამას თუ ხელზე აქს ექვსი თითი, იმას
ფეხზე ჰქონია. გახარებია პაპაჩემ დოზია მეწისქვილეს და უთქვამს, აეგეო, ჩემი ნეკისა არ
იყოსო. იმას კიდე შეუხედნია და არაფერი უთქვამს. იმ დროსა, პაპაჩემი დოზია
მეწისქვილე დიდი მოლაპარაკე კაცი იყო და ოხუნჯის ჩხირიც ფერდში ჰქონიყო
შერჭობილი. ამიტომ ეთქო, გორისკენ ნავალი ვარ და ეგებ მამაც კი ვიყო შენი, აგე,
ექვსთითობაც ამის ნიშანიაო.

ის ისე გაჩუმებულიყო, ცალი ხელი ფაცერში ჰქონდა, ვითომ ვერ გეეგო.

პაპაჩემი დოზია მეწისქვილე ჭკვიანი კაცი იყო სულ ბოლომდე, ანგელოზის გამოჩენამდე.
ეს ამბობდა, დამიმახსოვრა და სამაგიერო უზალთუნი მომიბრუნაო. მე, პაპაჩემ დოზია
მეწისქვილესა ვგავარ, მამაჩემი ადრევე დეეხჩო ფარავან წყალსა და დედაჩემი სახადმა
აჩუქა ღმერთსა. ამიტომ იმათ ვერ დევემგვანებოდი, რახან პაპაჩემმა გამზარდა. ამიტო, მე
ვფიქრობ, რომ ეგა, მე ბიძათ მომხვდებოდა. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე სანამ
მეწისქვილე იქნებოდა, ბევრს დადიოდა თათარში და ქვემოებშიც. თითონ კი ეხუმრა, მარა
სიმართლემ ატაკა ოხუნჯის ჩხირი. ისიც მიხვედრილი იყო, დიდი კაცი რო შეიქნა და
აემიტომ გამოგზავნა თითის მოსაჭრელად ქალაქის მილიცია. იმ ბანგსაც ხო ასმევდნენ. მე
აგრე გეტყვი, რო ყველაფერი უნდა დეევიწყებინათ. პაპაჩემი ვერა ხვდებოდა, რო ასე
იქნებოდა. რო მიხვედრილიყო და ბაბოჩემს რა პირით შაჰხედავდა, იმათ ჯვარი თითონ
ეფისკოპოზმა დასწერა, იმიტო რო მღვდელი საქმეზე ყოფილიყო წასული. ეგრე დაწერილ
ჯვარს კიდე, პაპაჩემი ყიზილას ვერ გაატანდა. მაგრამ იმან ხო არ იცოდა პაპაჩემის
ხასიათი? იმას დეერცხვინებოდა, თელ მსოფლიოს წითელი ქვით ვაწყოფ და ჩემი
ნამდვილი მამა ყიზილხეველი დოზია მეწისქვილე ხო არ გამოდისო, თითს მოვჭრი და
რომც ასტეხოს სუდში სიარულები, ვეღარაფრით დაამტკიცებსო.

ტყუილა ეშინოდა. მე იმის ბიძობა არ მინდოდა, პაპაჩემი დოზია მეწისქვილე კი


მოგახსენებს, აგე იმ გადაღმა რო გორაა, სასაფლაოს ქვის ქვეშიდან – ვენახი ორი ქვევრისა
მინდაო. იმ საფლავის ქვა კიდენა, შორიდან მოვიტანე. არ მამწონდა, რო წითელი
ყოფილიყო.

როგორ მოკვდა ვარსქენ პიტიახში

იყო ერთი ვარსქენ პიტიახში. დედა სომეხი ჰყავდა, მამა ქართველი. ამ ჩვენი სოფლის
უფროსი იყო. თევზაობა უყვარდა – ჩავიდოდა ყიზილჭალაზე და იტყოდა, ღმერთო,

27
უფალო იესო ქრისტევ, ისე ნუ მომკლავ, აქაურობის კალმახი არ მაჭამოო. ასეა ნათქვამი
რო, დედა სომეხი ჰყავდაო, მაგრამ პაპაჩემი დოზია მეწისქვილე დიდი მცოდნე იყო ამ
საქმისა და არ ეჯერა – სომეხსაო ამ მხარეში იმდენს არ უცხოვრიაო, რო ვარსქენ პიტიახშის
მამას და სხვასაც ცოლად მოეყვანაო.

თათარი სხვა საქმეაო. აკი ბაბოჩემის დედაც, თარიბა, თათრის ქალი იყო. ამიტომ,
უეჭველი, საქმე ის გამოდის, რო ვარსქენ პიტიახშის დედა სომეხი კი არა, თათარი
ყოფილა. თათრების დიდი გვარიდან, სულ ახუნდებისა და ნასწავლი ხალხისა. იმ
თათრებისააო, უწინ რო ჩვენს ქვეყანას მართავდნენ – შახბაზიანები.

ეგ ერთი, რო თავიდანვე ფიქრში გქონდეს.

ვარსქენ პიტიახშისთვისაც იმიტომ დაურქმევიათ “პიტ იახში” ესე იგი, რო “იახში” კარგსა
ნიშნამს თათრულათა და “პიტ” ადრე “ბიჭ” იყო, მერე დროებამ მოცვითა. კარგი ბიჭიო –
ქართულ-თათრულათ დაურქმევიათ. ასე იგი – სწორე ყოფილა “ბიჭიახში”.

ვარსქენ ბიჭიახში.

ამის მამის სახელი ჩვენთანა დანამდვილებით არ არის მოპოებული. მე ის ვიცი, რო ისიც


ჩვენი სოფლის პატრონი ყოფილა. ურდოვანიძე ბატონსა რო პაპაჩემის პაპა ლამაზა,
კევრში გაუბამს, ამას დაუძახნია, ვარსქენ ბიჭიახში და მამამისი რო ცოცხლები იყვნენ, ჩემ
ტანჯვას ცხვირში ამოგადენდნენო.

ჩვენი გვარი ხო მედროშისა ყოფილა. სანამ ვარსქენი ცოცხალი იყო, სადროშო ეჭირა და
მერე ამის ძმამ რო მიწები მიყიდა ურდოვანიძეებს ჩვენიანათა, ბარათაანთ წაიღეს,
ურდოვანიძე ვინღა გდია, რო სადროშო ეჭიროსო.

ჩვენი გვარიც იმ დროისაა. დროშა რო აღარა ჰქონია ურდოვანიძესა, ბარათაანთ უთქომს,


აჰა, ეს მედროშე კომლი წაიღეთ და ფასი მამეცითო. ბარათაანთ ეძვირათ და ურდოვანიძემ
უთხრა, ორი შაური მაინც მამეცითო, და იმათ უარი შემოთვალეს. მედროშედა ჰყავდათ
არსენა ყაჩაღის მამა ღვთისავარა, ცალი ყური არა ჰქონდა.

ეს ჩვენი გვარიცა გამოვიდა ორშაურაშვილი, იქამდე კი ბაირახტარი ვყოფილვართ.

ეგ ორი – რო გაიგო, რათ ვიცი ვარსქენ პიტიახშის ამბები. მამა-პაპასა იმისი დროშა სჭერია.

ასე იყო, რო ვარსქენ პიტიახში გაზრდილა ამ ჩვენ სოფელში და ძაან სწავლა მიუღია. ომის
ამბავი ისე სცოდნიყო, რო ჩვიდმეტი წლისა ინდოეთს წაუყვანიათ საჩხუბრად და იქაც
სახელი ჰქონია.

რო ჩამოიყვანეს, მამამისმა, ჩვენმა ბატონმა დაისო იქა, აი, გაღმა ბორისპირზე რო წითელი
ქვებია. აი, დიდი ქვა არისა და იქ უყვარდა მამამისს პურის ჭამა, დაისო და ქალი უნდა
შეგრთოო.

ვაითუ, მე მალე მოვკვდე და შვილიშვილი მინდაო. აიღო და ამოურჩია. ახლა ამბობენ, რო


რახანაც დედა სომეხი ჰყამდა, ცოლიც იმიტო მოუყვანეს სომეხიო, და ჩვენ ხო ვიცით, რო
იმის დედა სომეხი არ ყოფილა, თათარი იყო და სომეხ-თათრის კატათაგვობანა ხო
ცნობილია.

28
ვარსქენ პიტიახშის ალალი ბიძა ხო ვიცით, ვინც იყო – შახაბაზი. შახაბაზს რო გეეგო,
თავის სიძისთვის წერილი გამოეგზავნა, სომეხი რათ შერთეო, და ვარსქენის მამა კიდე
გაუგონარი კაცი ყოფილა.

ყველა ჭკვიანი კაცი ხო გაუგონარია? და შახაბაზისთვის უწყენინებია. ხუმრობით


უთქვამს, შენ რო თათარი შემომასაღე, ესე ხო არ არისო?

და ასე შეურთია შუშანიკ დედოფალი.

ახლა ეს გითხრა: ქორწილი რო გაუმართავთ, დიდი ხარჯი უქნიათ და შახაბაზიც,


როგორც წესია, დაუპატიჟნიათ. ათასკაციანი ქორწილი იყო.

შახაბაზი კი არ მოსულა და კაცი გამოუგზავნია – ჩემი დიშვილი, ვარსქენ პიტიახში ცოლს


რო შეირთავს, აქეთ გამოგზავნეთო. ახალგაზრდები არიან და ჩემსა უფრო თავისუფლად
იქნებიანო.

ქორწილში თამარ მეფეც ყოფილა დაძახებული და უთქვამს, ასეთი ვაჟკაცი უცხო


ქვეყნისთვის არ მემეტებაო. ჩემს სარდლად უნდა დავნიშნოთ. შახაბაზს კიდე მე
დაველაპარაკებიო.

ასე ბედნიერად ცხოვრობდნენ ვარსქენ პიტიახში და შუშანიკ დედოფალი.

და ამასობაში ვარსქენის მამაც მოკვდა, თამარ მეფეც, და შახაბაზი კიდევ ცოცხალი იყო და
რახან ამან გაიგო, რომა, თამარ მეფე მოკვდაო, ვარსქენს უთხრა, რო ჩემსა გადმოდიო.
თავის შავი ოღრაშობები მოფიქრებული ჰქონდა. ვახტანგ გორგასლანი რომ მეფედ გახდა,
ეწყინა – თამარ მეფესთან იყავიო და ახლა კიდე ბიძაშენთან მიდიხარო.

აგე, სოფლის ბოლოს რო ნასახლარია, ზაქუას სამჭედლოს ეტყვიან – იქ შეხვედრილიყვნენ


ერთმანეთს. ვახტანგ მეფეს ეთქო, გგონია, დამავიწყდაო, რო თამარ მეფის დროსაო
ბიძაშენის გამოგზავნილ კაცს ხელი შემოარტყიო. ეს კიდევ ერთი დაიმახსოვრე, რო
გორგასლანი დიდი ჭკვიანი კაცი იყო – იმას მახსოვრობა ჰქონდა, თავის ცხოვრების ყველა
დღეს მოგიყვებოდა. აბა, საიდან იცოდა, ვარსქენმა რო ბიძამის შახაბაზის ელჩი გალახა.

ზემოთ, მეჯვრისხევისკენ ერთი ციხე-კოშკი იდგა. აეხლა ფერმა რო იყო, იმის თავზე. ის
შენი იყოსო, გორგასლანს ეთქვა.

ვარსქენ პიტიახში კიდევა, უარზე იყო – ჩემთვის დამაყენეო. ამას ვახტანგ გორგასლანის
სიყვარული არა ჰქონდა, იმიტომ, რო ვახტანგ გორგასლანს ვარსქენის და, რუსუდანი
ჰყავდა შერთული, ადრე, ბავშვობიდან დანიშნული და სახლში სულ ჩხუბი ჰქონიყოთ. ასე
რომ, აიღებდა ვახტანგი ცეცხლის საჩხრეკსა და დაურთავდა. ვარსქენი კიდე ვერ
გეერეოდა ცოლ-ქმარის საკითხში.

მაგრამა გულში ბოღმა ჰქონდა. ამიტომ არ უნდოდა გორგასლანთან მუშაობა. გორგასლანი


კიდე ამასა ხვდებოდა, იმიტომ, რომ ჭკვიანი იყო.

და შინ რო მივიდა, ცოლს უთხრა, ადე, ჩაებარგე, შენი ძმა ჩემი ორგულია და ვერ
გაგაჩერებო.

29
აუკრა გუდა-ნაბადი და თავის შვილებიანად გამოუშვა ქუჩაზე. თავიდანვე გეტყვი, რო
ვარსქენ პიტიახშის და მერე კიდენ გათხოვდა, სიამუშ სააკაძეზე, ლომს რო პირი გაუხია –
ხო გაგიგონია? და ეყოლა შვილი გიორგი სააკაძე, რომლის ჩამონავალიც იყო მეფე ერეკლე.
გიორგი სააკაძე დიდი ვაშკაცი კაცი გამოვიდა, მარამ ეხლა ხო ვარსქენ პიტიახში
გაინტერესებს?

ხოდა, მოუვიდა სახში და. შენ რო და გამოგიგდონ, ბოზიაო, კარგია? ვარსქენ პიტიახში
გამოსულა და ხალხში უთქვამს, ქვემოთ, წყაროზე, აი, მამიჩემის შვილი არ ვიყო, თუ მაგას
ჩემი შერცხვენა შერჩებაო.

ის ხო არა გონია, რო ტანით არი დიდიო.

ეხლა, ზემო უბანში რო შახულოვები ცხოვრობენ, ახლა მაგათი გვარი ვარდიძეა,


გასომხებამდე კიდევა კაიკაციშვილები ყოფილან. ამითი პაპისპაპა ჰოპლაანთ გოგია იქა
ყოფილა და ორი დღის მერე გორში უთქვამს დუქანში, ვარსქენ პიტიახშის მოლაშქრე ვარ,
დაფს რო დაჰკრავენ, შუბს ავიღებ და ნახეთ, ვახტანგ გორგასლანს სად დავაგდებინოთ
თავი, ჩვენ მეფედ კიდე ვარსქენს დავისომთო. იქ გორგასლანის ხალხი ყოფილიყო და
ამბავიც მიეტანათ.

ამათში ხიდი ხო ჩაბზარული იყო და მთლადაც ჩაუტყდათ. ღამე რო მოვიდა, მაშხალებით


ამოუხტა გორგასლანის ხალხი ვარსქენსა და ესეც პირდაპირ ლიახვში გადახტა კოშკიდან.
ასე რო საწყალი შუშანიკი სახლში დარჩა და ის ტყვედ მოუყვანეს ვახტანგს ბავშვებითა.

ეხლა ერთი გითხრა. შუშანიკის ძმასა სომხეთში მიწები ეჭირა და გორგასლანთან


თანშეზრდილი ყოფილა ბავშვობიდანვე. პაპაჩემი დოზია მეწისქვილე იტყოდა, ღვდელი
ჭილოფშიაც იცნობაო და ამათ დიდი ძმობა ჰქონიყოთ. შუშანიკი თავისთან დაეტოვებინა
ვახტანგ მეფესა და ამის ძმისთვის ეთქვა, მეფურად მეყოლებაო.

ვარსქენ პიტიახში კიდევა ამოსულიყო სპარსეთშია ბიძამისთან.

იმ ვერანა შახაბაზს კიდენ გულში ჩაეხვია ის თავის სიძის ნათქვამები და ვარსქენს


ტკბილად და ორპირად დალაპარაკებოდასაქართველო იმით მიყვარდა, რომ შენ იქა
მყვანდიო და შენ რო დაგწიხლა იმ პირშავმა ვახტანგამ, აღარაფერი მინდაო. ნახევრათ
თათარი ხარ, მოდი, გათათრდი და აქ ჩემს მემკვიდრედ გამოცხადდიო.

რა უნდა ექნა ვარსქენ ბიჭიახშს? ეს ჩვენი ყიზილხევი კი ძალიან უყვარდა, მაგრამ მთელი
სათათრეთის უფროსობა არ ერჩია? ადგა და გათათრდა. ამის მერე ბარე ორასი ცოლი
მოუყვანა შახაბაზმა, სულ დარჩეული ქალები. და მეფეები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან
და სულ დაუჩოქეს, როგორც მომავალ უფროსსა. მოუტანეს ოქროული, შარბათი და
მწვადები.

მაგრამ ამის გულშია – ქართველი ხო იყო და აქაური საღორეები ერჩია იქაურ ბოზებსა –
ამის გულშია დარდები იყო, რო ერთი ყიზილჭალაზე ჩამიყვანა და ის ღონიერი კალმახები
მაჭერინაო. ანდა წითელ ქვებზე ამატანინა ღვინო, მამიჩემის ხსოვნა მათქმევინაო.

ახლა შახაბაზმა ხო იცის ამის დარდები და ეუნება, რომაო, კაცი ქალს არ უნდა
გამეეკიდოსო, მაგრამაო, ვიცი, შენი კარგი შუშანიკის ჯავრი გაქსო და ისიც ვიცი, რაინდ-
ვაშკაცის წესი რაც არისო – ეგ ერთი, თავში ჩაიდე.

30
ეს მეორე კიდევა – ჯარი წაიყვანეო და რაინდული წესით გამოიხსენიო. ამას გულში
საქართველოს აოხრება აქვს.

შუშანიკს კიდენა ამბები მოსდის, რო ვარსქენი იქ ორას ქალში საქმეს იჭერს და მის ამბავს
არ კითხულობს. ამით ნაწყენია – ჩვენი სიყვარული დაახურდავა სათათრეთშიო. ამ
ამბებსაც შახაბაზი უგზავნის, რო ამას გულში უდევს საქრისტიანოს წახდენა. ხო გახსომს,
ვარსქენის მამამ რო უთხრა, თათრებმა ქალი რო შემომასაღეთო, და ნაწყენია. ეგრე ეთქო,
რო ატენში ღვინის სახსენებელი არ იქნებაო. თავისიანებში გეემხილა, ვარსქენს ხო
ატყუებდა და თან თითონ რო კოჭლი იყო, ვარსქენის სილამაზე-მოხდენილობაც შურდა.

კოჭლი იყო, მა? ეგა ხო ბიჭობაში ყარაიაზე ყაჩაღობდა და ცხვარი წეერთვა და


მეცხვარეებმა კომბლები ურტყეს კოჭებში.

ვარსქენს ეფიქრა. იმ შუშანიკის პირმშვენიერი, ნაზი სურათი თვალწინ ჰქონდა და ჩვენს


ყიზილჭალაში გავლაც ხო ქვეყანაზე ოქროულს ერჩია. ერთი კარგა დალეულიყო,
ფანთლებში დეეკვრეინებინა და ყაბული ეთქვა.

შახაბაზს ჯარი მიეცა. პაჰ-პაჰ-პაჰ, ჯარის უნახავს გაგხდიდა. მოადგილედ დეესვა მურადი
სარდალი და ერთი იმერელი ბიჭი ყოფილიყო შახთანა. ამ იმერელ ბიჭს დავალებული
ჰქონია, რო როგორც კი ვარსქენ პიტიახშმა თავის საქმე მოათაოს, გზად დაუხვდი და
მოჰკალიო. წამოვიდნენ საქართველოზე და მურადი სარდალი ძაან კაცი იყო. უნამუსობა
თავიდანვე დაატყო და უთხრა ვარსქენს, ქალი გამოვიხსნათ და გადავიკარგოთო. ერთი
გამოქვაბული ვიცი ზუჩ-მუზარად ოქროულით დაპენტილი. იქ დავიმალოთ და მერე
შორს წავიდეთო. ვარსქენი კიდევა, კაი ბიჭი რო იყო, ამბობდა, ბიძაჩემს ჩემი ბედნიერება
უნდაო. მოვიდნენ აქა და ჩვენსა დადგნენ. თათრის ჯარი იყოო, პაპაჩემი დოზია ამბობდა,
ცხვარვარსკვლავ უმეტესიო. სულ თოფ-იარაღში ჩამჯდარი.

აგე, გაღმა რო მუხა დგა, იქ ედოთ ბინა.

ვახტანგ გორგასლანისთვის ჩაჩნებს ეღალატნათ და ჯარი ცოტა ჰყავდა. ჭკვიანი იყო და


კახეთში წასულა. შუშანიკ დედოფალი კი ერთ დიდ კოშკში გამოუკეტია. ბირთვისები ხო
იცი, აგე იქა. ჩიტი ვერ შეფრინდებოდა.

ვარსქენი, აგე რა ჭკვიანი იყო, რო ჯიქურ კი არ მივიდა, ტყიდან დაზვერა. ალგეთში


ჩავიდა, პირი დაიბანა და აი, რა მოიგონა:

ერთი დიდი კიდობანი შეაკვრევინა. იმას ცხენის ფეხები და თავი გაუკეთა და ერთ დიდ
სათამაშო ცხენს მიამგვანა. ადგა და მთელი ჯარი შიგ ჩასხა. ციხის ყარაულებს დეეღვიძათ
და რას ხედავენ? ცხენსა და თან ამხელას. ადგნენ და გამოხსნეს კარები, ცხენი შიგ
შეიყვანეს და თვალიერება დაუწყეს. ამ დროს აიხსნა კიდობანის სახურავი, ამოცვივდა
ჯარი და ყველა დახოცეს. შევარდა ვარსქენი კოშკში გახარებული, რო ჩაეკონოს შუშანიკ
დედოფალს და ეს განაწყენებული დაუხვდა.

შე ურჯულო და უწმინდუროო, არ დამენახო, თათარზე როგორ გამცვალეო. მართალიც


იყო. რათ ხტებოდა ლიახვში? ცოლ-შვილს ვის უტოვებდა? ამისი შეცდომა ლიახვთან იყო.
მერე აღარაფერი. ერთი უბედურობა დეეცა თავსა.

31
ურდოვანიძეებს, ჩვენ ბატონებსა, წიგნი ჰქონდათ. იქ იყო ჩაწერილი ეს ანბავი და პაპაჩემ
დოზია მეწისქვილისთვინ მოურავს ეჩვენებინა, მაგრამ არც პაპაჩემმა იცოდა კითხვა და
არც მოურავმა. ატრიალეს ხელებში, დაისახეს პირჯვარი და შაინახეს ძველ ადგილასა.
მერე ურდოვანიძე პაპუნა რომ დაითრო და სახლი ცეცხლს მისცა, ეგ ჩაწერილი ანბავი
კნეინა ანახანუმდავრაშასთან ერთად გამოიწვა. ესეც იქეთ იყოს და ვარსქენი, ეგ ჩვენი
ბიჭიახში, რა ხასიათში მოვიდოდა?

ამას უყვარდა შუშანიკი, მაგრამ სახემწიფო ამბავმა ასეთ დღეში ჩააგდო, რო ორასი ცოლის
შერთვა მოუხდა და იმათ თათრულ წესზე ბაირამობა დააწყებინა.

ზოსე-ოსი რო დადიოდა აქეთა, ეს ერთიც იცოდე. ზოსე-ოსი იყო ფინთიხათოფიანი


ყაჩაღი. ხალხი რო ბატონზე ბოღმას ჩაიდებდა, ზოსე-ოსს ცხრა აბაზს მისცემდნენ და ესეც
თოფს ესროდა, მოჰკლავდა.

შუშანიკმა რაც ვარსქენი გამოუშვა, გულჯავრიანი ვარსქენი ჩვენსა იყო სოფელში და


წითელ ქვებზე სუფრა გაშალა. იქ იჯდა, სამი დღე სვამდა ღვინოსა. ზოსე-ოსი ამოვიდა
პაპაჩემის წისქვილზე და უთხრა ამათა, ვარსქენ პიტიახშის სიყვარულით სულ მუქთად
მოვკლავ გორგასლანსაო. ჩვენებს აუყვანიათ წითელ ქვებზე, მაგრამ ვარსქენს შორს
დაუჭერია, ერთი ოქროს თუმნიანი უჩუქნია ზოსესთვის და გაუშვია.

ამის მერე ვარსქენი სულ მარტო დადიოდა. თათრის ჯარი კიდე ქვეყანას დაეპატრონა და
გაავერანა. ამის შემტყობი ვახტანგ გორგასლანი შუშანიკის ძმას და ჩაჩნებს დეელაპარაკა –
თათარი თუ არ გავაგდეთ, ჩვენი ცხოვრება უკუღმა წავაო. იქეთ კახელებს თხოვა – მეფე
ერეკლეს რო ომი უყვარდა, იცოდა და წამოვიდა. ოღონდ, ჯერ ცალკე წამოსულა, რო
ზნაჩით, დაზვერვა მეეწყო. სამადლოზე რო მოსულა, წყაროსთან, უკვე ბინდა-ბანდა იყო.
წყაროს პირზე ერთი კაცი მჯდარა, მოწყენილი, მუჭში, თურმე, სულ ცრემლებს
აგროვებდა, რაც მერე იაგუნდად გადაიქცა და ურდოვანიძეებს ბეჭდებში ჰქონდათ.
ვახტანგ გორგასლანი დიდი ვაჟკაცი იყო. იქ ჩამომჯდარი კაცი ვერ უცვნია, მაგრამ ხო არ
შაეშინდებოდა? ცხენზე მჯდარი კი მისულა და ხედამს, რო კაცი ზის თავჩარგული. ვინა
ხარო, უკითხავს ვახტანგ გორგასლანს და კაცს თავი აუწევია, ხედამს – ვარსქენია.
ვარსქენია – რა უნდა ქნას? ერთ ვახტანგ გორგასლანიდან ოთხი ვარსქენი გამაიჭრება,
მარამ ვახტანგ გორგასლანი ხო არ იკადრებს? ქუჩის ბიჭი ხო არ არი? ასე გამოდის, რო
ესენი ერთმანეთის მტრები არიან.

იქ რაც უბედურობა მოხდა, სულ ჩვენი ქვეყნისთვის მოხდა. ორი ასეთი კაცი რო წყლის
პირზე შეხვდება ერთმანეთს, რა სიკეთე უნდა მოხდეს? გამოქვაბულში კიდევ ჰო,
წყლისპირზე კი კაცს ბრაზი შეეყრება, აი, რო ეტყვიან, ცივი წყალი დალიეო, ეგ არი.
ვარსქენმა რო ერთი ამოჰხედა და, აბა, შენ რა უნდა გითხრაო, იფიქრა. ხანჯალი ვადაში
მოშინჯა და ვახტანგ გორგასლანმაც აღარ დაუხანა – თუ გული გერჩის, ცხენზე შეჯექ და
მამყე, გავსწორდეთო. ის დიდი იყო, ეს პატარა, მაგრამ ყველაფერი პირიქით კი გამოვიდა –
დიდი ეშმაკი იყო, პატარა კიდევა – უეშმაკო.

ვარსქენი რო ცხენზე შეჯდა, ორივემ გააჭენეს. საით გააჭენეს, არც კი იცოდნენ, თითქოს
ცაში უნდა აქროლდნენო, თითქო ყველაფერი უნდა გადაიარონ და თავიანთ ფიქრის
საზღვარს გადასცდნენო. ამათი შემხედავი იფიქრებდა, სულაც უნდათ, მოშორდნენ
ქვეყნიერებას და მუხთალ დროების მონობას თავი დააღწიონო. და აქა ჰკრა ხელი ვახტანგ
გორგასლანმა ვარსქენს და რახან სიჩქარე დიდი იყო, ვარსქენი ცხენს მოსწყდა და

32
კლდიდან უფსკრულში გადავარდა. მიწამდი სული არც დაჰყოლია, ისე დაასკდა
უფსკრულის ქვებს.

ასე მოკვდა ვარსქენ ბიჭიახში. ვახტანგ გორგასლანმა კიდე თათრები გაყარა, საქართველო
გააერთიანა და ბოლომდე ბედნიერად მეფობდა. ასე იყო და ასე იქნებოდა, იმიტომ რომა,
ვარსქენი ძაან კაი კაცი იყო და ქვეყნის მართვა გაუჭირდებოდა, ვახტანგ გორგასლანი
კიდევ მაგარი მეფე იყო და ვარსქენი რო კლდიდან არ გედეეგდო, შახაბაზი იმისით არ
შაშინდებოდა.

ამასა ჰყვებოდა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, ვისაც თავის მხრით შაეტანა მცხეთაში
ვარსქენის კუბო, რომელსაც მეფე ერეკლეც მოჰყვებოდა და ვახტანგ გორგასლანიც.
ორივენი მოთქვამდნენ, რო საქმე ასე გამოვიდა: რო ვარსქენი რო არ მეეკლათ, იმიტო რო
ის შახაბაზის დიშვილი იყო და ასე ოხრული ცხოვრება გამოუვიდა.

მე ვარ კაპულა ორშაურაშვილი, ურდოვანიძეების მონათლული და ეს ამბავი ბევრჯერ


გამიგონია ჩვენს სოფელ ყიზილხევის ძველებისგან, უფრო კიდევა, პაპაჩემ დოზიასგან,
ვისაც ბარათაანთ დროშა სჭერია.

33

You might also like