You are on page 1of 16

რობერტ ფროსტი ტიპიური ახალინგლისელი ამერიკელია, თუმცა კი სან

ფრანცისკოში დაიბადა (1874), იქ მამამისი გადასახლდა მასაჩუსეტსის შტატიდან; მამის


გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ახალ ინგლისში დაბრუნდა. ახალგაზრდა ფროსტმა ბევრ
ხელობაში გამოსცადა თავი, მასწავლებელიც იყო, ხარაზიც და გაზეთის რედაქტორიც.
პირველი ლექსი „ჩემი პეპელა“ 1894 წელს გამოაქვეყნა ნიუ იორკის გაზეთ
ინდიფენდენტში.

1895 წელს ცოლად შეირთო ელინორ მირიამ უაიტი, ვინც მისი პოეზიის მუზად
გადაიქცა, მთელი ცხოვრების მანძილზე.

რობერტ ფროსტი სოფლელი კაცია და ძალიან უნდოდა ფერმერი ყოფილიყო, (ნიუ


ჰემპშირში, ვერმონტის შტატში) მაგრამ ამბობენ ხელი მოეცარა ფერმერობაშიო (არც
გასაკვირია, აბა, რომელ დიდ პოეტს მიუღწევია დიდი წარმატებისათვის ბიზნესსა თუ
სოფლის მეურნეობაში?!) და ცოლთან ერთად ინგლისში გადასახლდა (1912). აქ შეხვდა
და დაუმეგობრდა ბრიტანელ პოეტებს, ედუარდ ტომასს, რუპერტ ბრუკს, რობერტ
გრეივზს. გავლენა განიცადაო იტყვიან, ჰო, ახალი პოეტური ფორმები, ინტონაციები,
მოდერნიზმი, იმიჯიზმი და სხვა, მაგრამ ფროსტი ისე იყო აღვსილი საკუთარი
პოეზიით, რომ გავლენებს იოლად არ აჰყვებოდა; კი მეგობრობდა მათთან, მაგრამ რაღაც
ვერ ეტეოდა პოეტურ გაერთიანებებსა და სალონებში. თუმცა, სწორედ აქ დაუმეგობრდა
ეზრა პაუნდს, ვინც თავისი მადლიანი ხელი შეაშველა მისი წიგნის გამოცემასა და
პოპულარიზაციას.

ამერიკაში რომ დაბრუნდა (1915) უკვე ცნობილი პოეტი იყო. 1920 წელს უკვე
ყველაზე სახელგანთქმული იყო შეერთებულ შტატებში. მრავალი ჯილდო და პრიზი
მიიღო და 1958-59 წლებში პოეტი ლაურეატიც გახდა.

თითქმის, სულ ახალი ინგლისის მხარესა და პეიზაჟებზე წერს და რატომაც არ უნდა


ვუწოდოთ რეგიონული პოეტი. მაგრამ ერთ რეგიონში რომ ვერ ეტევა?! ტრადიციული
ლექსის ფორმებს ვერ ელევა, მაგრამ, ფსიქოლოგიური სირთულითა და ენისადმი
დამოკიდებულებით, ტიპიური მოდერნისტი პოეტია, მის ერთ ფოთოლსა და ერთ
ბილიკში მთელი სამყარო მოჩანს. ახალი ინგლისის პურიტანული ეთიკაც შინაურია
მისთვის და ზოგადამერიკული ზნეობაც, საიდანაც მთელ მსოფლიოს უსწორებს თვალს.

დიდხანს იცოცხლა და იმასწავლებლა მასაჩუსეტსისა თუ ვერმონტის შტატებში და


გარდაიცვალა ღვაწლმოსილი და სახელგანთქმული 1963 წლის 29 იანვარს.
რობერტ ფროსტი

თარგმნა მედეა ზაალიშვილმა

არ არჩეული გზა

ფოთოლცვენის ჟამს, ტყეში, ჩემს თვალწინ

გზა გაიყარა და ვწუხდი, რადგან

მე მარტო მგზავრი ორ გზას ვერ გავწვდი

და გავცქეროდი დიდხანს ერთ მათგანს,

შორს ბუჩქებს შორის რომ ჩაიკარგა.

სხვა გზას დავადექ, პირველს რომ ჰგავდა

და უფრო მეტიც გააჩნდა ხიბლი,

მთლად დაეფარა ბალახის ფარდაგს

და იქ თუ ვინმე მაინც გაივლის

ვერაფერს ნახავს თელილ გზის გარდა.

არ შეხებია იმავ ალიონს

უხეში ფეხი ძირსფენილ ფოთლებს;

ოჰ! ვინახავდი მე სახვალიოდ

პირველ გზას! მაგრამ, გზას ხომ გზა მოსდევს

და ვეჭვობ უკან დავბრუნდე ოდეს.


არარა დამრჩა მე ოხვრის მეტი,

გაივლის ჟამი და ვიტყვი ბოლოს:

გზა გაიყარა ტყეში და მე კი--

მე, ნაკლებ თელილ გზას დავადექი,

მთელი სხვაობა ეს იყო მხოლოდ.

ერთგულება

გულს ერთგულება თუ ძალუძს ნეტავ,

თვით ოკეანის ნაპირზე მეტად,

არასდროს ტოვებს მის ზვირთებს კენტად,

ყველაფერს გრძნობს და ყველაფერს ხედავს.

ხე ჩემს სარკმელთან

ხევ ჩემს სარკმელთან, სარკმლის ხევ, შორით

ჩნდება მთვარე და ძირს ვწევ ალათას.

მაგრამ, ვერასდროს დავუშვებ ფარდას

მე და შენს შორის.

მიწას სცილდება ზმანების ჩრდილი

და იფანტება ირგვლივ ღრუბლებად

და უცნაურად მესაუბრება
შენი ხმა ტკბილი.

მე მინახიხარ ტოტებდახრილი

და შენც თუ მნახე ჩავთვლიმე როცა,

მაშინ იგრძნობდი თუ როგორ მბოჭავს

სულის ძახილი.

იმ დღეს, პირისპირ შევხვდით უნებურ,

მაგრამ თუ რატომ, ბედმა თუ იცის,

შენ გარე ძალებს ებრძვი ამ მიწის,

მე ჩემს ბუნებას.

ინგლისურიდან თარგმნა ქარდა ქარდუხმა

ტყეში შეჩერება თოვლიან საღამოს

მე მგონი ვიცი ამ ტყის პატრონი.

სოფელში უდგას სახლი თუმცაღა;

ის ვერ მიხვდება აქ რომ გავჩერდე

დათოვლილ ტყეში ღამის გუშაგად.

უცნაურად კი ჩამითვლის ცხენი

აქ ყოფნას – ვერსად ხედავს ქოხმახებს,

ამ შუატყეში გაყინულ ტბასთან

წლის ამ ყველაზე უშავეს ღამეს.


ის ზანზალაკებს ააჟღრილებს

რომ მკითხოს მაინც, ხომ აღარ ვცდები?!

გაისმის მხოლოდ სუსტი შრიალი

ქარის და ფიფქის ფიფქზე დაცემის.

ტყე საყვარელი, ღრმა და მრუმეა,

მაგრამ სიტყვა ვთქვი, პირობა დავდე,

და უტევანებს განვვლით ძილამდე,

და უტევანებს განვვლით ძილამდე.

კედლის შეკეთება

არის ადგილი, ღობე-ყორეს რომ ვეღარ იტანს,

ქვის სიმძიმისქვეშ, გაყინული მიწა იშლება

ყორის თავზე კი ელვარებენ ლოდები მზისგან,

და ჩანს ნაპრალი რომ დაიტევს ორ კაცს გვერდიგვერდ.

მონადირეთა ხელი კიდევ ყველგან ატყვია:

ფეხდაფეხ დავსდევ მუდამ ღობის შესაკეთებლად,

ქვაზე ქვას აღარ დატოვებენ თუ მისწვდებიან

ოღონდ კურდღლები გამოდენონ ბუნაგებიდან,

სწრაფმა მწევრებმა. ქვის კედელში ვგულისხმობ ნარღვევს,

ვერავინ ამჩნევს ანდა ისმენს მათ ნამოქმედარს,

გაზაფხულზე კი ისევ ჩვენი საზრუნავია.

ხმა მივაწვდინე ჩემს მეზობელს დაშლილ ყორეზე:

დავთქვით ერთი დღე ჩვენი ღობის შესაკეთებლად

და ჩვენ-ჩვენ მხარეს დავუყევით საერთო ზღუდეს.


ღობის კედლებში გამორღვეულ ადგილს ვეძებდით

და თავის ადგილს ვუძებნიდით ჩამოშლილ ლოდებს.

ზოგი ბურთს გავდა მომრგვალებულს ზოგიც დედასპურს

და ლოცვასვით ვბუტბუტებდით გასამხნევებლად:

ქვაო ჩადექ ქვის ყორესა,

ქვაო ჩადექ ქვის ყორესა;

გაგვიუხეშდა მათი თრევით ხელის თითები.

თითქოს მოჰგავდა სახლობანას თამაშს მცირედით,

ერთი შეხედვით. ეს ამბავი კი მერე იყო:

წავაწყდით ადგილს სადაც ღობე არ გვჭირდებოდა:

ჩემს მხარეს ვაშლის ბაღი იყო, მისას – ფიჭვნარი.

„ჩემი ვაშლები შენთან ხომ ვერ გადმოძვრებიან

ფიჭვის გირჩების შესაჭმელად?“ – მან კი მომიგო:

„ტკბილ მეზობლობის საწინდარი – კარგი ღობეა“

თითქოს ამრია გაზაფხულმა, და იმის თავში

შევეცადე რომ ჩამეჩურთა ახალი აზრი:

„ტკბილ მეზობლობის საწინდარი ღობე იქ არის

სადაც საქონელს მიუშვებენ საბალახოზე

აქ კი სად ხედავ ძროხების ნახირს?

სანამ გალავანს აღვმართავდი უნდა მცოდნოდა,

რისთვის ან ვისგან დასაცავად ვავლებდი კედელს

და ვის ვტოვებდი, ასე რომ ვთქვათ, განაწყენებულს.

„არის ადგილი, ღობე-ყორეს რომ ვეღარ იტანს,

და არღვევს ჯებირს“ – „ავი სული“ – მინდოდა მეთქვა,

მაგრამ აღარ ვთქვი, მართლა „ავსულს“ ხომ არ ვიტყოდი,

თვითონვე ეთქვა. ვუყურებდი – ძლევამოსილად


ორივე ხელში ქვის ლოდები როგორ ეჭირა,

როგორც ქვის ხანის პირველყოფილ ველურ მეომარს

და მომეჩვენა რომ წყვდიადში დააბოტებდა

და არა მხოლოდ ხეებთან თუ ხეების ჩრდილში;

ის ზურგს არასდროს შეაქცევდა წინაპრის ანდერძს

მტკიცედ მისდევდა ადათ-წესებს და მტკიცედ მითხრა –

„ტკბილ მეზობლობის საწინდარი – კარგი ღობეა“.

შარშანდელი თოვლის ნალექი

ეზოში რომ ჩანს შარშანდელი თოვლის ნალექი

ეს, ალბათ უნდა თვითონაც მივხვდე –

არის სარკმელზე მიჭმუჭნილი ქაღალდი, წვიმა

ბრაზით რომ მიჰხვეტს.

იმგვარადაა გადღაბნილი ტალახისაგან,

თითქოსდა ნალექს წანაკითხი აკრავს გაზეთი

სათაურებით, შენ რომ არ გახსოვს

უკვე არცერთი.

სტუმრობის ჟამი

თუ მეგობარი მოდგა ალაგეს

და შეუნელა ცხენის ნაბიჯებს,

შეწუხებული კი არ ვანახებ
ჯერ გაუმარგლავ მიწის სანახებს

და არ გავძახებ „რაო? რა ხდება?“

თითქოს სტუმრობა გამძნელებია.

გავუთხრი ფხვიერ მიწის სამარხებს

თოხს, ალესილს და ადლნახევრიანს,

გავყვები ყორეს, სადაც მელიან

და ჩემს მეგობარს ტკბილად გავხედავ .

არ არჩეული გზა

გზა ყვითელ ტყესთან გაიყო ორად,

ჰოდა ორივეს ვერ გავყვებოდი.

დიდხანს ვიდექი ვით მგზავრი, ჰოდა,

პირველს გავხედე – იკარგებოდა

თვალსაწიერში, როგორც ველოდი :

მაგრამ მეორე ვარჩიე თვალით,

როგორც ბაზარში, – შეუმჩნეველი

რადგან ბალახი იყო უვალი

ფეხისშედგმამდე ფეხშეუვალი,

მერე – სხვასავით განურჩეველი.

მაგრამ იმ დილიც ვერ გაარჩევდი


დაცვენილ ფოთლებს არ აჩნდა მრუდე.

ო, ერთს მეორე დღისთვის ვარჩევდი!

მაგრამ რომ ვიცი ჩემი გამჩენის

ვეჭვობ ოდესმა კვლავ აქ დავბრუნდე.

ვიცი რომ დამხრავს სევდა უთქმელი

რომ გავა ხანი, – გზებზე მარჩიელს;

ორად გაიყო ბილიკი მე კი –

ნაკლებ გათელილს შევადგი ფეხი

სხვა ვერაფრით რომ ვერ გავარჩიე.

ქვიშის დიუნები

ზღვის ტალღა არის სველი და მწვანე

მაგრამ იქ, სადღაც დასალიერში,

სულ სხვა ტალღები იქოჩრებიან

უფრო მშრალი და მრეში იერით.

იქ არის ზღვისგან შეყრილი მიწა,

მეთევზეების პატარა დაბა…

და უნდა ტალღას რომ დაჰფლას დიხას

ხალხი რომელიც ვერ დასცა დაბლა.

მან ალბათ იცის კონცხი და ყურე

მაგრამ არ იცის გუნება კაცის

თუ ფიქრობს ფორმის მცირედი შეცვლით

ჭკუა-გონებას კაცს გამოაცლის.


მათ გემი დათმეს და შეუძლიათ

ქოხიც გაწირონ ჩასაძირავად;

რა მოხდა მერე, ნაპირზე დარჩა-

სხეულგაცლილი, ფუყე ნიჟარა.

ნაკადულისკენ

ჩვენი ჭა დაშრა ეზოში, ჰოდა

სათლით და კოკით ხელში ეზოდან

გზას გავუყევით, მინდვრებით ტყისკენ

იქ სადაც წყარო გვეგულებოდა;

წაუსვლელობის ფიქრი არ გვქონდა

(ციოდა) იყო დრო შემოდგომის.

ტყეც და მინდორიც ჩენ გვეკუთვნოდა

და წყაროც იყო ჩვენივე მოდგმის.

გავრბოდით, მთვარეს ვეგებებოდით,

ჩვენ რომ აგვიბა სირბილში მხარი,

ფოთლებგაცლილი ხეების ტყეში,

სადაც არ სტვენდა ჩიტი და ქარი.

მაგრამ როდესაც ავსულებივით

შევჩერდით, მთვარე ხეს მიეფარა,

დამალობანა დავუწყეთ მთვარეს

ავაჟრიალეთ მთელი ქვეყანა.


ყველამ ერთმანეთს ჩავჭიდეთ ხელი

შიშს მოვაშორეთ თითქოს გულისთქმა.

გვესმოდა, – გვსურდა, – რაც ჩაგვესმოდა

რომ ყოფილიყო ნაკადულის ხმა.

როგორც ნიშანი ზღაპრულ ქვეყნიდან;

სუსტი წკრიალი იქ მომდინარი

წყაროს, – ჩქეფების ხტუნვა ქვებიდან:

მარგალიტის და ვერცხლის ჩხრიალი.

დაგმანეთ სარკმლები

მიდით სარკმლები დაგმანეთ და ხმები დაახშეთ,

თუ სურდეთ ხეებს, მოგუდული ქონდეთ ნიათი;

არც ერთი ჩიტი იგალობებს ხეზე და თუკი,

აღარ მივათვლი.

ეს დიდხანს გასტანს, ლელქაშების გამოშრობამდე,

ვიდრე ცისკარზე, დაუფრთხებათ ძილი ბეღურებს:

ახლა დაგმანეთ ფანჯრები და უმზირეთ მხოლოდ –

ქარწაღებულებს.

საამო საათი

ზამთრის მიმწუხრში ვხეტიალობდი

არავინ მყავდა სიტყვის გამგონი.


მხოლოდ სახლები გზის პირას მწკრივად,

თოვლში ფანჯრების მოჩანდა ბრწყინვა.

წარმოვიდგენდი ხალხს ამ სახლებში:

და ვიოლინოს ხმები მესმოდა

და ფარდის მიღმა გაელვებულმა

მომჭრა თვალები ნორჩმა სხეულმა.

ასეთი ხალხის თანხლებით გახლდით

ვიდრე ჩათავდა სულ ბოლო სახლი.

მოვბრუნდი – თითქოს ამას ელოდა,

ვნახე რომ ყველა სახლში ბნელოდა.

სოფლის ქუჩაში თოვლზე ფეხის ხმა

იყო სიჩუმის თითქოს შერისხვა;

გაიჯახუნე თითქოსდა კარი

საღამოს ათზე, ახალწლის ღამით.

დემიურგის სიცილი

ის ტყეს, მართლაცდა, ჩვეულებრივს, არ გავდა სულაც,

ცოტაც და კუდით დავიჭერდი მრისხანე დემონს,

ზუსტად ვიცოდი, არ მოჰგავდა ეს ღვთიურ სურათს.

დღის შუქი უკვე ექცეოდა ნათელს თავზემოთ

და ყველაფერი რაც კი მსურდა ცხადად ჩამესმა

წლები გადიან მაგრამ აღარ მშორდება ეს ხმა.


მე ხმას მივსდევდი ხმა კი თითქოს უკან მომდვდა

ნამძინარევი მაგრამ მაინც ამგდები მასხრად

ვისაც არაფრად ანაღვლებდა უსაფრთხოება.

თითქოს დემონი ხარხარიდან ამოიზარდა,

ჩამოიწმინდა ის რისგანაც თვალს ვერ ახელდა

და უცებ ჩავსწვდი უწმიდურს რაც ახარხარებდა.

ვეღარ ვივიწყებ მის იქედნურ ხარხარს და სიცილს.

ჩვილი ბავშვივით დამიჭირა გადამალულმა…

ნაბიჯს ვუკელი, ვითვალთმაქცე, ვითომ ფოთლებში,

რაღაც ვნახე და ამად დავთმე თითქოს მარულა

(ის კი არ შედგა წამითაც რომ შეევლო თვალი)

მერე კი უცებ გამოვფხიზლდი მერქნის წინ მდგარი.

ხეივანში

გაუთავებლად ფოთლები და ისევ ფოთლები,

ცვივიან დაბლა და უფორმო მოსავთ აჩრდილი;

გახუნებული ყავისფერის ნაჭრით მოსავენ

ამ მიწას ტყავის, ერთფეროვან, ხელთათმანივით.

ვიდრე ფოთლები ხელმეორედ შეიყრებიან

რათა ხეები კვლავ ახალი ჩრდილით შემოსონ,

უნდა დაეცნენ, სანამ ისევ ფოთლებად მოვლენ,

უნდა დაეცნენ, გარდაიქმნან ყავისფერ ლორწოდ.

ისინი უნდა გაითელონ ფოთლებისაგან,


აცეკვებული ყვავილების ფერხთქვეშ გართხმულნი.

თითქოსდა ხდება ყოველივე სხვა სამყაროში,

მაგრამ ხომ ვიცი, ჩვენც იგივე სვე გვაქვს აღთქმული.

შემო

მივუახლოვდი ტყისპირს;

მომესმა შაშვის სტვენა.

მიმწუხრი იყო გარეთ,

ტყეში – მოგეცა ლხენა!

უკვე ღამეა, უჯობს

სადმე მოყუჩდეს ჩუმად,

მაგრამ რატომღაც ურჩობს

ისევ გალობა უნდა.

მზის ნაბოლარა სხივმა

ზღვის გაანათა სკნელი

შაშვს კი სწადია გზნებით

სტვენა უკანასკნელი.

სვეტზე დაყრდნობილ მრუმეს

შაშვის სიმღერა გასდევს,

თითქოს შავეთი უხმობს

და ვერ იოკებს ნაღველს.


მე კი არავინ მიხმობს,

ვარ ვარსკვლავების ხელში,

მაგრამ რომც მიხმოს ვინმემ –

მაინც არ შევალ ტყეში!

ცხოვრების გაელვება

ბებერი ძაღლი ისე ყეფდა არც წამომდგარა,

არადა მახსოვს როცა იყო, ლეკვი, პატარა.

You might also like