You are on page 1of 7

თოვლი ლხვებოდა პირ-მზითში,

ბარდანი ჩამოდიოდა.

ნამარილევი ჯიხვის ხრო

პირ-აღმე შემოდიოდა,

თან მოსდევსთ თავის პატრონი,

ნებ-ნება შემოჰკიოდა.

მალევ მოვიდენ სიმაგრეს,

ფარი იფარეს კლდისაო,

იქ მონადირე ვერ მიდის,

ვერც კლანჭი სწვდება მგლისაო,

გულდასვენებით არიან,

შიში არა აქვთ მტრისაო.

დაბლა ირმების ხრო გაჩნდა,

სწრაფად გადავლეს გორია,

დაუჩნდა მონადირესა

მარტო ხარ-ფური ორია.

ვაჰ, თუ სიათამ უმტყუვნოს,

მანძილი კარგა შორია.

არ დაიშალა, ესროლა,

ბოლი გაერთხა თოვლზედა,

ირმები დაფთხენ, წავიდენ

თოფის ხმაზე და კომლზედა.

მოცადი ბიჭი არ იშლის,

ისევ გაჰყვება კვალზედა.

უყელა ორგან, სამგანა,

ოფლი სდიოდა ძალზედა,

მაგრამ სათოფრად ვერ დასწვდა,


ვერ მოიყარა ხევშია,

ერთი მაინც და მაინცა

ხო დაჰრჩებოდა ხელშია.

თუ ვიწროს ადგილს მოესწრო,

ან გადასავალს ყელშია,

ვნახავდი მონადირესა

გაცინებულსა წვერშია,

მწვადს, ხის შამფურზე აგებულს,

დამცვრიანებულს ცეცხლშია.

დიდხანსა სდია იმ დღესა

აღმა და დაღმა, ფიცხადა.

ამაოდ… გული უწყრება,

ელამვის გასაკიცხადა.

დაოსდა, პურიც მოჰშივდა,

ბანდულიც სძვრება ფეხითა,

წრიაპიც¹ გვერდზე მოექცა,

სტანჯავდა წვივზე ხეხითა.

წასულსა საქმეს რა უშველს

ოხვრითა, თავის ტეხითა!

უკვირდა მონადირესა

მარცხი დღევანდლის დღისაო,

ეს დღე წავიდა, დასამხრდა,

მთას პირი სწვდება მზისაო.

საცაა ჩამობნელდება,

ჯოგი ასტყდება მგლისაო,

წყვდიადს დაერთვის წყვდიადი

ამ უდაბურის მხრისაო.
„ლამის ვერ მოვკლა ნადირი,

ჯავრი შავსჭამო მტრისაო.

ადგილის დედავ, მიშველე,

შენ მომიმართე ხელია,

ნუმც გაცრუვდება, შენს მადლსა,

სიზმარი წუხანდელია.

წინად თუ გამცხადებია,

ეხლა ცხადდება რაობით,

მე ხომ ამ სიზმრით ვნადირობ,

ნადირს ვხოც იმავ თაობით?“

გულში ლოცულობს თვარელი

და პურსა ჰლოღნის ხმელსაო,

თან თვალს აყოლებს პირდაპირ

ხევის ნაპირსა გრძელსაო.

ადგილსა ჭიუხიანსა,

დეკიან-ღვივრიანასა,

ურძნით და ჩადუნით მორთულს,

დუციან-დიყიანასა,

თვალდაშტერებით უცქერის

კლდის თავსა ფიჭვიანასა.

კლდის პირზე წყარო ჩამოდის,

ხმას იწმენდს ხრინწიანასა,

და ქაფს უსომდა კლდის პირებს

წითელსა, სისხლიანასა.

იქიდამ კვნესა მოესმა

გულიდამ ამობერილი,

ჰხედავს: ვეფხვი წევს ტოტ-გაწვდით


კლდის თავს, გულგამობერილი,

და მონადირეს უცქერის,

მისკენ თვალგამოჭერილი,

წელსა და ტოტებს უმშვენებს

ზოლები ჩამოწერილი.

კლანჭი სტკიოდა ბეჩავსა,

გულს ბოღმა მაერეოდა,

სისხლი ნადენი ტოტითა

მდინარეს შაერეოდა

და წყალთან ერთად ისიცა

უფსკრულში ჩაერეოდა.

კვნესოდა, როგორც ვაჟკაცი

მტერზე ჯავრ-ამოუყრელი,

მუდამ მდებარე მტრის ფეხ-ქვეშ,

ვით მთა ჯანღ-გადაუყრელი.

– რას უცდი, მონადირეო,

დაჰკარ, ხომ ვეფხვიც მხეცია!

– არ დავკრავ, ძმაო, რო მამკლა,

როდი გახლავარ ბეცია!

ეგემც ჩემსავით ნადირობს,

კალთები აუკეცია,

ნადირობაში მაგასაც

მთა-ბარი დაუკეცია.

ნადირმა იცნო თვარელი

მონადირისა წესზედა,

მივიდა მასთან კოჭლობით,


ტოტი დაადვა ფეხზედა.

მონადირემაც გასინჯა

თავის ძმობილის წყლულია

და ამოუღო კლანჭიდამ

სიპი მომსხო და სრულია,

ნაშალი კლდისა სალისა,

ნაგალი ღვართა, ზვავისა,

და გალესილი ნისკარტით

ღამის მთეველის სვავისა.

ნადირობაში შაეჭრა

ვეფხვსა მამაცი ტოტია,

ჯიხვისად დატევებულსა,

იქ, სადაც ქვა და ლოდია.

თვარელმა წყლული შეუკრა

ვეფხვსა ნაკუწით ჭრელითა

და ჩირქიც ამოუფხიკა

წყლულიდამ დანით მჭრელითა.

ვეფხვი გაბრუნდა მაშინვე

კუდის მოქნევით, ჭრელითა,

და გადირბინა, მთა-ბარი,

როგორც მიმინომ ფრენითა.

თვარელი ბანდულს ისწორებს,

უკვირდა მოხილებული,

ვეფხვი მოსული ზავითა,

მშვიდი და მოჭირვებული.

ამ დროს მოესმა ფეხის ხმა,

შაესმა რაღაც დგრიალი,


იმისკე მიმართულია

ფეხის ხმა, ფოთლის შრიალი.

უცბად იმის წინ ირემმა

დაიწყო რქების ტრიალი…

და მონადირის თოფისაც

სტუმრად დაუხვდა გრიალი.

თოფი გავარდა, კლდეებსა

სალამი მისცა ჭექითა,

და ჩამოგორდა ხევისკე

ხარი-ირემი ბექითა.

ეს რაა? ირმის ნადგომში

ვეფხვი გაბრუნდა ზნექითა.

ერთი-კი დაიღავღუვა

და გაემართა ზევითა.

ცოტა ხანს შემდეგ დაძრული

ქვიშა მოზოვდა ზევითა.

კლდის თავს გადმოდგა ხარ-ჯიხვი,

გამოქცეული ქვეითა.

თვარელმა მოკლა ისიცა,

ჩამოაგორა ხევშია.

ჯიხვის ნადგომზე ვეფხვს ჰხედავს,

ვეფხვი ტოტს იცემს მკერდშია…

თვარელი მიჰხვდა ეხლა კი,

სთქვა: „გენაცვალე ღმერთშია!“

———
დაღამდა, ვეფხვი აღარ სჩანს,

უკუნი აწევს არესა,

სიბნელეს როგორ გაჰფანტავს,

რა შაუძლიან მთვარესა?

გულჭირიანი ობლობით

დაბლა ჩხაოდა მელია,

ალბათ თუ გასჭირებია,

საქმე თუ ადგა ძნელია.

ნობათად მომირთმევია

თქვენთვის ამბავი ძველია.

You might also like