You are on page 1of 285

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა

საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE
მევლუდ ლოსეურაშვილი
,, შავი
სატანა”
ანუ
ვინ თქვა ბიჭები არ ტირიანო!
პირველი ნაწილი

I თავი

-მაშ ასე, ბატონებო! მე ამაღამ უნდა წავიდე, ამ წუთებში ჩემი იქ ყოფნაა საჭირო. მიხედეთ
საქმეს. ჩემს მოვალეობას ბატონი ავთანდილი შეასრულებს. გისურვებთ წარმატებებს! - დაასრულა
ბრიგადის ახალგაზრდა გენერალმა და გადაღლილი მზერა მძიმედ მოავლო თავდაცვის სამინისტროს
მაღალი რანგის ოფიცერთა შემადგენლობას. - დაზვერვის უფროსს სთხოვეთ შემოვიდეს!

წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. ფარდა გადასწია და ქაშვეთის ეკლესიას გახედა. ამ ბოლო


დროს რატომღაც მეტ მოკრძალებას გრძნობდა ეკლესიის და ღვთის მსახურთა მიმართ. პირჯვარი
გადაიწერა და გაეღიმა: ,,ნამეტანი სათუთი გულის ვარ? არა მგონია! დავბერდი? - არა! სიბერემდე
შორია კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ოცდაათი წლის ვარ, ჩემს თავზე, როგორც იტყვიან,
წისქვილის ქვა არ დაბრუნებულა მხოლოდ. ავღანეთი, ქვემო ქართლი, სამაჩაბლო, თბილისის
ტრაგედია და დღეს უკვე აფხაზები გვიჟღარუნებენ იარაღს. მარტო აფხაზები? თურქი, სირიელი, რუსი
თუ ჩეჩენი, ყველა ჩვენკენ მოიწევს. ჩვენი ბიჭების სისხლით მოირწყო ზღვისპირეთი, მაგრამ მოვა
დრო და ყველას შევანანებთ ამ თავხედობას. საქართველომ გაუძლო ათასწლეულებს და გაუძლებს
ამასაც”.

კარების ხმამ გამოაფხიზლა. მხედრული ნაბიჯით შემოვიდა მაღალი,ხმელ-ხმელი


პოლკოვნიკი.

- პოლკოვნიკი არჩვაძე გამოცხადდა თქვენი განკარგულებით, ბატონო ბრიგადის გენერალო!

- არ გინდა, ლევან, ეს ოფიციალური ტონი. დაჯექი, საქმე მაქვს.

ლევან არჩვაძემ სიგარეტს მოუკიდა, დივანზე ჩამოჯდა და ყურადღებით შეხედა გენერალს.


ცოტა ხანს ორივე დუმდა. სიჩუმე დაზვერვის უფროსმა დაარღვია:

-გისმენ, გია, ახალია რამე?

-კი, ახალია... ლევან, ერთი აზრი მომივიდა თავში.

-გისმენ მთელი ყურადღებით.

-ცოტა შორიდან მინდა დავიწყო,- გიამ სიგარეტის ბოლს გააყოლა მზერა და სადღაც ერთ
წერტილზე შეაჩერა. - ეს იყო წლების უკან. შენც იცი და ძალიან ბევრმაც, რომ მოსკოვში არსებობდა
სპეცდანიშნულების დივერსიული სკოლა, რომელიც, ძალიან რბილად თუ ვიტყვით, ამზადებდა
პროფესიონალ მეომრებს, სინამდვილეში პროფესიონალ მკვლელებს. არც ერთი კურსდამთავრებული
პროფესიონალიზმის დონით არ ჩამოუვარდებოდა არც ,,დელტას” და არც ,,მწვანე ბერეტებს”, - გია
ცოტა ხანს ჩაფიქრდა და გაეღიმა და გაეღიმა რატომღაც. - არ ვიცი, როგორ ხდებოდა ამ სკოლაში
მიღება, ან როგორები იყვნენ კურსანტები სკოლაში შესვლამდე, მაგრამ შემდეგში მე მათ
შევხვედრივარ.

ეს იყო 1980 წელს. ავღანეთში, ქალაქ ჯელალაბადის ახლოს განლაგებულ ჩვენს ნაწილში
სპეცდანიშნულების ვერტმფრენი დაჯდა ერთ მშვენიერ დღეს. სამნი გადმოვიდნენ: ერთი შენთვისაც
კარგად ცნობილი ცხინვალის ,,გმირი”, - ირონია გაუკრთა ხმაში, - გენერალი კიმ ცაგოლოვი, ის ორი
კი მაშინ პირველად ვნახე. ახალგაზრდა, უცხო თვალისაგან არაფრით გამორჩეული ბიჭები იყვნენ.
მოდი, ლევან, და ერთს პირობითად ,,იქსი” დავარქვათ, მეორეს კი ,,იგრეკი”. ორივე სამოქალაქო
ფორმით იყო, ჯინსის შარვლები, შავი მაისურები და ტყავის უსახელო ქურთუკები ემოსათ. რაღაც
გრძელი, მძიმე ჩემოდნები გადმოათრიეს ვერტმფრენიდან და შტაბში შევიდნენ ცაგოლოვთან ერთად.
იმავ საღამოს ხმა დაირხა ,,ნაიომნიკები” ჩამოვიდნენო...

ბევრს აღარ გავაგრძელებ: მე მათთან ერთად მომიხდა არა ერთი და ორი ბრძოლა და მოწმე
გავხდი იმისა, თუ როგორ იბრძოდნენ. მსგავსი მხოლოდ ვიდეო ფილმებში მქონდა ნანახი, რაც მაშინ
ჩვენთან ძვირი სანახავი იყო. მე ისეთივე ახლო კონტაქტში შევედი ,,იქსთან”, როგორც ვიყავი ჩემს
ღვიძლ ძმასთან. თუ რატომ, ამას სულ ბოლოს გეტყვი. ორივე ხორცშესხმული ქაჯი გეგონებოდა. როცა
ვფიქრობდით, რომ ცოცხლები აღარ იყვნენ, მაშინ მოვიდოდნენ ისე, რომ არც ერთს განაკაწრიც არ
ჰქონდა.

მოწინააღმდეგემ მალე გაიგო, რომ რაიონში პროფესიონალები მოქმედებდნენ. მით უმეტეს,


რომ ამ ბიჭებს ჩვეულებად ჰქონდათ: შემთხვევის თუ ოპერაციის (არც ვიცი, როგორ ვთქვა) ადგილზე
,,იქსი” ხატავდა ნახშირის ნატეხებით ეშმას და ინგლისურად მიაწერდა ხოლმე: ,,შავი სატანა”.
ავღანელებმა მას ,,შავი სატანა” შეარქვეს. მისი თავი მრავალ ათას დოლარად იყო შეფასებული...

და ერთ დღეს, სამშობლოდან სადღაც ძალიან შორს ,,იქსის” და ,,იგრეკის” მეგობრობა შეწყდა.
უფრო მეტიც - ისინი მტრებად იქცნენ...

ჩვენმა ბიჭებმა ტყვედ აიყვანეს ავღანელთა ამერიკული ინსტრუქტორი ახალგაზრდა


მეუღლესთან ერთად. მე პირადად შევხედე თუ არა, შევცბი. ასეთი სილამაზის ქალი ცხოვრებაში
არსად მენახა.კუპრივით შავი თმა, უძირო ზღვისფერი თვალები. აზიის მზისგან გარუჯული სახე...
ტანი? ნუღარ იკითხავ! ფრესკებიდან გადმოსულ ანგელოსს ჰგავდა...თვალწინ მიდგას ის წუთი, მათი
დაკითხვა.

-გვარი?

-ჯონსონი! - ამერიკელის ხმა ცივი, გამომწვევი იყო.

-ეს ქალიშვილი რა არის თქვენი?

-სჯულიერი მეუღლე.

-მისი გვარი?

-გელოვანი!

მეგონა მიწა იძრა, ან ნაღმი აფეთქდა, ან სიზმარში ვიყავი... გონს რომ მოვეგე,
ანგარიშმიუცემლად იქით გავიწიე, სადაც ეს ღვთიური არსება იდგა რუს მეავტომატეთა დაცვით
გარშემორტყმული. უცებ ადგილზე გავიყინე. შევეჩეხე თვალებს, რომლებიც მე მომჩერებოდნენ;
თვალებს, რომლებიც სავსე იყო რისხვით და მუდარით, უმწეობით და.... ცრემლით! და ეს ცრემლი, ეს
შეუმჩნეველი ცრემლი, იცი, ვის თვალებზე კრთოდა, ლევან? იცი ვინ მომჩერებოდა ათასი კითხვის
გამომხატველი თვალებით? ეს იყო ,,იქსი”, ეს იყო ,,შავი სატანა”, ვისი ხელითაც არა ერთი და ორი
გამგზავრებულა იმ ქვეყანას.

დაკითხვა გრძელდებოდა.

-ამერიკელია თქვენი მეუღლეც?

-დაბადებული შტატებში გახლავთ. ისე კი ქართველი ემიგრანტის ქალიშვილია, - ჯონსონმა


ისეთი თბილი, სიყვარულით აღსავსე მზერა შეავლო გელოვანის ქალს, მაშინვე მივხვდი, თუ რაოდენ
ძვირად უღირდა ამ ერთი შეხედვით პირქუშ კაცს ეს კოვბოურ ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა.

-გელოვანი ქართული გვარია? შემომიტრიალდა სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი.

-კი, გელოვანები მთავრები იყვნენ საქართველოს ერთ-ერთი მთიანი კუთხის.

-ეტყობა კიდეც! - ჩაიცინა ,,იგრეკმა”. - პრინცესა სადაც არ უნდა გადაისროლო, თავისი მაღალი
წარმოშობა, დიდგვაროვნება თან ახლავს მაინც. სანამ ქაბულში გადავაგზავნით, იმედი მაქვს,
გართობაზე არც ჩვენ გვეტყვის უარს!

ორლესულმა გრძელმა დანამ სისინით გაჰკვეთა ოთახი და ,,იგრეკის” თავთან, კარებში


ტარამდე ჩაერჭო. ეს უკანასკნელი არც შეტოკებულა. უბრალოდ თვალი შეავლო მისკენ ნასროლ ამ
ავბედით იარაღს და ისეთი ღიმილით გახედა ,,იქსს”, რომ ტანში გამცრა. ხელი ჩემს უნებლიედ
პისტოლეტისკენ გამექცა, როცა ,,იგრეკმა” ავტომატის დამცველი ძირს დასწია. უიარაღოდ იყო ,,იქსი”,
და როცა დაილაპარაკა, გავოცდი. იმდენად მშვიდი იყო მისი ხმა:

-ჩვენ ორივე კავკასიელები ვართ. ჩეჩენ-ინგუშთა ტრადიციებზე აღზრდილს, არ გეპატიება


უმწეო ქალის შეურაცხყოფა. ყველაზე უკეთ შენ მიცნობ აქ და გაფრთხილებ, ვაფრთხილებ ყველას, ამ
გოგოს ერთი ღერი თმაც რომ შეერხეს თავზე, სასაკლაოდ ვაქცევ აქაურობას! - ისეთმა ფოლადმა
გაიჟღრიალა ,,იქსის” ხმაში, რომ ყველამ თვალებით მიწა მოძებნა.

ალბათ აღარ გჭირდება, ლევან, იმის თქმა, ,,იქსი” რომ ჩვენი თანამემამულე, ერთი
ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი იყო, ბედის ირონიით საიდანღაც მოხვედრილი სკოლაში.

-იყო?!-დაძაბული სახე შეეჭმუხნა არჩვაძეს.

-საქმე ისაა, რომ არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.

-ხო... იმ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ მეც და ,,იქსიც” სამშობლოში უნდა


დავბრუნებულიყავით. მესამე საღამოს უეცრად განგაში ატყდა. ყველა ფეხზე დადგა. დახოცილნი
ეყარნენ ამერიკელი ინსტრუქტორი, მისი დაცვა და სამი ჯარისკაცი. ,,იგრეკს” თავისი გაეტანა მაინც -
ნატა გელოვანი გაეტაცა და უგზოუკვლოდ გამქრალიყო. გაოგნებული ვტრიალებდი, რომ ჯარისკაცმა
მოირბინა და ,,იქსი” გეძახისო - მითხრა. მე რომ შევედი, ის უკვე სამგზავროდ გამზადებული, როგორც
იტყვიან, კბილებამდე იარაღში ჩამჯდარი, ფანჯარასთან დამხვდა. გაოცებულმა შევხედე . უსიტყვოდ
გამოიწოდა რაღაც ქაღალდის ფურცელი. დავხედე:

,,მე ვიტაცებ შენს თანამემამულეს. შენ ყოველთვის ბედი გწყალობდა, წყეულო ქართველო. ეს
იქნება ჩემი შურისძიებაც. შენ მიდიხარ ორ-სამ დღეში და მშვიდობით სამუდამოდ.დიდ არს ალაჰი!”
კრიჭა შემეკრა. იმ წუთში ,,იგრეკი” ხელში რომ ჩამვარდნოდა, ალბათ კბილებით დავგლეჯდი.

,,იქსი” მომიახლოვდა. ერთმანეთს შევხედეთ. ნაღველი, რაღაც საოცარი, თითქოსდა


განწირულის ნაღველი უტრიალებდა თაფლისფერ თვალებში. ხელი მომხვია და მეორით კონვერტში
ჩადებული ორი ბარათი მომაწოდა .

-გია, თუ ძმა ხარ, ეს ბარათები საქართველოში ჩაიტანე.

-შენ? - ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი.

-მე... - გაუჭირდა გაგრძელება, - მე ცოტა ხანს აქ უნდა დავრჩე ისევ.

-რას აპირებ?

არაფერი უთქვამს. ზურგი შემაქცია და კვლავ ფანჯარასთან მივიდა. კარგა ხანს სიბნელეს
მისჩერებოდა, შემდეგ კი ნელი, წყნარი ხმით წამოიწყო:

-ღმერთმა ხომ იცის, არათუ ქალზე და ბავშვზე, უიარაღო მამაკაცზეც ხელი არასოდეს
ამიწევია. რას აპირებო, შენ მკითხე. მხოლოდ, იმას, რასაც ჩემს ადგილზე გააკეთებდი შენ, გააკეთებდა
ყველა თავის ღირსების დასაცავად. მან ამ ბარათით, გაკეთებული საქმით, გამომიწვია მე და მხოლოდ
მე. დავხარო თავი და სამშობლოში დავბრუნდე? ეს იქნება ხვადაგობა, ეს იქნება ჩემგან ყოველგვარი
კაცურის ფეხქვეშ გათელვა და ამას სიკვდილი მიჯობს.

-მეც შენთან ვრჩები!- უცებ მოვუჭერი.

-შენ მე ვერაფრით მიშველი. ამაშია საქმე, ასეთია იმ დაწყევლილი სკოლის ჯუნგლის კანონი.
ჩვენ მხოლოდ ერთი-ერთზე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და ღმერთი განსჯის მტყუანსა და მართალს.

-კი მაგრამ, სად აპირებ მის ძებნას? ყოველ ნაბიჯზე მტერია და თუ ხელში ჩაგიგდეს, იცი, რაც
მოგელის, - ვცადე მისი გადარწმუნება. - სარისკო საქმეა, ათასი ხიფათია ირგვლივ.

-ჩემი ხელში ჩაგდება ცოტა ძნელია,- გაეღიმა. - მთელი ჩემი ცხოვრება რისკი იყო და ხიფათი
კი მე ვარ თვითონ. დროს ნუღარ ვკარგავთ. ერთი გახსოვდეს მხოლოდ: თუ სიკვდილი მელის ამ უცხო
მიწაზე, მოვკვდები ისე, როგორც ,,შავ სატანას” შეეფერება. თუ გაიგეთ, რომ მე ავღანელებთან ვარ,
იცოდეთ, თვითონ ჩავბარდი მათ, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ,,იგრეკის” სუნი ვიკარი სადმე
მათ ახლო-მახლოს. მშვიდობით, გია! ბედნიერი იყავი!

მაგიდაზე დადებული ხელის ტყვიამფრქვევი აიღო და სიბნელეს მისცა თავი. ეს იყო და ეს,
ლევან. მას შემდეგ მისი აღარაფერი გამიგია. ვიცი, ჩემი დიდი მინუსია, მაგრამ მის საძებნელად ვერ
მოვიცალე.

სიჩუმე ჩამოვარდა, ერთხანს მხოლოდ ეწეოდნენ.

-ალბათ ფიქრობ, რისთვის უნდოდაო ეს ისტორია, არა?- მოულოდნელად იკითხა გიამ.

-ბუნებრივია.
-ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ... კონფედერაციის რაზმებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ
იბრძვის, იცი, ვინ მეთაურობს?

-ვიცი, ვინმე ახმედ რამაზანოვი, მეტსახელად ,,კომანდორი”. ინტერვიუც იყო გაზეთში


მაგგასთან, თუ არ ვცდები, ,,ნოვოსტში”.

-და იცი, ვინ არის ეგ ,,კომანდორი”?- გია უცებ აენთო და სიგარეტი ნერვიულად დაასრისა
საფერფლეს.

-ვინ?

-,,იგრეკი”!-მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ერთი სიტყვა.არჩვაძე


ანგარიშმიუცემლად წამოხტა ფეხზე.

-აქედან გამომდინარე...

-ვიცი, რაც გინდა მითხრა, ლევან, ვიცი რაც უნდა მკითხო და ეგ კითხვა უნდა ამოვხსნათ
ერთად, - გიას სახე მოეღრუბლა. - კითხვა მხოლოდ ერთია: რა მოხდა წლების უკან იქ? ,,იქსი” არ იყო
ის, ვინც თავის სიტყვას უკან წაიღებდა. რა დაემართა მას? აი კითხვა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა
ტვინს მიღლის და მიბურღავს და ეს იმის შემდეგ, რაც გავიგე, თუ ვინ ბრძანდება ,,კომანდორი”.თუ
საქართველოშია, თუ ცოცხალია, ჩვენ ის უნდა ვიპოვოთ, თუ არა და მე პირადად ერთიღა დამრჩა,
ყველაფერს ვიღონებ, ხელში ჩავიგდებ და ცოცხლად გავატყავებ ,,კომანდორს”!- გიას სიბრაზისგან
ხელები აუცახცახდა.

-მოვძებნი, გია, მენდე!

-ძებნაში ჩართე უშიშროების კომიტეტი. აუხსენი, რა სიტუაციაც შეიქმნა, ჩვენ ,,იქსი” ამ


წუთებში ისე გვჭირდება, როგორც არავინ.

-მისამართი არ ვიცით, არა?

-საქმეც მაგაშია, რომ არა. რომელიღაც მთიანი რაიონის მკვიდრია. ისე უეცრად მოხდა ჩვენი
დაცილება, რომ მისამართიც კი ვერ გამოვართვი. გვარი, სახელი და მამის სახელი,- ფურცელზე
წააწერა და გაუწოდა. - რაც შეიძლება იჩქარე, ლევან!

არჩვაძემ ფურცელს დახედა. ბაკურ ზურაბის ძე ფხოველი - ამოიკითხა.

II თავი

ფაფარა ტალღები გრუხუნით ეხლებოდნენ თიხნარ ნაპირს, მიწას რეცხავდნენ და შავად


შეღებილნი უკან იხევდნენ, რომ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ სცემოდნენ ხმელეთს. დაბურული ცა ლამის
წყალზე გაწოლილიყო და მანქანის სახურავზე ხრაშუნა თქორს ფანტავდა. საზიზღარია წვიმა,
რომელიც ნერვებს ასველებს. სველი ნერვები კი ბიოდენთა მოკლე ჩართვას ახდენს და ერთმანეთში
კოშმარულად ურევს ძველსა და ახალს.
ციოდა. თეთრი ,,მერსედეს-500” სტამბულს უახლოვდებოდა. წყნარი მუსიკის ხმა საამოდ
იღვრებოდა მანქანის კომფორტულ სალონში.

ხომ არ დაიღალე?- საჭესთან მჯდარმა ქალიშვილმა ცერად გახედა გვერდით მჯდომ, თმაში
ჭაღარაგამორეულ, ელეგანტურად გამოწყობილ ვაჟს.

-არა, არ დავღლილვარ,- თვალმოჭუტულმა მოათვალიერა ნისლში გახვეული მიდამო კაცმა. -


ჩემი ქვეყნის და ამ ქვეყნის წარსულმა გამირბინა უცებ თვალწინ, ვის მიწაზეც ვიმყოფებით ახლა.
წარსულმა, რომელიც სავსე იყო მტრობით, მუხთლობით, ღალატით... იცი, მარი, ყოველი ერი თავისი
ისტორიით სულდგმულობს. ისტორია საგანძურია, სადაც ერი პოულობს თავისი სულის ღონეს... იცი,
რამდენი მილიონი ქართველი ცხოვრობს დღეს აქეთ მხარეს, ეგრად წოდებულ ,,თურქულ
საქართველოში”?! საქართველოს მძიმე ბედმა გაგვაშორა ჩვენი ძმები. მაგრამ, ჩვენ ვიცით და მათაც,
რომ მაინც ძმები ვართ, სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, ჯვარცმულმა
თავისი სარწმუნოებისათვის, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისა. ჩვენს ისტორიაში არ არის
მაგალითი, რომ ქართველს სდომოდეს სხვა სარწმუნოების ჩაგვრა და დევნა. თვით მაჰმადიანნიც,
ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაზე ალბათ ვერაფერს წაგვაყვედრებენ... განა ასე არ არის?

-ასეა...სამწუხაროდ ასეა,- ჩაფიქრებულად, მოღუშული გაჰყურებდა მარიკა გზას. - საოცარია


ჩვენი ისტორია, საოცარნი ვართ ქართველები, საოცარნი, როგორც ჩვენი ტაძრები, ჩვენი მოჟანგული
ცისარტყელა ქანები, რუხჩაკრული ბორცვები, მუქყვითელა ტაფები და ოდრიკალები... დაუჯერებლად
- ერთად გამომთვარული ხილვა გაქვავებულად გადასული საუკუნენი...

ცა თანდათან იღრუბლებოდა. მანქანა ქალაქის ცენტრში მისრიალებდა. მარიკა უცებ


გამოფხიზლდა და ღიმილით მოავლო მზერა ერთიანად განათებულ, წვიმისაგან ვარსკვლავებით
აელვარებულ განიერ პროსპექტს. ჩაფიქრებული, არაფრისმთქმელი თვალებით გაჰყურებდა ბარების
და სასტუმროების განათებულ, აციმციმებულ აბრებს, ათასგვარ რეკლამებს.

-სად წავიდეთ?- ღიმილით კითხა ქალმა.

-ისე მეკითხები, თითქოს გუშინაც აქ ვიყავი და ყველა ქუჩა ზეპირად ვიცი, - გაეღიმა უზადო,
მომხიბლელი ღიმილით.-ალბათ ჯობია ჯერ სასტუმრო მოვნახოთ. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.

-გემორჩილები, ჩემო მეუფეო!- წაიღიღინა მარიკამ და მანქანა მოწყვეტით შეაჩერა იქვე მდგარ
პოლიციელთან. ჩაფიქრებული პოლიციელი დამუხრუჭების ხმაზე განზე გახტა, შემდეგ კი
დამუქრებული მოადგა მანქანას, მაგრამ როცა მთვრალი მძღოლის მაგიერ ათასერთი ღამის
ზღაპრიდან გამოსული, ფერიასავით ქალიშვილი შერჩა ხელთ, ბრიყვულად, ხმამაღლა გაიცინა და
თავიდან ფეხებამდე მოურიდებლად ჩაათვალიერა ეს მინიკაბიანი უცხო ფრინველი. უცებ მძღოლის
გვერდით მჯდომი ვაჟის თვალებს შეეფეთა და ღიმილიც გაუქრა სახიდან, თუმცა ვერ გაიგო რატომ
შეაკრთო უცნობის მზერამ. პოლიციელმა სასტუმრო თავაზიანად მიასწავლა და ფეხარეული სწრაფად
გასცილდა მანქანას.

მარიკას მანქანა არ დაუძრავს. მთელი ტანით შემოტრიალდა და გამომცდელად შეხედა ვაჟს.

-მითხარი, რატომ ეშინია შენი ყველას? ეს მე ჯერ კიდევ თბილისში შევნიშნე. ყველა უცნობი
მამაკაცი, ვინც შემოგხედავს, დამფრთხალი კურდღელივით გარბის. რატომ?ეს პოლიციელიც...
-იმიტომ, რომ ისინი ჩემამდე შენ გიყურებენ, გამიგე? და კიდევ იმიტომ, რომ შენს მონა-
მორჩილს არავისი ეშინია, რადგან ცხოვრება იმ კაცისა, რომელსაც შენ სიყვარულს ეფიცები, ჩალის
ფასია და ასეთი სიცოცხლისთვის შიში სისულელეა. ის გრძნობა კი, რასაც საერთოდ შიში ჰქვია, ჩემში
ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში ჩაკლეს...

მარიკას გაოცებულ სახეს, გადიდებულ თვალებს შეხედა, ხელი მოხვია, მიიზიდა და აკოცა.

-ალბათ ვახშმობის დროა, არა?

მანქანა ადგილიდან მოსხლტა.

სასტუმრო ,,სტამბულის” მეხუთე სართულზე ოროთახიანი ,,ლუქსი” მანქანების


სადღეღამისო სადგომს გადაჰყურებდა. გადაწყვიტეს ნომერში ევახშმათ. ვახშამთან ერთად
მშვენივრად ჩაციებული შამპანურიც გააჩინა პორტიემ. მარიკამ შხაპი მიიღო და ახლა სარკის წინ
ტრიალებდა. აბაზანიდან წყლის გამაყრუებელი ჩხრიალი ისმოდა.

-ბაკურ, რას აკეთებ ამდენ ხანს? გაცივდა ყველაფერი!- გასძახა ქალმა.

-დაჯექი შენ, ახლავე გამოვალ!-მოისმა პასუხად.

აქაფებული შამპანურით სავსე სასმისი აიღო მარიკამ და ფანჯრიდან წვიმაში გახვეულ, მაგრამ
მაინც ლამაზ სტამბულს კმაყოფილებით გახედა. წყლის ხმა მიწყდა და ბაკურიც შემოვიდა. წელზევით
შიშველი თმას იმშრალებდა. ქალმა მოწონებით შეავლო თვალი ერთი შეხედვით გამხდარს, მაგრამ
ერთიანად კუნთებად ქცეულს. ბაკურმა პირსახოცი კისერზე მოიგდო, სავარცხელი აიღო და სარკისკენ
შებრუნდა. მარიკამ შეხედა და შეჰკივლა. გაოგნებული მისჩერებოდა ვაჟის ბეჭებზე უსაშინლეს,გრძელ
ნაიარევს. სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და ახლოდან შეხედა უკვე დიდი ხნის შეხორცებულ,
ვარდისფრად შემორჩენილ იარებს.

-რა არის ეს?- ყრუდ გაისმა მარიკას ხმა.

-არაფერი!- იყო მშვიდი პასუხი.

-ბაკურ, მე ექიმი ვარ, ქირურგი და ათასნაირი ჭრილობა მინახავს, ძალიან ბევრისთვის


მიმკურნალია და მომირჩენია, მსგავსი კი ჩემს პრაქტიკაში არ შემხვედრია. მაინტერესებს როგორც
ექიმს, რისგანაა ასეთი გრძელი იარები?

ბაკურის ხელში საშინელი ტკაცანი მოიღო სავარცხელმა. შემობრუნდა.

-გრძელი ისტორიაა, მარი. უბრალოდ გეტყვი: ავღანეთის სახსოვარია. ეს იარები კი,- სახეზე
უცებ ოფლის მსხვილი წვეთები დაასხდა, - მათრახების კვალია.

-მათრახების?!

-დიახ, მაგრამ არა იმ მათრახების, ცხენოსნები რომ ხმარობენ ჩვენთან. არა, ეს იყო ერთმანეთში
ჩაწნული ფოლადის მავთული, რომელსაც დარტყმის წინ ცეცხლში ავარვარებდნენ.

მარიკას ხორკლმა დააყარა შიშველ მკლავებზე.


-გაწამეს? -ხმა აუთრთოლდა.

-ჰო... ბაკურმა დაცლილი სასმელი შეავსო შამპანურით, ტორშერი აანთო და ფანჯრისკენ


წავიდა. მარიკა სიბრალულით მისჩერებოდა. ,,ორი წელია ვიცნობ. მეგონა ვიცნობდი, თურმე არ
მცნობია. მთელი ცხოვრება მხოლოდ ასეთ მამაკაცზე ვოცნებობდი. ჩემი ქმრის და ამის შედარება განა
შეიძლება?! ის ცხოვრებისგან განებივრებული და გაზულუქებული, არათუ მე, ხშირად საკუთარ
თავსაც ვერ ამჩნევს. ეს კი...”

პირველი შეხვედრა დაუდგა თვალწინ. სამსახურიდან ბრუნდებოდა ფეხით. მისი აღმართზე


ამავალი ქუჩა თოვლს დაეფარა, ამიტომაც იყო უმანქანოდ. შუა ქუჩაში ბიჭებს თოვლის გუნდები
დაეხვავებინათ და ,,გამოუთოფავს” არ უშვებდნენ არავის. შედგა მარიკა და აღარ იცოდა, რა ექნა,
როგორ გაევლო გუნდების წვიმა. მის გვერდით კრემისფერი, უნომრო, ტონირებულმინებიანი ,,07”
გაჩერდა. ამერიკულ ფორმაში გამოწყობილმა გვარდიელმა, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა,
წყრომით ახედა მოლიპულ ქუჩას - როგორც ჩანს იქ ასვლის იმედი გადაწურულად ჩათვალა, კარები
მიკეტა და შემოტრიალდა. გაწაფული, სწრაფი მზერით ჯერ ,,მოიერიშეებს” გახედა, კეთილად გაეღიმა
და თითქოს მარიკას ფიქრებს ჩასწვდაო, სრულიად უცნობ ქალიშვილს ხელი გაუწოდა: ,,ხელი
მომეცით, ნურაფრის გეშინიათ!” ეს იყო ორი წლის უკან.

მარიკა წამოდგა. ზურგიდან მიუახლოვდა და ხელები კისერზე შემოაჭდო. სადღაც შორს


დაქროდნენ ბაკურის ფიქრები. ყელზე შემოხვეულმა ნაზმა ხელებმა გონს მოიყვანა. არ გატოკებულა.
სიამოვნებდა თლილი თითები და უცხოური სუნამოს სუნი. ერთხანს ასე იდგნენ. მერე კი ფრთხილად,
ძალიან ფრთხილად მოიცილა მარიკას ხელები. შემობრუნდა, თვალებში ჩახედა. ქალი ისე
შეჰყურებდა, თითქოს ყველაფერი, რაზეც მთელი სიცოცხლე ეოცნება, ახლა ერთად შესრულებოდა.
გარეთ წვიმდა. მარიკაც წვიმის და ვნების სურნელებით იყო სავსე. შავმა, უძირო თვალებმა ბაკური
მოხიბლა, ალუბლისფერმა ტუჩებმა კი თავი სულ დაავიწყა და მათ გაშმაგებით დააცხრა. ქალი
თითქოს ელოდა ვნების ასეთ მოზღვავებას, ხელები ყელზე შემოაწნა და ცხელი, მწყურვალე კოცნა
შეაგება. ჭაბუკი ვნებამ წალეკა, დააბრმავა, დაფერფლა და ხელის ერთი გაქნევით შიშველ ტანზე
მოსხმული მარიკას ხალათი ძირს დაეცა...

საქართველოს ხოდაბუნებში ალბათ სადღაც ,,დედალი ხოხობი ყივილით მოუხმობდა


მამალს”, სტამბულში კი მოლას გამყინავი ხმა არღვევდა სიმყუდროვეს ღამის...

-რომელი საათი იქნება?

-ორის ნახევარია, - ბაკურმა სიგარეტს მოუკიდა. - გეძინება?

-შენ წარმოიდგინე, არა.

-მარიკა, - ბაკური იდაყვზე წამოიწია და რამდენადაც სინათლე საშუალებას იძლეოდა,


თვალებში ჩახედა. - მაპატიე ეს სულელური კითხვა, გიყვარვარ?!

მარიკამ თავი მკლავზე დაადო და სევდანარევი ღიმილით შეხედა.

-იცი, მიხარია და ვგრძნობ, რომ მიყვარხარ, თუმცა წეღან კი შემაშინე, უფრო სწორედ, გუშინ
და გული დამწყვიტე, რადგან შენს ხასიათში თავკერძოების დანახვა არ მსურს. მეზიზღება
ყოველგვარი ამბიციურობა და გულზვიადობა. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სიყვარულის დიდი
ნაკლულობაა ადამიანში. დისტანცია და დიპლომატია უბრალო ურთიერთობაში სრულიად
ზედმეტია. მე შენ არაფერს გთხოვ, სიყვარულის გარდა, რაც, თუ გაქვს - გაქვს, თუ არა - არა... მე შენ
სანამ გნახავდი, ჯერ კიდევ მანამ გულის ფიქრით მოგაგენი, გიპოვე, აღმოგაჩინე და გულის ფიქრითვე
უნდა ვუტრიალო შენს სიყვარულს, რადგან უფიქროდ, ლაღად და ალალად გულის გახსნა ჩემი ნებისა
კი არაა, შენი ნებისაა და იყავნ ნება შენი... ეგებ ფიქრიც და სიცოცხლეც იმისთვის გვაქვს ბოძებული,
რომ ძალისხმევით, საკუთარი ნებისყოფით მივდიოთ სიყვარულს, რადგან სხვა გზა გულის
გასახსნელად, ზეგარდმო მადლის მისაღებად მე არ მიჩანს და არც მწამს...

-ჩემი ჭკვიანი გოგო, - ბაკური ლუდს გადაწვდა, ერთი ყლუპი მოსვა და ჩაფიქრდა. - ამ
წუთებში შენ ჩემი ხარ, შენ მეხები, მაგრამ ეს ცხოვრება უნიათობად მეჩვენება. საიდანღაც
გამოგდებულის შეგრძნება მეუფლება. ცხოვრება ხომ დანაკარგების ჯამია და შესაბამისად მუდმივი
განცდა იმისა, რომ იქ, სადაც თავს კარგად გრძნობ და სად ყოფნის სურვილიც გაქვს - არ ხარ და არც
არასდროს იქნები... ირგვლივ ცხოვრებაა - საქმე, სიყვარული, ჭირი და ლხინი. თითქოს ყველაფერია
ბედნიერებისათვის, მაგრამ სულში ბოღმაა დაკარგულ გზაზე, ხელიდან გაშვებულ ცხოვრების
ვარიანტებზე... და სევდა... - რა გაუძლებს იმ სევდას, რომელიც თუნდაც შენ მომიტანე. იქნებ
შემიძლია თავი ავარიდო ამ სევდას? იქნებ ეს ის სევდა არ არის, ყველას რომ გარდაუვლად ელის?
ბოლომდე უნდა ველოდოთ, მარიკა, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი. დრო თვითონ დახსნის კვანძებს,
დაგვაშორებს, შეგვაერთებს, გვაიძულებს,,, და, თუმცა იღბალი საერთოდ არ მწყალობს, მაინც უნდა
ვძლიო ეგოიზმს... შენ შეიძლება ქედმაღალი, არაგულწრფელი გეგონო, მაგრამ მიხვდები ოდესმე, რომ
გულწრფელი ვარ, მუდამ უშუალო და ჩემი ბრალი არ არის, თუ ბუნებით ცივი სხვაზე არანაკლები
ნაგიჟარი ვარ. ასეთი ვარ და არაფერი მაქვს დასამალი... ლუდი არ გინდა?

-არა.

-კმაყოფილი ხარ ჩვენი პატარა მოგზაურობით?

-ძალიან, ბაკურ! - მარიკას უცებ თვალები აუციმციმდა. - გინდა აქედან ეგვიპტეში წავიდეთ?

-გაგიჟდი?

-რატომაც არა? ჩემი ქმარი ორი თვის შემდეგ ჩამობრძანდება, ჩვენ კი ორ კვირაში მთელ
არაბულ სამყაროს მოვივლით. ხომ ვიცი, შენი ერთადერთი საყვარელი ქვეყანა, რატომღაც,
ეგვიპტეა.მოსულა?

-მერედა ,,სპონსორობას” ვინ გაგვიწევს?- ხმამაღლა გაეცინა ბაკურს. - სულ ათასი დოლარიღა
მაქვს დარჩენილი. ეს ბენზინშიც კი არ გვეყოფა. ჩავიდეთ საქართველოში და იქიდან წავიდეთ.

მარიკა წამოჯდა. სწრაფად გადაიცვა. შამპანური მოიყუდა და მაცივარზე დაუდევრად


დაგდებულ ტყავის დიპლომატს მისწვდა. ეს დიპლომატი მთელი გზა, მთელი ერთი კვირა მანქანის
უკანა სავარძელზე ეგდო. გახსნა და საწოლზე დააგდო:

-შეგიძლია დათვალო...

თხუთმეტი ათასი დოლარი მაცდურად შეჰყურებდა ბაკურს.

-საიდან ეს ფული?
-ხილი მიირთვიო, შენ არ გაგიგია? მაგრამ მაინც გეტყვი. ბოლო ჩამოსვლაზე ქმარმა ოცდაათი
ათასი დამიტოვა. აქედან თხუტმეტი აქ წამოვიღე.

-ყოჩაღ! მომწონს შენნაირი წინდახედული ქალები, მაგრამ შენ თუ იცი, რომ მე ქალების
ხარჯზე არასდროს მიცხოვრია?

-ბაკურ!

-არავითარი ბაკურ! დაკეტე ეს დიპლომატი და უკან წაიღე. ასე სჯობია, მარიკა. ძილი
გამიკრთა, წყალი უნდა გადავივლო...

მარიკა დამუნჯებულივით, განცვიფრებული უყურებდა კაცს, ახალგაზრდა კაცს, ვინც უარი


თქვა დროსტარებასა და უცხო ქვეყნებზე. მან არ იცოდა, რომ ბაკური, ვისაც ქმრის შემდეგ პირველად
გაუღო გული, ხან მონტე-კრისტოს მღვიმეების მფლობელივით მდიდარი იყო, ხან კი სიგარეტის
ფულიც არ ჰქონდა ჯიბეში...

III თავი

-ალო! საინფორმაციო-სადაზვერვო სამმართველოა?

-დიახ! ვინ გნებავთ?

-გაწუხებთ... მაიორი გადალენდია მინდოდა...

-ახლავე, ერთი წუთით...

-მაიორი გადალენდია გისმენთ! - გაისმა ყურმილში ბოხი, სასიამოვნო ბარიტონის ხმა.

-თენგიზ, გამარჯობა შენი, ლევანი ვარ, ბიჭო.

-ოო! თავდაცვას ჩვენი უმდაბლესი სალამი! სად ხარ, სად დაიკარგე, ორი დღეა შენ გეძებ.

-ხომ არაფერია იმ საქმეზე?

- ,,ვინც ეძებს, ის პოულობს”, ხომ გაგიგონია ჩვენი ,,უფროსი ძმის”, რუსის ანდაზა...

-ნუ გადამაყოლებ ახლა, ანდაზები და ანეგდოტები შემდეგ. იპოვეთ? - მღელვარება გაისმა


არჩვაძის ხმაში...

-არა , ბიჭო, და თავდაცვის სამინისტროს ვგავართ ჩვენც. შენთან იყავი. ათ წუთში მანდ
ვიქნები!

,,ეს ქილიკი კიდევ ვერ მოიშალა ამ ხნის კაცმა”, - გაეღიმა გულში ლევანს. თენგიზ
გადალენდია მისი თანაკურსელი, ბავშვობის მეგობარი იყო, ერთად დაამთავრეს იურიდიული
ფაკულტეტი. შემდეგ კი მათი გზები გაიყარა, მაგრამ მეგობრობა უფრო განამტკიცეს და შეაკავშირეს.
კარი შემოაღო თენგიზმა, ხელის აწევით მიესალმა ლევანს და და დივანზე კი არ დაჯდა,
დაეცა.

-აბა მოყევი! - ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ლევანიც მის გვერდზე ჩამოჯდა.

-ცოტა ხანს მადროვეთ, ბატონო გვარდიის პოლკოვნიკო, ალბათ შეიძლება თქვენი ,,ქემელიც”
მოვწიო თქვენი ნებართვით?! - სიგარეტის კოლოფი ხელში შეათამაშა. - ნეტა რომელი
კომერციულიდანაა დაყაჩაღებული?!

-მორჩი მაიმუნობას! - ვეღარ შეიკავა თავი არჩვაძემ.

-მართლაც დროა, ლევან, საქმეზე გადავიდეთ. საქმე, რომელიც ჩვენ გადმოგვეცით, როგორც
იტყვიან, ალჩუზეა, - ცოტა ხანს შეჩერდა და რატომღაც გამომწვევად შეხედა პოლკოვნიკს. - კიდევ
მეტყვი ალბათ, მაიმუნობო, მაგრამ როგორ არ ვიმაიმუნო, როგორ არ დაგცინოთ, როცა საკუთარი
სამინისტროს ოფიცრის მოძებნას გვავალებს ჩვენ, უშიშროებას?

-ბაკურ ფხოველი ჩვენი ოფიცერია? - ენა ჩაუვარდა ლევანს. - ალბათ ფრონტზეა ახლა...

-მაცადე! - პროტესტი ხელის აწევით გამოხატა გადალენდიამ. - მაშ ასე: ბაკურ ზურაბის ძე
ფხოველი ჯერ კიდევ ორი წლის უკან გახლდა ერთ-ერთი თქვენი ბატალიონის ასეულის მეთაური,
უფროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით. მგრამ ეს ფიქტიურად.

-როგორ ფიქტიურად?

-ჭრელად! - ეშმაკურად ჩაეცინა დაზვერვის ოფიცერს. - ფაქტიურად, ესე იგი სინამდვილეში,


ბაკურ ფხოველი იყო თქვენი სამინისტროს სპეცდანიშნულების სადესანტო გასაიდუმლოებული
ჯგუფის უფროსი და უშუალოდ ემორჩილებოდა მხოლოდ და მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს,
ბატონ ზვიად გამსახურდიას...

ლევან არჩვაძემ გაოცებისგან წაუსტვინა.

-ახლა ალბათ ქობალიასთანაა?

-ნუ ვიჩქარებთ ადამიანის შეფასებაში. ის ქობალიასთან არ გახლავს. არც ყოფილა არასდროს.


როგორც კი თბილისის ომი ატყდა, ყველაფერი მიატოვა, დატოვა თბილისი და თავის მშობლიურ
მთებს მიაშურა. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა იქ, როგორც ყველა მთიელი ახალგაზრდა,
თევზაობდა, ნადირობდა, შეშას ჩეხდა, თივას თიბავდა, კითხულობდა, ქალებში ერთობოდა და
ჟიპიტაურს სვამდა...

-რას? რას სვამდა? - ვერ გაიგო ლევანმა.

-ჟიპიტაურს! - გაეღიმა გადალენდიას.

-ეგ რაღა ჯანდაბაა?

-ეხ, ძმაო, ეგ არი, თუ არი... ერთხელ დავლიე და მისი გემო დღესაც მახსოვს. თბილისში
მომავალი, მახაჩკალაში გამოვფხიზლდი. ხილის, ვაშლის და მსხლის არაყს ეძახიან ჟიპიტაურს.
-შენი ჟიპიტაური აღარ მაინტერესებს, ბოლო-ბოლო სადაა ახლა ის ბიჭი?

-ჩვენიდან ძალიან შორს, მაგრამ ეს პლანეტა არც ისე დიდია, რომ ჩვენი დაზვერვის ბიჭებმა
კაცი ვერ იპოვნონ, - თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა, - თუ ეს აუცილებელია. ერთი კვირის უკან,
ლევან, ბაკურმა მანქანით, ქალთან ერთად, გადალახა სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის
რესპუბლიკაში გადავიდა.

-და საითაა მისი მარშრუტი?

-ეშმაკმა იცის.

-იქნება მთელი წლით წავიდა?

-საქმე ისაა, რომ მაქსიმუმ ორ თვეში მისი თანმხლები ქალი აქ უნდა იყოს.

-ვინაა ეს ქალი?

-თბილისის უმდიდრესი კაცის, რესპუბლიკის ერთ-ერთი აღიარებული ბიზნესმენის მეუღლე,


ახალგაზრდა, სულ ოცდაშვიდი წლის ულამაზესი ქალია, და ახალგაზრდობისდა მიუხედავად უკვე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

-მერე და რა იცი, რომ ორ თვეში ჩამოვა?

-ახლა მაისია. ივლისის ბოლოს ბატონი ბიზნესმენი შტატებიდან ჩამოდის და ბუნებრივია


მეუღლე სახლში უნდა დახვდეს. ერთგული მეუღლე!- დააკონკრეტა თენგიზმა.

-თენგიზ, მე არ მაინტერესებს სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ ის ბიჭი უახლოეს მომავალში,
უფრო სწორედ, ამ რამდენიმე დღეში აქ უნდა იყოს. შეგიძლია ამაში დამეხმარო? მე პირობა მივეცი
მინისტრს და შენი დახმარებით, იმედი მაქვს, შევძლებ ამას.

-თუ თურქეთშია და მის ფარგლებს არ გაცილებიან, მაქსიმუმ ხუთ დღეში ჩამოვიყვანთ. იქაურ
კოლეგებთან კავშირი არის. ჩემი ხალხი ამაღამვე გადავა თურქეთში. მაშ ნუღარ ვაყოვნებთ. რაკი
საქართველოს ბედი ჩემზე ყოფილა დამოკიდებული, დედას ვუტირებ, - თავისებურად გაიქილიკა
თენგიზმა და კარებთან მისული უცებ შემოტრიალდა. - როგორ მიყვებოდი, ბაკური რას ახატავდაო
შემთხვევის ადგილზე ავღანეთში?

-შავ ეშმას და ,,შავ სატანას” აწერდაო ინგლისურად, ასე მითხრა გიამ.

-ოქეი! - გადალენდიამ ფაშისტი ოფიცერივით ხელი მაღლა აისროლა და კარები გაიჯახუნა.

IV თავი

-მართალი უთქვამს პოეტს: ,,გწამდეს, ბუნების ქარიშხალი მალე დაცხრება, ქარიშხლის შემდეგ
ცხრათვალა მზე გამოაშუქებს”, - მხიარულად ტიტინებდა მარიკა და ახალთახალ, ინგლისური
წარმოების შავ კოსტუმში გამოწყობილ ბაკურ ფხოველს ჰალსტუხს უსწორებდა. შვენოდა ხმელ-ხმელი
ტანის, ბეჭებში ლაღად გაშლილ კაცს კოხტად მორგებული კოსტიუმი და შავი სათვალე.
კმაყოფილებით შეავლო თვალი სარკეში საკუთარ თავს. მარიკას შეხედა. ელავდა მარიკა.
სადედოფლოდ გამზადებულს ჰგავდა თეთრ ტანსაცმელში. თავი ვერ შეიკავა, ისეთი ლამაზი,
საყვარელი იყო იმ წუთას. მიუახლოვდა.

-იცი რა მინდა?

-ბრძანეთ, თუ შემიძლია...

-მინდა თვალები დაგიკოცნო...

-დახუჭული თუ გახელილი? - გაეცინა.

-ორივე მდგომარეობაში!

-მეც საღებავი არ წამეშალოს! - თვალები დახუჭა. - შეგიძლიათ...

მარიკა თვალებზე ფანქარწასმული არასდროს ენახა ბაკურს. ქალი იყო სადა და უბრალო,
მაგრამ მიმზიდველი ,,როგორც თოვლი სპეტაკი, როშკის მწვერვალისა”. - კონსტანტინეს ეს სიტყვები
გაახსენდა ფხოველს და უცებ რაღაცამ გაყინა, რაღაც მოგონებამ... უცებ ირინა გაახსენდა. ირინა,
რომელიც აქედან ძალიან შორს იყო, მაგრამ ვისი გულისათვის სიცოცხლეს, არც დაფიქრდებოდა, ისე
გასწირავდა, ირინა, ვისგანაც მას უკვე ღრმა უფსკრული აშორებდა...

-ქალაქში გავდივართ, მაგრამ კონკრეტულად სად?

-მარიკა, დღეს რა რიცხვია, თუ გახსოვს?

-ოცი მაისი გახლავს, ჩემო სიცოცხლევ.

ბაკურმა კოსტიუმის ჯიბიდან პასპორტი ამოიღო, გადაშალა და გაუწოდა. მარიკამ


ყურადღებით ჩაათვალიერა და უცებ სიხარულმა იელვა მის თვალებში.

-გილოცავ დაბადების დღეს! - კისერზე შემოხვია ხელები. - იცი? უნდა გაკოცო იმდენჯერ,
რამდენი წლისაც გახდი დღეს, სტამბულში, სასტუმრო ,,ისტამბულში”...

-კოსტიუმი არ დამიჭმუჭნოთ, ქალბატონო მარიკა! - წარბი აქაჩა ბაკურმა - კოცნას მერეც


მოასწრებთ.

-კარგით, ბატონო, ის მაინც მიბრძანეთ, სად აპირებთ თქვენი დაბადების დღის აღნიშვნას?

-ოო, აი ეს უკვე შეკითხვაა, სად და ეგვიპტეში!

მარიკას სიხარულის შეძახილი აღმოხდა.

-არა, მარი, სახელმწიფო ეგვიპტეში კი არა, აქ, რესტორან ,,ეგვიპტეში”, ხოლო ორ დღეში
საქართველოში უნდა დავბრუნდეთ.

ცივად აჟღერდა ბაკურის ხმა...


-დღეს საქართველოში ომია, იხოცებიან ჩვენი ბიჭები, ეწირებიან ამ უაზრო პოლიტიკოსების
ბინძურ თამაშს, თამაშს, რომელსაც ომი, რომელსაც კაცისკვლა ჰქვია... რატომ არ მეკითხები, რატომ
ფრონტზე არა ვარ ამ წუთში? იმიტომ, რომ ყელში მაქვს ამოსული სისხლი, ცრემლი და უბედურება.
გახსოვს, რომ გითხარი, ჩემში ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაკლეს შიშის გრძნობა-მეთქი? ასე იყო ეს... კრავი
ვიყავი და მაქციეს მგლად, რომლის ნავალზე მხოლოდ ნანგრევები და გვამები რჩებოდა... ღმერთი
მოჰკითხავს კომუნისტებს ცოდვებს, სიკეთისათვის გაჩენილ ბიჭებს, თვრამეტი-ოცი წლის ბიჭებს
ხელში იარაღი რომ აგვაღებინეს და უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ხალხზე
დაგეშილი ძაღლებივით მიგვიშვეს...

მარიკა ერთ ადგილზე გაშეშებულიყო და თვითონაც ვერ ამჩნევდა, როგორ სცვიოდა


ცრემლები. ერთ წერტილს მიშტერებული ბაკურის მზერა იყო ცივი, როგორც ანატეხი ყინულისა...

-წუხელ შენ რომ დაგეძინა, ამათმა მოამბემ, თუ მაცნემ გადმოსცა ფრაგმენტები ჩვენიდან.
ცეცხლი, ტყვია და კოშმარი ტრიალებს საქართველოში. გადავწყვიტე სასწრაფოდ უკან დაბრუნება.
ჩემი ადგილი მხოლოდ იქაა. როცა ბავშვებს დანებზე აგებენ, ქართველ ფეხმძიმე ქალებს მუცლებს
უფატრავენ და ცეცხლში ყრიან, მე ეგვიპტეში წავიდე სამოგზაუროდ?! მხოლოდ ღმერთმა უწყის,
როდის წარვსდგები ყველაზე დიდ სასამართლოზე, სადაც ცოდვა მადლს წონიან ხოლმე.
კაცობრიობისთვის ნაწამები უფალი იესო ქრისტე ისევ ადამის ძეთ აცვეს ჯვარს, მაგრამ მან აპატია,
რამეთუ ის ღმერთი იყო. მე კი ვერ ვაპატიებ ვერც აფხაზს, ვერც რუსს და კაზაკს ჩემი ხალხის გაწამებას
და დაგლახავებას, რადგან მე ადამიანი ვარ, უბრალო მოკვდავი, ბოროტი, ეშმასთან წილნაყარი და
თავზეხელაღებული. კარგა ხანია ცხოვრება მომბეზრდა, სიკვდილს ვეძებ დღითა და ღამით, მაგრამ არ
მოდის... რამდენი ტყვია ამცდენია ფეხზე მდგომარეს და დამალულ კაცს მოხვედრია... ბედი
მწყალობდა... იქნება ღმერთმა შემომინახა ამ დროისთვის? სადაც ვიწრო იყოს, დაე იქ გაწყდეს... აწი
ბევრჯერ ნახავენ აფხაზები მათ გადამწვარ სახლებზე მიხატულ შავ ეშმას...

-რას? რა თქვი ბაკურ?- მარიკას უკვე ხმამაღალ ქვითინს აღარაფერი უკლდა. უცებ
გამოფხიზლდა ბაკური, ბართან მივიდა, კონიაკს საცობი მოხსნა და პირდაპირ ბოთლიდან მოსვა.
ცოტა ხანს ერთ ადგილს მიაყინა ისევ გაფითრებული მზერა და რომ შემობრუნდა, მარიკას წინ კვლავ
მშვიდი და მომღიმარი ბაკურ ფხოველი იდგა.

-მაპატიე, მარიკა, მაპატიე, თუ შეგიძლია ეს უცაბედი, უტაქტო გამოხტომა. მოდი თვალები


მოგბანო...

-იყოს, მე თვითონ! - მარიკამ თავი უცებ აიყვანა ხელში. მოწესრიგდა.

-საპატიებელი არაფერი გაქვს, პირიქით. მე მხოლოდ იმიტომ მიყვარხარ, რომ ასეთი ხარ, და
მეყვარები სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ ასეთად დარჩი...

ნომრიდან გამოვიდნენ. სასტუმროს ვესტიბული ხალხით იყო სავსე. ღიმილიანი მზერით


აცილებდა ყველა შესანიშნავ წყვილს. უკვე მანქანასთან იყვნენ მისულნი, რომ მარიკა უცებ შეჩერდა,
მანქანის გასაღები ბაკურს შეაჩეჩა ხელში და უსიტყვოდ უკან შებრუნდა.ბაკურმა შენიშნა, რომ მარიკა
რაღაცას სთხოვდა სასტუმროს ადმინისტრატორს. შენიშნა ისიც, რომ დოლარების საკმაოდ სქელი
დასტა ჩაცურდა ნაცნობი ადმინისტრატორის ჯიბეში. ბოლოს ორივე მანქანისაკენ წამოვიდა. თურქმა
უკანა სავარძელზე მოიკალათა. ათიოდე წუთში მანქანა გაჩერდა. ბაკურს არაფერი უკითხავს. შენობა,
რომლის წინაც იყვნენ გაჩერებულნი, მაღაზიას წააგავდა უფრო. თურქი და მარიკა შიგ შევიდნენ. ასე
თხუთმეტ წუთში გამობრუნდნენ. მარიკას შეხვეული, რაღაც პატარა მძიმე საგანი ეჭირა ხელთ.
მანქანასთან თურქს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და საჭეს მიუჯდა.

-საიდუმლოდ აკვარახჭინებ რაღაცეებს?

-არავითარი საიდუმლო, ბაკურ, უბრალოდ მინდოდა დაბადების დღე მომელოცა. ეს ვარჩიე


ყველაფერს...

ბაკურმა შეხვეული გახსნა და თვალები გაუბრწყინდა. ხელში ეჭირა მსოფლიოს ერთ-ერთი


უნიკალური პისტოლეტი ,,ბერეტა”, მოოქროვილი კორპუსით და ორასი სათადარიგო ტყვიით. იქვე,
მაღაზიაში, წაეწერებინა მარიკას ტარზე: ,,ბაკურს- ბოროტების ამოსაძირკვად. მარიკა მალაშხია”.

სიყვარულით შეავლო თვალი ქალის დაფიქრებულ, ნაღვლიან სახეს.

-მადლობელი ვარ! - ბაკურმა მჭიდი ტყვიებით გატენა, ტარში შეაცურა და პიჯაკის ქვეშ
გაირჭო იარაღი.- მაგრამ საზღვარზე როგორ გინდა ამის გადატანა?

-ეგ ჩემზე იყოს! - მარიკას სახეს ნაღვლიანი ღიმილი არ შორდებოდა. - სადაა ეგ რესტორანი
,,ეგვიპტე”?

-ზღვისპირას, ბაღში, სადაც გუშინ ვიყავით.

-ბაკურ, ერთი სათხოვარი მაქვს, - მანქანა დაძრა. - მე ვიცი, რომ შენ პოეზია გიყვარს, რომ
ლექსის მანიაკი ხარ. ძალიან გთხოვ, მითხარი რამე თუნდაც პატარა, მაგრამ შენთვის საყვარელი ორი
ლექსი.

გაეცინა ბაკურს. სიგარეტს მისწვდა.

-მაინცდამაინც ორი? ერთი რომ იყოს, ან სამი?

-თუ სამი იქნება, ძალიან კარგი, ერთი კი არავითარ შემთხვევაში...

-იცი, მარიკა, მე გრანელი მიყვარს ძალიან. მაგრამ ამ წუთში სულ სხვა აზრები მომდის თავში...

,,ხშირად რომ მხედავთ ასე დარდიმანდს

და ყველაფრისგან მოცლილს,

იცოდეთ ყველამ! ჩემი დარდი მაქვს,

და... ჩემი ჟამი ლოცვის...”

-ეს ერთი. ჩამეთვალა? - კითხვანარევი მზერით შეხედა მარიკას.

-დიდებულია! საუცხოოა! - სვლა არ შეუნელებია, ისე გადმოიწია და აკოცა. - მეორე?

-ხელჩანთაში სარკე გაქვს?

-ბატონო?!
-სარკე მინდა, მარიკა! ჩქარა! - და როცა გაოგნებულმა ქალმა სარკე მიაწოდა, ნელა ასწია
სარკიანი ხელი და სარკიდან თავის უკან მიმყოლ მანქანების ნაკადს გახედა. გაეღიმა. მწიფე
შინდისფერი ,,09”, საბჭოური წარმოების, საქართველოდან უცხოეთში გასასვლელი ნომრებით, კუდში
ედგა. ეს მანქანა ჯერ კიდევ დილას შენიშნა სასტუმროსთან. მანქანაში მჯდომი სამი ახალგაზრდა მას
მისჩერებოდა და მისი მზერა როგორც კი იგრძნეს, იქით-აქეთ დაუდევრად დაიწყეს ყურება. მეოთხე
ქერათმიანი, სასიამოვნო გარეგნობის გოგონა ახლდათ, მძღოლის გვერდით მჯდარი. ,,ნუთუ?” -
გაუელვა გუნებაში. მაგრამ არა, მას არაფერი ჰქონდა იმნაირი გაკეთებული, მისთვის რომ
საქართველოში დევნა დაეწყო ვინმეს... ,,მაშ რა ხდება?”

-მარი, შენ შემოგევლე, გაზი მიეცი და რაც შეიძლება დიდი სისწრაფით შევარდი იმ ჩიხში! -
მარჯვნივ ანიშნა. მარიკამ ბაკურის მშვიდ სახეს, მაგრამ აელვარებულ თვალებს რომ შეხედა, მიხვდა,
რომ მათ თავს რაღაც არასასიკეთო იყო და ნელა მიმავალი მანქანის ძრავის უეცარმა აღმუვლებამ და
საბურავების ღრჭიალმა დააფრთხო გარშემო მდგარი ადამიანები. ,,09” კვალში ჩაუდგა...

-შეატრიალე და რესტორანთან შეაჩერე!

-რა ხდება?

-მეც არ ვიცი, მარიკა. ვიღაც ლაწირაკები გვდევენ დღეს მთელი დღე.

ბაკურს საოცარი სითბო ჩაეღვარა, როცა შენიშნა, მარიკაზე არავითარი რეაგირება ამ სიტყვებს
რომ არ მოუხდენია. მანქანა უკუსვლით დაძრა და ,,მდევრებს” კედელს რომ არ მიეგდოთ მანქანა,
ალბათ ზედ გადაუვლიდა...

აზიური, წყნარი, სევდიანი ჰანგები ეფინა ირგვლივ. ხალხმრავლობა იყო ამ საოცარ, ზღაპრულ
რესტორანში. უკვე მთელი საათი ისხდნენ და აქ ყოფნა ალბათ არც მოსწყინდებოდათ, რომ არა
სულისშემხუთავი სიცხე, უსაშველო და აუტანელი. ათასფერებში იყო აელვარებული დარბაზი. იყო
თითქმის სიბნელე, იყო სიცოცხლის საოცარი გასხივოსნება და ინტიმური გარემო.

-ესე იგი სამი დღის შემდეგ ყველაფერი მთავრდება? - თითქოს თავისთვის, წყნარად
ჩაილაპარაკა მარიკამ, ისე რომ დარბაზში ანთებული ერთადერთი ნათურისათვის თვალი არ
მოუცილებია.

-მარი,მისმინე, - ბაკურმა მის ხელს დაადო ხელი, ოდნავ მოუჭირა. - მე არ ვიცი, შენ რას ეძახი
ყველაფრის დამთავრებას. ჩემთვის პირადად ყველაფერი ეხლა იწყება. და, თუ გიყვარვარ, ეს საღამო
იყოს ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე. იცოდე, გახსოვდეს, ამ ქვეყნად არსებობს ადამიანი, ვინც
შენი გულისთვის ყველაფერზე წავა, მიუხედავად იმისა, რომ შენ გყავს მეუღლე, გაქვს ოჯახი, წრე,
რომელშიც ჩემნაირებს არ ღებულობენ, უბრალოდ, ვერ იგუებენ.

-ბაკურ!

-მაცადე! მე სრულფასოვან ადამიანად იცი როდის ვგრძნობ თავს? როცა მარტოდმარტო


პარაშუტით დავეკიდები ღამის სიბნელეში ცას, მტრის ტერიტორიის თავზე, როცა გარშემო ჩემიანი
არავინ მყავს და მხოლოდ საკუთარი თვალის და მკლავის იმედზე ვარ დარჩენილი. მითხარი, დღეს
ჩემნაირი განა სჭირდება ვინმეს? არავის!
-მე მჭირდება! გესმის? მე! - წამოიძახა მარიკამ და ის იყო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ
ოფიციანტი წამოადგათ თავს გორგოლაჭებიანი პატარა მაგიდით.

-ეს თქვენ მოგართვეს! - და დაიწყო მაგიდაზე ფრანგული შამპანურების გადმოლაგება.

-ჩვენ? - გაკვირვებით შეხედა მარიკამ ბაკურს და ელდა ეცა. სახე ანთებოდა ბაკურ ფხოველს,
ნერვიულად უცახცახებდა მარცხენა წარბი და გაყინული მზერა ერთადერთი ქართული წარმოების
კონიაკისთვის გაეშტერებინა, რომელიც შამპანურებს შუა ჩამოდგა ოფიციანტმა. ,,ვარციხეს” ეტიკეტის
თავზე მიკრულ თეთრ ქაღალდზე შავი ფანქრით ეხატა ეშმა და ქვეშ ლამაზი, გამართული ხელით
ინგლისურად იყო მიწერილი ორი სიტყვა; ,,შავი სატანა”.

უეცრად მუსიკა შეწყდა და ყველა სინათლე ერთად აინთო. რესტორნის სტუმრებს თვალი
მოჭრა ათას ფერებში აელვარებულმა სინათლემ. მეპატრონე, ორმოცდაათ წელს გადაცილებული
სქელ-სქელი ძია, ძვირფას აზიურ ხალათში გამოწყობილი, კრიალოსნით ხელში, ესტრადაზე შედგა და
ხმამაღლა გამოაცხადა:

-ბატონებო და ქალბატონებო! ჩვენი სტუმარი, ქართველი ხათუნი ეკა ბუჩუკური მიესალმება


და დაბადების დღეს ულოცავს ქართველ ტურისტს, ჩვენი რესტორნის სტუმარს, ბატონ ფხოველს
იუბილარის საყვარელი სიმღერით... გთხოვთ! - და ღიმილით მიუჯდა იქვე მდგარ მაგიდას.

ბაკურის გასაოცრად ესტრადაზე სწრაფი ნაბიჯით, გიტარით ხელში ავიდა გოგონა, რომელიც
მათ მადევარ მანქანაში იჯდა. შვენოდა სპორტული ჩაცმულობა და დაუდევრად მხრებზე დაყრილი
ქერა თმა. ნაზ, ჰაეროვან ტანს ისე მიარხევდა, ისეთი უშუალო, თავისუფალი ქცევის იყო, რომ სანამ
ხმას ამოიღებდა, უკვე მოხიბლა ყველა იქ მყოფი.

-ვინაა?! - მარიკა შემფასებელი თვალით, ოდნავ თვალმოჭუტული მისჩერებოდა ეკას.

-წარმოდგენა არა მაქვს!

-დავიჯერო? - ნაღველგარეული ირონიით შეხედა ვაჟს, მაგრამ როცა მის თვალებს ჩახედა,
ქალის, შეყვარებული ქალის ალღოთი მიხვდა, ბაკური გულწრფელი იყო.

ნაზად, საამოდ აჟღერდა გიტარა და სალონში გაისმა გალაკტიონის სიტყვები: ,,ვერხვის


ფოთოლთა თეთრი ლაშქარი...” მღეროდა ეკა, მღეროდა აქ მყოფთათვის უცნობ, ქართულ ენაზე,
მაგრამ ყველა ისეთი სულგანაბული მისჩერებოდა, აშკარა იყო, ქართველმა ქალიშვილმა უცებ
დაიპყრო ყველას გული... აშკარა იყო ისიც, რომ ინსტრუმენტი მის ჯადოქარს ეპყრა ხელთ...

მორჩა სიმღერა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი უეცრად მთელი დარბაზი წამოიშალა
და ტაშისცემამ გააყრუა იქაურობა. ,,ბრავო”, ,,ბრავო”, ,,ბის”, ,,ბის”! - ისმოდა შეძახილები...

-ეტიკეტი დაიცავი! - მოესმა გაოგნებულს მარიკას ჩუმი, მაგრამ მბრძანებლური ხმა. - თავი
შეიკავე!

ბაკური წელში გამართული, ნელი ნაბიჟით გაემართა მაგიდებს შუა ეკასკენ. შედგნენ
პირისპირ.
-გმადლობთ! დიდებული სიურპრიზია... განსაკუთრებით კონიაკი! - ნაწყვეტ-ნაწყვეტად,
ხმადაბლა უთხრა ბაკურმა და ლოყაზე აკოცა. ახედ-ჩახედა უცხო თვალისაგან შეუმჩნევლად და მზერა
ქალიშვილის ,,შორტებზე” შეაჩერა.

-ამ ,,შორტებით” ხშირად მღერით თურქებთან? - სამაგიერო გადაუხადა, მაგრამ იმავე წუთში
ენაზე იკბინა. ეკა გაფითრდა და ისეთი საყვედურნარევი მზერით შეავლო ცისფერი თვალები, ბაკური
შეცბა.

-გრცხვენოდეთ! არ მოველოდი თქვენგან. აქ რომ მოვდიოდი, მეგონა ოცნებაში წარმოდგენილი


ჯენტლმენისკენ მივისწრაფოდი... რას იზამთ. ყველა ,,მერსედესით” არ დასრიალებს ამ ქვეყნად და
ყველა არაა ბრილიანტების დედოფალი, - მარიკასკენ გაექცა მზერა. - მე და ჩემს მეგობრებს
სასწრაფოდ თქვენი ნახვა გვსურს.

-ვინ ბრძანდებით?

-საქართველოს უშიშროების კომიტეტიდან ვართ. აუცილებელი, სასწრაფო საქმეა. აგერ


ისინიც.

-ვინ ისინი?

-ჩვენები! - ეკამ მკლავში ხელი გამოსდო და შემოტრიალდნენ. ისევ ტაში გაისმა. დარბაზი უკვე
იუბილარს ესალმებოდა. ბაკურიც და ეკაც იღიმებოდნენ, თითქოს მთელი ხუთი წუთი სასიამოვნო
კომპლიმენტებით უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს.როცა მგიდებს შორის გზას მიიკვლევდნენ, ეკამ
ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ, ისევ ღიმილით წარმოსთქვა:

-ბაკურ, მე თქვენზე ბევრი რამ ვიცი. მე თქვენ არაფერს გასწავლით, მაგრამ უცხო ქვეყანაში
პიჯაკქვეშ პისტოლეტგარჭობილი არ უნდა დადიოდეს ტურისტი...

მარიკა ელოდათ. ბაკურმა ქალები ერთმანეთს გააცნო და შემობრუნდა. ღიმილით შეეგება


ვაჟებს, რომლებიც უკვე მათ მაგიდას მიადგნენ. სამივემ მიულოცა დაბადების დღე. ოფიციანტმა
სასწრაფოდ განაახლა სუფრა.

-ბაკურ, გვაპატიებ ალბათ, - გაეცინა ქერა, მაღალ ბიჭს, - მაგრამ ორით ერთია ჩვენს
სასარგებლოდ.

-გეთანხმები, ერთით ნოლი იყო მაშინ, როცა შეგნიშნეთ და როცა ასე სულელურად
გამომეკიდეთ უკან, მერე კი უცებ ორი ქულა მოაგროვეთ, - ჩაფიქრებულმა შეხედა ბიჭებს.

-მე ამასთან, - მარიკას გახედა, - დასამალი არაფერი მაქვს. ჩემი დაპატიმრება რომ გდომოდათ,
თურქეთში არ დამიწყებდით ძებნას, ასეა?

ყველამ უხმოდ დაუქნია თავი.

-აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ რაღაც მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ, რაკი გავახსენდი
ვიღაცას, მაგრამ რა? და მოხდა რაღაც ისეთი, რასაც კავშირი აქვს ჩემთან და ავღანეთთან. თქვენ ჩემს
შესახებ ყველაფერი იცით, ამას მოწმობს ეს! - კონიაკის ბოთლი აიღო ხელში და ნახატს შეხედა.
გაეღიმა, კალამი ამოიღო ჯიბიდან. - საქმე ისაა, ძმებო, რომ მე ურქო ეშმაკს ვხატავდი, - ნახატზე
გამოსახულს რქები წააშალა. - თუ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, იქნებ აქვე გამარკვიოთ საქმეში?

ეკას შეხედეს...

-რადგანაც ჯგუფის უფროსი მე ვარ, - ხმადაბლა დაიწყო ეკამ და როცა ბაკურის ირონიული
გამოხედვა შენიშნა, თვითონაც გაეღიმა, - დიახ, მე ვარ ამ პატარა ჯგუფის სრულუფლებიანი
ხელმძღვანელი, დაზვერვის კაპიტანი ეკა ბუჩუკური, - ქერა მაღალ ბიჭს გადახედა. - ეს ჩემი ღვიძლი
ძმა გახლავთ, ხშირად მეხმარება საქმეებში...

ეკამ უცებ მოიწყინა.

-ჩვენ არც დედა გვყავს, არც მამა და, სხვათა შორის, ბაკურ, შენი რაიონიდან ვართ, ობლად
გაზრდილნი, - ეკამ წუთიერად შეხედა და მიხვდა, მარტოკები რომ ყოფილიყვნენ, ბაკური მუხლებზე
დავარდებოდა და ისე შესთხოვდა პატიებას წეღანდელი თავხედობისთვის. ეკას ღაწვები აუფერადდა,
უნდოდა დიდხანს, ძალიან დიდხანს ეცქირა მისთვის, ვისზეც ყველაფერი იცოდა, ვინც დღეს
პირველად ნახა და ვინაც ესოდენ მოხიბლა იგი. მაგრამ ბაკურს გვერდით მარიკა ეჯდა - მართალია
სხვისი ცოლი, მაგრამ მაინც...

-ეს ბიჭი, - შავგვრემანი, ტყავისქურთუკიანი ბიჭისკენ გაიხედა, - ჩემი თანამშრომელია, თემურ


კორძაია. ეს ბატონი კი, - მესამეს შეხედა, - აქაური კოლეგაა ჩვენი, წარმოშობით ქართველი. ჩვენი
მოკრძალებული ჯგუფი გაგაცანით. რაც შეეხება საქმეს, არაფერი ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ შენ
სასწრაფოდ საჭირო ხარ საქართველოში. ჩვენ მივიღეთ დავალება შენი მოძებნის. დავალება
შესრულებულია. ჩემთვის შენი ძალით იქ ჩაყვანა არავის უბრძანებია. ჩვენ გნახეთ და სათქმელი
გადმოგეცით. ახლა შენს სინდისზეა, გააგრძელებ მოგზაურობას თუ...

-ზეგ, საღამოს ათ საათზე თბილისში ვიქნებით!

ბაკურმა სწრაფად მოჭრა და მარიკას გადახედა.

-თუ საჭიროა, უფრო ადრეც! - ხმადაბლა. მაგრამ მტკიცედ თქვა მარიკამ.

-ვიცი, მჯერა თქვენი, - ბესიკმა, ეკას ძმამ, მარიკას შეხედა. - მე პოლიციის ოფიცერი ვარ და
არასოდეს ვისურვებდი, გამოვკიდებოდი დამნაშავეთა იმ მანქანას, რომლის საჭესთან თქვენ
იქნებოდით.

-გმადლობთ!... დამნაშავეთა მანქანა კი ღმერთმა მაშოროს....

დიდხანს ისხდნენ. მარიკამ ეკა მოხიბლა, ეკამ - მარიკა. ბიჭებმა არც აქ უღალატეს ქართულ
ტრადიციას და საკმაოდ შეზარხოშდნენ. საუბარს უმატეს. თურქთა დაზვერვის თანამშრომლი მამედ
თანდილ-ოღლი მთლად ენად გაიკრიფა. ბაკურს თვალები ამღვრეოდა ოდნავ.

-მაშ როდის აპირებთ გამგზავრებას? – მამედისგან დასმული ეს შეკითხვა ყველას ეხებოდა.

-ალბათ ხვალ დილით! - თემურმა ეკას ესროლა მზერა. ეკა შამპანურს წრუპავდა და ფხოველს
მისჩერებოდა. კორძაიას გაეღიმა. მუდმივად მამაკაცების გარემოცვაში მყოფ ეკას თემური პირველად
ხედავდა ვიღაცით ასე გატაცებულს. ,,კარგი არჩევანია, გიწონებ!” - გაჰკრა გულში.
-ბატონებო! - მამედი თითქმის სუფთად, ოდნავ აქცენტით ლაპარაკობდა ქართულად,
რადგანაც თბილისში დაემთავრებინა უნივერსიტეტი, - ხვალ ჩემს სოფელში, საიდანც ქალაქს
ჩამოვედი, ქართველთა დღესასწაულია. სულით და გულით გეპატიჟებით. ძალიან მინდა ნახოთ,
როგორ ცხოვრობენ თქვენი თანამემამულენი. მათაც მინდა თქვენი სახით დავანახო ქართველები,
ნაღდი ქართველები, არა ისეთნი, მხოლოდ დოლარებისთვის რომ ატალახებენ აქაურობას, ლაფში
სვრიან თქვენს და ჩვენს სახელს და უკანასკნელ სიბინძურეზეც არ ამბობენ უარს.

ეკას თვალები აუციმციმდა. მარიკამ ბაკურს შეხედა.

-ხვალ შაბათია, აქედან კვირას რომ წავიდეთ დილით, მგონი ჩავაღწევთ? - ძმას მიმართა ეკამ.

-ერთმანეთს შევცვლით საჭესთან. ჩავალთ.

-რა კარგია! - აცმუკდა ეკა. - მართალია პირველად ვარ უცხოეთში, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ
თავს უცხოობაში, - მამედს მიუბრუნდა. - ცხენები თუ ყავთ თქვენთან სოფელში?

-რამდენიც გნებავთ!

-მაშ ცხენიც მიჭენებია! - ყავის ფინჯანს ჩააშტერდა და ხმამაღლა იკითხა. - ,,რემბო” ატარებს
ცხენს? - დაუფარავი ირონია გაურია ხმაში. ბესიკმა თვალები გადაუბრიალა დას. ყველა მიხვდა ვისკენ
იყო შეკითხვა გამიზნული. ,,სამაგიეროს მიხდის”, შეუმჩნევლად ჩაიკვნიტა ტუჩი ბაკურმა. - ახიცაა
ჩემზე! რა ეშმაკმა მოაგონა ცხენი?”

-ეკა, მე ბოდიშს ვიხდი შენს ძმასთან, იმედი მაქვს არ ეწყინება ბესიკს, მაგრამ იცი, ცხონებულ
ბებიაჩემს რომ ენახე, რას დაგარქმევდა?

-რომელ ბებიას? - ცნობისმოყვარედ შეაცქერდა ეკა, - ნინოს თუ დარეჯანს?

ბაკურს სასმისი ხელში შეუტოკდა. ღვინო მაგიდაზე დაიქცა...

-შენ ჩემი ბებიის სახელებიც იცი?

-რას იზამ, პროფესიაა! - უბრალოდ თქვა ეკამ. - მაინც რას შემარქმევდა?

- ,,ახტაჯანას”!

-გმადლობთ, მაგრამ ბებიაშენი პირველი არ იქნებოდა, რადგან ბებიაჩემიც ზუსტად იგივეს


მეძახდა. ამას თავი დავანებოთ, მე წეღან რაღაც ვიკითხე, რისი პასუხიც არ გამიგია.

-მართალია მთაში დავიბადე, გავიზარდე და აღვიზარდე, მაგრამ ცხენზე არასოდეს


ვმჯდარვარ. დაკმაყოფილდა შენი ცნობისმოყვარეობა?

-სავსებით! - ეკა წამოდგა. - მარიკა, დროა ერთმანეთს დროებით გამოვეთხოვოთ. ამ


ვაჟბატონებს რომ ვუყუროთ, ალბათ ხვალამდე გააგრძელებენ ლოთობას. ხვალ როდის
გავემგზავრებით, ბატონო მამედ?

-ასე ცხრა საათისთვის.


მარიკაც წამოდგა, ჩანთა აიღო. თემური სასმისებს ავსებდა.

-თუ მამაკაცთა საზოგადოებას საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, მანქანაში დაგელოდებით, -


მარიკამ ბაკურს შეხედა.

ფხოველმა მხრები აიჩეჩა.

-არაფერი საწინააღმდეგო, ახლავე გამოვალთ ჩვენც.

როცა ქალები თვალს მიეფარნენ, ბაკურმა სასმისი ასწია და თემურ კორძაიას თვალი თვალში
გაუყარა:

-მოდით, საქართველოს სადღეგრძელო შევსვათ. მეხუთე დღეა, თემურ, ვგრძნობდი, რომ უკან
მდევდით, რადგან ინტუიცია, რომელიც წლებმა, ხიფათმა გამომიმუშავა, თითქმის არასდროს
მღალატობს. და არ ვიცოდი, რისთვის. ნუღარ დაჭირვებოდეს...

-უკაცრავად! გაწყვეტინებ, ბაკურ, მაგრამ ცდები. ჩვენ მხოლოდ დღენახევარია, რაც აქ ვართ.

ირონიულად, ცინიკურად ჩაიცინა:

-იქნებ სხვა ჯგუფია თქვენამდე გამოგზავნილი?

-არა! მხოლოდ ჩვენ ვართ! - თემურმა ბესიკს შეხედა.

-არა, ბიჭებო! ჩვენი ამ ქალაქში ჩამოსვლის პირველი დღიდან, ჩემი და მარიკას აქ


გამოჩენიდან, განუწყვეტლად გვითვალთვალებენ. ნუ მომჩერებიხართ ურწმუნოდ. მე არ ვარ ის კაცი,
ვისაც ოდესმე დევნის მანია შეიპყრობს. ამის შესახებ მარიკასთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა
შემეშფოთებინა...

გარედან სროლის ხმამ ჩაახშო ყველაფერი. შეყვირება, ავტომატის და პისტოლეტების ხმა,


მსხვრევა, ყველაფერი ერთმანეთში აირია და უცებ ჩაწყნარდა.

-ეკას ხმა იყო! - ბესიკმა გვერდზე მდგარ მაგიდას ფეხი ჰკრა, გზა გაინთავისუფლა და
ელვასავით გავარდა გარეთ. ბიჭები მიჰყვნენ.

დაჭრილი პოლიციელი, რესტორნის დაცვის თანამშრომელი, უკვე სულს ლევდა. მეორე,


ერთიანად დაცხრილული, მანქანას გადამხობოდა ზედ. რამდენიმე ქალი და მამაკაცი კუთხეში
მიყუჟულიყო და შიშით დაზაფრული ადგილიდან ვეღარ იძროდა.

იქვე ავტომატიანი ახალგაზრდა კაცის გვამი ეგდო კიბის საფეხურთან.

ბაკურმა სწრაფი, ფხიზელი მზერით გადაავლო თვალი მომხდარს და ეკასთან მიიჭრა.

თავისივე ,,09”-ის კაპოტზე ჩამოყრდნობილ ქალს გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა,


,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და ცივი, გაყინული მზერა მეავტომატის
გვამისათვის მიეპყრო. გამოთიშული იყო.

-მარიკა სადაა?! - მხრებში ხელი მოკიდა და შეანჯღრია ბესიკმა.


ეკამ მხოლოდ ახლა შენიშნა ბიჭები, მოდუნდა, მოეშვა და იარაღი ხელიდან გაუვარდა.

-გაიტაცეს! იჩქარეთ! - ამოიკვნესა და ძმის მკლავზე გადაესვენა.

ბაკურ ფხოველი იქვე მდგარ ხეს მიეყრდნო. მოეჩვენა, რომ სამყარო ინგრეოდა, თავზე
ენგრეოდა. ცამეტი წლის შემდეგ ნაიარევი აეწვა ბეჭებზე და გულისტკივილით მიხვდა, ისტორია
მეორდებოდა...

V თავი

მამედი სწრაფი ნაბიჯით მივიდა მოკლულთან, ავტომატი ააცალა, გადმოაბრუნდა და წელში


გასწორდა. განცვიფრებული დააშტერდა. ის არ გაუოცებია ეკას ზუსტად ნასროლს, მისგან გახვრეტილ
შუბლს. თანდილ-ოღლი თვით მოკლულის პიროვნებამ გააოცა. გადამცემი ამოიღო პიჯაკის შიგნით
ჯიბიდან:

-ლაპარაკობს დაზვერვის პოლკოვნიკი მამედ თანდილ-ოღლი.დაუყოვნებლივ დაუკავშირდით


ინტერპოლს და სასწრაფოდ აქ გაჩნდით! - კოორდინატები გადასცა.

პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები თითქმის ერთდროულად მოვიდა. პოლიციის


კომისარი წესის სრული დაცვით მიესალმა მამედს და როცა მოკლულს დახედა, ჯერ გაფითრდა,
შემდეგ კი:

-როგორც იქნა! - შვებით ამოისუნთქა - ვინ?

-იმან! - მამედმა ხელი გაიშვირა ეკასკენ, რომელიც უკვე მოგონებულიყო და ტუჩს იწმენდდა.

-მაგ ბავშვმა?! - ბუთხუზა კომისარმა ისეთი კაცის მზერით გახედა ეკას, რომელსაც არ სჯერა
ნათქვამისა. მამედს აფეთქებას აღარაფერი უკლდა.

-ეგ ბაშვი, კომისარო, დაზვერვის კაპიტანი გახლავთ, ჩვენი კოლეგა საქართველოდან და ეს


ბიჭები ყველა! - კბილებში გამოსცრა პოლკოვნიკმა თანდილ-ოღლიმ. - გატაცებული მათი მეგობარი
ქალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მის გატაცებას შეეწირნენ ეს პოლიციელები.
დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები. სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს რესპუბლიკიდან გამავალი ყველა გზა,
როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო. როცა ამ დონის ბატონი, - მოკლულს მიშვირა ხელი,
პირადად იღებს მონაწილეობას გატაცებაში, ამ შემთხვევაში საქმეს სერიოზული საფუძვლები აქვს,
გამიგეთ?

კომისარმა უხმოდ დაუქნია თავი.

-ინტერპოლს დაუკავშირდით?

-დიახ. ათ წუთში აქ იქნებიან.


-მიხედეთ საქმეს! - მამედი სწრაფად მივიდა თემურ კორძაიასთან. - თემურ, ბაკური მარტო არ
დატოვოთ, სანამ პრესა და ტელევიზია მოვლენ, წადით აქედან და ნომერში დამელოდეთ.

-გასაგებია! - თემური შეტრიალდა.

-მოიცა! - მამედმა თვალებში შეხედა. - იარაღი ყველას გაქვთ?

-ჩვენ კი. ბაკურს არ ვიცი.

-ძალიან კარგი.

მამედი მივიდა ბაკურთან, რომელიც არაფრისმთქმელი მზერით, იმავ ხეს მიყრდნობილი,


უაზროდ მისჩერებოდა პოლიციელთა ფუსფუსს. ,,მე მჭირდები! გესმის? მე!” ჩაესმოდა მარიკას ხმა.
მამედმა მკლავში მოკიდა ხელი:

-ბაკურ, რაც მოხდა, იმას ვეღარ ვუშველით. მიცვალებულებს ვერ გავაცოცხლებთ. ცოცხალს
სჭირდება ამ წუთას შველა. შენთან ნომერში დამელოდე. ესენიც შენთან იქნებიან.

,,კოლტი” ამოიღო.

-ა, ეს შენ. იქნებ დაგჭირდეს.

ბაკურს მწარედ გაეღიმა.

-გმადლობთ. მაქვს იარაღი, - ნელი ნაბიჯით მანქანისკენ წავიდა, იქვე დაგდებული მარიკას
ჩანთა აიღო. გახსნა, მანქანის გასაღები ამოიღო. არავისთვის შეუხედავს ზედ. მანქანა დაქოქა და
ტყვიასავით მოწყდა ადგილიდან.

სასტუმროსთან შეაჩერა. ჩანთა აიღო და მანქანა არც დაუკეტავს, სწრაფი ნაბიჯით შევიდა
სასტუმროში. ფეხით აუყვა კიბეებს. კარები გახსნა და ნომერში შევიდა ფრთხილად. ფეხზე შემდგარი
იარაღით. ნელა მოავლო თვალი იქაურობას.ყოველი ნივთი ისევე დახვდა, როგორც დატოვეს. აქ
არავინ იყო ნამყოფი. კონიაკის ბოთლს მისწვდა, მოხადა. სარკისკენ გაექცა მზერა. გაახსენდა დღეს
დილა, მათი საუბარი.

...მთელი ძალით ნატყორცნი ბოთლი კედელს შეასკდა.

აბაზანაში შევიდა. წყალი შეისხა სახეზე. იგრძნო, ცივ წყალს გამოჰყავდა მდგომარეობიდან.
სახე არც შეუმშრალებია, კარადა გამოაღო. ტანსაცმელს შეხედა. გამოიღო წინა დღეს ნაყიდი ტყავის
შარვალი, თავისივე ქურთუკით. შავი მაისური მოხვდა ხელთ. ყველაფერი დივანზე მიყარა,
ტანსაცმელი გაიხადა და გადაიცვა. ,,ბერეტა” ქურთუკის ქვეშ, ქამარში გაირჭო, სათვალეს დაავლო
ხელი და ნომრიდან უნდა გასულიყო, რომ დიპლომატი მოხვდა თვალში. გახსნა. ფულს არ აკლდა.
გონება საოცარი სისწრაფით მუშაობდა. ,,პირველი, რაც მჭირდება, ესაა მონახვა კაცის, ვინც
ინგლისურს ნორმალურად ფლობს. შემდეგ შემიძლია ძებნის დაწყება. ფული მაქვს, ჯერჯერობით
მეყოფა. პოლიციის იმედზე ჩემი მტერი დარჩეს... მაგრამ თუ თურქეთიდან გაიყვანეს?!” ეს აშინებდა,
ურევდა გონებას. მერე რა ქნას? ეს ფული საზღვარგარეთ ძებნისთვის არ ეყოფა. საქართველოში სანამ
ჩავა და უკან დაბრუნდება, რა მოელის მანამდე მას?!
,,მე მჭირდები! გესმის? მე!” - ამოიჩემა გონებამ.

კონიაკი უნდოდა. აღარ იყო. ვისკი გადმოიღო, ისევ ბოთლიდან მოსვა. მოეყურა? არა! ზარის
ხმაა. ეკა და ბიჭები მოვიდნენ ალბათ... ნელა წავიდა კარისკენ. ვისკის წრუპავდა და თან ფიქრობდა...

პოლიციის კომისარმა იქვე დაკითხა ეკა და სხვა მოწმეები. ეს დაკითხვა კი არა, საუბარი უფრო
იყო. ეკამ, რაც მოხდა, დეტალებში აღიდგინა ყველაფერი. თითქმის ნახევარი საათი გავიდა.
პოლიციელმა მოირბინა და კომისარს რაღაც უთხრა ჩუმად. კომისარმა მანქანას მიაშურა, რაციას
მიუჯდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა მისი ხმა. მამედი დაიძაბა, როცა სიტყვა ,,ქართველი” გაიგონა.
იგრძნო, ახალი არასასიამოვნო ამბის მაუწყებელი იყო რაცია.

-ბატონო პოლკოვნიკო! - გამოსძახა კომისარმა. რა გვარია თქვენი მეგობარი, რომელიც წეღან


აქედან წავიდა?

-ფხოველი! - ხმადაბლა უთხრა მამედმა და ფეხქვეშ თითქოს მიწა ეძრა. ,,მოკლეს”! - გაუელვა
გულში.

-დაგველოდეთ! ახლავე მოვდივართ! - ჩასძახა რაციას კომისარმა და თავის ქნევით წამოვიდა.

გამშრალი, გაქვავებული იდგა ეკა ბუჩუკური, მიხვდა - საფრთხე იყო ბაკურის თავს. უნდოდა
ძირს დავარდნილიყო, ხმამაღლა ეყვირა, მაგრამ ხმა ვეღარ ამოეღო. გაფითრებული იდგნენ ბიჭებიც.

-რა მოხდა? - ვეღარ მოითმინა მამედმა.

-ის, რაც უნდა მომხდარიყო! - ჩაიბურტყუნა კომისარმა. - მარტო არ უნდა გაგეშვათ.

-ჭკუას ნუ მასწავლი! - უყვირა.

-ბოდიში, ბატონო პოლკოვნიკო! ექვსკაციანი, ავტომატებით შეიარაღებული ჯგუფი თავს


დაესხა სასტუმროში თქვენს მეგობარს...

ბესიკი მანქანას ეცა.

-შეჩერდი, მეგობარო, აღარაა საჭირო. ჩვენ ისედაც დავაგვიანეთ...

ეკამ ხმამაღლა იკივლა და ქვითინი აუვარდა.

-მოკლეს? - ხმადაბლა, მიწას ჩაჩერებულმა იკითხა მამედმა.

-მაცადეთ, ბატონო! ის კი არ მოკლეს, მან დახოცა ექვსივე თავდამსხმელი. ექვსი კაცი ექვსი
ტყვიით გააგორა. ეს მესმის! სუფთა ნამუშევარია! - ჩაიცინა კომისარმა. - მაგრამ ერთი არ მესმის,
ამნაირი ხალხი საიდან გამოძებნეს ქართველებმა, ხომ არ გვაშინებენ ა, ბატონო პოლკოვნიკო?

-სისულელეს ნუ როშავთ! ჩქარა მანქანებში!..

...ეკა და ბიჭები მოვიდნენ ალბათ. ნელა წავიდა კარებისკენ. ვისკის წრუპავდა და კვლავ
ფიქრობდა...და უკვე, როცა გასაღები უნდა გადაეტრიალებინა, იგრძნო, წლობით გამომუშავებულმა
ინსტიქტმა ხიფათი აგრძნობინა, ამცნო. ფრთხილი ნაბილით, უხმაუროდ წავიდა უკან; ასეთი
ნაბიჯებით არაერთხელ უვლია ავღანეთის მთებში, სადაც ყოველი მხრიდან სიკვდილი ელოდა.
ბოთლი ფრთხილად დადგა და მკვეთრი მოძრაობით, ისე, რომ კარისთვის თვალი არ მოუშორებია,
,,ბერეტა” იძრო. კიდევ ერთხელ დახედა წარწერას: ,,ბაკურს - ბოროტების ამოსაძირკვად. მარიკა
მალაშხია”. გული შეეკუმშა. კარებს გახედა. თუ ჩვენებია - დაიძახებენ! ელოდება. უცებ გაახსენდა,
მანქანაში დარჩა ტყვიების მარაგი. თან მხოლოდ ერთი მჭიდი ჰქონდა. ,,მეყოფა! არ მინდა მეტი...”
კარებს ძლიერად რაღაც მოხვდა. შეირყა. კიდევ რამდენიმე დარტყმა და... მანამ არ უსვრია ბაკურს,
სანამ წინ შემოვარდნილმა ახმახმა ავტომატი არ ასწია და სროლა არ დააპირა. ,,ჰმ! ჩემი ლიკვიდაციაა
საჭირო?” პირველი ტყვია პირველს თითქმის მიბრჯნით ესროლა... ბაკურ ფხოველი უკვე თავის
სტიქიაში იყო...

...სასტუმრო ,,ისტამბული” პოლიციის რკალში ოყო მოქცეული, როცა მამედი, ეკა, კომისარი და
ბიჭები მოვიდნენ.

-სადაა ქართველი? - პირველივე პოლიციელს ჰკითხა კომისარმა.

-რომელი ქართველი?

-ვირო! - მამედზე გამწარებულმა, პოლიციელზე იყარა ჯავრი. - რომელი და ვისაც დაესხნენ


თავს.

-ფოიეში, შიგნით! - აიბუზა პოლიციელი.

-დაჭრილია? - იკითხა მამედმა.

-რისი დაჭრილი, ბატონო პოლკოვნიკო! - გაეცინა პოლიციელს, - განაკაწრიც არა აქვს. რომ
მივედით, მაგიდაზე იყო შემომჯდარი და ვისკის ბოთლიდან სვამდა, - ნერწყვი გადაყლაპა.

პირველი ეკა შევარდა შიგნით. სხვებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ. სანიტრებს და პოლიციელებს


მოკლულები გაჰქონდათ. მშვიდად იდგა ბაკური, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა, თითქოს
არაფერი მომხდარიყოს. ეკა შედგა. ახლოს არ მისულა. აღტაცებით შეავლო თვალი. თავიდან
ფეხებამდე შავებში იყო გამოწყობილი. თავისიანები რომ დაინახა, სათვალე მოიხსნა, გამოუცნობი,
რაღაც ნაღვლიანი ღიმილი შეაგება ეკას.

მამედმა სასტუმროს მორიგე ახმობინა.

-რა მდგომარეობაშია ამისი ნომერი? - ბაკურს გადახედა.

-კარები შელეწილია, იქაურობა მთლიანად ტყვიითაა დაცხრილული, - აღელვებულმა თუ


შეშინებულმა მორიგემ ძლივს ამოილუღლუღა.

-მერე და მეხუთე სართულზე ომია გაჩაღებული, თქვენ რა, გეძინათ? - შეუბღვირა.

-როგორც კი შემოცვივდნენ, ტელეფონის ხაზები დაჭრეს, ერთი კი თავზე დაგვადგა იარაღით.


რა უნდა გვექნა?

-გაიქცა ის?

-ვინ?
-ვინც თავზე გედგათ!

-აგერის არის! - ანიშნა მოკლულზე, რომელიც კიბის აქეთ, სარკის წინ ეგდო.

-მაინტერესებს ერთი! - კომისარმა ქაღალდი მოიმარჯვა, - თქვენ, ბატონო! - ბაკურს შეხედა, -


იარაღი საქართველოდან ჩამოიტანეთ თუ აქ შეიძინეთ?

-იარაღი ქალის მოტაცების შემდეგ მე მივეცი! - მამედმა დაასწრო ბაკურს. - სადაა იარაღი?

-მე მაქვს, ბატონო პოლკოვნიკო! - იქვე მდგარმა პოლიციის ოფიცერმა ქუსლი ქუსლს შემოჰკრა.

-მომეცით!

-ინებეთ! - ოფიცერმა აელვარებული პისტოლეტი გაუწოდა. მამედმა ერთი კი შეავლო თვალი


ამ ბრწყინვალე იარაღს და კომისარს მიუბრუნდა.

-ბატონო კომისარო, მაპატიეთ ჩემი წეღანდელი უტაქტობა. ალბათ გამიგებთ. ერთი სტუმარი
თვალსა და ხელს შუა გამტაცეს, მეორეს თავს ესხმიან...

-როგორ გეკადრებათ! - გაიბადრა კომისარი.

-რა სათხოვარი მაქვს ახლა თქვენთან...

-ბრძანეთ!

-სანამ ძიებას შევუდგებით, აიღეთ ამ ახალგაზრდა კაცის პასპორტი, ამ იარაღის ნომერი და


ყოველგვარი კანონიერების დაცვით, გაუფორმეთ მას, ერთი სიტყვით, მიეცით იარაღის ტარების
უფლება.

-თქვენ მას ჩუქნით? - კომისარმა შურით შეხედა ლაპლაპა პისტოლეტს.

-დიახ! შევთანხმდით?

-შესრულებული იქნება, ბატონო პოლკოვნიკო!

მამედმა ,,ბერეტა” ბაკურს გაუწოდა. მადლიერების გრძნობით იყო ფხოველის მზერა აღსავსე.
იარაღი გამოართვა.

-კომისარო! - მამედმა ირგვლივ მიმოიხედა, - გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა და დილით


ჩემთან, ოჯახში მობრძანდით. ეს ახალგაზრდეები იქ იქნებიან.

-გასაგებია, ბატონო მამედ! - კომისარი თავის დაკვრით გამოემშვიდობა ყველას და სწრაფი


ნაბიჯით მიაშურა მანქანას.

-ბაკურ, ნომრიდან რაიმე ხომ არ გაქვს წამოსაღები?

ფხოველი უხმოდ გაემართა ამავალი კიბისკენ. თემურ კორძაიამ საათს დახედა. პირველის
ნახევარი იყო ღამის. 21 მაისი თენდებოდა... 1993 წელი...
VI თავი

მზიანი, უღრუბლო დილა გათენდა. უზარმაზარი, მარმარილოთი ნაშენი სასახლე მზის


სხივებში გახვეულიყო. მამედი აივანზე ყავას სვამდა სტუმრებთან ერთად. მსახურმა დილის
გაზეთები შემოიტანა. სწრაფად გადაავლო თვალი. წუხელ მომხდარი ამბები უკვე მთელმა თურქეთმა
იცოდა. მყვირალა სათაურებით: ,,ქალიშვილის გატაცება”, ,,თავდასხმა ქართველ მზვერავზე”,
,,სროლის დიდოსტატი” - აჭრელებული იყო გაზეთები. ტელეფონი აწკრიალდა.

-გისმენთ... დიახ, მე ვარ, კომისარო... ასეა საქმე? - თანდილ-ოღლის მკვდრის ფერი აედო
სახეზე. - კარგით, კარგით, კომისარო. გმადლობთ.

ყურმილი დაკიდა და დიდხანს თავჩაქინდრული მიშტერებოდა საკუთარი ფეხსაცმლის წვერს.


სიგარას გადაწვდა. თავი წაატეხა. თემურმა ცეცხლი შეაგება.

-ახალია რამე, ბატონო მამედ?

პოლკოვნიკმა თავი ასწია და მზერა ბაკურის გაქვავებულ სახეზე შეაჩერა. მძიმედ წარმოთქვა:

-დღეს, დილის ექვს საათზე, პატარა, ეგრეთწოდებულმა სპორტულმა თვითმფრინავმა,


რომელიც თურქეთიდან აფრინდა, დაარღვია მეზობელი ქვეყნის საჰაერო საზღვრები. მიუხედავად
არაერთგზის გაფრთხილებისა, თვითმფრინავი ვერ დასვეს. ეგვიპტის სამხედრო-საჰაერო ძალები
იძულებული გახდნენ ესროლათ. დაზიანებულმა თვითმფრინავმა მშვიდობით მოახერხა დაჯდომა
უდაბნოში. ინტერპოლის ცნობით, სანამ თვითმფრინავი აფეთქდებოდა, რამდენიმე მამაკაცმა
გადმოიყვანა ახალგაზრდა, თეთრებში ჩაცმული ქალი და მასთან ერთად უდაბნოში გაუჩინარდა.
მიმდინარეობს ძებნა. - ეს სხვა არავინაა, გარდა მარიკასი... შორს ვერ წავლენ. ჩემი ხალხი მიწიდან
ამოთხრის მათ.

კომისარი ტელეფონს მისწვდა. ნომერი არც ჰქონდა აკრეფილი, რომ ღია კარში შავი ,,ბენტლი”
ნელი სვლით შემოვიდა. უკან ნაცრისფერი ,,მერსედესი” მოჰყვა. პირველი მანქანა შეჩერდა თუ არა,
,,მერსედესიდან” ათლეტური აღნაგობის ორი ახალგაზრდა ვაჟი გადმოვიდა და მოწიწებით გამოაღო
პირველი მანქანის უკანა კარი. ჭაღარაწვერიანი, ბეჭებში მოხრილი მოხუცი ძლივს გადმოვიდა
მანქანიდან. მიიხედ-მოიხედა და ღიმილიანი მუქარით ხელჯოხი დაუქნია მამედს. ამ უკანასკნელს
ტელეფონის ყურმილი ხელიდან გაუვარდა და ზეზე წამოიჭრა. სიხარულით სახეგაბადრულმა
სწრაფად გადაულაპარაკა სტუმრებს:

-ეს გახლავთ კაცი, ვის წინაშეც მუხლზე დგებიან იტალიის და, საერთოდ, ევროპის უდიდესი
მაფიოზები. კაცი ერთადერთი, ვინც შეინარჩუნა ქრისტიანობა და ქართული გვარი…
და მამედი კიბეზე სირბილით დაეშვა. მოიხარა და მკერდზე ეამბორა მოხუცს, მან კი შუბლზე
აკოცა და რატომღაც ყური აუწია პოლკოვნიკს. კიბეს შეუყვნენ. ბესიკმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ
გაღიმებოდა. ,,ამის წინაშე დგებიან მუხლზე?! ხელის კვრაც არ უნდოდა, ისეთი სუსტი, ფარატინა
მოხუცი იყო. სახე მთლიანად დანაოჭებოდა.

კიბე ამოათავა და შედგა. გამჭრიახი, ცისფერი თვალებით გამომცდელად დააკვირდა


ახალგაზრდებს, რომლებიც ფეხზე წამომდგარნი შეეგებნენ მას. მზერა ეკაზე შეაჩერა. ახედ-დახედა.
გაეცინა და ოცი წლის ბიჭს რომ შეშურდებოდა, ისეთი კბილები გამოაჩინა:

-აი, აი, მაშ ამ ერთი ციდა გოგომ გააგორა ანკარისა და სტამბულის რისხვა, ასლან დემირი?...

...ეკამ თავი ჩახარა. გუშინდელი დღე ალბათ არასოდეს დაავიწყდება. რესტორნიდან


გამოვიდნენ. იქვე ვიღაცეები იდგნენ. პოლიციელებიც იქ ტრიალებდნენ. ეკას სიგარეტის მოწევა
უნდოდა და ერთი სული ჰქონდა მანქანაში ჩამჯდარიყო, რომ ძმის თვალთა ხედვის არედან
გამქრალიყო. ბესიკთან არ ეწეოდა. მარიკას მანქანისკენ წავიდნენ. სანამ გახსნიდა, მარიკამ მანქანაში
შეიხედა და სიგარეტი თან წაუღიაო - უთხრა. ეკამ თავის მანქანას მიაშურა. იქ ეგულებოდა. კარი
გახსნა თუ არა, ატეხილმა ხმაურმა შემოაბრუნა. იარაღშემართული ოთხი მამაკაცი მარიკას მანქანაში
სვამდა. ერთს პირზე აეფარებინა ხელი. ახლაც არ ახსოვს, როგორ გაჩნდა მათთან. ერთ-ერთი
შეტრიალდა და პისტოლეტჩაბღუჯული ხელი პირდაპირ სახეში გაარტყა ეკას. ტკივილი არ უგრძვნია.
არა თუ მამაკაცს, ცხოვრებაში არავის გაერტყა ობლად გაზრდილისთვის. გამწარებისგან გონება
დაებინდა. თავისი მანქანისკენ გაქანდა. იცოდა, ბესიკს ხელყუმბარები ჰქონდა. ელვის სისწრაფით
ამოიღო ,,ფ-1”. ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელებს ავტომატით ცხრილავდა. უკვე რგოლი უნდა
წაეძრო ყუმბარისათვის, რომ გაახსენდა, მარიკა იყო მანქანაში. ისიც მათთან დაიღუპებოდა. ყუმბარა
სკამზე დააგდო და ,,მაკაროვს” მისწვდა, ზედიზედ ესროლა მანქანის მძღოლს. დააცილა. ავტომატიანი
სროლის ხმაზე სწრაფად შემობრუნდა და ქალიშვილი რომ შეეჩეხა, წუთით დაიბნა და ამ წამიერმა
დაბნეულობამ დაღუპა ის. მანქანაზე გადაწოლილმა ეკა ბუჩუკურმა თავში ესროლა... მომაკვდავმა
ხელები აიქნია და პირქვე დაეცა. თავდამსხმელების უნომრო ,,ბმვ” ადგილს მოწყდა...

მოხუცი ახლოს მივიდა. ეკას თავზე გადაუსვა ხელი, თმები აუწეწა და შუბლზე აკოცა. ეკა
გააოცა მოხუცის დახვეწილმა ქართულმა მეტყველებამ. მამედმა რბილი, ფუმფულა სავარძელი
მიართვა საპატიო სტუმარს, მან კი ღიმილით შეავლო თვალი სავარძელს და იქვე მდგარ ხის სკამზე
ჩამოჯდა.

-მეგობრებო! - მზერა მოავლო ყველას, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! მე ქართველი ვარ და


ჩემი ცხოვრების ხანგრძლივი დროის მანძილზე გიორგი აბაშიძეს, ეს გახლავთ ჩემი სახელი და გვარი,
ყოველთვის ახსოვდა და ახსოვს, რომ ის ქართულ პერანგშია გაზრდილი, მაგრამ ბევრ გარეწარს
არაფერი ახსოვს ამ ქვეყნად ფულის მეტი. თქვენ რაც გადაგხდათ გუშინ, ეს უკვე ვიცოდი მანამ, სანამ
გაზეთები ატეხდნენ ამ დილაადრიან ხმაურს. სამწუხაროდ, მათ მე ჰაერში ამასწრეს და ჩემი
ვერტმფრენები უმწეონი აღმოჩნდნენ სისწრაფეში მათთან. სამაგიეროდ, ისინი უდაბნოების
გადასაჩხრეკად ყოველგვარ სპორტულ თვითმფრინავებს ჯობიან. მე მოვედი თქვენს დასახმარებლად.
- ჩაფიქრდა. - დღეს თუ ხვალ გავეცლები ამ ქვეყანას და წავალ ისე, რომ არც შვილი დარჩება ჩემი, არც
შვილიშვილი, არც ახლობელი ვინმე; მეუღლე და ქალიშვილი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა... ცოლი
აღარ შემირთავს. ჩემი დღეები დათვლილია და მინდა სიკვდილის წინ ყველა ქართველს გავუწოდო
დახმარების ხელი. იქნებ ვინმემ ჩემს სახელზეც დაანთოს სანთელი სიონში ან სვეტიცხოველში, -
თვალები აუწყლიანდა. სათვალე მოირგო. - ბოდიშს ვიხდი, ჩემი პირადულით შეგაწყინეთ თავი. ახლა
საქმეზე გადავიდეთ. მინდა გაუწყოთ ის, რაც ჯერჯერობით არც დაზვერვამ იცის და არც
ინტერპოლმა, - მამედს შეხედა. - მე მაცნობეს, რომ გუშინ ჩვიდმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე, ქალაქ
მეხიკოდან გაიტაცეს ქართველი ბიზნესმენი, ნიკა ანჯაფარიძე...

ეკამ სწრაფი მზერა ესროლა თემურს.

-ალბათ იცით, რომ ნიკას მეუღლეა მარიკა მალაშხია?

უხმოდ დაუქნიეს თავი.

-ადრე თუ გვიან გამოჩნდება ანჯაფარიძეც, მაგრამ რაც შეეხება მის მეუღლეს, მას მე რამდენიმე
დღეში ვიპოვი, გააგრძელა აბაშიძემ. - საერთაშორისო პოლიციის ნებართვა უკვე აღებულია. ჩემი
მფრინავები მზად არიან უდაბნოში ექსპედიციისათვის. მათ თავისუფლად შეუძლიათ საჰაერო
საზღვრების გადაკვეთა, - ბიჭებს შეხედა. - რომელია გუშინდელი დღის გმირი, ვინც აალაპარაკა პრესა
და ტელევიზია, ვინც ჯინჯოლიას ბიჭები ამოხოცა?

გაოცებით შეხედეს...

-როგორ, დაზვერვის თანამშრომლებმა არ იცით, ვინაა ვაჟა ჯინჯოლია?! - გაოცდა მოხუცი.

-ბატონო გიორგი! - თემურ კორძაიას მოულოდნელობისაგან ხმა ჩახლეჩოდა. - ჩვენ ძალიან


კარგად ვიცით, ვინცაა ვაჟა ჯინჯოლია, მაგრამ რა შუაშია ის აქ?

-ჩემო შვილო, გიორგი აბაშიძეს არ სჩვევია სიტყვების ჰაერზე ფანტვა, შუაშიც ისაა, თავშიც და
ბოლოშიც. ეს თქვენ დაგესხნენ თავს?

-არა, ამას, - ბაკურზე მიუთითა.

აბაშიძემ ყურადღებით შეავლო თვალი ბაკურს.

-ძებნაში მიიღებთ მონაწილეობას? - მოულოდნელად ჰკითხა.

ფხოველი მუხლებზე დაეცა მოხუცის წინ.

-ბატონო გიორგი, გთხოვთ როგორც საკუთარ მამას, არავითარი ხალხი არაა საჭირო. მხოლოდ
მე გადამსვით იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავი დაეშვა. მე მას ვიპოვი, გწამდეთ...

ისეთი თვალებით შეჰყურებდა, გაეღიმა აბაშიძეს. წამოაყენა. ჩემი ხალხი წამოვა. გიშვებ ერთი
პირობით. ჯინჯოლია ცოცხალი უნდა ჩამოიყვანო. მხოლოდ ცოცხალი...

-გპირდებით! - ბაკურმა თვალებში შეხედა.

-მეც შენთან მოვდივარ! - ფხოველს ეკა ამოუდგა გვერდით.

-შენ თბილისში დაბრუნდები, ბაკურთან ერთად მე წავალ! - ბესიკმა გულმოსულმა შეხედა


დას.
-არა, ბესიკ, შეგიძლია მითხრა, რაც გინდა, შეგიძლია იმ იდიოტივით ხელი გამარტყა, მაგრამ
უდაბნოში მე ვარ საჭირო...

ბაკურმა მშვიდად შეხედა და-ძმას.

-არც ერთი თქვენგანი არაა იქ საჭირო... გასაკეთებელს მე გავაკეთებ.

ეკა ბესიკს და თემურს შეუბრუნდა:

-მე არ ვიცი და არ მაინტერესებს საერთოდ, ვინაა ბაკურ ფხოველი. გატაცებულია ჩვენი


რესპუბლიკის მოქალაქე, მისი ძებნა შედის ჩემს კომპეტენციებში. მოვძებნი და ვიპოვნი კიდეც.
მართალია მოქმედებას ვიწყებ შეფის ნებართვის გარეშე, მაგრამ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე.
თქვენ, - უტეხი მზერა შეავლო ბიჭებს, - დაუყოვნებლივ დაბრუნდით თბილისში და ბატონ თენგიზს
აუხსენით, რა მდგომარეობაა აქ. იმედია სწორედ გამიგებს, - მოხუცს მიუახლოვდა. - ბატონო გიორგი,
ალბათ უფლებას მომცემთ ვისარგებლო თქვენი ვერტმფრენით?

გაეღიმა აბაშაძეს. დიდხანს უსიტყვოდ მისჩერებოდა, შემდეგ საკინძე გაიხსნა, ბრილიანტებით


მოოჭვილი ოქროს ჯვარი თავისი ჯაჭვით მოიხსნა და ყელზე ჩამოჰკიდა. პირჯვარი გადასახა.

-დაე ეს ჯვარი გიკვლევდეს გზას!

ბესიკი უხმოდ მისჩერებოდა ეკას.

-და, ბოლოს, მინდა გაუწყოთ მთავარი, - გიორგი აბაშიძემ საათს დახედა. - ვერტმფრენები
გავლენ ხუთ საათსა და ნოლ-ნოლ წუთზე. ჯერ დრო გვაქვს, - როცა შეატყო, რომ ბაკური აწრიალდა,
დინჯად შენიშნა. - შვილო, როცა მიდიხარ ისეთი მტრის წინააღმდეგ, როგორიც ვაჟა ჯინჯოლიაა,
მინიმლურ დონეზე მაინც უნდა იცნობდე მას. მაშ მისმინეთ... მინდა იცოდეთ სათავე იმ ბოროტების,
რომელმაც სადღაც უდაბნოში გადაკარგა ქართველი ქალი, რომელმაც მოიტაცა ნიკა ანჯაფარიძე.
მინდა ზოგადად მაინც გაგაცნოთ ვინაობა ვაჟა ჯინჯოლიასი, ვის სულშიც ბოროტი გენია
ჩასახლებული, - ბაკურს შეხედა. - ეს აღარაა ახალგაზრდა კაცი, სამოც წელს მიაღწია უკვე.
გააფხაზებული ქართველი გახლავთ, უპირველესი მარჯვენა ხელი ვლადისლავ არძინბასი. კაცი,
რომელიც საკუთარ შვილს გამოსჭრის ყელს ფულის გულისთვის. ოთხი თვის უკან ჩემმა მეგობრებმა
შემატყობინეს ჩრდილო-ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისიდან, რომ ვაჟა ჯინჯოლია შეხვდა ქართველ
ბიზნესმენს, ბატონ ნიკა ანჯაფარიძეს. შეხვედრა მოხდა სენტ-ლუისის ყველაზე თანამედროვე,
კომფორტაბელურ რესტორანში. ვითომ სრულიად შემთხვევით, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, ეს იყო
ჯინჯოლიას დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება. ანჯაფარიძეს თან ქალი ახლდა. შეხვედრა
დამთავრდა საკმაოდ დიდი აურზაურით, რომელიც მთელმა სენტ-ლუისმა გაიგო. გამხეცებულ
ანჯაფარიძეს პოლიციელებმა ძლივს გააგდებინეს ხელიდან ვაჟა ჯინჯოლია. მიზეზი? ჯინჯოლიამ
ანჯაფარიძეს მოსთხოვა ათი მილიონი დოლარი. როცა ამ უკანასკნელმა ჰკითხა, თუ რაში
სჭირდებოდა მას ამხელა თანხა, ჯინჯოლიამ ურცხვად განუცხადა: ,,გაჭირვებული აფხაზური
მხარისთვის იარაღის შესაძენად”. ფინალი გითხარით. ჯინჯოლიამ ფიცი დადო, რომ ანჯაფარიძეზე
შურს იძიებდა, - მოხუცის თვალებში ცეცხლი გაკრთა. - ეს ნაწილობრივ კიდეც განახორციელა, მაგრამ
თავსაც გადააყოლებს ამას. შეიძლებოდა ამის პატიებაც, მაგრამ რა ვუშველოთ იმ ბავშვებს, იმ
გოგონებს, რომლებიც ჯინჯოლიას ხალხს აფხაზეთიდან ჩამოჰყავს და ალჟირის, ტუნისისა და
მაროკოს საროსკიპოებში აბარებს?!
მსმენელებს სისხლი გაეყინათ ძარღვებში...

-სადაც მივწვდები, - განრისხებული განაგრძობდა აბაშიძე, - თუ ნებით არა, ძალით ვაბრუნებ


იმ საცოდავებს, საცოდავი ერის შვილებს, - ტუჩი ჩაიკვნიტა, - მაგრამ რამდენსაც ვერ ვპოულობ?!
ანჯაფარიძე მას უკვე ხელში ჰყავს, მაგრამ მისგან ის ვერაფერს აიღებს. ნიკა ანჯაფარიძესთან ის
ფიზიკური ზემოქმედებით ვერაფერს გააწყობს, ამიტომ გაიტაცა მისი მეუღლე მარიკა მალაშხია.
სულიერად უნდა მოსპოს და დააკნინოს ეს ქართველი ვაჟკაცი. მისდა სავალალოდ მოხდა
გაუთვალისწინებელი შემთხვევა: მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჩვენი მიზანი ერთია, - ბაკურს და
ეკას ისე შეხადა, როგორც ჯარისკაცებს, საბრძოლო დავალების შესრულების წინ: არაფრით არ უნდა
დავუშვათ მარიკა მალაშხიას იმ წერტილში მიყვანა, სადაც ეს ჯინჯოლიას აქვს გამიზნული. სადაც
ალბათ უკვე ნიკა ანჯაფარიძე ჰყავთ. ჩემი მეგობრები ალჟირშიც, ეგვიპტეშიც, ლიბანშიც, საუდის
არაბეთშიც ამ დილიდან საქმის კურსში არიან. თუ დაგჭირდათ შესვლა ამ რესპუბლიკებში,
ყოველთვის და ყველგან უზრუნველყოფილი იქნებით ფულით, ტრანსპორტით, ბინით და იარაღით.
ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი ქვეყნის საზღვრებზე ამ წუთებისთვის ჩიტიც ვერ გადაფრინდება.
ვიმედოვნებ, ეგვიპტეს თქვენ არ გაცილდებით. თუ სადმე რაიმე გაუგებრობას ექნება ადგილი, -
თქვენს გვერდზე გავჩნდები. ახლა კი - გადაღლილი მზერა მოავლო ყველას, - შევსვათ ჩვენი საქმის
დაწყების და კეთილად დაბოლოების სადღეგრძელო! ამ საქმით ჩვენ პატარა წვლილს შევიტანთ
აფხაზეთის ომის წაღმა შემობრუნებაში. თქვენ უკვე ჩემთან წამოხვალთ! - მიმართა ეკას და ბაკურს.

-მათი გაცილება თუ შეიძლება? - მორიდებით იკითხა მამედმა.

გიორგი აბაშიძემ გამომცდელად შეხედა პოლკოვნიკ თანდილ-ოღლის და გაეცინა.


მხიარულად აუციმციმდა მოხუცს ცისფერ, მოუსვენარი თვალები.

-არ შეიძლება თქვენთვის, როგორც დაზვერვის ოფიცრისთვის, მაგრამ შეიძლება როგორც


ქართველისთვის, ხუთ საათზე შეგიძლიათ გააცილოთ თქვენი მეგობრები, რომლებმაც ახლა უნდა
მიიღონ ტანსაცმელი, იარაღი და ბოლო ინსტრუქცია. ხუთი საათისთვის სამივე,- თემურს და ბესიკს
შეავლო თვალი, - ჩემი სტუმრები იქნებით.

უხმოდ დაუქნიეს თავი. ეკა და ბაკური მოხუცმა გასასინებულ ,,ბენტლში” ჩაისვა და


დარჩენილებს მხიარულად დაუქნია ხელი. ბესიკს სახე გადაფითრებოდა. თემურმა ხელი მოკიდა.
მამედმა თვალებში ჩახედა მას.

-ნუ გეშინია. ბაკურს შეიძლება ვენდოთ!

თემურმა ღიმილით გამოხატა თანხმობა.

VII თავი

... მანქანაში შეაგდეს და აქეთ-იქიდან მიუსხდნენ. დაძვრას აყოვნებდა მძღოლი. მის გვერდით
ადგილი ცარიელი იყო. ეს ალბათ მისთვის, ვინც პოლიციელებს ავტომატის ტყვიებით
უმასპინძლდებოდა. მარიკამ თავის შემობრუნება მოასწრო და ეკას გახედა. ეკას უკვე იარაღი ეჭირა.
უეცრად მძღოლმა საშინლად დაიკვნესა და სახე სიმწრით დაეღრიჯა. არა, არ აუცილებია ეკა
ბუჩუკურს... იმავე წუთში მანქანიდან დაინახეს, როგორ მოწყვეტით დაეცა ძირს ავტომატიანიც...

-ასლანი მოკლეს! - შეჰყვირა მარცხნივ მჯდომმა. - წადი! გაუძელი ცოტა ხანს! - პისტოლეტი
წაჰკრა.

მძღოლისთვის მხარი გაეხვრიტა ტყვიას. თავს სძლია და მანქანა სწრაფად დასძრა. ხუთასი
მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მანქანა სადღაც ბნელ ჩიხში შეაგდო და გული შეუღონდა. მეორე
სავარძელზე გადააწვინეს დაა მარიკას მარცხნივ მჯდომი მიუჯდა საჭეს. მანქანა ტყვიასავით
მიჰქროდა სტამბოლის ქუჩებში...

ელოდნენ. ჭიშკარი, რომლის შიგნით შეიარაღებული დაცვა იდგა, უხმაუროდ დაიხურა მათ
უკან. მანქანიდან გადმოიყვანეს...

სანთლებით გაჩირაღდნებულ დარბაზში ერთადერთი მამაკაცი იდგა. მაღალს, გემოვნებით


გამოწყობილს, თვალები სიამით გაუბრწყინდა, მარიკას რომ შეხედა. ქალისთვის თვალი არ
მოუცილებია, ისე ჰკითხა მის თანმხლებს:

-ასლანი სადღაა?

-მოკლეს! - გაისმა პასუხი.

ძარღვი არ შეტოკებია სახეზე. მხოლოდ თვალებში გაუკრთა რაღაც მძულვარების მაგვარი.

-ვინ მოჰკლა? - შებრუნდა, ხმადაბლა იკითხა.

-არ ვიცით. ეს და ამის მხლებელი რასტორანში ვიღაცეებს შეხვდნენ. მათგან ერთ-ერთმა,


ქალმა.

-ქალმა?

-დიახ! ახალგაზრდამ თანაც. ასლანი მოჰკლა, მუსტაფა დაჭრა.

-ოჰო! - მარიკასთან მივიდა. ნიკაპში წაავლო ხელი, თავი აუწია. - ისეთი ტუჩები გაქვს, ღირდა
შენთვის ასლანის გაწირვა, - ქალის ათქვირებულ მკერდს დაადგა თვალი. - ღირდა... ნამდვილად
ღირდა...

მარიკა ზიზღით შეჰყურებდა მამაზე უფროს, აცუნდრუკებულ კაცს. უფრო მოემატა


მძულვარება, როცა მიხვდა ეს ჭარმაგი კაცი ქართველი იყო.

-ვინაა ის ქალიშვილი, ვინც ჩემ ხალხს ესროლა?

-ჩემი მეგობარია! - თვალებში შეხედა. - იქნებ მიბრძანოთ, რას ნიშნავს ყველაფერი ეს?

კაცმა ხმამაღლა გადაიხარხარა. გამომწვევად, ვნებიანი თვალებით მიაჩერდა მარიკას ფეხებს.


მზერა ააყოლა, მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა.
-არაფერს ისეთს. ხვალ დილით ჩვენ ერთგან გავემგზავრებით...წარმოიდგინე, რომ შენ
მოგევლინა ზღაპრული პრინცი და მასთან ერთად მიდიხარ სამოგზაუროდ, - ისევ ნიკაპზე დააპირა
ხელის შევლება. მარიკამ ოდნავ უკან დაიწია და ისეთი ზიზღნარევი თვალებით შეხედა, კაცს ხელი
ჰაერში გაუჩერდა.

-გადაყრუებულო ბებერო! შენ მე იმ ქალებში ხომ არ გეშლები, აქ რომ ჩამოდიან და


ფულისთვის თვითონ უხსნიან შარვლებს მამაკაცებს? თუ სიცოცხლე გინდა, დაუყოვნებლივ
მიმიყვანეთ იქ, საიდანაც წამომიყვანეთ! - მარიკას რისხვისგან თვალები აენთო და სახე გაუფითრდა.

-უყურე შენ! - მეგრული აქცენტით, დამცინავად ჩაილაპარაკა. - მემუქრები კიდეც? არ გცნობია


შენ ვაჟა ჯინჯოლია.

-მე არ ვიცი, შენ ჯინჯოლია ხარ თუ დადიანი, რაც გითხარი ის გააკეთე და რაც შეიძლება
ჩქარა! თუ არა შენი ძებნა უკვე დაწყებული აქვთ და ვაი შენს ტყავს!

-ვის? - კვლავ გაეცინა ჯინჯოლიას, - იმ ბიჭს ხომ არა, ვისთანაც ერთად აქ სამძუნაოდ
ჩამობრძანდი? ისეთი ბიჭების არ ეშინია ვაჟა ჯინჯოლიას...

მარიკას სიბრაზისგან ხმა წაერთვა.

-თავხედო! ვისაც შენ ბიჭს ეძახი, ის მოგიღებს ბოლოს!

უეცრად ჯინჯოლიას სახე შეეცვალა, ხელი მოიქნია და მარიკას სახეში ლეწა. დარტყმა ისეთი
ძალის იყო, რომ მარიკა მოწყვეტით გადაემხო იქვე მდგარ ტახტზე. მივარდა, წამოაყენა. ისევ გაარტყა.
ქალს სისხლი წასკდა.

-შენც და შენი ქმარიც ჩემს ხელში ხართ უკვე, - გამოსცრა კბილებში. - როცა გაგაშიშვლებ შენი
ქმრის თვალწინ და ჩემს ბიჭებს რიგით მოვუშვებ, ცხადია ჩემს შემდეგ, მაშინ გადამიხდის შენი ქმარი!
მაშინ, როცა საკუთარ ხორცს საკუთარი კბილებით ვაგლეჯინებ...

ტელეფონს მისწვდა.

-მე ვარ! გავალთ ზუსტად ექვს საათზე! - ყურმილი დაკიდა და კარებიც გაიღო. კარებში
აქოშინებული, გაფითრებული ახალგაზრდა იდგა. ვაჟა ჯინჯოლიამ კითხვით შეხედა.

-შეფ, კრახია!..

-რა თქვი?! სადაა ხალხი? რა ქენით?

-ყველა მკვდარია! დახოცა!

-ვინ?

-იმ ბიჭმა, ამასთან რომ იყო! - მარიკასკენ გაიქნია თავი.

-როგორ მოხდა? - კბილები გაახრჭიალა ჯინჯოლიამ.


-ქუჩაში მოვერიდეთ სროლას. მე მანქანაში დამტოვეს, სასტუმროში აჰყვნენ. შიგნით სროლა
ატყდა. მერე ყველაფერი ჩაწყნარდა. ცოტა ხანში ის ქართველი გამოვიდა სასტუმროდან. ცალ ხელში
პისტოლეტი ეჭირა, მეორეში, უსუპის ავტომატი იყო, ვიცანი, მიიხედ-მოიხედა და ისევ შიგნით
შებრუნდა. პოლიციაც მოვარდა. ჩვენები ყველა მკვდრები გამოიტანეს. მე წამოვედი. გზაში სროლა
ამიტეხეს. ჩვენ კვალზე მგონი აბაშიძის ხალხია. დროით უნდა გავიდეთ აქედან.

-გაეთრიე!

მარიკას ნაცემი უკვე აღარ სტკიოდა, ირონიული ღიმილით შეხედა ჯინჯოლიას:

-რაო, ბატონო ვაჟა, შეგამცირათ იმ ბიჭმა?

-ხმა! - ისევ აწია ხელი, მაგრამ აღარ გაურტყამს, ერთი კი შეხედა მარიკას და გარეთ გავიდა.
გარედან კარი დაკეტეს. აღარავინ შემოსულა.

მთელი ღამე უძილოდ, მჯდომარემ გაატარა. იქნებოდა დილის ხუთი საათი, სამგზავროდ
გამოწყობილმა ჯინჯოლიამ რომ შემოაღო კარი. უკან ორნი მოჰყვნენ. აქეთ-იქიდან მხრებში უხეშად
მოავლეს ხელი და მანქანაში ჩასვეს. ეს უკვე სხვა მანქანა იყო. ჯინჯოლია წინ, მძღოლის გვერდზე
იჯდა...

თვითმფრინავი მიწას მოწყდა. როცა საკმაო სიმაღლე აიღო, მარიკამ ძირს გადაიხედა. ზღვის
თავზე მიფრინავდნენ. მარიკას და ჯინჯოლიას გარდა, თვითმფრინავში ხუთნი იყვნენ, ყველა -
შეიარაღებული. მფრინავი შემოვიდა:

-ბატონო ვაჟა, მარშრუტი?

-ეგვიპტე!

-პირდაპირ? საწვავი არ გვეყოფა.

-აბა? - შეუბღვირა ჯინჯოლიამ.

-კიპრში უნდა დავჯდეთ.

-ჯანდაბას! ოღონდ ჩქარა!..

არ გაევლო რამდენიმე საათს, რომ ცეცხლმოდებული თვითმფრინავი უდაბნოში დაეშვა.

VIII თავი

,,აი თურმე როგორ ცხოვრობენ მილიონერები!” - გაუელვა ეკას. გაოცებული უყურებდა


გიორგი აბაშიძის სასახლეს. სასახლეც არ ეთქმოდა, ეს იყო რაღაც ზღაპრული ნაგებობა, რომლის
მსგავსი მას სიზმრადაც არასდროს მოლანდებია. გარშემო ბაღი ერტყა, წალკოტი, რომელიც ზღვის
პირას მთავრდებოდა. უზარმაზარი აუზი, რომელშიც გედები დაცურავდნენ, ლურჯად ლივლივებდა
ბაღის სიღრმეში. ,,ზღაპარში ვარ!” -თვალები დახუჭა ეკამ და თავისი პატარა ოროთახიანი ბინა
გაახსენდა თბილისში, თავისი პატარა ნავთსაყუდელი...

ბატონი გიორგი შუაში ჩაუდგა ახალგაზრდებს, ორივეს ხელი გაუყარა და სასახლისაკენ


წაიყვანა. წინ შუახნის, 55-60 წლის მამაკაცი შემოეგებათ.

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - აბაშიძემ სტუმრებს გააცნო. - ეს კი ჩემი ცხოვრების, ჩემი
სახლისა და კაპიტალის გამგებელი გახლავთ, მერაბ ყურაშვილი. ჩემი მდივანიც ესაა და ადვოკატიც.
იცნობდეთ ერთმანეთს! - მერაბს შეავლო თვალი. - უდაბნოში მიემგზავრებიან და შემოსე
ტანსაცმლით, რაც იმ პირობებს შეეფერება. იარაღი გაუჩინე ის, რაც მოითხოვონ.

-იარაღს კი გავუჩენ, მაგრამ ხმარება თუ იციან? - ეს შეკითხვა ეკასკენ იყო მიმართული.

უხმოდ შეხედეს ყურაშვილს, არაფერი უთქვამთ.

-მერაბ, ეს ის ხალხია, ვინც გუშინ მთელ თურქეთს დაანახა, რომ ქართველები არ


დაძაბუნებულან, რომ მათ მათ ბრძოლა შეუძლიათ.

-აჰ! ეს ისინია? - სიხარულისგან სახე აუფორაჯდა მერაბს. ორივეს მოეხვია, თვალები


აუწყლიანდა. - გმადლობთ, შვილებო იმ სიხარულისთვის, რაც თქვენმა საქციელმა მომიტანა პირადად
მე. ბატონო გიორგი, ნებას მომცემთ წავიყვანო?

-მიეცი ტანსაცმელი, იარაღი და ჩემთან ამოდით! - აბაშიძე ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეებს.

-მომყევით, მეგობრებო! - ყურაშვილმა პირველი სართულის ერთ-ერთი კარი შეაღო. - ჯერ


რომელს აიღებთ?

-განა სულ ერთი არ არის?

-მართალი ბრძანდებით. მობრძანდით,იარაღი აირჩიეთ.

ბოქლომები გახსნა და შუქი აანთო. ეკამ კინაღამ შეჰკივლა. ეს იყო კოლექცია, მსოფლიოს ერთ-
ერთი უმდიდრესი, უნიკალური იარაღის კოლექცია... კარებში შედგნენ...

-აიღეთ, აარჩიეთ! - ბატონი მერაბი იქვე სკამზე ჩამოჯდა.

ბაკურმა სწრაფი მზერა მოავლო საიარაღოს. არც შეყოყმანებულა, სამი შეარჩია. ერთი ეკას
გაუწოდა. ყურაშვილმა ყურადღებით და მოწონებით შეხედა ფხოველს:

-ესე იგი სამივეს რუსების ნაწარმს იღებთ? - ღიმილით შეავლო თვალი ბაკურის არჩეულ
ახალთახალ ,,კალაშნიკოვებს” და ისევე რუსულ, სნაპიერულ, ავტომატურ კარაბინს. - პისტოლეტები?

-პისტოლეტები გვაქვს. მეტი არ გვინდა. ზედმეტი ბარგის თრევა დამღუპველია, - ეკას


მიუბრუნდა. - იქნებ შენ რაიმე გინდა კიდევ?

-არაფერი! ეს საკმარისია! - ეკამ ავტომატის დაზეთილი საკეტი გააჩხაკუნა...


ორმოციოდე წუთს ისხდნენ გამოსათხოვარ სუფრასთან. ყველაფერი ქართული
წესჩვეულებისამებრ იყო გაკეთებული. ყველა უხმოდ მისჩერებოდა გიორგი აბაშიძეს...

-ეს თვითმფრინავი, რომელიც უდაბნოში ჩამოაგდეს, ეკუთვნის ვლადისლავ არძინბას.


განსაკუთრებულ შემთვევაში მისით სარგებლობდა ვაჟა ჯინჯოლია. ამ შემთხვევაშიც უტყუარი
მონაცემებით ვიცი, - ჩაფიქრდა, - დიახ, ნამდვილად ვიცი, რომ ჯინჯოლიამ პირადად წაიყვანა
ანჯაფარიძის მეუღლე. მე თქვენთვის შემთხვევით არ მითხოვია მისი ცოცხლად შებყრობა. სადაც
მიაგნებთ მარიკა მალაშხიას, იქვე იქნება ისიც. ვერტმფრენები, გამოცდილი პილოტებით თქვენს
განკარგულებაშია ბოლომდე. თავს გაუფრთხილდით! ღმერთი გფარავდეთ! - აბაშიძემ ოდნავ მოსვა და
დადგა. - ახლა კი დროა! - მძიმედ წარმოსთქვა და გამომცდელი მზერა ესროლა ბაკურს. ღიმილი
დასთამაშებდა სახეზე ფხოველს... ღიმილი, შურისმაძიებლის ღიმილი...

პატარა, გემოვნებით მოწყობილი აეროდრომი ზღვის პირას, ბაღის ბოლოში იყო. ოთხი
ვერტმფრენი გვერდიგვერდ იდგა. მათმა ფერმა მოხიბლა და გააოცა ეკა. ეს არ იყო ის სამხედრო, მწვანე
ფერები, როგორიც მრავლად უნახავს საქართველოში თუ სხვაგან. ორი მათგანი თეთრი ფერის იყო,
ორიც ნაცრისფერი. მფრინავები იქვე ტრიალებდნენ. ხუთის ნახევარი იყო, როცა ბესიკი, თემური და
მამედი მოვიდნენ. აბაშიძემ საათს დახედა.

-ხუთ წუთში ჯგუფის სხვა წევრებიც აქ იქნებიან, - ხმადაბლა, ეკას და ბაკურის გასაგონად
თქვა. ბესიკს დანა პირს არ უხსნიდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა, ცდილობდა ეხუმრა, რომ ის საშინელი
განწყობილება, რომელიც მას დაუფლებოდა, სხვასაც არ გადსადებოდა.

ბაღში მთელი სისწრაფით შემოიჭრა ნაცნობი ,,მერსედესი” და აეროდრომთან შედგა. ხუთნი


გადმოვიდნენ. ,,ალბათ ესენია!” - გაიფიქრა ეკამ და მოსულები შეათვალიერა. არც ერთი არ ჰგავდა
ჰოლივუდის ფილმების გმირებს. ახალგაზრდულ ასაკს გადაცილებულნი, ორმოცი-ორმოცდახუთი
წლისანი, სერიოზული, ათას ქარცეცხლში გამოვლილ ადამიანთა შთაბეჭდილებას სტოვებდნენ.
ბატონი გიორგი კმაყოფილი მზერით მიაჩერდა მოსულებს და როცა ყველამ მის გარშემო მოიყარა
თავი, ექსპედიციის წევრებს ერთმანეთი გააცნო. ბაკურს უცებ მოეწონა ეს სიტყვაძვირი, თავისზე
ათიოდე წლით უფროსი ხალხი. სამი მათგანი ქართველი იყო, ერთი არაბი, ერთიც თურქი. ხუთივეს
უცხოური წარმოების მოკლე ავტომატები ეჭირა ხელში, ქართველს კი, რომელსაც სოსო ერქვა, ხელის
ტყვიამრფქვევიც თოფივით ეკიდა მხარიღლივ.

-ათ წუთში გახვალთ! გაემგზავრებით ორი ვერტმფრენით. ერთით თქვენ, მეორით წყალი,
პროდუქტი, კარვები და იარაღის მარაგი წამოვა. არცერთი თქვენგანის გამოცდილებაში ეჭვი
აბსოლუტურად არ მეპარება, მაგრამ მაინც გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს. უსიერ უდაბნოში
თქვენ იქნებით ერთმანეთის დედაც და მამაც, და, ძმა თუ ახლობელი. რისთვის მიდიხართ, ეს ყველამ
იცით. მიდიხართ ბოროტების დასათრგუნავად და ღმერთი იყოს თქვენი შემწე! პირობას შეგახსენებთ
კიდევ ერთხელ: ჯინჯოლია მხოლოდ ცოცხალია ჩვენთვის საჭირო! მე მისი არც ძვალი მინდა, არც
ტყავი და არც მისი ბინძური სული. ადამიანის წამებასაც არასოდეს მოუგვრია ჩემთვის კმაყოფილება.
ვაჟა ჯინჯოლიას მეშვეობით უნდა დავაბრუნოთ საქართველოში მისგანვე გაყიდული ახალგაზრდები.
შემდეგ კი ვნახოთ... თითოეულ თქვენგანს ვთხოვ, თვალისჩინივით გაუფრთხილდით ამ გოგონას!
ახლა კი გზა მშვიდობისა!
ყველას სათითაოდ გადაეხვია, აკოცა. ეკას შუბლზე ეამბორა და ცრემლი, ერთადერთი ცრემლი
გადმოუვარდა მოხუცს...

-თავს გაუფრთხილდი, შვილო!

ბესიკმა, იმის შიშით, ხმამაღლა ტირილი არ ამივარდესო ალბათ, გულში ტკიპასავით ჩაკრულ,
აცრემლებულ ეკას მხოლოდ თმები აუწეწა და განზე გადგა.

მამედმა კიდევ ერთხელ დამოძღვრა ბაკური:

-თუ ძმა ხარ, გაუფრთხილდი თავს და ამ გოგოს. შენი ჯგუფის წევრებს მე ყველას ვიცნობ.
შეგიძლია ყოველ მათგანს საკუთარი თავივით ენდო. არც ერთი არაა დაქირავებული, - ხმადაბლა
განაგრძო. - ეს ბიჭები მსგავს სახიფათო ამბებში ხშირად ერევიან და იცი რისთვის? მხოლოდ და
მხოლოდ რისკის სიყვარულისთვის. აურაცხელი სიმდიდრის პატრონებია და ბრძოლის დროს კი
თითოეული მთელ ბატალიონს უდრის. ისინი მიეკუთვნებიან თურქეთის უმაღლეს არისტოკრატიას.
ცნობისთვის, სოსო, შენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ანკარის პოლიციის კომისარია. გზაში, უდაბნოში
უკეთ გაიცნობ მათ და დარწმუნდები გიორგი აბაშიძის ყოვლისშემძლეობაში. კეთილად გევლოს! -
მამედი ძმასავით გადაეხვია მოსმენილისგან გაოცებულ, ჩაფიქრებულ ფხოველს...

-უკაცრავად! - მოესმათ. სოსო მათ გვერდზე იდგა, - თქვენ, თუ არ ვცდები, პოლკოვნიკი


თანდილ-ოღლი ბრძანდებით?

-დიახ!

-მე მიცნობთ?!

-გიცნობთ! გიცნობთ და ძალიან კარგადაც! - გაეღიმა მამედს.

-აი რა, პოლკოვნიკო! მე გთხოვთ როგორც ქართველი ქართველს, როგორც მეგობარს,


დაივიწყეთ ჩვენი აქ შეხვედრა. ალბათ ხვდებით, რატომ...

-გასაგებია, ბატონო კომისარო! - ორივეს გაეცინა. ხელი ხელს დაჰკრეს და გამოემშვიდობნენ.

თანაბრად, მწყობრად აგუგუნდნენ ვერტმფრენთა ძრავები. ცოტა ხანში თვალს მიეფარნენ


ხმელთაშუა ზღვის აბორგებული ტალღების თავზე. ბესიკი თავს ვეღარ ერეოდა, ცრემლიანი
თვალებით მისჩერებოდა ჰორიზონტს, სადაც წერტილებივით მოსჩანდნენ ვერტმფრენები და საითაც
ეკლიან გზაზე სავალად მიეშურებოდა მისი და, მისი ერთადერთი საყვარელი არსება ქვეყნად...

გიორგი აბაშიძემ დანაღვლიანებული ბიჭები სახლში მიიპატიჟა...

IX თავი
გამტვერილი, შინდისფერი ,,09” საოცარი სისწრაფით შევარდა თბილისში და ათიოდე წუთში
უშიშროების კომიტეტთან შეჩერდა. თემურ კორძაიამ და ბესიკ ბუჩუკურმა თითქმის სირბილით
აიარეს კიბეები და თენგიზ გადალენდიას კაბინეტის კარი შეაღეს. თენგიზმა ბიჭების აწითლებულ,
გადაღლილ სახეებს რომ შეავლო თვალი, მიხვდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წასულიყო...

გადალენდიამ მძიმედ აათავა თავდაცვის სამინისტროს მესამე სართულზე ამავალი კიბეები და


ლევან არჩვაძესთან შევიდა. ლევანს ბევრჯერ ენახა მეგობარი თითქოსდა გამოუვალ სიტუაციებში
ჩავარდნილი, მაგრამ ყოველთვის, ყველაგან ხალისიანი და იუმორით აღსავსე. ახლა კი რაღაც შინაგანი
განცდების, ღრმა ფიქრის კვალი აჩნდა სახეზე.

-მოხდა რამე გაუთვალისწინებელი? - გვერდით ჩამოუჯდა, სიგარეტი მიაწოდა. თენგიზს


ზედაც არ შეუხედავს სიგარეტისთვის.

-შენ იცი ალბათ, ლევან, რომ ომის დაწყებისთანავე საზღვარგარეთ მყოფმა აფხაზურმა და
ქართულმა მაფიებმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. ერთმანეთს
დაუნდობლად ჟლეტენ საწამლავით, დანით. პისტოლეტებით და ეშმაკმა იცის, კიდევ რით... მე,
მიუხედავად ჩემი სამსახურისა, პირველ რიგში ქართველი ვარ და გულში ქართული მაფიის
გამარჯვებას შევთხოვ ღმერთს, - ჩაფიქრებულმა განაგრძო, - შენ მკითხე, რაიმე
გაუთვალისწინებელიაო? კი, ლევან. მოხდა ის, რასაც ასი წელი ვერ ვიფიქრებდი. ჩვენი ხალხი,
კერძოდ ჩვენი ერთი თანამშრომელი და ბაკურ ფხოველი მოწინააღმდეგე მაფიური დაჯგუფებების
მოქმედების შუაგულში აღმოჩნდნენ. აღმოჩნდნენ სრულიად შემთხვევით...

თენგიზმა დაწვრილებით მოუთხრო არჩვაძეს თურქეთში მომხდარი. ჩაფიქრებული,


სახეშეჭმუხნული ლევანი უხმოდ უსმენდა.

-შვილივით გავზარდე ეკა ბუჩუკური. საკუთარ ოჯახს, შვილებს ვაკლებდი, ოღონდ ეს ღვთის
და კაცისგან მივიწყებული ობოლი და-ძმა როგორმე სწორ გზაზე დამეყენებინა. გამიმართლეს, ბესიკმა
გლდანის პოლიციის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. დღეს ის სისხლის სამართლის სამძებრო
განყოფილების ინსპექტორია. ეკამ უცხო ენების ინსტიტუტი და შეთავსებით იურიდიული
ფაკულტეტი. ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ქვეყანა შევაწრიალე და რის ვაი-
ვაგლახით ბინაც მივაღებინე. მართალია პატარა, მაგრამ მაინც მათი საკუთარი და სანუკვარი... დღეს
კი ეს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულისთვის გაჩენილი, სიკეთისთვის მოვლენილი არსება ქვეყნად
ისეთ მგელს უდგას კვალში, როგორიც ვაჟა ჯინჯოლიაა. ეკას რომ რამე დაემართოს, - თითქოს რაღაც
სიმი აკანკალდაო გადალენდიას ხავერდოვან ხმაში, - აღარც ღმერთისას ვიწამებ რამეს, არც კაცისას და
არც ეშმაკისას. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ მის იქ გაგზავნას...

დუმდნენ ერთხანს. უხმოდ ეწეოდნენ. საათის მონოტონური წიკწიკი არღვევდა გამეფებულ


სიჩუმეს.

-ძნელია მოიძებნოს შესაფერისი სიტყვები იმ დუხჭირი ვითარაბისთვის, რაც ამჟამად ჩვენს


დაცემულ, ომით გაუბედურებულ ქვეყანაშია გამეფებული ყოველ სფეროში, ყოველ უბანზე, - მძიმედ
წარმოსთქვამდა ლევანი ყოველ სიტყვას. - ირგვლივ თვითნებობა, კადნიერება, უკანონობა, ქაოსია
მოძალებული, ვითარცა მარადიული თანამგზავრი სიღატაკის, ჭირის და ძალადობისა. ძნელბედობის
გრძელი გზა გამოუვლია საქართველოს უწინაც, სიაოშივით ცეცხლის ქარში გადმოულახავს
საუკუნენი, მაგრამ გარკვეული თავისებური მდგომარეობით მაინც ჩვენი ისტორიის შავი წერტილი
კრწანისში დაისვა და ერეკლეს გარდაცვალებით დასრულდა ჩვენი გმირული ისტორია. საყოველთაო
ძნელბედობაბ, ამაო დაპირებებმა, სიღატაკის ტრიუმფმა დააქვეითა მოქალაქეობრივი ქცევის
დევალვაცია და სადაც კანონი არ კანონობს, იქ ადამიანთა საზოგადოება ცხოველთა დონეს
უახლოვდება. მსჯელობა სასტიკია, მაგრამ სინამდვილე უარესი... მთლად უბედურება კი ისაა, რომ ამ
გრძელი, მრუმე გვირაბიდან გამოსავალი არ ჩანს, იმედის სხივი არ კიაფობს... მშვიდობიანი დრო რომ
იყოს, შევაწუხებდით თვით სახელმწიფოს მეთაურს და ყოველ ღონეს ვიხმარდით ეგვიპტიდან მათი
მშვიდობიანი ჩამოყვანისთვის, ახლა კი, ამ წუთებში, როცა ბოროტება ხარხარებს, ძნელია რაიმეს თქმა,
რაიმეს რჩევა. სოხუმზე შეტევა მთელი რკალითაა დაწყებული, ზღვიდან, ჰაერიდან, გუმისთიდან,
სოფელ შრომის ზემოდან, თვითმფრინავებით, გემებით... სამეცნიერო ,,ლაბორატორიიდან” უშენენ
ქალაქს... აფსუურ ენთუზიაზმთან ერთად ზეიმობს რუსული სამხედრო სტრატეგია, ტექნიკა...

ფიქრებში წასული, მდუმარედ იჯდა გადალენდია. ხელში სანთებელას ატრიალებდა და


ფიქრობდა...

-მეტი ალბათ აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ველოდოთ, როგორ განვითარდება
მოვლენები, იმედი ვიქონიოთ ფხოველის და ჯგუფის სხვა წევრების გამოცდილებისა.

-სანამ შენთან მოვიდოდი, - თენგიზმა თავი ასწია და ლევანს შეხედა, - დავუკავშირდი შინაგან
საქმეთა მინისტრს და ბესიკ ბუჩუკური გავათავისუფლებინე გარკვეული დროით. თემური და ბესიკი
დღეს ისევ უკან, აბაშიძესთან დაბრუნდებიან. კავშირის გაწყვეტა არაფრით არ შეიძლება. უნდა
ველოდოთ ყველაზე უარესს. ჯინჯოლიასგან ყველაფერია მოსალოდნელი...

-თენგიზ, შენამდე თუ მოაღწია იმ ხმებმა, რომ ჩეჩნებს და აფხაზებს ერთმანეთში შეტაკება


მოუხდათ?

-ვიცი ეგ ამბავი, მაგრამ რა მოხდა?

არჩვაძე მძიმედ წამოდგა, სეიფი გახსნა და მოსწავლის უბრალო, ორმოცდარვა ფურცლიანი


რვეული გადმოიღო.

-ეს დღიურებია!

-დღიურები? ვისი?

-ახმედ რამაზანოვის! - არჩვაძეს გაეღიმა, როცა გადალენდიას გაოცებულ სახეს შეხედა. -


რვეული ჩვენმა ბიჭებმა ჩაიგდეს ხელში, როცა რამაზანოვი უკვე შორს იყო აფხაზეთიდან. ეს
დღიურები ჩვენს გეგმებს მთლად ყირაზე აყენებს. გადავიკითხე ერთხელ, ორჯერ, მესამედ, მაგრამ
მაინც ვერაფერი გავიგე. როგორც ჩანს, ყველაფერი მთლად ისე არაა, არც ყოფილა, როგორც
ვფიქრობდით, როგორც გია ფიქრობს. თუ არ გეჩქარება, გადაავლე თვალი, მე ცოტა ხნით დაგტოვებ, -
ლევანმა რვეული გაუწოდა და გავიდა ოთახიდან.

თენგიზმა დაჭმუჭნული, აქა-იქ გდებისგან ყდამოცვეთილი, დასვრილი რვეული გადაშალა.


მკაფიო, ლამაზი ნაწერი რუსულ ენაზე... ალაგ-ალაგ გადაშლილი...
,,23 აგვისტო, 1992 წელი.

წუხელ ჩამოვედი აფხაზეთში. თითქოს რაღაც შეთანხმებაც დადეს მოსკოვში, მაგრამ... როგორც
ჩანს, ომია ისევ საჭირო. დანიშნული ვარ კონფედერანტთა საერთო ხელმძღვანელად. ნეტავ ყველას
ჩემნაირად შეაყვარა ომი, მაშინ ალბათ აღარასოდეს იქნებოდა... გაგრასთან ,მის კარიბჭესთან
ვდგავართ. ქართულმა სამხედრო შენაერთებმა რატომღაც უკან დაიხიეს და კოლხიდასთან შეჩერდნენ.
სანგრებს თხრიან. აქ რომ მიშვებდნენ, როდი იცოდა შანიბოვმა, რომ ძალით გაგზავნილი საქმეს
არასოდეს გააკეთებს. ჯერჯერობით თავს ზევით ძალა არა მაქვს. მართალია ხელმძღვანელი მქვია,
მაგრამ აქ ქაოსია, არც ვიცი, სადაა ჩემი ხალხი. ჯგუფებად დაყოფილნი ეშმაკმა იცის, სად
დაეხეტებიან, რას აკეთებენ...”

27. VIII.1992 წელი.

უზომოდ დავთვერი წუხელ. შეგნებულად დავლიე. არ შემიძლია ყურება ამ ხალხის, ვისაც


ყოველგვარი ადამიანური უკვე დაკარგული აქვს, კაცური აღარაფერი გააჩნია. ნეტავ სადაა ჩემი ძმა?!
იქნებ მოპირდაპირე სანგარში, ჩემიდან სულ ორიოდე ნაბიჯზეა?! სიამოვნებით მივაცხრილავდი
არძინბასაც და ელცინსაც. პოლიტიკოსების სახსენებელი არ უნდა იყოს ამ ქვეყნდად... თავი
მისკდება... კანტიკუნტად ისვრიან.

3. IX. 1992 წელი.

გაგრა აიღეს. ეს დღეები ოთახიდან არ გამოვსულვარ. არც ერთი ტყვია არ მისვრია. საღამოთი
გავიარე, განუკითხაობაა ირგვლივ... ქალაქი უკვე აღებულია, მაგრამ ერთ ქუჩაზე ჭერეხივით
დაგვაყარეს ტყვია. სადარბაზოს შევაფარე თავი. სამი ჩემიანი ადგილზე მოჰკლა ვიღაცამ. ბიჭები იქით
მიიწევენ. ვაჩერებ, იქნებ ისაა?! იქნებ მოასწროს გასვლა... ღმერთო, უშველე!.. ვერ გავიდა. ალყა
შემოარტყეს. შენობიდან გამოვიდა. არა, სულ სხვაა! ოცდახუთი-ოცდაათი წლის იქნება... თავიდან
სისხლი ჩამოსდის, დაჭრილია. ცარიელი ავტომატი კედელს შეალეწა და რატომღაც ცას გახედა. როცა
აფხაზები მისკენ დაიძრნენ, ყუმბარას რგოლი მოხსნა და ფეხებში ჩაიგდო... წამებში სანამ ყუმბარა
აფეთქდებოდა, ისევ ცას უყურებდა. ყოჩაღ, ჩემო უცნობო ძმაო! თუ მოკვდები, მხოლოდ ასე, კაცურად
უნდა მოკვდე...”

5. X. 1992 წელი.
რაც აქ ხდება, ამას არ შეიძლება ომი ეწოდოს. ეს რაღაც საშინელება, ანგარიშსწორებაა ისეთი,
როგორიც მე არსად მინახავს, ესაა ხოცვა, ჟლეტა განუკითხავად ქალის და ბავშვის... დატყვევებულებს
ყველას მასზე ვეკითხები. არავინ არაფერი იცის. არავინ იცნობს! ცხადია, არაა ფრონტზე... მეოთხე
წელია არ მინახავს. ბოლოს 89-ში ვიყავი მასთან. ფშავში ვინადირეთ. თბილისში დავბრუნდით 8
აპრილს და მომიტინგეებს შევუერთდით. ღმერთო! რა იყო ეს! არც ერთი სიტყვა არ მესმოდა. ის
მითარგმნიდა. მერე რუსის ჯარისკაცები. ტანკები... მისი გაფართოებული, ალეწილი სახე...
დალეწილი, დაჩეხილი ქალები, ბავშვები... მის თვალებზე ცრემლი მხოლოდ მაშინ შევნიშნე და ახლაც
არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩვენს ხელში რუსის ,,ლაფატკები”... ტანკზე ტყვიამფრქვევი იყო. იქით
გავიწიე, წუთიც და ტანკი ჩვენი იქნებოდა... ,,არ გინდა! - მომაძახა, -უარესი მოხდება! დაჭრილები
გავიყვანოთ!..” ცხოვრებაში მხოლოდ იმ წუთს ვიყავი მადლობელი იმ ინსტრუქტორების, ვინც
კაცისკვლა მასწავლა... ცხვირმოუხოცავი რუსი ,,მედესანტეები” აქეთ-იქით მივყარეთ და
თავდახეთქილი, უგრძნობელი გოგონები, თითქმის ბავშვები, გავიყვანეთ. მეორე დღეს თალხი ებურა
თბილისს, მთელ საქართველოს. 11-ში წამოვედი... სადაა ახლა?”

12. X. 1992 წელი.

გუშინ გავიგე, რაღაც ახალი შენაერთი ჩამოვიდაო ქართველების. წუხელ, ორ საათზე


გადავედი მათთან. უმეტესობა ბავშვებია. მანდარინის ხის ძირში იდგა დარაჯად. უკნიდან მხარზე
შევახე ხელი. შემოტრიალდა. წყნარად იყავი-მეთქი - ვანიშნე. გაოცებული, ბავშვური სახით
შემომცქეროდა. იარაღის ხმარება არც უფიქრია. ოო, თქვენი დედა... ვინც ეს ძუძუმწოვა ბავშვები ამ
სასაკლაოზე გამოვუშვით. მასზე ვკითხე, აქ ხომ არ არის-მეთქი. არაო! მსგავსი აქ არავინ არისო!
მესვრი, რომ შევტრიალდები-მეთქი? არა, ძმაო, რატომ უნდა გესროლოო! - ალალი ღიმილით
შემომაჩერდა. ერთი კოლოფი სიგარეტი დავუტოვე და შემოვბრუნდი. არ უსვრია. არც განგაში
აუტეხია...

14. X. 1992 წელი.

როგორ მომენატრა ჩემი ცოლ-შვილი, ჩემი ნატა, ჩემი ლეილა და ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი
ბაკური. რადგან მეუღლეც ქართველია, ჩემი მეგობრისა და ძმადნაფიცის ქართული სახელი დავარქვი
ჩემს ბიჭსაც. ისინი შორს არიან აქედან, ამერიკაში, ქალაქ ატლანტაში ამერიკელებად იზრდებიან და
წარმოდგენაც არა აქვთ, თუ მათი იარაღასხმული მამა მათი სამშობლოსა და მათი სისხლით
ნათესავების პირისპირ სდგას. ვითმენ, ვყლაპავ ჯერჯერობით ყველაფერს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს
ამომივა ყელში და... თავისთან, სოფელში ბაკურმა წამიკითხა პოემა, ,,სტუმარ-მასპინძელი” ერქვა
მგონი. კითხულობდა და მითარგმნიდა. ჩემი და ჩემი წინაპრების მტრობა, ძმობა და გატანა იყო
აღწერილი. მთელი ღამე გავათენეთ. ეჰ! ნეტა იმ დროს!
20. X. 1992 წელი.

დღეს დილით არძინბამ გამომიძახა. ვეახელი. თეთრ, ქათქათა კოსტიუმში გამოწყობილი


ღიმილით შემომეგება. სახე უღიმოდა, თვალები კი, გველის თვალები, ისე შემომყურებდნენ, თითქოს
მონუსხვა უნდოდათ ჩემი, პასიურობო! - მისაყვედურა... არაფერი მითქვამს, მის დაცვას შევხედე.
თითო გასროლა და ამ გაბღენძილებს შაშვებივით დავყრი ძირს, მაგრამ არძინბას მარტო ტყვია?! არა!
მისი ტყვიით მოკვლა მკრეხელობაა უბრალოდ. მისთვის ისეთი სასჯელია საჭირო, რაც კაცის გონებას
ჯერ არ მოუტვინია. რუკაზე რაღაცეებს მიხსნის... ჩემს თავში არაფერი შედის... ჩემი ფიქრები
სხვაგანაა... მოვა დრო და თუ მე ვერ შევძელ, სხვები განანებენ, ბატონო ვლადისლავ, შენს ჩანადენს,
გაგრის სტადიონზე ჭია-ღუის საჭმელად დაყრილ ათასობით გვამს ისტორია არ დაივიწყებს...

25. X. 1992 წელი.

ჩემს ხალხს ტყვეები აუყვანია სამნი არიან, ნაცემები უმოწყალოდ, გაკოჭილები. რომელი
ბატალიონიდან ხართ-მეთქი, - ვკითხე. ,,მხედრიონიდან”, ბადრი ფირცხელიანის ბიჭები ვართო! -
უკმეხად მომიგდეს და ზიზღით, გამომწვევად შემომაჩერდნენ. ეხ, ბიჭებო! ბიჭებო! ნეტა როგორც
თქვენ გადაგარჩენთ, ისე შემეძლოს ყველას შველა და დახმარება, ყველას გაცოცხლება და
ნუგეშისცემა... ღამით პოზიციიდან გამოვიყვანე, პისტოლეტები, ყუმბარები მივეცი და წადით-მეთქი! -
ვუთხარი. შემოვტრიალდი. ადგილიდან არ დაძრულან. ერთი წამომეწია და მკლავში მომკიდა ხელი.
შევჩერდი. თვალებში ჩამხედა. რატომ აკეთებ ამასო, - მკითხა. რა უნდა მეთქვა?.. ღმერთი
გადაგიხდისო! - მითხრა და სიბნელეში გაუჩინარდნენ. ხის ქვეშ ჩამოვჯექი და დიდხანს
გულდამძიმებული ვიყურებოდი იქით, სადაც ქართველთა პოზიციებია.

27. X. 1992 წელი.

ახალი ჯგუფები ჩამოვიდნენ დონის როსტოვიდან და ჩეჩნეთიდან, ასოცი კაცია. კაცი-მეთქი


ვამბობ! კაცები კი არა, მათ ცხოველიც არ შეიძლება უწოდო. ყოველგვარ სისაზიზღრეზე რომ ხელს
მოაწერენ, ნეტავ სად პოულობენ ამნაირებს?! მაგრამ სად მიპოვეს მე?! ალბათ ასევე დაეძებენ მათაც.
მუშაობს მოსკოვის ,,კგბ”... მუშაობს... ვგრძნობ, ქართული მხარე განწირულია... დავიჯერო მას რამე
დაემართა? ფრონტზე რომ იყოს, აქამდე არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. მით უმეტეს, რომ ეს ,,ფრონტი”
სულ რამდენიმე კილომეტრს ითვლის. აქ რომ იყოს, უკვე ათასჯერ ვნახავდი გადამწვარ და
აფეთქებულ სახლებზე, მოკლულთა შუბლებზე მიხატულ შავ ეშამს!..”
ფეხის ხმამ გამოაფხიზლა გადალენდია. ლევანი შემოსულიყო. მაგიდაზე რაღაც ქაღალდები
დააწყო და თენგიზს მიუბრუნდა:

-წაიკითხე?

-ვკითხულობ! - ერთი სული ჰქონდა კითხვა გაეგრძელებინა. ლევანმა რვეულს ჩახედა.

-საინტერესო იმდენად უკვე აღარაფერია, თუმცა, შეგიძლია თან წაიღო და გადაავლო თვალი.

-ლევან, შენ მითხარი, ეს რვეული მაშინ ჩაგვივარდა ხელთ, როცა რამაზანოვი უკვე შორს იყო
აფხაზეთიდანო. ეს როგორ გავიგო?

-პირდაპირი მნიშვნელობით.

-ფრონტის ხაზი მიატოვა და წავიდა?

-ჰოც და არც! იქ მოხდა რაღაც ისეთი, რაც ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი. საერთო სურათი კი
ასეთია: ერთ-ერთ ჩვენს ქართულ სოფელზე იერიში მოჰქონდათ. ხალხის გამოყვანა ვერ მოვასწარით.
სოფელში დარჩნენ ქალები და ბავშვები. როცა ყველა თითქმის უკვე განწირული იყო, მოხდა
მოულოდნელი, საოცარი რამ... რამაზანოვი შეუბრუნდა და აფხაზების მოწინავე, მოიერიშე ჯგუფი
თითქმის ერთიანად ამოწყვიტა. გგონია გაიქცა? არა! მიაშურა. პირდაპირ არძინბას რეზიდენციას. რა
საუბარი იყო მათ შორის, ეს არ ვიცი... ალბათ ერთმანეთს მომხდარის შემდეგ კოცნას არ დაუწყებდნენ.
იქიდან გააფთრეული გამოიჭრა რამაზანოვი თავისი დაცვით, სულ ორი თუ სამი კაცით და ზღვის
სანაპიროს მიაშურა, აქედან იკარგება მისი კვალი. ფაქტია - ის აფხაზეთიდან წავიდა! მაგრამ საით?
ღმერთმა იცოდეს...

-ამ დღიურებზე რას ფიქრობ?

-როგორ გითხრა. თუ დღიურებს ვენდობით, ეჭვგარეშეა, რომ წლების უკან ავღანეთში მოხდა
ისეთი რაღაც, რამაც ეს ორი თავზეხელაღებული კაცი, მტრები ერთმანეთის, განუყრელ მეგობრებად
აქცია... მოხდა რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით და მათ გარეშე ვერც ვერასოდეს გავიგებთ...

-როდის მოხდა ეს?

-23 მაისს...

X თავი

23 მაისი,1993 წელი...

ზღვის სანაპიროზე ბინდი წვებოდა. ნელ-ნელა მოსაღამოვდა. თხელ, მსუბუქ ნისლში გაეხვია
ზღვისგან განბანილი, დაკლაკნილი შესახვევები. შორს, პატარ-პატარა ყურეებში მკრთალი
სინათლეები აინთო, თითქოს მათი შუქი საუკუნეთა წყვდიადიდან ეშურებოდა და ახლაღა მოაღწიაო.
ვლადისლავ არძინბა რუკის წინ იდგა. დაფიქრებული შეჰყურებდა. ქვემოდან, ქუჩის მხრიდან
ხმაური, ღრიანცელი არ წყდებოდა, რაც ესოდენ დამახასიათებელია ფრონტისპირა ქალაქისთვის.
დაცვის უფროსი შემოვიდა:

-ბატონო ვლადისლავ, თემურ აშბა მოვიდა!

-შემოვიდეს! - რუკისთვის თვალი არ მოუშორებია, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა არძინბამ.

გამტვერილ, საველე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ჭარმაგმა კაცმა კარი რომ შემოაღო,
მხოლოდ მაშინ მოწყვიტა თვალი რუკას.

-ახალია რამე? რაღაც ცუდი ფერი გადევს სახეზე.

-კარგი არაფერია! - დაღლილი აშბა მძიმედ დაეშვა სკამზე. - რამაზანოვმა გვიღალატა.

-ქართველებთან გადავიდა?

-არა, მაგრამ კვაცბაიას ჯგუფი გაანადგურა.

-სადაა ახლა?

-აქ მოდის, ალბათ თქვენთან. გზაზე გადმოვასწარი.

შემოსასვლელში ატეხილმა ხმაურმა შეაწყვეტინათ საუბარი. წუთიც და ახმედ რამაზანოვი


არძინბას დაცვასთან ერთად ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში. არძინბამ ყურადღებით შეავლო
თვალი რამაზანოვის სიბრაზისგან აწითლებულ, წვერმოშვებულ, მაგრამ მაინც ლამაზ, ვაჟკაცურ სახეს.
შავ თვალებს ავად აელვებდა ახმედი. უკან თავისი მეგობრები ედგნენ. ვლადისლავ არძინბამ გაიღიმა
და ოლიმპიური სიმშვიდით სავარძელზე მიუთითა.

-დაჯექით, ახმედ! რაღაც გაუგებრობას ქონია დღეს ადგილი, როგორც გავიგე...

-რისთვის ჩამომიყვანეთ აქ? - თვალი თვალში გაუყარა რამაზანოვმა.

-საომრად!

-მერედა სადაა ომი? ვის ვეომო, აკვნის ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს?! - ისეთმა ფერმა
გადაჰკრა სახეზე ახმედს, რომ არძინბას ტანში გასცრა.

ტელეფონის ზარმა შეაკრთო რატომღაც. ყურმილს მისწვდა. უსმენდა ვიღაც უხილავს და სახე
თანდათანობით მომაკვდავივით უფითრდებოდა. კალამი აიღო და რაღაც ჩაიწერა. ყურმილი დაკიდა
და ჩაფიქრდა. თითქოს საერთოდ გადაავიწყდა რამაზანოვიც და მასთან საუბარიც... ტელეფონს
მისწვდა. ნომერი აკრიფა.

-ალო! სად ხართ! დაგეძინათ? ბორისი სადაა?... ბორია, მისმინე. გუშინწინ დილით არაბეთის
უდაბნოში ჩამოაგდეს ჩვენი თვითმფრინავი. თვითმფრინავი აფეთქდა დაჯდომიდან თხუთმეტ
წუთში. ვაჟამ მოასწრო გასვლა, მაგრამ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. აბაშიძის ძაღლები უდგანან
კვალში. იღონე ყველაფერი მის გადასარჩენად, რადგანაც მისი დაღუპვით ჩვენ დავკარგავთ ძალიან
ბევრს, მიხვდი?! გაემგზავრები დაუყოვნებლივ. ძებნა უნდა წარმართო პორტ-საიდიდან ქალაქ
კაირომდე მოქცეულ უდაბნოში. ჩემი ბრძანებაა: ლიკვიდირებულ იქნას ჯგუფი მთლიანად, ვინც
აბაშიძემ ჯონჯოლიას შესაპყრობად გაგზავნა. მოკალით ჯგუფის მეთაური, ვინმე - არძინბამ
ფურცელს დახედა - ბაკურ ზურაბის ძე ფხოველი. გასაგებია? შეკითხვა გაქვს? ძალიან კარგი. გისურვებ
წარმატებას. ნახვამდის... - მძიმედ ამოიხვნეშა და რამაზანოვს შეხედა. შეხედა და გაოცდა. თვალები,
რომელნიც ათიოდე წუთის წინ რისხვას აფრქვევდნენ, ახლა ეშმაკობაში გამარჯვებული პატარა
ბიჭივით უციმციმებდა ახმედს. ერთ წერტილს მიშტერებული რაღაცას უღიმოდა...

-ესე იგი თქვენ ბრძოლაზე უარს აცხადებთ?

-დიახ! მე მოვრჩი! - ხმადაბლა, ისევ ღიმილით წარმოსთქვა.

-მორჩით ჩვენი ბიჭების დახოცვით, არა? - იფეთქა არძინბამ. - და როგორ გგონიათ, აქედან
დაუსჯელი გახვალთ?

-რა თქმა უნდა!... მე ეჭვიც არ მეპარება თქვენს კეთილგონიერებაში. მგონი იმდენი ჭკუა
გეყოფათ, რომ ჩემს წინააღმდეგ არ განიზრახავთ რაიმეს გაკეთებას.

-იმუქრებით?

-როგორ გეკადრებათ, ბატონო ვლადისლავ, მუქარა რა მოსატანია. მე უბრალოდ


გაფრთხილებთ! - ახმედმა მშვიდად შეხედა არძინბას ბრაზისგან მოღრეცილ სახეს. - მე მივდივარ ამ
წუთში და ღმერთი არ გაწყრეს, წინ ვინმე არ გადამეღობოს! - შემოტრიალდა და ნელი ნაბიჯით
გავიდა. თავისიანები უკან მიყვნენ... მცირე ხანში რამაზანოვის შავი ,,იაგუარი” ადგილს მოსწყდა და
სიბნელეში თვალს მიეფარა...

შუქებჩამქრალი მანქანა სანაპიროზე იდგა. ახმედ რამაზანოვი დაძაბული მისჩერებოდა


ნავებით და კატერებით ავსებულ ზღვის ნაპირს. მიმოსვლა არ წყდებოდა. სულგანაბულნი ისხდნენ
მანქანაში ახმედის მხლებლები...

-ძმებო! - ახმედმა წყნარად, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით დაილაპარაკა, - თქვენ რომ არ


მენდობოდეთ მე, ჩემს გვერდზე არც იქნებოდით. მენდობით და პატივს მცემთ იმიტომ, რომ ერთი
სისხლი გვიდუღს ძარღვებში, ერთმანეთის ძმები ვართ და ბიძაშვილები. ჩვენ ერთად უნდა
დავბრუნებულიყავით დღეს გროზნოში, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. უჩემოდ მოგიწევთ წასვლა, -
სათითაოდ შეავლო ოთხივეს თვალი. - მე დაუყოვნებლივ თურქეთში უნდა გადავიდე. ნუ მკითხავთ,
თუ რატომ. ასეა საჭირო... თქვენ ჩემი მანქანით დაბრუნდებით უკან, ამ მანქანას აქ კარგად იცნობენ,
საჭეს მსუბუქად დაარტყა ხელი, - თქვენი გამჩერებელი არავინაა, მაგრამ სანამ ერთმანეთს
დავცილდებოდეთ, დახმარება მჭირდება თქვენი...

-შენ თქვი, ახმედ! - მანქანაში მსხდომთაგან ყველაზე ახალგაზრდამ კბილები გააელვა.

-ფული მჭირდება! დოლარები, და ალბათ ძალიან ბევრი... როგორ ფიქრობთ, რამდენის შოვნას
შევძლებთ სასწრაფოდ?!

ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს.

-რამდენია საჭირო, პირდაპირ გვითხარი! - თვალებში შეხედა გვერდით მჯდომმა.


-მინიმუმ ოცდაათი ათასი, - სიბნელეს გახედა. - ათი ათასი მე მაქვს. ჩამოვალ და ხომ იცით,
ჩემთან არაფერი დაიკარგება.

ფული ვისაც რა ჰქონდა, ამოიღეს და წინ მჯდომს გადააწოდეს.

სწრაფად გადათვალა და რამაზანოვს გაუწოდა:

-ორმოცდაათი ათასია, ძმაო! თუ გეყოფა, კარგია, თუ არა და ერთ საათში ერთ მაგდენს კიდევ
ვიშოვით!

-არა! მეტი არაა საჭირო, - გაიღიმა. - რჩება მთავარი! აი ის კატერი მჭირდება! - თითი მიაშვირა
ნაპირთან ტალღებზე მოლივლივე თეთრ, ქათქათა კატერს. მის შორიახლოს აფხაზი მეავტომატეები
მიმოდიოდნენ.

-ეგ არძინბას კატერია მგონი? - კითხვით შეხედა ერთ-ერთმა.

-კი, დურსუნ! არძინბას კატერი გახლავს, სპორტული კატერი, რომელიც პორტუგალიაში


დაუმზადეს საგანგებო დაკვეთით, - თვალმოჭუტულმა გახედა. - ეგაა ყველაზე სწრაფმავალი შავ
ზღვაზე და ბატონი არძინბა მაგას დღეის შემდეგ ისევე ვეღარ იხილავს, როგორც საკუთარ ყურებს
სარკის გარეშე...

-კი მაგრამ, პროდუქტი, საწვავი? - სწრაფად იკითხა დურსუნმა.

-ყველაფერი გამზადებულია. გადმოტანაა მხოლოდ საჭირო - კატერის დაცვას გახედა. - ამათ


მე მოვუვლი თქვენ კი რაც მჭირდება, გადმომიზიდეთ. იჩქარეთ რაც შეიძლება...

მანქანიდან გადმოვიდა. დურსუნი საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ახმედი ნელი
ნაბიჯით, უდარდელი სტვენით გაუყვა ზღვის ნაპირს. ზღვიდან მონაბერი ცივი, გამჭოლი ქარი,
ძვალსა და რბილში ატანდა, მაგრამ სიცივეს არ გრძნობდა. გადაღეღილი მკერდით ხარბად
ისუნთქავდა ცივ ჰაერს. ,,ცოცხალია! - რეკდა გონება, - ცოცხალია! მაშ არძინბამ მისი მოკვლა
განიზრახა? ვერ შეძლებ მაგას! შენი გეგმა ამთავიდან ჩასაფუშადაა განწირული, ეშმაკების მეუფევ! იმ
შენს ბორისს რომ უდაბნოში ჩავმარხავ სადღაც, მაშინ ისწავლი ჭკუას, ოხერო! ახმედ რამაზანოვი
არაბეთში კი არა, ქვესკნელში ჩავა თავისი მეგობრის და ძმადნაფიცის გადასარჩენად”...

ჯიქურ, პირდაპირ მიადგა კატერის დაცვას. სამოქალაქო ფორმებით, ავტომატებით


შეიარაღებული სამი აფხაზი ბოთლიდან სვამდა რუსულ არაყს. ავტომატები მოიძრეს, მაგრამ
რამაზანოვი რომ იცნეს, დამშვიდნენ. საიდანღაც ჭიქა, ძეხვი, პური გააჩინეს. იქვე მდგარი
,,ჟიგულიდან” კონიაკები ამოიღეს. ახმედმა ჭიქა გამოცალა და ძეხვის ნაჭერს მისწვდა.

-თქვენ რა, ბიჭებო, ამ ომში მარტო კატერის ყარაულობა გაკისრიათ? - ირონიული ღიმილით
შეავლო თვალი მათ ტანსაცმელს. მათგან ერთ-ერთს ზომაზე მეტი მოსვლოდა არაყი. უცებ აენთო:

-რას იზამთ! ყველა კაცისმკვლელად არ ვართ დაბადებულნი ამქვეყნად, - უკმეხად მიუგდო.

-ქართველი ჯერ არ მოგიკლავს?

-ღმერთმა მაშოროს! - ზიზღით გადააფურთხა მეორემ.


გამომცდელი თვალით შეათვალიერა სამივე. ახალგაზრდა, ოცი-ოცდაორი წლის ბიჭები
იყვნენ.

-მაშ ამ წუთას მე რომ ეს კატერი წავიღო, არ მესვრით?

-სროლით ვისვრით, - გაიღრიჭა ქერა, დაბალი ბიჭი. - მაგრამ...

-მაგრამ რა?

-ჰაერში ვისვრით! შემდეგ კი შეიძლება თითო ტყვიით ერთმანეთსაც გავუმასპინძლეთ სადმე


რბილ ადგილებში, - გაეღიმა ქერას.

ახმედს შეეცოდა ეს ბიჭები, ვისაც იარაღი შემთხვევით აეღო ხელში. ვისაც ჯერ კიდევ
შეურყვნელი ჰქონდა სული. ამათკენ რომ მოდიოდა, მზად იყო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში
ერთიანად ამოეხოცა. ახლა კი იდგა ამ ბავშვების წინ და აღარ იცოდა რა ექნა. შორიდან მანქანის
სინათლეები გამოჩნდა. იცნო თავისი მანქანის ფარები. უცებ მიიღო გადაწყვეტილება.

-ბიჭებო, თქვენ მე მიცნობთ! იცით ისიც, რომ შემეძლო მარტო ან სხვებთან ერთად
მოვსულიყავი და დამეხოცეთ. მე ეს არ გავაკეთე, არც გავაკეთებ! პირდაპირ გეუბნებით, ეს კატერი
მჭირდება, უნდა წავიღო. ნუ მომაჩერდით გაოცებით, მე არ ვხუმრობ! ყველაფერს ჯობია ახლა ერთად
მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რომ თქვენ არ დაისაჯოთ...

ოცი წუთის შემდეგ თეთრი სპორტული კატერი მთელი სისწრაფით მიაპობდა შავი ზღვის
ტალღებს. საჭესთან ფეხზე მდგარ ახმედ რამაზანოვს გეზი სტამბულისკენ ჰქონდა აღებული, იქიდან
კი, ბოსფორის სრუტით, ხმელთშუა ზღვაში.

XI თავი

ვერტმფრენმა თანაბარი სვლით გადალახეს ჩრდილო აფრიკის საჰაერო საზღვრები.


მგზავრებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. ამდენ ხანს ჰაერში ყოფნის შემდეგ ხმელეთზე დაეშვებიან,
მუხლს გამართავენ. ეკა ილუმინატორს აჰკვროდა და თვალდაუხამხამებლად მისჩერებოდა ძირს
გადაშლილ უცნობ, მაგრამ თვალწარმტაც მიდამოს. ბიბლიური ფურცლები ცოცხლდებოდა თითქოს...
პაწია სახედრებზე არაბები გადამჯდარან. მობაკუნობენ გზაზე და ლამის არის ლანჩებით მიწას
ხვეტენ. გზის მახლობლად თვალახვეული აქლემი, გეგონება მოუმართავთო, დაუღალავად წრეს
უვლის და ჭიდან წყალს ქაჩავს. უდაბნოს ხრიოკ გარემოსთან შედარებით მიწის ეს ზოლი შესამჩნევად
ამწვანებულა. არც მანქანა ჩანს და არც ტრაქტორი, აქლემისა და კაცის მეტს აქ ვერაფერს ნახავ, მაგრამ
მაინც თესენ, მკიან და ცხოვრობენ, ცხოვრობენ ზანტად, თავიანთ ყაიდაზე: თამაშობენ ჭადრაკს, სვამენ
ყავას, ცხოვრების გამოცანაზე მასლაათობენ და კვლავ და კვლავ ცოლებს ეძიებენ, რადგან აქაური
კანონით ღვთისმოსავ მაჰმადიანს ერთად ოთხი შეუძლია ჰყავდეს. ამბობენ, ოთხი ცოლი ჰყავდაო
მაჰმადს. მაშ რჯულით ასე ყოფილა წინასწარ დასახული და რას იზამ, ვერ გაამტყუნებ მათ...
მზერა მოწყვიტა გარემოს. ბაკურს გახედა. ფეხი-ფეხზე გადადებულს, გულხელდაკრეფილს,
თავი უკან, სკამის საზურგისთვის მიეყრდნო. ფხოველის შავმა სათვალემ საშუალება არ მისცა ეკას,
გაეგო, ეძინა თუ ეღვიძა. მას უყურებდა! მის ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი კრთოდა. ეკას გული
ლამის ამოუხტა საგულედან, მაგრამ ტუჩები დამცინავად აიბზუა და:

-საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული კაცი! - გესლიანად, ბაკურის გასაგონად ჩაილაპარაკა,


რასაც ამ უკანასკნელზე არავითარი ზემოქმედება არ მოუხდენია. კვლავ მშვიდად იღიმებოდა,
მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გაიგონა. საათს დახედა და არაბს შეუბრუნდა:

-ნორმან, აქ შენ ითვლები მასპინძლად. უდაბნოში გავალთ ხვალ, დილის შვიდ საათზე. დღეს
სად გავათევთ ღამეს, შენ ბრძანე! ჩვენ გისმენთ და გემორჩილებით...

არაბმა სოსოს შეხედა. სოსომ სიგარეტის ნამწვავი ფეხით დაასრისა იატაკს და ყველას მოავლო
თვალი:

-ბაკურ! მეგობრებო! ახლა მხოლოდ საღამოს ოთხი საათია. ჩვენთვის კაიროში, ჩრდილო
აფრიკის ამ ლამაზ დედაქალაქში უკვე მზადაა ღამის გასათევი. ჩვენი ნომრები უკვე დაჯავშნულია.
ბატონი გიორგის მეგობრები გველოდებიან. უმჯობესია ალბათ ეს ბოლო ღამე ქალაქში გავატაროთ,
ხვალ ღამეს კი ,,სალაშქრო კოცონთან” შევხვდებით.

-ქალაქში გასვლა შეიძლება? - წყნარად იკითხა ეკამ.

-რატომაც არა! - გაეღიმა ნორმანს, - მთელი საღამო თქვენს განკარგულებაშია. მაგრამ


გირჩევდით კი ადრე მოსვენებას, მძიმე გზა გველს.

მფრინავებმა, როგორც ჩანს, მარშრუტი ბრწყინვალედ იცოდნენ. ვერტმფრენები ქალაქის


მახლობლად დაეშვნენ და ათიოდე წუთში უკვე ახალთახალი ,,ჯიპებით” კაიროსკენ მისრიალებდნენ
ჯგუფის წევრები. კვირა დღე იყო, მაგრამ კვირა სახეს არ უცვლის კაიროს, რადგან არაბები
კათოლიკენი არ არიან. ბეტონის მიხვეულ-მოხვეული გზის ორსავე მხარეს თეთრი ქვიშაა. ალაგ-ალაგ
თითო-ოროლა ხეც მოჩანს. მათ ქვეშ ბარაკის ტიპის ყაზარმებია, მაღლა ცაში - თვითმფრინავები.
ჰორიზონტზე კაიროა, უძველესი და უმდიდრესი სატახტო ფარაონთა აკლდამებით... აი უკვე
ქალაქიც...

ცუდად განათებულია ალბათ ღამით ფართო პროსპექტები... ბეტონის თანამედროვე ხიდი.


ხიდქვეშ ნილოსი ბრჭყვიალებს. საღამოს თბილი ჰაერი შემწვარი ცხვრის ხორცის სუნით და ბენზინის
ორთქლითაა გაჟღენთილი. აურაცხელი მანქანა დაქრის...

სასტუმრო. სუფთა, გაწკრიალებული ნომრები ფართო, მოხერხებული საწოლებით,


ტელეფონებით. ფანჯრებიდან მოჩანს, თუ როგორ ფუსფუსებს ძირს აღმოსავლეთის ბაბილონი.
არცთუ გრძელი დერეფნის ბოლოში ძალიან ფართო სააბაზანო ოთახია, ნომრებში მხოლოდ
პირსაბანია...

ეკამ თავი წესრიგში მოიყვანა და ნომრიდან გამოვიდა. მიიხედ-მოიხედა. საათს შეხედა. ხუთი
სრულდებოდა. ირგვლივ არავინ იყო. თითქოს სიცოცხლე ჩამკვდარიყო. ყველა ნომრებში იყო
ჩაკეტილი. ,,არც მჭირდება არავინ”! - გაივლო გულში და მაინც საყვედურნარევი მზერით გახედა
ბაკურის კარს... ნელი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე. ,,ნებივრობს ალბათ ვაჟბატონი! დაწვა და დაიძინა!
მაგან მხოლოდ ხალხი ხოცოს... ფეხებზე ჰკიდია ნილოსის სილამაზეც და ხეოფსის პირამიდებიც!”
წუთით შედგა და ჩაფიქრდა. ,,ღირსია, ავბრუნდე უკან და მისი ნომრის კარები ძირს ჩამოვიღო!
უტაქტო, უზრდელი, გაუთლელი პროვინციელი! ისე მიმატოვა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს!” -
გაგულისებულს ლამის ცრემლები წამოსცვივდა. ჰოლი განათებული იყო უკვე. ეკამ, ისე, რომ ნაბიჯი
არ შეუნელებია, ნელი მზერა მოავლო დარბაზს და უცებ შედგა... პირდაპირ შემოსასვლელთან, იგივე
მდგომარეობაში, როგორც ფრენის დროს, ფეხი-ფეხზე გადადებული, გულხელდაკრეფილი ფხოველი
იჯდა. მხოლოდ სათვალე აღარ ეკეთა. მას ხელში ათამაშებდა და ეკას მისჩერებოდა... ნელი ნაბიჯით
წამოვიდა მისკენ...

-სად ხარ აქამდე?

-არ მითხრა ახლა, შენ გელოდებოდიო! არაბ ქალებზე ნადირობდი ალბათ და ხელი შეგიშალე!
- წაკბინა.

ბაკურს არაფერი უთქვამს. გაეღიმა მხოლოდ. გაეღიმა ისე, როგორც პატარა, ონავარი ბავშვის
სიცელქეზე გაიღიმებს უფროსი. უსიტყვოდ მოხვია ხელი. თვალებში ჩახედა... შეცბა ეკა. ასეთი
თვალები, ლამაზი, ნაღვლიანი თვალები მას არასოდეს ენახა... ანგარიშმიუცემლად მინებდა ვაჟის
მკლავს...

-მაპატიე, ბაკურ!

-არ გინდა, გავიდეთ ქალაქში?!

-ჰო!

ქუჩაში გავიდნენ. ნელი ნაბიჯით გაუყვნენ სასტუმრო ,,შეპერდის” მიმდებარე პროსპექტს.


ყოველ ხუთ ნაბიჯზე ვიღაც უახლოვდებოდათ, ვინმე კი არა, ზოგჯერ, ერთად რამდენიმე კაცი
აჩერებდათ და მთელი ძალით ცდილობდნენ საქონელი მიესაღებინათ.

თითქოს პირი ჰქონდათ შეკრული, ყველა ტყავის ქარქაშებით ვაჭრობდა. ქარქაშები


აბსოლიტურად ერთნაირი იყო, ყოველი მათგანიდან ოთხკუთხედი მახვილი პირი მოჩანდა,
სტილეტისმაგვარი. თითო იარაღს ოც შილინგს აფასებდნენ. ეკა დახვეწილი ინგლისურით,
თავაზიანად უარობდა...

-იცი? - უკვე ნილოსის ჯებირთან სანაპიროს მიუყვებოდნენ, ეკამ რომ სიჩუმე დაარღვია, -
შეიძლება ეს იყოს ჩემი პირველი და უკანასკნელი ყოფნა კაიროში. ძალიან გთხოვ, ეროვნული
მუზეუმი დავათვალიეროთ!

-სიამოვნებით...

ქანდაკებები... აკლდამები... ძვირფასეულობანი... ტუტანხამონის მუმია, ნილოსის ქვიშა-


შლამიდან ამოღებული ძველისძველი გალერეა... რამდენიმე დარბაზი შემოიარეს და პირამიდების
სანახავად მანქანით გაემგზავრნენ. მძღოლმა ადგილზე გიდი უქირავა - გამოცდილი თარჯიმანი. გიდს
გრძელი, მიწამდე დაშვებული თეთრი ხალათი ეცვა. მთელი მისი ფიგურა იმას მეტყველებდა, რომ
მზად იყო დიდი ხალისით, მთელი მონდომებით მომსახურებოდა. პირველი ხეოფსის პირამიდა
ინახულეს, მაგრამ დარბაზის დასათვალიერებლად, სადაც სარკოფაგებია, დაახლოებით ასმეტრიანი
ჭერდაბალი დერეფნით მაღლა ასვლა დასჭირდათ. ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდი პირამიდაა,
მაგრამ არავითარ სიტყვას არ ძალუძს მისი სიდიადის გამოხატვა. გაოგნებული შეჰყურებდნენ. როგორ
მოჰქონდათ ადამიანებს მრავალტონიანი ლოდები მშენებლობის ადგილზე, როგორ ახერხებდნენ ამ
სიმაღლეზე ატანას და მშრალად, ყოველგვარი დუღაბის გარეშე მათ წყობას, ისიც იმ შორეულ დროში,
როცა რაიმე ამწევ საშუალებათა ხსენებაც არ იყო!.. მაგრამ მაშინ მანქანას მონები ცვლიდნენ, ტექნიკას -
მათრახები, ვინ იცის რამდენ ათეულ ათას ადამიანს აღმოხდა სული მათრახებქვეშ, სანამ ეს ტაძრები
და პირამიდები აიგებოდა. დღევანდელ კაიროში ყველაფერს როგორღაც ერთად მოუყრია თავი და
ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე განლაგებულა... იქვე ახლოს ცნობილი სფინქსი - მრავალი
ათასწლეულის წინ შექმნილი, უძველესი ძეგლი...

მალე თარჯიმანთან ერთად ალი მოჰამედის სახელგანთქმულ მეჩეთში ავიდნენ. მეჩეთშიც და


მის ირგვლივ მდგომი სხვა საკულტო შენობებიც ღიაა. ყველგან უმშვენიერესი ხალიჩებია, ოქრო-
ვერცხლი და განტოტვილი ელექტროჭაღი. ,,ო-ოო” - წამოიყვირა გიდმა შუაგულ მეჩეთში და მაღალ
თაღქვეშ რბილად, გარკვევით აგუგუნდა ექო... დიდხანს და დაწვრილებით მოუთხრობდა გიდი ალი
მოჰამედისა და მეჩეთის ისტორიას. ზემოდან დაჰყურებდნენ კაიროს. მოჩანდა გაჩახჩახებული
ქალაქის დიდებული პანორამა...

-კიდევ რის ნახვას ისურვებდით? - იკითხა გიდმა.

-ჩვენ აქ ყველაფერი ნამდვილი და ჭეშმარიტად არაბული გვაინტერესებს, თუ, რა თქმა უნდა,


ამ საღამოს კიდევ მოვასწრებთ რაიმეს ნახვას, - მიუგო ეკამ.

-ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება ,,შეხერეზადა” მოინახულეთ.

-რას ნიშნავს ,,შეხერეზადა”?

-კაიროს ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილი გახლავთ.

-ვღებულობთ თქვენს წინადადებას, რადგანაც ამ გასართობი ადგილის თვით სახელწოდებაც


კი ძალზა რომანტიკულად და წარმტაცად ჟღერს.

რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანით დიდ მოედანზე გავიდნენ. ,,შეხერეზადა” მოედნის ერთ-
ერთ კუთხეში აღმოჩნდა. როგორც ჩანდა, აქ მარტო გასართობი ადგილი როდი იყო. შესასვლელთან
ფართო, ნათელმა კიბემ მეორე სართულზე აიყვანა ისინი. კედლები არაბ მოცეკვავე ქალთა
პორტრეტებით იყო შემკობილი. დარბაზი, სადაც შევიდნენ, დიდი კინოთეატრის ჩაბნელებულ
დარბაზს ჰგავდა. სკამები აკურატულად იყო დამწკრივებული, ოღონდ იატაკზე არ დაემაგრებინათ -
ეს კი დარბაზის მთელ მოწყობილობას ერთგვარ უბრალოებას ანიჭებდა. პრიმიტიული ლამპებით
განათებულ უფარდო სცენაზე ოთხი მუსიკოსი იჯდა. ორ მათგანს ხელში ეჭირა, უფრო სწორად,
ფეხებს შორის გამოემწყვდიათ რაღაც უცნაური, ერთსიმიანი გრძელი ინსტრუმენტი - ვიოლონჩელის
უძველესი წინაპარი. მესამესაც ერთსიმიანი, ოღონდ განსხვავებული საკრავი ეპყრა, მეოთხეს რაღაც
დოლის მაგვარი. კედლების გასწვრივ მომცრო მაგიდები და სკამები იდგა. ხალხი ნამდვილ ეგვიპტურ
ლუდს და შავ ყავას შეექცევა, თამბაქოს ეწევა. მოხუცი არაბები დინჯად აბოლებენ ყალიონებს...
სცენაზე ახალგაზრდა მოცეკვავე ქალი გამოვიდა და დარბაზშიც ტაშმა იქუხა. სულ
თვრამეტიოდე წლის თუ იქნებოდა. სადა, ტანზე შემოტმასნილი შავი კაბა ეცვა (ეგვიპტეში
აკრძალულია შიშვლად ცეკვა).

კვარტეტი რომელიღაც აბსოლუტურად მონოტონურ მელოდიას უკრავს, ხანდახან დოლი


გრუხუნებს. აშხვართული ტანით გოგონა წინ გამოდის, მისი სხეული ირწევა და იღუნება, ვითარცა
ლერწამი ქართაგან. მთელი არსებით იწყებს თრთოლვას, მერე კი ტრიალს. კიდევ ერთი ნაბიჯიც და
თითქოს შეერწყა, შეერია გაშმაგებულ მონოტონურ კაკაფონიას. მისი მოძრაობა გასაოცარ აზრსა და
შინაარსს აძლევს მუსიკას. ცეკვა არაჩვეულებრივია. მსგავსს ვერსად ნახავ. იგი ბალეტსაც არ ჰგავს.
საბალეტო ცეკვაში ხომ ყოველი ნაბიჯი გაანგარიშებულია, ყოველი მოძრაობა წინასწარ გააზრებულია,
ეს უბრალოდ ჩაცმული არაბი ქალიშვილი კი თავისუფალ იმპროვიზაციას ახდენს. იგრძნობა, რომ
თვითონაც არ იცის, მომდევნო წამს რას მოიმოქმედებს. ეს არც როკვის, მოძრაობის ხელოვნება
გახლავთ, აქ არის უფრო მეტად რაღაც რიტმული და რიტმის ტაქტები ფარფატა, ტალღისებრ, ჟინიან
მოძრაობებთან ერთად აღმოსავლური მუსიკის უჩვეულო ბგერათა წიაღში იბადებიან. ეს არც
აკრობატიკაა, არც ბალეტი, არც როკვის ხელოვნება, არამედ სამივე ერთდროულადაა, რასაც თან
ახლავს მუსიკა და ჯადოსნობა სიტყვათა, რომელთა გამოხატვა შეუძლებელია.

მწუხარე უდაბნოებისა და შეუნელებელი სევდის ფონზე შობილ მელოდიათა გასაოცარი


ჰარმონია, შეერთებული ადამიანის სხეულის მოძრაობასთან... წამიც და ბგერა და მოძრაობა ერთურთს
ეხლართება და სრულ დისჰარმონიას ქმნის... ეს ნომერი ჭეშმარიტად არაბულ ეროვნულ ხელოვნებას
მიეკუთვნება...

ეკაც და ბაკურიც დაძაბულნი მისჩერებოდნენ სცენას. ქალიშვილი მუქთად როდი იღებს


ხელფასს. მისი წარმტაცი, არაჩვეულებრივად რთული ცეკვა დაახლოებით ოც წუთს გაგრძელდა.
დაიქანცა, ძალა წაერთვა მთელ მის არსებას, დიდი, ბრიალა თვალებიდან დაწყებული და უდაბნოს
მზით გარუჯული ფეხებით დამთავრებული.

მუსიკოსებმა დაამთავრეს დაკვრა და მოწყენილი სახით დასტოვეს ინსტრუმენტები.


ქალიშვილმაც გაუბედავი, მერყევი ნაბიჯით დატოვა სცენა. ისე გავიდა, თითქოს ყინულზე
მიაბიჯებდა.

შემდგომი ნომერი პირველს ჰგავდა... თითქოსდა ჯადოსნურ წრეში მოხვედრილი ფხოველი


გამოერკვა, გამოფხიზლდა... თავი შეზიზღდა... ,,აქ გასართობად ვარ ჩამოსული?!” წამოდგა.

-წავიდეთ, უკვე გვიანაა! - ხმადაბლა უთხრა ეკას.

რამდენიმე წუთში უკვე სასტუმროში იყვნენ. ეკა ნომრამდე მიაცილა და გამოემშვიდობა...

XII თავი
გაიჭრიალა ჩაჟანგულმა კარმა. შიგნით შემოჭრილმა მზის სხივებმა გაანათა ოთახის უკუნი
სიბნელე. წამშივე სინათლე დაფარა ვეება ჩრდილმა. ვიღაც კარებში ცოტა ხნით შედგა, შემდეგ კი
ანთებული ჭრაქით შევიდა ოთახში. ფრთხილად მიუახლოვდა ხის ტახტს, რომელზეც პირით
კედლისკენ გოლიათური აღნაგობის მამაკაცი მიწოლილიყო. არ ეძინა, მაგრამ არც კარის ხმაზე
შეტოკებულა და არც ზედ თავზე დანთებულ სანთელზე გაუხელია თვალი.

-სადილი მოვიტანე. აბრძანდით! - მიმართა შემოსულმა.

-წადი, შენი! - მოისმა პასუხად, მაგრამ თითოს უცებ მოიფიქრაო, ტახტზე წამოჯდა. - ჰაერზე
არ შეიძლება გამიყვანოთ?

-კი, ბატონო! რამდენი ხნითაც გინდათ...

ნელა, მძიმედ წამოიმართა. სახეზე მოისვა ხელი. მზის სხივებმა მოსჭრა თვალი. კარებში
შედგა. სინათლეს აჩვევდა თვალს. გამოვიდა. მიიხედ-მოიხედა. მწარედ გაეღიმა. აქ რომ მოიყვანეს,
ღამე იყო. მაშინ არაფერი დაუნახავს, ოთახში შეიყვანეს და ჩაკეტეს. იქ უზიდავდნენ საჭმელს.
ტუალეტიც შიგნით იყო და პირსაბანიც. ახლა კი თვალწინ გადაეშალა ოთხივე მხრივ
თვალუწვდენელი, უკიდეგანო, მზისგან გადახრუკული უდაბნო. ჰორიზონტამდე არაფერი ჩანდა.
შენობას, რომელიც მის საპყრობილედ ქცეულიყო, ნელა შეავლო თვალი. ძველი, საუკუნეების
წინანდელი ციხე-სიმაგრე იყო. გალავანი ალაგ-ალაგ ჩცამოშლილიყო. ძირს, ეზოში გადაიხედა. ხალხი
ტრიალებდა. გრძელ ჯოხზე წამოცმულ ცხვარს პირდაპირ ცეცხლზე, მთლიანს წვავდნენ. აქა-იქ
მთვრალები დაბორიალობდნენ. რამდენიმე მანქანა იდგა. მძღოლები მათ ჩრდილში
წამოწოლილიყვნენ და ეძინთ. იქვე ეყარა გამოცლილი ბოთლები. მანქანებს გაუშტერა ჯიუტად
მზერა... ისევ ჰორიზონტს გახედა. არსად რაიმე ნიშანწყალი სიცოცხლისა... ,,აქ სად მომიყვანეს? ნუთუ
იმდენად სულელები არიან, რომ ფიქრობენ ჩემგან თუნდაც კაპიკის მიღებას?! ვაი ამათ პატრონს! ვერა!
სანამ ნიკა ანჯაფარიძეს პირში სული უდგას, თქვენ მისგან ვერაფერს მიიღებთ... ანჯაფარიძეთა გვარში
თავისი ერის და მამულის გამყიდველი არავინ ყოფილა; არც მე ვიქნები გამონაკლისი. თქვე
მათხოვრებო, ნუთუ ფიქრობთ, რომ ანჯაფარიძე იარაღს გიყიდით საკუთარი ხალხის სისხლში და
ცრემლში ჩასახრჩობად?! ცუდად გცნობივარ! თუ აქედან გაგისხლტით როგორღაც, მერე გიჯობთ
საკუთარი სამარეები თქვენივე ხელით გაითხაროთ. დედას გიტირებთ! იმ მილიონებს, ჩემგან რომ
გინდათ მიიღოთ, თქვენს ამოხოცვას მოვახმარ!”

უცებ ნიკა - თავისი მოსახელე პატარა ძმისშვილი - გაახსენდა, თვრამეტი წლის სტუდენტი,
რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა. ძმისშვილები სხვებიც ჰყავდა, მაგრამ ის მაინც გამორჩეულად
უყვარდა. ძმა წყალში დაეხრჩო და დარჩა პატარა ნიკა ობლად. მთელი წლები ის მეურვეობდა,
ზრდიდა. მათ შორის მეგობრული ურთიერთობა უფრო იყო, უფრო ძმაკაცები იყვნენ ერთმანეთის,
ვიდრე ბიძა-ძმისშვილი. სამი თვის უკან საქართველოსკენ მიმავალმა მანქანა უყიდა ტრაპიზონში
ნიკას. თბილისში ჩასულმა პირდაპირ მას მიაკითხა. ნიკა არ დახვდა, სახლში რძალი იყო. მალე ისიც
მოვიდა. ეს მანქანა შენიაო! - ახარა დედამ. ნიკამ ერთი კი შეავლო თვალი უცხოურ სპორტულ მანქანას,
ბიძას ხელი გამოსდო, ცალკე გაიყვანა და ასი დოლარი მჭირდება სასწრაფოდო! - მუდარით სთხოვა...
მხოლოდ მეორე დღეს გაიგო უფროსმა ანჯაფარიძემ, რაში სჭირდებოდა მის ძმისშვილს ფული.
ავტომატი ეყიდა და იმავე ღამეს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში გაპარულიყო...
გული ჩასწვა მოგონებამ... ნელა წავიდა და იქვე ჩრდილში ხის კუნძზე ჩამოჯდა. ხელი მოუსვა
კუნძის ხაოიან ზედაპირს. ნეტავ საიდან მოათრიეს ამ შუა უდაბნოში?! უკან მოიხედა. დარაჯები თავს
არ ედგნენ, იცოდნენ, აქედან მაინც ვერსად გაიქცეოდა. ძირს ჩასულიყვნენ და სასმელს მიძალებოდნენ.
სპირტიანი სასმელების მოყვარული არასოდეს ყოფილა ნიკა, მაგრამ ახლა რატომღაც მოუნდა დალევა.
თითქოს მის გულში იჯდა, ერთ-ერთმა ამოიხედა და ხომ არ გინდაო? – მუნჯურად ანიშნა ბოთლზე.
თავი დაუქნია. კონიაკის გაუხსნელი ბოთლი, ჭიქა, სიგარა და ასანთი ამოუტანეს, შემდეგ კი შემწვარი
ხორციც დაუდგეს წინ. საჭმლისთვის ზედაც არ შეუხედავს, რამდენიმე ჭიქა კონიაკი ზედიზედ
დალია. სასიამოვნო სითბო, მოთენთილობა იგრძნო. სიგარის ბოლი ღრმად ჩაისუნთქა... შორეთს
გახედა...

,,სადაა მარიკა ახლა? ალბათ გაიგებდა აქამდე ჩემს გაუჩინარებას. ეხ, მარიკა! მე ვარ დამნაშავე
შენთან. მეგონა მიყვარდი, მაგრამ საშინლად ვცდებოდი თურმე. ცხოვრების ორმოცდამეხუთე
წლისთავზე შევხვდი ქალს, რომელმაც ერთიანად შემძრა და ამაფორიქა, ვინც ამხელა კაცი პატარა
ბიჭივით მეშვიდე ცაზე ამაფრინა და ძირს დაშვების უფლება აღარ მომცა. მისი გაცნობის დღიდან
ყოველთვის ცივი ვიყავი შენთან. რადგანაც ჩემს გულს ორმაგი თამაში არ სჩვევია. მე არაფერს
გეუბნებოდი, მაგრამ ვიცი, შენ ხვედებოდი ყველაფერს. თბილისში გული აღარ მიჩერდებოდა,
ჩამოსვლა და კვლავ ამერიკისკენ მივიწევდი, სადაც მელოდებოდა ის, ვინც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად
მიყვარდა, ვისაც ვაღმერთებდი და თაყვანს ვცემდი. ის, ვინც მიყვარს ამ წუთებშიც... მინდოდა
გამოგტყდომოდი, მუხლებზე დამდგარს მეთხოვა პატიება შენთვის, მაგრამ ვერ ვბედავდი.
მერიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი გამიგებდი, სწორად გამიგებდი...”

კონიაკმა და ჰაერმა საოცარი ძალის მოზღვავება აგრძნობინა. წამოდგა. გაიარ-გამოიარა.


ზიზღით უყურებდა ციხის ,,გარნიზონს”, რომელთაგან სულ რამდენიმე კაცი იყო ფხიზლად.
,,საინტერესოა. სად არის აქამდე ის მაიმახი ჯინჯოლია?! მთელი რვა დღეა, რაც აქ ჩამომიყვანეს,
თვითონ კი არ ჩამობრძანებულა. არა! აქედან უნდა გავიქცე! სხვა გზა არ არსებობს! მაგრამ როგორ? ან
საით? თუმცა კი არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად მოვხვდები, შუაგულ, უკაცრიელ უდაბნოში თუ
რომელიმე დასახლებულ პუნქტში. მთავარია ამათ დავაღწიო თავი. შემდეგ საქმე თვითონ მიჩვენებს
გასაკეთებელს...”

მანქანებს ყურადღებით დააცქერდა. წარსულში ცნობილი ავტომრბოლელი ნიკა ანჯაფარიძე


კარგად ერკვეოდა მანქანების მარკებში. მუქი ნაცრისფერი ,,ნისან-პატრული” მოუვიდა თვალში.
მძღოლს შიგ ეძინა. ამ მანქანას უდაბნოს პირობებში აქ მდგომი მანქანებიდან ვერც ერთი ვერ
დაუდებდა ტოლს, მაგრამ როგორ გინდა მანქანამდე მისვლა?! თუ ისევ იმ წყეულ, ბნელ საკანში
ჩაკეტეს? მაშინ გაქცევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. რა იღონოს? რით მოისყიდოს მცველები? არც
ერთი კაპიკი არ გააჩნია. რაც ჰქონდა, მომტაცებლების ჯიბეებში გადაინაცვლა... უცებ გონება
გაუნათდა. სპორტული, ყელიანი მაისურის ქვეშ ნელა შეაცურა ხელი. ლუიზა პროვსის ნაჩუქარი
სქელი, ოქროს სამმაგი ჯაჭვი, ბრილიანტებიანი ნახევარმთვარით კვლავ ყელზე ეკიდა. გამტაცებლებმა
ვერ შენიშნეს, კარგად არ გაჩხრიკეს და შემორჩა ნიკას ეს უძვირფასესი, მრავალ ათასად შეფასებული,
უნიკალური სამკაული. ეს პატარა, ლამაზი ნივთი თავისი ღირებულებით ალბათ ათასჯერ მეტი იყო
იმ თანხასთან შედარებით, რასაც ჯინჯოლია და მისი დამქაშები უხდიდნენ ხალხს, რომელიც მის
დარაჯებად გაემწესებინათ. რისკზე წასვლის უფლება არა აქვს. ყველას ნდობა არ შეიძლება.
ნებისმიერს ვერ შესთავაზებს საჩუქარს და დახმარებას ვერ სთხოვს. როგორ მოიქცეს? კვლავ მანქანას
გახედა. მძღოლს გაღვიძებოდა. ლუდს ხსნიდა. ნიკას ერთი შეხედვით მოუვიდა თვალში ეს მაღალი,
სპორტული აღნაგობის ვაჟი. წელსზევით შიშველს, ბრინჯაოსფრად ულაპლაპებდა ნავარჯიშები,
ნაწრთობი სხეული. მოწონებით მისჩერებოდა ნიკა. თვალწინ არც თუ შორეული წარსული დაუდგა,
როცა თვითონაც ასეთი იყო. მძღოლმა იგრძნო მისი მზერა. გამოხედა.

-რაო, მისტერ, ხომ არ ინებებთ? - ლუდის ქილა ხელში შეათამაშა და ღიმილით, სუფთა,
ყოველგვარ აქცენტს მოკლებული ინგლისურით გამოსძახა.

,,ერუდირებული ბანდიტი! - ბრაზით გაიფიქრა ნიკამ. - ალბათ ინგლისში ჩაიდინა რაღაც და


აფრიკას შეაფარა თავი. თუ ეს აფრიკაა, ჯერ კიდევ საკითხავია. მოდი, ჯერ ამასთან ვცადოთ ბედი!”

-ცივია? - ღიმილით გასძახა თვითონაც.

მძღოლმა მანქანის სკამზე დაგდებული ,,კოლტი” ბრტყელ ქამარში გაირჭო, მანქანის კარი
მიხურა და ლუდის რამდენიმე ბოთლით ხელში ძველ, დახავსებულ კიბეებს ამოუყვა. ნიკას გვერდით
ჩამოჯდა. ლუდი იქვე დააწყო. სწრაფად ჩაათვალიერა ანჯაფარიძე.

-აი, თურმე როგორნი ყოფილან ამერიკელი მილიონერები, - გაიცინა. - მე კი ცოტა სხვანაირად


წარმომედგინა. გაგიხსნათ? ცივია, მაცივრიდან ეს-ესაა გამოვიღე...

,,საიდან მოიტანა, რომ ამერიკელი ვარ?! ნუთუ ამათ არ იციან, ვინ ვარ და რისთვის მომიტაცეს?
- გაუელვა ფიქრმა, მაგრამ ჯერჯერობით ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.

-მაინც როგორი წარმოგედგინათ?

-ვერ გეტყვით ზუსტად, - ჩაფიქრდა. - ალბათ ასე: ჭაღარა წვერით, შავი სმოკინგით, ან
პერანგზე მიბნეული ეპელით და ხელში სიგარით.

ორივეს გაეღიმა. უხმოდ სვამდნენ ერთხანს ლუდს. სიჩუმე ნიკამ დაარღვია.

-აფრიკაში ვართ?

-დიახ! ეგვიპტეში...

,,ცოდოა, ამნაირი დახვეწილი, არისტოკრატიული მანერების მქონე ყაჩაღი იყოს...”

-ეგვიპტე... ეგვიპტე... - ჩაფიქრებულმა, ნაღველგარეული ხმით განაგრძო მძღოლმა. - იყო დრო,


როცა ჩემი წინაპრები აზანზარებდნენ ეგვიპტეს, მეოცნებე თვალით გახედა ჰორიზონტს, - და არა
მარტო ეგვიპტეს. ეგვიპტისა და ერაყის მმართველობის სადავეები საუკუნეთა მანძილზე მათ ხელში
იყო...

ისტორიის შესანიშნავად მცოდნე ანჯაფარიძეს გულმა რეჩხი უყო. ყურადღებით შეათვალიერა


ვაჟის სახე, რომელსაც ხორბლისფერი უფრო ეთქმოდა, ვიდრე შავგვრემანი: კუშტად გაჰყურებდნენ
შორეთს ხშირი წამწამებით დაჩრდილული ცისფერი თვალები. აქ შეცდომა შეუძლებელი იყო...

-არაბი ხართ? - ყასიდად ჰკითხა.

-არა! - გაეღიმა მძღოლს. - მე ჩემი წინაპარი ვახსენე, მხედველობაში მყავდა მამელუკთა


მხედრობა, ქართველი მამლუქები.
-საქართველოდან ხართ, აბა? - ნიკამ კვლავ ინგლისურად გააგრძელა საუბარი. ძლივს,
ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით შეძლო თავს მორეოდა, აბორგებული გული დაეწყნარებინა.

-ქართველი ვარ, მაგრამ არა საქართველოდან, - მოიღუშა მძღოლი. - ანკარაში დავიბადე და


გავიზარდე. აღვიზარდე ოჯახში, სადაც... - უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სიტყვა შეწყვიტა,
ამოიოხრა და გაჩუმდა.

-ასე ბრწყინვალედ ინგლისური სად შეისწავლეთ?

-ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლებლები მეხვივნენ ოჯახში თავს, შემდეგ ინგლისურ სკოლაში
მიმაბარეს. მერე კემბრიჯის უნივერსიტეტი და.... დაახლოებით ასევე ვფლობ ფრანგულ, არაბულ და
რუსულ ენებს.

გაოცებით შეხედა ანჯაფარიძემ.

-ქართული ენა თუ იცით?

-განა შეიძლება მშობლიური ენის არცოდნა?!

-რა გქვიათ?

-ბაქარი! - თვალებში შეხედა ტყვეს. - გვარი არ მკითოთ. ნამდვილს, გარკვეული მიზეზების


გამო, ვერ გეტყვით, ტყუილი კი არ მინდა გითხრათ.

-ამათთან საიდან მოხვდით? - ეზოსკენ გადაიქნია თავი ნიკამ.

-უფრო სწორი იქნება მკითხოთ, ეგენი საიდან მოხვდნენ ჩემთან, - ბაქარმა მძულვარებით
გახედა ეზოში გაშლილებს. - უკვე მეორე წელია, ეს ბრბო ჩემთან ერთად დაძრწის ამ უდაბნოში.
მიუხედავად იმისა, რომ ამათთან არაფერი მაკავშირებს, მე მათ ვერ ვთმობ, ისინი მე. ასე გრძელდება
ალბათ ჩემი ცხოვრება, სანამ სადმე ტყვია არ წამომეწევა, სანამ ამ ცხელ ქვიშაში არ გამითხრიან
სამარეს, თუ სამარე მეღირსა საერთოს! - მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა.

ნიკამ უცებ მიიღო გადაწყვეტილება. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. რაც მოსახდენია, მოხდეს!

-ბაქარ! - ხმადაბლა, ქართულად მიმართა, - შენ არ იცი, რომ მე ქართველი ვარ?

მძღოლი მოულოდნელობისგან შეცბა, გაფითრდა, სიგარეტიანი ხელი აუკანკალდა, და


გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ანჯაფარიძეს.

-ქართველი? - ძლივს წარმოსთქვა ჩახრინწული ხმით. - მერე და რა გინდათ აქ?

-ეს შენთვის უნდა მეკითხა. რისთვის მომიტაცეთ?

-მოგიტაცეთ? - ხელში ხელი მარწუხივით ჩაავლო. - თქვენ ჭკუიდან ხომ არ შეშლილხართ?

-მაშ საიდან მოვხვდი თქვენთან?

ბაქარმა შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა. დაწყნარდა. ნიკას მისჩერებოდა და რაღაცას
ფიქრობდა...
-მაშ თქვენ არავითარი ამერიკელი მილიონერი არ ხართ? - ყრუდ იკითხა.

-რისი ამერიკელი, ბაქარ, ისეთივე ქართველი ვარ, როგორც შენ. მისმინე...

თავიდან ბოლომდე მოუყვა ყველაფერს, რაც მოხდა. წყნარად, დაფიქრებული იჯდა ბაქარი.
ნიკამ რომ თხრობა დაამთავრა, აღელვებული წამოიჭრა ფეხზე.

-მომატყუა? ნაბიჭვარი! - გაბოროტებულმა გამოსცრა კბილებში.

-ვინ?

-ვინ და იმ ნაძირალა ასლან დემირმა. ჩემთან მსგავსი ხუმრობა არ შერჩენია არავის და ისიც
მალე იწვნევს საკუთარ თავზე, როგორი გასასულელებელი ვარ მე!

-ვინაა ასლანი?

-თურქეთის მოქალაქე.

შემდეგ კი ზიზღით დაამატა:

-შავი სამყაროს ავტორიტეტი…

-არ გითხრა, ვინც უნდა გადმოეცა შენი ჯგუფისთვის?

-ბატონო ნიკა! - ბაქარმა თვალი გაუსწორა. - ცხოვრებაში რაც მეზიზღება, ეს სიცრუეა! მან მე
მითხრა, რომ გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას ჩამოიყვანდა კაცს, ამერიკელ მილიონერს,
რომელიც საიმედოდ უნდა გადაგვემალა. როგორც იტყვიან, მისთვის მზის სხივი არ უნდა
გვეჩვენებინა, სანამ თვითონ ის ვაჟბატონი და ვიღაც კიდევ ერთი არ ჩამობრძანდებოდნენ. ისინი ჯერ
კიდევ ხუთი დღის უკან უნდა ყოფილიყვნენ აქ. არ ჩანან. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ერთი დიდი
სათხოვარი მაქვს თქვენთან, - ნათელი, სუფთა თვალებით ახედა ანჯაფარიძეს.

-თუ შემიძლია!

-საქართველოში შეგიძლიათ წამიყვანოთ?! - ათრთოლებული, დაბალი ხმით იკითხა.

ნიკამ განცვიფრებისგან კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო.

-საქართველოში?! ეგ ადვილი სამსახურია, მაგრამ მე ჯერჯერობით ტყვე ვარ, - ფრთხილად


შეაპარა.

-მორჩით! არავითარი ტყვე და პატიმარი ამ წუთიდან თქვენ არ ხართ. მიგულეთ თქვენს


უმცროს ძმად.

სიხარულისგან გაოგნებულ ანჯაფარიძეს ცრემლები მოაწვა.

-საქართველოში წასვლამდე ალბათ ჯერ სახლში, ანკარაში გინდა შევლა?

სახე წამოუჭარხლდა ბაქარს. თავი ჩაღუნდა. მერე კი ერთბაშად მოიკრიფა სითამამე:


-იცით, სანამ თქვენი თანამგზავრი შევიქმნებოდე, მინდა, ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდეთ. მე
შვიდი წელია მეძებენ! - მწარე ღიმილი დაეფინა სახეზე. - პოლიცია კი არა, ჩემიანები, ჩემი ოჯახი.
მეძებს უფროსი ძმა, რომელიც ანკარის პოლიციის კომისარია. მასთან ერთად მეძებს კაცი, რომელსაც
ცოლ-შვილი დავუხოცე ჩემს უნებლიედ, მაგრამ მეძებს არა შურის საძიებლად, არამედ იმიტომ, რომ
ოჯახს და საზოგადოებას დაუბრუნოს ჩემი თავი და გზაარეული ცხოვრების სწორი გზისკენ
შემომაბრუნოს...

ეს იყო შვიდი წლის უკან. ქალაქ იზმირიდან ანკარაში ვბრუნდებოდი. მანქანაში გიორგი
აბაშიძის ცოლ-შვილი მეჯდა... არის ასეთი სათნო კაცი ამქვეყნად... მე მისი ქალიშვილი, ერთადერთი
შვილი მიყვარდა, მიყვარდა ისე, როგორც მხოლოდ ერთხელ უყვართ ცხოვრებაში. ის გვერდით
მეჯდა, დედამისი - უკან. რაღაც ერთ თვეში უნდა გვექორწინა.

ოცდაორი წლის ვიყავი მაშინ. როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა


ქალამნად. მქონდა აურაცხელი ფული, სასახლეები, სიმდიდრე, კომფორტი და გვერდით იმ წუთებში
მეჯდა ის, ვინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. მეტი რა უნდა ახალგაზრდა კაცს? თავაწყვეტილი
მივაქროლებდი მანქანას... ქალაქ ესკიშეხირთან ავარია გავაკეთე. სატვირთო მანქანას შევასკდი მთელი
სისწრაფით მიმავალი. გონს საავადმყოფოში მოვედი. მათზე ვიკითხე. თავიდან არ გამიმხილეს, მაგრამ
როდემდე დამალავდნენ? იქვე, საავადმყოფოში გავიგე, რომ ორივენი ადგილზე გარდაცვლილიყვნენ.
იმავე წუთში საიდანღაც შემოსულ პოლიციელს მოვკარი თვალი. ექიმს ელაპარაკებოდა.
მივუახლოვდი. სანამ გონს მოეგებოდა, პისტოლეტი ამოვაცალე და თავის მოკვლა ვცადე. მაინც
გადავრჩი. ტყვია მილიმეტრებში ასცდა გულს. ცალკე ჩემიანების, ცალკე ძია გიორგის თავგამოდებამ
მიხსნა. ბედმა თუ განგებამ არ გამწირა. არ გამწირა ალბათ იმიტომ, რომ გარყვნილების მორევში
გადავშვებულიყავი და ფსკერამდე ჩავძირულიყავი. საავადმყოფოდან გამოსულმა ნარკოტიკებს
მივყავი ხელი. თანდათანობით ჩამოვცილდი ჩემს ძველ მეგობრებს და შეუმჩნევლად იმათ წრეში
ამოვყავი თავი, ვისი სახელიც შიშის ზარს სცემდა მთელ თურქეთს. იმ წლებში გავიცანი ასლან
დემირიც... ხელშეუხებელი ვიყავი ამ დროს, რადგანაც ჩემი ერთადერთი უფროსი ძმა პოლიციის
მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო. ბევრჯერ გამაფრთხილა, მაგრამ ჩემს თავში არაფერი შედიოდა.
ნარკოტიკებში, თავზეხელაღებულ მოქმედებებში ვეძებდი შვებას. ერთ დღესაც ძია გიორგიმ
მომინახულა. პირობა დამადებინა, რომ მსგავს ცხოვრებას მოვეშვებოდი. ვერ შევძელი. არ შემეძლო
თვალებში შეხედვა ჩემიანებისთვის. ვგრძნობდი, ვიფლობოდი ისეთ წუმპეში, საიდანაც ვეღარასდროს
გამოვიდოდი. ვულახავდი ღირსებას ჩემიანს ყველას... როგორც ჩანს, ბოლომდე არ ვიყავი განწირული.
შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს გავყიდე ჩემი საკუთარი სასახლე, დავჯექი ფარულად გემზე და
აფრიკაში ამოვყავი თავი. ვიყიდე იარაღი, ყველგანმავალი მანქანა, ,,ლენდროვერს” რომ ეძახიან აქ და
უდაბნოს მივეცი თავი, - ფიქრიანი მზერა ესროლა უდაბნოს. - ხუთი წელი ვიცხოვრე უდაბნოში.
ხუთი მძიმე წელი გავატარე არაბულ პატარა ყიშლაღში. ნარკოტიკების მაგიერ ვარჯიში დავიწყე.
თავიდან ცოტა გამიჭირადა, მაგრამ შევეგუე ყველაფერს. პროფესიად ნადირობა გავიხადე.
ნადირობით შემოვიარე მთელი აფრიკა... ორი წლის უკან კი ეთიოპიაში, ქალაქ ადისაბებაში, ასლან
დემირს გადავეყარე. ღამით კაბარეში შევეჩეხეთ ერთმანეთს. მან ვერ მიცნო. მისი დანახვა არ
მესიამოვნა, მაგრამ იმდენად მინდოდა, ჩემს ოჯახზე რაიმე გამეგო, რომ თვითონ გამოველაპარაკე...
მისგან შევიტყვე, რომ რამდენიმე კონტინენტის დიდ ქალაქებში დამეძებდნენ ერთდროულად
მამაჩემის კერძო დეტექტივები და გიორგი აბაშიძის ხალხი. არავის მოსვლია თავში აზრად, რომ
გამოუსწორებელი ნარკომანი და ბანდიტი უდაბნოში ეძებათ... ასლან დემირს პირობა დავადებინე,
რომ ძეხორციელთან არ გაამხელდა ჩემთან შეხვედრას. ამ პირობას ის მართლაც ასრულებდა, მაგრამ
გარკვეული გასამრჯელოს ფასად. რაში გამოიხატებოდა ეს გასამრჯელო? ამნაირად, როგორც თქვენ,
ვუნახავდი ადამიანებს. რამდენჯერმე რაღაც გასაიდუმლოებული ტვირთი გადავატანინე... ექვსი თვის
უკან საჩუქრად ეს მანქანა ჩამომიტანა, - ,,ნისან-პატრულს” გახედა, - მაგღამ თუ ხელში ჩამივარდა
დღეის შემდეგ, ვფიცავ, ჩავსვამ ამ მანქანაში, დავასხამ ბენზინს და ორივეს ერთად ფერფლად ვაქცევ! -
რისხვით აუელვარდა ცისფერი თვალები. - ბაქარ ვაჩნაძეს შეუძლია საკუთარი სისხლიც კი აპატიოს
მტერს, მაგრამ ფლიდსა და ორპირს ის არასოდეს მიუტევებს.

-შურისძიებაზე ნურასდროს იფიქრებ! ღმერთი მიუზღავს ყველას...

-ღმერთი! სადაა ღმერთი! ღმერთი რომ ყოფილიყო, აქ რა მინდოდა მე?! - წამოდგა. - დროა,
ბატონო ნიკა, როგორც კი გადაიგრილებს ცოტა, გზას გავუდგეთ...

XIII თავი

დიდი ხანია უკან დარჩა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. ავტოპილოტზე გადართული


კატერი სწრაფი სვლით მიაპობდა ხმელთაშუა ზღვის ტალღებს. კატერის უკან, თითქმის კილომეტრზე
თეთრი ზოლი რჩებოდა. ნებიერად მიწოლილი ახმედ რამაზანოვი დაკონსერვებულ ხორცს შეექცეოდა
და მოზრდილი ყლუპებით გაგრიდან წამოღებულ ქართულ ,,ენისელს” აყოლებდა. ზღვა იყო წყნარი...

კიდევ ერთხელ დახედა რუკას. კომპასს გახედა. ყველაფერი რიგზე იყო. საღამოს მაინც ალბათ
მიადგებოდა აფრიკას, ეგვიპტის სანაპიროს. მოღალა მოგზაურობამ, რომელსაც მგზავრობაც არ
შეიძლებოდა რქმეოდა. ეს იყო წამება სხეულისა და კიდევ ერთი დიდი, მომქანცველი გამოცდა
ადამიანის სულიერი სიმტკიცისა... მაგრამ გაუძლო...

ათი საათი იყო დილის. დაფიქრებული რაღაც ხმამ გამოაფხიზლა. მაღლა აიხედა. სახე
გაუნათდა. თავზე თოლიები დასტრიალებდნენ, თოლიები - პირველი მახარობლები ნაპირის
სიახლოვისა. წამოდგა. დაბუჟებული ხელ-ფეხი გაშალა, ვედროს მისწვდა, ზღვის წყალი ამოიღო და
თავზე გადაისხა. შეიმშრალა. დაფოთლილი სამხედრო ფორმა ერთად შეკრა და წყალში ისროლა.
სწრაფად შევიდა პატარა, კომფორტულ კაიუტაში. საწოლზე მიგდებული ჩანთა გახსნა. ,,ჯინსები”
ამოიღო. გადაიცვა. გამოვიდა, პილოტი გამორთო და შორს შავად გამოჩენილ ზოლს მშვიდად გახედა.
სანაპირო ახლოვდებოდა. უცებ შებრუნდა, ხელის ტყვიამფრქვევი, ავტომატი, ვაზნები ზღვაში
გადაყარა. ორი ხელყუმბარა ჯიბეებში ჩაიწყო უკან, ,,მაკაროვი” წელში გაირჭო, სარკეში შეხედა
საკუთარ თავს, საჭეს ხელი მოკიდა... საზღვაო, გრძელი დურბინდით მოათვალიერა მიწის ზოლი.
ნაპირი უკაცრიელი ჩანდა. ფრთხილად მიადგა მიწას. კიდევ ერთხელ გადაჩხრიკა გამოცდილი
თვალით უცნობი მიდამო. ზღვაში პატარა კლდეები შეჭრილიყვნენ და წყნარ, ლურჯად მოლივლივე
ყურეს ქმნიდნენ. კლდეები გრძელდებოდა ხმელეთზეც - ასე ოთხმოც, ას მეტრზე.

კატერი ნელი სვლით, ძრავაგამორთული, უხმოდ შესრიალდა ვიწრო ყურეში. ახმედი ქიმზე
იჯდა დახვეული თოკით ხელში. როგორც კი კატერის წვერი მიწას შეეხო, სწრაფად გადახტა
მუხლამდე წყალში. კლდის გამოშვერილ ნაპირს თოკი მაგრად შემოახვია და მიაბა. ნელ-ნელა დაიწყო
კატერის გამოთრევა წყლიდან. უდიდესი დაძაბვით შეძლო მისი ქვიშაზე გამოჩოჩება. კომპასი,
რუკები, სურსათი, წყალი ზურგჩანთაში ჩაიწყო. კატერს ბრეზენტი გადააფარა და შედგა... მძიმედ
მოიხსნა ბარგი და მიწაზე დააგდო - ხუთი იარაღშემართული, მოკლე შარვლებში, ერთნაირ სამხედრო
ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი კლდის ქიმებს გამოცილდა და გარს შემოერტყა. მესაზღვრეები! უცებ
მიხვდა. თავისი პუნქტუალობით მსოფლიოში აღიარებულ საზღვრის დამცველებს პირველად
ხედავდა. ცნობისმოყვარეობით შესცქერდოდა მისკენ მომავლებს... ხელის განძრევაც არ უფიქრია...

-ვინ ბრძანდებით, საიდან ჩამოხვედით? - დამტვრეული ინგლისურით ჰკითხა ოფიცერმა.

-მოგზაური ვარ! თურქეთიდან მოვდივარ! - არაბულად მიუგო ახმედმა და უდარდელი კაცის


ღიმილით სიგარეტს მოუკიდა.

-ოხო! თქვენ არაბულსაც ფლობთ! დიდებულია! - გაეხარდა ოფიცერს. - მაგრამ მოგზაურს ეს


სათამაშოები რისთვის გინდათ? - იარაღზე მიუთითა.

-გამყოლს სანამ ვნახავდი, უდაბნოში მარტოს უნდა მევლო, აქ კი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ,
ათასი ხიფათია ირგვლივ... მარტო ესენი კი არა, თან თოფიც მქონდა, მაგრამ კუნძულ კარპატოსთან
კატერი ამომიბრუნდა. თოფიც და ბევრი სხვა რამ ზღვამ შთანთქა.

-თქვენი საბუთები?

-სამწუხაროდ, საბუთებიც ზღვაში დავკარგე.

-ცუდია, ძალიან ცუდი! - მოიღუშა ოფიცერი. - მოგიხდებათ ჩვენთან ერთად წამოსვლა.


ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენი ვინაობის საბოლოოდ დასაზუსტებლად.

-კი, ბატონო! - კვლავ უდარდელობის ნიღაბი იყო ახმედის სახეზე. - სანამ ადგილიდან
დავიძრებოდეთ, იქნებ მიბრძანოთ, რა ადგილას ვარ ამ დიდებული, სტუმართმოყვარე ქვეყნის
სანაპიროზე გამოსული? ან საით, რომელ ქალაქში აპირებთ ჩემს წაყვანას?

-სიამოვნებით გიპასუხებთ! - ოფიცერი აშკარად მოხიბლა დაუპატიჟებელი სტუმრის


მორჩილებამ და კომპლიმენტმა. - რუკაზე ერკვევით?

-ცხადია!

-თქვენ გამოხვედით ამ წერტილში! - თითი ატაკა რუკას. - პორტ-საიდიდან ვიმყოფებით სულ


ასიოდე კილომეტრში. მაგრამ თქვენ უნდა ჩაგიყვანოთ ცენტრში.

-უფრო ზუსტად?

-კაიროში.

-რამდენი კილომეტრია აქედან კაირომდე?

-სამასი.

-ძალიან კარგი! - უდარდელად გაიცინა კვლავ. - ბატონო ოფიცერო, თუ ძალიან საჩქარო არაა
ჩემი წაყვანა, მთელი სულით და გულით გეპატიჟებით კონიაკზე და ფინჯან ყავაზე. ასეთი შორი
მგზავრობის წინ, ცოტა არ იყოს მოგვაცოცხლებდა.
მესაზღვრეებს თვალები აუციმციმდათ. ახმედს არ გამოპარვია ეს.

-კი მაგრამ, სად გვეპატიჟებით? - გამოცოცხლდა ოფიცერიც.

-შორს არსად! აქვე, კატერზე! - შებრუნდა და კატერს შალითა მოხადა...

კონიაკმა გაამხიარულა მესაზღვრეები. ბოლო წვეთსაც არ სტოვებდნენ. ენა ამოიდგეს.

-რაიმე გარკვეული მიზანი აქვს თქვენს მოგზაურობას, თუ მხოლოდ უცხო მხარეთა ხილვის
სურვილმა ჩამოგიყვანათ აფრიკაში? - გემრიელად გაიზმორა და უზრდელად დააბოყინა ოფიცერმა.

-მგონი გითხარით, მე ვარ თურქეთში საკმაოდ ცნობილი, პოპულარული კაცის ერთადერთი


ვაჟიშვილი. ეს კატერიც, - ქვიშაში ჩაფლულს სინანულით შეავლო თვალი, - მამაჩემმა სპეცშეკვეთით
დაამზადებინა ჩემთვის უცხოეთში. რაც შეეხება ჩემს თქვენს მხარეში გამოჩენას: ერთი კვირის უკან
ტერორისტებმა მოიტაცეს თვითმფრინავი, რომლის პილოტიც ჩემთან თანაშეზრდილი, ჩემი ღვიძლი
ბიძაშვილი გახლავთ. როგორც გავიგე, თვითმფრინავი ჩამოუგდიათ სადღაც ამ ტერიტორიაზე...
მოკლედ, ბიძაშვილის ბედით აფორიაქებულმა გადმოვსერე ხმელთაშუა ზღვა. მინდა ეგვიპტის
ხელისუფალთ ვთხოვო მისი მოძებნა და იმ ავაზაკების საკადრისად დასჯა. რას გავს ეს?! ჩვენს
ცივილიზებულ სამყაროში განა შეიძლება ადამიანის ასე ყაჩაღურად მოტაცება და თავისი ბილწი
ზრახვების განსახორციელებლად სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?!

-მართალს ბრძანებთ! - კვერი დაუკრა ოფიცერმა და რუკა გადაშალა, გაქონილი თითი დაადო
ერთ წერტილს, - აი, აქ ჩამოაგდეს თქვენი ბიძაშვილი. აქედან იმ ადგილამდე სამოცდაათი
კილომეტრია...

ოფიცერს აღარ დასცალდა... წამები და თვითონაც და მესაზღვრეებიც თავპირდამტვრეულები,


უგრძნობლად ეყარნენ ძირს. ახმედმა მშვიდად, აუღელვებლად აიღო თავისი ზურგჩანთა, საკუთარი
პისტოლეტი და ყუმბარები. კატერიდან მთელი პროდუქტი, რაც ჰქონდა, მოხვეტა და კლდის უკან
გაჩერებულ მესაზღვრეთა ღია, სამხედრო ,,ჯიპში” გადაიტანა. ავზი შეამოწმა - სავსე იყო. მობრუნდა,
მესაზღვრეთა ავტომატებისთვის არც დაუხედავს, ოფიცერს ,,ვინჩესტერი” ააცალა, პატრონტაში
შემოხსნა და მანქანაში ჩადო; კვლავ უკან გამობრუნდა, მათივე ქამრებით ხელები გაუკრა ყველას,
სათითაოდ მიათრია და კლდესთან მისვა ხუთივე. ზღვის წყალი შეასხურა სახეებზე. მოგონდნენ.
თვალი გაახილეს. გაოცებით უყურებდნენ თავზე წამომდგარ ,, თურქი მილიონერის ვაჟს”, რომელმაც
ოფიცრისათვის ართმეული რაცია კლდეს შემოალეწა, მერე კი ზღვაში ისროლა. მხიარულად დაუქნია
ხელი მათ, მანქანაში ჩაჯდა და ბოლში და მტვერში გახვეული, უდაბნოში გაუჩინარდა.

XIV თავი

სადილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნილოსის პირას ისხდნენ, მზე აუტანლად აჭერდა.
უდაბნოს ქვიშაც უსაშველოდ იყო გახურებული. უდაბნოში ყოფნის მეოთხე დღე იწურებოდა. ეკას
,,კოკა-კოლას” ბოთლი ეჭირა ხელში და მდუმარედ მისჩერებოდა მდინარეს...
-ოცნებობ? - ბაკურმა მის გვერდით ჩაიმუხლა.

-კი!

-საიდუმლო თუ არაა, რაზე?

-სილამაზეზე!

-რაც შენ არ გაკლია! - დანა ამოიღო და კონსერვის ქილა გახსნა.

-სილამაზეზე ვოცნებობ! - ეკა ისევ მდინარეს მისჩერებოდა. - ფარულ ქართაგან განფანტულ,


ხალხის ბრბოში გაუჩინარებულ, ერთი შეხედვით შეუმჩნეველ, მაგრამ ისეთ სილამაზეზე, რომელიც
წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც კი შენიშნავენ...

ბაკურმა ყურადღებით შეავლო თვალი მის მზისგან გარუჯულ, ალაგ-ალაგ აქერცლილ სახეს.
გადაღლილი ეჩვენა...

-დღეს რაღაც ძალიან მოწყენილი ხარ. თუ დაიღალე, დარჩი ვერტმფრენში...

-იცი, დილით თვალი რომ გავახილე, კარავი მზით იყო სავსე. სიზმარი ვნახე, ვითომ დედამ
შემახო ხელი, მისი ხმა გავიგონე, ღიმილი დავინახე, როგორც ადრეულ ბავშვობაში... შავი ნისლი
გვეფინა თითქოს ორივეს... მიღიმოდა დედა და ტიროდა... ვცდილობდი მივახლოებოდი, ის კი უკან-
უკან იწევდა და წადი, მოშორდი აქაურობასო, მემუდარებოდა... რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ამბავი -
არ ვიცი! ვფრთხილობდი. მეშინოდა არ დამეკარგა სიზმრად ნახული, ვუფრთხილდებოდი, მაგრამ
ამსობაში გამეღვიძა. სიზმრის ჯადოსნობა თანდათან განელდა, გაიფანტა და ბოლოს სულ გაქრა,
ამაოდ ვცდილობ აღვადგინო და შევინარჩუნო სიზმრად ნანახი...

-დაწყნარდი! ნერვების ბრალია, შეჭამე რაღაც, გახსნილი კონსერვი წინ დაუდგა.

-არ მინდა!

-გინდა! - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - ნუ მაიძულებ, პატარა ბავშვივით ძალით გაჭამო. რაც
გითხარი, ის გააკეთე...

ეკამ ნაძალადევად დაიწყო ჭამა. ბაკურმა ერთხანს უყურა, შემდეგ კი ნელი ნაბიჯით მდინარის
პირზე ჩავიდა. ჩაფიქრებული, მოღუშული ჩაჰყურებდა ნილოსის ბლანტ, ყვითელ ტალღებს...

ჯგუფი ორად გაიყო. ერთი ვერტმფრენით უდაბნოს აღმოსავლეთი მხარის გადასაჩხრეკად


ბაკური, სოსო, ეკა და ნორმანი დარჩნენ. დანარჩენები დასავლეთისკენ გაფრინდნენ მეორე
ვერტმფრენით. ნახეს აფეთქებული, დამწვარი თვითმფრინავის ნარჩენები. არავითარი კვალი გარშემო
არ ჩანდა. ჯერ ქარს, შემდეგ კი წვიმას ერთიანად გადაეშალა ადამიანთა ნაკვალევი. ძნელი იყო სამას
კილომეტრიან უდაბნოში ოთხი-ხუთი კაცის მოძებნა, მით უმეტეს რომ მათ შეეძლოთ ვერტმფრენების
ხმის გაგონებაზე სადღაც მიმალულიყვნენ, ან სულაც ღამით ევლოთ. მესამე დღე იყო, მეორე
ჯგუფიდან არაფერი ისმოდა. თითქოს შთანთქა თვალუწვდენელმა უდაბნობ ჯინჯოლია და მისი
თანამგზავრები. ახლომდებარე დასახლებული ოაზისები უნდა შეემოწმებინათ, - ასეთი ადგილები კი
ირგვლივ უამრავი იყო. ეჭვი არაა, რომელიმე მათგანში არიან თავშეფარებულნი, მაგრამ რომელში?
ძრავის ხმამ ბაკური ფიქრებიდან გამოიყვანა. მათკენ სწრაფი სვლით მოიწევდა
ყველგანმავალი მანქანა. შიგ ორნი ისხდნენ. იცნო აბაშიძის მეგობრები. შეეგებნენ. ხნიერი,
თეთრპლაშიანი არაბი მაშინვე საქმეზე გადავიდა:

-მეგობრებო! დღეს დილით მივიღეთ გიორგი აბაშიძის რადიოგრამა, - ჯიბიდან ფურცელი


ამოიღო, სოსოს გაუწოდა. - საჭიროა სიფრთხილე, მაქსიმალური სიფრთხილე.

სოსომ სწრაფად გადაავლო თვალი ბეჭდურ ასოებს:

,,თქვენს გასანადგურებლად უდაბნოში ჯგუფია გადმომჯდარი. იყავით ფხიზლად. ეკას


გაუფრთხილდით”... რადიოგრამა ბაკურს გაუწოდა. მას ზედაც არ დაუხედავს, მოსულთა მანქანაში
რაღაცას მისჩერებოდა. თითქმის სირბილით ეცა მანქანას და უკან სავარძელზე დაუდევრად დაყრილი
გაზეთებიდან ერთ-ერთს სტაცა ხელი. ხარბად დააცქერდა გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილ
სურათს. ნერვიულად შეატრიალა გაზეთი ხელში და სოსოს მიაჩეჩა:

-წაიკითხე და მითარგმნე, რა წერია აქ! - სურათის გვერდზე მოთავსებულ სტატიას


მოუთმენლად დაარტყა ხელი. სოსო, ეკა, ნორმანი, არაბები - ყველანი გაზეთს შემოეხვივნენ.
სურათიდან წვერმოშვებული ახალგაზრდა კაცის სახე იყურებოდა. სოსომ გადაიკითხა:

,,ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სადაზვერვო სამმართველო აცხადებს ძებნას


უცხოეთის მოქალაქეზე, ვინმე ახმედ ხუსეინის ძე რამაზანოვზე...”

ქვემოთ წვრილი შრიფტით ეწერა:

,,ორი დღის უკან ეს უცხოელი მოადგა ეგვიპტის სანაპიროს სპორტული იახტით.


მესაზღვრეებთან საუბარში მათ თავი გააცნო თურქეთის მოქალაქედ. მიაყენა რა ფიზიკური
შეურაცხყოფა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, გაიტაცა მათი ავტომანქანა, იარაღი და
უდაბნოში შევიდა. იახტის გაჩხრეკისას ნაპოვნი იქნა მისი პირადობის მოწმობა, საიდანაც მტკიცდება,
რომ ის არის არა თურქეთის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე. უცხოელი შეიარაღებულია
და ძალზე სახიფათო. ეგვიპტის რესპუბლიკის ყველა მცხოვრები ვალდებულია, დასახლებულ
პუნქტებში მისი გამოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს.”

ბაკურმა ნილოსს გახედა. მღვრიე მდინარე მშობლიურ არაგვზე ლამაზი ეჩვენა. ირგვლივ
ყველაფერი ცისფერ ფერებში გადავიდა თითქოს. ახმედი აქ არის! მეძებს! სადღაც აქვეა, ახლოს!
საოცარია, საიდან გაიგო სად ვიყავი? მაგრამ მასაც ეძებენ! - შეშფოთებულმა დახედა გაზეთს. - თუ
ჩემამდე მოაღწია, ან ჩვენ ვიპოვეთ, მერე აღარაფერი უჭირს, მაგრამ მანამდე? მასზე უკვე, ალბათ,
როგორც მგელზე ისე ნადირობენ! ო, ღმერთო!

კითხვის თვალით მისჩერებოდა ყველა. ბაკური მიხვდა, რაც აინტერესებდათ.

-ჩემი მეგობარია! - სიყვარულით დახედა ახმედის სურათს. - მეგობარი კი არა, ძმაა ჩემი და
ძმაზე მეტიც!

-აქ საიდან მოხვდა? - პროფესიონალის თვალით უყურებდა ეკა სურათს. მოიღუშა რატომღაც...
-არ ვიცი, ცხადია ჩვენ გვეძებს, მაგრამ საიდან გაიგო ჩვენი კოორდინატები, ამის თქმა ძნელია,
სანამ არ შევხვდებით თვითონ, სოსო, თუ ძმა ხარ, სთხოვე ამ არაბებს, რომ ზომები მიიღონ, რაიმე
გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. მას ესენი ვერ შეიპყრობენ, - გაეღიმა. - მაგრამ თვითონ არაფერი
ჩაიდინოს ისეთი, რომ მისი დახსნა მერე საძნელო გახდეს...

სოსომ გააცნო არაბებს საქმის ვითარება. მათ უხმოდ მოუსმინეს.

-ხელისუფლებაში ჩვენ ჩვენი ხალხი გვყავს, - საქმოსანი აზიელის სიდინჯით თქვა არაბმა. - ამ
ახალგაზრდას, - სურათს მიაჩერდა, - თავზე თმის ღერსაც ვერავინ შეურხევს, რადგან თქვენი
მეგობარი ყოფილა. დღესვე მივიღებთ ზომებს. ახლა კი დაგტოვებთ. დროებით.

ბაკურმა შენიშნა, რომ ახალგაზრდა მძღოლი თვალებით ჭამდა მის ავტომატს.


თვალაციმციმებულს მზერა ვერ მოეწყვიტა გალაპლაპებული ,,აკმ” - ისთვის.

-სოსო, უთხარი იმ ახალგაზრდა არაბს, ძებნას რომ მოვრჩებით, იმ წუთიდან ეს იარაღი მისი
იქნება!

სოსომ უთარგმნა ბაკურის ნათქვამი. არაბს თვალები აენთო, ბაკურს მიეჭრა, გადაეხვია და
სამჯერ გადაკოცნა. მოიხსნა ქამარზე დაკიდებული მოკლე ხანჯალი და გაუწოდა. ბაკურმა გაოცებით
დახედა ქარქაშიდან ამოღებულ, ელვარე სატევარს. მთაში გაზრდილს ბევრი ლამაზი ნაკეთობა ენახა
ფშავ-ხევსურეთში, ჩეჩენ-ინგუშეთშიც ახმედთან ყოფნისას, მოწონებია ხმლებიც და ხანჯლებიც,
მაგრამ მსგავსი არსად უნახავს. ოქროში ჩამჯდარი სპილოს ძვლის ტარი ლამაზად ელავდა მზის
სხივებზე. ორლესულ პირს სამი ღარი გასდევდა. მოლურჯო ფერი გადაჰკრავდა ფოლადს. ერთ მხარეს
გველი იყო ამოტვიფრული, მეორეზე მთვარე, ვარსკვლავები და ქვეშ გრძელი არაბული წარწერა
ჰქონდა. სოსო ყურადღებით დააკვირდა ნაწერს და გაკვირვებულმა შეხედა ახალგაზრდა არაბს.

-რა აწერია? - იკითხა ბაკურმა.

-შარკიის უდაბნოს მეფეთა საგვარეულო ნივთია, - სოსო მოწიწებით დაჰყურებდა ხანჯალს. -


მე უბრალო მძღოლი მეგონა, ეს კი... ბოდიშს ვიხდი, - მიუბრუნდა არაბს. - თქვენ შარკიის
საგვარეულოდან ხართ?

-დიახ! - გაიღიმა. - ერთ დროს უდიდესი საგვარეულოდან მხოლოდ მამაჩემია შემორჩენილი


და მისი ერთადერთი მემკვიდრე მე ვარ. ეს ხანჯალი დიდმა პაპამ მაჩუქა სიკვდილის წინ. არაბეთში
წესია ასეთი: როცა იარაღს გჩუქნიან, შენც უნდა აჩუქო სამაგიერო. ამ ხანჯლის ბადალი უდაბნოში არ
მოიძევება. გთხოვთ მიიღოთ ეს მცირედი ჩემგან, - გაუღიმა ბაკურს. - და როგორც თქვენ ბრძანეთ,
ძებნის შემდეგ ჩემი სტუმრები იქნებით. გეპატიჟებით მთელი სულითა და გულით.

ეკამ ბაკურს ხელი მოკიდა. განზე გაიყვანა.

-იარაღი არ გვაკლია. მოდი და ამ არაბ პრინცს ახლავე ვაჩუქოთ ეს ავტომატი?

-ზუსტად იგივეს ვფიქრობდი მეც...

ვერტმფრენში შევიდა. ორი რკინის ყუთით დატვირთული გამობრუნდა უკან. მანქანაში


ჩააწყო. ავტომატი აიღო და გაუწოდა:
-ეს ჩემგან. თუ თქვენ არ უღალატეთ, ეს არასოდეს გიმტყუნებთ. რა გქვიათ?

-მურადი!

-ჩემი დისშვილია! - ჩაერია საუბარში ხნიერი არაბი. - ამისი პაპები იყვნენ ამ უდაბნოთა
მბრძანებლები. მურადიღაა შემორჩენილი ძირძველი, ძლევამოსილი გვარიდან. ოქსფორდის
უნივერსიტეტის სტუდენტია და არაბეთში ყველაზე პოპულარული სასიძო, - გაეცინა. - მაგრამ
სასახლეში განცხრომით ცხოვრებას უდაბნოში ხეტიალს არჩევს.

მურადი იარაღს დაჰყურებდა და რაღაცას ფიქრობდა. მერე კი მტკიცედ, შეუვალი ხმით


განუცხადა ბიძას:

-შეატყობინეთ მამაჩემს, რომ ვრჩები უდაბნოში ახალშეძენილ მეგობრებთან მანამ, სანამ


საჭიროება მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ამ წუთებში შველა ესაჭიროებათ. შეატყობინეთ, რომ ჩემი
ნიშნობა და ქორწილი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო ბილბეისში, დროებით
გადადებულად გამოაცხადოს, მეგობრებს გაჭირვების დროს ვერ მივატოვებ!

-შენგან სხვანაირ საქციელს არც მოველოდი. დარჩი. შენი გამოცდილება წაადგება ამ საქმეში, -
დინჯი, წყნარი ხმით უთხრა ბიძამ ჭაბუკს. - მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ მურადი გახლავთ
აზიისა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ძიუდოში და უდაბნოში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილი
ლომებზე მონადირე... მაშ ასე, მე წავედი. მალე დავბრუნდები, ფრთხილად იყავით...

მურადმა ტყვიის ყუთები მანქანიდან უკან ამოაწყო და გასაღები გაუწოდა. არაბი საჭეს
მიუჯდა და მალე თვალს მიეფარა. ჯგუფის წევრები გარს შემოეხვივნენ ახალ მეგობარს...

XV თავი

,,როგორ მინდოდა ეგვიპტის ნახვა, იმ ზღაპრული ეგვიპტისა, სადაც ზებრები ჯოგებად


დაჰქრიან, ანტილოპები დაბალახობდნენ, სადაც თვალუწვდენელი სავანეები გადაჭიმულა, სადაც
მოგზაურთა კოცონები ბოლავს და შორეულ გზებს მტვერი ასდის, სადაც ადამიანი დაძაბული ხარ და
ყოველ წამს საოცრებას ელი... თავგადასავლის მაძიებელ სულს აქ თვით პირწავარდნილი მეშჩანიც კი
იგრძნობ, როცა ლომები და ლეოპარდები შენს ირგვლივ რბილად, ფეხაკრეფით დააბიჯებენ, ხოლო
ოთახის ჭერსა და კედლებზე ხვლიკები დაშლიგინებენ”... მარიკამ მწუხარე სახით, სევდაჩაგუბებული
თვალით გახედა ირგვლივ გადაშლილ არემარეს - ვაკე, წარმტაც ტრამალს. სადღაც შორს,
ჰორიზონტზე, ჩამწკრივებულიყვნენ ლურჯი მთები, რომელნიც საღამოხანს წამდაუწუმ ფერს
იცვლიდნენ...

,,რას ვფიქრობდი, რაზე ვოცნებობდი... განა ოდესმე ვიფიქრებდი, რომ სიმდიდრეც,


ჩამოყალიბებულ, ნორმალურ ადამიანს დაღუპავდა? უკვე აღარ შემიძლია საკუთარ თავს კონტროლი
გავუწიო. შემეძლო უარი მეთქვა ყოველგვარ იდეალსა და გრძნობებზე. ცხოვრება რეალურად უნდა
შემეცნო, ილუზიების გარეშე. გულცივობა სჯობდა ვნებიანობას, ცინიზმი კი მგრძნობიარობაზე
საიმედო იყო ყოველთვის. ვფიქრობ არ არსებობს სიყვარული. არსებობს მხოლოდ სწრაფვა
ტკბობისკენ. ვინც ასე ფიქრობს, იგი აღარ გრძნობს თავს ფეხქვეშ ნიადაგგამოცლილად, მიუსაფრად,
ორ დოლაბს შორის მოქცეულად. მარტოობა მანამდეა აუტანელი, სანამ ადამიანი შეეჩვევა”...

მაგრამ მარიკა თავს არ იტყუებდა, თითქოს ამ მოსაზრებებს მტკიცე ნიადაგი ჰქონოდეს. განა
ბაკური მუდამ არ აღელვებდა?! და თუ მას მარიკა გულგრილად გადაჰქელავდა, განა ამით დღემდე
ცხოვრებაში შემორჩენილ ღირსეულ რამეს არ გადაჰქელავდა?! იქნებ ჯობდა, რომ ბაკურთან
ამაღლებული სულიერი მეგობრობა დაემყარებინა და თავიდანვე უარი ეთქვა უცხოეთის სასტუმროთა
ნომრებში დროსტარებაზე? მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო...

მარიკამ თითქოს შორიდან შეავლო თვალი თავისი ცხოვრების არცთუ ხანგრძლივ გზას.
დაიბნა, მხოლოდ ბოლო წელს დაიბნა, მცდარ გზას გაჰყვა, მაგრამ ამ გზაზე მარტო არ იყო და იცოდა,
რომ ღმერთი არ იყო ამაში დამნაშავე, რადგან ერთი ჭეშმარიტება სამარადჟამოდ შთაბეჭდოდა ქალს:
არა განგება, არა ბედისწერა და ღვთის ნება უნიშნავდა ადამიანს სავალ გეზს, არამედ თვით ადამიანი
იყო ადამიანისავე ბედისწერა, განგების ძალა იყო ძალა კაცისა, კაცზე ბატონობისათვის. მაგრამ რატომ
არის ერთი ძლიერი, მეორე უძლური? რატომ მიმართავს ძლიერი ძალას უძლურის დასაჩაგრავად? ვინ
დაანაწილა როლები? ვინ დაადგინა საზომი ბოროტისა და კეთილისა, სამართლიანობისა და
უსამართლობისა? რატომ არიან ადამიანები ერთმანეთის მტრები? რატომ ჰყოფთ მათ უფსკრული?
მარიკამ ეს არ იცოდა და ვერც ვერასოდეს ჩასწვდებოდა ამას...

ჯინჯოლიამ თავისი ხალხით და მოტაცებული ქალით არაბთა პატარა ყიშლაღს შეაფარა თავი.
ალიზის, თიხის, ფიცრისა და თუნუქის ნაჭრებისგან აშენებულ ქოხებში ცხოვრობდნენ ადგილობრივი
მკვიდრნი. კაცის სიმაღლე ხუხულების ფართობი თორმეტი-თოთხმეტი კვადრატული მეტრი თუ
იქნებოდა - პატარა, ხელისგულისოდენა ფანჯრებით. ვისაც ამ ქოხმახებში ეძინათ, მათ ცხელი, ჩახჩახა
აფრიკული მზეც კი არ ხვდებოდა თვალში. ქოხები ერთმანეთს ორ-ორ, სამ-სამ ნაბიჯზე
მისდგომოდნენ და ჩამწკრივებულიყვნენ. თითო სკამი და თითო მაგიდა იდგა ქოხის
შესასვლელებთან, არავითარი განათება საღამოობით და, რაღა თქმა უნდა, არავითარი ტროტუარები
და ქვაფენილები... ქოხებთან აქლემები, ძაღლები, თხები, ქათმები და ბავშვები მიყუჟულიყვნენ. ამ
ღვთისგან მივიწყებულ ადგილას არ არსებობდა სტატისტიკა, არც შობადობის აღნუსხვა და არც
სიკვდილიანობის...

კარგად იცოდა ვაჟა ჯინჯოლიამ, რაოდენ დიდი სიფრთხილე მართებდა არაბებთან


ურთიერთობისას, რადგანაც ამ უკანასკნელთ ძლიერ განვითარებული აქვთ სამართლიანობის
გრძნობა და მწვავედ განიცდიან ყოველგვარ უსამართლობას. უსამართლო, დაუმსახურებელმა
შეურაცხყოფამ არაბი შესაძლოა სულ მთლად გამოიყვანოს წონასწორობიდან. დიდხანს
ამახსოვრდებათ შეურაცხყოფა.

ყიშლაყი პატარა ტბის გარშემო იყო განლაგებული. ყოველი მხრიდან შესაძლებელი იყო
დასახლებულ ოაზისში შემოსვლა. მოსვლის პირველსავე წუთს ჯინჯოლიამ ამ პატარა სოფლის
თავკაცი მოიკითხა. ჩადრშემოხვეულმა ქალებმა ხელით მიანიშნეს ერთადერთ, შედარებით
ნორმალურ სახლზე, რომელიც ევროპული კოტეჯის სტილზე აეშენებინა პატრონს. სახლი ზედ ტბის
პირზე იდგა. ცნობისმოყვარე ბავშვებით გარშემორტყმულებმა იქით მიაშურეს. ორი მხრიდან თიხით
შელესილი გალავანი შემოერტყათ სახლისათვის. ეზო მწვანედ გადაებურა ხეებს. გაღებული
ფანჯრიდან, მარიკას გასაოცრად, როიალის საამო ხმები ისმოდა. ვაჟა ჯინჯოლიამ ეზოში პირდაპირ
შეაბიჯა და მაშინვე ტყვიანაკრავივით უკან მოაწყდა... უშველებელი ლომი მძიმედ წამოიზლაზნა
ბალახებიდან და მათკენ წამოვიდა. გაიჩხაკუნა თოფის საკეტმა. ამ ხმის გაგონებაზე მშვიდად
მომავალი ლომი უცებ შეჩერდა, დაიძაბა, ბალანი აეშალა და ყრუდ დაიღრინა. შეწყდა როიალის ხმა
და აივანზე გამოჩენილი ახალგაზრდა ქალის ხმამ ერთ ადგილას გაყინა მრისხანე მხეცი:

-ხათუ, ადვშვილზე!...

ლომი მორჩილად შებრუნდა და კვლავ ხის ქვეშ მიწვა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია
მოსულთათვის. გოგონამ სწრაფად ჩამოირბინა საფეხურები და სტუმრებს შეეგება. შიშით
დაზაფრულებმა მხოლოდ ახლა შეძლეს მისი შეთვალიერება. საოცარი სილამაზის ქალიშვილს
შვენოდა ევროპული ტანსაცმელი. დიდი, ეშმაკურად მოციმციმე თვალები, შავი, მოშვილდული
წარბები, სწორი ცხვირი და მარწყვისებრი ტუჩები თვალს იტაცებდა. მის მოქნილ, პროპორციულ ტანს,
თითქოსდა ნაქანდაკარ ფეხებს ვერცერთი მამაკაცი გულგრილად ვერ შეხედავდა. მის მზისგან
გარუჯულ სხეულს ნამდვილი, სრულყოფილი აღმოსავლური სილამაზე ჰქონდა.

-მობრძანდით! კეთილი იყოს თქვენი ფეხი! - მიიპატიჟა.

-ოჯახში მარტო ხართ? - ქალიშვილის გალანტური ინგლისურით ნათქვამს საკმაოდ


გამართული ინგლისურით შეეგება ვაჟა ჯინჯოლია. - სოფლის თავკაცი ვიკითხეთ, აქეთ
მოგვასწავლეს. სად შეიძლება მისი ნახვა?

-თქვენ მამაჩემი გინდათ? ის უკვე ერთი კვირაა, რაც უდაბნოში გაემგზავრა. წუთი-წუთზე
ველოდები. მობრძანდით, დაელოდეთ! - მარიკას შეხედა. - ო, ღმერთო! როგორი გადაღლილი
ჩანხართ! წამოდით ჩემთან! - მკლავში გაუყარა ხელი და სახლისკენ წაიყვანა. დანარჩენებიც უკან
მიჰყვნენ. ჯინჯოლია მარიკას ამოუდგა გვერდით.

-გაფრთხილებ, ხმა არ ამოიღო! - ხმადაბლა გადაულაპარაკა.

მარიკამ ზიზღით იბრუნა პირი. არაფერი უთქვამს...

დაიბანეს. ივახშმეს. მასპინძელმა საწოლი ოთახები მიუჩინა მამაკაცებს და მარიკა თავისთან


შეიყვანა. ვაჟა ჯინჯოლიას ეს არ ესიამოვნა, მაგრამ მოერიდა საქმის გამწვავებას. ქალიშვილის საწოლი
ოთახის მორთულობა მისი პატრონის ფაქიზ, მაგრამ მკაცრ გემოვნებაზე მეტყველებდა. საწოლთან
ორი სურათი იდო. მასპინძელი ქალიშვილი მაღალ, წარმოსადეგ ვაჟთან ერთად ეიფელის კოშკთან იყო
გადაღებული. მეორე სურათშიც იგივე ვაჟი იყო, მხოლოდ კოსტიმის ნაცვლად მოჭიდავის თეთრ
კიმპანოში. მარიკამ მოვარაყებულ ჩარჩოებში ჩასმული სურათები ხელში აიღო. დააკვირდა.

-ლამაზად გამოიყურები, ზეინა! ეს ბიჭი ვინაა?

-ჩემი საქმრო. საფრანგეთში ვიმოგზაურეთ გასულ წელს, იქ გადავიღეთ. მეორე სურათი


მიუნხენშია გადაღებული, როცა ევროპის ჩემპიონი გახდა.

-მოჭიდავეა?

-კი, ძიუდოში...

-მერედა როდის აპირებთ დაქორწინებას? - მარიკა ღიმილით შეჰყურებდა ზეინას, რომელიც


საწოლთან ფუსფუსებდა.
-ქორწილი დანიშნულია პირველი ივნისისათვის. უკვე რამდენიმე თვეა, რაც გრძელდება ამ
ქორწილის სამზადისი. ჩემი მომავალი მეუღლე არაბეთის უმაღლეს ელიტას მიეკუთვნება და
ამზადებენ რაღაც განსაკუთრებულს, - უცებ მოიწყინა. - იცი, მარიკა, ისიც ბიძამისთან არის ჩამოსული
ამ უდაბნოში. ჯერ კიდევ გუშინ უნდა მოსულიყო ჩემთან. რატომღაც არ ჩანს, - ლამაზი თვალები
ცრემლით აევსო.

-ნუ გეშინია, მოვა, - დაამშვიდა მარიკამ. - წეღან შენ რომ არ გამოსულიყავი, ალბათ ეგ ლომი
ნაკუწებად გვაქცევდა?

-არა! თვინიერია. ჯერ კიდევ პატარა ბოკვერი იყო, როცა ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქა. საოცრად
ვუყვარვართ მეც და ისიც. ჩვენი გაზრდილია. მხოლოდ იარაღი სძულს. შეიარაღებულებს ვერ იტანს.

მარიკა ფანჯარასთან მივიდა. ჯინჯოლიას ორი მხლებელი კიბეზე იჯდა. ეწეოდნენ და მათ
ფანჯარას შემოჰყურებდნენ. სწრაფად შემობრუნდა, ზეინასთან მივიდა და ხმადაბლა, თითქმის
ჩურჩულით უთხრა:

-თუ შეგიძლია მიშველე, გადამარჩინე, გეხვეწები, გემუდარები!

გოგონამ გაოცებით შეხედა:

-რა ხდება? არაფერი მესმის...

მარიკამ ყველაფერი აუხსნა. ზეინას სიბრაზისგან სახე გაუფითრდა:

-მაშ მე, მამაჩემის შვილმა და მურად ხათუთ-ბეგის საცოლემ ადამიანის, უმწეო ქალის
გამტაცებლები შევიფარე?! - მარიკას ხელი მოხვია. - ნუ გეშინია, შენ ეგ არამზადები ვეღარ შეგეხებიან!
- სწრაფად წამოდგა, ღია ფანჯარასთან მივიდა.

-ხათუ, ჩემთან!

ლომი მძიმე ნახტომით სახლისკენ გამოქანდა. მამაკაცები კისრისტეხით შეცვივდნენ ოთახში.


ლომმა თათებით შეაღო კარები და ზეინასთან მივიდა. მან მიუალერსა და კარებისკენ ანიშნა:

-იქ დაწექი! - ხათუ მორჩილად შებრუნდა და საწოლი ოთახის კარებში ჩაწვა.

-ძალიან გთხოვ, ზეინა, შენ რომ საქმის კურსში ხარ, ამათ არ გააგებინო დროებით.

-რატომ?

-ჩვენ ამ წუთში მარტოკები ვართ, ღმერთმა უწყის, რას ჩაიდენენ, თუ გაიგეს რომ კარტი
გახსნილია, შენ ყველაფერი იცი...

ზეინა ჩაფიქრებული შეჰყურებდა.

-მარიკა, ჩვენ მარტოკები არა ვართ. მთელი ეს ყიშლაღი ფეხზე დადგება, თუ გაიგეს, რომ რაიმე
გვიჭირს. ამას თავი დავანებოთ და გული მიგრძნობს, ჩემი მურადი წუთი-წუთზე უნდა გამოჩნდეს. ის
უსიკვდილოდ ამაღამ აქ იქნება. დამიჯერე. ნუღარაფრის გეშინია.
-მაგრამ მარტო, კბილებამდე შეიარაღებულ ნაძირალებთან, რომლებიც ყველაფერზე მიდიან,
მურადი ვერაფერს გააწყობს. ტყვია არ არჩევს ძლიერს და სუსტს.

-მართალი ხარ! - უცებ თვალები ეშმაკურად მოწკურა ზეინამ. - მაგ მდგომარეობიდანაც


შევძლებთ გამოსვლას.

-ფანჯარასთან მივიდა. ქოთნებში ჩალაგებული ყვავილები ერთმანეთის მიყოლებით


გადმოდგა. დატოვა მხოლოდ ერთი, თეთრი, მაღალი ყვავილი შავი თიხის ლამაზი ქოთნით.
შემობრუნდა.

-ესც ასე. ამ ყვავილის დანახვის შემდეგ, მურადი აქ უკვე მანამ არ შემოვა, სანამ არ გაარკვევს,
ვინაა სახლში და რა ხდება. ეს ჩვენი ძველისძველი პირობითი ნიშანია.

ღამის სიმყუდროვეს, რომელსაც ხანდახან ბაყაყების ყიყინი არღვევდა, სხვა გაურკვეველი ხმაც
დაემატა. ეს ხმა თანდათან გაძლიერდა და სულ მალე მანქანების ძრავის ხმაური აშკარად გამოიკვეთა.
ნელი სვლით, გაკაშკაშებული ფარებით მომავალი სამი მანქანა ყიშლაღში შემოვიდა. ზეინა
სახეგაბრწყინებული გაჰყურებდა მომავალ მანქანებს, მარიკა სულგანაბული იდგა მის გვერდით.
ჯინჯოლია და სხვებიც, დაძაბულნი, ღია ფანჯრიდან მისჩერებოდნენ მანქანებს, რომელნიც პირდაპირ
ეზოში შემოვიდნენ. გამოიშალნენ. შეიარაღებული ხალხით აივსო ეზო.

-ვინ არიან? - მარიკამ ჩურჩულით იკითხა.

-არ ვიცი! - ზეინას ფერი აღარ ჰქონდა.

-ეი, მასპინძელო! - ჩახრინწული ხმით დაიძახა ვიღაცამ. - სტუმრები ღამის თავშესაფარს


ითხოვენ, გამოგვხედე!

ხმაურით გაიღო მეორე ოთახის კარი. ვაჟა ჯინჯოლია, ასაკის მიუხედავად სახეგაბადრული
სწრაფად გამოიჭრა და კიბეზე ამომავლებს წინ შეეგება.

-ჩემი სიცოცხლე ბორის ოსიპოვს! - რუსულად შესძახა ჯინჯოლიამ და აივანზე პირველ


ამოსულს გადაეხვია.

-დავიღალე თქვენს ძებნაში, ბატონო ვაჟა! - ჩაიროხროხა ოსიპოვმა და მაგრად შეანჯღრია. -


მაგრამ, მადლობა ღმერთს, შევხვდით ერთმანეთს...

-არაფერია, დაღლა გაივლის, როცა ჩვენსას მივიღებთ.

-მართალია! აქ მარტო თქვენ ხართ?

-არა! მასპინძელი ქალიშვილი გვყავს, თანაც ისეთი, თითებს ჩაიკვნეტ. - ჩაიცინა.

-ძალიან კარგი. ქალი მომენატრა ამ წყეულ უდაბნოში, მაგრამ მანამდე ვივახშმოთ, დავლიოთ
ცოტაოდენი ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად.

-სიამოვნებით, ბორის!..
კოპწიად მოვლილი სახლი, მალე ჯარისკაცურ ყაზარმას დაემსგავსა. ოჯახურ გარემოს და
ქეიფს მონატრებული მამაკაცების თავაშვებულობამ შუაღამისას ზენიტს მიაღწია. ბორის ოსიპოვი
ორმოც წელს მიღწეული, სახენაიარევი, ქერა გოლიათი თავს ვეღარ ერეოდა - მთვრალი იყო.

-სადაა ქალები? - ჩახლეჩილი ხმით იკითხა.

-იქ! - თითი მიაშვირა ზეინას ოთახს ჯინჯოლიამ.

ბორისი მძიმედ წამოდგა, არყიანი სასმისი ერთი მოყუდებით გამოცალა და იქით გაემართა.
დაუკაკუნებლად შეაღო ოთახის კარი და წამიერად გამოფხიზლდა. წამომართულმა ლომმა ავად
შემოღრინა. ოსიპოვი არც დაფიქრებულა, ხმის ჩამხშობიანი პისტოლეტი ამოიღო და
მსხვილკალიბრიანი ტყვია თავში ესროლა. ლომი უსულოდ დაეცა...

ზუსტად ამ წუთას ყიშლაღს ტყის მხრიდან შუქებჩამქრალი ,,ჯიპი” მოადგა. მანქანა შეჩერდა.
ახმედ რამაზანოვმა მანქანიდანვე მოავლო თვალი ერთი შეხედვით ჩამკვდარ დასახლებას და მზერა იმ
ერთადერთ სახლზე შეაჩერა, საიდანაც სინათლეები გამოკრთოდა. საათს დახედა - სამის ნახევარს
უჩვენებდა. მის გამახვილებულ სმენას უცებ რაღაც ყრუ ტკაცანის ხმა მისწვდა, რასაც თან ქალის
შეკივლება მოჰყვა. მანქანის კარი არ გაუღია, აიწია, მსუბუქად გადმოევლო კარებს, ,,ვინჩესტერი” აიღო
და ფრთხილი, უხმაურ, კატისებრი ნაბიჯებით განათებული სახლისკენ წავიდა...

XVI თავი

ღამდებოდა. სოსო, მურადი და ნორმანი კოცონს ანთებდნენ. ეს დღეც უშედეგო ძებნაში


დაილია. გულაღმა გადაწოლილ ფხოველს ხელები თავქვეშ ამოეწყო და ცას მიშტერებოდა. ეკა თავთან
ეჯდა. უხმოდ, თვალმოუშორებლად დაჰყურებდა ბაკურს. რა უცებ გაირბინა დრომ! იმ პეწენიკი
ვაჟკაცის მაგიერ, ვინც ეკამ რესტორან ,,ეგვიპტეში” ნახა, მის წინ მისი ოცნების გმირი იწვა.
წვერმოშვებულს, თმებიც წამოზრდოდა ოდნავ. თვალის უპეები ჩაშავებოდა.

-რატომ დუმხარ?

-რა გითხრა, - ფხოველი წამოჯდა. - იცი რას ვფიქრობდი?

-რას?

-ვიპოვით მარიკას. დავბრუნდებით უკან. თუ ომი ისევ იქნა, იქით წავალ, თუ არადა ჩემს
მთებს მივაშურებ.

-რა გინდა იქ?

-თვითონაც არ ვიცი. ცხოვრება! - და ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: - ძველებურად განვაგრძობ


ძებნას.
-რას ეძებ ამდენს? - ჩაჰკითხა ეკამ.

-არ ვიცი, - ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, თითქოს საკუთარ თავს ებაასებოდა, - არაფერი არ
ვიცი. ისიც კი არ ვიცი, ნამდვილად ვცოცხლობ თუ არა. ხანდახან მგონია, ეს ყველაფერი სიზმარია-
მეთქი. ხან იქით მიმაქანებს მდინარე, ხან აქეთ, ხან შუაში მომიქცევს, ხან მორევში მატრიალებს. ვეძებ
ცხოვრებას, ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ყველაფერი გვერდს მიქცევს და მიედინება, არაფერია მყარი. მე
რაღაც მყარსა და უცვლელს ვეძებ, ეგებ სიყვარულს, ეგებ ჭეშმარიტებას, არ ვიცი, არქიმედეს
საყრდენივით დავეძებ რაღაცას...

-შენ საკუთარ თავს დაეძებ, ბაკურ! შენ არ იცი, მაგრამ მე შენი ცხოვრების შესახებ ყველაფერი
ვიცი. შენ დაოჯახება გჭირდება, გესმის? შენ გჭირდება მეუღლე და არა მარტო მეუღლე ამ სიტყვის
პირდაპირი გაგებით. შენ გჭირდება ისეთი მეუღლე, ვინც უპირველეს ყოვლისა, შენი სულიერი
მეგობარი იქნება. არა ისეთი, როგორებსაც ირანის შაჰივით იცვლიდი... მაშინ შენც დაიჭერ ცხოვრებაში
ადგილს მათ გვერდით, ვისიც დღეს არაფერი გაგეგება.

-ვშიშობ, ვაითუ ესეც ილუზია იყოს.

-ყოველ შემთხვევაში, ეს არის შანსი! - მტკიცედ თქვა ეკამ. - ცხოვრება აქამდე თუ არ ყოფილა
შენს მიმართ გულმოწყალე, ახლა გაძლევს საშუალებას მოძებნო მეგობარი და როცა მისკენ მიმავალ
გზას იპოვნი, მაშინ იპოვნი საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებისკენ მიმავალ გზასაც. შენ
სიყვარული გჭირდება, მხოლოდ სიყვარული...

-სიყვარული?! ცუდად ნუ გამიგებ, ეკა, მაგრამ მე სიყვარულის მოლოდინი მიჯობს თვით


სიყვარულს. სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება, ხან გაგაბრუებს,
ხან გამოგაფხიზლებს. ხოლო ის, ვინც სიყვარულზე ბევრს ოცნებობს, შემდგომში იმედგაცრუებული
რჩება, - სიგარეტს მოუკიდა. - მე არ მსურს, ეკა, შეგიძლია გიჟად ჩამთვალო, მაგრამ არ მსურს, რომ
ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს...

-რატომ ლაპარაკობ ასე? - გაოცებით შეხედა ეკამ. - შენი არ მესმის. განა შეიძლება ცხოვრება
უაზრო იყოს? უაზრო ცხოვრება სასოწარკვეთასთან მიგიყვანს ადრე თუ გვიან.

-ჩვენი ცხოვრება უაზრობაა, - კვლავ ჯიუტად გაიმეორა ფხოველმა. - მხოლოდ უმეცრები


ხედავენ ჩვენში, ადამიანებში ბუნების მიზანს. ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებლობა ვართ მარად
ცვალებადი ყოფისა, ერთი პატარა ეპიზოდი ცოცხალი ბუნების განვითარებისა, რაც ჩვენით ახდენს
თავისი არსებობის შეცნობას და ყოველგვარი აზრის გარეშე, მხოლოდ შემთხვევისა და მიწიერი
აუცილებლობის გამო ვიქცევით ადამიანებად. აბა თვალი გადაავლე ამ დედამიწას: განა მიწიერი
განვითარება და ქმნადობა მხოლოდ და მხოლოდ ისევ სამყაროს ერთ პატარა ეპიზოდს არ
წარმოადგენს? ასეა, რადგან დედამიწიდან მზისკენ, მზიდან ირმის ნახტომისკენ და მის იქითაც,
ჩვენთვის უცნობი უმაღლესი სამყაროებისკენ, ახალი სისტემებიდან სხვა, შეუცნობელი და
ამოუხსნელი სისტემებისკენ, ჩვენთვის მიუწვდომელი წარმოშობითა და გაქრობით, გაზრდითა და
დაკნინებით, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლით გამოიხატება მარადიული მოძრაობა,
რომელსაც არც დასაბამი აქვს, არც დასასრული და თავისივე თავით კმაყოფილდება. სად უნდა იყოს აქ
აზრი, ჩვენი ადამიანური მასშტაბების მიხედვით? ვისაც სურს, რომ ცხოვრებაში აზრი იპოვოს, დაე,
თვითონვე მისცეს თავის ყოფას რაიმე აზრი. ხოლო ეს მაინც ადამიანური გაგებით იქნება აზრი,
ადამიანური მიზანსწრაფვის მასშტაბებში...
ეკას შეხედა. შემდეგ კი ჩაფიქრებულმა დაამატა:

-ახლა თქვი კიდევ, ცხოვრება არ უნდა იყოს უაზროო. იტყვი ამას და ეს იქნება მოთხოვნა
საკუთარი თავის მიმართ, რათა შენს ცხოვრებას აზრი და მიზანი თვითონვე მისცე. ეძებე ეგ მიზანი,
ვეძებოთ ერთად, თუ გნებავს და შევეცადოთ ადამიანები გავხდეთ...

-კი მაგრამ, შენი აზრით, რა არის ადამიანი?

-ადამიანი ის არის, ვინც შეგნებულად ცხოვრობს რაღაც მიზნისათვის და ამით ცხოვრების


უაზრობას აძლევს აზრს ადამიანურ მასშტაბებში, თანაც არა მხოლოდ თავისთვის, არამედ
სხვებისთვისაც და წინასწარ ტკბება მომავალი საუკუნეების ულამაზესი და სრულყოფილი
შთამომავლობით...

ეკამ ნაღვლიანად გახედა სიბნელეჩამოწოლილ მიდამოს.

-შენ გინდა დაუბრუნდე შენს მშობლიურ მთებს. არაა ეს ცუდი. გინდა იქცე სხვა ადამიანად,
მაგრამ უფრო ზუსტად შენ ეს როგორ გეხატება? როგორი გინდა იყო?

-მე მინდა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომელსაც აღარავითარი მოთხოვნილება აღარ ექნება, - თქვა
ფხოველმა, ქალიშვილს ხელი მოხვია და მიიზიდა. - დიახ, არ მქონდეს სურვილები; მუდამ მზად ვიყო
სხვების დასახმარებლად, განვთავისუფლდე ყოველგვარი ქედმაღლობისგან, გულგრილი გავხდე
კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ. მსურს ყოველგვარ სიმდიდრესა და ფუფუნებას ზიზღით
ვუყურებდე. მინდა ვშრომობდე და რაც მჭირდება, ყველაფერი ჩემი ხელით შევქმნა და მსურს
ვუცადო, მოთმინებით და მშვიდად ვუცადო...

-უცადო? რას უნდა უცადო?!

ბაკუმა თვალები დახუჭა. ეკას მხარზე დაადო თავი და მონოტონური ხმით დაიწყო:

-ცხოვრება ხელში გველევა, სურათები შეუჩერებლივ მირბიან თვალწინ. გრძელ ღამეებს და


მოკლე დღეებს მოკლე ღამეები და გრძელი დღეები ცვლის, წელიწადს წელიწადი მოსდევს ერთხელ,
ათასჯერ და დაუსრულებლად. მთების თხემებს ღრუბლები გადაუვლია, წამოვა თოვლი, დაუბერავს
სამხრეთის ქარი, მოიტანს ნაზამთარი ბალახის სურნელს. იები და ენძელები მიწიდან თავს ამოყოფენ,
აყვავდებიან და დაიყვავილებენ. ასევე ადამიანებიც, როგორც იტყვიან - ეს ცოდვის შვილები,
იჟუჟებიან, ხოცავენ ერთმანეთს, ცვივიან უფსკრულში მსგავსად ფრიალოდან კლდეზე დანარცხებული
წყლისა. წლითიწლობით თავისას ჭახჭახებს როჭო, უსტვენს მურთხი, დროის მსვლელობის გაგება კი
არა აქვთ მათ... და ჩვენც არაფერი გაგვეგება მისი. მთელი სიცოცხლე რაღაც ერთ წამს გრძელდება.
ერთი კაცის სიცოცხლის მანძილზე თაგვის ორასი თაობა იცვლება, მაგრამ ადამიანის ორასი თაობის
მანძილზე, ვარსკვლავი თავის სფერულ გზაზე ერთი გრადუსითაც ვერ ასწრებს გადაადგილებას. ვერ
ვასწრებთ თვალის გახელას, სამყაროს ნორმალურად დანახვას და უკვე სამუდამოდ გვეხუჭება თვალი,
სიკვდილი მოგვადგება კარს, - ცოტა ხანს იყუჩა და დაუმატა: - აი მეც ამას დაველოდები,
გადახვეწილი უდაბურ მთებში...

ერთ ხანს ორივე დუმდა. ეკა შემობრუნდა, რაღაცის თქმას აპირებდა, რომ უეცრად საშინლად
შეჰკივლა:
-ბაკურ!

მათ უკან უშველებელი კობრა ზე წამოწეულიყო და წყნარი სისინით ავისმომასწავლებლად


აქნევდა თავს აქეთ-იქით. ელვის სისწრაფით ფეხზე წამომხტარმა ეკას კოცონისკენ უბიძგა და
პისტოლეტზე გაივლო ხელი. თავწაწყვეტილი გველი ძირს დაეცა, დაიკრუნჩხა და გაშეშდა. მურადი
პირველი მოიჭრა ბაკურთან. გველს დახედა სინათლის შუქზე და სახე გაუფითრდა.

-ნაია! - ხმადაბლა, არაბულად გადაულაპარაკა ნორმანს. მან თავი დაუქნია.

-გადარჩით, მეგობრებო! - მიუბრუნდა ეკას და ფხოველს. - ეს გახლავთ ეგრეთწოდებული


,,ფურთხია კობრა”. არაბულად ნაია ჰქვია. ამ საშინელი ქვეწარმავლის თავისებურება ისაა, რომ
ამოისუნთქავს რა დიდი ძალით ჰაერს, რომელიც თან წარიტაცებს მისი კბილებიდან შხამის უმცირეს
წვეთებს, ქმნის შხამის ნაკადს. ამ ,,იარაღის” მოქმედების სიშორე სამ მეტრს აღწევს. შხამის წვეთების
სასუნთქ გზებში, ლორწოვან გარსში ან თვალებში მოხვედრა მსხვერპლის მძიმე მოწამვლას,
დაბრმავებას და მაქსიმუმ თორმეტ საათში სიკვდილს იწვევს. მას ვეღარ შველის ვერავითარი შრატები.

-იქნებ მოასწრო უკვე? - შეშინებულ ეკას ხმა უთრთოდა.

-არა, ნუ გეშინიათ, - ხმამაღლა გაიცინა მურადმა. - ჩემს მეგობარს, - ბაკურს მოხვია ხელი, -
სწრაფი ხელი და ზუსტი თვალი ჰქონია. რომ არა ბაკურის ასეთი არაადამიანური რეაქცია, მაშინ კი...

-ბაკურ, დროა ვივახშმოთ! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა სოსომ. - უკვე მთელი საათია ვახშამი
მზადაა, მაგრამ ისე გართულნი იყავით საუბრით, ხელი არ შეგიშალეთ...

კოცონისკენ გაემართნენ. თავთავიანთ ფიქრებში გართულნი უხმოდ შეექცეოდნენ. მურადი


კოცონს მიშტერებოდა. ვახშამი ხელუხლებელი იდო მის წინ.

-რატომ არ ჭამ? - ბაკურმა ცხელი ყავა მოსვა და კითხვით შეხედა მურადს. მხოლოდ ახლა
მიაქციეს ყურადღება სხვებმაც მურადის რატომღაც დანაღვლიანებულ სახეს.

-აქედან ოცდახუთ კილომეტრზე, - ისე დაიწყო მურადმა, რომ ცეცხლისთვის თვალი არ


მოუცილებია, - ცხოვრობს ის, ვინც მე ძალიან მიყვარს, ვინც უახლოეს მომავალში ჩემი მეუღლე უნდა
გახდეს. აღარ მოგიყვებით იმას, თუ რამდენი ტანჯვა გამოვიარე მანამ, სანამ მამაჩემისგან მივიღებდი
თანხმობას მის შერთვაზე. ჩემიანებს ვინმე დიდგვაროვანი უნდოდათ ჩემთვის, მე კი არ დავეძებ
არაფერს. ვინც მიყვარს, ის ჩემთვის დიდგვაროვანიცაა, დედოფალიც და ქალღმერთიც, - თავი ასწია,
თვალი მოავლო ყველას. უხმოდ, ყურადღებით უსმენდნენ. - არასოდეს მისთვის ტყუილი არ
მითქვამს, მაგრამ ამ წუთებში მასთან დამნაშავე ვარ და მინდა ეს გამოვასწორო...

-შენს გვერდით ვართ! - გაეღიმა ეკას.

-გუშინ დილით მელოდა. ვერ წავედი. წუხელაც აქ დავრჩი, იმიტომ რომ უმანქანოდ ვიყავი. ამ
წუთებისთვის მანქანა აქ გვაქვს და თქვენი ნებართვით სულ ორიოდე საათით დაგტოვებთ. ვნახავ,
ვეტყვი, რომ არაფერი მიჭირს და მაშინვე თქვენთან გავჩნდები.

-არ შეიძლება ჩვენც წამოვიდეთ, და თუ გაცნობას ვერ მოვახერხებთ, შორიდან მაინც


შევხედავთ მომავალ დედოფალს? - მთელი სერიოზულობით იკითხა ეკამ.
მურადს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.

-მე ვერ შემოგბედეთ. ისედაც იღლებით. თუ არ გეძინებათ, მანქანა ყველას დაგვიტევს.

-სოსო, ნორმან, წავიდეთ? - ეკა ბიჭებს მიუბრუნდა.

-მე და ნორმანი დედოფალს ქორწილში გავიცნობთ, - თქვა სოსომ, - შენ და ბაკური გაყევით,
თუ არ გეძინებათ, რა თქმა უნდა. ღამე სასიამოვნოცაა უდაბნოში მანქანით მგზავრობა, - ბაკურს
მიუბრუნდა. - შამპანურები წაიღე. არაბებს ძალიან უყვართ.

ბაკურმა შამპანურის გაუხსნელი ყუთი მანქანაში ჩადო. ჩასხდნენ. მანქანასთან სოსო მივიდა.

-ესეც წაიღე! - ტყვიამფრქვევი მიაწოდა ბაკურს.

-არ მინდა. ავტომატები გვეყოფა...

-რა იცი! იყოს მაინც, იქნებ დაგჭირდეთ! - მანქანის სავარძელზე დააგდო და


გამოსამშვიდობებლად ხელი ასწია...

წელზევით შიშველ მურად ხათუთ-ბეგს უკაცრიელი უდაბნოს ღამის სიბნელეში სწრაფი


სვლით მიჰყავდა მანქანა. ბაკურს მურადის ორლულიანი ბელგიური წარმოების სანადირო თოფი
ეჭირა ხელში და გაფაციცებული, მონადირული აზარტით შეპყრობილი განათებულ მიდამოს, გზას
გაჰყურებდა. ორი მოკლული კურდღელი უკვე მანქანაში იდო...

მურადმა მანქანა ეზოში შეაჩერა და საჭეზე გადახრილი განათებულ, ღია ფანჯარას


დააკვირდა. არაფერი უთქვამს, გადახტა, ფანჯარასთან მივიდა და ოთახში შეიხედა. შემობრუნდა და
ორიოდე ნახტომით მანქანასთან გაჩნდა. ავტომატს დაავლო ხელი და სირბილით აიჭრა კიბეებზე.
კარებს ძლიერად ჰკრა წიხლი და შიგნით შეიჭრა.

-რაღაც მოხდა! მანქანაში დარჩი! - ბაკურმა პისტოლეტი იძრო და მურადს მიჰყვა.

აივანზე შესასვლელთან ორი გვამი ეგდო. სწრაფად დაიხარა მათკენ. შეხედა მათ
არაბუნებრივად მოღრეცილ კისრებს... არც ტყვიით, არც დანით არ იყვნენ მკვდარნი. ორივეს კისრის
მალები ჰქონდათ გადამტვრეული. პროფესიონალის გაკეთებულია! გაუელვა ფიქრმა და სახლში
შევიდა. ოთახებში ქაოსი იყო. შედგა. მიიხედ-მოიხედა. ფეხის ხმა შემოესმა. ეკა შემოვიდა. სახლში
არავინ იყო.

-მურადი სადაა? - ხმადაბლა იკითხა ეკამ.

-იქ! - გვერდით კარებისკენ ანიშნა. კარები შეაღეს. საწოლ ოთახში ვეება ლომი ეგდო. მისი
ტყვიით გახვრეტილი შუბლიდან გამომავალი სისხლი საწოლებისკენ მიიკლაკნებოდა.

ხათუთ-ბეგი შეშლილი სახით დასჩერებოდა საწოლზე გადამხობილ უზარმაზარი ტანის


მამაკაცის გვამს, რომელიც პირქვე ჩამხობილიყო. საწოლზე სისხლის გუბე იდგა. ბაკურმა მხარში
ხელი ჩაავლო, გადმოაბრუნა და... ეკამ ხმადაბლა შეჰკივლა, ბაკურს მკლავზე მოკიდა ხელი. შეხედა...
ფხოველი ცივი ღიმილით დაჰყურებდა გულში დანაგაყრილი მამაკაცის შუბლზე მიხატულ შავ ეშმას...
XVII თავი

-სულ ასიოდე კილომეტრი დაგვრჩა პორტ-საიდამდე. საღამოს უკვე იქ ვიქნებით. ბატონო ნიკა,
ხომ არ აჯობებს ვისაუზმოთ? უკვე ცხრა საათი სრულდება.

-იმ ხის ქვეშ შედარებით სიგრილე იქნება, - ანჯაფარიძემ ხელით მიანიშნა ერთადერთ,
ობოლივით მდგარ, მეჩხერად გაფოთლილ ხეზე. შეჩერდნენ. მანქანიდან გადმოვიდნენ. ბაქარ ვაჩნაძემ
სწრაფი მზერა მოავლო გარემოს. მდინარის მიმართულებით რაღაცას დააკვირდა. დურბინდი აიღო.
გახედა.

-რას უყურებ?

-ვერტმფრენია, თანაც, საოცარი ფერის - ცისფერი.

-ვინ იქნება?

-ეშმაკმა იცის მაგათი თავი, - ხელი დაუდევრად ჩაიქნია ბაქარმა. - ვინმე მილიონერი იქნება
სანადიროდ ჩამოსული. რაში გვაინტერესებს...

საუზმობდნენ. შორს მტვერში გახვეულმა მანქანამ გაიქროლა დიდი სისწრაფით. ანჯაფარიძემ


დურბინდს სტაცა ხელი. დააკვირდა. უცებ მოიცილა თვალებიდან. ისევ გახედა. მტვერი და ბოლი
ჩანდა მხოლოდ. თვალები დახუჭა. ერთხანს ასე იყო. მერე გადაიხარხარა, ყავა მოსვა.

-რა გაგახსენდათ? - ღიმილით შეხედა ბაქარმაც.

-არაფერი. მომეჩვენა, თითქოს ჩემი ცოლი იჯდა იმ მანქანაში. ეჰ, როგორც ჩანს, ვბერდები,
ჰალუცინაციები მეწყება...

-კონიაკი დავლიოთ?

-როგორც გინდა, ბაქარ!

ვაჩნაძემ ბოთლს საცობი მოხსნა. პატარა სასმისები შეავსო, ჭიქა ასწია:

-მაპატიეთ, ბატონო ნიკა, მაგრამ...

ნიკამ ხელი ასწია. შეაჩერა:

-სანამ ტყვეობიდან დამიხსნიდი, შენ მითხარი, მიგულე შენს უმცროს ძმადო! ასეა?

-დიახ!

-მე მინდა, მე მოვითხოვ შენგან, როგორც უფროსი ძმა, რომ ჩვენი ურთიერთობიდან
გამოირიცხოს ოფიციალური ტონი. ყოველგვარი ბატონობის გარეშე! გამიგე? მომმართე პირდაპირ
სახელით.
-გასაგებია, ნიკა! - ჩაფიქრდა. - იცი, რა მინდოდა მეთქვა? ჩვენ ხვალ თუ არა, ზეგ ან მასზეგ
დავტოვებთ ეგვიპტის, არაბთა მიწას და ღმერთმა იცის, ოდესმე დავადგამთ თუ არა ფეხს კიდევ მასზე,
- გაიღიმა, ხმას დაუწია. - ცამეტი თუ თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, როცა საქართველოდან ჩამოსულმა
სტუმრებმა საჩუქრად პატარა ქართული წიგნი ჩამომიტანეს. წამოვიზარდე. მოთხოვნილებები
გამეზარდა. პასკალის აზრებით, ჰემინგუეის, გოეთეს, შექსპირის, ტოლსტოის თუ სხვათა და სხვათა
ტომებით იყო სავსე ჩემი ოჯახის საგვარეულო ბიბლიოთეკა, მაგრამ ჩემი მაგიდის წიგნად მაინც ის
პატარა ქართული წიგნი დარჩა. მას ,,მამლუქი” ჰქვია. თან წამოვიღე ეგვიპტეშიც. თუ კაცს გული გაქვს,
არ შეიძლება არ შეგძრას და არ აგაფორიაქოს სულის სიღრმემდე ქართველთა წარსულმა. მოდი, იმ
არაბი ათასისთავის სადღეგრძელო შევსვათ, ვისაც მაჰმუდ ბეის უძახდნენ, იმ მისგან მოკლულ
ვენეციელ ასისთავს გაუმარჯოს, ვინც სიკვდილის წინ ,,ვაი ნანა” ამოიძახა.მათთან ერთად ასობით და
ათასობით ქართველ ვაჟკაცთა სადღეგრძელო იყოს, ვისი ხმლის კაშკაშიც ძილს უფრთხობდა ევიტესა
და ერას, ვისი ცხელი სისხლიც შერწყმია ამ ხრიოკ უდაბნოებს, ვისი ძვლებიც ჩანაცრებულა ამ
გახურებულ ქვიშაში. ისევ და ისევ სიკვდილის წინ ვისაც დედა უნატრია ქართულად და
საქართველოს მთა-კლდეები მონატრებია! - დადუმდა. გამოცალა. თავი დახარა, დამალა
ცრემლმორეული თვალები...

,,ეს გადარევს თბილისელ გოგოებს!” - გაიფიქრა ნიკამ; წარმოიდგინა უცებ, რუსთაველზე


გავლილი ვაჩნაძის ბიჭი რა შთაბეჭდილებას დატოვებდა თბილისელებზე. გაეღიმა. ჭიქა აიღო...

-მე ახლა მივხვდი, თურმე არ ჰქონია არსებითი მნიშვნელობა, ქართველი კახეთში დაიბადება,
სვანეთში თუ ლუანდაში. მთავარია, როგორ გარემოში აღიზრდება ის... ადამიანთა ბედი, მათი
ცხოვრება, ის, რაც ჩვენს თავზე ტრიალებს, იწვევს იმის შეგრძნებას, რომ სამყარო უსამართლოდაა
მოწყობილი. ქაოსი იყო და არის. რამდენ ბოროტ კაცს შერჩენია ცოდვები და დაუსჯელად, სამაგიეროს
გადაუხდელად ჩასულა სამარეში მაშინ, როდესაც ყოველმხრივ კეთილ, მართალ და პატიოსან
ადამიანს დაუმსახურებელ ტანჯვაში აღმოხდენია სული?! საიდან მოდის ეს უსამართლობა? ჩვენი
არცოდნიდან? უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება სამყაროში, ყველაფერს აქვს თავისი გამომწვევი
მიზეზები და ეტყობა უსამართლობაც, რაღაც მიზეზის კანონზომიერი, სამართლიანი შედეგია... ბაქარ,
მე მწამს იმიერი ცხოვრების, სადაც ყველაფერი წონასწორდება, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენს
დაუკმაყოფილებელ ვნებებს, შურისძიების წყურვილს ვერ ჰკლავს იმის აბსტრაქტული შეგნება, რომ
იმ ქვეყნად მიეზღვება ყველას თავისი...

ჩაიცინა.

-მოვედი ფილოსოფოსობის ხასიათზე... ნამდვილად, მარადიული ხსოვნა მათ, ვინც


სამშობლოდან ძალიან შორს შეინარჩუნა ქართული გენი, მებრძოლი სული; შენი არ იყოს, ზოგს
ვენეციელი ოფიცრის ფორმა ეცვა, ზოგს არაბული ხმალი ეჭირა ხელთ, მაგრამ მართლაცდა, ღმერთმა
ხომ იცის, ,,არც ერთნი იყვნენ არაბნი და არც მეორენი ვენეციელნი, ყველანი ბედკრული საქართველოს
შვილები იყვნენ”... ალბათ გახსოვს ეგ სიტყვები, მე ცოტა გადავაკეთე.

ბაქარმა თავი დაუქნია.

-ხსოვნა,დიდება მათ! - ნიკამ მოსვა კონიაკი და ნახევარი ჭიქა ცხელ ქვიშაზე გადააქცია...

მზე უსაშველოდ აჭერდა. ბაქარმა სიგარეტი ამოიღო, ნიკას გაუწოდა...


-მიმიღებენ კი ქართულ გვარდიაში? - კითხვით შეხედა.

გაეცინა ანჯაფარიძეს.

-უკეთეს სამსახურს მოგიძებნი. გვარდიაში შენ არაფერი გინდა.

-მაინც რას?

-პოლიციის სამმართველოს უფროსი ჩემი მეგობარია, მას ვთხოვ და...

ბაქარ ვაჩნაძემ ხმამაღლა გადაიხარხარა:

-და პოლიციაში დამაწყებინებ მუშაობას? არა, ნიკა! მე პოლიციელად არ ვივარგებ. ჩემგან


პოლიცია შორსაა ძალიან. მე არასდროს ჩავიცვამ მათ ფორმას, ვინც ადამიანებს თრგუნავს, ვინც
ზღუდავს მათ თავისუფლებას. ვინც ებრძვის მაფიურ კლანებს, ბანდიტიზმს, ქურდობას, ძარცვას,
მაგრამ პირველი მაფიოზები, ბანდიტები და ქურდები, მძარცველები და მკვლელები მათ რიგებში
არიან. ბუნებრივია, ეს ყველაზე არ ითქმის... როგორც შენგან გავიგე, დღეს ომია საქართველოში. მე მათ
გვერდზე მინდა ვიყო, ვისაც გვარდიელები, ჯარისკაცები ქვიათ, ვინც იბრძვის ტერიტორიული
მთლიანობისთვის... სწორედ გამიგე, მინდა პატარა, სულ უმნიშვნელო რაღაც გავაკეთო ჩემი
სამშობლოსთვის და დაე სიცოცხლეც წავაგო იქ. ხუთი თვის უკან არაბმა მკითხავმა მიმარჩიელა,
უდაბნოში მოკვდებიო. არ აცხადდა მისი სიტყვები, - გაჩუმდა. მანქანის საბურავს ფეხი წაარტყა,
მეგობარს შეხედა. - საქართველოში ლამაზი გოგოებია?

-ძალიან! თუმცა ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობიაო! ჩავალთ და...

ნიკამ საუბარი შეწყვიტა და რაღაცას დააშტერდა შორს, თვალმოჭუტული. ბაქარმაც იქით


გახედა. მტვერში გახვეული მანქანები სწრაფი სვლით უახლოვდებოდნენ. სამი მანქანა გვერდიგვერდ
მოჰქროდა. დურბინდი აიღო. შეიარაღებულები ისხდნენ. მანქანაში, რომელიც შედარებით წინ
მოდიოდა, ორი თეთრჩალმიანი მოსჩანდა. აქეთ-იქით იყურებოდნენ. ხის ქვეშ გაჩერებული მანქანა
შენიშნეს და მისკენ აიღეს გეზი. ბაქარმა, ისე რომ არც წამომდგარა, კარი გამოაღო, ამერიკული
ექვსლულიანი მრგვალი ტყვიამფრქვევი გამოიღო და თავის გვერდით, მანქანაზე მიაყუდა.
მოახლოვდნენ და შედგნენ... ყველგანმავალში მჯდარი ვაჟა ჯინჯოლია გაოცებული სახით მიაჩერდა
ფეხზე წამომდგარ, რისხვისაგან სახეშეცვლილ ანჯაფარიძეს...

-ამას აქ რა უნდა? - გადაულაპარაკა აღელვებულმა თანამგზავრს.

-ვინაა? - იკითხეს.

-ის, ვისი გულისთვისაც აქ ვართ, - ბრაზით თქვა. - აიყვანეთ!...

-მანქანები გარს შემოერტყნენ.

-ბაქარ, ეს ისინია! - ხმადაბლა გამოსცრა კბილებში ნიკამ.

-გასაგებია! - აუღელვებლად წარმოსთქვა ვაჩნაძემ და ფეხზე წამოდგა. მის დანახვაზე არაბებმა


,,ო, ალაჰ!” თითქმია ერთდროულად წამოიძახეს და რაღაც ცხოველური შიში, ძრწოლა გამოესახათ
შავგვრემან სახეებზე. ერთი მათგანი მიუბრუნდა ჯინჯოლიას:
-ჩვენ ვერ დაგეხმარებით!

-რატომ? - ზიზღი გამოეხატა.

-ვისი შეპყრობაც თქვენ გინდათ, - შიშნარევი მზერა ესროლა ბაქარს, - მისი თანამგზავრი თუ
მას გამოესარჩლა, ამას ჩვენთვის მძიმე შედეგი მოჰყვება...

-კი მაგრამ, ვინაა ასეთი?

-შარხანი!

-ეგ სახელი და გვარია? - ჯინჯოლიამ თვალით გაზომა ვაჩნაძე.

-მისი გვარი და სახელი არ ვიცით. ვიცით ის, რომ ეგ არის ამ უდაბნოს უგვირგვინო
მბრძანებელი. მისი ბანდა, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, აკონტროლებს ამ ტერიტორიას.
თვითონ ეგ უშიშარია უხორცოსავით და თავზეხელაღებული. ამიტომ შეარქვეს ,,შარხანი”. ერთი ღერი
თმაც რომ შეერხეს, მაგისი ხალხი ცოცხლად დაგვწვავს. მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს ყიშლაღებს, ჩვენს
საგვარეულოებს მთლად ამოწყვეტენ...

-არ მაინტერესებს! - ვაჟა წამოიწია, მანქანებში მსხდომთ გასძახა:

-ეი, თქვენ, შეიპყარით ეს! - ნიკაზე მიუთითა.

-ნიკა! დაჯექი მანქანაში და გადი აქედან! - ბაქარმა ტყვიამფრქვევი აიტაცა, - ამათ მე


შევაკავებ!.. მათხოვრებო! - იქუხა. - აქედან ვინც ცოცხალი გახვალთ, მან დაიკვეხეთ! - ორი თუ სამი
მოკლე ჯერი მიუშვა მათკენ დაძრულებზე. ოთხი კაცი ადგილზე დაეცა. სხვები მანქანებს ამოეფარნენ.
ანჯაფარიძემ ბაქარის სახეს შეხედა. ისე გულმშვიდად გზავნიდა ვაჩნაძე ტყვიებს აქეთ-იქით, რომ
მიხვდა ნიკა, ბაქარისთვის უცხო ხილი არ იყო ცოცხალ სამიზნეებზე, ადამიანებზე სროლა. ამ
წუთებში ეს არ სწყენია. ბუნებრივად ჩათვალა რატომღაც... სეტყვასავით წამოვიდა ტყვია. ნიკამაც
ავტომატს დაავლო ხელი. ბაქარს სროლა არ შეუწყვეტია, ისე გამოხედა ანჯაფარიძეს.

-შენ გითხარი, სანამ დროა, გადი, გააღწიე აქედან!

-ცუდად გცნობივარ, ბაქარ! - ნიკამ გრძელი ჯერი მიუშვა იმ მანქანაზე, რომლის უკან ვაჟა
ჯინჯოლია ეგულებოდა. - შენ აქ დაგტოვო და მე წავიდე? ან ორივე ერთად გავალთ, ან არცერთი...

ბაქარმა თავი გააქნია, შემობრუნდა და მუხლებზე წამოჩოქილმა გრძელი ჯერებით ჩაცხრილა


მანქანა, რომელიც უკნიდან, მდინარის მხრიდან უჭრიდათ გზას. მანქანა აბოლდა, აალდა და ცეცხლში
გაეხვია. მხოლოდ რამდენიმემ მოასწრო გადმოხტომა...

უცებ, მომენტალურად დადუმდა მისი ტყვიამფრქვევი. ნიკამ მოხედა. ,,ბაქარ!” -


არაადმიანურად იღრიალა ანჯაფარიძემ, იარაღი დააგდო და მისკენ გაქანდა. წამოდგომას ლამობდა
ვაჩნაძე, მაგრამ ვეღარ დგებოდა. ცდილობდა ძირს დავარდნილი იარაღის აღებას, ძალა აღარ
ჰყოფნიდა... მკერდში სასიკვდილოდ დაჭრილს, ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. მწარე ღიმილი,
სასიკვდილოდ განწირულის ღიმილი ეფინა მის კეთილშობილურ, ვაჟკაცურ სახეს... ნიკამ წამოსვა,
ხელი მოხვია, მანქანასთან მიაჩოჩა, ბეჭებით მიაყრდნო, მის წინ დაიჩოქა, თვალებში ჩახედა... ნელ-
ნელა ეცლებოდა აზრი, ბინდი ისადგურებდა ბაქარის მუქ, ცისფერ თვალებში. უსუსურად, ნელა
შეძლო მაინც ხელის წამოწევა, ნიკას დაადო ხელზე, გაუღიმა:

-ხედავ? ამიცხადდა მაინც მოხუცი მკითხავის სიტყვა, - თავი გადაუვარდა, ღრმად ამოისუნთქა
და თვალები დახუჭა.

-არა! - იყვირა ნიკამ, ბაქარის ტყვიამფრქვევი აიღო და თავდამსხმელებისკენ შებრუნდა.


სასხლეტს დააწვა... მანქანას, რომელსაც ვაჟა ჯინჯოლია ეფარებოდა, ნაბიჯით, წელში გამართული
უახლოვდებოდა და ტყვიას ტყვიაზე აყრიდა...

-ესროლეთ! - გააფთრებულმა ჯინჯოლიამ ძლივს წარმოსთქვა ერთადერთი სიტყვა...

თითქოს სადღაც უსასრულობაში უნდოდა გაფრენა, მძლავრი მკლავები მაღლა აიქნია ნიკამ,
შეიმართა ჰაერში, იარაღი ხელიდან გაუვარდა, მუქარანარევი, ზიზღიანი ღიმილით გახედა ვაჟა
ჯინჯოლიას და ერთიანად გულმკერდდაცხრილული მოწყვეტით დაეცა...

-ვერტმფრენი მოდის ჩვენსკენ! - იყვირა არაბმა. ჯინჯოლიამ ნიკა ანჯაფარიძის უსულო გვამს
სინანულით დახედა და მანქანას შეახტა. ,,გავიდეთ აქედან, სწრაფად!” - შეუძახა გადარჩენილებს...

ვერტმფრენი ახლოვდებოდა...

...ბინდგადაკრული თვალები გაახილა ბაქარმა. რაღაც გუგუნმა გონს მოიყვანა. საოცარი ბოლი
ეფინა ირგვლივ ყველაფერს. ბოლი, რაღაც მყრალი კვამლი ჩაჰგუბებოდა სხეულშიც... უეცრად ცხენის
ჭიხვინი და ფლოქვთა თქარათქური ჩაესმა... შესძლო მუხლებზე წამოწევა... გახედა... მიწა ირყეოდა.
აურაცხელი ჩალმიანი მხედარი მთელი ძალით ზედ შეელეწა უცხოურ სამოსში გამოწყობილ
მხედართა დასტებს... საუკუნეებმა უკან დაიხია და ბაქარმა იცნო ისინი... იცნო არაბი, რომელმაც
ყალყზე შემდგარი ბედაური ზედ მიაგდო ვენეციელ ოფიცერს და ცხენიდან ძირს გადმოუშვა... იცნო...
ორივე იცნო... რაღაც წამმა უცებ გაყინა ყველა და ყველაფერი... არაბებიც, ვენეციელებიც, ყველანი
ბაქარისკენ შემობრუნდნენ... ,,მიშველე, მაჰმუდ!” - დაიჩურჩულა ბაქარმა, მაგრამ ეს ჩურჩული
გრგვინვასავით გაისმა უდაბნოში... ,,მაჰმუდი კი არა, ხვიჩა ვარ, გამაგრდი, ბიჭო!” - შესძახა არაბთა
ასისთავმა და მფთხვინავი ცხენი გამოაქანა... ვენეციელი ასისთავიც ცხენს მოევლო. გვერდიგვერდ
მოჰქროდნენ მისკენ...

ვერტმფრენის ბორბლები მიწას არც შეხებოდა, რომ სოსო და ნორმანი იარაღშემართულნი უკვე
ძირს გადმოხტნენ. დაჭრილ-დახოცილები ეყარნენ ირგვლივ... ნორმანმა სოსოს შეხედა და შეცბა... ამ
უკანასკნელმა ავტომატი შორს მოისროლა, ამოიყვირა გაუგებრად რაღაც და ხელებგაწვდილი
დაჭრილს ეცა, რომელიც მუხლზე დამდგარი მანქანას მიყრდნობოდა და უკვე ძირს ეცემოდა...

-ბაქარ! ბაქარ, ძმაო! - ჩურჩულებდა სოსო და პატარა ბავშვივით ცრემლები ღაპა-ღუპით


სცვიოდა. წამოსვა უკვე გონებამიხდილი, მკერდზე მიიკრა, სახეზე მოუსვა ხელი...

-ხვიჩა, მოხვედი? - დაიჩურჩულა მომაკვდავმა. - საქართველოში წადი... აქ არ დარჩე... აქ


სიკვდილია...გესმის, ხვიჩა?

-ხვიჩა კი არა, სოსო ვარ, ბიჭო შენი ძმა! - სოსოს მხრები უცახცახებდა. გაქვავებულნი ედგნენ
თავს ნორმანი და მფრინავები. გულდამძიმებულნი შეჰყურებდნენ ძმების საბედისწერო შეხვედრას.
უცებ აზრი მოიკრიბა თითქოს... წამოიწია, თვალები გაახილა. შეხედა, გაუღიმა; თავი
მიაყრდნო სოსოს მკერდს და შვებით ამოისუნთქა...

-შენ ხარ, სოსო? მაინც მიპოვე? ვკვდები, ძმაო! უთხარი დედას, ძია გიორგის, ყველა ჩვენიანს,
რომ მთელი ეს წლები მხოლოდ სიკეთეს ვემსახურებოდი. თუ რაიმე ჩემს უნებლიედ ჩამიდენია, დღეს
ჩემი სიკვდილით გამოვისყიდე ალბათ... მაგრამ ვერ ვუშველე მაინც... - იქით გაექცა დაბინდული
მზერა, სადაც ცხელ ქვიშას ანჯაფარიძე გადამხობოდა. - აქ არ დაგვტოვოთ არც ერთი, ბიჭო! როგორ
მინდოდა... - ამოიკვნესა, რაღაცის მავედრებელი, ცრემლიანი თვალებით შეხედა ძმას,
არაფრისმთქმელი მზერა მოავლო ირგვლივ, თავი ჩამოუვარდა და გათავდა...

დანაღვლიანებულნი შეჰყურებდნენ სოსოს, რომელსაც ძმის უსულო სხეული გულში ჩაეკრა


და რაღაცას ჩასჩურჩულებდა...

XVIII თავი

ბორის ოსიპოვმა ლომს გადააბიჯა და ამღვრეული თვალები მიაპყრო ქალებს, რომელნიც


შიშით გათანგულნი კუთხეში მიყუჟულიყვნენ. ოთახს მოავლო თვალი. საწოლზე ჩამოჯდა. იქვე,
კედელთან გიტარა იყო მიყუდებული. ხელში აიღო, სიმებს ჩამოჰკრა და ჩახლეჩილი ხმით წამოიწყო:

В час ранней, утренней прохлады,

Вперял он любопытный взор,

На отдаленние громады,

Серых, румяных, синих гор...

გიტარა იატაკზე მოისროლა. კვლავ ქალებს შეხედა. წამოდგა, მათკენ გაემართა. ზეინა
შეშინებულ-შემკრთალ თვალებს არ აშორებდა ოსიპოვს. შედგა მათ წინ... მუშტრის თვალით
შეათვალიერა ორივე...

-შენ უფრო ქორფა ხარ, - ნიკაპზე ხელი მოკიდა ზეინას, - მოდი ჩემთან!

მკლავზე მოავლო ხელი, საწოლისკენ გაათრია.

-ხელი გაუშვი და გაეთრიე აქედან! - უყვირა მარიკამ.

-ნუ გეშინია, ძვირფასო! - მიუბრუნდა ბორისი, ამაღამ შენც დაგაკმაყოფილებს ბატონი ვაჟა და
თუ მას არ მოუნდები, ამის მერე შენი ჯერი იქნება. უდაბნოები გადავჩხრიკე და ბაკური ვერსად
ვიპოვე, რომ წიწილივით წამეძრო მისთვის კისერი, - ჩაიხითხითა. საწოლზე ჩამოჯდა,
აფართხალებული ზეინა მუხლებზე დაისვა. საკინძე შემოახია და მკერდზე დააცხრა. ზეინას გული
შეუღონდა. ოსიპოვმა საწოლზე გადააწვინა და ქამრის შეხსნა დაიწყო. აღარ დასცალდა. ვიღაცის
რკინის ხელმა ზეზე წამოაგდო და კედელს შეანარცხა...

მარიკა სულგანაბული შეჰყურებდა შუაღამისას ფანჯრიდან გადმომხტარ უცნობს...

ბორის ოსიპოვი გონს მოეგო, სახეზე ხელი მოისვა და მოულოდნელ თავმდამსხმელს


მძვინვარე თვალები შეანათა. სახეზე გაოცება გამოეხატა.

-რამაზანოვ, შენ? აქ რა ეშმაკმა გადმოგაგდო?

-შენს დასასჯელად მომავლინა ალაჰმა! - ჩაიცინა ახმედმა. - როგორც ვატყობ, ვერ შეასრულე
მეფის ბრძანება!

-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია! - გამოსცრა ბრაზით ოსიპოვმა.

-საკითხავი აღარაფერია. ყველაფერი ნათელია. შენ რომ ბაკურს გადაჰყროდი, მერწმუნე, მე


ვეღარასოდეს გნახავდი, ეგ შენი ბინძური სიფათი უკვე სადღაც უდაბნოს შლამში იქნებოდა
ჩაფლული...

-მოღალატევ! აქედან ცოცხალი ვეღარ გახვალ! - ბორის ოსიპოვმა დანა იძრო. ახმედს ეცა.
მარიკამ თვალები დახუჭა... საწოლზე მძიმედ დაეცა ვიღაც. ამოიკვნესა...

-სწრაფად! - ჩაესმა მარიკას, - ამ გოგონას შემოაცვი რამე...

თვალი გაახილა. მის წინ ახმედი იდგა...

-ვინ ბრძანდებით? შემკრთალმა შეხედა.

-მეგობარი! - მოკლედ მოჭრა რამაზანოვმა. - იჩქარეთ! ჯერ თქვენ გაგიყვანთ, მერე კი ამათ
მივხედავ, - თავი გაიქნია მეზობელი ოთახისაკენ, საიდანაც მთვრალების ჟრიამული ისმოდა.

მარიკამ ზეინა სწრაფად მოასულიერა და კითხვით შეხედა მხსნელს. ახმედმა ფანჯრისკენ


ანიშნა. ფანჯარასთან მისულებმა უკან დაიხიეს. აივანზე ორნი ისხდნენ...

-ნუ გეშინიათ! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა რამაზანოვმა, - ეგენი საშიში აღარ არიან.

სათითაოდ გადასვა ფანჯრიდან. თვითონაც გადავიდა. იქვე ეზოში ხის ქვეშ დადებული თოფი
აიღო, მიიხედ-მოიხედა და მანქანისკენ გაუძღვა. ,,ჯიპი” ყიშლაღს რომ გასცილდა, მხოლოდ მაშინ
ამოისუნთქა მარიკამ თავისუფლად. მიხვდა, საფრთხე გავლილი იყო. ზეინა მარიკას მიჰკვროდა.
მანქანა ნელა მიყავდა ახმედს. სახეშეჭმუხნული რაღაცას ფიქრობდა.

-თქვენ ბაკურის მეგობარი ხართ? - დაარღვია სიჩუმე მარიკამ.

-დიახ!

-ბაკურიც აქ, უდაბნოშია?

-კი, აქ არის. თქვენ გეძებთ...


-სადაა ახლა? - მარიკას სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა.

-არ ვიცი! - ნაღველგარეული ხმით თქვა. - ვიცი, რომ აქაა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევხვდი

-ახლა საით მივდივართ?

ახმედმა მანქანა შეაჩერა. შემობრუნდა. დაფიქრებულმა შეხედა მარიკას.

-არც ეს ვიცი! - ზეინას მიუბრუნდა, არაბულად მიმართა:

-ისეთი საიმედო ადგილი გეგულებათ სადმე, რომ გულმშვიდად შევძლო თქვენი იქ


დატოვება?

-კი! - ზეინა ცრემლიანი თვალით შეჰყურებდა. - ბიძაჩემთან.

-შორია იქამდე?

-სამოცდაათი კილომეტრი.

-სამოცდაათი კილომეტრი, ფიქრიანად გაიმეორა, - შორია. შორია, მაგრამ სხვა გზა არ არის.
მიმართულება მითხარით! - მანქანა დაძრა.

თენდებოდა...

ვაჟა ჯინჯოლიას სასმელი გვარიანად მოეკიდა. ოსიპოვის და მისი ხალხის ჩამოსვლით


გახარებული ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. სიფრთხილე უკვე აღარ ახსოვდა. ხშირად იყურებოდა კარისკენ,
რომლის იქით რუსი გაუჩინარდა. მარიკას მაღალი მკერდი დაუდგა თვალწინ. ნებიერად, ჟინიანად
გაიზმორა. ,,მეყო, რაც ვითმინე!” - გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა. ოთახისკენ გაემართა. სიამოვნების
მოლოდინში ფრთხილად შეაღო კარი... განცვიფრებულმა მიმოიხედა. ქალები არსად ჩანდნენ. ბორის
ოსიპოვი თავისივე სისხლში ცურავდა. თვალები დახუჭა. გაახილა. არა! აქ საეჭვო არაფერი იყო. გარეთ
გამოვარდა... ვინც გარეთ ყავდა დატოვებული, ცოცხლები აღარ იყვნენ. გიჟივით შევარდა სახლში.

-გავდივართ! - შეჰყვირა და მძინარეებს, რომელთაც ვერ აღვიძებდა, გაგულისებულმა წიხლები


დაუშინა...

ყიშლაღის დატოვებიდან სამ საათში ბაქარს და ნიკას გადაეყარნენ...

გზა უსაშველოდ გაგრძელდა. შუადღემ მოაწია. მზე საშინლად აჭერდა. არსად ჩანდა ის
დასახლება, სადაც, ზეინას თქმით, მისი ახლობლები ცხოვრობდნენ. ახმედი დაძაბული იყურებოდა
აქეთ-იქით. არსად ჩანდა ნიშანწყალი სიცოცხლისა. მიხვდა, გზა აებნათ. საწვავი ილეოდა... ზეინას
უცებ სახე გაუნათდა...

-შეხედეთ! - შეჰყვირა. - იმ კლდეებს ხედავთ?

აღმოსავლეთით მთაგრეხილი მოჩანდა. სვლა შეანელა. მანქანა გაჩერდა.

-მაგ მთაგრეხილს იქით ქალაქი დამასია! - მტკიცედ თქვა ზეინამ.

-არ გეშლებათ?
-არა. ვიცანი ეს ადგილი. აქ არაერთხელ ვარ ნამყოფი.

-ძალიან კარგი, - მშვიდად თქვა. ჩაფიქრდა. - ნაცნობი, ახლობელი, თუ გყავთ ვინმე?

-არავინ!

-კლდეებიდან რა მანძილია ქალაქამდე?

-ალბათ კილომეტრი...

-მანქანას ატარებთ? - მარიკას მიუბრუნდა.

-რა თქმა უნდა.

-იცით, - ახმედს გაეღიმა, - მე ცოტა სხვანაირი გზებით ვარ შემოსული ამ ქვეყანაში და ჩემი
გამოჩენა ქალაქებში ჯერჯერობით არ შეიძლება. არ მინდა, რომ თუნდაც წუთიერად შემაყოვნოს
პოლიციამ ან ვინმე სხვამ, რადგანაც ბაკურის მცირერიცხოვანი ჯგუფის გასანადგურებლად ამ
უდაბნოში საკმაოდ ბევრი ხალხია გამოსული. არა მხოლოდ ისინი, ვინც თქვენ ნახეთ... მათ გარდა
კიდევ ორი ჯგუფია...

ჯინსის ქურთუკი გადაიხსნა. ფული ამოიღო. გაუწოდა.

-ათი ათასი დოლარია. აიღეთ. იყიდეთ ტანსაცმელი, რაც გჭირდებათ ყველაფერი.


დაბინავდით სასტუმროში. თუ სამ დღეში მე ან ბაკური არ გამოვჩნდით, ეცადეთ სამშობლოში
დაბრუნდეთ. ფული გეყოფათ. სასტუმროდან ეცადეთ გახვიდეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
მგონი ყველაფერი გასაგებად ვთქვი!

მარიკას თვალები აუწყლიანდა.

-კი, მაგრამ როდის, სად შევძლებ ამ ფულის დაბრუნებას? მე ხომ ისიც არ ვიცი, ვინ ხართ
თქვენ, ვინც ჩვენი გულისთვის ამდენი გააკეთა?

-გითხარით, ბაკურის მეგობარი ვარ. მეტის თქმა არაა საჭირო. რაც შეეხება ფულს, ამაზე
საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. მე მეგობარი მიჯობს ფულს და ყოველგვარ საგანძურს. ახლა კი ძალიან
გთხოვთ, მანქანაში საწვავი ჩაასხით. ქალაქგარეთ კლდეებთან დაგელოდებით. შეძლებთ?

მარიკამ თავი დაუქნია. საჭესთან გადაინაცვლა და ზეინას ნაჩვენები გზით წავიდა. ახმედი
ნელი ნაბიჯით გაემართა მთაგრეხილისკენ. დაცხა. გაიხადა ქურთუკიც და მაისურიც... კლდეებს
შეავლო თვალი. ნელა ავიდა ზედ. მის წინ ქალაქი იყო გადაშლილი. ჩამოჯდა. სიმარტოვე და სიჩუმე
ესიამოვნა. კლდის შვერილს ზურგით მიყრდნობილი, თვალმოჭუტული გასცქეროდა ქალაქს, სადაც
სიცოცხლე ჩქეფდა - მიმოდიოდნენ მანქანები, ირეოდა ხალხი, ბოლავდა ქარხანა. მზე უკვე იხრებოდა
და მუქი ყვითელი უდაბნო ისე დუმდა ირგვლივ, ისეთი უძრავი იყო ყოველივე, რასაც თვალი
სწვდებოდა, თითქოს ბუნება რაღაც საიდუმლოებას ინახავდა გულში და არ უნდოდა გაემხილა.
საოცარი, ველური სილამაზე იყო ირგვლივ. თვალები დახუჭა... სასიამოვნო ბურუსში გახვეული
ქვეყანას რაღაც არაჩვეულებრივად, უცნაურად აღიქვამდა ამ წუთებში... რატომღაც ძალზე მკაფიოდ
იგრძნო ყველაფერი, რაც უნდა ეგრძნო და განეცადა, რის განცდაც თურმე ყოველთვის უნდოდა,
მაგრამ რასაც სხვა დროს არ აქცევდა ყურადღებას ასე მძაფრად... თითქოს ჩასწვდა თავისი ყოფის
საიდუმლოს, რომელიც სიტყვით არ გამოიხატებოდა, რადგან სიტყვა აუბრალოებს გულში
დაგუბებულ განცდას... ,,კარგია ეს ოხერი ქვეყანა! სიცოცხლე” - გაიფიქრა. ასეთი ფხიზელი და
ნათელი შეგრძნება თითქოს იმ უცნაური გაბრუების გამო დაეუფლა, რომელსაც განიცდის ახლა...
ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანს, რასაც თვალი ხედავს, ადამიანებს თავისთვის გონიათ შექმნილი,
მაგრამ მაინც უცხოა ის კაცისთვის და მხოლოდ დროებით არის მისი. ყველაფერი დროებითია.
ადამიანი არ არის მარადიული როგორც სამყარო, და ამიტომაც ცვალებადი და წარმავალია ყოველივე
ადამიანური...

იჯდა ახმედ რამაზანოვი. იჯდა კლდის შვერილზე, სადაც არავითარი საშიშროება არ ელოდა,
იჯდა და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, დროებით, წუთიერად მაინც გამოთიშოდა ყველაფერს,
მაგრამ მიუხედავად სულიერი სიმტკიცისა, მაინც ვერ იცილებდა მოლოდინს რაღაც ცუდის, რაღაც
შემზარავის, რომელიც საკუთარ თავზე ვერასდროს წარმოედგინა, მაგრამ მაინც უფუჭებდა ხასიათს
თავისი ყოველ წუთს შესაძლო გამოვლინებით. ,,მაინც უნდა მოვკვდე, მაგრამ სად მელის ნეტა
სიკვდილი?” - ფიქრობდა ის და მიუხედავად ასეთი განცდისა, ახლა, ამ წუთს არ აფიქრებდა ეს ცუდი,
არ ახსოვდა ბუნების ულმობლობა, მისი უსამართლო სიმკაცრე, შეგნებულად ცდილობდა არ ეფიქრა
ამაზე, დაევიწყებინა. მოახერხა კიდეც ეს და იმდენად ბედნიერი იყო ამ შეგრძნებისგან, რომ უნდოდა
დავიწყების ეს უტკბესი წუთი, წუთი თავის თავთან, თავის განწყობილებასთან განმარტოებისა, წუთი
ბუნებასთან შეერთებისა და შერწყმისა, დაუსრულებლად გაგრძლებულიყო. მის გულში, ერთმანეთის
გვერდით, ერთდროულად ტრიალებდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა: ბედნიერებისა და მისი
წარმავლობისა, გაქრობისა.

,,როგორ მომენატრე, ნატა! როგორაც არ უნდა მჯეროდეს შენი, ყველაზე მტკიცე ვაჟკაცობაც კი
შეირყევა, როცა არაფერი გესმის იმაზე, ვინც შენთვის ამქვეყნად ყველაფერზე ძვირფასია. ჩემთვის კი
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი შენ ხარ. ცამეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაგიცანი, ვინც
ჭეშმარიტი ბედნიერების იმედი გამიჩინე. ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ. ჩემი ცხოვრება, ჩემი
ფიქრები თითქოს აქ ჩერდება - უფრო შორს ვეღარ ვიხედები. ამ წუთს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს
ვქრები - რა საბრალო და საცოდავი ვიქნებოდი, იმედი რომ არ მქონდეს, მალე გიხილო... ყოველთვის
მიკვირდა, ადამიანებს რელიგიისთვის მოწამებრივი სიკვდილი რომ შეეძლოთ. ამის გაგონება
მაკრთობდა. ახლა აღარ ვკრთი - მე არ შემეძლო მოწამებრივი სიკვდილი ჩემი რელიგიისთვის.
სიყვარულია სარწმუნოება ჩემი და მისთვის სიკვდილი შემიძლია. მე შემიძლია მოვკვდე შენთვის.
ჩემი მრწამსი სიყვარულია და შენ ხარ მისი ერთადერთი საყრდენი... სიყვარული ღვთიური უნარია,
რომელიც უნდა დარგო და ახარო, მე კი ის სასტიკი ტანჯვისა და საშინელი გამოცდის ფასად
მომევლინა. როგორ მინდოდა ჩამოვსულიყავი შენთან, მაგრამ უფალი ახალი და მოულოდნელი
გზებისკენ მიბიძგებს მუდამ... მეც მეტი აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ მივენდო ბედს, არ
შევედაო მას, იმედი ვიქონიო, რომ იგი თავის რჩეულებს არასდროს ღალატობს...”

მანქანის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან, ,,ასე მალე დაბრუნდნენ?” გაიფიქრა. წამოჯდა. არავინ
ჩანდა წინ. უკან მიიხედა. ფრთხილად აიღო გვერდით დადებული ,,ვინჩესტერი”. კლდეს აეკრა. ერთი
კი არა, კლდის ძირში ოთხი მანქანა იყო გაჩერებული. მაშინვე იცნო მანქანები, რომლებიც ყიშლაღის
იმ ეზოში ნახა, სადაც ოსიპოვს გადაეყარა. მანქანაში მსხდომნი დურბინდებით გაჰყურებდნენ ქალაქის
შემოგარენს. იქით გაექცა თვითონაც მზერა. ერთადერთი მანქანა გამოსცილდა ქალაქს, კლდეებისაკენ
აიღო გეზი. იცნო, მარიკა ბრუნდებოდა. ძალუმად მოუჭირა ხელი იარაღს. ფიქრის დრო აღარ იყო...
,,ათიოდე წუთში აქ იქნებიან. უნდა გაიგონ რომ აქეთ საფრთხეა, მაგრამ როგორ? სროლის ხმა
მიაღწევს იქამდე?”

მანძილს გახედა. ,,მიაღწევს! გაიგონებენ!..” ზედიზედ იქუხა მესაზღვრისგან ართმეულმა


ავტომატურმა ,,ვინჩესტერმა”. პირველი ტყვიები მძღოლებს გაუგზავნა. სამი მათგანი საჭეებს დააკვდა
ზედ, მეოთხე, რომელიც იმ წუთას მანქანიდან ძირს გადმოდიოდა, ქვიშაზე ზურგით დაეცა. პანიკური
შიშით შეპყრობილი, სხვები მანქანებიდან ხტებოდნენ და კლდის შვერილებს აფარებდნენ თავს.
ახმედმა მიიხედ-მოიხედა. სწრაფად, ზუსტად შეაფასა სიტუაცია.

,,ღია პოზიციაზე ვარ. აქ პატარა ბავშვიც არ ამაცილებს ტყვიას. ძირს უნდა ჩავიდე!”

გადაიხედა. იმ ბილიკის ბოლოში, რომლითაც კლდეზე ამოვიდა, უკვე ხუთი თუ ექვსი კაცი
ჩაწოლილიყო. გაეღიმა. როგორც კარგი კალათბურთელი აგზავნის ბურთს ბადისკენ, ისე აზარტულად,
ზუსტად ისროლა პირველი ყუმბარა. აფეთქებამ შეძრა იქაურობა. ქალაქისკენ გაიხედა. მანქანა
შეეჩრებინათ და ფეზე წამომდგარნი იყურებოდნენ. მაშინვე თვალი მოჰკრა კიდევ ერთ მანქანას,
რომელიც მტვერში გახვეული აქეთ მოიჩქაროდა. ,,ემატებიან ნელ-ნელა!”
- ბრაზით გაიფიქრა. მეორე ყუმბარა იმ მანქანისკენ ისროლა, რომელზეც ტყვიამფრქვევს უკვე მისკენ
აბრუნებდნენ. ყველაფერი - ტყვიამფრქვევი, მანქანის ნამსხვერევები, დაჭრილები და მოკლულები
ერთმანეთში აირია. ძირს, კლდიდან მარცხნივ, უშველებელი ლოდები, თითქოს ადამიანის ხელს
დაუწყვიაო, ერთმანეთზე ელაგნენ. ახმედმა მანძილი გამოზომა, აიწია და გადახტა. ლოდიდან
მიწამდე სულ 5-6 მეტრი თუ იქნებოდა. ჩანგრეული ლოდების გრუხუნმა წუთიტ გადაფარა სროლის
ხმა. მორყეულმა ქანებმა ვერ გაუძლო სიმაღლიდან გადმომხტარი ადამიანის სიმძიმეს... უშველებელმა
ლოდმა ძირს დაიტანა ახმედ რამაზანოვი... გულმკერდდანგრეულმა შეძლო, აწია მარჯვენა ხელი და
საკუთარი სისხლით ზედ დაცემულ ლოდს მიაწერა: ,,ატლანტაში ჩადი! მიხედე ნატას”. ხელი
ჩამოუვარდა. ისევ მეუღლე დაუდგა თვალწინ... ,,სად ხარ ნატა!.. ისე მინდა ახლა შენს ახლო ვიყო, შენს
სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. ჩემი
ფიქრები, ოცნებები წეღან გედის სიმღერა ყოფილა თურმე. რა საშინელი მარტოობაა... რა უსაზღვრო
უთვისტომობაა... რა საშინელი უფსკრული მიპირებს შთანთქმას... ბუნებამ მიმუხთლა. ალბათ აღარ
იყო სამყაროსთვის ჩემი სიცოცხლე საჭირო... ბედისწერა... ბედისწერა...”

ამოიხრიალა, პირიდან სისხლი წასკდა - შეერია უდაბნოს მეჩხერ ხავსს და ცხელ ქვიშას...

გაქცევა აღარ დასცალდა ვაჟა ჯინჯოლიას. მანქანა, რომელიც ბოლოს შენიშნა ახმედმა, მურად
ხათუთ-ბეგს ეკუთვნოდა. ლომებზე მონადირეს ვერ შეძლეს გასხლტომოდნენ. კვალდაკვალ მოჰყვა.
შეტაკება სწრაფად დამთავრდა. ახმედ რამაზანოვის დაღუპვით თითქმის ჭკუაზე შერყეულმა
ფხოველმა არავინ დაინდო. სახედასისხლიანებული ჯინჯოლია მურადმა გამოიყვანა კლდეებიდან.
გაძაგრული ეჭირა ხელში. ლოდი გადააგორეს. ახმედისთვის ლოდს მკერდი ჩაემტვრია. ბაკურმა
იარაღი ძირს დაყარა, მაისური გაიძრო, სახე მოიწმინდა. დაიხარა, ხელში აიყვანა მეგობრის უსულო
გვამი და კლდეების ბოლოსკენ ნელი, მოტორტმანე ნაბიჯით გაემართა. ეკა, მარიკა, მურადი, ზეინა,
ქალაქიდან სროლის ხმაზე მოვარდნილი პოლიცია და ცნობისმოყვარეთა ჯგუფი სულგანაბული
მისჩერებოდნენ. ეკა წამოეწია:

-ბაკურ, სად მიდიხარ?


-მარტო დამტოვეთ! - ყველაფრის და ყველას მიმართ ზიზღი და სიცივე გამოკრთა ბაკურის
თვალებში და საოცრად მშვიდ ხმაში... მოფარებულში, ხავსმოდებულ ქვაზე დაასვენა. მუხლზე დაშვა
მის წინ. აკოცა სისხლით მოთხვრილ შუბლზე. მიიხედ-მოიხედა. არავინ იყო. ცრემლმა თავისით იპოვა
გზა. ტიროდა ბაკურ ფხოველი. ტიროდა პატარა ბიჭობის, შორეული ბავშვობის შემდეგ პირველად.
ტიროდა და არ რცხვენოდა თავისი ცრემლების. მუხლებშუა ბავშვივით თავჩარგული თავს ვეღარ
ერეოდა. უეცრად ზეზე წამომხტარი თავით დაეჯახა კლდეს. სისხლი გადმოსკდა გახეთქილი
შუბლიდან. მეორედ დააპირა კლდეს შესკდომოდა. ვიღაცის ძლიერმა ხელებმა შებორკეს.

-ბაკურ, დაწყნარდი, გთხოვ! - მურადი მავედრებელი თვალებით შეჰყურებდა.

-იქით! - იღრიალა საშინელი ხმით. ხელიდან გაუსხლტა მურადს. კლდისკენ გაქანებული


უეცრად შეჩერდა, დაბარბაცდა, მუხლებზე ჩაიჩოქა. ხელით დაეყრდნო მიწას. მეორით თვალებზე
ჩამონადენი სისხლი მოიწმინდა. უაზროდ მიმოიხედა ირგვლივ. ეკა ცრემლიანი თვალებით
მისჩერებოდა. ეს აღარ იყო ის ბაკური, ვინც წუთების წინ დაუნდობლად ხოცავდა ყველას, არ იყო ის,
ვინც ეკას თვალწინ შეუბრალებელი სისასტიკით ამოჟლიტა ჯინჯოლიას ჯგუფის წევრები. მას აღარ
ჰქონდა შურისმაძიებლის სახე. ეს იყო თითქოს და უმანკო, გულუბრყვილო ბავშვის სახე, რომელიც
უზომო ტკივილს დაემახინჯებინა. წუთის წინ მიღებული სულიერი განცდების კვალი ალბათ
აღარასოდეს წაეშლებოდა... წამოიწია. სახეარეული, ცრემლიანი თვალებით კვლავ ახმედს დააჩერდა...
მურადმა მისკენ გაიწია. მარიკიამ შეაჩერა. ექიმის უტყუარი ალღოთი მიხვდა, ცოტაც და ბაკურ
ფხოველი ჭკუიდან შეიშლებოდა.

-იტიროს, თავისუფლად მიუშვით, მოიოხოს გული. - თვითონაც ცრემლები წასკდა, კლდისკენ


შებრუნდა...

ქალაქიდან გამოსულ მოქალაქეთა ჯგუფში მყოფმა ქალბატონმა ნაღვლიანი ხმით


გადაულაპარაკა მეგობარს:

-რა არ ხდება! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამდენი ხალხის მკვლელს მეორე წუთში ასეთი
სახე ექნებოდა... ვინ თქვაბიჭები არ ტირიანო!..

XIX თავი

როგორც იქნა, შხაპუნა წვიმამ ქალაქ სტამბულს ივნისის ხვატი სიგრილით შეუცვალა. დაიწყო
ზაფხულის მოწმენდილი ამინდები. დღისით ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავი მზის მცხუნვარებას
ძალას აცლიდა. შებინდებისას ნიავი ისევ ჩადგებოდა ხოლმე. მშვენიერი საღამო იყო და ქალაქის
თავზე ჩამოწოლილი ნისლის ფარდა ჩამავალ მზეს მომხიბვლელ ელფერს აძლევდა.

მზე იისფერქობაშემოვლებულ მოცისფრო-რუხი მტვრის ღრუბლებს იქით მიიმალა და


ჰორიზონტზე დასულმა ზეცას ჯერ ყვითელ-წითელი, შემდეგ კი მეწამული ცეცხლი წაუკიდა. ცაზე
ათამაშდნენ დაისის მზით აელვარებული ფერები, რომლებიც ჰორიზონტის ჩრდილო და სამხრეთ
კიდემდე აღწევდნენ. გავარვარებული ბურთი მთებს იქით იმალებოდა, ხოლო მის ზურგს უკან ქალაქს
უკვე ამოსცილებოდა გაცრიატებული წითელი მთვარე...
ვერტმფრენები სტამბულისკენ მიფრინავდნენ. კიდევ რამდენიმე წუთიც და გამოჩნდებოდა
დიდებული ქალაქი. კუთხეში მიმჯდარი, გარინდებული ფხოველი ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.
თვალი გაახილა. მის გადაღლილ, უძილობისგან გატანჯულ სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდა კაცი.
გზაში შეეცადა ცოტა მაინც მოეტყუებინა თვალი. არაფერი გამოუვიდა. ფიქრები, მოჯარული ფიქრები,
მოგონებები უფრთხობდა ძილს...

ეკას ხმა ჩაესმა. გვერდით მიუჯდა აქამდე მარიკასთან მჯდარი:

-გონს მოდი, ბაკურ! შეძელი საკუთარი თავის ხელში აყვანა. გემუდარები, ნუ დაეცემი სულით.
ჩათვალე, რომ ეს ყველაფერი ზმანებაა მხოლოდ. გწამდეს ერთი: როგორი მტანჯველიც არ უნდა იყოს
ზმანება, მოვა დრო და ბნელში შთაინთქმება ყველაფერი. რაც ამ წუთში გულს გიკლავს, მას დრო
თანდათანობით ჩამოგაცილებს. ჩამოიცილებ იმ სურათებს, ასე რომ გზარავდა. დაივიწყებ ავღანეთის
ომს; ვიცი, ძნელია, მაგრამ მაინც დრო გააფერმკრთალებს აქ დახოცილ მეგობართა სახეებს. მაშინ
ამნაირად გულშეკუმშული აღარ დაუწყებ ცქერას, თუ როგორ ილევა შენი ცხოვრება სადღაც, გზის
პირას, უშინაარსოდ, ფუჭად, უაზროდ. მაშინ ვეღარც იმას დაინახავ, როგორ ჩაქრება ოდესმე თვით
შენი სიცოცხლე, როგორ შეერევი მიწას, როგორ იქცევი ფერფლად. შენ ამასაც ვერ დაინახავ, ამასაც
მოიშორებ თავიდან, დაბრმავდები ორივე თვალით. დადგება დრო და გაქრება საერთოდ ჩვენი
ხსენება, სრულიად გაქრება ჩვენი შეცოდებანი, სიმართლე, ყველაფერი, სულ ყველაფერი... ახლა კი
მოეშვი ამაზე ფიქრს, გეხვეწები...

ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი და კვლავ მარიკასთან გადაჯდა. გაქვავებული, ცრემლგამშრალი


იჯდა მარიკა მეუღლის ცხედართან. ნიკა, ბაქარი, ახმედი გვედრიგვერდ ესვენენ... საღამოს ბინდი
იპარებოდა ილუმინატორიდან...

ვერტმფრენთა ბორბლები მიწას შეეხო. გიორგი აბაშიძე გულხელდაკრეფილი იდგა. ელოდა.


მდუმარედ გადმოვიდა ყველა. მიცვალებულები გადმოასვენეს. აბაშიძემ ყველას მოავლო მზერა.
დაიძრა ნელი ნაბიჯით. დახოცილებთან შეჩერდა. გადახადა სახეებზე წაფენილი ბრეზენტი.
დააცქერდა მდუმარედ. დაიხარა. წუთიერად ჩაეკონა ვაჩნაძის გაციებულ გვამს, ჩაიჩურჩულა:

-ეს იყო შენი პირობა, შენი სიტყვა? იმის იმედი მაცოცხლებდა აქამდე, რომ გამოჩნდებოდი. მე
მისთვის მინდოდა ყველაფერი, ვინც ჩემს შვილს უყვარდა. შენც დამტოვე? შეგირცხვა ნამუსი!

წამოდგა. აღარავისთვის შეუხედავს. პირდაპირ მიაშურა ვაჟა ჯინჯოლიას, რომელიც გვერდზე


მიმდგარი, ჩალურჯებული სახით, საკმაოდ გულმშვიდად შეჰყურებდა ამ სცენას. შედგა მის წინ.

-რას აპირებ ახლა, მიწაში ჩაძრომას თუ ჰაერში აფრენას? - მრისხანე, მკაფიო, მაღალი ხმით
თქვა აბაშიძემ. - არ გეყო, ვერ გაძეხი ქართველთა სისხლით? გახსოვს? მე შენ გაგაფრთხილე! ყურად არ
იღე ჩემი რჩევა. შენ ადამიანი კი არა, ბოროტი სული ხარ, ქვეწარმავალი, რომელიც ნახვის უმალ უნდა
გასრისო. გაისრისები კიდეც!

ბაკური მიუახლოვდა მათ:

-ბატონო გიორგი, თქვენ მოითხოვეთ ვაჟა ჯინჯოლიას ცოცხლად ჩამოყვანა. ის თქვენს


წინაშეა. მე თქვენ მას გაბარებთ ერთადერთი პირობით!

გიორგი აბაშიძემ კითხვით შეხედა.


-ბრძანეთ! - გაოცება გაუკრთა ხმაში.

-თქვენგან მოვითხოვ მხოლოდ ერთს! - თვალი თვალში გაუყარა. - ვაჟა ჯინჯოლია ცოცხალი
უნდა გაუშვათ!

ჩაფიქრებულმა აბაშიძემ ყურადღებით შეავლო თვალი. უტეხად შეჰყურებდა ფხოველი.


მოხუცი მიხვდა მისახვედრს...

-ორი კვირის შემდეგ ვაჟა ჯინჯოლია თავისუფალი იქნება! - ხმადაბლა, მტკიცედ თქვა გიორგი
აბაშიძემ. - მას თავისუფლად შეეძლება თურქეთიდან ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა...
დაკმაყოფილდით?

-სავსებით! გმადლობთ! - ბაკურმა ჯინჯოლიას შეხედა. გაუღიმა. ხმადაბლა, ღიმილით


წარმოსთქვა:

-ნახვამდის, ბატონო ვაჟა!

ვაჟა ჯინჯოლია, რომელსაც წარბიც არ შეუხრია გიორგი აბაშიძის მუქარაზე, შეაძრწუნა


ფხოველის ბაგეზე გამკრთალმა საშინელმა ღიმილმა, მისმა მშვიდმა ხმამ. ბაკურ ფხოველის თვალებში
მან სასიკვდილო განაჩენი ამოიკითხა...

-წაიყვანეთ! - ანიშნა გიორგი აბაშიძემ თავისიანებს.

ვაჟა ჯინჯოლია მანქანაში ჩასვეს. მანქანა ბაღის სიღმეში გაუჩინარდა.

მიცვალებულები აბაშიძის სასახლეში გადაასვენეს. ატლანტას დაუკავშირდნენ. მესამე საღამოს


ჩამოფრინდა ნატა გელოვანი მამასთან ერთად. მანქანიდან გადმოვიდა. განცვიფრებული შეაჩერდა
ყველა. ეს იყო მართლაცდა ფრესკებიდან გადმოსული, ხორცშესხმული ანგელოსი. მაგრამ მაინც ეს იყო
ქალი, რომლის თუნდაც ცრემლჩამდგარი თვალები კაცს უყოყმანოდ მიაყიდინებდა ეშმაკისთვის
სულს. შავი ტანსაცმელი ემოსა ნატას. შავი, საოცრად შავი, გრძელი თმა მხრებზე ეფინა...
თავდახრილი, მძიმე ნაბიჯებით შეეგება ფხოველი. შედგა მის წინ. ნატამ ყელზე შემოაჭდო ხელები.
ქვითინით ჩაეკრა მკერდში. თავი ააწევინა ბაკურმა. თვალებში ჩახედა. შუბლზე აკოცა...

-სადაა? - იკითხა ნატამ.

-იქ! - სახლისაკენ ანიშნა.

-ო, ღმერთო! - ამოიკვნესა, მერე კი ჩაიჩურჩულა:

-მეშინია! მეშინია, ბაკურ!

-ნატა! მე მოვითხოვ შენგან ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც იყავი მაშინ, როცა ყოველი მხრიდან
სიკვდილი გველოდა, - ხმადაბლა თქვა. - ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს!
მერწმუნე, შენს გვერდით ვიქნები.

-წამომყვები? წამოხვალ ამერიკაში? - იმედის სხივი გაუკრთა ცისფერ, ცრემლიან თვალებში.

-კი! ახმედის ბოლო თხოვნა, მისი ბოლო სურვილი ეს იყო, - ხელი მოხვია, კიბეებს აუყვნენ...
კიდევ რამდენიმე წუთიც და თვითმფრინავი ამერიკისკენ აიღებდა გეზს. ისევ ისე წვიმდა,
როგორც სტამბულში ჩამოსვლის პირველ დღეს. გიორგი აბაშიძის გვერდით მდგარი ეკა ბუჩუკური
ნაღვლიანი თვალებით მისჩერებოდა შორეულ გზაზე წასასვლელად გამზადებულ ბაკურ ფხოველს.
თვითმფრინავის ტრაპთან მისული ბაკური შეჩერდა, შემობრუნდა, გამოხედა ეკას. უკან გამობრუნდა,
ხელი მოკიდა. ერთმანეთს მიჩერებოდნენ და დუმდნენ. აბაშიძემ ხმადაბლა, უხერხულად ჩაახველა,
განზე გადგა მამედთან ერთად.

-სევდის დედოფალს გავხარ!

გაეღიმა ეკას. ნაძალადევი იყო ეს ღიმილი...

-დედოფლობის რა მოგახსენო, - თავი დახარა, ცრემლი მოერია. სძლია თავს, მოთოკა ნერვები.
- როდის დაბრუნდები?

-ერთ თვეში...

-ბაკურ, სწორად გამიგე, მე შენ სიყვარულს არ გიხსნი. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ყოველი
წუთი უშენოდ ჩემთვის საუკუნე იქნება. მიუხედავად ამისა, მალე არ მსურს მიატოვო ნატა. იყავი მის
გვერდით. ეცადე ყველანაირად შეუმსუბუქო დარდი. მითუმეტეს, რომ შენ უკვე არცთუ იმდენად
საჭირო ხარ საქართველოში.

-როგორ? ვერ გავიგე!

-თავდაცვის სამინისტროსგან და უშიშროების კომიტეტისგან უნდა მიგეღო ერთადერთი


დავალება. შენ საჭირო იყავი ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი კონფედერაციის რაზმების
ხელმძღვანელის, ,,კომანდორის” შესაპყრობად. უკიდურეს შემთვევაში მისი ლიკვიდაციისთვის.

-ახლა გვიანია?

-გვიანია, ბაკურ! სამწუხაროდ, გვიანი! - ხმა აუთრთოლდა ეკას. - ის უკვე აღარავისთვის არ


წარმოადგენს საშიშროებას, მისი მეამბოხე, დაუდგრომელი სული უკვე ცაშია.

-გასაგებად არ შეგიძლია ამიხსნა?

-,,კომანდორი” შენი მეგობრის ფრონტული სახელი გახლდა. ახმედ რამაზანოვს ეძახდნენ


,,კომანდორს”.

-გაგიჟდი, ეკა?!

-არა, ბაკურ, სრულ ჭკუაზე ვარ!

-არ მჯერა! - ფხოველმა სადღაც შორს, ერთ წერტილს მიაყინა მზერა. - არ მჯერა, რომ ახმედი
ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა. მე ამას არც არასდროს დავიჯერებ!

-ნება შენია! ამას უკვე აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. იცი, ბაკურ? შეიძლება ამას არ უნდა
გთხოვდე ამ წუთებში, მაგრამ ოდესმე შეძლებ მომიყვე, რა მოხდა ავღანეთში?
ჩაფიქრებულმა შეხედა ეკას. ოდნავ თვალმოჭუტულმა ისე ჩაათვალიერა ქალიშილი, თითქოს
პირველად ხედავსო.

-ეკა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ... ჩემი თხოვნაა, ჩემდამი ყოველგვარი სიმპათიები თავიდან
ამოიღო. მე არ ვარ ის კაცი, ვინც შეიძლება შენი სიყვარულის ღირსი იყოს. მოძებნე ვინმე სხვა.
დაფიქრდი, საღად განსაჯე ყველაფერი, როცა მიხვდები, რომ ნამდვილად გიყვარს ვინმე, მიდი მასთან
და პირდაპირ განუცხადე ეს. ასე აჯობებს... და თუ ოდესმე შევხვდით ერთმანეთს, შევასრულებ შენს
თხოვნას, გპირდები ამას! - აკოცა, მამედს და აბაშიძეს გადაეხვია, ერთხელ კიდევ შეხედა
აცრემლებულ ეკას და სწრაფი ნაბიჯით ავიდა ტრაპზე...

ეკამ საოცარი სიცარიელე, მარტოობა იგრძნო. ტირილი მოუნდა. მის გვერდით მდგარი
მამაკაცების მოერიდა...

გიორგი აბაშიძე მიუახლოვდა, ხელი გამოსდო. მანქანისკენ წაიყვანა.

-შვილო, ჩემი ხალხი გაგაცილებს თბილისამდე, - ნაღვლიანად შეხედა აბაშიძემ. - მხოლოდ


წასვლის წინ პირობა უნდა მომცე, რომ ხშირად ჩამოხვალ ჩემთან, გულს გაუხარებ შენს ძია გიორგის.
მე ხომ ამქვეყნად აღარავინ მყავს. შენ ისე გავხარ ჩემს ქალიშვილს... მინდა ჩემს გვერდით იყო, შენ
გიყურებდე სულ...

-გპირდებით, ძია გიორგი! - ობლად გაზრდილს, გული აუჩუყა მოხუცის სიტყვებმა. - როგორც
კი ჩემი ძმა დროს გამონახავს, მაშინვე თქვენსკენ წამოვალ. მანქანა ხომ მისია და უმანქანოდ
გამიჭირდება...

-მანქანის პრობლემა დღეის შემდეგ აღარ გექნება, - გაიღიმა აბაშიძემ. - ეს მანქანა შენია!

-ბატონო? - ეკამ გაოცებულმა შეხედა - რა ბრძანეთ?

-შენ მხოლოდ ჩემთან ჩამოსვლა ნუ გეზარება... ჩემი მანქანა უკვე შენზეა გაფორმებული. ამ
მანქანით წახვალ თბილისში...

ეკა ბუჩუკურს სიზმარში ეგონა თავი... სტამბულში წვიმდა... წვიმდა... გადაუღებლად წვიმდა...

მეორე ნაწილი

,,ველზე დაფრინავს პეპელა მარდი,

და სულ არა აქვს სიკვდილის დარდი”.


I თავი

თითქმის ცარიელი იყო საქართველოს სამხედრო გზა. კანტიკუნტად მოძრაობდნენ მანქანები.


კვირა დღე იყო. ბულაჩაურის გადასახვევთან გამართულ ბაზრობასთან შავი ფერის, ახალთახალი
,,ბენთლი” შეჩერდა. ჩამუქებულმინებიან მანქანას გარს ცნობისმოყვარენი შემოხვეოდნენ. ელოდნენ
კარის გაღებას და ისეთი მძღოლის გადმოსვლას, რომელიც საკუთარ სხეულს ალბათ ძლივს
გადმოიტანდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მანქანიდან. რაოდენ დიდი იყო მათი
გაოცება, როცა ჰალსტუხიანი, ჩასუქებული კაცის მაგიერ შავ მაისურში, ჯინსის შარვალსა და უბრალო
სპორტულ ,,კედებში” გამოწყობილი მომხიბლავი გარეგონობის გოგონა შერჩათ ხელთ. ქალიშვილმა
სათვალე მოიხსნა და ღიმილით ჰკითხა იქვე მდგომ გვარდიელებს:

-ბიჭებო, მარწყვს ყიდიან თუ იცით?

-მარწყვს? ახლავე! - ახალგაზრდა, ქერათმიანი კაპიტანი შებრუნდა, ბაზარი მოათვალიერა და


მარწყვის გამყიდველთან თითქმის სირბილით მიიჭრა:

-ქალბატონო, მარწყვი მინდა, ამირჩიეთ მხოლოდ!

გამყიდველმა ამრეზით შეავლო თვალი გვარდიელის დაფოთლილ ფორმას, მაგრამ მის ხელში
ფულის მსხვილი კუპიური რომ შენიშნა, სახე შეეცვალა, გამხიარულდა.

-კი, ბატონო!

ცელოფანი გაავსო მსხვილი, წითელი მარწყვით. მიაწოდა გვარდიელს, ფული გამოართვა.


ხურდა მოიქექა ჯიბეში. შეხედა:

-ნეტა შენნაირი იყოს, შვილო, ყველა. ზოგი მოვა და...

-არა, დეიდა, მე არავისთვის არაფერი წამირთმევია. მითუმეტეს ამაღამ ფრონტზე მივდივარ


და თქვენს წყევლას ვერ გავიყოლებ თან.

მოხუც ქალს ფული ხელში გაუშეშდა. ხურდა უკან, ჯიბეში ჩაიტენა და თავისი ფული
მარწყვთან ერთად გაუწოდა მეომარს.

-წაიღე, შვილო, არ მინდა შენი ფული, ღმერთმა შეგარგოს!...

კაპიტანი დახლზე გადაიწია, გამყიდველს დედასავით ეამბორა შუბლზე, ფული იქვე დააგდო,
მარწყვი აიღო და მანქანას მიაშურა.

-რატომ შეწუხდით? - ქალიშვილი მანქანიდან გადმოვიდა, პარკი ჩამოართვა. - თან ჩაკბიჩა.

-სამხედრო ნაწილში.

-სადაა თქვენი სამხედრო ნაწილი?

-დუშეთში.

-დაჯექით! - გოგონა მანქანისკენ შებრუნდა. - მე აგიყვანთ.


სიცარიელე იყო დუშეთის გზაზე.

-დუშეთიდან ხართ? - იკითხა მძღოლმა.

-მე კი! - კაპიტანმა გასცა პასუხი. - ჩემი მეგობრები თბილისიდან არიან.

-რა გვარი ბრძანდებით? - ქალიშვილმა წუთით მოწყვიტა თვალი გზას, ოფიცერს ყურადღებით
შეხედა. - ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ.

-მართლა? - კაპიტანმა გულიანად გადაიხარხარა. - ეკა, შენ შაყირობ თუ მართლა ისე


შევიცვალე, რომ ახლობლებიც ვეღარ მცნობთ ზაზა წოწკოლაურს? - სათვალე მოიძრო.

-ზაზა! - წამოიყვირა ეკამ. მანქანა შეაჩერა. გაოცებულმა შეხედა მომღიმარე წოწკოლაურს. -


ზაზა! ჩემო ძამიკო!

აკოცეს ერთმანეთს.

-ექვსი წელია არ გვინახავს ერთმანეთი. როგორ შეცვლილხარ, რა დაგემართა, ბიჭო!

-რას იზამ, ეკუნა, ასე იცის დალხინებულმა ცხოვრებამ, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ზაზამ.

-დაოჯახდი?

-კი, ორი შვილი მყავს, - მძიმედ ამოიხვნეშა.

ზაზა წოწკოლაურის მამა იყო ნათლია ბესიკ და ეკა ბუჩუკურების. წლები იყო გასული,
ერთმანეთს აღარ შეხვედროდნენ. მიხვდა ეკა, ოჯახში მთლად რიგზე არ ჰქონდა ყველაფერი ზაზას.
აღარაფერი უკითხავს.

-მარინე სადაა?

თბილისში.

-წერს კიდევ?

-კი. ახლახან გამოსცა წიგნი, - ზაზამ მინა დასწია. - შენ სად მიდიხარ?

-ფშავში.

-თუ საიდუმლო არაა, ვისთან?

-მეგობრის ნახვა მინდა.

-ჩვენთან არ შეივლი?

-იქიდან რომ დავბრუნდები, მაშინ შემოგივლით, ზაზა. ახლა ძალიან ვჩქარობ.

-აუცილებლად მიდი ჩვენებთან. მამაჩემი სულ შენს ხსენებაშია. მე არ ვიქნები სახლში,


მაგრამ...
-სად იქნები?

-აფხაზეთისკენ გავდივართ ამაღამ.

სამხედრო ნაწილთან გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ეკამ მანქანა შემოაბრუნა, ზაზას გახედა.


ღიმილით უქნევდა ხელს წოწკოლაური...

იმ წუთებში არც ერთმა არ იცოდა, რომ ეს იქნებოდა მათი ბოლო შეხვედრა. არ შეეძლოთ
წარმოდგენაც იმის, რომ სულ ხუთი დღის შემდეგ სრულიად საქართველოს შესძრავდა დუშეთის
ბატალიონის ერთი ნაწილის მუხთლურად ამოჟლეტის, განადგურების ამბავი. განშორებისას ვერ
წარმოიდგენდა ეკა, რომ მეხუთე დღეს სასიკვდილოდ დაჭრილ მეგობარს გადაეფარებოდა ზედ ზაზა
წოწკოლაური და თვითონაც ვეღარ უშველიდა მარწყვის გამყიდველის დედობრივი ლოცვა...

ცხელოდა. ცა ისე იყო გადალურჯებულ-მოკრიალებული, რომ მოდარაჯე კაცი, რომ არა


მთები, ცის კიდემდე გაარჩევდა ყველაფერს. სადღაც შორს, ფშავის თვალშეუდგამ მთებს მიღმა,
ძალიან თეთრი, ჩახუჭუჭებული, უძრავი ღრუბლის ფთილები ჩანდა. გზის პირებს ანწლი მოდებოდა.
მაყვალი ყვაოდა ჯაგნარებში, მეწამული, მოვარდისფრო ფერი გადაკრავდა შორიდან. ფერდობებზე
თხილის, ჯუჯა ზღმარტლის, ეზოებში ვაშლის, ბლის, კაკლის ხეები ჩანდა. დაბურული ხეები მწიფე
ნაყოფით იყო დახუნძლული.

ეკა არაგვის პირზე ჩავიდა. ფეხზე გაიხადა. შარვალი დაიკაპიწა. რბილ ლამზე, ცვრიან მოლზე
და წყლით გადასრიალებულ სიპებზე ფეხშიშველი სიარული საოცრად სასიამოვნო იყო. მოჩხრიალე
ნაკადულები და ღელეები ევლებოდნენ ნაცრისფერ ქვებს, არაგვს ერთვოდნენ.

სოფელ ჩინთს გასცილდა. ხიდზე გადავიდა. იქვე, გზაზე შაოსანი მოხუცი ქალი იდგა. მანქანა
გაუჩერა.

-საით მიბრძანდებით, ქალბატონო?

-შახტისკარში, შვილო.

-დაბრძანდით! - ეკა გადმოვიდა, მიეხმარა მოხუცს ჩანთების, ცარიელი ვედროების


ჩალაგებაში. ქალი მოუსვენარი, ენაწყლიანი ჩანდა. ღიმილით უსმენდა მოხუცის სუფთა ფშაური
კილოკავით ნათქვამ ცალკეულ სიტყვებს თუ წინადადებებს.

-შენ საითღა მიხვალ? - ცნობისმოყვარედ, მოურიდებლად აათვალ-ჩაათვალიერა ქალიშვილი.

-ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმი მინდა დავათვალიერო, - მიუგო ეკამ.

-ვინა გყავ მასპინძელი?

-არავინ. იქ არ ვიცნობ არავის.

-ეჰე! - გაოცდა მოხუცი. - ამხელა ხეობაში სუ არავინა გყავს ნაცნობი?

-იცით, ბავშვობაში ვიცნობდი ერთს, მაგრამ არ ვიცი, სოფელშია თუ არა ახლა.

-რომელ სოფელში ცხოვრობს, რა გვარია, რა ჰქვიან? - აცქმუტდა ქალი.


-შახტიკარელია, სადაც თქვენ მიბრძანდებით. ფხოველია გვარად, ბაკური ჰქვია.

-ეე! - ხელი უკმაყოფილოდ ჩაიქნია, - შენცა გყოლია, რა, ნაცნობი!

ეკა ბუჩუკურს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, მოიღუშა. უცებ რატომღაც თვალისდასანახად
შესძულდა ეს ქალი.

-რატომ, ცუდი ბიჭია? - წყნარად იკითხა.

-მა რა არი, სახლში საქმეს ის არ აკეთებს, სათიბს ის არ ეკარება და სახვეტსა. იმის ხელში თოხი
და ბარი მე არ დამინახია. ძროხებში ის არ დადის და ცხვრებშია. ემაგის მეტ არავინა ჰყავ ემაგის
დედასა და ხან წელ გავა ისე, სახში არ მუა. სად დადის, რას აკეთებს, ეშმაკმა იცის. ნადირობა,
თევზაობაა ე მაგის საქმე, მაგან სხვა არაფერ იცის. ოცდაათ წელს გადაცილებულ კაცი უცოლშვილოდ
დადის, აბა მაშ მაგაზე რარიგა შეიძლება კარგი თქვას კაცმა.

-გასაგებია, მართალი ბრძანდებით! - ეკა ძლივს იკავებდა სიცილს. - ახლა სოფელშია, თუ


იცით, ეგ პარაზიტი?

-ჰო! ეხლა სახშია. სამი-ოთხი თვე დაკარგულ იყო სადამა, ეს ორ-სამ დღა რაც მოიდა. მაგრამ, -
მოხუცი ჩაფიქრდა, - დღე კვირა არ არი?

-კვირა გახლავთ! - დაუმოწმა ეკამ.

-ვერა ნახავ, სახში არ იქნება.

-არც მაგაზე ვიდარდებ, - გაიცინა ეკამ. - მაინც სად იქნება წასული?

-ხატობაა, შვილო, მაგათი გვარისა. კი რაით იქ იქნება ისიცა.

-შორია ხატობამდე?

-იქნება ერთი ოცდაათ კილომეტრი, მაგრამ იქ ორხიდიანის გარდა მანქანა ვერ ადის.

სიგრილე იყო არაგვის ვიწრო ხეობაში. თავისუფლად ამოისუნთქა ეკამ. მოჯადოებული


გაჰყურებდა გოროზად წამომართულ, მწვანედ გადაბურულ მთებს, უდაბურ ხეობებს. მანქანა
სოფელში შევიდა.

-მე აქ ჩამოვალ, - გადმობარგება დაიწყო მოხუცმა. - თუ აქ დააპირო დარჩენა, ჩემთან მოდი


ამაღამ. კეთილად იარე! - ცუხცუხით გაემართა სახლისკენ.

სოფლის ბირჟაზე ახალგაზრდობა იდგა. საუბრობდნენ. სხვები იქვე, ქუჩაში დომინოს


თამაშობდნენ. ეკამ უცებ მიიღო გადაწყვეტილება. მანქანა ადგილზე შემოაბრუნა და რესტორნის წინ
გაჩერებულ ,,ვილისთან” შეაჩერა. გადმოვიდა.

-ვისია ეს ,,ვილისი”? - ყველას გასაგონად იკითხა.

-ჩემია! - ბიჭების ჯგუფს მაღალი, შავგვრემანი, სიმპატიური ვაჟი გამოეყო.

-თუ შეიძლება, ერთი წუთით მანქანაში დაჯექით, საქმე მაქვს თქვენთან.


ეკამ თავისი მანქანისკენ მიანიშნა. ,,ვილისის” მძღოლს არაფერი უთქვამს. კარი გამოაღო.
ჩაჯდა.

-რა გქვიათ?

-ენვერი.

-და თუ გყავთ?

-მყავს.

-ენვერ, - ეკამ თვალებში შეხედა, - ძალიან, ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან. თქვენი
მანქანა მჭირდება სულ ორიოდე საათით. ჩემს მანქანას თქვენ დაგიტოვებთ. როგორც თქვენი
საკუთარი და, ისე გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით.

ენვერს გაეცინა.

-არ გრცხვენიათ? ორი საათით კი არა, თუ გინდათ, ორი კვირით წაიღეთ. არც თქვენი მანქანა
მინდა. აქვე ეზოში გავაჩეროთ სადმე.

-მოიცადე, ენვერ. იქნებ არც დამჭირდეს, - ფიქრიანად თქვა ეკამ. - ბაკურს ალბათ იცნობთ?

-ფხოველს?

-დიახ!

-ჩემი ძმადნაფიცია. ფშაური წესჩვეულებისამებრ სისხლით ვართ გაფიცულნი ძმებად.

-სადაა, თუ იცი? - იკითხა ეკამ. გახარებულმა იმით, რომ მისამართი არ შეეშალა.

-ხატში წავიდა გუშინ. იქ გინდათ ახვიდეთ? ნახოთ გინდათ? - ღიმილით შეხედა.

-უსიკვდილოდ უნდა ვნახო.

-ძალიან კარგი! მაგრამ საქმე ისაა, რომ თქვენ იქ მარტოს ვერ გაგიშვებთ, მანქანა კი არ მენანება,
იმ გზაზე რამე რომ შეგემთხვეთ, ბაკურს მე ვეღარ შევხვდები. - კარი გამოაღო. - ზაზა! - გასძახა.

პატარა, სუსტი ტანის ბიჭი წამოვიდა მათკენ.

-მომეცით თქვენი გასაღები! - ეკას გასაღები გამოართვა ენვერმა, ზაზას გაუწოდა. - ეს მანქანა
წაიღე და ბაკურის ეზოში გააჩერე. წავიდეთ, ეკა!

ეკა სწრაფად გადაჯდა ,,ვილისში”.

რეკდნენ ზარები. მუხლზე დამხობილიყო დიდი თუ პატარა. ირგვლივ მთების უბეებიდან


მორღვეული ლოდები ეყარა. გაკრიალებული ცა მდუმარედ დასცქერდოდა ქვეყანას. ნიავი უბერავდა
და ციოდა.

-დოღი იწყება. კარგ დროს მოვედით.


-მერედა სად არიან დოღში მონაწილენი? - ეკამ მათ წინ გაშლილ მინდორს გახედა. ხალხს
მოავლო თვალი. ბაკური არსად ჩანდა.

-ხედავ? - ენვერმა მაღლა, მთის მწვერვალისკენ გაახედა. - იქ არიან. ზარები რომ შეწყვეტენ
რეკვას, მერე დაეშვებიან.

-საიდან დაეშვებიან, იმ კლდეებიდან? - შიშით გახედა კლდეზე გადაჭიმულ ვიწრო, ციცაბო


ბილიკებს.

-კი, იქიდან. საშიში არაფერია. დოღში საკმაოდ გამოცდილი მხედრები იღებენ მონაწილეობას
დღეს. ხევსურები და ფშაველები ეჯიბრებიან ერთმანეთს.

-საინტერესოა. დოღი არასოდეს მინახავს. კი მაგრამ, ბაკური სადაა? აქ არ ჩანს?

-იქ იქნება ისიც! - ენვერმა თავი გაიქნია მწვერვალისკენ, სადაც წერტილებივით მოსჩანდნენ
ცხენოსნები.

-ბაკურმა იცის ცხენის ტარება? - განცვიფრდა ეკა.

-ცხენის ტარება? მეშვიდე თუ მერვე კლასში იყო პირველად, დოღში რომ გაიმარჯვა. მას
შემდეგ ყოველ წელს, თუ აქაა, პირველობას არავის უთმობს. ქაჯივით დაჰყავს ცხენი.

-მატყუარა! - ტუჩები გაბუსხა ეკამ.

-რა თქვი? - ვერ გაიგო ენვერმა. გაოცებულმა შეხედა.

ეკას აღარაფერი უთქვამს. გაფართოებული თვალებით გაჰყურებდა მხედრებს, რომლებმაც


უკვე მოსხლიტეს ცხენები. კლდის თავზე დაოთხილნი მოქროდნენ. თეთრი ცხენები დაწინაურდნენ.

-წინ მინდია ას! - გახარებულმა შესძახა მთვრალმა ხევსურმა.

-არაბულთ გიგია მაჰყვება! - ყიჟინა დასცხეს ხევსურებმა. - ყოჩაღ, ვაჟებო! სად რა ას ფშაველთ
მოსაგები!

გასუსულნი ისხდნენ ფშაველები. დაბოღმილნი მისჩერებოდნენ წინ გამოჭრილ ხევსურებს.

-გაგიჟდა? რას შვრება! - მოესმა ეკას ენვერის ჩუმი, დაძაბული ხმა.

-ვინ?

-ბაკური! საიდან დაუშვა ცხენი, გადაირია? - ენვერი უკვე ადგილს ვეღარ პოულობდა,
წამოდგა, დაჯდა. ისევ ფეხზე წამოდგა.

-შავი ცხენით ბაკურია?

-ჰო!

უგზოზე, პირდაპირ კლდის ქიმზე დაუშვა ცხენი. ხალხს ერთობლივმა გმინვამ, ყრუ
ჩურცულმა გადაუარა. ერთი არასწორი ნახტომი და უფსკრულში ჩაჩეხილ ცხენ-მხედრის ძვლებსაც კი
ვეღარავინ აკრეფდა. ორიოდე წუთიც და ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა. გამოივაკა შავმა ცხენმა.
საკმაო მანძილით ჩამოიტოვა თეთრი ცხენები. ატყდა ფოტოაპარატების ჩხაკა-ჩხუკი. ფშაველების
სიხარულის შეძახილები მთებს ანგრევდა. ხატის ნიშს ცხენდაცხენ სამჯერ შემოუარა გამარჯვებულმა.
დაიქვეითა. დაიჩოქა. პირჯვარი გადაიწერა. წამოდგა. ხევისბერს გამარჯვებულისთვის განკუთვნილი
ლუდით სავსე ვერცხლის თუნგი ჩამოართვა. დაილოცა. ასწია და გალიპლიპებული ლუდიანი სასმისი
ხელში გაუშეშდა... გაცისკროვნებული სახით შეჰყურებდა ეკა ბუჩუკური ბაკურ ფხოველს.

მოცვივდნენ უკან ჩამორჩენილი მხედრები. ჩამოხტნენ ცხენებიდან. მოღუშული სახეებით


გაემართნენ ბაკურისკენ. ,,ვაიმე! ჩხუბი ატყდება!” - გაუელვა ეკას. მსგავსი არაფერი მომხდარა.
ხევსურები ძმურად გადაეხვივნენ ბაკურს. მიულოცეს. ფხოველმა ხევისბერების ნადუღარი ფშაური
ლუდი მოსვა და ხევსურებს გადააწოდა.

ნელი ნაბიჯით გამოემართა ეკასკენ. ერთგული ცხენი უკან მოჰყვა. თვალმოჭუტული, ოდნავ
გახსნილი ბაგეებით, ღიმილით შეჰყურებდა ეკა ფხოველის წვერმოშვებულ, სევდიან სახეს...

-იცი, ეკა? - გაიღიმა ბაკურმა, - მე დღეს პირველად ვიჯექი ცხენზე.

შებრუნდა. მოევლო უნაგირს, გადმოიწია, ეკა აიტაცა და მწვერვალებისკენ გააქანა ცხენი.


ფრთებგამოსხმულივით მიჰქროდა შავი ბედაური. თითქოს მასაც ეგრძნო გამარჯვების სიხარული.
პატრონის აღტკინება მასაც გადასდებოდა თითქოს. შედგნენ ზეგანზე. ფრთხილად ჩამოსვა ქალი
ბაკურმა. ჩამოვიდა თვითონაც. აღვირი უნაგირს გადაადო. საბალახოდ გაუშვა გაოფლილი ცხენი. ეკას
მიუბრუნდა. ქარი უწეწავდა ქერა, გაშლილ თმას ეკა ბუჩუკურს. აქ ყოველგვარი სიტყვები უკვე
ზედმეტი იყო...

-როდის დაბრუნდი? - ხმადაბლა იკითხა ეკამ, როცა ერთმანეთის ალერსით გული იჯერეს.

-ერთი კვირაა, - მუხლებზე მჯდომი ქალიშვილი ბალახზე გადააწვინა, აკოცა ერთხელ,


მეორედ, მესამედ... ეკას ვნებიანი კვნესა ერთვოდა, იკარგებოდა ჭიუხებში მონავარდე, მსტვენი ქარის
ხმაურში... ბაკური გულაღმა გადაწვა ბალახებში. თვალები დახუჭა.

-მთელი სახე დამეჩხვლიტა, ვერ მოიშორებ ამ ჯაგარს?! - ეკამ ხელით მიუალერსა წვერზე.

-ჩავალთ სახლში და გავიპარსავ! - თვალი არ გაუხელია, ისე თქვა. - აქ საიდან მომაგენი?

-თუ არ ვცდები, საზღვარგარეთ გიპოვე და აქ ვერ მოგაგნებდი? - ეშმაკურად მოწკურა


თვალები. ერთხანს უყურა, წყნარი ხმით ჰკითხა:

-ნატა როგორ დატოვე?

-შევპირდი ახალ წელს ჩასვლას.

-ჩახვალ?

-აუცილებლად! - ბაკური წამოჯდა. - აუცილებლად ჩავალ, მაგრამ მხოლოდ შენთან ერთად.


გამომყვები?
-ატლანტაში კი არა, ჯოჯოხეთშიც გამოგყვები, ჩემო სიყვარულო, - ეკამ თავი მკერდზე
მიაყრდნო. - ჩავიდეთ ხალხთან, უხერხულია.

ბინდდებოდა. კარვებს შუა კოცონები ენთო. ღრეობდნენ ფშაველები. ფანდურებზე


ეპაექრებოდნენ ერთმანეთს, ხევსურ სტუმრებს. ხორაგით გადატვირთულიყო მოლზე გაშლილი
სუფრები.

-იცნობდეთ, ჩემი მეგობარია! - ბიძებს, ბიძაშვილებს წარუდგინა ბაკურმა ეკა. ფეხზე


წამომდგარნი შეეგებნენ მომხიბვლელ სტუმარს. ნაბადი დაკეცეს, ქვეშ დაუგეს ეკას. წუთიც და
მწვადები, ოხშივარავარდნილი ცხელი ხინკალი დახვავდა ეკას წინ. ბაკურის ბიძაშვილი გოგონები
თავს ევლებოდნენ. გვარიანად მოშიებოდა ეკას. ხინკალი უნდოდა, შეუმჩნევლად მოავლო თვალი
სუფრას. ჩანგალი არსად ჩანდა. ბაკურს არ გამოპარვია ეს.

-ეკა, ფშაველები ხინკალს უჩანგლოდ, ხელით ვჭამთ. არაფერი არაა აქ საუხერხულო.

ასეთი გემრიელი ხინკალი არასდროს ეჭამა ეკას. თამადის, ბაკურის ბიძის დაჟინებული
თხოვნით სამი ყანწი არაყიც გამოცალა. სასიამოვნო თავბრუსხვევა იგრძნო. ბაკურს შეხედა.
ჩაფიქრებული მთის მწვერვალებს გაჰყურებდა ფხოველი. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა ეკა.
თამადამ ყანწი შეავსო. ფეხზე წამოდგა. წამოიშალნენ სხვებიც.

-მთაში ვართ, ჩემო ძმებო და ძმისწულნო, მოდით, წესს ნუ დავარღვევთ მთისასა. სტუმარი
დავლოცოთ. დაგლოცავ, შვილო! მანამ იცოცხლე, სანამ არაგვი გეზს შეიცვლიდეს და ამ მთაზე
ამოდიოდეს. იხარე და იბედნიერე მანამ, სანამ ა ეს მთები ფეხს აიდგამენ და ამ ადგილებს მიატოვებენ.
ღმერთს შავთხოვ, სულიც ისეთი ლამაზი გქონდეს, როგორც შახედულადა ხარ. ხატის კარზე ვართ.
დიდება ამ ხატს, ამ სალოცავს! მწყალობელ იყოს შენი, სტუმარო! - თამადამ ვეება ყანწი ერთი
მოყუდებით გამოცალა. ბაკურს ესროლა ცარიელი რქა.

-ალავერდ შენთანა ვარ. დალოცე სტუმარი! სიწყნარე იყოს! - დაიბუხუნა.

ბაკურს სწრაფად შეუვსეს. სიჩუმემ დაისადგურა. შეხედა ეკას. ყანწი ასწია:

-მე რომ განგებას სულთნად დავესვი, მეყოლებოდა ჯარი ურიცხვი, და ვილაშქრებდი


საქართველოზე, სწორედ ასეთი ქალის გულისთვის... ვერ ამიბამდა ვერც თვალს, ვერც ჭკუას, მე სხვა
საუნჯე გურჯთა ქვეყნიდან, შენი სულ ერთი წარბის მოღუშვაც საჰარის თავზე ღრუბელს შეჰყრიდა...
აი, გიყურებ, ეკა, და ვლამობ, გადავაცილო ხვაშიადს მტვერი, იქნებ შენგვარი ქალების გამოც, ქართლს
ფუტკარივით ეხვია მტერი?! შენ გაგიმარჯოს! - ყანწი დაცალა. ენვერს გადააწოდა. ოვაციებით
შეხვდნენ ბაკურის ნათქვამს. სადღეგრძელო ჩამოატარეს. გულთბილად დალოცეს ეკა... თამადამ
კვლავ სიჩუმე ითხოვა წუთით. ბაკურს მიმართა:

-ძმისწულო, სტუმარიც შენია და დღევანდელი დღის გმირიც შენა ხარ. ადრე დოღში
გამარჯვებული შებმულ ხარს იღებდა საჩუქრად. საჩუქრის მაგიერ, იქით გთხოვ, სადღეგრძელო
გვითხარ ერთი. მე არ მამისმენია, მაგრამ შენი მეგობრებისგან გამიგონია შენზე, სწორუპოვარ თამადა
არიო... რაც გულში გაქ, რაც შენ რო ძალიან გიყვარს, ისა თქვი.

ბაკურ ფხოველმა სასმისი შეავსო. ფიქრიანი მზერა მოავლო ბინდში გახვეულ მთებს. ფეხზე
წამოდგა:
-იმ მთიელი რაინდების შესანდობარი იყოს, ვინც იცოდა ძმობაც, მტრობაც და კაცის გატანაც.
ვისი საფლავებიც რომ არ არსებობს, ვისაც სამარეც არ ეღირსა. იმათი ხსოვნა იყოს, ვისაც ყაჩაღებს
ეძახდა ბოლშევიკური მთავრობა, იმ სამშობლოზე, ამ მთებზე უსაზღვროდ შეყვარებული ბიჭების,
ვინც შეგნებულად გასწირა თავი ერის და მამულისათვის, ვინც იარაღით დაუპირისპირდა
ბოროტებას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განწირული იყო. ,,ლექსო, ამოგთქოვ ოხერო, თორო
იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად, სააქაოსა რჩებოდე...” მოდით, ამ დიდებული ლექსის
ავტორის, მიხა ხელაშვილის თამადობით, მოგონება იყოს გიორგი წიკლაურის, მიხა ხადიაშვილის,
გოგია ჭიჭოშვილის, იმედა ბუჩუკურთელის, იმედა ლიქოკელის და სხვათა და სხვათა... ნუ
მოშლილიყოს ამ ხეობაში მათი სახელები, მათნაირებს ემრავლოთ ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ-
გუდამაყარში და სრულიად საქართველოში. ხსოვნა იმათი!

-ხსოვნა, დიდება მათ სახელებს! - ერთხმად შესძახეს მოხუცებმაც და ახალგაზრდებმაც.


დაცალეს პანტის არყით სავსე ყანწები.

ღრმად მოხუცმა, თეთრწვერა ფშაველმა ფანდური აიღო ხელთ. სიმებს ჩამოჰკრა.


მონუსხულივით მისჩერებოდა ეკა ბუჩუკური მოხუცს. ძლიერი, ხავერდოვანი ხმით მღეროდა
ბერიკაცი. სიმღერის ტექსტმა ერთიანად შეძრა და ააფორიაქა ეკა. მოღუშული ჩაშტერებოდა მიწას
ბაკური...

როგორ შამზიზღდი ორწყლისა, ტიალო არე-მარეო,

გლოვამ მოიცვა მთლიანად ფშავ-ხევსურეთის მხარეო,

ბეწინტურ, ძმაო, მარტოკა რუსებს რად შაეყარეო,

ვეფხვივით ჩასდექ ორწყალში, არ გარბი გარე-გარეო,

შენ არც გაქცევა იკადრე, არც მალვით გაიპარეო,

თავზე ხელ-აღებულობით ქაქუცა დაიფარეო,

გავიგეთ შენი ამბავიც, რაც გულბანს დაუბარეო,

,,ტყვია აღარ მაქვს, ვერ მოგსპეთ, რუსი და გადამთიელი,

ცოლ-შვილს ნუ დამიწიოკებ, თუ ვაჟკაცი ხარ, მთიელი;

რუსის ფეხს არ ათელინო ჩვენი დეკა და იელი,

ერის და მთის მოღალატეს წყევლა და კრულვა მიელის...”

რუსი ნელ-ნელა იწევდა, როგორც მშიერი მგელია,

ნება არ მიეც, ფშაველო, შენთვის შაეკრათ ხელია,

რიყე სუ მკვდრებით მაჰფინე, ვეფხვის შაპყრობა ძნელია,

ვაი, რომ კარგი ვაჟკაცის დღე მოკლე არი, ბნელია,


ქართველებს ტყვიას არიდებ, რუსებს დააწვი მთელია,

კარაბინ კლდეს შეალეწე, მაუზრის ლულაც ცხელია,

გაქცევას როგორ იკადრებ, თორო მდინარე თხელია,

სევდით გახედე მაღალ მთებს, ქვემოთ ბიბინებს ველია,

,,ვაჰმე! რა ცოტა ვიცოცხლე, სუ ოცდაათი წელია...”

და ბოლო ტყვია, ბეწინტურ, გულში დაგიკრავ, ძმობილო,

რო ცოცხალ არ ჩავარდნოდი, კაი ვაჟკაცად ხმობილო.

მშვიდობით! ჯვარი გეწეროს, აქ არავისგან გმობილო,

სალი კლდისაგან ნაშობო და არწივისგან წრთობილო...

მორჩა მოხუცი. თავი ჩაჰკიდა. ცეცხლის შუქზე ცრემლი გაუკრთა თვალებში.

-ვისი ლექსია? - იკითხა ეკამ.

-მიხასია, შვილო, ხელაშვილისი, - ბაკურის ბიძამ გასცა პასუხი.

-ვინ იყვნენ ბეწინტური ან გულბანი?

-ბეწინტურ ფხოველი ბაკურის პაპა იყო, ჩემი ბიძა. ლევან გულბანი წითელი კომისარი,
რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს სდევდა.

-გულბანმა მოკლა ბეწინტური?

-არა, შვილო, გულბანს არ მოუკლავს! - სიგარეტს მოუკიდა. - თუ არ გეძინება, თუ


გაინტერესებს ეს ამბავი, ვთხოვოთ ძია ღვთისავარს, მოგიყვება ბეწინტურის დაღუპვის ამბავს.

-როგორ გეკადრებათ, რა დროს ძილია, - ეკა ახლოს მიუჯდა მოხუცს. - თუ არ შეწუხდებით,


პაპა ღვთისავარ!

-რას ამბობ, ბალღო, რაის შეწუხებაა! - ჩაფიქრდა. სამოცდარვა წელია მას მერე გასული. მე
ვიყავ თავმკვდარი ერთადერთი მოწმე იმ სისხლიანი, საშინელი შეტაკებისა, ბეწინტურის
სიკვდილისა. ზაფხული იყო...

II თავი

1924 წლის ზაფხული იწურებოდა. ფშავის და ხევსურეთის არაგვების შესართავთან, ორწყალს


რომ ეძახიან, პატარა ბიჭს ცხვრები გამოერეკა საძოვარზე. არეული დრო იყო და მამას ,,ბერდანა”
ეთხოვებინა ბიჭისთვის. ალაღებდა პატარა ფშაველს შავად მოლაპლაპე იარაღი და შიგ ჩალაგებული
სამი ბოკოლა ტყვია. შუადღის ხვატისგან ჩრდილში შეყუჟული ცხვრები აშალა ბიჭმა, შუაფხოსკენ
შეაბრუნა. თვითონ წყლისკენ დააპირა ჩასვლა, რომ ფხოვის მხრიდან მომავალ ეულ მხედარს მოჰკრა
თვალი. ნაბადმოსხმული მხედარი მთელი ძალით მოაქროლებდა ფეხთეთრ, შუბლნიკორა წითელ
ცხენს. პატარა შენიშნა. აღვირი მოსწია, ზედ მიაგდო მფთხვინავი ცხენი. კაცს მთელ ტანზე მჭიდროდ
შემოეკრა ნაბადი. სახე ყაბალახით ჰქონდა აკრული. უჩანდა მხოლოდ ცალი ხელი, რომლითაც აღვირი
ჩაებღუჯა. ამ სახეშებურულ მხედარს უკვე მეორედ ხედავდა ბიჭი. პირველად მაშინ შენიშნა, როცა
ქაქუცა ამოვიდა ფშავში. გვერდით მოჰყვებოდა ჩოლოყაშვილს, მეამბოხე პოლკოვნიკს. არც მაშინ
მოუხსნია ნაბადი და ყაბალახი, როცა ხალხს, აქაურებს შეხვდა - მალავდა სახეს...

მხედარმა ცხენიდან გადმოიწია. სითბოთი, სიყვარულით დააჩერდნენ ბიჭს ყაბალახიდან


გამომზირალი ცისფერი, ცეცხლოვანი თვალები.

-ღვთისავარ, ჩემო პატარა ძამიკო, ნუ დაათრევ ამ თოფს ასე აშკარად, თუ არა ჩეკისტები
ციმბირს უკან დაატოვებინებენ მამაშენს...

ღმერთო! მოაგონე პატარა ბიჭს, სად გაუგონია ეს ვაჟკაცური, სულშიჩამწვდომი ბუბუნა ხმა,
სად უნახავს ეს მოკრიალებული ცისფერი თვალები? იცის პატარა ბიჭმა, რომ ახლობელია ვიღაც,
მაგრამ ვინ? ღმერთო, მოაგონე!

უცნობმა ნაბდიდან ხელი გამოიღო და გაოგნებულ ბიჭს ნაგანი გაუწოდა.

-თუ იარაღი გიყვარს, ეს ატარე. იოლად დამალავ უფრო... მშვიდობით, ღვთისავარ! - ცხენი
ადგილიდან მოსხლიტა.

მოულოდნელი ძვირფასი საჩუქრით გულაჩქროლებულმა ბიჭმა იარაღს სათუთად გადაუსვა


ხელი, უცნობს გახედა. გახედა და შეცბა. თოფი და ნაგანი ცივად მიყარა წყლის პირზე. უცნობი
მხედარი მოსახვევში წინ შეეჩეხა წითელარმიელთა დიდ ჯგუფს. შეეჩეხა და შედგა.

-ვინ ხარ? - ხმამაღლა გამოსძახა ჯგუფის წინამძღოლმა, თეთრ ცხენზე მჯდარმა, ტყავის
ქურთუკში გამოწყობილმა ახოვანმა ვაჟკაცმა.

-მგზავრი! - იყო მხედრის მშვიდი პასუხი.

-მოიხსენი ნაბადი და ყაბალახი! - ბრძანა ტყავის ქურთუკიანმა.

მხედარმა გადაიხარხარა. მის ხელში მაუზერმა იელვა. ,,დაყარეთ იარაღი, გველებო!” - არცთუ
ხმამაღლა, მაგრამ ისე თქვა, რომ ყველა მიხვდა ნათქვამის აზრს. ჯგუფის უფროსის გვერდით მდგომმა
ჩოფურა რუსმა იარაღზე მოივლო ხელი, მაგრამ იმავე წუთს მაუზერის ტყვიით მკერდშენგრეული
უსულოდ გადმოეშვა ცხენიდან. შემკრთალ წითელარმიელთა თვალწინ სწრაფად მოიძრო ნაბადიც და
ყაბალახიც. უნაგირზე დაკიდებული კარაბინი აიტაცა, ორიოდე ნახტომით წყლისპირზე გაჩნდა და
უზარმაზარ ლოდს ამოეფარა.

თხილების ძირში მიყუჟულ ბიჭს უნდოდა ეყვირა, ებღავლა - ბეწინტურ, ძმაოო, - მაგრამ ხმა
აღარ ამოსდიოდა. იცნო ბიჭმა, იცნო მათი კარის მეზობელი, ფშავ-ხევსურეთში თავისი სიკეთით,
ვაჟკაცობით და სილამაზით განთქმული ბეწინტურ ფხოველი, მენშევიკური გვარდიის ყოფილი
ოფიცერი. მასზე ხმები დადიოდა, კახეთის ტყეებში მოკლესო. ახლა კი მიხვდა ბიჭი, თითქმის ყოველ
კვირა რატომ ჩხრეკდნენ ჩეკისტები ფხოველების ოჯახს. იცოდა ჩეკამ, რომ მათი სისხლის გამშრობი,
მოუხელთებეი ოფიცერი ცოცხალი იყო. უცებ წითელი კომისრის, ნიკო ტუღუშის მოკვლის ამბავი
გაახსენდა ბიჭს... ულამაზესი ცოლი ჰყავდა ბეწინტურ ფხოველს. ქალაქში გაზრდილმა თავადის
ქალმა ზურგი აქცია ყველაფერს და მთებში გამოჰყვა ბეწინტურს. ოცდაშვიდი წლის იყო მაშინ
ბეწინტური, ნინო კი - თვრამეტის. გავიდა წლები. ფხოველის შესაპყრობად ფშავში ამოსულმა
კომისარმა ტუღუშმა მის ცოლს დაადგა თვალი. ქეიფის დროს წაუტრაბახია ნიკო ტუღუშს, მალე
ბეწინტურის ცოლს მკლავზე გადავიგორებო! მესამე დღესვე თვითონ ტუღუში ნახეს ხევში
გადაგორებული, ტყვიით შუბლგახვრეტილი.

პირველმა ელდამ გაუარა წითელარმიელებს. ჩამოქვეითდნენ. ალყის შემორტყმა დაუწყეს.


იქუხა ფხოველის კარაბინმა. არაგვის ტალღებმა გაიტაცა დახოცილები... სხვები უკან მიაწყდნენ.

-დამნებდი! პირობას გაძლევ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ! - დაიძახა ტყავისქურთუკიანმა.

-ვინა ხარ შენ? - შეწყვიტა სროლა ბეწინტურმა.

-კომისარი ვარ, ლევან გულბანი.

-სვანი ყოფილხარ! ჰოდა იცოდე, გულბანო, ბეწინტურ ფხოველი სიცოცხლეს მტერს არასოდეს
თხოვს. ქართველები გადით, მოცილდით აქედან, თქვენს სისხლში ნუ გამსვრევინებთ ხელს, რუსები
მოუშვი.

-გონს მოდი, ბიჭო! - ქვის უკან მიწოლილი ლევანი ფეხზე წამოდგა. - თავს ნუ დაიღუპავ! ენდე
კაცურად ჩემს სიტყვას.

-ვერა, ლევან! ვერც შენ გენდობი და ვერავის, ვისაც წითელი ვარსკვლავები გიკეთიათ. ვერ
გენდობით მათ, ვინც საქართველო სისხლში ჩაახრჩვეთ, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდეთ და ქართული
ჩოხა რუსის ჩექმაზე გაცვალეთ, საუკუნეების მანძილზე ნაშენები, სისხლში და ოფლში დამბალი
ეკლესიები თავლებად და საწყობებად აქციეთ. ვიცი, აქედან მე ცოცხალი ვერ გავალ. ღმერთი იყოს
ჩვენი მსაჯული, ვინ მტყუანი ვართ და ვინ მართალი. არ მინდოდა, მაგრამ მაინც გთხოვ, მხოლოდ
ერთს გთხოვ, როგორც მთიელს, ცოლსა და შვილებს ნუღარ ამიწიოკებთ. ჩემი სიკვდილიც ეყოფათ
ამათ!

-დაფიქრდი, ბეწინტურ!

-საფიქრალი აღარაფერი მაქვს. ჩემი ბოლო სიტყვა გითხარი!..

მძიმედ შებრუნდა გულბანი. თოფი კლდეს მიაყუდა. ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო... ნახევარ
საათზე მეტხანს გაგრძელდა ბრძოლა. როცა ბეწინტურმა ხელი ასწია, ბრძოლაც შეწყდა. ,,გვნებდება!” -
გაუელვა ლევანს ფიქრმა. უსიტყვოდ მოავლო თვალი დაჭრილ-დახოცილებით მოფენილ მინდორს.

ნელი, დინჯი ნაბიჯით გამოვიდა ბეწინტურ ფხოველი. კარაბინი კლდეზე გადაამტვრია და


წყალში ისროლა. მარცხენა ხელში კვლავ მაუზერი ეჭირა. შედგნენ პირისპირ.
-მოვრჩი, გულბანო! ეს იყო ჩემი ბრძოლა, - მშვიდად გაიღიმა. - ბოლო ტყვია შემოვინახე
ჩემთვის. ერთი საათი მაინც შეგაყოვნეთ აქ. ქაქუცა შორს იქნება უკვე. ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ.

ასწია იარაღიანი ხელი, გულთან მიიდო. მთებს გახედა სევდაჩაგუბებული მზერით.

-რას შვრები! - იყვირა ლევანმა და ბეწინტურს ეცა... დააგვიანა... ლევან გულბანის ხელში
დალია ბეწინტურ ფხოველმა სული. სხვისი ვაჟკაცობის უებრო შემფასებელმა სვანმა გაციებული
ბეწინტური ფრთხილად დაუშვა ძირს. ნაბადი ამოუგო თავქვეშ. მზის სხივებზე აელვარებულმა
იარაღმა მოსჭრა თვალი. აიღო ხელში დავერცხლილი მაუზერი. კონდახზე წარწერას მოჰკრა თვალი.
დახედა: ,,ბეწინტურ ფხოველს. სამშობლოს ერთგულ ყმას და კარგ მამულიშვილს. ქაიხოსრო
ჩოლოყაშვილისგან”. მკერდზე დაადო იარაღი. თვალები დაუხუჭა. ნაბადი გადააფარა. ჩაიმუხლა
მიცვალებულთან. თავი დახარა. მხრები აუცახცახდა. კაცურად, უხმოდ ტიროდა. მხოლოდ ღმერთმა
უწყის, რას დასტიროდა ისტორიის ლაბირინთებში გზააბნეული სვანი...”

გაჩუმდა პაპა ღვთისავარი. მორჩა თხრობას. ამოიღო წვრილად დაჭრილი თამბაქო. გახვევას
შეუდგა. მოსმენილისგან გულდამძიმებული ეკა მდუმარედ მისჩერებოდა ცეცხლს. დუმდა ყველა.

-იმავე ღამეს, - დაამატა მოხუცმა, - ლევან გულბანმა ოჯახში აასვენა ბეწინტური. ერთი კვირის
თავზე კი თვითონ გულბანი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

-დახვრიტეს? რატომ? - ეკას თვალები აუწყლიანდა.

-იმიტო, შვილო, რო კაცი იყო, - დინჯად თქვა პაპა ღვთისავარმა. - იმიტო, რომ გულქვა არ იყო
სხვებივით. იმიტო, რო თანაუგრძნო ვაჟკაცურად დაღუპულს, მის გვარს და ოჯახს. აი, მაგიტო
დახვრიტეს.

ვეება მთვარე დასჩახჩახებდა კოცონების შუქით განათებულ ხატიონს. მეხატეები ნაბდებში


ეხვეოდნენ. დასაძინებლად ეშურებოდნენ.

-დალი! - ბიძაშვილს მიუბრუნდა ბაკური, - ეკა თქვენთან, კარავში დააძინე.

-აბა რას ვიზამ?! - დალიმ ეკას ხელი მოხვია. - წავიდეთ?

-შენ სად იძინებ? - ეკა ბაკურს შეაჩერდა.

-არ მეძინება, ეკა. აქ, ცეცხლთან ვიჯდები.

-არც მე მეძინება. შენთან მინდა ვიყო, - მხარზე მიაყრდნო თავი.

-თუ გიყვარვარ, ვიცი, დაღლილი ხარ, დაიძინე ცოტა. ხვალ სახლში წავიდეთ.

ეკა უხალისოდ წამოდგა. ნაბადმოსხმული მიჰყვა დალის. კარავში შეიმალნენ.

-ენვერ, დავლიოთ? - ბაკურმა დოქს მოჰკიდა ხელი.

-დალევით დავლიოთ, მაგრამ...

-მაგრამ რა?
-ცოდოა, ბიჭო ეს გოგო. საიდან სად ამოვიდა შენი გულისთვის, შენ კი რაღაცნაირად, იცი,
ცივად მოიცილე თავიდან. შემეცოდა, ძმაო, მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. ჩემი ძმა ხარ და ამას
იმიტომ გეუბნები ერთი-ერთზე, ასეთი არ იყავი შენ, სულ სხვანაირი მეჩვენები.

-მაინც როგორი? პირდაპირ მითხარი, როგორც მე და შენ გვჩვეოდა ყოველთვის, - დოქი


დადგა. ჯიუტად შეხედა.

-გულჩათხრობილი ხარ ბოლო დროს რატომღაც. მითხარი, იქნებ გიჭირს რამე, იქნებ შემიძლია
დახმარება რაღაცით? - ენვერს სიმთვრალე საერთოდ არ ეტყობოდა. - ამ ბოლო თვეებში რაღაც მოხდა
შენს ცხოვრებაში, რაღაც საშინელება ან გადაიტანე ან ელოდები. რაც გადაგხდა, იმას ალბათ
აღარაფერი ეშველება. რადგანაც ასე თუ ისე, ვიცი შენი ცხოვრება, მაგრამ თუ ელოდები რაიმე ცუდს,
მითხარი, ნუ იმარხავ გულში, მითხარი და ერთად ველოდოთ.

ბაკურმა სასმისები შეავსო. ერთმანეთს მიურტყეს, უხმოდ დალიეს.

-ენვერ, ნურაფერს მკითხავ. მინდა იცოდე, შენ, მხოლოდ ერთმა, რომ მე მაქვს მეორე ცხოვრება.
ეკაც, - კარვისკენ გაიშვირა ხელი, - ჩემი მეორე ცხოვრებიდან მოვიდა ჩემთან. ნუ მკითხავ, სად
შევხვდი, როგორი იყო ჩვენი გაცნობის პირველი წუთები. ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.
უბრალოდ გეტყვი, მე ის მიყვარს, მიყვარს საკუთარ თავზე, სიცოცხლეზე მეტად. ეს მისთვის
არასდროს მითქვამს. პირიქით. ყოველთვის ვცდილობდი რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც მას ჩემზე
გულს აუცრუებდა. ვერ შევძელი. სამი თვის უკან ჩვენ ვცილდებოდით. მე მას ავუკრძალე ჩემზე
ფიქრი, მაშინ, როცა იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებდა, რომ შეიძლებოდა მართლაც ვეღარასოდეს მენახა...

ბაკური ცეცხლს ჩააშტერდა.

-ეკას მშობლები ვინ არიან?

-ეკას არ ჰყავს მშობლები. ერთადერთი ძმა ჰყავს. ბებიამ გაზარდა ობლები.

-მშობლები არ ჰყავს? - გაოცებით შეხედა ენვერმა. - მე კი მეგონა...

-რა გეგონა?

-რომ სულ მცირე, ტრესტის მმართველი მაინც ეყოლებოდა მამა.

-საიდან მოიტანე? - გაეღიმა ბაკურს.

-იმნაირი მანქანა აქვს, რომ...

-კარგი, თუ ძმა ხარ, ჯერ ერთი, ეგ მანქანა მაგისი კი არა, მაგისი ძმის არის, მეორეც, ,,09”
პირველად ნახე?

-რისი ,,09” და ,,0-10”, შავი ახალთახალი ,,ბენთლი” აქვს!

ბაკურმა თვალები დახუჭა. თვალწინ დაუდგა სტამბული. მამედის ეზო. ჭიშკარში ნელი
სვლით შემოსული შავი მანქანა. გიორგი აბაშიძემ ეკას აჩუქა მანქანა?! ალბათ ასეა!

-ძმამ უყიდა ალბათ, ენვერ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მანქანას. რომელი საათია.
-ოთხი სრულდება, - ენვერმა იქვე დადებული გიტარა აიღო, - ყველაზე მეტად ამ ქვეყნად
გიტარის დაკვრა მინდოდა მესწავლა, მაგრამ...

ფხოველმა ყურადღებით შეათვალიერა მეგობრის დაფიქრებული, ლამაზი სახე. გაეღიმა.

-გინდა გიტარის ხმა გაიგონო ამ წუთში?

-მაგას კითხვა უნდა?! - სახე გაუნათდა ენვერს.

-გააღვიძე ეკა!

ენვერი კარვისაკენ გაემართა. ცოტა ხანში მისი ხმამაღალი ხარხარი მოესმა ბაკურს. ისე
გულიანად, გადამდებად იცინოდა, ხალხს გაეღვიძა. ნაბდებიდან წამოიწიეს გაჯავრებულმა,
აბურდულმა თავებმა. გაეცინა ბაკურსაც. იქით წავიდა.

-რა ხდება? - გაოცებულმა შეხედა კარვის წინ საცოდავად აბუზულ ეკას და იქვე მოხარხარე
მეგობარს.

-,,კედები” გამხადეს, - აცრემლდა ეკა. - როგორღა წავიდე, რა ჩავიცვა?

-რა თქვი?! - მოიღრუბლა ბაკური, წყრომით გახედა უდროო დროს რატომღაც


გამხიარულებულ ენვერს.

-ახალი ჩაძინებული ვიყავი. ვიგრძენი, თასმები შემიხსნა ვიღაცამ. მეგონა, შენ იყავი. შევხედე.
მთვარის შუქზე ვიღაცის გაბურძგნული სახე შევამჩნიე. ვეღარ დაგიძახე შემეშინდა. ამ ვიღაცამ კი
ნაბადი წამახურა ფეხებზე და ფეხაკრებით გაიპარა. ვერ გაიგო, რომ მეღვიძა.

სახე გაუფითრდა ფხოველს. რისხვით შებრუნდა კარვებისკენ. ენვერმა მკლავში მოჰკიდა


ხელი:

-ნუ სულელობ, თუ ძმა ხარ, წადი, არაყი გაამზადე!

-რა?! - მოღუშულმა შეხედა. უცებ თვითონაც სახე გაუნათდა. ღიმილით შეავლო თვალი ეკას.

-ნუ გეშინია, ახლავე მოიტანენ!

დოქი არყით გაავსო. შემობრუნდა. სამწვდე შეახვიაა და კარვების მიღმა გაუჩინარდა...

-სად წავიდა?

-ეკა, არ გეწყინოს, - ენვერმა ნაბადი წაახურა შიშველ ფეხებზე. - ეს გახლავს ძველთაძველი


ფშაური წესი, თუ გნებავს, ჩვეულება, სრულიად უწყინარი ხუმრობა. ხატობაში მძინარეს ხდიან,
პარავენ ფეხსაცმელს, რომლის გამოსყიდვაც შეიძლება მხოლოდ არყით და ლუდით. ეს ჩვეულება
თითქმის მივიწყებული იყო და როგორც ჩანს, გახსენებია ვიღაცას.

ბაკური წვერმოშვებულ ბიჭთან ერთად დაბრუნდა. ამ უკანასკნელს ეკას ,,კედები” იღლიაში


ჰქონდა ამოჩრილი. წინ დაუწყო, მორცხვად შეხედა:
-მაპატიე, ჩემო დაიკო, შემეშალა, სხვისთვის მინდოდა გამეხადა და ამ წყეულმა სიბნელემ
შემაცდინა, - ისე გაიქნია ხელი, თითქოს ჩამოწოლილი სიბნელე უნდოდა გაეფანტა.

-ნოდარ! - გულიანად გაიცინა ბაკურმა, - აქ სხვა არავინ გვისმენს, ძალიან გიყვარს დალი?

-ძალიან! - თავი ჩაღუნა.

-მერე რა გიშლის ხელს, რატომ არ მიგყავს?

-არ მამყვება!

-უყვარხარ კი?

-მგონი კი!

-მაშ რა არის მიზეზი? რად გეუბნება უარს?

-ქალაქში ბინა არა გაქვსო! საიდან მექნება, ბაკურ, დედის მეტი არავინა მყავ, ცხოვრებას
ეხლაღა მოვეკიდე. ვინ მიყიდიდა თბილისში ბინას?! ვერ ვიქურდებ და ვერ ვიყაჩაღებ. საით მოვიტანო
ბინის საყიდი ფული?! ღამე ძილი აღარ არი ჩემთვინ...

ღიმილი ზედ შეაშრა ფხოველს. სახე შეეცვალა, მოეღრიცა ბრაზისგან.

-დაუძახე დალის! - ეკას გადაულაპარაკა.

-აღარ მაძინებთ, რა! - თვალების სრესით გამოვიდა დალი. - შენც გაგაღვიძეს, ეკუნა? ლოთები!

ბაკურმა მკლავში მოჰკიდა ხელი. თვალებში ჩახედა;

-ვინა ხარ ჩემი?

-გაგიჟდი? ვინ ვარ და შენი ბიძაშვილი. ვეღარ მიცანი? ხატმა ხო არ მოგამიზეზა? ხელი გამიშვი,
ნუ მომატეხე მკლავი!

-გიყვარს ეს ბალღი? - ნოდარზე მიუთითა.

დალიმ მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ნოდარი. გაეღიმა.

-ბალღი ჰო, თითზე არ გიკბინოს, ფრთხილად იყავი! რა, მაინც და მაინც უნდა მიყვარდეს?
დიახ, ბატონო, მიყვარს, მერე შენ რა?

-რატომ არ მიჰყვები?

-მაგან იცის რატომაც! - გამომწვევად შეანათა მწვანე თვალები ნოდარს. ნოდარი აწრიალდა.

-თბილისში ბინა გინდა? - ხმადაბლა, კბილებში გამოსცრა ბაკურმა.

-რატომაც არა?

-სად გირჩევნია, ბარნოვზე თუ დოლიძეზე? - დაუფარავი ირონიით ჰკითხა.


-იცი, რა გითხრა?! - აპილპილდა დალი. - ვერ გავიგე, ჩემი ძმა ხარ თუ მტერი? გინდა მთელი
ცხოვრება ორღობის ტალახი ვზილო და ძროხები ვწველო? ეს გინდა? რას გაჩუმდი? მითხარი, თუ ეს
გინდა და ამ წუთში გავყვები ამ ვაჟბატონს!

-დალი! ნოდარი ჩემთან ერთად იბრძოდა ცხინვალში და როცა მძიმედ დაჭრილი,


უგრძნობელი, თამარაშენიდან გორში მომყავდა, მთელი გზა შენს სახელს აბოდებდა. მე ეს შენთვის
აქამდე არ მითქვამს. არ იყო საჭირო. არც ნოდარისთვის მიგრძნობინებია რამე. გახსოვდეს, რომ ჩემი
ბიძაშვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი. ახლა შენ იცი, დაფიქრდი, ჩემი თხოვნა, ბოლო თხოვნა
იქნება, სიყვარულს ფულზე და კომფორტზე ნურასდროს გაცვლი! - ეკას და ენვერს ხელი მოხვია,
კოცონისკენ წაიყვანა.

გათენდა. ცეცხლის პირზე ნაბადში გახვეული ვიღაცის ძახილმა გამოაღვიძა. ნაბადი


გადაიძრო, წამოჯდა. თვალები მოისრისა. იქვე, ცეცხლის მეორე მხარეს, ეკა იჯდა. ბაკურმა
გაოცებულმა შეხედა ბიძაშვილს, რომელიც სახეშეშლილი რაღაცას ეუბნებოდა.

-რა მოხდა?

-ქალი მოგვტაცეს, ბაკურ!

-ვინ ქალი, გაგიჟდი?

-დალი, ბიჭო, დალი მოიტაცა იმ ჩემანელამ! მოვკლავ! - ცხენს ეცა.

ეკამ ღიმილით გამოხედა ბაკურს. თითი დაუქნია. მოვიდა. წინ ჩამოუჯდა. ბაკურმა ყანწები
შეავსო.

-ეკა, მოდი ნოდარი და დალი დავლოცოთ! - ჩასჩურჩულა.

ცხენოსანი მდევრები დაეშვნენ მთებიდან ხეობისაკენ.

ხეობებიდან ნისლები მოიწევდნენ მწვერვალებისკენ.

III თავი

-გაიცანი, დედა, ეს ეკაა, - თქვა ბაკურმა.

-გამარჯობათ, დეიდა თამარ! - გაიღიმა ეკამ.

-მობრძანდით, შვილო! - თბილი ღიმილი შეაგება თამარმა. - დილიდან გელოდებით! -


ცომიანი ხელები სწრაფად გადაიბანა, ეკას მოხვია ხელი, აკოცა.

-დედა, როგორ არის საქმე, ჩემი დახმარება გჭირდება რამეში?


-ბატკანია, შვილო, დასაკლავი. სხვა ყველაფერი მზადაა.

ეკამ დაინახა იქვე, მოლზე მოკუნტრუშე თეთრი ბატკანი, რომელიც ნებიერად დარბოდა აქეთ-
იქით. ბაკურმა ბატკანი დაიჭირა, ქამარზე დაკიდებული სანადირო ორლესული დანა ამოიღო. ეკა
შემობრუნდა. არ შეეძლო ყურება. ,,ალბათ ატყავებს უკვე!” - გაიფიქრა ცოტა ხნის შემდეგ და ბაკურს
გახედა. გაოცდა. ხეს მიყრდნობილი, რაღაც უხერხული ღიმილით დაჰყურებდა ვაჟი გაშიშვლებულ
დანას. თავდახრილი იდგა. ბატკანი იქვე ბალახს წიწკნიდა... მიუახლოვდა ეკა.

-არ შემიძლია! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბაკურმა. ეკას თვალი მოარიდა.

-რა არ შეგიძლია?

-მე ამ ბატკანს ვერ დავკლავ და ისევ თვითონ გამოვისმევ ყელში დანას! მეცოდება, რა ვქნა!..

ეკას თვალწინ სწრაფად გაირბინა არცთუ დიდი ხნის წინანდელმა კადრებმა. ქალაქი დამასი.
მის მახლობლად პატარა მთაგრეხილი. გაქანებული მანქანიდან ხტება ბაკური, ჰაერში ტრიალდება და
სანამ მიწაზე დაეშვება, უკვე ისვრის. ზედიზედ ეცემიან ძირს მისგან დაცხრილული ადამიანები.
ტყვიამფრქვევმა უმტყუნა... კლდის შვერილიდან ავტომატმომარჯვებული გამოვარდა მაღალი,
მოხდენილი ვაჟკაცი. ბაკურმა ძლიერად გაიქნია მარჯვენა. მურად ხათუთ-ბეგის ნაჩუქარი ხანჯალი
ყელში გაერჭო მეავტომატეს. წვერი კისერში გავიდა. პირიდან სისხლმა ამოხეთქა. ფხოველმა
ავტომატი აიტაცა... სისხლიანი ხანჯალი ამოაძრო და ზედ შეაწმინდა მოკლულს. მხოლოდ ზიზღი,
საოცარი ზიზღი ეხატა სახეზე.

ახლა კი სახე შეცვლილი და სრულიად უწყინარი იმ კაცს ჰგავდა, რომელსაც ცხოვრებაში


ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამს ფეხი...

-მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს! - მეზობელი სახლისკენ გაიხედა ბაკურმა. - ვინმეს დავუძახებ და


დაკლავენ!

-ბაკურ, მომისმინე, - ხელით შეაჩერა ეკამ წასასვლელად გამზადებული. - ჯერ ერთი, ბატკნის
ხორცი მე საერთოდ არ მინდა, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს პატივსაცემად კლავ. თუ შენ გინდა ხორცი,
ხორცის მეტი რა ჩამოიტანე ხატიდან?! მოდი რა, ძალიან გთხოვ, თავი დაანებე ამ საცოდავ ბატკანს. მე
შენგან დაკლულ ბატკნებს, ცხვრებს თუ ხარებს ამ წუთში ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი მიჯობს. ყელში
ამომივიდა ეს ხორცით გადატვირთული სუფრები.

-რისი ჩაი?

-როგორ რისი? ჩაი არ იცი, რაც არის?

-ჩვენთან ადუღებენ პიტნის, ასკილის, დეკის, შალშვის, ჟოლოს, მაყვლის ჩაის. რომელი
მათგანი გინდა?

-იმდენი რამ ჩამომითვალე, - გაეცინა ეკას, - მე უკვე ამებნა თავგზა. შენ რომელიც ყველაზე
უფრო გიყვარს, იმას დავლევ მეც.

ბაკური დაფიქრდა. გაეღიმა.


-ალბათ ხუთი წელი მაინც იქნება, რაც ჩაი არ დამილევია. ადრე ასკილის ჩაი მერჩია
ყველაფერს.

-ვენდობი შენს გემოვნებას. ასკილის იყოს!

ეკას უცებ თვალები გაუბრწყინდა.

-ეს რა არის?

სახლის უკნიდან შველი გამოვიდა. რქიანი, კოხტა თავი მაღლა ასწია. ყურადღებით
შეათვალიერა ეკა. შედგა. უკან დააპირა წასვლა.

-ბემბი! - დაუძახა დაბალი ხმით ბაკურმა, - მოდი ჩემთან!

შველი ნელა გამოემართა მათკენ. დიდი, წყლიანი თვალებით შეაჩერდა პატრონს. ბაკურმა
თავზე მიუალერსა. შველმა ხელი აულოკა.

-საიდან მოიყვანე? - ჩაიმუხლა ეკამ. შვლის ლამაზი თავი მკერდში ჩაიკრა. ხელი აუსვა
ბუსუსიან რქებზე.

-სანადიროდ ვიყავი. ნომერში ვიდექი. ცრიატი დღე იყო, ნისლიანი. მგელი დავინახე უცებ. არ
ჰგავდა მარეკებისგან გამოქცეულს. ფეხაკრეფით ეპარებოდა რაღაცას. გაილურსა. ნახტომისთვის
მოემზადა. ვესროლე, ჩავირბინე. მუხის ქვეშ იწვა ეს ვაჟკაცი, - წკიპურტი წაარტყა თავში, -პატარა,
ახალშობილი. დედა გაქცეულიყო. წამოვიყვანე. დედაჩემმა გაზარდა რძით. უკვე სამი წლისაა.
საშინელი ღორმუცელაა. ერთი ტომარა ნამცხვარი შეუძლია შეჭამოს ერთ ჭამაზე.

-რა სიცოცხლეა! - ეკას ყველაფერი დავიწყებოდა. თვალგაბრწყინებული მისჩერებოდა ბემბის.

სადილს ვახშამიც ზედ გადაება. ჩამობნელდა. სინათლეები არ იყო ფშავში. სანთლებით


გაენათებინათ კაკლის ქვეშ გაშლილი სუფრა. სადღეგრძელოს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას -
სადღეგრძელო. ბაკურის მეზობელს, რომელსაც მეგობრები ,,მოხუცას” ეძახდნენ, უკვე ხმა ჩახლეჩოდა.
მაინც არ უშვებდა გიტარას და ფანდურს ხელიდან. ,,სადაური ხარ, ბიჭო, შენ, ეი!”თავდავიწყებით
გაჰკიოდა. ბაკურის აქაური მეგობრები, ანუ ,,საძმო”, როგორც თავს უწოდებდნენ, ერთმანეთზე
უკეთესი ბიჭები იყვნენ. ეკა ყურადღებით უსმენდა თითოეულ მათგანს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე
საკმაოდ შეზარხოშებულიყვნენ, არავითარი ზედმეტობა მათთვის არ შეუმჩნევია, არც ერთი ზედმეტი
სიტყვა, არავითარი ვულგარულობა. საბოლოოდ მოხიბლეს ეკა ფშაველებმა. ლამაზი საღამო იყო.

-ბაკურ! - მაგიდის ბოლოში აქამდე ჩუმად მყოფმა ენვერმა, როგორც იქნა ხმა ამოიღო. - შენ
წუხელ მგონი მე რაღაცას შემპირდი?!

-მახსოვს! არ დამვიწყებია! - ეკას შეხედა. - ეკა, თუ ძალიან არ ხარ დაღლილი, შეგიძლია


გვიმღერო? ძალიან გთხოვ!

-გთხოვთ! ,,საძმოს” ნუ გაგვანაწყენებთ! - ,,მოხუცამ” გიტარა მიაწოდა.

ქალმა გიტარა ჩამოართვა. ბაკურისკენ გაექცა მზერა. შავი პერანგი ეცვა ფხოველს. უძილობას
თავისი გაეტანა. სახე გაფითრებოდა. ეკამ კარგა ხანს ვერ გაარჩია, რა ეკიდა ყელზე შავი უბრალო
დაგრეხილი ძაფით. გადაიწია, ახლოდან შეხედა. გადაღეღილ მკერდზე ვაჟს ჯვარი და ტყვია დაუნახა.
,,სიმბოლურია!” - სინანულით გაიფიქრა.

-ბაკურის სიმპათიები გალაკტიონის ,,ვერხვებისკენ” იხრება. იქნებ იცოდეთ ,,ვერხვები”? -


შეკვეთა ჩამოაწოდა თამადა ჯემალმა.

-სამწუხაროდ, არ ვიცი ტექსტი! - გაეღიმა ეკას. სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.


სტამბული. რესტორანი ,,ეგვიპტე”...

სულგანაბულნი შეჰყურებდნენ ეკა ბუჩუკურს. გიტარის ხმები საამოდ იღვრებოდა ღამის


სევდიან სიჩუმეში. მიჩერებული ერთ წერტილს - ბაკურის თვალებს, ქალი მღეროდა სიმღერას,
რომელიც ამ წუთებს ალბათ ყველაზე უფრო შეეფერებოდა.

,,სადღაც სოფელში ყმუის მურია

და მიჭრიალებს გზაზე ურემი,

მე შენი ნახვა ისე მომწყურდა,

დავკოცნე შენი ნაფეხურები...”

შუაღამისას დაიშალა ,,საძმო”. რბილ, ფუმფულა საწოლში თავჩარგულმა ეკამ შვებით,


ნებიერად ამოისუნთქა. სადღაც ძაღლი ყეფდა. მამლები ყიოდნენ უკვე. კარზე მორიდებული კაკუნის
ხმა გაისმა.

-მობრძანდით! - შემკრთალმა გასძახა.

კარი თამარმა შემოაღო. ჩაი შემოუტანა. დაუდგა.

-ვაიმე! რატომ შეწუხდით, დეიდა თამარ, ისედაც მთელი ღამე ფეხზე, უძილოდ გაატარეთ. -
შეწუხდა ეკა, წამოიწია, მისწვდა ფინჯანს.

-რა შეწუხებაა, შვილო! თქვენ იყავით კარგად და მე თუნდაც მთელი წელი არ დავიძინებ.
სინათლე დაგიტოვო? - თამარმა დაცლილი ფინჯანი აიღო, დაიხარა, აკოცა ეკას. - დაიძინე, ჩემო
ანგელოზო. ხომ არ გცივა?

-არა! ბაკურმა დაიძინა? - მოკრძალებით იკითხა.

-კი. დაწვა უკვე. ძილი ნებისა! - კარი გაიხურა.

ეკამ ბალიშს შემოხვია ხელი. ,,ღმერთო, რა კარგია აქ!” გული დაწყდა, უცებ გაახსენდა, რომ
კვლავ თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. კედელს შეავლო თვალი. ვეება დათვის ტყავზე
გარდიგარდმო ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხმალი ეკიდა. გვერდით ირმის რქებზე თოფი,
პატრონტაში, ხანჯალი... ,,ბრაკონიერი!” - გაეღიმა. სანთელს შეუბერა. ჩააქრო.თვალები დახუჭა.
თითქმის მაშინვე ძილ-ბურანში გაეხვია...

...უსიერ, უღრან ტყეში მიაბიჯებდა ეკა. თეთრი, საქორწინო ტანსაცმელი ეცვა. უჭირდა
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ვიწრო კაბით გადმოლეწლი ხეებზე გადაბიჯება, ეკლიან ჯაგნარში
სიარული. წინ ბემბი მიუძღვოდა. ჯიუტად მიიწევდნენ წინ. ცოტაც და დამთავრდა ტყე. ირგვლივ
ყვითლად გადაპენტილიყო იელი, თეთრად ყვაოდა დეკა. ცა იყო ლურჯი... ქარმა დაჰქროლა. ცა შავად
დაიბურა უცებ. მთის მწვერვალზე მხედარი გამოჩნდა. იცნო შავი ცხენი ეკამ. გაოცებულმა შენიშნა
რომ კვლავ შავები ეცვა ბაკურს. მანაც შენიშნა ეკა. უყვირა რაღაც. მთებში გავარდნილმა ექომ მოაღწია
ეკამდე. ,,უკან! უკან შედი, ტყეში! წადი აქედან! ნაბიჯი არ გადმოდგა წინ!” - საშინელი ხმით
ღრიალებდა ბაკური. მიიხედ-მოიხედა. შველი აღარსად იყო. თვალის დახამხამებაში გახმა ყვითლად
და თეთრად დაპენტილი ყვავილები. გამხმარ ბალახებში აფუთფუთდა, ამოძრავდა რაღაც. გაშეშდა
ეკა, გაშრა. მის წინ ასობით, ათასობით გველი ირეოდა. თავაწეულები, საშინელი სისინით მოიწევდნენ
მისკენ. ბედს შეგუებულმა ბაკურს გახედა. გველებზე ზედ მოფრინავდა შავი ცხენი. ფლოქვებით
თქერავდა, სრესდა ქვეწარმავლებს. არაბი უფლისწულის ნაჩუქარი ხანჯალი ეჭირა ხელში ფხოველს.
გველების სისხლში იყო ამოსვრილი ცხენიც და მხედარიც. უკან მიიხედა ეკამ. თვალუწვდენელი
უფსკრული გაჩენილიყო ტყის ზოლამდე. ,,ნუ გეშინია!” - ჩაესმა. მოიხედა. გვერდით
გულხელდაკრეფილი, სევდიანი სახით, წვერმოშვებული, მაღალი ტანის ვაჟკაცი ედგა. ნაღვლიანი
თვალებით გაჰყურებდა ბაკურს. ფხოველმა წუთით შეაჩერა ჰაერში სისხლიანი ხანჯალი. სიხარულმა
გაუნათა სისხლით მოსვრილი სახე. ,,ეკას უშველე, ახმედ!” - გამოსძახა. რამაზანოვს ღიმილი
გამოეხატა თითქოსდა სანთლისგან ჩამოქნილ სახეზე. ეკას უცებ გაახსენდა: ის ხომ მკვდარი იყო...
,,ეკას მე წავიყვან! ჩემთან იქნება! არ იდარდო!” - ხმადაბლა, საშინელი ხიხინით წარმოსთქვა მკვდარმა.
ქალიშვილისკენ გამოიშვირა ჩონჩხად ქცეული, გრძელი ხელები. ეკა უკან მიაწყდა, უკან, სადაც
საშინელ უფსკრულს დაეღო ხახა...

-ეკა! ნუ გეშინია! - ბაკურმა კარები ლამის შეამტვრია და საწოლის კუთხეში მიყუჟული ეკა
ხელში აიტაცა. - დედა! სინათლე აანთე ჩქარა! - ეკას შემაძრწუნებელ კივილს ზეზე წამოეყარა დედა-
შვილი.

-რა სიზმარი ნახე მაგნაირი? - ბაკურმა ლოგინში ჩააწვინა, საბანი ფრთხილად წააფარა.
საწოლზე ჩამოჯდა. თამარმა წყალი შემოიტანა. შეშინებული დატრიალებდა თავს. ,,როგორა ხარ,
შვილო?” წამდაუწუმ ეკითხებოდა შემკრთალი. შერცხვა ეკას.

-კოშმარები იყო რაღაც საშინელი! - გული ძალუმად უცემდა ისევ.

-ოხ, შე მშიშარა! - გაიცინა ბაკურმა. კედელზე დაკიდებულ ხანჯალს მისწვდა, ქარქაშიდან


ამოიღო, ბალიშქვეშ შეუდო ეკას. - დაიძინე, ახლა უკვე აღარ ნახავ ცუდ სიზმარს.

-დედა, სინათლე არ ჩააქრო. იყოს სანთელი, - ფხოველმა ზეწარი აიღო, იქვე მდგარ დივანზე
მიწვა. ზედ წაიფარა.

მართლაც აღარ შეუწუხებია ცუდ სიზმრებს ეკა. დილა შეუმჩნევლად შემოიპარა მაღალი,
ნათელი ოთაახის ფანჯრებში. მზე ამოვიდა. წამოდგა ეკა. გადაიცვა. ბაკური არსად ჩანდა. თამარი
ჭურჭელს რეცხავდა.

-დეიდა თამარ, სადაა ბაკური?

-სათევზაოდ წავიდა, მალე მოვა. როგორ გეძინა?

-კარგად. აღარ მინახავს ცუდი არაფერი, - გაიცინა ეკამ. - მოგეხმარებით.


თავიდან ფეხებამდე სველი მოვიდა ბაკური. ბადე მოლზე გაშალა.

-ვაიმე, რამდენია! რა ლამაზებია! - ეკა სახეგაბრწყინებული დაჰყურებდა კალმახებს,


რომელთაგან ზოგი ისევ ცოცხალი იყო.

არაგვის პირას ისხდნენ. ეკას ბაკურის მუხლებზე ედო თავი. თვალდახუჭული


გარინდებულიყო. ფხოველი მთების ჩამოთლილ ფრიალოებს გასცქეროდა ჩაფიქრებით. მინებდა
ფიქრებსა და მოგონებებს და ეს ფიქრები და აზრები თანდათან მოწესრიგდნენ, მოზაიკის კენჭებივით
შეუერთდნენ მის მოგონებებს და მთელი მისი გამოცდილება, ნახულ-გადატანილი და სიმწრით
მოპოვებული ცოდნა და მრავლის უმრავლესი პასუხგაუცემელი კითვა შეერწყა ახლადათვისებულ
ჭეშმარიტებასა და იმ ცოცხალ სამყაროს, რომელიც ახლა მის წინაშე დილის ბრწყინვალებაში
გაშლილიყო.

თმებში შეუცურა ხელი. სიცოცხლეს მისცემდა ბაკური, ოღონდ მთელი ცხოვრება


გაგრძელებულიყო ეს წუთები. ,,გათბი მისი სხეულის სიმხურვალით, დატკბი მისი სილამაზით, ყური
დაუგდე მის განთავისუფლებულ სუნთქვას, იყავ ბედნიერი. ხომ ამოხველ ბოლოსდაბოლოს იმ
უფსკრულიდან, ამ დრეობამ თუ ბედმა მდევარმა რომ გადაგისროლა, ჭეშმარიტი, სიყვარულით
აღვსილი ცხოვრების ზედაპირზე, იმ ცხოვრებისა, შენ რომ ეძებდი! აღარაფერი გყოფს ეკასგან, არც
უცხოობის უფსკრული, არც რამ წარსული! წარსული?” - სინანულით გადახედა განვლილ ცხოვრებას.
უაზროდ დაკარგულ წლებს.

თხუთმეტი წლის იქნებოდა ბაკური, როცა სიყვარულის ოცნება ჩაესახა გულში. მაგრამ
ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა მისთვის ამ ქვეყნად. სიცრუე აღმოჩნდა სიყვარულიც და მასზე
ოცნებაც. ცხოვრება სულ სხვაგვარი იყო, სიყვარულიც სულ სხვაგვარი. სიყვარულიც ცხოვრებასავით
სავსე აღმოჩნდა წინააღმდეგობებით. გატაცება, გაბრუება, გამოიფხიზლება, სასოწარკვეთა. მაგრამ რას
იზამ, ასეთია ცხოვრება და ასეთით უნდა დაკმაყოფილდე.

-წამოსვლისას მარიკა ვნახე, - ეკას თვალი არ გაუხელია, ისე თქვა. ბაკურს ხმა არ გაუღია.

-შენი ნახვა უნდა! - ეკამ პირდაპირ შეხედა. - უნდა ნახო. სხვანაირად ალბათ არ შეიძლება.

-ჩამოვალ თბილისში და ვნახავ, - ჩაფიქრებული ჩააცქერდა არაგვის სწრაფ, თეთრ ტალღებს.

-ბაკურ! - ეკა წამოჯდა. თავი გაიქნია. თმები ხელით გადაისწორა, - იცი? მე და ჩემს
თანამშრომლებს ერთი აზრი მოგვივიდა თავში. ჩვენთან გეპატიჟებით სამუშაოდ.

-შენი აქ, ჩემთან ამოსვლა ისევ საქმიანი შეხვედრა ყოფილა?! - ნაღვლიანად გაიღიმა. - მერე და
შენ თუ იცი, რომ მე არ მაქვს საიმისო განათლება, უშიშროებაში რომ შეიძლებოდეს ჩემი მუშაობის
დაწყება?

-ყველაფერი ვიცით. გეტყვი უფრო მეტსაც. შენ მაიორის სამხედრო წოდება გაქვს. ჩვენ
გინარჩუნებთ ამ წოდებას და ინიშნები თენგიზ გადალენდიას მოადგილედ. ცხადია, დროებით.

-დიდი პატივია! გმადლობთ! კი მაგრამ, ვინაა თენგიზ გადალენდია?

ეკამ დაფიქრებით შეხედა ბაკურს.


-გინდა ერთი პატარა ზღაპარი მოგიყვე?

-ზღაპარი? ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ზღაპრები. მომიყევი.

-იყო და არა იყო რა, - ეკას თვალები დაენისლა. - იყო ერთი ობოლი და-ძმა. ბებია ზრდიდა
მათ, მოხუცი პედაგოგი, რომელიც წელებზე ფეხს იდგამდა, რომ ყოველდღიური ლუკმა-პური
ჰქონოდათ მისი ხელის შემყურე უმწეო ბავშვებს. გადიოდა წლები. გაჭირვებით, მაგრამ მაინც
იზრდებოდნენ. აკლდათ ბევრი რამ. ტანსაცმელიც არ ჰქონდათ წესიერი. ამაყი იყო ბებია. არავის
სთხოვდა დახმარებას, შველას. ცდილობდა მხოლოდ ერთს: ზნეობრივად ამაღლებულად დაეზარდა
შვილიშვილები. ერთ მშვენიერ დილას, როცა უკვე ობლებმა ცხრა კლასი დაამთავრეს, ბებია
ლოგინიდან ვეღარ წამოდგა. მის თავზე დახრილ შემკრთალ ბავშვებს უკანასკნელად შეავლო
სიბრალულით ცრემლიანი თვალები. მიიცვალა იმავ დღეს. უცებ გაჩნდა ნათესაობა. დაკრძალეს ბებია.
ანუგეშებდა ობლებს ყველა. ყველა თანადგომას პირდებოდა, მაგრამ მალე ყველამ მიივიწყა ისინი.
ყველამო, გითხარი? არა, ყველამ არა!

მთელი ზაფხული ძმა გასული იყო სახლიდან. სადღაც იკარგებოდა. საღამოს მოდიოდა
გამტვერილი, ჭუჭყიანი, დაღლილი. გვიან გაიგო დამ, რომ თურმე ცეცხლფარეშად დაეწყო მუშაობა,
მხოლოდ იმიტომ, რომ დისთვის სასკოლო ტანსაცმელი ეყიდა...

მორჩა მეათე კლასის გამოსაშვები გამოცდებიც. ბანკეტს იხდიდა მათი კლასი. ჯერ დილა იყო.
საღამოს შეიკრიბებოდნენ თანაკლასელები, რაიკომის მდივნის ვაჟიშვილის ოჯახში, სადაც
გამოსათხოვარი სუფრა უკვე მზადდებოდა. სიხარულით სახეანთებული ახალგაზრდები ჯგუფ-
ჯგუფად დასეირნობდნენ პატარა, პროვინციული ქალაქის ქუჩებში, სკვერში. სურათებს იღებდნენ.
ვიღაცეები სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს. სხვები პირდაპირ ქუჩაში ხსნიდნენ შამპანურს.

და-ძმა კი ამ დროს მარტო იჯდა სახლში, მივიწყებული ყველასგან. ძმა ფანჯარასთან


მიმდგარიყო. თვალს არიდებდა ლოგინზე ჩამხობილ, მოქვითინე დას. მათ ბანკეტისთვის შესაფერისი
ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ბებიასავით ამაყები იყვნენ. დახეული, გაცვეთილი ტანსაცმლით ვერ
მივიდოდნენ იქ. ამ დროს მანქანა შეჩერდა მათ კარებთან. ძმამ ფანჯარაში გაიხედა. ,,თვალები
მოიბანე!” - უთხრა დას. კარების გასაღებად წავიდა. ქალაქიდან იყო სტუმარი, მათი მამის ბავშვობის
მეგობარი. გამომცდელად შეხედა სახეაწითლებულ გოგოანს. მზერა ძმაზე გადაიტანა. ,,მე აქ ჩამოვედი
იმიტომ, რომ თქვენთვის სკოლის დამთავრება მომელოცა. თქვენ კი ტირით?” ძმასთან მივიდა. თავი
ააწევინა. ცრემლები კიაფობდა ბიჭის თვალებშიც. ,,დღეს, როგორც ვიცი, ბანკეტია თქვენი კლასის.
რატომ იქ არ ხართ?” - სიმკაცრე გაკრთა მამის მეგობრის ხმაში. უსიტყვოდ იდგა ძმა. ხმას არ იღებდა.
სტუმარი პასუხს ელოდა. ,,ტანსაცმელი არა გვაქვს!” - უცებ თქვა გოგონამ და კვლავ ტირილი წასკდა.
გაოცებულმა შეხედა ბავშვებს. სახე გაუფითრდა. საათს დახედა. ,,ჩქარა მანქანაში!” - ლამის ძალად
ჩაყარა და-ძმა ,,ვოლგაში”. მანქანა თბილისისკენ მიქროდა...

ბანკეტის ახმაურებული სუფრა უცებ ჩაჩუმდა. კარებში და-ძმა იდგა. განცვიფრებულები


შეჰყურებდნენ თანაკლასელები. მდივნის ბიჭმა უხერხული ღიმილით დახედა
თავის ატელიეში შეკერილ კოსტიუმს. უკანასკნელი მოდის თეთრ, უცხოური წარმოების კოსტიუმში
იყო ძმა გამოწყობილი. შვენოდა მაღალ, ლამაზ ბიჭს თეთრი ტანსაცმელი. თეთრები ეცვა დასაც.
ზღაპრების დედოფალს ჰგავდა...
მამის მეგობარს ისინი აღარ მიუტოვებია. ორივეს დაამთავრებინა ინსტიტუტი. ბინა მიაღებინა.
ცხოვრების გზაზე ხელი შეაშველა. ადამიანებად, ნორმალურ პიროვნებებად ჩამოაყალიბა.

ეკა გაჩუმდა, დუმდა ბაკურიც.

-ალბათ აღარ გჭირდება იმის თქმა, ვინ იყო ობოლი და-ძმა. მათი კეთილი ანგელოზი კი ის
კაცი იყო, ვისზეც შენ მკითხე, თენგიზ გადალენდია გახლავთ ჩემი აღმზრდელიც, მამაც და უფროსი
მეგობარიც... მე ველოდები პასუხს შენგან!

-ეკა, შენ ელოდები ჩემგან პასუხს! მე არათუ არ დავიწყებ სამსახურს თქვენთან, შენც გთხოვ,
თავი დაანებე მანდ მუშაობას. არაა ეგ შენი მოწოდება. უშიშროება არაა ქალის, შენნაირის შესაფერისი
ადგილი...

არაფერი უთქვამს ეკა ბუჩუკურს. ყელზე მოეხვია. ლოყაზე წამწამებით მიელამუნა.

-ესე იგი არა?!

-არა!

გრილოდა არაგვის პირას.

IV თავი

აგვისტოს ბოლოა. ღამის პირველი საათი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მცხეთა ორი
მდინარის შესართავს მიჰკვრია ზედ, საშინელი ხვატი ტრიალებს მაინც. კარ-ფანჯრები გამოუღიათ
მცხეთელებს, ცდილობენ დაძინებას, მაგრამ ამაოდ. შეუძლებელია ძილი. ძილი გაუკრთო უსაშველო
სიცხემ სვეტიცხოვლის წინამძღვარს. ანაფორიანად მიწოლილი მამა დავითი ზეზე წამოდგა, ეკლესიის
მსახურთათვის შეუფერებელი სიტყვები წარმოთქვა ბუნების გამჩენის მიმართ. სინათლე არ აუნთია.
გარეთ გამოვიდა. სკამზე ჩამოჯდა აივანზე. ჯვრის მონასტერს გახედა. პირჯვარი გადაიწერა.
სიყვარულით შეათვალიერა სვეტიცხოველი, მკრთალად განათებული ეზო. გალავნის მიღმა სადღაც
მანქანა გაჩერდა. სულშეხუთული, გაზეთით ინიავებდა სახეს მამა დავითი. გაზეთი ხელში გაუშეშდა.
გაოცებული მიაჩერდა გალავანს. გალავანზე დალანდა კაცის სილუეტი, რომელიც მავნე სულივით
უხმაუროდ გადმოეშვა ძირს, ტაძრის ეზოში. ,,მძარცველი! წყეული სატანა!” - ბრაზით გაიფიქრა
წინამძღვარმა. ხელი ტელეფონისკენ გაექცა. საჭირო იყო მილიციის გამოძახება. შეყოყმანდა.
ერთგულმა ღვთის მსახურმა ვერ გაიმეტა უდროო დროს მოვლენილი სტუმარი. წამოიწია.
რამდენადაც სინათლე საშუალებას იძლეოდა, დააკვირდა უცნობს, რომელიც წელში გამართული,
ნელი ნაბიჯით ეკლესიისკენ მოემართებოდა. გაიბრჭყვიალა რაღაცამ მის ტანზე. მამა დავითმა
მხედველობა დაძაბა. ფორმიანი იყო. ,,პორტუპეი” ყვითლად ციმციმებდა მკრთალ სინათლეზე.
ქამარში გაშიშვლებული იარაღი ჰქონდა გაჩრილი. პისტოლეტი ამოიღო. იქვე, საფლავის ქვაზე დადო;
ტაძრის წინ შეჩერდა. სამჯერ ზედიზედ პირჯვარი გადაიწერა, ეამბორა ტაძრის თაღებს. მუხლებზე
დადგა. სანთლები დაანთო თან მოტანილი. კედელს მიაკრა... გული გაუნათდა წინამძღვარს. ჩამოვიდა
კიბეებზე. უკნიდან მიადგა დაგვიანებულ მლოცველს. ჩაახველა ხმადაბლა. უცნობმა თავი აწია.
წამოდგა.
-შევცოდე, მამაო? - იკითხა თავდახრილმა.

-არა, შვილო! ჭეშმარიტი მორწმუნე სხვათა დასანახად კი არ უნდა ლოცულობდეს,


მარტომყოფი უნდა ევედრებოდეს უფალს. შენ არაფერი შეგიცოდავს. პირიქით. ლოცვა სულის
ტანჯვას ამსუბუქებს. მცხეთელი ხარ?

-არა. დუშეთიდან ვარ.

-არ გკითხავ იმას, აქ საიდან მოხვდი შუაღამისას! არაა ეგ ჩემი საქმე. სტუმარი ხარ, მცხეთაში
ჩამოსული, მეცი პატივი, შემოდი ჩემთან, თითო ჭიქა ღვინო დავლიოთ.

-გვიანი არაა, მამაო?

-არა, არ არის გვიანი. ძილი გამიკრთა. ვეღარ ვიძინებ მაინც...

წინ გაუძღვა. აივანზე ავიდნენ. მამა დავითმა ოთახში შესვლამდე ბოდიში მოიხადა. წუთით
დატოვა სტუმარი. გვარდიელი სკამზე ჩამოჯდა. თვალებმოჭუტვით გახედა მთვარეს, რომელიც
ზედაზნის პირად ამართულ კლდეს თავზე მოქცეოდა. შემწვარი ქათამი, მწნილეული, სალათა, თონის
პური და თიხის დოქით ღვინო დაალაგა მღვდელმა პატარა მაგიდაზე. ჩამოჯდა თვითონაც. შეავსო
ჭიქები.

-სანამ ჩემთან ჭიქას აწევდეთ, მამაო, - მაგიდას მიჩერებულმა წარმოთქვა ოფიცერმა, - მინდა
იცოდეთ, რომ რამდენი ცოდვაც არსებობს ამ ქვეყნად, ორჯერ იმდენი მე მაქვს ჩადენილი.

-კაცი მოგიკლავს? - ყურადღებით შეათვალიერა წინამძღვარმა.

-ბევრი ძალიან.

-სად, თბილისის, მცხეთის, დუშეთის ქუჩებში?

-ღმერთმა დამიფაროს! - შუბლშეკრულმა გამოხედა. - არა, მამაო, ომებში მხოლოდ და


მხოლოდ.

-ჩემი წონა ვარსკვლავები გაკერია, შვილო, მხრებზე და კი უნდა იცოდე, რომ ომში მტრის
მოკვლა არაა ცოდვა. შენ არ მოკლავ და შენ მოგკლავენ, დაიხსომე ეს. არ მოკლავ, არ მოსპობ
ფიზიკურად და წაგიბილწავენ ერსა და მამულს, ოჯახს და საკუთარ მეს.

-გაწყვეტინებთ, მამაო, მაგრამ იყო დრო, როცა მე თვითონ ვბილწავდი სხვის ერს და მამულს,
სხვის ოჯახს და მეობას.

-ავღანეთი გაქვს მხედველობაში?

-მიმიხვდით.

-მანდ შენ არაფერ შუაში ხარ. შენ ბრმა იარაღი იყავი მხოლოდ. ცოდვას მათ კისერზე
გადაატარებს უფალი, ვინც ომი წამოიწყო იქ. ნუ ნაღვლობ მაგაზე. იქ ნაომარი მე ძალიან ბევრი ვიცი,
ავღანეთი რომ ცხოვრების წყაროდ გამოიყენეს და იყენებენ დღესაც.
-მათ აქვთ ის, რაც მე არ გამაჩნია, - თვალებში შეხედა მამა დავითს. - მათ აქვთ
თავისთავადობა, ცხოვრობენ ისე, როგორც ესმით, თავისთავადი ცხოვრებით.

-ცოტა არ იყოს, არ მესმის შენი.

-ცხოვრებით მეც ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრების ოცდაცამეტი წლის მანძილზე მთელი ჩემი
შესაძლებლობანი ამოვწურე და დღესდღეობით თავი პროფესიონალი მეომარი მგონია. მაგრამ ეს არ
არის თავისთავადობა. არა, ეს უფრო წინასწარგანზრახული ამოცანა იყო, რომლის მიღწევა და
დაუფლება ძალიან ძვირი დამიჯდა, დამიჯდა ნებისყოფის დაუსრულებელ დაძაბვად. ეს მხოლოდ
იმით მოვახერხე, რომ ჩემს უნებლიედ მივყევი დინებას, მიზნის მიღწევა შეგნებულად დავისახე და
არა თავისთავად გამიჩნდა...

-რა მიზანი გაქვს ამ წუთში?

გვარდიელს ხმა არ ამოუღია.

წინამძღვარმა მცირე ხანს შეიცადა. გამოცალეს თითო სასმისიც. მერე კვლავ ჰკითხა:

-მგონი, შენ თვითონაც არ იცი?

-ვიცი! ვიცი, მამაო! ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია: ჩვენი დაკარგული ქალაქების და სოფლების
დაბრუნება.

ამოიხვნეშა მამა დავითმა.

-ძალიან კარგი. შემდეგ? ვთქვათ, დავიბრუნეთ, შემდეგ, რა იქნება შენს ცხოვრებაში?

-რა ვიცი... შემდეგ ალბათ დიდი, ნამდვილი ბედნიერება დადგება, ისეთი, ბავშვობისას რომ
ვოცნებობდი. რა ვიცი, შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ მოლოდინია, რითაც ადამიანი ცხოვრობს.
შემდეგ ალბათ დადგება უღიმღამო, შინაარსისგან დაცლილი დრო, რომელიც როგორმე უნდა
გაათრიო.

-გადამრევ შენ! - გაოცდა მამა დავითი. - ისეთ რაღაცეებს ამბობ, კაცს გულს გაუხეთქავ.
ცხოვრებას უნდა უყურო, როგორც ამოცანას, რომელიც უნდა ამოიხსნას.

-ვიცი ეგ მე. ადამიანი რაღაც მიზანს ისახავს, უნდა, რომ გონივრულად იცხოვროს, მაგრამ კაცი
მარტო გონებით ხომ არ ცხოვრობს, მამაო?

-ღირს შენთან კამათი. მართალი ხარ. ადამიანი ცხოვრობს გრძნობითაც, გულითაც.

-სინამდვილეში ეს ყველაფერი არამეცნიერული მცნებებია, - გაეღიმა მოსულს. - ერთი


პროფესორი ასე ამბობდა: ცენტრალური ნერვული სისტემა უჩვეულოდ რთულია... ასეა თუ ისე,
გრძნობაში, გულში ჭეშმარიტს ყალბისგან ძნელად გაარჩევ. ისტორიას გადავავლოთ თვალი: იმ
ეპოქაში, როცა ადამიანი უპირატესად გონებას ეყრდნობოდა, მისი დაბნევა უფრო ძნელი იყო.

-შესაძლოა, შენ კვლავ მართალი ხარ, - ჩაფიქრდა წინამძღვარი. - შენი ლოგიკით მე უკვე
დამაბნიე. ყოველ შემთხვევაში, ახლა ჩემთვის ნათელია, რას გულისხმობდი, როცა ამბობდი, ყოფილი
ავღანელების მეტი წილი თავისთავადი ცხოვრებით ცხოვრობსო. ეჰ, რა აუცილებელია ეს წყეული
ომები?!

-ომი აუცილებელი არ იყო არასდროს! - განაგრძო სტუმარმა, - მაგრამ კაცმა რაღაც გაჭირვება
უნდა გაიაროს, საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ ილუზიები რომ გაფანტოს. საქმე ისაა, რომ ჩემი
ამჟამინდელი ,,მე” სხვაგვარია, ვიდრე ბავშვობისდროინდელი იყო და ცხოვრებაც სხვაგვარი
აღმოჩნდა, ვიდრე მას ბავშვური თვალებით ვხედავდი.

-მწნილი მიატანე! გემრიელია! - თეფში მიუწია. - ესე იგი შენ ფიქრობ, რომ საჭიროა ადამიანის
რამენაირად გამოფხიზლება?

-საჭიროა! ბავშვობიდანვე შევქმენით მითები სამყაროს და საკუთარ თავზე, მერე კი, რაც უფრო
მეტს ვსწავლობდით ცხოვრებისგან, მით უფრო სწრაფად იმსხვრეოდა მითები. ყველაფერი, რაც კი
საიმედოდ და ღირებულად გვეჩვენებოდა, ქაოსურად ირეოდა და მნიშვნელობას ჰკარგავდა. ასე
მოვხვდით ერთ მშვენიერ დღეს ჩქარ დინებაში და ვეღარსად მოვიკიდეთ ფეხი. შემდეგ შევუდექით
ძებნა-ძიებას, ვეძებდით ისეთ ცხოვრებას, როგორიც სინამდვილეშია, ისეთ სიყვარულს, როგორსაც
ცხოვრებაში ვხვდებით, იმ ძალებს, რომლებიც სინამდვილეში წარმართავენ ცხოვრებას. და ეს
ყველაფერი ხდება იმ დაწყევლილ დროს, როცა სიმართლის ნაცვლად ახალ მითებს გჩრიან - აი, ესაა
ჩვენი ახალგაზრდობის უბედურება...

-დღეს შენ, როგორც ვხედავ, ძიებაში ხარ...

-დიახ! ვეძებ დღეს, მაგრამ არა ისე, როგორც უწინ. მაშინ ჩვენ უმწეონი ვიყავით... ხაზს ვუსვამ:
არა მარტო მე, ჩემი თაობა. არა გვქონია რამე საზომი, საყრდენი წერტილი, რომელზე დაყრდნობითაც
სამყაროს გადაბრუნებას შევძლებდით. არ გვქონდა, ასე ვთქვათ, არქიმედეს საყრდენი წერტილი. დღეს
ჩვენ ეს წერტილი გვაქვს! მე პირადად ვგრძნობ ფეხქვეშ მიწას და ახლა სამყაროს შეცნობას შევუდექი.

მამა დავითი წინ გადაიწია და მოუთმენლად, დაძაბულად შეაცქერდა:

-მაშ რაღას ეძებ კიდევ?

-საკითხი ასე დგას: სამყარო და ,,მე”. სამყარო შეცნობადია, შეიძლება მისი შეცვლა და დადგება
დრო, როცა იგი ცივილიზებული უწმინდურობის ორმო აღარ იქნება, იქცევა იმად, რაც უნდა იყოს -
ურთიერთშეთანხმებული, მშვიდობიანი კაცობრიობის სამშობლოდ. ასე იქნება ეს. მაგრამ რა ეშველება
ჩვენს ,,მეს”? შეცნობადია თუ არა ჩვენი ,,მეც”? შეძლებს თუ არა ეს ,,მეც”, აქ, თავისი ცხოვრების
მანძილზე მიაღწიოს იმას, რომ აღარ იყოს დევნილი, აღარ ხრავდეს შინაგანი წინააღმდეგობანი, აღარ
იყოს ქვეყნად მიუსაფარი, მხოლოდ მოაზროვნე, გამრჯე, მეტყველი ცხოველი და იქცეს იმად, რაც
უნდა იყოს - ჭეშმარიტ ადამიანურ ,,მედ”?

წინამძღვარმა ისე შეავსო ღვინო, რომ ოფიცრისთვის თვალი არ მოუშორებია. ჩაფიქრებული


დუმდა კარგა ხანს.

-ძალიან ბევრი რამის გარკვევა მოგინდომებია, შვილო ჩემო, - თქვა ხანგრძლივი ფიქრის
შემდეგ. - ძიება ცოდნისა. სიცხადისა გასაგებია ჩემთვის; მაგრამ ,,მეს”, ცხოვრების, სიყვარულის ასეთი
სასოწარკვეთილი ძიებისა რა მოგახსენო... დააცადე, რომ შენი ,,მე” შენსავე არსებაში მომწიფდეს,
ადროვე, რომ სიყვარული თავად გეახლოს და იცხოვრე ისევე, როგორც შენს ირგვლივ მყოფნი
ცხოვრობენ. მოცდაც უნდა შეძლო... თუმცა, რასაც ვამბობ, ეს შენი კითხვის პასუხი არ არის! - გაიღიმა
მამა დავითმა და რატომღაც ამ ღიმილს წუხილის იერი მიეცა. - შენ ალბათ გირჩევნია, ყველა კითხვას
თვითონ გასცე პასუხი. რასაც ადამიანები ერთად გადაიტანენ, ზოგიერთმა ის ტანჯვით უნდა
განიცადოს. ასეა ეს. ხდება ასეთი რამ. მე წავიკითხე სტუდენტობისას გერმანელი პოეტის ბეხერის
ლექსები. ის, რაც სხვებმა გადაიტანეს - გერმანიის დაბრუნება ბარბაროსობის საფეხურზე,
სამშობლოდან განდევნა, მშობლიური კერისა და ენის გამო გულისტკივილი - პოეტს უნდა სულიერი
ტანჯვით განეცადა და მკითხველი გრძნობს, თუ რაოდენ ღრმად და პატიოსნად განიცადა მან ეს...

-მე პოეტი არა ვარ, მამაო. ძალიან გთხოვთ, მოვეშვათ ამ თემას და ამაზე მეტს ნუღარ
ვილაპარაკებთ, - ღამეს გახედა, განათებულ ფონზე შავად აღმართულ მონასტერს შეავლო თვალი.
რომელიღაც ღამის ფრთოსანმა გაიფრთხიალა ჩირგვნარში.

-ეჰ! მოდი, შვილო, სიცოცხლეს გაუმარჯოს, უფლის ბოძებულს! - სასმისი ასწია მამა დავითმა.

-გაუმარჯოს, მამაო! - გაიღიმა გულღიად გვარდიელმა. - გაუმარჯოს. ღირს სიცოცხლე


ნამდვილად, რადგან არის ასეთი ღამეები, ასეთი მთები, გვაქვს ასეთი ხელთუქმნელი ძეგლები,
როგორიც სვეტიცხოველია, ნაძვების თავანებზე დაკიდული გალეული მთვარის ნამგალი, რადგან
გვყოლია, გვერდით გვყავს მეგობრები და შეგვიძლია ბედნიერებაზე ვიოცნებოთ!...

გამოსცალა. ღიმილით შეჰყურებდა მამა დავითი.

-როდის მიდიხარ აფხაზეთისკენ?

-ხვალ!

-ფრთხილად იყავი. გახსოვდეს, რომ უბედურება და ბედნიერება გვერდი-გვერდ სახლობენ.


მათ შორის ღობეც კი არაა გავლებული. განშორებისას მაინც მითხრა იქნებ სახელი შენი?

-ბაკური მქვია, მამაო!

-შვილო ჩემო, ბაკურ! მანამ, სანამ სასულიერო აკადემიას დავამთავრებდი, ფილოსოფიის


ფაკულტეტი დავამთავრე. სამოცდაშვიდი წლის ვარ. ბევრთან მისაუბრია, მიკამათია, მაგრამ ასეთი
სულიერი სიამოვნება არასოდეს განმიცდია, რაც შენთან საუბარმა მომგვარა. ბედნიერი ვარ იმით, რომ
მივხვდი, დავინახე: უფლის და შენი შემწეობით, საქართველოში არ გადაგვარებულა ახალგაზრდობა.
ხართ უაღრესად ერუდირებულნი, შეგიძლიათ ბრძოლაც და კამათიც.

გაეღიმა ბაკურს.

-არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში ყველაფერს იოლად აღწევენ, ბრძოლის გარეშე,


თითქოს ეს ასეც უნდა იყოსო. სხვებს კი ყველაფერი ძვირი უჯდებათ, წუთი-წუთ ცხოვრობენ, თუ
შეიძლება ასე ითქვას, შინაგანი არსებობით ცხოვრობენ და ჭეშმარიტებას გაჭირვებით ჰპოვებენ.
მაგრამ მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გარეშე ცხოვრება და თუ დაიბნენ, დაიღუპებიან. მეც იმ
სამყაროდან მოვდივარ, რომელმაც დაბნეულობის მეტი არაფერი მომცა და მინდა მას თავი დავაღწიო.
ახლა კარგად ვიცი, რომ ეს გზა გაცილებით გრძელი და ეკლიანი იქნება, ვიდრე ვფიქრობდი, მაგრამ მე
შევძლებ ბრძოლას... ისიც გამოვცადე, თუ რაოდენ საშინელია, როცა ადამიანები შეცდომების გამო
ზურგს შეგაქცევენ. რადგან არის ისეთი შეცდომა, რომლის გამო შეუძლებელია დამნაშავე არ
შეიძულო. ამჟამად მე მხოლოდ ერთი რამ მაშინებს - კვლავ მარტო არ აღმოვჩნდე ბრძოლაში. მსურს
დავძლიო ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ყოველი სიძნელე, საამისოდ საკმარის ძალას ვგრძნობ.
შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ჩემს სახელზეც დაანთებთ სანთელს?

-ყოველთვის, სანამ ბრძოლაში ფარ-ხმალს არ დაჰყრი და სულიერად არ დაეცემი! -


წინამძღვარს ცრემლები მოაწვა. - სანამ შენში ადამიანის კეთილი ნება არ ჩაქრება! მშვიდობით გევლოს!
ჯვარი გეწეროს!

-მშვიდობით, მამაო! მადლობელი ვარ! - კიბეზე დაეშვა.

-უფალი იყოს შენი მფარველი! ლოცვა-კურთხევა გიფარავდეს მტრისგან! ამინ!..

V თავი

გაიწკრიალა ტელეფონმა. მარიკას თვალი არ გაუხელია, ისე მიწვდა ყურმილს, აიღო. ნაცნობი
ხმა ჩაესმა. წამოიწია.

-გისმენთ, ბატონო მიხეილ!

-მაშასადამე, თქვენ კვლავ სახლში ხართ? - მოისმა ბრაზიანი, ჩახლეჩილი ხმა. - ნუთუ ეს
თქვანა ხართ, ვისზეც ამხელა იმედებს ვამყარებდით ყველა, პირადად მე? თქვენ არ გაქვთ სახლში
ჯდომის უფლება, გესმით? ყველას დაგვეღუპა ვიღაც, თავები დავიხოცოთ ჩვენც?! თქვენ თქვენი
კოლექტივი მოუთმენლად გელით, მარიკა. თქვენ ხალხს, ერს სჭირდებით ამ წუთში. სძლიეთ საკუთარ
თავს და დაუყოვნებლივ გამოცხადდით სამსახურში. ეს ჩემი თხოვნა კი არა, ბრძანებაა. ბრძანება
აღმზრდელისა აღზრდილისადმი. იქნებ არ მაქვს ბრძანების უფლება?

-გაქვთ უფლება, ბატონო პროფესორო, - ხმადაბლა თქვა მარიკამ. - მაგრამ მე ჯერ კიდევ გუშინ
განცხადება დაგიტოვეთ. ნუთუ არ გადმოუციათ თქვენთვის?

-რა განცხადება?

-სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე.

-რამ გაიძულათ?

-მივდივარ.

-შეიძლება გკითხოთ, სად? ალბათ უცხოეთში?


-არა, ბატონო მიხეილ. უცხოეთში დიდხანს ვიყავი. იქ მე აღარაფერი დამრჩენია. მივდივარ
ფრონტზე.

-გადაირიეთ? მამაკაცები დაილიენ ამ ქვეყნად?

-მე ჩემი საქმე მაქვს. როგორც ექიმი, მივყვები რესპუბლიკის სახალხო ფრონტს, ბატალიონ
,,იმედს”.

-ეს გადაწყვეტილია?

-დიახ!

ერთხანს დადუმდა პროფესორი. შემდეგ კი გაისმა მისი სინანულნარევი ხმა:

-მე მესმის თქვენი, მარიკა. ყოველ შემთხვევაში, მინდა მესმოდეს... გაემგზავრეთ. გახსოვდეთ
მხოლოდ ერთი: თქვენ რჩებით ჩვენს თანამშრომლად. დაბრუნდებით და კვლავ ჩვენთან მოხვალთ.
შევთანხმდით?

-გმადლობთ, ბატონო პროფესორო! - ხმა აუთრთოლდა მარიკას.

-ტირით? არ გინდათ! თუ რამეში საჭირო შევიქნე, არ მოგერიდოთ. მომაკითხეთ. გისურვებთ


წარმატებებს. თავს გაუფრთხილდით.

-ნახვამდის, ბატონო მიხეილ!

-ნახვამდის, შვილო!

მარიკამ თავი ბალიშში ჩარგო. მხრები უცახცახებდა. თავი წამოწია. საათს შეხედა. ორი საათი
იყო შუადღის. წამოდგა. გადაიცვა. ფანჯარა გამოაღო. ქუჩას გახედა. თბილისს თითქოს საერთოდ არ
შეხებოდა ომის მსახვრალი ხელი. თითქოს დავიწყებოდა თბილისს, რომ სადღაც ახლოს ქუხდნენ
ქვემეხები, გრუხუნებდნენ ტანკები და საქართველოს ძირძველი, განუყოფელი ნაწილის დაცვას
ეწირებოდა ქართველი ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი. სახლის მოპირდაპირე კომერციული
ჯიხურის გამყიდველი მოხვდა თვალში. ორმეტრიანმა გიგანტმა საღეჭი რეზინა მიაწოდა ქალიშვილს
და ხელიც არ აჰკანკალებია, ისე გამოართვა ფული. ზიზღით გაჰყურებდა მარიკა. ,,ჩვიდმეტი-ოცი
წლის ბიჭები სისხლს ღვრიან, ეს კი!..” სასტუმროს ნომერში ნათქვამი სიტყვები გაახსენდა, ფხოველის
სიტყვები: ,,როცა ბავშვებს დანებზე აგებენ, ქართველ ქალებს მუცლებს უფატრავენ და ცეცხლში ყრიან,
მე ავდგე და სამოგზაუროდ წავიდე?! მხოლოდ ღმერთმა უწყის, როდის წარვსდგები ყველაზე დიდ
სასამართლოზე, სადაც ცოდვა-მადლს წონიან ხოლმე”... სადაა ბაკური? ალბათ სოფელშია. ეკაც მასთან
იქნება. ,,დრო შეგვაერთებს, დაგვაშორებს, გვაიძულებს!” - კვლავ ბაკურის სიტყვები გაახსენდა.
მწარედ გაეღიმა. მართალი იყავი, ბაკურ! ცამდე მართალი! ნუთუ გული გიგრძნობდა, რომ ყველაფერი
ასე წარიმართებოდა?!

ზარის ხმამ შეაკრთო. ნელა წავიდა კარისკენ. გააღო. სახე გაუნათდა. კარებში ეკა იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა მარიკა, ეკას ბაკური უყვარდა, მაინც ვერ შეძლო შეეძულებინა იგი.
და, საერთოდ, ალბათ მტერიც კი ვერ შეიძულებდა ეკა ბუჩუკურს. გაეღიმა მარიკას:

-ანგელოზი დაახლოებით ასეთად წარმომედგინა, შენ რომ ხარ!


აკოცეს ერთმანეთს. ხელმოხვეული შეიყვანა ოთახში. დასხდნენ. ეკამ სიგარეტს მოუკიდა.

-სანამ ვისადილებთ მომიყევი, როგორ მოგეწონა ფშავი? - მარიკამ ყავის საფქვავი აიღო.

-ძალიან, ძალიან, ძალიან! - სულმოუთქმელად, ბავშვივით წაიტიტინა ეკამ.

-როგორაა თამარი დეიდა?

-როგორ იქნება თავისი არანორმალური შვილის გადამკიდე?! - გაიცინა. - ეს შენ გამოგიგზავნა


ქალბატონმა თამარმა, - ჩანთა გახსნა, შეხვეული ამოიღო. გაუწოდა. - ხევსურეთში გაუკეთებინებია
შენთვის.

-გახსნა საჩუქარი მარიკამ. ვერცხლის ჯვრიანი ბეჭედი, გრძელი საყურეები, ვერცხლისავე


ჯაჭვი შერჩა ხელთ. წარმტაცად იყურებოდა ხევსური ოსტატის ნაკეთები დასევადებული სამკაული.
სიხარულმა გაუნათა გული მარიკას. ,,არ დავვიწყებივარ დეიდა თამარს!”, მოაგონდა: ბაკურის დის
ქორწილში იყო მარიკაც. იქ მოეწონა ვიღაც გოგონას ვერცხლის სამკაულები. ვერცხლეული ერჩია
რატომღაც მარიკას ყოველგვარ სხვა ძვირადღირებულ სამკაულებს, ყოველგვარ ოქროს და
ბრილიანტს. მაშინ შეჰპირდა ბაკურის დედა, მე გავაკეთებინებ შენთვის უკეთესსო. და მართლაც...

-ეს ფორმა ვისია? - ეკამ გაოცებით შეხედა იქვე დაკიდებულ საველე სამხედრო ფორმას.
მაგიდაზე წითელჯვრიანი ჩანთა იდო.

-ჩემი! - ყრუდ თქვა მარიკამ.

-მერედა რად გინდა? - ეკამ ფორმას გახედა: სამხრეებზე ოთხი ვარსკვლავი ეკეთა მარიკას. -
რას გაჩუმდით, კაპიტანო, თქვენ გეკითხებით, რისთვის გინდათ ეს ტანსაცმელი?

-შენ მარტო შენი თავი გგონია კაპიტანი? - აჰყვა ხუმრობას მარიკაც. - ნება მომეცით
მოგახსენოთ: ეგ ტანსაცმელი ეკუთვნის სამედიცინო სამსახურის კაპიტანს, ბატალიონ ,,იმედის”
მთავარ ექიმს მარიკა მალაშხიას, რომელიც ხვალ ღამით ფრონტზე მიემგზავრება.

სახე მოეღრუბლა ეკას. წამოდგა. ხელი მოხვია მარიკას.

-მარიკა, მე არ მაქვს იმის უფლება, რაიმე გაიძულო. უბრალოდ როგორც მეგობარს, ჩემს
უახლოეს დაქალს, ისე გთხოვ, თუ შესაძლებელია, დარჩი. ექიმი მამაკაცების მეტი რა არის?!
გაგიჭირდება იქ. ალბათ ხვდები შენც, ეს ომი წაგებულია. დღე-დღეზე დაეცემა სოხუმი. ამ კარგად
დადგმულ სპექტაკლში აღარაა საჭირო ზედმეტი სისხლი. მგონი ხვდები, რას გეუბნები...

-ძალიან კარგად ვხვდები, რისი თქმაც გინდა, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. შენ იცი, რომ
სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მიჰყვებიან სამხედრო შენაერთებს ექიმებად? სტუდენტები,
რომლებმაც ნორმალურად ჭრილობის გადახვევაც კი არ იციან. მე ვიცი, რომ ჩვენი ბიჭები მუხლზე
დამდგარნი არ მიართმევენ მტერს სოხუმს. ბევრი დაეცემა, ბევრი გახედავს იმედის თვალით
წითელჯვრიანებს და იმ წუთებში მე ვარ იქ საჭირო, ჩემნაირი ექიმებია მათ გვერდით აუცილებელი.
ეს გადაწყვეტილია, ეკა.

მდუმარედ, დაფიქრებული შეჰყუებდა ეკა.


-ნაცნობები მაინც თუ არიან ბატალიონში?

-ბატალიონი ,,იმედი” სახალხო ფრონტმა შექმნა. ბატონი ნოდარ ნათაძე ჩემი ოჯახის
ახლობელია, ბატალიონის მეთაური დათო ხომასურიძე კი ჩემი დეიდაშვილი.

-გასაგებია, - ფიქრიანად, ხმადაბლა თქვა ეკამ. ყავა მოსვა. - იცი მარიკა? მე შენ თანდათან
მომწონხარ. თანდათან უფრო მიყვარდები. ასე მგონია, მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს,
თითქოს მთელი წლები გვაქვს გატარებული ერთად... მითხარი, სიკვდილის არ გეშინია?

ნაღვლიანად გაეღიმა მარიკას.

-სიკვდილი, იცი, რა საყვარელია?

გაოცებულმა შეხედა ეკამ.

-საყვარელია?

-საყვარელია იმიტომ, რომ დიდი სიკეთე მოაქვს ადამიანებისთვის. ხოლო ის, რასაც სიკეთე
მოაქვს, ყოველთვის საყვარელია, თვით სიყვარული სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობა გახლავს.
ჩვენ არ გვიყვარს სიკვდილი იმიტომ, რომ ცოცხლები ვართ და გვეშინია დასასრულის. მთელი ჩვენი
მოქმედება, ჩვენი ცხოვრება ცდაა, როგორმე დავივიწყოთ დასასრული ანუ სიკვდილი, მაგრამ იმას კი
არ ვფიქრობთ, რა იქნებოდა, ის რომ არ იყოს... სიცოცხლე იმიტომ გვიყვარს, რომ შევეჩვიეთ. შეჩვევა
არის ყველაფერი. სიკვდილი არ გვიყვარს იმიტომ, რომ იძულებულს გვხდის გადავეჩვიოთ. იცი?
სიცოცხლე გალობს და არანაკლებ გალობს სიკვდილი. მოედინება ეს სიკეთე და ვერც კი ვხვდებით,
როგორ გვაყვარებს ერთიმეორეს, როგორ გვაყვარებს სილამაზეს, სიცოცხლეს და თვით სიყვარულს...

მარიკამ შეხედა ეკას გაფართოებულ თვალებს და ღიმილით დაამატა:

-ალბათ ფიქრობ, გააფრინაო, არა?!

-სულაც არა!

-ჰოდა თუ არა, ჩემო ეკა, ნურასდროს შედრკები სიკვდილის წინ, რადგან თავისთავად
სიკვდილი არაა ბოროტება... რას დალევ? - ბართან მივიდა. ეკას გამოხედა. ეკამ სწრაფად გადაავლო
თვალი უცხოური ეტიკეტებით აჭრელებულ ნაირ-ნაირ ბოთლებს. ეშმაკურად მიწკურა თვალები:

-ჟიპიტაურს დავლევდი!

-ოხ! ჩვენ ბოდიში! - რამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიცინა გულიანად მარიკამ. ჟიპიტაურს
მიეჩვიე უკვე? დაგალევინეს ფშაველებმა ყანწით?

-მერე რამდენი! ხორცი და არაყი შემეზიზღა საერთოდ...

-არ იჭრებიან არაფერში. კარგი ხალხია! - მარიკამ კონიაკს საცობი მოხსნა. პატარა, თლილი
ჭიქები შეავსო, ბაკური როდემდე აპირებს სოფელში ყოფნას?

ეკამ თავი დახარა. ერთხანს უხმოდ დასჩერებოდა ხელში აღებულ ჩანგალს. თავი ასწია.
მარიკას შეხედა. ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-მარიკა, ჩვენ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადაგვხდა, უფლება არ გვაქვს სიცრუე
ვუთხრათ ერთმანეთს. ჩვენ - მე, შენ, ბაკური - უცხოეთმა ისე დაგვაახლოვა ერთმანეთს, რომ რაც ვიცი
მე, ვალდებული ხარ იცოდე შენც. ბაკურმა ერთი კვირაა, რაც სოფელი დატოვა.

-თბილისშია?

-არა. ის უკვე აფხაზეთშია.

-რომელ სამხედრო ნაწილშია, თუ იცი? - იკითხა მარიკამ.

-საქმე ისაა, - ეკას კვლავ სისუსტე გაერია ხმაში, - რომ ის არც ერთ სამხედრო შენაერთს არ
ექვემდებარება. მას მიღებული აქვს გარკვეული დავალება და მოქმედებს მარტოდმარტო აფხაზთა
ღრმა ზურგში.

მარიკამ თვალები დახუჭა. ,,მე სრულფასოვან ადამიანად, იცი როდის ვგრძნობ თავს? როცა
ღამის სიბნელეში დავეკიდები ცას. მტრის ტერიტორიის თავზე, როცა გარშემო ჩემიანი არავინ მყავს
და მხოლოდ საკუთარი მკლავის და თვალის იმედზე ვარ დარჩენილი. მითხარი, განა ჩემნაირი
სჭირდება დღეს ვინმეს?” - თვალწინ დაუდგა რესტორნის ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი,
ფხოველის ანთებული სახე...

-როდის წავიდა? - ხმადაბლა იკითხა თვალდახუჭულმა, არ უნდოდა შეემჩნია ეკას მისი


შეძრწუნებული თვალები.

-შაბათს, შუაღამისას დაეშვა პარაშუტით გუდაუთის მახლობლად. კვირას მივიღეთ ცნობა, რომ
ქალაქში შევიდა. უკვე მეოთხე დღეა, რაც კავშირი გაწყდა.

-რას ნიშნავს ,,კავშირი გაწყდა?!” - ლამის შეჰკივლა მარიკამ.

-დაწყნარდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რაიმე შეემთხვა.

-აბა რა შეიძლება ვიფიქროთ?

-ყოველ შემთხვევაში, ცუდი არაფერი, რადგან მას ვიცნობთ თითოეული ჩვენგანი. ის არაა
ტინგიცა ბიჭი, ვინც შეიძლება დაუდევრობით დაიღუპოს თავი. არც ისაა, ვის შეპყრობასაც იოლად
შეძლებს მოწინააღმდეგე. ჯერჯერობით რაღაც მიზეზით ვერ ახერხებს კავშირზე გამოსვლას. ესაა და
ეს.

სიჩუმე ჩამოვარდა. უხმოდ ისხდნენ ფიქრებში გართულნი. მანქანის საყვირის ხმამ


გამოაფხიზლა მარიკა. ხმამაღლა იძახდა ვიღაც.

-ბი-ცო-ლა!

ნაღვლიან სახეზე ღიმილმა გადაურბინა მარიკას. თითქმის სირბილით მიიჭრა ფანჯარასთან.


,,შენ შემოგევლე!” - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და - შემოდი! - გასძახა.

-,,ბათინკების” ბრახა-ბრუხით შემოიჭრა ოთახში ახალგაზრდა, 19-20 წლის ბიჭი. გვარდიელის


მწვანე ფორმა შვენოდა შავტუხას. ავტომატი დაუდევრად მიაგდო იქვე, დივანზე. წელზე
დაკიდებული ,,შტიკნოჟი” შეისწორა და მარიკა ხელში აიტაცა.
-ჩემი საყვარელი ბიცოლა! - აკოცა შუბლზე, ლოყაზე. - როგორა ხარ?

-როგორ ვიქნები? - მარიკა სიყვარულით შეჰყურებდა. - ხომ არ შეგაშინეს აფხაზებმა?

-ანჯაფარიძეების შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა! - ჩაიცინა. უცებ ეკა შენიშნა. - ეს რა


ლამაზი მეგობარი გყოლია, ბიცოლა!

გაეცინა მარიკას.

-გაიცანი, ეკა! ჩემი მაზლიშვილია, პატარა ნიკა ანჯაფარიძე, სწორუპოვარი მეომარი, მტრების
რისხვა. ,,თეთრ არწივში” იბრძვის.

-ეკა მქვია! - თვალებში შეხედა ნიკას. - მართლა მოგეწონე?

-ძალიან! - დაიბნა ნიკა.

-აბა, დედიკო დაიფიცე...

-დედას გეფიცებით! - მთლად აირია ნიკა. განცვიფრებულმა შეხედა მარიკას, რომელიც


სიცილს ვეღარ იკავებდა.

-ცოლად წამიყვან? - ჯიქურ შეაჩერდა ეკა.

ნიკა ანჯაფარიძეს თვალები გაუფართოვდა.

-მე... იცით... - ბიცოლას მუდარის თვალით შეხედა, - მე... მე შეყვარებული მყავს...

-რა უბედური ვარ! - აწუწუნდა ეკა. - სამი ქმარი მყავდა. ყველამ მიმატოვა. ოხ, არა! იმათ კი
არა, მე მივატოვე ისინი. დღეს კი ვისაც მოვეწონები, ან ცოლიანია, ან შეყვარებული ჰყავს! იდიოტი
კაცები! ამათი სახსენებელი არ უნდა იყოს ქვეყნად! - სახეზე ხელები აიფარა დამწუხრებულმა.

ნიკამ მარიკას გახედა. თითი საფეთქელთან მიიტანა. დაიტრიალა.

-ეს რა, აფრენს? - ჩუმად ჰკითხა.

მარიკას და ეკას ერთობლივმა ხარხარმა ანჯაფარიძეების ჭერი ლამის მაღლა ასწია.


გაოგნებული იდგა ნიკა. გოგონებში საკმაოდ განებივრებული გვიან მიხვდა, როგორ გაასულელა,
,,ააგდო” წუთების წინ გაცნობილმა ქერათმიანმა ქალიშვილმა. მეუღლის დაღუპვის შემდეგ პირველად
იცინოდა მარიკა მალაშხია.

მოღუშული მისჩერებოდა ნიკა. მარიკამ სწრაფად განაახლა სუფრა.

-ხომ არ მიწყრებით? - ღიმილით იკითხა ეკამ.

-არა, რატომ... - დარცხვენით ჩაილაპარაკა ნიკამ.

-აბა რატომ ხართ მოღუშული?

-განა სასაცილოდ მაქვს საქმე?


-ნიკა, იცით? ჩემი აზრით, ღიმილი, გნებავთ სიცილი, უწყინარი ნებივრობა როდია, - ეკა
ჩაფიქრდა. - დაკარგო სიცილის უნარი, ნიშნავს დაკარგო საკუთარი სულის რაღაც ძვირფასი,
მნიშვნელოვანი მხარეები და ალბათ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი უბედურება, ვიდრე იყო
ზღაპრულ-კომედიური სამეფოს ,,გაუცინარი” მპყრობელი.

-მართალი ხართ! - გაეცინა ნიკას.

-შენი ჩამოსვლა დავლოცოთ! - მარიკამ შამპანური მოსვა. - აბა, რა ამბებია იქით, მოგვიყევი.

-კარგი არაფერი.

-როდის ჩამოხვედი?

-დღეს. ამაღამ უკან მივდივარ ისევ.

-უტევენ ქალაქს?

-საშინელება ტრიალებს, ბიცოლა, იქ, - სახე მოეღრუბლა ნიკას. - შეტევა შეტევაზეა. ეს ორი
დღეა, ცოტა ამოვისუნთქეთ. გუდაუთში აფხაზების შტაბი აუფეთქებიათ. გადაკეტილია გუდაუთის
მიდამოები. მიმოსვლა შეწყვეტილია. ტერორისტს დაეძებენ. აფეთქებამ ას კაცამდე იმსხვერპლა.
მოკლულია შინკუბა - აფხაზური შენაერთების უფროსი. ახლა კი თქვენ დაგლოცავთ და
გამოგემშვიდობებით. სახლშიც უნდა შევირბინო, - წამოდგა.

ეკა ბუჩუკურს სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა. გამომცდელად შეხედა ანჯაფარიძეს.

-ნიკა, თუ იცით, აფხაზებმა იციან ტერორისტის ვინაობა?

კარებთან მისული შემოტრიალდა.

-იციან! ვიღაც ბერძენი ყოფილა. პასპორტი უპოვიათ შემთხვევის ადგილზე. ორმოცდაათიათას


დოლარად შეაფასეს მისი თავი... მე ჩემი თავი მეომარი მეგონა, მაგრამ ვგრძნობ, იმ ბერძენთან
შედარებით ძუძუმწოვარა ღლაპი ვარ! მშვიდობით! - მარიკას აკოცა, ეკას ხელი დაუქნია და გარეთ
გაიჭრა...

მარიკამ თვალი გააყოლა ნიკას. შემობრუნდა. გაოცებული შედგა. ეკამ უზარმაზარ ვაზებში
ჩაასხა ქაფქაფა შამპანური და ერთი ვაზა ღიმილით გაუწოდა მარიკას.

-მარიკა, იმ ბერძენს გაუმარჯოს, რომლის პასპორტშიც აფხაზებმა ,,ვლადიმერ პოპანდოპულო


- ეროვნებით ბერძენი” ამოიკითხეს, რომელმაც შეგნებულად დააგდო იქ თავისი პასპორტი. იმ ბერძენს
გაუმარჯოს, ვისაც სინამდვილეში.. რა ქვია თუ იცი?

მარიკას ტანჯვა და სიხარული ერთად გამოესახა სახეზე...

-ბაკური? - დაიჩურჩულა.

ეკა ბუჩუკური იღიმებოდა...


VI თავი

-ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო! სილამაზის კონკურსი გოგონათა შორის ,,მის სოჭი -


93” დამთავრებულია. კონკურსში გაიმარჯვა ჩვენი ლამაზი ქალაქის მკვიდრმა, ოცდაორი წლის ალინა
ბელოვამ. ალინამ გასულ წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის
ფაკულტეტი. გვინდა იცოდეთ, რომ ალინა ბელოვა გახლავთ სოჭის პროკურორის, ივან ბელოვის
ქალიშვილი! მივულოცოთ ალინას სოჭის დედოფლობა, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია! -
გამოაცხადა ჟიურის თავმჯდომარემ. პირველი თვითონ მივიდა გამარჯვებულთან. მიულოცა.
სახეაწითლებული იდგა ალინა ბელოვა...

დაიძრა ვარდების და მიხაკების ზღვა მისკენ. ყვავილების გამაბრუებელ სურნელში გახვეულმა


თავბრუსხვევა იგრძნო. ღიმილით მოავლო თვალი დარბაზს. მზერა გაეყინა უცებ. თვალმოჭუტული
დააცქერდა პირველ რიგში ყველასგან განსხვავებით მშვიდად მჯდარ ვაჟს. არც თაიგული ეჭირა მას
ხელში, არც რაიმე აღტაცება ეტყობოდა გამარჯვებულის მიმართ. თეთრ კოსტიუმში გამოწყობილს,
ცისფერი ჰალსტუხი ეკეთა შავ პერანგზე. მისმა გამოხედვამ შეაკრთო რატომღაც ალინა. თვალი
მოარიდა. ,,ელეგანტურია. ვინაა ნეტავ?” - გაუელვა ფიქრმა. იქით გაექცა მზერა ისევ. უცნობი რაღაცას
წერდა. ,,ჟურნალისტია?” - უკმაყოფილოდ გაიფიქრა. ვაჟი წერას მორჩა. ქაღალდი დაკეცა. წამოდგა.
ალინასკენ წამოვიდა. ოთხად დაკეცილი ქაღალდი გაუწოდა, თვალებში ჩახედა და სიტყვის
უთქმელად შებრუნდა. გავიდა დარბაზიდან. მექანიკურად ჩამოართვა ალინამ ვიღაცას ყვავილების
შეკვრა. შემინულ კარებს იქით გაიხედა. ვაჟმა შავი ,,ვოლგის” კარები გააღო. ჩაჯდა. მანქანა არ
დაუძრავს. ალინამ სწრაფად გახსნა ქაღალდი. თვალი გადაავლო:

,,Любить иных – тяжелый крест

А ты прекрасна без извилин,

И прелести твоей секрет

Разгадке жизни равносилен”

გაეღიმა... დარბაზი იცლებოდა. მამის მძღოლი შენიშნა კარებში. ხელი დაუქნია. სწრაფი
ნაბიჯით მოვიდა მძღოლი. მიულოცა.

-მე მელოდებით, არკადი გიორგის ძევ?

-დიახ! - მოკრძალებით მიუგო იმანაც.

-აქედან ლენასთან მივდივარ. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით. შეგიძლიათ წახვიდეთ.

მძღოლმა თავი დაუქნია, გამოემშვიდობა და ნელი ნაბიჯით მიაშურა მანქანას. ალინამ თმები
წესრიგში მოიყვანა, სარკეში შეათვალიერა თავი. კმაყოფილებით გაეღიმა. ჩანთა აიღო და ქუჩაში
გავიდა. პირდაპირ მიადგა ,,ვოლგას”. მძღოლის გვერდით კარი გამოაღო.
-ელოდებით ვინმეს?

-თქვენ! - იყო პასუხი.

-გმადლობთ! - მანქანაში ჩაჯდა. - კი მაგრამ, რა იცოდით, რომ გამოვიდოდი და მხოლოდ


თქვენთან?

-არ ვიცი! ვერ გეტყვით. გული მიგრძნობდა ალბათ, - გაიღიმა ვაჟმა. - ფაქტი ჯიუტია... თქვენ
ჩემთან ხართ.

ალინა ბელოვამ დაკვირვებით შეავლო თვალი ვაჟის სახეს. ოდნავი ჭაღარა შერეოდა თმაში.
სითბოთი მისჩერებოდნენ ქალიშვილს თაფლისფერი, ოდნავ მოჭუტული თვალები.

-ქართველი ხართ? - იკითხა ალინამ.

-ქართველი?! ისეთივე რუსი ვარ, როგორიც თქვენ.

-რუსი? - დაიბნა ალინა.

-დიახ. თუ რაღაც აქცენტით ვსაუბრობ რუსულად, ეს იმის ბრალია, რომ უცხოეთში


ვიზრდებოდი. იქ ვცხოვრობ დღესაც. თქვენს ქალაქში სტუმრად ვარ ჩამოსული.

-საიდან ჩამოხვედით? - ცნობისმოყვარეობით აუციმციმდა თვალები. - სად ცხოვრობთ?

-ბარსელონაში.

-ესპანეთში? - სიხარულით შესძახა ალინამ.

-კი. ბაბუაჩემი პეტერბურგიდან ემიგრაციაში წავიდა, ჯერ კიდევ რევოლუციამდე. მამაჩემიც


და მეც უცხოეთის ცის ქვეშ მოვევლინეთ ქვეყანას.

-რა გქვიათ?

-თქვენთვის უბრალოდ საშა ვიქნები, - ღიმილით გაუწოდა ხელი. - ისე კი ალექსანდრე


ვოლკოვი მქვია. შეიძლება ნაგვიანევად, მაგრამ მაინც მოგილოცოთ გამარჯვება?

-შეიძლება!

-სულ მუდამ ასეთი ლამაზი ყოფილიყავით! - გადაიწია. შუბლზე აკოცა. - ალბათ თავისუფალი
ხართ ორიოდე საათით?

-დრო განუსაზღვრელი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის! - გაიცინა ალინამ. გაიელვეს


უზადო, თეთრმა კბილებმა. ვოლკოვმა მანქანა დაძრა...

რესტორნის აივანი ზღვას გადაჰყურებდა. შორს, ჰორიზონტზე გემები მოსჩანდნენ. ნავებით


იყო სანაპირო სავსე. გასაოცრად შვენოდა რესტორნის ეზოს მაგნოლიები. ღვინის დალევა ისურვა
ალინამ.

-ღვინოები მხოლოდ ქართული გვაქვს! - დამნაშავესავით გაიღიმა ოფიციანტმა.


-მერე ქართული ღვინო ღვინო არ არის? - წყრომით შეხედა ალინამ. - როგორც ვიცი, ყველაზე
კარგი ღვინოები ქართველებს აქვთ. თქვენ რა აზრის ხართ? - საშას შეხედა.

-ქართველებს განა შეიძლება რაიმე კარგი ჰქონდეთ?! - დაუფარავმა ღვარძლმა გაჟონა


ვოლკოვის ხმაში. - მათ ღვინოს კი არა, უკვდავების წყალსაც არ დავლევ. თქვენ შეგიძლიათ. მე კონიაკს
ვარჩევ!

-საშა, თავიდანვე შევთანხმდეთ ერთზე, - ბელოვას ლამაზ თვალებში მრისხანება გაკრთა. - თუ


ჩემთან ურთიერთობა გსურთ, მოეშვით ქართველების ლანძღვას, რა დანაშაულიც არ უნდა
მიუძღოდეთ მათ თქვენს წინაშე.

-გასაგებია! - გულიანად გაეცინა საშას. - რახან თქვენ ასე გყვარებიათ ქართველები, ღმერთს
გეფიცებით, თუ მოითხოვა საჭიროებამ, სიცოცხლეს წავაგებ ქართველი ერისთვის. დაკმაყოფილდით?

-მადლობელი ვარ! მაგხელა მსხვერპლი არაა საჭირო. მინდა უბრალოდ პატივს სცემდეთ
ქვეყანას, რომლის უძველეს კულტურასთანაც ჩვენ, რუსი ერი ვერ მოვალთ... მეუღლე ალბათ გყავთ?

-მყავდა! - სინანულნარევმა ღიმილმა გადაურბინა ვაჟს.

-შვილები?

-არა!

-რა პროფესიის ხართ, საშა?

-ტყუილი გინდათ გითხრათ?

-რატომ ტყუილი? - ქალიშვილი სიგარეტს მისწვდა.

-ნურასდროს მკითხავთ, თუ რა პროფესიის ვარ. არ მაქვს სახარბიელო პროფესია, - საშა


ვოლკოვს ნაღველი ჩაუდგა თვალებში. - გიმეორებთ: სიმართლეს ვერ გეტყვით, ტყუილიც არ მინდა
გითხრათ, - კონიაკით გავსებული მოზრდილი ჭიქა ერთი მოყუდებით გამოცალა. ალინამ შიშით
შეხედა.

-თქვენ მანქანით ხართ! გზებზე მილიციაა ყველგან.

-მერე რა? გვერდით ქალაქის პროკურორის ქალიშვილი მიზის. ნუთუ დამსჯიან?

-რამდენი ხნით ხართ ჩამოსული? - ალინამ ზღვას გახედა.

-დრო განუსაზღვრელი მაქვს: ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის! - თავისივე სიტყვებით


უპასუხა. გაეცინათ.

ხუთნი შემოვიდნენ. მეზობელ მაგიდას მიუსხდნენ. ახოვან, წვერმოშვებულ ვაჟკაცებს ორი


ქალიშვილი ახლდათ თან. აწითლებული სახეები ჰქონდათ ორივეს. ბიჭები, თითქოს ჯუნგლებში
არიანო, არავის და არაფერს აქცევდნენ ყურადღებას. ჭიქების მოტანას აღარ დაუცადეს, პირდაპირ
ბოთლებიდან დაიწყეს სმა. ოფიციანტმა რაღაც ვერ მოიტანა დროზე. გინების კორიანტელმა წალეკა
ყველაფერი.ერთი მათგანი, დაბალი, მხრებჩაკირული, თავხედურად მოაშტერდა ბელოვას. ალინამ
თვალი აარიდა. ვოლკოვს შეხედა. შუბლშეჭმუხნული, ფიქრიანად გაჰყურებდა ზღვის უკიდეგანო
სივრცეს ვაჟი. დაბალი წამოდგა. ნელი ნაბიჯით მოადგა მათ მაგიდას.

-ვერ მომიკიდებთ? - ქალიშვილს ჩააჩერდა თვალებში. ვოლკოვი არც შეტოკებულა. არც


შეუხედავს მისთვის. ალინამ მიაწოდა სანთებელა. დაბალმა მოუკიდა, ღიმილით ჩახედა ბელოვას და
თავის მაგიდას მიაშურა. ალინამ ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი ვოლკოვს.

-საშა, წავიდეთ აქედან! - მუდარით უთხრა.

-რატომ? შეხედე, რა მშვენიერი ხედია. ზღვაზე გავიზარდე, ჩემი ქალაქი ხომ საზღვაო
ნავსადგურია. ძალიან მიყვარს ზღვა. ვიყოთ ცოტა ხანს კიდევ, - ზღვისთვის თვალი არ მოუცილებია,
ისე თქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაუმატა: - ის ტიპი, შენ რომ სიგარეტს მოუკიდე, გრეგორი პეკს არ
ჰგავს?

ალინამ სწრაფად გახედა დაბალს. ეს უკანასკნელი მას მოსჩერებოდა და ქალიშვილის მზერა


როგორც კი დაიჭირა, გაუღიმა. ხელით ანიშნა რაღაც. ალინამ იქედნურად გაიღიმა. მზერა მოწყვიტა.

-გრეგორი პეკს არა და გორილას ნამდვილად ჰგავს!

გაეღიმა საშასაც.

-შენ პირველივე წუთებიდანვე უარყოფითად განეწყვე მაგის მიმართ. კარგად დააკვირდი,


ორეულია გრეგორი პეკის.

ქალიშვილმა კვლავ დაბალს გახედა. თავიდან ფეხებამდე მოურიდებლად აათვალიერა. ,,რა


საზიზღრობაა!” - ტუჩები აიბზუა. დაბალმა ახალ სიგარეტს მოავლო ხელი და კვლავ მათ მაგიდას
მოაშურა.

-შეგაწუხეთ, მაგრამ მიყვარს, როცა ლამაზი ქალი ცეცხლს მიკიდებს! - ჩაულაპარაკა


ქალიშვილს.

-შენი თანმხლები ქალები ვერ გიკიდებენ ცეცხლს? - უცებ შემობრუნდა საშა.

-იცი, რა გითხრა? - მაგიდისკენ დაიხარა დაბალი. სიგარეტი ვოლკოვის თეფშზე დაასრისა. -


ეგ ქართველი კახპები გაგრიდან გამოვიტაცეთ. ორივეს შენ გაჩუქებთ, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ
ეს გოგო ჩვენ უნდა წავიყვანოთ! - უროსავით ხელი დაადო ალინას მოშიშვლებულ, სალუქ მხარს.

ბელოვა შეკრთა. ვოლკოვს შეხედა. გაოცდა. მშვიდი ღიმილით შეჰყურებდა საშა...

-ესე იგი ნახევარი საათით მაინც ჩემთან იქნება? - ჰკითხა დაბალი ხმით.

-კი! - დაბალს თვალები გაუბრწყინდა. - გყავდეს ნახევარი საათი.

დაბალმა ალინას ნიკაპზე ხელი მოუთათუნა, მიაშურა თავის მაგიდას; გოგონები ზეზე
წამოყარა და ჯერ ერთს, შემდეგ მეორეს სილა გააწნა. მეგობარმა შეაჩერა.

-აქ არ გინდა. მერეც მოვასწრებთ. დაეყარეთ! - უღრიალა. შეშინებული, დაზაფრული გოგონები


ერთმანეთს მიჰკვროდნენ. დასხდნენ. ალინამ მიიხედ-მოიხედა.
-სადაა ტელეფონი? - იკითხა. რისხვის და უმწეობისგან ხმა ჩახლეჩოდა.

-რად გინდა?

-მამაჩემს დავურეკავ და ამ ნაძირალა აფხაზებს ასწავლის ის, როგორ უნდა გოგონების


მოტაცება, - წამოიწია.

-არ გინდა! - ხელით შეაჩერა საშამ, - არაა საჭირო.

ზიზღით შეხედა ალინა ბელოვამ. მძულვარება უკრთოდა თვალებში.

-არ დაგიმალავ, შემოგხედე, მომეწონე, კაცი მეგონე. არაკაცი, მხდალი ყოფილხარ! -


ისტრიულად, ცრემლნარევი ხმით თქვა.

ძარღვი არ შეტოკებია სახეზე საშა ვოლკოვს. ოფიციანტი მოიხმო თითით. დოლარები ჩაუდო
ჯიბეში და რაღაც უთხრა. ოფიციანტი თითქმის სირბილით წავიდა. ცოტა ხანში უკან შემობრუნდა
ვეებერთელა თეფშით ხელში, რომელზეც აურაცხელი ასანთის კოლოფები დაეხვავებინა. მეზობელ
მაგიდაზე მიიტანა და სუფრაზე ჩამოდგა.
აიღე თაბაშირის ფორმა და შენს წინ დაიდე - ვერავითარ მსგავსებას ვერ აღმოაჩენ, ეს იქნება
მიცვალებულის ხელი და ამ დროს ჯობია მიმართო მოქანდაკეს, რომელიც თუმცა არ მოგცემს ზუსტ
ასლს, მაგრამ გადმოსცემს მოძრაობას და სიცოცხლეს. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ნივთებისა და არსებათა
სულს, აზრს, დამახასიათებელ სახეს. თავის სახეებში სილამაზის იდეალის განსახიარებისას
ხელოვნება აღვიძებს ადამიანებში ხელოვანებს, საგანთა შინაგანი ზომის პოვნის უნარს, იმის უნარს,
რომ ადამიანებმა შესძლონ საგნის თვისებებბი შესაბამისობაში მოიყვანონ ადამიანის საზოგადოებრივ
მოთხოვნილებებთან, ასწავლის სილამაზის განცდას, გაგებას, სილამაზის კანონების მიხედვით ქმნას...

სტუმარი დადუმდა, ფეხი-ფეხზე გადაიდო, გულხელი დაიკრიფა და სავარძლის საზურგეს


ნებიერად მიეყრდნო. გამომცდელი თვალით შეხედა მინდელმა.

-ხელოვნებაზე, სილამაზეზე სასაუბროდ მოხვედით ჩემთან?


-რა თქმა უნდა, არა! - გაეღიმა უცნობს.

-აბა?

-საქმეზე ვარ მოსული, - სიგარეტის ახალი კოლოფი გახსნა, - მაგრამ სანამ ჩემი ვიზიტის
მიზეზს შეიტყობდეთ, მინდა თქვენი საქმე მოწესრიგდეს.

-რომელი ჩემი საქმე? - გივის კვლავ რისხვა გაუკრთა ხმაში. - ჩემს საქმეებს მე თვითონ
ვაგვარებ, უცნობების დახმარების გარეშე.

-ნუ ბრაზობთ! - აუღელვებლად მოუკიდა. - თქვენს შესაძლებლობებში მე ეჭვიც არ მეპარება,


მაგრამ...

-ბოლოს და ბოლოს, იქნებ გამარკვიოთ, თუ ვისთან მაქვს მასპინძლობის და საუბრის პატივი? -


შეაწყვეტინა მინდელმა.

უცნობს არაფერი უთქვამს. პასპორტი ამოიღო. წინ დაუდო გივის. მინდელმა გადაშალა,
ჩახედა, გაეღიმა.

-თქვენ ისევე ხართ ალექსანდრე ვოლკოვი, როგორც მე უელსის პრინცი! - პასპორტი კვლავ
ხელში აიღო, მოწონებით შეათვალიერა. - მშვენიერი ნაყალბევია. ვერაფერს იტყვი. იქნებ მიბრძანოთ,
ბატონო ალექსანდრე, ბარსელონას ძირძველო მკვიდრო, ქართული ენა სად შეისწავლეთ?

ვოლკოვს თვალებში საოცარი სიცივე ჩაუდგა უცებ. მოღუშულმა შეხედა გივის.

-მართალი ბრძანდებით. როგორი უელსის პრინციც თქვენ ხართ, ისეთივე ვოლკოვი ვარ მე. ამ
სიტყვებს გეუბნებით მხოლოდ თქვენ.

-როგორც ამბობენ ევროპაში: ,,დრო - ეს ოქროა!” - გივიმ საათს დახედა. მეტის თქმა ჩემთვის
აღარაა საჭირო. მე უკვე ვხვდები, ჩემო ქართველო ძმაო, რომ თქვენ ძებნილი ხართ პოლიციისგან და
შემწეობის სათხოვნელად მოხვედით ჩემთან, - ჩაფიქრდა. - რომ მოსულიყავით გუშინ, გუშინწინ,
იცხოვრებდით პირადად ჩემთან და თავზე ბუზსაც ვერავინ აგიფრენდათ. დღეიდან სიტუაცია
შეიცვალა, - სახე მოეღრუბლა. - ხვალ დილით, უფრო სწორედ, დღეს დილით, ოთხი საათის შემდეგ,
მე ან დაპატიმრება მელის, ან... ან სიკვდილი! შემიძლია დაგეხმაროთ ერთში: ამ წუთში გადავურეკავ
ჩემს ბიჭებს, მიიღებთ ჩვენგან ფულს და ჩემი ხალხის დახმარებით გახვალთ უცხოეთში. გაწყობთ ეს
ვარიანტი?

-თქვენ თვითონ რატომ არ მიდიხართ საზღვარგარეთ? - თვალებში შეხედა სტუმარმა. - განა


დაპატიმრებას, და უარეს შემთხვევაში სიკვდილს, უცხოეთში არ ჯობია წახვიდეთ?

-მე ვერსად წავალ! - მტკიცედ თქვა მინდელმა. - არ წავალ იმიტომ, რომ თუ შემიპყრობენ,
მრავალი ათეული კაცი დაპატიმრებას გადაურჩება, ხოლო თუ აქედან წავედი, ყველა მათგანს
აიყვანენ. მე მინდა ჩემი ხალხი გადავარჩინო, გესმით? - იყუჩა. პირდაპირ შეხედა. -ბოლოს და ბოლოს,
დიდხანს გავაგრძელოთ კატა-თაგვობანას თამაში? ვინ ხართ, რა გქვიათ?

-ბაკურ ფხოველი! - დაბალი ხმით წარმოთქვა სადღაც ჯიქის ერთ წერტილზე გაშეშებული
მზერით. თავი აიღო. გივი მინდელს უტეხად, ჯიუტად შეჰყურებდნენ თაფლისფერი, მომნუსხავი
თვალები. - ბატონო გივი, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ხვალ დილით არც პროკურატურაში
გამოცხადდებით და თქვენზე გაცემული სანქციაც ამ წუთიდან ძალას დაკარგავს. აქედან
გამომდინარე, თქვენ აღარც დაპატიმრება გელოდებათ და არც სიკვდილი, როგორც თქვენ ბრძანეთ...

უკვე გივი მინდელის გაოცების ჯერი დადგა...

-თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ზემოქმედება ქალაქის პროკურორზე? ეს გინდათ თქვათ?

-გამოიცანით!

-როგორ? - კითხვით შეხედა გივიმ. - მე ყველაფერი ვიღონე, მაგრამ მასთან არ გაჭრა არაფერმა.
ეს ადამიანი კაცი კი არა, სატანაა, რომლის მსგავსიც არ შემხვედრია.

გაეცინა ფხოველს...

-ხომ გაგიგონიათ ჩვენი ქართული ანდაზა: ,,მჯობნის მჯობი არ დაილევაო!..” რა იცით, იქნებ
მასზე უარესი სატანაც არსებობს ქვეყნად? შეიძლება თქვენი ტელეფონით ვისარგებლო?

-ცხადია!

ტელეფონთან მივიდა. ნომერი აკრიფა.

-მე ვარ... ბიჭია თუ გოგო?.. ძალიან კარგი!.. ათი საათისთვის მოვალ... კარგი... კარგი... გკოცნი!
- ყურმილი დაკიდა. ღიმილით შეხედა გივი მინდელს. - მაშ ასე, ბატონო გივი. ამ წუთიდან თქვენ
ხელშეუხებელი ხართ, - ჩამოჯდა. კონიაკს მისწვდა.

-რა გარანტიაა ხელშეუხებლობის-მეთქი, ამას არ გკითხავთ, - ოდნავ მოჭუტა თვალები გივიმ,


ალმაცერად გახედა. - არც ისაა ჩემი საქმე, რა კავშირები არსებობს თქვენს და პროკურორს შორის.
მადლობელი ვარ! მაგრამ მაინც ცხადია, რომ ჩემი ლამაზი თვალების გულისთვის არ აკეთებთ ამ
ყველაფერს. სამაგიეროდ რას ითხოვთ ჩემგან? - თვალი გაუსწორა.

-თქვენთან შემთხვევით არ მოვსულვარ! - ფხოველმა თვალები დახუჭა. წამოდგა. ფანჯარასთან


მივიდა. ქუჩას გახედა. შემოტრიალდა. - თქვენ იცით ერთადერთმა ამ ქალაქში ჩემი ნამდვილი
სახელი და არც ესაა შემთხვევითი. თქვენთან მოსვლით წავედი რისკზე, მაგრამ მე რატომღაც ბრმად
მჯერა თქვენი, რისკი კი ჩემი ცხოვრების ჰობია. თქვენგან არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ერთი, თუ
შეიძლება ასე ითქვას, ბანალური შეკითხვა მინდა მოგცეთ... შეიძლება?

-სიამოვნებით!

-ვიცი, რომ მეგობრებისათვის შეგიძლიათ ყველაფერზე წახვიდეთ, მე უკვე დავრწმუნდი ამაში,


მაგრამ თქვენი ქვეყნისთვის თუ შეგიძლიათ მოკვდეთ?

-ჩემი ქვეყნისთვის?

-დიახ! საქართველო მაქვს მხედველობაში...

-იცით? - მინდელი ჩაფიქრდა, ფიქრიანი თვალებით შეხედა ფხოველს. თუ გინდათ იცოდეთ


სიმართლე, ამ თემაზე არასდეს მიფიქრია. მიუხედავად ამისა, ალბათ... ალბათ შემიძლია! - გაეღიმა.
-ალბათ?!

-ალბათ კი არა, ნაღდად შემიძლია! - უცებ მოჭრა. კითხვით შეაჩერდა:

-კი, მაგრამ, რატომ დაგაინტერესათ ამან?

ბაკურს სახე შეეჭმუხნა. ჩაფიქრდა.

-მე მეგობარს დავეძებ! - ხმადაბლა, მტკიცად თქვა. - მეგობარს, რომელსაც ექნება იმნაირი
ნებისყოფა, როგორც თქვენ. მეგობარს, რომელსაც შეიძლება თამამად ენდო.

-მაგნაირი მეგობრის კანდიდატურის ძიება, თუ არ ვცდები, ჩემზეა შეჩერებული. ალბათ


ამიტომ მოხვედით ჩემთან. ასეა?

ფხოველმა უხმოდ დაუქნია თავი.

-ჩათვალეთ, რომ ის მეგობარი ნაპოვნია, - მძიმედ ჩაილაპარაკა გივიმ. - შემდეგ? განაგრძეთ...

-ამ წუთებში სისხლად იცლებიან სოხუმის დამცველები, შველა კი არსაიდანაა, - სახე მოეღუშა
ბაკურს. - ყოველ წუთს იბომბება ქალაქი. მე თქვენთან მოვედი როგორც ქართველთან, როგორც
კაცთან, რომელიც ვიცი, რომ უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე. ვიცით მეც და თქვენც, რომ
ქალაქი განწირულია, ძალიან მალე მას აფხაზები დაეპატრონებიან, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის
შეჩერებას, თუ მოვინდომებთ. ნუ მიყურებთ გაკვირვებით. კი, მე და თქვენ. დროებით მაინც
შევაჩერებთ სოხუმის დაცემას. მანამდე იქნებ გონს მოეგონ ის ძალები, ვინც საქართველო ასე
ულმობლად დაასამარა, ვინაც ნათელი დასუდრა ბნელით.

-ალბათ ფულია საჭირო? მე მზად ვარ!

-ვერ გამიგეთ! სამწუხაროდ, ფული ყველაფერს ვერ წყვეტს, ყველა პრობლემას ვერ გვიხსნის. აქ
ფული არაფერ შუაშია. საჭიროა მოვახდინოთ დროებით მაინც ბომბორას აეროდრომის პარალიზება!

-რა თქვით?! - გივი მინდელი წამოიწია. სუნთქვა შეეკრა. გაოგნებული მიაჩერდა ბაკურს. -
თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? თანამედროვე რუსულ სამხედრო აეროდრომს ავიღებთ ჩვენ? აეროდრომს,
რომელსაც ბატალიონები იცავენ?

-მე თქვენთვის არ მითქვამს, რომ ბრძოლით ავიღებთ აეროდრომს. ჩვენ ვახდენთ მხოლოდ მის
პარალიზებას და არა განადგურებას.

-კი, მაგრამ როგორ? განა ეს შესაძლებელია?

-შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერია. საჭიროა მხოლოდ ათი კაცი ჩვენს გარდა, რისკიანი
ბიჭები.

-ათს კი არა, ორმოცდაათს მოვნახავ მაგნაირს, - შეაწყვეტინა გივიმ.

-საქმისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თორმეტი კაცი! - მბრძანებლურად, შეუვალი


ხმით თქვა ფხოველმა. - არც თერთმეტი და არც ცამეტი. ვიმეორებ: მხოლოდ თორმეტი! მე უკვე ვიყავი
აეროდრომზე. დეტალებში გაანგარიშებული, გამოთვლილია ყველაფერი. ოპერაციისთვის საჭიროა
ზუსტად 15 წუთი. თხუთმეტ წუთში აეროდრომი ჩვენს ხელში იქნება. წინდაწინ მინდა იცოდეთ...

ფხოველი გაჩუმდა. რატომღაც გაუჭირდა დამთავრება.

-რა? - გულიანად გაიცინა გივიმ. - რა უნდა ვიცოდე, პირდაპირ მითხარით.

-მინდა იცოდეთ თქვენ, იცოდეს ყველამ, ვინც ჩვენს გვერდით იქნება, რომ ჩვენ სიკვდილზე
მივდივართ. აქ ცოცხლად გადარჩენის შანსი არაა! - თვალი აარიდა მინდელის ჩაფიქრებულ სახეს. -
მინდა ამ წუთიდან იცოდეთ პირობები: ყველა ჩვენგანი მოქმედების ზონაში შევდივართ ყოველგვარი
საბუთების გარეშე. ყოველი ჩვენგანი საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ენაზე. მძევლად
აყვანილ ოფიცერთა ოჯახებთან ყოველი ჩვენგანი ჯენტლმენი იქნება. არავითარი ზედმეტობა. ალბათ
თვითონაც ხვდებით, ბატონო გივი, როგორი ხალხი იქნება ამ საქმისთვის საჭირო?

-ვიცი. ვხვდები. მყავს მე მაგნაირი ბიჭები. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შევძლებთ
აეროდრომის შენარჩუნებას?

-არ ვიცი, საქმე თვითონ გვიჩვენებს. ალბათ სამი-ოთხი დღე მაინც. - კვლავ წამოდგა.
ფანჯარასთან მივიდა ისევ. - ასეა. მე თქვენ უსახელო სიკვდილზე გეპატიჟებით. ახლა თქვენზეა.

-რას უძახით უსახელო სიკვდილს?

-მანამ, სანამ აეროდრომის მომსახურე პერსონალი, მფრინავები, მათი ოჯახები ჩვენს ხელში
იქნება, ჩვენ არაფერი გვემუქრება, მაგრამ ეს, ბუნებრივია, დიდხანს ვერ გასტანს. იქიდან გამოსვლის
დროც ხომ მოვა, აეროდრომი უკვე სპეცნაწილებით იქნება გარშემორტყმული. შეეცდებიან ჩვენს
ცოცხლად აყვანას, რაც არც ერთ ვარიანტში არ უნდა დავუშვათ. რუსეთის მთავრობამ არ უნდა გაიგოს,
რომ ამ საქმეში თუნდაც ერთი ქართველია ჩართული, რადგანაც რუსეთის სამხედრო აეროდრომს
პარალიზება ნიშნავს რუსეთისთვის პირდაპირ ომის გამოცხადებას. მიმიხვდით?

-გასაგებია.

-ამ ქვეყნად არავინ არ უნდა გაიგოს, თუ ვინ ვიყავით ჩვენ. ჩვენი ახლობლები, ოჯახის
წევრები, მეგობრები ვერასოდეს გაიგებენ, თუ სად გავქრით. რა ვითარებაში დავიღუპეთ, - თავი
დახარა, სინანული გაუკრთა ხმაში. - აი, ამას ვეძახი უსახელო სიკვდილს.

-როდისთვის ფიქრობთ?

-ჯერ ხალხი მონახეთ. დრო მერე დავთქვათ.

-კი, ბატონო. ალბათ ჩემთან იცხოვრებთ?

-გმადლობთ, ბატონო გივი! - გაიღიმა ფხოველმა. - მაგრამ ამ დღეებში მე აქ არ ვიქნები.


ქალაქიდან გავდივარ. ერთი პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი. მალე დავბრუნდები.

ჩაფიქრებული იჯდა გივი მინელი...


VIII თავი

ფანჯრიდან გაჰყურებდა ეკა საღამოს ბინდში გახვეულ ქალაქს.

,,მრავლისმომსწრე თბილისი... ამბობენ, თითქოს რამდენიმე ათასწლეულის უკან აქ ვრცელი,


ალერსიანი ზღვა იყო გადაშლილი (მხოლოდ მაღალმა ღმერთმა უწყის, რამდენად მართალია ეს).
ზღვებსაც რგებიათ ხვედრი აღსასრულისა. მოაწევს ჟამი და ზღვამაც გუდანაბადი უნდა აიკრას,
უკვალოდ უნდა გადაიკარგოს. ჰოდა, ამ ადგილის ზღვაც ალბათ მათსავით აიბარგა. აქაურობას კი
მემკვიდრეობად დაუტოვა ვეებერთელა, მთა-გორებით განფენილი სივრცე და ეს სივრცეც თითქოს
ზღვის ლივლივს შემოეწერა.

და კიდევ იმასაც ამბობენ, ოდესღაც აქ უსიერი ტყე შრიალებდაო. იქნებ ქარიშხალმა


ამოძირკვა, ან სულაც ათასი ჯურის მომხდურთაგან გაჩენილმა ხანძარმა გადაბუგა ეს ტყე? ასე იყო თუ
ისე, დრო დაუდგა და ტყეც დაჭკნა, ხოლო ზურმუხტოვან ხმელეთს მარადყვავილობა დაუტოვა
ანდერძად...

იქნება აქ ოდესღაც საქვეყნოდ განთქმული გოლიათი მთებიც იდგნენ და გარს ნისლი


შემოებურათ? არავინ იცის, დრომ არ დაინდო, თუ მიწამ ვეღარ ზიდა მათი ჭაპანი. ერთხელაც
კალთები აუკრეფიათ და გზას გასდგომიან. აწ მათი კვალიც წაშლილა და მარტოოდენ ეული არწივები
დარჩენილან თვალუწვდენელ ლაჟვარდში, თითქოს ახლაც დაეძებენო გაუჩინარებულ მწვერვალთა
წარღვნისდროინდელ ციცაბოებს...”

კარი გაიღო. სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა თენგიზ გადალენდია.

-აბა რას შვრები, წავიდეთ?

-თქვენ გელოდებით! - ეკამ ჩანთა აიღო, თენგიზს შეხედა. - მოხდა რამე? რისთვის დაგვიბარა
ასე გვიან?

-არ ვიცი. ალბათ მოხდა რაღაც. შეფი ცოფებს ყრის.

ეკამ კარი გამოიკეტა. კიბეებს აუყვნენ.

მდივანი შემოეგებათ.

-გელოდებათ! - რატომღაც შიშნარევი, შემკრთალი ხმით თქვა.

-მარტოა?

-არა. ვიღაც რუსი ჩამოვიდა! - გოგონამ შეღებილი წამწამები ააფახულა, - მთელი დღეა, რაც
მარტოკები საუბრობენ.
თენგიზმა ეკას შეხედა. რაღაცის თქმა უნდოდა. გადაიფიქრა.

კარი შეაღეს. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გენერალი ოთახში ბოლთას ცემდა. შემობრუნდა.


მკაცრი მზერა შეავლო ორივეს. ეკამ ყურადღებით შეათვალიერა სტუმარი, სამოც წელს მიღწეული,
ნაცრისფერკოსტიუმიანი ქერა მამაკაცი.

-ჩემი თანამშრომლებია, ივან ნიკოლოზის ძევ! - ერთმანეთს წარუდგინა გენერალმა. - ბატონი


ივანის ნიკოლოზის ძე ბელოვი კი ქალაქ სოჭის პროკურორი გახლავთ. გთხოვთ დაბრძანდეთ!

და რუსულად მოლაპარაკე გენერალმა უცებ ქართულად დაუმატა:

-აბდლებო!

-ბატონო პროკურორო, - გენერალიც სავარძელში ჩაეშვა, ,,ბორჯომი” ჭიქაში დაისხა. მოსვა. - მე


მინდა ის ისტორია, რაც მოვისმინე თქვენგან, იცოდნენ მაიორმა გადალენდიამ და კაპიტანმა
ბუჩუკურმა. უმორჩილესად გთხოვთ, თუ არ შეწუხდებით, იქნება გაარკვიოთ საქმის ვითარებაში ეს
ოფიცრებიც?

-რა შეწუხებაა! ამისთვის ვარ აქ ჩამოსული! - ბელოვი ჩაფიქრდა. - სანამ საქმეზე


გადავიდოდეთ, მინდა იცოდეთ, რომ ჩემშიც არის რაღაც ქართული, - გაიღიმა. - დედაჩემის დედა
ჩიჯავიძის ქალი იყო, კახეთიდან. სოფელ კისისხევში არა ერთი და ორი ლამაზი დღე მაქვს
გატარებული ჩემს ბავშვობაში... მაგრამ ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ოცდაათი წელია, საქართველოში
არ ჩამოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ შორს ვცხოვრობ საქართველოდან. მეუღლე
სრულიად ახალგაზრდა გარდამეცვალა. მყავს ერთადერთი ქალიშვილი.

ეს იყო ორი კვირის უკან. მოსკოვიდან ჩამოვედი. იმავ დღეს სამსახურში გამოვცხადდი.
სამსახურებრივი საქმეები მოვაწესრიგე და უკვე შინ ვაპირებდი წასვლას, რომ მდივანი შემოვიდა:

-ივან ნიკოლოზის ძევ, მილიციის კაპიტანი კოვალჩუკი მიღებას ითხოვს.

-შემოვიდეს!

გული გამინათდა. ბევრ უღირსთან ერთად ბევრი ღირსეულიც მუშაობს შინაგან საქმეთა
ორგანოებში და ერთ-ერთი მათგანი დიმიტრი კოვალჩუკი გახლავთ. ყოველთვის მომწონდა ეს
ახალგაზრდა, საქმიანი და საზრიანი, პერსპექტიული ოფიცერი. ავღანეთში ოთხი წელი აქვს
გატარებული.

შემოვიდა. სამოქალაქო ტანსაცმლით იყო. სახეზე აფორიაქება ეტყობოდა.

-რამ შეგაწუხა? - წავათამამე. ვატყობდი, უჭირდა საუბრის წამოწყება. კვლავ თავდახრილი


იჯდა. ყოველთვის ენაწყლიანი კაპიტანი ახლა რაღაცას დაემუნჯებინა. ერთხანს დუმდა. წონიდა
სათქმელს. მერე კი უცებ შემომხედა...

-მითხარით, ივან ნიკოლოზის ძევ, - მუდარა გაუკრთა ხმაში, - მე გიჟი ვარ?

-ვინ გითხრა?! - გამეღიმა. - მე შენ სულ სხვანაირად გიცნობ.

-თქვენ გჯერათ ჩემი? - ხმა აუკანკალდა მღელვარებისგან.


-მჯერა შენი, დიმიტრი. მოხდა რამე?

-თუ მოხდა, მაშინ მართალი ვარ, თუ არა და მაშინ გიჟი! - თითქოს თავისთვის, უაზროდ
ჩაილაპარაკა.

-აღარ იტყვი, რაშია საქმე? - გული მომივიდა.

-თქვენ იცით, რომ მე ავღანეთში ვიბრძოდი, - შემომანათა კრიალა თვალები. - ოთხი წელი
ვიყავი იქ. ჩვენს მედესანტეთა ნაწილში ირიცხებოდა კაცი, ვისი სახელითაც, როგორც იტყვიან,
დედები ბავშვებს აჩუმებდნენ. ეს იყო კაცი, ვისაც თამამად შეიძლება ვუწოდო რუსული ზღაპრების
,,უკვდავი კაშეი”. ქართველი იყო, საქართველოდან. სხვას შეიძლებოდა დავიწყებოდა მისი სახე,
მაგრამ მე მას რა დამავიწყებს?! რა დამავიწყებს იმ ქართველს, ვინც ჩემი ტყუპისცალი ძმა, მძიმედ
დაჭრილი, მთელი ერთი კილომეტრი ზურგით ატარა ტყვიის წვიმაში და ცოცხალი გადაარჩინა?! სამი
დღის უკან განყოფილებაში მორიგე ვიყავი. დაგვირეკეს, რესტორან ,,თოლიაში” აფხაზები დახოცესო.
აფხაზები ცოცხლები აღმოჩნდნენ. უბრალოდ ვიღაცის ძლიერ ხელს უგრძნობლად დაეყარა ძირს. ის
ვიღაც არც გაქცეულიყო. რესტორანში დაგვხვდა. წასასვლელად ემზადებოდა. საბუთები მოვთხოვე და
უცებ ვიგრძენი, რაღაცამ გამყინა, თითქოს წარსული გამიცოცხლდა თვალწინ. ჩემს წინ ის იდგა, ის! ის
ქართველი! - თითქმის ხმამაღლა წამოიყვირა კოვალჩუკმა. - მაგრამ...

გაჩუმდა. თავი ხელებში ჩარგო.

-რა მაგრამ? - ვეღარ მოვითმინე.

-მაგრამ ეს ის არ იყო! - განწირულივით შემომხედა.

-როგორ, თუ იცანი, რომ ის ქართველი იყო, როგორღა არ იყო ის?

-როგორ და ისე, რომ ხელში მეჭირა მისი უცხოელობის დამადასტურებელი საბუთი, მისი
პასპორტი, სადაც გარკვევით, შავით თეთრზე ეწერა, რომ ის არის ესპანეთის მოქალაქე, ვინმე
ალექსანდრე ვოლკოვი...

-რატომ არ წაიყვანეთ განყოფილებაში? რატომ არ გაარკვიეთ, პასპორტი ნამდვილი იყო თუ


ყალბი?

-ვერ წავიყვანდი! - თვალი ამარიდა კაპიტანმა.

-მიზეზი?!

-ის მარტო არ იყო.

-ვინ ახლდა?

-თქვენი ქალიშვილი! - ძლივს ამოღერღა.

ფეხზე რომ ვმდგარიყავი, მუხლები მომეკვეთებოდა ალბათ... ჩემი ქალიშვილი?! ვიღაც


უცხოელთან?! თუ ვიღაც ქართველთან?! ჩემი ქალიშვილი ნახეს კაცთან ერთად, რომელმაც ამ ქალაქში
გამოჩენისთანავე მილიციის ყურადღება მიიპყრო?! გაოგნებულმა კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე.
-ახალგაზრდაა ის? - დაბნეულმა ესღა ვიკითხე.

-დიახ. იქნება ასე ოცდაათი-ოცდაცამეტი წლის.

-კი მაგრამ, მთელი სოჭი ქართველებითაა სავსე. რისთვის უნდა დადიოდეს ქართველი
უცხოელის პასპორტით? - ეჭვით შევხედე კვლავ. - ხომ არაფერი გეშლება?

-მე არაფერი მეშლება, ივან ნიკოლოზის ძევ, - მითხრა. - აი ეგ კითხვა მაწვალებს მეც. გთხოვთ
მომცეთ უფლება და იმედი მაქვს სამ დღეში ყველაფერს გავარკვევ.

-ხვალამდე უნდა მოიცადო! ჯერ საჭიროა გავესაუბრო ჩემს ქალიშვილს. თუ რაიმე


გაურკვევლობას ექნება ადგილი, შემდეგ უკვე ერთად დავსახოთ მოქმედების გეგმა. შევთანხმით?

-რა თქმა უნდა! - კოვალჩუკი წამოდგა. გამომემშვიდობა და წასასვლელად გამზადებული უცებ


შეჩერდა. ფიქრიანად შემომხედა. - ივან ნიკოლოზის ძევ, როგორც მილიციის ოფიცერმა, ვიცი, რომ არ
მაქვს კანონის დარღვევის უფლება, მაგრამ მე პირველ რიგში ადამიანი ვარ და მას თუ რაიმე უჭირს,
მზად ვარ დავეხმარო, რადგან მე და ჩემი ოჯახი ვალში ვართ მის წინაშე...

ალინა სახლში დამხვდა, - პროკურორი ცოტა ხანს ჩაფიქრდა. - დიახ! ალინა ჰქვია ჩემს
ქალიშვილს. ჩვეულებრივად შემხვდა, როგორც ყოველთვის. ველოდებოდი, თვითონ მეტყოდა ახალი
ნაცნობის შესახებ, რადგან ჩემი ქალიშვილი არასდროს არაფერს მიმალავდა. ამაოდ... აღარაფერი
მითქვამს. ის იყო დაწოლას ვაპირებდი, ტელეფონმა დარეკა. საათს შევხედე, თორმეტის რაღაც
წუთები იყო. ალინას უკვე ეძინა. ყურმილი ავიღე.

-ბელოვი გისმენთ!

-ოო! ივან ნიკოლოზის ძევ, თქვენ? ჩამოხვედით?

-იგორ, შენ? - მაშინვე ვიცანი სამხედრო მფრინავის, ჩემი შორეული ნათესავის, პოლკოვნიკ
იგორ შალიუხინის ხმა.

-კი. კი. მე ვარ. როგორ იმგზავრეთ?

-გმადლობ. კარგად.

-ალინა სადაა?

-სახლშია, დაიძინა უკვე.

-დიდებული გოგონაა. კარგი დრო გავატარეთ გუშინ.

-სად? უჩემოდ? არ გრცხვენიათ? - ხუმრობით ვუსაყვედურე.

-ქალაქგარეთ გავისეირნეთ, ივან ნიკოლოზის ძევ. ალინას ესპანელ მეგობარს აეროდრომი


დავათვალიერებინეთ.

-ვის? რა აეროდრომი?
-ცუდად ისმის? - ხმას აუწია იგორმა. - ალინას მეგობარია უცხოეთიდან. ჟურნალისტი.
დიდებული ახალგაზრდაა. ჩვენი, ბომბორას სამხედრო აეროდრომის ნახვა ისურვეს ახალგაზრდებმა
და უარს ხომ არ ვეტყოდი?! შუადღის სამი საათიდან უკვე რესტორანში დავსხედით. ოო! მაგრად სვამს
სტუმარი, მაგრამ ვერც შეატყობ, რომ ნასვამია.

უკვე აღარ მესმოდა, რას ამბობდა... ყურმილი დავკიდე. თვალწინ მედგა კაპიტან კოვალჩუკის
სახე. მისი სასოწარკვეთილი ხმა: ,,ჩემს წინ ის იდგა, ის! ის ქართველი!..”

მთელი ღამე თეთრად, უძილოდ გავატარე. მივხვდი, ჩემი შვილი რაღაც საშინელ,
საბედისწერო თამაშში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, არ ღირდა ჯერ ალინას დაფრთხობა. ჯერ
ყველაფერი უნდა გამერკვია და მხოლოდ ამის შემდეგ...

დილით კოვალჩუკს ვუხმე. საღამოს ექვსი საათი იყო, რომ კარი შემოაღო და გაღიმებული
სახით წამოვიდა ჩემსკენ.

-თქვენი დავალება შესრულებულია, ივან ნიკოლოზის ძევ! როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი


ისეა.

-დაწვრილებით, თუ შეიძლება, დიმიტრი.

-ავტომანქანა ,,გაზ-24-10”, შავი ფერის, სახელმწიფო ნომერი 99-99, რომლითაც ჩვენი სტუმარი
დასრიალებს, ეკუთვნის ჩვენი ქალაქის მცხოვრებს, გამარჯვებულივით შემომხედა, - დავით
ხიტალიძეს.

-ქართველს?

-დიახ!

-და ვინაა ეს ხიტილაძე? - ვკითხე კაპიტანს. სანამ პასუხს გამცემდა დავიძაბე. საიდანღაც
მახსოვდა ეს გვარი.

-დავით ხიტალიძე... - კოვალჩუკმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, გადაშალა. - დაბადებული


1964 წელს. ქართველი. პროფესიით ინჟინერი. დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური
ინსტიტუტი. წლების უკან ხიტალიძე ფანატიკურად იყო გატაცებული სპორტით. გახლავთ შავი
ქამრის მფლობელი. ხუთი წლის წინ ცოლად შეირთო მანანა ბუკია, სოჭის მცხოვრები. ბუკიების
ოჯახი მიეკუთვნება იმ წრეს, რომელზეც ამბობენ: ,,ძლიერნი ამა სოფლისანი”. მეუღლის ოჯახმა გზა
გაუკვლია ხიტალიძეს მაღალი საზოგადოებისაკენ. ამავე დროს, - ხმადაბლა თქვა, - დავით ხიტალიძე
გახლავთ გივი მინდელის მარჯვენა ხელი...

ოჰო! აი თურმე საიდან მახსოვდა ეს გვარი! მინდელი... ხიტალიძე... ქალაქის ახალგაზრდობის


სათაყვანებელი კერპები...

-ჩვენი ინკოგნიტო ქართველი ხიტალიძესთან ცხოვრობს, - განაგრძობდა კაპიტანი. - ხიტალიძე


დღეს არსად გამოჩენილა, მან კი რამდენჯერმე გაიარა იმ ქუჩაზე, სადაც გივი მინდელი ცხოვრობს. ამ
წუთებისთვის მანქანით შეჩერებულია მინდელის სახლთან. როგორც ჩანს, მინდელს უნდა შეხვდეს, -
კოვალჩუკი ჩაფიქრდა. - მაგრამ მინდელმა იცის, რომ ის ძებნილია და არა მგონია, სახლში მივიდეს.
-მივა. ნახევარი საათის წინ ტელეფონით დამიკავშირდა.

-რა მინდაო?

-ხვალ თვითონ მოვა ჩვენთან.

-თქვენ დაიჯერეთ მისი?!

-კი, დიმიტრი. დავიჯერე იმიტომ, რომ მინდელი და მისთანები ტყუილს არასდროს ამბობენ.

-ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ ხვალ გვეცოდინება, თუ რა უნდა მას, რისთვისაა აქ ჩამოსული.

-საიდან? - კითხვით შევხედე, - საიდან გვეცოდინება?

-ჩვენ შევედით მინდელის სახლში, - გაიღიმა კაპიტანმა. - ყველა ოთახში დავამონტაჟეთ


ხმისჩამწერები...

7 საათზე უკვე სახლში ვიყავი. ერთ საათში ალინაც მოვიდა. ჩანთა იქვე მიაგდო და კისერზე
ჩამომეკიდა.

-მამიკო, მითხარი, ძალიან გიყვარვარ? - ლოყაზე მაკოცა.

-ძალიან! - თავის განთავისუფლება ვცადე, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

-ერთი დიდი სათხოვარი მაქვს, მამა, - უცებ დასერიოზულდა. - და ეს თხოვნა უნდა


შემისრულო.

-კი, ბატონო! - გამეღიმა.

-მპირდები?

-გითხარი, რომ შეგისრულებ შენს თხოვნას. თუ ის, რა თქმა უნდა, ჩემს ძალებს არ აღემატება.
გისმენ...

-თავი დაანებეთ გივი მინდელის დევნას. გააუქმე მისი დაპატიმრების ბრძანება! -


სულმოუთქმელად მომაყარა და ჯიუტად შემომაჩერდა.

გული შემეკუმშა. უსიტყვოდ მივჩერებოდი ჩემს ერთადერთ ქალიშვილს. სინანულმა


შემიპყრო. ნუთუ რაღაც დავაკელი ცხოვრებაში? აღზრდა? განათლება? მაგრამ მას არც ერთი აკლდა,
არც - მეორე. მაშ რა ხდება? რატომ უნდა ეთხოვა ჩემს შვილს ჩემთვის ვიღაც კანონიერი ქურდის
შეწყალება? საიდან მოდის სათავე ამ ამბის? ვიღაც ქართველი... უცხოელის პასპორტით. ინტერესდება
სამხედრო აეროდრომით... მაგრამ რატომ მაინცდამაინც სოჭიდან ასე შორს მყოფი ბომბორას
აეროდრომით, როცა გარშემო, ქალაქიდან უფრო ახლოს განლაგებულია უფრო კეთილმოწყობილი
აეროდრომები?!

უცებ მომენტალურად, ისეთმა აზრმა გამიელვა თავში, რომ კინაღამ ხმამაღლა ვიყვირე.
ბომბორას აეროდრომიდან ხდება სოხუმის დაბომბვა!!! ამ აეროდრომით, ცხადია, დაინტერესებული
უნდა იყოს ქართული მხარე. აქ ორი აზრი არ არსებობს. ვინ შეიძლება იყოს ეს ქართველი, ვინც
უცხოელად ასაღებს თავს? საქართველოს უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი! მეტი არავინ! ო,
ღმერთო! ნეტავ ასე იყოს! სიცოცხლეს მივცემ, მხოლოდ იმას ნუ მომასწრებს ღმერთი, რომ ჩემი
ქალიშვილი ქურდების სათამაშო თოჯინად იქცეს. ხვალინდელი დილა ყველაფერს გაარკვევს,
ნათელს მოჰფენს. კოვალჩუკმა იცის თავისი საქმე. დაე, შეხვდნენ ერთმანეთს გივი მინდელი და
უცნობი ქართველი...

-შენ იცნობ გივი მინდელს? - მკაცრად ვკითხე ალინას.

-არა, მამა. მე ის არასდროს მინახავს, - თავი დახარა.

-აბა საიდან დაგებადა მისი გადარჩენის სურვილი?

-მამა! მამიკო! - კვლავ კისერზე მომეხვია. ნუ მაიძულებ ტყუილი გითხრა. მერწმუნე, მე მას არ
ვიცნობ. ოდესმე მოგიყვები ყველაფერს, დამიჯერე...

-შვილო! არ მინდა, რომ რაღაცით შენი ან ჩემი ღირსება შევბღალოთ, ტალახში ამოვსვაროთ.
ამისთვის არ გამიზრდიხარ, - როცა მის ასატირებლად გამზადებულ სახეს შევხედე, გამეღიმა. - კარგი!
ვასრულებ შენს თხოვნას. გივი მინდელი ხელშეუხებელია ამ წუთიდან.

-გმადლობ, მამა! - სიხარულით გაუნათდა სახე...

პროკურორმა წყალი მოსვა. ფიქრიანი თვალებით შეხედა გენერალს. მზერა ეკაზე გადაიტანა.

-მეორე დილით უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი ვარაუდის სისწორეში, მიუხედავად


იმისა, რომ ფხოველი თქვენი თანამშრომელი არ აღმოჩნდა. ახლა კი შეგიძლიათ მოისმინოთ საუბარი,
რომელიც წარიმართა მათი შეხვედრის შემდეგ, - ბელოვმა მაგნიტოფონი ჩართო...

სულგანაბულნი უსმენდნენ... კანკალმა აიტანა ეკა. მაგიდის კიდეს ისე ჩასჭიდა ხელი, რომ
თითები გაულურჯდა. ,,ამ ქვეყნად არავინ არ უნდა გაიგოს, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, ჩვენი ახლობლები
ვერასოდეს გაიგებენ, თუ სად გავქრით, რა ვითარებაში დავიღუპეთ. აი, ამას ვეძახი უსახელო
სიკვდილს...” ისმოდა ბაკურის ხმა.

-თქვენ ტირით? - ბელოვმა წყლიანი ჭიქა დაუდგა ეკას. ეკამ სწრაფად მოიწმინდა ცრემლი.

პროკურორმა საათს დახედა.

-ჩემი წასვლის დრო მოვიდა, ბატონებო. ალბათ ჩემი გაფრთხილება აღარ გჭირდებათ, რომ ეს
საქმე, რომელიც ამ ახალგაზრდა კაცს ჩაუფიქრებია, აურაცხელ მსხვერპლს მოითხოვს. ამ საქმეს
მოყვება გამოუსწორებელი შედეგი.

-მადლობა ღმერთს, - ცივად გაიღიმა გენერალმა, - უჩვენოდ მიხვდით თქვენც, რომ ის არაა
ჩვენი თანამშრომელი. თავდაცვის სამინისტროს მაიორი გახლავთ. შევთავაზეთ თანამშრომლობა,
მაგრამ უარი განაცხადა. თვითნებურად მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მისი თვითნებობის
ალაგმვას.

პროკურორ ბელოვის წასვლიდან გასული იყო თხუთმეტი წუთი. უხმოდ ისხდნენ. გენერალი
თვალმოჭუტული მისჩერებოდა თენგიზ გადალენდიას.
-რას ფიქრობ, თენგიზ?

-არ ვიცი, - თენგიზმა ეკას შეხედა. - არაფერი ვიცი. უკვე ვეღარ ვაზროვნებ. განა შეიძლება ამ
ამბის თუნდაც გაფიქრება? თვითონაც ხვდება, ამას რა შედეგი მოჰყვება. მაინც მიდის ამ საქმეზე...
უნდა შევაჩეროთ! - გადალენდიამ თვალი გაუსწორა გენერალს.

-დიახ! უნდა შევაჩეროთ და შევაჩერებთ კიდეც!

-მაგრამ როგორ? ჩვენ არ ვიცით, როდის აპირებენ ისინი ოპერაციის დაწყებას.

-მოვასწრებთ, თენგიზ. ნუ ნაღვლობთ მაგაზე! - ნაპერწკალმა იელვა გენერლის თვალებში. -


ალბათ ყველაფერს აჯობებს, თუ ფხოველი ავტოკატასტროფაში დაიღუპება, - გესლიანად გაეღიმა.
სიგარეტი მოქაჩა.

-ბატონო გენერალო, განა ეს აუცილებელია? - შეკრთა გადალენდია, მუდარით შეხედა.

-ეკა ბუჩუკური ფეხზე წამოდგა. ცრემლი გაშრობოდა თვალებში...

-თქვენ მის მოკვლას აპირებთ?! - ზიზღი გაკრთა ქალიშვილის ხმაში.

-მიზანი ამართლებს საშუალებას! - გენერალი ერთ წერტილს მიშტერებოდა. - ასობით


ადამიანის სიკვდილს ჯობია ერთ კაცს შეველიოთ.

-მას თქვენზე მეტად უყვარს საქართველო და ამიტომ სიკვდილის ღირსია? ვერ შეძლებთ მაგას,
ბატონო გენერალო! - ეკამ ჩანთას დაავლო ხელი და გარეთ გავარდა.

-გაყევით! შეაჩერეთ! ენას კბილი დააჭიროს! - ტელეფონს მისწვდა.

თენგიზი სწრაფად გავიდა. კიბეები ჩაირბინა. ეკა აღარსად ჩანდა.

-მაიორი თოფურიძე ამოვიდეს! - ჩაილაპარაკა გენერალმა. ყურმილი დაკიდა. ჩაფიქრდა.

-დაჯექი, კახა! - გენერალმა ხელით ანიშნა თოფურიძის სავარძელზე. სიგარეტის კოლოფი


მისკენ გაწია. - ყავას ხომ არ დალევ?

-გმადლობთ. არ მინდა, - ახალგაზრდა, ლამაზი მაიორი ჩამოჯდა.

-მე შენ დაგიბარე აი რისთვის, - თვალებში შეხედა. - დავალება უნდა მიიღო. დავალება,
რომელიც საკმაოდ სახიფათოა. მიუხედავად ამისა, შენი იმედი მაქვს.

-შევეცდები, გავამართლო თქვენი ნდობა!

-იწილო-ბიწილო არ მინდა ახლა მე. პირდაპირ გეტყვი. ამ ქვეყნად არსებობს კაცი, ვისგანაც
გვექმნება ძალიან დიდი პრობლემები. ამ საქმეს უნდა მიხედო... ხვდები ალბათ, როგორც...

-გასაგებია! - ჩაიცინა კახამ. - აფხაზია თუ ჩეჩენი?

-არც ერთი და არც მეორე. ქართველია.


-ვინ ქართველი?! - სახე გაუფითრდა მაიორს.

-არსებობს ამნაირი: ბაკურ ფხოველი! გვარდიის ოფიცერია...

თვალები აემღვრა კახა თოფურიძეს. ზეზე წამოიჭრა. პირადობის მოწმობა და პისტოლეტი


ამოიღო. წინ დაუწყო გენერალს.

-საამისოდ მაიორი თოფურიძე არ გამოგადგებათ, ბატონო გენერალო! - მაგიდის კიდეზე


ოდნავ გადაწეულმა გამოსცრა კბილებში. - გირჩევთ ქილერი მონახოთ... მე კი მივდივარ თქვენგან!

1991 წლის ზამთარი. სამაჩაბლო. ოსური მხარის ხელმძღვანელობასთან გარკვეულ საკითხზე


მოსალაპარაკებლად ორი ქართველი გადავიდა სამხრეთ ოსეთში. ერთი - უშიშროების კომიტეტის
თანამშრომელი, მეორე - თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი. ისინი გენერალ ცაგალოვს წარუდგინეს.
დამცინავად მიაჩერდა ცაგალოვი ქართველ ოფიცრებს.

-ტყვეები ბუცხრიკიძე, შავერდაშვილი და ხიზანიშვილი უნდა გაათავისუფლოთ! - პირდაპირ


განუცხადა ქართული დაზვერვის თანამშრომელმა.

-მათ კი არა, ამ წუთიდან თქვენც აგიყვანთ, ბანდიტებო! - იყვირა გაცეცხლებულმა გენერალმა.

-ბანდიტი მაშინ ვიყავი, - გამომწვევად შეხედა გვარდიელმა, - როცა ავღანეთში თქვენი, ჩემზე
არანაკლები ბანდიტის ბრძანებებს ვასრულებდი. თქვენ ამ წუთში საქართველოს არმიის მაიორს
ელაპარაკებით, გენერალო!

ცაგალოვმა თვალები მოჭუტა. ყურადღებით დააცქერდა გვარდიელს.

-ეს შენ ხარ?! - გაოცებულმა ჩაიჩურჩულა.

-მიცანით? დიახ, მე გახლავართ. ნამდვილად მე ვარ, ბატონო კიმ, ვისაც სული წაუბილწეთ
ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში, ვისაც ასწავლეთ ადამიანების კვლა, აფეთქება და განადგურება... თქვენ
ალბათ არ მოგისმენიათ, გნებავთ, არ წაგიკითხავთ კატის და ლომის ამბავი..

-რა?! - ცაგალოვმა რისხვით დააკვესა თვალები.

-კატა და ლომი, - გაეცინა გვარდიელს, - ოდესღაც ერთად აგვარებდნენ საქმეებს. კატა


ასწავლიდა ლომს, თუ რა უნდა გაეკეთებინა მტრის თავდასხმის შემთხვევაში. ასწავლა ყველაფერი
გარდა ერთისა: თუ როგორ ასულიყო ლომი ხეზე. თქვენ კი, ბატონო გენერალო, არ გამოიყენეთ კატის
სიბრძნე და მე ყველაფერი მასწავლეთ. მიფრთხილდით!

-აიყვანეთ! - გენერალმა ბრაზიანი მზერა შეავლო გვარდიელს. თავისიანებს მიუბრუნდა. -


ხვალ დილით მოიყვანეთ ჩემთან!

უშიშროების კომიტეტის ოფიცერმა პროტესტი განაცხადა:

-ბატონო გენერალო, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების, დატყვევების უფლება...


-არ გინდა! - ჩუმად ჩაილაპარაკა გვარდიელმა. - ამაღამ გავალთ აქედან!

თენდება... ლიახვის ხეობაში მუხლამდე თოვლს მიარღვევს ორი. მდევარი ფეხდაფეხ მისდევს.
სადღაც იწივლა ტყვიამ. მუხლი მოეკვეთა ერთ-ერთს. ქართველთა პოზიციებამდე სულ რაღაც
კილომეტრია დარჩენილი. ჩაიჩოქა დაჭრილმა...

-ვეღარ შეძლებ სიარულს? - წამსვე მის გვერდით გაჩნდა მეორე.

-შევძლებ! - კბილები გაახრჭიალა. წამოიწია.


რავი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა ახლადგამოჩეკილ ,,ბიძაშვილს”.

-იქ დავიბადე. 1917 წელს წასულა ბაბუა რუსეთიდან.

-საიდან, თუ იცით?

-პეტერბურგიდან.

-მე მოსკოველი ვარ! მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ მოგვარეები ვართ, კი მაგრამ,
რამ გაიძულათ ესპანეთიდან ამხელა მანძილის გამოვლა საომრად?

-გრძელი ამბავია...

-მაინც? - არ მოეშვა ,,ბიძაშვილი”. - პირდაპირ თქვით, მეომრულად, ფრონტულად.

ბაკურმა დათოს გახედა. მშვიდი ღიმილი შეაგება ხიტალიძემ.

-ცოლმა მიღალატა! - უცებ თქვა ბაკურმა.

-ცოლმა?! - გაოცდა ვლადიმერი. - მერე და რა შუაშია აქ აფხაზებისა და ქართველების ომი?

-ქართველს გამოყვა... მას მერე ჭირის დღესავით მძულს ქართველები.

-გასაგებია! - თანაგრძნობით შეხედა კაპიტანმა. ბეჭებზე ხელი მოუთათუნა. - ნუ გეშინია,


ამოხვალ ქართველების ოხტში. კურდღლებივით ვარბენინებთ მალე მაგათ! - სასმელი უკვე
მოკიდებოდა ვლადიმერ ვოლკოვს. - აი, იქ მაინც ყოფილიყავი ჩემს გვერდით და მაშინ... - აღარ
დაამთავრა.

-სად იქ? - ფხოველმა სიგარეტი გაუწოდა.

-თბილისში. ოთხმოცდაცხრა წლის ცხრა აპრილს. აბა იქ იყო, თუ იყო, - მეოცნებე თვალებით
გახედა ტყეს. - დავფანტეთ ქართველი ჩმორიკების ჯგუფი. ვინ საით გარბოდა, აღარ იცოდნენ. ერთი
თხუთმეტ-თექვსმეტი წლის გოგო შევათრიე სადარბაზოში. სანამ გვარიანად არ ვუთაქე, ვერაფრით
დავიმორჩილე. ო, რა იყო! აბა ჩამოასხით! დავლიოთ!

თვალები აემღვრა ხიტალიძეს. კიდევ წუთიც და ვოლკოვს ყელში სწვდებოდა. ბაკურმა


მკლავზე ოდნავ შეახო ხელი. გამაფრთხილებლად შეხედა. დათომ თავი ჩაღუნა. მიხვდა, მასზე უარეს
დღეში იყო ფხოველი. მართლაც მთელი ტანი ციებიანივით უცახცახებდა ბაკურ ფხოველს. ხელი
მისდაუნებლიედ მიიწევდა პისტოლეტისკენ. მაგრამ არა! გაუფრთხილებელი ნაბიჯის გადადგმის
უფლება მას არ ჰქონდა. მარტო რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად მიაცხრილავდა ოთხივეს, მაგრამ
ახლა ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

-ვისია ის გიტარა? - ბაკურმა მათი მანქანისკენ გაიხედა. უკან ავტომატი და გიტარა


ერთმანეთზე იყო მიყუდებული.

ცხვირჩაჭყლეტილი წამოდგა. გიტარა აიღო. ბაკურს გაუწოდა.

-არა, - თავი გაიქნია ფხოველმა, - მაგის ნიჭი არ დაუმადლებია ჩემთვის მამა-ღმერთს. მე


უბრალოდ მიყვარს, როცა სხვას ვუსმენ.

-მაშ შეგიძლიათ მომისმინოთ! - შავტუხა აღარ დამჯდარა. მანქანის საბურავზე ჩამოდო ფეხი.
ხმადაბლა წამოიწყო:

,,Ночь, улица, фанарь, аптека,

Бессмысленный и тусклый свет.

Живи еще хоть четверт века,

Все будет так. Исхода нет...”

-გმადლობთ! - ბაკურმა თავი დაუკრა. მოეწონა. მართლაც უნაკლოდ მღეროდა რუსი. საათს
დახედა. ვლადიმერ ვოლკოვს შეუბრუნდა.

-ჩვენ სოხუმისკენ, თქვენ საით?

-აქვე, ახალ ათონში, - ვოლკოვი დაიხარა, წყალი შეისხა სახეზე.

-ახალ ათონში? ალბათ ქალებთან? არ გეპატიებათ, ვლადიმერ! - ლუდი მოსვა. - ბარსელონაში


რომ შევხვედროდით ერთმანეთს, მაშინ მე ვიცოდი, აქ კი...

-არა, არა! - ხელები გაასავსავა კაპიტანმა. - არავითარი ქალები! ამაღამ სანაპიროზე უნდა
ვიმორიგეოთ.

-ქართველები ზღვიდან ხომ არ აპირებენ დესანტის გადმოსხმას? - დამცინავად გაეღიმა


დათოს.

-არა, ბიჭებო! არც ქალებია და არც მოწინააღმდეგის დესანტი. ამაღამ ვაჟა ჯინჯოლიას უნდა
ვუდარაჯოთ.
-ეგ ვინღაა? - წარბი აუტოკდა ბაკურს, - თქვენი გენერალია ვიღაც?

-რისი გენერალი! - ცხვირჩაჭყლეტილმა ზიზღით იბრუნა პირი. - არძინბას მეგობარია, მისი


საქმეების ერთ-ერთი უშუალო შემსრულებელი. ბინძური ტიპია. ფულის გულისთვის,
დარწმუნებული ვარ, არძინბასაც გაყიდის და მშობელ დედასაც.

-კი მაგრამ, თუ იცით, რომ ასეთია, ვინ დაგაძალათ მისი დაცვა? - ფხოველი მიამიტად
შეაჩერდა რუსს.

-ეხ, ძამიკო! - ცხვირჩაჭყლეტილმა ნაღვლიანად ჩაიქნია ხელი, - ვინ დამაძალა და ცხოვრებამ.


გორბაჩოვის და შევარდნაძის დედა ვატირე მე. დაშალეს ეს საათივით აწყობილი ქვეყანა. სამხედრო
ოფიცერი ვარ. შემცირდა შტატები და დავრჩი უმუშევარი. ოთხი შვილი მყავს. მათგან უფროსი რვა
წლის არის. შენახვა, გაზრდა ხომ უნდა მათ? აი, ავიღე ავტომატი და ფულისთვის რიგითი
ჯარისკაცივით წინ და უკან უნდა ვიარო სანაპიროზე. სანამ ქვეშაფსია ჯინჯოლიას და შამილ ბასაევს
ქეიფი არ მოსწყინდებათ.

,,შამილ ბასაევი... შამილ ბასაევი... საიდან მახსოვს” - ბაკურმა სიგარეტს მოუკიდა. - ,,ბასაევი!
ჩეჩენი?! არძინბასგან აფხაზეთის გმირად გამოცხადებული. ვისაც არა ერთი და ორი ქართველის
სისხლით აქვს ხელები მოსვრილი. მაშ შამილიც აქ იქნება?! ძალიან კარგი!”

-მაშ ასე, - ბაკური ბოლო ჭიქებს ავსებდა. - ამ წუთში ვცილდებით ერთმანეთს. არა და, არ
მეთმობით, ბიჭებო! სიამოვნებით ვიქნებოდით თქვენს გვერდით მე და ჩემი მეგობარი.

-მერე და ვინ გიშლით? - გულიანად გაეღიმა ცხვირჩაჭყლეტილს. - იყავით ჩვენთან. ხალხი


გვაკლია კიდეც.

-თქვენი ხელმძღვანელობა რას იტყვის?

-შენ მაგაზე ნუ იდარდებ, ბიძაშვილო! - ვლადიმერი მის წინ შეჩერდა. - სროლა თუ შეგიძლია
ნორმალურად?

ფხოველის თვალებში ანცმა ნაპერწკალმა იელვა. დაიხარა, პატარა ჭიქა აიღო. კაპიტანს
გაუწოდა:

-დაიდგით თავზე, ბიძაშვილო!

-არა. ისედაც მჯერა. ასეთ ექსპერიმენტებს ჩვეული არ ვარ.

-რა გაეწყობა! - ბაკურმა ამოღებული ,,ბერეტა” შეინახა. - რაკი თქვენთან ვრჩებით, მაშ
თქვენთან დარჩენას გაუმარჯოს. რას ვაკეთებთ ახლა?

-ამაღამ ჩვენთან იქნებით. დასალევი ჩვენც გვაქვს მანქანაში. ხვალ კი სოხუმისკენ


გავისეირნოთ. თანახმა ხართ?

-რა თქმა უნდა. რაც არ უნდა იყოს, ომში ბიძაშვილის გვერდით ჯობია ყოფნა. შენ რას იტყვი? -
დათოს შეხედა.
-სადაც ჩვენი ძმები, იქ ჩვენც! - ხელები ასწია ხიტალიძემ. - ხომ გაგიგონიათ, ,,ყველა
ერთისთვის! ერთი ყველასთვის!”

საღამო. ახალი ათონი. ,,ლომის ყურე”. ხმელეთში ოდნავ შეჭრილი ზღვის ზოლი მუქ მწვანედ
ლივლივებდა საღამოს ბინდში. ნაპირიდან ასიოდე მეტრში წითელი, შავზოლებიანი მოზრდილი
იახტა მოჩანდა. მანქანები ნაპირზე იდგნენ. იახტაზე ადამიანები მიმოდიოდნენ. ბაკური მოუსვენრად
წრიალებდა მანქანაში. დაღამებას საშველი აღარ ადგებოდა. ვაჟა ჯინჯოლია და შამილ ბასაევი უკვე
ორი საათია იახტაზე იყვნენ.

დაღამდა. ვლადიმერ ვოლკოვი და მისი მეგობრები სასმელს მიეძალნენ.

-ბიძაშვილო, მოდით! - გამოსძახა კაპიტანმა.

-წუხელაც არ გვძინებია, წავიძინებთ ცოტას, - ხიტალიძემ გემრიელად დაამთქნარა. - თქვენ


დალიეთ.

-თუ არ გინდათ, კი ბატონო! - ვოლკოვმა მოზრდილი ჭიქა შეავსო.

-წავედი! - ბაკურმა უხმაუროდ გახსნა კარი. - ახლა თერთმეტი საათია. დამელოდე


თორმეტამდე. თუ არ მოვედი თორმეტისთვის, გადი აქედან. არც ერთი წუთი არ დააყოვნო.

-ბაკურ! - დათომ გადასასვლელად გამზადებულს მკლავში მოჰკიდა ხელი. - თუ თორმეტამდე


არ მოხვედი, იცოდე, შენს დაწყებულს მე გავაგრძელებ.

-ნუ სულელობ! რაც გითხარი, ის გააკეთე! ერთ ხანს შეყოვნდა, მანქანის შუქებზე
შეჯგუფებულ, აყაყანებულ ჯინჯოლიას დაცვას გახედა. - ხომ იცი, დაზღვეული არავინ ვართ. ჩემი
თხოვნაა, თუ რამე მოხდა და აღარ მოვედი, ნურსად გაამხელ ჩემს სიკვდილს, დაე, იმის იმედით
იცოცხლოს დედაჩემმა, ადრე თუ გვიან დაბრუნდებაო...

შემობრუნდა, ღიმილით შეხედა ხიტალიძეს.

-რილკე ამბობს: ,,ძლევამოსილია სიკვდილი. ის ბედნიერების დროსაც სადარაჯოზე დგას.


მაღალი სიცოცხლის წამს ის ჩვენში იტანჯება. გველოდება, მოწყურებულია, ტირის ჩვენში”... შენ იცი.
თორმეტამდე! - კარები ისევე უხმაუროდ დაიხურა, როგორც გაიღო. დათო ჩაციებით ჩააცქერდა
სიბნელეს. ფხოველი აღარსად იყო...

როგორც იტყვიან, ჩიტის რძეც არ აკლდა სუფრას, რომელსაც შვიდი მამაკაცი შემოჯდომოდა.
მონაბერი მსუბუქი ნიავი, ტალღებზე ოდნავ მოქანავე იახტა, რიტმულად მოძრავი მაგიდა და
ანთებული სამოცი დიდი სანთელი ზღაპრულ შთაბეჭდილებას ჰქმნიდა.

-ბატონებო! - შამილ ბასაევმა ჯიხვის რქა შეავსო ღვინით, ფეხზე წამოდგა. - კიდევ ერთხელ
დავლოცავ ბატონ ვაჟას. ბატონო ვაჟა, დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა საჩუქარი შეიძლებოდა მომეტანა
დღევანდელ დღეს თქვენთვის. ვერც დოლარებს და ვერც მიხაკებს ვერ მოგართმევდით. ამით
შეურაცხგყოფდით თქვენც და საკუთარ თავსაც. გუშინ დილით ჩემმა ბიჭებმა ეს მომიყვანეს, -
გადახედა გვერდით მჯდარ, გასაოცარი სილამაზის გოგონას. - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის
სტუდენტია, ფრონტზე მოხალისედ წამოსული, - გაეცინა. - თქვენთვის შევინახე! გიძღვნით ორივე
ხელით.

ჯინჯოლია წამოდგა. შამილს გადაეხვია.

-გმადლობთ! გმადლობღ, შამილ! - ქალიშვილს დააცქერდა.

-მთელი ღამე წუხელ თეთრად გაატარა, მოსვენება ესაჭიროება ალბათ, - ბასაევმა გოგონა
სკამიდან წამოაყენა. - შეგიძლიათ წაიყვანოთ, ბატონო ვაჟა, კაიუტა მიუჩინოთ, - გადაიხარხარა.
სხვებიც აჰყვნენ.

მკრთალად განათებულ კაიუტაში ერთადერთი საწოლი იდგა. ჯინჯოლიამ კარები მიხურა.


ქალიშვილი შემოატრიალა.

-რამდენი წლის ხარ?

-თვრამეტის! - გოგონას მხრები უცახცახებდა.

-რა გქვია?

-თეონა! - ცრემლები წასკდა. - გემუდარებით, მიშველეთ!

-აბა რას ვიზამ? - ჩაიქირქილა ვაჟა ჯინჯოლიამ. - აბა! მე გაგხადო თუ შენ თვითონ გაიხდი?

-მხეცო! თეონას სახე შეეცვალა. მოქნეული ხელი გამეტებით ლეწა სახეში მამაკაცს. - მიჯობს
მომკლა!

ვაჟა ჯინჯოლიამ ლოყა, რომელზეც ხუთი თითი აღმეჭდილიყო, ნელა მოისრისა და


განრისხებული წავიდა თეონასკენ. უცებ შეჩერდა. კარებისკენ გაიხედა. შემობრუნდა. სახე
გაუფითრდა. აკვალანგებიანი უცნობი მდუმარედ იდგა კაიუტის კარებთან. გულხელდაკრეფილი
მისჩერებოდა ჯინჯოლიას. ნელა მოიძრო ბრტყელი სათვალე, რეზინი გადაიძრო თავიდან,
ჯინჯოლიამ თვალები დახუჭა, იცნო... ,,ნახვამდის, ბატონო ვაჟა!” - ჩაესმა სტამბულში ნათქვამი.
გააჟრჟოლა. თვალი გაახილა. ფხოველი უკვე მის წინ იდგა. ავად ლაპლაპებდა მის ხელში მოკლე,
ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხანჯალი.

-გილოცავთ დაბადების დღეს! - მოესმა. ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან


ცხოვრებაში გაიგონა...

თეონა შიშს დაემუნჯებინა. თვალებგაფართოებულს ტუჩებზე ხელი აეფარებინა და გასუსული


კედელს აკვროდა. ბაკური სწრაფად მივიდა, მკლავში მოკიდა ხელი.

-ნუ გეშინია, თეონა! მითხარი, ცურვა იცი?

-არა! - ამოიკვნესა ქალიშვილმა. ჩაეჭიდა ფხოველს. - გეხვეწებით, აქ არ დამტოვოთ, მირჩევნია


წყალში დავიხრჩო!

-ძალიან მალე იწყვეტ იმედს, - თვალებში ჩახედა. - ნახევარ საათზე ნაპირზე ვიქნებით. ახლა
კი მისმინე...
კაიუტიდან ამომავალ კიბეზე ტყვე ქალიშვილი გამოჩნდა. თავდახრილი წამოვიდა
მამაკაცებისკენ. შამილ ბასაევთან შედგა.

-რაო, ლამაზო, - დაცინვით შეხედა ბასაევმა, - ისევ ჩემთან გამოგაგზავნეს? ხომ არ მოხუცდა?
დახმარება ხომ არ სჭირდება ბატონ ვაჟას?

-გთხოვათ, რომ ცოტა ხანს კაიუტაში, მასთან ჩახვიდეთ.

შამილმა ბოდიში მოიხადა, მაგიდიდან წამოდგა.

-გამიძეხი! - თეონა წინ გაუშვა, უკან მიჰყვა.

კიბეებზე ჩავიდნენ, ქალიშვილმა კაიუტის კარი შეაღო. შევიდა, დანდობილად მიჰყვა ბასაევი
და... ვერ გაიგო, რა ძალამ ააგდო ჰაერში და ძირს დასცა. გრძნობა არ დაუკარგავს, უცებ წამოიჭრა
ფეხზე და პისტოლეტმაც იელვა მის ხელში. გასროლა ვერ მოასწრო. მეორე დარტყმამ იარაღი ხელიდან
გააგდებინა და მუხლი მოჰკვეთა. შამილმა თვალი მოჰკრა მის მკერდთან გაელვებულ ხანჯალს. მაგრამ
თავდამსხმელმა ხანჯლიანი ხელი ნელა დაუშვა ძირს. ბასაევმა თავი ასწია, უცნობს შეხედა. ბაკურ
ფხოველი შუბლშეკრული შეჰყურებდა შამილ ბასაევის მკერდზე ვერცხლის ჯაჭვით დაკიდებულ
ვერცხლისავე რგოლს, რომელშიც შავჩარჩოიანი პატარა სურათი ჩაესვათ. სურათიდან გაღიმებული
იყურებოდა... ახმედ რამაზანოვი!

-ვინაა ეს? - ფხოველმა სურათზე ანიშნა. ხელი მოჰკიდა. წამოაყენა.

-ჩემი მასწავლებელი! - ბასაევმა ბრაზიანი მზერა ესროლა. - გულჩვილი ყოფილხარ! მე არ


დაგინდობდი.

-ვიცი! შენ ეს მითხარი, თუ იცი, სად და რა ვითარებაში დაიღუპა შენი მასწავლებელი?

-თურქეთში, კლდიდან გადმოვარდა.

-გადმოვარდა? არა, შამილ! ის დაიღუპა არა თურქეთში, არამედ ეგვიპტეში. დაიღუპა მის
წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისაც შენ ძმობას ეფიცები.

შამილ ბასაევს სახეზე შავმა ფერმა გადაჰკრა.

-შენ გინდა თქვა,რომ ახმედი ვიღაცამ მოჰკლა? და ის ვიღაც ჩემი მეგობარია?

-იყო!

-სიტყვას დამტკიცება სჭირდება. მითხარი მისი მკვლელის სახელი და თუ ეს ამბავი მართალი


აღმოჩნდა, მას ნაწილებად დავჭრი.

-მე უკვე მოვკალი ახმედის მკვლელი! - ფხოველმა შამილის ზურგს უკან გაიშვირა ხელი.
შეტრიალდა ბასაევი. დახედა ჯინჯოლიას გვამს. ბაკურმა პისტოლეტი აიღო. ხელში შეატრიალა, ერთ
ხანს ჩაფიქრებული შეჰყურებდა შამილის გაოგნებულ სახეს, შემდეგ კი იარაღი პატრონს გაუწოდა.
იქვე მდგარ ქალიშვილს ხელი მოჰკიდა.

-ამ გოგონამ ცურვა არ იცის და ოცდაათი წუთი ნუ ატეხავ ხმაურს. გვაცადე ხმელეთზე გასვლა.
-არ გინდა! - ხელით შეაჩერა შამილმა. - ცურვა არ დაგჭირდებათ, მე გაგაცილებთ!

ფხოველმა საათს დახედა. ჩვიდმეტი წუთი აკლდა თორმეტს...

X თავი

რა არის ტანჯვით და წამებით სიცოცხლის გამამწარებელი ბედი? რა უნდა ჩვენგან? საით


მივყავართ? ეს არავინ იცის ქვეყნად!

ვინც იცის ამის პასუხი, წყვდიადს ხედავს.

მარტოდმარტოა და ღმერთი ჰქვია!

ჩვენმა ცხოვრებამ და დღევანდელმა საზოგადოებრივმა წესწყობილებამ ანდერძი აუგო


ცოცხალ ადამიანს, ახალგაზრდობას. ადამიანს უკვე ყველაფერი გადახდა, ყველაფერი იგრძნო, აიტანა,
სცადა, გამოიტირა, გამოიგლოვა, დაჰკარგა, დაემორჩილა იმ მორჩილებით, რომელიც გულგრილობას
ჰგავს, როგორც სიკვდილი - ძილს...

ეკა ბუჩუკური დაღვრემილი გაჰყურებდა გზას. შავი მანქანა სტამბულისკენ მიჰქროდა...

მაშ ბოლო ძაფიც უნდა ჩაუწყვიტონ ეკას? არა! არა და არა! ისევ თავისიანებმა უნდა მოკლან
ბაკური? არა, გენერალო! ახლა აღარაფერს დაერიდება ეკა ბუჩუკური, აღარაფრის ეშინია მას, თუნდაც
ზეცა დაატყდეს თავს, თუნდაც ოკეანემ შთანთქას და წალეკოს. თუ სიკვდილი უწერია ბედის წიგნში,
მხოლოდ ბაკურთან, მის გვერდით მოკვდება ეკაც. მაგრამ ჯერ ,,სიცოცხლე ნავარდობს” ისევ და
სიკვდილზე ფიქრიც ნაადრევია. თქვენ ფრთაშესხმული ხართ, გენერალო, მოსკოვიდან ბოძებული
სამსახურით, წარმატებით... მაგრამ ბილწია ეს წარმატება. ბილწი კი იმით არის, რომ ყალბი მსგავსება
აქვს ღირსებასთან და ამით ატყუებს ხალხს. ბრბოსთვის წარმატებას იგივე აზრი აქვს, რაც ჭეშმარიტ
ღირსებას. მოულოდნელი წარმატება იმდენად ემსგავსება ნიჭს, რომ ისტორიასაც კი ატყუებს.
წარმატებამ ყველა დაიმორჩილა ჩვენს დროში და თვით ფილოსოფიასაც მათხოვრის ტანსაცმელი
ჩააცვა. მოახერხე წარმატება? იშოვე ფული? - აი თეორია! წარჩინებული ბრძანდები დღეს? მაშ
ღირსეულიც ბრძანებულხარ! ლატარიით მოიგე? - ღირსი ყოფილხარ! ვინც თავისას გაიტანს,
სათაყვანოც ის არის. თუ ბედი გაქვს, შენია ქვეყანა. თუ ბედნიერი ხარ, შეიძლება ღმერთად შეგრაცხონ
და შენ, ბედნიერო, თუ დაფიქრებულხარ ოდესმე იმაზე, რომ არ შეიძლება განუსჯელად ყველასთვის
სასიკვდილო განაჩენის გამოტანა?!

მანქანა შეაჩერა. საჭეს დაეყრდნო შუბლით. წამოსწია თავი. ცრემლჩამდგარი თვალებით


გახედა ქალაქს. მის წინ სტამბული იყო გადაშლილი მთელი თავისი ელვარებით.

იქნება ტყუილად ვარჩიე ეს გზა?! იქნება ტყუილად დავკარგე დრო? მგონი, არა! ერთადერთი
კაცი ამქვეყნად, ვისაც შეუძლია ამ წუთში მისი შველა, სწორი გზის გამონახვა მის გადასარჩენად,
მხოლოდ გიორგი აბაშიძეა. საჭიროა სწრაფი და ზუსტი ნაბიჯი ბაკურის შესაჩერებლად. ამას კი
მხოლოდ ძია გიორგი შეძლებს.

სარკეში ჩაიხედა. ცრემლით დანისლული თვალები მოიწმინდა. თბილისიდან გამოსვლის ღამე


დაუდგა თვალწინ...

ათი საათი იყო ღამის. აქეთ წამოსასვლელად ემზადებოდა. ტანსაცმელს ალაგებდა ჩანთაში.
ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყურმილი აიღო.

-გისმენთ!

-თბილისია?! - მოისმა რუსულად.

-დიახ! - დაიძაბა ეკა.

-ელაპარაკეთ!

-ეკა, შენა ხარ? - მუხლი მოეკვეთა. ბაკურ ფხოველის ხმას ათას ხმაში გამოარჩევდა.
ტელეფონში აშკარად ისმოდა სროლის ხმა.

-ბაკურ! ბაკურ! - მეტის ვერაფრის თქმა მოახერხა.

-ეკა! სასაუბროდ დიდი დრო არ მაქვს. მინდა რომ გწამდეს, გჯეროდეს, მე შენ მიყვარდი,
მიყვარხარ. იცოდე, რომ იმ უკუნ გზას, რომელსაც მე ვადგავარ, შენი თვალები მინათებს. მაპატიე
ყველაფრისათვის!

-აზრზე მოდი, ბაკურ! - იკივლა ეკამ. - გონს მოდი! გონს მოდი, შე გადარეულო,
არანორმალურო, რას აკეთებ იცი? ხვდები? შენი მოკვლის ბრძანებაა უკვე გაცემული. გესმის? შენი
მოკვლის!

-ბავშვობაში ,,კრაზანა” წაგიკითხავს? - ყურმილში კვლავ ისმოდა აფეთქებების ხმა.

-რა დროს ,,კრაზანაა”, გაგიჟდი? - ეკას ტირილი წასკდა.

-წაგიკითხავს თუ არა?

-კი!

-გახსოვს ,,კრაზანიდან” ეს სიტყვები?: ,,ველზე დაფრინავს პეპელა მარდი, და სულ არა აქვს
სიკვდილის დარდი!”

ტელეფონი გაითიშა.

ეკა ქვითინით გადაემხო საწოლს.

ცხელოდა. ზღვის სანაპირო განვლო და მალე ,,ბენტლი” ყოფილი პატრონის სასახლის


კიბეებთან შედგა. მანქანიდან გადმოსულმა სასახლეს შეავლო თვალი. არსად არავინ ჩანდა.
კიბეებისკენ წავიდა.
-ოო, ამას ვის ვხედავ! - მოესმა. შებრუნდა ეკა. მისკენ ფართხუნა გრძელ ხალათში
გამოწყობილი გიორგი აბაშიძე მოდიოდა. ხელში მებაღის გრძელი, ტოტების საჭრელი მაკრატელი
ეჭირა.

-ოთხი თვე გელოდი! როგორც იქნა! - აბაშიძემ ხელი მოხვია, გულში ჩაიკრა. ჩვეულებისამებრ
შუბლზე აკოცა. - რა გატირებს? - გაოცებულმა შეხედა.

-რომ არ გამჭირვებოდა, ალბათ ახლაც ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას, - ეკა გაღიმებას


ცდილობდა.

-მოხდა რამე? - მოიღუშა მოხუცი. - ვინ გაწყენინა, მითხარი!

-ბაკური უნდა მოკლან! - უცებ, პირდაპირ თქვა ეკამ. ვედრებით შეხედა.

ეკა ბუჩუკურის განსაცვიფრებლად უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა გიორგი აბაშიძემ. ფართოდ


გახელილი თვალებით მიაჩერდა ეკა.

-ოჰო! უყურე შენ! - ეკას ხელი მოხვია კვლავ. აუზის გვერდით მდგარი, გადაბურული ხისკენ
წაიყვანა, სკამზე ჩამოსვა. პირდაპირ დაუჯდა.

-აბა მითხარი, ვინ არის ის გაბედული, ვისაც ფხოველის მოკვლა განუზრახავს?

-საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე! - ხმადაბლა, თავჩაღუნულმა


ჩაილაპარაკა.

-კი მაგრამ, მიზეზი?

-საქართველოს სიყვარული!

-ჰმ! - გაიღიმა აბაშიძემ. - ოთხი მილიონი ქართველიდან და უფრო მეტიდანაც,


დარწმუნებული ვარ, ორ მილიონს მაინც უყვარს საქართველო, მაგრამ ამ ორი მილიონის დახოცვას
ვერ შეძლებს ის. უშიშროების კომიტეტმა იცის სადაა ბაკური?

-დიახ. ქალაქ სოჭშია.

-ვინ შეგატყობინათ, სოჭის პროკურორმა ხომ არა?

ეკამ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. მოულოდნელობისგან შეცბა.

-საიდან იცით ეს თქვენ, ძია გიორგი?

-ხანდახან ვგებულობ, შვილო, რაღაც-რაღაცეებს, - ეშმაკურაად უციმციმებდა თვალები


მოხუცს. - შემთხვევით გავიგე ისიც, რომ ამ წუთებისთვის შენც დაგეძებენ. გადაკეტილია თქვენი
სამსახურის მიერ რუსეთისკენ გამავალი ყველა გზა. უშიშროების კომიტეტმა რატომღაც იფიქრა, რომ
შენ ფხოველის გასაფრთხილებლად სოჭში რუსეთის ტერიტორიიდან ჩახვიდოდი. შენ კი სრულიად
საპირისპირო გზა აირჩიე. ყოჩაღ, შვილო! შენ აჯობე მაგათ ჭკუით. მითხარი, ბოლომდე მენდობი მე?
გჯერა ჩემი?
-რომ არ გენდობოდეთ, თქვენი არ მჯეროდეს, ამ საქმეში თქვენ არ გთხოვდით დახმარებას.

-ძალიან კარგი! - აბაშიძემ ხელში შერჩენილი მაკრატელი აუზის კიდეზე ჩამოდო. - სანამ
ყველაფერს მოგიყვები, მინდა იცოდე, რომ ბაკურს უკვე აღარ ემუქრება სასიკვდილო საფრთხე. ახლა
კი, - ნელა წამოდგა, ვისადილოთ. შენი ჩამოსვლა დავლოცოთ. დანარჩენს შემდეგ გეტყვი.

ხელი გაუყარა. კიბეებს აუყვნენ. მშობლიური სიყვარულით იყო სავსე გიორგი აბაშიძის ხმა,
ყველა მისი მოქმედება და ჟესტი. მთელი ცხოვრება მშობლიურ სითბოს იყო მოკლებული და პირველი
დღიდანვე აბაშიძისკენ მიმართა ყოველივე, რაც კი გრძნობდა და ოცნებობდა მასში. ბუნებამ, სამოცი
წლის ასაკობრივმა განსხვავებამ უფსკრული გააჩინა მათ შორის, მაგრამ განგებამ ეს უფსკრული
ამოავსო. განგებამ უცებ შეაერთა თავისი უძლეველი ძლიერებით ეს ორი ნიადაგიდან ამოგლეჯილი
არსება, განსხვავებულნი - ასაკით, ერთგვარნი - უბედურებით. ერთმანეთს ავსებდნენ აბაშიძე და ეკა.
ეკა ალღოთი ეძებდა მშობლიურ სითბოს, გიორგი აბაშიძე კი - შვილს. შეხვდნენ ერთმანეთს და
იპოვეს, რაც ენატრებოდათ. ისინი უკვე სამუდამოდ იყვნენ შეერთებულნი სულით და გულით.
თითქოს აკლდამის კედლებით იდგნენ ყველასგან დაშორებულნი. მოხუცი ისეთივე მარტოხელა იყო,
როგორც ეკა - ობოლი. თითქოს ზეცამ ინება, რომ გიორგი აბაშიძეს მამის მაგივრობა გაეწია
ეკასათვის...

და მართლაც, ის იდუმალი შეგრძნებაც, რომელიც ეკამ განიცადა მაშინ, როცა აბაშიძე გზას
ულოცავდა ეგვიპტისკენ, ეს მამაშვილური ლოცვა ოცნება კი არა, სინამდვილე იყო. ჭეშმარიტად
განგების ნება იყო ამ კაცის მშობლიური ჩარევა ეკა ბუჩუკურის ცხოვრებაში.

გიორგი აბაშიძე წინ გაუძღვა ეკას. მესამე სართულის ბოლო კარი შეაღო. შევიდა. მიიხედ-
მოიხედა. ეკაც მიჰყვა. მჭმუნვარე სახით გადაჰქონდა მზერა ერთი საგნიდან მეორეზე.

-ეს ჩემი ქალიშვილის ოთახი იყო, - ამოიოხრა, - ახლა შენია შვილო, აქ იცხოვრებ! ყველაფერი
აქაა, რაც გჭირდება. აბაზანა აქვეა, - ხელით ანიშნა. - საცურაო აუზები, ზღვა შენს განკარგულებაშია. მე
ძირს ჩავალ, სადილის თადარიგს დავიჭერ. მალე ჩამოდი, - შებრუნდა.

ეკამ მკლავზე მოკიდა ხელი. შედგა მოხუცი.

-ძია გიორგი, შეიძლება მამა დაგიძახოთ?

გიორგი აბაშიძეს სახე გაუბრწყინდა.

-განა კითხვა უნდა მაგას?! - თვალებში ცრემლი აუკიაფდა. შებრუნდა. აივანს გაუყვა მტკიცე,
ნელი ნაბიჯით.

თვალი გააყოლა ეკამ. ზღვას გახედა. ბაღს მოავლო მზერა. მხოლოდ ახლა შენიშნა ბაღის
კუთხეებში მაღალი საგუშაგოები. ჯიხურებში მეავტომატეები მიმოდიოდნენ. ოთახში შებრუნდა...

-მამედს დავურეკე. ძალიან გაეხარდა შენი ჩამოსვლა, - კიბეზე შეეგება ეკას მოხუცი. - მალე აქ
გაჩნდება.

-სოსო და ნორმანი როგორ არიან? - ეკამ სხვებიც მოიკითხა.


-სოსო კარგად. რაც შეეხება ნორმანს, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, აღარ არის ამ ქვეყნად, ჩვენს
გვერდით.

გული შეეკუმშა ეკას.

-როგორ მოხდა?

-ძალიან უბრალოდ, შვილო. ცეცხლმოდებულ სახლში შევარდა ბავშვის გადასარჩენად.


ბავშვის გადმოგდება მოასწრო ფანჯრიდან, მაგრამ თვითონ... ეჰ! - ხელი ჩაიქნია. - როგორც იტყვიან,
ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩო. მთელი ცხოვრება ბრძოლებში ჰქონდა გატარებული. სულ
უწვერული, პატარა ბიჭი იყო, როცა სახლიდან გაიპარა და ვიეტნამში ამოყო თავი. ვიეტნამელებთან
ერთად იბრძოდა… შემდეგ ისრაელში, ერაყში, ავღანეთში... მთელი ეს ქვეყნები ომებით გამოიარა. აქ
კი, უბრალოდ, სახლის ცეცხლმოდებულმა ჭერმა ჩააქრო მისი სიცოცხლე, - გზას გახედა. - მამედი
იგვიანებს. დაველოდოთ თუ... ნამგზავრი ხარ, გშია ალბათ.

-გმადლობთ, მამა. არ მშია. გზაში ვისადილე. ჯობია დაველოდოთ.

ჩრდილში ზღვის სანაპიროზე ჩამოსხდნენ. ეკა მონუსხული მისჩერებოდა ზღვის მუქლურჯად


აფერადებულ სივრცეს, მონარნარე ტალღებს.

-ეკა, მითხარი, შვილო, წინდაწინ კი დიდ ბოდიშს ვიხდი ამ შეკითხვისთვის, შენ გიყვარს
ბაკური?

-დიახ! - ეკამ თვალი გაუსწორა. - მიყვარს!

-კარგი არჩევანია, - გულთბილად გაეღიმა მოხუცს. დაფიქრდა. - მე ვერ წარმომიდგენია


ახალგაზრდა ქალი, რომელსაც არ ამოძრავებდეს ორი ძალა: სიყვარული და სარწმუნოება. როგორც
სიყვარულია აუცილებელი, ასევე - სარწმუნოებაც. ერთიც და მეორეც ესაჭიროება ადამიანს. ვაი იმას,
ვისაც არ ჰყვარებია და ვაი იმას, ვისაც არაფერი სწამს ქვეყნად. მიყვარს, როცა ადამიანი ნორმალურად
აზროვნებს. ყოველთვის პატივს ვცემდი ამნაირ ადამიანებს, ვგმობდი სხვებს, რომელნიც ხარბად
ტკბებოდნენ დროებითობით. მე უსაქმურად არასდროს მიმაჩნდა ადამიანი, რომელიც ფიქრებით იყო
გატაცებული. არის შრომა ხილული და შრომა უხილავი - დაიმახსოვრე ეს! შთაჭვრეტა ხვნა არის და
ფიქრი - მოქმედება. გულზე დაკრეფილი ხელი შრომობს, შეერთებული ხელი ჰქმნის. ზეცისკენ
მიპყრობილ თვალსაც აქვს თავისი ქმნილება. უძრავად იყო თალესი ოთხი წლის განმავლობაში და
სწორედ მან დააფუძნა ფილოსოფია. ჩემი შეხედულებით, უსაქმურები არ არიან ერთად მცხოვრები
ბერები და არც მუქთახორები არიან განდეგილები. აჩრდილზე ოცნება სერიოზული საქმეა.

აჩქარებულია ის, ვინც დაუფიქრებლად წამოიძახებს:

,,რა საჭიროა ამდენი ბერ-მონზავნები, ზეცას რომ შეჰყურებენ? რისი მაქნისნი არიან?!”

ვაი, რომ წყვდიადით ვართ გარემოცულნი და წყვდიადიღა მოგველის!

ვაი, რომ არ ვიცით, რას გვიქადის ჩვენ მომავალი განბნევა! და აი, ამიტომ იმ დაუფიქრებლებს
მე ვაძლევ პასუხს:
იქნებ არ იყოს არავითარი შრომა ისე წმინდა, როგორც წმინდაა ამ მლოცველთ დგომა?! იქნებ
არ იყოს ასე სასარგებლო სხვა შრომა?! უნდა იყვნენ ყოველთვის მლოცავნი მათთვის, ვინც არასდროს
ლოცულობს.

ჩაჩუმდა გიორგი აბაშიძე. თვითონაც თვალი მიაპყრო ზეცას.

-სასიამოვნოა თქვენთან საუბარი, მამა, - ეკა კვლავ ზღვას გაჰყურებდა. - მე კი ვლოცულობ და


ფანატიკოს მორწმუნედაც მიმაჩნია ჩემი თავი, მაგრამ მონაზვნად ვერასდროს აღვიკვეცებოდი, ისევე,
როგორც ბერად ვერ შევდგებოდი, მამაკაცი რომ ვიყო.

დაფიქრებულმა შეხედა მოხუცმა.

-მესმის შენი. შენ იმ თაობის წარმომადგენელი ხარ, რომლის სიცოცხლის იდეალად ლხინი და
დროსტარება გამხდარა და სწრაფმავალი სიამოვნების გარდა არაფერი აგონდება. მე კი პატივისცემის
ღირსად მიმაჩნია ყველა, ვინც განდეგილობას ირჩევს. მონასტერი თვითგანდგომაა, შვილო,
თავგანწირულებაა. ვალდებულებად რომ გაიხდის ადამიანი საშინელ შეცდომილებას, ამასაც თავისი
სიდიადე ახლავს თან. ყოველმხრივ რომ გავსინჯოთ მონასტერი და გამოვარკვიოთ მისი ღირსება და
ნაკლოვანება, უნდა ვაღიაროთ, რომ მონასტერი, უფრო კი ქალების მონასტერი (რადგან ქვეყნად
მამაკაცზე მეტად ქალია ტანჯული), ცხოვრების უკეთურობისაგან გაქცეულთა თავშესაფარი,
წარმოადგენს ერთგვარ პროტესტს. და ქალების მონასტერი ამ მხრივ უფრო დიდებულია, ვიდრე
მამაკაცების.

ეს კარჩაკეტილი არსებობა - ასე მკაცრი და სევდიანი - სიცოცხლე არ არის. არ არის სიცოცხლე,


იმიტომ, რომ თვისუფლება არ არის. არც სიკვდილია, რადგან არ არის სრული განსვენება. ეს არის
რაღაც უცნაური ადგილი, საიდანაც კარგად ჩანს, როგორც მაღალი მთის ქედიდან, ერთი მხრივ
უფსკრული, რომელშიც ადამიანი იმყოფება და მეორე მხრივ უფსკრული, რომელიც ადამიანს
ელოდება. ერთი მაღალი, ვიწრო ქედია ამ უფსკრულების შუაზღვარი, მოღრუბლული ქედი, სააქაოს
და საიქიოს შუა აღმართული. თავისებურად აწვდის სინათლეს და წყვდიადს ამ საზღვარს ერთიც და
მეორეც. მიხრწნილი სხივი სიცოცხლისა უერთდება ბნელ სხივს სიკვდილსას. ეს არის მკრთალი
ჩრდილი სამარისა.

მე არ მწამს ის და ისე, როგორც და რაც სწამთ ამ ბერებს და მონაზვნებს, მაგრამ მათნაირად


ვცხოვრობ სარწმუნოებით. და ყოველთვის წმინდა, ტკბილი შიშით და შურიანი შებრალებით ვუყურებ
ამ თავგანწირულ ადამიანებს, რომლებიც თრთიან და მაინც სწამთ. ამ თავმდაბალ დიდებულთ,
რომლებიც ბედავენ ცხოვრებას საიდუმლოების უფსკრულის პირზე, და მათ მიერ უარყოფილი
სააქოდან განდევნილნი ტკბილი იმედით შესცქერიან სასუფევლის მომნიჭებელ ზეცას. შესცქერიან
სინათლეს, რომელსაც ვერ ხედავენ. ბედნიერნი არიან ტკბილი რწმენით, რომ იციან, სად არის ეს
სინათლე და გულით ნატრობენ უფსკრულს და მიუწვდომელს. გაშტერებით შესცქერიან უძრავ
წყვდიადს მუხლმოყრილნი, გონმიბნედილნი, ათრთოლებულნი, ამაღლებულნი მარადისობის
ძლიერი ქროლვით.

მსახური მოუახლოვდათ. მოწიწებით დახარა თავი.

-ბატონო გიორგი, ბატონი მამედ თანდილ-ოღლი მობრძანდა.


-მოვდივართ! - მძიმედ წამოიწია აბაშიძე. ყველაფერი მზადაა?

-დიდი ხანია.

-წავიდეთ, ეკა! - ხელი მოხვია. სასახლისკენ გაემართნენ.

უკვე ბინდდებოდა, როცა მამედი და მისი მეუღლე მასპინძელს გამოეთხოვნენ. მამედმა


მეუღლე საჭესთან დასვა, თვითონ, საკმაოდ შეზარხოშებული, გვერდით მიუჯდა. მანქანა ნელი
სვლით მიეფარა თვალს.

ბნელოდა. აივანზე ისხდნენ. ეკა ყავას სვამდა და ჩაფიქრებული, მოლოდინით აღსავსე


თვალებით შეჰყურებდა მოხუცს.

-დიახ! ბაკურ ფხოველის თხოვნით, გივი მინდელმა შემოიკრიბა, შეარჩია თავისი ხალხიდან
სულ ათი კაცი, - ხმადაბლა ყვებოდა აბაშიძე. - ეს არის, შვილო, პატარა, მაგრამ თავზეხელაღებულთა
ჯგუფი, რომელიც საკმაო თავსატეხს უჩენს აფხაზურ მხარეს. თუმცა ამაზე შემდეგ... ჩემთვის
ცნობილი გახდა ბაკურის ჩანაფიქრი, - გაეღიმა. - ესეც, რა თქმა უნდა, შემთხვევით. შეიძლება არ გჯერა
შენ, არც თქვენი კომიტეტის თავმჯდომარეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ფხოველი და
მინდელი შესძლებდნენ აეროდრომის პარალიზებას. დიახ! ისინი გააკეთებდნენ ამას! მაგრამ შემდეგ?
რა იქნებოდა შემდეგ? ამის გაფიქრებაც კი მაკრთობს... მე ყველაფერი ვიღონე მათ შესაჩერებლად.
დავარწმუნე გივიც და ბაკურიც, რომ ეს იქნებოდა მართალია ღირსეული, მაგრამ გაუმართლებელი
ნაბიჯი.

-თქვენ შეხვდით ბაკურს? - მორიდებით შეაწყვეტინა.

გიორგი აბაშიძემ ღიმილით შეავლო თვალი ქალიშვილს.

-კი, შვილო! სრულიად შემთხვევით გადავეყარე მას ქალაქ სოჭში. შევხვდით, ვისაუბრეთ.
ისინი მიხვდნენ, თუ რაოდენ უპერსპექტივო იყო მათი განზრახვა. დამიჯერეს მე, მოხუცებულს და
ვერ წარმოიდგენ, როგორი მადლიერი ვარ მათი. მიხვდნენ, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია. უარი
თქვეს აეროდრომზე თავდასხმაზე, მაგრამ...

-მაგრამ რა?

-გადავიდნენ პარტიზანულ ომზე. ამ წუთებისთვის ეს პატარა ჯგუფი სოხუმთან იბრძვის.


როგორც გუშინ შევიტყე, უკვე სამჯერ დაუგეს ხაფანგი რუსულმა დაჯგუფებებმა ბაკურს და მის
ჯგუფს, მაგრამ ფხოველს სამჯერვე პირდაღებული დაუტოვებია რუსი გენერლები. იმის მაგივრად,
რომ გარემოცვიდან გასვლა ეცადა, ბრძოლა მიუღია, ამოუხოცია თავდამსხმელთა ჯგუფები და
სამჯერვე უმსხვერპლოდ გასულა ტყეში.

შეისვენა ბატონმა გიორგიმ. წყალი მოსვა.

-და კიდევ ერთი მინდა გითხრა. ამას წინათ შემატყობინეს, რომ ოცდაერთ სექტემბერს, ღამის
სამ საათზე, არაბეთის სანაპიროებისკენ კურსს აიღებდა ერთი პატარა გემი, რომელზეც უკვე
იმყოფებოდა თხუთმეტი ულამაზესი ქართველი გოგონა. ხვდები, ალბათ, საით აპირებდნენ მათ
წაყვანას. ვაჟა ჯინჯოლიამ მაინც ვერ ისწავლა ჭკუა. კუზიანს ხომ მხოლოდ სამარე ასწორებს, -
გაჩუმდა. სიბნელეს გახედა.

-და თქვენ ვერაფერი იღონეთ მათ საშველად? - ხმა აუთრთოლდა ეკას.

-ჩემი შველა აღარ იყო საჭირო, - ცივად გაიღიმა აბაშიძემ. - ჩვიდმეტ სექტემბერს, საღამოს,
ახალ ათონთან, საკუთარ იახტაზე მოკლეს ვაჟა ჯინჯოლია. ახლა კი მოსვენების დროა, შვილო, -
ფეხზე წამოდგა. - დავისვენოთ დღეს და ხვალ. ზეგ მძიმე დღე გველის.

-რა ამბავია ზეგ? - კითხვით შეაჩრდა ეკა.

-მინდოდა შენთვის ეს სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ არა! სჯობს ახლავე იცოდე, - კეთილი
ღიმილი დაეფინა მის სახეს. - ზეგ საღამოს ბაკურ ფხოველი და გივი მინდელი აქ იქნებიან!

-მიყვარხართ! მიყვარხართ! - ეკა კისერზე ჩამოეკიდა მოხუცს.

-წადი, დაიძინე! - თავზე გადაუსვა ხელი, - უკვე გვიანია.

-ამ წუთში დავიძინებ, მხოლოდ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება?

-გისმენ! - შემობრუნდა.

-ვინ მოკლა ვაჟა ჯინჯოლია?

-არ ვიცი! - კიბისკენ შებრუნდა. ხმადაბლა დაამატა. - ისე კი, როგორც მითხრეს, ჯინჯოლიას
თურმე შუბლზე მიხატული ჰქონია... შავი ეშმა! - დაეშვა კიბეებზე. ეკამ ღრმად, მშვიდად ამოისუნთქა.
ნელა ჩაეშვა რბილ სავარძელში. სიგარეტს მისწვდა. უკუნს გახედა.,.

XI თავი

ნისლის საბურავია სიყვარული... წარმავალი კვამლია სადღეგრძელოები...

კვლავ რესტორანში ისხდნენ. რესტორანში, სადაც პირველად ნახეს ერთმანეთი. ,,ეგვიპტეში”


სიწყნარე სუფევდა. მათ გვერდით აღარ იყვნენ მარიკა, თემურ კორძაია, ბესიკ ბუჩუკური. გივი
მინდელს, გიორგი აბაშიძესა და მამედს შეეცვალათ ისინი. რესტორნის შემოსასვლელში,
პოლიციელებთან ერთად, აბაშიძის დაცვა იდგა. რვა საათი იყო საღამოს.

ბაკურ ფხოველი ეკას პირდაპირ იჯდა. თეფშს დასჩერებოდა და დუმდა. ყველა სვამდა მის
გარდა. აბაშიძემაც გული გახსნა. გივისთან ალავერდს ალავერდზე გადადიოდა. ეკას უკვე მობეზრდა
ჯდომა, ერთი სული ჰქონდა, როდის განმარტოვდებოდა ბაკურთან, რომელიც საოცრად შეცვლილი
ეჩვენა. გადაღლილი სახე, ამოღამებული თვალები, რომელშიც უსაშვლო ბოღმა ჩაჰგუბებოდა
ფხოველს. ამ ერთი თვის მანძილზე თითქოს ჭაღარა მოძალებოდა.
-ბაკურ, არ გეპატიება, შვილო, ჩვენ ვსვამთ, შენ - არა!

-დღეს მაპატიეთ, ბატონო გიორგი, არ ვარ განწყობილი, - თავი ასწია. ყველას მოავლო მზერა.
ეკაზე შეაჩერა წუთით. უცებ გაუქრა სახიდან დარდის კვალი, გაიღიმა, სასმისი აიღო. - ვიცი, სწორად
გამიგებთ, იმიტომ, რომ ამას თქვენთან ვამბობ და არა სხვასთან. ამ წუთში ჩემი თავი მძულს, ბიჭები იქ
სისხლად იცლებიან, მე კი... მე კი მაინც ვერ ვძლიე თავს და იმ გრძნობას, რომელსაც სიყვარული
ჰქვია. მაპატიეთ ჩემი გრძნობების ასე ხმამაღლა გამოვლინება, მაგრამ სიკვდილის პირისპირ მდგარს
ყველაფერი ეპატიება ალბათ. ჩვენი აქ გამომგზავრება დაემთხვა იმ დროს, როცა ხალხი უნდა
შეგვესვენებინა. გადაიღალნენ უკვე ბიჭები. დღეს ხუთშაბათია. კვირა დილით ისევ განვაგრძობთ
საქმეს. თქვენზე ახლობელი დღეს, დედის გარდა, თითქმის აღარავინ მყავს. დაგლოცავთ!
დაგლოცავთ! დავლოცავ იმ ხალხს, იმ გულანთებულ ქართველ ბიჭებს, ვინც იცის, დამარცხებულია
უკვე, მაგრამ მაინც მგლის ლეკვებივით კბილებით მიიწევენ მტრისკენ... მერწმუნეთ, მე არ ვარ
დამარცხებული არმიის ჯარისკაცი, - კვლავ ნაღველი მოეძალა ფხოველის თვალებს, - მე
დამარცხებული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ... შეგიძლიათ გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ ბედნიერი ვარ
იმით, რომ დამარცხებული მქვია. რატომ?! იმიტომ, რომ რაკი დამარცხებული ვარ, გამარჯვებისთვის
უნდა ვიბრძოლო. გავა თვეები, წლები... შეიძლება ჩვენ აღარ ვიყოთ ამ ცოდვა-ბრალით სავსე
ქვეყანაზე, მაგრამ მოვა დრო და ფსოუდან კობახჩომდე, და კობახჩოდან ბოთანას ყელამდე ისევ
ქართველების იქნება დღეს დაკარგული ქართველთა მიწები.

აბაშიძემ, ეკამ და გივი მინდელმა ერთმანეთს შეხედეს. მამედი ჩუმად იჯდა.

-ეგ რა, ახალი საზღვრებია საქართველოსი? - გაეცინა ეკას.

-სასაცილო ვთქვი რამე?! - მოქუფრულმა გამოხედა ბაკურმა.

-საწყენად არ მითქვამს, - მუდარით შეხედა ეკამ. - უბრალოდ, არ ვიცი, სადაა ეგ კობახჩო და


ბოთანა.

-რა?

კობახჩო და ბოთანა არ ვიცი-მეთქი სადაა!

ბაკურ ფხოველმა სასმისი ისე დადგა, ხელი არ გაუშვია, თვალები დახუჭა. უსიტყვოდ
მისჩერებოდა ყველა. გამოფხიზლდა. გულიანად გადაიხარხარა უცებ.

-ბატონო გიორგი! მამედ! გივი! ისევ და ისევ ბოდიშს ვიხდი თქვენთან, ეკა მართალია. მე ცოტა
არ იყოს გადაღლილი ვარ და საკუთარ თავს ალბათ უკვე ვეღარ ვუწევ კონტროლს. - ეკას გახედა. - იცი
ეკა? ათასცხრაასიანი წლების დასაწყისში ვაჟა-ფშაველამ შეუძლებელი შეძლო. მწირი, ხრიოკი
ადგილებიდან მთის მაცხოვრებლები შირაქის ხვავიან, ბარაქიან მიდამოებში ჩაასახლა... არსებობს
ამნაირი სოფელი, ქვემო ქედი ჰქვია. ფშაველები ცხოვრობენ იქ. შიგადაშიგ ბერძნებიც... საკმაოდ დიდი
სოფელია. უბნებადაა დაყოფილი და ბოლო უბანს კობახჩო ჰქვია... მის იქით უკვე აზერბაიჯანია.ერთი
კარგი ძმა ცხოვრობს ამ სოფელში. ყორიაულია გვარად. კარგი მონადირეა და კარგი პურისმჭამელი. რა
ვქნა, მიყვარს ამნაირი ხალხი... ჰოდა, თქვენ რომ გაგაოცათ, ეს იმ ყორიაულის ნათქვამი
სადღეგრძელოა.რაც შეეხება ბოთანას, ეს ფშავის მთების ბოლო წერტილია, მის გადაღმა ჩეჩენ-
ინგუშთა ტერიტორიებია. მიმიხვდით ახლა?
-იმერეთი არ მიუყოლებია შიგ? - სერიოზულად იკითხა გივიმ.

-მგონი არა! რაღაც არ მახსოვს.

-ე ბიჭო, დავღუპულვართ და ეგაა. თუ კაცი ხარ, შემახვედრე იმ ყორიაულს, ვთხოვ, იქნება


შეიტანოს იმერეთიც საქართველოს ფარგლებში...

იცინოდნენ... გიორგი აბაშიძე ჩაფიქრებული შეჰყურებდა ახალგაზრდებს. გივი მინდელი


წამოდგა. უნდოდა ეთქვა რაღაც. ხელით შეაჩერა აბაშიძემ. ბოდიში მოუხადა. ფხოველს შუბრუნდა.

-ბაკურ, შენთვის ჩვენ ყველაზე ახლობლები ვართ, ხომ ასეა?

-დიახ! - თვალი გაუსწორა.

-თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს გადაბმულნი ვართ საქმეებით, ურთიერთპატივისცემით და


სიყვარულით. ამდენად, საიდუმლოც ერთმანეთთან არაფერი გვაქვს. ჯინჯოლიას იახტაზე შენ შამილ
ბასაევს გადაეყარე. რატომ წავიდა ბასაევი ცოცხალი?

-იმიტომ, რომ ვიცანი ის ტიპი! - ხმადაბლა თქვა ფხოველმა. - მე მისი ცოცხლად დატოვებით
პატივი ვეცი ჩემი მეგობრის ხსოვნას, ვინც ჩემთვის გასწირა თავი. შვიდი წლის უკან გროზნოში ვიყავი
ჩასული ახმედთან. მასთან ვისხედით სამსახურში. შალინის აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა იმ
დროს. დღის მეორე ნახევარში გამოვედით. მანქანაში ჩავსხედით. გაცილდა ახმედი ქალაქს. მთებისკენ
წავედით.

-საით მივდივართ? - ვკითხე.

-საწვრთნელ ბაზაში! - მომიგო.

-რის საწვრთნელ ბაზაში?

ახმედმა სიჩქარეს უკლო. არაფერი უთქვამს. კარგა ხანს ჩაჩუმებულებმა ვიარეთ. სადღაც
მაღალი გორაკის ქიმზე შეაჩერა. გადავედით მანქანიდან. ძირს ვეებერთელა მინდორი იყო გაშლილი,
გარშემო მთებით შემოფარგლული. ოცდაათი კარავი დავთვალე მინდორზე. ბუზებივით ირეოდნენ
ადამიანები. უსაქმურად კი არა - გახურებული წვრთნა მიდიოდა. ისმოდა ხმამაღალი შეძახილები
ხელჩართული ბრძოლის მასწავლებლების, პისტოლეტების ხმა, კაკანებდნენ ავტომატები. შევნიშნე,
რომ არც ერთი მათგანი არ ჰგავდა ჯარისკაცს. ახმედს გავხედე. დაფიქრებული, გულხელდაკრეფილი
დაჰყურებდა ბანაკს.

-ვინაა ეს ხალხი?

-უკანასკნელი არამზადები, ძმაო! - მომიახლოვდა, ჩემს წინ შედგა. თავი დახარა. - სამი თვის
უკან გამომიძახეს. დამავალეს ამ ბანაკის მოწყობა და ხალხის მომზადება.

-კი მაგრამ, რისთვის ჭირდებათ?

-ეშმაკმა იცის! ვიცი მხოლოდ ის, რომ როგორც დაქირავებული მეომრები, რომელიღაც
ქვეყანაში უნდა წავიდნენ. სად, ზუსტად არ ვიცი...
ჩავედით. ახმედმა საქმეები მოაწესრიგა და მანქანისკენ წამოვიდა. მე არ გადავსულვარ.
მანქანასთან იყო უკვე მოსული, რომ შეჩერდა. ვიღაც მოიხმო ხელით. სუსტი ტანის, ახალგაზრდა კაცი
წამოვიდა მისკენ. წვერი მოშვებული ჰქონდა, თავი გადაპარსული. მოწიწებით მიესალმა ჩემს
მეგობარს. ღიმილით შეჰყურებდა ახმედი.

-როგორ არის საქმე? - ჰალსტუხი მოიფონა.

-უმაღლეს დონეზე ვარ დაუფლებული ყველაფერს, - გაიღიმა წვერიანმაც.

-თავი დაიცავი! - უცებ შეჰყვირა ახმედმა და მსუბუქად გაარტყა ყბაში. წვერიანი არ


დაცემულა, ოდნავ ჩაიჩოქა მუხლზე და იმავ წამს თავდამსხმელს საპასუხო დარტყმა აგემა. ეს იყო მისი
ბოლო ხელის გაქნევა. გულწასული გადაესვენა გარშემომდგარი ამხანაგების მკლავებზე. ახმედი
მივიდა. ლოყაზე ხელი გაულაწუნა, მოაგონა.

-შენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლო! იცოდე, ყველას ყველაფერს ვაპატიებ, შენ კი არაფერს,
იმიტომ, რომ მინდა იცოცხლო!

შემობრუნდა. წვერიანს გავხედე. ცხვირიდან სისხლს იწმენდდა. საოცარი სითბო და


სიყვარული ჩანდა მის თვალებში, მის მზერაში, რომელიც ახმედისკენ იყო მიპყრობილი.

-ყოფილი ავღანელია ეგეც, - მითხრა მეგობარმა, როცა ბანაკს გამოვცილდით. - მაგ


დანარჩენებს ისევ ეგ ჯობია, კიდევ არის მაგაში რაღაც კაცური. რაკი ცხოვრებაში სხვა გზა ვერ მონახა,
რაკი ომი ირჩია ცხოვრების წყაროდ, მინდა პროფესიონალი გავხადო.

ბაკურ ფხოველმა სასმისი აიღო. ოდნავ მოსვა. სიგარეტს მოუკიდა.

-მე მისი არც სახელი მიკითხავს და არც გვარი. არ მაინტერესებდა. ახლა გავიგე. თურმე შამილ
ბასაევი ყოფილა. ნაპირზე ერთმანეთს რომ ვცილდებოდით, მე მოვაგონე მას ეს შემთხვევა, და
გავაფრთხილე, რომ ჩვენი მეორე შეხვედრა უკვე ერთ-ერთისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. მე მეტი
აღარაფერი მაქვს სათქმელი, ბატონო გიორგი. აი, ამიტომ წავიდა შამილ ბასაევი ცოცხალი...

დუმდა ყველა. ყველა გიორგი აბაშიძესგან ელოდა პირველ სიტყვას...

-მიუხედავად იმისა, რომ ბასაევი დღეს საქართველოს ნომერ პირველი მტერია, მომწონს შენი
საქციელი, შვილო! მტერთანაც რაინდი უნდა იყო, - არ დააყოვნა მოხუცმა. - გივი რაღაცის თქმა
გინდოდა და მე შეგიშალე.

-ბატონო გიორგი! - მინდელმა წარბები შეიჭმუხნა, - ხუთი საათია აქ ვზივართ და მთელი ეს


დრო ერთი აზრი მიტრიალებს თავში. პარასკევი და შაბათი შუალედი გვაქვს. მოდით, მივაფურთხოთ
ყოველგვარ ცუდს და პატარა ქორწილი გავჭიმოთ აქ.

-ქორწილი? - აბაშიძემ აღებული ჩანგალი ისევ დადო. დაფიქრდა. - არაა ქორწილი გლახა საქმე,
მაგრამ ვისი ქორწილი გაქვს მხედველობაში?

-ბაკურ ფხოველის და ეკა ბუჩუკურის! - მოკლედ მოჭრა გივი მინდელმა. - მეჯვარე აგერ ვარ
მე. ლოცვა-კურთხევა თქვენგან და განა მეტი გვინდა კიდევ რაიმე?! ბატონო მამედ, გთხოვთ მხარი
დამიჭიროთ.
მამედი ფეხზე წამოდგა. გივისთან მივიდა. გადაეხვია. სახეგაბრწყინებული შემობრუნდა.

-ბატონო გიორგი, გივის თხოვნა ჩემი თხოვნაცაა, გაიცინა. - ჩვენი მეგობრისთვის გთხოვთ
თქვენი შვილობილის ხელს.

ათასობით ჭინკა დახტოდა აბაშიძის თვალებში. ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა მოხუცს.

-ნუ იჩქარებთ, ბატონო გივი! თქვენც, ბატონო მამედ, მეტი სერიოზულობა გმართებთ! ბოლოს
და ბოლოს დაზვერვის ოფიცერი ხართ! - ეკა დამცინავად მიაჩერდა მინდელს და თანდილ-ოღლის. -
არ ვიცი, რა შემატყეთ იმნაირი, რომ იფიქრეთ, პირველი დაძახებისთანავე ეკა ბუჩუკური ფხოველის
მეუღლე შეიქმნებაო! მე არასდროს გავხდები იმ კაცის თანამეცხედრე, ვინც ყოველ წუთს სასიკვდილო
საფრთხის წინაშე დგას და მხოლოდ ეშმაკმა უწყის, სად გააგორებენ. ეს მინდა?! არა, ბატონებო! მე არ
ვარ ის ქალი, ვინც ცხრა ძმა ხერხეულიძის სადღეგრძელოს ფიალით შესვამს, არც ის, ვინც მუხლზე
დადგება თამარ მეფის მოგონებისას და სასოებით გადაიწერს პირჯვარს... არა! დღევანდელი
ახალგაზრდობის ტიპიური წარმომადგენელი ვარ და მეტი არაფერი.მე ცხოვრება, სიცოცხლე,
მხიარულება მინდა, გესმით?! შორს ჩემგან ომი და სიკვდილი! აქეთ წამოსვლის წინ დავინიშნე...
მივყვები ორკესტრის დირიჟორს! ო! ღმერთო! ადამიანს გაუღიმებ და მაშინვე ცოლობას გთხოვს!
ლოგინს შემოგთავაზებს! რა დონეა! ოხ, ეს დაწყევლილი აზია! ბატონო გივი! თქვენი მეგობრის
გასაბედნიერებლად რა საჭირო იყო თურქეთში ჩამობრძანება?! თქვენს ღირსეულ პერსონას განა
ეკადრება ეს შეცდომა? განა სოჭში ნაკლები ქალიშვილებია? მოგენახათ იქ ვინმე! თუნდაც ის გოგონა,
სოჭის სილამაზის კონკურსზე გამარჯვებული. რა ჰქვია? რატომ დუმხართ? ახ, დაგავიწყდათ მისი
სახელი? ნუ წრიალებთ! მოითმინეთ, ისევ მე გავიხსენებ... ალინა? დიახ! ალინა ბელოვა... ის ხომ
ყოველგვარი ღირსებით შემკულია. რატომ არ მიმართეთ მას ამ წინადადებით? არა მგონია, უარი
ეთქვა. ქორწილის მეჯვარე თქვენ იქნებოდით, გივი ბატონო. გნახავდათ მამამისი, ბატონი ბელოვი
და... თქვენ და თქვენს ხალხსაც გზა ხსნილი გექნებოდათ... აქედან რომ დაბრუნდებით,
გაითვალისწინეთ ეს...

ეკამ ფეხი ფეხზე გადაიდო... უდარდელად ააკაკუნა თითები მაგიდაზე.

-და კიდევ ერთი, ბატონო გივი! ჰკითხეთ თქვენს მეგობარს, როცა რესტორან ,,თოლიაში"
ალინასთვის იქნევდა ხელებს, ახსოვდა საერთოდ ეკა ბუჩუკური?!

გაქვავებული იჯდა გიორგი აბაშიძე. მამედს ჩამქრალი სიგარეტი ედო ტუჩებში და ამაოდ
ცდილობდა მის გაღვივებას. მაგიდის ერთ წერტილს დაჩერებოდა გივი.

ბაკური მძიმედ წამოდგა. სკამის საზურგეზე დადებული ქურთუკი აიღო. ჩაიცვა.

-გივი, ჩვენი წასვლის დროა!

-თქვენ კვირამდე თავისუფლები ხართ, - სინანულით შეავლო თვალი აბაშიძემ. - დარჩით ეს


ორი დღე ჩემთან.

ფხოველმა სასმისი აიღო. ხელი უთრთოდა...


-მადლობელი ვარ, ბატონო გიორგი, ყველაფრისთვის. ჩვენი, პირადად ჩემი წასვლა ჯობს, და
რაც მალე წავალ, უკეთესია. ნუ მეტყვით ნურაფერს... არაფერი აღარაა საჭირო... დიდი ხანია,
მიჩვეული ვარ იმედების გაცრუებას...

კარებისკენ გაემართა. გივი მინდელიც ფეხზე წამოდგა. გიორგი აბაშიძემ ბრაზით გახედა
ეკას... სათვალე მოირგო... ყურადღებით დააცქერდა... ეკა ბუჩუკური იჯდა, ეშმაკურად იღიმებოდა და
ფხოველს გაჰყურებდა. უცებ წამოხტა ფეხზე. კარებთან მისულს წამოეწია. წინ დაუდგა.

-საით აპირებს თქვენი აღმატებულება წაბრძანებას?

-ყოველ შემთხვევაში, ორკესტრის დირიჟორის მოსაკლავად არა!

ეკას გულიანად გაეცინა.

-ჩემო სულელო! შენ ხომ მითხარი, რომ ,,ველზე დაფრინავს პეპელა მარდი, და სულ არა აქვს
სიკვდილის დარდი!" მაგრამ ამ მარდ პეპელას ვერ შეუნიშნავს ველის ბოლოზე მეორე პეპელა,
რომელიც სულ იმას ფიქრობს, როგორ გააბრაზოს ,,მარდი" პეპელა.

გაეშალა ფხოველს შეკრული წარბები. თვითონაც გაეცინა... ხელი მოხვია. მაგიდისკენ


შემობრუნდნენ...

-უჰ! - მშვიდად ამოისუნთქა მინდელმა. აბაშიძემ პირჯვარი გადაიწერა. მამედმა მხოლოდ


ახლა იპოვა სანთებელა და ისე ღრმად მოქაჩა, ხველა აუვარდა. დაბნეული მამაკაცების შემყურე ეკას
ეცინებოდა.

-ბატონო გივი, იცით? კარგა ხანია ეს ვაჟბატონი არ გამიბრაზებია. ძალიან მიყვარს მისი
მოღუშული სახის ცქერა. თქვენ არაფერი გეწყინოთ, ძალიან გთხოვთ.

-თქვენი სახით შავმა სამყარომ ბრწყინვალე წარმომადგენელი დაკარგა! - ბრძნული სიმშვიდით


თქვა გივი მინდელმა. უცებ წამოწითლდა. - მაპატიეთ, რაღაც სისულელე ვთქვი!

-არაფერია, - ისევ იცინოდა ეკა. - დღეს თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც სისულელე ვთქვით.
ყველას გვეპატიება...

-ქარიშხალმა გადაიარა. დიდმა ქარიშხალმა კარგი ამინდი იცის! - აბაშიძემ სათვალე მოიხსნა,
გაწმინდა. - ჩვენ მგონი ორი ახალგაზრდის ერთმანეთთან შეკავშირებაზე გვქონდა საუბარი, ეგრეთ
წოდებულ ქორწილზე, ასე არ არის?

-დიახ! - გაიღიმა გივიმ. - ინიციატივა ჩემი იყო, ახლა კი თქვენ განაგრძეთ და დააბოლოეთ,
რადგანაც ჩემს სიტყვებს აგრესიულად ხვდებიან.

-ბაკურ, ეკა, შვილებო, რას ფიქრობთ?

-განა ახლა ქორწილის დროა? - ბაკურმა და ეკამ ერთმანეთს შეხედეს.

-დროს და უდროობას ადამიანები ვქმნით! - მოხუცს სიბრაზე დაეტყო. - დრო ჩვენ უნდა
გამოვნახოთ.
ფხოველმა მხრები აიჩეჩა.

-კი ბატონო! ეკა, შენ რას იტყვი?

-მე იმას ვიტყვი, რომ ეგ ქურთუკი გაიხადე, დაიწვები...

-ოდესმე გნახავ სერიოზულს?! - კვლავ გული მოუვიდა ფხოველს. გაიხადა.

-სერიოზულს მხოლოდ მკვდარს მიხილავ! ეკამ პერანგის საყელო გაუსწორა. - მამა, თქვენ
იცით, რომ მიყვარს, განა კიდევაა რაიმეს თქმა საჭირო?

-ბატონებო, - მამედმა ხელი ასწია. - ყველამ როლები გაინაწილეთ, ზოგი მეფე ხართ, ზოგი
დედოფალი, მეჯვარე, მამობილი... მე? მე რაღა?

-ხვალ საღამოს 6 საათისთვის მობრძანდებით ოჯახში ჩემთან, მამედ ჩემო! ჩემთან, სადაც
თავმოყრილი იქნება სტამბულელი და ანკარელი ქართველობა. მინდა, ჩემი შვილობილის
გაბედნიერება დავლოცოთ. თქვენი როლი გაინტერესებდათ? იქნებით თამადა სუფრის და წინდაწინ
გილოცავთ ამ როლს!

-ოო! გმადლობთ! - გაიბადრა თანდილ-ოღლი.

-ახლა კი, - ფეხზე წამოდგა აბაშიძე, - ჩემო შვილებო! თქვენი ნებართვით გივის და მამედს
წავიყვან. ჩვენი წასვლის დროა. თქვენ დარჩით, ისაუბრეთ... როცა გინდათ, მაშინ წამოდით. მანქანა და
მძღოლი დაგელოდებათ. ჩემი ბიჭებიც აქვე იქნებიან.

-დაცვას გვიტოვებთ? - იკითხა ეკამ.

-კი, შვილო!

-ძალიან გთხოვთ, მამა, ნუ შეწუხდება ეგ ხალხი. მე დამცველი აქ მყავს, მეტი არ მინდა. ბაკურს
კი დაცვა არ სჭირდება.

-მართალი ხარ! - გაიღიმა მოხუცმა. - მანქანა, როგორც გითხარით, დაგელოდებათ. წავიდეთ!

კარებისკენ გაემართნენ...

ნისლის საბურველია სიყვარული... წარმავალი კვამლია სადღეგრძელოები...

-ბაკურ, რას ფიქრობ?

-გახსენებას ვცდილობ, დამავიწყდა, სიყვარული აგიხსენი?

-მე გაგახსენებ! დიახ, ამიხსენი. მე კი ორივე ხელი გტაცე და ხვალ ამ დროს უკვე უღელიც
გექნება კისერზე დადგმული. რამდენიც გინდა იხტუნო, ამ უღლიდან მამა-ღმერთიც ვეღარ
გამოგიხსნის! - თავი მიაყრდნო მხარზე, თვალები დაენისლა. - მეშინია ჩემი ბედნიერების, ბაკურ! -
ჩაიჩურჩულა. - ადამიანები ხომ ბედნიერებად და უბედურებად იბადებიან. მე უკანასკნელთა რიგებს
მივეკუთვნებოდი ბავშვობის წლებიდან. მაშინებს ჩემი მოულოდნელი ბედნიერება. ასე მგონია,
ღმერთიც და ეშმაკიც ჩემკენ იშვერენ ხელს და ხარხარებენ, - თავი ასწია, თვალებში მიაჩერდა. - ხვალ
ჩვენი ბედნიერების დღეა. დღეს კი ერთი სათხოვარი მაქვს და უარს ნუ მეტყვი. მითუმეტეს, რომ ეს
უკვე გთხოვე ოდესღაც...

-ვიცი, რაც გინდა! სიამოვნებით ეკა! - ბაკურ ფხოველმა სკამის საზურგეს მიაყრდნო თავი.
თვალები დახუჭა. - ეს იყო 15 წლის უკან...

XII თავი

1978 წელი. ღელავს ბარენცის ზღვა. კალგუევის კუნძულის ჩრდილოეთით რა არის ეს? ზღვას
უკიდია ცეცხლი? კი, დაუჯერებელია, მაგრამ ასეა! იქვე სამხედრო გემია გაჩერებული. ისმის ბრძანება:

-მატროსებო! სანაპიროზე მტერია გამაგრებული. გემი ნაპირთან ვერ მივა. ოც წუთში უნდა
ავიღოთ მოწინააღმდეგის პოზიციები. წინ, მედესანტეებო!

იარაღმომარჯვებული მეზღვაურები გემიდან ხტებიან პირდაპირ ცეცხლში და წყალში.


ხმელეთზე ადმირალის ჯგუფი დგას. ყურადღებით უცქერენ საზღვაო მედესანტეთა ვარჯიშს. აი,
პირველმა მეზღვაურმა გამოარღვია ცეცხლის რკალი და წყლის ტალღები. ავტომატშემართული
ამოიჭრა ხმელეთზე. მიიხედ-მოიხედა. შენიშნა მაღალი რანგის ოფიცრები. შედგა.

-ამხანაგო მატროსო, აქეთ! - დაიძახა ადმირალმა. - გვარი თქვენი?

-რიგითი ფხოველი, ამხანაგო ადმირალო! - სმენაზე დგას მეზღვაური.

-უცნაური გვარია. საიდან ხართ?

-საქართველოდან.

-რამდენი იმსახურეთ?

-ორი თვე, ამხანაგო ადმირალო!

-ორი თვე? ყოჩაღ! ასე კარგად ცურვა სად ისწავლე?

-წყლის პირზე ვარ გაზრდილი. - გაეღიმა.

-ყოჩაღი ბიჭი ჩანხარ! წადი, დაისვენე!

ადმირალი გვერდით მდგარ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცს მიუბრუნდა:

-ივარგებს?!

-მგონი კი! ცოტა სუსტი კი არის, მაგრამ, - ხელი ჩაიქნია, - მე იქ კინგ-კონგები არ მჭირდება,
მთავარია სისწრაფე მათთვის და გაბედულება. გაუმზადეთ საბუთები. წავიყვან!

1978 წელი. იანვარი. მოსკოვი. ქალაქის მახლობლად პატარა ნაძვნარი... ორსართულიანი


აგურის შენობა. გარედან მხოლოდ სახურავი ჩანს შენობის. მაღალი ბეტონის ფილებითაა გამიჯნული
გარე სამყაროდან. შესასვლელთან ავტომატიანი გუშაგი და დიდი, თეთრი წარწერა: ,, შესდექ! შესვლა
აკრძალულია!" შიგნით შენობა? ჩვეულებრივი ჯარისკაცური ყაზარმაა. ყველაფერი ჯარისკაცური წეს-
ჩვეულებისამებრაა მოწყობილი. ზედა-ქვედა ,,კოიკები", პირსაბანები, ტუალეტი, ,,კურილკა"... მაგრამ
ამ შენობაში მყოფნი თუ არიან ჩვეულებრივი ჯარისკაცები? მგონი არა! ისინი დღეს მოიყვანეს აქ.
ოცდაათი ახალგაზრდა მდუმარედ ზის ხის მაგარ სკამებზე, ე.წ. ,,ტაბურეტებზე". უსიტყვოდ
მისჩერებიან ორმოციოდე წლის პოლკოვნიკს, რომელიც მათ წინ დგას და ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ
ლაპარაკობს:

-ბიჭებო! თქვენ ხართ საბჭოთა შეიარაღებული ძალების სადესანტო ნაწილებიდან


საუკეთესოთა შორის საუკეთესონი. ერთი წელი გაივლის და თქვენ კომუნისტური პარტია და
კომკავშირი დაგაკისრებთ ბრწყინვალე მისიას, რასაც ინტერნაციონალური ვალის შესრულება ჰქვია.
ჩვენი დიდებული ქვეყნის გარშემო მრავლად მოიძევება სახელმწიფოები, სადაც კაპიტალისტთა
უღელქვეშ გმინავს მშრომელთა ფართო მასები. მათ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ. ჩვენ შევალთ რიგ
ქვეყნებში და იქაც ავაფრიალებთ მუშურ-გლეხურ დროშას, ნამგლით და უროთი შემკულს. და თქვენ,
აი, ეს ოცდაათი კაცი, იქნებით ყველგან პირველი მერცხლები. პირველი მერცხლები, რომლებიც
თავისუფლების სიოს შეჰყვებით ამ ქვეყნებში...

პოლკოვნიკმა ცოტა ხანს შეისვენა. წყალი მოსვა. უცებ წამოდგა ერთ-ერთი:

-მაპატიებთ ალბათ, ამხანაგო პოლკოვნიკო, მაგრამ მე ჩემი სურვილით არ ვარ აქ მოსული,


იქნებ არ მინდა მე, რომ თავისუფლების სიოს პირველი შევყვე და პირველი მერცხალი ვიყო ნებისმიერ
ქვეყანაში?!

პოლკოვნიკს სახე გაუფითრდა.

-თქვენი გვარი?

-რამაზანოვი!

-წლოვანება?

-24 წლის.

-განათლება?

-უმაღლესი!

-სპეციალობა?

-იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ამხანაგო პოლკოვნიკო!

-ეროვნება?

-ჩეჩენი!

-თქვენს ინსტიტუტს სამხედრო კათედრა არ ჰქონდა?

-ინსტიტუტი კი არა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე! - გაიღიმა


რამაზანოვმა. - გვქონდა სამხედრო კათედრა. ლეიტენანტი გახლავართ.
-მერედა საიდან მოხვდით აქ?

-არ ვიცი! ბელორუსიაში, ვეტებსკის საჰაერო სადესანტო ნაწილში მომიწია სამსახურმა. იქიდან
აქ მიკრეს თავი.

-სპორტსმენი ხართ?

-დიახ! ევროპის ჩემპიონი.

-სახეობა სპორტის?

-კარატე!

პოლკოვნიკი მოღუშული მიაჩერდა რამაზანოვს...

-ამხანაგო ლეიტენანტო, თქვენ ამ წუთებში სამხედრო მუნდირი გაცვიათ, ხართ სამხედრო


მოსამსახურე. ოფიცერი, რომელსაც არ გეპატიება ამგვარი შეკითხვები. გიბრძანეს - უნდა იმსახურო!
ბრძანება ბრძანებაა! გასაგებია?

-გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო! - წელში გასწორდა რამაზანოვი.

-ეს სკოლა, - განაგრძო პოლკოვნიკმა, - რომლის პირველი კურსანტები თქვენ ხართ,


ერთადერთია მთელ კავშირში. თქვენს ინსტრუქტორებად მოწვეულნი არიან უმაღლესი კლასის
სპეციალისტები. სწავლების ვადა ერთი წელია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: არავითარ შემთხვევაში არ
შეიძლება მიწერა ოჯახებში, თუ სად იმყოფებით. ბარათებს გაგზავნით იმ სამხედრო ნაწილის
მისამართით სადაც მსახურობდით. ოჯახებიდან მოსული ბარათები და ამანათები მოვა პირვანდელ
ნაწილებში, იქიდან გადმოიგზავნება ჩვენთან. საზღვარგარეთ პროფესიონალების მომზადებას
რამდენიმე წელს ანდომებენ, ჩვენ კი ერთ წელში უნდა ავითვისოთ ის, რასაც წლები სჭირდება.
მაქსიმალურად მოგიწევთ თქვენი ენერგიის დახარჯვა. სპორტსმენმა შეიძლება რაიმე შეღავათის
უფლება მისცეს თავს, რადგან ერთ წელს თუ ვერ მიაღწია წარმატებას, მეორე წელს გახდება ჩემპიონი.
თქვენ კი ეს ერთი წელი უნდა იცხოვროთ ყოველგვარი შეღავათების გარეშე: ასკეტური ცხოვრებით.
ვარჯიში, ვარჯიში და მხოლოდ ვარჯიში. თქვენი სიცოცხლე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ
რაოდენ ზუსტად და მონდომებით აითვისებთ ყველაფერს. თქვენ უნდა იყოთ და გახდებით კიდეც
მეომარი რობოტები, რომლებიც შეასრულებთ ყოველგვარ ბრძანებას.

პოლკოვნიკი შეჩერდა. ერთ-ერთს დააჩერდა.

-თქვენ რა გვარი ხართ?

-ფხოველი, ამხანაგო პოლკოვნიკო! - წამოდგა.

-საიდან ხართ?

-ქართველი ვარ.

-რატომღაც მოიღუშეთ. სახეზე უკმაყოფილებას გატყობთ. რაშია საქმე?


-მზად ვარ სამსახურისთვის,ამხანაგო პოლკოვნიკო, მაგრამ რობოტად არასდროს ვიქცევი,
რადგან ადამიანი ვარ და ვერც მაიძულებს ვერავინ, ვიქცე იმად, რაც არ მინდა. მე მზად ვარ
შევასრულო ყოველგვარი ბრძანება, მაგრამ თუ ეს ბრძანება სცილდება ადამიანურ მასშტაბებს, მიჯობს
სამხედრო ტრიბუნალმა გამასამართლოს. ამდაგვარ ბრძანებებს არ შევასრულებ!

ვიღაცამ ტაში დაუკრა. პოლკოვნიკს სახე აუწითლდა. განრისხებული მიაჩერდა რამაზანოვს.

-რაო, რამაზანოვ, მოგეწონათ ამ ქართველის გამოსვლა?

-ძალიან!

-ადექით! - უცებ იქუხა პოლკოვნიკმა. ყველა ფეხზე დადგა. - რამაზანოვ! ფხოველი! სამი
ნაბიჯით წინ!

გავიდნენ...

-სწორდი! სმენა! - გაისმა ბრძანება.სამხედრო ხელმძღვანელის შეურაცხყოფისთვის და


არასერიოზული საქციელისთვის რამაზანოვს და ფხოველს მიესაჯოს ხუთ-ხუთი დღე-ღამით
პატიმრობა!

-რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ?! - გაოცდა რამაზანოვი.

-ხმა! ზედმეტი ლაპარაკისთვის რამაზანოვს ემატება კიდევ ორი დღე-ღამე. გასაგებია?!

-გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო! - ჩაილაპარაკეს დასჯილებმა.

მათ უკან ჭრიალით დაიხურა კამერის კარი. ერთმანეთს შეხედეს. გაეცინათ.

-ბაკური! - ფხოველმა ხელი გაუწოდა.

-ახმედი! - რამაზანოვმა გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება. - რა ვქნათ ვიცხოვროთ ასკეტური


ცხოვრებით?

-ბრძანება ბრძანებაა! - სმენაზე დადგა ახმედი. გადაიხარხარეს...

1979 წელი. ზამთარი. ტაშკენტის აეროდრომი. ორი საათია ღამის. შუქებჩამქრალ


თვითმფრინავთან დიდი, სატვირთო სამხედრო მანქანა შეჩერდა. იწევა სახურავი. მანქანიდან
ლანდებივით ხტებიან შეიარაღებული ადამიანები და თვითმფრინავში უჩინარდებიან. მანქანა წავიდა,
თვითმფრინავი კვლავ დგას. თითქოს სიცოცხლე ჩამკვდარა შიგ.

აეროდრომზე ახალმა მანქანებმა მოაშუქეს. ,,ვოლგები თვითმფრინავის შორიახლოს შედგნენ.


გენერალმა და რამდენიმე სამოქალაქო პირმა სწრაფად აიარეს ტრაპი და შიგ შეიმალნენ. სინათლე
აინთო. გენერალი ღიმილით, ხელის აწევით მიესალმა შეიარაღებულ ღამეულ მგზავრებს.

-ბიჭებო! ახლა, ბოლო წუთებში უნდა გაიგოთ, თუ საით მიემგზავრებით. იგზავნებით


ავღანეთში. თქვენ ოცდაშვიდმა ოფიცერმა უნდა დაამხოთ ავღანეთის მთავრობა. ოპერაციას იწყებთ
ხუთ საათსა და ნოლ-ნოლ წუთზე. ექვს საათზე საბჭოთა შეიარაღებული ძალების სადესანტო
ნაწილებს გადმოსხამენ თქვენს დასახმარებლად.
მიფრინავს თვითმფრინავი. სალონში სინათლე ჩამქრალია ისევ. აკლდამისებურ სიჩუმეს
ძრავების მძლავრი გუგუნი არღვევს. საოცარია, მაგრამ ჭმუნვის კვალი არავის ატყვია სახეზე. ახმედ
რამაზანოვი თვალდახუჭული კედელს მიყრდნობია და რაღაც მელოდიას უსტვენს ხმადაბლა. უცებ
ახელს თვალს. ბაკურ ფხოველისკენ გადაიწევს და ხელიდან ართმევს სიგარეტს. ძირს აგდებს და
სრისავს.

-ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, ახლადგამომცხვარო ლეიტენანტო! თამბაქო მავნებელია! -


თვალებს ხუჭავს, სტვენას აგრძელებს.

ინთება წითელი ნათურა.

-მოემზადეთ! - ისმის ბრძანება. ბაკური სწრაფად ისწორებს პარაშუტის ქამრებს. თითქმის


ერთდროულად გადახტნენ ფხოველი და რამაზანოვი. ძირს პაწაწკინტელა სინათლეები მოჩანს. ბევრი,
ბევრი, ძალიან ბევრი. მათ ქვემოთ ქაბულია, უცნობი მიწაა, რომელიც არავინ იცის, როგორ მიიღებს
დაუპატიჟებელ სტუმრებს...

დილაა... მოქუფრულა ავღანეთის ცა. გაოცებული ავღანელები გაფართოებული თვალებით


მისჩერებიან ზეცას. უცხო თვითმფრინავებს ასობით წერტილი წყდება. იზრდებიან ეს წერტილები და
მალე კბილებამდე იარაღში ჩამჯდარი რუსი მედესანტეებით ივსება მიდამო. გაოგნებული ხალხი
მთავრობისკენ აცეცებს შემკრთალ თვალებს, მაგრამ სადღაა ავღანეთის კანონიერი მთვრობა?
მთავრობა შუაღამისას დაემხო.

ოცდაშვიდი კაცი მწყობრში დგას. აელვარებული თვალები. ცივი სახეები.

-ამხანაგებო! - გენერალ-პოლკოვნიკმა ღიმილით მოავლო თვალი ჯგუფს, - დავალებას


ბრწყინვალედ გაართვით თავი. გილოცავთ! პოდპოლკოვნიკო სუბოტინ, ორი ნაბიჯით წინ!

ჯგუფის უფროსმა ორი ნაბიჯით წაიწია წინ.

-სადესანტო ჯგუფის უფროსი, პოდპოლკოვნიკი სუბოტინი წარდგენილია საბჭოთა კავშირის


გმირის წოდებაზე. გილოცავთ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო!

-ვემსახურები საბჭოთა კავშირს!

-ჯგუფის ყველა წევრი დაჯილდოებული ხართ წითელი ვარსკვლავის ორდენებით.


გილოცავთ, ბიჭებო!.. თქვენი მისია უკვე დამთავრებულია. დღესვე გაემგზავრებით უკან, მოსკოვში! -
ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო. გადაავლო თვალი. - ლეიტენანტი ფხოველი! ლეიტენანტი რამაზანოვი!
ჩემთან წამოხვალთ! დანარჩენებს კი - გზა მშვიდობისა! დაიშალეთ!

ბაკურმა ახმედს გახედა. რამაზანოვმა მხრები აიჩეჩა...

-ამხანაგო ოფიცრებო! - გენერალ-პოლკოვნიკი ფეხზე წამომდგარი შეეგება რამაზანოვს და


ფხოველს, - პოლკოვნიკი ცაგალოვი თქვენი მიწაწყლის კაცია. დიდებული ოფიცერი და, საერთოდ,
კაცური კაცია. მან მთხოვა თქვენი თავი. თავის ჯგუფში უნდა ჩაგრიცხოთ. გაემგზავრებით მასთან
ერთად პაკისტანის საზღვარზე. აბა, ღმერთი თქვენსკენ!
1980 წელი. კლდოვანი ვიწრო ხეობა. ნელა, ტაატით მოდის ქარავანი. შემოდის პაკისტანიდან
მორიგი იარაღის პარტია. ქარავანს აბდულ სამანი მეთაურობს. ორმოცდახუთი წლისაა სამანი.
საშუალო ტანის, შავწვერიანი აბდული ცხენით მოუძღვის წინ ქარავანს. ანაშას ეწევა და დურბინდით
ათვალიერებს კლდეებს. ყველაფერი რიგზეა. საძულველი რუსები ამ ხეობაში ვერ შემოდიან. ავღანთა
რაზმები აკონტროლებენ აქაურობას. დურბინდი ჩამოიღო. ,,ეჰ!" - მწარედ ამოიოხრა. რა უნდათ? რას
გვერჩიან? ოცი წელი პოლიციაში მუშაობდა აბდული, ახლა კი ტყეებს და კლდეებს აფარებს თავს.
რატომ? ვინ სთხოვა კომუნისტებს - არიქა, გვიშველეთო? არავინ! უბრალოდ ადგნენ და ზედ
გადაგვიარეს. არაფერია, დავიხოცებით, მაგრამ ბევრს შევიწირავთ ჩვენც...

ფიქრებში წასულ სამანს ხელზე კენჭი დაეცა. თავი ასწია. კლდეზე რუსულ სამხედრო ფორმაში
ჩაცმული შავგვრემანი ვაჟკაცი იყო შემომჯდარი, ავტომატს ატრიალებდა ხელში და ღიმილით
დაჰყურებდა აბდულ სამანს. ,,გაგვაბეს!" - გაუელვა ავღანელს ფიქრმა. ნელა გააცურა იარაღისკენ
ხელი. რუსმა გამაფრთხილებლად ასწია ხელი.

-ხელი უშვი იარაღს! ჩამოდი ცხენიდან!

აბდულ სამანი ნელა ჩამოვიდა ცხენიდან. თავისიანები უახლოვდებოდნენ. სწრაფად მოავლო


თვალი კლდეებს. პირდაპირ მის თავზე საბედისწეროდ ბრუნავდა ტყვიამფრქვევის ლულა. აქედან
გასვლა შეუძლებელი იყო.

-უთხარი შენიანებს, ყოველგვარი ფოკუსების გარეშე დააწყონ ძირს იარაღი!

ქარავანი შეჩერდა. ავღანელებმა იარაღი შემართეს.

-არ გინდათ! უაზრობაა! - სამანის მტკიცე ხმამ შეაჩერა ისინი.

-იმ კლდესთან დადექით ყველა! - რუსი ბრძანებას ბრძანებაზე იძლევა.

თორმეტი კაცი მორჩილად დადგა გადმოშვერილ კლდესთან. რუსი მსუბუქად ჩახტა ძირს.
აბდული ხელით მოიხმო.

-მხოლოდ იარაღია თუ ნარკოტიკებიც?

-იარაღი! - ზიზღით შეჰყურებდა აბდული დამპყრობელს.

-რა სახეობის და რა რაოდენობის?

-ორასი ავტომატი. ოცდაათი ხელის ტყვიამფრქვევი.

-აი, რა გითხრა, წვერიანო! წაიყვანე ეგ შენი ძმაკაცები და მოუსვით აქედან! - მცირე ფიქრის
შემდეგ, - ბაკურ! რა ვქნათ გავუშვათ? - კლდისკენ ასძახა.

ფხოველი კლდეზე გადმოდგა. თავი დაუქნია.

-გვიშვებთ? - უნდო ღიმილი გამოეხატა სახეზე ავღანელს.

-რა თქმა უნდა, გიშვებთ. თქვენი დახოცვა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა. ქარავანს ჩვენ
წავიყვანთ, თქვენ კი ოთხივე კუთხით გზა ხსნილი გაქვთ.
-ახმედ, გაჩხრიკე და ისე გაუშვი! - ბაკური უნდობლად ათვალიერებდა ავღანელებს.

ახმედმა ძირს დაყრილი იარაღი აკრიფა. ცხენებს გადაჰკიდა და ფხოველისკენ შემობრუნდა.


იმავ წამს სროლის ხმა გაისმა. ერთი. მეორე. მესამე. აბდულ სამანმა ჯიბიდან ესროლა ახმედს.
ავღანელებმა გარეული კატების სიმარდით ისკუპეს და ცხენებს, იარაღს ეცნენ. ბაკურ ფხოველის
ტყვიამფრქვევმა ერთმანეთზე დააწყო ცხენებიც და მექარავნეებიც. აბდულ სამანი ახმედის წინ ეგდო
და იკრუნჩხებოდა, სიკვდილს ებრძოდა.

-წყეულიმც იქნებით! - ამოთქვა, ბაკურს გახედა.

-სატანავ!

და გათავდა.

ფხოველი ძირს ჩამოვიდა. ახმედს მკლავიდან სდიოდა სისხლი.

-დაიჭერი?

-არაფერია! ქორწილამდე დამავიწყდება, - მკლავი გადაიხვია. - არ ველოდი ასეთ ვერაგობას.


ჩვენ დავინდეთ, ვუშვებდით, ამათ კი ძალით შემოგვაკლეს თავი.

-,,ნუ ენდობი ქალს, გველს და ავღანელს", - გახსოვს ინგლისელი გენერლის ეს სიტყვები? ჩვენც
დავრწმუნდით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. კაცმა სიცოცხლე გაჩუქა და მაინც ტყვიით
უმასპინძლდები ზურგიდან, ამნაირი არ არის სიცოცხლის ღირსი.

-ისე, მაგარი სახელი შეგარქვა! - გაიღიმა ახმედმა. - მომე ერთი, მეც მოვწიო.

-რა თქვა? ვერ გავიგე!

-სატანა! სატანა გიწოდა სიკვდილის წინ.

-სატანა? დე, ვიყო სატანა! - ფხოველმა დახოცილებს გახედა. რატომღაც მოშიშვლებულ


მკლავზე დააჩერდა აბდულს. - მეგობრისთვის მეგობარი ვიქნები და ასეთებისთვის მართლა სატანა.

იქვე ძველი ნახშირი და ნაცარი ეყარა. ბაკურმა ნახშირი აიღო და მიცვალებულთან დაიჩოქა.
ცოტა ხანში ზეზე წამოდგა.

-რა გააკეთე?

-ახმედ, თუ ოდესმე დავცილდით ერთმანეთს, აი ეს იყოს ჩვენი პირობითი ნიშანი. დაე,


მტერიც ამით ცნობდეს ჩვენს გაკეთებულს და მოყვარეც, - სამანის გვამს მიაშვირა ხელი. ახმედი
წამოდგა. დახედა. შუბლზე აბდულის გვამს მიხატული ჰქონდა ეშმა და ძირს წარწერა: ,,შავი სატანა".

1980 წელი. ზაფხული. ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთით, საბარის ტბასთან მდებარეობს


ქალაქი ჩახანსური. ამ ტიპიური აზიური ქალაქის მოსახლეა ერთი პატარა მთიანი აული, რომელიც
ჯელალაბადის აღმოსავლეთით, ზედ საზღვართან, მდინარე ქაბულის ახლოს გაშლილა.
აული ჩახანსური. ეს აული ქცეულა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე წინაამდეგობის
ერთ-ერთ წამყვან ცენტრად. ჩახანსურში იყრიან თავს პაკისტანიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსული
დაქირავებულები. აქედან ნაწილდებიან ისინი ავღანთა პარტიზანულ ჯგუფებში. ყოველთვის ხალხ
მრავლობაა აულში, მაგრამ დღეს, თითქოს ჭიანჭველების ბუდე აშლილაო, ყოველი მხრიდან
მოისწრაფის ხალხი ჩახანსურისკენ. აგვისტოს ცხელი დღეა. შეიარაღებული წვერმოშვებული,
ჩალმაშემოხვეული მეომრებით ივსება აული. რაიმე სამხედრო ოპერაციის სამზადისია? არა! მსგავსი
არაფერი. მაშ რა ხდება?

ასობით ადამიანი მუხლზე დგება. ვისაც სად ხვდება იქ დებს იარაღს. ხელებს სასოებით
აპყრობენ მაღლა. წელში იხრებიან.

-ლოცვა-დიდება მაჰმადის მოციქულს! - ისმის შეძახილები.

დაჩოქილ მეომართა წინ, მიწური სახლის ბანზე ოთხმოციოდე წლის ავღანელი გამოჩნდა.
ხელაპყრობილი მუხლებზე დადგა თვითონაც.

-დიდ არს ალაჰი!

-დიდ არს ალაჰი! - ავღანელთა შეძახილებმა მთები შეძრა.

-მაჰმადიანებო! - ფეხზე წამოდგა. - ავღან ხალხს ბევრჯერ შეუხედავს განსაცდელისთვის


თვალებში. ბევრმა დამპყრობელმა ბევრჯერ დაგვჯაბნა სიმრავლით, მაგრამ სულიერად ვერასდროს
შეძლეს ჩვენი გატეხა. ჩვენ გავუძელით საუკუნეთა გამოცდას. გავუძლებთ ახლაც. ჩვენ მარტო არა
ვართ, პირსისხლიანი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო ჩვენს მხარეზეა. უკვე
შვიდი თვეა მიდის სისხლისმღვრელი ომი. ჩვენი საქმე სამართლიანია, ალაჰი მრისხანე თვალით
დაჰყურებს რუსებს. ღმერთი ძალას შეგვმატებს მამაც ჯიგიტებს. ჩვენ გავიმარჯვებთ!

-ალლაჰ! - ასობით ჩალმიანი თავი მიწაზე დაეშვა.

-მე დღეს დროებით მოგწყვიტეთ იმ წმიდათა-წმინდა საქმეს, რასაც მამულის დაცვა ჰქვია.
მოგწყვიტეთ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შემეხედა თქვენი, ჯიგიტთა კეთილშობილური
სახეებისთვის. ყველამ, თითოეულმა თქვენგანმა იცით ჩვენი, ავღანელთა ტრადიციები. სისხლი
სისხლის წილ! ორი თვის უკან მოკლეს ჩემი ერთადერთი ვაჟი, აბდულ სამანი. მე, უკვე მოხუცებულს
აღარ ძალმიძს ფიზიკურად გავუსწორდე მის მკვლელს. მკვლელს, რომელსაც იმდენი თავხედობა ეყო,
რომ მიცვალებულს სატანა მიახატა სახეზე. ჩემო შვილებო! ათა-პაპიდან ჩემი გვარი მიეკუთვნებოდა
იმ დიდებულთა გვარებს, ვისაც არასოდეს მოუხრია ქედი ათასგვარი ჯურის დამპყრობელთა წინაშე.
და აი, ბოლო იმედი, გამგრძელებელი ჩემი გვარისა, ვერაგულად მოკლეს. მისი დაღუპვის შემდეგ
არაერთხელ ვიხილეთ შავი ეშმა ყველაზე მამაც ჯიგიტთა შუბლებზე. კმარა! უკვე დროა ბოლო
მოეღოს ამ ქაჯის ნაშობის პარპაშს, ამ მართლაცდა ეშმაკის მოციქულს. შემომფიცეთ, ჩემო მამაცო
ვაჟკაცებო, რომ შურს იძიებთ, შეიპყრობთ ,,შავ სატანას" და ჩემთან მოიყვანთ მას, ვინც აღგავა ჩემი
გვარი პირისაგან მიწისა..

-ვფიცავთ! - ასობით წყვილი ხელი ჰაერში აიწია.

-მის ცოცხლად შემპყრობს საჩუქრად ვაძლევ მილიონ დოლარს და ჩემს სასახლეს ტაივარაში...
-ვფიცავთ! ვფიცავთ! - მეფურ საჩუქარს დახარბებულ ავღანელთა ველური შეძახილები მთებს
აზანზარებს.

და იწყება ნადირობა... ნადირობა არნახული...

1980 წელი. სექტემბერი. საბჭოთა სამხედრო ნაწილის შტაბი. შტაბის წინ ვერტმფრენები
ჩამწკრივებულა. როგორც ჩანს, რაღაც სანახაობა ტარდება აქაც. მაგრამ არა! არ არის ეს ის სანახაობა,
რომელსაც ნორმალური ადამიანი გულმშვიდად შეხედავს. აქ, ამ პატარა მოკირწყლულ მინდორზე
ადამიანებია თუ ბოროტი დემონები? ო, ღმერთო! რა ხდებაო, იკითხავთ? ისეთი არაფერი! ერთობიან
რუსი მფრინავი ოფიცრები. გართობის საგანი? ნიძლავი! დიახ, ნიძლავი ორ ბოთლ არაყზე. მოედანზე
ცარცით წრე შემოუხაზავთ. ვერტმფრენში ჩაისვამენ ტყვე ავღანელს, აფრინდებიან ჰაერში და ხუთასი
მეტრის სიმაღლიდან ძირს აგდებენ. ვინც წრეში ჩამოაგდებს მსხვერპლს, გამარჯვებული ისაა და
ცხადია, არაყიც მისია. ყრია დამახინჯებული გვამები წრეში ტვინი და სისხლი არეულა ერთად.

მორიგი მსხვერპლი - ათი წლის ბიჭუნა. ტანსაცმელშემოხეულ შავთვალა ბავშვს


ვერტმფრენისკენ მიათრევენ რუსი მეომრები. არყისგან სახეაწითლებული მფრინავი ხელებს იფშვნეტს
ახალი სიამოვნების მოლოდინში.

ვერტმფრენის წინ ,,ვილისი" შედგა. ახმედ რამაზანოვი და ბაკურ ფხოველი მანქანიდან


გადმოვიდნენ. დახედეს ფორმადაკარგულ გვამებს, რომელთაც სულ ერთი საათის წინ ადამიანები
ერქვათ.

-სად მიგყავთ ბავშვი? - რამაზანოვი წინ გადაუდგა მთვრალებს.

-ჰაერში! - გადაიხარხარა კაპიტანმა. - თუ გინდათ თქვენც დამენაძლევეთ, ლეიტენანტო, რომ


ამ პატარა, შავ მაიმუნჩიკს პირდაპირ ცენტრში ჩამოვსვამ.

ახმედ რამაზანოვს სახეზე მკვდრის ფერი დაედო.

-შვილი არა გყავთ, კაპიტანო?

-მერე? - შეცბა მფრინავი.

-მერე ის, რომ გაუშვით ბავშვი! - სახე აელეწა ახმედს.

-მიუხედავად თქვენი დამსახურებისა, - გესლიანად თქვა კაპიტანმა, - გირჩევთ სუბორდინაცია


დაიცვათ, ლეიტენანტო. აქ მე ვიძლევი ბრძანებებს.

რამაზანოვს გაეღიმა. გაეღიმა იმ ღიმილით, რომელმაც წამიერად გამოაფხიზლა კაპიტანი.

-ორჯერ გამეორებას ჩვეული არ ვარ. თუ გინდათ, რომ ცხოვრებაში კიდევ ოდესმე გასცეთ
ბრძანება, რაც გითხარით ის გააკეთეთ!

-გაუშვით ეგ ლეკვი! - უყვირა ჯარისკაცებს კაპიტანმა. - რას იზამ, მუსლიმანი იცავს


მუსლიმანს!

-მე ქართველი გახლავართ! - ფხოველმა ხელით შემოატრიალა მფრინავი.


-მაგით რისი თქმა გინდათ?

-იმის, რომ მაგ ბავშვს ისევე დავიცავ მეც, როგორც ჩემი მეგობარი.

-მერედა ქართველობა რა შუაშია?

-იმ შუაშია, - დაცინვით შეავლო თვალი, - რომ იმედი მაქვს, მეც მუსლიმანად არ ჩამთვლით,
რადგანაც, როცა ჩემი წინაპრები ეკლესია-მონასტრებს აგებდნენ, თქვენი წინაპრები, კაპიტანო, ხიდან-
ხეზე დახტოდნენ და უა-უას იძახდნენ! რაც შეეხება ამნაირ გართობას, გირჩევთ შეწყვიტოთ.
ბოლოსდაბოლოს ორ ფეხზე დგახართ და ადამიანები გქვიათ.

-როდის აქეთ გახდით ასეთი ჰუმანური? - ღვარძლიანად იკითხა კაპიტანმა.

-აქ ომია, კაპიტანო! ომი, სადაც ადამიანის სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, რომ
მოწინააღმდეგეზე ადრე გამოკრას იარაღის სასხლეტს. მე ვკლავ მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ
მესხმიან თავს, როცა ჩემს მოკვლას ცდილობენ. რას იზამთ! ადამიანები ხომ ცხოველები ვართ და
საკმაოდ ჭარბადაა ჩვენში თავის გადარჩენის ინსტიქტები. მიუხედავად ყველაფრისა, ჯობია ერიდოთ
უმწეო ბავშვების და ქალების ხოცვას...

ბაკურმა ბავშვს ხელი მოხვია. მანქანაში ჩასვა. ახმედი გვერდით მიუჯდა პატარას.

-სად ცხოვრობ? - შოკოლადი გაუწოდა. ბავშვი შემკრთალი ნუკრის თვალებით მისჩერებოდა


მხსნელებს.

-კერმანში! - ახმედს ტკიპასავით მიეკრო. - თქვენთან ვიქნები, არ მინდა იმათთან, - რუსებისკენ


გადაიქნია თავი.

-ნუ გეშინია, - თმები აუჩეჩა. - დღესვე მიგიყვანთ სახლში.

ბავშვი ერთ ხანს რაღაცას ფიქრობდა, ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, შემდეგ კი:

-თქვენ კარგი ძიები ხართ. მე არ მინდა, რომ იქით წამოხვიდეთ, - თავი ჩაღუნა.

-რატომ? - ნიკაპი აუწია.

-ჩახანსურში სულეიმან სამანი ჩამოვიდა.

-ეგ ვიღაა? - სწრაფად იკითხა ახმედმა.

-მმართველია ჩვენი გუბერნიის, რომელშიც ჩვიდმეტი ტომია გაერთიანებული. ორი თვის უკან
მას შვილი მოუკლეს. სამანმა აღუთქვა ხალხს, რომ ვინც მისი შვილის მკვლელს შეიპყრობს მილიონ
დოლარს მიიღებს საჩუქრად. ყველა ჩვენიანი იარაღში ზის და ყველას ჯილდოს მიღების სურვილი
აქვს შემჯდარი. არ ვიცი, შეიპყრობენ თუ არა იმ საშინელ ძიას, მაგრამ თქვენი იქ წამოსვლა არ
შეიძლება.

-ვინაა ის საშინელი ძია?


-ოო! გააჟრჟოლა ბავშვს. - ამბობენ, რომ ცოცხლად ჭამს ჩემნაირ პატარებს, მოკლულებს კი
თურმე ხორცებს აგლეჯს და შავ ეშმაკს ახატავს შუბლზე.

-ოჰო! - ახმედს სახე შეეცვალა. ბაკურს გახედა. ფხოველი მოღუშული გაჰყურებდა მზის
დისკოს, რომელიც მთებს იქით ნელ-ნელა უჩინარდებოდა...

1980 წელი. ნოემბერი. მარცხს მარცხზე განიცდიან საბჭოთა სადესანტო ჯგუფები.


საიდუმლოდ დაგეგმილი ოპერაციები ცნობილი ხდება ავღანელთა სარდლობისათვის. საბჭოთა
დაზვერვამ იცის, რომ ,,ციხე შიგნიდან ტყდება", მაგრამ ვინ?! ყოველ ოპერაციას უაზრო მსხვერპლი
მოსდევს თან. ოფიცრები თვალს არიდებენ ერთმანეთს.

ვეებერთელა ლოდის გვერდით მიწოლილა ბაკური. ბინოკლით ათვალიერებს ვიწრო ხეობას.


ეღიმება. თვალებს ხუჭავს. თვალწინ მშობლიური სანახები უდგება. საოცრად წააგავს ეს ადგილი
არაგვის ხეობას. დაფიქრებული გაჰყურებს კლდეებს.

ორი დღეა ახმედი არ ჩანს. ,,სად დაბოდიალობს?! ეშმაკმა იცის! გულჩათხრობილი გახდა ამ
ბოლო დროს რატომღაც. რაშია საქმე? ყოველი ნაბიჯი იცოდნენ ადრე ერთმანეთის. ახლა რა ხდება?
რაღაცას მალავს, რაღაცის დამალვას ცდილობს ჩემგან, მაგრამ რის?"

უსიამოდ შეეკუმშა ფხოველს გული.

-ამხანაგო ლეიტენანტო! - მოესმა. ჯარისკაცი იდგა მის წინ. - ტყვეები ამოიყვანეს.

-ვინ არიან? - წამოდგა. ავტომატი აიღო.

-ვიღაც ამერიკელი, ცოლთან ერთად.

-ამერიკელები გვაკლდა! - გულმოსულმა ჩაილაპარაკა. - რამაზანოვი ხომ არ გამოჩენილა?

-ახლახან მოვიდა ისიც!

-მადლობა ღმერთს! - შვებით ამოისუნთქა. ბანაკისკენ დაეშვა ციცაბო, ვიწრო ბილიკით...

პატარა ოთახი სიგარეტის ბოლშია გახვეული, საოცარი სიჩუმეა ირგვლივ. ფხოველმა


გაოცებით გადახედა მუდამ იუმორით სავსე, ენაწყლიან ოფიცრებს. რამ ჩააჩუმა ეს ხალხი? მათ მზერას
გააყოლა თვალი. კარებს მიეყრდნო. თვალები დახუჭა. მოეჩვენა? არა! არაა ეს მოჩვენება. შუა ოთახში
ის დგას. ის, ვისზეც ბავშვობაში უოცნებია ბაკურს. ფერია, ზღაპრული ფერია, რომელზეც ბებია
უყვებოდა ბავშვობის წლებში...

ქალიშვილი ოცი წლის თუ იქნება. შავი თმა ტალღებად აყრია შავ მაისურზე. ტყავის შარვალი
სპორტულ, მაღალყელიან ფეხსაცმელში აქვს ჩაშვებული. სევდაჩაგუბებული შიშნარევი თვალებით
მისჩერებია დაზვერვის ოფიცერს, რომელიც დაკითხვას აწარმოებს.

როგორც იქნა, შესძლო ბაკურმა, მოაცილა ქალიშვილის ცისფერ თვალებს, ცისფერიც რომ არ
ეთქმოდა. მუქი - ლურჯი გადაჰკრავდა მათ. მამაკაცს შეხედა.

ტყვე ამერიკელი, ორმოცდახუთი წლის სქელი, ბულდოგისსახიანი მამაკაცი დამცინავად


მისჩერებოდა რუს ოფიცრებს.
-განა შეიძლება ჩვენი დაპატიმრება? - დამტვრეული რუსულით კი არ თქვა, ამოიღრინა
თითქოს.

-ენას ნუ მოიტეხთ, - ინგლისურად გაეპასუხა საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი. -


შეგვიძლია ინგლისურად ვისაუბროთ. რაც შეეხება თქვნს აქ გაჩერებას, ანუ თქვნს დაპატიმრებას, ჩვენ
კარგად ვიცით, ვინ ავიყვანოთ და ვინ არა. მაშ ასე, რომელ ენაზე ინებებთ, რამდენიმე შეკითხვას რომ
გასცეთ პასუხი?

-რუსულად!

-რა გაეწყობა! თქვენი გვარი?

-ჯო ჯონსონი, - ჭროღა თვალები მოჭუტა ამერიკელმა.

-დიდებული სახელი და გვარია. რამ გაიძულათ , მისტერ ჯონსონ, ამერიკიდან ამ მანძილის


გამოვლა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?

ამერიკელი არც დაფიქრებულა.

-თქვენ, კომუნისტები ამას ვერ გაიგებთ! - გამომწვევად შეხედა.

-მაინც? იქნებ გავიგოთ.

-ფულმა!

-ახ, ფულმა? გასაგებია! ეს გოგონაც ფულის გულისთვის ჩამოვიდა აქ?

-ჩემი მეუღლე გახლავთ! - ჯონსონმა ღიმილით შეავლო თვალი ქალიშვილს.

-მეუღლე? საოცარია. მე შვილი მეგონა. თუმცა ეგ არაა ჩემი საქმე. თქვენი მეუღლის გვარი?

-გელოვანი!

ბაკურ ფხოველს თვალთ დაუბნელდა. სისუსტე იგრძნო. კარის სახელურს ჩასჭიდა ხელი.
დაბინდული მზერა ქართველი ოფიცრის, გია ყარყარაშვილისკენ გაექცა. აქ ორად-ორი ქართველი იყო
მხოლოდ - გია და ბაკური. სახე გაფითრებული გია მას მისჩერებოდა...

ასეთი გვარი არ მსმენია, - ოფიცერმა თავი ასწია, - ამერიკელია თქვენი მეუღლეც?

-წარმოშობით ქართველი გახლავთ. ემიგრანტის ქალიშვილია.

-ქართული გვარია გელოვანი? - შეუბრუნდა გიას ოფიცერი.

-კი. გელოვანები მთავრები იყვნენ საქართველოს ერთ-ერთი მთიანი კუთხის.

აქამდე უხმოდ მჯდარმა რამაზანოვმა ხმამაღლა გადაიხარხარა.

ყველამ მას მიხედა.


-ქართველი პრინცესა? - თითები უდარდელად გაატკაცუნა ახმედმა. - დიდგვაროვნებს
თავიანთი დიდგვაროვნება თან ახლავთ ყველგან და ყოველთვის. ცხადია, ავღანელებთან უკვე
საკმაოდ ინებივრა. სანამ ცენტრში გადავაგზავნით, ალბათ ჩვენც გაგვართობს?

ბაკურ ფხოველს ბოღმისგან სუნთქვა შეეკრა. იქვე, მაგიდაზე დადებულ ვიღაცის საზღვაო
ხანჯალს დაავლო ხელი და მთელი ძალით სტყორცნა. ხის კედელში, ახმედის თავთან ტარამდე
ჩაერჭო ხანჯალი. რამაზანოვი არ განძრეულა, გაღიმებულმა შეავლო თვალი ხანჯლის ტარს.
ავბედითი სიჩუმე ჩამოწვა ოთახში.

-გაფრთხილებთ ყველას, - ხმადაბლა, კბილებში გამოსცრა ფხოველმა, - ამ გოგოს ერთი ღერი


თმაც რომ შეერხეს, სანამ ჩემს მოკვლას შეძლებთ, გვამებად და ნანგრევებად ვაქცევ აქაურობას!

ხმა არ ამოუღია არავის. ყველა კარგად იცნობდა ბაკურ ფხოველს. ახმედი ნელა წამოდგა.
გასასვლელისკენ გაემართა. წუთით შედგა ფხოველის წინ. თვალებში ჩახედა.

-სულელო! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა. გავიდა...

-ამხანაგო ოფიცრებო! რას გავს ეს?! - მხოლოდ ახლა წამოიჭრა ფეხზე პოლკოვნიკი ცაგალოვი. -
მეომრები ხართ თუ საბავშვო ბაღია აქ? ლეიტენანტო! დღეს ოთხშაბათია. შაბათს სამშობლოში
მიემგზავრებით. არ გეპატიებათ წასვლის წინ აურზაურის ატეხვა, - ჩაფიქრდა. - ახლა კი პირველ
საგუშაგოზე გაემგზავრეთ. ხვალ შეგცვლით.

-გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო!

-ოცდაათი კაცი წაიყვანეთ.

-მესმის!

-კაპიტანო სკვორცოვ! - პოლკოვნიკი სახენაჭრილობევ კაპიტანს შეუბრუნდა, - სამი კაცით


მიაქციე ყურადღება ტყვეებს. ჩვენ საქმეზე გავდივართ. თვითონ იცი, ვინც უნდა დაიტოვო!

-ვიცი, ამხანაგო პოლკოვნიკო! - შეთქმულივით გაეღიმა კაპიტანს.

-ქალიშვილი უცებ ადგილიდან მოწყდა. კარისკენ შემობრუნებულ ფხოველს მიეჭრა. ბაკური


ადგილზე გაყინა მისმა ცრემლიანმა თვალებმა.

-რა გქვიათ?

-ბაკური!

-ქართველი ხართ?

-დიახ! - ბაკურ ფხოველი ჯადოქმნილივით იდგა. მექანიკურად იძლეოდა პასუხებს. გიაც


მათთან გაჩნდა.

-ნატა მქვია. არ შეიძლება, რომ არ წახვიდეთ იმ რაღაც საგუშაგოზე? ძალიან გთხოვთ, ჩემთან
იყავით! - სუფთა, აქცენტს მოკლებული ქართულით დაილაპარაკა ნატამ. გია ცაგალოვს მიუბრუნდა.
-ამხანაგო პოლკოვნიკო, ნება მომეცით ფხოველის ნაცვლად მე წავიდე!

-იქ ფხოველია საჭირო! - ცივად მოუჭრა პოლკოვნიკმა. ბაკურს გახედა. - ეს თქვენი ბოლო
დავალებაა, ლეიტენანტო. ნუთუ არ გინდათ წახვიდეთ?

-მივდივარ, ამხანაგო პოლკოვნიკო, მაგრამ...

ცაგალოვმა კითხვით შეხედა.

-ძალიან გთხოვთ, სანამ არ დავბრუნდები, ტყვეები არ გადააგზავნოთ.

-კარგით! კარგით! - გაეცინა პოლკოვნიკს. - თქვენს დაბრუნებამდე ისინი აქ იქნებიან.

-ნატა! - ბაკურმა ხელზე მოჰკიდა ხელი, - ნურაფრის გეშინიათ. მე მალე დავბრუნდები.


მანამდე გია მოგაქცევთ ყურადღებას, - ხელზე ოდნავ მოუჭირა. სწრაფად გავიდა. მიიხედ-მოიხედა.
ახმედი არსად ჩანდა.

-რამაზანოვი სადაა? - გასძახა გუშაგს.

-მანქანით წავიდა სადღაც!

-პირველი და მეორე ოცეული სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს შვიდ წუთში. გავდივართ!

-არის! - ჯარისკაცი ფიცხლად შებრუნდა.

საღამოს ხუთი საათია. ნატა გელოვანი კარავთან, პატარა ხის კუნძზეა ჩამომჯდარი. იქვე
ავტომატიანი გუშაგი მიყრდნობია თიხის ღობეს. ნატა ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებს ხეობას,
საითაც ბაკურ ფხოველი გაემგზავრა. მანქანის ხმამ შეაკრთო. ,,ვილისი" მის ფეხებთან შეჩერდა.
რამაზანოვი ნელა გადმოვიდა მანქანიდან. იქვე დაგდებული ქვა ფეხით მოაგორა. ჩამოჯდა. ზიზღით
შეხედა ნატამ. გაოცდა... აღარსად ჩანდა ის თავხედური გამოხედვა, რომელმაც დილას ესოდენ შეზარა
ქალიშვილი. აღარც ის საშინელი, ცინიკური ღიმილი აჩნდა ახმედს სახეზე. ჭმუნვის, ღრმა ფიქრის
კვალი ეფინა უცნობი, ლამაზი ოფიცრის მთელ გარეგნობას, მთელ მის არსებას.

-მიწყრებით? - სევდიანი ხმა ჰქონდა ახმედს.

-მე ხომ ტყვე ვარ. რა უფლება მაქვს წყრომის? ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელთაა. რასაც გინდათ,
იმას მოიმოქმედებთ... შეგიძლიათ გაუსამართლებლად კიდეც დამხვრიტოთ.

-ნუ ბავშვობთ! - უცებ აენთო რამაზანოვი. ვის რაში სჭირდება თქვენი დახვრეტა?!

-არ ვიცი! ახლა კი, იცით, რა? წადით აქედან და თქვენს საქმეს მიხედეთ. ძალიან გთხოვთ
მარტო დამტოვეთ.

-ამ წუთში წავალ. თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ ერთი რამ მინდა გკითხოთ.

- თქვენს ხელთ ვარ, - მწარედ გაეღიმა ქალიშვილს, - შეგიძლიათ!

-რატომ ხართ აქ? რატომ მოხვედით? რას ან ვის დაეძებთ? - ხმადაბლა, მიწას დაჩერებულმა
იკითხა. გუშაგს გახედა.
ნატა გელოვანმა დაკვირვებით შეათვალიერა ოფიცერი.

-ეგ რა შეკითხვაა? განა არ იცით, რომ ტყვეები ვართ?

-იცით რა, ნატა? მე ბევრი, ძალიან ბევრი რამ ვიცი. ვიცი, ვინცაა სინამდვილეში მისტერ
ჯონსონი... ვიცი ის, რომ თქვენ არავითარი ჯონსონის მეუღლე არ ხართ... თქვენ ჟურნალისტი ხართ.
ნუ ღელავთ! დაწყნარდით. ეს საიდუმლო, რაც მე ვიცი, მხოლოდ ჩემია და ჩემთან ერთად დაიმარხება.
დილას თუ ტვინნაღრძობი, ქალს დანატრებული ხვადის როლი გავითამაშე, ასე იყო საჭირო და
მაპატიეთ. მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ!

ნატა გაფართოებული თვალებით, შიშით შეაცქერდა.

-მე მეშინია თქვენი! ვინ ხართ, ან საიდან იცით ეს ყველაფერი?

-ჯერჯერობით მე ველოდები თქვენგან პასუხს.

-რა გარანტიაა იმის, რომ ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება?

-არაფერი, გარდა ჩემი კაცური სიტყვისა, რომელსაც თუ ენდობით, ენდობით, თუ არა, თქვენი
ნებაა. მე რა უფლება მაქვს გაიძულოთ იმის თქმა, რაც არ გინდათ, - ახმედმა სიგარეტი ამოიღო. ნატას
გაუწოდა.

-გმადლობთ! არ ვეწევი! - თვალებში შეხედა. - ჯანდაბას! გეტყვით ყველაფერს, მიუხედავად


იმისა, რომ არ მინდა გითხრათ. არ მინდა იმიტომ, რომ თქვენ წმინდა სულის არ ჩანხართ.

-გმადლობთ კომპლიმენტისთვის! მაინც არ ივიწყებთ დილანდელს?

-ჩემი შეურაცხყოფა აქ არაფერ შუაშია. თქვენ დილას სასიკვდილოდ გესროლათ ხანჯალი მან,
ვინც მხოლოდ დღეს ვნახე, ვისაც არც ვიცნობ და ვინც ამ წუთას თავდავიწყებით მიყვარს...

გაეღიმა ახმედ რამაზანოვს...

-თქვენ ბაკურზე საუბრობთ. დამიჯერეთ, ნატა, არ იყო ის ხანჯალი სასიკვდილოდ ნასროლი.


მას რომ ჩემთვის სასიკვდილოდ ესროლა, ამ წუთებში აქ აღარ ვიჯდებოდი, რადგანაც ბაკურ
ფხოველის სასიკვდილოდ ნასროლი ნებისმიერი სახის იარაღი მხოლოდ სიკვდილს იწვევს. ასე ჩვენ
არაერთხელ გვისვრია ერთმანეთისთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია...

-ვის გისვრიათ ერთმანეთისთვის?

-ჩვენ. მე და ბაკურს.

-თქვენ რა, მეგობრები ხართ?

-განუყრელი ძმები.

ნატა გელოვანს მხოლოდ ახლა გაეხსნა სახე.

-მე კი მეგონა, დაუძინებელი მტრები იყავით ერთმანეთის.


-არა! მსგავსი მეგობარი მე ცხოვრებაში არ მყოლია. სწორი იყო მისი საქციელი. ბაკური
მთიელთა ტრადიციებზეა აღზრდილი და მან სხვაზე უკეთ იცის, რომ ასე ხელაღებით არ შეიძლება
ქალის სიწმინდის შებღალვა, ვინც არ უნდა იყოს ის... ახლა კი გისმენთ, ნატა.

-არ ვიცი, საიდან გაიგეთ ეს ყველაფერი, - ხმადაბლა წამოიწყო ნატამ, თავი ასწია, მიმოიხედა, -
მაგრამ თქვენ მართალი ხართ. ჯონსონის მეუღლე მე არ ვარ და საერთოდ, ასეთი ცხოველის ცოლობას
სიკვდილი მიჯობს. ატლანტიდან ვარ, ჟურნალისტი. ორი კვირაა, რაც ჩამოვედი ავღანეთში.
წარმოშობით ქართველი ვარ.

ბაბუაჩემი 1924 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ გამოჰყოლია ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს


საფრანგეთში. ოცდაათიანი წლებიდან შტატებში ცხოვრობს. ბებიაც ქართველია და დედაჩემიც. მამა
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორია, დედა - ექიმი თერაპევტი. ერთადერთი ძმა მყავდა. საზღვაო
ოფიცერი იყო. გასულ წელს დაიღუპა. ომის დროინდელ ნაღმზე აფეთქდა მისი წყალქვეშა ნავი, -
შეყოვნდა. ტუჩი ჩაიკვნიტა. - გაინტერესებთ, რა მინდა თქვენთან, რას ან ვის დავეძებ?

-დიახ!

-მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა მომელის, მაინც


ჟურნალისტად ვრჩები ტყვეობის წუთებშიც. ბაკურისთვის მინდოდა მეთქვა, მისთვის მეთხოვა, რომ
შევეხვედრებინე იმ ადამიანთან, ვისი ნახვის სურვილმაც მომიყვანა აქ. სამწუხაროდ, ის დავალების
შესასრულებლად გაგზავნეს. ამ წუთებში თქვენ ხართ ჩემს გვერდით, მისი მეგობარი და თქვენ
გთხოვთ დახმარებას, თუ, რა თქმა უნდა, თქვენს ძალებს არ აღემატება ეს.

-მითხარით, ვინ გინდათ?

-არ ვიცი მისი სახელი და გვარი. ყველა ,,შავ სატანას" ეძახის.

ახმედ რამაზანოვმა გადაიხარხარა. ნატას წყენისგან სახე შეეფაკლა.

-ისევ დამცინით? მე გენდეთ, მაგრამ როგორც ვხედავ, ტყუილად.

უცებ დასერიოზულდა ახმედი.

-არა, ნატა. თქვენი დაცინვა არც მიფიქრია. ახლა არ გეტყვით, თუ რაზე გამეცინა, მაგრამ მალე
თვითონ მიხვდებით და ეჭვიც არ მეპარება, თქვენც გაიცინებთ. იქნებ ამიხსნათ, რამ გაგიჩინათ მისი
ნახვის სურვილი?

- რამ გამიჩინა მისი ნახვის სურვილი?! - ქალიშვილი დაფიქრდა. - პირდაპირ გეტყვით:


სულეიმან სამანის სიტყვებმა. სიტყვებმა, რომლითაც მან თავის მეომრებს მიმართა. აი ეს სიტყვებიც:
,,მე ვისურვებდი, რომ ყოველი თქვენგანი იყოს იმნაირი მეომარი, როგორიც ჩემი შვილის მკვლელია.
სამწუხაროა, რომ ,,შავი სატანა" ავღანელად არ დაიბადა. ის მარტო სწორუპოვარი მოწინააღმდეგე
როდია. ის ჯენტლმენია. დიახ! ამას მე ვამბობ, სულეიმან სამანი, მისგან გამწარებული მამა. მე მისი
სიკვდილი მწყურია და მოკვდება კიდეც. აქამდე ათასჯერ შემეძლო მუხთლურად, ღალატით
მომეკვლევინებინა, მაგრამ ცოდვაა ,,შავი სატანა" ამნაირი სიკვდილისთვის. მან მოკლა ჩემი შვილი,
დახოცა ბევრი; უფრო მეტ ჩვენიანს კი პირველი შემთხვევისთანავე ზედ გადაეფარა და სიცოცხლე
შეუნარჩუნა. მტერი ვაჟკაცი ჯობია ლაჩარს და გაუტანელს..." აი მაშინ დამებადა სურვილი
შევხვედროდი ,,შავ სატანას", გავსაუბრებოდი მას. ან, უბრალოდ, თვალი მაინც მომეკრა მისთვის.

-იცით? - რამაზანოვმა მთებს გახედა. - მას გულშიც არ გაუვლია სულეიმან სამანის შვილის
მოკვლა, მაგრამ თვითონ ის, სამანის ვაჟი აღმოჩნდა მუხთალი და გაუტანელი. არავის უფიქრია მისი
და მისი მეგობრების სიცოცხლის ხელყოფა, მან კი სროლა ატეხა. ,,შავი სატანა" იძულებული იყო
ესროლა.

-თქვენ იქ იყავით იმ დროს? - პროფესიული სისწრაფით იკითხა ნატამ.

-მე ცოტა მოშორებით ვიყავი, - გაიღიმა ახმედმა. - იქიდან ვუყურებდი ამ სურათს. მითხარით,
ნატა, გარეგნულად როგორ წარმოგიდგენიათ ის?

-როგორ და! - ნატა გელოვანმა თვალები მოწკურა. - ასე, ორმოცი წლის. ორი მეტრი სიმაღლის.
ნაჭრილობევით დაფარული სახე, ოდნავ კოჭლობს... უაღრესად განვითარებული მუსკულატურა.
თავი გადაპარსული... დაახლოებით ამდაგვარია ჩემს წარმოდგენაში ,,შავი სატანა".

-მე დავამატებ, - რამაზანოვმა ხელი აწია. - მარცხენა თვალი შავი ნაჭრით აქვს აკრული. ხელში
მოღუნული ხმალი უჭირავს. რა გამოგვივიდა? XVI საუკუნის ესპანელი მეკობრე? არა, ნატა! ხმალი
ნამდვილად არა. ავტომატის მაგივრად მას თან მსუბუქი ქვემეხი დააქვს, ამხელა ქვემეხს
პისტოლეტივით ცალი ხელით ისვრის და ჭურვს ჭურვში აჯენს...

-მოვეშვათ ხუმრობას, შეგიძლიათ თუ არა, რომ შემახვედროთ მას?

-გპირდებით. ხვალ საღამოს მე მას გაჩვენებთ.

-ხვალ გვიან იქნება! - თავი ჩაღუნა ქალიშვილმა.

-რატომ იქნება გვიან?

ნატამ თავი ასწია. პირდაპირ შეხედა.

-ხვალ ,,შავი სატანა" ცოცხალი აღარ იქნება!

ახმედ რამაზანოვი ფეხზე წამოდგა. ნატა გელოვანი შეაკრთო მისმა თვალებმა... ხელოი
მოჰკიდა. წამოაყენა.

-გაიმეორეთ, რა თქვით?

-მეტს ვერაფერს გეტყვით! - ამოიკვნესა.

ახმედმა ხელი შეუშვა. გუშაგს გახედა.

-ხან ახმედოვ!

-გისმენთ, ამხანაგო ლეიტენანტო!

-საით წავიდა ფხოველი?


-ნომერ პირველზე! საწვავი ჩაასხით მანქანაში. სწრაფად!

ნატა შეძრწუნებული მისჩერებოდა რამაზანოვს. გონება მომენტალურად გაუნათდა. აი, თურმე


რატომ იცინოდა!

-მითხარით, ,,შავი სატანა" ბაკურია?

ახმედს მისთვის არ შეუხედავს, ისე დაუქნია თავი. წარბშეჭმუხნული ხეობას გაჰყურებდა და


დაძაბული რაღაცას ფიქრობდა. ნატა ახლოს მივიდა მასთან.

-თუ სამხედრო საიდუმლოება არაა, სადაა თქვენი ნომერ პირველი საგუშაგო?

-რაში გაინტერესებთ?

-თუ თქვენ მართლაც ბაკურის მეგობარი ხართ, მოეშვით ამნაირ ტონს. ამის დრო არაა ახლა. ეს
საგუშაგო მდინარეების, ქაბულისა და თურბათის შესართავთან ხომ არ არის?

რამაზანოვი მთელი ტანით შემობრუნდა, შავი, მომნუსხველი თვალებით დააჩერდა.

-საიდან იცით ეს თქვენ?

-ო, ღმერთო! - თვალებზე აიფარა ნატამ ხელები. მხრები აუცახცახდა.

-ნუ ტირით. ტირილი ვერ უშველის მას. მითხარით, ნატა, რაც იცით. ყველაფერი უნდა
ვიცოდე, გესმით? თუ ყველაფერი მეცოდინება, მე არ დავუშვებ მის სიკვდილს.

ნატამ საათს დახედა.

-ახლა ოცი წუთია შვიდის. რა დრო გჭირდებათ საგუშაგომდე მისასვლელად?

-მანქანით ოც წუთში იქ ვიქნები.

-მაშ დრო გვაქვს! - ნატა გელოვანი კუნძზე ჩამოჯდა. ხელით ანიშნა ახმედს. რამაზანოვი ქვაზე
დაეშვა კვლავ. მოუთმენლად მიაჩერდა ქალიშვილს.

-წუხელ ღამით გვიანობამდე მდინარესთან ვიჯექი, - ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით დაიწყო


ნატამ. - შემცივდა და ბანაკისკენ წავედი. ჩემს კარავს მივუახლოვდი. წინ კოცონი ენთო. სიბნელეში
შევდექი ერთ ხანს. გუშაგები კოცონთან იჯდნენ. ნარკოტიკებს ეძალებოდნენ. ფეხაკრეფით გავიარე და
კარავში უხმაუროდ შევედი. კარავი ორგანყოფილებიანია. ერთში სულეიმან სამანი ცხოვრობს თავის
ახალგაზრდა ცოლთან ერთად, მეორეში - მე. საუბარი მომესმა. აშკარად ისმოდა მამაკაცების
დაგუდული, ბოხი ხმები. საძილე ტომარაში ჩავწექი. დაძინება ვცადე. ამაოდ. მოულოდნელად
რუსული სიტყვები გავარჩიე თხელ კედელს იქით. ჩემდაუნებლიედ ყური მივუგდე.

-ესე იგი ხვალ ღამით? - ეს სამანის ხმა იყო, საშინელი აქცენტით.

-დიახ! ის ხუთი დღის შემდეგ უნდა გაემგზავროს და თუ ხვალ არა!..

-ხვალ! ხვალ! - ისტერიულად ამოიყვირა მოხუცმა.


-კარგით, ბატონო გუბერნატორო! ხვალ ღამით ჩვენ მას თურბათის საგუშაგოზე გავაგზავნით.

-წყლების შესართავთან?

-დიახ! ქაბულისა და თურბათის შესართავთნ. მას ხელში გაძლევთ. მაგრამ ჩვენ ჩვენი
წინდაწინ უნდა მივიღოთ, - ხმას დაუწია უცნობმა.

-ნარკოტიკის ის რაოდენობა, რაც უნდა მიიღოთ ,,შავი სატანას" საფასურად, უკვე აქ არის და
თქვენ მას მიიღებთ ახლავე. მაგრამ, - სულეიმანის ხმაში მუქარა გაკრთა, - იცით, რომ ჩვენ გრძელი
ხელები გვაქვს, ჩვენი საცეცები, ყველგან წვდება. შეთანხმება შეთანხმებაა!

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა.

-რომელი საათიდან იქნება ,,შავი სატანა" საგუშაგოზე? - ეს კვლავ სამანის ხმაა.

-ხვალ თორმეტი საათიდან ზეგ თორმეტამდე.

-რამდენი კაცი ეყოლება თან?

-ოცდაათი ან ორმოცი. ეს მასზეა დამოკიდებული, რამდენს წაიყვანს.

-მაშ ასე! - სულეიმანის ხმა მიწყდა ცოტა ხანს. სიჩუმე ჩამოწვა. - ზეგ დილას უკვე ვეღარ
იხილავს მზის ამოსვლას ,,შავი სატანა". ბოლო მეომრის სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს, მას ხვალ
ღამით სიკვდილი ელის. ღამის თორმეტზე დავიწყებთ შეტევას...

ჩაჩუმდა ნატა.

-ყველაფერი გასაგებია, ნატა! თორმეტზე დაიწყებენ შეტევას? ძალიან კარგი! პირველის


ნახევარზე მათი გვამებით იქნება იქაურობა მოფენილი. მითხარით, სულეიმან სამანთან მოსაუბრის
ხმას თუ იცნობთ კიდევ?

-იცით? - ნატა გელოვანი შეყოყმანდა. ვერ გადაწყვიტა, ეთქვა თუ არა ის, რისი თქმაც უნდოდა.

-გისმენთ! - ახმედმა მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო.

-მე მათი საუბარი ჩავიწერე.

-ხმის ჩამწერით? - რამაზანოვს თვალები გაუბრწყინდა.

-დიახ!

-კასეტა თან გაქვთ?

-არა! მისი თან წამოღება ჩემთვის საკმაოდ დიდი რისკი იყო. იქვე კარვის ქვეშ მიწა ამოვჩიჩქნე
და შიგ დავმალე. დღეს კი ის კაცი, ვინც წუხელ სულეიმან სამანთან აწარმოებდა მოლაპარაკებას,
თქვენს შტაბში ვიხილე.

-თქვენ ის დაინახეთ? - ქალიშვილის წინ ჩაიჩოქა.


-დავინახე და საკმაოდ კარგადაც. ფანჯრიდან ვუყურებდი. კოცონთან მივიდა, სიგარეტს
მოუკიდა.

-ვინაა ის? - სახე დაეძაბა ახმედს.

-ის გახლავთ სახენაჭრილობევი ოფიცერი, ვისაც ჩვენი, ტყვეების დაცვა ავალია.

-კაპიტანი სკვორცოვი? - ახმედ რამაზანოვის თვალებში მძულვარება გამოკრთა, ზიზღით


გახედა შტაბის შენობას, მის წინ მობორიალე ოფიცრებს.

-ნატა, მე უნდა წავიდე დაუყოვნებლივ. თქვენ ჩემთვის არაფერი გითქვამთ, გამიგეთ? თუ


ვინმე რაიმეს შეგეკითხებათ, უთხარით, რომ მე თქვენ სიყვარულს გიხსნიდით. შევთანხმდით?

-კარგით! - გაეღიმა ნატას ნაძალადევად. - ძალიან გთხოვთ, გადაეცით ბაკურს, რომ მე მას
მოუთმენლად ველი.

-აუცილებლად! ნახვამდის, ნატა. ხვალ დილამდე!

უკუნი სიბნელეა. სიჩუმეს მხოლოდ მდინარეთა ტალღების შხუილი არღვევს. სადღაც


მიკიოტი თუ ჭოტი აკივლდა. ბაკურმა საათს დახედა. თორმეტი სრულდება. მაინც და მაინც ამაღამ
გაიწელება დრო. როდის გათენდება? თავი მიაყრდნო ქვას. მთელი ძალით შეისუნთქა მდინარიდან
მონაბერი ჰაერი. ტალღები ზათქით ენარცხებოდა ნაპირს და შხეფებს ისროდა. ფხოველს უცაბედმა,
დაუძლეველმა სურვილმა მოუარა, ტალღებში ჩაეყვინთა, ქვეშ გაძრომოდა, ზათქი და გრუხუნი უკან
მოეტოვებინა და დიდ, სრიალა, აქაფებულ ტალღებს ზემოდან მოქცეოდა. ტალღებში ცურვა უდიდესი
ნეტარებაა. ტალღებთან ბრძოლა არ გჭირდება. აჰყვები და დაჰყვები ტალღებს. ხანდახან წამოიქოჩრება
ჩქერები, მაგრამ თავზე არ გადაგივლის. ცურვა ადვილია, ტალღა ტალღას მოსდევს, ლუდის
ბოთლივით მწვანე, მთვარის ათინათის შიშინა მაქმანით შემოქარგული.

მხარი იცვალა. თავდაღმა ჩაემხო...

,,რა მემართება?! ხომ არ ვგიჟდები? შემიყვარდა? ვინ? სხვისი ცოლი? შემიყვარდა ერთი ნახვით?
რა ვქნა? ნატა დავინახე, მისი ხმა გავიგონე და მივხვდი, თუ რაოდენ ფუჭი და უაზრო ყოფილა ჩემი
ცხოვრება დღემდე. რა უსამართლო ხარ, ღმერთო!"

აფეთქების ხმამ ზეზე წამოაგდო ბაკური. აფეთქებას აფეთქება მოჰყვა. ხეობაში სადღაც, სულ
ახლოს, გაკაპასებით აყეფდა ტყვიამფრქვევი. დაძაბული მიაჩერდა სიბნელეს, შემდეგ კი ავტომატს
დაავლო ხელი და საგუშაგოზე აიჭრა.

-ამხანაგო მეთაურო! - ზემდეგი წინ შეეჩეხა, - ნება მომეცით მოგახსენოთ!

-რა ხდება?!

-ჩახანსურიდან აქეთ მომავალი ბილიკი დანაღმული აღმოჩნდა.

-ჩვენი ბიჭები, ვინც ბილიკს იცავდა, სად არიან?

-ბიჭებს არაფერი უჭირთ, ბილიკზე კი ავღანელთა ლამის მთელი ასეული აფეთქდა.


-მარგარიან! რას ბოდავ, თუ იცი? ეგ ბილიკი ჩვენ არ დაგვინაღმავს, თუ მოწინააღმდეგე მხარემ
დანაღმა, გიჟები იყვნენ, ზედ გაევლოთ?

-საქმეც მაგაშია, ამხანაგო ლეიტენანტო! - თეთრი კბილები გააელვა სომეხმა. - ჯერ ჩვენი
ბიჭები გაკოჭა, შემდეგ კი დანაღმა.

-გაკოჭეს? ვინ გაკოჭა?

-ვიღაცამ! - ხელები გაშალა მარგარიანმა. - სათითაოდ მოუყუჩებია მამედოვი და სოკოლოვი,


ხელები და ფეხები გაუკვრია ორივესთვის, პირები ნაჭრით ამოუტენია, მოუთრევია აქვე ჩვენს ახლოს
დაუტოვებია ორივე და თვითონ სარეკორდო დროში დაუნაღმია მთელი გზა.

-იცნეს, ვინ იყო?

-ვერა, სახე ჰქონია ახვეული. ვინც აფეთქებებს გადაურჩა, უცნობმა მამედოვის


ტყვიამფრქვევით მოცელა ყველა, შემდეგ კი იარაღი იქვე მიატოვა და სანამ ჩვენ მივიდოდით, უგზო-
უკვლოდ გაქრა.

ფხოველი უსიტყვოდ გაეცალა მარგარიანს. პოზიციას ჩამოუარა. ყველა ადგილზე იყო.


აღარავისთვის არაფერი უთქვამს. ყველამ იცოდა თავისი საქმე. წყლისპირზე ჩავიდა კვლავ. ჩამოჯდა.
მუხლზე დაიდო ავტომატი. წყლის ტალღებს დააჩერდა.

,,შეშლილი, შეშლილი ომი! ყველა, ყველა, მთელი ეს შეშლილების ბრბო ცდილობს, რომ ეს ომი
ომს ჰგავდეს. არავინ იშურებს ძალ-ღონეს და მთელი კეთილსინდისიერებით ასრულებს თამაშის
წესებს. და აი შედეგიც..."

უეცრად უცნაური სახე წარმოუდგა რატომღაც თვალწინ. დამტვრეული საათის სახე -


აულების, მეჩეთებისა და სადგურების საათების, მიტოვებული სახლების არეულ ოთახებში მდგარი
საათების სახე... და მკვდარი საათების სასაფლაო, გაქცეული მესაათის ვიტრინაში.

,,ომია... აღარავინ მართავს საათს. აღარავინ იღებს მოსავალს. ალბათ აღარავინ ფიქრობს
ომისწინანდელ, ნორმალურ ცხოვრებაზე. წყალი, რომელიც წყურვილის მოსაკლავად და ჩადროსანი
ქალების მშვენიერი, სადღესასწაულო ტანსაცმლის გასარეცხად იყო ყიშლაღებში, დღეს ჭუჭყიან
გუბეებად დგას მეჩეთების წინ.

ჩემი მომავალი, ჩემი ჭეშმარიტება ნამსხვრევებადაა ქცეული და მე მხოლოდ ცალ-ცალკე


შემიძლია განვიხილო ეს ნამსხვრევები. თუ ვიცოცხლე, ღამეს დაველოდები, ამნაირ უკუნს, ჩემს
საყვარელ ღამეს. ღამით გონებას სძინავს და წყდება შეგნების დამანგრეველი მუშაობა. კვლავ იძენს
მთლიანობას ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ადამიანიც კვლავ აერთიანებს თავისი სამყაროს
ნაკუწებს და მშვიდდება, როგორც ხე - ქარის ჩადგომისას. ღამით ადამიანი ისევ პოულობს
სიყვარულს, ვინაიდან სიყვარული სიტყვების კორიანტელზე ძლიერია. დაე, მალე მოვიდეს ის წყნარი
ღამე, რომ ცხადად დავინახო ის, რაც ღირსია სიყვარულისა, რომ შემეძლოს ცივილიზაციაზე,
ადამიანის ბედსა და მეგობრობაზე დაფიქრება, რომ მომინდეს რომელიმე ძლიერი, თუმც იქნებ ჯერ
კიდევ შეუცნობელი ჭეშმარიტების სამსახური.
ახლა მე იმ ქრისტიანს ვგავარ, რომელსაც რწმენა დაეკარგა, გამოეცალა. ახმედთან ერთად
შევასრულებ ჩემს როლს, ეს უეჭველია, მაგრამ მე ისე შევასრულებ მას, როგორც იმ წესს, რომელსაც
აზრი აღარა აქვს, იმიტომ, რომ მის მიღმა აღარ არის ღმერთი. და, თუ ვიცოცხლე, ღამეს დაველოდები,
რომ ცოტა გავისეირნო იმ გზაზე, რომელსაც სიცოცხლის გზა ჰქვია და მარტოდ დარჩენილმა,
გავარკვიო - რატომ ვიყავი ავღანეთში, რატომ ვარ აქ? რატომ უნდა მოვმკვდარიყავი, ან რატომ უნდა
მოვკვდე?!

ომი. შეშლილთა ომი!

ჩვენ ხომ ომის საყოველთაო ორომტრიალის ნაწილები ვართ. ჩვენ მისთვის ბაკურ ფხოველი და
ახმედ რამაზანოვი არა ვართ. ჩვენ არა ვართ ადამიანები, რომლებსაც მოვლენების დანახვის ან
დაუნახაობის საკუთარი უნარი შესწევთ, უნარი იმის, რომ იფიქრონ, სვან, გაიღიმონ. ჩვენ რაღაც ვეება
ნაგებობის ნამსხვრევები ვართ. ხოლო ამ ნაგებობის აზრსა და დანიშნულებას რომ ჩაწვდე, გაცილებით
მეტი დროა საჭირო, გაცილებით მეტი სიჩუმე და მეტი დაშორება. აქ, ამ ქაოსში, პრობლემების
გროვაში, საყოველთაო ნგრევაში, ჩვენ თვითონაც ნამსხვრევებად ვიქცევით. ნამსხვრევები კი დღეს
აღარავის აღელვებს.

ომი! ომი!

რამდენი დავკარგეთ... რატომ? რისთვის? ბიჭები, ვინც გუშინ სიცოცხლეს შეჰხაროდა, დღეს...
საერთოდ კი, როგორც არ უნდა გვიყვარდეს განსვენებული, ჩვენი, ცოცხლების კავშირი მასთან
დარღვეულია. სიკვდილი დიდი საქმეა. სიკვდილი სრულიად ახალ დამოკიდებულებას ბადებს
განსვენებულის შეხედულებების, ნივთიერებისა და ჩვეულებებისადმი. იგი ახალ წესებს ამყარებს.
ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა. და ამავე დროს ყველაფერი შეიცვალა. იმისათვის, რომ
სიკვდილი ვიგრძნოთ, ის წუთები და საათები უნდა გავიხსენოთ, როდესაც ის, ვინც ჩვენგან წავიდა,
საჭირო იყო ჩვენთვის და მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როგორ გვაკლია იგი. უნდა გავიხსენოთ ის
საათები, როდესაც ჩვენ ვჭირდებოდით მას და აი - ჩვენ უკვე აღარ ვართ მისთვის საჭირო. უნდა
წარმოვიდგინოთ მისი სტუმრობის, მასთან შეხვედრის საათი და ვიგრძნოთ, რომ ეს საათი
დაცარიელდა. ცხოვრება პერსპექტივაში უნდა დავინახოთ.

მაგრამ დაკრძალვის დღეს არც პერსპექტივა არსებობს და არც სივრცე. მიცვალებული ჯერ
კიდევ ნაწილებადაა დაქუცმაცებული. დაკრძალვის დღეს ჩვენ თადარიგის ფაციფუცით და
გულწრფელი ან პირფერული ხელის ჩამორთმევით ვართ დაფანტულნი და დახურდავებულნი.
მიცვალებული მხოლოდ ხვალ მოკვდება - სიჩუმეში. იგი მთელი თავისი არსებით წარმოგვიდგება
თვალწინ, რომ მთლიანად მოგვწყდეს. და მაშინ გმინვა აღმოგვხდება იმის გამო, ვინც მიდის და ვისი
შეჩერებაც აღარ ძალგვიძს.

მე არ მიყვარს ომი! მძულს იგი! არ მიყვარს ომის იაფასიანი სურათები. ამ სურათებზე


ნამდვილი მეომარი სწრაფად იშორებს ცრემლს და მღელვარებას მწარე ოხუნჯობით ფარავს. ეს
სიყალბეა! ნამდვილი მეომარი არაფერს ფარავს. და თუ მწარე სიტყვა წამოსცდება, ეს იმას ნიშნავს, რომ
იგი სწორედ ასე ფიქრობს.

მე უკვე ვეღარ ვხედავ ჩემი ტაძრის კედლებს...

მე მკვდარი ღვთაების სამსახურისთვის ვემზადები...


თუ რაიმე ცნობას მოველი, რომელმაც ბედნიერება ან უბედურება უნდა მომიტანოს, თავს ისე
ვგრძნობ, თითქოს სიცარიელეში გადამისროლეს. შიშს საკუთარი რაობის გაქრობა ბადებს. და ვიდრე
ამ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, ჩემი გრძნობები და ჩემი საქციელი დროებითი ნიღაბია მხოლოდ.
დროის დინება - ერთმანეთის მომდევნო წამები - აღარ ქმნის იმ პიროვნებას, რომელიც ერთი საათის
შემდეგ მე ვიქნები.

მე უკვე აღარ ვგრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს. ეს ასეც უნდა იყოს. ეკლესიის მნათეს
სიყვარული ღმერთისადმი იმაში ვლინდება, რომ იგი სიამოვნებით ანთებს სანთელს. წყნარად
დააბიჯებს ეკლესიაში, რომელსაც ვერ ხედავს, და უხარია, როცა მისი ხელების ქვეშ ზედიზედ ინთება
კანდლები. ხოლო როცა ყველა კანდელი აინთება. იგი კმაყოფილია, ამაყობს თავისი საქმით... მთვარია,
მთელი შენი არსებით მიეცე საქმეს, თუნდაც მიზანს გარკვევით ვერც კი ხედავდე. ეს მიზანი
გონებისთვის არ არის განკუთვნილი. იგი სულისთვისაა. სულს სიყვარული შეუძლია, მაგრამ მას
სძინავს. ახლა მე ეკლესიის მამებზე ნაკლებ არ ვიცი, რა არის ცდუნება; ცდუნება - ესაა აჰყვე გონების
კარნახს, როდესაც სულს სძინავს.

მე შევპირდი საკუთარ თავს, თუ ვიცოცხლე, დაველოდები ღამეს, სადმე მშვიდობიან ადგილას,


მშვიდ, უკუნ, საყვარელ ღამეს და მაშინ უკეთ გავუგებ საკუთარ თავს. ვისწავლი დანახვას.

თუმცა, იქნებ ვერც კი შევძლო იმის გამოთქმა, რასაც შევიცნობ. როცა ქალი მშვენიერი
მეჩვენება, შეიძლება არაფერი ვუთხრა, მაგრამ გავაღმერთო. მხოლოდ დავტკბე მისი ღიმილით.
ანალიტიკოსი ნაწილ-ნაწილ განიხილავს მშვენიერი ქალის სახეს, რომ განმარტოს მისი სილამაზე,
მაგრამ ამის შემდეგ იგი ღიმილს ვეღარ დაინახავს.

რაიმეს ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ნაწილებად დაჰყო, ან განმარტო იგი. რაიმეს ცოდნა მის
განჭვრეტას ნიშნავს. მაგრამ იმისთვის, რომ დაინახო, უწინარეს ყოვლისა, მონაწილეობა უნდა მიიღო.
ეს მკაცრი სკოლაა..."

ფხოველმა დამძიმებული თავი ასწია. გაიღიმა...

,,მე ვივლი როგორც უსინათლო, რომელიც ხელგაწვდილი მიიკვლევს გზას სინათლისკენ.


ბრმას არ ძალუძს აღწეროს ცეცხლი, მაგრამ იგი პოულობს მას. და იქნებ ასე მაინც წარმომიდგეს
თვალწინ ის, რაც თვალით არ ჩანს, მაგრამ ცოცხლობს, როგორც ნაკვერჩხალი სოფლის ღამეების
ღველფქვეშ. მე უკვე ვიშრომე და ვზიდე ქვები უხილავი შენობის ასაგებად. მე თვითონ ვამზადებ ჩემს
ზეიმს და არავითარი საფუძველი არ მექნება, რომ საკუთარ სულში ვიღაც მეორე ადამიანის
მოულოდნელი გამოჩენა ვამცნო ხალხს, რადგან ეს მეორე ადამიანი ის არის, ვისაც მე ახლა ვქმნი. ამ
წუთში ისეთი სიმშვიდით ვარ მოცული, როგორც მოხუცი. ყველაფერი, რაც სამი საათის წინ
მაღელვებდა, უსაზღვროდ შორეულ წარსულად მეჩვენება, ხოლო ხვალინდელი დღე - უსაზღვროდ
შორეულ მომავლად...

ნატა!

გული რომ ასე ძალიან არ მტკიოდეს, ფეხებზე დავიკიდებდი ავღანელებსაც და მათ ტყვიებსაც.
თავს მივდებდი და ბებერი ტირანივით ჩავთვლემდი. საოცარია, რომ სულ რაღაც ერთი საათის უკან
შენზე ლექსებს ვთხზავდი. ეს საშინელი სიყალბე იყო. განა მე ნაზ ოხვრაზე ვფიქრობდი მაშინ, როცა
პირველი აფეთქების ხმა გავიგონე?! არა, ნატა! მე შენზე აღარ ვფიქრობდი უკვე. მე კრაზანების გესლზე
ვფიქრობდი. ნამდვილად მხოლოდ ამაზე. მე არაფრის დანახვა აღარ შემიძლია ჩემს უკან. უკან მე უკვე
მკვლელის თვალით ვიცქირები... მკვლელის.

სკეპსისისა და სიტყვების თამაშის მეტი აღარაფერი დამრჩენია. რაღა თქმა უნდა, მინდა
მწამდეს; ომი არ მინდა, მაგრამ ვომობ; მინდა მომკლან, მაგრამ ბოლო წუთებში მე ვასწრებ სხვას
სროლას.

მაგრამ როგორც არ უნდა მოგვქონდეს თავი ჩვენი გამარჯვებებით, მშვიდობიანი სოფლების


განადგურაბით, - ძნელია ამ საქციელმა აღგვაფრთოვანოს.

ძნელია ცხოვრება. ადამიანი იმ ურთიერთობათა კვანძია მხოლოდ, რომელიც მას


ქვეყნიერებასთან აკავშირებს. და, აი, აღმოჩნდა, რომ ეს კავშირები არაფრად არ ღირებულა.

რა ჩაკვდა ჩემში? სად იფარება ამ ცვლილებათა საიდუმლო? როგორ ავხსნათ, რომ სხვა
პირობებში შემაძრწუნებდა ის, რაც ახლა ასეთი განყენებული და შორეული მეჩვენება? როგორ უნდა
აიხსნას ის, რომ რაიმე სიტყვას ან ხელის რაიმე მოძრაობას შეუძლია უსაზღვრო სივრცე დაანახოს
ადამიანს - სივრცე, რომელმაც მისი ცხოვრება უნდა განსაზღვროს?

ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს ფორმულებს.და დაღუპვას, როგორი საზარელიც არ უნდა


იყოს იგი, შეუძლია თვითონ გაკაფოს ერთადერთი გზა აღორძინებისაკენ.

რომ გაიგონოს ვინმემ, ცხადია გამკიცხავენ, რომ ამ ომს ,,შეშლილთა ომი" ვუწოდე.

მაგრამ მე ხომ ვუწოდე მას ეს სახელი. მაშასადამე, მე იგი მართლაც ,,შეშლილთა ომად" მივიღე.
მე კი უფლება მაქვს, ისე ვიხუმრო მასზე, როგორც მომესურვება. იმიტომ, რომ მთელ მსხვერპლს მე და
ჩემნაირები ვიღებთ. მე უფლება მაქვს ვიხუმრო საკუთარ სიკვდილზე, თუ მე ეს გამართობს...
ახმედსაც აქვს ამის უფლება... და, საერთოდ, ყველა მეომარს. მე უფლება მაქვს პარადოქსებით
გავერთო. რატომ იწვის სოფლები? რატომ მილასლასებს გზებზე სახლ-კარიდან აყრილი ხალხი? და
რატომ შევიჭერით უყოყმანოდ ამ მექანიზებულ სასაკლაოში?

მე ყველაფრის ნება მაქვს, იმიტომ, რომ ამ წუთას მშვენივრად ვიცი, რასაც ვაკეთებ. მე ჩემი
ნებით ვეგებები სიკვდილს. მე რისკს კი არ ვწევ, მე ომს კი არ ვიღებ, არამედ სიკვდილს ვეგებები! ესაა
და ეს. ჩემს წინაშე, ჩემს თვალწინ, დიდ ჭეშმარიტებას მოეფინა შუქი. ომი რისკი არაა. ეს არ არის
ბრძოლის მიღება. ზოგჯერ ომი სიკვდილის მიღებაა მხოლოდ.

რისთვის ვიბრძოდი? ინტერნაციონალური ვალი? სისულელეა ამაზე ფიქრიც. კომუნისტთა


ლიდერებმა საკუთარი ინტერესებისთვის წამოიწყეს ეს ომი. მთელმა მსოფლიომ იცის ეს. ადრე თუ
გვიან ყველაფერი წაგებული იქნება. მაშ რისთვის განვაგრძობთ სიკვდილს?

სასოწარკვეთილების გამო? მაგრამ ჩვენ არავითარ სასოწარკვეთილებას არ ვგრძნობთ! ჩვენს


უკან ხომ ,,დიდი საბჭოეთია", ხალხთა ,,დიადი კავშირი". თქვენ წარმოდგენაც არ გქონიათ, რა არის
კატასტროფა, თუ გგონიათ, რომ მას სასოწარკვეთილების წარმოშობა ძალუძს. არსებობს უფრო
მაღალი ჭეშმარიტება, ვიდრე გონების ყველა საბუთი. ჩვენ რაღაცით ვართ გამსჭვალული და რაღაც
წარმართავს ჩვენს საქციელს. მე ვემორჩილები ამ რაღაცას... ხეს ენა არა აქვს. ჩვენ ხის რტოები ვართ.
არსებობს აშკარა ჭეშმარიტებები, რომელთა სიტყვებით გამოთქმაც შეუძლებელია. იმიტომ კი არ
მივდივარ სასიკვდილოდ, რომ თავდამსხმელებს გზა გადავუღობო. არ არსებობს ისეთი სიმაგრე,
რომელსაც თავს შევაფარებდი იმათთან ერთად, ვინც მიყვარს და გავუმკლავდებოდი მტერს. სახელის
გულისთვისაც არასდროს წავსულვარ სასიკვდილოდ, იმიტომ, რომ სახელის საქმედ არა ვთვლი ამას.
მე ყოველთვის უარვყოფდი მსაჯულებს. სასოწარკვეთილების გამოც არასდროს გამიწირავს თავი.

ნატა!

ჩემი ნატა, უცნობი გოგონა, ხანძარში აღმოჩნდა? მე გადავარჩენ მას! და ვერავინ შეძლებს ჩემს
დაკავებას. ცეცხლი ედება?! - გავაქრობ ამ ცეცხლს: თუ საჭირო გახდა, ჩემი სხეულის ნაფლეთებს
შევწირავ მას...

და უცებ ვხვდები, რომ სრულებითაც არ მყვარებია ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი


მეჩვენებოდა. და მე მზად ვარ გავწირო ჩემი სახელი, ოღონდ კი გავუწოდო იგი მას, ვისაც ჩემი
დახმარება სჭირდება. მე მთლიანად ჩემს საქციელში ვვლინდები. მე ჩემი საქციელი ვარ. ჩემი სხეული
შენ გეკუთვნის, მაგრამ იგი შენ აღარა ხარ. ვეღარავინ დამიმორჩილებს ჩემს სხეულზე ძალადობის
მუქარით. მე მტრის სიკვდილი ვარ. მიუხედავად ამისა, მოკვლა, ვიღაცის სიკვდილი მინდოდა
ოდესმე? არასოდეს!

მე შენი გადარჩენა ვარ, ნატა! მე ვცვლი ჩემს თავს. და ვერ ვგრძნობ, რომ რაიმეს ვკარგავ ამ
დროს. ჩემი ხელები? ფეხები? ისინი იარაღებია მხოლოდ. მიმიფურთხებია იარებისთვის, თუ ისინი
ტყდებიან, როცა ლოდს თლიან. და...

ნატა!

მე არაფერზე გავცვლი შენს თვალებს, შენს ღიმილს... არც მტრის სიკვდილზე, არც არავის
გადარჩენაზე, არც ავადმყოფის განკურნებაზე, არც თვით ჩემს სიცოცხლეზე..."

ბაკურ ფხოველი ჩაფიქრებული მისჩერებოდა ღამის სიბნელეში მდინარეთა დინებას. სადღაც


მიკიოტი თუ ჭოტიც დადუმებულიყო... წამოდგა. პოზიციაზე ავიდა. რაციას მიუჯდა...

სძინავს ნატა გელოვანს. თენდება უკვე. სულ რაღაც ორი საათია გათენებამდე დარჩენილი.
საოცარ სიზმრებს ხედავს. უნდა თავი წამოსწიოს, გამოფხიზლდეს. ამაოდ. სიზმარი, ტკბილი ზმანება
გრძელდება კვლავ.

სადღაც უდაბურ კუნძულზეა მარტოდმარტო. ირგვლივ წალკოტია თითქოს, მაგრამ


სიცარიელე. ეშინია ნატას. ეშინია მარტოობის. უეცრად ხმა, რაღაც ხმა ჩაესმის. თავს სწევს. კუნძულს
გარს შემოჯარული ღრუბლებიდან თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი, ბრგე მამაკაცი გამოდის.
ღიმილით გამოხედა ნატას. იცნო ნატა გელოვანმა. ეს ხომ ამერიკის პრეზიდენტია! პრეზიდენტმა
ხელი აწია:

,,ნუ გეშინიათ! დაიხსომეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ამერიკელი, თუ მის სიცოცხლეს


საშიშროება დაემუქრება, მის სახსნელად აფრინდებიან თვითმფრინავები, ოკეანეებს გადაცურავენ
ავიამზიდები და წყალქვეშა ნავები. ცოტა ხნით სადღაც გაქრება რასობრივი და სოციალური
პრობლემები - ყველაფერი, მცირედ და არაფრისმთქმელად ქცეული ამერიკის ერთი მოქალაქის
სიცოცხლესთან შედარებით. არ შეშინდეთ!"
შებრუნდა. უკან, ღრუბლებში გაუჩინარდა. სიხარულით ევსება გული ნატას. მთელი
სისწრაფით მომავალი დიდი, თეთრი გემი გამოჩნდა ზღვაზე. კუნძულისკენ აქვს გეზი აღებული.
ამერიკის დროშა ფრიალებს ზედ. თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული, ვარსკვლავებიანი, ლამაზი
დროშა. ეს ვინ დგას კაპიტნის ბოგურაზე? ვინაა ეს ბიჭი? ღმერთო, რა ნაცნობი სახე აქვს! ეს ხომ! ეს
ხომ! ,,ბაკურ!" - ნატა მთელი ძალით გარბის მოახლოებული გემისკენ. ფხოველი აღარ ელოდება ნავის
ჩაშვებას, ტანსაცმლიანად ხტება გემიდან. ნაპირისკენ მოისწრაფის შხეფებში გახვეული...

კარის ჭრიალმა გამოაღვიძა. გათენდა? არა, ისევ ბნელა. ოთხი ლანდი უჩუმრად შემოლაგდა
ოთახში. შიშისგან სუნთქვა შეეკრა ნატას. ერთ-ერთმა ასანთს გაჰკრა. იცნო ოთხივე. ჯონსონი,
კაპიტანი სკვორცოვი და ორი ჯარისკაცი. ნელა დაიძრნენ მისკენ. ნატა წამოხტა, კედელს აეკრა. ჯო
ჯონსონი მიუახლოვდა. არყის სუნი შეაფრქვია ქალიშვილს.

-ჩაგვიშვი? - ხმადაბლა იკითხა.

-მე არავინ ჩამიშვია. ახლა კი გადით აქედან, სანამ ვიკივლებ!

-იკივლებ? ვერ იკივლებ! - ჯონსონმა ტუჩებზე ააფარა ხელი. თმებით მოქაჩა. - შენ, შენ
ჩაგვიშვი. შენ ჩაგვიფუშე ყველაფერი. ახლა ყველაფრისთვის გაზღვევინებთ... კარებმა კვლავ
გაიჭრიალა. ყველა იქით შებრუნდა. წამიც და ყველაფერი, ყველა ერთმანეთში აირია. ოთახში
სიკვდილის ლანდივით დაქროდა ვიღაც და მტკიცე ხელით სიკვდილს თესდა. არავინ ყვიროდა. არ
ატეხილა სროლა. არავინ ითხოვდა შველას და შებრალებას. ჯონსონის სისხლი სახეში შეესხა ნატას.
ფარანი აინთო. მისმა შუქმა სათითაოდ გადაუარა დახოცილებს. დაყვირება დააპირა. ტუჩებზე კვლავ
აეფარა ხელი.

-წყნარად, ნატა! მე ვარ! - ნატა გელოვანის წინ რამაზანოვი იდგა.

-რა ჩაიდინეთ ეს? - ძლივს ამოილუღლუღა.

-სხვა გზა არ იყო. თქვენ სიკვდილი გელოდათ.

-რატომ! რატომ!

-იმიტომ, რომ ნარკომაფიას გადაუდექით გზაზე. თქვენ ბაკური იხსენით, მაგრამ სხვისი
საათივით აწყობილი გეგმა ჩაფუშეთ. ახლა კი რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავიდეთ აქედან.

-ბაკურის გარეშე მე არ წავალ არსად! - ნატა კედელთან ჩაცუცქდა.

-მისმინეთ, ნატა! - ახმედმა ფეხით გადააბრუნა სკვარცოვის გვამი, გვერდზე მიაგდო. - ერთ
საათში ითენებს. ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას აქ ვერაფრით შევძლებთ. მე სამხედრო
ტრიბუნალს გადამცემენ და დამხვრეტენ. ჯანდაბას ეს ამბავი, არ ვწუხვარ ჩემს სიკვდილზე, მაგრამ
მინდა სიმართლე არ დაიკარგოს. როგორც თქვენ, ქართველები ამბობთ: ,,სანთელ-საკმეველმა თავისი
გზა არ დაკარგოს".

-კარგით, ბატონო, მაგრამ როგორ გინდათ სიმართლის დამტკიცება? დამტკიცება იმის, რომ
თქვენ უდანაშაულოდ არ დახოცეთ ეს ხალხი?
-სამანის ბანაკში დატოვებული კასეტა უნდა ავიღოთ! - ისეთი სიმშვიდით თქვა რამაზანოვმა
თითქოს საკუთარი სახლის ეზოში აპირებდა შესვლას.

-კასეტა? - წამოიყვირა ნატამ. - მართალი ხართ! მაგრამ როგორ ამოვიღოთ?

-მაგაზე შემდეგ ვიფიქროთ. ახლა კი წავიდეთ.

-ბაკური? - ცრემლი მოაწვა, მუდარით შეხედა ახმედს, - რა ბედი ეწია მას? იყავით მასთან?

-არა. მანქანა გამიფუჭდა გზაში და უკან დავბრუნდი. სხვა მანქანით ვაპირებდი წასვლას და
რაციით გადმოსცეს კიდევაც პირველი საგუშაგოდან, რომ...

ჩაჩუმდა.

-რომ რა? ჩქარა თქვით!

-რომ ფხოველმა გაანადგურა თავდამსხმელთა მთელი ჯგუფი. ახლა ალბათ მამალი


ინდაურივით გაფხორილი დადის იქ. აი, ამ ცნობის მიღებამ დააჩქარა თქვენთვის განაჩენის გამოტანა.
მიხვდნენ, რომ ნებით თუ უნებლიეთ თქვენ იცოდით და გაეცით ეს საიდუმლო. ახლა ხვდებით
ყველაფერს?

-ვხვდები. გმადლობ. მაგრამ...

-რაღა მაგრამ?

-მიჯობს მეც თქვენთან ერთად დამხვრიტონ, მაგრამ ბაკურის უნახავად მე არ წამოვალ.

ახმედი კედელს მიეყრდნო. ჩაფიქრდა. ასე იდგა ერთ ხანს. გამოერკვა. ფარანი გაუწოდა.

-მომინათეთ! - ფურცელი ამოიღო. წერა დაიწყო. მორჩა. ქაღალდი გაკეცა. - მე მას ბარათს
ვუტოვებ. თუ მენდეთ, ბოლომდე მინდა, რომ მენდოთ, ნატა. ამ ბარათს მიიღებს თუ არა, კვალში
ჩაგვიდგება. მე საკმაოდ კარგად ვიცნობ მას. ახლა კი დროა...

მეორე ღამე. ღამის პირველი საათი. ბაკურ ფხოველი მგლური ნაბიჯით მიუყვება ბილიკს.
ჩქარობს. იცის, საითაც მიდის. იცის, რაზეც მიდის... უკან დაბრუნდება? ჯანდაბას, თუ არ
დაბრუნდება! მისთვის მხოლოდ ნატას გადარჩენას აქვს აზრი. მას უკვე აღარ აინტერესებს საკუთარი
თავი. როდესაც რაღაც მიზნისთვის სწირავ საკუთარ სხეულს, მხოლოდ იმ წუთებში ხედავ, რა მცირე
მნიშვნელობა ჰქონია მას შენთვის.

,,ჩემო სხეულო, მიმიფურთხებია შენთვის. მე ამოტყორცნილი ვარ შენგან, მე აღარ მაქვს


გადარჩენის იმედი და აღარაფერი მჭირდება! მე უარვყოფ ყველაფერს, რაც ამ წუთამდე ვიყავი. აქამდე
მე არ ვფიქრობდი, არ ვგრძნობდი არაფერს - ეს მხოლოდ ჩემი სხეული იყო. მე იძულებული ვიყავი, ამ
წუთამდე მომეყვანა იგი, როდესაც მივხვდი, რომ მას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩემთვის.

სიკვდილი ჩამსაფრებია ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ სიკვდილის მოლოდინში არა ვარ მე,
რომელიც ყოველ მომდევნო წამს შეიძლება მოჰყვეს. არა! მე ყოველ წამს ხელმეორედ ვიბადები. ჩემი
ცხოვრება სიხარულის ნიაღვარმა, აღტაცების უწყვეტმა ნაკადმა გაიტაცა. საოცრად, აღტაცებულად
ვგრძნობ თავს. თითქოს ყოველ წამს ხელახლა ვიძენდე სიცოცხლეს, თითქოს ყოველ წამს
ვიმსჭვალებოდე სიცოცხლის უფრო და უფრო მძაფრი შეგრძნებით. მე ვცოცხლობ. ცოცხალი ვარ
ჯერჯერობით. სიცოცხლის წყარო ვარ მე! ვთვრები სიცოცხლით. ამბობენ, მეომარი ბრძოლით
თვრებაო. სწორედ ეს არის სიცოცხლით თრობა..."

შეჩერდა. ბილიკი ორად იყოფოდა. უყოყმანოდ დაადგა მარჯვნივ მიმავალს. ცოტა ხნის
შემდეგ მის წინ სინათლეები გამოჩნდა. პატარა, მბჟუტავი სინათლეები. ყიშლაღებიდან ძაღლების
ყეფა ისმოდა. ფრთხილად შევიდა სოფელში. პირველივე სახლთან შედგა. მიმოიხედა. უხმაუროდ
გადაევლო ღობეს. მკრთალად განათებულ ფანჯარას მიადგა. დააკაკუნა. სინათლე გაქრა. კარებისკენ
ვიღაც წამოვიდა. გაიღო.

-რომელი ხარ? - სანადირო თოფმომარჯვებული გამოვიდა შუახნის ავღანელი.

-ბაკური! - ფხოველმა ტყვიამფრქვევი ძირს დადო. კიბეზე ჩამოჯდა. ავღანელმაც მის გვერდით
ჩაიმუხლა.

-სახლში მარტო ვარ. შევიდეთ შიგნით! - მასპინძელი საკმაოდ გამართული რუსულით


ლაპარაკობდა. - დაისვენე.

-დასასვენებლად არ მცალია. ახმედი ხომ არ გამოჩენილა აქეთ?

-ის და მისი თანმხლები ქალიშვილი შენ გელოდებიან! - გაიღიმა ავღანელმა.

-მე მელოდებიან?! - ბაკური შეაცბუნა მოულოდნელმა ამბავმა. რისხვა, ბრაზი მოულოდნელად


გაუქრა. ფეხზე წამოდგა. - სად არიან?

გოგონა აქ არის ჩემთან. ახმედი კი ერთი საათის უკან ჩახანსურისკენ წავიდა. ბევბრი ვუშალე.
თავისი გაიტანა მაინც. დილით დავბრუნდებიო.

-რისთვის წავიდა?

-არ ვიცი!

-სძინავს მას?

-მგონი, არა.

-ძია ქაფჩუნ, გაწუხებთ, მაგრამ უთხარით, რომ მე მოვედი.

-რას ამბობ, შვილო! ახლავე! - ქაფჩუნი სახლში შებრუნდა...

-ბაკურ! - ნატა კიბის საფეხურებს სირბილით გადმოევლო. როგორ ჩანს, არ ეძინა. - მოხვედი?! -
ყელზე შემოეჭდო.

-ნატა! ამიხსენი, რა მოხდა, - ბაკურ ფხოველის სახეზე სიცივის ნიღაბია მხოლოდ...

ოთხი საათი იყო უკვე. ისხდნენ. ბაკურის მთელი არსება სინანულს მოეცვა. მისთვის
ყველაფერი აშკარა იყო. რამაზანოვი ფხოველზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა სულით. მან მეგობრისთვის
ყველაფერი გააკეთა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც უბრალო მოკვდავს შეეძლო.
-შეიძლება ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევ თავს, სიჩუმე ნატამ დაარღვია, - მაგრამ ძალიან
მაინტერესებს, შემთხვევის ადგილზე რატომ ტოვებ შენს ხელწერას და რატომ მაინც და მაინც ეშმას
ახატავ?

ბაკურ ფხოველს ნაღველმა გადაურბინა სახეზე.

-ერთი პატარა ბიჭი იბრძოდა ჩვენთან. ლიტველი იყო. მეოცნებე, მორიდებული, ამ დროს
უაღრესად განათლებული მის ასაკთან შედარებით. მიყვარდა მასთან ჯდომა და საუბარი. საოცრად
გულჩვილი იყო. პირველად მოკლული რომ ნახა, გული გაუხდა ცუდად. ჩემს გვერდით ცდილობდა
ყოფნას სულ. არც მე ვიშორებდი გვერდიდან. როცა სიმშვიდე იყო, საათობით შეეძლო მჯდარიყო
განმარტოებით და ლექსები ეწერა. რამდენიმე თვის უკან მე და ახმედი საქმეზე ვიყავით წასული. ისე
მოხდა, რომ პირველი მე დავბრუნდი იქიდან. ცოცხალი აღარ დამიხვდა. საგუშაგოზე მყოფი
მოეკლათ. ნაწამები იყო. მკერდზე დანით ეშმა ჰქონდა ამოტვიფრული, უფრო სწორად - დახატული.
არ ვიცი, შენ იცი თუ არა, ნატა, რომ არსებობს ავღანელთა ერთი სექტა, რომელიც ეშმას სცემს თაყვანს.
მათი გაკეთებული იყო ეს... როცა სამანის ვაჟმა თავი შემოგვაკლა, მის მკლავზე ტატუირებული ამ
სექტის ნიშანი, შავი ეშმა შევნიშნე და მაშინ მომივიდა თავში ეს საშინელი, მანიაკური აზრი,
შურისძიების მიზნით, მათივე ნიშანი დამეტოვებინა ყველგან. თუ რატომ გავაკეთე ეს, ჩემი
მეგობრისთვის არ მითქვამს. არც დაინტერესებულა. ალბათ ომისგან გადაღლილის ჩვეულებრივ
ახირებად ჩათვალა.

იჟიჟრიბანდა. ითენა კიდეც, როცა ახმედი მოვიდა. ნატა გაკვირვებული მიაჩერდა მეგობრებს,
რომლებიც ძალიან უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს. არავითარი ხვევნა-კოცნა, გრძნობების ხმამაღლა
გამოვლინება. ხელი ხელს დაურტყეს. ეს იყო და ეს. თითქოს არაფერი მომხდარიყოს...

-რა ქენი? - კითხულობს ბაკური. სადღაც იყურება შორს.

-წამოვიღე! - რამაზანოვმა ცელოფანგადახვეული კასეტა ნატას გაუწოდა. - ესაა?

-კი, ესაა! - სიხარულით უბრწყინავს სახე ქალიშვილს. - როგორ მოახერხეთ? იყავით შესული?

-არა! ორმოდან თვითონ ამოსულიყო და აქეთ მოდიოდა, - ავღანელს შეუბრუნდა. - ბატონო


ქაფჩუნ, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა წავიდეთ აქედან, თქვენც გაერიდეთ დროებით აქაურობას.

-რაიმე სერიოზულია?

-კი. მომდევენ. წუთი-წუთზე აქ იქნებიან. რომ მცოდნოდა ბაკური უკვე აქ იყო, იოლად
ავურევდი მათ კვალს, მაგრამ ნატას მარტო დატოვება არ მინდოდა.

-საით აპირებთ? ქაფჩუნმა ლეიბი ასწია. ,,კალაშნიკოვი" ამოიღო. მჭიდი მოარგო. სარკმლიდან
გახედა.

-საზღვარზე უნდა გადავიდეთ! - ხმადაბლა, ყრუ ხმით თქვა ფხოველმა. ყველა მას მიაჩერდა.

-რატომ საზღვარზე?

-იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, სად ზის მაფიის მამამთავარი. კი, ბატონო, ჩვენ ეს კასეტა
წარვუდგინეთ ჩვენს დაზვერვას, ჩვენი სარდლობის რომელიმე ხელმძღვანელს. და იქნებ ეს
ყველაფერი იქიდან იღებს სათავეს? მერე რა ვქნათ? კასეტა გაქრება, ახმედი კი საბრალდებო სკამზე
აღმოჩნდება. ნუღარ ვაყოვნებთ. რამდენი კილომეტრია საზღვრამდე?

-ორი. იმ კლდის იქით პაკისტანია! - ავღანელმა აღმოსავლეთისკენ გაიშვირა ხელი.

-წავედით!..

-მე გაგაცილებთ! - მასპიონძელმა კარი გამოიხურა.

-არა! - რამაზანოვმა მკლავში მოჰკიდა ხელი. - ჩვენ ისედაც საკმაოდ დავალებული ვართ
თქვენგან. მადლობის მეტს ვერაფერს გეტყვით. დაე, ღმერთმა მაინც გადაგიხადოთ სამაგიერო
ჩვენთვის გაწეული სიკეთისთვის. ახლა კი მშვიდობით! თავს გაუფრთხილდით.

ქაფჩუნს თვალები დაენისლა.

-ეჰ, ბიჭებო! მე თუ რაიმე მომივა, ჩემს მიწაზე მაინც ვარ, მაგრამ თქვენ? დაიმახსოვრეთ ჩემგან,
სადაც არ უნდა მოხვდეთ, ეცადეთ სამშობლოში დაბრუნებას, რადგან სამშობლოდაკარგული კაცი ის
აგორებული ლოდია, რომელიც არავინ იცის, სად დაიმსხვრევა. სხვის მიწაზე, სხვის ცის ქვეშ არავის
გაუხარია იცოდეთ! - მთებისკენ გაექცა მზერა, - არავითარ შემთხვევაში იმ ბილიკებით არ წახვიდეთ,
საიდანაც დაქირავებულები შემოდიან. მშვიდობით, ბიჭებო!

სროლის ხმამ გაჰკვეთა დილის სიჩუმე. ქაფჩუნი არაბუნებრივად შეტოკდა, ხელები გადაიქნია
და დაეცა. იმავ წამს ახმედის ტყვიამ ღობიდან ჩამოაგდო ზედ ამოსული ავღანელი, რომელიც უკვე
მეორე გასროლისთვის ემზადებოდა. ტყვია თავში მოხვედროდა ქაფჩუნს...

-მდინარის სანაპიროთი უნდა გავიდეთ! - ბაკურმა ალაგ-ალაგ ამომშრალ კალაპოტს გახედა! -


ვიჩქაროთ, სანამ გზებს გადაკეტავენ.

მდინარისკენ დაეშვნენ. ნატა გელოვანს მასპინძლის ავტომატი ეჭირა ხელში.

-შეგიძლია სროლა? - ბაკურმა ლოდიდან ჩასვა.

-შევძლებ! - ჯიუტი ნაპერწკალი კრთის მის თვალებში.

გარბიან. ალაგ ლამიანია კალაპოტი. სხვაგან ღორღი და უშველებელი ლოდებია. წუთით


შედგნენ.

-იქით კი გადავალთ, მაგრამ როგორ მიგვიღებენ პაკისტანელები?

ეს რამაზანოვის ხმაა. სიჩუმეა ჩამოწოლილი. ფხოველი ჩუმად დგას. იგივე ფიქრი აწვალებს
მასაც.

-მაგაზე ნუ გეფიქრებათ, - იღიმება ქალიშვილი. - არსებობს პიროვნება, ვისი სახელიც გზას


გაგვიკვალავს ყველგან.

-ვინაა?

-ბენაზირ ბჰუტო!
-შენ იცნობ მას? - ფხოველს აშკარად ეტყობა, არ სჯერა ნათქვამი.

-ჩემი მეგობარია. შტატებში ყოფნის დროს ჩემს ოჯახში ცხოვრობდა.

სიტყვა არც დაემთავრებინა, რომ თითქმის ყოველი მხრიდან სროლა ატყდა. მათ კვალდაკვალ,
სანაპიროზე შემოვარდნილ ჯგუფს ტყვიამფრქვევის ცეცხლი შეაგება ბაკურმა. წეროებივით
დაიფანტნენ თავდამსხმელები. ახმედ რამაზანოვმა დურბინდით მოჩხრიკა გასასვლელი გზა. ყოველი
მხრიდან მორბოდნენ ავღანელი მებრძოლები. ფხოველი ერთი ნახტომით გაჩნდა ახმედის და ნატას
გვერდით.

-ახმედ! ნატა წაიყვანე და წადი აქედან!

-მე აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უშენოდ არსად წავალ! - ნატა გორაკზე გამოჩენილ
ავღანელებს ავტომატის ჯერებით შეეგება.

-მე კი არა, შენ უნდა წახვიდე! - რამაზანოვმა სწრაფად ამოიღო მიზანში კლდეზე გადმოხრილი
მეომარი. წამიც და მისი უსულო სხეული მდინარეში ჩაეშვა.

-ახმედ, მისმინე! პატიჟის დრო არაა ახლა. კი, მე წავიდოდი, მაგრამ ჩემი გზა მხოლოდ
სიკვდილის გზა იქნება, შენ კი ნატასთვის სიცოცხლე ხარ. მისი გადარჩენა ხარ. ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ენები იცი. იოლად გახვალ ფონს. მე კი! - ხმა ჩაეხლიჩა, - გადი! გაიყვანე დროზე! მე
დაგიცავთ!

-ვერ წავალ!

-წახვალ! წახვალ, გესმის? - იყვირა ბაკურმა. - თუ ჩემი ძმა ხარ, ახლა მჭირდება შენი თავი. ნატა
გაიყვანე! მოაშორე აქედან!

-კარგი! საზღვარზე გადავაცილებ და დავბრუნდები. მანამდე გაუძელი! - ახმედი ფეხზე


წამოიჭრა. ნატა, მომყევი!

ნატას ტირილი წასკდა. ბაკურს მოეხვია.

-რატომ გვიცილებ თავიდან?

-იმიტომ, რომ ასეა საჭირო! იმიტომ, რომ იცოცხლოთ, გაჰყევი, ნატა... წადი! - ფხოველმა
თვალი აარიდა. რამაზანოვის ავტომატი თავის წამოწევის საშუალებას არ აძლევდა ავღნელებს.

-მიყვარხარ! - ჩაიჩურჩულა ნატამ.

გველნაკბენივით შეტოკდა ბაკური. თვალები დახუჭა. ტუჩი ჩაიკვნიტა. სძლია თავს...

-ნატა! მე უკვე ბედნიერი ვარ. და თუ გინდა, რომ ეს ბედნიერება, ჩემი ბედნიერება დიდხანს
გაგრძელდეს, წადი. ჩქარა წადი! - ხმას დაუწია. - ახმედი უკან აღარ გამოუშვა. ესაა ჩემი ბოლო
თხოვნა...

ახმედს ხელჩაკიდებული მიჰყავდა ქალიშვილი. უკვე კლდეებს უნდა მოფარებოდნენ.


-ნატა! - მოისმა ბაკურის ხმა.

-თუ ,,შავი სატანა" შენს სტატიებში როდისმე გაიხსენე, მის ეროვნებაზე ნუ დაწერ ნურაფერს.
კარგი? - სროლის ხმაურში ჩესმა ნატას.

ტირილით მიჰყვა ქალი ახმედს...

გამოელია ტყვიები. ყუმბარები მოსინჯა. ბოლო სავაზნე მოარგო ავტომატს. გაიხედა


საზღვრისკენ ტყვიამფრქვევი, ახლა უკვე უსარგებლო ნივთად ქცეული, კლდიდან გადააგდო. ,,უკვე
სამშვიდობოს იქნებიან! დროა, მეც გავიდე". მის გვერდით ვეება კლდის ნაპრალი მდინარემდე
ჩასდევდა. დაუყვა. ჩაჰყვა ბოლომდე. ზევით ახედა. ის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ თავს აფარებდა,
კვლავ ტყვიის ცეცხლში იყო გახვეული. კლდის ძირს სირბილით დაუყვა. მის გვერდით რაღაც
გასკდა, რაღაც აფეთქდა. აფეთქების ტალღამ ჰაერში აიტაცა, კლდეს მიახეთქა და უგრძნობლად დასცა
ძირს...

რა საზიზღარი სუნია! სად ვარ? თვალები გაახილა. თავი წამოსწია. ხელები გაკრული აქვს.
ფეხებიც. რაღაც სარდაფია. მყრალი, ნესტიანი. ვირთხამ ტანზე გადაურბინა. ,,ტყვედ ვარ! მაინც
ცოცხლად ჩამიგდეს ხელში?!" მწარედ გაეღიმა. ,,მორჩა! ყველაფერი დამთავრდა." კედლისკენ
მიცურდა. ბეჭებით მიეყრდნო. სადღაც, მაღლიდან ყრუ ხმები ისმის. კარი იღება. ვიღაცეები
შემოვიდნენ. სახეზე მიანათეს. ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს. ფეხები შეუხსნეს, ხელი მოკიდეს.
გამოიყვანეს. მზემ თვალი მოსჭრა. შეკრული ხელები ასწია. თვალები მოიფშვნიტა. მთელი სხეული
ტეხდა. გაბრუებული თავი... მიმოიხედა. ავღანელთა ბანაკში იყო. მიდამოს გახედა. მთებში იყვნენ.
სადღაც ძირს ძაფივით მოსჩანდა მდინარე. ტანზე დაიხედა. ტანსაცმელი ზედ შემოხეოდა. ხელი
სისხლიანი ჰქონდა. ,,დაცემის დროს გადამჭრია ალბათ!" მეომრები ბანაკში თითქმის არ ჩანდნენ. სულ
რამდენიმე ათეული შეიარაღებული მიმოდიოდა ირგვლივ. ქალების და ბავშვების სიმრავლე იყო.

ხის ტოტებისგან გაკეთებულ საჩრდილობელში მოხუცი კაცი იჯდა. თავთან დაცვა ედგა.
მასთან მიიყვანეს. მოხუცი გრძელ წვერს თითებით ივარცხნიდა და ყურადღებით შეჰყურებდა
ფხოველს. თავისიანებს რაღაც უთხრა. ხელებიც შეუხსნეს.

-ვინა ხარ? - იკითხა მოხუცმა.

-საბჭოთა ჯარისკაცი!

-ეროვნება. წოდება. გვარი, სახელი?

შვება იგრძნო. მიხვდა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვინ იდგა მათ წინ.

-რიგითი პეტროსიანი. ეროვნებით სომეხი.

-რატომ იბრძვი? - მოხუცი მოღუშული მისჩერებოდა.

-ჯარისკაცი ასრულებს ბრძანებას! - მოკლედ მოუჭრა. თვალი გაუსწორა.

-რამდენი წლის ხარ?

-ოცდასამის.
-კი მაგრამ, აქამდე რატომ არ იმსახურე? როგორც ვიცი, თვრამეტი წლის ასაკიდან გიწვევენ
ჯარში?

-ინსტიტუტში ვსწავლობდი, - თავი დახარა ფხოველმა. თვალწინ დაუდგა ინსტიტუტში


გატარებული წლები. თანაჯგუფელები. ,,ისინი ახლა ლექციაზე სხედან ან სადღაც რესტორანში, ბარში.
მე კი!"

-რა გაქვს დამთავრებული?

-მეოთხე კურსზე ვარ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ვსწავლობ... ვსწავლობდი! -


ნაღვლიანად გაეღიმა.

-სად წავიდა ,,შავი სატანა"? - მოულოდნელად იკითხა მოხუცმა.

-ვინ? - ბაკური დაიძაბა. ,,იწყება!"

-იცი, ვისზე გეკითხები. შენ, შეუგნებელო, უვიცო ბიჭო, ის და მისი თანმხლები ქალი გაუშვი,
თვითონ კი სასიკვდილოდ გასწირე თავი. შენი ხელით დღეს კიდევ ოცდაექვსმა დედამ და დამ მოისხა
შავი. ოცდაექვსი სამშობლოს პატრიოტი შეეწირა შენთან ბრძოლას. შენი მეგობარია ის?

-დიახ! - ,,ახმედი ჩემში ეშლებათ! ღმერთო! ესე იგი გავიდნენ!"

-მხოლოდ მაგ პასუხისთვის ხარ სიკვდილის ღირსი. მაგრამ სიკვდილიცაა და სიკვდილიც. -


მოხუცი დაფიქრდა. - შენ კი წამებით ამოგხდი სულს. სულეიმან სამანმა იცის, როგორ მოექცეს მტრებს!

ბაკურ ფხოველი მდუმარედ შეჰყურებდა მოხუცს. სულეიმან სამანი! აი, თურმე როგორი
ყოფილა ის!

იქვე ახლოს ცეცხლი ენთო. სამანმა ავღანურად რაღაც დაუძახა მეომრებს. ორივე ხელზე
თოკები მოაბეს ბაკურს. ბოძზე მიაბეს გაშლილი ხელებით. ფეხები დაუბეს. ხალხი მათ შორიახლოს
მოგროვდა. ცეცხლში რაღაცას აცხელებდნენ. წვერმოშვებული ავღანელი, რომელიც ცეცხლთან
ტრიალებდა, ზეზე წამოდგა. ხელში მათრახი ეჭირა. მავთულისგან დაწნული, გავარვარებული
მათრახი. მისკენ წამოვიდა. წელზევით გაშიშვლებულს, მთელი ძალით გადაჰკრა ბეჭებზე. დამწვარი
ხორცის სუნი ავარდა. არ უყვირია ფხოველს. სამანს მიშტერებული ჯიუტად იტანდა არაადამიანურ
ტკივილს... მეორე ავღანელი დაიძრა მეორე მათრახით...

ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა ადამიანის წამება. სულეიმან სამანი გაოცებული


უყურებდა ახალგაზრდა ტყვეს, რომელსაც ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლო დარტყმაზე თავი
ჩამოუვარდა. სულეიმანმა ხელი ასწია. თოკები შეხსნეს. ბაკური პირქვე დაეცა. საოცარი სიჩუმე
გამეფებულიყო. ყველა უსიტყვოდ იდგა. თავი წამოსწია. სულეიმან სამანს გახედა. სამანს? არა! მის
გვერდით მდგარ წყლის ჭურჭელს მისჩერებოდა. მიხვდა სამანი.

-დაალევინეთ!

დალია. მოგონდა. გაჭირვებით წამოიწია. წამოდგა. ნელი ნაბიჯით წავიდა მოხუცისკენ.


შეჩერდა მის წინ.
-უბრძანეთ, მომკლან!

სულეიმანი შეაძრწუნა ტყვის სიმშვიდემ, ფეხზე წამოდგა. ახლოს მივიდა.

-გტკივა?

-არა! - ტყვე გაღიმებას ცდილობდა. - არაფერი არ მტკივა. არაფერი, გარდა სულისა. სულის
სიცარიელისა, - გაჭირვებით. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა. - მე დაგიხოცეთ მეომრები, მოხუცო, მე
მოგიკალით შვილი. მე ვარ ის, ვისი თავიც მილიონ დოლარად გაქვთ შეფასებული. მე არა ვარ
სიცოცხლის ღირსი. მომკალით! - დაბარბაცდა. თავი შეიმაგრა. სიცოცხლეჩამქრალი თვალებით
შეხედა სამანს.

-,,შავი სატანა"?! - დაიჩურჩულა სულეიმანმა. ზედ მიადგა. მხრებში ჩაავლო ხელი. შეანჯღრია.
- იცი, რას ამბობ? გაიმეორე, ვინ ხარ?

-ის, ვისაც თქვენ ,,შავი სატანა" შეარქვით. ის, ვისი ხელითაც თქვენი შვილი, აბდულ სამანი
დაიღუპა!

მოხუცმა თვალები დახუჭა. შეტორტმანდა. ხელი შეაშველეს. ჩამოჯდა. უსიტყვოდ,


ფიქრიანად, თავჩახრილი იჯდა. თავი ასწია.

-სიკვდილს ითხოვ! მე არ მოგკლავ შენ. გაგიშვებ. გაგიშვებ ჩემი შვილის მკვლელს, ბევრის,
ძალიან ბევრის მკვლელს. შენი სიკვდილი მინდოდა, მაგრამ არა! არა ხარ სიკვდილის ღირსი.
გახსოვდეს, უცხოელო, რომ ავღანელებმა ვიცით ვაჟკაცი მტრის პატივისცემა, გინდაც მოსისხლის. მე
გამაოცა შენმა სიმტკიცემ. არ ვიცი, სადაური ხარ, მაგრამ მუხლს ვიყრი იმ ერის წინაშე, ვინც შენ
აგღზარდა. იმ დედის წინაშე, ვინც შენ გშობა და ძუძუ გაწოვა.

ბაკურმა მეტს ვეღარ გაუძლო. მოწყვეტით დაეცა. გული წაუვიდა.

-ექიმი! - დაიძახა სულეიმანმა. შუბლშეკრული დააჩერდა ფხოველის გაფითრებულ სახეს. -


ექიმო, მიხედეთ და რაც შეიძლება მალე დააყენეთ ფეხზე! - შებრუნდა, მხრებში მოხრილი წავიდა
კარვისკენ...

მზე ჩადიოდა...

XIII თავი

ისხდნენ. თანდათანობით ემატებოდა რესტორანს ხალხი. ცხელოდა.

-შემდეგ? - ეკამ ყავის ფინჯანი ხელში შეატრიალა. ფრთხილად დადგა.

-შემდეგ რა! ორი თვე მათთან ვიწექი. მომარჩინეს და გამომიშვეს.

-ახმედი? ნატა?
-ნაწილში მისულს, მკვდრეთით აღმდგარს, ბიჭებმა გაზეთი ,,კრასნაია ზვეზდა" მომიტანეს.
პირველ გვერდზე ახმედის სურათი იყო. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიეცათ მისთვის.

-თვითონ სად იყო? ნატასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა?

-არა! - გაეღიმა ბაკურს. მხოლოდ მას არ დაეჯერებინა ჩემი დაღუპვა და მთებში მეძებდა...

-მაგრამ მან ხომ იცოდა, რომ ნატას შენ უყვარდი. რატომ, ან როგორ მოხდა, რომ ისინი
შეუღლდნენ?

ბაკურ ფხოველს წამიერმა ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

-ეს უკვე გვიან მოხდა... ჩემი ამბავია. მე ჩავერიე. ვატყობდი ახმედს თავდავიწყებით უყვარდა
ნატა. მე რომ ის ცოლად მომეყვანა, მეგობარს ვკარგავდი. ახმედის დაკარგვას კი ვარჩიე მსხვერპლის
გაღება... წლები დამჭირდა ნატას დასაყოლიებლად. როგორც იქნა დავარწმუნე, რომ ასე იყო საჭირო.

-შტატებში ჩადიოდი?

-არა. ოთხმოცდაორში ნატა მოსკოვში ჩამოვიდა. სამი წელი იმუშავა ამერიკის საელჩოში.
მოსკოვში ვხვდებოდით. ყოველი მეორე კვირის ბოლოს თბილისში ჩამოდიოდა. ფეხით მოვიარეთ
ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, მთა-თუშეთი, ყაზბეგი. ფეხით, არხოტის გავლით გადავედით ახმედთან
გროზნოში.

-გასაგებია, - ეკა ფიქრიანად შეჰყურებდა ბაკურის მოღუშულ სახეს. - მაგრამ რატომ


ცხოვრობდნენ ისინი ცალ-ცალკე?

-თავიდან ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ნატამ რატომღაც კვლავ შტატებში ისურვა


დაბრუნება. ვფიქრობ, ბოლომდე ვერ გაუგეს ერთმანეთს. შეუღლებიდან სამი წლის შემდეგ ნატა
შვილებთან ერთად ატლანტაში დაბრუნდა.

-ბაკურ! ნუ მიწყენ, ძალიან გთხოვ, თუ შენი სულის რომელიღაც კუნჭულში დავიწყებ ხელის
ფათურს, მაგრამ მითხარი, მიუხედავად თქვენი მეგობრობისა, თქვენი ძმობისა, შენ ხომ ყოველთვის
გიყვარდა ნატა და გიყვარს ამ წუთშიც?

ბაკური სკამის საზურგეს ისე გადააწვა, სკამმა ჭრიალი დაიწყო. სახე გაუფითრდა.

-ეკა, ნუ დაივიწყებ, რომ ნატა ჩემი მეგობრის მეუღლე იყო! ამ თემაზე კი ნუღარასოდეს
ვისაუბრებთ... ხომ არ წავიდეთ?

ატლანტა. ახმედ რამაზანოვის დაკრძალვის დღე. გვიანი ღამე. მკრთალად მბჟუტავი ღამის
ნათურა. ერთმანეთის პირისპირ სხედან ნატა და ბაკური. ბავშვებს სძინავთ.

-რას დალევ? - ნატა წამოდგა.

-სულ ერთია.
-სოდიანი ვისკი?

-იყოს...

კვლავ დუმილი. უსაშველო, აუტანელი დუმილი... გლოვით გაჟღენთილა ოთახის ჰაერიც...


ნატა დგება. ოთახიდან გადის. შემობრუნდა. ხელში რაღაც უჭირავს. უხმოდ გაუწოდა ბაკურს.
ფხოველმა დახედა. დალუქული ბარათი. ახმედის ნაწერია. იცნო.

,,გახსენით ჩემი დაკრძალვის დღეს!" - აწერია.

-როდის მიიღე? - ხელში ატრიალებს ბარათს.

-ერთი თვის უკან. მისი ბიძაშვილი ჩამოვიდა. მან ჩამოიტანა.

-გავხსნათ?!

ნატა მხრებს იჩეჩავს. სიგარეტს იღებს. ხელი უთრთის. ბაკური ლუქს ხსნის. ფრთხილად იღებს
ბარათს. ნატას აწვდის.

-შენ წაიკითხე, ხმამაღლა...

ნატა თვალებს ხუჭავს...

ფხოველი ნელა შლის.

,,ვიცი, გული მიგრძნობს, რომ ჩემი დაკრძალვის დღეს ერთად იქნებით ჩემი მეგობარიც და
ჩემი მეუღლეც. ბაკურ! ნატა! ალბათ თქვენ გახსნით ამ ბარათს...

ამ სიტყვებს გროზნოში ვწერ. ხვალ დილით ომში მივდივარ. ომში, ჩემთვის უსაყვარლესი
ქვეყნის წინააღმდეგ. ქვეყნის, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების სამშობოა. არ
ვტრაბახობ, მიცნობთ მე, იცით, რომ სიკვდილის არასოდეს მშინებია. არც არასდროს მიფიქრია მასზე.
ახლა კი წინათგრძნობა მაქვს ისეთი... ვიცი, რომ ჩემს ჩეჩნეთს ვეღარასდროს ვნახავ. გახსოვს, ბაკურ?
ხშირად ღიღინებდი ხოლმე ვიღაც ქართველი ყაჩაღის სიტყვებს: ,,თუ ძალით არავინ მომკლა, ნებით
გამოვიჭრი ყელსა!" მსგავსი განწყობილებით ვარ ამ წუთას. არ ვიცი, სად წამომეწევა ქართველთა
ტყვია. ამას არ ვდარდობ. ერთის მეშინია მხოლოდ, ძმაო! მკაცრია ბედისწერა, ვაი თუ შენმა ნასროლმა
მომიღოს ბოლო?! არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი სიკვდილი, მაგრამ გჯეროდეთ, რომ არც ერთი ჩემი
ტყვია ქართველთა წინააღმდეგ არ გავარდება...

რა მოჰყვება ამ ომს? გულს გატკენთ ჩემი სიტყვები, მაგრამ აქ ქართული მხარე დამარცხდება.
მოვლენებს თვალს ვადევნებ და ვიცი. ასე იქნება ეს. გულს ნუ გაიტეხთ. დამარცხება... გამარჯვერბა...
მე კარგად ვერკვევი ამ ფორმულებში. არის გამარჯვებები, რომლებიც აღაფრთოვანებენ ადამიანებს და
არის გამარჯვებები, რომლებიც ამდაბლებენ... ზოგ დამარხცხებას დაღუპვა მოაქვს, ზოგს კი - ერის,
სიცოცხლის გამოღვიძება. ერის სიცოცხლე მის მოქმედებაში გამოიხატება და არა მდგომარეობაში.

აფხაზები არაფერ შუაში არიან. თქვენ ჩრდილოეთის ვეშაპი გებრძვით. აფხაზები პაიკები
არიან მხოლოდ.
ქართულ არმიას უკვე განწირულ, დამარცხებულთა ბრბოს ეძახიან. თუნდაც ასე იყოს... მაგრამ
დროებით დაბნეული ბრბო, თუ მასში არის თუნდაც ერთი ადამიანი, ვის შეგნებაშიც ეს ბრბო
შეკავშირებულია, აღარ არის დაბნეულთა ბრბო. მშენებლობაზე მიზიდული ქვები უწესრიგოდ
დაყრილ გროვად ეჩვენება ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეს არაა ქვების უწესრიგო გროვა, თუ
მშენებლობაზე არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც მომავალ ტაძარს ხედავს. ადამიანი
მშვიდადაა, როცა მინდორში მოყრილი სასუქის ქვეშ მარცვალია მოქცეული. მარცვალი შეიწოვს მის
წვენს და ღვივდება.

ის, ვინც განჭვრეტამდე ამაღლდება, მარცვალი ხდება. ის, ვინც რაიმე ჭეშმარიტებას ჩასწვდა,
ხელით მიათრევს მეორეს, რომ ეს ჭეშმარიტება გაუზიაროს. ის, ვინც რაიმე გამოიგონა, ცდილობს
საჩქაროდ ამცნოს ადამიანებს თავისი გამოგონება. მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა ისეთი ადამიანი,
როგორიც შენ ხარ, ბაკურ, როგორ გამოხატავს თავის ზრახვებს. მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა
აქვს. მე ვიცი, რომ შენ საკუთარ მშვიდ რწმენას და სულის სიმტკიცეს გადასცემ ირგვლივ მყოფთ...

მინდა ჩაწვდეთ გამარჯვების არსს: ის, ვინც წინასწარ ეძებს მნათეს ადგილს მომავალ ტაძარში
- უკვე დამარცხებულია. ის კი, ვინც გულით ატარებს მომავალი ტაძრის ხატებას - გამარჯვებული.
გამარჯვება სიყვარულის ნაყოფია. მხოლოდ სიყვარულის წინაშე ვლინდება ჯერ კიდევ
გამოუქანდაკებელი ქანდაკების მოხაზულობა. მხოლოდ სიყვარული წარმართავს მოქანდაკის
საჭრეთელს სრული გამარჯვებისკენ. გონება კი მხოლოდ მაშინ იძენს ფასს, როდესაც სიყვარულს
ემსახურება.

მოქანდაკე მომავალ ქმნილებას დაატარებს გულით, მაშინაც კი, როცა არც იცის, როგორ
დაიწყოს, როგორ გამოძერწოს ის. თითის ერთი გაჭრიდან მეორემდე, შეცდომიდან შეცდომამდე,
წინააღმდეგობიდან წინააღმდეგობამდე, იგი აუცილებლად შექმნის უფორმო თიხისგან თუ ქვისგან
თავის ქმნილებას. არც გონებას და არც ინტელექტს არა აქვს შემოქმედების უნარი. თუ მოქანდაკეს
მხოლოდ ცოდნა და ინტელექტი აქვს, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხელები გენიოსის ხელებია.

ჩვენ, კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდილნი, დიდხანს ვცდებოდით ინტელექტის


როლის შეფასებისას. არაფრად ვაგდებდით ადამიანის არსს. ჩვენ გვეგონა, რომ მდაბალი სულის
ადამიანების ვერაგულ ხრიკებს შეუძლია ხელი შეუწყოს კეთილშობილური საქმის გამარჯვებას, რომ
მარჯვე ეგოიზმს შეუძლია თავგანწირულება გამოიწვიოს, რომ გულქვაობას და ამაო ლაყბობას ძმობის
და სიყვარულის დამყარება ძალუძს. ჩვენ არაფრად ვაგდებდით არსს. კედარის თესლი, ადრე თუ
გვიან, კედრად იქცევა, კვრინჩხის თესლიკი - კვრინჩხად. მე დიდი ხანია უარი ვთქვი განმესაჯა
ადამიანები იმ საბუთების მიხედვით, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებს ამართლებს. სიტყვების
გულწრფელობის გამოცნობა ძალიან ძნელია, ისევე, როგორც საქციელის ნამდვილი მიზნისა. ადამიანი
შინისკენ მიდის: მე არ ვიცი, რა მიაქვს მას იქ - ნაგავი თუ სიყვარული... უნდა შევეკითხო ჩემს თავს:
,,რა ადამიანია ეს ადამიანი?" და მხოლოდ მაშინ გახდება ჩემთვის ცხადი, რისკენ მიუწევს გული და
სად მიდის. ყოველი ადამიანი ბოლოს და ბოლოს მიდის იქ, საითაც გული მიუწევს...

მზისგან გამთბარი ყლორტი ყოველთვის იკაფავს გზას ქვიან ნიადაგში. წმინდა ლოგიკოსი კი,
თუ მას არავითარი მზე არ იზიდავს, პრობლემების ქაოსში გაიხლართება!

ბაკურ! ნატა! ადრე თუ გვიან ბნელში შთავინთქმებით. მინდა, რომ თქვენმა ქვეყანამ
გათენებამდე გაძლოს. რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ გადაარჩინოთ იგი? როგორ უნდა იპოვოთ ამ
ამოცანის უბრალო ამოხსნა? მას წინააღმდეგობა ეღობება. აუცილებელია სულიერი მემკვიდრეობის
გადარჩენა, თუ არა, ხალხის სული დაიღუპება. აუცილებელია ხალხის გადარჩენა, თორემ
მემკვიდრეობა დაიღუპება. ლოგიკოსები კი ამ წინააღმდეგობის სიტყვიერ შერიგებას ვერ შესძლებენ,
თანახმანი გახდებიან ან სული გასწირონ, ან სხეული. ჯანდაბას ისინი! მინდა, რომ საქართველომ,
ქართველმა ერმა სულითაც და ხორცითაც მიაღწიოს განთიადამდე. იმისთვის, რომ სამშობლოს
არგოთ, ვალდებული ხართ ყოველ წუთს მიისწრაფოდეთ ამ მიზნისკენ სიყვარულით გამთბარი
გულებით, სიყვარულის მთელი ძალით. ზღვა აუცილებლად გაიკვლევს გზას იქით, საითაც გაიწევს.

არც ერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი გადარჩენაში. ჩემთვის გასაგებია სახე ბრმისა, რომელიც
ცეცხლისაკენ მიდის. თუ უსინათლო ცეცხლისკენ მიდის, მას ცეცხლის მოთხოვნილება გასჩენია.
ცეცხლი უკვე წარმართავს მას. თუ უსინათლო ცეცხლს დაეძებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე იპოვა
იგი...

ეცადეთ, არასდროს აიცილოთ პასუხისმგებლობა დამარცხებისთვის, თუ არა ხშირად


შეგრცხვებათ ამის გამო. თქვენ განუყოფელი ხართ საქართველოსგან. საქართველომ აღმაშენებლები,
რუსთაველები, სააკაძეები, არსაკიძეები, თამარ მეფე აღზარდა. მაგრამ მან რეგვენები, პოლიტიკანები
და გაიძვერებიც გამოზარდა. იოლ საქმედ ნუ მიიჩნევთ რომ სოლიდარობა განუცხადოთ პირველთ და
უარყოთ ყოველგვარი ნათესაობა მეორეებთან.

დამარცხება თიშავს. დამარცხება ანგრევს აგებულ მთლიანობას. ეს კი ერს სიკვდილს უქადის.


იბრძოლეთ ყოველთვის ასეთი დაყოფის, გათიშვის წინააღმდეგ. ნუ დააკისრებთ პასუხისმგებლობას
იმ თქვენს თანამემამულეებს, რომელნიც ისე არ იაზროვნებენ, როგორც თქვენ. ერთმანეთთან კამათი,
ქიშპობა სამართლიან მსაჯულთა გარეშე არაფერთან მიგიყვანთ. საბოლოოდ დამარცხდებით.

ყოველთვის გაიაზრეთ საკუთარი ერის სირცხვილი! ეცადეთ გავლენა მოახდინოთ მის ბედზე.
იგი განუყოფელი უნდა იყოს თქვენგან, როგორც თქვენ ხართ მისგან განუყოფელი. არ გაიზიარებთ მის
დაცემას, მის შერცხვენას? ბედის ანაბარა მიატოვებთ ერს და სამშობლოს? მაშინ ის დაიღუპება. თქვენ
კი მარტო განაგრძობთ სიარულს, შეიძლება დიდებით მოსილნი, მაგრამ მკვდარზე უფრო
გამოუსადეგარნი.

მე ჩავწვდი ყველა სარწმუნოების ერთ-ერთ საიდუმლოს: ადამიანმა ადამიანთა ცოდვა უნდა


იტვირთოს... და ყველას ყველა ადამიანის ცოდვა აწვება ტვირთად. განა შეიძლება ამაში სუსტის
ფილოსოფია დაინახოს კაცმა? არა! ნაღდი გენერალი ბრძოლის მთელ პასუხისმგებლობას თავზე
იღებს. იგი არ ამბობს: ,,ჩემი ჯარისკაცები დამარცხდნენ!" ის ამბობს: ,,მე დავმარცხდი!" ნამდვილი
ადამიანები მხოლოდ ასე იქცევიან...

ჩემზე ცოდვილი არ მეგულება ქვეყნად. მე ცოდვილი ვარ თქვენთან. ის ბედნიერი მომავალი,


რომელიც თქვენ, ორივეს გელოდათ, მე დაგიმსხვრიეთ. მე შევკვეცე თქვენს ოცნებებს ფრთები. ბაკურ,
ძმაო! ვიცი, დიდი ხანია მივხვდი, რომ შენ, მეგობრობას, მე შემომწირე ის, რაც შენთვის ყველაზე
ძვირფსი, სათუთი და სანუკვარი იყო. შენ შეძელი მოგეთოკა ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია და
უყოყმანოდ მე გადმომილოცე, რაც მე არ მეკუთვნოდა. მეც თვალის დაუხამხამებლად მივიღე ის, ვინც
და რაც მხოლოდ შენთვის იყო მოვლენილი ღმერთისგან. სამწუხაროდ, გვიან ამეხილა თვალი. გვიან
მივხვდი, რომ თურმე ქალის პირველ სიყვარულს შემდგომი გრძნობები უკვე ვეღარ გადაფარავს. არ
გადანაშაულებ, ნატა! მე შენ თანაგიგრძნობდი უკვე იქიდან, რაც გავიგე, რომ ის ჩემთვის უბედნიერესი
წლები, რაც ჩემთან გაატარე, მხოლოდ და მხოლოდ ბაკურის პატივისცემა, მისთვის მსხვერპლად
გაღებული წლები იყო შენგან...

ერთმანეთს ჩვეულებრივად ვხვდებოდით. გრძელდებოდა ცხოვრება თავისი ტკბილ-მწარე


ნიუანსებით, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უკვე მკვდარი გვქონდა გული. და ეს ყველაფერი ჩემგან!
ვიცი, ღმერთი არ მომიტევებს ამ შეცოდებას. არ ვითხოვ. მეგობრის მოღალატე ქვეყნად უმკაცრესი
სასჯელის ღირსია.

მეტს აღარაფერს ვამატებ. აღარაფერს ვწერ იმიტომ, რომ ის, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის,
ვერ გავბედე დამეწერა. ის, რაც მინდოდა მეთხოვა - ვერ გთხოვეთ, რადგან ვაი თუ შეურაცხყოფილად
იგრძნოთ თავი. თქვენ ხომ ქართველები ხართ! და თუ უჩემოდ მიხვდებით იმას, რისი თქმაც
მინდოდა, გწამდეთ, ჩემი სული თქვენთან იტრიალებს და ბედნიერი იქნება! მშვიდობით
სამუდამოდ!"

თქვენი ახმედ რამაზანოვი.

P.S. თუ შესაძლებელი იქნება, ბავშვები კავკასიურ, ქართულ ტრადიციებზე აღზარდე, ნატა!

ბაკური ბარათს მაგიდაზე დებს. ნატა ფანჯარასთან მიმდგარა, ცრემლგამშრალს, ნერვიულად


უცახცახებს მხრები. დგება. მასთან მიდის. უხმოდ დგანან. მდუმარება გამეფებულა ქალაქში. სიჩუმეს
პოლიციის მანქანების ხმა არღვევს.

-როგორ ფიქრობ, რისი თქმა უნდოდა? - თქვა ბაკურმა. - რის თხოვნას აპირებდა?

-არ ვიცი!

კვლავ დუმილი...

-გადაიღალე ალბათ, - ნატა მისკენ ბრუნდება.

-არა!

-როგორ არა! თვალებში გეტყობა, - სახეზე მიაჩერდა. - საოცრად შეიცვალე ამ ცამეტ წელში.

-ვიცი, ნატა!

-გიხდება ჭაღარა.

-მართლა?

-ნამდვილად.

-შენ კი იგივე დარჩი. წლებმა სილამაზე შეგმატეს.

-ეჭვი მეპარება.

-ასეა. რას აპირებ მომავალში?

-არაფერს!
-რაქს ჰქვია არაფერს?!

-ვიცხოვრებ ჩემთვის. შვილებს გავზრდი.

-სამსახური?

-ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვარ. გავაგრძელებ სამსახურს.

-ეს სამომავლო კითხვაა. ახლა არ არის ამის დრო. მაგრამ მაინც... დაოჯახდები?

ეღიმება ნატა გელოვანს.

-კიდევ ხომ არ გყავს ჩემთვის ვინმე შერჩეული? - მწარე ირონია კრთის მის ხმაში.

-ნატა!

-ოცდათორმეტი წელია ნატა მქვია. აქედან ცამეტი წელი, ყველაზე ლამაზი წლები შენს
სიყვარულს შევალიე. რა დამრჩა? არაფერი, გარდა დამსხვრეული ოცნებებისა და გაცრუებული
იმედებისა.

-ისევ გიყვარვარ?! ნუთუ ეს წლები ჩემზე ფიქრობდი? - გაბზარულია ბაკურის ხმა.

-რა ვქნა, ვერ ვძლიე უძლეველს. მე ხომ ბაკურ ფხოველი არ ვარ, რომ ერთ წუთში ამოვიშალო
ყველაფერი, სიყვარულსაც ხელაღებით ვერ ვაჩუქებ ვერავის.

-გეყოფა, ნატა!

-მეყოფა?! აღარაფერი ვთქვა?! კარგი, ბატონო, რახან არ გსურს სიმართლეს შეხედო თვალებში...

-თქვი! რაც გინდა, ის თქვი! - მარცხენა წარბი უცახცახებდა ბაკურს. ფანჯრის სახელურს
მოსწია. ფანჯარა იღება. გრილ ჰაერს უშვერს გახურებულ სახეს.

-ნუ ყვირი! - ჩურცულებს ნატა. - ნერვები გღალატობს უკვე. ხომ გითხარი, გადაღლილი ხარ.
წადი, დაიძინე.

-რა დამაძინებს? - ღრმად ქაჩავს სიგარეტს.

-მოისვენე, ასე სჯობია. ხვალ ტეხასში წავიდეთ.

-სად?

-ტეხასის შტატში გადავფრინდეთ დილით. დეიდამ მიგვიწვია ხვალ ვახშმად. კორსიკანაში


ცხოვრობს.

-შენ არ გინდა მოსვენება?

-დავწვები მეც. ძილი ნებისა...


მხრებზე მსუბუქად ხვევს ხელს. ვერხვის ფოთოლივით თრთის ნატას ტანი. სველი,
მიბნედილი თვალები. გახსნილი ბაგეები. შუბლზე აკოცა. სანთებელას, სიგარეტის კოლოფს იღებს,
საწოლი ოთახისკენ მიემართება...

-წავიდეთ! - წამოდგა ეკა.

ნელი ნაბიჯით ჩაათავეს კიბეები. ეზოში შედგნენ. თვალი მოავლეს რესტორნის შემოგარენს.
ოთხი თვე იყო გასული მას შემდეგ...

-მარიკა არ გინახავს?

-მარიკა სოხუმშია!

-რა უნდა სოხუმში? - შეკრთა ბაკური.

-სამხედრო ნაწილს გაჰყვა.

-რომელს? - ფხოველი შეჩერდა.

-სახალხო ფრონტის ბატალიონს.

-,,იმედს"?

-ხო.

-ეგენი განთიადში იბრძოდნენ, - დაფიქრდა. - კი. განთიადთან შევხვდი ,,იმედის" ბიჭებს.


ბევრი დაეღუპათ. დიდი ხანი მარიკა მათთანაა?

-უკვე მთელი თვეა...

მანქანისკენ წავიდნენ...

გიორგი აბაშიძე და მამედ თანდილ-ოღლი აივანზე ისხდნენ. გივი მინდელი მოაჯირს


გადაყრდნობოდა. წარბშეკრული გაჰყურებდა სიბნელეში შთანთქმულ მიდამოს.

-მოხდა რამე? - ბაკური გივის წინ შედგა.

-სოხუმი დაეცა! - კბილებში გამოსცრა მინდელმა.

-დიდი ხანია? - ფხოველის თვალებში ცეცხლმა იელვა.

-ორი საათის უკან!

-სოხუმში უნდა შევიდე! - ქურთუკი გაიხადა. მოაჯირზე მიაგდო. - ბატონო გიორგი,


ვერტმფრენია საჭირო!

-მე ქორწილისთვის ვემზადებოდი. ეჰ! - ხელი ჩაიქნია მოხუცმა. - ვერტმფრენიც აქაა, იარაღიც
და ტყვია-წამალიც. მაგრამ რაღა აზრი აქვს თქვენს იქ შესვლას?!
ხალხი უნდა გამოვიყვანოთ! - სწრაფად შემობრუნდა მინდელი. - თუ კიდევ არის ვინმე
ცოცხალი, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-თქვენი ნებაა! - აბაშიძეს თვალები ცრემლში უგორავს.

-მეც უნდა წამოვიდე! - ეკა გივის ამოუდგა გვერდით.

-შენ აქ დარჩები!

-არა, ბაკურ! მეც იქ ვიქნები, სადაც შენ. არაფერი აღარ მითხრა მეტი. მაინც წამოვალ. სჯობია
დროზე მიხედოთ საქმეს...

აბაშიძეს ვერტმფრენი სოხუმს უახლოვდება. ილუმინატორებიდან მოჩანს ცეცხლში და ბოლში


გახვეული ლამაზი ქალაქი. მფრინავმა ხელით მიიხმო ბაკური.

-ელაპარაკე! - რაციაზე ანიშნა.

-ვისი ვერტმფრენია? - ისმის რაციიდან ხრიალით.

-თურქი ჟურნალისტების! - მოკლედ გაეპასუხა ფხოველი. - დაგვრთავთ დაჯდომის უფლებას?

-მეტი რა გზაა! - ხრიალებს რაცია. - დაჯექით დროზე, ნუღარ დაბოდიალობთ ცაში.

-დავჯდეთ? - თვალებით ეკითხება მფრინავი.

-არა! - ბაკურმა რაცია გათიშა. - ქალაქის მეორე მხარეს უნდა გავიდეთ. იქაა ჩვენი ბანაკი.
ტყეში. იქ გველოდებიან ბიჭები, - რაცია კვლავ ჩართო.

-რატომ არ ჯდებით? - ისმის ბრაზიანი ხმა.

-ქალაქს სურათებს ვუღებთ. ათ წუთში დავჯდებით.

-დროზე ქენით! რა დროს სურათებია ამ შუაღამისას?! - ორსართულიანი გინებაც მოჰყვა ამ


სიტყვებს.

ვერტმფრენმა გუგუნით გადაუარა ქალაქს.

-აი, აქ უნდა დავეშვათ!

-დავჯდებით კი?! - მფრინავი დაძაბული იყურება ძირს.

-დავჯდებით! ამ ადგილას მინდორია...

ცოტაც და ბორბლები მიწას ეხება. სწრაფად ხტებიან ვერტმფრენიდან. მინდელმა მიმოიხედა.

-სად არიან? არავინ ჩანს.

ფხოველი ძირს, მიწაზე დაიხარა. დაბალ ბალახში რაღაც მოსინჯა ხელით. აიმართა.

-რას ეძებ? - გივი ტყისკენ იყურება.


-ტანკების ნავალია! - ყრუდ ამბობს ბაკური. რაღაც უნდა თქვას. ჩუმდება.

-რა უნდა აქ ტანკებს? - უცებ თვითონაც რაღაცას ხვდება. - იქნებ?! - აღარ ამთავრებს.

-ფარნები წამოიღეთ! - ბაკურ ფხოველი ნელი ნაბიჯით მიდის იქით, სადაც ბანაკი დატოვეს
გუშინ. უკან მიჰყვებიან.

შუქებმა გადაუარა, გაანათა პატარა ტევრი. გმინვა ამოხდა გივი მინდელს. გახევებული,
გამშრალი დგას ბაკურ ფხოველი. ცახცახებს ეკა. მთვარე დანათის იქაურობას, ფარნებიც აღარაა
საჭირო. ტანკების მუხლუხებით გადათელილა ყველაფერი. ფეხარეულმა ჩამოუარა მინდელმა
დახოცილ მეგობრებს... უთვალავ გასროლილ ჰილზზე ფეხი ცურავს. მდუმარედ დგანან ხეები -
მეომართა დაღუპვის ერთადერთი მოწმენი. ფხოველი ადგილიდან დაიძრა. სათითაოდ ნახულობს
ყველას. ერთთან დაიჩოქა. ეკაც მასთან მივიდა, ფანარი აანთო. მიცვალებულს მიაშუქა.

-კახა! - შეჰყვირა. ჩაიმუხლა. - შენ რაღა გინდოდა აქ!

-ჩემს მოსაკლავად გამოაგზავნეს, - ეს უკვე აღარაა ბაკურის ხმა. ჩახლეჩილი ხმით ვიღაც სხვა
ლაპარაკობს თითქოს. - მან კი აქ არჩია სიკვდილი.

ტყვიამფრქვევს ზედ დაჰკვდომოდა კახა თოფურიძე. ცარიელი მასრების გროვაა მის გვერდით.
ტანკი გადაუტარებიათ ზედ. ფეხები გასრესილი აქვს. თვალები ღიად დარჩენია,

-ის რა არის? - ჩუმად კითხულობს ეკა. კახას თავთან, ხეს მისჩერებია. ხეზე ქაღალდია. ზედ
დანა არჭვია. ფხოველმა დანა ამოაძრო. ქაღალდი გაშალა.

,,ბაკურ! კარგია, რომ შენ და გივი მაინც არ ხართ აქ. თქვენი ნებართვის გარეშე ჩავებით
ბრძოლაში. შეგვეძლო გასვლა, მაგრამ არა! იქნებ მოასწრონ ევაკუაცია ხალხის, ქალების, ბავშვების.
ორასამდე რუსი და კაზაკი გვიტევს. ალყას გვარტყავენ. ტანკებიც გამოჩნდა. მშვიდობით, ძმებო!
გვაპატიეთ!"

თვალები დახუჭა. ფეხზე წამოდგა. გივი მინდელი ხესთან იჯდა. თავი ხელებში ჰქონდა
ჩარგული. მასთან მივიდა. მხარზე დაადო ხელი. ამღვრეული თვალებით ახედა გივიმ.

-რა ვქნათ?

-არ ვიცი!

-დაწყნარდი, გივი. მიცვალებულებს უნდა მივხედოთ.

-რა გავაკეთოთ?

-შენ როგორ ფიქრობ?

-დროებით აქ უნდა დავმარხოთ.

-კი ალბათ ასე აჯობებს.

გივი წამოდგა. ამოიოხრა.


-ნიჩბები ვერტმფრენშია?

-ჰო!

-მე მოვიტან! - ეკა ვერტმფრენისკენ წავიდა.

-წავიდეთ, ადგილი შევარჩიოთ, - გივი მინდელი მხრებში მოხრილი, მძიმე ნაბიჯებით


გაემართა ტყისკენ. ბაკური მიჰყვა...

ვერტმფრენს მიუახლოვდა ეკა. მფრინავები არ ჩანდნენ. ,,სად წავიდნენ?"...მეორე მხრიდან


შემოუარა. ამაოდ. არავინ იყო. ააბიჯა კიბეზე. ღია კარებში შევიდა. ფანარი აანთო. სალონში
დახოცილი მფრინავები გვერდიგვერდ იწვნენ. თავზარდაცემული შემობრუნდა, უკან უნდა
გავარდნილიყო, რომ ვიღაცის ხელი აეფარა სახეზე...

-ამ ხის ქვეშ ჯობია, - ბაკურმა გივის გახედა.

-აქ იყოს. ბაკურ, სამარეს მე გავუთხრი, მხოლოდ...

-ორივე გავთხრით, გივი.

-მიცვალებულს ხელს ვერ მოვკიდებ. მაპატიე ეს წუთიერი სისუსტე. არ შემიძლია.

-მე გადმოვასვენებ.

-წავალ, ეკას მივეხმარები. დააგვიანა, ვერ პოულობს ალბათ. ხომ არ დაგვავიწყდა?

-არა, ჩავაწყვე. ტყვიის ყუთები აწყვია მაღლიდან.

გივი ვერტმფრენთან შედგა. მიმოიხედა.

-ეკა! - ხმადაბლა დაიძახა.

სიჩუმე ჩამოწოლილიყო... ავბედითი სიჩუმე. მინდელმა იქით გაიხედა, სადაც ბაკური


ეგულებოდა. დაძახება დააპირა. გადაიფიქრა. ფრთხილი ნაბიჯით ავიდა კიბეზე. სიბნელეში
მოათვალიერა ვერტმფრენი. სინათლე აანთო. შემობრუნდა კიბის თავზე ვიღაცის სილუეტი დალანდა.
ერთი, მეორე, მესამე. ძირს, ბუჩქნარში ლანდები დაჰქროდნენ. გივის ბევრი აღარ უფიქრია. ავტომატის
ცეცხლით გზა გაიკაფა. ძირს გადახტა.

-ბაკურ! ხაფანგია!

ფხოველის ტყვიამფრქვევმა ჯაგნარი გადასხიპა. წელზევით შიშველი გივის გვერდით გაჩნდა


იმავე წუთში. გრიგალისებური ცეცხლით შებორკა, მიწას გააკრა მათკენ დაძრული ლანდები.

-ეკა სადაა გივი!

-არ ჩანს!

,,მაშინებს ჩემი მოულოდნელი ბედნიერება, ბაკურ! ასე მგონია, ღმერთიც და ეშმაკიც ჩემკენ
იშვერენ ხელს და ხარხარებენ..."
-ეკა! - სასოწარკვეთილი, არაადამიანური ხმით იღრიალა ბაკურ ფხოველმა. ხელყუმბარები
ზედიზედ ისროლა. სახეშეშლილი ბუჩქნარში შევარდა. ვიღაც შეეფეთა. ერთმანეთს დაეჯახნენ.
ფხოველმა ფეხის დარტყმით ძირს დასცა და გრძელი ჯერით შუა გადაჭრა. ზედ გადახტა. მის წინ
ტოტების მტვრევით ვიღაც გაიქცა. ესროლა. დილის რიჟრაჟში კარგად დაინახა, როგორ აიქნია ხელები
უცნობმა და დაეცა. ახლომახლო აღარავინ ჩანდა. ფეხის ხმა მოესმა. გივი ტყისკენ გარბოდა.
უცნობისკენ დაიხარა. გადმოაბრუნა. ავტომატი გვერდზე გადადო. წყალი შეასხურა სახეზე.

-ბაკურ! დაჭრილია!

მივიდა. დახედა. ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის მშვენიერი ვაჟკაცი სიკვდილს ებრძოდა.


თვალი გაახილა. ფხოველს შეხედა. მზერა მინდელზე გადაიტანა. გაოცება, სიხარული გამოესახა
სახეზე.

-,,კობრა"? - ჩუმი ხმით წარმოსთქვა.

თავი წამოაწევინა. მათარით მიუტანა წყალი ტუჩებთან. სიცოცხლე დაეტყო მომაკვდავის


გალურჯებულ ტუჩებს. მადლობის ნიშნად ოდნავ მოუჭირა ხელი.

-მიცნობ? ვინ ხარ? - გივიმ სველი ხელი შუბლზე გადაუსვა.

სუსტად გაეღიმა დაჭრილს.

-სოჭიდან ვარ. გიცნობთ, ბატონო გივი. გიცნობთ. ცუდია, რომ ამნაირად ვხვდებით
ერთმანეთს, - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოთქვა.

-ქალიშვილი რა იქნა? - მინდელი თვალებში ჩააჩერდა.

-წაიყვანეს! - მოეშვა. დაიკვნესა.

-სად? ვინ წაიყვანა? - წყალი შეასხურა ისევ.

-ბატონო გივი! - დაჭრილმა ამოისუნთქა - მე თქვენ ტყუილს ვერ გეტყვით. მეორეც, სულ
რაღაც წუთებიღა დამრჩა სიცოცხლის და რა აზრი აქვს ჩემთვის სიცრუის თქმას?! ორი საათის უკან
ვიღაცამ შეცდომაში შეგვიყვანა, თქვენზე გვითხრეს, თურქები ჯდებიანო. ქალიშვილი ფულის
გამოძალვის მიზნით გავიტაცეთ, - თვალები დახუჭა. თავი გადაუვარდა.

-სად წაიყვანეს, სად ვეძებოთ? - ჩასძახა გივიმ. ოდნავ შეანჯღრია.

-ეშერაში. ქიმიური ლაბორატორიის... - ვეღარ დაამთავრა. უცნაურად გააკანკალა. გათავდა~.


მინდელმა ფრთხილად დაასვენა ძირს. წამოდგა. ბაკურს შეხედა. ფხოველი ხეს მიეყრდნო. სიგარეტს
მოუკიდა.

-გივი! მე უნდა წავიდე.

-ერთად წავალთ!

-არა! არა, გივი! შენ უნდა დარჩე, ძმაო, - იქით გაექცა მზერა, სადაც დახოცილი ჯგუფის
წევრები ესვენენ. - ბიჭებს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებთ. მიხედე მათ.
-მარტო რას გააკეთებ?

-არ ვიცი! ვიზამ რაღაცას. რაც გჭირდება, აიღე ვერტმფრენიდან. სანამ წავალ, დავნაღმავ მას.
დაე, წაიღონ აფხაზებმა! - თვალი გაუსწორა. - ამ ქვეყნად ადამიანებისთვის მე მხოლოდ უბედურება
მომაქვს...

შებრუნდა.

გივი მინდელმა დაინახა, ფხოველის პირქუშ სახეზე როგორ ჩამოგორდა ერთადერთი


ცრემლი...

XIV თავი

სიონიდან გამოვიდა მარიკა. შეჩერდა ტაძრის კარებთან. მდუმარედ იდგა


თავდახრილი.გამოერკვა. ჩანთა გახსნა. იქვე მდგარ ხელგაწვდილ, შავებიან მოხუცს ფული ჩაუდო
ხელში. კიბეებზე ავიდა. მანქანას მიაშურა. ნელი სვლით დაძრა...

,,რატომღაც მგონია, რომ დიდი ხნის მოგზაურობის დასასრულს ვუახლოვდები. მე არაფერს


ვხედავ ახალს, მაგრამ როგორც ახალგამოღვიძებული, ხელახლა ვხედავ ყველაფერს, რასაც უკვე დიდი
ხანია აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ვხედავ სულ სხვა თვალით..."

კიდევ ერთხელ გახედა სიონის ტაძარს.

,,ჩემი სულიერი კულტურა ადამიანის კულტზეა დაფუძნებული. საუკუნეების მანძილზე იგი


ცდილობდა ეჩვენებინა ადამიანი, რომელიც ცალკეული პიროვნებების მეშვეობით ვლინდება, თითქოს
გვასწავლიდა, რაღაც ქმნილება დაგვენახა ქვების გროვაში. იგი ქადაგებდა, რომ ადამიანი ცალკეულ
პიროვნებაზე მაღლა უნდა ყოფილიყო... იმიტომ, რომ ჩემი სულიერი კულტურის ადამიანები
განისაზღვრებიან ამ კულტურით. მასში, ისევე როგორც ყოველ არსში, არის რაღაც, რასაც მისი
შემადგენელი ელემენტებით ვერ განმარტავ. ტაძარი გეომეტრია და არქიტექტურაა. ქვები კი არ
განსაზღვრავენ ტაძარს, არამედ პირიქით, ტაძარი ამდიდრებს ქვებს თავისი განსაკუთრებული
შინაარსით. მისი ქვები გაკეთილშობილებულია იმით, რომ ტაძრის ქვებია. სრულიად
სხვადასხვანაირი ქვები ემსახურებიან მის მთლიანობას. თვით მახინჯი ქვებიც კი მონაწილეობენ
საერთო ჰიმნში, რომელსაც ტაძარი აღავლენს ღვთის სადიდებლად.

საზოგადოებაში წესრიგის დამყარება იოლია, თუ ყოველ მის წევრს გარკვეულ წესს


დაუმორჩილებს. ადვილია აღზარდო ბრმა, რომელიც უყოყმანოდ დაემორჩილება წინამძღოლს ან
ყურანს. ამდენადვე ძნელია, გაათავისუფლო ადამიანი, საკუთარ თავზე ბატონობა ასწავლის მას.

რას ნიშნავს გაათავისუფლო? თუ მე უდაბნოში გავათავისუფლე ადამიანი, რომელსაც არაფერი


აწუხებს, რა ფასი აქვს მის თავისუფლებას?! თავისუფლება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არსებობს,
რომლებიც რაიმესკენ მიისწრაფიან. უდაბნოში ადამიანის გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ
წყურვილი აღუძრა მას და ჭისკენ მიმავალი გზა უჩვენო. მხოლოდ მაშინ შეიძენს მისი მოქმედება
აზრს. უაზრობაა გაათავისუფლო ქვა, თუ მიზიდულობა არ არსებობს. რადგან ქვა, კიდეც რომ
გაათავისუფლო, სულერთია მაინც არ დაიძვრის ადგილიდან.

უხილავი გზა, რომელიც მიზიდულობის ძალამ გაკვალა, ათავისუფლებს ქვას. სიყვარულის


უხილავი ძალები ათავისუფლებენ ადამიანს. ჩემი სულიერი კულტურა ცდილობდა ერთი და იგივე
მეუფის მოციქულად ექცია ყოველი ადამიანი. იგი ადამიანს გზად ან მისი ნების გამოვლინებად
თვლიდა, ვინც მასზე მაღლაა. იგი თავისუფლებას აძლევდა მას - იქ ასულიყო, საითკენაც მისი
მიზიდულობის ძალები იზიდავდნენ.

მე ვიცი, საიდანაც წარმოიშვა ძალთა ეს არე, საუკუნეთა მანძილზე ჩემი სულიერი კულტურა
ღმერთს ხედავდა ადამიანის მიღმა. ადამიანები ღმერთის მიერ იყვნენ ძმები. ადამიანები ღმერთის
სახედ და ხატად იყო შექმნილი. ადამიანში ღმერთს სცემდნენ პატივს. ღმერთის ეს გამონაშუქი მის
თანაზიარად ხდიდა ყოველ ადამიანს. ღმერთისადმი დამოკიდებულება ნათლად განსაზღვრავდა
ყოველი ადამიანის ვალს საკუთარი თავისა და სხვებისადმი.

ღმერთის ჭვრეტა საფუძველი იყო ადამიანთა თანასწორობისა, რადგან ისინი თანასწორნი


იყვნენ ღმერთის მიერ. ამ თანასწორობის აზრი ნათელი იყო, იმიტომ, რომ ადამიანები თანასწორნი
იყვნენ მხოლოდ რაიმეს მიერ. ჯარისკაცი და მეთაური თანასწორნი არიან თავიანთი ერის მიმართ.
თანასწორობა ცარიელ ბგერად იქცევა, თუ არ არის საერთო რამ, რითაც ეს თანასწორობა გამოიხატება.

ჩემთვის ცხადია, თუ რატომ იყო, რომ თანასწორობა, რომელიც ღმერთის უფლებების


თანასწორობას წარმოადგენდა პიროვნებებში, კრძალავდა ცალკეული პიროვნების აღზევების
შეზღუდვას: ღმერთს შეეძლო თავის გზად აერჩია იგი. მაგრამ ვინაიდან, ამავე დროს, ღმერთს
თანასწორი უფლებები ჰქონდა პიროვნებებზე, ჩემთვის ცხადია, თუ რატომ ეკისრებოდა მათ ერთი და
იგივე მოვალეობა რატომ ემორჩილებოდნენ ერთსა და იმავე კანონებს. გამოხატავდნენ რა ღმერთს, მათ
თანაბარი უფლებები ჰქონდათ. ემსახურებოდნენ რა ღმერთს, თანაბარი მოვალეობა ეკისრებოდათ.

რატომ არ იწვევდა ღვთის წინაშე თანასწორობა არც წინააღმდეგობებს და არც უწესრიგობას?


დემაგოგია მაშინ იწყება, როდესაც საერთო საზომის უქონლობის გამო თანასწორობის პრინციპი
იგივეობის პრინციპად იქცევა.

საიდან წარმოიშვა ადამიანის პატივისცემა ადამიანისადმი? სწავლულს პატივი უნდა ეცა


მტვირთავი მუშისთვის, რადგან ამ მუშაში იგი ღმერთს სცემდა პატივს, რომლის მოციქულიც მუშა იყო
სწავლულის დარად. როგორი დიდიც არ უნდა ყოფილიყო ერთის ღირსება და მეორის ნიჭის
შეზღუდულობა, არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა მორალური უფლება მონად ექცია მეორე ადამიანი:
მოციქულის შეურაცხყოფა არ შეიძლება! ადამიანისადმი ეს პატივისცემა არ იწვევდა შეზღუდული
ნიჭის, სისულელის ან უვიცობის წინაშე მონურ ქედის მოხრას, იმიტომ, რომ ადამიანში უწინარეს
ყოვლისა ღვთის მოციქულის ღირსებას აფასებდნენ. ამრიგად, ღმრთისადმი სიყვარული
კეთილშობილურ ურთიერთობათა საფუძველს ქმნიდა ადამიანთა შორის, ვინაიდან ეს ურთიერთობა
მოციქულთა ურთიერთობა იყო პიროვნებათა ხარისხის მიუხედავად.

მე ექიმი ვარ, ერთგული ჰიპოკრატეს ფიცისა. ჩემთვის ცხადია მოყვასისადმი სიყვარული.


რასაც ბავშვობიდანვე მინერგავდნენ. მოყვასისადმი სიყვარული ღმერთის სამსახური იყო პიროვნების
მეშვეობით. ეს იყო ღვთისადმი მიძღვნილი ხარკი, რაოდენ შეზღუდული ნიჭის პატრონიც არ უნდა
ყოფილიყო თვით პიროვნება. ეს სიყვარული არ ამცირებდა იმას, ვისადმიც იყო იგი მიმართული, არ
ბოჭავდა მას მადლიერების ბორკილებით, ვინაიდან ამ ხარკს, მას კი არა, ღმერთს სწირავდნენ. ამიტომ
იყო, რომ ეს სიყვარული არასოდეს იქცეოდა შეზღუდულობის, სისულელის და უვიცობის
პატივსაცემად. ექიმის მოვალეობა იყო, სიკვდილის საფრთხეს არ მორიდებოდა და ემკურნალა შავი
ჭირით შეპყრობილისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, რადგან ექიმი ღმერთს ემსახურებოდა. მას
არ ამცირებდა ის, რომ ავაზაკის საწოლთან ათევდა ღამეს..."

სასტვენის ხმამ შეაწყვეტინა ფიქრი. ავტოინსპექტორმა კვერთხით ანიშნა, შეჩერდიო.


ახალგაზრდა ინსპექტორი მანქანას მოადგა.

-საგზაო-საპატრულო სამსახურის ლეიტენანტი ავთანდილ მიკუჩაძე. თქვენი საბუთები?

მარიკამ უხმოდ გაუწოდა. ლეიტენანტმა საბუთები ხელში შეატრიალა. არ გადაუშლია.


მოჯადოებულივით მისჩერებოდა. უკან დაუბრუნა.

-ცუდად ხომ არ ხართ?

-რა მეტყობა ცუდად ყოფნის? - გაეღიმა მარიკას.

-რა ვიცი. რატომღაც ასე მომეჩვენა. თითქოს გამოთიშული იყავით. წითელზეც ისე გამოიარეთ,
არ შეგინელებიათ სვლა.

-მაპატიეთ. ფიქრებმა წამიღო და...

-არაფერია. კეთილი მგზავრობა. ბოდიშს ვიხდი, რომ შეგაჩერეთ.

ინსპექტორი თავისი მანქანისკენ წავიდა.

,,კიდევ კარგი, არ დავაჯახე ვინმეს", - გაუელვა ფიქრმა. დიღმის მასივში იყო უკვე. ,,რა მინდა
აქ?" - სანაპიროზე ჩავიდა. არაფერზე ფიქრობდა. ქალაქისკენ შემობრუნდა. ნელა მიყავდა მანქანა.
თეთრი ნაჭერი იყო ხეზე გაკრული. ზედ წარწერა: ,,თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, როგორც
დაჭრილი ირმების ჯოგს წყარო ანკარა!"

თავისუფლება. თავისუფლება ადამიანის ამაღლების პირობათა ერთობლიობაა. იგი ზურგის


ქარს წააგავს. მხოლოდ ქარის წყალობით იძენს თავისუფლებას იალქნიანი ნავი გაშლილ ზღვაში.

ბარათაშვილის ხიდზე გადავიდა. სახლისკენ წავიდა... ,,რა ვაკეთო სახლში? ქალაქში გავივლი
ისევ!" ოპერასთან შეაჩერა მანქანა. ფეხით გაუყვა რუსთაველს. მიდიოდა მარიკა მალაშხია. მიდიოდა
ლამაზი ადამიანების ხეივანში. მიდიოდა და თვალს არ უჯერებდა... მიდიოდა და მიდიოდა. სხვა
საქმე ამ წუთებში არაფერი ჰქონდა.

ირგვლივ სეირნობდნენ. იცინოდნენ.

თავი სიზმარში ეგონა... სიზმარში - ომის კოშმარული დღეების შემდეგ. პოლიციელები


ხმამაღლა ხარხარებენ. ვიღაც ვიღაცას კოცნის. სადარბაზოში შეიმალნენ. ბიჭებს თეძოები ვიწრო
შარვლებში გამოუკვართავთ.

მზე ჩადის...
ქალაქის თავზე საავდრო ღრუბლები წვება. შავ-იისფერი ღრუბლები...

მწვანე დაისი. ნაყინის გამყიდველები...

ქვის მოაჯირზე ჯგუფ-ჯგუფად სხედან გოგონები და იცინიან. საღეჭ რეზინებს ტკაცუნით


ბერავენ.

აფორიაქებულია მარიკა. საგიჟეთში გონია თავი, საგიჟეთში, სოხუმის შემდეგ. როგორც იქნა,
დაიგვრგვინა.

თაღის ქვეშ მარტო ზის მარიკა და ესმის წვიმის შხაპუნი.

წვიმამ ერთბაშად დაუშვა. ქარი ამოვარდა. უცებ ცარიელდება პროსპექტი, თითქოს განგაშიაო.

ისმის კარებების რახუნი. ასფალტზე წვიმა შხაპუნობს, თითქოს თეთრი ნარგიზების ჯარი
ამოსულაო.

ზის მარიკა. უყურებს წვიმას.

ხანდახან წვიმის შხეფები თაღის ქვეშ აღწევს. წვიმას თაღიდან ცემენტის ნალექი ჩამოაქვს. შავ
კაბაზე თეთრი წინწკლები ჩნდება. უეცარ სიცივეს გრძნობს კანზე. ხანდახან ელავს, მაგრამ წვიმის
შხაპუნი ფარავს გრუხუნს...

ზის. ითოშება.

ელვა თვალს სჭრის. ხედავს მოლურჯო სხივგარეულ იისფერ ღრუბლებს.

თავს ეულად გრძნობს...

აღარ იცოდა მარიკამ, როგორ დაეღამებინა. რა მოეხერხებინა საკუთარი თავისთვის. უაზრო


დღე იყო. თავს ვეღარ სცნობდა. დრო კი მაინც გადიოდა. საღამო მარადისობას ჰგავდა, წვიმიანი,
ლურჯი და აუტანელი, მაგრამ მაინც მშვენიერი და უსასრულო.

თაღის წინ, რომელსაც მარიკა შეჰფარებოდა, ძველი ,,ჟიგული" შედგა. მძღოლმა ყურადღებით
შეათვალიერა შავტანსაცმლიანი, ულამაზესი ქალიშვილი. ვეღარ მოაცილა მზერა.

-სველდები?

-ვსველდები! - ცივია მარიკას ხმა.

-ლტოლვილი ხარ? - მძღოლმა ოქროს კბილები გააელვა. ბარაქიან მუცელზე ხელი გადაისვა.

-რა ბრძანეთ? - გაოცება... სასოწარკვეთა...

-რატომ გაცვია შავი, ვინ დაგეღუპა?

-ქმარი! - მარიკა თვალებს ხუჭავს. ,,სიზმარია?"

-შენი გულისთვის მოკლავდნენ შენს ქმარს, - გვერდით კარებს აღებს. - მოდი, დაჯექი.
მორჩილად დგება მარიკა მალაშხია. წინიდან უვლის მანქანას. შიგ ჯდება. მძღოლი
გაოგნებულია. ჯერ კიდევ ვერ დარწმუნებულა თავის იოლ გამარჯვებაში.

-თუ შეიძლება, რუსთაველით გავიდეთ...

-კი გენაცვალე! - ადგილიდან მთელი სისწრაფით სხლიტავს მანქანას.

-როგორ შეიძლება მოგმართოთ? - მარიკა მისკენ ტრიალდება.

-გიორგი ვარ, თავართქილაძე, გია დამიძახე! - ოქროს კბილები ანათებს.

-თბილისელი ხართ?

-მოდი, ერთმანეთს გავუგოთ. თბილისელიც ვარ და კაი ბიჭიც ვარ. ჩემი ნაღდი გვარი
ხაჩატურიანია. შენ ჩემი გვარი გინდა რო?! შენ ეხლა ფული გინდა. რაში გაინტერესებს, თბილისელი
ვარ თუ ჩიკაგოელი. ამაღამ კაი ბაითში ავალთ, ვიგრიალებთ... რას დალევ?

-უკვდავების წყალს! მიშოვი, გია?

-აუჰ! - ,,ასტრას" კბილებით ღეჭავს მძღოლი. - შენ რა, შაყირზე ხარ?

-რა შუაშია შაყირი. შენ რა, უკვდავების წყალი არ დაგილევია? - ფანჯარას უწევს. - რა სუნი
აგდის, გია. დიდი ხანია არ დაგიბანია?

-წინა შაბათს დავიბანე! იმის მერე შუქი არ იყო, - ხითხითებს. - ამაღამ შენ იქნები ჩემი მექისე.

-აქ გააჩერე! - ხმადაბლა ამბობს მარიკა.

-რა არი რო? - ხაჩატურიან-თავართქილაძე ოპერის წინ აჩერებს მანქანას.

ნელა გადადის მარიკა. თავისი მანქანისკენ მიემართება. კარებს აღებს. ტრიალდება.

-მოდი აქ! - ხელით იხმობს ხაჩატურიანს.

მძღოლი გაოგნებული მისჩერებია ,,მერსედესის" გამოღებულ კარებს. ნელი ნაბიჯით


უახლოვდება მარიკას.

-მათხოვარო! - ხაჩატურიანის გასიებულ ყბაზე გალაწუნებულმა სილამ გონს მოიყვანა იქვე


მდგარი ავტოინსპექტორი. ,,მერსედესი" მიდის.

-ვინ ხართ? თქვენი საბუთები? - ინსპექტორი უკვე ჩახატურიანის წინ დგას.

-ჩემი შვილის მანქანაა. პურზე ვარ გამოსული.

-თქვენი მართვის მოწმობა?

-არა მაქვს.

-რა გვარი ხართ?


-თავართქილაძე!

-ჰმ! თავართქილაძე... - ეღიმება ავტოინსპექტორს. - გინდაც ბაგრატიონი იყოთ. მომყევით


უკან! - მანქანისკენ მიემართება.

-სად მივდივართ?

-მაყარში არ გეპატიჟებით. პოლიციაში!..

წვიმამ გადაიღო. ნაწვიმარ ასფალტს ბუღი ასდიოდა. დედის ნახვა მოუნდა მარიკას. დოლიძის
ქუჩაზე აუხვია. სახლი წინ თითქმის მთელ უბანს მოეყარა თავი. ჯოკერი... დომინო... ნარდი...
საუბარი, გაცხოველებული კამათი კომუნიზმსა და კაპიტალიზმზე, ჩინეთზე, კუბაზე, ატომურ
სიკვდილზე და კაცობრიობის გამოკვების საკითხზე, თუ კი იგი გაათკეცდება.

-როგორა ხარ, დედა?

-როგორ ვიქნები, შვილო.

-მამა სადაა?

-არ მოსულა სამსახურიდან. რას გიგავს კაბა?

-წვიმაში მოვყევი. ძალიან დასვრილია? - მარიკა სარკეში ათვალიერებს.

-საკმაოდ. გაიხადე. კაბების მეტყი რა გაქვს?

-იყოს. სახლში გამოვიცვლი.

-ამაღამაც არ დარჩები ჩვენთან?

-არა. სამუშაო მაქვს.

-შენ მოგიკვდე დედა. გადაღლილი ხარ. რას აკეთებ მარტოდმარტო იმ გამოყრუებულ სახლში.
გადმოდი ჩვენთან. შენს მეტი ვინ გვყავს?

მარიკა ფიქრიანი თვალებით შეჰყურებს დედას.

-დედა, მე ფეხმძიმედ ვარ!

-მარიკა! - სიხარულისგან სუნთქვა ეკვრის დედას.

-კი, დედა.

-ღმერთო, რას მოვესწარი! - შვილს შუბლზე კოცნის. - ხომ არ ჩამოსულა ბაკური?

-არა! - სახეზე ნაღველი უთამაშებს მარიკას. - არაფერი ისმის მისგან. ჩამოსვლით ჩამოვა,
მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება.

-როგორ?
-ბაკურს სხვა უყვარს, დედა. მე ვიცი ეს. მინდა ბედნიერები იყვნენ. ეკა ნამდვილად ღირსია
ბედნიერების.

-შენ? შენ რაღას იზამ, შვილო?

-არაფერს. პირველი მე მივალ და მთელი სულით და გულით მივულოცავ მათ. რომ იცოდე, რა
კარგი წყვილია! - ეღიმება. - რა გატირებს, დედა?

-არ ვტირი. საჭმელს გაგიცხელებ!

-არ მინდა არაფერი.

-ყავა?

-ყავას დავლევ.

-ახლავე, შვილო!

ათი საათი იყო ღამის, როცა მარიკა მშობლებს გამოეთხოვა. ხვალ შემოგივლითო - დაპირდა.
მანქანას ბავშვები შემოხვეოდნენ. მეზობლის ბავშვებს მიუალერსა. მოეფერა. ,,აჭარასთან" ახალგაზრდა
კაცი ტაქსის გაჩერებას ამაოდ ლამობდა. ,,ნაცნობი სახე აქვს. ვინაა? ოხ! ეკას თანამშრომელი,
სტამბულში რომ ჰყავდა. რა ქვია? თემური? ხო. თემურ კორძაია". მანქანა ფეხებთან გაუჩერა. თემურმა
უცებ იცნო. კარი გამოაღო. ჩაჯდა.

-საით, თემურ?

-სამსახურში, მარიკა.

-რა დროს სამსახურია ამ შუაღამისას? - მანქანა შემოაბრუნა.

-ეჰ! - ხელი ჩაიქნია კორძაიამ. სიგარეტი ამოიღო.

-ხომ არაფერი მოხდა?

-მოხდა, მარიკა! - თემურს ხმა უთრთოდა. - საშინელება მოხდა. შენ არაფერი გაგიგია?

-არა!

-ეშერაში... ეკა დაიღუპა!

მთელი სისწრაფით მიმავალ და მოულოდნელად დამუხრუჭებულ ,,მერსედესს" უკნიდან


,,ვოლგა" შეასკდა. განრისხებული გადმოიჭრა მძღოლი. წინა მანქანას მიადგა. საჭეზე
თავჩამოდებული, გულამოსკვნით ქვითინებდა მარიკა მალაშხია...

XV თავი
ცენტრალურ გზაზე მიაბიჯებს ბაკური. მხარიღლივ ავტომატი. წელზე ხელყუმბარები. წინ,
უკან, განუწყვეტლივ ნაკადად მიმოქრიან მანქანები. გამარჯვების სიხარულს ერთიანად აუტაცია
დიდი და პატარა. მის გვერდით მანქანა ჩერდება.

-საით, ძმობილო? - მძღოლი გულთბილად იღიმება.

-ეშერაში! - ფხოველი არც იყურება მისკენ. გზას აგრძელებს.

-მოდი, დაჯექი. იქით არ მივდივარ, მაგრამ ცოტა მაინც შეგიმოკლებთ გზას.

მანქანის უკანა კარს აღებს. ჯდება. მძღოლის გარდა კიდევ ორნი არიან. გალეშილი
მთვრალები. მძღოლიც საკმაოდ ნასვამი ჩანს. იარაღი ფეხებშუა აუყუდებიათ. აწყვეტილივით მიჰქრის
,,ჟიგული". მძღოლი გვერდით იხრება. კონიაკის გაუხსნელ ბოთლს აღებს. აწვდის.

-გახსენი! გამარჯვების დავლიოთ!

საცობს ხსნის. აწვდის მძღოლს.

-მალე თბილისამდე ჩავსულიყავით! თბილისში დაგველიოს გამარჯვების აღსანიშნავად! -


ცალი ხელით ძლივს იმორჩილებს საჭეს. სვამს. - დალიე!

-ვერ დავლევ! - ფხოველი შავი სათვალიდან ყურადღებით ათვალიერებს თანამგზავრთა


სასმელისგან შეშუპებულ, გამოთაყვანებულ სახეებს.

-ვერ დალევ? რატომ?

-გუშინ გამოვედი საავადმყოფოდან. ჯერჯერობით არ შეიძლება ჩემი დალევა.

-დაჭრილი იყავი?

-ჰო!

-მე თვითონ ხუთჯერ დამჭრეს ქართველმა ბოზებმა, - ფანჯარაში იფურთხება, - მაგრამ


გადავრჩი. მანქანის ტარება იცი?

-ვიცი! შენ რა, მეომარი ხარ თუ სამიზნე?

-დავიღალე. მოდი ერთი, შენ დაჯექი ცოტა ხანს. ცოტას წავუძინებ. ნელა იარე. ეს მანქანაც
ქართველების მიმაქვს და მთელი მინდა სახლამდე ჩავიტანო.

ბაკური უხმოდ მიუჯდა საჭეს. ახალი ,,06" იყო. უნომრო. წითელი ფერის.

-საიდან ხარ? - სარკიდან გახედა მანქანის პატრონს.

-არმავირიდან!

-შენი მეგობრებიც?

-არა, ესენი ტუაფსედან, - მძღოლს უკვე თვალერბი ეხუჭება.


ფხოველი სწრაფად კეცავდა გზას. მოსახვევში უხეშად, მკვეთრად მოუხვია. მძინარეები
ერთმანეთს დაეჯახნენ. არ გაუღვიძიათ. მანქანამ ტყისკენ გადაუხვია...

ეშერის ქიმიური ლაბორატორია. საღამოს შვიდი საათი. საგუშაგოსთან წითელი მანქანა


გაჩერდა. ჯარისკაცი მძიმედ წამოიზლაზნა. მანქანისკენ წავიდა. მძღოლმა კარი გახსნა. გადმოვიდა.

-ვისთან ხართ? - ნამძინარევი ჯარისკაცი თვალებს ახამხამებს.

-მეთაურს ვნახავ? - კითხვაზე კითხვას აგებებს მძღოლი.

-დილის ექვს საათზე მოვა.

-შტაბში ვინაა?

-არავინ! ნაწილის მორიგეა, მაგრამ ძინავს მასაც. ნასვამია.

-სად გაკრეფილან?

-აფხაზებმა გამარჯვების აღსანიშნავი სუფრა გაშალეს. იქ არის ყველა მიწვეული.

-აი რა, ძამიკო! - პირადობის მოწმობას იღებს, ჯარისკაცს აწვდის. - როგორც ხედავ,
ჟურნალისტი ვარ. უცხოეთიდან ჩამოსული. თითქმის ყველგან ვიყავი. ეშერა დამრჩა მხოლოდ.
გავესაუბრო უნდა თქვენს ოფიცრებს. ღამის გასათევს ვერ ვნახავ აქ სადმე? მანქანაში ძილი უკვე აღარ
შემიძლია. საწოლი, ნორმალური დასვენება მომენატრა.

ჯარისკაცს თვალები უნათდება. პირადობის მოწმობას ჩაჰკირკიტებს.

-ბედნიერი ხართ, ალექსანდრ მიხაილოვიჩ!

-ბედნიერი? რა მეტყობა ბედნიერების?

-ბედნიერი ხართ. ბარსელონაში ცხოვრობთ. ჟურნალისტი და ისიც ,,სარაგოსას"


კორესპონდენტი. მე კი ორ წელს ვაბარებდი ჟურნალისტიკაზე და ვერ მოვხვდი მაინც.

-ჯერ ახალგაზრდა ხართ. ცხოვრება წინაა. ჩააბარებთ. მაგაზე ნუ გეფიქრებათ. მთავარი


მონდომებაა. რა გქვიათ?

-გენკა! - წამოწითლდა. - უკაცრავად! სერჟანტი გენადი პეტროვი.

-რამდენი იმსახურეთ?

-წელიწადნახევარი, - ტელეფონი აიღო. - რომელი ხარ! ვალოდია, მისმინე, ჟურნალისტია


ესპანეთიდან ჩამოსული. ხო! ხო! ესპანეთიდან. ღამე უნდა გავათევინოთ, გაიგე? დილით ინტერვიუ
უნდა აიღოს მეთაურისგან. რა? არ ვიცი! სილივიორსტოვის ოთახი ცარიელია არა? კარასებს
მოაწმენდინე. თეთრეული შეიტანეთ. ოც წუთში მოვალთ, ყურმილი დაკიდა. - მანქანა აქ იყოს თუ
ბოქსში შევიყვანოთ?

-იყოს აქ. შეუშლის ვინმეს?


-არავის.

-გენადი, მანქანაში რამდენიმე ბოთლი კონიაკი მაქვს. შევძლებთ ცოტაოდენის დალევას?

-როგორ არა! - თვალები უბრწყინავს სერჟანტს. - ერთი ბოთლი აქვე შეგვიძლია დავლიოთ,
დანარჩენი შიგნით შევიტანოთ...

თერთმეტი საათია ღამის. მაგიდაზე ოთხი გამოცლილი ბოთლი დგას. პეტროვი მაგიდას
მუშტს ურტყამს. ენა ერევა.

-მითხარი, ალექსანდრ მიხაილოვიჩ, რატომაა ეს ცხოვრება ასე მოწყობილი?

-როგორ? - ფხოველი ახალ ბოთლს ხსნის. ასხამს. გენკა სავსე ჭიქას იღებს. ერთ ხანს უაზროდ
აჩერდება, შემდეგ კი სვამს. დალევაც აღარ შეუძლია. წრუპავს.

-როგორ და ირგვლივ რატომაა უსამართლობა გამეფებული? რატომ? - ახალი დარტყმისგან


მაგიდა ჭრიალს იწყებს. ბოთლები ზრიალებენ.

-ასეა და რას იზამ. ხომ არ გეძინება?

-არა! - პეტროვი თვალების გახელას ცდილობს, გამოფხიზლებას. - რასთან დაკავშირებით


გინდა საუბარი?

-საკითხი ერთია: რუს სამხედრო მოსამსახურეთა როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში.


ალბათ უარს არ მეტყვით?

-არა! რატომ უარს?

-ყველაზე მეტად ერთი ნარკვევი მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ მომეცა საშუალება, - ბაკური
მაგიდას დასჩერებია.

-რა ნარკვევი?

-ომი, ტყვე თვალით დანახული! - პეტროვს შეხედა. სამწუხაროდ, რაც აქ ვარ, დატყვევებული
ქალი ვერსად ვნახე.

-ალექსანდრ მიხაილოვიჩ, - გენადი ხმას იდაბლებს. - ტყვე ქალი აქ არის, მაგრამ...

-სად აქ?

-აი, იმ შენობაში, - თითს იშვერს გვერდით მდგარი ნაგებობისკენ. - მაგრამ მას თქვენ არავინ
გაჩვენებთ.

-რატომ?

-ჩვენი სპეცჯგუფის ბიჭებმა აიყვანეს წუხელ და შემთხვევით ქართული დაზვერვის


თანამშრომელი არ აღმოჩნდა?! - იღიმება პეტროვი. არადა ისეთი სიფრიფანა, სუსტი, ლამაზი გოგოა,
მასზე ვინ იფიქრებდა, რომ უშიშროებიდან იქნებოდა?
-თვითონ თქვა, დაზვერვაში ვმუშაობო?

-პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა თან. ხვალ დილით აფხაზებს უნდა გადასცენ.

-გენადი, ცოტა მეძინება, ფხოველმა გახსნილი ბოთლები პეტროვისკენ გადააწყო. - მოდი, ეს


კონიაკები შენ წაიღე. მე კი თვალს მოვატყუებ. კარგი?

-დიდი მადლობა! - სერჟანტი ბარბაცით დგება. ბოთლებს იღებს. - ძილი ნებისა, ალექსანდრ
მიხაილოვიჩ!..

სამი საათი. შუაღამე. როგორც იტყვიან, წყალსაც ძინავს ამ დროს. მიწისქვეშა ტალანში ფარნის
შუქით მიიკვლევს გზას. მთავარი უკვე გაკეთებულია. ყველა გუშაგი მოხსნილია. ახლა მხოლოდ ეკას
გამოყვანაა საჭირო. ბეტონის კედლებს სუსტი შუქი ურბენს. კედლებზე ისრები უჩვენებენ
მიმართულებას. ცენტრალური გვირაბიდან ურიცხვი გვირაბებია გაყვანილი მარჯვნივ თუ მარცხნივ.
სინესტეა. უეცრად ჩერდება. მთელი სხეული დაეძაბა. ღრმად შეისუნთქა. კიდევ ერთხელ დაყნოსა
ჰაერი. ვარდის სუნი? რა უნდა აქ ვარდებს? გული ეკუმშება. ნუთუ?! ახსენდება.

მოსკოვი. 1978 წელი. ინსტრუქტორი გარკვევით ლაპარაკობს:

-შეიძლება გადაურჩეთ ნაღმს, ტყვიას, ყუმბარას, მაგრამ გახსოვდეთ, რეზინის ტანსაცმლის


გარეშე ერიდეთ სამხედრო ქიმიური ლაბორატორიის ტერიტორიაზე შესვლას. შეიძლება გუშაგები არ
იყვნენ არსად, მაგრამ არსებობს პრეპარატი, ,,დელ-ვა-2". მისი მეშვეობით მიიღება ფერფლისებური
ნაწარმი, რომელსაც ყრიან დასაცავი ობიექტის გარშემო. გიმეორებთ, რეზინის გარეშე შესვლა
დამღუპველია! ოცდაოთხ საათში თქვენი ფეხები მოსაჭრელი გახდება. როგორც კი შეიგრძნობთ
ვარდის სუნს, ვარდის მძაფრ სუნს, ეცადეთ დროით გააღწიოთ იქიდან!..

დაიხარა. ფარანი ძირს დააშუქა. საეჭვო აღარაფერი იყო. მიხვდა უკვე, რაც მოელოდა. ხელი
გადაუსვა ტყავის ,,ბათინკებს". კედელთან მიჯდა. ფანარი ჩააქრო. აღარაფერზე ფიქრობდა. ასე იჯდა
ოციოდე წუთი. რაღაც ხმა ჩაესმა მაღლიდან. მანქანების გუგუნს გავდა. წამოდგა. ჯიქურ შეაბიჯა.
გონება აღარ ემორჩილებოდა. კარებზე ანათებდა. უკვე იცოდა, მეთორმეტე ნომერში იყო ეკა. და აი
N12. კარები დაკეტილია. პისტოლეტის ტყვიით იმტვრევა საკეტი.

-ბაკურ! - ეკას ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ფხოველი მის გვერდითაა. კუთხეში მიმჯდარი
წამოხტა. ყელზე ჩამოეკიდა. - აქ საიდან გაჩნდი?

-გავიდეთ, ეკა! - არაბუნებრივი ხმით დაილაპარაკა.

-რა მოგივიდა? დაჭრილი ხარ? - შეკრთა ეკა.

-არა! რისი დაჭრილი! წავიდეთ! - ხელში აიყვანა.

-მე თვითონ წამოვალ!

-არ შეიძლება! ხელი მომხვიე მაგრად! - ოთახიდან გავიდა.

მიდის ტალანში მძიმე ნაბიჯებით. მიდის ბაკურ ფხოველი. მიდის და იცის, რომ ყველაფერი
დამთავრდა. არაფერია. მთავარი ეკას გადარჩენაა. თვითონ კი... ოღონდ აქედან მოასწროს მისი გაყვანა
და მერე ჯანდაბას. ფეხები როდის დაუწყებს ლპობას, ამას არ დაელოდება. პატარა, ერთი ციცქნა
სპილენძის ტყვია გადაავიწყებს ყველაფერს...

ეზოში გამოვიდა. ეკა დასვა. ცისკრის ვარსკვლავი კიაფობდა სადღაც. თენდებოდა.

-მომყევი! - ხელი ჩაჰკიდა. შენობების ჩრდილი აიფარა. მანქანა იქვე იდგა. პეტროვს და ვიღაც
ერთს მაგიდაზე ჩამოედოთ თავები. მანქანის საბარგულიდან ავტომატი ამოიღო. მჭიდები,
ხელყუმბარები, ყველაფერი მოხვეტა და მანქანის სალონში უკან დაიწყო.

-ეკა, მანქანის ტარებას შეძლებ?

-რა თქმა უნდა.

-დაჯექი, წავიდეთ.

ცენტრალურ გზაზე გამოვიდნენ.

-საით წავიდეთ? - ეკამ სვლა შეანელა.

-სოჭისკენ უნდა გავიდეთ! შენს დატოვებას მხოლოდ სოჭში შევძლებ მშვიდად, - ბაკური უკან
გადაწვა. თვალები დახუჭა. ტკივილები ჯერ არ დაწყებოდა.

-ჩემს დატოვებას? შენ სად აპირებ წასვლას?

-არსად, ეკა! არსად! მარცხნივ წადი!

ამომავალი მზის სხივები ათასფერებად ცვიოდა ზღვაში.

-გივი მარტო დატოვე?

-კავშირზე გავედით. ახლა გივი უკვე სოჭში იქნება. გადაასვენებდა ხალხს.

წინ მოსახვევი გამოჩნდა. გზა გადაკეტილია. ,,კამაზი" გარდიგარდმო დაუყენებიათ.

-მარჯვნივ გადადი! - ბაკურ ფხოველის ხმა კვლავ მშვიდია, როგორც ყოველთვის მსგავს
სიტუაციაში.

მარჯვნივ, ტყისკენ მიმავალ საურმე გზაზე კი არ გადავიდა, გადაფრინდა და ტყისკენ


გაფრინდა წითელი ,,ჟიგული". პიკეტზე მდგომები მანქანას ეცნენ.

-მოგვდევენ? - იკითხა ეკამ.

-ერთი ,,ნივა" და სამი ,,ვილისი", - ბაკურმა საზურგე გადაწია, უკან გადაჯდა. - ტყემდე უნდა
მივაღწიოთ, ეკა!

გაუჭირდა ,,ჟიგულს". ,,ნივა" უკვე უახლოვდებოდათ. ფხოველმა უკანა მინას ავტომატის


კონდახი დაარტყა. გაამტვრია. ესროლა ზედ მოსულებს. ,,ნივის" წინა საბურავები დასკდა. მანქანა
მარცხნივ გაექცა მძღოლს. ბექობზე შევარდა და ამობრუნდა.
-ჩაგეთვალა! - გაეღიმა ეკას. უცებ თვალები გაუფართოვდა. - გზა გათავდა, ბაკურ! -
წამოიყვირა.

მათ წინ უზარმაზარ მოტეხილ ხეს გადაეღობა გზა. მიმოიხედა. ,,ვილისები"


უახლოვდებოდნენ. ტყე, გადარჩენის ერთადერთი საშუალება სულ ახლოს იყო. მანქანიდან
გადმოვიდა.

-ჩქარა, ეკა! - მანქანას ამოეფარა. ,,რაჟოკები" წინ დაილაგა. - ტყეში შედი ჩქარა!

-შენ?

-დაგეწევი! წადი! - მანქანებს გახედა. - საით მიდიხარ! მე ამეფარე, ისე გადი! - მანქანაზე
ჩამოაყრდნო მარცხენა ხელი. აძაგძაგდა ავტომატი. საპასუხოდ ათობით ავტომატი ახმაურდა.

ტრასიდან კიდევ რამდენიმე მანქანამ გადმოუხვია. ფხოველს აქედან გასვლა არაფრად


უღირდა, მაგრამ თან ეკა ჰყავდა. მისკენ გაექცა მზერა. შეწყვიტა სროლა. მოცილდა მანქანას. ტყისკენ
გაემართა. ავტომატი იქვე დააგდო. ტყის პირას, პატარა ნაძვის გვერდით ეკა იწვა...

აღარავინ ისროდა. მიუახლოვდა. ნელა დაიხარა. თავდაღმა იყო ჩამხობილი. ფრთხილად


წამოიწია. თვალებში ჩახედა. ცოცხალია! სახე თანდათანობით კარგავს ფერს.

-ბაკურ! - დაიჩურჩულა. - მცივა!

-ნუ გეშინია! - მკერდზე მიიკრა.

-ბაკურ, აქ ხარ? - ეკამ თვალები გაახილა.

-აქა ვარ. აქ, შენთან! - უკვე უჭირდა ლაპარაკი. მარცხენა ხელზე სითბო იგრძნო. ეკას ბეჭებში
მოხვედროდა ტყვია.

-გუშინ ხომ ჩვენი ქორწილი უნდა ყოფილიყო! - იღიმება ეკა. გონს მოდის. სიცოცხლე
უბრუნდება თითქოს. - დამაწვინე ბალახზე, ბაკურ! ხედავ? მიწაა ჩემი საქორწინო სარეცელი. არ
მინდოდა მეტი არაფერი. ნეტავ ახლა შენთან, ფშავში ვიყოთ. რა თბილი საბანი დამახურა მაშინ
დედაშენმა! აქ კი რა საოცრად ცივა. თითქოს თოვლი არაა, მე კი ვიყინები. გადაღეღილი ნუ ხარ!
შეგცივდება. არ გცივა?

-არა! - საკუთარი ხმა აღარ ესმის. იქნებ არც უთქვამს არაფერი?!

-მისმენ?

-ჰო!

-იცი? ყველა ყვავილზე მეტად ამ ქვეყნსდ იები მიყვარდა. გაზაფხულზე, როცა ფული მქონდა,
ყოველთვის ვყიდულობდი იებს და დედის საფლავზე მიმქონდა. შენც ხომ მოიტან გაზაფხულობით
იებს ჩემს საფლავზე?

-ეკა!
-მაცადე! პირველ რიგში მომეცი პირობა, რომ იცოცხლებ! რას დადუმებულხარ? ჩემი
სიყვარულისთვის უნდა იცოცხლო, ბაკურ, გესმის?

-მესმის!

-დაიფიცე!

-გეფიცები!

-ჩემს თავს?

-ჰო!

-კარგი! მჯერა, ბაკურ. ძია გიორგისთან, ჩემს მამობილთან ჩადი და უთხარი, რომ მე ის ძალიან
მიყვარდა. შენ კი მიხედე შენს თავს. ნუ დაეცემი სულით. ღმერთო! გავიყინე! ბაკურ! ხედავ? დედაჩემი!
დედაჩემი მოვიდა! - წამოიწია. ფხოველს ჩაეკრა. მოდუნდა. ღიმილი შერჩა სახეზე...

ბაკურ ფხოველმა თავი ასწია. ათეულობით თვალი მისჩერებოდა. უხმოდ იდგნენ მის გარშემო.
ფეხზე წამოდგა. ვიღაც წამოვიდა. შედგა მის წინ.

-ბიძაშვილო! - ეს ხომ ვლადიმერ ვოლკოვია! - ვერ გიცანი! თავიდან რომ გამეგო, ეს შენ იყავი,
აღარ ვასროდი ამ ქალს.

,,სერიოზულს მხოლოდ მკვდარს მიხილავ!"... ბაკური ეკას დასჩერებოდა. გვიან, ძალიან გვიან
მიხვდა, გვიან დავიდა მის გონებამდე, რა უთხრა ვოლკოვმა.

-შენ ესროლე? - ნელა შებრუნდა მისკენ.

-კი! მე ვესროლე!

-აწი ვეღარასოდეს ესვრი უმწეო ქალებს, ვეღარასოდეს გააქცევ ქართველი ,,ჩმორიკების ჯოგს",
ვეღარასოდეს შეათრევ ქართველ გოგონებს სადარბაზოებში! - ფხოველი ყელში სწვდა ვლადიმერ
ვოლკოვს...

სანამ გაოგნებული მებრძოლები გონს მოეგებოდნენ, ვოლკოვის უსულო სხეული ძირს


დავარდა. გაიჩხაკუნა ავტომატებმა.

-არ ესროლოთ! - შამილ ბასაევი თავზე წაადგა ეკას ცხედართან ჩამუხლულ ფხოველს. დახედა
მიცვალებულს.

-ვინაა შენი? - ხმადაბლა ჰკითხა.

პასუხი არ გაუცია ბაკურს. ხელში აიყვანა ეკა. ზეზე წამოდგა. ბასაევს შეხედა.

-შამილ! მოვა დრო და ღმერთი მოგიზღავთ სამაგიეროს. მოგკითხავთ გადამწვარი ქართული


ქალაქებისა და სოფლებისთვის. დანგრეული ოჯახებისა და ათასობით გაუბედურებული
ადამიანისთვის! რისთვის იბრძვი? რა გინდა აქ? რუსეთი საერთო მტერია ჩვენი! დღეს ჩვენ
დავმარცხდით? ხვალ უარესი დღე შენ და შენს ერს მოელის. ჩვენი დამარცხებით კავკასია დამარცხდა,
უგუნურო! მეცოდები!

თავდახრილი იდგა შამილ ბასაევი. ნელა დაიძრა ბაკურ ფხოველი. გარშემოჯარული


მებრძოლები აქეთ-იქით მიდგნენ. შამილი გამოერკვა.

-ასლამაზოვ!

-გისმენ, შამილ!

-გაყვები ამ ქართველს და გადააცილებ ქართველთა პოზიციებამდე!

-გასაგებია!

-ჩემი მანქანით წაიყვანე! საკუთარი იარაღი თან გაატანეთ!

-მესმის!

გვიანი ღამე იყო. გიორგი აბაშიძე აივანზე იჯდა. მსახურმა ბარათი შემოუტანა.

-ვისგანაა?

-მამედ თანდილ-ოღლისგან!

-კარგი. ყავა მოიტანე.

აბაშიძემ ბარათი გაშალა.

,,ბატონო გიორგი, მე თვითონ ვერ ვბედავ მოსვლას. გუშინ, დილის თორმეტ საათზე ეშერის
მახლობლად დაიღუპა თქვენი შვილობილი. გიცხადებთ ღრმა თანაგრძნობას..."

მეტი აღარაფერი წაუკითხავს. ხელი ჩამოუვარდა. მსახური უკან დაბრუნდა. ყავა ფრთხილად
დადგა. აბაშიძეს შეხედა. ელდა ეცა. ცოცხალივით, თვალღია იჯდა გიორგი აბაშიძე, მაგრამ მისი სული
უკვე გაჰყროდა სხეულს...

XVI თავი

დაავიწყდა ყველას მისი არსებობა. ეკას ცხედარი ვერტმფრენიდან მანქანაში გადაასვენეს.


აეროდრომზე მალე უკვე აღარავინ იყო. თავდახრილი იჯდა კედელთან. ფეხების აუტანელი ტკივილი.
სახეზე შემხმარი სისხლი. გახეული მაისური, სისხლით დასვრილი. თვალთან მური. ტრიალებს
ფიქრის კარუსელი...
ზუგდიდამდე ჩამოაღწია. იცნო ლოთი ქობალიამ. სამთავრობო ჯარების სარდლობას
დაუკავშირდა. გამოძებნა ვერტმფრენი. თბილისში გადმოაფრინეს...

წამოდგა. გასასვლელისკენ გაემართა. ფეხების ტკივილი ტვინში ურტყამს. ,,სად მივდივარ? ვინ
მელის? აღარავინ! ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა უკვე!"

მიაღწია გასასვლელს. თვალებიდან თითქმის ვეღარაფერს ხედავს. რკინის ცხაურს დაეყრდნო.


ტკივილები!

ხალხი ირევა. ნელი ნაბიჯით მიდის ტაქსებისკენ. მანქანები რიგში დგანან. ბოლო მანქანასთან
მძღოლები ლაზღანდარობენ. საუბარი შეწყვიტეს.

-ქალაქამდე რომელი წამიყვანთ? - თითქოს სამარიდან ისმის მისი ხმა. უაზრო თვალებით
იყურება მათკენ. გაოცებულები მისჩერებიან.

-ველოდებით ჩვენ! - პასუხობს ერთ-ერთი. ზურგს აქცევენ და აქეთ-იქით იფანტებიან.

ხალხით გატენილი ავტობუსისკენ წავიდა. გაჭირვებით მიაბიჯებს. უკვე ვეღარაფერს ხედავს.


ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით შეძლო ფეხის აწევა. უკანა კარიდან ავიდა. რკინის სახელურს
ჩაეჭიდა. თვალები დახუჭა.

მის გვერდით შუახნის ქალი დგას. იქვე - ახალგაზრდა გოგონა. ქალმა ხელით მიწია
ქალიშვილი.

-მოიწი, ნანა, აქეთ. საიდან გამოტყვრა? ფუჰ! მაწანწალა! - ზიზღით იბრუნა პირი.

-ჩუმად, დედა! სირცხვილია!

,,მაწანწალას" არაფერი ესმის. გათიშულია უკვე. ავტობუსი ქალაქში შედის. ჩერდება.


ვიღაცეები ჩადიან. სხვები ამოვიდნენ. თვალებს ახელს. მის გვერდით ბიჭები დგანან. ღიმილით
უყურებენ.

-გაგლეჯილ კაიფშია! - ამბობს ერთი.

-ლომკები! ლომკები! - ღიღინებს მეორე.

-მაგრად უბეთქვია ვიღაცას! - მესამე სიგარეტს უკიდებს.

-აუ! რა საათი უკეთია?!

ხარბი თვალით უყურებენ ,,მაწანწალას" მარჯვენა ხელს. უძვირფასესი, ლამაზი საათი თვალს
იტაცებს.

ყველაფერი ესმის. ყველაფერი. მაჯიდან საათს იხსნის. აწვდის ერთ-ერთს. ბიჭების


გაოგნებული სახეები. შემკრთალი თვალები.

-აიღეთ, ბიჭებო! საათი აღარ მჭირდება. დრო უკვე გაჩერებულია ჩემთვის. - დაბალი,
ჩახლეჩილი ხმით ამბობს.
ავტობუსი ჩერდება. საათს ერთ-ერთს აჩეჩებს ხელში. თავს ძალას ატანს. გაჭირვებით ჩადის.
ჩადის და იქცევა. უკვე დაძრულია ავტობუსი.

-გააჩერე! - ღრიალებენ ბიჭები. - უკანა კარი გააღე!

ძირს ხტებიან. მხრებში უდგებიან ,,მაწანწალას". ფეხზე აყენებენ დაცემულს. წყალი მოაქვთ.
თვალი გაახილა.

-არ მოგერიდოს, - ბიჭებიდან ერთ-ერთი მისკენ დაიხარა. - ამ უბნელები ვართ. რაში


დაგეხმაროთ?

მიმოიხედა. მეტრო ,,რუსთაველთან" იყვნენ : ,,რა მინდა შუა ქალაქში?!"

-არაფერში! გმადლობ! - რკინის მოაჯირს ჩაავლო ხელი. მეტროსკენ წავიდა. თავბრუ დაეხვა.
შეჩერდა. ,,უნდა გავუძლო! დიდუბემდე უნდა მოვითმინო! სახლამდე უნდა მივაღწიო როგორღაც!"
დაიკვნესა. ფეხები უკვე დასკდომაზე ჰქონდა.

ხალხმრავლობა იყო მეტროს შესასვლელში. ის კი ვეღარაფერს ხედავდა. სახეების გარჩევა აღარ


შეეძლო. გზას უთმობდნენ. ვიღაცას მხარი გაარტყა.

-ნელა, შე მაწანწალა! - ბრაზით მიაძახა ოცდაათიოდე წლის ქალმა. ჩაიფერთხა მკლავი.

შიგნით შევიდა. ახალგაზრდობა ჯგუფ-ჯგუფად იდგა. ვიღაცეებმა დაცინვით შეავლეს თვალი,


ვიღაცეებმა - სიბრალულით. სამსახურებრივი გასასვლელისკენ გაემართა. ვეღარ მიაღწია.
უროდარტყმულივით შებარბაცდა. ფეხები აღარ ემორჩილებოდა. ,,გული წამივა!" კედელს მიეყრდნო.
ნელა ჩაცურდა ძირს. ჩაჯდა.ორგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. ვიღაცამ მხარზე უხეშად დაადო
ხელი.

-ეი, შენ!

თავზე პოლიციელი ედგა.

-ადექი დროზე, წადი აქედან! რას მიყურებ, არ გესმის?

-არ შემიძლია! - ძლივს ამოთქვა.

-ჩემი საქმე არ არის, რა შეგიძლია, რა არა! დროზე აიფერთხე აქედან! - რეზინის ხელკეტი
ხელში შეათამაშა.

-მომეშვი რა, ძმურად! - ,,მაწანწალამ" თავი კედელს მიაყრდნო.

-შენი ძმები ტყეში დარბიან! სანამ უკან შემოვბრუნდები, შენი დუხი არ იყოს აქ! - პოლიციელი
ბეჭების რხევით გასასვლელისკენ გაემართა.

ფეხებს უყურებს. იცის, უკვე შეუძლებელია ,,ბათინკების" გახდა. ისინი უნდა დაიჭრას.
ტკივილისგან გული ეწურება. იცის, უკვე ვეღარ შეძლებს სიარულს. იცის, კარგად იცის.
მის ახლოს გოგონა დგას. ელოდება ვიღაცას. სიბრალულით მისჩერებია ,,მაწანწალას". სახეზე
აკვირდება. წინ წაიწია. ახლოდან შეხედა. ,,რა სიმპათიურია! გაპარსული, დაბანილი რომ იყოს, ამის
გულისთვის გოგოები დახოცავენ ერთმანეთს! მაწანწალაა. დავიჯერო? ტანსაცმელი ახალი აცვია,
მაგრამ სისხლში მოთხვრილი. მგონი ესაა ამერიკული ფორმა. ჩემი ძმა სულ ამას ნატრობს. მთვრალია
ვითომ? თითქოს ბრძოლიდან ახალი გამოსულიაო! იქნებ რაიმე უჭირს? იქნებ შველა უნდა? მივიდე?
კი, უნდა მივიდე, მგონი არ შემჭამს."

ახლოს მივიდა. დაიხარა.

-დახმარება ხომ არ გინდათ?

,,მაწანწალამ" თავი ასწია. ქალიშვილს შეხედა. თავი დაუქნია.

,,მთვრალი ნამდვილად არაა!"

-მითხარით, რა გინდათ?

-კალამი თუ გაქვთ? - ხმადაბლა, ძლივს გასაგონად ამბობს.

მაქვს! - ქალიშვილი ჩანთას ხსნის.

-გაწუხებთ, დაიკო, მაგრამ... - ტუჩი ჩაიკვნიტა. - ტელეფონის ნომერი ჩაიწერეთ. იქნებ


დარეკოთ...

-მითხარით! ამ წუთში დავრეკავ!

-37-40-04. მარიკა მალაშხია იკითხეთ. მარიკა მალაშხია.

-რა ვუთხრა?..

-უთხარით, რომ... უთხარით, რომ აქ გამოვიდეს, - შუბლი ოფლით დაეცვარა.

თვალები დახუჭა.

-თქვენი სახელი არაა საჭირო?

-მიხვდება თვითონ!

-ახლავე დავრეკავ! - სირბილით წავიდა ტელეფონებისკენ. ნომერი აკრიფა.

-უკაცრავად, მარიკა მინდოდა?

-მარიკა ვარ!

-მთხოვეს თქვენთან დამერეკა!

-ვინ გთხოვათ?

-არ ვიცი! ან დაჭრილია, ან მძიმედ ავადმყოფი.


-სახელი არ უთქვამს?

-არა! თვითონ მიხვდებაო. გვარდიელის შარვალი და მაისური აცვია. უკვე ვეღარ ლაპარაკობს.

-სადაა?! - იკივლა მარიკამ.

-მეტრო ,,რუსთაველში". შესასვლელში.

-ჩემს მოსვლამდე მიხედეთ! მოვდივარ!

ზის. თავისთვის მიმჯდარა კედელთან. გრძნობას კარგავს. თვალდახუჭული, კედელზე


თავმიყრდნობილი გარინდებულა. ,,ყველა ყვავილზე მეტად იები მიყვარდა. გაზაფხულზე, როცა
ფული მქონდა, ყოველთვის ვყიდულობდი იებს და დედის საფლავზე მიმქონდა. შენც ხომ მოიტან
გაზაფხულობით იებს ჩემს საფლავზე?.." ვეღარ მოვიტან, ეკა! ვერა! მაპატიე, ჩემო სიცოცხლევ!

-რა გითხარი შენ? - პოლიციელმა მხრებში ჩაავლო ხელი. წამოსწია.

-გითხარი, მომცილდი! - ,,მაწანწალას" თვალებმა შეაკრთო წესრიგის დამცველი.

-იმუქრები კიდეც? - პოლიციელმა ხელკეტი ასწია დასარტყმელად.

,,მხოლოდ მაგ პასუხისთვის ხარ სიკვდილის ღირსი. სიკვდილიცაა და სიკვდილიც. შენ კი


წამებით ამოგხდი სულს. სულეიმან სამანმა იცის, როგორ მოექცეს მტრებს". აწეული ხელკეტი.
ავღანელის მათრახი და პოლიციელის ხელკეტი ერთმანეთში აირია. დაბრუნდა, დატრიალდა
მოგონების კარუსელი...

ფეხზე წამოიჭრა ,,მაწანწალა". ბოლო დარტყმას ჩააქსოვა, თან გაატანა დარჩენილი ძალა.
პოლიციელი ჰაერში ავარდა, დაეცა და უგრძნობლად გაცურდა ძირს. ,,მაწანწალა" კედელს მიეყრდნო
ისევ. ჩაიჩოქა. მისკენ უკვე ხელკეტიანი პოლიციელები მორბოდნენ.

-ხელი არ ახლოთ! - დასარეკად გასული გოგონა ზედ გადაეფარა ,,მაწანწალას".

-გადი, გოგო! მოცილდი აქედან! - ზემდეგისსამხრეებიანი წინ მოიწევს.

-მადლობელი ვარ! წადით! - ,,მაწანწალამ" გოგონა ხელით გაწია უკან. - წადით, ამათგან
ყველაფერია მოსალოდნელი! - ზემდეგისკენ გაიწია.

დაბარბაცდა... გვარდიელების პატრული შემოვიდა. ახალგაზრდა კაპიტანმა თვალი მოჰკრა,


,,მაწანწალამ" როგორ იტაცა მარცხენა ხელი მკერდზე, რაღაც ჩაბღუჯა და ძირს დავარდა. კაპიტანი
მივიდა. ხელი გაუხსნა. ხელში ჩაბღუჯული ტყვია და ჯვარი. დააწვა კაპიტანი ტყვიას. ჰილზიდან
გამოაგდო. ხელზე დაიფერთხა ჰოლზი. შიგ არაა წამალი. ჩახედა. პატარა ქაღალდი ამოიღო შიგნიდან.
გაშალა. ფეხზე წამოვარდა.

-ჩქარა, ბიჭებო! მანქანა! ჩვენიანია! მაიორი ფხოველი...

მარიკა და რამდენიმე თეთრხალათიანი მეტროს გასასვლელში შეხვდნენ გვარდიელებს.


მეტროსთან სასწრაფო დახმარების მანქანა დგას. მარიკამ მაჯა გაუსინჯა.
-მანქანაში წამოიყვანეთ! - მტკიცე ხმით იძლევა ბრძანებას. - დააწვინეთ!

-ნემსი გაუკეთა. ბაკურმა სუსტად დაიკვნესა. თვალი გაახილა.

-უკან დაიწიეთ! ჰაერი შემოუშვით! - გვარდიელები უკან დგებიან.

-როგორა ხარ? - მარიკა დაიხარა.

-ფეხები! - დაიჩურჩულა.

-ფეხები გტკივა?

-ჰო!

-გახადეთ! - მარიკა თასმებს უხსნის. ექიმებს გვარდიელებიც ეხმარებიან, მაგრამ საშველი არ


დაადგა ფეხსაცმლის გახდას. ფეხები დასიებულია.

-შემოაჭერით!

ნელ-ნელა ჭრიან ,,ბათინკებს". შემოაცალეს. ავადმყოფმა ამოისუნთქა. მარიკა ყურადღებით


ათვალიერებს გასიებულ, ალაგ ლურჯად, ალაგ წითლად აფერადებულ ფეხებს. სახე უფითრდება.

-საავადმყოფოში! - მანქანა იძვრება.

ბაკურმა ხელზე მოკიდა ხელი. მარიკას შეხედა.

-ნუ გეშინია! - მარიკამ შუბლი მოუწმინდა.

-არ გინდა! ნუ გაწვალდები ტყუილად, - ამოიოხრა. - მე ვიცი, რაც მჭირს. ჩემი საშველი
აღარაფერია.

-ნუ სულელობ! რაკი ჩემამდე მოაღწიე, საშველი გამოიძებნება. დაწყნარდი!

-არ მჭირდება არავითარი საშველის გამოძებნა. არა! გესმის?! - წამოიყვირა. მოქნეული ხელი
მთელი ძალით შემოარტყა მანქანას. წამოიწია. გული შეუღონდა ისევ.

-იჩქარეთ! - მარიკამ მძღოლს გახედა. სირენაჩართულმა მანქანამ სანაპიროსკენ გადაუხვია...

მთელი ღამე არ მოცილებია ტელეფონს მარიკა. დილისთვის შეუძლებელი შესძლო. მოსკოვი


ჩაერია საქმეში. გერმანიის საელჩო. მშვიდად ამოისუნთქა. ფულმა თავისი გააკეთა. დილის თორმეტ
საათზე ჰამბურგში გადააფრინეს.

ნაცნობების ფართო წრე. გერმანელი ექიმების დაძაბული სახეები. უხოელი ავადმყოფი -


თითქმის განწირული. ფეხების ამპუტაცია გარდაუვალია თითქოს. პრესტიჟის ამბავი და...

-გილოცავთ! - პროფესორი ღიმილით უახლოვდება მარიკას. - კრიზისი გადატანილია. მსგავსი


შემთხვევა პირველი არაა ჩვენთვის. უკვე ოცი წელია, რაც რუსებმა ეგ პრეპარატი შექმნეს. ხშირად
იყენებენ. მაშ ასე! ორი კვირის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი პროტეზების მაგიერ საკუთარი
ფეხებით ივლის.
-შეიძლება ვნახო? - მარიკა ცრემლებს ყლაპავს.

-რა თქმა უნდა! მიბრძანდით!

თვალდახუჭული წევს. თავთან ახალგაზრდა ექიმი ქალი უზის.

-ძინავს? - ხმადაბლა იკითხა მარიკამ.

ბაკურმა თვალი გაახილა.

-არა! არ მძინავს! შეგაწუხე, მარიკა!

ექიმმა მარიკას შეხედა:

-მე როგორც ვიცი, თქვენ ექიმი ხართ...

-დიახ!

-ამ შემთხვევაში, დაგტოვებთ. თქვენ უკეთ მიაქცევთ ყურადღებას. თუ რაიმე გახდა საჭირო,
ღილაკს დააჭირეთ თითი, - ექიმმა ფხოველს ერთი კიდევ დახედა, ღიმილით დაუქნია მარიკას ხელი.
ოთახიდან გავიდა.

-ტკივილები გაწუხებს კიდევ? - სკამზე ჩამოჯდა.

-არა! ალბათ უკვე შევძლებ სიარულს.

-ხომ არ გაგიჟდი? ორი კვირა ფეხს ვერ მოიცვლი ლოგინიდან!

კარი გაიღო. ექიმი უკან შემოვიდა.

-თქვენთან სტუმრებია!

-სტუმრები? მობრძანდნენ! - მარიკა ფეხზე წამოდგა.

პალატაში ორნი შემოვიდნენ. ფხოველს სახე გაუნათდა.

-გივი! დათო! - წამოიწია.

-ე ბიჭო, დაწექი, თუ ძმა ხარ, ნუ ტოკავ გლახად! - მინდელი მოღუშული მიაჩერდა ბაკურის
დაბინტულ ფეხებს.

-დავაგვიანეთ, არა? - დათომ ხელი მოხვია. აკოცა.

-არა, არ დააგვიანეთ, - სევდიანი ღიმილი არ შორდება ფხოველის სახეს. - გაიცანით, ჩემი


მეგობარია, მარიკა.

-ბაკური სუსტი გულის არაა! - გივი მინდელი მარიკას შეუბრუნდა. - მინდა სიმართლე
ვიცოდე. კიდევ... - შეყოყმანდა, - კიდევ რაიმე ცუდია მოსალოდნელი?

-არაფერი! ყველაფერმა გადაიარა. ორ კვირაში ფეხზე იქნება.


-ძალიან კარგი! ტკივილები ალბათ გაქვს ჯერჯერობით?

-არც ისე. საიდან გაიგეთ ჩემი ჰამბურგში ყოფნის ამბავი?

-ფირმის საიდუმლოებაა! - ნაძალადევად გაიღიმა მინდელმა. - ბაკურ!

-გისმენ, გივი!

-მე სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე უკან, შენთან დათო დარჩება. მარიკაც ხომ აქაა. საქმეებს
მოვაწესრიგებ და ისევ ჩამოვალ.

-ბიჭები... - ვეღარ დაამთავრა. ვერ თქვა ის, რის თქმაც უნდოდა.

-კი, ბაკურ! - მიუხვდა გივი. - კახა თბილისში გადავასვენეთ. დანარჩენი ყველა სოჭში.

-მათი დაკრძალვის ამბებია მოსაგვარებელი, - დაამატა დათომ.

-გარდა ამისა, - გივი შეიშმუშნა, - ეკას ძმა დაჭრეს. ჩვენ რომ იქ ვიყავით, მაშინ მომხდარა ეს.
სერიოზული მდგომარეობაა. რეანიმაციაშია. ეკას ამბავი არ გაუგია.

-როგორ მოხდა? ვინ დაჭრა? - ფხოველს მიწის ფერი დაედო სახეზე.

-,,მხედრიონმა". ეკას დაეძებდა თურმე. ბათუმისკენ წასულა. ალბათ მიხვდა, რომ აბაშიძესთან
იქნებოდა. გზაზე დახვედრიან. მანქანის წართმევა მოუნდომებიათ. გააწამეს ხალხი ამ... - აღარ
დაამთავრა.

-დათო! - ბაკურმა ხიტალიძეს შეხედა. - რა ქენი ჯინჯოლიას განძზე?

-გადავახურდავე. ათი მილიონი დოლარი აიღო. შენს სახელზე შევიტანე.

მარიკამ წყალი მოსვა. ფხოველმა მას გახედა.

-ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყაჩაღე, მარიკა! ვაჟა ჯინჯოლიას იახტიდან მისი კუთვნილი


განძეული წავიღე...

ბაკური ჩაფიქრდა.

-შემცდარხარ, დათო! ჩემს სახელზე ფული ბანკში არასდროს ყოფილა და ისიც ამხელა თანხა.
მე ფული არ მჭირდება. გამოიტანეთ უკან და ბიჭების დაკრძალვის ხარჯებს მოახმარეთ. მათ ოჯახებს
გაუნაწილეთ. გივი, თუ ძმა ხარ, ბესიკს მიაქციე ყურადღება. ნურაფერს, ნურავითარ ხარჯებს ნუ
მოერიდები, მან უნდა იცოცხლოს, გამიგე? მე გთხოვ ამას!

ხიტალიძემ და მინდელმა ერთმანეთს გადახედეს. გივიმ საათს დახედა.

-ბაკურ! მომისმინე ყურადღებით და ნუ შემაწყვეტინებ. პირველი - ეს შენი ფულის საკითხია.


კი, შენი და არა ჩვენი. ეს ფული შენ არ მოგიპარავს. საკუთარი სიცოცხლის და რისკის ფასად აიღე
მაშინ, როცა მას უკვე პატრონი აღარ ჰყავდა. პატრონს გააჩნია. ზოგი მკვდარი ათას ცოცხალს სჯობს.
რა ითქმის ჯინჯოლიაზე? მე რომ ეს ამბავი ადრე მცოდნოდა, ათ მილიონს კი არა, ათჯერ მეტს
ავიღებდი მისგან და თვითონ მას მონად გავყიდდი სადღაც, ისევე, როგორც თვითონ აკეთებდა. ჩვენი
საძმოსთვის ათი მილიონი არაფერია, ზღვაში წვეთია. ეს ფული ჩვენ არ გვჭირდება. დაღუპული
ბიჭების დაკრძალვის ხარჯებიც გაღებულია და მათმა ოჯახებმაც მიიღეს ის თანხები, რაც მათ წლების
მანძილზე წაადგებათ. ასე რომ, მაგაზე ნუ გეფიქრება. რაკი მათ გვერდზე არ გვეღირსა სიკვდილი,
მიცვალებულთათვის მაინც გავაკეთებთ ყველაფერს, - წყალი დაისხა. - ნახევარი მილიონი წამოგიღეთ
აქ. მოდი იმ ფულზე მეტს ნუ ვისაუბრებთ. ასე არაა, დათო?

-მართალია, ბაკურ! თუ მაინცდამაინც იმდენი გაქვს, რომ ეს ფული არ გჭირდება, ჩადე, ძმაო
საქმეში. იყოს, იტრიალოს. გართმევს რამეს? მოგების მეტი შენ არაფერი დაგრჩება.

-მორჩით ამ თემაზე საუბარს! - მხარი იცვალა. - ეკა?

-მოწევა შეიძლება აქ? - გივიმ ათრთოლებული ხმით იკითხა.

-მოწიეთ! - მარიკამ ფანჯარა გააღო.

-ბაკურ! ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ პატივი ვცეთ მის ხსოვნას. არ ვიცი,
რა გითხრა, რით განუგეშო. ნუგეშისცემაც ზედმეტობად მიმაჩნია. რას იზამ. ღუმელის გვერდით არ
დაღუპულა ეკა. ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ... - თვალებში შეხედა, - ჩვენი ბრალია მისი დაღუპვა.
ჩემი და შენი! მაპატიე სიმართლისთვის, მაგრამ ასეა. რისთვის წამოვიყვანეთ? რა უნდოდა მას იქ?! -
თავი ჩახარა. - წამოვიყვანეთ? ჯერ ჩვენ უნდა დავხოცილიყავით და ჩვენს შემდეგ ის! ბევრს არ გეტყვი
არაფერს. ყველაფერს გავაკეთებ ისე როგორც საჭიროა, - ფეხზე წამოდგა. - რაც შეეხება მის ძმას,
დღესვე აქედან მიმყავს პროფესორი. ხვალ ღამით დაგირეკავთ, რა მდგომარეობა იქნება თბილისში.
წავედი! მალე ჩამოვალ! მიხედე თავს. ნახვამდის, მარიკა!

-ნახვამდის, ბატონო გივი! გმადლობთ!

-გაგაცილებ, - დათომ პიჯაკი გაისწორა. - არ გემშვიდობებით. მალე მოვალ.

კარებში გადიოდნენ. გივი მინდელი უცებ შედგა. ბაკურს გამოხედა.

-გუშინწინ, ღამის ორ საათზე გარდაიცვალა გიორგი აბაშიძე!

გავიდნენ.

-,,ბაკურ! ძია გიორგისთან, ჩემს მამობილთან ჩადი და უთხარი, რომ მე ის ძალიან მიყვარდა..."

,,ჩვენი ბრალია მისი დაღუპვა!" - ზარივით რეკს მინდელის სიტყვები.

ვიცი, გივი! ვიცი, ძმაო! უშენოდაც კარგად ვიცი, რომ მე ვარ და სხვა არავინ დამნაშავე მის
სიკვდილში. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მე ხომ ჩემს გარშემო მყოფთათვის ბედნიერება არასდროს
მომიტანია. მე შემეწირა ის, ვინც სიცოცხლეზე, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. რაიმე აზრი აქვს
ჩემს ცხოვრებას კიდევ?! არაფერი! სიყვარული, ნაღდი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. ერთხელ
მოვიდა ჩემთანაც. მე კი მოვსპე და გავანადგურე. ვერ შევინახე, ვერ გავუფრთხილდი მას. რაღა
დამრჩა? აღარაფერი! არა! არა! არა!

გულაღმა იწვა. ჭერს მიშტერებოდა.


,,შემომფიცე, რომ იცოცხლებ! იცოცხლებ მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის!" და მეც ფიცი
მივეცი! ვიცოცხლებ. ვიცოცხლებ, ეკა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ გაზაფხულზე მთაში მოკრეფილი
იები მოგიტანო.

ტრიალებს, ტრიალებს ფიქრის, მოგონების კარუსელი.

,,ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი, და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად..."

რესტორანი. ეკა მღერის. სულგანაბული ხალხი. ღიმილიანი სახეები.

,,გრცხვენოდეთ! აქ რომ მოვდიოდი, მეგონა ოცნებაში წარმოდგენილი ჯენტლმენისკენ


მივისწრაფოდი..."

-ოჰ! - აღმოხდა.

-ხომ არაფერი გინდა?

-არაფერი, მარი. რამდენი ღამეა არ გძინებია?

-არ მეძინება!

დათომ შემოაღო კარი.

-რა ქენით? წავიდა?

-კი, აეროდრომზე წავიდნენ. ორ საათში გაფრინდებიან. მარიკა, წადით, დაისვენეთ. მე ვიქნები


მასთან.

-მართალია. წადი, მარიკა, მოისვენე. ეცადე დაიძინო.

-კარგით, წავალ, - ჩანთა აიღო.

-სად იქნები? კროუფორდებთან?

-არა, სასტუმროში. იქნებ დაძინება შევძლო. დავრეკავ...

ერთხანს უხმოდ ისხდნენ.

-მომაწევინე სიგარეტი, - ბაკურმა კარებისკენ გაიხედა.

-შენთვის შეიძლება მოწევა?

-არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მინდა. ერთი ღერი არაფერს მიზამს.

-რას აპირებ? - დათო ფანჯარასთან მიდის.

-არ ვიცი, დათო.

-დაბრუნდები საქართველოში?
-არ ვიცი! არაფერი არ ვიცი. მაგაზე არ მიფიქრია.

-არ გირჩევ საქართველოში ცხოვრებას, - ხიტილაძე ჩაფიქრებული იყურება. - იქ ქაოსია დღეს.


ნორმალური ადამიანის საცხოვრისი არაა იქ. დარჩი გერმანიაში, ან შტატებში წადი. არც იტალიაა
ურიგო. შენი შესაძლებლობების და ფულის პატრონი, მერწმუნე, ევროპის ქვეყნებში წინ წაიწევ. რა
გეღიმება?

-ვენეციაც არაა ცუდი, არა? ისეირნე ნავებით. კარგი სვი, კარგი ჭამე...ავსტრალიას ხომ, ნუღარ
იტყვი, სხვა პლანეტაა.

-შაყირის დროა? რას ხედავ სასაცილოს, არ მესმის.

-დათო! თუ დაფიქრებულხარ ოდესმე, ყველა ქართველმა, ვინც ორიოდე ბინძურ კაპიკს


იშოვის, რომ დაკრას ფეხი და კარგი ცხოვრების მოლოდინში ცხრა მთას იქით გადაიხვეწოს. ვინღა
უნდა დარჩეს იქ?! აქ ფუფუნებით ცხოვრებას საქართველოს მიწაზე მიჯობს სიკვდილი. არ ვიცი,
შეიძლება მოვიდეს დრო, როცა მეც უკანმოუხედავად გავრბოდე საქართველოდან, მაგრამ
ჯერჯერობით არ ვაპირებ. მე იქ დედა მყავს. იქ გაითხრება ეკას სამარე და ყოველ გაზაფხულზე... იქ
უნდა ვიყო! - შებრუნდა. ბალიშში ჩარგო თავი.

XVII თავი

-თქვენ გკითხულობენ!

-ვინაა?

-არ ვიცი, ახალგაზრდა ვაჟია ვიღაც.

მამა დავითი ნელა წამოდგა. გამოიხურა სენაკის კარი. გამოვიდა. მძიმე ნაბიჯით ჩამოვიდა
კიბეზე. ტაძრის შესასვლელთან თავდახრილი იდგა თეთრლაბადიანი ვაჟი. შემობრუნდა
წინამძღვრისკენ.

-დილა მშვიდობისა, მამაო!

-მშვიდობა ნუ მოგიშალოს უფალმა! - უცნობის ხმა ეცნაურა.

-ვეღარ მიცანით ალბათ?

-სიბერე თავისას შვრება, შვილო!

-ოთხი თვის უკან, ღამით ვიყავი თქვენთან. ამ აივნიდან გამაყოლეთ ლოცვა-კურთხევა


ფრონტზე მიმავალს.
-ბაკურ?! - ნათელი დაეფინა სახეზე მამა დავითს. - წამოდი ჩემთან!

უკან შებრუნდა. აივანზე ავიდა ისევ.

-ჩამოჯექი!

ხის ტახტზე დაჯდა ფხოველი. მის საპირისპიროდ ჩამოჯდა წინამძღვარი.

-მადლობა უფალს, რომ საღ-სალამათს გხედავ, მაგრამ რაღაც უსაშველო ნაღველი გიჩანს
თვალებში, შვილო!

-სულის სიმარტოვეზე მეტი საშინელება არაფერი ყოფილა ქვეყნად, მამაო! არც ომი, არც
სისხლი, არც ცრემლი და არც სიკვდილი. მიჭირს, ძალიან მიჭირს.

-ბაკურ, შვილო! იმ ღამით, როცა პირველად მოხვედი ჩემთან, არ გვქონია ჩვენ ამის დრო, -
წამოდგა. კარადა გამოაღო. პატარა დოქი, ორი ჭიქა და ყურძენი ჩამოდგა სამფეხა მაგიდაზე. ჭიქები
შეავსო. - შენი ჩამოსვლა დავლოცოთ!

-გმადლობთ!

-დალიე! ჭაჭაა, ჩემი დაწურული... სულიერი მოძღვარი თუ გყავს?

-არა!

-ცუდია. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, მომიყევი შენი ცხოვრება.

-სიამოვნებით! მოკლედ გეტყვით. ფშავში გავიზარდე...

-გაწყვეტინებ, შვილო! ფშავი ისტორიული ფხოვია, ხომ?

-დიახ! იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. მამა ინჟინერი იყო, დედა -პედაგოგი. ერთადერთი
და მყავს. სკოლის დამთავრებიდან მეორე წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავირიცხე.
მეოთხე კურსიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის
საზღვაო ფლოტში მომიწია სამსახური, სადესანტო ნაწილში. ერთ დღეს კი რატომღაც მაინცდამაინც მე
გამომარჩია სარდლობამ და მოსკოვში გამგზავნა სასწავლებლად. ჩემთვის იქ პლუტარქე არავის
უსწავლებია. არც ბალზაკის და გოეთეს საკითხავად მეცალა. უმაღლეს დონეზე შემასწავლეს
ადამიანის კვლის ხელოვნება, ხიდების, გზების, სახლების აფეთქება. უცხოელი, უმაღლესი კლასის
სპეციალისტები გვასწავლიდნენ. მორჩა სწავლება. ოფიცრის წოდებები დაგვირიგეს და ავღანეთში
გვიკრეს თავი. დავამხეთ ავღანეთის კანონიერი ხელისუფლება. წითელი არმია, სისხლით
მოთხვრილი წითელი ხელებით, ტყვიით და ხიშტით შევედით თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის
ტერიტორიაზე. ყოველ სიზმარს, რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, თავისი დასასრული აქვს.
კოშმარებს თავს აღწევს ადამიანი, როცა იღვიძებს. და მეც გამოვიღვიძე, როცა დავბრუნდი...

წავედი ჯარში წმინდა, უმანკო სულით. იქიდან დავბრუნდი ჩამოყალიბებული მკვლელი -


ჩაფურთხებული სულით, ცივი გონებით.
თბილისს მივაშურე. ძველ ინსტიტუტში აღარ გამიგრძელებია სწავლა. ოცდაოთხი წლის
ვიყავი უკვე. სოფლის მეურნეობის სპეციალისტად მე არ გამოვდგებოდი. იმავე წელს უნივერსიტეტის
იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ვერც ის დავამთავრე. გამრიცხეს უნივერსიტეტიდან.

-რატომ გაგრიცხეს?

-ამორალური საქციელისთვის!

-უფრო ზუსტად?

-გახსოვთ ძმები ივერიელები? ჩიხლაძე, ფეტვიაშვილი? თბილისში მომხდარი ამვაი,


თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით?

-მახსოვს. კარგად მახსოვს! - სახე მოეღრუბლა მამა დავითს.

-ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ... მე არ წავედი ამ საქმეზე. შემდეგ უკვე, როცა ყველაფერი
დამთავრდა, გამრიცხეს. თურმე უნდა მივსულიყავი და უშიშროების კომიტეტისთვის განმეცხადებინა
მეგობრების ჩანაფიქრი. ეს არ გავაკეთე. იმსჯელა კომკავშირის ბიურომ, დეკანატმა, ცხადია ,,კგბ"-ს
ზეწოლით. აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ამორალური პიროვნებები უნივერსიტეტის ღირსებას ლახავდნენ.

როგორც იტყვიან, ფარ-ხმალი არ დამიყრია. ორი ინსტიტუტი დავამთავრე ამის შემდეგ -


უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და უცხო ენების ინსტიტუტი, აღმოსავლური ენები.
დავეუფლე სპარსულ ენას. ერთი წელი სპარსეთში გავატარე. ისევე ვფლობ სპარსულს, როგორც
მშობლიურს. სტუდენტობის პერიოდში მთელი კავკასია ფეხით მაქვს შემოვლილი.

დაიწყო ეროვნული მოძრაობა. იმთავიდანვე ახლოს ვიყავი ბატონ მერაბ კოსტავასთან. მისი
მეშვეობით გავიცანი ზვიად გამსახურდია. ეს წლები იყო ჩემთვის უბედნიერესი წლები. შემდეგ 9
აპრილი... თალხში ჩამჯდარი საქართველო...

გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩეულ იქნა პირველი პრეზიდენტი.


პირველივე დღეებიდან დავინიშნე სპეცდანიშნულების სამხედრო შენაერთის ხელმძღვანელად,
რომელიც ემორჩილებოდა მხოლოდ პრეზიდენტს.

როგორც ყოველთვის ხდებოდა ისტორიულად საქართველოში, ყველაზე დაახლოებული


პირნი განუდგნენ პრეზიდენტს და საქართველო სამოქალაქო ომის რეალური საშიშროების წინაშე
აღმოჩნდა. განდგომილნი თბილისის ზღვაზე იყვნენ. აფთარივით ვგრძნობდი მოსალოდნელი
სისხლის სუნს, ატმოსფერო თანდათანობით იძაბებოდა.

შევედი მასთან. სადღა იყო ის კაცი, ვისაც ვაღმერთებდი და პატივს ვცემდი?! სადღა იყო
საქართველოს სათაყვანებელი პრეზიდენტი?! ჩემს წინ დაშინებული, შემკრთალი კაცი იდგა... მასთან
იყო ვახტანგ ქობალია.

-ბატონო ზვიად, ნება მომეცით ვიმოქმედო! - გული დამეწურა მის შემხედვარეს.

-რას ფიქრობ? - შემკრთალი ხმა. დაბნეული გამოხედვა. - რის გაკეთებას აპირებ?


-ავალ თბილისის ზღვაზე, გათენებამდე ავიყვან ხელმძღვანელებს. მათადმი
დაქვემდებარებულ შენაერთებს განვაიარაღებ!

-შეძლებ ამას?

თვალები გაუბრწყინდა ლოთი ქობალიას.

-შევძლებ! - პირჯვარი გადავიწერე. - ვფიცავ, უსისხლოდ მოხდება ყველაფერი.

ერთ ხანს ჩაფიქრებული იდგა. შედგა კი:

-არა! - ცივი უარი. - არ შეიძლება ამის გაკეთება.

-რატომ? რატომ არ შეიძლება? - იყვირა ქობალიამ.

-იმიტომ, რომ მათ გარკვეული მასა უჭერს მხარს. შეიძლება უარესი მოხდეს.

-ბატონო ზვიად! მე მწამს, ყველაფერი კეთილად დამთავრდება. მივცეთ ფხოველს მოქმედების


სრული თავისუფლება! - კიდევ ერთხელ სცადა ქობალიამ პრეზიდენტის დაყოლიება.

-არა! გითხარით, არა!

-შემდეგ უკვე გვიან იქნება! - მეტის ვეღარაფრის თქმა შევძელი.

-ვახტანგ! ბაკურ! ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, - პრეზიდენტი ჩვენთან მოვიდა. - მე მჯერა,


რომ ისინი თვითონ მოეგებიან გონს. არ გასწირავენ საქართველოს და მის მთავრობას. ახლა კი
დროებით უნდა გამოგეთხოვოთ. უცხოელ ჟურნალისტებს უნდა შევხვდე.

გულშეკუმშული გამოვედი. უკვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა. პრეზიდენტს სჯეროდა მათი, მე


კი არა! მათი ნდობა უკვე აღარ შემეძლო. ადამიანი, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს
ზურგში დანას ჩასცემს, განა ნდობის ღირსია?! არ შეიძლებოდა მათი ნდობა, ვისაც მოსკოვი
აპროგრამებდა.

იმავე დღეს ყველაფერი მივატოვე და ჩემს მშობლიურ მთებს მივაშურე. უსისხლოდ


შეიძლებოდა ყველაფრის მოგვარება. არ ისურვა? რა მექნა! მე ქართველთა წინააღმდეგ ვერ ავწევდი
იარაღს, მამაო!

ექვს იანვარს დაამხეს საქართველოს მთავრობა. მთელი წელი სოფლიდან ფეხი არ მომიცვლია.
შემდეგ კი... შემდეგ ისევ მომენატრა თბილისი. რა დამხვდა? რეტდასხმული ვიდექი. გადამწვარი,
დანახშირებული, ტყვიით დადუღებული რუსთაველი...

შეწყვიტა საუბარი. სვეტიცხოველს მიაპყრო მზერა.

-შემდეგ?

-შემდეგ რა. თითქმის არაფერი. ერთფეროვნება. მოსაწყენი ცხოვრება.

-შენ მაინც მთავარი არ გითქვამს ჩემთვის.


-რას გულისხმობთ მთავარში?

-შენი პირადი ცხოვრება. რამდენი წლის ხარ?

-ოცდაცამეტის.

-მეუღლე გყავს?

-მყავდა, მამაო!

-გაცილდი?

-დიახ! დიდი ხანია.

-მითხარი გულწრფელად. არავინ გიყვარს? საცოლე არ გყავს?

-მიყვარდა. მყავდა. სამი კვირის უკან ჩემს ხელში დალია სული. მას შემდეგ გაერთიანდა
ჩემთვი დღე და ღამე, გაწონასწორდა ნათელი და ბნელი. აღარაფრის აღარ მწამს. ყველაფერი ჩაკვდა,
მოისპო ჩემში.

-ჰმ! ჩაკვდა! მოისპო! - გული მოუვიდა წინამძღვარს. - საქმეც ეგაა, რომ შენში არ უნდა ჩაკვდეს,
არ უნდა მოისპოს არაფერი. შენ უნდა სძლიო თავს. დედის კალთას მოუცილებელი ბარტყი რომ იყო,
ამას არ გეტყოდი. მაგრამ შენ?! არ გეპატიება სასოწარკვეთა, სისუსტე. სწორედ ახლა, როცა სულიერ
მარტოობას განიცდი, უნდა შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა. შენ სხვა უფლება არ გაქვს. უნდა
დაისახო რაღაც მიზანი და მისთვის იბრძოლო. იოლია სასოწარკვეთა, ძნელია დასახული მიზნის
მიღწევა. გესმის, რას გეუბნები?

-მესმის, მამაო!

-ამასწინათ მითხარი შენ, ჩემი მიზანი ერთიაო: ჩვენი დაკარგული სოფლების და ქალაქების
დაბრუნება! არაფერი გითხარი მაშინ. ვიცოდი, არ მოხდებოდა ეს. მართლაც, რაც გვქონდა, ისიც
გამოგვაცალეს ხელიდან. ახლა რას ფიქრობ? გააგრძელებ სამხედრო სამსახურს?

-არა! უკვე გავიხადე ფორმა და ალბათ აღარსოდეს ჩავიცვამ.

-აბა, რა მიზანი გაქვს?

-არ ვიცი! - ნაღვლიანი მზერა მიაპყრო წინამძღვარს. - ჯერ არ მიფიქრია სამსახურზე. გუშინ
უშიშროებაში გამომიძახეს. გამაფრთხილეს, თბილისი დავტოვო.

-რაო?! - შეჰყვირა მამა დავითმა. - რა მიზეზით?

-არ ვიცი!

-როგორ? არ იკითხე? რა გიპასუხეს?

-ასეა საჭიროო!
-ასეა საჭიროო? - წინამძღვარი ფეხზე წამოდგა. ადგილს ვეღარ პოულობდა აივანზე. - შენ
თვითონ რა გადაწყვიტე?

-ხომ გითხარით, არაფერი! მე უკვე ვეღარ ვაზროვნებ. ყველამ, ყველაფერმა ზურგი მაქცია.
ცხოვრებამ დამცა და წამოდგომის საშუალებას არ მაძლევს. - ფხოველიც ფეხზე ადგა. - თავი
შეგაწყინეთ ალბათ? წავალ ახლა! შემოგივლით კიდევ.

-ნუ სცოდავ ღმერთს! - მოიღუშა მამა დავითი. - სად აპირებ წასვლს?

-სოფელში ჯერჯერობით.

-შემდეგ?

-შემდეგ ვნახოთ, მამაო! ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი აქ, ჩემს მიწაზე. მეკეთებინა რაღაც
ხალხისთვის, მაგრამ თუ არ მომცემენ საშუალებას, წავალ უცხოეთში.

-უცხოეთში? - ახლოს მიიწია ბაკურთან. - ეგ რამ გაფიქრებინა?!

-მაშ რა ვქნა? მირჩიეთ!

მამა დავითი ჩაფიქრებული გაჰყურებდა ზედაზნის მიდამოს.

-უცხოეთში ვინ გყავს? რომელი ქვეყანა გაქვს მხედველობაში?

-შტატები! - ხმადაბლა თქვა ფხოველმა.

თვითმფრინავი აეროდრომზე დაეშვა. ნელი ნაბიჯით ჩამოდიან ტრაპზე ბაკურ ფხოველი და


ნატა გელოვანი. შავი ლიმუზინები პირდაპირ აეროდრომზე შემოდიან და თვითმფრინავთან
ჩერდებიან. შუა მანქანიდან შუახანს გადაცილებული მამაკაცი გადმოდის. შეიარაღებული დაცვა
ირგვლივ ყველაფერს კეტავს. მამაკაცი ღიმილით უახლოვდება მათ. ნატას მოეხვია. აკოცა.

-გულს ნუ გაიტეხ! - ფხოველისკენ შებრუნდა. - ეს ახალგაზრდა...

-ჩემი მეუღლის მეგობარია საქართველოდან.

-ოო! - მამაკაცი ყურადღებით მისჩერებია ბაკურს. - ეს ხომ არაა შენი ავღანური ნარკვევების
გმირი? თუ არ ვცდები ,,შავი სატანა"?

-დიახ! - ნატამ ფხოველს შეხედა. - ბაკურ, გაიცანი! ბიძაჩემია. ჩემი დეიდის ქმარი. ქალაქ
დალასის მერი.

-სასიამოვნოა! - მაგრად ართმევენ ერთმანეთს ხელს.

-აბა, წავიდეთ! - ქალაქის მერი მანქანისკენ მიემართება. უკან მიჰყვებიან. მანქანები ნელა
მიიწევენ დალასის ქუჩებში.

-აქაა დეიდა? - კითხულობს ნატა.


-არა. კორსიკანაში გველოდება. დეიდაშენს ვერაფრით შევაყვარე ეს ქალაქი. მარტოს მიწევს
დალასში ცხოვრება. როგორ მოგწონთ ქალაქი? - მხარზე ოდნავ ეხება ქალაქის მერი ბაკურს.

-საუცხოოა! დიდებულია! - აღფრთოვანებას ვერ მალავს ფხოველი.

კორსიკანა. ნატას დეიდის დიდებული სასახლე. გულთბილი მიღება. დეიდის ცრემლიანი


სახე. პალმებით გადაბურული ხეივანი. მრავალრიცხოვანი სტუმრები. მანქანების, ახალგაზრდების
სიმრავლე ირგვლივ. ნატა გელოვანი აქეთ-იქით იხედება.

-ჯონი სადაა? - ეკითხება დეიდას.

-ველოდებით!

-სამსახურშია?

-არა! ვაშინგტონშია. ნანა უნდა ჩამოიყვანოს. წუთი-წუთზე მოვლენ. სამი საათის უკან
დარეკეს, მოვფრინავთო!

-ნანა ჩამოდის? რა კარგია! - სიხარულისგან სახე უწითლდება ნატას. - ბაკურ! ჯონი და ნანა
ჩემი დეიდაშვილები არიან. ჯონი ძიების ფედერალურ ბიუროში მუშაობს, ნანა კი ვაშინგტონში
სწავლობს. და რაც მთავარია, შენ დღეს შესაძლებლობა მოგეცემა, კიდევ ერთხელ ნახო ცამეტი წლის
წინანდელი ნატა გელოვანი.

-სურათები გინდა დამათვალიერებინო?

-არა! - ეღიმება ნატას. - შენ ნახავ ერთადერთ ხორცშესხმულ სურათს.

ბაკური კითხვით აჩერდება.

-დედა და დეიდა ტყუპები არიან. ისინი არ დაემსგავსნენ ერთმანეთს. დედაჩემი მთელი


თხუთმეტი წლით ადრე გათხოვდა, დეიდა - გვიან. საოცრება მოხდა. ნანა ჩემი ორეულია,
მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ათი წლით პატარაა...

გადის კიდევ ორიოდ საათი. სტუმრები აყოვნებენ დაჯდომას. და აი... მხიარული შეძახილები:

-ჯონი! ნანა!

და-ძმა სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება სტუმრებს.

-ჰელოუ! - ხელის აწევით, მხიარულად ესალმებიან მეგობრებს.

გაუნძრევლად დგას ბაკურ ფხოველი. ,,ნუთუ შესაძლებელია ასეთი მსგავსება?!"

ცამეტი წლის წინანდელი კადრები ცოცხლდება ისევ. მართალი თქვა ნატამ. მისი
დაბრუნებული წლები, ახალგაზრდობა მის წინ დგას. მხოლოდ თვალები აქვს ნანას სხვა ფერი -
მწვანე, მუქი მწვანე.

-ჩემი დეიდაშვილები! - წარუდგინა ნატამ და-ძმა და ფხოველი ერთმანეთს.


-ნანა! - ბაკურის ძლიერ მარჯვენაში იმალება მისკენ გამოწვდილი სუსტი, სალუქი თითები...

განუმეორებელი ღამე. სინამდვილე და ზღაპარი ერწყმის ერთმანეთს...

მეორე დილა. ახალგაზრდობა მანქანებით ბატონ-რეჟიში მიემგზავრება. მდინარე მისისიპი.


თეთრი, პატარა გემი. ახალი ორლეანისკენ მიდიან გემით.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. გემბანზე მარტოდმარტო დგას ბაკური. გრილა. ჩაფიქრებული


გაჰყურებს მისისიპის უდაბურ, სიბნელეში ჩაძირულ სანაპიროს.

-არ გძინავთ? - ნანას ხმაა.

-არა. თქვენ რატომ არ დაიძინეთ?

-არ დამეძინა.

-მოისხით შეგცივდებათ, - ფხოველი ქურთუკს იხდის, ფრთხილად ახვევს ქალიშვილს


მხრებზე. - ნატას ძინავს?

-არა. წერს. მასპინძელი ამას არ უნდა გეკითხებოდეთ, მაგრამ... დიდხანს დარჩებით შტატებში?

-ალბათ ერთი ან ორი კვირა.

ნანა წყალს დასჩერებია. ბაკური ატყობს, რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, თქვას
თუ არა.

-დალასის მერის ქალიშვილს მე ალბათ ვერაფრით დავეხმარები, - ეღიმება. - მაგრამ მაინც...


იქნებ საჭირო ვარ თქვენთვის? ხომ არაფერში შემიძლია დაგეხმაროთ?

-ბაკურ! - მისკენ შემობრუნდა ნანა. - ეს ყოფილი საბჭოეთი როდია. აქ შტატებია. არაფერი


მნიშვნელობა არ აქვს, მე მერის ქალიშვილი ვარ თუ უბრალო უმუშევრის. თუნდაც პრეზიდენტის
შვილი ვიყო. მერე რა?! აქ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ცხოვრობს ისე, როგორც მას სურს. თქვენ
წარმოიდგინეთ, სულ არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რომ მამაჩემი ქალაქის მერია. ათასჯერ ჯობდა
ჩემთვის, უბრალო ფერმერის ან ბიზონებზე მონადირის შვილად დავბადებულიყავი. მეცხოვრა
სადღაც პრერიებში. მეჭენებინა უბელო ცხენები... რატომ იღიმებით?

-მერედა წადით პრერიებში, აჭენეთ ცხენები, ინადირეთ და იცხოვრეთ. თუ ყველა ისე


ცხოვრობს, როგორც მათ სურს, თქვენ რატომ არ ცხოვრობთ თქვენი სურვილისამებრ?

-უსიერ პრერიებში ცხოვრების სურვილს ჩემსას წინ არაფერი დაუდგება, მაგრამ არსებობს
ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც თავს ვიკავებდი დღემდე.

-რა მიზეზია? ფინანსური პრობლემა რომ არ იქნება, ამას ვხვდები.

-არა, - ნანა თვალებში აჩერდება ფხოველს. - მიზეზი ერთია! მე დღემდე არ ვიცნობდი იმნაირ
მამაკაცს, ვისზეც შევძლებდი დაყრდნობას. გამოჩნდით თქვენ და ვიგრძენი, რომ ხართ ის
ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი.
-ნანა! - ბაკური საჭირო სიტყვებს თავს ვერ უყრის. თვალებში ჩაჰყურებს ქალიშვილს.
ერთბაშად მოდის გონს. - ის ყველაფერი, რაც თქვით, აბსურდია. ეცადეთ, რაც შეიძლება შორს იყოთ
ჩემგან. მომერიდეთ, რადგან ყველას, ვინც ჩემს ახლოს ცდილობდა ყოფნას, მხოლოდ ცრემლი და
ტანჯვა რგებია ქვეყნად. ძილი ნებისა! მაპატიეთ!

ბრუნდება. კაიუტისკენ უნდა წავიდეს.

-გახსოვდეთ! - წუთით აჩერებს ნანას სიტყვები. - მე ჯერ კიდევ პატარა ბავშვს მიყვარდით
თქვენ. ბალიშქვეშ მეწყო ნატას ნარკვევები ავღანეთზე, ქართველზე, რომელსაც ,,შავ სატანას"
ეძახდნენ. სიზმრებში ვხედავდი იმ კეთილ რაინდს, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ მტერსაც კი ზედ
ეფარებოდა და საკუთარ სიცოცხლეს არ ზოგავდა უმწეო ადამიანთა გადასარჩენად... დაიხსომეთ, რომ
არსებობს ნანა უორბეკი, ინგლისელ ლორდთა შთამომავალი, ვის ძარღვებშიც ნახევარი ქართული
სისხლი ჩქეფს და ვინც მთელი ცხოვრება დაგელოდებათ თქვენ! ძილი ნებისა!

ბაკურ ფხოველს ქურთუკს უბრუნებს და კაიუტისკენ მიემართება.

გემი ნელა მიაპობს მისისიპის ტალღებს...

-დაფიქრდი, შვილო! - მამა დავითი წვერზე ისვამს ხელს, - ნუ აჩქარდები. იცი, ალბათ, რას
ნიშნავს ფრანგული სიტყვა ,,ნოსტალჟენ". მამულის, საკუთარი ქვეყნისადმი სევდას! სადაც არ უნდა
წახვიდე, რა ცხოვრებაც არ უნდა გექნეს, ადრე თუ გვიან შენს სულს და სხეულს ნოსტალგია მოიცავს
და გული მაინც სამშობლოსკენ გამოგიწევს. გახსოვდეს ჩემგან, ბებერი არწივი მთებში და კლდეებში
ბრუნდება ყოველთვის, რათა იქ დაასრულობს სიცოცხლის დღენი, სადაც შობილა...

ღამის წყვდიადს მოეცვა არაგვის ხეობის შემოგარენი. ჟინვალის წყალსაცავის თავზე


გადაჭიმულ კლდოვან გზაზე ნელი სვლით მიიწევდა ,,ბმვ". ნისლში ჩაძირულიყო გზის ეს მონაკვეთი.
საჭეზე მსუბუქად ჩამოდებულ ხელში სიგარეტი უბოლავდა ბაკურს. დაფიქრებული გაჰყურებდა
ნაცნობ გზას. ამ მთრთოლვარე ნისლის მიღმა, როგორც სიზმარში, მოულოდნელად გამოგეცხადება
ადამიანს საშავარდნისა და მაღაწლის, ახუნის, როშკისა და სინადაურას ცად აზიდული, ამაყი, უკარება
მწვერვალები. ის არაფერს ნიშნავს, რომ იცი და წინასწარ ელოდები მათ გამოჩენას, მაინც
მოულოდნელად გამოგეცხადება...

ფხოველი მთელი არსებით აღიქვამდა დაქალებულ შემოდგომას. აღიქვამდე, როგორც


საკუთარი სულის და სხეულის განუყრელ ნაწილს. შეგრძნება იმის, რომ თვითონაც ამ მთების,
სისხლით და ოფლით გაპოხილი მიწა-წყლის შვილი იყო, ძალას მატებდა. ანანური! ბებრის ციხე!
გომეწრის, ქორსატეველას ციხეთა ნაშთები! რამდენმა თაობამ იცხოვრა ამ მიწაზე, რამდენის მკლავი
და ქედი გაცვდა, რამდენის ძვალი დაიფერფლა, მაგრამ მოდიოდა ახალი თაობა, იზრდებოდნენ
საარაგვოში და კვლავ იბრძოდნენ, კვლავ ეწეოდნენ ცხოვრების მძიმე ჭაპანს.

,,მთიდან მოდიოდნენ ვაჟები კერკეტა, უკან ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად...


მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს და მარაბდას... მთიდან
მოფრინავდნენ, მტრის ჟლეტა ნებავდათ და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა..." ნაწყვეტ-ნაწყვეტ
გაურბინა გონებაში შოთა ნიშნიანიძის სტრიქონებმა. სახეზე მოისვა ხელი. ასფალტიანი გზა დაიწყო.
სისწრაფეს უმატა. ნისლი პატარ-პატარა ფთილებად ეწყო. ღრმად შეისუნთქა ღია ფანჯრიდან
მონაბერი ნიავი. როგორც არასდროს, ის ახლა გრძნობდა, რომ ქვეყნად ყოფნა ერთი დიდი ვალის
გადახდაა საკუთარი მიწისა და ხალხის წინაშე. და ვინც ამას დროზე ვერ მიხვდება, მისი სიცოცხლე
უქმი და მომცდარ მიწასავით უნაყოფო იქნება. თვითონ კი არ გააკეთა, რით გადაიხადა ვალი,
რომელიც ქვეყნად მოსვლისთვის დააკისრა ვიღაც უხილავმა და ყოვლისშემძლემ?!

გუშინდელი დღე. უშიშროების კომიტეტი. ნაცნობი სახეები. თბილად ესალმებიან ფხოველს.


ბევრს იცნობს. ისინიც იცნობენ მას. ბევრი კარგი ბიჭი მუშაობს აქ.

-ბაკურ! - კიბეზე ვიღაც შედგა.

-გამარჯობა, ნოდარ! - გადაკოცნა. წლების წინ გაიცნეს ერთმანეთი ქორწილში ნოდარ


ჩხეტიანმა და ბაკურ ფხოველმა. სუფრაზე რაღაც გაუგებრობა მოხდა. საკმაოდ ნასვამმა ჩხეტიანმა ჯერ
ბოთლი ესროლა ბაკურს, შემდეგ პისტოლეტი დააძრო... მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს. სადღა იყო
ის გამხეცებული სვანი? ნოდარი სახეაწითლებული იდგა.

,,რა ვქნა, მიყვარს შენი და!" - ხმადაბლა უთხრა, თვალებში შეხედა ბაკურს. ,,ჩემი და თუ
გიყვარს, მე რისთვის მიმეტებდი მოსაკლავად?!" - გაეცინა ბაკურს. მას შემდეგ დამეგობრდნენ.

-ყველაფერი ვიცი, აღარაფერს გკითხავ, - ვიღაცას მიესალმა ნოდარი. - გამომიარე სახლში,


ვისაუბროთ.

-შევეცდები, ნოდარ!

-აქ ვისთან ხარ? ჩემგან არაფერი გჭირდება?

-არა! ვიღაც წულაიასთან ვარ დაბარებული.

-რა უნდა?

-არ ვიცი!

-მეორე სართულზე ადი და მარჯვნივ! მე საქმეზე გავდიოდი, მაგრამ დაგიცდი. გაიგე ერთი, რა
უნდა მაგ ყოფილ კომკავშირის ვირთხას და ჩემთან შემოდი მერე.

-კარგი, ნოდარ!

-ჩემთან ვარ. გელოდები!

კარებზე წარწერა. შეაღო. მაგიდასთან მჯდომმა ერთი კი შეხედა შესულს, ხელით ანიშნა
სკამზე და კვლავ ქაღალდებში დაიწყო ფათური. როგორც იქნა, მორჩა. ქაღალდები საქაღალდეში
ჩააწყო. გვერდზე მისწია.

-თუ არ ვცდები, ფხოველი ბრძანდებით?

-დიახ!

-სად იყავით აქამდე? დიდი ხანია გელით, ბატონო ბაკურ!


-ოქროს ქვიშებზე ვისვენებდი! - სიცივე ჟონავს ფხოველის ხმაში.

-სად?! - წულაია სათვალეს ირგებს.

-გითხარით, ოქროს ქვიშებზე. საერთოდ კი, როგორც ვხედავ, თანატოლები ვართ და ჯობია
მომმართოთ ყოველგვარი ბატონობის გარეშე.

-როცა სუფრაზე ვზივარ და მეგობრების წრეში ვარ, იქ მსგავსი ტონით არც მე ვსაუბრობ,
მაგრამ აქ სახელმწიფო დაწესებულებაა, - უცებ უჭრის. - მე კომკავშირის ცეკაში ვმუშაობდი და...

-გეტყობათ! - აწყვეტინებს ფხოველი. - რისთვის დამიბარეთ?

-ბუჩუკური თქვენ გადმოასვენეთ?

-დიახ!

-თოფურიძე?

-არა! ჩემმა მეგობრებმა.

-ვინ არიან თქვენი მეგობრები?

-არ იცნობთ!

-მაინც?

-რუსეთის მოქალაქეები არიან, მინდელი და ხიტილაძე. ამ წუთებისთვის ორივე გერმანიაშია.


მისამართი გინდათ? ტელეფონიც მაქვს! - ეღიმება.

-გმადლობთ. არ მინდა.

-აბა რა გინდათ?

-თქვენ შეხვდით ვახტანგ ქობალიას?

-შევხვდი. სულ ხუთიოდე წუთით.

-მერე?

-მერე არაფერი!

-რა გითხრათ?

-თბილისში საყვარელი ყოლია. მოკითხვა დამაბარა.

-მოეშვით ხუმრობას! - სახე უშავდება წულაიას.

ფხოველი ფეხზე დგება. მისკენ მიემართება. მაგიდას ეყრდნობა ხელით.

-რა გქვიათ?
-ვახტანგი!

-ვახტანგ! კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ჩემზე უწყინარი კაცი თბილისში არ დადის. ისიც
კარგად იცით, რომ მე ისეთი არაფერი მაქვს ჩადენილი, რითაც შეგეძლოთ რაიმე ხელჩასაჭიდი
მოგენახათ ჩემს წინააღმდეგ. ასე რომ ყოფილიყო, აქამდე უკვე ათასჯერ ამიყვანდით. ხომ ასეა?

უხმოდ ზის ვახტანგ წულაია.

-ძალიან გთხოვთ, მეტი აღარ შეწუხდეთ ჩემი გამოძახებით! - ფხოველი კარებისკენ


მიემართება. - სუფრაზე შეხვედრამდე, ბატონო ვახტანგ!

-ბაკურ!

-გისმენთ! - ბრუნდება. ვახტანგი დგება. მის წინ ჩერდება.

-ბევრი კარგი გამეგო აქამდე თქვენზე. დღეს შევხვდით ერთმანეთს და მიუხედავად თქვენი
აგრესიულობისა, პირდაპირ გეტყვით, მომეწონეთ. ჩემი რჩევა იქნება, დროებით დატოვოთ თბილისი.

-სად წავიდე? - დაბალი, ნაღვლიანი ხმა.

-არ ვიცი! სადაც გინდათ! - წულაია თვალს არიდებს.

-რატომ? ვისთვის ვარ ზედმეტი?

-ასეა საჭირო. მეტის თქმის უფლება არ მაქვს.

-გასაგებია. გმადლობთ...

სიბნელეში ჩაძირულიყო შახტისკარი. ცენტრში არავინ იყო. ჟინჟლავდა. მანქანა გზაზე


გააჩერა. ეზოში შევიდა. ოდნავ ბჟუტავდა ლამპა. გადაწეული ფარდიდან შეიხედა ოთახში.
მაგიდასთან იჯდა დედა. რვეულებს ჩასცქეროდა. უყურა ერთხანს დედის ჩაფიქრებულ სახეს. შემდეგ
კი მძიმე, ხმაურიანი ნაბიჯებით გაიარა სახლის წინ. კარი შეაღო. შემკრთალმა ახედა ქალბატონმა
თამარმა. კალამი მაგიდაზე დადო. წამოდგა.

-შვილო! მოხვედი? - მოეხვია. ცრემლები კრთის მშობლის თვალებში.

-მოვედი! ნუ ტირი, დედა! - ხელი მოხვია. ტახტზე ჩამოსხდნენ.

-ოთხი თვეა, რაც წახვედი. ნუთუ არ შეგეძლო ამ დროის მანძილზე შეგეტყობინებინა, რომ
არაფერი გიჭირდა?

-ვერ მოვახერხე.

-საყვედურის ღირსი ხარ. არ გსაყვედურობ მაინც. მითხარი, ნუ დამიმალავ, აფხაზეთში იყავი


ისევ?

-ვიყავი.
-უკვე დროა, შვილო, სხვა ცხოვრებაზე იფიქრო. შენ ალბათ არ იცი, ყველა, ვისაც სამხედრო
ფორმა გაცვიათ, როგორ ეზიზღებით ხალხს, საზოგადოებას.

-ვიცი, დედა! ვიცი, მაგრამ თუ ათასში ერთი ტალახიანი ღორი გამოერია, რა დააშავეს
პატიოსანმა მეომრებმა? მებრძოლები არ არიან დამნაშავენი, არა! ომში დავმარცხდით და ესაა მიზეზი
ჩვენი სიძულვილის. რომ გაგვემარჯვა? ხელის გულზე დაგვიწყებდნენ მაშინ ტარებას და ის ერთი და
ორი ტალახიანი ღორიც ოქროს მჭრელ მამლებად გადაიქცეოდა. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!
ამაშია საქმე.

-გაჭაღარავდი, შვილო! უკვე დროა, ოჯახზე იფიქრო. შენ ვერ გაასწორებ ამ უსამართლოდ
აწყობილ ქვეყანას. ოცდაცამეტი წლისა მთელი თხუთმეტი წლით ხნიერს გავხარ.

-გახსოვს, დედა? შენ გვასწავლიდი ვაჟას სიტყვებს: ,,ლაშქრობამ ჩამამაბერა, ძაღლთ


უმადურად გდებამა, სუ ომშია ვარ, რაც კია, ძუძუს მამსხლიტა დედამა..."

-ასეა. დალხინებული, ვარდებით მოფენილი არასდროს ყოფილა შენი ცხოვრების გზა, მაგრამ
გული არ გაიტეხო. ყველაფერი გამოსწორდება. ადიდებული მდინარე კალაპოტს უბრუნდება
ბოლოსდაბოლოს. ეკა სადაა? რატომ არ წამოიყვანე? რა მოგივიდა?

-არაფერი!

-სახე გაგიფითრდა. ცუდად ხარ, შვილო?

-არა! არაფერია, - ფანჯარასთან მივიდა. ფარდა გაწია. - ეკას შენ ვეღარასოდეს ნახავ.

-ბაკურ! რა მოხდა? თქვი, რას ჩაჩუმდი?

-ეკა გათხოვდა!

-რა თქვი?!

-ასეა! - ბაკური სიბნელეს მისჩერებია. - უცხოელს გაყვა.

-შემომხედე თვალებში! - თამარი ადგა. შვილთან მივიდა. - პირველად როდის იცრუე, გახსოვს,
ჩემთან? როცა შენი კლასი ,,შატალოზე" წავიდა. მე ავად ვიყავი. საავადმყოფოში ვიწექი. იქიდან
გამოსულმა, ცხადია, ეს ამბავი გავიგე. მინდოდა დამესაჯეთ. ვინ იყო ,,შატალოს" ორგანიზატორი-
მეთქი, რომ ვიკითხე, შენ ადექი და მე წავიყვანე კლასიო - მიპასუხე. გვიან გავიგე, შენ იმ დღეს თურმე
საერთოდ არ ყოფილხარ სკოლაში. თურმე მაშინ, როცა კლასი გაკვეთილებს აცდენდა, შენ
საავადმყოფოს კიბეებზე იჯექი და როგორ დამთავრდებოდა ჩემი ოპერაცია, იმას ელოდი. მაშინაც
ასეთი თვალები გქონდა, შვილო, როცა პატარა ბიჭი ტყუილს მეუბნებოდი. ახლაც არ მეუბნები
სიმართლეს. ეკა არ იყო ის, ვინც შენ ასე ჰაიჰარად მიგატოვებდა. რა მოხდა თქვენს შორის, მე არ ვიცი.
მეტს აღარ გკითხავ. ალბათ არ თვლი საჭიროდ, რომ მეც ვიცოდე. ნება შენია, - შებრუნდა. - ისე კი
იცოდე, თუ დროებით რაღაცაზე გაებუტეთ ერთმანეთს, ყველანაირად ეცადე ჩატეხილი ხიდის
გამრთელებას, რადგან ეკას დაკარგვით შენ ძალიან ბევრს დაკარგავ!

-ძალიან ბევრს? ცდები, დედა! მე მისი დაკარგვით ყველაფერი დავკარგე!


-კი მაგრამ, რა მოხდა ასეთი უსაშველო, აღარ იტყვი?

ბაკური დედისკენ შემობრუნდა.

-მაპატიე სიცრუისათვის, არ მინდოდა გული დამეწყვიტა შენთვის. ეკა... დაიღუპა!

-რა?! - ქალბატონი თამარი ჩაიკეცა...

XVIII თავი

,,როგორც კი სოფელში ჩამოვალ, უთუოდ გავივლი ხეობაში. მიყვარს დილაბნელზე ჭიუხთა


ციცაბო ბილიკებზე სხეულის მოღლა. აუცილებლად გავივლი ხოლმე მდინარეთა შესართავთან, სადაც
წისქვილია. არ ვიცი, ჩემს თავს რა ამბავია, სოფელს მივუახლოვდები თუ არა, ჩემში უნებურად
იღვიძებს ეჭვის გრძნობა - წისქვილი ხომ არ გაჩერდა-მეთქი? ნეტავ ისევ ბრუნავენ ქვები? ისევ
რაკუნობს სარეკელა? წისქვილის უძრავ ქვებზე მეტად გულისშემღონებელი ვერაფერი წარმომიდგენია
რატომღაც.

სკანდინავიის ნახევარკუნძულზე თორმეტი ათასი ქარის წისქვილიაო, სადღაც წავიკითხე.


ამათგან დიდი ნაწილი დღესაც მოქმედია თურმე. ხალხი ეფერება, ალერსს არ აკლებს თავისი
შორეული წარსულის უტყვ მოწმეებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თანამედროვე საფქვავი ფაბრიკა
შესცვლიდა იმ თორმეტი ათას წისქვილს. მე ქარის წისქვილები მხოლოდ ესპანეთში დავინახე და ისიც
თვითმფრინავის ილუმინატორიდან. ისინი მულტიპლიკაციური ფილმების გოლიათებივით
მოჩანდნენ მიწაზე. ასე მგონია, იმ დროს თვალი მოვკარი კეთილ იდალგოს დონ კიხოტს, რომელიც
აგერ უკვე რა ხანია უიმედოდ იბრძვის ქარის წისქვილების წინააღმდეგ სიყვარულის სახელით და,
რაც უფრო შეუძლებელია ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სახელით...

საქართველოში, ფშავ-ხევსურეთში ქარის წისქვილები არ ყოფილა. აქ წყლის წისქვილებია.


სულ რამდენია? - ეშმაკმა იცის. მხოლოდ ერთია ჩემს სოფელში. ამ დილითაც არ ვუღალატე
ჩვეულებას. წისქვილს მივაკითხე. თითქოს ყველაფერი ისევე იყო, როგორც ჩემი ბავშვობის დროს,
როგორც მამაჩემის პატარაობისას იყო ალბათ. ქვები ისევ ხმაურობდნენ. ადამიანები ახლაც ხმამაღლა
ჩაჰყვიროდნენ ყურში ერთმანეთს, ჰაერი ახლაც თეთრი იყო, როგორც იმპრესიონისტების
სურათებშია, ხოლო ჭერის კოჭებზე გაბმული აბლაბუდა ისევე იყო ფქვილის მტვრით გათეთრებული,
როგორც უწინ..."

ბაკურ ფხოველი ხავსიან ლოდზე იჯდა და მონუსხულივით თვალდაუხამხამებლად


გაჰყურებდა მშობლიურ მთებს. ,,ნუთუ შეიძლება ეს სილამაზე რამეზე გაცვალო?!" შუბლი შეეჭმუხნა.
უცებ გაახსენდა...

წერეთელზე მიდიოდა. ვიღაცამ ხელი გაუქნია. გაუჩერა მანქანა. ასე, ორმოცდახუთი წლის
კაცი იყო აფორიაქებული მოვარდა მანქანასთან.
-გაწუხებთ, მეგობარო, მასივისკენ ხომ არ მიდიხარ?

-რომელი მასივისკენ?

-დიღმის!

ბაკურმა საათს დახედა. დრო ჰქონდა. მამაკაცი ოფლს განიერი ცხვირსახოცით იწმენდდა.

-დაბრძანდით! ხომ არაფერი გიჭირთ?

-ფულის გადასახურდავებლად გავრბივარ. დოლარები უნდა მომიტანონ და დროში ვიწვები.

-ამერიკაში მიემგზავრებით?

-თურქეთში!

-როდის?

-ხვალ.

-ლამაზი ქალაქია სტამბული. არც თუ დიდი ხნის წინ ვიყავი. სამოგზაუროდ მიდიხართ?

-სამუდამოდ!

-სამუდამოდ?

-დიახ! მეყო ამ მათხოვრების ქვეყანაში ცხოვრება! გავძეხი უკვე აქ ყველაფრით.

გავძეხიო? კაცი იყურება მშვიდად, მაგრამ გესლიანად. ესე იგი გამძღარა სამშობლოს
სიყვარულით - თბილისით, მთაწმინდით, რუსთაველით, 9 აპრილს დახოცილთა მემორიალით...
გავძეხიო?! თითქოს სამშობლო მწვადი იყოს, ლუდი ან ქაბაბი, ანდაც სიმღერა, როცა გინდა
მოისმინო!..

არაფერი უთქვამს ფხოველს. მეტი არაფერი უკითხავს, არც არაფერი განუმარტავს. მხოლოდ
ერთს ნატრობდა გულში: ამ კაცს არასდროს ემღერა ბოსფორის ნაპირებზე ,,მრავალჟამიერი".
ამიერიდან აღარ ეხსენებინა თამარი, დავითი, გიორგი, ლაშა... დაევიწყებინა, რომ სიონი თბილისშია,
სვეტიცხოველი - მცხეთაში...

ბაკური ვერასდროს მიუტევებდა თანამგზავრს ამ ცოდვას. მაგრამ იქნებ სამშობლომ შეუნდოს?


ამბობენ: სამშობლო დედააო! დედის გულმა მიტევება იცისო! დასაგმობია ეს აზრი. სიცრუეა. არც
სამშობლო აპატიებს მოღალატეს არასოდეს. პატიება ადამიანების მოგონილია და მხოლოდ მათ
შეუძლიათ მიუტევონ... სამშობლოსაც, თუკი მას ოდესმე რამე ექნება მისატევებელი... მაგრამ რაკი
ჩვენი, ადამიანების სიცოცხლე ხანმოკლეა, სამშობლოსი კი - მარადიული, ვერასოდეს მოვესწრებით იმ
დღეს, რომ სამშობლოს რაიმე ჰქონდეს მისატევებელი...

-აქ შემიჩერეთ! აიღეთ ფული!

მომავალ ემიგრანტს გაწვდილი ფული ხელში უცივდება. ზიზღნარევი სიბრალულით


მისჩერებია მძღოლი.
-არაფერი გინდათ. ჩაბრძანდით!

კაცი ფრთხილად კეტავს მანქანის კარებს. ჩქარი ნაბიჯით ცილდება უცხოურ მანქანას და
უცნაურ მძღოლს...

ეკა!

ფხოველი მუხლებშუა ჩაყუდებულ თოფს დაეყრდნო. თავი ჩაღუნა.

,,განგების ხელი ურევია ჩემს ამ ყოფაში... რაღაც შინაგანად მშლის, მფიტავს... შემოიჭერი ჩემს
ცხოვრებაში, გიჟმაჟი, უცნაური, არაფრის მომთხოვნი. სევდიანი თვალებით, ერთი ნაგლეჯი ზეცა და
იდუმალი შრიალი რომ იხატებოდა მათში, თითქოსდა ერთთავად რაღაცის განჭვრეტას, ამოცნობას
ლამობენო. მოხვედი დაუკითხავად, ვაზივით ჩაეწანი, ჩაეხლართე ჩემს დღეებს, ცოცვით აჰყევი ჭიგოს
და დაჰკიდე სიყვარულის მტევნები. ყოველივე, რაც გებადა, შემომწირე და სამაგიეროდ არაფერი,
არაფერი არ გითხოვია. ჩემს წინ აშიშვლებდი უმანკოებას, ქალურ სილამაზეს, მე კი ფარდას ვუშვებდი
და შუქს ვაქრობდი. ვერც ვერავინ გვნახა, ვერ გავუზიარეთ ვერავის ჩვენი სიხარული. ჩვენი
სიყვარული მოგიზგიზე კოცონს ჰგავდა. გვინდოდა შიგ გაგვევლო, გაგვერბინა. ის კი არ ვიცოდით,
ცეცხლთან თამაში არ იქნებოდა...

ჩვენი სიყვარული ჭიაფერის სურათი იყო, ეს ფერი კი უკვდავია. მტვერი ჩამოაფერთხეთ და


ვით პირველშობის ჟამს, გაცოცხლდებიან, აციგლიგდებიან ჩაღამებული ფერები.

ყველაზე მთავარი არავინ გვასწავლა. პირველ კლასში ანბანი გავიარეთ. ამას მერეც
მოვასწრებდით. მერე გამრავლების ტაბულა დაგვაზეპირებინეს... მაგრამ არავინ გვასწავლა, როგორ
მოვქცეულიყავით, როდესაც ცხოვრებაში სამუდამოდ გამოვეთხოვებოდით სიყვარულს, ახლობლებს,
გარდასულ დღეებს... მაშ, რისთვის გვასწავლეს ძველი და ახალი საუკუნეების ისტორიები, რა აზრი
ჰქონდა?!

არავინ აგვიხსნა, ახლობლის ტკივილი როგორ ამოგვეცნო, დუმილი როგორ გვესმინა, ისე
როგორ გვეტანჯა, პირადი ღირსება არ შეგვლახოდა. ისღა დაგვრჩენოდა, ყოველივეს ჩვენ თვითონ
ჩავწვდომოდით და გუმანით მივმხვდარიყავით.

კაცმა რომ თქვას, ყველაზე მთავარი ჩვენი გულის ჭრილობებით უნდა გამოვხატოთ. ერთი კია,
რომ ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მისგან კვალი ყოველთვის რჩება. ნაიარევი თუ არაა, გული რა
გულია! ამ იარების წყალობით, კუნთების უბრალო გროვა ჩვენი განვლილი ცხოვრების მოწმე და
უკანასკნელი თანამოსაუბრე ხდება.

ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ადვილად ვკარგავთ მას, რასაც ძნელად ვპოულობთ..."

ძაღლის ყეფამ გამოაფხიზლა. მისი მეძებრის ხმა იყო. ფეხზე წამოდგა. ყური დაუგდო. შორს,
სადღაც კლდეებში ყეფდა ,,ქორისა". ყეფა ნელ-ნელა მოიწევდა აქეთ. სათბილობელი იქვე დააგდო,
თოფი აიტაცა და დაყუდებულ ტყიან გორას სირბილით აუყვა. იცოდა, შველსა და ირემს ნომერში ვერ
აასწრებდა. ამას არც დარდობდა. დიდი ხანი იყო, ფხოველი მათ აღარ სთოფავდა. ,,დათვის ხმაზე
ყეფს! უნდა ავასწრო!" უნაგირივით ჩატეხილ გორაზე შედგა. მიიხედ-მოიხედა. უკვე ნომერში იყო.
ძაღლის ხმა ჯერაც შორიდან ისმოდა. საკეტი გამოსწია. ტყვია პირში მისცა. დახედა პაპისეულ მოკლე,
კავალერისტის კარაბინს. ლულაზე ფრთაგაშლილი არწივი. წარწერა: ,,იმპერატორის საიარაღო
ქარხანა. ტულა. 1913 წელი". გაეღიმა. მისი მეგობრები, ვისთან ერთადაც სანადიროდ უვლია,
ყოველთვის დამცინავი ღიმილით უყურებდნენ ამ ათა-პაპისდროინდელ იარაღს. თავმომწონედ
შეათამაშებდნენ ხელში თანამედროვე ,,სკს"-ებს და ,,სვდ"-ებს. მაგრამ მათი ღიმილი თანდათანობით
ქრებოდა. აკაკანდებოდა უახლესი კარაბინები. ნადირი გარბოდა... იქ კი, სადაც ,,იმპერატორსკი"
დაიქუხებდა, წელმოწყვეტილი ან თავში სასიკვდილოდ დაკოდილი ნადირი უკვე მონადირეს ელოდა.
დღემდე ვერაფრით შეელია ბაკური ამ ლამაზ, ფაქიზად შენახულ, ოთხმოცი წლის თოფს.

ფოთლის შრიალი ჩაესმა. გაღმა ფერდაზე ადიოდა დათვი. შავი, ყელთეთრი, ჩერდებოდა.
ძაღლს უბრუნდებოდა. ქვებს, ლოდებს ესროდა. ,,ქორისა" დამფრთხალი გავარდებოდა უკან, ისევ
შემობრუნდებოდა და გაკაპასებული ყეფით მისდევდა.

მუხლზე წაიჩოქა. ,,პრიცელი" გაასწორა. იგრიალა ,,კარაბინმა". დათვი მოწყვეტილი ლოდივით


დაგორდა. ხევში ჩაგორდა. მხიარულად დაიწკავწკავა მეძებარმა. დაჰყვა დაგორებულ ნადირს...

ბინდი წვებოდა, როცა სოფელს მიუახლოვდა. ჩამოჯდა. შეისვენა. მძიმე ზურგჩანტა მოიხსნა.
სიგარეტს მოუკიდა.

-გფარავდეს, ხელს გიმართავდეს ნადირთ ანგელოსი! - მოესმა. თავზე თანასოფლელი ედგა.

-იცოცხლე, ძია ლევან! მადლობელი ვარ! - ფეხზე წამოდგა ფხოველი.

-დაჯექი, დაჯექი, შვილო. დაღლილი იქნები, - ლავანმა ზურგჩანთა შეათვალიერა. ზედ ტყავი
იყო მაღლიდან დაკრული. - კაი დიდი ჩანს ეს ტიალი. საისაკ იყავ?

-გორმაღალაში!

-ყოჩაღ! კარგია.

-ძია ლევან, მე არ მცალია და რომც მეცალოს, ამდენი ხორცი არაფრად მინდა. ადით ცხენი
წაიყვანეთ. ხორცი ჩამოიტანეთ. ხეზეა დაკიდებული. დილამდე არ გაფუჭდება.

-კარგი, ბაკურ! დილით ავალთ და ჩამოვზიდავთ. ახლა კი ისე ვერ გაგიშვებ. კაი ხანია არ
მინახიხარ. ჩემთან შევიდეთ! - ზურგჩანთას დასწვდა. - პანტის არაყი მიდგა. დამბალი ხაჭოც
მამეძევება.

-დამბალი ხაჭო რო არ გეხსენებინა, არ წამოვიდოდი. - გაეღიმა ბაკურს.

ნელი ნაბიჯით გაემართნენ სახლისკენ...

9 საათი სრულდებოდა. რის ვაი-ვაგლახით დააღწია მასპინძელს თავი. ლევანს არაყი


მოჰკიდებოდა. სახეანთებული, მხრებგაშლილი ღიღინებდა ძველისძველი სიმღერის თავისებურ
ვარიანტს: ,,თოვლი სთოვს. ჯიხვი ფეხს უცემს, გულს გიგლის მონადირეო, ვერ დაგკარ ,,ბერდანის"
ტყვია, სისხლი ვერ გაგადინეო..."

-მე წავალ! - ფეხზე დგება ფხოველი.

-მაიცა, კაცო, სად წახვალ! - წყრება ლევანი. - ვისაც ა ემ მთა-კლდეებში უნადირიათ და აღარ
არიან, იმათი შესანდობარი არ დაგილევია.
-პირველად ეგ არ დავლიეთ?! - ეღიმება ბაკურს.

-კაცო, ეს გამაგიჟებს! კიდე რო დავლიოთ, არ შეიძლება?

-როგორ არ შეიძლება, მაგრამ...

-ნუ დააღონე ე ბალღი, შე დანელებულო! - უწყრება ცოლი მასპინძელს.

-დედაკაცო! რაც შენი საქმე არ არი, იმაში ცხვირს ნუ ჰყოფ, ათასჯერა მაქვს შენთვი ნათქვამი, -
დამოძღვრა ლევანმა. - მაიტა, ჩონგურ მამაწოდე!

სიმებს ჩამოჰკრა. ცოლს ღიმილით გახედა:

,,დუშმანიც არი დედაო, მონადირისა ცოლია,

ჯერ შუაღამე არ არი, გათენებული ჰგონია.

დასტოვებს თბილსა ლოგინსა, ცივ კლდეებს ტყეში სტოლია,

არ მინდა ნადირის ხორცი, დაწეც, ნუ დამაღონია..."

სიწყნარეს მოეცვა სოფელი. ეზოში შევიდა. სიბნელეში მეორე მანქანა დალანდა. ახლოს
მივიდა. ნაცნობი მანქანა. მარიკას მანქანაა. ღუმელთან სხედან მარიკა და ქალბატონი თამარი.

-რა მოკალი? - მისალმების შემდეგ კითხულობს მარიკა.

-ხუთი სპილო, ორი ლომი, ერთი ნიანგი! - თითებზე ითვლის ბაკური.

-მთვრალი ხარ?

-მარიკა! ერთადერთი ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ ყოველგვარი კომპლექსების გარეშე, ეს


ჩემი სოფელია. აქ მინდა ყირაზე დავდგები! მგონი ჯერჯერობით ქვებს არ ვისვრი?!

-ღმერთმა გაშოროს! ბევრი დალიე?

-არა! - ხელს მაღლა აპყრობს. - ვფიცავ ნინოს ჯვარს! ხახულის ხვთისმშობელს! თამარის
ხსენებას! სააკაძის გადატეხილ ხმალს!..

ეღიმება მარიკას.

-ასეთი ფიცი ჯერ არ მსმენია!

თამარი წამოდგა.

-ვახშამი მზადაა, ბაკურ. შენ გელოდებოდით.

-გადავიბან, ჩავიცვამ და მოვალ! - ეზოში გავიდა. წელზევით გაიძრო. ყინულივით ცივ წყალს
შეუშვირა გახურებული თავი. ცივი წყლით დაიზილა ტანი. ნასასმელარს ეამა წყლის სიცივე. აბანოში
შევიდა. სანთელი აანთო. მთლიანად გაიხადა. ცივი შხაპის ქვეშ დადგა...
-გამოფხიზლდი?

-შედარებით. დედაჩემი სად წავიდა?

-მეზობლის ქალებმა დაუძახეს. ვიღაცას უნდა დაეხმარონ მატყლის დართვაში.

-ვივახშმოთ, მარი!

-სიმართლე გითხრა, არ მშია.

-ეგ არ გამაგონო! სტუმრის მიღება ვის გაუგია მთაში უპურმარილოდ? დიასახლისობა შენზეა.

-სადიასახლისო აღარაფერია. დეიდა თამარმა ყველაფერზე იზრუნა.

-ძალიან კარგი! გთხოვთ! - ხელით ანიშნა...

-გემრიელი ხინკალია! - მარიკა ამბობს. უსიტყვოდ სვამენ შამპანურს.

-უკვე ორი კვირაა, რაც თბილისიდან წამოვედი. რადიო აქ არაა, პრესა და ტელევიზია. ხომ
არაფერია სიახლე?

-სიახლე? - მარიკა ხინკალს თეფშზე დებს. - გუშინწინ საღამოს ხუთ საათზე ბესიკი დაიღუპა!

ფხოველის ხელში მოქცეული თლილი, მაღალი ჭიქა იმსხვრევა. ნამსხვრევებით დაჭრილი


ხელიდან გამონადენი სისხლით ისვრება ქათქათა, თეთრი სუფრა. ბაკური ვერაფერს გრძნობს.
გაოგნებული მისჩერებია მარიკას.

-ბინტი გაქვს სახლში?

-რა დროს ბინტია! - ფხოველი ღრმად სუნთქავს. - წამოსვლის წინ ვნახე, უკვე გამოსული იყო
მდგომარეობიდან. ექიმებს ველაპარაკე. მალე ფეხზე იქნებაო, მითხრეს. თითქოს ყველაფერი
ნორმალურად იყო, რა მოხდა?

-მოითმინე! - მარიკა ეზოში გავიდა. მანქანიდან წამალი, ბინტი აიღო. უკან შემობრუნდა.
ბაკური კვლავ გაუნძრევლად იჯდა. - ხელი დაიბანე!

გადაუხვია. მაგიდა აალაგა. ღუმელთან დაჯდა. ცეცხლს დააჩერდა.

-მოკლეს! - ხმადაბლა თქვა.

-მოკლეს? ვინ?

-არ ვიცი! - მარიკამ მზერა გაასწორა. - ერთ კვირაში უკვე უნდა გამოეწერათ. წინა დღეს ვიყავი
მეც. კარგად გამოიყურებოდა. ხუმრობდა კიდეც: ,,ეტყობა ჩემს დას ძალიან გაუტკბა სტამბული,
შეიძლება მალე ვიღაც თურქთან ერთად მომადგესო!" მეორე დღეს, როგორც მომსახურე პერსონალი
ამბობს, სამნი მისულან. პოლიციის ფორმებით. თანამშრომლები ვართო, უთქვამთ. მათ წასვლიდან
ათიოდე წუთში ექიმი შესულა...

თავი ჩახარა მარიკამ.


-მერე?

-ტყვიებით დაცხრილული ყოფილა საწოლში. როგორც ჩანს, უხმო პისტოლეტით მოკლეს.


სროლის ხმა არ გაუგია არავის. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხზე დგას. იმავე ღამეს გაირკვა,
იმ ,,მხედრიონელთა" მიერაა მოკლული, ვინც დაჭრა, მაგრამ რა გინდა გააკეთო, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ,
სად გაქრნენ, არავინ იცის.

-შენ საიდან იცი ეს ყველაფერი?

-იცნობ შენ ჩემს ბიძაშვილს, ლევანს. სამინისტროს სამძებრო განყოფილებაში გადაიყვანეს.


წუხელ იყო ჩემთან. მან მითხრა. მკვლელია ვინმა თამაზ შენგელია, მეტსახელად ,,კატა", - მარიკა ადგა.
ჩანთა გახსნა. მის ხელში ლამპის მკრთალ შუქზე პისტოლეტი აბრჭყვიალდა. - დაიბრუნე შენი
იარაღი!

-არ დაკარგულა? - ფხოველმა ხელში შეატრიალა ,,ბერეტა".

-არა, მე ვინახავდი, - ჩანთა, ლაბადა აიღო. - უნდა წავიდე!

-მეც მოვდივარ!

-ბაკურ! - მარიკამ ყველაფერი ტახტზე მიყარა. ყელზე შემოაჭდო ხელები. - არ ვიცი, სად
აპირებ წასვლას, რას ფიქრობ ამ წუთში, მაგრამ შენ ვალდებული ხარ მოძებნო ბესიკ ბუჩუკურის
მკვლელი და პასუხი მოსთხოვო მას... იცი, რა პერიოდია დღეს. შეიძლება ძალიან ბევრს კიდეც
შესტკიოდეს გული ბესიკზე, მაგრამ შეგნებულად მოარიდონ თვალი მკვლელს, რადგანაც არავის უნდა
,,მხედრიონთან", ამ შეიარაღებულ ყაჩაღებთან და მკვლელებთან საქმის გამწვავება. ზოგი სამსახურს
უფრთხილდება, უფრო მეტნი კი საკუთარ სიცოცხლეს. ,,ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან
გამოცხვაო!" - ნათქვამია. როგორც ვხედავთ, ყოველთვის არ ამართლებს. ორი ობლისთვის, ბესიკ და
ეკა ბუჩუკურებისთვის აღარასოდეს გამოცხვება ის. ჩვენ, მე და შენ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ
ბესიკის მკვლელი დაუსჯელი არ დარჩეს.

-არ დარჩება! - ბაკურმა პისტოლეტი მაგიდაზე დადო. ფანჯარა გააღო. - არ დარჩება,


მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა, ყველანაირად ვცდილობ ადამიანის მოკვლა, ფიზიკური
განადგურება არ დამჭირდეს.

-მე არ მითხოვია მისი მოკვლა. ის საბრალდებო სკამზე უნდა დაჯდეს და პასუხი აგოს კანონის
წინაშე.

-ჰმ! კანონის წინაშე?! - ნაღვლიანი ღიმილი გაკრთა ფხოველის ტუჩებზე. - მერე და სადაა
კანონი? სახელმწიფოებრივი კანონი? არსად! დღეს საქართველოში ერთადერთი კანონი ბატონობს,
ჯუნგლის კანონი! თუ ძლიერი ხარ - იცოცხლებ, თუ სუსტი - უნდა მოისპო! თუ იარაღი გიჭირავს
ხელში, შენია ქვეყანა! არასოდეს მყვარებია სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მიყვარს. რადგან
რაც არ უნდა საშინელი იყოს ომი, ის სულიერ სიდიადეს ავლენს ადამიანისას, რომელსაც ყოფნის
კადნიერება, თავის უბოროტეს მემკვიდრეობით მტერს - სიკვდილს შეერკინოს. ვაი, რომ ყოველი
გოჯი, რომელსაც უკან ვიტოვებთ, სისხლის ნიაღვარებად გვიღირს. განა ეს დიდი საფასური არ არის?
განა ცალკეული ადამიანის სიცოცხლე იგივე არა ღირს, რაც მთელი თაობისა? ყოველი ცალკეული
ადამიანი ხომ მთელი სამყაროა, რომელიც მასთან ერთად იბადება და მასთან ერთად კვდება. ყოველი
საფლავის ქვის ქვეშ მთელი სამყაროს ისტორია ძევს. საქართველო თავისუფლების სასიძო იყო და
ცხრა აპრილს სისხლიან ვარდებზე მორთო დიდებული საქორწინო ცეკვა... იქიდან მოდის ეს
ყველაფერი. ჟამთა მსვლელობა თითოეულ ჩვენგანს მტვრად გვაქცევს და ქარს გაგვატანს. უკვალოდ
გაქრება ცხოვრებაში მშვენიერიც და მახინჯიც. სიკვდილი - ეს აყლაყუდა მშრალი პედანტი - არც
ვარდს დაინდობს და არც ნარ-ეკალს. თვით უდაბნოში ამოსულ ერთადერთ ბალახის ღერსაც კი არ
ივიწყებს. ანგრევს ბოლომდე და განუწყვეტლივ. თელავს და მტვრად აქცევს მცენარეებსა და
ცხოველებს, ადამიანებსა და მათ ქმნილებებს. და თვით ის ეგვიპტური პირამიდებიც კი, რომელნიც
თითქოს ერკინებიან ნგრევისადმი მის გააფთრებულ წყურვილს, მხოლოდ და მხოლოდ მისი
ძლევამოსილების ნადავლს, გარდასულ დროთა ძეგლებს, ძველთაძველ მეფეთა აკლდამებს
წარმოადგენენ.

იცი, მარიკა, დღეს ტყეში მარტოკა ვიჯექი და რატომღაც სერვანტესის დონ-კიხოტი


გამახსენდა. გეღიმება? კი, ასე იყო ნაღდად, თუმცა კი ჩემი აზრები და აკვიატებული იდეები
სრულიად საპირისპიროა ლამანჩელის შეშლილობისა და ბოდვითი იდეებისა... ჩემს, შენს გარშემო
დღეს ათასობით, ათიათასობით დონ-კიხოტია! სამწუხაროდ, მე მათნაირად არ ვაზროვნებ, ვმოქმედებ
სრულიად განსხვავებული მიზნებით. მათ, დღევანდელ დონ-კიხოტებს, ჩვენ თანამედროვეებს,
ლამანჩელისნაირად ქარის წისქვილები გოლიათებად მიაჩნიათ, მე კი პირიქით! ამ გოლიათებში
მხოლოდ ყოყლოჩინა ქარის წისქვილებს ვხედავ. მათ ღვინის რუმბები მძლეთამძლე ჯადოსნები
ჰგონიათ, მე კი ამ ჯადოსნებში ღვინის რუმბებს ვჭვრეტ. მათ მათხოვრული ფუნდუკები -
სასახლეებად, ვირების მარეკები - კავალერებად, მენახირე გოგონები სეფექალებად ეჩვენებათ. მე კი
პირიქით, ყველაფერს ვხედავ და აღვიქვამ ისე, როგორც სინამდვილეშია. მათ თოჯინების კომედია
სახელმწიფოებრივი აქტი ჰგონიათ, მე კი ჩვენი სახელმწიფოებრივი მოქმედებანი მხოლოდ და
მხოლოდ თოჯინათა უბადრუკ კომედიად მესახება. დღემდე მე რომ შიშისა და ანგარების გამო უარი
მეთქვა ყველაფერზე, შემეძლო არხეინად მეცხოვრა ამ არსებულ ,,გონივრულ" სამყაროში. მეცხოვრა
ისე, როგორც ჩემს გარშემო მცხოვრებნი ცხოვრობენ და მათივე მსგავსად მონური სულის არსებანი
მომემრავლებინა. დღეს კი იძულებული ვარ განუწყვეტლივ ვიბრძოლო და ათასგვარი გასაჭირი
გადავიტანო. მოპოვებული გამარჯვებებიდან კი ერთიც არ არის ისეთი, რომ გულის სისხლად არ
დამჯდომოდეს. ყველგან და ყოველთვის, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოველი,
ჩემს გარშემო ვპოულობ გველების ლორწოვან ნაკვალევს, შხამიან ნაკვალევს და ვფრთხილობ,
შეიძლება ფეხი დამიცდეს და მანამ წავიქცე, სანამ ამის დრო დადგება. შენ შეიძლება გაიღიმო და ჩემი
ამგვარი შეჭირვება უსაგნო ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიო, სწორედ ისეთად, დონ-კიხოტს რომ ჰქონდა,
მაგრამ სატანჯველს იმის გამო, რომ იგი ფანტაზიის ნაყოფია, ნაკლები ტკივილები როდი ახლავს თან.
თუ ადამიანმა წარმოიდგინა, რომ შხამბალახა გადაყლაპა, ამით იგი შეიძლება ჩამოხმეს...

ჩაჩუმდა. შეხედა მარიკას, რომელიც გულხელდაკრეფილი მიყრდნობოდა კედელს.

-მეამბოხე სულის პატრონი ხარ!

-მეამბოხე? - მოღუშულმა ფიქრიანი მზერით გახედა მთვარის ნალევს. - შვიდი წლის უკან
ერთი ძალიან კარგი მეგობარი გოგონა მყავდა. ლია ერქვა, რაიკომის მდივნად მუშაობდა, კომკავშირის.
ლექსების წერა მისმა თვალებმა დამაწყებინა. სცადა ჩემში ჩაწვდომა. ამაოდ! არაფერი გამოუვიდა.
პირველად მან უწოდა ჩემს სულს მეამბოხე.

-ახლა აღარ მეგობრობთ?


-არა! შვიდი წელია, აღარ მინახავს.

-ცუდია, ბაკურ! მეგობრების და ისიც კარგი მეგობრების დავიწყება არ შეიძლება. ნუ


მოვიმიზეზებთ უდროობას და ათას სხვას. მეგობრებს და მეგობრობას გაფრთხილება სჭირდება.

-ვიცი! ვიცი, მარი, მაგრამ მიუხედავად ურთიერთპატივისცემისა, საერთო ენა მე და ლიამ ვერ
გამოვნახეთ, - თბილად გაიღიმა. - ვერც გამოვნახავდით. ის მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებით იყო
თავგამოტენილი და იყო ურწმუნო, როგორც თომა.

-მე როგორც ვიცი, არც შენ ხარ დიდად მორწმუნე. ვიცი, რომ თქვენს წარმართულ ხატებში
დადიხარ და კერპებს სცემ თაყვანს!

-მარიკა, ქრისტე ის ღმერთია, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. არა იმიტომ, რომ კანონიერი
ღმერთია, რომლის მამაც უკვე იყო ღმერთი და უხსოვარი დროიდან განაგებდა სამყაროს, არამედ იმის
გამო, რომ თუმცა დაბადებით ზეციური ტახტის მემკვიდრეა, მაინც დემოკრატიულად არის
განწყობილი და არ უყვარს სამეფო კარისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალე ცერემონიები, რადგან
იგი არისტოკრატთა და ჭკუანაღრძობ სწავლულთა ან მუნდირებიან სამხედროთა ღმერთი კი არ არის,
არამედ თავმდაბალი სახალხო ღმერთია, ღმერთი უბრალო მოქალაქეთა... ჭეშმარიტად, ქრისტე რომ
ღმერთი არ ყოფილიყო, მე ავირჩევდი მას ამ თანამდებობაზე... რატომ გეღიმება? ავირჩევდი და ჩემს
მიერ არჩეულ ღმერთს ბევრად უფრო მეტი ხალისით დავმორჩილდებოდი, ვიდრე ძალად
თავსმოხვეულს და თვითმპყრობელურს...

-შენ კეთილ ქრისტიანად არასდროს მოიქცევი, - ხელი ჩაიქნია მარიკამ. - თუმცა თქვენ,
ფხოველები, დიდმა თამარმაც ვერ მოგაქრისტიანათ.

-ცეცხლით და მახვილით არ გამიგია სარწმუნოების მიღება მე. დიდ პატივს ვცემ თამარის
ხსოვნას, მაგრამ ამ ხეობაში რაც არ უკეთებია შაჰს თუ ხონთქარს, მისმა მხარგრძელებმა გააკეთეს.
ძუძუს ბავშვები კალოებად ლეწეს, გადაწვეს, დაანგრიეს და იავარჰყვეს ფხოვი. რომელი საათია?

-ნახევარია თორმეტის.

-ერთ საათში თბილისში ვიქნებით.

-წავიდეთ! - მარიკა თვითონვე შეაკრთო თავისი სიტყვის სევდიანმა ელფერმა.

XIX თავი

,,დადგება დღე და თავისუფლების მზე უფრო გაათბობს გარემოს, ვიდრე ვარსკვლავთა


მთელი არისტოკრატია. გაიფურჩქნება ახალი თაობა, რომელიც თავისუფალ და ნებაყოფლობით
ხვევნა-ალერსში ჩაისახება და არა იძულების სარეცელზე სულიერ მეხარკეთა მეთვალყურეობის ქვეშ.
თავისუფლად დაბადებულ ადამიანთან ერთად მოევლინებიან ქვეყანას თავისუფალი აზრები და
გრძნობები, რომელთა შესახებ ჩვენ, თუნდაც სულით მეამბოხეებს, მაგრამ მონებად დაბადებულთ,
წარმოდგენაც კი არ გაგვაჩნია. მათაც ასევე არ ექნებათ წარმოდგენა, თუ რა შემაძრწუნებელი იყო ის
ღამე, რომლის წყვდიადშიც ჩვენ გვიხდებოდა ცხოვრება. რა საშინელი იყო ჩვენთვის მაჯლაჯუნა
აჩრდილებთან, პირქუშ მიკიოტებთან და სათნოების თვალთმაქც სულწაწყმედილებთან ბრძოლა. ვაი
ჩვენ, საბრალო მებრძოლთ! მთელი სიცოცხლე ამგვარ ბრძოლებს შევალიეთ და ახლა, ოდეს ცხოვრება
ცისკროვნდება, ჩვენ დაღლილ-დაქანცულნი, ფერმიხდილნი ვეგებებით მას. მზის ამოსვლის
სიცხოველე უკვე ვეღარ შეგვიფაკლავს ვარდისფრად ღაწვებს და ვერ გაგვითბობს ნაციებ გულებს.
ვიფერფლებით, ვით გზადალეული მთვარე - მოკლეა ადამიანთა სავალი გზები და მათ სამანზე
ულმობელი სამარეა პირაბჩენილი..."

ტელეფონის ჯიხურთან შეაჩერა მანქანა. საათს დახედა. ცხრა სრულდებოდა. უსიამო


გრძნობებს ბადებდა მოღრუბლული დილა. ნომერი აკრიფა.

-ხომ არ გაგაღვიძე, ლელა?

-ბაკურ, შენ? სად იკარგები, სად?!

-კი, მე ვარ. ზაზა სახლშია?

-სახლშია. ძინავს ისევ. დილის ექვს საათზე მობრძანდა!

-არ გავიდეს არსად. საქმე მაქვს. ათისთვის მოვალ.

-კარგი! გელოდებით! აღარ გაქრე სადმე! მომსპო შენზე ფიქრმა!

,,ვინ, ვინ ჩასწვდება ღმერთის ირონიას, რომელიც ათასგვარ წინააღმდეგობას ჰბადებს სულსა
და სხეულს შორის? ვინ იცის, რომელ თერძს უდგას პლატონის სული ამჟამად და რომელ
მასწავლებელს - კეისრისა?! ვინ იცის, იქნებ გრიგოლ VII-ის სული სულთანის სხეულში იმყოფება და
ათასი ცოლის მოალერსე მკლავებში თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე ოდესღაც წმინდანის
ძოწისფერ მანტიაში? იმ ორი ბოროტმოქმედის სული, რომლებიც მაცხოვრის გვერდით აცვეს ჯვარს,
ახლა შესაძლოა გამოჩენილ მღვდელმთავართა სხეულებში სხედან და მგზნებარედ იღწვიან
ორთოდოქსალური მოძღვრების მცნებათათვის? ჩინგიზ-ხანის სული, შესაძლოა, ახლა იმ
რეცენზენტში ბინადრობს, რომელმაც არც კი იცის, რომ თავისი უერთგულესი ბავშვებისა და
კალმიკების სულებს ცელავს ყოველწუთს კრიტიკულ ჟურნალში? ვინ იცის! იქნებ პითაგორას სული იმ
საბრალო კანდიდატში გადასახლდა, რომელიც იმიტომ ჩაიჭრა გამოცდაზე, რომ პითაგორას
თეორემის დამტკიცება ვერ შესძლო, მაშინ, როცა ბატონ გამომცდელებში იმ ხარების სულები
სახლობდნენ, რომლებიც თავისი თეორემის ამოხსნით გახარებულმა პითაგორამ მარადიულ
ღმერთებს შესწირა?! ინდოელები არც ისეთი ბრიყვები არიან, როგორც ეს ევროპელებს ჰგონიათ. ისინი
თაყვანს ცხოველებს ცემენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში ადამიანის სული ბინადრობს. და თუ ისინი
ავადმყოფი მაიმუნებისთვის ლაზარეთებს აარსებენ, მსგავსად ჩვენი აკადემიებისა, ადვილი
შესაძლებელია, რომ ზოგიერთ მაიმუნში დიადი მეცნიერის სული იყოს მოთავსებული, მით უმეტეს,
რომ სრულიად აშკარაა ის ამბავი, რომ ზოგიერთ დიდ მეცნიერს მაიმუნის სული აქვს..."

კიბეები აათავა. კარებთან შედგა. ზარის ღილაკს დააჭირა თითი.


-სიცოცხლე ცოლის ძმას! - კარი ზაზამ გახსნა. გადაეხვია. - გამაგებინე ერთი, თუ ძმა ხარ, სად
დადიხარ? სოფელში ავალ - თბილისშიაო! თბილისში გკითხულობ - აფხაზეთშიაო! იქ პოზიციიდან
პოზიციაზე დაგეძებდი - ვერსად გიპოვე!

-დიდი ხანია ,,მხედრიონელებმა" პოზიციებზე დაიწყეს სიარული? - გაეღიმა ბაკურს. მაცივარი


გამოხსნა. - ცივი ლუდი გაქვს?

-მანდაა, ნახავ.

-ლელა სადაა?

-ბავშვები წაიყვანა ბაღში. მალე მოვა. მოეშვი მაგ ლუდს. კონიაკი დავლიოთ.

-არა, ზაზა. დალევა მერე. ახლა საქმეზე ვარ მოსული.

-ცუდი ხომ არაფერია?

-თქვენთან, ,,მხედრიონში" არის ვინმე თამაზ შენგელია, იგივე ,,კატა"?

-იყო! - მოიღუშა ზაზა.

-რას ქვია იყო?

-რას ქვია და იმას, რომ ჩვენი ბიჭები სადაც გადაეყრებიან მაგ ახვარს, ადგილზე ჩაცხრილავენ.

-რატომ?

-ძმურად, შენ პოლიციაში ხომ არ დაგიწყია მუშაობა? რატომ და იმიტომ, რომ არაკაცია. არ
მითხრა ახლა, რომ მან მოგაგზავნა ჩემთან.

-შენ მიცნობ, ზაზა, და იცი, რომ მე არავის არსად ვეგზავნები.

-ბოდიში!

-არ გინდა! ჩვენ შორის ბოდიშები განა საჭიროა?!

-რატომ დაგაინტერესა მაგ ტიპმა? კაცურს რომ არ გააკეთებდა არაფერს, ეგ ვიცი!

-სად შევძლებ მოძებნას?

-რა გითხრა! - ზაზამ მხრები აიჩეჩა. - მთლი ,,მხედრიონი" მაგას დაეძებს. დღემდე იმალება,
მაგრამ სადამდე ირბენს?

-პატარა ბიჭია?

-არა. ორმოცი წლის იქნება.

-რა იცი მის შესახებ?


-ბევრი რამ! - ზაზა დაფიქრდა. - თბილისელია. ორთაჭალელი. ახალგაზრდობის წლებში
სხვათა ჯიბეებში გეოგრაფიულ აღმოჩენებს ახდენდა, რაც არ მოუწონეს და გარკვეული დროით ერთ
ფრიად კეთილშობილურ დაწესებულებაში გაამწესეს. სამჯერ თუ ოთხჯერ ნაჯდომია. ორგანიზაციის
შექმნის პირველი დღიდანვე მოვიდა ჩვენთან. ვენდეთ. გვეგონა, გვერდში ამოგვიდგებოდა. ან ვინ
შეიტანდა თავიდან მასში ეჭვს?! სამაჩაბლოში პირველი ის გავარდა. ისეთი პატრიოტული აღტკინებით
დაქროდა აქეთ-იქით, რომ... მერე კი... რომელი ერთი მოგითვალო მისი ,,საგმირო" საქმეებიდან... მის
კისერზეა რამდენიმე მკვლელობა, ძარცვა-დაყაჩაღებებს ხომ ნუღარ იტყვი! ერთი თვის უკან კი გაყიდა
,,მხედრიონის" კუთვნილი იარაღის დიდი პარტია. მას შემდეგ იმალება. შეიძლება საზღვარგარეთაც
მოასწრო უკვე გასვლა.

-ეჭვი მეპარება. ორი დღის უკან ის თბილისში იყო.

-საიდან იცი? - სახე წამოენთო ზაზას.

-ჩემი მეგობარი მოკლა.

-მეგობარი? სად? როგორ?

-მანქანის წართმევა უნდოდათ. სროლის დროს დაჭრეს. საკამოდ მძიმედ. გერმანიიდან


ჩამოიყვანეს ექიმები. გადარჩა. ფეხზე უნდა წამომდგარიყო მალე. თამაზ შენგელიამ იცოდა, მისგან
დაჭრილი თუ გადარჩებოდა, მის და მის მეგობრებს უკვე ჯვარი ჰქონდათ დასმული. პოლიციის
ფორმებით შევიდნენ საავადმყოფოში და ლოგინში მწოლიარე ავადმყოფი მოკლეს.

-ნაბიჭვარი! - ზაზა ტელეფონს მისწვდა. - ალო! თემო, შენ? ბიჭები ვინ არიან მანდ? ,,კატა"
თბილისშია! არა! არ მგონია, რომ სახლში მივიდეს. წაიყვანე ბიჭები და სარაჯიშვილის ბინას მიაქციე
ყურადღება. არ არსებობს, ადრე თუ გვიან არ გამოჩნდეს იქ. არა! არავითარი დალაპარაკება! ესროლეთ
პირდაპირ! გვეყო მაგასთან ლაილაი! ჰო! საღამოს ნახავთ! თუ რაიმე იყოს, გადმორეკე! - ყურმილი
ჩამოდო. - სხვათა შორის, უშიშროების კომიტეტიც დაინტერესებულია თამაზ შენგელიათი.

-ვინაა სარაჯიშვილი? რატომ ფიქრობ, რომ შენგელია მაინც და მაინც იქ მივა?

-ვინაა და ჩვეულებრივი ,,პუტანკა"! მაგრამ ,,კატა" მასზე გაგიჟებულია. ყოველდღიურად თუ


არა, ორ დღეში ერთხელ მაინც რომ არ ნახოს, არ შეუძლია.

-სად ცხოვრობს და რა ჰქვია?

-ხილიანის ოც ნომერში. ირმა ჰქვია.

-სადმე მუშაობს?

-არა, მგონი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს. საღამოობით ,,მეტეხში" მოღვაწეობს.

-გასაგებია! - ბაკური ფიქრიანი თვალებით მისჩერებია სიძეს. - შენ როდემდე ფიქრობ


,,მხედრიონში" ყოფნას?

-როგორ როდემდე?! - გაიოცა ზაზამ. - ,,მხედრიონი" ჩვენი შექმნილია და ბოლომდე


ვალდებული ვარ იქ ვიყო.
-ზაზა, მე შენ ჭკუას არ გასწავლი, უბრალოდ ძმურ რჩევას გაძლევ, სანამ დროა, ღრმად ნუ
შეტოპავ და მოეშვი ,,მხედრიონს". მე არ მსურს, რომ ჩემი დის ქმარი და ჩემი დისშვილების მამა
ვიღაცამ ან ყუმბარით დაგლიჯოს, ან ტყვიით ჩაცხრილოს. ფიზიკურ ანგარიშსწორებას თავი
დავანებოთ, ოდესღაც, ადრე თუ გვიან ჩაწყნარდება ყველაფერი და ყოველ თქვენგანს პასუხი
მოგეთხოვებათ.

-რაზე მოგვეთხოვება პასუხი?! იმაზე, რომ ერს და მამულს ვიცავთ?!

-კაი, თუ ძმა ხარ, ნუ მაცინებ. ეგ შეგიძლიათ პარლამენტს და მის თავმჯდომარეს უთხრათ,


ჩემთან კი ეს ზღაპრები რა საჭიროა?! სხვამ თუ არავინ, მე ხომ ვიცი, რომ შენ და ჩემს დას
ელემენტარული პურის ფულიც კი ხშირად არ გქონდათ. ახლა საიდან? საიდან ეს იაპონური
,,პრისტავკა" და ტელევიზორი? საიდან მოიტანე ეგ ახალი ,,აუდი"? არ მითხრა ახლა, სიდედრმა
მიყიდაო! არ გადამრიო! მე შენთვის, შენი უკეთესი მომავლისთვის გეუბნები ამ ყველაფერს. თუ
სწორად გამიგებ - კარგია, თუ არა - ნება შენია! წავედი! - წამოდგა. - ლელას და ბავშვებს აკოცე ჩემს
მაგიერ.

-სად გარბიხარ, ვერ გავიგე! მოითმინე ცოტა, მოვა ლელაც! - წყენა დაეტყო ზაზას.

-ეს თქვენ! - ფხოველმა ქურთუკის ქვეშიდან სქელი პაკეტი ამოიღო. მაგიდაზე დააგდო.

-ეს რაღა ჯანდაბაა? - ზაზამ პაკეტი გახსნა. გაოცებული დააჩერდა დოლარების სქელ დასტებს.
ნიშნისმოგებით შეხედა ბაკურს. - არ მითხრა ახლა, ეს ფული თავდაცვის სამინისტრომ მომცაო!

-არაა ეგ შენი და ლელას საქმე, საიდან ეს ფული. მილიონი დოლარია. გეყოფათ ჯერჯერობით,
- თავი დახარა. - ზაზა, მე შეიძლება წასვლა დამჭირდეს და ძალიან გთხოვ, დედას მიაქციეთ
ყურადღება.

-სად აპირებ?

-არ ვიცი! ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი.

-უცხოეთი გაქვს მხედველობაში?

-ალბათ!

-რამ გაიძულა? - ზაზა ყურადღებით მიაჩერდა ცოლისძმას. - ხომ არაფერი გიჭირს?


ჯერჯერობით სიტყვის თქმის უფლება გვაქვს, თუ მოითხოვა საჭიროებამ, პარლამენტს ყირაზე
დავაყენებთ.

-არაა საჭირო! ბედნიერად, ზაზა!..

-ბაკურ! - კარებთან მისული შემოაბრუნა სიძის დაბალმა ხმამ. - ფული მეც მაქვს. როგორც
ვხედავ, არც შენ გაკლია. რაც შენი და ჩემი მეუღლე გახდა, მას შემდეგ ერთი აზრი მიტრიალებს თავში.
აქამდე არ მქონდა შესაძლებლობა იმის, რომ ამ მიზანს ფრთები შევასხა. ცხადია, შენთან ერთად.

-მითხარი!

-მოდი, მამაშენი მოვძებნოთ. რატომღაც წინათგრძნობა მაქვს ისეთი... ვფიქრობ, ის ცოცხალია!


-საიდან მოიტანე? - ბაკური უკან ბრუნდება. მოუთმენელი მღელვარებით მისჩერებია სიძეს. -
რამ გაფიქრებინა, რომ ის ცოცხალია?

1968 წელი. თბილისის აეროდრომი. ზამთარი. რვა წლის ბაკური და ხუთი წლის ლელა
დედასთან ერთად აცილებენ მამას, ზურაბ ფხოველს. ზურაბი მოსკოვში მიდის. მოსკოვიდან საბჭოელ
სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად კანადაში მიემგზავრება. მხიარულად ემშვიდობება ცოლ-შვილს.
ორმოცი წლისაა ზურაბი. თვითმფრინავისკენ მიემართება სიარულის თავისებური მანერით. მძიმე
ნაბიჯები... განიერი ბეჭები... უკან გადავარცხნილი შავი თმა...ასეთად დარჩა შვილების ხსოვნაში.

-ერთი წლის მერე ჩამოვა ხომ, დედა? - ბაკური კითხულობს. სიამაყით გაჰყურებს მამის
სპორტულ ტანს.

-ხო, შვილო!

გადის ორი თვე. ოჯახისათვის თავზარდამცემი ცნობა:

,,დედოფალ შარლოტის კუნძულიდან გაურკვეველ ვითარებაში, უგზო-უკვლოდ გაქრა


ინჟინერი ზურაბ ფხოველი".

მას შემდეგ გავიდა ოცდახუთი წელი...

-დაჯექი! - ზაზამ კონიაკი გადმოიღო. ჭიქები შეავსო. - საქმე ისაა, რომ რაც საქართველოს
დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ვიღაც სისტემატურად მიგზავნის საჩუქრებს.

-საიდან?

-ღმერთმა იცის!

-რა საჩუქრებია ან რა კავშირი აქვს ამას მამაჩემთან?

-საჩუქრები უცხოეთიდან მოდის. წეღან რომ მეუბნებოდი ეს ყველაფერი ყაჩაღობით გაქვს


შეძენილიო, არ ამბობდი მართალს, მაგრამ არაფერი გითხარი. რასაც აქ ხედავ, - ოთახს მოავლო
თვალი, - ყველაფერი იმ ვიღაცისგან მივიღე. მანქანაც მანვე გამომიგზავნა. იცი შენ, რომ მე
საქართველოს ფარგლებს გარეთ არავინ მყავს. თურქეთის გარდა არსად ვყოფილვარ და, ამდენად
მეგობრებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაშ რა ხდება? საიდან მოდის ეს სიკეთე? შემედავები ალბათ,
მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ჯერ მე მომაქცევდა ყურადღებასო. ან სულაც, შენზე კი არა, ლელას
სახელზე გამოაგზავნიდა საჩუქრებსო. მე ვფიქრობ, მან ჩვენს შესახებ ყველაფერი იცის, მაგრამ რაღაც
მიზეზის გამო არ შეიძლება დრომდე მისი გამოჩენა, ასე ვთქვათ, მკვდრეთით წამოდგა. აქ სადღაც, ამ
ამბავში, ძაღლის თავია დამარხული. უნდა ვიფიქროთ ამ საქმეზე, ბაკურ!

-ლელამ იცის ეს?

-არა! ყოველ ახალმიღებულ ნივთზე ვეუბნები, რომ ვიყიდე ან მეგობარმა მაჩუქა. არ მინდა
ავაფორიაქო, ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრამვა კვლავ განვუახლო. ჯერ შენთვის უნდა მეთქვა.
-მართალი ხარ, ზაზა, - თვალები დახუჭა. - ღმერთო! ნუთუ შეიძლება ეს სიმართლე იყოს?!
თბილისში, აქ, ვაკეში ვცხოვრობდით. არაფერი გვაკლდა. დაიკარგა მამა. გაგვიჭირდა ცხოვრება.
წელებზე ფეხს იდგამდა დედა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძნელი იყო მასწავლებლის ხელფასით ოჯახის
და შვილების რჩენა. სოფელში წავედით, მამის სოფელში. გულთბილად მიგვიღო ნათესაობამ.
არაფერს გვაკლებდნენ უმამოდ დარჩენილებს. წამოვიზარდეთ. იმდენად შეგუებულები ვიყავით უკვე
სოფელს, რომ ქალაქისკენ გამოხედვა არც მე და არც ჩემს დას აღარ გვინდოდა. დავიწყებული გვქონდა,
რომ თბილისელები გვერქვა ოდესღაც. მთები და ჩემი სოფელი, სადაც გავიზარდე, ჩემი აქილევსის
ქუსლია! კი მაგრამ, რომელი ქვეყნიდან მოდის საჩუქრები, რა უნდა ამის გაგებას?

-თურქეთიდან შემოდის, მაგრამ თურქეთში საიდან იგზავნება? ამის ამოხსნა ჩემს


შესაძლებლობებს აღემატებოდა აქამდე. ჩემი აზრით, ამერიკიდან უნდა იგზავნებოდეს.

-ამერიკიდან? - ბაკურს სახე გაეხსნა. მზერა მომენტალურად მეოცნებე გაუხდა. - რის


საფუძველზე დაგებადა ეგ აზრი?

-ყველაფერი დალუქული მოდის. ლუქებზე კი ამერიკის დროშაა ამოტვიფრული.

-ზაზა! - ფხოველი ფეხზე წამოდგა. - თუ ეს ყველაფერი სიზმარი არაა, თუ ის სადღაც


არსებობს, თუ ცოცხალია, ვიპოვი მას!

-შენ მაინც უცხოეთში წასვლაზე ფიქრობ?

-ვნახოთ!

-უცნაურია ადამიანი, - ზაზამ კონიაკი მოსვა. - სამშობლოში ჩვენ გაუთავებლად ვბუზღუნებთ,


ყოველგვარი სიბრიყვე და ყოველგვარი უმართებულობა ბრაზით გვახრჩობს. პატარა ბიჭებივით
მუდამ მზად ვართ დავტოვოთ იგი და შორეულ ქვეყანაში გავიქცეთ. და ბოლოს, როცა მართლაც
მოვხვდებით იმ შორეულ ქვეყანაში, ის კვლავ, ალბათ ძალიან შორეულად მოგვეჩვენება და ფარულად
ვინაღვლებთ მშობელი ქვეყნის გაუვალ სიბრიყვეთა და უმართებულობათა შესახებ. მოგვენატრება
კვლავ ვისხდეთ იქ, ძველსა და კარგად ნაცნობ ოთახში, მშობლიურ კერასთან...

საღამოს ბინდი წვებოდა. დოლიძის ქუჩიდან ხილიანზე გადაუხვია. ოცი ნომერი! მოშორებით
გაჩერდა. ხის ჩრდილი თითქმის ფარავდა მანქანას. გახდა ექვსი. შვიდის ნახევარი. მწუხრის
ჩრდილები შავი ასპიტებივით იკლაკნებოდნენ კორპუსთა თავებზე. სულ უფრო და უფრო მეტი
კაეშნით აღსავსე სურნელს აფრქვევდნენ ქალაქს ასფალტის ტყვეობაში მოქცეული ხეები. მისგან წინ,
ათიოდე მეტრში უნომრო ,,ჟიგული" იდგა, იქვე - განათებული კომერციული ჯიხური. მანქანიდან
გადავიდა. ჯიხურისკენ წავიდა. სიგარეტი იყიდა და შემობრუნდა. ,,ჟიგულში" მსხდომთ შეავლო
თვალი. ხუთნი ისხდნენ, ავტომატებით. ,,ზაზას ხალხია! ლაწირაკები!". გავიდა კიდევ ოციოდე წუთი.
სახლის კარი გაიღო. ბაკურმა ხმადაბლა წაუსტვინა. ,,გემოვნება ჰქონია თამაზ შენგელიას!".

ქუჩაში გამოსულმა ქალიშვილმა აქეთ-იქით მიმოიხედა, აუჩქარებლად დაუყვა ქუჩას. მანქანა


დაძრა. ნელი სვლით მიყვა უკან. შავი ტყავის ,,მანტო". შავი კაბა, შეხსნილი. შავი ჩექმა. ყვითლად
შეღებილი, მოკლედ აჭრილი თმა... ,,ჟიგული" უკან მოდიოდა. ,,ჩაფუშავენ ესენი ყველაფერს!" მანქანა
გააჩერა. გზა გადაუკეტა ,,ჟიგულს", გადავიდა.
-ჩვენი ძმა, მართვის მოწმობა გაქვს შენ? - ,,ჟიგულის" მძღოლმა ამრეზით აათვალიერა ზედ
მისული.

-მერე შენ რა? - გაეღიმა ბაკურს.

-ვინ მოგცა, მისი დედა ვატირე! არ იცი, სად უნდა გააჩერო მანქანა?

-თემო, შენ ხარ?

-მე ვარ!

-ზაზას ცოლისძმა ვარ! იქ ვიყავი, როცა დაგირეკა. შენ სახლს მიაქციე ყურადღება. ამ გოგოს მე
მივხედავ.

-კი, ძმაო! რაზეა ბაასი? - გაეცინა თემოს. - ამ წუთში ვბრუნდები უკან...

ქალიშვილი უკვე ცენტრალურ ქუჩაზე იდგა. მანქანას ელოდა. ტანის რხევით გამოემართა მის
წინ გაჩერებული მანქანისკენ. ბაკურმა წინა კარი გაუხსნა.

-მეტეხთან?! - თითქოს ნაცრისფერი, თითქოს მომწვანე თვალები ცნობისმოყვარედ აჩერდებიან


მძღოლს.

-დაჯექით, ირმა! - ფხოველი სიგარეტს უკიდებს.

-მიცნობთ? - იღიმება.

-იცით? - მანქანა იძვრება. - ერთხელ გნახეთ და ვეღარ შევძელი თქვენი დავიწყება.

-მართლა? რას მელაპარაკებით! - ცინიზმი კრთის ირმას ხმაში. - ჩემი სახელი საიდან გაიგეთ?
ან სად მნახეთ?

-,,მეტეხში"! სამწუხაროდ, მაშინ მარტო არ იყავით.

-ვისთან ერთად ვიყავი?

-არ ვიცი! თბილისში ყველა ყველას არ იცნობს. მოდით, დღეს საღამოს უღალატეთ თქვენს
ჩვეულებას. სადმე სხვაგან წავიდეთ? უარს ნუ მეტყვით!

-მაინც სად?

-ქალაქგარეთ!

-კარგით! იყოს დღეს ქალაქგარეთ, - კარებს ბეჭებით ეყრდნობა. ბაკურს აჩერდება. - საოცარია!

-რა? - ფხოველი გზას გაჰყურებს.

-რა და ის, რომ მე შენ ,,მეტეხში" არასდროს მინახიხარ, - შენობით საუბარზე გადადის. - რა
გქვია?

-ბაკური! ნახული რომც გყავდე, ამით რა? ასე ადვილად იმახსოვრებ ყველა შემხვედრს?
-ყოველ შემთხვევაში, შენი სახე დამამახსოვრდებოდა.

-ეს ალბათ საღამოს კომპლიმენტია? გმადლობ!

-არ ღირს! საით მივდივართ?

-მცხეთაში! შეიძლება ამაღამ უკან ვერ დავბრუნდეთ. ოჯახში ხომ არ შეწუხდებიან?

-არა! მარტო ვცხოვრობ! - ხმადაბლა ამბობს. - შენ მეუღლე გყავს?

-არა! მეუღლე არ მყავს. ჩემი გული კი ყოველთვის აღსავსეა სიყვარულით, ვიდრე ამ ქვეყნად
ქალები არსებობენ. გაცივდება თუ არა ერთის მიმართ, მეორისადმი სიყვარულით ენთება უკვე, -
იღიმება. - ისევე როგორც არასდროს კვდება ზეციური მეფე, ჩემს გულშიც არასდროს კვდება
დედოფალი. მისი დევიზია: ,,დედოფალი მოკვდა?! გაუმარჯოს ახალ დედოფალს!"

-მიყვარს გულახდილობა! პატივს ვცემ მამაკაცს, ვისაც ირონია გააჩნია საკუთარი თავის
მიმართ. შეიძლება მოვწიო?

-რა თქმა უნდა! იცი, ირმა? მაიმუნი მით უფრო სასაცილოა, რაც უფრო კარგად ბაძავს ადამიანს,
ასევე ბრიყვებიც მით უფრო სასაცილონი ხდებიან, რაც უფრო ჭკვიანად მოაქვთ თავი.

-შენ რომელ მათგანს მიეკუთვნები? - ირმა სარაჯიშვილი ყურადღებით აკვირდება ბაკურს. -


მხოლოდ სიმართლე! არ მჭირდება დათაფლული ენა, რამეთუ ,,სიტყვები იმისათვის არიან
შექმნილნი, რომ დაფარონ ჩვენი აზრები"!

ბაკური დაიძაბა. ,,ჰმ! ,,პუტანკა" უძახე შენ! ტალეირანის ფრაზებით დაიწყო უკვე!"

-ირმა! - ირონიული ღიმილი კრთის ფხოველის სახეზე. - თუმცა მე თვითონ ჭკვიანთა რიცხვს
არ ვეკუთვნი, მაგრამ დიდი ხანია, ამ პარტიას მივემხრე და ომს ვაწარმოებ ბრიყვთა წიააღმდეგ.
ბრიყვები ფიქრობენ, რო ისინი ჩვენ პირში ჩალაგამოვლებულნი დავტოვეთ. ისინი ამტკიცებენ, რომ
ქვეყნად ჭკუის გარკვეული დოზა არსებობს მხოლოდ, და მთელი ეს ჭკუა, ღმერთმა იცის თუ როგორ,
ჭკვიანებმა დაისაკუთრეს. ისე კი აღმაშფოთებელია მართლაც, როდესაც ხშირად ერთადერთ ადამიანს
იმდენი ჭკუა აქვს მითვისებული, რომ მისი თანამემამულენი და მთელი მისი ქვეყანა სიბნელით არიან
მოცულნი... აი ეს არის ომის მიზეზი! ჭკვიანებს თავი უაღრესად წყნარად, ზომიერად და ჭკვიანურად
უჭირავთ, ისინი მტკიცედ სხედან არისტოტესეულ ნაწარმოებთა ძველთაძველ ტომებს
ამოფარებულნი. მათ უამრავი ქვემეხი და ჭურვი მოეპოვებათ. თოფისწამალიც ხომ მათივე
გამოგონილია და ჟამიდან ჟამზე ისვრიან საფუძვლიანად არგუმენტირებულ ჭურვებს
მოწინააღმდეგის ბანაკში. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელნი რიცხვმრავალნი არიან, გამაყრუებლად
ყმუიან და ყოველდღიურად სულ ახალ-ახალ სისაძაგლეებს ჩადიან, რამეთუ ყოველი სისულელე
სისაძაგლეა ჭკვიანისათვის. ისინი მხოლოდ ლაყბობენ, რათა დამალონ, რომ საერთოდ არავითარი
აზრი არ გააჩნიათ, ამბობენ რაღაც მაღალფარდოვან სიტყვებს და ხშირად სქელტანიან წიგნებსაც
წერენ. კაცმა რომ ყური დაუგდოს, ისინი აღმერთებენ აზრების ერთადერთ კურთხეულ წყაროს,
სახელდობრ - გონებას! ისინი გართულნი არიან მათემატიკით, ლოგიკით, სტატისტიკით, მანქანათა
გაუმჯობესებით, მოქალაქეობრივი იდეალებით და ასე შემდეგ... ზოგიერთნი კი გულახდილად
აღიარებენ, რომ მათ ჭკუის მცირე ნაწილი ხვდათ წილად, მაშინ, როცა სრულიად არა აქვთ ჭკუა. ამავე
დროს აუცილებლად უმატებენ, რომ გონება არასაიმედოა, არსებითად, ის უფასოა. შეიძლება ეს ასეც
იყოს, მაგრამ, მათ იმდენი ჭკუაც არ გააჩნიათ, რომ ამის დამტკიცება შეძლონ. თავს გონების
სუროგატებით, ფსევდოჭკუით ინუგეშებენ. მე მათ ვძულვარ! ამტკიცებენ, რომ ოდითგანვე მათ
რიცხვს ვეკუთვნი, რომ მოღალატე ვარ და განდგომილი, რომელმაც გაწყვიტა უწმინდესი კავშირი.
მათი აზრით მე ახლა სულმდაბალი ჯაშუში ვარ, რომელიც ვუთვალთვალებ მათ ბრიყვულ
საქმიანობას, რათა შემდეგ ჩემს ახალ მეგობრებს სიცოცხლისთვის მივცე მასალა. და იმდენად
სულელი ვარ, რომ ვერ ვხვდები, რომ ეს უკანასკნელნი ჩემზეც იცინიან და არ მიყურებენ, როგორც
თანასწორს. ბრიყვები ამაში მართალნი არიან!

მართლაც, ჭკვიანებს მე თავისიანად არასდროს მივუჩნევივარ და მათი ფარული ხითხითი


ხშირად ჩემკენ იყო მომართული. მე ვიცოდი, ვიცი ეს! ვიცი, რაოდენ არაბუნებრივია ჩემი
მდგომარეობა. ყველაფერს, რაც არ უნდა გავაკეთო, ჭკვიანები სიბრიყვედ მითვლიან, ბრიყვები -
ბოროტებად. საკმაოდ ბრძნული თქმულებაა: ,,მძიმეა ლოდი, ტვირთია ქვიშა, ბრიყვის რისხვა კი
ორივეზე უმძიმესია!" ალბათ უკეთესი იყო, ყველა ზეციური და ამქვეყნიური კანონით, ბრიყვთა
შორის მეცხოვრა სამარის კარამდე. რა კარგად ვიგრძნობდი, იცი, თავს იმ ადამიანებს შორის? შეიძლება
პრეზიდენტადაც კი ავერჩიე, ვინაიდან მე შემიძლია ყველა სფეროში ვივარგო. მე ხომ არც ისე
ადვილად მივიჩნევ რუსი ჯარისკაცის ჩექმას ინდურ ლარნაკად. სახედარიც არასდროს ამერევა
კურდღელში - როგორც ეს ხშირად ემართებათ! ჩემს ხასიათს, ჩემს რწმენას, ჩემს შთაგონებას. ამის
გარდა, კიდევ მრავალი სიკეთის მოტანა შეეძლოთ ლოცვის წუთებში... სახელდობრ ჩემთვის!

ერთ გოგონას, რომელიც ჭკვიანია და მაინც ბრიყვთა ბანაკში გადასახლდა და რომლის თავშიც
მზის სრული დაბნელება ჯერ კიდევ არ მომხდარა, როგორც ჩანს, შევუყვარდი და იცი, რა მითხრა?
,,განა არ იცი, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამაღლებენ მარტოოდენ იმათ, ვინც თავს იმდაბლებს მათ
წინაშე?! ამასთან ერთად არც ღვთის მსახური ხარ! ნუთუ ასე ძნელია ნეტარი სახით თვალთა
ზეაპყრობა, მორწმუნედ გადაჭდობილი ხელების სახელოებში შეწყობა, საღმრთო კრავივით თავის
დაბლა დახრა და ბიბლიიდან დასწავლილი ადგილების ბუტბუტი?! მერწმუნე, არავინ მოგცემს
ჯილდოს ურწმუნოებაში, რადგან კომუნისტები აღარ არიან. მოყვასისადმი სიყვარულის
მქადაგებელნი მძულვარებას არ მოგაკლებენ, ცილს დაგწამებენ და დევნილს გყოფენ! შენ ვერც ცაზე
და ვერც დედამიწაზე კარიერას ვერ გაიკეთებ!.."

ვიცი, მართალია ეს! მე ყოველივე გონებას შევწირე მსხვერპლად. მისგან კი არაფერი მიმიღია.
მაინც არ შემიძლია უარვყო იგი. და როგორც ერთ დროს ებრაელთა მეფე სოლომონ, იუდეველთა
მოსაღორებლად, ვნებით გადაღველფილი შავკანიანი ასულის სახით ქებათა-ქების საგალობელში
ხოტბას ასხამდა ქრისტიანულ ეკლესიას, მეც, ჩემს რიცხვმრავალ საგალობლებში ხოტბა შევასხი მის
საპირისპიროს - გონებას, თეთრი და ცივი ასულის სახით, თან რომ მხიბლავს და თან უკუმაგდებს, ხან
გამოღიმებს, ხან რისხვას მატეხს. ესაა საიდუმლო ჩემი ცხოვრებისა და დღემდე უნუგეშო
სიყვარულისა. ეს მე დღემდე არავისთვის მითქვამს. შენი კითხვის პასუხია ეს. ჩემი საუბარი ჩემი
სიბრძნე-სიბრიყვის შეფასებაში გამოგადგება, ირმა!.. შენ შეგაძრწუნებს ჩემი სისულელის
მწვერვალები! ზევით ისწრაფვის აქოჩრილი მუხრანის ტევრი. მუხრანის ზემოთ დანავარდობს ლაღი
არწივი, არწივზე ზემოთ დაცურავენ ღრუბლის ქულები, ღრუბლების ზემოთ კაშკაშებენ ცის
ვარსკვლავები... ირმა, ეს უკვე ძალიან მაღალი ხომ არაა შენთვის?

-არა! - იცინის. - შემდეგ?


-ვარსკვლავთა ზემოთ დაფრინავენ ანგელოსები, ანგელოსების ზემოთ... არა! - ბაკურმა თავი
გააქნია. - ამაზე ზევით ჩემი სისულელე ვერ ავა, მან ისედაც საკმაოდ მაღალ მწვერვალებს მიაღწია და
თავბრუ ესხმის საკუთარი აღმაფრენისგან...

-შეუდარებელი ხარ! სად მუშაობ, ბაკურ?

-ფსიქიატრიულში! არ მეტყობა?

-ექიმი ხარ?

-არა! პაციენტი.

-გეყოფა! - გადამდები სიცილი აქვს ირმას. ეღიმება ფხოველს.

მცხეთაში იყვნენ უკვე.

-რესტორანში დავსხდეთ! - ბაკური ვიღაცას მიესალმა.

-არა რა! ძალიან გთხოვ!

-რატომ?

-არ მინდა და იმიტომ! სადმე წყნარი ადგილი არ მოიძებნება მცხეთაში?

-,,ხეკორძულაში"?!

-ეგეც რესტორანია?

-არა! საკმაოდ წყნარი ბარია.

-კარგი, შევიდეთ!

-ცნობისმოყვარე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მაინც, რატომ თქვი უარი რესტორანზე?

-მე ცოტა,,იმნაირი" დამცველი მყავს, - იღუშება. - მეშინია, არ მიცნოს ვინმემ და ამბავი


მიუტანოს.

-მერე და რა არის ამაში ცუდი, რომ მეგობართან ერთად ივახშმო? - გულუბრყვილოდ


კითხულობს.

-ეჰ! - ამოიოხრა. - შენ არ იცნობ მას!

-კი მაგრამ, ვინაა ისეთი? მამა? ძმა? ბიძაშვილი?

-მამა, ძმა და ბიძაშვილი რომ მყოლოდა, იქნებ სხვანაირად წასულიყო ჩემი ცხოვრება... ვინაა
და კაცი, რომელიც მე მაღმერთებს, კაცი, რომლის მე მეშინია!

ბაკურმა სვლა შეანელა. ქალიშვილს შეხედა. უთრთის ხელი. თვალებში ცრემლი კრთის.
არსენას ძეგლთან აჩერებს მანქანას.
-ცუდად ხარ? - მხარზე მოხვია ხელი. მიიზიდა. თავი ასწია ქალმა. შეხედა ცრემლჩამდგარი
თვალებით.

-არ გინდა! ქუჩაში ნუ შემეხები. აიღე ხელი! შენ არ იცი, ის რა საშინელი ცხოველია. არც შენ
დაგინდობს!

-აუ! - შიშით იღებს ხელს ფხოველი. - ჩემგან რა უნდა?!

ბაკურის შიშნარევი ხმა უცებ ამხიარულებს ირმას.

-ამ წუთში რომ დაგვადგეს თავზე და შეგაგინოს... ან, უბრალოდ, გითხრას, შენ იყო
ძაღლიშვილი, თუ არ შემებრძოლოო! ერთი პისტოლეტი შენ მოგცეს. როგორ მოიქცევი?

ბაკურ ფხოველმა ხელები გაასავსავა.

-თავი დამანებე! რა ეშმაკად მინდა პისტოლეტი? ცხოვრებაში ,,სკრიპკის" მეტი არაფერი მჭერია
ხელში.

-რას უპასუხებდი? მითხარი! - ირმამ მხარზე ჩამოაყრდნო ხელი.

-ხელი გაწი და სწორედ დაჯექი! რას ვუპასუხებდი? დავხრიდი თავს ძირს და ვეტყოდი:
ბოდიშით, ბატონო! ეს გოგონა მე ჩემი დისგან არ გამირჩევია, რაც შეეხება თქვენს კეთილშობილურ
წინადადებას ორთაბრძოლის თაობაზე. მირჩევნია, ცოცხალი ვიყო და ძაღლის ლეკვი მერქვას, ვიდრე
მკვდარი ლომი!

-მშიშარა! - ეღიმება ირმა სარაჯიშვილს. სახეზე ეფერება. ნუ გეშინია. ის გუშინ რუსეთში


წავიდა. ახლო მომავალში არ იქნება.

-რა უნდა რუსეთში? - მშვიდად ამოისუნთქა ბაკურმა.

-არ ვიცი! ალბათ კიდევ ჩაიდინა რაღაც და გაიქცა, - თვალებში ნაღვლიანი ჩრდილები
უჩნდება. - დონეცკში აფარებს ხოლმე თავს. მისი და ცხოვრობს იქ.

-დონეცკში? - სიხარულს ვერ მალავს ფხოველი.

-რა გიხარია?

-ირმა! შენ სერიოზულად გინდა ჩამოიშორო ის?

-მაგას კითხვა უნდა? მაგრამ შენ არ გავხარ მის ჩამომცილებელს.

-მე არც ვაპირებ! დონეცკს ჩემი ძმა უყურებს.

-როგორ უყურებს? ქურდია?

-კი. მისამართი მომეცი და ის მიხედავს მას.

-მისამართი არ მაქვს! - იმედის სხივი უელავს. - ტელეფონი მაქვს.


-რა მნიშვნელობა აქვს. იპოვის მაინც. ასე რომ, ჩათვალე ის კაცი დღის წესრიგიდან
ამოღებულად. ამის გარანტი მე ვარ. შენ ის აღარასოდეს შეგაწუხებს... წავედით?

თერთმეტი სრულდებოდა. ბარში მათ გარდა აღარავინ იყო. ირმა წამოდგა.

-ვაიმე! თავბრუ მესხმის!

-არაფერია! კონიაკის ბრალია! - იღიმება ბაკური. - ჰაერზე გავალთ და გაგივლის.

ქარი, ცივი ქარი უბერავდა მტკვრიდან. ირმა აიბუზა.

-გცივა?

-შემცივდა ცოტა! მაგრამ არაფერია. შენ გამათბობ!

-დაჯექი! - მანქანის კარებს აღებს.

-სად მივდივართ?

-,,აგურქარხნებში".

-რა გვინდა იქ?

-აბა გარეთ ხომ არ გავათევთ ღამეს!

კიბეებს აუყვნენ. ფხოველმა კარები გახსნა. სინათლე აანთო. ირმამ ბინა მოათვალიერა.

-რა სიმყუდროვეა! ვისი ბინაა?

-ამ ღამით ჩვენია, - ქურთუკი გაიხადა. ირმა შემობრუნდა. წელზე შემოხვია ხელები. შეკრთა.

-ეს რა არის? აკი იარაღი არასდროს მჭერია ხელშიო?! - აბუსხული ტუჩები. შეცბუნებული
თვალები.

-მიყვარს ასეთი სათამაშოები! - ,,ბერეტას" მაგიდაზე დებს. - შამპანურს ხომ არ დალევ?

-არა! მოდი ჩემთან! - კისერზე ხვევს ხელს.

ბაკურმა ხელში აიტაცა, საწოლი ოთახის კარი ფეხით შეაღო.

-სინათლე ჩააქრე! - დაიჩურჩულა ირმამ...

XX თავი

დონეცკი. სამი ნოემბერი. საღამო...


-თუნდაც ჯოჯოხეთი ჩაქრობას აპირებდეს, მე საკუთარი სულის შებერვით გავაჩაღებდი
უკანასკნელ მბჟუტავ ნაკვერჩხლებს, რათა ისინი კვლავინდებური ძალოვნებით აგიზგიზდნენ!..

რომ მოგესმინათ ამ ადამიანის ხმა, რომელიც ჩრდილოეთის გრიგალივით სისინებდა ამ


სიტყვების წარმოთქმის დროს, გენახათ მისი ანთებული სახე, კამეჩის ქედისებური კისერი და
ვეებერთელა მუშტები, დარწმუნდებოდით, რომ ეს ჯოჯოხეთური მუქარა ჰიპერბოლა არ იყო.

-დაწყნარდი, თამაზ! - წითელსახიანმა, ჩასუქებულმა რუსმა არყიანი ჭიქა ხახაში


გადაიპირქვავა, სალის ნაჭერს დაავლო ხელი, ზედ მიაყოლა. - მე კი სამოთხეს ვარჩევდი მაინც!

-სამოთხეს? - მოსაუბრე შავი თვალებით გაბურღა თამაზ შენგელიამ. - მე სამოთხეს ვერ


გამოვუცხადებ ნდობას.

-რატომ?

-სამოთხის მიმართ ჯერ კიდევ ძალიან ადრე შემეპარა ეჭვი. პატარაობისას ხშირად
ვწოლილვარ გულაღმა ბალახებში. მიჭვრეტია ზეცისთვის და მიფიქრია: ნუთუ მართალია, რომ
ზეცაში ამდენი დიდებული რამ მოიპოვება, როგორც ამას გაიძახიან? მაგრამ მაშინ, ვფიქრობდი მე,
როგორ ხდება, რომ ამ სანუკვარი საგნებიდან არასდროს ვარდება ძირს არაფერი, თვით ერთი
ბრილიანტის საყურეც კი, ან მარგალიტის გულქანდა, ან ანანასის ტორტის პატარა ნაჭერი მაინც?
მხოლოდ სეტყვა და თოვლი, წვიმა რატომ მოდის იქიდან? ამას ვფიქრობდი და ამას ვფიქრობ დღესაც.

-დღესაც? - ჩაეძია მოსაუბრე.

-კი, დღესაც! ამ შენს სამოთხეში მთლად რიგზე არ უნდა იყოს ყველაფერი. ეჰ! - ხელი დაარტყა
მაგიდას. - რა ვუთხრა ღმერთის სამართალს. ერთი-ორი საათით მაინც შეგვიშვა იქ ,,მხედრიონის"
ბიჭები და უცებ დავალაგებდით ყველაფერს. ძირს ჩამოვიტანდით სულ.

-სად ძირს?

-Казел ты! - გაცეცხლდა შენგელია. - სად ძირს და აქ, ჩვენთან, მიწაზე. რა ჩემი ფეხები უნდა
განძს ცაში?

-საქართველოში ყველა შენნაირი ჭკვიანია? - გაეღიმა რუსს.

-რაო? - ამღვრეული თვალები ბუდეებიდან გადმოცვენას ლამობს. - მაშინ რატომ არ ამბობდი


მაგას, როცა ჩემი დისთვის კარებს მიტალახებდი?

-კარგი! ვიხუმრე!

-იხუმრა! მეორედ კიდევ მასეთი ხუმრობა და! - მკერდს იღეღავს, ,,მხედრიონის" ჟეტონს იღებს.
- ხედავ? კარგად დააკვირდი! ეს ,,მხედრიონის" ნიშანია. ჩვენ, ქართველები, წმინდა გიორგის, ქრისტეს
მხედრები ვიყავით ყოველთვის. შენი დაცინვა უნდა ქართველობას?

-ვიცი! მე ქართველებს როდი ვაყენებ შეურაცყოფას. ისე კი ჯობდა, ქრისტეს მაგივრად


ნამდვილი ღმერთისთვის გეცათ პატივი და ის გეწამებინათ, ვინც მართლა ღმერთია.

-რას მიედ-მოედები? ვინაა მართლა ღმერთი?!


-იეჰოვა!

-ეგ ვიღა ჩემი ფეხებია?

-ლექსიკონი შეარჩიო ჯობია. იეჰოვა მამა ღმერთია.

-არ ვიცი მე მამა და მამინაცვალი. ვიცი ერთადერთი ღმერთი - ქრისტე! ეგ შენი იე... რა ქვიაო,
რა თქვი?

-იეჰოვა!

-ეგ იეჰოვა საიდანღა მოათრიე, დაგესიზმრა?

-შენ ბევრი რამ არ იცი, თამაზ! გიმეორებ, სამყარო შექმნა მამა ღმერთმა, იეჰოვამ. ქალაქ
ნაზარეთში ცხოვრობდა ახალგაზრდა, უწმინდესი და ულამაზესი ქალი, მარიამი. იეჰოვამ ანგელოს
გაბრიელს დაავალა მასთან შუამავლობა. გაბრიელი მიდის მარიამთან და ეუბნება: ,,იეჰოვა
კმაყოფილია შენით. შენ მალე ბავშვი გეყოლება და სახელად დაარქმევ იესოს. ეს ბავშვი დიადი იქნება
და მას ეწოდება უზენაესი ღმერთის ძე. იეჰოვა მას გაამეფებს ისე, როგორც ადრე გაამეფა დავითი.
მაგრამ იესო მარადიულად იმეფებს და მისი მეფობა არასდროს დასრულდება". ,,როგორ შეიძლება ეს
მოხდეს? - კითხულობს მარიამი. - მე გათხოვილი არ ვარ. არასდროს მიცხოვრია მამაკაცთან და როგორ
შეიძლება ბავშვი გამიჩნდეს?" ,,ღმერთის ძალა გადმოვა შენზე" - უპასუხა გაბრიელმა. - ამიტომ ბავშვი
ღმერთის ძედ იწოდება. ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი..." და მალე, ჩემო თამაზ, ბეთლემში
იშვა პატარა იესო! ესაა და ეს.

-როგორ იშვა, იეჰოვა იმ ქალთან არ წოლილა?

-არა!

-კაცურად, ეგ შენი იეჰოვა პედერასტი ხომ არ არის?!

სიძის გამტკნარებული სახე. გადმოკარკლული თვალები...

თბილისი. ორი ნოემბერი...

-როგორა ხარ, სოსო?

-სად ხარ შენ? კაი დროს მოხვედი. სტუმრები მყავს.

-თუ ძმა ხარ, არ მცალია. საქმეზე მოვედი.

-საქმე მოიცდის, ბაკურ!

-სხვა დროს, ძამიკო. გითხარი, ნაღდად დრო არ მაქვს.

-ხომ არაფერი გიჭირს?

-ბუჩუკურის ექსპერტიზაზე შენ იყავი ხო?


-კი!

-რა სისტემის იარაღითაა მოკლული?

-,,პარაბელუმით!"

-სხეულიდან ამოღებული ტყვიები შენთან ინახება?

-არა, გამომძიებელთან. რად გინდა?

-სოსო, მჭირდება ერთი ცალი, რომელიც დაჭყლეტილი არ იქნება. შეგიძლია აიღო?!

-ძმა ძმისთვისაო! რაზეა საუბარი? ხვალ გამოდი ჩემთან!

ავლაბარი. ,,ელია".

-გამარჯობათ, დეიდა გეღეციკ!

-ოო, ცავატანემ ბაკურჯან! მოდი! მოდი!

-ძია არტუშა სახლშია?

-კი! აგე ნარდსა თამაშობს. არტუშჯან!

-მოვდივარ! ოჰო! ამას ვისა ხედამ! - აქეთ-იქით იხედება. - ვაჰ! ვაჰ! შენ რა, დაცვის გარეშე ხარ?

-რად მინდა, ძია არტუშ, დაცვა?

-რა ვიცი, კაცო! - ხელებს შლის. - გუშინდელი ,,შპინგალეტები" დღეს პოლკოვნიკებია, მაშ შენ
გენერალიც აღარა, ტო? შამო რა! - ფართოდ აღებს კარს. - ვაჰ! ეს რა მაშინა დაგითრევია!

-ჭიშკარს ნუ გააღებ. მეჩქარება. მალე უნდა გავბრუნდე.

შევიდნენ. მასპინძლის ქალიშვილი სარკის წინ ტრიალებს.

-პრივეტ, სუსანა!

-ეგრე იყოს! - სუსანა ღიმილით ბრუნდება მისკენ.

-ეხლავე მოვალ, ბაკურჯან! - არტუშა გადის.

-როგორ გიკითხო, ავლაბრის დემი მურო?

-როგორც მკითხულობ! ქუჩაში ზედ არ მიყურებ!

-სად ქუჩაში?

-გუშინწინ, საბურთალოზე, ქერათმიანი გოგო რომ ჩაისვი მანქანაში, მომსალმებოდი მაინც?

-სად იყავი? ვერ შეგნიშნე! - გულწრფელად შეწუხდა ბაკური.


-სად ვიყავი და იქვე ვიდექი. ლექციები დამიმთავრდა და მთელი ორი საათი იქ ვიყურყუტე.
ტრანსპორტი არ იყო.

-მაპატიე, სუსანა!

-არაფერია. დღეს შეგიძლია გამოისყიდო.

-რა ხდება დღეს?

-კაროჩე, მე გავდივარ. ეცადე, მამაჩემს დროზე დააღწიო თავი და ბევრი არ დალიო. 6 საათზე
ავლაბრის მეტროსთან დაგელოდები, - სუსანამ ჩანთა აიღო. არტუშა შემოვიდა.

-წახვედი სუსანჯან? მალე მოდი!- კონიაკი, ხილი მაგიდაზე დაალაგა.

-ამაღამ ნინოსთან ვრჩები, მამა! სახლში არ მოვალ! კარგ ქეიფს გისურვებთ! - კარები გაიხურა.

-ძია არტუშ! მე დამლევი არა ვარ. შენი დახმარება მჭირდება.

-ეგ მერე! ოჯახი დავლოცოთ!

-გაგიმარჯოთ! - ბაკურმა ჭიქა აიღო.

-აბა მითხარი, რამ შეგაწუხა?

-იარაღი მჭირდება სასწრაფოდ!

-ვაჰ! შენა და იარაღი გაგიჭირდა?

-იარაღს გააჩნია!

-რა მარკა გინდა, ტო, მითხარი!

-,,პარაბელუმი!"

-ამ ატომის ხანაში რაღა დროს ,,პარაბელუმია"? ახალი იარაღებია, რამდენიც გინდა!

-მჭირდება მხოლოდ ,,პარაბელუმი"! - სომეხის წინ ფულის დასტა დადო. - და მჭირდება ხვალ
საღამომდე!

-რამდენია?

-არ ვიცი! ალბათ ორი ათასი. მგონი საკმარისია?

-ბაკურჯან! შვილო და ძმაო! - ფული უკან დააგდო მაგიდაზე. - თუ იარაღი მართლა გინდა, ეს
ფული შეინახე, რა! სომეხი კი ვარ, მაგრამ ნამუსი მაქვს. რაც შენ ჩემი ოჯახისთვის ზვიადის დროს
პატივი გაქვს ნაცემი, ერთი ჟანგიანი ,,დურათი" კი არა, მთელი ზვოდის იარაღიც რო მოგცე, მაინც ვერ
ამოვალ ვალიდან. შენ რო არ ყოფილიყავი მაშინ, მე ახლა აქ რა მინდოდა?! არარატის მთებში, ქოხში
უნდა ვცხოვრობდე სადღაც! რას იბღვირები, ტო! არაფერი აღარ მითხრა! იარაღს ახლავე მოგცემ, ეგ
ეშმაკის მონაგონი ქაღალდები კი, სანამ შემოვბრუნდები, აფერთხე აქედან!..
ექვსი სრულდებოდა.

-სუსანა!

-რა მალე მოხვედი?

-დაჯექი! - ფხოველმა მანქანა შეაბრუნა.

-სად მიდიხარ?! რა გვინდა ჩემს უბანში?

ბაკურ ფხოველი შუბლშეკრული გაჰყურებდა გზას. არტუშას სახლის მახლობლად შეაჩერა.


სუსანასკენ შებრუნდა.

-წადი ახლა სახლში! დაჯექი და იმეცადინე.

შემკრთალი აჩერდება. ღიმილი უნათებს სახეს. გადაიწია. ლოყაზე აკოცა.

-კარგი ბიჭი ხარ! ნახვამდის!.. - ქურციკივით მიემართება სახლისკენ.

საღამოს ათი საათი.

-ალო! დათო, შენ?

-მე ვარ! როგორა ხარ?

-ვარ რა! რა ამბებია თქვენს მოსკოვში?

ისეთი არაფერი. ხომ არაფერი გიჭირს?

-ზეგ ჩამოვალ! საღამოს. აეროპორტში დამხვდი.

-კარგი!

-ხუთშაბათისთვის დონეცკზე დამახვედრე ერთი ბილეთი.

-რა გინდა დონეცკში?

-საქმეა. მოსულა?

-მაშ როგორ! გელოდები!..

თბილისი. 3 ნოემბერი. საღამო. 9 საათი.

-რას აკეთებ? - მაგიდასთან თავდახრილ ფხოველს უკნიდან შემოხვია მარიკამ ხელები. -


ვახშამი მზადაა.

-ახლავე, მარი. მაცადე ცოტა! - პისტოლეტის ტყვია ჰილზიდან გამოაძრო. წამალი ქაღალდზე
დაუშვა. თითით შეეხო. დააკვირდა. უკან ჩაყარა. ჯიბიდან რაღაც პრიალა ქაღალდი ამოიღო. გაშალა.
ჩაფიქრებული დაჰყურებდა ქაღალდში გახვეულ ცარიელ ტყვიას. პინცეტი აიღო. ჰილზს მოარგო.
ჰილზიდან გამოღებული ტყვია ქაღალდში გაახვია. ღია ფანჯრიდან შორს მოისროლა.
-ექსპერიმენტებს ატარებ? - მარიკამ შიშით დახედა შავ, ყორნისფრად მოელვარე იარაღს. - რა
ჰქვია ამ პისტოლეტს?

-,,პარაბელუმი", - წამოდგა. - შეგიძლია მიმიწვიო ვახშმად!..

დონეცკი. 3 ნოემბერი. გვიანი ღამე.

-თამაზ, შენ რა, ტირი?

-არა! - შენგელიამ აწითლებული თვალები ძირს დახარა. - არ ვტირი. მაპატიე, სერგეი,


წეღანდელი უზრდელობისთვის. არყით ვცდილობ გადავივიწყო ყველაფერი, მაგრამ მაგიჟებს ეს
დაწყევლილი არაყი.

-რა ყველაფერი? რის გადავიწყებას ცდილობ?

-რატომ არ მეკითხები ან შენ, ან ჩემი და, რატომ ჩამოვედი? რატომ ვარ აქ?

-რატომ უნდა გკითხოთ? მოგენატრა შენი და, მისი ოჯახი და ჩამოხვედი, რა არის ამაში
უჩვეულო?

-ეხ! სერგეი! სერგეი! რა გიჭირს შენ. ხარ ქარხნის დირექტორი, გყავს მოსიყვარულე მეუღლე,
გაქვს წყნარი ოჯახი. ბედნიერი კაცი ხარ!

-შენს ბედნიერებას რაღა უშლის ხელს? თუ იქ არ გინდა ცხოვრება, საქართველოში, ჩამოდი აქ.
ბინასაც მოგცემ და სამსახურსაც. ქალის პრობლემა რომ არ არსებობს აქ, ეგ იცი მგონი.

-ჩემი ბედნიერება? - მწარედ გაეღიმა თამაზ შენგელიას. - არა! ჩემთვის ბედნიერი დღე
აღარასოდეს გათენდება. ერთიღა დამრჩა, სერგეი, სიკვდილი! მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა
მოვიდეს ჩემთან, რადგან არ მსურს არაკაცის სახელით წავიდე იმ ქვეყნად... მინდა როგორღაც
გავაგებინო ჩემს მეგობრებს, ,,მხედრიონს", რომ იმ საქმეში, რომელიც უშიშროებამ წამომკიდა
ზურგზე, ჩვილ ყრმასავით უდანაშაულიო ვარ. და განა მარტო ერთი? რამდენი სველი საქმე? ეშმაკმა
იცის! უშიშროების ბიჭები ხომ დიდოსტატები არიან ასეთი ამბების.

-მერედა, რატომ არ მიხვედი, რატომ არ აუხსენი ხალხს, რაც მოხდა?

-ვის რას აუხსნი?! ისე ტექნიკურად გააკეთეს ყველაფერი, რომ ყველა კვალი ჩემკენ წამოვიდა.
რა გინდა, სუფთად იმუშავეს! ყველა დარწმუნებულია დღეს, ,,მხედრიონიც" და პოლიციაც, რომ
მეგობრების მოღალატეც ვარ და მკვლელიც. როგორ გინდა აუხსნა? ,,მხედრიონელები" ,,შავები" არ
არიან, სერგეი! ქურდი საღად განსჯის ყველაფერს, გაარკვევს გასარკვევს. აქ კი ადგებიან და იმასაც არ
იკითხავენ, მტყუანი ხარ თუ არა, პირდაპირ გაგიხვრეტნ შუბლს.

-თუ შეიძლება, მომიყევი, რა მოხდა?

-რატომ არა? შენი და ეთერის მეტი ვინ მყავს? დაე, თქვენ მაინც იცოდეთ სიმართლე...

თბილისი. ოთხი ნოემბერი. დილა.

-,,ტოროლა"! გესმის ჩემი ხმა? ,,ღამურა" ვარ!


-,,ტოროლა"! გისმენთ!

-,,ტოროლა"! ცუდად ისმის შენი ხმა. მისმინე! ვიწყებთ მოქმედებას!

-რა ხდება?

-,,გველგესლა" ქალაქიდან გადის!

-რა მიმართულებით?

-ვიღაცას აედევნა უკან. დიღმის მასივიდან უკვე გადის პირველი მანქანა მცხეთის
მიმართულებით. ,,გველგესლა" ორასი მეტრით უკან, კვალში უდგას!

-რა მანქანაა პირველი?

-უახლესი მოდელის ნაცრისფერი ,,ბმვ".

-სახელმწიფო ნომერი?

-სამი ,,E" - 747.

-ბაკურის მანქანა! - სახე აელეწა ნოდარ ჩხეტიანს.

-არ გეშლება? - თენგიზ გადალენდიამ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან ისროლა.

-არა! ამასწინათ მანქანა დამჭირდა და ბაკურს ვთხოვე. მთელი ერთი კვირა მე მქონდა ეგ
მანქანა. რა უნდა ფხოველისგან მაგ ახვარს?! ,,ღამურა"! მისმენ? რა ხდება?

-პირველი მანქანა მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავიდა!

-რა უნდა მუხათგვერდში? - ხმადაბლა, თავისთვის ჩაილაპარაკა ნოდარმა.

-ეკა! ეკას საფლავია მუხათგვერდში! - თენგიზ გადალენდიამ საჭეზე ჩამოდო თავი...


ამოიოხრა. დუმილი გამეფდა...

დილა. თერთმეტი საათი.

თავდახრილი ზის ეკას საფლავთან. სამარისებური სიჩუმეა სამარეთა სამეფოში...

,,მე კომედიას ვთამაშობ საკუთარ თავთან! საკუთარ ტანჯვა-წამებას ვნიღბავ და გულში


მიყენებული ჭრილობებისგან სიკვდილის პირას მისული, კბილის ტკივილს ვუჩივი. შიგ გულში მაქვს
კბილის ტკივილი... ტანჯვა ჭიასავით მიღრღნის გულს. უბედურება ქვეყნად თან მომყვა. იგი აკვანში
იწვა ჩემს გვერდით და დედა ჩემთან ერთად ჩემს უბედურებასაც არწევდა. როცა დედა ნანას
მიმღეროდა, ის ჩემთან ერთად ძილს ეძლეოდა, ხოლო როგორც კი თვალს გავახელდი, უმალვე იგიც
ახელდა თვალებს. ჩემს ზრდასთან ერთად იზრდებოდა ჩემი უბედურებაც... უბედური ადამიანი რაკი
ერთი წაიბორძიკებს, თითქოს ნიუტონის კანონის შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მზარდი
სისწრაფით ეცემა ძირს.
ეკა! მივდივარ, ჩემო სიყვარულო! გამოსამშვიდობებლად მოვედი შენთან. ამ გვიან
შემოდგომაზე იები ვერსად ვიშოვე! შავი ვარდები მოგიტანე ამჯერად! სადაც არ უნდა ვიყო,
გაზაფხულის მოსვლას მეც მოვყვები შენთან, იებით ხელში. გზა და მანძილი ვერ დამაკავებს, ეკა!
საფლავს ამოვანგრევ და გაზაფხულზე შენთან მოვალ მაინც! იძინე წყნარად! არ იდარდო! ბესიკის
მკვლელს თავისავე ტყვიას დავუბრუნებ უკან! სულ რაღაც საათებიღა დარჩა მას სიცოცხლის!

თავი ასწია. სამარის ქვიდან ეშმაკურად თვალებმოჭუტული უმზერდა ეკა. წარწერა: ,,ეკა
გურამის ასული ბუჩუკური. 1967-1993 წწ." ეპიტაფია:

,,ლერწმების სიმაღლე ქარი, ლერწმების რწევა და ტყდომა,

ჩამონისლული არე, მჭკნარი ფოთლების კვდომა...

საით გავფრინდეთ, საით? გვიშვებს ქარი და ნისლი?!

შენ არა გქონდეს მაინც ფრთა, მოტეხილი ისრით!.."

სამარეზე სათუთდ დაწყობილ ვარდებს თან ჩაჰყვა ფხოველის ცრემლიც...

პირველი საათი.

-რატომ ხარ მოწყენილი, დედა?

-სასიხარულო რაღა მაქვს, შვილო? რატომ არ იხდი?

-უნდა დავბრუნდე!

-სად მიდიხარ?

-დროებით უნდა წავიდე!

-სად?

-შტატებში!

-არ გკითხავ, თუ რატომ! შენ არაფერს მეუბნები, მაგრამ დედის გული ყველაფერს გრძნობს,
შვილო! გაიძულეს? წადი! წადი, ჩემო ერთადერთო! - მოიწმინდა ცრემლი. - წადი, მაგრამ მომეცი
პირობა იმისა, რომ სამუდამოდ არ ჩარჩები უცხოეთში.

-რას ამბობ, დედა? აპრილის ბოლოს აქ ვიქნები!

-ტყუილს ნუ მეუბნები! - მხრები უცახცახებს თამარს. - ბევრი აპრილი შემომელევა შენს


მოლოდინში. ვიცი ეს... ნუ გაიტეხ გულს, შვილო! ასე იყო და ასე იქნება! გაიხსენე კონსტანტინეს
სიტყვები: ,,თუ ვინმე ღირსეული გამოგვერია, დავესევით და ისე დავძიძგნით, როგორც დაკოდილ
ძერას სვავები!" ასეთნი ვიყავით ქართველები. ასეთად დავრჩით, - ტახტზე ჩამოჯდა. სახე ხელებში
ჩარგო.

-დედა! - ბაკური გვერდით მიუჯდა. - ასე თუ ინერვიულებ შენ, მე ფეხის გადამდგმელი არა
ვარ არსად.
-არა! შენ ჩემი გაზრდილი ხარ და ვიცი, სადაც გინდა წახვიდე, შენს კაცურ ღირსებას ყველგან
შეინარჩუნებ, ბაკურ! შენ აღარა ხარ პატარა ბიჭი და ვიცი ისიც, რომ მცდარ გზაზე აღარ დადგები. ამის
იმედი მაქვს. სულ სხვა რამ მიკლავს, შვილო, გულს!

-მითხარი, დედა!

-საზღვარგარეთ ფული გჭირდება! ფული, რომელიც მე არ გამაჩნია! რა მოგცე?! რა გაგატანო?! -


ისტერიული ტირილი აუვარდა. - ფქვილი გათავდა გუშინწინ! მაღაზიიდან წამოვიღე ერთი ტომარა
ვალად! ხელფასამდე მადროვეთ-მეთქი, - ვუთხარი.

აეწვა ფულით სავსე ჯიბე ბაკურ ფხოველს. სიბრალულით დააცქერდა დედის ფერმიხდილ
სახეს. გული დაეწვა. ხელი უნებურად ჯიბისკენ გაექცა. დროით შეძლო თავის შეკავება. ხელი მოხვია.

-ნუ დარდობ, დედა! ფული მაქვს! მარიკამ მომცა!..

ორი საათი.

-გამარჯობა, არჩილ!

-სიცოცხლე ბაკურს!

-საქმე მაქვს!

-კი გენაცვალე! - გამყიდველმა მაღაზიის კარები მჭიდროდ მიხურა.

-არჩილ, დედაჩემს ვალი ჰქონია შენი!

-ძმურად, ეგ რა სალაპარაკოა? როცა ექნება! გავრბივართ სადმე?!

-მე გავრბივარ! ჰოდა ეს ფული აიღე! ათასი დოლარია. ამ ზამთარს რაც დაჭირდება, ფქვილი,
შაქარი, მარილი თუ ნავთი, ყველაფერი მიეცი, ძალიან გთხოვ! გაწუხებ, მაგრამ... კარგად!

-იცოცხლე, ძმაო! ჩემზე იყოს!

ოთხი ნოემბერი. ოთხი საათი.

-გისმენთ ,,ღამურა"!

-ნაცრისფერი მანქანა ჟინვალის მხრიდან უკან, თბილისისკენ ბრუნდება. ,,გველგესლა" აეკიდა


ისევ! ახლოს მივიდა! კუდში მისდევს!

-ყურადღება! - გადალენდიას ხმაში მღელვარება იგრძნობა. - მოყევით უკან! ბულაჩაურის


გადასახვევთან დაგხვდებით! უნდა ავიყვანოთ!

-იმ დღესაც მოვესწარით, რომ თანამშრომლებზე ვნადირობთ! მწარედ გაეღიმა ნოდარ


ჩხეტიანს. პისტოლეტის ტარში მჭიდი შეაგდო.
-თანამშრომლები ჩვენ ვართ. ეგ კი ეშმაკის თანამშრომელი იყო იმთავიდან! - მოიღრუბლა
თენგიზ გადალენდია. - რა ვქნა, ნოდარ! მე ვერ დავუშვებ, რომ ბესიკ ბუჩუკურის, ჩემი შვილობილის
მკვლელმა აქ თავისუფლად იპარპაშოს! - საბურავების წივილით დაძრა მანქანა. - ,,კატას" აკიდა თავის
ჭკუით ყველაფერი. საცოდავი, ეშმაკმა იცის საით გადაიხვეწა?! თამაზ შენგელია, იგივე ,,კატა",
შავბნელი წარსულის მქონე, მთელი ასი თავით მაღლა დგას ამ არაკაცზე! ის თუ ხელმრუდობდა,
ქურდობდა და მამაძაღლობდა, სამაგიეროდ მთელი სულით და გულით თავისი ერის და ქვეყნის
პატრიოტია! მან ეს ათასჯერ დაამტკიცა ამ ომებში. ამ ნაძირალამ კი ისე გაუხადა საქმე, რომ კაცი
საერთოდ გააქცია იმ ქვეყნიდან, რომლისთვისაც თამაზ შენგელიას მაგის წონა სისხლი აქვს
დაღვრილი... სულ ბოლო გაგრიდან შენგელია გამოვიდა. ჩვენი ბიჭები ამბობდნენ, გიჟს ჰგავდა,
ცარიელი ავტომატით მიიწევდა ტანკებზეო!

-ყველაფერი კარგი, მაგრამ ფხოველთან რა ესაქმება? ვფიქრობ და ამის ახსნა ვერ მიპოვია. რას
დასდევს კუდში?

-ოხ, შე ძალად იურისტო! რა მიხვედრა უნდა მაგას? ვიცით, რომ სამი დღის უკან შენგელიას
ცოლი თუ საცოლე ბაკურთან იყო. როგორ ფიქრობ, ბაკურ ფხოველს ქალები შემოაკლდა? არა მგონია!
მაშ რა მოხდა! რატომ დაინტერესდა ფხოველი ირმა სარაჯიშვილით? როგორც ყველა, ბაკურ
ფხოველიც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ,,კატას" - თამაზ შენგელიას ადგილსამყოფელი გაიგოს.
იგივე სურვილი ამოძრავებს ,,გველგესლას". რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიკლას შენგელია.
მოკლული თან წაიღებს მთელ საიდუმლოს. თვითონ კი ახლებურად შეუძლია ფრთების გაშლა,
რამეთუ, მკვდრები არ ლაპარაკობენ. ,,გველგესლამ" იცის, რომ ფხოველი შეძლებს თამაზ შენგელიას
პოვნას, ადრე თუ გვიან. აი, ამიტომ არ შორდება კუდიდან. თუ ფხოველმა შენგელია მოკლა, ამით
,,გველგესლა" ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს, იცილებს ხელის გაუნძრევლად საშიშ მოწმეს და
ამავდროულად ხელებზე ბორკილებს დაადებს ფხოველს მკვლელობის მოტივით.

-და თუ ფხოველმა არ მოკლა?

-მაშინ თვითონ ,,გველგესლა" მოკლავს! მთავარი მაგისთვის შენგელიას მისამართის დადგენაა,


რასაც ფხოველის მეშვეობით ფიქრობს. მაგრამ არც ჩვენ ვარჩევთ ბუმბულს, ასე არაა ნოდარ?

-ასეა, ბატონო თენგიზ!

ოთხი საათი და ოცდაათი წუთი.

გაცილდა ბაზალეთის გადასახვევს. დაღვრემილი გაჰყურებდა ტრანსპორტითნ გადაჭედილ


საქართველოს სამხედრო გზას. უსიამო ფიქრები შემოხვეოდა მთელ მის არსებას.

,,მე მილიონებს აქეთ-იქით ვფანტავ, დედა კი თურმე არ შიმშილობს? მთელი ახალგაზრდობა


შვილების სამსახურს შეალია, ჩვენ რით გადავუხადეთ? პირადად მე რა გავაკეთე მისთვის? არაფერი!
ახლაც ვტოვებ და ვტოვებ, ვის სინაბარას? ზაზას ადრე თუ გვიან დაიჭერენ, ლელა და ბავშვებიც
დედას მისახედი გახდებიან. სად მივდივარ?! რა მინდა უცხოეთში? მეშინია?! კი, მაგრამ ვისი? ან
რატომ? უშიშროების კომიტეტი შემავიწროებს? ეს მაფიქრებს? სისულელეა! ვახტანგ წულაიათი არც
იწყება საქართველო და არც მთავრდება. როგორც არასდროს, ამ წუთებში მინდა რატომღაც დედის
გვერდით ყოფნა, მისი სიახლოვე! მე კი რას ვაკეთებ? უკანასკნელი დამნაშავის დარად, ერთი სული
მაქვს, როდის გავეცლები აქაურობას! ახლა მმართებს ნებისყოფის მოკრება, საკუთარი თავის ხელში
აყვანა!"

სარკისკენ გაექცა თვალი. თეთრი ,,მოსკვიჩი-რენო" , მოჰყვებოდა უკან. ,,ამ მანქანას დღეს
მერამდენედ ვხედავ?" სისწარაფეს უმატა. ,,რენო" არ ჩამორჩა. ,,ვინ ეშმაკია?! მე მომდევს? თამაზ
შენგელია ხომ არაა? აკი რუსეთშიაო? იქნებ ეს ყველაფერი ბლეფია? იქნებ ფეხი არ გაუდგამს არსად და
მთელი ეს დრო თბილისში იყო? ვნახოთ!.." ერთ კილომეტრში დისტანციას ჯიუტად იცავდა ,,რენო".
სარკიდან ამაოდ ცდილობდა ბაკური მძღოლის სახის დანახვას. გვერდით საშინელი შხულით
გაიქროლა მანქანამ. თეთრი ,,07" იყო. თვალი გააყოლა. ,,დაილეწება სადღაც!" ჟიგული თვალს
მიეფარა. წინ მოსახვევია. საკმაოდ დიდი სისწრაფით შევიდა ფხოველი. მუხრუჭს დააწვა... თეთრი
,,07" და შავი ,,ვოლვო" გარდიგარდმო დგანან გზაზე. მის უკან მუხრუჭების ღრჭიალით ,,რენო"
ჩერდება. ოთხი ავტომატშემართული მამაკაცი აქეთ მორბის. ბაკურმა ანგარიშმიუცემლად ,,ბერეტა"
ამოიღო (გადარჩენის ინსტიქტი!). ერთი ეძახის რაღაცას. ნოდარი? ნოდარ ჩხეტიანი! რაო?!

-ბაკურ! მანქანა გადააყენე! მოცილდი მანდედან!

მანქანა დაძრა. მარჯვნივ გადავიდა. რა ხდება? ,,რენო" უკან ბრუნდება. ავტომატის ხმამ
გაჰკვეთა ჰაერი. შეძახილი:

-ვახტანგ! გეყო! თამაში წაგებულია! გადმოდი მანქანიდან!

,,რენო" შედგა. მძღოლი გადმოვიდა. ფხოველი გაოცებული მიაჩერდა. ვახტანგ წულაია?!


დანდობილად მიდიან მისკენ. უცებ წულაიამ ხელი გაიქნია... ,,ნოდარ!" - იყვირა ბაკურმა. დაინახა,
როგორ გაგორდა ხელყუმბარა უშიშროების თანამშრომელთა ფეხებთან. გრიალმა გააყრუა მიდამო.
ვახტან წულაიამ მანქანას მიაშურა...

ფხოველი ჩხეტიანისკენ გაქანდა. თენგიზ გადალენდიას და ორ თანამშრომელს საამქვეყნო


პირი აღარ ჰქონდათ. ნოდარ ჩხეტიანი გადმოაბრუნა. მარჯვენა მხარში და ფეხში იყო დაჭრილი.
წამოსწია.

-გამაგრდი, ნოდარ!

-ბაკურ! - ჩხეტიანმა დახოცილებს გადაავლო მისუსტებული მზერა. - წაიღე ჩემი იარაღი და


მიჰყე! ორჯონიკიძისკენ წავა! ეცადე, ცოცხლად აიყვანო! ბუჩუკური მაგან მოკლა!

-ბესიკი თამაზ შენგელიამ არ მოკლა?

-არა! ,,კატა" ყველაფერში უდანაშაულოა. ,,მხედრიონის" იარაღიც მაგან გაყიდა და ბესიკ


ბუჩუკურიც მაგან მოკლა. უთხარი შენს სიძეს. მოძებნეთ ის კაცი, ცოდვაა! წადი! ნუ აგვიანებ! კობის
საგუშაგოზე თუ გადაგასწრო...

ნოდარს გული შეუღონდა.

-სად წავა! - ფხოველმა მიმოიხედა. მანქანები ჩერდებოდა. ხალხი აქეთ მოიჩქაროდა.

-რა მოხდა? - ავტოინსპექტორები ხალხს მოარღვევენ.


-მიხედეთ ამას! - ბაკური მანქანას ეცა.

,,სად წამიხვალ, სად! მიწიდან ამოგთხრი!" მესამე სიჩქარე. მეოთხე, მეხუთე. სპიდომეტრს
დახედა. ისარი ასოთხმოც კილომეტრს უჩვენებდა. ,,სულ ხუთი წუთით ადრეა წამოსული!
ჟინვალამდე უნდა დავეწიო! მაგრამ ჯობია დასახლებულ პუნქტებს გავცილდეთ! ახლა გეტყვი, რაც
მითხრა ქობალიამ! დედას გიტირებ!"

საავარიო ნათურებანთებული მანქანა თეთრ ზოლზე მიდის. შემხვედრი მანქანები აქეთ-იქით


ცვივიან. სიგნალებით აფრთხილებენ თავზეხელაღებულ მძღოლს. ფხოველს აღარაფერი ესმის, მისი
გონება მხოლოდ ერთ სურვილს აქვს შეპყრობილი: მალე დადგეს ის წუთი, როცა ვახტანგ წულაიას
ჩახედავს თვალებში.

,,ბერეტა" ,,ბარდაჩოკში" შეაგდო. ,,პარაბელუმი" ამოიღო. ერთადერთი - თამაზ შენგელიასთვის


გამიზნული, ბესიკ ბუჩუკურის სხეულიდან ამოღებული - ტყვია ლულაში შევიდა. გვერდით
სავარძელზე დადო. ანანურს უახლოვდებოდა უკვე. ,,თავს აღარ ზოგავ, მანქანის მაქსიმალური
სიჩქარით მიდიხარ, მაგრამ თვით მამა-ღმერთიც ვეღარ გიშველის, ბატონო ვახტანგ!"

დაეშვა ანანურის დაღმართზე და... ხიდზე ხალხი გროვდებოდა. გულმა რეჩხი უყო.
აყაყანებული ადამიანები ძირს იყურებოდნენ.

-მოხდა რამე? - მანქანიდან გასძახა ვიღაცას.

-მანქანა გადავარდა!

-რა მანქანაა?

-,,რენო"!

მანქანას მოაჯირი გადაემტვრია. ასი მეტრის სიმაღლიდან გადაშვებულიყო ხევში. ხიდს


შემოუარა. ციცაბო ფერდობიდან ჩავიდა ძირს. მიადგა მანქანის ნამსხვრევებს. პირველი, რაც დაინახა,
ეს იყო ვახტანგ წულაიას მოწყვეტილი თავი. სისხლიანი თავი...

საღამო. ცხრა საათი.

-ზაზა, ერთგან უნდა გამყვე!

-ახლავე? მზად ვარ ცოლისძმის სამსახურისთვის! - ზაზა ნასვამია.

-არა, ხვალ დილით!

-სად?

-დონეცკში!

-სად?? - გაოგნებული სახე აქვს ზაზას.

-გითხარი! დონეცკში!

-რა დაგრჩენია იქ?


-თამაზი უნდა ჩამოვიყვანოთ!

-ვინ თამაზი, ,,კატა"? დონეცკშია? ოთში ამოვიღებ მაგ დამპალს!

-ვერაფერს ვერ უზამ! პირიქით, ჩახვალ და ბოდიშს მოუხდი!

-შენ რა, გაგიჟდი? რისთვის მოვუხდი ბოდიშს?

-უნდობლობისთვის!

-უფრო გარკვევით?

-დაჯექი და მისმინე ყურადღებით!..

დონეცკი. შვიდი ნოემბერი.

-ბოდიშს ვიხდით, ეს კრავჩუკის ბინაა?

-დიახ!

-თქვენ სერგეი ბრძანდებით?

-კი!

-ჩვენ თამაზის მეგობრები ვართ, სახლშია?

-მობრძანდით! სახლშია! - კარი ფართოდ გააღო.

გივი მინდელი, ზაზა ლომიძე და ბაკურ ფხოველი სახლში შევიდნენ. დივანზე იყო მიწოლილი
თამაზ შენგელია. წიგნს კითხულობდა. წამოიწია. ადგა.

-ჩამოხვედი, ზაზა?

-როგორც ხედავ!

-აქ არაფერი არ გინდა, ჩავიცვამ და ქალაქგარეთ გავიდეთ სადმე.

-რა მინდა, ბიჭო, ქალაქგარეთ? - გაეცინა ლომიძეს. - იყინება ყველაფერი. ჭკვიანი კაცი გარეთ
გავა ახლა?

-დავიღალე, ზაზა! - შენგელიამ თვალი გაუსწორა. - აღარ შემიძლია მეტი. ვიცი, რისთვისაც
ხართ ჩამოსულები. არაფრის დამტკიცება არ შემიძლია. ჩემი დის და ბავშვების თვალწინ ნუ
გააკეთებთ ნურაფერს. გავიდეთ ქალაქიდან და იქ ქენით თქვენი საქმე.

-შენ ხომ არ გააფრინე? - სახე შეეცვალა ზაზას. - იმას ფიქრობ, რომ შენს მოსაკლავად ვარ
ჩამოსული?

-აბა?! - შენგელიამ მინდელს და ფხოველს გადახედა.

-რეაბილიტაცია! - გაიღიმა გივიმ.


-მაგხელა კაცს მეტი ჭკუა არა გაქვს თავში? რომ დაღუნე თავი და გამოიქეცი, სად გამორბოდი?!
- ზაზა ახლოს მივიდა.- მოსულიყავი, გეთქვა, რაც მოხდა სინამდვილეში. როგორ ფიქრობ, არ
გაგიგებდით?

-მაშ, იცით ყველაფერი? - თამაზმა მშვიდად ამოისუნთქა.

-ვიცით! ვიცით, თამაზ, და ბოდიშს გიხდი, ძმაო. გაიცანი, ახლობლები არიან!

-სერგეი! - შენგელია სიხარულისგან პატარა ბიჭს დაემსგავსა. - აბა დავტრიალდეთ მე და შენ!


გაიგე, რა ხდება, შე ძველო? - სიძეს მოეხვია.

-არაფერი მესმის! - ხელები გაშალა სერგეიმ.

-დამტკიცდა ჩემი სიმართლე! დამტკიცდა! - ხმამაღლა ყვირის თამაზი. - უჩემოდ გაიგეს


ყველაფერი!

-ძალიან კარგი! ძალიან კარგი! - სხვა სიტყვა ვეღარ მოძებნა კრავჩუკმა. - გაიხადეთ, ბიჭებო,
დასხედით!

ბინდდებოდა. კრავჩუკების ჭერქვეშ სითბოს, სიკეთეს დაესადგურებინა. სადღეგრძელო


სადღეგრძელოს ცვლიდა...

-მერე? - თამაზ შენგელიამ ბაკურს შეხედა. - ბუჩუკური რატომღა მოკლა?

-საავადმყოფოში ნოდარ ჩხეტიანი ვნახე. მან მითხრა. ვახტანგ წულაიას დავალებული ჰქონდა
ეკას მოკვლა. ამ მისიით მიდიოდა თურქეთში. თენგიზ გადალენდიამ გაიგო ეს ამბავი და ბესიკს
შეატყობინა. ბესიკ ბუჩუკური ბათუმთან დაეწია წულაიას და მის ორ თანამზრახველს. სროლის დროს
ორი მოკლა. თვითონაც მძიმედ დაიჭრა. ბუჩუკური მოკლული ეგონა წულაიას. თბილისში გაიგო, რომ
ცოცხალი იყო. რაც გააკეთა, ეს თქვენც იცით...

სიჩუმე ჩამოწვა.

-ჰა, თამაზ, - სერგეიმ ბეჭებზე დაუტყაპუნა ხელი, - ახლაც ჯოჯოხეთი გირჩევნია?

-არა! - გაეღიმა შენგელიას. - სამოთხე ჯობია. იქ საუცხოო ცხოვრებაა. სამოთხეში ხელთა აქვთ
ყველაფერი, რითაც კი თავშექცევა შეიძლება. იქ დილიდან საღამომდე ნუგბარ-ნუგბარ საჭმელებს
შეექცევიან. საჭმელები დიდებულია: ირგვლივ შემწვარი ხოხბები დაფრინავენ. ნისკარტში საწებლით
სავსე ლანგრები უჭირავთ და მეტად სიამოვნებთ, როცა მათ მიართმევენ. ნაირნაირი ტორტები
მზესუმზირებივით იზრდებიან და ბრწყინავენ მზეზე. შიგ დანებია ჩარჭობილი... ყველგან
გადმოსჩქეფს ლუდისა და შამპანურის ცივ-ცივი წყაროები. ხეებს ხელსახოცები ასხია. სამოთხის
ბინადარნი ჭამენ, შემდეგ ხელსახოცებით იწმენდნენ პირს და კვლაც ჭამას განაგრძობენ; ამასთან კუჭი
საერთოდ არ ეშლებათ. ისინი, აგრეთვე, გალობენ ფსალმუნს, ან ელაციცებიან ნაზ, საყვარელ, თითქმის
შიშველ ანგელოსებს. ან კიდევ ალილუიას მწვანე მდელოზე დასეირნობენ. საროსკიპოები არაა იქ,
მაგრამ რად გინდა? ნებისმიერს მოკიდებ ხელს და სადაც გინდა და როგორც გინდა! უარს იქ არავინ
გეუბნება... ტანზე თეთრი და ჰაეროვანი ტანსაცმელი მორგებულად ადგათ და არაფერი, არავითარი
ტკივილი და წყენა არ არღვევს იქ უსაზღვრო ნეტარების გრძნობას, მაშინაც კი, როცა რომელიმე
მათგანი შემთხვევით მეორეს მაზოლზე დააბიჯებს ფეხს და წამოიძახებს: ,,უკაცრავად!" -
დაზარალებული ნეტარი ღიმილით არწმუნებს: ,,ძმაო, შენს ნაბიჯს ტკივილი კი არ მოაქვს, არამედ
პირიქით, სულზე უტკბესი ზეციური ნეტარებით მივსებს გულს".

ზაზა ხარხარებდა. იცინოდა ყველა. თამაზმა სასმისები შეავსო.

-მაშასადამე, ხვალ მიდიხაარ? - სერგეი შენგელიას მიუბრუნდა.

-ნეტავი ფრენა იყოს ამ ღამით და ერთი წუთით აქ გამჩერებლის დედა ვატირე! თბილისი
მომენატრა, თბილისი! ჩემი თბილისი! მოდით, საქართველო დავლოცოთ! - ფეხზე წამოდგა, მეოცნებე
თვალებით დააცქერდა სიძეს.

გაგიგონია შენ ის ქვეყანა, სადაც ლიმონი ყვავილობს მარად?

სადაც დაქუფრულ მწვანე ფოთლებში ელავს ნარინჯი ბაჯაღლოს დარად,

სადაც გაშლილა ცის კაბადონი, ლაჟვარდოვანი და უსასრულო,

სადაც ცისაკენ მიილტვის დაფნა და მოკრძალებით კანკალებს სურო?

განა არ იცნობ შენ იმ ქვეყანას, სადაც ეს გული გაფრენას ლამობს?

გემუდარები, ო, იმ მხარეში, ჩემო ძვირფასო, წავიდეთ, წამო!..

მოსკოვი. 8 ნოემბერი.

-ჩამოხვედით? - დათო ხიტალიძე აეროპორტში დახვდათ.

-თბილისზე ხომ არ აგიღია ბილეთები?

-კი! აგერ არის.

-რამდენ ხანში გადის?

-ორმოც წუთში! - დათომ საათს დახედა. - ბაკურ, შენ თბილისში წასვლაზე დროებით თავი
უნდა შეიკავო.

-რა მოხდა?

-მარიკამ დარეკა. უშიშროების კომიტეტს სახლში გაუჩხრეკია. იარაღი წაუღიათ. ჯერჯერობით


არ ჩამოვიდესო!

ჭირისუფლებივით იდგნენ ზაზა ლომიძე, გივი მინდელი, თამაზ შენგელია. დაფიქრებული,


თავდახრილი იდგა ბაკური. თავი აწია. ბიჭებს მოავლო მზერა. გაეღიმა.

-რა ცხვირპირი ჩამოგტირით? მონეტა გაქვთ რომელიმეს?

-რა?

-მონეტა! ჩვეულებრივი ხურდა ფული.


-მე მაქვს! - ზაზამ მონეტა გაუწოდა.

-ძმებო! - ფხოველმა ხელში შეათამაშა. - ჩემი გადაწყვეტილება ურყევია. ნუ შეეცდებით


გადამაფიქრებინოთ. ამ წუთას მონეტას ავაგდებ! თუ არიოლზე დაჯდა, ვბრუნდები თბილისში
დაუყოვნებლივ, თუნდაც დახვრეტა მელოდეს იქ! თუ რეშკაზე - მივდივარ შტატებში! ვფიცავ ეკას
საფლავს, მის ხსოვნას, რომ გავაკეთებ იმას, რაც ვთქვი!

ჰაერში აისროლა. მონეტა წკრიალით დაეცა ძირს. ხუთივემ დახედა...

ციოდა. სუსხი მეფობდა მოსკოვ-ქალაქს...

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა


საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE

You might also like