You are on page 1of 502

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა


www.ChiaturaINFO.GE
ნინო წულუკიძე

თამაში ბედთან

„ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ იწვევენ საუკეთესო ქალებში ინტერესს


გამოუსწორებელი ნაძირლები.”

გვამი პირდაპირ ასფალტზე ეგდო, პირდაღმა, თითქოს ვიღაცისთვის სახეში


შეხედვის რცხვენიაო. უცებ ვერც მიხვდებოდით, იქვე, ადგილზე მოკლეს, თუ უკვე
მკვდარი მიიტანეს და დააგდეს, თუმცა გამვლელებისთვის ამას ნაკლებად ჰქონდა
მნიშვნელობა. „რა თქმა უნდა! – იტყვით თქვენ, – ისინი ხომ გვამის დანახვამ
დაზაფრა და შოკში ჩაყარა!“ როგორი გულუბრყვილობაა! ნუთუ მართლა ფიქრობთ,
რომ ჩვენს საზოგადოებას ჩვეულებრივი გვამი შოკში ჩააგდებს, თუნდაც ეს გვამი
პირდაპირ შუა ქუჩაში იყოს გაშხლართული, ტანთ მხოლოდ საბანაო ტრუსი ემოსოს
და მათხოვრის, ან მაწანწალა ლოთის შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებდეს?! იქნებ,
კარგიც იყოს, რომ ასე გამოვიბრძმედეთ, გამოვიწრთეთ და შევეჩვიეთ სიკვდილს,
ძალადობას, ყოველგვარ სისაძაგლეს?! ვინ იცის. მაგრამ, მთავარი ეს არ არის, მთავარი
გვამია – ტრუსისამარა მამაკაცი, ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ხალხმრავალ ქუჩაზე
პირქვე ჩამხობილი, მოკლული ან გარდაცვლილი. ერთი შეხედვით ძნელია, რამე
თქვა. შეიძლება, თავი მოიკლა – ამოუტრიალდა „შარიკი” და ტყვია იკრა შუბლში; ან,
მეშვიდე, მერვე, მეცხრე... მოკლედ, რომელიღაც სართულიდან ისკუპა. მაგრამ, არა, ეს
ვერსია გამორიცხეთ. ჩვეულებრივი გვამი იყო და, რადგან გამვლელთა შეძრწუნება კი
არა, მხოლოდ ინტერესი გამოიწვია, „სპეცეფექტების” გარეშე უნდა ყოფილიყო
გარდაცვლილი. რაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ხოლმე თვითმკვლელობას „მაღალი
პილოტაჟიდან”. ერთი სიტყვით, ქალაქში მორიგი უბედური შემთხვევა თუ
მკვლელობა მოხდა.

***
მარიკა ცალ ფეხზე ხტუნვით შევარდა სასადილო ოთახში, სადაც მთელი ოჯახი
მშვიდად სვამდა ჩაის დილის ეთერის წამყვანების ჟღურტულის ფონზე და მთელი
ხმით იყვირა:

– მომილოცეთ! მეშველა! როგორც იქნა, მეღირსა! გაჭრა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ.


დღეიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, გესმით? შეიცვლება! იმედი
თითქმის გადამეწურა, რომ ჩემს თხოვნას ყურადღებას მიაქცევდნენ და საერთოდ,
ჩამთვლიდნენ ყურადღების ღირსად. ასეთი გაოცებული სახეებით რატომ მიყურებთ,
არ გიხარიათ?
პირველად ოჯახის უფროსი, მარიკას მამა, ბატონი ზურაბი მოეგო გონს. ცოლს
გამამხნევებლად გაუღიმა და შვილი მაგიდასთან მიიპატიჟა:

– მარიკუნა, იქნებ ჩვენთან ერთად დამჯდარიყავი. გესაუზმა და უფრო გასაგებად


აგეხსნა, რა უნდა გვიხაროდეს?

– რა უნდა გიხაროდეთ? აქამდე ვერ მიხვდით? მამ, მომისმინე! შენ ხომ იცი, როცა
იურიდიულზე ვაბარებდი, რაც მაინტერესებდა, მკვლელობები იყო.

– ღმერთო ჩემო! ეს ის გოგო არ არის, ექიმობაზე კატეგორიული უარი რომ განაცხადა,


სისხლის დანახვას ვერ გავუძლებო?! – ამოიოხრა ქალბატონმა თათამ. ტყუპ
ქალიშვილებს მზრუნველად შეუსწორა წინსაფრები და ერბოკვერცხიანი თეფშები
უფრო ახლოს მიუჩოჩა.

– არა, დე, შენ არ გესმის, ეს სულ სხვა რაღაცაა. მე იმას ვერ ვიტან, სისხლი ცოცხალ
ადამიანს რომ მოსდის, თანაც საოპერაციო მაგიდაზე, თორემ, მკვლელობა, გვამი –
არაჩვეულებრივად საინტერესოა.

– ზურაბ, უთხარი, გაჩუმდეს, ბავშვებს აშინებს! – სერიოზულად გაბრაზდა ქალი.

– დედაშენი მართალია. დილაუთენია, ამათთან მკვდრებზე, სისხლსა და


საშინელებებზე ლაპარაკს თუ მოვერიდებით, აჯობებს. რამდენჯერ გითხარი, დილა
სასიამოვნო ინფორმაციით უნდა დაიწყო-მეთქი. მით უმეტეს, ძალიან პოზიტიური
დღე გექნება, თუ საუზმეს ნეგატიურ ახალ ამბებს არ „დააყოლებ” დესერტად. რაც,
ჩვენი ტელემაუწყებლობის მონდომების წყალობით, პრაქტიკულად შეუძლებელია –
მაუწყებლობას პირდაპირ ცუდი ამბით იწყებენ. დღესაც ვიღაც მოუკლავთ.

– სწორედ ეგ არის ჩემი სიხარულის მიზეზი! – წამოიძახა მარიკამ და თვალები


გაუბრწყინდა, – ჰო, მაგ გვამმა ჩემი სანუკვარი ოცნებისკენ გამიხსნა გზა!

– არა, მეტის ატანა აღარ შემიძლია! ზურა, ბავშვებს დღეს მე წავიყვან ბაღში,
საღამოსაც მე გამოვიყვან. შენ და შენმა ქალიშვილმა კი, ისიამოვნეთ გვამებზე და
მოკლულებზე ლაპარაკით, – თათამ ტყუპებს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაათრია.

ზურაბმა შემრიგებლურად გაუღიმა შვილს:

– არ გაბრაზდე, ნაწილობრივ მეც ვეთანხმები დედაშენს, მაგრამ, პატივს ვცემ შენს


არჩევანს და მიხარია, შენი პროფესია ასე რომ გიყვარს. აბა, რისი თქმა გინდოდა?
ოღონდ, ჯერ ჩაი დაისხი.

– არა რა, არ მშია. ისეთი გახარებული ვარ, ისეთი, რომ... მოკლედ, ასისტენტად
ამიყვანეს. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ გამომძიებლის თანაშემწე ვიქნები.
კრიმინალურ საქმეთა დეპარტამენტში უნდა წავიდე.

– ჩაი დალიე და მე წაგიყვან. რადგან ტყუპები არ მყავს ბაღში წასაყვანი, შენ


მოგემსახურები.

– არ არის საჭირო, მანქანა მომაკითხავს. დრო თითქმის არ მაქვს, სასწრაფოდ უნდა


ჩავიცვა, ჩაის დალევასაც ვერ ვასწრებ.

ზურამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი:

– არა, არა, ასე არ ივარგებს, რომ ყოველ დილით უჭმელ-უსმელი გახვიდე სახლიდან.

– მხოლოდ დღეს, მამიკო, რა! ერთი სული მაქვს, საქმეში როდის ჩავერთვები.
გპირდები, პირველი შესაძლებლობისთანავე შევჭამ რამეს, საღამოს კი ყველაფერს
მოგიყვები.

– კარგი. ისე, ერთ დროს მეც მაინტერესებდა კრიმინალისტიკა.

გოგოს თვალები გაუბრწყინდა:

– ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს სიყვარული გენეტიკური იყო! მე ისედაც შენ გგავარ


ყველაფერში, – მარიკა მამას მოეხვია.

– არა, არა. გენეტიკა არაფერ შუაშია. ჩემი არჩევანი ჩვილ ბავშვთა ქირურგიაა, შენი –
მკვლელობების გამოძიება. წარმატებებს გისურვებ. შენი მობილური რეკავს, მგონი
მოგაკითხეს. მშიერი არ იყო, იცოდე!

***
– მოკლული ძალადობის ნიშნების გარეშე, – წაღიღინებასავით ჩაილაპარაკა
ექსპერტმა. საკმაოდ სიმპათიურმა, ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობის მამაკაცმა
და რეზინის ხელთათმანები გაიხადა, – ამ ეტაპზე მოვრჩი, შეგიძლიათ,
პროზექტურაში გადაიყვანოთ, დანარჩენს იქ მივხედავ.

– მოიცა, ეს რას ნიშნავს? აგათა კრისტის მოთხრობები ჩვენც წაგვიკითხავს. შენ ის


მითხარი, კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლია, – შეიჭმუხნა მთავარი გამომძიებელი.

– კონკრეტულად? – ექსპერტმა ხელები გაშალა, – მეტი კონკრეტულობა რაღა გინდა?


– მოკლულია, მაგრამ ძალადობის კვალი არ ჩანს.

– აბა, რითი ამტკიცებ, რომ მოკლულია? იქნებ, თავი მოიკლა?


– ბატონო თემო, რა ეტყობა ახლა ამას, რომ თავს მოიკლავდა? თვითმკვლელები ასე
არ გამოიყურებიან, – გაიცინა ექსპერტმა და ხელი მრავალმნიშვნელოვნად შემართა.
მერე თავის ოდნავ შესამჩნევი გაქნევით იქვე, გვამისგან ოდნავ მოშორებით
ჩაცუცქულ მარიკაზე ანიშნა: – ეს ვინ არის?

გამომძიებელმა ხელი წყრომით ჩაიქნია.

– არ მკითხო. სტაჟიორია, მაინც „შემომტენეს”. იციან, როგორ ვერ ვიტან


ახალგამოჩეკილ, შეუბუმბლავ ბარტყებთან მუშაობას, მაგრამ... ერთი შეხედე, ამან რა
უნდა გამოიძიოს, ვიტრინის თოჯინას ჰგავს.

ექსპერტმა მუშტრის თვალით შეათვალიერა გოგო და ერთი სიტყვით შეაფასა:

– მშვენიერია!

– ჰო, შენ რა გენაღვლება, მე გამიბურღავს ტვინს შეკითხვებით. ესე იგი, შენ ამბობ,
რომ ეს თავს არ მოიკლავდა?

– სავარაუდოდ, ასეა. ის, ვინც საკუთარ თავზე ასეა შეყვარებული, რეციდივისკენ


მიდრეკილი ვერ იქნება: შეხედე, როგორი მოვლილ-ნაფერები ხელები და ფრჩხილები
აქვს და მთლიანობაში იმ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთარი
სიამოვნებისთვის არც დრო და არც ფული რომ არ ენანება.

– ეს მხოლოდ ვარაუდია, – მოიღუშა გამომძიებელი.

ექსპერტმა თავი დაუქნია:

– რა თქმა უნდა. დასკვნას საღამოსთვის მოგაწვდი. ისე, მეც არ ვიტყოდი უარს ასეთ
სტაჟიორზე ძალიან მონდომებული ჩანს.

– ჰოდა, მეც სწორედ ეგ მაღიზიანებს. თუ ასე გშურს, შენც აიყვანე სტაჟიორი, ვინ
დაგიშალა?

– ბატონო თემურ, არ იცოდით, რომ სასამართლო ექსპერტიზა მოდაში აღარ არის?


აღარავის უნდა თავი მოიკლას გროშების სანაცვლოდ.

– კარგი, კარგი, გეყო წუწუნი.

– მე და წუწუნი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ, ფაქტია – ჩვენი


პროფესიის ადამიანები ადრე იხოცებიან.

– არც გამომძიებლები ვართ უკვდავები.


– რა შედარებაა, ბატონო თემურ, რა შედარებაა! თქვენ ჟურნალისტები მაინც
გწყალობენ და, აი, ასეთი მშვენიერი სტაჟიორები შემოგციცინებენ თვალებში. ჩვენი
საზოგადოება კი გვამებია. მართალია, საინტერესო „მოსაუბრეები” არიან, მაგრამ
ცოცხლებთან ურთიერთობა მაინც გაცილებით უკეთესია.

გამომძიებელმა არაფერი უპასუხა, ექსპერტის ნათქვამზე ფიქრობდა. გვამს


მექანიკურად ჩააშტერდა ხელებზე. მერე მარიკას მიუბრუნდა.

– თქვენ რომელ კურსზე ხართ?

– მეოთხეზე, – სწრაფად, ბეჯით მოსწავლესავით უპასუხა გოგომ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ჩემი პირველი დავალება ასეთია; ხომ დაინახე, გარეთ
ჟურნალისტების მთელი ჯარი რომ იდგა? რამე უნდა მოიფიქრო და, როცა გავალ,
ერთიც აღარ უნდა დამხვდეს იქ.

მარიკას სახე შეეცვალა, მაგრამ, ვერც შეკამათება გაბედა და ვერც უკმაყოფილების


გამოთქმა. წყენა თავისთვის დაიტოვა და უხალისოდ გაემართა კარისკენ.

– თავს ნუ შეაძულებ ამ გოგოს, – უთხრა ექსპერტმა გვამთან დახრილ გამომძიებელს.

– არა უშავს, ბავშვებს წყენა მალე გაუვლით ხოლმე. შოკოლადს ვუყიდი და


შემირიგდება.

– ბავშვი? ეს არის ბავშვი? მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ასეთ „ბავშვთან,” თუმცა,


შენი საქმეა. მოკლედ, წავედი და გვამს პროზექტურაში დაველოდები. ისე, ჯობდა,
პირველი დათვალიერება ადგილზე მომეხდინა.

– არ გამომივიდა, პირდაპირ შუა გზაზე იყო გახიდული და მოძრაობას აფერხებდა.


შენს ჩამოსვლასაც არ დაადგა საშველი.

– ჰო, ქალაქგარეთ ვცხოვრობ და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით – ფორმალინით


გაჟღენთილ ჩემს ფილტვებს მეტი სუფთა ჰაერი სჭირდება. ვინაობა უკვე
დაადგინეთ?

– ვმუშაობთ.

– იმუშავეთ, იმუშავეთ, – ექსპერტმა გვამს ერთხელ კიდევ შეხედა.

– რას უყურებ?
– მის საცვალს. მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ, ვფიქრობ, საკმაოდ
ძვირფასი უნდა იყოს და არა ბაზრობაზე ნაყიდი.

– „დოლჩე და გაბანა”, ორიგინალი! – წამოიძახა ოთახში, უფრო ზუსტად, ოთახად


გამოყენებულ სათავსოში დაბრუნებულმა მარიკამ, – მოდა ჩემი ჰობია!

გამომძიებელმა შესაბრალისი თვალებით გახედა ექსპერტს და ამოიოხრა. დევიმ


გაიცინა, გოგოს მოწონებით მოუტყაპუნა მხარზე ხელი და შეაქო:

– ყოჩაღ, ერთი მოდის ექსპერტი ნამდვილად გვაკლდა აქ. დარწმუნებული ვარ,


გამოძიებას დიდ სამსახურს გაუწევ...

***
რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს? – ეს კაცობრიობის მთავარი კითხვაა, თუმცა,
ნაკლებად აქტუალური. საქმე ისაა, რომ ადამიანები ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე,
სხვადასხვა მიზეზით ხოცავდნენ ერთმანეთს. თავიდან შესაჭმელად. ჰო, რატომ არ
გაიოცეთ. არ იცით, ადამიანები ერთმანეთს რომ იყენებდნენ საკვებად (სხვათა შორის,
ერთმანეთის ჭამა დღესაც აქტუალურია, ოღონდ ოდნავი სახეცვლილებით.
ცივილიზაციის და პროგრამების შესაბამისად)? ჰოდა, მოდი და უპასუხე შეკითხვას,
რატომ კლავს ადამიანი ადამიანს. მართალია, ამაზე პასუხს შესაბამის უწყებებს
სთხოვენ ხოლმე და არა უბრალო მოკვდავთ, მაგრამ, გულახდილად აღიარეთ, არ
არის საინტერესო? ხვალ შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ მოკლულის ან, თუნდაც,
მოსაკლავის მდგომარეობაში. ინფორმაციის გარეშე უფრო ადვილად აღმოჩნდებით
მსხვერპლის როლში. თავდაცვისთვის რაც მეტი გეცოდინებათ, მით უკეთ იქნებით
დაცული. სამწუხაროდ, ადამიანი არც ისე ძალიან დაშორდა ცხოველთა სამყაროს. ეს
ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ჩვენ განვითარების მაღალ
ეტაპზე ვართ. ტექნიკური პროგრესი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ მენტალობის
პროგრესი არ მოხდა. რა მნიშვნელობა აქვს, ფეხით ივლი, თუ ბოლო მოდელის
„ბეემვე-ჯინათი,” ტანთ „ჰუგო ბოსი” და „დოლჩე და გაბანა” გეცმევა თუ დათვის
ტყავი, ან სულაც ფოთლები გექნება აფარებული?! არავითარი პროგრესი, თუნდაც
ხვალ მთვარეზე შევძლოთ „უიქენდის” გატარება. ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ
თავისი შორეული წინაპრისგან განსხვავებით, ფეშენებელურ რესტორანში
მიირთმევს შეფ-მზარეულების მიერ გულმოდგინედ მომზადებულ შედევრებს; იცის,
რომელი კერძი რომელი ჩანგლით უნდა ჭამოს, საზოგადოებამ ალმაცერად რომ არ
დაუწყოს ყურება, დიდად არ განსხვავდება ტყე-ტყე მოსიარულე ჰომოსაპიენსისგან.
თუ სკეპტიკურად განეწყვეთ და გაუღიმეთ, უფრო ხშირად უყურეთ საინფორმაციო
გამოშვებებს – ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით წარმოუდგენელ
სისასტიკეს და ყველაზე საშინელი ის არის, რომ აღარ გვიკვირს.

***
თემო პაპავა – უფროსი გამომძიებელი. ცოლშვილიანი. კარგი რეპუტაციის
პროფესიონალი. უმცროსი გამომძიებლიდან უფროსობამდე მისაღწევად ერთი
გახსნილი საქმე აღმოჩნდა საკმარისი. მერე კიდევ ბევრი გახსნილი საქმე იყო, თუმცა,
მის კარიერულ წინსვლას ეს აღარ დასტყობია. თავიდან არ ჰქონდა ამბიცია, მაგრამ,
მერე იმდენი უფროსის უფროსი გამოუვლია, იმდენი უფროსის უფროსი, რომ...
უკმაყოფილებას მაინც არ გამოთქვამდა. არც არავის აჩვენებდა. გულის სიღრმეში
მალავდა ემოციას. იქნებ, შესაფერის მომენტსაც ელოდა.

კარგად გარემონტებულ, კომფორტულ და ძვირფასი ავეჯით მოწყობილ კაბინეტში,


შავი ხის გაპრიალებულ მაგიდასთან, ახალგაზრდა, ოცდაათ წლამდე (შეიძლება,
ცოტა მეტისაც) ასაკის, კარგად მოვლილი მამაკაცი იჯდა და საქმიანი იერით
იქექებოდა მის წინ დახვავებული ქაღალდების გროვაში. მან კარის გაღებისთანავე
ასწია თავი და შემოსულს მბრძანებლური ტონით მოუხმო თავისკენ.

– ბატონო გიორგი, მითხრეს გეძებდაო, – ნელა წარმოთქვა თემომ და მაგიდისგან


ყველაზე მოშორებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.

– სწორედ ახლა გირეკავდი. მობილური გამორთული გაქვს?

– არა. პროზექტურაში ვიყავი, დევისთან და შეიძლება არ იჭერდა. გისმენთ, ბატონო


გიორგი.

– ალბათ, უკვე ხვდები, რატომაც დაგიბარე.

თემომ ოდნავ დაუქნია თავი. აცოფებდა ამ ბიჭის თავდაჯერებული იერი და


შეფერებული პოზა.

– არა, მე შენს პროფესიონალიზმში კი არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ამ საქმეს თავისი


სპეციფიკური განსხვავებები აქვს, უფრო სწორად, ნიუანსები. ბევრი ისეთი რაღაცის
გათვალისწინება მოგვიწევს, მოკლედ, ძალიან არ მინდა, ამ მკვლელობის ამბავი
გახმაურდეს.

– დააგვიანეთ, – უემოციოდ ჩაილაპარაკა თემომ და საკუთარ ხელებს ჩააშტერდა.

– რა? – გაშრა უფროსი. თემო მიხვდა, მისი უფროსი თავისი უფროსის, ანუ,
„უფროსის უფროსისგან” იყო დამოძღვრილ-დაპროგრამებული.

– თუ ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა იყო აუცილებელი, გეუბნებით, რომ უკვე


დავაგვიანეთ. ყველა საინფორმაციო გამოშვებამ აჩვენა, ჩვენზე ადრე მივიდნენ. ჩემზე
უკეთესად იცით მაგათი ამბავი.
– საინფორმაციოებს მთავარი არ უთქვამთ, იმედია, თქვენც არაფერი წამოგცდენიათ.

– მე? ბატონო გიორგი. თქვენ ამ თანამდებობაზე ახალი ხართ და ჯერ არ იცით, რომ
ჟურნალისტებთან ურთიერთობა ჩემი ჰობი არ არის.

– იმაზე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე გგონიათ. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ბატონი დევისთვის მინდოდა იგივე მეთქვა: დასკვნები მხოლოდ ჩემს მაგიდაზე,
მაქსიმალური კონფიდენციალობაა საჭირო – მისი ოჯახის წევრები პირდაპირ
ითხოვენ ამას.

– ოჯახის წევრებს ჯერ არ დავლაპარაკებივარ.

– სამაგიეროდ, მე დამელაპარაკნენ. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. კიდევ უფრო


ცნობილი, ქორწინების მერე გახდებოდა. ორ კვირაში ქორწილი ჰქონდა დანიშნული,
იცოდი?

თემომ თითები გაატკაცუნა:

– ბატონო გიორგი, ჯერჯერობით ვეცნობი საქმეს. ძიების დეტალებს მოგახსენებთ.

– ჰო, აუცილებლად. სკანდალი, მით უმეტეს – დიპლომატიური, არაფერში


გვჭირდება.

– მესმის. კიდევ არის რამე?

– არა. შეგიძლია, წახვიდე და შეეცადე, მობილური არ გაგეთიშოს. შეიძლება, ყოველ


წუთს დამჭირდე.

თემო ადგა, სავარძელი ხაზგასმული თავაზიანობით გაასწორა. მისი იერი აშკარად


გამოხატავდა ირონიას, მაგრამ მასზე უფროსს (თანამდებობით უფროსს) საიმისო
გამოცდილება არ ჰქონდა, ხელქვეითის სახეზე მისი ჭეშმარიტი ემოცია ამოეკითხა.
პირიქით, ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი საქციელით. დარწმუნებულმა, რომ
გამომძიებელს სათანადო მითითებები მისცა, სათანადო ტექსტითა და ინტონაციით,
მოწყალედაც კი გაუღიმა და ისევ ძალიან საქმიანი კაცის პოზა მიიღო.

კართან მისული თემო შემობრუნდა.

– ბატონო გიორგი...

– დიახ, რაშია საქმე?


– ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან.

– სათხოვარი? დიახ, თემო, გისმენ.

– არ იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ ან მეზარება, მაგრამ იქნებ სხვა


შეგერჩიათ აღმზრდელ-პედაგოგად.

– რაო?! – ბატონმა გიორგიმ უცებ ვერ გაიაზრა ნათქვამის არსი.

– იმ გოგონას ვგულისხმობ. არ შემიძლია, მით უმეტეს, როცა ასეთი სერიოზული


საქმეა. არანაირი პრეტენზია არ მაქვს კონკრეტულად მის მიმართ. პირიქით,
მშვენიერი გოგოა, მაგრამ...

– ანუ, თუ სწორად გავიგე, სტაჟიორის წინააღმდეგი ხართ.

– დიახ, უფრო სწორად, წინააღმდეგი კი არ ვარ. მხოლოდ იმას ვითხოვ, სხვასთან


ერთად იმუშაოს. მე საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს. ცოდოა ბავშვი.

გიორგი კიდევ უფრო შეიჭმუხნა, წამოდგა და პიჯაკი გაიხადა.

– თქვენი ხასიათი საქმესთან კავშირში არ უნდა იყოს, მით უმეტეს – სამსახურთან.


ჯერჯერობით მე ვწყვეტ სტაჟირების საკითხს. ახალგაზრდა კადრები გვჭირდება,
ჩემო კარგო... ასე ვთქვათ, „ახალი სისხლი.” არაფერია, შეეჩვევით. მით უმეტეს, რომ
თქვენვე თქვით, მშვენიერი გოგოაო! ძალიან ბევრი კანდიდატიდან ეგ ერთი
შევარჩიე. ეს საქმე მისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა იქნება. ვწუხვარ, მაგრამ
თხოვნაზე უარი უნდა გითხრათ. დანარჩენი, რაც უნდა დაგჭირდეთ, შეგიძლიათ,
ჩემი იმედი გქონდეთ.

კაბინეტიდან გამოსულმა თემომ კბილები გააღრჭიალა.

„ლაწირაკი... – გაიფიქრა უფროსის მისამართით, – თავი ყოვლისშემძლე და


ყველაფრისმცოდნე ჰგონია. სიცოცხლეს გამიმწარებს დაუსრულებელი
შენიშვნებით“...

***
მარიკა ინტერესით ადევნებდა თვალს ექსპერტის საქმიანობას. ცოტათი უკვირდა
მისი უდარდელი, მხიარული განწყობა, მაგრამ ძალიან მოსწონდა. პირველივე
დანახვისას მოეწონა. ისეთი იყო, ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან რომ პოულობენ
საერთო ენას. გვამს გარშემო სტვენით უვლიდა და შიგადაშიგ მოკლე მელოდიასაც
ჩაურთავდა ხოლმე.
– ოცდაოთხი, ხომ? – მარიკამ გვიან გააცნობიერა, რომ შეკითხვა მას ეკუთვნოდა.

– რა ბრძანეთ?

– ოცდაოთხი წლის ვარო, თემურს ხომ უთხარით. უფრო პატარას ჰგავხართ.

– ოცდაორის ვარ, – გაეღიმა მარიკას და შეეცადა, გამოეცნო, მელოდია, რომელსაც ეს


მხიარული ადამიანი ღიღინებდა.

– ოცდაორის? მე კიდევ უფრო ნაკლების მეგონე, მაგრამ, არა უშავს. მალე გაიზრდები.
მით უმეტეს, აქ, ჩვენთან. ისე ყოჩაღ, კარგად გაუძელი.

– მშობლები ექიმები მყავს. – აუხსნა მარიკამ.

– გასაგებია, თუმცა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. ოღონდ, არ მითხრა, საოპერაციო


მაგიდასთან გავიზარდეო. კონკრეტულად რა პროფესიის არიან? ვიწრო სპეციალობას
ვგულისხმობ.

– მამა ჩვილ ბავშვთა ქირურგიაში მუშაობს. დედა – კარდიოლოგია. არ მკითხოთ,


შენც ექიმი რატომ არ გამოხვედიო. არ მინდოდა და არ მაინტერესებდა მედიცინა.

დევის გაეცინა და ცოტა ხნით ღიღინი შეწყვიტა.

– არა. არ გკითხავ. მესმის შენი. მედიცინა ისეთი მოსაწყენია. მეც სწორედ ამიტომ
წავედი სასამართლო მედიცინაში, მოწყენილობის გასაფანტავად, სხვათა შორის –
დევიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი – ჰო, სხვათა შორის, თავისი
არსებობის დასაწყისიდანვე, სასამართლო მედიცინამ ისწავლა ბრძოლა და
ცვალებადობა. მთელი ეპოქის განმავლობაში, სასამართლო მედიცინა ცდილობდა,
დაემტკიცებინა საკუთარი დედისთვის – ანუ, მედიცინისთვის, რომ მას სხვა
შინაარსი და სხვა მიზნები აქვს. უნდოდა, რომ ხიდი ყოფილიყო კრიმინალისტიკასა
და მედიცინას შორის. ეს ბევრს არ ესმის და ჩვენ, სასამართლო ექიმებს, ალმაცერად
გვიყურებენ. არადა ჩვენ ვუერთდებით მედიცინას, ბუნებისმეტყველების ცოდნას და
ტექნიკის მიღწევებსაც. რა ეშველებოდა კრიმინალისტიკას ჩვენი, სასამართლო
ექიმების გარეშე? საზოგადოებას ყურადღებას ყოველთვის მკვლელის ვინაობა და ის
გარემოება იპყრობდა, რომელშიც ეს მკვლელობა მოხდა, მაგრამ, ვის აინტერესებს
თავად გვამი? – ჩვენ, რადგან, ზუსტად ვიცით, რომ სწორედ მას შეუძლია, გვიამბოს
რა მოხდა სინამდვილეში და დააკმაყოფილოს საზოგადოების ცნობისმოყვარეობა. –
დევიმ ღიმილით ჩაუკრა თვალი მოღიმარ მარიკას, – ეს მოკლე ექსკურსი
სასამართლო მედიცინაში, ახლა კი – საქმე. აბა, ვნახოთ რა მიირთვა ჩვენმა რაინდმა,
სანამ საყვარელს ჩაუგორდებოდა ლოგინში, – წაიღიღინა დევიმ და სკალპელი ხელში
შეათამაშა.
– რა იცით, რომ საყვარელთან იყო?

– სახეზე ეტყობა.

– რაო? აბა, რა ეტყობა სახეზე? – იკითხა თემომ და საუბარში გართულ წყვილს თავზე
წამოადგა.

– კოლეგას ვუხსნიდი, – სიტყვა „კოლეგა“ დევიმ, გამოკვეთილად და ხუმრობანარევი


ტონით წარმოთქვა, – თემურჩიკ, ერთი შეხედე, როგორი ნასიამოვნები სახე აქვს.
ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ძალიან ასიამოვნეს, – თვალი ჩაუკრა დევიმ.

– ნუ მაიმუნობ, არ არის ამისი დრო! – არც გაჰღიმებია თემოს.

– პირიქით, ძაფს გაძლევ, ხელი რომ მოჰკიდო. ჩემი ვარაუდია, მაგრამ, მგონი, არ
შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი გმირი სიკვდილს არ ელოდა და განცხრომაში იყო.
როდის არის მამაკაცი განცხრომაში, მით უფრო, თუ სხეულის ინტიმურ ნაწილებს
„დოლჩე და გაბანას”... – ხომ სწორად წარმოვთქვი, კოლეგავ? – დაიმოწმა დევიმ
შესამჩნევად გაწითლებული მარიკა, – მოკლედ, ჩემი ახსნა რად გინდა, შენც
მშვენივრად ხვდები, რაშიც არის საქმე.

– ქალთან თუ კაცთან? – წარბისგაუხსნელად იკითხა თემომ.

დევიმ თვალები მოჭუტა:

– პრინციპში, სწორი შენიშვნაა, თემურჩიკ, არაფერია გამორიცხული. თუ არსად


გეჩქარება და ცოტა ხანს დამელოდები, მაგასაც მოგახსენებ.

– გვეტყვით, ქალთან იწვა თუ გაცთან? – აღმოხდა მარიკას აღფრთოვანებით.

– რა პრობლემაა, ძვირფასო, ეს ჩემი ვიწრო პროფილია.

– ჩვენ გარეთ დაგელოდებით, – თემური კარისკენ წავიდა.

დევიმ მხრები აიჩეჩა.

– როგორც გენებოთ, თემურჩიკ, მაგრამ ბავშვი აშკარად გამოხატავს ინტერესს.

– ბავშვი ჩემი სტაჟიორია და არა შენი, – მოუჭრა თემომ და მარიკა დერეფანში


გამოიყვანა.
– რადგან აუცილებელია, რომ შენ ჩემი სტაჟიორი იყო, – დაიწყო ყოველგვარი
შესავლის გარეშე, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ.

– გისმენთ, ბატონო თემურ.

– ჰო, უნდა შევთანხმდეთ. არავითარი ინიციატივა. ბრძანებებს მე ვიძლევი და


გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ, ვერ ვიტან, როცა წინააღმდეგობას მიწევენ. საშინლად
არ მომწონს ჯიუტები და ზედმეტად ცნობისმოყვარეები.

– ბატონო, თემო...

– ვერც იმას ვიტან, როცა ლაპარაკს არ მაცდიან, – ხელის აქნევით გააჩუმა თემომ, –
ახლა საქმეზე: გამოძიება განსაკუთრებით კონფიდენციალური უნდა იყოს. ძალიან
კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებსაც არ მოუყვები საქმის დეტალებს. სადაქალო-
საძმაკაცოზე აღარაფერს ვამბობ.

– მე ჭორიკანა არ ვარ, – წყენით ჩაილაპარაკა მარიკამ.

– ძალიან კარგი. მეც ამისი იმედი მქონდა. ალბათ, არც ბუტია.

– შეიძლება რაღაც გკითხოთ?

– ახლა შეიძლება, მაგრამ მოწმეების თანდასწრებით შეკითხვების დასმას არ გირჩევ.

– გავიგე.

თემომ მოწონებით დაუქნია თავი:

– ახლა მკითხე, რა გაინტერესებდა.

– არაფერი.

– არაფერი? თუმცა, შენი ნებაა. მე დევისთან უნდა შევიდე. შეგიძლია, აქ დამელოდო


ან განყოფილებაში დაბრუნდე. პროზექტურაში სასიამოვნო არაფერია, ჰაერიც მძიმეა.

– არა უშავს, გავუძლებ.

– კარგი, შემოდი, – უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები თემომ.

დევი ხელებს იბანდა.


– მოხვედით? თემო, რა კაციჭამიასავით გვიყურებ?

– საქმეზე გადადი, მეჩქარება.

– კი ბატონო, იყოს საქმეზე. შოკოლადი, შამპანურები, ხილი, კონკრეტულად – ბანანი


და ფორთოხალი. შამპანურის მარკას ნუ მომთხოვ, არ მგონია, ამას არსებითი
მნიშვნელობა ჰქონდეს. რაც შეეხება მის პარტნიორს, აქ პატარა სირთულეა –
შეიძლება, ქალიც ყოფილიყო და კაციც.

– მოიცა, ეგ როგორ? – მაშინვე ვერ მიხვდა თემო.

– არატრადიციულ სექსზე არაფერი გსმენია? ეტყობა, ჩვენს გმირს მარტო საცვლები


არ მოსწონდა ეგზოტიკური, მრავალფეროვნება ჰყვარებია.

– ეგ საქმეს ართულებს. სიკვდილი რამ გამოიწვია?

– სავარაუდოდ, საწამლავმა. ინფარქტი, ინსულტი და რაიმე მსგავსი გამორიცხულია.


მეტსაც გეტყვი: ჯანმრთელობას აშკარად არ უჩიოდა და განსაკუთრებით ზრუნავდა
საკუთარ სხეულზე. აი, სულზეც ზრუნავდა თუ არა, არ ვიცი.

თემო დევისკენ გადაიხარა და ხმადაბლა რაღაც უთხრა.

– აჰა! – წაუსტვინა დევიმ და თავი თანაგრძნობით დააქნია – ნამდვილად შევდივარ


შენს მდგომარეობაში. საგარეოს „სასტავი” ცალკე გამოიჩენს თავს.

– საგარეოს „სასტავი” ჩემს საქმეში ვერ ჩაერევა. იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ
ჩავთვლი. ხომ მიცნობ. თუმცა, ვაღიარებ, „მხიარულება” არ მომაკლდება, – თემო
მარიკას მიუბრუნდა.

– შენ ხომ არ გეცნობა? სახეზე კარგად დააკვირდი.

– გვამზე გეუბნება, ძვირფასო, გვამზე, – უკარნახა დევიმ, მარიკას დაბნეულობა რომ


შეამჩნია.

– მომეჩვენა, რომ ნაცნობი სახე ჰქონდა, თუმცა... – მარიკამ გაფატრულ გვამს


გვერდიდან შემოუარა და დააშტერდა.

– ჰე, „დოლჩე და გაბანა”, არ შემარცხვინო! – წააქეზა დევიმ და თემოს თვალი ჩაუკრა,


– ყოჩაღი ვინმეა, – ჩასჩურჩულა ხმადაბლა.

– დაგიტოვებ, თუ გინდა, – ვალში არ დარჩა თემო.


– არა, არ ვიცი, ვინ არის, – დარწმუნებით თქვა მარიკამ და ფერწასულ სახეზე მოისვა
ხელი.

– ესე იგი, ბომონდის წევრი არ ხარ, „დოლჩე და გაბანა”. მის საცვლებსაც კი სცნობ,
მაგრამ ის არ გცოდნია, ვინ არის ქალაქში ჭორების სამიზნე.

– ასეთი რაღაცეები არ მაინტერესებს. არც ბომონდურ წვეულებებზე დავდივარ,


მოსაწყენია.

– სახლში ზიხარ და დეტექტივებს კითხულობ? – დევიმ თითები გაატკაცუნა.

– შენ ამბობ, რომ მოწამლეს? რითი? – ჰკითხა თემომ.

– ჰოო, ძნელი სათქმელია. კიდევ რამდენიმე საათი დამჭირდება მაგ კითხვაზე


პასუხის გასაცემად.

– არ შეგიძლია, ცოტა სწრაფად იმოქმედო? ძალიან ბევრი ვინმეა ამ საქმით პირადად


დაინტერესებული. სულს ამომხდიან. ჭირისუფალიც თავის მკვდარს ითხოვს. მალე
ჟურნალისტებიც მოგიცვივდებიან.

– მერე, წაიყვანონ თავისი მკვდარი. ქსოვილები ავიღე. ყველაფერი მაქვს, მშვიდად


რომ ვიმუშაო. წადი და დაგირეკავ.

თემო შეყოყმანდა:

– ესე იგი საწამლავი?

– ჰო, ჯერჯერობით ეს ერთადერთი ვერსიაა.

– კი, მაგრამ გვამი ქუჩაში როგორ აღმოჩნდა? თანაც, შიშველი...

– მაგას ვერ გეტყვი. მეეჭვება, იმდენი დაელიოს, ქუჩაში ტრუსისამარა


მოენდომებინოს სირბილი.

– გამოდის, მკვლელს თანამზრახველი ჰყავდა და...

– ... და „სიყვარულის ბუდეც” იქვე ახლოს უნდა ეძებო, – დაასრულა დევიმ თემოს
სათქმელი. აბა, ბატონი ელჩი მგლოვიარე იქნება.

– თუ უკვე იცის – კი. თუმცა, რამდენად იყო აღფრთოვანებული შვილის არჩევნით, ეგ


კიდევ გასარკვევია.

– თემურჩიკ, ძვირფასო, ჩვენ ძალიან პატარა, ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანებით


გაძეძგილ ქალაქში ვცხოვრობთ და ასეთი ამბები დიდხანს არ იმალება.

თითოეული ჩვენგანი შეიძლება დაიბნეს და დაიკარგოს იმ უდაბნოში, რომელსაც


ცხოვრება ჰქვია. არავის აქვს იმის უპირატესობა, თქვას – მე ამ ყველაფერზე მაღლა
ვარ და საფრთხე არ მემუქრებაო. არ არსებობს იმუნიტეტი უზნეობის წინააღმდეგ; არ
არსებობს იმუნიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ, ისევე, როგორც არ არსებობს
იმუნიტეტი ჰეროინის წინააღმდეგ. ერთხელ გაუსინჯავ გემოს და – სიცოცხლის
ბოლომდე მასზე დამოკიდებული ხდები. მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა შეიძლება,
იქცეს იმუნიტეტად, მაგრამ, ხშირად სწორედ ამ ჭეშმარიტების ძებნას მიჰყავს
ადამიანი უდაბნოსთან, სადაც იკარგება კიდეც. საკმარისია, ცოდვა ერთხელ მაინც
„დააგემოვნო“, რომ ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წამოგიყენებს საკუთარ
უფლებებს და კუთვნილსაც მოითხოვს. ცოდვილი სამყარო მტვერსასრუტივით
გვიწოვს თავის წიაღში, რათა მერე, „განელებული”, სისხლ და გრძნობებგამოცლილი,
გამოცარიელებული და გამომშრალი უკანვე გადმოგვაგდოს.

***

თემომ მანქანის გასაღები მაგიდაზე დააგდო, ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა


და იქვე, პატარა პუფზე ჩამოჯდა. თავი უსკდებოდა, შიმშილიც იგრძნო. საათზე
დაიხედა და ხმადაბლა შეიგინა. ცოლს, ალბათ, უკვე ეძინა. ვახშმის მომზადება
თავად მოუწევდა, თუ მაკამ წინდახედულობა არ გამოიჩინა და რამე არ დაუტოვა.
„ჯანდაბა, ჩაის მაინც დავლევ...” – ჩაილაპარაკა თავისთვის და წინდების ამარა
გაემართა სამზარეულოსკენ. მაგიდაზე ხელსახოცგადაფარებული თეფში იდო: პიურე
და კატლეტი. თემოს მადლიერებისგან რაღაც აეწვა ცხვირში, მაგრამ მიხვდა, რომ
ლუკმასაც ვერ გადაყლაპავდა. ჩაიდანი ჩართო, სკამზე ჩამოჯდა, ჯიბიდან სიგარეტის
კოლოფი ამოიღო და თვალით საფერფლეს დაუწყო ძებნა.

– ისევ შუაღამისას მოხვედი, – ცოლმა საფერფლე და ასანთი გაუწოდა, – ნუთუ არ


შეიძლება, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი მუშაობს, შენც ისე იმუშაო?

– როგორ?

– რვაზე, ცხრაზე ან თუნდაც ათ საათზე მაინც მოხვიდე სახლში. თვეში ერთხელ


შევძლოთ და წავიდეთ კინოში, ან – სტუმრად, მეგობრებთან... ერთხელ მაინც ისე
გახვიდე შვებულებაში, რომ მობილური ტელეფონი გამორთო და მესამე დღეს
სამსახურში არ გაიქცე. დავიღალე. ვიცი, რომ შენც დაიღალე, ამიტომ რამე მოიფიქრე.
ბოლოს და ბოლოს, სულ წამოდი მანდედან.

თემომ სიგარეტს მოუკიდა და ცოლს მდუმარედ შეხედა. მაკასთან კამათს


ყოველთვის თავს არიდებდა. ისიც კი გამოიმუშავა, რომ არ ესმინა და ყურადღების
მიღმა დაეტოვებინა ცოლის სიტყვები.

– ვიცი, ცდილობ, არ მომისმინო. იმედი გაქვს, რომ მალე დავიღლები და გავჩუმდები.


კარგი ტაქტიკაა, შენთვის მომგებიანი, მაგრამ, მე რას მერჩი?

– მკვლელობა მოხდა. სამმართველოს უფროსმა თათბირი თერთმეტ საათზე დანიშნა.


წამოვსულიყავი?

– სულ რაღაც ხდება. მკვლელებს და მანიაკებს რა გამოლევს. ვიღაცას გაქურდავენ,


ვიღაცას დააყაჩაღებენ... მე კი ქმარი მყავს და არც მყავს. მთელი დღე მარტო ვარ.

თემომ თავი ხელისგულებში ჩარგო:

– მაკა, ძალიან დავიღალე, მართლა ვერ წამოვედი.

– ვიცი, რომ ვერ წამოხვედი. როდის გეუბნები, რომ ეს ჩემი ჯიბრით გააკეთე, მაგრამ,
მე რა ვქნა?

– შენ? არ ვიცი. წადი სადმე გაისეირნე, კინოში შედი მეგობრებთან ერთად.


მაღაზიებში გაიარე. ბოლოს და ბოლოს, მუშაობა დაიწყე.

ქალს სახე მოეღრუბლა.

– დამცინი, არა?

– რატომ, ხომ მუშაობდი? ისევ შეგიძლია, სკოლაში დაბრუნდე. დარწმუნებული ვარ,


სიხარულით მიგიღებენ.

– ნერვებს ნუ მიშლი, ვითომ არ იცი, რატომ აღარ მინდა სკოლაში მუშაობა. არ


შემიძლია, სხვის ბავშვებს ვეფერო, მაშინ, როცა... როცა... ქალმა სახეზე ხელისგულები
აიფარა და აქვითინდა, – კაცმა ვერ გაუძლო მის ცრემლებს. საერთოდ ვერ იტანდა
ქალის ტირილს. ეს მასზე მაგიურად მოქმედებდა. მთელ სხეულში სისუსტეს
გრძნობდა და თითქოს ბავშვივით უმწეო ხდებოდა.
– ძალიან გთხოვ, ნუ იტირებ... აბა, რატომ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
ექიმმა ხომ გვითხრა, პრობლემას ვერ ვხედავო. ოთხი წელი არც ისე დიდი დროა.

– ხუთი წელი ხდება. ის ექიმი კი ნამდვილი იდიოტია. მოცდა აღარ შემიძლია, მაგრამ
შენ ეს ნაკლებად გაღელვებს. რა თქმა უნდა, ვერ გამოძებნი დროს, რომ სხვა ექიმთან
წამომყვე. შენი სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილი.

– არა, საყვარელო, არა. შვილი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმთანაც


წამოვალ, მაგრამ შენ ჯერ უნდა დამშვიდდე და აღარ ინერვიულო. ეს აუცილებელია.

– როგორ დავმშვიდდები, როცა შენ არასოდეს არ ხარ ჩემ გვერდით, – ამოისლუკუნა


ქალმა და ცრემლით სველი სახე ხელით მოიწმინდა, – ჭამე. დედაჩემი იყო და
კატლეტები იმან გააკეთა. შენ რომ გიყვარს, ისეთია.

– არ მშია.

– არ გშია, თუ აღარ გშია? – სარკასტულად გაიღიმა ცოლმა, გამომწვევად და


გამაღიზიანებლად. თემო შეეცადა, მშვიდად გაეცა პასუხი.

– არ მშია, ჩაის დავლევ. დამისხი, რა!

– გაცივდებოდა, – მაკა ჩაიდანთან მივიდა – შენ მართალი ხარ, სამსახური უნდა


მოვძებნო და სახლიდან გავიდე, თორემ, ნელ-ნელა ისტერიჩკას ვემსგავსები. რაღაცას
მოვიფიქრებ.

– ერთად მოვიფიქრებთ, – თემომ წელზე მოხვია ხელი ცოლს და ლოყაზე აკოცა, – არ


მინდა ჩაი, წავიდეთ, დავწვეთ.

***
გახსენით საწამლავის აღმოჩენის საიდუმლოება, გვიჩვენეთ ის და მომწამვლელს
ჩამოვახრჩობთ, – თქვა ას ორმოცდაათი წლის წინ ლონდონის კრიმინალური
პოლიციის უფროსმა, – ისტორიული ექსკურსით დაიწყო თავისი გამოსვლა დილის
თათბირზე დევიმ, – მარტო ერთი შესაძლებლობა არსებობს იმის დასამტკიცებლად,
რომ ადამიანი მოწამლეს – უნდა აღმოაჩინო საწამლავი გარდაცვლილის გვამში.
ძველი რომის დროიდან, ექიმებმა და იურისტებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ
მოწამვლის სიმპტომებზე. მოწამლულად ითვლებოდა ადამიანი, თუ მისი კანი
ლურჯ-შავი ფერის იყო, ან – ლაქებით დაფარული, ანდა, მყრალი სუნი ჰქონდა.
ჩვეულებრივ გვამურ ლაქებს მიიჩნევდნენ მოწამვლის ნიშნებად. პირდაპირ,
გასაოცარია, როგორი გიგანტური ნაბიჯებით იარა სასამართლო მედიცინამ და...
თემომ შეუმჩნევლად ჩაიცინა და გიორგი ახვლედიანს გახედა, ჭარხალივით წითელი
რომ იჯდა და ხვნეშოდა. სიამოვნებით წამოხტებოდა და გააჩერებდა ლაპარაკის
საღერღელაშლილ ექსპერტს, მაგრამ საამისოდ გამბედაობა არ ეყო. თემომ გუნებაში
მადლობა გადაუხადა დევის ამისთვის. ისიც იმავე პათოსით განაგრძობდა.

– დიახ, ჩემო ძვირფასებო! მომწამვლელები ყველა დროში მრავლად იყვნენ, მე


ვიტყოდი, შხამის პოპულარობა და აქტუალურობა ყოველთვის იყო განსაკუთრებით
თვალშისაცემი. რომი და საბერძნეთი უკვე იცნობდა დარიშხანს, როგორც შხამთა
შორის საუკეთესო შხამს. მართალია, ვერცხლისწყალმა და ფოსფორმა სიკვდილის
უხვი მოსავალი მოიმკეს, მაგრამ მაინც არაბი ალქიმიკოსის ჯოჯოხეთურ
სამზარეულოში აღმოჩენილი უფერო, უსუნო და უგემო, თეთრი ფერის დარიშხანის
ანჰიდირიდი გახდა სიკვდილის უმაგალითო მთესველი!

ახვლედიანს ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა:

– საქმესთან ახლოს, თუ შეიძლება! – თქვა და ოხვრას გული ამოაყოლა. ექსპერტმა


მიამიტი ბავშვივით გულუბრყვილოდ დაახამხამა წამწამები:

– კი მაგრამ, ბატონო გიორგი, მე სწორედ საქმეზე მოგახსენებთ, ვცდილობ,


ყველაფერი დაწვრილებით აგიხსნათ. უფრო გასაგები რომ იყოს. მომწამვლელები
დიდგვაროვნები და სახელოვანნი იყვნენ. თეთრი დარიშხანის ხსნარი – აკვატოფანის
წყალი, მეჩვიდმეტე საუკუნის საშინელმა პიროვნებამ, თეოფინე დი ადამომ
სიკვდილის მანქანად აქცია. თვითონაც ხოცავდა და სხვებსაც ასწავლიდა, როგორ
უნდა მოეკლათ ადამიანი. მაშინ ყველამ იცოდა, რომ დარიშხანს არ აქვს არც სუნი და
არც გემო; რომ მისი შერევა ადვილად შეიძლება წვნიანში, ნამცხვარსა და სასმელში.
ისიც ყველამ იცოდა, რომ პოლიციას არ ჰქონდა არანაირი საშუალება,
მკვლელისთვის დანაშაული დაემტკიცებინა.

– ბატონო დევი, საკმარისია. პირდაპირ გვითხარით, რასთან გვაქვს საქმე –


დარიშხანი ჩაუყარეს საჭმელში? – სამმართველოს უფროსმა საბოლოოდ დაკარგა
მოთმინება, წამოხტა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

– თქვენ, ალბათ, არ გესმით, რა სერიოზული საქმეა. ელჩის სასიძო მოკლეს, თან –


ჩვენ ცხვირწინ. ვიღაც მაწანწალა კი არა, ელჩის სასიძო. ერთ კვირაში ქორწილი უნდა
ჰქონოდა. უკვე ამიკლეს ზარებით ელჩიც არის და ელჩიც! ევროკავშირი და ნატო
სამუდამოდ სანატრელი გაგვიხდება, თუ მკვლელობა დროზე არ გავხსენით.
დევიმ თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიფხუკუნა. თემომ შეუმჩნევლად წაჰკრა ფეხი,
მაგიდის ქვეშ, მაგრამ უკვე გვიან იყო. სამმართველოს უფროსი გველნაკბენივით
შეხტა და გაფითრდა:

– იცინით? ძალიან კარგი! ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ სამხიარულოდ გვაქვს საქმე?!
ბატონო დევი, მე თუ პრობლემები შემექმნება, არც თქვენ დარჩებით მიღმა. არ
გემუქრებით, მაგრამ, ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ვერ ავიტან.
თათბირზე ხითხითი და სიცილი, მაშინ, როცა ზემოდან ყოველ საათში მირეკავენ და
კითხულობენ, რას ვაკეთებთ, – დანაშაულია. დიახ, დანაშაული! დარიშხანზე
ისტორიის მოსასმენად არ მომიწვევიხართ აქ. ბატონო თემურ, ამ ეტაპზე რა
ინფორმაცია გაქვთ, მკვლელობის შესახებ?

– ბევრი არაფერი. დადგენილია მოკლულის ვინაობა. სუიციდი ანუ თვითმკვლელობა


გამოირიცხა. სავარაუდოდ, მკვლელმა საწამლავი გამოიყენა. შესაძლებელია, სწორედ
მკვლელთან გაატარა მან ღამე.

– კიდევ?

თემომ დევის გადახედა:

– კიდევ, შესაძლებელია, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ან მამაკაცთან ჰქონდა


ინტიმური სიახლოვე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

– აჰა, ანუ, მამაკაცთანაც?

– დიახ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ბატონი ელჩის სასიძო სანიმუშო


რეპუტაციით არ გამოირჩეოდა. მეტსაც გეტყვით, საკმაოდ გარყვნილიც
ბრძანდებოდა, – ცუდად დაფარული ზიზღით წარმოთქვა გამომძიებელმა, – რაღაც
ინფორმაცია მოვიძიე მის წარსულზე. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალიც
აღმოვაჩინე: ეს ჩვენი „მშვიდობის დესპანი” გაუპატიურების მცდელობისთვისაც იყო
ნასამართლევი. უფრო სწორად, კი არ გაუსამართლებიათ, მხოლოდ რამდენიმე დღე
დააკავეს და მერე გაუშვეს არასაკმარისი სამხილების გამო და, რაც მთავარია,
მომჩივანიც გაქრა. თუ გაინტერესებთ, დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის წინანდელი
ამბავია.

სამმართველოს უფროსი შეიჭმუხნა:


– ამას მის მკვლელობასთან რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს?

თემომ არ უპასუხა, მხოლოდ ჩაახველა და შუბლზე შეთხელებული თმა შეისწორა.


სამმართველოს უფროსი რაღაცას მიხვდა:

– ანუ, იმის თქმა გინდოდა, შეიძლება ამ ამბავს მკვლელობასთან რამე კავშირი


ჰქონდეს?

– თუ შურისძიების ვერსიას არ გამოვრიცხავთ, შეიძლება.

– ჰოო?! პრინციპში, შურისძიებაზე, რატომღაც, არ მიფიქრია. სასწრაფოდ უნდა


მოძებნოთ ის გოგო, მაგრამ, უხმაუროდ და ისე, რომ სკანდალი არ ატყდეს. გესმის,
თემო? პირადად შენ ხარ პასუხისმგებელი ამაზე.

თემომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო წუთში აშკარად გადაიფიქრა და


სამმართველოს უფროსთან პოლემიკაში შესვლას გაჩერება ამჯობინა. ახვლედიანმა ეს
საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა და გაიბღინძა.

– მოკლედ ასე, შურისძიების ვერსიაზე ვმუშაობთ. ვიპოვით იმ გოგოს თუ ქალს და –


საქმეც გაიხსნება.

კაბინეტიდან გამოსულმა თემომ ვეღარ მოითმინა და იქვე, სამმართველოს უფროსის


მისაღებში, მდივანი ქალის თვალწინ მოუკიდა სიგარეტს.

– თემურ, ხომ იცი, როგორ ვერ იტანს მისაღებში სიგარეტის სუნს? გამოვა და ერთ
ამბავს ამიტეხს. ისედაც, ერთი სული აქვს, როდის გამიშვებს აქედან, – უსაყვედურა
ქალმა და ფანჯარა სწრაფად გამოაღო.

– ვერ გაგიშვებს. თავისნაირი ღლაპი რომ მოიყვანოს, ვეღარავინ უკარნახებს, რომელ


ღილაკს უნდა დააჭიროს თითი, ტელეფონი რომ დაურეკავს.

– თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი, უცებ არ გამოვიდეს, – ტუჩებთან თითი მიიტანა


მდივანმა და შეშფოთებით მიმოიხედა.

– წამოდი, სასადილოში ჩავიდეთ, ყავა მაინც დავლიოთ, – მკლავზე მოჰკიდა ხელი


დევიმ და მდივან ქალს თვალი ჩაუკრა, – ახლავე მოგაშორებ ამას.

სასადილოში დარბაზის განაპირა კუთხეში ყველაზე განცალკევებით მდგარ


მაგიდასთან დასხდნენ. დევიმ ყავა და სალათა მოიტანა.

– მომშივდა, ხო იცი! შენ არ შეჭამ?

– არა! – ჩაიბურტყუნა თემომ.

– მოიცა, ერთი, რა განერვიულებს, ილაპარაკოს და იყოს. მე მომბაძე, ვერ ხედავ,


როგორ ოსტატურად ვხეთქავ გულზე?!

– ეგრე მარტივადაც არ არის საქმე, შენ კიდევ სჭირდები – ექსპერტები, თანაც,


შენნაირი პროფესიონალები, ცოტაა. ვერ გაგიშვებს. მე კი ხვალვე ამაფარებს
ბრძანებას ცხვირზე. ხელს შეუშლის ვინმე თუ რა...

– არც ისეთი დიდი ვინმეა, შენ რომ გგონია.

– არაფერიც არ მგონია. დიდი ვინმე რომ არ იყოს, მაგ კაბინეტში არავინ დასვამდა.
ზოგჯერ ისეთ სისულელეს იტყვის, ვიცინო თუ ვიტირო, არ ვიცი. როგორ უნდა
ვიმუშაო? ახლა შურისძიების ვერსიას აიკვიატებს და გადამიყვანს ჭკუიდან.

– რატომ? შეიძლება, მართლა შურისძიების მიზნით მოკლეს. მეც რაღაც ინფორმაციას


მივაკვლიე და... კაროჩე, დიდი ნაგავი ვინმე ყოფილა.

– ეგ მკვლელობას არ ამართლებს. მით უმეტეს, მე ვერაფერში დამეხმარება.

– რატომ?

– იმიტომ რომ, ახლა, ამ წუთას, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს,


რომლებზე ფიქრიც მოსვენებას არ მაძლევს. შენ ხომ ამბობ, რომ მოწამლეს?

დევიმ ყავა მოსვა და ხანმოკლე დუმილის მერე, თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

– კარგი, მაგრამ მოწამლული, ტრუსისამარა ქუჩაში რატომ გარბოდა?

– ვინ გითხრა, რომ გარბოდა? მე ეს არ მითქვამს.

– მაშინ, მეორე, ნაკლებად სარწმუნო ვარიანტი რჩება, რომელიც საერთოდ მაბნევს.

– რა ვარიანტი?
– როგორ წარმოგიდგენია, ამხელა კაცი ქალმა აიკიდოს ზურგზე და ქუჩაში
გამოათრიოს? მკვდარი რომ კიდევ უფრო მძიმდება, ეს შენზე კარგად ვინ იცის?

– მაგით რისი თქმა გინდა?

– იმის, რომ, რაღაც არ გამოდის, – თავი გააქნია თემომ, – არ გამოდის. ეგ ან თავისი


ფეხით გამოვიდა ან მკვლელს თანამზრახველი ჰყავდა და მარტო არ იყო.

– ოო, „გრუპავუხა”?! პრინციპში, ბომონდში მოსული პონტია. ერთი მე და შენ


დავრჩით გოიმები, – გაიკრიჭა დევი.

– ეე, შენც ზოგჯერ რა უადგილოდ ხუმრობ, – ეწყინა თემოს, – დროულად თუ არ


გავხსნი ამ საქმეს, გეუბნები, სამსახურის ძებნა მომიწევს. არადა, პენსიამდეც რომ
შორია?! ვაჭრობის ნიჭი კი მე არ მაქვს.

– გავხსნით, ნუ გეშინია. მაგისთანები გაგვიხსნია?! – შეაგულიანა ექსპერტმა, – ჰო,


მართლა, ის ცნობისმოყვარე ქალიშვილი სად არის? თათბირზე რატომ არ მოიყვანე,
ეგ რა, არ შედის პრაქტიკის კურსში?

– რაღაც დავალება მივეცი – სადღაც გავგზავნე. არ შემიძლია, როცა ცხვირწინ


ტრიალებს, ისედაც დაჭიმული მაქვს ნერვები.

– არ ჩანს უჭკუო ბავშვი.

– ბავშვი... რა ბავშვი, თუ ძმა ხარ! ერთი ეგეთი ბავშვი უფროსად გვყავს. ეგეც ძალიან
მალე აცოცდება ზევით, თორემ, ნახავ.

– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! – გაეღიმა დევის, – რას ერჩი, სულელი ნამდვილად
არ არის. თუ საკმაოდ მიმზიდველ გარეგნობასაც დავუმატებთ, დაწინაურებისთვის
ყველაფერი აქვს.

– აბა, მე რას გეუბნებოდი! მე და შენ კი ისე ვიპახავებთ, შეიძლება, მადლობაც არავინ


გვითხრას.

ექსპერტმა მხრები აიჩეჩა:

– შენ გჭირდება, ვინმეს მადლობა? მე – არა!


– ჰო, კარგი, უკვე დროა, უნდა წავიდე. წეღან დამირეკეს, იმ ბინისთვის მიუგნიათ,
სადაც გარდაცვლილმა ღამე გაატარა, უნდა დავათვალიერო. ხომ არ წამოხვალ?

– რატომაც არა! საქმე მაინც არაფერი მაქვს. გვამი არ იქნება, მაგრამ, ჩემთვის
საინტერესო რაღაცას მაინც ვიპოვი.

... ოთახი საკმაოდ კომფორტული და მოხერხებული ავეჯით იყო მოწყობილი.


სააბაზანო და მისაღებიც ახლად გაერემონტებინათ. ლამაზი, მაგრამ, შედარებით
იაფფასიანი შპალერი და კაფელი შთაბეჭდილებას ახდენდა. საწოლზე უწესრიგოდ
ეყარა ბალიშები. ზეწარი სანახევროდ იატაკზე ეგდო. პატარა მაგიდაზე შამპანურის
ერთი ცარიელი, ერთიც სანახევროდ დაცლილი ბოთლი იდგა. მოზრდილ ლანგარზე
ხილის ნარჩენები ეყარა. თემომ იატაკიდან შამპანურის მაღალყელიანი ბოკალი ორი
თითით აიღო და სინათლეზე გახედა.

– კრიმინალისტი სად არის?

– სააბაზანოში მუშაობს, – სწრაფად უპასუხა პოლიციელმა.

– კარგია. უთხარი ანაბეჭდები ამ თეფშიდან, ბოთლებიდან და ბოკალებიდანაც


აიღოს.

– თუ იქნება, კი, – სარკასტულად ჩაიცინა დევიმ.

– ნუ ითარსები, გირჩევნია, მითხრა, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე.

– ნამდვილი სიყვარულის ბუდეა. ეს, ალბათ, ნაქირავები ჰქონდა.

– მართალი ხარ. ნაქირავები ბინაა. ბინის პატრონები წუთი-წუთზე მოვლენ.

– უნდა დაკითხო?

– არა, მათთან ერთად ფოტოები უნდა გადავიღო, – უკმაყოფილოდ გადააქნია თავი


თემომ – გამოუსწორებელი ხარ... ერთი ეს მითხარი, შეეძლო მკვლელს, შამპანურში
ჩაეყარა დარიშხანი.

– მე არ მითქვამს, რომ მკვლელმა აუცილებლად დარიშხანი გამოიყენა.


– რაო? შენ არ იყავი, იმსიგრძე მოხსენება რომ წაგვიკითხე დარიშხანზე?

– მერე რა... მე დარიშხანი მაგალითისთვის ვახსენე. კიდევ არის საწამლავები,


რომელთა აღმოჩენა მოწამლულის ორგანიზმში ასევე ძალიან ძნელია.

– შენ იმის თქმა გინდა, რომ გვამში საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინე? როგორ
დავუმტკიცებთ დანაშაულს მკვლელს, თუ დავიჭერთ?

– შენ დაიჭირე და მაგის პრობლემა არ გექნება.

– კარგი, დევი გეყოფა. ყველაფერზე ღადაობაც ხომ არ შეიძლება!

– სულაც არ ვღადაობ. ჯერ ეჭვმიტანილიც არ გვყავს, თუ იმ ქალს არ ჩავთვლით,


ხუთი წლის წინ თითქმის რომ გააუპატიურეს. როგორც ხვდები, საქმე სასწრაფოდ
დახურეს. იმ ქალმა ან ფული აიღო ან...

– არა, არა, მკვლელობამდე საქმე არ მივიდოდა. ვნახოთ, ბინის პატრონი რას


გვეტყვის.

ბინის პატრონი შუახანს გადაცილებული მამაკაცი აღმოჩნდა, სათვალეებითა და


ინტელიგენტისთვის დამახასიათებელი დაბნეული მზერით. საუბრისას ხშირად
იხსნიდა სათვალეს და ათრთოლებული თითებით პერანგის კალთით წმენდდა.

– ეს ბინა ჩემს ქალიშვილს ეკუთვნის. იმან იყიდა, დიახ, გასაქირავებლად: ფული


გამოგვიგზავნა და მე შევიძინე. თვითონ სად არის? იტალიაშია. რისთვის იქნება
წასული, ჩემო ბატონო, მუშაობს... ვიყიდეთ, გავარემონტეთ და ვაქირავებდით.
უცხოელებზე, რა თქმა უნდა. მეტსაც იხდიან და არც ბინას აფუჭებენ. ჩვენი
მდგმური? – დაახლოებით სამი თვის წინ მივაქირავე ბინა. სულ ორჯერ ვნახე. რა
თქმა უნდა, ამოვიცნობ. მკვლელობის შესახებ არაფერი ვიცი. ტელევიზორს
იშვიათად ვუყურებ, მით უმეტეს – საინფორმაციო გამოშვებებს. დილის
საინფორმაციო? არა, არა, მაგ დროს შვილიშვილი მიმყავს სკოლაში... რაშია საქმე?

თემომ ფოტოსურათი ამოიღო და მამაკაცს წინ დაუდო.

– სამწუხაროდ, უკეთესი ფოტოსურათი არ გვაქვს. კარგად დააკვირდით. შეგიძლიათ,


ამ პიროვნებაში თქვენი მდგმური იცნოთ?

კაცმა სათვალე მოიხსნა, გაწმინდა, ისევ გაიკეთა. ჯერ ფოტოს ჩააშტერდა, მერე
თემოს შეავლო დაბნეული მზერა და ენის ბორძიკით ჩაილაპარაკა:

– მაგრამ, ეს ხომ მიცვალებულია.

– დიახ, სამწუხაროდ და მკვლელი შემთხვევით არ მიხსენებია წეღან. ეს,


სავარაუდოდ, თქვენს ბინაში მოხდა.

მამაკაცი დამდუღრულივით შეხტა:

– რა ბრძანეთ? ჩემს ბინაში? აქ?!

– დიახ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, გვითხრათ, ამ პიროვნებამ იქირავა თქვენგან


ბინა თუ არა!

კაცმა სასოწარკვეთით აიქნია ხელები:

– არა, არა, არ შემიძლია, ასე არ შემიძლია!

– კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოსურათს, აგვიწერეთ მამაკაცი, რომელიც, თქვენივე


თქმით, ორჯერ ნახეთ.

კაცი დაფიქრდა:

– მე ის ორჯერ ვნახე. განცხადება გამოვაქვეყნე და გამომეხმაურა. შევხვდით და ბინის


სანახავად მივიყვანე... ადამიანებს სახეზე ცუდად ვიმახსოვრებ. ბინა მოეწონა და ორი
თვის ქირაც წინასწარ მომცა. მერე მითხრა, ბანკში ანგარიში გახსენით და რომ არ
ვიწვალოთ, ფულს პირდაპირ ანგარიშზე გადაგირიცხავთ ხოლმეო...
განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. ერთადერთი... – კაცი ცოტათი შეყოყმანდა
და გამომძიებელს გაუბედავად შეხედა, – არც კი ვიცი, ამას აქვს თუ არა
მნიშვნელობა...

– ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს, სწრაფად მიაშველა სიტყვა თემომ, – აბა, რისი თქმა
გინდათ?

– დიახ, როცა მელაპარაკებოდა, ვიფიქრე, ნეტავი, „ისეთი“ ხომ არ არის-მეთქი.

– ისეთი? – დევის გაეცინა, – გინდათ თქვათ, რომ ჰომოსექსუალი?


კაცმა თავი დაუქნია:

– ისეთი მანერები ჰქონდა... ხომ ხვდებით. კიდევ, ხმა და ძალიან მოვლილი თითები,
მანიკიურით. სისუფთავე მეც მიყვარს, მაგრამ, როცა მამაკაცი ასე უვლის ხელებს,
თან, თმასაც იღებავს...

თემომ ამოიოხრა:

– ესე იგი, დამქირავებელი და მოკლული სხვადასხვა პიროვნებებია.

– აბა, რისი იმედი გქონდა. ბინას თვითონ იქირავებდა და საჯაროს გახდიდა თავის
გარყვნილებას კაცი, რომელიც ევროპის მაღალ საზოგადოებაში აპირებდა შესვლას.
რაღაც მსგავსზე მქონდა კიდეც ეჭვი, – თქვა დევიმ.

– მე რა უნდა ვქნა? – იკითხა ბინის პატრონმა.

– თქვენ ბინა უნდა დაათვალიეროთ და ნახოთ, ყველა ნივთი ადგილზეა თუ არა, ისე,
ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენი თანამშრომელიც დაგეხმარებათ.

დევიმ აივნის კარი გამოაღო, მერე სიგარეტი ამოიღო და თემოსაც შესთავაზა.

– პიდარასტი გყავს მოსაძებნი, ჩემო კარგო, – უთხრა ღიმილით:

– ჰო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელი აუცილებლად ის არის, ან ინტიმური


ურთიერთობა ჰქონდათ. ბინა, შესაძლოა მისი თხოვნით იქირავა.

– მისაღები ვერსიაა, მაგრამ იმ წრეში, რომელშიც ჩვენი „გვამი” ტრიალებდა,


ყველაფერი მოსულა.

– ვიცი, – უხალისოდ დაეთანხმა თემო და აივნიდან გადაიხედა. დევიმ თავი გააქნია.

– ტყუილად იხედები. ვიცი, რაც გაიფიქრე, მაგრამ, დარწმუნებით შემიძლია, გითხრა,


რომ გამორიცხული ვარიანტია. გვამი მე დავათვალიერე. ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია.
მეხუთე სართულია და აქედან რომ გადაეგდოთ...

დევიმ წაუსტვინა:

– იცი შენ, რა დაემართებოდა.


– ჰო, მეხუთე სართულია, ვერც ქალი და ვერც მამაკაცი ვერ შეძლებდა, მკვდარი
ზურგით ჩაეყვანა ქუჩაში და იქ დაეგდო, თანაც ისე, რომ ეს არავის დაენახა.

– გეთანხმები. თვითმხილველი აუცილებლად იქნება, ძებნაა საჭირო, თუმცა... –


დევიმ სიგარეტის ნამწვი გადააგდო და ნიკაპი მოისრისა, – არა, არა, ჯერ არ გეტყვი!
ეს მხოლოდ ვარაუდია და კარგად უნდა მოვიფიქრო.

თემომ თვალები მოჭუტა:

– ვიცი შენი ამბავი... აბა, მოყევი.

– არა, ერთი-ორი დღე მაცადე და...

– ერთი-ორი დღე ბევრია, ხვალამდე გაძლევ დროს. ყველაზე მეტად შენი იმედი მაქვს
ამ საქმეში, უნდა მიშველო...

– მე მოვრჩი, – ბინის პატრონი აივანზე გავიდა. უკან პოლიციელი მიჰყვა, –


ყველაფერი, უფრო სწორად, ის, რაც მე მეკუთვნის, ადგილზეა, უბრალოდ... – ბინის
პატრონი უხერხულად შეიშმუშნა.

– გისმენთ, რისი თქმა გინდათ?

– აქ რაღაც ნივთებია, მე არ მეკუთვნის. აი, ნახეთ...

თემო ოთახში შებრუნდა. ცნობისმოყვარეობაშეპყრობილმა დევიმ დაასწრო და


პირველი მივიდა ჟურნალების მაგიდასთან. რამდენიმე წამს დააკვირდა და
წაუსტვინა:

– ოჰო, ტიპს სერიოზული გართობა ჰყვარებია. რა მაგარია! ეტყობა, სპეციალურად


უკვეთავდა უცხოეთში, ან – თვითონ ჩამოჰქონდა. ნეტავი, სასიმამრომ თუ იცოდა
მისი სასიძოს სექსუალური გატაცებების შესახებ? ჰმ, ხელოვნური ფალოსი, მაჩვენე,
ასეთი არ მინახავს.

– ხელი არ მოჰკიდო, იქნებ, მაგაზე მაინც იყოს ნათითურები. თემომ არ შეიმჩნია.

– გააჩნია, შენ რას ეძახი ნათითურებს. – იხუმრა დევიმ და ხმამაღლა გაიცინა.


– თქვენ თავისუფალი ხართ, – ბინის პატრონს მიმართა თემომ, – თუ რამე შეკითხვა
გაგვიჩნდება ან დაგვჭირდებით, დაგიკავშირდებით.

– კი, მაგრამ, ჩემი ბინა... ჩემს ბინას რა ეშველება? ერთი თვის თანხა არ გადაუხდია,
თანაც ხომ უნდა გავაქირაო? ვიღას მოუნდება იმ ბინაში ცხოვრება, სადაც ადამიანი
მოკლეს?

– სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. თან ბინაც უნდა დავლუქოთ ცოტა ხნით –


ეს აუცილებელია. თქვენ მობრძანდით განყოფილებაში და განცხადება დაწერეთ.
ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ, შეიძლება, რაღაც კომპენსაცია მოგცენ კიდეც.

თემომ ბინის პატრონთან საუბარი დაამთავრა. აივანზე გავიდა და სადღაც დარეკა.

– წამოდი, ის გოგო ვიპოვეთ, – მობილური ჯიბეში ჩაიტენა და მხარზე ძლიერად


დაჰკრა ხელი დევის.

– ვა, ასე მალე? ყოჩაღ! მოიცა, ჯერ ოჯახის წევრებს არ უნდა დალაპარაკებოდი?

– ექსპერტი მასწავლის, გამოძიება როგორ უნდა ვაწარმოო? როდისმე მითქვამს


შენთვის, გვამის გაკვეთა საიდან უნდა დაიწყო? და, საერთოდ, მგონი, აჯობებს, შენს
გვამებთან დაბრუნდე.

– მგონი, მართალი ხარ. თან, რაღაც საქმეც მაქვს. მაგრამ, იმ ქალის ნახვა მეც ძალიან
მაინტერესებს, ერთი-ორი შეკითხვა მეც მექნებოდა.

თემომ შუბლი მოისრისა:

– რა ვიცი. მერჩივნა, საწამლავის ამბავი გაარკვიოთ და რაღაც სათხოვარიც მაქვს.

გამომძიებელი ექსპერტისკენ გადაიხარა და ხმადაბლა რაღაც უთხრა. დევიმ


თვალები დააჭყიტა და მერე სიცილი აუტყდა:

– გაგიჟდი? მე რატომ, ტო, რომელი „მამაშა” და პიდარასტების მწყემსი მნახე?

– ეგ რა შუაშია? თავს ნუ იშტერებ. შენ ისეთი კოლეგები გყავს, მაგისთანები ხშირად


რომ აკითხავენ ხოლმე. თუ მოინდომებ, დამეხმარები, არც ისე ბევრნი არიან.

– შენ ეგრე გეგონოს, – ჩაიცინა დევიმ, – რამდენი ხანია, ბომონდურ თავყრილობებზე


არ ყოფილხარ?

– დამცინი? როდის დავდიოდი?

– ძალიან ცუდია, ახალგაზრდავ, ძალიან ცუდი. იმიტომაც ხარ ჩამორჩენილი და


გოიმი. შენ, ალბათ, სახინკლეების ხშირი სტუმარი ბრძანდები. არადა, რამდენი რამის
ნახვა შეიძლება. რამდენი საინტერესო რამის...

– დევი, იმდენი საქმე მაქვს, ბოლოს სახლში როდის ვივახშმე, ისიც აღარ მახსოვს. მაკა
ლამის გამცილდეს, ყოველღამე ვუსმენ მის ტირადებს.

– ჰო, მესმის მაკასი.

– შენ რა გენაღვლება, ცოლი ბალერინა გყავს და სახლში მარტო „გასტროლებზე”


ნახულობ. ჩემი ცოლი კი ზის სახლში მარტო. მთელი დღე იგრუზება, ღამით კი ჩემზე
გადმოცლის ხოლმე ჯავრს. ძალიან დავიღალე. შენ კიდევ, ბომონდურ
თავყრილობებზე მელაპარაკები. თუ დამეხმარები, დამეხმარე, ისედაც ვგრძნობ, ეს
საქმე ბევრ თავსატეხს გამიჩენს.

მარიკა იმ ბეჯით მოსწავლეს ჰგავდა, რომელმაც მასწავლებლის დავალება შეასრულა


და, ახლა, დამსახურებული შექების მოლოდინში, შესამჩნევად აღელვებული,
ნერვიულად სცემდა ბოლთას პატარა ოთახში. სავარძლის კიდეზე ჩამომჯდარი
ახალგაზრდა ქალიც ათრთოლებული თითებით ეწეოდა სიგარეტს, თან
უკმაყოფილო მზერას არ აშორებდა მარიკას. იგი წამოსახტომად შემართული,
გასაქცევად იყო მზად. მარიკამ შეატყო.

– ვერსად ვერ წახვალთ, სანამ გამომძიებელი არ მოვა, – უთხრა მოგონილი


სიმშვიდით და საფერფლე ახლოს მიუჩოჩა.

– სულაც არ მეშინია იმ შენი გამომძიებლის და არც შენი. დიდი ვინმე არ უნდა იყო,
რადგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია. ამას შენს
გამომძიებელსაც ვეტყვი. მერე კი გიჩივლებთ უდანაშაულო ადამიანის დაკავების
გამო.

– არავის დაუკავებიხართ, – მარიკა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თქვენთან რამდენიმე


კითხვა გვაქვს, სულ ეს არის.

– მერე, მკითხე, რას ელოდები?


– აუცილებლად, მაგრამ ჯერ გამომძიებელი მოვიდეს.

ქალმა გამომწვევად გაიცინა:

– აბა, შენ ვინ ხარ?

– გამომძიებლის თანაშემწე. თუ თქვენ ის პიროვნება ხართ, ვინც ჩვენ გვაინტერესებს,


რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და გაგიშვებთ. არ ღირს ამისთვის პანიკის ატეხა.

– მე ვტეხ პანიკას? პირიქით, თქვენ მომივარდით. იმდენი საქმე მაქვს, რესტორანში


უამრავი ხალხია, მე კი იძულებული ვარ, აქ ვიჯდე და რაღაც სისულელეებზე
გელაპარაკოთ. მითხარით მაინც, რა გაინტერესებთ!

მარიკამ ჯიუტად გადააქნია თავი:

– მხოლოდ გამომძიებლის მოსვლის შემდეგ.

ქალმა კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა. ხარბად მოქაჩა და ამოიოხრა.

– ვერ ვიტან პოლიციას. ვერც პოლიციელებს, მით უმეტეს – მეტიჩარა ქალებს,


რომლებიც გამომძიებლობანას თამაშობენ, მაშინ, როცა ისევ თოჯინა უნდა ეჭიროთ
ხელში. შენ რამდენი წლის ხარ, გენაცვალე? – ჰკითხა მარიკას სარკასტული
ღიმილით.

– ჩემს ასაკს, საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცოტა ხანი კიდევ მოგიწევთ ჩემი
საზოგადოების ატანა. რა ვუყოთ, ასეთი სამსახური მაქვს.

– სამსახური, – გამეორა ქალმა – სამსახური... არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს


შენისთანა გოგოს მკვლელებთან და ბანდიტებთან საქმე. ეს რამე კომპლექსია თუ...

– თუ! – მოუჭრა მარიკამ, წამოდგა და ოთახში შემოსულ თემოს მიეგება:

– ბატონო თემურ...

თემოს ყურადღება არ მიუქცევია მარიკას მომლოდინე მზერისთვის, პირდაპირ


ქალისკენ წავიდა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
– ნათია დეისაძე – ეს თქვენ ხართ, ხომ არ მეშლება?

– დიახ. მე ვარ ნათია დეისაძე, მაგრამ თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას?


პოლიციასთან საქმე არასდროს მქონია. რესტორანში ყველაფერი წესრიგში მაქვს. არც
უკმაყოფილო კლიენტი მყოლია, რომ მეფიქრა, ვინმემ მიჩივლა-მეთქი.

თემომ სიგარეტს მოუკიდა და ქალი ხელის მკვეთრი მოძრაობით აიძულა,


გაჩუმებულიყო:

– ბევრ დროს არ წაგართმევთ. მხოლოდ რამდენიმე კითხვა და, თქვენზე იქნება


დამოკიდებული, როდის წახვალთ.

ქალმა ავად შეხედა:

– გისმენთ.

– სად იყავით გუშინ, უფრო ზუსტად, გუშინ- წინ, შუაღამის პირველი საათიდან
დილის ხუთ საათამდე?

– სახლში და მეძინა, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ქალმა.

– ვინმეს შეუძლია, თქვენი სიტყვები დაადასტუროს?

– მე მარტო ვცხოვრობ.

– გასაგებია. ანუ, ალიბი არ არსებობს. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, კარგად


დაფიქრდით, სანამ რამეს მიპასუხებდეთ: – იცნობთ, სერგი ბერაძეს? ეს სახელი და
გვარი რამეს გეუბნებათ?

ქალმა სწრაფად და ენერგიულად გააქნია თავი.

– მე გითხარით, დაფიქრდით-მეთქი.

– არა, არ ვიცნობ. ვინ არის, ჩვენი რესტორნის კლიენტია? ასეთი არავინ მახსენდება.

– კარგი, ცოტას დაგეხმარებით და თქვენს მეხსიერებასაც გამოვაცოცხლებ. ცოტა


შორეულ წარსულში უნდა დაგაბრუნოთ. გაიხსენეთ, თქვენ ამ კაცთან არცთუ
სასიამოვნო ნაცნობობა გაკავშირებდათ.
ქალმა მაგრად მოკუმა ტუჩები:

– წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით.

გამომძიებელმა მარიკას გახედა, თითქოს ახლა აღმოაჩინა ოთახში მისი არსებობა.

– ცოტა ხანს გარეთ დამელოდე, დაგიძახებ.

მარიკამ უარის თქმა დააპირა, მაგრამ შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ ამით მხოლოდ
გაამწვავებდა სიტუაციას, ფეხათრეული, კოპებშეკრული გავიდა ოთახიდან და კარი
ხმაურით გაიკეტა. თემურიც, ამას ელოდა. შესამჩნევად გამოცოცხლებულ ქალთან
ახლოს მივიდა, მის წინ ჩამოჯდა და გაუღიმა:

– აჰა, ახლა ხელს არავინ გვიშლის.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– თქვენ ფიქრობთ, რომ ის ღლაპი მიშლიდა რამეში ხელს? სასაცილოა.

– ახლა ისეთ რამეს გეტყვით, ნამდვილად არ გაგეცინებათ. სერგი ბერაძე გუშინ


შუაღამის პირველი საათიდან დილის ხუთ საათამდე მონაკვეთში მოკლეს.

– მერე მე რა შუაში ვარ? ამ ქალაქში თითქმის ყოველდღე ვიღაცას კლავენ ან რამე


უბედურება ხდება. მე საკმარისზე მეტი საქმე მაქვს, რომ იმით დავინტერესდე, რაც მე
არ მეხება. ტყუილად შეწუხდით და დრო დაკარგეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
ვწუხვარ, თუ ვერაფრით დაგეხმარეთ.

თემომ გაიღიმა და ქალის სიგარეტის კოლოფი საფერფლესთან ერთად თავისკენ


მიიჩოჩა.

– სანთებელაც, თუ არ შეწუხდებით.

– გეუბნებით, ტყუილად ირჯებით-მეთქი.

– შეიძლება, მაგრამ ჯერ გეტყვით, რა მდგომარეობაში ხართ. ამ კაცმა, სერგი ბერაძემ,


რამდენიმე წლის წინ გოგონა გააუპატიურა. საქმე ამავე მუხლით აღიძრა, მაგრამ
მალე ბერაძეს ყველანაირი პასუხისმგებლობა მოუხსნეს არასაკმარისი
მტკიცებულებების გამო. საინტერესო ფაქტია, არა?

ქალმა ისევ აიჩეჩა მხრები:

– გააჩნია, ვისთვის. მე ვერ დამაინტერესებთ.

– კარგი, უფრო გასაგებად აგიხსნით: ის გოგონა თქვენ ხართ და, რადგან ალიბიც არ
გაგაჩნიათ, სრული საფუძველი მაქვს, ეჭვმიტანილის სტატუსით დაგაპატიმროთ!

– რა?! ნუ მაშინებთ, არ გამოგივათ.

– სულაც არ გაშინებთ და გამომივა კიდეც. მოტივიც მაქვს – შურისძიება. მე ჩემს


მოსაზრებებს პროკურორს გავაცნობ და ვნახოთ, რას იტყვის. დანარჩენი კი,
სასამართლოს საქმეა, გცნობენ თუ არა მკვლელობაში დამნაშავედ.

– გიჟი ხართ! – ქალს შეშლილივით აენთო თვალები, – დიახ, გიჟი! ეს ქვეყანა


თქვენნაირების არ არის, რომ ჩემნაირი უდანაშაულო ადამიანები დაჩაგროთ!

– არ გჩაგრავთ. გეუბნებით იმას, რაც არის რეალურად. თუ ალაპარაკდებით და


ძიებას დაეხმარებით, მდგომარეობას აშკარად შეიმსუბუქებთ და შეიძლება, საკუთარ
უდანაშაულობაშიც დამარწმუნოთ.

ქალი გაჩუმდა. ცოტა ხანს თავდახრილი იდგა. მერე გამომძიებელს ჯიუტად


მიაშტერდა. მის თვალებში ცრემლი გაკრთა:

– არაფერი მაქვს სათქმელი.

თემურმა ხელები გაშალა:

– ძალიან ცუდი. მე თქვენ შანსი მოგეცით.

მარიკა ისე იყო აღშფოთებული, უცერემონიოდ რომ მიაბრძანეს ოთახიდან და


დაკითხვას არ დაასწრეს, თავი ვეღარ შეიკავა და პოლიციელს გაუბა საუბარი.

– ყოველთვის ასეთია, თუ მე არ მოვუდივარ თვალში?

პოლიციელმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს.


– რა უფლებით გამომაგდო? მე რომ არ ვყოფილიყავი, ამ ქალს საერთოდ ვერც
იპოვიდა. რამდენი ვიწვალე, რომ ასე მოკლე დროში მიმეგნო მისთვის, მან კი, იმის
მაგივრად, რომ შევექე, გარეთ გამომაგდო. არა, არ შემიძლია ასეთ ადამიანთან
მუშაობა. ბატონ გიორგის ვთხოვ, სხვა გამომძიებელთან გადამიყვანოს. დღესვე
ვეტყვი.

– თემურ პაპავა პროფესიონალია. ძალიან მაგარი ვინმეა, მასთან ბევრს ისწავლით.

– რას ვისწავლი, თუ მოწმისა და ეჭვმიტანილის დაკითხვას არ დამასწრო? მაგარი


უჟმური, უხეში და... და... – მარიკამ შესაფერისი სიტყვა ვეღარ მოძებნა და ბრაზით
მომუშტა ლამაზი თითები...

თემო ისევე მოულოდნელად გამოჩნდა ვიწრო დერეფანში, როგორც ცოტა ხნის წინ
ოთახში შევიდა.

– წამოიყვანეთ, ოღონდ, ხელბორკილის გარეშე და სამმართველოში მიიყვანეთ, –


მიმართა პოლიციელს და აწკრიალებული მობილური ჯიბიდან ამოიღო.

– ჰო, ვიცი, რომ შენ ხარ, ვერა. გამორიცხულია. გითხარი ვერა-მეთქი. შენ წადი... ეგ
არაფერ შუაშია... – თემო ნელ-ნელა იღუშებოდა, – ახლა დრო არ მაქვს. მოვალ და
დავილაპარაკოთ. ალბათ გვიან... ჰო, ძალიან გვიან.

– ბატონო თემურ, მინდა, გითხრათ, რომ... – ხანმოკლე პაუზით ისარგებლა მარიკამ,


სანამ გამომძიებელი მობილურზე ნომერს კრეფდა.

– ჰო, იმის თქმა მინდა, რომ მე...

– კარგია, რომ აქ ხარ – თემოს არც შეუხედავს გოგოსთვის, – შენ ახლა წახვალ, დევის
ნახავ და ეტყვი, რომ სასწრაფოდ სამმართველოში მოვიდეს.

– მაგას ტელეფონითაც კარგად მოახერხებთ, – გაცხარდა მარიკა.

გამომძიებელმა ცნობისმოყვარედ შეხედა:

– კარგი, მაშინ, წადი სამმართველოში და ნახევარ საათში თბილისის ყველა


პრესტიჟული ღამის კლუბის მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩამომიწერე, თავისი
სტუმრების სიითა და მფლობელების ვინაობით.
– რა?! – გაშრა მარიკა.

– ნახევარი საათი გეცოტავება? ერთი საათი იყოს, მაგრამ, არც ერთი წუთით მეტი.
სასწრაფოდ მჭირდება, – პასუხს აღარ დალოდებია, შებრუნდა და წავიდა.
გაოგნებული მარიკა მაშინვე ეცა მობილურს.

***

ყველა ადამიანს შეუძლია, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, თუკი მას ოპონენტი არ


ეყოლება, რადგან, ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ თვითონაა მართალი, ანუ,
მათთვის სიმართლე ისაა, რისიც თავად სჯერათ. ამიტომ უჩნდებათ პრეტენზია სხვა
ადამიანის მიმართ და ბრალს სდებენ იმაში, რაც, შესაძლოა, არც ჩაუდენიათ. ჩვენს
ყოველდღიურობას ჩვენგან ალიბი არ სჭირდება. სანამ დინებას მივყვებით, მხოლოდ
საკუთარ თავთან მიმართებაში ვცდილობთ მეორე ადამიანის დანაშაულისა, თუ
უდანაშაულობის დამტკიცებას. ამასაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავიჯეროთ ის, რისი
დაჯერებაც მართლა გვინდა.

... ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის მამაკაცმა, რომელსაც სახეზე ისევ შერჩენოდა


ბავშვური იერი, არხეინად გადაიდო ფეხი ფეხზე და ზორბა მხრები შეათამაშა.

ქალმა ჩაწითლებულ თვალებზე ხელსახოცი მოისვა და პასუხის ნაცვლად


უსაყვედურა:

– სად ხარ აქამდე, ორი საათის წინ დაგირეკე.

– ვარჯიშზე ვიყავი. ხომ არ გამოვიქცეოდი, რა ხდება?

– მჭირდები. რა სისულელეს მეკითხები? ალბათ, ხდება რაღაც.

– ჰოდა, სწორედ მაგას გეკითხები, ჩქარა მითხარი, ბიჭებს დავუბარე, მალე მოვალ-
მეთქი.

– ბიჭები... ვარჯიში... საქმე... თამაში... მე ვარსებობ თუ არ ვარსებობ? – გაჭირვეულდა


და ასლუკუნდა ქალი, – ცუდად ვარ და შენი თანადგომა მჭირდება. ვიღაცას ხომ
უნდა ვუთხრა, რომ ცუდად ვარ?

ბიჭმა ამოიოხრა:
– დარწმუნებული ვარ, არაფერი არ მომხდარა და სულ ტყუილად იშლი ნერვებს.

– შენი აზრით, ტყუილად ვიტირე და, საერთოდაც, არანორმალური ვარ? ჩემს ქმარს
საყვარელი უნდა ჰყავდეს, გესმის? მღალატობს, – ქალი უკვე ხმამაღლა ატირდა.
ბიჭმა ამოიოხრა, მასთან მივიდა, მოეხვია და მისი თავი მხარზე მიიყრდნო.

– რა სულელი მყავხარ, რა სულელი. კარგი რა, ნუ ტირი. შენს ცრემლებს ვერ ვიტან,
ეგრევე მუხლებში ვგრძნობ სისუსტეს. დამშვიდდი და მომიყევი, რა გაწუხებს. ხომ
იცი, როგორ მიყვარხარ.

ქალს ესიამოვნა ბიჭის გაშლილი მკერდიდან წამოსული სითბო და მისი ძლიერი


მკლავის ქვეშ პატარა, მიუსაფარი წიწილასავით შეიყუჟა.

***

ერთმანეთს დერეფანში შეხვდნენ. თემო თითქმის მირბოდა. გრძელი ნაბიჯებით


მიიწევდა, დაცარიელებული დერეფნის ბოლოს მდებარე კარისკენ. დევი ძლივს
დაეწია.

– ისევ თათბირზე გვეძახის? ამ შუაღამისას?

– ჯერ მხოლოდ ათი საათია – ნაჩქარევად უპასუხა თემომ, – გაცოფებულია, დამირეკა


და ყვიროდა.

– ეტყობა, ძალიან მიაწვნენ, – დევიმ სათვალე შეისწორა, – საინტერესო რაღაც მაქვს


შენთვის.

– მართლა? კარგია. მე კიდევ, დავალება მაქვს შენთვის.

– ოპერატიული ჯგუფი არ გყავს, მე რომ მიშვებ დავალებაზე?

– ოპერატიულ ჯგუფს ამას ვერ დავავალებ. მარიკას დაგახმარ.

– ჰმ, მე ექსპერტი ვარ, ჩემო კარგო, ძიძა კი არა, – იხუმრა დევიმ, თემო მოიღუშა:

– კარგი. უფლება გაქვს, უარი მითხრა. ეს მართლა არ არის შენი საქმე, მაგრამ, ძალიან
დამეხმარები, თუ მარიკასთან ერთად ღამის კლუბებს შემოივლი და იმ ინფორმაციას
მოიპოვებ, რასაც მე ან რომელიმე ოპერატიულ მუშაკს არასოდეს ეტყვიან.
– ჭორების შესაგროვებლად მიშვებ?

– ჰო. მარიკას ვუშვებ და გამყოლი ხომ სჭირდება. ეგ ჯერ კიდევ ვერ ერკვევა
ნიუანსებში და შეიძლება, ყველაზე მნიშვნელოვანი „გაატაროს.”

დევიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სამმართველოს უფროსის კაბინეტის


კარი პირველმა შეაღო. გიორგი ახვლედიანი გრძელი მაგიდის თავში იჯდა და
ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა, უფრო სწორად, ის ვიღაც ლაპარაკობდა, ეს კი
უსმენდა. გაფითრებული და სახეარეული, თან მოკლე ფრაზების ჩაკვეხებას
ცდილობდა. – დიახ, მესმის... მესმის... დიახ... რა თქმა უნდა, მესმის... ყველაფერს
ვაკეთებთ...

თემომ დევის გადახედა, თითქოს ეუბნებოდა, ახლა ნახე, ეს რას გვიზამსო. მართლაც,
სამმართველოს უფროსმა ყურმილი გამეტებით დაახეთქა აპარატს და პირდაპირ
ყვირილზე გადავიდა.

– ვერც ერთი ვერ გადამირჩებით, გესმით თქვენ? ვერც ერთი! მე თუ მომხსნეს, თან
გაგიყოლებთ ყველას! დანარჩენები სად არიან? დაწანწალებენ ხომ, უსაქმურად! ან
გასწავლით მუშაობას, ან ყველას გაგყრით აქედან. ფეხებზე მკიდია, ვიღაც-
ვიღაცეების დამსახურებები.

თემო მიხვდა, ქარი მისკენ რომ „უბერავდა” და გაფითრდა. სიტყვა დევიმ წააშველა:

– არც ასეა საქმე, ბატონო გიორგი, ვმუშაობთ.

– მუშაობთ? რას მელაპარაკები! მერე, სად არის თქვენი მუშაობის შედეგი. იცი, ახლა
ვის ველაპარაკებოდი? გეუბნები, არ გაპატიებთ, გაგიყოლებთ ყველას, ან, ჯერ თქვენ
გაგიშვებთ! სასწრაფოდ მომახსენეთ საქმის მდგომარეობა. ერთი ნაბიჯითაც ვერ
წავიწიეთ, ხომ წინ?

– ვმუშაობთ, – გამოსცრა თემომ და მაგიდის ქვეშ ხელი მომუშტა.

– არა, არ მუშაობთ! აი, ვინ მუშაობს! – იფეთქა ახვლედიანმა, გამომძიებელს ცხვირწინ


ორად მოკეცილი გაზეთი აუფრიალა და მაგიდაზე დაახეთქა, – ისიც ვერ მოახერხეთ,
ჟურნალისტების ყურამდე არ მისულიყო ეს ამბავი – „მკვლელობა სექსუალურ
ნიადაგზე?!” – როგორ მოგწონთ? იცით, ამის გამო ტყავს რომ გამაძრობენ? პაპავა, არ
გაინტერესებს ხომ, რასაც გელაპარაკები! არ გაპატიებთ, გეუბნებით, არ გაპატიებთ!
ერთი ეჭვმიტანილი მაინც არ გყავთ? პაპავა, დამუნჯდი?

– გვყავს. თუმცა, მისთვის ბრალის წაყენება ჯერ ნაადრევად მიმაჩნია.

– შენ რა გეჩვენება თუ მიგაჩნია, ფეხებზე მკიდია, სასწრაფოდ დღესვე გააკეთებ ამას!


დილით „მთავართან” ვარ დაბარებული და პასუხი უნდა მქონდეს.

– მოკლულის საცოლე უნდა დავკითხო და მამამისიც, – თქვა თემომ.

– პაპავა, კარგად ხარ? დიპლომატიური სკანდალი მოგინდა? – სამმართველოს


უფროსი წამოხტა და მთელი ხმით აყვირდა: – ორი დღე გავიდა, ორი დღე და კიდევ
ვერ მიხვდით, რა ქაქშიც ვართ? ვერ მიხვდით, მე რა დღეში მაგდებენ? მაშინ,
სხვანაირად დაგელაპარაკებით: ერთ საათში, ყველა, ვინც ამ საქმეზე მუშაობთ,
მთელი ოპერატიული ჯგუფი, ამ კაბინეტში იყოს. თანაშემწეებიან-
პოლიციელებიანად. პირადად უნდა მივცე მითითება ყველას. შენ კიდევ, პაპავა, ეს
ერთი საათი იმისთვის დაგჭირდება, ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება მომიტანო
და მაგიდაზე დამიდო!

თემომ კბილები გააღრჭიალა, დევი მიხვდა და მაგიდის ქვეშ გამაფრთხილებლად


მიჰკრა მუხლი.

– საცოლე აუცილებლად უნდა დავკითხო – ბრაზისგან ხმაში ხრინწი გამოერია


გამომძიებელს, – მივალ და დაველაპარაკები, იქნებ, ურჩევნიათ, განყოფილებაში
დავიბარო.

– გაგიჟდი, პაპავა? ვინ უნდა დაიბარო, სად? ჯანდაბა! ამის დედაც! ძალიან გინდათ,
ხომ, რომ სამსახური დავკარგო? შეხვედრას მე მოგიწყობ, მხოლოდ საცოლესთან,
მანამდე კი აღიარებითი ჩვენება მჭირდება. შენ უკეთესად იცი, ამას როგორ გააკეთებ.
მე მოვრჩი, ერთ საათში აქ გელოდები!

კაბინეტიდან გამოსულმა თემომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კედელს შუბლით


მიეყრდნო.

– ერთ საათში!.. ჯობდა, ახლავე დამეწერა განცხადება წასვლაზე და ამ შტერი


ნაბიჭვრისთვის სახეში მიმეგდო!

– ნუ გიჟდები, რა განცხადება, მოიცა, დამშვიდდი და მის მდგომარეობაშიც შედი.


ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ჰყავთ, საწყალი. ყველა მხრიდან ჟიმავენ საცოდავს.
ჰოდა, ისღა დარჩენია, იყვიროს. ეჭვმიტანილი ის ქალია?

– ჰო, მაგრამ, მეეჭვება, მკვლელი იყოს.

– ინტუიციით გრძნობ?

– ინტუიცია არაფერ შუაშია. ქალს საკუთარი რესტორანი აქვს, ნუ, მთლად


საკუთარიც არა. ფორმალურად, ის მხოლოდ მენეჯერია, მაგრამ ფაქტია, რომ
მომხდარი ბიზნესის აწყობაში დაეხმარა. ალბათ, ფული გადაუხადეს და საქმეც
დაიხურა. ამიტომ, არაფერს იტყვის, ჩვენ კი ვერაფერს დავუპირისპირებთ.

– ჰო, მართლა, შენთვის ერთი საინტერესო ფაქტი მაქვს მკვლელობასთან


დაკავშირებით. მხიარული საწამლავის შესახებ რამე გსმენია?

თემომ თავი გადააქნია.

– მართალია, შენ საიდან უნდა იცოდე. მოკლედ გეტყვი: არსებობს საწამლავი,


რომელიც ადამიანში თავისი მოქმედების საწყის ეტაპზე საკმაოდ უცნაურ რეაქციებს
იწვევს: ჰალუცინაციებს, ბოდვას, არაადეკვატურ ქმედებებს...

– უფრო გასაგებად მითხარი, – მოთმინება დაკარგა თემომ.

– უფრო გასაგებად ისაა, რომ, შეიძლება, ჩვენს გმირს სწორედ ეს საწამლავი ჩაუყარეს
სასმელში და გარეთ ტრუსისამარა თვითონვე გამოვარდა.

– მოიცა, ეგ როგორ?

– ხომ გითხარი, არაადეკვატურ ქმედებებს იწვევს-მეთქი. ისიც შეიძლებოდა,


ფანჯარაზე ასულიყო და სიმღერით დახეთქებოდა ქვაფენილს, ან, საერთოდ,
ტიტველს დაეწყო ცეკვა სახურავზე. მკვლელს, შესაძლოა, არც სცოდნოდა საწამლავის
„გვერდითი მოვლენების” შესახებ.

– რომ სცოდნოდა?! – თემო დაფიქრდა.

– ვერ გეტყვი, აქ უკვე მიჭირს დასკვნის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე
შეიძლება, ვივარაუდოთ, როგორ აღმოჩნდა გვამი ქუჩაში.

– და, კიდევ ის, რომ მკვლელი მარტო მოქმედებდა.


დევიმ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.

– ხედავ? არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სად არის ის
გოგო? – ექსპერტმა საათზე დაიხედა. შენი წყალობით, მხიარული ღამე მექნება.
დაურეკე და უთხარი, რომ ველოდები.

– არ სჭირდება დარეკვა, მოდის.

მარიკა მოსაუბრეებს მიუახლოვდა:

– მე ყველაფერი მზად მაქვს, მაგრამ ჯერ სახლში უნდა გავიარო და ტანსაცმელი


გამოვიცვალო.

– თუ გინდა, მე წაგიყვან და დაგელოდები, – შესთავაზა დევიმ და ტანზე დაიხედა, –


ისე, ტანსაცმლის გამოცვლა არც მე მაწყენდა. მოდი, ასე ვქნათ: სახლში დაგტოვებ და
ერთ საათში მოგაკითხავ.

მარიკამ თავი დაუქნია.

– ბატონო თემურ, კიდევ, რამე დავალება ხომ არ გაქვთ ჩემთვის?

– სიგარეტი დამიტოვე, – დევის მიმართა თემომ და მხოლოდ ამის მერე შეხედა


პასუხის მომლოდინე გოგოს, – მაქვს. უნდა გაიგო, ვინ დაწერა დასკვნა
გაუპატიურების შესახებ, რომელიც მერე საქმიდან გაქრა. იმ ექიმის გვარი მჭირდება,
რომელსაც მომჩივანმა მიმართა და, კიდევ, უნდა გავიგოთ, ხომ არ იყო სერგი ბერაძის
წარსულში კიდევ რაიმე მსგავსი ფაქტი.

ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში გამაყრუებლად გრიალებდა მუსიკა, რომლის


უცნაურ რიტმზე ირწეოდნენ და ხტოდნენ სასმლითა, თუ ექსტაზით გაბრუებული
სახეები. ნახევრად შიშველი გოგონები ფერადი ნათურების შუქზე გამაღიზიანებლად
იკლაკნებოდნენ. სიგარეტის კვამლით დამძიმებული ჰაერი იქაურობას მიუჩვეველი
ჩვეულებრივი მოკვდავისთვის კიდევ უფრო აუტანელი ხდებოდა.

– კიდევ რამდენი კლუბი დაგვრჩა? – ჩასძახა ყურში მარიკას დევიმ და ოფლით


დანამული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა, – მეტი აღარ შემიძლია.

– ბოლოა, ყოველ შემთხვევაში, დღეისთვის. აქ მაინც უნდა გაგვიმართლოს. ისე, არც


მე ვარ თქვენზე უკეთეს დღეში. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხოა. სხვას რომ
თავი დავანებოთ, ხმის იოგები ისეთ მდგომარეობაში მაქვს, ხვალ, ალბათ, ვერ
ვილაპარაკებ.

– ნუ გეშინია, წამალს მე გასწავლი – წამოდი, რამე დავლიოთ, – დევიმ მხარზე მოხვია


ხელი გოგოს და ბართან მიიყვანა, – შენ, ალბათ, მარტინი გირჩევნია.

მარიკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ძლიერმა ბიძგმა ბარის დახლს მიახეთქა.
მოულოდნელობისგან გულგახეთქილ გოგონას ექსტრავაგანტური გარეგნობის
არსება ზურგიდან მოეხვია და რამდენიმე წუთი მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული.

– მარუსია, საყვარელო, არ მჯერა... გამოხვედი დღის სინათლეზე? საუკუნე გავიდა,


არ მინახიხარ. შენზე ამბობენ, სწავლას გადაჰყვაო. არაჩვეულებრივად კი
გამოიყურები. ვაიმე, მომენატრე, გიჟო, მომენატრე! უი, მარტო არ ხარ? ეს სიმპო-ბაბუ
ვინ არის?

მარიკამ ძლივს გაითავისუფლა თავი „თავდამსხმელის” მარწუხებისგან, თვალებზე


ჩამოფხატული თმა გაისწორა და უცნაურ არსებას დააკვირდა.

– არ მითხრა, რომ ვერ მიცანი, თორემ, ჩემი სუსტი გული ამას ვერ გაუძლებს და თავს
ჩამოვიხრჩობ! – მკერდზე მიიდო მოვლილ-ნალოლიავები ხელის მტევანი უცნაურმა
არსებამ და დევი მომაჯადოებელი ღიმილით დაასაჩუქრა.

მარიკამ რამდენიმე წუთი იფიქრა და უცებ, რამდენადაც ხმაური ამის საშუალებას


აძლევდა, იყვირა:

– უი, მართლა ვერ გიცანი, ზვიად, გეფიცები!

ზვიადად წოდებულმა არსებამ ორივე ხელი აიქნია აღშფოთების ნიშნად და მარიკას


სახელოზე დაქაჩა:

– ქალოო! ეგ მეორედ აღარ თქვა. რა დროს ზვიადია, საყვარელო?!

– მოიცა, ვერ გავიგე... ზვიადი ხომ ხარ, შენ ჩვენი ზვიადი?..

– ვაიმე, ქალოო!.. შენი კი ვარ, მაგრამ, ზეა დამიძახე, მე ზეა ვარ, სიხარულო. უკვე
რამდენი ხანია. ეგ სახელი კი მეც დამავიწყდა და, თუ გიყვარვარ, შენც დაივიწყე,
ძალიან გთხოვ. ზეა – ხომ რაღაცნაირად ჟღერს? აი, ისე, ამაღელვებლად...
მარიკამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა და დევის გახედა, რომელიც
სერიოზული სახით წრუპავდა კოქტეილს, მარიკას თვალი ჩაუკრა და მიახვედრა,
მგონი, სწორ გზაზე ვართო.

– კარგი, მოსულა, რატომაც არა, იყოს ზეა... მართლა ეგზოტიკურად ჟღერს, ხომ იცი?!

არსებამ აღფრთოვანებით დაახამხამა წამწამები და გაიბადრა:

– როგორ თქვი, ეგზოტიკურადო?! ჩემო ძალიან ჭკვიანოოო, ძალიან მაგაროო... ახლა


შენი სიმპათიური მეგობარი გამაცანი. ვგიჟდები ჭაღარებზე. აი, ასეთი, ცოტათი
ჭაღარათმიანები რომ არიან. „ტონკი” ვერცხლისფერში. გამარჯობაა! მე ზეა ვარ.

– ძალიან კარგი, ზეა... კოქტეილს დალევთ?

– ვაუ, რა საყვარელი ხარ! დავლევ. ოღონდ, ბარმენს უთხარი, ზეას საყვარელი


კოქტეილი-თქო და მიხვდება. მარუსინკა, ცოტა შენზეც მელაპარაკე რა! ძალიან
გამიხარდა შენი ნახვა. იცი, როგორ მომბეზრდა? აქ სულ ერთი და იგივე სახეებია...
დაიღლები რა, კარგიც რომ არაფერი ხდება?! შენ ისევ სულ სწავლობ და სწავლობ?
სიხარულო, ისე, მაგრად კი გამოიყურები, მაგრამ, ჩემი ხელი გაკლია. ეს რა გაცვია,
ქალო, შარშან გადავიდა მოდიდან. მოდი, ჩემთან გადმოდი.

მარიკას გაეცინა:

– რა ძალიან შეცვლილხარ, ზვი... ბოდიში, ზეა... შენ ჩვენკენ აღარ ცხოვრობ?

– არა მამი, რაღა დროსია, – ზეა მარიკასკენ დაიხარა და ხმადაბლა ჩაულაპარაკა: –


ერთ მეგობართან ერთად საბურთალოზე ვქირაობ ბინას. ეს დროებით. სანამ ვიყიდი
საკუთარს, მაგრამ შენ მაინც არ თქვა, რომ ნაქირავებში ვარ. ხომ არავის ეტყვი, ჩემო
გოგო?

– არა, არა. მართლა გამიხარდა შენი ნახვა.

– აბა რა, მამა, აბა რა! ქალო, მოდი, რა, დავსხდეთ, ასე რატომ ვდგავართ, კლუბში,
პირველად შემოსული ქაჯებივით? თან, ჩემს მეგობარსაც გაგაცნობთ. ძალიან
საყვარელი ვინმეა, ენცო ჰქვია.

– ოჰო, უცხოელია? ენცო იტალიური სახელია, არა?


ზეამ ჩაიცინა:

– რა უცხოელი!.. თუმცა, თავად ნახავ. ოღონდ, ახლა ცოტა ვერ გვყავს ხასიათზე –
ახლობელი გარდაეცვალა. რას ერჩოდნენ? ქაჯებით გაივსო ქალაქი, საყვარელო,
ქაჯებით!

მარიკას თავისი ექსტრავაგანტური მეგობრის ბოლო სიტყვები აღარ გაუგონია,


თითქმის აღარც უსმენდა. ინტუიციამ უკარნახა, რომ ის იპოვა, რასაც ეძებდა. დევის
შეუმჩნევლად მოჰკიდა მკლავზე ხელი და მოუჭირა. ამანაც მრავალმნიშვნელოვანი
ღიმილით უპასუხა. ზეა კეკლუცი, მოზომილი ნაბიჯით გაემართა დარბაზის
ჩაბნელებული კუთხისკენ და თავისი სტუმრებიც გაიყოლა.

***

თემომ საათზე დაიხედა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქალს წინ დაუდო.
ქალი არც განძრეულა. ხელებში სახეჩარგული იჯდა და დუმდა. გამომძიებელმა
ამოიოხრა და თავისი სიმშვიდის გაუკვირდა. სამსახურმა მოთმინება ასწავლა, მაგრამ
დაძაბული რეჟიმი და უარყოფითი ემოციები მაინც თავისას შვრებოდა.

– რამდენ ხანს ვისხდებით ასე, ვათენებთ? ასე მოგეწონათ ჩვენთან ყოფნა? აი, მე კი
ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება. მოდი, შევთანხმდეთ: თქვენ მე
დამეხმარეთ, მე კი, პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გაგიშვათ.

ქალს ირონიულად ჩაეცინა:

– თქვენი პირობა... ადვოკატს როდის შემახვედრებთ?

– ეგეც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. პირდაპირ გეტყვით: ერთადერთი


ეჭვმიტანილი, რომელიც ამ საქმეში გვყავს, თქვენ ხართ. ძალიანაც რომ მინდოდეს,
მაინც ვერაფრით დაგეხმარებით. ტყუილად ჯიუტობთ. თავადაც ხვდებით, რომ
უმიზეზოდ არ მოგიყვანდით. მოყევით ის, რაც თქვენსა და მოკლულს შორის
რამდენიმე წლის წინ მოხდა. რა თანხა შემოგთავაზეს, რომ საჩივარი უკანვე
გამოგეტანათ და საქმე დაეხურათ? მიხვდით, ხომ, რომ ყველაფერი ვიცით?

– გეშლებათ, მე არ ვიცნობდი მოკლულს.

– ნათია, მე მესმის, რომ იმ ამბის გახსენება არ გინდათ; მესმის, რომ ეს თქვენთვის,


ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ პატიმრობა, მით უმეტეს, თუ არც მოგიკლავთ, კიდევ
უფრო საშინელი იქნება.

– ეს ჩემი პრობლემაა.

– მართალია, თქვენი პრობლემაა, მაგრამ შემიძლია, დაგეხმაროთ, თუ თქვენც


დამეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. ეს ძალიან სერიოზული საქმეა, ძალიან.

– მესმის, მაგრამ...

თემო ადგა, ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო.

– ნუ მაიძულებთ, რადიკალურ ზომებს მივმართო.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– აშკარად ვიღაცაში გეშლებით.

– ნათია დეისაძე – მეშლება?

– იქნებ, სხვა ნათია დეისაძეც არის? შეამოწმეთ.

თემომ ხელები გაშალა:

– ხვალ, ბრალს ოფიციალურად წაგიყენებენ. ჩემზე რაც იყო დამოკიდებული,


გავაკეთე.

– მაინც ვერაფერს დამიმტკიცებთ.

– დაგიმტკიცებთ და თქვენ ეს იცით. რატომ ინგრევთ ძლივს აწყობილ ცხოვრებას?


მეცოდებით!

ქალს არაფერი უთქვამს, აკანკალებული ხელით სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა –


აშკარად თავს ებრძოდა.

– მომისმინეთ... – დაიწყო თემურმა და აწკრიალებულ მობილურს უკმაყოფილოდ


დახედა, მაგრამ სახეზე გამომეტყველება სწრაფად შეეცვალა, დერეფანში გავიდა და
უპასუხა:
– რა?! შეუძლებელია! როდის? ახლავე მოვდივარ, ახლავე! დევის უკვე დაურეკეთ?
რას ნიშნავს, არ იღებს? მოიცა, მე დავურეკავ!

თემომ შეიგინა. კართან მდგარ პოლიციელს რამდენიმე მითითება მისცა და


გასასვლელისკენ გაქანდა. გზაში დევის ნომერი აკრიფა. სანამ მანქანამდე მივიდა,
რამდენჯერმე მოუწია აბონენტის ხელახალი გამოძახება. რამდენჯერმე უხეშად
შეიგინა. ბოლოს, როგორც იქნა, დევიმ ტელეფონი აიღო.

– სად ხარ? რატომ არ პასუხობ? არ გესმოდა? უნდა გესმოდეს. გაგახარო? – კიდევ


ერთი გვამი! ჰო, ახლა დამირეკეს და მომახსენეს. ჯერ მეტი არაფერი ვიცი.
სისულელეს ნუ მეკითხები. ახლავე უნდა წამოხვიდე, თუ მარიკაც შენთან ერთად
არის, წამოიყვანე. ორ წუთში გადმოგირეკავ და ზუსტად გეტყვი, სად უნდა
მოხვიდეთ. მაგის დედაც, სწორედ ეს გვაკლდა! კიდევ ერთი გვამი, ისევ ღამით და
ისევ ქალაქის ხალხმრავალ უბანში!

მარიკა ძალიან შეეცადა, უხმაუროდ გაეღო კარი და ფეხის წვერებზე შეპარულიყო


საკუთარ საძინებელში, მაგრამ მამამისი აშკარად საგანგებოდ მოემზადა შვილთან
შესახვედრად. ჰოლში იჯდა და მზერა შემოსასვლელ კარზე ჰქონდა მიპყრობილი.

– უჰ, არ გძინავს? – ნაძალადევად გაუღიმა გოგომ და ხელი უდარდელად აიქნია, –


ცოტა დამაგვიანდა, ხომ?

– ჰო, ცოტა დაგაგვიანდა, – გაიცინა კაცმა და შვილთან მივიდა, – ეტყობა, მძიმე დღე
გქონდა. ძალიან დაიღალე? საერთოდ თუ ჭამე რამე დღეს?

– მგონი, ვჭამე. ჰო, ნამდვილად ვჭამე. ტანსაცმლის გამოსაცვლელად სახლში რომ


შემოვირბინე, მაშინ ვივახშმე.

– ეგ რომელ საათზე იყო?

მარიკა შეიჭმუხნა:

– ბრაზობ?

– არა, რას ამბობ! უბრალოდ, არ მინდა, სამსახურმა ჭამა დაგავიწყოს. წამოდი, ჩაი
დავლიოთ და ბუტერბროდებს მოგიმზადებ.
– წავიდეთ, – გახალისდა მარიკა – რა კარგია, დანარჩენებს რომ სძინავთ და ხელს
არავინ შეგვიშლის. იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი.

– ისეთი კმაყოფილი სახე გაქვს, აღარც გეკითხები, მოგწონს თუ არა შენი საქმე.
მაგრამ, თუ სახლში ყოველდღე გამთენიისას დაბრუნდები, დედაშენი ამას ვერ
შეეგუება. ახლაც შენს მოსაძებნად მიშვებდა და ჰოლში იმიტომაც დაგხვდი.
დავპირდი, რომ წამოვიდოდი. მერე გოგოებს აძინებდა და თვითონაც ჩაეძინა.
წამოდი, წამოდი, ერთი-ორი საათით წაძინებასაც მოასწრებ.

– მეეჭვება. ათზე სამსახურში უნდა ვიყო, შხაპის მიღებაც ხომ უნდა მოვასწრო.

– არა, არა, ასე არაფერი გამოვა. უნდა დაიძინო, თორემ ისევ შენი საქმე
დაზარალდება.

ზურამ მხარზე მოხვია შვილს ხელი და სამზარეულოსკენ წაიყვანა. ჩაი დაუსხა და


ტოსტერში პურის ნაჭრები ჩააწყო.

– შენი ბუტერბროდიც ახლავე იქნება. აბა, მოყევი, როგორ არის საქმე?

– უჰ, ცუდად. თემური შავ დღეშია, ხვალ, ალბათ, შეჭამენ თათბირზე.

– ჰო, ელჩის სასიძოს, თითქმის სიძის მკვლელობას დიპლომატიური სკანდალის


სუნი უდის.

– სიძის არა, თავიდან უფრო შესაფერისი სიტყვა თქვი – სასიძო, თანაც, მგონი,
მადლობა უნდა თქვას, რომ მოკლეს და მასთან დანათესავებას გადაურჩა. აშკარად
ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა მისმა ქალიშვილმა. შეიძლება ითქვას, უცნაურიც. იმ
ტიპს ძალიან ცუდი საქმეები აქვს გაკეთებული. ჰო, მართლა, მამა, შენი დახმარება
მჭირდება – ერთ ადამიანს ვეძებ.

– მითხარი.

– დარწმუნებული არ ვარ, რომ იცნობ, პედიატრიასთან კავშირი არ აქვს. თუმცა,


მითხრეს, რომ სამედიცინო წრეებში ძალიან დიდ პატივს სცემენ და, საერთოდაც,
ძალიან ანგარიშგასაწევი პიროვნებაა.

ზურაბმა სენდვიჩები თეფშზე დააწყო და შვილს წინ დაუდგა.


– მაშინ აუცილებლად მეცოდინება.

– ია ლომიძე – იცი ასეთი?

კაცმა თვალები მოჭუტა, დაფიქრდა:

– ია ლომიძე, გინეკოლოგი? როგორ არ ვიცი, შორიდან ვიცნობ, არაჩვეულებრივი


ადამიანია, მაგრამ, თქვენ რისთვის დაგჭირდათ?

– ექსპერტად ფიგურირებს ერთ საქმეში, რომელსაც ელჩის სასიძოს მკვლელობასთან


კავშირი აქვს. უნდა შევხვდე, თან, რაც შეიძლება, მალე. ტელეფონის ნომერს გამიგებ?
ან, სახლის მისამართს მაინც. მირჩევნია, შინ მივაკითხო, ცოტა დელიკატური საქმეა.

– სამსახურში წავალ და, როგორც კი მის მობილურის ნომერს გავიგებ, მაშინვე


დაგირეკავ. არ ვიცოდი, ექსპერტიც თუ იყო ია. ისე, არაჩვეულებრივი გინეკოლოგია.

– არ ვიცი. როგორც მითხრეს, ოფიციალურად არ მუშაობს ექსპერტად,


განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევენ ხოლმე.

– გასაგებია. შენს უფროსზე რას მეტყვი?

მარიკამ სენდვიჩი ჩაკბიჩა და მხრები აიჩეჩა:

– ცოტა უცნაური კაცია. თან, ვატყობ, აშკარად არ ვესიმპათიურები.

ზურაბს გაეცინა:

– საიდან შეატყვე?

– სულ ცდილობს, თავიდან მომიშოროს. ისე მიყურებს, როგორც პატარა და მეტიჩარა


ბავშვს, რომელიც სხვის საქმეში ცხვირს ყოფს. არც მენდობა, ალბათ, ერთი სული
აქვს, სხვა გამომძიებელს შეაჩეჩოს ჩემი თავი.

– პროფესიონალი ყოფილა, – დაასკვნა კაცმა.

მარიკა აღშფოთდა:

– ამას როგორ ამბობ? პროფესიონალი იმიტომ არის, მე რომ არ მაძლევს აქტიურობის


საშუალებას? ეს რა ლოგიკაა? შენ შენს ინტერნებს ასე ექცევი ხოლმე?

– არა, არა. მაგის თქმა არ მინდოდა. უბრალოდ, პროფესიონალიზმი მოქმედების


თავისუფლებასაც ნიშნავს და მე მისი მესმის. ისე კი, ზოგიერთი ინტერნი ისეთი
გამაღიზიანებელია, წონასწორობიდან გამოვყავარ.

– მაგრამ მაინც არ გაქვს უფლება, არ ასწავლო.

– რა თქმა უნდა. თუმცა, როცა მძიმე შემთხვევასთან გაქვს საქმე და ყველაფერს


წუთები წყვეტს, სწავლებისთვის დრო ნაკლებად გრჩება. ამიტომაც, შემიძლია,
გავუგო შენს გამომძიებელს. წარმომიდგენია, რა დღეშიც ჰყავთ.

– ჰო, მის მდგომარეობაში ყოფნას არ ვისურვებდი. სამმართველოს უფროსი მთელ


ბრაზს მასზე ანთხევს. ყოველ ნახევარ საათში ურეკავდა და მთელი ხმით უყვიროდა,
ყველანი უსაქმურები ხართო.

– ყველაში შენც იგულისხმები?

– ალბათ, – გაეღიმა მარიკას, – თუმცა, მგონი, მე მოწყალე თვალი მიყურებს, ყოველ


შემთხვევაში, ჯერჯერობით.

– რას იზამ, ასეა. ერთნი მუშაობენ, მეორენი – ყვირიან და სწორედ ეს არის მათი
სამსახური. თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს, ინდირა განდის აქვს ასეთი რაღაც
ნათქვამი: „ჩემი ბაბუა მეუბნებოდა, ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთნი
რეალურად აკეთებენ საქმეს, მეორენი კი მათ დამსახურებებს მიიწერენ. შენ ეცადე,
როგორმე პირველ კატეგორიაში აღმოჩნდე, რადგან იქ კონკურენცია გაცილებით
ნაკლებიაო”.

– საინტერესოა. ესე იგი, შენც გინდა, მე საქმე ვაკეთო, ჩემი დამსახურებები კი სხვებმა
მიიწერონ? – ეშმაკურად ჩაიცინა გოგომ.

– არა, მე მხოლოდ ინდირა განდის ფრაზების ციტირება მოვახდინე. გააჩნია, შენ რა


დამოკიდებულება გაქვს კონკურენციის მიმართ, – ზურაბმა ალერსით მოუჩეჩა
შვილს თმა, – ახლა არ მითხრა, რომ არ გეძინება. მიდი, წაუძინე და ცხრა საათისთვის
მე თვითონ გაგაღვიძებ. სამსახურშიც მიგიყვან.

– დედაჩემის რისხვისგანაც დამიცავ?


ზურაბმა ხელები გაშალა:

– ყოველთვის ამას არ ვაკეთებ? შეგეძლო, არც გეკითხა, მაგრამ, თუ ახლა არ


დაიძინებ...

– მივდივარ, – აღარ დაასრულებინა სათქმელი მარიკამ და უკვე კართან მისულმა,


მამას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, – ძალიან მიყვარხარ!

***

„საჭირო სიტყვა საჭირო ადგილას“ – აი, სტილის ჭეშმარიტი განსაზღვრება. აი, თავად
ჭეშმარიტება. დამაჯერებელი და არგუმენტირებული.

თემომ ნელა გაახილა თვალები. დამძიმებული ქუთუთოები ჯიუტად არ აპირებდნენ


დანებებას და დამორჩილებას. ძილი ქრონიკულად არ ჰყოფნიდა. ამას თითქოს
შეეჩვია, მაგრამ ზოგჯერ სხეული აპროტესტებდა არაბუნებრივ რეჟიმს. ხელით
მობილური მოიძია კარგად ახსოვდა, რომ დაწოლისას ბალიშთან ახლოს დადო.
ყოველთვის ჩართულს ტოვებდა – ყოველ წუთში შეიძლებოდა, დაერეკათ.
მობილური არც ბალიშის ქვეშ აღმოჩნდა, არც საწოლის ქვეშ. თემო საბოლოოდ
გამოფხიზლდა. ტრუსის ამარა მივიდა სკამზე გადაკიდებულ შარვალთან და ჯიბეები
მოუსინჯა.

– ამას ხომ არ ეძებ? – მაკა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და გამომწვევი,


ირონიული ღიმილით აუქნია ცხვირწინ მობილურიანი ხელი. მერე, ისე, რომ პასუხს
არ დალოდებია, პირველ შეკითხვას მეორეც მოაყოლა: – მარიკა ვინ არის?

– მირეკავდა? მომეცი, უნდა დავურეკო, რატომ მაშინვე არ გამაღვიძე? –


უკმაყოფილება ვერ დამალა კაცმა და ცოლისთვის მობილურის გამორთმევა სცადა,
მაგრამ მაკამ სწრაფად დაიხია უკან. აღარ იღიმებოდა, თვალები ფართოდ გაახილა და
ავად აუელვარდა.

– ჰა, პრეტენზიასაც გამოთქვამ, არა?! ვინ არის-მეთქი, მარიკა?

– მაკა, გეყოფა, მორჩი სისულელეებს და მობილური მომეცი! – შეიჭმუხნა თემო და


შარვალი შეიკრა, – მაგვიანდება!

– რა თქმა უნდა, შენ ხომ სულ გაგვიანდება, სულ გეჩქარება! მთავარია, ჩემგან გაიქცე
და მერე სულერთია. სამაგიეროდ, გათენებამდე ვიღაც მარიკასთან ერთად ატარებ
დროს და საერთოდ არ გრცხვენია. არ გრცხვენია იმიტომ, რომ შენთვის ეს
ჩვეულებრივი ამბავია!

– მაკა, გეყოფა-მეთქი, მომეცი ტელეფონი!

– „მაკა, გეყოფა-მეთქი!“ – გამოაჯავრა ცოლმა, – მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?


მითხარი, რომ ტყუილუბრალოდ ვეჭვიანობ. რომ არავითარი მარიკა არ არსებობს.
მითხარი, რატომ არ მეუბნები?

– ტყუილუბრალოდ ეჭვიანობ, – ნაძალადევი სიმშვიდით წარმოთქვა კაცმა, – მარიკა


კი ჩემი თანაშემწეა. ახლა კმაყოფილი ხარ? მომეცი ტელეფონი!

ქალმა ჯიუტად გააქნია თავი:

– არ მოგცემ, გელოდოს. მე ხომ გელოდები? სულ გელოდები.

– მეტი აღარ შემიძლია! – ნერვებმა უმტყუნა თემოს, ერთი ნახტომით ცოლთან გაჩნდა
და მობილური ისე სწრაფად წაგლიჯა ხელიდან, ქალმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ
მოასწრო.

– ძალიან დავიღალე შენი სისულელეებით, ყოველ დილით ისტერიკების ყურებით


და უსაფუძვლო ეჭვიანობით.

– მართლა?! – ისტერიკულად იწივლა მაკამ, – იმას რატომ არ კითხულობ, მე რითი


დავიღალე? საერთოდ არ მაქცევ ყურადღებას, ფეხებზე გკიდივარ!

– ვმუშაობ! ნუთუ ასე ძნელია გაიგო, რომ ვმუშაობ?

– მატყუებ. სხვებიც მუშაობენ, მაგრამ ოჯახისთვის დრო რჩებათ.

თემომ კბილები გააღრჭიალა, დღე საშინლად იწყებოდა და აშკარად, არაფერ კარგს


არ უქადდა.

– მე წავედი! – გამოსცრა და ცოლს ბრაზით შეხედა, – საღამომდე იქნებ დამშვიდდე.

– ცინიკოსი ხარ. აუტანელი, უსულგულო ცინიკოსი და ვერ გიტან! შენი დანახვაც არ


მინდა!
– ჰოდა, მოისვენე. მივდივარ! – ხმას აუწია თემომ და კარი გაიჯახუნა.

მხოლოდ მანქანაში მოახერხა დამშვიდება, მეორე ღერი სიგარეტის შემდეგ


მობილურზე ნომერი აკრიფა და ჯერ დევის დაურეკა.

– ჰო, დევი. მე ვარ. არის რამე ახალი? მართლა? მგონი, აჯობებს, პირდაპირ შენთან
წამოვიდე. ახვლედიანი და მისი თათბირი მოიცლის. იყვიროს, რამდენიც უნდა,
თანაც ნახევარი საათი გვაქვს, დალაპარაკებას მოვასწრებთ. ის ამბავი მაინტერესებს,
წუხელ რომ გითხარი. ათ წუთში შენთან ვიქნები.

თემომ მობილური სავარძელზე დადო და ძრავა აამუშავა. მარიკა მოგვიანებით


გაახსენდა, უკვე პროზექტურასთან მისულს. ისიც იმიტომ, რომ გოგომ თვითონ
დაურეკა.

– გისმენ, მარიკა, განყოფილებაში რატომ ხარ? დავალება გქონდა და შედეგებს


ველოდები. ვიცი, რომ დამირეკე, ვიცი. მიხედე საქმეს. მეც მოვალ.

მარიკამ ნაწყენი სახით ჩაიტენა მობილური ჯიბეში. სამმართველოს დერეფანში


მდგარმა, თავი ერთბაშად უცხოდ იგრძნო და კინაღამ გულიც აუჩუყდა. კიდევ კარგი,
რომ გვერდით არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც თავზე ხელს გადაუსვამდა, თორემ
ცრემლები უკვე გადმოსაღვრელად ჰქონდა მზად. „აშკარად ვერ მიტანს. რა უნდა?
რატომ ამითვალწუნა ასე? საერთოდ არ მიცნობს და მაინც ფიქრობს, რომ მისთვის
ხელის შემშლელი ტვირთი ვარ. ვიცი, რომ უნდა დავუმტკიცო, რა შემიძლია, მაგრამ,
თუ ამის საშუალება არ მომცა?“ – მარიკამ ამოიოხრა და შუბლით ფანჯრის მინას
მიეყრდნო. სწორედ ასეთ პოზაში მოუსწრო ახვლედიანმა.

– რაშია საქმე, აქ რატომ ხარ? პაპავაც აქ არის? ახლა ვურეკავდი და არ მიპასუხა.


აგრძელებს ეგ თავის ჭკუაზე სიარულს და არ ვიცი, ბოლოს რა მოხდება. შენ რაღას
აკეთებ?

– ველოდები. ათი წუთის წინ ველაპარაკე, მითხრა, მოვალო.

– აჰა! მასთან ერთად რატომ არ ხარ? – ახვლედიანმა გოგო თავიდან ფეხებამდე


აათვალიერა და პასუხს არ დაელოდა, ისე განაგრძო: – ისე, მაინც რა გინდოდა ამ
სისტემაში? მშვენიერი გოგო ხარ, მოდელად უფრო გამოდგებოდი – პოდიუმზე
ივლიდი და თაყვანისმცემლების ზღვა გეყოლებოდა. აქ კი თემურ პაპავა გიშლის
ნერვებს.
მარიკამ უცებ ვერც მოიფიქრა, რა პასუხი უნდა გაეცა, მხოლოდ მხრები აიწურა.
ახვლედიანმა ჩაახველა და საქმიანი იერი მიიღო:

– იმედია, თათბირზე არ დააგვიანებს. ერთ საათში უნდა ვიცოდე, რას აპირებს იმ


ეჭვმიტანილთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, აღიარებითი ჩვენება არ აქვს. მაგრამ,
არა უშავს, ბრალის წაყენებას მაინც შევძლებთ. არსებობს მოტივი და არ არსებობს
ალიბი. ეს უკვე ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს.

მარიკას არ მოეწონა განყოფილების უფროსის მსჯელობა. ახვლედიანს ისე


ეჩქარებოდა საქმის გახსნა, ნაკლებად ადარდებდა დაკავებულის ბედი.

– მის ბრალეულობას დამტკიცება სჭირდება.

– ეგ სასამართლოს საქმეა – თუ დამნაშავე არ არის, გაამართლებენ. მთავარია, ჩვენ


საქმე გავხსნათ. მახრჩობს, ისე მაქვს კისერში მოწოლილი.

– დიახ, მესმის, – მექანიკურად, უფრო ზრდილობის გამო ჩაილაპარაკა გოგომ. მაგრამ


ახვლედიანი მის ნათქვამს, როგორც ხავსს, ისე მოებღაუჭა.

– შენ კი გესმის, მაგრამ, პაპავას ვერ გავაგებინე. ეტყობა, კიდევ ვერ მიხვდა, რა
პრობლემას გვიქმნის, თუ ეს ორი მკვლელობაც ერთმანეთთან კავშირშია, –
ახვლედიანმა ამოიოხრა და თავში იტაცა ხელები, – ეს რა უბედურებაა. ორი თვეა,
რაც ამ თანამდებობაზე ვარ და ყველაფერი მაინცდამაინც ახლა მოხდა. უკვე
დაადგინეთ, ვინ არის მოკლული?

– მუშაობდნენ მაგაზე. თენდებოდა, სახლში რომ წავედი.

– ჰო, აბა, ხომ არ გაათენებდი. აი, პაპავას კი უნდა გაეთენებინა და, დიდი იმედი
მაქვს, რომ სწორედ ასეც იყო, – ახვლედიანმა მარიკას მკლავზე მოჰკიდა ხელი და
გაიყოლა, – წამოდი, წამოდი, ჩემს კაბინეტში დაველოდოთ.

მარიკას უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა და მორჩილად გაჰყვა უკან. თან
თემოზე ფიქრობდა.

ცოტაოდენი ისტორია

გვამი ყველაზე კარგი მოწმეა. გვამს შეუძლია, ყველაფერი თქვას, ან, არასოდეს
გაამხილოს თავისი ისტორიაო – ამას ამბობდა ძველი რომაელი ექიმი.
დევიმ ხელები საგულდაგულოდ დაიბანა და თემოს მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა
თვალი:

– ისე, შუა საუკუნეების ევროპას იმ ჩინური წიგნის მსგავსი არაფერი მოუცია. იქ


ეჭვმიტანილებისა და დამნაშავეების დაკითხვის მთავარი საშუალება ტანჯვა-წამება
იყო. მაგრამ, შენ ახლა ისეთი სახე გაქვს, მგონი, ნანობ, შუა საუკუნეების ევროპაში
რომ არ ვართ.

– მე იმას ვნანობ, რომ არ მაქვს იმის ფუფუნება, ერთი-ორი შენნაირი თანამშრომელი


კიდევ მყავდეს.

– ნუ მაქებ, თორემ, შემრცხვება და გავწითლდები.

– მოკლედ, როგორც ვვარაუდობდი, გვამის გაკვეთამ ბევრი არაფერი მომცა. ახლა


უკვე ძალიან ძნელია, სიკვდილის ზუსტი დრო დაადგინო.

– რითია მკვდარი, ის მაინც მითხარი.

– ჰო, მაგას გეტყვი – ეს ბატონი გაგუდეს.

– როგორ?

– შეიძლება, ბალიშით, ან, შეიძლება ქსოვილის ნაჭერი ჩაუტენეს პირში. მერე კი,
სავარაუდოდ, მანქანაში ჩადეს, მდინარესთან მიიყვანეს და წყალში გადაუძახეს. თუ
ის თავიდანვე მანქანაში არ იყო.

– შიშველი? დევი, შიშველი იჯდა საჭესთან?

ექსპერტმა თავი გააქნია:

– რატომ ნერვიულობ? ნერვიულობა საღ აზროვნებაში გიშლის ხელს. მე ვთქვი,


საჭესთან იჯდა-მეთქი? მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ, შეიძლება, მანქანაში
გაგუდეს. მანქანაში სექსი არც ისე კომფორტულია, მაგრამ, როცა სხვა საშუალება არ
არის... – დევიმ ხელები გაშალა, – ეტყობა, უჭირდა კაცს.

– მოიცა, შენ ამტკიცებ, რომ მკვლელობა მანქანაში მოხდა?


– არ ვამტკიცებ, ვვარაუდობ. გვამი დიდხანს იყო წყალში. სავარაუდოდ, ის წყალმა
საკმაოდ დიდ მანძილზე ათრია. მერე ნაპირზე გამოათრიეს. გვამური ლაქები
თითქმის გაფერმკრთალებულია – ეს წყალმა გააკეთა. სისხლის მიმოქცევის
შეწყვეტის შემდეგ სისხლი მიდის ქვემოთ, რაც იწვევს რუხი-იისფერი ლაქების
გაჩენას კანზე. პროცესი, ჩვეულებრივ, სიკვდილიდან ნახევარი საათის შემდეგ
იწყება. პირველ ათ-თორმეტ საათში გაჩენილი ლაქები, შეიძლება, გაქრეს, თუ
დავაწვებით. იმიტომ, რომ სისხლი ძალის ზემოქმედების შედეგად დაბლა დაიწევს.
უფრო მოგვიანებით კი, სისხლი აღწევს კანის ქსოვილებში და დაწოლით მათი
გაქრობა აღარ ხერხდება. ეს თავისებურება ძალიან გვეხმარება, განვსაზღვროთ
სიკვდილის დადგომის დრო. სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ლაქები,
შეიძლება, გადაადგილდეს გვამის მდგომარეობის შეცვლით – სისხლი სხეულის
ქვედა ნაწილებში ეშვება. შემდეგ კი ეს პროცესი წყდება.

პაპავამ ხელის აქნევით შეაჩერა ლაპარაკის საღერღელაშლილი ექსპერტი.

– ჩვენს შემთხვევაზე ილაპარაკე და თან, უფრო კონკრეტულად.

– უფრო კონკრეტულად? კი, ბატონო. დაახლოებით ორი თვის მკვდარია. ჯერ


გაგუდეს და წყალში ისე გადააგდეს. ფილტვებში არც ქვიშაა და არც იმ რაოდენობის
წყალი, რაც, ჩვეულებრივ, წყალში დამხრჩვლებს აქვთ ხოლმე. სამწუხაროდ, მეტს
ვერაფერს გეტყვი, იმიტომ, რომ წყალმა თავისი საქმე გააკეთა.

– ესე იგი, მკვლელი ქალია?

– არა, ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. მე გვამი ძალიან ყურადღებით


დავათვალიერე და...

– გასაგებია. მოკლედ, უნდა მოვძებნოთ, ვინ დაიკარგა ორი თვის წინ. ახლავე
დავრეკავ და ვეტყვი, ყველა შემოსული განცხადება გადაამოწმონ.

– მოიცა, – დევიმ შუბლი მოისრისა.

– რა იყო?

– საქმე ისაა, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა გვამი კვირაობით, თვეობითაც კი


ყოფილა წყალში და ახლად დამხრჩვალის გარეგნული ნიშნები შეუნარჩუნებია. ეს
მაშინ ხდება, როცა გვამი მაშინვე არ ამოტივტივდება წყლიდან, რადგან ზედაპირზე
მოტივტივე გვამი ჰაერის მოქმედების გამო ხრწნას განიცდის. ჩვენი გვამი კი
დაცული იყო. კანი ძალიან თეთრია. გვამმა წყალქვეშ საკმაოდ დიდხანს დაყო.

– საკმაოდ დიდხანს? მაინც, რამდენ ხანს?

– მინიმუმ ერთი თვე მაინც. თემოს მოუსვენრობა დაეტყო, წამოხტა და ოთახში წინ
და უკან სირბილს მოჰყვა.

– დაწყნარდი, ასე არაფერი გამოვა – მშვიდად გააჩერა დევიმ, – მე იმიტომ გიყვები ამ


ყველაფერს, რომ შენ საჭირო დასკვნები გააკეთო.

– სამი თვეც დასაშვებია, რომ ვივარაუდოთ?

– სავსებით და, კიდევ ერთი დეტალი, ოღონდ, არ ვიცი, ეს რამდენად გამოგადგება:


გვამს აშკარად აღენიშნება თანდაყოლილი დეფექტი, კერძოდ, ფილტვის ანომალია.

– ეს რას ნიშნავს?

დევიმ სიგარეტის კოლოფი ამოიღო:

– მოვწევ და გეტყვი.

– არა, არა, ჯერ მითხარი, რა ანომალიაზე მელაპარაკები?

– კარგი, მარტივად აგიხსნი: ის სხვა ნებისმიერ ადამიანზე სწრაფად გაიგუდებოდა


უჰაერობით. მაგალითად, ჩემზე და შენზე, ანუ, ჯანმრთელზე ბევრად მალე.
მკვლელს, შესაძლოა, ეს სცოდნოდა, ან არ სცოდნოდა.

– აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?


– შეიძლება დავუშვათ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის ვერსია.
– ანუ? – თემური შეიჭმუხნა.
– ანუ, თუ პირი რამე საგნით ან... – დევი შეყოყმანდა, – მოკლედ, ხვდები, რასაც
ვგულისხმობ. შეგიძლია, წარმოიდგინო?
– ჯანდაბა! ამის დედაც! რა საზიზღრობაა! შეგიძლია, ეს ამბავი დამიზუსტო?
– ვეცდები. პირის ღრუს კიდევ ერთხელ დათვალიერება და ანალიზი მომიწევს.
წყალმა ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია, ძალიან.

თემური აწრიალდა:
– სასწრაფოდ მჭირდება გვამის იდენტიფიკაცია. რას აკეთებენ ამდენ ხანს? აი, მგონი,
მირეკავენ. ფუ, შენი! ახვლედიანი რეკავს. შენ რას შვრები, თათბირზე არ მოდიხარ?

– აუცილებლად. მაგრამ, ცოტა დრო რომ კიდევ სჭირდება? თან, არც ყავა დამილევია
და „ლომკა” მაქვს.

– შენ ყავა არ დაგილევია, მე კი დილიდან ლუკმა არ ჩამსვლია პირში და, მგონი, არც
მშია. თათბირის მერე კი ახვლედიანი დიდი ხნით დამაკარგვინებს ჭამის მადას.
წამოდი, წამოდი. ბიჭებს დავურეკავ, სანამ თათბირზე შევალ, მოკლულის ვინაობა
უნდა ვიცოდე.

***

წყალს ოდნავ ასდიოდა გოგირდის თუ ქლორის სასიამოვნო სუნი და მუქ


ჭაობისფრად ლივლივებდა. დათომ ქუდი გაისწორა და აუზში ჩახტა. რამდენიმე
წუთი შეუსვენებლად იცურა. საერთოდ არაფერს აქცევდა ყურადღებას. მერე ზურგზე
ამოტრიალდა და თვალებდახუჭული მიეცა განცხრომას.

– დავით, როგორ ხარ? – გაიგონა ვიღაცის ძალიან ნაცნობი ხმა და გვერდით ამ


„ვიღაცის” სხეული იგრძნო. თვალები გაახილა.

– მივხვდი, რომ შენ იქნებოდი. დილით გირეკავდი.

– ჰო, ვნახე. დედაჩემს ვაცილებდი და ვერ გიპასუხე.

– ბიჭო, ეგ ამბავი აღარც მახსოვდა. ესე იგი, მარტო ხარ?

– ჰო, რა! – ბიჭმა გაიცინა, პეშვით წყალი მიასხურა და ცოტა შორს გაცურა. მერე ისევ
უკანვე მოცურდა, – დღეს ვარჯიშზე რჩები?

– რა ვიცი, საღამოს რაღაც საქმე მაქვს.

– ვიცი შენი საქმე ვინმე ნაშა გეყოლება შებმული და იმასთან გარბიხარ. არ


მოგბეზრდა მაინც? ერთი მაინც დაიძველე.

– დავიძველო, რა, ღვინოა? ახალ-ახალი არ ჯობია? მაგრამ, ამჯერად სხვა შემთხვევაა.


დედაშენი რამდენი დღით წავიდა? ორივე ბინა შენს განკარგულებაშია?
– რა ვიცი, მინიმუმ, ერთი კვირით, რაღაც კონგრესია თუ სემინარი. შეიძლება, ცოტა
მეტითაც. გინდა, რომ გავერთოთ?

– უარს არ ვიტყოდი. ეე, ვიცი, ახლა რაზეც ჩაფიქრდი. დედაშენი ვერაფერს გაიგებს.
ნიკუშ, ნუ იგრუზები, რა. დედაშენი ვერაფერს გაიგებს. მე არ ვეტყვი და შენ.
გულთმისანი ხომ არ არის?

– შენ არ იცნობ დედაჩემს, არ იცი, როგორ ვერ იტანს ასეთ რაღაცეებს. თან, ცოტა
გულთმისანიც არის – ზოგჯერ ისეთ რაღაცას მიხვდება, გაოგნდები.

– ჰო, კარგი, წყნეთში მაინც ავიდეთ. თქვენი აგარაკი ისეთ ადგილას დგას, ტურები
და მგლები თუ მიუტანენ ენას დედაშენს. ჩვენც არ ვიხმაურებთ. ჩუმად, ჩვენთვის
გავერთობით.

– ვნახოთ. წინასწარ ვერაფერს შეგპირდები. არ მიყვარს ტყუილები.

– საერთოდ ნურაფერს იტყვი და ტყუილიც აღარ გამოგივა, – იპოვა გამოსავალი


დათომ.

– შენ რა კაი ტიპი ხარ, რა ადვილად უყურებ ყველაფერს.

– ადვილად უნდა უყურო, აბა რა! ცხოვრება ისედაც რთულია, რომ შენ კიდევ არ
გაართულო. სულ ამას ვასწავლი მაკასაც, მაგრამ, ესმის? იშვიათი ნიჭი აქვს, არც
თვითონ მოისვენოს და სხვასაც არ მისცეს მშვიდად ცხოვრების საშუალება.

– მაკა?!

– ჩემი მაკა, რა! თუმცა, შენ არ იცნობ. ქმარი გამომძიებელი ჰყავს და მოკვდა მასზე
ეჭვიანობით. საღამოსაც უნდა შევხვდე და სადმე წავიყვანო. დავამშვიდებ ცოტას.

– ვარჯიშზე მოსულიყავი, ბიჭო. მალე ჩემპიონატი იწყება. არ გინდა, სასტავში


ჩაგსვან?

– ჰო, რა ვიცი. მინდა, მაგრამ, თან ცოტა მეზარება. ხომ იცი, როგორი ურეჟიმო და
თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ, – გაიცინა დათომ, მკლავები ღონივრად
მოუსვა და აუზის კიდისკენ გაცურა.

***
ახვლედიანს გაფართოებული თათბირი ჰქონდა. უბრალო პოლიციელებიდან
დაწყებული, ლამის დარაჯი და დამლაგებელიც კი ოთახში ჰყავდა შეყრილი,
თვითონ კი მრისხანე სახით სცემდა ბოლთას.

– მოკლედ, პირი შეკარით – ერთი გაუხსნელი საქმე არ გვეყოფოდა, მეორეც აიკიდეთ.


ის მაინც თუ დაადგინეთ, ვინ არის მოკლული?

– დიახ, ბატონო გიორგი. გუსტავ ფუგანი. საქართველოს მოქალაქე არ არის. ხუთი


თვის წინ ჩამოჰყვა საქველმოქმედო მისიას საქართველოში. გერმანელია, –
სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა უმცროსმა გამომძიებელმა და შვებით ამოისუნთქა.

– ისევ უცხოელი! – თავზე იტაცა ხელები ახვლედიანმა, – გავგიჟდები და თქვენც,


ალბათ, ეგ გინდათ.

– ეს ის არის, თვე-ნახევრის წინ რომ დაიკარგა. განცხადება შემოვიდა და მერე


აღარავის მოუკითხავს – დაუკონკრეტა გამომძიებელმა და წარბებს ქვემოდან გახედა
მოღუშულ თემოს.

– აღარავის მოუკითხავს და თქვენც თავები აღარ შეიწუხეთ მისი ძებნით! – იფეთქა


ახვლედიანმა.

– როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი. ვეძებდით, – უხერხულად შეიშმუშნა


საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე.

– ეძებდით! შემთხვევით რომ არ გამოერიყა წყალს, კიდევ დიდხანს მოგიწევდათ მისი


ძებნა. ესეც შიშველი იყო, ხომ? – მიუბრუნდა თემოს.

– დიახ, შიშველი იყო.

– წყალი ტანსაცმელს ვერ გახდიდა – დამცინავი ტონით განაგრძო მთავარი


გამომძიებლის „დაკითხვა” ახვლედიანმა, – თუ, შენ უფრო ორიგინალური ვერსია
გაქვს?

– მე მაქვს ვერსია, – ჩაახველა დევიმ და წამოდგა, – ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვი,


მაგრამ, სავარაუდოდ, ის ჯერ გაგუდეს და მერე გადააგდეს წყალში, რა თქმა უნდა,
შიშველი.
– კიდევ?

– ხვალ ზუსტი დასკვნა გექნებათ.

– კარგი. პაპავა, მაჩაბელი და ნოდარ დევიძე დარჩებიან, დანარჩენებს შეუძლიათ,


წავიდნენ. იმუშავეთ!

თემომ წყალი დაისხა და ფანჯარასთან მივიდა. ახვლედიანი დაელოდა სანამ ყველა


გაიკრიფებოდა ოთახიდან და თემურთან მივიდა.

– პაპავა, შენ ფიქრობ, რომ ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია?

– ამას ასე ვერ გეტყვით, ძიება დაადგენს.

– პაპავა, შენ სრულ ჭკუაზე ხარ? რატომ უნდა იყოს ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან
კავშირში, რის საფუძველზე ვარაუდობ ამას?

– ბატონო გიორგი, ვარაუდის დონეზე დავუშვი.

– საჭირო არ არის. არ არის საჭირო! მე ამ მეორე მკვლელობის გამოძიებას სხვას


დავაწერ და ის გამოიძიებს. შენ შენს საქმეს მიხედე. დროულად მიხედე, სანამ კიდევ
გვითმენენ ზოზინს!

– ვის დააწერთ? – თემო შესამჩნევად გაწითლდა.

– გამომძიებლების მეტი რა არის ამ განყოფილებაში? მივცემ რომელიმეს და მე რომ


მკითხო, ეს საქმე ნაკლებად მაღელვებს, ყოველ შემთხვევაში, შენ ეს აღარ გეხება.
სასწრაფოდ უნდა მიიყვანო დასასრულამდე ის საქმე, რომელსაც იძიებ. და, კიდევ:
ერთ საათში ელჩთან გვაქვს შეხვედრა, არაოფიციალურ გარემოში. ამ ერთ საათში
მოვასწრებთ, ბრალი ოფიციალურად წავუყენოთ იმ ქალს და წინასწარ პატიმრობაც
შევუფარდოთ.

– კი, მაგრამ, მისი ბრალეულობა არც ისეთი სარწმუნოა.

– პაპავა, მოტივი არის? – არის. ვერ ამტკიცებს, რომ მკვლელობის ღამეს იმ ტიპთან
ერთად არ იყო? – ვერ ამტკიცებს. მეტი რაღა გინდა? საკმარისია, წინასწარი
პატიმრობა რომ შევუფარდოთ. მართალია, მოტივი არც ისეთი სასიამოვნო და
შესაფერისია ელჩის სასიძოსთვის, მაგრამ, მე ხომ მაინც აღარ ამიკლებენ ზარებით.
მოკლედ, მოემზადე. მეც შენთან ერთად წამოვალ.

– ბატონო გიორგი, – ხმა ჩაეხრინწა მღელვარებისგან პაპავას.

– ჰო, რა გინდა? არგუმენტები არ მაინტერესებს, მით უმეტეს – საპირისპირო. ეს


ამბავი უნდა მიჩუმდეს. სხვათა შორის, მე სულ არ მეპარება ეჭვი, რომ მკვლელი
სწორედ ნათია დეისაძეა. ქალებს ახასიათებთ ასეთი ღვარძლიანობა. გულში
ჩადებული ბოღმა მაშინ გადმოანთხია, როცა ამის შესაძლებლობა მიეცა. ეს ხომ
ცხადია?

– დეისაძეს არაფერში სჭირდებოდა ბერაძის მოკვლა. ეს არალოგიკურია. ძლივს


ცხოვრება აიწყო ქალმა, რაღაცას მიაღწია, წარსული დაივიწყა.

ახვლედიანმა ხელები აიქნია:

– პაპავა, მკვლელი ეს ქალია და ლოგიკაზე ნუ მელაპარაკები, მკვლელს ლოგიკა არ


აქვს. მაშინ მოკლა, როცა ამის ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა. იქნებ, მთელი ამ ხნის
განმავლობაში საყვარლებიც იყვნენ, შენ რა იცი?

– სერგი ბერაძეს ჰყავდა საყვარელი, მაგრამ, ის კაცია! – მოულოდნელად წამოიძახა


აქამდე თავისთვის, მაგიდის კუთხეში მჯდარმა მარიკამ. ახვლედიანს თითქოს ცივი
წყალი გადაასხეს.

– რა თქვი?

– დიახ, მე და ბატონმა დევიმ გავიცანით ის კაცი ღამის კლუბში. ძალიან მგლოვიარეა


და, სხვათა შორის, არც მალავს ამ ურთიერთობის შესახებ.

ახვლედიანი სავარძელზე დაეხეთქა:

– ვაიმე, გული გამისკდება! მკვლელობის ღამეს ბერაძე მასთან ერთად იყო?

– ჯერ არ დაგვიკითხავს, ბატონო გიორგი. ვერ მოვასწარით – შემთხვევის ადგილზე


გავედით, მეორე გვამთან დაკავშირებით.

– მეორე გვამს თავი დაანებეთ-მეთქი, პაპავა, ელჩთან, კი არც ერთი სიტყვა – მისი
სიძისა და იმ ცისფერის ურთიერთობის შესახებ. გასაგებია? როგორც უკვე გითხარი,
ეჭვმიტანილი გვყავს და ის ნათია დეისაძეა!
ტკივილი მიდის, მოდის და რჩება... შემდეგ ნელ-ნელა შავი ღრუბელივით ილექება
სულში, იღვენთება და ჯერ ფსკერს აბინძურებს, მერე კი, ისევ ნელ-ნელა, გულსაც
პირამდე ავსებს და, თუ გადმოღვრის საშუალებას მივცემთ, ყველაფერს
გაანადგურებს, ყველაფერს, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის...

***

თემომ პიჯაკი შეისწორა... დიდი სიამოვნებით მოიძრობდა ჰალსტუხს, ყელში რომ


ჰქონდა წაჭერილი და სუნთქვას უშლიდა, მაგრამ ახვლედიანმა საკუთარი ხელით
შეაბა და, მკაცრი მზერით ამოწმებდა, ეკეთა თუ არა. ელჩთან შეხვედრა ოფიციალურ
ვიზიტს უფრო ჰგავდა, ვიდრე საგამოძიებო აუცილებელ პროცედურას. აღიზიანებდა
და აცოფებდა ის ფაქტი, რომ ვიღაცის მითითებებით უნდა ეხელმძღვანელა,
„ზედმეტი“ შეკითხვები არ უნდა დაესვა და, საერთოდ, თავს ახვლედიანის
უსარგებლო დანამატად უფრო გრძნობდა, ვიდრე სრულფასოვან პროფესიონალად.
ამაზე ფიქრმა ისე გააღიზიანა, საკუთარ თავს შეებრძოლა, საერთოდ რომ არ
გაქცეულიყო საელჩოს შენობიდან. იმას კი ხვდებოდა, რა იყო ამ შეხვედრაზე
დამოკიდებული, მაგრამ, შინაგანი პროტესტი მაინც ჰქონდა.

– კითხვებს მე დავსვამ, თანაც, მაშინ, თუ ამის საჭიროებას დავინახავ, გააფრთხილა


ახვლედიანმა.

თემო მოიღუშა:

– საერთოდ, რისთვის მოვედით, რა საჭირო იყო? შეგვეძლო, ბატონი ელჩის გარეშეც


გავსულიყავით იოლას. მით უმეტეს, თუ შეკითხვის საშუალებაც არ მექნება.

– იმას უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, – არ დაუმალავს ახვლედიანს.

პაპავამ ირონიულად ჩაიცინა.

– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!..

ახვლედიანს სახე შეეცვალა.

– პაპავა, ისე ნუ იქცევი, თითქოს ყველაზე მეტი იცოდე და ამ საქმის გახსნითაც


მარტო შენ იყო დაინტერესებული. ისიც უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს ორ ქვეყანას
შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება. მით უფრო, ამ კონკრეტულ
ქვეყანასთან სიტუაციას ვერ გავამწვავებთ, ამაზე არც იოცნებო.
– ჩემი ინტერესები კონკრეტული საქმის გახსნაა. ძალიან შორს ვარ დიპლომატიური
სკანდალის მოწყობის სურვილისგან.

– მაშინ ის გააკეთე, რასაც მე გეუბნები. ძალიან სერიოზული მითითება გვაქვს


„ზემოდან“. ელჩი აუცილებლად დაინტერესდება, რა ეტაპზეა ძიება და იმ პასუხს
გასცემ, რაზეც შევთანხმდით.

– დიდი სურვილი მაქვს, უშუალოდ საცოლეს შევხვდე და დაველაპარაკო – ეს ძალიან


წაადგებოდა საქმეს.

ახვლედიანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:

– ეგ არ გამოვა.

– საქმეს რომ სჭირდება? იმ ქალმა, შეიძლება, ისეთი რამე იცოდეს და თქვას, რაც
მკვლელობის მოტივს გამოკვეთდა და რეალურ მკვლელზეც გაგვიყვანდა.

– ახვლედიანი შეიჭმუხნა:

– შენ, გატყობ, ვერაფერი გაიგე: არანაირი ინიციატივა ჩვენი მხრიდან. მოტივი კი


გამოკვეთილია – შურისძიება. ჰო, მართლა, რა ქენი, შეხვდი იმ ექსპერტს?
დაადასტურა თავისი დასკვნის არსებობა გაუპატიურების საქმეში?

– ჯერჯერობით ეს არ მოხერხდა.

– რატომ ხელი რამ შეგიშალათ? ამ ქალაქში ერთი ექსპერტის მოძებნა გაგიჭირდათ?

– მოძებნა არ გაგვჭირვებია, მაგრამ, ვერ შევხვდით – ქვეყანაში არ იმყოფება. ჩემი


თანაშემწე ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ამიტომ, იმ ქალს ჯერჯერობით
ვერაფერს ვუმტკიცებთ.

– მე მაქვს პროკურორის სანქცია მისი დაკავების შესახებ. ასე რომ, არგუმენტები


საკმარისზე მეტია.

– ჰო, როცა არგუმენტების მოძებნა გინდა, მათი პოვნა არც ისეთი ძნელია.

– პაპავა, ახლა შენი „ნამიოკების“ მოსმენის გუნებაზე არ ვარ, მით უმეტეს, რომ
კარგად ვერც მივხვდი, რისი თქმა გინდა. რამდენიმე წუთში ძალიან სერიოზული და
საპასუხისმგებლო შეხვედრა გველის. კარგად იფიქრე, სანამ რამეს იტყვი.

– ცოტა უხერხული კი იქნება, – თქვა თემომ.

ახვლედიანი დაიძაბა. რამდენიმე წუთი თვალებმოჭუტული ფიქრობდა. მერე


გაღიზიანებული ტონით იკითხა:

– რაღაც ვერ გავიგე, ამით რისი თქმა გინდა?

– უხერხული იქნება-მეთქი, ელჩს უთხრა, შენი სიძე იმიტომ მოწამლეს, ქალზე


იძალავა, იმან კი ეს არ აპატია და შური იძიაო. ასეთი ამორალური სიძის ყოლა ბატონ
ელჩსაც სცხებს ლაქას.

თემომ ზუსტად გათვალა – ახვლედიანისთვის ეს ისეთი „ჩამჭრელი“ დარტყმა იყო,


რომელიც ვერ მოიგერია და მაშინვე წამოეგო გამომძიებლის პროვოკაციაზე.

– მართალი ხარ. მოტივი ცოტა უხერხულობას ნამდვილად ქმნის. სხვა რამე უნდა
მოვიფიქროთ. პაპავა, აბა, რას შემომთავაზებ?

– მე გამომძიებელი ვარ. მოთხრობებისა და ნოველების წერა არასდროს მიცდია.

– არ გინდა ნიშნის მოგება. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთი გუნდი ვართ და ამ


სიტუაციიდანაც ერთად უნდა გამოვიდეთ.

– მე მოტივის დასახელებისგან თავს შევიკავებდი, – მოწყალება გაიღო თემომ.

– შენ ვერ გაიგე, პაპავა? მითითება გვაქვს-მეთქი, ეს ბრძანებაა... თითქმის ბრძანება.


გამიჩერე ეს ხალხი და მერე იძიე და ეძებე, რამდენიც გინდა.

– როდის? უდანაშაულო ადამიანს რომ ჩავსვამთ ციხეში?

ახვლედიანი შეიჭმუხნა, ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედა და ხმადაბლა, თითქმის


ჩურჩულით წარმოთქვა.

– სასამართლო იმიტომაც არსებობს, პაპავა, რომ დამნაშავე უდანაშაულოსგან


გაარჩიოს. ახლა კი მოემზადე, შევდივართ...
***

ზურაბმა მანქანის კარი გაუღო შვილს და ჩაჯდომისთანავე მოუთმენლად ჰკითხა:

– აბა, რა ქენი?

– ვერაფერი. ეტყობა, მეზობლებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. არავინ


არაფერი იცის. იმ ინფორმაციით უნდა დავკმაყოფილდე, რომელიც მის სამსახურში
მომცეს. უცხოეთშია კონგრესზე და, სავარაუდოდ, უახლოეს ათ დღეში არ
დაბრუნდება.

– ვერ დაუკავშირდები? ტელეფონი ხომ ექნება თან?

მარიკამ მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი. კლინიკაში ნომრის მოცემისგან თავი შეიკავეს. მეც ვფიქრობ, აქვს კი აზრი
აქედან მასთან საუბარს? რა უნდა ვუთხრა, ან, რას მეტყვის ჩემთვის მნიშვნელოვანს?

– მაშინ, უნდა დაელოდო.

– ჰო, მაგრამ, პაპავა გაგიჟდება, ზუსტად ვიცი. ისედაც არ მოვწონვარ.

– გაგიჟდება? შენ რა შუაში ხარ, არ არის ის ქალი აქ და საიდან მოიყვან?!

– ეს მე მესმის, შენც... მაგრამ, საქმე არ იცდის. ძალიან გვაწვებიან, გვთხოვენ, მალე


მოვრჩეთ. მაგ იას გარეშე წინ ვერ წავალთ. ყოველ შემთხვევაში, თემო პაპავა
დარწმუნებულია ამაში.

– არა მგონია, ვერ გაიგოს. ისე, რატომ არ მოსწონხარ? – გაეცინა ზურას, – ეგ თვითონ
გითხრა?

– არა, თვითონ არ უთქვამს, მაგრამ, ხომ ვგრძნობ. საკმარისია, საბაბი მივცე, რომ
მაშინვე ახვლედიანთან შევა და იტყვის, რომ ამ საქმისთვის არ გამოვდგები.

– ნუ ნერვიულობ, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა.

– ჰო, რა ვიცი. ახლა ექსპერტთან უნდა მივიდე და კიდევ რაღაც საქმეები მაქვს.
– ანუ, დღესაც გვიან მოხვალ?

– არ ვიცი, მა... პაპავა შეხვედრაზეა და არ ვიცი, როდის დაბრუნდება. სანამ არ ვნახავ


და ანგარიშს არ ჩავაბარებ, სახლში ვერ წამოვალ.

– რა გაეწყობა. გზაში ხაჭაპურს მაინც გიყიდი, თორემ, ვიცი შენი ამბავი, მშიერი
იქნები და ჭამა არც გაგახსენდება.

მარიკამ გაიღიმა და მამას მხარზე მიეხუტა:

– ისე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია რომ მქონოდა მაგ ქალის შესახებ, უკეთესი არ
იქნებოდა?

– მაინც, რა გაინტერესებს?

– ყველაფერი. მაგალითად, შეიძლება თუ არა, ენდო მის სიტყვას, რა ინტერესები აქვს,


ვინ ჰყავს ოჯახში...

– ყველაფრისა რა მოგახსენო, არც ინტერესებისა და ოჯახის შესახებ მსმენია რამე,


მაგრამ, ნდობასა და პროფესიულ პატიოსნებას რაც შეეხება, ია ლომიძეს ყველა
პატივს სცემს.

– ეგ უკვე მითხარი, – მარიკამ შესამჩნევად მოიწყინა.

– აბა, ყურები ნუ ჩამოყარე! – თავზე ხელი გადაუსვა ზურაბმა და გაუღიმა, – იმას


აკეთებ, რაც ყოველთვის გინდოდა და ეს უკვე არის დიდი სტიმული...

***

ძალადობა შობს ძალადობას... ზამბარას ჰგავს: რაც ძლიერად უჭერ ხელს, მით უფრო
გისხლტება და მაღლა და მაღლა ხტება. ძალადობას ვერ დაუპირისპირებ სიკეთეს ან
სათნოებას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – გაცლა ან ზამბარის
პრინციპი. თუმცა, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გაანადგურებს მას, ვერ
გაანეიტრალებს და ვერც მოსპობს. ძალადობა ყოველთვის იარსებებს, სანამ ერთ
ადამიანს მეორე ადამიანზე საკუთარი ძალის დემონსტრირების, საკუთარი
ყოვლისშემძლეობის დამტკიცების სურვილი ექნება...

***
ახვლედიანმა შვებით ამოისუნთქა და შუბლზე მომდგარი ოფლი ხელისგულით
მოიწმინდა:

– ახლა ცოტა დავმშვიდდი. მგონი, დააკმაყოფილა ჩვენთან საუბარმა.

პაპავა შეიჭმუხნა და მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები:

– არ ვიცი, ნაკლებად მაინტერესებს მისი დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების


ამბავი.

– პაპავა, შენ მართლა ვერ ხვდები, ამ შეხვედრით რას მივაღწიეთ თუ მეხუმრები? თუ


მეხუმრები, არ გირჩევ, იმიტომ, რომ ახლა მაგის გუნებაზე არ ვარ.

– არ მიყვარს, როცა იძულებული ვარ, ვიცრუო, – გამოსცრა გამომძიებელმა.

ახვლედიანმა ხელები გაშალა:

– ახლა, არ მითხრა, რომ ტყუილი არასოდეს გითქვამს, სულერთია, მაინც არ


დაგიჯერებ.

– თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა. შეიძლება, განყოფილებაში დავბრუნდე და ჩემს


საქმეს მივხედო?

ახვლედიანმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

– ვახშამზე უნდა დავრჩეთ, უხერხულია. მიპატიჟება უკვე მივიღეთ და ახლა ვერსად


წავალთ.

– მე არავითარი მიპატიჟება არ მიმიღია, თქვენ დარჩით. უამრავი საქმე მაქვს და


ისედაც ბევრი დრო დავკარგე!

– რას ნიშნავს – დრო დაკარგე? ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

– თქვენთვის – შეიძლება. ჩემთვის ტყუილი დროის ფლანგვა აღმოჩნდა და ამას


ველოდი კიდეც.

ახვლედიანი შეიჭმუხნა:
– პაპავა, ყოველდღე ხვდები ელჩებს? მათთან ვახშამზე აღარაფერს ვამბობ...

– არა. მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დროის ტყუილად დაკარგვაა, ვახშამზე ვერ დავრჩები.

– შეიძლება, მისი ქალიშვილიც იყოს, – ახვლედიანმა გამომძიებელს გამომცდელი


მზერა შეავლო, – ხომ გინდოდა მასთან შეხვედრა?

თემური შეყოყმანდა:

– მინდოდა და ახლაც მინდა, არ უარვყოფ, მაგრამ, ასეთ გარემოში რა აზრი აქვს –


მაინც ვერაფერს ვკითხავ, არ მომცემთ ამის საშუალებას.

– პროფესიონალისთვის არაოფიციალურ გარემოში მისთვის საინტერესო ადამიანთან


შეხვედრა ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა. შენი სიჯიუტე ძალიან
უადგილოა და ზედმეტი, – გამომძიებელს ყოყმანი დაეტყო. ახვლედიანმა შეატყო და
ისეთივე დამრიგებლური ტონით განაგრძო: – მე შენ ჭკუას არ უნდა გასწავლიდე.
ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს.

თემო რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ დარბაზში ელჩის მდივანი შემოვიდა და


სასადილო ოთახში ორივე მიიპატიჟა. პაპავას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ბედს
დამორჩილებული კაცივით გაჰყვა უკან შეფს. თუმცა, მოკლულის საცოლის ნახვის
სურვილი და ცნობისმოყვარეობა უფრო ადგმევინებდა ნაბიჯებს, ვიდრე
მოჩვენებითი მორჩილება...

***

... ყველა დამნაშავე ერთმანეთს ჰგავს – ყველა ტოვებს სამხილს და არ არსებობს


იდეალური დანაშაული, რომელიც სამუდამოდ საიდუმლოებით მოცული დარჩება...
არ არსებობს მკვლელი, რომელიც, ადრე თუ გვიან, თავს არ გამოამჟღავნებს...

მარიკამ ჭიქებში ყავა ჩაყარა და წყლის აპარატიდან მდუღარე ჩამოასხა. დევი


მიეხმარა და ჭიქები მაგიდამდე მიატანინა, თან შეაქო:

– კარგი გოგო ხარ, ყავა რომ გაგახსენდა, თორემ, მთელი დღეა, ვფიქრობ, რაღაც
მაკლია-მეთქი და ვერ მივხვდი, რომ ყავა მინდოდა, წარმოგიდგენია?!

– ჰო, შენგან ძნელი წარმოსადგენია ნამდვილად, – გაიცინა უმცროსმა გამომძიებელმა


ნოდარ დევიძემ და მარიკას მადლიერების ნიშნად გაუღიმა. მერე ისევ დევის
მიმართა:

– რაო, რას ამბობდი მკვლელებზე?

– ჰო, მკვლელი ადრე თუ გვიან მაინც გამოამჟღავნებს თავს-მეთქი და შენც ეს


მომენტი უნდა დაიჭირო.

– კარგი, რა, რომელი მომენტი... თუმცა, იმაში გეთანხმები, რომ იდეალური


დანაშაული არ არსებობს. არსებობს ფაქტორები და სურვილი – გინდა თუ არ გინდა
კონკრეტული დანაშაულის გახსნა. ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?

დევიმ ყავა მოხვრიპა:

– თითქმის. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, საეჭვოა ამ დანაშაულის მიჩქმალვის


სურვილი გაუჩნდეს ვინმეს. ძალიან ხმაურიანი საქმეა.

– ხმაურიანი რომ არის, მაგაშია სწორედ საქმე. თანაც მე არ მითქვამს, დანაშაულს არ


გახსნიან-მეთქი. მკვლელზე ვლაპარაკობდი, ნამდვილ მკვლელზე.

დევიმ შუბლი მოისრისა:

– მდინარეში ნაპოვნი გვამის შემთხვევაში როგორ პროგნოზს გააკეთებდი? მგონი, ეს


საქმე შენ გადმოგაბარა ახვლედიანმა.

გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა:

– ჯერჯერობით პროგნოზი ძალიან ნაადრევია. გუსტავ ფუგანი – სულ ეს არის, რაც


მის შესახებ ვიცით. ის ერთ-ერთ მისიას ჩამოჰყვა და თავისთვის ცხოვრობდა
სასტუმროში, მერე კი გაქრა...

– და პირდაპირ მდინარეში მოადინა ტყაპანი? – გაეცინა დევის, – შენც ხომ იცი, რომ
ასე არ ხდება? გვამი მე გამოვიკვლიე. სანამ მდინარეში ამოყოფდა თავს, ეგ ჩვენი
გუსტავი გაქურდეს.

დევიძემ ოლიმპიური სიმშვიდითა და ნეიტრალური, არაფრისმთქმელი


გამომეტყველებით დაუქნია თავი.
– არ უარვყოფ. სრულიად შესაძლებელია. მაგრამ თქვენი გვამი გაცილებით
აქტუალურია და გაცილებით საინტერესოც. ჩემსას მე მივხედავ...

მარიკა ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს. აშკარად რაღაც ჰქონდა სათქმელი,


მაგრამ, საუბარში ჩარევა ვარ გადაეწყვიტა.

– მარიშკა, აბა, გაგვანათლე, რისი თქმა გინდა?

– ბატონო დევი, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ძალიან მინდა, მაგ ფუგანის სურათი ჩვენს
საერთო მეგობარს ვაჩვენო.

დევიმ თავი დაუქნია:

– მივხვდი, რომელ მეგობარს გულისხმობ. სხვათა შორის, არ არის ცუდი იდეა.

– ნოდარჩიკ, საყვარელო, შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, მაგ შენი პატივცემული გვამის
ფოტოები აუცილებლად გექნება.

– გვამის ფოტოები თუ გინდოდა, იქ არ გყავდა? – გულგრილად აიჩეჩა მხრები ნოდარ


დევიძემ, – გადამრევ მე შენ...

– ახლა ნუ დაიწყე! კარგად იცი, ცოცხლის ფოტოები მჭირდება და არა მკვდრის. შენი
ბიჭები უკვე მოასწრებდნენ მოჩხრეკა-მოძიებას.

– აა, ცოცხალი გუსტავის ფოტოები გჭირდებათ? რისთვის, ბატონო დევი, – შეიძლება,


მეც ვიცოდე?

– რაღაც უნდა გადავამოწმოთ, – თქვა მარიკამ, – მე და ბატონ დევის, უფრო სწორად,


ბატონ დევის, რაღაც მოსაზრება გაუჩნდა და...

დევიძემ ჭიქა დადგა და დევის წარბებს ქვემოდან გახედა.

– ეს საქმე ახვლედიანმა მე გადმომაბარა, თან, გამაფრთხილა, ბერაძის საქმისგან


გამიჯნე და, რაც მთავარია, ვიღაც-ვიღაცეებს შიგ ცხვირი არ ჩააყოფინოო. ვიცი, რაც
გადაწყვიტეთ. პაპავასაც ვიცნობ. მაგრამ, არაფერი გამოგივათ, თქვენს საქმეს
მიხედეთ, აჯობებს.

– დევიძე, შენ, გირჩევნია, ჩვენთან იმეგობრო, თორემ, ხომ იცი, ახვლედიანები


მიდიან და მოდიან, ჩვენ კი ვრჩებით და ისევ ამ „ქაქში“ ვსხედვართ, სადაც
ყოველთვის ვიჯექით, – გააფრთხილა დევიმ.

გამომძიებელი შეყოყმანდა, რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ კი ფარ-ხმალი


დაყარა:

– კარგი, მოგცემთ ფოტოებს, მაგრამ, მეც ყველაფერი უნდა ვიცოდე. ბოლოს და


ბოლოს, ამ საქმის გახსნით უპირველესად მე ვარ დაინტერესებული.

– მაგ ფუგანს ოჯახი არ აქვს? – იკითხა მარიკამ.

– ჯერჯერობით ვერავინ მოვიძიეთ. ძალიან უცნაური ამბავია. განცხადებაც არავის


შემოუტანია მისი გაუჩინარების შესახებ.

– თუ არავინ ჰყავს, ვის უნდა შემოეტანა?

– გერმანიის საელჩოს.

– მოიცა, თუ ძმა ხარ... საელჩოს ბატებივით კი არ ჰყავს თავისი მოქალაქეები


დათვლილი, – გაიცინა დევიმ, – თუ პატრონმა არ მიაკითხა, ვინ შეიწუხებს თავს?
მით უმეტეს, თუ ბევრს არაფერს წარმოადგენდა.

***

თემო პაპავას თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ქალის სილამაზეზე: თუ ზოგს ქალში


აუცილებლად მოდელის პარამეტრები მიაჩნია სილამაზედ, ის ასე არ ფიქრობდა.
ლამაზად არ მიაჩნდა ძალიან გამხდარი ქალი, თოჯინას სახით, გამომეტყველებით,
თოჯინური მანერებითა და ხელოვნური ღიმილით. ქალი, რომელიც ახლა, მის წინ,
სუფრასთან იჯდა, სწორედ ასეთი იყო: გამომწვევად ლამაზი ნაკვთებითა და
სხეულის ფორმებით, მაგრამ, აბსოლუტურად უაზრო გამოხედვით. ისედაც
გუნებამოშხამულს უარესად მოეშალა ნერვები. სამაგიეროდ, ახვლედიანი იყო
აღფრთოვანებული ელჩის ქალიშვილით და არც ცდილობდა ამის დამალვას.
ინგლისურის მთელი მარაგი დაახარჯა კომპლიმენტებზე და ღამის პაემანიც
დაუნიშნა. თემო იბოღმებოდა. ბოლოს კი შეუმჩნევლად გადაულაპარაკა შეფს:

– მე წასვლა მინდა. აუცილებლად უნდა წავიდე, სამსახურში მელოდებიან.

– ახლა ვერ წახვალ, უხერხულია, ცოტა ხანი კიდევ მოგიწევს მოცდა.


– თქვენ დარჩით, მე მეტს ვეღარ დავიცდი, – ჯიუტად გაიმეორა თემომ და
ასადგომად მოემზადა.

– ბატონ ელჩს რამდენიმე კითხვა აქვს თქვენთან, – სწორედ ამ დროს მიმართა მას
თარჯიმანმა და თემოც იძულებული გახდა, თავის განზრახვაზე ხელი აეღო. ბრაზით
მობრიცა ტუჩები და ნაძალადევი ღიმილით დაუქნია თავი თარჯიმანს.

– მის ნეილს დაკავებულის მონახულება სურს და ბატონ ელჩს აინტერესებს, არის თუ


არა ეს შესაძლებელი.

სანამ გამომძიებელი რამეს იტყოდა, ახვლედიანმა დაასწრო და სწრაფად დაეთანხმა:

– რატომაც არა, ამაში შეუძლებელს ვერაფერს ვხედავ. გადაეცით ბატონ ელჩს, რომ
შეხვედრას მოვამზადებთ.

– არა, – თქვა უცებ პაპავამ. ახვლედიანი გაშრა. გამომძიებელს მაგიდის ქვეშ


შეუმჩნევლად გაჰკრა ფეხი და თვალები დაუბრიალა, მაგრამ თემო ამჯერად
მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე.

– არა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, ქალბატონს ამის ნებას ვერ მივცემთ. ძიება არ
დამთავრებულა. ისედაც, მგონი, ეს შეხვედრა არავის მოუტანს სარგებლობას.

ელჩს მაშინვე გადაუთარგმნეს გამომძიებლის ნათქვამი. მამა-შვილი რამდენიმე წუთი


ჩუმად თათბირობდა ერთმანეთში. მერე ელჩმა თარჯიმანს რაღაც უთხრა.

– ბატონი ელჩი ამბობს, რომ საქმე მისი ოჯახის წევრს ეხება. ამიტომ, უნდა,
გამოძიების მსვლელობის შესახებ ყველაფერი იცოდეს.

– მოკლული ჯერ ისევ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო, – უპასუხა გამომძიებელმა, – ამიტომ,


იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ბატონ
ელჩს შეუძლია, მშვიდად იყოს – დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ყველაფერს
გავაკეთებთ, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს.

თარჯიმანმა მაშინვე გადათარგმნა. ელჩსა და მის ქალიშვილს სახეზე უკმაყოფილება


გამოესახათ. არც ახვლედიანს ეტყობოდა კმაყოფილება, მაგრამ, მხოლოდ ის
მოახერხა, რომ თავისი ხელქვეითის ნათქვამი განემარტა:
– დიახ. ჩვენ იმისი თქმა გვინდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

ქალმა შეღებილი წამწამები დააფახულა:

– ვის უნდა მოეკლა სერჟი? ის ისეთი არაჩვეულებრივი, თბილი და ყურადღებიანი


იყო, უწყინარი და ადამიანის ქომაგი!.. ძალიან მინდა, შევხედო იმას და ვკითხო, რა
დაუშავა. მე უფლება მაქვს, ვიცოდე, ის თითქმის ჩემი ქმარი იყო.

– ქალბატონო, მე ვეცდები... თუმცა, ვერ გპირდებით, – უხერხულობისგან გაწითლდა


ახვლედიანი. თემოს გაეღიმა. მიხვდა, ნელ ცეცხლზე იწვოდა მისი საყვარელი შეფი
და საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ ეს ამბავი ძალიან ესიამოვნა.

– შეიძლება, ქალბატონს რაღაც ვკითხო? – მიმართა თარჯიმანს ისე, რომ


ახვლედიანის მსუბუქი მუჯლუგუნისთვის, ფერდში რომ მოხვდა, ყურადღება არ
მიუქცევია.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – თავი ერთდროულად დააქნიეს ელჩმა და მისმა


ქალიშვილმა.

– ერთად დიდ დროს ატარებდით? – თქვენს საქმროს ვგულისხმობ.

– სულ ერთად ვიყავით. მე წასვლა მიწევდა ხოლმე და სერჟი ამას ძალიან განიცდიდა.
მეუბნებოდა, უშენოდ ქალაქი ცარიელი მგონია და ამ სიცარიელეში უაზროდ ვარო.

– იმ ბინის არსებობის შესახებ თუ იცოდით? – თემო ეშხში შევიდა, – ანუ, იცოდით,


რომ ბინა ჰქონდა ნაქირავები? ყოფილხართ იქ?

ქალმა რაღაც უთხრა თარჯიმანს და ხელები ისე აიქნია, რომ თემო მიხვდა, მან
შეკითხვის შინაარსი ვერ გაიგო.

– მის ნეილი გეკითხებათ, რა ბინაზეა ლაპარაკი. ბატონი სერჟი სასტუმროს


აპარტამენტებში ცხოვრობდა. ორი წლის წინ მას დედა გარდაეცვალა და საკუთარ
ბინაში აღარ რჩებოდა – ამბობდა, ვითრგუნებიო. დაქორწინების მერე წასვლა
ჰქონდათ გადაწყვეტილი. ბატონი სერჟი მზად იყო აქ ყველაფერი მიეტოვებინა,
რადგან მის ნეილს იქ ძალიან წარმატებული კარიერა აქვს.

– გასაგებია, – ისევ გაიღიმა თემომ.


– თუ გასაგებია, მეტი შეკითხვა აღარ დასვა, თორემ, ვერ გადამირჩები! – სახელოზე
შეუმჩნევლად დაქაჩა ახვლედიანმა.

– მის ნეილი შეშფოთებულია. სერჟი არასდროს ტყუოდა. რაღაც გაუგებრობაა. ის


ბინა, სადაც მოკლეს, შეუძლებელია, მას ჰქონოდა დაქირავებული.

– ქალბატონს უთხარით, რომ გვჯერა მისი და კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვართ,


მომხდარის გამო. მასპინძლობისთვის მადლობას გიხდით. ჩვენ უნდა წავიდეთ, –
ახვლედიანმა, იმის შიშით, რომ პაპავა კიდევ შეეცდებოდა ელჩის ქალიშვილის
გამოკითხვა-დაკითხვას, სწრაფად „მიაყარა” სათქმელი.

– ბატონი ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მის თხოვნას გაითვალისწინებთ.

– აუცილებლად, აუცილებლად!

– მის ნეილის დაკავებულთან შეხვედრას გულისხმობს, – თარჯიმანი პასუხის


მოლოდინში ახვლედიანს მიაშტერდა.

– რა თქმა უნდა, მეც სწორედ ეგ ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

ახვლედიანმა ძლივს მოითმინა, სანამ მანქანამდე მივიდოდნენ და პაპავას


ქარიშხალივით დაატყდა თავზე:

– სულელი ხარ? მითხარი, სულელი ხარ? გაგაფრთხილე, თუ არა, შეკითხვები არ


დასვა-მეთქი?

– მე ჩუმად ვიყავი, სანამ თავად არ მოინდომეს გამოძიების საქმეში ცხვირის ჩაყოფა.

– იცი, შენ რომ ახლა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იყავი. იცი?

– ახლა ხომ ვარ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე? – ჩაილაპარაკა თემომ


უკმაყოფილოდ.

– ჰმ, კიდევ შენ ბრაზობ? არც იფიქრო, რომ ის ქალი ჩვენს ეჭვმიტანილს ვერ
შეხვდება. მაინც გაგვაკეთებინებენ ამას და ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინოთ, სანამ
გვიან არ არის.

– დანაშაული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა, მოკლულიც ჩვენი ქვეყნის


მოქალაქეა. არ მესმის, რატომ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი კაპრიზები. პირიქით
რომ იყოს, ვინმე რამეს გვკითხავდა? ეჭვმიტანილს ეგ თოჯინა არ შეხვდება, მე ამის
წინააღმდეგი ვარ.

– შენ არავინ შეგეკითხება და არც მე, სამწუხაროდ.

თემოს უნდოდა, ეთქვა – რაღაც, არ გეტყობა, რომ წუხდეო, მაგრამ, შეფთან


ურთიერთობის გამწვავებას მოერიდა.

– მე მაგ თოჯინას არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამ იცის, მაგრამ
მიამიტ გოგონას როლს თამაშობს. შეიძლება, მონაწილეობდა კიდეც თავისი
საყვარელი საქმროს მოწყობილ ორგიებში.

ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები:

– ეს ჩვენი საქმე არ არის! გიმეორებ, არ არის ჩვენი საქმე!

– მკვლელობას ვიძიებთ, ბატონო გიორგი, და ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს.

– მკვლელობა გამოძიებულია. შეგიძლია, საქმე დახურო და გადმომცე, ან, პირდაპირ


სასამართლოს გადაუგზავნო.

– არა!

– რას ნიშნავს არა? შეასრულე, რასაც გეუბნები, ეს ბრძანებაა!

– მე ასე არ შემიძლია! – გაბრაზება დაეტყო პაპავას, – ბატონო გიორგი, სერგი ბერაძე


საკმაოდ ბნელი პიროვნება იყო. დარწმუნებული ვარ, რაღაც საშინელება ჩაიდინა და
იმიტომაც გაისტუმრეს საიქიოს. მეეჭვება, ეს იმ ქალის გაკეთებული იყოს.

– შენი ეჭვები ნაკლებად მაინტერესებს. ალესილი ნაჯახივით მადევს ეს საქმე


კისერზე და, დროზე თუ არ მოვიშორე, სულს ამომხდის. მოამზადე და გადაეცი
სასამართლოს. ორ დღეს გაძლევ და, უკვე გითხარი, რომ ეს ბრძანებაა.

***

დამნაშავეებად არ იბადებიან, დამნაშავეები ხდებიან. წესით, ეს მოსაზრება ძალიან


ახლოს უნდა იყოს ჭეშმარიტებასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი
უცოდველი იბადება. ეს მერე მძლავრობს მასში მანიაკი და, როცა ის სიკეთეს,
კაცთმოყვარეობას ჯაბნის, საზოგადოება შედეგად ურჩხულს, მონსტრს იღებს და
არასდროს ეკითხება თავის წევრებს, რა წვლილი შეიტანეს მათ უცოდველი არსების
ურჩხულად გადაქცევაში.

მარიკამ საათს შეხედა:

– ხომ არ დავურეკოთ? მგონი, ძალიან აგვიანებს. ან, იქნებ, რამე დავალება მისცეს.
დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავთ.

– თვითონ დარეკავდა, რამე რომ ჰქონდეს სათქმელი, – დაამშვიდა დევიმ და მეორე


გამომძიებელს მიუბრუნდა:

– შენ ერთი ეს მითხარი, თუ გადაამოწმე?

– რა? – ვერ მიხვდა დევიძე.

– თითების ანაბეჭდები თუ გადაამოწმე-მეთქი. რა დაგემართა, გვამის ანაბეჭდებს


ვგულისხმობდი.

– არა. რატომ უნდა გადამემოწმებინა? გერმანიის მოქალაქე იყო, ჩვენი ხომ არა.

– აუუ. დევიძე... პირველად იძიებ დანაშაულს? სწორედ მაგიტომაც უნდა


გადაამოწმო, რომ ჩვენი მოქალაქე არ არის. პირიქით რომ ყოფილიყო, პირველი,
რასაც გააკეთებდი, ეგ იქნებოდა.

– კარგი, ჩავალ ბიჭებთან, – ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა დევიძე.

– მერე ისევ ამოდი, მაინტერესებს, ნახავ თუ არა რამეს.

დევიძემ უსიტყვოდ გაიხურა კარი.

– ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ, შეჯანჯღარება სჭირდება ხოლმე, – თვალი ჩაუკრა


მარიკას დევიმ.

– თქვენ რაღაც ეჭვი გაქვთ, ასე არ არის?

– ე, ჩემო საყვარელო, მე ეჭვი სულ მაქვს – ეს პროფესიულია. კიდევ კარგი, ჩემი ცოლი
არასდროს მაძლევს საბაბს, თორემ, ოტელო ჩემთან მონაგონი იქნებოდა. ნახავ, ცოტა
ხანში შენც გაიგებ, ეს რას ნიშნავს. აი, ჩვენი „ფეისიც” მოვიდა. რა იყო, რა სახე
ჩამოგტირის, ელჩის სამზარეულო არ მოგეწონა? თემო, დავიღალეთ შენი ლოდინით,
თქვი რამე. ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ?

პაპავა მოწყვეტით, მძიმედ დაეშვა სკამზე და მაშინვე სიგარეტისკენ გაიწოდა ხელი.


მერე, მარიკასაც არ მოერიდა და ლანძღვა-გინების კორიანტელი ამოუშვა.

– ასეც ვიცოდი, – მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი დევიმ, – ეს მოსალოდნელი


იყო – ახვლედიანს ხომ ვიცნობ. თუმცა, ეგ საცოდავიც არაფერ შუაშია. რა ქნას?
ეუბნებიან – აკეთებს. ჩვეულებრივი „გამტარია” და ვერც გაამტყუნებ. ვა, მაინც, რა
მოხდა, მომკლა ცნობისმოყვარეობამ.

– ახვლედიანი საქმის დახურვას ითხოვს – ორ დღეში სასამართლოს უნდა გადასცეო.

– რანაირად? – გაოცდა მარიკა, – მერე მკვლელი?

– მკვლელი ნათია დეისაძეა. ყოველ შემთხვევაში, ახვლედიანისთვის. გადაწყვიტა,


რომ სამხილები საკმარისია. მოტივი არსებობს და მორჩა – მკვლელობა გახსნილია.

– გასაგებია. არ მიკვირს.

– არ გიკვირს? არც მე მიკვირს და ეს კიდევ უფრო უარესია. გაცოფებული ვარ,


არაფრის საშუალებას არ მაძლევენ – ასე აწყობთ და მორჩა.

– ჩვენ თვითონ რომ გავაგრძელოთ გამოძიება? – მოსაზრება გამოთქვა მარიკამ.

პაპავამ უპასუხოდ დატოვა მისი შეკითხვა. ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და შუბლს


ისრესდა. მერე ერთბაშად იფეთქა:

– სულ წავალ აქედან, ამათი დედებიც და, კიდევ, იმათიც! – მუქარით აიქნია ხელი
ჭერისკენ.

– მოიცა, დამშვიდდი, რაღაცას მოვიფიქრებთ.

– დევი, შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ამბობ. ახვლედიანს, მგონი, იმის ეშინია, ის
თოჯინა არ აღმოჩნდეს ბოლოს მკვლელი – ელჩის ქალიშვილს ვგულისხმობ, ბერაძის
საცოლეს.
– ვაუ! ეგრეა საქმე? რას მეუბნები?! – დევიმ წაუსტვინა, მაშინ, მართლაც
დამახურინებენ საქმეს.

– აბა, რა მხეთქავს გულზე?

– მდაა. დევიძე იყო აქ და ბიჭებთან გავუშვი. გამოშტერდა, მგონი. არც უფიქრია,


ანაბეჭდები გადაემოწმებინა.

– რომელი ანაბეჭდები? – ანგარიშმიუცემლად იკითხა თემომ.

– მდინარეში ნაპოვნი გვამის. მოიცა, მირეკავს. აბა, რაო, ნოდარჩიკ. ვაჰ, რას ამბობ
კაცო?! აი, სიურპრიზი! გასაშტერებელი ამბავია ნამდვილად და, ვშიშობ, ახვლედიანს
ძალიან არ გაუხარდება.

ცხოვრება თამაშია. ვთამაშობთ ყველგან და ყოველთვის, თუმცა, ხშირად უნიჭოდ და


ამას თავადაც ვხვდებით. მხოლოდ ზოგჯერ გამოგვდის კარგად და მაშინაც არავინ
არის ტაშის დამკვრელი. ეს ყველაფერი კი ჰგავს სცენაზე თამაშს, მაგრამ,
აპლოდისმენტების იმედი არ უნდა გქონდეს. ხოლო, როცა ფარდა იხურება, ხვდები,
რომ ცხოვრება დამთავრდა და მეორე შანსი აღარ მოგეცემა.

***

დევიმ მრავალმნიშვნელოვნად აათამაშა თითები მაგიდაზე. კაბინეტში ატმოსფერო


დამძიმდა და დაიძაბა. დუმილიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. თემო ხელებში
თავჩარგული იჯდა. მარიკა ჩაფიქრებული ატრიალებდა ხელში პლასტმასის ცარიელ
ჭიქას. დევიმ სიგარეტს მოუკიდა.

– აბა, რომელი ვეტყვით ახვლედიანს ამ ახალ ამბავს? თემო, მგონი, შენგან უფრო
გაუხარდება.

– ნეტავი შენსავით ხუმრობის გუნებაზე ვიყო, – ჩაიღრინა თემომ და დევის


სიგარეტის კოლოფი თავისკენ მიიჩოჩა.

– ისეთი ახალი ამბავი გაქვს, წესით, უნდა იყო ხუმრობის გუნებაზე.

– მე პირიქით მგონია! – წამოიძახა მარიკამ და შეცბა, – ბოდიში. შეიძლება, ვთქვა?


– რადგან დაიწყე, უნდა თქვა კიდეც, – გაამხნევა დევიმ და თვალი ჩაუკრა.

– დიახ, ეს ამბავი ყველაფერს ცვლის. ახლა უკვე აქვს საფუძველი ჩვენს ვარაუდს, რომ
ორივე მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია.

თემომ თავი გააქნია:

– მე გამაფრთხილეს, უფრო სწორად, მიბრძანეს, ეს ორი მკვლელობა ერთმანეთს არ


დავუკავშირო.

– კი მაგრამ, თუ ასეთი კავშირი არსებობს? – აღშფოთდა მარიკა.

– დამშვიდდი, გენაცვალე, მაგას დამტკიცება სჭირდება, – დევიმ ხელები


მოიფშვნიტა, – მაგრამ, ახვლედიანმა დღესვე უნდა გაიგოს ახალი ამბავი.

– გაიგოს მერე, მე რა შუაში ვარ. ვისაც აწერია. ეგ მკვლელობა, იმან უთხრას, –


გულგრილად აიჩეჩა მხრები პაპავამ.

– დევიძეს ისეთი დაფეთებული ხმა ჰქონდა, მეეჭვება, საერთოდ რამე თქვას. არ


იცით, რა ტიპია? ეგ ასე მალე გონზე ვერ მოვა.

– მაინც, არ არის ჩემი საქმე?

– ეე, შენ ახლა ნუ დაიწყე! ვხვდები, რა დღეშიც ხარ – გაბრაზდი ახვლედიანზე და,
გინდა, სამაგიერო გადაუხადო. მაგრამ, შენვე ვერ მოისვენებ. აიღე, აიღე ტელეფონი
და დაურეკე, ჩავამწაროთ ვახშამი, უფრო სწორად, ელჩთან ვახშმით მიღებული
სიამოვნება.

– დევიძე სად არის. დაურეკე, მოვიდეს.

– კი ბატონო, დავურეკავ, მაგრამ, წინასწარ ვიცი, რასაც გეტყვით.

ნოდარ დევიძე მაშინვე არ ამოსულა, ნახევარი საათი მაინც გავიდა, ვიდრე პაპავას
კაბინეტამდე მიაღწევდა. მარიკა მოუსვენრად აწრიალდა:

– ვატყობ, დღესაც გვიანობამდე ვერ მივალ სახლში, – გადაულაპარაკა დევის.

– შეგიძლია, ახლავე წახვიდე, შენ აქ ყოფნის ვალდებულება არ გაქვს. სტაჟიორს


ვერაფერს ვაიძულებ, – უთხრა თემომ მკაცრად და მაშინვე დააყოლა: – ახვლედიანს
მე ვეტყვი, რომ სისხლის სამართალი შენთვის შესაფერისი სფერო არ არის. წადი
ადვოკატურაში, სამოქალაქოში – ერთი სიტყვით, სისხლს მოეშვი, რა! რას ერჩი
საკუთარ თავს? მერე კიდევ, გათხოვდები და ქმარი უნდა გააგიჟო შენი
არანორმალური გრაფიკით. რა ძალა გაქვს? მშვიდი ცხოვრება უკეთესია, დამიჯერე.
მით უმეტეს, ხელფასიც არ გექნება ისეთი, ამ ყველაფრად რომ ღირდეს.

დევიმ გაოცებით შეხედა მეგობარს:

– თემო, შენ, გეტყობა, ძალიან ცუდად ხარ. რას გადაეკიდე ამ გოგოს? სხვათა შორის,
ბევრ ჩვენს თანამშრომელზე უკეთესად აზროვნებს და მუშაობაც არ ეზარება.

– ცუდ გუნებაზე ნამდვილად ვარ, მაგრამ, კი არ ვერჩი, ვუხსნი, რისი ატანა მოუწევს.
რეალობა ხომ უნდა იცოდეს? მართლა, რა ქენი, შეხვდით იმ ქალს და ელაპარაკეთ?

– ამჟამად, ია ლომიძე, საქართველოში არ იმყოფება, სემინარზეა წასული, – სწრაფად


თქვა მარიკამ და გამომძიებელს დამნაშავესავით შეხედა. თემომ მაგიდის ზედაპირს
მსუბუქად დასცხო მუშტი:

– ასეც ვიცოდი. ეგ ქალი ძალიან მჭირდება. დარწმუნებული ხარ, რომ არ გეშლება?


შენ გეკითხები. შემთხვევით, სხვა ია ლომიძეს ხომ არ მიადექი?

– მარიკამ წყენა ვეღარ დამალა:

– მამაჩემი ექიმია და თავის სფეროში ყველას იცნობს. სხვათა შორის, ია ლომიძე


ძალიან ცნობილი გინეკოლოგია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თუ ის
დასკვნა მართლა მისი დაწერილია, არავითარ შემთხვევაში არ გადათქვამს.

– ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. ავტორიტეტიანი პროფესიონალებიც მიდიან


ხოლმე დათმობებზე და ქრთამსაც კარგად იღებენ. ის მაინც თუ იცი, როდის
შევძლებთ მასთან შეხვედრას?

– სავარაუდოდ, ორ კვირაში, შეიძლება – ათ დღეშიც.

– ვერ ვიტან ასეთ გაურკვეველ პასუხებს.

– ასე მითხრეს კლინიკაში. მასთან სახლში არ ვყოფილვარ, რატომღაც,


მიზანშეწონილად არ ჩავთვალე.
– სანამ რამეს მიზანშეწონილად მიიჩნევდე, ან არ ჩათვლიდე, ჯერ მე შემითანხმდი,
იმიტომ რომ, შეიძლება, ერთმანეთის გადაწყვეტილებები სულაც არ მივიჩნიოთ
მართებულად.

მარიკამ ტუჩზე იკბინა და ოდნავ გაფითრდა. მას უკვე ვეღარავინ გადაარწმუნებდა


იმაში, რომ თემურ პაპავას არ სძულდა.

ნოდარ დევიძემ აქოშინებულმა შემოაღო კარი.

– მორბოდი? – ირონიულად ჰკითხა დევიმ, – ნახევარ საათზე მეტი კი მოანდომე ორი


სართულის კიბეების ამოვლას.

– ჰო, რა ვიცი. ჯერ ახვლედიანთან ვაპირებდი შესვლას, მაგრამ, მდივანმა მითხრა,


გავიდა და არ უთქვამს, როდის დაბრუნდებაო. იცი, ხომ, რაც მოხდა? – დევიძემ
ამოიოხრა, – მაგრად გართულდა ყველაფერი.

– ესე იგი, გუსტავ ფუგანი სულაც არ აღმოჩნდა გუსტავ ფუგანი? მაგარი რამეა, –
ხელები მოფშვნიტა დევიმ, – ყველანაირ ალბათობას გამორიცხავს. ჰო, აბა, რაო,
კიდევ რისი თქმა გინდოდა?

– ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ერთბაშად.
გოგი ფაილოძე, ვის ანაბეჭდებსაც დაემთხვა და კარტოთეკაში მოიძებნა, ორჯერ არის
ნასამართლევი და, ორჯერვე გაუპატიურებისთვის, ძალადობისა და
მსხვერპლისთვის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მიყენებისთვის.

– ერთი სიტყვით, სადიზმისთვის.

– ბოლოს როდის გათავისუფლდა? – ჰკითხა პაპავამ.

– ათი წლის წინ და მაშინვე გაქრა თვალთახედვის არედან.

– როგორც ჩანს, გერმანიაში „მოხვდა”. იქ მოქალაქეობაც მიიღო და სახელი და გვარიც


შეიცვალა, აი, პატიოსნებას კი ვერაფერი მოუხერხა. სულელი ყოფილა, რისთვის
დაბრუნდა, – თემოს გადახედა დევიმ, – შენ როგორ ფიქრობ?

– მე იმას ვფიქრობ, რომ ნოდარს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს – რაც შეიძლება, მალე
უნდა მოახსენოს, ამ საქმის შესახებ ახვლედიანს. მერე უნდა დააზუსტოს, მართლა
არის თუ არა ერთი და იგივე პიროვნება გუსტავ ფუგანი და გოგი ფაილოძე; რას
საქმიანობდა გერმანიაში, სად ცხოვრობდა; ასევე მისი კავშირები, მეგობრები...
მოკლედ, არ მშურს შენი. სიამოვნებითაც დაგეხმარებოდი, ჩემი მკვდარი რომ არ
მყავდეს დასამარხი.

დევიძემ ამოიოხრა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და დევის წინ დაუდო:

– ეს, შენ რომ მთხოვე. წავედი მე, თათბირზე შევხვდებით.

თემომ თავი დაუქნია. კართან მისული დევიძე ისევ შემობრუნდა:

– ბიჭო, ახვლედიანმა კი თქვა, ეს ორი საქმე ერთმანეთისგან გამიჯნეთო, მაგრამ, მე


მაინც ვფიქრობ, თუ ერთად ვიმუშავებთ, უფრო სწრაფად წავალთ წინ.

დევიძე რომ გავიდა, დევიმ კმაყოფილებით ჩაიცინა:

– ამას რაღაც უსწავლია, ხომ იცი, შენ!

– მეეჭვება. უბრალოდ, იცის ახვლედიანის რეაქცია და მხარდამჭერები სჭირდება. რა


მოგიტანა?

– გუსტავ ფუგანის ფოტოა. მე და მარიკას გვჭირდება, რაღაც უნდა შევამოწმოთ, –


დევიმ მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი მარიკას.

– იმედია, მეც ჩამაყენებთ საქმის კურსში.

– აუცილებლად.

– კარგი, – პაპავამ საათზე დაიხედა, დღეს, შეგვიძლია, დავიშალოთ. ხვალ


ახვლედიანს ვეტყვი, რომ, სანამ ერთადერთ მოწმეს არ დავკითხავ, საქმეს ვერ
დავხურავ.

– რომელ მოწმეს?

– ია ლომიძეს. მხოლოდ მას შეუძლია, მოკლული სერგი ბერაძისა და ნათია დეისაძის


კავშირი დაადასტუროს. ამის გარეშე, საქმეს სასამართლოს ვერ გადავცემ, – თემო
შეიჭმუხნა და უცებ, მარიკას ძალიან მეგობრული, უშუალო ტონით მიმართა.
– ერთი სათხოვარი მაქვს: ელჩის ქალიშვილის ფოტოს მოგცემ და იმ შენს მეგობარს
აჩვენე. მიხვდი, ხომ, ვისაც ვგულისხმობ? მისი დაკითხვის შანსი არ მომეცემა, ყოველ
შემთხვევაში, ოფიციალურად, მაგრამ, მის უწყინარ, ბავშვურ ღიმილში რაღაც
მაეჭვებს. ძალიან მაეჭვებს.

– კარგი, არ იქნება პრობლემა. ზეასთან მისვლას ისედაც ვაპირებდი. იმ დღეს


ვერაფერი ვკითხე, რადგან შემთხვევის ადგილას გამოგვიძახეთ, – მარიკასთვის ჯერ
კიდევ არ ჰქონდა გავლილი წყენას, მაგრამ პაპავას აღიარება, რომ მისი დახმარება
სჭირდებოდა, ძალიან ესიამოვნა.

– ზეა? ქალია თუ კაცი?

– ოო, მაგ შეკითხვაზე მარტივად ვერ გიპასუხებთ. ჯერ თვითონ არ არის მაგ
საკითხში ჩამოყალიბებული და იმიტომ, – გაიცინა დევიმ, – ვერ მოვასწარით
შენთვის მოგვეყოლა, მაგრამ, მოდი, რაღაც-რაღაცეებს კიდევ დავაზუსტებთ და მერე
ერთიანად მოგაწვდით ინფორმაციას.

თემომ დააპირა რაღაც ეთქვა, მაგრამ მაგიდაზე უყურადღებოდ მიტოვებული


მობილური აწკრიალდა, თავი შეახსენა.

– გისმენ! ჰო, მე ვარ. სად უნდა ვიყო, რა სისულელს მეკითხები. უკვე მალე, ალბათ
ნახევარ საათში. ჰო, პირდაპირ სახლში მოვდივარ. არც ვაპირებ, მოგატყუო.
თანამშრომელს დავტოვებ სახლში და მოვალ. არა, ახლა არა, სახლში ვილაპარაკოთ
მაგაზე, – თემომ ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიტენა, – მარიკას მე წავიყვან.

– კარგი, ბატონო, – ხელები გაშალა დევიმ, – საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მარიკა,


თუ შენს ექსტრავაგანტურ მეგობართან სტუმრობას გადაწყვეტ, აუცილებლად
შემეხმიანე და მეც წამოვალ – მაგ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ.

– გადაწყვეტილი მაქვს, ბატონო დევი, უნდა დავურეკო და შევუთანხმდე. ბარში ჩვენ


შეხვედრას აზრი არ აქვს, სახლში უნდა მივაკითხოთ.

– მეც სწორედ ეგ ვიგულისხმე.

– ბატონო თემო, ნუ შეწუხდებით, მამას დავურეკავ და მომაკითხავს.

– მამას დაურეკავს. საბავშვო ბაღში კი არ ხარ, რომ მშობელმა მოგაკითხოს. წამოდი,


წამოდი, მიგიყვან როგორმე. თუ, ისევ ბრაზობ ჩემზე და ამიტომ მეუბნები, მამა
მომაკითხავსო?

– არა, არ ვბრაზობ, – ნაძალადევად გაუღიმა მარიკამ.

– ძალიან კარგი. არ მიყვარს, როცა ქალი იბუტება, – თქვა თემომ და მაშინვე


საკუთარი ცოლი გაახსენდა.

***

ქალი ფანჯარასთან სცემდა ბოლთას. ქუჩიდან შემოსული მანქანების ხმაზე


დაძაბული ჩერდებოდა და მიაყურადებდა ხოლმე. თითებს შორის გაჩრილი
სიგარეტი ისევ მოუკიდებელი დაჰქონდა. ერთბაშად გაჩერდა და სავარძელში
ნებიერად მოკალათებულ ბიჭს შეხედა:

– ნახე, რომელი საათია? აი, ასეა ყოველდღე, გამონაკლისის გარეშე. ახლა მაინც
ხვდები, რატომ ვარ ასე გაღიზიანებული? რომელი ქალი გაუძლებს ამას, რომელი?

– რა ქნას, მუშაობს კაცი, – მშვიდად თქვა ბიჭმა, – ცოლად ვის მიჰყვებოდი, უნდა
გცოდნოდა. იმას ხომ ვერ იტყვი, რომ ახლა შეიცვალა? რაც მას ვიცნობ, სულ ასეა.
ტიპია ასეთი და სამსახურიც შესაფერისი აქვს. შენ კი გულს ასკდები. დამშვიდდი, რა!

დამშვიდების ნაცვლად ქალმა, სიგარეტს მოუკიდა აკანკალებული ხელით და ბიჭს


საყვედურით მიმართა:

– შენ აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ, რომ ჩემს ქმარს ადვოკატად დაუდგე. შველა და


თანადგომა მე მჭირდება, მას კი არა!

– რა გინდა, ხომ მოვედი? ეს არაფერს ნიშნავს? სხვათა შორის, ვარჯიში გავაცდინე.

– ჰოდა, რა, მადლობა გითხრა? მაყვედრი, რომ მოხვედი? – ქალმა სატირლად


მობრიცა ტუჩები.

– ეე, კარგი რა, რას გაყვედრი, საიდან მოიტანე ეგ სისულელე! მოიცა, მოდი აქ, მოდი,
ბიჭი ადგა, ქალთან მივიდა, მხრებზე მოხვია ხელი და მკერდზე მაგრად მიიკრა. ქალი
ჯერ გაუძალიანდა, მერე ჩაეხუტა! სახე მის მკერდში ჩამალა და ასლუკუნდა.

– აუ, ოღონდ არ იტირო! ვერ გაიზარდე, რა... პატარა ბავშვივით იქცევი. აქ იმიტომ
ვარ, რომ მოგეფერო და დაგამშვიდო. ვერ ვუძლებ შენს ცრემლებს. თემო კი...
მეეჭვება...

– თემოზე ნუღარ მელაპარაკები! – ნერვიული კანკალით შეაწყვეტინა ქალმა, – მინდა,


ცოტა დავმშვიდდე, რომ, როცა მოვა, საშინელი ისტერიკა არ მოვუწყო.

– არა, ეგ არ გააკეთო. იმას თუ არა, საკუთარ ნერვებს მაინც უნდა გაუფრთხილდე.


დამპირდი, რომ არ ინერვიულებ, – ბიჭმა ნიკაპზე მოჰკიდა ხელი ქალს, სახე
წამოუწია და თვალებში ჩახედა, მერე ორივე ლოყაზე აკოცა.

– იცი, რა ძალიან მიყვარხარ? შენს ცრემლებს არავის ვაპატიებ.

– მეც ძალიან მიყვარხარ. დათ, ხომ მომეხმარები, მაგ საზიზღარს ჭკუა ვასწავლო?

– იმაში მოგეხმარები, რომ ცუდი ყველაფერი დაივიწყო. თუ გინდა, ჩაიცვი და სადმე


გავისეირნოთ – ბარში წაგიყვან, ცოტას დავლევთ, ვიცეკვებთ.

– არა, არა, არსად არ მინდა წასვლა. უნდა ვნახო, რომელ საათზე მობრძანდება
სახლში, უნდა ვნახო, – გაჭირვეულდა მაკა. დათომ ამოიოხრა.

– ამით იმას მიაღწევ, რომ საკუთარ თავს დაიზიანებ. დაანებე რა, შენს ქმარს თავი,
სდიოს თავის დამნაშავეებს და იყოს. დამიჯერე, სხვა პრასვეტი მაგას არა აქვს. შენ კი
თავს იტანჯავ.

– ეგრე გეგონოს! პრასვეტების მეტი რა აქვს, კაბაწამოხდილი სტაჟიორებითაა სავსე


იქაურობა.

დათოს გაეცინა და თვალებში ნაპერწკლები აუციმციმდა:

– ხომ არ აჯობებს, მეც მასთან მოვძებნო რამე სამსახური? ასეთი შანსების ხელიდან
გაშვება არ შეიძლება.

– საზიზღარი! – ქალმა გამეტებით დაუშინა მუშტები და გაანჩხლდა.

– გეხუმრე, რა დაგემართა, რა დღეში გაქვს ნერვები! – დათომ ორივე ხელი დაუჭირა


და მსუბუქად შეანჯღრია, – აბა, მორჩი ნერვიულობას, მორჩი და გამიღიმე! ჰე, მიდი,
შენი ქმრის გულის მოგება თუ გინდა, უნდა გაიღიმო. სიცილი ძალიან გიხდება.

***
რომ შეიძლებოდეს, სამყარო ორ ნაწილად გაყო და ერთმანეთისგან გამიჯნო სიკეთე
და ბოროტება, თანაც, პირველივე წუთიდან სიკეთის სადარაჯოზე დადგე,
შეიცვლებოდა ამით რამე? რამდენი მსურველი გამოჩნდებოდა, ადგილი იმ ნაწილში
რომ, „დაეჯავშნა”, სადაც ბოროტება იქნებოდა ერთპიროვნული მბრძანებელი?
ადამიანები არც ისეთი თამამები და გულახდილები არიან, სააშკარაოზე გამოიტანონ
თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები – სულის გაშიშვლება და გამომზეურება არავის
უნდა. საქმე ის არ არის, ეშინიათ თუ არა მათ ჯოჯოხეთის სატანჯველის.
ჯოჯოხეთში ექსკურსია რომც მოუწყო და დაათვალიერებინო მისი
ღირსშესანიშნაობები, გულს მაინც ვერ შეუწუხებ და შეუთრთოლებ მარტივი
მიზეზის გამო – ადამიანებს არ უნდათ, დაიჯერონ ცუდი, მით უმეტეს ის, რომ ეს
ცუდი მათ გადახდებათ თავს... შეიძლება, ამიტომაც არავის უფიქრია, სამყარო
ბოროტ და კეთილ ნაწილებად დაეყო...

***

... სატელეფონო დიალოგი საკმაოდ ლაკონური იყო: ერთი მხრიდან ელჩი


ლაპარაკობდა, მეორე მხრიდან... მისი სიტყვების ადრესატი არ ჩანდა... საუბრის
მანერითა და ტონით გასაგები გახდა, რომ შინაარსი არაფრით არ იყო სასიამოვნო...
ელჩი იჭმუხნებოდა, ტუჩებს მკაცრად კუმშავდა და თითებსაც ნერვიულად
ათამაშებდა ყურმილის მემბრანაზე... საუბარს რომ მორჩა, ყურმილი დადო და
მდივანი გამოიძახა:

– ჩემი ქალიშვილი სად არის?

მდივანი დაიბნა:

– მე მეკითხებით?

– დიახ. დაცვამ უნდა იცოდეს მისი ყოველი ნაბიჯი. მე ასე მინდა. სანამ აქ არის,
მაქსიმალური კონტროლი დასჭირდება. ოღონდ, თვითონ ვერაფერს ვერ უნდა
მიხვდეს. დაცვის უფროსი მოვიდეს. თქვენ კი მიბრძანდით და ნახეთ, სად არის ჩემი
ქალიშვილი. კიდევ ერთიც: ისე გააკეთეთ, რომ ალკოჰოლზე არ მიუწვდებოდეს
ხელი... არანაირზე. გაიგეთ, ხომ?

– დიახ, რა თქმა უნდა.

– თუ ყველაფერი გაიგეთ, რაღას დგახართ? მიხედეთ საქმეს! 2 საათზე მინისტრთან


მაქვს შეხვედრა. თარჯიმანი არ დამჭირდება. არც თქვენ. პრივატული შეხვედრაა.
ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს.

მდივანმა თავი დაუქნია. ცოტა ხანს კიდევ შეყოვნდა და ჩუმად გაიხურა კარი. ელჩი
სავარძელში ჩაჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა...

***

მარიკა ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ ეცვლებოდა პაპავას გამომეტყველება...

– იმ ახალ ამბავზე ფიქრობთ? – ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა.

– რა ვიცი, მე სულ ვფიქრობ... – ცოტაოდენი დუმილის შემდეგ უპასუხა პაპავამ, –


ელჩის ქალიშვილის ფოტო აიღე? ხომ არ დაგავიწყდა?

– არა, აქ მაქვს. ფიქრობთ, ეს რამე ხელჩასაჭიდს მოგვცემს?

– არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, უნდა შევამოწმოთ. ყველა საფუძვლიანი ეჭვი უნდა


გადამოწმდეს. არც ერთი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.

– თუ საქმეს დახურავთ, მაინც?

პაპავამ უცნაურად შეხედა გოგოს:

– გიკვირს?

– არა. უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ იქცევა პროფესიონალი მაძებარი, როცა მას


მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

– კარგად თქვი – მაძებარი... ეძებს... მიუხედავად ყველაფრისა, ეძებს...

***

... გაათავისუფლებთ ფიქრის ნაყოფს, ანუ აზრს გულუბრყვილობისგან (ზედმეტია,


დაგვიჯერეთ); უმატებთ ცოტაოდენ სკეპტიციზმს (ასეა საჭირო), ბლომად ირონიას
(ნუ დაგენანებათ, მნიშვნელოვანი ინგრედიენტია), ცინიზმს, ცოტაც ათეიზმს (მერე
რა, გულში გწამდეთ ღმერთი, ვინ გიშლით)... აგნოსტიციზმიც შეიძლება, თუ
ათეიზმი ვერ მოიძიეთ და მზად არის – თანამედროვე საზოგადოებაში მიღებული და
აღიარებული ტიპაჟი სახეზეა. მას ყველგან ხსნილი აქვს გზა, ყველგან სასურველი
სტუმარია, ყველა ცდილობს, დაუახლოვდეს და მერე თავი მოიწონოს მასთან
ნაცნობობით. თუმცა, არავის არ უყვარს. ზოგჯერ მისივე ოჯახის წევრსაც კი...
სამაგიეროდ, არ იცის, რა არის იმედგაცრუება, არც სულის ტკივილი აწუხებს და არც
სინდისის ქენჯნა... მაგრამ თუ გადაწყვეტთ, საკუთარ თავში გააზავოთ ეს
„კოქტეილი“, არ დაგავიწყდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი:
გულუბრყვილობის საფარველის ქვეშ არის მოთავსებული ნდობის ძალიან თხელი
ფენა და გირჩევთ, მას მაინც არ შეეხოთ, მიზეზს ნუ იკითხავთ... სიტყვაზე გვენდეთ!

***

დათომ ყავის ფინჯანი დადგა და ქალს თმა ალერსით მოუჩეჩა.

– მოდი, ახლა წავალ, ასე აჯობებს. არ მინდა შენს ქმარს აქ დავხვდე. არც შენ გინდა ეს,
მერე დაგირეკავ.

ქალმა თავი დაუქნია.

– მგონი, მართლა ასე აჯობებს. ისე ვარ გაღიზიანებული, შეიძლება, რაღაც ვუთხრა
და სკანდალიც ატყდება. არ მინდა, ამ ყველაფრის მოწმე გახდე.

– არა, ასე არაფერი გამოვა, – ცოტათი გაბრაზდა ბიჭი, – შენ ხომ მითხარი,
დავმშვიდდიო. დამპირდი, რომ ჩხუბს არ დაუწყებ.

– ვეცდები, მაგრამ ვერ დაგპირდები.

– მაშინ იძულებული გავხდები, დავრჩე და ქარიშხალი ისე აგაცილო.

– წადი, არ იქნება ქარიშხალი... – ამოიოხრა ქალმა, – შენ მართალი ხარ, არავინ ღირს
ჩემს ცრემლებად და ნერვებად.

– თუ მაგას ისე არ ამბობ, ჩემთვის თვალის ასახვევად და, მართლა გაიგე, რაც
გელაპარაკე, ძალიან კარგი.

– ჰო, გავიგე. შენც არ დაგავიწყდეს, დახმარებას რომ შემპირდი.

– არ დამავიწყდება და, თუ შენს ქმარს მართლა ჰყავს საყვარელი, აუცილებლად


გამოვიყვან სააშკარაოზე.
– და... აქტიურ მოქმედებაზე გადახვალ.

– „აბორდაჟზე“ ავიყვან, „აბორდაჟზე“, – გაიცინა დათომ და ქალს ჰაეროვანი კოცნა


გაუგზავნა, – შენ ოღონდ დამშვიდდი და ყველაფერს გავაკეთებ...

***

... ახვლედიანს უსიამოვნოდ გაჰკენწლა გულმა, დილაუთენია სამმართველოში


მოსულს, საკუთარ კაბინეტთან ატუზული გამომძიებელი დევიძე რომ დაინახა.

– შენ აქ რას აკეთებ? თათბირი თერთმეტ საათზეა, ისიც ჯერ არ გადამიწყვეტია.


შეიძლება, წასასვლელი გავხდე.

– აუცილებელი საქმეა, ბატონო გიორგი, ახლავე უნდა დაგელაპარაკოთ.

– ჰო? ძალიან აუცილებელი? ბომბი ხომ არ არის შენობაში? გვაფეთქებენ? – გახუმრება


სცადა ახვლედიანმა, მაგრამ გამომძიებლის მოჟამულ სახეს რომ შეხედა, წარბი
შეიკრა და ხმა გაიმკაცრა:

– კარგი, შემოდი... ჰო, შემოდი და დაჯექი... ან მე მაცადე დაჯდომა, შენი ახალი


ამბით ძალიან რომ არ დავიზაფრო.

– ბატონო გიორგი, მოკლულის თითების ანაბეჭდები ჩვენს კარტოთეკაში


გადავამოწმე...

ახვლედიანი დაიძაბა.

– მერე? – იკითხა მოღუშულმა და უსიამოვნო სიახლის მოლოდინში ნერვიულად


აათამაშა თითები მაგიდის ზედაპირზე.

– მოკლული ვინმე გოგი ფაილოძესთან იდენტიფიცირდა, წარსულში ორჯერ


ნასამართლევთან.

ახვლედიანი გაწითლდა:

– დევიძე, დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც ახლა მეუბნები?


– ბატონო გიორგი... – აიწურა გამომძიებელი.

– ჰო, კარგი... დავუშვათ, თითების ანაბეჭდები არ ტყუის... დავუშვათ, რომ ამ


შემთხვევაში შეცდომა გამორიცხულია. რა იცვლება ამით? ეს ამბავი კიდევ ვინ იცის?

გამომძიებელმა მაშინვე არ უპასუხა. ფიქრობდა, რა ეთქვა. ახვლედიანი გააღიზიანა


მისმა დუმილმა.

– ვინ იცის-მეთქი ეს ამბავი?

– პაპავამ და მაჩაბელმა. ჰო, ის გოგოც იყო ოთახში, პაპავას სტაჟიორი რომ არის.

– ვერ მოიცადე, სანამ მე მეტყოდი? ჰმ, პაპავას ურჩევნია, ბერაძის მკვლელობის საქმეს
მიხედოს. შენ კი განაგრძე მუშაობა, განაგრძე...

დევიძეს სახეზე გაოცება გამოესახა.

– ჰო, რა იყო? ვერ გეტყვი, ძალიან გამახარა-მეთქი იმან, რაც მითხარი, ნამდვილად არ
გამხარებია, მაგრამ, შენი და ჩვენი სამსახური ასეთია – ნებისმიერ მოულოდნელობას
უნდა ველოდეთ.

– დიახ, მართალი ბრძანდებით, მეც სწორედ ამის თქმა მინდოდა. გამორიცხული არ


არის, ამ მკვლელობას ელჩის სიძის მკვლელობასთან ჰქონდეს რაღაც კავშირი.

ახვლედიანი გაშტერდა, გაფითრდა და მოულოდნელად მაგიდის ზედაპირს დასცხო


გაშლილი ხელისგული.

– არა!.. რა შუაშია ელჩის სიძე? თავი დაანებეთ ამ პროვოკაციას და იმუშავეთ...


იმუშავეთ!..

– ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ...

– არავითარი „მაგრამ“... წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებთ, ნურც შენ და ნურც პაპავა.


ნურც ეცდებით, ყველაფერი გაართულოთ. ქართველიც რომ იყოს ეგ ვიღაც
გერმანელი, მაინც არაფერ კავშირში იქნება ბერაძის მკვლელობასთან. ახლა წადი და
საქმეს მიხედე. პაპავასთან პრივატულ თათბირებსა და მოლაპარაკებებს კი თავი
დაანებე.
დევიძე უხმოდ გაიძურწა კაბინეტიდან. მხოლოდ დერეფანში მისცა თავს ბუზღუნის
უფლება. ახვლედიანმა ჩვეულებას უღალატა – ორი ფინჯანი ყავა ზედიზედ დალია
და მდივანი გამოიძახა.

– მე „მთავართან“ მივდივარ. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, არ დამირეკო...

ახვლედიანმა მოვლენებს დაასწრო და, სანამ „მთავარი“ დაიბარებდა, თვითონ


გამოცხადდა მასთან მოკლე, მაგრამ „ფაქტებით გაჯერებული“ ანგარიშით. გულის
სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ ეს საქმე მის კარიერულ წინსვლას შეუწყობდა
ხელს, ავტორიტეტსა და სახელს მოუხვეჭდა. დიდ იმედს ამყარებდა ჯერ
გამოუძიებელ, უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტით სავსე დანაშაულზე.
ყველაფერი გამოუვიდოდა, თუ პაპავა მის მითითებებს შეასრულებდა. ამიტომ მეტ-
ნაკლებად იმედმოცემული წარდგა „მთავარის“ წინაშე, რომელმაც ზუსტად ათ წუთში
გადაასხა ცივი წყალი მის აღფრთოვანებას... „მთავარის“ კაბინეტიდან ახვლედიანი
გაცეცხლებული გამოვიდა. შიგნით ყველაფერი უდუღდა და გაღვიძებული
ვულკანივით ბობოქრობდა. არ სურდა, ეღიარებინა, რომ, რაც „მთავარმა“ უთხრა,
მისი არაპროფესიონალიზმის პირდაპირი შედეგი იყო. პაპავას ელჩის ქალიშვილთან
პირისპირ გასაუბრება უნდოდა, მან კი ამის საშუალება არ მისცა და აღმოჩნდა, რომ
შეცდომაც დაუშვა. „მთავარმა“ არაპირდაპირ მიანიშნა, რომ თავისი პროფესიული
ვალი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა შეესრულებინა...

ახვლედიანი საკუთარ ნერვებსა და გულს ასკდებოდა: ამათი ვერაფერი გავიგე: ხან


გეუბნებიან, დროზე მოაშორე ეგ საქმეო, ხან თითს გიტრიალებენ ცხვირწინ – რამე
შეცდომა არ დაუშვაო... პაპავას მოქმედების თავისუფლება რომ მივცე,
დიპლომატიური სკანდალი არ აგვცდება... ნეტავი, ამას მაინც რისი თქმა უნდოდა,
მიკიბულ-მოკიბული რომ დამიწყო, დანაშაული ჩვენს ტერიტორიაზეა მომხდარი და
ყველაფერზე პასუხისმგებლები ვართო?.. ბოლოს მე აღმოვჩნდები ყველაფერზე
პასუხისმგებელი... გაცეცხლებულმა ახვლედიანმა წიხლი მანქანის საბურავს მიჰკრა.
მძღოლმა განცვიფრებით გამოხედა.

– სამმართველოში? – ჰკითხა, როცა ახვლედიანი მანქანაში ჩაჯდა.

– არა, სახლში მიმიყვანე. ერთი საათი უნდა დავისვენო. შენ დამელოდები.

***

... კარი თავად ზეამ გაუღო. გოგოს დანახვამ გაახარა, მაგრამ, მარიკას მოეჩვენა, რომ
მის ყოფილ მეგობარსა და მეზობელს შეშინებული სახე ჰქონდა. თვალებსაც ხაფანგში
გამომწყვდეულივით აცეცებდა. მარიკა ოთახში შეიპატიჟა და მაშინვე ის ჰკითხა,
გარეთ საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავსო.

– საეჭვო რა უნდა შემენიშნა? – გაეღიმა მარიკას.

– რა ვიცი, გოგო, ბოროტებით გაივსო ქალაქი, მეხი დავაყარე მაგათ! არავის არ


ვენდობი, არავის... ნუ, შენ გამონაკლისი ხარ, საყვარელო. როგორ მიხარია, რომ
შეგხვდი!..

– შენი მეგობარი სახლში არ არის? იმაზე გეკითხები, ბარში რომ გამაცანი. მგონი,
მითხარი, ბინას ერთად ვქირაობთო.

ზეა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. წამწამები კი ისე ააფახულა, ძალიან შეურაცხყოფილი


ადამიანივით:

– ნუ, მარიშკა, რანაირი ხარ. ხომ გთხოვე, ქირა არ ახსენო-მეთქი? ნუ, ძალიან, ძალიან
ისე ჟღერს, ხომ ხვდები, არასვეტსკურად.

– დიდი ამბავი, მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს... – მხრები აიჩეჩა მარიკამ, – ბინებს,
სახლებს ქირაობენ და ისე კვდებიან, საკუთარის შეძენის სურვილიც არ უჩნდებათ,
მით უფრო, ევროპაში.

– ნუ, ევროპა – ევროპაა, ჩვენ კი ჯერ ისევ ამ გამოქვაბულში ვცხოვრობთ,


დაბოღმილი, შურიანი ადამიანებით გარშემორტყმულები. ზოგჯერ ისე მეშინია... –
ზეა ჩურჩულზე გადავიდა, – ჰო, მარიშ, მეშინია... მით უმეტეს, იმ ყველაფერის
შემდეგ, რაც ენცოს თავს ხდება...

მარიკა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მოსასმენად მოემზადა...

– შენ მითხარი, საყვარელი ადამიანი დაკარგა და იმას გლოვობსო... – საუბრის


საჭირო მიმართულებით წასამართავად შეაშველა სიტყვა.

– მერე, ვინ აცდის გლოვას? ურეკავენ, მარიშ, ურეკავენ და ისეთ საშინელებებს


ეუბნებიან, თმა ყალყზე მიდგება... – ზეამ მკერდზე მიიდო გაშლილი ხელისგული, –
ვაიმე, საყვარელო, რომ იცოდე, როგორ ვიგრუზები... წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა
გავაკეთო...

– ახლა სად არის?


– ვინ, ენცო?

– ჰო. ისე რა ჰქვია?

ზეა გაიფხორა:

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ენცო არ მოგწონს? გია ჰქვია, მაგრამ შენ ენცო დაუძახე,
თორემ, ყურადღებას არ მოგაქცევს. დეპრესია აქვს და ოთახიდან არ გამოდის...
დეპრესია ექნება, გენაცვალე, აბა, რა მოუვა... სერგის სიკვდილი ვერ მოუნელებია და
ახლა საკუთარი სიცოცხლე გაუხდა სადარდებელი... – ზეამ ამოიოხრა და შუბლზე
ჩამოყრილი თმა ხელის კეკლუცი მოძრაობით გადაიყარა უკან, – ვეტყვი, რომ
სტუმარი გვყავს, იქნებ გამოვიდეს... ჰო, მართლა, ის შენი სიმპათიური ჭაღარა რატომ
არ წამოიყვანე, უკეთ გაცნობა მინდოდა... ყავაზე ვუმკითხავებდი... იცი, რა კარგად
გამომდის? შენა, მარიშ... ჩვენნაირებზე გართულება ხომ არ აქვს? რა ვიცი, ერთი
შეხედვით, ყველა ნორმალურს ჰგავს... მერე რეკავენ და ათასგვარ სისაძაგლეს
გეუბნებიან...

ადამიანის შიშით აღზრდა უკვე დიდი ხანია, სისხლში გვაქვს. თქვენ, ალბათ,
არასდროს გიფიქრიათ იმაზე, როგორ იყენებთ შიშს, როგორც იარაღს, საკუთარი
შვილების წინააღმდეგ. თრილერების და საშინელებათა ფილმების ყველაზე
პროფესიონალი, რეჟისორიც კი ვერ შეძლებს, ისე დააფეთოს ბავშვები, როგორც მათი
მშობლები გააკეთებენ ამას. ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. თან
ორიგინალობისგანაც საკმაოდ შორს ვართ. იგივე მეთოდებით ვმოქმედებთ,
რომლითაც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ზუსტად ვერავინ იტყვის, მართლა
შეიქმს თუ არა, შიში სიყვარულს, მაგრამ, ფაქტია, რომ ადამიანების სამართავად ეს
უალტერნატივო საშუალებაა. ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლაც და ასე იქნება მანამ,
სანამ ადამიანებს შიშის გრძნობა და განცდა ექნებათ. შიშით არჯულებენ ცხოველებს
და შიშით ათვინიერებენ ადამიანებს. შიშია ყველა ხელისუფლების მთავარი
ბერკეტი. სულერთია, გნებავთ, იმპერიალისტური ბუნების იყოს, გნებავთ –
დემოკრატიულის, პრინციპი ერთია: შიში, რომელიც ზოგჯერ შეიქმს კიდეც
სიყვარულს, უფრო ხშირად კი ბოროტებისკენ, საკუთარ ნაჭუჭში შეყუჟვისკენ
უბიძგებს ადამიანს და თავის ჭეშმარიტ სახეს აკარგვინებს.

***

... ენცოს არაფერი ეტყობოდა, რომ რაღაცას ავადმყოფურად განიცდიდა.


დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებდა. თუმცა, მის გამოხედვაში
იყო რაღაც ისეთი, რამაც მარიკა ამ ადამიანის გულწრფელობაში დააეჭვა და
უარყოფითადაც კი განაწყო.

– ენცო, აი, ეს ჩემი მარიკუნაა, რომ გელაპარაკებოდი. ჩვენიანია და მე ვენდობი.


გახსოვს, ბარში რომ გაგაცანი?

ენცომ კეკლუცად გააბოლა სიგარეტი და მარიკა ამრეზით შეათვალიერა. მერე


მოულოდნელად ჰკითხა:

– შენ არ ეწევი, ხომ?

მარიკა დაიბნა:

– არა, არ ვეწევი. ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– არაფერი, – ენცომ მხრები შეათამაშა, – ბარშიც შევნიშნე, სიგარეტის კვამლი დიდად


რომ არ გსიამოვნებდა. თან, ძალიან ღაჟღაჟა ფერი გაქვს. ღამის კლუბის ხშირი
სტუმარიც არ უნდა იყო.

მარიკამ ნაძალადევად გაიცინა და ზეას გადაულაპარაკა:

– შენი მეგობარი ჩემზე დაკვირვებას აწარმოებს? პირდაპირ მკითხოს, რა აინტერესებს


და ვეტყვი.

ზეა უხერხულობისგან გაწითლდა:

– არა, დაკვირვება არაფერ შუაშია. ხომ გითხარი, ცუდი პერიოდი აქვს-მეთქი. ჯერ –
ის ტრაგედია, მერე კიდევ – ზარები...

ენცო წამოხტა და ზეას გამეტებით უბიძგა მხარზე:

– ხომ გაგაფრთხილე, ამაზე ლაპარაკი დავამთავროთ-მეთქი? ვიღაცა იდიოტი


გაერთო, ვუთხარი, რასაც იმსახურებდა და ამით მორჩა. ზეა, გირჩევნია, შენს
სტუმარს ყავით გაუმასპინძლდე და შენი ახალი გატაცების შესახებ მოუყვე ეგ
გაცილებით საინტერესოა.

ენცომ ზეას მბრძანებლური მანერით ანიშნა რაღაც და საფერფლე თავისკენ მიიჩოჩა,


ზეა აცმუკდა:
– ჰო, მართლა, სიყვარულო, წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. ენცო კი დამცინის, მაგრამ,
მე ასე არ ვფიქრობ, პირიქით, ძალიან დიდ წარმატებას რომ მივაღწევ,
დარწმუნებულიც ვარ ამაში.

– ასეთი რა უნდა მაჩვენო? – გაეცინა მარიკას.

– წამოდი, თან საჩუქარიც მაქვს შენთვის. – ზეამ მაგრად ჩაავლო მარიკას ხელი და
საძინებელი ოთახისკენ თითქმის ძალით წაიყვანა. მარიკას კი ერთი სული ჰქონდა,
როგორმე ისეთი სიტუაცია შეექმნა, რომ, ფოტოსურათი, რომელიც ჯიბეს უწვავდა,
ორივე „დაქალისთვის” ეჩვენებინა, თუმცა, ხვდებოდა, რომ საკმაოდ რთული
ამოცანის წინაშე იდგა. ენცო აშკარად რაღაცის დამალვას ცდილობდა და ზეაზეც
დიდი გავლენა ჰქონდა. მარიკამ ცოტა მოიწყინა. იმედგაცრუებულმა, წასვლაც კი
გადაწყვიტა. გაიფიქრა, ტყუილად დროს მაინც რატომღა ვკარგავო, მაგრამ მაინც
დაჰყვა ზეას ნებას.

– მარიშ, შეხედე.. – ზეამ გაბრწყინებული სახით უჩვენა თავისი ნახელავი.

– ვაუ, ეს რა არის? ზე, შენ გააკეთე? არაჩვეულებრივია! – მარიკამ გულწრფელი


აღფრთოვანებით აიღო ხელში მძივებითა და მბზინავი თვლებით მოქარგული
ქამარი.

– ვიცოდი, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა! ეს ნახევრად ძვირფასი ქვებია. ისეთი


რთული და ფაქიზი სამუშაოა, თითები სულ დაჩხვლეტილი მაქვს. შეხედე?! – ზეამ
თითები გაპარჭყა, – მაგრამ, შენ აუცილებლად გაჩუქებ ერთს, რომელიც მოგეწონება.

– ვაიმე, რა ლამაზებია, თანაც, ასეთები არსად მინახავს, – გაუღიმა გოგომ, – მართლა


მაჩუქებ? მართალია, არ ვიცი, სად უნდა გავიკეთო, ან როდის, მაგრამ, ისეთი
სილამაზეა...

– მარიშ, ნუ გადამრევ, რას ჰქვია, არ იცი, სად უნდა გაიკეთო? ჩემს პირველ,
ექსკლუზიურ ჩვენებაზე! – ამაყად გამოაცხადა ზეამ, – შენ ნახავ, როგორ ფურორს
მოვახდენ ბომონდში. გრანდიოზული „ივენთი” იქნება, გრანდიოზული!

– როდის გეგმავ ამ გრანდიოზულ „ივენთს”? – სიცილი ვერ შეიკავა მარიკამ და


ქამარზე დამაგრებულ თვლებს ხელი ფრთხილად გადაუსვა.

ზეამ ამოიოხრა:
– რა ვიცი, გოგო... იმ ამბავმა ძალიან შემიშალა ხელი. არადა, ისეთი იმედი მქონდა,
რომ ნეილი დამეხმარებოდა. ახლა ვინღა მიმაკარებს მაგას?

იმ სახელმა მარიკას არაფერი უთხრა. შეიძლება, ერთბაშად ვერც გაიხსენა, მაგრამ


მაინც მექანიკურად იკითხა:

– ნეილი ვინ არის?

– ეჰ, ნეილი კი არის, მაგრამ სამწუხაროდ, სერგი აღარ არის.

სერგის ხსენებაზე გოგო გამოერკვა:

– ეს ის სერგია, ხომ, ენცო რომ დასტირის? – ვითომ სხვათა შორის იკითხა და


ყურადღება დაძაბა.

– ენცო კი არა, წესით, მეც უნდა დავტიროდე. გოგო, იცი, როგორი იმედი მქონდა?
ვფიქრობდი, დაითრევს ნეილს საბოლოოდ და მერე მე და ენცოსაც გვეშველებოდა-
მეთქი. აბა, აქ რა პრასვეტია? ჭაობია, ნამდვილი ჭაობი. რომ გაღიარონ ან ძალიან
უნდა შეაცოდო თავი, ან ვინმე ისეთი მფარველი უნდა გყავდეს, ნუ, ხომ ხვდები...
სერგის მსგავსი. ენცოს ვეუბნები, დაურეკე ნეილის ან მიდი მასთან-მეთქი, ნუ,
მისამძიმრების „პონტში“. მერე იქნებ, მოინდომოს კიდეც ჩვენთან ურთიერთობის
გაგრძელება.

– მოიცა, მოიცა, ვერაფერი გავიგე, – შეაჩერა მარიკამ და გული აუფანცქალდა.

– ჰო, პრინციპში, ძალიან არეულ-დარეულად ვლაპარაკობ. უფრო გასაგებად გეტყვი:


იმ სერგის, რომელიც მოკლეს, ელჩის შვილი ჰყავდა საყვარლად და ცოლადაც
ირთავდა. ერთ თვეში უნდა მოგვარებულიყო ეგ საქმე. წარმოიდგინე, საყვარელო, რა
მასშტაბებია... რა საზოგადოება, რა პერსპექტივა. მით უმეტეს, რომ ნეილი თვითონ
შემპირდა... არ მიმართლებს, რა!.. თუ მაინცდამაინც უნდა მოეკლა სერგი ვინმეს, ჩემი
„ივენთის” მერე ექნა ეს, რა მოხდებოდა?! ახლა მარტომ უნდა ვიწვალო... საყვარელო,
შენ ვერაფრით დამეხმარები? – ზეამ თვალები მოჭუტა, – ჰო, მართლა, არც მიკითხავს,
სად ხარ, რას საქმიანობ?

– მეე?! – მარიკა არ იყო მზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, დაიბნა და ერთბაშად


ვერაფერი უპასუხა. ისევ ზეამ გამოიყვანა რთული სიტუაციიდან.
– ალბათ, შენი მშობლებივით გასაცოდავებულ ხალხს სინჯავ და უწერ რეცეპტებს.
საწყალი გოგო! არადა, ხუთ-ექვს კილოს თუ დაიკლებდი, მოდელობას „გაქაჩავდი”.
შენზე უკეთესები არაფრით არიან, ამბიციები კი ისეთი აქვთ, გამგებელი ან
მინისტრის მოადგილე მაინც უნდათ ქმრად. ზოგჯერ ისე მშურს... იწყობენ
ცხოვრებას... არა, არა, ამ ქვეყანაში ჩემისთანებს პრასვეტი კიდევ დიდხანს არ
ექნებათ, – ზეამ ამოიოხრა.

– ელჩის შვილი გპირდებოდა, უცხოეთში წაგიყვანო?

– აბა?! ბუტიკსაც გაგიხსნიო.

– მოიცა, რა, მაგისთანებმა მარტო დაპირებები იციან, – ვითომ არ დაუჯერა მარიკამ.


უნდოდა, ზეა კიდევ უფრო შეეყოლიებინა ლაპარაკში. სურათის ჩვენება საჭირო
აღარც იყო, ზეა ზუსტად იმ ინფორმაციას აწვდიდა, რისი მოსმენაც მარიკას სურდა.

– შენ ასე ფიქრობ? რა ვიცი, მარიშ, რა ვიცი... სერგი ძალიან კარგი ტიპი იყო და
ნეილიც ჩიტივით ჰყავდა მუჭში გამომწყვდეული. აქ არ დაგვტოვებდა. ბოროტი
ხალხი გვახვევია გარშემო, მარიშ... შენ, შეიძლება, ვერ გრძნობ, მაგრამ, იმ წრეში,
სადაც მე ვტრიალებ... აი, ენცოსაც რომ ურეკავენ და აშინებენ. დარწმუნებული ვარ,
ვიღაც ბოროტია, რომელიმე ჩვენი ნაცნობი. არავის არავინ არ უყვარს, მარიშ, არავის.
– ჩურჩულზე გადავიდა ზეა.

მარიკამ გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო იყო. საათს შეხედა და ხელები აიქნია:

– უი, თურმე, რამდენი ხანია, აქ ვარ. ვერც მივხვდი, დრო როგორ გავიდა! უნდა
წავიდე. ტაქსის გამოვიძახებ და გავიქცევი, დედაჩემი ინერვიულებს.

– ვაიმე, პატარავ, ისევ დედაშენი დაგყვება უკან? ასე არაფერი გამოგივა, იცოდე.
„დედიკოს გოგო” მარტო „დედიკოს ბიჭს” თუ მოეწონება. „დედიკოს ბიჭი” კი
არაფერში გამოგადგება, დამიჯერე!

მარიკამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა:

– დაგიჯერებ, მაგრამ, ახლა მართლა უნდა წავიდე.

– საჩუქარი წაიღე, არ დაგავიწყდეს და აუცილებლად შემომიარე კიდევ. ენცოც გამოვა


ამ დეპრესიიდან, ასეთი კი არ არის, კარგი ტიპია.
მარიკამ პირველივე ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და მობილურზე ნომერი აკრიფა...

***

თემოს გაუკვირდა, ცოლი ჩვეულებისამებრ საყვედურებით რომ არ შეეგება. ქალი


საკმაოდ მშვიდად იჯდა დივანზე და მოღიმარი სახით რაღაც ფილმს უყურებდა.
ქმრის დანახვაზე არც ამდგარა, მხოლოდ შორიდან დაუქნია ხელი და ჰკითხა:

– ძალიან გშია თუ მოითმენ, სანამ ფილმი დამთავრდება?

– იყავი, მე თვითონ მივხედავ თავს, – თემომ ხელები დაიბანა და სწრაფად გავიდა


სამზარეულოში. იმედი ჰქონდა, მომზადებული კერძი სუფრაზე დახვდებოდა
ქვაბით. ვერაფერი რომ ვერ იპოვა, იმედგაცრუებულმა მაცივრიდან კვერცხი გამოიღო
და ზეთს დაუწყო ძებნა.

– გშიებია, – მოესმა ცოლის ხმა, – რა ვქნა, შევეჩვიე ყოველთვის გამთენიისას რომ


მოდიხარ, ჩემთვის კერძის კეთება კი ძალიან დამეზარა.

– არა უშავს, კვერცხიც მეყოფა. ზეთი სად არის? – თემომ ტაფა გაზქურაზე დადგა და
ასანთს გაჰკრა.

– სადაც ყოველთვის, მაგრამ, შენ, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ გაქვს.

მაკამ კარადიდან ზეთის ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე დადგა.

– გამოგაგდეს?

– რა? – ვერ მიხვდა კაცი.

– იმდენი ხანია, სახლში რვა საათზე არ მოსულხარ, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის
იყო ეს.

კაცმა არ უპასუხა. არ უნდოდა, აჰყოლოდა და ისევ ჩხუბამდე მისულიყო საქმე.


კვერცხს მოუხერხებლად დაუწყო თქვეფა და ნაწილი მაგიდაზე დაღვარა.

– აი, ასეთი ყოჩაღი ხარ, – დასცინა ცოლმა. მომეცი, მე შეგიწვავ.

თემომ უხმოდ მიაწოდა თასი, შემობრუნდა და დასარეცხი, ყავიანი ფინჯნები


დაინახა. იქვე რამდენიმე თეფშიც იდო.

– სტუმარი გყავდა? – ჰკითხა ცოლს.

– დიახ! – რატომღაც გამომწვევი ტონით მიუგო ქალმა და ნიშნის მოგებით განაგრძო:


– აბა, რა გგონია, აქ მარტო ვზივარ მთელი დღე და შენი ლოდინით თვალებს
ვითხრი? დიდი ხანია, ჭკუა ვისწავლე!

– მე არასდროს დამიშლია შენთვის ადამიანებთან ურთიერთობა და სტუმრების


მიღება, – მოიღუშა თემო და იგრძნო, რომ სიტუაცია, რომელიც სახლში შემოსულს
მშვიდი მოეჩვენა, ნელ-ნელა ავის მომასწავებლად იძაბებოდა.

– ვერც დამიშლი. ვინ მოგცა მაგის უფლება? როგორ დაუშლი იმას ცოლს, რასაც შენ
თვითონ სისტემატურად სჩადიხარ? ეს შენთვისაც კი მეტისმეტად ამორალური
იქნებოდა.

– წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობ. მოკლედ, ერთ საათსაც ვეღარ ძლებ ჩხუბის
გარეშე.

– არ ვჩხუბობ, უბრალოდ, გამიკვირდა, სახლში ასე ადრე მოსული რომ დაგინახე.

– ცოტა უცნაურად გამოხატავ გაოცებას, – მხრები აიჩეჩა თემომ და ტაფამწვარის


შესაჭმელად მოემზადა. ჩანგლის პირთან მიტანა ვერ მოასწრო, რომ ცოლმა კიდევ
ერთი პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა:

– რატომ არ მეკითხები, ვინ იყო ჩემთან? თუ, არ გაინტერესებს?

– ველოდები, შენ თვითონ როდის მომიყვები, – ნაძალადევად გაუღიმა კაცმა.

– ჰოდა, ტყუილად ელოდები, არაფრის თქმას არ ვაპირებ! – მიახალა ცოლმა.

თემო არ აჰყვა. ლუკმა გადაყლაპა და საკმაოდ მშვიდად თქვა.

– იცი, მგონი, შენ მართალი ხარ.

მაკა არ ელოდა ამას და დაიბნა.

– ჰო, მართალი ხარ, ძალიან გადავყევი სამსახურს და, დროა, ნორმალური


ადამიანივით ვიცხოვრო. მაინც არავინ მიფასებს და რატომ შევეწირო? ფაქტობრივად,
ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ვარ, მეგობრები, გართობა, ჩვეულებრივი,
ადამიანური ურთიერთობები მომენატრა. ხვალვე დავწერ განცხადებას და...

– და, წამოხვალ? – დადარაჯებულივით ჩაეკითხა მაკა.

– წამოსვლით არ წამოვალ, მაგრამ, სხვა განყოფილებაში გადავალ. მეტი დრო მექნება,


ნაკლები საქმე და კარგი ხელფასი. მორჩა, გადავწყვიტე!

ცოლმა ეჭვით შეხედა.

– ჰო, ჰო, მართლა ასე მოვიქცევი და, იცი, პირველად რას გავაკეთებ?! შვებულებას
ავიღებ და სამოგზაუროდ წავალთ... – თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული და
მაკამ აღფრთოვანებაც ვერ მოასწრო, რომ მობილურმა თავი შეახსენა. ქალმა დაასწრო:

– დიახ, არა, არ გეშლებათ, მე თემოს მეუღლე ვარ... – მაკამ მობილური ქმარს


მიაწოდა, – შენ გირეკავენ, ვიღაც გოგოა.

თემომ სწრაფად გამოართვა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია:

– კი, გისმენ, მარიკა... რა? ახლა? დარწმუნებული ხარ, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანია?
კარგი, თხუთმეტ წუთში შეგხვდები. დამელოდე, არსად წახვიდე.

– მეტი დრო გჭირდება, რომ ეგ პატარა ბოზი აქეთ-იქეთ ასეირნო, ხომ? – იფეთქა
მაკამ, – უსინდისო ხარ. უსირცხვილო! როგორ „მაბოლებდი“, რომ შვებულებას აიღებ
და სამოგზაუროდ წავალთ?! შვებულებაც იმიტომ დაგჭირდა, რომ მაგასთან გაატარო
დრო.

– რა სისულელეებს ლაპარაკობ, იცოდე მაინც...

– სისულელეა? თუმცა, სხვა მეტი არაფერი გაქვს სათქმელი – ხვდები, რომ თავის
მართლებას აზრი არ აქვს.

– მარიკა ჩემი თანაშემწეა, სტაჟიორი, ერთხელ ხომ უკვე გითხარი. ახლა საქმეზე
დამირეკა. შევხვდები და ერთ საათში დავბრუნდები.

– შეგიძლია, საერთოდ აღარც დაბრუნდე! – უკვე ჰოლში გასულს მიაძახა მაკამ და მის
ზურგს უკან კარი გამეტებით მიაჯახუნა. აცრემლებული ოთახში შებრუნდა, თავისი
მობილური მოძებნა და აკანკალებული ხელით აკრიფა ნომერი.

– მეტი აღარ შემიძლია! ისტერიკა არაფერ შუაშია, ისევ იმ პატარა კახპასთან


შესახვედრად წავიდა. მიშველე რამე. მეტს მართლა ვეღარ გავუძლებ. რამე მოიფიქრე
და ეგ გოგო თავიდან მომაშორე! ძალიან გთხოვ, რაიმე მოიფიქრე, თორემ, საკუთარ
თავზე პასუხს არ ვაგებ. კარგი, დაგელოდები. ჰო, ვეცდები, დავმშვიდდე კიდეც,
მაგრამ, ვერ დაგპირდები, რომ შევძლებ ამას.

***

... გენიალური აზრი, იდეა ყოველთვის სპონტანურად იბადება და მას არანაირი


კავშირი არ აქვს ლოგიკასთან – ტვინში რაღაც ნათურა აინთება და ეს ყველაფერი
მოულოდნელად, ყველასათვის დაუგეგმავად ხდება. ისევე მოულოდნელად,
როგორც, მაგალითად, მოკლე ჩართვა და, კიდევ, პოზიტივი აფართოებს
თვალსაწიერს. ტვინის ის „ფართობები,” რომლებიც კარგ განწყობაზე და ამოცანების
გადაჭრაზეა პასუხისმგებელი, გაცილებით აქტიურები არიან, თანაც, ერთმანეთის
გვერდით „განლაგებულნი.” ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გიჟისგანაც მოისმენთ
იმ კითხვის ჭკვიანურ პასუხს, რომელზეც დიდხანს იმტვრევდით თავს...

***

– რომ იცოდეთ, რა უნდა გითხრათ... – დაიწყო აფორიაქებულმა მარიკამ, მაგრამ,


როგორც კი გამომძიებელს სახეზე შეხედა, მაშინვე დასერიოზულდა, – უკაცრავად,
ბატონო თემო. არ მინდოდა, ასე გვიან თქვენი შეწუხება, მაგრამ, ძალიან
მნიშვნელოვანი რაღაც გავარკვიე...

– მითხარი... – დაღლილი ხმით უთხრა თემომ.

– მოკლედ, იმ ჩემს მეგობართან ვიყავი, განსხვავებული ორიენტაციის რომ არის და,


იცით, რა გავარკვიე? შოკში ვარ...

– დამშვიდდი, ემოციები ჩვენს საქმეში ცუდი მრჩეველია.

– ელჩის ქალიშვილი ძალიან ახლოს იყო გარეული, თავისი საქმროს სამეგობრო


წრესთან, ანუ, თბილისურ, ეგრეთ წოდებულ ბომონდთან. ეს ძალიან მაგარი
ინფორმაციაა. შეიძლება, ძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდეს, ხომ მართალი
ვარ? თქვენც ხომ ასე ფიქრობთ?
თემომ ამოიოხრა:

– არც კი ვიცი, რა გითხრა. გულწრფელი რომ ვიყო, გეტყოდი, ეს საქმე უკვე ფეხებზე
მკიდია-მეთქი. მინდა, მოვითხოვო და სხვას გადავცე.

მარიკა გაოგნდა:

– თქვენ არ ხუმრობთ?

– მე თითქმის არასდროს ვხუმრობ.

– კი მაგრამ, ეს ხომ გამოძიებაში აღმოჩენილი ახალი გარემოებებია! ბატონო თემო,


სხვას როგორ უნდა დაუთმოთ ასეთი საქმე?

– როგორი საქმე? გათენებული ღამეები, ჩხუბი და კამათი ახვლედიანის კაბინეტში


და, ბოლოს საყვედურები?..

– სიამოვნების განცდა, რომელსაც გამომძიებლები ჭეშმარიტების გარკვევის შემდეგ


იღებენ ხოლმე?

თემომ გაოცებით შეხედა გოგოს და ხმამაღლა გაეცინა.

– რა ბავშვი ხარ! მე დიდი ხანია, მაგ ასაკიდან გამოვედი. შენ, შეიძლება, ინტერესით
კვდები, ვინ მოუკლა ელჩს სიძე, მაგრამ, ჩემთვის სულერთია, ვინ გაუყენა საიქიოს
გზას ერთი უზნეო მამაკაცი. ოღონდ ამას სიმართლეს ვლაპარაკობ. ხვალ დავხურავ
და მოვისვენებ.

მარიკამ ტუჩი მობრიცა:

– კარგი, გავიგე. კარგად ბრძანდებოდეთ. არც მიფიქრია, რომ გაბრაზდებოდით,


პირიქით, მეგონა, გაგახარებდათ ეს ამბავი.

– გადავირიე სიხარულით, – წამოსცდა თემოს და ინანა: გოგოს ატირებას აღარაფერი


უკლდა, – მე ახლა სახლში წაგიყვან. ყოჩაღი გოგო ხარ. სერიოზულად გეუბნები,
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. უბრალოდ, მე ვარ დღეს ასეთ მჟავე
განწყობაზე. შენ კი გული არ გაიტეხო, იმუშავე, ხომ ხედავ, გამოგდის.

– გავიგე, ბატონო თემო, ყველაფერი გავიგე. ტაქსით წავალ სახლში, ნუ შეწუხდებით.


– ნუ ბრაზობ და ნუ გწყინს. ძალიან კარგი გოგო ხარ. არ ვიცი, ეს პროფესია რატომ
აირჩიე, მაგრამ, მონდომება ნამდვილად არ გაკლია.

– თქვენ ვიღაცამ გაწყენინათ, – მარიკამ თანაგრძნობით შეხედა.

– ჰო, მაგრამ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ყურადღებას ნუ მომაქცევ.

მარიკა გაჩუმდა და სახლამდე ხმა არ ამოუღია, არც თემოს შეუწუხებია ლაპარაკით.


გოგო უკვე მანქანიდან გადადიოდა, როცა კაცმა მოულოდნელად სახელოზე დაქაჩა
და გაუღიმა.

– ყურადღება არ მომაქციო. მე ასეთი ვარ, ყველას განწყობას ვუფუჭებ – ეს


ნამდვილად მეხერხება.

მარიკამ თავი დაუქნია გამომშვიდობების ნიშნად და სადარბაზოში გაუჩინარდა.


თემო ერთხანს გაჰყურებდა მიმავალს, მერე ორივე ხელი გამეტებით დაარტყა საჭეს
და შეიგინა.

მარიკას მობილურმა თემოსთან გამომშვიდობების შემდეგ ზუსტად თხუთმეტ


წუთში დაიწკრიალა. გოგომ ნომერს დახედა და უხალისოდ გაეპასუხა:

– დაგავიწყდათ რამე, ბატონო თემო? არა, არ მწყენია. რას მეუბნებით? მართლა? რა


კარგია! არა, არა, მე რატომ? დიახ, ხვალ დილით... რა თქმა უნდა, აუცილებლად!.. –
მარიკამ ტელეფონი გათიშა და სიხარულით შეხტა.

***

... ახალი ამბავი სწრაფად ვრცელდება, თუმცა, ყოველთვის არა – გააჩნია, ვის
ინტერესებში შედის ამ ამბის „გაფიარება.” შეიძლება, საერთოდაც არასოდეს
გახმაურდეს, თუკი მისი საიდუმლოდ შენახვა ბევრად მომგებიანია...

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ნასვამიც აღარ ეთქმოდა, ისე უჭირდა წონასწორობის


შენარჩუნება. ძლივს მიაგნო სახელურს და დაეჯაჯგურა. ორი ბრგე ახმახი მაშინვე
მასთან გაჩნდა და კარი გაუღო, ერთი ოთახშიც შეჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი
მძაფრად აპროტესტებდა ამას. დაცვის ბიჭი ბუზღუნით გამოვიდა ოთახიდან.

– მგონი, უნდა ვუთხრათ მამამისს. მაინც გაიგებს და, სანამ გაუგია, ჩვენ ვაღიაროთ,
უკეთესია.

– რა უნდა ვაღიაროთ, ლოთი რომ ჰყავს შვილი, თვითონ არ იცის?

– ეგ კი იცის, ბიჭო, მაგრამ, ჩვენ რომ გაგვიძვრა? ხომ გაგვაფრთხილა, მიხედეთო?

– მე ძიძა არ ვარ. მით უმეტეს, ალკოჰოლიკს ვერ ვუძიძავებ. სულ წავალ ამ


სამსახურიდან, თუ ბევრს გაატრაკებენ.

– წახვალ არა, ის... სად წახვალ? ასეთი პირობები ყველგან არ არის.

– ამომივიდა ყელში! – ხელი ჩაიქნია პირველმა, – ის ტიპი ხომ გახსოვს, ვისაც ცოლად
მიჰყვებოდა?

– არაფერი არ მახსოვს და არაფერი არ მინდა, ვიცოდე.

– მოგიწევს გახსენება, რადგან მამიკო მოდის. ერთი შეხედე, რა სახე აქვს. აშკარად
უკვე იცის.

– ჯანდაბა... ახლა ამას აუხსენი რეალობა და ჭეშმარიტება!..

ელჩმა დაცვის თანამშრომლებს უხმოდ ჩაუარა გვერდით და პირდაპირ ქალიშვილს


შეუვარდა ოთახში. რამდენიმე წუთის განმავლობაში მიხურული კარის მიღმა
ჩხუბისა და ნივთების გადაადგილების ხმა ისმოდა. ბიჭებმა ირონიულად გადახედეს
ერთმანეთს. ოთახიდან სახეაწითლებული და თვალებჩასისხლიანებული ელჩი
გამოვიდა.

– როგორ გაგექცათ? ხომ გაგაფრთხილეთ! სად დალია?

– აქვე, ბარში. არ გაგვქცევია, უკან მაშინვე გავყევით, მაგრამ, შესვლისთანავე სმა


დაიწყო. რა გვექნა, ხელიდან ხომ არ წავართმევდით! ყვირილი რომ დაეწყო?
სკანდალს მოვერიდეთ, – სწრაფად მოძებნა გამოსავალი დაცვის ბიჭმა.

ელჩმა ხელები გაშალა და ამოიოხრა:

– ვიცი, რომ უნდა გავამგზავრო აქედან, მაგრამ, არ მემორჩილება. თუმცა, რა აზრი


აქვს – დღის რეისით რომ გავუშვა, მეორე დღეს დილის რეისით დაბრუნდება უკან.
რაღაც უნდა მოვიფიქრო. კიდევ ერთხელ უნდა დავრეკო და შევაწუხო ის ხალხი.
***

არ არსებობს იდეალური მკვლელობა... – ამას ჯერ კიდევ დიდი ჰოლმსი ამბობდა.


ყველა დამნაშავე დანაშაულის ადგილზე ტოვებს სამხილს, რომელიც გამოცდილმა
მაძებარმა უნდა იპოვოს. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ, თუ მოკლული მკვლელს
სიკვდილის წინ შეხედავს, მისი თვალის ფსკერზე აირეკლება. და ეს იქნება
უკანასკნელი „ცოცხალი კადრი“, რომელიც მის გუგებზე აღიბეჭდება... ვინმეს შესწევს
უნარი, მიცვალებულს თვალებში ჩახედოს და მკვლელის პორტრეტი დაინახოს?
ძნელი სათქმელია. შეიძლება, ეს უფრო უნდა იგრძნო, ვიდრე მხედველობით აღიქვა...

უკანასკნელ წუთს გაიბრძოლა გააფთრებითა და გაშმაგებით. ეტყობოდა უჭირდა


სიცოცხლესთან გამოთხოვება... არ ეთმობოდა... ამან ძალა მისცა, სულ ერთი წამით,
მაგრამ, მკვლელმა იგრძნო ეს და ენით გამოუთქმულმა ნეტარებამ შეიპყრო. ისეთი
სიამოვნება განიცადა, როგორც მხოლოდ ერთხელ, შორეულ წარსულში ჰქონდა
განცდილი... მეხსიერების მიღმა, ტვინის სიღრმეში, რომელიღაც უჯრედი
გაღიზიანდა და მთელ სხეულს გადასცა ინფორმაცია, ნელ-ნელა, ტალღებად რომ
გაიშალა და ჟრუანტელად იქცა... არავითარი სხვა ემოცია, მხოლოდ სიმშვიდე და
სიხარული კიდევ ერთი მიტაცებული სიცოცხლისგან...

***

ახვლედიანმა წყალი მოსვა და გამომძიებელს გამანადგურებელი მზერა შეავლო:

– რატომ არ ხურავ საქმეს? მე რამდენი დღის ვადა მოგეცი? პირდაპირ მიპასუხე!

– ორი დღის, – თემომ სიგარეტს მოუკიდა, – ბატონო გიორგი, თუ უკმაყოფილო ხართ


ჩემი მუშაობით, შეგიძლიათ, ეს საქმე სხვას გადააბაროთ. მე კი, საერთოდ
ჩამომაშოროთ და სხვა განყოფილებაში ითხოვოთ ჩემი გადაყვანა.

ახვლედიანი ჯერ გაფითრდა, მერე ჭარხალივით გაწითლდა:

– შენ, მგონი, დამცინი... იცოდე, მარტო საქმისგან ჩამოშორებას არ დავჯერდები.


საერთოდ გაგაგდებ ამ უწყებიდან. იცოდე, ამის გაკეთება არ გამიჭირდება! მაგრამ, ამ
საქმეს მაინც შენ მიიყვან ბოლომდე, თანაც, რაც შეიძლება მალე. სასამართლო დღე-
დღეზე უნდა გაიმართოს, დრო პრაქტიკულად არ გვაქვს.

– შეიძლება, ვიცოდე, ასე ვის ეჩქარება საქმის დახურვა? თუმცა, მე ამას მიჩქმალვას
დავარქმევდი. იქნებ, უფრო გამიადვილდეს და საკუთარ სინდისთანაც არ
გამიჭირდეს პირისპირ წარდგომა?!

– რა შუაშია სინდისი, რაზე მელაპარაკები? ეჭვმიტანილი მყავს. მის წინააღმდეგ


სამხილები არსებობს, მეტი რაღა გინდა? გეკითხები, მეტი რაღა გინდა-მეთქი?

ახვლედიანს მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა. კაბინეტზე „მიბმულ“ ოთახში გავიდა.


რამდენიმე წუთის შემდეგ სველი სახითა და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა.

– ნუ მეთამაშები, არ გაპატიებ, იცოდე! – ამოიხრიალა და წყალი მოსვა.

– მე არ გეთამაშებით, – მშვიდი, მკაცრი ხმით განუმარტა გამომძიებელმა, – მე მინდა,


სიმართლე ვიცოდე...

– რა სიმართლე, პაპავა, შენ ხომ არ გაგიჟდი? მე მიწყობ დაკითხვას?

– არა, უბრალოდ, მაინტერესებს. მგონი, მაქვს უფლება, ვიცოდე.

– რა უფლებებზე მელაპარაკები, პაპავა, ხომ არ გაგიჟდი? საქმეს მირჩევ? ჭკუიდან


უნდა შემშალო? შენ ვინ ყოფილხარ? მაფრთხილებდნენ, ძალიან რთული ვინმეაო,
მაგრამ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!

თემოს გაეღიმა:

– აჰა, საინტერესოა! გაუფრთხილებიხართ კიდეც. რა ვქნა, ასეთი ვარ. მაგრამ, თქვენ


შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ. მარტივად გამათავისუფლოთ დაკისრებული
მოვალეობიდან.

– არა! არავითარ შემთხვევაში! იმიტომ არა, რომ ამის გაკეთება არ მინდა, ან შენზე
უკეთესი აქ არავინ მყავს. უბრალოდ, დროს ვერ დავკარგავ, ვერც ერთ საათს.
კატეგორიულად მოვითხოვ, არა, გიბრძანებ: საქმე დღესვე „შეკერე“ და სასამართლოს
გადაეცი.

– გამორიცხულია!

– რა?! – თავზე იტაცა ხელები ახვლედიანმა, – რა თქვი?


– გამორიცხულია და საამისოდ ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს, – უპასუხა თემომ
მშვიდად და ახვლედიანს თამამად გაუსწორა მზერა...

„ცუდი ტიპები” მარტო მულტფილმებსა და კინოებში კი არ მარცხდებიან, რეალურ


ცხოვრებაშიც ვერ უწევენ კონკურენციას ვერც ევოლუციურ და ვერც სოციალურ,
კეთილშობილ პერსონებს. ფიქრი იმაზე, რომ ხვალიდან აუცილებლად კეთილი უნდა
გახდე და საოცრებები უნდა ჩაიდინო, რა თქმა უნდა, სისულელეა, მაგრამ, რატომღაც
მგონია, ყველაზე ბოროტ კაცსაც კი, ერთხელ მაინც, აუცილებლად უფიქრია ამაზე.
თუმცა, იმასაც ყველა ვამჩნევთ, რა მოსდით დიდსულოვან, სიკეთით სავსე
ადამიანებს. მაგრამ ჯუნგლების კანონი რომ იმარჯვებს ეს ჯერ კიდევ აქტუალურია.

***

თემომ ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და თავის გუნდს იმედგაცრუებული მზერა


შეავლო. მარიკა მაგიდის განაპირა კუთხეში იჯდა, ხელში კალამი ეჭირა და
ხელისგულზე რაღაცას იწერდა თუ იჯღაბნიდა. ერთი შეხედვით, საკუთარ ფიქრებში
ღრმად ჩაძირულს ჰგავდა, გარე სამყაროს მოწყვეტილს და სადღაც გადაკარგულს.
დევი ჩუმად ეწეოდა სიგარეტს გამოღებულ ფანჯარასთან. მხოლოდ ვახო ჰგავდა
ბეჯით მოსწავლეს, გაფაციცებული რომ უსმენს მასწავლებელს – არ დავიღუპო და
არც ერთი სიტყვა არ გამომეპაროსო...

– მოკლედ, ასე. გამოძიება ჩიხში შევიდა – თქვა თემომ და ოთახში მყოფებს კიდევ
ერთხელ, სათითაოდ შეხედა.

– ეგ რომელ გამოძიებას გულისხმობთ, ბატონო თემო? – მიამიტი ბავშვივით


დაახამხამა წამწამები ვახომ და დევის გახედა.

– ჰო, ვახოს შეკითხვას მეც გავიზიარებ, გააჩნია, რომელ საქმეს გულისხმობ.

– ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, – გაღიზიანდა თემო, – ბერაძის


მკვლელობის საქმე უკვე გადავეცი სასამართლოს. იცით, თქვენ, რომ სხვა გამოსავალი
აღარ მქონდა – ახვლედიანმა კუთხეში მიმიმწყვდია. ის ქალიც ჯიუტად არ
ალაპარაკდა.

– ახვლედიანი თვითონ არის კუთხეში მიმწყვდეული, – ჩაილაპარაკა დევიმ და


შეიჭმუხნა, – საინტერესოა, როგორ დაუმტკიცებენ, რომ სწორედ მან ჩაიდინა
დანაშაული? სამხილები ძალიან ცოტაა. მხოლოდ ის, რომ თორმეტი თუ თხუთმეტი
წლის წინ მოკლული ეჭვმიტანილის გაუპატიურებისთვის გაასამართლეს,
მტკიცებულებად არ გამოდგება.

– რატომაც არა. შურისძიების მიზნით ჩადენილი დანაშაული. ბრალდების მხარე


ადვილად შეძლებს დაამტკიცოს, რომ ეჭვმიტანილი წლების განმავლობაში, უცდიდა
ხელსაყრელ დროს, მოძალადესთვის სამაგიერო რომ გადაეხადა, მით უმეტეს, რომ
ადვოკატიც სახაზინო ჰყავს, – თავისი მოსაზრება გამოთქვა ვახომ. დევიმ მოწონებით
დაუქნია თავი და თითები გაატკაცუნა.

– ყოჩაღ, ღოღაძე! რაღაც შენც გისწავლია. რას ერჩი, თემო, ამ ბიჭს? ის თქვა, რასაც მეც
ვფიქრობ. თანაც, დაინტერესება, ანუ, მოტივაციაა ისეთი, მიუსჯიან.

– მე მას შანსი მივეცი, – თავისმართლებასავით გამოუვიდა თემოს.

– ცუდია, რომ ის ია ლომიძეც არაფერში დაგვეხმარა, – დამნაშავის ხმით თქვა


მარიკამ, – ისე გაჯიუტდა, მასთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ, მივხვდი,
რომ პაციენტი იცნო.

– ეს მხოლოდ შენი ვარაუდია. რომ არ ეცნო, ამაშიც არაფერი იქნებოდა


დაუჯერებელი.

– რატომ? – ჰკითხა მარიკამ.

– იმიტომ, რომ ია ლომიძის რანგის ექიმებს იმდენი პაციენტი ჰყავთ და კიდევ


იმდენი ვიზიტორი, ყველას ფიზიკურად ვერ დაიმახსოვრებენ, – აუხსნა დევიმ.

– მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა უნდა დაეხსომებინა, – მხრები აიჩეჩა მარიკამ და


აწკრიალებულ მობილურს ბრაზით დახედა.

– შენ არ იცი, რომ თათბირზე მობილური უნდა გამორთო? – მკაცრი ტონით დატუქსა
ვახომ გოგო და, რატომღაც, თემო დაიმოწმა, – ასე არ არის, ბატონო თემო?

– ასეა, მაგრამ, მარიკა ჯერ ჩვენი თანამშრომელი არ არის. თანაც, შენ ხომ არ იცი, ვის
ზარს ელოდება? – დევიმ მრავალმნიშვნელოვნად აღმართა თითი და ვახოს
საყვედურით ანიშნა – შეხედე, გოგო, როგორ გააწითლე შენი უტაქტო შენიშვნითო.

– ბოდიშს ვიხდი, – მარიკამ მობილური გამორთო, – წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის.

თემოს თითქოს არც გაუგონია, რაზე საუბრობდნენ მის კაბინეტში, მოღუშული იჯდა
და შუბლს ისრესდა.

– ამ ახალ მკვლელობაზე რა აზრის ხართ? დევი, შენ ისევ ფიქრობ, რომ საქმე
სერიოზულ მკვლელთან გვაქვს?

– ვარაუდია, თემო, და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ვერ


დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს სამი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია. ნოდარ
დევიძე ისე მალავს თავისი საქმის დეტალებს, იმის იმედი, რომ ამ სამი მკვლელობის
გაერთიანებას შევძლებთ, პრაქტიკულად, არ უნდა გვქონდეს. ვერც მოვთხოვთ. მით
უმეტეს – მე. მაგრამ, შენ თუ ახვლედიანს გააგებინებ, რა მნიშვნელობა ექნება იმას,
რომ შენ და დევიძემ შეთანხმებულად იმოქმედოთ...

– ახვლედიანი ახლა ბედნიერია და კმაყოფილი – ბერაძის მკვლელობის საქმე


თავიდან მოიშორა. ვერ დავარწმუნებ, რომ კავშირი ამ სამ მკვლელობას შორის
არსებობს.

– პიროვნების იდენტიფიკაცია მოახდინეთ? – თემო ვახოს მიუბრუნდა.

– დიახ. იმდენად ჩვეულებრივი ადამიანია, ანუ, უმნიშვნელო...

– უმნიშვნელო და ჩვეულებრივი მანამდე იყო, სანამ გამოფატრულს ვიპოვიდით, –


უხეშად გააწყვეტინა თემომ, – ეს რა ლოგიკაა! ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და
ნაკლებად მნიშვნელოვანი მკვლელობა არ არსებობს. თუ მუშაობა არ გინდა და
გეზარება, პირდაპირ მითხარი და დღესვე გადაგიყვან დევიძესთან, არ არის
პრობლემა!

– თემო, დამშვიდდი, სულ ტყუილად ნერვიულობ, დამიჯერე. რას ერჩი ახლა ამ


ბიჭს, სხვა რამის თქმა უნდოდა და სხვა გამოუვიდა. საქმე ისაა, რომ მოკლულზე,
გუშინდელ გვამს ვგულისხმობ, ცნობები თითქმის არ გვაქვს. ინფორმაცია იმდენად
მწირია და უმნიშვნელო, პრაქტიკულად, მოტივს ვერ ვასახელებ, მაგრამ, მოტივის
გარეშე ჩადენილი მკვლელობა რომ არ არსებობს, ჩემზე უკეთ შენ მოგეხსენება.

– იმიტომ თქვი, შეიძლება, საქმე სერიულ მკვლელთან გვქონდესო? – თემო


ჩაფიქრდა.

– თუ ამ სამ მკვლელობას შორის რაიმე კავშირს აღმოვაჩენთ, რამე ისეთს, რასაც


რეალურად მოვეჭიდებით, მაშინ უფრო თამამად ვიტყვი, რომ ქალაქში სერიული
მკვლელი გამოჩნდა.
– მკვლელი ქალი... მდაა... არ გინდა, ახვლედიანს ამაზე ელაპარაკო? გგონია,
მიხვდება, რას ნიშნავს „სერიული მკვლელი“? მით უმეტეს, თუ მივანიშნებთ, რომ,
შეიძლება, სერგი ბერაძეც ამ მანიაკის მსხვერპლთა სიაში აღმოჩნდეს.

– ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ მკვლელი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.


პირიქით, სერიული მკვლელები ქალები ძალიან იშვიათად არიან, ეს უფრო
მამაკაცების „ჰობია”. მეორეც, ახვლედიანს ჯეროვნად ვერ აფასებ. თუმცა, იმაში კი
გეთანხმები, რომ ბერაძის საქმის ამოწევა აშკარად არ გაახარებს. არ გამოვრიცხავ, რომ
საერთოდ აგიკრძალოს.

– მოიცა... ვითომ, ქალები რატომ არ არიან სერიული მკვლელები? – დაინტერესდა


ვახო, – ვითომ, ჩვენზე, მამაკაცებზე გულმოწყალენი და გულჩვილები არიან?

– გულმოწყალება და გულჩვილობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ქალებს უფრო


მტკიცე და გამძლე ფსიქიკა აქვთ, ანუ, გარეშე ფაქტორებისადმი უფრო მდგრადი.
მამაკაცი ბავშვობაში მიღებულ ნეგატიურ ინფორმაციას მთელი ცხოვრების
განმავლობაში იმახსოვრებს, ქალის ტვინი კი ავტომატურად შლის ყველაფერ
ნეგატიურს – ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს ასე.

– გამოდის, ქალები უფრო მაგარი ტიპები ყოფილან.

დევის გაეღიმა:

– ჰო, ასე გამოდის. მათზე დედაბუნებამ იზრუნა და, სრულიად სამართლიანადაც –


ისინი ხომ შთამომავლობაზე არიან პასუხისმგებლები. ის ფსიქოლოგები, რომლებსაც
ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა აქვთ სერიულ მკვლელებთან, ამტკიცებენ, რომ
მათ უმრავლესობას მკაცრად სჯიდნენ ბავშვობაში, ან – ამცირებდნენ, არ
გამოირიცხება სექსუალური ძალადობაც. ვიღაცას შეუძლია, საშინელი მოგონებები
მეხსიერების სიღრმეში კარგად მიმალოს და ცხოვრებაში წინ იაროს; ზოგი კი,
უბრალოდ, ურჩხულად გადაიქცევა, სასტიკ მონსტრად, რომელიც სპობს და
ანადგურებს თანამოძმეებს.

მარიკამ ამოიოხრა:

– საშინელებაა...

– გეთანხმები, საშინელებაა, მაგრამ, ადამიანი ასეა მოწყობილი და ამ რეალობას


ვერსად გაექცევი. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი მონსტრები ჩვენს ქართულ
რეალობაშიც მომრავლდნენ. იმედია, ამას მიკერძოებაში არ ჩამითვლით, მაგრამ,
რუსეთი წალეკა სერიული მკვლელების სიმრავლემ და ამას ჰქონდა კიდეც თავისი
ლოგიკური ახსნა.

თემო არ ერთვებოდა საუბარში, ფანქრით რაღაცას წერდა ფურცელზე, მაგრამ, რომ


უსმენდა, ამას მის შუბლზე გამობერილი ძარღვი მოწმობდა. მერე უცებ თავი ასწია და
ხმადაბლა შეიგინა. დევიმ განაგრძო:

– მოკლას დედა, ანუ დაანგრიოს, მოსპოს ის ინსტინქტური კავშირი, რაც


ბიოლოგიურად ყველაზე ახლობელ არსებასთან მათ უმრავლესობას არ შეუძლია.
მაგრამ აგრესია და პროტესტი დამშვიდების საშუალებასაც არ აძლევს.
ფსიქოლოგიურად ეს ურთულესი და უმძიმესი პროცესია და, ამიტომ, „პოულობენ”
გამოსავალს: სიცოცხლეს უსპობენ ქალს, რომელიც მათ დედას აგონებს.
არასრულფასოვნების კომპლექსი საშინელი რამეა...

– სექსუალური კომპლექსები? – ჰკითხა ვახომ, რომელიც ძალიან დააინტერესა


სერიული მკვლელების თემამ.

– ეგ არასრულფასოვნების კომპლექსს ახლავს თან. მკვლელობის მომენტში


სექსუალური აგზნება მკვლელს იმ სიამოვნებას განაცდევინებს, რომელსაც
რეალობაში ვერ აღწევს.

– გეყოფა, ლექციის წაკითხვა სხვაგან და სხვა სიტუაციაში შეგიძლია. ჩვენი მკვლელი


მამაკაცებს ხოცავს. ამიტომ, შენი თეორიები დედის მკვლელობის იმიტაციასთან
დაკავშირებით, არაფერში გამოგვადგება.

– რატომ არ გამოგვადგება, თუკი დედის ნაცვლად მამას წარმოვიდგენთ? – მხრები


აიჩეჩა დევიმ და თემოს მიაშტერდა.

– იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ... – ყურადღება დაძაბა თემომ.

– არ ვიცი, არ ვიცი... ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი. მარიკას იმედი
მაქვს, – დევიმ მარიკას შეხედა.

– ჩემი? – განცვიფრდა მარიკა და, რატომღაც, გაწითლდა.

– ჰო, შენი კავშირების. ძალიან საინტერესო და საჭირო მეგობრები გყავს და კიდევ


უფრო უნდა დაუახლოვდე – ეს ძალიან გვჭირდება.

– ჩემს მეზობელს გულისხმობ?

– სწორედ მას და მის მეგობარს თუ „დაქალს,” სულერთია. კაბა აცვიათ, თუ,


ჯერჯერობით, ისევ შარვალი?

– ბატონო დევი, თქვენ იცით, რომ ორივე ძალიან კარგად იცნობდა მოკლული სერგი
ბერაძის საცოლეს, ელჩის ქალიშვილს, ნეილის?

დევიმ მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი:

– ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. რატომ არ მითხარი?

– იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ აქვს ამას მნიშვნელობა.

– მნიშვნელობა როგორ არა აქვს?

– ჰმ, ეგ შენ ფიქრობ ასე, ახვლედიანს კი ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს და,
აბა, სცადე, გადაარწმუნო.

– ახვლედიანს სულაც ნურაფერს ვეტყვით, – თქვა მარიკამ. დევიმ და თემომ


განცვიფრებით შეხედეს გოგოს.

– აი, მესმის, – პირველად დევი გამოერკვა, – უყურე, რა მალე მოერგო აქაურობას და


ალღოც რა სწრაფად აუღო?!

– ჰო, აშკარად აზროვნებს, – უხალისოდ დაეთანხმა თემო.

– მოიცა, ახვლედიანს რა არ უნდა ვუთხრათ? – საერთოდ ვერაფერს მიხვდა ვახო.

– შენ შეგიძლია, დამშვიდდე, – გაუღიმა დევიმ პასუხად, – ეს შენ ყველაზე ნაკლებად


გეხება. მარტო ის მითხარი, ჩვენთან ხარ თუ არა?

– რა თქმა უნდა, თქვენთან ვარ. ამას რატომ მეკითხები? – ხელები გაშალა ვახომ.

– მაშინ, გაჩუმდი. უბრალოდ, მოგვისმინე და მერე, რასაც თემო გეტყვის, ის გააკეთე.


– დევი, მართალია ვახო, არ გამოვა, ეს ამბავი. არაფერი გამოგვივა.

– ვითომ, რატომ? ამისთანები გამოგვსვლია? მართალია, ახლა სხვა დროა, მაგრამ... –


დევიმ თვალი ჩაუკრა, – მაგრები ვართ. თან, რაც ყველაზე მაგარია, ეს ყველას გვინდა.

თემომ თავი გააქნია:

– რისკზე ვერ წავალთ, ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ,


ეგრევე გავიშიფრებით, – უარზე დადგა თემო.

– რანაირად? დევი ჯიუტად ცდილობდა თემოს წინააღმდეგობის გატეხას, – ჩვენ


გუშინდელი მკვლელობის საქმეს მივხედოთ და ბერაძეზეც ვიმუშაოთ ჩვენებურად.
ხომ ხვდები?

– არა-მეთქი, დევი. ბერაძით ნახევარი დიპლომატიური კორპუსია დაინტერესებული.


მის მკვლელს მალე გაასამართლებენ და მიუსჯიან კიდეც.

– ესე იგი, თემო პაპავას შეშინებაც შესაძლებელი ყოფილა, – ჩაილაპარაკა დევიმ და


ადგა, – მე წავედი ჩემს გვამებთან.

მარტოდ დარჩენილმა თემომ დიდხანს ათვალიერა გეომეტრიული ფიგურებით


აჭრელებული ფურცელი. საკუთარ თავში ებრძოდა რაღაცას, თავის მეორე „მესთან”
ჰქონდა კონფლიქტი. მერე ტელეფონის ყურმილს დასწვდა და სადღაც დარეკა.

დევიმ კიბის ბაქანზე შეაჩერა მარიკა, მკლავში მოკიდა ხელი, თავისკენ მოქაჩა და
ყურში ჩასჩურჩულა:

– ხომ გინდა, მე და შენ ერთად ვიმუშაოთ?

– როგორ არ მინდა, – სახე გაუბრწყინდა მარიკას, – ძალიან მინდა! მე თქვენ ძალიან


მომწონხართ.

– რა თქმა უნდა, მე ყველას მოვწონვარ. – „შეიფერა” მაჩაბელმა, – ისეთი


განუმეორებელი შარმი მაქვს, მაგრამ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ...

– გისმენთ, ბატონო დევი.

– ჯერ ერთი, ბატონო დევი არა, უბრალოდ – დევი და, მეორეც, მეც ძალიან
მომწონხარ. თემოსაც მოსწონხარ, დამიჯერე. მე მისი მშურს, ხუთი წელია, ერთ
წესიერ თანაშემწეს ვერ ვეღირსე, მაგას კი ასე გაუმართლა. არავის არ უნდა
სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობა, ყველას ცოცხლებთან ურჩევნია ურთიერთობა.
იმდენი არ ესმით, რომ მკვდარს ვეღარ მოკლავ, ის უკვე მკვდარია. აი, ცოცხალ
პაციენტთან კი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.

– მამაჩემი არ დაგეთანხმებოდათ, – ყოყმანით თქვა მარიკამ.

– ჰო, რა თქმა უნდა, მე ვხუმრობ. შეცდომის დაშვების უფლება არც ჩვენ გვაქვს.
თუმცა, გვამთან მუშაობა მაინც უფრო მოსახერხებელია. ნებისმიერ შემთხვევაში,
ჩუმად არის.

მარიკას გაეცინა და გულზე მოეშვა:

– კარგია თქვენთან საუბარი, სულ ხუმრობთ.

– ზოგიერთს ამის გამო ჭკუამხიარულიც ვგონივარ, მაგრამ, მათაც ვჭირდები, – დევიმ


თითები გაატკაცუნა, – ახლა რას აპირებ?

მარიკამ მხრები აიჩეჩა:

– სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი. ბატონი თემოსგან ვერაფერი გავიგე.


დავალებაც არ მოუცია. საერთოდ ვერ მივხვდი, რას აპირებს.

– ოო, მან ჯერ უნდა მოიფიქროს, შეიძლება, ერთ საათში დაგვირეკოს და უკან
მიგვაბრუნოს. ამიტომ, მე გთავაზობ, დევიძე ვნახოთ და რაღაც-რაღაცეები
გავარკვიოთ.

მარიკამ თავი დაუქნია. ნოდარ დევიძე თავის კაბინეტში დაუხვდათ. ჩართული


ტელევიზორის წინ იჯდა და ყავას სვამდა.

– ოჰო, მოგიცლია, ბატონო ნოდარ, – დევიმ მარიკას სავარძელი მიუჩოჩა და თვითონ


დევიძეს მიუჯდა გვერდით.

– იმის დრო არ მაქვს, რომ ბუფეტში ჩავიდე და რამე შევჭამო. ეს ერთი ჭიქა ყავა მაინც
შემარგე, – უკმაყოფილოდ დაიღრიჯა დევიძე.

– რაღაც, არ გეტყობა, მარტო ყავაზე იყო მთელი დილა, – გაიცინა დევიმ, – საეჭვოდ
გიღაჟღაჟებს ლოყები.

– მაჩაბელო, რა გინდა? ვინმემ დაგავალა ჩემი დღიური მენიუს შესწავლა თუ


აუცილებლად ლანდი უნდა გამდიოდეს, საქმიანი კაცის იერი რომ მქონდეს?

– სამართლიანი შენიშვნაა, მიღებულია. საქმე გვაქვს შენთან.

– საქმე? – ნოდარმა მარიკას შეხედა, – რა საქმე?

– უნდა დაგელაპარაკოთ.

– ორივე ერთად თუ ცალ-ცალკე?

– მორჩი. რაღაცის გარკვევა მინდა და მაინტერესებს, ჩვენთან ხარ, თუ არა?

დევიძეს სახეზე გაოცება გამოესახა:

– რას მეკითხები, ვერაფერი გავიგე.

– ჩვენთან ხარ თუ არა-მეთქი, რა ვერ გაიგე?

– რადგან ჯერჯერობით ამ ოთახში მხედავ, ესე იგი, ვარ, მაგრამ, მაინც ვერ ვხვდები,
ამით რისი თქმა გინდა.

– იმის, რომ ახვლედიანი ყოველთვის იმ კაბინეტში ვერ იჯდება. „ახვლედიანები”


მოდიან და მიდიან. ჩვენ ვრჩებით. ამიტომ, ერთად უნდა ვიყოთ.

– რა გინდა, მაჩაბელო? პირდაპირ მითხარი, – ამოიხვნეშა დევიძემ.

– კარგი, პირდაპირ გეტყვი: გუშინდელი ამბავი გეცოდინება.

– ჰო, ყური მოვკარი.

– მარტო ყური? – დასცინა დევიმ, – ნოდარჩიკ, წეღან რაც გითხარი, იფიქრე მაგაზე. ეს
ჩემი მეგობრული რჩევაა. კოლეგები ვართ, რაც არ უნდა იყოს.

– რა გინდა, დევი, აღარ იტყვი? დავიტანჯე კაცი.


– ჰოდა, უფრო მეტად რომ არ დაიტანჯო, ჩვენ გვერდით უნდა იყო. უნდა ვიცოდეთ,
რას აკეთებ, რა ხდება, რა ახალი დეტალები გამოჩნდა მკვლელობის საქმეში.

– აი, თურმე რა გინდა! ახვლედიანს არ უთქვამს ჩემთვის, რომ საქმეზე


კოლექტიურად ვიმუშავებდით. მასთან ანგარიშვალდებული მე ვარ, და არა თქვენ.

– ახვლედიანზე, მგონი, უკვე ვილაპარაკეთ, – შეიჭმუხნა დევი, – მშვენივრად ხვდები,


რასაც ვგულისხმობ. ბერაძის საქმე კი დაიხურა, მაგრამ, არავის აქვს იმის გარანტია,
რომ ეს ამბავი ისევ არ შეგვახსენებს თავს. მით უმეტეს, რომ საქმე ბოლომდე
გამოძიებული არ არის. შენც იცი, რა მოხდა და როგორ.

– ეს მე არ მეხება, არ არის ჩემი საქმე.

– შენც გეხება და შენი საქმეც არის. თუ ეს სამი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია


და ჩვენ ამის დამტკიცებას შევძლებთ, მაშინ ახვლედიანი იძულებული გახდება, უკან
დაიხიოს.

– მაჩაბელი, გამიჩალიჩებ რაღაცას. ძალიან გინდა, სამსახურიდან გამაგდონ? –


ამოიოხრა ნოდარმა, – კარგი რა, რას მერჩი?! შენ რა გენაღვლება, შეიკეტები შენს
პროზექტურაში და ხელს ვერავინ გახლებს, მთელი ქარიშხალი კი ჩვენ დაგვატყდება
ხოლმე თავზე.

– ვის „ჩვენ”? – გამოაჯავრა დევიმ, – შენ რა, ახვლედიანის გეშინია?

– არავისიც არ მეშინია, საიდან მოიტანე, – წამოჭარხლდა დევიძე, – მაგრამ, შენი და


პაპავას ახირებების გამო, სამსახურიდან წასვლა არ მინდა.

– ბიჭო, მომისმინე. მე ხომ არ გეუბნები, აუცილებლად ახვლედიანმა უნდა იცოდეს


ჩვენი შეთანხმების შესახებ-მეთქი. პირიქით, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩუმად
და კონსპირაციულად უნდა გავაკეთოთ.

დევიძემ თავზე იტაცა ხელები:

– გიჟები ხართ შენც და პაპავაც, ნამდვილი გიჟები!

– მერე, ეს ცუდია? პირიქით, ცოტა სიგიჟე აუცილებელიც კია. სამაგიეროდ, თუ


ყველაფერი გამოგვივიდა, ქვეყანა ჩვენზე დაიწყებს ლაპარაკს. უფრო შენზე, თორემ,
მე მართლაც რა, ექსპერტისთვის ჯერ მადლობა არავის უთქვამს.
– თავს იზღვევ, ხომ?

– ვაა, მე იმას გიხსნი, რომ არანაირად არ დაზარალდები-მეთქი. მე, შენ და მარიკას


გვეცოდინება და მორჩა. არაფერს არ ვითხოვთ შენგან ისეთს, რისი გაკეთებაც
შეუძლებელია ან რამე რისკს შეიცავს. უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგვაყენე.

– პაპავა გამოგრჩა.

– მოიცა, პაპავა რა შუაშია? პაპავაც ჩვენს ნავში ზის. რა, საწინააღმდეგო გაქვს რამე?

– მე? პრინციპში, ვიფიქრებ მაგაზე.

დევიმ გაიღიმა:

– ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ოღონდ, ძალიანაც ნუ დააგვიანებ. ხვალ შეგეხმიანები და


შევიკრიბოთ.

დევიძემ საყვედურით გადააქნია თავი:

– შარს გადამკიდებთ, ვიცი მე.

– შარს არა, დიდების კვარცხლბეკზე კი ნამდვილად აღმოჩნდები.

– გამოუსწორებელი ხარ, მაჩაბელო, ფორმალინი აშკარად ძალიან ცუდად მოქმედებს


შენზე.

– რა ვქნა, ასეთი ვარ და ახლა ჩემი შეცვლა დაგვიანებულია, – გაიცინა დევიმ და


ნოდარს მხარზე მოუტყაპუნა ხელი.

შენობიდან გამოსულმა დევიმ მარიკას შესთავაზა, სახლში მე წაგიყვანო.

– გმადლობ, მაგრამ სახლში არ მივდივარ, მამაჩემს უნდა შევუარო კლინიკაში.

– კლინიკამდე მიგიყვან და მეც პროზექტურაში უნდა მივბრუნდე ანალიზის


პასუხებს ველოდები. თან, მაინც ვერ დავიძინებ – 4 საათზე აეროპორტში უნდა ვიყო,
ჩემი ცოლი მოფრინავს შვეიცარიიდან. სახლში მიბრუნებას აზრი არ აქვს.
მარიკამ პასუხად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.

***

...ელჩმა საქაღალდე დაკეცა, უჯრაში ჩადო და ჩაკეტა. მერე ბრაზით გადახედა


სავარძელში ნებივრად გაშხლართულ ქალიშვილს, უდარდელი სახით, ნელა რომ
წრუპავდა ვისკის. კაცს ნერვებმა უმტყუნა:

– ბილეთი აგიღე. ძალიან ნუ გამოთვრები, თვითმფრინავში ცუდად არ გახდე!


დედაშენს უკვე ველაპარაკე და დაგხვდება.

ქალმა ზანტად გაახილა მოჭუტული თვალები:

– სულ ტყუილად. არსად არ ვაპირებ წასვლას.

– ეგ რას ნიშნავს? – ელჩმა ფერი დაკარგა – შენ გეკითხები!

– არ მივდივარ-მეთქი, სხვას რას უნდა ნიშნავდეს?

– წახვალ! მე პირობა შევასრულე და ახლა შენი ჯერია. უნდა ხვდებოდე, რომ აქ ვეღარ
დარჩები. ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო.

– ვისთვის? შენთვის თუ ჩემთვის? – დამცინავად ჰკითხა შვილმა.

– ორივესთვის. პატარა არ ხარ, რომ არ გესმოდეს. რაღა გინდა, მკვლელი ხომ


დააპატიმრეს? მალე გაასამართლებენ და მიუსჯიან.

– მე ეგ ფეხებზე მკიდია, – ქალმა ხმაურით მოხვრიპა ჭიქაში ჩარჩენილი სითხე და


ხელი ბოთლს წაატანა. მამამ დაასწრო, მაჯაში ხელი სტაცა და ბოთლი ძალით
გამოჰგლიჯა.

– გეყოფა, ხომ ხედავ, რომ ვეღარ აზროვნებ!

– ძალიან კარგად ვაზროვნებ, – ისტერიკულად იწივლა შვილმა, – უფლება არ გაქვს,


წასვლა მაიძულო, ამას ვერ გამაკეთებინებ. სულერთია, მაინც ჩამოვალ!

– ვეღარ ჩამოხვალ. ანგარიშებს გაგიყინავ და ფული აღარ გექნება. ხომ იცი, რომ არ
გამიჭირდება?
ნეილიმ გადაიხარხარა:

– და, შენ ფიქრობ, რომ ამით ხელს შემიშლი? შენც უნდა იცოდე, რომ ფულის შოვნა
არ გამიჭირდება, – ქალმა ისედაც მოკლე კაბის კალთა ბოლომდე წამოიწია და
ჯიშიანი ბარძაყები გამოაჩინა.

– ნეილი, შენ არ გესმის, ან არ გინდა, გაიგო, რა დღეში მაგდებ, როცა ჩემს


პროვოცირებას ცდილობ. ამით იმას მიაღწევ, რომ ჩემს კარიერას გაანადგურებ. თან,
ისე გაანადგურებ, რომ თავი გამიხდება მოსაკლავი! რა გინდა, მითხარი, რა გინდა?

– არაფერი. ვერ ვხვდები, რატომ მიშორებ თავიდან.

– იმიტომ, რომ სკანდალს ვერიდები.

– არავითარი სკანდალი არ იქნება. უბრალოდ, მინდა, აქ ვიყო და იმ ძუკნას


თვალებში ჩავხედო.

– ღმერთო, სწორედ ამისი მეშინია, სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი სკანდალი! შენ
სასამართლოზე არ უნდა მიხვიდე, ამას არ დავუშვებ. ხვდები მაინც, იქ რა მოხდება?
ისედაც ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებულები ჟურნალისტები და ჩემი მტრები.

– მამა, მე საყვარელი ადამიანი მომიკლეს. შენ რატომ არ გესმის ჩემი? მითხარი,


რატომ არ გესმის?

– მესმის და ამიტომაც გავაკეთე ყველაფერი, რომ დანაშაული დროზე გახსნილიყო.


ის, რაც მე ჩავიდინე, სცილდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს. მე ეს უკვე ძალიან
მაწუხებს და, არავინ იცის, ამ ამბავმა რომ გაჟონოს, როგორ იქნება ჩემი საქმე.

– რა თქმა უნდა, ისევ კარიერა, ისევ პირადული... ოდესმე იქნები ჩემი მამა?

– არა ვარ შენი მამა? ამას როგორ მეუბნები? ამდენი ხალხი შევაწუხე შენ გამო და
მაინც არ ხარ კმაყოფილი. მოემზადე, გამთენიისას გაემგზავრები, ჩემს
გადაწყვეტილებას არ შევცვლი. თუ საჭირო გახდება, ძალით გაგამგზავრებ.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში არ შემოგიშვან, ყველაფერს!

– ბოთლი მომეცი.
– არა.

– მამა, მომეცი ბოთლი, ძალიან გთხოვ. ნუ მაიძულებ, ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც


არ მინდა.

– შანტაჟს მოეშვი და ცოტა გონება მოიკრიბე, შენთვის ასე აჯობებს! თუ სიმართლე


გაინტერესებს, მე არც შენი არჩევნით ვიყავი აღფრთოვანებული.

– ვიცი, მაგრამ, ფეხებზე მკიდია შენი აზრი სერგისთან დაკავშირებით.

– ჰო, შენ მეც ფეხებზე გკიდივარ, ნეილი. ნუ მაიძულებ, ჩაგკეტო.

– ჩამკეტე, ჩამკეტე, თუ შეძლებ. ვნახოთ, რას მიაღწევ ამით.

– გამაგებინე, რა გინდა, ჩემი დაღუპვა?

– არა. სასამართლოზე გასვლა და იმ ქალის ნახვა.

– შეუძლებელია, ამის უფლებას ვერ მოგცემ.

– მაშინ, მოახერხე ისე, რომ სასამართლომდე ვნახო.

– გაგიჟდი? ესეც შეუძლებელია! ამის უფლებას ვინ მომცემს?

– მოგცემენ. შენ ეს არ გაგიჭირდება, ტყუილად ისაწყლებ თავს.

– ნეილი...

– შემახვედრე იმ ქალს და, გპირდები, მართლა წავალ და არანაირ პრობლემას არ


შეგიქმნი. ხომ მიცნობ? აუცილებლად შევასრულებ პირობას, – ნეილი ბარბაცით
გავიდა ოთახიდან.

***

საოპერაციო ბლოკიდან გამოსული ზურაბი სავარძელში თვლემდა, როცა მასთან


მარიკა შევიდა, ჩუმად მიუჯდა გვერდით და ფრთხილად მიეხუტა მხარზე. ზურაბმა
თვალები გაახილა.
– მითხარი, ძალიან დაღლილი და განადგურებული გარეგნობა მაქვს, არა? დიდი
ხანია, მოხვედი?

– არა, ეს წუთია, შემოვედი. წამოდი სახლში. მეც დაღლილი ვარ. რამე კარგი ფილმი
გადმოვწეროთ ინტერნეტიდან და ვუყუროთ.

– ვერა, საყვარელო, ვერ წამოვალ. ძალიან მძიმე ოპერაცია გავაკეთე და ამაღამ აქ


მომიწევს დარჩენა, პაციენტს ვერ დავტოვებ.

– არ გეკითხები, რა ოპერაციაა. არ მინდა, „დავიგრუზო”. ისედაც ძალიან დავიღალე.

– უცნაურია, მაგას რომ ამბობ. გვამებით და მოკლულებით არ „იგრუზები”?

– მე იმით „ვიგრუზები”, როცა კითხვებზე პასუხებს ვერ ვპოულობ. შენი დახმარება


მჭირდება.

– ხვალამდე მოიცადე, საყვარელო, ხვალ ვილაპარაკოთ.

თემო პაპავას არ გაჰკვირვებია, როცა სამსახურში მისულს კართან ნოდარ დევიძე


დახვდა საქმიანი გამომეტყველებითა და ოდნავ უკმაყოფილო იერით. თემოსთვის
დღე ისედაც ცუდად დაიწყო. სახლიდან კი გამოვიდა ყოველგვარი გართულებებისა
და „ექსცესების” გარეშე, რამაც ცოტათი შეაშფოთა კიდეც, რადგან შეჩვეული იყო,
ცოლის საყვედურები რომ მიჰყვებოდა ხოლმე საგზლად, მაგრამ, ამჯერად ქალს
საერთოდ არ ამოუღია ხმა, ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის. ჩაფიქრებული
სვამდა ყავას და სიგარეტს ეწეოდა. თემომ ლამის ჰკითხა, სიგარეტს თავი ხომ
დაანებე, რა პრობლემა გაქვს ისეთი, რომ ისევ დაიწყეო, მაგრამ, თითქმის მაშინვე
გაუნათდა გონება და წარმოიდგინა, რა მოჰყვებოდა ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ
შეკითხვას და გადაიფიქრა, თუმცა, სახლიდან უსიამოვნო განცდა მაინც გამოჰყვა და,
საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ ეს ეჭვი იყო...

– შენ გელოდები, თემო... – ნოდარმა სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩააგდო და ხელები


მოიფშვნიტა.

– ვხედავ. მოხდა რამე?


– მოხდა, რა... არ იცი, რა საქმე შეიძლება მქონდეს შენთან? დევის არაფერი უთქვამს?

– არა! – თემომ საკეტს გასაღები მოარგო.

– ვაა, რა ტიპია, რა! შემომივარდა იმ გოგოსთან ერთად და ერთი ამბავი დამაწია, –


ნოდარი ფეხდაფეხ შეჰყვა კაბინეტში, მაგიდას მიუჯდა და ამოიოხრა.

– მოიცა, ერთი კარგად ამიხსენი, რაზე ლაპარაკობ? – თემომ მობილური წინ დაიდო
და მოსასმენად მოემზადა.

– ვა, მართლა აზრზე არ ხარ? მე კი ვიფიქრე, შენ მომიგზავნე.

– ვინ მოგიგზავნე, დღეს გამიცანი? რას ნიშნავს, მოგიგზავნე?

– რა ვიცი. დევიმ თითქოს მითხრა, რომ შენც საქმის კურსში ხარ.

– ნოდარ, დროზე მითხარი რა, უამრავი საქმე მაქვს, – შეიჭმუხნა თემო.

– კარგი, გეტყვი. დევის უნდა, რომ ახვლედიანისგან მალულად ორივე საქმე


გავაერთიანოთ და ისე ვიმუშაოთ. ვერ ხვდები, ხომ? თავიდან ვერც მე მივხვდი.
ახვლედიანის ოფოფები და პრობლემები გვინდა?! წარმოიდგინე, რა დღეში ჩაგვყრის,
ამ ამბავმა რომ გაჟონოს. უჰ, ორი ღამეა ნორმალურად არ მძინავს, გამაგიჟა ფიქრმა.
შენ გაიხარე, დავმშვიდდი ცოტა.

– რატომ დამშვიდდი? – მშვიდად ჰკითხა თემომ. დევიძეს თვალები გაუფართოვდა:


– ახლა მართლა გადავირევი! რას ჰქვია, რატომ დავმშვიდდი? დევიმ იხუმრა – ამას
შენი სიმშვიდიდან გამომდინარე ვხვდები. მართალია, არასოდეს მესმოდა ასეთი
ხუმრობების არსი, მაგრამ, ჩემთვის ესეც შეღავათია.

– მდაა... – თემომ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები, – დევის ნახვა და მასთან


ლაპარაკი ვერ მოვასწარი, მაგრამ, მინდა გითხრა, რომ მშვენიერი იდეაა. თუ შენ
შეძლებ ჩემთან ერთად მუშაობას ისე, რომ ახვლედიანმა ვერაფერი გაიგოს, საქმე
მოიგებს. ვნახოთ, იქნებ, მართლაც ისეა, როგორც მას ჰგონია.

დევიძე ჭარხალივით გაწითლდა:

– ახლა გეყოფათ! გეყოფათ-მეთქი! ბავშვი ხომ არ ვარ, ამხელა კაცს რომ მეთამაშებით,
სხვა გასართობი ვერ მონახეთ?

– სულაც არ გეთამაშები. არც მე ვარ მოცლილი. უდანაშაულო ადამიანს განზრახ


მკვლელობისთვის ციხეში ჩასვამენ და ეს საქმე ჩემი გაჩალიჩებული იქნება. როგორ
ფიქრობ, როგორ უნდა ვგრძნობდე თავს?

– უდანაშაულო ადამიანებს ციხეში არ სვამენ და, საერთოდაც, ყველა პატიმარს


საკუთარი თავი ცამდე მართალი ჰგონია – ჩაიბურტყუნა დევიძემ, – სიმართლე თუ
გინდა, მე მაგრად ვარ გაჭედილი. წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე. აბსოლუტურად
არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი და გული მიგრძნობს, ეს საქმე შემეტენება.

– ხედავ? ესე იგი, საფუძველი გქონია, ჩვენს წინადადებას რომ დათანხმდე, – გაუღიმა
თემომ, – შენ წინ ვერ მიდიხარ, მე კი უკან ვიხედები და ვგრძნობ, ნამდვილი
მკვლელი გარეთ დასეირნობს. აქ კიდევ მესამე გვამი გამოიჩხრიკა, რომლის
შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცით...
– მერე, ჩემგან რას ელოდები, ნათელმხილველი კი არ ვარ! – ხმაში ყოყმანი დაეტყო
დევიძეს.

– მაგას მეც ვხვდები, რომ არ ხარ. ახლა დევი მოვა და მასთან ერთად კიდევ ერთხელ
გადავხედოთ სამივე მკვლელობის დეტალებს.

– მაინც იმას მაკეთებინებთ, რაც თქვენ გჭირდებათ, – წყრომით გადააქნია თავი


ნოდარმა.

– არ ხარ მართალი. ჩვენ კი არა, საქმეს რაც სჭირდება, ეს კი ერთი და იგივე არ არის, –
შეიჭმუხნა თემო, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა. აზრი უნებურად გაურბოდა
ცოლისკენ. შეუცნობლად ცდილობდა მისი უცნაური საქციელის გაანალიზებას და
განწყობაც ნელ-ნელა უარესობისკენ ეცვლებოდა.

***

მარიკას მოსვენება არ მისცა მობილურმა ტელეფონმა – მთელი ღამე გზავნილები


მოსდიოდა და მოსდიოდა და უსიამოვნო წკრიალი ძილს უფრთხობდა. ძილ-
ღვიძილში მყოფი, მარტო იმას ახერხებდა, რომ ტელეფონს ღრმად ტენიდა ბალიშის
ქვეშ. დილით თავატკიებული წამოდგა ლოგინიდან. მხოლოდ სააბაზანოდან
გამოსულმა აიღო ტელეფონი და ორმოცდაათამდე მესიჯი ერთადერთი ფრაზისგან
შედგებოდა: „შენი გაცნობა მინდა!” გაოგნებული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და
დაფიქრდა.

– ეს, მგონი, გიჟია, ვიღაცაა! რას გადამეკიდა?! – წამოიძახა ბოლოს აღშფოთებით.


– მაგ გიჟზე ხომ არ გინდოდა, ჩემთან ლაპარაკი? – ზურაბი ღიმილით მიუახლოვდა
შვილს და თავზე გადაუსვა ხელი – დილიდანვე თუ მოიშლი ნერვებს, მთელი დღე
ისე ჩაივლის, ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებ.

– ჰო, ეგ ვიცი, მაგრამ, რომ არ გამოდის?! – მხრები აიჩეჩა გოგომ და მობილურს ავად
დახედა, – მთელი ღამე არ მომასვენა ვიღაცამ.

– ჯერ ერთი, მობილური უნდა გამოგერთო და, მეორეც, რადგან ასე ბრაზობ, ესე იგი,
„ვიღაც” არ ყოფილა.

– არა, მა... წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. ჯერ მირეკავდა – უნდა გნახოო. რომ არ
ვუპასუხე, ახლა მესიჯებს მწერს – შენი გაცნობა მინდაო. აი, ტელეფონის გამორთვა
კი მართლა ვერ მოვიფიქრე, – თქვა გულდაწყვეტით მარიკამ.

ზურაბს გაეცინა:

– შენ მაინც გაქვს საშუალება, გაიგო, ვინ არის.

– როგორ? – გულწრფელად გაუკვირდა გოგოს.

– როგორ?! – გულწრფელად გაეცინა ზურაბს – დაგავიწყდა, სად მუშაობ? რა უნდა


ტელეფონის ნომრით ადამიანის ვინაობის დადგენას, ძალიან რომ მოვინდომო, მეც კი
გავიგებ. ასე რომ, თუ მართლა გაინტერესებს...

– რა თქმა უნდა, მაინტერესებს. ხომ შეიძლება, ამას მკვლელობებთან ჰქონდეს


კავშირი?
– რა კავშირი?

– რა ვიცი, მაგალითად, შეიძლება, მკვლელი მანიაკია და ახლა მე ჩამიდგა კვალში.

– შენ ამას სერიოზულად ამბობ?

მარიკა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.

– არა, ვიხუმრე. თუმცა, მართლა მაინტერესებს, ვინ არის, – გოგო მამას მიეხუტა და
სახე მის მკერდში ჩამალა, – მგონი, ფსიქოლოგია უკეთ უნდა მესწავლა.

– ჰო? მაინც რატომ?

– ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს და მინდა, პასუხი გავცე, მაგრამ არ გამომდის.

– შენ ეს გუშინაც მითხარი, მე კი არ მოგისმინე.

– არა უშავს. მამა, როგორ გგონია, რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს?

– მიზეზი ბევრია და ყველა ეს მიზეზი, საბოლოოდ, მაინც ერთ მიზეზში იყრის თავს.
– ვერ გავიგე.

– გეტყობა, – გაეღიმა კაცს და შვილს შუბლზე აკოცა.

– მგონი, ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც თავის მსგავსს ასე


შეუბრალებლად ანადგურებს.

– სულაც არ არის ასე. ეს ბანალური ფრაზა არ შეესაბამება სიმართლეს და, უცნაურია,


რომ ხმამაღლა არავის გაუპროტესტებია. სინამდვილეში, ეს მოსაზრება ყოველგვარ
საფუძველს არის მოკლებული.

– ეს როგორ?

– გავრცელებული იდეა, რომ მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი, სიცოცხლე მოუსწრაფოს


მისსავე მსგავსს, იმ ადამიანების მიერ მოგონილი მგონია, რომლებსაც თავის
სიცოცხლეში ბეღურების მეტი არაფერი უნახავთ და იმათაც კარგად არ
დაჰკვირვებიან, გაგიკვირდება, მაგრამ, მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეული მტრედიც
კი საკმაოდ შეუბრალებელი და სასტიკია.

– ხუმრობ?

– არა, სიმართლეა. ოდესმე თუ დრო გექნება და დაინტერესდები, შემიძლია,


სპეციალური ლიტერატურაც მოგცე ამ თემაზე.

– არ მითხრა, რომ მტრედების ქცევის კოდექსი გაქვს, – გაეცინა მარიკას.


– ტყუილად იცინი, რაღაც მაგდაგვარი ნამდვილად მაქვს. შენ სამსახურში არ
მიდიხარ?

– როგორ არა, თან, დღეს თათბირიც გვაქვს და, მგონი, ვაგვიანებ უკვე. იცი, რა
მაინტერესებდა? აი, ის ქალი ხომ გახსოვს ია?

– ჰო, ხომ შეხვდი და ელაპარაკე?

– კი ველაპარაკე, მაგრამ, ვერაფერი დავაცდენინე. ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ, რაც
ჩვენ გვაინტერესებდა, იმაზე საერთოდ არაფერი თქვა. მე კი ისე მინდა, პაპავას
დავანახვო, რა შემიძლია.

– თუ სწორად მივხვდი, პაპავა შენი პატივცემული გამომძიებელია, –


მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი ზურაბმა.

– ზუსტად. ხომ გესმის ჩემი?

კაცმა თავი დაუქნია:

– ჰოდა, მაინტერესებს, როგორ ავალაპარაკო. დამეხმარე, რა!

– სიამოვნებით, მაგრამ, რომ არ ვიცი, როგორ?


– იქნებ რაღაც ისეთი გამიგო, რაც მასთან დაახლოებაში დამეხმარება.

– დაახლოებაში თუ დამეგობრებაში?

– შენ ხუმრობ, მაგრამ მე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი


გამოსავალია. ხომ დამეხმარები?

– მარიკუნა, მე ექიმი ვარ და შენ ეს პროფესია თავის დროზე დამიწუნე, ისევე,


როგორც შენს ასაკში, მე არ მოვინდომე, გამომძიებელი გავმხდარიყავი.

– გასაგებია! – ამოიოხრა მარიკამ, – არ მეხმარები.

– არ გეხმარები კი არა, ვერ გეხმარები.

– უჰ, ცოტა გულზე მომეშვა, – გაიცინა მარიკამ, – ახლა ჩავიცვამ, თორემ, მართლა
ძალიან დამაგვიანდა, ჰო, მართლა, დედა წავიდა უკვე? ორი დღეა, ნორმალურად არ
მინახავს.

– გოგოები წაიყვანა ბაღში. მერე მივაკითხავ და აეროპორტში წავიყვან დღეს


მიემგზავრება. ასე რომ, რამდენიმე დღე არც მომკითხავი გვეყოლება, არც
გამკითხავი, – იხუმრა ზურაბმა.

– მოიცა, მოიცა, მართლა მიდის დედა? მე რომ არაფერი ვიცოდი? არ უთქვამს.


– როდის უნდა ეთქვა, წეღან თავად არ თქვი, ნორმალურად არ დავლაპარაკებივარ
რამდენიმე დღეაო? კარდიოლოგთა რაღაც ყრილობაზე მიიწვიეს და, რომ არ გამეშვა,
საცოდაობა იქნებოდა.

– გავუშვა? მამა, ეს რას ნიშნავს? – გაუკვირდა მარიკას, – ეგ რა უცნაური რამე თქვი.

– „გამეშვაში” სხვა რამე ვიგულისხმე, საყვარელო. გამომდინარე იქიდან, რომ


ზუსტად ვიცი, შენი იმედი არაფერში არ შეიძლება, მქონდეს. არა, არა, ტყუილად
გააპროტესტე, ორივემ ვიცით, რომ ეს სიმართლეა, თუმცა, არ ვბრაზობ. მოკლედ, ეს
დღეები საკმაოდ მძიმე იქნება ჩემთვის, მაგრამ, ლილიკოს დავიხმარ, გამოვიძახე
უკვე.

– ვეცდები, როგორმე მეც დაგეხმარო. გოგოებს მივხედავ.

– ნუ დამპირდები იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.

– რატომ? შაბათ-კვირას ხომ სახლში ვიქნები? ნუ, შაბათს თუ არა, კვირას მაინც, –
იხტიბარი აღარ გაიტეხა მარიკამ.

– არ გინდა ეგეთები. წადი, წადი, გაიქეცი. კვირას თათა დაბრუნდება კიდეც. ჰო, რაც
შეეხება ია ლომიძესა და შენს თხოვნას, შევეცდები, რამე გავარკვიო, – ზურაბმა
თვალი ჩაუკრა შვილს. მარიკამ მადლიერების ნიშნად გაუღიმა.

***

დევიმ ხმაურით გამოსწია სკამი და ზედ ნებივრად მოკალათდა.


– მობრძანდა, – ჩაილაპარაკა ნოდარმა, – რა ენაღვლება, თვითონ მშვენიერ გუნებაზეა,
აურ-დაურია ყველაფერი და ხალისობს.

დევიმ ხელები გაშალა და გაიზმორა, მერე დევიძეს გაუღიმა:

– რა იყო, მარცხენა ფეხზე ხომ არ ადექი? ჰა, ვიწყებთ თათბირს, მგონი, ყველანი
ვართ.

– არა, ის თქვენი უოტსონი გაკლიათ, კაბაში, – ირონიულად მიახალა დევიძემ.

– ჰო, მართლა, მარიკა სად არის? – ახლაღა აღმოაჩინა „დანაკლისი” დევიმ.

– მოვა, ალბათ, – მექანიკურად უპასუხა თემომ და ისევ მაგიდაზე გაშლილ


საქაღალდეში ჩაყო ცხვირი, – დევი, გაქვს რამე ახალი?

– ჯერ ის მითხარი, აქ რა ხდება. მოილაპარაკეთ? ხომ მაგარი იდეაა, დევიძე, აღიარე.

– ჰო, ძალიან, – გამოცრა დევიძემ.

– მიდი, გავიაროთ, რა გვაქვს. დავიწყოთ დევიძის დამხრჩვალისგან.

– რატომ მაინცდამაინც ჩემი დამხრჩვალისგან? – თავისი გვამის „ინტერესები” დაიცვა


დევიძემ.
– თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ის დაახრჩვეს, – ნიშნის მოგებით
„შეახსენა” დევიმ.

– ნოდარ, ხომ შევთანხმდით? მიდი, დაიწყე.

– იცი, რა არის, თემო? მირჩევნია, ჯერ თქვენ მოგისმინოთ. მაგალითად, დევის აქვს
რაღაც საინტერესო ახალი ამბავი, თუ არ ვცდები.

– მარიკაც მოვიდეს, დავუცადოთ ცოტა, – შესთავაზა დევიმ.

თემომ საათზე დაიხედა:

– არა, ვერ დაველოდები. დაგვიანებებს შეეჩვია. უნდა მიხვდეს, რომ აქ საბავშვო ბაღი
არ არის.

თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კაბინეტში აწითლებული მარიკა


შემოიჭრა. ცოტა სული მოითქვა, საერთო სალამი თქვა და განაპირა სკამზე
მორიდებით ჩამოჯდა.

– მგონი, უმცირესობაში ვარ, – იხუმრა დევიძემ, – მომიყვანეთ აქ და ახლა „გაშლილი


ფრონტით” შემომიტევთ. კარგი, ჩემით მოვყვები ყველაფერს. გუსტავ ფუგანი, იგივე
გიორგი ფაილოძე, დაახრჩვეს თუ დაიხრჩო, ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია. არც
მომკითხავი ჰყავს და არც ჭირისუფალი. არც გერმანელები იკლავენ მისთვის თავს,
არც ქართველები. როგორც ჩანს, არც არავის სჭირდებოდა. მე ჩემზე დაკისრებულ
მოვალეობას პატიოსნად ვასრულებ და მკვლელს ვეძებ. მიუხედავად იმისა, რომ
მთლად დარწმუნებული არ ვარ, მოკლეს თუ თავი მოიკლა.
– აი, იმაში, რომ ნამდვილად მოკლეს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, – შეედავა
დევი, შეგიძლია მენდო. მაგ ფუგანის გვამი უკვე დაწვრილებით გამოვიკვლიე და
ყველაფერი მხოლოდ ამაზე მეტყველებს – წყალქვეშ რომ აღმოჩნდა, ის უკვე მკვდარი
იყო. ასე რომ, უბედური შემთხვევის იმედი თუ გაქვს, დაივიწყე, – ცივი წყალი
გადაასხა ექსპერტმა.

– გმადლობ, ძალიან დამეხმარე, – ამოიოხრა დევიძემ, – მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს


იმას, რომ ჩემი ფუგანის და თქვენი ბერაძის მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.

– გეთანხმები, – თავი დაუქნია თემომ, – ნამდვილად არ ნიშნავს. თუმცა, ამ ორ


მკვლელობას შორის რაღაც მსგავსება მაინც არის.

– მაინც რა?

– თუნდაც ის, რომ ერთი მოკლული ნახევრადუცხოელი იყო, მეორე – კი უცხოელს


უპირებდა ჩასიძებას. როგორმე უნდა დავადგინოთ, ერთმანეთს იცნობდნენ თუ არა.

– ეგ ადვილი არ იქნება.

– ვიცი, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ.

– მესამე გვამიც რომ არსებობს, დაგავიწყდა? – „დიდსულოვნად” შეახსენა ნოდარმა


პაპავას.
– უჰ, ეგ საცოდავი ეგა, – ყასიდად „შეიცხადა” დევიძემ.

– ჰო, გაკვეთის შედეგები მოვიტანე. ვიცი, რატომ ჰქონდა მოკლულს ნასიამოვნები


ადამიანის გამომეტყველება სახეზე.

– ფუჰ, შენც იტყვი ხოლმე, რა! – შეიჭმუხნა დევიძე – საზიზღარი სამუშაო გაქვს –
მიცვალებულების ემოციებს იკვლევ.

– არა, მიცვალებულებისას არა, იმქვეყნად იძულებით გამგზავრებულებისას. შენ


როგორ ფიქრობ, როგორი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს გვამს, რომელსაც
სამზარეულოს დანით მუცელი გამოჰფატრეს?

– არ ვიცი, გვამებთან შენ გაქვს ურთიერთობა და მაგათი განწყობა და ხასიათიც შენ


უკეთ იცი, – შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა დევიძემ და ჯიბეში
სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა.

– მდაა... ესე იგი, არ იცი, როგორი გამომეტყველება აქვს ადამიანს, რომელსაც დანას
უტრიალებენ მუცელში?

– გეყოფა, ხუმრობის დრო არ არის, – შეახსება თემომ, – რა დაადგინე?

– ნარკოტიკი.

– რა?! – ერთხმად იკითხეს მარიკამ და თემომ.


– ჰო, რა გაგიკვირდათ? კაიფში იყო ტიპი და სიკვდილსაც სულ ღიღინ-ღიღინით
შეეგება, სექსის ფონზე.

– ეგ საიდანღა იცი? – გულწრფელი გაოცებით აღმოხდა დევიძეს.

– მკვდარმა მითხრა. სულ დაწვრილებით მომიყვა, რამდენ ხანს გაუგრძელდა


ორგაზმი – ჩაიხითხითა დევიმ და მარიკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, – ნელ-ნელა
უნდა შეეჩვიო შენი სამსახურის სპეციფიკას.

– მოიცა, მოიცა, სერიოზულად, ამდენი დრო არ გვაქვს. ნახევარ საათში ახვლედიანი


მიგვიხმობს თავისთან, – შეახსენა თემომ, – ანუ, შენ ამბობ, რომ სანამ მოკლავდნენ,
მოკლულს სექსი ჰქონდა? თან გაიჩხირა კიდეც?

– მე კი არა, გვამი ამბობს ამას და მის სხეულზე დარჩენილი სპერმა. რაც შეეხება
გაჩხერას, მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, ნარკოტიკი მიაღებინეს-მეთქი. ანუ,
ინტრავენური ინიექცია არაფერ შუაშია.

– ეგ რა არის? – იკითხა დევიძემ.

– დევის იმის თქმა უნდოდა, რომ მოკლულმა წამალი კი არ გაიკეთა, არამედ დალია
ან მოწია, – განუმარტა მარიკამ, – ინტრავენური ინიექცია, ნემსით წამლის ვენაში
შეყვანას ნიშნავს.

– დაალევინეს, ძვირფასო, დაალევინეს. ახლა იმის დადგენას ვცდილობ, იგივე


ნარკოტიკი იყო თუ არა, რომელიც ბერაძის შემთხვევაში გამოიყენეს.
თემო გამოცოცხლდა.

– რაო-რაო?! ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

– ჯერ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გვამი ძალიან ბედნიერი იყო, როცა
კლავდნენ, – იმედი გადაუწურა დევიმ, – ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით.

– აბა, რას ამბობ? ბერაძეს და ამ ახალ მკვლელობას შორის აშკარა კავშირი გამოიკვეთა
და ეს უნდა გამოვიყენოთ. ჰო, მართლა, რა გახდა მისი ვინაობის დადგენა, ვახო სად
არის?

– ვახო არ დაგვიბარებია, ჩვენ უნდა მოგველაპარაკა ჯერ, – შეახსენა დევიმ თემოს, –


ექნება რაღაც უკვე, ყოჩაღი ბიჭია.

თემომ ხელები მოიფშვნიტა:

– წარმომიდგენია, ახვლედიანი როგორ გადაყლაპავს ენას, როცა ამ ფაქტებს წინ


დავულაგებთ.

– ჯერ ვერაფერს ვერ დავულაგებთ. სასამართლო კი, მგონი, ხვალ უნდა გაიმართოს, –
თქვა დევიმ.

– ძალიან ოპერატიულად უმუშავიათ. ერთი სული აქვთ, როდის მიაფუჩეჩ-


მიაჩუმათებენ, – მოიღუშა თემო.
– რას იზამ, როცა დიპლომატიური სკანდალის საშიშროება არსებობს, რომელიმე
ერთი მოკვდავის სიცოცხლე ფასს მინიმუმ ორი-სამი პუნქტით დაბლა იწევს – ასეთია
ცხოვრება, – თქვა დევიძემ, – მითხარით, რა გინდათ ჩემგან და წავალ, სამუშაო მაქვს.

– კიდევ რა გაქვს შენს ფუგანზე?

– საინტერესო არაფერი. გერმანიაში, მგონი, ცოლივით ჰყოლია ვიღაც და იმასთან


ვცდილობ დაკავშირებას. ვნახოთ, რას გვეტყვის.

– ჰო, ეგ კარგია, – მოუწონა თემომ, – მაგრამ, საკმარისი არ არის. შენ რა ქენი, იცი?
ნარკომანიასთან ბრძოლის ბიჭებს დაუკავშირდი და სთხოვე, გადაამოწმონ, ეგ
გიორგი ფაილოძე მაგ პონტში ხომ არ ჰყავთ შემჩნეული. დევი, შენ რას იტყვი,
სისხლში ვერაფერი ნახე?

– ვის სისხლში და რა უნდა მენახა, აბა, დამიზუსტე?

– გუსტავ ფუგანის, იგივე გიორგი ფაილოძის სისხლში. სიკვდილამდე მაგასაც ხომ არ


მიართვეს „კოქტეილი”?

დევიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– ვერ გასწავლე კრიმინალისტიკა. იცი, ნარკოტიკი სისხლში რამდენ ხანს ძლებს? ეგ


შენი ფაილოძე კი იმდენი ხნის მკვდარი იყო, ძარღვებში მტკვრის წყალი რომ არ
აღმოაჩნდა სისხლის მაგივრად, ძალიან მიკვირს. მე იმ დანარჩენი ორი გვამის
შემთხვევაშიც იმიტომ ვივარაუდე ნარკოტიკი, რომ სიკვდილის წინ, მათი საქციელი
მომეჩვენა უცნაურად. სისხლი ამჯერადაც არაფერ შუაშია.
– ყოველ შემთხვევაში, მაინც უნდა შემოწმდეს.

– გეთანხმები, უნდა შემოწმდეს. ნოდარ, ხომ უნდა შემოწმდეს? – დევიმ დევიძეს


მიმართა.

– ჰო, – უხალისოდ ჩაიბურტყუნა დევიძემ, – მოვრჩით? ნახევარ საათში ახვლედიანიც


დაგვიძახებს. არ მინდა, ვინმემ შენი კაბინეტიდან გამოსული მნახოს.

– წადი. ახვლედიანმა, შეიძლება, ცალ-ცალკე დაგვიძახოს და, აბა, შენ იცი, ჩვენი
შეთანხმება არ დაგავიწყდეს.

– რა უნდა დამავიწყდეს, საკუთარი თავის მტერი კი არ ვარ.

ახვლედიანი მშვენიერ გუნებაზე იყო – როგორც იქნა, კაბინეტში მშვიდად ჯდომისა


და ტელევიზორის ყურების საშუალება მიეცა. აღარც ტელეფონის ზარზე კრთებოდა
და თანამშრომლების მიმართაც აღარ ჰქონდა აგრესია „ერთი სასამართლოც ისე
ჩაივლიდეს, როგორც იმათ უნდათ („იმათზე“ მზერა ჭერისკენ ააპყრო) და მერე
წინსვლაზეც ვიფიქრებ. წესით, მეკუთვნის. ბრძანება ადვილია, შესრულებაა რთული.
მთავარია, არაფერი გამოხტეს კიდევ. ცოტა ხანს გავუძლებ, სულ ცოტა ხანს და მერე
ისეთი სიხარულით დავუქნევ ხელს აქაურობას. არა, რა, გვამები და უბედურება ჩემი
საქმე არ არის. სადმე სამინისტროში, სუფთად დავჯდები და ვიქნები ჩემთვის
წყნარად. ნერვებსაც არავინ მომიშლის. ჯერ მარტო, ყოველდღე თათბირების
ჩატარებამ მომკლა. რამდენი ხანია, არსად წავსულვარ. გართობას ვინ ჩივის, კაფეში
ყავა ვერ დამილევია სასიამოვნო კამპანიაში. პაპავას და მაჩაბელს ხომ არ დავპატიჟებ.
ისე, იმ მარიკას დაპატიჟება კი შეიძლება. ერთი კარგად შევათვალიერო?!“ –
ახვლედიანმა მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები ჩამოიღო და საათზე დაიხედა. მერე
მდივანთან დასაკავშირებელ ღილაკს დააჭირა თითი და პერანგის საყელო შეისწორა.
– ნათია, პაპავას ხალხი შემიკრიბე. ათ წუთში ჩემთან უნდა იყვნენ. მერე ყავა
შემომიტანე. შენ რომ იცი ხოლმე, შაქრით რომ გამოტენი, ისე არ ქნა, თუ ღმერთი
გწამს, თორემ გამიჩნდა დიაბეტი და ეგ არის...

***

ქალი ადგა. ხალათი გაიხადა და სარკესთან მივიდა. არ მოეწონა საკუთარი


გამოსახულება. ძალიან დაღლილი მზერა ჰქონდა. წარბები ოდნავ დაშვებოდა და
ცუჩის კუთხეებსაც შეეცვალა მოხაზულობა. „სევდის ნიღაბი” – არა, მე ეს არ
მჭირდება, არ მინდა! სასწრაფოდ უნდა ჩავდგე ჩვეულ ფორმაში. ენერგიის
კონტენტრაციას ყოველთვის ვახერხებდი და არც ამჯერად გამიჭირდება. თუმცა,
ცოტაოდენი დასვენებაც არ მაწყენდა. ნიკუშას დავურეკავ და სადმე გავისეირნებთ.
მშვენიერი ამინდია, სიღნაღში მინდა. გზაში წავიხემსებთ კიდეც.

– ქალბატონო ია, პაციენტია, – მოკრძალებით შეაღო კარი ექთანმა.

– პაციენტი? დღეისთვის, მგონი, აღარავინ გვყავდა ჩაწერილი.

– დიახ, მაგრამ, სასწრაფოდ უნდა თქვენი ნახვა. ძალიან აგზნებულია და ტირის.

– დარწმუნებული ხარ, რომ პაციენტია? – ქალმა ისევ ჩაიცვა ხალათი.

ექთანი შეიშმუშნა.

– ჰო, კარგი, შემოიყვანე, ხომ არ უთქვამს, რა პრობლემა აქვს?


– არა, რა თქმა უნდა, – ექთანმა ისე იუარა, თითქოს ეუბნებოდა, როდის გადაუშლიათ
თქვენს პაციენტებს ჩემთვის გულიო.

– წასვლას ვაპირებდი, – წყენით ჩაილაპარაკა იამ, – თუმცა, შეიძლება ასე ჯობდეს.

ექთანმა ვერაფერი გაუგო ექიმის ბოლო ფრაზას, მაგრამ არ შეიმჩნია – შეჩვეული იყო
მის უცნაურობებს.

იამ პაციენტის შემოსვლამდე უჯრიდან მაგარყდიანი რვეული ამოიღო და ცარიელი


გვერდი კალმით მონიშნა...

უკვე საღამოს, 9 საათს გადაცილებული იქნებოდა, ნიკუშას სუფრასთან ასეთი რაღაც


უთხრა: აგრესორებმა შეიძლება საზოგადოებაში სოციალური კიბის ყველაზე ზემო
საფეხურებიც დაიპყრონ, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენი სოციუმი ისეა მოწყობილი,
მარტივი ლოგიკაა იმის მისახვედრად საჭირო, რომ წარმატება უფრო უკონფლიქტო
ადამიანების, დიდსულოვანი და მიმტევებელი პიროვნებების მხარეს არის. ყოველ
შემთხვევაში, მათ გაცილებით ნაკლები დრო, ენერგია და ნერვები ეხარჯებათ
სიმშვიდის მოპოვებაში. სულიერი სიმშვიდე კი ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

ნიკუშამ პირთან მიტანილი ჩანგალი თეფშზე დადო და დედას გაოცებით შეხედა:

– დედა, რა უცნაურად ლაპარაკობ. მოხდა რამე?

– არა, უბრალოდ, დღეს ერთი პაციენტი მყავდა. თუმცა, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი
ნუ დავარღვევთ ჩვენს წმიდათაწმინდა წესს – ოჯახი ის ციხესიმაგრეა, რომელშიც
გარედან ტალახი არ უნდა შეიტანო. მშვიდად გავაგრძელოთ ვახშმობა.
– რატომ? მე სიამოვნებით მოგისმენ. მაინტერესებს, შენს სამსახურში რა ხდება.

– საინტერესო არაფერია, – მშრალად და მოკლედ თქვა ქალმა.

– რა ვიცი, ვიფიქრე, ახალ თემაზე მუშაობს და მორიგ კონფერენციაზე


გასამგზავრებლად ემზადება-მეთქი.

– ძალიან გინდა, რომ გავემგზავრო? – ქალმა შვილს ეჭვით შეხედა, – ნიკა, რაღაც, არ
მომწონხარ. მითხარი, რა გაწუხებს? რატომ გინდა, რომ გავემგზავრო?

– სულაც არ მინდა. ეგ რატომ იფიქრე? ისე ვიკითხე, უბრალოდ.

– თვალებში რატომ არ მიყურებ?

– კარგი. გეტყვი, – ამოიოხრა ნიკამ, ლიმონათი მოსვა და შუბლი მოისრისა, შენ რას
გამოგაპარებს კაცი.

– მე გამონაკლისი არ ვარ. ყველა დედას შეუძლია, თქვას, რას განიცდის მისი შვილი –
ეს ძალიან მარტივია.

– ჰოდა, თუ მარტივია, რამდენიმე დღის წინ, მამას საფლავზე ვიყავი. ბიჭებმა ცოტა
დავლიეთ და, ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე. იქიდან რომ წამოვედი, პატარა
ინციდენტი შემემთხვა. შენ არ ინერვიულო, კარი სულ ოდნავ იყო გაფხაჭნილი და
ფარი ჩამტვრეული. ორ დღეში მოგვარდა პრობლემა.
იამ თეფში მისწია და ხელები მაგიდაზე დააწყო:

– პრობლემა თუ ორ დღეში მოგვარდა, კარგია...

ნიკა დაიძაბა, დედის ხმაში შემაშფოთებელი ნოტები გაჩნდა.

– დედა, ძალიან გთხოვ, ეს აღარ გამეორდება, ოღონდ მართლა.

– თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამას უკვე მეორედ მპირდები.

– ჰო, მეორედ გპირდები, მაგრამ, ამჯერად, სიტყვას შევასრულებ. იცი, რაშია საქმე?
თითქოს პროტესტის გრძნობა მაქვს და ზოგჯერ ვერ ვერევი.

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.

– ხვდები, მაგრამ, არ გინდა, აღიარო. გახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მიგყავდი ხოლმე
სასაფლაოზე. ხშირად არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აღდგომას მაინც. მერე
საერთოდ დაივიწყე ის ადამიანი, არა, კი არ გსაყვედურობ, მაინტერესებს, რა მოხდა.

– არაფერიც არ მომხდარა. უბრალოდ აღარ მცალია. სანამ საჭიროდ მიმაჩნდა,


დამყავდი. ახლა არ მცალია. თანაც, არ მიმაჩნია, რომ გარდაცვლილის პატივისცემა
მის საფლავზე სიარულით გამოიხატება.
– დედა!

– რა – „დედა“? რეალობა ის არის, რომ გულია ჩვენი გარდაცვლილებისთვის


საუკეთესო საფლავი და იქ სიარული არაფერში მჭირდება, რაღაც-რაღაცეების
გასახსენებლად. შენც იმავეს გირჩევ. მით უმეტეს, რომ მამაშენი არასდროს გინახავს.
მისი ხსოვნა შენში უნდა იყოს და არა სადღაც ფერდობზე.

– ძალიან უცნაურად ლაპარაკობ, დედა, – მოიღუშა ნიკა.

– არა, ზუსტად ისეა, როგორც ვამბობ. ახლა ძალიან ხარ აფორიაქებული, მაგრამ, მერე
დაფიქრდები და მიხვდები, რომ სიმართლე ეს არის. რაც შეეხება სასაფლაოზე შენს
სიარულს, მე არ გიშლი, მაგრამ სიმთვრალეში სენტიმენტალიზმის გამოხატვა
მამაკაცისთვის დიდი ნაკლია და იფიქრე ამაზე.

– ალბათ, იმიტომ ხარ მარტო, მამაკაცებს ასეთ მოთხოვნებს რომ უყენებ, – წამოსცდა
ბიჭს და მაშინვე ინანა, – მაპატიე, დედა, არ მინდოდა, უფრო სწორად, ცუდად
გამომივიდა, სხვა რამის თქმას ვაპირებდი. გული მწყდება, მარტო რომ ხარ.
ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას. მე უკვე გავიზარდე და ჩემი ცხოვრება მაქვს.

ქალს გაეღიმა, მაგრამ ამ ღიმილში იყო რაღაც იდუმალი და შემაშფოთებელი.

– შეგიძლია, მშვიდად იყო. მეც მაქვს ჩემი ცხოვრება და, თან, საკმაოდ საინტერესოც.
ასე რომ, მარტო არ ვარ. ახლა კი ვახშამი დავამთავროთ. ნიკა აღარ შეჰკამათებია,
უსიტყვოდ მიუბრუნდა თეფშზე მორჩენილ ვახშამს.

***
ახვლედიანმა ღიმილით მოიწვია თანამშრომლები მაგიდასთან. მარიკას ხილიც კი
ჩამოართვა. მისი თითები ცოტა ხნით შეაყოვნა თავის ხელისგულში და თავიდან
ფეხებამდე ისე შეათვალიერა, გოგომ უხერხულობა იგრძნო.

– მე თქვენი მუშაობით კმაყოფილი ვარ, – დაიწყო პირდაპირ და თემოს მიუბრუნდა,


– ძალიან კარგად გაართვით საქმეს თავი და გავითვალისწინებ ამას.

– მე არ ვარ კმაყოფილი არც ჩემი მუშაობით და არც იმას ვფიქრობ, რომ საქმე უნდა
დაგვეხურა, – მიახალა თემომ.

ახვლედიანი გაშრა:

– პაპავა, ეს რას ნიშნავს?

– იმას, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყო და ნამდვილი მკვლელი ქუჩაში


დასეირნობს.

– პაპავა, გირჩევ, ასეთი კატეგორიული განცხადებებისგან თავი შეიკავო, ისევ


შენთვის აჯობებს, დამიჯერე!

– მე შევიკავებ თავს, არ არის პრობლემა, მაგრამ, ვერ ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე,


რომ კიდევ რამე სიურპრიზი არ იქნება.

ახვლედიანს სახე შეეცვალა.


– რა გინდა, პაპავა, გამაგებინე! გაქებ – არ მოგწონს; გსაყვედურობ – არც ეგ მოგწონს:
სერგი ბერაძის მკვლელობის საქმე დახურულია და, შეგიძლია, საერთოდ დაივიწყო
ეგ ამბავი. სხვა მკვლელობების გამოძიებას კი არავინ გიშლის, პირიქით,
ყველანაირად დაგეხმარები და მხარში დაგიდგები, მე აქ ამისთვის ვარ. ასე რომ,
პრეტენზიები შენთვის შეინახე და იმუშავე, იმუშავე!..

დევის დერეფანში შეხვდა. მარიკამ სწორედ იმ მომენტში ამოირბინა კიბე, როცა


დევიმ დეპარტამენტის უფროსის კარი მიიხურა.

– აქ რას აკეთებ, პატარავ? – ჰკითხა გოგოს, – მეგონა, დავალებაზე იყავი.

– მივდიოდი, მაგრამ... ახვლედიანმა დამირეკა. უფრო სწორად, მისმა მდივანმა.


სასწრაფოდ მოდი, საქმე აქვსო. ჰოდა, მოვბრუნდი.

– მართლა? ახლა მეც მისგან გამოვედი.

– შენც დაგიბარა? ცალ-ცალკე გადაწყვიტა ჩვენთან მოთათბირება თუ რაშია საქმე?!

– არა, მე თავად გადავწყვიტე, მენახა. ექსპერტიზის შედეგები მივართვი


წერილობითი და ზეპირი ფორმით. სამივე მოკლულის გვამის გამოკვლევა,
ფაქტობრივად, დასრულებულია. ხომ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე?

– არ მითხრა, რომ სერიული მკვლელის იდეა გააცანი.

– მთლად არა, მაგრამ... შეიძლება ითქვას, მივანიშნე.

მარიკამ ხელი ჩაიქნია:

– ეგ ვერ მიხვდება. მინიშნება კი არა, პირდაპირ რომ ელაპარაკები, ვერ იგებს.

– არც ასეა საქმე. შენ და პაპავას კი გგონიათ ჩლუნგი, მაგრამ, ჭკვიანია, თანაც,
საკმაოდ ჭკვიანი.

– არ ვიცი, რას გულისხმობ. ანუ, ახვლედიანი შეაფიქრიანე – ამის თქმა გინდა?

– რაღაცაზე დავაფიქრე. ყოველ შემთხვევაში, განწყობა აშკარად გავუფუჭე. მშვენიერ


გუნებაზე იყო, მაგრამ, რომ გამოვდიოდი, სიგარეტს დაუწყო ძებნა.

მარიკას გაეცინა.

– რას მერჩოდი? ახლა მე უნდა ჩავვარდე ლომის ხახაში. ნეტავი, რა უნდა, რისთვის
მიბარებს? არადა, საქმე მქონდა.
– თემომ დაგავალა რამე?

– თემომაც და რაღაც პირადიც მქონდა გასარკვევი.

დევი გამოცოცხლდა:

– ოჰო, პაემანზე ხომ არ მიდიოდი?

– არა, რა პაემანზე, რას ამბობ! უბრალოდ, ვიღაც მირეკავს და, მაინტერესებს, ვინ
არის.

დევიმ თვალები მოჭუტა:

– ოჰ, ოჰ, რა ხართ ეს ქალები! არ იცი, არა, ვინ გირეკავს და, მეც დაგიჯერე.

– გეფიცები, მართლა არ ვიცი. ტყუილი რისთვის მჭირდება. მეუბნება, შენთან


შეხვედრა მინდაო.

– შეხვდი, მერე... კაი ტიპი ყოფილა.

– როგორ დაასკვენი, რომ კაი ტიპია? – გამოაჯავრა გოგომ.

– იმით, რომ პირადად მე ძალიან მომწონს გაბედული და პირდაპირი მამაკაცები.


მოსწონხარ ადამიანს და ყოველგვარი შესავლის გარეშე გეუბნება, შემხვდიო.

მარიკამ თვალები მოჭუტა:

– მართლა ასე ფიქრობ?

დევიმ მხრები აიჩეჩა და ხელები მრავალმნიშვნელოვნად გაშალა:

– ჰო, მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მერე რას აპირებდი?

– ვიფიქრე, ბიჭებს ვკითხავ, ნომერს ამოაგდებენ და გავიგებ, ვინ არის-მეთქი.

– ყოჩაღ, ოპერატიულობას ამ შემთხვევაშიც არ კარგავ. თუ გინდა, მე ჩავალ


ოპერატიულში, მომეცი ნომერი.

მარიკა შეყოყმანდა.

– მომეცი, მომეცი... ერთი ვნახავ, ვინ არის. შენ მართალი ხარ, სიფრთხილე მაინც
საჭიროა.
– ჰოო?! იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ის მანიაკი ახლა მე ამომიღებს მიზანში?

დევი მოიღუშა:

– ხომ გითხარი, სიფრთხილე საჭიროა-მეთქი. მე მაინც ვნახავ. შენ ახვლედიანთან


შედი, ამას კი მე მივხედავ. თუ მიხვდები, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს, ჩემი
მანქანით მიგაბრძანებ პაემანზე.

მარიკა აღარ შეჰკამათებია, მობილური ამოიღო და კაცს ნომერი ჩააწერინა.

***

ახვლედიანი ღია ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს. მარიკას მოეჩვენა, რომ მისი


დანახვა გაუხარდა.

– შემოდი, შემოდი და დაჯექი. ყავას არ დალევ ჩემთან ერთად? ჩემი მდივანი ამ


საქმეში ისეთი გაწაფულია, ვერავინ შეედრება. ეტყობა, ძველ შეფს ყავა
განსაკუთრებით უყვარდა.

მარიკას არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ გამოსწია სკამი, მაგიდას მიუჯდა და, ხელები
მუხლებზე დაილაგა, ბეჯითი მოსწავლესავით.

– სიგარეტი ხომ არ გინდა? არ ეწევი? კარგია, მაგრამ, შენ ისეთი მძიმე სამსახური
გაქვს, ზოგჯერ გაერთობოდი. აი, მე სულ არ ვეწეოდი და აქ ნელ-ნელა ვეჩვევი.

მარიკამ ისევ დუმილი ამჯობინა. მხოლოდ ოდნავ გაუღიმა ტუჩის კუთხეებით, ისიც,
უფრო ზრდილობისთვის.

– მინდოდა, მეკითხა, როგორ შეეჩვიე აქაურობას. უფროსი ხომ არ გამოგიცვალო?


პაპავას ცოტა მძიმე ხასიათი აქვს. შეიძლება, ვერ მეუბნები და მასთან
ურთიერთობაში რამე პრობლემა გაქვს?

– არა, არა, ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, – სწრაფად მიუგო მარიკამ და


ასადგომად წამოიწია, – თუ მარტო ეს უნდა გეთქვათ, წავალ.

– არა, ჯერ არ დამიმთავრებია. ახვლედიანმა ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდის


ზედაპირზე.

– არ გინდა, ჩემთანაც გაიარო პრაქტიკა? – ჰკითხა ყოყმანით და გაეღიმა. მარიკა


დააბნია მისმა შეკითხვამ.

– პრაქტიკა? თქვენთან?
– ჰო. მეც შემიძლია რაღაც-რაღაცეებში გაგარკვიო. ამოდი ხოლმე და აგიხსნი,
მთლიანად უწყება როგორ მუშაობს?

– მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ მე ჯერჯერობით უშუალოდ გამოძიება უფრო


მაინტერესებს. მით უმეტეს, რომ ახლა ძალიან ბევრი და საინტერესო საქმეა, თუ
დევის ვერსიაც მეტ-ნაკლებად დადასტურდა.

ახვლედიანს სახე შეეცვალა:

– ოღონდ, არ მითხრა, რომ სერიული მკვლელის ვერსიის გჯერა. ვერ ვხვდები, რატომ
ცდილობენ ეგ და პაპავა, ყველაფრის გართულებას და ამ სამი მკვლელობის
ერთმანეთთან დააკავშირებას. იცი, ეს რას ჰგავს? ბნელ ოთახში კატის ძებნას, თან,
როცა ეს კატა იქ საერთოდ არც არის.

– ბატონო გიორგი, მე რატომ მეუბნებით ამას? ხომ არ აჯობებს, ბატონ თემურს


გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები, ან, საერთოდ, თათბირზე განვიხილოთ ყველამ
ერთად?

ახვლედიანს არ მოეწონა გოგოს ტონი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა:

– შენ როგორი პრინციპული ყოფილხარ! საერთოდ, მომწონს პრინციპული ქალები,


პირადად მე მხოლოდ დადებით ემოციებს აღმიძრავს. თუმცა, ამ სფეროში სიჯიუტე...
ზოგჯერ ბრძანებების შესრულებაც რომ გვიწევს, ეს ხომ იცი?!

– რა თქმა უნდა. აი, ახლა მე თქვენს ბრძანებას დავემორჩილე და მოვედი. რაც შეეხება
კონკრეტულად საქმის დეტალებს, მე მხოლოდ თანაშემწე ვარ და ყველაფერს ბატონ
თემოს ვუთანხმებ.

– კარგი. წადი და შეუთანხმდი ბატონ თემოს – ხმაში გაღიზიანება დაეტყო


ახვლედიანს, – და გადაეცი, რომ ძალიან ზოზინობს. მე არ ვიცი, თქვენ ერთად რა
ვერსიებს ამუშავებთ, მაგრამ, მარტო ერთი გახსნილი საქმე, საკმარისი არ არის. ეს
ყველაფერი განყოფილებას ეწერება და არ მინდა, საყვედური მივიღო. ჯერ, მგონი,
გარდაცვლილის ვინაობაც არ დაგიდგენიათ.

მარიკა ადგა:

– ნახვამდის, ბატონო გიორგი.

– ნახვამდის. კარგია, შენი უფროსის ერთგული რომ ხარ, მაგრამ, აქ მაინც მე ვიღებ
გადაწყვეტილებებს და, კიდევ, ჩემს შეთავაზებაზეც იფიქრე, ისევ შენი
მომავლისთვის არის საჭირო.
– გავითვალისწინებ, ბატონო გიორგი, – გამოკვეთილი მოწიწებით დაუქნია თავი
მარიკამ.

ახვლედიანი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტელეფონის ზარმა შეუშალა


ხელი, არ დალოდებია, სანამ გოგო კაბინეტიდან გავიდოდა, ყურმილს ხელი დაავლო
და უპასუხა. მარიკას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ნაბიჯი შეანელა. ახვლედიანი
აშკარად არ ელოდა ამ ზარს და საკმაოდ უსიამოვნოც აღმოჩნდა მისთვის. რამდენიმე
წუთი მოღუშული უსმენდა და ჩამქრალი სიგარეტის ნამწვს სრესდა საფერფლეზე,
მერე ერთბაშად გაწითლდა და წამოიძახა:

– კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია! ერთი წუთით მომისმინეთ! ეს... ეს... ჩემს


შესაძლებლობებსა და კომპეტენციას აღემატება. დიახ, სწორედ მაგის თქმა მინდოდა,
რომ ეს უკვე აღარ არის ჩვენი საქმე. რა თქმა უნდა, მესმის, რომ პრობლემები არ
გვჭირდება და, მგონი, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც აუცილებლობა
მოითხოვდა. ჰო, დიახ... შევეცდებით. არა, ყველაფერს გავაკეთებთ. დიახ, გასაგებია...
გავიგე...

ახვლედიანმა ყურმილი დადო და შეიგინა. საერთოდ არ გახსენებია, გამოღებულ


კართან მდგარი გოგო. მარიკამ ფეხაკრეფით დატოვა ოთახი.

***

ტყავის კომფორტულ სკამში ნებივრად მოკალათებული დევი სიამოვნებით


წრუპავდა ცივ ყავას და კომპიუტერის მონიტორს უყურებდა. მერე ჭიქა მაგიდაზე
დადგა და ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა.

– აქ რა კარგად მოწყობილხართ! მაგარი კომფორტი გაქვთ – პატარა სამზარეულო,


საშხაპე, მოსასვენებელი ოთახი, ქალები...

– აი, მანდ კი ცოტა გადაამლაშე, – გაუცინა ოპერატიულის მორიგემ და თან


პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი გაუწოდა.

– აჰა, აქ ყველაფერია. ვინაობა, პირადი ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი,


მისამართი, ბინის ტელეფონის ნომერი.

– ყოჩაღ! შენი იმედი მქონდა, – დევიმ ფურცელი გამოართვა, – მოიცა, ქალია?


დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი შეგშლია?

– რატომ უნდა შემშლოდა. პროგრამის სიზუსტეში ხომ არ გეპარება ეჭვი? თან, რა


არის, იცი? ხშირად, მობილური ერთზეა გაფორმებული, მეორე კი სარგებლობს. ჩემი
მობილური, კორპორატიულ ნომერს არ ვგულისხმობ, ჩემმა ცოლმა აიღო და
გაფორმებულიც მასზეა. ასე რომ, მე მხოლოდ ნომრის ოფიციალური მფლობელი
დაგიდგინე, დანარჩენი შენ იცი.

დევი ფურცელს ჩააშტერდა და უცებ დაუსტვინა.

– ოჰო, ეს უკვე საინტერესოა, თანაც, ძალიან საინტერესო! შენ ვერც წარმოიდგენ,


როგორ მომეხმარე. ჩათვალე, რომ ვალი მაქვს შენი.

– მართლა? მიხარია. რომ მოვკვდები, ჩემი გვამი არ გამოფატრო, კარგი?

დევიმ მსუბუქად წაარტყა ოპერს თავში:

– სხვა რამეზე იხუმრე, ჭკუის კოლოფო! წავედი ახლა და, ყავა რომ გამოგელევათ,
შემატყობინეთ, მოგამარაგებთ.

***

მარიკამ აწკრიალებულ მობილურს დახედა და სწრაფად დააჭირა მწვანე ღილაკს


თითი. დევის მოზეიმე ხმა ჰქონდა:

– მარუსია, შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს შენთვის. როდის გაგახარო?

– როცა გინდა.

– ახლა სად ხარ?

– ახლა? – გოგომ კიბის ბოლო საფეხურები ჩაირბინა, – ახლა ქუჩაში. ანგარიში


გამითავდა და ბარათის საყიდლად გამოვედი. ახლავე მოვალ, თემოსთან ხარ? უჰ,
მინდოდა მეთქვა, ბატონ თემოსთან ხარ-მეთქი?

– ჩემთან ვარ. მოდი, ოღონდ, რამე საჭმელი წამოიღე, ძალიან მომშივდა. აქ


ახლომახლო ყველაფერი დაკეტილია და, სიმართლე რომ გითხრა, გასვლაც მეზარება.

– სახლში უნდა მოვიდე? შენთან? მისამართი რომ არ ვიცი? – დაიბნა მარიკა.

– სახლში სხვა დროს დაგპატიჟებ, ახლა ჩემს აპარტამენტებში ვარ. მანდ ბიჭებს
უთხარი და რომელიმე საპატრულო მანქანას გამოგაყოლებენ.

– ტაქსის ავიყვან.

– რასაც გეუბნები, ის გააკეთე! გამომძიებლის თანაშემწეები ტაქსით არ დადიან.


დევიმ ყურმილი დადო და შემობრუნდა. თემომ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– მოვა. ჭკვიანი გოგოა, ეგრევე ხვდება ყველაფერს – კარგი ალღო აქვს. ნახე, ვისზე
გავიდა?

– მოიცა, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ ვისზე გავიდა. თან, იქნებ, გვეშლება?

– თითქმის ყველაფერი ემთხვევა. რა გვეშლება?

თემომ მხრები აიჩეჩა:

– დამთხვევებიც ხომ არსებობს?

– რა თქმა უნდა, მაგას ვინ გამორიცხავს, მაგრამ, არ მგონია, ეს უბრალო დამთხვევა


იყოს, აგერ ნახავ.

– ახვლედიანს რა უნდოდა? – თემო რაღაცაზე ჩაფიქრდა.

– იმას არაფერი, მე მინდოდა. ჰო, რა იყო? შევედი და დავუწყვე წინ ექსპერტიზის


მასალები. არ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში?

პაპავამ ჩაიცინა.

– ტყუილად იცინი. სერიული მკვლელის იდეა შევუგდე. იცოცხლე, გავუჩინე


საფიქრალი.

– როგორ არა, მოიკლავს თავს ფიქრით.

– შენ ეგრე გეგონოს. მარიკა ჰყავს თავისთან დაბარებული და, შეიძლება, სწორედ
იმის გარკვევას ცდილობდა, რას ვაპირებთ.

დევი შემინულ კარადასთან მივიდა. ორი პატარა ჭიქა და შუშის მოზრდილი კოლბა
გამოიღო, რომელშიც მუქი ფერის სითხე ესხა, თემოსთან მივიდა და ცხვირწინ
შეუნჯღრია.

– დალევ? ძალიან მაგარია.

– ეგ რა არის? – შიშით შეხედა თემომ ჭურჭელს.

– კონიაკია. შენ რა გეგონა? – სიცილი აუტყდა დევის.

– რა ვიცი, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.


– საერთოდ ვერ ერკვევი მედიცინაში. ასეთი ფერის მხოლოდ შარდი შეიძლება იყოს.
მკვდრები კი არ შარდავენ. ასე რომ, შეგიძლია, სიტყვაზე მენდო და დალიო.

– მშიერ კუჭზე კონიაკს ვერ დავლევ.

– სადღაც შოკოლადიც უნდა მქონდეს, – დევიმ კოლბა და ჭიქები სამუშაო იარაღების


გვერდით, შუშის მაგიდაზე დააწყო და კარადის უჯრაში დაიწყო ქექვა.

– მოეშვი, თუ ღმერთი გწამს, არ მინდა! მეშინია, თითი ან ყური არ ამოათრიო


უჯრიდან.

– ხუმრობ? კარგია, – დევიმ ნახევარი შოკოლადის ფილა მოზეიმე სახით შემართა, –


ვიპოვე! მიდი, შეავსე ჭიქები. წუთი-წუთზე მარიკაც მოვა და ფენოვან ხაჭაპურებს
მოგვიტანს.

თემომ ჭიქები შეავსო. თავისი ჭიქა ხელისგულზე დაიდო და მასში მოლივლივე


სითხეს ჩააშტერდა:

– ესე იგი, შეაფიქრიანე... მერე რა, ბერაძის საქმეს ძიებაში მაინც არ დააბრუნებს.

– ვნახოთ, შეიძლება, დავაბრუნებინოთ კიდეც. ჩვენ ჩვენი ვცადოთ. ჩაიაროს


სასამართლომ, მითქმა-მოთქმაც შეწყდეს და... პრინციპში, არც იმის გამორიცხვა
შეიძლება, რომ სწორედ ის ქალია მკვლელი. ფსიქოლოგის დასკვნაც არ დევს საქმეში.
ამ დრომდე იცდიდა, გაიგო, ცოლს რომ ირთავდა და შური იძია. შეიძლება, ამ ხნის
განმავლობაში ჰქონდათ კიდეც ინტიმური ურთიერთობა, ანუ, საყვარლად ჰყავდა,
რა!..

– მაგას უკვე სასამართლო გაარკვევს. ფაქტობრივად, გამოუძიებელი საქმე


გადამაცემინეს.

– რა ქნან, საერთაშორისო სკანდალს მოერიდნენ.

– ესე იგი, კიდევ რაღაცას მალავენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, დამალონ. ვერ
მოვისვენებ, სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივყვები. დევიძეს კიდევ უნდა
დაველაპარაკო. აშკარად ერთ ადგილზე ბუქსაობს. ხომ იცი მაგისი ამბავი – რა
ეჩქარება, რა!.. ამ ორი მკვლელობის ერთმანეთთან შეხების მეტი ფაქტები მჭირდება.

დევიმ კონიაკი მოსვა და თვალები მოჭუტა:

– მდაა: ადამიანის ორგანიზმი ძალიან საინტერესო მექანიზმია – ერთდროულად


ურთულესი და უმარტივესი. შენ, რა თქმა უნდა, ეს არ გაღელვებს, მაგრამ,
ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა, რაღაც-რაღაცეები გცოდნოდა და...
– შემარგე ახლა ეს კონიაკი – ჩაიბურტყუნა თემომ და კონიაკი მოწრუპა.

– მომისმინე, რაღაცას გეტყვი. სისხლი ერთი დღის განმავლობაში, ზუსტად 19 312


კილომეტრიან დისტანციას გადის.

– რა სისხლი? რას მეუბნები, ვერაფერი გავიგე.

– რატომ ვერ გაიგე? შენს სისხლზეა ლაპარაკი, ჩემს სისხლზე და, საერთოდ,
სისხლზე, რა!

– ჰო?! საინტერესოა.

– არ დაგაინტერესა? კარგი, მაშინ, ის მაინც თუ იცი, რომ ნახევარი წლის


განმავლობაში ნახევარ ტონა საჭმელს ნთქავ, შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში
კი, მთელ ტონა პროდუქტს ანადგურებ?!

– ამით რისი თქმა გინდა? – ჩასაფრებულივით ჰკითხა თემომ.

დევიმ წაუსტვინა:

– აუ, შენ რა გჭირს, ტო! მაგრად ხარ დაგრუზული და მინდა, ცოტა გაგართო. თან,
ჩემს მთავარ სათქმელს ვუახლოვდები.

– რა სათქმელს?

– მომისმინე, რა ქნეს ბიჭებმა, იმ მესამე მკვლელის ვინაობა დაადგინეს?

– ჯერ არა, მუშაობენ. შენ ხომ არ გეცნობა?

– ისე, აქამდე უნდა ამოგეცნოთ თითების ანაბეჭდებით, ან მეზობლებისგან


შეგროვილი ცნობებით.

– საქმეც ეგაა, – კონიაკი ბოლომდე გამოწრუპა თემომ და ჭიქა ხმაურით დადგა მინის
მაგიდაზე, – ჰო, საქმეც ეგაა, რომ მეზობლებს წარმოდგენა არ აქვთ მასზე. რაც შეეხება
თითების ანაბეჭდებს, ჩვენს კარტოთეკაში არ მოიძებნა.

– ანუ, ციდან ჩამოვარდა?

– რა გითხრა?!. რამდენიმე დღე უნდა მაცადო, მუშაობენ-მეთქი ბიჭები, – გაღიზიანდა


თემო.
– მე კი გაცდი, – გაეღიმა დევის, – მეც გაცდი და, როგორც ვატყობ, არც ახვლედიანი
იწუხებს დიდად თავს. ჰო, მართლა, იცოდი, რომ ადამიანის სხეულში ყველაზე
ძლიერი კუნთი ენაა? წარმოგიდგენია? რამდენი რამ შეუძლია ამ პატარა ხორცის
ნაჭერს... თანაც, მისი ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია და ინდივიდუალური,
როგორც თითების; პირში კი ზუსტად იმდენი ბაქტერია ბინადრობს, რამდენი
ადამიანიც სახლობს ჩვენს პლანეტაზე, ან, შეიძლება, უფრო მეტიც, რაც შეეხება თმის
ერთ ღერს, ის ვაშლის სიმძიმეს უძლებს.

– დევი, გეყოფა, ცუდად ვარ. ანატომიის ლექციას მიტარებ?

– აბა, რას ამბობ, უბრალოდ „ეს საინტერესოას” გეთამაშები. ალბათ, ვერ ხვდები, ჩემს
საქმეში ასეთ წვრილმანებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ადამიანის
ტვინის წონით, მისი საშუალო ასაკის დადგენა შეიძლება. მთელი საიდუმლო კი ისაა,
რომ, ასაკის მატებასთან ერთად, შენი ტვინი წონაში ნელ-ნელა იკლებს –
ყოველწლიურად მსუბუქდება, რა! ეს უწყვეტი და შეუჩერებელი პროცესია.

– მერე? – თემო მიხვდა, რომ დევი თავის მთავარ სათქმელს მიუახლოვდა, – ჰე,
ამოღერღე ახლა...

– ხომ უკვე მიხვდი, რისი თქმაც მინდა?

– რა მნიშვნელობა აქვს, მე რას მივხვდი, – აფეთქდა თემო, – ან ამხელა შესავალი


რისთვის გინდოდა, პირდაპირ ვერ მეტყოდი, რომ მოკლულის ასაკი განსაზღვრე?

– ასეა და, მინდა გითხრა, არც ისეთი ახალგაზრდა აღმოჩნდა, როგორც ერთი
შეხედვით გვეგონა. 60 წელსაა მიტანებული.

– შეუძლებელია! – აღმოხდა თემოს განცვიფრებით.

– თუ ტვინის წონას ვენდობით, ასეა. შეგიძლია, ბიჭებს უთხრა, ძებნის ასაკობრივი


არეალი შეიცვალონ. ეტყობა, დიდი ეგოისტი ვინმე ბრძანდებოდა და
განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთარ პერსონაზე. იმიტომაცაა ასე კარგად
„შენახული“.

– ჰო, ორმოცდახუთ წელზე მეტს ვერაფრით მივცემდი... ვახოს უნდა დავურეკო.

– ასეა, ჩემო კარგო, აბა, შენ რა გგონია?! ყველაფრის ცოდნაა საჭირო და ხანდახან
გაგანათლებ ხოლმე... სად არის ის გოგო ამდენ ხანს, მოვკვდი მშიერი, – აწრიალდა
დევი და საათზე დაიხედა.

***
ზეამ ნაზად შეუბერა სული ყავას და თითებს შორის გაჩრილი სიგარეტი ფრთხილად
დადო საფერფლეზე.

– ამ ბოლო დროს ბევრს ვეწევი, შენ ასე არ ფიქრობ? – ჰკითხა დივანზე პირქვე
ჩამხობილ ენცოს, რომელმაც მხოლოდ მხრები შეათამაშა პასუხად და გვერდი
იბრუნა.

ზეამ ტუჩები გაბუსხა.

– ჰო, ასეა. ბევრს ვეწევი, იმიტომ, რომ შენთან ერთად მეც ვნერვიულობ. ძალიან
გაგირთულდა დეპრესია. მესმის შენი, ანუ, ვცდილობ, მესმოდეს, მაგრამ, სიმართლე
თუ გინდა, დიდად აღფრთოვანებულიც არ ვიყავი მაგ ტიპით. ვგრძნობდი, რომ
რაღაც შარში იყო გახვეული.

– შენი იდიოტური მოსაზრებები არ მაინტერესებს! – ავად ჩაილაპარაკა ენცომ.

– ჰო, ვიცი. ახლა ცუდად ხარ, ნერვიულობ და გეშინია.

– მოკეტე!

– რას ნიშნავს მოკეტე? საყვარელო, მე ხომ შენი მეორე „მე” ვარ. ამიტომ, თითქმის
ყველაფერი ვიცი, რასაც გრძნობ.

– არაფერიც არ იცი და ნერვებს ნუ მიშლი! – გაცეცხლდა ენცო და წამოხტა, – თუ


გაჩუმება არ შეგიძლია, საერთოდ გადი ოთახიდან.

– სულ ტყუილად ბრაზობ და ნერვიულობ. აბა, რა გაცოფებს? გინდა, ჩემს კავშირებს


დავატრიალებ და გავიგებ, რა ხდება მკვლელობასთან დაკავშირებით?

– გაჩერდი და ნუ ეჩრები იქ, სადაც არავინ არაფერს გეკითხება. გთხოვე, თავი


დამანებე-მეთქი! მოთმინებას ვკარგავ და, შეიძლება, ძალიან ცუდად დაგიმთავრდეს
ეს აქტიურობა.

– ჰო, მესმის... – თავისას არ იშლიდა ზეა, – ადამიანი მაღალგანვითარებული


მატერიაა, სოციალურად ბევრად დამოკიდებული არსება და, შესაბამისად,
ემოციურად დატვირთული. მე ხომ ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი და ასეთ
რაღაცეებში ვერკვევი. სიტყვა „ბედნიერება” ყოველთვის არ არის „სიმდიდრისა” და
„წარმატების” ეკვივალენტი. ფსიქოლოგიური კომფორტის თვალსაზრისით, აჯობებს,
ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად და, საერთოდ...
– მოკეტე! – უყვირა ენცომ და პატარა ბალიში პირდაპირ თავში ესროლა. ზეამ ხელები
გაასავსავა, – ეს უკვე ფსიქოზია, საყვარელო! სასწრაფოდ დამშვიდებას გირჩევ, მამი,
თორემ, ნერვებს გაიფუჭებ.

– შენი ატანა დღითიდღე შეუძლებელი ხდება. უკვე ვფიქრობ, ცალკე ხომ არ


გადავიდე საცხოვრებლად!

ზეას თვალები დაუმრგვალდა და ერთიანად გაწითლდა:

– არა, არა, ეგ არ გააკეთო, მაგას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ და გული გამისკდება!


გეხვეწები, მეორედ აღარ თქვა!

– მაშინ, გაჩუმდი და ყავა მომიდუღე. ოღონდ, მე რომ მიყვარს, ისეთი – შაქარი არ


დაინანო.

– საყვარელო, – გულზე მოეშვა ზეას, – როგორ მანერვიულე. ახლავე, ახლავე მოგიტან


ყავას და, ბარემ, ჩემთვისაც მოვადუღებ. ეს უკვე გაცივდა, – ზეამ სიგარეტი აიღო და
ოთახიდან დააპირა გასვლა. მაგრამ, ზღურბლთან მისული მაინც გაჩერდა და
შემობრუნდა:

– ერთსაც გეტყვი... თუ რამე სერიოზული პრობლემა გაქვს, ისეთი, რომელიც მე არ


ვიცი, აჯობებს, მითხრა – ერთად უფრო ადვილად მოვერევით, რადგან ჩვენ
ერთნაირები ვართ. თანაც, ჩვენი არაკეთილმოსურნე ადამიანების გარემოცვაში
ვიმყოფებით. კრიტიკულ მომენტშიც და ისეც, მარტო ერთმანეთი გვყავს და მხოლოდ
ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს.

ენცომ სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა ხელი. ეტყობოდა, რომ მეგობრის სიტყვებმა


დააფიქრა. ზეა ამან გაათამამა:

– არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაგრამ, მეჩვენება, რომ შენ სერიოზულად ეჭვიანობდი


იმ ქალზე.

– იმ კახპას ნუ მიხსენებ, – გამოსცრა ენცომ, – ყველაფერი მაგ ლოთის ბრალია,


ყველაფერი!

– ესე იგი, არ შევმცდარვარ, – ამოიოხრა ზეამ.

***

პიცის ყუთებით დატვირთულმა მარიკამ პროზექტურის კარი შეაღო და მადის


აღმძვრელი სუნი შეიყოლა. უკან პარკებით დატვირთული ვახო მიჰყვა ფეხდაფეხ.
– ვაა! ესენი ნახე, რა! ხაჭაპური კი არა, იმდენი რამე მოიტანეს, მგონი, ვქეიფობთ.
საიდან ამდენი?

ვახომ პარკები სკამზე დააწყო და ამოიხვნეშა:

– აი, შევხვდი და... შიაო... ძალიანო...

– დაჯექი, დაჯექი და სული მოითქვი. მარიშ, ვინ დაგაფინანსა, მამიკომ?

– ჰო, რაღაც მაგდაგვარი იყო, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მარიკამ, – პიცა ხომ
გიყვართ? კიდევ, სალათები მოვიტანეთ და ვაშლის ღვეზელი...

დევიმ კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები:

– ვაჰ, ნაპოვნია, რა, ეს გოგო! ხომ გეუბნებოდი, გამოგვადგება-მეთქი. აბა, სად


გავშალოთ სუფრა?

ვახომ შიშით დახედა ბეტონის მაგიდას:

– ოღონდ აქ არა, რა, თორემ, უკვე ცუდად ვარ.

– ნუ დარდობ, მაგიდას ცხელი წყლით ვრეცხავ ხოლმე. სისხლი კი აქვს ჩამჯდარი და


ჩაჟანგდა კიდეც უკვე, მაგრამ, სუფთაა.

ვახო შესამჩნევად გაფითრდა.

– მორჩი რა, ჩემს ოპერს ნუ აშინებ. თანაც რა დროს სუფრის გაშლა და ქეიფია,
სამუშაო გვაქვს.

– ჰო, მართლა! ბატონო თემურ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის –


როგორც იქნა, გავარკვიეთ იმ გარდაცვლილის ვინაობა, ოღონდ, ერთი პრობლემაა.

– რა პრობლემა?

– ასაკი არ ემთხვევა, – ვახომ საქაღალდიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო და


პაპავას გაუწოდა, – თავად ნახეთ. ეს ტიპი სამოცი წლის მაინც იქნება. დღეს დილით
შემოვიდა განცხადება, ვინმე გია ნოდიას დაკარგვის შესახებ – ცოლმა მოგვმართა.
სამი დღის წინ უნდა დაბრუნებულიყო მივლინებიდან და, აღმოჩნდა, რომ იქ
საერთოდ არ ჩასულა.

– მოიცა, მოიცა, ასე არ გამოვა! დაჯექი და დალაგებით მოყევი ყველაფერი, – პაპავამ


ოპერს სკამზე მიუთითა და დევის მიუბრუნდა, – შენ კიდევ, კაბინეტი ხომ გაქვს,
მარიკაც მოგეხმარება და, თუ რამეს აპირებ, იქ ქენი, რა! მე და ვახოც
შემოგიერთდებით.

– ბარემ ახლავე შემოგვიერთდი, თორემ, მარიკასი არ ვიცი და, მე ისე მშია, ბევრს
არაფერს დაგიტოვებთ. თან, ეგ ამბავიც მაინტერესებს. ბოლოს და ბოლოს, ასაკი ხომ
მე გავარკვიე!

– ასაკის ამბავი? – ვახომ ცნობისმოყვარედ შეხედა დევის, – რა გაარკვიეთ?

– გეტყვით, მაგრამ, ჯერ შენგან მინდა გავიგო ყველაფერი.

– მოკლედ, ეგ გია ნოდია ბიზნესმენობს, ღვინის პატარა ქარხანა აქვს და ძირითადად


უკრაინაში ყიდის თავის პროდუქციას. იქ მეგობართან ერთად აქვს ღვინის პატარა
მაღაზია, თუ რაღაც მაგდაგვარი. ცოლი ჰყავს, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.
ერთი შეხედვით, წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეა.

– ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ეგეთი „კანონმორჩილი” მოქალაქეები


არიან ხოლმე, ორმაგი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ. მერე, რაო ცოლმა?

– რა ვიცი, ნორმალურად ვერაფერი გამაგებინა. ტიროდა.

– უთხარი, მკვდარი რომ ვიპოვეთ?

– არა. რა, უნდა მეთქვა?

– პირიქით, არ უნდა გეთქვა. მირჩევნია, მანამდე დავკითხო, სანამ ამ ამბავს გაიგებს.


მერე დაიწყება ცრემლების ღვრა, ისტერიკები და ნორმალურ პასუხს ვერც ვეღირსები
მისგან. შენ ხომ გაქვს მისი კოორდინატები?

– რა თქმა უნდა. ტელეფონის ნომერიც ჩავიწერე და ბინის მისამართიც. დავურეკო და


ვუთხრა, განყოფილებაში მივიდეს?

– არა, – მირჩევნია, სახლში მივაკითხო.

ვახო შეყოყმანდა:

– კი მაგრამ, ბატონო თემო, ჩვენ ვისაც ვეძებთ, ის ორმოცდახუთი წლის არის, ეს


კიდევ...

– ფოტო მოგიტანა მისმა ცოლმა?

– რა?! – ვერ მიხვდა ვახო.


– ფოტო ნახე-მეთქი, მაგ ტიპის?

– არა. აუ, ბატონო თემო, უნდა მომეთხოვა, ხომ? სულ გადამავიწყდა. ახლავე
მოვაგვარებ მაგ საქმეს!..

– მოიცა, მოიცა, საჭირო არ არის. უფრო სწორად, საჩქარო არ არის. დევიმ უკვე
დაადგინა, რომ მოკლული სამოცი წლის უნდა იყოს.

ვახომ მოწიწებით შეხედა პიცის კოლოფებით დატვირთულ ექსპერტს.

– ბატონო დევი, მაოცებთ. როგორ მოახერხეთ?

– ახლა რომ მე შენ ეგ მოგიყვე, საჭმელს საერთოდ ვეღარ შეჭამ და ცოდო ხარ, –
გაეღიმა დევის.

მარიკამ ეჭვით დახედა დანას:

– ეს რა დანაა?

– დანაა, რა! – მხრები აიჩეჩა ექსპერტმა.

– შეიძლება პიცა დავჭრა?

– რა ვიცი, მე ძეხვს ვჭრი ხოლმე. მარიშ, იცი, გავიგე ვისია ის მობილურის ნომერი,
შენთან დაახლოვებას რომ ცდილობს.

მარიკა დაიბნა:

– მართლა? საინტერესოა ვინმე?

– მერე როგორ! ის ქალი რა გვარია?

– რომელი ქალი?

– აი, ის ექსპერტი.

– ლომიძე, ია ლომიძე.

– ჰოდა, მობილურის ნომერი სწორედ მაგ ია ლომიძეზეა გაფორმებული.

– შეუძლებელია! – აღმოხდა მარიკას, – დარწმუნებული ხართ?


– ოფიციალურად ასეა. სავარაუდოდ, ეგ ბიჭი მისი ახლობელია, მაგრამ, როგორი
ახლობელი, ეს ერთად უნდა გავარკვიოთ.

ახვლედიანი თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა და ბდღვინავდა. გაცეცხლებული


იმასღა ფიქრობდა, ვისზე გადმოენთხია ბოღმა. თანამშრომლებიდან არც ერთი არ
იმსახურებდა მის რისხვას, არადა, ყველაზე ახლოს სწორედ ისინი იყვნენ.
განყოფილების ახალგაზრდა უფროსს ძალიან არ უყვარდა ისეთი სიტუაციები,
რომლებიც მის მომავალ ცხოვრებას უქმნიდა საფრთხეს. ღიზიანდებოდა, იბნეოდა
და ბოლოს, მოთმინებადაკარგული, მცდარ გადაწყვეტილებას იღებდა. ასეთ საქმეში
გამოცდილება ნამდვილად ჰქონდა, მიუხედავად თავისი ასაკისა. როცა არც მწვადი
უნდა დაეწვა და არც შამფური, ბავშვივით უსუსური და ჭირვეული ხდებოდა.
ფანჯარასთან მდგომმა შეიგინა და მდივანი გამოიძახა:
– შენ, ერთი, პაპავას დაუძახე და სიგარეტი მომიტანე! ცივი მინერალურიც მინდა...
რატომ არ არის მაცივარში? განა ძნელია, მოიტანოთ და შედოთ, რომ, როცა ვიხრჩობი,
დავლიო!
– დიახ, ბატონო გიორგი... რა თქმა უნდა, არ არის ძნელი. მაპატიეთ, აღარ
დამავიწყდება, – დაიბნა ქალი და ოთახიდან უკუსვლით გაიპარა.
***
პაპავა დაზარალებულის ქვრივთან დაკითხვაზე წასასვლელად ემზადებოდა და
ძალიან გაბრაზდა, როცა ახვლედიანთან კაბინეტში გამოიძახეს.
– ეს კაცი თვითონ არაფერს აკეთებს და სხვასაც არ აცდის მუშაობას, – შესჩივლა ვახო
ლელაძეს, რომელიც უფროსის აშკარად გალანძღვას მოერიდა, ვერც იმ უფროსის
ქვემოთ მდგომ უფროსს აწყენინა და პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– რა ვქნა ახლა, დაკითხვაზე წავიდე თუ ახვლედიანს ვურჩიო საქმეები? დროს
ტყუილად დამაკარგვინებს, ხომ ვიცი, მაგისი ამბავი. იცი, რა ვქნათ? შენ მიდი და
უთხარი, რომ ნათიას ზარს ერთი ფეხით გავასწარი. იმან ხომ არ იცის, აქ რომ ვიყავი.
ვახო აიწურა:
– ოღონდ ეგ არა, რა! ტყუილს ვერ ვეტყვი, ჭირივით მძულს. თან, ეგრევე შემეტყობა.
ძალიან გთხოვთ, რა... ბატონო თემო. თუ გინდათ, წამოგყვებით ან სხვა რამე
დამავალეთ... ოღონდ, არ გეწყინოთ. a
– ჰო, კარგი, კარგი, წავალ... სად უნდა გამომყვე? აქ, კაბინეტში დამელოდე. დღეს
უნდა ვნახოთ ის ქალი აუცილებლად.
– თქვენ რომ მითხარით, მარიკას მიაკითხეო, ეგ როდის უნდა გავაკეთო.
კართან მისული თემო შედგა, უკმაყოფილო სახით შემობრუნდა და თავი გადააქნია:
– ვახო, რატომ არ იცი ადამიანის მოსმენა? სულ ასეა: ნახევარს იგებ, ნახევარს – არა.
მარიკას იმ შემთხვევაში მიაკითხავ, თუ მას ამისი აუცილებლობა შეექმნება. ხოლო
თუ შეექმნება, ან მესიჯს მოგწერს, ან დაგირეკავს. ერთი სიტყვით, თვითონვე
შეგეხმიანება. შენ ხელი არ შეუშალო.
ვახომ, იმის ნიშნად, რომ ყველაფერი გაიგო, სწრაფად დაუქნია თავი და გაუღიმა.
პაპავამ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა...
***
მარიკამ მიმოიხედა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა და კაფეში შევიდა. აქ სპეციალურად
დაუნიშნა შეხვედრა – ნაცნობი გარემო იყო, ნაცნობი მომსახურე პერსონალი და,
თანაც, ქუჩაში მყოფს შეეძლო, ყველაფერი დაენახა, რაც კაფეში ხდებოდა – დიდი
ვიტრაჟები და ამ ვიტრაჟებთან განლაგებული მაგიდები ამის საშუალებას იძლეოდა.
სიღრმეში მხოლოდ ბარი იყო და სამზარეულო. „პაემანზე“ წასვლის წინ მარიკა დევიმ
„დამოძღვრა“:
– აბა, შენ იცი, ჭკვიანი გოგო ხარ და არ შეგეშლება. მთავარია, გავიგოთ, რა კავშირი
აქვს მაგ ბიჭს იმ ქალთან. უცხო რომ იყოს, თავის სახელზე აღებულ ნომერს არ
აჩუქებდა.
– შეიძლება, უბრალოდ, თანამშრომელია. მაგალითად, მძღოლი... – ვარაუდი
გამოთქვა მარიკამ.
– რატომღაც საყვარელი მგონია. შენ კი – მძღოლიო... რა სასაცილო, პატარა გოგო
ხარ... მაგრამ, რა არის, იცი? გამოცდილება გაკლია. ცოტას გამოგწვრთნით და
ყველაფერი კარგად იქნება.
მარიკამ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. ფიქრებში დევის გაუცინა და კაფეში
შეაბიჯა. იქ თითქმის არავინ იყო. კუთხეში მდგარ მაგიდასთან ერთმანეთზე
თავებმიდებულები ჩურჩულებდნენ გოგო და ბიჭი... კარის მარცხნივ, მაგიდასთან,
ზურგით იჯდა მამაკაცი. მარიკამ პირველად მისი ფართო მხრები დაინახა და
გუნებაში აღიარა, რომ დამჯდარსაც კი ეტყობოდა, უზადო აღნაგობის რომ იყო:
„ეტყობა, სპორტსმენია – მოცურავე ან კალათბურთელი, ან, სულაც, წყალბურთელი.
მოჭიდავეები და მძლეოსნები ასეთი მაღლები არ არიან“.
– გამარჯობა! – მარიკა მაგიდასთან გაჩერდა და თავი ოდნავ გვერდით გადახარა, –
ესე იგი, ეს შენ ხარ!
ბიჭი წამოდგა, გოგოს ჩააშტერდა და მარიკას საშუალება მიეცა, თავიდან ფეხებამდე
შეეთვალიერებინა მისი უზადო სხეული.
– ჰო. ეს მე ვარ! – გაუღიმა ბიჭმა და გოგოს უნებლიეთ გული შეუქანდა, – იმედი აღარ
მქონდა, რომ შემხვდებოდი.
– მართლა? ეს კარგია, – ანგარიშმიუცემლად ჩაილაპარაკა გოგომ და დაჯდა.
– აბა, რატომ მთხოვდი ასე დაჟინებით, რომ შეგხვედროდი?
ბიჭი დაჯდომას არ ჩქარობდა, ისევ ისე იდგა და უყურებდა. ბოლოს მარიკამ ვეღარ
მოითმინა და მიახალა:
– თუ ჩემი ყურება გინდოდა, მოგეწერა მესიჯით და ფოტოს გამოგიგზავნიდი.
– უკაცრავად, რაღაცაზე დავფიქრდი და... – ბიჭმა ნაძალადევად გაიცინა და მაგიდას
მიუჯდა, – არაფერი შევუკვეთოთ?
– როგორც გინდა.
– მაშინ, შენ გამოიჩინე ინიციატივა. კაფე ხომ შენ შეარჩიე. ეს კი შემთხვევით არ
მოხდებოდა – ესე იგი, აქ შინაური ხარ და მენიუც გეცოდინება. რას ამზადებენ
განსაკუთრებულად გემრიელს?
– დაკვირვებული ყოფილხარ. ახლა მითხარი, ვინ მოგცა ჩემი მობილურის ნომერი და
რატომ ურეკავდი სრულიად უცნობ ადამიანს?
– ასე პირდაპირ? ახლავე უნდა გითხრა?
– ჰო, ასე პირდაპირ და აუცილებლად ახლავე უნდა მითხრა.
– ჯერ ერთმანეთი ხომ არ გაგვეცნო?
მარიკა შეყოყმანდა. ბიჭი მართლა ძალიან მოეწონა, თან, დევის დავალებაც
გაახსენდა...
– კარგი. რადგან მოვედი, ესე იგი, თანახმა ვარ გაცნობაზე. დარწმუნებული ვარ,
ჩემზე ყველაფერი იცი. ამიტომ, შენით დავიწყოთ.
– გვარი, სახელი, მამის სახელი? – გაიცინა ბიჭმა, – სხვათა შორის, მე ეს
გავითვალისწინე და „სივი“ წამოვიღე, აი, – და ცოტათი გაკვირვებულ გოგოს თაბახის
ფურცელი გაუწოდა.
– ეს რა არის?
– ინფორმაცია ჩემზე. წაიკითხე და მზად ვარ, დამატებით შეკითხვებზეც გიპასუხო.
მარიკამ სწრაფად ჩაიკითხა ნაბეჭდი.
– მერე?
– რა მერე? მკითხე, რაც გინდა.
– უკვე გკითხე და პასუხი ვერ მივიღე.
– მოდი, ეგ პასუხი ცოტა გადავავადოთ. არ იფიქრო, რომ რამეს ვმალავდე, უბრალოდ,
ჯერ მინდა, ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება შეგიქმნა.
– რომ უცებ არ წამოვხტე და არ გაგექცე?
– ზუსტად. როგორ გამოიცანი?
– ლოგიკურია და მივხვდი.
ნიკას მზერაში აღფრთოვანება გაკრთა.
– თქვენ წაიკითხეთ სამასგვერდიანი წიგნი?! – თქვა მოულოდნელად, – ესე იგი,
თქვენმა თვალებმა ერთკილომეტრიანი დისტანცია გაიარა.
– ეს რა იყო? – სიცილი ვერ შეიკავა მარიკამ.
– ლოგიკასთან დაკავშირებით წამომცდა – ინტელექტის გარეშე ლოგიკა არ მუშაობს.
ინტელექტი რომ გქონდეს, ბევრი სამასგვერდიანი წიგნი უნდა წაიკითხო, – ესეც
ლოგიკაა.
– ბევრი ლაპარაკი გიყვარს?
– უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ლაპარაკი არ მეზარება. აბა, რას ვუკვეთავთ? – ხელები
მოიფშვნიტა ნიკამ, – გაფრთხილებ, კარგი მადა მაქვს და კარგი გემოვნება.
– მაშინ, ლუდი და თევზის სალათა.
– გენდობი. ვნახოთ, რა გამოვა. ხაჭაპურსაც დავამატებ. რა ვქნა, ძალიან მიყვარს
ხაჭაპური.
– შენს „სივში“ ერთი პუნქტი აკლია.
– რომელი?
– არაფერი წერია შენს საქმიანობაზე.
– როგორ არა. წყალბურთელი ვარ-მეთქი.
– ეგ ჰობი არ არის?
ბიჭი ყასიდად გაბრაზდა.
– ახლა მაწყენინე. როგორ არის ჰობი, როცა ამ საქმეში სულსა და გულს ვდებ? თუ,
გგონია, წყალბურთელები, უბრალოდ, წყალში ვჭყუმპალაობთ და აუზზე
ვირუჯებით? ერთხელ წამომყევი აუზზე, ვარჯიშზე და ნახავ...
***
ახვლედიანის შეხვედრამ პაპავა გააკვირვა. ასეთი შუბლგახსნილი და მეგობრულად
მოღიმარი უფროსი აქამდე არასდროს უნახავს. ლამის ზღურბლთან მიეგება და
კაბინეტში შეიპატიჟა. პაპავას დიდად არ ესიამოვნა მისი უჩვეულო კეთილგანწყობა.
გულმა რეჩხი უყო, მაგრამ გაბრწყინებულ ახვლედიანს მაინც გაუღიმა.
– როგორი ოპერატიული ხარ, მალე მოხვედი.
– საქმეზე გავდიოდი და შემოვბრუნდი...
ახვლედიანი ვითომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა მისმა გამომძიებელმა. მხარზე
მეგობრულად მიუტყაპუნა ხელი და შეაქო:
– ვიცი, ვიცი, სულ საქმე და საქმე... სხვათა შორის, არც მე დამიბარებიხარ
მოსაკითხავად. მეც საქმე მაქვს. უფრო სწორად, საქმე გვაქვს. ეს ორივეს საქმეა – ჩემიც
და შენიც.
– ეჭვი არ მეპარება, – ორაზროვანი ღიმილით დაუდასტურა თემომ, – გისმენთ,
მთელი ყურადღებით გისმენთ...
– მოკლედ გეტყვი, რადგან შენც გეჩქარება. შენ, მგონი, იმ ქალს რაღაცნაირად
მიუდექი, ხომ?
– რომელ ქალს?
– ბერაძის მკვლელობაში რომ გვყავს ეჭვმიტანილი. იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე
ინტენსიური კონტაქტი მასთან შენ გქონდა.
– ინტენსიურ კონტაქტში თუ ის იგულისხმება, რომ რამდენჯერმე, როგორც
ეჭვმიტანილი, დავკითხე, მაშინ, კი...
– ჰო, რა თქმა უნდა, სხვა რა უნდა მეგულისხმა, ცოლიანი კაცი ხარ, – უნიჭოდ
იხუმრა ახვლედიანმა და თემოს საბოლოოდ წაუხდა გუნება.
– მეჩქარება, ბატონო გიორგი...
– ახლავე, ახლავე, უკვე მივადექი მთავარ სათქმელს... საქმე ისაა, რომ ხვალ
პროცესია...
– მერე, ეს ჩვენ რომ აღარ გვეხება?
– ოფიციალურად არ გვეხება, მაგრამ... – ახვლედიანმა რატომღაც ხმას დაუწია და
ჩურჩულზე გადავიდა, – მითითება გვაქვს, რომ პროცესზე მეთვალყურეობა საკუთარ
თავზე ავიღოთ.
– რა?! – ლამის იყვირა პაპავამ, – რა ზედამხედველობა, რას ამბობთ? მე გამომძიებელი
ვარ, ზედამხედველი კი არა. სასამართლოს ამისთვის აქვს შესაფერისი სამსახურიც და
მომზადებული კადრიც ჰყავს. ამის სათქმელად დამიბარეთ?
– მოიცა, დამამთავრებინე სათქმელი, ჯერ ბოლომდე არ მითქვამს. პრობლემა ისაა,
რომ სერგი ბერაძის საცოლეს პროცესზე დასწრება უნდა...
– მერე, ეგ ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს, ან, სად ხედავთ პრობლემას?
– მოიცა და დამამთავრებინე-მეთქი. პროცესი დახურულია, ის კი მაინც დაჟინებით
მოითხოვს, რომ პროცესს დაესწროს. სიტუაციის გართულებაა მოსალოდნელი. ჯერ
ერთი, იმიტომ, რომ ეს ქალი ცოტა გაუწონასწორებელია და მეორე – თუ მედიამ ეს
ამბავი გაიგო, ხომ წარმოგიდგენია, იქ რა ატყდება. ამიტომ, პირადად მთხოვეს, ამ
პროცესს მეთვალყურეობა გავუწიო.
თემოს ნერვებმა უმტყუნა:
– მერე, გაუწიეთ, მე რა შუაში ვარ?
– პაპავა, შენ ხომ არ გავიწყდება, სად ხარ და ვის ელაპარაკები?
– სამწუხაროდ, არა, ბატონო გიორგი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, მაგ საქმეში ჩემი
იმედი ნუ გექნებათ. მით უმეტეს, რომ იმ ქალის – ნათია დეისაძის ბრალეულობაში
დარწმუნებული არ ვარ.
ახვლედიანს ყბა ჩამოუვარდა:
– შენ ამას სერიოზულად ამბობ?
– რა თქმა უნდა. მეყოფა, ამ ფარსში მონაწილეობას აღარ მივიღებ!
– მოიცა, რა ფარსზე ლაპარაკობ, რაში მადანაშაულებ და რა გინდა ჩემგან, არ იტყვი?
– მე არც გადანაშაულებთ და არაფერიც არ მინდა თქვენგან. უბრალოდ, გიხსნით, რომ
ჩემი იმედი არ უნდა გქონდეთ.
– ესე იგი, დეისაძეს არ დაელაპარაკები?
– არ ვიცი, რაზე უნდა დაველაპარაკო.
ახვლედიანს ოდნავ გამოუკეთდა გუნება:
– მე გეტყვი...
– მართლა? აბა, გისმენთ, – ირონიულად ჩაილაპარაკა პაპავამ და უცერემონიოდ და,
ისე, რომ ნებართვის თხოვნა არც გახსენებია, სიგარეტს მოუკიდა. ახვლედიანმა არ
შეიმჩნია მისი გამომწვევი საქციელი. პირიქით, საფერფლე ახლოს მიუჩოჩა და
თვითონაც მოუკიდა:
– უბრალოდ, მიხვალ მასთან და აუხსნი, რა არ უნდა გააკეთოს პროცესზე. თუ
შემთხვევით, ვიმეორებ – შემთხვევით, ელჩის ქალიშვილს ნერვები უმტყუნებს.
ხმაური არ უნდა ატყდეს. ხვდები, ხომ?
– როგორ არა. თავიდანვე მივხვდი, – თავი დაუქნია თემომ, – მესმის კიდეც თქვენი.
მაგრამ, ხომ არ აჯობებდა, სასამართლო დარბაზში პრევენციული ზომების მიღების
საშუალება მოგეცათ ჩემთვის, რომ ეგ ქალბატონი დამეკითხა, ან, კიდევ უკეთესი –
საერთოდ ნუ მოვა პროცესზე, ავუკრძალოთ და მორჩა!
ახვლედიანი გაშრა:
– შენ რა, დამცინი?
– მე დაგცინით? როგორ გეკადრებათ?! არც მიფიქრია, მხოლოდ ალტერნატიული
ვარიანტები შემოგთავაზეთ.
– ალტერნატიური ვარიანტი არ გვაქვს. მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. დეისაძეს
დაელაპარაკები. აუხსნი, რა და როგორ... ეტყვი, რომ ისევ მისთვის აჯობებს, თუ
პროცესზე მშვიდად იქნება და ამით სერიოზულ შეღავათებს მიიღებს.
– აჰა, ესეც მე უნდა ვუთხრა? საერთოდ გათავისუფლებას ხომ არ დავპირდე?
– გეყოფა, პაპავა, მეც მაქვს ნერვები და შენი ცინიზმის ატანა უკვე შეუძლებელია.
– ცინიზმი რა შუაშია? ბოლომდე ინფორმირებული ხომ უნდა ვიყო? თუმცა, ერთი
პატარა მოთხოვნა მეც მაქვს.
– ესე იგი, თანახმა ხარ? დაელაპარაკები?..
– გააჩნია, თუ ჩემს მოთხოვნას გაითვალისწინებთ...
– ულტიმატუმებს არ ვიღებ, – გააპროტესტა ახვლედიანმა.
– ეს ულტიმატუმი არ არის, მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ, როგორც ულტიმატუმი, ისე
მიიღოთ – უკან არ დაიხია პაპავამ.
– რა გინდა?
– ეს ამბავი რომ ჩაივლის და ვნებათაღელვა ჩაცხრება... – დაიწყო თემომ მძიმედ და
ახვლედიანს ჯიქურ მიაჩერდა, – ანუ, იმის თქმა მინდოდა, თქვენი კარიერისთვის
შესაძლო გართულებების საფრთხე რომ გადაივლის-მეთქი, მომცემთ საშუალებას,
რომ ბერაძის მკვლელობა არაოფიციალურად დავაბრუნოთ ძიებაში.
ახვლედიანს პირი გაუშრა. ორი ჭიქა მინერალური წყალი მაინც დალია, რომ
საუბრის გაგრძელება შესძლებოდა. პაპავამ ამით ისარგებლა და „საკონტროლო
გასროლაც“ გააკეთა:
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს შესაძლებლობებშია და კიდევ უფრო მეტს –
თქვენს ტყავს გადავარჩენ, სასამართლო დარბაზში სკანდალის ატეხვის შემთხვევაში
აუცილებლად რომ დაზარალდება. სამაგიეროდ, თქვენ ხელს არ შემიშლით და
მშვიდად გამაკეთებინებთ იმას, რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია.
– ეს რა უაზრო სიჯიუტეა! – აღმოხდა ახვლედიანს.
– სიჯიუტე არაფერ შუაშია. მე არ მინდა, უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს და ეს
ჩემს სინდისზე დარჩეს. მკვლელობა სანახევროდაც არ არის გამოძიებული.
– მაინც რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ის ქალი დამნაშავე არ არის? მე გავეცანი
საქმეს, სანამ სასამართლოს გადავუგზავნიდით. მაგ ქალს ჰქონდა საფუძველი ბერაძე
მოეკლა.
– ეგ დამტკიცებული არ არის, მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. მე არ ვამბობ, რომ
დეისაძე მას არ მოკლავდა, სანამ არ დავამტკიცებ, რომ უდანაშაულოა.
ახვლედიანმა ამოიოხრა. პაპავა გაჩუმდა და შეფს ფიქრის საშუალება მისცა.
– კარგი, ხელს არ შეგიშლი. მაგრამ, ეს ამბავი ამ კაბინეტის კედლებს არ უნდა
გასცდეს, – თქვა ბოლოს.
– პასუხს ვაგებ ამაზე, – თავი დაუქნია პაპავამ, – მოვრჩით თუ კიდევ გაქვთ
სათქმელი?
– არა, მოვრჩით. იმედია, პირობას არ გადახვალ.
– მე არასდროს გადავდივარ პირობას. და, კიდევ ერთიც: წინააღმდეგი ხომ არ
იქნებით, თუ შემთხვევით ვისარგებლებ და სერგი ბერაძის დამწუხრებულ საცოლეს
გავესაუბრები? ნუ, მივუსამძიმრებ მაინც...
– ახვლედიანმა ხელები გაასავსავა.
– არაფერი გამიგონია და არაფერი ვიცი...
– გმადლობ. სწორედ ამის მოსმენა მინდოდა...
პაპავა ადგა და ნირწამხდარ ახვლედიანს თავაზიანად დაემშვიდობა...
***
დათომ დანიშნული ადგილიდან კარგა მოშორებით გააჩერა მანქანა, მაგნიტოფონის
ხმას აუწია და კარი გააღო. ნიკამ მოსწერა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით
მიდიოდა და მალე შეძლებდა მასთან შეხვედრას. დათომ საათზე დაიხედა.
ვარჯიშამდე საკმარისზე მეტი დრო რჩებოდა. მუსიკას ხმადაბალი ღიღინით აჰყვა და
მაკასთან თავისი ბოლო საუბარი გაახსენდა. „არა, რა... ოჯახური ურთიერთობა
ყველაფერს ცვლის და აფუჭებს. აი, მაგალითად, მაკა... როგორი ხალისიანი,
ბუნებრივი და თბილი იყო გათხოვებამდე და, ახლა როგორია? – ნერვები სიმებივით
აქვს დაჭიმული. სულ გაღიზიანებულია და აგრესიული. სიცილი დაავიწყდა.
რამდენი ძალისხმევა მჭირდება, რომ ცოტათი მაინც გავამხიარულო. ზოგჯერ მისი
ნახვაც კი არ მინდა, ისე მგრუზავს. რატომ არ შეუძლია, იცხოვროს თავისი
სიამოვნებისთვის და სხვასაც აცადოს მშვიდი ცხოვრება? ნეტავი, ყველა ქალი
ასეთია? მაშინ, საერთოდ არ ღირს ცოლის მოყვანა. დღეს დილითაც რამდენი
ისლუკუნა და იჭირვეულა... თუ არ შეუძლია ქმრის გვერდით ცხოვრება, მაშინ, რაღა
უნდა მასთან? გაშორდეს და ის იქნება“...
– შენ რა, საკუთარ თავს ელაპარაკები? – დასცინა თავს წამომდგარმა ნიკამ, –
დაგეწყო?
– რა დამეწყო, ტო, რაღაცაზე ჩავფიქრდი.
– რა ჩაფიქრდი, მოსახვევში გავიგონე შენი ბურდღუნი.
– რა იცოდი, აქ რომ გელოდებოდი?
– ბიჭო, რა უნდოდა მაგის მიხვედრას? შენ ისეთი პრიმიტივი ხარ, ძალიან მარტივია
იმის გამოცნობა, როდის როგორ მოიქცევი, – ნიკა არხეინად მოკალათდა
სავარძელზე.
– ჰე, მოყევი ახლა, რა ქენი?
– რა უნდა მექნა? შევხვდი და გავიცანი.
– როგორია?
ნიკამ გაიღიმა და არაფერი უთქვამს. დათომ მსუბუქად უბიძგა მხარზე:
– არ გესმის? როგორია-მეთქი.
– ვინ?
– ვინ და ის გოგო. ნუ გამოიშტერებ ახლა თავს. ნაშაა?
– რა ნაშა, ნაშას საგამომძიებლო დეპარტამენტში რა უნდა, ერთი ჩვეულებრივი
გოგოა.
– „ერთი ჩვეულებრივი გოგოა“, – გამოაჯავრა მეგობარს დათომ, – არ შეიძლება
ჩვეულებრივი გოგო, ნაშა იყოს?
– არ შეიძლება, – მეოცნებე სახით ჩაილაპარაკა ნიკამ. დათო მეგობარს ჩააშტერდა და
წაუსტვინა:
– ეჰე! შენ რაღაც სხვანაირად ალაპარაკდი. მართლა ხომ არ მოგეწონა, ბიჭო, ის გოგო?
– მოდი, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ. შენ რა გინდა, მომეწონა თუ არა? შენს
დავალებას ვასრულებ და ჯერჯერობით გეგმას მივყვები. ისე, მაგას, მგონი,
სანერვიულო არაფერი აქვს, შეგიძლია, დაამშვიდო.
– ვითომ რატომ?
– ვაჰ, ხომ გითხარი, ნაშა არ არის-მეთქი.
– ასე, ერთხელ შეხვდი და დაასკვენი?
– ჰო, ასე ერთხელ შევხვდი და დავასკვენი, – გამოაჯავრა ნიკამ, – რას
გაშტერებულხარ, დაქოქე მანქანა და წადი, ვარჯიშზე დაგაგვიანდება.
– ვარჯიშამდე ორი საათია კიდევ. ტყუილად ცდილობ, თავი დაიძვრინო. მომიყევი,
როგორი ტიპია, რაზე ილაპარაკეთ... ყველაფერი მაინტერესებს.
– ყველაფერი აინტერესებს ბიჭს... რაც გაინტერესებდა, უკვე გითხარი. არ მგონია,
მარიკას საყვარელი ჰყავდეს, მით უმეტეს – ცოლიანი კაცი. არ ჰგავს ასეთს.
– ბევრი იცი შენ!.. გამომივიდა ესეც ქალების ექსპერტი... იმაში ვერ დაგარწმუნე,
ამდენ ხანს, რომ სექსი მსოფლიო ინდუსტრიის ნაწილია და ისიც ისევე განიცდის
პროგრესს, როგორც სხვა დანარჩენი. ადამიანი ყველაფერს აკეთებს მაქსიმალური
სიამოვნების მისაღებად: იგონებს ახალ-ახალ საშუალებებს, რეცეპტებს... დიდი ხანია,
„პური ჩვენი არსობისა“ აღარ აკმაყოფილებს. ჩალიჩობს და წვალობს, პირის გემო რომ
გაიუმჯობესოს. კულინარიულ ტრაქტატებს წერს. ის კი არა, დედამიწა ეპატარავება
და საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად კოსმოსში მიძვრება...
– აუ, შენ ძალიან შორს წახვედი, აი! დაამუხრუჭე, დაამუხრუჭე, სანამ დროა...
– მომისმინე, შენთვის სასარგებლო რაღაცას ვყვები, – გააპროტესტა დათომ, – სხვათა
შორის, სადღაც წავიკითხე, რომ ბიჭებს ენაზე გემოს გაცილებით ნაკლები
რეცეპტორები აქვთ, ვიდრე გოგოებს.
– ეს საიდანღა მოიგონე? – გაეცინა ნიკას, – თან მობილურში ტექსტს კრეფდა.
– რა ვიცი... მოიცა, რას აკეთებ?
– აბა, თუ გამოიცნობ.
– მესიჯს უგზავნი „იმას“?
– ჰო, აბა?! რა იყო?
– გეუბნები, რა, ნაღდია, რასაც ვამბობ – მოგეწონა ეგ გოგო... ცვეტში, დაგევასა და
ახლა უკვე მართლა ცდილობ, შეაბა. ეგეთი მაგარია, ტო? ანუ ეგეთი ლამაზია-მეთქი?
– დავით! – შეიჭმუხნა ნიკა, – ჯერ ერთი, სილამაზე ცოტა სადავო და საკამათო თემაა.
ჩემთვის ლამაზი, შეიძლება, შენთვის სიმპათიურიც კი არ იყოს. მეორეც, – მომეშვი,
რა! გეუბნები, რაც მთხოვე, იმას ვაკეთებ და ხელს ნუ მიშლი. ხომ გინდა, მაკა
მშვიდად იყოს? ჰოდა, მაცადე.
– გაცდი, ტო, როგორ არ გაცდი, მაგრამ ინტერესით რომ ვკვდები, ამას რა ვუყო?
– ცნობისმოყვარეობა არც ისე კარგი თვისებაა და, გირჩევ, ძალიანაც ნუ აჰყვები, –
მეგობრულად გააფრთხილა ნიკამ.
– მე შენზე ვღელავ, ტო... რომ შეგიყვარდეს?
– მე მეუბნები მაგას? – ნიკამ მესიჯი გაგზავნა და ძმაკაცს გახედა.
– ჰო, შენ. რაღაც საეჭვოდ ხარ აცერცეტებული. ბოლოს ასეთი მაშინ გნახე, როცა..
– როცა რა... მიდი, თქვი! – მოიღუშა ნიკა, – როცა ლენუკას ვხვდებოდი, ხომ?! მერე რა.
არ უარვყოფ, რომ ის გოგო მიყვარდა. ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდა და არ
მაინტერესებს, ჩვენ ორს შორის დამნაშავე ვინ იყო. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ახალ
ურთიერთობაზე არ ვიფიქრო.
დათო შეიშმუშნა:
– რაღაცის თქმა გინდა და მითხარი ბარემ, – სიტყვა მიაშველა ნიკამ.
– რაღაც კარგად არ გამოდის, ტო... შენ რომ ეგ გოგო შეგიყვარდეს და მერე
აღმოჩნდეს, რომ მართლა თემოს საყვარელი ყოფილა... მე როგორ პონტში
აღმოვჩნდები, ხომ ხვდები? რა გამოვა, რომ მე გაგჭედე და გაგიმეტე? აუ, ნაღდად არ
მინდა, ტო...
– მაგაზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრა, – ნიშნის მოგებით თქვა ნიკამ.
– აუუ, მაგით რისი თქმა გინდა, რომ უკვე გვიანაა და გიყვარს? კარგი რა, ტო, რა
გულს მიხეთქავ.
– კარგი. გეხუმრე. რა მიყვარს, ჯერ ერთხელ შევხვდი.
– ერთხელ ნახვით სიყვარულიც ხომ შეიძლება?
– ალბათ. ოღონდ, მე მაგის არ მჯერა. მიდი, დაქოქე, თორემ, ახლა უკვე მართლა
დაგვაგვიანდება....
***
თემოს არ უყვარდა დაზარალებულის ოჯახის წევრებთან თანაგრძნობის გამოხატვა
და არც შეეძლო. ფიქრობდა, რატომ უნდა ვითამაშო მწუხარება, როცა ჩემთვის ამ
სიტუაციაში აბსოლუტურად სხვა რამეა მთავარიო. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე
გადადიოდა... გარდაცვლილი გია ნოდიას მეუღლეს თავი საკმაოდ მშვიდად და
ღირსეულად ეჭირა. „ეს კარგია... – მოეწონა პაპავას, – ესე იგი, ისტერიკას უკვე
გაუვლია, თუკი საერთოდ იყო“.
– ქალბატონო, სანამ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, უფლებას მომცემთ, ბინა
დავათვალიერო და თქვენი მეუღლის პირადი ნივთები ვნახო?
ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გამომძიებელს საკმაოდ მოზრდილი
საძინებლის კარი შეუღო:
– აი, ეს იყო მისი ოთახი.
– და, თქვენი, შესაბამისად... – უთხრა მარიკამ.
– დიახ. უბრალოდ, ზოგჯერ მე სასტუმრო ოთახში ვიძინებდი ხოლმე, როცა
შვილიშვილი რჩებოდა ჩვენთან. გიას წნევა აწუხებდა და ბავშვის ტირილს ვერ
იტანდა. ისე, შვილიშვილი ძალიან უყვარდა, გიჟდებოდა მისთვის.
მარიკამ და თემომ ყურადღებით დაათვალიერეს საძინებელი ოთახი, მერე –
კაბინეტი, მთელი ბინა, მაგრამ, საეჭვო ან ხელჩასაჭიდი არაფერი შეუნიშნავთ. თემომ
ვახოს ანიშნა, ბინის დათვალიერება განაგრძეო, თავად კი სასტუმრო ოთახში,
დივანზე დაჯდა და დიასახლისს გამომცდელი მზერა მიაპყრო:
– მაშ, თქვენს მეუღლეს წნევა აწუხებდა?
– დიახ. ეს ბოლო ორი წელია, ძალიან ნერვიულობდა და მერე ცუდად ხდებოდა. სულ
მეშინოდა, როცა თვითმფრინავით უწევდა მგზავრობა.
– ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე?
– თვეში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად. იქ ბიზნესი ჰქონდა – ღვინის მაღაზია.
თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, მე მეუბნებოდა, რომ კიევში მიფრინავდა, – სევდიანად
ჩაილაპარაკა ქალმა, – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გიას შეეძლო, ჩემთვის
ეღალატა. ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ქმარი იყო ყოველთვის...
– ქალბატონო მეგი... არ იცოდით, თქვენს მეუღლეს რომ ბინა ჰქონდა ნაქირავები? –
ჰკითხა პაპავამ და საკუთარ თავზე გაბრაზდა ამ სულელური შეკითხვისთვის.
– ვიცოდი, – პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გამომძიებელი შეკრთა.
– როგორ?
– ვიცოდი-მეთქი. ეგ ბინა მე თვითონ ვიქირავე.
– უკაცრავად, მაგრამ, არაფერი მესმის. ქმრისთვის ბინა იქირავეთ, რომ მას იქ
ორგიები მოეწყო?
– როგორ გეკადრებათ, რას ჰქვია ორგიები მოეწყო, ეს როგორ იფიქრეთ?! უბრალოდ,
ისე მოხდა, რომ მისი მეგობრის შვილი აქ, თბილისში მოეწყო უმაღლესში და,
საცხოვრებლად ჩვენთან რომ არ მოეყვანა, გიამ ბინის ქირაობა გადაწყვიტა მისთვის.
მითხრა, ყველასთვის ასე აჯობებს. გოგონაც თავისთვის მშვიდად იცხოვრებს და არც
ჩვენ შეგვექმნება დისკომფორტიო.
– აჰა! – თემო შესამჩნევად გამოცოცხლდა, – თქვენ სახლში სტუმრების მიღების
წინააღმდეგი ხართ?
– არანაირად. უბრალოდ, ახალგაზრდებს მაინც მარტო ცხოვრება ურჩევნიათ. ჩემმა
საკუთარმა შვილებმაც არ მოინდომეს, აქ ეცხოვრათ. წავედი, ბინა შევარჩიე და
ვიქირავე.
– იმ გოგონას იცნობთ? ანუ, მე იმის თქმა მინდოდა, დარწმუნებული ხართ, რომ
ასეთი გოგონა ნამდვილად არსებობს? თქვენ ის გინახავთ?
– რა თქმა უნდა. მის მშობლებსაც კარგად ვიცნობ. ჩემს გარდაცვლილ ქმარს
ენათესავებიან კიდეც.
– შეგიძლიათ, გოგონას გვარი, სახელი და საკონტაქტო კოორდინატები მომცეთ?
– გვარი და სახელი ვიცი. მშობლების მისამართიც რაიონში, მაგრამ, საკონტაქტო
ტელეფონი ნამდვილად არ მაქვს, – ქალი გაჩუმდა, მაგრამ, უცებ შეძრწუნებულმა
წამოიძახა: – თქვენ: რა, ფიქრობთ, რომ ის ჩემს ქმარს საყვარლად ჰყავდა? არა, არა,
შეუძლებელია, წარმოუდგენელია! გიას არ შეეძლო, თავისი შვილის ტოლი გოგო
საყვარლად დაესვა, ის ამას არ იკადრებდა, გამორიცხულია! გინდათ, მითხრათ, რომ
ოცდათხუთმეტი წელი პედოფილის გვერდით ვცხოვრობდი? ღმერთო ჩემო!..
ღმერთო ჩემო!..
თემო შეშფოთდა. ისტერიკის ნიშნები გამოიკვეთა და ზომების მიღება დროულად
იყო საჭირო.
– ქალბატონო მეგი, დამშვიდდით, ძალიან გთხოვთ. მარიკა, სად ხარ? წყალი
მოუტანეთ რომელიმემ! სადმე წვეთებიც იქნება... ქალბატონო მეგი, შემომხედეთ! აი,
ასე... ახლა ეს დალიეთ... ყველაფერი კარგად იქნება. მე არ მითქვამს, რომ ის გოგო
თქვენი ქმრის საყვარელი იყო. უბრალოდ, რადგან იმ გოგონასთვის იყო ბინა
ნაქირავები და, სავარაუდოდ, იქ ცხოვრობდა, ვალდებულები ვართ, შევხვდეთ და
დაველაპარაკოთ. ქალბატონო მეგი, თქვენი მეუღლე არც წნევას მოუკლავს და არც
გულის შეტევას. ის მოკლეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, გავიგოთ, ვინ მოკლა...

დევიმ მარიკას შეუარა, მობილურზე ერთი ზარი გაუშვა და დაელოდა.


მარიკა საუზმობდა. დედასთან და ტყუპებთან ერთად იჯდა სამზარეულოში და ჩაის
სვამდა კარაქიანი და თაფლიანი პურით დედის მკაცრი „მეთვალყურეობის“ ქვეშ.
– აი, ასე... თორემ, ბავშვები სულ შენ გბაძავენ და, ლამის არის, ჭამას გადაეჩვიონ, –
შვებით ამოისუნთქა ქალმა, – ამ ბოლო დროს შენთვის სულ არ მცალია, თუ,
პირიქით, შენ არ გცალია ჩემთვის, მაგრამ, ფაქტია, ყურადღებას ვეღარ გაქცევ და
შედეგიც სახეზეა – სულ ცოტა, ხუთი კილო მაინც გექნება დაკლებული. არ ვიცი,
მამაშენს რას ვუზამ...
– მამაჩემი რა შუაშია?
– ის უფრო ხშირად გხედავს და მიკვირს, ეს როგორ ვერ შენიშნა.
– შენიშნა, შენიშნა, მისაყვედურა კიდეც... დე, ახლა უნდა გავიქცე, მელოდებიან.
– მოიცადე, დღეს მაინც ცოტა ადრე მოდი, ძალიან გთხოვ.
– „დღეს მაინც“ რა ხდება?
ქალმა ამოიოხრა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– ასეც ვიცოდი. არაფერი გახსოვს შენი სამსახურის გარდა... გოგოების დაბადების
დღეა და საბავშვო ცენტრში ვუხდით. ნახევარი საათით თუ მაინც შემოირბენ, კარგი
იქნება.
ტყუპებმა მხიარული ყიჟინა დასცხეს და მარიკას აქეთ-იქიდან ჩამოეკიდნენ.
– საჩუქარს ხომ გვიყიდი? სანთლებსაც ხომ ჩააქრობ ჩვენთან ერთად?
– აუცილებლად... ვგიჟდები სანთლების ჩაქრობაზე.
– ჩვენც ვგიჟდებით... მარი, ნახე, როგორ ვგიჟდებით?! – გოგონები წამოხტნენ და
ოთახში ხტუნვა დაიწყეს. მარიკამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და დებს ცელქობაში
აჰყვა, მერე ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა შემოსასვლელისკენ.
– ცენტრში ხუთი საათისთვის ვიქნებით, არ დაგავიწყდეს! – მიაძახა დედამ.
– არ დამავიწყდება! – მარიკამ ჩანთას ხელი დაავლო და კარი გაიხურა...
***
დევი მშვიდად ფურცლავდა დილის გაზეთებს...
– ბოდიში რა, რომ გალოდინე... – მონანიე ადამიანის ღიმილით ჩაჯდა მარიკა და
ჩანთა უკანა სავარძელზე გადააგდო, – სულ დამავიწყდა ჩემი დების დაბადების
დღე...
– არ მითხრა, ტორტს ვაცხობდიო... – დევიმ მოტორი ჩართო, – ვერ წარმომიდგენიხარ
ქურასთან, მიქსერით ხელში, წინსაფარაფარებული.
– ვერც მე წარმომიდგენია საკუთარი თავი მაგ როლში. ამიტომ, არც ვცდილობ.
ოდესმე, შეიძლება, ტორტიც გამოვაცხო, მაგრამ ახლა აშკარად სხვა საქმის კეთება
მირჩევნია.
– ჰო, გეტყობა. აბა, როგორ ჩაიარა პაემანმა?
მარიკამ მხრები აიჩეჩა:
– არც ისე კარგად, როგორც ველოდი.
– მოიცა, რატომ? ასეთი საშინელება აღმოჩნდა?
– საშინელება არაფერ შუაშია, პირიქით, საკმაოდ სიმპათიურიც იყო, მაგრამ, რაც
მაინტერესებდა, ვერ გავიგე. პირდაპირ ხომ არ შევეკითხებოდი! მხოლოდ სახელი
მითხრა თავისი. კიდევ ის, რომ წყალბურთელია და, შემიძლია, მის ვარჯიშს
დავესწრო. მგონი, ფიქრობს, რომ ამით დიდი პატივი დამდო. არადა, ფაქტობრივად,
იძულებული ვარ, ასე მოვიქცე.
– ვარჯიშზე აპირებ მისვლას?
– ჰო. აბა, რა ვქნა? ნაცნობობა ხომ უნდა გავაგრძელო? სხვანაირად როგორ გავიგო ის,
რაც ჩვენ გვაინტერესებს? ის ქალი ერთხელაც არ უხსენებია.
დევიმ თავი დააქნია.
– ეს მოსალოდნელიც იყო. რატომ ახსენებდა, თუ მისი საყვარელია?
– კაცები ძალიან უცნაური არსებები ხართ. რატომ მაინცდამაინც საყვარელი? იქნებ,
უბრალოდ, ნაცნობია ან მასთან მუშაობს? ამას გამორიცხავ?
– არაფერს არ გამოვრიცხავ. თუ მასთან მუშაობს, ლოგიკურად, ექიმი უნდა იყოს. ხომ
ასეა?
– ჰო, ალბათ... – უხალისოდ დაეთანხმა მარიკა, – მაგრამ, რომ ვერაფერი შევამჩნიე?
თუმცა, რაღაც ისეთი მითხრა... მოიცა, გავიხსენო... ჰო, მგონი, ენის ანაბეჭდი
თითების ანაბეჭდებივით ინდივიდუალურია და არ მეორდებაო... ენა ყველაზე
ძლიერი კუნთიაო...
– ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება, სადღაც წაიკითხა ან ვინმესგან გაიგონა.
ექიმები განსაკუთრებული კატეგორიაა, რაღაც კასტისმაგვარი. მე არ მეშლება მათი
ამოცნობა. პირველივე დანახვისას ვცნობ ექიმს.
– მე არ მაქვს ასეთი ნიჭი, – ამოიოხრა მარიკამ.
– ეს ნიჭი არ არის, საყვარელო... გამოცდილებაა, – დევიმ საჭე მოატრიალა, – იცი,
ახლა მე და შენ სად წავალთ?
– სამმართველოში. ბატონმა თემომ იქ დამიბარა.
– თემოს კლანჭებში რომ ჩავარდები, თავს ასე ადვილად ვეღარ დაიხსნი. ამიტომ,
ცოტა დავაგვიანოთ – წავიდეთ და შენს დებს საჩუქრები ვუყიდოთ. მგონი, თქვი,
ტყუპები არიანო.
– ჰო, მაგრამ ერთნაირი არაფერი მოსწონთ. განსხვავებული გემოვნება აქვთ, როგორ
უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ.
– ერთმანეთს ჰგვანან?
– არა... ტყუპები რომ არიან ხოლმე ერთმანეთის ასლები, ასე ნამდვილად არ არის.
– სხვადასხვა კვერცხუჯრედის იქნებიან. გენეტიკა საოცარი რამეა, კიდევ უფრო
დიდი საოცრებაა ტყუპების ფენომენი. საერთოდ, მე ძალიან დიდ მნიშვნელობას
ვანიჭებ გენეტიკას...
– ბატონო დევი... მგონი, აჯობებს, პირდაპირ ბატონ თემურთან მივიდეთ... საჩუქრებს
მერეც ვიყიდი. ცოტა უხერხულია.
– დამიჯერე, მე უკეთ ვიცი. თემო ახლა დაკითხვაზე უნდა იყოს და ჩვენთვის არ
ეცლება.
მარიკამ მოიწყინა:
– მეც მინდოდა...
– რა გინდოდა. შენ რა გგონია, ვის დასაკითხად წავიდა? ნოდიას საყვარლის... ერთი
ლაწირაკი გოგოა და შენ იქ მხოლოდ ხელს შეუშლიდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, თემოს ასეთებთან საუბრის თავისი მეთოდები აქვს და,
მეორეც, არ იცი, რომ გოგონები კაცებთან უფრო გულახდილები ხდებიან ხოლმე?
მით უმეტეს, სიმპათიურ კაცებთან...
– მართლა? არ ვიცოდი. ისე, მაინც რა მეთოდია ასეთი? მე არ გამომადგება?
– თემოს ჰკითხე და გასწავლის. შენ ხომ მაინც მისი მოსწავლე ხარ.
მარიკას გაეღიმა...
***
თემომ ჯერ სასამართლოში შეიარა და გაიგო, როდის იყო დეისაძის პროცესი
დანიშნული. რადგან ახვლედიანს თანხმობა უთხრა, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.
ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ პროცესამდე კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი.
თან საკუთარ თავზე გაეცინა – ორი დღის შემდეგ მაინც მოუწევდა იმის გაკეთება,
რაც ძალიან არ უნდოდა. ბავშვივით ვიქცევიო, გაიფიქრა... თუმცა, ამ „გადავადებას“
მაინც ახლდა თავისებური ხიბლი... დიდსულოვნება და ალტრუიზმი არ შეიძლება
აგვერიოს გაუმართლებელ მორჩილებასა და უაზრო კომპრომისში. შენი სიკეთე
რამედ უნდა ღირდეს. მაგრამ თემომ ჯერაც ვერ უპასუხა კითხვას – იყო კი მისი
მხრიდან სიკეთე, რასაც ნათია დეისაძის მიმართ გრძნობდა? შეიძლება, ეს მისი
პრინციპებიდან გამომდინარე იყო, რომელთა კარნახით თემო არაერთხელ წასულა
აგრესიაზეც და რისკზეც. ზოგადად, თემომ იცოდა, რომ აგრესიას გამართლება არ
აქვს მაშინაც კი, როცა შენს ცხოვრებაში რეალური საფრთხე ჩნდება. ალბათ, აგრესია
მაინც თანდაყოლილ ინსტინქტად უნდა ჩაითვალოს, რომელიც ყველა ადამიანში
მეტ-ნაკლები დოზით არის ჩადებული: ზოგში შედარებით ღრმად, ზოგშიც –
ზედაპირულად... ისე კი, ადამიანებზე დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგად,
თემო ერთში ნამდვილად იყო დარწმუნებული... საინტერესო სწორედ აგრესიული
ქმედებაა, თორემ, სიმშვიდეში მოწყენილობით მოკვდები...
გოგონას ძალიან გაუკვირდა, როცა თემომ აუხსნა, რისთვის იყო მასთან მისული და
თავისი ვინაობაც არ დაუმალავს.
– მე დიდი ხანია, მაგ ბინაში აღარ ვცხოვრობ. პრინციპში, სულ რაღაც ერთი თვე
ვიცხოვრე, – მხრები აიჩეჩა და თემოს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა, – რატომ
დაინტერესდით ჩემი საცხოვრებელი ადგილით თქვენ? მგონი, დანაშაული არ
ჩამიდენია...
– დანაშაული სხვამ ჩაიდინა, მაგრამ, საქმე ამაში არ არის.
– აბა, რაშია?
თემომ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა:
– თქვენ, ალბათ, განყოფილებაში მოგიწევთ მოსვლა და ჩვენების წერილობით
მოცემა. მაგრამ, მანამდე ჩვენ გავისაუბროთ. იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ.
– ძალიან თავაზიანი ბრძანდებით. წინააღმდეგიც რომ ვიყო, აზრი არ აქვს. ამიტომ,
მკითხეთ, რაც გინდათ. ოღონდ, ცოტა ჩქარა. ჩემმა შეყვარებულმა უნდა მომაკითხოს
და არ მინდა, ერთად დაგვინახოს. ძალიან ეჭვიანია.
– მართლა? – გამოცოცხლდა თემო, – ძალიან ეჭვიანია? საინტერესოა. შემთხვევით
მამათქვენის მეგობარზე, გია ნოდიაზე ხომ არ ეჭვიანობდა? ამიტომ ხომ არ
წამოხვედით მის მიერ თქვენთვის დაქირავებული ბინიდან?
– რა სისულელეა! ჩემს შეყვარებულს გია ნოდიაზე წარმოდგენაც არ აქვს. ვახო მერე
გავიცანი. ბინიდან კი იმიტომ წამოვედი, რომ მარტო ყოფნას მეგობრებთან ერთად
ცხოვრება მერჩივნა. გია ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს. მამაჩემის ახლობელია,
ჩემი კი არა.
– თუმცა, მისი მეუღლე ამტკიცებს, რომ ნოდიებს თქვენს ოჯახთან დიდი
ახლობლობა აკავშირებთ და თქვენ თავიდან მათთან უნდა გეცხოვრათ.
– ეს თავად გიამ გითხრათ? – გოგონამ გაიცინა და ხელის აქნევით გრძელი თმა უკან,
ზურგისკენ გადაიყარა. საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ, ზუსტად
თავისი ასაკისთვის შესაფერისი.
– რატომ გაგეცინათ?
– იმიტომ, რომ უფროსებს ყოველთვის ილუზიები აწუხებთ. რატომღაც, ჰგონიათ,
რომ რაც მათ უნდათ, ეს ჩვენთვისაც იდეალური და მისაღებია. აბა, წარმოიდგინეთ
საკუთარი თავი ჩემს ადგილას – გენდომებოდათ ბებრების გარემოცვაში ყოფნა?
მეეჭვება, ამის სურვილი გაგჩენოდათ.
– რატომ? ასაკოვანი ადამიანიც შეიძლება, სასიამოვნო პიროვნება იყოს, თანაც გია
ნოდია არც ისეთი ბებერი იყო.
გოგონამ თვალები მოჭუტა:
– იყო? ამით რისი თქმა გინდათ?
– გეტყვით. იმ ბინაში, გია ნოდიამ საგანგებოდ თქვენთვის რომ იქირავა, მკვლელობა
მოხდა. მოკლული თავად გია ნოდიაა. ვიცი, ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, მაგრამ
კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბინა თქვენთვის იყო განკუთვნილი.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გითხარით, მე იქ მხოლოდ ერთი თვე ვიცხოვრე-
მეთქი. არ გჯერათ?
– მჯერა, მაგრამ, მე უნდა დავადგინო, ვინ ცხოვრობდა იქ, რადგან ბინაში
ძველებურად იხდიდნენ ფულს.
– ვინც იხდიდა, იმას მიაკითხეთ.
– გმადლობ რჩევისთვის, მაგრამ ის ადამიანი მკვდარია.
– ანუ, ისევ გია იხდიდა ფულს? ჰო... მაშინ, მესმის თქვენი... მაგრამ, ვერაფრით
დაგეხმარებით. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ცხოვრობდა იქ. მე მაგ ბინის სიახლოვესაც
კი არასოდეს გამივლია. შეგიძლიათ, ჩემი ყოველი ნაბიჯი გადაამოწმოთ.
– გასაგებია. განყოფილებაში მოსვლა კი მაინც მოგიწევთ, აუცილებლად.
– აქვე რომ დაგიწეროთ? გულახდილად გეტყვით, იქ მოსვლა არ მინდა. თან, ჩემმა
„ბოიფრენდმა“ რომ გაიგოს, პრობლემები შემექმნება აუცილებლად.
– ვწუხვარ, მაგრამ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ისე გავაკეთოთ, რომ თქვენმა
„ბოიფრენდმა“ რომ ვერაფერი გაიგოს. დილით შემოირბინეთ... ერთი საათით.
– კარგი. ვეცდები, – ამოიოხრა გოგომ, – როდის?
– დაგირეკავთ, თქვენი მობილური მაქვს. კარგად ბრძანდებოდეთ.
– ისე, მაინც, ვისზე გაქვთ ეჭვი? – ყოყმანით ჰკითხა გოგომ, – ვის შეიძლებოდა, გია
მოეკლა?
– ჩვენც სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობთ. თქვენ მას კარგად იცნობდით?
– არა. ჩვენთან კი მოდიოდა ხოლმე, მაგრამ, ჩემთან კი არა, ჩემს მშობლებთან. რაზე
უნდა მელაპარაკა მასთან? აქ რომ ჩამოვედი, სამჯერ თუ ოთხჯერ ვნახე, მეტჯერ არა:
ბინაში რომ მომიყვანა... მერე, ერთხელ ოჯახში სადილზე დამპატიჟა მისმა
მეუღლემ... ერთხელ მამაჩემის გამოტანებული ფული და ამანათი მომიტანა
უნივერსიტეტში... მეოთხედ მაშინ შევხვდი, როცა ბინის გასაღებს ვუბრუნებდი.
– და, რა გითხრათ?
გოგონა დაფიქრდა:
– იცით, კარგად არ მახსოვს... მგონი, არაფერი... ჰო, მითხრა, კარგი გოგო ხარო. მაშინ,
მგონი, გამიკვირდა კიდეც.
– რატომ?
– ალბათ, მეგონა, რომ ეწყინებოდა, მის მზრუნველობაზე უარი რომ ვთქვი. თუმცა, ეს
მხოლოდ ჩემი ვარაუდია.
– ვნახოთ. ისე, თუ კიდევ რამე გაგახსენდებათ, თუნდაც უმნიშვნელო, დამირეკეთ, –
თემომ გოგონას თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა, – მაშ, კარგი გოგო ხარო?
– ჰო, – მხრები აიჩეჩა გოგონამ, – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რამეს ნიშნავს?
თემომ არ უპასუხა, დამშვიდობების ნიშნად ხელი ჩამოართვა და კიდევ ერთხელ
გაუმეორა:
– თუნდაც, ყველაზე უმნიშვნელო და – მირეკავ...
***
დათომ ორჯერ ძლიერად მოუსვა მკლავი და წყლიდან ამოყვინთა. ნიკა მის გვერდით
მოცურავდა. ნელა და თანაბრად მოძრაობდა.
– შენ რას ჭყუმპალაობ, ცოტა დაუჩქარე!
ნიკამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
– რა გაცინებს? ლაპარაკი მინდა შენთან. დროზე ივარჯიშე და ამოდი! მოთმინება არ
მყოფნის, სანამ გავიგებ, როგორ ჩაიარა შენმა პაემანმა.
– შესანიშნავად. დაკმაყოფილდი? – მიაძახა ნიკამ.
– ეე, ეგრე არ გამოვა, ყველაფერი უნდა მომიყვე.
– ყველაფერი – კარგია... ეგრე სად არის, იქნებ, არ მინდა, რომ მოვყვე?
– შენი შეყვარებულების ამბავს კი არ ვკითხულობ, ტო... ეგ ჩვენი საერთო საქმეა, ხომ
არ დაგავიწყდა.
– გირჩევნია, ივარჯიშო, თორემ, ორივე შენიშვნას მივიღებთ.
დათომ ტემპს მოუმატა... საუბარი საშხაპეში გააგრძელეს.
– მოგეწონა? მაგარი ნაშაა?
– ნაშა ნამდვილად არ არის. შენი მაკა დაამშვიდე მეეჭვება, მისი ქმარი
აინტერესებდეს, ან საერთოდ რამეში სჭირდებოდეს.
– ჰოო?! აბა, ვინ სჭირდება, შენ?! ერთი შეხედვით გამოიტანე ასეთი დასკვნა?
– რატომ, ერთი შეხედვით? ვილაპარაკეთ კიდეც... ყოველ შემთხვევაში, გარწმუნებ,
მაკასთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
– ჰო, მაკაც ასე ადვილად დაიჯერებს და დამშვიდდება... – ირონიულად ჩაიცინა
დათომ.
– მაშინ, ინერვიულოს.
ნიკამ პირსახოცი შემოიხვია და გასახდელში გავიდა. დათო უკან გაჰყვა...
***
მიუხედავად დევის სიმშვიდისა, მარიკა მაინც აღელდა, როცა კაბინეტში შევიდა და
პაპავას უკმაყოფილო სახე დაინახა.
– მაპატიეთ, თუ შეიძლება. ძალიან დავაგვიანეთ, მაგრამ...
– საპატიო მიზეზი აქვს, – გამოესარჩლა დევი, – დაიკოებს საჩუქრები უყიდა. პატარა
დაიკოებს. ერთ საათში კი, მაქსიმუმ ორში, დაბადების დღის ცენტრში მივდივართ.
თემოს ძალიან არ უნდოდა, მაგრამ, მაინც გაეცინა. მერე წარბი შეკრა:
– ორივე გაგიჟდით? დაბადების დღის ცენტრისთვის მოიცალეთ? მეც ხომ არ
მიპირებთ წაყვანას?
– პრინციპში, რატომაც არა?! არაჩვეულებრივი აზრია. ბავშვობაში ცოტა ხნით
დაბრუნება არავის აწყენს.
– მართალი ხარ, მაგრამ შენ, მგონი, საერთოდ ბავშვობაში ჩარჩი, – გაბრაზება დაეტყო
თემოს, – რატომ არ მეკითხები, როგორ მიდის მკვლელობის საქმე, ცოტა მაინც თუ
წავიწიეთ წინ?
– სწორედ მაგის კითხვას ვაპირებდი, – საქმიანი იერი მიიღო დევიმ და მარიკასაც
დაუბრუნდა ნორმალური ფერი.
– ჰოდა, თუ მართლა გაინტერესებთ, გეტყვი, – ვერ წავიწიეთ, ვერც ერთი ნაბიჯით.
ერთ ადგილს ვტკეპნით, მარტო ბერაძის კი არა, ყველა მკვლელობის საქმეში.
– შენ მაგაზე არ იდარდო. გატყობ, იმ გოგოს შეხვდი.
– მერე რა, რომ შევხვდი. თქვენ ხომ ეს არ გაინტერესებთ, მხიარულად დასეირნობთ
სათამაშოების მაღაზიებში!
– გეყოფა. მიდი, მოყევი, როგორი შთაბეჭდილება დატოვა. მოკლავდა თავის
მეურვეს?
– რა მეურვეს... სისულელეს ნუ ლაპარაკობს. გია ნოდია მისი მეურვე არ ყოფილა,
უბრალოდ, მამამისთან მეგობრობდა. ერთი ჩვეულებრივი გოგოა. საკმაოდ კარგად
აზროვნებს. ჭკვიანია და მომეჩვენა, რომ არ თამაშობდა. ძალიან არ შეწუხებულა,
როცა ვუთხარი, რომ მამამისის მეგობარი იმ ბინაში მოკლეს, რომელშიც თავად უნდა
ეცხოვრა, მაგრამ, მგონი, ეს ბუნებრივია.
მარიკამ შუბლზე მოისვა ხელი და დევის გახედა.
– მარიკას, მგონი, რაღაცის თქმა უნდა, – თქვა დევიმ.
– იცით, სითამამეში არ ჩამითვალოთ... შეიძლება, მაგ გოგოს მე დაველაპარაკო?
– ფიქრობ, შენ უკეთ აალაპარაკებ? – ირონია გამოურია ხმაში თემომ, – აშკარად
ატყობდა გაღიზიანებას საკუთარ თავს და ასეთ დროს ყოველთვის ნერვიულობდა.
– თემო, შენ ვერ ხარ გუნებაზე, – შეატყო დევიმაც, – ნერვიულობით საქმეს ვერ
ვუშველით. მარიკა მართალია, ერთი ასაკის ადამიანებს უკეთესად ესმით
ერთმანეთის. იქნებ, ჩვენთვის საგულისხმო რამე წამოაცდენინოს.
– მაგის საშუალება ექნება. ჩვენების მისაცემად უნდა მოვიდეს და დაელაპარაკოს, მე
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – გამოცრა თემომ.
– შენ ახლა ბრაზობ... მაინც, რა გითხრა?
– განსაკუთრებული არაფერი. მხოლოდ ის, რომ იმ ბინაში ერთ თვეზე მეტი არ
უცხოვრია და რომ ეჭვიანი შეყვარებული ჰყავს.
დევიმ თვალები მოჭუტა:
– მერე, ეს არაფერს გეუბნება?
– შენ წარმოიდგინე, არაფერს. ვიცი, ახლა რაც გაიფიქრე. ეგ ვერსია მეც სავარაუდოდ
მივიჩნიე, მაგრამ, როცა მითხრა, რომ „ბოიფრენდი“ იმ ბინიდან წამოსვლის შემდეგ
გაიჩინა... რატომ მოკლავდა ეჭვიანი შეყვარებული, თუნდაც ოტელოს სინდრომით
დაავადებული, კაცს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა?
– მისი ნათქვამის გჯერა? არ გადავამოწმოთ?
– ეგ მეც ვიფიქრე. როცა შეხვედრაზე ვიყავი, ჩვენი ფოტოგრაფი მახლდა და
სურათები გადავუღე. იმ ბინაში უნდა წავიდეს ვინმე და მეზობლებს აჩვენოს. თუ
ერთ თვეზე მეტხანს არ უცხოვრია, ვერავინ იცნობს.
– ჰო, რეალურად ასეა. ვახო წავიდეს. კარგი იქნებოდა, მისი შეყვარებულის სურათიც
გვქონოდა.
– მაგის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, სურათსაც ვიშოვით, არ არის პრობლემა.
პრობლემა ის არის, ვერსია რომ არ გვაქვს. ვახო სად არის ამდენ ხანს? გუშინ
დავავალე, ნოდიას ბიზნესპარტნიორებს დაკავშირებოდა და მისი ფინანსური
მდგომარეობაც გადაემოწმებინა. აუცილებლად უნდა დავურეკო და შევახსენო?
გამაგიჟებს ეს ხალხი...
თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კაბინეტში ვახოს მუდმივად ყალყზე
შემდგარი ქოჩორი გამოჩნდა.
– ბატონო თემო, მოვედი...
– ვხედავ. შემოდი! რას ქოშინებ, მორბოდი?
– ჰო, ლიფტს აღარ დაველოდე. ვიფიქრე, ისედაც დავაგვიანე-მეთქი და ფეხით
ამოვედი.
თემომ სასოწარკვეთით გაშალა ხელები, თითქოს იმისი თქმა უნდოდა, ამას რა უნდა
ველაპარაკოო.
– წყალს დავლევ რა, თუ შეიძლება...
– მარიკა, მოუტანე ამ საცოდავს წყალი, – მაგიდას გაშლილი ხელი დაარტყა თემომ, –
როგორ უნდა მქონდეს ამისი იმედი? ბიჭო, თავი მოიკალი-მეთქი, გითხარი?
– რა ვიცი, ბატონო თემო, ვჩქარობდი.
– ჰო, მაგას ვხედავ. აბა, დაგიბრუნდა მეტყველების უნარი?
ვახომ ნახევარი ჭიქა წყალი ერთბაშად დალია და მარიკას მადლიერების ნიშნად
გაუღიმა.
– მოკლედ, მე ველაპარაკე ნოდიას ბიზნესპარტნიორს. არაფერი საგულისხმო არ
აღმოჩნდა – ნოდია იქ თითქმის არ ჩადიოდა, მოლაპარაკებებს კი ტელეფონით
აწარმოებდა. ღვინის პარტიას გზავნიდა და იქიდან ფულს ურიცხავდნენ.
დოკუმენტაციაც წესრიგშია.
– ჰმ, ესე იგი, არაფერი საგულისხმო, ხომ? დევი, გესმის? არადა, ნოდიას ცოლმა
გარკვევით თქვა, ჩემი ქმარი ბიზნესპარტნიორებთან საკმაოდ ხშირად ჩადიოდა
ხოლმეო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოდია ცოლს ატყუებდა – ჩემოდანჩალაგებული
გამოდიოდა სახლიდან და კონსპირაციულ ბინაში მიდიოდა. მაგრამ, იქ ვის
ხვდებოდა?
– სავარაუდოდ, საყვარელს. ლოგიკურად, მამაკაცები ასე მხოლოდ მაშინ იქცევიან,
როცა საყვარელი ჰყავთ. აბა, ლელაძე, ჩაირბინე ორი სართულით ქვევით,
ლაბორატორიიდან სურათები აიღე და გაქანდი იმ ბინაში, სადაც ნოდია მოკლეს.
– რა სურათი? ან, სად უნდა გავქანდე და რისთვის? – თვალები გაუფართოვდა ვახოს.
– დევი, აუხსენი, თორემ, შეიძლება, ნერვებმა მიმტყუნოს, – ამოიგმინა თემომ.
– დაიღალა, ბავშვი, ეპატიება... – გამოესარჩლა დევი ჭარხალივით გაწითლებულ
ვახოს.
– ეს ორმეტრიანი მუტრუკია ბავშვი? – ხელი ჩაიქნია თემომ, – აბა, უიმედო სიტუაცია
ყოფილა... მოკლედ, ჩადი ლაბორატორიაში და უთხარი, პაპავასთვის განკუთვნილი
ფოტოები გადმოგცენ. მერე ისევ ამოირბინე და აგიხსნი, რა უნდა გააკეთო. ნუ
გეშინია, წყალს იმდენს დაგალევინებთ, რამდენიც შენს გონზე მოსაყვანად იქნება
საჭირო, – თემომ კარისკენ წასულ ვახოს მზერა გააყოლა და ამოიოხრა, – ყველას უკან
როგორ უნდა გაჰყვე, ამის დედა ვატირე!
– მე გავყვები, – თქვა უცებ მარიკამ.
– რა?
– ჰო, ლელაძეს მე გავყვები და მეზობლებსაც მე დაველაპარაკები, თუ საწინააღმდეგო
არაფერი გაქვთ.
– კარგი, გაჰყევი. პრინციპში, არ არის ცუდი აზრი, – დაეთანხმა პაპავა, – მგონი,
ტყუილად ვვარაუდობდით, რომ ამ სამი მკვლელობის ერთმანეთთან დაკავშირებას
შევძლებდით.
– რატომ? მე ასე პესიმისტურად არ ვარ განწყობილი.
– იმიტომ, რომ ვერსიები არ გვაქვს... არც ერთ საქმეში. შენ გინახავს ვერსიის გარეშე
გახსნილი საქმე?
– რატომ, ვერსიები ორ შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად, გვაქვს – პირველში და ამ
უკანასკნელში. რაც შეეხება იმ მკვლელობას, ვერ დავიჯერებ, რომ ნოდარჩიკა
ტყუილად ზის და არაფერს აკეთებს. მიდი ერთი, დაურეკე, მოვიდეს. თუმცა, მე
თვითონ დავურეკავ და ვეტყვი, – დევიმ ტელეფონისკენ გაიწოდა ხელი.
– არ გინდა! ჯერ ნოდარი არ გვჭირდება. მოდი, ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, რა გვაქვს.
– გია ნოდიათი დავიწყოთ, – თქვა მარიკამ, – რატომღაც, მგონია, რომ ეს საქმე
ბანალურია. მკვლელი, სავარაუდოდ, მისივე ცოლი იქნება. ქმარი, ღალატობდა...
ბინაც კი დაიქირავა, რომ იქ თავის საყვარლებს შეხვედროდა... შეიძლება, ორგიებსაც
აწყობდა... მოკლედ, ცოლმა რაღაც მომენტამდე ითმინა, მერე კი მოკლა ან
მოაკვლევინა. აწყობილი ბიზნესი, დაბინავებული შვილები და ხელის შემშლელი –
არავინ... არ არის ეს ლოგიკური? ნოდიას ქვრივი შესაშურ მდგომარეობაშია.
– ლოგიკური არის, მაგრამ, მეტისმეტად მარტივად არ გეჩვენება? – ჩაფიქრდა თემო, –
ვერ ვიჯერებ, რომ ასეა.
– იმიტომ, რომ მეტისმეტად მარტივია? მაგრამ, ძალიან რეალურია, – თავი დააქნია
დევიმ, – მარიკას თითქმის ვეთანხმები.
– თუ ეს ასეა, მაშინ, სერიული მკვლელის ვერსიაც გამოირიცხება და ამ სამი
მკვლელობის ერთმანეთთან კავშირიც. მაშინ, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ეს
ყველაფერი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი იყო და დეისაძეც მკვლელია.
თემო შეიჭმუხნა და უხალისოდ დაეთანხმა:
– ჰო, შეიძლება. ისე, მაგ დეისაძესთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს. არ მინდოდა,
მეთქვა, მაგრამ დამალვასაც აზრი არ აქვს.
– რა, დანაშაული ხომ არ აღიარა? – გამოცოცხლდა დევი.
– არა. ახვლედიანს უნდა, რომ მე პროცესის უსაფრთხოება უზრუნველვყო.
– რა?!
– ჰო. გაგიკვირდა, არა? ელჩის ქალიშვილს პროცესზე დასწრება ნებავს და, სკანდალი
რომ არ ატყდეს, დეისაძე უნდა გავანეიტრალო.
– გააფრინა ახვლედიანმა? – გაეცინა დევის.
– ახვლედიანს რას ერჩი? ვინც მის მაღლაა, ისინი აფრენენ.
– მთლად ასეც ვერ იტყვი. ეს, ეტყობა, კიდევ უფრო ზემოდან მოდის, – მარიკამ
თემოსა და დევის გადახედა, – ისე, ესეც შანსია.
– რისი შანსი?
– ის ქალი რომ ვნახოთ და დაველაპარაკოთ. იქნებ, ამანაც მოგვცეს რამე.
– ეგ როგორ წარმოგიდგენია? ვინ მიგვაკარებს! იცი, როგორი დაცვა ეყოლება? სრულ
იზოლაციაში მოაქცევენ, – ამოიოხრა თემომ, – თორემ, ეგ მეც ვიფიქრე.
– ეტყობა, მთლად დაცვის იმედიც არ აქვთ, თორემ, შენ არ გამოგიძახებდნენ, –
დაასკვნა დევიმ, – შენ შენი უნდა სცადო.
– ხომ იცი, რომ ვცდი. სულ დაიკარგა ის ბიჭი. ფოტოლაბორატორია გადაიტანეს სხვა
შენობაში თუ კიბეზე დაგორდა?! უჰ, რადგან გამოჩნდი, რაღა გვიჭირს... მოიტანე
ფოტოები?
– კი, – გაბრწყინებულმა შეაბიჯა ოთახში ვახომ, – ერთი – კაცის, ერთიც – ქალის. ისე,
ეს კაცი კი მეცნობა.
თემო გაფითრდა:
– მარიკა, აიღე ეს ფოტოები, ჩაჰკიდე ხელი ამ ბოთეს და წადით იმ ბინაში, სანამ
ჭკუიდან შევშლილვარ...
***
დათო დაბარებულივით გამოცხადდა მაკასთან შოკოლადით, ყავით და ცივი
ლიმონათით.
– რა, დაბადების დღე მაქვს? – დასცინა ქალმა და სიგარეტის კვამლი სახეში მიაბოლა.
– დათომ ხელით გვერდზე გასწია და უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
– შენ ძალიან ბევრს ეწევი ამ ბოლო დროს.
– ჰო, ამ ბოლო დროს ცუდი გოგო გავხდი. ბევრს ვეწევი, ვსვამ კიდეც... მაგრამ, ჩემი
კრეტინი ქმარი ვერაფერს ამჩნევს.
– შენი ქმარი კრეტინი არ არის. ასეც რომ იყოს, სიგარეტითა და ლოთობით იმას კი
არა, საკუთარ თავს დააზარალებ. შემოდი ერთი ოთახში, საქმე მაქვს შენთან.
– მართლა? რამე სერიოზულია?
– მგონი, კი. ყოველ შემთხვევაში, შენ უნდა დაგამშვიდოს. ის გოგო გადავამოწმე.
– რომელი გოგო? – მხრები აიჩეჩა მაკამ და ფეხი გრაციოზულად შემოიდო ფეხზე.
– ოჰო, აღარც გახსოვს? ეს კარგია. ესე იგი, აღარ ეჭვიანობ. – დათომ ალერსით გაუჩეჩა
თმა და საკოცნელად წაიწია.
– მომცილდი! შენც კარგი საზიზღარი ვინმე ბრძანდები! მაინც იმის მხარეს ხარ,
მიუხედავად ჩვენი სიახლოვისა. რა ჰქვია ამას, მამაკაცური სოლიდარობა თუ
მამაკაცური გამოჩერჩეტება?!
– გეუბნები, შენკენ ვარ-მეთქი, სულელო! რაც მთხოვე, გავაკეთე. ნიკუშა მივუგზავნე
იმ მარიკას და მითხრა, რომ ის შენთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
– ჰმ... ნიკუშა ჩემთვის ავტორიტეტი არ არის. მე მინდოდა, შენ დალაპარაკებოდი.
– მე ავტორიტეტი ვარ? – გაიცინა დათომ, – გიყვარვარ და იმიტომ ხარ ჩემზე
აღმატებული წარმოდგენის.
– მერე, ვინ გითხრა, რომ მიყვარხარ? – ყასიდად გაბრაზდა ქალი, – ნეტავი, ვინც
მიყვარს, ისიც არ შემყვარებოდა...
– აჰა, დაიწყო თავიდან... გეუბნები, შენს ქმარს ერთადერთი სერიოზული გატაცება
აქვს, – თავისი სამსახური. რაც შეეხება ნიკუშას, მგონი, დავღუპე ძმაკაცი... ისე
ლაპარაკობდა იმ გოგოზე, აშკარად შეყვარებულია და სინდისი მაწუხებს.
მაკა წამოწითლდა და წამოხტა:
– შეყვარებულია? აი, ხომ გითხარი, მაგ გოგომ რაღაც ისეთი იცის, კაცები ჭკუიდან
გადაჰყავს და აგიჟებს. შენ კიდევ, ამბობ, შიშის საფუძველი არ არსებობსო. თემოც
გაგიჟებული ჰყავს... არა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია და აღარც მინდა. საკმარისია,
მეყოფა! სახლიდან წავიდეს და, რაც უნდა, ის უქნია! გავეყრები... დღესვე ვეტყვი,
როგორც კი მობრძანდება!
დათომ წაუსტვინა. საფეთქელთან საჩვენებელი თითი მიიდო და დაატრიალა:
– აი, ახლა კი მართლა აფრენ, არა... თუ თემოსთან ცხოვრება აღარ გინდა, სხვა საქმეა,
მაგრამ, ქალი ქმარს სულელური, უსაფუძვლო ეჭვის გამო ეყრებოდეს, ნამდვილად არ
გამიგია. მე უფრო მაგარ რამეს გეტყვი: გაგაცნობ მარიკას და დასკვნა შენ გააკეთე...

აქოშინებულმა დევიმ მინერალური წყალი მოსვა და ღრმად ამოისუნთქა. მარიკას


შედარებით ყოჩაღად ეჭირა თავი. თუმცა, დაღლილობა მასაც ეტყობოდა.
– უჰ, რამდენი ხანია, ასე არ მიმხიარულია, – თქვა ექსპერტმა, – ზოგჯერ, მავიწყდება
კიდეც, რომ გვამების გარდა, სხვა გასართობიც არსებობს.
მარიკამ ეჭვით შეხედა.
– თქვენ ამას სერიოზულად ამბობთ? არ მჯერა.
– რა თქმა უნდა, სერიოზულად ვამბობ. თანაც, მთელი სერიოზულობით. აბა, შენ
როგორ გგონია, რომ არ ვერთობოდე, ამდენ ხანს გავუძლებდი ყოველდღე
მიცვალებულების ყურებას? თანაც, როგორი მიცვალებულების. ძილში გაპარულები
ჩემთან არ მოჰყავთ.
მარიკას გაეცინა. დევიმ მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თითი.
– აი, შენც გამხიარულდი, ჩემო გოგონა. ამ ცხოვრებას იუმორით თუ არ შეხედე,
გაგიჟდები. ეს ჩემი ოქროს წესია. პაპავა ვერ დავარწმუნე, თორემ...
– მე მესმის მისი. ძალიან რთული სამუშაო აქვს.
– მეც რომ მესმის, იმიტომაც ვეუბნები, ზოჯერ დაიკიდე-მეთქი. თან ეჭვიანი ცოლიც
ჰყავს...
– მართლა? თუმცა, არ მიკვირს, სახლში თითქმის არასდროსაა. ალბათ, ძნელია,
დაიჯერო, რომ მთელ დროს სამსახურში ატარებს.
– როცა ქმარი განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი გყავს, სხვა გზა აღარ გრჩება,
უნდა დაიჯერო. პრინციპში, მეც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომაც
ვერკვევი კარგად მსგავს სიტუაციებში. ჩემი ცოლი ბალერინაა... სულ გასტროლებზეა
და ბავშვიც თან დაჰყავს.
– ბავშვი რამხელაა? – დაინტერესდა მარიკა.
– ჩემთვის ძალიან პატარა... ისე, ოცდაერთი წლის. დედამისის წყალობით, სულ
მენატრება. თან, ისე გაიზარდა, ვერ გავიგე. მამაშენის გაცნობა მინდა, არ მოვა?
მარიკამ დედისკენ გაიხედა. მას შვილის მზერა არ შეუნიშნავს, მოპატიჟებული
ბავშვების მშობლებთან ლაპარაკით იყო გართული.
– ეტყობა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ალბათ, სასწრაფო ოპერაცია აქვს...
ყოველ შემთხვევაში, დედაჩემისთვის მოუწევს სერიოზული ახსნა-განმარტებების
მიცემა.
– ჩვენი წასვლის დროა, – თქვა დევიმ, – პაპავამ ორი საათი გაიმეტა. ხომ არ
დაგავიწყდა?!
მარიკამ ამოიოხრა.
– ჰო, მერე ეტლი ისევ გოგრად გადაიქცევა და ზღაპარიც დამთავრდება... სულ
მინდოდა, მეკითხა, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა დანაშაული ვერ გაგიხსნიათ?
– არა.
– არა რას ნიშნავს?
– არა ნიშნავს არას. არ არსებობს გაუხსნელი დანაშაული. ადრე თუ გვიან, დამნაშავე
მაინც ავლენს თავს.
– ანუ, ყველაფერი თავისთავად ირკვევა?
– მთლად თავისთავადაც არა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გარდაუვლობის კანონი
მუშაობს.
– ანუ, არ არსებობს იდეალური დანაშაული?
დევიმ მხრები აიჩეჩა.
– მე ექსპერტი ვარ, საყვარელო, ეგ პაპავამ უფრო იცის. მაგ საქმეში „მხეცია“, თუმცა,
მეც არ გამიგია, რომ იდეალური დანაშაული არსებობს. ისევე, როგორც ჭეშმარიტებაა
ის, რომ ამ სამყაროში იდეალური არაფერია.
– მე იმ გოგოსთან შეხვედრაც დავგეგმე. უბრალოდ, ერთხელ კიდევ უნდა დავურეკო
და შევახსენო. თვითონ მითხრა, ყველაფერი მავიწყდებაო.
– რა გინდა ათქმევინო?
– ბატონმა თემურმაც იგივე მკითხა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სერიოზულად
ვერ აღმიქვამთ.
– არა. ეგ არაფერ შუაშია. შეიძლება, თემო ფიქრობს, რაღაც პერიოდის განმავლობაში
მასზე დაკვირვებაა აუცილებელი. შენ ნუ გწყინს. ძალიანაც სერიოზულად
აღგიქვამთ. ოღონდ ამას გულწრფელად ვამბობ.
– გმადლობ.
– სამადლობელი არაფერია. წავიდეთ?
– ჰო. ოღონდ ჯერ დედაჩემს უნდა გამოემშვიდობოთ. ისეთი უცნაური ტიპია,
აუცილებლად ეწყინება.
– ოო, ქალბატონი თათა ამას არ იმსახურებს... ძალიან მომეწონა...
***
წყვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ. ბიჭი
ემოციურად, ხელების გაშლით, ხმამაღლა ლაპარაკობდა. გოგო უფრო თავს
იმართლებდა. მერე ერთბაშად აფეთქდა. იყვირა და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ
ბიჭმა არ გაუშვა. მკლავში სტაცა ხელი და თავისკენ მოქაჩა. გოგო გაუძალიანდა.
– ხომ არ ჩავერიოთ? – გულუბრყვილოდ იკითხა ვახომ.
– არავითარ შემთხვევაში, – გააპროტესტა მარიკამ, – პირიქით, უნდა ვაცადოთ.
ზუსტად ის ხდება, რასაც ველოდებოდი და მაინტერესებს, რით დამთავრდება ეს
ყველაფერი.
– ჩხუბი რომ დაიწყონ?
– უკვე ჩხუბობენ, ძვირფასო, – ირონიულად გაიცინა მარიკამ.
ვახომ უხერხულად ჩაახველა. ამ გოგოს გვერდით თავს უცნაურად გრძნობდა –
შებოჭილად და დაძაბულად. სისულელეებს ამბობდა, ახლაც ასე დაემართა.
– იმის თქმა მინდოდა, სერიოზული არაფერი მოხდეს-მეთქი.
– თუ საქმე მანდამდე მივა, მერეც მოვასწრებთ ჩარევას. არ არის პრობლემა.
ვახომ ჩუმად ამოიოხრა და მარიკას მისამართით უკმაყოფილოდ გაიფიქრა,
მეტისმეტად თავდაჯერებულიაო. წყვილი კი ისევ აგრძელებდა ჩხუბს თუ კამათს.
ბოლოს ისევ გოგომ იმარჯვა, თუ ბიჭს მობეზრდა მასთან ჭიდილი, ხელი ჩაიქნია,
შებრუნდა და წავიდა. გოგო იქვე, ბორდიურზე ჩამოჯდა და ატირდა.
– აი, ახლა დროა. ოღონდ მარტო მე მივალ „აბორდაჟზე“. შენ ნუ გამოჩნდები.
ვახომ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა. ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს.
მარიკა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგოს. მის წინ ჩაიცუცქა, ჯიბიდან ქაღალდის
ხელსახოცი ამოიღო და გაუწოდა. გოგომ ცრემლიანი თვალებით შეხედა. თუმცა,
ხელსახოცი გამოართვა.
– თქვენ ვინ ხართ?
– მე დაგირეკეთ, დილით.
– დილით? ჰო, გამახსენდა, მაგრამ ახლა თქვენთან საუბრის გუნებაზე ნამდვილად არ
ვარ. თავს საშინლად ვგრძნობ.
მარიკა გვერდით მიუჯდა.
– ჰო. ვხვდები, მაგრამ არ გირჩევნიათ, მელაპარაკოთ? გულზე მოგეშვებათ. მე
მოგისმენთ. იქნებ ერთად, თქვენი პრობლემის გამოსავალიც მოვნახოთ.
– ნუ წუხდებით, როგორმე თავად მივხედავ საკუთარ პრობლემებს. მით უმეტეს, რომ
თქვენ ეს საერთოდ არ გაწუხებთ.
მარიკა ასე ადვილად არ აპირებდა დანებებას.
– წარმომიდგენია, ახლა რასაც გრძნობთ, – უთხრა თანაგრძნობით.
– მართლა? თქვენ რა, შორიდან მითვალთვალებდით? – გაღიზიანდა გოგო.
– „მითვალთვალებდი“ ცოტა ისეთი ნათქვამია... უბრალოდ, ხომ უნდა
შეგხვედროდით...
– შემთხვევით, არა? თუმცა, გულახდილად გეტყვით, ფეხებზე მკიდია, რას იფიქრებთ
ჩემზე. ის კრეტინი კი, აუცილებლად ინანებს. აი, ნახავთ...
მარიკას ლამის გაეღიმა. გოგოს ისტერიკას აღარაფერი უკლდა...
– ერთი აზრი გამიჩნდა. აქვე, ახლოს პატარა კაფეა... ყავა დავლიოთ და
დამშვიდდებით. თუ თქვენ არ გენდომებათ, საერთოდ არაფერს გკითხავთ.
გოგოს ყოყმანი დაეტყო.
– თქვენ გათხოვილი ხართ?
მარიკამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არც შეყვარებული გყავთ?
– არა, – აღიარა მარიკამ.
– ესე იგი, ვერაფრით დამეხმარებით.
– ყოველ შემთხვევში, ვცდი...
– კარგი. დავლიოთ ყავა. აქ ჯდომას და ტირილს, აზრი მაინც არ აქვს.
– რა თქმა უნდა, მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა. როგორც მივხვდი, შეყვარებულს
ეჩხუბეთ.
– ჰო. კრეტინია... ისე, ჩვენს ჩხუბში დამნაშავე თქვენ ხართ.
– ჩვენ?
– დიახ, თქვენ. კიდევ თქვენი გამომძიებელი... მამაჩემი და რა ვიცი, ყველა...
საერთოდ ვერ ვიგებ, რა კავშირი მაქვს იმ ამბავთან. ნუთუ ჩემი დანაშაული მხოლოდ
ის არის, რომ მამაჩემს იდიოტური სურვილი გაუჩნდა, დედაქალაქში ჩამოსული
საიმედოდ დავებინავებინე?
– წამოდი, წამოდი, ყავა დავლიოთ... – მარიკამ გოგოს გაუღიმა და მხარზე
მეგობრულად დაადო ხელი...
***
პაპავა ყველაფერს ელოდა, საკუთარ კაბინეტში ცოლის დანახვის გარდა.
– მაკა, აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი, საშვი ვინ დაუშვა?
– დევიმ. დავურეკე, ვთხოვე და უარი არ უთქვამს. აბა, რა გეგონა, მარტო შენ კი არ
შეგიძლია ჩემთვის საშვის დაშვება. მადლობა ღმერთს, მეგობრები მაინც მყავს
ერთგული.
თემო შეიჭმუხნა.
– ჰო, კარგი. არ გეკითხები, რატომ მე არ დამირეკე-მეთქი. აზრი არ აქვს, შენთან ახლა
ამაზე დავას. პირდაპირ მითხარი, რა გინდა?
– დავისა და კამათისთვის არც მე მოვსულვარ. ისე, თუ გაინტერესებს. შეგიძლია,
საკუთარ მობილურს დახედო და ნახო, რამდენჯერ დაგირეკე, – ნიშნისმოგებით
მიუგო ქალმა. თემომ მობილური აიღო...
– ხმა ჰქონია გამორთული... ვმუშაობ, არ მცალია.
– ვიცი, საყვარელო, ვიცი... შენ არასოდეს გცალია. მით უფრო, ჩემთვის... საერთოდ,
რატომ მომიყვანე ცოლად. ან სახლი რად გინდა? აქაც მშვენივრად გრძნობ თავს და
უფლება რომ მოგცე, ღამეც დარჩებოდი.
– ხომ ხვდები, რომ სისულელეს ლაპარაკობ. არადა, სულელი ნამდვილად არ ხარ.
– გმადლობ, ჩემზე ასეთი აზრის რომ ხარ, მაგრამ მე თვითონ, საკუთარი თავი
სულელზე სულელი მგონია. შევცდი, იურიდიულზე უნდა ჩამებარებინა. მაშინ,
ჩემთან საუბარი ასეთი მოსაწყენი აღარ იქნებოდა შენთვის. ურთიერთობაც
გაცილებით საინტერესო გახდებოდა. მეც დავუწყებდი დევნას კრიმინალებს და
გვექნებოდა იდეალური ოჯახი.
– როდისმე მითქვამს შენთვის, რომ გამომძიებელ ცოლზე ვოცნებობდი? პირიქით,
ზუსტად ისეთი ცოლი მყავს, როგორიც ყოველთვის მჭირდებოდა. შეეცადე, გამიგო
და არ იეჭვიანო. მაშინ ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
– ვცდილობ, მაგრამ შენ არ მაძლევ ამის საშუალებას.
– მაკა, გეხვეწები, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ, აქ სკანდალი არ მომიწყო და
სახლში რაზეც გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ.
– არაფერზე არ ვაპირებ ლაპარაკს. ფული მჭირდება.
– ფული?! – თემო დააბნია ცოლის მოულოდნელმა და კატეგორიულმა განცხადებამ.
– ჰო, ფული. რა ვქნა, ჯერ სხვა სპონსორი არ მყავს და არც მე მაქვს შემოსავალი, რასაც
ძალიან ვნანობ.
– მე შენ ადრეც გითხარი, მუშაობა დაიწყე-მეთქი.
– მაგას ყოველთვის ისე ამბობდი, ჩემს გასაჩუმებლად. მოგენდომებინა და მიშოვიდი
სამსახურს, მაგრამ არა, თავიც არ შეიწუხე.
– მაკა, – ამოიოხრა თემომ, – ეს ჩემი სამსახურია. ყოველ წუთს შეიძლება, ვიღაც
შემოვიდეს. ვერ ხვდები, როგორ იდიოტურ სიტუაციაში მაყენებ?! მაგრამ არა, ხვდები
და სპეციალურად იქცევი ასე. გინდა, მოთმინებიდან გამომიყვანო. მოგცემ ფულს,
მარტო ეს არის შენი პრობლემა?
– არც შემეკითხები, რისთვის მინდა? – პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა ქალმა.
– დარწმუნებული ვარ, ქუჩაში არ გადაყრი.
– მთლად არ ვყრი, თუმცა... მოკლედ, სამოგზაუროდ ვაპირებ წასვლას და საგზურის
დასაჯავშნად თანხის ნაწილი მჭირდება.
თემომ უსიტყვოდ ამოიღო ჯიბიდან საფულე და ცოლს საკრედიტო ბარათი
გაუწოდა.
– გამომართვი. საღამოს ვილაპარაკოთ. ვეცდები, ადრე მოვიდე.
– კარგი. ესე იგი, საერთოდ არ გაინტერესებს, სად მივდივარ და ვისთან ერთად... –
მაკამ საკრედიტო ბარათი გამომწვევად შეათამაშა ხელში. თემო მიხვდა, რომ ქალი
სპეციალურად წელავდა დროს... ცოლთან ურთიერთობაში ლოგიკა აშკარად
ღალატობდა.
– პირდაპირ მითხარი, რა გინდა? – გაიმკაცრა ხმა.
– არაფერი. რაც მინდოდა, მივიღე უკვე. ახლა წავალ... მაკა ადგა და ჩანთას მოჰკიდა
ხელი... – შენი თანაშემწე რატომ არ არის აქ?.. – ბოლოს მაინც გაყიდა თავი.
– დავალებაზე მყავს გაშვებული... მოიცა, აქ მის სანახავად მოხვედი? ჰმ, აქამდე
როგორ ვერ მივხვდი... მაკა, გეყოფა, რა... ძალიან გთხოვ, გეყოფა! ეს უკვე
მეტისმეტია. მაგ ბავშვზე მაინც როგორ ეჭვიანობ?
– საკუთარ ბავშვზე იფიქრო, აჯობებს. ვიღაც ექიმის მისამართი და ტელეფონი
მომცეს... სასწაულებს ახდენსო, მაგრამ რა აზრი აქვს? რისთვის ვიწვალო და ვეწამო,
შენ შვილი აშკარად არ გჭირდება.
თემოს სული შეეხუთა. რას არ მისცემდა, მაკა რომ გაჩუმებულიყო და წასულიყო.
პირველად ინატრა, ახვლედიანს მაინც დაერეკა. ცოლის ხასიათი იცოდა. არაფერს
მოერიდებოდა და აქვე აუტეხდა სკანდალს, მაგრამ მაკამ გააოცა – გაუღიმა,
შებრუნდა და წავიდა...
თემომ ვერც დაიჯერა თავისი „ბედნიერება“, რომ კარი ისევ გაიღო... კაცს ჰაერი აღარ
ეყო... მოემზადა, მობრუნებული ცოლისთვის საკადრისი პასუხი გაეცა და ხელში
დევი შერჩა. ყურებამდე გაღიმებული, სუპერმარკეტის საფირმო ცელოფნით...
– მობრძანდი აქ! სწორედ შენი ნახვა მინდოდა. გააფრინე?! მაკასთვის რომ საშვი
დააშვებინე, რას ფიქრობდი?
– რა მექნა, აბა... მეთქვა, არა, თემოსი მეშინია და ვერ დაგეხმარები-მეთქი?! – ხელები
გაშალა დევიმ, – მაოცებ, გეფიცები.
– გაოცებ, ჰო? არა, გეუბნები, ზოგჯერ საერთოდ ვერ აზროვნებ. ვერ უთხარი,
სამსახურში არ არისო?!
– ბიჭო, მითხრა, სასწრაფო საქმე მაქვს თემოსთან. ვურეკავ და არ მპასუხობს, აქვე
ვდგავარ, შენობასთანო და ეგეთი უნამუსო გგონივარ, მეგობრის ცოლი ქუჩაში
დამეტოვებინა?
– მეგობარზეც რომ გეფიქრა, კარგი იქნებოდა. თითქოს, მაკას არ იცნობდე.
– ეე, არ გეწყინოს და შენც ხარ დამნაშავე, ჩემო ძმაო. ვერ ისწავლე ცოლთან ლაპარაკი.
ქალებს სჭირდებათ მოფერება, ყურადღება... და მორჩა!
– ნერვებს რომ მომიშლის, თანაც არაფრის გამო, მერე მისი არც დანახვა მინდა და არც
მოფერება.
– აი, გეუბნები, რა, მაგრად გეშლება. ბიჭო, მოეფერები და ნერვებსაც აღარ
მოგიშლის... რა ვერ გაიგე?!
– მოსაკლავი ხარ, მაინც, – ჩაიბურტყუნა თემომ.
– ჯანდაბას, მომკალი, მაგრამ ჯერ ვჭამოთ. დარწმუნებული ვარ, დღეს არაფერი
გიჭამია. ჰო, მართლა, ახალი ხომ არაფერია?
– ნოდარს ველოდები. დამირეკა, ამოვალ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო.
იქნებ, მის საქმეში რამე მნიშვნელოვანი გამოიკვეთა.
– ვიმედოვნოთ, რომ ასეა. ხაჭაპური მოვიტანე. შეჭამ?
– მაგით დანაშაულს ვერ გამოისყიდი... ძალიან ვარ გაბრაზებული...
***
მარიკამ ყავა მოსვა და მოსაუბრეს თანაგრძნობით გაუღიმა.
– საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე თავიდან ჩანდა.
– ჰო, ალბათ, აღარ შევურიგდები. ყელში ამომივიდა მისი იდიოტური ეჭვიანობა. ეს
მაინც, ბოლო წვეთი იყო ჩემს მოთმინების ფიალაში. მაინც როგორ მითხრა, რომ
შეიძლება, მეც მიმიძღოდეს ბრალი მომხდარში.
– ნია, რა იცოდა შენმა შეყვარებულმა მოკლულზე?
– ვისზე? არაფერი... მართლა. ან საიდან უნდა სცოდნოდა, როცა თვალით არასდროს
უნახავს. მეც არასოდეს მილაპარაკია მასზე.
– რატომ?
გოგო გააღიზიანა მარიკას შეკითხვამ.
– როგორ თუ რატომ? კიდევ ვერ მიხვდი, რომ ეს ადამიანი არანაირად არ იყო ჩემი
ცხოვრების ნაწილი? არანაირად-მეთქი!
– დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ. თუ უყვარხარ, გაიგებს და ბოდიშსაც მოიხდის.
– ვუყვარვარ? კი, როგორ არა... – ხელი აიქნია გოგომ, – ხომ ნახე, როგორ მეჩხუბა.
ვერაფერი შევაგნებინე. არა, არ ღირს მასთან შერიგება. მამაჩემს კი, არ ვიცი, რას
ვუზამ, ასეთ დღეში რომ ჩამაგდო!
– შენს შეყვარებულს ვინ უთხრა მომხდარის შესახებ?
გოგო შეყოყმანდა.
– მე... – თქვა ბოლოს უხალისოდ.
– რატომ?
– რა ვიცი. იმიტომ, რომ სულელი ვარ და ენას ვერ ვაჩერებ. რა მრჯიდა? რა მინდოდა?
მაგრამ, ვფიქრობდი, შეყვარებულებმა ერთმანეთს არაფერი არ უნდა დაუმალონ-
მეთქი.
– მეც ასე მიმაჩნია.
– არა, არა, სისულელეა. აი, ჩემმა გულახდილობამ სადამდე მიმიყვანა. იდიოტმა, შენი
საყვარელი იყოო...
– ასე გითხრა პირდაპირ?
– თითქმის. ბინიდან თუ წამოხვედი და აღარ გჭირდებოდა, რისთვის აგრძელებდა
ქირაობას. ესე იგი, იქ ჩუმად ხვდებოდით ერთმანეთსო. კრეტინი. მე რა ვიცი, მას ბინა
რაში სჭირდებოდა. შეიძლება, მართლაც ჰყავდა საყვარელი, მაგრამ ეს მე ნამდვილად
არ ვიყავი.
– მე მჯერა. კიდევ გკითხავ რაღაცას...
გოგომ თავი დაუქნია.
– ამ დღეების განმავლობაში იმ კაცის ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ
დაგკავშირებია?
– არა.
– კარგი. ახლა დამშვიდდი და ბარემ განყოფილებაშიც წამომყევი, წერილობითი
ჩვენების მისაცემად.
– წამოვალ. საქმე მაინც არაფერი მაქვს... იდიოტი.
– ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ.
გოგომ მხრები აიჩეჩა.
– გააჩნია, რა იგულისხმება კარგად ყოფნაში. ახლა გუნება საშინლად მაქვს
მოშხამული... და ვერ ვიტან. მისი ნახვის სურვილიც არ მაქვს.
– გაგივლის... წავიდეთ?
– წავიდეთ. ისე, შენ გეტყობა, ძალიან ჭკვიანი ხარ, შეყვარებული რომ არ გყავს.
– ეგ შემთხვევით მოხდა, – გაეცინა მარიკას და რატომღაც ნიკა გაახსენდა, თავისი
ფართო მხრებით და გულწრფელი ღიმილით...
***
ნოდარ დევიძე თითქმის ფეხაკრეფით შევიდა კაბინეტში და უსიტყვოდ მიუჯდა
მაგიდას. დევიმ თემოს გადახედა.
– ამან რაღაც ძალიან სერიოზული იცის. ისეთი სერიოზული, რომ გამარჯობის თქმაც
დაავიწყდა.
– დილით ხომ მოგესალმე დერეფანში, – უთხრა ნოდარმა ისე, რომ „პროვოკაციული“
ფრაზის ავტორისთვის არც შეუხედავს. თემოსთან ჰქონდა საქმე და მას უყურებდა.
– აბა, მიდი... რა გაარკვიე?
– სუტინიორი იყო.
– ვინ?
– ვინ და ის ჩემი მოკლული – ფუგანი თუ ფაილოძე.
– ვა... ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. სად იყო სუტინიორი? აქ თუ იქ, გერმანიაში? –
ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა დევიმ. თემო ჯერ ჩუმად იჯდა და მხოლოდ თითებს
ათამაშებდა მაგიდის ზედაპირზე.
– ალბათ, აქაც. ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ აქ რომ ნორჩი გოგონების „გაქირავებით“ იყო
დაკავებული, ამაში ეჭვი უკვე აღარ მეპარება. ერთმა ყოფილმა მოდელმა ამოიცნო.
დღეს უკვე აღარც ის კლუბები არსებობს, სადაც ფაილოძე თავის ბნელ საქმეებს
ატრიალებდა და იმ გოგონების მოძებნაც რთულია. მე გამიმართლა, რომ შემთხვევით
ერთი ვიპოვე.
– ის ერთი ვინ არის? – ჰკითხა თემომ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ არის. იმ პირობით მომიყვა ფაილოძის
შესახებ, თუ მის ვინაობას კონფიდენციალურად დავტოვებდი. პრინციპში, ჩვენ ხომ
ინფორმაცია გვჭირდება და არა თავად ინფორმატორი, – მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
თემომ ისე გახედა დევის, თითქოს ეუბნებოდა: „აჰა, შეხედე ახლა ამას, რა გინდა, რომ
შეაგნებინოო“. დევის ჩაეღიმა.
– მოიცა, ნოდარჩიკ, შენ, რა თქმა უნდა, კარგად იმუშავე და არ შემიძლია, შენი
დამსახურებები არ ვაღიარო, მაგრამ ინფორმატორი ზოგჯერ ეჭვმიტანილიც არის
ხოლმე. ასე რომ, ასე მარტივადაც არ არის საქმე.
– არა, არა, – ენერგიულად გადააქნია თავი ნოდარმა, – გამორიცხულია. ამ
შემთხვევაში, ეს გოგო არ გამოდგება.
– მოიცა, რას ნიშნავს, „ეს გოგო არ გამოდგება“? შენ, რა, ყველა ვერსია რომ უნდა
მოსინჯო, არ იცი? – გაბრაზდა თემო.
– ვიცი. მაგრამ უკვე მოვსინჯე და ვიცი, რასაც ვამბობ. საერთოდაც, ფაილოძის
სუტენიორობას ხანდაზმულობის ვადა აქვს, მინიმუმ, თორმეტი-ცამეტი წელი. ჩემი
ვერსია ასეთია: ფაილოძე საქართველოდან სწორედ ამ თავისი საქმიანობის გამო
გადაიხვეწა. ალბათ, რომელიმე გოგოს პატრონთან ან „შემკვეთთან“ შეექმნა
პრობლემა... გაასწრო და ათი წელი, საქართველოში ფეხი არ ჩამოუდგამს. როცა
გადაწყვიტა, ჩემი ამბავი არაკეთილმსურველებს დავიწყებული ექნებათო, შეცვლილი
სახელითა და გვარით მოევლინა სამშობლოს. მაგრამ, არ გაუმართლა. სავარაუდოდ,
ვიღაცამ იცნო. მასზე ისევ გავიდნენ და მოკლეს კიდეც. მანდ კიდევ არის რაღაც
ნიუანსები, მაგრამ არსი გასაგებია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ სერიულ მკვლელზე
ლაპარაკი ზედმეტია. არც ამ სამი მკვლელობის ერთ „სიბრტყეში“ გამოძიებას აქვს
აზრი. ამიტომ, ყველამ ჩვენს საქმეებს მივხედოთ.
ნირწამხდარმა თემომ ჩაახველა. ნოდარ დევიძე მის პასუხს ელოდა.
– რაც თქვი, ლოგიკასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ მიზანი თუ დაადგინე, რატომ
ჩამოვიდა ფაილოძე-ფუგანი თბილისში. რა მიზნით?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – გაიკვირვა დევიძემ, – თუ ვიტყვით იმას, რომ
მკვლელობა წარსულში მისი საქმიანობით იყო პროვოცირებული, აქ რისთვის
ჩამოვიდა, ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.
– კარგი, დევიძე... წადი... – ამოიოხრა პაპავამ... ყველაფერი გასაგებია.
– ძალიან კარგი. ხვალ ახვლედიანს ძიების შედეგები უნდა გავაცნო და სინდისი
დამშვიდებული მექნება, – გამომძიებელმა შვებით ამოისუნთქა და იღლიაში
ამოჩრილი საქაღალდით, სწრაფად დატოვა ოთახი, კაბინეტში რამდენიმე წუთი
სრული სიჩუმე იდგა.
– ელაპარაკე ახლა ამას, – თქვა ბოლოს პაპავამ.
– აბა! – დაუდასტურა დევიმ, – რა ნერვები აქვს, შემშურდა!
– ნერვები რა შუაშია? ტვინი აქვს „სწორხაზოვანი“. რა ენაღვლება, ახლა ახვლედიანს
ეტყვის, რომ საქმეში სამხილები არ არის და შემოდებენ თაროზე. აი, ასე
დამთავრდება ეს ამბავი.
– მდა, სიძულვილი სერიოზული ძალაა და საშიში იარაღიც, – გაიზმორა დევი და
დაამთქნარა, – მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს შეუძლია ისეთი შეცდომის
პატიება, რომელმაც მას ცხოვრება დაუნგრია. მაგრამ, ხშირად სიძულვილი მარტო
ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არა, მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს. ყველაზე
უწყინარი, მშვიდობისმოყვარე ადამიანიც კი, რომელიც ნაძირალას ეტყვის, რომ
ნაძირალაა და საკადრის პასუხსაც გასცემს, მოკლავს მოძალადეს – კანონის
დამცველთა, ანუ ჩვენი მხრიდან მოძალადედ აღიქმება და არა სიკეთის მთესველად.
– რას ლაპარაკობ. ვერ გავიგე, ამით რისი თქმა გინდა?.. რომ ფაილოძე სიკვდილის
ღირსი იყო და ჩვენ სხვა ფუნქცია და მისია გვაკისრია?!
– მეც მაგას გიხსნიდი, სხვა ფუნქცია რომ გვაკისრია, თორემ წესით, ფაილოძისა და
ბერაძის მსგავსი ნაძირლების ლიკვიდაციისთვის, მათ მკვლელებს ორდენებს უნდა
ვაძლევდეთ.
– კარგი რა, როდის აქეთ ხარ ძალადობის მომხრე?
– სხვათა შორის, დიდი ხანია. უბრალოდ, ხმამაღლა არ ვამბობდი ამას, – ჩაიცინა
დევიმ.
– ნოდიაზე რაღას იტყვი?
– ჰო, ეგ კიდევ სხვა შემთხვევაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი
კეთილსინდისიერი ბიზნესმენი იქნებოდა ანგელოზი.
– ჩვენი საქმე არ არის მოკლულებისა და მკვლელების მორალური ფასეულობების
კვლევა. ადამიანური პოზიციიდან რომც გეთანხმებოდე, ამის ხმამაღლა თქმის
უფლება არ მაქვს. თუმცა, იმაში გეთანხმები, რომ თითოეულ ჩვენგანს ღირსების
საკუთარი კოდექსი აქვს და მხოლოდ ამის მიხედვით ვწყვეტთ, როდის ვიქცევით
კარგად, როდის კი – ცუდად... დევიძე კმაყოფილია. ის თავისი სინდისის წინაშე
მართალია. ვერაფერს იტყვი. მეც, ალბათ, მართალი ვარ, როცა დეისაძის დაცვას და
გამართლებას ვცდილობ.
– შენ ის გეცოდება.
– მე ვგრძნობ, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
– თემო, გახდე მკვლელი, არ ნიშნავს, მოწოდებით იყო მკვლელი. ეს სხვადასხვა რამეა
და თავადაც იცი.
– დეისაძეს უნდა დაველაპარაკო. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო...
დევიმ ამოიოხრა.
– ვერ ისვენებ, რა... ერთი გაუხსნელი საქმე არ გყოფნის და მეორეც უნდა დაამატო?
– გაუხსნელ საქმეში ნოდიას მკვლელობას გულისხმობ? მაგას გავხსნით. ამაში ეჭვი
არ მეპარება. მარიკა და ვახო არ დაბრუნდნენ? ფოტოები რომ ჰქონდათ წაღებული
ამოსაცნობად, რა გაარკვიეს?
– მარიკა იმ გოგოსაც უნდა შეხვედროდა... ნოდიას მეგობრის შვილს... მოვა, ახალი
ამბებით დატვირთული... დიდი მოუსვენარი ვინმეა... გამოვა მაგისგან რაღაც...
– ჰო, სულელი ნამდვილად არ არის, – უხალისოდ დაეთანხმა თემო.
– შენ რა, არ მოგწონს მარიკა?
– მომწონს, როგორ არა... მაგრამ შენ რომ ხარ აღფრთოვანებული... ძალიან
დაუმეგობრდი...
– რატომაც არა?! მიყვარს, როცა ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა. მათგან ბევრ
რამეს ვსწავლობ.
– ისინი კი შენგან სწავლობენ... – ირონიით გაიღიმა თემომ, – რა გენაღვლება,
ლილიკო აქ იშვიათად არის და, შენც სრული თავისუფლება გაქვს.
– ლილიკო აქ რომ არის, მაინც სრული თავისუფლება მაქვს, – ნიშნისმოგებით თქვა
დევიმ, – დავიმსახურე და იმიტომ.
– ერთი, ეჭვიანი ყოფილიყო, დავინახავდი, როგორ დაიმსახურებდი, – ამოიოხრა
პაპავამ.
– მივხვდი, რის თქმაც გინდა. რა გიყო, არ მიჯერებ, თორემ არც შენ გექნებოდა
მაკასთან პრობლემა.
თემომ ხელი ჩაიქნია.
– შენ მაკა ლილიკო ხომ არ გგონია? ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს და იტყვის,
შეიძლება, ჭკუიდან შეგშალოს...
– უნდა მოუსმინო და გაუგო. აბა, როგორ გინდა, მარტო დამნაშავის ფსიქოლოგიის
ცნობა გეყოფა? საკუთარი ცოლის ფსიქოლოგია არ უნდა იცოდე?
თემომ პასუხად ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია.
– არ გვინდა ამაზე. სახლშიც მეყოფა... ყოველ საღამოს ურთიერთობას ვარკვევთ.
მგონი, უკვე მარიკაზეც ეჭვიანობს.
– მერე, გააცანი და აღარ იეჭვიანებს.
– ჰმ, რა ადვილად ლაპარაკობ... მაგრამ მოვრჩეთ... ნოდიას ცოლს კიდევ ერთხელ
უნდა ვესაუბრო...
– ვერსია ხომ არ გაქვს?
– ქმრის სიკვდილმა საკმაოდ შეძლებულ ქალად აქცია. თან, თუ ღალატობდა კიდეც...
უნდა გადავამოწმოთ.
– საბედისწერო ქალს არ ჰგავს... ჩვეულებრივი ბებიაა...
– მაკვირვებ... ჩვეულებრივი ბებია რას ნიშნავს – მკვლელობას ვერ დაუკვეთდა?
რამდენი ასეთი ჩვეულებრივი ბებია გინახავს დამნაშავის სკამზე.
დევიმ შუბლი მოისრისა.
– ვიხსენებ...
– შენ გაიხსენე, მე კი წავედი. მარიკა და ვახო რომ მოვლენ, უთხარი, დამელოდონ...
მალე დავბრუნდები... ნოდიას შვილებთანაც მაქვს შეხვედრა, მაგრამ მანამდე მის
ქვრივს „შევაჯანჯღარებ“, – პაპავამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და ძეხვის ნაჭერი
პირისკენ გააქანა, – ტელეფონი რეკავს, უპასუხე, რა... – შემობრუნდა იქვე კართან
მისული და დევის მაგიდაზე აწკრიალებულ აპარატზე მიანიშნა... დევიმ ყურმილი
აიღო.
– დიახ... არა, პაპავა გასულია. კი, აუცილებლად ვეტყვი... რა თქმა უნდა... – დევიმ
ყურმილი შუბლთან მიიდო და პაპავას უცნაურად გახედა.
– ჰა, რა იყო? – ვეღარ მოითმინა პაპავამ.
– დეისაძეს შენთან შეხვედრა და ლაპარაკი უნდა... სასამართლომდე... რაღაც
მნიშვნელოვანი უნდა ვუთხრაო...

ქალი სხვანაირი იყო... ყოველ შემთხვევაში, პაპავას ასე მოეჩვენა. სხვადასხვანაირი


გამოხედვა ჰქონდა და ცოტათი გამომწვევი მზერაც...
– კარგია, რომ მოხვედით, ყოველთვის არ ვარ გულახდილობის გუნებაზე.
მომისწარით, თორემ ხვალ, შეიძლება, უარიც ვთქვა ამაზე.
– მეც მინდოდა, თქვენთან შეხვედრა. სასამართლოს შესახებ უნდა დაგელაპარაკოთ.
– რა, აღარ მიჭერენ? – ირონიულად ჩაეცინა ქალს, – შემთხვევით სიგარეტი ხომ არ
გაქვთ? უცებ ძალიან მომინდა.
თემომ სიგარეტი და სანთებელა წინ დაუდო და დაელოდა. ქალმა ხარბად გააბოლა.
რამდენიმეჯერ მოქაჩა და ნეტარებით ამოიხვნეშა...
– ზოგჯერ რა უმნიშვნელო რაღაც გვანიჭებს სიამოვნებას...
– სასამართლო პროცესზე გართულებების თავიდან ასაცილებლად, თქვენგან
გარანტიები მჭირდება, – დაიწყო თემომ, თუმცა, მგონი, აჯობებს, ჯერ თქვენ
მოგისმინოთ.
ქალმა გაოცებით შეხედა.
– ვერაფერი გავიგე, მე რა გარანტიები უნდა მოგცეთ. ვერ მივხვდი? რომ
მოსამართლეს არ დავეჯღანები და ენას არ გამოვუყოფ?
– მომისმინეთ, რისი თქმა გინდოდათ, ჩემთვის? – თემომ ქალს გამომცდელი მზერა
მიაპყრო. იმის ხომ არა, რაც მე ვიფიქრე?
– მე არ ვიცი, თქვენ რა იფიქრეთ, თუმცა... ვაღიარებ, ძალიან მიხვედრილი
ბრძანდები. ასეა. მე კარგად ვიცნობდი სერგოს. სერგი მერე გახდა, როცა მოქმედების
არეალი შეიცვალა. რამდენჯერ გამჩენია მისი მოკვლის სურვილი... იმასაც ვაღიარებ,
ნამდვილი ურჩხული იყო, გახრწნილი და ზნედაცემული. ყველაფერი შეიძლება,
ითქვას მასზე კარგის გარდა – მარტო იმიტომ არა, რომ ჩემი ცხოვრება დაანგრია.
კიდევ ბევრი გააუბედურა და სიცოცხლე მოუსპო.
– სიცოცხლე მოუსპო? ეს როგორ გავიგო? – შეაწყვეტინა თემომ, – ძალიან გთხოვთ,
ფაქტებით მელაპარაკეთ.
– ფაქტებით ლაპარაკი თქვენი საქმეა და თქვენ უკეთ იცით. ხომ გინდოდათ,
ინფორმაცია ბერაძეზე, ჰოდა, გიყვებით...
– მირჩევნია, შეკითხვები დაგისვათ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
– ესე იგი, ჩემი მონაყოლი არ მოგწონთ, – ჩაილაპარაკა ქალმა და მხრები აიჩეჩა, –
როგორც გენებოთ. დამისვით, დღეს თქვენი დღეა.
– სად და რა ვითარებაში გაიცანით სერგი ბერაძე?
– აი, ახლა უკვე თქვენს ამპლუაში ხართ. სერიოზული და შეუვალი... თქვენი
კოლოფიდან კიდევ ერთ სიგარეტს მოვწევ...
– რა თქმა უნდა, მთელი კოლოფი დაიტოვეთ.
– ძალიან მანებივრებთ... რამე სიმპათიას გრძნობთ ჩემ მიმართ? ხომ არ
შეგიყვარდით?
– ხუმრობთ? ეს კარგია, უფრო კარგად აგვეწყობა საუბარი. თუმცა, სიმპათიას მართლა
ვგრძნობ. შეიძლება, იმიტომ რომ მკვლელს არ ჰგავხარ, – რატომღაც, „შენობით“
მიმართა პაპავამ.
– თქვენ მკვლელებს სახეზე იცნობთ?
– პრინციპში, ზოგჯერ გამომდის. კითხვაზე არ მიპასუხებთ?
– გიპასუხებთ, თუმცა, ვერ ვხვდები, ამას რატომ აქვს თქვენთვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა.
– ჩემთვის არა, საქმისთვის აქვს მნიშვნელობა, – მორიდებით შეახსენა პაპავამ. ეს
ქალი ზოგჯერ ძალიან გამაღიზიანებლად იქცეოდა. ზოგჯერ კი ძალიან საცოდავი და
უსუსური ჩანდა.
– ჩემმა შეყვარებულმა გამაცნო. მაშინ უფრო ახალგაზრდაც ვიყავი და გაცილებით
ეფექტური გარეგნობისაც. ამბიციაც მეტი მქონდა და გეგმებიც დიდი. ჩემმა
შეყვარებულმა კი სერგოს ანდო ჩემი თავი. დაპირებები ისეთი იყო, სიხარულით
მეცხრე ცაზე დავფრინავდი, მაგრამ ერთბაშად ჩამოვვარდი და მწარედ დავენარცხე
დედამიწაზე. ისე მწარედ, რომ შოკი დიდხანს გამიგრძელდა. იმ ექიმმა ძლივს
ამაწყო... მერე, მისივე რჩევით, ვუჩივლე, მაგრამ... არ დაიჭირეს. საშინელი აგრესია
გამიჩნდა, მინდოდა, საკუთარი ხელით მომეკლა. ჩემი შეყვარებული მას შემდეგ
საერთოდ აღარ მინახავს... გაქრა...
– რატომ არ დაიჭირეს?
– იმიტომ, რომ... იმიტომ... თქვენ ჩემზე კარგად იცით, რატომ არ იჭერენ მათ,
ვისგანაც მომჩივანზე გაცილებით მეტ სარგებელს მოელიან. სერგი ბერაძე ნორჩი
გოგონებით ამარაგებდა ვიღაც-ვიღაცეებს. ზოგს თავადაც უსინჯავდა გემოს, ასე
ვთქვათ, აგემოვნებდა. ამ ზოგიერთებს შორის აღმოვჩნდი მეც.
– შეგიძლიათ, მითხრათ იმ „ვიღაც-ვიღაცეების“ ვინაობა? – თემო დაიძაბა.
– ძალიან გამიჭირდება, გავიხსენო. თანაც, დღეს ისინი არაფერს წარმოადგენენ.
– ექიმის გვარი?
– თქვენ ესეც უნდა იცოდეთ. იყო მისი დასკვნა საქმეში.
– ლომიძე ია, მართალია?
– დიახ. ლომიძე ია. მან მირჩია, სასამართლოში მეჩივლა, რომ ბოროტება დაუსჯელი
არ უნდა დარჩენილიყო. მაგრამ, ხომ ხედავთ, ვინ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე.
ახლა თქვენ მითხარით, უნდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაზე სამართალი არსებობს? მე
რომ მომისჯიან, ამაში ეჭვი თქვენც კი არ გეპარებათ.
– ვნახოთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი.
– დამცინით? რა შანსზე ლაპარაკობთ. მე ვინ გამიშვებს აქედან. პირიქით, კანონის
მთელი სიმკაცრით დამსჯიან.
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.
– მაგის მჯერა, თუმცა...
– კიდევ გკითხავთ, შეიძლება?
– რა თქმა უნდა, დღეს თქვენი დღეა-მეთქი, ხომ გითხარით?
– მინდა, მეც გითხრათ იგივე, როცა ნამდვილ მკვლელს დავიჭერთ.
ქალს იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა.
– თუ თქვენ მართლა გჯერათ ამის, მაშინ მეც მექნება კარგის მოლოდინი...
– სერგი ბერაძეზე კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ, რამე ხელჩასაჭიდი მჭირდება.
– მაგალითად?
– მაგალითად, ხომ არ იცით, იყო ნარკობიზნესში ჩართული? კრიმინალებთან მის
ურთიერთობაზე ხომ არაფერს მეტყვით...
ქალი ჩაფიქრდა.
– თქვენ, ალბათ, ფაქტები გჭირდებათ. ეგ ისეთი ნაძირალა იყო, არ გამიკვირდება,
ამაში რომ ჰქონოდა ხელი გასვრილი. გიჟდებოდა ფულზე... ურჩხული... თქვენ იმ
ექიმს ელაპარაკეთ?
– ვცადეთ და ვერ გაგიხსენათ.
– მართლა? მაშინ ძალიან განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბავი. საშინელ
მდგომარეობაში ვიყავი, მართლა... ეტყობა, ჩემნაირი პაციენტი ბევრი არ ჰყოლია.
– კარგი. ეს გავიგე... კიდევ მინდა, რამე... რამე უფრო ხელჩასაჭიდი.
– ამწუთში, ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვიხსენებ. თუ კიდევ „გამინათდება“ გონება,
აუცილებლად გაგაგებინებთ. თქვენც რაღაცის თქმა გინდოდათ...
– ჰო. მინდოდა... სასამართლო, ალბათ, მაინც გაიმართება და... მე მითხრეს, რომ
ელჩის ქალიშვილი გეგმავს დასწრებას... ის ქალი, სერგის საცოლე.
– მე ის შტერი ქალი სულაც არ მაინტერესებს. ეს ჩემი პრობლემა არ არის.
– მე ვიცი, მაგრამ... მოკლედ, გარანტია სჭირდებათ, რომ სკანდალი არ ატყდება.
– მე რა სკანდალი უნდა ავტეხო? რა სისულელეა. არაფერი მოხდება, დამიჯერეთ.
თემო შეყოყმანდა.
– მე მაინც იქ ვიქნები... როგორც ჩანს, ელჩის ქალიშვილი არაადეკვატურია...
– რა? აჰა, გავიგე... მითხარით, რა უნდა გავაკეთო. ჩემგან რას ელოდებით. პირობას
გაძლევთ, შევასრულებ.
– გმადლობ... ამის იმედი მქონდა.
***
მარიკამ მობილურს დახედა. ნაბიჯს შეუნელა. წინ მიმავალ დევის ჩამორჩა და
მობილური ყურთან მიიტანა.
– გისმენთ?! გიცანი... უნდა მივსულიყავი? მართლა? არა, არ დამვიწყებია. უბრალოდ,
დრო არ მქონდა. ერთ საათში? რა ვიცი. ძალიან უცნაურია. ასე ორიგინალურად რომ
მინიშნავ პაემანს... მე არც ორიგინალური ვარ და იმიტომ? – კარგი, ვნახოთ...
შეიძლება, მივიდე კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები...
მარიკამ მობილური ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად გაეშურა თემოს კაბინეტისკენ.
– ხომ არ დამაგვიანდა? ტელეფონზე ვლაპარაკობდი.
– თუ საქმეზე ლაპარაკობდი, გაპატიებთ... – თვალი ჩაუკრა დევიმ.
– მოკლედ, საქმე ასეა. ნათია დეისაძეს ველაპარაკე... მკვლელობის ვერსია ბერაძის
საქმიანობაში უნდა ვეძებოთ. უფრო სწორად, მის ხასიათში... თითქმის აღარ მეპარება
ეჭვი, რომ შურისძიების მიზნით არის მოკლული.
– არა, ასეც ნუ იტყვი. იქნებ პოლიტიკური მკვლელობა იყო?
– რას ნიშნავს, ნუ იტყვი? რატომ იქნებოდა პოლიტიკური მკვლელობა? – თემოს არ
მოეწონა დევის პოზიცია.
– რატომ არ უნდა ყოფილიყო? წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია. ეს ჩვენი ელჩი აქ
რაღაც „ბნელ“ საქმეებს აკვარახჭინებდა. სასიძომ კი, ხელის მოთბობა გადაწყვიტა...
ისიც ადგა და თავიდან მოიშორა... ასე რომ, შენს მოსაზრებაში ასეთი
დარწმუნებულიც ნუ იქნები. და, საერთოდ, მარტო ამ ბერაძის საქმეზე ნუ „ჩაიხვიე“.
კიდევ გვაქვს მკვლელობა გამოსაძიებელი. იმ ნოდიას ცოლმა, რაო?
– რაო და, მერე რა, ყველა კაცი ღალატობს ცოლს ცოტათიო?
დევიმ ხელები გაშალა.
– ოჰო, აი, პასუხი! ღირსეული ქართველი ცოლის ჭეშმარიტად ღირსეული პასუხი.
ამაზე უკეთეს ალიბს ვერ მოიფიქრებ.
– შენ ღადაობ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ქალი ჩანს. ჭკვიანი ქალი კი,
საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგეა. ერთი, შვილებს ვერ დაველაპარაკე. გოგო
ყოველთვის დედის მხარეს არის ხოლმე. მგონი, ბიჭთან საუბარი უფრო მომცემს
საჭირო ინფორმაციას.
მარიკას გაეღიმა.
– მგონი, პირიქით... ბიჭი დედას ბოლომდე დაიცავს. თუ რამე იცის, მაქსიმალურად
შეეცდება, ბოლომდე დამალოს. გოგო კი უფრო აპატიებს, ხელგაშლილ მამიკოს
ცოდვებს.
დევიმ და პაპავამ ერთმანეთს გადახედეს.
– ხომ გეუბნებოდი, ჭკვიანი გოგოა-მეთქი. საერთოდ, ქალებს ინტუიციაც აქვთ, რაც
მათ ლოგიკურ აზროვნებაში ეხმარებათ.
– ესე იგი, მირჩევთ, ჯერ ნოდიას ქალიშვილს შევხვდე? – შუბლი მოისრისა პაპავამ და
გაუღიმა, – პრინციპში, არის ამაში ლოგიკა.
– მაშინ, მე დროს არ დავკარგავ და ჩემს თაყვანისმცემელს შევხვდები.
– ჰო? აბა, შენ იცი, ჩვენ ეგ შეხვედრა ძალიან გვჭირდება, – თვალი ჩაუკრა დევიმ.
თემო ვერ მიხვდა.
– რა პაემანზე ან საქმეზე ლაპარაკობთ? ვერაფერი გავიგე...
– ჰო, მგონი, შენთვის არც გვითქვამს. მარიკუნამ იმდენი მოახერხა, იმ ექიმის
ახლობელი მოხიბლა და ახლა შებმის პროცესშია. მგონი, ძალიან გამოგვადგება.
– რას ნიშნავს, შებმის პროცესშია?! – აღშფოთება ვერ დამალა თემომ, – მე რატომ არ
შემითანხმეთ. ვინ მისცა ამის უფლება? ამ თვითნებობას ვერ ავიტან. ახლავე
ამიხსენით ყველაფერი. მარიკა, ვინ არის ის კაცი?
მარიკამ დამნაშავესავით აიწურა მხრები.
– კაცი არ არის, ბიჭია. თანაც პირველმა თავად დამირეკა. მეხვეწებოდა, შენი გაცნობა
მინდაო. დევიმ კი, უბრალოდ, გაიგო, ვის ეკუთვნოდა ნომერი, საიდანაც
მირეკავდნენ. აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ნომერი ია ლომიძეს აუღია.
– და... ეს ყველაფერი უჩემოდ დაგეგმეთ? – გადაირია პაპავა, – დევი, შენ რაღა
დაგემართა?
– არაფერი დაგვიგეგმავს. სულ შემთხვევით მოხდა.
– მიკვირს, შენ რომ ამბობ ამას? ჩვენს საქმეში შემთხვევითობა თითქმის
გამორიცხულია. გინდა, დავიჯერო, რომ ეს უბრალო დამთხვევაა? გუშინ კი არ
დავიწყე „სისტემაში“ მუშაობა. ვინ არის, რას წარმოადგენს?
– მარტო ის ვიცი, რომ ნიკა ჰქვია და წყალბურთს თამაშობს. ჯერჯერობით მეტი
ვერაფერი დავადგინე.
– ესეც სრულიად საკმარისია. მეტად აღარ შეხვდები! – მკაცრად თქვა პაპავამ.
მარიკა შესამჩნევად გაფითრდა და ნირწამხდარმა დევის ისე გადახედა, თითქოს
მშველელად უხმობდა.
– თემო, ჩვენთვის ეს კიდევ ერთი შანსია. გეუბნები, მართლა შემთხვევით მოხდა. ეს
თამაში მარიკას რომ წამოეწყო, მაშინ ზუსტად ეცოდინებოდა, ვინ არის. დაფიქრდი.
იქნებ, ეს იმ ქალთან მიახლოებაში დაგვეხმაროს. არ გინდა, შენი უკანონო პატიმარი
თავისუფალი იხილო?
– „უკანონოს“ ისეთი ტონით ამბობ, თითქოს დამცინი. რა ვქნა, თუ ის ქალი მკვლელი
არ მგონია?
– არ დაგცინი, საიდან მოიტანე? პირიქით, ვცდილობ, სიმართლის გარკვევაში
დაგეხმარო. რა გითხრა დეისაძემ?
– შენ რა იცი, რომ ველაპარაკე, გულთმისანი ხარ? – განცვიფრდა თემო.
– კარგი რა, ვახომ მითხრა. დასამალი რაღა იყო?
– ფაქტებს ვერ იხსენებს. ისე კი, ბერაძე რომ ნაძირალა იქნებოდა, ამაში ეჭვი ისედაც
არ გვეპარებოდა. თუმცა, მასთან ლაპარაკის შემდეგ, უფრო მეტი მიზეზი მაქვს, იმ
ექიმს რაღაც ვათქმევინო. დეისაძე ამბობს, შეუძლებელია, არ ვახსოვდე.
სასამართლოში წასვლა მან მირჩია. ძალიან შეწუხებული იყო ჩემი ტრაგედიითო.
ბერაძე აქტიური სუტინიორი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში, პოლიტ-
ბიზნეს ელიტის მთავარი მომმარაგებელი იყოო.
– ჰოდა, თაფლში ჰქონია ხელი და გიკვირს, ზოგჯერ თითებს თუ ილოკავდა? –
გაიცინა დევიმ.
– ფუჰ, მაგის... წესით, ასეთი ტიპების მკვლელებს არც უნდა ვიჭერდეთ... – თემომ
სიგარეტი ამოიღო, – რა სისულელეს ვლაპარაკობ. მარიკა, აპირებ იმ ტიპთან
შეხვედრას?
– რა ვიცი. ვაპირებდი...
– კარგი. შეხვდი, ოღონდ ფრთხილად იყავი და მეც საქმის კურსში ჩამაყენე.
ყველაფერი უნდა ვიცოდე, გასაგებია? რაც მალე დაადგენ, უკეთესი. უფრო მშვიდად
ვიქნები, – თემომ მარიკას შეხედა და გოგო მიხვდა, რომ გამომძიებელი ამას
გულწრფელი მზრუნველობით ამბობდა.
***
დათომ უჩვეულოდ აფორიაქებულ მეგობარს მხარზე მსუბუქად უბიძგა და მოახედა.
– სულ გასასვლელისკენ რატომ იხედები? ელოდები ვინმეს?
– მარიკა დამპირდა, მოვალო.
– მეტისმეტი სერიოზულობით ხომ არ ეკიდები დაკისრებულ მოვალეობას? –
ორაზროვნად ჰკითხა დათომ, – საეჭვოდ ხარ აწითლებული. ბიჭო, შეიყვარე-მეთქი,
ეგ ხომ არ დამივალებია?!
– ეგ რა შუაშია. მინდა და ვხვდები ადამიანს, რომელიც მომწონს. რა, არ მაქვს
უფლება?! რა მნიშვნელობა აქვს, როგორ და რატომ გავიცანი?
– ხომ გითხარი, შენ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ-მეთქი.
– შეგიძლია, მშვიდად იყო. ამ შემთხვევაში შენ უკვე არაფერ შუაში ხარ.
– ჩავიდეთ აუზში. დროა. მოსვლა რომ ნდომოდა, მოვიდოდა, როდემდე უნდა იდგე
სარგადაყლაპულივით?!
ნიკა უსიტყვოდ ჩახტა აუზში და იქვე მდგარი დათო გაწუწა.
– განსაკუთრებული რა აქვს? ერთი გაწრიპული გოგოა... – თქვა დათომ და სახიდან
წვეთები ხელისგულით მოიწმინდა.
– არ გინდა, რა...
– კარგი. არ მინდა და ტრიბუნებისკენ გაიხედე... მოვიდა...
ნიკამ სწრაფად გაიხედა იქით, საითაც დათო უთითებდა და ტრიბუნაზე, პირველ
რიგში მარიკა დაინახა. გახარებულმა ხელი დაუქნია და ენერგიულად მოუსვა
მკლავი.
– ოჰ, ოჰ, ოჰ... ახლა გადაირევა... – თქვა დათომ, – მერე კიდევ იტყვის, შეყვარებული
არ ვარო... დავღუპე ეს ბიჭი, მგონი...
***
პაპავამ სახლში მიაკითხა ნოდიას ქალიშვილს. მარიკა რომ არ შემცდარა, ამას ნანა
ნოდიას დანახვისთანავე მიხვდა – „მამიკოს ნებიერას“ გამოხედვა და მანერები
ჰქონდა...
– მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. კეთილი, თბილი... არასოდეს არაფერზე
უთქვამს უარი. ვის დასჭირდა მისი მოკვლა... წარმოუდგენელია, ვინმესთვის ასე
ეწყენინებინოს... ვინ გაიმეტა მოსაკლავად, რისთვის... რაც ეს ამბავი მოხდა, სულ ამ
კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხი არ არის...
– ჩვენც სწორედ ეგ გვაინტერესებს, – პაპავამ ბინა მოათვალიერა, – აქ მეუღლესთან
ერთად ცხოვრობთ?
– დიახ. ეს ბინა მამამ მიყიდა, რომ გავთხოვდი. მანქანაც იმან გვიყიდა და საერთოდ,
ყველაფერი... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვროთ მამას გარეშე.
– თქვენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე? მამას ეხმარებოდა ხოლმე... ახლა ფირმას ჩემი ძმა ან დედაჩემი
გადაიბარებს და მერე რა იქნება, არ ვიცი.
– რატომ? დედათქვენს ან თქვენს ძმას თქვენს მეუღლესთან ცუდი დამოკიდებულება
აქვთ?
– ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ... – გოგომ სახეზე აიფარა ხელები და ატირდა, – რატომ?
რატომ არ გაუფრთხილდა თავს. ხომ ვთხოვდი... თითქოს რაღაცის მეშინოდა...
თემომ აცადა ქალს დამშვიდება. სლუკუნს რომ მორჩა, ჰკითხა:
– რისი გეშინოდათ?
– რა ვიცი. მამა ყველას ენდობოდა. ძალიან მიამიტი იყო, ბავშვივით...
– იცოდით, ბინა რომ იქირავა? ამას გულისხმობთ?
გოგო შეყოყმანდა.
– ჰო, ვიცოდი... თავისი მეგობრის შვილისთვის იქირავა.
– რომელმაც იქ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრა... მომისმინეთ, თუ გინდათ,
მამათქვენის მკვლელი ვიპოვოთ, ჩემთან გულახდილი უნდა იყოთ.
– რა გაინტერესებთ?
– მამათქვენს საყვარელი ჰყავდა?
გოგომ უცნაურად შეხედა გამომძიებელს და შუბლი მოისრისა.
– ამას მამაჩემის მკვლელობასთან რა კავშირი აქვს?
– აქვს კავშირი. მითხარით, ჰყავდა?
– დიახ, – უხალისოდ აღიარა ნანა ნოდიამ.
– ერთი ჰყავდა თუ რამდენიმე?
გოგო წამოწითლდა.
– მე არ ვუთვლიდი საყვარლებს. ეს არ იყო ჩემი საქმე. დიდი ამბავი, ცოტას
ერთობოდა. ოჯახზე გადაყოლილი, ყურადღებიანი ქმარი, არაჩვეულებრივი მამა და
გიჟი ბაბუა იყო. პატარა სისუსტე კი ყველას აქვს.
– მისი რომელიმე საყვარლის ვინაობას მეტყვით? რომელიმეს პირადად ხომ არ
იცნობდით?
– არა. ხომ გითხარით, ის, რაც მე არ მეხებოდა, არც მაინტერესებდა. თქვენ რა,
ფიქრობთ, რომ მამაჩემი თავისმა რომელიმე საყვარელმა მოკლა? რა სისულელეა.
მეცინება. ვის კლავენ ასეთი უწყინარი გართობისთვის. კარგით რა... თქვენ იცნობთ
მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ცოლის ერთგულია?! ეს ხომ სასაცილოა.
– დედათქვენმა თუ იცოდა თვისი ქმრის „უწყინარი“ გართობების შესახებ?
– ეს დედაჩემს ჰკითხეთ.
– მე თქვენ გეკითხებით.
გოგომ მტრულად შეხედა გამომძიებელს.
– ხომ მაქვს უფლება, არ გიპასუხოთ?
– რა თქმა უნდა. მეც მაქვს უფლება, ჩვენი საუბრიდან სათანადო დასკვნები გავაკეთო.
ძმასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ნორმალური, – უხალისოდ უპასუხა გოგომ.
– გასაგებია. თქვენს მეუღლეს სად ვნახავ?
– ახლა ქალაქში არ არის. რაიონშია საქმეზე. საღამოს, გვიან დაბრუნდება.
– ტელეფონის ნომერს დაგიტოვებთ და დამირეკოს... ესე იგი, თქვენ არაფრის თქმა არ
გინდათ ჩემთვის.
გოგომ ჯერ თავი გააქნია... მერე ენერგიულად აიქნია ხელები...
– კარგი... თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია... დედაჩემი ძალიან ეჭვიანობდა. სულ
სკანდალები ჰქონდათ. მამაჩემი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მისი ცხოვრების ეს
ნაწილი, მხოლოდ მისი იყო და არაფრის შეცვლას არ აპირებდა. დედაჩემი
ცოფდებოდა. თითქმის სულ ჩხუბობდნენ.
– რატომ არ დაშორდნენ ერთმანეთს?
– რა ვიცი. ერთხელ დედაჩემს ვუთხარი, თუ არ შეგიძლია, მამას ასეთ საქციელს
შეეგუო, გასცილდი-მეთქი.
– რა გიპასუხათ?
– მგონი, მითხრა, ჭკუა საერთოდ არ გაქვსო. გავშორდე და საშუალება მივცე, მთელი
ქონება კახპებს შეაჭამოსო? სულ ეს იყო. ეტყობა, მამაჩემსაც არ ჰქონდა ოჯახის
დანგრევის დიდი სურვილი.
– კარგი. დღეისთვის საკმარისია. არ დაგავიწყდეთ, თქვენმა მეუღლემ უნდა
დამირეკოს. შეიძლება, კიდევ შემოგიაროთ...
***
მარიკა გასასვლელში შეხვდა ბიჭებს. ნიკას ისე უბრწყინავდა სახე, აშკარად ვერ
მალავდა მისი დანახვით გამოწვეულ სიხარულს.
– მართლა არ მეგონა, თუ მოხვიდოდი.
– ესე იგი, სიურპრიზი გამიკეთებია შენთვის. არაჩვეულებრივია. რადგან ასეა, ამ
უპირატესობას საჩემოდ გამოვიყენებ.
– საშენოდ? ეგ რას ნიშნავს?
– მერე გეტყვი. ისე, მომეწონა, კარგად ცურავ...
დათოს სიცილი აუტყდა.
– ცურავს? რას ამბობ? ეტყობა, კარგად არ დააკვირდი. ბურთზეა მობღაუჭებული,
თორემ ჩაიძირება.
– ხუმრობა რომ არ გამოგდის, ჯობია, ჩუმად იყო, – გაბრაზდა ნიკა, – და, საერთოდ...
იქნებ მიხვდე და წახვიდე. საქმე ხომ გაქვს?
– საქმე? რაღაც არ მახსენდება, ვარჯიშის მერე საქმიანი შეხვედრა დამეგეგმოს.
პირიქით, ვფიქრობდი, ერთად გადავწყვეტთ, როგორ გავერთოთ-მეთქი.
– დათო, – ამოიოხრა ნიკამ, – შენ მაკას ნახვას არ აპირებდი?
დათომ შუბლზე შემოირტყა ხელი.
– უჰ, ეგ სულ დამავიწყდა... კიდევ კარგი, შემახსენე... მშვენიერი აზრი დამებადა,
მოდი, მაკასაც გავუაროთ და სადმე წავიდეთ. ცოდოა, მთელი დღე მარტო ზის
სახლში.
ნიკა ჭარხალივით გაწითლდა. დათოს „მშვენიერი აზრი“ აშკარად არ მოეწონა. „არ
მოეწონა“, რბილად იყო ნათქვამი. ძლივს შეიკავა თავი, მეგობარი კარგად არ
გაელანძღა. მარიკას გადახედა და ნაძალადევად გაუღიმა.
– მაკა ვინ არის? – გულუბრყვილოდ იკითხა მარიკამ. ეს მოჩვენებითობა კარგად
გამოუვიდა, საკუთარი თავით თვითონვე დარჩა კმაყოფილი.
– არის ერთი, – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა დათომ და ნიკას მხარი წაჰკრა, – რას
იბღვირები, ბიჭო! ნახე, თუ არ მოეწონებათ ერთმანეთი. ყველაფერს საკუთარ თავზე
ავიღებ.
– მარიკა, შენ რას იტყვი? – უკანასკნელ იმედს მოებღაუჭა ნიკა.
– რა ვიცი. ჩემთვის სულერთია. ჯერ შენც არ გიცნობ წესიერად. ასე რომ, თქვენ
გადაწყვიტეთ.
– მე მინდოდა, ცოტა გაგვესეირნა...
– გავისეირნებთ კიდეც... მე ახლა გავიქცევი და მაკას დავურეკავ, ვეტყვი, რომ
გავუვლით და მოემზადოს, – დათომ თითები გაატკაცუნა და ნიკას თვალი ჩაუკრა.
ნიკამ მხოლოდ ამოიოხრა. დათოს შეჩერება შეუძლებელი იყო...
***
ახვლედიანმა სულ ერთი წუთით გაიხედა დერეფანში და ჩქარი ნაბიჯით მიმავალი
პაპავა დაინახა.
– ერთი, შემოდი ჩემთან! სწორედ შენი ნახვა მინდოდა...
თემო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
– გისმენთ, ბატონო გიორგი!
– შენ კი არა, მე გისმენ. შემოდი... შემოდი...
პაპავა უხალისოდ შეჰყვა.
– რა ქენი, ჩემი დავალება შეასრულე?
– დიახ.
– ნახე, ის ქალი? ყველაფერი მაინტერესებს, – აცქმუტდა ახვლედიანი.
– კი. ვნახე და ველაპარაკე კიდეც. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მისი მხრიდან
პროვოკაციების საშიშროება არ არსებობს. ამაში დარწმუნებული ვარ.
– მაშინაც კი, თუ მეორე მხარე ეცდება, პროვოკაციას?
– დიახ, მაშინაც კი... – დაეთანხმა თემო.
– ასპროცენტიან გარანტიას იძლევი?
– თითქმის.
– ანუ, შემიძლია, ზუსტად ასე ვუთხრა „იმათ“?
– ეს უკვე თქვენი საქმეა. მე ჩემი – გავაკეთე.
ახვლედიანმა შვებით ამოისუნთქა.
– ძალიან კარგი. ეს მომწონს... ყოჩაღ, პაპავა! გავითვალისწინებ. შენთან მოლაპარაკება
შესაძლებელი ყოფილა.
– იმედია, თქვენც შეასრულებთ დანაპირებს, – შეახსენა თემომ.
ახვლედიანს მაშინვე გაუქრა სახიდან ღიმილი.
– შანტაჟზე ნუ წავალთ. არ გინდა. მე ჯერ კიდევ შენი უფროსი ვარ.
– შანტაჟი არაფერ შუაშია. მე ჩემი საქმე მინდა, გავაკეთო.
– პაპავა, ეგ საქმე გახსნილიც არის და დამთავრებულიც. გირჩევნია, იმ ნოდიას
მკვლელის ძებნაზე გადაიტანო მთელი ყურადღება. არ არის ეგ საქმე ასეთი
მისაყურისძირებელი. ბიზნესმენი მოკლეს, შენ კი ერთ ადგილს ტკეპნი. ერთი
ნაბიჯით ვერ წაიწიე წინ.
– ვმუშაობთ, ბატონო გიორგი... ვმუშაობთ...
– რაღაც არ გეტყობა. დევიძემაც, მგონი, დაიძინა. კიდევ კარგი, რომ გერმანელებს, ის
ვიღაც ფუგანი საერთოდ არ აინტერესებთ, თორემ აქამდე ატყდებოდა ამბავი. არ
მგონია, ასეთი სუსტები იყოთ. ეტყობა, არ ინდომებთ.
პაპავა გაცეცხლებული გამოვიდა ახვლედიანის კაბინეტიდან და მაშინვე ნოდარ
დევიძის მოსაძებნად გავარდა. გზად ვახოს შეეყარა და საყვედურებით აიკლო.
– სად ხარ? მთელი დღეა...
– აქ ვარ, ბატონო თემო, და გელოდებით, – დაიბნა ვახო.
– მე რას მელოდები. იყავი და გააკეთე, რაც დაგავალე? გქონდა ფოტოები
ამოცნობაზე?
– მქონდა.
– მერე, პასუხი ჩემამდე ვერ უნდა მოიტანო?
– ახლა ვაპირებდი...
– ახლა აპირებდა...
– დროზე, მითხარი, რა ქენი...
– კაცი მაშინვე იცნეს მეზობლებმა... გოგო – ვერა. მითხრეს, იმ გოგოებიდან
რომლებთანაც ეგ ტიპი აქ მოდიოდა, ეს არც ერთს არ ჰგავსო.
– მერე?
– რა მერე, ბატონო თემო, მე როგორც მივხვდი, მაგარი გარყვნილი ტიპი იყო და ხატა
ჰქონდა, რა!
– მერე, შენ რა გიხარია? უფრო ადვილი იქნებოდა, ერთი საყვარელი ჰყოლოდა და ის
მოგვეძებნა. ნაშების მოძებნა დროსაც ბევრს წაგვართმევს და ნერვებს ხომ, ნუღარ
იკითხავ. სხვა გზა არ მაქვს. ეს საქმე შენ უნდა დაგავალო. ნოდიას მობილურ
ტელეფონს შეისწავლი. ყველა ნომერს ამოიღებ და ყველას გადაამოწმებ. არ
გესწავლება, ეს როგორ უნდა გააკეთო. ვინც მეტ-ნაკლებად საეჭვოდ მოგეჩვენება, მე
შემახვედრებ.
ვახო უკმაყოფილოდ დაიღრიჯა.
– აბა, აბა, ნუ იჯღანები? შენ ხომ არ გგონია, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მსიამოვნებს.
ზოგჯერ ისეთ განავალში ვიქექები, გული მერევა... მომიცადე, ცოტა ხანი არ წახვიდე,
მობილურს ვუპასუხებ და კიდევ გეტყვი, როგორ უნდა გაიმარტივო ეგ საქმე...
პაპავამ ტელეფონი ყურთან მიიდო.
– დიახ, თემურ პაპავა გისმენთ... დიახ, მე ველაპარაკე თქვენს მეუღლეს... უკვე
შეგიძლიათ? ძალიან კარგი... თუ პრობლემა არ გაქვთ, ჩვენთან მობრძანდით. დიახ,
საშვს დავუშვებ... მითხარით თქვენი გვარი... – პაპავამ ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა...
– გელოდებით!
თემომ მაგიდის ჩაკეტილი უჯრიდან ცელოფანში გახვეული მობილური ამოიღო და
ვახოს გაუწოდა.
– ჯერ ყველა ტელეფონის ნომერს ამოწერ. მერე მობილურ ოპერატორებს
დაუკავშირდები. ნებართვას ქვემოთ აიღებ... აბა, ჩქარა... სწრაფად უნდა იმოქმედო,
იცოდე...

თემო ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო.


– კონდენციონერი ხომ არ ჩავრთო? ძალიან დაცხა...
ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაგიდასთან იჯდა, წყალი მოსვა და უარყოფის ნიშნად
თავი გააქნია.
– ნუ შეწუხდებით... ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ ჩემი ნახვა გინდოდათ...
– მიზეზი, ალბათ, იცით.
– დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ვერ ვხვდები, მე ისეთი რა უნდა გითხრათ.
– ვნახოთ... რამდენიმე შეკითხვაზე მინდა, მიპასუხოთ.
– კი, ბატონო, მკითხეთ. შეიძლება, მოვწიო?
– სიგარეტი გინდათ? ახლავე, – თემომ უჯრიდიდან გაუხსნელი კოლოფი ამოიღო და
გაუწოდა.
– გმადლობთ. მაგრამ, მე ყოველთვის ჩემსას ვეწევი, – ახალგაზრდამ საკმაოდ
ძვირფასი სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. საუბარიც პირველმა დაიწყო.
– გულახდილად გეტყვით, ჩემი სიმამრის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას არ
ვგრძნობდი.
– ამით რისი თქმა გინდათ, რომ ცუდი ურთიერთობა გქონდათ?
– არც მთლად ცუდი, მაგრამ სიახლოვე არასოდეს გვქონია. მისი მორალური
პრინციპი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩემსას. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს მას
უნდა ვუმადლოდე და ჩემი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისთვისაც ძალიან
ბევრი გააკეთა, მერჩივნა, მისგან შორს ვყოფილიყავი.
– შეიძლება, გკითხოთ, რატომ?
– უკვე გიპასუხეთ. მისი მორალური პრინციპები ჩემსას ეწინააღმდეგებოდა.
დავაკონკრეტო?
– დიახ.
– ძალიან გარყვნილი ვინმე ბრძანდებოდა. სწორად გამიგეთ. მე ნაკლებად
მაინტერესებს, ვინ ღალატობს ცოლს და ვინ მისი ერთგულია, მაგრამ, როცა
ადამიანთან საქმეში ერთად ხარ და... მოკლედ, ვერ ვიტანდი ჩემს სიმამრს, თუმცა,
იმედია, არ იფიქრებთ, რომ მე მოვკალი.
თემოს გაეღიმა.
– ამიტომაც ნერვიულობთ?
– არა. არ მინდა, ჩემს ცოლთან ურთიერთობა გამიფუჭდეს.
– რატომ გაგიფუჭდებათ ურთიერთობა?
– იმიტომ, რომ მისთვის მამა ყველაფერი იყო. ძალიან უყვარდა და ყველაფერში
ამართლებდა. გამაფრთხილა, არაფერი მეთქვა.
– ანუ, კონკრეტულად რა არ უნდა გეთქვათ?
– ის, რომ სიკვდილის ღირსი იყო.
თემო შეიჭმუხნა და მაგიდაზე თითები აათამაშა.
– უცნაურია, ამას რომ ამბობთ. ჩვეულებრივ, მამაკაცებს არ უკვირთ მამაკაცის
თავისუფალი ცხოვრება.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა შენი ოჯახის წევრი, შენი შვილების ბაბუა ორგიებს
აწყობს და ამას ცხოვრების ნორმად მიიჩნევს, ასე გგონია სიბინძურეში შენც ისვრები.
– ლოგიკურია. ეს მითხარით, სიდედრთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– ჩვეულებრივი, ძალიან კარგი ქალია.
– იცოდა თავისი ქმრის „უწყინარი“ გართობების შესახებ?
– არ ვიცი, რა იცოდა. ჩემი სიდედრი ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. მეც არასოდეს
მიმიჩნევია საჭიროდ, მასთან ამ თემაზე მესაუბრა. როგორ წარმოგიდგენიათ, სიძე
სიდედრს მისი ქმრის გარყვნილებაზე ელაპარაკება...
– ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება. მით უფრო, ჩემთვის.
– ჰო, ალბათ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია.
– კიდევ რამდენიმე შეკითხვა და გაგიშვებთ.
– პრობლემა არ არის. დრო მაქვს...
– თქვენი აზრი მაინტერესებს. ოღონდ, გულახდილად... როგორ გგონიათ, ეს
მკვლელობა შეიძლებოდა, რაღაცნაირად თქვენს ბიზნესს უკავშირდებოდეს?
დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ.
– დაფიქრება არ მჭირდება, ახლავე გიპასუხებთ: არანაირად.
– დარწმუნებული ხართ?
– აბსოლუტურად.
– მაშინ კიდევ გკითხავთ – თქვენ სიდედრს შეეძლო მოეკლა ის?
ახალგაზრდა კაცს გაეღიმა.
– თქვენ ამას სერიოზულად მეკითხებით?
– აბსოლუტურად სერიოზულად.
– ჩემი სიდედრი მოკლავდა თავის ქმარს? აბა, რას ამბობთ?
– ხომ შეიძლება, ყელში ამოსვლოდა თავისი ქმრის გარყვნილება და მოეშორებინა ის.
მაგალითად, შეეკვეთა ქმრის მკვლელობა. თანხები ხომ ეყოფოდა ამისთვის?
– სისულელეა. ჩემი სიდედრი ჭიასაც არ დააკარებს ფეხს. ძალიან კარგი ადამიანია,
მშვიდი და გაწონასწორებული. სულ მიკვირდა, რატომ ცხოვრობს ამ კაცის გვერდით-
მეთქი.
თემომ შუბლი მოისრისა. უჯრიდან რაღაც ამოიღო და წინ დაუდო.
– ამ ფოტოს დახედეთ. მითხარით, იცნობთ?
ბიჭმა ფოტო აიღო და დააშტერდა.
– არა... მგონი, არა...
– დარწმუნებული ხართ?
– იმიტომ ვთქვი, მგონი-მეთქი, რომ მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები... ვერ
ვიხსენებ. იმის რომელიმე „ნაშათაგანია“?
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, თქვენ არ იცნობთ.
– არა, არ ვიცნობ.
– ისე, რადგან თავად ახსენეთ, „ნაშათაგან“ რომელიმეს იცნობდით?
– მინახავს, მაგრამ არ ვიცნობდი.
– გინახავთ, სად? იმ ბინაში თქვენც მიდიოდით ხოლმე?
– ერთხელ ვიყავი... მომიხდა. მნიშვნელოვანი საქმე გვქონდა. ფულად გზავნილებზე
ხელი უნდა მოეწერა. ერთი წუთით შევედი და უკანვე გამოვბრუნდი.
– საყვარელთან ერთად იყო?
– დიახ.
– თქვენს ცოლისძმას უყვარდა მამა?
ახალგაზრდა კაცმა მხრები აიჩეჩა.
– უცნაურ რაღაცას მეკითხებით.
– რატომ? ხომ ამბობთ, რომ თქვენს ცოლს ძალიან უყვარდა მამა და ყოველთვის
ყველაფერის პატიება შეეძლო მისთვის. იმაზეც კი ხუჭავდა თვალს, რომ დედამისს
აშკარად ღალატობდაო... იგივეს თქმა შეგიძლიათ თქვენს ცოლის ძმაზეც?
– მე ვერ ვილაპარაკებ სხვის გრძნობებზე. ეს მას ჰკითხეთ.
– ვკითხავ, აუცილებლად, მაგრამ თქვენგანაც მინდა გავიგო.
– თქვენ გეყვარებოდათ მამა, რომელიც დედის ღირსებას ფეხქვეშ თელავს?
– ალბათ, არა. ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ პატივისცემას დავკარგავდი.
– ასეა. თქვენ უკვე გაეცით პასუხი კითხვაზე... იმედი ხომ არ გაგიცრუეთ...
– გავიგე თქვენი პასუხი. სხვათა შორის, არა... არ მქონდა იმედი, რომ თქვენთან
საუბრით დანაშაულს გავხსნიდი. თუმცა, მაინც დამეხმარეთ. თავისუფალი
ბრძანდებით. გირჩევთ, მეუღლეს ჩვენი საუბრის შინაარსის შესახებ არაფერი
უთხრათ.
– დიახ. მეც ასე ვფიქრობ.
– კარგია, რომ დამიდასტურეთ ის, რასაც თავადაც ვვარაუდობდი.
ახალგაზრდა კაცმა გაოცებით შეხედა.
– რომ მკვლელობა არ შეიძლება უკავშირდებოდეს მის ბიზნესს.
– დიახ. მე ასე ვფიქრობ. ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. მე, როგორც ფირმის
ფინანსური დირექტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას.
– კარგი. თქვენს ცოლისძმას შევხვდები...
***
– ყველაზე ძალიან ადამიანს ის სტანჯავს, რისი გაკეთებაც მისთვის არავის
უბრძანებია... – თქვა დევიმ და მარიკას თმა ალერსით მოუჩეჩა, – შენ ამაზე ნუ
ინერვიულებ. შეიძლება, მთლად ასეც არ იყო ყველაფერი, მაგრამ რაღაც მსგავსს
ვვარაუდობდი.
– იცი, მე მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაცნეს ის ქალი.
– რომელი ქალი, მაკა? სახელი აშკარად ნაცნობია, მაგრამ მაკა საკმაოდ
გავრცელებული სახელია...
– ჰო, მაგრამ მე ეს არ მიგულისხმია. რა ხდება, ვერ ვხვდები. თუ მოვწონვარ და
მოვწონდი, ძმაკაცი რაღა შუაშია? საეჭვოდ წითლდებოდა, როცა დათო რაღაცას
ხუმრობდა. თითქოს, ვალდებულებას გრძნობდა მის წინაშე. ან დათომ რაღაც ისეთი
იცოდა, რისი გამხელაც ნიკას არანაირად არ უნდოდა.
დევიმ მხრები აიჩეჩა.
– აბა, რა გითხრა. ჩემი „ვიწრო სპეციალობა“ მკვდრებია, ცოცხლების ფსიქოლოგია
ნაკლებად მაინტერესებს.
– ამ დროს, სწორედ ცოცხლების ფსიქოლოგიაში ერკვევი ძალიან კარგად. როგორ
მინდოდა, ჩვენი საუბრის დროს იქ მყოლოდით. პრინციპში, რაც მინდოდა, იმ შედეგს
ვერ მივაღწიე. ნიკას ვერაფერზე დაველაპარაკე... დათომ ძალიან შემიშალა ხელი... იმ
ქალმაც...
– ის ქალი დათოს საყვარელია?
– სიმართლე გითხრა, ვერც ეგ გავიგე. აშკარად ახლო ურთიერთობა აქვთ. საკმაოდ
მზრუნველი ტონით ელაპარაკებოდა და უღიმოდა.
– რომელი რომელს?
– დათო – მაკას. თვალებში შესციცინებდა, მაგრამ ის ქალი ძირითადად მე
მიყურებდა. უფრო უკეთ რომ ვთქვა, მზვერავდა. ერთი-ორჯერ მის მზერაში თითქოს
აგრესიაც დავინახე... ან, შეიძლება, მომეჩვენა...
– ერთი სიტყვით, პაემანი ჩაგივარდა...
– ტყუილად იცინით. ისეთი იმედი მქონდა, რომ რამეს გავიგებდი.
– მოდი, ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილოთ... მანამდე ყავას მოვადუღებ.
გონებრივ შესაძლებლობებს „აფხიზლებს“.
– ბატონ თემურთან ხომ არ შევსულიყავით და იქ ხომ არ გველაპარაკა?
– ბატონ თემურს ახლა ნოდიას სიძე უზის კაბინეტში და გაცილებით მნიშვნელოვანი
საუბარი აქვს. ასე რომ, აჯობებს, არ შევაწუხოთ. მით უმეტეს, სათქმელი ბევრი
არაფერი გაქვს.
– ჰო, არ გამომივიდა... – მოწყენით ჩაილაპარაკა მარიკამ, – იმ დათომ ძალიან
შემიშალა ხელი, თან ის ქალიც ისე უცნაურად მიყურებდა...
მობილურმა მოულოდნელად დარეკა. მარიკამ მექანიკურად სტაცა ხელი და
უპასუხა.
– გისმენ? რა? კარგია, რომ ამას აღიარებ... მეც ზუსტად ასეთი განცდა მაქვს. ჰო.
გაბრაზებულიც ვარ. რატომ უნდა დაგიმალო... ახლა? ახლა არ მცალია. შენ
წარმოიდგინე... აბა, უსაქმური გეგონე? რა მნიშვნელობა აქვს, სად ვმუშაობ. შენთვის
საინტერესო ის უნდა იყოს, რომ ახლა არანაირად არ მცალია. მოგვიანებით
შეიძლება... ვნახოთ, დაგირეკავ... ოღონდ, თუ ისევ შენი მეგობრის გასაცნობად
მეპატიჟები, მირჩევნია, საღამოსთვის უფრო საინტერესო საქმე გამოვნახო.
მპირდები? კარგი, ვიფიქრებ...
მარიკამ კმაყოფილი იერით შეხედა დევის.
– ძალიან არის შეწუხებული. ჩვენს შეხვედრას დღეს აზრი არ ჰქონდა, დათომ
ყველაფერი გააფუჭა და იქნებ, კიდევ შევხვდეთ ერთმანეთსო.
– ძალიან კარგი. ჰოდა, შეხვდი. ახლა გაცილებით ადვილი იქნება მასთან ლაპარაკი.
იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს.
– ახლა რა გავაკეთოთ? ვერ ვიტან ასე უსაქმოდ ყოფნას, – აწრიალდა მარიკა, – რამე
დავალება მაინც მოეცა.
– ჩვენ თვითონ შეგვიძლია, რაღაც მოვიფიქროთ, – თვალი ჩაუკრა დევიმ, –
მაგალითად, ვნახოთ, რითაა დაკავებული ბატონი ვახო. როგორც ვიცი, ფრიად
მნიშვნელოვანი და საპატიო მისია ჰქონდა დაკისრებული.
– რა მისია? მაგას ვახოსთან ერთად გეტყვი. მოიცადე, დავურეკო... ჰმ, არ პასუხობს.
მაგის ამბავი რომ ვიცი, თვითონ იქნება რეკვით გართული.
– რა რეკვით... ვერაფერი გავიგე... მხრები აიჩეჩა მარიკამ, – რეკვის დრო აქვს?!
– სწორედ რეკვისთვის მისცეს დრო... აი, მიპასუხა... ვახუშტი, ბიჭო... აბა, ერთი
ზემოთ ამოირბინე... გვიპოვი, ნუ გეშინია. თემოსთან არა. თემოს ჯერ არ სცალია. მე
და მარიკას გვინდა შენთან ლაპარაკი... რა ვქნა, ასეთი მოუთმენელი ვარ. თემომდე მე
უნდა ვიცოდე ყველაფერი...
დევიმ ხელები მოიფშვნიტა.
– ესეც ასე... ახლავე მოვა. კარგად დააკვირდი, როგორი სახით შემოვა... მგონი, მაგ
ბიჭს შენი ეშინია.
– ჩემი თუ შენი? – განცვიფრდა მარიკა.
– შენი, პატარავ, შენი... თუ არ გჯერა, კარგად შეხედე, ყურადღებით დააკვირდი.
ვახომ მართლაც დაფეთებული მზერა შეავლო მარიკას და ჭარხალივით გაწითლდა.
– შემოდი, შემოდი... რა ქენი, შეაგროვე „ნაშები“?
მარიკას გაუკვირდა.
– რა ჰკითხეთ? „ნაშები“ შეაგროვეო?
– ჰო, აბა?! გგონია, ვხუმრობ? შენ თვითონ ჰკითხე, რითაა დაკავებული ბოლო
თორმეტი საათის განმავლობაში.
– მე... ისა, იმ ნოდიას მობილურს ვსწავლობდი... ძალიან დავიღალე... ვერ
წარმოიდგენთ, რა ხდება. ეგ ვინ ყოფილა... ჯერ ნახევარსაც ვერ მივაკვლიე.
მარიკა მიხვდა.
– მობილურიდან ნომრები ამოკრიფეთ და დეტალური ინფორმაციები ამოიღეთ?
მაგარია... მერე?
– რა მერე, ჯერ რას მოვრჩებოდი? – ჩაიბუზღუნა ვახომ, ვერც წარმოიდგენთ, იმდენ
ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი სიკვდილამდე რამდენიმე საათის განმავლობაში.
გადავირიე... მერე კიდევ, სათითაოდ უნდა შევხვდე იმათ, ვინც ცნობარში ჰყავს
შეყვანილი... ერთი სიტყვით, მთელი კვირა თავს ვერ ავწევ. მოსვენებას ვინ ჩივის,
ნეტავი, სახლში დასაძინებლად წასვლა შევძლო. თან, ბატონმა თემომ, საჩქაროაო...
– ჰო, რა თქმა უნდა, საჩქაროა. ისედაც კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ.. დევიძემ კი,
მგონი, საერთოდაც დახურა მკვლელობის საქმე.
– რა? – გაშტერდა მარიკა, – როგორ თუ დახურა? რანაირად? მკვლელი ხომ ჯერ ვერ
ვიპოვეთ.
– ეგ დევიძეს დიდად არ აღელვებს. არავინ ედავება. დიდად არავინ სთხოვს, გინდა
თუ არა, იპოვეო... სხვა შემთხვევაა გია ნოდია. ახვლედიანი ტყავს გაგვაძრობს.
დიდხანს აღარ დაიცდის.
– ნოდარს შეუძლია, მშვიდად შემოდოს ეს საქმე თაროზე? – მარიკა უფრო მეტად
აღშფოთდა.
– დამშვიდებული სინდისით და გარკვეულწილად, მართალიც იქნება.
– რატომ იქნება მართალი?
– იმიტომ, რომ ის კაცი უპატრონო აღმოჩნდა. არც გერმანელებს სჭირდებათ რამეში
და არც ქართველებს. კაცი არ გამოჩნდა მისი მომკითხავი. ახვლედიანიც არ „აწვება“.
ვის აინტერესებს უპატრონო მკვდრის მკვლელი?!
– ასეთი რაღაც შეიძლება?
– ყველაფერი შეიძლება, ჩემო კარგო... ყველაფერი... როცა მწვანე შუქს გინთებენ.
– ბატონი თემო მეცოდება, – მარიკამ ისე გულწრფელად შეიცოდა პაპავა, რომ დევის
სიცილი აუტყდა. ვახომ დამფრთხალივით დააცეცა თვალები. აშკარად ვერაფერს
მიხვდა.
– რატომ არის ცოდო?
– იმიტომ, ვახუშტი... იმიტომ... შენ შენს „ნაშებს“ მიხედე. მაგის გარკვევას ნუ
შეეცდები. მაინც ვერ მიხვდები და ცოდო ხარ.
ვახოს ეწყინა.
– აუ, თქვენ სულ ასე იცით, ბატონო დევი. ვერაფრით მიხვდები, როდის ხუმრობთ და
როდის ამბობთ მართალს.
– ნურც მაგის გარკვევას დააპირებ, საყვარელო. შეგიძლია იფიქრო, რომ გეხუმრე.
– ბატონ თემოს ველოდებით, არა? – საუბრის თემა შეცვალა მარიკამ.
– თუ რამე საქმე გაქვს, წადი.
– არა, ისე ვიკითხე. დავუცდი. შეიძლება, რამე უნდა, დამავალოს.
– მე მაინც გამიშვით. მივხედავ საქმეს, თორემ პაპავა მომკლავს, – საცოდავად
ჩაილაპარაკა ვახომ.
– წადი, წადი. შენ მართლა იმდენი სარბენი გაქვს, წესით, ჩვენმა სამმართველომ ერთი
წყვილი ახალი ფეხსაცმელი უნდა გიყიდოს.
ვახომ ხელი ჩაიქნია და ხმის ამოუღებლად გავიდა.
– ვაა, ეს ბიჭი გადამრევს. დაიარება აღმა-დაღმა, თუ არ დააპროგრამე, თავისით
ვერაფერს ხვდება.
მარიკას გაეცინა.
– ცოდოა, ბატონო დევი, თქვენ ძალიან აბნევთ.
– კარგი ერთი... ვაბნევ არა... შენ რატომ არ იბნევი?
მარიკამ ისევ გაუღიმა. მერე მოულოდნელად იკითხა:
– ბატონ თემოს ცოლი ჰყავს?
– ჰყავს. თანაც, ეჭვიანი.
– მართლა?
– კი მაგრამ, მე რატომ მეუბნებით ამას?
– რა ვიცი, ისე ვიკითხე. შვილები?
– შვილები ჯერ არ ჰყავთ.
– ცოდოა... – თანაგრძნობით ჩაილაპარაკა მარიკამ, – ბატონი თემო, ალბათ, განიცდის
ამას.
– ალბათ... როცა გათხოვილ ქალს შვილები არ ჰყავს და არც საინტერესო საქმე აქვს, ის
მხოლოდ თავისი ქმრით არის დაკავებული. მთელი ყურადღება მასზე გადააქვს და
მოკლედ, საწყალი კაცი ამ დროს... ხვდები, ალბათ...
– საერთოდ, ძნელი მგონია, თანამდებობის პირის ცოლობა.
– ჰო, ადვილი არ არის. შენ გქონია ურთიერთობა, ახლო ურთიერთობას
ვგულისხმობ, ისეთი კაცის ცოლთან, რომელიც რაღაცას წარმოადგენს?
მარიკა დაფიქრდა და მხრები აიჩეჩა.
– ისე, ზოგადად ვიცი.
– ჰო?! აი, მე კი, კარგად ვიცნობ ასეთებს. თავისებური კასტაა, საკმაოდ უცნაური და
ორიგინალური.
– მართლა? საინტერესოა, მომიყევით რა, მათ შესახებ? დრო მაინც გვაქვს.
***
... ოცნებასთან ხუმრობა არ შეიძლება... შეიძლება ნამსხვრევებად იქცეს და
უბედურება მოგიტანოს... – ჩაილაპარაკა მაკამ და ფანჯარას მოსცილდა. დათომ,
რომელიც იმ დროს ყავას სვამდა, თავი ასწია და ქალს გაკვირვებით შეხედა.
– ვერაფერი გავიგე.
– ვერც მე... – ამოიოხრა მაკამ, – მგონი, შენთვის უნდა დამეჯერებინა.
– ეგ მართალია, მაგრამ წეღან რომ თქვი, იმაში რა იგულისხმე?
– რა ვიცი... ძნელია, როცა ოცნებობ, ოცნებობ და... შენი ოცნება ნაძვის ხის ბრჭყვიალა
სათამაშოსავით ჩაგეფშვნება ხელში.
– კარგი, რა... ხომ ნახე, რომ არაფერი გაქვს სანერვიულო. ერთი, ჩვეულებრივი გოგოა.
თან, მგონი, ნიკას მიმართ არც ეგ არის გულგრილი.
– მე უნდა მეთქვა, ვინც ვიყავი. სისულელე გავაკეთე.
დათომ უკმაყოფილოდ გაშალა ხელები.
– აუუ, კარგი რა... მაკუშ, გეყოფა... არ გღალატობს შენი ქმარი, არა... მით უფრო, მაგ
გოგოსთან. მოისვენე, ახლა...
– შეიძლება, მაგ გოგოსთან არა, მაგრამ სხვასთან?
დათომ თვალები ჭერში აღაპყრო.
– ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ცოლი არ მყავს. ისეთი მაგალითები მაქვს
თვალწინ, ამაზე არც არასოდეს ვიფიქრებ.
– ჰო, რა თქმა უნდა... მამაკაცებს მარტო ლაპარაკი შეგიძლიათ. საქმეს ქალები
ვაკეთებთ. მარგარეტ ტეტჩერმა თქვა, თუ ვინმესთან ლაპარაკი მოგენატრათ,
მოძებნეთ მამაკაცი და ის არ დაგზარდებათ, დილამდე ილაპარაკებს. მაგრამ თუ საქმე
გაქვთ გასაკეთებელი, მაშინ არჩევანი ქალზე შეაჩერეთ... იმედს არ გაგიცრუებთო...
– მოდი, სამსახური იშოვე. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. ან სამოგზაუროდ
მართლა წადი, ხომ მოგცა ფული შენმა ქმარმა.
– როგორი ჭკვიანი ხარ... მარტო სად წავიდე?
– მაკუშ, კარგი რა... აბა, მე როგორ წამოგყვე... ხომ იცი... ვარჯიში, შეჯიბრება... არ
გამოვა.
– როდის გითხარი, მინდა შენ წამოხვიდე-მეთქი?!
– ჰო, ეგრე გეთქვა, რა! თემოს დაელაპარაკე. ახლა, მგონი, უნდა დაგთანხმდეს. თავს
დამნაშავედ იგრძნობს შენთან.
– როგორ არა, დამთანხმდება... ფული ისე მომცა, არც უკითხავს, სად ვაპირებდი
წასვლას. რაც მალე მომიშორებს თავიდან, ის უნდა. მაკამ სახეზე აიფარა ხელები და
ასლუკუნდა. დათო შეწუხდა. ქალთან მივიდა და მხრებზე მოეხვია...
– ეე... აბა, რას აკეთებ... ცრემლები და ქვითინი არ გვინდა, რა... ხომ იცი, რომ
ყოველთვის შენ მხარეს ვარ. მაგრამ ახლა მართალი არ ხარ, შენს თავს გეფიცები. არ
არის ის კაცი დამნაშავე. დამიჯერე. მარიკა იმიტომ გაგაცანი, დამშვიდებულიყავი,
შენ კი, რას აკეთებ?!
– ოცნებებთან ხუმრობა სახიფათოა-მეთქი... ხომ ვთქვი... – სლუკუნით გაიმეორა
ქალმა, – მეც არ ვიცი, რა მემართება. მგონი, აჯობებს გავშორდე. მაშინ ორივე
დავისვენებთ. დავმშვიდდები. რა გვაკავშირებს ერთმანეთთან, არაფერი...
დათო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
– გეყოფა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჭკვიანი მყავდი. ახლა რა, საპირისპიროში უნდა
დამარწმუნო?!
– რით? იმით, რომ საშინლად განვიცდი ჩემს მდგომარეობას? შენ არ იცი, რა განცდაა,
როცა ხვდები, რომ არავის სჭირდები. შენ კი, ცდილობ, რომ ამიტანო.
– აუტანელი არაფერი გჭირს. უბრალოდ, ცოტა უნდა დამშვიდდე, – დათომ ქალის
თავი მკერდზე მიიკრა და სახე მის თმაში ჩამალა, – როგორ მიყვარს შენი თმის სუნი...
მაგიჟებს... ყოველთვის მიყვარდა... რაღაც ისეთს ვგრძნობ, როგორ გითხრა, ძალიან
ახლობელს და მშობლიურს...
– ნუ ცდილობ, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო... მაინც ვერაფერს შეცვლი...
– მაკუნა, მომისმინე... მინდა, ისევ ძველებური მაკა გახდე... ხალისიანი, სიცოცხლით
სავსე... ასეთი ყველას მოეწონები... შენ ხომ ხარ, ჩემი ჭკვიანი გოგო... თუ მოინდომებ,
ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი...
მაკა ბავშვივით მიენდო ვაჟის ძლიერ მკერდს და გაინაბა...
***
დევიმ ფანჯარა გამოაღო...
– ბევრი მოვწიე და თემო გადაირევა... ესე იგი, შენ გაინტერესებს, როგორები არიან
მაღალჩინოსნების ცოლები... ყოველთვის სასიამოვნო და სახალისო იყო ჩემთვის
მათი ყურება. უფრო სწორად, ჭვრეტა.
– ანუ, თვალთვალი...
– არა. ჭვრეტა... თვალთვალი ზუსტად არ ასახავს იმ ემოციას, რასაც მე ამ დროს
განვიცდი... იცი, როგორ იცვლებიან ნელ-ნელა, როცა მათი ქმრები მწვერვალებს
იპყრობენ... სხვათა შორის, ეს მარტო პოლიტიკოსების კი არა, ცნობილი,
პოპულარული და მდიდარი ბიზნესმენების ცოლებსაც ემართებათ. იფუყებიან და
ფუვდებიან ქმრის ბრწყინვალების სხივებქვეშ. მათი უმრავლესობა, ჩვეულებრივი
პლებეია. უბრალო ოჯახიდან გამოსული. რაც უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზე
იდგნენ მანამდე, მით მეტია მათი „გაფუების“ ხარისხი. მათ მეტად იპყრობთ
განდიდების მანია... გულახდილად გეტყვი, უფრო საცოდავები არიან, ვიდრე
სასაცილოები. მაგრამ საზოგადოებისთვის მაინც საშიშნი...
– საშიშნი, რატომ? – გაეღიმა მარიკას, – ძალიან საინტერესოდ საუბრობთ... მართლა...
– ჰო? ამ ჩერჩეტი, „გაფუყული“ ქალების მთავარი განსაკუთრებულობა ისაა, რომ
დაუოკებელი სურვილი აქვთ, დაუმტკიცონ სხვას და უპირველესად საკუთარ თავს,
არაფრით არ ვართ ჩვენს ქმრებზე ნაკლებნი. შემოგვხედეთ, ჩვენ ხომ მათ ყველაფრით
შევეფერებითო. ქმრის წარმატებებს, კარიერულ წინსვლას საკუთარ თავს მიაწერენ და
იბღინძებიან. რომ ჰკითხო, ყველა მათგანი გეტყვის, მე რომ არ ვყოფილიყავი, ჩემი
ქმარი არაფერი არ იქნებოდა. ისევ ცარიელ ადგილად დარჩებოდა და ვერაფერს
მიაღწევდაო...
– უკვე მეცოდებიან ეს ქალები...
– ო, ასეც არ არის საქმე... ეს ქალები საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის საშიშნი
არიან.
– რას ამბობთ, ბატონო დევი. არ მითხრათ, რომ ისინი მერე მკვლელები ხდებიან.
– ჭკვიანი გოგო ხარ. სწრაფად ხვდები ყველაფერს. არა, აუცილებელი არ არის,
საკუთარი ხელით მოკლან ვინმე, მაგრამ მსხვერპლის გარეშე მაინც არ ჩაივლის...
მთავარი მსხვერპლი ქმარია.
– აი, ქმარს ნამდვილად ვერ შევიცოდებ.
– არც არის საჭირო. ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. როცა კაცი თავისი
საქციელით იმის დემონსტრირებას ახდენს, ჩემი ცოლის გარეშე ტუალეტში შესვლაც
არ შემიძლიაო, რატომ უნდა გეცოდებოდეს? ისინი ხომ მშვიდად ითმენენ ცოლის
გესლიან, ირონიულ შენიშვნებს... ყველაზე საინტერესო და უცნაური კი ის არის, რომ
ისინი არასოდეს იყრებიან. ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი „დანამატები“ ხდებიან
და ვეღარც წარმოუდგენიათ, სხვანაირად ცხოვრება.
მარიკამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან სწორედ ამ დროს ტაში გაისმა და
დევიც და ისიც კარისკენ შებრუნდნენ.
– ყოჩაღ, მშვენიერი ლექცია იყო. მართალია, კუდსღა მივუსწარი, მაგრამ არ
შემიძლია, აღფრთოვანება არ გამოვხატო. არაჩვეულებრივი იყო. შესანიშნავი...
მოიცალეთ, არა?! რაზე ლაპარაკობთ, როცა ამდენი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს. მე
დაკითხვაზე მყავს ეჭვმიტანილი... ესენი ერთობიან. ბატონო ექსპერტო, იმედია, ჩემი
ცოლიც არ შეიყვანეთ მაგ ცოლების სიაში.
– თემურჩიკ, როგორ შემოხვედი, რომ ვერ გავიგეთ?
– ისე იყავი საკუთარი მჭევრმეტყველებით მოხიბლული, როგორ გაიგებდი?! სხვათა
შორის, გირეკავდი კიდეც...
დევიმ მობილურს დახედა...
– უი, ხმა მქონია გამორთული... ნოდიას სიძე უკვე ეჭვმიტანილთა სიაშია?
– ყველა ეჭვმიტანილთა სიაშია, ყველა... სანამ ნამდვილ მკვლელს არ ვიპოვით. თუკი,
საერთოდ ვიპოვით...
დევიმ მარიკას გადახედა...
– ძალიან ბრაზობ. რა მოხდა? ამისთანა რა გითხრა?
– მითხრა, ჩემი სიმამრი ძალიან მძულდა და მოხარული ვარ, რომ მოკლესო. ახლა
მითხარი, „ანალიტიკოსო“, უნდა შევიყვანო ეჭვმიტანილთა სიაში თუ არა?
– არა, – თქვა დევიმ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მკვლელები ამას არ ამბობენ.
– დანაშაულს ხომ აღიარებენ?
– ეგ, როცა დაიჭერ და კედელთან მიაყენებ. რატომ მალაპარაკებ, შენც ხომ ხვდები,
რომ ნოდიას სიძე მკვლელი არ არის?
– მე რას ვხვდები, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, ფაქტები.
გამოძიებას ფაქტები აინტერესებს.
– მერე, გაქვს ეს ფაქტები?
– ჯერ არა, – ჩაიღრინა თემომ და ერთბაშად აფეთქდა, – ვცოფდები... ასეთ
სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ. მგონი, დროა, თავი დავანებო აქ მუშაობას და
კერძო ბიზნესზე ვიფიქრო.
მარიკამ შეშფოთებულმა გახედა დევის. იმან გამამხნევებლად გაუღიმა და თვალი
ჩაუკრა.
– ცხოველებს ერთი უკეთილშობილესი განსაკუთრებულობა ახასიათებთ... არც ერთი
ლომი არ გახდება მეორე ლომის მონა სულმოკლეობის გამო და... არც ცხენი
დაემონება მეორე ცხენს...
– ამით რისი თქმა გინდა?! – შუბლი შეიკრა თემომ.
– არაფრის. ისე ვთქვი...
– შენ ისე არაფერს ამბობ.
– შეიძლება. მოკლედ, რა გეგმა გვაქვს?
თემომ სიგარეტი მოიძია და ჩაილაპარაკა.
– ძალიან ბევრს ვეწევი... როგორმე თავი ხელში უნდა ავიყვანო...
– ეგ ლოგიკურია. უნდა აიყვანო... არც ისეთი გამოუვალი სიტუაცია გვაქვს. ვიპოვით
ხელჩასაჭიდს.
– ჰმ, შესანიშნავად მანუგეშე... ისიც კი არ შეგიძლია, მითხრა, მკვლელი ქალია თუ
კაცი.
დევიმ ხელები გაშალა.
– უცნაური კაცი ხარ. აბა, ეგ როგორ უნდა გითხრა?! საერთოდ, ქალი მკვლელის
ხელწერა განსხვავდება მამაკაცი მკვლელის ხელწერისგან, მაგრამ არსებობს
გამონაკლისებიც.
– ვიცი, კონკრეტულ ორ შემთხვევაზე გეკითხები.
– ჰო, ვხვდები. აი, დევიძის გვამის შემთხვევაში, უფრო, მამაკაცის გაკეთებული უნდა
იყოს. თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში.
– დევიძის გვამი ნაკლებად მაინტერესებს... ნოდიასა და ბერაძეზე რას იტყვი?
– დევიმ კეფა მოიქექა და ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა:
– კარგი. კიდევ ერთხელ გადავხედავ, რა მაქვს და ვეცდები, ისეთი პასუხი მოგცე,
რომელსაც ელოდები.
თემომ ყურმილი აიღო.
– ვახოს უნდა დავურეკო. რა ქნა, ვერაფერი გაარკვია?
– წეღან იყო ამოსული. წუწუნებდა, იმდენი „ნაშა“ ჰყოლია, დიდხანს მომიწევს
ქექვაო...
– ამოდი აქ... საქმე მაქვს... ისედაც აპირებდი, ამოსვლას? ჰოდა, მით უმეტეს...
თემომ თავზე იტაცა ხელები.
– მეუბნება, მგონი, რაღაცას მივაკვლიეო და ელოდება, როდის დავურეკავ...
მარიკას თვალები აუციმციმდა...
– ესე იგი, „მკვდარი“ წერტილიდან დავიძვრებით... საინტერესოა, რას მიაკვლია.
– აი, ამოვა და გავიგებთ...
ვახო ქოშინით შემოიჭრა კაბინეტში.
– იცით, სიკვდილამდე ორი საათით ადრე ნოდიას ვინ დაურეკა?
– აბა, ჰე... სულმოუთქმელად გელოდებით, – შეაგულიანა დევიმ...
– იმ გოგომ, ნიამ... – ვახომ მარიკას შეხედა.
– ოჰო, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, – სახე გაუბრწყინდა მარიკას.
– „რაღაცას“ და არა იმას, რაც შენ იგულისხმე, თქვა თემომ, – თუმცა რადგან თავად
ფაქტი დაგვიმალა, ესე იგი...
– ესე იგი, გოგონას შეწუხება ერთხელ კიდევ მოგვიწევს... აქ დაიბარებ თუ შეხვდები?
– თემოს მიუბრუნდა დევი.
– ეგ მოსაფიქრებელია. მარიკა რას იტყვის?
მარიკა მღელვარებისგან წამოწითლდა...

გოგონა გულსაკლავად სლუკუნებდა. სახეზე აფარებულ თითებს შორის მოჩანდა


მისი გაწითლებული ცხვირი და მოცახცახე ტუჩები. თემომ ადროვა, მერე მარიკას
ანიშნა, წყალი მოუტანეო. გოგომ თავის გაქნევით იუარა მისკენ გაწვდილი წყლიანი
ჭიქა და ზლუქუნს უმატა.

– არა, არა, ასე არაფერი გამოვა, – მარიკა მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი, –
დამშვიდდი, ტირილით საქმეს ვერ უშველი. წყალი დალიე და წყნარად
დავილაპარაკოთ. უნდა გვითხრა, რატომ მოგვატყუე.

თემო ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა, თითქოს ამით მარიკას უთხრა,


შენ იცი, მე შენს საქმეში არ ჩავერევიო.
– მეც მომაწევინეთ, თუ შეიძლება, – თქვა გოგომ და ცრემლით სველი ლოყები
ხელისგულებით მოიწმინდა. მარიკამ ქაღალდის ხელსახოცი, სიგარეტის კოლოფი და
სანთებელა გაუწოდა.

– საერთოდ, არ ვეწევი, მაგრამ, ახლა... დამიჭერთ? მე ახლა დაპატიმრებული ვარ?

მარიკამ თემოს გახედა. პაპავა აშკარად არ აპირებდა მათ საუბარში ჩარევას.

– დაპატიმრებული არ ხარ. რატომ გგონია, რომ დაგიჭერთ? საამისო მიზეზი არის?


გულახდილი იყავი, კარგი? სულერთია, ტყუილს მაინც მივხვდებით და ეს
გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩაგაყენებს.

– მაგას ვხვდები... გაოგნებული ვარ, როგორ გაიგეთ.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. საინტერესო ის არის, რატომ მოგვატყუე?

– შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, ეს არ ყოფილა ბოროტი ტყუილი.

– კეთილი და ბოროტი ტყუილის განსაზღვრება იურისპრუდენციაში არ არსებობს.


ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მხოლოდ ფაქტებია. მიხვდი, ხომ?

– დიახ, მაგრამ... – გოგომ შიშით დააცეცა თვალები.

– ნია, მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: თუ ახლაც არ იქნები გულწრფელი, მაშინ


ჩვენც იძულებულები გავხდებით, სხვანაირად დაგელაპარაკოთ. არ გემუქრებით,
მაგრამ, აუცილებელი იქნება ამ ამბავში შენი მშობლების ჩართვაც, ანუ, თუ ახლა
უფლებას გაძლევთ, სიმართლე გვითხრა და წახვიდე, მერე ასე მარტივად აღარ
გამოვა.

– ჩემგან რას მოითხოვთ? დედაჩემმა და მამაჩემმა არაფერი არ უნდა იცოდნენ.


გესმით? დავიღუპები!

– ეს უკვე შენზეა, ნია, დამოკიდებული. გვეტყვი, სიმართლეს?

გოგომ თავი დააქნია.

მარიკამ შვებით ამოისუნთქა და გაუღიმა:

– ძალიან კარგი. შენ თვითონ მოყვები, რატომ დაურეკე ნოდიას მკვლელობის დღეს
თუ, გირჩევნია, კითხვებზე გაგვცე პასუხი?

გოგომ თავი ჩაღუნა.


– აღიარებ, რომ დაურეკე?

– დიახ. დავურეკე.

– წინა დღესაც ურეკავდი?

– წინა დღესაც და იმის წინა დღესაც... უნდა შევხვედროდი და ვერ შევხვდი.

– რისთვის უნდა შეხვედროდი?

– ფული უნდა მოეცა.

პაპავამ ნამწვი გადააგდო და მაგიდასთან მივიდა:

– ეს უკვე საინტერესოა. თითქმის ვხვდები. აქამდე რატომ გვიმალავდი ამ ამბავს?


ფული რომ არ ემართა შენი, ეს გასაგებია. აბა, მოყევი!

– მოსაყოლი ბევრი არაფერია. სასწრაფოდ დამჭირდა ფული. ძალიან დამჭირდა. ჩემს


მშობლებს ვერ ვთხოვდი, ამიტომ, იძულებული გავხდი, მისთვის დამერეკა. ვიცოდი,
ფული ყოველთვის ჰქონდა.

მარიკამ ყურადღებით შეხედა გოგოს:

– ნია, შენ კიდევ არ ამბობ ყველაფერს.

გოგომ სახეზე აიფარა ხელები და აზლუქუნდა?

– როგორ არ ვამბობ. არ მესმის, კიდევ რა გინდათ? ხომ გითხარით, რაც


გაინტერესებდათ. ფულის მოცემას დამპირდა, მაგრამ, ვერ შევხვდი – უკვე აღარ
მპასუხობდა.

– რისთვის გჭირდებოდა ფული?

– ამას ვერ გეტყვით, ძალიან პირადულია და არანაირად არ უკავშირდება ნოდიას


მკვლელობას.

თემო შეიჭმუხნა:

– დასკვნების გაკეთება ჩვენი საქმეა. კიდევ გიმეორებ, რაც მარიკამ გითხრა: ისევ
შენთვის იქნება უკეთესი, თუ დროს არ დაგვაკარგვინებ და მოყვები, რა
გაკავშირებდა მოკლულთან! – გამომძიებლის ხმა მკაცრად და კატეგორიულად
ჟღერდა. ამან გაჭრა. გოგომ მაშინვე შეწყვიტა სლუკუნი და მარიკას კიდევ ერთი ღერი
სიგარეტი სთხოვა.

– კარგი, გეტყვით. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ დამიჯერებთ და


მკვლელობასთან კავშირში არ დამდებთ ბრალს.

– სიმართლის თქმა ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მომგებიანია შენთვის.


დამნაშავესაც კი, გამოძიებასთან თანამშრომლობა სასჯელის ზომას უმსუბუქებს.
მისი საყვარელი იყავი?

– არა, არა... ეგ როგორ იფიქრეთ? თუმცა, მას კი ჰქონდა ამისი სურვილიც და


მცდელობაც...

– ეს ხომ არ იყო მიზეზი, რის გამოც მის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრება არ
ისურვეთ?

– დიახ, ნაწილობრივ ესეც იყო, რადგან, როცა ჩემგან უარი მიიღო, მაგრძნობინა, რომ
ტყუილად ფულს არ გადამიხდიდა. მაგრამ, მერე ისევ დამიტკბა – მითხრა, ქირას
გადაგიხდი, თუ შენს რომელიმე მეგობარს გამაცნობ. ზოგს სჭირდება კარგი
სპონსორი და, ხელს თუ შეუწყობ ჩვენს დაახლოებას, ამით შენც მოიგებო.

– იცით, ამ შეთავაზებას რეალურად რა ჰქვია?

ნიამ არ უპასუხა. თემომ საჭიროდ მიიჩნია, განემარტა:

– სუტენიორობა, ანუ – მამაშობა. გამოდის, რომ ნოდიას ნაშებით ამარაგებდი და


ამაში გასამრჯელოსაც იღებდი.

გოგომ ტირილი ვერ შეიკავა:

– არა, არა, არც მამაშა ვარ და არც სუტენიორი! ქირის გადახდაზეც უარი ვუთხარი.
მხოლოდ ორჯერ გადმომცა კონკრეტული თანხა.

– იმიტომ, რომ ვიღაცასთან დააახლოვე, ხომ მართალია?

– დიახ, მაგრამ, იმ გოგოს თვითონაც უნდოდა, ძალიან უნდოდა. იცით, როგორ


მთხოვდა?

– ეს შენს საქციელს არ ამართლებს.

– ვიცი,. მაგრამ ფული მჭირდებოდა ძალიან.


– ფული ყველას სჭირდება, მაგრამ, ასეთი ბინძური საქმეების კეთება ფულისთვის?!
ეს დანაშაულია, ჩემო კარგო! მე შემიძლია, ამას დანაშაულის კვალიფიკაცია მივცე. იმ
გოგოსთან რა ურთიერთობა ჰქონდა ნოდიას?

– თქვენც ხომ მიხვდით, როგორი ექნებოდა...

– კონკრეტული პასუხი გვჭირდება.

– ხანმოკლე რომანის მსგავსი, კარგი ანაზღაურებით. ნოდიას მრავალფეროვნება


უყვარდა. დიდხანს არავის სწყალობდა.

– ბოლოს რისთვის სთხოვე ფული და სანაცვლოდ რა შესთავაზე?

– არაფერი არ შემითავაზებია, ვუთხარი, მასესხე-მეთქი. კარგიო, მაგრამ, ვერ


შევხვდი. უნდა დამიჯეროთ, ძალიან გთხოვთ...

– ტირილი საჭირო არ არის. დაგიჯერებთ, თუ ბოლომდე გულახდილი იქნები.


რატომ დაგჭირდა ფული?

ნიამ ამოიოხრა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და სახე ხელისგულებში ჩამალა...

***

ნიკამ კარზე დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია, ისე შეაღო:

– დედა, პაციენტი გყავს?

– საერთოდ, ჯობდა, დაგეცადა, სანამ შემოსვლის ნებას მოგცემდი, მაგრამ, რადგან


უკვე აქ ხარ, მოდი... მოხდა რამე? – ქალმა ეჭვით შეხედა შვილს.

– ისეთი არაფერი. ცოტა ფული მჭირდება.

– აჰა, თითქმის მივხვდი. მაგრამ, აჯობებს, შენ მითხრა. ვინ არის?

ნიკა ყაყაჩოსავით გაწითლდა:

– შენ ვერაფერს გამოგაპარებ და არც მქონია ამის იმედი. თუმცა, ის არ არის, რაც
იფიქრე. მართლა ძალიან მომწონს. პირველად მაქვს გოგოსთან ურთიერთობაში
ისეთი განცდა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მას ვეძებდი.

– ზედმეტი სენტიმენტალიზმი და რომანტიზმი კარგს არაფერს მოგიტანს, –


ამოიოხრა ქალმა, – ფული რისთვის გჭირდება, მანქანა ხომ არ უნდა აჩუქო?
ნიკას ეწყინა დედის სიტყვები:

– შენ, მგონი, არ გაგიხარდა ის, რაც ახლა ვთქვი.

– მე უნდა გამხარებოდა? კი მაგრამ, რატომ? ნიკა, მითხარი, რა უნდა გამიხარდეს.


ჩემს შვილს რომ ვიღაცა ნაშამ თავგზა აუბნია და აამჩატა?

– დედა, მეგონა, მიხვდებოდი, როგორი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემთვის.

– ნუ აჩქარდები. – ერთადერთი, რაც შემიძლია, გირჩიო, ეს არის, – პირქუშად და


მკაცრად თქვა ქალმა. შვილს უკმაყოფილოდ შეხედა და ჩაილაპარაკა, – მე მინდა,
ჩემი შვილი კაცი იყოს.

– ამით რისი თქმა გინდა? – ფერი დაკარგა ნიკამ.

– იცი, რისი თქმაც მინდა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ხომ ასეა? ფულს მოგცემ,
მაგრამ შენი გაუგებარი აღფრთოვანება არ მომწონს. შეეცადე, თავი შეიკავო.

ნიკამ წყენა ვერ დამალა:

– ზოგჯერ საერთოდ არ მესმის შენი.

– რატომ? იმიტომ რომ, არ მინდა, ცხოვრებამ გაგთელოს? იმიტომ რომ, არ მინდა, ჩემი
შვილი იქ აღმოჩნდეს სუსტი, სადაც ძალის გამოჩენა იქნება საჭირო? იმიტომ, რომ...

– დედა! ძალიან გთხოვ! უბრალოდ, შემიყვარდა – სულ ეს არის...

– მეც სწორედ ეგ მაწუხებს შენი სიყვარული... უფრო სწორად, მოულოდნელი შეტევა


ფსევდო-სიყვარულისა... ეს კარგად არ დამთავრდება.

ნიკამ ნაძალადევად გაიღიმა:

– ძალიან უცნაურად ლაპარაკობ... რატომ არ დამთავრდება კარგად? სიყვარული რა,


სტიქიური უბედურებაა?!

– შენისთანა ადამიანისთვის ბევრით არაფრით განსხვავდება.

ნიკამ ამოიოხრა და ნელი ნაბიჯით კარისკენ გაემართა.

– სად მიდიხარ? – სიტყვა დააწია ქალმა. ბიჭი შედგა და შემობრუნდა.


– დღეს აშკარად ვერ ხარ გუნებაზე და ძალიან მინდა, სწორედ ეს იყოს შენი უცნაური
საქციელის მიზეზი...

– მოიცადე, ფულის წაღება დაგავიწყდა, – თითქოს სინდისმა შეაწუხა ქალი.

– არ დამვიწყებია, აღარ მჭირდება, – თქვა ნიკამ და კარი გაიჯახუნა...

***

ბარში, როგორც ყოველთვის, სუსტი განათება იყო და მუსიკაც გამაყრუებლად


გუგუნებდა. ზეამ დაძაბული მზერა მოატარა იქაურობას... მაგიდებთან მიმჯდარი
ადამიანების სახეების გარჩევა გაუჭირდა. ცოტა ხანს კიდევ იწვალა, სანამ იმას
მოჰკრავდა თვალს, ვისაც ეძებდა... თუმცა, მაშინვე მისკენ არ წასულა, ბართან მივიდა
და სკამზე ჩამოჯდა.

ბარმენმა გაუღიმა:

– დიდი ხანია, არ მინახავხარ. „იქით“ იყავი? ბოლო დროს ყველა ცდილობს, ერთი
თვით მაინც გაისეირნოს...

– არა, სახლში ვიჯექი, – ტუჩები უკმაყოფილოდ გაბურცა ზეამ, – ენცოს მძიმე


პერიოდი ჰქონდა და ვბალეშჩიკობდი. ძალიან დავიღალე. აქ ყველაფერი
ძველებურად არის – იგივე სასტავები... მოკლედ, არაფერი ახალი.

– ჰო, არაფერი ახალი. თითქოს არც არაფერი მომხდარა... – ჩაიცინა ბარმენმა და ზეას
მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი.

– რას გულისხმობ?

– „ის“ ნახე? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ბარმენმა.

ზეამ იქით გაიხედა, საითაც ბარმენმა მიანიშნა.

– ჰო. თავის სტიქიაშია? რაღაც, მგლოვიარეს აღარ ჰგავს.

– ერთი კვირაა, ყოველდღე მოდის... გაძლიერებული დაცვის ქვეშ. ისე, მიკვირს, ისევ
აქ რომ არის. იმ ამბის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მამამისი სამშობლოში
გაისტუმრებდა.

– მგლოვიარესაც არ ჰგავს, – ზეამ ბარმენს გაუღიმა, – მინდოდა მისი ნახვა. ძალიან


მაწყობს, უნუგეშო ქვრივის როლში რომ არ ვხედავ. მარტინი დამისხი, ორი... მივალ,
დაველაპარაკები...
ბარმენი შეყოყმანდა:

– რა ვიცი, მაინც არ გირჩევ. შარია, ხომ იცი. შენს ადგილას, მოვერიდებოდი.


გაძლიერებული კონტროლის ქვეშ ჰყავთ.

– მერე მე რა... ხომ იცი, ჩემნაირებს პრობლემები არავისთან არ აქვთ.

– მაგაში გეთანხმები, მაგრამ, მაინც ფრთხილად იყავი, ჯერ კიდევ არაფერია


გარკვეული.

– აბა, ვიღაც დააპატიმრესო?! – ჩაილაპარაკა ზეამ და ჩურჩულზე გადავიდა, – ენცომ


გაიგო, ვიღაც ქალს მოუკლავს...

– მაინც ნურსად ილაპარაკებ ამაზე, კარგი? – ჩურჩულითვე მიუგო ბარმენმა, – მაგას


მეც მოვკარი ყური, მაგრამ...

– მაგრამ რა, არ გჯერა?

– მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო. კოქტეილს მოგიმზადებ...

– არა, ორი... მარტინი დამისხი... – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თქვა ზეამ.

– შენ იცი. მე გაგაფრთხილე... – მხრები აიჩეჩა ბარმენმა...

***

ნიკა თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა.


მისთვის განსაკუთრებით მძიმე იმის გაცნობიერება იყო, რომ ყველაზე ახლობელმა,
მისთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა დაამცირა. მაგრამ, ვერაფერს შეცვლიდა –
რეალობა ასეთი უნდა მიეღო. გაცეცხლებულმა იქვე, კლინიკის ეზოში იხეტიალა,
დამშვიდებას ცდილობდა... ზოგჯერ დედის საერთოდ არ ესმოდა. იყო დრო, როცა
დედა ადამიანური ღირსებების ეტალონად მიაჩნდა. უზარმაზარი იყო სიხარულის
განცდა: – შემომხედეთ, ჩემნაირი დედა არავის ჰყავსო, ამბობდნენ მისი თვალები და
ამით თითქოს იმის კომპენსაციას ახდენდა, მამა რომ არ ჰყავდა. გაუცნობიერებლად
დამოკიდებული იყო დედაზე და აღმერთებდა მას. მერე ერთბაშად აღმოაჩინა, რომ....
– ნიკამ ამოიოხრა. პირველივე მაღაზიაში შევიდა, სიგარეტი იყიდა და ერთმანეთის
მიყოლებით სამი ღერი მოწია. მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. მანქანის კარი
გამოაღო, ჩაჯდა, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.
ცდილობდა, რამე ახსნა მოეძებნა დედის საქციელისთვის... „ეს, ალბათ, დედური
ეგოიზმია. არავისთან გასაყოფად არ ვემეტები... შეიძლება იმიტომ, რომ ჩემ გარდა
სხვა არავინ ჰყავს. ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა და არ უნდა, მეორეც
დაკარგოს. ალბათ, უნდა მესმოდეს მისი... ჰო, უნდა მესმოდეს, მაგრამ როგორ? –
პირად ბედნიერებაზე უარი ვთქვა?! როგორ არ მინდა, დედაჩემიც იმ დედებს
დაემსგავსოს, რძლებს წინასწარ, უნახავად რომ შეიძულებენ ხოლმე და მათ ოჯახში
შემოჭრილ მოსისხლე მტრებად აღიქვამენ. უნდა დაველაპარაკო, მაგრამ, რანაირად,
როგორ არ ვაგრძნობინო, რომ ძალიან მატკინა და მაწყენინა? გული მომიკლა და ეს
შეგნებულად გააკეთა. არ მინდა მასთან კონფლიქტი, უარესად მეტკინება... მაგრამ,
თუ ის, რასაც მარიკას მიმართ განვიცდი, სერიოზულია, მაშინ?! რა მოხდება მაშინ?! –
ნიკამ ამოიოხრა და კიდევ ერთი ღერი გამოაცოცა სიგარეტის კოლოფიდან...

***

დათოსთვის სულერთი იყო, ნიკას შეხვდებოდა თუ საღამომდე დარჩენილ დროს


მაკასთან გაატარებდა. ჩვეულ ამპლუაში იყო, ანუ, ანცობისა და გართობის გუნებაზე.
საერთოდაც, იშვიათად იყო მოწყენილი ან „დაგრუზული“. მაქსიმალურად
ცდილობდა საკუთარი თავის გახალისებას. ერთი პრინციპი ჰქონდა, რომელსაც
მკაცრად იცავდა: „არასდროს მოიწყინო, თუ ამისთვის რეალური მიზეზი არ გაქვს.
რეალური მიზეზი კი მხოლოდ ერთი შეიძლება არსებობდეს – შენი გარდაცვალება!“

დათო გაიზმორა. ხელები ფართოდ გაშალა და მთელი მკერდით ჩაისუნთქა ჰაერი.


მისი მობილური დუმდა. „ვა, ნიკუშა არ რეკავს. თუ იმ გოგოსთან გაძვრა პაემანზე,
გავგიჟდები! გავუჩალიჩე, რა, ბიჭს...“ – გაიფიქრა და თვითონ დაურეკა:

– სად ხარ? შენი ნახვა მინდა. დღეს არ უნდა შევხვედროდით? რას ნიშნავს, რისთვის?
იმიტომ, რომ უნდა შევხვედროდით... მარიკასთან ერთად ხარ? არა? მით უმეტეს!
დაქოქე მანქანა და წამოდი. ჩემს სახლთან რომ პარკია, ხომ იცი? იქ ვარ... მერე
გეტყვი... რას ნიშნავს, იფიქრებ! ახლავე წამოდი, გელოდები!..

... დათო დაიხარა, ფანჯრიდან მანქანაში შეიხედა და წაუსტვინა:

– ეს რა არის, სიგარეტი? გააფრინე, ტო? შენ მოწიე? მაჩვენე ერთი... გაგიფრენია და ეგ


არის. დანიელოვიჩმა რომ გაიგოს, იცი, რა მოხდება? ეგრევე მოგხსნის შეჯიბრებიდან.

– ჰოო?! იცი, რომ ეს ამბავი დიდად არ მაღელვებს?

დათომ მსუბუქად დაჰკრა მხარზე:

– აბა, ერთი მოყევი, რა გეტაკა. ოღონდ, არ მითხრა, რომ შეყვარებული ხარ, თორემ,
თავს მოვიკლავ.

– არც უმაგისობაა... – ამოიოხრა ნიკუშამ, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც სხვაა.


ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩემი უგუნებობის მიზეზი მარიკა არ არის. არც კი
მინახავს. მესიჯი მივწერე და არ მიპასუხა. ეტყობა, ძალიან დაკავებულია.
– ჰო, აბა?! იმიტომ გაფრთხილებდი, გული არ ჩართო ამ საქმეში, თორემ, გაიჩალიჩებ-
მეთქი. რატომ არ დამიჯერე? ახლა თავს უხერხულად მეც ვგრძნობ. უხერხულობას
ვინ ჩივის, ნერვიულობა დამეწყო და ჩემს პრინციპს ვღალატობ.

– დათო, ისედაც საშინელ გუნებაზე ვარ. არ გინდა, დამამშვიდო?

– ვცდილობ, მაგრამ, თუ არ მეტყვი, რა გჭირს, ვერაფრით გიშველი. მარიკაა შენი


უგუნებობის მიზეზი?

– არა, დედაჩემი... – თქვა ნიკამ და სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა ხელი, მაგრამ


დათომ მოასწრო და ცხვირწინ ააცალა:

– აბა, გეყოფა, სულ ნუ გააფრენ! დედაშენთან პრობლემა როდის გქონდა? შენ რომ
დედა გყავს, ეგეთი უნდა.

– ჰო, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ... ზოგჯერ მეჩვენება, რომ საერთოდ არ ვიცნობ.

დათომ შუბლი მოისრისა:

– სულ ეს არის?

– ახლა შენ მოგიყვე და აგიხსნა? – იფეთქა ნიკამ, – რა სისულელეს მეკითხები.

– რატომ არის სისულელე? მეუბნები, მეჩვენება, რომ დედაჩემს არ ვიცნობო. მე


მიცნობ? შეგიძლია, თქვა, რომ კარგად მიცნობ? არა, ძმაო, ადამიანი გამოცანაა,
თვითონ ბუნებამ გადაწყვიტა ასე.

– ნუ ფილოსოფოსობ, თუ ღმერთი გწამს. დიდი ხანია, ფიქრს დაეჩვიე?!

დათომ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი:

– გპატიობ, შენი სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით. მიდი, მოყევი, რა


მოხდა. მეეჭვება, ქალბატონი ია რამეში დამნაშავე იყოს. შენ გაჭედავდი. რა უთხარი
იმ ქალს, რით გადარიე?

– რა აზრი აქვს, გელაპარაკო, მაინც ვერაფერს გაიგებ.

– მაშინ, იყავი გაფუყული და მოწიე სიგარეტი, სანამ არ დაბოლდები... დებილი ხარ,


შე ჩემა?! რისთვის იგლეჯ ნერვებს, მოყევი-მეთქი. დროზე!.. ხომ იცი, როგორი მაგარი
ფსიქოლოგი ვარ. მაკა ეგრევე ჩემთან გამორბის ხოლმე და ისე ვაწყნარებ – სუპერ!

– მეეჭვება, რამე მიშველო, ამიტომ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს და სადმე წავიდეთ.


– სად სადმე, ტო!.. ახლა, არ მითხრა, რომ ახლა დალევაც გინდა, თორემ გავაფრენ!

– არა, არა... უბრალოდ, ცოტა უნდა გავნიავდე, თორემ შევიშლები.

– კარგი... დააწექი, კუს ტბაზე ავიდეთ. იქ კარგად განიავდები...

***

თემომ სკამი გამოსწია და გოგოს წინ დაუჯდა.

– ახლა მომისმინე: მაგარ შარში ხარ, ამას უნდა ხვდებოდე და, გეტყობა, რომ ხვდები
კიდეც. დამშვიდდი. დაფიქრდი, რა არის შენთვის უკეთესი და მერე გვიპასუხე
შეკითხვებზე.

ნიამ გაურკვევლად გააქნია თავი.

– მარიკა, რამე თუ უნდა, იქნებ შენ გითხრას. მთავარია, ახლა დავამშვიდოთ, რომ
შეცდომა არ დაუშვას. ძალიან არ მინდა, დროებითი პატიმრობის საკანში გაატაროს
ღამე.

ნიამ შიშით შეხედა გამომძიებელს.

– რაა?! წინასწარი პატიმრობის საკანში რა მინდა?

– აბა როგორ?! ეჭვმიტანილი ხარ, ჩემო კარგო!

– მე? რანაირად? მარტო იმიტომ, რომ იმ დღეს გიას დავურეკე?

– მარტო მაგიტომ არა, თუმცა ეგეც არის საკმარისი მიზეზი, ეჭვმიტანილად


მოიაზრებოდე. რატომ გაგიკვირდა, მით უმეტეს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც
მოვისმინეთ? შენი ერთადერთი შანსი სიმართლის თქმა და გამოძიებასთან
თანამშრომლობაა.

– სიმართლე ხომ გითხარით, კიდევ რა გინდათ?

– ბოლომდე არ გითქვამს. მარიკა, გოგოებს უთხარი, ყავა მოადუღონ და მოუტანე.


ცოტას დაამშვიდებს და კონცენტრაციაშიც შეუწყობს ხელს.

– არ მინდა ყავა, საერთოდ არაფერი არ მინდა...

მარიკამ წყლიანი ჭიქა ახლოს მიუჩოჩა:


– ეს მაინც დალიე.

– არ მინდა, – გაჭირვეულდა გოგო, – გამიშვით სახლში!

– ნია, პატარა აღარ ხარ, ვერ ხვდებოდე, რა სიტუაციაში აღმოჩნდი. შენი


მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ძალიან მძიმე. ჯერ აქ, ამ კაბინეტში
გელაპარაკებით, მაგრამ, სულ ასე არ იქნება.

– მემუქრებით? კი მაგრამ, რატომ? მე არ მომიკლავს. გეფიცებით, მართლა...

– რატომ უნდა დაგიჯეროთ? – თემომ ამოიოხრა, – მარიკა, დევის დაურეკე, მოვიდეს.

ნია საბოლოოდ დაფრთხა და მოტყდა:

– დევი ვინ არის? მართლა მიჭერთ? არა, ძალიან გთხოვთ... ძალიან... ვერ გავძლებ
ციხეში... მოვკვდები... მე... მე ფეხმძიმედ ვარ...

მარიკა გაშრა. თემოსკენ შებრუნდა და რაღაც ანიშნა. გამომძიებელი ატირებული


გოგოსკენ დაიხარა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი:

– ჩემო კარგო, ეს მთლიანად ცვლის საქმის ვითარებას. მართლა ძალიან მეცოდები...


მით უმეტეს, ყველაფერი უნდა გვითხრა, რომ დაგეხმაროთ კიდეც.

– თქვენ ვერაფრით დამეხმარებით. ვიცოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე


დამთავრდებოდა! ისეთ ჩიხში ვარ, აქედან გამოსავალს ვერ ვიპოვი. ყველა გაიგებს...
ეს კატასტროფაა... დავიღუპე. პრინციპში, მნიშვნელობა აღარც აქვს, სად ვიქნები,
ციხეში თუ გარეთ. ჩემი ცხოვრება დამთავრდა....

– არა, არა, ამას რატომ ამბობ? – მარიკამ გადაწყვიტა, მთავარი დარტყმა საკუთარ
თავზე აეღო. ნიას მიუჩოჩდა და ხელებზე მოეფერა, – ყველაფერი კარგად იქნება,
უბრალოდ, უნდა დაგვიჯერო.

– რა იქნება კარგად? თქვენ, ალბათ, ვერ გაიგეთ... ფეხმძიმედ ვარ! სწორედ ამიტომ
მჭირდებოდა ფული და ვურეკავდი გიას.

კაბინეტში შემოსულმა დევიმ ნიას ნათქვამი გაიგონა და დაუსტვინა:

– ეჰე, აქ თურმე „ცხელა“, მაგრამ, მე რომ ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ? აჯობებს,


გინეკოლოგთან წაიყვანოთ, ან, აქ გამოვიძახოთ.

თემომ არაფერი უპასუხა. მივიდა, მკლავში მოჰკიდა ხელი და ოთახის შორეული


კუთხისკენ გაიხმო.
– შენ, რა, ვერ ხვდები, რა თქვა ახლა ამ გოგომ? რა გინეკოლოგზე ლაპარაკობ ან სად
უნდა წავიყვანოთ, რა სისულელეა! ამ ოთახიდან ამისი გაშვება არ შეიძლება,
ბოლომდე უნდა გვითხრას ყველაფერი.

– ჰო, მაგრამ, შენ ფიქრობ, რომ იმ ნოდიასგან არის ფეხმძიმედ?

– მაგას ახლა ვერ გეტყვი, მაგრამ, დიდი ალბათობაა, ხომ ხვდები.

– ჰო.

– ჰოდა, თუ ხვდები, მიდი და დაელაპარაკე. ფსიქოლოგიც ვარო, ხომ ამბობ?

– მაშინ, გადით და მარტო დამტოვეთ.

– რატომ? ვითომ, მარიკას აქ ყოფნა საქმეს უფრო არ წაადგება?

– ვნახოთ, თუ დამჭირდება, დავუძახებ.

თემომ მხრები აიჩეჩა:

– ზედმეტი არ მოგივიდეს.

– ნუ გეშინია. ახლა ეგ ისეთი შეშინებულია, დიდი დრო არ დამჭირდება, რომ


ავალაპარაკო.

– კარგი, შენ იცი. წარმოიდგინე, თუ ეს გოგო ნამდვილად მოკლულისგან არის


ორსულად, საქმის ვითარება მთლიანად იცვლება.

– ჰო, თუმცა, ვინ იქნება მთავარი ეჭვმიტანილი, ძნელი საქმეა.

– მაგაზე მერე ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ, ისე, შენ კარგად თქვი. ეს ძალიან


ნერვიულობს და ჩემს ეჭვს ამძაფრებს, რომ სწორედ იმ კაცისგან არის ფეხმძიმედ...

***

ზეამ ცოტა ხანს შორიდან უყურა ქალს, თითქოს ზვერავდა და ნიადაგს უსინჯავდა.
მერე მარტინით სავსე ფუჟერებს ხელი მოჰკიდა და თეძოების ნელი რხევით
მაგიდისკენ გაემართა, რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა იქ მჯდარი ქალისგან, რომ
ორმა მხარბეჭიანმა, ზორბა მამაკაცმა გზა გადაუღობა.
– მე მისი მეგობარი ვარ... – გაინაზა ზეა, – ბიჭებო, რა დაგემართათ... ოი, თქვენ
ახლები ხართ? მე არ მიცნობთ? ნუ ღელავთ, ჩემგან საფრთხე გამორიცხულია.
პირიქით, ნახავთ, როგორ გაუხარდება ჩემი დანახვა!

„ბიჭებს“ ყურადღება არ მიუქცევიათ მისი სიტყვებისთვის, კლდესავით აღიმართნენ,


მაგრად იდგნენ და თავიანთი დაცვის ობიექტთან ზეას მიშვებას არ აპირებდნენ. ზეამ
შეურაცხყოფილმა ააფახურა წამწამები:

– გამატარეთ, რა... ეს თავისუფალი ქვეყანაა და საშუალება მომეცით, ჩემი მეგობარი


ვნახო. ძალიან მომენატრა და უნდა დაველაპარაკო. მივუსამძიმრო, ბოლოს და
ბოლოს...

– თქვენს ადგილზე დაჯექით, ქალბატონთან მისვლისა და ლაპარაკის უფლებას ვერ


მოგცემთ!

– მეგობარი ვარ, საყვარელო, მეგობარი...

– სულერთია. ქალბატონს ლაპარაკი არ უნდა. ვერაფრით დაგეხმარებით. პრობლემას


ნუ შეიქმნით!

ზეამ უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები. ქუსლებზე შემოტრიალდა და უკან, ბარის


დახლისკენ გაემართა.

ბარმენმა მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა:

– გითხარი? იმ ამბის შემდეგ მესამედ მოდის და სულ ასეთი გაძლიერებული


დაცვით, თითქოს რაღაცის ეშინიათ.

– რისი უნდა ეშინოდეთ, მე ხომ სრულიად უწყინარი არსება ვარ. ჩვენნაირები


მკვლელები არ არიან, არ იცოდი?

– მე კი ვიცი, – გაიცინა ბარმენმა, – მაგრამ, ეტყობა, მამიკო მთლად დარწმუნებული


არ არის ამაში. რა იცი, იქნებ, სწორედ ელჩია დამნაშავე სასიძოს მკვლელობაში? იმის
თქმა მინდა, რომ შეიძლება, ამ ოჯახის ინტერესებს შეეწირა-მეთქი.

– არააა... – ზეამ თეატრალურად გაატკაცუნა თითები, – საყვარელო, სერგის არ


იცნობდი? ის ისეთი იყო, დარწმუნებული ვარ, ბევრს ექნებოდა მისი მოკვლის
სურვილი. ელჩი არაფერ შუაშია, არც ნეილი... ისეთი უწყინარი და საყვარელი
გოგოა...

– ჰმ, უნდა გენახა, ეგ საყვარელი და უწყინარი გოგო ბარში ჭურჭელს როგორ


ამტვრევდა... დათვრა და გააფრინა.
– ეგ როდის იყო?

– მგონი, ერთი კვირის წინ. დღისით დასალევად შემოვიდა. დაცვას გამოეპარა თუ


როგორ იყო, არ ვიცი, ისეთები მოცვივდნენ... პოლიცია მოვიდა და მაგან უშველა.

– რისგან?

– ჟურნალისტებისგან. მაგათ ხომ მეტი არც უნდათ. ერთი თვე ეყოფოდა ამ ქალაქს
საჭორაოდ და ელჩი ამაზე გაგიჟდებოდა. ისედაც ამბობენ, სიძის მკვლელობის
შემდეგ პრობლემები აქვსო.

ზეამ უკმაყოფილოდ აახამხამა წამწამები:

– შენ დიდი ხანია, პოლიტიკით დაინტერესდი? არ გირჩევ, ეს სიკეთეს არ მოგიტანს,


საყვარელო... შენი საქმე აკეთე და ჩუმად იყავი. ძალიან დამწყდება გული, თუ მაგ
ლამაზ ცხვირს წაიმტვრევ, – ირონიულად გააფრთხილა ზეამ.

– შენ რას აკეთებ, როცა იმ ქალს ეტენები? ესეც პოლიტიკაა.

– მე მისი მეგობარი ვარ, მეგობარი, სულელო! თანაც, მინდა, ცოტა გავამხიარულო.

– მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ, – ბარმენმა კიდევ დაუსხა მარტინი და


კარისკენ გაახედა, – შეხედე, ვინ მოვიდა? აბა, დეპრესია აქვსო, რომ ამბობდი?

ზეამ შემოსასვლელისკენ გაიხედა და ენცო დაინახა. მისი პათოსი მაშინვე სადღაც


გაქრა. ფერწასულმა მარტინი მოსვრიპა და ათრთოლებული თითებით სიგარეტს
მოუკიდა.

– რა მოგივიდა? თითქოს შეგაშინა მისმა დანახვამ.

– არ მითქვამს, აქ რომ მოვდიოდი, – ენა დაება ზეას.

– მერე რა, დედაშენი ხომ არ არის, კუთხეში დაგაყენოს? რატომ ხარ მასზე
დამოკიდებული?

ზეამ არ უპასუხა. გაფაციცებით ადევნებდა თვალს ენცოს ყოველ მოძრაობას და


თითქოს რაღაცას ელოდა, მაგრამ იმას არც კი შეუნიშნავს. ყოველ შემთხვევაში,
გულგრილად აუარა გვერდი და პირდაპირ ნეილის მაგიდისკენ გაემართა. დაცვას
მისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია...

***
დევიმ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა კაბინეტში და ნიას წინ გაჩერდა. გოგოს
მისთვის საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება. თემოსა და მარიკას გასვლის შემდეგ
გაშტერებული იჯდა და არაფერზე რეაგირებდა. დევისაც არ შეუწუხებია, თავისთვის
სცემდა ბოლთას და აკვირდებოდა. მერე მის წინ გაჩერდა და თქვა:

– მეც ასე მოვიქცეოდი, როგორც შენ. მესმის, ეს რატომაც გააკეთე და, გეუბნები, ის
სიკვდილის ღირსი იყო.

ნიამ თავი ასწია:

– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ...

– შენზე და იმ ნაძირალაზე... წარმომიდგენია, როგორ მოგექცა, როცა გაიგო, რომ


ფეხმძიმედ იყავი. იმიტომ გეუბნები, სიკვდილის ღირსი ნამდვილად იყო-მეთქი,
მაგრამ, შენ თავი არ უნდა დაიღუპო. საკუთარ თავზეც იფიქრე და ბავშვზეც...
მამამისის ცოდვების გამო მაგან პასუხი არ უნდა აგოს. სხვათა შორის, არც შენ...

ნიამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და თავი გააქნია...

ქალმა კარი საკუთარი გასაღებით გააღო და შემოსასვლელში, პუფზე ჩამოჯდა. ჩანთა


პირდაპირ იატაკზე დადო, მერე შებრუნდა და დიდ სარკეში საკუთარი
გამოსახულება შეათვალიერა. სარკიდან დაღლილი, რაღაცით ძალიან შეშფოთებული
ქალი უმზერდა. ამან გააღიზიანა, რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა და სასტუმრო
ოთახიდან გამოსულ საუბარს მიაყურადა. მიხვდა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო
ნიკუშას სტუმარი.

– ქალბატონო ია... – დათო ზრდილობად დაიღვარა, – როგორ ბრძანდებით? ცოტა


ხნით ნიკას შემოვუარე, უკვე მივდივარ...

– რატომ? იყავი, ყავა დავლიოთ ერთად. იმდენი ხანია, არ მინახავხარ. ძლიერ


მაინტერესებს შენი ამბები. მართლა გამოგდით რამე თუ ტყუილად ჭყუმპალობთ
აუზში?

– რატომ ტყუილად, ქალბატონო ია, ჩემპიონატისთვის ვემზადებით. დიდი იმედები


გვაქვს, ნიკას მაინც...

– ოჰო! ეს არის გუნდის იმედი? ამის თქმა გინდა? ნიკუშ, მართლა ასეა? მეგონა,
საერთოდ აიღე სპორტზე ხელი.

– დედა... – ნიკა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. ჯერაც არ ჰქონდა განელებული


რამდენიმე საათის წინ მიყენებული წყენა. თუმცა, დათოს თანდასწრებით მოერიდა,
დედას აშკარად დაპირისპირებოდა ან საერთოდ არ გაეცა ხმა მისთვის.
– მე წავალ, ყავას მოვადუღებ. შემიძლია, ტოსტებიც გავაკეთო. ნიკუშამ იცის, რომ
ჩემი კულინარიული შესაძლებლობები საკმაოდ სუსტია, მაგრამ ტოსტები
ნამდვილად კარგი გამომდის, მით უფრო – შვეიცარული ყველით... – ქალი ადგა და
სამზარეულოსკენ გაემართა, – კართან შედგა და შემობრუნდა, – თუ მანამდე, პირის
გასველება მოგინდებათ, ბარში ვისკიც არის, ჯინიც და მარტინიც, ტონიკსაც
იპოვით...

ქალი რომ გავიდა, დათომ ვეღარ მოითმინა და წაუსტვინა:

– ეე, რა დაემართა დედაშენს? აბა, მეჯიბრება და ცდილობს, ნერვები მომიშალოსო?!

ნიკუშა გაცხარდა:

– მოიცადე, ბიჭო... კარი მაინც გაიხუროს!

– ბარი სასმლით გქონიათ სავსე, შენ კი არაფერი შემომთავაზე. ვის დაემსგავსე ასეთი
ძუნწი? ერთი ჯინ-ტონიკი გამიზავე, რა! – დათო ნებივრად გადაწვა სავარძელში, –
ტოსტებიც მაგრად გაასწორებს.

– გეფიცები, გადავირევი. არაფერი მესმის, საერთოდ არაფერი... რამდენიმე საათის


წინ ლამის შემჭამა, ახლა კი რა დაემართა, არ ვიცი.

– მოიცა ერთი... დედაშენს კი არა, შენ რა დაგემართა. რას ერჩი ამ ქალს? მაგარი
ჯიგარი დედა გყავს და ვერ იფერებ. ფხუკიანობ და, საერთოდაც, დედაშენი კი არა,
მეც გატყობ, რომ ძალიან შეიცვალე.

– მე? შევიცვალე?

– დიახ, შენ შეიცვალე. თვითონაც არ იცი, რა გინდა და ეს ყველაფერი იმ გოგოს გამო


ხდება.

– თუ მარიკას გულისხმობ, ძალიან გეშლება, ის ნამდვილად არაფერ შუაშია.

– შუაშიც არის და თავშიც. უბრალოდ, შენ ამის აღიარებ... აუ, რა შარში გაგხვიე!

– დათო, გეყოფა! რამდენჯერ უნდა გითხრა, მაგაზე ნუ მელაპარაკები-მეთქი? მარიკას


ხსენებას კი საერთოდ გიკრძალავ, ეს ამბავი დაივიწყე, რა...

– როგორ დავივიწყო, ტო, როცა, მე რომ არა და, კიდევ, მაკას ხუშტურები, მისი
არსებობის შესახებ არც გეცოდინებოდა?!
– მერე, ეგ ყოველ წუთს უნდა მიმეორო? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გავიცანი,
რანაირად და ვისი მიზეზით? მორჩეს ეს ლაპარაკი, მაინც აღარაფერი შეიცვლება...

დათომ თითები გაატკაცუნა:

– აჰა, ესე იგი, აღიარებ, რომ გიყვარს?

ნიკამ წარბი შეიკრა:

– თუ ეს დაგამშვიდებს – მიყვარს. ახლა?

– ახლა რა, აღარაფერი, – დათომ ამოიოხრა, – დაგღუპე რა...

– გეყოფა-მეთქი! – წამოენთო ნიკა, მაგრამ დათოს ყურადღება არ მიუქცევია მისი


სიტყვებისთვის, თითქოს არც გაუგონია. ხმამაღლა, თავისთვის აანალიზებდა
სიტუაციას:

– ისე მწარდები, აშკარად ეგ გოგო გირჩევნია ბევრ რამეს.

– დათო...

– ჰო, რა, ასეა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა... უფრო სწორად, მე მომწონს თუ არა,
სიმართლეს ვერსად წავუვალთ. ახლა ვფიქრობ, როგორ დაგეხმარო.

ნიკამ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი, ბართან მივიდა, ბოთლები და ორი ჭიქა


გამოიღო.

– არ მჭირდება დახმარება, თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან კარგადაც კი. ასე რომ,
დამშვიდდი...

დათომ ისევ ყურს იქით გაატარა მისი ნათქვამი.

– პრინციპში, ვიცი, რა უნდა ვქნა, მთავარია, დამთანხმდე. ბიჭო, ვახო ხომ იცი,
მამამისს კოჯორში მაგარი ბაითი აქვს. ავიდეთ, ნაშობა ავყაროთ და შევუბეროთ...

– ცოტა ჩუმად, ნუ ყვირი, დედაჩემმა არ გაიგონოს, თორემ გადაირევა...

– ესე იგი, თანახმა ხარ? – გაუხარდა დათოს.

– რა თანახმა სულ გაგიჟდი? ჯერ ერთი, ვახოს მამას ვერ ვიტან – ბავშვობიდან მძულს
ეგეთი გარყვნილი კაცები. მამამისის წყალობით, ვახოსაც კი ალმაცერად ვუყურებ.
როგორ შეუძლია ასეთთან ურთიერთობა.
– რა ქნას, მამაა... – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა დათომ.

– მამა?! მოიცა, რა! ხომ იცი, მთავარი რაც არის მაგ მამა-შვილის ურთიერთობაში.

– რა თქმა უნდა, ფული მხოლოდ პოზიტივია ყველა ურთიერთობაში – ხიბლს


აშკარად ჰმატებს. რატომ უნდა თქვას ვახომ უარი?

– იმიტომ რომ... რომ... – ნიკამ შემოსასვლელისკენ გაიხედა და ხმას დაუწია, – მის


მორალურ პრინციპებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს – ახლა გაიგე?

– თუ ღმერთი გწამს... რა დროს მორალური პრინციპებია, როცა ახალთახალ


„ლექსუსზე“ ზიხარ და ცა ქუდად არ მიგაჩნია, დედამიწა კი – ქალამნად... იცი, მე რომ
ვახოს მსგავს სიტუაციაში ვიყო, მორალური პრინციპები არც მე გამახსენდებოდა.

– არც მიკვირს, შენ ხომ ვიგოდნიკი ხარ.

– მერე, რა არის ამაში ცუდი? ვიგოდნიკობა გრეხი სულაც არ არის.

– ჰო, ძალიან სასახელო რამეა, ძალიან... – დასცინა ნიკამ, – გაჩუმდი და დალიე შენი
ჯინი ტონიკით. ნაშები და წყნეთში გრიალი კი თავიდან ამოიღე, მაგაზე აღარ
ვილაპარაკოთ.

– ეეჰ, ჭედავ, რა! თანაც – მაგრად. მორალური პრინციპები მიქადაგე-მეთქი, ეს


გთხოვე? მე გართობა შემოგთავაზე.

– ჩემთვის ეგ გართობა არ არის. მარიკას რა ვუყო?

– რა უნდა უყო? ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, იჩხუბეთ?

– არა!

– აბა?

– რა – აბა! ძალიან დამაბნია მაგ გოგომ. ხან მიმიშვებს ახლოს, ხან ძალიან უცნაურად
გამირბის და მერიდება. მიზეზად სამსახურს ასახელებს.

– ჰო, არ მიკვირს. მიზეზად კი არა, სერიოზული სამსახური აქვს, ძალიან


სერიოზული – გამომძიებელია, მაგასთან ურთიერთობაც არ იქნება მარტივი.
იმიტომაც გეუბნებოდი, მოეშვი-მეთქი.

– ეგ უკვე არ არის შენი საქმე, – გაცხარდა ნიკუშა.


– კარგი, არ არის ჩემი საქმე, მაგრამ, ერთი მომისმინე, როგორ ფიქრობ, მე ვინ ვარ? რა
ვქნა, გულხელდაკრეფილმა გიყურო, როგორ იღუპები?!

– ნუ გეშინია, არ დავიღუპები... – შეუღრინა ნიკამ და მაშინვე გაჩუმდა, რადგან


ოთახში შემოსულ დედას მოჰკრა თვალი.

– მგონი, გემრიელია. ნიკა, პატარა მაგიდას სუფრა გადააფარე და მომეხმარე.


თეფშებიც გამოიტანე. იცი, მგონი, მინდა, ის გოგო გავიცნო. ვიფიქრე და მართალი
იყავი – შენ არჩევნის უფლებაც გაქვს და ბედნიერებისაც, მე კი ამ შენს არჩევანს
პატივი უნდა ვცე.

ნიკა გაშრა, ისიც ვერ მოახერხა, რომ დათოსთვის შეეხედა, მაგრამ მიხვდა, რომ მისი
მეგობარიც ძალიან დააბნია იას მოულოდნელმა „ტრანსფორმაციამ“.

– მართლა გინდა, რომ გაგაცნო? – ძლივს მოუყარა სათქმელს თავი.

– ჰო, მინდა, – გაიცინა ქალმა და შვილს მხიარულად მოუჩეჩა თმა. უბრალოდ,


დილით ძალიან დაღლილი ვიყავი – მძიმე პაციენტი მყავდა.

დათომ თვალი ჩაუკრა ნიკუშას. იმის ნიშნად, რომ ყველაფერი მოგვარებულიაო.

– კარგი, დაველაპარაკები მარიკას... – ნელა ჩაილაპარაკა ნიკამ, – პრინციპში, არც


ვიცი, დამთანხმდება თუ არა.

ქალმა ისევ გაიცინა:

– როგორი უცნაური შვილი მყავს. ჯერ დარწმუნებული არ არის, უნდა თუ არა იმ


გოგოს და მე მირიგდება გაცნობაზე. დათო, კიდევ გადაიღე ტოსტი. სამზარეულოში
კიდევ მაქვს და მოვიტან.

ქალი ჯერ გასული არ იყო ოთახიდან, რომ დათომ, ორივე ყბა გამოტენილი რომ
ჰქონდა ხრამუნა ტოსტით, გაჭირვებით ამოიბლუკუნა:

– მორჩა, შენი წუწუნი აღარ გამაგონო, მოგვარდა პრობლემა!

– შენ არ წამოგცდეს, სად მუშაობს მარიკა, თორემ, პრობლემა და ინტერესთა


კონფლიქტი მერე ნახე – საერთოდ არ მოინდომებს მის გაცნობას. შეიძლება, მეც
გამაგდოს სახლიდან.

– კარგი, კარგი... დედაშენი ისე დამიხატე, რომ არ ვიცნობდე, ურჩხული მეგონება.

– რაც გითხარი, გაითვალისწინე.


– ჰო, კარგი, ნუ წამოენთები ხოლმე.

– გაჩუმდი, მოდის!

იამ საფერფლე და სიგარეტი შემოიყოლა, სავარძელზე ჩამოჯდა და გააბოლა.

– თქვენი მეგობარი რომ არის, ვახო, მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? – იკითხა
მოულოდნელად.

დათო შეკრთა და ტოსტისკენ გაწეული ხელი გაუშეშდა. ნიკა შეიჭმუხნა:

– ვახო მეგობარი არ არის, უბრალოდ, კარგად ვიცნობთ და ერთ გუნდში ვთამაშობთ,


სულ ესაა.

– კარგი ბიჭია, ქალბატონო ია, წესიერი. მამამისს არ ჰგავს, თუ ეს გაინტერესებთ, –


წამოაყრანტალა დათომ და მიიღო კიდეც იდაყვი ფერდში.

ქალმა გაიღიმა:

– მე ისე ვიკითხე, მამამისის ამბები არ მაინტერესებს. უბრალოდ, ადრე უფრო ხშირად


ვხედავდი ხოლმე თქვენთან ერთად. როდის გამაცნობ მარიკას? ხომ არ მეშლება,
მარიკა არ ჰქვია?

ნიკა გაწითლდა:

– ჰო, მარიკა ჰქვია. რა ვიცი, ვეცდები, ამ დღეებში მოვახერხო.

– ძალიან კარგი. შეიძლება, ამ კვირაში მივლინებაში მომიწიოს წასვლა რამდენიმე


დღით. თუ გინდა, როცა ჩამოვალ, იმ დროისთვის გადავდოთ ეგ საქმე. თან, მანამდე
უკეთესად გაიცნობთ ერთმანეთს და შენც ჩამოყალიბდები. ახლა ჩემს ოთახში გავალ
და ხელს აღარ შეგიშლით.

დათომ თავაზიანი ღიმილით გააცილა მეგობრის დედა და ნიკუშას მხარზე დაქაჩა.

– ბიჭო, დედაშენი გულთმისანია? ვახო საიდან გაახსენდა?

– რა ვიცი, აბა! ისე, იცის ხოლმე ასეთი რაღაცეები და მაგიჟებს. ვერაფერს გამოაპარებ.

– ახლა აღარ მიკვირს, მარიკას ამბავი რომ არ დაუმალე – იცოდი, მაინც ყველაფერს
გაიგებდა.

– მარიკას დავურეკავ, – ნიკუშამ მობილური აიღო და აივანზე გავიდა...


***

დევიმ სიგარეტის კოლოფი აიღო და იქ მყოფებს ჩამოურიგა. მარიკასაც მიაწოდა.

– მე არ ვეწევი.

– აჰა, ესე იგი, ისევ არ ეწევი. ეს კარგია. თემო, შენ?

– მაგის გარკვევას, გირჩევნია, დროზე თქვი, საქმის რა გაარკვიე.

– ვფიქრობ, არ იტყუება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ტყუოდეს.

– დევი, ის თქვი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მერე ვარკვიოთ, იტყუება თუ არა.

– მოკლედ, იფიცება, ნოდია არაფერ შუაშიაო.

– აბა, ვინ არის შუაშიო? – გადაირია პაპავა, – შენ?!

– მოიცა ერთი! ჩემკენ თითს ნუ გამოაშვერ, თუ კაცი ხარ, აღარ გამომდის ეგ საქმე, –
გადაიხარხარა დევიმ, – სავარაუდოდ, იმ თავისი შეყვარებულისგან უნდა იყოს
ორსულად, მისი ნათქვამი ძალიან ჰგავს სიმართლეს.

– მაგის გადამოწმება ძალიან ადვილია, – პაპავამ მარიკას გადახედა. დევი უსიტყვოდ


მიხვდა.

– გინდა მარიკუნამ აიყვანოს აბორდაჟზე? კარგი აზრია.

– ნუღარ გადავდებთ. ახლავე წადი, მოძებნე ის ტიპი და დაელაპარაკე. ვიცით, ვინც


არის?

დევიმ პერანგის ჯიბიდან ორად გაკეცილი პატარა ფურცელი ამოიღო და გაუწოდა:

– ვიცოდი, დაგჭირდებოდათ.

მარიკამ მადლიერების ნიშნად გაიღიმა:

– მაშინ, რაღას ველოდო? დავურეკავ და შევხვდები.

– მეც ხომ არ გავყვე? – გაუბედავად იკითხა ვახომ.

– კარგი აზრია, – დაუდასტურა დევიმ, მაგრამ მარიკამ მაშინვე გააპროტესტა:

– ვეცდები, მარტომ გავართვა დავალებას თავი.


– შენ იცი, – ვახო დამნაშავესავით გაწითლდა, – ვიფიქრე, რამე პრობლემა არ
შეექმნას-მეთქი.

– რა პრობლემა უნდა შემექმნას? – გაღიზიანდა მარიკა, – რადგან ქალი ვარ? ეს მე


ხელს არაფერში მიშლის.

– ჩემი კაბინეტიდან დაურეკე, – შესთავაზა თემომ და, მარიკა რომ გავიდა, ვახოს
უსაყვედურა:

– ვითომ კარგი საქმის გაკეთება გინდოდა და ნერვები კი მოუშალე. ვერ გაიზარდე,


რა...

დევიმ შემრიგებლურად მოუთათუნა მხარზე ხელი გაწბილებულ ვახოს:

– არა უშავს. გაიზრდება. ეცდება მაინც.

– მაშინ, ახლავე დაიწყოს. ამ გოგოს სიტუაცია კი ცვლის საქმის ვითარებას, მაგრამ


ჯერ კონკრეტული არაფერია გამოკვეთილი. ამიტომ, წადი და შენს საქმეს მიხედე.

– რომელ საქმეს? – დაბნეულმა იკითხა ვახომ.

თემო დევისკენ შებრუნდა და ამოიოხრა:

– აჰა, შენ კიდევ – გაიზრდებაო. რა გაზრდის ამას, ნახე, რა მითხრა?

– კი მაგრამ, ბატონო თემო... კონკრეტულად რომელ საქმეს-მეთქი, ეს ვიგულისხმე.

– კარგი, წადი, მობილურიდან ამოკრეფილ ნომრებს ვგულისხმობდი.

ვახოს მაშინვე გაეხსნა წარბი:

– ჰო, როგორ გიპოვეთ მაგ ნიას ნომერი?! ეგრევე მივხვდი, ძალიან მნიშვნელოვანი
რომ იყო.

– წადი, ვახო, წადი და კიდევ კარგად მოძებნე. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად


იპოვი რამე უფრო მნიშვნელოვანს.

თემო და დევი კაბინეტში დაბრუნდნენ.

– იმ გოგოს რა ვუყო? მაგის აქ დატოვების უფლება არ გვაქვს. წინასწარი პატიმრობის


საკანში ვერ ჩავიყვან და სახლშიც რომ ვერ ვუშვებ, ეგ არის პრობლემა.
– ჰო, წინასწარ პატიმრობას ვერ შევუფარდებ. ჯერ ერთი, ამისთვის ბრალი უნდა
წაუყენო, რასაც ვერ გააკეთებ; მეორე – ცოდვაა, ბიჭო...

– კარგი და, რას მირჩევ, სახლში ხომ ვერ წავიყვან?!

დევის ხმამაღლა გაეცინა:

– მაკას გაახარებ ნამდვილად.

– არ გვინდა სხვის უბედურებაზე სიცილი, – წამით გაეღიმა თემოსაც და შუბლი


მოისრისა, – რა ვქნა, ხელწერილი დავაწერინო და გავუშვა?

– შენ ფიქრობ, სადმე გაიქცევა?

– ვერავის დავუფიცებ. მირჩევნია, გარანტიები მქონდეს.

დევიმ თავი გააქნია.

– რა იყო? – ჰკითხა პაპავამ.

– გულახდილად რომ გითხრა, მე უფრო სხვა რამის მეშინია: თუ არ დამშვიდდა, თავს


არაფერი აუტეხოს. შენი მდივანი დავტოვე, ისტერიკა ჰქონდა.

– მით უმეტეს, ვერსად გავუშვებ. მარტოც ვერ დავტოვებ... – თემომ ისევ შეხედა
დევის. ექსპერტი მაშინვე მიხვდა:

– ოღონდ ეგ არა... გამორიცხულია, ეგ არ მთხოვო, სხვა რამე მოიფიქრე.

– დევი, გამიგე რა... მე რომ ღამით სახლში არ მივიდე, მაკა გაგიჟდება. აქაც ამდენი
პრობლემაა და, სახლშიც რომ უარესად ამერიოს სიტუაცია, გავაფრენ.

– მოიყვანე მაკაც და სამივე მხიარულად იქნებით, – უთხრა დევიმ.

– ნამდვილად არ მეხუმრება, – ამოიოხრა თემომ.

– არც მე. სხვაგან ვერ ვიძინებ, არ შემიძლია. თუ გინდა, გვიანობამდე ვიქნები მასთან
და მერე ვინმე ჩამენაცვლოს. დაცვის ბიჭებს უთხარი, ან, ვახო დატოვე, ბოლოს და
ბოლოს. არც ცოლი ჰყავს... რა მნიშვნელობა აქვს, ღამეს სად გაათენებს?

– ვერც ვახოს ვანდობ ამ საქმეს და, მით უმეტეს, ვერც დაცვას. არ მინდა,
ახვლედიანის ყურამდე მივიდეს, პაპავამ მოწმე მთელი ღამით კაბინეტში გამოკეტაო.
– ჰოო... ახვლედიანი ვეღარ გავითვალისწინე, მაგრამ, ვახო ჩვენიანია. რა უნდა
თქვას?

– მარტო შენ გენდობი და საკუთარ თავს. ასე რომ, ან დარჩები, ან, მართლა არ ვიცი,
რას ვიზამ.

თემოს ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, დევი მოლბა...

– რამე გემრიელი მაინც მომიტანე, რომ ჭკუიდან არ შევიშალო.

თემომ შვებით გაიღიმა:

– ძალიან გემრიელ „რამეს“ მოგიტან, შეგიძლია, არ იდარდო. წამოდი, კიდევ ერთხელ


მინდა, დაველაპარაკო.

დევიმ საათზე დაიხედა:

– ჰო, ჯერ აშკარად ადრეა, მაგრამ შენს მდივანს სამუშაო საათები უკვე დაუმთავრდა.

თემომ ამოიოხრა:

– რა ბედნიერებაა, სამუშაო საათები რომ დაგიმთავრდება.

– ნუ წუწუნებ, ბებერო, კიდევ ბევრი გვაქვს ერთად გადასატანი, – შეახსენა დევიმ


ღიმილით და კოლოფში ჩარჩენილი სიგარეტი ოსტატურად ააცალა ცხვირწინ...

***

... არასდროს არაფერს გეგმავდა წინასწარ და არც ამჯერად უღალატია


ჩვეულებისთვის. მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა სპონტანურობა... ეს
არანაირად არ უშლიდა ხელს – თითქოს შინაგანი მექანიზმი ჩაირთვებოდა და,
თვითონ კი არა, ვიღაც სხვა იწყებდა აქტიურობას.

... გოგომ განცვიფრებით შეხედა კაბინეტში პლედებით შემოსულ ექსპერტს და


მექანიკურად ახედა საათს.

– სწორად მიხვდი, – გაუღიმა დევიმ, – დღეს ამ არაკომფორტულ გარემოში მოგიწევს


ღამის გათენება.

– ვერაფერი გავიგე, აქ უნდა დავრჩეთ? – ნია ცარცივით გათეთრდა.


– ნუ გეშინია, დაპატიმრებული რომ იყო, აქ არ იქნებოდი, დაკავებულებისთვის სხვა
სასტუმრო გვაქვს – იხუმრა დევიმ, მაგრამ ამან ნიას შიშს ვერაფერი უშველა – გოგო
დაფეთებული აცეცებდა თვალებს.

– რატომ არ მიშვებთ სახლში? თქვენც ჩემთან ერთად უნდა იყოთ?

– დიახ, შენთან ერთად უნდა ვიყო. სახლში კი იმიტომ არ გიშვებთ, რომ ასე უფრო
დაცული იქნები.

– დაცული რისგან? ხომ ყველაფერი ვაღიარე?! დედას გეფიცებით, ყველაფერს


გეფიცებით, მეტი არაფერი ვიცი...

– დამშვიდდი-მეთქი, წეღანაც გითხარი. შენს მდგომარეობაში ასეთი ნერვიულობა არ


შეიძლება. მით უმეტეს, თუ ბავშვის დატოვებას აპირებ.

გოგოს თვალები გაუფართოვდა.

– რას ვაპირებ?

– ბავშვის დატოვებას. ფული ხომ აბორტისთვის გჭირდებოდა?

– დიახ, მაგრამ, ხომ გითხარით, ვერ შევხვდი გიას... შეიძლება, რომ ვურეკავდი, უკვე
მკვდარიც იყო. გეხვეწებით, გამიშვით რა სახლში, ძალიან გთხოვთ!..

დევიმ თავი გააქნია:

– მე ამის უფლება არ მაქვს. მართლა. არ გატყუებ. შენი აქედან გაშვება ჩემს


კომპეტენციაში არ შედის. უბრალოდ, რადგან მაინც ექიმი ვარ, უფრო უსაფრთხოდ
ჩემთან იქნები. სულ ეს არის. ხვალ რაღაც დეტალებს გაარკვევენ და გაგიშვებენ.

– აბა, სასამართლოს ექსპერტი ვარო?

– ჰო, ექსპერტი ექიმია, არ იცოდი?!

– მე მხატვარი ვარ, – საცოდავად ჩაილაპარაკა გოგომ და უცებ აქვითინდა: – არ მინდა


ციხეში, არ მინდა!

დევი წამოხტა, მაცივრიდან მინერალური წყალი გამოიღო. ჭიქაში ჩაუსხა და


მიუტანა.
– დალიე! ჩემთან თავს კარგად იგრძნობ. შევეცდები, სასიამოვნო თემებზე
გელაპარაკო. ვივახშმებთ კიდეც, ტელევიზორიც გვაქვს და არ მოვიწყენთ. ეს საკმაოდ
კომფორტული დივანია... მე მისაღებში ვიქნები, ძალიან არ შეგაწუხებ.

– თქვენ არაფერ შუაში ხართ. მე ამ შენობაში ყოფნა არ მინდა, მეშინია, ძალიან


მეშინია და, ვერ დავმშვიდდები, სანამ აქედან არ გავალ.

– დღეს ეს გამორიცხულია, ამიტომ, როგორმე უნდა შეეგუო სიტუაციას.

– არ შემიძლია, – გოგომ ცრემლები მოიწმინდა, – თუ აქ დამტოვებთ, მოვკვდები...

– არ მოკვდები, – დევიმ ზუსტად იცოდა, რა უნდა ეპასუხა ასეთ „უწყინარ“


პროვოკაციაზე, – შენ უნდა ხვდებოდე შენი მდგომარეობის სიმძიმეს. გვითხარი,
მთელი სიმართლე მოგიყევითო, მაგრამ, ჩვენ დარწმუნებულები ვერ ვიქნებით.
ყველაფერს ვერ გეტყვი, სიტყვაზე უნდა დამიჯერო, რომ ეს შენთვის კეთდება.
შეგვეძლო, შენი წინასწარი პატიმრობის ნებართვაც მოგვეთხოვა და მივიღებდით
კიდეც, მაგრამ, ჩვენს გამომძიებელს ძალიან შეეცოდე. ამიტომ, კომპრომისზე წავიდა
და გამონაკლისი დაუშვა. წინასწარი პატიმრობა რას ნიშნავს, ალბათ, იცი. რამდენიმე
დღე, უფრო კი – კვირა, ჩაგსვამენ ან ძიების დამთავრებამდე, ან შენს სრულ
გამართლებამდე.

– მე არაფერი დამიშავებია, – გაჯიუტდა გოგო.

დევიმ ამოიოხრა:

– უნდა მიხვდე, შენი სიჯიუტით მხოლოდ გაართულებ ყველაფერს. ასე რომ, წყალი
დალიე, დამშვიდდი და კარგად მოიფიქრე, კიდევ რამე ხომ არ დაგრჩა სათქმელი.

ნია თითქოს დამშვიდდა, წყალი დალია და დაფიქრდა. დევიმ გაიღიმა. პარკები


მაგიდასთან მიიტანა და სანოვაგის ამოლაგება დაიწყო.

– ადვოკატი რომ მოვითხოვო? – თქვა მოულოდნელად გოგომ.

– ოჰო! ადვოკატი მოუნდა პატარა გოგოს! ანუ, თანახმა ხარ წინასწარ პატიმრობაზე?
აბა, ადვოკატი და ოფიციოზი რომ გინდა, სხვანაირად არ გამოვა. ასე რომ, წყნარად
და ჩუმად იყავი.

გოგომ ავად შეხედა კაცს.

– ტყუილად იბღვირები, პატარა გოგო. თუ დაგვიჯერებ, ყველაფერი კარგად იქნება.


მაგიდაზე ერთდროულად აწკრიალდა ორი ტელეფონი და დევის მობილურმაც
დარეკა. დევიმ ეკრანს დახედა, მაგრამ, ჯერ მაგიდაზე დადგმული ერთ-ერთი
ტელეფონის ყურმილს დასწვდა:

– დიახ! არა, პაპავა არ ვარ!.. კი, მისი კაბინეტიდან გელაპარაკებით! რას ამბობთ? რას
ნიშნავს, ვერ აჩერებთ? ახლავე მოვდივარ! მე თვითონ დავურეკავ ბატონ თემოს.

დევიმ გოგოს შეხედა და ახლა მობილური მიიდო ყურზე:

– ვიცი, მარიკა, ვიცი, ახლავე მოვდივარ! შენ რა შუაში ხარ... კარგი, დამშვიდდი!

დევი ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და კარი გაიკეტა...

***

თემომ ცოლს გაუღიმა:

– ხომ მოვედი ადრე, კმაყოფილი ხარ?

მაკამ ალმაცერად შეხედა ქმარს:

– გადავირიე სიხარულით... რამე მოხდა?

– მოხდა? გააჩნია, რას გულისხმობ. ჩვენთან სულ ხდება „რაღაც“, – ასეთი სამსახური
მაქვს.

მაკამ მექანიკურად შეხედა საათს:

– პრინციპში, არც ისე ადრეა...

– ჰო, მაგრამ, გასეირნებას მოვასწრებთ. მიდი, ჩაიცვი, სადმე ვივახშმოთ.

ქალს აშკარად ესიამოვნა, მაგრამ, არ შეიმჩნია.

– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ჩემთან ერთად ვახშმობა?

– მაკა, არ გინდა, რა!..

ქალმა ქმარს შეხედა და უცებ ძალიან შეეცოდა:

– ჰო, კარგი, კარგი... ახლავე ჩავიცვამ.

თემომ შვებით ამოისუნთქა.


– ჩემი კარგი გოგო. დავამთავროთ ეს სულელური კინკლაობა!.. ხომ იცი, რომ შენ
გარდა არავინ მყავს და არც არავინ მჭირდება.

მაკამ ეშმაკურად მოწკურა თვალები:

– მართლა? მიხარია... მალე ჩავიცვამ – ათ წუთში.

თემომ ცოლს აკოცა და სავარძელში, ტელევიზორის წინ მოკალათდა:

– უჰ, კარგია სახლში ყოფნა!

თემომ ისეთი სახით დახედა აწკრიალებულ მობილურს, რომ აშკარად ყველაფერი


ერჩივნა მის ხელში აღებას. ეკრანზე აციმციმებული აბონენტის ნომერი ნაცნობი იყო
და ხვდებოდა, რომ აუცილებლად უნდა ეპასუხა, მაგრამ, უსიამოვნო ამბის
მოლოდინში აყოვნებდა.

– არ გესმის? ტელეფონი რეკავს, უპასუხე! – გამოსძახა მეორე ოთახიდან ცოლმა.

თემომ ამოიოხრა და მობილური აიღო.

– დევი, ჰო, თემო ვარ! სად უნდა ვიყო, სახლში ვარ. რა?! მოიცა, შენ რა, არ ხუმრობ?
როგორ თუ, ვერ აკავებენ! ყველა ერთად გაგიჟდით, თუ რაშია საქმე?! როგორმე
დააწყნარე სიტუაცია. ხვდები, რომ ეს ყველაფერი ახვლედიანის ყურამდეც მივა, თუ
უკვე არ მივიდა? მაგის დედაც, ჯანდაბა! ჰო, ახლავე მოვდივარ. აბა, რას ვიზამ... ჩემ
მოსვლამდე რამე ქენი... არ ვიცი, რა, მაგრამ, ქენი...

თემომ მობილური ლამის მაგიდას დაახეთქა და გინებით დაიწყო გაღეღილი


პერანგის შეკვრა. მაკას ფეხის ხმა არ გაუგონია. თავი რომ ასწია, ქალი უკვე მის წინ
იდგა და ისე უყურებდა, თემომ თავი უკანასკნელ ნაძირალად, საშინელ დამნაშავედ
იგრძნო.

– მაკა, მომისმინე... – დაიწყო ყოყმანით.

– არაფრის მოსმენა არ მინდა, ისედაც ყველაფერს ვხვდები. რატომ არ გინდა, აღიარო,


რომ უსინდისო ხარ? გაჩერდი! ხომ გითხარი, არაფრის მოსმენა არ მინდა! მარტო ის
მაინტერესებს, ეს სპექტაკლი რისთვის მოაწყვე, რა გინდოდა ამით დაგემტკიცებინა?

– მაკა, გეფიცები, გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა...

– რა თქმა უნდა. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი გაუთვალისწინებელი შეცდომაა,


ყოველ შემთხვევაში, ასეთად იქცა და მე უკვე ძალიან დავიღალე ამით. მეყოფა.
ხვალვე ვიზრუნებ იმაზე, რომ სადმე შორს წავიდე, ცოტა ხნით მაინც. შენ კი იფიქრე,
კარგად იფიქრე და მითხარი, გჭირდები თუ არა საერთოდ!..

თემო დამბლადაცემულივით იდგა. ცოლის ნათქვამი ყურს ჭრიდა, მაგრამ საჭირო


სიტყვებს, მისთვის პასუხი რომ გაეცა, ვერ პოულობდა. ხვდებოდა, რომ ქალი
თავისებურად მართალიც იყო. სიამოვნებით აღიარებდა ამას და ბოდიშსაც
მოუხდიდა, მაგრამ, ზუსტად იცოდა, ამით სიტუაციას ვერაფრით უშველიდა.
ამიტომ, ხელი ჩაიქნია და წავიდა. მაკა სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. არაფრის
მთქმელი მზერა ტელევიზორს გაუშტერა და გაირინდა...

***

ახვლედიანი შეშლილივით გადმოხტა მანქანიდან და კართან მდგარ პირველივე


რიგით თანამშრომელს ეცა:

– ეს როგორ მოხდა? რანაირად? თქვენ იქ მკვდრები იყავით ყველანი თუ რაშია საქმე?


რას აკეთებდით? ერთმა ლაწირაკმა შეგაშინათ და მთელი სამმართველო თავზე
დაგახურათ? რას მიყურებ ენაჩავარდნილივით, სად არიან?

– მე... მეც თითქმის არაფერი ვიცი, ახლა მოვედი და არაფერი მინახავს. შიგნით
ბიჭებმა იციან – ისინი მორიგეობდნენ.

ახვლედიანი შენობაში შეიჭრა:

– ახლავე მოყევით, რაც მოხდა! – ეცა ერთად მდგარ რამდენიმე თანამშრომელს, – სად
ჯანდაბაში არიან?

– პაპავას კაბინეტში... – გაბედა ერთმა, – ბატონო გიორგი, ჩვენ არაფერი ვიცოდით.


ყველაფერი მოულოდნელად მოხდა... წარმოდგენა არ გვქონდა, რომ პაპავამ...

ახვლედიანმა კბილები გააღრჭიალა:

– არაფრის გაგონება არ მინდა! წარმოდგენა არ გქონდათ... აქ, რა, საბავშვო ბაღია?!


ყველას პასუხს მოგთხოვთ, ვერაფრით გადამირჩებით! მაგრამ, ჯერ პაპავასთან და
მაგის გუნდთან მაქვს საქმე. ძალიან თავს გაუვიდა და ვასწავლი, როგორ უნდა
თვითნებობა... ამ ჩამტვრეულ შუშებს კი ყველას გაზღვევინებთ! ახლა იმდენი მაინც
მოახერხეთ, რომ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებმა არ გაიგონ, თორემ, ვერც ერთი
ვერ გადამირჩებით!..

ახვლედიანმა ლიფტსაც აღარ დაუცადა, სირბილით გავარდა კიბისკენ. ისე ჩქარობდა,


საფეხურებს ახტებოდა და თან გამწარებული იგინებოდა...
***

... მისთვის, იმ მეორე არსებისთვის, გვარში რომ ჩაუსაფრდა, ეს ადვილი იყო.


არავითარი ემოცია, მხოლოდ სიმშვიდის სრული განცდა. როგორც ქირურგი,
რომელიც ოპერაციის შედეგში დარწმუნებულია და დამშვიდებული, სინდისით
იღებს ხელში სკალპელს, ისიც ზუსტად ასე იწყებდა და ამთავრებდა თავის საქმეს –
ხელის აუკანკალებლად, ღიმილითაც კი... არც ფანტაზია ღალატობდა და არც
სინდისი ექაჩებოდა უკან... პროფესიონალი მკვლელებიც ხომ არსებობენ?! თუმცა, ეს
კიდევ სხვა იყო... რაღაც აუხსნელი და იდუმალი ხმის კარნახი – მოწოდება და
წაქეზება... თითქოს მოვალეობის მოხდის სურვილის, რომელსაც კმაყოფილება და
სიამოვნება მოჰქონდა... და, კიდევ, საკუთარი საქციელით გამოწვეული სიამაყის
განცდა და სიხარული...

ახვლედიანი მთელი სხეულით კანკალებდა. არც უცდია სიბრაზის დამალვა.


კაბინეტის კარი ლამის წიხლით შეაღო და ოთახში შევარდა. პაპავა თითქმის მზად
იყო ამისთვის, მაგრამ, მაინც ანერვიულდა.

– თემო პაპავა! შენ მე ვინ გგონივარ? ვინ მოგცა თვითნებობის უფლება და, საერთოდ,
აზრზე თუ ხარ, რას აკეთებ? წლები რომ გაქვს ამ სტრუქტურაში ნამუშევარი, იმიტომ
ხომ არ ფიქრობ, რომ ყველაფერი გეპატიება?! როგორ გაბედე, როგორ გაბედე და არ
ჩამაყენე საქმის კურსში, შენ ვინ ყოფილხარ?! ამას უკვე აღარ გაპატიებ, დაწერ
განცხადებას და წახვალ, აღარ შემიძლია მეტი...

– წავალ, არ არის პრობლემა! – ვეღარ მოითმინა პაპავამაც, – მართლა წავალ! სხვათა


შორის, დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდა.

– მართლა? რას მელაპარაკები?! ისევ შენ ხარ დიდ გულზე? წარმოუდგენელი


თავხედი ხარ შენ, პაპავა! მარტო გაშვებით არ დაგჯერდები, ისეთ პრობლემებს
შეგიქმნი, საერთოდ ვეღარ გაიჭაჭანებ სტრუქტურებში. რატომ არ ჩამაყენე-მეთქი
საქმის კურსში?

– დამშვიდდით, ბატონო გიორგი. მე წავალ და არც სტრუქტურებს გამოვეტირები,


მაგრამ, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.

– ჰო, არა? გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე, მოწმე ღამის გასათევად


საკუთარ კაბინეტში დატოვე, თანაც ისე, რომ მეც კი არ მითხარი. დაფიქრდი, შენ რომ
ჩემს ადგილას იყო, როგორ მოიქცეოდი?! ზუსტად ისე, როგორც მე...

– იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი, – პირქუშად ჩაილაპარაკა თემომ, –


არჩევანი არ მქონდა.
– არა, გქონდა! ტელეფონი უნდა აგეღო და დაგერეკა, ჩემთვის დაგერეკა... მაგრამ,
იცი, რატომ არ დარეკე? ზუსტად იცოდი, რომ არ მოგცემდი იმის უფლებას, რაც
ჩაიდინე. თუ დამნაშავე და ეჭვმიტანილი ის გოგოა, მოგეთხოვა სანქცია და გვაქვს
წინასწარი პატიმრობის საკანი.

– ჯერ არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა და პრობლემაც ეგაა. სწორედ ამიტომაც დავტოვე


ჩემს კაბინეტში.

ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები:

– პაპავა, შენ ხომ არ გააფრინე? ამდენი წელი ამ უწყებაში გაატარე და ვერაფერი


ისწავლე?

– ბატონო გიორგი, თუ არ მომისმენთ, ვერაფერს აგიხსნით, – ამოიოხრა თემომ, –


მგონი, დასაკარგი დრო არ გვაქვს.

– დამცინი?! – ახვლედიანი გაფითრდა, – გეკითხები, დამცინი-მეთქი? დასაკარგი


დრო არ გვაქვს? ჭკუას მარიგებ თუ, იმის თქმა გინდა, რომ მუშაობაში გიშლი ხელს?
ხომ ნახე, რა მოხდა? იმ ბიჭმა, ფანჯრები ხომ ჩაამტვრია, მთელი სამმართველო
თავზე დაიხვია ღრიალით და წეღან დამირეკეს, მინისტრის ყურამდე მისულა ეს
ამბავი. როგორ გგონია, ასე მარტივად ჩაივლის?

– უკვე გითხარით, არჩევანი არ მქონდა-მეთქი.

– ეგ, მინისტრი რომ დაგიბარებს, იმას მოუყევი... ჰმ, მოწმე დაიტოვა თავის
კაბინეტში, ღამის გასათევად... რომელი ჭკუათმყოფელი გამომძიებელი გააკეთებდა
ამას?

– ის გოგო, მხოლოდ მოწმე არ არის. ვცდილობ, ეს აგიხსნათ. ძალიან მნიშვნელოვანი


ინფორმაცია მოგვცა და, ამ ინფორმაციის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე,
მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

– სამაგიეროდ, ისეთი პრობლემა შექმენი, ეგ შენი მნიშვნელოვანი ინფორმაცია


საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი.

– მე ასე არ ვფიქრობ, – არც უფიქრია დათმობა პაპავას. ახვლედიანს ისევ ეცვალა


ფერი:

– ხომ არ გინდა, მინისტრთან ბოდიშის მოსახდელად შენს მაგივრად წავიდე, შენ კი


საშუალება მოგცე, თვითნებობა გააგრძელო?

– მე მუშაობის საშუალება მინდა, მეტს არაფერს ვითხოვ.


– პაპავა, შენ იცი, რომელი საათია?

– ვიცი და იმიტომაც ვითხოვ, მომცეთ მუშაობის საშუალება. რამდენიმე ძალიან


მნიშვნელოვანი დეტალი მაქვს გამოსარკვევი.

– დააკავონ ის ბიჭი ხულიგნობისთვის, შენ კი ჩემს კაბინეტში შემობრძანდი.


მინისტრს უნდა დავურეკო და ინციდენტის დეტალები მოვახსენო. შენც გვერდით
მეყოლები, იმიტომ რომ, ყველფრის საქმის კურსში ბრძანდები.

კაბინეტის კარი დევიმ შემოაღო.

– მაჩაბელო, შემობრძანდი... სწორედ დროულად მოხვედი. კიდევ გყავთ


თანამზრახველები თუ მარტო თქვენ ორმა დაგეგმეთ ეს ცირკი?

– ბატონო გიორგი, ჩვენ საქმისთვის ვცდილობდით, საერთო საქმისთვის.

– შენი შავი იუმორის გუნებაზე არ ვარ და, გირჩევნია, გაჩუმდე. გესმის? გაჩუმდი! –
ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა ახვლედიანს, – ორივეს გაგიშვებთ სამსახურიდან!

დევიმ პაპავას ანიშნა, ახლა მე მაცალეო და ახვლედიანს მიუახლოვდა.

– ბატონო გიორგი, თუ თქვენ მოინდომებთ, აუცილებლად მოახერხებთ მინისტრის


დარწმუნებას, რომ ყველაფერი საქმის სასიკეთოდ გაკეთდა. თქვით, რომ ეს თქვენი
ინიციატივა და გადაწყვეტილება იყო. თქვენს ადგილას, მე ასე მოვიქცეოდი –
საკუთარ რეპუტაციასაც ვიხსნიდი და განყოფილების პრესტიჟსაც.

ახვლედიანი გაშრა. ერთბაშად ისიც კი ვერ მოიფიქრა, რა ეპასუხა. დევიმ მისი


დაბნეულობით ისარგებლა.

– ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, როგორმე არც ერთი საქმე არ დარჩეს
მოუხსენებელი და თქვენ პრობლემა არ შეგექმნათ. რას იტყვის მინისტრი, თუ
გაიგებს, რომ ამდენ, ხანს ერთ ადგილს ვტკეპნიდით და, როგორც კი რაღაც შანსი
გაჩნდა, თქვენ შეგვიშალეთ ხელი, მას მოვჭიდებოდით?!

– მაჩაბელო, ამას მე მეუბნები? მე?

– ვიცი, ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ, რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.

– მაჩაბელო, ცინიკოსი ხარ. გაჩუმდი, ჭკუიდან არ გადამიყვანო!

– მე ჩემი გითხარით. იმ ხალხსაც რაღაც უნდა მოვუხერხოთ. გათენდება, სადაც არის.


თუ ვიჭერთ, ეგეც უნდა ვუთხრათ.
პაპავამ ახვლედიანს შეხედა.

– რას მიყურებ? შენ დაიწყე და შენვე დაამთავრე. ოღონდ, არც იფიქრო, უჩემოდ ერთი
სიტყვა მაინც თქვა. ყველაფერი უნდა გავიგო. აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი.
შემოიყვანონ ის ვაჟბატონი და თქვას, ეს რატომ გააკეთა.

დევი შეყოყმანდა:

– მე ვიცი, ბატონო გიორგი, ეს რატომაც გააკეთა. მე ვიყავი იქ, იმ გოგოსთან მე


დავრჩი.

ახვლედიანმა ხელები გაასავსავა.

– ამათ ვის გადავეკიდე!.. შენ ექსპერტი ხარ თუ ძიძა? რას რჩებოდი? ვინ დაგავალა?
თუმცა, დამავიწყდა, რა თქმა უნდა, პაპავამ.

– გოგო სერიოზული მოწმეა და სახლში ვერ გავუშვებდით. ვერც დავაკავებდით.

– რატომ? თუ მიგაჩნიათ, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს, სანქციას მიიღებდით


და იქნებოდა წინასწარი დაკავების საკანში. პაპავა, შენ როდის აქეთ შეითავსე
ადვოკატის ფუნქცია? არ მითხრა, რომ შენში კაცთმოყვარეობამ იმძლავრა და
გულჩვილობამ წაგიყვანა ამაზე.

– ამის თქმას არც ვაპირებ. არ მისმენთ და როგორ აგიხსნით?

– არაფრის ახსნა არ მჭირდება. გოგო თვითნებურად დააკავეთ, ბიჭი – მოგივარდათ.


რეალურად ხომ ეს მოხდა? ძალიან კარგად მოიფიქრეთ.

– გოგო ფეხმძიმედ არის. არსებობს ეჭვი, რომ, შესაძლოა, მოკლულისგან. ეს


დანაშაულის მთელ სურათს ცვლის. საქმე გაიხსნება.

– კარგი, გააკეთე, რისი გაკეთებაც გინდოდა, მაგრამ, ჩემი თანდასწრებით, –


მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გატყდა ახვლედიანი, და მაშინვე დაამატა, – ბიჭს
აუცილებლად დავაკავებთ ბოროტი ხულიგნობისთვის...

***

... შეიძლება, ეს ინსტინქტი იყო, ან, სულაც, კომპლექსის განსაკუთრებული ფორმა,


გამოვლენილი მხეცურ ჟინსა და სურვილში – სურვილში, დამსახურებულის
მიღებისა. თვითონ იყო ბრალმდებელიც და სასჯელის აღმსრულებელიც, რაც იმ
მომენტში ისეთ ძალას მისცემდა, ეჭვიც არ ეპარებოდა საკუთარ წარმატებაში.
სინდისის ქენჯნას მაშინაც არ გრძნობდა, როცა ყველაფერი მთავრდებოდა. თავიდან
ეკითხებოდა კიდეც საკუთარ თავს – აბა, განიცდი მომხდარს თუ არაო და, ბედნიერი
იმით, რომ ოდნავაც არ მოდიოდა კონფლიქტში შინაგან „მესთან“, რაღაც პერიოდის
შემდეგ, ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი... ამჯერადაც არ აჰკანკალებია ხელი...
ამჯერადაც თავდაჯერებული, მშვიდი და უემოციო იყო... არაფერი ახალი ან
განსხვავებული. მერე რაღაცას თუ ვიღაცას გაუღიმა და ვალმოხდილმა შვებით
ამოისუნთქა...

***

ახვლედიანი სავარძელში იჯდა და იქიდან აკვირდებოდა მოსაუბრეებს. ბრაზს ჯერ


კიდევ არ გაევლო და დროდადრო ტუჩებს იკვნეტდა, თან წამდაუწუმ მობილურზე
იხედებოდა, თითქოს ვიღაცის ზარს ელოდებოდა.

პაპავამ ახალგაზრდა კაცს გამომცდელი, ეჭვით სავსე მზერა შეავლო:

– იცით, ხულიგნობისთვის ხუთ წლამდე პატიმრობა გელოდებათ.

ბიჭმა დამცინავად ჩაიღიმა. პაპავამ წარბი შეიკრა:

– ტყუილად გეცინებათ. სამართალდამცავ უწყებაზე აგრესიის განხორციელება,


სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანება, სამართალდამცველების
დაუმორჩილებლობა და მათ მიმართ აგრესიის გამოვლენა... გავაგრძელო?

ბიჭს ფერი ეცვალა:

– მე ჩემი ცოლის ნახვა მინდოდა... ამ ყველაფერზე არ მიფიქრია.

– ძალიან ცუდი, რომ არ გიფიქრიათ, მაგრამ, არა უშავს, ფიქრის დრო კიდევ
გექნებათ, თანაც, საკმაოდ ბევრი. იჯდები, იფიქრებ და იფიქრებ და, შეიძლება,
ძალიან საინტერესო რამეც მოიფიქრო.

– რატომ მემუქრებით და მაშინებთ? ხომ გითხარით, ნიას გამო ავღელდი-მეთქი...


თქვენმა თანამშრომელმა რომ მითხრა, ღამეს, სავარაუდოდ, განყოფილებაში
გაათევსო, ნერვებმა მიმტყუნა.

– ვიცი, მესმის... მაგრამ, დანაშაული ჩადენილია და ფაქტს ვერსად წავუვალთ.

– ეს რას ნიშნავს, უნდა დამაპატიმროთ?

პაპავამ თავი დაუქნია და მარიკას გადახედა.

– მე განზრახ არ დამიშავებია, გეფიცებით.


– მე არ ვამბობ, რომ არ მჯერა შენი, მაგრამ, კიდევ გიმეორებ: კანონი დაარღვიე და
პასუხიც უნდა აგო. აქ, სამმართველოში მოგვივარდი შუაღამისას... სულ რომ
არაფერი დაგეშავებინა მეტი, ესეც სრულიად საკმარისი იქნებოდა, გისოსებს მიღმა
გამოგვეკეტე. დანარჩენი, რაც ჩაიდინე, ჩვენზე კარგად იცი.

– ნია ფეხმძიმედ არის... აქ ვერ დავტოვებდი, – ჯიუტად გაიმეორა ბიჭმა. თავი ასწია
და გამომძიებელს თვალებში შეხედა, – თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?

– მე? – პაპავა ჩაფიქრდა, – გულახდილად გითხრა? კარგი, გეტყვი: მე ისე


მოვიქცეოდი, ჩემი შეყვარებული იძულებული არ გამხდარიყო, აბორტის
ფულისთვის თავი დაემცირებინა. სხვათა შორის, სწორედ შენი განსაკუთრებული
მზრუნველობის გამო, ნია ახლა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ახალგაზრდა კაცი შეხტა და ფეხზე წამოვარდა:

– ვინ არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი? ნია? იმ გახრწნილი ბებრის მკვლელობას


აბრალებთ? შეიშალეთ?!.

– ცოტა დამშვიდდით, ისედაც ცუდად გაქვთ საქმე, – გააფრთხილა პაპავამ.

– ნუ მემუქრებით! მეც გამეგება რაღაც და ვიცი, ჩემი ცოლი ტყუილად რომ გყავდათ
დაკავებული. რა უფლებით გამოკეტეთ თქვენს კაბინეტში?

– ცოლი? – პაპავამ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები, – ცოლი? კონკრეტულად


მოქალაქესთან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფებით. მით უმეტეს, კონკრეტულ
მომენტში, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ. გოგონამ გვითხრა, რომ აბორტის
გაკეთებას აიძულებდით.

ბიჭი გაფითრდა:

– ნიამ თქვა? ნიამ თქვა ეს?

– დიახ და ისიც გვითხრა, რომ საერთოდ მოიშორეთ თავიდან – ფულიც შენ იშოვე და
მაგ პრობლემისგანაც შენ თვითონ გათავისუფლდიო. იმანაც, უკეთესი ვერაფერი
მოიფიქრა და აბორტისთვის ფული ნოდიას სთხოვა, თუ მოსთხოვა. თქვენი
შეყვარებული, თუ საცოლე როგორც გინდათ, ისე დაარქვით, უკანასკნელი იყო, ვის
სატელეფონო ზარსაც გარდაცვლილმა უპასუხა. ასე რომ, ის ერთ-ერთი
ეჭვმიტანილია. თუ გაინტერესებთ, რა სამხილები გვაქვს მის წინააღმდეგ, მაგასაც
გეტყვით. ოღონდ, ცოტა მოგვიანებით. როცა ჯერ თქვენს ბრალეულობას
მოგახსენებთ.

– ნიას იმ ბინძურ კაცთან არაფერი აკავშირებდა! – იფეთქა ბიჭმა.


– მართლა? თქვენ კი მაინც ეჭვიანობდით. რატომ? – თემო გამომცდელად ჩააშტერდა
ბიჭს. იმანაც მაშინვე ვერ მოაბა სათქმელს თავი და რამდენიმე წამი კაბინეტში
სრული სიჩუმე იყო. ახვლედიანი გაფაციცებული უსმენდა გამომძიებლისა და ბიჭის
საუბარს.

– მართალია, ვეჭვიანობდი, არ უარვყოფ. არ შემეძლო იმის გაფიქრებაც კი, რომ ნიას


მასთან რამე ურთიერთობა ჰქონდა.

– რა ურთიერთობაზე ეჭვობდით? აჯობებს, ყველაფერი თქვათ.

– მე ზოგადად ეჭვიანი ვარ, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ბიჭმა.

პაპავამ თავი გააქნია:

– არა, ასე არაფერი გამოვა. მოდი, გულახდილები ვიყოთ. შენ და შენს შეყვარებულს
ერთადერთი შანსი გაქვთ – გამოძიებასთან თანამშრომლობა, სხვა შემთხვევაში,
პატიმრობა არ აგცდებათ.

– თქვენ დაგვიჭერთ?

– მე კი არა, კანონი დაგიჭერთ.

– რატომ? ის ღორი ჩვენ არ მოგვიკლავს. მასზე ხელს არ გავისვრიდი.

– მართლა? მეც ვფიქრობ, რომ არ უნდა მოგეკლათ, მაგრამ, ჯერჯერობით, ის


ფაქტები, რაც ხელთ გვაქვს, მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს.

ბიჭმა ამოიოხრა და თავი ხელისგულებში ჩარგო.

– იდიოტი ვარ, ეჭვიანი იდიოტი და ყველაფერი ჩემი ბრალია. ერთადერთი ჩვენი


დანაშაული ის არის, რომ რაღაც მომენტში ერთმანეთს ვერ გავუგეთ – შეიძლება, ჩემი
სულელური ეჭვიანობის გამო, შეიძლება, პასუხისმგებლობისაც შემეშინდა... თუმცა,
გეფიცებით, როგორც კი გავაცნობიერე ჩემი საქციელი, მაშინვე დავუწყე ნიას ძებნა,
მაგრამ, მობილური გათიშული ჰქონდა, მერე თქვენი თანამშრომელიც შემხვდა.

– აჰა, ესე იგი, მარიკამ გითხრა, რომ გოგონა დაკავებული გვყავდა? – პირველად
ამოიღო ხმა ახვლედიანმა, – დაუძახე, შემოვიდეს, – მიუბრუნდა პაპავას.
გამომძიებელს ძალიან არ მოეწონა, უფროსის უადგილო აქტიურობა, თუმცა,
წინააღმდეგობა არ გაუწევია: დარეკა და მარიკას მასთან მისვლა სთხოვა. მაგრამ,
კაბინეტში მარიკას ნაცვლად დევი შევიდა. თემოსთან მივიდა და ხმადაბლა რაღაც
უთხრა. ახვლედიანი მაშინვე დაინტერესდა:
– აბა, რა ხდება? სად არის მარიკა?

პაპავა იძულებული გახდა, ეპასუხა:

– დაკავებულთან არის. ჯერ იქაა საჭირო.

– კარგი. მაშინ, მე მივალ და დაველაპარაკები, – ახვლედიანი ადგა და ოთახიდან


გავიდა. თემომ უკმაყოფილოდ გახედა და დევის სახელოზე დაქაჩა.

– გაჰყევი, რა... ხომ ხვდები...

– გასაგებია... მგონი, გადავრჩით, ხომ იცი... – თვალი ჩაუკრა დევიმ.

– მერე ვილაპარაკოთ....

დაკავებულთან პირისპირ დარჩენილმა პაპავამ შვებით ამოისუნთქა და გადაწყვიტა,


მისთვის ამოსუნთქვის საშუალება აღარ მიეცა.

– მოკლედ, ცოტა დრო მაქვს, ბევრს ვეღარ იფიქრებ. ითანამშრომლებ ჩემთან?

ბიჭმა ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა და თავი დააქნია. თემომ კმაყოფილებით გაიღიმა...

***

მარიკა ამაოდ ცდილობდა ისტერიკაში ჩავარდნილი ნიას დამშვიდებას:

– ტირილით ვერაფერს უშველი. ნახე, რა მოხდა? შენც დაკავებული ხარ და შენი


შეყვარებულიც. ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ფეხმძიმედ ხარ. ციხეში ვერ
გაძლებ... მე ველაპარაკე შენს შეყვარებულს, მერე რაც მოხდა – იცი, აქ მოგვივარდა,
შენობის მინები ჩაამსხვრია... შენი შველა უნდოდა და ახლა ისიც დააკავეს.

– ჩემს საშველად მოვიდა? – იკითხა ნიამ უნდოდ.

– მგონი, ჰო. გამოდის, ჰყვარებიხარ, ან, რაღაც ისეთი იცი, რისი გამხელაც მას
სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

გოგო ძალიან გვიან ჩაწვდა მისი სიტყვების შინაარსს და შეშინებულმა წამწამები


დაახამხამა:

– რა?! რა ვიცი?..

– აი, ეგ უკვე შენ უნდა გვითხრა.


– რაც ვიცოდი, ყველაფერი გითხარით.

მარიკას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, ვეღარ მოასწრო. ახვლედიანის


დანახვას არ ელოდა, ამიტომ დაიბნა.

– პატივცემულო მარიკა, მდივნის ოთახში გამობრძანდით, თუ შეიძლება. სალაპარაკო


მაქვს, – გაიმკაცრა ხმა ახვლედიანმა.

– ბატონო გიორგი, მოწმის დაკითხვას ვაწარმოებ.

– ჯერ ჩემს შეკითხვებს უპასუხებ და მერე გააგრძელებ დაკითხვას.

მარიკა იძულებული გახდა, უკან გაჰყოლოდა.

– მაგ გაწრიპული გოგოს გამო ატყდა მთელი ამბავი? იცი, რომ შენი
გაუფრთხილებლობის გამო მოგვივარდა ის ბიჭი?

– ბატონო გიორგი...

– რაო, რისი თქმა გინდა? – ენა მოუჩლიქა ახვლედიანმა, – იცი, რომ მინისტრი ლამის
ყოველ ნახევარ საათში მირეკავს?! ტიპმა შუაღამისას მთელი სამმართველო დაიხვია
თავზე. დაცვას აგინა და შუშები ჩაამსხვრია. პაპავა ხომ დამნაშავეა და თავისას
მიიღებს, მაგრამ, შენც ვერ გადამირჩები. ჩემზეა დამოკიდებული, სტაჟიორად
დარჩები და მუშაობას გააგრძელებ თუ არა.

– დიახ, ვიცი.

– მერე, როგორ იქცევი, თუ იცი?.. – გამოაჯავრა ახვლედიანმა.

– მე პაპავას ვეხმარები და საერთო საქმეს ვაკეთებთ.

– „საერთო საქმე“... უკვე მერამდენედ მესმის ერთი და იგივე სისულელე. მოკლედ,


ასე... უნდა დამიჯერო და დამეხმარო.

– მე დაგეხმაროთ? უკაცრავად, მაგრამ, მართლა ვერაფერი გავიგე.

– ასეთი მიუხვედრელიც რომ არ ხარ? კარგი. უფრო გასაგებად გეტყვი: ყველაფერი


უნდა ვიცოდე, რასაც პაპავა დაგეგმავს. ხომ ძალიან ადვილია?

– მაინც ვერაფერი გავიგე.


– ძალიან კარგად გაიგე, ძალიან კარგად... ახლა... ყველაფერი, ანუ, შენი მომავალი,
მხოლოდ შენზეა დამოკიდებული...

***

ქალმა კარი გააღო... დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვა არ გაუხარდა, თუმცა, არც


გაუკვირდა.

– ვიფიქრე, იმას მაინც დამაცდიდით, ქმარი დამემარხა.

– მესმის თქვენი, მაგრამ, ჩვენიც უნდა გაიგოთ, სამუშაო გვაქვს. სულ რამდენიმე
კითხვას დაგისვამთ.

– შემობრძანდით, – ქალი გვერდზე გადგა და კაცს გზა დაუთმო, – ისე, მე მეორეს


ველოდი.

– მეორეს?.. ა, ვხვდები, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ასე რომ...

ქალმა მხრები აიჩეჩა.

– ნაკლებად მაინტერესებს, ერთად მუშაობთ თუ ცალ-ცალკე. ეს არც ჩემი საქმეა და


არც ჩემი პრობლემა. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ მაღელვებს, დაიჭერთ, თუ არა
მკვლელს.

– ძალიან უცნაურია, ამას რომ ამბობთ, ქალბატონო. შეიძლება, ქმარი არ გიყვარდათ,


მაგრამ, იმ ადამიანისთვის, ვინც მის მკვლელობას იძიებს, ასეთი რამის თქმა...

– უკეთესი იქნება, თუ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ გიჟური სურვილი მაქვს,


მკვლელი ვიპოვო და საკუთარი ხელით გავუსწორდე? ჰო, მაგრამ, ეს ტყუილი იქნება.
ჩემმა ქმარმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. მე ამას ველოდი.

კაცმა გაოცება ვერ დამალა:

– საინტერესო გულახდილობაა, ქალბატონო. შეიძლება, ვიფიქრო, რომ


დაინტერესებული იყავით ქმრის სიკვდილით.

– დაინტერესებული? ანუ, შეიძლება, მე მოვაკვლევინე? სამწუხაროდ, ჩემი მორალი


და რწმენა არ მომცემდა ამის გაკეთების უფლებას, მაგრამ, როგორც გინდათ, ისე
იფიქრეთ, თქვენი ნებაა.

– ჰო, მაგრამ თქვენ ორი შვილი გყავთ... თქვენი ვაჟიშვილი...


ქალი ერთბაშად წამოენთო:

– ჩემი ვაჟიშვილი რა შუაშია?!

– მასთან საუბარი მინდოდა.

– შეუძლებელია, კიევში გაემგზავრა – ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ბიზნესს... – ქალმა


თამამად შეხედა სახეში და უცნაურად გაიღიმა.

– როგორც ვხედავ, საკუთარ ქმარზე დიდი წარმოდგენის არ ყოფილხართ.

– ასე მეტყობა? ჰო, არ ვიყავი. მაგრამ, ეს საკმარისი მოტივია მკვლელობისთვის?

დევიმ მხრები აიჩეჩა:

– ალბათ, არა. თუმცა, ვინ იცის. აღიარებთ, რომ ქმრის სიკვდილი თქვენთვის შვება
იყო?

ქალი შეიჭმუხნა:

– ძალიან უცნაურ შეკითხვებს მისვამთ, ბატონო გამომძიებელო. შეიძლება, იყო


კიდეც, მაგრამ, ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

– ალბათ, აქვს, რადგან გეკითხებით.

– ჩემი ქმარი დარწმუნებული იყო, რომ ეს ქვეყანა მისი სიამოვნებისთვის არსებობდა.


თუმცა, რაში ხედავდა სიამოვნებას, ეს კიდევ სხვა თემაა. თუ გაინტერესებთ, მე
მოვკალი თუ არა, გპასუხობთ: არა! თუმცა, მისი სიკვდილი აშკარად არ მწყინს. კიდევ
რა გაინტერესებთ?

– მამა-შვილის დამოკიდებულება. როდის დაბრუნდება თქვენი ვაჟიშვილი


კიევიდან?

– არ ვიცი... იქ ყველაფერი თავდაყირაა. დრო სჭირდება, პრობლემები რომ


მოაგვაროს.

– თქვენს ვაჟიშვილსაც მიაჩნდა, რომ მამამისი სიკვდილს იმსახურებდა?

ქალმა თვალები მოწკურა:

– რომ არ გიპასუხოთ, დანაშაულში ჩამეთვლება?


– არა. მაგრამ, სასურველია, მიპასუხოთ.

– ჯერ რომ მე გკითხოთ?

– რა უნდა მკითხოთ? თუმცა, მნიშვნელობა არა აქვს, შეგიძლიათ, მკითხოთ.

ქალმა ხანმოკლე პაუზა გააკეთა და მოულოდნელად სთხოვა:

– სიგარეტი მომაწევინეთ, თუ შეიძლება.

დევიმ სიგარეტის კოლოფი და სანთებელა გაუწოდა.

– აი, ინებეთ. მაგრამ, იცოდეთ, ამით მიმახვედრეთ, რომ ძალიან ღელავთ.

– რა თქმა უნდა, ვღელავ. ვცდილობ, თქვენი მოსვლის მიზეზი გავიგო.

– მიზეზი მარტივია: თქვენი ქმარი მოკლეს. მკვლელი დაკავებული არ არის. წესით,


თავად უნდა იყოთ დაინტერესებული მისი პოვნით.

ქალმა ხარბად მოქაჩა სიგარეტი და გაიღიმა:

– უნუგეშო ქვრივს არ ვგავარ, – ამის თქმა გინდათ? მართალი ბრძანდებით. არაფერი


მაქვს დასამალი, არ მწყენია მისი სიკვდილი. მეტსაც გეტყვით, ეს ჩემი და ჩემი
შვილისთვის ნამდვილი ხსნა იყო. მაგრამ, არ მოგვიკლავს. არ გჯერათ ჩემი?

დევიმ სიგარეტის კოლოფზე მიუთითა:

– თქვენის ნებართვით... გაინტერესებთ, მჯერა თუ არა? არსებობს ასეთი გამოთქმა:


„თუ საკუთარი თავი თავად არ მოიტყუე, ვერავინ მოგატყუებს“. მე ამ თეორიის
მიმდევარი ვარ. ზოგჯერ ძალიან გვღალატობს ლოგიკა და ვცდილობთ, ხალხს თავი
ბედნიერად მოვაჩვენოთ და, სწორედ ამ დროს ვუშვებთ სერიოზულ შეცდომას.

– გეთანხმებით. ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს კარტის თამაშს გამოცდილ შულერთან


– იცი, რომ მოგატყუებს, მაგრამ, მაინც ეთამაშები, თან, მოგების იმედიც გაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ მოგვცა „უსაფრთხოების ბალიშები“, მაინც
მტკივნეულად ვეჯახებით რიფებს და გვგონია, რომ ესეც კანონზომიერი მოვლენაა.

დევიმ ქალს აღფრთოვანებით შეხედა:

– სოფიზმის მიმდევრები ამბობენ, ადამიანი, რომელიც საკუთარ სისულელეს ამჩნევს


და აღიარებს, სულელი არ არისო. უნდა ვაღიარო, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინეთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გთხოვოთ, დაუკავშირდეთ
თქვენს ვაჟიშვილს და უთხრათ, ჩამოვიდეს. მისივე ინტერესებიდან გამომდინარე,
აჯობებს, თუ გამოძიებას არ დაემალება.

– ჩემი შვილი არ იმალება. გითხარით, საქმეზეა წასული.

– ძალიან კარგი. მაშინ, მალე მოაგვაროს „საქმე“ და ჩვენთან მოვიდეს. კარგად


ბრძანდებოდეთ. სიგარეტი შეგიძლიათ, დაიტოვოთ...

***

... ქალი ფანჯარასთან იდგა და ჩუმად ეწეოდა. მშვიდი, არაფრისმთქმელი სახე


ჰქონდა, ოდნავ სევდიანი მზერა და ამოუცნობი ღიმილი. ბიჭი ნელა მიუახლოვდა:

– დედა...

ქალი არ შემობრუნებულა. ერთი უმნიშვნელო ჟესტითაც არ უგრძნობინებია, რომ


გაიგონა მისი ძახილი. ბიჭმა მხარზე შეახო ხელი:

– დედი...

– მესმის, ნიკა... რამის თქმა გინდა?

– ჰო. თუმცა, არ ვიცი... ზოგჯერ მგონია, რომ შენ შენ არა ხარ...

– მერე, რა არის ამაში უცნაური ან შემაშფოთებელი? ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ მე მე


არა ვარ და ეს ბუნებრივია. ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს.

– და... ერთმანეთს?

– ბუნებრივია. მაგრამ შენ ეს არ გაწუხებს, ხომ მართალია? იმ გოგოზე ფიქრობ. ხომ


გითხარი, გავიცნობ-მეთქი.

– მითხარი, მაგრამ...

ქალი შემობრუნდა და შვილს თვალებში ჩახედა:

– ნიკა, ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მზად ვარ, მივიღო


ადამიანი, რომელიც შენ გეყვარება, მაგრამ, თუ შენ არ ხარ დარწმუნებული შენს
გრძნობაში, მაშინ მე ვერაფრით დაგეხმარები.

– არა, არა... დარწმუნებული ვარ. სულ ამაზე ვფიქრობ და ვხვდები, რომ ის არის,
ვისაც ვეძებდი.
ქალმა შეუმჩნევლად ამოიოხრა:

– კარგია. მიხარია.

ნიკამ მხრებზე მოხვია ხელები და თავით მკერდზე მიეხუტა.

– ძალიან მიყვარხარ, დედა...

– ვიცი... და, არ გინდა სენტიმენტები. ხომ იცი, არ მომწონს, როცა ცდილობ, გული
ამიჩვილო... – ქალმა ნაძალადევად გაიღიმა და მისი მკვლავებიდან თავის დახსნას
შეეცადა.

– იცი, სულ ვფიქრობ, რომ მარტო არ უნდა იყო... – თქვა უცებ ნიკამ, – მესმის, რომ
მამაჩემი ძალიან გიყვარდა, მაგრამ...

ქალს სახე გაუქვავდა და შვილი ხელის მკვეთრი აქნევით გააჩუმა:

– არ გვინდა ამაზე ლაპარაკი! რამდენჯერ მითქვამს, ჩემს სულში ხელის ფათურის


უფლებას შენც კი ვერ მოგცემ.

– მე უბრალოდ, მინდოდა...

– ჰო, ვიცი, რაც გინდოდა და გთხოვ, ამაზე არასოდეს დამელაპარაკო. მარიკას კი


გავიცნობ. როცა გინდა და სადაც გინდა, შევხვდები. გპირდები, ჩემი მხრიდან
პრობლემა არ არსებობს...

***

დევიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი:

– მიყვარს ჭკვიანი ქალები... როგორც დიდი სოკრატე ბრძანებდა, მე მხოლოდ ის


ვიცი, რომ არაფერი ვიციო. მომხიბლა იმ ქალმა და მიკვირს, იმ ნაძირალას გვერდით
როგორ ცხოვრობდა. თუმცა, რამდენადაც ქალბატონებს ვიცნობ, ესეც არ უნდა
მიკვირდეს. შედეგი კი ისაა, რომ ისევ დავბრუნდით საწყის მდგომარეობაში – მე
მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი...

თემომ თავი ასწია:

– ზოგჯერ ისე მშურს შენი...

დევიმ გაუღიმა:
– სულ ტყუილად... შენც შეგიძლია, ცხოვრებას მარტივად შეხედო.

– არა, არ შემიძლია. მაშინ შენსავით ცოტათი ჭკუასუსტი უნდა ვიყო.

– არ მწყინს. ადამიანს ჩვევად აქვს, დაამციროს ის, რაც მოსწონს, მაგრამ მისთვის
მიუწვდომელია.

– შენ წუხელ სიზმარში სოკრატე ხომ არ ნახე?

– სამწუხაროდ, არა. დიდი ხანია, არამატერიალისტურის ხორცშესხმა აღარ გამომდის.


შენ კი აშკარად კოშმარი გესიზმრა. აბა, რა მოხდა?

– მაკა დედამისთან გადავიდა. სახლში აღარ დამხვდა – თავისი ნივთები აუღია და


წასულა.

– მესმის მისი, ლოგიკური დასასრულია, – თანაგრძნობით დაუქნია თავი დევიმ.


თემო გაბრაზდა:

– იმისი გესმის და ჩემი არა?!

– შენიც მესმის... მაგრამ, ეს რას ცვლის? – არაფერს. ისე, პრინციპში, სწორი


გადაწყვეტილება მიუღია და შენთვისაც ასე აჯობებს. ცოტა ხანს ერთმანეთისგან
დაისვენებთ.

– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. მაკას არ იცნობ? გამიჭირდება მისი დაყოლიება, რომ


დაბრუნდეს.

დევიმ მხრები აიჩეჩა:

– შენც, ნუ ეცდები დააბრუნო. აცადე ცოტა ხანს, იფიქროს და, თუ მიხვდება, რომ
დაბრუნებაა უკეთესი, თავისით დაბრუნდება.

– ძალიან ადვილად ლაპარაკობ... მარტივად...

– იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართლა ძალიან მარტივია.

– მოიცა და... რომ არ დაბრუნდეს?

– ჰო, ესეც შესაძლებელია, მაგრამ, რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ეს მისი


გადაწყვეტილება იქნება და შენ ვერაფერს შეცვლი.
თემო გაწითლდა. მაცივრიდან მინერალური წყალი გამოიღო. ბოთლი თითქმის
ბოლომდე გამოცალა და ხმაურით შეაგდო უკან.

– კარგი. დავუშვათ, დაგეთანხმე... რომ მიყვარს, ეს არაფერს ნიშნავს, სულ არაფერს?

დევიმ ხელები გაშალა:

– ვერ ვხვდები, ჩემგან რას მოითხოვ. მე ხომ ვერ გაპატიებ და შეგირიგდები?

– საპატიებელი არაფერი მჭირს და შენ ეს კარგად იცი.

– მე ვიცი, მაგრამ, ვეჭვობ, მაკამაც იცოდეს. რა დაგემართა, დამშვიდდი, მაკასაც


უყვარხარ. გაბრაზება გაუვლის და მოვა. შენ ეს მითხარი, ჩვენი რომეოსა და
ჯულიეტას ამბავი როგორ გადაწყდა?

– ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოვართვით და დროებით


გავათავისუფლეთ.

– მხოლოდ დროებით?

– აბა, რა მექნა? იმ ბიჭმა ფანჯრები ჩაგვიმსხვრია. კიდევ კარგი, გადავრჩით და ეს


ამბავი არ გახმაურდა. ახვლედიანი გიჟს ჰგავს. მინისტრიც გაბრაზებულია.

– ანუ, დავიჭერთ?

თემომ ხელი ჩაიქნია:

– ჩვენ რას დავიჭერთ. ეს ჩვენს განყოფილებას არ ეხება. დაიჭირონ, თუკი ასე უნდათ.
მე სხვა საზრუნავ-საფიქრალიც საკმარისზე მეტი მაქვს.

დევიმ თანაგრძნობით შეხედა:

– თუ გინდა, მაკას მე დაველაპარაკები.

– არ ვიცი. იქნებ, მართალი ხარ ცოტა უნდა ვაცადო... – თემომ ამოიოხრა და


აწკრიალებულ ტელეფონს დასწვდა...

ქალმა ჩანაწერების წიგნი აიღო და დაწერა: „ტრადიციულად, ინტელიგენტი –


ფრთხილი, მოუხერხებელი და მორცხვი არსებაა... გაუბედავიც... მაშინ, როცა
ველური ყველაფერზე მიდის. ის აქტიურიც არის და თავდაჯერებულიც. ველურს არ
აწუხებს კომპლექსები, პირდაპირ გადადის შეტევაზე და ხშირად რჩება მოგებული.
თუმცა, ის მაინც ბოროტია და შურიანი – თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მას
ჰკარნახობს, რომ სხვაზე ნაკლებია, შობს აგრესიასა და სისასტიკეს... ფილოსოფოსმა
რენე დეკარტმა შური სიძულვილში შერეულ სევდას შეადარა, გულის დაწყვეტას,
თუმცა აგრესიულს, როცა ხედავ, როგორ ნებივრობს ვიღაც ამქვეყნიურ სიკეთეში,
თუმცა ამას არ იმსახურებს... – აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ გაბოროტდე...
ადამიანებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ მასწავლა, რომ არასოდეს არავის არ უნდა
ენდო ბოლომდე, საკუთარ თავსაც კი...“ – ქალმა კალამი დადო და წიგნაკი კომოდის
უჯრაში, თეთრეულის ქვეშ ამოდო.
– დედა, შეიძლება, შემოვიდე?
– ნიკა კართან იდგა და გულზე ხელდაკრეფილი უყურებდა. ქალი შეცბა და უჯრა
გასაღებით ჩაკეტა. ნიკუშას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– გინდოდა რამე? – ჰკითხა ქალმა.
– ჰო. როდის მიდიხარ სემინარზე?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში. ამას შენთვის მნიშვნელობა
აქვს? გჭირდები რამეში?
– არა, ისე დავინტერესდი. არ მიყვარს, როცა დიდი ხნით მიდიხარ.
– დიდი ხნით არ მივდივარ, ხუთ დღეში ჩამოვალ. შენ თუ ფიქრობ, რომ ის გოგო
წასვლამდე უნდა გავიცნო, მოიყვანე და გავიცნობ... თუნდაც ხვალ.
– აქ მოვიყვანო? სახლში? – ცოტა არ იყოს გაოცებით იკითხა ნიკამ.
– ჰო. პრობლემას რაში ხედავ? თუ ასე სერიოზულად გაქვთ საქმე, მგონი, მისი
ოჯახში მოყვანა აჯობებს.
ნიკას ყოყმანი დაეტყო.
– რა ხდება, ნიკა, ხომ არ გადაიფიქრე?
– არა. უბრალოდ, მე ჯერ მარიკას პასუხი არ ვიცი.
– პასუხი რაზე? – ქალი შესამჩნევად აღელდა, – შენ, რა, ხელიც სთხოვე უკვე? უჩემოდ
გადაწყვიტე ეს ამბავი?
– არა, არა. რას ამბობ! იმის თქმა მინდოდა, მარიკამ ჯერ არ იცის, შენ რომ უნდა
გაგაცნო.
– მართლა? მერე, უნდა?
ნიკა გაჩუმდა.
– ნიკა, იცი, როგორ შეიცვალე? ვეღარ გცნობ. ჯერ იმ გოგოსთვის არაფერი გითქვამს
და საქორწილოდ ემზადები?
– არა, დედა, ეგ საიდან მოიტანე? ისეთი სამსახური აქვს, დროს თითქმის ვერ
პოულობს, რომ შევხვდეთ. ამიტომ, რაღაცნაირად, ვეღარ მოვახერხე,
დავლაპარაკებოდი.
ქალი შეიჭმუხნა:
– ერთ რამეს გთხოვ – თავი არ მოიტყუო.
– ამას რატომ მეუბნები? შენ ფიქრობ, მარიკას არ ვაინტერესებ და ეს ჩემი ახირებაა?
– მაგას ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცნობ იმ გოგოს და არც თქვენი ურთიერთობის
შესახებ ვიცი რამე. უბრალოდ, რჩევას გაძლევ: თავი არ მოიტყუო, ნურც
„სათადარიგო ბორბალი“ იქნები.
– დედა! – ნიკა გაწითლდა.
– მე გითხარი, ახლა შენ იცი. რადგან შენ გინდა, გავიცნობ, სულერთია, ჩემს
წასვლამდე თუ ჩამოსვლის შემდეგ, მთავარია, რომ მე ამისთვის მზად ვარ...
***
მინისტრის კაბინეტიდან თემო კმაყოფილი გამოვიდა, ახვლედიანს კი, პირიქით, სახე
ისე ჩამოსტიროდა, გამომძიებლის ჯიბრითაც კი ვერ მოახერხა, გაეღიმა. როგორც კი
შენობის გარეთ აღმოჩნდნენ და თავი შედარებით „უსაფრთხოდ“ დაიგულა, მაშინვე
მიახალა:
– ახლა კარგად ხარ? ეს გინდოდა? მაგრამ, დაფიქრდი, არის კი მომგებიანი შენთვის
ჩემთან კონფლიქტი? თუ, გგონია, რომ, რადგან გაგიღიმა და მაგიდაზე ხელი არ
დაურტყამს, ხვალვე თავის მოადგილედ გადაგიყვანს?
– არც მაგის ილუზია მაქვს და არც ამბიცია მაწუხებს. მთავარია, რომ ჩემი გაიგო.
ახლა მუშაობას უფრო ადვილად გავაგრძელებ.
– ეს მე დაგინდე, თორემ, ვნახავდი, როგორ გაგიგებდა, გამოაჯავრა ახვლედიანმა, –
უნდა მეთქვა, შენი ორიგინალური მეთოდებით მთელი სამმართველო რომ
ზარალდება, განყოფილებაზე აღარაფერს ვამბობ. სამი მკვლელობა ბოლო ორი თვის
განმავლობაში და ერთიც ვერ გახსენით.
– საინტერესო აღიარებაა, – გაეცინა პაპავას.
– რა აღიარება, რას ამბობ?
– „სამიდან ვერც ერთი ვერ გახსენით“... – ესე იგი, ელჩის სასიძოს მკვლელობა
გახსნილად არც თქვენ მიგაჩნიათ.
ახვლედიანი ასეთი სულელიც არ იყო, მიხვდა, რომ გამოიჭირეს.
– სიტყვაზე ჩემს გამოჭერას ნუ ცდილობ. ჯერ ისევ შენი უფროსი ვარ.
– დიახ, ვიცი. რაც შეეხება ჩემს პროფესიონალიზმს, თუ ეჭვი გეპარებათ,
შევბრუნდეთ მინისტრთან და დავწერ განცხადებას.
– პაპავა, მორჩი ჩემ დაშანტაჟებას. წადი და იმუშავე! დეისაძის მკვლელობა კი,
ჩათვალე, რომ გახსნილია.
– კარგი, ვეცდები, ჩავთვალო, – ირონიულად დაეთანხმა პაპავა, – კიდევ გჭირდებით?
– მჭირდები? ძალიან უცნაური შეკითხვაა. მჭირდები, რა... ჩემი მდივანი ხარ თუ
ნივთი ყოველდღიური ხმარებისთვის? რამდენჯერ გითხარი, შენგან მხოლოდ იმას
ვითხოვ, რომ მოქმედების გეგმა ჩემთან შეათანხმო, განა ეს ასეთი ძნელია? შენ კი
ჯიბრში მიდგახარ. არ ვიცი, ამით რისი მიღწევა გინდა, მაგრამ, გაფრთხილებ, ეს
ამბავი კარგად არ დამთავრდება.

ნიკას არასდროს უყვარდა დედის წინაშე თავის მართლება. ყოველთვის


განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა მასთან ასეთ საუბარს, რომელიც დაკითხვას
უფრო ჰგავდა. შეეძლო, გულგახსნილი ყოფილიყო დედასთან. ყველაფერი მოეყოლა
მისთვის, მაგრამ, არა ასეთ სიტუაციაში. როცა დედისგან შეფარულ აგრესიას
გრძნობდა, ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირებოდა და, არათუ ლაპარაკის, სულის
მოთქმის საშუალებასაც არ აძლევდა. კიდევ, აუხსნელი სიჯიუტეც სძლევდა – რადაც
უნდა დასჯდომოდა, პირი არ გაეღო და ერთი სიტყვაც არ ეთქვა. ამ შემთხვევაშიც
ზუსტად ასე მოხდა. თვალებში შესცქეროდა დედას და დუმდა, თან საკუთარ თავზე
მოსდიოდა ბრაზი. ისიც ვერ მოახერხა, რომ მარიკა გაეცილებინა.
– ნიკა, ნუ გაჯიუტდები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე, სად და როგორ
გაიცანი ეგ გოგო. ნიკა, ჩუმად ნუ ხარ, უნდა ვიცოდე-მეთქი, გესმის? ხმა ამოიღე,
პატარა აღარ ხარ. უნდა გესმოდეს, რომ ეს ჩემი კაპრიზი არ არის.
– ჰო, კაპრიზს ნამდვილად არ ჰგავს. ჟანდარმივით იქცევი.
ქალმა თავზე იტაცა ხელები:
– რატომ არ გინდა, ჩემი გაიგო?
– მინდა, მაგრამ, შენ არ მაძლევ ამის საშუალებას. რა დაგემართა, დედა, რა ხდება?
ტრადიციების მსხვერპლად უნდა მაქციო? რა გგონია, სად გავიცანი? საუნაში და
ბორდელში ნამდვილად არა. თუმცა, შენნაირი ცივილიზებული, თავისუფლად
მოაზროვნე ქალისთვის ამასაც კი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.
– არც აქვს, იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს შენ იგულისხმე.
– მართლა? მაშინ, უფრო გასაგებად მითხარი, ხომ ხედავ, რომ მე ასეთი მიხვედრილი
არ ვარ.
– ნიკა, მომისმინე… – ქალმა ხელჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა, – ძალიან
ვნერვიულობ.
– ჰო, ვხედავ. სახლში ხომ იშვიათად ეწევი. თუმცა, მაინც იმავეს გეტყვი: თუ
მნიშვნელობა არ აქვს, სად გავიცანი, რატომღა ნერვიულობ?
– შენთვის ამის თქმა არ შემიძლია. ისიც კი დამიმალე, რომ პოლიციაში მუშაობს.
– არ დამიმალავს. შენ ეს არ გიკითხავს. თანაც, პოლიციაში კი არა, გამომძიებლის
თანაშემწედ მუშაობს მთავარ სამმართველოში. სწორედ მისი სამსახურებრივი
საქმიანობიდან გამომდინარე გავიცანი. შენ კი, მაინც ვერ გავიგე, რა გინდა. ახლა
შეგიძლია, დამშვიდდე.
ქალი შესამჩნევად გაფითრდა:
– ესე იგი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე… და, უნდა დავმშვიდდე?
– ჰო. ნუ გეშინია, კრიმინალი არ ვარ, არაფერი დამიშავებია, უბრალო შემთხვევითობა
იყო. მგონი, გითხარი კიდეც, მანქანა გავაფუჭე-მეთქი. აი, მაშინ გავიცანი.
– ტყუილი არ შეგიძლია. ყოველთვის ვხვდები, როცა მატყუებ. შენ თქვი, რომ
შემთხვევით საგზაო ნიშნის ძელს გამოედე. ასეთ შემთხვევებზე გამომძიებლის
თანაშემწეები არ დადიან, რადგან მატყუებ, ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანი და
სერიოზული იყო.
ნიკას ნერვებმა უმტყუნა:
– იცი, რა?! ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ ბრალმდებლის გვერდით ვცხოვრობ და
არა დედის. ჩემს ყველა სიტყვას ეჭვით უყურებ, მაკვირდები და ისეთი
წვრილმანებით ინტერესდები, გაოგნებული ვარ.
– წვრილმანია, ჩემს შვილს გამომძიებელი რომ შეუყვარდა?
ნიკას აღშფოთებისა და გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა:
– დედა, რა შუაშია ამ შემთხვევაში მისი პროფესია? გეხვეწები, სიმართლე მითხარი,
რა გემართება?
ქალი მიხვდა, რომ გადააჭარბა:
– არაფერი. უბრალოდ, შევშინდი. იქნებ მომატყუე, როცა მითხარი, რომ მანქანით,
შემთხვევით გამოედე ბოძს? იქნებ, რამე სერიოზული მოხდა და ეს გოგო დაგეხმარა?!
– ჰო, კაცი გავიტანე და მარიკამ ეს ამბავი დამალა. დედა, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ!
– არ ვიცი, არ ვიცი... თან, ისე მალავდი, მის საქმიანობას...
– არ ვმალავდი, არა! არ გიკითხავს-მეთქი! თუმცა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ,
დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გაგიხარდებოდა.
– რატომ?
– არ ვიცი. პირდაპირ მითხარი, რომ ჩემი ბედნიერების წინააღმდეგი ხარ! შენში
მესაკუთრემ გაიღვიძა. ეგოისტი დედის სინდრომი – აი, რა არის მთავარი მიზეზი და,
ტყუილად ცდილობ, რაღაც აბსურდული მიზეზები დამისახელო. მარიკა ვერ აიტანე
და ვერ აიტანდი ვერავის, ვინც მის ადგილას იქნებოდა – ეს ასეა და უარყოფას აზრი
არა აქვს. გირჩევნია, დამკარგო, ვიდრე სხვა ქალს გაუყო ჩემი თავი…
– ნიკა, ამას ნუ ამბობ. მე შენი დაკარგვა არ მინდა.
– მაშინ, შეეცადე და როგორმე აჯობე შენს ეგოიზმს! – ნიკას დედისთვის არ
შეუხედავს, ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა.
***
დევიმ გვამთან ჩაიმუხლა და თავზე წამომდგარ თემოს, მარიკას და ვახოს ქვემოდან
ამოხედა.
– მდაა... ისეთ კოლექტიურ ცხოველს, როგორიც ადამიანი ბრძანდება, სოციუმთან
ურთიერთობის დასარეგულირებლად საუკეთესო საშუალება გააჩნია – ეს
სამართლიანობის განცდა გახლავთ. თუმცა, ამავდროულად, ეს იარაღია, რომელსაც
მავანნი და მავანნი კარგად იყენებენ. ესეც მეოთხე… კიდევ დააგვიანდა, ხომ იცი?
რაო, რა მოხდაო?
თემოს ისეთი სახე ჰქონდა, ყველაფერს რომ უთქმელად მიხვდებოდი.
– ეჰ, ფაქტობრივად, ინსტინქტებს აყოლილი, ჩვეულებრივი პირუტყვები ვართ,
მაგრამ, ოთხფეხებისგან განსხვავებით, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება
შეგვიძლია. ესეც თვითგადარჩენის ინსტინქტია და არ უნდა გაგვიკვირდეს. არც
უნდა გავიოცოთ. რას იზამ, ასეთია ღმერთის საუკეთესო ქმნილება, ბუნების
გვირგვინი – ადამიანი.
– საქმეს მიხედე, რა! – გამოსცრა თემომ და სიგარეტი ნერვიულად მოფშვნიტა
ხელისგულში, – რა მოგივიდა, შეგიძლია, თქვა?
დევი გარდაცვლილს ჩააშტერდა:
– ჭრილობა და სისხლი რომ არსად ჩანს, თქვენც კარგად ხედავთ. სავარაუდოდ,
გული გაუჩერდა. უფრო ზუსტად გაკვეთის შემდეგ მეტყვი.
– იქნებ, მოწამლეს? – თავისი მოსაზრება გამოთქვა ვახომ, – ესეც ხომ შესაძლებელია?
დევიმ ხელები გაშალა:
– იმიტომაც გითხარით, გაკვეთის მერე გეტყვით-მეთქი. მხოლოდ გარეგანი
დათვალიერებით, მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ გვამს ძალადობის ნიშნები არ
აღენიშნება, ვინ იპოვა?
– დამლაგებელმა ქალმა, – სწრაფად მიუგო ვახომ, – უკვე დავკითხე. ძალიან ტირის
და განიცდის – ამბობს, ძალიან კარგი კაცი იყოო. ყველაფერს კარგად მიხდიდა და
ძალიანაც არ მტვირთავდაო.
– ხომ არ გაუშვი?
– სად გავუშვი?
– ანუ, სად არის ახლა ეგ ქალი?
– ქვემოთ, პირველ სართულზე, დამხმარე პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში.
თემომ დევის მხარზე დაადო ხელი:
– გჭირდები? ჩავალ, დაველაპარაკები.
– კი ბატონო, როგორც გინდა. მე დიდი დრო აღარ დამჭირდება. გვამს ფოტოები უკვე
გადაუღეს? დადგენილია, ვისი გვამია?
თემომ თავი გადააქნია.
– ნუ გადამრევ! ამ წუთში ვახოს რაზე ველაპარაკებოდი? სახლის პატრონია. ქალაქში
საკმაოდ ცნობილი პიროვნება.
– გვარი არა აქვს მაგ ცნობილ პიროვნებას?
– როგორ არა, მაგრამ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ვახტანგ ჩილაჩავაა. ბიზნესმენი.
ახალ დროებას კარგად მოერგო. ადრე ცოტა ბნელი წარსული ჰქონდა, მაგრამ, ხომ
იცი, ყველაფერი იყიდება და რეპუტაცია – მით უმეტეს. საქმე აშკარად
გვირთულდება. ოთხი მკვლელობა და არც ერთი გახსნილი, თუ, რა თქმა უნდა,
პირველს, სერგი ბერაძეს არ ჩავთვლით, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
ქალბატონი, უკვე დაპატიმრებულია. ჰო, მართლა, სასამართლო იყო?
– მგონი, გადაიდო, აღარ დავინტერესებულვარ. ახვლედიანს კი არაფერი უთქვამს.
თემომ გვამს დახედა:
– მაინც, რა გგონია, გული რამ გაუხეთქა?
– შენ რა სულსწრაფი ხარ, გაკვეთის გარეშე როგორ გითხრა? ჯერ იმაშიც არ ვარ
დარწმუნებული, რომ გულით არის მკვდარი. საღამომდე უნდა დამაცადო.
– ძალიან ბევრ დროს ხომ არ ითხოვ?
დევიმ წაუსტვინა:
– სასამართლო ექსპერტიზა თამაში არ არის. მე ჩემი საქმე მაქვს, შენ – შენი.
წაიღონ გვამი პროზექტურაში და მივხედავ.
თემომ ამოიოხრა:
– ახლა ამაზე ატყდება ერთი ამბავი. დღესვე გავა სიუჟეტი საინფორმაციო
გამოშვებაში. მეტისმეტად ხმაურიანი ფიგურაა, რომ მისი მკვლელობის ამბავმა
უხმაუროდ ჩაიაროს.
– ჯერ მკვლელობაზე ლაპარაკი ნაადრევია, იქნებ, თავისი სიკვდილით მოკვდა ეს
კაცი? – „დააიმედა” დევიმ.
– წავიდეთ, იმ ქალს დაველაპარაკოთ. მარიკა, შენ და ვახომ უზრუნველყავით,
ჟურნალისტებმა იმაზე ადრე არ შემოყონ აქ ცხვირი, ვიდრე საჭიროა.
დამლაგებელი შუახანს გადაცილებული, სანდომიანი გარეგნობის ქალი იყო. აშკარად
ადგილობრივი. თვალებზე შერჩენილი სიწითლე მოწმობდა, რომ იტირა. თემო რომ
დაინახა, მაშინაც ამოისლუკუნა.
– ძალიან შემეცოდა საწყალი! მაგიტომ ვეუბნებოდი ხოლმე საცოდავს, თქვენს ასაკში
მშვიდი ცხოვრება უფრო სასარგებლოა-მეთქი.
თემომ ყურადღება დაძაბა. ქალის ნათქვამი საგულისხმოდ მოეჩვენა.
– ეგ რას ნიშნავს? სვამდა და აყალ-მაყალს ტეხდა? – გაიღიმა ნაძალადევად და ქალს
საშუალება მისცა, ალაპარაკებულიყო.
– ისა... რა ვიცი… აბა, მე რა უფლება მქონდა, მისთვის ჭკუა დამერიგებინა, ერთი
სოფლელი ქალი ვარ, თანაც, კარგის მეტი, არაფერი მახსოვს მისგან.
– თქვენ აქ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოდიოდით?
– ჰო, გასაღები მქონდა, ვალაგებდი ხოლმე. როცა მისი ცოლი ჩამოდიოდა, კერძებსაც
ვამზადებდი. თუმცა, ზოგჯერ არც მივდიოდი.
– მოიცა, ეგ როგორ…
ქალი უხერხულად აიწურა:
– რა ვიცი, უნდა ვთქვა? კარგის მეტი არაფერი მახსოვს და…
– ქალბატონო, იცით, აქ რატომ ვარ და ვინ ვარ?
ქალმა თავი დაუქნია:
– მე არ გამოგიძახეთ?!
– თქვენ პატრული გამოიძახეთ, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, აქ
რაღაც მოხდა და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ სიმართლის გარკვევაში.
– სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე მკვდარი იყო და… მერე პატრულმაც თქვენ
დაგირეკათ.
ერთად მოვიდნენ. ისე შემეშინდა…
– გავიგე, თქვენ სასწრაფო გამოიძახეთ – ამას უკვე მივხვდი. შემთხვევით მის ცოლს ან
ოჯახის რომელიმე წევრს ხომ არ დაურეკეთ?
– არა. უნდა დამერეკა? – შეშფოთდა ქალი, – რა თქმა უნდა, უნდა დამერეკა, როგორ
ვერ მოვიფიქრე! მერე პატრულმა აღარ დამარეკინა – მოიცადეთო. ეს როგორ
დამემართა?!
– არაფერი დაგიშავებიათ, დამშვიდდით, ყველაფერი სწორად გააკეთეთ. თქვენ ხომ
აქაურობას ალაგებდით?
– დიახ.
– მოდი, ყველაფერი გულახდილად მითხარით – ძალიან არეული სახლის დალაგება
გიწევდათ ხოლმე?
ქალი შეყოყმანდა და გაწითლდა:
– როგორ გითხრათ, აბა… მე უბრალო ქალი ვარ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.
ვერავის დაარიგებ ჭკუას. ეტყობა, ფული რომ აქვს კაცს, მერე სხვა სურვილები
უჩნდება, სხვა გატაცებები, თორემ, ამ ოჯახს დიდი ხანია, ვიცნობ, ისე კარგად
ცხოვრობდნენ ერთად. ზაფხულობით ამოდიოდნენ, ბავშვი ამოჰყავდათ. მერე,
გეგონება, გაიბუტნენ და ერთმანეთის დანახვა აღარ უნდათო – ყველა ცალ-ცალკე
ამოდის: ხან შვილი, ხან დედა, უფრო ხშირად კი – ესა…
– თანაც, მარტო არა… ხომ მართალია? – მრავალმნიშვნელოვნად ჩაურთო
გამომძიებელმა.
ქალი ისევ გაწითლდა:
– ჰო, მარტო არა… – დაუდასტურა უხალისოდ, – მერე ერთბაშად გაუხარდა, – მაინც
ყველაფერს გაიგებთ და ჩემს გაჩუმებას რა აზრი აქვს? ეგრე იყო, უსირცხვილო
გოგოები ამოჰყავდა და ერთობოდა.
– უსირცხვილო გოგოები? – თემოს უნებლიეთ გაეღიმა, – ანუ, საყვარელი ჰყავდა?
მეგობარი ქალი?
– ჰო, ახლა ასე ეძახიან მაგას – მეგობარი. რა ვიცი, მეგობრობა ჩვენ ეგრე არ გვესმოდა,
თანაც, ამდენი ერთად? მრცხვენია, ვერ ვიტყვი, რას ვპოულობდი ხოლმე იატაკზე.
– კარგი, გასაგებია. კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
***
...მარიკამ ვახოს სახელოზე დაქაჩა:
– მგონი, დროა, ბატონ თემურს დავუძახოთ. ამას თუ კომენტარი არ გაუკეთეთ,
აქედან არ წავლენ. გვამია პროზექტურაში გადასატანი. ჭიშკარს რომ გავაღებთ, ისეთი
თავდასხმა იქნება, ვერაფრით გავუმკლავდებით.
– ჰო. გაგიჟდება კიდეც პაპავა, – დაუდასტურა ვახომ და გოგოს საწყლად გაუღიმა, –
აბა, რა უნდა ვქნათ?
– რაც გითხარი – კომენტარის გარეშე ვერ გადავრჩებით.
– სასწრაფოს პერსონალი რატომ დაგავიწყდა? – შეახსენა მარიკამ, – ეს ტიპი ქალაქში
საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ყველას ვერ აუკრძალავ ლაპარაკს, ასეთი ამბები
ძალიან სწრაფად ვრცელდება. მოკლედ, მიდიხარ პაპავასთან და ეუბნები თუ მე
ავიდე?!
– ავალ, ვეტყვი. თუმცა, მგონი, ქვედა სართულზე იმ დამლაგებელს ჰკითხავს.
ვახომ ამოიოხრა და ზანტად გაემართა დავალების შესასრულებლად. მარიკამ
მექანიკურად დაიხედა საათზე, თვითონაც არ იცოდა, რატომ და უცებ ნიკასთან
დალაპარაკება მოუნდა. ლამის მობილურიც კი ამოიღო ჯიბიდან და, მისკენ ჩქარი
ნაბიჯით მომავალი თემო რომ არა, ამას აუცილებლად გააკეთებდა.
– მარიკა, დევისთან ადი და უთხარი, დაუჩქაროს, მე ამათ დაველაპარაკები.
არავითარი ხმაური. ისღა გვაკლია, მთელი მისი სამეგობრო და საძმაკაცო აქ
მოგვადგეს. ოჯახის წევრებზე აღარაფერს ვამბობ.
– ოჯახის წევრებს მაინც ვერ დავუმალავთ ამ ამბავს, – გაუკვირდა მარიკას.
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, სასურველია, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. ყოველ
შემთხვევაში, ვეცადოთ.
– გავიგე. წავალ დევისთან.
თემომ მარიკას შეხედა:
– არა, მოიცადე. გამომყევი. იმათთან პირისპირ მარტოდ დარჩენის პერსპექტივა
ძალიან არ მხიბლავს, მაგრამ, არც ერთი სიტყვა, ხმა არ ამოიღო, კარგი?
***
დათომ რამდენჯერმე ამოყვინთა წყლიდან, კისერი ლამის მოეღრიცა
გასახდელებისკენ ცქერით, მერე სწრაფად მოუსვა მკლავი, წინ წასულ ნიკას წამოეწია
და დაუძახა:
– მგონი, რაღაც ხდება.
ნიკას არც გამოუხედავს მისკენ. დათომ მკლავი მოუსვა, მის ბილიკზე გადავიდა და
მოცურავეს ქვემოდან მოექცა. ნიკა გაცეცხლდა:
– გაგიჟდი? რატომ არ მაცდი, რა დაგემართა? ხომ იცი, ისედაც რა დღეში მაქვს
ნერვები?
– ბიჭო, რაღაც ხდება. ერთი იქით გაიხედე.
ნიკა ბილიკების გამყოფ თასმას მოებღაუჭა და იქით გაიხედა, საითკენაც დათო
უთითებდა.
– გავიხედე. მერე?
– ეე, შენ მგონი, სულ დაგაბრმავა იმ გოგომ.
ნიკა გამწარდა, თავში სტაცა ხელი, ძალით ჩააყოფინა წყალში და რამდენიმე წუთი
მაგრად ეჭირა. დათომ ძლივს მოითქვა სული:
– გააფრინე? ბიჭო, ჯერ პატრულები მოცვივდნენ, ახლა სასწრაფოს ექიმებიც
„შელაგდნენ” ერთმანეთის მიყოლებით. წამოდი, გავიგოთ, რა ხდება. ბიჭებიც
ყველანი იქ არიან.
– ეგ შენი ცნობისმოყვარეობა ერთხელაც შარს გადაგყრის.
– ცნობისმოყვარეობა რა შუაშია, ვერ ხვდები, რომ რაღაც წესრიგში არ არის?
– აუ, შენ რა ტიპი ხარ, გამაგიჟებ, რა! მე წავალ, იქნებ ბომბია შენობაში.
დათომ ხელი ჩაიქნია და აუზის კიდისკენ გაცურა. ნიკაც უხალისოდ გაჰყვა.
გასახდელთან შეგროვილი ადამიანების ჯგუფი ძლივს გაარღვიეს, მაგრამ შიგნით
შეხედვა მაინც ვერ მოახერხეს.
– რა მოხდა, რა ამბავია? – ვეღარ მოითმინა დათომ და იქვე მდგარ ცურვის
ინსტრუქტორს სახელოზე დაქაჩა. ქალმა შეწუხებული, დაბნეული მზერა მიაპყრო:
– ცუდად გახდა, საწყალი. რა კარგი ბიჭია, შემეცოდა.
– მოიცა, კაცო, ვინ შეგეცოდა? ან ცუდად ვინ გახდა?
– აი, ის მაღალი, ცისფერთვალება, ლამაზი... აბა, რა მოუვიდოდა, ამისთანა ამბავი
მიახალეს… – ქალმა თავი მწუხარედ გადააქნია და იქაურობას მოშორდა.
დათო ნიკასკენ შებრუნდა:
– შენ რამე გაიგე? მე – ვერაფერი. ზურა, რა მოხდა, შენ მაინც გვითხარი, – ახლა
თანაგუნდელს ჩააფრინდა დათო.
– მიშას მამა დაიბრიდა, ტო, გიჟს ჰგავს მიშა. მაგრად დაგვაფეთა ყველა.
ცუდად გახდა. სასწრაფო დასჭირდა.
– მოიცა, მოიცა, ვახტანგა დაიბრიდა? ნაღდად? რანაირად, ტო, სამაგისო რა სჭირდა,
რო?!
ზურამ ხელები გაშალა.
– აბა, მე რა ვიცი? აგარაკზე უპოვიათ დაბრედილი. პატრულმა მარტო ის თქვა, ჯერ-
ჯერობით, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვითო…
– მეტი კონკრეტული რაღა გინდა, მომკვდარა კაცი, – გადაირია დათო, – ვინმემ ხომ
არ დაბრიდა, ტო!
– გითხარი, არაფერი ვიცი-მეთქი. სიმართლე არ დაიმალება, მაგასაც გავიგებთ.
მაგრამ, მიშასთვის, ალბათ, სულერთია.
დათომ შუბლზე მიირტყა ხელი:
– აუ, რა მამა მოუკვდა?! რა ეშველება, ტო, სამსახური მაინც ჰქონდეს!
– შენ მიშაზე ნუ დარდობ, საკმარისი დაუტოვა მამამისმა. არა უშავს, ბოლოს მაინც
ყველა კვდება, – ცივად ჩაილაპარაკა ნიკამ.
– შენ რა, სულ არ გეცოდება? – გაიცინა დათომ.
– გააჩნია – ვინ. მიშა, რა თქმა უნდა, მეცოდება. მაინც მშობელი იყო და,
ბუნებრივიცაა, ასე რომ განიცდის. რაც შეეხება მამამისს, განსაკუთრებულ სიმპათიას
რომ, არასდროს ვგრძნობდი მის მიმართ, ეს შენც იცი. რამდენჯერ მითქვამს, ეგეთი
ტიპები აბსოლუტურად მიუღებლები არიან ჩემთვის-მეთქი.
– ჰო, მაგრამ, ფული ჰქონდა კაცს და ისე ცხოვრობდა, როგორც მოეხუშტურებოდა.
მთავარია, რომ ძუნწი არ იყო.
ნიკამ კარგად ვერ გაარჩია დათოს სიტყვები. რაღაცას ფიქრობდა. მოღუშული და
წარბშეკრული იდგა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა.
– მე წავედი, როგორმე მიშა უნდა ვნახო. ახლა სჭირდება მაგას ჩვენი თანადგომა. შენ
რას იზამ?
ნიკას თვალები აენთო, მეგობარს მკლავში ჩააფრინდა და ისე მაგრად მოუჭირა
თითები, რომ დათომ ლამის იყვირა:
– მაგარი გიჟი ხარ. ახლა რაღა გაგახსენდა?
– მარიკა, ბიჭო… მარიკა…
– მარიკა? მარიკა რაღა შუაშია. ვერაფერი გავიგე.
– წუხელ ხომ დაურეკეს. რომ წამოხტა და გავარდა, იქნებ, ამ საქმესთან აქვს რამე
კავშირი?
– რა კავშირი? იმის თქმა გინდა, რომ ვახტანგი დაბრიდეს და მარიკა იძიებს მაგ
საქმეს?
– მარიკა კი არა, თემო. დაგავიწყდა, ვისი თანაშემწეა.
დათომ ისევ შემოირტყა ხელისგული.
– აუ, თემო როგორ დამავიწყდა! მაგარი ხარ. ახლავე წავალ. გავიგებ, რა მოხდა,
სინამდვილეში.
– მიშას რომ სჭირდებოდა შენი თანადგომა, ეგ უკვე დაგავიწყდა?!
– არა. სიმართლეს რომ გავიგებ მამამისის სიკვდილის შესახებ, ეგ თანადგომა არ
იქნება?! გადამრევ მე შენ…
– არ ვიცი, არ ვიცი… მე ეს ამბავი ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, მიკვირს, ასე
პირდაპირ რომ მიდიხარ თემოსთან. შენ არ გამაცანი მარიკა?
დათომ მხარში მოჰკიდა ძმაკაცს ხელი და გვერდზე გაათრია. ნიკა არ გასძალიანებია.
– რა?! ბიჭო, აქაურობა პატრულებით არის სავსე.
– პატრულები რა შუაშია? – გაეღიმა ნიკას, – რა ვთქვი ისეთი?
– სახელები ხომ ახსენე? ეს საკმარისია, – ჩურჩულზე გადავიდა დათო, – მოიცა,
რატომ არ უნდა მივიდე თემოსთან? მე მისთვის არაფერი დამიშავებია.
– კარგი, შენ არ თქვი, მაკა სახლიდან წამოვიდაო?
– მერე, მე რა შუაში ვარ? მაგათ იჩხუბეს, ჩვენ კი არა! მაინტერესებს და რა ვქნა?
– გეუბნები, ეს ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს.
– შენ ვითომ არ გაინტერესებს, არა? – თვალები მოჭუტა დათომ, – გგონია, დავიჯერე?
– რატომ უნდა მაინტერესებდეს, არ მესმის. მოკვდა ადამიანი. ეტყობა, საამისო
მიზეზი იყო. პრინციპში, რაც გინდა, ის ქენი. მე ახლა მარიკას ნახვაზე ვფიქრობ.
– დათოსთან რომ მივალ, მარიკასაც ვნახავ. რა პრობლემაა, ვეტყვი, რომ გინდა,
დაგირეკოს.
– ნუ შეწუხდები, საჭირო არ არის, მე თვითონ დავურეკავ. ახლა კი სახლში წავალ.
დღეს საღამოს დედაჩემი მიდის და უნდა გავაცილო.
– მიდის? კარგია. ცოტას ამოისუნთქებ, თავისუფლად…
– შენ არაფერი გესმის და ნუღარ დამელაპარაკები ამ თემაზე, კარგი?
– კარგი. მერე მაინც არ მოხვალ, რომ მიშას მიუსამძიმრო?
– აუცილებლად, მაგრამ, ჯერ ცოტათი ჩაწყნარდეს სიტუაცია. არც პატრულთან
ლაპარაკი მინდა და არც აქტიური მონაწილეობა ამ ყველაფერში. მე წავედი შენ კი ისე
არ ქნა, ცნობისმოყვარეობამ კისერი მოგატეხინოს…
– კარგი ერთი, რა კისერი, რას იგონებ, არც ასეა საქმე. დათოსთან მივალ და,
უბრალოდ შევეკითხები, რა მოხდა. იქნებ, ტიპს თავისმა სიკვდილმა უწია და სულ ეგ
არის? თან, იმასაც გავიგებ, მარიკა რატომ გაგვექცა – მართლა საქმე ჰქონდა თუ
დედაშენისგან და შენგან უნდოდა თავის დახსნა.
ნიკამ ვეღარ მოითმინა და მეგობარს ყელში სწვდა:
– მე შენ ხომ გაგაფრთხილე, მარიკაზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დაძრა-
მეთქი. გაგაფრთხილე, თუ არა?!
–კარგი, კარგი, ცუდი არაფერი მითქვამს. რა, დაგემართა? დედაშენს რომ გულზე არ
ეხატება გამომძიებელი სარძლო, ფაქტია. თანაც, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო: მე
გაგაცანი ეგ გოგო და პასუხისმგებლობას ვგრძნობ-მეთქი.
– ეგ დაივიწყე. გავიცანი და მორჩა. შეიძლებოდა, უბრალოდ, ქუჩაში გადავყროდი,
დამენახა და შემყვარებოდა, მაგრამ, რას გიხსნი, შენ ხომ წარმოდგენა არ გაქვს
სიყვარულზე!
– რადგან არავინ მიყვარს, იმიტომ? ასეც არ არის საქმე, – ჩაიცინა დათომ, როცა
იგრძნო, რომ ნიკას თითები ყელზე მარწუხებივით აღარ უჭერდა – ესე იგი, ცოლადაც
მოიყვან.
– ეგ მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ნუ გეშინია, შენ არ გამოგაპარებ, – ნიკამ
პირსახოცი აიღო და დათოს ზურგი შეაქცია.
– მოგვიანებით დაგირეკავ. მარიკას რა გადავცე, არაფერს დამაბარებ? – მაინც მიაძახა
მიმავალს, მაგრამ ნიკა აღარ შემობრუნებულა.
***
ახვლედიანის კაბინეტში ისეთი სიჩუმე იყო, კონდიციონერის ზუზუნი გრუხუნად
ისმოდა. თათბირს მხოლოდ დევი აკლდა. სახლიდან ნაჩქარევად წამოსულ
ახვლედიანს ყოველთვის საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა ახლა აჩეჩილი
ჰქონდა და დაჟინებით აშტერდებოდა თანამშრომლებს – სათითაოდ და თანაბარი
ხანგრძლივობით. თემო თავდახრილი იჯდა და თითებით სიგარეტის გაუხსნელ
კოლოფს აწვალებდა. ახვლედიანი რატომღაც გააღიზიანა მისმა ამ უწყინარმა
ქმედებამ და მოულოდნელად, სრულ სიჩუმეში იყვირა:
– ჩემს ნერვებზე თამაშობთ, არა?
მარიკას უნებლიეთ გაეღიმა ამ უადგილო ყვირილზე და, ახვლედიანს რომ არ
შეემჩნია, სახეზე ხელები აიფარა.
– პაპავა, შენი დღევანდელი კომენტარი რას ნიშნავდა? ან მე რატომ არ შემითანხმეთ?
ვახტანგ ჩილაჩავა ვიღაც ვიგინდარა და მაწანწალა არ არის. რა იყო, ჟურნალისტებს
რომ უთხარი, გარდაცვლილის ვინაობას ვადგენთო და თავი მოიჭერი? იმათ უნდა
ეთქვათ, ვისი გვამი იყო სახლში?
– ბატონო გიორგი, ვისი გვამი იყო სახლში, მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ,
ზედმეტი ხმაურის ატეხა არ მინდოდა.
– ყოჩაღ! და, ფიქრობ, რომ ხმაური არ აგიტეხავს? იცი, რა ამბავია? ჩემი ტელეფონები
არ ჩერდება. რატომ უნდა ვილანძღებოდე შენი დაუფიქრებელი კომენტარებისა და
ალოგიკური გადაწყვეტილებების გამო? გეკითხები, რატომ?
– გერჩივნათ, მეთქვა, რაც იყო?
– რა იყო? კაცი საკუთარ აგარაკზე იპოვეთ მკვდარი.
– აბა, საიდან მოიტანეს, ვახტანგ ჩილაჩავა მოკლესო?
– არ ვიცი, ჟურნალისტების ფანტაზიებზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები.
– ჯერ დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია. სანამ გაკვეთის შედეგები და
ექსპერტიზის დასკვნა არ მექნება. ყველაფერი ძალიან ჰგავს ბუნებრივ სიკვდილს.
მკვლელობის მუხლით ძიებას ვერ დავიწყებ.
ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები:
– ჯოჯოხეთია თქვენთან მუშაობა! ეს მერამდენე გაუხსნელი მკვლელობა იქნება,
პაპავა? მეოთხე, ხომ?
– ნოდარ დევიძის მკვლელობას თუ ისევ მე გადმომაწერთ, მაშინ – მესამეა. სერგო
ბერაძის საქმე ხომ გავხსენით წარმატებით?!
ახვლედიანი გაწითლდა:
– აი, ეგ შენი ირონია, ძალიან უადგილოა, პაპავა. კიდევ კარგი, რომ გავხსენით,
თორემ, ახლა აქ არც შენ იქნებოდი და არც მე.
– იქნებ, ეს უკეთესიც კი ყოფილიყო, – ჩაილაპარაკა თემომ.
– რა თქვი? – ფანჯარასთან მისული ახვლედიანი სწრაფად შემობრუნდა და
გამომძიებელს მიაშტერდა.
– არაფერი. იქნებ, უკეთესი იქნებოდა, სიგარეტი მომეწია-მეთქი.
– ცინიკოსი ხარ შენ, პაპავა, და ჩემთან ასეთი დამოკიდებულება ძალიან
უარყოფითად აისახება, შენს კარიერაზე. საერთოდ, რა დამოკიდებულებაა, ვერ
გავიგე. ერთი გუნდი არ უნდა ვიყოთ? გეკითხებით, ერთი გუნდი არ უნდა ვიყოთ?
სად არის თქვენი გუნდური მუშაობის პრინციპი და სად არის ამდენ ხანს
ექსპერტიზის პასუხი? ახლა რომ მინისტრმა დამირეკოს, რა ვუთხრა – ჯერაც ვერ
დაგვიდგენია მოკლეს ჩილაჩავა თუ ძილში გაიპარა-მეთქი? გინდათ, მომხსნას და
საერთოდ გამაგდოს სისტემიდან? ყველას რომ წინ წაგიმძღვარებთ, ეგ თუ იცით?! ასე,
ყველა ერთ ჭკუაზე როგორ ხართ? იცით, ქალაქში ჭორი დადის, სერიული მკვლელი
გამოჩნდაო.
– ეგ სრული აბსურდია. არანაირი სერიული მკვლელი არ არსებობს, – თქვა მარიკამ, –
არც ერთი ეს შემთხვევა არ ჰგავს ერთმანეთს. სერიული მკვლელების ხელწერა არ
იცვლება. აქ კი ოთხივეჯერ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩილაჩავას
მკვლელობა ხომ, საერთოდ გამონაკლისია. თუკი საერთოდ იყო ეს მკვლელობა.
– ესე იგი, ძილში გაპარულა ჯანმრთელი, საღ-სალამათი კაცი, – ამოიოხრა
ახვლედიანმა, – პაპავა, შენი მობილური რეკავს…
– მაჩაბელია, პროზექტურიდან რეკავს, ალბათ.
– მერე, უპასუხე, რაღას ელოდები? ალბათ, გაკვეთის პასუხი უნდა მოგახსენოს…

ზურაბი უხმაურო ნაბიჯებით შევიდა ოთახში. დარწმუნებული იყო, რომ მარიკას


უკვე ეძინა. საწოლი რომ ცარიელი დაუხვდა, გაოცება ვერ დამალა. კარი გამოიხურა
და სამზარეულოში გავიდა, სადაც ყავის სმაში გართულ ცოლს წამოადგა თავზე.
– თათა, იცოდი, რომ ბავშვი სახლში არ არის?
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– წესით, შენ უფრო უნდა იცოდე, მაგის მესაიდუმლე შენ ხარ.
– ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც დაურეკავს. თუმცა, იქნებ დარეკა კიდეც, მაგრამ,
ოპერაციაზე ვიყავი შესული – მძიმე პაციენტი მყავდა... სად უნდა იყოს? სახლში
მაინც აუცილებლად გადმორეკავდა.
– გადმორეკა, გადმორეკა, – დაამშვიდა ცოლმა, – ოპერატიული თათბირი მაქვს და
დამაგვიანდებაო.
ზურაბმა საათზე დაიხედა:
– კი მაგრამ, თორმეტი სრულდება...
– შეამჩნიე, არა?! რა ქნას, ოპერატიული თათბირი აქვს. აბა, რა გეგონა, კრიმინალურ
სამსახურში მუშაობა რომ არ დაუშალე? ყველაფერი შენი ბრალია.
– როგორ უნდა დამეშალა. თათა, რას ამბობ? რისი გაკეთებაც უნდა ბავშვს, ის უნდა
აკეთოს.
– ჰოდა, მაშინ ნუღარ გაიოცებ, თუ ამაღამ სახლში საერთოდ არ მოვა.
– რომ მივაკითხო ან დავურეკო?
– არ გირჩევ. თუმცა, შენი საქმის შენ იცი. ერთნაირი ჯიუტები ხართ, მამაც და
შვილიც.
– სიჯიუტე არაფერ შუაშია. მე, მაგალითად, მომწონს, ასეთი დამოუკიდებელი რომ
არის.
– მით უმეტეს, საწუწუნო არაფერი გაქვს. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც შენ
გინდა. დაჯექი, ყავა დალიე და დამშვიდდი. დამთავრდება ოპერატიული თათბირი
და მოვა, არსად წავა.
ზურაბმა ყავა დაისხა და ცოლს გვერდით მიუჯდა.
– ჩემი ბრალია. ბოლო დროს საერთოდ ვეღარ მოვიცალე მისთვის. მინდა, იმ საქმემ,
რასაც ის აკეთებს, სიხარული მოუტანოს.
– აუცილებლად. აბა, ისე როგორ იქნება? მოკლულები, დაჩეხილები, მკვლელებისა
და ბანდიტების უკან დევნა აუცილებლად მოგგვრის სიხარულს.
ზურაბი შეიჭმუხნა:
– იცი, ერთმა ცნობილმა მილიონერმა რა თქვა? – ცხოვრებაში ორჯერ ვიყავი
ბედნიერი: ერთხელ, როცა იახტა ვიყიდე და მეორედ, როცა ის გავყიდეო. ბედნიერი
ყოველთვის ვიყავი – ღარიბიც და მდიდარიც. შენმა შინაგანმა ბედნიერებამ უნდა
მოგიტანოს ფულიც და წარმატებაც ცხოვრებაში და არა, პირიქით.
ქალმა ამოიოხრა.
– მართალი გითხრა, ვერაფერი გავიგე. ყოველთვის ვიცოდი, რომ მდიდრები ცოტას
აფრენდნენ – თავისებურად, რა თქმა უნდა. სხვანაირად ვერც გამდიდრდებოდნენ.
– მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი შინაგანად უნდა იყოს ბედნიერი. ეს მხოლოდ
საკუთარ „მესთან“ სრული თანხმობით მიიღწევა. საყვარელი საქმის კეთება – აი, რა
არის ცხოვრებაში მთავარი.
– როგორი რომანტიკოსიც იყავი, ისეთივე დარჩი. წავედი, დავწვები. ხვალ მე მყავს
მძიმე პაციენტი – ტყუპებს შენ უნდა მიხედო.
ქალმა ლოყაზე აკოცა ქმარს.
– თუ არ შეწუხდები, ფინჯანი გასარეცხ ნიჟარაში ჩადე და სინათლე გამორთე. ისე,
თუ მაინცდამაინც, გინდა გაარკვიო, როდის დაბრუნდება შენი შერლოკ ჰოლმსი
კაბაში, იმ ექსპერტს დაურეკე – მგონი, ერთადერთი სიმპათიური ადამიანია მაგის
სამსახურში. მობილურის ნომერი მაქვს და გეტყვი.
– მართლა? ესე იგი, სასამართლო ექსპერტის მობილურის ნომერი გაქვს? ყოჩაღ!
– შემთხვევით მოხდა. ტყუპების დაბადების დღეზე მარიკასთან ერთად რომ მოვიდა,
მაშინ გავიცანი. საინტერესო ადამიანია. მობილურის ნომერიც მაშინ მომცა.
ზურაბმა ცოლს შეხედა.
– რატომ მიყურებ? არ მითხრა, რომ ეჭვიანობ. ძალიან გამაცინებ და გამართობ.
დაურეკავ?
– არა, დაველოდები.
– როგორც გინდა, – ქალმა სიცილით აიჩეჩა მხრები...
***
დათომ მანქანის მინა ჩამოწია და სახე ღამის გრილ ნიავს შეუშვირა:
– უჰ, ძლივს არ აგრილდა? ძალიან ხომ არ გაბრაზდი, რომ დამინახე? ვეღარ
მოვისვენე. ჩემი ძმაკაცის მამა იყო და...
– ეგ უკვე მითხარი, – ამოიოხრა თემომ და ცალი ხელით სიგარეტის კოლოფს დაუწყო
ძებნა. დათომ დაასწრო – კოლოფი იპოვა, ერთი ღერი ამოაძვრინა და თემოს
გაუწოდა, – მე ხომ არ მოგიკიდო?
თემომ თავი დაუქნია.
– მაინც, რა მოხდა იმ აგარაკზე, მოკლეს თუ მართლა უბედური შემთხვევა იყო?
თემომ სიგარეტი გააბოლა და სიჩქარეს მიუმატა.
– გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხს ვერ მაძლევ... გასაგებია... მაგრამ,
ვიფიქრე, რომ...
– არ არის პრობლემა. უბრალოდ, ვფიქრობდი. პასუხს კი იმიტომ ვერ გაგცემ, რომ არა
მაქვს. შენი ძმაკაცის მამა იყო, არა?!
– ჰო.
– კარგად იცნობდი?
დათომ მხრები აიჩეჩა:
– მგონი, საკმარისად. ბევრი ფული ჰქონდა და არც ისე ნათელი წარსული.
– ეგ მეც ვიცი. სხვა რამე მაინტერესებს. გართობა უყვარდა, არა?
– გააჩნია, გართობაში რას გულისხმობ. ისე, გართობა ვის არ უყვარს?
– ძალიან კარგად მიხვდი, რაც ვიგულისხმე და თავს ნუ იკატუნებ, გუშინდელი
ბავშვი არ ხარ.
– კარგი, სამართლიანი საყვედურია. ორგიები მისი სტიქია იყო, კი...
– აჰა. სწორედ ეს მაინტერესებდა. შვილთან ამის გამო კონფლიქტი ხომ არ ჰქონია?
დათო შეიჭმუხნა.
– როგორც ვიცი – არა. მიშა ძალიან მშვიდი ტიპია. თანაც, მამამისი კარგად
აფინანსებდა – ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?!
– გააჩნია, ვისთვის, – ჩაილაპარაკა თემომ.
– ჰო, ესეც მართალია. ზოგისთვის პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად,
შენთვის.
თემო მოიღუშა:
– ამით რისი თქმა გინდა? პირდაპირ მითხარი.
– გეტყვი, არ არის პრობლემა. შენი და მაკას ურთიერთობას ვგულისხმობდი.
გადაწყვიტე, რომ ეყრები?
– აი, ეს უკვე ნამდვილად არ არის შენი საქმე.
– ნუ ცხარობ. უბრალოდ, ვიკითხე. არც ისეთი უცხო ვარ თქვენთვის.
– ჰო, ვიცი, მაგრამ, ეს მაინც მარტო ჩვენ ორის გადასაწყვეტია.
– რა თქმა უნდა. ოღონდ, მეჩვენება, რომ მაკა ძალიან განიცდის. თუმცა, ცდილობს, არ
დაგანახვოს. ხომ იცი, როგორი ტიპია – საშინლად ჯიუტი და ემოციური... და, თუ
ვინმე მის ემოციებზე იწყებს თამაშს, უმართავი ხდება.
– მე მის ემოციებზე ნამდვილად არ ვთამაშობ. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ.
შევეცადე, ეს როგორმე ამეხსნა მისთვის, მაგრამ...
– ჰო, ვხვდები. ზოგჯერ მისთვის მხოლოდ საკუთარ აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ,
ისე, სულ სხვანაირია.
– ასეა. სხვანაირები ვართ და სხვანაირად ვიქცევით... – ამოიოხრა თემომ, – მაგრამ
ახლა ამაზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო არ არის. ჩილაჩავების ოჯახის ამბავი
მაინტერესებს. ესე იგი, ბატონი ვახტანგი ორგიების მოყვარული იყო?
დათომ ჩაიცინა:
– უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – „ვარიკების“. ისეთი „ვარიკების“, ოქროს საკენკზე
რომ კარგავენ ჭკუას და ყველაზე თამამი ექსპერიმენტებისაც კი არ ეშინიათ ბებერ
მელასთან.
– ასეთი ექსპერიმენტებით, უფრო ხშირად, ბებერი მელა ზარალდება ხოლმე და, მაგ
შენი ძმაკაცის მამის შემთხვევაში, მგონი, ასეც მოხდა. ექსპერტიზამ გარდაცვლილის
სისხლში ჭარბი დოზით ალკოჰოლი და ვიაგრა აღმოაჩინა.
დათომ დაუსტვინა:
– არ მიკვირს. მაგრამ, ეგ „პერედოზიროვკა“ როგორ მოუვიდა? დარწმუნებული ვარ,
პირველად არ დალევდა.
– საქმეც ეგაა... ან უნდა დავიჯეროთ, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ან,
ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ ძალიან მოინდომა მისი სექსუალური შესაძლებლობების
ისე გააქტიურება, რომ გულმა ვეღარ გაუძლო – მკვლელობის თითქმის იდეალური
ვარიანტია: ყველაფერი ბუნებრივად ჩანს, მტკიცებულებები კი, ფაქტობრივად, არ
არსებობს...
– ანუ, იდეალური მკვლელობა, – თქვა დათომ, – ესე იგი, მაინც მკვლელობა...
– არა, არა... მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ამ მეთოდით კაცის მოკვლა
მკვლელისთვის სრულიად უსაფრთხოა-მეთქი. რაც შეეხება ვახტანგ ჩილაჩავას, ვერ
გამოვრიცხავთ, რომ გადაჭარბებული დოზა თვითონ მიიღო. თუ ახალგაზრდა
გოგონების „გამასპინძლებისთვის“ ემზადებოდა, ეს ბუნებრივადაც კი ჩანს. მოკლედ,
არ ვიცი. შეიძლება, ძიება საერთოდაც შეწყდეს.
– მდაა... – თავი გადააქნია დათომ, – საწყალი მიშა. როგორია, მამა ვიაგრით რომ
მოგიკვდება?! ის „ქათმებიც“ იქ იყვნენ?
– ვინ ქათმები?
– ნაშები, რა... ბებერს კარგი გემოვნება ჰქონდა.
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! არავინ გვინახავს, გვამისა და დამლაგებელი ქალის
გარდა.
– ვა, რანაირად? მარტომ დალია ვიაგრა? ვერ დავიჯერებ, რომ ეს დამლაგებლისთვის
გააკეთა, – დათოს საკუთარ ხუმრობაზე გაეცინა.
– გეყოფა მაიმუნობა. ფიქრისგან თავი მტკივა. შენ მიგიყვან სახლში და, მეც უნდა
წავიდე, ცოტა დავისვენო და დღეიდან ისევ საქმეს მივხედო, დღეს არც ცოლს
დავლაპარაკებივარ და არც შვილს. შეიძლება, შენც გამოგიძახო.
– მე რა შუაში ვარ? – ნირი წაუხდა დათოს.
– მე არ მითქვამს, შუაში ხარ-მეთქი. მაგრამ, შეიძლება, საქმეს დასჭირდეს. გაუგებარი
რა არის?
დათომ ამოიოხრა:
– გაუგებარი არ არის. უსიამოვნოა.
– რას იზამ? ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ, რაც გვსიამოვნებს. მოვედით. შეგიძლია,
გადაბრძანდე მანქანიდან.
– მაკასთან არაფერს დამაბარებ? – გაუღიმა დათომ.
– არა. ამ დღეებში მე თვითონ შევხვდები და დაველაპარაკები.
– კარგი იქნება, თუ რამეს მოიფიქრებ და გააოცებ. ხომ იცი, უყვარს ასეთი რაღაცეები.
– გმადლობ, ჭკუა რომ დამარიგე.
– არა, არა... ჭკუა არ დამირიგებია. მხოლოდ გირჩიე. ერთი კეთილი რჩევა – მეტი
არაფერი... – დათომ მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი თემოს და მანქანის კარი
გამოაღო, მაგრამ მაშინვე არ გადასულა, – ისე, წესით, ახლა მიშასთან უნდა
მივსულიყავი. ბიჭები არიან იქ... ტაქსი ხომ არ გამოვიძახო?
– მივხვდი, ჩემი მანქანით იქ ვერ მიხვიდოდი. რა გითხრა, როგორც საჭიროდ
მიგაჩნია, ისე მოიქეცი, მაგრამ, მეც გავიმეტებ ერთ კეთილ რჩევას – ხვალამდე თავი
შეიკავე, ასე აჯობებს.
***
დევის ნელა მიჰყავდა მანქანა. გვერდით მარიკა ეჯდა. გოგოს მინა ჩაწეული ჰქონდა
და ხარბად ისუნთქავდა ღამის გრილ, შედარებით სუფთა ჰაერს.
– თუ ასე გაგრძელდა, ახვლედიანი გაგიჟდება, – თქვა და ექსპერტს შეხედა.
– დროა, შეეჩვიოს და ცოტა გაიზარდოს. ეს მისი სამუშაოა. აბა, რა ეგონა, ჩვენთან რომ
მოდიოდა?! – ნიშნისმოგებით ჩაიცინა დევიმ, – შენც ხომ არ აპირებ უკან დახევას?
– მე? არა, საიდან მოიტანე? თუმცა, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თქვენი, ექსპერტების
სამუშაო გაცილებით საინტერესოა.
– აბა, რას ამბობ, ჩვენ ხომ არც ექიმები ვართ და არ გამომძიებლები. სადღაც შუა
გზაში გავეჩხირეთ. ზოგჯერ ჩემს თავს მოფერებით „კენტავრს“ ვეძახი.
მარიკამ ხმამაღლა გაიცინა:
– კარგია. კენტავრი არაჩვეულებრივია.
– დამცინი, არა? დღევანდელ საქმეზე რას ფიქრობ?
– ანუ, მოკლეს თუ მოკვდა? სიმართლე გითხრა, არ ვიცი. გააჩნია, ამ ყველაფერს რა
კუთხით შევხედავთ.
– არა, აშკარად დამცინი. რა კუთხეები უნდა ამას, გოგო... მის ასაკში იმის ნახევარიც
რომ დაელია, რაც დალეული ჰქონდა, ყველა ვარიანტში დაიბრიდებოდა. პლუს –
ალკოჰოლი. დედაშენი ხომ კარდიოლოგია, სახლში რომ მიხვალ, ჰკითხე და გეტყვის.
– არა... – მარიკამ ღიმილით გადააქნია თავი.
– რა არა, არ გჯერა?
– მაგას არ ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, მჯერა, მაგრამ, საქმე ისაა, რომ შენი სახის
გამომეტყველება მაეჭვებს. კიდევ რაღაც არის ისეთი, რასაც არ ამბობ და რაც
გაფიქრებინებს, რომ მკვლელობა იყო.
– ერთია, რას ვფიქრობ მე და მეორეა – რას გეუბნებიან ფაქტები – მთავარი ხომ
სწორედ ფაქტებია.
– ჰო, მაგრამ... – დაიწყო მარიკამ.
დევიმ ხელის აქნევით შეაჩერა გოგო:
– არავითარი „მაგრამ“. კიდევ ერთი მკვლელობა – მეტისმეტია. ჯობია, უბედურ
შემთხვევად დარჩეს – ასე გაცილებით მომგებიანია ყველასთვის.
– არ მჯერა.
– რა არ გჯერა?
– რომ შენ ამას შეძლებ.
– ჰმ, ვითომ რატომ ვერ შევძლებ? ხომ გითხარი, მნიშვნელობა ფაქტებს აქვს და არა
ჩემს ვარაუდს-მეთქი. ვნახოთ, ძიება როგორ წავა. მე ჩემი საქმე გავაკეთე.
– ძიება იქნება?
დევიმ მხრები აიჩეჩა:
– ის, რაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს, თემოს ჰკითხე, რითი იწყება, თუმცა,
პირობას ვერ მოგცემ, რომ საქმეს მალევე არ დახურავენ, ვახტანგ ჩილაჩავა ძალიან
ცნობილი ტიპი იყო და საკმაოდ უხერხულად გამოემშვიდობა ამ ქვეყანას.
მარიკამ თვალები მოჭუტა:
– მოიცადე, წინასწარ ყლაპა ამდენი აღმგზნები საშუალება?
– ჰოო, სწორედ ეგ არის ყველაზე საინტერესო. იქ იყო ის, ვისთვისაც მაგ
რესპექტაბელურმა ბატონმა მსხვერპლი გაიღო. ახლა შეკითხვა: – სად გაქრა
ქალბატონი? სავარაუდოდ, შეეშინდა და გაიქცა. რისი შეეშინდა? იმის, რომ
სკანდალში გაეხვეოდა... ან, კიდევ უარესი – მკვლელობას დააბრალებდნენ...
მოკლედ, თემოს საქმე ნამდვილად აქვს.
– და თუ ქალბატონი არ არსებობს? – ვარაუდი გამოთქვა მარიკამ.
– გამორიცხულია. თუ ერთი პროცენტით მაინც დავუშვებთ ამის ალბათობას, მაშინ
თვითმკვლელობამდე მივალთ. თვითმკვლელობა ვიაგრით საინტერესოა...
– უსუსური ვერსიაა.
– გეთანხმები. მაგრამ, უსუსურ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.
– უცნაურია... ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მსგავსი აუცილებლად
მოხდებოდა, ანუ, მკვლელობას ვგულისხმობ. მაგრამ, ვიაგრამ ყველაფერი აურია.
– მაგარია „ვიაგრამ ყველაფერი აურია“... – თანაც, როცა ეს სიტყვები შენგან ისმის. შენ
ახლა დაისვენე და, თუ გინდა, დილით გამოგივლი.
– დილაობით მამაჩემს მოვყავარ ხოლმე.
– კარგი, ნუ შეცვლით განაწესს. დილით, ალბათ, ისევ თათბირი იქნება. ახვლედიანს
ჰგონია, თათბირების სიხშირე გამოძიებას ეხმარება... ეგ კიდევ კარგა ხანს არ
გაიზრდება.
მარიკამ ჩანთა აიღო:
– მაინც არ მითხარი...
– რა? აა, მივხვდი... მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფერია. მით უმეტეს, რომ
თითქმის გითხარი, ვეძებოთ ქალი... მაგრამ, შენ ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი...
***
იამ სათვალე მოიხსნა და შვილს გაკვირვებულმა შეხედა.
– მოხდა რამე?
– შენ რა, მივლინებაში არ წახვედი? გადაიფიქრე?
– ჰო. ბოლო წუთს აღარ მომინდა. მნიშვნელოვანი არაფერია. დავიღალე ამდენი წინ
და უკან ფრენით. მაგრამ, ახლა ის უფრო მაინტერესებს, ასე რამ აგაღელვა. ვითომ
იმან, რომ არ გავემგზავრე?
ნიკა დივანზე ჩამოჯდა და ხელი ჩაიქნია.
– არა, რა თქმა უნდა. ჩემი თანაკლასელის მამა მოკვდა, – ნიკამ შეგნებულად არ თქვა
მეგობრის მამაო. მიშა მის წარმოდგენაში ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ, რადგან
მამამისის ცხოვრების წესი მისთვის მისაღები იყო, ამიტომ ზოგჯერ მიშაც
მიუღებელი ხდებოდა ნიკასთვის.
– მართლა? ამიტომაც ხარ ასეთი დათრგუნული?
– დათრგუნულის რა გითხრა, მაგრამ...
– მოიცა, რას არ მეუბნები?
– მე? არა, სათქმელი არაფერი მაქვს. იმაზე ვფიქრობდი, პანაშვიდზე და გასვენებაში
როგორ უნდა მივიდე-მეთქი. საშინლად მძულს, მაგრამ, აუცილებელია.
– მარიკა არ გინახავს? – ჰკითხა მოულოდნელად ქალმა.
– მარიკა? არა...
– ხომ არ იჩხუბეთ?
– არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ვერ დავურეკე. ვიცოდი, რომ საქმე ექნებოდა.
– აი, ეგაა საქმე – ამას დასასრული არ ექნება.
– რას არ ექნება დასასრული?
– მის მოუცლელობას. შენ კი ამას ვერ გაუძლებ. სისულელეა, ქალს, რომელსაც
უყვარს თავისი საქმე, მოსთხოვო, სახლში დაჯდეს და შვილები ზარდოს. თუ ის ასეთ
მსხვერპლს გაიღებს, აუცილებლად მოგთხოვს სანაცვლოდ რაღაცას. იფიქრე ამაზე.
– ვიფიქრე.
– მერე?
– ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში. მეც მინდა, რომ საყვარელი საქმე აკეთოს. დედა, შენ
მე კარგად ვერ გამიგე. მარიკა მიყვარს, მაგრამ, მესაკუთრე არ ვარ. მეც არ ვაპირებ
სახლში გულხელდაკრეფილი ჯდომას და იმაზე ფიქრს, როდის დაბრუნდება ცოლი
სამსახურიდან. საერთოდაც, სულ ტყუილად ღელავ ასეთ წვრილმანებზე.
– მე შენზე ვღელავ და არა წვრილმანებზე და ეს ერთი და იგივე არ არის, უკვე
იმდენჯერ გითხარი...
ნიკამ ჯიბიდან მობილური ამოიღო:
– დათო მირეკავს... ამდენ ხანს იქ იყავი? მერე? კარგი რა, რას ამბობ!.. მიშამ იცის?..
შენი სიძეც მაგარი ტიპია... ეგ რას ნიშნავს?.. უფრო გასაგებად ვერ აგიხსნა?
დაკითხვაზე?... შეიძლება, მეც? რა სისულელეა, მე რა შუაში ვარ... ახლა სად უნდა
მოხვიდე, შუაღამეა... კარგი... გავიგე... ჰო, როგორც კი გავიღვიძებ, გირეკავ...
იამ სიგარეტს მოუკიდა:
– რატომ დამიმალე, ჩილაჩავაზე რომ იყო ლაპარაკი? – უკმაყოფილოდ ჰკითხა შვილს.
– შენ რა, იცნობდი? ჩემთვის რომ არასდროს არაფერი გითქვამს?
– მე? საიდან უნდა მცნობოდა? მაგრამ დღეს ტელევიზორში იყო ინფორმაცია და
დათოსთან შენი საუბრით მივხვდი... მგონი, უბედურ შემთხვევაზე იყო ლაპარაკი.
– ეტყობა, მთლად უბედური შემთხვევაც არ ყოფილა, რადგან ჩემი დაკითხვაც
უნდათ.
ქალს თვალები აენთო:
– კი მაგრამ, შენი რატომ?
– ზუსტად არ ვიცი. დათოს დილით ვნახავ და გავარკვევ.
– კარგი. მე წავალ, დავიძინებ... რაღაც მინდოდა მეთქვა... უფრო სწორად, მეთხოვა.
რას იტყოდი, პატარა მოგზაურობაზე? მე და შენ სადმე შორს რომ წავსულიყავით,
რამდენიმე დღით...
– ფრენა რომ მოგწყინდა?
– ეს სულ სხვა რამეა. დავისვენებდით...
– გინდა, მარიკას მომაშორო? ეს შედის შენს სამოგზაურო გეგმებში?
იას სახე დაუსევდიანდა:
– აი, თურმე რა იფიქრე... გული მატკინე. ძალიან, ძალიან მატკინე გული. ეს რომ
მცოდნოდა...
ნიკამ სინდისის ქენჯნა იგრძნო:
– მაპატიე...
ქალმა ამოიოხრა:
– მივხვდი: თუ შენთან მშვიდობა მინდა, მარიკა უნდა შევიყვარო...
– ეს შენთვის ასეთი ძნელია?
– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში უნდა ვცადო.
– მადლობის მეტი რა მეთქმის?! – გაეღიმა ნიკას, – ამ მცდელობას აუცილებლად
დაგიფასებ...
***
მარიკასთვის დღე ადრე იწყებოდა. მაღვიძარა ყოველთვის რვის ნახევარზე რეკავდა,
მაგრამ იმ დილით გაუჭირდა. მაღვიძარას ხმა კი ესმოდა, მაგრამ, თავი ვერ
წამოსწია... თვალი რომ გაახილა, მაღვიძარა დედამისს ეჭირა ხელში...
– რა კარგია, რომ გამაღვიძე... – უთხრა და გაუღიმა.
– არ ვაპირებდი შენს გაღვიძებას, პირიქით, მაღვიძარა უნდა გამეტანა. ისე გვიან
მოხვედი, რომ გამოძინება არ გაწყენდა.
– ჰო, თათბირი გვქონდა. ახლაც უნდა წავიდე, – მარიკა ასადგომად მოემზადა.
– მამაშენი ნერვიულობდა.
– მართლა?! არ უთხარი, სადაც ვიყავი?
– როგორ არ ვუთხარი, მაგრამ, მაინც ნერვიულობდა. მიხვდა, რომ შეცდა, თავის
დროზე შენს არჩევანში რომ არ ჩაერია.
– დედა!.. – შეიჭმუხნა მარიკა, – რაღა დროს ამაზე ლაპარაკია?
– ჰო, მაგაში მართალი ხარ, უკვე გვიანია. მაგრამ, შენ თვითონ მოგწონს, რასაც
აკეთებ? მოგწონს ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ არ ცხოვრობ?
– რატომ არ ვცხოვრობ ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანივით? შენ და მამას
ოპერაცია არ გაგგრძელებიათ?
– ეს ერთი და იგივე არ არის.
– რატომ? – გაეცინა მარიკას, – სამსახური – სამსახურია. ჰო, მართლა, შენთან
ლაპარაკი მინდოდა – შენი პროფესიული რჩევა მჭირდება.
ქალმა მაღვიძარა მიაჩეჩა და ფარული ინტერესით ჰკითხა:
– რა რჩევა? რასთან დაკავშირებით?
– ვიაგრასთან დაკავშირებით.
– რა? – თვალები გაუფართოვდა თათას, – მოიცა, შენ ეგ რატომ გაინტერესებს?
– არა, არა, ბებერი საყვარელი ნამდვილად არ მყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო.
გუშინდელ საქმესთან დაკავშირებით დამჭირდა. უბედური შემთხვევა მოხდა...
შეიძლება, მკვლელობაც... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ პრეპარატს რა
ასპექტში განვიხილავთ.
– მოიცა, მოიცა, კარგად ამიხსენი, კონკრეტულად რა გაინტერესებს. ჩაიცვი და
სამზარეულოში გამოდი, იქ ვილაპარაკოთ.
***
ზურაბმა ტყუპებს კაკაო დაუსხა გასაცივებლად და სამზარეულოში შესულ უფროს
შვილს გაუღიმა:
– შენც ხომ ისაუზმებ?
– დედასთან რაღაც საქმე მაქვს... ულტიმატუმი ასეთია – თან უნდა ვისაუზმო.
– კარგია. მაგრამ, მე რომ ვერ დაგელოდები? ესენი ბაღში უნდა მივიყვანო და
სამსახურში გავიქცე. რამე მნიშვნელოვანი მოხდა წუხელ?
– არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია... ნელ-ნელა ვეჩვევი, ისევე, როგორც შენ
შეეჩვიე ოპერაციებს. ხომ მართალი ვარ?
– არა, რატომ? ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი ოპერაციები, რომლებიც არასდროს
მავიწყდება... მერე მომიყევი, კარგი?! საღამოს, თუ ისევ შენი თათბირი არ შეგვიშლის
ხელს... რით წახვალ სამსახურში?
– დევის დავურეკავ. წუხელაც იმან მომიყვანა.
– უჰ, კიდევ კარგი, არ თქვი საპატრულო მანქანას გამოვიძახებო. გული მისკდება,
როცა ის მანქანა გაკითხავს. მეზობლებისაც მრცხვენია, – თქვა თათამ.
მარიკას გაეცინა:
– დედა, რა უცნაური ხარ...
– კიდევ მე ვარ უცნაური?! – გაიოცა ქალმა, – აბა, მოყევი, რაში დაგჭირდა ჩემი
პროფესიული რჩევა ვიაგრასთან დაკავშირებით?
კართან მდგარი ზურაბი შემობრუნდა:
– რასთან დაკავშირებით?!
მარიკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– დედა, რანაირი ხარ, პროვოკაციის შემოგდება კარგად გეხერხება. მამა, ყურადღებას
ნუ მიაქცევ, დანაშაულთან დაკავშირებით მჭირდება, სწორედ გუშინ მომხდარ
ამბავთან, დედა კი ცდილობს, გააზვიადოს და დაგაეჭვოს.
– არაფერს არ ვცდილობ. მოყევი, აბა, რა გაინტერესებს? – თათამ ყავა დაისხა.
– „პერედოზიროვკა“ თუ იწვევს სიკვდილს და, საერთოდ, როგორ ხდება ეს?
სექსუალური აქტი აუცილებელია?
თათამ ხელები გაშალა:
– ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი, ვერაფერს იტყვი...
– ჰო, ვიცი. ჩვენ გვაინტერესებს. ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
– მაინც, რა?
– ის, რომ თვითმკვლელობა იყო თუ უბედური შემთხვევა, ან სულაც, მკვლელობა...
– აჰა... თათბირი მაგის თაობაზე გქონდათ? – ქალმა ქმარს შეხედა, – შენ არ
გაგვიანდება?
– ძალიან მაგვიანდება. გავიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს
თქვენი საუბრის თემა.
– კიდევ უფრო დაინტერესდები, როცა გაიგებ, ვის ეხება, – ჩაილაპარაკა ქალმა.
მარიკამ გაკვირვებით შეხედა:
– შენ რა, იცი? საიდან გაიგე?
თათამ ნიშნისმოგებით ჩაიცინა:
– ეს ქალაქი ძალიან პატარაა, ჩემო კარგო. რადგან არ ვლაპარაკობ, ამიტომ არაფერი
ვიცი? ვახტანგ ჩილაჩავა... – ხომ მართალია?
მარიკამ მოწონებით გადააქნია თავი:
– ყოჩაღ! ამას ნამდვილად არ ველოდი შენგან.
– ვიაგრაზე რომ დაიწყე ლაპარაკი, თორემ, ერთმანეთთან ვერაფრით
დავაკავშირებდი შენს სამსახურს და იმას, რაც მაგ კაცის თავს მოხდა.
– არ მითხრა, რომ ახლოს იცნობდი.
– არც ისე ახლოს. მისი ცოლი ჩვენთან მუშაობს, ლაბორატორიაში. ასეთი ამბები კი
სწრაფად ვრცელდება, ჩემო კარგო.
– ძალიან კარგი. ესე იგი, სამსახურში „ხელცარიელი“ არ მივალ. კიდევ რისი თქმა
შეგიძლია შენს თანამშრომელზე?
თათამ გამაფრთხილებლად დაუქნია შვილს თითი:
– ხომ იცი, ჭორაობა არ მიყვარს...
– დე... ჭორაობა რა შუაშია? შენ ახლა გამოძიებასთან თანამშრომლობ და საჭირო
ინფორმაციას აწვდი – სულ ეს არის.
– რა გაინტერესებს?
– ჯერ იმ კითხვაზე მიპასუხე – ვიაგრასთან დაკავშირებით...
– ჰო, მანდ ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს: შეიძლება, აქტამდე დამართნოდა და
აქტის შემდეგაც. მით უმეტეს, რომ სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.
მარიკას თვალები აუციმციმდა:
– რა? გული აწუხებდა? სტენტირება ჰქონდა გაკეთებული?! აი, თურმე, რა არ მითხრა
დევიმ. აუ, ეს რა მაგარი ამბავი გავიგე!.. მადლობა, დე... – მარიკამ სწრაფად აკოცა
ლოყაზე დედას და მობილურს ეცა.
– ბატონო დევი... კარგი, დევი... უკვე სამსახურში ხარ? ესე იგი, გამიმართლა. ძალიან
კარგი, თითქმის მზად ვარ... ათ წუთში? რა თქმა უნდა... და, კიდევ... საინტერესო
რაღაც უნდა გითხრა – შენი საიდუმლო გავიგე... ანუ, ის, რაც არ მითხარი... არა, არა,
როცა შევხვდებით, მაშინ გეტყვი... – მარიკამ ტელეფონი გათიშა და გახარებულმა
ხელი ხელს შემოჰკრა, – დევი... დევი... პატარა გამოცდა მომიწყვე?
– რა გამოცდა, ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა თათამ, – არ შეგიძლია,
ნორმალურად დამელაპარაკო?
– საღამოს, დე... ახლა ძალიან მეჩქარება, ათ წუთში მომაკითხავენ...
– მაინც ვერ გავიგე, რა არის ასეთი აღმაფრთოვანებელი იმაში, რომ ჩილაჩავას
სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. საკმაოდ შედეგიანი და აქტუალური
პროცედურაა... ლამის ყოველ მეოთხეს აქვს გაკეთებული... ნუ, მეხუთეს მაინც...
– დედა, შენ ვერც წარმოიდგენ, რა მაგარი რამე მითხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ
ჩილაჩავას თავი არ მოუკლავს. მას ხომ ზუსტად ეცოდინებოდა, რა შეიძლებოდა
მოჰყოლოდა ამ პრეპარატის ჭარბი რაოდენობით დალევას. ახლა მიხვდი?
– რა გითხრა?! თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, რომ ჩილაჩავა მოკლეს?
– არა, რა თქმა უნდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიმართლის დადგენაა. საღამოს
კიდევ დაგელაპარაკები მის ცოლზე, კარგი?
– კარგი, მაგრამ, დიდი იმედიც ნუ გექნება, რომ მათ ოჯახზე ბევრს მოგიყვები.
ძალიან არ მიყვარს სხვის ჭუჭყიან საცვლებში ქექვა.
– ჰო, მაგრამ, შენ აუცილებლად გეყოლება თანამშრომლები, რომელთაც ამის გარეშე
ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ისარგებლე ამით.
თათამ ცხვირი შეიჭმუხნა:
– მარიკა, მარიკა... რას მთავაზობ, ექთნებთან ჩავჯდე სალაყბოდ?
მარიკამ ყელი ორი თითით გამოსწია:
– ძალიან გთხოვ, დე... მხოლოდ დღეს და მხოლოდ ჩემი ხათრით. იცოდე, ძალიან
დამეხმარები...

თემო მობილურის ზარმა გააღვიძა. საათს შეხედა და სწრაფად წამოხტა ლოგინიდან.


ცალი ხელით შარვალს იცვამდა, მეორით – მობილურზე საჭირო ღილაკის მოძებნას
ლამობდა. გაცოფებულმა შეიგინა. მობილური საწოლზე მოისროლა და პერანგს
დასწვდა. ტელეფონმა ისევ დარეკა: თემომ უპასუხა:
– გისმენთ... დიახ, თემო პაპავა გისმენთ... ა, დიახ... არა, რა თქმა უნდა, არ
დამვიწყებიხართ. ჩემი სამსახური ასეთ ჩავარდნებს არ ითვალისწინებს. რასთან
დაკავშირებით? ნახევარ საათში ადგილზე ვიქნები, საშვს დავუშვებ და
გავაფრთხილებ, პირდაპირ ჩემს კაბინეტში ამოგიყვანონ... – თემომ მობილური
გათიშა და აპარატით კეფა მოიქექა. მერე ამოიოხრა. პერანგს დახედა... იატაკზე
დააგდო... კარადა გამოაღო და აღმოაჩინა, რომ საკიდზე ერთადერთი პერანგიღა იყო
დარჩენილი. აქამდე არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ პერანგები თავისთავად არ
ირეცხებოდა და უთოვდებოდა, რომ ამ საქმეს ვიღაც აკეთებდა. ცოცხალი არსება,
რომელიც, შეიძლება, იღლებოდა კიდეც და, არც დიდად აღფრთოვანებული არ უნდა
ყოფილიყო ამ პროზაული საქმიანობით. გუნება გაუფუჭდა დღე უსიამოვნოდ
დაიწყო...
მანქანიდან დევის დაურეკა:
– მიდიხართ? ორივე? მოიცა, ვინ ორივე... აჰა, გასაგებია... მე მნიშვნელოვანი
შეხვედრა მაქვს. როგორც კი მოვრჩები, მაშინვე შეგეხმიანებით და ორივე ჩემთან
გაჩნდით... რამე ახალი ხომ არ გაქვს? კარგი, მერე ვილაპარაკოთ. დღე აშკარად მძიმე
იქნება, გული მიგრძნობს – არა, გული არაფერ შუაშია, ფაქტებით გელაპარაკები...
კარგი...
***
... მარიკამ ცნობისმოყვარედ შეხედა საეჭვოდ მოღიმარ დევის:
– რა ხდება? თემო უკვე სამმართველოშია?
– არა. ისიც მანქანაში ზის, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია, არ ვიჩქაროთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პაპავას ჩვენთვის აშკარად არ სცალია, მითხრა, მნიშვნელოვანი
შეხვედრა მაქვსო. შეიძლება, მინისტრი იბარებს, მაგას და ახვლედიანს. როცა
შევხვდებით, გავიგებთ... მე კი ერთი წინადადება მაქვს... ყავაზე გეპატიჟები და ცხელ
ბლინებზე მოცხარის ჟელეთი. დარწმუნებული ვარ, საუზმობა ვერ მოასწარი.
მარიკამ ამოიოხრა:
– მომასწრებინეს. დილით პირდაპირ დედაჩემს ჩავუვარდი კლანჭებში და
იძულებული გავხდი, მესაუზმა. თუმცა, ყავას სიამოვნებით დავლევ. საშუალებაც
მომეცემა, დაგელაპარაკო.
– ჰო, მართლა, დილით რას მეუბნებოდი?
– გეტყვი აუცილებლად, – ჩაიღიმა მარიკამ, – გეგონა, ვერ გავიგებდი? მე ხომ ექიმები
მყავს ოჯახში, თანაც დედა კარდიოლოგია. ასე რომ, უკვე ვიცი...
– ყოჩაღ! მეც სწორედ ამისი იმედი მქონდა, – თვალი ჩაუკრა დევიმ, – ახლა რას იზამ,
თემოს ეტყვი, რომ ეს უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა და ახვლედიანის
ყურამდეც მიიტან ამ ამბავს?
– მოდი, მეც გკითხავ: შენ გჯერა, რომ უბედური შემთხვევა იყო?
– მე, ზოგადად, იშვიათად მჯერა რამის, მაგრამ, საქმე ამაში არ არის, ალბათობა
ყველაფრის არსებობს.
– ადამიანმა, რომელსაც სტენტირება აქვს გაკეთებული, ზუსტად იცის, რა მოუვა, თუ
ვიაგრის ჭარბ დოზას მიიღებს. მით უმეტეს, ვახტანგ ჩილაჩავას ეს არ
დაავიწყდებოდა. კაცი, რომელიც ყველანაირად ებღაუჭებოდა ცხოვრებას და
ცდილობდა, ამქვეყნიური ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღო,
განსაკუთრებით გაუფრთხილდებოდა მას.
– გეთანხმები, მაგრამ, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. გატყობ, ძალიან
გინდა, ამ საქმეს მკვლელობის კლასიფიკაცია მიეცეს.
– არა. რატომ? სიმართლე მაინტერესებს.
დევიმ თავი დაუქნია:
– მესმის შენი. ვნახოთ, დღეს რა მოხდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახი რა
პოზიციას დაიკავებს.
მარიკამ ეშმაკურად გაიღიმა:
– მე კიდევ მაქვს რამდენიმე მომგებიანი კარტი, მაგრამ, ჯერ არ გამოვაჩენ.
– მართლა? წარმატებებს აღწევ, პატარავ, კარგად მიდიხარ და სულ უფრო მომწონხარ.
– გმადლობ. მეც ძალიან მომწონხარ და პაპავაც მომწონს.
– მართლა? – ირონიულად ჩაიცინა დევიმ და თვალები აუციმციმდა. მარიკა
გაწითლდა:
– არ გინდა, რა... ნათქვამის უტრირებას ნუ მოახდენ. მომწონს, როგორც
პროფესიონალი და არა როგორც... მით უმეტეს, რომ... მე...
– ჰო, ვიცი, თითქმის შეყვარებული ხარ.
– თითქმის არა, შეყვარებული ვარ.
– ვინ არის ის ბედნიერი?! თუმცა, ვხვდები მგონი, მე დაგეხმარე მის მოძებნაში.
მოკლედ, შენი მაჭანკალი ვარ.
– რაღაც მსგავსია. ოღონდ, ეს ამბავი ჯერ მამაჩემისთვისაც კი არ მითქვამს.
დევიმ თანაგრძნობით დაუქნია თავი:
– ჰო, მესმის...
– ვაპირებდი, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, ჯობია, ცოტა ხნით თავი შევიკავო. გუშინ
თემოსთან რომ ბიჭი იყო მოსული...
– დათო იყო, ვიცი... მაკას ძმაა.
– ვინ არის?
– თემოს ცოლის, მაკას ძმა, დათო... იმ ჩილაჩავას შვილი მისი მეგობარი ყოფილა... –
განუმარტა დევიმ.
– მართლა? არ ვიცოდი.
– ჰოდა, ეგ დათო ნიკას ძმაკაციც არის. ყოველ შემთხვევაში, ერთ გუნდში თამაშობენ
და სულ ერთად არიან.
დევი ჩაფიქრდა.
– ეგ საინტერესოა. ეგ ბიჭი თვითონ გირეკავდა, არა?
– ჰო. არაფრით არ მითხრა, როგორ გაიგო ჩემი მობილურის ნომერი ან სად მნახა
საერთოდ პირველად. მაინტერესებდა, მაგრამ, მითხრა, როცა დრო მოვა, გეტყვიო და
მეც, რაღაცნაირად მიმავიწყდა.
– დაგავიწყდა, არა?! ასე იცის სიყვარულმა. თუმცა, შეიძლება, უკეთესიც კია, ზოგჯერ,
უბრალოდ, უნდა მიიღო რეალობა ისეთი, როგორიც ის არის.
– მაგით იმის თქმა ხომ არ გინდა?
– არაფერი მნიშვნელოვანის... აი, მოვედით კიდეც... ვგიჟდები ბლინებზე, აქ რომ
აკეთებენ, – თქვა დევიმ და მანქანა კაფესთან გააჩერა.
***
პაპავამ სიგარეტს მოუკიდა და ახალგაზრდა კაცს ყურადღებით შეხედა.
– მეც მოვწევ, ხომ შეიძლება?! – სიგარეტის კოლოფი დაანახვა მან.
პაპავამ უსიტყვოდ დაუდო წინ სანთებელა და საფერფლეც გაუჩოჩა.
– ალბათ, გიკვირთ, რომ მოვედი. ჩვენ ხომ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ და, პრინციპში,
ყველაფერი გავარკვიეთ.
– თქვენთან დაკავშირებით, შეიძლება, ასეც ითქვას. აბა, რისი თქმა გინდოდათ? ეს
ალბათ, მამათქვენის მკვლელობას ეხება... თუ, საყვედური უნდა გამოთქვათ,
გამოძიება რომ გაჭიანურდა და მკვლელი აქამდე ვერ ვიპოვეთ?
– არა, არა, ეგ არანაირ კავშირში არ არის ჩემს ვიზიტთან. იმიტომ მოვედი, რომ
სიმართლის თქმა მინდა.
პაპავამ გაოცებით შეხედა:
– სიმართლის?!
– დიახ. სულერთია, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად გაიგებთ. ვმალავდი
იმიტომ რომ, ცოლი ძალიან მიყვარს და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თანაც,
ძალიან არ მინდოდა იმ ღორს, მამაჩემს დავმსგავსებოდი. მაგრამ, ეტყობა, რასაც
ერიდები, იმას ვერ გაექცევი. როგორმე უნდა გამოვიდე ამ სიტუაციიდან, თუმცა, არ
ვიცი, როგორ...
– აღსარების სათქმელად თუ მოხვედით, ვეჭვობ, მე გამოვდგე ამისთვის. მაგრამ, თუ
ამას მამათქვენის მკვლელობასთან აქვს კავშირი, მაშინ...
– საქმე ისაა, რომ არ ვიცი... – კაცმა თავზე ხელები იტაცა, – არ ვიცი... ის გოგო, ნია...
გახსოვთ, ხომ?!
– რა თქმა უნდა, მახსოვს. უცნაური შეკითხვაა. მას და მის მეგობარს ჯერჯერობით
დააკვირდებიან.
– აკვირდებიან? – შეიჭმუხნა კაცი.
– ჰო. ეჭვმიტანილები არიან-მეთქი, ვერ ვამბობ, რადგან ორივეს აქვს ალიბი. მაგრამ
ალიბიც შეიძლება იყოს საეჭვო. თუ დამტკიცდა, რომ გოგო ფეხმძიმედ
მამათქვენისგან არის... – თემომ ვერც კი მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ
მისთვის მოულოდნელი და მძაფრი რეაქცია მოჰყვა ამ სიტყვებს – ნოდიას ვაჟი
წამოხტა და ხელები შეშლილივით აიქნია:
– აი, რის სათქმელად მოვედი!.. როგორც კი იმის გარკვევას დაიწყებთ, ვისგან არის ის
გოგო ორსულად, ეგრევე დამერხევა!
თემო მიხვდა:
– მოიცა, ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ...
– ჰო... შეგიძლიათ, აღარ გააგრძელოთ... პოტენციური მამის ძებნასაც აზრი არ აქვს. ის
თქვენ წინაშეა. მე ვიწექი ნიასთან და ამას დღემდე ვნანობ, ძალიან ვნანობ...
ნოდია დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო: – მეგონა, დამთავრდა ეს ამბავი-მეთქი.
იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი... ახლა ჩემი ცოლიც ყველაფერს გაიგებს და ჩემს
ოჯახსაც ბოლო მოეღება. მიყვარდეს მაინც...
თემომ შუბლი მოისრისა:
– მდაა... ეს მართლა სიახლეა... ნია ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა
ჩემთვის, რომ შვილს თავისი შეყვარებულისგან ელოდება.
– ჰო, ვიცი, იმიტომ რომ, მიხვდა, ორივესთვის ასე აჯობებდა და ბავშვსაც მამა
ეყოლებოდა. მე დავეხმარებოდი... ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, სანამ მამაჩემი
არ გამოეკვეხა, როგორც ყოველთვის – ... აუცილებლად ახლა უნდა მომკვდარიყო...
– მამათქვენი არ მომკვდარა... ის მოკლეს, – შეახსენა პაპავამ, – ჰო, კიდევ ერთი
დეტალი, რომელიც მაინტერესებს: მამათქვენს რატომ სთხოვდა აბორტის ფულს ნია?
ლოგიკურად, ეს ფული თქვენთვის უნდა მოეთხოვა.
– ეგ ნიას ვერსიაა, თქვენთვის მოფიქრებული, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად
იყო... – ნოდარს ხმა ჩაუწყდა, – წყალი დამალევინეთ, თუ შეიძლება...
***
დევი და მარიკა დერეფანში ნოდარს გადაეყარნენ, რომელიც, ის იყო, ახვლედიანის
კაბინეტიდან გამოვიდა. თანამშრომლების დანახვაზე სახე გაებადრა და
ვალმოხდილი კაცის იერით მიესალმა ორივეს:
– აბა, როგორ ხართ? როგორ გყავთ შეფი?! დღეს როგორ გუნებაზე ბრძანდება?..
– ეგ შენ უკეთ უნდა იცოდე. ახლა გამობრძანდი მისი კაბინეტიდან.
ნოდარს არ სწყენია:
– ახვლედიანს არ ვგულისხმობდი, ეგ ყველას შეფია. მე კონკრეტულად თქვენი შეფი
ვიგულისხმე.
– აჰა! პაპავა? ჰოო... ჯერ არ გვინახავს... შენ რა, დაგაწინაურეს თუ პრემია მოგცეს?
– ძალიან მეტყობა? ჰო, გახარებული ნამდვილად ვარ. მაგრამ არც პრემია მიუციათ და
არც დავუჯილდოებივარ ვინმეს. უბრალოდ, ის საქმე დავხურეთ როგორც იქნა.
– რომელი საქმე, მდინარეში ნაპოვნი გვამის? ასეც ვიცოდი, მოსალოდნელი იყო.
არადა, შეგეძლო, თავი გესახელებინა.
დევიძე მოიღუშა:
– ტყუილად დამცინი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. რაც მთავარია,
ახვლედიანი კმაყოფილია ჩემი მუშაობით.
– კმაყოფილი როგორ არ იქნება, – თავი დაუქნია დევიმ, – აბა, ვინ მოსთხოვს პასუხს,
ვიღაც ფუგანის გამო.
დევიძემ ხელი ჩაიქნია.
– ეე, შენ სულ ასეთი ხარ. ჩემი მოგვარე თუ მოსახელე მაინც არ იყო...
– არც მოგვარე ვარ და არც მოსახელე... იდიოტო, ჩემი სახელისგან შენი გვარი
გამოჭყლიტა ერთ დროს ვიღაცას, სულ ეს არის. მაგრამ, ამას რომ მიხვდე, სულ ცოტა
ტვინი მაინც უნდა გქონდეს აი, აქ... – დევიმ შუბლზე მიიკაკუნა საჩვენებელი თითი.
დევიძე ჭარხალივით გაწითლდა:
– რა უნდა გელაპარაკო...
– რა უნდა მელაპარაკო, ისედაც ყველაფერი გასაგებია, – დევიმ ამოიოხრა და მარიკას
მხარზე მოხვია ხელი, – წავედით, მარუსია, ვაცადოთ ამ ადამიანს სიმშვიდით
ტკბობა...
დევიმ ხელი ჩაიქნია:
– არ უნდა მეწყინოს, მე ხომ შენ გიცნობ, მაგრამ, არ შემიძლია. ხანდახან მგონია, რომ
ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებ...
მარიკამ მკლავზე მოკიდა დევის ხელი და მსუბუქად მოქაჩა:
– რას ერჩოდი? თავისი უბედურებაც ეყოფა...
დევი ჯერ გაჩუმდა. მერე გადაიხარხარა.
– შენ უფრო მაგარი ხარ. ვაღიარებ...
***
ფანჯარასთან იდგა – აქ ყველაზე კარგად ახერხებდა თავისი აზრების
კონცენტრირებასა და ფიქრს. საფიქრალი კი ნამდვილად ჰქონდა... პატარა
ფრაგმენტებად დანაწევრებული აზრები ხან ზედაპირზე ამოტივტივდებოდა, ხან
ისევ ფსკერზე ილექებოდა... ქაოსურად და თვითნებურად... აქამდე ყოველთვის
იმპულსურად მოქმედებდა, შინაგანი ხმის კარნახითა და სიამოვნების განცდის
მოლოდინით... ამ დროს კი ზედაპირზე სხვა აზრები ტივტივებდა, რომელიც შორს
იყო სინდისის ხმის მოსმენისგან. საღი აზრი ასეთ დროს ფსკერზე თვლემდა,
თავისთვის იყო და განაჩენის აღსრულებაში ხელს არ უშლიდა... ასეთი ჭიდილი
აზრთა შორის აქამდე არასდროს განეცადა და ეს სერიოზულ დისკომფორტს
უქმნიდა. გრძნობდა – რაღაც მოხდა და ეს „რაღაც“ ძველებურად ცხოვრების
საშუალებას აღარ მისცემდა... ყოველ შემთხვევაში, აღარასოდეს ექნებოდა იმ
სიამოვნების განცდა, რომლის მოლოდინიც აცოცხლებდა მისი გონების იმ ნაწილს,
რომელიც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ მოსწყდა რეალობას...
მარიკამ განცვიფრებით შეხედა თემოს კაბინეტში, მაგიდასთან, სკამზე საცოდავად
მობუზულ, ნამტირალევ კაცს და დევის გახედა:
– მგონი, ადრე მოვედით...
– არა, არა... მაშინ, არ დაგირეკავდით, რატომ აგვიანებთ-მეთქი. გია ნოდიას ვაჟს
იცნობთ?..
დევიმ იდაყვზე მოჰკიდა ხელი თემოს და მდივნის ოთახში გაიყვანა, ქალს კი ანიშნა,
ცოტა ხნით მარტონი დაგვტოვეო.
– რა ხდება? არ მითხრა, რომ საქმე გახსენი და შვილის მოკლულია.
– არა. უფრო სწორად, არ ვიცი. ზოგჯერ მგონია, რომ ვგიჟდები. ყველაფერი რატომ
ამერია?
– ეე, შენ ახლა ნუ დაიწყე... მე ნოდიას მკვლელობაზე გელაპარაკები. აშკარად რაღაც
ახალია. მომეჩვენა თუ ნამტირალევი იყო?
– არ მოგჩვენებია. ძლივს გავაჩერე. ვერ ვიტან, კაცი რომ ტირის, რაღაც მემართება –
ვიხრჩობი...
– თუ მაგას არ მოუკლავს, რა ატირებდა? ან აქ რას აკეთებს? შენ დაიბარე?
– არა, თვითონ დამირეკა დილით... ოჯახი ენგრევა...
დევიმ გაოცებისგან პირი დააღო:
– ახლა დამცინი...
– არა, რა დაგცინი, სერიოზულად გეუბნები, ოჯახი ენგრევა.
– მერე, შენთან რა უნდა? რომელი მაგ საქმის ექსპერტი შენ გნახა?!
– ნუ იცინი, სულაც არ მეხუმრება! – გამწარდა თემო.
– ისეთი სახე გაქვს, ვიფიქრე, ცოტას გავამხიარულებ-მეთქი.
– ის გოგო, ნია, მაგისგან არის ფეხმძიმედ...
– რა?! თვითონ გითხრა?
– ჰო. მაგის სათქმელად მოვიდა. ეტყობა, ნიამ დაურეკა და უთხრა, რომ ანალიზის
გაკეთებას ვაპირებდით. მაინც გაიგებთო... ცოლი მიყვარსო...
– ახვლედიანმა იცის? – ჰკითხა დევიმ.
– ახვლედიანი რა შუაშია?! – ისევ წამოენთო თემო, – გეკითხები, რა შუაშია
ახვლედიანი?
– მე რა ვიცი. გუშინ თათბირზე არ თქვა, ყველაფერი ჩემთან შეათანხმეთო?
– დევი, ახლა შენს გუნებაზე ნამდვილად არ ვარ.
– კარგი, კარგი... არ მინდა შენი გაბრაზება. ჰო, მართლა, ნახევარ საათში უნდა
წავიდე. ძალადობა მოხდა და მეორე ექსპერტი ვერ იპოვეს. ვეცდები, მალე
დავბრუნდე.
– მე რა ვქნა? თავიდან უნდა დავიწყო გამოძიება.
– მოიცა, საყვარლები იყვნენ? აბა, ის ტიპი ვიღაა, აქ რომ მოგვივარდა და ლამის
მთელი სამმართველო თავზე დაგვამხო?
– იმან, სავარაუდოდ, არაფერი იცის და ბავშვი თავისი ჰგონია.
– ესე იგი, მამა-შვილი ერთმანეთზე უარესები ყოფილან – ხან ერთი იყო იმ გოგოსთან,
ხან – მეორე?!
– არა, არა... მიმტკიცებს, შემთხვევით მოხდაო. ერთხელ ვიწექი და იმასაც ვნანობო.
ყველაფერზე შევთანხმდით მე და ნია, მაგრამ მამაჩემმა როგორღაც გაიგო ეს ამბავი
და მაშანტაჟებდაო...
– აუ, რა დომხალია?! მოიცა და, მამაჩემმა საიდან გაიგოო?
– აბა, რა ვიცი. ან ეს არ ამბობს ბოლომდე ყველაფერს, ან იმ ნიას წამოსცდა სადღაც
ვინმესთან და გაიგო ნოდიამ.
– შანტაჟში რას გულისხმობს?
– ვინ, შვილი? ჰო, აქაც არ არის მარტივად საქმე. თუ ამას დავუჯერებთ, ფირმაში ჩემი
და დედაჩემის წილების გადაცემას მოითხოვდაო.
დევიმ ამოიოხრა:
– მდაა... ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლო,
მკვლელი დაექირავებინა.
– „შეეძლო“ არ ნიშნავს იმას, რომ დაიქირავა, – დევიმ საათზე დაიხედა.
– გეთანხმები. მოკლედ, მე წავედი და მარიკას მოუსმინე. შენთვის რაღაც აქვს
სათქმელი... იმას რას უპირებ?
– ჯერჯერობით არაფერს. ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილს ჩამოვართმევ და
გავუშვებ. მერე ნია უნდა დავკითხო. ნუ თუ იმავეს იტყვის?
– შენ გგონია, ერთმანეთის ნახვისა და შეთანხმების დრო არ ჰქონდათ?
– ვფიქრობ, რომ არა.
– მაშინ, ეს დროებით აქ გყავდეს და შენ წადი, დაკითხე. მარიკას კი უთხარი,
მობილურზე არ დაარეკვინოს და, საერთოდ, თვალი არ მოაშოროს.
თემომ თავი გადააქნია:
– ისტერიკა ჰქონდა – ოჯახი დამენგრევა, ცოლი ამას არ მაპატიებსო...
– თუ მარტო მაგით გადარჩა... დევიძეს „თავისი“ გვამი დაუმარხავს...
– რა?!
– ჰო. წეღან შეგვხვდა მე და მარიკას – ახვლედიანმა საქმე დამახურინაო...
– რატომაც არა... სულ ფეხებზე არ ჰკიდია, ახვლედიანს ვიღაც ფუგანი თუ ფუგასი? ე,
ეგ ხომ ელჩის სასიძო არ არის? ან, ჩილაჩავა...
– მეც სწორედ ეგ ვთქვი... მოკლედ, მარიკამ რაღაც იცის მაგ ჩილაჩავასთან
დაკავშირებით და კარგად მოუსმინე.
– ვახოს წყნეთში იმ საღამოს ასული მანქანების მფლობელების ვინაობების დადგენა
ვთხოვე. იქნებ, რამე ვიპოვოთ...
– დაგიღუპავს და ეგ არის, – გაიცინა დევიმ და თემოს მხარზე მიუტყაპუნა ხელი, – ეს
იისფერი პერანგი ძალიან გიხდება. გამომძიებელს აღარ ჰგავხარ...
– ეს ერთადერთი სუფთა პერანგი აღმოვაჩინე კარადაში. სარეცხ მანქანას კიდევ
მოვუხერხებ რამეს და ჩავრთავ, აი, უთოსთან აშკარად არაფერი გამომივა.
– აბა, მე რატომ მაცვია მაისურები?! დაჭმუჭნილი რომ არის, არ ეტყობა... მიდი,
მიხედე საქმეს. მოვიცლი თუ არა, დაგირეკავთ...
მარიკამ მაშინვე შეატყო პაპავას უგუნებობა. მოჟამული გამომეტყველებით
დაბრუნდა კაბინეტში და ჩუმად ამოიოხრა. მერე მაგიდასთან დაჯდა და ნოდიას
ვაჟიშვილს შეხედა:
– ახლა, რა უნდა გიყო? წესით, შენი წინასწარ დაკავების ნებართვას უნდა ვთხოვდე
პროკურორს.
– მე დამნაშავე არ ვარ.
– შეიძლება, მაგრამ, ეს ძიებამ უნდა დაადგინოს. წინასწარი პატიმრობაც ამისთვის
არის საჭირო. ხომ უნდა დავამტკიცოთ შენი უდანაშაულობა?! შანტაჟი ისეთი
მიზეზია ადამიანის მოსაკლავად, რომ პროკურორის დარწმუნება არ გამიჭირდება.
– ვიცი, ჩემი არ გჯერათ, მაგრამ, მამაჩემი მართლა არ მომიკლავს. თბილისშიც კი არ
ვიყავი.
– ეგ შესანიშნავი ალიბია. მით უმეტეს, მაშინ, როცა ადამიანის მკვლელობას უკვეთავ.
შენი აქ მოსვლაც ამაში მარწმუნებს. ჭკვიანმა კაცმა, რომელსაც ყველაფერი წინასწარ
აქვს დაგეგმილი, ყოველთვის იცის, როდის გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი. შენ
აშკარად არ ხარ სულელი. დროულად მიხვდი, რომ, თუ მე დაგაჯდებოდი კუდზე,
აღარაფერი გიშველიდა. პრინციპში, მომწონს, შეცდომა რომ არ დაუშვი.
– შეცდომა როგორ არ დავუშვი რა მინდოდა ნიასთან? შარი ავიტეხე და ესეც
მამაჩემის წყალობით.
– მამაშენის წყალობით?
– რა თქმა უნდა. მე არასდროს მომივიდოდა აზრად ნიასთან რომანის გაბმა და ამას
თქვენს თანაშემწესაც ვუყვებოდი. მას მამაჩემის გამო შევხვდი. მხოლოდ უნდა
დავლაპარაკებოდი და გამერკვია, რა ურთიერთობა იყო მათ შორის... მერე კი... –
ბიჭმა ხელი ჩაიქნია, – სხვას რა დავაბრალო, მე ვარ სულელი.
– ანუ, ეჭვობდით, რომ მამათქვენს ნიასთან ჰქონდა რომანი, თანაც, ეს ისეთი
მიუღებელი იყო თქვენთვის, რომ გოგოსთან მორალის საკითხებზე გადაწყვიტეთ
საუბარი და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში, თავად ჩაუწექით ლოგინში?!
– არა. ვიცი, ახლა ჩემი სიტყვები არც ისე დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ, მორალზე არ
მიფიქრია, უფრო დიდი საპირწონე იდო სასწორზე. – მამაჩემის ბიზნესი. მე და
დედას გვეშინოდა, რომ ოჯახს საერთოდ მშრალზე დატოვებდა. მის ასაკში კაცები
ხშირად აკეთებენ მსგავს სისულელეებს.
– ანუ, დედათქვენიც თავიდანვე იყო საქმის კურსში?
– რაც ბიზნესსა და ნიას ეხებოდა – იცოდა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ კი
წარმოდგენაც არ აქვს. მამაჩემმა ვერავისთვის მოასწრო ამ ამბის თქმა.
– გაგიმართლათ, არა?.. თანაც – შემთხვევით.
ბიჭმა ამოიოხრა:
– თქვენს ადგილას მეც იმავეს ვიტყოდი. რატომ უნდა მენდოთ? არ ვმალავ, მართლა
გამიხარდა, ვიღაცამ ტვირთი რომ მომაშორა მამაჩემის სახით, მაგრამ, ეს არც მე
ვყოფილვარ და არც დედაჩემი.
თემომ მაგიდის უჯრიდან ფურცლების დასტა ამოიღო და ნოდიას კალამთან ერთად
წინ დაუდო.
– დაწერე!
ბიჭმა შიშით შეხედა:
– ეს რა არის, რა უნდა დავწერო?
– ხელწერილი, ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ. კიდევ ორი საათი გაგაჩერებ და
გაგიშვებ.
– ორი საათი რატომ?
– მოდი, შეკითხვებისგან თავი შევიკავოთ. ჩათვალე, რომ გაგიმართლა. ჩემს ადგილას
სხვა აუცილებლად დაგაკავებდა. მე მირჩევნია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ
მივიღო და, სანამ ადამიანს რამე შანსი აქვს, საშუალება მივცე, ბოლომდე გამოიყენოს.
აქედან რომ გახვალ, გირჩევ, ადვოკატის აყვანაზე იზრუნო. ვფიქრობ, დაგჭირდება.
– იმის თქმა გინდათ, რომ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას ვერ შევძლებ?
პაპავამ თავი გადააქნია:
– თუ ფაქტებმა ან ძიებისას აღმოჩენილმა გარემოებებმა შენი დაკავებისთვის ყველა
პირობა შემიქმნა, უკვე შენი და შენი ადვოკატის პრობლემა იქნება. – მკაცრად თქვა
თემომ და მარიკას მიუბრუნდა:
– ახლა ამას გაიყვანენ და მერე მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. დევიმ მითხრა,
სათქმელი აქვსო.
– დიახ, თუმცა, უკვე ეჭვი მეპარება, არის თუ არა მნიშვნელოვანი.
– მაგას ერთად გადავწყვეტთ. მანამდე კი, თუ არ შეწუხდები, ყავა მოადუღე.
ნოდიას ბიჭმა ყავის ხსენებაზე თავი ასწია:
– ნაკლები შაქარი, თუ შეიძლება...
მარიკამ თემოს შეხედა და ხმამაღლა გაიცინა.
– ჯანდაბას, მოუდუღე ამასაც. დალიოს და, იქნებ, კიდევ რამე გაიხსენოს.
– გასახსენებელი აღარაფერი მაქვს. რაც მქონდა სათქმელი, გითხარით. ერთ-ორ ღერ
სიგარეტსაც თუ დამიტოვებთ, მადლობელი ვიქნები.
– კარგი, კარგი, – თემომ სიგარეტის კოლოფი და ასანთი გაუწოდა.
– კიდევ ერთი კითხვა, ოღონდ, გულწრფელად უნდა მიპასუხოთ: დედათქვენმა იცის,
აქ რომ წამოხვედით?
ნოდია შეყოყმანდა:
– დიახ. იძულებული გავხდი, მეთქვა. დედაჩემი ერთადერთია, ვისაც ბოლომდე
ვენდობი. მხოლოდ მას შეუძლია, ჩემი ოჯახი დანგრევას გადაარჩინოს. თქვენ ხომ
დამპირდებით, რომ ჩემი ცოლი ვერაფერს გაიგებს?
თემოს გაეღიმა:
– სამწუხაროდ, მაგის პირობას ვერ მოგცემთ. ყველაფერი იმაზე იქნება
დამოკიდებული, რა მიმართულებას აიღებს გამოძიება. ჯერჯერობით სანუგეშოს
ვერაფერს გეტყვით. მართლა არსებობენ გარემოების მსხვერპლნი, თუ თავის
გამართლების ორიგინალური საშუალება მოიფიქრეს ადამიანებმა. გაცილებით
ადვილია, ყველაფერი გარემოებას დააბრალო – შემოგედავება თუ რა?! მაგრამ, ამასაც
მოფიქრება უნდა. გააჩნია, რას დააბრალებ საწყალ „გარემოებას”... – თემომ თითქოს
საკუთარ თავს გასცა პასუხი.
მარიკა ჩუმად სვამდა ყავას.
– არაფერს მეტყვი?
– კი გეტყვი, – გაეღიმა გოგოს, – ეგ პერანგი ძალიან გიხდებათ. პირველად გნახეთ
ასეთ არაოფიციალურ სამოსში და ისეთი მკაცრი იერი აღარ გაქვთ. ამ სეზონზე ეს
ფერიც ძალიან აქტუალურია.
– მართლა? ჩემთვის აქტუალური მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იყო – დევისაც
ვუთხარი: მხოლოდ ეს აღმოვაჩინე კარადაში და ჩავიცვი. სუფთა პერანგების
კრიზისი მაქვს. უნდა მოვიცალო და მაღაზიაში შევირბინო. ძალიან ცუდია, სარეცხის
მანქანის ჩართვას რომ არ ისწავლი და საკუთარ თავს დაარწმუნებ, არ მჭირდებოდა
და არ მოვინდომეო.
– თუ პრობლემა მარტო სარეცხ მანქანაშია, მე შემიძლია, დაგეხმაროთ, – შესთავაზა
მარიკამ.
– არა, არა, დევის წინადადებას მივიღებ – ის დაუთოებასაც დამპირდა, – გაიღიმა
თემომ.
– როგორც გნებავთ. ისე, უთოც არ არის ჩემთვის უცხო. ბოლოს და ბოლოს, თქვენი
თანაშემწე ვარ.
– არ მინდა, ამით ბოროტად ვისარგებლო. აბა, რას იტყვი ამ ყველაფერზე? ხედავ,
საქმე როგორ შემობრუნდა? გაგიკვირდა?
– დიახ, გამიკვირდა. ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. ძნელი დასაჯერებელია,
მოსამართლე დაარწმუნოს, რომ მამამისის მკვლელობა მას არ დაუგეგმავს.
– ჰო, თუკი საქმე სასამართლომდე მივა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ არ მივა?
თემომ თავი გადააქნია:
– ვნახოთ. ნია უნდა დავკითხოთ თავიდან. ოღონდ, იმ ბიჭის გარეშე. თუ ამ ორმა
ერთმანეთთან შეთანხმება უკვე მოასწრო, ძალიან ცუდია, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა
ვცადოთ. წახვალ?
მარიკამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.

დათომ სავარძელში მოიკალათა და ლუდის ბოთლს თავსახური მოხადა. ნიკა


ჩაფიქრებული აწვალებდა ტელევიზორის გადამრთველს.
– მორჩი, რა! ამ ბოლო დროს სულ დაგრუზული ხარ, ვეღარ გცნობ. თუ სიყვარულმა
პანაშვიდის განწყობა უნდა შემიქმნას, საერთოდ არ მინდა ასეთი სიყვარული.
– პანაშვიდზე გამახსენდა – რას აპირებ, არ უნდა მივიდეთ მიშასთან?
– მე უკვე ვიყავი. პრინციპში, კიდევ უნდა მივიდეთ და, საერთოდაც, იქ უნდა ვიყოთ,
მაგრამ, დედამისი რაღაცნაირი ტიპია. ვერ გავიგე, რა… მგონი, დიდად არ სიამოვნებს
ჩვენი დანახვა, ისეთი სახით დაგვხვდა.
– ქმარი რომ „ვიაგრას” გადაჭარბებული დოზით მოგიკვდება, სხვანაირი სახით ვერ
იქნები, – დაასკვნა ნიკამ, – უნდა მივიდეთ, სირცხვილია.
– მე ხომ არ მითქვამს, არ უნდა მივიდეთ-მეთქი, – მხრები აიჩეჩა დათომ, – შენ
როგორ ფიქრობ, უბედური შემთხვევა იყო?
– არ ვაპირებ მაგაზე ფიქრით თავი დავიღალო და შენც არ გირჩევ. გამომძიებელთან
ახლო ნათესაური კავშირი შენ გაქვს და, შეგიძლია, ეგ შეკითხვა იმას დაუსვა,
კომპეტენტურ პასუხს მაინც მიიღებ.
– იმას უკვე დავუსვი და მითხრა, შეიძლება, შენ და შენი მეგობარიც დაგიბაროთ
დაკითხვაზეო.
ნიკა დაიჭყანა.
– მე რა შუაში ვარ?
– არც მე ვარ შუაში, მაგრამ, პრეტენზია არ გამომითქვამს. თუ მკვლელობის
კვალიფიკაცია მიეცა… ჩემი სიძე რა ტიპია, ხომ იცი, მაგისგან წესიერად ვერ გაიგებ.
თან, ახლა, მარტოა და მაგაზეც „გაჭედა”. მაკა ჩვენთან გადმობარგდა.
– არ მესმის ასეთი ქალების. მარიკაზე ხომ აღარ ეჭვიანობს, რაღა უნდა?
– ზოგადად ეჭვიანობს, სიტუაციაზე ეჭვიანობს.
– სიტუაციაზე? რა სიტუაციაზე, არ გამაგიჟო! სტრიპტიზ-კლუბში რომ მუშაობდეს,
კიდევ მესმის. მარიკამ რომ ეჭვიანობა დაიწყოს…
– უკვე შენი ცოლია?
– რა სისულელეს ამბობ, ცოლი რა შუაშია? – წამოენთო ნიკა.
– რა ვიცი, ისე დაიწყე ლაპარაკი – მარიკამ რომ იეჭვიანოსო. შენ რა, არ იცი, რომ
ყველა ქალი ეჭვიანია?
– გეუბნები, სისულელეებს ამბობ-მეთქი.
– შენ კიდევ, ჯიუტი ხარ და არ გინდა რეალობას თვალებში ჩახედო. პრინციპში,
ცუდი არ არის, როცა ქალი შენზე ეჭვიანობს – ესე იგი, რაღაცად უღირხარ.
გაცილებით ცუდია, თუ საერთოდ არ აინტერესებ და ფეხებზე ჰკიდიხარ.
ნიკამ ამოიხვნეშა:
– ძალიან შემაწუხე შენი ღრმა ფილოსოფიითა და ლოგიკით. არ გინდა, რომ გაჩუმდე?
დაანებე მაგ ლუდს თავი. თუ პანაშვიდზე მივდივართ, ლოთივით არ უნდა ყარდე…
– ნუ გიყვარს სიტუაციის დრამატიზება, – არაფრად ჩააგდო დათომ მეგობრის
სიტყვები, – სანამ წავალთ, გამივლის. კევს დავღეჭავ, ბოლოს და ბოლოს. არაყს ხომ
არ ვურევ შიგ!
– შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, აჯობებს წყალი გადავივლო და ჩავიცვა.
– აი, ეგ უკვე ლოგიკური იყო, – თავი მოწონებით დაიქნია დათომ, – მიდი, მიდი,
ჩაიცვი და მერე ბატონ ვახტანგს რომ დავკრუგავთ, მარიკასაც შევუაროთ. ეგრევე
გეშველება. გაიღიმებ მაინც.
– მარიკას ორჯერ დავურეკე და ორჯერვე გამითიშა. ეტყობა, ჩემთვის არ სცალია, –
მოიღუშა ნიკა, – მორჩება საქმეს და თვითონ დამირეკავს.
– სანამ დაგირეკავს, ასე უნდა იჯღანებოდე? ავდგები და მე თვითონ დავურეკავ, –
დათომ მობილური მოიმარჯვა, – სხვათა შორის, არც წამიშლია მისი ნომერი.
– მოეშვი, არ დაურეკო. არ გესმის? მოეშვი-მეთქი.
– შენ თვითონ არ იცი, რა გინდა, – ხელი ჩაიქნია დათომ.
– ვიცი. მინდა, რომ გაჩუმდე, თორემ, უკვე ნერვებს მიშლი.
– მე კი გავჩუმდები, მაგრამ, ერთ რჩევას მაინც მოგცემ: ადექი და უთხარი, რომ
გიყვარს.
– რა? – გაღიზიანდა ნიკა, – რა მითხარი?!
– ისეთი არაფერი, რაზეც შენ თვითონაც არ გიფიქრია. უთხარი, რომ გიყვარს.
დამიჯერე, შენც მოისვენებ და ისიც გაერკვევა თავის გრძნობებში.
– თავი დამანებე, როგორმე თავად მოვაგვარებ მარიკასთან ურთიერთობას, შენს
დაუხმარებლად.
– ჰო, გეტყობა, რისი მომგვარებელიც ხარ, – დასცინა დათომ, – დაურეკე-მეთქი…
– აშკარად ჩხუბი გინდა, – ამოიოხრა ნიკამ, – ვერ ისვენებ, რა…
– შენზე ვწუხვარ და იმიტომ. იცი, როგორ შეიცვალე, რაც ეგ გოგო გაიცანი?!
ნიკამ თავი გადააქნია:
– ვიცი, გინდა, მათქმევინო – მერე, ვინ გამაცნო-მეთქი, მაგრამ, არ გეტყვი, რადგან,
სასაყვედურო არაფერი მაქვს. პირიქით, თუ გინდა, მადლობას გადაგიხდი.
– აჰა, აშკარად ვეღარ ხარ, რა! არა, ძმაო, არავინ შემიყვარდება.
– კი, შენი გადასაწყვეტი თუ გახდა…
– მოიცა, ერთი!.. მე ყოველთვის ვაკონტროლებ საკუთარ ემოციებს. ზუსტად ვიცი, რა
მინდა და ვისგან მინდა. ასე რომ, მე შენს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები.
ნიკას მოთმინებამ უღალატა:
– ბოლოს და ბოლოს, მივდივართ თუ არა?
– ჰო, მაგრამ, შენ რომ ჯერ არ ჩაგიცვამს. თან, მობილურიც მირეკავს… – დათო
მობილურს დასწვდა, კახაა. ალბათ, აინტერესებს, პანაშვიდზე მივდივართ თუ არა.
– უპასუხე, რას მკითხაობ, – გაცხარდა ნიკა.
დათომ უპასუხა. „ჰო” და „არათი” შემოიფარგლა, ტელეფონი გათიშა და ნიკას
შეხედა.
– საღამოს გვამს პროზექტურიდან სახლში გადაასვენებენ. ბიჭები ცოტა ადრე
მივდივართ მისახმარებლად და თქვენ რას შვრებითო.
– მერე?
– მერე, ვერ გაიგონე, რა ვუპასუხე?
– ჰო, კარგი, ცოტა ადრე წავიდეთ. მართლა არაფერში დავჭირდეთ, უხერხულია.
– მარიკას მაინც არ დაურეკე? – უკვე კართან მისულს, ეშმაკური ღიმილით ჰკითხა
დათომ.
ნიკამ მისი პროვოკაციული გამოსვლა უპასუხოდ დატოვა და ჩუმად გავიდა. დათომ
გაიცინა და ხელმეორედ აწკრიალებული მობილური ყურთან მიიტანა.
***
მარიკამ ფრთხილად დაადო უთო პერანგის საყელოს და ჰორიზონტალური
მიმართულებით გააცურა. თავი რომ ასწია, მის წინ ახალგაზრდა ქალი იდგა და ისე
უყურებდა, მარიკამ მისალმებაც ვერ მოახერხა. უმწეოდ მიმოიხედა გარშემო,
თითქოს მშველელს ეძებდა…
– ასე... მშვენიერია, კარგად მორგებიხარ სიტუაციას. ისღა გაკლია, ჩემი ხალათი
გეცვას და წინსაფარი გეკეთოს. არ ვიცოდი, თორემ მყუდროებას არ დაგირღვევდით
და ჩემი ნივთების წამოსაღებად სხვას გამოვგზავნიდი…
მარიკამ უცებ აუღო ალღო სიტუაციას. იმასაც მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო
ეს ქალი და, ცოტა რომ დააკვირდა, იცნო:
– ჩვენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს. არ გახსოვთ? დათომ გაგვაცნო, კაფეში ვიყავით
ერთად. მე არ ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა, ბატონი თემურის მეუღლე თუ
იყავით. პერანგებს კი ისე ვუუთოვებ, აღარ ჰქონდა და… – თავის მართლებასავით
გამოუვიდა მარიკას.
– ისე უუთოებ, ხომ? – მაკამ სახეზე მოისვა ხელები და თვალები ისე დაატრიალა,
მარიკას შეეშინდა.
– ახლავე ბატონ თემურს დავუძახებ, სამზარეულოშია…
– ნუ შეწუხდები, სამზარეულოს მივაგნებ, როგორმე… სამზარეულოშია, ბიჭი…
ვახშამს ხომ არ გიმზადებს?
მარიკას უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ, მიხვდა, მისი ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა
ბომბივით აფეთქდებოდა და გაჩუმება ამჯობინა. მაკა ნელი ნაბიჯით გაემართა
სამზარეულოსკენ…
თემო ცოლის დანახვამ არ გააკვირვა, უფრო დააბნია. მიუხედავად იმისა, რომ
მოულოდნელობის ეფექტმა ნაკლებად იმუშავა, სახეზე მაინც გამოესახა გაოცება და
გაზქურასთან მოფუსფუსე დევის, კარისკენ ზურგშექცევით რომ იდგა, სახელოზე
დაქაჩა. დევი შემობრუნდა.
– ვაჰ, მაკა?! რა კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ჩემს საფირმო ერბოკვერცხს
გაგასინჯებ, ლორითა და ყველით. მართალია, ლორი მთლად ისეთი ვერ ვიშოვეთ,
როგორიც მინდოდა, მაგრამ, ყველი გვაქვს საფირმო. ერთი, შენს გახარებას, აქ რაღაც-
რაღაცეები ვერ ვიპოვეთ. შენი ქმარი ისეა ამ სამზარეულოში, როგორც ახალბედა
მძარცველი – ბანკში. ერთი საათია, ტაფა ვერ უპოვია.
მაკას არც შეუხედავს მოღიმარი დევისთვის, მისი მზერა ქმრისკენ იყო მიმართული.
თემო მიხვდა, რომ კარგი არაფერი ელოდა.
– კაბინეტში გავიდეთ. სალაპარაკო მაქვს შენთან, – უთხრა ქალმა მკაცრად და პასუხს
არ დალოდებია, ისე გავიდა სამზარეულოდან. თემომ ამოიოხრა.
– ნუ გეშინია, – გაამხნევა დევიმ, – კიდევ კარგი, მარტონი არ იყავით. არც ისეთი
სულელია, არ დაიჯეროს, რომ მართლა მხოლოდ ვახშმობას ვაპირებდით.
– სულელი ნამდვილად არ არის, მაგრამ, მაინც იმას დაიჯერებს, რისი დაჯერებაც
თვითონ უნდა.
– ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ნეგატიურ სიტუაციაში, არის პოზიტიური მარცვალი
და შენც ამ პოზიტივზე იფიქრე. მაგალითად, იმაზე, რომ მაკა მიხვდება, შენნაირი
ქმრის დიდი ხნით მარტო დატოვება არ შეიძლება. ცხვირი არ ჩამოუშვა. გახსოვდეს,
საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა.
– ეგ მაშინ, როცა თავდამსხმელი ფეხებზე გკიდია – ჩაილაპარაკა თემომ.
მარიკამ ხელში შერჩენილი უთო გამორთო და ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში.
დევი მექანიკურად განაგრძობდა კვერცხის თქვეფას.
მარიკა მიუახლოვდა და მხარზე ფრთხილად შეახო ხელი:
– ახლა ქარიშხალი ატყდება? იცი, როგორ მიყურებდა?
– დაახლოებით ვხვდები, მაგრამ, მარტო ხომ არ იყავი. გადაგარჩინე. რას აკეთებდი?
– პერანგებს ვაუთოებდი. ისე, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. არც მე
მომეწონებოდა, სახლში დაბრუნებულს, ჩემი ქმრის პერანგების უთოობაში
გართული უცხო ქალი რომ მენახა. თუმცა, აქამდე მეგონა, რომ ეჭვიანი არ ვარ.
– გააჩნია, ამ სიტუაციას რა კუთხით შევხედავთ. შეიძლება, მართალიც ხარ. ქალებს,
საერთოდ, გიყვართ საკუთარ ფანტაზიებში რაღაც აბურდული სცენარის შეთხზვა.
დადგმასაც მიაყოლებთ ხოლმე და მერე იჯერებთ კიდეც. მთავარი კი – ფაქტებია. შენ
მაინც ხომ იცი ეს?
– მგონი, უნდა წავიდეთ.
– არა. პირიქით, გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, თითქოს არაფერი მომხდარა. დამიჯერე,
ეს გაცილებით მომგებიანი ვარიანტია.
მარიკამ სკამი აიღო და ჩამოჯდა:
– უჰ, ესღა მაკლდა. არადა, ვიცნობ – დათომ ხომ გამაცნო. რატომ არავინ მითხრა, რომ
თემოს ცოლი იყო?
– მე, საერთოდ, ვეჭვობ, რომ მაკა სპეციალურად გაგაცნეს. ეს დათოს ინიციატივა
იქნებოდა. ვერაფრით დავასაბუთებ, მაგრამ, რადგან მაკასაც ვიცნობ და მის ძმასაც,
დაახლოებით შემიძლია ვთქვა, ეს რატომ გააკეთა.
– ვერაფერი გავიგე.
– მერე მოგიყვები. ახლა მთავარია, მშვიდობიანად გავიდეთ აქედან.
– მოდი, წავიდეთ, რა… უბრალოდ, გავიხუროთ კარი და გავქრეთ აქედან.
დევიმ თვალები მოჭუტა:
– მერე, ჩემი საფირმო ერბოკვერცხი და ჩაშუშული სოკო?! მივატოვოთ ყველაფერი და
გავიპაროთ? შენ ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია?
– არ ვიცი. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ მე არ გავხდე ცოლ-ქმარს
შორის განხეთქილების მიზეზი. სინდისის ქენჯნა მომკლავს.
– მაგაზე ნუ იდარდებ, მორიგდებიან.
– ჰოო?! რა ვიცი, რა ვიცი. ვნანობ, რომ ინიციატივა გამოვიჩინე, – თავი გადააქნია
შეწუხებულმა მარიკამ.
– შენ არაფერ შუაში ხარ. ვინ იცოდა, რომ ასე მოულოდნელად დაგვატყდებოდა
თავს?! – გაეღიმა დევის – ო, ეს ქალები! თქვენგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა
ელოდეს კაცი. გავალ, მივაყურადებ – გავიგებ, რა ხდება. იქნებ, სიტუაცია ისე
შეიცვალოს, რომ სუფრაზე ერთი თეფში გაგვიხდეს დასამატებელი.
– ვითომ? მეეჭვება. მე ასეთი ოპტიმისტი არ ვარ.
მაკამ კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო:
– ახლა რაღას იტყვი? – ჰკითხა ქმარს მკაცრად.
– რა უნდა ვთქვა? თანამშრომლები სავახშმოდ და საქმეზე სალაპარაკოდ ჩემთან
შევიკრიბეთ. რა არის ამაში ან საგანგაშო ან სამარცხვინო და ამორალური?
– არაფერი! – მხრები აიჩეჩა მაკამ, – არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმ გოგოს სახის
გამომეტყველებას, როცა დამინახა. ისე, ყოჩაღ, პირდაპირ უღელში შეგიბამს. მარტო
შენ მოახერხებდი ამას.
– არც კი ვიცი, რა გიპასუხო, – თემომ ცოლს მზერა მოარიდა.
– რა უნდა მიპასუხო? ისედაც ყველაფერი გასაგებია. ნუთუ, სინდისი სულ არ
გაწუხებს? დათო მიმტკიცებდა, ძალიან განიცდის მარტოობასო. ვხედავ, როგორ
განცდებშიც ხარ. ეს შენი ძმაკაცი კი, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისოა.
– დევის რაღას ერჩი? – გაბრაზდა თემო, – არ შეგიძლია, რეალობა ისეთად აღიქვა,
როგორიც არის სინამდვილეში და შენებურად არ შეალამაზო? უნდა გვევახშმა-მეთქი,
მეტი არაფერი. დაფიქრდი, ჩემსა და მარიკას შორის რამე რომ ხდებოდეს, დევი აქ
იქნებოდა? მართლა სულელი ხომ არ ვარ?
– არ მინდა დაფიქრება, საკმარისია, რაც ვნახე. ახლა ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ.
პრინციპში, მაგისთვის მოვედი, – მაკამ ქმარი ხელის კვრით გაწია გვერდზე და
კარადასთან მივიდა. თემო ჯერ ჩუმად უყურებდა, როგორ ყრიდა თაროებიდან
ტანსაცმელს. მერე ერთბაშად მივარდა და ორივე ხელი წელზე შემოჰხვია.
ქალი მსგავსს არაფერს ელოდა. შეკრთა და გაიბრძოლა.
– ხომ არ გაგიჟდი? გამიშვი, გესმის? ახლავე გამიშვი, ახლავე!
თემომ პასუხის ნაცვლად კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია მკლავები და კოცნა დაუწყო,
თან ლოგინისკენ მიათრევდა. ქალმა რამდენჯერმე კიდევ გაიბრძოლა და მინებდა.
დევიმ სახელოზე მოქაჩა მარიკას:
– ჩაიშალა ვახშამი… წავიდეთ!
– რა? ჩხუბობენ? – შეშინებულმა წამოიძახა მარიკამ.
– არა, არა, პირიქით, ყველაფერი კარგად არის. ხომ გეუბნებოდი, გაუგებენ
ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ, ახლა წავიდეთ, გზაში აგიხსნი.
– კარგი, – მარიკა ადგა, – გული მწყდება, ასე რომ დასრულდა ყველაფერი.
თემოსთანაც საქმე მქონდა, თათბირისთვის უნდა მოვმზადებულიყავით.
– არა უშავს. დილით ცოტა ადრე მოხვალ და დაელაპარაკები. ახლა თათბირზე
გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე აქვს და მისთვის ხელის შეშლა არ ღირს,
დამიჯერე. ისე, მაკას გამოჩენამ ერთ რამეში დამარწმუნა.
– რაში?
– სწრაფად, მანქანაში და იქ ვილაპარაკოთ. დავიძარით კარისკენ! – დევიმ მკლავზე
მოჰკიდა ხელი გოგოს და ისე გაიტაცა გასასვლელისკენ, მარიკამ ძლივს მოასწრო
ჩანთის აღება.
***
ნიკას მუხლზე ედო მობილური და სევდიანი თვალებით უყურებდა. დათომ
უკმაყოფილოდ გადახედა და ამოიოხრა:
– არ შეიძლება ასე. რისი გაკეთების სურვილიც გაქვს, უნდა გააკეთო. დაურეკე, რა!
– შენ რა იცი, მე რისი გაკეთების სურვილი მაქვს? – შეეკამათა ნიკა.
– გეტყობა! ლამის დორბლი ჩამოგივიდეს. გადაწყვიტე?! – დარეკე! რა უნდა მაგას,
მით უმეტეს, რომ იმ გოგოს შენი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
– ჰოო? ესეც იცი? თვითონ ხომ არ გითხრა?!
– იცინე, იცინე და ბოლოს გაღიმებული დარჩები, – ნიშნის მოგებით დააქნია თავი
დათომ, – იმასაც ეტყობა, არ სჭირდება ამას ბევრი იწილო-ბიწილო. ერთხელ
დანახვაც საკმარისია, როგორ გიყურებს და, ეგრევე იასნდება ყველაფერი.
– ჰო, კარგი, მოვრჩეთ ამაზე. იქ რა შთაბეჭდილება დაგრჩა?!
– რაზე მეკითხები?
– მიშას დედაზე. ქალი აშკარად კარგად გრძნობს თავს, ქმარი რომ აღარ ჰყავს და არც
ცდილობს ამის დაფარვას.
– მერე, გიკვირს? სასაცილო არ იქნებოდა, თმაგაწეწილს ეგლოვა და ეტირა?! ტიპი
ვიაგრით დაიბრიდა და ამის შესახებ ყველამ გაიგო, მთელმა ქალაქმა. მესმის მაგ
ქალის და ამაში თანავუგრძნობ, ქმრის სიკვდილში კი არა.
– მოიცა, რა!.. კაცს ფული ჰქონდა და აჯაზებდა. არც სხვა მოიქცეოდა უკეთესად მის
ადგილას.
ნიკა მოიღუშა:
– აჯობებს, თუ ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებთ, თორემ, აუცილებლად ვიჩხუბებთ.
– რატომ უნდა ვიჩხუბოთ? კაცები ვართ ბოლოს და ბოლოს, – გაიკრიჭა დათო. –
მოიცა, მართლა არ გაბრაზდე, ვხუმრობ. ისე, მგონი, მართალი ხარ. ალბათ, მიშასაც
როგორ უტყდება.
– ყოველ შემთხვევაში, მამამისმა მაგარი სიკვდილი გაიჩალიჩა. შენმა სიძემ რაო,
მაინც უნდა დაგკითხოთო?
– რა ვიცი, აღარ დაურეკავს, – მხრები აიჩეჩა დათომ.
– გასაგებია. არაფერი აქვს საკითხავი და იმიტომ, – დაასკვნა ნიკამ, – მე
გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ, ვხვდები, რომ აქ გამოსაძიებელი არაფერია.
– ჰო, ალბათ. ვეღარ მოზომა, რა. ეტყობა, მაგარი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი, –
ჩაიცინა დათომ, – კაი-კაი ნაშები კი უყვარდა. ბიჭო, მობილური გირეკავს, არ გესმის?
ნიკამ სწრაფად აიღო მობილური და რატომღაც აივანზე გავარდა. დათოს გაეღიმა:
– მერე კიდევ იტყვის, არაფერი მეტყობაო. ნეტა, მე რას მიმალავს, ისედაც ყველაფერი
ვიცი. საინტერესოა, ამჯერად მაინც, მოაბამს თავს სათქმელს თუ ისევ გაუცრუებს
მოლოდინს იმ გოგოს ეს ბოთე, ესა… – დათომ აივნის ოდნავ შეღებულ კარს გახედა
და, ის იყო, მასთან ფეხაკრეფით მისვლა გადაწყვიტა, რომ ნიკა ისეთივე სისწრაფით
შემობრუნდა ოთახში, როგორი სისწრაფითაც გარეთ გავარდა.
– რა იყო, რა წინ და უკან დარბიხარ?
– ჩემი ნახვა უნდა, ახლავე უნდა წავიდე… შენი მანქანის გასაღები მომეცი.
– რატომ? შენი მანქანა სად არის?
– იმ დღეს დედაჩემს ჰყოლია და რაღაც აქვს გაფუჭებული, არ იქოქება.
ხელოსანთანაც ვერ მივიყვანე. მაძლევ, თუ არა?
– მე წაგიყვან, – შესთავაზა დათომ.
– პატარა ბიჭი ხომ არ ვარ, ხელჩაკიდებული მიმიყვანო პირველ პაემანზე? იცოდე,
ტაქსით წავალ.
– და ტაქსიში ჩაისვამ სალაპარაკოდ? აჰა, გასაღები და წადი. ოღონდ, ძალიან არ
დააგვიანო. სახლში დაბრუნებულ დედაშენს აქ მარტო ვერ დავხვდები, გადაირევა
კიდეც.
– შენ მაგაზე არ იდარდო. დედაჩემი ამაღამ საერთოდ არ მოვა. შენთვის ისედაც უნდა
მეთხოვა დარჩენა. ბაკურიანშია სემინარზე და ხვალ საღამომდე არ ჩამოვა. მოკლედ,
ბევრს ნუღარ მალაპარაკებ, მომეცი გასაღები და წავედი, ვერ ვალოდინებ.
– ნეტავი, შენ გეშველებოდეს რამე და აჰა! – დათომ გასაღები გადაუგდო, – რადგან
დაგირეკა, მნახეო, ესე იგი, კარგად არის საქმე და, შენ იცი, ყველაფერი არ გააფუჭო.
ნიკამ ხელი ჩაიქნია და გადმოგდებული გასაღები ჰაერშივე დაიჭირა.
დევიმ განათებულ კაფესთან შეაჩერა მანქანა. მარიკა გადასასვლელად მოემზადა.
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა მისი ნახვა?
– ჰო, მინდა.
– საქმისთვის თუ ისე? არ გეწყინოს, ამას რომ გეკითხები.
– არ მწყინს. ვხვდები, რაც გაინტერესებს – რამდენად სერიოზულია ჩემთვის მასთან
ურთიერთობა. ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს და, შეიძლება, ამიტომაც
ვხვდები.
– არ ფიქრობ, რომ ის, რაც მე გითხარი, სიმართლესთან ახლოს არის?
– ვფიქრობ და, სიმართლე გითხრა, მიხარია, რომ მეორე ვერსიაც გამოჩნდება.
პირველი ძალიან მაშფოთებდა.
– რომ ნიკამ დედამისთან შენი ვიზიტის გამო გაგიცნო?
მარიკამ თავი დააქნია:
– და თუ ეს მარტო იმიტომ მოხდა, რომ მაკამ გამოიჩინა ინიციატივა, შენზე
ინფორმაცია შეეკრიბა?!
– ვაღიარებ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ, აქ რაღაც გამართლება მაინც
აქვს.
– შენ ასე გგონია? – დევიმ მზრუნველობით შეხედა გოგოს, – ეჰ, პატარავ, მგონი, შენს
კითხვაზე პასუხი მაქვს.
– მირჩევნია, არ მითხრა, ისედაც ვხვდები, რა გაქვს სათქმელი. ხვალ შევხვდებით. –
მარიკამ კარი გააღო, – აი, მოვიდა კიდეც.
დევი დაიხარა და იქით გაიხედა, საითკენაც გოგომ მიუთითა.
– სიმპათიურია, ვერაფერს იტყვი. ოჰ, ეს ქალები, მაინც სპორტსმენი კაცები
გირჩევნიათ!
მარიკამ ამოიოხრა, ხელი დაუქნია მოღიმარ ექსპერტს და, სანამ რამეს ეტყოდა,
თავად დაასწრო:
– ჭკვიანად ვიქნები, გპირდები!
– შენი იმედი მაქვს.
… პირველად ვერც გააცნობიერა, რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი
წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და მოფიქრებული. ანუ მოქმედებდა არა სპონტანურად,
არამედ ლოგიკისა და გონების კარნახით. თუმცა, მაინც ინსტინქტურად,
ინტელექტუალური ადამიანები ინტელექტუალურად კლავენ. ამაშიც არის ლოგიკა,
თანაც – როგორი! ინტელექტუალური მკვლელობა – რა თქმა უნდა, ის არ ჰგავს
ჩვეულებრივ მკვლელობას და გამოძიებასაც ყოველთვის უჭირს, მიაგნოს მკვლელს,
თუკი ისევ მკვლელმა არ დაუშვა შეცდომა, ამჯერად უკვე ემოციის კარნახით.
თემომ ცოლს მხარზე აკოცა და გაუღიმა:
– როგორ მომენატრე…
ქალმა სახე ბალიშში ჩარგო.
კაცი პასუხს ელოდა და მისმა დუმილმა ცოტა გააღიზიანა.
– მეგონა, შენც იმავეს მეტყოდი, – უთხრა საყვედურნარევი კილოთი.
– რატომ გეგონა?
– რას ნიშნავს, რატომ მეგონა? იმის მერე, რაც ჩვენ შორის მოხდა და როგორც მოხდა…
– ჩვენს შორის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ეს მხოლოდ ინსტინქტის
ძახილი იყო, რომელსაც ვერც ერთი ვერ გავუმკლავდით. პრინციპში, რატომ უნდა
გავმკლავებოდით? მაგრამ, რაც იყო, მორჩა და ამით ჩვენს ურთიერთობაში არაფერი
იცვლება.
– მაკა…
– ჰო, არაფერი იცვლება. ახლა ტაქსის გამოვიძახებ, ჩემს ნივთებს მოვაგროვებ და
წავალ, ან, დათოს დავურეკავ…
– მაკა!.. – კაცმა აშკარად არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, ქალმა ეს იგრძნო და იერიშზე
გადავიდა.
– შენ გეგონა, ასე მარტივად იქნებოდა ყველაფერი? ერთი კოცნა და – მორჩა,
პრობლემა მოგვარებულია, წყენა გავლილი და დანაშაული მონანიებული?! არა, ჩემო
კარგო, ეს მხოლოდ და მხოლოდ სექსი იყო. როგორ ამბობთ ხოლმე კაცები?! – „ეს ის
არ არის, რაც შენ გგონიაო”, დიახ, ახლა მეც შემიძლია, იგივე ვთქვა: ეს ის არ არის,
რაც შენ გგონია.
– წადი, – პირქუშად ჩაილაპარაკა თემომ და ადგა. იატაკიდან შარვალი აიღო და
სწრაფად ჩაიცვა. მაკა საწოლზე ფეხმორთხმით დაჯდა და ქმარს ირონიულად
შეხედა.
– ოღონდ არ მითხრა, რომ იტანჯები. ძალიან სასაცილო იქნება.
– წადი… გესმის? მე თვითონ გამოვიძახებ ტაქსის.
– არ არის საჭირო. ასეც ვერ შეგაწუხებ. მივხედავ საკუთარ თავს.
თემო უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან და კარი გაიჯახუნა. იცოდა, მაკას ერთი სიტყვაც
რომ ეთქვა, საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავდა და ყველაფერი გრანდიოზული
სკანდალით დამთავრდებოდა. ქალმა თავისას მიაღწია – გვარიანად და დიდი ხნით
მოუშხამა გუნება. იმ მომენტში კაცს ქალი სძულდა კიდეც და იმაშიც იყო
დარწმუნებული, რომ ყველაფერი დამთავრდა – მათი ურთიერთობა დამთავრდა,
რომლის შესანარჩუნებლადაც ლამის საკუთარ პრინციპებზეც თქვა უარი, მაგრამ ეს
კაცის აზრი იყო. ქალს თავისი სიმართლე ჰქონდა.
***
მარიკას მომზადებული სათქმელი მაშინვე გადაავიწყდა, როცა ნიკამ ხელები
შემოჰხვია და ჰაერში აიტაცა. იმ წუთში ის პატარა ბავშვი იყო, გულუბრყვილო და
ახალ, ჯადოსნურ სამყაროსთან შეხებით აღფრთოვანებული. კოცნას ელოდა და
უნდოდა კიდეც, ამიტომ, წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფრო მეტიც, თვითონაც
ჩაეკრა და ჩაეხუტა. მისი გონება, ყოველთვის სხარტი და მობილიზებული, ახლა
რატომღაც დუმდა და გრძნობების ზეიმში არ ერეოდა. თითქოს აღიარა მისი
უპირატესობა და უკან დაიხია.
– იცი, როგორ მინდოდა შენი ნახვა? – ჩურჩულებდა ბიჭი, – იცი, როგორ მინდოდა?..
რომ არ დაგერეკა, გავგიჟდებოდი.
– მეც ვიგრძენი ეს და დაგირეკე.
– მართლა? – ბიჭს სახე გაუბრწყინდა, – მართლა? მგონი, სიზმარში ვარ. არა,
სიზმარშიც ვერ ვინატრებდი ამას. რაღაც უნდა გითხრა, რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი.
მარიკა ერთბაშად გამოფხიზლდა. თითქოს ვიღაცამ ხელი გამეტებით ჰკრა და
აიძულა, რეალობას დაბრუნებოდა.
– ჯერ მე მაქვს შენთვის სათქმელი „რაღაც”, – უთხრა შეცვლილი ტონით, თუმცა
ნიკუშას ეს არც უგრძნია. აღფრთოვანებული, ბედნიერებისგან გაბრწყინებული
შესციცინებდა და სიტყვებიც სადღაც შორიდან ჩაესმოდა.
– ნიკა, რაღაც მინდა გკითხო და შეეცადე, გულახდილი იყო, – მკაცრად გაუმეორა
მარიკამ, – ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
– ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი… – მექანიკურად იმეორებდა ბიჭი, – ახლა,
აუცილებლად უნდა მომისმინო, მერე, შეიძლება, ვეღარც გითხრა.
– ნიკა, შენ მე იმიტომ დამიახლოვდი, რომ ვიღაცამ გთხოვა ამის გაკეთება? –
პირდაპირ მიახალა მარიკამ და მისი მკლავები წელიდან მოიშორა.
ნიკა საკმაოდ გვიან ჩასწვდა მისი სიტყვების არსს და გაშეშდა.
– რა?! – ჰკითხა ფერწასულმა.
– შენ შენმა მეგობარმა დათომ და მისმა დამ მოგცეს ჩემი მობილურის ნომერი. ხომ
მართალია? მაკა თემოს ცოლია და ჩემზე ეჭვიანობდა. ამიტომ, შენ გამოგიშვეს
აბორდაჟზე და შენც შესანიშნავად გაართვი თავი დავალებას – სიტუაცია
გაანეიტრალე. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
– არა, არა, ასე არ არის, დამიჯერე! – ნიკა საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა.
– მაშინ, მითხარი, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და შენი ვერსია შემომთავაზე,
ოღონდ, დამაჯერებელი უნდა იყოს. გაითვალისწინე, ჩემი მოტყუება ადვილი არ
არის, თუმცა, ვაღიარებ, რაღაც ეტაპზე თითქმის გამოგივიდა.
– მე შენი მოტყუება არც მიფიქრია… – ნიკას ატირებას აღარაფერი უკლდა.
– მაშინ, სიმართლე მითხარი. ახლავე და აქვე…
– კარგი, გეტყვი, – ბიჭმა თვალებში ჩახედა გოგოს, – ჰო, დათომ მომცა შენი
მობილური, – მისმა დამ, მაკამ, მართლა იეჭვიანა შენზე და ქმრის მობილური
ტელეფონიდან შენი ნომერი ამოიწერა. იმაშიც უნდა დაგეთანხმო, რომ დათოს
თხოვნით გირეკავდი. აინტერესებდათ, რა ურთიერთობა იყო შენსა და თემოს შორის,
მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, სანამ გნახავდი, მერე კი ყველაფერი
შეიცვალა.
– როგორი დამამშვიდებელი და დამაიმედებელი სიტყვებია!.. მე შენთვის საცდელი
ობიექტი ვიყავი, დაკვირვების საგანი და, ალბათ, კარგად შემისწავლე. თუმცა, ვერ
ვიტყვი, რომ იმ ქალის დარწმუნება შეძელით.
ნიკას მზერაში შეშფოთება გამოესახა:
– რა მოხდა?
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ მატყუებდი.
– ამას ნუ ამბობ. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩვენი ურთიერთობაც ისე არ დაიწყო,
როგორც ვისურვებდი, მაგრამ, ამას აუცილებლად გეტყოდი, შესაფერის მომენტს
მოვძებნიდი და გეტყოდი.
– დააგვიანე, ეს აქამდე უნდა გექნა. მაშინ, შესაძლოა, კიდევ გქონდა შანსი.
– შანსი? რა შანსზე მელაპარაკები? – ნიკა გაფითრდა.
– ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო. აღარც
დამირეკო, აზრი არ აქვს – მაინც არ გიპასუხებ.
ნიკამ სწრაფად სტაცა ხელი მკლავში და თავისკენ მიიზიდა:
– არ გაგიშვებ, გესმის? მე შენ მიყვარხარ და ჩემთვის მარტო ამას აქვს მნიშვნელობა,
სხვა არაფერი მაინტერესებს! ჩემს შეცდომას კი გამოვასწორებ, ოღონდ არ წახვიდე და
არ დამტოვო, ამას ვერ გადავიტან. ძალიან მიყვარხარ. ცხოვრებაში პირველად ვამბობ
ამას, დედას გეფიცები!
მარიკა მიხვდა, რომ ბიჭი ახლა ატირდებოდა. არასდროს ენახა ატირებული მამაკაცი
და იგრძნო ნიკას სიტყვების გულწრფელობა. მისმა ცხელმა, გახშირებულმა
სუნთქვამ, რომელსაც ნელ-ნელა სულ უფრო ახლოს გრძნობდა სახესთან, თავბრუ
დაახვია და ანგარიშმიუცემლად მიაგება ტუჩები ბიჭის მთრთოლვარე ტუჩებს.

– მოულოდნელობის ეფექტი ყოველთვის მუშაობს, განსაკუთრებით იქ, სადაც


ისედაც ამღვრეულია წყალი. სასამართლო, უფრო კი, საგამოძიებო პრაქტიკაში ამ
ეფექტს ხშირად და წარმატებით იყენებენ. თუ დამნაშავე გამოუცდელია, მისი შოკში
ჩაგდება გაცილებით მარტივიც არის და მომგებიანიც, იმიტომ რომ, აალაპარაკებ, –
დევიმ თემოს გახედა. მერე გაჩუმდა და დაელოდა, რას ეტყოდა ფიქრებში წასული
მეგობარი, რომელმაც საკმაოდ გვიან მიაქცია ყურადღება მისი პასუხის მომლოდინე
ექსპერტს.

– არ გისმენდი. რა მითხარი?

დევიმ ამოიოხრა:
– რა მოხდა?

– არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? ვერ გავიგე, რას მეკითხები.

– ძალიან კარგად გაიგე. გუშინ რა მოხდა-მეთქი. იმედი მაქვს, მოახერხე მაკას


დარწმუნება.

– ეგ თემა დავხუროთ, – მოიღუშა თემო, – თანაც, დავხუროთ სამუდამოდ. მე და მაკას


შორის ყველაფერი დამთავრდა.

დევი შეიჭმუხნა:

– ოო, ეგ ვერ არის კარგი ამბავი. ნუთუ მაკა იმაზე სულელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა?

– ხომ გთხოვე, ეგ თემა დავხუროთ-მეთქი. სალაპარაკო საკმარისზე მეტი გვაქვს.


საქმეზე გადავიდეთ. მარიკა რატომ იგვიანებს?

დევიმ საათზე დაიხედა:

– ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წუთი დააგვიანა, თუმცა, მისგან ესეც გასაკვირია.


დილით არ შევხმიანებივარ... რა ვიცი, მგონი, უნდა დამერეკა. გუშინ საკმაოდ გვიანი
იყო, იმ ბიჭთან პაემანზე რომ მივიყვანე და დავტოვე.

– რომელ ბიჭთან, რა პაემანზე? – აღშფოთდა თემო, – ჩემი თანამშრომლები პაემნებზე


არ დადიან, მით უმეტეს, ჩემთან შეუთანხმებლად.

– თემო, კარგი რა... გოგო შეყვარებულია და პაემანზე წავიდა. წინასწარ პატაკით ხომ
არ მოგმართავდა? ძალიან ნერვიულობ, ცოტა დამშვიდდი.

– მართალი ხარ. ძალიან ვნერვიულობ და უნდა დავმშვიდდე, – თემო კაბინეტში


ბოლთის ცემას მოჰყვა, თან იმეორებდა: „უნდა დავმშვიდდე“, „უნდა დავმშვიდდე“...
დევი ადგა, მასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი. თემო გაჩერდა და ამღვრეული
მზერა მიაპყრო:

– აშკარად ცუდი პერიოდი მაქვს: აქ – გაუხსნელი საქმეები... ოჯახი საერთოდ


დამენგრა...

– ყველაფერი მოგვარდება. ჩემი ხომ გჯერა? ხომ მენდობი?

თემოს გაეღიმა:
– შენი ნდობა როგორ შეიძლება? მარიკას დაურეკე. ნახევარ საათზე მეტი გავიდა.
სანამ ახვლედიანს გავახსენდებით, დალაპარაკება უნდა მოვასწრო. ეს ბიჭიც სადღა
დადის?! თუ დაავალე რამე – მორჩა! მერე უნდა ეძებო და ეძებო...

– მოვედი! – ვახომ პაპავას ბოლო სიტყვებსღა მოჰკრა ყური, – დავაგვიანე? – იკითხა


აქოშინებულმა, – რა ვქნა, ორი დღეა, საპატრულოში ვათენებ და ვაღამებ.

– საპატრულოში?!

– ჰო, წყნეთში ასული მანქანების პატრონებს ვადგენდი.

დევიმ თემოს შეხედა:

– შენ ფიქრობ, რომ ეს რამეს მოგვცემს?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, უკეთესს მირჩევ რამეს?

– ბოლოს მაინც მკვლელობის კლასიფიკაცია მიეცით?

– არც ეგ ვიცი, ჯერ ახვლედიანს არ შევხვედრივარ. ოჯახი კი აშკარად არ იჩენს


გამოძიებისადმი ინტერესს. ჰო, მართლა, დღეს დათოს უნდა შევხვედროდი – მაინც
მინდოდა დავლაპარაკებოდი, თუმცა, ყველაფერი იქით მიდის, რომ უბედური
შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცემა.

– ისე ამბობ, შენ თვითონ არ გჯერა მაგის.

– რა მნიშვნელობა აქვს, მე რისი მჯერა? მაინც ისე იქნება, როგორც უფროსობა


გადაწყვეტს და, პრინციპში, უკვე აღარაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

– ერთადერთი არგუმენტი, რომელიც უბედური შემთხვევის ვერსიის


საწინააღმდეგოდ გვაქვს, არის ის, რომ გარდაცვლილს გულთან დაკავშირებით
პრობლემები ჰქონდა, ცოლი კი სამედიცინო სფეროში მუშაობდა. უფრო მეტიც,
ჩილაჩავას ცოლი კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. თუ შენ ფიქრობ, რომ
მას ქმარი გაფრთხილებული არ ეყოლებოდა, როგორი მოვლა სჭირდება მის
ნაოპერაციებ გულს, მაშინ, ესეც მკვლელობაა. არ მეთანხმები?

– არა! – მოკლედ მოჭრა მოღუშულმა თემომ.

– შენ ქვრივი არ დაკითხე?

– ვერ დავკითხე, უარზეა – სანამ ჩემს ქმარს არ დავკრძალავ, არც ერთ კითხვაზე არ
გიპასუხებთო.
– რატომ? ძალიან მგლოვიარე ვარ და ენა არ მემორჩილებაო?

– შენ იცინი და ეს მისი უფლებაა. შვილიც იმავეს იმეორებს. ამიტომაც მინდოდა, მისი
მეგობრები დამეკითხა, მაგრამ, ზედმეტი წვალება იქნება. უბედური შემთხვევა იყო
და მორჩა.

– მე არ მომისმენთ? – საცოდავად, დაღლილი ხმით წარმოთქვა ვახომ.

– გაქვს რამე?

– არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ დროის იმ მონაკვეთში, როცა,


სავარაუდოდ, ეგ მკვლელობა თუ თვითმკვლელობა მოხდა... ანუ, რა პერიოდიც ჩვენ
გვაინტერესებს... მე რომ წყნეთში ასული მანქანების მფლობელებს გადავხედე...

თემოს მოთმინების ფიალა გაუწყდა.

– მოკლედ და კონკრეტულად, საქმეზე! ჭკუიდან ნუ შემშლი!

ვახომ ამოიოხრა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა:

– კარგი, მოკლედ გეტყვი: თავად გარდაცვლილი, ორი ტაქსი და მისი შვილის


მეგობარი, ერთ-ერთი მეგობართაგანი, ანუ... ორივე ტაქსის მძღოლი და მათი
მგზავრებიც უკვე გადავამოწმე. ერთმა დედა, მისი ორი ბავშვი და მათი ძიძა აიყვანა
აგარაკზე, მეორემ – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ცოლი ორსულია. ჰო, კიდევ, იმ
მეგობრის ვინაობაც ვიცი... ჩამოვყვე? – ვახომ თვალები გადაატრიალა.

– ამოისუნთქე, შე უპატრონო! – შეეშინდა დევის.

თემომ წყლიან გრაფინზე ანიშნა:

– ხომ არ დაგისხა?

– ცუდი არ იქნებოდა. მართლა ძალიან დავიღალე. სად გავჩერდი? – წყლისთვის


გმადლობთ... ჰო, მე ვფიქრობ, იქ არავითარი ნაშები არ ასულან, თუ გარდაცვლილმა
ისინი თავისი მანქანით არ აიყვანა.

– ეგ გამორიცხულია, – თავი გააქნია თემომ, – სახლთანაც, ეზოშიც და სახლშიც,


ყველგან სათვალთვალო კამერები აყენია. ჩანაწერები შევამოწმეთ. ჩილაჩავა აგარაკზე
მარტო ავიდა.

ვახომ ხელები გაშალა:


– მაშინ ვიღას ვეძებთ? უბედური შემთხვევაა, რა!.. ეტყობა, ნაშებმაც ტელევიზორით
გაიგეს, რაც მოხდა და აღარ ავიდნენ. ეგ არის, რა!.. მგონი, აჯობებს, თუ ისევ ნოდიას
მკვლელობის საქმეს დავუბრუნდებით. მე შემიძლია, წავიდე? – ვალმოხდილი კაცის
იერით იკითხა ვახომ. თემომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– ჩილაჩავას შეეძლო, კამერები გამოერთო.

– რისთვის?

– იმისთვის, რომ ცოლს და შვილს არ ენახა, ვინ ჰყავდა სტუმრად. ასეა თუ ისე, შენ
ერთში მართალი ხარ: ჩილაჩავა ვიღაცას ელოდებოდა და ეს „ვიღაც“ – ქალი იყო. სხვა
შემთხვევაში, „ვიაგრით“ არ გაიჭყიპებოდა, – დაასკვნა დევიმ.

– ისე, შენ მაინც ყოჩაღ! – მიუბრუნდა ვახოს, – კარგად იმუშავე. ახლა იმ მეგობრის
ვინაობაც გვითხარი.

მანქანა ნიკა ლომიძეს ეკუთვნის. ჩილაჩავას ბიჭთან ერთად წყალბურთს თამაშობს.

– ვის ეკუთვნის?! – მღელვარება ვერ დამალა დევიმ, – გაიმეორე!

– ნიკა ლომიძეს, ჩილაჩავას შვილის მეგობარს. რა მოხდა? – დაიბნა ვახო და დევის


შიშით შეხედა.

– არაფერი, არაფერი, შენ მაინც მაგარი ბიჭი ხარ, – შეაქო დევიმ, – ყავას იმსახურებ.
მარინასთან გადი და უთხარი, მოგიდუღოს.

– მოიცა, მერე ისევ შემოდი. დამჭირდები, – მიაძახა თემომ და დევის კითხვით სავსე
მზერა მიაპყრო.

– იმ ბიჭის სახელი და გვარი რამეს გეუბნება?

დევიმ თავი დაუქნია:

– ის არის.

– ვინ ის?

– გვარზე მაინც როგორ ვერ მიხვდი? მეგონა, არ გაგიჭირდებოდა.

– დევი, იცი, ახლა ჩემს თავში რა ხდება? ამიტომ, მითხარი და ნუ მაწვალებ.


– შენს თანაშემწეს აშკარად არ გაახარებს ეს ინფორმაცია. მარიკა სწორედ მაგ ბიჭს
ხვდება. იმ ექიმის შვილია, ლომიძის, დეისაძის ექსპერტის. სერგი ბერაძის
მკვლელობის საქმეში რომ ფიგურირებდა.

თემო შეიჭმუხნა:

– მართლა? უცნაური დამთხვევაა.

– გააჩნია, დამთხვევაში, რას ვიგულისხმებთ.

– ეგ როგორ?

– მე ისედაც ვაპირებდი ამ თემაზე შენთან საუბარს, მაგრამ, მოგვიანებით. ვფიქრობ,


ახლა სწორედ შესაფერისი დროა. აჯობებს, იცოდე.

– ამხელა შესავალი რა საჭიროა? რა უნდა ვიცოდე?! – არ მოეწონა დევის ტონი თემოს,


– რაღაც, ძალიან ბევრი რამ არ ვიცი...

***

მარიკასთვის ყველაზე რთული მამამისისთვის თავისი გადაწყვეტილების თქმა იყო,


მაგრამ, იმასაც ხვდებოდა, რომ ისედაც ძალიან დააგვიანა. მამა ყოველთვის მთავარი
ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, ყველაზე დიდი ავტორიტეტი და მესაიდუმლე.
ბავშვობიდან შეეჩვია მამასთან გულახდილობას. უმნიშვნელო წვრილმანიც რომ არ
მოეყოლა, მოუსვენრად წრიალებდა და ადგილს ვერ პოულობდა. ეგონა, მამამ ისედაც
ყველაფერი იცოდა მასზე, ყველაფერს ხვდებოდა და უსიტყვოდ, მხოლოდ
გამოხედვით შეეძლო გაეგო, რაზე ფიქრობდა კონკრეტულ მომენტში.

ზურაბი კაბინეტში ყავას სვამდა, როცა მარიკა მასთან შევიდა. საფერფლეზე


სანახევროდ მოწეული სიგარა იდო – ის იშვიათად ეწეოდა და მხოლოდ სიგარას.

– მარიკუნა, შენ არ გძინავს?

– შენ კი სიგარა მოგიწევია, ესე იგი, ინერვიულე ან დაიღალე.

– დავიღალე. მაგრამ, ბედნიერი ვარ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ყველაფერი ისე


დამთავრდა, როგორც მინდოდა. ახლა ბავშვს არაფერი ემუქრება.

– მართლა? მიხარია. მეც ბედნიერი ვარ, – გაიცინა მარიკამ.

– სიგარა ხომ არ გინდა? – იხუმრა კაცმა.


– მამა, მე სერიოზულად გელაპარაკები.

– არ გეწყინოს, პატარავ... მართლა განსაკუთრებულ გუნებაზე ვარ. აბა, მომიყევი...


ბოლოს და ბოლოს, მორჩით ის საშინელი საქმე? დამთავრდა? მკვლელი იპოვეთ?!
ახლა შეგიძლიათ, დაისვენოთ?

– მამა, ისე ლაპარაკობ, თითქოს ერთადერთი მკვლელი დადიოდეს დედამიწაზე და


მისი დაჭერით მთავრდებოდეს პრობლემა. ასეთი მკვლელობები თითქმის
ყოველდღე ხდება. მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე, სხვა რამის თქმას ვაპირებ.

– გისმენ.

მარიკა შეყოყმანდა.

– მითხარი, მითხარი... ჩვენ ხომ ყველა თემაზე შეგვიძლია ლაპარაკი.

– ამიტომაც გადავწყვიტე, რომ უკვე დროა, იცოდე... მოკლედ, მე... მე...

ზურაბს სახიდან ღიმილი გაუქრა:

– ასე ძალიან რატომ გიჭირს თქმა? ასეთი სერიოზულია?

– ძალიან სერიოზული, მამა... შეყვარებული ვარ... გესმის ჩემი? რატომ გაჩუმდი?


ალბათ, გინდა მითხრა, რომ ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე... მერწმუნე, საკმაოდ
დიდხანს ვიფიქრე... მოკლედ, ახლა უკვე იცი და მეც შემიძლია, შვებით
ამოვისუნთქო. გულზე მომეშვა.

– გულზე მოგეშვა?.. ეს კარგია... – ანგარიშმიუცემლად ჩაილაპარაკა ზურაბმა და


შუბლი მოისრისა.

– შენ ფიქრობ, რომ მე...

– არა... ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ... მიხარია, რომ შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდა


ადამიანი, რომელიც სამყაროს სხვანაირად დაგანახვებს, მაგრამ...

– მაგრამ, შენ გეშინია, რომ ის ის არ არის, ვინც მე მჭირდება.

კაცმა თავი გააქნია:

– მე ეს არ მიგულისხმია. როდის გამაცნობ?

მარიკას სახე დაუსევდიანდა:


– ასეც მივხვდი. შენ ფიქრობ, რომ ამ საკითხში ჩემი ნდობა არ შეიძლება. როგორც
„სტანდარტული“ მამა, ზუსტად ისე მოიქეცი.

– აი, ახლა კი უსამართლო ხარ. გაცნობა იმიტომ არ მინდა, რომ შენი იმედი არ მაქვს.
ეს რატომ მითხარი? აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა. არ უნდა მქონდეს
სურვილი, ვიცოდე, ვინ არის ადამიანი, რომელიც შენთვის ასე ბევრს ნიშნავს?

მარიკა შეცბა. ზურაბი აშკარად ძალიან ნაწყენი ჩანდა. მისი ეს საყვედურიც


მოწმობდა, რომ შვილის სიტყვებმა ძალიან ატკინა გული და თავმოყვარეობაც
შეულახა. გოგოს გული შეეკუმშა. მამას მხარზე მიეხუტა და დამნაშავის ღიმილით
ჩაილაპარაკა:

– მართალი ხარ. შევცდი. ნიკას აუცილებლად გაგაცნობ. მით უმეტეს, რომ ერთად
ვაპირებთ ცხოვრებას.

კაცი შესამჩნევად გაფითრდა:

– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ცოლად მიჰყვები?

– ჩვენი ურთიერთობის ოფიციალურ მხარეზე ჯერ არ გვილაპარაკია. ხომ იცი, ამას


განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვიცი... ვიცი... შენ და დედას სხვა აზრი
გაქვთ ამაზე და გპირდები, ყველაფერი ძალიან სერიოზულია. ამიტომ, ფინალი
ისეთი იქნება, როგორიც თქვენ გინდათ. – „ჰეფი ენდი“ და მენდელსონის მარში,
თავისი ყველა ატრიბუტით:

ზურაბმა თავი გადააქნია.

– არ მეგონა, ჩემზე ასეთი წარმოდგენის თუ იყავი. გული მატკინე. ირონია მაინც


მეტისმეტია.

– მართალი ხარ. თავადაც არ ვიცი, რა მემართება. ნამდვილად არ მინდა, გული


გატკინო. ძალიან მიყვარხარ. ხომ დარწმუნებული ხარ ამაში?

ზურაბმა შვილის თავი მკერდზე მიიხუტა:

– მაგრამ, მარტო აღარ ხარ და ამაში უკვე დარწმუნებული ვარ... შენ გადაწყვეტილება
მიიღე, მაგრამ, მაინც მოუსვენრად ხარ. მითხარი, რა გაწუხებს?

– არაფერი, – მხრები აიჩეჩა მარიკამ, – თუმცა, არა. მართალი ხარ, რაღაც მართლა
მაწუხებს. მაგრამ, რა – ვერ ვხვდები.
– გეშინია, რომ აჩქარდი? თუმცა, მეშლება. ეს ნამდვილად არ არის ის „რაღაც“. არა
უშავს, ერთად აუცილებლად მოვერევით მაგ „რაღაცას“.

– ჰო, რა თქმა უნდა.

ზურაბმა საათზე დაიხედა:

– შენ დღეს სამსახურში არ მიდიხარ? დასვენების დღე ხომ არ მოგცეს, როგორც


შეყვარებულს?

– ღმერთო, როგორ დამავიწყდა! – შეშფოთდა მარიკა, – რომელი საათია?

– პირველი სრულდება.

– რა სირცხვილია! თათბირი... რას იფიქრებს პაპავა? რომ ეს განგებ გავაკეთე... დევიმ


მაინც რატომ არ დამირეკა? დავრეკო თუ პირდაპირ წავიდე?

– რომ დარეკო, რა უნდა უთხრა? სწრაფად ჩაიცვი და გაიქეცი. რამე მნიშვნელოვანი


ხდება?

– მამა, – უსაყვედურა მარიკამ, – ხომ იცი, სად ვმუშაობ? იქ ყოველთვის ხდება რაღაც
მნიშვნელოვანი...

***

საკმაოდ უცნაური საზოგადოება შეიკრიბა: სერიოზული, სოლიდურად ჩაცმული,


ოფიციალურად მომზირალი მამაკაცი პირქუში გამოხედვით და შეჭმუხნული
წარბებით, მთელი საღამო რომ არ გაუხსნია, საკმაოდ შემთვრალი,
ექსტრავაგანტურად ჩაცმული, ქარაფშუტულად მოღიმარი და გამომწვევად
აცელქებული ქალი და ორი არსება, რომელთა სქესი აშკარად დავის თემა გახდებოდა
და, იქნებ, გასართობად არც ჰქონოდათ საქმე, სხვა დროს და სხვა საზოგადოებაში
რომ აღმოჩენილიყვნენ. ერთი აშკარად უფრო თავისუფლად იქცეოდა, თამამად და
თავდაჯერებულად. სოლიდური მამაკაცი მას დაუფარავი ზიზღითა თუ
სიძულვილით შესცქეროდა. არც მეორის მიმართ იჩენდა განსაკუთრებულ სიმპათიას,
მაგრამ, ის აშკარად ნაკლებად აღიზიანებდა. საერთოდ კი, მისთვის წამება იყო
სუფრასთან ჯდომა და არც უცდია ამის დამალვა.

– მამა, ნუ იბღვირები. რა გემართება? მოეშვი, მიიღე სიამოვნება. სტუმრები გვყავს.

კაცმა არ უპასუხა, ჭიქიდან წყალი მოსვა და ამოიოხრა.


– არ უნდა მოვსულიყავით, – გადაულაპარაკა ზეამ ენცოს და წამოწითლდა. ენცომ
ირონიულად მობრიცა ტუჩები:

– ხომ ხედავ, ამათ აქ, შეიძლება, იჩხუბონ კიდეც. არ ევასები ადამიანს და, რა გინდა
რომ ქნა?

– ნაკლებად მადარდებს, მამას ვეყვარები თუ არა. ისე, შენი იდეა იყო, ჩვენი აქ
მოსვლა, არ დაიშალე და თავი დააპატიჟებინე. იმ ამბის შემდეგ, აღარც მქონდა
ნეილისთან ურთიერთობის სურვილი, – ხმადაბლა, ბოღმით გადაულაპარაკა ენცომ.
ნეილის გახედა და კეკლუცად გაიღიმა. იმან ჭიქა ასწია და თვალი ჩაუკრა:

– გოგოებო... მე დღეს არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ. ასწიეთ ჭიქები და ჩემი


სადღეგრძელო დალეთ. ახლავე! მე მოვითხოვ ამას! მამა, შენ არ გინდა, ჩემი
სადღეგრძელო დალიო? ჩემს გამარჯვებას აღვნიშნავთ...

– ნეილი, არ გინდა... არ არის საჭირო, ამ ამბის გარშემო კიდევ ერთხელ ავტეხოთ


ხმაური. ნუ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. რაც იყო დამთავრდა და, იმედი მაქვს, ახლა
მაინც გაემგზავრები.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– მე გავემგზავრები?! აბა, რას ამბობ? პირიქით, გამარჯვებულს რევანშის აღების


სურვილიც გამიჩნდა.

ელჩი გაფითრდა:

– ნეილი, შენ მე დამპირდი, რომ სასამართლოს შემდეგ გაემგზავრებოდი. რისთვის


უნდა დარჩე აქ? იმ ქალს უკვე მიუსაჯეს. თუ დანაშაული ჩაიდინა, პასუხსაც აგებს.
დაივიწყე ეს ამბავი, ცხოვრება გრძელდება.

– რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება და მეც სწორედ ამის სადღეგრძელო


შემოგთავაზეთ. ახალ საქმეს ვიწყებ... გოგოებო, – ნეილი ენცოსა და ზეასკენ
შებრუნდა, – მე გადავწყვიტე... ფინანსური პრობლემა არ იქნება. მამაჩემი
დაგვაფინანსებს. აქ იმიტომ მოგიპატიჟეთ, რომ საქმის დეტალები შევათანხმოთ.
მართალია, მამაჩემი იბღვირება, მაგრამ, კარგი კაცია... კეთილი... ფულს მოგვცემს...

ზეა გაიბადრა და ენცოს შეუმჩნევლად წაჰკრა ფეხი. ენცოს შუბლი არ გაუხსნია,


წარბების ქვეშიდან ზვერავდა სიტუაციას.

– კარგი, რა, გაიღიმეთ! რა ხდება, პანაშვიდზე ვართ? ვის ვგლოვობთ? წმიდანები


ცაშიც არ არიან... ჰო, მიხარია, იმ ქალს საკადრისი რომ მიეზღო, რატომაც არა?!
საქმრო მომიკლა...
– ნეილი, გეყოფა. მე უნდა წავიდე, საქმე მაქვს. ჭკუა გეყოს და ხმაური არ ატეხო.

კაცს უნდოდა ეთქვა, ჭკუა რომ გქონდეს, არც ამათთან გექნებოდა რამე საერთოო,
მაგრამ, საჭირო მომენტში გაჩუმება უკვე ჩვევად ჰქონდა...

***

თემომ ყურმილი დადო და დევის შეხედა:

– ახვლედიანი მიბარებს.

– მაგას ისედაც მივხვდი, შენი სახის გამომეტყველებით.

– მე ახლა ყველაზე ნაკლებად მაგასთან ლაპარაკი მინდა. შენ რაც მომიყევი...


მოკლედ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მაკას
შესაძლებლობები ჯეროვნად ვერ შევაფასე.

– ძალიანაც ნუ დაამძიმებ სიტუაციას. ისეთიც არაფერი მომხდარა.

– შეიძლება. დათოს მაინც ვნახავ და დაველაპარაკები. ისედაც მქონდა მასთან საქმე.

– სიმშვიდე შეინარჩუნე, თუმცა, რას გასწავლი. წამოვიდე ახვლედიანთან?

– არა. არ უთქვამს, რომ თათბირია... შემოდიო.

– აქ დაგელოდები. მანამდე მარიკას დავურეკავ. მინდა, ვუთხრა მანქანის შესახებ.

– არ ვიცი, შეხედე სიტუაციას.

***

მარიკამ აქოშინებულმა შეაღო კაბინეტის კარი და დევის გაუღიმა:

– ძალიან დავაგვიანე? დამეძინა. მაგრამ, შენი ბრალია, რატომ არ დამირეკე?! პაპავა


ძალიან გაბრაზდა?

– გიკითხა, გაბრაზებისთვის კი ვერ მოიცალა. სხვა, უფრო სერიოზული პრობლემა


ჰქონდა.

– რა მოხდა? – მარიკა დაჯდა და დევის თვალებგაფართოებული მიაჩერდა.

– მერე მოგიყვები. ახვლედიანმა დაიბარა.


– აი, თურმე, რა. ესე იგი, ჩილაჩავას ამბავი გადაწყდება. მგონი, მთელი ყურადღება
ნოდიასკენ უნდა მივმართოთ, ანუ, ნოდიას მკვლელობისკენ. დროა, მოვრჩეთ. რას
იტყვით?

– ჰო, რა თქმა უნდა. თუმცა, არის რაღაც გარემოებები, რომლებიც, ალბათ, უნდა
დავიკიდოთ, თუკი ჩილაჩავას ამბავს უბედური შემთხვევის კლასიფიკაციას
მივცემთ.

– მის კარდიოლოგიურ პრობლემებს გულისხმობ?

– არა მხოლოდ, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა დევიმ. მარიკას ცუდად


ენიშნა მისი უცნაური ღიმილი.

– რა უნდა მითხრა? დევი, რაღაც კიდევ გაირკვა?

– მოდი, თემოს შემოსვლას დაველოდოთ. მანამდე შენ მომიყევი, როგორ ჩაიარა შენმა
პაემანმა. რადგან ღრმად და უშფოთველად ჩაგეძინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ
კარგად.

– გადაწყვეტილება მივიღე.

დევიმ სიგარეტს მოუკიდა:

– გადაწყვეტილება? ხომ არ თხოვდები?

– ჯერ არა.

– ანუ, ეს უახლოეს მომავალში მოსალოდნელია?

– ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ მიყვარს და მასთან ყოფნა მინდა. მამაჩემსაც


ვუთხარი ამის შესახებ.

დევიმ მაგრად მოქაჩა სიგარეტი და კვამლს ახედა:

– მდაა!.. ისღა დამრჩენია, ბედნიერება გისურვო.

– რატომ ასეთი ტონით? შენ ჩემი არჩევნით უკმაყოფილო ხარ?

– მარიკა, საყვარელო. არჩევნით კმაყოფილი შენ უნდა იყო. მე მარტო ის მინდა,


შეცდომა არ დაუშვა, მეტი არაფერი.

მარიკა დაფიქრდა და ამოიოხრა:


– კარგად გიცნობ. აშკარად რაღაცას არ მეუბნები.

– კარგად იცნობ მას?

– მგონი, საკმარისად.

– ეგ პასუხი არ არის.

– ვიცი. შენ ახლა მეტყვი, ადამიანს კარგად მანამ არ გაიცნობ, სანამ მასთან ერთ
ჭერქვეშ არ იცხოვრებო. ხომ ასეა?

– ასეა. იმიტომ რომ, შეუძლებელია, მხოლოდ შეხვედრებით გაიცნო ადამიანი,


რამდენი წელიც არ უნდა ხვდებოდე.

– მაგაშიც გეთანხმები. მაგრამ, მოდი, ნუ აჩქარდები. მით უმეტეს, რომ ჯერ შენს
კარიერაზე უნდა იზრუნო. თავიდან, როცა აქ მოხვედი და გაგიცანი, მომეჩვენა, რომ
სერიოზული გეგმები გქონდა და ძალიან მიზანდასახული იყავი.

– არ მოგჩვენებია, ასეც არის. მაგრამ, ნიკამ ეს ყველაფერი იცის და ხელს არ შემიშლის.


მასაც აქვს რაღაც გეგმები... დევი, მართლა არ მესმის, რაზე ლაპარაკობ.

– კარგი. დაივიწყე. მამაშენმა რა გითხრა?

– რა უნდა ეთქვა?! გამაცანიო...

– ესე იგი, მოგიგვარებია საქმე. ძალიან კარგი... მგონი, თემოც მოვიდა.

კარი მორიდებით გაიღო და კაბინეტში მდივანმა ქალმა შემოიხედა.

– ბატონო დევი, ვიღაც ქალბატონია და დაჟინებით მოითხოვს თქვენს ნახვას.

– ჩემს ნახვას? რაღაც გეშლება. პაპავა აქ არ არის.

– ვიცი. ისიც ვიცი, სადაც არის და ავუხსენი კიდეც ამ ქალს, მაგრამ ისე ჯიუტად
ითხოვს, კაბინეტში შემოვუშვა. თან ტირის...

– კარგი, რადგან ტირის, შემოუშვი. ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, ერთი ჭიქა წყალი
მოაყოლე – მისი ისტერიკების თავი ნამდვილად არ მაქვს.

ქალს ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა, მაგრამ, საკმაოდ სიმპათიური იყო, გემოვნებითა


და ასაკის შესაფერისად ჩაცმული. ნამტირალევი, ოდნავ შესიებულ თვალებზე
ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა თავი საკმაოდ ღირსეულად ეჭირა.
– ქალბატონო, მობრძანდით, დაბრძანდით. თქვენ, ალბათ, გამომძიებლის ნახვა
გინდათ... პაპავა მალე მოვა. მანამდე შეგიძლიათ, წყალი დალიოთ.

ქალი შეთავაზებულ სკამზე ჩამოჯდა.

– მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით. ისიც მაპატიეთ, რომ თქვენს თანამშრომელს არ


ვენდე, მითხრა, გამომძიებელი ადგილზე არ არისო. შეიძლება, თქვენ
დაგელაპარაკოთ?

– რა თქმა უნდა. არ არის პრობლემა. თუ კი რამეში გამოგადგებით... – ხელები გაშალა


დევიმ, – ხომ არ აჯობებს, ჯერ გავეცნოთ ერთმანეთს?

– დიახ. რა თქმა უნდა. მე გია ნოდიას მეუღლე ვარ... – ქალმა მოზრდილი ყლუპებით
გამოცალა ჭიქა და ამოისუნთქა, – გმადლობთ, ჩემი მოსმენა რომ მოინდომეთ.

– თუკი მე, სასამართლოს ექსპერტი, რამეში დაგეხმარებით... ეს ახალგაზრდა


ქალბატონი კი გამომძიებლის თანაშემწეა. თქვენი ქმრის მკვლელობის საქმეს ერთად
ვიძიებთ.

– ძალიან კარგი. მე ახლა მართლა ვღელავ, ძალიან ვღელავ... საქმე ჩემს შვილს ეხება.

– ერთი წუთით, სანამ საუბარს დავიწყებთ, იქნებ მითხრათ, აქ როგორ შემოხვედით,


თქვენთვის ვინ დაუშვა საშვი?

ქალი გაწითლდა:

– ამის თქმა აუცილებელია? მთავარია, რომ აქ ვარ... მეგობრები მყავს...

დევიმ თავი დააქნია:

– გასაგებია. ალბათ, ძალიან ერთგული მეგობრები... კარგი. მე საწინააღმდეგო


არაფერი მაქვს. თუ გაინტერესებთ, როგორ მიდის თქვენი ქმრის მკვლელობის ძიება,
გეტყვით, რომ ცდას არ ვაკლებთ. ვმუშაობთ. დანარჩენს ბატონი თემური გეტყვით.

– დიახ, დიახ... – ქალმა კაბინეტში ისე მიმოიხედა, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას


ეძებდა.

– წყალი ხომ არ გნებავთ კიდევ? – თავაზიანად შესთავაზა დევიმ.

– წყალი არა... სიგარეტი შეიძლება?..

დევიმ უხმოდ გაუწოდა სიგარეტი, საფერფლე და სანთებელა...


– კიდევ ერთხელ გთხოვთ, მაპატიოთ... მართლა ძალიან ვღელავ... თქვენ ალბათ უკვე
ყველაფერი იცით.

– გააჩნია, რას გულისხმობთ „ყველაფერში“, ქალბატონო, – გაეღიმა დევის.

– ჩემი შვილი იყო თქვენთან.

– ვიცი, საქმის კურსში ვარ, მაგრამ ის ბატონ თემურს ელაპარაკა. დაველოდოთ.

– დაველოდოთ... თუმცა, მერჩივნა, ჯერ თქვენთვის მეთქვა სათქმელი.

დევიმ მარიკას გახედა:

– ქალბატონო, გვერწმუნეთ, გვჯერა თქვენი და ვხედავთ, როგორ ნერვიულობთ,


მაგრამ, ბატონი თემური ჩვენზე კომპეტენტურია. მოსმენით როგორ არ მოგისმენთ,
მაგრამ, მეორედ მოგიწევთ, მოყოლა. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობთ.

ქალმა ამოიოხრა:

– რატომღაც, მგონია, რომ თქვენ უფრო გულთან მიიტანთ ჩემს ამბავს, ვიდრე თქვენი
გამომძიებელი.

პაპავამ ბოლო სიტყვებს მოჰკრა ყური. წარბშეკრული მიუახლოვდა მაგიდას და


ქალის წინ გაჩერდა:

– რაშია საქმე?!

– ასეთ რამეს სერიალშიც ვერ ნახავ... – ჩუმად გადაულაპარაკა დევიმ მარიკას და


ანიშნა, ოთახის კუთხეში მდგარ სავარძელზე გადავინაცვლოთო. მარიკამ თავი
დაუქნია. თემოს არც შეუნიშნავს, მათი უსიტყვო შეთანხმება. სიგარეტს ეწეოდა და
ცდილობდა, ამოეცნო, გულწრფელი იყო ქალი, რომელიც მის წინ იჯდა თუ,
უბრალოდ, ოსტატურად თამაშობდა.

– გისმენთ, ქალბატონო, შეგიძლიათ, განაგრძოთ...

– მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ იმ სიტყვების გამო, რომლებიც თქვენი მისამართით


ვთქვი. უბრალოდ, როცა აღელვებული ვარ, საკუთარი ემოციების გაკონტროლება
მიჭირს.

– ეგ უკვე მოვისმინე. საქმეზე გადადით, – თემომ იგრძნო, რომ ნელ-ნელა


მოთმინების ფიალა ევსებოდა...
– ჩემმა შვილმა ყველაფერი მითხრა... ის თქვენთან იყო.

– დიახ, სიმართლის სათქმელად მოვიდა. თუკი, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა.

– სიმართლეა და, მაინტერესებს, რა ელის მას ამისთვის – დააპატიმრებთ?

– ვის?

– ჩემს შვილს.

თემომ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები:

– ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ქალბატონო, ჯერ ძიება არ დამთავრებულა.

– ჩემმა ვაჟიშვილმა მითხრა, რომ ის ახლა მთავარი ეჭვმიტანილია.

– ეჭვმიტანილი არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. პირდაპირ გეტყვით, მას მოტივი ჰქონდა,


რომ მამამისის მკვლელობა შეეკვეთა.

– ვხვდები, მაგრამ, ასეთი მოტივი მეც მქონდა.

თემოს გაეღიმა:

– ესეც ვიცი. ქალს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს მოღალატე ქმრის მკვლელობის


შეკვეთის მოტივიც და სურვილიც. მით უფრო, როცა თითქმის მთელი ქონების
ერთადერთ მემკვიდრედ რჩება.

– მემკვიდრეობა არაფერ შუაშია. ჩემი ქმრის სიკვდილს რომ არ დავუმწუხრებივარ –


ესეც მართალია, მაგრამ, არც მე და არც ჩემს შვილს გიას მკვლელობასთან კავშირი არ
გვაქვს. უნდა დამიჯეროთ, – ქალს ისევ წამოუვიდა ცრემლები.

– ქალბატონო, მე მარტო ფაქტებს ვუჯერებ – ასეთი სამსახური მაქვს.

– ფაქტები კი ჩვენს წინააღმდეგ მეტყველებს... – სიმწრით მობრიცა ტუჩები ქალმა, –


მივხვდი, რისი თქმაც გინდოდათ. მაშინ, ერთი თხოვნა მაქვს...

თემომ ამოიოხრა:

– ქალბატონო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. დამშვიდდით და სახლში წაბრძანდით.


მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ, თუ თქვენი შვილი უდანაშაულოა...

– მე შევუკვეთე ჩემი ქმრის მკვლელობა, – თქვა მოულოდნელად ქალმა:


დევი, რომელიც მანამდე მარიკას ეჩურჩულებოდა, შემობრუნდა და თემოს შეხედა.
მერე ისევ მარიკას მიუბრუნდა:

– ცუდად არის საქმე. პაპავამ თუ იფეთქა... აქ ფსიქოლოგია საჭირო. ხომ არ


ჩაერთვები საუბარში?

– მე?!

– დამიჯერე, ახლა შენი ჩარევა აუცილებელია. ეს ქალი უნდა დავამშვიდოთ და


დავარწმუნოთ, მშვიდობიანად წავიდეს აქედან, სანამ პაპავა გაგიჟებულა.

მარიკა მორჩილად გაემართა მოსაუბრისკენ. თემომ შვებით ამოისუნთქა და ანიშნა


მიხედეო.

– ქალბატონო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნამდვილი მკვლელი


დავიჭიროთ.

– მართლა?

– რა თქმა უნდა. თქვენიც გვესმის, მაგრამ, ახლა სახლში უნდა წაბრძანდეთ.

ქალმა გაოგნებულმა ამოხედა:

– თქვენ არ გესმით? მე შევუკვეთე ჩემი ქმრის მკვლელობა-მეთქი, მე ვარ დამნაშავე!

– კარგი. ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ, – სწრაფად დაეთანხმა პაპავა.

– დამაპატიმრეთ...

– სახლში წაბრძანდით. ჯერ სიმართლე უნდა დადგინდეს.

– ჩემი სიტყვები საკმარისი არ არის?

– არა. მარიკა, აუხსენი... – თემომ სიგარეტი აიღო და კაბინეტიდან გავიდა. დევიც


უკან გაჰყვა.

– რა მოხდა? – ჰკითხა მაშინვე, როგორც კი დერეფანში აღმოჩნდნენ.

– გააჩნია, რაზე მეკითხები.

– რა ვიცი. ახვლედიანისგან დაიწყე...


– განსაკუთრებული არაფერი. როგორც მოველოდით, წყნეთის საქმე – უბედური
შემთხვევაა. შეგვიძლია, დავხუროთ. მარიკასთვის ხომ არაფერი გითქვამს?

– არა, ვეღარ მოვასწარი, ნოდიას ცოლის ვიზიტმა შემიშალა ხელი.

– ჰო, მართლა, ეგ ქალი აქ როგორ აღმოჩნდა, საშვი შენ დაუშვი?

– არა, ნაცნობი ჰყოლია ჩვენთან. ვინაობა არ გაამხილა. პრინციპში, რა მნიშვნელობა


აქვს?!

– ახვლედიანმა პირდაპირ მიბრძანა, ნოდიას საქმე დაამთავრეთ, მინისტრს თვის


ბოლომდე ანგარიში უნდა ჩავაბაროო.

– ჰოდა, დაურეკე და უთხარი. დამნაშავე კაბინეტში მიზის-თქო, – გაიცინა დევიმ.

– სულაც არა ვარ ხუმრობის გუნებაზე, – მოიღუშა თემო, – ისეთი გულუბრყვილო


გგონივარ, რომ გამწარებული, შვილზე გადაფარებული დედის ტყუილს დავიჯერებ?

– არავითარ შემთხვევაში, მაგრამ, არც ისეთი აბსურდული ტყუილია. არ მეთანხმები?

– მე უფრო სხვა რამეს ვეჭვობ: იქნებ, შვილმა დედასთან ერთად დაგეგმა ეს


ყველაფერი? არ არის სარწმუნო ვერსია?

– ის გოგო რა როლს თამაშობდა მკვლელობაში? – ჰკითხა თემომ, – შენი ვერსია


მაინტერესებს.

– შეიძლება, იმანაც იცოდა, შეიძლება – არა. უფრო – არა! თუმცა, ვფიქრობ,


გამოიყენებდნენ. თუ ბატონი დონ ჟუანისთვის საყვარლებს არჩევდა, შესაძლოა,
სპექტაკლის რეჟისორობაც მას დაავალეს. მერე „ნაშას” რაღაც „გადაუდებელი” საქმე
გამოუჩნდა და მკვლელსაც მწვანე შუქი აენთო.

– მე ეს ვერსიები არაფერში გამომადგება, ფაქტები არ მაქვს. საქმეს სასამართლოს ვერ


გადავცემთ, გამორიცხულია. თანაც, არ მჯერა ამ ქალის – მეტისმეტად ემოციურია.
ძალიან არის მონდომებული, საკუთარ დანაშაულში დაგვარწმუნოს.

– ესე იგი, ნამდვილ დამნაშავეს აფარებს ხელს. ვის გამო შეიძლება ქალმა ასეთი
მსხვერპლი გაიღოს?! – საყვარელი ადამიანის და...

– შვილის...

– ჩვენს შემთხვევაში – შვილის. ხომ არ იტყვი, რომ საყვარელი ჰყავდა და ქმარი


თავიდან ამიტომაც მოიშორა? – დევი აშკარად გამხიარულდა.
– ერთობი, არა?!

– აბა, რა ვქნათ? ახვლედიანმა დრო რამდენი მოგცა?

– არც ასე რთულად არის საქმე. წამოდი.

– სად მეპატიჟები? ხინკალზე უარს არ ვიტყოდი.

– ხინკალი კი არა...

– მოიცადე, შენ ახვლედიანს რაზე ელაპარაკე? უთხარი იმ გარემოებების შესახებ,


რომლებიც ჩილაჩავას საქმეში გვაქვს?

– რა გარემოებები გვაქვს ამისთანა?! მანქანა წყნეთის გზაზე და სტენტირება – სულ ეს


არის.

დევიმ თვალი ჩაუკრა:

– კარგი, რა! შენ ხომ ჩემზე კარგად იცი, რომ ეს ბევრიც არის. თუმცა, თუ მეორე
მხრიდან შევხედავთ სიტუაციას, ერთი საქმით ნაკლები იქნება.

თემომ ხელი ჩაიქნია და ამოიოხრა.

... მარიკამ საფერფლე ურნაში ჩაცალა და ქალს წინ დაუდგა.

– მგონი, ყველაფერი აგიხსენით. წაბრძანდით სახლში და ჩვენ თვითონ


გამოგიძახებთ.

– თქვენმა გამომძიებელმა არ დამიჯერა.

– მთავარი ეს არ არის. მთავარია, დაამტკიცოთ, რომ თქვენ შეუკვეთეთ ქმრის


მკვლელობა.

– ჩემი აღიარება არაფერია? რაღა დამტკიცება გინდათ?

მარიკამ ამოიოხრა:

– ესე იგი, ცუდად აგიხსენით. აი, ბატონი თემური დაბრუნდა და ის უკეთესად


დაგელაპარაკებათ.

– სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერია, – თავის მაგიდას დაუბრუნდა პაპავა, –


წაბრძანდით და მე თავად დაგიკავშირდებით.
– არ დამიჯერეთ...

– მარიკა...

– დიახ, ბატონო თემო.

– ქალბატონი გააცილე.

– მე შევუკვეთე ჩემი ქმრის მკვლელობა. რა გავაკეთო, რომ დამიჯეროთ?

– კარგად დაფიქრდით და ისეთი ფაქტები გაიხსენეთ, თქვენი აღიარება


დამაჯერებელი რომ იყოს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა მიბრძანდით,
მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

***

ნიკამ თავი ასწია და დედას შეხედა. ქალი მშვიდად კითხულობდა წიგნს და პატარა
ყლუპებით წვენს სვამდა.

– მე და მარიკამ გადავწყვიტეთ, ერთად ვიცხოვროთ.

ქალმა პატარა მაგიდაზე დადგა ჭიქა. შუშა ხმაურით შეეხო ზედაპირს.

– ვიცი, ეს შენთვის მოულოდნელია. თუმცა, იქნებ არც ისეთი მოულოდნელი...


მოკლედ, ალბათ, ბინას ვიქირავებთ.

ქალს ისევ არაფერი უთქვამს.

– დაქორწინება ცოტა ნაადრევი მეჩვენება. თუმცა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ


მარიკა ჩემი ცხოვრების ქალია.

– ჩემგან რას ელოდები? გითხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ?

– არა. ვხედავ, რომ ასე არ არის.

– მიზეზი არ გაინტერესებს?

ნიკამ მხრები აიჩეჩა:

– მგონია, რომ ვიცი. ბანალური, სტანდარტული შემთხვევაა – შენ ის არ მოგწონს.


– ჰო, არ მომწონს, – ქალმა თვალებში შეხედა შვილს, – არ მომწონს, მაგრამ,
ბანალურობა არაფერ შუაშია. თუ გახსოვს, ყოველთვის ვამბობდი, რომ შენს არჩევანს
პატივს ვცემდი.

– ვიცი, მახსოვს.

– ასეც არის, პატივს ვცემ, მაგრამ...

– მაგრამ?! – ნიკას სახე დაეღრიჯა.

– რა ვქნა, ვერ წარმომიდგენია ეგ გოგო შენ გვერდით. მინდა, რომ კარგად გამიგო.
არანაირი პრეტენზია არ მაქვს მის მიმართ. არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ, არ ვიცი,
როგორ აგიხსნა. როცა ვუყურებ... ცუდი წინათგრძნობა მაქვს...

– დედა, რა სისულელეს ლაპარაკობ. ეს რას ნიშნავს? პირდაპირ მითხარი, რა გინდა.


რას ერჩი მარიკას?

ქალს სახე გაუმკაცრდა:

– არაფერს. მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი და ძალიან ვნანობ. დაივიწყე. შენი და


მარიკას ამბავი ძალიან მახარებს.

ნიკა გაწითლდა:

– ვეცდები, შესაფერისი ბინა მოვძებნო. მუშაობასაც დავიწყებ...

– და... ჩემთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტ? – სევდიანად ჩაიცინა ქალმა.

– მე ეგ არ მითქვამს.

– არ გითქვამს, მაგრამ, იფიქრე. ნიკა, მე შენ მეტი არავინ მყავს.

– ესეც არ იყო ბანალური? ვალდებულებებს მახსენებ, რომ მე, შენმა ერთადერთმა


ვაჟმა, რომელსაც მთელი ცხოვრება შემომწირე, მადლიერების გრძნობა მაინც უნდა
გამოვიჩინო და გვერდიდან არ მოგშორდე? მოკლედ, უმადური, უძღები შვილის
სტატუსი გარანტირებული მაქვს.

– ასე ნუ ლაპარაკობ. ჩვენ ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ მარიკა ჩადგა ჩვენს შორის და ერთმანეთის გაგებას იმიტომ
ვეღარ ვახერხებთ, კბილები გააღრჭიალა ნიკამ, – სანამ კიდევ მეტყვი რამე
საშინელებას, აჯობებს წავიდე.
– არა, მოიცადე... – ქალი სწრაფად წამოხტა და შვილს მოებღაუჭა, – ნიკა, მე მინდა,
ისევ ისე იყოს ყველაფერი, როგორც ადრე. თუ მარიკა შენი ცხოვრების ნაწილია და
ამას უკვე აღარაფერი შეცვლის, მე სანიმუშო დედამთილი ვიქნები.

– თუ სანიმუშო დედამთილის როლს ითამაშებ? – ირონიული ღიმილით ჰკითხა


ნიკამ.

– შენ იცი, რომ მე თამაში არ შემიძლია.

– ესე იგი, ახლა მატყუებ, ალბათ, ისევე, როგორც მამაჩემთან დამოკიდებულებაში


მატყუებდი.

– მამაშენი რა შუაშია?

– რა შუაშია? შენ თქვი, ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდაო, მაგრამ, ეს არ არის


სიმართლე. რაც გავიზარდე, სულ უფრო ნაკლებად მესმოდა შენი, ზოგჯერ კი
საერთოდაც არ მესმოდა. რამდენი ხანია, მამას საფლავზე არ ყოფილხარ? აღარც კი
გახსოვს.

– საფლავზე სიარული არაფერს ნიშნავს. თვითონ საფლავიც არაფრად მიმაჩნია.


ადამიანი, თუკი ის მართლა რამეს ნიშნავს შენთვის, გულში და გონებაში გყავს და
არა სადღაც, მიწის ქვეშ.

– ეს ერთხელ უკვე მოვისმინე, – თავი დააქნია ნიკამ, – მართალი გითხრა, არც ისე
დამაჯერებლად ჟღერდა.

– ვიცი, მაგრამ, სხვა ახსნა არ მაქვს. თუმცა, რადგან გითხარი, ამაზე აღარ
ვილაპარაკებ-მეთქი, სიტყვას აღარ ვიტყვი.

– ეგ უკვე შენი პრობლემაა, – ჩაილაპარაკა ნიკამ და მობილურს უპასუხა – გისმენ,


დათო. ახლავე წამოვალ. სადაც მეტყვი, – ბიჭმა მობილური ჯიბეში ჩაიტენა.

– როდის გადაწყვიტეთ? კარგია, თუ ეს შეკითხვაც დაკითხვად არ მოგეჩვენება.

– დათოს უნდა შევხვდე, მეჩქარება, – ნაჩქარევად წარმოთქვა ნიკამ და თითქმის


სირბილით გავიდა ოთახიდან.

***

მარიკამ ჩანთა აიღო:

– დარწმუნებული ხართ, რომ დღეს აღარ დაგჭირდებით? ბატონო თემურ...


თემო ჩაფიქრებული ეწეოდა სიგარეტს და საკმაოდ გვიან გაიაზრა მარიკას ნათქვამი:

– რა მითხარი?

– ნამდვილად აღარ გინდათ ჩემი დახმარება-მეთქი?

– დღეს არა. შეგიძლია, წახვიდე. დედაშენს დაელაპარაკები?

– კი, თუ მოინდომებს... ისეთი ტიპია, ვერაფერს დააძალებ. მთლიანად მის


სურვილზე ვარ დამოკიდებული.

– ძალიან მაინტერესებს. მინდა, რაღაცაში დავრწმუნდე. საქმე, ფაქტობრივად,


დახურვისკენ მიდის.

– ნოდიას საქმეზე რა ხდება?

– ერთი დამაჯერებელი ფაქტი და – მის შვილს ბრალს წავუყენებთ.

– შვილს?

– დედის ვიზიტმა ეჭვი უფრო გამიმძაფრა, თუმცა შეიძლება, მკვლელობა ერთადაც


დაგეგმეს. ბევრი დეტალი გასარკვევია, თუნდაც იმ გოგოს, ნიასთან დაკავშირებით.
მეეჭვება, მამის გზიდან ჩამოცილების მთავარი მიზეზი ეგ იყოს. ერთ-ერთი მიზეზი –
შეიძლება, მაგრამ, არა გადამწყვეტი.

– უნდა დაგეთანხმოთ. ნიას დაკითხვას აპირებთ? მეცოდება...

– ქალური განცდებია, – ამოიოხრა თემომ, – ჯობდა, ყველაფერზე ცოტა ადრე ეფიქრა.


მოკლედ, თავისუფალი ხარ. ხვალ ჩვეულებრივად მოხვალ, – თემომ შუბლი
მოისრისა, – ჰო, მართლა, დევიმ რაღაც მითხრა.

მარიკა გაწითლდა.

– არა, არა, არ იფიქრო, შენი პირადული მაინტერესებდეს. ისე მოხდა, რომ...

მარიკამ თავი დაუქნია:

– უკვე ვიცი. ისე მოხდა, რომ ამ ამბავში თქვენც აღმოჩნდით ჩარეული, მაგრამ,
გეფიცებით, მეც საკმაოდ გვიან შევიტყვე სიმართლე.
– შენ არაფერ შუაში ხარ. არც ის არის შენი ბრალი, ჩემს ოჯახში რომ პრობლემებია. ეს,
ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. როცა ზღვარზე ხარ, ყოველ წუთს უნდა ელოდე
გარდაუვალ კრახს.

– მაინც ძალიან ვწუხვარ. იქნებ, კიდევ შეიძლება რაღაცის შეცვლა?

– რაღაც რომ შეცვალო, ამის სურვილი უნდა გქონდეს. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.

მარიკამ ჩანთა მკერდზე მიიკრა და თავდახრილი გავიდა კაბინეტიდან. თემომ


ნამწვავებით სავსე საფერფლე ურნაში ჩაცალა და ახალი კოლოფი გახსნა.

***

ნიკა საკუთარ თავს ებრძოდა. გადაწყვეტილება რომ მიიღო, თითქოს დამშვიდდა,


მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. დედასთან საუბარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეჭვი
შეჰპარვოდა, ეჭვი იმისა, რომ ოდესმე მოაგვარებდა ურთიერთობას დედასა და
საყვარელ ქალს შორის. თითქმის წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება
ასე, ორ ადამიანს შორის მედიატორის როლში. ყველაზე ცუდისთვის უნდა
მომზადებულიყო. იქნებ, იმაზეც ღირდა დაფიქრება: საერთოდ უღირდა კი ეს
ურთიერთობა და სიყვარული მუდმივ ნერვიულობად? ნიკამ ხელი ჩაიქნია და კარი
გაიჯახუნა.

დათოს მანქანის კარი ღია ჰქონდა და ხმადაბლა რაღაც მელოდიას უსტვენდა... ნიკა
რომ დაინახა, პროტესტის ნიშნად ორივე ხელი აიქნია:

– სადა ხარ, ტო, აქამდე! თემურმა ორჯერ დარეკა. არ მინდა, სიძე გავაბრაზო, ისედაც
პრობლემები აქვს ჩემს დასთან.

– მერე, შენ რა შუაში ხარ? – ნიკამ მანქანის კარი მიიჯახუნა.

– ეე... რა გჭირს, გაგიჟდი? კარი არ გააფუჭო. ჩემი მანქანა კი არ არის, მიშიკომ


მათხოვა. არ მინდა, დავუმტვრიო.

– მიშიკომ? რომელმა მიშიკომ?

– რომელმა და იმან, საქართველოს პრეზიდენტმა, – გაიკრიჭა დათო, – ჩილაჩავამ,


ბიჭო. რაღაც საქმეების მოგვარება დამავალა და, მოკლედ, სარბენია, რა... მე კი მანქანა
არ მყავს. ყველა შენსავით მდიდარი კი არ არის?

– თუ გვაგვიანდება, ლაქლაქს მორჩი და მანქანა დაქოქე, – უხეშად მიმართა ნიკამ.


– სულ იღრინები, არადა, წესით, პირიქით უნდა იყოს. შეყვარებული ხარ, იმასაც
უყვარხარ. ბედნიერი და გაბრწყინებული უნდა დადიოდე...

– ძალიან ბევრს ლაპარაკობ. სიტყვები გაგითავდება და შენს სიძესთან მუნჯივით


იჯდები.

– არა უშავს, დაკითხვაზე კი არ მივდივარ, რამდენიმე შეკითხვაზე ვუპასუხებთ და


წამოვალთ.

– ესე იგი, ამ საქმეს მაინც იძიებენ?!

– აუ, შენ ხარ გამომძიებელი, თუ ჩემი სიძე? სული ნუ ამომხადე შეკითხვებით.


მივალთ და, რაც გაინტერესებს, იმასთან გაარკვიე.

ნიკამ წყრომით შეხედა მეგობარს:

– ჩილაჩავები აშკარად არ განიცდიან ოჯახის მარჩენალის დაკარგვას. თუ მეხსიერება


არ მღალატობს, ეს მისი მანქანაა. ძალიან სწრაფად „აუთვისებიათ” ქონება.

– ნიკა, ნუ იბოღმები, რა! ძალიან გადამდებია შენი უგუნებობა. ყველა ისე გლოვობს,
როგორც შეუძლია. აი, ჩემი სიძე რეკავს. გადავრევთ ასეთი დაგვიანებით.

– არ მესმის, აუცილებელი იყო, დამნაშავეებივით თავის ციხესიმაგრეში


დავებარებინეთ? თუ ლაპარაკი უნდოდა, სადმე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე
შევხვდებოდით.

– ეე, შენც ჩემი დასავით ნუ დაიწყე, რა... ასეთი სამსახური აქვს კაცს და მორჩა!

***

ეს თამაშია... თამაში საკუთარ ბედთან, ან – ბედისწერასთან; იქნებ, საკუთარ მესთანაც


კი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელ ვარიანტს აირჩევ და დაიჯერებ. თუ
ბედს ეთამაშები, მარცხისთვისაც მზად უნდა იყო, – ეს წამგებიანი ვარიანტია,
სამაგიეროდ, ერთი მიმზიდველი მხარე აქვს – შეგიძლია, თქვა, რომ ბედთან თამაშში
დამარცხდი და არავინ დაგცინებს. პირიქით, შეგიბრალებენ და ამით კიდევ ერთხელ
მოიტყუებ თავს. თამაში საკუთარ „მესთან” უფრო რეალურია და დამაჯერებელი,
ოღონდ, ნაკლებად ამბიციური და პრესტიჟული. თუმცა, ესეც ხომ თავიდანვე იცოდი,
ასე რომ, არჩევნის გაკეთება არ უნდა გაგიჭირდეს. შენი მთავარი პრობლემა ეს არ
არის. პრობლემა ისაა, რომ ვერავის უსაყვედურებ... – სარკეს მოსცილდა. ონკანი
გახსნა, ორივე ხელი წყლის ჭავლს შეუშვირა და პეშვით სახეზე შეისხა. აწუხებდა
იმის გაცნობიერება, რომ ბოლო დროს თავდაჯერებულობას კარგავდა, შეცდომების
გარდაუვალობაა მოსალოდნელი. ეჭვი არ უნდა შეეპაროს. ისევ სარკისკენ გააპარა
მზერა და საკუთარი გამოსახულება ამჯერად უფრო მოეწონა, თითქოს
თავდაჯერებულობაც დაუბრუნდა, მაგრამ, ეს მაინც არ იყო ის, რაც მას უნდოდა.
ერთში კი ნამდვილად შეეძლო, დარწმუნებული ყოფილიყო – უკან დასახევი გზა არ
ჰქონდა. და, ესეც ხომ თავიდანვე იცოდა...

***

დათომ სიცილით შეაღო სიძის კაბინეტის კარი:

– გამოვცხადდით. ორივე ერთად შემოვიდეთ თუ ცალ-ცალკე?

– შემოდით! – მკაცრად თქვა თემომ, ისე, რომ არც წამომდგარა.

– გამარჯობა. როგორ ხარ? – დათო პაპავასთან მივიდა და გადაეხვია. თემო


უხერხულად შეიშმუშნა. დათომ არ შეიმჩნია, ან, უბრალოდ, ვერ მიხვდა.

– მაკას ამბავი ხომ არ გაინტერესებს? მაგარი გატეხილშია, სულ ცხვირ-პირი


ჩამოსტირის.

– დათო, მაგის მოსასმენად სხვაგან შეგხვდებოდი. სხვა რამე მაინტერესებს. შენც


მოდი, დაჯექი... – მიუბრუნდა კართან მდგარ ნიკას, – მოკლედ, ალბათ, იცით,
რატომაც დაგიბარეთ: თქვენი მეგობრის მამა უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა და
რაღაც დეტალების დაზუსტება მინდოდა.

– ანუ, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა?! შენ გაინტერესებს, ჩვენ რა ვიცით,


ამის შესახებ? – გაეღიმა დათოს, – ეგ ისეთი ტიპი იყო, თავს ნამდვილად არ
მოიკლავდა. შეეშალა, რა... ვერ გათვალა.

– შვილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? – თემო ნიკას აშკარად ზვერავდა.

– კარგი. მიშიკოს პრობლემა არ ჰქონია. მამამისი ფულს არ „უჟოჟკავდა”, მანქანაც


უყიდა. ის კი არა, ჩვენც გვპატიჟებდა ხოლმე თავის ხმაურიან წვეულებებზე.

– ამით რისი თქმა გინდა? შვილთან და თქვენთან ერთად აწყობდა ორგიებს? – თემომ
მზერა ცოლისძმაზე გადაიტანა, – მოიცა, რა იყო?

ნიკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მაგიდის ქვეშ ფეხი შეუმჩნევლად წაჰკრა


მეგობარს.

თემომ ესეც შენიშნა.


– მირჩევნია, ცალ-ცაკლე დაგელაპარაკოთ. დათო, მეორე ოთახში გადი და
დამელოდე.

დათო შეიჭმუხნა, მაგრამ, არ გაუპროტესტებია და ზანტად გაემართა მეორე


ოთახისკენ.

ნიკა თავდახრილი იჯდა. მარიკაზე და დედასთან საუბარზე ფიქრობდა. ნაკლებად


აინტერესებდა, რას ეტყოდა პაპავა. მისთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა,
მკვლელობა იყო მიშიკოს მამის თავზე დატრიალებული ტრაგედია თუ – უბედური
შემთხვევა.

– მანქანა გყავთ?

შეკითხვამ ცოტათი გააკვირვა. თავი ასწია და გამომძიებელს დაბნეული ღიმილით


შეხედა:

– მე მეკითხებით?

– დიახ, – თემომ პატარა ფურცელზე მანქანის მარკა და ნომერი დაწერა და ნიკას წინ
დაუდო, – ეს ხომ თქვენი ავტომობილია?

ბიჭმა ფურცელი აიღო და დახედა:

– დიახ, ჩემია. რა მოხდა?

– ახლა სად არის თქვენი ავტომობილი?

– სახლში. დათომ მანქანით მომაკითხა და...

– რამდენი ხანია, გყავთ?

– წელიწად-ნახევარი იქნება. აქ შევიძინე, ბაზრობაზე, – ნიკა ვერაფრით მიხვდა, რა


კავშირი შეიძლებოდა, ჰქონოდა მის ავტომობილს ჩილაჩავას ამბავთან. ან, საერთოდ,
რატომ დაინტერესდა გამომძიებელი მანქანის საკითხით. უცებ გონება გაუნათდა და
გაფითრდა – თავისი ავარიის ამბავი გაახსენდა. ნუთუ, იმ ტიპმა მაინც უჩივლა?..

– მანქანასთან დაკავშირებით კიდევ უნდა გკითხოთ და, შეეცადეთ, სიმართლე


მითხრათ, – თემომ სიგარეტს მოუკიდა და ბიჭს ჩააშტერდა. მისი შესამჩნევი
მღელვარება მიანიშნებდა, რომ სწორ გზაზე იდგა.

– დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ვერ ვხვდები, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ჩემს
მანქანას წყნეთში მომხდარ ამბავთან.
– პირდაპირი. იმ დღეს, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში, როცა თქვენი მეგობრის
მამას უბედურება დაემართა, ეს ავტომობილი წყნეთის გზაზე იმყოფებოდა.

ნიკა ერთბაშად ვერ ჩასწვდა პაპავას სიტყვების აზრს და გაუხარდა, გამომძიებელმა


ავარიის ამბავი რომ არ ახსენა, გულზე მოეშვა და გაეღიმა კიდეც.

– ჰო, დიახ, რა თქმა უნდა, – თქვა ანგარიშმიუცემლად.

– ეს პასუხია? ანუ, ისე უნდა გავიგო, რომ ამ დროს წყნეთში იყავი? მაშინ, მეორე
შეკითხვა: მიზეზი, რისთვისაც წყნეთში ახვედი.

– მე?! როდის ავედი წყნეთში?

– ხომ დამეთანხმე, რომ იმ დღეს, როცა ჩილაჩავა დაიღუპა, შენ წყნეთში იყავი?
გეკითხები, რა მიზნით იყავი წყნეთში ასული და, თუ ჩილაჩავების აგარაკზე არ
მისულხარ, მაშინ, სად იყავი. თან, ისიც მოიფიქრე, ვის შეუძლია, შენი სიტყვები
დაადასტუროს – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნიკამ შუბლი მოისრისა:

– იცით, ახლა დავფიქრდი და, მგონი, მაგ დღეს საჭესთანაც კი არ ვმჯდარვარ, – თქვა
რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ, – ჰო, ასეა. წყნეთში ნამდვილად არ ვყოფილვარ.
მიშას მამის სიკვდილის ამბავი ვარჯიშზე გავიგე – აუზზე ვიყავი და იქ თქვეს
ბიჭებმა. სხვათა შორის, მიშაც იქ იყო, – ნიკამ ნელ-ნელა სრულიდ აღიდგინა ის დღე,
– ჰო, ასეა. და, საერთოდ, აღარც კი მახსოვს, წყნეთში ბოლოს როდის ვიყავი.

– მაშინ, როგორ აღმოჩნდა შენი მანქანა წყნეთის გზაზე?

ნიკამ თავი გააქნია.

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.

თემომ სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა და ჩაიცინა:

– ეს საკმაოდ სერიოზული ამბავია. ამიტომ, ასე მარტივად არ იქნება საქმე. ვის


შეეძლო, მანქანა წაეყვანა? ათხოვე ვინმეს?

ნიკამ ისევ გააქნია თავი:

– არავისთვის მითხოვებია და ვერც ვერავინ წაიყვანდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც


შეიძლება, ჩემი მანქანა ვანდო, დათოა, მაგრამ, მე და დათო იმ დღეს ერთად ვიყავით
აუზზე.
– ვარჯიშზე ფეხით მიდიხარ ხოლმე? იქნებ, სანამ შენ ვარჯიშობდი, მანქანა ვინმემ
წაიყვანა და მერე უკანვე დააბრუნა? შესაძლებელია ასეთი ვარიანტი?

– არა. იქვე ვცხოვრობ და აუზზე ყოველთვის ფეხით დავდივარ. შეგიძლიათ, დათოს


ჰკითხოთ.

– აუცილებლად შევეკითხები, მაგრამ, მოგვიანებით. მე ჯერ არ მიმიღია პასუხი ჩემს


შეკითხვაზე – როგორ აღმოჩნდა შენი მანქანა წყნეთის გზაზე.

– არ ვიცი. – ნიკამ გამომძიებელს თვალებში შეხედა, – არ ვიცი!..

***

... ეს თამაშია, თამაში ბედთან და საკუთარ თავთან. თამაში კი ყოველთვის


აზარტულია... სხვანაირად მას აზრი დაეკარგებოდა. შენ ყოველთვის იყავი
აზარტული და ამან მიგიყვანა სახიფათო თამაშამდე. ხომ ხვდებოდი, რომ,
ერთხელაც, თამაში ისე არ დამთავრდებოდა, როგორც შენ ვარაუდობდი. თამაშში ეს
ვარიანტი თავიდანვეა ჩადებული. ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის ზუსტად ხვდება,
როდის გაჩერდეს. შენ რა არ გეყო – ჭკუა? თუ, აზარტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა?
ფაქტია, რომ მოგეწონა ეს თამაში და საკუთარი სურვილებისთვის წინააღმდეგობა
აღარ გაგიწევია. ვერც იმას იტყვი, რომ ბავშვურად მოგივიდა. იმიტომ, რომ ბავშვები
ყველაზე პრაგმატული არსებები არიან. ეს თამაში ბედთან და საკუთარ თავთან
თავად დაიწყე, ფინალიც თვითონ უნდა მოიფიქრო.

***

თემომ ბრაზით შეხედა ცოლისძმას.

– რაღაც, ძალიან მხიარული ხარ იმის მერე, რაც ჩემს ზურგს უკან ჩაიდინე.

– მე? წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკები. შემთხვევით ხომ არ ფიქრობ, რომ


ვიაგრის დიდი დოზა მე დავალევინე ჩილაჩავას?

– შენს ადგილას სასაცილოდ არ მექნებოდა საქმე. რატომ ჩემთან არ მოხვედი და არ


მითხარი, მაკა ჩემს თანაშემწეზე რომ ეჭვიანობდა? არ ვაპირებდი ახლა ამაზე
საუბარს, მაგრამ, ვეღარ მოვითმინე.

დათოს ნირი წაუხდა.

– ვინ გითხრა? ნიკამ?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?


– როგორ არა აქვს, ტო... თუ ნიკამ გამყიდა, მაგრა მიუქარავს. მე, პირიქით, მაკას
დამშვიდება მინდოდა, თქვენ შორის გამწვავებული სიტუაციის განეიტრალება. დიახ,
მართლა ასე იყო და საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ თავს ამის გამო. პრინციპში,
ვაპირებდი კიდეც, დაგლაპარაკებოდი. აქ ამისთვის დაგვიბარე? მე მართლა ვერ
წარმოვიდგენდი, ამ სულელს ის გოგო თუ შეუყვარდებოდა.

– დათო, შენთვის არავის უთქვამს, რომ ადამიანების ბედით თამაში არ შეიძლება? –


მოიღუშა თემო, – მაგრამ, ახლა მართლა არ არის ამაზე ლაპარაკის დრო, აქ ამისთვის
არ მომიყვანიხარ. ჩილაჩავას სიკვდილი, შეიძლება, უბედურ შემთხვევას დაბრალდეს
და საქმე დაიხუროს, მაგრამ... არის ამ საქმეში ერთი დეტალი, რომელსაც
უყურადღებოდ ვერაფრით დავტოვებ და საამისოდ საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს,
მომისმინე და, სანამ რამეს იტყოდე, კარგად დაფიქრდი: იმ დღეს, როცა შენი
მეგობრის მამა გარდაიცვალა, დროის იმ სავარაუდო მონაკვეთში, როცა ეს მოხდა,
წყნეთის გზაზე ნიკას ავტომობილი მოძრაობდა. დაფიქსირებულია, როგორც ასვლა,
ისე ჩამოსვლა. ამაზე რას იტყვი?!

მარიკა ჩუმად იჯდა და დედას ადევნებდა თვალს. ქალი აშკარად კარგ გუნებაზე იყო
– ტყუპებს აჭმევდა და თავისთვის ღიღინებდა. მისი გამომეტყველებით ვერ
მიხვდებოდი, იცოდა თუ არა ახალი ამბავი, მაგრამ მარიკა მას კარგად იცნობდა და
იმასაც ხვდებოდა, რომ საჭირო მომენტში არც თამაშს მოერიდებოდა.
– დე, მე რომ რაღაც გთხოვე, გახსოვს?
ქალმა გაიღიმა, წვნიანით სავსე კოვზი ერთ-ერთ ტყუპისცალს გაუქანა პირში და
მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა უფროს ქალიშვილს:
– მე ყველაფერი მახსოვს და ყველაფერს ვამჩნევ. ზოგიერთების უსინდისობასაც,
სხვათა შორის, – დაამატა მრავალმნიშვნელოვნად.
მარიკა გაწითლდა:
– შენთანაც ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას. გეფიცები, დე...
– ოჰ, როგორი მიხვედრილები ვართ?! მჯერა, რომ აპირებდი. ამ დაპირებებით
ირთობთ თავს შენც და მამაშენიც, მაგრამ მე გულუბრყვილო გოგონა არ ვარ და
თქვენს ბავშვურ სისულელეებზე მხოლოდ მეღიმება. რაო, რა მკითხე?
– რაღაც რომ გთხოვე, იმ ამბის გამიგე რამე?
– ანუ, გაინტერესებს, ვიჭორავე თუ არა? – ქალმა ბავშვები სკამიდან ჩამოსხა და
კარისკენ უბიძგა, – გაიქეცით, ითამაშეთ, მერე კი ისევ მარიკას მიუბრუნდა:
კონკრეტულად რა გაინტერესებს, როგორი ექიმია? სხვათა შორის, ცუდი ნამდვილად
არა. რაც შეეხება მის პირადულ ცხოვრებას, შენ იცი, მე იშვიათად მაინტერესებს
სხვის საცვლებში ქექვა.
– დედა!..
– ჰო, რა იყო? ის, რაც შენ მთხოვე, სწორედ ეს არის. ქმარი ღალატობდა, მისი
სიკვდილი უნდოდა და ამიტომ მგლოვიარეს საერთოდ არ ჰგავსო... რატომ
აინტერესებს ამ ხალხს სხვისი ცხოვრება?
– დედა, სხვისი ცხოვრება ხალხს კი არა, გამოძიებას აინტერესებს, თანაც, არა
საჭორაოდ, არამედ მკვლელობის მოტივის დასადგენად.
– ჩილაჩავა მოკლეს? – გაოცებით ასწია წარბები ქალმა, – მე სხვა ინფორმაცია მაქვს.
– ჰო, სავარაუდოდ, ასეა. მაგრამ, მას ხომ გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული იმ
კლინიკაში, სადაც შენ მუშაობ?! მითხარი, პაციენტებს ყოველთვის აფრთხილებთ
მოსალოდნელი გართულებების შესახებ?
– რასაკვირველია. ეს ექიმის მოვალეობაა.
– ესე იგი, ჩილაჩავამაც იცოდა, რა მოჰყვებოდა მის „ცელქობებს“?
– ვერ გავიგე, რას მეკითხები.
– იმას, რომ ჩილაჩავა არც ისეთი სულელი იყო, თავი მოეკლა. ამბობენ, სიამოვნების
მოყვარული კაცი იყოო.
– მარიკა, ბავშვივით მსჯელობ. ექიმები პაციენტებს იმასაც აფრთხილებენ, არ დალიო
და არ მოწიოო, მაგრამ, ვინმე უჯერებს მათ? შენ რა გგონია, ფილტვის კიბოიანი
ავადმყოფები სიგარეტს აღარ ეწევიან? ხომ იციან, ხომ აფრთხილებენ, რომ ეს მათ
სიკვდილს დააჩქარებს?! ასე რომ, გამომძიებლები ყველგან მკვლელობას ნუ ეძებთ.
ჩილაჩავას „ჩეპე“ მოუვიდა და მე ეს არ მიკვირს.
– გასაგებია... – ჩაილაპარაკა მარიკამ.
– რა არის გასაგები? – ჩაეძია დედა, – ის, რომ ჩილაჩავას ეს თავისი გარყვნილებით
დაემართა, თუ...
– თუ, – მოუჭრა მარიკამ, – პრინციპში, ამ საქმეს უკვე დახურავენ. უბედური
შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცა.
– ჭკვიანურია. ესე იგი, საქმე აღარ გაქვს და შეგიძლია, მთლიანად შენს პირად
ცხოვრებას მიხედო. წინასაქორწინო სამზადისი ისეთი დამღლელია... ჰო, მართლა,
მე, ალბათ, პირდაპირ ქორწილში დამპატიჟებთ ბაფთიანი, საქორწინო მოსაწვევი
ბარათით... შენგან ეს მოსალოდნელია.
– ამას რატომ ამბობ?!
– ისე მეკითხები, რომ არც გრცხვენია? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ქალმა.
მარიკამ ამოიოხრა:
– კარგი, ვაღიარებ, დამნაშავე ვარ. მაგრამ, ჯერ საკუთარ თავში უნდა
დავრწმუნებულიყავი. ძალიან გთხოვ, ნუ გამიბრაზდები.
– მე გიბრაზდები? მე? რა უსამართლო ხარ! შენ თვითონ დაიწყე ეს ლაპარაკი, მე კი,
უბრალოდ, გითხარი, რომ ვიცი ის, რისი თქმაც, რატომღაც, არ გინდა.
– მამაჩემმა გითხრა?
– არა. აბა, ის ამას როგორ იკადრებდა?!
მარიკამ გაოცება ვერ დაფარა:
– აბა, საიდან გაიგე?
– კაბინეტსა და სასტუმრო ოთახს ერთი აივანი აქვს.
– შენ გინდა, მითხრა, რომ გვისმენდი?
– სარეცხს ვფენდი და ყველაფერი გავიგონე. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს ჩემი მხრიდან
ცუდი საქციელი იქნებოდა, მაგრამ მერე შენი ნათქვამი გამახსენდა: როცა რამე
გაინტერესებს, ცნობისმოყვარეობა უნდა დაიკმაყოფილო და ეს სულაც არ არის
ღირსების შელახვაო.
– ესე იგი, იცი...
– ჰო, ჩემი შვილი მამაკაცთან ერთად აპირებს ცხოვრებას. აბსოლუტურად
ნორმალურია. მაგრამ მე, დედა, ამას აივანზე არ უნდა ვიგებდე.
– გაგაცნობთ... შენც და მამასაც.
– პრინციპში, უკვე ვიცნობ. ჩემი თანამშრომლის შვილის მეგობარი ყოფილა, –
დამარცვლით და ეშმაკური ღიმილით თქვა ქალმა.
მარიკა ხელმეორედ გაწითლდა:
– რა უცნაური ვინმე ხარ, მუდმივად ახერხებ, გამაოცო. ესე იგი, ნიკას შესახებ
ჩილაჩავას ცოლს გამოჰკითხე?
– არა, მე ასე არ ვიტყოდი. კი არ გამოვკითხე, რაღაც-რაღაცეებით დავინტერესდი.
იცოდი, რომ ძალიან უცნაური დედა ჰყავს?
– მოიცა, უცნაური რატომ არის? – ცუდად ენიშნა მარიკას.
– ეს მე არ ვიცი. ის გითხარი, რაც მოვისმინე. ისე, საკმაოდ კვალიფიციური
სპეციალისტია და მის აზრს პატივს სცემენ.
– მაშ, უცნაურობა რაღაში გამოიხატება?
– მის განსხვავებულობაში. ადამიანებს ეხამუშებათ ის, რაც მათთვის უცხოა და
უჩვეულო.
– ეს არაფერს ნიშნავს. ვიღაცისთვის შეიძლება მეც ვიყო უცნაური.
– გეთანხმები, მაგრამ, მაინც გირჩევ, დაფიქრდე, ეგ ბიჭიც უკეთესად გაიცნო და
დედამისიც.
– მგონი, შენ მითხარი, მამაშენი მას მერე გავიცანი, რაც ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ
ცხოვრებაო. თუმცა, მანამდე სამი წელი ხვდებოდით ერთმანეთს.
– ძალიან ჯიუტი ხარ, მარიკა, მამაშენივით ჯიუტი. ხომ იცი, არაფერს დაგაძალებ და
ვერაფერს გაიძულებ, გადაწყვეტილება შენ თვითონ უნდა მიიღო. მამაშენიც ხომ ამას
გეუბნებოდა?
– აივანზე ასეთი კარგი აკუსტიკაა?
– არა უშავს, რაც საჭირო იყო, გავიგე. სამსახურში დღეს არ წასულხარ?
– არა. ნიკასთან უნდა მივიდე. დედამისს ჩემი ნახვა უნდა.
ქალმა უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი:
– დაგიძახა და მირბიხარ? ეს არ მომწონს, გულახდილად გეუბნები.
– შენ ხომ იმას მირჩევდი, უკეთესად გაიცანიო. ჰოდა, მეც ამას ვაპირებ.
– ძალიან ჯიუტი ხარ, მარიკა. იქნებ, ეს არც ისე ცუდია, მაგრამ, ზოგჯერ ძალიან
გიშლის ხელს საღად აზროვნებაში. რაც შეეხება ჩილაჩავას ცოლს, ის ჩემი მეგობარი
არასდროს ყოფილა და, იქნებ, ქმრის სიკვდილმაც გაახარა, მაგრამ, მკვლელი
ნამდვილად არ არის.
– დედა, მე, მაგალითად, საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი ამას. ხარ თუ არა მკვლელი, ამას
მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში თუ გაიგებ, ისიც, უკიდურესად გამონაკლის
შემთხვევაში. ხომ იცი, რომ მკვლელებად არ იბადებიან?!
– მაგ კითხვაზე ასე მარტივად ვერ გიპასუხებ, გაცილებით საფუძვლიანი მსჯელობა
სჭირდება... რა ჰქვია? ნიკა, არა?
– დედა!..
– რა იყო? სახელი ვთქვი, გვარიც ვიცი.
– ეს ყველაფერი უკვე გავიგე. გინდა, გაგაცნო?
– არა, არ მინდა. ჯერ არ მინდა. რატომღაც, ვფიქრობ, რომ შენი გადაწყვეტილება
სერიოზული არ არის.
– რატომ გაგიჩნდა ასეთი ეჭვი, შენ არასერიოზული გგონივარ?
– არა, უბრალოდ, იმაზე გაცილებით კარგად გიცნობ, ვიდრე შენ გგონია. წადი,
თორემ, პაემანზე დაგაგვიანდება.
მარიკამ მკლავზე მოჰკიდა დედას ხელი და დაქაჩა:
– ნუ ბრაზობ, რა, ჩემზე!
– არ ვბრაზობ, მხოლოდ მეწყინა. თუმცა, ესეც გამივლის. ბარგის ჩალაგებას რომ
დაიწყებ, არ დაგავიწყდეს, შემატყობინე.
ზურაბი ცოლს ზღურბლზე შეხვდა. გაუღიმა, მაგრამ საპასუხო რეაქცია ამას არ
მოჰყოლია. ქალმა გულგრილად აუარა გვერდი.
– რა დაემართა? – ჰკითხა კაცმა შვილს.
– ყველაფერი იცის.
– რა იცის? ვერაფერი გავიგე.
– მე და შენ რომ ვლაპარაკობდით, აივანზე ყოფილა და გაუგონია. ძალიან არის
გაბრაზებული, მაგრამ, არ იმჩნევს.
ზურაბმა ამოიოხრა:
– ოო, ეგ ვერ არის კარგი საქმე, რაღა შემოირიგებს ახლა. ისე, თათასიც მესმის, მეც
მეწყინებოდა, მისთვის რომ მოგეყოლა ყველაფერი, ჩემთვის კი დაგემალა.
– შენ ხომ იცი, რომ არაფრის დამალვას არ ვაპირებდი. ეს არც გამომივიდოდა.
უბრალოდ, პირველად შენ იმიტომ მოგიყევი, ცოტა ნიადაგი რომ შეგვემზადებინა.
ერთად, რა თქმა უნდა.
– ჰო, ვიცი. მაგრამ, დედაშენი ამას ისე არ გაიგებს, როგორც საჭიროა.
– ასეა თუ ისე, თათასთან კონფლიქტი, მით უმეტეს ახლა, აშკარად არ მაწყობდა, –
ამოიოხრა მარიკამ და დაუფიქრებლად წამოსცდა: – ნიკასაც არ აქვს საქმე კარგად
დედამისთან...
ზურაბმა შეშფოთებით შეხედა შვილს:
– ამის მიზეზი შენ ხომ არ ხარ?
მარიკა შეყოყმანდა:
– გულახდილად რომ გითხრა, არ ვიცი. შეიძლება, ვარ კიდეც. ყოველ შემთხვევაში,
ვერ ვატყობ, რომ აღფრთოვანებული იყოს ჩვენი ამბით.
– ცუდია. ჩვენ ხომ ერთხელ ვილაპარაკეთ...
– ჰო. მაგრამ, მე მაინც მჯერა, რომ ერთმანეთს გევუგებთ.
კაცი შეიჭმუხნა და შუბლზე ხელი მოისვა. სევდიანად შეხედა შვილს, მაგრამ,
აღარაფერი უთხრა, თავისთვის შეინახა სათქმელი. გაიფიქრა, იმ ბიჭს როცა
შევხვდები, აუცილებლად დაველაპარაკები ამ საკითხზეო. არ უნდოდა, შვილს
მომავალ დედამთილთან კონფლიქტით დაეწყო ახალი ცხოვრება.
***
დევიმ სიგარეტს მოუკიდა.
– მეც მომაწევინე, – დაღლილი ხმით სთხოვა თემომ.
– ასე არ შეიძლება. განებებული არ გქონდა?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მინდა და უნდა მოვწიო.
– ისე, რომ იცოდე, სულ ტყუილად ნერვიულობ, – უთხრა დევიმ და მოკიდებული
სიგარეტი გაუწოდა, – საქმე ხომ დაიხურა?
თემომ ბრაზით გაიქნია თავი.
– რა იყო, ასე არ არის? უბედური შემთხვევა იყო და მორჩა. პრინციპში, ვის უნდა
მოეკლა? ნაშებს ჰყვარებიათ, რადგან ყოველთვის გულუხვი იყო... არც შვილთან
ჰქონდა კონფლიქტი და არც ცოლი იგიჟებდა თავს ქმრის ცელქობებზე,
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც კი მოუგვარა.
– საქმეც ეგაა! – წამოიძახა თემომ, – სწორედ ეგ მაეჭვებს. მერე, ეს ბიჭიც, თავისი
მანქანით...
– ვინ, ნიკა?.. ჰო, ეგ არც მე მომწონს. თან, როგორ თქვა?! ჩემს მანქანას ჩემ გარდა
არავინ წაიყვანდაო. ამით ხომ საკუთარი თავი გასცა? დამნაშავე ხომ ეცდებოდა,
ისეთი გაურკვეველი პასუხი მოეცა ჩვენთვის, რომ, გვეფიქრა, ვიღაცამ სპეციალურად
გამოიყენა მანქანის ვარიანტი ალიბის შესაქმნელად?
– ნიკაც და დათოც იმ დღეს, როცა ეს მკვლელობა მოხდა აუზზე იყვნენ. ვახომ ეს უკვე
გადაამოწმა, ეჭვი გამორიცხულია.
– არ გეჩვენება, რომ ეს კიდევ უფრო საეჭვოა?
– რატომ? მორიგი ვარჯიში ჰქონდათ. საჭყუმპალაოდ ხომ არ იყვნენ მისულები?
ნუღარ ფიქრობ ამაზე.
– არ შემიძლია, მით უმეტეს, მარიკას გამო. რა უნდოდა მის მანქანას წყნეთის გზაზე?!
ძალიან უცნაური დამთხვევაა. მით უფრო, როცა ასეთ გაურკვეველ პასუხებს იძლევა.
– თუ მართლა არ იცის, ვინ იჯდა მისი ავტომობილის საჭესთან?
– ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ, მაშინ, ის ვიღაც, ვინც მანქანა წყნეთის გზაზე წაიყვანა,
მის ახლობლებს შორის უნდა ვეძებოთ.
დევიმ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან გადააგდო და ამოიოხრა:
– საქმე დაიხურა, თემო... მოდი, ისევ ნოდიაზე გადავერთოთ. თქვენი გადამკიდე,
ექსპერტიდან გამომძიებლად ვიქეცი, ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ. ახვლედიანს ჯერ
ჩემთვის არ სცალია, თორემ, აქამდე ამკიდებდა საყვედურს.
– ახვლედიანს მაგისთვის ჭკუა არ ეყოფა, – ბოღმით ჩაილაპარაკა თემომ, – საქმე
დაიხურაო, შენ ამბობ. მარიკას რაღა ვუყოთ? შენ დაუშვებ იმას, რომ მკვლელს
დაუკავშიროს თავისი ცხოვრება?
– ძალიან ხომ არ ამძიმებ სიტუაციას?
– სულაც არა. იმას ვამბობ, რაც რეალობაა. უნდა გავარკვიოთ ყველაფერი – მე ეს ჩემს
მოვალეობად მიმაჩნია.
– მაგაში გეთანხმები... მოდი, მე მომანდე ეგ საქმე. აშკარად ნუ გამოვიძიებთ, ბიჭს ნუ
დავაფრთხობთ. ცოტა დრო მომეცი.
– კარგი. მე დათოს შევაჯანჯღარებ – მაგანაც რაღაც იცის. თუმცა, უკვე აღარავისი
მჯერა.
– არა, არა, დათოს ნურაფერს ეტყვი. ნოდიას საქმე გაქვს ბოლომდე მისაყვანი და
დროც აღარ გრჩება ამისთვის. გეუბნები, მე უკეთესად გავართმევ ამას თავს...
***
რაღაც შეიცვალა... ის ამას ისე აშკარად გრძნობდა, რომ ნერვიულობისგან თითის
წვერები დაუბუჟდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ემოციებზე აყოლა და ნერვიულობა მის
წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამდა წყალს... აქამდე ყოველთვის იმორჩილებდა
გულს გონება. იმორჩილებდა და აქტიურობის საშუალებას არ აძლევდა.
არასპონტანურად ჩნდებოდა სურვილი და გონებაც ავტომატურ რეჟიმში იწყებდა
მოქმედებას. სურვილი გაქრა... არ მინელდა, არამედ გაქრა. ავტომატურად გაითიშა
გონებაც – აღარ იძლეოდა იმპულსებს მოქმედებისთვის. შფოთვამ იმატა და მთელ
არსებას მოედო – საცეცებივით შემოხვია თავისი მარწუხები და თითქოს უბრძანა: არ
გაბედო და არ გაინძრე, გიკრძალავ ამასო... სურვილი არ იყო და დამორჩილდა,
მაგრამ ეს თავსმოხვეული მორჩილება იყო და არა ბუნებრივი; ძალდატანებითი და
არა ნებაყოფლობითი... შინაგანი ბრძოლა დაიწყო იმ მეორე „მესთან“, რომელთანაც
აქამდე სრულ ჰარმონიაში თანაცხოვრობდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი? – ამ
კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ ხმამაღლა ამისი თქმა უჭირდა. არსებობდა მეორე
„მეც“ და სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა განზრახვას, დაესაჯა დამნაშავე...
***
დათომ მანქანა გზის განაპირას მიაყენა და გააჩერა.
– არა, რა, წარმოუდგენლად სულელი ხარ... რატომ მე არ მითხარი?
– რა უნდა მეთქვა?
– რა უნდა გეთქვა?! ნიკუშ, რაზე ფიქრობ? რა უნდოდა შენს მანქანას წყნეთის გზაზე?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– ჩემს სიძესაც ასე უპასუხე?
– ჰო, აბა, რა უნდა მეთქვა?
დათომ ხელები აიქნია:
– გამაგიჟებ, რა, მაგარი პასუხი მოგიფიქრებია.
– არაფერიც არ მომიფიქრებია, სიმართლე ვთქვი.
– მოიცა, მაგ დღეს ჩვენ ვარჯიშზე ვიყავით, ხომ ასეა?
– ჰო, ასეა. მერე, ვინ დავობს ამაზე?
– მანქანა სად გყავდა?
– სახლში. ხომ იცი, მანქანით ვარჯიშზე რომ არ დავდივარ?
– გასაღებიც სახლში იყო?
– არა. გასაღები თან მქონდა. სხვა გასაღებებიც მაქვს ზედ და თან დამაქვს ხოლმე.
მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
დათომ საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო და დაატრიალა:
– პრობლემა რომ გაქვს, ვერ ხვდები? მკვლელობის დღეს შენი მანქანა წყნეთის გზაზე
ნახეს.
– რომელი მკვლელობის უბედური შემთხვევა იყო... – მხრები აიჩეჩა ნიკამ, რომელიც,
არათუ არ ღელავდა, პირიქით, ცდილობდა, საერთოდ არ ეფიქრა არც მანქანაზე და
არც თემოსთან საუბარზე. წამდაუწუმ საათს უყურებდა და დათოც უკვე ნერვებს
უშლიდა თავისი შეკითხვებით.
– შენ გგონია, ეს ამბავი ასე დამთავრდება? – ამოიხვნეშა დათომ, – ცოტა
სერიოზულად მიუდექი ამ საკითხს, რა!
– სერიოზულად? კი მაგრამ, საგანგაშოს რომ ვერაფერს ვხედავ? დავუშვათ, ჩემი
მანქანა წყნეთის გზაზე მართლა იყო, მერე რა მოხდა?
დათომ წაუსტვინა:
– შენ სრულ ჭკუაზე ხარ? მერე რა მოხდა?! ბიჭო, ის კაცი ჩვენი მეგობრის მამა იყო.
– მით უმეტეს, მეგობრის მამასთან რა პრობლემა უნდა მქონოდა? საერთოდ ვერ
ვხვდები, რისი თქმა გინდა.
– იმის, რომ, მგონი, გაგიმართლა. უბედური შემთხვევა რომ არა, ახლა ეჭვმიტანილის
სკამზე იჯდებოდი.
– რისთვის? – მიამიტურად იკითხა ნიკამ.
დათო გაცხარდა:
– გეუბნები, სრულ ჭკუაზე არ ხარ-მეთქი. თუმცა, იქნებ ეს კარგიც იყოს. მარიკას
ეტყვი?
– რას?
დათომ ისევ დაიტრიალა საფეთქელთან თითი:
– ბედნიერი კაცი ხარ, მართლა... მარიკა ისედაც გაიგებს, თუ უკვე არ იცის. მე, შენს
ადგილას, კარგად დავფიქრდებოდი და გავიხსენებდი მანქანის თაობაზე.
– ახლა ამისთვის არ მცალია, ბინა მაქვს საპოვნელი.
– რა ბინა?
– დედაჩემთან ერთად ცხოვრება არ გამოვა. არც მე მინდა, მარიკა იქ მივიყვანო.
– უკვე გადაწყვიტე?
– ჰო, გადავწყვიტეთ. არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე და რას დაველოდოთ?
მარიკამ მშობლებიც უნდა გამაცნოს.
– ბინის ქირა როგორ უნდა გადაიხადოთ?
– სამსახური ვიშოვე – სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად წავალ... ცოტა ხნით.
– სკოლებში რომ საცურაო აუზები არ არის? რას იზამ, ცურვას გასაბერ ლეიბებზე
ასწავლი? – გაიცინა დათომ.
– იმ სკოლაში არის. ტყუილად დამცინი. ისედაც დრო იყო, სამსახურზე მეფიქრა.
შენც ამას გირჩევ.
– მე ჯერ უმუშევარსაც მიტანს ოჯახი და არც შეყვარებული მყავს სარჩენი. დედაშენმა
იცის, სახლიდან რომ გარბიხარ?
– სახლიდან არ გავრბივარ. მარიკასთან ერთად რომ ვაპირებ ცხოვრებას, იცის.
– მერე?
– მერე არაფერი. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიკამ, – თავი
ნუ მომაბეზრე ამდენი შეკითხვით. დაკითხვიდან მოვდივარ, ხომ არ დაგავიწყდა?
დაძარი მანქანა და წავედით.
დათომ მხრები აიჩეჩა, საკეტში გასაღები გადაატრიალა და უცებ გველნაკბენივით
შეხტა. მისი მოულოდნელი რეაქციით გაკვირვებულმა ნიკამ მუშტი საქარე მინას
მისცხო:
– გაგიჟდი? რას აკეთებ?
– ბიჭო, დედაშენი...
– რა დედაჩემი?! შენ რატომ ღელავ ჩვენს ურთიერთობაზე? რაც შენი პრობლემა არ
არის, ის რატომ გადარდებს? მოვრიგდებით როგორმე...
– ეგ არ მიგულისხმია... დედაშენი-მეთქი და მანქანა... ხომ შეეძლო, შენი მანქანა მას
წაეყვანა, უკითხავად მით უმეტეს, რომ სათადარიგო გასაღები ჰქონდა...
ნიკას გაეღიმა:
– შენ გგონია, ამერიკა აღმოაჩინე? როგორ გგონია, მაგაზე მე არ ვიფიქრებდი? ჯერ
ერთი, დედაჩემი მივლინებაში იყო. ამიტომ, ეგ ალბათობა საერთოდ გამოირიცხა.
მეორე ფაქტორი – დედაჩემი ყოველთვის მეუბნება, როცა ჩემი მანქანა მიჰყავს.
წყნეთშიც რომ ასულიყო, ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მიშა კი
რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. მით უმეტეს, მამამისს საერთოდ არც იცნობდა. ძალიან
გთხოვ, აღარ გინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი? ახლა კი წამიყვანე, მარიკა მელოდება...
***
... ადვილი სათქმელია „დამნაშავეა!“ „დამნაშავე უნდა დაისაჯოს“!.. საკუთარ
საქციელზე პასუხი უნდა აგოს! ყველაფერზე დიდი დანაშაული უდანაშაულოს
დამნაშავედ შერაცხვაა... მერე უკვე რთული ხდება, დაადგინო, ჭეშმარიტად იყო
დამნაშავე თუ არა... ყველა ადამიანს აქვს უფლება, სამართლიანად განისაჯოს მისი
საქციელი. დამნაშავეა! – ვის აქვს ამის თქმის უფლება?! დანაშაული ხომ მაინც
ფარდობითია, უფრო სწორად – შეფარდებითი... ის უფრო დიდი დანაშაული
შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანს განაჩენი გამოუტანო, თანაც, სამართლიანობის
სახელით... საკუთარ „მესთან“ ბრძოლა უფრო ხშირად მარცხით მთავრდება, მით
უმეტეს, როცა თავადვე გინდა ამ ბრძოლის წაგება...
***
დათო ფეხაკრეფით აპირებდა თავის ოთახში შეძრომას, მაგრამ მაკა იქვე იყო
ჩასაფრებული და აშკარად მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას.
– შენთან სალაპარაკო მაქვს, – მიახალა მკაცრად და წარბშეკრული მიაჩერდა.
– რა ტყვიასავით მომახალე, – გახუმრება სცადა დათომ, – წესიერად შემოსვლა მაინც
გეცლია, ან, გეკითხა, როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ, ხომ არ მშია, დაღლილი ხომ არ ვარ...
– მორჩი? ახლა გეკითხები: თემოსთან რა გინდოდა?
– ვისთან? – ყურზე გაშლილი ხელისგული მიიდო დათომ.
– ვერ გაიგონე? ჩემს ყოფილ ქმართან, თემო პაპავასთან რა გინდოდა-მეთქი?
გადათქმას და ჩემი მოტყუების მცდელობას აზრი არ აქვს, ზუსტად ვიცი, რომ მასთან
იყავი სამსახურში. მე თვითონ დაგინახეთ.
– ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი ხარ, რა!.. ოღონდ, ჯერ ვერ გავიგე, მე დამდევ თუ
იმას...
– დათო, ნერვები არ მომიშალო! ჩემზე სალაპარაკოდ მიხვედი? ხომ აგიკრძალე? არ
ვაპირებ მასთან შერიგებას, ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა. იმის მერე, რაც ჩემს
საკუთარ სახლში ვნახე, არაფერს აზრი აღარ აქვს.
– მე არ მინდოდა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ, რადგან თვითონ დაიწყე... ჭკვიანი ქალი
ხარ და დაფიქრდი, რა ნახე ამისთანა – მარიკა თემოს პერანგებს აუთოვებდა?
სირცხვილია, ამისგან ამხელა ამბავი რომ ატეხე თან, იცოდი, რომ შეყვარებული
ჰყავს. ნიკასი და მისი საქმე თითქმის გადაწყვეტილია. არაფრისთვის ოჯახი
დაანგრიე და დამნაშავეს საკუთარ თავში არ ეძებ.
– შენ არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი!
– ჰო, რა თქმა უნდა. ისტერიკას ვერ მოვაწყობდი იმის გამო, რომ მეგობარმა მეგობარს
ერთი პერანგი დაუუთოვა. ნუ წამოხვიდოდი სახლიდან და საამისოდ არ გახდებოდა
საქმე.
– ჭკუას მარიგებ? – გაცხარდა ქალი.
– არა, შენ დაიწყე ეს ლაპარაკი და მეც იძულებული გავხდი. თემო შენთან
უდანაშაულოა, ასპროცენტიანია, რა!..
მაკამ ნაძალადევად გაიცინა:
– შენც კარგი იდიოტი ხარ. იმ ერთმა გოგომ სამი კაცი გაგასულელათ. არა, ოთხი – ის
გამოშტერებული დევი დამავიწყდა.
– მარიკა კარგი ადამიანია და ძალიან ვნანობ, შენს ავანტიურაში რომ აღმოვჩნდი
ჩათრეული. თემოსი მრცხვენია კიდეც. დღეს თვალებში ვერ ვუყურებდი. მარიკამ კი
არა, შენ გამასულელე... რა გამოვიდა? ამდენი ამაგი წყალში გადამიყარე – მაინც
მიატოვე ის კაცი. აუცილებლად მიხვდები, დიდი სისულელე რომ ჩაიდინე, მაგრამ,
გვიან არ იყოს.
– ჭკუას ნუ მარიგებ. მითხარი, თემოს ჩემზე ელაპარაკე? რა უთხარი?
– არაფერი, რადგან თქვენს ურთიერთობაზე სერთოდ არ გვილაპარაკია. ნეტავი სულ
არ ჩავრეულიყავი, იქნებ მეტი წინდახედულობა გამოგვეჩინა!
– როგორ მელაპარაკები? რამდენი წლით ვარ შენზე უფროსი? – თვალები
გაუფართოვდა მაკას, – შენ მაინც უნდა დაგეცვა ჩემი ღირსება. მაგრამ, კაცები
ყველანი ერთნაირები ხართ – ერთმანეთის ტყავს უფრთხილდებით.
– ჩხუბი გინდა? – ამოიოხრა დათომ, – მე რომ ძალიან დაღლილი ვარ?! ხვალამდე
მაინც ვერ მოიცდი? დავისვენებდი და შესაფერის პარტნიორობას გაგიწევდი.
– მასხარა ხარ! რა გინდოდა-მეთქი ჩემს ყოფილ ქმართან?
– ყოფილთან რატომ? ოფიციალურად ისევ შენი ქმარია. ჰო, კარგი, ნუ გიჟდები,
საქმეზე დაგვიბარა.
– რა საქმეზე? თან, მრავლობით რიცხვში რატომ ლაპარაკობ?
– იმიტომ, რომ იქ მარტო არ ვყოფილვარ, მაგრამ ნიკა, ალბათ, არ დაინახე.
მაკა გაშრა. მერე გაწითლდა და ტუჩზე იკბინა:
– თემომ დაგიბარათ თავისთან შენ და ნიკა?! ასეც ვიფიქრე. რა თქვი, მარიკასი და
ნიკას საქმე უკვე გადაწყვეტილიაო? არ უნდა, რომ ნაშა გაუთხოვდეს?! ნაძირალა!
დათომ სინანულით შეხედა დას:
– შენ, მგონი, სულ გააფრინე, სერიოზულად გეუბნები. რა დღეში გაქვს ნერვები?
ცუდად დაამთავრებ, იცოდე. თემო კი გულწრფელად მეცოდება, არანაირად არ
იმსახურებს ასეთ ცოლს.
– დათო! – დაუყვირა ქალმა.
– ჰო, ვიცი, შენი ძმა ვარ, მაგრამ, სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. მე შენნაირ
ცოლს ერთ საათსაც არ ავიტანდი. აღიარე, რომ არ იყავი ასეთი. რა დაგემართა?
ძალიან გთხოვ, ამ კითხვაზე პასუხი იპოვე, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის... – დათომ
მკლავზე აბღაუჭებული დის ხელი უხეშად მოიშორა, ოთახიდან გავიდა და კარი
გაიჯახუნა.
***
კაცმა თავი ასწია. სიგარეტის ფერფლი მის ფეხთან პატარა გორაკივით ამოიმართა...
საფერფლე არც გახსენებია, ისე ჩაიყვანა ბოლომდე ის ერთი ღერი...
– მე გგონივართ, ხომ, დამნაშავე? – ჩაეცინა კაცს და ამოიოხრა.
თემომ სიგარეტის კოლოფი გაუწოდა.
– არც ასე მარტივად არის საქმე. მე რა მგონია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი
ფაქტებია, რომლებიც...
– რომლებიც ჩემ წინააღმდეგ მეტყველებს. თქვენი მესმის. მე არც ციხეში ჩაჯდომის
მეშინია, მაგრამ, ტყუილუბრალოდ რატომ უნდა დავისაჯო? იცოდეთ, მე ვიბრძოლებ,
ჩემი სიმართლე რომ დავამტკიცო.
თემომ თავი დაუქნია:
– თქვენი ნებაა. ისე, თუ აღიარებთ და გამოძიებასთან ითანამშრომლებთ...
– გამორიცხულია. რა უნდა ვაღიარო, ის, რაც არ გამიკეთებია?
– მე არ ვამბობ, რომ თვითონ მოკალით. თქვენ მხოლოდ შეუკვეთეთ. მკვლელი ვინ
არის, ეს თქვენ უნდა მითხრათ.
– არ ვიცი, რატომ არ გჯერათ? არ ვიცი! დედაჩემსაც ასე ჰგონია და იმიტომ მოვიდა
თქვენთან. ეტყობა, ფიქრობს, კარგი საქმე გამიკეთა.
– ჩვეულებრივ, დედები კარგად იცნობენ საკუთარ შვილებს. თქვენ მოტივიც
სერიოზული გქონდათ...
– ამას არც უარვყოფ. მამაჩემი იყო სიკვდილის ღირსი.
– ხედავთ? – საფერფლე ახლოს მიუჩოჩა თემომ, – ჰოდა, მე რა ვქნა? როგორც ვატყობ,
„ქილერის“ ძებნა ისევ ჩვენ მოგვიწევს. ასე მხოლოდ დაიმძიმებთ მდგომარეობას.
– ჩემი მდგომარეობა ისედაც მძიმეა, –კაცმა ფეხსაცმლის წვერით ფერფლი აურია, –
რომ შემეძლოს, ახლა უკვე საკუთრი ხელით მოვკლავდი მამაჩემს. რაც ცოცხალმა
დაგვაკლო, მკვდარი გვინაზღაურებს – იმ ქვეყნიდანაც ახერხებს ჩვენთვის
ცხოვრების გამწარებას. ადვოკატს ავიყვან... დღესვე მაპატიმრებთ?
თემომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ესე იგი, დრო მაქვს. ვეცდები, ჩემი საქმეები მოვაწესრიგო...
– ქალაქიდან არ გახვიდეთ, – გააფრთხილა თემომ.
– არ ვაპირებ. დამალვას აქამდეც შევძლებდი, არ მექნებოდა ამისი პრობლემა, მაგრამ
დარჩენილ ცხოვრებას სირბილსა და მალვაში ვერ გავატარებ. ვეცდები,
სასამართლოზე დავამტკიცო ჩემი სიმართლე...
თემომ ადროვა, სანამ ნოდიას ვაჟი კაბინეტიდან გავიდოდა, მერე ყურმილი აიღო და
დარეკა:
– ვახო, ერთი ჩემთან შემოდი! არა, ხვალ... რა თქმა უნდა, ახლავე! ერთი ტიპის
თვალყურის დევნება უნდა დაგავალო...

... მან იცოდა, რომ ამ თამაშში აუცილებლად წააგებდა – ინტუიციას არასოდეს


უღალატია. მას შემდეგ, რაც ამ საქმეს მოჰკიდა ხელი, ალღო კიდევ უფრო
გაუმძაფრდა. ყოველთვის შეუცდომლად გრძნობდა, როდის უნდა წამოეწყო ახალი
ეტაპი. თითქოს ამის ნიშანს ვიღაც აძლევდა და ეუბნებოდა: მოდი, სწორედ ახლაა
ყველაზე შესაფერისი მომენტიო... აქამდე თამაშიდან მხოლოდ სიამოვნებას იღებდა...
არავითარი შიში და დაძაბულობა... არ ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც მისი
სიღრმიდან, მისი წიაღიდან მოდიოდა. სრულ ჰარმონიაში ყოფნა თავის მეორე
„მესთან“ სულიერ კომფორტს უქმნიდა. ეს არ იყო პიროვნების გაორება, ეს იყო,
ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, კიდევ და კიდევ...
მაგრამ, დაინახა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლებოდა.
ის შეცვლიდა უნებლიეთ, გაუცნობიერებლად, მაგრამ, აუცილებლად შეცვლიდა...
არჩევანი ჰქონდა, ამასაც ხვდებოდა: უარის თქმა თამაშზე, ან – მისი მტრად შერაცხვა
და ომის დაწყება. ერთ შემთხვევაშიც გარდაუვალი იყო მარცხი და მეორე
შემთხვევაშიც... ესეც იცოდა. ამიტომ, სრული საფუძველი ჰქონდა, „ის“ არ
ჰყვარებოდა...
***
მარიკა იჯდა და ფიქრობდა. დევის კარგად უგებდა. კაცს ესმოდა მისი და საკმაოდ
ადვილად გამოსდიოდათ ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. რისი
თქმა უნდოდა დევის და არ თქვა?! იმ მომენტში ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კაცი
რაღაცაზე მიანიშნებდა, რომ მისი გაფრთხილება უნდოდა, მაგრამ, რაღაცის მოერიდა
ან გადაიფიქრა ისევ და ისევ რაღაცის გამო...
მარიკამ შუბლზე მოისვა ხელი. ნიკასთან შეხვედრის წინ არ უნდოდა, ცუდზე
ეფიქრა. მობილურმა დარეკა...
– ჰო, გელოდებოდი... სახლში ვარ... მირჩევნია, აქ მოხვიდე. რატომ? პრობლემა არ
არის, მარტო ვარ... რა ვიცი, ასე მინდა... მალე მოდი... ჰო, მომენატრე...
მარიკამ მობილური დადო და ამოიოხრა, ნიკასთვის არ უთქვამს თავისი გეგმის
შესახებ. არ უნდოდა, დაეფრთხო. ზურაბის შინ დაბრუნებამდე სამი საათი
რჩებოდა... მანამდე ნიკას საუბრით შეიქცევდა თავს, მერე კი... მარიკა ხვდებოდა, რომ
ბიჭთან მიმართებაში მისი გადაწყვეტილება მთლად პატიოსანი საქციელი არ იყო,
მაგრამ მისი მშობლებთან შეხვედრის უკეთესი ვარიანტი ვერაფრით მოიფიქრა.
არადა, პირდაპირ ვერ ჩაალაგებდა ბარგს და ვერ წავიდოდა საყვარელ ადამიანთან
ისე, რომ მშობლებისთვის „ნახვამდის!“ ეთქვა და მათი აზრი არ გაეთვალისწინებინა.
საერთოდაც, საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ამ ყველაფერზე. ერთი იცოდა
დანამდვილებით – ნიკა უყვარდა. ძალიან უყვარდა და მასთან უნდოდა ყოფნა...
***
ახვლედიანი უჩვეულოდ კარგ გუნებაზე იყო ხელებს ღიღინით იფშვნეტდა და
ხმადაბლა ღიღინებდა. თემოს ძველი მეგობარივით შეხვდა, მხარზე მოუტყაპუნა
ხელი, სავარძელთან მიაცილა და თვითონაც იქვე, მეორე სავარძელზე ჩამოჯდა.
– მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ. ფაქტობრივად, ყველაფერი გაირკვა. ნოდიას ბიჭის
დაპატიმრების ორდერს დღეს მოგვცემს პროკურატურა და ეს საქმეც დაიხურება.
იმედი მაქვს, სხვა სერიოზული მკვლელობა აღარ მოხდება.
თემოს გაეღიმა:
– უცნაურია, ამას რომ ამბობთ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კარგად
არ გაქვთ გაცნობიერებული, სად მუშაობთ, ჩვენი განყოფილება ყველაზე მძიმეა
მთელ სამმართველოში, შესაბამისად, მკვლელობა აქ ჩვეულებრივი დანაშაულია.
ახვლედიანს მაშინვე წაუხდა ხალისი:
– შენ მე ვინ გგონივარ, ჭკუას რომ მასწავლი, პატარა ბავშვი? რატომ ფიქრობ, რომ
ვინმეზე ჭკვიანი ხარ? ან ამდენი ხანი ამ სამმართველოში მუშაობ და უფროს-
უმცროსის გარჩევა მაინც ვერ ისწავლე? ხომ იცი, ნებისმიერ მომენტში შემიძლია,
გაგიშვა და პასუხსაც არავინ მომთხოვს.
თემოს პროტესტის ისეთი სურვილი გაუჩნდა, თავხედურად მომზირალ ახვლედიანს
ლამის ყელში სწვდა.
– ხელს რა გიშლით? – თითქმის უყვირა აგრესიული, გამომწვევი ტონით, – მე მაინც
ყოველთვის ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და თქვენს სისულელეებზე გავიცინებ.
განყოფილების უფროსი ლამის გამწვანდა შეურაცხყოფისგან:
– შენ... შენ იცი, ვინ ხარ?
– ვიცი. ისიც ვიცი, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა. თუმცა, ესეც სადავო საკითხია.
მაგრამ, მე დავას არ ვაპირებ. თუ როგორც თანამშრომელი არ მოგწონვართ,
შეგიძლიათ, გამიშვათ. ან მე თავად დაგიწერთ წასვლის განცხადებას, თავი
უხერხულად რომ არ იგრძნოთ. რაც შეეხება, ნოდიას მკვლელობის საქმეს,
დარწმუნებული ხართ, რომ ბრალის წაყენებას შევძლებთ?
ახვლედიანი გაშრა:
– ეს რას ნიშნავს? სამაგიეროს მიხდი?
– რა სისულელეა, ბავშვი ხომ არ ვარ! მე ის ვთქვი, რაც სავარაუდოა და შესაძლებელი,
– ანუ, საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს,
თემო გაჩუმდა.
– პაპავა, რა გინდა ჩემგან? – დაღლილი სახით იკითხა ახვლედიანმა, თითქოს
ეუბნებოდა, შენ ხომ არ უნდა შემიწიროო. პაპავა მიხვდა.
– მინდა, კარგად გამიგოთ: თუ კარგ ადვოკატს აიყვანენ, შეიძლება, ჩვენი
მტკიცებულებები საერთოდ ქარს გაატანოს. თანაც, არის კიდევ რაღაც...
– რა – რაღაც? მითხარი ბარემ, დამაწყდა ნერვები!
– არ ვიცი, გაიგებთ თუ არა ამას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში იმუნიტეტი
გამომიმუშავდა.
– რა? უფრო გასაგებად არ შეგიძლია, მითხრა?
– გეტყვით, თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ გაიგებთ.
– პაპავა, მე არც ისეთი სულელი ვარ, როგორც შენ წარმოგიდგენია. აბა, მოკლედ,
თქვი, გისმენ... – ახვლედიანმა სიგარეტი ამოიღო, – მოწევაც დავიწყე თქვენს ხელში!
– ბატონო გიორგი, სულ რამდენი შემთხვევა იყო ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში?
ელჩის სიძით დავიწყებ, რომელსაც მტკვარში ნაპოვნი გვამი მოჰყვა. ის საქმე ჩემთვის
არ მოგიციათ. ამიტომ, გამოძიების დეტალების მთელი წყება ჩემი ყურადღების მიღმა
აღმოჩნდა.
– ამით იმის თქმა გინდა, რომ, ვისაც მივეცი, იმან ცუდად გამოიძია?
– არა, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ, მე არ მომეცა გარემოებებისა და ფაქტების
შეჯერების საშუალება. გავაგრძელო?
ახვლედიანმა უსიტყვოდ დაუქნია თავი.
– ჰოდა, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რაღაც გვეშლება, რაღაც
ძალიან მნიშვნელოვანი.
– ახლა უკვე აჭარბებ... ანუ, რაო, ის, ვინც ელჩის სიძის მკვლელობისთვის
დავიჭირეთ, მკვლელი არ არის, მტკვარში ნაპოვნი გვამის ამბავი მივაფუჩეჩეთ,
ნოდიას შვილს ბრალს ტყუილუბრალოდ წავუყენებთ და არც წყნეთის შემთხვევა იყო
ის, რისი კლასიფიკაციაც მივეცით?! პაპავა, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
– ხომ გითხარით, ვერ გამიგებთ-მეთქი. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ მკვლელი ან
მკვლელები გარეთ არ დასეირნობენ თავისუფლად.
– ეგ უკვე შენი პრობლემაა. არაფრის გაგონება აღარ მინდა. ხვალ დილით შენი ჯგუფი
აქ, ჩემთან შეიკრიბება. მოამზადებთ მტკიცებულებებს ნოდიას საქმეზე და
პროკურატურას გადავცემთ. შენი მიკვირს, პაპავა... რომელ ემოციებზე და
შეგრძნებებზე მელაპარაკები აქ, ამ კედლებში? მხოლოდ ფაქტები და სხვა არაფერი!
ეს რა, სენტიმენტალიზმია, თუ კიდევ რაღაც სხვა უბედურება? პაპავა, ნუ მეთამაშები!
– ახლა ნამდვილად არ გეთამაშებით, ბატონო გიორგი. ისედაც ვერაფერი შვილი
მოთამაშე გახლავართ. უბრალოდ, აუცილებლად უნდა მეთქვა ის, რაც ახლა
გითხარით – რომ...
– რომ, რაღაც რომ მოხდეს, საკუთარი სინდისის წინაშე იყო მართალი... ხედავ, მეც
როგორი მიხვედრილი გავხდი? შენ მაგაზე ნუ იდარდებ. შენს საქმეს მიხედე და მე
ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არაფერი მოხდება.
– მე სიმართლის დადგენა მინდა, პასუხისმგებლობა საკმარისზე მეტი მაქვს.
– ხვალ, თორმეტ საათზე, ჩემს კაბინეტში! – მკაცრად თქვა ახვლედიანმა და
გამომძიებელს ანიშნა, შენთან ლაპარაკი დავამთავრეო.
***
თემო კაბინეტში დაბრუნდა და მაშინვე დევის დაურეკა:
– სად ხარ? შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე? რა გაუპატიურება? ვერ გავიგე, რას
მელაპარაკები... მთელი ხმით ნუ ყვირი, ცუდად ისმის... რა ხმაურია მანდ?.. მოიცა,
რაო?... კარგი, კარგი, როცა მოიცლი, მაშინ მოდი. აქ ვიქნები, ჩემს კაბინეტში. ჰო, რა
დროც უნდა იყოს, სულერთია. წასასვლელი მაინც არ მაქვს... ჯანდაბა! თემომ
ყურმილი აპარატს დაანარცხა და მაშინვე ისევ ხელში აიღო.
– ვახო მომიძებნე და უთხარი, სასწრაფოდ ჩემთან ამოვიდეს! სად და კაბინეტში.
საიდან გელაპარაკები, როგორ გგონია? გადამრევს ეს ხალხი!..
***
ნიკამ მორიდებით შეაბიჯა ბინაში და იქვე, კართან გაჩერდა.
– შემოდი... ხომ გითხარი, მარტო ვარ-მეთქი. არ გჯერა?
– როგორ არა. უბრალოდ, ცოტა დავიბენი. ერთბაშად აღმოვჩნდი იმ გარემოში,
რომელიც შენთვის ყველაზე ახლობელია და ბუნებრივი. სულ მაინტერესებდა,
როგორ ცხოვრობდი და, ახლა, აქ რომ ვარ, უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
მარიკას გაეცინა:
– მართლა? მაინც როგორი, ვერ მეტყვი? ძალიან მაინტერესებს. თუმცა, მგონი,
ვხვდები... ნიკუშ, სნობი თუ იყავი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– მოიცა, სნობი რა შუაშია? – ეწყინა ბიჭს, – მაგას რატომ მეუბნები?
– რა ვიცი, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდიო...
– მერე რა... შენი საყოფაცხოვრებო პირობები ნამდვილად არ მიგულისხმია, სხვა რამე
მინდოდა მეთქვა და ვერ მიმიხვდი.
– ჰო, კარგი, მივხვდი... ახლა წარმომიდგინე ჩემს ჩვეულ გარემოში?
ნიკამ თავი დაუქნია, ხელი მოჰხვია და სახე მის თმაში ჩამალა.
– ჰო, წარმოგიდგინე, – ჩაილაპარაკა ამოოხვრით, – წარმოგიდგინე... კარგია შენთან..
– მართლა? თუ გინდა, აქ ვიცხოვროთ. ნახე, რამხელა ბინაა. დავეტევით. ორი
სააბაზანო ოთახი გვაქვს. ჩემს საძინებელსაც აქვს თავისი საშხაპე... რას იტყვი? ბინა
რატომ უნდა ვიქირაოთ? მე ჯერ მიზერული ხელფასი მაქვს. შენც ბევრს არ
გადაგიხდიან იმ სკოლაში... გაგვიჭირდება. ჰო, მართლა, მუშაობა დაიწყე?
– ჯერ არა. რაღაც საქმეები მქონდა.
მარიკამ თანაგრძნობით გაუღიმა:
– ჰო, ვხვდები... პრობლემებია?
– არა, არა... უბრალოდ, თავი ვერ მოვაბი. დღეს იმ ბინის სანახავად არ უნდა
წავსულიყავით? მართალი რომ გითხრა, გამიკვირდა, რომ მითხარი, ჩემთან ამოდიო.
– ჰო, იცი... მივხვდი, რომ აი, ასე, ამის გაკეთება არ შემიძლია.
– რა? უარს მეუბნები? არ გიყვარვარ? – ნიკამ ორივე ხელი დაუჭირა გოგოს და
თვალებში ჩახედა, – მარიკა, სიმართლე მითხარი, არ გიყვარვარ?
– არა, ეგ რა შუაშია! როგორ არ მიყვარხარ. იმის თქმა მინდოდა, მშობლების
თანხმობის გარეშე ბარგს ვერ შევკრავ და სახლიდან ვერ წავალ-მეთქი.
– მე ეგ არც მითხოვია შენთვის.
– ჰო, მაგრამ, არც მათი გაცნობის სურვილი გამოგითქვამს, – უსაყვედურა გოგომ.
ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა:
– მართალი ხარ. მინდა, მაგრამ მათი რეაქციის მეშინია.
– ფიქრობ, მათაც ისევე არ მოეწონები, როგორც მე – დედაშენს?
ნიკას ენა დაება:
– დედაჩემს... შენ მოსწონხარ... უბრალოდ, რაღაცნაირი ტიპია. მისი გაგება ცოტა
რთულია... შენ ცოტა მოიცადე და ნახე, როგორ კარგად შეეწყობით ერთმანეთს. აი,
ნახავ... მართლა...
– გეხვეწები, ნუ ცდილობ, ის დამიმტკიცო, რისიც თავადვე არ გჯერა. მაგრამ, არ
მინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ხომ პირველად ხარ ჩემთან?! მოდი, რამე დავლიოთ.
მამაჩემს კარგი ბარი აქვს. კაბინეტში გავიდეთ.
მარიკამ ორი მრგვალმუცლიანი ჭიქა გამოიღო და ნიკას შუშის თაროზე
ჩამწკვრივებული ბოთლები დაანახვა.
– რას დალევ? ჯინი, ვისკი, კონიაკი... ბურბონიც შეგიძლია მოითხოვო.
– სულერთია, – ნიკა ღრმად ჩაეფლო რბილ სავარძელში.
– სულერთია? მაშინ წყალს დაგისხამ, – გადაიკისკისა გოგომ, – მართლა, რომელი
გირჩევნია?
– შენც დალევ რამეს?
– ცოტა კონიაკს.
– მეც კონიაკი დამისხი, ოღონდ, იმდენი, რამდენსაც შენთვის დაისხამ.
– ნუ გეშინია, არ დაგათრობ, ფხიზელი მჭირდები. ეს ისე, სიმხნევისთვის.
– სიმხნევისთვის? – ნიკამ გვიან გააცნობიერა მარიკას ნათქვამი, – რას მიპირებ?
– არაფერს, რას უნდა გიპირებდე? – მარიკამ ჭიქები სანახევროდ შეავსო, – აბა, ჩვენ
გაგვიმარჯოს!
– ჰო, რა თქმა უნდა, – ნიკამ ჭიქა გამოცალა. მარიკამ ოდნავ მოწრუპა.
– მითხარი, რას მიპირებ? გულში ჩამრჩა შენი სიტყვები.
– არაფერს. რა დაგემართა, ნუ იძაბები. კიდევ დალევ? უფრო მოგეხსნება
ნერვიულობა.
– ძალიან მეტყობა?
– ძალიან. ლამის ტუჩებიც გაგილურჯდეს. მართლა ვერ ვხვდები, ასე რა
განერვიულებს. ჩვენ ხომ მარტონი ვართ?!
– გამოყოლილი მაქვს.
– რა? – გაოცდა მარიკა, – რამე მოხდა?
– ჰო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ, სულერთია, ახლა თუ არა, მერე მაინც გაიგებ,
მით უმეტეს, შენი პროფესიის პატრონი.
– ჩემი პროფესია რა შუაშია? – მარიკას უსიამოვნოდ შეუფრთხიალდა გული.
– მოკლედ, დღეს დილით თქვენთან ვიყავი.
– სად ჩვენთან?
– სამმართველოში. შენმა გამომძიებელმა დაგვიბარა... მე და დათო.
– ჰო, ვიცი, რომ მაგას აპირებდა. მერე, რა იყო მაგაში სანერვიულო? ჩილაჩავას შვილი
ხომ შენი მეგობარია. რამდენიმე ფორმალური შეკითხვა ექნებოდა. მით უმეტეს, რომ
ეგ საქმე დაიხურა – უბედური შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცა.
ნიკას უცნაური, თითქოს ოდნავ დამფრთხალი გამოხედვა მარიკას არ მოეწონა:
– ნიკა, რა მოხდა?
– არ ვიცი, მარიკა, მართლა არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ უნდა
მომხდარიყო...
– ნიკა, რა მოხდა-მეთქი?! – აღელდა მარიკა, რომელსაც დევის უცნაური საუბარიც
გაახსენდა.
– ჩემი მანქანა უნახავთ იმ დღეს წყნეთის გზაზე.
– როდის იმ დღეს? გასაგებად მოყევი... ვის უნახავს და წყნეთში რა გინდოდა?
– საქმეც ისაა, რომ არაფერი არ მინდოდა. წყნეთში, კი, ბოლოს როდის ავედი, ისიც არ
მახსოვს. გეფიცები.
– აბა, მანქანა... თემომ თქვა, რომ...
– ჰო. საპატრულოს ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში,
როცა ვახოს მამა დაიბრიდა. როგორ არ ვთქვა, რომ რაღაც შეცდომაა, მაგრამ...
– მაგრამ შეცდომა გამორიცხულია, ხომ? – მარიკამ ჭიქა ანგარიშმიუცემლად დადგა
მაგიდაზე და ამოისუნთქა, – ნიკა, არ მომატყუო. შენგან მეტს არაფერს ვითხოვ – არ
მომატყუო...
– არა, შენს თავს ვფიცავ... რატომ უნდა მოგატყუო, შენზე ძვირფასი ვინ მყავს? რაც
გამომძიებელმა ეს მითხრა, მას მერე სულ ვფიქრობ, ვფიქრობ... ლამის თავი
გამისკდეს... ის დღე თითქმის მთლიანად აღვიდგინე მეხსიერებაში...
– მერე? – მარიკას ხმა უთრთოდა.
– მერე ის, რომ იმ ოხერ მანქანას საერთოდ არ გავკარებივარ... ეს რაღაც კოშმარს ჰგავს,
გეუბნები... ახლაც მგონია, რომ ვიღაც ბოროტად გამეხუმრა.
– ჰო, მაგრამ ვინ?!
– სწორედ ეგ არ ვიცი. მარიკა... – ნიკა მუდარით მიაჩერდა გოგოს, – შენ ხომ გჯერა
ჩემი? ხომ გჯერა?
მარიკამ მაშინვე არ უპასუხა. მისთვის ახლა გასაგები გახდა, რისი თქმა უნდოდა
დევის – მან ნიკას არ დაუჯერა. ბიჭმა ყოყმანი შეატყო:
– მარიკა, გეფიცები... შემომხედე, მარიკა!
– რატომ აქამდე არ მითხარი?
– ღმერთო ჩემო, რა უნდა მეთქვა? მე თვითონ წარმოდგენა არ მქონდა. მეხის
გავარდნასავით იყო ეს ამბავი. დათოც გაოცებულია. იმ დღეს სულ ერთად ვიყავით.
საღამოს კი შენ შეგხვდი.
– მე რომ შემხვდი, მანქანით იყავი.
– მართალია, მაგრამ ჯერ სახლში მივედი. უკვე საღამო იყო. ბიჭებსაც კი არ გავყევი
წყნეთში, იმიტომ, რომ შენი ნახვა მეჩქარებოდა.
– თემოს უნდა დავურეკო, – წამოხტა მარიკა, მაგრამ, ნიკამ შეაჩერა.
– არ გინდა... საქმე ხომ დაიხურა?
– ოფიციალურად – კი, მაგრამ, სიმართლის ცოდნა ჩემთვის არის მნიშვნელოვანი.
– სიმართლე ის არის, რომ მე წყნეთში არ ვყოფილვარ.
– ჰო, მაგრამ, შენი მანქანა ხომ იყო?
– ასე ამბობენ. მე არ ვიცი, არ მინახავს.
მარიკა სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და თავი ხელისგულებში ჩარგო. ნიკამ მის წინ
ჩაიმუხლა და ხელებზე ფრთხილად მოეფერა. კარს მიღმა რაღაცამ გაიხმაურა.
– ჩემი მშობლები მოვიდნენ, – ხმადაბლა თქვა მარიკამ.
ნიკა შეცბა:
– შენი მშობლები?
– ჰო. მინდოდა, ისინი გაგეცნო. ამიტომ ეს შეხვედრა ისე დავგეგმე, შენთვის
მოულოდნელი ყოფილიყო, რომ ნაკლები გენერვიულა.
ნიკას დამფრთხალმა მზერამ მარიკა მიახვედრა, რომ მისმა ჩანაფიქრმა არ
გაამართლა...
***
დევიმ აქოშინებულმა შეაღო თემოს კაბინეტის კარი:
– რა იყო, რომ აღარ დამაყენე? მე შენი პირადი ექსპერტი კი არ ვარ, სხვა საქმეც მაქვს,
თანაც, სერიოზული საქმე.
– სერიოზული საქმე მე მაქვს აქ და მჭირდები.
– ჰოდა, მაგიტომაც მოვედი. თუმცა, მოცლილი აღარ ვარ. კიდევ კარგი, მეორე
ექსპერტიც მოიყვანეს. საწყალი გოგო... აუ, ფანჯარა მაინც გააღე, აღარაფერი ჩანს,
თვალები დამეწვა!
დევი ფანჯარას ეცა და გამოაღო.
– შენ რა, არ ეწევი? რას შეიცხადე? – გაცხარდა თემო, – რა გეტყობა დაღლილის,
მხიარულად და ენერგიულად ჭიკჭიკებ. ჩემს ნერვებზე თამაშობ. ახვლედიანმა ხვალ
თორმეტ საათზე თათბირზე დაგვიბარა.
– მერე, მაგიტომ ირევი? ჯერ არ დავუბარებივართ თუ რა!.. მაგიტომ ამომაგდებინე
გული სირბილით? საქმე ბოლომდე არ მიმაყვანინე.
– რა საქმე იყო ამისთანა?
დევიმ წყალი დაისხა და დალია. მერე ამოიოხრა:
– უჰ, არ მკითხო! ისე შემეცოდა ის გოგო... უნდა მოკლა, რა, ის ნაძირალა...
სიკვდილით დასჯა არ უნდა გაგვეუქმებინა. რომელი ჰუმანური არსება ადამიანია,
რომ სინდისი გაუღვიძო, ან, ვის სჭირდება სადისტი? სამუდამოც რომ მიუსაჯო,
რისთვის გინდა გალიაში ჩასასმელი უსარგებლო ცხოველი?!
თემომ თვალები მოჭუტა:
– შენ ნორმალური ხარ? მაგაზე სალაპარაკოდ დაგიძახე?
– კაცო, შენ არ მითხარი, მომიყევი, რა საქმე გქონდაო? ჰოდა, გიყვები, რა! –
გაუპატიურება იყო, მაგრამ, მსგავსი არაფერი მინახავს... დაგლეჯილი იყო ის
საცოდავი...
– დამნაშავე დააკავეს? – უგულისყუროდ იკითხა თემომ, – იმედია, შენ არ გამოიძიებ..
– დამშვიდდი, მარტო შენ მამუშავებ მაძებრად, – „დაამშვიდა“ დევიმ, – რა ვიცი,
გაექცათ ამ დებილებს, დააგვიანეს... იცი, ვინ იყო მეორე ექსპერტად? უფრო სწორად,
ექიმის პონტში მოიყვანეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ის გოგო...
– ჰო, ვინ?
– ჩვენი მარიკას სადედამთილო, – თვალები აუციმციმდა დევის და თითები
მრავალმნიშვნელოვნად გაატკაცუნა.
– ვინ?! მარიკას მომავალი დედამთილი რა შუაშია?
– ეგ ის ლომიძეა, ბერიძის მკვლელობაში რომ ფიგურირებდა. მე მითხრეს, რომ ასეთ
დროს ყოველთვის მაგას აკითხავენ დახმარებისთვის. ძალიან მაგარი სპეციალისტია
და დიდ პატივს სცემენ.
– მერე?
– რა, მერე? ჩვენები ეძებენ, ის კი, ალბათ, უმკურნალებს, მაგრამ, მეეჭვება, შოკიდან
მალე გამოვიდეს. მაგის სპეციალისტი ცალკე დასჭირდება.
– ჰო, კარგი, კარგი... ეგ ლომიძე ჩვენ რამეში გამოგვადგება?
– რა ვიცი. მე ისე გითხარი, გამიკვირდას პონტში. რომ დავინახე... ისე, მაგარი ქალია.
ნეტავი, რატომ აღარ გათხოვდა?!
– დევი, შენ გეტყობა, ძალიან ინერვიულე მაგ ამბავზე. აშკარად ურევ უკვე...
– ნერვიულობით მართლა ვინერვიულე. მოკლედ, რა თქვა ახვლედიანმა?
– ნოდიას შვილს ბრალი წაუყენე და საქმე სასამართლოს გადაეციო.
– მაგან რა, არ იცის, რომ ბრალს ბროკურატურა უყენებს?
– იცის და ამიტომაც შეგვყრის ხვალ თათბირზე. მტკიცებულებები უნდა
მოვუმზადოთ. გესმის?
– მესმის, ჰო, რა იყო? – მხრები აიჩეჩა დევიმ, – რა არის ამაში განსაკუთრებული,
მტკიცებულებები ჯერ არ მოგვიმზადებია თუ რა?! მე ჩემი დასკვნა მზად მაქვს და
არაფერი შეიცვლება. მარტო ნოდიას ბიჭს უპირებთ ჩასმას თუ ის პატარა ნაშაც
გვერდით უნდა მიუსვათ?! ან, დედამისს რას უპირებ?
– რას უნდა ვუპირებდე? ჯგუფურში ხომ არ გავუშვებ? გულახდილად რომ გითხრა,
მე მისი ბრალეულობის არ მჯერა.
– ვისი ბრალეულობის არ გჯერა?
– არც ერთის.
– ანუ?
– რა ანუ, ბიჭო, აქ არ იყავი, სათითაოდ რომ მოვიდნენ, ჯერ დედა და მერე – შვილი?
არ მოუსმინე? ჩემი ინტუიციის ამბავი არ იცი? მგონი, გულწრფელები იყვნენ.
– მერე, ამას მე რომ მეუბნები, ახვლედიანს ვერ უთხარი?
– ვინ გითხრა, რომ არ ვუთხარი, მაგრამ, გადაირია.
დევიმ მხრები აიჩეჩა:
– არც მიკვირს. როდის იყო, პროკურატურა გამომძიებლის ინტუიციას
ითვალისწინებდა? ფაქტებიც რომ გაქვს მათ წინააღმდეგ, ესეც ხომ კარგად იცი?
ცოლსაც ჰქონდა მკვლელობის მოტივი, შვილსად და იმ მტირალა ნაშასაც. არც
ჯგუფური შეთქმულების გამორიცხვა შეიძლება. სასამართლოზე იმტვრიონ მაგაზე
თავი.
თემომ თავი გააქნია:
– არა, მე ასე არ შემიძლია. შენ მაინც ხომ მიცნობ?
– რომ გიცნობ, იმიტომაც გეუბნები, შარი არ აიტეხო, არ გინდა. ზოგჯერ ინტუიციაც
ტყუის. თუ ბრალი არ დაუმტკიცდება, სასამართლოს დარბაზიდანვე
გაათავისუფლებენ.
– ზღაპარს ნუ მიყვები. მაგათ არავინ გაათავისუფლებს სასამართლოს დარბაზიდან,
ხომ ზუსტად იცი...
– მერე, რა, შენ რა გაწუხებს?
– დევი, ნუ შემშალე ჭკუიდან. რას ნიშნავს, რა მაწუხებს? ჯერ ერთი, ჩემი მიზეზით
უდანაშაულო ადამიანს დააპატიმრებენ, მეორე – მკვლელი თავისუფალი დარჩება და
მისგან უარესს უნდა მოველოდეთ.
– მაგაში გეთანხმები, თუ, რა თქმა უნდა, მკვლელი არსებობს.
– შენ ეჭვი გეპარება?
დევიმ მრავალმნიშვნელოვნად შემართა ხელი:
– მე ის ვიცი, რომ ასპროცენტიანი გარანტიები არაფერში არ არსებობს. ვინ იტყვის
დარწმუნებით, რა არის სიმართლე?
თემო გაცხარდა:
– იცი, რას გეტყვი?! შენ ჩემკენ ხარ თუ ჩემ წინააღმდეგ?! იქნებ, გამოძიება ცოტა კიდევ
გავაგრძელოთ? თუ ხვალ თათბირზე გვერდით დამიდგები, ახვლედიანის
დარწმუნებას შევძლებ.
დევიმ ამოიოხრა:
– ვერ ჩერდები, რა!.. ბიჭო, გამოძიება რომ გავაგრძელოთ და აღმოჩნდეს, მკვლელობა
დედა-შვილმა შეუკვეთა, მერე ნახე ახვლედიანის ტანსაცმლიდან ამოხტომა.
გაგიჟდება, ყველაფერს გააკეთებს, რომ სამსახურიდან გაგიშვას.
– ერთი მაგის დედაც! გამიშვას, რა... გგონია, ძალიან ვინერვიულებ?
– ინერვიულებ-არ ინერვიულებ, სამსახურიდან რატომ უნდა წახვიდე, მით უფრო,
ახვლედიანის გამო? კარგი, რა...
– მე მაინც მინდა, კიდევ ვცადო... სერიოზულად გეუბნები, ბიჭო... მტკიცებულებები
არის, მოტივაციაც სერიოზულია... კიდევ მოხდება მკვლელობა – გული მიგრძნობს.
– მოხდება და მოხდეს! აქ არ ვართ? იმასაც გამოვიძიებთ.
– ეე, ნეტავი შენ, რა უდარდელი ხარ...
– ოღონდ შენ დამშვიდდი და... ჯანდაბას, ვიტყვი თათბირზე, რომ მეც მეპარება ეჭვი
მათ ბრალეულობაში. ვნახოთ, რა გამოვა. დღეს რას აპირებ? აქ უნდა გაათენო ღამე?
– რა ვიცი. გადავხედავდი კიდევ საქმეს. იცი, რა ვიფიქრე? კიდევ ერთხელ ხომ არ
მივიდეთ ნოდიებთან.
– კარგი, მივიდეთ. მერე კი ჩემთან წამოდი. მაინც მარტო ვარ. შენც მარტო უნდა იყო.
რამეს მოვამზადებ და შევუბეროთ.
– შევუბეროთ რა, დავთვრეთ?
– რატომ, კაცო, კი არ დავთვრეთ, ლაითად „შევუშვათ“ ღვთაებრივი სითხე. იცი, რა
კონიაკი მაქვს?!
– კარგი, დამითანხმე. მარტო ყოფნა ნაღდად არ მინდა...
***
სურვილი ძალიან ძლიერი იყო. ისეთი ძლიერი, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელად
დაუარა და ააკანკალა... ის მასზე ბატონობდა გონებას იმორჩილებდა და თავის
პირობებს ჰკარნახობდა. ძალა არ ეყოფოდა, რომ შებრძოლებოდა... არც უნდოდა და
მორჩილებით იღებდა ამ სურვილს... ყველაფერი კარგად იცოდა და ესმოდა... იმასაც
ხვდებოდა, რომ, შეიძლება, იდეალური არ ყოფილიყო ის, რასაც მოიმოქმედებდა.
შინაგანი ხმა თუ წარმოსახვა გამაფრთხილებელ სურათებს ხატავდა, მაგრამ, ეს მისი
გასაკეთებელი იყო, მხოლოდ მისი. გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, ელვის
უსწრაფესად, როგორც ნადირს ეცემა ხოლმე სისხლის სუნი, ადგილს ვერ პოულობს
და გალიაში გამომწყვდეული აწყდება აქეთ-იქით... სურვილი შეაძლებინებდა იმას,
რაც სხვამ ვერ შეძლო და ვერ მოახერხა... სურვილი გამოიყვანდა სწორ გზაზე და
კვალში ჩააყენებდა... არც მოცდა შეეძლო და მოუთმენლობა კიდევ უფრო
უძლიერებდა მწველ სურვილს. რისკი... საფრთხე... – ბუნდოვნად ფიქრობდა ამაზე
და ემორჩილებოდა იმას, რაც ყველაზე ძლიერი იყო მასში. შეიძლება, ველური და
საშინელი, მაგრამ – გულწრფელი...
***
ნიკა ყაყაჩოსავით გაწითლებული იდგა კედელთან და თავს ვერ სწევდა ზევით. არ
შეეძლო, მარიკას მშობლებისთვის სახეში შეეხედა. ხელების კანკალი რომ დაემალა,
ორივე ხელი ზურგს უკან წაიღო...
– მარიკა, შენი მეგობარი ვახშმად დაპატიჟე. მე და დედაშენი სამზარეულოში გავალთ
და ნახევარ საათში სასტუმრო ოთახში გელოდებით, – თქვა ზურაბმა, ცოლს ხელი
მოჰხვია და ოთახიდან თითქმის ძალით გაიყვანა. ქალი აშკარად ფეხს ითრევდა.
მარიკამ კარი მიხურა:
– ახლა რა ვქნათ?
– მე წავალ... შენ რამე მოიფიქრე. თქვენებს უთხარი, რომ დამირეკეს და
აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
– ასე არ გამოვა. მამაჩემი ძალიან ჭკვიანია, მაშინვე მიხვდება, რომ რაღაც მოხდა.
– რა მოხდა? არაფერიც არ მომხდარა. ახლა მართლა არ შემიძლია მათთან საუბარი.
საშინელ შთაბეჭდილებას მოვახდენ და ეს გინდა?
მარიკამ ამოიოხრა:
– ნიკა, ეს რა გააკეთე, რა გინდოდა წყნეთში?!
– ისევ მაგაზე ლაპარაკობ? მაინც არ დამიჯერე, რომ არ ვყოფილვარ?
– ნიკა, ბავშვი არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე. მანქანა იქ თავისით ვერ ავიდოდა.
– ჰო, ვერ ავიდოდა, – მექანიკურად გაიმეორა ნიკამ.
– მაშინ, რა მოხდა?
– არ ვიცი. მართლა არ ვიცი.
– იფიქრე... ძალიან გთხოვ, იფიქრე, ამაზე ბევრია დამოკიდებული. დედაშენი ხომ არ
წაიყვანდა მანქანას ისე, რომ შენთვის არაფერი ეთქვა?
ნიკამ თავი გააქნია:
– ეგ დათომაც მკითხა. გამორიცხულია. დედაჩემი მაგ დროს თბილისში არ იყო,
საქართველოშიც კი არ იყო.
მარიკა გაჩუმდა. შეჭმუხნულ შუბლზე ხელი მოისვა. მერე ნიკას შეხედა
დამფრთხალი, შეშინებული მზერით და ნელა, დამარცვლით ჰკითხა...
– ნიკა, შენ ნორმალური ხარ? მინდოდა მეთქვა, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ხარ?..
ნუ გეშინია, მე გავიგებ ამას. ოღონდ, სიმართლე მითხარი...

სახელოდაკაპიწებულმა დევიმ სუფრა პატარა მაგიდაზე გაშალა და ხელები


მოიფშვნიტა:

– აბა, მოდი, ვივახშმოთ. ისეთი ჩაშუშული გავაკეთე... თემო, არ გესმის? მოეშვი მაგ
ტელევიზორს!

– ცოტა ხანს მადროვე, რაღაც მაინტერესებს.

დევიმ ხელები ჭერისკენ აღაპყრო:

– რა არის თანამედროვე ადამიანის ცხოვრება – კოშმარი თუ ბედნიერება? ჩვენ ხომ


ყველანი რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები, ნარკომანებივით. რა, არ გჯერა?
მაგალითად, ტელევიზორი ავიღოთ. ჰო, რა გაოცებული მიყურებ, მაგ მოციმციმე
ყუთზე გელაპარაკები. იცი, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ უტელევიზოროდ
ცხოვრება არ არსებობს?! რა მოხდა – არ უყურებ და მორჩა, – რატომ უნდა იყოს ეს
ტრაგედია? დიდი-დიდი, ის ვერ გაიგო, სად რა მასშტაბის კატასტროფა, სტიქიური
უბედურება, ავარია მოხდა... ამით ცხოვრება ხომ არ დამთავრდება?! მაშინ, რატომ
გვეშინია უტელევიზორობის?!

– ვინ გითხრა, რომ მეშინია? მაყურებინე, რა დაგემართა?

– უყურე, უყურე, ეგ შენი დოპინგია აბა, რას გეუბნებოდი?! შენც დამოკიდებული ხარ,
ისევე, როგორც ბევრი სხვა. იმაზე არ გვიფიქრია, რომ ტელევიზორმა ადამიანები
ერთმანეთს დააშორა?

– დევი, რა დაგემართა? უკვე მოასწარი და დალიე?

– არა. უშენოდ ხომ არ დავლევდი? გაცივდება ეს ყველაფერი. ტყუილად ვიწვალე?

– ჰო, კარგი, ხელებს დავიბან და მოვალ. – თემომ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი და


სააბაზანოსკენ გაემართა. უკან დაბრუნებულს დევიმ კონიაკით სავსე ჭიქა
დაახვედრა. თემო მაგიდას მიუჯდა.

– დავლიოთ, არა?!

– დავლიოთ. იქნებ ცოტა დამილაგდეს გონება. ძალიან ვნერვიულობ. არ ვიცი, რა


მემართება, მაგრამ, ემოციებს ვყვები. ეს საშინელებაა.
– ჰო, როგორ არა, საშინელებაა... ემოციები ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. რა არის
ამაში უცნაური ან ტრაგიკული?! თემო, პრობლემას იქ ნუ ეძებ, სადაც არ არის. დალიე
კონიაკი და ცოტა მოეშვი. იცი, შენ რა გჭირდება? – ერთი კარგი დასვენება. აიღე
შვებულება და წადი სადმე სამი-ოთხი დღით. ჰო, რას მიყურებ? ნუ გეშინია, ქვეყანა
არ დაინგრევა.

– და ეს საქმეები ასე აწეწილი დავტოვოთ? – გამომწვევად ჰკითხა თემომ, კონიაკი


მოწრუპა და შეაჟრჟოლა.

– კაკაოსავით ნუ სვამ. დალევა ხომ არ დაგავიწყდა? „ჩაშუშულიც“ გადაიღე.


ტყუილად ხომ არ ვიწვალე.

– რაც გკითხე, იმაზე მიპასუხე.

– მოიცა, ახლა რა, არ არის აწეწილი? ნოდიას ცოლთანაც ვიყავით, მაგრამ, მაინც ვერ
„დავალაგეთ“. ისევ იმას ფიქრობ, რომ არც დედა და არც შვილი დამნაშავეები არ
არიან?

– საქმეც ეგაა, რომ ვერ გეუბნები. არ ვიცი, არაფერში არ ვარ დარწმუნებული.

– მეორე ჭიქის მერე უკეთესად გექნება საქმე, მესამეზე კი ზუსტად იტყვი, მკვლელი
რომელმა დაიქირავა, დედამ თუ შვილმა.

– ხუმრობ, არა?!

– პირიქით, ვცდილობ, დაგეხმარო.

– მაგრად კი მეხმარები, ვერაფერს იტყვი.

– დიასახლისობაც კი შევითავსე, მეტი რა ვქნა?! – ყასიდად გაიოცა დევიმ და ჭიქები


შეავსო, – ეს მეორე ჭიქაა... მესამეზე რაც ვთქვი, ხუმრობა არ ყოფილა, იცოდე ისე კი,
იმ ქალს მეც კარგად მოვუსმინე და...

– და მიხვდი, რომ ქმარი სძულდა.

– ჰო. მაგას მიხვედრა არ სჭირდება, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.


სასამართლოზეც თუ ასე ილაპარაკა, წასულია მაგის საქმე. ასე რომ, ტყუილად
ნერვიულობ. მოამზადე მასალები და მიეცი პროკურატურას, რა გენაღვლება?

– მარტივად ლაპარაკობ...

– იმიტომ, რომ მარტივია. შენ კი ხელოვნურად ართულებ.


– შეიძლება, ორივე დაიჭირონ.

– შეიძლება, – დაეთანხმა დევი, – თუმცა, შეიძლება, მარტო შვილი დაიჭირონ, ან,


მარტო დედა – ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. გამორიცხული არ არის, ის
გოგოც გვერდით მოუსვან.

– რომელი გოგო? ჰო, ვხვდები. მაგრამ, არა მგონია, მისი ბრალეულობა არ იკვეთება.
მოტივიც დედა-შვილს მეტი ჰქონდა.

– მეტი, ნაკლები... – შეიჭმუხნა დევი, – მორჩი, რა, ეს საქმე, არ დაიღალე?

თემომ სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა და დევის გაუწოდა შესავსებად.

– აი, ეს მომწონს, – გახალისდა დევი, – გეუბნები, ზედმეტად მგრძნობიარე ხარ ამ


საქმის მიმართ-მეთქი. დეისაძეზეც ასე გეგონა, მკვლელი არ არისო, მაგრამ, ჩასვეს და
იხდის სასჯელს.

– მე ისევ მგონია, რომ დეისაძე მკვლელი არ არის, – გააპროტესტა თემომ, – რადგან


დავნებდი, ეს არ ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მის ბრალეულობაში.

დევიმ თავი გადააქნია:

– მე კი ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად იტანჯავ თავს.

– ისევ რომ მოხდება მკვლელობა, ამ სიტყვებს მაშინ გაგახსენებ.

– გამაკვირვე, – გაიცინა დევიმ, – მკვლელობები ხდებოდა და ისევ მოხდება,


მნიშვნელობა არ აქვს, შენ როგორ გამოიძიებ საქმეს – ემოციურად თუ ემოციების
გარეშე.

– ჰო, როგორ არა, – გამოაჯავრა თემომ, – მკვლელი ციხეში იჯდება თუ გარეთ


თავისუფლად ისეირნებს, ამას არა აქვს მნიშვნელობა?

დევიმ კონიაკი გადაკრა და თემოს სერიოზულად შეხედა.

– მე ვხვდები, რასაც გულისხმობ. თუ გახსოვს, რაღაც მსგავსი ვარაუდი მეც მქონდა,


მაგრამ...

– მაგრამ რა?

– ვცდებოდი.
– ცდებოდი?

– ჰო, ვცდებოდი. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ასე არ არის, უბრალოდ,
იყო რაღაც პატარა ნიუანსები, მაგრამ ნოდიას შემთხვევამ საპირისპიროში
დამარწმუნა.

– ვერ გავიგე, რას ამბობ.

– აქ ისეთი სერიოზული მოტივი არსებობს, თვალს რომ ვერაფრით დახუჭავ. თუ


ბერაძისა და იმ გერმანელ-ქართველის შემთხვევაში მქონდა რამე ეჭვი, ახლა ეს ეჭვი
გამიქარწყლდა. შენც გირჩევ, ეჭვები მოიშორო, თავს ნუ იწვალებ.

თემომ კონიაკი კიდევ დალია და რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ თავი


დააქნია.

– ჰო. ეჭვი საშინელებაა. ახლა მესმის მაკასი.

დევი შეიჭმუხნა:

– შენი მთავარი პრობლემა სწორედ ეგ არის.

– რა?

– შენი ცოლი. მაკასთან ურთიერთობა მოგვარებული რომ გქონდეს, გაცილებით


მშვიდად იქნებოდი. რაღაც უნდა მოიმოქმედო.

– ახლა ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. ვერაფერს შევცვლი და, ვფიქრობ, ეს არც მაკას
უნდა. რა აზრი აქვს მცდელობას, როცა იცი, რომ შემხვედრი ნაბიჯი არ იქნება?

– დათოს დაელაპარაკე, რაღაც ქენი. თუ გინდა მაკას დაბრუნება, თუ მის მიმართ


გრძნობა ისევ გაქვს, ცდა ყოველთვის ღირს. მერე რომ არ ინანო.

– აზრი არ აქვს-მეთქი. მაკა ვერასდროს გათავისუფლდება ეჭვებისგან. ახლა რომც


შევრიგდეთ, ძალიან მალე იგივე მოხდება.

– არა მგონია. მარიკა თითქმის გათხოვდა. შენს მდივანზე ხომ არ იეჭვიანებს?


სასაცილოა.

– შენ გგონია, ეგ ხელს შეუშლის?! არ ვიცი, როდის და როგორ მოხდა მაკაში ეს


ცვლილება, მაგრამ, უბრალოდ ეჭვიანი კი არ არის, ჩემ მიმართ უნდობლობა
აკვიატებულ მანიად, იდეაფიქსად ექცა. შვილი რომ მაინც გვყოლოდა, ვეღარ
მოიცლიდა ამაზე ფიქრისთვის. თუმცა, ვინ იცის. იქნებ, ასე უკეთესიც კია, – თემომ
ხელი ჩაიქნია და კონიაკის ბოთლი თავისკენ მიაჩოჩა.

– შენს ადგილას, მე ერთხელ კიდევ ვცდიდი...

– ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩემს ადგილას არ ხარ, – მოიღუშა თემო.

– კარგი. გავჩუმდი. ერთ სიტყვასაც აღარ გეტყვი მაკაზე. მაგრამ, მაინც დაფიქრდი,
კიდევ ერთხელ, კარგი?

თემომ არაფერი უპასუხა. კონიაკს წრუპავდა წარბშეკრული და თითქოს საერთოდ


არც უსმენდა...

***

... ჩვეულ გეგმას არ მიჰყოლია. ეს რაღაც სხვა იყო, უფრო, სურვილს აყოლილი
ქმედება, ვიდრე გონებით მომზადებული სამოქმედო ვარიანტი. არჩევანი ჰქონდა, იმ
შემთხვევაში, თუ გონებას გაუშვებდა წინ... მაგრამ, ვერა, ის „ვიღაც”, შიგნით, მასზე
გაცილებით ძლიერი იყო. იმდენად ძლიერი, რომ გონების ხმაც, მისი უკანასკნელი
გაფრთხილებაც ჩაახშო და ახლა მსხვერპლის კვალში ჩამდგარ ნადირს ჰგავდა,
სისხლის სუნს რომ მიჰყვება ჟინმორეული და სხეულათრთოლებული,
თანდაყოლილი ინსტინქტით წინასწარ რომ გრძნობს გამარჯვებას.

***

ნიკამ ამოიოხრა... არ იცოდა, რა ეთქვა პასუხის მომლოდინე გოგოსთვის. მარიკა


თვალებმოჭუტული, გაბუსხული ტუჩებით მიშტერებოდა. თვალებში
ცრემლჩამდგარი.

– ნიკა, უნდა ვიცოდე... რამე პრობლემა გაქვს?

– არა, მარიკა, არა, საიდან მოიტანე? არც მთვარეული ვარ, არც მაქცია და,
საერთოდაც, ერთი ჩვეულებრივი, ცოტათი დაბნეული ბიჭი ვარ, რომელსაც
სიყვარულმა საერთოდ დააკარგვინა გონება.

– საუბრის თემას ნუ ცვლი, – მარიკა შეეცადა, ხმისთვის მკაცრი ინტონაცია მიეცა, – მე


ეჭვით ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია.

– ეჭვი? ჩემში გეპარება ეჭვი? მარიკა, მე შენ მიყვარხარ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ...
ზოგჯერ მეჩვენება, რომ სუნთქვაც კი მიჭირს ამ სიყვარულისგან.

– მე ეგ არ მიკითხავს... პასუხი იმ შემთხვევაზე უნდა მივიღო.


– ჰო, ვიცი. მეც მაინტერესებს ეგ ამბავი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. ყველანაირად
შევეცდები, გავარკვიო. გპირდები. ახლა წავალ, კარგი?!

მარიკამ ამოიოხრა.

– თუ წახვალ, მეც შენთან ერთად წამოვალ.

– სად? – გაუკვირდა ნიკას.

– არ ვიცი, სადაც მიდიხარ. მნიშვნელობა არ აქვს.

– მშობლებს რას ეტყვი?

– არაფერს. რა უნდა ვუთხრა? თქვენი გაცნობა არ უნდოდა და გაიპარა-მეთქი?

– შენ ხომ იცი, რომ ასე არ არის, ეწყინა ნიკას, – გინდა, ახლავე შეაძულო ჩემი თავი?

– არა, ეგ არ მინდა, მაგრამ, არ ვიცი, შენს საქციელს რა ახსნა მოვუძებნო, მართლა არ


ვიცი.

– მოკლედ, ორივე ცუდ დღეში ვართ. რა იდიოტური სიტუაციაა, ნერვები მეშლება.

– თემოს უნდა დაველაპარაკო. არა, უფრო სწორად, დევის.

– ჩემი მანქანის თაობაზე?

– ჰო. მეც შევეცდები, რამე გავარკვიო.

– არ შეიძლება, უბრალოდ, დავივიწყოთ ეს ამბავი? შენ ჩემი უნდა გჯეროდეს, უნდა


დამიჯერო, რომ იმ შემთხვევასთან საერთო არაფერი მაქვს და არც შეიძლება,
მქონდეს. არაფრით არ შეიძლება, არაფრით...

– მაშინ, რა მოხდა? ფაქტი უმთავრესია – მე ასე მასწავლეს... – მარიკამ თავზე იტაცა


ხელები, – ყველაფერი ამერია. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. მალე მამაჩემს მოთმინების
ფიალა აევსება და კარზე მოგვიკაკუნებს... კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ ამას
დედაჩემი გააკეთებს.

– მაშინ უნდა ვიჩქარო, – ნიკა წამოდგა.

– გვიანაა.

– რა?
– უკვე გვიანაა-მეთქი, – მარიკამ ბიჭს კარზე ანიშნა, რომელიც სწორედ იმ მომენტში
გაიღო და ზღურბლზე ზურაბი აღიმართა.

– დედამ მთხოვა, შეგახსენოთ, რომ უკვე ყველაფერი გაცივდა.

– ჰო, მამა... უკვე მოვდივარ, მაგრამ ნიკას ეჩქარება და... – მარიკას ენა დაება.

– და... ვახშმად ვერ დარჩება? ცუდია. მაგრამ, თუ ეჩქარება...

– არა, საქმე მოიცდის, – თქვა მოულოდნელად ნიკამ და მარიკას ღიმილით შეხედა, –


ჰო. გადავიფიქრე წასვლა. ისეთი მნიშვნელოვანიც არაფერია. უფრო სწორად, ამ
ვახშამზე მნიშვნელოვანი არ არის.

გაოგნებული მარიკას თვალწინ ნიკამ მეგობრულად ჩამოართვა ხელი ზურაბს და


მასთან ერთად გავიდა კაბინეტიდან. გოგოს ისღა დარჩენოდა, რომ უკან
მიჰყოლოდა...

ნებისმიერ სიტუაციას მინუსებთან ერთად პლუსებიც აქვს. სანამ შენ თვითონ არ


გასინჯავ, ვერაფრით მიხვდები, რომელ კერძს აქვს ცხარე, რომელს კი მოტკბო-
მომწარო გემო. შეიძლება, სიმწარემ თვალებიც კი აგიწვას, მაგრამ, სამაგიეროდ,
გეცოდინება, რა შეუკვეთო... თუ ერთხელ მაინც გამოიჭერთ საკუთარ თავს იმაში,
რომ რამეზე დამოკიდებული ხდებით, აუცილებლად ჩაატარეთ ექსპერიმენტი, უარი
თქვით მასზე და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე
სურვილის ტყვეობაში აღმოჩნდე და მონად გადაიქცე...

***

ნოდარ დევიძეს დერეფანში გადააწყდა. ახვლედიანის კაბინეტიდან რამდენიმე


ნაბიჯზე... დევიძემ მისალმების ნიშნად ხელი აუწია და გვერდის ავლას აპირებდა,
რომ თემომ მკლავზე მოჰკიდა ხელი.

– შენ უკვე იყავი იქ?

– ჰო. რა იყო?!

– შეიძლება, გავიგო, რატომ?

– უცნაური შეკითხვაა, მაგრამ, დღეს კარგ გუნებაზე ვარ და გიპასუხებ:


გაუპატიურების საქმეს ვიძიებ.

– შენ?
– ჰო, რატომ გაგიკვირდა?

– იმიტომ, რომ დიდი ხანია, შენი გამოძიებული საქმე არ მინახავს.

– შხამიანი ენა გაქვს, პაპავა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს კარგ გუნებაზე
ვარ. რა ჩემი ბრალია, თუ ერთმანეთზე უარესი საქმეები მხვდება? შეიძლება ითქვას,
საქმეების ნარჩენები. ყველაზე მსუყე ლუკმები, რატომღაც, შენ შეგხვდება ხოლმე.

– ვითომ? მაგ საქმეს როდის შემოდებ თაროზე?

– გეუბნები, ჩემი ბრალი არ არის-მეთქი. აი, ახლაც... დამნაშავე მიიმალა. გოგონა კი


აღარ ჩივის. შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?

– ისევე, როგორც შენ – საქმეს თაროზე შემოვდებდი.

– აი, ხომ ხედავ!

– ჰო, რა თქმა უნდა, – თემომ მეგობრულად მიუტყაპუნა მხარზე ხელი, სახეზე


ღიმილშერჩენილ დევიძეს.

– შენ რა გენაღვლება, მე კი აქტიური მუშაობა მომენატრა – დამნაშავესთვის


თვალებში ჩახედვა, მის კვალში ჩადგომა და...

– გეყოფა. იდეალური სიტყვებია დეტექტიური სერიალისთვის. წავედი. ორ საათში


მეც ახვლედიანთან უნდა ვიყო, მანამდე კი უამრავი რაღაც მაქვს მოსაწესრიგებელი...

– მოიცადე! – დევიძეს თითქოს რაღაც გაახსენდა, – შენ რამე გინდოდა? – ისე


საქმიანად გამაჩერე...

– მე საქმიანი ადამიანი ვარ... გაიცინა თემომ.

– ჰო, გეტყობათ, შენც და, განსაკუთრებით – შენს ძმაკაცს. ჩემი გაუპატიურებულის


საქმეში ექსპერტად ეგ იყო, არ გითხრა?

– „ჩემი გაუპატიურებული“... – გაიმეორა თემომ, – გენიალურად ჟღერს. არა. არ


უთქვამს. ეტყობა, განსაკუთრებული არაფერი იყო.

ნოდარმა ხელი ჩაიქნია.

– კარგი, წავედი, თორემ, იმდენს მოახერხებ, ნერვებს მომიშლი...

***
დევიმ ნებივრად მოიკალათა სავარძელში და კაბინეტში შემოსულ მარიკას
ოვაციებით მიეგება:

– პატარძალო, მოხვედი? ვიფიქრე, უკვე თაფლობის თვე დაეწყო-მეთქი.

– სულაც არ ვარ ხუმრობის გუნებაზე.

– რატომ? გაცნობის ცერემონიალმა ცუდად ჩაიარა?

– პრინციპში, არა. მაგრამ... დევი, რატომ დამიმალე ნიკას მანქანის ამბავი?

დევი მაშინვე დასერიოზულდა:

– როგორ გაიგე?

– ნიკამ მითხრა. ყველაფერი მომიყვა, ისიც, აქ რომ გყავდათ დათოსთან ერთად. მე


რატომ არაფერი ვიცოდი?

– აბა, რა გითხრა? პაპავამ გადაწყვიტა ასე. ხომ იცი, საქმე მას მიჰყავს.

– რომელი საქმე, რომელიც უკვე დაიხურა? გამაგებინეთ, რა ხდება, კიდევ რა უნდა


ვიცოდე და არ ვიცი?

– თუ ნიკამ გითხრა, რომ მისი მანქანა წყნეთის გზაზე მიმავალი და ჩამომავალი


დაფიქსირდა, მაშინ, სათქმელი მეტი არაფერია.

– დარწმუნებული ხარ, რომ შეცდომა გამორიცხულია?

დევიმ მხრები აიჩეჩა:

– ეგ საპატრულოს ბიჭებს უნდა ჰკითხო.

– აუცილებლად ვკითხავ, თანაც, ახლავე.

– მოიცა, ნუ ჩქარობ. დარწმუნებული ხარ, რომ ნიკა არ გატყუებს?

– დარწმუნებული ვარ. უნდა გავიგო, რა მოხდა. ვფიქრობ, იქ რაღაც შეეშალათ. ვახო


სად არის? მისი ნახვა მინდა.

– პაპავამ რაღაც დაავალა. ორ საათზე ახვლედიანთან გვაქვს ვიზიტი ნოდიას საქმის


თაობაზე. დღეს, ალბათ, დამთავრდება ეგ ამბავი.
– გულახდილად რომ გითხრა, მე ნიკას მანქანის ამბავი უფრო მადარდებს და
მაინტერესებს. ვერაფრით დავმშვიდდები, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ.

– მესმის შენი...

– არა, არ გესმის. რომ გესმოდეს, მანამდე მეტყოდი, სანამ მე თვითონ გავიგებდი ამას
და რაღაც მინიშნებებით არ დამაბნევდი.

– მინდოდა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე...

– ჰო?! მერედა, რატომ გადაიფიქრე?!

– ნუ მეჩხუბები, მარიკა. ძნელია, ვინმეს პირად საქმეში ჩაერიო. მით უმეტეს, თუ ის


ვინმე შენთვის სულერთი არ არის.

– გმადლობ, მაგრამ, ეს ჩემს მდგომარეობას ოდნავაც ვერ ამსუბუქებს.

– ესეც მესმის.

– მოკლედ, წავედი. საპატრულოში უნდა გავარკვიო მანქანის ამბავი. ვახოს ტყუილად


ველოდები, მაგისგან მაინც ვერაფერს გავიგებ.

– კარგი, წადი. თუ გინდა, გამოგყვები. თემოს მაინც ჯერ არ ვჭირდები.

– არ მინდა. მარტოც გავართმევ თავს. ძალიან მაწყენინე.

დევის სინანულით გაეღიმა:

– არ მინდოდა, გეფიცები.

მარიკამ გრაფინიდან წყალი დაისხა და დალია. მერე დევის შეხედა.

– კიდევ რა მოხდა?

– რომ თქვი, ძნელია, ვიღაცის პირად ცხოვრებაში ჩაერიოო, რას გულისხმობდი?

– ისეთს არაფერს. ზოგადად ვთქვი.

– ისევ რაღაცას არ ამბობ, – ამოიოხრა მარიკამ, – რა გაეწყობა, ვეცდები, მალე


დავბრუნდე.

დევიმ მხრები აიჩეჩა და ტელევიზორის პულტი აიღო.


***

... მეშინია კიდეც, წარმოვიდგინო, რას დაემსგავსებოდა ჩვენი ცხოვრება, ერთ დღეს
სასწაული რომ მოხდეს და ყველაფერი გაითიშოს. ყველა ტელეფონი ერთბაშად
გამოირთოს – მობილურებიც და ჯერ კიდევ „შნურზე“ დაბმულებიც... გამოილიოს
საწვავი ავტომობილებში, ჩაქრეს სინათლე... ინტერნეტზე აღარ არის ლაპარაკი... ამ
ყოვლის შემძლე და ყოვლის მომცველ, უძლიერეს იარაღზე... არ თქვათ, რომ ეს
ღვთის რისხვა იქნება, იმიტომ, რომ ვერავინ იტყვის, ღვთის ხელი ურევია მათ
შექმნაში თუ ეშმაკის... იქნებ, არც ისე საშიშია ამ ყველაფრის გარეშე დარჩენა,
როგორც ერთი შეხედვით ჩანს? ჩვენი წინაპრები ხომ ცხოვრობდნენ ისე, რომ
წარმოდგენა არ ჰქონდათ არც ტელევიზორზე და, მით უმეტეს, არც ინტერნეტზე?
სხვათა შორის, ბედნიერებიც იყვნენ, ჩვენზე უფრო ბედნიერები... იქნებ, არ გჯერათ
და არ გინდათ, იცოდეთ, რომ მკვლელობის სურვილს ბევრ ადამიანში სწორედ
ინტერნეტი და ტელევიზია ბადებს... ყოველ შემთხვევაში, კარგა ხანია ფსიქოლოგები,
ამ დასკვნამდე მივიდნენ. ასე რომ, ცივილიზაციას სულაც არ აქვს ისეთი
მომაჯადოებელი ხიბლი, როგორც თავს გვაჩვენებს.

***

ქალი ფეხზე იდგა, ახალგაზრდა კაცი სავარძელში იჯდა და დაძაბული ადევნებდა


თვალს, როგორ სცემდა ის ბოლთას. მერე ერთბაშად გაჩერდა და ხელები
ისტერიკულად აიქნია:

– ახლა კი ყველაფერი მორჩა, დამთავრდა შენი სისულელით....

– მე ვეცადე, – შეკამათება სცადა კაცმა.

– გაჩუმდი! შენი ბრალია, რომ ახლა კატასტროფის წინაშე ვდგავართ!

– ხომ გეუბნებოდი, გაფრთხილებდი... რატომ მიხვედი? მე ისე მიმყავდა საქმე,


პრობლემას თავიდან ავიცილებდით. ახლა როგორ გინდა, დაამტკიცო, რომ ჩვენ არ
გვინდოდა მისი სიკვდილი?

– შენ ფიქრობ, რომ ამის დამტკიცების აუცილებლობა იქნება?

– დედა! – წამოიყვირა კაცმა, – ილუზიებით როდემდე უნდა იცხოვრო? როგორ


გგონია, ისინი აქ გუშინ რისთვის მოვიდნენ? ჩვენ მოვენატრეთ? მალე, ალბათ,
დამაპატიმრებენ.

– შენ?

– ჰო, იმედი მაქვს, რომ მარტო მე.


– მაგით რისი თქმა გინდა? რომ, შეიძლება, ორივე დაგვაპატიმრონ?

კაცმა თავი დაუქნია.

– მამაშენი სიკვდილის ღირსი იყო და შენ ეს ჩემზე კარგად იცი. რომ არ


მომკვდარიყო, ყველას დაგვინგრევდა ცხოვრებას.

– ეგ არგუმენტი სასამართლოსთვის შემოინახე – იქნებ გამოგადგეს, იქნებ


მოსამართლეს გული აუჩვილდეს და გაგვამართლოს, – ჩაიცინა კაცმა, – დუმილს
აზრი აღარ აქვს. თათიას უნდა დაველაპარაკო და ყველაფერი ავუხსნა.

– მოიცადე, გულს ნუ გაუხეთქავ გოგოს. იქნებ მოგვარდეს და დაწყნარდეს სიტუაცია.

– დედა, მაგიჟებ შენი გულუბრყვილობით, მაგიჟებ! რისი იმედი გაქვს? მორჩა-მეთქი


ყველაფერი... მორჩა! თათია მაინც გაიგებს და, უმჯობესია, მე ვუთხრა. მართალია,
მეეჭვება, რომ გამიგოს, მაგრამ, ნაკლები სტრესი ექნება.

ქალმა დაიგმინა და ხელები სახეზე აიფარა.

– არა, არა, შენ ციხეში არ წახვალ... არა... ვიტყვი, რომ მე შევუკვეთე მკვლელობა!

კაცმა თავი გადააქნია:

– და, შენ ფიქრობ, რომ ამით რამეს მიაღწევ? მარტო თქმა არაფერს ნიშნავს, უნდა
დაამტკიცო კიდეც. მოგთხოვენ, რომ დაასახელო მკვლელის ვინაობა, როგორ
დაუკავშირდი, ვისი საშუალებით, რამდენი გადაუხადე... სასამართლოზე
დამაჯერებელი ვერ იქნები.

– შენ?

– რა – მე?!

– შენ შეძლებ, თავი დაიცვა?

– არ ვიცი. ადვოკატი უნდა ავიყვანოთ. მე არ მინდა, რომ გისოსებს მიღმა ორივე


აღმოვჩნდეთ, არადა, საქმეს ასეთი სუნი უდის, – კაცი სკამზე გადაკიდებულ პიჯაკს
მისწვდა და მობილურიც აიღო.

– სად მიდიხარ?

– უნდა მოვასწრო და, სანამ ამიყვანენ, ადვოკატს დაველაპარაკო. შენ სახლში იყავი.
მოვალ და თათიას ერთად დაველაპარაკებით.
– გადაირევა. შენს ცოლს ხომ იცნობ?

– სავარაუდოდ, ასე იქნება, მაგრამ, ამას გვერდს ვერ ავუვლით. ახლა მაინც ნუ
შემიშლი ხელს და მაცადე, გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროდ
მიმაჩნია....

***

მარიკამ პატრულ გოგონას ყავიანი ჭიქა გამოართვა და მადლიერების ნიშნად


გაუღიმა.

– ძალიან მჭირდებოდა. კიდევ დიდი დრო უნდა?!

– არა. ახლა უკვე მალე მოვა და თვითონ დაელაპარაკეთ. აი, მოვიდა კიდეც.

მარიკამ ზორბა, შავგვრემან პატრულს გაუღიმა:

– თქვენი დახმარება მჭირდება.

– ვიცი, უკვე მითხრეს. თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ გახდა შესამოწმებელი ეს


ინფორმაცია. ჩვეულებრივ, არ ვცდებით ხოლმე.

– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ მინდოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი.

პატრულმა მხრები აიჩეჩა.

– უცნაური ხალხი ხართ. კარგი, წამოდით და თავად დარწმუნდებით...

***

ნიკა თავზე წამოადგა დედას. ქალი აკურატულად ალაგებდა თავის ტანსაცმელს


სამგზავრო ჩანთაში.

– მიემგზავრები სადმე?

– ჰო! – მოკლედ მიუგო იამ.

– ისევ კონფერენციაა?

– ჰო. დილით დამირეკეს. შენ გეძინა. წუხელ ნასვამი მოხვედი?

– ცოტა დავლიე. მარიკას მშობლები გავიცანი – მათთან ვიყავი, სახლში.


ქალს ოდნავ აუკანკალდა თითები, მაგრამ ტანსაცმლის ჩალაგებას მაინც
განაგრძობდა. ნიკა გააღიზიანა მისმა მოჩვენებითმა სიმშვიდემ.

– რატომ არ მეკითხები, როგორ ჩაიარა ჩვენმა გაცნობამ?

– ვხვდები. მძინარეს ძალიან ბედნიერი სახე გქონდა, – თქვა ქალმა ისე, რომ თავი არ
აუწევია.

– მართლა? უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, შენ რომ მყოლოდი გვერდით.

– მე არავის დავუპატიჟებივარ...

– რომ დაეპატიჟე, წამოხვიდოდი?

ქალმა მხოლოდ ამოიოხრა პასუხად.

– დედა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გარბიხარ... გესმის, დედა?

– არ გავრბივარ. კონფერენციაზე მივდივარ სამი-ოთხი დღით. რატომ გიკვირს,


პირველად ხომ არ ხდება ასე?

– არა, მაგრამ, ახლა სხვანაირად მიდიხარ,

– თავისი არ დაიშალა ნიკამ.

ქალმა ნაძალადევად გაიცინა?

– რას ნიშნავს „სხვანაირად“ მივდივარ?

ნიკამ თავი გააქნია:

– არ ვიცი... ნუთუ ეგ კონფერენცია ჩემზე უფრო მნიშვნელოვანია შენთვის? მეგონა, არ


წახვიდოდი და ამ გადამწყვეტ მომენტში ჩემ გვერდით იქნებოდი.

– ოთხ დღეში ჩამოვალ... – ნელა გაიმეორა იამ.

– შეიძლება მარიკა, ხვალვე გადმოვიდეს ჩვენთან.

– მართლა? – უემოციოდ იკითხა ქალმა.

– შენ მე არ მისმენ.

– როგორ არა, გისმენ... ბინის დაქირავებას რომ აპირებდით?


– გადავიფიქრე. ჩვენც საკმაოდ დიდი ბინა გვაქვს და მარიკასთან ხომ, საერთოდ,
დაიკარგები. თანაც არც იმდენი ფული გვაქვს, რომ ქირაში გადავყაროთ.

– მერე, მარიკა ჩვენთან ცხოვრებაზე თანახმაა?

– მგონი, კი... ყოველ შემთხვევაში, ბინის დაქირავებაზე ჩემნაირი აზრი აქვს. დედა, რა
დაშავდება, რომ არ წახვიდე?

ქალმა თავი ასწია. ნიკას მოეჩვენა, რომ თვალებში ცრემლი ჰქონდა.

– დედა...

– არ შემიძლია... მართლა... ჩამოვალ და ყველაფერზე დავილაპარაკებთ. გპირდები.

ნიკამ შუბლზე მოისვა ხელი:

– გასაგებია... ოღონდ, იცოდე, რაც წეღან მარიკასთან დაკავშირებით გითხარი,


რეალობაა...

ეს სიტყვებიც უპასუხოდ დარჩა. ქალმა სადღაც, ნიკას მიღმა გაიხედა და რაღაცას


გაუღიმა... ბიჭი მიხვდა, რომ დედამისმა მისი ნათქვამიდან ნახევარიც კი ვერ გაიგო
და აღიქვა. იმ სამყაროში, სადაც ქალი ცხოვრობდა, მისი ადგილი არ იყო...

***

მარიკამ უმწეოდ მიმოიხედა:

– თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ...

– ცუდად ხომ არ ხართ?! ახლავე მოგიტანთ წყალს... რა ცუდი ფერი გაქვთ, –


პატრულმა მოუხერხებლად შეავსო ჭიქა წყლით. ნახევარი იატაკზე დაეღვარა...
მარიკას მიუტანა და მაჯაზე მოჰკიდა ხელი.

– სასწრაფო დახმარებას გამოვუძახო? – იკითხა შეშფოთებით. მარიკამ თავი გააქნია.


წყალი ნელა, პატარა ყლუპებად დალია და ჭიქაში ჩარჩენილი სითხე ჯერ
ხელისგულზე დაისხა, მერე სახეზე მოისვა...

– გმადლობთ, ძალიან დამეხმარეთ...

***

დევიმ გადამრთველი გვერდზე გადადო და მარიკას შეშინებულმა შეხედა:


– ისეთი სახე გაქვს, თითქოს გზაში მოჩვენებას გადაეყარე. მარიკა, ცუდად ხარ?
მოდი, დაჯექი... – დევი წამოხტა და გოგოს ხელი მიაშველა, – ხომ გითხარი, მარტო
არ უნდა წასულიყავი. დარწმუნდი?

– ჰო. დევი, გამაგებინე, რა ხდება?

– არ ვიცი, საყვარელო. ჩემთვისაც ძალიან გაუგებარი ამბავია. შენთვის არ მითქვამს,


მაგრამ, ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე. მით უმეტეს, მომხდარს უბედური შემთხვევის
კლასიფიკაცია მიეცა. დასამალი რაღა უნდა იყოს?

– იმის თქმა გინდა, რომ ნიკა ჩემთან გულახდილი არ არის? კი მაგრამ, რატომ?

დევიმ ხელები გაშალა:

– საქმეც ისაა, რომ არ მაქვს მაგ კითხვაზე პასუხი. თუ რამე საქმე ჰქონდა წყნეთში და
ავიდა, რა უნდა იყოს ამაში საშინელი?!

– დრო? დრო რომ ზუსტად ემთხვევა? თანაც, მიმტკიცებს, ზუსტად მაგ დროს აუზზე
ვიყავიო... – უცებ მარიკამ შუბლზე იტკიცა ხელი, – რა სულელი ვარ, ხომ შემიძლია,
მივიდე აუზზე და მისი ნათქვამი გადავამოწმო?

– არ გინდა. თემომ უკვე დაავალა ვახოს მაგის გაკეთება.

– მერე? – მარიკა დაიძაბა.

– მერე ის, რომ ნიკას სიტყვები ლამის მთელმა გუნდმა დაადასტურა, დათოზე რომ
აღარაფერი ვთქვათ.

– მაშინ, მანქანა ათხოვა ვიღაცას და არ ამხელს.

დევიმ თავი დააქნია:

– ეგ უფრო სავარაუდოა და მაქვს კიდეც ერთი ვერსია. თუმცა, რადგან საქმე უკვე
დაიხურა, ამის თქმას აზრიც აღარ აქვს.

– არა. მითხარი. ყველაფერი, ყველაფერი უნდა ვიცოდე.

დევიმ უცნაურად გაიღიმა:

– რა ვიფიქრე, იცი? ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლებოდა ნიკას მანქანა ეთხოვებინა


და ახლა სწორედ მისი გამხელა არ უნდა, გარდაცვლილის ვაჟი, მიშა ჩილაჩავაა.
მარიკა დაფიქრდა:

შეიძლება... ჰო, ალბათ ასეა... აუცილებლად დავადგენ სიმართლეს.

– მე კი არ მინდა, რომ ეს ამბავი ბევრი ქექო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ნიკა გიყვარს და მასზე გათხოვებას აპირებ. ზოგჯერ კი სიმართლე


არც ისეთი სასარგებლოა...

მარიკამ ზანტად იბრუნა გვერდი და ხელის ცეცებით დაუწყო ძებნა საწოლთან


მიდგმულ ტუმბოზე აწკრიალებულ მობილურს. თვალების გახელა არ უნდოდა –
ეზარებოდა გაღვიძება. ბალიშში თავი უფრო ღრმად ჩამალა, მაგრამ ამან ვერ უშველა,
მობილური რეკავდა და რეკავდა... სხეულზე მეორე სხეულის სითბო იგრძნო და
შეკრთა. ჯერაც ვერ შეეჩვია იმას, რომ საწოლში მის გარდა სხვაც იყო. ისევ
გადაბრუნდა, იდაყვზე წამოიწია და თვალებმოხუჭულ ბიჭს ჩააშტერდა... რამდენიმე
წამს დაჟინებით უყურებდა. ნიკამ ვეღარ გაუძლო და გაიცინა.

– საზიზღარო! გღვიძავს და მატყუებ... იცი, რას გიზამ? ბალიშით გაგგუდავ, – გოგომ


ბალიში მოძებნა.

– ყოველთვის ვიცოდი, რომ მრისხანე გამომძიებლის ნიღბის ქვეშ მკვლელი


იმალებოდა, – გაიცინა ნიკამ, – მაგრამ, იქნებ, ჯერ ტელეფონისთვის გეპასუხა?! არ
მინდა, სიკვდილის წინ დავყრუვდე კიდეც.

– საზიზღარო... – მომარჯვებული ბალიში ბიჭის თავზე დაუშვა, მერე მობილური


აიღო და ნიკას ანიშნა: – ასეც ვიცოდი...

– დედა, რა იყო? ჯერ ხომ არ გათენებულა, გვძინავს ისევ. მერე რა? მით უმეტეს, რომ
კვირა დღეა, ვისვენებთ... რა მოგენატრე, ჯერ მხოლოდ სამი დღეა... ჰო, ვიცი, ვიცი,
რომ ძალიან მოულოდნელად მოხდა და შეგუება გიჭირს... რადგან შეგპირდი, მოვალ
კიდეც. ჰო, რა თქმა უნდა... მამას მოკითხვა გადაეცი... ახლა რაღა დაგვაძინებს? კარგი,
ვეცდები...

მარიკამ ტელეფონი დაუდევრად მიაგდო საწოლზე და ნაწყენი ბავშვის


გამომეტყველებით მიაჩერდა ნიკას.

– ჰო, აბა, რაო, რა ბრძანა ჩემმა საყვარელმა სიდედრმა?

– გაგვაღვიძა!
– ეგ უშენოდაც ვიცი. რამე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა?

– დედაჩემისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს საღამოს


სახლში ხართ მოსასვლელებიო და „სახლს“ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

– ამით რისი თქმა გინდა?

– ჰმ, შენ თვითონ ვერ ხვდები?

ნიკუშამ თვალები მოჭუტა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– ანუ, მთლად მანდ ნუ გაიკეთებთ ბუდეს, ესეც თქვენი სახლიაო! – გამოაჯავრა


მარიკამ და მხარზე მიეხუტა... ბიჭმა მკლავი შემოხვია და მკერდზე მაგრად მიიკრა.

– მართალია ის ქალი, ვეთანხმები.

– მართლა? ჰოდა, თუ მართალია, დღეს ნებივრობა აღარ გამოგივა. უნდა


მოვემზადოთ და მივიდეთ. მერე იქიდან ან გამოგვიშვებენ, ან არა.

– მოიცა, ერთი, ნუ მაშინებ. მშვენიერი მშობლები გყავს და ჩვენ არაჩვეულებრივად


გავუგეთ ერთმანეთს.

– ფარისეველი. ბალიში კიდევ გინდა?

– ბალიში? პრინციპში, შეიძლება, მაგრამ მე სხვა რამ მირჩევნია, მაგალითად,


ჩახუტება. ჩამეხუტე, რა!..

მარიკამ ირონიულად მოჭუტა თვალები და ენის წკლაპუნით გააქნია თავი.

– რატომ, არ დავიმსახურე?

– არა! მომატყუე. თვალებდახუჭული ელოდი, მეც როდის გამაღვიძებდა მობილურის


ზარი.

– შენი მობილური რეკავდა, ჩემი ხომ არა? ჰო, მართლა, სამსახურში


რამდენიმედღიანი შვებულება მოგცეს?

მარიკამ სამი თითი გაპარჭყა.

– მხოლოდ სამი? რა უსამართლობაა! ვაპროტესტებ, ვიჩივლებ, ზემდგომ


ინსტანციებში გავასაჩივრებ...
მარიკამ ამოიოხრა:

– არ გირჩევ. ამ შემთხვევაში საჩივარი არ მიიღება. მე თვითონ ვერ გავჩერდები


სახლში. მით უმეტეს, რომ დედაშენიც ჩამოდის. ამაზე საერთოდ ვერ ვფიქრობ, ვერ
წარმომიდგენია, რანაირად უნდა ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ ადამიანთან, რომელსაც
საერთოდ არ ვიცნობ.

ნიკას სახე დაუსევდიანდა:

– ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ? რად გინდა, თავიდან რომ იწყებ? დედაჩემს
ყველაფერზე შევუთანხმდი. ისედაც არ არის პრობლემური ადამიანი, უბრალოდ
თავისი სამყარო აქვს. არ გაგიჭირდება, აი, ნახავ...

– არ ვიცი. გუშინ ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავჩქარდი-მეთქი.

– მარიკა, ახლა უკვე მაშინებ. ისიც არ თქვა, რომ ნანობ ამას, თორემ, გავგიჟდები.

– არა, ჯერჯერობით ასეთ უკიდურესობამდე არ მივსულვარ.

– არც მიხვალ, გპირდები, – ნიკამ ხელები შემოხვია და მკერდზე მიიკრა გოგო. მარიკა
არ გასძალიანებია. ბიჭმა სახე მის თმაში ჩამალა და ჩუმად ამოიოხრა:

– მაინც არ გჯერა ჩემი? არ გჯერა? მარიკა, შემომხედე, საყვარელო... შენ ისევ იმ ამბავს
გულისხმობ? ვერ დაივიწყე?

– როგორ უნდა დავივიწყო? მითხარი, ასე ადვილია ამის დავიწყება? ვერ დავიჯერებ,
რომ შენც არ ფიქრობ ამაზე.

– შენ წარმოიდგინე, ვფიქრობ, მაგრამ, ტრაგედიად არ აღვიქვამ. მიმაჩნია, რომ რაღაც


გაუგებრობა იყო. ხომ ფაქტია, რომ ყველაფერი მიწყნარდა?

მარიკას უნდოდა, ეთქვა, ასეთი მიწყნარება ჭექა-ქუხილზე გაცილებით უარესიაო,


მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა. ნიკას მიმართ გრძნობამ აჯობა იმ უნდობლობას,
რომელიც ვერაფრით მოიშორა საპატრულოში მიღებული ინფორმაციის შემდეგ.
მხოლოდ ის შეძლო, რომ მეხსიერების შორეულ კუთხეში მიეგდო და დროებით
მიეძინებინა. თუმცა, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ეჭვს ყოველ წუთს შეეძლო
ახალი ძალით გაღვიძება... მაგრამ, ამაზე ფიქრი არ უნდოდა. ნიკასთან ერთად, ახალი
ცხოვრების დასაწყისში, მხოლოდ დადებითი ემოციების მიღება სურდა,
განსაკუთრებით – პირველ დღეებში, როცა სრულიად მარტონი იყვნენ და შეეძლოთ,
მხოლოდ ერთმანეთით ყოფილიყვნენ დაკავებული. მარიკამ იცოდა, როგორი
რთულია ეჭვით ცხოვრება. თუმცა, მცდელობა, რომ ამისგან ნელ-ნელა
გათავისუფლებულიყო, ჰქონდა. რწმენას კი თავისი პროფესია ჰმატებდა.
თავდაჯერებულობა არასდროს აკლდა... თუმცა, როცა ქალი შეყვარებულია, ის
ყოველთვის ცდილობს, არ დაინახოს ის, რისი დანახვაც არ უნდა...

***

დევიმ ტელევიზორი ჩართო და თემოს სიგარეტის კოლოფზე ანიშნა, გადმომიგდეო.

– დღეს დოზა დამაკლდა. თან, საქმეც არ მაქვს და მოვწევ ერთ-ორ ღერს.

– რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ, მაგ ტელევიზორს ძალიან ნუ აუწევ, ფიქრში ხელს
მიშლის.

– შენც, ნუ ფიქრობ ამდენს, გეყოფა, თავის ტკივილი იცის, – იხუმრა დევიმ.

თემომ შეუბღვირა:

– შენ რა, საქმე არ გაქვს? წადი, იმუშავე...

– წარმოიდგინე, რომ არ მაქვს. მართლა... რაღაც, აღარავის კლავენ...

– ვინც მოკლეს, იმის საქმეს ხომ გავართვით თავი... – ჩაიღრინა თემომ.

დევიმ ხელები გაშალა:

– მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ძმაო...

– მერე, ვინ გითხრა, არ გააკეთეო. მაგრამ, ვცოფდები, როცა მახსენდება, როგორ


მოახერხა ახვლედიანმა პროკურატურის დარწმუნება.

– შენც ხომ იცი, რომ მოსახერხებელი ბევრი არაფერი იყო. აღიარე, რომ ნოდიას
შვილის წინააღმდეგ სერიოზული სამხილები არსებობდა.

– რა სამხილი, რას ლაპარაკობ? აი, ნახავ, დაცვის მხარე როგორ გააცამტვერებს მაგ
ვითომდა სამხილებს.

– კი მაგრამ, მოტივი? მოტივზე რაღას იტყვი?

– მოტივი სამხილი არ არის და ეს შენ ჩემზე უკეთ იცი.

– მე ბევრი რამე ვიცი... – დევიმ თითები გაატკაცუნა და წაიღიღინა, – მერე რა, რომ
ვიცი? ზოგჯერ აჯობებს, საერთოდ არაფერი იცოდე... თუმცა, ისიც ხომ ფაქტია, რომ
შენი პროგნოზებიც არ გამართლდა?
– რომელი პროგნოზები?

– მკვლელი თავისუფლად დასეირნობს გარეთო...

– რა იცი, რომ არ გამართლდა? ჯერ კიდევ არის დრო, – ნიშნი მოუგო თემომ და
თავისივე სიტყვებზე გაეცინა, – მეც რა მაგარი ვარ... ვერ შევეჩვიე, რომ ზოგჯერ უნდა
„დავიკიდო“ რაღაც-რაღაცეები.

– და, ვიღაც-ვიღაცეები! – მრავალმნიშვნელოვნად დაურთო დევიმ, – მაგალითად,


ერთი ჩვენი უფროსი, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ.

– ნეტავი გამაგებინა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში აზრად მაგ იდიოტის ამ


თანამდებობაზე დანიშვნა. ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ ვერ აზროვნებს.

– მხოლოდ ზოგჯერ? ისე, აქ მაინც არ ღირს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. საერთოდ, რა


ქნას ბიჭმა, თუ დიდი ამბიცია აქვს, შესაძლებლობები კი – გაცილებით ნაკლები. მე,
მაგალითად, არ მძულს.

– არც მე ვარ მისი ზიზღით შეპყრობილი, მაგრამ, მუშაობაში რომ ხელს მიშლის?!
მარიკასთვის ხომ არ დაგირეკავს? – ერთბაშად შეცვალა თემომ საუბრის თემა, –
როდის ბრუნდება სამსახურში?

– აცადე ახლა იმ გოგოს. ჯერ სამი დღეც არ არის, რაც გაბედნიერდა, თაფლობის თვე
უნდა ჩაუმწარო შენი გვამებით და მოკლულებით?

– ჩემი გვამები და მოკლულები, არა?! თუმცა, აქ ყველას, რატომღაც, მართლა ჩემი


ჰგონია. მაინც არ დაგიჯერა და გაჰყვა ცოლად იმ ბიჭს, მიუხედავად იმ ეჭვისა,
რომელიც ყველას აქვს?

დევიმ მხრები აიჩეჩა.

– რა ქნას, უყვარს. სიყვარული კი, მოგეხსენება, ბრმაა. თუმცა, რას გიხსნი, ეს ხომ შენც
იცი.

– არ გინდა, რა... მე სრულიად სერიოზულად გელაპარაკები. რატომ არ ვუთხარი, რომ


შეიძლება, დანაშაულს მალავდეს? ეს უკვე დანაშაულია.

– მარიკას ამის ახსნა არ სჭირდება. თანაც, რა დანაშაულზე შეიძლება იყოს საუბარი,


როცა იქ უბედური შემთხვევა მოხდა?

– ძალიან დარწმუნებულიც ნუ იქნები ამაში...


– ახლა, არ მითხრა, რომ ისევ შენმა ინტუიციამ გაიღვიძა, თორემ, გავაფრენ.

– კარგი, აღარ გვინდა ამაზე, მაგრამ, მარიკა მჭირდება. მე ვერ დავურეკავ, ისევ შენ
შეეხმიანე და უთხარი, რომ ძალიანაც ნუ გააგრძელებს არდადეგებს.

– გინდა, დღესასწაული ჩაუმწარო? – სერიოზულად თქვა დევიმ. თემოს ეწყინა:

– ეგ რა ლაპარაკია? რატომ უნდა ჩავუმწარო? უბრალოდ, შენ იცი აქაური სიტუაცია


და მარიკას გარეშე ძალიან გამიჭირდება.

დევი მაშინვე მიხვდა:

– შენ რაღაც გადაწყვიტე. ასეა?!

თემომ მდუმარედ დაუქნია თავი.

– რა? მაინც არ იშლი შენსას?

– ჰო. რა ვქნა? რაღაც არ მასვენებს. მით უმეტეს, როცა ახლა შანსი გაჩნდა.

– ოღონდ, არ მითხრა, რომ მარიკას დედამთილზე ან ქმარზე დაკვირვება უნდა


დაავალო.

– „დაკვირვება“ ძალიან ხმამაღალი და უხეში ნათქვამია. ჩემი ინტუიცია უნდა


გადავამოწმო. ნუ ინერვიულებ, მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოვიჩენ. ეს ჩემს
ინტერესებშიც შედის, მაგრამ, მარიკას შენ უნდა დაელაპარაკო.

– ასეც ვიცოდი!

– რა იცოდი?

– შავ საქმეს ჩემი ხელით რომ გააკეთებდი.

– უბრალოდ, შენ და მარიკამ კარგად გაუგეთ ერთმანეთს და შენ უკეთესად


მოახერხებ ამის თქმას.

დევიმ ამოიოხრა და თავი გადააქნია:

– ექსპერტის გარდა, მგონი, ყველაფერი ვარ, ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ.

– ნუ ბუზღუნებ, თვითონვე მოგწონს, როცა გამოძიებაში მეხმარები.

– და, შენც ბოროტად სარგებლობ ამით, – შეახსენა დევიმ. თემომ ხელი აუქნია:
– შენ ხარ და, ვინმეს ასარგებლებინებ, როგორ არა...

– ეჰ, ჩვილი გული მაქვს ბავშვივით, რა ვქნა, უარს ვერაფერზე გეუბნები.

– მორჩი მასხრობას და მითხარი, დაურეკავ მარიკას, ეტყვი?

– დღეს და ხვალ ნუ მომთხოვ ამის გაკეთებას. მერე კი, რაც მიბრძანე, იმას
შევასრულებ, სხვა რა გზა მაქვს?

– მეც არ ვიცი, რა მემართება, რატომ ვერ ვისვენებ.

– გეტყოდი, მაგრამ, ჯობია თავი შევიკავოთ. თუმცა, მესმის შენი. ისე, იმ ნოდიას ბიჭი
მეც მეცოდება. მით უმეტეს, თუ დამნაშავე არ არის.

– ჰოო?! მეც სწორედ ეგ პრობლემა მაქვს.

დევიმ თითი შემართა:

– მაგრამ, ამისთვის არსებობს სასამართლო. შენ, რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე.

– მე ასეთი დარწმუნებული არ ვარ. ნეტავი, ვცდებოდე, ნეტავი.

– უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „არაფერი ისე არ შთაგაგონებს და აღგაფრთოვანებს


ცხოვრებაში, როგორც იმის გაცნობიერება, რომ გესროლეს და აგაცილესო“. ასე რომ,
ძალიანაც ნუ ინერვიულებ...

***

... ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ისე არა, როგორც ადრე ხდებოდა. ამჯერად ემოცია
წარმოუდგენლად ძლიერი იყო, თითქმის ვნების ტოლფასი. ამიტომ, სიამოვნების
განცდამ თხემით ტერფამდე მოიცვა. სამაგიეროდ, თითქმის ბოლომდე ჩაახშო
გონების ხმა და საშუალება არ მისცა, მომხდარი გაეანალიზებინა, რასაც ჩვეულებრივ
აკეთებდა ხოლმე. აღარც იმაზე უფიქრია, რამდენი დრო დასჭირდა ჩანაფიქრის
შესრულებას. მისთვის მთავარი იყო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და
შინაგანი, ლამის ინსტინქტად ქცეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. სიმშვიდე
მოგვიანებით მოვიდა. ნელ-ნელა, როგორც ნისლი მოიცავს ხოლმე არე-მარეს, ისე
შეაღწია მის არსებაში და ყველა გრძნობა მიაძინა, ყველა შეგრძნება, გარდა ერთისა: ის
კმაყოფილი იყო – დაკმაყოფილებული და ემოციებით სავსე, მაგრამ, ამავე დროს,
დაცლილი ამ ემოციებისგან. ეს უცნაური თანხვედრა იყო ის, რასაც მიელტვოდა და
რისთვისაც რისკიც არაფრად უღირდა...

***
... დათომ დაჭმუჭნილი პერანგი მაგიდაზე დადო და სამზარეულოში გავიდა წყლის
მოსატანად. დაბრუნებულს დივანზე წამოწოლილი მაკა დახვდა. ქალი მინერალურ
წყალს წრუპავდა და ჩუმად ოხრავდა. ძმას უკმაყოფილო გამომეტყველებით შეხედა.

– რა იყო? – ვერ მოითმინა დათომ, – ისევ ცუდ გუნებაზე ხარ?

– ცუდ გუნებაზე არა, ცუდად ვარ. შენ რას აკეთებ?

– ვერ ხედავ? პერანგს ვაუთოებ.

– კი არ აუთოებ, ასველებ, – მაკა დაიჭყანა, – ღმერთო, რა საზიზღრად ვარ... მთელი


სამყარო მძულს.

დათომ მხრები აიჩეჩა:

– არ მიკვირს. აი, მე კი ეს პერანგი მძულს.

– ამდენ წყალს ნუ ასხამ, დაალპობ, – ჭკუა დაარიგა დამ.

– მართლა, მაგ კომენტარებს გირჩევნია, დამიუთოო!

– არც იოცნებო. ფეხზე ვერ ვდგები. შენი პერანგის დაუთოების არც სურვილი მაქვს
და არც ფიზიკური შესაძლებლობა. ისე, სად მიბრძანდები?

– ნიკას მივყვები ერთგან. მნიშვნელოვანი ხალხია, მნიშვნელოვანი შეხვედრა და


შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდე.

– მართლა? რა იყო, ცოლი ხომ არ მოჰყავს?

– მოიყვანა უკვე, – ნიშნის მოგებით, საზეიმო ხმით გამოაცხადა დათომ და დას თითი
დაუქნია, – ხომ გეუბნებოდი, სულ ტყუილად აიწეწე ცხოვრება!

– მოკეტე, ისედაც ცუდად ვარ, – შეუღრინა მაკამ, – რა უნდა გელაპარაკო, საერთოდ


არ გესმის ჩემი...

– როცა მესმოდა, ან, ვცდილობდი, გამეგო, მაშინაც სულელი ვიყავი – ხელი შეგიწყვე,
ყველაფერი გაგეფუჭებინა. შენი ცხოვრება გაგეფუჭებინა... მოკლედ, აზრი არ აქვს
შენთან ამაზე ლაპარაკს.

– რატომ?
– იმიტომ, რომ ნიკამ მარიკა მოიყვანა ცოლად, სწორედ ის მარიკა, ვის გამოც ოჯახი
დაანგრიე. მაგ გოგოს ერთი წუთითაც არ უფიქრია შენს ქმარზე. „პატიების უნარი
მხოლოდ ძლიერ ადამიანებს აქვთ. სუსტები არასოდეს პატიობენ!“ – არ ვიცი, ეს ვინ
თქვა, მაგრამ, მაგარი ნათქვამია.

– ესე იგი, მე სუსტი ადამიანი ვარ?

– აბა, რა... ვერ გაუგე კაცს.

მაკამ ამოიოხრა:

– ახლა ისე ცუდად ვარ, პასუხის გაცემაც არ შემიძლია, თორემ გეტყოდი...

– დამშვიდდი, ამ პერანგს დავაუთოებ და გავქრები.. შენ კი, თუ ცუდად ხარ, ექიმთან


მიდი.

– გმადლობ, შენს რჩევას გავითვალისწინებ... ღმერთო, რა ცუდად ვარ. გარშემო


ყველაფერი ტრიალებს და გული მერევა.

– „პახმელიაზე“ ხომ არ ხარ?

– მომეშვი, შენი დანახვაც არ მინდა!

– თემოსი? – ეხუმრა დათო, მაგრამ ამან ქალი მხოლოდ გაამწარა, ბოთლი მოუღერა
და ისტერიკულად იკივლა:

– მომშორდი!

***

... სხეული არასდროს იტყუება. მან ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა, რას გრძნობს
და რა უნდა მოიმოქმედოს ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად. თუ ნებაზე მიუშვებ,
კმაყოფილი დარჩება, მაგრამ, იქნება თუ არა კმაყოფილი გონებაც, რომელსაც
ზოგჯერ გაცილებით ურჩევნია, „მოატყუოს“ სხეული?! ყველაფერი დამოკიდებულია
იმაზე, რა უჯდება გონებას სხეულის დაკმაყოფილება და სიმართლე...

სამართლიანობა აღსრულდა – ის ამას სხეულით გრძნობდა... სხეულით, რომელიც,


პრაქტიკულად, არასდროს ტყუის...

***

ქალმა მაგიდას გადახედა:


– მგონი, არაფერი აკლია... დაურეკე? რა გითხრეს, მალე მოვალთო?

– მოვლენ, სხვა გამოსავალი არ დაუტოვე და... – გაეცინა კაცს, – მგონი, ზედმეტი


მოგვივიდა.

– რას გულისხმობ?

– სუფრას, თათა, სუფრას ვგულისხმობ. ამდენი საჭმელი ვინ უნდა ჭამოს?

– ერთი-ორი ახლობელი დავპატიჟე, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ქალმა და


მაშინვე თავდაცვაზე გადავიდა, – არც ეცადო, მისაყვედურო. ბავშვი გათხოვდა.
თქვენი ორიგინალურობის წყალობით, ისედაც ვერაფერს ვაკეთებ. ჰო, რას მიყურებ?
არ იტყვის ხალხი, ამისთანა რა გაუჭირდათო? ტყუილად იბღვირები. იმ შენს
შვილსაც უთხარი, რომ მობრძანდება, არ გაფხუკიანდეს. რასაც ვაკეთებ, ისევ
მისთვის. ვერაფრით ვეგუები იმას, რომ იმ ბიჭის შესახებ არაფერი ვიცით.
დედამისიც კი ვერ გავიცანი.

– ვიცი, რომ ჩვენს შვილს უყვარს და ჩემთვის ეს საკმარისია.

– იმიტომ, რომ შენი შვილივით ძალიან მარტივად უყურებ ამ ცხოვრებას,


მეტისმეტად მარტივად. არ არის ისე, თქვენ რომ გგონიათ, თავიც რომ მოიკლა, ამ
საზოგადოების ნაწილი ხარ და ამას ვერ გაექცევი.

ზურაბმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი:

– მარიკა გადაირევა. ეს არ არის ოჯახური ვახშამი. მოვლენ და აქ სტუმრებს


დაახვედრებ. მარტო შენზე კი არა, ჩემზეც გაბრაზდება და მართალიც იქნება. მაინც,
ვინ დაპატიჟე? ჩემთვის მაინც გეთქვა და გაგეფრთხილებინე.

– შენთვის რომ მეთქვა, ყველაფერს ჩამიშლიდი. ისეთი არავინ დამიპატიჟებია, ნუ


გეშინია უნდა მომეხმარო, მარიკა დავარწმუნოთ, რომ ასე იყო საჭირო.

– როგორ დავარწმუნო იმაში, რაც მე თავადაც არ მესმის? თათა, რატომ არაფერი


მითხარი?

– ტრაგედიას ნუ ქმნი, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ოჯახური ვახშამია ოჯახის


მეგობრების თანდასწრებით. ნიკას დედა რომ დაბრუნდება და შევხვდებით,
ქორწილზეც დავილაპარაკოთ.

– აჰა, ახლა კიდევ ქორწილი აიხირე. თათა, იმდენს იზამ, მარიკა საერთოდ აღარ მოვა
ჩვენთან.
ქალმა ამოიოხრა:

– რატომ არ შეგიძლიათ შენ და შენს შვილს ნორმალური, ჩვეულებრივი


ადამიანებივით იცხოვროთ? ასეთი ძნელია? თუ, ორივე მე მეჯიბრებით? იცოდე, მისი
მხარე არ დაიჭირო, თორემ, ძალიან გავბრაზდები, ჩემი გაბრაზება კი ადვილად არ
ჩაგივლის. ჯერ ისიც ვერ მომინელებია, სახლიდან ჩუმად გაპარვის ნება რომ მიეცი.

– მარიკა არ გაპარულა. გვითხრა, გაგვაცნო და, საერთოდ...

– და, საერთოდ, რაც შენ ხარ, შვილიც ზუსტად ისეთი გყავს. გაფრთხილებ,
პრობლემები არ შემიქმნა და, ძალიან გთხოვ, იმ ხალხთან არ შემარცხვინო.

– მითხარი მაინც, რომელ ხალხზეა ლაპარაკი?

– ნახავ. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი იქნება, შენი და ჩემი. მინდა, სიძე გავაცნო.

– კარგი. ახლა გაბრაზებას აზრი არ აქვს – ხელი ჩაიქნია კაცმა, – ისღა დამრჩენია,
წარმატება გისურვო შენს ჩანაფიქრში.

ქალმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– შენსას მაინც არ იშლი, მაგრამ არ აგყვები – არ მინდა, ნერვები მოვიშალო...

***

ნიკამ დიდხანს აწვალა გასაღები საკეტში და გაღიზიანებულმა შეიგინა. მარიკამ


ჩანთა მხარზე გადაიგდო და მასთან მივიდა.

– რა ხდება?

– არ ვიცი, საკეტს რაღაც დაემართა. ვერ ვაღებ. მანქანა როგორ გამოვიყვანო?

– რა უნდა დამართნოდა? მაჩვენე, ახლა მე ვცდი, – მარიკამ გასაღები გამოართვა,


მაგრამ, თვითონაც ვერაფერი მოუხერხა:

– წარმოუდგენელია. ყოველთვის ადვილად იღებოდა!..

– არაფერი გამოდის. დამხმარე რაზმის გამოძახებაა საჭირო... ან ტაქსის, თორემ,


დაგვაგვიანდება. მე ტაქსის იდეას ვემხრობი – ნაკლები დრო დასჭირდება.

– გაუგებარი და გამაოგნებელი ამბავია!


– არა უშავს, მაგაზე მერე ვიფიქროთ, – მარიკა მხარზე მიეხუტა ბიჭს, – დათოსაც
უნდა გავუაროთ, არ დაგავიწყდეს.

– ცოტა მეუხერხულება. დედაშენს და მამაშენს, ალბათ, ერჩივნათ, მარტონი


მივსულიყავით, მე კი დათო ავიკიდე.

მარიკამ გაიცინა:

– ამას იმიტომ ამბობ, რომ დედაჩემს არ იცნობ.

– რას გულისხმობ?

– როცა მიხვალ, მიხვდები.

ნიკამ გაოცებით შეხედა ცოლს. მარიკამ გაიცინა.

– ასე ნუ მიყურებ, ყველაფერი კარგად არის. მთავარია, არ დაიბნე...

ზუსტად ოთხი საათის შემდეგ მარიკამ აივანზე გასულ ქმარს გააკითხა.

– აბა, როგორ ხარ?

– არაჩვეულებრივი საღამო იყო, მშვენიერი საზოგადოება. კარგად გავერთე.


ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ამ ადამიანების ნახევარზე მეტს არ ვიცნობდი.

მარიკამ გაიცინა:

– ჩემი მშობლების მეგობრები იყვნენ. კარგი ხალხია, თანაც, ის ქალი შენი მეგობრის
დედა იყო – გარდაცვლილი ვახტანგ ჩილაჩავას ცოლი ვერ იცანი?

ნიკამ წაუსტვინა:

– იმიტომაც მიყურებდა ასე უცნაურად? ძალიან მალე გამოსულა შოკიდან. საკმაოდ


მხიარულად გამოიყურებოდა და შავი კაბაც არ ეცვა.

– საფლავში ვერ ჩაყვებოდა... ისე, სასიამოვნო ქალია.

ნიკამ ამოიოხრა:

– მე ისევ გარაჟზე ვფიქრობ. ცოტა უცნაურად მეჩვენება ეს ამბავი – საკეტი რას უნდა
გაეჭედა?

– არ ვიცი. ნუ ინერვიულებ. საკეტს ეშველება... გაიგონე, დედაჩემმა რა თქვა?


– რა?

– ქორწილთან დაკავშირებით...

– ჩვენ რომ ქორწილი არ გვინდოდა?! შენც ხომ ამას მეუბნებოდი...

– ნუ გეშინია, არავითარი ქორწილი არ იქნება. მე მართლა არ მინდა ეს. თან, დროც არ


მაქვს, სამსახურში მალე უნდა დავბრუნდე. მერე, ერთი ათი დღით გამოვძვრები და
სადმე წავიდეთ. მამაჩემი დამპირდა და ფულს მოგვცემს. დედაჩემისაც მესმის –
ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით უნდა, ასეთი ტიპია.

– ჰო, დედები აშკარად „ტიპები“ გვყავს... – გაიცინა ნიკამ და მარიკა მკერდზე მიიკრა.

***

თემოსთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, საკუთარი სინდისის ხმა არ მისცემდა მშვიდად


ყოფნის საშუალებას თუ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მიღებული
საყვედური. იქნებ, ეს მეორე ვარიანტი ერჩივნა კიდეც. სინდისის ხმისგან არ შეეძლო
თავის დაცვა, თორემ, საყვედურზე პასუხის გაცემას როგორმე
მოახერხებდა. სავარძელი ფანჯარასთან მიაჩოჩა და სიგარეტს მოუკიდა. ძალიან
უჭირდა იმ სიცარიელის ატანაც, მის ბინაში დიდი ხნით რომ დაისადგურა. იცოდა,
რაღაცის გაკეთება იყო საჭირო არსებული რეალობის შესაცვლელად,
მაგრამ, სამოქმედო გეგმა თუ არა, მოქმედების დასაწყებად სურვილი ხომ მაინც
უნდა ჰქონოდა... ზარის ხმა შორიდან და ბუნდოვნად ჩაესმა. საკმაოდ გვიან მიხვდა,
რომ მის გარდა კარს სხვა ვერავინ გააღებდა და ზანტად გაემართა
შემოსასვლელისკენ.

– სადა ხარ, კაცო! – აქოშინებულმა შემოაბიჯა დევიმ, – ტელეფონს მაინც რატომ არ


პასუხობ, გული რომ გამიხეთქე? სამსახურში მოსვლას არ აპირებ?

– დღეს კვირა არ არის? ვისვენებ.

– რა კვირა, ორშაბათია უკვე! – დევიმ შიშით შეხედა მეგობარს, – გუშინდელი დღე


ისე გაატარე, რომ ვერაფერი გაიგე? კარგად ხარ? თემო, ერთი შემომხედე, ექიმთან ხომ
არ წავიდეთ?

– ნუ გეშინია, არაფერი მჭირს. უბრალოდ ვფიქრობდი, – თემომ მისი შუბლისკენ


გაწვდილი ხელი აირიდა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა, – ახლავე
მოვწესრიგდები და წამოვალ. დამელოდები?

– აბა, აქ რისთვის ვარ? ნეტავი, გუშინაც შემომევლო, მაგრამ, რა ვქნა, რაც დამავალე,
იმას ვაკეთებდი.
– რა დაგავალე?

– არ გახსოვს? მარიკა ვნახე და ველაპარაკე.

– მართლა? რაო, ბედნიერებისგან მიწაზე აღარ ვაკარებ ფეხსო? – ღვარძლიანად


ჩაილაპარაკა თემომ, თან კომოდიდან პირსახოცს იღებდა. დევიმ გაოცებით შეხედა.

– შენ აშკარად რაღაც გჭირს. რა გემართება? რომ არ გიცნობდე, ვიტყოდი, იმ გოგოს


ბედნიერება შეშურდა ან ეჭვიანობს-მეთქი.

– ხომ იცი, რომ ასე არ არის?

– თემო, იქნებ, შვებულება აიღო და სადმე წახვიდე ერთი-ორი დღით? სერიოზულად


გეუბნები. ძალიან არ მომწონხარ.

– სად წავიდე ასე, მარტო? – გაბრაზდა თემო, – არა მიშავს, გამივლის. ასე იმიტომ ვარ,
რომ საქმე შემომაკლდა. ნახავ, რაღაც გამოჩნდება თუ არა, მაშინვე ფორმაში
ჩავდგები.

დევიმ თავი გადააქნია:

– მე ვერ მომატყუებ. დამიჯერე, წადი სადმე.

– კარგი, ვიფიქრებ მაგაზე. ახლა კი მაცადე, შხაპი უნდა მივიღო. შეგიძლია,


ტელევიზორს უყურო, პულტი სავარძელზეა.

დევიმ სინანულით გახედა მეგობარს და სავარძლიდან პულტი აიღო. მერე შებრუნდა


და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარებულს მიაძახა: – არც გიკითხავს, მარიკამ რა
თქვა და, ცდილობ დამიმტკიცო, რომ კარგად ხარ? დღესვე შეგაგდებ ახვლედიანთან
და შვებულებას გათხოვნინებ... ამ ტელევიზორში კი ვერაფერს ნახავ საინტერესოს.
საინფორმაციო გამოშვებებიც კი უინტერესო და ინფორმაციას მოკლებულია... –
დევიმ რამდენიმე არხზე გადართო და უცებ გაშეშდა. მერე ხმას მოუმატა და
ტელეეკრანს გაფაციცებული მიაჩერდა. თითქმის იმწამს დარეკა მისმა
მობილურმაც...

– გისმენ! ჰო, ვიცი უკვე! საიდან და, ჩიტმა მომიტანა ამბავი! მაგას რა მნიშვნელობა
აქვს? მთავარია, რომ ვიცი და მოვდივარ. ვინ? თემო? აქ არის, ჩემთან. ვეტყვი, რა თქმა
უნდა. ხომ იცი, რაც უნდა გააკეთო? აბა, შენ იცი!..

დევიმ მობილური დადო და ხელები მოიფშვნიტა, მერე ისევ ტელევიზორზე


გადაიტანა მთელი ყურადღება. თემოს ოთახში შემოსვლა არც გაუგია.
– ყავა დავლიოთ თუ სადმე გზაში ვისაუზმოთ?

დევიმ ტელევიზორის ეკრანისკენ გაიშვირა თითი.

– აი, რასაც ნატრობდი. ვერც ყავის დალევას მოასწრებ და ვერც სადმე სასაუზმოდ
შევლას, სასწრაფოდ გავდივართ. მკვლელობა მოხდა – ხომ ეს გინდოდა?

– რა?! შენ ვინ გითხრა?

– ჯერ ტელევიზორმა და მერე ვახომაც დარეკა. ნახე, შენს ტელეფონშიც უნდა იყოს
შემოსულ ზარებში – სასწრაფოდ მოდით, ახვლედიანი გადარეულია,
ჟურნალისტებმა როგორ მიგვასწრესო...

– არ მეტყვი, რა მოხდა?

– მე თვითონაც ბევრი არაფერი ვიცი, იმაზე კი, რაც პირმშვენიერმა ჟურნალისტმა


გვაუწყა მოზეიმე იერით, გზაში მოგახსენებ. მგონი, ამათ მართლა უხარიათ, რაღაც
უბედურება რომ ხდება. ჰა, იცვამ, თუ არა?!

განყოფილებაში აღარ შეუვლიათ. ახვლედიანმა თავადაც დარეკა და პირდაპირ


შემთხვევის ადგილას მისვლა მოსთხოვა. საპატრულო სამსახურის რამდენიმე
ბრიგადა თავგანწირვით იცავდა იქაურობას ჟურნალისტების თავდასხმისგან. პაპავა
და დევი სწრაფად შეუშვეს რკალს შიგნით და ისევ საწყის პოზიციაზე დაბრუნდნენ.

დევიმ წაუსტვინა:

– ოჰოოო!.. ეს უკვე გიჟის ნამოქმედარს ჰგავს. რამდენი სისხლია... მიცვალებული ხომ


არ დაგიძრავთ ადგილიდან? – მიუბრუნდა ახლოს მდგარ პატრულს.

– ჩვენ არა, მაგრამ, მგონი, ბარის თანამშრომლებმა გადააადგილეს. შეიძლება, მის


გადარჩენას ცდილობდნენ.

– მიდი, გაარკვიე, რომელმა გააკეთა ეს საქმე და აქ მომიყვანე... – დევიმ მოკლულთან


ჩაიმუხლა, რამდენიმე წუთი მდუმარედ ათვალიერებდა და მხოლოდ თავს აქნევდა.
თემოს მოთმინებამ უღალატა:

– აბა, რას იტყვი?

– ჯერჯერობით, მარტო იმას, რომ ძალიან ბევრი სისხლია და ჭრილობების


ნაკლებობასაც არ ვუჩივით – კარგად დაუჩეხავთ. წინასწარ, სანამ გვამს უკეთესად არ
დავათვალიერებ, ამის მტკიცება ძნელია, მაგრამ, მგონია, რომ სიკვდილი
სისხლისაგან დაცლამ გამოიწვია – არც ერთი ჭრილობა არ არის სასიკვდილო.
– მაშინ, რამ მოკლა?

– მათქმევინე, რა დაგემართა? სწორედ მაგის ახსნას ვცდილობ. არც ერთი


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ უნდა იყოს დაზიანებული, მაგრამ,
სისხლმა დიდხანს იდინა, მანამდე, სანამ ჯერ შოკი, მერე კი სიკვდილი არ
განვითარდა მერე კი სიკვდილით არ დასრულდა.

– ამით რისი თქმა შეიძლება?

– გააჩნია, საკითხს როგორ მივუდგებით, – დევიმ სანახევროდ ჩახდილ შარვალზე


მიუთითა გამომძიებელს: – ამაზე რას ფიქრობ?

ვახომ დაასწრო:

– ტუალეტში გამოვიდა კაცი მოსაფსმელად და მკვლელმა სწორედ მაგ დროს


მიუსწრო.

დევის გაეღიმა და თემოს შეხედა:

– შენც ასე გგონია?

– ჰო, ალბათ. შენ სხვა ვერსია გაქვს?

დევიმ თავი დაუქნია:

– მაქვს და ამის საფუძველს საზარდულსა და სათესლეებს შიროს მიყენებული


ჭრილობები მაძლევს. თუ გაკვეთის შემდეგ შარდის ბუშტიც სავსე აღმოჩნდება, მაშინ
უკვე დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ტუალეტში მოსაფსმელად კი არა, სხვა რამის
გასაკეთებლად შევიდა. ფოტოგრაფი და დამხმარე მჭირდება. მე აქ მივხედავ საქმეს,
თქვენ კი ამ ბარის თანამშრომლები დაკითხეთ. ალბათ, პირველი, რაც უნდა
გააკეთოთ, ის ადამიანი უნდა მოძებნოთ, ვისთან ერთადაც მოკლული ბარში მივიდა.

– ანუ, ქალი უნდა ვეძებოთ? – ისევ იაქტიურა ვახომ.

– რატომ, მარტო ქალი? ეჰ, ვახო, ვახო, რა უსუსური ხარ ფანტაზიებში! წარმოსახვის
უნარი ხომ, საერთოდ არ გაგაჩნია. ის პატრული სადღა დაიკარგა? აუცილებელია,
ვიცოდე, რა მდგომარეობაში იყო გვამი, როცა პირველად ნახეს! ვახტანგ, ერთი,
გაიქეცი და დამიჩქარე ეგ ამბავი!

თემო სისხლის გუბეს დააკვირდა.


– ვხვდები, რასაც უყურებ – გაინტერესებს დრო, როდის მოხდა მკვლელობა... ოთხი
საათის ამბავია, მეტის არა. შეგიძლია, მენდო.

პატრულმა გაფითრებული ოფიციანტი მოიყვანა.

– შენ ნახე მოკლული პირველად?

– დიახ, შემთხვევით შემოვედი და... მე არ ვიცოდი, ხელი რომ არ უნდა მეხლო,


ვიფიქრე, იქნებ, ცოცხალია-მეთქი. ისე იყო პირსაბანთან მიყუდებული, რომ... ხელი
რომ შევახე, წაიქცა... ახლა ამისთვის დამაკავებთ?

დევიმ მოზეიმე სახით გადახედა თემოს:

– ასეა, რაც ვივარაუდე, ის არის. მაშ, მოსაფსმელად შემოვიდა, არა?! ეჰ, ლელაძე, რა
გეშველება?!

დევიმ ხელები გაიწმინდა და მოკიდებული სიგარეტი გამოართვა.

– მაშ ასე, საიდან დავიწყო? – მიუბრუნდა თემოს, – ძალიან საინტერესო გვამია ანუ...
მარიკა, სიხარულო, ჩვენი ბრალი არ არის, აი, ამან არ გაცალა თაფლობის თვე, – თქვა
და მაგიდაზე გაშოტილ შიშველ გვამზე მიუთითა.

– გელოდები! მარიკას მოეშვი და საქმეზე გადადი, – გააწყვეტინა თემომ და იქაურობა


ყურადღებით მოათვალიერა.

– რას ეძებ?

– სუფთა ჭიქას, წყალი რომ დავლიო.

– კარადაში ერთჯერადი ჭიქები უნდა იყოს. ოღონდ, ფრთხილად იყავი, იქვე სადღაც
ქლოროფორმიც შევინახე და...

თემომ გველნაკბენივით გაუშვა ხელი კარადის კარს და შემობრუნდა. დევიმ თვალი


ჩაუკრა:

– ვიხუმრე. ხომ უნდა დავისვენოთ ასეთი მძიმე ღამის მერე? პირადად მე აქედან
ფეხიც არ გამიდგამს. ვახომაც ძალიან ივაჟკაცა – გარეთ იყო და პატრულებთან
ერთად ცნობისმოყვარე ჟურნალისტების არმიას იგერიებდა. არც პატრონებს
დაუყრიათ კარგი დღე.

– პატრონებს? რა უნდოდათ?
– კარგი რა, რაც საერთოდ უნდათ ხოლმე – გვამი არ გაკვეთოთ და გადმოგვეცითო.
უკვე იცი, ვინც არის?

– ჰო, – თემომ რატომღაც გვამისკენ გაიხედა, – მაგრამ, ჯერ შენი ანგარიში უნდა
ჩავიბარო. მიდი, შეუდექი...

– კარგი. ახლავე ხელთათმანს ჩავიცვამ და მივყვეთ თანმიმდევრობით. მარიკა, გარეთ


ვახოს შენი ქმარი ხომ არ ელაპარაკება? მგონი, სმენა არ უნდა მღალატობდეს.

მარიკამ გაოცებით გადააქნია თავი.

– საოცარი ვინმე ხარ. ჰო, წეღან მომწერა, უნდა მოვიდე, ძალიან გვიანიაო და, ალბათ,
მოვიდა კიდეც.

– კარგია, გამცილებელი აღარ გჭირდება. ახლა, რაც შეეხება ჩვენს ყმაწვილს.


შეამჩნიეთ, ხომ, რომ წინა მოკლულისგან განსხვავებით, საკმაოდ ახალგაზრდაა.

– ეგ რა შუაშია? უფრო სწორად, რა კავშირში შეიძლება იყოს?

– არაფერი არ მიგულისხმია, ისე აღვნიშნე, – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა დევიმ


და გვამს მიუახლოვდა, – დავიწყოთ... თუ სახეზე შეხედავ და კარგად დააკვირდები,
მიხვდები, რომ სიკვდილის წინ ძალიან ასიამოვნეს. გამომეტყველება ისეთი შერჩა,
თითქოს დიდი კმაყოფილება ერთბაშად წარმოუდგენელმა შიშმა შეუცვალა და ეს
ორი გრძნობა, თანაბრად შეერია ერთმანეთს. აქედან, შემიძლია ვივარაუდო, რომ,
სანამ დანას გაუყრიდნენ, ორალური სექსით იყო დაკავებული, თუმცა დანამ ყველაზე
„საინტერესო“ მომენტში გააწყვეტინა. პირველი დარტყმა საზარდულის არეში აქვს
მიყენებული. ძალიან სისხლმდენი ჭრილობაა, მაგრამ არა, სასიკვდილო. ვფიქრობ,
მკვლელმა ეს საგანგებოდ გააკეთა.

– რისი თქმა გინდა?

– დანარჩენი ჭრილობებიც რომ ეგრძნო.

– ანუ, მკვლელი მანიაკია? – წამოსცდა მარიკას.

– არა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მკვლელს მისთვის
მაქსიმალური ტკივილის მიყენება უნდოდა. ეს შურისძიებას ჰგავს.

თემომ შუბლი მოისრისა:

– კიდევ რისი თქმა შეგიძლია?


დევიმ მხრები აიჩეჩა:

– რა გითხრა? ჭრილობებიდან მხოლოდ ორია სასიკვდილო: ერთი გულის არეში


მიყენებული, მეორემ კი საზარდულის არტერია გადაჭრა.

– შენ იცი, რა მითხარი? სისხლისგან დაიცალა და ამიტომ გარდაიცვალა, თუ ერთ-


ერთი ჭრილობის გამო იყო სიკვდილი გარდაუვალი.

– აჰა, მივხვდი, რისი თქმაც გინდა, ანუ, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, მისი
გადარჩენა შეიძლებოდა თუ არა?! არა! გულის არეში მიყენებული დარტყმა
სასიკვდილო იყო, ძალიან ზუსტი და ძლიერი.

– მკვლელი ქალია? – მექანიკურად იკითხა მარიკამ.

– აუცილებელი არ არის, საყვარელო, მამაკაცებიც კარგად აკეთებენ იმას, რაც შენ


იგულისხმე, – მიუგო დევიმ და თვალი ჩაუკრა.

მარიკა გაწითლდა.

– დასკვნას როდის დადებ?

– ხვალ დილისთვის მზად იქნება. ლაბორატორიის დასკვნა მინდა უცხო


ნაწილაკებზე – ტანსაცმელზე რამდენიმე საინტერესო ნაწილაკი ვნახე. თმაც...
ვნახოთ, ლაბორატორიული ანალიზი რას გვეტყვის. შენ რას აპირებ?

– ბარში უნდა მივბრუნდე. დანაშაულის ადგილი კიდევ ერთხელ უნდა


დავათვალიერო და მოწმეები დავკითხო.

– წინასწარ მოკვლევის ანგარიშს მოითხოვს ხვალ ახვლედიანი, – შეახსენა დევიმ, –


ჰო, მარიკა, საკმაოდ ძლიერი, ნავარჯიშები სხეული აქვს და ისეთი აგებულება, რომ
სპორტსმენი უნდა იყოს.

– მართალი ხარ, ყოფილი მოჭიდავეა, – დაუდასტურა თემომ.

– ჰო?! საინტერესოა... ანუ, უკვე იცი მისი ვინაობა?

– ეს სირთულეს არ წარმოადგენდა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი


ჯიბეში ედო, მაგრამ, გვარი და სახელი ბევრს არაფერს ნიშნავს. მისი პიროვნების
შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. წავედი ახლა მე და მარიკაც თან მიმყავს. შენ
განაგრძე და, თუ რამე საგულისხმოს აღმოაჩენ, მაშინვე დამირეკე.
– რა თქმა უნდა. ყოველთვის ასე არ ვიქცევი? ისე კი, პირდაპირ სულზე მოგვისწრო ამ
ამბავმა, ასე არ არის? – დევიმ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.

– შენსას არ იშლი, არა იმედი მაქვს, ამ მკვლელობის გამოძიების საშუალებას მაინც


მომცემენ.

– ნუ იბოღმები. არც იმ საქმეებისთვის დაგიკლია რამე. მარიკა, მიხედე ერთი ამას.

მარიკა და თემო პროზექტურიდან გამოვიდნენ. ეზოდან ხმაური ისმოდა. მარიკამ


ქალის მწივანა, ისტერიკული ხმაც გაიგონა.

– იქ ახლა საგიჟეთი იქნება. ჭირისუფალთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა


თავიდან რომ ავირიდოთ, უკანა მხრიდან გავიდეთ. ვახოს დაურეკე და უთხარი,
გზაში დაგვეწიოს.

– ჩემი ქმარი? – წამოსცდა მარიკას.

თემო შეიჭმუხნა.

– იმასაც დაურეკე, – მიუგო მშრალად და ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო...

***

ბარმენი ჯერაც არ იყო გონს მოსული. დახლთან იჯდა და გაფითრებულ ოფიციანტს


ელაპარაკებოდა, თან დამფრთხალი იხედებოდა აქეთ-იქით. ბარი პოლიციელებით
იყო სავსე. გარეთ პატრულის რამდენიმე მანქანა მორიგეობდა. იქაურობა უკვე
გაეწმინდათ ცნობისმოყვარეებისგან და მხოლოდ მომსახურე პერსონალიღა იყო
დარჩენილი.

– შეიძლება, მეც შიგნით შემოვიდე? – ჰკითხა ვახოს ნიკამ, – ძალიან მაინტერესებს,


ვუყურო, როგორ მუშაობს მარიკა.

ვახომ მხრები აიჩეჩა და თემოსკენ გაიხედა.

– პრინციპში, რას დააშავებ? – თქვა ყოყმანით, – მაგრამ, მაინც, თემოსთვის რომ


გვეკითხა, ცუდი არ იქნებოდა. ცოტა სტრანნია ხოლმე მუშაობისას. მოიცა, მარიკას
ვეტყვი, – ვახო მარიკასკენ გაემართა, რომელიც ერთად შეჯგუფებულ ბარის
თანამშრომლებს ელაპარაკებოდა. ვახო მივიდა და ოდნავ დაქაჩა სახელოზე:

– შენს მეუღლეს აინტერესებს, როგორ მუშაობ და შემოსვლა უნდა. თემოს ხომ არ


ვკითხო?
– რა არის აქ საინტერესო? – მარიკამ წყრომით შეხედა ვახოს, – თემოს ხომ იცნობ?
ასეთ ექსპრომტებს ვერ იტანს. გადი და აუხსენი, რატომ არ შეიძლება აქ შემოსვლა.
თუ დაიღალა და სახლში უნდა წასვლა, პრობლემა არ არის, წავიდეს, მე
ოპერატიული მანქანით დავბრუნდები.

ვახო უხერხულად შეიშმუშნა:

– შენი ქმარია და იქნებ, შენ გეთქვა?!

– კარგი, მე ვეტყვი, – მარიკამ ამოიოხრა და ნიკასთან გავიდა.

– რა ხდება, დაიღალე?

ბიჭი დამნაშავესავით გაწითლდა:

– არა, პირიქით. ძალიან მაინტერესებდა, როგორ მუშაობთ და შიგნით შემოსვლა


მინდოდა. მოგისმენდი.

– მომისმენდი, რა სიტყვაში კი არ გამოვდივარ, რა ბავშვობაა, ასე რატომ იქცევი? იცი,


რა, შენ ახლა სახლში წადი და დაიძინე. მე როცა საქმეს მოვრჩები, ოპერატიული
მანქანა მომიყვანს.

ნიკას შეეტყო, რომ ეწყინა ცოლის სიტყვები:

– რა მოგივიდა, მარიკა? ისეთი რა გითხარი?

– არაფერი. მომეჩვენა, რომ არ მენდობი. მაპატიე, თუ გაწყენინე, მაგრამ, ცოტათი


გაღიზიანებული ვარ. თანაც, თემოს ძალიან არ მოსწონს, როცა უცხოები აქტიურობენ.
თან, ინფორმაციებიც კონფიდენციალურია. მოკლედ, წადი და დაიძინე. უკვე გვიანაა,
თან, ხვალ ვარჯიში გაქვს. მე მალე მოვალ...

ნიკა ჯიუტად არ იცვლიდა ფეხს.

– ნიკა, ნუ იბერები. ეს ჩემი სამუშაოა და ახლა დროს მაკარგვინებ. პაპავა გაბრაზდება.


უამრავი საქმე მაქვს, შენ კიდევ, მაცდენ.

– დაგელოდებოდი...

– რისთვის? მანქანა მომიყვანს სახლში, ჩემზე არ ინერვიულო.

– კარგი. რადგან ასე გინდა... მერე ხომ მომიყვები?


მარიკას გაეღიმა:

– აბა, რა... აუცილებლად მოგიყვები, რადგან ასე გაინტერესებს.

ნიკამ ცოლს აკოცა, შებრუნდა და მანქანისკენ გაემართა. მარიკას წამით შეეცოდა


კიდეც და კინაღამ უკან გამოეკიდა, მაგრამ, მალევე მოერია თავს და ბარში შებრუნდა.

– არა, არა! გამომძიებელს ცოლად არ მოვიყვან, – ჩაიხითხითა ვახომ, – არც ამ


უწყებაში მომუშავეს.

– დამშვიდდი, შენ არც არავინ გამოგყვება, – ვალში არ დარჩა მარიკაც.

– რა იყო, რამ გაგაბრაზა? შენი ქმარი ცოტათი შემეცოდა კიდეც.

– შენ ამაზე ნუ ინერვიულებ. საქმეს მიხედე, თორემ, პაპავა უკვე იბღვირება.

– არაფერს მეუბნება და... რა ვიცი, რა უნდა გავაკეთო? – მხრები აიჩეჩა ვახომ, – მე ხომ
არ გამოვიჩენ ინიციატივას? ეგეც არ მოსწონს, არ იცი მისი ამბავი?!

– ჰოდა, მივიდეთ და ვკითხოთ.

ვახო და მარიკა თემოსთან მივიდნენ.

– სადა ხარ? – საყვედურები მზად ჰქონდა თემოს, – მიდით, შემთხვევის ადგილზე


ბიჭები მუშაობენ და მიეხმარეთ, მონახაზი წესიერად გააკეთონ. მერე აქ მოდით და
პერსონალის დაკითხვაში მომეხმარეთ.

მარიკამ ვახოს მკლავზე მოჰკიდა ხელი და ტუალეტისკენ წაათრია. თემომ


ოფიციანტი გაიხმო:

– აბა, ახლა ყველაფერი დალაგებით მოყევი.

– რაც ვიცოდი, უკვე გითხარით.

– არა, ასე არ გამოვა, თავიდან დავიწყოთ. მაგ ტიპის შესახებ რაც იცი, ყველაფერი
უნდა მითხრა. მაგალითად, რომელ საათზე მოვიდა, სად დაჯდა, რას აკეთებდა,
მარტო იყო თუ არა, რა შეუკვეთა... აქ ადრეც ყოფილა თუ დღეს პირველად ნახე...

ოფიციანტი აშკარად დაბნეული ჩანდა:

– არ ვიცი, არ მახსოვს...
– მოიცა, რა არ იცი? თუ გასახსენებელი დრო გჭირდება, არ არის პრობლემა. წვენი ან
წყალი დალიე, დამშვიდდი და გაიხსენე. სანერვიულო რა გაქვს? შენ არავინ არაფერს
გაბრალებს.

– იცით, რა... მგონი, ბართან იჯდა და სვამდა... მარტო იყო, ჩემთვის არაფერი
შეუკვეთავს...

– დარწმუნებული ხარ? – თემომ სიგარეტის კოლოფი მიაწოდა, – ხედავ, ნელ-ნელა


ხვდები, რას მოვითხოვ შენგან. მიდი, მოწიე. მეც მოვწევ. ესე იგი, ბართან იჯდა და
მარტო იყო.

– კი, სვამდა... ადრე აქ არ მინახავს.

– ძირითადად, როგორი ხალხი დადის აქ?

– ყველანაირი. ჩვენ მთელი ღამე ვმუშაობთ და ზოგს სწორედ ეს მოსწონს. ზოგადად,


წყნარი ბარი გვაქვს. აქ არც ჩხუბი მომხდარა, არც შეხლა-შემოხლა. ნორმალური
ხალხი დადის. სვამენ, მუსიკას უსმენენ...

– მომსახურება ხომ არ გაქვთ განსაკუთრებული კლიენტებისთვის? მიხვდით, ხომ,


რაც ვიგულისხმე?

ოფიციანტმა თავი გააქნია:

– ვერ მივხვდი. სპეციალურ სასმელს გულისხმობთ?

– არა, ქალით მომსახურებას. – თუ კლიენტს სასმელთან ერთად პარტნიორიც


მოუნდება...

– მე არ ვიცი... მე მარტო კერძებით მომსახურება მეხება.

– ვიცი, მაგრამ, თვალებიც გაქვს და ყურებიც, თან სულელსაც არ ჰგავხარ... ასე რომ...

– არასდროს შემინიშნავს, სპეციალურად დაერეკოთ ვინმესთვის. მართლა. თუმცა, აქ


ისეთებიც მოდიან და ასეთებიც. გეუბნებით, საკმაოდ წყნარი ადგილია. ეს დღეც
არაფრით იყო გამორჩეული.

– კარგი. ახლა ის მომიყევი, გვამი როგორ ნახე.

– როგორც პირველად გითხარით: პერსონალის ტუალეტი დროებით დაკეტილია –


სარემონტო სამუშაოები მიდის. უკვე მესამე დღეა, კლიენტებისთვის განკუთვნილი
ტუალეტით ვსარგებლობთ და ამიტომ შევედი იქ. საეჭვო არაფერი შემინიშნავს,
მაგრამ, კარი რომ გავაღე...

– ჰო. სწორედ ეგ მაინტერესებს და ზუსტად უნდა მითხრა, რა დაინახე, კარი რომ


გააღე.

– სისხლის გუბე...

– თუ – მოკლული?

– არა. ძალიან კარგად მახსოვს, სისხლის გუბე დავინახე... შემეშინდა და


დამლაგებელს დავუძახე. მერე უკვე ისიც შევნიშნე. პირსაბანზე მიყუდებული და
თვალებღია... ძალიან შემეშინდა... ვნანობ, საერთოდ რომ შევეხე. ეს არ უნდა მექნა და
პირდაპირ პოლიციაში უნდა დამერეკა... მაგრამ, მართლა ძალიან შემეშინდა.

– გასაგებია. შიში ბუნებრივი რამეა, ამიტომ, არავინ დაგსჯის ამისთვის. უბრალოდ,


დეტალებს აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. თვალები ღია ჰქონდა?

– დიახ, ეს კარგად მახსოვს. ამიტომაც მეგონა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...

– კარგი. ახლა მე ბარმენს დაველაპარაკები. შენ კიდევ, იფიქრე, იქნებ რამე გაიხსენო.

ოფიციანტმა თავი დაუქნია.

თემო ბართან მივიდა.

– დალევთ რამეს? – ჰკითხა ბარმენმა. ძალიან ცდილობდა, თავი მხნედ სჭეროდა,


მაგრამ თითები ოდნავ უკანკალებდა.

– ცივი წყალი დამისხით.

ბარმენმა ჭიქაში ყინულები ჩაყარა და წყალი დაასხა.

– თქვენი კლიენტის შესახებ მომიყევით.

– განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. ჩვეულებრივი კლიენტი იყო – იჯდა და


სვამდა, მეტი არაფერი.

– მარტო იყო? არავის დალაპარაკებია? არც არავის დაურეკავს?


– მგონი, არა... თუმცა, გამახსენდა, მობილურზე დაურეკეს, რამდენიმე წუთით
გარეთაც გავიდა – ალბათ, ტელეფონზე სასაუბროდ. აქ მუსიკა ყოველთვის
ხმამაღლაა ჩართული.

– რამდენ ხანში შემობრუნდა, იქნებ გაიხსენოთ?

ბარმენი ჩაფიქრდა:

– დიდხანს არ ყოფილა გასული.

– როცა მოვიდა, ცუდ გუნებაზე იყო? მაგალითად, გაბრაზებული... ან – პირიქით...

– იცით, რაშია საქმე? მე კლიენტებს ასე არ ვაკვირდები, მით უმეტეს – უცხოებს.

– ანუ, პირველად იყო მოსული?

– დიახ. მე სახეზე კარგად ვიმახსოვრებ ადამიანებს, არ შემეშლებოდა.

– რას სვამდა, ეგეც გახსოვთ?

– რა თქმა უნდა. ყინულიან არაყს ლიმონით. თუმცა, ძალიან ბევრი არ დაულევია,


მხოლოდ რამდენიმე ჭიქა.

– ბარის სხვა კლიენტებთან კონტაქტში არ შესულა? პირადად თქვენთვის არაფერი


უკითხავს? კლიენტებს ხომ უყვართ ბარმენებთან საუბარი და გულის გადაშლა...

– ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ის, უბრალოდ, სვამდა. მერე ადგა და
ტუალეტში გავიდა.

– თუ, წავიდა?

– არა, არ წასულა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საფულე, სიგარეტის კოლოფი და


სანთებელა აქ დატოვა.

– აჰა, ეს უკვე კარგია. ოფიციანტმა მითხრა, რომ არაფერი შეუკვეთავს.

– დიახ, – ბარმენი მაშინვე დაეთანხმა, – არ ამდგარა აქედან, თუ იმ ათიოდე წუთს არ


ჩავთვლით, როცა ტელეფონზე სალაპარაკოდ გავიდა.

– კარგი. ახლა სხვა კლიენტებზე ვილაპარაკოთ. იმ საღამოს ბევრი ხალხი გყავდათ?

ბარმენმა მხრები აიჩეჩა:


– როგორც ყოველთვის.

– ეგ რას ნიშნავს? ყოველთვის ბევრი ხალხი გყავთ თუ ყოველთვის ცოტა?

– საშუალოდ. აქ ძალიან ბევრი ხალხი არასდროს არის. წყნარი ბარია და აქტიური


გართობის მოყვარულები დიდად არ გვეტანებიან.

თემომ წყალი დალია და რაღაც ჩაინიშნა თავის წიგნაკში.

– ჯერჯერობით არავინ წავიდეს – მომსახურე პერსონალს ვგულისხმობ. შეიძლება,


კიდევ მქონდეს რამდენიმე შეკითხვა.

– კი, ბატონო, ჩვენ მაინც დილამდე ვართ ხოლმე.

– დილით იკეტებით?

– დიახ, თორმეტ საათამდე. თუმცა, დამლაგებლები ათზე უკვე მოდიან და ალაგებენ.


თერთმეტზე მზარეული მოდის.

– ასე ადრე? თუ მუშაობას საღამოს შვიდი საათის შემდეგ იწყებთ, მზარეული ასე
ადრიანად რას აკეთებს?

– საღამოს ბარი იწყებს მუშაობას. მანამდე, ახლო მდებარე ოფისებიდან, ლანჩზე


მოდიან ხოლმე თანამშრომლები. რამდენიმე კომპანიისგან კორპორატიული
შემოთავაზებები გვაქვს.

– გასაგებია.

თემო ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. იქ უკვე დაემთავრებინათ მუშაობა.

***

ნიკას გზაში მოერია ბრაზი, უფრო კი წყენა, რამაც მთელი მისი არსება მოიცვა.
ცდილობდა, როგორმე გამართლება მოეძებნა მარიკას საქციელისთვის. თავს
ირწმუნებდა, სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, ეს მისი სამსახურია და, ვალდებულია,
ზოგჯერ ყველასა და ყველაფერზე წინ დააყენოსო, მაგრამ, მეორე მხრივ, ეჭვმაც არ
მოასვენა – იქნებ მარიკა მაინც არ მენდობა იმ ამბის შემდეგ და ამიტომაც მომიშორა
თავიდანო. ეს ვერსია რეალობასთან ახლოს იყო და ნამდვილად ჰქონდა არსებობის
უფლება, მაგრამ ნიკასთვის სიტუაციას უფრო ამძიმებდა. გაღიზიანებულმა სიჩქარეს
მოუმატა. სახლში მარიკას გარეშე დაბრუნება არ უნდოდა, ვერც უკან
მიბრუნდებოდა. გადაწყვიტა, ცოტა ხანს ქუჩებში ეხეტიალა. დათოსთანაც
შეიძლებოდა ასვლა და ლამის გადაუხვია კიდეც მისი სახლისკენ მიმავალ გზაზე,
მაგრამ, მოაგონდა, რომ იქ მაკა დახვდებოდა. ისედაც მოშხამულ გუნებაზე ძმაკაცის
დასთან სტუმრობა... მისი რეპლიკები რომ წარმოიდგინა, მაშინვე აიღო ხელი ამ
განზრახვაზე.

წინა საქარე მინაზე წვიმის მსხვილი წვეთები ატყაპუნდა. და მერე გვარიანად


დასცხო... „კიდევ კარგი, რომ მარიკას მოიყვანენ მანქანით, თორემ,
დასველდებოდა...“ – გაიფიქრა ნიკამ და საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ
მარიკაზე მშვიდად ფიქრი არ შეეძლო. „მგონი, დათო მართალია და სიყვარული არც
ისეთი დიდი ბედნიერებაა, როგორიც ხალხს ჰგონია. მაგრამ, ამის გარეშეც რომ
ძნელია ცხოვრება?! ნეტავი, რას ვაკეთებდი, როცა მარიკას არ ვიცნობდი? მგონი,
არაფერს. უაზროდ და ერთფეროვნად ვატარებდი დროს. ახლაც ვიცი, სიცარიელე
დამხვდება სახლში. ამიტომ, სანამ ჩემი მარუსიაც არ მორჩება საქმეს და სახლში არ
დაბრუნდება, ალბათ, დამირეკავს, მოვდივარო და მეც მერე ავიღებ იქითკენ გეზს“... –
ნიკამ მაგნიტოფონი ჩართო, წყნარი მელოდია მოძებნა და სიჩქარეს მოუკლო. მაგრამ,
ერთბაშად, გზაზე ისეთი რაღაც დაინახა, იძულებული გახდა, მანქანა გაეჩერებინა და
რამდენიმე მეტრით უკანაც კი დაეხია...

***

მარიკამ ხელები სველი ხელსახოცით გაიწმინდა და გამომძიებელს დაღლილი ხმით


სთხოვა:

– შეიძლება, ბარმენმა ყავა მომიდუღოს? ეტყობა, სისხლს ჯერაც ვერ შევეჩვიე. ცოტა
თავბრუ მეხვევა. ჩვენ უკვე მოვრჩით აქ საქმეს.

– ყავა კარგი აზრია, – გაიბადრა ვახო, – მეც დავლევ.

– კარგი, დალიეთ, – მოწყალება გაიღო პაპავამ, – რამე მოსაზრებები გაქვთ? თუმცა,


ცოტა ხანში მეც შემოგიერთდებით და მერე ვილაპარაკოთ. ბარმენს უთხარით, ყავა
ჩემთვისაც მოადუღოს.

ვახომ ჩუმად გადაულაპარაკა მარიკას:

– ეს მგონი, აქ დარჩენას და ღამის გათენებას აპირებს.

– ჰო, მერე რა იყო?! თუ საჭიროა, გავათენებთ, – არ შეეპუა მარიკა.

– ჩვენ – ჰო, მაგრამ ეს ხალხი? ან, შენი ქმარი? არ ვიყავი მართალი, როცა ვამბობდი,
გამომძიებელი ცოლი არ მინდა-მეთქი?!

– მართალი იყავი, მართალი, ოღონდ, ახლა გაჩუმდი, მიდი და ბარმენს სამი ყავა
შეუკვეთე.
– ფული უნდა გადავიხადო? – გულუბრყვილოდ იკითხა ვახომ. მარიკას ხმამაღლა
გაეცინა.

– ფული უნდა გადავიხადო-მეთქი?

– შენ როგორ ფიქრობ?

– რა ვიცი, აბა?! – ვახომ კეფა მოიქექა, – ალბათ, უნდა გადავიხადო. რა პონტია,


სტუმრად ხომ არ ვართ?!

– აბა რა, სტუმრად ნამდვილად არ ვართ. უფრო სწორად, სასურველი სტუმრები არ


ვართ, განსაკუთრებით ზოგიერთებისთვის.

ვახო ვერ მიხვდა მარიკას ნართაულს, ხელი ჩაიქნია და ბართან მივიდა. თითქმის
მაშინვე მარიკასთან თემო დაბრუნდა.

– რამ გაგამხიარულათ?

– ვახომ ყავა შეუკვეთა და ფულის გადახდას აპირებს.

– რა ეშველება ამ ბიჭს... – თავი გადააქნია თემომ.

– თანაც, მთელი საღამოა, მიმტკიცებს, გამომძიებელი ცოლი არაფერში მჭირდებაო.

– ეტყობა, შენი ქმრის მდგომარეობაში შევიდა. ჰო, მართლა. ნიკას თვალი მოვკარი.
წავიდა?

– მე ვუთხარი, რომ წასულიყო... რა უნდა გაეკეთებინა აქ. მაინტერესებს, როგორ


მუშაობო... რა სისულელეა, არა?!

– შეიძლება. თუმცა, ვინ იცის?! მახსოვს, პირველად, მაკა რომ შევირთე და საქმეზე
წავედი, გადაირია. მემუდარებოდა, მეც თან წამიყვანე, ძალიან მაინტერესებს, როგორ
მუშაობო. ზუსტად ის სიტყვები მითხრა, რაც შენ გითხრა დღეს ნიკამ და მეც ასევე
ვუპასუხე – რა სისულელეა-მეთქი.

მარიკას გაეღიმა:

– შეიძლება, ვახო მართალია.

– როგორ?

თემომ თავი გადააქნია:


– ყურადღებას ნუ მომაქცევ. საქმეზე გადავიდეთ: მითხარი, შენ რა ვერსია გაქვს?

– მე?! – მარიკა დაიბნა.

– ჰო. ვარაუდის დონეზე მაინც ხომ არსებობს რაღაც ვერსია?

– ვარაუდის დონეზე? – მარიკამ უნდობლად შეხედა პაპავას, – გულახდილად რომ


გითხრათ, ცოტათი დაბნეული ვარ. შეიძლება, ჯერ თქვენი ვერსია მოვისმინო?

– არა, არ შეიძლება. მიდი, ნუ გერიდება, სულ ჩემთან ხომ არ იმუშავებ? მალე მარტო
მოგიწევს ასეთი საქმეების გამოძიება.

– ჯერჯერობით თქვენთან ერთად მირჩევნია.

– ნუ ეშმაკობ, – მიუხვდა თემო, – მიდი, მიდი, თქვი...

– მე ორი მოსაზრება მაქვს: მკვლელი აქ, ბარში სტუმრებს შორის იყო. ტუალეტს
ერთადერთი შესასვლელი აქვს და ისიც ამ დარბაზიდან. ფანჯარა ისეთი პაწაწინაა, იქ
ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაეტევა, ანუ ჩემი მეორე ვარაუდი ასეთია: –
მკვლელი სტუმრებს შორისაც იყო და მკვლელობის ჩადენის შემდეგაც აქ დაბრუნდა.
იქნებ, როგორმე გავიგოთ, რომელი კლიენტი გავიდა ტუალეტში დროის სწორედ იმ
მონაკვეთში? – ბარმენი და ოფიციანტი უკვე დაკითხეთ?

თემომ თავი დაუქნია:

– განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავთ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ის ტიპი


კი პირველად ნახეს. ერთი სიტყვით, ან ძალიან ჭკვიანები არიან და იციან, რომ ასეთი
პასუხები მათთვის მომგებიანი ვარიანტია, ან მართლა მეტი არაფერი იციან, ან,
მესამე და უარესი ვარიანტი – რაღაცას ბოლომდე არ ამბობენ.

– ჩვენთვის რომელი ვარიანტი უფრო მისაღებია?

– კარგი შეკითხვაა. არც ერთი. ერთხელ კიდევ უნდა დაველაპარაკოთ ამაზე...

– გინდათ, რომ ეს მე გავაკეთო? – მიხვდა მარიკა.

– ჭკვიანი გოგო ხარ. ოფიციანტით დაიწყე. აი, ვახოც მოვიდა და ყავა მოგვიტანა.
ბევრი ხომ არ გადაგახდევინეს?

– საერთოდ არ გადამახდევინეს და ცოტა შევფიქრიანდი.


– გეშინია, რომ ამას ქრთამში ჩაგითვლიან? ჰო, კარგი, ვხუმრობ. ეგ ყავა დალიე და
თანამშრომლების სიახლოვეს იტრიალე. შეიძლება, რამე ისეთი წამოსცდეთ, რასაც
ჩვენთან არ იტყვიან, ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?

– რა თქმა უნდა. არაფერი გამომეპარება, – შეიფერა ვახომ.

– და კიდევ: აუცილებლად შეამოწმე, პერსონალისთვის განკუთვნილ ტუალეტში


მართლა რემონტია თუ არა.

ოფიციანტმა მარიკა უნდობლად შეათვალიერა:

– თქვენც გამომძიებელი ხართ?

– დიახ. ეჭვი გეპარებათ?

– არა, ისე ვიკითხე. არ ჰგავხართ გამომძიებელს.

– მე ჩვეულებრივი გამომძიებელიც არ ვარ. მაგალითად, მიყვარს ასეთ ადგილებში


სიარული და ხალხზე დაკვირვება. ძალიან საინტერესოა..

– გეთანხმებით. ადამიანებზე დაკვირვება მეც მიყვარს. უმრავლესობა სულაც არ არის


ისეთი, როგორადაც ცდილობს, თავი მოგაჩვენოს.

– საინტერესოა. აქ ხშირად შემოდიან ასეთები?

– რა თქმა უნდა, – ოფიციანტი გახალისდა, – წვენს მოგიტანთ. ფორთოხლის


გირჩევნიათ თუ ალუბლის?

– არ მინდა. ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ. ყოველდღე მუშაობ?

– თითქმის, რადგან ფული მჭირდება. მხოლოდ ერთი დღე ავიღე გამოსაძინებლად.

– ფული ყველას სჭირდება. ესე იგი, თან ასე ერთობით – ადამიანებს აკვირდებით.

– ჰო, აბა, რა ვქნა? რაღაცით თავი ხომ უნდა გავირთო?

– მაგალითად, გუშინ ვისზე გაერთე, ვინ იყო საინტერესო და ორიგინალური


„მოთამაშე“?

– იყო ერთი. მგონი, უცხოელია. აქ ადრეც მინახავს, ძირითადად მეგობრებთან ერთად


მოდის, საინტერესო ტიპებთან. „იმნაირები“ არიან და მაგრად „ვკაიფობ“, როცა მათ
ვუყურებ.
– „იმნაირები“, ანუ „ცისფერები“? – მარიკას რაღაც ენიშნა.

– ჰო. ძალიან მაგარია, როცა ვუყურებ, როგორ ცდილობენ ხოლმე, იმ ქალთან კარგი
ტიპები იყვნენ.

– ანუ, უცხოელი ქალია? – მარიკამ იგრძნო, რომ მოზღვავებულ ემოციას ვეღარ


მოერეოდა.

– დიახ. დიდხანს არ ჩერდებიან. მოვლენ, დალევენ, მუსიკას მოუსმენენ,


დაილაპარაკებენ და მიდიან. ზოგჯერ ის ქალი ნამცხვარს გვიკვეთავს ხოლმე. არც
ვიცი, მათზე ამდენს რატომ გიყვებით.

– არა, არა, საკმაოდ საინტერესოა. ესე იგი, გუშინ საღამოსაც იყვნენ.

– დიახ, მაგრამ, მალე წავიდნენ, თან – მოულოდნელად.

– რატომ გგონიათ, რომ მოულოდნელად წავიდნენ?

– პიცა შემიკვეთეს და აღარ დალოდებიან, როდის მივუტანდი.

მარიკამ ყურადღება დაძაბა:

– სხვა არაფერი შეგინიშნავთ განსაკუთრებული...

ოფიციანტი დაფიქრდა და თავი გადააქნია:

– არა, არაფერი მახსენდება. უბრალოდ, როცა შეკვეთა მივუტანე, მაგიდასთან აღარ


დამხვდნენ.

– აჰა. გუშინ ღამე კიდევ ვის აკვირდებოდით?

– სამწუხაროდ, თქვენ ვინც გაინტერესებთ, იმის მიმართ ყურადღება არ გამომიჩენია.


არაფრით არ იყო გამორჩეული. მთელი საღამო ძირითადად მის ზურგს ვუყურებდი –
სულ ეს არის.

– გმადლობთ. ძალიან დამეხმარეთ. თუ არ შეწუხდებით, ბარმენს სთხოვეთ, აქ


მოვიდეს.

– კი, რა თქმა უნდა... – ოფიციანტმა ფეხი აითრია, – ძალიან სიმპათიური


ბრძანდებით. შეიძლება, როცა დრო გექნებათ, სადმე დაგპატიჟოთ? მომეწონა
თქვენთან საუბარი.
მარიკამ მეგობრულად გაუღიმა და მარჯვენა ხელი ისე ასწია, ბიჭს თითზე
წამოცმული, ოქროსფრად მბზინავი რგოლი უკეთ რომ დაენახა.

– გასაგებია. მაინც ძალიან სიმპათიური ბრძანდებით.

– გმადლობთ... ახლა კი, ბარმენს დაუძახეთ.

ვახო ქოშინით მიუახლოვდა მაგიდას:

– ტუალეტში მართლა რემონტია... თანამშრომლებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთ


რამეზე საუბრობენ – რომ ეს ფაქტი ძალიან ცუდად იმოქმედებს ბარის იმიჯზე და,
შეიძლება, სხვა სამსახურის მოძებნაც დასჭირდეთ. ბუნებრივია, ამას რომ ფიქრობენ.
თემო სად არის?

– ადმინისტრატორის ოთახში, ბარის მმართველს ელაპარაკება. მე ახლა ბარმენს


გავესაუბრები და, ალბათ, ამით მოვრჩებით.

– ჰო, თორემ, ძალიან დავიღალე, ყავამაც კი ვერ მიშველა. ხვალ დილაუთენია


თათბირს დანიშნავენ, ამათი ამბავი რომ ვიცი.

– რა ხვალ, იცი, რომელი საათია? გეტყობა, საათს კარგად ვერ შეხედე, – გაეცინა
მარიკას, – მორჩა, ახლა ხელი არ შემიშალო, ბარმენი უნდა დავკითხო...

***

თემომ სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრის მინა ჩამოსწია.

– ბოლი ხომ არ გაწუხებს? – ჰკითხა მარიკას.

– არა. ერთი სული მაქვს, სახლში დროზე მივიდე.

– ნიკას, ალბათ, სძინავს.

– არა, ვიცი, მაგისი ამბავი – ზის ტელევიზორის წინ და მელოდება.

– მაკაც მელოდებოდა ხოლმე. მერე დაიღალა, მერე მობეზრდა და ბოლოს ძალიან


მობეზრდა... – წამოსცდა თემოს.

მარიკამ თანაგრძნობით შეხედა. თემომ უხერხულობის დასაფარავად გაუღიმა.

– სერიოზული საქმე ჩანს და, როგორც ამ ბოლო დროს ხდება ხოლმე, ბევრი არაფერი
გვაქვს.
– მე მაქვს რაღაც, ოღონდ, ჯერ არ ვიცი, კარგია ეს ჩვენთვის თუ ცუდი, – დაიწყო
მარიკამ.

თემო გამოცოცხლდა:

– მართლა? აბა, მოყევი.

– ოფიციანტმა მითხრა, რომ თავის კლიენტებზე დაკვირვებით ერთობა ხოლმე და...


რომ მითხრა, გუშინ ვინ იყვნენ მისი დაკვირვების ობიექტები, ლამის სუნთქვა
შემეკრა.

– ემოციების გარეშე! – მოუთმენლად ჩაერთო თემო.

– ვფიქრობ და, მგონი, არ ვცდები, გუშინ ბარში ჩვენი კარგად ნაცნობი ელჩის
ქალიშვილი იყო თავისი ჰომოსექსუალი მეგობრებითურთ.

თემომ გაოცება ვერ დამალა:

– დარწმუნებული ხარ?

– უცხოელი ქალი თავისი ორი „იმნაირი“ მეგობრით, როგორ ფიქრობ, სხვა იქნება?

თემომ ამოიოხრა და შუბლი მოისრისა:

– ამას ნამდვილად არ ველოდი. იმიტომ თქვი, არ ვიცი, ცუდია ეს ჩვენთვის თუ


კარგიო?

– ჰო. თუ ისევ შეგვიშალეს ხელი გამოძიებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობის


ადგილას ქალბატონი ბრძანდებოდა და ამ ამბის გახმაურებას მოერიდებიან, მაშინ
ჩვენი ყველა მცდელობა, მკვლელი ვიპოვოთ, წყლის ნაყვა იქნება.

– იქნებ, უბრალო დამთხვევაა? – ჩაილაპარაკა თემომ.

– შეიძლება. ამას არც მე გამოვრიცხავ. ამიტომ, რაღაც გეგმა მაქვს.

– ბევრი არ აიღო შენს თავზე, – თემო შუბლშეკრული ფიქრობდა, – რის გაკეთებას


აპირებ?

– ვისარგებლებ იმით, რომ იმ ორი „იმნაირიდან“ ერთ-ერთის მეგობარი ვარ. სახლში


ვესტუმრები და შევეცდები, გავარკვიო, რა იციან ამ ამბის შესახებ. იქნებ, მანამდე
წამოვიდნენ, სანამ მკვლელობა მოხდებოდა?
– „იმნაირობა“ უკვე არის სამხილი? – უფრო საკუთარ ფიქრებს უპასუხა თემომ, –
ფაქტია, რომ მკვლელი კლიენტებს შორის იყო, ამაში ეჭვი აღარ მეპარება.

– თუმცა, იმის ალბათობაც არის, მკვლელს სცოდნოდა ამ ადამიანის მოქმედების


გრაფიკი. გარეთ ელოდა და, როგორც კი ის ტუალეტში გავიდა, თვითონაც შევიდა
ბარში და უკან გაჰყვა. დააკვირდი, რომ ბარის დახლი ქუჩიდან კარგად ჩანს.

– ეგ ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ მკვლელი შიგნით


იყო ჩასაფრებული, – თქვა მარიკამ და თავისი წყლიანი, ძალიან მეტყველი
თვალებით თემოს ჯიუტად მიაშტერდა, თითქოს ეუბნებოდა, ამჯერად ჩემს
ინტუიციას ვენდოთო...

მარიკა კიდევ ვერ შეეჩვია იმას, რომ სხვა სახლი ჰქონდა და ამ „სხვა“ სახლის საკეტის
გასაღები არცთუ ხალისით ემორჩილებოდა. რამდენიმე წუთი იწვალა, ვიდრე
სახელური მისი ხელის ნებას დაჰყვებოდა და კარიც გაიღებოდა. ჰოლში ბნელოდა.
სინათლე არ ენთო, მაგრამ სასტუმრო ოთახიდან გამოსული შუქი საორიენტაციოდ
სრულიად კმაროდა. მარიკამ ჩანთა დადო. ფეხსაცმელები და ქურთუკი გაიხადა და
ოთახში შევიდა. ნიკა ტელევიზორის წინ, სავარძელში იჯდა და ძილს ებრძოდა.
მარიკა ფეხაკრეფით მიუახლოვდა და ლოყაზე ფრთხილად შეახო ტუჩები. ბიჭმა
თვალები გაახილა:

– რომელი საათია?

– სამი, – იცრუა მარიკამ.

– მატყუარა! – ჩაილაპარაკა ნიკამ და მობილურის განათებული ეკრანი ცხვირწინ


მიუტანა ცოლს, – მე შეიძლება, მეძინა, ანუ ჩამეძინა, მაგრამ, ისე ღრმად არა, რომ
საათის ცნობა ვეღარ შევძლო.

– ჰო, კარგი. ოთხის ნახევარია. სულ ცოტა „მოვიპარე“. რატომ არ გძინავს?

– უნდა მეძინოს? – კითხვაზე კითხვითვე მიუგო ნიკამ.

– უკვე ძალიან გვიანია...

– მართლა? კარგია, რომ ხვდები.

მარიკას არ მოეწონა ქმრის უკმაყოფილო, ჭირვეული ბავშვის ტონი.

– მოიცა, ეს რას ნიშნავს? გაბრაზებული ხარ ჩემზე, რომ შვიდ საათზე არ დავბრუნდი,
წინსაფარი არ ავიფარე და შენთვის ვახშმის მომზადებას არ შევუდექი?
– რა სისულელეა? ვახშამი და წინსაფარი არაფერ შუაშია, უბრალოდ...

– უბრალოდ, ჩემი პირველივე გასვლა სამსახურში ვერ აიტანე.

– ეგ არაფერ შუაშია, – ჩაიბურტყუნა ნიკამ და ცოლს საყვედურით შეხედა, – რატომ


არ გესმის ჩემი?

– მე არ მესმის? როგორი უსამართლო ხარ, – მარიკას სერიოზულად ეწყინა, –


ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნის მეორე დღესვე ვიჩხუბებდით.

– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ წყვილები ყველაზე ხშირად და დაუნდობლად


სწორედ თაფლობის თვეში ჩხუბობენ, – თქვა ნიკამ და საკუთარ თავზე გაბრაზდა,
ასეთი სისულელე რამ მომაფიქრაო. მარიკას წელზე მოჰკიდა ხელი და მხარზე
ლოყით მიეხუტა.

– მაპატიე, რა!.. რა დამეტაკა არ ვიცი. ყველაზე მეტად შენი კარგად ყოფნა და


ბედნიერება მინდა. ისიც მესმის, რომ სამსახური შენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ,
უცებ მარტო რომ დამტოვე, ბავშვივით მეწყინა.

– მარტო არ დამიტოვებიხარ, საქმეზე ვიყავი. მეც შენთან მერჩივნა ყოფნა, მაგრამ...

ნიკას თვალები გაუბრწყინდა.

– მართლა?

– ამაში ეჭვი გეპარება? – ამოიოხრა მარიკამ, – ნამდვილი ბავშვი ხარ. ახლა ისე
მეძინება...

– თუ ყურადღებას არ მივაქცევთ იმას, რომ მალე გათენდება და მე საშინლად


მაინტერესებს, რა გაარკვიეთ, შეგვიძლია, დავიძინოთ. ჰო, კიდევ: რომელ საათამდე
ხარ გამოშვებული?

– გამოშვებული? ისევ დაიწყე?

– კარგი, ვიხუმრე. იმის თქმა მინდოდა, ცოტა დრო მაინც ხომ გაქვს, რომ გამოიძინო-
მეთქი.

– თორმეტ საათამდე დევი არ დამირეკავს. მერე, ალბათ, მომაკითხავს და წავალ.

– მე თვითონ წაგიყვან. ვარჯიში პირველ საათზე მაქვს. თავისუფლად მოვასწრებ. ხომ


აღარ ბრაზობ ჩემზე?
მარიკა ქმარს მიეხუტა და თავი გააქნია:

– არა. ძალიან მიყვარხარ.

– შეუძლებელია, იმიტომ, რომ მე კიდევ უფრო ძალიან მიყვარხარ.

– იცი, მეშინია, ამას რომ ვამბობთ. ცოტა ხნის წინ ისე ვიჩხუბეთ... – მარიკა გაიზმორა
და დაამთქნარა.

– მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ. გპირდები, მე ჩხუბს არასდროს აღარ დავიწყებ.

– ასეთ დაპირებებს შენგან არავინ ითხოვს. უბრალოდ, ისეთი უნდა მიმიღო,


როგორიც ვარ. მე ხომ არ გთხოვ, რომ შეიცვალო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის
უნდობლობის მომენტიც იყო.

ნიკა შეიჭმუხნა:

– ისევ იმ ამბავს იხსენებ... მე კი მეგონა, ეს თემა საერთოდ დავხურეთ და


დავივიწყეთ.

– ჰო, მეც მეგონა. მაპატიე, თუ ისევ გამახსენდა, – მარიკამ თმიდან სამაგრი მოიძრო
და თმა გაიშალა, – ახლა მივხვდი, თავი რატომ მტკიოდა. ვწვებით? კარგი, რა, ნუ
იბღვირები. ისე გავიხსენე... იცი, როგორი დაღლილი ვარ? ნაბიჯის გადადგმაც კი
მეძნელება.

– მაშინ, ასე მოვიქცეთ, – ნიკამ ისე აიტაცა გოგო ხელში, მარიკამ


მოულოდნელობისგან შეჰყვირა. ბიჭს კისერზე შემოხვია მკლავები და მაგრად
ჩაეკრა... მერე თვალები მილულა და სიამოვნების ბურანში წასულმა ჩაიჩურჩულა, –
ხვალ ერთ ადგილას უნდა წამომყვე...

– სადაც შენ იტყვი, სიხარულო....

***

თემო მაცივართან მივიდა. მინერალური წყლის ბოთლი გამოიღო და ჭიქის ძებნა არც
დაუწყია, ისე მოიყუდა. დაწითლებული, ოდნავ შესიებული თვალები ეწვოდა და
სტკიოდა. ცოტა მინერალური წყალი ხელისგულზე დაისხა და სახეზე მოისვა. ამან
ვერ უშველა. ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი იყო. ისიც კი იფიქრა, მდივანს
ტკივილგამაყუჩებლის მოტანა ხომ არ ვთხოვოო, მაგრამ, მაგიდაზე ტელეფონი
აწკრიალდა და გადაიფიქრა.
– დიახ. მთელი ღამე შემთხვევის ადგილზე ვიყავით. რა თქმა უნდა, აუცილებლად.
ახლავე, ჯერ არ შეგვიჯამებია. კარგი, ბატონო... – პაპავამ ამოიოხრა და ყურმილი
თითქმის დაახეთქა აპარატს, – ახლა ეს გამიბურღავს ტვინს და თავს უარესად
ამატკივებს. რამ მოიყვანა დილაუთენია სამსახურში?! დაიწყებს იდიოტური
მითითებების მიცემას... – ჩაილაპარაკა გაგულისებულმა, მერე მობილური ჯიბეში
ჩაიტენა და ახვლედიანის კაბინეტისკენ აიღო გეზი.

– დევი თუ მოვა, უთხარი, რომ ახვლედიანთან ვარ. კაბინეტში შევიდეს და


დამელოდოს, – დაუბარა მდივანს.

ახვლედიანი კართან მიეგება ჩვეულებრივზე თავაზიანი და მეგობრული ღიმილით:

– მოდი, მოდი! ახლავე ვეტყვი, ყავა შემოგვიტანონ. დარწმუნებული ვარ, ჯერ არ


გისაუზმია. მეც ვერ მოვასწარი, უთენია წამომახტუნეს. რა გირჩევნია ამოვატანინო,
ხაჭაპური თუ ჰამბურგერი?

პაპავას ცუდად ენიშნა უფროსის ასეთი ყურადღება.

– ყავაც საკმარისია, ნუ შეწუხდებით.

– რა შეწუხებაა! ჩვენ ხომ ერთი ოჯახივით ვართ. ხაჭაპური აჯობებს, – ახვლედიანმა


დარეკა. მდივანს რამდენიმე დავალება მისცა და ღიმილად დაღვრილი,
გამომძიებელს სავარძელზე გვერდით მიუჯდა. სიგარეტის კოლოფი გაუწოდა და
საფერფლეც მიუჩოჩა:

– აბა, მოყევი, რა მოხდა.

– ბატონო გიორგი, თავს უხერხულად ვგრძნობ. ასეთი მიღება რით დავიმსახურე,


ჩვენი ბოლო შეხვედრისას უხეშად რომ დაგელაპარაკეთ?

– უხეშად დამელაპარაკე? ეგ როდის? შენ რა ბავშვივით გცოდნია გულში ჩადება.


სამსახურის საქმეზე ოდნავ წავკინკლავდით, ეგ რა პრობლემაა? მთავარი ის არის,
რომ შედეგი მივიღეთ.

პაპავას უნდოდა ეთქვა, რა შედეგი, როცა, კიდევ არ ვარ დარწმუნებული, ციხეში


ნამდვილად დამნაშავე ჩავსვით თუ არაო, მაგრამ, წარმოიდგინა, რა მოჰყვებოდა მის
ამ სიტყვებს და ხელი ჩაიქნია. თავაზიანი, თუნდაც მოჩვენებითად თავაზიანი
ახვლედიანი, გაცილებით ასატანი იყო, ვიდრე ბრაზისგან დუჟმორეული.

– „ცხელი“ ღამე გქონდათ?

– არა უშავდა. თუმცა, უარესებიც გვინახავს.


– არ იფიქრო, რომ ახლა გავიგე ეგ ამბავი, წუხელვე ჩამაყენეს საქმის კურსში.
ვუთხარი, ისეთი პროფესიონალები მყავს გაგზავნილი, პრობლემა არ იქნება-მეთქი.

„ეს ან მეტისმეტად ეშმაკია, ან სულელი, თუ ფიქრობს, რომ მის ანკესს წამოვეგები და


დავიჯერებ, რომ ჩემი პროფესიონალიზმითაა მოხიბლული“, – გაიფიქრა თემომ,
მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია.

– რამე ვერსია გაქვთ? – ახვლედიანმა ადროვა, სანამ მდივანი ყავით სავსე ფინჯანსა
და ხაჭაპურებს პატარა მაგიდაზე დააწყობდა და გავიდოდა, – გამოიკვეთა ვერსია?
ვინ შეიძლება იყოს მკვლელი?

– ჯერ რამის თქმა ძნელია, კონკრეტული და ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. ვიცით


მკვლელობის სავარაუდო დრო, იარაღი და ზოგადი დეტალები. კიდევ ის, რომ
მკვლელი ბარის კლიენტებს შორის იყო. თუმცა, ვერც ამაში ვიქნებით
დარწმუნებული. ჯერ მხოლოდ ვარაუდები გვაქვს.

– როგორც ყოველთვის... – ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და ყავა მოსვა, – რაღაცას მაინც


არ მეუბნები.

თემო უკვე დარწმუნდა საკუთარ ეჭვში. მიხვდა, რამაც „დაატკბო“ დილაუთენია მისი
შეფი და გაღიზიანდა:

– პირდაპირ მითხარით, რა გაინტერესებთ და არც ეს საუზმე იყო საჭირო ჩემს


„გამოსატეხად“.

– გამოსატეხად? – გაიოცა ახვლედიანმა, – პაპავა, რა უცნაური ადამიანი ხარ. შენთან


მეგობრულად საუბარი და სიახლოვე არც გამოდის და არც ამართლებს, მაშინვე
თავდაცვაზე გადადიხარ, თითქოს ვინმე გესხმოდეს თავს.

თემომ ამოიოხრა:

– ბატონო გიორგი, დრო არ მაქვს, უნდა ვიმუშაო, რომ თქვენ იქ, „ზემოთ“, რაღაცა
გქონდეთ სათქმელი. მალე, ალბათ, დაგირეკავენ და მოგთხოვენ, ანგარიში ჩააბაროთ.
ასე რომ, მითხარით, რა ხდება.

– უკვე დამირეკეს. მოკლედ გეტყვი: იქ ბარში ერთი ადამიანი იყო. გავაგრძელო?

თემომ თავი გააქნია:

– საჭირო არ არის, ელჩის ქალიშვილს გულისხმობთ. გულახდილად გეტყვით, უკვე


მძულს ეგ ოჯახი.
– არავინ გთხოვს, შეიყვარო, მაგრამ, პრობლემები არ უნდა შეექმნას.

– გააჩნია, პრობლემებში რა იგულისხმება. ბარის კლიენტებს შორის იყო, როცა


მკვლელობა მოხდა. ჯერჯერობით ვერანაირ ბრალდებას ვერ წავუყენებთ.

ახვლედიანი გაფითრდა:

– მაგაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, საერთოდ დაივიწყეთ ეგ ადამიანი! გამოძიება


გააგრძელეთ, ჩვეულებრივად იმუშავეთ, მაგრამ, იმ ქალს საერთოდ შეეშვით, ვითომ
არ ყოფილა.

პაპავა რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა საკუთარ ხელებს ჩაშტერებული. ფიქრობდა, რა


უნდა ეთქვა. ახვლედიანმა ამ პაუზით ისარგებლა და განაგრძო:

– პრინციპში, განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვიათ. გოგო უსიამოვნო


ინციდენტს შემთხვევით შეესწრო. ამისთვის ხომ არ შევუქმნით დისკომფორტს?
ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არც არის.

– ეგ არაფერს ნიშნავს, ბატონო გიორგი და ეს თქვენც კარგად იცით. სიტყვები საჭირო


აღარ არის, ყველაფერი ისედაც გასაგებია. წერილობით ხომ ვერ მომცემდით
მითითებებს?

ახვლედიანი დაიბნა:

– შენ რა, დამცინი?

– მე დაგცინით? როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი, პირიქით, პირიქით, თქვენ


დამცინით. მისტიკური ამბავია და აუცილებლად გამიკვირდებოდა, ეს მე რომ არ
მეხებოდეს. აღარ შემიძლია ასეთ პირობებში მუშაობა. სხვას დაავალეთ ეს საქმე და
პრობლემაც მოიხსნება.

– ძალიან კარგად იცი, რომ სხვას ვერ გადავაბარებ. პრობლემას კი ასეთი ლაპარაკით
მიქმნი. თანაც, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ, იმან, შესაძლოა,
საერთოდ არაფერი იცოდეს მკვლელობის შესახებ. უბრალო დამთხვევას რატომ
გამორიცხავ?

– არაფერს არ გამოვრიცხავ. გზაშიც არც კი ვიყავი დარწმუნებული, რომ ეგ


ქალბატონი ნამდვილად იქ იყო, მაგრამ, თქვენ უკვე დამიდასტურეთ და ალბათობა
აღარ არსებობს.

ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები და ამოიოხრა:


– არ ვიცი, შეიძლება, მართალიც ხარ, მაგრამ, ჩემს მდგომარეობაშიც ხომ უნდა
შეხვიდე? კარგი, წადი, იმუშავე. ოღონდ, საქმის კურსში უნდა ვიყო, ყველაფრის
საქმის კურსში. მე კი არ უნდა გირეკავდე, შენ უნდა მომახსენო თუნდაც უმნიშვნელო
წვრილმანი და, კიდევ: დაკითხვაზე არ მოიყვანო და, თუ საშუალება გექნება,
საერთოდ თავი აარიდე.

თემომ ერთბაშად სიბრალული იგრძნო ახვლედიანის მიმართ.

– ვეცდები. შემიძლია, წავიდე?

ახვლედიანმა თავი დაუქნია და უჯრიდან სიგარეტი ამოიღო.

***

მარიკამ ზარის ღილაკს თითი დააჭირა და ქმრისკენ შემობრუნდა:

– ყველაფერი გაიგე?

– ჰო, რა თქმა უნდა, თუმცა, რამდენიმე კითხვა მაქვს.

– კითხვები მერე. ახლა შეეცადე, ჩემი მითითებები გაითვალისწინო და ხელი არ


შემიშალო.

ნიკამ შუბლი შეიჭმუხნა:

– ეგეთ ტიპებს რომ ვერ ვიტან, არა უშავს?

– დაუმეგობრდიო, არავინ გთხოვს, მხოლოდ ერთი-ორი საათი აიტან როგორმე. ხომ


დამპირდი?

– ჰო, აბა, რა... ცოტა წავიწუწუნე. ყურადღებას ნუ მომაქცევ, – გაუღიმა ბიჭმა.

– რაღაც, არავინ აღებს... – მოიღუშა მარიკა და ზარი კიდევ დარეკა. ამჯერად


ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებიათ. სათვალთვალოში ჯერ ვიღაცის თვალმა
გაიელვა, მერე კარიც შეაღეს სანახევროდ, რასაც შეკივლება მოჰყვა და კარიც
ბოლომდე მოაფრიალეს.

– მარიკუნა, ჩემი საყვარელი მარიშკა! რა მაგარია! ნამდვილად არ გელოდი.


გაგახსენდი, საყვარელო? ბოლოს როდის გნახე? თუმცა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს,
შემოდი, შემოდი, ეს რა სიმპათიური ახმახი მოგიყვანია?! ვაიმე, რა მხრები აქვს?
მარიშ, სად მოჩხრიკე ეს სილამაზე?
მარიკამ მოასწრო, საქორწინო ბეჭედი შეუმჩნევლად მოიძრო თითიდან და ჯიბეში
ჩაიტენა. ოთახში, რომელშიც შევიდნენ, ისეთი ქაოსი იყო, პირველი, რასაც ადამიანი
იფიქრებდა, ის იყო, რომ აქ სერიოზული ჩხუბი მომხდარაო. ნივთები, ძირითადად
ტანსაცმელი, უწესრიგოდ ეყარა იატაკზე, მაგიდა ჭუჭყიანი ჭურჭლითა და
სიგარეტის ნამწვავებით იყო სავსე – ვიღაცას აშკარად არ შეუწუხებია თავი,
საფერფლე მოეძებნა, თუმცა, იმაზე კი ეზრუნა, ერთადერთი ფანჯარა მჭიდროდ
დაეგმანა სქელი ფარდებით...

ზეამ კეკლუცად დაახამხამა წამწამები და პერანგების გროვას ნაზად გადააბიჯა.

– ჰო. ვიფიქრე, ხომ არ გადადიან-მეთქი, – გაუცინა მარიკამ და ნიკას ანიშნა, შენ ხმა
არ ამოიღო, დივანზე დაჯექი და დამელოდეო.

– რა საყვარელი ხარ?! კი, ბინა ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ, ამაზე უკეთესს ჯერ
ვერ ვიქირავებ. თორემ, ხომ იცი, ყოველთვის ვოცნებობდი აუზიან სახლზე. არა
უშავს, როდისმე აუცილებლად მექნება, – ზეამ მარიკას გაუღიმა და ნიკას ისე გახედა,
ბიჭი ბრაზისგან წამოწითლდა.

– მარიშ, რატომ დამივიწყე, სიხარულო? რომ იცოდე, როგორ მინდოდა შენი ნახვა... მე
ხომ შტერი ვარ და საშინლად მოუწესრიგებელი – შენი მობილურის ნომერი
დავკარგე, სახლისაც აღარ მახსოვდა...

– ზე, ვის ელაპარაკები? – მოისმა გაღიზიანებული, უკმაყოფილო ხმა მეორე


ოთახიდან.

– ეს ენცოა, ხომ იცი? ხომ გაგაცანი? – ზეა შესამჩნევად აფორიაქდა, მერე ხმას დაუწია
და მარიკას ისე გადაულაპარაკა: – გოგო, ცოტა ცუდ გუნებაზეა. ამ ბოლო დროს,
ცოტა არ გვიმართლებს და... მუდმივად რაღაც უსიამოვნებებში ვეხვევით, ეს კიდევ
ჩხუბობს, ძალიან ნერვიულია.

– მერე, რატომ ცხოვრობ მასთან? – წამოსცდა ნიკას. ზეამ განცვიფრებით შეხედა ამ


შეკითხვის ავტორს და გადაიკისკისა:

– ვაიმე... ცუდად ვარ... მარიკუნა, მითხარი, ვინ არის ეს ტიპი, თორემ, მოვკვდი
ინტერესით. გაიგონე, რა მკითხა? მაშინ მასთან რატომ ცხოვრობო... მარიშ, შენ არ
უთხარი, სად მოგყავდა?

– როგორ არა... – მარიკამ ქმარს თვალები დაუბრიალა, – ეს ძალიან საჭირო ადამიანია.


გახსოვს, რომ მითხარი, ჩემი საქმე მინდა ავაწყოო... არ დამვიწყებია და სულ
ვფიქრობდი, როგორ დაგხმარებოდი. ჰოდა, მოვიფიქრე. მოკლედ გეტყვი, ფული
არის. თუ შენ ისევ გჭირდება და სხვა კომპანიონი არ მოძებნე, ეს კაცი თანახმაა,
ფული ამ საქმეში ჩადოს. აბა, რას იტყვი?
ზეას თვალები გაუფართოვდა. მარიკამ გონზე მოსვლა არ აცადა:

– ხომ მაგარი ვარიანტია? სრული თავისუფლება გექნება. მთავარია, შენი საქმე აკეთო
და ფინანსებზე არ იფიქრო. შენი სამკაულები ძალიან კარგია, ნახავ, რამდენი
კლიენტი გეყოლება...

– მოიცა, მოიცა, ფულს რისთვის მომცემს?

– ვერ გაიგე? იმისთვის, რომ, რაც გჭირდება, ყველაფერი შეიძინო და პატარა


მაღაზიაც გახსნა. მაგარია, არა?

ზეამ ხელები გაასავსავა:

– არ მჯერა. რა მოულოდნელად გამომეცხადე... მაგრამ, რა არის, იცი? – ზეამ


ამოიოხრა, – ვაიმე, არც კი ვიცი, რა გითხრა.

– რა უნდა მითხრა? უნდა გაგიხარდეს. ძალიან უნდა გაგიხარდეს... – მარიკამ თვალი


ჩაუკრა.

ზეა წამოხტა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა, მერე ოთახის მილაგება
დაიწყო, თუმცა, ვერც ამას მოაბა თავი. ისევ მიყარა ყველაფერი და ოთახიდან
გავარდა. ნიკამ მომენტით ისარგებლა და ცოლს გაოცებით გადაულაპარაკა:

– მე მგონი, ნორმალური არ არის. ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი რაში გჭირდება?

– ნიკუშ, ხომ გითხარი, მერე აგიხსნი ყველაფერს-მეთქი. მუშაობას რატომ არ მაცდი?


არც იმას დაგპირებივარ, რომ ნორმალურთან მიმყავდი. მაგრამ, თუ ეს დაგამშვიდებს,
გეტყვი, რომ დიდად არც მე მეხალისება აქ ყოფნა.

– ჰო, კარგი, გავიგე, გავიგე... – ნიკა ცოტა ხნით გაჩუმდა, მაგრამ, მაინც ვერ მოითმინა.
ვერ მოერია ცნობისმოყვარეობას, – მოიცა და... ისიც, მეორეც ამნაირია? და, საერთოდ,
რა პონტში ცხოვრობენ ერთად?

– ნიკა, ნუ გადამრევ...

– მორჩა, ჩუმად ვარ... მაგრამ, არ მომწონს ეს ყველაფერი.

– ნიკა... – წამოენთო მარიკა. ამ დროს ოთახში ენცო შემოვიდა, უკან ზეა მოჰყვებოდა
ღიმილით.

– მარიკას ხომ იცნობ? ჩემს მეგობარს...


ენცომ ცივად დაუკრა თავი და ნიკას მიაჩერდა:

– ეს? ესეც შენი მეგობარია? – მიუბრუნდა ზეას.

– ხომ გითხარი? წეღან ხომ გელაპარაკე? – მორიდებით უპასუხა ზეამ.

– მეც ხომ გელაპარაკე? რამდენჯერ გაგაფრთხილე, უცხოები სახლში არ მოიყვანო-


მეთქი? მაგრამ შენ შენსას არ იშლი!

– მე უცხო არ ვარ, – დაბნეულ ზეას წამოეშველა მარიკა, – თანაც, კარგი ამბავი


მოვუტანეთ.

– ჰო, ვიცი... მაგრამ, მე ისიც ვიცი, რომ ტყუილად არავინ არაფერს არ მოგცემს. დიდი
ხანია, გავიზარდე, თანაც, ახლა ცუდ დროს მოხვედით – პრობლემა მაქვს და, რაც
მალე წახვალთ, უკეთესია...

– ენცო... კი მაგრამ, მარიკა ჩემი დიდი ხნის მეგობარია...

– ჰოდა, დაელაპარაკე მაგ შენს მეგობარს და წავიდნენ, – ენცო ისევ ოთახში შებრუნდა
და კარი მიიჯახუნა.

მარიკამ ზეას შეხედა:

– რა დაემართა? რა დავუშავეთ?

– ხომ გითხარი, რაღაც პრობლემა გვაქვს-მეთქი და ჩემზე ძალიან არის გაბრაზებული.

– მეტყვი, რა მოხდა? იმიტომ კი არა, რომ თქვენს ურთიერთობაში ვაპირებ ჩარევას,


უბრალოდ, თუ რამე შემიძლია, დაგეხმარები.

ზეამ თვალები ისე დააცეცა, მარიკა მიხვდა, რომ მომენტი ხელიდან არ უნდა გაეშვა.

– ზე, ხომ მიცნობ? შენ მარტო მითხარი, რა გავაკეთო. თუ მეტყვი, ახლავე ავდგები და
წავალ.

ზეა ყოყმანობდა. არც თავისი სტუმრები ეთმობოდა, არც ენცოსთან ჩხუბი შედიოდა
მის ინტერესებში. მარიკამ „საკონტროლო გასროლა“ გააკეთა:

– მაშინ, წავალ. ჩემი ტელეფონის ნომერს მოგცემ და, როცა საშუალება გექნება,
დამირეკე. ჩვენი შემოთავაზება ძალაშია, ასე რომ...
– მოიცადე. იცი, რა ვქნათ? სამზარეულოში გავიდეთ და იქ ყავა დავლიოთ.
პრინციპში, შენი რჩევა მჭირდება... ჭკვიანი გოგო ხარ. სასარგებლოს მეტყვი და სწორ
გზაზე დამაყენებ.

მარიკამ გამარჯვებულის იერით გადახედა ნიკას...

***

– ყველაზე ჭკვიანი დამნაშავეც უშვებს შეცდომას და არ არსებობს იდეალური


დანაშაული... მოისმა გაღებული კარიდან.

თემომ თავი ასწია და ამ სიტყვების ავტორს შეხედა.

– ვიცოდი, რომ შენ იქნებოდი. ამდენ ხანს სად იყავი? მარიკაც არ ჩანს. რომელ საათზე
იწყებთ მუშაობას?

დევი მაგიდას მიუჯდა:

– მარიკა არ ვიცი, მაგრამ, მე პროზექტურასა და ლაბორატორიას შორის დავრბოდი,


ანუ, ვმუშაობდი.

თემომ ამოიოხრა:

– ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებ. ჰო, ვიცი, ზოგჯერ ძალიან აუტანელი ვარ.

– არ გინდა ახსნა, უცხო ხომ არ ვარ. ისედაც მესმის – „დაგამუშავა“ ახვლედიანმა?

თემომ ხმადაბლა შეიგინა.

– ასეც ვიცოდი, – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა დევიმ და მაგიდის ზედაპირზე


თითები აათამაშა, – ანუ, ის იყო, ვისზეც ვიფიქრეთ?

– უკვე მოუხსენებიათ ახვლედიანისთვის და ხელშეუხებლობის გარანტიაც


მოუთხოვიათ.

– მერე?

– რა, მერე?! შენი აზრით, როგორ გუნებაზე ვიქნები?

დევიმ მხრები აიჩეჩა:


– გააჩნია, ბოლო სიტყვა ვის დარჩა და, საერთოდ, ასე რატომ ნერვიულობ? ამჯერად,
მისი საქმრო არ მოუკლავთ, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს.

– დევი, შენ არავინ გიშლის ხელს მუშაობაში, ამიტომ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
მე კი ლამის გულზე გავსკდე.

დევიმ სკამი ააყირავა და უკანა ფეხებზე შეაყენა:

– მდაა... სულელები არიან. საერთოდ არ ამოეღოთ ხმა, ჩვენ ხომ უბრალოდ


ვეჭვობდით, რომ ის იყო. ახლა კი მათ ეს ეჭვი დაგვიდასტურეს.

– მაგრამ ახლა, ეს ჩემს მდგომარეობას საერთოდ არ შველის. ახვლედიანიც მიხვდა,


მეტისმეტი რომ მოუვიდა და შევეცოდე... სკამი ნორმალურად დადგი, ნერვებზე
თამაშობ.

– ჰო, ახვლედიანს რადგან შეეცოდე, ნერვები აშკარად ცუდ დღეში გაქვს.

– ასეა, მოწყალებაც კი გაიღო და მუშაობის უფლება მომცა, ოღონდ, ერთი პირობით,


არ უნდა დავკითხო.

– რა, აპირებდი?

– დევი, არ გინდა, რა! ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდე.

– რომელი სიტუაციიდან? ისეთი გვამი გვიდევს წინ, ეს ამბავი მარტივად არ გამოვა.


ახლა არ ვხუმრობ. როგორ გინდა, მკვლელი იპოვო?

თემომ თავი ასწია და ექსპერტს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. დევიმ თავი დაუქნია:

– ამჯერად ვერ ვიტყვით, რომ მკვლელი ვინმემ დაიქირავა. ეს სულ სხვა შემთხვევაა
და, მე ვიტყოდი... – დევი გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა. თემოს მოთმინება არ ეყო:

– მითხარი, რაღას გაჩერდი? ჩემს ნერვებს კიდევ ეს უნდა? ჩქარა, თქვი, რა...

– ჰო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შურისძიებას ჰგავს. ყოველ შემთხვევაში,


მსხვერპლი საერთოდ არ ელოდებოდა ასეთ აღსასრულს. მკვლელობის სრული
სურათის წარმოდგენა შემიძლია.

თემომაც მოუკიდა სიგარეტს და ექსპერტს თავით ანიშნა:

– მიდი!
– შენ თვითონაც ხომ ხვდები, როგორ იქნებოდა: მსხვერპლი მკვლელთან ერთად
გავიდა ტუალეტში და სიამოვნებას მიეცა... – შენც შეგიძლია ეს წარმოიდგინო.

– განაგრძე...

– ჰოდა, რას ვამბობდი? – ა, ჰო! ტუალეტში ერთად გავიდნენ, რადგან, ჯერ


მსხვერპლი რომ შესულიყო და მერე მკვლელი შეჰყოლოდა, იქ ჯერ სიტუაციაში
გარკვევას დაიწყებდნენ და დრო ტყუილად დაიკარგებოდა. მოგეხსენება, ტუალეტი
ის ადგილი არ არის, სადაც დიდხანს გაცდიან განმარტოებას, მით უფრო, რომ ბარში
საკმარისზე მეტი ადამიანი იყო, მომსახურე პერსონალის ტუალეტი კი – დაკეტილი...

– მერე რა. ეგ არგუმენტი არ არის. მკვლელს საიდან უნდა სცოდნოდა, დაკეტილი იყო
მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ტუალეტი თუ არა? ამაში ვერ
დაგეთანხმები. ვერც იმ ვერსიას მივიღებ გადაუმოწმებლად, რომ მკვლელი და
მსხვერპლი ერთად შევიდნენ. მკვლელს შეეძლო, იქ დალოდებოდა.

– შეეძლო, მაგრამ, თუ მკვლელი ქალია, ეს მისთვის საკმაოდ უხერხული იქნებოდა,


ანუ, თუ იმ ვერსიას მივიღებთ, რომ მკვლელი მსხვერპლს დანაშაულის ადგილას
დახვდა, მაშინ უნდა ვეძებოთ კაცი – გადახრებითა და ტანსაცმელზე სპერმის
ნაკვალევით.

– ჰმ, ძალიან გამიიოლე საქმე.

– რა გიყო! პენისზე პომადის კვალი რომ აღმომეჩინა, მაშინ უკვე დასაბუთებულად


გეტყოდი, მკვლელი ქალია-მეთქი, მაგრამ, მსგავსი არაფერი ყოფილა, ორალური
სექსი კი ორივე სქესს კარგად გამოსდის, მონდომებისდა მიხედვით.

– ზოგჯერ ძალიან აუტანელი ხარ...

– რატომ? შენ როგორც გინდა, ისე დაამუშავე ეს ვერსია, რეალობა ერთია.

– მოიცა, როცა შემოხვედი, ამბობდი იდეალური დანაშაული არ არსებობს, ყველაზე


ჭკვიანი დამნაშავეც კი ტოვებს სამხილსო.

– ეგ შენც კარგად იცი, მე მხოლოდ შეგახსენე.

– კიდევ რა გაქვს ჩემთვის?

– მსხვერპლი სრულ ნეტარებაში იყო. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის


თავდასხმას არ ელოდა. მისი სახის გამომეტყველება, მოდუნებული კუნთები... –
ერთი სიტყვით, დასკვნას თუ წაიკითხავ, იქ ყველაფერი წერია.
– დასკვნა ახვლედიანს დაუდე მაგიდაზე, კიდევ მითხარი, რა ნახე.

– ჯანმრთელი მამაკაცია, საკმაოდ ახალგაზრდა და, ალბათ, კიდევ დიდხანს


იცოცხლებდა, გენიტალიების შთამბეჭდავი ფორმებისა და აგებულების მიხედვით
თუ ვიმსჯელებთ. სპორტსმენი იყო, სავარაუდოდ.

– ჰო, სპორტსმენი იყო, თუმცა, ყოფილი. ეგ უკვე ვიცით. ადრე ჭიდაობდა, მაგრამ,
მსაჯს სცემა და დიდი ხნით მისცეს დისკვალიფიკაცია. მერე საერთოდ შეეშვა ამ
საქმეს. ჯერჯერობით არც მისი ოჯახის წევრებს შევხვედრივარ და არც საახლობლო
წრეს. ხომ იცი ჩემი ხასიათი – ჯერ ცნობისმოყვარეების ჩარევის გარეშე უნდა
გავარკვიო პიროვნების პორტრეტი და, შეძლებისდაგვარად, დანაშაულის სურათიც
აღვადგინო.

– მგონი, ის შემთხვევით აღმოჩნდა დანაშაულის ადგილას.

– შემთხვევით არაფერი ხდება... ან, თითქმის არაფერი ხდება. „იმას“ ორი ისეთი
ადამიანი ახლდა, განსაკუთრებით რომ უნდა მიიპყროს ჩვენი ყურადღება.

– მაშინ, შენც იმათგან დაიწყე.

– დავიწყე კიდეც და მარიკა გავგზავნე. ახლა კი მინდა, რომ შენც გაიხსენო სერგი
ბერაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ერთი დეტალი.

– კი ბატონო... – ხელები გაშალა დევიმ, – მკითხე.

– შენ მაშინ გითხარი, რომ ამ ბერაძეს, შეიძლება, მამაკაცებთანაც ჰქონდა


სექსუალური ურთიერთობა და მაშინაც ვიყავით იმ ალბათობის წინაშე, რომ,
შეიძლებოდა, მკვლელი მამაკაცი ყოფილიყო, ოღონდ, სექსუალური მოტივით.

დევიმ სიგარეტი საფერფლეს დაასრისა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:

– ჰო. თუმცა, მოტივი შეიცვალა და შურისძიება დარჩა. მკვლელი კი ციხეშია.

– რომლის ბრალეულობაშიც დღესაც არ ვარ დარწმუნებული, – შეახსენა თემომ.

– სასამართლო სხვა აზრის იყო, – დევის ეს სიტყვები ნიშნისმოგებით არ უთქვამს,


მაგრამ, თემო ისე იყო გაღიზიანებული, ერთბაშად ვეღარ მოზომა და ექსპერტს
მთელი ხმით უყვირა:

– შენ აქ ჩემს დასახმარებლად ხარ მოსული თუ ნერვების მოსაშლელად? ზოგჯერ


ვფიქრობ, რომ ახვლედიანის უკეთესად გესმის. თუ ჩემთან მუშაობა არ გინდა,
პრობლემა არ არის, დღესვე მოვითხოვ ექსპერტს.
დევის ერთი სიტყვითაც არ გამოუთქვამს თავისი უკმაყოფილება. ადგა, ოთახიდან
გავიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ, ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა.

– გადაგიარა? არა უშავს, არ მწყინს. შენს ადგილას მეც გადავირეოდი. მაგრამ, შენ ხომ
გაქვს ხოლმე ინტუიცია. ახლა მეც მაქვს რაღაც მაგდაგვარი და ვგრძნობ, მკვლელს
იმაზე მალე დავაკავებთ, ვიდრე წარმოგვიდგენია.

– ზღაპარს მიყვები? ჯერ მოტივიც არ გამოკვეთილა.

– მოტივი? სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.

– ანუ, საქმე სექსუალურ მანიაკთან გვაქვს?

– ვფიქრობ, რომ არა.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლი მკვლელს არ იცნობდა?

– თავისუფლად. ყოველ შემთხვევაში, არანაირად არ ელოდა, რომ ყველაზე


სასიამოვნო მომენტში იმქვეყნად გაისტუმრებდნენ. მხოლოდ მას მერე იგრძნო შიში,
როცა მკვლელმა პირველი დარტყმა მიაყენა, ისიც, მაშინ, როცა საკუთარი სისხლი
დაინახა. ტკივილს ვერ იგრძნობდა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ სიამოვნების პიკზე იყო. ესეც წერია დასკვნაში.

– მოეშვი-მეთქი მაგ დასკვნას! – ანერვიულდა თემო, – ეს მარიკა რატომღა აგვიანებს?


დაურეკე და ჰკითხე, სად არის.

დევიმ მობილური აიღო, მაგრამ, სანამ ნომერს აკრეფდა, გამომძიებელს მაინც ჰკითხა:

– დარწმუნებული ხარ, რომ დარეკვა აუცილებელია? მარიკა უჭკუო გოგო არ არის.


რადგან არ რეკავს, ესე იგი, ჯერ ისევ იქ არის.

– მართალი ხარ. ახვლედიანთან ხომ არ შეხვიდოდი?

– კი ბატონო, არ არის პრობლემა. დასკვნას შევუტან და დაველაპარაკები. მაგრამ, ჯერ


საინფორმაციო გამოშვებას ვუყუროთ. ვახო მთელი ღამე იგერიებდა ჟურნალისტებს.
არ გაინტერესებს, რას იტყვიან?

– ახალს ვერაფერს. დილის გამოშვებას უკვე ვუყურე. მეც ძლივს მოვიშორე თავიდან
ეგენი თავიანთი მიკროფონებით – კომენტარს მთხოვდნენ.
– მაინც ვუყურებ. ახვლედიანი სად გამექცევა? – დევიმ ტელევიზორი ჩართო თუ არა,
თითქმის იმავე წუთს, კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში მდივანმა შემოიხედა.
დაბნეული, თითქოს დამფრთხალი სახე ჰქონდა:

– ბატონო თემო, ქვემოდან დამირეკეს, თქვენს ნახვას ითხოვენ.

– ვინ?

– კარგად ვერ გავიგე, მგონი, წუხანდელ მკვლელობასთან დაკავშირებით. ვიღაც


ახალგაზრდა ქალია, გოგონა...

თემომ დევის შეხედა:

– აი, შენ საინფორმაციო გამოშვება. დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტია. არაფერი


მაქვს სათქმელი. ან გამოუშვან, ან ჩადი და შენ დაელაპარაკე.

– მე? ახვლედიანი ჩავიდეს.

– დევი, გეყოფა! ახვლედიანის ჟურნალისტთან მიშვება იქნება? ჯერ ერთი, ეგ რომ


ახვლედიანს ვუთხრათ, გადაირევა.

– ბატონო თემო, დავრეკავ და გავარკვევ, ვინ არის, – შესთავაზა მდივანმა, – ვიკითხავ,


ჟურნალისტია თუ არა.

– დაცვასთან გაარკვიე და მაშინვე მითხარი.

მდივანმა კარი გაიხურა.

– იქნებ, ჟურნალისტი არ არის და ბარის რომელიმე თანამშრომელია? – თქვა უცებ


დევიმ, – მე ჩავალ.

***

თემომ სიგარეტი აიღო და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. დევი მალე არ
დაბრუნებულა, ან, პაპავას მოეჩვენა, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა...

გოგონა ძალიან შეშინებული ჩანდა, მაგრამ, ექსპერტს რომ შეხედა, მიხვდა, რომ
რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა და ახალი ამბის მოლოდინში, თითები
აუთრთოლდა.

***
მარიკამ ქურთუკი შეიკრა და ნიკას მკლავზე ჩამოეკიდა:

– ესეც ასე! ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა. ადამიანს თუ მეგობრულად


მიუდგები, ყველაფერს ათქმევინებ.

– ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა მოატყუო. შენ ახლა ის საცოდავი მოატყუე.

– და, შენ ეს ამბავი ძალიან გაწუხებს? ვერ დავიჯერებ, – გადაიკისკისა მარიკამ.

– მე ის მაწუხებს, რომ მატყუარა ცოლი მყავს, – ყასიდად ამოიოხრა ნიკამ, – ეგეთები


კი, ზოგადად, არ მეცოდებიან.

– რატომ? მე კი, პირიქით, ძალიანაც მებრალება. იცი, როგორი კარგი და წესიერი ბიჭი
იყო? ცოტათი უცნაურია, მაგრამ, ძალიან კეთილი და მეგობრული.

– იმდენად კეთილი და მეგობრული, რომ... მაგრამ, ჯობია, აღარ გავაგრძელო...


ჩაჯექი მანქანაში, ჯერ შენ მიგიყვან და მერე ვარჯიშზე წავალ. საქმეს რომ მორჩები,
დამირეკე და მოგაკითხავ.

– ეგ, შეიძლება, ძალიან გვიან მოხდეს და თვითონ მომიყვანონ.

– არა, არა, ჩემი ცოლის მძღოლი მე უნდა ვიყო. საქმე მაინც არაფერი მაქვს.

– დედაშენი როდის ჩამოდის? – დამარცვლით, თითქმის ჩურჩულით იკითხა მარიკამ.

– მგონი, დღეს, ყოველ შემთხვევაში, გუშინ რომ დამირეკა, ასე მითხრა. შენ რა, ხომ არ
გეშინია? ნუ ნერვიულობ, საყვარელო... აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება...

მარიკამ ამოიოხრა...

დევიმ მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. ძრავა გამორთო და მარიკას შეხედა:

– აჰა, მოგიყვანე. აღარ დაურეკავს?

– არა. მიხვდა, რომ გავბრაზდი.

– ძალიან ადრე დაიწყო „გაბრაზებები“, ჯერ ისევ თაფლობის თვე გაქვთ.

– კარგი რა, რომელი თაფლობის თვე! ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ სამსახურში
დავბრუნდი. არ მიკვირს, რომ ნიკასთვის ეს პრობლემა გახდა.
– ჰო, აბა რა, მაგრამ, შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როცა საყვარელი ადამიანის
გადაკეთებას და ჩვენს „ყალიბში“ ჩასმას ვიწყებთ. ასეთი მცდელობები ყოველთვის
ცუდად მთავრდება ხოლმე.

მარიკამ შუბლზე მოისვა ხელი. დაღლილი სახე ჰქონდა, ამღვრეული მზერა და


ჩაწითლებული თვალები.

– მაგით რისი თქმა გინდა, რომ მე და ნიკა დავშორდებით?

– არა, არა, საიდან მოიტანე, რა სისულელეა! ეგ არც იფიქრო, უბრალოდ, მინდა,


რაღაც-რაღაცეებში გაგარკვიო. მაინც გამოცდილი ვარ და... ერთი სიტყვით, შეეცადე,
სიმშვიდე შეინარჩუნო და არ აჰყვე, ისევ შენთვის იქნება ცუდი.

– შენ ფიქრობ, ახლა ვიჩხუბებთ? – თვალები მოჭუტა მარიკამ, – დარწმუნებული ხარ?

– თუ არ გაითვალისწინებ ჩემს რჩევას და მაინც აჰყვები – აუცილებლად.

– ხმას არ ამოვიღებ, მით უფრო, რომ ძალიან მეძინება.

– ეგ მართალია, დაიღალე. ისე, მაინც ყოჩაღ. რა უქენი იმ გოგოს?

– არაფერი. ძალიან შეშინებული იყო. პრინციპში, ეს ბუნებრივია. ნეტავი რა მოხდა


ბარში იმ საღამოს?

– ოო... „ნეტავი რა მოხდა ბარში იმ საღამოსო“ – ასეთი კითხვა გამომძიებელმა, მით


უმეტეს, შენ, არ უნდა დასვა, – გაიცინა დევიმ, – გეტყობა, მაგრად გეძინება. ადი
სახლში და გამოიძინე, მაგრამ, ხვალ არ დააგვიანო, კარგი?

– კარგი. როგორც ყოველთვის, მძიმე დღე იქნება, – ამოიოხრა მარიკამ და უცებ


დაუმატა: – მე, ალბათ, ღამეც მძიმე მექნება.

– აბა, აბა! არ გინდა ეგეთები! – დევიმ თავზე გადაუსვა ხელი.

– ჰო, ვიცი. მაგრამ... ეს ქალი... დედამისი... დღეს ჩამოვიდა. ხომ წარმოგიდგენია,


დედამთილი ბრუნდება სახლში, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ახალი წევრი
გამოჩნდა. ეს წევრი მისი რძალია, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობს, თუმცა,
პირველი შთაბეჭდილებას დიდად არ აღუფრთოვანებია... მაგრამ, რაზე
გელაპარაკები... მართალი ხარ, ეტყობა, ძალიან დავიღალე. ვეცდები ხვალამდე
გამოვიძინო და სისულელეებზე ფიქრს თავი დავანებო.

მარიკამ კარი გააღო და ჩანთა დაითრია. დევიმ მის სახელურს წაავლო ხელი:
– მარიშ, რაღაც მინდა, გკითხო...

– რა? რა უნდა მკითხო?

დევი შეყოყმანდა და თავი გადააქნია:

– არა, არაფერი, ხვალ არ დააგვიანო...

მარიკამ შეხედა. მიხვდა, კაცმა რაღაც მნიშვნელოვანის თქმა რომ გადაიფიქრა, მაგრამ
აღარ ჩაეძია. ჩანთაში გასაღები მოძებნა და ნელა აუყვა კიბეს. საათზე დაიხედა,
თუმცა, ეს არც იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ მომდევნო დღე კარგა ხანია,
დაიწყო. ბოლოს ნიკას ზარებს აღარც კი უპასუხა – აზრი არ ჰქონდა მისთვის იმის
ახსნას, რომ სამსახურში იყო და მუშაობდა. მობილურს ზარი საერთოდ გამოურთო,
რომ თემო მის წკრიალს არ გაეღიზიანებინა, თუმცა, ტელეფონის ყოველ
აძიგძიგებაზე კრთებოდა და, უნებლიეთ, განათებული ეკრანისკენ აპარებდა მზერას.
იმასაც გრძნობდა, რომ დევიც ხედავდა ამას და უარესად იძაბებოდა. მარიკამ ნელა
მოარგო გასაღები საკეტს და ამოიოხრა. თუ ახლა რამეს ინატრებდა, მხოლოდ იმას,
რომ მშობლების სახლში ყოფილიყო მისასვლელი... ეშინოდა ნიკას დედასთან
შეხვედრის, თუმცა, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ამაში...

ჰოლში ნათურა არ ენთო. სინათლე მისაღები ოთახიდან გამოდიოდა. საძინებლამდე


მისასვლელად ამ ოთახის გავლა იყო აუცილებელი – სხვანაირად ბინის მეორე მხარეს
ვერ აღმოჩნდებოდა. გული უსიამოვნოდ მოეწურა, რაღაც ხმამ უკარნახა, რომ
მისაღებ ოთახში ნიკა არ იყო. ის, ვინც იქ იჯდა, სავარაუდოდ, არ ეძინა –
ტელევიზორის ყრუ ხმა და მოციმციმე ეკრანი ამაზე მიანიშნებდა. „ის არის, –
გაიფიქრა მარიკამ, – ზის და, ალბათ, მე მელოდება. ღმერთო, როგორ არ მინდა მასთან
შეხვედრა და ლაპარაკი“. მარიკამ თმა შეისწორა, ჩანთა საკიდზე დადო და ოთახში
შევიდა. მაშინვე დაინახა სავარძელში მჯდარი დედამთილი. წინ სიგარეტის
ნამწვავებით სავსე საფერფლე და მინერალური წყლის ბოთლი ედგა. ქალმა ნელა
მოატრიალა თავი და გოგოს შეხედა. მარიკამ უხერხულობა იგრძნო და მიხვდა, რომ
რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა.

– ნიკას სძინავს? – წარმოთქვა გაუაზრებლად და გუნებაში საკუთარ სისულელეზე


გამწარდა – ჯერ, ალბათ, „გამარჯობა“ უნდა მეთქვაო...

– ჰო, დაეძინა. ვაიძულე, დაწოლილიყო და ისე დაგლოდებოდა...

მარიკა სადღაც ტელევიზორსა და სავარძელს შორის „გაიჩხირა“. იდგა და ნაბიჯის


გადადგმას ვერ ახერხებდა და ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა. ქალიც ჯიუტად არ
ცდილობდა, დახმარებოდა. ირონიანარევი მზერით ზვერავდა და ტუჩის კუთხეებით
იღიმებოდა.
– მიხარია, რომ ჩამოხვედით... – თქვა ბოლოს მარიკამ და უცებ გულზე მოეშვა,
რადგან მიხვდა, რომ ყველაზე რთული ბარიერი გადალახა. მართლაცდა, რატომ
უნდა შეშინებოდა ამ ქალის, რომელიც, მართალია, საკუთარ მოედანზე „თამაშობდა“,
მაგრამ, აღარც თავად იყო უცხო და, თუ ახლავე არ აჩვენებდა ამას, მერე კიდევ უფრო
გაუჭირდებოდა. ამის გააზრებამ სითამამე შესძინა და თავდაჯერებულობა შეჰმატა.
თუმცა, მეგობრები რომ ვერასდროს გახდებოდნენ, ამასაც ხვდებოდა.

– ყავა ხომ არ მოგიდუღო? – მზრუნველი ტონით ჰკითხა ქალმა, – დაღლილი სახე


გაქვს.

– გმადლობთ. მირჩევნია, დავიძინო. თუ არ გეწყინებათ, ჩვენს ოთახში შევალ.

ქალმა ღიმილით აიჩეჩა მხრები:

– როგორც გინდა, თუმცა, აჯობებდა, ახლა დაგლაპარაკებოდი.

მარიკამ თავაზიანი ღიმილით დამალა მღელვარება.

– სულ რამდენიმე წუთი დამჭირდება. ხვალ, ნიკას თანდასწრებით, ამ ყველაფერს


ვერ გეტყვი...

– ჰო, მესმის... არ მოგწონვართ, ხომ ასეა?

– საქმე ეს არ არის. ძალიან მინდა, სწორად გამიგო. მოგვწონს ეს თუ არა, მე და შენ


ერთი მამაკაცი გვიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ჩემი სიყვარული შენი
სიყვარულისგან განსხვავდება. ამაზე არ არის ლაპარაკი... გესმის, ხომ, რასაც
ვგულისხმობ?

– დიახ და, მგონი, იმასაც ვხვდები, რას მთავაზობთ – ზავს.

– ვიცოდი, რომ გამიგებდი, – კმაყოფილებით გაიღიმა ქალმა, – მაგრამ, ნებისმიერ


ზავს თავისი პირობები აქვს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ ხომ
ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ...

– ნიკამ მოინდომა ასე, – ჩაერთო მარიკა.

– ვიცი, ჩემს შვილს კარგად ვიცნობ. ამიტომაც გადავწყვიტე, მარტო მე და შენ


გველაპარაკა.

– თქვენ მე კითხვაზე არ მიპასუხეთ, – მარიკა თავადაც ვერ მიხვდა, რატომ აიხირა ეს


შეკითხვა. სინამდვილეში, ნაკლებად აინტერესებდა, მოსწონდა ქალს ის თუ არა.
– მე გითხარი, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა-მეთქი. ჩვენ შორის სიმპათიებისა
და გრძნობების არსებობის აუცილებლობა არ არსებობს, მთავარია, შეთანხმებას
მივაღწიოთ, ისევ და ისევ ნიკას გამო.

– ესეც გავიგე. ჩემგან რას მოითხოვთ? თუ სწორად მივხვდი, ჯერ თქვენი პირობები
უნდა მოვისმინო და მერე საკუთარი წამოვაყენო.

ქალმა თავი დაუქნია:

– სწორედ ასეთი წარმომედგინე და არც შევმცდარვარ შენს შეფასებაში.

– ეს კარგია?

– რა თქმა უნდა. მოკლედ გეტყვი: მე თითქმის არ მაქვს პირობები, გარდა ერთისა –


ნიკა მშვიდად უნდა იყოს და ჩვენი ურთიერთობის გამო არ უნდა დაიძაბოს.

– და, როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ? მგონი, ჯერჯერობით არანაირი.

– მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა. ჰოდა, უნდა გვქონდეს. ბუნებრივია, ისეთი არა,
როგორც სტანდარტულ რძალ-დედამთილებს აქვთ.

– არც ჩვენ ვართ სტანდარტულები.

– სწორედ მაგისი თქმა მინდოდა... რა თქმა უნდა, შენს მშობლებს გავიცნობ, ანუ,
აუცილებელი ფორმალობები უნდა შევასრულოთ.

– გმადლობთ.

– სამადლობელი არაფერია, ამას ნიკასთვის გავაკეთებ და, კიდევ... – ქალი გაჩუმდა


და სიგარეტს მოუკიდა, – იშვიათად ვეწევი, მით უმეტეს – სახლში. მგონი, გავუგეთ
ერთმანეთს...

– მე რა უნდა გავაკეთო? უფრო სწორად, რა არ უნდა გავაკეთო?

– პროფესიული შეკითხვაა, შენი პროფესიიდან გამომდინარე.

– მივხვდი – ჩემს პროფესიასთან გაქვთ პრობლემა.

– არა, პროფესიასთან არა, მხოლოდ იმ თვისებებთან, რომლებიც ამ სფეროში


დასაქმებულ ადამიანებს ახასიათებთ – ზედმეტი ცნობისმოყვარეობა... ერთ სახლში
ვიცხოვრებთ და, ალბათ, ერთმანეთის საქმეებით დავინტერესდებით, მაგრამ...
– მაგრამ, სტანდარტული რძალ-დედამთილი ვერასოდეს ვიქნებით... – მარიკამ
გაიღიმა და წამოდგა, – ახლა შეიძლება, დავიძინო? მძიმე დღე მქონდა. ხვალ კი ჩემს
მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ამ დღეებში მათთან სტუმრად მივალთ. ეს
მხოლოდ იმიტომ, რომ ურთიერთობის ფორმალური მხარე დავიცვათ.

ქალმა თავი დაუქნია. მისი სახის გამომეტყველებით ვერაფრით მიხვდებოდი, რას


გრძნობდა სინამდვილეში. მან საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და ხმადაბლა
დაუმატა:

– მე არ ვარ შენი მტერი – მინდა, ეს იცოდე.

მარიკა შემობრუნდა:

– ამაში ოდნავაც არ შემპარვია ეჭვი, ქალბატონო ია. საუზმეზე შევხვდებით?

– მე ყოველთვის ადრე ვსაუზმობ, – გაიღიმა ქალმა, თუმცა ამ ღიმილმა ოდნავადაც


ვერ გაანეიტრალა, ვერ განმუხტა მძიმე ატმოსფერო. მარიკა მიხვდა, რომ ვერასდროს
იმეგობრებდა ამ ადამიანთან. აღარაფერი უთქვამს. ჩუმად შევიდა საძინებელში, კარი
მიხურა და ლოგინზე მიწოლილ, ჩაძინებულ ქმარს დააშტერდა. ნიკას გაუხდელად
ეძინა. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ ცოლის მოსვლას გაიგებდა და ფეხზე
დახვდებოდა. მარიკა ნელა მიუახლოვდა, დაიხარა და ლოყაზე შეახო ტუჩები. ბიჭი
შეიშმუშნა. გვერდი იცვალა და ძილი განაგრძო. მარიკა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
და დაფიქრდა. ახლა აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღება – სწორედ ახლა
უნდა ეთქვა საკუთარი თავისთვის, უღირდა თუ არა ნიკას სიყვარული ყველაფერ
იმად, რაც წინ ელოდა. ნიკას დედის გვერდით ცხოვრება მარტივი რომ არ იქნებოდა,
ამას იმ პირველი წუთებიდანვე მიხვდა, როცა შეყვარებულმა დედას პირველად
წარუდგინა, ბოლო საუბარმა კი მხოლოდ დაარწმუნა ამაში და დამატებითი
არგუმენტები შესძინა. თუმცა, სინანული თითქმის დაუფიქრებლად, გრძნობის
კარნახით გადადგმული ნაბიჯის გამო არ უგრძნია და ამან გაახარა. „ალბათ, როგორ
ელოდება იმ დღეს, როცა მე და ნიკა ერთმანეთს დავცილდებით! მაგრამ, ამ
ბედნიერებას არ მივანიჭებ. მიუხედავად ყველაფრისა, ნიკა მიყვარს და ამ
სიყვარულისთვის ვიბრძოლებ. იმასაც გავიგებ, რას მალავს ის ქალბატონი
მოჩვენებითი შეუვალობისა და პრინციპულობის ნიღაბს მიღმა...“ – მარიკამ გაიღიმა.
ტანზე აღარც მას გაუხდია, ნიკას გვერდით მიუწვა, მხარზე მიეხუტა და თვალები
დახუჭა...

***

დაჟინებულმა მზერამ თვალი გაახელინა. იდაყვზე დაყრდნობილი ნიკა ღიმილით


უყურებდა ცოლს. მარიკამ დაამთქნარა და გაიზმორა:
– რომელი საათია? ძალიან დამაგვიანდა?

– არ ვიცი, საათისთვის ჯერ არ შემიხედავს. შენ გიყურებდი, თანაც, გუშინ მივხვდი,


რომ შენთან ურთიერთობაში ერთი მთავარი პრინციპი არსებობს – არ შეხედო საათს!

– მიბრაზდები? – მარიკამ ლოყაზე მოუსვა ქმარს ხელი.

ნიკამ აკოცა:

– არა. ვაპირებდი, მაგრამ, ისეთი საყვარელი ხარ, არ გამომივა და არც მინდა. იცი,
გუშინ დედამ რა მითხრა?

მარიკა დაიძაბა, იდაყვზე წამოიწია და ქმარს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.

– გული მწყდება, რომ, ჩემი მოუცლელობის გადამკიდე, ყურადღება ვერ მოგაქციეთ.


ნამდვილად იმსახურებთ იმას, რომ განსაკუთრებული საჩუქარი გაგიკეთოთ. რატომ
არ უნდა წახვიდეთ საქორწინო მოგზაურობაში, როცა ამის ფინანსური საშუალება
მაქვს? ნებისმიერი ქვეყანა ამოირჩიეთ და საგზურები შეუკვეთეთ, ყველაფრისთვის
მე გადავიხდიო.

მარიკას გაეღიმა. მისთვის მაშინვე გახდა გასაგები დედამთილის ტაქტიკა.

– მაინც, რამდენდღიან საგზურს გვიფინანსებს? – იკითხა ორაზროვნად, მაგრამ ნიკა


ვერაფერს მიხვდა.

– დროში შეზღუდულები არ ვართ, თუნდაც მთელი თვით წავიდეთ. რას იტყვი, ხომ
მაგარია?! წარმოიდგინე, როგორ დავისვენებთ და გავერთობით. შეგვიძლია მთელი
ევროპა დავლაშქროთ.

– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ, ჯერჯერობით მოგზაურობის გადადება მოგვიწევს.


ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ ეს საქმე არ დასრულდება.

– ბარში მომხდარ მკვლელობას გულისხმობ?

– ჰო. ძალიან მძიმე საქმეა. დროზე თუ არ გავხსენით, ახვლედიანს ვერ


გადავურჩებით.

– შენ რომ ორი კვირით გაეთავისუფლო?

მარიკამ წყენით შეხედა ქმარს.


– არ გესმის, რაზე ვლაპარაკობ? მე რომ ახლა მივიდე და პაპავას ორკვირიანი
შვებულება ვთხოვო, საერთოდ გამომიშვებს სამსახურიდან. ძლივს შტატში ჩამსვეს
და ახლა ყველაფერს ვერ გავაფუჭებ. მოგზაურობაზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი?

– როდის მერე? კიდევ ერთი მკვლელობა რომ მოხდება და ისევ ამ სიტყვებს


გამიმეორებ? მე მესმის შენი, მაგრამ, ცოტა ჩემიც ხომ უნდა გაიგო? რა გამოდის?
შენთან თითქმის არ ვარ. ღამითაც კი ვერ გხედავ. დიდხანს ამას ნამდვილად ვერ
გავუძლებ.

– პირობას გაძლევ, როგორც კი ამ საქმეს მოვრჩები, აუცილებლად ავიღებ


შვებულებას, გპირდები...

ნიკამ ამოიოხრა:

– მჯერა, მარიკა, მაგრამ, მე ახლა მინდოდა!

– ბავშვივით ნუ ჭირვეულობ, – გაეღიმა გოგოს, – დღეს ვარჯიში გაქვს თუ


სამსახურში მიდიხარ?

– სამსახური, თორემ, მეც მაქვს, რა... ხუთი კინკილა ბავშვი დატყაპუნობს.


ვარჯიშზეც, მაქსიმუმ, საათ-ნახევარი დავკარგო და მერე ისევ მარტო უნდა ვიჯდე
ტელევიზორის წინ, შენს მოლოდინში... არა, კი არ გსაყვედურობ, მაგრამ... იცი,
წუხელ რამდენ ხანს გირეკე?

– ვიცი, საყვარელო, ვიცი... შენი ყველა ზარი ვნახე, მაგრამ, ვერ გიპასუხე და რა ვქნა?!
თათბირზე ვიყავი, როცა მოვრჩით, უკვე ისეთი გვიანი იყო, დარეკვას აზრი აღარ
ჰქონდა.

– ჰო, აბა, რა, მე უსაქმური კი მოსვენებას არ გაძლევდი.

– მე ეგ არ მითქვამს.

– არ გითქვამს, მაგრამ, ხომ იფიქრე?

მარიკამ ამოიოხრა:

– ძალიან გთხოვ, რა ჩხუბი არ მინდა და სამსახურში დაგრუზულს ნუ გამიშვებ...

– არ გეჩხუბები. რას ამბობ, ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა.

– მაშინ, ნუ წუწუნებ.
– კარგი, მოვრჩი წუწუნს, ხმას აღარ ამოვიღებ. ვნახავ, დედაჩემი თუ არ წავიდა,
ერთად ვისაუზმოთ. თან, ნახავ კიდეც, თორემ, ორივენი ისეთი დაკარგულები ხართ,
დიდი შანსია, წლის ბოლომდე საერთოდ ვერ შეხვდეთ ერთმანეთს.

– უკვე ვნახე.

ნიკამ სწრაფად გამოყო თავი პულოვერიდან, სახელოებში მკლავები გაუყარა და


ცოლს გაკვირვებით შეხედა:

– ნახე? კი მაგრამ, როდის? როდის მოასწარი?

– წუხელ რომ მოვედი, მაშინ ვნახე.

– შენ გელოდებოდა?

– მე? არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უთქვამს.

– მერე?

– რა – მერე? ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და დავიძინე. ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად


არის.

– მაინც, რაზე ილაპარაკეთ? გეხვეწები, მომიყევი. ხომ იცი ჩემი ხასიათი, მოვკვდები
ნერვიულობით.

– არაფერზე. შევთანხმდით, რომ მოიცლის და ჩემს მშობლებს ერთად ვესტუმრებით.


მეტი არაფერი.

ნიკას შუბლი გაეხსნა:

– უჰ, გულზე მომეშვა. ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ,


ერთად საუზმობაზე უარს მაინც ნუ ვიტყვით. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?

მარიკამ ხელები გაშალა:

– საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, პირიქით. მოვემზადები და გამოვალ.


სამსახურში შენ წამიყვან თუ დევის დავურეკო?

– მე წაგიყვან. ნეტავი, თავის დროზე რატომ არ მეყო ჭკუა და იურიდიულზე რატომ


არ ჩავაბარე, ახლა ხომ ერთად ვიმუშავებდით?!

მარიკას ხმამაღლა გაეცინა:


– მეეჭვება, გამომძიებელი შემყვარებოდა.

– აი, ხედავ? ესე იგი, აღიარებ, რომ გამომძიებლის სიყვარული ძნელია.

– რა თქმა უნდა. სწორედ მაგის გათვალისწინებით გპატიობ ჭირვეულობას, – მარიკამ


სარკეში ჩაიხედა და შესიებული ქუთუთოების დანახვაზე უკმაყოფილოდ გადააქნია
თავი: – ერთი დღე მაინც უნდა მოვახერხო და გამოვიძინო, თორემ, დედაჩემისა და
მამაჩემის საყვედურების მოსმენა მომიწევს. ჰო, მართლა, ბარემ ისიც ჰკითხე
დედაშენს, როდისთვის შევამზადო ჩემები, თორემ, მოულოდნელად რომ დავაყენო
თავზე, მომკლავენ.

– აუჰ, ისევ ორმოცდაათკაციან სუფრას დაგვახვედრებენ? – შეიცხადა ნიკამ.

– არა, ამაზე უკვე მე ვიზრუნებ – ჩვენ გარდა იქ არავინ იქნება.

ნიკა ოთახიდან გავიდა და უკან ძალიან სწრაფად დაბრუნდა ნირწამხდარი და


დაბნეული.

– რა მოხდა? – ჰკითხა სააბაზანოდან გამოსულმა მარიკამ.

– წასულა. თან, მგონი, ჩემი მანქანაც წაუყვანია.

– ეგ არაფერი, დევის დავურეკავ, – დაამშვიდა ცოლმა.

– მისი მანქანის გასაღებიც ვერსად ვიპოვე – სადაც ჩვეულებრივ დევს ხოლმე, იქ არ


არის.

– ეგ რა პრობლემაა. შეიძლება, რამე გაუფუჭდა.

– არ ვიცი. მანქანა გამართული იყო, პროფილაქტიკაში რატომ უნდა დაეტოვებინა?


დავურეკავ და შევეკითხები. თან, მითხრა, აეროპორტში მყავდა დატოვებულიო.
ძალიან უცნაურია, – ნიკამ მობილური აიღო და დედას დაურეკა, – გამორთული აქვს.
ნეტავი, რა დაემართა?!

– რა უნდა დამართნოდა? ხომ გითხარი, წუხელ ვნახე-მეთქი. პატარა ხომ არ არის,


საქმე აქვს, ალბათ...

– ჩემი ოჯახის სუპერსაქმიანი წევრები გამაგიჟებენ ნამდვილად, – ყასიდად ამოიოხრა


ნიკამ. მერე უცებ ცოლს ეცა, ხელში აიტაცა და დაატრიალა: – ჩემი სიშჩიკი ცოლი!..
როგორ უნდა შემყვარებოდა... როგორ...

***
მარიკა მანქანიდან გადმოვიდა. დევი დაელოდა, სანამ სალონიდან კეისს
გადმოიღებდა და კარი ჩაკეტა.

– ხომ არ ვაგვიანებთ? – ჰკითხა ექსპერტმა.

– არა. თემოს ჯერ არ დაურეკავს, ესე იგი, არ დაგვიგვიანია.

– ჰო, მაგრამ, შეიძლება, ის უკვე ახვლედიანთან არის და დარეკვის საშუალება არ


აქვს. როგორ ფიქრობ, დღეს წინ წავიწევთ?

– აბა, რა გითხრა? გააჩნია, რა მიმართულებით ვიმოძრავებთ. შენი დედამთილი ხომ


ჩამოვიდა?

– ჰო, რა იყო?

– უნდა დაელაპარაკო.

– რაზე?

დევის გაეღიმა:

– მარიკა, ვერ გამოიძინე? ძალიან უცნაურად გამოიყურები და უცნაურ რაღაცეებს


მეკითხები. ის გოგო, ჩემ შემდეგ შენს დედამთილთან აღმოჩნდა. არ ფიქრობ, რომ,
შეიძლება, რამე საინტერესო გვითხრას?

მარიკა შეყოყმანდა.

– რა ხდება, არ გინდა შენს დედამთილთან ლაპარაკი?

– გამოიცანი. იქნებ, ვინმე სხვა დაელაპარაკოს? ჯერ ერთი, ტენდენციური ვიქნები.


თანაც, ვერ დავიტრაბახებ, რომ იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ვერ გავხსნი, ისე
ლაპარაკს კი რა აზრი აქვს?

– მართალი ხარ, მაგრამ, ვახო მაგ საქმისთვის არ გამოდგება, მე – მით უმეტეს, თან,
უფლებაც არ მაქვს.

– თვითონ თემო მივიდეს. ისე, გულახდილად გეტყვი, ძალიან უცნაური ადამიანია,


უამრავი კითხვის ნიშნით. გამიჭირდება მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება...

– რატომ? ძალიან მკაცრია? სტანდარტული „რძალ-დედამთილიანი“ ხდება?


– არანაირად. სწორედ ეგ არ ხდება. არ ვიცი, როგორ გითხრა... არასდროს გქონია
შემთხვევა, რომ, ელაპარაკები ადამიანს და გრძნობ, რომ შენ წინ ის არ ზის, ვინც
გგონია?!

– ძალიან გაუგებრად ამიხსენი, მაგრამ, მაინც მივხვდი. ეჭვი ცუდი რამეა.

– არა, ეჭვი არაფერ შუაშია, – მარიკამ ამოიოხრა, – მოკლედ, მძიმე შემთხვევაა. მე


მარტივად ვუყურებ ყველაფერს, მის გარშემო კი ჰაერი ისე დამძიმებულია, სუნთქვაც
კი მიჭირს. შეიძლება იმიტომ, რომ მარტომ გაზარდა ნიკა და, ალბათ, უამრავი
პრობლემაც ექნებოდა. ასეთი ცხოვრება ქალებს თავის დაღს ასვამს.

– შეიძლება. თუმცა, შენ თითქმის არაფერი იცი მაგ დედა-შვილის შესახებ. ნიკას
როდისმე მამამისზე რამე უთქვამს?

– არა და არც მე მიკითხავს.

– რატომ, არ გაინტერესებდა?

– როგორ გითხრა, – მარიკამ მხრები აიჩეჩა, – რაღაცნაირად, არ დავინტერესებულვარ.


უფრო სწორად, დრო არ მქონია მაგისთვის. ისე, მგონი, მკვდარი ჰყავს. ერთხელ
ახსენა, სასაფლაოზე ვარ ასასვლელიო.

– წამოდი, შევიდეთ. მერე კიდევ ვილაპარაკოთ ამაზე...

***

თემომ მაგიდის გარშემო მსხდომები შეათვალიერა:

– კარგია, რომ ყველანი აქ ხართ. ახვლედიანთან ვიყავი. ალბათ, ხვდებით ჩვენი


საუბრის შინაარსს.

ვახომ მარიკას და დევის გადახედა:

– ... მე მაინც მირჩევნია, გვითხრათ, რაზე ილაპარაკეთ და უფრო მობილიზებულები


ვიქნებით.

დევის ჩაეცინა. თემო შეიჭმუხნა, მაგრამ, თავს ძალა დაატანა, რომ


„მობილიზებულებზე“ ნერვები არ მოშლოდა. ვახო ვერც მიხვდა, რა რეაქცია
გამოიწვია მისმა ორიგინალურად ჩაკვეხებულმა სიტყვამ.

– მოკლედ, მე იმ გოგოს შესახებ ჯერჯერობით არაფერი მითქვამს, მაგრამ, მხოლოდ


ჯერჯერობით. დიდხანს ამას ვერ დავმალავთ, მაქსიმუმ ერთი დღე შევინახოთ
საიდუმლოდ. მოტივი ისეთია, ბევრს აღარ იყოყმანებს და მაშინვე მისი
დაპატიმრების სანქციას მოითხოვს.

– ვისი დაპატიმრების სანქციას მოითხოვს? – ჩაეკითხა ვახო და გაწითლდა.

– ვახო, გაჩუმდი, – გააფრთხილა მარიკამ, – ბატონო თემო, იმ ვერსიაზე არ


ვიმუშაოთ? კიდევ ერთხელ ხომ არ მივიდე იმ ორთან? ის ენცო ძალიან
ნერვიულობდა და, ფაქტობრივად, სახლიდან გამოგვყარა.

– ჰო, შეიძლება, რაღაც ისეთი იცოდეს, რაც შიშის საფუძველს უჩენს. მაგრამ, შენი იქ
მისვლით არაფერი გამოვა, აქ უნდა დავიბარო. კიდევ რამდენიმე კლიენტია, ვინც
დროის იმ მონაკვეთში ბარში იყო და იმათთან ერთად დავკითხავთ?

– დილით მარიკას ვეუბნებოდი, რომ ქალბატონი იას ნახვაა აუცილებლად საჭირო, –


თქვა დევიმ, – ძალადობის შემდეგ გოგონამ მასთან რამდენიმე საათი გაატარა.
როგორც მე ვიცი, გარდა პროფესიული დახმარებისა, ეგ ქალი ფსიქოლოგიურადაც
მუშაობს პაციენტებთან და ვფიქრობ, რამე საგულისხმოს გვეტყვის.

– რა თქმა უნდა, ეგ ქალი სანახავია. როგორც ვიცი, შენი დედამთილია, – თემომ


მარიკას შეხედა. გოგოს ნერვიულობა დაეტყო, აწრიალდა და პაპავას მზერა მოარიდა.

– ჰო, ნიკას დედაა, – ჩაილაპარაკა გოგომ უხალისოდ და მაშინვე დაუმატა: – დევის


უკვე ვუთხარი, რატომაც ვერ დავკითხავ.

– მაგას ვხვდები. მე თვითონ დავკითხავ, მაგრამ, შენ სახლში დააკვირდი მის


რეაქციას ჩემთან ლაპარაკის შემდეგ. შეიძლება, სიმართლე არ მითხრას.

– თუ რამის დამალვა ენდომება, აუცილებლად მოახერხებს ამას, – ჩაილაპარაკა


მარიკამ.

თემომ დევის გადახედა და იმანაც უსიტყვოდ ანიშნა რაღაც.

– კარგი, დღევანდელი გეგმა მოვხაზოთ. რას ვაკეთებთ? – იკითხა თემომ.

– გოგონაზე მეთვალყურეობის დაწესებას გთავაზობთ და ამას მე გავაკეთებ, – თქვა


მარიკამ, – მეეჭვება, მკვლელი თავად იყოს, მაგრამ, თქვენგან ვისწავლე, რომ არაფრის
გამორიცხვა არ შეიძლება.

– ოპერატიული ჯგუფიდან დაიხმარე ვინმე, – შესთავაზა პაპავამ. მარიკამ თავი


გააქნია:
– არ მინდა. რთული არ იქნება და თავს თვითონვე გავართმევ. ის ბიჭი მინდა,
ვიპოვო, ვინც მკვლელობის ღამეს გოგონა მანქანაში ჩაისვა და სახლში მიიყვანა.

– ეგ კარგი იქნება, მაგრამ, როგორ მოახერხებ? არც მანქანის მარკა ახსოვს, არც
ნომერი... ბიჭის ვინაობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

– არ ვიცი, მაგრამ, უნდა ვცადო, – ჯიუტად გაიმეორა მარიკამ.

– მე რას ვაკეთებ? – ვახო სკამზე აწრიალდა, – ისე ხომ არ ვიჯდები, უსაქმოდ?

– შენ? – თემომ სინანულით შეხედა, – შენ ბარში წადი და მთელი დღე ფეხი არ
მოიცვალო იქიდან.

– რატომ? რა მინდა ბარში?

– ცოტა შენც იფიქრე და მიხვდი, – გაღიზიანდა პაპავა, მაგრამ, სწრაფადვე მოახერხა,


თავი ხელში აეყვანა, – ბარში იქნები და სიტუაციას დააკვირდები. ნახავ, რა
კატეგორიის ხალხი დადის იქ და, რაც მთავარია, შეაკეთეს თუ არა ტუალეტი
მომსახურე პერსონალისთვის.

ვახო გაშრა. რამდენიმე წუთი ფიქრობდა, ეთქვა თუ არა, მერე მორიდებულად


იკითხა.

– ტუალეტი რა შუაშია?

თემომ ამოიოხრა და ხელები გაშალა. მარიკამ მშვიდად აუხსნა:

– მომისმინე, მკვლელობა როდის მოხდა? გუშინწინ ღამით. ხომ ასეა? თუ ახლა


მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ტუალეტი ჩვეულებრივად
ფუნქციონირებს, შეიძლება, ვიღაცას სწორედ ერთი დღით დასჭირდა მისი
მწყობრიდან გამოყვანა. ამისი ალბათობა მცირეა, მაგრამ, მაინც უნდა გადამოწმდეს.

– მთელი დღე ბარში რა უნდა ვაკეთო?

– გითხრეს შენ, რაც უნდა გააკეთო, – მკაცრად შეაწყვეტინა წუწუნი თემომ, –


პროტესტის გარეშე წადი და მიხედე საქმეს. ფეხი არ მოიცვალო იქიდან. ისიც
მაინტერესებს, მომსახურე პერსონალი რაზე ლაპარაკობს, კონკრეტულად
მკვლელობის შესახებ რა ვერსია აქვთ... ასე რომ, ყურადღებით იყავი.

– კოქტეილის ფული მაინც მომეცით, მოწყენილობით რომ არ მოვკვდე.

– უყურე ახლა ამას... – გაეღიმა დევის.


– ჰო, რა... თანმხლები მანდილოსანიც კარგი იქნებოდა, ეჭვის გასაფანტავად, –
დააკონკრეტა ვახომ თავისი მოთხოვნა.

– რას ერჩი, დაუწყია კაცს აზროვნება, – თავი ვეღარ შეიკავა დევიმ და ახარხარდა.
ემოცია მარიკასაც გადაედო და გაიცინა.

– რა ვთქვი ამისთანა? გოგოსთან ერთად რომ მივიდე, უფრო არ შემეტყობა, რომ


ორგანოს თანამშრომელი ვარ.

– სად გიპოვოთ ასე უცებ გოგო, ორგანოს თანამშრომელო? – გამოაჯავრა თემომ, –


დაგიქირაოთ? თუ შეგულებული გყავს ვინმე, პირდაპირ გვითხარი.

– კი, მყავს შეგულებული, – ვახომ უჩვეულო რიხი გამოურია ხმაში, – ჰო, რა იყო?
თიკო მომწონს ძალიან... ლაბორატორიიდან. ვეტყვი, რომ ოპერატიული დავალებაა
და თან, უკეთესად გავიცნობ.

– შენ ბარში თიკოს უკეთ გასაცნობად კი არა, სიტუაციის შესასწავლად გგზავნით.


წადი, დავალება შეასრულე და მერე მე თვითონ „შეგიბამ“ მაგ თიკოს.

ვახო უკმაყოფილოდ დაიჭყანა.

– თუ ჩემთვის მეტი აღარაფერი გაქვთ სათქმელი, წავედი...

– წადი, წადი და ხაზზე იყავი, დაგირეკავ და შეგამოწმებ, – გააფრთხილა თემომ და


როცა ლელაძემ კაბინეტის კარი გაიხურა, სინანულით ჩაილაპარაკა: – ეს, ალბათ,
ფიქრობს, რომ ვჩაგრავ. რა ეშველება...

– ბატონო თემო, მეც წავალ. გუშინ ის გოგო მე და დევიმ მივიყვანეთ სახლში და


მისამართი ვიცი. ნიკა წამიყვანს და იქვე ვიქნებით. ვნახავ, სად წავიდა და ვის
შეხვდება.

– ჩვენ ხომ გავაფრთხილეთ, სახლიდან არ გამოსულიყო.

– სწორედ მაგიტომ მაინტერესებს, რას მოიმოქმედებს, – მარიკამ მობილური აიღო და


ნიკას დაურეკა.

– შენი მანქანით მჭირდები. რამდენ ხანში შეძლებ, რომ მომაკითხო? რაც შეიძლება
მალე. ჰო, სასწრაფო საქმეა. კარგი, გელოდები.

– მანქანა ჩემს დედამთილს ჰყავს, გაუვლის და მომაკითხავს.


– მე შენს დედამთილთან მივდივარ. საღამოს ცხრა საათზე ვიკრიბებით აქ, ჩემს
კაბინეტში თათბირზე. დევი, შენ რას იზამ?

– მეც მაქვს რაღაც პატარა საქმე, მაგრამ, ჯერ არ გეტყვით. რაღაც უნდა გადავამოწმო
და წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ექსპერტმა. უცებ
თემოს რაღაც გაახსენდა.

– მართლა, სულ დამავიწყდა! დრო უნდა გამოვნახო და დათოს შევხვდე. მეორე დღეა,
მირეკავს.

– მაკასთან მოხდა რამე? – ჰკითხა დევიმ. ცოლის სახელის ხსენებაზე პაპავა მოიღუშა.

– არ ვიცი. მარტო შეხვედრა მთხოვა, მეტი არაფერი უთქვამს.

***

ნიკამ ცოლს მხარზე მოჰხვია ხელი და მიეხუტა.

– აქ მთელი დღე უნდა ვიყოთ? მოგეფერები მაინც. შევუთავსოთ სასარგებლო და


სასიამოვნო – აუცილებელს.

მარიკამ ხმა გაიმკაცრა:

– ნიკა, მე პოსტზე ვარ, ანუ, ვმუშაობ. ამიტომ ხელს ნუ შემიშლი და დამეხმარე!

– გეხმარები... – ნიკამ ისევ სცადა, მისთვის ეკოცნა.

– არა, ასე არა... სათვალთვალო ობიექტი რომ გამოგვეპაროს, ვერ გადამირჩები!

– „აგენტი 007“ – კაბაში, – ამოიოხრა ნიკამ, –კარგი, ქალბატონო, ღირსეულად


მოვიქცევი... ჩემი მკაცრი და შეუვალი ცოლი...

– მოიცადე! აი, გამოვიდა, – მარიკა დაიძაბა.

– დამანახვე მაინც, ვის ვუთვალთვალებთ, – ნიკამ იქით გაიხედა, საითაც მარიკა


იყურებოდა გაფაციცებული და წამოიძახა:

– მე ამ გოგოს ვიცნობ... კი, კი, ნამდვილად ის არის!..

თემო პაპავა ზარმა გააღვიძა. ჯერ ეგონა, მაღვიძარა რეკავდა, მაგრამ, ოდნავ
გამოფხიზლებულმა მობილურის განათებული ეკრანი რომ დაინახა, მიხვდა, ვიღაც
ურეკავდა. ზანტად დასწვდა ტელეფონს და ყურთან მიიტანა:
– რომელი საათია? დევი, არ მითხრა, რომ სამმართველოში ხანძარია, თორემ,
გავაფრენ. მინდოდა, ერთი საათით მეტი დამეძინა. რა? შეუძლებელია. მოიცა, საათს
ვნახავ. მჯერა, მაგრამ, წარმოუდგენელია, ასე დამძინებოდა. წამოვალ, მაქსიმუმ
ორმოც წუთში. ჰო, კარგი, კარგი. მერე ვილაპარაკოთ, ახლა არაფერი მესმის, არც
ერთი სიტყვა, – პაპავამ მობილური საწოლზე მიაგდო და ნახევრად თვალდახუჭული
სააბაზანოსკენ გაემართა.

კაბინეტში შესვლა ძლივს მოასწრო, რომ ტელეფონის ზარი ფეხდაფეხ მოჰყვა. „რა
დათარსული დღეა, ეს ახვლედიანი იქნება. კიდევ დიდი ხანია არ შევუწუხებივარ...”
– გაიფიქრა თემომ და ყურმილი აიღო.

– რა გინდა, დევი... აქ ვარ, ჰო. ახვლედიანი მეგონე და... საოცარი კაცი ხარ და
საოცრად მიშლი ზოგჯერ ნერვებს. მაშინ, რაღას მირეკავ, ამოდი პირდაპირ და
დამელაპარაკე. ეგ შენი მნიშვნელოვანი ამბავიც დროზე მომიყევი, თორემ, გატყობ, არ
გასვენებს. სანამ კაბინეტში შემოხვალ, გზად ბუფეტში შეიარე და რამე წამომიღე,
შიმშილით ვკვდები. ყავაც არ მაწყენდა.

დევიმ ლანგარი მაგიდაზე დადგა და ხელები მოისრისა:

– ძნელი ყოფილა ოფიციანტობა, ხომ იცი! ძალიან ვეცადე, რომ ყავა არ დამქცეოდა.
ახვლედიანი უკვე ნახე?

– არა, რა იყო? ხომ არ მიბარებდა, ბიჭო? რამ დამაძინა თერთმეტ საათამდე,


ვერაფრით ვხვდები. რა უნდოდა? აუ, გადარეული იქნება!

– მე მარტო ის გკითხე, ახვლედიანი ნახე თუ არა-მეთქი.

– მერე? მეც ხომ გიპასუხე არა-მეთქი.

– პრინციპში, როგორ ნახავდი, როცა აქ არ არის?

– სად არ არის? მითხარი, სული ნუ ამომხადე. თავის კაბინეტში არ არის?

– საერთოდ არ არის. მდივანმა მითხრა, საქმიანი მივლინებით რამდენიმე დღით


ლონდონში წავიდაო. თუკი, რა თქმა უნდა, მართლა წავიდა და ეს კვალის ასარევად
და სამსახურში არმოსვლის რეალური მიზეზის დასაფარავად არ სჭირდება ერთი
ჩვენი საერთო ნაცნობივით.

– დევი, შენ რაღაც ძალიან ურევ. საერთოდ, გეძინა?

– პრინციპში, თითქმის არ მეძინა, მაგრამ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. სერიოზული


სიახლეები მაქვს.
– ჰოო?! პათანატომიაში?

– არა, გვამებთან ყველაფერი გაცილებით მარტივია, არ იტყუებიან მაინც. აი,


ცოცხლები კი... თითქმის ყველა ცრუობს – ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ. ზოგი კი,
საერთოდ გაუგებარია, რისთვის.

– დაჯექი ერთი მანდ... – თემომ ყავა ბოლომდე დალია და ცარიელი ჭიქა სანაგვე
ურნაში მოისროლა. – აბა, მოყევი...

– ვფიქრობ, საიდან დავიწყო, გუშინ მარიკა სახლიდან წამოვიდა და ჩემთან მოვიდა.

– მოიცა, ჩვენს მარიკას გულისხმობ, ჩემს თანაშემწეს და სერიოზულად ამბობ ამას?

– ქმრისგან წამოვიდა. – განაგრძო დევიმ. ისე მშვიდად, თითქოს მისი შეკითხვები არ


გაუგონია, – მარიკას ნერვებმა უმტყუნა და ამაში გასაოცარი არაფერია. როცა შენ
თვალწინ ვიღაც თავს იკლავს, ფანჯრიდან ხტება და დაყვირებასაც კი ვერ ასწრებ,
მით უმეტეს, რომ ეს „ვიღაც” შენი მეგობარიც არის, შეუძლებელია, ღამე მშვიდად
დაიძინო.

– რა სისულელეს მიხსნი! მე არ ვიცი, როგორი ემოცია შეიძლებოდა ჰქონოდა


მარიკას? მაგრამ ქმრისგან წამოსვლა ამასთან რა შუაშია?

– მარიკამ იფიქრა და, ვინ იცის, იქნებ, სრულიად ლოგიკურადაც კი, რომ ნიკას
ფეხდაფეხ დაჰყვება უბედურება.

– დევი, არ მითხრა, რომ შენ ამ აბსურდის გჯერა: მართლა გგონია, რომ ბნელი
ძალები არსებობენ? კარგი რა, სისულელეა! მიზეზი აშკარად სხვაა და მარიკა არ
გეუბნება.

– მიზეზი აქვს და სრულიად ბუნებრივიც. გაიხსენე, სამ საკმაოდ უცნაურ ამბავში


ფიგურირებს მისი სახელი. წყნეთში მკვლელობა მოხდა თუ თვითმკვლელობა,
ფაქტია, იმ დროს, იმ მონაკვეთში, ნიკა თუ არა, მისი ავტომობილი ნამდვილად
წყნეთში იყო.

– ავტომობილსაც ხომ არ ადანაშაულებ? – გაეღიმა თემოს.

– გატყობ, კარგ გუნებაზე უნდა იყო. იქნებ, ფიქრობ, რომ მარიკას ემოციებმა გული
ამიჩვილა? გეთანხმები, მშვიდად ნამდვილად ვერ მოვუსმინე; მეტსაც გეტყვი: კარი
რომ გავაღე და ჩანთააკიდებული დავინახე, ძალიან ვინერვიულე. თანაც, ისეთი
შეშინებული და შეშფოთებული იყო...

– კარგია, რომ შენთან მოვიდა, – დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა თემომ.


– ჰო, მაგაში ნამდვილად გაგვიმართლა – ხელები მოიფშვნიტა დევიმ, – ვერ ხვდები,
რატომ?! მარიკა ქმრის სახლიდან მშობლებთან რომ მისულიყო, თითქმის
დარწმუნებული ვარ, უკან მიბრუნებაში ხელს არ შეუწყობდნენ. როგორც ეს მე
გავაკეთე. ისე ვურჩიე მარიკას, აღარც შემკამათებია და, ნიკამ რომ დარეკა, უკვე მზად
იყო მასთან დასაბრუნებლად.

– კი მაგრამ, ვერ დააცადე, გადაწყვეტილება თვითონვე მიეღო? რატომ ჩაერიე მის


საქმეში? ჭკუის დარიგებასავით გამომდის, მაგრამ, ეგეთი რამეები შარია, დამიჯერე.
ამაზე ამბობდი, მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს სათქმელიო?

– რა გინდა, ახვლედიანი ხომ წასულია, შეგიძლია, მშვიდად დამეხმარო.

– რაში უნდა დაგეხმარო?

– მაგ ბიჭის ამბავი უნდა გავარკვიოთ.

– მოიცა, მოიცა, მარიკასა და მისი ქმრის ურთიერთობაში გინდა ჩამრიო? ბავშვები თუ


სახლობანას თამაშობენ, ეს ჩვენი საქმე არ არის.

– თემო, მართლა ვერ მიხვდი, რა პრობლემაა? საქმე მარტო მარიკას ეჭვებში არ არის.
მე კიდევ ვიცი რაღაც, რაც ჩემს ეჭვს აძლიერებს.

– მერე?

– მერე, არ გაინტერესებს, რა ვიცი?

– ველოდები, როდის მეტყვი.

– რასაც ვფიქრობდი, სიმართლე აღმოჩნდა. ნიკას დედა, ქალბატონი ია ლომიძე,


რომელიც, მისი ვაჟიშვილის თქმით, ხშირი მივლინებების მოყვარულია, თავისი
ბოლო მივლინების დროს, არსადაც არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, დაჯავშნილი
ბილეთი ნამდვილად არ აუღია.

– რა თქვი? შენ ეგ საიდან იცი?

– ავიაკომპანიაში დავრეკე და ვიკითხე. მისმა მდივანმა წინდაუხედაობა რომ


გამოიჩინა და გითხრა, ბილეთი სად და როდის დაჯავშნა, მე ეს ჩემს სასარგებლოდ
გამოვიყენე... ჩვენს სასარგებლოდ.

– კარგი, დავუშვათ, არსად არ გაფრენილა. მერე რა? ეს დანაშაულია? მით უმეტეს,


ჩვენი საქმე არ არის.
– სწორედაც რომ ჩვენი საქმეა. ის იტყუება, შვილსაც ატყუებს და, საერთოდაც,
ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.

– შეიძლება, – დაეთანხმა დევი.

– და, არ უნდა, რომ ნიკამ გაიგოს – ესეც ბუნებრივია.

– შეიძლება... – ისევ დაეთანხმა დევი და ირონიულად ჩაიცინა. თემო დაეჭვდა.

– აბა, მოყევი, რა ხდება?

– მოკლედ გეტყვი: მაგ ქალში რაღაც არ მომწონს, რაღაც მაძლევს ეჭვის საფუძველს.
ქმარი დიდი ხნის წინ დაკარგა, ერთადერთი ვაჟიშვილი მარტომ გაზარდა და
საკუთარი თავი მას მიუძღვნა, კიდევ – საყვარელ საქმეს. ერთი სიტყვით, მე არ მჯერა.

– შეიძლება, არც მე მჯერა, მაგრამ, ეს ჩვენი საქმე არ არის. შვილი ჰყავს და მათი
პრობლემაა, მოატყუებენ ერთმანეთს თუ არა.

– ნუ დაგავიწყდება წყნეთის გზაზე ნიკას მანქანის შემჩნევის ამბავი. სხვათა შორის,


ნიკა ამტკიცებდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ აღმოჩნდა ავტომობილი
წყნეთის გზაზე.

– ჰო, მერე?

– თემო, დღეს ძალიან არ მომწონხარ, – შეჭმუხნა შუბლი ექსპერტმა, – მომისმინე,


არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება; როგორმე უნდა დავადგინოთ, წყნეთში ჩილაჩავამ
თავი რომ მოიკლა, ეს ქალი, მაშინაც მივლინებაში ხომ არ ბრძანდებოდა.

– თუ ამით იმის დამტკიცება გინდა, რომ, შესაძლებელია, ჩილაჩავა მისი საყვარელი


ყოფილიყო, ახლავე ჩაგიყრი წყალში მთელ შენ დედუქციურ აბდაუბდას: იმ ამბის
მერე ბრძანდებოდა ქალბატონი ია იმ მივლინებაში, როცა ბილეთები დაჯავშნა და არ
აიღო. ასე რომ...

– მაშინ, რატომ მიხვედი მასთან კლინიკაში, რისი გაგება გინდოდა?

თემო შეყოყმანდა.

– ჰა, მიდი, რას ორჭოფობ? – შეაგულიანა დევიმ.

– მართლა გინდა, რომ გითხრა? – თემო აშკარად ვერ იღებდა გადაწყვეტილებას.

დევიმ ეს იგრძნო და ხელები გაშალა:


– როგორც გინდა, ისე მოიქცე მაგრამ, რატომღაც, მჯეროდა, რომ ერთი გუნდი
ვიყავით და ერთ საქმეს ვაკეთებდით.

– ასეც არის. უბრალოდ, ჩემი ვარაუდის გარდა ჯერ არაფერი მაქვს, მაგრამ, მაინც
გეტყვი... მოკლედ, ვიფიქრე, ხომ შეიძლება, ეს ია აქეზებდეს ძალადობის მსხვერპლს
დანაშაულის ჩადენისკენ-მეთქი... აბა, დაფიქრდი. ნათია დეისაძეც მკურნალობდა
მასთან; ახლა კიდევ – ეს... ბარში მომხდარ მკვლელობას ვგულისხმობ.

– ჰო, მაგრამ ჯერ ერთი, რომ შენ არ გჯეროდა დეისაძის ბრალეულობა; მეორეც –
დროის ფაქტორს არ ითვალისწინებ.

– რომელ დროის ფაქტორს?

– დეისაძემ მკვლელობა მკურნალობიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ჩაიდინა,


წლების შემდეგ, როცა თითქმის აღარც ახსოვდა თავად ძალადობის ფაქტი.

– ასეთი რაღაც ქალს არასდროს ავიწყდება, – ჩაილაპარაკა თემომ.

– არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მეეჭვება. თუ ლომიძე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს


თავის პაციენტებზე და მათში შურისძიების სურვილს აღვიძებს, დეისაძემ ქმედება
აშკარად ძალიან დააგვიანა.

– მეორე შემთხვევა? თან, გაიხსენე, ზუსტად ამ დროს ის ეგრეთ წოდებულ


მივლინებაში იყო.

დევიმ თავი გააქნია:

– არასწორი გზით მიდიხარ, ამით ვერაფერს დაამტკიცებ. ისე, თუ ეს რამეში


გამოგადგება, გეტყვი: გახსოვს, სუნამოებზე რომ გელაპარაკებოდი? ბარში მოკლულ
მამაკაცს სუნამოს სუნი ჰქონდა და, კიდევ, მის ერთ ორგანოზე პომადის
კვალიც აღმოვაჩინე. ძალიან პატარა და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ,
დაბეჯითებით შემიძლია გითხრა, რომ მკვლელი ქალი იყო – ამაში ეჭვი აღარ
მეპარება.

თემომ დაუსტვინა და ამოიოხრა:

– და, ისევ ვერაფერს დავამტკიცებთ... მოჯადოებული წრესავით არის.

– გააჩნია, რისი დამტკიცება გვინდა. უნდა ვიმუშავოთ.

– რომელი მიმართულებით?
– ყველა მიმართულებით, თემოს ვენაცვალე, ყველა მიმართულებით. ახლა მიხვდი,
რატომ ვურჩიე მარიკას ქმართან დაბრუნება?

– მარიკას გამოყენებას აპირებ ამ საქმეში?

– ჯერ ერთი, ბრძოლაში ყველა საშუალება კარგია; მეორეც – მარიკა თავად არის
დაინტერესებული სიმართლის გარკვევით.

თემო დაფიქრდა და რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა, სივრცეს მიშტერებული, რაღაცას


აანალიზებდა და წონიდა.

– ჩვენ კიდევ გვყავს მეორე ქალი, – თქვა ბოლოს მძიმედ, სიტყვების შერჩევით, – რა
მოხდა იმ ორ მეგობარსა და ელჩის ქალიშვილს შორის? რამ უბიძგა იმ უბედურს ჯერ
მკვლელობისკენ, მერე კი სუიციდისკენ? ეს ყველაფერი გასარკვევია. ფაქტია, რომ
ამასაც რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ბარში მომხდარ მკვლელობასთან.

– ანუ, შურისძიების მოტივი გამორიცხე?

– არა, რატომ გამოვრიცხე? შენ ხომ მითხარი, ყველა მიმართულებით უნდა


ვიმუშაოთო, ჰოდა, ჩამოგითვალე მიმართულებები. სამი შესაძლო ვერსიიდან ერთი,
ყველაზე არგუმენტირებული უნდა ამოვირჩიოთ და ლოგიკურ დასასრულამდეც
მივალთ.

– რომელი? – თვალები მოჭუტა დევიმ, – შენ უკვე გექნება ამორჩეული.

– არა, ჯერჯერობით სამივეს თანაბრად აქვს არსებობის უფლება. ახლა სად არის
მარიკა?

– ხომ გითხარი, ნიკასთან შევარიგე-მეთქი. დილით ჩემთან მოაკითხა და წაიყვანა.


ეტყობა, არკვევენ ურთიერთობას და სამსახურშიც ამიტომ დააგვიანა. არ დაურეკეო,
ვაცადოთ... ისე, ნიკას კი არა, მგონი, დედამისს უნდა მივუჩინოთ მეთვალყურე.
კარგი იქნებოდა, იმავეს გაკეთება ელჩის ქალიშვილზეც შეგვეძლოს, მაგრამ, ხელები
მაქვს შეკრული.

– ახვლედიანის აქ არყოფნით ხომ არ ისარგებლებდი?

დევის ოდნავ გაეღიმა:

– შენ რა, მართლა ხომ არ გგონია, ეს აკრძალვა ახვლედიანის ახირებაა? არა, ჩემო
კარგო, ზუსტად ვიცი, წყალი სათავიდან რომ იმღვრევა, მაგრამ, რა გინდა, რომ?!
საავადმყოფოში დავრეკავ, გავაფრთხილებ. პაციენტი როგორც კი გონზე მოვა,
გამაგებინე, უნდა დავკითხო...
მარიკა მთელი გზა ცდილობდა, არ შეეხედა ნიკასთვის, მაგრამ, ეს ადვილი არ
აღმოჩნდა – ბიჭი, ყველაფერს აკეთებდა მისი ყურადღების მისაპყრობად, თუმცა,
აშკარა გამოლაპარაკებას ან მოფერებას ვერ ბედავდა. მარიკასთვისაც არ იყო ადვილი
ურთიერთობის ძველ რეჟიმში განახლება, მაგრამ, რადგან გადაწყვეტილება
შერიგების სასარგებლოდ მიიღო, ახლა თავისთვის ძალაც უნდა დაეტანებინა და ისე
მოქცეულიყო, რომ ნიკას მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.

– მოდი, ამ ამბავს ნუღარასოდეს გავიხსენებთ, კარგი? – თქვა უცებ ნიკამ, ისე, რომ
მარიკასკენ არ გამოუხედავს, – ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ უფრო მომთმენი
უნდა ვყოფილიყავი შენ მიმართ. მე კი ეგოისტი და ჭირვეული ბავშვივით ვიქცეოდი,
მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობდი.

– მე არ გეჩხუბები, ნიკა. რადგან მოგყვები, ესე იგი, ვხვდები, რომ ჩვენი ერთად ყოფნა
გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოდი, ამაზე საერთოდ ნუღარ ვილაპარაკებთ.

ნიკამ ამოიოხრა:

– ჰო, მაგრამ, როცა გიყურებ... მარიკა, ძალიან გთხოვ, მითხარი, მართლა ურჩხული
გგონივარ?

– არ გინდა-მეთქი, ხომ გთხოვე? რას ნიშნავს, ურჩხული მგონიხარ? რა თქმა უნდა,


არა. ძალიან ვიყავი გაღიზიანებული და ნერვებმა მიმტყუნა, შენ რა შუაში ხარ.

– მეც ვინერვიულე. შემეცოდა. როგორ ვერ მოვასწარი, ხელი მეტაცა მისთვის.

– ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი ამაზე, – მარიკამ ძალა მოიკრიბა და ქმარს თვალებში


შეხედა. ბიჭის მზერაში სინანული დაინახა და მოეჩვენა, რომ ეს სინანული
გულწრფელი იყო. „იქნებ, სულ ტყუილუბრალოდ ვადანაშაულებ იმაში, რაშიც
თავადაც არ ვარ დარწმუნებული? იქნებ, ყველაფერი მართლა მხოლოდ დამთხვევაა
და ჩემმა დაღლილმა, გაღიზიანებულმა წარმოსახვამ გაამუქა სიტუაცია? ბოლოს და
ბოლოს, ამ ბოლო შემთხვევისას, ნიკა მე მახლდა. თან, საერთოდ არ იცნობდა
ზვიადს, ენცოს – მით უმეტეს. უნდა დავმშვიდდე. დევი მართალია. თუ არ
დავმშვიდდები, თუ ემოციების გარეშე არ ვიფიქრებ და ვიმსჯელებ, შეცდომას
შეცდომაზე დავუშვებ. რა დამემართა, სად არის ჩემი გაწონასწორებული და მშვიდი
ხასიათი? თუ ეს სიყვარულის ბრალია, მაშინ, კიდევ უფრო მეტი წინდახედულება
მმართებს – სიყვარულიც უნდა გადავარჩინო, ნიკაც და საკუთარი თავიც“... – მარიკამ
თვალები მაგრად დახუჭა, შეიჭმუხნა და გაახილა. საჭეზე ხელებჩაფრენილი ნიკა მას
უყურებდა.

– გზას უყურე, არაფერს დავეჯახოთ.


– მოვედით უკვე, – თქვა ნიკამ – შენ, ალბათ, ახლა ტანსაცმელს გამოიცვლი და
სამსახურში გაიქცევი.

– არსად არ ვაპირებ წასვლას. დევი ეტყვის თემოს, რომ დღეს სამსახურში არ მივალ.

ნიკამ ტუჩები ისე ააცმაცუნა, აშკარად აპირებდა რაღაცის თქმას და ვერ გადაეწყვიტა,
ეთქვა, თუ არა.

– მითხარი, რა გაწუხებს, – წყნარად თქვა მარიკამ. – არ მინდა, ისევ დაიბოღმო.

– მე არ ვიბოღმები. ამას ნუ ამბობ, ძალიან გთხოვ. შენ არ იცი, როგორ ვინერვიულე,


სანამ მობილურზე მიპასუხებდი. ეს რამდენიმე საათი სრულიად საკმარისი
აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი... მარიკა, მარი... შენ გარეშე ცხოვრება არ
შემიძლია.

მარიკამ არ უპასუხა. ნიკა აწრიალდა:

– რატომ არაფერს მეუბნები? აღარ გიყვარვარ, ხომ?

– მე ეგ არ მითქვამს.

– არ გითქვამს, მაგრამ...

– ხომ გთხოვე, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი. ვითომ არაფერი ყოფილა.

ნიკამ თავი გააქნია:

– ასე არ გამოვა. „არც არაფერი ყოფილა” – ჩვენს შემთხვევაში არ გამოვა. სათქმელი


უნდა ითქვას, თორემ, ვერც შენ მოისვენებ და ვერც მე. მართლა ძალიან ვინერვიულე.
დევისთან რატომ წახვედი?

მარიკას ჩაეცინა:

– ესე იგი, შენი მთავარი პრობლემა ის არის, მე დევისთან რატომ წავედი? გერჩივნა,
პირდაპირ დედაჩემთან გავქცეულიყავი? შენთვის უფრო კომფორტული ჩემი
მშობლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა იქნებოდა? იქნებ, გგონია, ასე მარტივად
იქნებოდა ყველაფერი?

– შენ ეს წინასწარ გაითვალისწინე? – ნიკა გაფითრდა და თვალები ჩაუწითლდა, –


მარიკა, როცა მიდიოდი, ამაზე იფიქრე?
– დავუშვათ, ვიფიქრე, მერე რა?! – კითხვა შეუბრუნა გოგომ, – შენთვის ამას რამე
მნიშვნელობა აქვს?

– თუ მართლა იფიქრე, ესე იგი, ჩემგან წასვლა არ გქონდა გადაწყვეტილი?

მარიკამ თავი დახარა:

– ნიკა, ჩემი თხოვნა შენთვის არაფერს ნიშნავს? ძალიან დავიღალე და მოვრჩეთ,


კარგი?

– ჰო, რა თქმა უნდა. შენ ჩემგან წასვლა არ გინდოდა... წახვედი, მაგრამ, მხოლოდ ჩემს
გასაბრაზებლად, რომ დაგესაჯე და ჭკუა გესწავლებინა ჩემთვის... – დაუსრულებლად
იმეორებდა ნიკა. მერე გახარებულმა მარიკას ხელები მოხვია და მკერდზე მიიხუტა, –
შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ... სიგიჟემდე მიყვარხარ, მართლა ვერ ვიცოცხლებ
უშენოდ. გინდა, დღეს გავისეირნოთ, კინოში წავიდეთ. კაფეში დავსხდეთ? რასაც
მეტყვი, იმას გავაკეთებ:

– დათოს დაურეკე, – სთხოვა მარიკამ.

ნიკას აღფრთოვანება სადღაც გაქრა!

– დათო რად გინდა, დათო რა შუაშია?

– რაღაც საქმე მაქვს. შენ ვარჯიშზე არ მიდიხარ?

– არა, დღეს მეც არსად წავალ. დათოს კი დავურეკავ. – უხალისოდ ჩაილაპარაკა


ბიჭმა.

– დედაშენმა, ალბათ, გაიგო.

– ჰო, ადრე მოვედი, რომ საღამო თქვენთან ერთად გამეტარებინაო.

– აჰა, კიდევ ერთი პრობლემა – დედამთილიც გამინაწყენებია, – ჩაილაპარაკა


დაუფარავი ირონიით მარიკამ.

– სხვათა შორის, ის შენს მხარეზე იყო. სუნამოც ჩამოგიტანა მივლინებიდან, – პატარა


ბავშვივით მოაწონა ნიკამ დედა.

– მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლაც, ალბათ, გველოდება, რომ შერიგება


მოგვილოცოს.
– სამსახურში იქნება უკვე. შენთან რომ მოვდიოდი, წასასვლელად ემზადებოდა.
დედაჩემს ერთი სიტყვაც არ უთქვამს შენ წინააღმდეგ.

– მაგაზე არც ვლაპარაკობ.

– მარიკა, – ნიკამ თვალებში შეხედა გოგოს, – მარიკა, მითხარი, გიყვარვარ?

***

თემო ბოლთას სცემდა პატარა ოთახში და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.


პატიმართან შეხვედრა რომ მოინდომა, ზუსტად იცოდა, რაზე მოდიოდა. დევის
ვერსიებმა მოსვენება დაუკარგა, ახვლედიანის არყოფნითაც ისარგებლა და იჩქარა.
ქალი არ ჰგავდა დათრგუნულსა და დეპრესიაში მყოფს.

– როგორ გაგახსენდით, ბატონო გამომძიებელო? არ დავმალავ, ძალიან გამიკვირდა.

– სიგარეტი და ყავა მოგიტანეთ, – თქვა თემომ და დაჯდა. ქალმა გაიცინა:

– ვერ დავიჯერებ, რომ ჩემთვის სიგარეტისა და ყავის მოსატანად შეიწუხეთ თავი, აქ


მოსვლით. თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლებ.

– ჰო, საქმეზე მოვედი.

– რაო, ისევ გჯერათ, რომ უდანაშაულო ვარ? – ქალმა სიგარეტის კოლოფებს დახედა,
– ძალიან დახარჯულხართ, ბატონო გამომძიებელო, ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი
ინფორმაცია გაქვთ ჩემგან მისაღები. ახლავე გაგაფრთხილებთ, რომ ახალს ვერაფერს
გეტყვით. მით უმეტეს, იმ საქმის შესახებ, რისთვისაც ახლა აქ ვზივარ. სერგი ბერაძე
ჩემთვის ბედისწერად იქცა, მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ მშვიდად ვარ – შევეგუე ჩემს
მდგომარეობას და იმიტომ.

– ქალბატონო ნათია, მე მაქვს რაღაც შანსი, რომ ამ საქმეში ახალი გარემოებები


გამოჩნდეს და მაშინ თქვენი სასჯელის ზომაც შეიცვლება – გაცილებით შემოკლდება
ის ვადა, რომელიც აქ უნდა გაატაროთ.

ქალმა გულგრილად აიჩეჩა მხრები.

– ჩემი არ გჯერათ? – ჰკითხა თემომ.

– საქმე ეგ არ არის. უბრალოდ, აღარ მაინტერესებს.

– როგორ?
– როგორ და ისე, აღარ მაინტერესებს. მე შევეგუე ჩემს მდგომარეობას და აღარ მინდა,
რამე შეიცვალოს. ოღონდ, მართლა დავიღალე, აქ კი ვისვენებ – საამისოდ კარგი
პირობებია.

– ერთ კითხვაზე მინდოდა თქვენგან პასუხი მიმეღო, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა


თემომ და ასადგომად წამოიწია, – კარგი, თუ ჩემთან სასაუბროდ განწყობილი არ
ხართ, მე წავალ...

– არც კი ვიცი, რა ვქნა, – დაიწყო ქალმა – საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვარ.


თავს თითქოს დავალებულად ვგრძნობ თქვენთან. ამიტომ ვიცი, წახვალთ და
სინდისი შემაწუხებს.

– არა უშავს, მე მესმის თქვენი, დაიმშვიდეთ სინდისი, – გაუღიმა თემომ.

– არა, აჯობებს მკითხოთ, რა გაინტერესებთ, – გადაჭრით თქვა ქალმა.

– მაშინ, პირობაც უნდა მომცეთ, რომ გულწრფელი იქნებით.

– ოჰო, ეს უკვე ულტიმატუმია! ჯერ ითხოვთ ერთს და მაშინვე მიყენებთ მეორე


პირობასაც... კარგი, ვიქნები გულახდილი.

თემომ ქალს სიგარეტის კოლოფზე ანიშნა:

– შეიძლება, ხომ?

თანხმობა რომ მიიღო, სწრაფად მოუკიდა და დაიწყო.

– იმ ექიმზე უნდა გკითხოთ, ია ლომიძეზე. თქვენ მასთან მკურნალობის კურსი


გაიარეთ? თუ გახსოვთ, ძირითადად რაზე გელაპარაკებოდათ?

– ჩვეულებრივი საუბრები იყო ჩემს ცხოვრებაზე, ინტერესებზე. აინტერესებდა, რა


გეგმები მქონდა მანამდე, სანამ ბერაძე გამოჩნდებოდა ჩემი ცხოვრების გზაზე.

– ხომ არ ჰქონია თქვენში აგრესიის გაღვიძების მცდელობა?

– რა?!

– აგრესიის გაღვივების მცდელობა ხომ არ ჰქონია-მეთქი. შეეცადეთ, გაიხსენოთ,


როგორ გრძნობდით თავს ქალბატონ იასთან საუბრის შემდეგ?

– ძალიან კარგად, არაჩვეულებრივად. ყველა ტკივილი და პრობლემა მავიწყდებოდა


და იმედით, საკუთარი თავის რწმენით ვივსებოდი.
იმედგაცრუებულმა თემომ ამოიოხრა:

– მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ამას მეტყოდით.

– რატომ? მე პირობა შევასრულე და გულწრფელი ვიყავი. ქალბატონი იას


მადლობელი ვარ, მაშინ ძალიან დამეხმარა. ანუ, მაშინვე რომ არ ავიღე ხელში
ნებისმიერი ბასრი ნივთი და ბერიძე სიცოცხლეს არ გამოვასალმე, მხოლოდ
ქალბატონი იას დიდი მცდელობისა და მასთან საუბრების შედეგია.

– თუმცა, ეს მერე გააკეთეთ, – წამოსცდა პაპავას უნებლიეთ. ნათია დეისაძეს სახე


გაუქვავდა.

– კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო გამომძიებელო. გაარკვიეთ, რაც გინდოდათ?


მეტად ნუღად შეწუხდებით – სიგარეტის მოწევას თავი დავანებე, ყავა კი აქაც
საკმარისი გვაქვს.

მთელი გზა, სამმართველომდე, თემო საკუთარ თავს უწყრებოდა. ნამდვილად არ


უნდოდა დეისაძის გაღიზიანება. ნათქვამი ცუდად გამოუვიდა – იმას არ
გულისხმობდა, რაც ქალმა გაიგონა და თავისებურად აღიქვა. მაგრამ, უკვე
ვეღარაფერს შეცვლიდა. კაბინეტში გაბრაზებული შევიდა და მაშინვე დევის
დაურეკა:

– ამოდი, ერთი ჩემთან. რას ნიშნავს, ერთ საათში გეცლება, სხვა რა საქმე გაქვს ამის
გარდა? არ დამვიწყებია, მაგრამ, მანდ სხვებიც არიან. კარგი, კარგი... მაშინ, მე ახლა
საავადმყოფოში წავალ. რაღაც, არ დაურეკავთ და ამდენ ხანს გონზე როგორ ვერ
მოვიდა? ვიყავი, არაფერი. ყოველ შემთხვევაში, იმის სრულიად საპირისპირო რაღაც,
რაც ჩვენ ვივარაუდეთ. ეგ უკვე აღარ ვიცი, სიცრუის დეტექტორზე არ გამისინჯავს.
შენი აზრით, მშვიდად ვიქნები? ჰო, კარგი, ვეცდები, დავწყნარდე. მაშინვე წამოდი,
როგორც კი გათავისუფლდები.

– ბატონო თემო, მიბარებდით? – კაბინეტში გაღიმებული ვახო შემოვიდა.

პაპავამ მობილური გამეტებით დაახეთქა მაგიდაზე.

– ლელაძე, ერთი გამახსენე, შენ სად მუშაობ?

– ისა... – დაიბნა ვახო, – თქვენთან ვმუშაობ, ბატონო თემო. განსაკუთრებული და


მძიმე დანაშაულის...

– სახელწოდებას არ გეკითხები. მაინც ვერ იტყვი სწორად და ენას ნუღარ იღრძობ.


ყოველ წუთში უნდა გეძებდე და კაბინეტში უნდა გიბარებდე? პატაკის წერა არ
გასწავლეს? ისიც არავის უთქვამს, რა სიტუაციაში უნდა დაწერო? განცხადების
დაწერასაც ვერ მოახერხებ? არადა, აშკარად ვატყობ, რომ დაგჭირდება.

– ვაიმე, ბატონო თემო, ოღონდ ნუ მეჩხუბებით, რა. ძალიან გთხოვთ. რაც


დამავალეთ, იმას ვაკეთებდი. შევწუხდი იმ ბარში ჯდომით. გგონიათ, სასიამოვნო
იყო?! დამაწყდა ნერვები, თქვენ კი ერთხელაც არ დაგირეკავთ და არანაირი
მითითება არ მოგიციათ...

– ბიჭო, აბა, რას გეუბნები, უნდა მოსულიყავი და პატაკი უნდა დაგეწერა. მაგრამ, შენ
ყოველ ნაბიჯზე უნდა გდიო უკან და გამოწმო პატარა ბავშვივით!

– ბატონო თემო...

– არ გინდა, ახლა წუწუნის მოსმენის გუნებაზე ნამდვილად არ ვარ, მით უმეტეს –


შენი წუწუნის. უნდა წავიდეთ.

– პატაკი, ბატონო თემურ? ახლა ვაპირებდი, დამეწერა.

– შენ მე ჭკუიდან შემშლი! რა დროს პატაკია, მერე დაწერე! იყო რამე საინტერესო და
უჩვეულო იმ ბარში?

ვახომ ყოყმანით გადააქნია თავი:

– პრინციპში, ისეთი არაფერი, სრული სიმშვიდე იყო, არაფერი განსაკუთრებული,


თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ბარმენი და ოფიციანტი სამსახურიდან
გაათავისუფლეს.

პაპავამ მაგიდას დასცხო ხელი:

– ლელაძე, მაგით უნდა დაგეწყო! მიზეზიც ხომ არ იცი?

– არა, ბატონო თემო... ვეღარ გავიკითხე, თან არავის არაფერი უთქვამს. რომ ვეღარ
დავინახე, ვიკითხე და მითხრეს, აქ აღარ მუშაობენო.

– და მე ახლა ვივარაუდო თუ კარტზე ვიმკითხაო, რა და როგორ? ეჰ, ლელაძე,


ლელაძე!.. კიდევ ორი კაცი მაინც უნდა გამომეყოლებინა უკან, ხომ? თურმე ისე შენი
საქმეზე გაშვება არ შეიძლება!

– რატომ, ბატონო თემო, რაც დამავალეთ, ხომ გავაკეთე... თქვენ სულ ასე იცით, სულ
მსაყვედურობთ.
– ნუ წუწუნებ-მეთქი, რა! წამოდი, წამოდი, გამომადგები რამეში. აი, ბარმენისა და
ოფიციანტის სამსახურიდან გაშვების ამბავი კი აუცილებლად უნდა გავარკვიოთ.

მარიკამ ზურგიდან ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და შემობრუნდა:

– ქალბატონო ია, არ ვიცოდი, სახლში თუ იყავით.

– ახლა მოვედი. ნიკა სახლში არ არის?

– დათოსთან ერთად წავიდა, შეკრება აქვთ.

– ძალიან კარგი, – თქვა ქალმა და მარიკას უნებლიეთ შეაჟრჟოლა. იყო დედამთილის


ხმაში რაღაც ისეთი, რამაც მიახვედრა, რომ საუბარი უსიამოვნო იქნებოდა.

– გისმენთ, ქალბატონო ია, – მარიკამ გადაწყვიტა, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია,


– ჩემთან საუბარი გინდათ?

– ჰო.

– ალბათ, იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. მზად ვარ, თქვენს ყველა
შეკითხვას ვუპასუხო.

ქალმა გაიღიმა:

– დავსხდეთ. ასე ცოტა უხერხულია საუბარი. მე და შენ ერთი ოჯახის წევრები ვართ,
მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.

– „ჩვენ” – არა, ქალბატონო ია... – ღიმილი არ დაუგვიანა მარიკამაც, – მე ამის


საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ოღონდ ამას გულწრფელად ვამბობ.

– კარგია. გულწრფელობას ვგულისხმობ. მეც გულწრფელი ვიქნები. ნიკა ჩემთვის


ყველაფერია, შენ ხომ გესმის ჩემი? მე მივეკუთვნები იმ ქალების რიცხვს, რომლებსაც
არ მოსწონთ, როცა იცოდებენ. მე შენთან საუბარი იმიტომ არ მინდა, რომ თავი
შეგაცოდო – ამას არასოდეს გავაკეთებ. მაგრამ, ჩემს შვილს დავპირდი და ეს
პასუხისმგებლობას მაკისრებს.

– გისმენთ... – მარიკამ ოდნავ მოჭუტა თვალები.

– ნიკას შენ უყვარხარ. ძალიან უყვარხარ.

– ვიცი. მეც მიყვარს... – ნელა წარმოთქვა გოგომ.


– ძალიან მინდა, ამის მჯეროდეს, – ქალმა რძალს თვალებში შეხედა, – ნიკა ძალიან
კარგი ბიჭია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. მას აქვს უნარი, მიუხედავად
ყველაფრისა, სჯეროდეს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვივით არის.
იმიტომაც მეშინოდა იმ დღის დადგომის, როცა მოვიდოდა და მეტყოდა,
შემიყვარდაო.

– თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ნიკას შესაფერისი, მისი სიყვარულის ღირსი არ ვარ?

– არა, მაგას არ ვამბობ.

მარიკამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.

– მაგრამ გულისხმობთ. მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ასე არ არის? რადგან


ვთქვით, რომ გულახდილები ვიქნებოდით, იმიტომ გეუბნებით.

– ჭკვიანი ხარ. ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, თუმცა, არსებობს მედლის მეორე მხარე
– რამდენად იქნება სასარგებლო ეს ნიკასთვის.

– თქვენ, ალბათ, უჭკუო თოჯინა გერჩივნათ თქვენი შვილისთვის – გაცილებით


მორჩილი და ადვილად სამართავი.

ქალმა თავი გააქნია.

– მე არასოდეს გავაკეთებ არჩევანს ჩემი შვილის მაგივრად. ეს საუბარიც ჩვენ შორის


მარტო იმიტომ შედგა, რომ ნიკას დავპირდი...

– ეგ უკვე მითხარით.

– მე ძალიან მინდა, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვიყოთ.

– შესაშური გულწრფელობაა. არ თქვით მეგობრები ვიყოთო... მტრები არ ვიყოთო.

– გერჩივნა, მეთქვა ის, რაც რეალობასთან ახლოსაც ვერ მოვა?

– არა, არა, მეგობრები, ალბათ, ვერასდროს ვიქნებით.

– ალბათ, თუმცა, თქვენ მიზეზები არ გითქვამთ.

– ვფიქრობ, არ არის ამისი აუცილებლობა. მე ჩემი სათქმელი გითხარი. ნიკას ძალიან


უყვარხარ და თუ ჩემი თხოვნა შენთვის რამეს ნიშნავს, გთხოვ, გული არ ატკინო.

– ესე იგი, იმის გჯერათ, რომ მიყვარს.


ქალმა თავი დაუქნია:

– სხვა შემთხვევაში, უკან არ მობრუნდებოდი.

– მართლა? იმაშიც ხომ არ იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად


მოვბრუნდებოდი.

– თითქმის. თუმცა, მაინც ვინერვიულე.

მარიკამ გაიცინა.

– ინერვიულეთ? ნიკას გამო?

– რა თქმა უნდა. ხომ გითხარი, რომ ნიკა ჩემთვის ყველაფერია და, რადგან მისი
ბედნიერება შენი მის გვერდით ყოფნის პირდაპირპროპორციულია, ყველაფერს
გავაკეთებ, რომ არსად გაგიშვა, – ბოლო სიტყვები ქალმა ნელა, საკმაოდ უხალისოდ
და ხმადაბლა წარმოთქვა. მარიკამ გაოცება ვერ დამალა:

– არც კი ვიცი, რა გითხრათ.

– არაფერი. არაფერი არ უნდა მითხრა. რადგან დაბრუნდი, ამით ყველაფერი თქვი,


ყოველ შემთხვევაში, ის, რისი გაგებაც მე მინდოდა. მამაშენიც გავიცანი. ძალიან
კარგი ადამიანია, საინტერესო და კეთილშობილი. ამასაც გულახდილობის გამო
გეუბნები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა.

– ეს უკვე აღარ მესმის. რისი გაკეთება მიგაჩნიათ საჭიროდ? ფორმალობა


აუცილებლობა არ არის, თავს ნუ დაივალდებულებთ.

– ჰო, რა თქმა უნდა. თქვენ ამის გარეშეც კარგად გრძნობთ თავს.

ქალმა სიგარეტის კოლოფი აათამაშა.

– ქალბატონო ია, თქვენ რაღაცის კითხვა გინდათ. არ არის პრობლემა, მკითხეთ.

ქალმა ცოტა ხანს იყოყმანა.

– არა. არაფერს გკითხავ. იმედს ვიტოვებ, რომ შევცდი. დავტოვოთ ისე, როგორც
არის.

– თუ იმას ფიქრობთ, რომ მერე ნიკას მოვუყვები, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ამას არ
გავაკეთებ. მეც მინდა, ნიკა ბედნიერი იყოს.
– ყოველ შემთხვევაში, ამაში კარგად ვთანხმდებით, – ქალმა საფერფლე აიღო და
ადგა. მარიკამ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება და მისმა შეკითხვამ ია
აიძულა, კართან მისული შემობრუნებულიყო.

– ქალბატონო ია, კიდევ ერთი გულახდილი შეკითხვა და პასუხსაც გულახდილს


ველოდები: ნიკას შესახებ ყველაფერი იცით?

– ამას რატომ მეკითხები? რა თქმა უნდა, ვიცი. ამაში ეჭვი რატომ შეიტანე, რამე ისეთი
მოხდა, რაც მე გამომეპარა?

– არა, უბრალოდ, რაღაც მაინტერესებდა მის შესახებ.

ქალმა ყურადღებით შეხედა რძალს.

– მკითხე, რადგან ნიკას კარგად ყოფნა ორივე ჩვენგანის ინტერესებშია, მასზე


ყველაფერი უნდა იცოდე.

მარიკამ ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა.

***

პაპავა ოთახში ბოლთას სცემდა და ნივთებს ინტერესით აკვირდებოდა. ვახო ერთხანს


ჩუმად იჯდა, მერე, ერთბაშად გააპროტესტა.

– აქ რატომ ვართ, რატომ განყოფილებაში არ დაიბარეთ?

– იმიტომ, ლელაძე, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლო. სამმართველოში რომ
დამებარებინა, ისეთ შედეგს ვერ მივიღებდი, როგორსაც მათთან სახლში მოსვლით
მივიღებთ. საკუთარ, შეჩვეულ გარემოში ადამიანები თავს უფრო თავისუფლად
გრძნობენ და მეტად იხსნებიან. არ მინდოდა, ჩვენი საუბარი დაკითხვას
დამსგავსებოდა.

– აბა, მე რიღასთვის ვარ აქ?

– იმისთვის, რომ რაღაც შეიგრძნო, ბოლოს და ბოლოს, – ამოიოხრა თემომ და


თითქმის მაშინვე ანიშნა, ხმა აღარ ამოიღოო, რადგან სწორედ იმ მომენტში ოთახში
ქალი შემოვიდა, რომელსაც გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა.

– ჩემი შვილი არაფერში დამნაშავე არ არის. გთხოვთ, თავი დაანებოთ. თუ საჭირო


გახდება, მისი უფლებების დასაცავად ადვოკატებსაც ავიყვან.
– დამშვიდდით, ქალბატონო. არავინ აპირებს თქვენი ქალიშვილის უფლებების
შელახვას. აქ მაგისთვის არ მოვსულვართ.

– აბა, რისთვის მოხვედით? ბავშვმა ისედაც უზარმაზარი სტრესი გადაიტანა. მერე


კიდევ, ის მკვლელობა... არ მინდა, ამდენი ნერვიულობით რამე დაემართოს. იმ
არამზადას, ეტყობა, ღმერთმა გადაუხადა სამაგიერო.

– იცით, სად იყო თქვენი შვილი მკვლელობის დღეს? – ჰკითხა პაპავამ


მღელვარებისგან გაწითლებულ ქალს.

– დიახ, უკვე ვიცი. მითხრა, არ დაუმალავს – იმ ბართან, სადაც მკვლელობა მოხდა.


მერე, რა, ეს არაფერს ნიშნავს.

– რაღაცას მაინც ნიშნავს... – გაღიმება სცადა პაპავამ, მაგრამ ქალი ამან ოდნავაც ვერ
დაამშვიდა.

– მოვრჩეთ ამ ლაპარაკს და მიბრძანდით ჩემი სახლიდან! – თქვა აგრესიული,


გამომწვევი ტონით.

– დამშვიდდით, ქალბატონო. ხომ გითხარით, იმიტომ არ მოვსულვართ, რომ თქვენს


შვილს ბრალდებები წავუყენოთ. ამის გაკეთება რომ მდომოდა, იქ დაგიბარებდით და
მერე დავაკავებდი კიდეც.

– ჰო, რა თქმა უნდა, – მხარი აუბა პაპავას ვახომაც. თითქოს ამით თემოს დაანახვა,
მივხვდი ყველაფერსო.

ქალმა ავად შეათვალიერა ორივე, მერე ნელ-ნელა გახსნა შეკრული წარბი:

– გისმენთ, დაბრძანდით.

– აი, ეს უკვე სხვა ლაპარაკია. სად არის ახლა თქვენი ქალიშვილი? ოღონდ, სიმართლე
უნდა მითხრათ.

– სად უნდა იყოს, სახლშია.

– ესე იგი, რატომ იყო, მკვლელობის ღამეს ბართან? თუ საერთოდ, ბარშიც არ შევიდა.

– არა, არა, არ შესულა. ყველაფერი მიამბო... მითხრა, რომ უკან მიჰყვებოდა და


შურისძიებასაც კი ფიქრობდა, მაგრამ, ბოლო წუთს ვეღარ გაუბედავს და
გამოქცეულა. ჩემი შვილი მკვლელი არ არის. ის სულ ბავშვია.
– გეთანხმებით, მაგრამ მკვლელის მიმართ აგრესია და განზრახვა ჰქონდა. ამას ხომ
არ უარყოფთ?

– მერე რა, რომ ჰქონდა აგრესია. დაგავიწყდათ, მან ჩემს შვილს რა გაუკეთა?
ბუნებრივია, რომ აგრესიაც ჰქონდა და განზრახვაც მისი მოკვლის გასჩენოდა. მეც
მქონდა ასეთი განზრახვა, დასამალი რა მაქვს!

– გულახდილი საუბარი გამოგვდის და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მექნება


შეკითხვაც.

– რა გამოგვდის, არ ვიცი, მაგრამ, მკითხეთ. გააჩნია, რას შემეკითხებით. ჩემი შვილი


ფსიქოლოგთანაც კი გახდა წასაყვანი, სხვა პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
საშინელება დამმართეს, თქვენ კი წესით, ჩვენნაირებს უნდა იცავდეთ და არა იმ
სადისტის მკვლელს ეძებდეთ.

– მკვლელის მოძებნაც აუცილებელია. თუმცა, ქალბატონო, თქვენ თუ ესწრებოდით


თქვენი შვილის საუბრებს ექიმთან?

– რომელ ექიმთან?

– ექიმ ია ლომაძესთან.

– დიახ, – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დაუდასტურა ქალმა, – ეს რა შუაშია?

– ჯერ მე მიპასუხეთ, კარგი? ესე იგი, ესწრებოდით.

– ხომ გითხარით, ვესწრებოდი-მეთქი.

– ყველას?

– ბევრჯერ არ მივსულვართ. ალბათ, ორ-სამჯერ.

– რაზე ელაპარაკებოდა?

ქალი გაღიზიანდა:

– თავად ექიმს რატომ არ შეეკითხებით?

– იმიტომ, რომ ექიმისა და პაციენტის საუბრები კონფიდენციალურია.

– ანუ, უარით გამოგისტუმრათ?


– არა, ჯერ თქვენთან მოვედი და, იმას, თუ რას მიპასუხებთ, თქვენი შვილისთვის
დიდი მნიშვნელობა აქვს. ცდილობდა თუ არა ქალბატონი ია პაციენტში, ანუ თქვენს
ქალიშვილში აგრესიის გაღვიძებას?

ქალმა ეჭვით მოჭუტა თვალები.

– ახლავე უნდა გიპასუხოთ?

– დიახ. რა თქმა უნდა.

– თქვენ გაინტერესებთ, ჩემმა შვილმა ექიმთან საუბრების შემდეგ ხომ არ მიიღო


გადაწყვეტილება, ანგარიში გაესწორებინა მოქალაქესთან?

– თითქმის მიმიხვდით, – თავი დაუქნია თემომ.

ქალი ჩაფიქრდა. თავდახრილი რაღაცას წონიდა, აანალიზებდა.

– ჩემს პასუხზე ჩემი შვილის მომავალია დამოკიდებული? ასე მითხარით?

– ქალბატონო, შეკითხვაზე მიპასუხეთ: იმ საუბრებში, თქვენი თანდასწრებით რომ


მიმდინარეობდა, იყო თუ არა რამე აგრესიის, შურისძიების სურვილის გამომწვევი?

– არა! – მკაფიოდ გაისმა სიჩუმეში. ქალმა თავი ასწია და ოთახის ღია კარში ჩამდგარ
შვილს გაუბრაზდა:

– ლენკა, რატომ შემოხვედი?

– ყველაფერი მესმოდა... ბატონო გამომძიებელო, ის, რომ მე იმ მოქალაქის მოკვლის


სურვილი გამიჩნდა, მხოლოდ ჩემი ბრალია. არავის უთქვამს, შური იძიეო. ეს მე, მე
თვითონ... მაგრამ, მართლა არ მომიკლავს, გეფიცებით!.. – გოგონამ სახეზე ხელები
აიფარა და ატირდა.

– ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით ჩვენი სახლიდან. თუ ლენკა დამნაშავეა, დააკავეთ.


ადვოკატს ავიყვანთ.

– ხომ გითხარით, არავინ აპირებს თქვენი შვილის დაკავებას, ყოველ შემთხვევაში –


ჯერ...

ქალმა ხელი ჩაიქნია, შვილს მივარდა, მოეხვია და მეორე ოთახში გაიყვანა ფერებ-
ფერებით. უკან გამობრუნებულმა კარი გამოხურა და ზურგით მიეყრდნო.

– ერთი კითხვაც, ქალბატონო, და წავალთ.


– ასე მგონია, საერთოდ აღარასოდეს წახვალთ, – ამოიოხრა ქალმა.

– ფოტო მინდა გაჩვენოთ, – თემო ქალს მიუახლოვდა, – შეხედეთ ამ ადამიანს,


გეცნობათ?

ქალმა გულგრილად დახედა. მხოლოდ თვალი შეავლო და გვერდზე გაიხედა:

– არ მაინტერესებს.

– მე მაინტერესებს. კარგად შეხედეთ.

– ასე არ შემიძლია თქმა. შეიძლება, სადმე მინახავს.

– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ქალბატონო, დააკვირდით. მაგალითად, თქვენს


ქალიშვილთან ერთად. მისი მეგობარი ხომ არ არის?

– არა, არ მინახავს, – ყოყმანით გამოართვა ფოტოსურათი ქალმა და დააშტერდა.

– დარწმუნებული ხართ?

– დიახ. თუმცა, მოიცადეთ. მგონი, ექიმი ლომიძის კაბინეტთან მოვკარი თვალი.


შედიოდა, თუ გამოდიოდა? არა, ექთანს ელაპარაკებოდა. კი, კი, ასეა, ის არის.

– დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ.

– მიდიხართ?

– დიახ.

– და, მორჩა, აღარ შეგვაწუხებთ?

– ჯერჯერობით, არა. მერე, ვნახოთ.

– ღმერთო, ესე იგი, თქვენგან ვერასოდეს გავთავისუფლდებით? ვერაფრით


მოგიშორებთ თავიდან? ან, ეგ ბიჭი ვინ იყო?

– დამშვიდდით, ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნება.

– აქ აღარავინ მოხვიდეთ, გეხვეწებით. მოვკიდებ ხელს ჩემს შვილს და საერთოდ


გადავიკარგებით აქედან. ჩვენ დაგვიშავეს და ისევ ჩვენ უნდა ვნახოთ პასუხი?

– დამშვიდდით-მეთქი, ქალბატონო.
გარეთ რომ გამოვიდნენ, ვახომ შუბლი ხელისგულით მოიწმინდა.

– უჰ, ისტერიკაღა გვაკლდა! კარგი ვქენით, რომ გამოვასწარით.

– ეჰ, ლელაძე, ლელაძე. რა გიყო მე შენ. წამოდი, წამოდი, საავადმყოფოშიც გავიაროთ.

– ექიმმა რომ გითხრათ, როგორც კი გონს მოვა, მაშინვე დაგირეკავთო და არ


დაურეკავს, მაინც უნდა მივიდეთ?

– ჰო, უნდა მივიდეთ, – ამოიოხრა პაპავამ, – შენ, შეიძლება, გეზარება, მაგრამ,


არსებობს გარდაუვალი აუცილებლობაც. თუმცა, ეს გაცილებით რთული აღსაქმელი
იქნება შენთვის და სხვა დროისთვის გადავდოთ.

– შეიძლება, კიდევ რაღაც გკითხოთ?

– მკითხე ლელაძე, მკითხე. უკვე ერთი ფასი აქვს, მკითხავ, თუ არ მკითხავ.

– იმ ქალს ვისი ფოტო აჩვენეთ, მკვლელის?

– ვაიმე, ოღონდ ახლა გაჩუმდი და, გპირდები, რომ შენც განახვებ. რამე გაიგე იმ
ოფიციანტის და ბარმენის შესახებ?

– ვერაფერი. ხმას არავინ იღებს. აღარ უნდოდათ აქ მუშაობა და წავიდნენო.

– დაახლოებით ვხვდები, ვისი ხელი შეიძლება ერიოს ამაში, მაგრამ, ვერაფერს


დავამტკიცებ. არადა, დევისაც ეჭვი აქვს, რომ, შესაძლოა ქალია მკვლელი.

– ესე იგი, იმ გოგოს მაინც დავაპატიმრებთ? მეცოდება, არ ჰგავს მკვლელს.

– ლელაძე, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავე. მე არ მითქვამს, რომ ის არის


მკვლელი.

– ის თუ არა, მაშ, აბა, ვინ არის? – დაღლილი ხმით ჩაიბურტყუნა ვახომ.

– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს, ლელაძე და, ქენი სიკეთე, თუ ვერ მეხმარები, ხელს
მაინც ნუ შემიშლი.

***

დათომ მხარზე დაჰკრა მეგობარს ხელი:


– ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, ყველაფერი კარგად იქნება, ახალდაქორწინებულები
ხშირად ჩხუბობენ, – დაარიგა ჭკუა ბრძენი კაცივით.

– რა თქმა უნდა, შენ ეგ ჭეშმარიტება ცხოვრებაზე დაკვირვებით შეისწავლე. თანაც,


საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით, – წყენით მიუგო ნიკამ, – მე აქ ჩემს
გულისტკივილს გიზიარებ, შენ კი იცინი.

– სულაც არ ვიცინი. პირიქით, ვცდილობ, დაგეხმარო.

– გმადლობ, ძალიან დამეხმარე. სხვათა შორის, შენი ნახვა უნდა. შენთანაც მარიკამ
დამარეკვინა.

– რატომ?

– რა ვიცი, უთხარი, რომ მისი ნახვა მინდაო.

– მერე, შენც, ვერ დარეკე?! რას გამორბოდი? მე თვითონ მივიდოდი. რატომ უნდა
მარიკას ჩემი ნახვა? – თვალები ცნობისმოყვარედ აუციმციმდა დათოს.

– მეც სწორედ ეგ მინდოდა, გამეგო, – შეუბღვირა ნიკამ.

– შენ რა, გააფრინე? ეჭვიანობ? – გაშტერდა დათო, – ჩემზე? სულ აურიე, ტო?

– არა, არ ვეჭვიანობ, რას სულელობ, მაგრამ, მაინტერესებს, რისთვის დასჭირდი,


თანაც, ჩემთან ჩხუბის შემდეგ.

– ყველაფერს სიტყვასიტყვით მოგახსენებთ.

– ირონიის გარეშე. ძალიან ვნერვიულობ. შენ არ იცი, რა გადავიტანე, როგორი მძიმე


ღამე მქონდა. როცა წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა, აღარ დაბრუნებულიყო...

– მართლა წავიდა, ტო? ასე როგორ გააბრაზე?

– მე არ გამიბრაზებია. ისევ მაგისი სამსახურის გამო მოხდა – ვიღაცამ ჩვენ თვალწინ


თავი მოიკლა და... მოკლედ, მე დამაბრალა.

დათო შეხტა:

– რაო? თავი მოიკლა? თქვენ თვალწინ. ბიჭო, ამას სერიოზულად ამბობ? აუ, რატომ იქ
არ ვიყავი?!
– არაფერი საინტერესო არ იყო, დამიჯერე. იმ ტიპს მარიკა ადრეც იცნობდა –
ბავშვობაში ერთად თამაშობდნენ თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ, იქიდან რომ
წამოვედით. თან, მანამდე იმან საყვარელიც მოკლა – საფერფლე ჩაარტყა თავში.

დათო საბოლოოდ გამოშტერდა.

– გადამრევ, ტო... და ამ ყველაფერს ასე მშვიდად მიყვები? მოკლაო, თავი მოიკლაო...


ცოლ-ქმარს მაგარი ცხოვრება გაქვთ.

– ჰო, არაჩვეულებრივი, – ამოიოხრა ნიკამ, – აბა, ერთი მე მკითხე? შენ ხარ ამ


ყველაფერში დამნაშავეო.

– ეს მარიკამ გითხრა?

– დიახ. ჰოდა, სახლიდანაც გაიქცა. კიდევ კარგი, რომ დაბრუნდა.

– მოიცა, ტო, შენ რა შუაში ხარ? ვერაფერი გავიგე, ვინ ვინ მოკლა, თავი ვინ მოიკლა...
რას ყვები?

– რა ვერ გაიგე? იმ ტიპმა, მარიკას ძველმა ნაცნობმა, ჯერ თავისი საყვარელი მოკლა,
მერე, როცა მიხვდა, რა გააკეთა, ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა, მაგრამ, ის
ტიპი არ მომკვდარა, მგონი, გადარჩა.

– ახლა სულ დამაბნიე. ჯერ ერთი, საყვარელი „ტიპი” როგორ იქნება და, მეორე – თუ
მოკვდა, ცოცხალი როგორ გადარჩა?

– ახლა ნუ მომაყოლებ, არ ვარ მაგის გუნებაზე. წამოხვალ თუ რას იზამ?

– რა ვიცი, აბა, თუ შენ გინდა, წამოვალ... ისე, მაგრად დავიღალე ამ ნაჩხუბარი ცოლ-
ქმრების შერიგებით, თან, არც არაფერი გამომდის.

– ვის არიგებდი?

– ჩემს დას და სიძეს... შენი ცოლის უფროსს, რა... პატარა ბავშვებივით არიან. თან, ხომ
ვხედავ, რომ უყვართ ერთმანეთი.

– ეი, შენ, სიყვარულის ექსპერტო, მარიკას ისეთი არაფერი უთხრა, სულ არ


გადამირიო.

– გაგიჟდი? რა უნდა ვუთხრა?

– რა ვიცი, ხომ გითხარი, წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის დასჭირდი-მეთქი.


– ჰოდა, ჯერ შევხვდე, რა...

– ყველაფერს მეტყვი, იცოდე... – გააფრთხილა ნიკამ.

– რა თქმა უნდა, – დაამშვიდა დათომ და მეგობრულად გაუღიმა.

***

დევიმ კაბინეტის კარი შეაღო:

– უკვე მოხვედი? მაგარი ხარ რა, ყველაფერს ასწრებ. რატომ არ დამირეკე?

– ეს წუთია, შემოვედი. საავადმყოფოშიც გავიარე.

– მერე? – დევი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.

– ჯერ კიდევ არ მოსულა გონს.

– რა გინდა, მისგან რომ შეიტყო, როგორ გგონია, რას გეტყვის?

თემომ სიგარეტს მოუკიდა და მხრები აიჩეჩა:

– ჯერ არ ვიცი. ვახომ მითხრა, ბარიდან ოფიციანტი და ბარმენი წასულან. ეჭვი მაქვს,
მათ წასვლას მკვლელობასთან აქვს კავშირი.

– ვითომ? ანუ, რაღაც ისეთი იცოდნენ, რისთვისაც სამსახურიდან დაითხოვეს?


მაგრამ, რა უნდა სცოდნოდათ, მკვლელის ვინაობა? არა მგონია.

– ეგ არც მე მგონია, მაგრამ, სამსახურიდან დათხოვნა გაფრთხილებას ჰგავს. ელჩის


ქალიშვილი მეორე მკვლელობაში გამოჩნდა უკვე.

– ეგეც სულ მარიკას ქმარივით არის: იქ ჩნდება, სადაც სიკვდილია, – გაეცინა დევის.

თემო შეიჭმუხნა:

– შენ ხუმრობ, მაგრამ, მე სულაც არა ვარ გართობის გუნებაზე.

– ვინ გითხრა, რომ ვერთობი? შენთვის რაღაც მაქვს, – დევიმ ჯიბიდან კასეტა ამოიღო
და პაპავას წინ დაუდო.

– რა არის?
– ერთგან შევიარე. პირდაპირ გეტყვი: წყნეთის ტრაგიკულ შემთხვევას ეხება. ეზოს
ჭიშკართან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერია და, კიდევ, სახლთან
მისასვლელ მთავარ გზაზე დამონტაჟებულის... ნიკას მანქანა იქაც დააფიქსირა
კამერამ.

– შეუძლებელია! – თემო ტელეფონის ყურმილს დასწვდა, – საპატრულოსთან


დამაკავშირე!

– რად გინდა, ჩემი არ გჯერა?

– ესე იგი, მანქანა იქ ნამდვილად იყო, – პაპავამ ყურმილი დაკიდა.

– ეჭვს გარეშეა, – თავი დაუქნია დევიმ.

– მაგ ბიჭზე მეთვალყურეობა ხომ დავაწესეთ? რაღაც ძალიან აიხლართა ყველაფერი.


დედამისზეც ბევრი რაღაც გაურკვეველია.

– დედამისს, შესაძლოა, საყვარელი ჰყავდეს. ამას როგორ შეამოწმებ, თანამშრომლებს


ჩამოუვლი და გამოკითხავ?

– არა, ეგ არაფერს მომცემს, სამსახურში ისეთი რეპუტაცია აქვს. კითხვაზე პასუხი


სხვაგან უნდა ვეძებოთ. მე მარიკაზეც ვნერვიულობ. საშიში არ არის მისი იმ ოჯახში
ყოფნა?

დევიმ ხელები გაშალა:

– რატომ უნდა იყოს საშიში? მარიკა ჭკვიანი გოგოა და თავს დაიცავს. მით უმეტეს,
რომ არც არაფერი ემუქრება.

– მაგას ნუ იტყვი. დღეს იმ გოგოს დედამ ფოტოზე ნიკა ამოიცნო.

– რას ნიშნავს, ამოიცნო?

– ექიმთან კონსულტაციაზე როცა იყვნენ, ნიკაც იქ ყოფილა. მედდას


ელაპარაკებოდაო.

– შეიძლება, დედამისთან იყო მისული, რა არის ამაში არაბუნებრივი?

– ერთი შეხედვით, არაფერი, მაგრამ... – თემომ ნამწვებით სავსე საფერფლეს დახედა,


– ბევრს ვეწევი... მოკლედ, ასეთი რაღაც გვაქვს – ელჩის ქალიშვილი ფიგურირებს ორ
მკვლელობაში.
– აქედან ერთი უკვე გახსნილია და დამნაშავეც სასჯელს იხდის, – ჩაურთო დევიმ.

– შეგეძლო, არც გეთქვა. ნათია დეისაძე მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ


ცნო.

– და, შენ არაფერ შუაში ხარ...

– მოიცადე, თემიდან ნუ გადამახვევინებ. მოკლედ, ბერაძე მოკლეს, როცა ელჩის


ქალიშვილთან მის დაქორწინებამდე ერთი კვირა რჩებოდა. საცოლემ საქმრო ცოტა
ხანს იგლოვა და მერე საყვარელი გაიჩინა.

– ვის გულისხმობ?

– მოიცა, ნუ მაწყვეტინებ. ცოტა უცნაურად კი შეიძლება, მოგეჩვენოს, საყვარლად


პედერასტი რომ აირჩია, მაგრამ, გემოვნებაზე არ დავობენ.

– სამაგიეროდ, კაცებზე დავობენ და შეიწირა კიდეც ამ დავამ ის უბედური ზეა –


გაეცინა დევის.

– შენ იცინი, მაგრამ, არ დაგავიწყდეს, რომ მკვლელობის ღამეს სამივე ერთად იყო
ბარში. მერე იმ ორმა პედერასტმა იჩხუბა, რაც საბოლოოდ ერთის თვითმკვლელობით
და მეორის თითქმის სიკვდილით დასრულდა.

– ანუ, გამოდის. ელჩის ქალიშვილი ორში კი არა, სამ მკვლელობაში ფიგურირებს.

– გამოცანაც სწორედ მაგაშია. – რაც შეეხება, ნიკას, ის ორი შემთხვევის შემსწრე თუ


მოწმეა.

– მოწმეს ვერ ვიტყოდი. თანაც წყნეთის ამბავში, უფრო მისი მანქანაა ეჭვმიტანილი,
ვიდრე თვითონ. ნიკას სერიოზული ალიბი აქვს: ვერაფრით ვერ მოახერხებდა,
ერთდროულად აუზზეც ყოფილიყო ვარჯიშზე და წყნეთშიც.

– ეგ მართალია, მაგრამ, იქნებ, საქმე დროებშია?

– ანუ, შეიძლება?

– ჰო, შეიძლება. ჩვენ ვარჯიშის დროს არ გვეუბნებიან ზუსტად. ეს კიდევ უნდა


გადავამოწმოთ. ნიკას კი ერთ ნაბიჯზეც არ მოაშორონ თვალი. ახვლედიანი როდის
გამოდის?

– არ ვიცი, ჩემთვის არ დაუბარებია.


– ყოველ შემთხვევაში, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავალაგო
ეს ყველაფერი, უნდა გავმიჯნო ერთმანეთისგან, სად ელჩის შვილია მთავარი
მოქმედი გმირი და სად – ნიკა.

– ჰმ, ამ დროს, შეიძლება ყველა დამთხვევა შემთხვევითობა იყოს.

– მე არ მჯერა ასეთი შემთხვევითობის, – თქვა თემომ და სიგარეტის ახალ კოლოფს


ცელოფანი შემოხსნა.

***

დათომ ყავა მოსვა და თვალები სიამოვნებისგან მოჭუტა.

– მაგარი ყავის მოხარშვა გცოდნია, მარიშ, საღოლ. დედაჩემსა და ჩემს დას ვერ
ვასწავლე, რა. ისე, თქვე უსინდისოებო, აქამდე არ უნდა დაგეპატიჟეთ? ან, ყავაზე
უნდა გადამატაროთ? ქორწილი არ იქნება? მეჯვარე უნდა ვიყო, ტო!

მარიკამ ქმარს შეხედა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დათოსთან მარტო უნდა


დაეტოვებინა, პირისპირ, თუმცა, ნიკამ მაინც აითრია ფეხი.

– მარიკა, დღეს შენ სამსახურში არ მიდიხარ, ხომ? – ჰკითხა ცოლს.

– დილით ხომ გითხარი, არა-მეთქი. სხვა საქმე მაქვს. დედაშენმა მითხრა, საღამოს
მეცლება და თქვენებთან წავიდეთო. მამაჩემს უნდა დავურეკო და გავაფრთხილო.
ისე, შენ თუ გააკეთებ ამას, ძალიან კარგი იქნება. თან, მამაჩემსაც ესიამოვნება.
კაბინეტში გადი და დაურეკე. დათოც წავიყვანოთ.

– ჰო, აბა რა, უნდა წამიყვანოთ, თორემ ძალიან მოვიწყინე მარტომ. ვფიქრობდი,
ძმაკაცი დავკარგე-მეთქი.

მარიკამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ქმარს.

– ნიკა, რაღას ელოდები, დაურეკავ? – ჰკითხა მოუთმენლად.

– კი, აუცილებლად.

ნიკა რომ გავიდა, მარიკა დათოს მოუბრუნდა:

– იცოდე, რასაც გკითხავ, ჩვენ შორის უნდა დარჩეს. მომცემ ამის პირობას?

დათო შეიჭმუხნა.
– მარიკა, ნიკა ჩემი უახლოესი მეგობარია და მასზე ძვირფასი მარტო ჩემი დაა.
ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც მისი საწინააღმდეგო ან საზიანო იქნება.

– პირიქით, თუ გინდა, რომ ნიკა კარგად იყოს, უნდა დამეხმარო.

დათომ ხელები გაშალა:

– თქვენს ჩხუბში არ ჩავერევი. დამიჯერე, ეგ თვითონ უნდა მოაგვაროთ, სხვების


დაუხმარებლად.

– მაგას არავინ გთხოვს. ნიკას შესახებ მაინტერესებს რაღაც. შენ ხომ მას ბავშვობიდან
იცნობ?

– ჰო, ბავშვობიდან, საბავშვო ბაღშიც კი ერთად დავდიოდით.

– მამამისის შესახებ რა იცი? ვინ იყო? ნიკას ახსოვს? როდის გარდაიცვალა? ხომ არ
იცი, რა დაემართა?

– მოიცა, მოიცა, ნუ მომაყარე ავტომატის ჯერივით. რა უნდა ვიცოდე? იყო კაცი და


მოკვდა. მკვდარზე ხომ არ დავიწყებდი ლაპარაკს? ის ვიცი, რომ საფლავზე ადის
ხშირად.

– ანუ, მამამისის საფლავი არსებობს?

დათომ წაუსტვინა:

– რას ნიშნავს – არსებობს? მკვდარი თუა, საფლავი როგორ არ ექნება?

– შენ გინახავს?

– რა? მკვდარი, თუ საფლავი? – გადაიხარხარა დათომ.

– მომისმინე, შენი ძმაკაცი ყოველთვის ასეთი იყო? – ყურადღება არ მიაქცია, მის


სიცილს მარიკამ.

– ასეთი? რანაირი, შეყვარებული? თუ ის გაინტერესებს, შენამდე ჰყავდა თუ არა


შეყვარებული, თამამად გპასუხობ: არა! სულ ეს იყო? ეს გაინტერესებდა? შენ რა
გითხარი, მე კი გული გამისკდა.

– არა, ეგ არ მაინტერესებს. დათო, ნიკას საქციელში რამე არანორმალური ხომ არ


შეგინიშნავს?
დათომ გაოცებით შეხედა მარიკას, საფეთქელთან საჩვენებელი თითი მიიდო და
ნელა დაატრიალა.

– გოგო, რაებს მეკითხები. – საფლავი თუ გინახავსო... ნორმალური თუაო... რა გინდა,


ტო?..

„... ცხოვრება თამაშია, სახიფათო და რისკიანი თამაში ბედთან. თუ ერთხელ


აგიყოლია... თუ ერთხელ ჩაგითრია და თავის ნებას დაგიმორჩილა, მერე იმ
მოთამაშეს ემსგავსები, კაზინოს წინ რომ დგას და ღმერთს იფიცება, შიგნით ფეხს არ
შევდგამო... მერე კი ქურდივით, ფეხაკრეფით მიიპარება კარისკენ“... მარიკამ რვეული
სწრაფად დახურა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა. ოთახში
არავინ იყო, მაგრამ მაინც შერცხვა. შერცხვა უნებლიეთ, ის რომ წაიკითხა, რაც მას არ
ეკუთვნოდა. მართალია, არ უნდოდა, მაგრამ მაინც ხომ შეიჭვრიტა დაშვებული
ფარდის მიღმა, სხვის ცხოვრებაში... რვეული სასწრაფოდ დააბრუნა ძველ ადგილას
და ისევ მიმოიხედა. მარტო მყოფს მაინც გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც
უყურებდა. აფორიაქებულმა კომოდის უჯრაც დახურა და თითქმის სირბილით
დატოვა ოთახი... აივანზე აპირებდა გასვლას, მაგრამ შემოსასვლელი კარის გაღების
ხმამ მიახვედრა, რომ ვიღაც მოვიდა... ნიკას სახე უბრწყინავდა.

– ხომ არ მოიწყინე?

მარიკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.

– სახეზე დიდ მხიარულებას ვერ გატყობ... სამსახურიდან ხომ არ დაგირეკეს?

– არა. მართლა არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ის საცოდავი ზეა გამახსენდა...

– დღეს მაინც ნუ იფიქრებ მასზე, ძალიან გთხოვ.

– არ გამომდის. არც ის გამომდის, სამსახურზე არ ვიფიქრო. ასე მგონია, რაღაც


ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, როცა მე აქ ვარ. მაგალითად, მაინტერესებს, ენცო
გონზე მოვიდა თუ არა და რა თქვა.

ნიკამ ამოიოხრა.

– ერთი სიტყვით, სამსახურის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.

– ტყუილად მსაყვედურობ. ცუდია, ჩემი საქმე რომ მიყვარს? თუმცა, აღარ ღირს ამაზე
ლაპარაკი. მით უმეტეს, დღეს. მამაჩემმა უკვე დარეკა. დედაშენს ხომ არ
გადაუფიქრებია?

ნიკას ხელად დაუბრუნდა ხალისი და კარგი განწყობა.


– არა, არ გადაუფიქრებია. რას ამბობ? იცი, სად ვიყავით და რატომ შემაგვიანდა?

– არა, არ ვიცი, – ქმრის მოზეიმე ტონმა რატომღაც გააღიზიანა მარიკა, მაგრამ ნიკა ისე
იყო აფორიაქებული, საერთოდ არ შეუნიშნავს.

– დედამ თქვა, რომ შენთვის რაღაც ახლის ყიდვა იყო აუცილებელი და... – ნიკამ
ზურგსუკან დამალული, მოზრდილი, ქაღალდის საფირმო ჩანთა დაანახვა.

– ეგ რა არის? – ჰკითხა უინტერესოდ მარიკამ.

– ნახე რა, დარწმუნებული ვარ, მოგერგება კიდეც და ძალიანაც მოგიხდება. ერთად


შევარჩიეთ... ჩაიცვი, რა...

მარიკამ უხალისოდ გამოართვა ჩანთა. არც გაუხსნია, ისე დადო სავარძელზე და


ნიკას შეხედა.

– ის სად არის?

– ვინ ის... მარიკა, რატომ არ ნახულობ? მართლა მინდა, თქვენებთან რომ წავალთ, ეგ
ჩაიცვა...

გოგო მოიღუშა.

– ნიკა, მე შენთვის ერთხელ მაინც თუ მითქვამს, რომ ახალი ტანსაცმელი მჭირდება,


ან ასეთ სულელურ წვრილმანებს ყურადღებას ვაქცევ? პირიქით, საერთოდ არანაირ
მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

– მარიკ, კი, მაგრამ...

– რა მაგრამ, ნიკა... დედაშენს მაინც როგორ უთხარი, ჩემთვის ტანსაცმელი ეყიდა.


ხელფასი მაქვს და როცა რამე დამჭირდება, თავად ვიყიდი.

– დედას უნდოდა, შენთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, – წყენისგან ხმა ჩაუწყდა ნიკას.

მარიკამ უცებ იგრძნო, აშკარად ტყუოდა ქმართან, მისი გაღიზიანების მიზეზი სხვა
იყო და შერცხვა.

– ახლავე ჩავიცვამ, – თქვა, ჩანთა აიღო და საძინებელში გავიდა. ნიკა უკან მიჰყვა.

– შენ გადი და გამოვალ, – გააპროტესტა ქმრის იქ ყოფნა, – რა გამოვიდა, თავზე ნუ


დამადგები, რა...
ნიკამ გაიღიმა და გავიდა. მარიკამ ისე ამოიღო ჩანთიდან კაბა და ჩაიცვა, მისი ფერიც
კი არ დაუნახავს. ფიქრებით ისევ იმ რვეულთან იყო, შემთხვევით რომ აღმოაჩინა
კომოდის უჯრაში. აღმოაჩინა, რა, არც უძებნია. ახლა უკვე აღარც ახსოვდა, რამ
გამოაწევინა უჯრა. ოთახებში უსაქმოდ დახეტიალობდა, თან ფიქრობდა...
ფიქრობდა... იქნებ, ქვეცნობიერში, ეძებდა კიდეც და იპოვა... მაშინვე მიხვდა, ვისი
შეიძლებოდა ყოფილიყო... ცნობისმოყვარეობამ ისე აიტანა, რომ მაშინვე გადაშალა
და კითხვა დაიწყო... ინტუიციით გრძნობდა, რომ რვეულში ძალიან ბევრ კითხვაზე
იპოვიდა პასუხს. მაგრამ, იმის შიშმა, რომ კითხვაში გართულს თავზე
წამოადგებოდნენ, რვეული უკანვე ჩაადებინა. ახლა კი ადგილს ვერ პოულობდა,
მოუსვენრად წრიალებდა და მისი ფიქრიც იმ რვეულს დასტრიალებდა...

– მარიკა, მალე გამოხვალ? დედა უკვე მოვიდა. წასასვლელები ვართ... – ნიკას


ძახილმა ცოტა გამოარკვია. ელვაშესაკრავი შეიკრა და ფეხსაცმელები მოიძია.
ოთახიდან ისე გავიდა, სარკეში არ ჩაუხედავს. ნიკა აღფრთოვანებული მიეგება და
თავისი ემოცია ხელების აქნევით გამოხატა.

– დედა, შეხედე, როგორ უხდება! ძალიან კარგად მოვიქეცი, შენ რომ დაგიჯერე, მერე
მარიკას მიუბრუნდა.

– მე სხვა რამის ყიდვა მინდოდა, მაგრამ იამ დამარწმუნა, რომ სწორედ ეს კაბა
იქნებოდა შენი შესაფერისი.

– დიდი მადლობა, ჩემზე რომ იზრუნეთ, – მარიკამ ნაძალადევი ღიმილით


გადაუხადა დედამთილს მადლობა. ქალი უსიტყვოდ ადგა და ოთახიდან გავიდა.
მარიკა შეცბა.

– რა მოხდა? ასეთი რა ვუთხარი? – აღმოხდა გულწრფელად გაკვირვებულს.

ნიკამ მხრები აიჩეჩა.

– არა მგონია, რამე სწყენოდა. რა სისულელეა... ეტყობა, ტანსაცმლის გამოსაცვლელად


გავიდა. მივდივართ უკვე.

– ალბათ, ძალიანაც არ მოსწონს ეს სავალდებულო ვიზიტი. პრინციპში, სადღაც


ვეთანხმები კიდეც. მეც ვფიქრობ, რომ ტრადიციების დაცვა ტვირთად არ უნდა
იქცეს. თავი ვალდებულად რატომ უნდა იგრძნო. ეს ძალიან დამთრგუნველი და
გამაღიზიანებელია.

– მარიკა, რას ლაპარაკობ? მამაშენი და დედაჩემი თვითონ შეთანხმდნენ ყველაფერზე,


უჩვენოდ. ასე რომ, გამაღიზიანებელი ვალდებულება არაფერ შუაშია. კაბა კი მართლა
ძალიან გიხდება.
მარიკამ ახლაღა დაიხედა კაბაზე. მისი საყვარელი ფერი იყო, საკმაოდ თანამედროვე
და თამამი ფორმების.

– ესეც მინდა რომ ატარო...

მარიკა შებრუნდა და ია დაინახა. ქალი ხელგაწვდილი იდგა მის წინ და


მეგობრულად უღიმოდა. ხელისგულზე ძვირფასი „კამეა“ ედო. სიძველისგან ოდნავ
შეყვითლებული. ბერძენი ქალებისთვის დამახასიათებელი, გამოძერწილი, ნატიფი
პროფილით და თხელი ნაკვთებით.

– მე ამას ვერ ავიღებ, – ყოყმანით თქვა გოგომ და ნიკას შეხედა, – მართლა არ


შემიძლია, თავს უხერხულად ვგრძნობ.

– მე ვიგრძნობ თავს უხერხულად, თუ არ აიღებ, მაგრამ თუ ხანდახან მაინც გაიკეთებ,


ძალიან გამიხარდება.

ნიკა „დადნა“. სახეზე ბავშვური აღტაცება და აღფრთოვანება გამოეხატა და დედას


მოეხვია.

– შენ ყველაზე მაგარი დედა ხარ მთელ მსოფლიოში, ყველაზე მაგარი... ვიცოდი,
ვიცოდი, რომ შენ რაღაც ძალიან მაგარს გააკეთებდი. ახლა, მართლა უნდა წავიდეთ,
თორემ ძალიან დაგვაგვიანდება... მოიცა, დათო მირეკავს. ეგეც ხომ არ წამოვიყვანო?
მარიკა, რას იტყვი?

მარიკა ჯერ კიდევ „კამეას“ დასცქეროდა და დედამთილის საქციელზე ფიქრობდა.


უნდოდა, გამოეცნო, ტაქტიკური ნაბიჯი იყო ეს თუ გულწრფელი სურვილი
რძალთან დაახლოებისა... მარიკა ძნელად დაიჯერებდა ამ ქალის „კეთილ
განზრახვას“.

– მარიკა, რას იტყვი, დათო უნდა წამოვიყვანო თუ არა?

მარიკამ დაბნეული მზერა შეავლო ქმარს.

– რა მკითხე?

– დათოს რა ვუთხრა-მეთქი, მირეკავს.

– როგორც გინდა. პრინციპში, წამოვიდეს, წამოვიდეს.. ძალიან კარგი იქნება.

ნიკას გაეღიმა.
– ისევ უნდა ჰკითხო რაღაც ისეთი, რაც ისევ შოკში ჩააგდებს? მაინც, რა უთხარი იმ
დღეს ისეთი... რა სახე ჰქონდა?!

– არაფერი, უბრალოდ ვეხუმრე.

– ვკითხე და არ მიპასუხა, – ისევ გაეცინა ნიკას, – ზოგჯერ როგორ გამოშტერდება


ხოლმე.

– შენც რაღას ჩააცივდი, – მარიკამ ხელში შერჩენილი „კამეა“ კომოდზე დადო და


უცებ, ისევ რვეული გაახსენდა. როგორმე შესაფერისი მომენტი უნდა შეერჩია და
რვეული თავიდან ბოლომდე წაეკითხა. ხელი კომოდის ზედაპირს გადაუსვა.

– წავიდეთ? – ჰკითხა ნიკამ.

– ჰო, წავიდეთ.

– მაგას არ გაიკეთებ?

– ამ კაბას არ მოუხდება, – წამოსცდა მარიკას და მექანიკურად გაიხედა


დედამთილისკენ. ეს მზერა „კამეას“ ნაკლებად უკავშირდებოდა. უფრო იმას, რაც
კომოდის უჯრაში იდო... ნიკა ცოლს მიუახლოვდა და ყურში ჩაულაპარაკა.

– მარიშ, მომისმინე, არ გაბრაზდე, მაგრამ იქნებ მაინც გაიკეთო, დედას რომ არ


ეწყინოს. ხომ ნახე, ცდილობს, თქვენ შორის ურთიერთობა „დაათბოს“, ძალიან
გთხოვ, რა...

– კარგი, კარგი... გავიკეთებ... – მარიკამ დაუფიქრებლად აიღო გულსაბნევი და კაბაზე


ისე გაიკეთა, ზედ საერთოდ არ დაუხედავს. მისი ყურადღება დედამთილის
გამოხედვამ მიიპყრო. ქალი უცნაური ეჭვით უყურებდა. თითქოს მისი ფიქრების
ამოცნობას ცდილობდა. მარიკას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა და რაღაც ენიშნა კიდეც.
მაგრამ, ამაზე ფიქრის დრო აღარ იყო. არც დედამთილთან დალაპარაკებას ჰქონდა
აზრი... უნდა მოეცადა...

***

... დათომ პერანგის ღილები შეიკრა, საყელო გაისწორა და სარკეში საკუთარ


გამოსახულებას გაუღიმა.

– რას იღრიჯები და იმანჭები სულელი მაიმუნივით, – მიახალა სააბაზანოდან


გამოსულმა, ფერწასულმა მაკამ, როგორც კი სული მოითქვა და ამოისუნთქა.
– ნიკამ თავის ახალ ნათესავებში დამპატიჟა სადილზე. მგონი, რაღაც ნიშნობის
„პონტია“ და მე, როგორც მეჯვარე, ამ ფრიად ღირსშესანიშნავ მოვლენას ვერაფრით
გამოვტოვებ. შენ როგორ ხარ?

– ნუ ტაკიმასხარაობ, თორემ უარესი მაიმუნი ხდები, – დაიღრიჯა მაკა და ტუჩები


ზიზღით მობრიცა.

– რა გინდა, მე რას მერჩი? ნაღდად არაფერი დამიშავებია. პირიქით, ყველანაირად


ვეცადე, შენი ქმარი აქამდე მომეყვანა და შემერიგებინეთ.

– ასეც ვიცოდი, რომ შენი ინიციატივა იყო და არა იმისი. დებილი ხარ, თუ ფიქრობ,
რომ ასე მარტივად მოაგვარებდი ამ პრობლემას. თემო იდიოტია, სრული იდიოტი და
კიდევ ერთხედ დავრწმუნდი, რომ მაგ კაცთან მე და... მოკლედ, მე მასთან მომავალი
არ მაქვს.

დათომ საყვედურით გახედა დას.

– მე კი ვფიქრობ, რომ თქვენი სიჯიუტეა ერთადერთი პრობლემა, რაც თქვენ შორის


არსებობს.

– მე კი გეუბნები, თემო იდიოტია-მეთქი. ისევე, როგორც ყველა მამაკაცი. იმ გოგოს კი


ვერ ვიტან, მძულს.

– შენ ამას მარიკაზე ამბობ? რას ერჩი, რა დაგიშავა? მართალია, ცოტა რქიანი ვიღაცაა,
მაგრამ არც შენთან და არც თემოსთან ამას კავშირი არა აქვს.

– ნუღარ მელაპარაკები ამაზე. აზრი აღარ აქვს, – ისევ შეეხუთა სული მაკას.

– აზრი აღარ აქვს? შეხედე ერთი, ამდენი ნერვიულობით რას დაემსგავსე, აჩრდილი
დარჩი. ექიმთან შენ არ მოდიხარ და საჭმელს შენ აღარ ჭამ. თავი არ გეცოდება?
დაურეკე იმ კაცს და უთხარი, რომ აპატიე, მით უმეტეს, რომ საპატიებელიც
არაფერია.

– შენ არაფერი იცი. ამიტომ, გაჩუმდი და თუ მიდიხარ, წადი, თორემ რომ გიყურებ,
ნერვები მეშლება.

– წავალ, წავალ... დამშვიდდი, რა... თუ გინდა, ერთხელ კიდევ დაველაპარაკები


თემოს.

– არაფერი არ მინდა... ვერ გიტანთ, ვეღარავის ვეღარ გიტანთ... – მაკას ისტერიკული


ტირილი აუვარდა და სირბილით შევარდა სააბაზანოში...
დათომ ამოიოხრა, ხელი ჩაიქნია და სკამზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო, მაგრამ
სანამ კართან მივიდოდა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ლოჯიისკენ გაემართა,
სადაც მშობლები ეგულებოდა. დედასთან და მამასთან მისი საუბარი მოკლე და
არაფრის მომცემი აღმოჩნდა. მაკას სიჯიუტის გატეხა მათ არ შეეძლოთ და ისიც არ
იცოდნენ, საერთოდ რა პრობლემა ჰქონდა მათ შვილს. მარტო ოხრავდნენ და ჩუმად
განიცდიდნენ. დათოს გვარიანად მოეშხამა გუნება და გაბრაზებულმა გაიჯახუნა
კარი...

***

სუფრასთან დაძაბულობა არ იგრძნობოდა, იამ და მარიკას მშობლებმა სწრაფად


გამონახეს ერთმანეთთან საერთო ენა. საუბარი უშუალო და ძალდაუტანებელი
გამოვიდა. მარიკას სურვილი თუ მოთხოვნა, დედამისმა გაითვალისწინა და არავინ
დაპატიჟა, ამიტომ სადილმა ოჯახურ გარემოსა და სიმშვიდეში ჩაიარა. მხოლოდ
ტყუპები ურბენდნენ მაგიდას გარშემო ყიჟინით. დათოს უგუნებობა მარიკამ საკმაოდ
გვიან შენიშნა.

– შენ რაღაც გაწუხებს? ჰკითხა ხმადაბლა, ნიკას რომ არ გაეგონა, – ჩემმა


იმდღევანდელმა შეკითხვამ ხომ არ ჩაგაგდო საგონებელში?

– არა, ტო... ეგ არაფერ შუაშია. მაგრად კი გამაკვირვე, მაგრამ გაიარა... ისე, მაინც
რატომ მკითხე, ჰა?

– ჯერ შენ მითხარი, რა გაწუხებს? – კითხვაზე კითხვით მიუგო მარიკამ და თვალი


ჩაუკრა. აქაოდა, შენ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებ ჩემს ნათქვამსო.

– მაკას გამო ვღელავ. მაგრად აურია და უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. თემოსთანაც
ვიყავი, შევხვდი და იმდენი ველაპარაკე, გამომყვა... არაფერიც არ გამოვიდა, ისევ
იჩხუბეს.

– ცოლ-ქმრის ჩხუბში ჩარევა რომ არ შეიძლება, მგონი, შენ მარწმუნებდი ამაში.

– ჰო, მაგრამ, როცა ეს ცოლი ჩემი დაა და ვხედავ, როგორ ნელ-ნელა კვდება? მოკლედ,
არ ვიცი, რა...

– მოიცა, შენ ჩვენთან, სამმართველოში მაგიტომ იყავი, თემოს რომ


დალაპარაკებოდი?

– ჰო, რა იყო? თვითონ დამიბარა, რაღაც საქმე ჰქონდა და ველოდებოდი.

– გავიგე. მერე?
– რა მერე? დღესაც ნერვები მომიშალა.

– ვინ, თემომ?

– არა, ტო... თემო რა შუაშია... ჩემმა დამ. იცი, რას დაემსგავსა? რომ ვუყურებ, მეშინია.
თვალები ჩაუცვივდა, გახდა... სულ გული ერევა ნერვიულობისგან... დედაჩემსაც
ვუთხარი, მიხედეთ-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს. იმასაც ტყუილა ავუშალე ნერვები.
მაკას ვერც ის აჯობებს.

– ექიმთან რომ წაიყვანო?

– კი, როგორ არა?! იმწუთას გამომყვება... – ხელი ჩაიქნია დათომ, – კაროჩე, რა...
თქვენკენ რა ხდება, „სკანცამი“ შერიგდით?

– ნაჩხუბრები როდის ვიყავით? – გაიოცა მარიკამ, – უბრალოდ, წავკინკლავდით.


ისიც იმიტომ, რომ ნიკა ჩემს სამსახურზე ეჭვიანობს.

– რაო? – დათოს ნელ-ნელა შუბლი გაეხსნა და ხმამაღლა გაეცინა, – ყველაფერი


გამიგია, ამის გარდა. ნიკამ რა, სულ აურია? თუ სიყვარული მართლა აშტერებს?

– შეიძლება. იცი, რა მინდა გთხოვო? – დამეხმარე. ნიკა აღარც ვარჯიშზე დადის და იმ


სკოლაშიც, ვითომ მუშაობა რომ დაიწყო, ფეხი არ მიუდგამს.

– ჰო, რა ვიცი, მე მითხრა, დროებით შვებულებაში ვარო.

– ჰოდა, ეყოფა, ეს დროებითი შვებულება. მინდა, ისევ გააქტიურდეს. გესმის, ხომ, რა


თხოვნაც მაქვს შენთან. სამსახური ბევრ დროს მართმევს და ნიკაც თუ დაკავებული
არ იქნება, ასეთი პრობლემები არ გამოგველევა.

დათომ თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– მე გაგირთობ ქმარს. მაგაზე აღარ იღელვო. გვერდიდან არ მოვცილდები.

– ჰო. მეც სწორედ ეს მინდა.

დათომ ნიკასკენ გაიხედა.

– შეხედე შენს ქმარს, როგორი მორჩილი და მშვიდი სახე აქვს? აბა, მასზე როგორ
უნდა გაბრაზდე? დამიჯერე, ერთადერთი ნაკლი აქვს – არანორმალურად უყვარხარ.
ჭკუა სულ დააკარგვინე. ისე, დღეს ისეთ მაგარ ფორმაში ხარ, არც მიკვირს. ეგ კაბა
ძალიან გიხდება.
– იმედია, შენი ჭკუა მაინც გაუძლებს ჩემს ხიბლს, – გაიცინა მარიკამ და სწრაფად
დაუმატა, – არ დაგავიწყდეს, რაც გთხოვე, არ მინდა, ნიკამ ჩემ გამო თავისი მიზანი
დაივიწყოს, ან ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალოს. ასეთ მსხვერპლშეწირვას
მისგან არასოდეს მოვითხოვ.

– აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილებაა. ჩემმა დამ პრობლემები მაშინ


შეიქმნა პირველად, როცა თემო პაპავას, თავის საქმეზე გაგიჟებულ კაცს, ამ
სიყვარულის მისთვის მსხვერპლად მიტანა მოსთხოვა. მაგრამ შენ ეს არ დაგემართება,
ჭკვიანი გოგო ხარ.

მარიკას მობილურმა შეახსენა თავი. დევის მესიჯი იყო. ტელეფონიანი ხელი მაგიდის
ქვეშ დამალა და პასუხი ისე აკრიფა... ნიკას გახედა. ბიჭს ჭიქა ეჭირა ხელში და
სამადლობელს სვამდა. მარიკამ მის მიმართ ეჭვსა და უნდობლობაში თანაბრად
შერეული სიყვარული იგრძნო და ამ ერთბაშად მოსული გრძნობის შეეშინდა...

***

დევი დერეფანში ელოდა, მოუთმენლად მიეჭირა, მხარზე ხელი მოხვია და თემოს


კაბინეტისკენ გაიტაცა.

– სადა ხარ დაკარგული. გუშინ ისეთი პასუხი მომწერე, დღევანდლამდე ძლივს


მოვატანე სული.

– ბატონი თემო თავისთან არის? – ოდნავ დაბნეულმა იკითხა მარიკამ.

– არა. რაღაც საქმეზე გავიდა, მაგრამ მალე მოვა. მანამდე რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. თუმცა, ჯერ შენ მომიყევი, როგორ ხარ, როგორ
შერიგდით შენ და ნიკა.

მარიკამ ამოიოხრა.

– რა ვიცი, აბა?! ამას შერიგება არ ჰქვია. მე ეჭვები მკლავს, ის კი უზომოდ ბედნიერია,


რომ პრობლემა მოაგვარა. დედამისსაც შემარიგა... წარმოიდგინე, ჩემს ოჯახშიც კი
იყვნენ. იცი, რა ცუდად ვარ?! საკუთარი თავი ხან მეცოდება, ხან მძულს...

– არა, არა, მარიკა, ცოტა გონს მოდი, არც უნდა გეცოდებოდეს და არც გძულდეს.
საამისო ნამდვილად არაფერი გჭირს, დამიჯერე. თუმცა, ის, რაც მე უნდა გითხრა,
პირდაპირ კავშირშია შენს ქმართან, მაგრამ მოდი, ჯერ ოთახში შევიდეთ...

კაბინეტში შესულმა დევიმ მარიკა სავარძელში დასვა. თვითონ გავიდა და რამდენიმე


წუთში, ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა.
– ზუსტად ვიცი, ვერ მოასწრებდი დალევას. ნიკა ახლა სად არის?

– ვარჯიშზე. დათომ გამოუარა და წავიდნენ.

– ჩვენი ბიჭი უკვე ყველგან დაჰყვება ნიკას.

მარიკამ ამოიოხრა.

– და შენ ამბობ, რომ თავი არ უნდა მეცოდებოდეს? საკუთარ ქმარს მეთვალყურე


მივუჩინე... იმიტომ, რომ შესაძლოა, ის კაცის მკვლელი იყოს...

– ნუ აზვიადებ. ჯერ არაფერია გარკვეული, თანაც ქალები ძალიან ხშირად დასდევენ


უკან და უთვალთვალებენ საკუთარ ქმრებს. დამიჯერე, არაფრით არ არის უკეთესი
იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება, შენს ქმარს საყვარელი ჰყავდეს. ეჭვი ეჭვია...

– ჰო, მაგრამ ღალატი ბევრი ქალისთვის სულაც არ არის დანაშაული.

– არაფერიც, მე უამრავი ქალი ვიცი, რომლებიც ქმრის ღალატზე ადვილად, მის კაცის
მკვლელობას შეეგუებიან, – გაეცინა დევის და თითქმის მაშინვე დასერიოზულდა.

– ვიდეოკამერებმა ნიკას მანქანა წყნეთში, ჭიშკართან მდგარი დააფიქსირა.

– რა? – მარიკა გაფითრდა.

– ჰო. ასეა. აქამდე მხოლოდ წყნეთის გზა გვქონდა, ახლა ჭიშკარიც გამოჩნდა. ეს ცოტა
უფრო სერიოზულია, თან დროც ემთხვევა.

– დრო ემთხვევა? – მექანიკურად იკითხა მარიკამ.

– ჰო. ერთადერთი ის არის, რომ წყნეთის შემთხვევას თვითმკვლელობის


კვალიფიკაცია აქვს და არა მკვლელობის.

– ეს ჩემთვის შეღავათი არ არის. იმაზე გაცილებით მძიმედ ყოფილა საქმე, ვიდრე


წარმომედგინა. კიდევ რა გაირკვა?

– მგონი, დედამთილი... ის საერთოდ არსად გაფრენილა. შეიძლება, მას საყვარელი


ჰყავდეს, რაც ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ...

– მაგრამ?

დევიმ ამოიოხრა.
– სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის...

– ჩემი დედამთილია ყველაფერში დამნაშავე, – ჩაილაპარაკა მარიკამ, – თავიდანვე


გული არ მიმიწევდა მისკენ, რაღაცას ვგრძნობდი.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ ამ ქალის გარშემო რაღაც გაურკვევლობაა. ყოველმხრივ იდეალურ


არსებად მოაქვს თავი. სამაგალითო ქალი, სამაგალითო დედა, სამაგალითო
სპეციალისტი... ასეთი ყოველმხრივობა ერთ დიდ ტყუილს ჰგავს. იცი, რომ მისი
დღიური ვიპოვე?

– მართლა? ეს უკვე საინტერესოა, ძალიან საინტერესო. მერე, რა ეწერა იმ დღიურში?

– წაკითხვა ვერ შევძელი. მხოლოდ რამდენიმე ფრაზა ამოვიკითხე: ცხოვრება


თამაშია, საბედისწერო თამაში ბედთან...

– ეს მარტო იმას ნიშნავს, რომ შენს დედამთილს კომპლექსები აქვს, თანაც საკმარისზე
მეტი. მარტოსულია და საკუთარი თავი ხშირად ეცოდება.

– არა, არა, დევი, დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ იქნება რაღაც ისეთი, რაც ჩემს
კითხვებს გასცემს პასუხს.

– რომელ კითხვებს?

მარიკამ მხრები აიჩეჩა.

– არ მჯერა ამ ქალის იდეალურობის. არ მჯერა... ნიკაზეც უზარმაზარი გავლენა აქვს.


თუმცა, ამას არ ამჟღავნებს. იცი, როგორ მოიქცა? ახალი კაბა მიყიდა და ძველისძველი
სამკაულიც მაჩუქა.

– ცდილობს, შენი გული მოიგოს?

– არა. ცდილობს, თავისი შვილის გული მოიგოს. ეს ერთი და იგივე არ არის.

– მარიკა, იქნებ ჩვენ ამ ყველაფერს გამადიდებელი შუშით ვუყურებთ და


სინამდვილეში ეს უბრალო ქალური ეჭვიანობაა?

– წყნეთიც უბრალო ეჭვიანობაა? დევი, ბატონი თემო რას ამბობს?

– მე იმას ვამბობ, რომ საქმე სერიოზულადაა. ძალიან სერიოზულად, – თქვა


კაბინეტში იმ მომენტში შემოსულმა პაპავამ. შენი ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ
ვერაფრით გავიგე, როგორ აღმოჩნდა მოვლენების თითქმის ეპიცენტრში,
დანაშაულის ჩადენის ადგილას რამდენჯერმე დაფიქსირდა.

– ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, დანაშაულების ჩადენის ადგილებზეო, – მარიკამ


თავზე იტაცა ხელები.

– ღმერთო, ეს რაღაც წარმოუდგენელი კოშმარია...

– იმ გოგონას დედამ ფოტოთი ამოიცნო. თქვა, რომ ექიმის მისაღებში მის შვილს
ელაპარაკებოდა.

– ანუ, ნიკამ მომატყუა, როცა თქვა, რომ იმ ღამეს ბართან შემთხვევით შეხვდა,
შემთხვევით ჩაისვა მანქანაში და შემთხვევით მიიყვანა სახლამდე.

თემომ თავი დაუქნია.

– სავარაუდოდ, ასეა. რისთვის დასჭირდა ტყუილი? დევიმ, ალბათ, გითხრა, წყნეთის


ამბავი.

– ახლა მე რა უნდა ვქნა?

– ჯერ არაფერი. ვერაფერს ვიზამთ. უნდა დაველოდოთ და დავაკვირდეთ. დღეს მისი


მეგობარი მყავს დაბარებული.

– დათო? – მექანიკურად წამოსცდა მარიკას.

– არა. ის ჩილაჩავა. მინდა, კარგად გამოვკითხო. ახლა უკვე სხვა დეტალებს მინდა,
ყურადღება მივაქციო.

– მარიკამ იას დღიური იპოვა.

– მართლა? – თემომ სკამი აიღო და გოგოს წინ დაუჯდა, – მერე?

– ვერაფერი. წაკითხვა ვერ მოვასწარი.

– მარიკა, ნიკა შესაძლოა, ის არ არის, ვინც შენ გგონია. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი,
მაგრამ იძულებული ვარ, შენც დაგკითხო. შეეცადე, გულახდილი იყო.

მარიკამ თავი დაუქნია.

– როგორ გაიცანი ნიკა და რა იცოდი მის შესახებ?


– არაფერი. პრაქტიკულად, არაფერი, – ამოიოხრა მარიკამ, – აქამდე რატომ არ
ვიფიქრე ამაზე? ერთხელაც არ ვიფიქრე. დათომ გამაცნო... და გამაცნო იმიტომ, რომ...
მარიკა შეყოყმანდა და პაპავას უმწეოდ შეხედა, – არ ვიცი, უნდა ვთქვა?

დევიმ გამამხნევებლად გაუღიმა.

– მიდი, მიდი, ეს უკვე აუცილებლობაა.

– მოკლედ, თქვენმა ცოლმა სთხოვა...

– რა? – პაპავამ გაოგნებულმა შეხედა, ჯერ დევის, მერე მარიკას, – როგორ თუ, მაკამ
სთხოვა?

– ასეა. მე ერთხელ დავაპირე ამის თქმა, მაგრამ სათქმელი ბოლომდე აღარ მივიყვანე,
– თქვა დევიმ, – რატომღაც საჭიროდ აღარ ჩავთვალე.

– დიახ. თქვენი მეუღლე ჩემზე ეჭვიანობდა და გადაწყვიტა, ამ საშუალებით


ჩამოეშორებინა გზიდან მეტოქე. რომელი მეტოქე მე ვიყავი, მაგრამ... ასე შემოვიდა
ჩემს ცხოვრებაში ნიკა.

– ეს ხომ სისულელეა! – აღმოხდა თემოს.

– არც ისეთი. ხომ ხედავთ, ყველაფერი რითაც დამთავრდა, – მარიკამ თითზე


წამოცმული საქორწინო ბეჭედი დაანახვა, – საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ
შემიყვარდა კაცი, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცოდი. ეს ჩემი სისუსტეა
თუ დანაშაული?

– მოიცა, მოიცა, კარგად ამიხსენი. დათომ სთხოვა ნიკას, რომ შეეყვარებინე და იმანაც
შეგიყვარა? და ეს ყველაფერი ჩემმა ცოლმა დაგეგმა? გავგიჟდები! – პაპავამ სიგარეტის
კოლოფს სტაცა ხელი.

– დაგეგმა თუ არ დაგეგმა, საბოლოოდ, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

– მოვკლავ დათოს! – იფეთქა თემომ, ახალმოკიდებული სიგარეტი მოსრისა და


იატაკზე დააგდო. ეს როგორ გააკეთა, იდიოტი! სულერთია, ვერ გადამირჩება... დევი,
შენც არ ხარ მართალი, რატომ ადრე არ მითხარი ყველაფერი?

– ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა დევიმ, – თუმცა, მცდელობა მქონდა.

– მარიკა, შენ იცოდი ეს?

– ჰო. მერე გავიგე.


– და, მაინც შეიყვარე?

– ჰო, – მარიკამ საწყლად გაიღიმა, – ძალიან სულელი ვარ, არა?! ალბათ, ჩემი
პროფესია მაინც უნდა გამეთვალისწინებინა.

– ოჰ, ეს ქალები. ერთი თუ მაინც ფიქრობს საკუთარი საქციელის შედეგზე. მაკაც


არანაკლები დამნაშავეა... – თემომ ახალი სიგარეტი აიღო... საბოლოოდ, ისე
გამოვიდა, რაც გამოვიდა.

– ჰო. და ახლა ყველანი ჩიხში ვართ, – თქვა დევიმ.

– ჩიხში მე ვარ, თუ სიმართლე გაინტერესებთ, – მარიკა ადგა, – მოქმედების გეგმა


მითხარით. რას ვაკეთებთ?

– ჩილაჩავას დავკითხავ და მერე გეტყვი. იქნებ, რამე ხელის მოსაჭიდი ვიპოვოთ. არც
დათოს დავინდობ. კითხვების ცეცხლში გავატარებ. შენ ჩილაჩავას დაკითხვას
დაესწრები?

– აუცილებლად, – გადაჭრით თქვა მარიკამ, – მორჩა. არავითარი ემოციები. მინდა, ამ


გაურკვევლობას დროზე მოეღოს ბოლო. ის დღიური როგორმე ხელში უნდა
ჩავიგდო.

– კარგი... ორივე ემოციებს ხართ აყოლილი, – საუბარში ჩაერთო დევი, – ლაპარაკობთ,


ლაპარაკობთ და იმაზე არ ფიქრობთ, რაც რეალურად გასაკეთებელია.
საავადმყოფოდან დარეკეს. ის ენცო გონზე მოსულა. იმისგან ხომ არ დაგვეწყო?

– შენ და მარიკა წადით და დაკითხეთ. მე ჩილაჩავას უნდა დაველაპარაკო. სადაცაა


მოვა.

– მე და მარიკას გვანდობ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს?

– არ უნდა განდოთ? მგონი, მარიკა საკმაოდ სერიოზულად მოკიდებს ხელს საქმეს,


თუ ნიკა უყვარს და რომ უყვარს, ამაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.

– ბატონო თემო, საშვი დავუშვი და როცა ამოვა, პირდაპირ თქვენთან შემოვიყვანო? –


კარი შემოაღო მდივანმა.

თემომ მარიკას და დევის გადახედა.

– მგონი, ენცო მოიცდის. დარჩით. ჩილაჩავა უკვე მოვიდა. ვნახოთ, რას გვეტყვის.

თემომ თავი ასწია:


– დევი, მივხვდი, რომ შენ იქნებოდი. მარიკა სად არის? როგორც გითხარი, ისე
მოიქეცი?

– ჰო. თუმცა, ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებ.

– ნელ-ნელა აგიხსნი. მოისმინე ჩილაჩავას ჩვენება? ხომ აქ იყავი? რატომ თავიდანვე


არ მივაქციეთ ამ დეტალებს ყურადღება?

– აბა, რა გითხრა, უბედურ შემთხვევად რადგან გადაკვალიფიცირდა, აღარ


ჩავუღრმავდით. ისე, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩილაჩავას შემთხვევა უმარტივესია
კრიმინალისტიკის თვალსაზრისით. მკვლელმა თუ მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა იცოდა, ძალიან მარტივად მოუღებდა ბოლოს.

– ძალით ხომ არ დაალევინებდა „ვიაგრას“?

– რა პრობლემაა? ჩაუყრიდა სასმელში და ეგ იქნებოდა. ამიტომ, ის ვერსია, რომ, თუ


იქ მკვლელობა მოხდა, მკვლელი აუცილებლად ქალი იქნებოდა, ახლა უკვე
აბსურდულად მეჩვენება.

თემომ ფიქრიანად შეხედა:

– არ ვიცი, დაგეთანხმო თუ არა.

– უნდა დამეთანხმო, რადგან, შენც ხვდები, რომ მართალი ვარ.

– ჩილაჩავამ თქვა, რომ მამა არ უყვარდა. არ დაუმალავს ისიც, რომ ვერც ნიკა იტანდა
მეგობრის მამას.

– მერე, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკას ამ კაცის მოკვლა შეეძლო?

– ალბათ, არ ნიშნავს. მაგრამ, იმ დღეს ჩილაჩავამ წყნეთში დიდი დროსტარება


დაგეგმა, შვილი და მისი მეგობრებიც კი მიიწვია. როგორც ახალგაზრდა ჩილაჩავამ
თქვა, ნიკა ისე გააბრაზა ამ მიპატიჟებამ, რომ არ მოერიდა და მამა სახალხოდ
გაულანძღა.

– მერე, რა?

– მერე ის, რომ, თუ ნიკა აფექტურია, თუ მის ბავშვობაში იყო ისეთი რაღაც, რამაც ამ
ბიჭში აგრესია დააგროვა, გამორიცხული არ არის, ამ აგრესიის გამოსავლის ძებნა
დაეწყო. არ მეთანხმები? – ჰკითხა თემომ დევის.

დევი სიგარეტის კოლოფს ათამაშებდა და დუმდა. თემომ განაგრძო:


– მოკლედ, მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ დედა-შვილი, ანუ, ნიკა და დედამისი
თავისი ოჯახის ნამდვილ ამბავს მალავენ, კონკრეტულად – მამის ამბავს.

– ვერც ამაში ვხედავ რამე კრიმინალს, – თავისი ვარაუდი გამოთქვა დევიმ, – თუმცა,
ნიკა მაინც არის საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ.

– საავადმყოფოში მოსმენილი ჩვენებაც არ დაგავიწყდეს. რატომ მიბრუნდა იმ


ზეასთან დასალაპარაკებლად, თანაც ისე, რომ მარიკამ ვერ გაიგო? ეს ძალიან საეჭვოა,
ძალიან...

– საეჭვო დეტალები საკმარისზე მეტი დაგვიგროვდა, – ამოიოხრა ექსპერტმა, –


მარიკა რომ მოვა, უნდა დაველაპარაკოთ. ყველა წვრილმანი უნდა გავთვალოთ.

– რატომ უნდა კლავდეს? – პაპავამ სიგარეტი გააბოლა და შეჭმუხნული შუბლი


მოისრისა, – ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

დევიმაც მოუკიდა სიგარეტს:

– რა გითხრა? ამ კითხვაზე მარტივად ვერ გიპასუხებ. მიზეზი უამრავი შეიძლება


იყოს. მე ხომ არ ვიცი, ბავშვობაში რა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. თანაც,
„კლავდეს“ რაღაც ისე ჟღერს, თითქოს უკვე სერიულ მკვლელად მიგაჩნია.

– არა, არა, ეგ ნამდვილად არ მიგულისხმია, თუმცა...

– თემო, არ გინდა, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, – გააფრთხილა დევიმ.

– ჯერ არაფერია გარკვეული, ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. საერთოდაც, მოდი,


ცოტა ხანს კიდევ შევიკავოთ თავი.

– მაინც რამდენ ხანს? სანამ კიდევ ერთი მკვლელობა არ მოხდება? – წამოსცდა თემოს
ინსტინქტურად. დევი მოიღუშა.

– მკვლელობა? ეგ მეტისმეტი იქნება. ჯერჯერობით არაფერს აშავებს. ერთხელაც არ


გადაუხვევია ჩვეული გრაფიკისთვის – ვარჯიშობს და მაშინვე სახლში ბრუნდება. შენ
თუ ელაპარაკე დათოს?

– არა. ვერ გადავწყვიტე, მე ავიდე მათთან თუ ის დავიბარო აქ. ორივე ვარიანტს აქვს
თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები.

– ჰო, აბა რა... წარმომიდგენია, როგორ არ გინდა დათოსთან ამ საკითხზე ლაპარაკი...


– არადა, ვერც „გავატარებ“. გესმის ხომ ჩემი?! მერე კიდევ – მაკა... ყოველთვის
ვფიქრობდი, რომ არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე პირადულის სამსახურებრივში
არევა, მით უმეტეს, ისეთ სფეროში, როგორშიც ჩვენ ვმუშაობთ. მაგრამ, მაინც არ
ამცდა. ალბათ, ჩემი ბრალია ყველაფერი... ჩემს ცოლთან დაკავშირებით ვგულისხმობ.
თუმცა, როცა ვფიქრობ, ვერაფრით მივმხვდარვარ, სად დავუშვი შეცდომა.

– თავს ნუ დაიდანაშაულებ. ზოგჯერ ადამიანებს არ გვინდა იმის დაჯერება, რომ


ბედისწერის ხელში უბრალო სათამაშოები ვართ, ძაფზე დაკიდებული მარიონეტები.

– შენ ამბობ ამას? – გაიკვირვა თემომ, – გეფიცები, ძალიან მიკვირს. როდის აქეთაა,
ბედისწერის რომ გჯერა?

– ვინ გითხრა, რომ მჯერა? – მხრები აიჩეჩა დევიმ, – მაგრამ, საკუთარი


გამოცდილებიდან ერთი რამ მაინც ვისწავლე: ყოველთვის ვნანობ, როცა ჩემს მეორე
„მეს“ არ ვუჯერებ.

– ამით რისი თქმა გინდა?

– პირდაპირ გითხრა, თუ თათბირს დაველოდო? მალე ახვლედიანი ჩამოვა და


ანგარიშს მოგვთხოვს.

– ახვლედიანი რატომ მიხსენე? შენ გგონია, მე არ მაწუხებს, ბოლო მკვლელობა


გაუხსნელი რომ გვიდევს?

– ჰო, თუნდაც... შენც ხომ ფიქრობ ამაზე?

– როგორ არ ვფიქრობ, – ამოიოხრა თემომ, – სულ მაგაზე ვფიქრობ. წარმოიდგინე, რა


მოხდება, თუკი ნიკა რაღაცით მაინც იქნება გარეული მკვლელობაში.

– ნაკლებად სავარაუდოა. მე რომ გითხარი, დიდი ალბათობით, მკვლელი ქალია-


მეთქი, ამისი მტკიცებულებაც მაქვს.

– არ მითხრა, რომ პომადის კვალი აღმოაჩინე მოკლულის პენისზე, – გახუმრება


სცადა თემომ, მაგრამ, შეკრულ წარბზე ეტყობოდა, საერთოდ რომ არ იყო ხუმრობის
გუნებაზე.

– პომადა არა, მაგრამ... გეუბნები, მაქვს მტკიცებულება-მეთქი.

– ანუ, ნიკა მკვლელი ვერ იქნება?

– მკვლელი?.. – დევიმ შუბლი მოისრისა... – ამაზე უნდა დავფიქრდე.


– დევი, შენ ახლა ხუმრობ?!

ექსპერტმა თავი ასწია და თემოს თვალებში შეხედა... ეს პასუხი არ იყო...

***

ზურაბმა თავზე გადაუსვა ხელი შვილს:

– მარიკუნა, რაღაც მოწყენილი მეჩვენები. ყველაფერი რიგზეა?

– ჰო, აბა, რა, ყველაფერი რიგზეა, – ნელა წარმოთქვა მარიკამ და შუბლით მხარზე
მიეყრდნო მამას, – მიყვარხარ, მა.... ძალიან...

კაცმა ამოიოხრა:

– გასაგებია, რაღაც გინდა ნამდვილად. აბა, აქ მომიყვები თუ სადმე წავიდეთ? თუ


გინდა დავსხდეთ მყუდრო კაფეში, ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ. ეს ნიკასთან
კავშირშია?

მარიკამ თავი გადააქნია:

– ჩემთან არის კავშირში. არა, არ იფიქრო, რომ ჩემს არჩევანს ვნანობ, პრობლემა ამაში
არ არის. უბრალოდ, რაღაცაში ვერ გავრკვეულვარ და ეს მაწუხებს.

– ჯერ უნდა დამშვიდდე, ემოცია ძალიან ცუდი მრჩეველია, მე ხომ ყოველთვის ამას
გასწავლიდი.

– ეგ ვიცი. ამიტომ, ვცდილობ... ვცდილობ... მაგრამ, გულახდილად რომ გითხრა,


არაფერი გამომდის.

– ეგ იმიტომ, რომ გიყვარს. ეს ერთი შეხედვითაც გეტყობა, შეუიარაღებელი თვალით.

– მართლა? – ისევ ამოიოხრა მარიკამ, – და ეს ჩემი დიდი პრობლემაა. როგორ


მოვიქცე?

– მარიკა, მე მხოლოდ ვხვდები, მხოლოდ ვვარაუდობ, რას შეიძლება, გულისხმობდე


ამ სიტყვებში. კონკრეტულად ახსნას არ გთხოვ, არ მინდა, შენს სულში დავიწყო
ხელების ფათური, თუმცა, არც ის შემიძლია, მშვიდად ვიჯდე და ვუყურო, ჩემი
შვილი როგორ იტანჯება.

– მამა, მითხარი, რას ფიქრობ იმ ქალზე, ჩემს დედამთილზე?


– საინტერესო ქალია, ჭკვიანი, კარგი სპეციალისტი... ვფიქრობ, დიდად არც თქვენს
საქმეში უნდა ერეოდეს. ნიკა უფრო უნდა იყოს დამოკიდებული დედაზე. ეს
ბუნებრივია – როცა არ არის მამა, მთელი „დატვირთვა“ დედაზე მოდის, მით უმეტეს,
ბიჭები განსაკუთრებით მიეწებებიან ხოლმე დედებს. მაგრამ ნიკას ძალიან უყვარხარ,
თუ ამაზე ნერვიულობ... მისი შენდამი დამოკიდებულება თვალშისაცემია.
უბრალოდ, შენ ძალიან მგრძნობიარე გახდი, ფანტაზიაც ისეთი გაქვს... ეს, ეტყობა,
შენი სამსახურის დამსახურებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლია, ჩემი იმედი
გქონდეს.

– ამაში ეჭვი მეპარება... – მარიკამ ხელებზე დაიხედა. თითები ოდნავ უთრთოდა, – არ


ვიცი, რა მემართება. აუცილებლად უნდა დავმშვიდდე, აზრებს თავი მოვუყარო,
მაგრამ, ვერ ვახერხებ.

– რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები... – თავი გადააქნია ზურაბმა.

– ვერ გეუბნები, მა... ცოტა დრო მჭირდება, რომ რაღაცაში დავრწმუნდე. არ მინდა,
უბრალო ეჭვების გამო საფიქრალი გაგიჩინო. ხომ გესმის ჩემი?

– ვცდილობ, – გაუღიმა კაცმა, – არ მინდა, ინერვიულო. ჩემიც ხომ გესმის? წავიდეთ


კაფეში?

მარიკამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.

– არა, მირჩევნია, სახლში მიმიყვანო. მალე ნიკაც მოვა ვარჯიშიდან და...

ზურაბმა ამოიოხრა:

– ვერაფრით შევეგუე იმას, რომ შენს ოთახში არ გძინავს. ძალიან სწრაფად მოხდა
ყველაფერი, თან, შენი ასეთი მდგომარეობაც ემატება... მარიკუნა, რატომ აღარ ხარ
მხიარული პატარა გოგო?

– იმიტომ, რომ გავიზარდე, მამა...

– და პრობლემებიც გაგეზარდა...

– ლამის ვინანო, რომ საერთოდ ამოვიღე ხმა. მგონი, აჯობებდა, არაფერი მეთქვა.
ახლა ინერვიულებ.

– მერე რა, მშობელი ვალდებულია, შვილის გამო ინერვიულოს და არაფერია ამაში


არაბუნებრივი. პირობა მომეცი, როგორც კი დაგჭირდები, მაშინვე დამირეკავ.
– გპირდები, – მარიკა კაცისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა, – ძალიან მიყვარხარ...
შენ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარ.

– სუპერ-მამა სუპერ-ეფექტებით, – გაიცინა ზურაბმა, – ეს ერთადერთი ეგზემპლარი


გამოვედი ასეთი და ისიც შენ შეგხვდი საგანგებოდ.

– სულ ვფიქრობ, ნეტავი, ნიკას როგორი მამა ჰყავდა-მეთქი, – თქვა უცებ მარიკამ
სერიოზულად, – ძალიან მაინტერესებს.

– მამაზე არაფერს ლაპარაკობს?

– არა, საერთოდ. არც დედამისი. ამ თემას ტაბუ აქვს დადებული, მე კი ერთხელაც


ვერ გავბედე, რამე მეკითხა.

– როგორც წესი, გარდაცვლილებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან საერთოდ არაფერს


ამბობენ და, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ ლაპარაკობენ, უნდა
ვივარაუდოთ, რომ...

– მამა, მაგას დედუქციის მეთოდი ჰქვია. ეს ხუმრობით. ისე კი... პრინციპში, მეც ცოტა
უცნაურად მომეჩვენა... შევთანხმდით, როგორც კი დამჭირდები, მაშინვე გირეკავ.
ძალიან არ ინერვიულო, კარგი?

–კარგი, ცოტას ვინერვიულებ. მობილური გირეკავს.

– ეს დევია... – მარიკამ მობილური ყურთან მიიდო, – გისმენ, დევი. კარგად ვარ.


ნამდვილად. არა, სახლთან ვარ, მაგრამ ბინაში არ ავსულვარ. მარტო? არა, მარტო არ
ვარ, მამაჩემმა მომიყვანა. ახლავე? დილით, რა თქმა უნდა... არა, თუ მნიშვნელოვანია,
წამოვალ და შეგხვდები. მაშინ, ხვალამდე. კარგი...

– სამსახურშიც გაქვს პრობლემები? – ჰკითხა ზურაბმა, როცა შვილს მღელვარება


შეატყო.

– არა. პრობლემას ვერ დავარქმევ. საქმეა, რომელიც ჯერჯერობით ვერ გავხსენით.

– მკვლელობა?

– ჰო, ჩვენი განყოფილება ხომ მკვლელობებს იძიებს. პაპავა ნერვიულობს.

– შენც ნერვიულობ...

– ბუნებრივია, – მხრები აიჩეჩა მარიკამ, – როგორ არ უნდა ვინერვიულო, როცა ბოლო


ვერ მოვაბით. შენც ხომ ნერვიულობ, როცა პაციენტს დიაგნოზს ვერ უსვამ?
– კარგი, კარგი, მესმის შენი. ამიტომაც, აღარ ჩაგეძიები, შენი იმედი მაქვს. ვიცი,
დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებ.

მარიკამ თავი დაუქნია. მამას ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა. ზურაბს


მაშინვე არ დაუძრავს მანქანა, სევდიანად და დაფიქრებულად გასცქეროდა შვილს,
სანამ მარიკა სადარბაზოში არ შევიდა.

***

თემომ მაინც გადაწყვიტა, ყოფილი ცოლისძმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე –


სამმართველოს შენობის გარეთ ენახა. ახლა უნდა მისულიყო მის სახლთან, დაერეკა
და ეზოში ჩამოეყვანა. როგორც კი კორპუსს მიუახლოვდა, ნაცნობ სილუეტს მოჰკრა
თვალი და სვლა შეანელა. ის იყო, მაკა... კორპუსის წინ მოწყობილ საბავშვო
მოედანზე, სკამზე იჯდა და მუხლებზე ნიკაპჩამოდებული უსასრულობაში
იყურებოდა. თემოს გულთან რაღაც აეწვა. ტკივილს ჰგავდა, უსიამოვნოსა და
შემაწუხებელს. შეიძლება, სიბრალულიც იყო იმ ქალის მიმართ, რომელიც ერთ დროს
ძალიან უყვარდა. ეს სიყვარული ბოლომდე არ გაჰქრობია. მთელი ეს პერიოდი, რაც
მასთან არ იყო, მხოლოდ ცდილობდა, ამაზე არ ეფიქრა და თავი მოეტყუებინა იმით,
რომ ყველაფერი დამთავრდა...

ქალმა ნელ-ნელა ასწია თავი. არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. მხოლოდ შეხედა და


მერე მზერა აღარ მოუშორებია. კაციც უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით. რამდენიმე
წუთის განმავლობაში დუმილი არც ერთს არ დაურღვევია. ბოლოს ისევ თემო
მოტყდა:

– არ გცივა, აქ რომ დამჯდარხარ? ვინმეს ელოდებოდი?

მაკამ შეხედა. კაცმა მისი შეხედვა თავისებურად ახსნა:

– გასაგებია, შეუფერებელ დროს მოვედი. ბუნებრივია, რომ ჩემს გამოჩენას არ


ელოდი.

– ტყუილად ცდილობ, გამაღიზიანო და ისევ საჩხუბრად განმაწყო. მოთმინებიდან


ვერ გამომიყვან. ახლა სხვა საზრუნავი მაქვს, ჩვენს ურთიერთობაზე გაცილებით
მნიშვნელოვანი.

– მართლა?

– ჰო. თუ ხვდები, არც კი დავინტერესებულვარ, აქ რისთვის მოხვედი, ეს ჩემი საქმე


აღარ არის.

– დათოსთან მაქვს რაღაც გასარკვევი.


ქალმა ისევ აღელვებულად აიჩეჩა მხრები:

– ხომ გითხარი, ეს ჩემი საქმე აღარ არის-მეთქი. შენი ამბები არ მაინტერესებს.


საერთოდ არაფერი აღარ მაინტერესებს.

თემომ მხარზე მოჰკიდა ცოლს ხელი და შეეცადა მისთვის თვალებში ჩაეხედა. მაკა
გაუძალიანდა:

– თავი დამანებე! ჰო, არ გელოდებოდი. უკვე დიდი ხანია, აღარ გელოდები. ამიტომ,
თავს ნუ იწუხებ, ადექი და შენს საქმეს მიხედე. ვალდებული არ ხარ, გვერდით მეჯდე
და ათას სისულელეზე მელაპარაკო.

– სისულელეზე? მე მართლა გამიხარდა შენი დანახვა.

– შეიძლება. ჩათვალე, რომ დავიჯერე. მერე?

– მერე?! – ქალის შეკითხვამ კაცი დააბნია.

– ჰო, რა იქნება მერე? ამბობ, შენი დანახვა გამიხარდაო. მე როგორ უნდა მოვიქცე ასეთ
შემთხვევაში: აქტიურად გამოვხატო ჩემი სიხარული, რომ არ გძულვარ თუ,
ვიფიქრო, რომ მომავალში, როცა ქუჩაში შემთხვევით შევხვდებით, გვერდს არ
ამივლი?

– მაკა... – პაპავა შეყოყმანდა, ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა ის, რასაც იმ მომენტში
გრძნობდა.

– მე დავურეკო დათოს თუ შენ თვითონ გააკეთებ ამას? – ქალი ადგა და მობილური


ამოიღო, – ხელს აღარ შეგიშლი.

– მოიცადე... კარგად ხარ? ძალიან ფერმკრთალი მეჩვენები, – თემომ ცოლს მკლავზე


მოჰკიდა ხელი: – დაბრუნდი სახლში. ახლავე აიღე შენი ნივთები და გამომყევი...
ვითომ საერთოდ არაფერი ყოფილა, თავიდან დავიწყოთ. მე ეს მინდა და, ვგრძნობ,
რომ შენც გინდა. აქ დაგელოდები... რამდენ ხანსაც გინდა, ოღონდ წამოდი, კარგი?

მაკამ ფრთხილად გააშვებინა ხელი და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– კარგი, დამელოდე.

თემოს შეკრული წარბები გაეხსნა:

– მანამდე დათოს დაველაპარაკები...


***

მარიკამ კარი თავისი გასაღებით გააღო. ბინაში სიჩუმე იყო. სინათლე მხოლოდ
მისაღებ ოთახში ენთო. დანარჩენი ოთახების კარები ჰოლიდან არ ჩანდა. მარიკამ
აუჩქარებლად დადო ჩანთა საკიდზე, მერე ქურთუკი ჩამოკიდა და ნელი ნაბიჯით
შევიდა ოთახში. არავინ იყო, მხოლოდ ჩართული ტელევიზორი ზუზუნებდა დაბალ
ხმაზე. გოგომ ქურდივით მიმოიხედა და კატასავით მსუბუქი ნაბიჯებით
მიუახლოვდა კომოდს: ერთი უჯრა... მეორე... რვეული არსად ჩანდა. მარიკას
საკუთარი გახშირებული გულისცემა ჩაესმოდა და ხელები ოდნავ უკანკალებდა.
ფეხის ხმა ზურგს უკან საკმაოდ გვიან გაიგონა, სწრაფად შემობრუნდა და გაშეშდა...

***

დევიმ დაუფარავი განცვიფრებით შეხედა კაცს.

– მე მარიკას მამა ვარ, – ზურაბმა ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, – მაპატიეთ,


თავიდანვე რომ არ გითხარით. შემეშინდა, მარიკასთვის არ დაგერეკათ და არ
გეთქვათ. თქვენი ტელეფონის ნომერი ჩუმად ამოვიწერე მისი მობილურიდან. არ
მინდოდა, გაეგო, თქვენთან შეხვედრას რომ ვაპირებდი.

დევიმ თავი დაუქნია:

– მგონი, რაღაცას ვხვდები. ჩემთან ხომ არ ამობრძანდებით? მარტო ვარ და საუბარში


ხელს არავინ შეგვიშლის.

ზურაბი დათანხმდა. დევიმ სასმელი შესთავაზა ზურაბს.

– დიახ. ცოტას დავლევდი. ძალიან ვღელავ და ალკოჰოლი ცუდი არ იქნებოდა.

– ვისკის შემოგთავაზებთ, – დევიმ სასმლით შეავსო ორი ჭიქა. ზურაბს წინ დაუდგა
და თვითონაც იქვე, სავარძელზე მოეწყო.

– გაგაოცეთ, არა?! მაგრამ, აუცილებლად უნდა მენახეთ და დაგლაპარაკებოდით. ჩემს


შვილს კარგად ვიცნობ, იმაზე კარგადაც კი, ვიდრე მას წარმოუდგენია. რაღაც ხდება,
ოღონდ, არ მითხრათ, რომ ეს მხოლოდ მზრუნველი, მგრძნობიარე მამის ეჭვებია.
მარიკას რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს. რაღაც ხდება... დამეხმარებით? იქნებ,
გამარკვიოთ, თუკი, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ხართ, – ზურაბმა ამოიოხრა და
ვისკი მოსვა. დევი სერიოზული სახით უსმენდა კაცს და თანაგრძნობით დაუქნია
თავი.

– აბსოლუტურად მესმის თქვენი, თუმცა, ვერ გეტყვით, მაქვს თუ არა უფლება,


მოგიყვეთ იმ ფაქტების შესახებ, რაც ვიცი...
– გაქვთ, თუკი ამაზე ჩემი შვილის ბედი და კარგად ყოფნაა დამოკიდებული.

– გეთანხმებით, მესმის თქვენი. იმასაც მივხვდი, რატომ არ გინდათ, მარიკამ ჩვენი


შეხვედრის შესახებ იცოდეს.

– გმადლობთ. იმედი მქონდა, რომ გამიგებდით. მარიკას ველაპარაკე. აშკარად


ბოლომდე არ მეუბნება რაღაცას. დაიწყო, მაგრამ, ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მე
უნდა გადავამოწმო ჩემი ეჭვები. ბატონო დევი, რა საქმეზე მუშაობთ და რითი
შეიძლება იყოს დაკავშირებული ის ჩემი შვილის პირად ცხოვრებასთან?

დევიმ ვისკი მოსვა, თითქოს პასუხისგან თავი შეიკავა, ზურაბმა განაგრძო:

– მშვიდად ვერ ვიქნები მაშინ, როცა ჩემი შვილის მზერაში შიშს ვხედავ. მარიკა
ყოჩაღი გოგოა. ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. არც მე ვერეოდი მის
გადაწყვეტილებებში, რადგან ვიცოდი, რომ ჰქონდა უნარი, სწორი არჩევანი
გაეკეთებინა. დედამისმა სცადა, ხელი შეეშალა, როცა პროფესიას ირჩევდა, მაგრამ,
მარიკა ჯიუტიც არის და პრინციპულიც – ეს მისი ღირსებებია, თუმცა, ზოგჯერ
საშიშია, მისთვისვე. ჩემი შეკითხვა ხომ არ დაგავიწყდათ?

– არა, არა... მარიკა მეც ძალიან მიყვარს... თითქმის შვილივით, – გაიღიმა დევიმ, –
ალბათ სითამამეში არ ჩამომართმევთ ამ გულახდილობას. ახლა, რაც შეეხება თქვენს
შეკითხვას. დიახ, საკმაოდ რთული საქმე გვაქვს, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. ჩვენი
პროფესიისთვის რთული და ადვილი საქმე არ არსებობს, ყველა საქმე რთულია
თავიდან, სანამ იმ გორგალის წვერს ჩავავლებთ ხელს.

– მესმის. ისეთი პასუხია, როგორსაც ველოდი, – თავი დაუქნია ზურაბმა, – მაგრამ,


ამით ვერ დავკმაყოფილდები და ვერ დავმშვიდდები. ჩემი შვილი ჩემთვის ყველასა
და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

– ჰო... – მოკლედ მიუგო დევიმ და ვისკის ბოთლი დაანახვა, – კიდევ დაგისხამთ.

– არა, გმადლობთ... – ზურაბმა ცარიელ ჭიქას ჩახედა და უცებ ჰკითხა.

– ნიკას თუ იცნობთ, ჩემს სიძეს?

– ვიცნობ. რამდენჯერმე შევხვდი. მარიკა უყვარს, ეს შესამჩნევია...

– მაგის კითხვას არ ვაპირებდი. რომ უყვარს, ამას მეც ვხედავ, მაგრამ, ამით ჩემი
შვილი ბედნიერი არ უნდა იყოს. მაპატიეთ, ასეთ გულახდილობას რომ ვიჩენ
თქვენთან, მაგრამ, ვგრძნობ, იმ ადამიანს ველაპარაკები, ვისი ნდობაც შეიძლება.

დევიმ ოდნავ დაუქნია თავი. ზურაბმა განაგრძო:


– დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს, წავალ, მაგრამ, ერთი სათხოვარი მექნება თქვენთან:
მარიკაზე იზრუნეთ, რადგან მე ამის, საშუალება არ მაქვს... საჭიროების შემთხვევაში
კი დამირეკეთ...

***

მარიკა დაიძაბა და ინსტინქტურად დაიხია უკან. რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით


გადადგა და კედელს მიეყრდნო, მაგრამ, შეეცადა მორეოდა საკუთარ თავს და შიში არ
ეჩვენებინა, თუმცა, თქმა ვერაფრის მოახერხა. ქალი გულხელდაკრეფილი იდგა და
დაჟინებულ მზერას არ აშორებდა.

– შემიძლია, რამით დაგეხმარო? – ჰკითხა მზრუნველი ხმით.

– მე? არა, რატომ იფიქრეთ, რომ დახმარება მჭირდება?

– მომეჩვენა, რომ რაღაცას ეძებდი... – ქალის ხმაში ისეთი ყინული იყო გარეული,
მარიკას შეაჟრჟოლა.

– ამას ხომ არა? შემთხვევით, ამან ხომ არ დაგაინტერესა?

მარიკამ შეხედა. იას ხელში ტყავისყდიანი რვეული ეჭირა და რიტმულად აქნევდა.

– მოდი, ყოველგვარ თამაშს წერტილი დავუსვათ და ბოლომდე გულახდილები


ვიყოთ: ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით და საამისო მიზეზიც გვაქვს. ვიცი, რომ ჩემი
დღიური წაიკითხე. თუმცა, ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ. რადგან ეძებდი, ეს იმას
ნიშნავს, დაგრჩა რაღაც კითხვები, რომლებზე პასუხებიც აქ გეგულება. მითხარი, რა
გაინტერესებს?

მარიკა მიხვდა, რომ რამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა.

– ახლა ნიკა მოვა. გინდათ, მისი თანდასწრებით ვილაპარაკოთ?

– არა, – თავი გააქნია იამ, – შენც ხომ არ გინდა, ეს? ნიკა საერთოდ არაფერ შუაშია და,
მოდი, ნურც ჩავრევთ.

– რა თქმა უნდა, ეს თქვენს წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. ნიკამ ხომ


ბევრი რამ არ იცის თქვენ შესახებ. მაგალითად ის, რომ მივლინება და კონფერენციები
მხოლოდ შესანიღბავად გჭირდებათ და სინამდვილეში არსადაც არ ყოფილხართ, –
მარიკამ გადაწყვიტა, ინიციატივა საკუთარ ხელში აეღო და შეტევაზე თავად
გადასულიყო, რომ ქალისთვის გონზე მოსვლის საშუალება არ მიეცა. პირველმა
სვლამ იას მოუტანა წარმატება, მაგრამ, მარიკას ჯერ კიდევ ჰქონდა ფორტუნის
თავისკენ შემობრუნების იმედი. თუმცა, ქალი ასე ადვილად რომ არ დათმობდა
პოზიციებს, ამასაც მშვენივრად ხვდებოდა. იამ გაიღიმა:

– ყოჩაღ. მოლოდინს ამართლებ. შენში ეჭვი თავიდანვე არ შემპარვია და, როგორც


ვატყობ, არც შევმცდარვარ. მერე, ამის თქმას აპირებ ნიკასთვის?

მარიკამ თამამად შეხედა თვალებში:

– თუ დამჭირდება... რატომ დაგჭირდათ ასეთი ტყუილი?

– საყვარელი მყავს, – ნაძალადევად გადაიხარხარა ქალმა და უცებ რძალს ავად


შეხედა: – რა გინდა, რატომ შემოიჭერი ჩვენს ცხოვრებაში? ყველაფერი ისე კარგად
იყო... ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ უბედურების მეტს არაფერს მოგვიტანდი. რატომ
შეგიყვარა ნიკამ მაინცდამაინც შენ? ეს ჩემი ბედისწერაა თუ სასჯელი? რა წაიკითხე ამ
რვეულში, რა იცი ჩემ შესახებ?

– ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ რაღაცას მალავთ, რაღაც საიდუმლო გაქვთ,


რომელიც მაგ რვეულის ფურცლებს ანდეთ. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ
წერენ ადამიანები დღიურებს, ან როგორი ადამიანები წერენ... თუმცა, თქვენს
შემთხვევაში კითხვა ცოტა სხვაგვარად დაისმება.

– როგორ?

მარიკამ პასუხის ნაცვლად საათს დახედა:

– ნიკას მოსვლამდე რამდენიმე წუთი დარჩა.

– მაშინ, სადმე უნდა წავიდეთ, ორივე, მანქანაში ჩავსხდეთ და ქალაქში გავისეირნოთ,


თან ვილაპარაკოთ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენი საუბარი


შედეგიანი იქნება...

– შენ ხომ ჩემი ნაწერები გაინტერესებდა... ჰოდა, მოგეცემა მათი წაკითხვის


საშუალება.

მარიკამ უნდობლად შეხედა დედამთილს.

– ჩემი არ გჯერა? – მიუხვდა ქალი, – ჩემს უამრავ ნაკლს შორის ტყუილი ნამდვილად
არ არის.
– ნიკა ძებნას დაგვიწყებს, – პატარა ბავშვივით თქვა მარიკამ, სახლიდან გაპარვას რომ
სთავაზობს მეგობარი და მშობლების გაბრაზების ეშინია.

– რატომ დაფიქრდი? ნიკა ძებნას არ დაგვიწყებს. ჩვენ წერილს დავუტოვებთ ან შენ


მისწერ ახლა ისეთ მესიჯს, რომ ის აღარ იღელვებს. სახლში ჩემს არყოფნას კი დიდი
ხანია, შეჩვეულია.

მარიკა ჩიხში მოექცა. დედამთილთან ერთად წასვლა თან უნდოდა, თან ცოტათი
ეშინოდა კიდეც. ამ ქალში იყო რაღაც ისეთი, რაც ნდობას არ აღუძრავდა და
სიმშვიდეს უკარგავდა. ცდუნება ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებისა დიდი
იყო. მართალია, ბოლომდე არ სჯეროდა იმის, რომ ქალი რვეულის წაკითხვისა და
თავისი ყველაზე იდუმალი ზრახვების შეცნობის საშუალებას მისცემდა, მაგრამ მაინც
უნდა ეცადა. ამიტომ, საბოლოოდ სძლია ყოყმანს და თავი დაუქნია:

– თანახმა ვარ. მივწერ ნიკას მესიჯს, – მობილური აიღო და, თითქმის მაშინვე
მოაფიქრდა ისიც, რაც მერე გააკეთა...

***

დათომ სტვენით ჩამოირბინა საფეხურები, მაკა კიბის ბოლოს ელოდა.

– მორჩი სეირნობას? დამშვიდდი? კარგია. სახლში რატომ არ ამოდიხარ, რას


ელოდები?

– თემოა მოსული და შენი ნახვა უნდა.

დათო შედგა და დას გაკვირვებულმა შეხედა:

– ოჰო, შენ უკვე ნახე?

– რომ არ მენახა, საიდან მეცოდინებოდა? ზოგჯერ თავს შეგნებულად რატომ


იშტერებ?

– ელაპარაკე კიდეც? შერიგდით?

მაკამ უკმაყოფილოდ აუქნია ხელი:

– მომეშვი. შენთან ლაპარაკის გუნებაზე არ ვარ და ნერვებს ნუ მომიშლი. მიდი,


გელოდება. ეზოშია, სკამთან.

– აუ, მითხარი რა... შერიგდით? ისე მაინტერესებს...


– ეგ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს... – მაკამ ძმას შეუბღვირა, – ჩემს
საქმეში ნუ ერევი, რამდენჯერ გაგაფრთხილე? გინდა გეჩხუბო?

– ჰო, კარგი. ნუ იღრინები, მივდივარ... არაფერი შენ არ გეშველება... სულ


გაღიზიანებული და ავი ხარ. თუმცა, შენს მდგომარეობაში მყოფებისთვის ეს, ალბათ,
ნორმალურია და აღარ გეკამათები...

მაკა მკვეთრად შემობრუნდა და ბიჭს მხარში სწვდა:

– აბა, რისი თქმა გინდოდა, რა მდგომარეობას გულისხმობდი?

– დედამ უკვე მითხრა. რა გეგონა, სადამდე დამალავდი?

– ენა გააჩერე, გაჩუმდი! დედაჩემს კი, სულერთია, მოვკლავ, შენ რას გიყვებოდა?

– რას ნიშნავს, რას მიყვებოდა? შენი ძმა ვარ. აბა, არ უნდა მცოდნოდა?! სხვათა შორის,
ძალიან გამიხარდა.

– გაჩუმდი, რა... სულელი ხარ, რა უნდა გელაპარაკო, – მაკა პასუხს არ დალოდებია,


დათოს გვერდი აუარა და კიბეს შეუყვა.

თემომ სიგარეტი ჩააქრო, ურნაში ჩააგდო და მობილურს დახედა. დევი არ ურეკავდა,


არც მესიჯი მოუწერია... ამან ცოტა ააფორიაქა. ნიკასთვის მიჩენილი მეთვალყურე
ყოველ სამ საათში აბარებდა ანგარიშს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ბოლო
მესიჯი ორი საათის წინ მიიღო, ცვლილება არ იყო. თემო მაინც ვერ მშვიდდებოდა.
მისი ინტუიცია ისევ ამუშავდა...

– ჩემი ნახვა გინდოდა? – დათო გვერდით მიუჯდა, – ვიფიქრე, მაკამ მომატყუა-


მეთქი. აი, თურმე, რატომ აიხირა საღამოს გასეირნება – შენთან აპირებდა შეხვედრას.
პრინციპში, არ მიკვირს, ისეთი ახალი ამბავი ჰქონდა სათქმელი.

– მაკამ საერთოდ არ იცოდა, რომ მოვიდოდი. წარმოდგენა არ ჰქონდა... მოიცა, რა


ახალი ამბავიო, რას ამბობდი?

– მე? მე არაფერი, ვიფიქრე, მაკამ დაგირეკა, რომ ახალი ამბავი ეთქვა.

– რა ახალი ამბავი? დათო, მე შენს სანახავად მოვედი აქ. მაკა რომ დავინახე,
გამიკვირდა კიდეც.

– ჰო?! არაფერი არ უთქვამს? სულ არაფერი? – ჩაეძია დათო.

თემო გაღიზიანდა.
– არა-მეთქი! რა ჰქონდა სათქმელი? დროზე მითხარი!

– რა გაყვირებს? უბრალოდ, მგონია, უნდა იცოდე, რატომ შეიკავა თავი ჩემმა დამ, არ
ვიცი... ფეხმძიმედ არის...

თემოს მობილური გაუვარდა ხელიდან და სახეზე ოფლმა გამოჟონა.

– წარმატება არ არსებობს, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც


წარმატებულობის მითს ქმნიან. რას უნდა ელოდო?! სისულელეა. სიცოცხლე
მეტისმეტად ხანმოკლეა. ამიტომ არასდროს დავლოდებივარ, იღბალი როდის
გამიღიმებდა – არასდროს ვყოფილვარ ასეთი მიამიტი... სულ ვმოქმედებდი...
ვგრძნობდი და ვრისკავდი, ცხოვრება რისკია, ნებისმიერი ადამიანის ყოველი ნაბიჯი
რისკია... ზოგი გააზრებული და ზოგიც გაუაზრებელი... გგონია, შენ არ გარისკე,
ნიკას რომ გაჰყევი ცოლად?! – იამ რძალს, მსუსხავი მზერა მიაპყრო, – როგორც
არასდროს, ისეთი გულახდილი ვარ და, მინდა, ყველაფერი გავარკვიოთ.

მარიკა თავდახრილი, უხმაუროდ ურევდა კოვზს ყავით სავსე ფინჯანში. ფიქრობდა,


რა ეთქვა ისეთი, რაც ქალს კიდევ უფრო მეტად აალაპარაკებდა. თუმცა, კარგად
ხვდებოდა, ეს მაინც ქალის ნებაზე იყო დამოკიდებული. მისი დედამთილი აშკარად
არ განეკუთვნებოდა იმ ადამიანების კატეგორიას, რომელსაც იძულებით ან თუნდაც
დაფარული ძალდატანებით გააკეთებინებ რამეს.

– „მე თავად ვქმნი ჩემს სამყაროს... მე თავად ვქმნი ჩემს წარმატებას“... – ვერ ვიხსენებ,
ეს ვისი სიტყვებია, – თქვა მოგონილი გულწრფელობით.

– კოკო შანელის, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მე სულ სხვა რამეზე მინდა
დაგელაპარაკო.

– ვიცი, თქვენ ჩემი თქვენს ოჯახში შემოჭრა გადარდებთ, – მოურიდებლად მიუგო


მარიკამ, – ... და ველოდები, ამას როდის მეტყვით.

– გეტყობა, რომ ელოდები. არ უარვყოფ... – ქალმა სიგარეტს მოუკიდა, – ტყუილს რა


აზრი აქვს? მით უმეტეს, რომ ერთმანეთს ვერ მოვატყუებთ.

– მე ისედაც არასდროს ვტყუი, – გამომწვევად ჩაილაპარაკა გოგომ.

– კარგია, ვაფასებ გულახდილობას. თუმცა, ტყუილი მაინც პირობითი და


ფარდობითია, თან, ინდივიდუალურიც, როგორც ადამიანები ვართ ინდივიდები.
მაგრამ, მასაც არსებობს, როგორი მონდომებითაც არ უნდა ვცდილობდეთ ამის
უარყოფას. მე არაერთხელ მითქვამს ტყუილი, მაგრამ, იმ კონკრეტულ მომენტში ეს
ტყუილი გაცილებით სჯობდა სიმართლეს.
– შემიძლია, არ დაგეთანხმოთ?

– რა თქმა უნდა.

– კარგია. თორემ, ვერაფრით დავიჯერებ, როგორ შეიძლება, საკუთარი დედა


გატყუებდეს და ეს სიმართლეს გერჩივნოს?! თუმცა, სულ დამავიწყდა, რომ ნიკამ
მხოლოდ ის „სიმართლე“ იცის, რომელსაც თქვენგან ისმენს.

ქალს ოდნავ აუთრთოლდა სიგარეტიანი ხელი, მაგრამ მღელვარება არ შეიმჩნია.

– ჰმ, ჭკვიანი ხარ. ეტყობა, ჯეროვნად მაინც ვერ შეგაფასე. ალბათ, კონკრეტულ
ტყუილებსაც გულისხმობდი.

– რა თქმა უნდა. მაგალითები გჭირდებათ? – არ შეეპუა მარიკა.

– ჩემს ოჯახში ძალიან გამიჭირდება მზვერავის ატანა. რატომ ცდილობ გაიგო ის, რაც
შენი საქმე არ არის?

– ცდებით. მე ზუსტად იმის გაგებას ვცდილობ, რაც ჩემი საქმეა. ნიკას ვუყვარვარ და
მეც მიყვარს. მისი ცოლი ვარ და აუცილებლად დავიცავ.

– რა სისულელეა! ჩემი შვილის დაცვა გინდა? გინდა, საკუთარი დედის ვერაგობისგან


დაიცვა?

– მე ეგ არ მითქვამს. რაც შეეხება ტყუილს, ხომ არ უარყოფთ, რომ მოატყუეთ?

– საყვარელო გოგონი, მე შენ წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ვგრძნობ, რომ თავს


რამე ვაიძულო ან მოვთხოვო. არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს, რაც შენ საერთოდ არ
გეხება.

– არაფერიც, ნიკა სწორედ რომ მე მეხება.

– შეგიძლია, არ იდარდო, ჩემგან საფრთხე არ ელოდება. მე ყოველთვის მზად ვარ,


მისი სიცოცხლისთვის საკუთარი გავიღო. ეჭვი ხომ არ გეპარება?

– მაშინაც კი, როცა მას უცხოეთში ჰგონიხართ წასული მივლინებაში, სინამდვილეში


კი...

– სინამდვილეში?.. – ქალი შეიჭმუხნა, – საშინელებაა, როცა ვიღაც შენს სულში


იქექება. გულისამრევია და ზიზღის მომგვრელი... და, ამის მერე გინდა, ერთად
მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვროთ? მეეჭვება, ეს გამოვიდეს, მიუხედავად
იმისა, რომ სურვილი მეც ნამდვილად მქონდა, ვეცადე კიდეც.
– დიახ, არ უარვყოფ.

– სანაცვლოდ, შენ რა გააკეთე – უარესად დაიწყე ქექვა. ისეთი პროფესია გაქვს,


საშუალებებს მოკლებული ნამდვილად არ ხარ. ეს გამოიყენე და ახლა რა გინდა,
მაშანტაჟებ?

მარიკამ თავი გააქნია.

– მაშინ, რა გინდა?

– ხომ გითხარით, ნიკას ვიცავ... სიმართლეც აუცილებლად უნდა გავარკვიო.

– რომელი სიმართლე? რატომ აღარ წავედი და სად ვიყავი? იქნებ, ეს ჩემი პირადი
საქმეა?! თუ, რადგან ნიკაა, მე პირადი აღარაფერი უნდა მქონდეს?!

– ვგრძნობ, რაღაც ხდება. თქვენს პირადთან მე არაფერი მესაქმება. ნიკა


განსაცდელშია.

ქალს ჯერ გაეღიმა, მერე რძალს წარბშეკრული მიაშტერდა:

– გეყოფა! ნიკას ერთადერთი განსაცდელი შენ ხარ. რაც შენ გამოჩნდი მის
ცხოვრებაში, იმის მერე ვეღარ ვცნობ საკუთარ შვილს.

– ვერ ცნობთ? საერთოდ, რა იცით მის შესახებ?

– ჩვენ შორის ნუ ჩადგები, არ გირჩევ, – ქალის ხმა გაფრთხილებასავით გაისმა.

– მე არა, მაგრამ, სხვა რამე შეიძლება ჩადგეს თქვენ შორისაც და ჩვენ შორისაც –
შეიძლება, ნიკა ციხეში აღმოჩნდეს.

ქალმა ხმამაღლა გაიცინა:

– შეიძლება ჩემი ნიკა აღმოჩნდეს ციხეში?! შენ მოიგონე ეს სისულელე? ნიკა


ჭიანჭველასაც არასდროს დაადგამს ფეხს, უწყინარია და პატიოსანი. შენი პრობლემა
ის არის, რომ ზედმეტად შეიჭერი როლში – თავი სუპერმაძებრად და
სუპერდეტექტივად წარმოიდგინე. ოჯახის წევრებსაც, ქმარსაც კი, რომელიც გიყვარს,
ეჭვის თვალით დაუწყე ყურება. მე არ ვიცი, ამისგან როგორ უნდა გათავისუფლდე.

– გეუბნებით, საქმე სერიოზულად არის. შეიძლება, ნიკას მკვლელობაში დასდონ


ბრალი, – მარიკამ თვალებში შეხედა დედამთილს, – არ ვხუმრობ.

იამ პირთან მიტანილი ფინჯანი ნელა დაუშვა მაგიდაზე:


– რისი თქმა გინდა, პირდაპირ მითხარი...

მარიკამ რვეულს დახედა:

– რატომღაც, მგონია, რომ ეს ამბავი თქვენთან კავშირშია. თქვენთან თუ არა, რაღაც


ისეთთან, რაც წარსულთანაა დაკავშირებული. იმ ტყუილთან, რომელსაც თქვენ
სიმართლის საბურველში ხვევთ. თუ ნიკა მართლა გიყვართ, ისე ნუ მიყურებთ,
როგორც შემოჭრილ მტერს. მე არც თქვენი დაშანტაჟების სურვილი მაქვს, არც
შეშინების. ვამბობ იმას, რაც რეალობაა. ასე რომ, ემოციები და პირადი
შეხედულებები ერთმანეთის შესახებ გვერდზე გადავდოთ და სერიოზულად
ვილაპარაკოთ.

ია ცოტა ხანს დუმდა. მის შუბლზე რამდენიმე გრძელი ხაზი გაჩნდა. თითებმა ძლივს
მოძებნეს სიგარეტის კოლოფი...

მარიკამ სულის მოთქმა არ აცადა:

– ჯერ ნიკას მამაზე მომიყევით. სად არის, ცოცხალია?..

***

... დათომ ხელები გაშალა.

– აბა, რა გითხრა?! მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მაკამ სპეციალურად დაგიბარა.


მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ არ გეტყოდა. გეფიცები, მაგრად გამიტყდა... –
დათომ გულზე მიიდო ხელი და დამნაშავესავით გაიღიმა, – იქნებ, საერთოდ არც
უნდა მეთქვა?

– მოიცა, შენ რას გულისხმობ, რომ, შეიძლება, ეგ ბავშვი ჩემი არ იყოს?

– არა, ტო, რას ამბობ, აბა, ვისი უნდა იყოს! თუმცა, რა ვიცი... აუ, არ გამაგიჟოთ, რა...
დაელაპარაკე მაკას. ხომ დაელაპარაკები? თუ გინდა, მე თვითონ შევეკითხები...შენ აქ
დამელოდე და ავირბენ...

– ფეხი არ მოიცვალო, შენთან სხვა საქმე მაქვს!

– ამაზე მნიშვნელოვანი საქმე?! მართლა გინდათ, გამაგიჟოთ?

– დათო, დაწყნარდი, მაკას მე დაველაპარაკები. ამ ახალმა ამბავმა შოკში ჩამაგდო,


მაგრამ, მაინც უნდა გავარკვიო ის, რისთვისაც აქ მოვედი.

– ჰო, მართლა, თუ მაკას სანახავად არა, აბა, რისთვის მოხვედი?


– შენს ძმაკაცზე უნდა დაგელაპარაკო. იმით დავიწყებ, რომ მე ყველაფერი ვიცი.
უფრო სწორად, ის ვიცი, რაც შენ დამიმალე და, ალბათ, გეგონა, ვერც ვერასოდეს
გავიგებდი, რომ მარიკა ამაზე სიტყვას არ დაძრავდა...

– მარიკა? – დათოს თვალები გაუფართოვდა და ფერი დაეკარგა, – მარიკა რა შუაშია,


რა უნდა ეთქვა?

თემომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– ოჰ, დათო... დათო, მოსაკლავი მყავხარ. მაკა როგორ შემოგიჩნდებოდა, ვხვდები,


მაგრამ, ჩემთვის უნდა გეთქვა. შენ კი როგორ მოიქეცი?

– კარგი, რა, თემო, მართლა ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.

– თუ გინდა, გაპატიო, ზურგში მახვილი რომ ჩამეცი, გულახდილად უნდა მიპასუხო


შეკითხვებზე.

– აუ, კარგი რა, ტო!.. როდის მომიტყუებიხარ?!

– ამ წუთში რაზე გელაპარაკებოდი? გეუბნები, ყველაფერი ვიცი-მეთქი.

დათომ ამოიოხრა:

– ჰო, კარგი, დამნაშავე ვარ. მაგრამ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. შენზე ადრე მარიკამ
მიმიმწყვდია კედელთან. თუმცა, არ მეგონა, თუ მოგიყვებოდა.

– ჰმ, ჯერ ერთი, მარიკას არაფერი უთქვამს და მეორე – შენ გამართლება არ გაქვს. მეც
რა გამიკეთე და მარიკაც როგორ გაწირე?

– რატომ გავწირე? – თავისი სიყვარული ვაპოვნინე.

– აი, სწორედ ეგ არის საკითხავი, – პაპავამ შუბლი მოისრისა. ვერაფრით ახერხებდა,


მარტო საქმეზე ეფიქრა და იმ ამბავზე არა, რაც დათოსგან გაიგო. თავში თითქოს
ზარები რეკდნენ და რაღაც ხმა ჩასძახოდა: „ფეხმძიმედ არის! ფეხმძიმედ არის! შვილი
გეყოლება“!.. შვილი? მერე, ჩემია?!“ – ეს კითხვა დამოკლეს მახვილივით დაეკიდა მის
თავზე და თვითონაც ვერ გაერკვია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ახლა მისთვის –
სიმართლის გაგება თუ ის სიხარული, რაც ამ ახალმა, მოულოდნელმა ამბავმა
განაცდევინა. „მაკა უნდა ვნახო, სასწრაფოდ“, – თითქოს პირობა მისცა საკუთარ თავს
და დათოს მიუბრუნდა, ცოტათი დამფრთხალი რომ ადევნებდა თვალს ყოფილი
სიძის გამომეტყველების ცვლილებას.

– თემო, შენ ახლა მაკა გჭირდება, მე კი არა... ავალ, ჩამოვიყვან...


– გითხარი, ჯერ შენ უნდა დაგელაპარაკო-მეთქი. ნიკამ მარიკასთან ქორწინება თავის
სასარგებლოდ გამოიყენა. ალბათ, ეგონა, ცოლით მუდმივ და უეჭველ ალიბის
შეიქმნიდა.

– რა ალიბი? არაფერი მესმის, უბრალოდ, შეუყვარდა, რა... ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს,


თავისით მოხდა.

– შენი ძმაკაცი ძალიან ცუდად ფიგურირებს რამდენიმე მკვლელობის საქმეში.

– ეგ რას ნიშნავს? – პირი დააღო დათომ.

– იმას, რომ შენ ახლა სიმართლე უნდა თქვა. ნიკა ყველაზე მეტ დროს შენთან ერთად
ატარებდა. გაიხსენე რამე საეჭვო სიტუაცია ან მისი საქციელი, რაც მაშინ უცნაურად
მოგეჩვენა და ყურადღება არ მიაქციე.

დათომ თავზე შემოიწყო ხელები:

– არა, არაფერი მახსენდება. საერთოდაც, წარმოუდგენელია, ნიკას რამე კავშირი


ჰქონდეს დანაშაულთან. გამოვრიცხავ ამას, რაღაც გეშლებათ...

– დათო, შენ იცი, ჩემი პროფესია შემთხვევითობას და დამთხვევებს გამორიცხავს.


ფრთხილად იყავი!

– ფრთხილად ვიყო? ეს რატომ მითხარი, გგონია, რამეს ვმალავ? მე მართლა არაფერი


ვიცი. არაფერი ვიცი ისეთი, რაც შენს საქმიანობასთან იქნება კავშირში. ნიკა ერთი
ჩვეულებრივი ბიჭია. არ მახსოვს, ვინმესთან ეჩხუბოს.

– ჰო, მაგრამ, ჩილაჩავას მამას ვერ იტანდა. ამ სიძულვილსაც გამოხატავდა.

– მერე რა, არც მე მეხატებოდა გულზე ის კაცი. თუმცა, უარზე არ ვიყავი, მისი
მოცემული ფულით „გაგვეჯაზებინა“. ნიკა კი მეუბნებოდა, უპასუხისმგებლო ხარო.
სულ ეს იყო. თანაც, არ მესმის... ხომ მოკვდა ის კაცი. „ვიაგრა“ დალია თუ ისე მიაბარა
სული უფალს, ჩვენ რა შუაში ვართ? მორჩა ეს ამბავი. მგონი, მისი ოჯახის წევრებიც
აღარ დარდობენ ამას.

– დათო, სერიოზულად მიუდექი ამ ამბავს, არ არის სასაცილო და სახუმარო. მე


გასართობად ნამდვილად არ მცალია.

დათო შეიჭმუხნა.

– რა უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი?


– გაიხსენე ნიკას ყველაზე უჩვეულო, უცნაური საქციელი, მაშინ რომ რაღაცაში
დაგაეჭვა და არ ჩაეძიე.

დათო დაფიქრდა... მერე ხელები გაშალა:

– მართლა არაფერი მახსენდება... აუ, თემო, დავიტანჯე... მოიცა, აი, ნიკა მირეკავს,
ვუპასუხო?

– ჰო, მაგრამ, არ უთხრა, რომ აქ ვარ.

დათომ ამოიოხრა და მობილური ყურთან მიიტანა:

– რაო, ნიკუშ... სახლში ვარ, სად უნდა ვიყო? არა, ტო... ვინა? არ ვიცი... ჩემთვის
რატომ უნდა დაერეკა?! მერე, რა განერვიულებს? მოვა, სად წავა? შეიძლება, დაუჯდა,
ან, ისეთ ადგილას არიან, რომ ვერ იჭერს... პანიკაში ნუ ჩავარდები... რა ვიცი, ტო...
თუ გინდა, შენთან მოვალ...

დათომ თემოს შეხედა:

– რაო, რას გეუბნებოდა?

– მარიკას ეძებს... წერილი დაუტოვებია, საქმეზე ვარ, არ ინერვიულოო, ახლა კი


მობილური ჰქონია გამორთული და ნიკა ნერვიულობს. ალბათ, შენთან დარეკვა ვერ
გაბედა. მთხოვა, მასთან მივიდე.

– მეც არ ვიცი, სად არის მარიკა, წარმოდგენა არ მაქვს. დევის დავურეკავდი, მაგრამ,
ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს... – თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მისი
მობილური აწკრიალდა.

– გისმენ, დევი... ახლავე? სასწრაფოდ?.. კარგი, მოვდივარ! მოკლედ, ასე, –


მოუბრუნდა დათოს, მე უნდა წავიდე. შენც ნიკასთან აპირებ, ხომ ასეა? იფიქრე იმაზე,
რაც გითხარი, მაგრამ, ენას კბილი დააჭირე, ნიკას არაფერი უთხრა.

– მაკა? მაკასაც არაფერი ვუთხრა? – უკვე მანქანასთან მისულს დააწია დათომ


შეკითხვა.

– რა მაკა?.. ჰო, მესმის. აუცილებლად ვნახავ, რაც შეიძლება მალე...

***

იამ თავი ასწია და მარიკამ მისი უჩვეულოდ აბრჭყვიალებული თვალები დაინახა.


– ყველაფერი თქვი?

მარიკამ თავი დაუქნია.

– თითქმის...

– არა, „თითქმის“ – არ გამოვა. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა


ვიცოდე...

– რისი თქმის უფლებაც მქონდა, გითხარით. ხომ მიხვდით, რომ ეჭვის სრული და
რეალური საფუძველი არსებობს? მითხარით, როგორ მოვიქცე? კიდევ გიკვირთ, რომ
თქვენი რვეულის წაკითხვას ვცდილობდი? გიკვირთ, რომ ყველგან ვეძებდი პასუხებს
ჩემს შეკითხვებზე? დრო ბევრი არ მაქვს, სიმართლე მალევე უნდა გავარკვიოთ...

– შენ რომელ სიმართლეს ეძებ, – იას ხმა შესამჩნევად უთრთოდა. გალურჯებულ


ტუჩებზე სიგარეტის ფერფლი შერჩა, მაგრამ, საერთოდ ვერ გრძნობდა ამას, – ჩემი
შვილი დამნაშავე არ არის... არც მკვლელი არ არის... მისი ერთადერთი დანაშაული
ისაა, რომ მე გავაჩინე. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბედნიერ მომავალს
შევუქმნიდი. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა
საკუთარ შვილში რაღაცის, უფრო სწორად, ვიღაცის არდანახვას ცდილობ, წვალობ,
იტანჯები... ზოგჯერ თითებს იკბენ. ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ
საკუთარი თავი ამ აბსურდში დამერწმუნებინა...

– რომელ აბსურდში? – მარიკამ იგრძნო, რომ დრო მოვიდა – ქალი ნელ-ნელა


იხსნებოდა. რაღაც საშინელის მოსასმენად მოემზადა და შინაგანი ხმა, ინტუიცია
ჰკარნახობდა, რომ ბანალურ ისტორიას არ მოუყვებოდა.

– აბსურდია, როცა საკუთარ თავს აიძულებ, შექმნა მითი და ეს მითი მარტო შენთვის
კი არა, სხვისთვისაც რეალობად დააკანონო.

– ეს „სხვა“, ალბათ, ნიკაა, არა?!

– ჰო. მისი რეალობა ისაა, რაც მე თავად შევთავაზე. საკუთარ თავს კი სულ სხვა
რეალობა „მოვუმზადე“ და ისიც ვაიძულე, დაეჯერებინა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი,
ნიკას დავკარგავდი. ვერ შევძლებდი, შემეყვარებინა. გიკვირს? ალბათ, ფიქრობ,
როგორ შეიძლება, ქალს თავისი შვილი არ უყვარდესო. დამიჯერე, შეიძლება. თუმცა,
არავის, არც ერთ ქალს არ ვუსურვებ ამას. ნიღბის ქვეშ ცხოვრება საშინელებაა...

– ნელ-ნელა ვხვდები... ნიკას მამა...

– მამა?! – ქალმა ხმამაღლა გაიცინა, – „მამა“ ხმამაღალი ნათქვამია... დამიჯერე,


გოგონი... იმ ორფეხა ცხოველს ამ სიტყვასთან და მის რეალურ მნიშვნელობასთან
საერთო არაფერი ჰქონდა... მერე მე მოვყევი ზღაპარი ნიკასთვის... ვიზუალური
მტკიცებულებებით.

– რა?!

ქალმა რვეულის ყდა მოჭმუჭნა...

– ეს დასასრულია... – ჩაილაპარაკა სულისშემძვრელი, გაყინული ხმით.

მარიკას შეაჟრჟოლა, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. იგრძნო, ქალი მას არ


ელაპარაკებოდა... იმასაც მიხვდა, თუ ახლა ხელს შეუშლიდა დაცლაში, მეორე ასეთი
მომენტი აღარ იქნებოდა...

– ნიკასთვის სიმართლე მომაკვდინებელი იქნებოდა. მასაც ვერ მოვკლავდი. ერთი


მკვლელი და შეწირული – ჩემი სახით, საკმარისი იყო. ჰოდა, მოვუგონე მამა:
სასაფლაოზე ადგილი ვიყიდე და ჩემს შვილს „მამა“ დავუსაფლავე. ამ
ტრაგიკომედიას იმდენ ხანს ვთამაშობდი, ბოლოს ლამის თავადაც დავიჯერე და...
შემეშინდა. მართლა, გულწრფელად შემეშინდა, ადამიანურად, რაც ჩემისთანა
ქალებისთვის ძალიან უცხოა. ჩემისთანაო, რომ ვამბობ, წარმოდგენაც არ გაქვს, რას
ვგულისხმობ. ეს დასასრულია... ეტყობა, შენ უნდა გაგეკეთებინა ეს, შენ უნდა
დაგესვა წერტილი. თავიდან თითქოს გადანაშაულებდი... ვაღიარებ, ეს ჩემი სისუსტე
იყო. ვცდილობდი, ინტუიციისთვის არ დამეჯერებინა, რომელსაც არასოდეს
უღალატია ჩემთვის. დაგინახე თუ არა... არა, მითხრა თუ არა ნიკამ შენ შესახებ,
შინაგანმა ხმამ თითქოს თითი დამიქნია... შენ არაფერ შუაში ხარ, თავიდანვე ვიცოდი,
რომ ეს წუთი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა. როგორი იქნებოდა, ვერ
წარმომედგინა, თუმცა არაფერს ვნანობ. ეს ალბათ, სწორედ ის არის, რასაც
ვისურვებდი... წარმატება არ არსებობს... არსებობენ ისინი, ვისაც, ამ წარმატების
შექმნის უნარი შესწევთ... მე დავამთავრე... ყველაფერი მორჩა... რატომ მეგონა, რომ
კიდევ მეტის გაკეთებას შევძლებდი? კიდევ უფრო მეტ ორფეხა პირუტყვს
მოვაშორებდი ჩვენს ისედაც დაავადებულ საზოგადოებას?! ვრისკავდი, მაგრამ, ეს
რისკი მიღირდა... მორჩა, ლიმიტი ამოიწურა – მე ვარ ის, ვისაც თქვენ ეძებთ... მე ვარ
მკვლელი...

მარიკას გაოცებისგან გაფართოებულ თვალებში შიში და სასოწარკვეთა აისახა...

***

დევიმ კარი გააღო... თემო პირდაპირ ოთახში შევარდა და სავარძელზე მოწყვეტით


დაეშვა...

– რა სახე გაქვს, რამე მოხდა?


– ჰო. პირველად რომელი ამბავი გითხრა, არ ვიცი.

– თუ გინდა, ჯერ მე გეტყვი.

თემომ თავი გააქნია:

– მე დავიწყებ... მაკა ფეხმძიმედ არის...

დევიმ ისე შეხედა მეგობარს, თემომ უხერხულობა იგრძნო და იფეთქა:

– რამე სისულელე არ მკითხო, თორემ დაგახრჩობ, ისედაც აღარაფერი მიკლია


გადარევას! ერთი უბედურება ის მჭირს, რომ წინ ვერ მივდივარ და „ვბუქსაობ“.

– მაგაზე, შეგიძლია, აღარ იდარდო... ბევრით არა, თუმცა, წინ ნამდვილად


მივდივართ. ისეთ რაღაცას გეტყვი... მაგრამ ჯერ თავად უნდა დავიკმაყოფილო
ცნობისმოყვარეობა. მაკას ფეხმძიმობის ამბავი საიდან შეიტყვე?

– სიზმარში ვნახე! – ისევ გაცხარდა თემო, – საიდან შევიტყობდი? დათომ მითხრა.


მანამდე მაკასაც ველაპარაკე, თუმცა, ერთი სიტყვაც არ დასცდენია. არ ვიცი, რატომ
დამიმალა. ცოტა უცნაურად კი ლაპარაკობდა, მაგრამ, რას მივხვდებოდი?! ახლა რას
იტყვი, როგორ გუნებაზე უნდა ვიყო?

– არაჩვეულებრივზე. შვილი ხომ ყოველთვის გინდოდა? ახლა უკვე აუცილებლად


შერიგდებით. შეიძლება, მაკამ ცოტა იჭირვეულოს, მაგრამ, მის მდგომარეობაში
მყოფი ქალისთვის ნორმალური იქნება. აი, მოთმინება ნამდვილად დაგჭირდება,
თუმცა, ღირს ამად, დამიჯერე.

– ჰო, არა?! – თემომ შუბლი მოისრისა, – როდისმე ასეთ მდგომარეობაში ყოფილხარ?!


არა, ხომ?! – მაშინ, ვერ წარმოიდგენ, რას ვგრძნობ ახლა.

– შემიძლია თეორიულად წარმოვიდგინო, თუმცა, ძალიან მალე თავს გადასარევად


იგრძნობ. მეორე ამბავი მითხარი...

თემომ ხელი ჩაიქნია:

– მარიკას მობილური აქვს გამორთული და ნიკა პანიკაშია...

დევის ღიმილი გაუქრა სახიდან:

– რა? რატომ აქვს გამორთული და, საერთოდ, სად არის?

– ვინ?
– ვინ და მარიკა. სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ.

– მოიცა, რა ხდება? ასე რატომ აფორიაქდი? ნიკასთვის მესიჯი მიუწერია, ყველაფერი


კარგად არის, სახლში მოვალო... ისიც გადარეულია და შენც ფერი დაგეკარგა. რა
დაგემართათ?

– მარიკა მობილურს არ გამორთავდა... – დევიმ ქურთუკს სტაცა ხელი, – ადექი და


გამომყევი... ახლავე!..

– კი მაგრამ, რა მოხდა? გესმის? რა უნდა გეთქვა?

– ეზოში გეტყვი... მკვლელი ქალია. ამაში უკვე ეჭვი არ მეპარება.

– ქალია? ვინ? რომელ საქმეს გულისხმობ?

– ჩქარა!.. გზაში მოგიყვები...

– ის მაინც მითხარი, სად გავრბივართ?..

– მარიკას მოსაძებნად... – დევიმ ხელისკვრით გააგდო თემო ბინიდან და კიბეზე


კისრისტეხით დაეშვა...

***

ნიკა ვერ დამშვიდდა... მართალია, მარიკას მესიჯში არაფერი იყო შემაშფოთებელი


და საგანგაშო, გამორთულ ტელეფონსაც მოუძებნიდა ახსნას, მაგრამ, მოუსვენრობის
განცდამ ლამის ჭკუიდან შეშალა.

დათოს კარი რომ გაუღო, უკვე ხელებიც კი უკანკალებდა. მეგობრის ასეთ


მდგომარეობაში ნახვას დათო არ ელოდა:

– რა დაგემართა, ტო! ეგრევე გამოვვარდი, მაგრამ, ნაღდად არ მეგონა, რამე


სერიოზული თუ გჭირდა. დამშვიდდი, ტო... არ დაურეკავს?

– არა... მობილური გამორთული აქვს.

– არ იცი, სად მუშაობს? ეტყობა, საქმეზეა.

– საქმეზე? – ეგ ვიფიქრე, მაგრამ... – ნიკამ ხელები მომუშტა, – მოკლედ, რაღაცას


ვგრძნობ, ოღონდ, არ დამიწყო, მე ეგეთების არ მჯერაო... გირჩევნია, მირჩიე, სად
წავიდე და რა გავაკეთო. მამამისს ხომ არ დავურეკო? ან თემოს.
– თემოს ველაპარაკებოდი სწორედ, შენ რომ დამირეკე...

– მერე?

– არაფერი. იმის თქმა მინდოდა, რომ თემოსთან ერთად არ არის... არც დევისთან
ერთადაა, იმიტომ, რომ თემო მერე იმასთან წავიდა.

– ხვდები, რომ ამით უფრო შემაშინე? – ნიკა ისევ წამოხტა, – მამამისმაც თუ არ იცის,
სად არის, მაშინ, არ ვიცი, რა ვიფიქრო. წამომყევი, რა...

– წამოგყვები, მაგრამ, რას აპირებ? ტეხავს, ტო... ჯერ საღამოს შვიდი საათია და
მოგვეცადა ცოტა, გამოჩნდება. ქალების ამბავი არ იცი? შეიძლება, სალონში ზის და,
არ უნდა, ხელი შეუშალო. მოვა ახალი ვარცხნილობით და გეტყვის, სიურპრიზი
იყოო...

– სისულელეების თქმას, აჯობებს, გაჩუმდე... მარიკა სალონში საერთოდ არ დადის


და არც ჩერჩეტ ქალებს ჰგავს... გავგიჟდები, დროზე თუ არ გამოჩნდა. დედაჩემსაც
ვერაფრით დავუკავშირდი. სამსახურში არ არის... მისმა ექთანმაც არასოდეს არაფერი
იცის...

– იმასაც გამორთული ხომ არ აქვს მობილური?

– არა, მაგრამ, არ მპასუხობს... – ნიკა ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

– ნუ დარბიხარ და დამშვიდდი, გესმის? ნუ დარბიხარ-მეთქი, თავბრუ დამეხვა!.. –


დათომ ხელები აიქნია და უცებ წამოიძახა: – კარზე ვიღაც რეკავს, გავაღო? მგონი,
მოვიდა, შენი ცოლი და ტყუილად დაიგლიჯე ნერვები...

– მარიკას თავისი გასაღები აქვს, – თქვა ნიკამ და კარის გასაღებად გაემართა. თემო
და დევი ერთდროულად შემოვიდნენ ოთახში,

– ხომ არ დაურეკავს?

– არა. მობილურიც ისევ გამორთული აქვს... მამამისთან ვაპირებ წასვლას.

– ჩვენ უკვე ვიყავით მასთან. მარიკა არ უნახავს, მაგრამ, ჯერ სანერვიულო არაფერია.
ნიკა, დედაშენი ბოლოს როდის ნახე?

ნიკამ თავზე იტაცა ხელები.

– დედაჩემი? დილით, სამსახურში წასვლის წინ... მანქანის გასაღებს ეძებდა.


– შენი თუ თავისი მანქანის?

– თავისი... ოთახში რომ შევედი, კომოდის უჯრაში იქექებოდა. ვკითხე, რას ეძებ-
მეთქი და, მანქანის გასაღებსო. მერე, მგონი, მალევე იპოვა და წავიდა. ის რა
კავშირშია მარიკასთან?

– მოკლედ, მე და დევი მივხედავთ ყველაფერს, თქვენ სახლში დაელოდეთ. ვფიქრობ,


მალე გამოჩნდება, – თემომ მკლავზე მოჰკიდა დევის ხელი და გვერდზე გაიყვანა,
ჩუმად რაღაც უთხრა და იმანაც თავი დაუქნია.

– მინდა ვიცოდე, რა ხდება, – ნიკა მათ მიუახლოვდა. ოთახში შემოსული მარიკა


პირველად დათომ დაინახა:

– აი, მოვიდა! გეუბნებოდი, რა... აჰა, არაფერი არ სჭირს... სად იყავი, ტო, ამდენი
ხალხი რომ გადარიე?

მარიკას ყურადღება არ მიუქცევია დათოს საყვედურისთვის. ნიკასთვისაც არაფერი


უთქვამს, პირდაპირ დევისთან მივიდა და ხელზე მოჰკიდა ხელი.

– რაღაც მაქვს სათქმელი, ახლავე... შენთვის და თემოსთვის, თანაც, ახლავე,


სამზარეულოში გავიდეთ.

– მარიკა, იქნებ, მეც მითხრა, რა ხდება და სად იყავი მთელი დღე დაკარგული?
იმდენი ვინერვიულე...

– მესიჯი ხომ მოგწერე, სანერვიულო არაფერია-მეთქი, – მარიკას ნიკასთვის არც


შეუხედავს, დევის მიშტერებოდა დაჟინებით.

– კი მაგრამ, მარიკა...

– ნიკა, სასწრაფო საქმე მაქვს. ეს ჩვენი საქმეა, სამსახურის. ძალიან გთხოვ, დათოს
დაელაპარაკე... ნახევარი საათი დამჭირდება... მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა
გავაცნო ჩემს თანამშრომლებს. კარგი იქნება, თუ კართან არ მოხვალ და არ მოგვისმენ.

მარიკა შებრუნდა და სამზარეულოსკენ გაემართა. დევი და თემო უკან მიჰყვნენ.


ნიკამ დათოს შეხედა და, როცა სამზარეულოს კარი მიიხურა, ამოიოხრა:

– ამ გოგოს სამსახური გამაგიჟებს.

– შენც, ნუ გაგიჟდები. გეყოფა, რა. ხომ ხედავ, ყველაფერს მხოლოდ ართულებ...


ერთხელაც, ადექი და უთხარი საკუთარ თავს, რომ შენი ცოლი... მუშაობს და ამით
მორჩება ყველაფერი. ნელ-ნელა დამშვიდდები და შეეგუები...
ნიკამ სამზარეულოს მჭიდროდ მიხურულ კარს მიაპყრო მზერა:

– იცი, როგორ მაინტერესებს, რაზე ლაპარაკობენ?

– აი, მე კი, საერთოდ არ მაინტერესებს... უჰ, – დათომ ტელევიზორი ჩართო და


სავარძელში ნებივრად გადაწვა...

მარიკამ რვეული მაგიდაზე დადო:

– ეს არის... აქ თითქმის ყველაფერი წერია, გვარებისა და სახელების გარდა, მაგრამ


ამის აუცილებლობა არ არის... ყველა მკვლელობა მისი ჩადენილია... შოკში ვარ...

– ყველა მკვლელობა?! მარიკა, დარწმუნებული ხარ? – პაპავამ რვეული გადაფურცლა.

– ჰო. თავადაც არ მჯერა და, მგონია, რომ ვიღაც სხვას მოუყვა ეს ყველაფერი...

დევიმ თავი გადააქნია:

– რაღაცას კი ვეჭვობდი, მაგრამ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მანიაკი?


ასეთი ქალი და ფსიქოლოგიური გადახრებით?!

– ძალადობის მსხვერპლი, რომელიც მკვლელად იქცა. წარმოუდგენელია, მაგრამ,


ფაქტები აქ არის, ამ რვეულში. ყველა მკვლელობა აღწერილი აქვს. დეისაძეზე
ინტუიცია არ გღალატობდათ, ბატონო თემო, ბერაძის მკვლელობაში დამნაშავე არ
არის. ჩილაჩავასაც არ დაულევია „ვიაგრა“ შემთხვევით... მოძალადეზე კი შური
საკმაოდ გვიან იძია. გუსტავ ფუგანი...

– მდინარეში ჩაგდებული გვამი...

– ჰო... – მარიკამ წყალი დაისხა და მთელი ჭიქა სულმოუთქმელად დალია, – ცუდად


ვარ, ძალიან ცუდად... ფუგანი – იგივე გოგი ფაილოძეა, ნიკას ნამდვილი მამა.
საფლავი კი, უბრალოდ, ცარიელია...

დევიმ მხარზე მოხვია მარიკას ხელი და გასამხნევებლად მსუბუქად შეანჯღრია.

– გონს მოდი, საყვარელო... შენ ახლა მაგრად უნდა იყო. ნიკა ხომ გიყვარს? მას
ბოლომდე უნდა სჯეროდეს იმ ლამაზი ზღაპრის, რომელიც დედამისმა საგანგებოდ
მოიგონა... ქალი – შურისმაძიებელი.

– ჰო, შურისმაძიებელი... ყველა იმ ქალის მაგივრად აღასრულებდა სამართალს,


რომლებზეც ძალა იხმარეს.
– ესე იგი, გია ნოდიას შვილიც ტყუილად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.

პაპავა შეიჭმუხნა:

– როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი ახვლედიანს? ლომიძე სასწრაფოდ უნდა


დავაპატიმროთ.

მარიკამ თავი გააქნია.

– გამორიცხულია. ხომ მითხარი, ნიკას ბოლომდე უნდა სჯეროდეს იმ ზღაპრის,


რომელიც მისთვის დედამისმა მოიგონაო....

– ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელს უფლებას მივცემთ, თავისუფლად ისეირნოს, –


თემომ ამოიოხრა, – შენ კი არა, მეც შოკში ვარ... ოთხი... არა, ხუთი გვამი და ხუთივე
ერთი ქალის ხელიდან მკვდარი... სერიოზული მკვლელია...

– არ ისეირნებს თავისუფლად... – მარიკა დაჯდა და ცრემლით სავსე თვალები


ხელისგულებით მოიწმინდა, – მან ამაზეც იზრუნა: რამდენიმე საათში ნიკა
დედამისის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს შეიტყობს. უბედური შემთხვევა კოჯრის
გზაზე. დამსხვრეული ავტომობილი და გარდაცვლილი ცნობილი ექიმი, რომლის
რეპუტაციაც ისევე შეურყვნელი დარჩება... დევი, იმედია, გვამს არ გაკვეთენ და
ორგანიზმში შხამის კვალს არ აღმოაჩენენ. ამის საჭიროება არ არსებობს... მე ახლა
იმაზე უნდა ვიფიქრო, როგორ დავეხმარო ნიკას დედის სიკვდილის გადატანაში...
რვეული კი თქვენ გქონდეთ, ბატონო თემო... თქვენც ბევრი საქმე გაქვთ – ორი
უდანაშაულოდ ბრალდებული გყავთ ციხიდან გამოსაყვანი...

დასასრული.
დასასრული.
www.ChiaturaINFO.GE

You might also like