You are on page 1of 12

შარლ ბოდლერი

ბოროტი ყვავილები

ჩემი პირქუში

ჩემი პირქუში, ბობოქარი ახალგაზრდობა-

ქარიშხლებისა და ვნებების ბნელი თარეში,

წვიმამ და ქარმა დაარბიეს ჩემი წალკოტი

და დამრჩა ბაღი ნაყოფის და ხილის გარეშე.

მეც ნისლიანი შემოდგომა მეწვია თურმე,

დავეხეტები გრძნობისა და ფიქრის ამარა,

წყალი თხრის ორმის, წყალი თხრის ორმოს,

ის უფრო ღრმაა ვიდრე სამარე.


და მე არ ვიცი, სად იპოვის მისტიურ საზრდოს

ნაზი ყვავილი სათუთი და სრულიად მარტო,

საფლავად ქცეულ დედამიწის უცხო სტუმარი.

დრო ჭამს სიცოცხლეს, ო, ტანჯვავ, ტანჯვავ,

დრო ჭამს სიცოცხლეს, საშველი არ ჩანს

და ჩვენი სისხლით იკვებება მტერი მდუმარე.

ალბატროსი

მეზღვაურები, თავის ამ გზით შემაქცევარნი,

ხშირად იჭერენ ალბატროსებს, ზღვის დიად ფრთოსნებს,

რომლებიც მუდამ-შორ ცურვათა ზანტი მდევარნი-

კვალში უდგანან გემებსა და მათ მკვიდრ ნაოსნებს.

როგორც კი კაცნი მათ დასვამენ ხომალდის ბანზე,

ცის ამ მეფეებს, აწ უშნოებს და შერცხვენილებს,

დაეკიდებათ თეთრი ფრთები საბრალოდ ტანზე

და უგავთ ნიჩბებს, უმოქმედოდ გემზე შთენილებს.


რა საბრალოა გაწუწული ეს მოგზაური!

ან ის ბრწყინვალე მოცურავე სად გაქრა ნეტა?

ხან თუ ნისკარტზე ჩიბუხს ურტყამს მას მეზღვაური,

ხან ვითომ კოჭლობს იმ კუტივით, უწინ რომ ფრენდა.

პოეტი მოჰგავს ამ უფლისწულს ღრუბელთა მხარის,

ის ძმობს ქარიშხალს, ტყვია-ისრის არადჩამგდები,

და როცა ტყვეა მიწისა და გნიას-ხარხარის,

მას სიხარულში ხელს უშლიან ვეება ფრთები.

გაბზარული ზარი

რა მწარეა და მშვენიერი ზამთრის საღამოს

ცეცხლს შეჰყურებდე მოგიზგიზეს, ხარბს და ვნებიანს

და თან უსმენდე მოგონებებს-მკრთალს და საამოს,

ზარების ხმაზე ბინდ-ბუნდიდან როცა ჩნდებიან.

ო, რა კარგია, როცა ზარი ბებრულად მჭახე,


გადამალული შებინდების ლილისფერ ნისლში,

გარემოს ესვრის რელიგიურ იდუმალ ძახილს,

როგორც მოხუცი ჯარისკაცი, რომელიც ფხიზლობს.

და როცა ჩემს სულს-შეჭირვებულს-უზომოდ უნდა

აავსოს უცხო სიმღერებით ჰაერი სუფთა,

უცებ ბურუსში გაკრთებიან ბნელი თვალები,

და ყურში მწვდება იმ დაჭრილის ხმა უნუგეშო,

ველზე რომ დარჩა მკვდართა შორის სისხლის გუბეში

და კვდება მარტო, უსიტყვოდ და ნელი წვალებით.

გასაყიდი მუზა

ო, მუზავ ჩემო, სასახლეთა ვისაც გწვავს ტრფობა!

როცა ზამთარი ცივ ქარბუქებს გამოაგელვებს-

თოვლიან მწუხრთა კაეშნის ჟამს გამოჩხრეკ ღველფებს,


რომ გალურჯებულ მაგ ტერფების შესძლო გათბობა?

გამოაცოცხლებს მარმარილოდ ნაქცევ შენს ხელებს

დარაბებს წიაღ ღამეულთა სხივთ მოძრაობა?

როცა ჯიბეს და ყელს გაგიშრობს შენ უსახსრობა-

შესძლებ, ესესხო ოქრო-ვერცხლი ტატნობის ველებს?

დღეს შენ გჭირდება-რომ არსობის იშოვო პური-

საყდრის ბიჭივით აქანაო სულ საცეცხლური,

მარცვლო Te Deum, რომლისაც შენი აღარა გჯერა...

ან კუჭცარიელ ჯამბაზივით მალაყი ჭიმო,

თან დამალული ცრემლების წილ ცრუდ გაიღიმო,

ღომ ახარხარო ყველა ჯურის ტლუ და ბენტერა

იდეალი

ეს არ მოხდება, რომ ჭრელ-ჭრელმა იარლიყებმა,

უხვად რომ აფრქვევს უბადრუკი ჩვენი დროება,

მროკავ ფეხებმა, მოტკაცუნე ხელის თითებმა

შეძლონ ამ გულის აღვსება და მოჯადოება.

ვუთმობ გავარნის, მიბნედილი ფერების პოეტს,


თავის ჭლექიან მშვენებათა ლუღლუღა ნახირს,

ამ მკრთალ ვარდებში გული ჩემი ვერასდროს პოვებს

ნანატრს,- ჩემს წითელ იდეალად არცერთი არ ღირს.

რაიც წადილად გულის ფსკერზე ოდითგან მედო,

ეს, ლედი მაკბეტ, თქვენი ხართ, სულო ბორტმოქმედო,

ეს - ოცნებაა ესქილესი, ხორშაკში შლილი...

ან შენ, დიადო ღამევ, ქალო მიქელანჯელოს,

ვისაც გჩვევია - მიწოლილმა გულმშვიდად წელო

მკერდი, ტიტანთა ბაგეთათვის ჩამოძერწილი.

სნეული მუზა

ეჰა, საბრალო მუზავ ჩემო, რა დაგმართნია?

მაგ ღამენათევ თვალში ბნელი ხილვები ღვივის

და შენს სახეზე მონაცვლებით ძრწიან და კრთიან

საშინელება და სიგიჟე, ჩუმი და ცივი.

იქნებ შიშსა და ტრფობას შენთვის თასებით ღვრიან

მწვანე ალქაჯი და ფერია ვარდისფერ წვივით?

იქნებ კოშმარმა შენ ზღაპრული მინტურნის წყლიან

ფსკერზე ჩაგძირა უმოწყალო მუშტით და კრივით?


მე ვისურვებდი, შენს სიმრთელით მფეთქავ არსებას

ხალასი აზრით შესძლებოდა მუდამ აღვსება,

შენს ქრისტიანულ სისხლს ედინა რაკრაკა ჩქერად,

როგორც ანტიკურ სიტყვა-მარცვლის ხმაკეთილ ჟღერას,

რასაც განაგებს ხან ფებუსი, ჰიმნთა მშობელი,

ხან კიდევ პანი, სიუხვის რქის დიდი მფლობელი.

შხამი

ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური

სასწაულებრივ დიდებულებით

და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი

ოქროვან ორთქლში ამოისრული,

თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.


თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს,

ახანგრძლივებს უსაზღვროებას,

აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას,

და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ

სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.

ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების,

მწვანე თვალების შხამიან სურას,

ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა სცურავს...

სად ოცნებები, შენით მთვრალები,

ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას.


ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად

შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის,

ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს,

ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა

და, ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!

ჩაფიქრება

ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,

საღამოს გსურდა-ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,

წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,

ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას-საფიქრალი.

ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებით


სიამოვნების-ამ უწყალო ჯალათის-მათრახს,

წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,

ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!

გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,

ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,

ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,

მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,

ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდე

და მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.

ჰიმნი მშვენიერებას

ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ!

ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?


შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,

ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი.

ალიონია შენს თვალებში, თანაც-დაისი,

აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი,

ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი,

ოდეს იგემეს ბაგე შენი, ხიბლის მთოვარი.

უფსკრულით მოხვალ თუ ვარსკვლავთა მხირდან ეშვები-

ფინიასავით გდევს იღბალი, ქალურო კალთავ,

უბედურებას და სიხარულს აბნევ პეშვებით,

პასუხს არ აგებ არაფერზე, ყოველს კი მართავ.

მკვდარ სხეულებზე დააბიჯებ, ღიმმორეული,

შიშიც ხიბლია, თუ დაჰკიდებ შენს სამკაულებს,

და თვით მკვლელობა, სამშვენისი შენი რჩეული,

მაგ ზვიად ფაშვზე სატრფიალო როკვა ასრულებს.

შენსკენ, სანთელო, ბრმა ფარვანა მოექანება,

იხრუკება და ამბობს:"ვლოცოთ ეს ჩირაღდანი!"

ჰგავს იმ მომაკვდავს, თავის საფლავს რომ ეტმასნება,

სატრფოს გარშემო მოფარფატე მიჯნურის ტანი.

ან რა აზრი აქვს-ცით მოდიხარ თუ ჯოჯოხეთით,


მშვენიერებავ, საზარელო, ჩვილო ურჩხულო!

თუკი მაგ სახის, მაგ ღიმილის, მაგ ტერფთა ხედვით

ვხედავ უსაზღვროს, რას ვერ ვხსნი და რითიც ვსულდგმულობ!

ჰო, რა აზრი აქვს, ო ფერიავ ხავერდისთვალა,

სერაფიმი გშობს, სირინოზი, ღმერთი თუ ეშმა,

თუ გქმნის, სურნელო, რიტმო, ელვავ, ჩემს დედოფალად

და მწედ-ვითმინო წუთისოფლის უღელქვეშ შებმა!

თრობა

თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო


ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც
თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.

ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი
მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები – სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა


მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, – მაშინ ქარს, ტალღას,
ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება,
ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი
მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ
ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ
დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით – წადილისამებრ.

You might also like