Professional Documents
Culture Documents
30 (13.12) ნოემბერი
სწორად ამ უმეცრების გამოა თქვენი გონება საძაგელი. ამიტომაც აქებ უმადურ ქორს,
რომელმაც თავისი გამზრდელი შეჭამა. ჩვენი ბუნება კი ასეთია: კეთილისმყოფლისთვის
უნდა დავდვათ სული ჩვენი და მოვიგოთ მადლი ღმერთისაგან, ვპოვოთ ცხოვრება
საუკუნო და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან.
სინდთა მეფე დაემუქრა ვახტანგს; გამოვალ, მოგკლავ და ახლავე გაზიარებ მომავალ
დიდებას, რადგან ასე გჯერა ამისიო და ჰოროლით შეიარაღებული გამოვიდა ვახტანგის
წინააღმდეგ.
ვახტანგმა მარჯვენა ბეჭში სცა ჰოროლი სინდთა მეფეს. მეორედ აღარ შემოუქნევია და
თრევით მიიყვანა იგი სპარსთა მეფის წინაშე, ოღონდ სთხოვა, მოეყვანა მისთვის
მკურნალი, შემდეგ კი შეეწყნარებინა და ცოცხალი გაეშვა.
სინდთა მეფემ სიყვარულით გადაუხადა მადლობა ვახტანგ მეფეს სიცოცხლისათვის
და კიდევ იმისთვის, რომ ვახტანგმა მტერს მისი ოთხი ქალაქი არ ააოხრებინა.
მერვე წელს ვახტანგ მეფე ქართლში გამობრუნდა, ლეონ ბერძენი კი კეისართან
გააგზავნა ასულის სათხოვნელად და პეტრეს და სამოელის ჩამოსაყვანად.
როცა ქართლის ეპისკოპოსმა პეტრესა და სამოელის ჩამოსაყვანად მოციქულის
გაგზავნის ამბავი გაიგო, გამწარდა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცილი დასწამა მეფეს,
- ქრისტე დაგიტოვებია და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიგიღიაო. არ მოუსმინა მეფის ახსნა-
განმარტებას და ისე გაკადნიერდა, ხელიც კი გაარტყა მას და კბილი ჩამოაგდებინა.
მეფემ ხელი არ შეუბრუნა ეპისკოპოსს, ოღონდ უთხრა, რომ მას ეს შურით მოუვიდა,
უწოდა იუდა და გაუგზავნა იგი დასასჯელად კონსტანტინეპოლის პატრიარქს, სადაც მას
უყვეს კიდევაც ექსორია.
პატრიარქმა ქართლში თორმეტი ეპისკოპოსი გამოგზავნა, კათალიკოსად კი პეტრე
აკურთხა. კეისარმა თავისი ასული ელენეც გამოუგზავნა მეფეს ცოლად.
მეფემ პეტრე მცხეთაში დასვა კათალიკოსად, სამოელიც იქვე, ეპისკოპოსად,
დანარჩენები კი დაანაწილა: კლარჯეთში, ერუშეთის არტანში, წუნდაში, ჯავახეთს,
მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, ჭერემში, ჩელეთში, ხორნაბუჯსა და
აგარაკში.
შემდგომში ააშენა ეკლესია ნიქოზისა და იქაც დასვა ეპისკოპოსი.
ბერძენი მეუღლისაგან ვახტანგს სამი ძე და ორი ასული შეეძინა. დაჩის მისცა ქალაქი
ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, თვითონ კი უჯარმას დაჯდა.
ამასობაში ხვასრო, მეფე სპარსეთისა გარდაიცვალა და ავიდა ტახტზე მისი ძე ხვასრო,
რომელმაც ვახტანგს შემოუთვალა, საბერძნეთზე სალაშქროდ ვემზადები და გამომყევი,
თანაც ასულიც მომათხოვე შენიო.
ამ დროს სამოცი წლის მეფე ვახტანგი ტფილისს აშენებდა. ხვასროს შემონათვალი რომ
უთხრეს, ასე თქვა: „გადაეცით ხვასროს, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად გაემზადოს და მერე
შევიდეს საბერძნეთში! აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარცმულისათა“.
გაგზავნა მეფემ მალემსრბოლნი მთელს ქვეყანაში და იწყო საბრძოლველად მზადება,
თან კეისარსაც შეუთვალა დახმარებოდა.
მოვიდა ხვასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე.
იორთან შეიბნენ სპარსელები და ქართველები და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა.
მეფემ კათალიკოსი იხმო და უთხრა:
- იცოდე, რომ ხარკისათვის კი არ გვებრძვიან სპარსელები, იმისთვის გვებრძვიან, რომ
ქრისტე დაგვათმობინონ. ქრისტეს გარეშე სიცოცხლეს, ქრისტიანად სიკვდილი მირჩევნია
და სასუფეველში ყოფნა, რადგანაც გვასწავლის იგი, რომ „რომელმან წარიწყმიდოს თავი
თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“.