You are on page 1of 144

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა

საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE

სიკვდილი წყვდიადში
ლევან შარვაშიძე

ბნელი ადგილები – 1

თავი 1

რესტორნის წინ, ტროტუარზე, საბანკეტოდ გამოწყობილი ბიჭები, გოგონები და


რამდენიმე უფროსი ასაკის ადამიანი ერთმანეთთან ახლოს დამდგარიყვნენ და ყველანი ერთ-
ერთ ახალგაზრდას უსმენდნენ.
– დათო, ეგ შენი აგარაკი ახლოს არის? – ჰკითხა ერთ-ერთმა ქალმა იმ ბიჭს, რომელიც
ლაპარაკობდა.
– ფეხით ერთი ან ორი საათის სავალი იქნება, მაგრამ რაიმე ტრანსპორტი ხომ გამოივლის
და იმას გავყვებით, – უთხრა დათომ.
– ჯერ სამი საათია და ამ დროს, აქ, რა გამოივლის?! – თქვა ერთმა კაცმა. – მოდი, ისევ
რესტორანში შევიდეთ, სამარშუტო ტაქსები მუშაობას დაახლოებით ექვსი საათისთვის იწყებენ.
– ორ საათში ფეხითაც მივალთ და მგონი, ჯობია, რომ წავიდეთ, – თქვა ლუკამ.
– თან გზაში ვიმხიარულებთ და გავერთობით, – დაამატა ნინომ.
– კარგი, მაშინ წავიდეთ, – თქვა ერთ–ერთმა მშობელმა.
– მშობლები და მასწავლებლები დარჩით რა! – უკმაყოფილოდ თქვა ქეთიმ.
– აუ, მართლა დარჩით რა! – თქვა ნინომაც.
– სულ რამდენიმე მშობელი და მასწავლებელი ვართ და რა მოხდება, რომ წამოვიდეთ? –
იკითხა იმავე მშობელმა.
– ბანკეტზე ხომ იყავით, ახლა ცოტა ხანს ჩვენთვის, მარტო გვინდა დარჩენა და თქვენ არ
წამოხვიდეთ, – უთხრა გიორგიმ.
მშობლები და მასწავლებლები ახალგაზრდებს დაეთანხმნენ, თუმცა თანხმობის გარდა,
სხვა არჩევანი არც ჰქონდათ.
ახალგაზრდები რესტორანში შებრუნდნენ. დამრიგებლისა და ერთ–ერთი მშობლის
თანდასწრებით სუფრაზე დარჩენილი საჭმელ–სასმელი მოაგროვეს და წასაღებად გაამზადეს.
დამრიგებელი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალს თავის, ახლა უკვე ყოფილ
მოსწავლეებს, რათა სასმელი არ აეღოთ.
სკოლადამთავრებული ახალგაზრდები გზატკეცილს გაუყვნენ. სულ ცოტა მანძილი რომ
გაიარეს, დამრიგებელმა მიაძახათ:
– სამანქანო გზაზე არ გადახვიდეთ და გზაში არ იცანცაროთ, პოლიციას მთვრალები
ეგონებით და დაგაკავებენ!
– კი, აბა რა, მასწავლებელო! – გასძახა გიორგიმ, მერე შეტრიალდა და პიჯაკში
დამალული ღვინით სავსე ბოთლი გამოიღო.
ამის დანახვაზე ახალგაზრდებს გაეცინათ.
– არ დავლევთ! რას ამბობთ, როგორ უნდა დავლიოთ?! – სიცილით დაუძახა
დამრიგებელს ლუკამ და პიჯაკიდან თვითონაც გამოიღო ღვინის ბოთლი.
– ნეტავ ღვინის ასე შეუმჩნევლად აღება როგორ შეძლეს? – თავისთვის ჩაილაპარაკა
დამრიგებელმა.
ახალგაზრდები კი ამ დროს უკვე საკმაოდ შორს იყვნენ. გზაზე მიდიოდნენ, ხუმრობდნენ
და იცინოდნენ. დათო, გიორგი, ქეთი და კიდევ ერთი–ორი ბიჭი ღვინოს სვამდნენ.
– კარგით რა, ნუღარ სვამთ ღვინოს! – თქვა ლუკამ. – მართლა პატრულმა არ გამოიაროს
და არ დაგვიჭირონ, მთვრალები ვეგონებით.
– ვეტყვით, რომ ბანკეტი გვქონდა, – უთხრა მთვრალმა ქეთიმ.
– ეტყვი და ისინიც მიგვაბრძანებენ განყოფილებაში, – გაიცინა ლუკამ და ღვინო
თვითონაც მოსვა.
– ერთი ეს ნახე რა! შენ ვის რას ეუბნები სმაზე?! – უთხრა გიორგიმ.
ჩაბნელებულ გზატკეცილზე სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ. მთვარე მკრთალად
ანათებდა ღამის წყდიადს. მალე წვიმაც წამოვიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ძლიერ არ წვიმდა, ასე
რომ, სკოლადამთავრებულები არც ისე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და ნაბიჯს უფრო უმატეს.
გარშემო სიბნელე იყო, მაგრამ ახალგაზრდებმა მინდვრისა და სახლების დანახვა მაინც შეძლეს.
მალე მინდორს გასცდნენ და გზა ხეების გასწვრივ განაგრძეს.
ქეთი თავის შეყვარებულ დათოს ეხუტებოდა, კოცნიდა და იცინოდა:
– დათო, კიდევ შორს არის ეგ შენი აგარაკი თუ რაც ჰქვია... სოფელი? – ჰკითხა ქეთიმ და
ღვინო მოსვა.
– კი, შორს არის, – უთხრა დათომ, – ნუღარ სვამ, ხომ ხედავ, მთვრალი ხარ.
ქეთი დათოს ისევ კისერზე ეხვეოდა და ასე განაგრძობდნენ გზას, ლუკა კი მათ უკან
მიდიოდა და შეყვარებულებს რაღაც ცუდი თვალით უყურებდა. უცებ მან ღვინის ბოთლი
პირთან მიიტანა, მაგრამ დალევა გადაიფიქრა, გაჩერდა, ბოთლი ჩამოსწია, ხეებისაკენ გადააგდო
და მოულოდნელად დაიყვირა:
– უხ, შენი!
ყვირილზე ყველა მას მიაჩერდა. ჰკითხეს, რა მოხდაო. არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ,
ცოტა მთვრალი ვარ და სულ ეს არისო, – უპასუხა მეგობრებს ლუკამ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, მათ უკან, გზატკეცილზე, მანქანის ფარების სინათლე
გამოჩნდა.
გიორგიმ მეგობრებს დაუძახა:
– რაღაც მოდის, გაჩერდით!
ყველანი გაჩერდნენ და მათკენ მომავალი მანქანისკენ გაიხედეს. მანქანა არ ჩანდა, მაგრამ
ანთებული ფარებით ყველა და მათ შორის ,,გათიშული“ მთვრალებიც კი მიხვდნენ, რომ ის
მოდიოდა და თანდათან უფრო და უფრო უახლოვდებოდათ.
– იმედია, პატრული არ არის, – თქვა ლუკამ.
– მგონი, ჩვენი საქმე ცუდადაა, – ჩაილაპარაკა დათომ.
– ბიჭო, ბოთლები გადავყაროთ! – უცებ მოისაზრა სანდრომ.
– მართლა გადავყაროთ! – დაეთანხმა გიორგი და ყველამ ბოთლები ხეებისაკენ
გადაყარეს.
– პატრული არ არის, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ ლუკამ, – პატარა სატვირთოა, მაგრამ
ამდენ ხალხს რომ დაგვინახავს, შეიძლება შეეშინდეს და არ გააჩეროს.
– წინ გადავუდგეთ, – თქვა ქეთიმ, რომელსაც სასმელი ისე მოჰკიდებოდა, რომ ძლივს
ლაპარაკობდა.
– მოდი, ერთი–ორი კაცი აქ დავრჩეთ, დანარჩენებმა კი ცოტა უკან დაიხიეთ, მძღოლმა
რომ ვერ შეგამჩნიოთ, – თქვა გიორგიმ.
დათოს, ქეთისა და გიორგის გარდა, ყველანი უკან მდგარ ხეებს ამოეფარნენ. ისინი ისეთ
მანძილზე იდგნენ, მძღოლი მათ დანახვას ვერ შეძლებდა. სატვირთო რომ მიუახლოვდათ,
სამივემ ხელი დაუქნიეს. ამ დროს ძალიან სასაცილო იყო ქეთი, რომელიც თან ხელს უქნევდა
მანქანას, თან წინ იწევდა და ამბობდა, გზაზე უნდა დავდგე და სატვირთოს ხელი ისე უნდა
დავუქნიოო.
დათო მას ცალი ხელით იჭერდა, ის კი მისგან თავის დაღწევას ცდილობდა და
იღიმებოდა.
მანქანა გაჩერდა. საჭესთან დაახლოებით ორმოცი წლის, უკვე ჭაღარაშერეული მამაკაცი
იჯდა, რომელსაც ძველი ყავისფერი, ზოლებიანი პიჯაკი და შავი ჟილეტი ეცვა. მძღოლთან
დათო და ქეთი მივიდნენ, გიორგი კი ისევ თავის ადგილზე დარჩა.
– საით მიდიხართ?
– მეგობრები აგარაკზე მიმყავს. დღეს ბანკეტი გვქონდა, სკოლა დავამთავრეთ, – უთხრა
დათომ.
– მერე, დასხედით!
– რამდენი გადაგიხადოთ? – ჰკითხა იქ მისულმა გიორგიმ. – თვრამეტ კაცს რამდენად
წაგვიყვანთ?
– თვრამეტს?! – გაოცდა მძღოლი, უნდოდა ეთქვა, დამცინი, ბიჭო, თვრამეტი ხართ ახლა
თქვენო, მაგრამ ამ დროს გვერდით გაიხედა და გზატკეცილზე მდგომი ახალგაზრდები რომ
დაინახა, ბიჭს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– კი მაგრამ, თქვენ სად მიდიხართ? იქნებ მე სხვა გზით მივდივარ?
გიორგიმ დათოს გადახედა.
– დაახლოებით ერთი საათის სავალი იქნება, სულ პირდაპირ არის, – უთხრა დათომ.
– კარგით, ბოვშებო, – თქვა მძღოლმა. – თხუთმეტ ლარად წაგიყვანთ. ამოდით ახლა
დროზე!
– ადით! – დაუძახა გიორგიმ მეგობრებს.
ყველანი სატვირთოს საბარგულში ავიდნენ, მხოლოდ დათო დაჯდა მძღოლის გვერდით,
რათა გზა კარგად დაენახა და აგარაკს არ გასცდენოდნენ.
მძღოლს მანქანა სწრაფად მიჰყავდა, საბარგულიდან კი სიცილისა და სიმღერის ხმა
ისმოდა.
– მანქანა თქვენია? – ჰკითხა დათომ.
– არა.
– სკოლა დაამთავრეთ? – ვითომ არ იცოდა, იკითხა მძღოლმა საუბრის დასაწყებად მცირე
ხნის სიჩუმის შემდეგ.
– დიახ.
– გილოცავთ, შენც და შენს მეგობრებსაც!
– გმადლობთ.
– რომელ სოფელში მიდიხართ?
– სახელი არც ვიცი. ახალი დასახლებაა, ახალი აშენებული სახლებია. ადრე იქ მინდორი
თუ ტყე ყოფილა. სულ რამდენიმე სახლი დგას.
– თორმეტი–ცამეტი სახლი იქნება, ჰო, ძამია?
– დიახ.
– მანდ გევიგე, რომე, ვიღაც მანიაკს კაცი მოუკლავს, – უთხრა მძღოლმა ყალბი შიშის
მომგვრელი სახითა და ხმით.
დათო თავიდან ვერ მიხვდა, მძღოლი ატყუებდა, თუ სიმართლეს ეუბნებოდა. მართალია,
ცოტა მთვრალი კი იყო, მაგრამ მისი ნათვამი სერიოზულად მაინც არ მიიჩნია და ჩათვალა, რომ
ეს კაცი, უბრალოდ, ეხუმრებოდა.
– მართლა? – გაიღიმა დათომ.
– კი, არ გეხუმრები, სერიოზულად გეუბნები, – ისევ იმავე ტონით უთხრა მძღოლმა.
„მგონი, ეს კაცი მასხარად მიგდებს, მაგრამ აგარაკზე ამას მივყავართ. სჯობს, არ შევიმჩნიო
და ჩუმად ვიყო!“ – გაიფიქრა ბიჭმა. – ცუდია. მანიაკი დაიჭირეს?
– არა. ამბობენ ტყეში გეიქცა და იქ იმალებაო.
– მერე, რომ დაბრუნდეს?
– აბა, რა ვიცი, ალბათ, პოლიცია დეიჭერს.
ნახევარი საათის შემდეგ დათომ ყურადღება გაამახვილა და გზას კარგად აკვირდებოდა,
რათა აგარაკს არ გასცდენოდნენ. გზატკეცილის გარდა, თითქმის არაფერი არ ჩანდა, მაგრამ
როდესაც მისგან მარცხნივ, სიბნელეშიც კი ადვილად შესამჩნევი ახალი აშენებული სახლი
დაინახა, მიხვდა, რომ უკვე ადგილზე იყვნენ და ჩასვლის დრო დამდგარიყო.
– გააჩერეთ! – დათომ ჯიბიდან სამი ხუთლარიანი ამოიღო და მძღოლს მისცა, – დიდი
მადლობა რომ წამოგვიყვანეთ.
მძღოლმა სატვირთო გააჩერა და ფული გამოართვა:
– არაფრის. ფრთხილად იყავით, მანიაკი არ შეგხვდეთ!
დათოს გაეცინა, მანქანიდან ჩავიდა და მომღიმარი სახით საბარგულისკენ წავიდა. მისი
თანაკლასელები საბარგულიდან უკვე ჩამოდიოდნენ. მას არ გამოჰპარვია ის, რომ მის
შეყვარებულს ჩამოსვლაში ლუკა მიეხმარა და მათ უცნაურად შეხედა. როდესაც სატვირთოდან
ყველა ჩამოვიდა, რამდენიმე მათგანმა საბარგულზე ხელით დააკაკუნა და მანქანა დაიძრა.
– აბა, გადასასვლელზე გადავიდეთ! – თქვა დათომ და ყველანი გადასასვლელზე
გადავიდნენ.
– ფრთხილად! – უთხრა ლუკამ ქეთის, რომელიც სიმთვრალისგან ძლივს მიბარბაცებდა.
– შენ კიდევ სვამდი არა?! – ჰკითხა დათომ ქეთის. – ხელი მომკიდე და წამოდი!
გოგონამ ბიჭს ხელი მოჰკიდა, თავი მხარზე დაადო და ასე წავიდნენ სიბნელეში.
ბნელოდა. გზაზე დიდი ქვები ეყარა და სიარული ცოტა ძნელი იყო.
– ეს არის ახალი აშენებული? რაღაც ლოდები ყრია და ძლივს მივდივართ! – უთხრა
ლუკამ დათოს.
– რა ვიცი, ასეთი გზაა და მე რა ვქნა, – უპასუხა ბიჭმა.
– დათო, კიდევ შორს არის? – ჰკითხა სანდრომ.
– არც ისე, – უპასუხა დათომ.
რამდენიმე სახლს ჩაუარეს. ყველა სახლს თავისი არც თუ ისე პატარა ბაღი ჰქონდა და
ამიტომ სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ შორი-შორს იდგა.
მალე დათოს სახლის ჭიშკარსაც მიადგნენ. დათო მეგობრებს მიუბრუნდა:
– ვინმემ სანთებელა მომეცით, რა!
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბიჭმა სანთებელა მისცა, მან სანთებელა აანთო და ჭიშკრის
გვერდით, რაღაცას დაუწყო ძებნა. ლუკა გაკვირვებული დააცქერდა და ჰკითხა:
– რას შვრები?
– გასაღებს ვეძებ, – ბიჭმა საკმაოდ დიდი ზომის ქვა გვერდით გადააგორა და მის ქვეშ
დამალული გასაღები აიღო, – აქ ვტოვებთ ხოლმე.
– ძალიან ჭკვიანურია! – სიცილით უთხრა ლუკამ.
დათომ სანთებელა გასაღებების აცმასთან ერთად დაიჭირა. რგოლზე ოთხი გასაღები
ეკიდა. ჭიშკართან მივიდა, სანთებელა კლიტეს მიანათა და ერთ-ერთი გასაღებით ჭიშკარი
გააღო.
ყველანი ეზოში შევიდნენ.
– ძაღლი ხომ არ გყავს? – ჰკითხა გიორგიმ დათოს სანამ ეზოში შევიდოდა.
– არა, – უპასუხა ბიჭმა და გიორგიც ეზოში შევიდა.
დიდი ეზო და ახლი აშენებული ლამაზი, ორსართულიანი სახლი ნამდვილად კარგი იყო
ქეიფისა და დასვენებისთვის. სახლს გარშემო აივანი ჰქონდა, უკან კი – ბაღი. ეზოში ფილები არ
იყო დაგებული და იქ საკმაოდ მაღალი ბალახი ამოსულიყო.
დათომ ჭიშკარი მიხურა.
– ბარემ სახლის კარებიც გააღე, სუფრაც გავშალოთ და ვიქეიფოთ! – უთხრა ერთ-ერთმა
ბიჭმა.
– თქვენ როგორც გინდათ, ისე იყოს, მაგრამ მგონი, ჯობია, სუფრა ეზოში გავშალოთ და აქ
ვიქეიფოთ? – თქვა დათომ.
– კი, ჯობია, – თქვა ერთმა მეგობარმა.
– ჯობია, ჯობია, – წაილუღლუღა ქეთიმ.
– ჯობია, აბა რა! – დაეთანხმა სანდრო.
დათოს სხვებიც დაეთანხმნენ. მან სახლის კარები გააღო, რამდენიმე მეგობართან ერთად
ერთ-ერთ ოთახში შევიდა და შუქი აანთო:
– აი, ეს მაგიდა გავიტანოთ!
– მეგობარო, რამე ცელოფანი არ გაქვს? – ჰკითხა გიორგიმ.
– ცელოფანი? – ჰკითხა დათომ და იფიქრა, ალბათ, კიდევ მთვრალი ვარ და მომესმაო.
– ჰო, ცელოფანი, – გაუმეორა ბიჭმა, – მგონი, კარგი იქნება, სუფრას ცელოფანზე თუ
გავშლით…
– ააა, რა თქმა უნდა, – მაშინღა მიხვდა დათო, – აი, მაგიდის გადასაფარებელი აიღეთ!
– ეგ მაგიდისაა და გაჭუჭყიანდება, – უთხრა ლუკამ.
– მერე რა, არა უშავს, ძვირფასი კი არა არის, ჩვეულებრივი ცელოფნის გადასაფარებელია,
– დათომ მაგიდაზე გადაფარებული გამჭვირვალე, სადად მოხატული, ლამაზი გადასაფარებელი
აიღო და გარეთ გაიტანა.
როდესაც სუფრას შლიდნენ, დათომ ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა ქეთი, რომელიც
მიწაზე იჯდა და ხელები თავზე დაედო. მან სუფრის გაშლას თავი დაანება და შეყვარებულთან
მივიდა:
– რა მოგივიდა, ცუდად ხარ?
– კი. ბევრი დავლიე.
– ხომ გითხარი, რომ ბევრი სასმელი ცუდად გაგხდიდა!
– ცუდად ვარ!
– გული გერევა?
– არა. საშინლად მტკივა თავი.
ნელ-ნელა ქეთისთან სხვებიც მივიდნენ და გარს შემოეხვივნენ.
– ქეთი, გული გერევა? – ჰკითხა ნინომ.
– არა, თავი სტკივა, – უთხრა დათომ.
– რა გიყოთ, ქეთი? დათო, სახლში წამალი არ გაქვს? – ჰკითხა ანამ.
– არა, – უპასუხა დათომ, - მოდი, სახლში შევიყვანოთ და დავაწვინოთ.
ქეთი წამოაყენეს, სახლში შეიყვანეს და მეორე სართულზე ერთ-ერთ საძინებელ ოთახში
საწოლზე დააწვინეს.
– დაიძინე და კარგად გახდები! – მზრუნველობით უთხრა ნინომ. – ღვინის ბრალია. თავის
ტკივილი მალე გადაგივლის. თუ რაიმე დაგჭირდება, დაგვიძახე.
– გმადლობთ.
დათო და ნინო ოთახიდან გავიდნენ, ქეთიმ კი თვალები დახუჭა და სულ მალე ჩაეძინა
კიდეც.

***

არც თუ ისე დიდი ოთახი, რომელშიც ქეთი დააწვინეს, სავსებით ჩვეულებრივი იყო. იქ
იდგა ერთი საწოლი და ერთი გარდერობი. ოთახს ერთი ფანჯარა ჰქონდა, რომელიც სახლის
უკანა აივნისკენ იყო და იქიდან ბაღიც ჩანდა. კედლების ქვედა ნაწილი ყავისფრად იყო
შეღებილი, ზედა კი – კრემისფრად. ფანჯარასთან იდგა საწოლი, საწოლის გვერდით გარდერობი,
გარდერობის გვერდით კი მარჯვენა მხარეს კარები იყო.
ოთახში შუქი კი ენთო (დათომ ყოველი შემთხვევისთვის ანთებული დატოვა – ქეთის ან
არ შეეშინდეს, ან რაიმეს არ დაეჯახოსო), მაგრამ ნათურა ისეთი სუსტი იყო, რომ იქაურობას
ძლივს ანათებდა და შესაძლო იყო, ნებისმიერ დროს გადამწვარიყო.
გოგონას ცოტა ხნით ჩაეძინა, მაგრამ გარედან შემოსული წვიმისა და ქარის ხმაზე მალევე
გაეღვიძა. ისევ წვიმა მოდიოდა, მაგრამ უწინდელივით კი არ წინწკლავდა, არამედ უკვე საკმაოდ
მაგრად წვიმდა და ხანდახან ცაზე გაილვებდა კიდეც. ისევ აწუხებდა თავის ტკივილი და
დაღლილობა. უნდოდა, გარეთ გაეხედა - ცოტათი წამოიწია და ფარდა გადასწია, მაგრამ გარეთ
თითქმის არაფერი ჩანდა – წვიმის მსხვილი წვეთებისა და ბაღში ქარისგან დარხეული ხის
ტოტების გარდა. თუმცა მეტი რა უნდა დაენახა? ფარდა აღარ გამოსწია, თავი ისევ ბალიშზე
დადო და თვალები დახუჭა.
ხმაურის გამო დაძინება ვეღარ შეძლო. უბრალოდ, საწოლზე იწვა, ისვენებდა და ნელ-
ნელა თავის ტკივილიცა და დაღლილობაც ქრებოდა. ძილ-ბურანში იყო, რამდენჯერმე რაღაც
კატის კნავილის მაგვარი ხმა რომ შემოესმა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.
,,ნეტა სხვებმაც დაიძინეს?“ – გაიფიქრა ქეთიმ.
ცოტა ხნის შემდეგ ფანჯარას რამდენჯერმე, რაღაც მოხვდა, მაგრამ რადგანაც ის ისევ
ძილ-ბურანში იყო, ყურადღება ამისთვისაც არ მიუქცევია. ამას ისევ დაერთო კატის კნავილის
მაგვარი ხმა.
– ოჰ, ეს წვიმა, რა ცუდ დროს მოგვისწრო! - თქვა ქეთიმ და თვალები გაახილა.
ამ დროს ფანჯარას ისევ მოხვდა რაღაც. ქეთიმ წარბები შეიკრა და გაკვირვებულმა თავის-
თავს ჰკითხა:
– სეტყვა მოდის?
თავი ასწია და ფანჯარაში გაიხედა. გარეთ წვიმის მსხვილი წვეთებისა და ბაღში ქარისგან
დარხეული ხის ტოტების გარდა, ისევ არაფერი ჩანდა, სეტყვა კი ნამდვილად არ მოდიოდა.
უეცრად ისევ გაისმა კატის კნავილის მაგვარი ხმა. გოგონა შეკრთა – ვერ მიხვდა, რისი ხმა იყო ან
რას შეიძლებოდა ასეთი ხმა ჰქონოდა. აივანს გახედა – იქ არავინ და არაფერი არ იყო. თავი ისევ
ბალიშზე დადო და ჩათვალა, რომ ჯერ ან სასმელი არ განელებოდა, ანდა ისევ ძილ-ბურანში იყო.
ისევ დახუჭა თვალები და დაძინება სცადა. სულ მალე ფანჯარაზე კაკუნის ხმა გაისმა.
ქეთის თვალების გახელა და საშინელი ხმით წამოყვირება ერთი იყო. ფანჯრიდან მას რაღაც
საშინელება უყურებდა, რომელსაც შიშის მომგვრელი თეთრი სახე და პატარა თვალები ჰქონდა,
სიბნელე კი რომლითაც გარემოცული იყო ეს სახე, მას კიდევ უფრო მეტად შემზარავს ხდიდა. ის
თითქოს თავით ფანჯარას აწვებოდა, რათა მინა ჩაემტვრია და ოთახში შესულიყო.
ქეთიმ ერთი საშინლად დაიყვირა და ინსტინქტურად სცადა თავის დაღწევა, რათა
როგორმე გასცლოდა იმ რაღაცას, რომელიც თავით ფანჯარას აწვებოდა და ოთახში შესვლას
ცდილობდა. საწოლზე წამოწოლილმა ხელებითა და ფეხებით ანგარიშმიუცემლად გვერდით
სწრაფად გაიწია და მოულოდნელად საწოლიდან გადავარდა. მაშინვე წამოჯდა და იატაკზე
უკან-უკან ჩოჩვით კედლისკენ წავიდა, თან იმ საშინელ რაღაცას თვალს არ აშორებდა, თან
იძახდა, მიშველეთო და თან სასოწარკვეთილი კიოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გარდერობის
გვერდით კედელთან მიჩოჩდა.
უცებ გაიფიქრა, რომ შესაძლო იყო, ეს მისი მეგობრების ხუმრობა ყოფილიყო და ყვირილი
შეწყვიტა, თუმცა სახეზე ისევ ძალიან შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა და შიშისგან
ადგილიდან დაძვრასაც კი ვერ ბედავდა. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, მერე
ცრემლიანი თვალები მაგრად დახუჭა და გულში წარმოთქვა:
,,ღმერთო, დამეხმარე! ალბათ მესიზმრება. შეუძლებელია, ეს რეალობა იყოს! გაიღვიძე!
გაიღვიძე! ბოლოს ხომ გავიღვიძებ და ამით ყველაფერი დამთავრდება!“
თვალები რომ გაახილა, არც ფანჯარასთან და არც ოთახში არავინ არ იყო. უეცრად
გაიელვა და გოგონა შიშისგან შეხტა. წამიერად საოცარი რამ იგრძნო – ეს იყო ბედნიერება იმ
საშინელი სიზმრის შემდეგ, რომელმაც ასე ძალიან შეაშინა.
,,თურმე როგორი რეალური შეიძლება იყოს სიზმარი და როგორ ძლიერ შესძლებია
ადამიანის შეშინება!” - გულში თქვა გოგონამ.
ქეთი იცინოდა და ძალიან უხაროდა, რომ ნანახი მხოლოდ და მხოლოდ საშინელი
სიზმარი იყო.
ამ დროს ოთახში შუქი ჩაქრა და მისი ბედნიერებაც უეცრად გაქრა, მაგრამ ამჯერად ისე
აღარ შეშინებია, როგორც რამდენიმე წუთის წინ, იმიტომ რომ ახლა, უბრალოდ, შუქი ჩაქრა და
მეტი არაფერი...
კვლავაც ფანჯრისკენ გაიხედა და მის თვალებსა და სახეზე მეყსეულად შიში აღიბეჭდა –
ფანჯარასთან ისევ ის საშინელი რაღაც იდგა.
– მიშველეთ! – დაიყვირა ქეთიმ.
ამ დროს „საშინელმა არსებამ“ რაღაც საშინელი, უცნაური, შიშის მომგვრელი ღრიალი
დაიწყო და ოთახში რომ შესულიყო, თეთრი ხელებით ფანჯარას რტყმა და ფათური დაუწყო.
გოგონა ისევ ყვიროდა და ადგილიდან ვერ იძვროდა. რამდენიმე წამის შემდეგ ის საშინელი
რაღაც გაჩერდა, მარჯვნივ წავიდა და თვალს მიეფარა.
იგი ისევ ისე გაშეშებული იდგა, ხელები მხრებზე შემოეწყო და განწირული ხმით
ყვიროდა:
– მიშველეთ! დათო! ანა! მიშველეთ! ვინმე მოდით!
კვლავაც არავინ მიდიოდა, ქეთი კი ისეთი შეშინებული იყო, რომ ოთახიდან გასვლას ვერ
ბედავდა. უეცრად გაიფიქრა, რომ ის საშინელი რაღაც ფანჯრიდან რომ ვერ შემოვიდა, იმიტომ
წავიდა, რომ ახლა კარებიდან შეეცდება შემოსვლასო, ამიტომ მაშინვე კარებთან მივიდა და
გასაღებით დაკეტა. ოთახიდან გასვლას ისევ ვერ ბედავდა. ფრთხილად მივიდა გარდერობთან,
კედელს მიეყრდნო, უღონოდ ქვემოთ ჩაცურდა და იატაკზე ისევ იქ დაჯდა, სადაც მანამდე
იჯდა. კიდევ ერთხელ დაიძახა, მიშველეთო, და ისევ რომ არავინ არ მივიდა და არც უპასუხეს,
იფიქრა, ალბათ, იმ საშინელმა რაღაცამ ყველა ჩემი მეგობარი მოკლაო.
ამ ფიქრებში იყო, უეცრად კარებს რომ შეხედა, შიშისგან სუნთქვა შეეკრა და მასში შიშის
გრძნობამ ერთიათად იმატა – ვიღაცამ გარედან კარების სახელური ჩამოსწია. უნდოდა ეკითხა,
თუ ვინ იყო იქ, მაგრამ შიშისგან ხმა ვერ ამოიღო და გაქვავებული სახელურს მიაჩერდა.
– ქეთი! – გაისმა გარედან ხმა. – ქეთი, კარი გააღე!
– რამე ხომ არ დაემართა?! – ახლა სხვისი ხმა გაისმა.
– დროზე კარები შევამტვრიოთ! – ეს უკვე სხვისი ხმა იყო.
გოგონა ნელ-ნელა გონს მოეგო, ფეხზე წამოდგა, კარებთან მივიდა და გააღო. დათო,
სანდრო, ლუკა, გიორგი, ანა, ნინო და ყველა მისი მეგობარი კარებთან იდგა. როგორც კი დაინახა
ქეთიმ დათო, მაშინვე ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო.
– რა მოხდა? – ჰკითხა დათომ.
– იქქ, გა...რეთ რ...აღ...აც იყო... – ძლივს თქვა გოგონამ.
ლუკამ ოთახში ფრთხილად შეიხედა:
– აქ არავინ არის?! წამოდი ერთი, გარეთ ვნახოთ!
ბიჭებს ფანჯრიდან უნდოდათ აივანზე გადასვლა, მაგრამ აღელვებულმა ქეთიმ ისინი
შეაჩერა:
– ა...რა! არრ გახ...ვი...დეთ! – ამბობდა შეშინებული და ბიჭებს არ უშვებდა.
– რაღაც კი არა, ალბათ, ვიღაც იყო, – თქვა გიორგიმ და დათოს შეხედა, – ამ სახლში თოფი
გააქვს?
– კი, მაქვს. მოიცადე!
დათო ქეთის ვერ იცილებდა. გოგონას მისი გაშვება არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს, როგორც
იქნა, გოგონებმა დათოს მოაცილეს და ისიც მაშინვე თოფის მოსატანად წავიდა.
– თქვენ გარედან მოუარეთ! – უთხრა ლუკამ ბიჭებს.
გიორგი, ლუკა და სანდრო აივანზე ფანჯრიდან გადავიდნენ. აივანი ყველა მხრიდან
მთლიანად გადახურული იყო და იქ წვიმა არ ჩადიოდა. აივნის ამ მხარეს არავინ არ იყო, ბაღში კი
ათი კაციც რომ ყოფილიყო, ასეთ ამინდში მაინც ვერ შეძლებდნენ მათ დანახვას. უეცრად
მარჯვნა მხრიდან რაღაც ხმაური გაისმა და ორიოდე წუთში აივანზე რამდენიმე მათი მეგობარი
ბიჭი ავიდა.
– ეზოში არავინ არის! – თქვა ერთ-ერთმა.
– აივანზე ვნახოთ! – თქვა გიორგიმ. – თქვენ იქით წადით, ჩვენ კი აქეთ წავალთ!
– მოიცათ, ეეე! – გაისმა უკნიდან დათოს ხმა და ისიც ფანჯრიდან აივანზე გადავიდა, თან
ხელში ორი ორლულიანი თოფი ეჭირა. – აჰა, გიო, გამომართვი! თქვენ იქიდან მოუარეთ!
დათო და რამდენიმე ბიჭი ერთი მხარეს წავიდნენ შესამოწმებლად, ხოლო გიორგი, ლუკა
და სანდრო კი – მეორე მხარეს.
– ის ვიღაც თუ დავიჭირე, არ ვაცოცხლებ! - ყვიროდა იარაღმომარჯვებული გიორგი და
წინ მიდიოდა.
აივანზე არავინ არ იყო.
– ასეთ ამინდში ბაღში ძებნას აზრი არ აქვს, თანაც ის ვიღაც უკვე გაიქცეოდა! – უიმედოდ
და დანანებით თქვა ლუკამ.
– მხოლოდ ორი თოფი გვაქვს და საშიშია. რა იცი, ვინ არის? – დაამატა სანდრომ.
– ბიჭო, ის ვიღაც უკვე გაქცეული იქნება! – თქვა დათომაც.
– სახლი მაინც უნდა შევამოწმოთ! – არ მშვიდდებოდა ლუკა.
– მართალია! – დაეთანხმა გიორგი.
– წავედით! – თქვა სანდრომ და ყველანი სახლის შესამოწმებლად წავიდნენ.
გოგონები ძალიან შეშინებულები იყვნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ შუქი მთელ სახლში
იყო გათიშული და მხოლოდ სანთლების შუქის ამარა იყვნენ. საშინლად შეშინებული ქეთი, ისევ
ტიროდა და წარამარა კითხულობდა:
– იპოვეს?
– არა, – პასუხობდნენ მეგობრები და მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
ბიჭებმა მთელი სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ ვერავინ ვერ იპოვეს. ბოლოს პირველ
სართულზე, მისაღებ ოთახში დაბრუნდნენ, იქ, სადაც გოგონები იყვნენ. ზოგი სკამზე იჯდა,
ზოგი იატაკზე, ზოგიც ფეხზე იდგა.
– ქეთი, დარწმუნებული ხარ, რომ ფანჯარასთან ვიღაც იყო? – ჰკითხა სანდრომ.
– კი, – უპასუხა აღელვებულმა გოგონამ.
– რას აკეთებდა? – ჰკითხა დათომ.
– ჯერ მიყურებდა, შემდეგ კი შუქი ჩაქრა და ოთახში შემოსვლა უნდოდა, – უთხრა ქეთიმ
და თავი დახარა.
– იქნებ მოგეჩვენა? – ჰკითხა სანდრომ.
– არა, – ქეთიმ თავი ასწია.
– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა სანდრომ, – მთრალი იყავი და, ალბათ, გეძინა.
– მეც ასე მეგონა, მაგრამ ნამდვილად იქ იყო, – უთხრა ქეთიმ, – იქ იყო და შემოსვლა
უნდოდა, ფანჯარას ხელებს ურტყამდა და ღრიალებდა, რაღაც საშინელი თეთრი სახე ჰქონდა და
ადამიანს არ ჰგავდა.
– ადამიანს არ ჰგავდა? – ჩაეკითხა ლუკა. – აბა, რას ჰგავდა?
– არ ვიცი, – უთხრა გოგონამ, – ადამიანი არ იყო. ნამდვილად დავინახე, რომ ადამიანი არ
იყო და ძალიან საშინლად ღრიალებდა.
გიორგიმ და სანდრომ ერთმანეთს უცნაურად გადახედეს, ანა კი ქეთის მიუბრუნდა და
უთხრა:
– ან დაგესიზმრა, ან მოგეჩვენა. ბიჭებმა ყველგან ეძებეს, ყველაფერი შეამოწმეს, მაგრამ
ვერავინ ვერ იპოვეს. დაწყნარდი!
– ნეტავ ეს დენი რატომ გაითიშა? – იკითხა ლუკამ. – დათო, აქ რაიმე სარეზერვო ხაზი არ
არის?
– არა, არ არის, – უთხრა დათომ, - წავალ ერთი, ზემოთ ავალ და ჩამრთველს ვნახავ, იქ თუ
არის გამორთული, იქნებ როგორმე ჩავრთო.
– არ წახვიდე! – აღელდა ქეთი.
– ნუ გეშინია. მე გავყვები, მარტო არ წავა, – უთხრა ლუკამ.
– მეც გავყვები, – გიორგიც ფეხზე წამოდგა.
დათომ ერთ ხელში სანთელი აიღო, მეორეში თოფი, ლუკასთან, გიორგისთან,
სანდროსთან და ნინოსთან ერთად მეორე სართულზე ავიდა. ყველანი ერთ–ერთ ოთახში
შევიდნენ.
– დენი აქედან უნდა ჩავრთოთ? – ჰკითხა გიორგიმ.
– არა, – თქვა დათომ, – არ ვიცი, საიდან უნდა ჩავრთოთ, და არც ის ვიცი, საერთოდ,
ჩაირთვება თუ არა!
– აბა, აქ რა გვინდა? – ჰკითხა ნინომ.
– უნდა დავფიქრდე! – თქვა დათომ.
– რა შეიძლება ყოფილიყო?! – თავისთვის ჩაილაპარაკა ლუკამ. – აქ რაიმე ცხოველები ხომ
არ არიან? მოთეთრო ცხოველები?
– არ ვიცი, არა მგონია, – უთხრა დათომ.
– აბა, თოვლის კაცები არ არსებობენ... – თქვა ლუკამ.
– ბიჭო, შენ რა, ხუმრობ?! – ჰკითხა დათომ.
– არა, მეც ვფიქრობ! – უპასუხა ლუკამ.
დათო, ლუკა და ნინო საწოლზე ჩამოსხდნენ.
– მოკლედ, ან დაესიზმრა, ან მოეჩვენა, ან კიდევ ვიღაცამ შეაშინა, – თქვა სანდრომ.
– ჰო, მასე გამოდის რა! – დაეთანხმა გიორგი.
– ჰო, მაგრამ გაიგე ახლა მანდედან რომელია სიმართლე, – თქვა ნინომ.
– ვიღაც კაცი? – ყალბი დაფიქრებით თქვა ლუკამ. – უჩინარი კაცი ხომ არ არის?
– სისულელეებს მოეშვი! – აგრესიულად უთხრა დათომ.
– არ ვხუმრობ! – აგრესიულადვე უპასუხა ლუკამ.
– აბა, რას შვრები?! არ გრცხვენია?! – ჰკითხა დათომ. – ადამიანი, შენი მეგობარი, ასეთ
დღეშია, შენ კი ამაზე ხუმრობ?!
– ვფიქრობ! – უთხრა ლუკამ. - იქნებ ქეთი რომელიმე ჩვენგანმა შეაშინა?! მაგაზე რატომ არ
იფიქრეთ? ან აქ ერთად რატომ ამოხვედით? იქნებ მე არ უნდა ამოვსულიყავი თქვენთან ერთად?!
– რას ამბობ?! – გაუკვირდა ნინოს. – გგონია, ჩვენ შევაშინეთ?! ჩვენ ხომ მაგ დროს გარეთ
ვიყავით?!
– არც ის ვიღაც იყო შიგნით! – უთხრა ლუკამ.
– მიდი რა! – დაუყვირა დათომ ლუკას, ეცა და ხელები ყელში წაავლო, მაგრამ სანდრომ
და გიორგიმ დროზე გააშვებინეს და გვერდით გაიყვანეს.
– რაღაც ძალიან გაბრაზდი?! რატომ?! საერთოდ, ძალიან იშვიათად ბრაზდები ხოლმე?! –
არ ეშვებოდა ლუკა.
– ასეთ რამეს მე არასოდეს არ ჩავიდენდი! სხვა რომ არაფერი, ქეთი, ჩემი შეყვარებულია
და მაგიტომ მაინც არ გავაკეთებდი მასეთ რაღაცას! გაიგე, ბიჭო?
– კარგი, გეყოფათ ახლა! – თქვა გიორგიმ. – ერთმანეთს ნუ ვაბრალებთ!
ყველანი უსიტყვოდ ქვემოთ, მისაღებ ოთახში ჩავიდნენ და სხვადასხვა ადგილებზე
მოთავსდნენ. იქ ყველაფერი ძველებურად იყო. იქაურობას ისევ რამდენიმე სანთლის შუქი
ანათებდა. ქეთი ნელ-ნელა მშვიდდებოდა.
– გამახსენდა! იმ სატვირთოს მძღოლმა მითხრა, ამ სოფელში, ვიღაც მანიაკს კაცი
მოუკლავს და ტყეში იმალებაო. იქნებ ის მანიაკი იყო? – თქვა უეცრად დათომ.
ქეთის ამის გაგონებზე თავზარი დაეცა, ტირილი დაიწყო და შიშიც დაუბრუნდა. კარგი რა
მოუვიდოდა? გაიგო, რომ მისი მოკვლა მანიაკს უნდოდა. თუმცა მანიაკის ხსენებამ არა მარტო
ქეთის, არამედ ყველას თავზარი დასცა. ამის შემხედვარე გიორგიმ დათოს შეხედა და
საყვედურით უთხრა:
– გოგონებთან რომ არ გეთქვა, რა მოხდებოდა?
– აუ, მაპატიეთ რა! – მოუბოდიშათ დათომ. - სიმართლე არ გეგონოთ, შეიძლება იმ კაცმა
მოიგონა... მე ვფიქრობ, რომ მოიგონა...
ლუკას და სანდროს სახეზე ღიმილმა გაიელვა.
– იქნებ როგორმე ჩავრთოთ ეს დენი, – თქვა ლუკამ და დათოს მიუბრუნდა, – სადენები
გვაჩვენე, იქნებ რამე მოვახერხოთ და როგორმე ჩავრთოთ...
– წამო, ჰა! – დათო ფეხზე ადგა.
გიორგიმ თოფი აიღო და ლუკასთან ერთად დათოს უკან გაჰყვა. წვიმას თითქმის
გადაეღო. ისინი ეზოში მდგარ სინათლის ბოძთან მივიდნენ. ლუკამ ჩამრთველს ფანარი მიანათა
და გიორგიმ სადენებს თოფი ფრთხილად მიადო.
– დენს არ არტყამს, არც მეხი არ დასცემია, რომ დასცემოდა, ხომ გავიგებდით?! – თქვა
გიორგიმ.
– მოიცა, ბიჭო! – თქვა დათომ. – აბა, ერთი წამოდით!
ისინი აივანზე ავიდნენ და იმ ოთახის ფანჯარასთან მივიდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ
ქეთის ეძინა. ფანჯრის ქვემოთ, აივანზე ორი სადენი ეგდო. დათომ სადენებს დახედა, ბიჭებსაც
დაანახა და თქვა:
– ამ სადენებს ერთმანეთში ვაერთებთ, რაღაც დამაგრძელებელის მსგავსად არის. ნახეთ,
ვიღაცას გამოუძვრია!
ამის შემდეგ იგი დაიხარა, ჯერ ერთ სადენს შეეხო ფრთხილად, ნახა, დენს არ არტყამდა,
შემდეგ მეორესაც ასევე ფრთხილად შეეხო და როდესაც დარწმუნდა, რომ დენს არც ერთი არ
არტყამდა, სადენები შეაერთა და მთელს სახლში სინათლე აინთო.

***

დათო, ლუკა, გიორგი და კიდევ ორი ბიჭი ბაღის გავლით, იარაღით ხელში, ასე ვთქვათ
დათოს ,,მეზობელთან“ მიდიოდნენ.
– იქნებ ვინმემ გამაგებინოთ, სად მივდივართ? – თქვა ლუკამ და ბაღს გახედა, რომელიც
წვიმისგან ატალახებული და სულ მთლად ნამიანი იყო.
– ბიჭო, წინ რომ სახლია იქ მივდივართ, – უთხრა დათომ, – იქნებ ღამით, მაგ სახლიდან
მოვიდა ვიღაც და იმ ვიღაცამ ჩაიდინა ის... ხომ იცი, რაზეც ვამბობ, ბევრი ლაპარაკი არ არის
საჭირო.
– ეგ გასაგებია, მაგრამ, რომ მივალთ რას იტყვი? – ჰკითხა ლუკამ. – ღამე თქვენ მოხვედით
ჩემს სახლთან, შუქი ჩააქრეთ და ჩემი შეყვარებულიც შეაშინეთ... – ამის თქმას ხომ არ აპირებ?
– მართალია! – დაეთანხმა გიორგი. – იდიოტურ მდგომარეობაში ჩავვარდებით და მოდი
რა, უკან დავბრუნდეთ!
– სულელები მაშინ ვიქნებით, თუ არ მივალთ და სათქმელს არ ვიტყვით, – თქვა დათომ.
– კარგი რა, დათო! – უთხრა ლუკამ, – მე კიდევ ვამბობ, რომ ჩვენიდან იხუმრა ვიღაცამ.
– მასეა რა! – დაეთანხმა გიორგი. – იმას, ვინც ეგ გააკეთა, ქეთის შეშინება არ ენდომებოდა.
ეტყობა, შუქის ჩაქრობა უნდოდა, ქეთიმ კი მაგ დროს დაინახა და შეეშინდა.
– წეღან ისეთ ამბავში იყავი, ყვიროდი, უნდა მოვკლა ვინც ეგ გააკეთაო და ახლა რა
მოგივიდა? – ჰკითხა დათომ.
– წეღან ნასვამი ვიყავი და უცებ გავგიჟდი, – უპასუხა გიორგიმ.
ამასობაში ბაღის ბოლოსაც მიადგნენ. ბაღსა და მეზობლის სახლს ღობე ჰყოფდა. ბიჭები
ღობეზე გადაძვნენ. ახლა ისინი მეზობლის ბაღში იყვნენ. ჯერ ბაღი გაიარეს, მერე ეზო და
სახლთან მივიდნენ. ლუკამ კარებზე რამდენჯერმე მაგრად დააკაკუნა. ხმა არავინ გასცათ, არც
არავინ არ გამოვიდა. ახლა გიორგი მივიდა კარებთან და მუშტების რტყმა დაუწყო. ისევ სიჩუმე
იყო. გარეთ არავინ არ გამოდიოდა და სახლიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
– ის ვიღაც, ალბათ, განგებ არ აღებს კარებს, – თქვა დათომ.
– რა თქვი? ვერ გავიგე, – უთხრა გიორგიმ.
– არაფერი, უბრალოდ, ვთქვი, კარებს არ გვიღებენ-მეთქი, – უპასუხა დათომ.
– კარგი, წავიდეთ, აქ არავინ არის! – თქვა ერთ–ერთმა ბიჭმა.
– არ არის კი არა, მგონი, განგებ არ აღებენ კარებს! – დაიყვირა გიორგიმ.
– შეიძლება ამ სახლში ქალები არიან, – თქვა ლუკამ.
– მერე რა? – ჰკითხა ერთ–ერთმა მათგანმა.
– მერე ის, რომ ამდენი ბიჭი ვართ, დათოს იარაღიც აქვს და შენი აზრით, კარებს
გაგვიღებენ? – უთხრა ლუკამ. – არა, არ გაგვიღებენ. წავედით რა, მგონი, ვიღაც საწყალი ხალხი
შევაშინეთ. შენ კიდე, გიო, რა უცებ დაგიბრუნდა ეგ აგრესია, რა არის, ჰა!
– წამოდი, წავიდეთ! – თქვა გიორგიმ. – მგონი, მართლი ხარ!
ისინი უკანა ეზოსკენ წავიდნენ, რათა ისევ ღობეზე გადამძვრალიყვნენ და იქაურობას
გასცლოდნენ. როდესაც მიდიოდნენ, გიორგიმ სახლის ერთ–ერთ ფანჯარასთან, თითქოს რაღაც
მოძრაობა შენიშნა და ამ დროს ცოტათი ფარდაც შეირხა, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია,
რადგან ისიც ლუკას აზრს იზიარებდა და ფიქრობდა, რომ სახლში თუ ვინმე იყო, კარები შიშის
გამო არ გააღო. ახლა კი დარწმუნდა, რომ სახლი ნამდვილად არ იყო ცარიელი.

თავი 2

მაღვიძარამ დილის რვა საათზე დარეკა. ქეთიმ თვალები გაახილა, ხელით მოძებნა
ბალიშის გვერდით დადებული მობილური ტელეფონი და მაღვიძარა გამორთო, მერე საწოლზე
წამოჯდა და გამოსაფხიზლებლად აქეთ-იქით დაიწყო თავის ქნევა. მალე გამოფხიზლდა, აღარ
ეძინებოდა. ჯერ შხაპი მიიღო, შემდეგ კი მეგობრებთან წასასვლელად დაიწყო მზადება.
იგი თავისი ასაკისთვის საკმაოდ ტანადი, მოხდენილი, სუსტი, მაგრამ კარგი აღნაგობისა
იყო, ყავისფერი თვალები და ლამაზი სახის ნაკვთები კი მას კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და
მიმზიდველობას მატებდნენ.
გოგონამ ლურჯი წარწერებიანი მაისური და წითელი თეთრზოლებიანი ბოლოკაბა
ჩაიცვა, სარკის წინ კარგა ხანს იტრიალა, მერე სამზარეულოში შევიდა და მაცივრიდან საკმაოდ
მძიმე თეთრი პარკი გამოიღო.
სანამ სახლიდან გავიდოდა, სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და კარგად დაათვალიერა
თავისი არც თუ ისე დიდიხნის წინ ქერად შეღებილი თმა. თვალშისაცემი იყო მისი
ვარცხნილობა: ბოლოებში აპრეხილი გრძელი ,,კარე“ ძალიან უხდებოდა და ელეგანტურობას
მატებდა.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. მზიანი და ნათელი დღე იყო, ასეთი
ამინდი კი მას გულზე არ ეხატებოდა. პეკინის ქუჩაზე უკვე ხალხმრავლობა და გადატვირთული
სამანქანო მოძრაობა შეინიშნებოდა. სულ მალე იგი სამარშუტო ტაქსში იჯდა და მეგობრებთან
შესახვედრად მიდიოდა.
,,როგორ არ მიყვარს ასეთი მზიანი ამინდები“, – გაიფიქრა გულში.
მძღოლს სამარშრუტო ტაქსი 9 აპრილის ბაღთან გააჩერებინა, ჩავიდა და ბაღში შევიდა.
ირგვლივ მიმოიხედა და როდესაც ერთ-ერთ სკამთან შეკრებილი მეგობრები დაინახა, გაუხარდა
და მომღიმარი სახით მათკენ წავიდა. იმათაც დაინახეს თუ არა მათკენ მიმავალი ქეთი, მაშინვე
ფეხზე წამოიშალნენ.
პირველი ქეთის ერთი მაღალი, საკმაოდ გამხდარი, შავთმიანი ბიჭი მიეგება, მიესალმა,
პარკი გამოართვა და გადაკოცნა.
– ლუკა, როგორ ხარ? გამოცდებზე რა ქენი? – ჰკითხა ქეთიმ.
– მგონი, ჩავაბარე. შენ როგორ ხარ?
– კარგად. ვფიქრობ, მეც ჩავაბარე. შენი შეჯიბრი ვნახე, ყოჩაღ! გამიხარდა, რომ მოიგე!
ძალიან მაგარი იყო!
მერე ქეთისთან მასზე ცოტათი მაღალი, ჩაფსკვნილი, შავთმიანი ბიჭი მივიდა, იმანაც
გადაკოცნა და მოიკითხა:
– იმედია, ჩააბარე შენს ეკონომიურზე, – უთხრა დათომ.
– დარწმუნებული ვარ, რომ ჩავაბარე, – ღიმილით უთხრა ქეთიმ.
– გამარჯობა, გამარჯობა, – მიესალმა გოგონას დაბალი, სამკუთხედთავიანი ბიჭი,
რომელსაც მხრებამდე ჩამოზრდილი ყავისფერი თმა ჰქონდა.
– გაგიმარჯოს, გიორგი, – მიესალმა ქეთი.
– ქეეთ, როგორ ხარ? – ჰკითხა ანამ, რომელსაც რატომღაც ძალიან დიდი საყურე–
რგოლები გაეკეთებინა. – იცი, როგორ მომენატრე?
– ჯერ გამარჯობა, ახლა კი მითხარი, პარკით რა მოიტანე? – ჰკითხა მაღალმა ბიჭმა,
რომელსაც თითქმის გადაპარსული მრგვალი თავი ჰქონდა და მზის სათვალე ეკეთა.
– გაგიმარჯოს, – ღიმილით მიესალმა გოგონა და გადაკოცნა, – ლუდი მოგიტანეთ, ოღონდ
არ დათვრეთ!
– სანდრო ლუდით დათვრება?! – გაიკვირვა სანდრომ.
ქეთი ნინოს და დანარჩენ მეგობრებსაც მიესალმა, გადაკოცნა და ყველანი სკამზე
ჩამოსხდნენ.
იქვე სკამთან მიწაზე, საჭმელ-სასმელით სავსე რამდენიმე პარკი იდო. პირველად ლუდის
ბოთლები ამოიღეს. ჭიქები არ ჰქონდათ და არც იყო საჭირო, სათითაოდ ჩამოირიგეს და
პირდაპირ ბოთლებიდან სვამდნენ. ქეთი დათოს გვერდით იჯდა და ლუდს ბიჭებზე არანაკლებ
ეტანებოდა, მაგრამ მალე გაახსენდა, რაც უქნა ბანკეტზე ბევრი ღვინის სმამ, თავი შეიკავა და
შეეცადა ბევრი არ დაელია.
– მოკლედ, პასუხები მალე იქნება, – თქვა გიორგიმ, – ისე, არ ნერვიულობთ? აბა,
სიმართლე თქვით!
– ნერვიულობით კი ვნერვიულობთ, ოღონდ ცოტათი, – უთხრა ნინომ.
– რა დროს ეგ არის, ლუკას ჩხუბი ყველამ ნახეთ? – იკითხა ანამ.
– კი, აბა რა! – თქვა გიორგიმ.
– ვნახეთ, – თქვა დათომ, – ნამდვილი ჩემპიონია!
– თანაც სიმპათიური ჩემპიონი! – ღიმილით აღნიშნა ნინომ.
– ნოკაუტების ოსტატია! – დაუმატა სანდრომ.
– კარგით რა! რატომ დამცინით? - თქვა ლუკამ.
– არ დაგცინით, – უთხრა ქეთიმ, – მართლა კარგად იჩხუბე, თან მოწინააღმდეგე რუსი
რომ იყო, ეტყობა, შენი დიდი შემართება მაგანაც განაპირობა.
– პირველ რიგში გილოცავ და მოდი, ბარემ ისიც თქვი, რამდენი გადაგიხადეს? – ჰკითხა
სანდრომ და ლუდი დალია.
– შენ რა, არ იცი, კიკბოქსიორს რომ არ ეკითხებიან, რამდენი გადაგიხადესო?! – გაეხუმრა
დათო.
– ათას ხუთასი, – თქვა ლუკამ.
– ხუთასი ათასი! – ღიმილით წამოიძახა გიორგიმ. – ტიტუ, რა ამბავია!
ყველას გაეცინა.
მცირედ წაიხემსეს და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
– ბიჭო, ფსიქოლოგიურზე ხომ ჩააბარე, ამიტომ თუ მაგარი ხარ, უნდა დაგვაბნიო,
მოგვატყუო და დაგვცინო კიდეც, ოღონდ ისე, რომ ჩვენ ვერაფერს მივხვდეთ, – უთხრა გიორგიმ
ლუკას.
– მაგან ვის უნდა დასცინოს?! – თქვა ერთ–ერთმა მათგანმა.
– ახლა თქვენ ძალიან ნუ გათამამდით, – ღიმილით თქვა ლუკამ. – ჯერ არც კი იცით,
ჩააბარეთ თუ არა და სიხარული მწუხარებად არ გექცეთ.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა სანდრო.
– კლასელები აღარ ვართ, თუმცა არა უშავს, შევხვდებით ხოლმე, – ლუკამ ლუდი დალია.
როდესაც ეგრეთ წოდებული ,,ქეიფი“ დაამთავრეს, ქეთი ცოტა ხნით დათოს მოსცილდა
და ყველასგან მოშორებით დადგა. ჯერ ბაღს გახედა, მერე გზას. ბაღში უკვე ხალხმრავლობა იყო
და საკმაოდ ბევრი ხალხი მიდი–მოდიოდა, გზაზე კი ბერვი მანქანა მოძრაობდა. უეცრად მის
გვერდით ლუკა გაჩნდა და ჰკითხა:
– როგორ ხარ?
– კარგად, მაგრამ დღეს უკვე მეორედ მეკითხები და რატომ? – ღიმილით ჰკითხა ქეთიმ.
– ის ამბავი, ფანჯარაში რაღაც რომ დაინახე, კიდევ გაშინებს თუ დაივიწყე?
– ააა, მაგაზე მეკითხები? – გოგონას ფერი ეცვალა. – რომ ვიხსენებ, ახლაც მეშინია ხოლმე.
– ბოდიში. იცი რა, ეგ ამბავი დაივიწყე, დარწმუნებული ვარ, რომელიმე ჩვენიანმა იხუმრა.
– ალბათ.
– ისე, დახმარება თუ დაგჭირდება, მითხარი. ხომ იცი, ფსიქოლოგიურზე ვაბარებ,
შეიძლება ითქვას ჩავაბარე და რაღაც-რაღაცეები უკვე ვიცი.
– გმადლობ, – გოგონამ გაიღიმა, – როგორ თქვი? ჯერ არც კი იცით, ჩააბარეთ თუ არა და
სიხარული მწუხარებად არ გექცეთო, ჰო?
– კი, მასე ვთქვი, – გაიღიმა ბიჭმა.
ამ დროს მათთან დათოც მივიდა და ლუკას მომღიმარი სახით ჰკითხა:
– რა ხდება, ბიჭო, შეყვარებული ხომ არ უნდა წამართვა?
– არა, შენ გყავდეს, მე რად მინდა?! – ღიმილით უთხრა ლუკამ.
ქეთიმ გაიცინა და ხუმრობით ლუკას მხარზე მუშტი დაარტყა, შემდეგ კი ისინი დანარჩენ
მეგობრებს შეუერთდნენ.

***

ქეთი თავის სახლში, მისაღებ ოთახში, დივანზე იწვა და ისვენებდა. იმ დღეს მართლა
დაიღალა. მთელი დღე მეგობრებთან ერთად გაატარა. დილით ადრე ადგა და მეგობრებთან
შესახვედრად 9 აპრილის ბაღში წავიდა. იქ დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს, იქიდან
თბილისის ზღვაზე წავიდნენ და იქ კარგა ხანს დარჩნენ. ამის შემდეგ კიდევ ერთი-ორ ადგილას
შეიარეს, ბოლოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლებში წავიდნენ. სახლში ნაშუადღევს
დაბრუნდა. ჯერ რაღაც რომანტიკულ ფილმს უყურა, მერე დივანზე დაწვა და დაიძინა.
უკვე საღამო იყო, როდესაც ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა. გოგონა დივანზე წამოჯდა და
ყურმილი აიღო:
– გისმენთ, – არავინ არ უპასუხა და მხოლოდ მძიმე სუნთქვის ხმა გაისმა.
– გისმენთ, – გაიმეორა გოგონამ. ყურმილში მხოლოდ მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა და
ისევ არავინ არ პასუხობდა, – დათო, შენ ხარ? თუ შენ ხარ, ხმა ამოიღე! და თუ დათო არ ხარ, მაშინ
ვინც ხარ, ამოიღე ხმა!
სუნთქვის ხმა შეწყდა და ხმასაც კვლავ არავინ იღებდა, ამიტომ გოგონამ ყურმილი
დაკიდა, ისევ დივანზე დაწვა და თვალები დახუჭა. უეცრად მისაღები ოთახის კარები გაიღო და
ოთახში მამამისი უჩა შემოვიდა:
– მე ხომ არ მირეკავდნენ?
– არა, ხმას არ იღებდა და გავუთიშე.
– კარგი, – უთხრა მამამ, ოთახიდან გავიდა და კარები გაიხურა.
გოგონამ ისევ დახუჭა თვალები. რამდენიმე წუთში კვლავაც დარეკა ტელეფონმა.
ამჯერად არც კი წამოჯდა, ისე აიღო ყურმილი:
– გისმენთ! – ხმას ისევ არავინ არ იღებდა. – აუ, ვინც ხარ რა, დასცინე შენნაირებს!
ამ დროს ყურმილში ღრიალის ხმა გაისმა. მოულოდნელობისა და შიშისგან გოგონას ფერი
ეცვალა, მაშინვე დივანზე წამოჯდა და დაძაბული უსმენდა ისეთივე საშინელ ღრიალს, როგორც
იმ საშინელ ღამეს ღრიალებდა დათოს აგარაკზე, ის საშინელი და თეთრსახიანი არსება. ერთხანს
ასე იყო, მერე კი დაწყნარდა, თავი ხელში აიყვანა და მშვიდად ჰკითხა:
– კარგი, თქვი რომელი ხარ!
პასუხად ისევ საშინელი ღრიალის ხმა გაისმა. ლოდინსა და კითხვას აზრი არ ჰქონდა,
ამიტომ გოგონამ ყურმილი დაკიდა, თავის ოთახში წავიდა, საწოლზე დაწვა და ფიქრი დაიწყო:
,,იმ ღამეს ნამდვილად რომელიმე იქ მყოფმა შემაშინა, – ამბობდა გულში ქეთი, –
სხვანაირად არ გამოდის. ახლა კი სახლში მირეკავს და ისევ იმ საშინელ ხმას გამოსცემს, რომ
შემაშინოს. რომელი შეიძლება იყოს? ნეტავ რომელია? გოგონებიდან ამას არც ერთი არ იზამდა,
ეს რომელიმე ბიჭმა ჩაიდინა. ესე იგი, ერთ-ერთმა ბიჭმა შემაშინა. მოიცა, სადენები
გამოერთებული იყო! ის, ვინც მე შემაშინა, ისეთ სიბნელეში იმ სადენებს ვერ დაინახავდა და
რომც დაენახა, ხელს არ მოჰკიდებდა, ვაი და დენს დაერტყა, მერე რას იზამდა?! ესე იგი, დათომ
შემაშინა? გამოდის, რომ მან შემაშინა. მისი სახლია და იმ სადენების არსებობის შესახებ,
მხოლოდ მას შეეძლო სცოდნოდა. თუმცა ასეთ რამეს რატომ ჩაიდენდა? არ ვიცი, რა! მაგრამ, თუ
როგორმე გავიგე, ეს ვინ ჩაიდინა, აუცილებლად ვაზღვევინებ!“
ქეთიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის საშინელი სცენა, რომელიც მეხსიერებაში ლაქასავით
დარჩენოდა და არ სცილდებოდა: თვალების გახელა, საშინელი სახის დანახვა, საწოლიდან
გადმოვარდნა, კუთხეში მიჩოჩება, შუქის ჩაქრობა, ის სიხარული, როცა ეგონა, რომ ეს ყველაფერი
დაესიზმრა, შემდეგ კი იმ რაღაცის მეორედ გამოჩენა.
მოგონებებისგან სულ მთლად გაფითრებულიყო და გული სწრაფად უცემდა. ამ საშინელი
ამბის გახსენება იქ შეწყვიტა, როდესაც ის საშინელება მეორედ გამოჩნდა. მისი ვარაუდით, რაშიც
უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, ეს მისი ერთ-ერთი თანაკლასელის ჩადენილი იყო და ის, ვინც შეაშინა,
ერთ–ერთი იქ მყოფი ბიჭი იყო.
ამ დროს ისევ გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. ქეთი ყურმილის ასაღებად არ ადგა. გაიგო,
თუ როგორ გაიღო და დაიკეტა მშობლების საძინებელი ოთახის კარები, ცოტა ხნის შემდეგ კი
კარები ისევ გაიღო და დაიკეტა. ფეხზე ადგა, ოთახიდან გავიდა და მშობლების ოთახში შევიდა.
მამამისი საწოლზე იწვა და გაზეთს კითხულობდა.
– მამა, თავი ისევ გტკივა?
– ცოტათი.
– ტელეფონმა დარეკა?
– კი. ყურმილი ვერ აიღე? მაინც და მაინც ცუდად მყოფი ამაყენე რა! შენც ცუდად ხომ არ
ხარ?
– არა. ვინ დარეკა?
– დედაშენმა. ჩემმა ცოლმა იკადრა, დამირეკა და მკითხა, როგორ ვარ. შენ რა, ვინმეს ზარს
ელოდები?
– არა. გმადლობ.
გოგონა თავის ოთახში დაბრუნდა და ისევ საწოლზე დაწვა. ცოტა ხანს ლოგინში
იწრიალა, მაგრამ ვერ მოისვენა, საწოლიდან ადგა, კომპიუტერი ჩართო და სოციალურ ქსელში
შევიდა. უეცრად მისი ყურადღება დათოს მიერ დადებულმა ერთ-ერთმა ბმულმა მიიქცია.
ბმულს ჰქონდა ფოტოსურათი და მცირე მინაწერი. თავიდან მისი ყურადღება სწორედ ფოტომ
მიიქცია. მასზე აღბეჭდილი იყო სახლი, რომელიც ძალიან ჰგავდა დათოს აგარაკზე ნანახ
სახლებს. ბმულის სათაური იყო: ,,მკვლელობა აგარაკზე“ და იქ ეწერა ერთი არც თუ ისე
სასიამოვნო რამ, რაც ქეთიმ წაიკითხა:

,,4 აგვისტოს ერთ-ერთ აგარაკზე მოხდა მკვლელობა. მოკლულია ახალგაზრდა გოგონა.


მოკლულის ძმის განცხადებით, ის და მისი უმცროსი და, აგარაკზე ორი კვირის წინ ჩავიდნენ.
ერთ დილას, როდესაც გოგონა ოთახიდან არ გამოვიდა, მის ოთახში შესული ძმა შემზარავი
სურათის მომსწრე გახდა - გოგონა მოკლული და დასახიჩრებული დახვდა. მას მოჭრილი აქვს
ცხვირი და ყურები. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო და საპარტულო
პოლიციის ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მკვლელი მანიაკია, რომელიც ოთახში ღამით ფანჯრიდან
შეიპარა და მსხვერპლი ძილის დროს გამოასალმა სიცოცხლეს. ასევე ცნობილია, რომ ამ საშინელ
მკვლელს სხვა მკვლელობაც აქვს ჩადენილი და ამჟამად მიმალვაშია“
ჟურნალი ,,ახალი ამბები“

ქეთის გული აუჩქარდა და გამალებით უცემდა. ნუთუ ეს არ იყო მისი რომელიმე


მეგობრის ხუმრობა?! ნუთუ მისი მოკვლა მანიაკს უნდოდა?! სულ მთლად წაერთვა განსჯისა და
ფიქრის უნარი. ამას ისიც დაემატა, რომ ცოტა ხნის წინ მის სახლში ორჯერ დარეკეს და
ყურმილში ის საშინელი ღრიალის ხმაც გაისმა.
მაშინ, როდესაც ის საშინელი ღამე გათენდა, იმ რაღაც საშინელებამ რომ შეაშინა, მან
იფიქრა და ჩათვალა, რომ ეს მისი რომელიმე მეგობრის ხუმრობა იყო, ოღონდ ძალიან ცუდი
ხუმრობა. მომხდარის შესახებ მშობლებისთვის არაფერი უთქვამს და მეგობრებსაც უთხრა, რომ
ამ ამბის შესახებ მათთვის მათაც არაფერი ეთქვათ.
– ახლა რა ვქნა? – თავის–თავს ჰკითხა აფორიაქებულმა ქეთიმ. – რას ნიშნავს ეს
ყველაფერი? დავიჯერო, ჩემი მოკლა მანიაკს უნდოდა? უნდა დავმშვიდდე!
ისევ საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა. დაძინება უნდოდა, მაგრამ არაფერი
გამოსდიოდა - ვერ იძინებდა. გარს გამუდმებით ის ფიქრები და მოგონებები ეხვია, რომლებიც იმ
საშინელ ღამეს უკავშირდებოდნენ. ხან საშინელი სახე ახსენდებოდა, ხან ის, ყველა რომ
ეუბნებოდა, ნუ გეშინია, მთვრალი იყავი ან მოგეჩვენა, ანდა ცუდი სიზმარი ნახეო, ხან კი ის
საშინელი სატელეფონო ზარები... ყველაზე საშინელი და შიშის მომგვრელი ის მოგონება იყო,
როდესაც თეთრსახიანი საშინელება ოთახში შესვლას ცდილობდა. ამის გახსენებაზე ყოველთვის
ფერი მისდიოდა და მისი გული უფრო აჩქარებით იწყებდა ფეთქვას.
ბოლოს, როგორც იქნა დაეძინა, მაგრამ მისთვის არც ძილი იყო მშვიდი და კარგი. რაღაც
გაუგებარი და საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს ყველა მისმა კლასელმა ბანკეტის ხელმეორედ
გადახდა გადაწყვიტა. ქეთიც წავიდა მეორე ბანკეტზე. ისინი სატვირთო მანქანით მივიდნენ
დათოს აგარაკზე. საბარგულში ჯდომის დროს უეცრად მის წინ მძღოლი გაჩნდა და უთხრა:
– იცოდე, ბევრი არ დალიო, თორემ ხომ იცი, ის შენთან მოვა! – მძღოლს ხმაზე ეტყობოდა,
რომ აფრთხილებდა.
სატვირთოდან ყველანი ჩამოვიდნენ და სახლის ეზოში შევიდნენ. მას ძალიან შეეშინდა
და ღვინის ბოთლი, რომელიც ხელში ეჭირა, სადღაც გადააგდო. იფიქრა, რომ, თუ არ
დათვრებოდა, იმ საშინელ ოთახში არ დააწვენდნენ, მეგობრებთან ერთად იქნებოდა და
თეთრსახიანი საშინელებაც ვერ გაბედავდა მასთან მისვლას. ის და მისი მეგობრები ცეცხლს გარს
შემოუსხდნენ. ახლა აღარ ეშინოდა და მხიარულობდა. ყველა ეუბნებოდა, რომ, თუ ღვინოს
დალევდა, სახლში შეიყვანდნენ და საწოლზე დააწვენდნენ, მერე კი იმ საშინელებასთან მეორედ
მოუწევდა შეხვედრა.
უეცრად ოთახში აღმოჩნდა. მზიანი დღე იყო და ოთახიც საკმაოდ ნათელი. ის იმ ოთახში
არ იმყოფებოდა, რომელშიც მაშინ, სიმთვრალის დროს დააწვინეს. ეს იყო სხვა, უფრო დიდი და
სულ სხვანაირად მოწყობილი ოთახი. იქ იდგა დიდი ძვირფასი მაგიდა, რომელზეც გაშლილი
მსოფლიოს გეოგრაფიული რუკა იდო. ასევე ძალიან პატარა კარადა და პატარა სკამი, რომელზეც
იდგა დიდი ტელევიზორი. კედლებზე თეთრი ლურჯყვავილებიანი შპალერი იყო გაკრული. ამ
ოთახში მხოლოდ ფანჯარა ჰქონდა ისეთი, როგორიც იმ ოთახს ჰქონდა, რომელშიც ის
სიმთვრალეში ცუდად ყოფნის დროს დააწვინეს.
,,აქ რატომ ვარ?! მე ხომ არ დამილევია და ფხიზელი ვარ?!“ – გაიფიქრა ქეთიმ და
საშინლად შეეშინდა.
- ასეა, მაგრამ მაინც აქ ხარ! – გაისმა ხმა.
ეს ხმა ფანჯრიდან ისმოდა. გოგონამ ფანჯარას შეხედა. ფანჯრის მეორე მხარეს ვიღაც
იდგა. ახლა დღე აღარ იყო. გარშემო ბნელოდა და ოთახში სიბნელე ფანჯრიდან შედიოდა.
ძალიან შეეშინდა და კარისკენ გაიქცა. ამ დროს ის რაღაცნაირად ხედავდა, თუ რა ხდებოდა მის
უკან. დაინახა, რომ ფანჯრიდან ოთახში, რაღაც საშინელება შევიდა და სიბნელის გამო ამ
საშინელებას მხოლოდ თეთრი სახე და თეთრი თითები მოუჩანდა. კარი ახლოს იყო. მან კარი
გააღო, ოთახიდან სწრაფად გავიდა და ისევ გარეთ, დათოს აგარაკის ეზოში აღმოჩნდა. იქ არავინ
აღარ იყო, საიდანღაც კი ტელეფონის ზარის ხმა ისმოდა.
– სად ხართ! – დაიყვირა შეშინებულმა. – დათო! ლუკა! სანდრო! სად ხართ ყველანი?! ის
მომკლავს!..
ამ დროს ქეთის გაეღვიძა. ეტყობოდა, რომ თენდებოდა და ქალაქის ქუჩებს სიბნელე
ბოლომდე ჯერ კიდევ არ გასცლოდა. გოგონა მიხვდა, რომ სიზმარი ნახა და გაუხარდა, მაგრამ
მაშინვე ის საშინელი ღამე გაახსენდა. მაშინაც ხომ იფიქრა, დამესიზმრაო, შემდეგ კი აღმოჩნდა,
რომ ცდებოდა. იქნებ ახლაც ყველაფერი რეალურად ხდებოდა და ის საშინელება ოთახში იდგა?!
თუმცა არა, ახლა სავსებით ცხადი იყო, რომ სიზმარი ნახა, მაგრამ შიშს ვერ უმკლავდებოდა. სულ
მთლად გაფითრდა. ეშინოდა, ვაითუ ეს საშინელება სიზმრის ნაცვლად სინამდვილე
აღმოჩნდესო, თუმცა სიზმარში ხომ დათოს აგარაკზე იმყოფებოდა, ახლა კი თავის სახლში,
თავის ოთახში, თავის საწოლში იწვა და ამ გარემოებამ დაამშვიდა.
მაინც შიშით ასწია თავი და ოთახს თვალი მოავლო. ოთახში არავინ არ იყო. აღარ
ეძინებოდა და იმ კოშმარის გამო, არც ჰქონდა სურვილი, რომ დაეძინა. დაახლოებით ერთი საათი
იწვა საწოლზე თვალებგახელილი, მერე საწოლიდან ადგა და საათს შეხედა - შვიდის ნახევარი
სრულდებოდა. მისაღებ ოთახში გავიდა და სახლის ტელეფონიდან შეყვარებულს მობილურ
ტელეფონზე დაურეკა.
– გისმენთ, – გაისმა ყურმილში დათოს ნამძინარევი ხმა. ეტყობოდა, რომ ქეთის ზარმა
გააღვიძა.
– ქეთი ვარ.
– მერე? დღეს შევხვდეთ?
– ასე... – დაფიქრდა, – ნახევარ საათში შევხვდეთ...
– კარგი, შევხვდეთ, – შეაწყვეტინა დათომ, – ახლა რომელი საათია?
– დაახლოებით შვიდს ოცი წუთი უკლია. გეძინა?
– კი, მეძინა. ჯერ რა ადრე ყოფილა?! – გაუკვირდა ბიჭს. – სად შევხვდეთ და რომელ
საათზე?
– ხომ გითხარი, ნახევარ საათში უნდა შევხვდეთ! – გოგონას ხმაზე შეეტყო, რომ
ბრაზობდა. – წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიასთან! დროზე მოდი!
– რა იყო? რაღაც გაბრაზებული ხარ?! მოხდა რამე?
– არა, – უთხრა ქეთიმ და ყურმილი დაკიდა.
ის იყო, თავის ოთახში უნდა შესულიყო, რომ ამ დროს გვერდითა ოთახიდან დედამისი
გამოვიდა და ჰკითხა:
– ქეთი, როგორ ხარ? გუშინ რაღაც ადრე დაგიძინია?! მე რომ სახლში მოვედი, უკვე გეძინა.
თავს ცუდად გრძნობდი?
– არა, ცუდად არ ვიყავი. ხომ იცი, გუშინ მეგობრებს შევხვდი, დავიღალე და ამიტომ ადრე
დამეძინა.
– ისე, ღამით ერთი-ორჯერ შენც რომ მისულიყავი ტელეფონთან კარგი იქნებოდა.
– ვერ ვხვდები, რას ამბობ?..
– ერთი ხუთჯერ მაინც დარეკა ვიღაც საცოდავმა და სულ ღრიალებდა...
– მე ტელეფონის ზარის ხმა არ გამიგია, მაგრად მეძინა.
გოგონა ოთახში შევიდა და დათოსთან შეხვედრაზე წასასვლელად მოემზადა.
განსაკუთრებულად არ გამოწყობილა, თხუთმეტ წუთში მზად იყო. წმიდა კვირიკესა და
ივლიტას სახელობის ეკლესია მისი სახლიდან ფეხით, რამდენიმე წუთის სავალზე
მდებარეობდა. მას ჰქონდა ერთი ვარიანტი, რომლითაც ყველაფერი აიხსნებოდა და ახლა
ყველანაირად უნდა ეცადა, რომ როგორმე ის სისრულეში მოეყვანა.
როდესაც ქუჩაში ფეხით დადიოდა, ფიქრი უადვილდებოდა, ამიტომაც პაემანზე ადრე
წავიდა, კიბეები სწრაფად ჩაირბინა, სადარბაზოდან ქუჩაში გავიდა და ეკლესიისკენ მიმავალ
გზას ნელი ნაბიჯით გაუყვა. იგი ფიქრობდა, რომ დათოსთან ასე არ უნდა ელაპარაკა, რადგან თუ
ამ ყველაფერს ის უწყობდა, მაშინ მას, ალბათ, გაუხარდებოდა, როდესაც მას გაბრაზებულსა და
შეშინებულს დაინახავდა, თუმცა აუხსნელი ის იყო, თუ რაში სჭირდებოდა ამ ბიჭს ასეთი
საზიზღარი ქმედებების ჩადენა.
ეკლესიასთან მალე მივიდა. ხალხი წირვაზე დასასწრებად დილიდან მიდიოდა. ქეთისაც
უნდოდა ეკლესიაში შესვლა, მაგრამ თავსაფარი არ ჰქონდა და არ შევიდა.
დიდხანს არ მოუწია ლოდინი. დათო შეხვედრის ადგილზე მალე მივიდა.
– რამე მოხდა? წეღან ტელეფონში ისე მელაპარაკე, ვიფიქრე, რაღაც ცუდი მოხდა–მეთქი...
– ჰკითხა ბიჭმა და შეყვარებული გადაკოცნა.
– არა, უბრალოდ, ახალი გაღვიძებული ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე. შენ
როგორ ხარ?
– შენ თუ კარგად ხარ, მაშინ მეც კარგად ვარ!
– ოჰ, ეს რომანტიკული სიტყვები საიდან მოიტანე? – ღიმილით ჰკითხა გოგონამ.
– უფრო სწორი იქნებოდა, რომ გეკითხა, ვისთვის მოვიტანე, – ღიმილითვე უპასუხა ბიჭმა,
– ეს რომანტიკული სიტყვები, მხოლოდ და მხოლოდ შენთვის მოვიტანე!
– არ შეგეფერება. მოდი, სადმე წავიდეთ. კაფეში წასვლაზე რას იტყვი?
– სადაც შენ გინდა, იქ წავიდეთ.
– კარგი, წამოდი, აქვე ახლოს ერთი კაფეა, იქ ადრეც ვყოფილვართ. მალე ისინი კაფეში
ისხდნენ. ქეთიმ შემწვარი ქათმის ხორცი, ყავა და ლუდი შეუკვეთა, დათომ მხოლოდ ლუდი.
გოგონამ ყავა ბოლომდე დალია, მერე ჭიქიდან ლუდი მოსვა და დათოს, რომელიც მხოლოდ
ლუდს სვამდა ჰკითხა:
– საჭმელი რომ არაფერი შეუკვეთე, შენ რა, არ გშია?
– სახლში ვისაუზმე.
– რომ დაგირეკე გეძინა და ჩაცმა და ჭამა როდის ან როგორ მოასწარი?
– ხომ იცი, ყველაფერს ვასწრებ, – უთხრა ბიჭმა და გაიღიმა.
– ჰო, აბა რა! – ღიმილით უთხრა ქეთიმ. – კაცი მომავალი იურისტი ხარ და სხვანაირად
როგორ შეიძლება.
– შენ სმას კიდევ არ ეშვები? ვფიქრობ, რომ ეს ცუდია.
– ნელ–ნელა გადავეჩვევი.
– ლოთი გოგო ხარ! – უთხრა დათომ ალერსიანად და გაიცინა.
– შენი დაცინვაღა მაკლია! – ისევ ღიმილით უთხრა გოგონამ, – გუშინ, ჩემს სახლში, ვიღაც
იდიოტი რეკავდა, ხმას არ იღებდა და ყურმილში ღრიალებდა.
– ღრიალებდა?! – გაუკვირდა დათოს. – ეტყობა, ვიღაც სულელია. მთავარია, ეგ იდიოტი
ერთ ნომერს არ შეეჩვიოს... – გაიცინა ბიჭმა და ლუდი დალია.
– თუ ნაცნობი რეკავდა, ესე იგი, ნომერს შეჩვეულია და ამის მერეც დარეკავს ხოლმე, –
ქეთიმ გაიცინა და ხორცის ჭამას შეუდგა, თან შეამჩნია, რომ მის შეყვარებულს გამომეტყველება
შეეცვალა და რაღაც უცნაური გახდა.
– ჰო, მართალია, მაგრამ თუ ნაცნობია ყურმილში სულ ასე იღრიალებს?! ბოლოს და
ბოლოს, ხომ ამოიღებს ხმას?!
– ეგეც მართალია. ჰო, მართლა, კიდევ ის მინდოდა მეთქვა, ამ სოციალურ ქსელში რეებს
დებ, ჰა?! გუშინ, როცა შენი დადებული სტატია წავიკითხე მანიაკის მიერ მოკლული გოგონას
შესახებ, ძალიან შემეშინდა.
– რა მანიაკი?! მე მასეთი არაფერი დამიდია?! – უთხრა ერთი შეხედვით გაკვირვებულმა
ბიჭმა.
– არა, შენ დადე! – ჩააცივდა ქეთი.
– არა, მე არ დამიდია. ნამდვილად გეშლება, სხვისი დადებული იქნება.
– კარგი. ეტყობა შემეშალა, – გოგონამ ხორცის ჭამა გააგრძელა.
– რა ეწერა? მანიაკმა რა ქნაო?
– 4 აგვისტოს მანიაკს გოგონა მოუკლავს და მიმალულა. ეგ მკვლელობა, რომელიღაც
აგარაკზე მომხდარა. სახლის ფოტოც იყო, რომელიც ძალიან ჰგავს იმ სახლებს, შენს აგარაკზე
რომ არის და, საერთოდ, რომ იცოდე, შენი აგარაკის სახლსაც ძალიან ჰგავს!
– არ ვიცი?! – თავი გააქნია ბიჭმა.
ცოტა ხანში დათომ ანგარიში მოითხოვა და გადაიხადა, მერე ქეთისთან ერთად ქუჩაში
გავიდა და შეყვარებულები ვაკის პარკისკენ წავიდნენ. გოგონას მისთვის მანიაკზე და
სატელეფონო ზარებზე აღარაფერი უთქვამს და აღარც მას უკითხავს რაიმე. ბევრი ისეირნეს,
ილაპარაკეს, იმხიარულეს, ბოლოს კი დათომ შეყვარებული სახლამდე ტაქსით მიიყვანა.
ქეთიმ სახლში შესვლისთანავე თავის ოთახს მიაშურა, კომპიუტერი ჩართო, სოციალურ
ქსელში შევიდა და საიტზე დათოს მიერ დადებულ ფაილებს დაუწყო თვალიერება. ის სტატია,
რომელიც მანიაკის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე იუწყებოდა დათოს ,,პროფილში“ აღარ იდო.

თავი 3

– ჩემმა შვილმა ჩააბარა! – სიამაყით წარმოთქვა ქეთის მამამ. – მართალია, ფასიანზე


მოხვდა, მაგრამ ეგ არაფერი!
– გილოცავ, უჩა! – მიულოცა ერთ–ერთმა სტუმარმა, – შენც გილოცავ, ქეთი! აბა, შენ იცი!
კარგად ისწავლე!
– გმადლობთ, – თავაზიანად უთხრა გოგონამ, გულში კი გაიფიქრა, წადი შენი, თავი
დამანებეო.
სუფრასთან ოცამდე სტუმარი იჯდა.
როგორც კი გაიგო ქეთის მამამ, რომ მისმა შვილმა უმაღლესში ჩააბარა, ცოლს მაშინვე
სუფრა გააშლევინა და მეზობლები დაპატიჟა. დროდადრო მეგობრებსაც ურეკავდა და იმათაც
ეპატიჟებოდა.
ერთ-ერთი სტუმარი ადგა, ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა:
– ქეთი, გილოცავ უნივერსიტეტში ჩაბარებას! წარმატებებს გისურვებ! ოჯახი და ქვეყანა
გესახელებინოს! - ჭიქა დაცალა და დაჯდა.
ქეთიმ მადლობა გადაუხადა.
ამ დროს უჩამ კიდევ ერთ მეგობარს დაურეკა:
– უჩა ვარ!.. არა... კაცო... ჩემმა ქალიშვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა... სუფრა გავშალეთ,
აღვნიშნავთ და მოდი...იცოდე, გელოდებით!
– ქეთი, რაც მთავარია, დედ-მამა და ქვეყანა უნდა ასახელო! – უთხრა ხანშიშესულმა
სტუმარმა.
– გმადლობთ. დიდი მადლობა. – მადლობა გადაუხადა უაზრო მილოცვებით
შეწუხებულმა გოგონამ.
ქეთიმ სუფრას გადახედა, მის წინ მდგარი ღვინით სავსე ბოთლი დაინახა და მიხვდა, რომ
კარგ გუნებაზე დადგომას შეძლებდა. ბოთლი აიღო და ჭიქა ღვინით აავსო. ცოტ-ცოტას სვამდა,
მაგრამ ხშირ-ხშირად. მაინც და მაინც არ უნდოდა იმის გამომჟღავნება, თუ როგორ ძლიერ
უყვარდა ალკოჰოლური სასმელები. ჭიქა მალე დაცალა და ისევ ღვინით აავსო. მეორეს მესამე
მოჰყვა, მესამეს კი – მეოთხე... მთვრალი არ იყო. ჯერ კიდევ ფხიზელ მდგომარეობაში
იმყოფებოდა. სმას მოუმატა და კიდევ ორი ჭიქა დალია, თუმცა ახლა ცოტ-ცოტას აღარ სვამდა,
ლამის ერთ ჯერზე დაცალა საკმაოდ მოზრდილი ჭიქა და ნახევარი სტუმრების ყურადღებაც
მიიპყრო. ნათია შვილს თვალს არ აშორებდა და თვალით ანიშნა, ნუღარ სვამო, უჩას კი ხელში
ისევ მობილური ტელეფონი ეჭირა, მეგობრებს ურეკავდა და საქეიფოდ ეპატიჟებოდა.
გოგონამ ღვინის სმას თავი დანება და თეფშზე ქათმის ხორცი გადმოიღო. კაცების მხარეს,
მასთან ახლოს მჯდომმა ახალგაზრდა ბიჭმა ღიმილით ჰკითხა:
– გიყვარს ღვინო? გეტყობა, რომ გიყვარს…
– კი, მიყვარს. რა იყო, პაატა, არ უნდა მიყვარდეს?! – მას არ მოეწონა ეს უადგილო
შეკითხვა, რომელმაც მისკენ რამდენიმე სტუმრის ყურადღება მიიპყრო.
– თავი უკვე დიდი ჰგონია და ხანდახან, სუფრასთან სვამს ხოლმე, – ღიმილით უთხრა
პაატას ქეთის დედამ.
– ქალბატონო ნათია, თქვენი შვილი უკვე დიდია! – ამაყად უთხრა პაატამ.
– მამა, მე უნდა წავიდე! – უთხრა ქეთიმ სუფრის თავში მჯდომ მამას.
– სად უნდა წახვიდე?! – ჰკითხა გაკვირვებულმა უჩამ და ჩურჩულით განაგრძო. –
სტუმრები კიდევ მოვლენ, თანაც ვის გაუგია, სუფრიდან ასე უცებ ადგომა და წასვლა,
მითუმეტეს, რომ შენს წარმატებას აღვნიშნავთ?!
– კარგი რა?! ეგ რა მიზეზია?! ცუდად ვარ და ქუჩაში გასვლა მინდა!
– სად უნდა წახვიდე?! მთვრალი ხარ! – ჩურჩულით უთხრა დედამაც და თვალები
დაუბრიალა.
– მთვრალი არ ვარ და წასვლა მინდა! – გადაჭრით თქვა ქეთიმ.
– იჯექი, გოგო, სადაც ზიხარ! – მკაცრად უთხრა უჩამ. – ახლა რომ სუფრიდან ადგე და
წახვიდე, სირცხვილია!
ქეთიმ აღარაფერი თქვა, შუბლი შეიკრა და უკმაყოფილო სახით სუფრას გადახედა.
მალე უჩას მეგობრებმაც დაიწყეს მოსვლა. რა უაზრო იყო მათი მილოცვები და როგორ
უნდოდა რომ მათ გასცლოდა. მისი ასაკის არავინ იყო. მხოლოდ უფროსები იყვნენ, რომლებსაც
სულ არ აინტერესებდათ მისი უნივერსიტეტში ჩაბარება და მათი სტუმრობის მიზეზი, უხეშად
რომ ვთქვათ, მხოლოდ ჭამა-სმა იყო.
გოგონამ ძალიან მოიწყინა. მდგომარეობა ყველაზე აუტანელი მაშინ გახდა, როდესაც
პაატამ უაზრო საუბარი გაუბა. თავისი ჭკუით იგი არიგებდა, რომ ქალისთვის მომეტებული სმა
უწესობა იყო და სხვა მსგავს რაღაცეებს, რითიც უნდოდა, მის თვალში თავი კაცად წარმოეჩინა.
გოგონას ეს არ მოეწონა და ძალიან გაბრაზდა... ამ დროს მის ჯიბეში მობილურმა ტელეფონმა
დარეკა:
– გისმენთ!
– აბა, თუ მიხვდები ვინ ვარ? – გაისმა ჩახლეჩილი ხმა.
– ვერ გიცანი?! რომელი ხარ?
– ლუკა ვარ! – გაისმა ნაცნობი ხმა. – დათომ მითხრა, რომ ჩააბარე. გილოცავ და
წარმატებებს გისურვებ! ქეიფის ხმა მესმის... გისამძიმრებ, ალბათ, ახლა მთვრალი სტუმრების
მილოცვებს იღებ.
– გმადლობ. მართალი ხარ, ბევრი მილოცავს, – სიცილით უთხრა ქეთიმ.
– მისმინე! მე, დათო, გიორგი, ნინო და ანა ფილარმონიასთან ვართ და, თუ გინდა, შენც
მოდი.
– ხუთ წუთში დაგირეკავ და გეტყვი, მოსვლას შევძლებ თუ არა.
– კარგი, გელოდები… – უთხრა ლუკამ და მობილური ტელეფონი გათიშა.
– მამა, ჩემი მეგობრები შეიკრიბნენ, უნივერსიტეტში ჩაბარება რომ მომილოცონ...
– მერე?! აქ მოვიდნენ?!
– აქ როგორ მოვლენ?! ადგილიც აღარ არის რომ დასხდნენ?! – აწუწუნდა ქეთი. – უნდა
წავიდე, სხვაგვარად არ შეიძლება. მთელი კლასი შეიკრიბა და, რომ არ წავიდე, არ შეიძლება!
– ჰო, კარგი. წადი, მაგრამ ის მაინც მითხარი, სად იქნებით... ხომ უნდა ვიცოდე?
– 9 აპრილის ბაღში, – უთხრა შვილმა, მერე ფეხზე წამოდგა და სტუმრებს ბოდიში
მოუხადა, მეგობრები შეიკრიბნენ, უნივერსიტეტში ჩაბარება რომ მომილოცონ, მელოდებიან და,
რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო.
სახლიდან გასვლას დიდი დრო მოანდომა, რადგან ყველამ ხელახლა მიულოცა
უნივერსიტეტში ჩაბარაბა და ისიც იძულებული გახდა, მომღიმარი სახით კიდევ ერთხელ მიეღო
მილოცვები.
ბოლოს, როგორც იქნა, სახლიდან გავიდა და ლუკას დაურეკა.
– ქეთი, მოდიხარ?
– მოვდივარ, – უპასუხა გოგონამ და მობილური ტელეფონი გათიშა.
ჩვეულებისამებრ კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. უკვე საღამო იყო, თუმცა
მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო და ჯიუტად იწონებდა თავს ცის კიდეზე. სამარშრუტო ტაქსი
გააჩერა და რამდენიმე წუთში ფილარმონიასთან მივიდა. მეგობრები მაშინვე დაინახა,
გადასასვლელზე გადაირბინა და მათთან მივიდა. ქეთის ყველამ მიულოცა უნივერსიტეტში
ჩაბარება.
– აბა, სად წავიდეთ? – ჰკითხა ლუკამ.
– კინოში ხომ არ შევიაროთ? მგონი, ,,ამირანში“ კარგი ფილმი გადის, – შესთავაზა
გიორგიმ მეგობრებს.
– მოიცა! ჯერ ის მითხარით, თქვენ რა ქენით, ჩააბარეთ? - იკითხა ქეთიმ.
– ჩავაბარეთ და ყველა ფასიანზე მოვხვდით, – უპასუხა ნინომ.
– საკვირველია რომ საერთოდ მოვხვდით?! – გაიცინა ლუკამ.
– კი, ნამდვილად, – დაეთანხმა ანა.
– მეც ყველას გილოცავთ ჩაბარებას! - მეგობრებს მიულოცა ქეთიმ.
– ქეთი, იქნებ სახლში სტუმრებთან დარჩენა გერჩივნა, მაგრამ ხათრი არ გაგვიტეხე და
იმიტომ მოხვედი? – ჰკითხა ანამ.
– არა, რა დარჩენა?! პირიქით, ადრე უნდა დაგერეკათ. ძლივს გამოვექეცი იმ ხალხს.
დანარჩენებსაც ხომ არ დავურეკოთ?
– უკვე დავურეკეთ და ყველამ თქვა, არ გვცალიაო, – უთხრა ნინომ.
– შენი უბნელი მეგობრები რატომ არ წამოიყვანე? – ჰკითხა ანამ.
– უიმე, მოიცა რა?! უნივერსიტეტში ჩავაბარე, დაბადების დღე ხომ არ მაქვს?! - უპასუხა
ქეთიმ.
- დაბადების დღეს რაც შეეხება... – დაიწყო ნინომ, მაგრამ სათქმელი ვეღარ დაასრულა,
რადგან გიორგიმ აღარ დააცადა და სიტყვა შეაწყვეტინა:
– აქ რას ვდგავართ, სადმე წავიდეთ?!
– მოდი, ისევ 9 აპრილის ბაღში წავიდეთ... – შესთავაზა ქეთიმ.
– კარგი რა! იქ რა უნდა გავაკეთოთ?! – გაიკვირვა დათომ.
– ,,ამირანში“ კარგი ფილმი გადის... – მაცდურად გაიმეორა გიორგიმ.
– გიო, რა ფილმია? რა ჟანრია? – დაინტერესდა დათო. - მელოდრამა თუ არის, არ გვინდა!
– არა, რა მელოდრამა... – თავი გააქნია უარის ნიშნად ბიჭმა, – თუ არ ვცდები,
საშინელებათა ფილმი უნდა იყოს.
– ჰო, თუ არ ცდები... – გაეხუმრა დათო.
– მოკლედ, თუ საშინელებათა ფილმია, ყველა წამოხვალთ? – იკითხა გიორგიმ. – თუ
ვინმე ფულის ,ნაკლებობას განიცდით“, მე ორი ბილეთის ყიდვა შემიძლია.
ფული ყველას ჰქონდა, საშინელებათა ფილმის ნახვაც ყველას უნდოდა და ამიტომ
ყველანი კინოთეატრისკენ წავიდნენ, რათა გაეგოთ, მართლა გადიოდა თუ არა საშინელებაა
ფილმი. გზაში ლუკას ვიღაცამ მობილურ ტელეფონზე დაურეკა. მან ზარს უპასუხა, საუბარი
გააბა და მეგობრებს ცოტათი ჩამორჩა:
– მოკლედ, დროზე... ბიჭო!.. გითხარი, ერთხელ თუ არა?.. არადა... შენი საქმე ცუდად არის,
შენი!..
ქეთი გაჩერდა და ლუკას მიუბრუნდა:
– რა მოხდა? ვინმესთან ჩხუბი მოგივიდა?
– არა, – უთხრა ბიჭმა და გაიღიმა, – უბრალოდ, ერთი იდიოტია, ჩემთან ერთად
ვარჯიშობს კიკბოქსში. ჰოდა, ვთხოვე, ჩემპიონატის დაწყების თარიღს თუ გაიგებ, მეც დამირეკე
და გამაგებინე-მეთქი, ამ სულელმა კი, იცი, რა ქნა?
– რა ქნა?
– იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა, შეჯიბრებაზე თვითონ ჩამწერა. თან
იცი, როდისთვის? ოქტომბერში, როცა სწავლა დაწყებული იქნება.
– შენც რაღა მაგ სულელს დაავალე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე?
– რა ვიცი? მეგობარია... უბრალოდ, ახლა სულელურად გამოუვიდა, – ამ ლაპარაკში
კინოთეატრსაც მიუახლოვდნენ.
სალაროსთან დიდი რიგი იდგა. გიორგიმ და დათომ იკითხეს, გადიოდა თუ არა
საშინელებათა ფილმი. აღმოჩნდა, რომ მართლაც გადიოდა.
ბილეთების შეძენა დათომ ითავა, თუმცა ქეთიმ დაიჩემა, ამხელა რიგში გზას მე უფრო
ადვილად გავიკვლევო და საქმეს შეუდგა. სანამ რიგში ჩადგებოდა, ჩანთიდან პატარა სარკე
ამოიღო, ჩაიხედა და თმები ხელით გაისწორა, მერე პომადა ამოიღო, ტუჩებზე წაისვა, თავისი
გარეგნობით კმაყოფილმა, თავი თავმომწონედ, ამაყად ასწია, მეგობრებს გადახედა და გაიღიმა.
– ოჰ, ერთი ამას შეხედეთ! – წამოიძახა ლუკამ და მის ნათქვამზე ყველას გაეცინა.
– მე მგონი, ეს ქალბატონი, თავისი მომხიბვლელობით აპირებს ამხელა რიგში ურიგოდ
წასვლას, – ღიმილით თქვა გიორგიმ.
– ალბათ, რიგი ერთ-ორ საათში მოგიწევს და იყიდი ბილეთებს, – გაეხუმრა დათო.
გოგონამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაიღიმა და რიგში ჩადგა. ყველა ჩქარობდა, წინ
წასვლას ცდილობდა, ჩხუბობდა და უხეშობდა.
ქეთი კი, რომელიმე კაცს მხარზე ხელს დაადებდა, უკან მიახედებდა და მომღიმარი
სახითა და თავაზიანი, ნაზი ხმით, წინ, ურიგოდ გაშვებას სთხოვდა. კაცებიც უშვებდნენ, ის კი,
მადლიერების ნიშნად, თავისი მიამიტი, მომღიმარი სახით ყველას მადლობას უხდიდა და წინ
მიიწევდა.
ამ გზით მან ბილეთები მალე შეიძინა, რამდენიმე წუთის შემდეგ მეგობრებთან ერთად
დარბაზში იჯდა და საშინელებათა ფილმს უყურებდა.
ფილმი საშიში და საინტერესო იყო. მოეწონათ და როცა დამთავრდა, კინოთეატრიდან
გამოსულებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.
გვიანი იყო. უკვე ბნელოდა და ყველას სახლში წასვლა უნდოდა. ნინოს, ანას და დათოს
ერთი გზა ჰქონდათ, ამიტომ დათო ქეთის სახლამდე გაცილებას ვერ შეძლებდა, ლუკასთვის კი,
მისი გაცილება, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
– თუ გინდა, ქეთის სახლამდე მე გავაცილებ, – შესთავაზა გიორგიმ ლუკას.
– არა, იყოს. შენ ისედაც მთაზე ცხოვრობ და ძალიან დაიღლები, – გაიღიმა ლუკამ.
– კარგი. აბა, თქვენ იცით! – დაემშვიდობა გიორგი მეგობრებს და წავიდა.
დანარჩენებიც გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და ყველანი თავ-თავისი გზით წავიდნენ.
ქეთი და ლუკა გადასასვლელზე გადავიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსს არ
ელოდებოდნენ, გაჩერებაზე მაინც დადგნენ.
– ავტობუსი თუ მოვა, გავყვეთ.
– რატომაც არა, გავყვეთ, – გაუღიმა ლუკამ.
მალე თითქმის ცარიელი ავტობუსი მოვიდა და ისინი ტრანსპორტში ავიდნენ. ლუკამ
ბილეთები აიღო და გოგონას გვერდით მიუჯდა, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და
ლამპიონებით განათებულ ქუჩებს უყურებდა. უცებ მანიაკზე წაკითხული სტატია გაახსენდა და
ლუკას ჰკითხა:
– შემთხვევით რომელიმე გაზეთში ან ჟურნალში ხომ არ წაგიკითხავს, მანიაკმა გოგონა
რომ მოკლა?
– არა.
– დარწმუნებული ხარ?
– კი, დარწმუნებული ვარ. რა მანიაკი?! რა გოგონა?! აბა, ერთი კარგად მითხარი, რაშია
საქმე!
– ერთ–ერთ აგარაკზე მანიაკს გოგონა მოუკლავს. და იცი, ის აგარაკი ძალიან ჰგავს დათოს
აგარაკს. ფოტოც იდო…
– სახლები რომ ერთმანეთს ჰგავს ამაში გასაკვირი არაფერია. ეგ სტატია სად ნახე?
ინტერნეტში?
– როგორ მიხვდი? – ჰკითხა ქეთიმ და ბიჭს ალმაცერად შეხედა.
– შენ არ თქვი, ფოტო იდოო. ჰოდა, მაგით მივხვდი, რომ ინტერნეტში ნახე.
– ააა, ჰო, მართალი ხარ. სოციალურ ქსელში ვნახე დათოს დადებული სტატია. ყოველ
შემთხვევაში, მე ასე მახსოვს.
– იცი, ქეთი, ვერ ვხვდები, რა გინდა, – ღიმილით ჰკითხა ლუკამ.
– მაინტერესებს, სიმართალეა თუ არა.
– ჯობია, დათოს ჰკითხო.
– ვკითხე და მითხრა, მე არ დამიდიაო. მერე კიდევ შევედი იმ საიტზე და სტატია აღარ
იდო.
– რადგან გითხრა, მე არ დამიდიაო, ესე იგი, მას არ დაუდია და შეგეშალა, თორემ რატომ
მოგატყუებდა? მისმინე, ძებნაში ჩაწერე ,,მანიაკმა გოგონა მოკლა”, ან რაიმე მსგავსი და იმ
სტატიას იპოვი. ისე, მე თუ მკითხავ, სისულელეა მაგაზე ამდენი ფიქრი და ლაპარაკი.
– ჰო, მართალი ხარ. ბოდიში, თავი მოგაბეზრე.
– არა, თავი კი არ მომაბეზრე, უბრალოდ, ზღაპარი იქნება. იმიტომ რომ მართლა რომ
მომხდარიყო, მაშინვე ტელევიზიით გამოაცხადებდნენ, ასე რომ, ჯობია, მაგ მანიაკს თავი
დაანებო და მაგაზე აღარ იფიქრო!– გაიღიმა ლუკამ.
– ოჰ, თავი დავანებო? – გაიცინა გოგონამ. – დასაჭერად ხომ არ დავდევ? ან მოკვლას ხომ
არ მიპირებს?
– წეღან რა მითხარი? ის აგარაკი დათოს აგარაკს ძალიან ჰგავსო, ჰო?
– კი.
– ქეთი, მე ვფიქრობ, შენი ყურადღება იმ ფოტომ უფრო მიიპყრო, ვიდრე სტატიამ. შენ ის
აგარაკი დათოს აგარაკს მიამსგავსე, – ლუკამ ხელებით დაიწყო ახსნა, – მერე, ის საშინელი ღამე
გაგახსენდა, როდესაც ვიღაცამ თუ რაღაცამ შეგაშინა და იფიქრე, მანიაკი ხომ არ იყოო. მითხარი,
ხომ ასეა? ჩუმად ნუ ხარ.
– ჰო, ასეა,– უთხრა გოგონამ, მერე თავი გვერდით მიაბრუნა და ქუჩას გახედა, – პირდაპირ
ჩემს აზრებს კითხულობ. იქნებ ეგ სტატია შენ დადე?!
– კარგი რა! რას ამბობ?! – მშვიდად უთხრა ლუკამ. – მე მინდა, რომ დაგეხმარო. ხომ იცი,
ყოველთვის ფსიქოლოგობა მინდოდა, ამ ფაკულტეზეც ამიტომ ჩავაბარე და ეს ჩემი მომავალი
პროფესიაა. ჰოდა, შენი ნათქვამიდან თუ ვერ მივხვდები რაშია საქმე, მაშინ მაგარი სულელი
ვყოფილვარ და ეგ არის.
– ლუკა, გიჟი არ ვარ! – აღშფოთდა ქეთი. – შენ რა, გიჟი გგონივარ?!
– გიჟი არ ხარ! ეგ სისულელე საიდან მოიტანე?! ჯერ ვიღაცამ შეგაშინა, ან რაღაც
მოგელანდა, მერე კი ეგ სულელური სტატია ნახე. უბრალოდ, დაივიწყე ყველაფერი, იმიტომ რომ
თუ მასე გააგრძელებ, შეიძლება მალე ყველაფერი მანიაკს ან დათოს აგარაკს დააბრალო.
– მართალი ხარ, მაგაზე აღარ ვიფიქრებ. სიმართლე გითხრა, იმ ღამეს მომხდარი ამბავი
დავიწყებული მქონდა, მაგრამ ის სტატია რომ ვნახე, მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, თანაც
ერთი–ორჯერ ის სატელეფონო ზარიც... – აღარ დაასრულა გოგონამ.
– რა სატელეფონო ზარი? – დაინტერესდა ლუკა.
– არაფერი, ისე ვთქვი.
ბიჭმა აღარაფერი ჰკითხა და საუბრის თემაც შეცვალეს.
– სამ დღეში დაბადების დღე გექნება. სულ მალე სრულწლოვანი გახდები.
– ეე, პატარა! – გაიღიმა გოგონამ. – იცოდე, უფროსს როგორ უნდა ელაპარაკო!
– ბოდიში, ბოდიში, – გაიცინა ლუკამ.
მალე ავტობუსიდან ჩავიდნენ. ფეხით სულ ცოტა მანძილი გაიარეს და ქეთის
სადარბაზოში შევიდნენ.
– ჩემთან ხომ არ ამოხვალ? ცოტა წავიქეიფოთ. თანაც ხომ იცი, მამაჩემს შენი ნახვა როგორ
გაახარებს.
– არა, არა. უკვე გვიანია და არ შეგაწუხებთ.
– კარგი, მაშინ მარტო ავალ, შენ არ ამაცილო, – გოგონამ მაცდურად გაიღიმა.
– არ აგაცილებ, თორემ ხომ ვიცი, სახლის კარებამდე რომ ამოგყვე, მერე უკვე აღარ
გამომიშვებ, – გაიღიმა ლუკამ.
– მაშინ, ნახვამდის! – დაემშვიდობა ქეთი და კიბეებს სირბილით აუყვა. – გმადლობ რომ
სახლამდე მომაცილე!
– კარგად! – დაემშვიდობა ლუკა და ჩაბნელებულ ქუჩაში გავიდა.

***

ქეთის დაბადების დღე მხიარულად მიდიოდა. სუფრა მისაღებ ოთახში გაეშალათ. ასე,
ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა და თითქმის ყველა მისი თანატოლი იყო. ის, როგორც
იუბილარი, სუფრის თავში იჯდა და გვერდით დათო ეჯდა. თამადობა გიორგიმ ითავა. თავიდან
უჭირდა სადღეგრძელოების თქმა და იშვიათად ამბობდა, მაგრამ მერე, როცა რამდენიმე ჭიქა
დალია და სასმელი მოეკიდა, თავი კარგად გაართვა.
– მოკლედ, კიდევ ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ! – თქვა გიორგიმ, რომელიც
ფეხზე ადგა და ჭიქა ასწია. – ადამიანი სკოლას რომ ამთავრებს, სკოლის მეგობრებს შორდება. იმ
მეგობრებს შორდება, რომლებთანაც ცხოვრების ყველაზე ლამაზი და უდარდელი წლები
გაატარა. მე მინდა, რომ მეგობრები არასდროს დაშორდნენ ერთმანეთს, ამიტომ ამ ჭიქით, ჩვენს
მეგობრობას ვადღეგრძელებ და ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ის უნდა დავლოცო, ანუ ის
ადამიანები, რომლებიც ჩემი კლასელები იყვნენ. ისე მოხდეს, რომ ღვთის განგებითა და ჩვენი
სურვილით, ერთმანეთს არასდროს არ დავშორდეთ და მუდამ ერთად ვიყოთ!
მის სადღეგრძელოს უამრავი მოწონების შეძახილი მოჰყვა.
– ბიჭო, შენ რა გინდა სტომატოლოგიურზე, პოეტი უნდა გამოხვიდე! – გაეხუმრა ლუკა.
– პოეტი უნდა გამოვიდეს და სადღეგრძელოები წეროს! – გაიცინა სანდრომ.
ქეიფი მხიარულად გრძელდებოდა...
უეცრად გიორგიმ ჭიქა აიღო, ფეხზე წამოდგა და ქეთის უთხრა:
– ქეთი, შენ გაგიმარჯოს! შენ უკვე სრულწლოვანი ხარ და გთხოვ, რომ ჩვენ, ვინც ჯერ
კიდევ არასრულწლოვნები ვართ, არ დაგვჩაგრო!
– მამაშენი სად არის? აქ რატომ არ არის? – დაინტერესდა სანდრო.
– არასრულწლოვანი ქეთი ხულიგანი იყო. ახლა, როცა სრულწლოვანი გახდა,
წარმოიდგინე, ამის შემდეგ როგორი იქნება. ამის გამო ეს დღე უჩასთვის ტრაგედიაა და სწორედ
ამიტომაც აქ არ არის. – სიცილით უთხრა დათომ სანდროს.
– ისე, შენთვისაც არ არის საზეიმო, – ხუმრობით, მრავალმნიშვნელოვნად უთხრა ქეთიმ
და მისმა ნათქვამმა სტუმრების საერთო სიცილ-ხარხარი გამოიწვია.
ქეთი კიდევ ერთი ჭიქის დალევას აპირებდა. ამ დროს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა და
ის ყურმილის ასაღებად წამოდგა, მაგრამ გიორგიმ შეაჩერა:
– აბა, ახლა შენ მანდ იჯექი, მე კი ყურმილს ავიღებ!
გიორგიმ ყურმილი აიღო და რამდენიმე წამში იუბილარს დაუძახა:
– ქეთი, შენ გთხოვენ.
– ვინ არის? – ჰკითხა ტელეფონთან მისულმა გოგონამ.
– არ ვიცი, მეგობარი ვარო. – უპასუხა გიორგიმ და ყურმილი მიაწოდა.
– გისმენთ… რომელი ხარ?
– მეგობარი ვარ! – გაისმა უცნობი ხმა. – დაბადების დღეს გილოცავ!
– გმადლობ, – ქეთიმ გაიღიმა, – მაინც, არ მეტყვი რომელი ხარ?
– ხომ გითხარი, მეგობარი ვარ! შენი საწოლი ფანჯარასთან ახლოს დგას? თუ ახლოს დგას,
მაშინ ერთმანეთს სულ მალე შევხვდებით!
– რაა? – ჰკითხა გაკვირვებულმა გოგონამ და უნებურად გაეღიმა.
– იმ ღამეს როგორ შეგეშინდა, ნუთუ ასეთი საშინელი ვარ?!
ქეთიმ მაშინვე სტუმრებს გადახედა. ოთახში რამდენიმე მათგანი არ იყო, ზურგით მჯდომ
სანდროს კი ყურთან მობილური ტელეფონი ჰქონდა მიდებული. გოგონამ ყურმილი დივანზე
დააგდო, მასთან მივიდა, მობილური ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და უთხრა:
– იქნებ მიხვდე, რომ ეს სასაცილო არ არის!
– ყოჩაღ! – ღიმილით უთხრა სანდრომ. – ისე კარგად ხუმრობ, ადამიანი ვერც კი მიხვდება,
რომ ეს, უბრალოდ, ხუმრობაა და სინამდვილეში საერთოდ არ ხარ გაბრაზებული.
– მართლა გაბრაზებული ვარ! – უთხრა გაცხარებულმა გოგონამ. - ამხელა ბიჭი, რა
სისულელეებით ერთობი! ადრეც შენ მირეკავდი?
– რა ვრეკავდი?! სად ვრეკავდი?! ვერაფერი ვერ გავიგე?! – სანდრომ თავი უკან გადასწია,
თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებული მიაჩერდა განრისხებულ მასპინძელს.
ქეთიმ სანდროს მობილური ტელეფონის ეკრანს დახედა. ეს მისი ნომერი არ იყო.
გამოდიოდა, რომ ადამიანი, რომელიც ასე არასასიამოვნოდ ეხუმრებოდა, სანდრო არ იყო. ესე
იგი, მას სხვა ურეკავდა.
– რა მოხდა? – იკითხა დათომ და ქეთისთან მივიდა, სტუმრები კი ისევ მხიარულობდნენ
და მათთვის ყურადღება არც კი მიუქცევიათ.
– ისეთი არაფერი. ვიღაც გამეხუმრა. უფრო სწორედ, ვიღაც დამცინის და მეგონა, რომ ამას
სანდრო აკეთებდა.
– ვინ დარეკა? რა უნდოდა? – არ მოეშვა დათო. – ისე, რა მოხდა, თუ ვიღაც გაგეხუმრა?!
დღეს ხომ შენი დაბადების დღეა და ყველა გეხუმრება?! ალბათ რომელიმე მეგობარმა დაგირეკა.
– მართალი ხარ! – ღიმილით უთხრა ქეთიმ და სანდროს მობილური ტელეფონი
დაუბრუნა. - ბოდიში, სანდრო.
– კარგი რა, ქეთი! რა ბოდიში?! მოიცა რა! – გაუღიმა ბიჭმა.
როდესაც ქეთი ტელეფონთან დაბრუნდა და ყურმილი ყურთან მიიდო, მხოლოდ
ზუმერის ხმა გაიგონა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ან გათიშეს, ანდა გაითიშა.
ქეთი და დათო ისევ თავ-თავის ადგილებზე დასხდნენ. მას ამ უსიამოვნო ზარის გამო,
ფიქრი არ დაუწყია, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ იმან, ვინც დაურეკა, ყველაფერი იცოდა, იმის
შესახებ, რაც იმ საშინელ ღამეს აგარაკზე მოხდა. და მიუხედავად ხალხმრავლობისა, მას არც ის
გამოჰპარვია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, გიორგი, ნინო და ანა მისაღებ ოთახში არ
იყვნენ.
საღამოს ცხრა საათისთვის, თითქმის ყველა სტუმარი წავიდა. წასვლის წინ მეგობრები
იუბილარს კიდევ ერთხელ ულოცავდნენ დაბადების დღეს. სუფრასთან სულ რამდენიმე
ადამიანი იჯდა.
– მოდი, კიდეც ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი! – თქვა გიორგიმ, ჭიქას ხელი მოჰკიდა და
ფეხზე წამოდგა.
– დაჯექი რა, ხომ ხედავ, მთვრალი ხარ! – უთხრა ლუკამ.
– მოიცა რა! რა მთვრალი, ბიჭო, სულაც არ ვარ მთვრალი. ვერ ხედავ, რომ ფხიზელი ვარ.
ღვინოს ყლუპ-ყლუპით ვსვამდი და როგორ დათვრებოდი?! – უთხრა გიორგიმ, რომელიც
მართლაც არ იყო მთვრალი.
– მიდი, აბა, სადღეგრძელო თქვი! – გამომწვევად უთხრა დათომ, – მაინტერესებს ერთი
რას იტყვი და შენი ნათქვამიდან გამოჩნდება, მთვრალი ხარ, თუ არა.
– აი, ჩვენ, ახლა აქ ვინც ვართ, – დაიწყო გიორგიმ, – ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი
მეგობრები! ლუკას თქმით, მე მთაზე ვცხოვრობ და მის ნათქვამში გარკვეულწილად
ჭეშმარიტებაც ურევია. ქეთი, შენ აქ, პეკინზე ცხოვრობ, ნინო - შენ იქ, ის კიდევ - იქ, და მოკლედ,
იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველა სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობთ, მაგრამ ამან მომავალში
ჩვენს მეგობრობას ხელი არ უნდა შეუშალოს და არ უნდა დაგვაშოროს!.. ჩვენ გაგვიმარჯოს!
– მგონი, რაღაც მთლად კარგად ვერ თქვი, მაგრამ გაგვიმარჯოს! – დათომ ჭიქა ასწია.
ჭიქები ყველამ ერთმანეთს მიუჭახუნეს და ეს სადღეგრძელო ასე შესვეს.
– ქეთი, ზეგ ჩემთან ხომ მოხვალ? – ჰკითხა ნინომ. – ნიღბის კერვას გასწავლი. ცოტას ხომ
მაინც ისწავლი – კარგად არც მე ვიცი.
– მოვალ, მოვალ, – უთხრა ქეთიმ, – რაღაც თვალები გეხუჭება. გეტყობა, რომ მთვრალი
ხარ. ან ხუთზე მოვალ, ან ექვსის ნახევარზე...
– კარგი, – უთხრა ნინომ.
– რაზე ლაპარაკობთ? – იკითხა გიორგიმ, რომელმაც ყური მოჰკრა მათ საუბარს. – რა
ნიღბის კერვა? ნინო, თუ კარგ რამეს ასწავლი, მაშინ მეც მოვალ და მეც მასწავლე.
– დაიძინე რა! – ხელი აუქნია ნინომ.
ქეთი, დათო და გიორგი ლაპარაკობდნენ. სანდრო სიმთვრალისგან აქეთ–იქით
იყურებოდა და ვერ ხვდებოდა, გარშემო რა ხდებოდა. ნინოს და ანას ძილი მორეოდათ, ლუკას კი
თეფში გვერდით გაეწია, თავი მაგიდაზე დაედო და შუქს რომ არ შეეწუხებინა, ხელებს
თვალებზე იფარებდა.
ცოტა ხანში ოთახში უჩა შემოვიდა:
– ვააა, აქ ვინ ყოფილან!
ქეთის გარდა, ყველანი ფეხზე წამოდგნენ და უჩას მიესალმნენ. ისიც ყველას ღიმილით
მიესალმა:
– ხომ არ მიდიხართ? – იკითხა სუფრას შემოსწრებულმა ოჯახის უფროსმა და დაჯდა. –
თუ არ გეძინებათ, მაშინ ჯერ ნუ წახვალთ. იუბილარმა მთხოვა, სუფრას ნუ გაეკარებიო.
უნდოდა, რომ მხოლოდ მისი თანატოლები ყოფილიყვნენ.
– ქეთი, რატომ? – ჰკითხა სანდრომ და გაიღიმა. - რას ერჩი მამაშენს? ისეთი რა დაგიშავა,
ჩვენ რომ არ ვიცით?
ყველას გაეცინა.
ამ დროს ოთახში ნათიაც შემოვიდა და ისიც სუფრასთან დაჯდა. სტუმრებმა ის რომ
მოვიდნენ, მაშინ ნახეს და, რა თქმა უნდა, მეორედ აღარ მიესალმნენ.
– აბა, ქეთი, შენ გაგიმარჯოს! – ჭიქა ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა უჩამ. –
წარმატებებს გისურვებ და იმედია, შემდეგ დაბადების დღეზე, ამ ოთახში შემომიშვებ!
– კარგი, ჰო! სხვა დაბადების დღეზე შემოგიშვებ!
– ახლა თქვენი ამბები მითხარით, უმაღლესში ყველამ ჩააბარეთ? – იკითხა უჩამ.
– დიახ, ყველამ ჩავაბარეთ! – უთხრა სანდრომ.
– ვააა, თქვენ გაგიმარჯოთ! – თქვა უჩამ და ჭიქა დაცალა. – აბა, თქვენ იცით! მთავარია,
ფული იშოვოთ! ბევრი ფული! და იცით, რატომ ვამბობ ამას?
– კაცო, ბავშვებს რეებს ეუბნები! – შეაწყვეტინა ნათიამ.
– დამაცადე, ქალო! შენი აზრით, ესენი ბავშვები არიან? კარგი დარიგება უნდა მოგცეთ!..
მთავარია, ფული იშოვოთ! ფული თუ გაქვს, ესე იგი, შენი საქმე კარგად იცი. ნუ, მე, ახლა,
აფერისტებზე და ისეთებზე არ ვამბობ... მე ვამბობ, რომ მაგალითად, ვთქვათ, თუ ბუღალტერი
ხარ, თუ შენი საქმე კარგად იცი, თუ გიყვარს და ამ საქმეს კარგად ასრულებ, მაშინ ფულიც
გექნება! სხვაგვარად შეუძლებელია! შეუძლებელი და წარმოუდგენელია, შენი საქმე კარგად
იცოდე, კარგად ასრულებდე და ფული არ გქონდეს!
– კარგი რა! რას ამბობ?! – ამოიოხრა ნათიამ. – უამრავი ადამიანია, რომელმაც კარგად იცის
თავისი პროფესია, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს... ამას ნუ უსმენთ!
– ბატონო უჩა, მთლად მართალი არა, თუმცა რაღაცაში სწორი ბრძანდებით! – უთხრა
ლუკამ. - როგორც ქალბატონმა ნათიამ აღნიშნა, უამრავი ადამიანია, რომელმაც თავისი პროფესია
კარგად იცის, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ შოულობს.
– ახლა ეგ, სხვა საკითხია და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პროფესიას აირჩევ. ისეთი
პროფესია უნდა აირჩიო, რომელიც... როგორ ვთქვა... შეიძლება შენი მოწოდება არ არის, მაგრამ
მოგწონს და, რაც მთავარია, ბევრი ფულის მოტანა შეუძლია. აბა, ისეთი პროფესია რად გინდა,
პურს თუ ვერ გაჭმევს?!
– გაგიმარჯოთ! – უთხრა ბოლოს გიორგიმ უჩას და ჭიქა ასწია. – მეც სულ მაგას ვამბობ,
დღეიდან კი თქვენი სიტყვები, ჩემი დევიზი იქნება!
– ჰო, აბა რა! – იცინოდა უჩა. – თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, მასე უნდა მოიქცე!
სტუმრები მალე წავიდნენ. უჩას მათი გაშვება არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია
მათთან დამშვიდობება. წასვლის წინ მეგობრებმა ქეთის კიდევ ერთხელ მიულოცეს დაბადების
დღე, ყოველივე საუკეთესო უსურვეს. ნათიამ შვილს უთხრა, რომ სუფრის ალაგება და სახლის
დალაგება მეორე დაღისთვის გადაედოთ და ყველანი დასაძინებლად წავიდნენ.
გოგონა თავის ოთახში შევიდა, ტასაცმელი გაიხადა, ღამის პერანგი ჩაიცვა და ლოგინში
ჩაწვა. ფანჯარა ღია იყო, ფარდა კი – გადაწეული. ძალიან ეძინებოდა და დაძინებას ცდილობდა,
თუმცა ერთი რაღაცის გამო, ვერ იძინებდა. ბოლოს საწოლიდან ადგა, ფანჯარა დაკეტა, ფარდა
საგულდაგულოდ ჩამოაფარა, მერე ისევ საწოლში დაბრუნდა და მშვიდად დაიძინა.

***

– აბა, ეს ნახე! – უთხრა ნინომ ქეთის და კომპიუტერში კიდევ ერთი ნიღბის ფოტო
,,გახსნა“.
– ეს საკარნავალო ნიღაბს ჰგავს, – უთხრა ქეთიმ.
– ჰო, საკარნავალო არის, მასეთი მეც შევკერე, თუმცა ცუდი გამოვიდა.
– სხვები როგორი გამოვიდა? კარგი თუ ცუდი? მიდი, აბა, მაჩვენე, როგორი ნიღბები
შეკერე! მაინტერესებს, რა ისწავლე.
– მოიცადე, ახლავე გაჩვენებ, ოღონდ არ დამცინო.
ნინო ადგა და ოთახში მდგარი გარდერობი გააღო, რომელშიც ლამაზი ტანსაცმელი
ეკიდა, ქვემოთ კი მუყაოს დიდი ყუთი იდო. მან გარდერობიდან ის ყუთი გამოიღო, საწოლზე
დადო და გახსნა. ყუთში რამდენიმე არც თუ ისე ცუდად შეკერილი ნიღაბი იდო. ქეთი წამოდგა,
ყუთთან მივიდა და ნიღბებს დახედა.
– განსაკუთრებული არაფერია, – უთხრა ნინომ.
– შეიძლება ვნახო?
– ჰო, აბა რა! ამოიღე და ნახე.
ქეთი ნიღბებს იღებდა და ათვალიერებდა, ნინო კი უხსნიდა, თუ რატომ და როგორ
შეკერა მაინც და მაინც ესა თუ ის ნიღაბი. მას ნიღბები მოეწონა. მართალია, არც ერთი არ იყო
კარგად შეკერილი, მაგრამ, თუ ადამიანი ნინოს სამკერვალო გამოცდილებას გაითვალისწინებდა,
მიხვდებოდა, რომ ეს მისთვის დიდი მიღწევას წარმოადგენდა.
– კარგია, ყველა კარგია. კერვა საერთოდ არ იცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმისთვის
მაინც კარგად მოგიბამს თავი. არ მეგონა, ასეთი კარგები თუ იქნებოდა.
– გმადლობ. მე მგონი, აი, ეს ყველაზე კარგად შევკერე, – მიუთითა ნინომ ერთ-ერთ
საკარნავალო ნიღაბზე.
– კი, მშვენიერია. მოდი, ახლა შენ ჰელოუინის ნიღბები მაჩვენე?
– კარგი.
გოგონები ისევ კომპიუტერს მიუსხდნენ. ნინო მეგობარს ჰელოუინის ნიღბებს აჩვენებდა,
რამაც ქეთი ცოტა დააინტერესა. იგი ერთხანს ინტერესით ათვალიერებდა ნიღბების ფოტოებს,
თუმცა მალე ესეც ძალიან მოსაწყენი გახდა, მობეზრდა და აღარ იცოდა, დაქალისგან თავი ისე
როგორ დაეღწია, რომ არ გაენაწყენებინა. ბოლოს საშინლად მოიწყინა. მონიტორს უაზროდ
მისჩერებოდა, უინტერესოდ უყურებდა სხვადასხვა ნიღბების ფოტოებს და ფიქრობდა, ნეტავ
ჩემს მეგობარს მალე მობეზრდეს ნიღბების ფოტოების ჩვენება და თავი დამანებოსო, მაგრამ ასე
არ მოხდა. ნინო ფოტოებს დიდი მონდომებით აჩვენებდა, თან ყველაფერს დაწვრილებით
უხსნიდა და ეს სულაც არ ბეზრდებოდა. ქეთიმ კომპიუტერის მონიტორზე საათს დახედა –
ღამის ათი საათი სრულდებოდა.
– ძალიან მაგარი ნიღბებია, მაგრამ, შენ ის მითხარი, მართლა გინდა, რომ ნიღბების კერვა
ისწავლო? - დაინტერესდა ქეთი.
– მინდა, რომ როგორმე დრო გავიყვანო. რატომ მეკითხები?
– ისე, უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ არ გეზარება ამის თვალიერება და კერვა.
– ხომ გითხარი, უბრალოდ, დროის გაყვანა მინდა და თან რაღაცას ვსწავლობ კიდეც.
ნიღბების კერვა არც ისე მოსაწყენია. აი, ეს ნახე... – უთხრა ნინომ და კიდევ ერთი ნიღაბის ფოტო
აჩვენა.
– მაგარია! – ქეთის თითქოს ეცნო კომპიუტერის მონიტორზე გამოსახული თეთრი
ნიღაბი... თითქოს ადრეც ენახა…
– მგონი, ამ ნიღბებით თავი მოგაბეზრე, – ნინომ სურათი ,,დახურა“ – ქეეთ, ბოდიში რა! ამ
ნიღბებით თავი ძალიან მოგაბეზრე!
– არა, რა თავი მომაბეზრე?! პირიქით, მეც კარგად გავერთე და დროც მშვენივრად
გავიყვანე, – იცრუა გოგონამ და მონიტორზე საათს ისე დახედა, თითქოს არ იცოდა, რომ ღამის
ათი საათი სრულდებოდა, – სადაცაა ათი საათი შესრულდება... მე წავალ, მაგრამ არ გეგონოს,
თითქოს თავი მომაბეზრე...
– კარგი, აბა, ნახვამდის. რითი წახვალ?
– ან ავტობუსით, ან სამარშრუტო ტაქსით, თუმცა შენ ამაზე არ იდარდო, – ღიმილით
უთხრა გოგონამ ბოლო სიტყვები და დაქალთან ერთად ოთახიდან გავიდა.
ნინომ ის კარებამდე გააცილა. ქეთიმ გოგონა გადაკოცნა, დაემშვიდობა და წავიდა.
როცა ქუჩაში გავიდა, უკვე თითქმის ბნელოდა. იქაურობა საკმაოდ კარგად იყო
განათებული. მან მიმოიხედა. ქუჩაში რამდენიმე ბიჭი იდგა, რომლებიც ლაპარაკობდნენ. ბიჭებმა
გოგონას შეხედეს, შემდეგ კი ლაპარაკი განაგრძეს, ოღონდ – მაღალ ხმაზე. ამ დროს ბიჭების
სიცილის ხმა გაისმა, ქეთი კი სწრაფი ნაბიჯით წავიდა. გული გამალებით უცემდა, თვალებს
აქეთ–იქით აცეცებდა, უკან ხშირ–ხშირად იყურებოდა და უნდოდა, რომ რაც შეიძლება მალე
მისულიყო ავტობუსების გაჩერებამდე.
უკან მიიხედა და დაინახა, რომ მისკენ სწრაფი ნაბიჯით ვიღაც მოდიოდა. კიდევ ერთხელ
მიიხედა და დაინახა, რომ უცნობი მისგან არც ისე შორს იყო, მაგრამ ახლა ის, ისე სწრაფად აღარ
მოდიოდა, როგორც თავიდან. გოგონა მისმა თეთრმა სახემ შეაშინა და ამის გამო ნაბიჯს კიდევ
უფრო აუჩქარა. ერთი წამით ისიც კი გაიფიქრა, რომ ნინოსთან დაბრუნებულიყო და ღამე მასთან
გაეთია, მაგრამ უცნობი უკან მოდიოდა და ამიტომ უკან დაბრუნება ვეღარ გაბედა. მან მარცხნივ,
შენობასთან მდგომ ბიჭებს გვერდით ჩაუარა და კიდევ ერთხელ მიიხედა. უცნობი ისევ
ჩვეულებრივი ნაბიჯით მოდიოდა, თუმცა ახლა მისი სახის დანახვა უჭირდა, იმიტომ რომ თავი
მარჯვნივ ჰქონდა მიბრუნებული.
მას ღამით, ქუჩაში, ასე, არასდროს არ შეშინებია. კარგად იცოდა, რატომაც ეშინოდა და
რის გამოც უცემდა გული ასე გამალებით. მიუხედავად იმისა, რომ შიშის მიზეზს აბსურდულად
მიიჩნევდა, მაინც ეშინოდა და ამ შიშს ვერაფერს უხერხებდა…
მალე ავტობუსის გაჩერებაზე მივიდა, სადაც მის გარდა, ხუთიოდე ადამიანი იდგა. ამის
გამო შიში ისე უეცრად გაქრა, როგორ უეცრადაც სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა. ჩანთიდან
მობილური ტელეფონი ამოიღო და დედას დაურეკა.
– ქეთი, სად ხარ ამდენ ხანს? – გაისმა მობილურ ტელეფონში დედის ხმა.
– რა იყო, პირველად ხომ არ ვარ ღამით ქუჩაში?
– ვისთან ერთად ხარ? თუ ბიჭთან ერთად ხარ, სახლამდე მოგაცილოს!
– დედა, მარტო ვარ! – სიცილით უპასუხა შვილმა. – მარტო ვარ. ორბელიანზე ვდგავარ და
ავტობუსს ველოდები, ან სამარშრუტო ტაქსს, რა ვიცი, რომელიც მოვა, იმას. მოკლედ, სახლში
მალე მოვალ!..
– კარგი, აბა, შენ იცი! მალე მოდი!
– კარგი, ნახვმდის, – გოგონამ მობილური ტელეფონი გათიშა და ჩანთაში ჩაიდო.
სამანქანო გზასთან ახლოს იდგა. ლოდინი არასდროს არ უყვარდა, ახლაც მოუთმენლად
ელოდა ტრანსპორტს და ყოველი სამარშუტო ტაქსისა და ავტობუსის ნომრებს ყურადღებით
აკვირდებოდა.
დააინტერესა, გაჩერებაზე მის გარდა, კიდევ თუ იდგა ვინმე. ჯერ მარჯვნივ და მარცხნივ
გაიხედა, შემდეგ კი - უკან. იქ დაახლოებით შვიდი ადამიანი იდგა. ქეთის ყურადღება მიიპყრო
ერთ–ერთმა მათგანმა, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ადამიანს, ცოტა ხნის წინ მის უკან რომ
მოდიოდა. უცნობი სკამზე იჯდა, შავი სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი ეცვა,
თავზე კაპიუშონი ეხურა, ქურთუკის მარცხენა სახელოზე კი თეთრი წარწერა ჰქონდა. თავი
დახრილი ჰქონდა და ამის გამო გოგონამ ვერც მისი სახის დანახვა მოახერხა და ვერც ის, თუ რა
სიმაღლის იყო, მაგრამ შეამჩნია, რომ მაღალი არ უნდა ყოფილიყო. უეცრად მას ისევ დაეუფლა
შიშის გრძნობა. მართალია, ახლა ისე ძალიან აღარ ეშინოდა, როგორც ცოტა ხნის წინ, მაგრამ მისი
შიში ისეთი იყო, რომ მოსვენება საკმაოდ დაუკარგა. ისევ სამანქანო გზისკენ გაიხედა და
შეეცადა, რაიმე სასიამოვნო გაეხსენებინა, რათა შიშის გრძნობა როგორმე მოეშორებინა. არანაირი
სასიამოვნოს ამბის გახსენება აღარ დასჭირდა, იმიტომ რომ ამ დროს მისი სამარშუტო ტაქსი
გამოჩნდა. ქეთიმ ხელი დაუქნია, მაგრამ მძღოლმა არ გაუჩერა და დიდი სიჩქარით განაგრძო
მოძრაობა. გოგონამ დაინახა, რომ სამარშუტო ტაქსი სავსე იყო მგზავრებით და მიხვდა, რომ
სწორედ ეს იყო ის მიზეზი, რის გამოც მძღოლმა არ გაუჩერა. სამაგიეროდ, სამარშუტო ტაქსს უკან
მოჰყვა დიდი ავტობუსი. გოგონას ძალიან გაუხარდა, როდესაც ავტობუსი გაჩერებაზე გაჩერდა.
მართალია, ეს ავტობუსი სახლამდე ვერ მიიყვანდა, მაგრამ ფილარმონიამდე გაჰყვებოდა და ამ
გაჩერებას მოშორდებოდა.
მის წინ ავტობუსის უკანა კარი გაიღო. იგი სწრაფად ავიდა ავტობუსში, ბილეთი აიღო და
სკამზე დაჯდა. მან არ იცოდა, მის უკან მომავალი და გაჩერებაზე მჯდომი უცნობი ერთი და
იგივე ადამიანი იყო, თუ არა და, საერთოდ, ჰქონდა თუ არა იმის მიზეზი, რომ მისი შეშინებოდა.
ყველაფერი თავის ფანტაზიას დააბრალა. ჩათვალა, რომ უცნობი, რომელიც მის უკან
მოდიოდა, უბრალოდ, თავის გზაზე მიმავალი ადამიანი იყო, ხოლო თეთრ სახეში სრულიად
არაფერი არ იყო უცნაური. უცნობი, რომელიც სკამზე იჯდა, სულ სხვა ადამიანი იყო. განა ჩვენს
დროში ცოტა ადამიანს აცვია შავი სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი? თუნდაც
ერთი და იგივე ადამიანიც რომ ყოფილიყო, რატომ უნდა შეშინებოდა? ალბათ, უბრალოდ,
უცნობიც გაჩერებაზე მოდიოდა, მას კი შეეშინდა. თანაც რატომ? ვიღაც უცნობი ადამიანის გამო,
რომელიც ქუჩაში თავისი გზით მიდიოდა.
ავტობუსი ჯერ არ დაძრულიყო ადგილიდან და კარებებიც ღია იყო, როდესაც ქეთი უკვე
სულ მთლად დამშვიდდა. ამ დროს დაინახა, რომ შავებში ჩაცმული უცნობი ავტობუსში შუა
კარიდან ამოვიდა. ის ამოსვლის დროს ქეთის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვენა მხარეს
იყურებოდა.
გოგონა ისევ აღელდა და უწინდელი შიში დაუბრუნდა. ფიქრობდა, რომ ეს უკვე აღარ იყო
დამთხვევა. უცნობი ჯერ მის უკან მოდიოდა, შემდეგ გაჩერებაზე იჯდა, ახლა კი იმავე
ავტობუსში ამოვიდა, რომლელშიც თვითონ იჯდა. თუმცა იქნებ მაინც დამთხვევა იყო და
უცნობი სულაც არ მოჰყვებოდა უკან? მან მდგომარეობის ასახსნელად ასეთი მოსაზრებები
მოიყვანა.
დაინახა, რომ უცნობი ავტობუსის წინა ნაწილისკენ წავიდა და ერთ–ერთ ისეთ სკამზე
დაჯდა, რომელიც ავტობუსის უკანა ნაწილისკენ იყურებოდა, ამიტომ ქეთის და უცნობს
ერთმანეთის დანახვა შეეძლოთ. უცნობს თავი კვლავაც დახრილი ჰქონდა და გოგონამ ახლაც
ვერ შეძლო მისი სახის დანახვა.
ქეთიმ ჯერ წინ გაიხედა, მერე უკან მიიხედა და დაინახა, რომ ავტობუსში მისი და შავებში
ჩაცმული უცნობის ჩათვლით, ათიოდე მგზავრი იქნებოდა და ყველა მათგანი სხვადასხვა
ადგილას იჯდა.
იფიქრა, რომ შავებში ჩაცმული უცნობი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც ის
მოეწონა და ახლა უკან იმიტომ მოჰყვებოდა, რათა გაეგო, თუ სად იყო მისი სახლი. გაახსენდა,
რომ როდესაც ნინოს სადარბაზოდან ქუჩაში გამოვიდა, იქ ბიჭები იდგნენ, რომლებმაც მას
ყურადღება მიაქციეს და იმავე ბიჭების ხმამაღალი სიცილიც გაახსენდა. ალბათ ერთ–ერთ
მათგანს მოეწონა და გადაწყვიტა, გაეგო, თუ სად ცხოვრობდა ეს ლამაზი გოგონა. სწორედ
ამიტომ მოჰყვებოდა უკან შავებში ჩაცმული უცნობი. თუმცა ვინ იცის, იქნებ უცნობს ცუდი
განზრახვა ჰქონდა. ამის გაფიქრებაზე გოგონას კიდევ უფრო მეტად შეეშინდა. იფიქრა, რომ
უცნობი მასთან მივიდოდა და გაცნობას მოინდომებდა, ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად
ცოტათი წინ გადაინაცვლა. ახლა ის ერთ–ერთი ქალის გვერდით იჯდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ
უცნობი გვერდით ვეღარ მიუჯდებოდა და მის გაცნობას ვეღარ შეძლებდა.
მას არ უნდოდა, შავებში ჩაცმულ უცნობს გაეგო, თუ სად ცხოვრობა და არც იმდენი
ფული ჰქონდა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყო და სახლში ტაქსით წასულიყო. ასე რომ, უცნობი
როგორმე სხვანაირად უნდა მოეშორებინა თავიდან.
ბოლოს გადაწყვიტა, ფილარმონიასთან ჩასულიყო და იქ ეცადა უცნობის თავიდან
მოშორება.
,,გარდა ამისა, ხომ შეიძლება ფილარმონიასთან პატრული იდგეს? – გულში თქვა ქეთიმ. –
შეიძლება და ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ვეტყვი, პატრულს რომ ეს შავებში ჩაცმული იდიოტი
უკან მომყვება და ამ საქმეს მერე ისინი მიხედავენ“.
ავტობუსმა რამდენიმე გაჩერება გაიარა და მალე ფილარმონისთან მივიდოდა. ახლა
ავტობუსში ოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მგზავრობის დროს ქეთიმ უცნობს კიდევ რამდენჯერმე შეხედა მალულად, თუმცა მისი
სახე ვერც ერთხელ ვერ დაინახა, იმიტომ რომ მას თავი ისევ დახრილი ჰქონდა. უცებ უცნობმა
თავი ასწია, მას სულ ერთი წამით შეხედა და ისევ დახარა. გოგონამ დაინახა თეთრი სახე. ეს სახე
ადამიანის სახეს არაფრით ჰგავდა. ეს ნამდვილად არ ეჩვენებოდა და სიბნელესაც ვერ
დააბრალებდა, იმიტომ რომ ავტობუსში შუქი ენთო და იქაურობა საკმაოდ კარგად იყო
განათებული. ქეთიმ მაშინვე გვერდით გაიხედა. ძალიან შეეშინდა, მაგრამ თავი შეიკავა და
გვერდით მჯდომ ქალს არაფერი უთხრა, რადგან იფიქრა, რომ ეს სისულელე იქნებოდა. ამ დროს
თავში ერთი აზრი მოუვიდა, ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა...
– გისმენთ. – გაისმა ცოტათი შეშინებული ხმა.
– ლუკა, ქეთი ვარ! – ჩუმად უთხრა აღელვებულმა გოგონამ. – მომისმინე! გეხვეწები,
ფილარმონიის წინ, მარცხენა მხარეს, რომ გაჩერებაა, იქ მოდი!
– რაა?! – ლუკას გაკვირვებული ხმა ჰქონდა.
– ფილარმონიასთან რომ ავტობუსის გაჩერებაა, იქ მოდი! სერიოზულად გეუბნები და
გეხვეწები, რაც შეიძლება მალე!
– კარგი რა, ქეთი! რატომ დამცინი?
– სერიოზულად გეუბნები! – ქეთიმ კიდევ ერთხელ შეხედა უცნობს, რომელსაც
კაპიუშონიდან ცოტათი მოუჩანდა თეთრი სახე. – გეხვეწები, მალე მოდი! არ გეხუმრები! შენ
ახლოს ცხოვრობ და მალე მოხვალ!
– მოხდა რამე? – ჰკითხა ბიჭმა, რომელსაც ხმაზე მღელვარება და ცნობისმოყვარეობა
შეეტყო.
ქეთის არ უნდოდა, მის გვერდით მჯდომ ქალს გაეგო ის, რის თქმასაც აპირებდა, ამიტომ
სკამიდან ადგა, უკანა კარებთან სწრაფად მივიდა და ლუკას უთხრა:
– მოკლედ, ვიღაც მომყვება და მგონი, დარტყმულია. ახლა ავტობუსში ვარ, ისიც აქ არის
და ფილარმონიასთან, რომ გაჩერებაა, იქ ჩავალ. მოხვალ? თუ მოხვალ, ვინმე წამოიყვანე! ეცადე,
მარტო არ მოხვიდე!
– ფილარმონიის წინ, მარცხენა მხარეს, ხომ? – ჰკითხა აღელვებულმა ლუკამ.
– ჰო, ჰო, მარცხენა მხარეს!
– კარგი, უკვე მოვრბივარ! არსად არ წახვიდე, გაჩერებაზე დამელოდე და ეცადე, ხალხში
დადგე!
მალე ავტობუსი ფილარმონიის წინ, გაჩერებაზე გაჩერდა. ქეთი აქ უნდა ჩასულიყო. იგი
ავტობუსიდან ჩავიდა, მაშინვე რამდენიმე ადამიანის გვერდით დადგა და თვალით პატრულს
დაუწყო ძებნა, მაგრამ ის არსად არ ჩანდა. მგზავრები ავტობუსში ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ.
შავებში ჩაცმული უცნობიც ჩამოვიდა, რომელსაც თავი კვლავაც დახრილი ჰქონდა. იგი
უცნაურად, განცალკევებით, სამანქანო გზასთან ახლოს დადგა და ცოტათი მარცხნივ იყო
მიბრუნებული, თითქოს ტრანსპორტს ელოდებოდა, თუმცა ხშირ–ხშირად ოდნავ ქეთისკენ
იხედებოდა.
გაჩერებაზე საკამოდ ბევრი ხალხი იდგა. ქეთი ორი ქალის გვერდით დადგა და თან
უცნობს უყურებდა, რომელიც ისევ ისე იდგა და ხანდახან ფარულად გამოხედავდა ხოლმე მას.
უცნობი საშუალო სიმაღლის, სპორტული აღნაგობის ბიჭი უნდა ყოფილიყო.
გოგონა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული იყო, რომ შავებში ჩაცმული უცნობი მას
მოჰყვებოდა უკან. მისი თეთრი სახე ძალიან აშინებდა. ამას მოჰყვა იმ საშინელი ღამის გახსენება,
როდესაც ჭექა–ქუხილის დროს, ფანჯარასთან თეთრსახიანი საშინელება დაინახა. მოუთმენლად
ელოდა ლუკას მოსვლას. დაახლოებით ხუთი წუთი იდგა გაჩერებაზე. ამ დროის განმავლობაში
ხან უცნობს უყურებდა, რომელიც უწინდებურად ერთ ადგილზე იდგა და ზოგჯერ ოდნავ
გამოხედავდა ხოლმე მას, ხანაც წინ გაიხედავდა, იმ იმედით, რომ ლუკა მოვიდოდა და ეს
საშინელებაც დამთავრდებოდა. ბევრმა ავტობუსმა და სამარშუტო ტაქსმა გაიარა, მაგრამ ქეთი
არც ერთ მათგანს არ გაჰყოლია, იმიტომ რომ ეს უაზრობა იქნებოდა. თუ წავიდოდა, უცნობი ისევ
უკან გაჰყვებოდა, ხოლო თუ აქ დარჩებოდა, მალე ლუკა მოვიდოდა და ამ საქმეს ის
მოაგვარებდა.
ქეთიმ წინ ვიღაც დალანდა, რომელიც გადასასვლელზე გადმორბოდა. ეს ბიჭი იყო. იგი
ნელ–ნელა სიბნელიდან გამოვიდა. მას თეთრი ყავისფერზოლიანი პერანგი და ლურჯი ჯინსის
შარვალი ეცვა.
– ლუკა! - დაუძახა ქეთიმ მას.
ბიჭმა ის მაშინვე დაინახა და პატარა გადასასვლელზე სწრაფად გადაირბინა.
– რა ხდება? აბა, ვინ მოგყვება?
– აი, ის, შავი ტანსაცმელი რომ აცვია! – მიუთითა შავებში ჩაცმულ უცნობზე, რომელიც ამ
დროს სწრაფად წავიდა მარცხნივ, გადასასვლელთან მივიდა და სიბნელეში გაუჩინარდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ შენ მოგყვებოდა?
– ჰო. ნინოს სახლიდან რომ გამოვედი, მგონი, მაშინ ამედევნა. ჯერ გაჩერებამდე გამომყვა,
შემდეგ ავტობუსშიც ამომყვა და ბოლოს, აქაც ჩამომყვა. თავზე კაპიუშონი ეხურა და თითქოს
სახეს მალავსო, სულ სხვა მხარეს იყურებოდა.
– ვიღაც ავადმყოფი იქნება. წამოდი, სახლამდე მიგაცილებ.
– სადმე აქ ხომ არ არის ის დარტყმული?
– არა, აქ ნამდვილად აღარ არის. ტაქსს გავაჩერებ და სახლამდე მიგაცილებ.
– ისედაც ძალიან შეგაწუხე და მოდი, სამარშუტო ტაქსით წავიდეთ, ოღონდ მე
გადავიხდი - ტაქსის ფული არ მაქვს.
– არა, ტაქსით წავიდეთ, – გაიცინა ლუკამ.
– კარგი, – დაეთანხმა გოგონა.
სულ მალე ისინი ტაქსში ისხდნენ, რომელმაც ქეთი სწრაფად მიიყვანა სახლამდე. ლუკამ
მძღოლს ფული გადაუხადა და ამჯერად ქეთი სახლის კარებამდე მიაცილა.
– მე წავედი, აბა, შენ იცი! – დაემშვიდობა ლუკა. – თავს გაუფრთხილდი და ფრთხილად
იყავი!
– ტაქსის ფული გააქვს? ცოტა ხნით რომ შემოსულიყავი?
– არა, რომ შემოვიდე, მშობლებს რას ეტყვი? ვიღაც გიჟი უკან მომყვებოდა და ლუკას
დავურეკე, მოდი და სახლამდე მიმაცილეო?! ფული მაქვს.
– კარგი, – გაიცინა ქეთიმ, – აბა, შენ იცი! ნახვამდის!

თავი 4

ფანჯარა დაკეტილი იყო, ფარდა კი ჩამოფარებული. ოთახში შუქი არ ენთო. იქაურობა


სულ მთლად სიბნელით იყო მოცული. საკმაოდ ჩახუთული ჰაერი იდგა, მაგრამ მიუხედავად
ამისა, ქეთი ფანჯარას მაინც არ აღებდა. თავისი ოთახის ფანჯარა ნინოსთან წასვლამდე რომ
დაკეტა, მას შემდეგ დაკეტილი იყო. ბოლო დროს სულ ასე იქცეოდა, როდესაც სადმე მიდიოდა,
სახლიდან ისე არ გავიდოდა, თავისი ოთახის ფანჯარა რომ არ დაეკეტა, ღამით კი ფანჯარასაც
კეტავდა და ფარდასაც საგულდაგულოდ აფარებდა. ამ ყველაფრის მიზეზს შიში წარმოადგენდა.
მისი შიში ბავშვურ შიშს ჰგავდა. იცოდა, იმ ოთახში მისი მშობლების გარდა, სხვა არავინ
შევიდოდა, მაგრამ მაინც ეშინოდა.
იმ დღეს თავს გადამხდარის გამო, საერთოდ არ ეძინებოდა, საწოლზე გულაღმა იწვა და
სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. ახლა უკვე სიბნელისაც ეშინოდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა
ოთახში სინათლის ანთება, მაგრამ საკუთარი თავის შერცხვა და ეს აზრი თავიდან ამოიგდო.
მალე მისი თვალები სიბნელეს შეეჩვივნენ და ახლა ოთახი ისეთი ბნელი აღარ იყო, როგორც
უწინ. მაშინღა იგრძნო, რომ ჩახუთული ჰაერი იდგა. გაახსენდა – ფანჯარა უკვე რამდენიმე საათი
იქნებოდა დაკეტილი. გაღება არც კი უფიქრია. ერჩივნა, ოთახში ჩახუთული ჰაერი ყოფილიყო,
ვიდრე ფანჯარა დაეტოვებინა ღია.
დაძინება უნდოდა, მაგრამ ვერ იძინებდა. გამუდმებით ბოლო დროს თავს გადამხდარი
უცნაურობები ახსენდებოდა, რომლებიც მის სიმშვიდეს არღვევდნენ და მშვიდად ყოფნის
საშუალებას არ აძლევდნენ. ახლა მისთვის მთავარი გამოცანა, შავებში ჩაცმული უცნობი იყო.
იმაზე ფიქრობდა, თუ ვინ იყო შავებში ჩაცმული უცნობი. იქნებ ის მართლაც ერთ–ერთი
იმ ბიჭთაგანი იყო, რომელიც ნინოს სახლთან იდგა და მოსაზრება, რომ მას ის, უბრალოდ,
მოეწონა და უკან ამიტომ გამოჰყვა, სიმართლეს წარმოადგენდა?! ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ,
ალბათ, სიბნელეში ბიჭები, კარგად ვერც კი დაინახავდნენ და ერთი–ერთი მათგანი უკან რატომ
გამოჰყვებოდა? თუმცა ის ხომ საკმაოდ ხშირად მიდიოდა ნინოს სახლში?! სავარაუდოდ, იმ
უცნობმა ბიჭმა ადრე დაინახა, მოეწონა, უკან გაყოლა კი ახლაღა გადაწყვიტა. ალბათ, ასე იყო,
მაგრამ თეთრი სახე, რომელიც იმ საშინელ ღამეს დაინახა?! ამ უცნობსაც ხომ თეთრი სახე
ჰქონდა?! იქნებ ეს უბრალო დამთხვევა იყო?! იქნებ უცნობის სახეში სრულიად არაფერი არ იყო
უცნაური და უბრალოდ მოეჩვენა?! მის ცხოვრებაში უცნაური შემთხვევები ბანკეტის შემდეგ
დაიწყო. შეიძლება სკოლა რომ დაამთავრა და კლასელებს ხშირად ვეღარ ხვდებოდა, მისი
ცუდად ყოფნა სწორედ ამან გამოიწვია და ამის გამო უმნიშვნელო რაღაცეებიც კი აშინებდა. ასეთ
შემთხვევაში რა უნდა ეღონა?! ვაითუ ეს საშინელება გაგრძელებულიყო და შიშიც სულ მასთან
დარჩენილიყო?! კი მაგრამ, ის უბრალო რამ იყო, ღამით ვიღაც უცნობი უკან რომ მოჰყვებოდა?!
არც უცნობის სახე ჩანდა უბრალო! ნამდვილად დაინახა და არაფერი მოჩვენებია! ლუკას თუ
დაუჯერებდა, გამოდიოდა, რომ ყველაფერი იმ ღამით განცდილი შიშის ბრალი იყო. შავებში
ჩაცმული უცნობი ლუკამაც დაინახა, ესე იგი, ქეთის არაფერი მოჩვენებია! როცა ლუკა მოვიდა,
შავებში ჩაცმული უცნობი მაშინ წავიდა, ეს კი, კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმას, რომ ის, სწორედ
მას მოჰყვებოდა! იმ ღამეს თეთრსახიანი საშინელების დანახვა, მერე კი უეცრად შუქის ჩაქრობა –
იქნებ მართლა დაესიზმრა ან იქნებ სიმთვრალისგან მოეჩვენა? შეიძლება ფანჯარასთან
რომელიმე თავისი კლასელი დაინახა და სიმთვრალის, ან იმის გამო, რომ ნახევრად ეძინა,
შეეშინდა. ამის შემდეგ მისმა კლასელმა ვეღარ გაბედა იმის თქმა, რომ ფანჯარასთან თვითონ
იდგა. ამ ადამიანს შეეშინდა, რის გამოც სიმართლე ვეღარ თქვა. შეეშინდებოდა, აბა რა! მან ხომ
ის საშინლად შეაშინა, ამიტომაც უსიამოვნებები არ ასცდებოდა. კი მაგრამ, იმ საშინელებას თავი
ფანჯარაზე რომ ჰქონდა მიდებული?! იქნებ მანიაკი იყო, რომელზეც ინტერნეტში წაიკითხა? და
რა, მანიაკი ქალაქში გამოჰყვა?! როგორ იპოვა?! იქნებ მანიაკმა გაიგო, ვისაც ეკუთვნოდა
აგარაკი?! ისე, ეს რთული არ იქნებოდა, იმიტომ რომ დათოს და მის მშობლებს, ალბათ,
მეზობლები იცნობდნენ. საჭირო ინფორმაციას მათგან მოიპოვებდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ
თვითონ ქეთის როგორ მიაგნებდა?!
არა, ეს აზრი ნამდვილი სისულელე იყო! ეს უაზრობა იყო და ამაზე აღარ იფიქრებდა!
იქნებ ამ ყველაფერს დათო აკეთებდა?! აგარაკზე წასვლის იდეა ხომ მას ეკუთვნოდა. სწორედ მან
შეიყვანა იმ საშინელ ოთახში, მერე კი თვითონვე შეაშინა და გმირივით გამოეცხადა.
ქეთის ფიქრები გამუდმებით ამ ამბების გარშემო ტრიალებდა. თავისდაუნებურად ისეთ
ცხოვრებისეულ მომენტებს იხსენებდა, როცა რაღაცის ან ვიღაცის ძალიან შეშინებოდა, თუმცა
შეიძლება ითქვას, რომ მის ცხოვრებაში დათოს აგარაკზე მომხდარის გარდა, სხვა შიშის
მომგვრელი ამბავი, საერთოდ არც არსებობდა. ამის გამო ჩაბნელებულ ოთახში მყოფი გოგონა
ნელ–ნელა შიშმა შეიპყრო, რომელიც საბოლოოდ ისე მაგრად მოეხვია, რომ შიშისგან გვერდით
გახედვაც კი აღარ შეეძლო. სინათლის ანთება სურდა, თუმცა საწოლიდან ადგომა ვერ გაბედა,
საბანი თავზე დაიფარა და ისევ დაძინება სცადა.
ეს მისთვის ნამდვილი საშინელება იყო. უნდოდა, დაეძინა და იმ საშინელ მოგონებებს
გასცლოდა, რომლებიც მოსვენებას უკარგავდნენ, მაგრამ არც ეძინებოდა და ვერც იძინებდა.
ბოლოს გადაწყვიტა მშობლებისთვის დაეძახა, რათა მოსულიყვნენ და შუქი აენთოთ:
– დედა!... – დაიძახა ქეთიმ, მაგრამ არავინ არ მოვიდა, – დედა!... მამა!... – ისევ არავინ
მოდიოდა, – ცუდად ვარ!... მოდით!...
რამდენჯერმე კიდევ დაიძახა, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ ძახილს არავითარი აზრი არ
ჰქონდა – მშობლებს ეძინათ, ვერ გაიგეს და ამიტომ არ მივიდნენ. ბალიშის ქვეშ დადებული
დასაკეცი მობილური ტელეფონი აიღო და საათს დახედა – ჯერ მხოლოდ თორმეტის ნახევარი
სრულდებოდა. საათის ნახვის მერე კიდევ უფრო ცუდად გახდა, იმიტომ რომ გათენებამდე, ჯერ
კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.
გამუდმებით ახსენდებოდა: დათოს აგარაკზე მომხდარი ამბავი, შავებში ჩაცმული
უცნობი, მანიაკზე წაკითხული სტატია და სატელეფონო ზარები. გაახსენდა, როდესაც საწოლში
იწვა, თვალები გაახილა და საშინელება დაინახა. შემდეგ შუქის ჩაქრობა, იმ საშინელების
მეორედ გამოჩენა, ღრიალი და ფანჯარაზე ხელების რტყმა. გაახსენდა ბნელი ქუჩები და შავებში
ჩაცმული უცნობი, რომელიც უკან მოჰყვებოდა. ავტობუსში მისი სახის დანახვა და სიბნელეში
გაუჩინარება. ბოლოს გაახსენდა სტატია მანიკაზე და უცნობის ზარები. რა საშინელება იყო, როცა
უცნობი ტელეფონის ყურმილში ღრიალებდა... დაბადების დღე მიულოცა და უთხრა, შენი
მეგობარი ვარო.
გოგონას ეს ყველაფერი ძალიან აშინებდა. დიდხანს იწვა საწოლში შიშის ქვეშ მყოფი და
თავზე საბან დაფარებული. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც შეძლო დაძინება და საშინელ
მოგონებებსა და ფიქრებს ცოტა ხნით დააღწია თავი...
დილაუთენია გაეღვიძა. უკვე აღარ ეშინოდა. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, მაშინვე
საწოლზე წამოჯდა და წინა დღეს მომხდარის გაანალიზება სცადა. როდესაც გაახსენდა, თუ
როგორ ძლიერ ეშინოდა ღამით სიბნელეში თავის ოთახში მარტო ყოფნის, ერთობ
გაკვირვებული დარჩა.
შხაპი მიიღო და ისაუზმა. როდესაც თავის ოთახისკენ მიდიოდა, დაინახა დედა,
რომელიც სააბაზანოდან გამოდიოდა.
– არ ისაუზმებ? – ჰკითხა ნათიამ.
– გმადლობ, უკვე ვისაუზმე.
– მგონი, ღამით ვიღაც ყვიროდა. შენ არაფერი გაგიგია?
– არა, მე არაფერი გამიგია, მაგრად მეძინა და მგონი, შენც და მამასაც მაგრად გეძინათ.
– რატომ არ უნდა გვძინებოდა? ომი იყო, თუ ქვეყანა იქცეოდა?
– არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ, ვიხუმრე. კარგი, მე ჩემს ოთახში ვიქნები. დღეს
არსად არ ვაპირებ წასვლას.
– ჰო, წასვლაზე გამახსენდა. შეგიძლია, რომ ღამ–ღამობით ქალაქში აღარ ,,ისეირნო“?
ძალიან მიეჩვიე ღამით ქუჩაში აქეთ–იქით სიარულს. ისე, რომ იცოდე, მე და მამაშენი
ვნერვიულობთ ხოლმე, ჰოდა, უმჯობესია, ღამით ქუჩაში სიარულს გადაეჩვიო!
– მართალი ხარ, ღამით ქუჩაში აღარ ვივლი.
ქეთი თავის ოთახში დაბრუნდა, კომპიუტერი ჩართო, ინტერნეტში შევიდა და ძებნაში
ჩაწერა – ,,მანიაკის მიერ ჩადენილი მკვლელობა“. სტატია, რომელსაც ეძებდა, სამიოდე
ვებსაიტზე იდო. სამივეზე აბსოლუტურად ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე ფოტოთი
და ერთი და იგივე სათაურით – ,,მკვლელობა აგარაკზე“. ასევე ეწერა, რომ სტატია დაბეჭდილი
იყო ჟურნალ ,,ახალი ამბების“ მიერ. აღსანიშნავია, რომ სამივე ვებსაიტის შექმნა უფასოდ
შეიძლებოდა. მათი შექმნა ყველას შეეძლო, ვინც ცოტათი მაინც ერკვეოდა კომპიუტერსა და
ინტერნეტში. ქეთიმ სწორედ ამის გამო იფიქრა, რომ შესაძლო იყო, ეს მკვლელობა ერთ–ერთი
იდიოტური ვებსაიტის ადმინისტრატორის მოგონილი ყოფილიყო, რითიც თავისი საიტის
პოპულარიზაციას ცდილობდა და ამ ხერხმა გაამართლა კიდეც – სტატია სხვა ვებსაიტის
ადმინისტრატორებმაც ნახეს და თავიანთ საიტებზე დადეს.
კომპიუტერი გამორთო და შეეცადა, ბოლოდროინდელი უცნაურობები აეხსნა. ის
უცნაურობები, რომლებიც სიმშვიდეს უკარგავდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მის
ფიქრებში ისევ ძალიან ბევრი ,,იქნებ“ და ,,მაგრამ“ ფიგურირებდა. ბოლოს გადაწყვიტა, ქუჩაში
გასულიყო, ცოტა ფეხით გაევლო და იქ ეფიქრა. იქნებ როგორმე ფიქრებში გარკვეულიყო და
ყველაფერი კარგად აეწონ–დაეწონა.
მოღრუბლული დღე იყო. ქეთიმ მწვანე სპორტული ქურთუკი და ლურჯი ჯინსის
შარვალი ჩაიცვა, სწრაფად აიღო მობილური ტელეფონი და საფულე, თმა კარგად დაივარცხნა და
ოთახიდან გავიდა. უქმე დღე იყო. უჩა არ მუშაობდა, სახლში იჯდა. ცოლთან ერთად მისაღებ
ოთახში ტელევიზორს უყურებდა.
– ცოტას გავივლი და მოვალ. - თქვა ქეთიმ.
– კიდე გავივლიო?! – შეიცხადა ნათიამ. – ისედაც სულ ქუჩაში ხარ?! სახლში ღამით
მოდიხარ და კიდევ ქუჩაში გინდა, რომ გაიარო?!
– გავისეირნებ და მოვალ რა! დილაა, ღამე ხომ არ არის?
– კარგი, გაისეირნე, ოღონდ საღამობით ნუ გადიხარ ქუჩაში, თორემ დაღამებამდე სახლში
აღარ ბრუნდები ხოლმე, – უთხრა უჩამ, – მეგობრები უნდა ნახო?
– არა. რა არის, რატომ მეკითხები? მამა, თუ რამე გინდა, მითხარი.
– რომელიმე ბიჭს თუ ნახავ: ლუკას, დათოს ან ვინმე სხვას, ჩვენთან მოიყვანე. ერთს
გადავკრავთ, დავლევთ და ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ თუ ჩემი ცხოვრება ასე გაგრძელდება,
ალბათ, მოვკვდები!
– თუ ვინმეს ვნახავ და გამომყვება, მოვიყვან! აბა, წავედი!
იგი სახლიდან გავიდა. კიბეები ჩვეულებისამებრ სწრაფად ჩაირბინა, ქუჩაში კი გზას
ნელი ნაბიჯით გაუყვა.
მიდიოდა და ფიქრობდა. ყველაფერი შემდეგნაირად ახსნა: მისი აზრით, ერთადერთი,
ყველაზე შესაძლო ვარიანტი ამ უცნაურობების ახსნისა, იმაში მდგომარეობდა, რომ ყველაფერს
დათო ჩადიოდა. იმ ღამეს, როცა მთვრალი იყო, სწორედ დათომ შეიყვანა ოთახში. ჯერ ერთი, ხომ
შეეძლო იმ ოთახში სულაც არ შეეყვანა და პირველ სართულზე, მისაღებში დაეწვინა. შეიძლება
მისაღებში არა, მაგრამ ისეთში მაინც, რომელიც ეზოს მხარეს იყო. ეს ბიჭი თუ მართლა
ზრუნავდა მასზე, ასე უნდა მოქცეულიყო. ამ შემთხვევაში, ქეთის თუ რამე დასჭირდებოდა, მის
ხმას მეგობრები აუცილებლად გაიგებდნენ, ის კი პირიქით მოიქცა – ცუდად განათებულ ოთახში
დააწვინა, რომელიც ბაღის მხარეს მდებარეობდა.
ფიქრი შეწყვიტა და ქუჩას თვალი მოავლო. კვლავაც მოღრუბლული ამინდი იყო. ცა
იქუფრებოდა, საწვიმრად ემზადებოდა და, ალბათ, იწვიმებდა კიდეც. ქუჩაში, როგორც
ყოველთვის, ხალხმრავლობა და გადატვირთული მოძრაობა შეიმჩნეოდა.
ისევ განაგრძო ფიქრი. ის საშინელი სახე გაიხსენა, რომელიც იმ ღამეს ფანჯარასთან
დაინახა. ეს დათო იყო! ნამდვილად დათო იყო! იცოდა, თავის სახლში, სად რა ინახებოდა.
ალბათ, რამე ნაჭერი აიღო და თავზე ჩამოიფარა, რითიც შეყვარებული შეაშინა. ამის შემდეგ
შეშინებულ გოგონას ვაჟკაცივით გამოეცხადა და მის თვალში პიროვნულად ამაღლება
გადაწყვიტა, თანაც ისიც მოჩმახა, რომ ის, ვინც შენ დაინახე, მანიაკი იყოო.
მართლაც, ამ ამბის მერე, მას დათოზე უწინდელზე უფრო დიდი წარმოდგენა შეექმნა. ეს
ბიჭი მის თვალში კიდევ უფრო ამაღლდა და მისთვის მეტად ახლობელი გახდა. ასეთი საშინელი
ღამის შემდეგ თითქმის ერთი თვე მაინც იყო ცუდად. ზოგჯერ ოთახში მარტო დარჩენის
ეშინოდა, მაგრამ მშობლებისთვის მომხდარის შესახებ არაფრის თქმა არ უნდოდა. სწორედ ამის
გამო იყო, რომ ქუჩაში ადრინდელზე უფრო მეტ დროს ატარებდა, თანაც თითქმის სულ
დათოსთან ერთად. ის კი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, შეყვარებულს ყოველთვის
ამშვიდებდა და გვერდში ედგა.
იმასაც სწორედ ეს სურდა – ერთმანეთსს უფრო დაახლოვებოდნენ რისთვისაც ასეთ ცუდ
საქციელსაც არ მოერიდა.
ამ ბიჭმა იმას მიაღწია, რაც სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საწადელს მიაღწია, რატომ არ
წყვეტდა შეყვარებულზე ზეწოლას?! ერთი მიზეზი არსებობდა. ეს მიზეზი იყო ორი სადენი,
რომელიც დათოს აგარაკზე იყო და რომლის საშუალებითაც სახლს, დენი მიეწოდებოდა.
გოგონას გაახსენდა, თუ რა უთხრა ნინომ მაშინ, როცა ის საშინელი ღამე გათენდა: ,,შუქი
შემთხვევით ჩაქრა და, ალბათ, მაგ დროს მოგეჩვენა რამე. მთვრალი იყავი, თანაც გეძინა. აქ
არავინ არ ყოფილა“.
– შუქი როგორ ჩაქრა? – იკითხა შეშინებულმა ქეთიმ.
– ორი სადენია და, მოკლედ, ერთმანეთს უერთდება, – აუხსნა სანდრომ, – სადენებს რომ
შეართებ, სახლს დენი მიეწოდება, გამოართებ და აღარ მიეწოდება.
– მერე? – ჰკითხა ქეთიმ.
– შემთხვევით, ალბათ, ქარის გამო, სადენები თავისით გამოირთო და სინათლე სწორედ
ამის გამო ჩაქრა, – უთხრა ნინომ.
– ეგ ჩამრთველი აივანზე იმ ოთახის გვერდით არის, რომელშიც შენ გეძინა, – აუხსნა
სანდრომ.
ქეთის ისიც გაახსენდა, როგორი ბოროტი მზერით შეხედა ამ დროს ნინომ სანდროს.
მისი აზრით, უფრო სწორი იქნებოდა, ნინო თუ იტყოდა, სინათლე დათომ ჩააქროო. ის
სადენებიც ხომ იმ ოთახის გვერდით იყო, რომელშიც მან დააწვინა. ალბათ, ეს ერთ–ერთი იმ
მიზეზთაგანი იყო, რის გამოც, მას იმ საშინელ ოთახში მოუწია ყოფნა. ორი აზრი არ არსებოდა –
დათომ ამ სადენების შესახებ იცოდა! სწორედ მან ჩააქრო სინათლე!
მერე, ალბათ, გაიგო, მის შეყვარებულს სადენების შესახებ რომ უთხრეს. იფიქრა,
ყველაფერს მიხვდებაო და საჭირო გახდა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. სწორედ
ამიტომ დაიწყო მის სახლში რეკვა და იმის შიშით, რომ მას ან მის მშობლებს ხმაზე არ ეცნოთ,
ხმას არ იღებდა, ყურმილში არაბუნებრივი ხმით ღრიალებდა და შემდეგ ის იდიოტური სტატიაც
მან დადო ვებსაიტზე. იმ დილით დათოს რომ დაურეკა, მან უთხრა, მეძინაო, მაგრამ როდესაც
ერთმანეთს შეხვდნენ, ბიჭმა ჭამაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ უკვე ნასაუზმევი იყო
სახლში. კი მაგრამ, როცა დაურეკა, მაშინ თუ გაიღვიძა, ახალმა გაღვიძებულმა ასე დილაუთენია,
როგორ მოასწრო ჩაცმაც, ჭამაც და თან პაემანზეც არ დაიგვიანა?! მაინც და მაინც იმ ღამეს არ
ეძინა?! ღამით მის სახლში რამდენჯერმე დარეკა და, ალბათ, დილითაც აპირებდა დარეკვას,
თუმცა შეყვარებულის ზარმა აღარ მისცა ამის საშუალება.
ქეთის ზუსტად ახსოვდა, რომ სტატია დათოს სოც. ქსელის პროფილში იდო, ესე იგი, მისი
დადებული იყო, მან კი ეს უარყო. მას მობილური ტელეფონიდანაც შეეძლო ინტერნეტში შესვლა
და თავის პროფილში სტატიის წაშლა, ასე რომ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმას მისახვედრად,
თუ როგორ მოახერხებდა სტატიის წაშლას.
ამ დროს ქეთიმ შენიშნა, რომ სახლიდან საკმაოდ შორს წასულიყო, უკან მობრუნდა და
ფიქრი განაგრძო.
ამის შემდეგ უცნობმა დაბადების დღეზე დაურეკა. იმ დროს დათო სუფრასთან იჯდა.
მაშინ უცნობმა ღრიალის ნაცვლად, ხმა ამოიღო და დაელაპარაკა. ალბათ, დათომ განგებ ვიღაცას
დაარეკინა, მისთვის ეჭვები რომ გაეფანტა და ის აზრი გაექარწყლებინა, რომ მისი შეყვარებული
ნამდვილი არამზადა და რეგვენი იყო.
სხვა რომ არაფრი, შავებში ჩაცმული უცნობი აღნაგობით ძალიან ჰგავდა დათოს. თანაც
შავი სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი დათოსაც ჰქონდა და თითქმის სულ ამ
ტანსაცმლით დადიოდა.
ამ ბიჭმა საწადელს ამჯერადაც მიაღწია და სულ მთლად აუბნია თავგზა, მაგრამ ეს ცოტა
ხანს გაგრძელდა. ეგ არაფერი, ახლა მთავარი ის იყო, რომ ქეთიმ უკვე ყველაფერი იცოდა და
შურსაც იძიებდა...
ძალიან უჭირდა იმის დაჯერებდა, რომ ყველა ეს საშინელება დათომ ჩაიდინა. დიდი ხანი
იყო, რაც შეყვარებულები იყვნენ, ის კი ყოველთვის კეთილი, მზრუნველი, მხიარული და,
უბრალოდ, კარგი ბიჭი იყო. კარგად მხოლოდ ქეთისადმი კი არ იყო განწყობილი, არამედ
ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ქეთის ახლაც ახსოვდა ის დღე, როდესაც მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. მაშინ
ათი წლის იყო. იქ ბევრი ბავშვი გაიცნო და ახალი მეგობრებიც შეიძინა. ბევრი თვლიდა თავს მის
მეგობრად, თუმცა თვითონ, მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა.
ორი წლის შემდეგ იმ სკოლაში, რომელშიც ის სწავლობდა, გადმოვიდა დათო. მათ
ერთმანეთი თავიდანვე მოეწონათ და სულ მალე შეყვარებულებიც გახდნენ. ისინი დიდი ხანი
იყვნენ ერთად, მაგრამ შემდეგ ერთმანეთი თითქოს მობეზრდათ და ამის გამო დაშორდნენ
კიდეც. სკოლის გარდა, არსად აღარ ხვდებოდნენ და ერთმანეთსაც აღარ ურეკავდნენ. ქეთის სხვა
თაყვანისმცემლებიც ჰყავდა. მალე სხვა შეყვარებული გაიჩინა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მას
დაშორდა, იმიტომ რომ დათოსთან ძველი ურთიერთობის განახლება სურდა.
ისინი ისევ შეყვარებულები გახდნენ. ისევ ერთად იყვნენ, ხშირად ერთმანეთს
უთქმელადაც უგებდნენ, კამათობდნენ და იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც შორდებოდნენ
იმის გამო, რომ ერთმანეთი ბეზრდებოდათ, მაგრამ მერე, მალევე ერთმანეთი მოენატრებოდათ
და ისევ ერთად იყვნენ.
ქეთი ისე გაერთო ფიქრებში, ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ მიუახლოვდა თავის სახლს.
სადაბრაზოში შევიდა, ჩვეულებისამებრ სწრაფად აირბინა ხუთი სართული, თავის ბინის კართან
გაჩერდა და ზარი დარეკა. კარი დედამ გაუღო:
– კარგია, რომ მოხვედი. წინწკლავს, ალბათ იწვიმებს და ქუჩაში დასველდებოდი.
– ჰო, – გოგონა სახლში შევიდა.
მისაღები ოთახის კარი გაიღო და შემოსასვლელში უჩამ თავი გამოყო:
– გოგო, რა არის, ისევ ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებს?! ნამდვილად რომელიმე შენი
ნაცნობია და დაგვცინის! ჰოდა, ერთხელაც იქნება გავლანძღავ!
– ჩემი ნაცნობი რატომ იქნება?!
– აბა, ჩემი ან დედაშენის ნაცნობი ტელეფონით დაცინვას არ დაგვიწყებს. შენი აზრით,
ჩვენი ასაკის ადამიანი გვირეკავს და დაგვცინის?
– ჰო, კარგი. კიდევ თუ დარეკავენ და ხმას არ ამოიღებენ – გალანძღე. ახლა დავწვები.
ბევრი ვიარე, დაღლილი ვარ. ნუ შემაწუხებთ!
ის თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაჯდა. მისთვის ძალიან ძნელი იყო იმის
დაჯერება, რომ ამ საშინელებებს დათო ჩადიოდა, მაგრამ სხვა ვარიანტი არ არსებობდა. ამ
წლების განმავლობაში ამ ბიჭს ძალიან შეეჩვია. იგი მისთვის საოცრად ახლობელი გახდა, ისეთი
ახლობელი, რომელსაც მშობლებისა და მეგობრებისაგან განსხვავებით, მისი ყოველთვის
ყველაფერი ესმოდა. მას არ უნდოდა დათოსთან სერიოზული ჩხუბი ანდა საერთოდ დაშორება,
მაგრამ როდესაც მის ნამოქმედარზე ფიქრობდა, საშინლად ბრაზდებოდა.
მაინც იტოვებდა იმედს, რომ ამ ყველაფერს დათო კი არა, ვიღაც სხვა ჩადიოდა. ცუდი ის
იყო, რომ მაშინ, ამ უცნაურობების ასახსნელად, რაიმე სხვა ვარიანტი უნდა ყოფილიყო,
რომელიც ქეთის არ ჰქონდა. ამის გამო კი ჩიხში მოექცეოდა, რაც ამ შემთხვევაში
გაურკვევლობაში ყოფნას ნიშნავდა. მისთვის საშინელება იყო გაურკვევლობაში ყოფნა,
ამიტომაც ასე აღარ შეეძლო.

***

ქეთი ქუჩაში, თავისი სახლის წინ იდგა და გზის მეორე მხარეს მოძრავ სამარშრუტო
ტაქსებსა და ავტობუსებს თვალს ადევნებდა. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა და რაღაცას
ელოდებოდა. მარცხენა ხელით თმებს იხვევდა და ყოველი გაჩერებული ტრანსპორტიდან
ჩამოსულ მგზავრს მღელვარებით აკვირდებოდა.
თმა ახლი შეღებილი ჰქონდა, მხარზე შავი ჩანთა ეკიდა, ტანზე გრძელმკლავიანი,
წითელი მაისური და ლურჯი ჟილეტი ეცვა. ლურჯი ჯინსის ბოლოკაბა მუხლამდე სწვდებოდა.
ადამიანი დანახვისთანავე მიხვედებდა, რომ ეს გოგონა ასე, ან ვიღაცისთვის, ანდა რაღაცისთვის
გამოწყობილიყო.
ცას შეხედა. დიდი, შავი ღრუბელი ცაზე არხეინად გაწოლილიყო, წინ ზანტად
მიიზლაზნებოდა და საავდროდ ემზადებოდა. არ უყვარდა მოღრუბლული ამინდი წვიმის
გარეშე, მაგრამ ახლა სულ არ აინტერესებდა იწვიმებდა თუ არა, იმიტომ რომ უფრო დიდი
საზრუნავი ჰქონდა.
გზის მეორე მხარეს კიდევ ერთი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა და გაჩერდა. იქიდან შავებში
ჩაცმული, საშუალო სიმაღლის ბიჭი ჩამოვიდა. გოგონამ მაშინვე მშვიდი გამომეტყველება
მიიღო, თუმცა თმის დახვევა არ შეუწყვიტავს. ბიჭი გადასასვლელზე გადავიდა, მასთან მივიდა
და გადაკოცნა:
– როგორ ხარ? დავიგვიანე?
– კარგად ვარ. არა, არ დაგიგვიანია, მე მოვედი ადრე. შენ როგორ ხარ, დათო?
– ასე იშვიათად რომ გხედავ, როგორ ვიქნები?! წამოდი, კაფეში წავიდეთ.
– არა, ეკლესიაში წავიდეთ!
– ეკლესიაში?! მეხუმრები თუ მართლა მეუბნები?! რამდენჯერმე ლამის ძალით მიგიყვანე
ეკლესიაში და ახლა შენ გინდა, იქ წასვლა?!
– ჰო, მინდა, რომ ეკლესიაში წავიდეთ! მერე რა მოხდა? რატომ ღელავ?
– მე? არ ვღელავ. საიდან მოიტანე, რომ ვღელავ? წამოდი, წავიდეთ. წმინდა კვირიკესა და
ივლიტას სახელობის ეკლესიაში წავიდეთ?
– ჰო, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში წავიდეთ! – უთხრა ქეთიმ და
ეკლესიისკენ წავიდნენ.
– რა გჭირს? – ჰკითხა შეშფოთებულმა დათომ. – რამე ხომ არ გაწყენინე? რაღაც ძალიან
ცუდ ხასიათზე ხარ, ვინმემ გაწყენინა?
– ძალიან კარგ ხასიათზე ვარ! – ცივად მიუგო ქეთიმ. – მგონი, შენ თვითონ ხარ ცუდ
ხასიათზე.
– არა, მე არ ვარ ცუდ ხასიათზე?! – უპასუხა გაკვირვებულმა დათომ, – მითხარი, რა
მოხდა, უნებურად რამე ხომ არ გაწყენინე?
– უნებურად არა, ნებით. და არა მხოლოდ მაწყენინე, არამედ მავნე კიდეც!
– რას ამბობ? – დათო გაჩერდა და გოგონას მკლავში ხელი წაავლო.
– ხელი გამიშვი! – აგრესიულად უთხრა ქეთიმ და ხელი გაითავისუფლა. – წამოდი, ჩვენ
ხომ ეკლესიაში მივდიოდით, სათქმელს გზაში გეტყვი!
გოგონამ გზა განაგრძო, ბიჭიც უკან გაჰყვა:
– ქეთი, რას ამბობ, ნამდვილად რაღაც გეშლება?!
– ძალიან კარგად მიხვდი, რასაც ვამბობ და რაზეც გეუბნები. იმ ღამეს შენს აგარაკზე რომ
შემაშინე, ხომ გახსოვს?..
– მე შეგაშინე? – შეაწყვეტინა ერთი შეხედვით გაოგნებულმა ბიჭმა. – საიდან მოიტანე,
რომ მე შეგაშინე? ეგ ვინ გითხრა?
– არავის არაფერი არ უთქვამს. შენ მე იდიოტი ხომ არ გგონივარ?! აგარაკზე წასვლა შენი
იდეა იყო და იმ საზიზღარ ოთახშიც შენ შემიყვანე, რომელშიც ნათურაც კი არ ანათებდა
ნორმალურად. ზუსტად იმ ოთახის გვერდით ეგდო ის სადენები, რომლებსაც ერთმანეთს თუ
დააშორებდი, დენი გამოირთვებოდა. თავზე რაღაც თეთრი ძონძი ჩამოიცვი და შემაშინე, მერე კი
ჩემზე შთაბეჭდილება რომ მოგეხდინა, ვაჟკაცივით გამომეცხადე!
– ასეთი სისულელე საიდან მოიტანე?! – ჰკითხა გაკვირვებულმა დათომ. – მე კი არ
შეგაშინე, რაღაც მოგელანდა, ან ცუდი სიზმარი ნახე. ეგ სისულელე ვინ გითხრა?
– არავის არაფერი არ უთქვამს! – გაბრაზდა ქეთი. – ჯერ არ დამიმთავრებია და იქნებ
დამაცადო, რომ ბოლომდე ვთქვა სათქმელი!
– კარგი, თქვი რისი თქმაც გინდა.
– მერე იფიქრე, ყველაფერს მიხვდებაო და, რომ დაგებნიე და ჩემი ყურადღება სხვა
რამეზე გადაგეტანა, ჩემს სახლში დაიწყე რეკვა, – ქეთიმ დაინახა, რომ დათო ჩხუბს არ აპირებდა
და უფრო ამაყად და უშიშრად განაგრძო საუბარი, – ხმას არ იღებდი – მხოლოდ ღრიალებდი,
იმიტომ რომ ხმას თუ ამოიღებდი, მაშინვე მივხვდებოდი, რომ შენ იყავი. მანიაკზე ის
იდიოტური სტატიაც შენ დადე საიტზე ჩემს შესაშინებლად. კარგად მახსოვს და ზუსტად ვიცი,
შენ დადე, მაგრამ რომ გკითხე, ასე მითხარი, მე არ დამიდია, რაღაც გეშლებაო. მერე ეგ სტატია
ვეღარ ვნახე, იმიტომ რომ წაშალე!
– გოგო, რეებს ლაპარაკობ? მე მგონი, ცუდად ხარ. წამოდი, სახლში წაგიყვან. დაწექი და
დაიძინე. თუ გინდა, ექიმსაც გამოგიძახებ...
– ექიმი არაფერში მჭირდება! ძალიან კარგად ვარ!..
– თუ კარგად ხარ, ასეთ სისულელეებს რატომ ლაპარაკობ?! მე თუ შეგაშინე და თუ
ვიფიქრე, რომ შენ მიხვდებოდი ეს ვინც გააკეთა, ანუ მიხვდებოდი, რომ მე შეგაშინე, მაშინ რატომ
დავიწყებდი შენს სახლში რეკვას და ყურმილში ღრიალს?! მითუმეტეს, რისთვის დავდებდი
სოციალურ ქსელში იმ დეგენერატულ სტატიას?! ასე ხომ უფრო მეტად დარწმუნდებოდი იმაში,
რომ ეს ჩემი ჩადენილი იყო. და, საერთოდ, შენი შეშინება რატომ უნდა მდომებოდა?! იქნებ გამცე
ამაზე პასუხი?!
– ერთხელ უკვე გითხარი, რომ შენ შემაშინე და მერე ვაჟკაცივით გამომეცხადე. ასე
გინდოდა, რომ შენზე დიდი წარმოდგენა შემქმნოდა. ჩემს დაბადების დღეზე ვიღაცამ რომ
დამირეკა, დამელაპარაკა და ჩემი შეშინება სცადა, იმ ვიღაცასაც შენ დაარეკინე! თვითონ კი იმ
დროს სუფრასთან იჯექი და ამ გზით ცდილობდი, ჩემთვის თავიდან იმ აზრის მოშორებას, რომ
ჩემთან შენ რეკავდი. გუშინწინ, ღამით, უკან რატომ მომყვებოდი? გეგონა, ვერ მივხვდებოდი,
რომ ეს შენ იყავი? გეგონა, შეშინებული დაგირეკავდი და გეტყოდი, ქუჩაში მარტო სიარულის
მეშინია და გთხოვ, სულ ჩემთან ერთად იყავი-მეთქი, – ქეთიმ ბოლო წინადადება განგებ, დიდი
სინაზით წარმოთქვა.
ამასობაში ეკლესიასაც მიუახლოვდნენ. დათოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ
ქეთიმ არ დააცადა და გადასასვლელზე გადავიდა. ბიჭი უკან მიჰყვებოდა. მოულოდნელად მან
გოგონას მაჯაზე ხელი მოჰკიდა, გააჩერა და ნერვულად უთხრა:
– ქეთი, შენ ან კარგად არ ხარ, ან ეგ სისულელეები ვიღაცამ გითხრა და ვიცი, ვინც, რომ
დავიჭერ!..
– ვისზე ამბობ? მე სისულელეებს არ ვლაპარაკობ და უკვე ორჯერ გითხარი, რომ ჩემთვის
არავის არაფერი არ უთქვამს!
– ვინ მოგყვებოდა უკან?
– შენ მომყვებოდი! – გოგონამ ისევ გაითავისუფლა ხელი. – მისმინე, თავის მოკატუნებას
აზრი არ აქვს. ნუთუ არ გრცხვენია? უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და შენ კიდევ რეები
ჩაიდინე?! შენთან არც ისე ახლოს ვიყავი? ერთმანეთს უფრო რომ დავახლოვებოდით, მაინც და
მაინც, უნდა შეგეშინებინე?
– კარგი, მე, რა თქმა უნდა, შემეძლო ყველა ამ იდიოტობის ჩადენა, მაგრამ ეს მხოლოდ
ვარაუდია. დაფიქრდი! თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ რასაც შენ ამბობ, მაგის გაკეთება, ჩვენს
ნებისმიერ კლასელს შეეძლო.
– ნებისმიერს არა, ეგ მხოლოდ შენ შეგეძლო!
– ქეთი, დაფიქრდი რას ამბობ! შენ რა, მართლა გგონია, რომ ეგ საზიზღრობები მე
ჩავიდინე? რაღაც ვერ გცნობ! დაფიქრდი რას ამბობ!
– ეკლესიაში შევიდეთ!
– რატომ?
– ხატთან დაიფიცე, რომ შენ არ ჩაგიდენია და დაგიჯერებ! და თუ ეს ყველაფერი შენ
ჩაიდინე, მაშინ უმჯობესია მითხრა და გაპატიებ!
– ჯობია გითხრა, ჰო? – ხმას აუწია ბიჭმა, თითქმის ყვიროდა.
– ნუ ყვირი!
– ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები! – გაბრაზდა დათო. – შენ გგონია, პატარა ბიჭი ვარ და
რასაც გინდა, იმას დამაბრალებ?! შენი სისულელეები ამდენი ხანი ვისმინე, ახლა კი გინდა, რომ
ხატთანაც დავიფიცო, ჰო? მასხარა ხომ არ გგონივარ? გეუბნები, რომ ეგ სისულელეები მე არ
ჩამიდენია და მორჩა!.. შენ რა, იდიოტი ხარ და მართლა გგონია, რომ ეგ ყველაფერი მე ჩავიდინე?!
– წესიერად ილაპარაკე! – შიშნარევი ხმით უთხრა ქეთიმ. მას დათო ასეთი გაბრაზებული
არასდროს ენახა. – დაფიცება რომ ვახსენე, მას შემდეგ გაბრაზდი. ისეთი რა გითხარი, ასე რომ
გაბრაზდი? ახლა უფრო დავრწმუნდი, რომ ყველა ის საზიზღრობა შენ...
– გეუბნები, რომ მე არ ჩამიდენია... – დათომ ტონი შეცვალა და დამშვიდება სცადა.
– დაიფიცე! ხატის წინ დაიფიცე! – არ ეშვებოდა ქეთი.
– მე პატარა ბავშვი არ ვარ! შენ კარგად იცი, რა კაციც ვარ და ფიცი არ არის საჭირო! თუ
გგონია, რომ ეგ საზიზღრობები ჩემი ჩადენილია და ხატთან დაფიცების გარეშე არ დამიჯერებ,
ესე იგი, საერთოდ არ მიცნობ! მე პატარა ბავშვი არ ვარ!
– ჰოდა, დამივიწყე! – უთხრა გულდაწყვეტილმა ქეთიმ. – აღარ მინდა შენი ნახვა! იცოდე,
თუ კიდევ გამომყვები უკან ან კიდევ დამირეკავ სახლში და ჩემს შეშინებას ეცდები, პოლიციას
შევატყობინებ!
– კარგი. კარგად იყავი! – უთხრა დათომ და წავიდა.

***

ქეთი ქუჩაში სკამზე იჯდა, თავზე კაპიუშონი ეხურა და ტიროდა. ხელში ცხვირსახოცი
ეჭირა და ცრემლებს იწმენდდა. თავი დახრილი ჰქონდა. არ უნდოდა, ხალხს ასეთ
მდგომარეობაში მყოფი დაენახა. ისე, თავის დახრა, ალბათ, საჭირო არც იყო, იმიტომ რომ იმ
ქუჩაზე, ხალხი თითქმის არ დადიოდა და გარშემო მხოლოდ რამდენიმე შენობა და ხე იდგა.
ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ასე იმიტომ გამოეწყო, დათო რომ მოეხიბლა და
გამოეტეხა, მაგრამ საწადელს რომ ვერ მიაღწია, უთხრა, დამივიწყე და ჩემს ცხოვრებაში აღარ
გამოჩნდეო. მისთვის ამის თქმა ძალიან ძნელი იყო. ეს იმ იმედით უთხრა, რომ იგი
დათანხმდებოდა და ხატზე დაიფიცებდა, ანდა აღიარებდა, რომ მართლაც აშინებდა, მერე კი,
ბოდიშსაც მოუხდიდა და შერიგდებოდნენ.
თუმცა დათო ასე სულაც არ მოიქცა, რამაც ქეთი ძალიან დაამწუხრა. იმ დროს, როდესაც
მან უკანასკნელი სიტყვები უთხრა და წავიდა, გოგონას თვალებზე ცრემლები მოადგა და
გარშემო ხალხი რომ არა, იქვე ატირდებოდა. თავზე კაპიუშონი დაიხურა და იქაურობას სწრაფად
მოშორდა. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა და ტიროდა. თვითონაც არ იცოდა სად, მაგრამ ისეთ
ადგილზე უნდოდა წასვლა, სადაც სრულიად მარტო იქნებოდა.
ახლა ის სკამზე იჯდა, ახსენდებოდა უამრავი მომენტი თავისი და დათოს ცხოვრებიდან.
მოგონებები სევდას ჰგვრიდა. გაახსენდა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორი
დაუვიწყრი იყო ეს. უამრავი ლამაზი დღე გაახსენდა, რომელიც ამ ბიჭთან ერთად გაატარა და
მასთან გატარებული ყველაზე უმნიშვნელო წუთებიც კი ენატრებოდა. ეს ის წუთები იყო,
როდესაც ქეთი დათოსთან ერთად იყო და მოწყენილობისგან არ იცოდა, რა ექნა.
ერთხელ ისინი ხელგადახვეულები პარკში ისხდნენ. მოღრუბლული დღე იყო. ცრიდა.
ქარი უბერავდა და ხეებს ფოთლები სცვიოდა. სციოდა, მაგრამ თავს მაინც ძალიან კარგად
გრძნობდა და წასვლა არ უნდოდა. მან დათოს თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა. წვიმის
წვეთები მშვენიერ ხმას გამოსცემდნენ. ქეთი სულგანაბული უგდებდა ყურს ამ ხმას. პატარა, ცივი
წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა და გოგონას სიამოვნებით ეღიმებოდა. ცივი ქარი აქეთ–იქით
დაქროდა და შეყვარებულ წყვილს ეფერებოდა. ქეთის უნდოდა, ეს წამები მარადისობად
ქცეულიყო. აი, კიდევ ერთი წვიმის წვეთი დაეცა სახეზე, კიდევ ერთხელ დაუბერა ცივმა ქარმა,
ცივად შეეხო შეყვარებულ წყვილს და ფოთლები აქეთ–იქით მიმოფანტა. უეცრად ქეთიმ
გამხმარი ფოთლის ხმა გაიგო, რომელიც ქარმა გაიტაცა, მაგრამ ისე ძლიერ კი არ დაუბერა, ჰაეში
მაღლა რომ აეტაცებინა, არამედ ძირს, მიწაზე ხმაურით გააქროლა და სწორედ ამ ფოთლის ხმა
იყო. ქეთის ეს ხმაც კი სიამოვნებას ჰგვრიდა…
უცებ ხმამაღალი საუბარი შემოესმა რამაც მშვენიერი მოგონება შეაწყვეტინა. თავი ასწია
და მისკენ მომავალი რამდენიმე ადამიანი დაინახა, რომლებიც, ალბათ, სკამზე დასაჯდომად
მოდიოდნენ. ქეთიმ სწრაფად მოიწმინდა ცრემლები, ადგა და წავიდა.
დიდხანს სდიოდა ცრემლები და მოგონებებიც არ ანებებდნენ თავს. დამშვიდებას
ცდილობდა. ცდილობდა, თავისი ცხოვრებიდან რაიმე კარგი გაეხსენებინა, მაგრამ ყველა კარგი
მოგონება დათოს უკავშირდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ცოტა დამშვიდდა და ტირილი
შეწყვეტა.
უკან მიიხედა და გაფითრა. შავებში ჩაცმული უცნობი, რომელსაც თავზე კაპიუშონი
ეხურა ხეებს მიღმა წინ და უკან მიდი–მოდიოდა. გოგონა გაჩერდა და უცნობს შეხედა. უცნობმაც
ნაბიჯი შეანელა და მას გამოხედა. ქეთი სწრაფი ნაბიჯით წავიდა. შეამჩნია, რომ უცნობს ისეთი
თეთრი სახე აღარ ჰქონდა, როგორც უწინ. ხეები ეფარებოდა და ვერ შეძლო კარგად დაენახა, თუ
რა ეცვა, მაგრამ, მგონი, ისევ შავი სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი უნდა სცმოდა –
დათოსაც ზუსტად ასე ეცვა. სწორედ ამის გამო მოუნდა გაერკვია, მის უკან მართლა მისი
შეყვარებული იყო თუ არა. არ შეჩერებულა, მხლოდ უკან მიიხედა და შეეცადა, კარგად დაენახა,
ხეებთან მყოფი ადამიანი ნამდვილად დათო იყო თუ არა, მაგრამ მისგან უკვე საკმაოდ შორს
იმყოფებოდა და კარგად ვერაფრის დანახვა ვეღარ შეძლო. უცნობი დათოს ჩაცმულობით კი
ჰგავდა, მაგრამ მასზე მაღალი ჩანდა. ქეთიმ ასეთი შორი მანძილიდან მისი სახე საერთოდ ვერ
დაინახა, თუმცა ადრე ნანახით თუ იმსჯელებდა, უცნობი სახით დათოს საერთოდ არ უნდა
ჰგვანებოდა.
ასე იყო თუ ისე, გოგონას შეეშინდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა. სამანქანო გზაზე
გადავიდა, ყველა მხარეს გაიხედა და დარწმუნდა რა, რომ შავებში ჩაცმული უცნობი იქ არ იყო,
ცოტათი დამშვიდდა.
ახლა ის სამარშუტო ტაქსს ელოდა, რათა რაც შეიძლება მალე მისულიყო სახლში.
დიდხანს არ მოუწია ლოდინი. სულ მალე სამარშუტო ტაქსში იჯდა და სახლში მიდიოდა.
მართალია, ცუდად იყო, მაგრამ ლიფტით არც ახლა უსარგებლია. ჩვეულებისამებრ ფეხით
ავიდა, ოღონდ სწრაფად არბენის ნაცვლად ნელა აუყვა საფეხურებს. ნამტირალევი სახე ჰქონდა
და არ უნდოდა, მშობლებს ასეთი ენახათ, ამიტომ ჩანთიდან ,,პუდრი“ ამოიღო, გახსნა, სარკეში
ჩაიხედა და ტირილისაგან დაწითლებულ ადგილებზე წაისვა.
თავისი ბინის კართან რომ მივიდა, შეჩერდა, თავი ხელში აიყვანა, ზარი დარეკა და
როდესაც დედამ კარები გაუღო, გაუღიმა.
– რა იყო, ცუდად ხომ არ ხარ?
– არა, – უპასუხა ქეთიმ და თავისი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.
– ქეთი, რა გჭირს? ვინმემ გაწყენინა? – დედა მაინც მიხვდა, რომ შვილი კარგად არ იყო.
– უბრალოდ, ცუდად ვარ და მარტო ყოფნა მინდა!
გოგონა თავის ოთახში შევიდა და კარი მიხურა.
თავი 5

ქეთი ძალიან განიცდიდა დათოსთან განშორებას, თავს ცუდად გრძნობდა და


გამუდმებით იმ კარგ დროს იხსენებდა, როდესაც ისინი ერთად იყვნენ. რამდენჯერმე
გადაწყვიტა მასთან დარეკვა და კიდევ ერთხელ დალაპარაკება, მაგრამ გადაიფიქრა. მართალია,
ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ქალური თავმოყვარეობა მაინც არ აძლევდა ამის
უფლებას. თუ დათო დაურეკავდა, აღიარებდა, რომ აშინებდა და ბოდიშს მოუხდიდა,
შეურიგდებოდა, თუ არადა, მას სამუდამოდ დაივიწყებდა.
მან ეს მტკიცედ გადაწყვიტა და ასეც მოიქცეოდა. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული
იყო, მითუმეტეს, რომ გამუდმებით ახსენდებოდა, თუ რა კარგად გრძნობდა თავს დათოსთან,
თუმცა გარდა ამისა, თეთრი სახე და მისი სხვა ოინებიც ახსენდებოდა, რაც ამ ბიჭის მიმართ
სიძულვილს უღვივებდა. ამ დროს ძალიან ბრაზდებოდა. უნდოდა ვინმესთან ეჩხუბა და რაიმე
დაემტვრია, მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ დათოს მოკვლის სურვილი უჩნდებოდა.
სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო, როცა მისი ოთახის კარებზე დედამ დააკაკუნა:
– შეიძლება? შვილო, როგორ ხარ?
– რა გინდა? – უხეშად ჰკითხა ქეთიმ.
ნათია ოთახში შევიდა და შვილს შეხედა, რომელიც საწოლზე იჯდა და გაბოროტებული
სახით უყურებდა.
– ბოლო ორი დღეა, რაღაც ცუდად ხარ და იქნებ მითხრა, რა დაგემართა? ასე თუ იჯდები
ოთახში და არავის ეტყვი, რატომ ხარ ცუდად, უარესად გახდები.
– რა გინდა? – თითქმის დაუყვირა შვილმა, რომელსაც სახეზე საშინლად ბოროტი
გამომეტყველება ჰქონდა.
– შვილო, ნუ ჩხუბობ! – შეეცადა მის დამშვიდებას ნათია. – მე ხომ არ გეჩხუბები,
უბრალოდ, მინდა, რომ დაგეხმარო.
– მე შენი დახმარება არ მჭირდება, თავი დამანებე!
–ასე ნუ მელაპარაკები, ბოლოს და ბოლოს, დედაშენი ვარ! როგორ არ გჭირდება
დახმარება, როცა ვხედავ, რომ რაღაც გაწუხებს და ცუდად ხარ.
– არაფერი არ მაწუხებს, ძალიან კარგად ვარ... თუმცა არა, მე ერთი რაღაც მაწუხებს და ის
რაღაც შენ ხარ!
– დედას როგორ ელაპარაკები?! – ოთახში უჩა შემოვიდა. – როგორ ელაპარაკები, ჰა?! შენი
თავი ვინ გგონია?! ჩხუბს მოეშვი და თქვი რა გჭირს! ორი დღის წინ ქუჩაში რომ გახვედი, შენი
თქმით, სასეირნოდ და დაბრუნდი, მას შემდეგ ასე ცუდად ხარ.
– გთხოვთ თავი დამანებეთ! – მშვიდად თქვა გოგონამ. – ოთახიდან გადით! გთხოვთ რომ
ოთახიდან გახვიდეთ, მე უნდა დავიძინო!
– შვილო, იმ დღეს რა მოხდა? – ალერსიანად ჰკითხა დედამ.
– არაფერი, უბრალოდ, ეს ორი დღეა, რაღაც კარგად ვერ ვარ და დასვენება მჭირდება.
– ქეთი, ოჯახის უფროსი მე ვარ! – დაიწყო მამამ. – შენ, ჩემი შვილი ხარ და შენზე პასუხს
ვაგებ. გასაგებია, რომ ცუდად ხარ და ჩვენთან ლაპარაკი არ გინდა. არ გინდა, გვითხრა, თუ რა
მოხდა ორი დღის წინ, როცა შენი თქმით, ქუჩაში სასეირნოდ იყავი წასული. ჯობია, არ
გამაბრაზო და მითხრა, რა მოხდა იმ დღეს! შენი მტერი ვარ? არა. მამა ვარ და უნდა დაგეხმარო!
ხმა ამოიღე და თქვი, რა მოხდა იმ დღეს!
– დათოს დავშორდი! – ცრემლები ძლივს შეიკავა ქეთიმ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის
თქვა, რაც მას დიდად აწუხებდა, არამედ, იმიტომ რომ მშობლები ისე ელაპარაკნენ, თავი
დამნაშავედ იგრძნო. რა კარგი მშობლები ჰყავდა, ის კი მათ ამდენი წლის განმავლობაში
სათანადოდ არ აფასებდა. – ვიჩხუბეთ და დათოს დავშორდი.
– რაზე იჩხუბეთ? – ჰკითხა დედამ. - ხომ არ გცემა?
– არა, რა მცემა?! – თავი გააქნია ქეთიმ. – თანადგომისთვის მადლობას გიხდით, ახლა კი,
თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ!
როდესაც მშობლები ოთახიდან გავიდნენ, გოგონა საწოლზე მიწვა და ტირილი დაიწყო.
რამდენიმე წუთი დაჰყო ასეთ მდგომარეობაში. ძალიან რთული იყო ამდენ
სადარდებელთან გამკლავება. ერთი მხრივ, დათოსთან დაშორებას განიცდიდა, თუმცა ჯერ
კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ ეს ბიჭი ყველაფერს აღიარებდა და პატიებას სთხოვდა. მეორე
მხრივ, მშობლების ზრუნვამ გული აუჩუყა და საკუთარ თავზე გააბრაზა, იმიტომ რომ მათ
სათანადოდ არ აფასებდა.
ერთი შეხედვით არაფრის შიში აღარ უნდა ჰქონოდა, გარდა ერთისა – მომავლისა,
რომელშიც ის და დათო ერთად აღარ იქნებოდნენ. გავიდოდა წამები, წუთები, საათები, დღეები,
წლები ისინი კი თავ–თავისთვის, ცალ–ცალკე იქნებოდნენ. ქეთის ეშინოდა ასეთი საშინელი
მომავლის.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ აშინებდა, მაგრამ რა, ეს თვითონაც არ იცოდა. ნამდვილი
საშინელება იყო. ვერ ხვდებოდა, თუ რის მიმართ ან ვის მიმართ განიცდიდა შიშს. ეს იყო შიში
რაღაც ამოუცნობის მიმართ. ეს იყო წინათგრძნობა, რომელიც აფრთხილებდა. აფრთხილებდა,
რომ რაღაც ცუდი ახლოვდებოდა.
ამ საშინელ გაუგებრობას თან ერთვოდა დათოსთან დაშორება, მის მიერ მშობლების
მიმართ უმადურობის განცდა და მომავლის შიში. ჯამში ამ ოთხმა გრძნობამ ისეთ დღეში
ჩააგდო, რომ გოგონამ ცუდად ყოფნისგან აღარ იცოდა, რა ექნა. აზრები ერთმანეთში ერეოდა.
წამიერად გაუელვებდა თავში ერთი მოგონება და მეორეც ასეთივე სისწრაფით მოჰყვებოდა.
გრძნობდა, რომ ძველი სიმშვიდე და მყუდროება აკლდა. გრძნობდა, რომ ძველი სიმშვიდე და
მყუდროება სადღაც ქრებოდა.
ოჰ, რა საშინელი იყო ეს! ქეთის უკვე აღარ შეეძლო ასე ყოფნა. გრძნობდა, რომ ჭკუიდან
იშლებოდა, მაგრამ ამის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა.
საწოლიდან ადგა და ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული. ეს ყოველთვის ამშვიდებდა
და აზრების მოკრებაში ეხმარებოდა. საერთოდ, ქუჩაში სიარული უყვარდა, მაგრამ ახლა გარეთ
გასვლის გუნებაზე არ იყო. ოთახში დადიოდა და თავის–თავს ელაპარაკებოდა:
– ქეთი, უნდა დამშვიდდე! ეს ყველაფერი დათოსთან განშორების ბრალია. მალე
ყველაფერი გაივლის, დათო დაგავიწყდება და ეს საშინელი გრძნობაც მოგშორდება.
ოთახიდან გავიდა და სააბაზანოში შევიდა. ცდილობდა, რაც შეიძლება უხმაუროდ
ემოძრავა, რათა თავიდან აეცილებინა მშობლებთან კიდევ ერთი შეხვედრა. სარკეში ჩაიხედა –
დაღლილი, მოწყენილი და ნამტირალევი სახე ჰქონდა.
– ქეთი, სააბაზანოში ხარ?! – გაისმა ნათიას ხმა.
– ჰო.
– ხომ არაფერი გჭირდება? – სააბაზანოს კართან მივიდა დედამისი.
– გმადლობთ, მაგრამ არაფერი არ მჭირდება.
– კარგი, შვილო, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
– ჰო, თუ რამე დამჭირდება დაგიძახებ. დიდი მადლობა.
გოგონა სარკეში თავის სახეს უყურებდა. ახლა მთავარი ის იყო, როგორმე
დამშვიდებულიყო. აბაზანაში წყალი მოუშვა, მერე თავისი ოთახიდან პირსახოცი და ხალათი
გამოიტანა და ისევ სააბაზანოში დაბრუნდა. იქიდან რამდენიმე წუთში გამოვიდა. ახლა სახე
ისეთი აღარ ჰქონდა, როგორც ცოტა ხნის წინ. ახლა უფრო დამშვიდებული სახე ჰქონდა.
ტანისამოსი სწარაფდ ჩაიცვა, თავი წესრიგში მოიყვანა და საათს დახედა – სამის ნახევარი
იყო. გაუხარდა, რომ დაბნელებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი.
გარდერობი გააღო, იქიდან თავსაფარი გამოიღო, ჩანთაში ჩაიდო, ჩანთა მხარზე გადაიკიდა,
ოთახიდან გავიდა და მშობლებს დაუძახა:
– სასეირნოდ მივდივარ! კარი დაკეტეთ!
– სად მიდიხარ? – ჰკითხა მამამ.
– სასეირნოდ!
– ქეთი, სიმართლე თქვი! სად მიდიხარ? ბოლოს რომ სასეირნოდ წახვედი, თვითონაც
იცი, სახლში როგორიც დაბრუნდი!
– მართლა სასეირნოდ მივდივარ! – ისე თქვა ქეთიმ, თითქოს თავს იმართლებდა. –
სასეირნოდ მივდივარ და ეკლესიაშიც შევივლი – წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის
ეკლესიაში.
– ეკლესიაში რა გინდა? – გაუკვირდა უჩას. – ცხოვრებაში ეკლესიაში არ ყოფილხარ, იქ
არც მე და დედაშენი დავდივართ?! რაღაცას მატყუებ...
– არაფერს არ გატყუებ. გეფიცები, სიმართლეს გეუბნები.
– ეკლესიაში ვინმეს უნდა შეხვდე? – ჰკითხა ნათიამ.
– არა, – ქეთის უკვე მობეზრდა ამდენი კითხვები, – გეფიცებით, არავის არ უნდა შევხვდე.
კარგი, ახლა მე წავალ და დამიჯერეთ, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ წასვლა დამიშალოთ. მალე
მოვალ!
– რამდენ ხანში მოხვალ? – ჰკითხა უჩამ.
– ასე, საათნახევარში.
– კარგი, წადი! – უჩამ ამოისუნთქა. – აბა, ჭკვიანად იყავი! საათნახევარში სახლში უნდა
იყო!
– კი, საათნახევარში სახლში ვიქნები! – ქეთიმ, კარები გააღო და სახლიდან გავიდა.
როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა და მშობლებმა კარები დაკეტეს, მაშინვე შიშის გრძნობა
დაეუფლა, თუმცა ამას ყურადღება არ მიქცია და ჩვეულებისამებრ კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
ქუჩაში გავიდა თუ არა, მაშინვე შიშის გრძნობამ უმატა. ყველა მხარეს გაიხედა და ხალხი
საგულდაგულოდ შეათვალიერა. შუადღის მიუხედავად ისეთი მოღუშული დღე იყო, საღამო
გეგონებოდა. მას ზუსტად ისე ეცვა, როგორც იმ დღეს, დათოს რომ შეხვდა უკანასკნელად.
ეკლესიაში წასვლას ფეხით აპირებდა. ჯერ კიდევ სადარბაზოსთან იდგა, უეცრად
უკნიდან გვერდებში ვიღაცის ხელების შეხება რომ იგრძნო და ღრიალის ხმა გაიგო.
მოულოდნელობისა და შიშისგან შეშინებულმა ქეთიმ წამოიყვირა, ინსტიქტურად
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შემდეგ შეჩერდა და უკან შემობრუნდა. სადარბაზოს კარებში მისი
მეზობელი, პაატა, იდგა და იცინოდა:
– შეგეშინდა? – სიცილით ჰკითხა ბიჭმა.
– არა, არავითარი შიში! – უთხრა გაბრაზებულმა ქეთიმ. – რა გინდა, ჰა?! ნეტავ კიდევ
რომელ იდიოტს შეიძლება თავში ასეთი იდიოტური აზრი მოუვიდეს, ჰა?!
– წესიერად ილაპარაკე! – მკაცრად უთხრა პაატამ.
– წესიერად კი არა, ჩემთან ახლოს არ მოხვიდე და ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო! –
უთხრა ქეთიმ და სწრაფად წავიდა.
– ეეე, რა დღეში ხარ?!
– წადი შენი! – მიაძახა გოგონამ, ისე, რომ არც კი შეჩერებულა და უკანაც არ მოუხედავს.
სწრაფად მიდიოდა. მართალია, პაატა მისი მეგობარი არ იყო. ალბათ, ამიტომაც ჰქონდა
მის უაზრო ხუმრობაზე ასეთი რეაქცია და ამის გამო ეჩხუბა, მაგრამ მთავარი მიზეზი, მაინც
ბოლო დროს მომხდარი ამბები იყო. თავს იმდენი ცუდი რამ გადახდა, რომ ხუმრობის სურვილი
საერთოდ დაეკარგა, მითუმეტეს, თუ უბრალო ნაცნობი ეხუმრებოდა.
ახლა ეკლესიაში მიდიოდა და ეშინოდა. იმის ეშინოდა, სახლის გარეთ, ქუჩაში რომ იყო.
ეკლესიაში წასვლაც იმ იმედით გადაწყვიტა, რომ იქნებ ამის საშუალებით მაინც
დაწყნარებულიყო. მისი მხრიდან იქ წასვლა, ძალიან უცნაური იყო. ის არასდროს ყოფილა
მორწმუნე ადამიანი და მთელი თავისი სიცოცხლეს განმავლობაში ეკლესიაში სულ
რამდენჯერმე იყო ნამყოფი. იმ რამდენიმე შემთხვევაშიც მეგობრებმა, კერძოდ კი, დათომ
დააძალა წასვლა.
ეკლესიასთან მალე მივიდა. გადასასვლელზე გადავიდა, ეკლესიის შესასვლელთან
შეჩერდა, ჩანთიდან თავსაფარი ამოიღო, თავზე დაიფარა, პირჯვარი გადაისახა და შიგნით
შევიდა. შესვლისთანავე სიმშვიდე იგრძნო და დარჩენა მოუნდა. ჯერ შუა ხატს ემთხვია, მერე
ერთ–ერთ კუთხეში გაჩერდა და სხვადასხვა მხარეს დაიწყო ყურება. ეკლესიაში საკმაოდ
ბნელოდა. იგი ხალხს ყურადღებით აკვირდებოდა: ზოგი სანთელს ანთებდა, ზოგი ამა თუ იმ
წმინდანის ხატს დახმარებას სთხოვდა, ზოგიც, უბრალოდ, იდგა და ამბიონზე მდგარ მღვდელს
უსმენდა, რომელსაც ხელში წიგნი ეჭირა და რაღაცას კითხულობდა.
ქეთიმ რამდენიმე სანთელი იყიდა და სხვადასხვა ხატს დაუნთო. ღმერთს სთხოვა,
დათოს თავისი დანაშაული ეღიარებინა, ბოდიში მოეხადა და ისინი შერიგებულიყვნენ.
ურწმუნო იყო და გულის სიღრმეში ახლაც არ სჯეროდა, რომ თხოვნა შეუსრულდებოდა, თუმცა
თხოვნა მართლაც რომ შესრულებოდა, მაინც არ დაიჯერებდა, რომ ღმერთმა შეუსრულა.
ისევ კუთხეში იდგა და შეწუხებული სახე ჰქონდა. მღვდელმა მას შეხედა და ჰკითხა:
– შვილო, ცუდად ხარ?
– არა, კარგად ვარ. გმადლობთ.
– თუ ცუდად ხარ, დაგეხმარებით. ჩვენი ეკლესიის მრევლი ხარ?
– არა,– თავი გააქნია ქეთიმ, – ისე, უბრალოდ, მოვედი.
– ოოო, ადამიანმა ეკლესიაში უბრალოდ არ უნდა იაროს! ეკლესია სასეირნო ადგილია? -
თბილად ჰკითხა მღვდელმა.
– პრობლემა მაქვს და ღმერთს დახმარება ვთხოვე, – დაიბნა გოგონა.
– მთავარია, ღმერთის იმედი გქონდეს და ეკლესიაში იარო, პრობლემა კი ღვთის
წყალობით მოგვარდება. სერიოზული პრობლემა გაქვს?
– პრინციპში, მაგას პრობლემა არც ჰქვია. შეყვარებული ცუდად იქცევა და მატყუებს. ამის
გამო დავშორდით.
– იქნებ, არც გატყუებს და არც ცუდად იქცევა?
– ვერ მივხვდი?
– იქნებ შენ გგონია?
– მამაო, ადამიანის ბუნებაზე რას მეტყვით? – დამცინავად ჰკითხა ქეთიმ, იმიტომ რომ
მღვდლის ნათქვამით უკმაყოფილო დარჩა და ცინიკურად ჩათვალა.
– ადამიანებს შინაგანი ბუნება სხვაგვარი გვაქვს, გარეგანი კი სულ სხვაგვარი. – გარეგანი
ის არის, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ხალხს და როგორიც გვინდა, რომ სხვის თვალში
გამოვჩნდეთ. გარეგანისგან განსხვავებით, შინაგანი ბუნება ისეთია, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ
ვიყოთ, მაგრამ ასეთად ყოფნა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ასეთს, ხალხი არ მიგვიღებს. ამიტომაც
არის, რომ რადგან ადამიანი ცუდად არ მოქცეულა და არაფერი არ დაუშავებია, ეს სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ, თუ რაიმე საშინელების ჩადენა მოუნდება – არ ჩაიდენს!..
– გმადლობთ, მამაო! – ღიმილით უთხრა ქეთიმ. – ნახვამდის და მადლობას გიხდით,
ძვირფასი დრო რომ დამითმეთ და კარგი რჩევა მომეცით. ნახ –ვამ– დის!
– ღმერთმა დაგლოცოს! – დალოცა მღვდელმა ეკლესიის გასასვლელისკენ მიმავალი ქეთი.
ეკლესიიდან გასვლისთანავე თავსაფარი თავიდან მოიხსნა, ჩანთაში ჩაიდო,
გადასასვლელზე გადავიდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას.
დაღლილი იყო. ნეტავ რა საჭირო იყო ეკლესიაში მისვლა? თურმე თუ ადამიანს ცუდი
არაფერი ჩაედინა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თუ მოუნდებოდა, ცუდ რამეს არ ჩაიდენდა.
ისეთი რამ უთხრა მღვდელმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამოადგებოდა და
დაახსომდებოდა. ნეტავ მღვდელს ის იდიოტი ეგონა, თუ სულ მთლად უვიცი?!
ქეთის ეცინებოდა. მღვდლის გახსენებასა და მის ლაპარაკის ტონზეც კი ეცინებოდა. მას
არასდროს მოსწონდა მღვდლები. მამამისი ყოველთვის ამბობდა, რომ მღვდელი ფულის გარეშე
არაფერს აკეთებდა და, რომ მღვდლობა, უბრალოდ, პროფესია იყო და მეტი არაფერი. ისიც მამის
აზრს სავსებით იზიარებდა. გზაში ის ადამიანებიც გაახსენდა, რომლებიც ეკლესიაში ნახა. იმ
ხალხზეც ეცინებოდა. ნუთუ ამ ხალხს მართლა სჯეროდა, რომ ღმერთი დაეხმარებოდა? რა
სულელები იყვნენ!
კი მაგრამ, ცოტა ხნის წინ თვითონაც ხომ ეკლესიაში იდგა და ღმერთს დახმარებას
სთხოვდა? ასე ცუდად ყოფნის გამო მოიქცა! კარგად ვერ აზროვნებდა! დიახ, სწორედ ამიტომ
მოიქცა ასე, თორემ საღად მოაზროვნე ეკლესიაში როგორ წავიდოდა?!
მართალია, ეკლესიაში წასვლის შემდეგ დაწყნარდა და ქუჩაში ყოფნის შიშიც გაუქრა,
მაგრამ დაბოღმილი იყო. ის ხალხი, ვინც ეკლესიაში დადიოდა იდიოტებად მიაჩნდა, თავის–
თავს კი მათზე აღმატებულად თვლიდა. ნეტავ რატომ? იმიტომ რომ თვითონ ეკლესიაში არ
დადიოდა.
როცა თავის სადარბაზოს მიუახლოვდა, დაინახა რამდენიმე ახალგაზრდა კაცი, მათ
შორის, პაატაც. გვერდით ისე ჩაურა, მათკენ არც კი გაუხედავს.
– ქეთი! – დაუძახა პაატამ.
– რა იყო? – შეჩერდა და უკან მიიხედა სადარბაზოს კარებში მდგომმა ქეთიმ.
– უნდა გელაპარაკო!
– რაზე? – გოგონა უკან მიბრუნდა.
– ხომ იცი, რაზეც უნდა გელაპარაკო?! – გაბრაზებით უთხრა ბიჭმა და თვალები
დააჭყიტა.
– კი მაგრამ, რანაირად ლაპარაკობ, ან თვალებს ასე რატომ აჭყიტავ? – ცინიკურად ჰკითხა
ქეთიმ. – რა იყო, ჩემი მაგრად შეშინება განიზრახე?
– შეგიძლია ხუმრობას მოეშვა? – სერიზული კაცის კილოთი ჰკითხა პაატამ.
– მე არ მიხუმრია, უბრალოდ, გკითხე. რა გინდა?
– ძალიან კარგად იცი, რატომაც გაგაჩერე და რაც მინდა! წეღან რატომ გამეუზრდელე?
ბოლო-ბოლო, შენ რა, იმდენი არ იცი, რომ შენზე უფროსს არ უნდა უთხრა, წადი შენიო? რას გავს
შენი საქციელი? ამხელა კაცს, როგორ მელაპარაკები?
პაატამ რომ თქვა, ამხელა კაცს როგორ მელაპარაკებიო, ქეთიმ ღიმილი ძლივს შეიკავა. იგი
ოცდასამი წლის, საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო. მოგრძო, სამკუთხედის მაგვარი თავი და შუაზე
გაყოფილი თმა მას სასაცილო იერს აძლევდა. საგანგებოდ მიღებული, ზედმეტად სერიოზული
სახე და იდიოტური ლაპარაკის მანერა კი ამ გოგონაში მის მიმართ, ყოველთვის უარყოფით
ემოციას იწვევდა.
– რატომ მეხუმრები ხოლმე? ან დღეს რატომ გამეხუმრე? როგორც ვიცი, შენ ჩემი
მეგობარი არ ხარ! – ქეთი სადარბაზოდან გამოვიდა.
– რას ჰქვია რატომ გაგეხუმრე? უკვე რამდენი წელია, რაც მეზობლები და ნაცნობები
ვართ. ამხელა კაცს მეკითხები, რატომ გამეხუმრეო?
– ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვე!
– ქეთი, შენზე რამდენი წლით უფროსი ვარ, ამხელა კაცს როგორ მეტლიკინები?!
– სიტყვები შეარჩიე! – ქეთი შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. – შენ თვითონ როგორ
მელაპარაკები?! შენ ჩემი მეგობარი არ ხარ! მეგობრებთან და ნათესავებთან ვიცი მე ხუმრობა, შენ
კი, არც ერთი ხარ და არც მეორე! მინდა, რომ ჩემთან არანაირი ურთიერთობა აღარ გქონდეს!
– დედ–მამასთან ხომ ხუმრობ ხოლმე?
– ცინიკურ კითხვებს შეეშვი, რაც გითხარი, ყველაფერი კარგად გაიგე და იცოდე, მე
შენთან არანაირი საქმე არ მაქვს! ბოლო-ბოლო, რომ იძახი, ამხელა კაცი ვარო, თუ კაცი ხარ, მაშინ
კაცივით უნდა მოიქცე და არა ბავშვივით!
ქეთი მიბრუნდა და სადარბაზოში შევიდა.

თავი 6

ქეთი სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვიდა, გადასასვლელზე გადავიდა და თავის


სადარბაზოში შევიდა. ლიფტით არც ახლა უსარგებლია და კიბეები სწრაფად აირბინა.
ჯერ თავის ოთახს მიაშურა, შემდეგ კი სააბაზანოს. შხაპის მიღების შემდეგ თავის ოთახში
დაბრუნდა და ლამაზად გამოეწყო. ეტყობოდა, სადღაც აპირებდა წასვლას...
ტანსაცმელი რომ არ დაჭმუჭვნოდა, საწოლზე ფრთხილად წამოწვა. ყურსასმენები
გაიკეთა და „MP3 ფლეერი“ ჩართო. თან მუსიკას უსმენდა, თან იმ სტატიაზე ფიქრობდა,
რომელიც მანიაკის მიერ ჩადენილ მკვლელობას იუწყებოდა.
სტატია მოგონილი აღმოჩნდა. ქეთი ახალი დაბრუნებული იყო ჟურნალ ,,ახალი ამბების“
რედაქციიდან, სადაც იმის გასაგებად მივიდა, მართლა დაიბეჭდა თუ არა ამ ჟურნალში ის
სტატია, რომელიც მანიაკის მიერ ჩადენილ მკვლელობას იუწყებოდა.
– გამარჯობა, მთავარი რედაქტორის ნახვა მინდა.
– ვინ ბრძანდებით და რის თაობაზე? – კაცმა, ქეთი კარგად შეათვალიერა, ეტყობოდა,
მისით ძალიან მოხიბლული დარჩა.
– მე ვარ ქეთი შენგელია და თქვენს ჟურნალში დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიასთან
დაკავშირებით მსურს მთავარ რედაქტორთან გასაუბრება.
– სასიამოვნოა, – ბოხი ხმით უთხრა კაცმა და გაიჭიმა, – მე გახლავართ გიორგი
მეტრეველი. მითხარით რომელი სტატია გაინტერესებთ და იქნებ მე შევძლო თქვენი დახმარება.
– მე ის სტატია მაინტერესებს, რომელიც მანიაკის მიერ ჩადენილ მკვლელობას
იუწყებოდა, – გოგონა მიხვდა, საითაც მიჰყავდა კაცს საუბარი. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა იმის
თავი რომ დრო დაეთმო ვიღაც გაბღენძილი კაცისთვის, რომელსაც ის მოეწონა, – იცით, ძალიან
მეჩქარება და თუ მთავარი რედაქტორი ახლა ვერ შეძლებს ჩემს მიღებას, მაშინ წავალ.
– თქვენს მიღებას შეძლებს, – უთხრა გიორგიმ და სახეზე ცნობისმოყვარეობით
დააკვირდა. მისი ვარაუდით, მასთან მოსაუბრე გოგონა, ასე, ოცდაერთი წლის მაინც იქნებოდა. –
ხომ არ იცით, სტატია როდის დაიბეჭდა? რაღაც არ მახსოვს, ბოლო რამდენიმე თვის
განმავლობაში ჩვენს ჟურნალში მსგავსი რამ დაგვებეჭდოს?!
– დაახლოებით ერთი თვის წინ.
გიორგიმ ქეთი მთავარ რედაქტორთან შეიყვანა. რედაქტორმა მომხიბლავი სტუმარი
კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა და შეეცადა, მიმხვდარიყო, თუ რამდენი წლის იქნებოდა.
იმანაც ჩათვალა, რომ მის წინ გუშინდელი სკოლის მოსწავლე კი არა, არამედ საკმაოდ
მიმზიდველი ოცდაერთი-ოცდაორი წლის გოგონა იდგა.
ამაოდ არ ჩაუვლია სარკის წინ ქეთის მცდელობას. მისი აზრით, რედაქციაში
აუცილებლად გამოადგებოდა თავის ასაკთან შედარებით უფრო დიდი შეხედულება თუ
ექნებოდა და არც შემცდარა.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ჰკითხა მთავარმა რედაქტორმა მას შემდეგ, რაც
ერთმანეთს გაეცნენ.
– იცით, ინტერნეტში ერთი სტატია ვნახე - ,,მკვლელობა აგარაკზე“. საიტებზე ეწერა, რომ
ის თქვენს ჟურნალში დაიბეჭდა. ეს იყო სტატია მანიაკზე, რომელმაც აგარაკზე გოგონა მოკლა.
იქვე იყო სახლის ფოტოც, რომელშიც, სავარაუდოდ, მოხდა მკვლელობა. შეიძლება ეს
სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლა ბებიაჩემი და ბაბუაჩემი აგარაკზე არიან და იქ არის
ერთი სახლი, რომელიც ძალიან ჰგავს იმ სახლს, – ქეთიმ შეწუხებული სახე და ხმა მიიღო, – ისინი
ამის გამო ძალიან ღელავენ და ეშინიათ. იქნებ მითხრათ, ეს მკვლელობა ნამდვილად მოხდა თუ
არა?
– საინტერესოა... მაგრამ იცით, რაღაც არ მახსენდება, ამ ბოლო თვეებში ჩვენს ჟურნალში
მსგავსი რამ დაგვებეჭდოს. რამდენადაც მახსოვს, კარგა ხანია, ჩვენს ჟურნალში მანიაკზე
არაფერი არ დაბეჭდილა, – მთავარმა რედაქტორმა გაიფიქრა, მე მგონი, ეს გოგონა მამაიმუნებსო,
მაგრამ მისით ძალიან მოხიბლული იყო, მისი გაშვება არ უნდოდა და საუბარი ზრდილობიანად
განაგრძო.
– იქნებ მითხრათ, რა ეწერა სტატიაში? ხომ გესმით, ჩვენი ჟურნალი ხშირად გამოდის,
ძალიან ბევრი სტატია იბეჭდება და ასე, უბრალოდ, გადამოწმების გარეშე პასუხის გაცემა
გამიჭირდება.
– სტატიაში ეწერა, მანიაკმა აგარაკზე მოკლა გოგონა, შემდეგ მიიმალა და ახლა მას
პოლიცია ეძებსო.
– ხომ არ იცით, რომელ ნომერში ეწერა?
– ნომერი არ ვიცი, მაგრამ ეწერა, რომ მკვლელობა 4 აგვისტოს მოხდა და მკვლელი
ამჟამად მიმალულიაო.
– შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში
ჩვენს ჟურნალში მსგავსი არაფერი დაბეჭდილა, ასე რომ, თქვენმა ბებიამ და ბაბუამ არ უნდა
ინერვიულონ. ეს სტატია სად ნახეთ?
– ინტერნეტში, რამდენიმე საიტზე იდო.
– ალბათ, ეს სტატია, ვიღაცამ მომხმარებლების ყურადღების მიქცევის მიზნით დაწერა და
ჩვენი ჟურნალის სახელწოდება ისე მიაწერა, – თავდაჯერებულად თქვა მთავარმა რედაქტორმა, –
ხომ გესმით, რისი თქმაც მინდა.
– დიახ, მესმის.
– მე მაინც გადავამოწმებინებ. თქვენი ნომერი დამიტოვეთ და როდესაც გადაამოწმებენ,
დაგიკავშირდებით და ყველაფერს დაზუსტებით მოგახსენებთ.
– კარგი, – უთხრა ქეთიმ და თავისი მობილური ტელეფონის ნომერი ჩააწერინა, – დიდი
მადლობა დახმარებისთვის. ნახვამდის.
– ნახვამდის.
ქეთის ისედაც ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ სტატია მოგონილი იყო, ახლა კი ამაში
კიდევ ერთხელ დარწმუნდა. კი მაგრამ, რატომ მივიდა რედაქციაში და რისთვის თქვა ამდენი
ტყუილი? თუნდაც ეს სტატია მოგონილი არ ყოფილიყო, მერე რა? დათო ხომ მაინც დამნაშავე
იყო? რა თქმა უნდა, მაინც დამნაშავე გამოდიოდა! მართალია, თუმცა ამ შემთხვევაში ქეთის ის
უფრო აინტერესებდა, მანიაკი, რომელმაც აგარაკზე გოგონა მოკლა, მართლა არსებობდა, თუ,
უბრალოდ, გამოგონილი იყო. ისე, ერთხელ ლუკამ კი უთხრა, ეგ სტატია მოგონილი იქნება და
ყურადღება არ მიაქციოო, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ მიაქცია ყურადღება. ეს კითხვა კიდევ
ერთხელ, წინა დღეს დაებადა, როცა ისევ გაახსენდა იმ საშინელ ღამეს დათოს მიერ ნათქვამი
სიტყვები, სატვირთოს მძღოლმა მითხრა, ამ აგარაკზე მანიაკი არის და იქნებ ქეთიმ ის მანიაკი
დაინახაო. ზუსტად არ ახსოვდა, როგორ თქვა დათომ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი იყო.
მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ ის სახლები, რომლებიც დათოს აგარაკზე ნახა და
მისი სახლიც, ძალიან ჰგავდა იმ სახლს, რომელშიც ვითომდა მანიაკმა გოგონა მოკლა. თუ ეს
მკვლელობა ნამდვილად მოხდა, ხომ შეიძლებოდა, იმ ადგილებში მომხდარიყო, სადაც დათოს
აგარაკი იყო? ისიც ხომ შეიძლებოდა, იმ საშინელ ღამეს, ფანჯარაში დანახული საშინელება
მართლა მანიაკი ყოფილიყო?
ამის გაფიქრებაზე ქეთის ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ძალიან შეეშინდა. მაშინ ხომ
ნამდვილი საშინელების პირისპირ აღმოჩნდა. მან მანიაკი, უბრალოდ, კი არ დაინახა, არამედ მას
ფანჯრის ჩამტვრევა და მისი მოკვლა უნდოდა. ამ ყველაფრის გამო, იმ საშინელმა ღამემ მის
სულში დაუძლეველი შიშის გრძნობა დატოვა.
ისევ დაბრუნდა შიში. ისევ მოეხვია ძლიერი შიშის გრძნობა, რომელიც უკვე კარგა ხანი
იყო, რაც თავს ესხმოდა და მოსვენებას უკარგავდა. ასეთ მძიმე წუთებში, როდესაც შიში
ეუფლებოდა, კიდევ ერთ საშინელ გრძნობას განიცდიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
ყველასგან გარიყული, ისეთ ადგილზე იყო, სადაც არავინ არ ბინადრობდა. შიშისა და სრული
სიმარტოვის გამო, იგი ძალიან წუხდა.
ახლა ყველაფერი კარგად იყო. სტატია მართლაც მოგონილი აღმოჩნდა და არავითარი
მანიაკი არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ ღამეს, მისი მოკვლა მანიაკს არ უნდოდა.
და მაინც, არსებობდა ერთი პრობლემა, რომელიც ქეთის ისევ და ისევ არ ასვენებდა,
ყოველთვის მასთან იყო და მისი არსებობა რომ არ დავიწყებოდა, გამუდმებით ყურში ჩუმად
ჩასჩურჩულებდა. სულ იმაზე ფიქრობდა, თუ ვინ დაინახა იმ საშინელ ღამეს ფანჯარაში.
მართალია, ფიქრობდა, რომ იმ ღამესაც და მერეც დათო აშინებდა, თუმცა ბოლომდე მაინც არ
იყო დარწმუნებული. როცა დათოს იხსენებდა, ვერ ხვდებოდა, თუ როგორ შეეძლო ამ ბიჭს ასეთი
უღირსი საქციელის, ასეთი საშინელებების ჩადენა. ამას კიდევ ერთი რამ დაემატა - დათოს
ნათქვამი, რომელიც იმ დღეს უთხრა, როცა იჩხუბეს და რომელიც გზა-კვალს უბნევდა, რასაც შენ
ამბობ მაგის გაკეთება, ჩვენს ნებისმიერ კლასელს შეეძლოო.
კი მაგრამ, ეს ყველაფერი სხვას რატომ უნდა ჩაედინა? ან დათო ვის გულისხმობდა,
როდესაც უთხრა: ,,ქეთი, შენ ან კარგად არ ხარ, ან ეგ სისულელეები ვიღაცამ გითხრა და ვიცი
ვინც, რომ დავიჭერ…“
ეს წინადადება სიტყვა-სიტყვით ახსოვდა, მაგრამ აქამდე ყურადღებას არ აქცევდა. ახლა
კი, როდესაც საწოლზე იწვა და მუსიკას უსმენდა, ეს სიტყვები რატომღაც გაახსენდა, მისი
ყურადღება მიიპყრო და დააფიქრა: ნეტავ ვის გულისხმობდა დათო? იქნებ ისე, უბრალოდ, თქვა,
ან იქნებ ისეთი ვინმე ეგულებოდა, ვინც...
ფიქრი შეწყვიტა, ფეხზე წამოდგა და საათს დახედა - ორის ნახევარი სრულდებოდა და
მეგობრებთან შესახვედრად უნდა წასულიყო. ფიქრი აღარ იყო საჭირო, ისედაც მიხვდა, რომ
დათოს ისეთი ადამიანი ეგულებოდა, რომელსაც მისთვის ტყუილის თქმა შეეძლო.
,,ქეთი, შენ დათო გაშინებს“, – დაახლოებით ასეთი იქნებოდა მატყუარას მიერ ნათქვამი
სიტყვები.
თუ ასეთი ადამიანი არსებობდა, მაშინ შესაძლო იყო, თვითონ ის აშინებდა. რატომ? იქნებ,
იმიტომ რომ დათოსთან დაეშორებინა? არა, ეს ძალიან სულელური მიზეზი იქნებოდა, მაგრამ,
თუ დათო, რომელსაც ის მთელი ამ წლების განმავლობაში უყვარდა, ისე გადაირია, რომ
შეყვარებულს აშინებდა, მაშინ სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, ვინმეს მათი დაშორება რომ
სდომებოდა.
ქეთის ფიქრის დრო აღარ ჰქონდა – მეგობრებთან ერთად კაფეში უნდა წასულიყო.
ქუჩაში გავიდა. მზე შავ ღრუბლებში ჩამალულიყო და ძლივს ანათებდა. ასეთმა ამინდმა
მასში უარყოფითი ემოცია გამოიწვია. სახლს შემოუარა და უკანა ეზოსკენ წავიდა, სადაც
შვიდიოდე ადამიანი იდგა, რომლებიც მისი უბნელები იყვნენ და კაფეში მათთან ერთად
მიდიოდა.
გოგონამ ზევით აიხედა და ღრუბლებს შეხედა. ამ დროს, იმ შენობის მეოთხე სართულის
ერთ–ერთ ფანჯარაში, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა, დაინახა სახე, რომელიც მას უყურებდა.
როგორც კი „სახე“ მიხვდა, რომ გოგონამ ის შენიშნა, მაშინვე სწრაფად მოშორდა ფანჯარას. მან
კიდევ ერთხელ იგრძნო პაატას მიმართ ზიზღი, რომელიც რამდენიმე წამის წინ ფანჯრიდან
უყურებდა.

***

ქეთი და ნინო საწოლზე ისხდნენ და საუბრობდნენ. ნინო სულ რამდენიმე წუთის


მისული იყო.
– ნიღბებს კიდევ კერავ? - ჰკითხა ქეთიმ.
– იშვიათად. უკვე მომბეზრდა, არადა ბოლო დროს ძალიან კარგად ვკერავდი.
– მასე იცის. როდესაც რამეს ისწავლი, სწორედ მაშინ გბეზრდება და თავსაც ანებებ.
– ჰო, გეთანხმები. როგორ ხარ? გავიგე, რომ შენ და დათო დაშორდით? – გოგონამ ისე
ასწია წარბები მაღლა, თითქოს პასუხს სასწრაფოდ ელოდებოდა.
– ჰო, დავშორდით, – ხმა შეეცვალა ქეთის. ახლა მის ხმაში დარდი იგრძნობოდა. – დათომ
გითხრა, ერთმანეთს რატომ დავშორდით?
– კარგა ხანია, რაც დათო არ მინახავს. გიორგი ვნახე. იმან მითხრა, ერთმანეთს რომ
დაშორდით და ისიც მითხრა, რატომაც.
– რა გითხრა, ერთმანეთს რატომ დაშორდნენო?
– მითხრა, რომ დათოსთვის დაგიბრალებია, ვითომ იმ ღამეს აგარაკზე, სწორედ მან
შეგაშინა, – ნინომ დაქალს შეხედა.
– გააგრძელე. რა მოგივიდა? რატომ გაჩერდი?
– ისიც გითქვამს, სახლში მირეკავდი და ჩემს შესაშინებლად ყურმილში ღრიალებდიო,
ბოლოს კი გითქვამს, რომ ღამით უკან მოგყვებოდა და თურმე ამის მიზანიც შენი შეშინება
ყოფილა, – ცინიკურად უთხრა ნინომ.
– ნამდვილად მასეა, – ქეთიმ მეგობარს გამომცდელად შეხედა, – შენ რა, არ გჯერა?
– კარგი რა, ქეთი! – ხელი ჩაიქნია ნინომ. – რა გჭირს, ჰა? შენ რა, მართლა გგონია, რომ
დათომ შეგაშინა?
– კი არ შემაშინა, კარგა ხანს ცდილობდა ჩემს დაშინებას. იცი, ამას რატომ აკეთებდა?
– ჰო, ვიცი. გგონია, რომ დათო ამით ცდილობდა შენს თვალში ამაღლებას. მართლა ასე
ფიქრობ?
– კი, ასე ვფიქრობ და ასეც არის! – ქეთი ცდილობდა თავის შეკავებას, რათა მეგობართან
ჩხუბი თავიდან აეცილებინა.
– კარგი რა! დათოზე ასეთი რამ როგორ იფიქრე?!
– ვერ გააკეთებდა თუ რა? აბა, თვითონ დაფიქრდი. - ქეთიმ გოგონას ყველაფერი
დაწვრილებით უამბო, იმის შესახებ, თუ რატომ აშინებდა დათო და როგორ აკეთებდა ამას.
– ვაიმე! – წამოიყვირა ნინომ და ისტერიული სიცილი აუტყდა. – რა მაგარი ხარ, ქეთი! რა
მაგრად მაცინე!
– რა გაცინებს? – თავი ვერ შეიკავა და თითქმის ყვირილით ჰკითხა ქეთიმ.
– რა მოხდა? რატომ ყვირი? –ჰკითხა შეშინებულმა ნინომ.
– შენ თვითონ რატომ დამცინი? – თავი ხელში აიყვანა და მშვიდად ჰკითხა ქეთიმ.
– იმიტომ რომ სისულელეებს ლაპარაკობ. არ გეწყინოს, მაგრამ რაც თქვი, მანდედან
ყველაფერი სისულელეა. ისე, უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ იმ ღამის შემდეგ, დათოს აგარაკზე
რაღაც რომ მოგელანდა თუ დაგესიზმრა... არ ვიცი, ამას რა დავარქვა – შეიცვალე, ძალიან
შეიცვალე.
– შევიცვალე? – დაინტერესდა ქეთი. – მაინც, როგორ შევიცვალე?
– რაღაც გულჩათხრობილი გახდი, აგრესიული და… – აღარ დაასრულა ნინომ.
– და რა? რისი თქმა გინდა? თქვი, არ მეწყინება!
– იცი, თითქოს რაღაცის გეშინია. არ ვიცი, მართლა გეშინია თუ არა, მაგრამ მე მაინც
ვფიქრობ, რომ გეშინია, – ნაღვლიანი სახე გაუხდა ნინოს, – იმ ღამეს ისე მაგრად შეგეშინდა, რომ
ამან შენზე ძალიან ცუდად იმოქმედა და შეიცვალე. მე მგონი, ისევ იმ რაღაცის გეშინია, დათოს
აგარაკზე რომ დაინახე.
– არაფრის არ მეშინია! – თავი გაიქნია ქეთიმ. – უბრალოდ, სკოლა დავამთავრე,
გავიზარდე და ვიცვლები. ჩვენ ყველანი ვიცვლებით.
– ეტყობა, შენში ცვლილება მხოლოდ უარყოფით თვისებებს ავლენს, – ისევ ცინიკურად
უთხრა გოგონამ.
– ნინო, რა გინდა? მგონი, რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ პირდაპირ თქმას თავს არიდებ.
– იცი, ქეთი, ნუ მიწყენ, მაგრამ შენ, ამ ქვეყანაზე, საკუთარი თავის გარდა, ვერავის ამჩნევ.
– რატომ?!
– რატომ მაგას მე ვერ გეტყვი, ეგ კითხვა შენს თავს უნდა დაუსვა. არ ვიცი, როგორ
გითხრა. მხიარული და კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ შენი თავის გარდა, ვერავის ამჩნევ. სკოლაშიც
ასე იყავი. ზოგიერთებს შენთან მეგობრობა უნდოდა, შენ კი ყურადღებასაც არ აქცევდი,
დასცინოდი და ამასხარავებდი.
– მართლა?! – გაიცინა გოგონამ. – კარგი რა! რა სისულელეებს ლაპარაკობ?! მეგობრები
მყავს. ჩემი მეგობარი ის არის, ვინც კარგი ადამიანია. შენც მათ რიცხვში ხარ. ახლა, რამდენ
იდიოტსაც მოუნდება ჩემთან მეგობრობა, ყველას უნდა დავუმეგობრდე?!
– რატომ არიან იდიოტები?!
– ახლა შენ სულ სხვა რამეს ამბობ და ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წავიდა.
სად დათო და სად ვიღაც ხალხი, რომლებსაც ჩემთან მეგობრობა უნდათ?!
– აი, როგორც იმ ხალხს ვერ ამჩნევ და არაფრად აგდებ, დათოსაც ისე ვერ ამჩნევ და
ამასხარავებ. ამხელა ბიჭმა ხატზე უნდა დაიფიცოს, ჰო?
– შენ დათო ხომ არ გიყვარს? – ჰკითხა ქეთიმ და თავისი გამჭოლი მზერა მეგობრისკენ
მიმრთა.
– არა, – ნინო შეკრთა და გაწითლდა, – ასეთი სისულელე საიდან მოიტანე? მოდი, ამაზე
ლაპარაკს თავი დავანებოთ. ერთი იდეა მაქვს და მინდა, რომ გითხრა.
– მითხარი.
– ამას წინათ, ერთმა ადამიანმა, ერთ ფილმზე მიამბო. აბა, თუ მიხვდები, რას აკეთებენ
მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ? – ეშმაკურად გაიღიმა ნინომ.
– მაინც რას? აგარაკზე მიდიან და იქ ერთ-ერთ გოგონას შეყვარებული აშინებს?
– არა. ისინი ღამით, ჩუმად, სკოლაში იპარებიან და ღამეს იქ ათევენ. – აღფრთოვანებით
უთხრა მეგობარმა.
– რა უნდათ ღამით სკოლაში, ან რას აკეთებენ?
– მთელ ფილმს ხომ არ მოგიყვები?! იმის თქმა მინდა, რომ მე, ანა და ლუკა, ღამით ჩვენს
სკოლაში ვაპირებთ შეპარვას. – მხიარულად თქვა გოგონამ.
– დამცინი?! სკოლაში რატომ უნდა შეიპაროთ?!
– გვინდა, სკოლა განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდეს. ეს ჩემი იდეაა. სკოლაში ღამით
შევიპარებით, მეოთხე სართულზე ავალთ, ჩვენს საკლასო ოთახში შევალთ და ღამეს იქ
გავათევთ. შენ არ წამოხვალ?
– რომ დაგვიჭირონ?
– ვინ დაგვიჭერს? ის ბებერი, ყრუ და ბრმა დარაჯი? – ნინომ გაიცინა და თვალები
ეშმაკურად მოჭუტა. – უკანა დერეფნის ფანჯრიდან შევალთ და დარაჯი ვერ დაგვინახავს.
– დათო იქნება?
– დათოს, გიორგის და სანდროს ვუთხარი, მაგრამ თითქოს პირი შეკრეს, სისულელეა და
არ წამოვალთო.
– კარგი, მაშინ მე მოვდივარ.
– კარგია, – გაიღიმა ნინომ და მეგობარს სიხარულით გადაეხვიე.

***

ქეთი ნელა ჩადიოდა კიბეებზე. ყველა სართულზე ენთო ნათურები, რომლებიც


იქაურობას სუსტად ანათებდნენ. ისევ შიშს შეეპყრო და შავებში ჩაცმულ უცნობთან შეხვედრის
კვლავაც ეშინოდა. იცოდა, უნდა დამშვიდებულიყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. კიბეებზე
უხმაუროდ ჩადიოდა და თან სულ ქვემოთ იყურებოდა. უნდოდა დაენახა, ხომ არ იდგა
რომელიმე სართულზე შავებში ჩაცმულ უცნობი, რათა მაშინვე სახლში დაბრუნებულიყო.
როგორც იქნა, პირველ სართულზე ჩავიდა და სადარბაზოდან ქუჩაში გავიდა. გარეთ
ბნელოდა და ამ სიბნელეს, მხოლოდ მთვარის, ლამპიონებისა და დროდადრო გზაზე მიმავალი
მანქანის ანთებული ფარების შუქი არღვევდა.
სადარბაზოსთან რამდენიმე მისი მეზობელი იდგა და ლაპარაკობდა. მათ შორის იყო
პაატაც. ქეთი რომ დაინახეს, მიესალმნენ – ისიც მიესალმა (ის ისედაც აპირებდა მისალმებას) და
სამანქანო გზისკენ წავიდა.
ამ დროს მისი მობილური ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გოგონამ ტელეფონი ჩანთიდან
ამოიღო და უპასუხა:
– გისმენთ!
– გოგონი, სად მიდიხარ? – ჰკითხა უცნობმა შიშის მომგვრელი და წრიპინა ხმით.
– რომელი ხარ? – ქეთიმ უკან მიიხედა, რადგან იფიქრა, რომ პაატა ურეკავდა და მის
შეშინებას ცდილობდა. ლამპიონი კარგად ანათებდა იმ ადგილს, სადაც პაატა და მისი მეგობრები
იდგნენ. ბიჭი სიგარეტს ეწეოდა და არც მას და არც მის მეგობრებს მობილური ტელეფონი ხელში
არ ეჭირათ.
– შენ იცი, ვინც ვარ! – უთხრა უცნობმა, ისევ ისეთი წრიპინა ხმით.
– რაღაც ვერ გიხსენებ და, თუ არ შეწუხდები, იქნებ შენ თვითონ გამიმხილო შენი ვინაობა.
– ერთმანეთი წვიმიან ღამეს დავინახეთ. შენ ჩემი შეგეშინდა და მე ამის გამო წავედი,
მაგრამ მე ახლაც გხედავ, შენ კი ვერ მხედავ. არ მინდა, ჩემი ისევ შეგეშინდეს და საშველად
მეგობრებს დაუძახო.
ქეთის გულისცემამ ერთბაშად უმატა, სახე სულ მთლად გაუფითრდა, თვალები
გაუფართოვდა და შიშმა მთელი მისი არსება მოიცვა. წინ მანქანამ გაიარა და სამანქანო გზა
ფარების შუქით გაანათა. გოგონა უნებურად მანქანის მძღოლს მიაჩერდა და მძღოლმაც შეხედა,
მაგრამ ხუთიოდე წამში მანქანაც და მისი მძღოლიც საკმაოდ შორს იყვნენ. უეცრად გონს მოეგო
და ირგვლივ მიმოიხედა. მისი უბნელი ბიჭები ისევ სადარბაზოსთან იდგნენ და მობილური
ტელეფონი ხელში ისევ არც ერთ მათგანს არ ეჭირა. მერე მარჯვნივ გაიხედა და მისკენ მომავალი
სამი ადამიანი დაინახა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა საკმაოდ იყო განათებული,
კარგად მაინც არ ჩანდნენ. შიშისგან ერთიანად ცახცახებდა. ისღა მოიფიქრა, ბიჭებისთვის ეთქვა,
ცუდად ვარ და სახლში ამაცილეთო. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ვინ იცის, იქნებ უცნობი
სადარბაზოში ყოფილიყო დამალული? ამ ფიქრებში იყო, როდესაც მიხვდა, რომ მობილური ისევ
ყურზე ჰქონდა მიდებული და იქიდან გოგონას ხმა ისმოდა:
– ქეთი, ქეთი! ეს მე ვარ, ანა! ხმა გამეცი!
– ანა, შენ ხარ?! – გოგონა გონს მოეგო და უცებ დაწყნარდა.
– ჰო, მე ვარ!
მას მოეჩვენა, რომ იგივე ხმა მობილურის გარდა, მარჯვენა მხრიდანაც ესმოდა.
– ქეთი, ცუდად ხარ?
ეს ბიჭის ხმა იყო. მან მარჯვნივ გაიხედა. ის სამი ადამიანი, რომლებიც მისკენ
მოდიოდნენ, ლუკა, ნინო და ანა იყვნენ. ლუკამ, რომელსაც ხელში პარკი ეჭრა, მასთან მიირბინა
და კიდევ შეეკითხა:
– თავს ცუდად გრძნობ? - მერე ანას მიუბრუნდა: – გოგო, ხომ გეუბნებოდი, რომ ეს არ
უნდა გაგეკეთებინა!
ამასობაში გოგონებმაც მიირბინეს. ორივეს შეშინებული სახე ჰქონდა და გაფითრებულ
ქეთის დამნაშავეებივით უყურებდნენ.
– ქეთი, მაპატიე! – პატიება სთხოვა ანამ. – რას ვიფიქრებდი, ქუჩაში თუ იყავი, რომ
მცოდნოდა, ასე არ მოვიქცეოდი.
– არა უშავს, – უთხრა გახარებულმა ქეთიმ, რადგან მართლაც ძალიან გახარებული იყო,
იმიტომ რომ იმ ღამეს ნანახი საშინელების ნაცვლად, მობილურზე თავისი მეგობარი
ელაპარაკებოდა, – წავედით! რა მოხდა? რატომ გაშეშდით? სკოლაში აღარ მივდივართ?
- ძალიან შეგეშინდა და ჯობია, სახლში დაბრუნდე. ჩვენც არ წავალთ სკოლაში – უშენოდ
არ წავალთ. გოგოებო, სხვა დროს წავიდეთ, ჰო? – ლუკამ პასუხის მოლოდინში ნინოს და ანას
შეხედა.
– ჰო, აბა რა! – თავი დაუქნია ანამ. – სხვა დროს წავიდეთ.
– არ შემშინებია, უბრალოდ, ცოტა შემცივდა, – იცრუა ქეთიმ და კეპი შუბლზე ჩამოიწია, –
ანა, შენი ხმა მხოლოდ მობილურში კი არა, ისედაც მესმოდა და აქეთ-იქით იმიტომ ვიყურებოდი.
მართლა კარგად ვარ. წავიდეთ სკოლაში!
– კარგი, თუ კარგად ხარ და წამოსვლაც ისევ გინდა, წავიდეთ! – უთხრა ნინომ.
– ტაქსს გავაჩერებ, – ლუკამ ტაქსს ხელი დაუქნია.
ტაქსში ჩასხდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, ლუკამ ტაქსის მძღოლს ზუსტი მისამართის
ნაცვლად, სკოლის მახლობლად მდგარი ერთ-ერთი სახლის მისამართი უთხრა.
მანქანა ადგილიდან დაიძრა. ქეთი გოგონებთან ერთად უკანა სავარძელზე დაჯდა.
ბნელოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტაქსში რომ ჯდებოდა, გოგონამ მაინც შეძლო მისკენ
მიმართული პაატას ბოროტი მზერის დანახვა.
მგზავრობის დროს ქეთი ყოველთვის ქუჩებს ათვალიერებდა. ქალაქი ღამით ბევრად
უფრო ლამაზი იყო, ვიდრე დღისით. ძალიან უყვარდა ლამპიონებით განათებული ქუჩების
თვალიერება, განსაკუთრებით წვიმიან და ქარიან ამინდში. საერთოდ, მოღრუბლულ, ქარიან და
წვიმიან ამინდში თავს უფრო კარგად გრძნობდა და, ალბათ, ქუჩაში ღამით ამიტომ სეირნობდა
ხოლმე. თუმცა ბოლო ხანებში შიშის გამო, ღამით ქუჩაში გასვლისა და სეირნობისგან თავს
იკავებდა. მაგრამ ახლა ლამპიონებით განათებული ღამე იყო. იმ ლამპიონებით განათებული,
რომლებიც სიბნელეს სულ ცოტათი არღვევდნენ და, ალბათ, ქალაქის იმ უამრავი ქუჩის მეათედს
თუ ანათებდნენ, რომლებიც ღამის წყვდიადში იყვნენ ჩაძირულნი.
ლუკა, ანა და ნინო საუბრობდნენ, ქეთი კი ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. იცოდნენ,
მგზავრობის დროს იშვიათად თუ დაილაპარაკებდა ხოლმე და ამიტომ არაფერს არ
ეუბნებოდნენ.
რამდენიმე წუთში ადგილზე იყვნენ. გოგონები მანქანიდან გადავიდნენ, ლუკამ მძღოლს
ფული გადაუხადა და მანქანიდან თვითონაც გადავიდა. მძღოლმა მანქანა ადგილიდან დაძრა და
ორ წამში თვალს მიეფარა.
გარშემო შენობები და რამდენიმე ხე იდგა. იმ ქუჩაზე არც ერთი ლამპიონი არ ენთო და
ბნელოდა. ცოტა ხანს გაჩერდნენ და სიბნელეს თვალი შეაჩვიეს. სუსტმა, ცივმა ქარმა დაუბერა.
ოთხივე მათგანს საკმაოდ თხლად ეცვა. ქეთიმ იგრძნო, როგორ შეეხო და დაუარა მთელს
სხეულში სიცივემ. არ ესიამოვნა და გაუკვირდა. ადრე ხომ ყოველთვის უყვარდა ქარი?! ნეტავ
ახლა რა ხდებოდა?! ნამდვილად რაღაც ისეთი, რაც მას სრულიად ცვლიდა...
– წავიდეთ! – ქეთის ფიქრი შეაწყვეტინა ლუკას ხმამ. – აქ ხომ არ აპირებთ დარჩენას? –
გაიღიმა ბიჭმა.
მიდიოდნენ და ლაპარაკობდნენ.
– მთავარია, დარაჯმა არ გაიგოს ჩვენი შესვლა, – თქვა ანამ.
– რაღაც ვნერვიულობ, – ღელავდა ნინო.
– ნუ ნერვიულობ, – უთხრა ქეთიმ.
– ნინო, თუ ძალიან გეშინია, მაშინ არ წამოხვიდე! თუ გინდა, ტაქსს გამოგიძახებ და
სახლში დაბრუნდი, – შესთავაზა ლუკამ.
– არა, არა, – ენერგიულად გააქნია თავი გოგონამ, – გმადლობ, მაგრამ ახლა უკან ხომ არ
დავბრუნდები?! თანაც წამოსვლაც ძალიან მინდა.
– რაღა წამოსვლა, უკვე მოვედით, – უთხრა ანამ.
ამ დროს უკანასკნელ შენობასაც ჩაუარეს და მარჯვნივ შეუხვიეს. სკოლა კარგად ჩანდა.
არც ისე დიდი, ოთხსართულიანი შენობა, სადაც ასე, ხუთასამდე ბავშვი სწავლობდა, როგორც
სკოლების უმეტესობა, მართკუთხა ფორმის იყო და უკანა მხრიდან, მარჯვენა და მარცხენა
მხარეს ფლიგელები ჰქონდა მიშენებული. პირველ სართულზე, ამ ფლიგელების ფანჯრების
გარდა, ყველა ფანჯარას გისოსები ჰქონდა გაკეთებული. ქეთი და მისი მეგობრები სკოლაში
შესვლას მარჯვენა ფლიგელიდან აპირებდნენ.
სკოლის გარშემო პატარა ღობე იყო. მის გასწვრივ ხეები და ბუჩქები ხარობდა. ღობეზე
ადვილად გადაძვრნენ. სახლებში დარეკეს, ტყეში უკვე მივედითო (მშობლებს მოატყუეს, ვითომ
ტყეში მიდიოდნენ კოცონთან ღამის გასათენებლად). სწრაფად მიირბინეს სკოლის მარჯვენა
ფლიგელთან, იმ ადგილას, საიდანაც შეპარვას აპირებდნენ.
– ლუკა, ჯერ ნახე, შიგნით ვინმე ხომ არ არის? – ჩურჩულით უთხრა ცოტათი
აღელვებულმა ანამ.
ბიჭმა ფანჯარას შუბლი მიადო, დერეფანი ყურადღებით დაათვალიერა და, როცა
დარწმუნდა, რომ დარაჯი იქ არ იყო, გოგონებს უთხრა:
– დარაჯი აქ არ არის.
შემდეგ თავისი პარკიდან, დაახლოებით, ოცი სანტიმეტრის საკმაოდ წვრილი, ცალ
მხარეს წამახვილებულ წვერიანი რკინის ჯოხი ამოიღო:
– ქეთი, პარკი დამიჭირე!
გოგონამ პარკი მაშინვე გამოართვა.
მან ჯოხის წამახვილებული წვერი ფანჯრის ჩარჩოში შეუყარა, მარცხნივ ფრთხილად
გასწია და, როცა ფანჯარა გაიღო, ქეთის რკინის ჯოხი მიაწოდა:
– გოგონებო, ყოველი შემთხვევისთვის, ჯერ მე შევალ!
მათაც თანხმობის ნიშნად თავები დაუქნიეს.
ლუკა ფანჯარიდან უხმაუროდ, სწრაფად გადაძვრა და სკოლაში შეიპარა. მერე გარეთ
გამოიხედა, ქეთის ჩურჩულით უთხრა, პარკი და რკინის ჯოხი მომეციო. გოგონამ ყველაფერი
მიაწოდა, მისი დახმარებით ისიც სკოლაში შეიპარა. ამის შემდეგ, ლუკამ ნინო და ანაც შეაპარა
სკოლაში და ფანჯარა დაკეტა.
ქეთი სხვებთან ერთად ჩუმად ადიოდა კიბეებზე. მიუხედავად სკოლის შენობაში
გამეფებული სიბნელისა, ცდილობდნენ არ ეხმაურათ. თან ეშინოდა და თან მოსწონდა კიდეც,
ახლა აქ რომ იყო და ამას აკეთებდა. მის სახეზე რამდენჯერმე ღიმილმა გაიელვა. როცა საკლასო
ოთახში შევიდნენ და კარები დაკეტეს, ხმადაბლა გაიცინა.
– რა გაცინებს? – მომღიმარი სახით ჰკითხა ლუკამ, რომელსაც რაღაცნაირად სიბნელეშიც
კი არ გამოეპარა ქეთის სიცილი. აი ქეთიმ კი სიბნელის გამო, ვერ დაინახა, ლუკა რომ იღიმებოდა
და ჩურჩულით უპასუხა:
– რავიცი, ისე, უბრალოდ, გამეცინა.
ქეთიმ ჩანთიდან ორი საშუალო ზომის თეთრი სანთელი ამოიღო, აანთო და ერთ-ერთ
წინა მერხზე დაამაგრა. საკლასო ოთახი სუსტად განათდა. საკმაოდ დიდ ოთახში კარგი
მერხებისა და საშუალო ზომის, მაგრამ განიერი დაფის გარდა, არაფერი იყო. არც გამოჩენილ და
საზოგადო მოღვაწეთა სურათები, არც რუქები და არც ქოთნის ყვავილები.
– მოდი, დავლიოთ! – თქვა ლუკამ და პარკიდან ღვინით სავსე ბოთლი და ოთხი
პოლიეთილენის ჭიქა ამოიღო. პარკი იქვე დადო, ბოთლი და ჭიქები კი იმ მერხზე დააწყო,
რომელზეც სანთლები ენთო. მერე ჭიქები ლამაზად, ზუსტად ერთმანეთის გასწვრივ დააწყო და
თქვა:
– ასე ლამაზად აწყვია! როგორ ბნელა!
გოგონები მერხთან მივიდნენ და დასხდნენ.
– მე მოგიწევდით სკამებს... - თქვა ლუკამ.
– ვაა, ლუკა, რა მზრუნველი და ზრდილობიანი ხარ! – შეაქო ანამ.
– გმადლობ.
– ჩვენი ლუკა, სულ ასეთი იყო! – დაუმატა ქეთიმ.
– გმადლობ. ნინო, აქ ხარ და ბარემ შენც შემაქე, კარგი?
ანამ მერხზე ის მცირედი საჭმელი დააწყო, რაც წამოიღეს და სახელდახელო ,,სუფრა“
გაშალა. საჭმელი ერთ მერხზე არ დაეტია და ლუკას მეორე მერხის მიდგმაც მოუხდა, მერე კი
მესამე სანთელიც აიღო, აანთო და იმ მეორე მერხზე დაამაგრა.
ღვინოს სვამდნენ, საჭმელს მიირთმევდნენ და ლაპარაკობდნენ. ნინო თავიდანვე
ღელავდა და პირი არაფერს დააკარა. მეგობრები გამუდმებით სთავაზობდნენ სასმელს, მაგრამ
უშედეგოდ. ნელ–ნელა მღელვარება სულ უფრო და უფრო ემტებოდა და ამის გამო, ვერ
ისვენებდა:
– დარაჯმა რომ გაიგოს ჩვენი ხმა და დაგვიჭიროს? – ჩურჩულითა და მღელვარებით
ამბობდა იგი.
– ნუ გეშინია, ჩვენს ხმას ვერ გაიგებს! – ამშვიდებდა ანა.
– იმ მოხუც დარაჯს ყურში აკლია და კარგადაც ვერ ხედავს! – ეუბნებოდა ქეთი.
ბოლოს და ბოლოს, მისმა ამდენმა ლაპარაკმა და წუხილმა იმის შესახებ, რომ შესაძლო
იყო ისინი დარაჯს დაეჭირა, სხვებზეც იმოქმედა და ისინიც ააღელვა, თუმცა ნინოსავით მაინც
არც ერთი არ ღელავდა. ქეთიმ საათს დახედა. მას შემდეგ, რაც სკოლაში შეიპარნენ, სულ ცოტა
ხანი იყო გასული და უკვე ასე ძლიერ ღელავდნენ. სულგანაბულები და ხმაგაკმენდილები
სკამებზე ყურადღებით ისხდნენ და არ სურდათ, დერეფანში სულ მცირე ხმაურიც კი
გამოჰპარვოდათ, მაგრამ ასეთ დროს იქ, რა ხმაური იქნებოდა?!
– კარგით რა! გოგონებო, რა გჭირთ, ან რა გვჭირს?! – სიჩუმე დაარღვია ლუკამ. – მთელი
ღამე ასე, ბუებივით ხომ არ ვისხდებით?
– მართალია, – დაეთანხმა ქეთი.
– გაიგე, ნინო? ნუ გეშინია, ცოტა გავმხიარულდეთ! – უთხრა ანამ.
– აქ არავინ მოვა და არც არავინ დაგვიჭერს, ასე რომ, სანერვიულო არაფერია! – დაამშვიდა
ლუკამ.
– კი მაგრამ, რა გავაკეთოთ? – იკითხა ანამ.
– ვილაპარაკოთ და კარგი ამბები გავიხსენოთ! – აზრი გამოთქვა ლუკამ.
– მოსაწყენია, – თავი გააქნია ქეთიმ, – რა უნდა გავიხსენოთ?! სკოლაში სწავლის დროს,
იმდენჯერ გვაქვს გახსენებული ჩვენი ამბები, რომ მგონი, ყველამ ზეპირად ვიცით, ვის რა და
როდის მოგვსვლია.
– ეგეც მართალია, – თავი დაუქნია ლუკა.
– მაშინ, მოდით, ცოტა დავისვენოთ და თვალები დავხუჭოთ, – თქვა ანამ.
– რას ამბობ! – ნერვულად უთხრა ნინომ. – რომ დაგვეძინოს და დარაჯმა დაგვიჭიროს?!
– კარგი რა, ნინო! რა გჭირს? რაღაც ვერ გცნობ. მგონი, ცუდად ხარ! – უთხრა
ჩაფიქრებულმა ქეთიმ.
– ცუდად არ ვარ, უბრალოდ, მეშინია, – შეიშმუშნა გოგონა, – ხომ შეიძლება, დარაჯმა
დაგვიჭიროს?
– ნუ გეშინია, ნინო! – თავზე ხელი გადაუსვა ანამ. – თვალები დავხუჭოთ და დავისვენოთ.
იმაზე აღარ იფიქრო, რომ ვინზე დაგვიჭერს. აქ მთელი ღამე მარტო ვიქნებით. თქვენი არ ვიცი,
მაგრამ მე კი მეძინება, – დაამთქნარა ანამ.
– კარგი, დავისვენოთ! – ლუკამ საათს დახედა. ეტყობოდა რომ ჯერ კიდევ ღელავდა. –
მთელი ღამე ხომ არ ვიფხიზლებთ, ცოტა ხანს დავისვენოთ!
სკამების საზურგეებს მიეყრდნენ და თვალები დახუჭეს.
ქეთისაც ეშინოდა, რადგან შესაძლო იყო, ისინი დარაჯს მართლა დაეჭირა, მაგრამ მასაც
ანასავით ეძინებოდა და სულ მალე ჩაეძინა…
თვალები გაახილა და ისევ დახუჭა. ძილ-ბურანში იყო. ერთი–ორჯერ ღრმად დაამთქნარა.
ეძინებოდა, მაგრამ დაძინებას ვეღარ ახერხებდა. ალბათ, სკოლაში რომ იყო, იმიტომ ვეღარ
შეძლო დაძინება. ისევ ეშინოდა – ეშინოდა, რადგან შესაძლო იყო, ისინი დარაჯს დაეჭირა.
დროდადრო თვალებს ოდნავ ახელდა და საკლასო ოთახში სუსტად მბჟუტავ სანთლის ალს
ხედავდა, რომელიც სუსტად, თუმცა უსიამოვნოდ უჭვრიტინებდა თვალებში. ქუჩიდან ქარის
ხმა ესმოდა, რომელიც ხეებს აქეთ–იქით არხევდა. რამდენჯერმე ფოთლების შრიალის ხმაც
გაიგონა. არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. ეძინებოდა, მაგრამ ვერ იძინებდა, სიამოვნებდა
თვალები დახუჭული რომ ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის იყო, საწოლში წოლის ნაცვლად სკამზე
რომ იჯდა, რაც საშინლად აწუხებდა.
ნაბიჯების ხმა მოესმა, თუმცა ამისთვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. ეს ხმა ხან
ისმოდა, ხან კი უეცრად წყდებოდა. დროდადრო კიდევ რაღაცის ხმაც ესმოდა, ოღონდ ვერ
ხვდებოდა, ეს რისი ხმა იყო.
ქეთიმ ნახევრად მძინარე გონებით დაასკვნა, რომ დერეფანში დარაჯი დადიოდა, მაგრამ
საკლასო ოთახებში არ შედიოდა.
ცოტა ხნით ისევ ჩაეძინა...
გაეღვიძა. კვლავაც ძილ–ბურანში იყო. ამდენ ხანს სკამზე ჯდომითა და ძილით ძალიან
შეწუხდა. უეცრად თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტი გაახსენდა – თეთრი სახე! ის
ფანჯარასთან იდგა და უყურებდა! ამის გახსენებაზე გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და
ერთბაშად გამოფხიზლდა.
მეგობრებს გადახედა. ჯერ ლუკას, შემდეგ ნინოსა და ანას - სამივეს ეძინა.
მასთან ისევ დაბრუნდა ის საშინელი შიში, რომელიც უეცრად დაატყდებოდა ხოლმე
თავს და მოსვენებას უკარგავდა. ისევ აუჩქარდა გული, ისევ გაუფითრდა სახე და ისევ
გაუფართოვდა თვალის გუგები. ქუჩიდან კვლავაც ისმოდა ქარისა და მისგან მიმოფანტული
ფოთლების ხმა. ორივე სანთელი თითქმის მთლიანად ჩამწვარიყო. მაგიდაზე ნაღვენთები ესხა...
საკლასო ოთახში უწინდელზე მეტად ბნელოდა.
გოგონას ეგონა, რომ მის უკან შავებში ჩაცმული უცნობი და ის თეთრსახიანი საშინელება
იდგა, რომელიც დათოს აგარაკზე ნახა. ისინი, უბრალოდ, იდგნენ. არაფერს უშავებდნენ, მაგრამ,
თუ გაინძრეოდა, ისინიც მაშინვე თავს დაესხმებოდნენ. რადგან უკან მიხედვას ვერ ბედავდა,
ამიტომ მეგობრების გაღვიძება სცადა:
– ლუკა! – ჩურჩულით წარმოთქვა შეშინებულმა. – ლუკა, ლუკა! ნინო! ანა! ლუკა!
ნახევრად მძინარე ლუკამ თვალები გაახილა, ქეთის შეხედა და ჰკითხა:
– რა იყო?
– არაფერი, – უთხრა ქეთიმ და გაიფიქრა, რომ მისი შიში უსაფუძვლო იყო, მაგრამ უკან
მაინც მიიხედა. არც მის უკან და არც საკლასო ოთახში, მათ გარდა, სხვა არავინ არ აღმოჩნდა, –
უბრალოდ, გამეღვიძა და... ასე, ბუსავით ხომ ვერ ვიჯდები? ბოდიში, რომ გაგაღვიძე. თუ
გეძინება, დაიძინე.
– შენ ოღონდ მიბრძანე და ყველაფერს გავაკეთებ! – სერიოზული სახე მიიღო ლუკამ.
– გმადლობ, – მორცხვად გაიღიმა გოგონამ.
– მომეჩვენა, თუ ახლახანს მართლა ძალიან შეშინებული იყავი?
– არ მოგჩვენებია. იცი, ის საშინელი რაღაც გამახსენდა, დათოს აგარაკზე რომ შემაშინა.
მერე ისიც გამახსენდა... – ქეთის უჭირდა ამ თემაზე საუბარი, – ხომ იცი, შავებში ჩაცმული
უცნობი ღამით უკან რომ მომყვებოდა, ეგეც გამახსენდა და ძალიან შემეშინდა.
– მოიცა, გამოვიცნობ! – ბიჭმა საკლასო ოთახს თვალი მოავლო. – აქ ჩვენ ოთხის გარდა,
არავინ არ არის. ხომ ხედავ, რომ აქ არავინ არის. გეგონა, ისინი საკლასო ოთახში შენს უკან
იდგნენ და შენთვის რაღაცის დაშავება უნდოდათ, ჰო?
– კი, ასე მეგონა.
– შენს შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იმის თქმა მინდა, რომ იმ ღამეს ძალიან
შეგეშინდა, რამაც თავისი კვალი დაგიტოვა...
– შენ გინდა თქვა, რომ არანორმალური ვარ?
– არა, ნორმალური ხარ. მოდი, ერთ კითხვას დაგისვამ და მიპასუხე: ვინც იციან, იმის
შესახებ, დათოს აგარაკზე რაღაცამ რომ შეგაშინა, რას გეუბნებიან?
– ეს ამბავი მხოლოდ თქვენ - ჩემმა კლასელებმა იცით. ყველა მეუბნება, რომ ან მომეჩვენა,
ან დამესიზმრა, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, იქ ვიღაც იყო, და მოდი, ,,ვიღაც“ ან ,,რაღაც“ აღარ
ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი, ის დათო იყო. ეს დავამტკიცე კიდეც.
– გასაგებია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ფაქტიურად შეუძლებელია, ზრდასრული
ადამიანი კოშმარმა ისე შეაშინოს, როგორც შენ შეგეშინდა და მის ცნობიერებაში ისეთი კვალი
დატოვოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება. შეიძლება ადამიანს სიმთვრალეში რამე
მოეჩვენოს და ისე ძალიან შეეშინდეს, როგორც შენ, მაგრამ ცნობიერებაში ასეთი კვალი რომ
დაუტოვოს, მე მგონი, შეუძლებელია. ჩემი ნათქვამიდან რამე ხომ არ გეწყინა?
– არა, ყველაფერში მართალი ხარ.
– თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ ან კოშმარი დაგესიზმრა, ან რაღაც მოგეჩვენა, თუმცა
შემდეგ ყველაფერს მივხვდი. მივხვდი, რომ ვცდებოდი და შენ, ის ვიღაც ნამდვილად დაინახე.
სიმთვრალეში ადამიანის გონება ნაწილობრივ ითიშება, ძილში კი – უფრო მეტად. ამიტომ,
როდესაც ადამიანი კოშმარს ხედავს, ვერ ხვდება, რომ ეს, უბრალოდ, ცუდი სიზმარია და ძალიან
ეშინია, მერე კი, როცა იღვიძებს, ხვდება, რომ ეს, მხოლოდ, ცუდი სიზმარი იყო და მალე
მშვიდდება. ახლა, რაც შეეხება სიმთრალეს: შენ იმ ღამეს ძალიან დათვერი და, ჩემი აზრით,
სავსებით შესაძლებელი იყო, ასეთ მთვრალს, რამე მოგჩვენებოდა. როგორც კოშმარში ვერ ხვდება
ადამიანი, რომ ცუდ სიზმარს ხედავს, შენც ისე ვერ მიხვდებოდი, რომ, უბრალოდ, რაღაც
საშინელება გეჩვენებოდა. შემდეგ კი, როცა გამოფხიზლდებოდი, ის საშინელი რაღაც ისე
დაგავიწყდებოდა, როგორც გაღვიძების შემდეგ ცუდი სიზმარი. ხომ გასაგებად აგიხსენი
ყველაფერი? თუ რამე ვერ გაიგე, მითხარი და დიდი სიამოვნებით აგიხსნი.
– გმადლობ. ყველაფერი გავიგე. შენ იმის თქმა გინდა, რომ მე ნამდვილად დავინახე
ვიღაც, ანუ ფანჯარასთან ნამდვილად იდგა ადამიანი და რასაც ვამბობდი, სიმართლეა.
– ჰო, მართალი ხარ. შენი შეშინება არ მინდა, მაგრამ იქ, ვიღაც მართლა იყო, წინააღმდეგ
შემთხვევაში, კოშმარი ან სიმთვრალეში დანანახული მოლანდება, ადამიანზე ასე ვერ
იმოქმედებდა. იმას ვგულისხმობ, რომ ამდენი ხანი გავიდა, შიშები კი ისევ გაქვს.
– კი, შიშები ისევ მაქვს, მაგრამ მალე აღარ მექნება.
– ბოდიში, ქეთი, ერთი წუთი... – ლუკა ფეხზე წამოდგა, პარკიდან ერთი სანთელი ამოიღო,
აანთო და მაგიდაზე დაამაგრა.
– იცი, მხოლოდ შენ გჯერა ჩემი, – თბილად უთხრა გოგონამ, – ეს ამბავი ჩემმა მშობლებმა
რომ გაიგონ, ისინიც კი არ დამიჯერებენ. გმადლობ, ლუკა, ჩემი რომ გჯერა და გვერდში
მიდგახარ. იცი, კიდევ მინდა გითხრა, რომ უცნობის სატელეფონო ზარებმა, მანიაკზე სტატიამ და
შავებში ჩაცმულმა უცნობმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ხშირად მახსენდებოდა ის
საშინელი, თეთრი სახე, მერე კი, ამას დათოს სულელური ოინებიც რომ დაემატა, ამ ყველაფერმა
ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ლუკა, შენ ხომ გჯერა ჩემი და ისიც გჯერა, რომ მთელი ამ ხნის
განმავლობაში დათო მაშინებდა?
– ტყუილს ვერ ვიტან, ამიტომ პირდაპირ გეტყვი - არ ვიცი, რა გიპასუხო. უბრალოდ,
ერთს გეტყვი: ბევრ ადამიანს ჰყავს ,,ალტერ ეგო“, იგივე ,,მეორე მე“ და სავსებით შესაძლებელია,
რომ ის, რაშიც შენ დათოს ადანაშაულებ...
– უიმე! – აღელდა ქეთი. – ახლა გამახსენდა, წეღან ძილ–ბურანში რომ ვიყავი, ნაბიჯების
ხმა გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. შენ არაფერი გაგიგია?
– არა, მე მეძინა. ფხიზლად ყოფნას ვაპირებდი, მაგრამ მაინც ჩამეძინა. ეტყობა, დარაჯი
დადიოდა და რადგან ჩვენს დასაჭერად პოლიცია არ მოვიდა, ესე იგი, აქ არ შემოუხედავს.
– მაგრად გადავრჩით!
– ჰო, ნამდვილად!
ამ დროს ანას გაეღვიძა, მეგობრებისკენ თავი ნელა მიაბრუნა, თვალები მოისრისა და
იკითხა:
– რომელი საათია?
ქეთიმ საათს დახედა:
– პირველი სრულდება.
– აუ, ჯერ რა ადრე ყოფილა?! – დაამთქნარა ანამ და თავისი გრძელი, წაბლისფერი თმა
რატომღაც ხელით აიბურძგნა: – მოდი, ტაქსი გამოვიძახოთ და წავიდეთ!
– აუ, მართლა, რა უაზრობაა! – დაეთანხმა ქეთიც. – რა გვინდოდა, რატომ მოვედით?! ამ
დროს აქ, რა გვინდოდა?! ახლავე ტაქსს გამოვიძახებ და წავიდეთ!
– თქვენ მგონი შეგეშინდათ! – გაიღიმა ლუკამ. – ამდენ ხანს დავრჩით და ახლა წავიდეთ?
– ამდენ ხანს რა გავაკეთეთ? – ხელი ჩაიქნია ანამ. – ვერც ვიმხიარულეთ და დაძინებაც ვერ
შევძელით.
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მთელი ღამე დავრჩებოდით? – გული დასწყდა
ლუკას.
– ლუკა, ბოდიში, არ გეწყინოს, მაგრამ მართლა ჯობია, რომ წავიდეთ! – ნაზად უთხრა
ქეთიმ. – თან წეღან ნაბიჯების ხმაც გავიგე. ახლა ისღა გვაკლია, რომ დარაჯი დაგვადგეს თავზე
და დაგვიჭიროს?
– კარგი, წავიდეთ! – თქვა ბიჭმა, შემდეგ კი გოგონებთან ერთად მაგიდებიდან საჭმელ–
სასმელი აალაგა. გოგონებს ჩანთები რომ არ დამძიმებოდათ, ყველაფერი თავის პარკში ჩააწყო.
– ნინო, გაიღვიძე! – უთხრა ანამ. – ნინო, გაიღვიძე, მივდივართ!
ნინო გაუნძრევლად იჯდა სკამზე და თვალები დახუჭული ჰქონდა.
– ცუდად ხომ არ არის? – ყურადღებით შეხედა ლუკამ.
ნინოს სახე და ხელები სულ მთლად გათეთრებოდა.
– მგონი, ცუდად არის! ამ დროს აქ რისთვის მოვედით?! ნინო, ცუდი იდეა მოგივიდა
თავში! ახლა გაიღვიძე! ადექი! – შეწუხდა ანა.
ლაპარაკი უშედეგო იყო, ნინო არ იღვიძებდა. ქეთის უნდოდა, შეენჯღრია და როგორმე
გაეღვიძებინა. მან მძინარე მეგობარს ხელები მხრებში ჩაავლო და შეანჯღრია, მაგრამ ნინოს
მაინც არ გაეღვიძა, ნჯღრევისას ქვემოთ ჩაცურდა და იატაკზე დავარდა.
ახლა ნინოს მშვენიერი სხეული იატაკზე ორ სკამს შუა ეგდო. თვალები ისევ დახუჭული
ჰქონდა. არ იღვიძებდა. თავი იმ სკამთან ჰქონდა, რომელზეც თვითონ იჯდა, ფეხები კი
მოპირდაპირე სკამის ფეხებშუა შესცურებოდა, იმ სკამის ფეხებშუა, რომელზეც ცოტა ხნის წინ
ანა იჯდა.
ლუკა დაიხარა და ნინო ასწია, რათა ისევ სკამზე დაესვა, მაგრამ ამ დროს გოგონას თავი
უკან გადაუვარდა:
– ვაიმე! – შეჰყვირა შეშინებულმა ბიჭმა და ნინო ისევ იატაკზე დააწვინა.
– რა მოხდა?! – ერთდროულად ჰკითხეს შეშინებულმა გოგონებმა.
– ანა, მოდი, ნახე! – უთხრა აკანკალებულმა ლუკამ, მერე საკლასო ოთახს ერთ წამში
მოავლო თვალი, იქაურობა წამში მოირბინა, თითქოს ვიღაცას, ან რაღაცას ეძებსო, მაგრამ,
როგორც ჩანდა, რაც უნდოდა, ის ვერ იპოვა და ისევ გოგონებთან დაბრუნდა.
– რა მოხდა?– ჰკითხა აღელვებულმა ანამ და ქეთისთან ერთად ნინოსთან მივიდა.
ლუკამ მერხიდან სანთელი აიღო და ნინოს ყელთან მიანათა - გოგონას ყელს ლურჯად
აჩნდა თითების ნაკვალევი.
– ანა, სამედიცინოზე ხომ ჩააბარე, რამე უშველე! – უთხრა აღელვებულმა ბიჭმა.
ანა მუხლებზე დადგა, ნინოს მაჯაზე პულსი გაუსინჯა, მერე ხელით ხელოვნური
სუნთქვის ჩატარება დაუწყო და ატირდა.
– რა სჭირს?! – ჰკითხა აღელვებულმა ქეთიმ.
– მოკვდა! – ტირილით უპასუხა ანამ, პულსი კიდევ ერთხელ გაუსინჯა და ხელოვნური
სუნთქვის ჩატარება განაგრძო. – ვიღაცამ დაახრჩო! ნინო ვიღაცამ დაახრჩო!
– ვაიმე, ეს როგორ?! – თქვა შეცბუნებულმა ქეთიმ. – კი მაგრამ, სანამ ჩვენ გვეძინა, რა
მოხდა?!
– აქ ვიღაც იყო! – თქვა ლუკამ. – აქ ვიღაც იყო და იმ ვიღაცამ ნინო დაახრჩო, ჩვენ კი ამ
დროს გვეძინა... მე ამ დროს მეძინა! – გაბრაზებული ლუკა მუხლებზე დაემხო, თავი დახარა და
ხელებში ჩარგო. – ჯანდაბა! მე მეძინა, ამ დროს კი ნინოს ვიღაც ახრჩობდა!
– ლუკა, გაჩერდი! შეიძლება ნინო ცოცხალია! – უთხრა ატირებულმა ქეთიმ.
– ანა, იქნებ გადაარჩინო! – შეეხვეწა ბიჭი.
ანა კვლავ განაგრძობდა ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას. კიდევ ერთხელ გაუსინჯა
პულსი, შემდეგ კი, უიმედოდ სასოწარკვეთილმა ტირილით თქვა:
– მოკვდა!.. ჩვენ რა ვქნათ?
– აქედან უნდა წავიდეთ! აქედან უნდა წავიდეთ, თქვენი!.. – დაიყვირა ქეთიმ.
ლუკამ საჩქაროდ მოხსნა მერხებიდან სანთლები და ნაღვენთები, სამივე სანთელი ჩააქრო
და ყველფერი პარკში ჩადო.
საკლასო ოთახიდან ფრთხილად და უხმაუროდ გამოვიდნენ. ქეთი ბოლო იყო, ვინც
საკლასო ოთახი დატოვა. გამოსვლის დროს უკან მიიხედა და თავისი მეგობრის გვამს გახედა, იმ
მეგობრის გვამს, რომელსაც ასე უგულოდ, მარტოდმარტო ტოვებდნენ უკუნეთ სიბნელეში.
სიბნელის გამო, ნინოს სხეული ვერც კი დაინახა, მხოლოდ ქვეცნობიერდ შეძლო მისი თეთრი
სახისა და ხელების დანახვა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ გოგონა მკვდარი იყო. მხოლოდ
მისი თეთრი სახე და ხელები იყო ის, რაც ცოტათი მაინც არღვევდა სიბნელის ფარდას და მის
წარმოსახვაში, უკუნეთ სიბნელეს პაწაწინა ვარსკვლავივით ანათებდა.

თავი 7

ქუჩაში ტაქსი გაჩერდა. საჭესთან მძღოლი, ხოლო უკანა სავარძელზე ბიჭი და ორი გოგონა
იჯდა. ქეთიმ ჯერ ლამპიონებით განათებულ ქუჩას გახედა, შემდეგ კი თავის სადარბაზოს
მიაპყრო მზერა. სადარბაზოდან სუსტი შუქი მოჩანდა. ძალიან შეეშინდა. მანქანიდან გადასვლას
და შენობაში შესვლას ვერ ბედავდა. იქნებ ის, ვინც ნინო მოკლა, უკან მოჰყვებოდა? მაშინ
შესაძლო იყო, ქეთისაც დაეტოვებინა ეს სამყარო და ნინოს ბედი გაეზიარებინა.
– ერთი წუთი დამელოდეთ! – უთხრა ლუკამ მძღოლს და ქეთის მიუბრუნდა. – სახლის
კარებამდე აგაცილებ!
– ამაცილე! – ამ სიტყვებმა გოგონა ცოტათი დაამშვიდა.
ისინი მანქანიდან გადავიდნენ და სადარბაზოსკენ წავიდნენ.
– ლუკა, ფრთხილად იყავი! – კანკალით უთხრა ქეთიმ, როდესაც სადარბაზოში
შედიოდნენ.
– ნუ გეშინია, აქ საფრთხე აღარ გემუქრება!
მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ასე შევიდნენ სადარბაზოში. სინათლე მხოლოდ
პირველ სართულზე ენთო, რომელიც ძალიან სუსტად ანათებდა, ხოლო დანარჩენი სართულები
მთლიანად სიბნელით იყო მოცული.
– ლუკა, მეშინია! – ჩურჩულებდა აკანკალებული ქეთი.
– ნუ გეშინია, აქ მარტო ჩვენ ვართ! წამოდი, კიბეებზე ავიდეთ!
ისინი კიბეებზე ხელიხელჩაკიდებულები ადიოდნენ. ქეთის კვლავაც ძალიან ეშინოდა და
ამას ისიც ემატებოდა, რომ სიბნელეში თითქმის ვერაფერს ხედავდა. ეგონა, თეთრსახიანი
საშინელება და შავებში ჩაცმული უცნობი უეცრად საიდანღაც გამოხტებოდნენ ან უკნიდან
მიეპარებოდნენ და თავს დაესხმებოდნენ. ეს აზრი გამუდმებით თავში უტრიალებდა და შიშის
ზარს სცემდა. ამას თან ერთვოდა მეგობრის სრულიად უეცარი და ბურუსით მოცული
მკვლელობა, რომელიც მასში მწუხარების გრძნობას აღძრავდა.
კიბეებზე ასვლის დროს ის საშინელი სიზმარი გაახსენდა, რომელშიც ნახა, თითქოსდა
დათოს აგარაკზე იყო და ამის გაფიქრებაზე თავში ერთმა აზრმა გაურბინა: იქნებ ახლაც
უბრალოდ კოშმარს ხედავდა? იქნებ მისი საუკეთესო მეგობარი, ნინო, ცოცხალი იყო, ხოლო
თვითონ ქეთის სულ მალე გამოეღვიძებოდა და ეს საშინელება დამთავრდებოდა.
ხელის გულზე ფრჩხილი ჩამოისვა (მას გრძელი ფრჩხილები ჰქონდა). როცა ძლიერი
ტკივილი იგრძნო, მიხვდა, რომ ყველაფერი რაც მოხდა, რეალობა იყო და აზრი, თითქოს ცუდ
სიზმარს ხედავდა, საშინელ რეალობასთან შედარებით, მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ოცნება
აღმოჩნდა.
მეხუთე სართულზე მალე ავიდნენ, მაგრამ ქეთის ეს დრო, რამდენიმე საათად მოეჩვენა.
ლუკამ გოგონა სახლის კარებამდე მიაცილა.
– ქეთი, ხომ გახსოვს, როგორც მოვილაპარაკეთ?
– კი, მახსოვს. დიდი მადლობა, ლუკა. ერთი წუთით მოიცადე, არ წახვიდე! სახლში რომ
შევალ, მერე წადი! კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას.
– არაფრის. ქეთი, მთავარი ის არის, რომ ახლა უსაფრთხოდ ხარ!
გოგონამ გასაღები ჩანთიდან ხელის კანკალით ამოიღო. ძალიან ღელავდა, კანკალებდა და
გასაღებს კლიტეს ვერ არგებდა. ლუკა დაეხმარა, გასაღები გამოართვა, კარები გაუღო და უკან
დაუბრუნა.
– ლუკა, ფრთხილად იყავი! მოდი, არ წახვიდე, სახლში შემოდი და გათენებას დაელოდე!
– არა, აქ ვერ დავრჩები, ანა სახლში უნდა მივიყვანო. ქეთი, გმადლობთ და ნახვამდის!
გოგონამ ბიჭს სახეზე შეხედა - ნეტავ მას წასვლა გადაეფიქრებინა. მასთან ყოფნა
სიამოვნებდა, იმიტომ რომ ის მზრუნველი, კეთილი, ჭკვიანი და ძლიერი იყო. ის აზრი, რომ
ნინოს მკვლელი უკან მოჰყვებოდა, ისევ თავში უტრიალებდა და მისი წასვლა სწორედ ამის გამო
კიდევ უფრო არ უნდოდა.
ქეთი ლუკას ჩაეხუტა და ტუჩებში აკოცა. ბიჭმა მას ხელები შემოხვია და გულში მაგრად
ჩაიკრა. ქეთის ისევ ეშინოდა, რომ თავს დაესხმებოდნენ, ამიტომ ინსტიქტურად უკან დაიხია და
სახლში შევიდა.
– ფრთხილად იყავი! – უთხრა კარის ზღურბლთან მდგარმა გოგონამ.
– თუ გინდა, შენთან დავრჩები.
– არა, უნდა წახვიდე და ანა სახლამდე მიაცილო!
ამ დროს მანქანის სიგნალის ხმაც გაისმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ტაქსის მძღოლს
ლოდინი მობეზრდა.
– ჰო, რა თქმა უნდა, მე ანა უნდა მივაცილო. კარები დაკეტე! ნახვამდის და ფრთხილად
იყავი, ჩემო სიყვარულო! – ლუკამ ბოლო ფრაზა განსაკუთრებული სითბოთი წარმოთქვა.
– ნახვამდის! – დაემშვიდობა ქეთი და კარები დაკეტა.
რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე. არაფერზე არ
ფიქრობდა. მას ესმოდა ლუკას ნაბიჯების ხმა. ის კიბეებზე ჩარბოდა, რათა ახლა ანა მიეცილებინა
სახლამდე. იგი ნელი ნაბიჯით მოშორდა კარებს და ფანჯარასთან მივიდა, იმ ფანჯარასთან,
რომლიდანაც ქუჩის დანახვა შეიძლებოდა. ტაქსი ქუჩაში აღარ იდგა, უკვე წასულიყო.
– წავიდნენ! – თავისთვის ჩაილაპარაკა და ქუჩაში კიდევ ერთხელ გაიხედა - იქ არავინ
იყო. უფრო ყურადღებით დაიწყო ქუჩის თვალიერება, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ეძებდა. ქეთი
ვიღაცას ეძებდა, ის ვიღაც კი შავებში ჩაცმული უცნობი იყო. თხუთმეტი წუთი მაინც
იყურებოდა, მაგრამ შავებში ჩაცმული უცნობი არსად ჩანდა. მთელი ამ დროის განმავლობაში
მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდამ და მანქანამ გაიარა.
კვლავაც შიშის გრძნობა დაეუფლა. თავისდაუნებურად წარმოიდგინა, თითქოს შავებში
ჩაცმული უცნობი და ის საშინელება, რომელიც აგარაკზე ნახა, სახლში იყვნენ. ამ აზრმა სულ
ერთი წამით გაუელვა თავში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სულელურად და არაბუნებრივად
მოეჩვენა, იმ ძლიერ შიშს მაინც ვერაფერს ვერ უხერხებდა, რომელიც მასში სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა.
შიშით აღსავსე გაემართა მშობლების ოთახისკენ. გვერდით გახედვისაც კი ეშინოდა.
საძინებლის კარი გააღო. დედ–მამას მშვიდად ეძინათ. როცა შეშინებულმა ქეთიმ მათ დაუძახა,
არც კი განძრეულან.
კარი მიხურა და თავისი ოთახისკენ გაემართა. მისი ოთახი გვერდით იყო. კარი გააღო,
შევიდა, შუქი აანთო და კარი მიხურა. სიბნელესთან ერთად გაქრა იმის შიში, თითქოს შავებში
ჩაცმული უცნობი და დათოს აგარაკზე ნანახი საშინელება იქ იყვნენ. ეს კარგი იყო, მაგრამ იმ
საშინელებას რას მოუხერხებდა, რომელიც სინამდვილეში მოხდა და მას, ლუკასა და ანას დიდ
პრობლემებს შეუქმნიდა. ნინოს სიკვდილს ახლა ვერანაირი სინათლე ვეღარ უშველიდა.
უეცრად მარჯვენა ხელისგულზე ტკივილი იგრძნო, ზედ დაიხედა და დაინახა, რომ
ხელისგული სისხლიანი ჰქონდა. თავიდან შეეშინდა და ვერ მიხვდა, საიდან ჰქონდა სისხლი,
თუმცა მალევე გაახსენდა, ცოტა ხნის წინ ხელისგულზე ფრჩხილი რომ ჩამოისვა.
ოთახიდან გავიდა, კარი ღია დატოვა. იქიდან სინათლე გამოიჭრა და იმის საშუალება
მისცა, რომ უშიშრად შესულიყო სააბაზანოში. შუქი აანთო და სარკეში ჩაიხედა. სახეზე ფერი
სულ მთლად წასვლოდა. წყალი მოუშვა და ხელისგულიდან სისხლი ჩამოიბანა. მართალია,
სისხლი მოიშორა, მაგრამ ჭრილობის კვალი ეტყობოდა. ჭრილობა სამი სანტიმეტრის იქნებოდა
და როგორც ჩანდა, ხელისგულზე ფრჩხილი საკმაოდ მაგრად ჩამოესვა. ბოლოს სახეზე წყალი
შეისხა, სააბაზანოში შუქი ჩააქრო და ოთახში დაბრუნდა.
ტორშერი აანთო, ხოლო ჭერის სანათი ჩააქრო. ტანსაცმელი ტირილით გაიხადა, ღამის
პერანგი ჩაიცვა და ლოგინში ჩაწვა.
გამუდმებით ნინო ახსენდებოდა, რაც უზომო მწუხარებას ანიჭებდა, მაგრამ
მწუხარებასთან ერთად, უზომოდ ძლიერ შიშსაც განიცდიდა. კი მაგრამ, როგორ ან ვინ მოკლა
ნინო? რატომ მოკლა ნინო, ან რა უნდოდა მისგან?
ის დღეები გაახსენდა, როცა ძალიან ცუდად იყო. გაახსენდა საშინელება, რომელიც
დათოს აგარაკზე დაინახა. ასევე გაახსენდა: შავებში ჩაცმული უცნობი, უცნაური სატელეფონო
ზარები, სტატია მანიაკზე და დათოსთან დაშორება. ეს საშინელი დღეები გარდა, დათოს
აგარაკზე გადამხდარი საშინელებისა, იმ საშინელებასთან და უბედურებასთან შედარებით
არაფერი იყო, რაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ეს ყველაფერი ახსენდებოდა და ახლად
თავსდამტყდარ უბედურებასთან შედარებით, ის საშინელი დღეები, რომლებიც სიცოცხლეს
უმწარებდნენ, ახლა ძალიან უმნიშვნელოდ და კარგად ეჩვენებოდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ
ასეთი ცუდი მოვლენები არ მთავრდებოდა. საშინელება, შიში, მღელვარება და მწუხარება – ეს
ოთხი საშინელი გრძნობა ბოლო დროს ძალიან ხშირად სტუმრობდა მას, ოღონდ ყოველი
მომდევნო, წინაზე უფრო ძლიერი და საშინელი იყო. ნუთუ ეს არ დამთავრდებოდა და, თუ
დამთავრდებოდა, როგორი იქნებოდა დასასრული? ამ კითხვამ უეცრად გაურბინა თავში და
ძალიან დააფიქრა. ხომ შეიძლებოდა, ჭკუიდან შეშლილიყო? ამ შემთხვევაში დარჩენილი
ცხოვრების გატარება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუწევდა. ნინოს მკვლელობა რომ
დაებრალებინათ და ციხეში ჩაესვათ? იქნებ მასაც ისეთივე ბოლო მოელოდა, როგორიც ნინოს
ხვდა წილად? სავსებით შესაძლებელი იყო, ისიც დაეხრჩოთ, მოეკლათ და მისი სიცოცხლე ასეთ
გაურკვევლობაში დასრულებულიყო. თანაც როდის? მაშინ, როცა ის მხოლოდ ახლა იწყებდა
ცხოვრებას.
– შეუძლებელია ამდენი ცუდი შემთხვევა უბრალო დამთხვევა იყოს! – თქვა თავისთვის.
ეს მართლაც უცნაური იყო. მაგრამ განა მის ჰქონდა იმდენი ჭკუა, რომ ეს იდუმალი
უცნაურობები, რომელსაც მკვლელობაც დაემატა, გამოეძია და სიმართლე გაერკვია?! ჭკვიანი
არასდროს ყოფილა. უფრო სწორედ ის ყოველთვის ენამახვილი და საზრიანი გოგონა იყო.
ხვდებოდა, თუ რა უნდოდა მასთან მოსაუბრე ადამიანს. თუ შეამჩნევდა, რომ მოსაუბრეს
მოსწონდა, შესაძლო იყო, მისი მანიპულირება და თავის ჭკუაზე თამაში დაეწყო. ამასთან ერთად
აგრესიულობითაც გამოირჩეოდა, რის გამოც უმეტეს წილად თაყვანისმცემელს ეჩხუბებოდა და
დასცინოდა.
ასეთი შემთხვევები წელიწადში რამდენჯერმე ხდებოდა. თითქმის მთელ დროს
მხიარულებაში ატარებდა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. ილუზიამ ვითომდა
ხელშეუხებელი და ძლიერი იყო, ის სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა, სწორედ მაშინ, როცა
გაიგო, რომ ნინო მოკლეს. ეს გრძნობა უეცრად გაქრა. ერთ წამში მიხვდა, რომ ერთი
ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ხომ შეიძლებოდა, ნინოს მაგივრად უცნობს ის მოეკლა? პატარა და
დაუცველი ქეთი, ის ხომ ფაქტიურად ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა ბავშვი იყო თუ არა და არც იმას, არარაობა იყო თუ არა. თუ
უნდოდა, რომ ის საშინელება შეეჩერებინა, რომელიც მის ცხოვრებაში უეცრად შემოიჭრა და
მოსვენება დაუკარგა, რაიმე უნდა ეღონა.
გოგონა ვერ მშვიდდებოდა და ტირილს აგრძელებდა. ცრემლებს საკმაოდ
დაესველებინათ ბალიში. წამოჯდა, კედელს მიეყრდნო და თავი მუხლებში ჩარგო. ტირილი არ
შეუწყვიტავს და არც შეეძლო, რომ შეეწყვიტა.
იცოდა, რომ ადამიანი თავისი ტვინის შესაძლებლობების მაქსიმუმ ხუთ პროცენტს
იყენებდა, მაგრამ ის კი არ იცოდა, თვითონ, თავისი ტვინის შესაძლებლობების რამდენ
პროცენტს იყენებდა. ალბათ, ძალიან ცოტას, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, თითქმის სულ
ერთობოდა და ცდილობდა, დრო კარგად გაეტარებინა. ასე იყო თუ ისე, ახლა აღარც ამას ჰქონდა
მნიშვნელობა. ისეთ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ მხოლოდ ტვინის ამუშავება თუ
უშველიდა.
ჯერჯერობით ზუსტად მხოლოდ ერთი რამ იცოდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ
შეუძლებელი იყო, ასეთ, არც თუ ისე დიდ დროში, ამდენი უცნაური და საშინელი შემთხვევა,
რომელსაც ცოტა ხნის წინ მკვლელობაც დაემატა, უბრალო დამთხვევა ყოფილიყო. ამ ყველაფრის
უკან ვიღაც იდგა. მაგრამ ვინ? თავისი ლოგიკით, ყველაფერი, რაც უცნაური და შიშის
მომგვრელი იყო, დათოს მიაწერა, თუმცა ის აზრი რომ ნინო დათომ მოკლა, სრულიად უაზროდ
მოეჩვენა. დავუშვათ, დათომ ჩაიდინა ყველა ის საშინელება, რასაც აბრალებდა. მან იცოდა, რომ
ის, ნინო, ანა და ლუკა ღამით სკოლაში უნდა შეპარულიყვნენ. დავუშვათ, მორიგი ხრიკი
მოიგონა და გადაწყვიტა, ყოფილი შეყვარებული დაესაჯა იმის გამო, რომ მას დაშორდა. აქედან
რა გამოდიოდა? დათო შევიდა იმ საკლასო ოთახში, სადაც ისინი იყვნენ და ნინო დაახრჩო? იქნებ
ნინოს არ ეძინა და დათო დაინახა, მაგრამ მისი მოკვლა ამ შემთხვევაშიც სრული უაზრობა
იქნებოდა. იგი, უბრალოდ, იტყოდა, რომ გადაიფიქრა და სკოლაში მაინც მოვიდა, რათა ღამე
მათთან ერთად გაეთია. ამ ბიჭის დადანაშაულება ნამდვილი უაზრობა იყო. ბოლოს და ბოლოს,
ყველაფრისთვის თავი რომ დაენებებინა, დათო მკვლელი ნამდვილად არ იყო და ადამიანს არ
მოკლავდა.
კიდევ ერთი ვიღაც არსებობდა, ვინც ეჭვს იწვევდა. ეს იყო შავებში ჩაცმული უცნობი,
მაგრამ, საუბედუროდ, ქეთიმ არ იცოდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი და რა მიზანი ამოძრავებდა იმ
საშინელ ღამეს, როდესაც მას უკან მოჰყვებოდა.
ფიქრებმა ისევ დათოს აგარაკზე მიიყვანეს და ის საშინელება გაახსენეს, რომელიც იმ
ღამეს ნახა. ვინ იყო ის? ეს კითხვა ისევ მოსვენებას უკარგავდა. ახლა ფიქრობდა, რომ
თეთრსახიანი საშინელება არც დათო იყო და არც მისი რომელიმე კლასელი შეიძლებოდა, რომ
ყოფილიყო. მის აზრით, ის პირდაპირ კავშირში იყო შემდგომში მომხდარ მოვლენებთან და
მკველობასთან. ნინოს მისი არც ერთი თანაკლასელი არ მოკლავდა და, საერთოდაც, ისინი
მკვლელობას არ ჩაიდენდნენ.
ქეთიმ ვეღარ შეძლო, რომ აზრებს მიჰყოლოდა და ფიქრი გაეგრძელებინა. ახლა უკვე იმის
შიშიც ჰქონდა, რომ პოლიცია დაიჭერდა. გაახსენდა, როგორ სწრაფად, მაგრამ ჩუმად მიდიოდა
დერეფანში ლუკასთან და ანასთან ერთად. წინ ლუკა მიდიოდა, რომელიც გამუდმებით უკან
იხედებოდა და გოგონებს ეუბნეობდა, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. როცა იმ ადგილას
მივიდნენ, საიდანაც თავდაპირველად სკოლაში შეიპარნენ, დაინახეს, რომ ერთი ფანჯარა ღია
იყო.
– მოიცადეთ! – დაიჩურჩულა ლუკამ. – ეს ფანჯარა ღია რატომ არის? უცნაურია?!
–იქნებ ის ფანჯარაა, რომლიდანაც შემოვედით? – იკითხა ანამ. – ეტყობა, ფანჯრის
დაკეტვა დაგავიწყდა. ასე ნუღარ ვდგავართ, დროზე წავიდეთ აქედან!
– მე ფანჯარა დავკეტე! – ლუკამ სიბნელეში აქეთ–იქით დაიწყო ყურება. – ჯანდაბა, აქ
რაღაც რიგზე არ არის. მისმინეთ, ჯერ მე გავალ გარეთ და ვნახავ, რა ხდება, ხოლო როცა
დაგიძახებთ, თქვენც გამოდით, ოღონდ ძალიან სწრაფად.
გარეთ სიმშვიდე იყო. რამდენიმე წამის მერე გავიდნენ, ღობესთან მიირბინეს და ზედ
გადაძვრნენ. სამივე მათგანი გაფაციცებით იყურებოდა გარშემო. თან გარბოდნენ, თან
ლაპარაკობდნენ:
– ვაიმე, ახლა რა ვქნათ?! – ტირილით თქვა ანამ, რომელიც შიშისა და დაღლილობისაგან
ძლივს სუნთქავდა. – პოლიციაში ვერ მივალთ!
– რატომ?! – ჰკითხა ლუკამ.
სირბილი შეწყვიტეს და გზა სწრაფი ნაბიჯებით განაგრძეს სიარული.
– შეიძლება ჩვენ დაგვადანაშაულონ, სკოლაში შეპარულები ვიყავით, ეს კი დანაშაულია!
– თქვა ანამ და სულის მოსათქმელად ღრმად ამოისუნთქა.
– პოლიცია თუ დაგვკითხავს, რა ვუთხრათ? – ტირილით იკითხა ქეთიმ.
ნინოს სიკვდილი და დამნაშავე მათთვის, ალბათ, მეორეხარისხოვანი გახდა. იფიქრეს,
რომ სავსებით შესაძლებელი იყო, პოლიციას მკვლელობა მათთვის დაებრალებინა. ანამ უცებ
მოიფიქრა, თუ რას ეტყოდნენ მშობლებსა და პოლიციას. მშობლებს ეგონათ, რომ ისინი იმ ტყეში
იყვნენ, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოს იყო. მშობლებისთვის მათი შვილების ღამით
ტყეში წასვლა, დიდ საკვირველ და სანერვიულო მოვლენას არ წარმოადგენდა. (მაგალითისთვის,
გავიხსენოთ ის შემთხვევა, დათოს აგარაკზე რომ წავიდნენ). მშობლებს ანგარიშს, მაინც და მაინც,
არც ერთი მათგანი არ აბარებდა და მათთვის არც ახლა უთქვამთ, თუ ვისთან ერთად
მიდიოდნენ, ვითომდა ტყეში. სახლში არც უფროსები დაინტერესებულან, იმიტომ რომ ღამით
შვილების ქუჩაში ხეტიალს მიჩვეულები იყვნენ, მაგრამ დათომ, გიორგიმ და სანდრომ იცოდნენ,
ისინი რასაც აპირებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს: სამივე იტყოდა, რომ თავდაპირველად ისინი
სკოლაში აპირებდნენ შეპარვას, რათა იქ ღამე გაეთიათ. ეს იქნებოდა უბრალოდ დროის გაყვანის
განსხვავებული ხერხი, მაგრამ რადგანაც სკოლაში შეპარვა და, მით უმეტეს, ღამით, დანაშაული
იყო, გადაიფიქრეს და ტყეში წასვლა გადაწყვიტეს. ნინოს ეს აზრი არ მოეწონა და მათთან ერთად
წასვლაზე უარი თქვა. ქეთი, ანა და ლუკა ტყეში წავიდნენ, ნინო კი არა. სულ ეს იყო. მათ მეტი
არაფერი იცოდნენ.
ქეთი საწოლზე იჯდა. სახლში თავს დაცულად გრძნობდა, მისი მეგობარი ნინო კი
მკვდარი იყო. მისი თეთრი და, ალბათ, უკვე გაციებული ცხედარი, ისევ სკოლაში, იმ საკლასო
ოთახში ესვენა, რომელშიც თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა. ძალიან შერცხვა,
მეგობარი ასე რომ გაიმეტა. პოლიციაშიც არ წავიდა. ნეტავ უკეთესი იქნებოდა, პოლიციაში რომ
წასულიყო და სიმართლე ეთქვა?
იგრძნო, რომ ტყუილი კარგს არაფერს მოუტანდა. გაიფიქრა, ახლა ხომ არ წავიდე
პოლიციაშიო, მაგრამ ეს აზრი მაშინვე თავიდან ამოიგდო, იმიტომ რომ ეშინოდა. პოლიციაში
ახლა რომ წასულიყო, ეს მის მიმართ კიდევ უფრო მეტ ეჭვს აღძრავდა. რას იტყოდა? ჯერ სახლში
მივედი და შემდეგ აქ წამოვედიო? კი მაგრამ, პოლიციამ ხომ არ იცოდა, რომ ჯერ სახლში მივიდა.
არა, ასე არ გამოვიდოდა. ერთდროულად სიმართლესაც და ტყუილსაც ვერ იტყოდა. ეს არაფერს
არგებდა. თანაც, იქნებ ვინმემ დაინახა, სახლში რომ მოვიდა? ამასთან ერთად ისიც
გასათვალისწინებელი იყო, რომ ის, ანა და ლუკა უკვე შეთანხმებულები იყვნენ, თუ რა უნდა
ეთქვათ. მას რომ სიმართლე ეთქვა, იმათ კი ტყული, პოლიცია რომელს დაუჯერებდა? იქნებ
ლუკასთან და ანასთან დაერეკა და დაეყოლიებინა, რომ პოლიციისთვის სიმართლე ეთქვათ. ამ
შემთხვევაში, ქეთი ტაქსს გამოიძახებდა, მეგობრებს მიაკითხავდა და პოლიციაში ყველანი
ერთად მივიდოდნენ...
– ტაქსი! – თითქმის იყვირა ქეთიმ.
იმ ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ისინი სკოლასთან მიიყვანა ხომ ნახა ნინო? როდესაც
მოკლულ ნინოს იპოვიდნენ, მის სურათს ტელევიზიით აუცილებლად აჩვენებდნენ და... ხომ
შეიძლებოდა, ტაქსის მძღოლს გოგონა ეცნო? ამ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო,
მძღოლი პოლიციაში მისულიყო და ჩვენება მიეცა. სამივეს დაიჭერდნენ! ნინოს მკვლელობას
ნამდვილად მათ დააბრალებდნენ.
მერე ისევ იფიქრა, რომ პოლიციაში წასულიყო და სიმართლე ეთქვა, ოღონდ ყველანაირი
ტყუილის გარეშე. პოლიციას ყველაფერს ეტყოდა, იმასაც კი, თავიდან მან, ანამ და ლუკამ
ტყუილის თქმა რომ გადაწყვიტეს. ქეთიმ მაინც ვერ შეძლო ადგომა და ჩანაფიქრის სისრულეში
მოყვანა. გამბედაობა არ ჰყოფნიდა, თუმცა იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა.
გადაწყვიტა, ახალი გამოსავალი მოენახა და შეძლო კიდეც. მთელი დღის მუშაობის
შემდეგ დაღლილი მძღოლი ღამით ნანახ ნინოს, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა, სავარაუდოდ,
ფოტოზე ვერ ამოიცნობდა.
გოგონამ იგრძნო, რომ ძალიან დაიღალა და ეძინებოდა. ისევ ლოგინში ჩაწვა, მაგრამ მაინც
ვერ იძინებდა. ხომ შეიძლებოდა, მასაც ნინოს ბედი გაეზიარებინა? ვიღაცას სასტიკად მოეკლა?
ეს აზრი გამუდმებით თავში უტრიალებდა და თავზარს სცემდა. ნეტავ თვითონ როგორ
მოკვდებოდა? მასაც შავებში ჩაცმული უცნობი დაახრჩობდა თუ?.. რატომ ფიქრობდა, რომ ნინო
შავებში ჩაცმულმა უცნობმა მოკლა?
ქეთი დაიბნა და განსჯის უნარი დაკარგა. კვლავ სცადა გონების მოკრება. ამჯერად გეგმა
ჰქონდა. არ ახსოვდა საიდან, მაგრამ იცოდა, რომ დანაშაულებებს შორის, რომლის ჩამდენიც
შესაძლო იყო, ერთი ადამიანი ყოფილიყო, დამთხვევების პოვნა, გამოძიების ერთ–ერთ მეთოდს
წარმოადგენდა.
დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა დამთხვევები არსებობდა მის ცხოვრებაში ბოლო დროს
მომხდარ უცნაურობებსა და ნინოს მკვლელობას შორის. პირველი დამთხვევა ის იყო, რომ იმ
საშინელებას, რომელმაც დათოს აგარაკზე შეაშინა და შავებში ჩაცმულ უცნობს, ორივეს თეთრი
სახე ჰქონდათ. ეს, რა თქმა უნდა, მათი ნამდვილი სახე არ იყო, ალბათ, ნიღაბი ეკეთათ, თუმცა
რატომ მათ? სავსებით შესაძლებელი იყო, რომ თეთრსახიანი საშინელება და შავებში ჩაცმული
უცნობი, ერთი და იგივე ადამიანი ყოფილიყო.
ნინოს ნიღბებიც გაახსენდა – თეთრი ნიღაბი, რომელიც მის კომპიუტერში ნახა. მაშინ
ნინო კარგ ხასიათზე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქეთის მობეზრებული ჰქონდა ნიღბების
თვალიერება, მაინც აჩვენებდა სხვადასხვა ნიღბებს. თეთრი ფერის ნიღაბიც ამ დროს აჩვენა.
ქეთის ის ნიღაბი მოეწონა და ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა, თუ სად ჰქონდა ნანახი. ნინო სხვა
ნიღბებს ხალისით აჩვენებდა, ამ ნიღბის ფოტო კი ,,დახურა“ და ბოდიში მოუხადა, თავი
მოგაბეზრეო. ასე უცებ რა დაემართა? იქნებ იმის შეეშინდა, რომ ქეთი ნიღაბს იცნობდა და
მიხვდებოდა, რომ იმ ადამიანს, რომელმაც დათოს აგარაკზე შეაშინა, სწორედ ეს ნიღაბი ეკეთა?
გოგონას მისი გარეგნობა კარგად არ ახსოვდა, თუმცა ნინოს კომპიუტერში ნანახ ნიღაბსა და იმ
ადამიანის ,,სახეს“ შორის, მსგავსება ნამდვილად იყო. ამით რა გამოდიოდა? ლოგიკურად თუ
იმსჯელებდა, გამოვიდოდა, რომ ნინომ შეაშინა.
ამაზე ქეთი სულ დაიბნა. არ იცოდა, რა ეფიქრა და ეჭვი ვისზე მიეტანა. ნუთუ აგარაკზე
ნინომ შეაშინა და შემდგომშიც ის აშინებდა? თუ ასე იყო, მაშინ ნინო ვინღა მოკლა?
საშინლად დაღლილ გონებასა და სხეულს ძალების აღსადგენად დასვენება და ძილი
სჭირდებოდა, მაგრამ ქეთი შიშისგან ვერ იძინებდა. ფიქრს აზრი აღარ ჰქონდა. მისი გონება
იმდენად დაღლილი იყო, რომ რაიმეს გახსენების თავიც კი აღარ ჰქონდა. შიში, მწუხარება და
ეჭვები ერთმანეთში აირია. ბოლოს, როგორ იქნა, ჩაეძინა.
ღამით კარგად ეძინა, ერთხელაც არ გაუღვიძია. როცა გაიღვიძა, მზე უკვე კარგა ხნის
ამოსული იყო. ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულიყო და ისვენებდა. სახეც სრულიად მშვიდი და
დასვენებული ჰქონდა.
თავიდან ნინოს სიკვდილი არც კი გახსენებია. ლოგინში მშვიდად იწვა და არაფერზე არ
ფიქრობდა. არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება, რომ უკვე კარგა ხნის გათენებული იყო.
უეცრად იგრძნო, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ვერ მიხვდა, კონკრეტულად რა აწუხებდა,
თვალები გაახილა და დაფიქრდა. მალე ყველაფერი გაახსენდა. მისმა სახემ ერთ წამში დაკარგა
მშვიდი იერი. ეს იყო საშინელი დილა. ნატრობდა, რომ საერთოდ არ გათენებულიყო. კარგი
იქნებოდა, ღამით მომკვდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
უცებ გაიფიქრა, ნინოს მკვლელობა და ეს საშინელი ღამე, იქნებ უბრალოდ დამესიზმრაო.
საწოლზე წამოჯდა, თვალები მოისრისა, დაფიქრდა და მიხვდა, რომ ის, რაც ღამით მოხდა,
საშინელ რეალობას წარმოადგენდა.
ახლა მთავარი იყო, როგორმე დამშვიდებულიყო და მშობლებთან თავი არ გაეცა.
დამშვიდების ერთი მარტივი საშუალება იცოდა, ყოველ შემთხვევაში, თბილი შხაპის მიღება,
ადრე ყოველთვის შველოდა. პირსახოცი და ხალათი აიღო და ოთახიდან გავიდა.
– ქეთი! – გაისმა ნათიას ხმა მისაღები ოთახიდან.
– რაა?! – ნერწყვი გადაყლაპა და ძალა მოიკრიბა სააბაზანოს კართან მდგარმა გოგონამ.
– მოიცადე, შვილო! – რამდენიმე წამში ქალი მისაღები ოთახიდან გამოვიდა და
სააბაზანოს კართან გაჩერდა. – ქეთი, შენი დაქალი, ნინო, ხომ არ იცი, სად არის? ღამით შენთან
ერთად იყო?
– რომელ ღამით?! – ისე გაიკვირვა, ვითომ ვერ მიხვდა, თუ რას ეკითხებოდა დედა.
– ამ ღამით.
– არა, ჩემთან ერთად არ იყო, – მშვიდად უპასუხა ქეთიმ, – მე, ანა და ლუკა ტყეში ვიყავით.
– ცოტა ხნის წინ დედამისმა დარეკა და მკითხა, ჩემი გოგონა თქვენთან ხომ არ არის, ან
იქნებ იცოდეთ, სად არის. ნინო, ქეთი და კიდევ რამდენიმე მათი თანაკლასელი, ტყეში
წავიდნენო.
– მერე?
– რა მერე! ვუთხარი, ნინო ჩვენთან არ არის და არც ის ვიცი, სად შეიძლება იყოს, მაგრამ
ქეთის გავაღვიძებ, ვკითხავ, რაც გაინტერესებთ და შემდეგ დაგირეკავთ-მეთქი.
– მე საიდან უნდა ვიცოდე, ნინო სად არის, – ისევ მშვიდად და თითქოს ჩაფიქრებით
უპასუხა ქეთიმ, – ხომ გითხარი, რომ ტყეში მე, ანა და ლუკა ვიყავით.
– ესე იგი, თქვენთან ერთად არ ყოფილა?
– არა.
– კარგი, შვილო. ის ტყე სად არის?
– ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-5 კვარტალთან. იცი, ეგ სად არის?
– მგონი, ვიცი.
– აი, მანდ არის ტყე და ჩვენც მანდ ვიყავით.
– მე წავალ, ნინოს დედას დავურეკავ, ვინ იცის, იქნებ ბავშვს რაიმე ცუდი შეემთხვა! –
ნათია მისაღებ ოთახში გავიდა.
ქეთის უნდოდა, ეთქვა, დაურეკეო, მაგრამ თვალზე ცრემლი მოადგა და ვეღარ შეძლო.
სასწრაფოდ სააბაზანოში შევიდა და კარი დაკეტა. ამ ორიოდე ტყუილმა მასზე საშინლად
იმოქმედა. იმ დროის დაბრუნება რომ შესძლებოდა, როცა ლუკასა და ანასთან ერთად სკოლიდან
გამოიპარა, მაშინვე პოლიციაში წავიდოდა და სიმართლეს იტყოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს
უკან ვეღარ დააბრუნებდა. მისი საუკეთესო მეგობარი მოკლული იყო, ის კი ასე უსინდისოდ
იქცეოდა. დანაშაულის გრძნობა მთელი სიმძიმით დააწვა გულზე და მიახვედრა, რომ
მოსვენებას აღარ მისცემდა, სულ მასთან ერთად იქნებოდა და სიცოცხლის სურვილს
დაუკარგავდა.
– ქეთი, თურმე ნინო ჯერაც არ მისულა სახლში და მობილურ ტელეფონსაც არ პასუხობს!
– გაისმა ნათიას ხმა და სააბაზანოს კარზე დააკაკუნა. – შეიძლება?
– ერთი წუთი მოიცადე! – გოგონამ ცრემლიანი სახე ჩამოიბანა და სახის მშრალებით
კარები გააღო. – მერე, პოლიციას შეატყობინოს! – უთხრა მშვიდად.
– პოლიცია დაკარგულის ძებნას მაშინ იწყებს, თუ ის არასრულწლოვანია ან თუ მისი
დაკარგვიდან ორმოცდარვა საათი არის გასული. ვუთხარი, კარგი იქნება, ,,112-ში“ თუ დარეკავ
და დახმარებას სთხოვ-მეთქი.
– კი, სწორი გითქვამს – ისევ ყალბი სიმშვიდით უთხრა ქეთიმ.
– რა გჭირს? ნინო შენი მეგობარია, შენ კი რა გულგრილი ხარ. იქნებ რაიმე ცუდი
შეემთხვა? ვინ იცის ბავშვს თავს დაესხნენ? ბოლო დროს რაღაც ვეღარ გცნობ. დათოსთან
გიჩხუბია და დაშორებიხარ. იმედია, ნინოსაც არ ეჩხუბე და მეგობარსაც არ დაშორდი.
– არა, არა, რას ამბობ?! – შეშინდა ქეთი, ვაითუ დედაჩემმა რამე იეჭვოსო. – სად უნდა
იყოს? ალბათ, ბიჭთან ერთად არის და იმიტომ თქვა სახლში, მეგობრებთან ერთად მივდივარო.
– შენ ასე გგონია? ჰო, შეიძლება ასეც იყოს. კარგი, აღარ მოგაცდენ, როგორც ვხედავ, შხაპი
უნდა მიიღო. ჰო, მართლა, სახლში რომელ საათზე მოხვედი?
– არ ვიცი, ალბათ, ოთხი საათი იქნებოდა, – უპასუხა ვითომდა ჩაფიქრებულმა ქეთიმ. –
საათისთვის არ დამიხედავს.
– აბა, ღამე უნდა გავათენოთო?
– მოგვბეზრდა და წამოვედით. ხომ ვერ მეტყვი, ახლა რომელი საათია?
– ალბათ, თერთმეტი. ბოდიში, მგონი, თავი მოგაბეზრე.
– კარგი რა! რა ბოდიში?!
ნათია ისევ მისაღებში ოთახში დაბრუნდა. ქეთიმ სააბაზანოს კარი დაკეტა და წყალი
მოუშვა. დაახლოებით ოცი წუთი იდგა შხაპის ქვეშ. ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეზე
ფიქრობდა. ორ საფრთხეს გრძნობდა: პირველი იყო პოლიცია, რომელსაც შესაძლო იყო, ციხეში
ჩაესვა, ხოლო მეორე საფრთხე არ ჩანდა. ის უეცრად და უცნაურად გამოჩნდებოდა ხოლმე და
ასევე უეცრად და უცნაურად ქრებოდა. ეს საფრთხე შავებში ჩაცმული უცნობი იყო (ქეთი, ალბათ,
მას დათოს აგარაკზე ნანახ საშინელებას უწოდებდა, მაგრამ რადგანაც, მისი აზრით, აგარაკზე
ნანახი საშინელება და შავებში ჩაცმული უცნობი ერთი და იგივე პიროვნება იყო, არჩია, რომ ის
მეორე სახელით მოეხსენიებინა). ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ ყველა ის საშინელება, რაც
ბოლო დროს თავს დაატყდა, სწორედ შავებში ჩაცმულმა უცნობმა ჩაიდინა. მან დაახრჩო ნინო
და, ალბათ, კიდევ რაიმე საშინელის ჩადენას გეგმავდა. ვინ იყო შავებში ჩაცმული უცნობი? იქნებ
მართლაც მანიაკი იყო? თუ ჟურნალის მთავარი რედაქტორის ნათქვამს არ დაიჯერებდა, მგონი,
ეს სიმართლე იქნებოდა.
სააბაზანიდან გამოვიდა და ტანსაცმელი ჩაიცვა. ახლა იმის გუნებაზე არ იყო, რომ თავის
წესრიგში მოსაყვანად ნახევარი საათი დაეხარჯა, ამიტომ თმა სწრაფად დაივარცხნა და
სამზარეულოში გავიდა. შიოდა, მაგრამ არც ჭამის გუნებაზე არ იყო. მიუხედავად ამისა, სხვა გზა
არ ჰქონდა და უნდა ეჭამა. რა თქმა უნდა, ცდილობდა, რაც შეიძლება ბუნებრივი ყოფილიყო.
წინააღმდეგ შემთხვევაში თავს გასცემდა.
მცირე საუზმის შემდეგ მისაღებ ოთახში გავიდა. ნათია დივანზე იჯდა და ტელევიზორს
უყურებდა:
– ისაუზმე?
– კი, ვისაუზმე. გემრიელი იყო.
– ძალიან კარგი.
ქეთი დედის გვერდით დივანზე დაჯდა. ტელევიზორში რაღაც ფილმი გადიოდა.
გოგონამ კედელზე დაკიდულ საათს შეხედა. რამდენიმე წუთში თორმეტი საათი
შესრულდებოდა. თუ ნინოს გვამი უკვე ნაპოვნი იყო, ამის შესახებ ყველა არხის საინფორმაციო
გამოშვებაში გადმოსცემდნენ. სულგანაბული იჯდა და ცდილობდა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს
ფილმი აინტერესებდა. ეს აუცილებელი იყო. სხვა შემთხვევაში, ვინ იცის, რას იფიქრებდა დედა,
როდესაც ღამით მომხდარ ნინოს მკვლელობის ამბავს გაიგებდა.
– ამ ფილმს რა ჰქვია? – ჰკითხა ქეთიმ, თუმცა სინამდვილეში არც სახელი და არც
შინაარსი არ აინტერესებდა. – კარგი ფილმია, თან ცოტა სასაცილო.
– არ ვიცი, – ნათიას ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია.
გოგონამ კიდევ ერთხელ შეხედა საათს. საინფორმაციო გამოშვება სულ მალე
დაიწყებოდა, სულ ხუთიოდე წუთიღა იყო დარჩენილი. ფილმი დამთავრდა და სარეკლამო
რგოლები დაიწყო, რომლებიც ქეთისთვის ძალიან გაიწელა, ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ნელა
გადიოდა და მის ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. დედისგან შეუმჩნევლად გულზე ხელი
დაიდო – მაგრად უცემდა.
– როგორ ვერ ვიტან რეკლამებს, - კიდევ ერთხელ, მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა
დედას.
– ოჰ, ეგ რა მითხარი! – გაიღიმა ნათიამ. – არც მე მიყვარს. ისე, რომ იცოდე, თორმეტი
სრულდება, ესე იგი, ახლა საინფორმაციო გამოშვება დაიწყება. შენ ხომ საინფორმაციო
გამოშვებაც ვერ იტან?
ქეთიმ ვითომ ინტერესით შეხედა საათს:
– კი, ეს საინფორმაციო გამოშვებაც არ მიყვარს, – ერთი შეხედვით, ის სავსებით მშვიდი
იყო.
– სამაგიეროდ, მე მაინტერესებს, ამიტომ სხვა არხზე არ გადავრთავ!
ნათია ყოველთვის ასე იქცეოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ გოგონას მოეჩვენა, რომ
თითქოს დედამ არ დაიჯერა, რაც მან ნინოს შესახებ უთხრა. ამ გარემოებამ იგი კიდევ უფრო
ააფორიაქა, მაგრამ თავი არც ახლა გაუყიდია.
ამ დროს საინფორმაციო გამოშვებაც დაიწყო. წამყვანმა მაყურებლებთან მისალმებისა და
ჩვეული შესავლის წარმოთქმის შემდეგ თქვა:
- გაცნობებთ ინფორმაციას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
თბილისის N 62 – ე საჯარო სკოლაში, დღეს, როდესაც დილის ცხრა საათი სრულდებოდა,
დარაჯმა ერთ-ერთ საკლასო ოთახში შესვლისას ახალგაზრდა გოგონას გვამი აღმოაჩინა
(წამყვანი ლაპარაკობდა, მაგრამ მის ნაცხვლად ახლა უკვე სკოლა ჩანდა. ოპერატორი სკოლას და
მის სხვადასხვა დერეფნებს იღებდა. რა თქმა უნდა, ის საკლასო ოთახიც აჩვენეს, სადაც გვამი
იპოვეს. იატაკზე გვამის ფორმა ცარცით იყო შემოხაზული). დარაჯი ყოველ დილით ამოწმებს
საკლასო ოთახებს. მან ეს ფაქტი მაშინვე პოლიციასა და დირექციას აცნობა. მოკლული გოგონას
ვინაობა დადგინდა. მისი სახელი და გვარია - ნინო ქადაგიძე. ის ამავე სკოლაში სწავლობდა და
სკოლა სულ რამდენიმე თვის წინ დაამთავრა.
უეცრად დედა-შვილი გაფითრდნენ.
– რაა?! ნინო მოკლეს?! – გაოცდა ნათია.
– ოჰ, ღმერთო! – აღმოხდა ქეთის.
– ქეთი, შენ ამის შესახებ არაფერი იცი? ნინო შენთან ერთად არ ყოფილა?
– არა, მე არაფერი არ ვიცი! ნინო ჩვენთან ერთად არ წამოვიდა!
– მოიცა, აბა, რას ამბობენ?!
ეკრანზე სამართალდამცავი პირი გამოჩნდა, რომელიც მომხდარის შესახებ საუბრობდა:
– მოკლულია ნინო ქადაგიძე. მან რამდენიმე თვის წინ დაამთავრა სკოლა. გოგონა ამავე
სკოლაში სწავლობდა. ნინო ქადაგიძე ძალიან სასტიკად მოკლეს – მსხვერპლი დაახრჩეს.
ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ მკვლელობა ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, თუმცა დანაშაულის
მოტივი გაურკვეველია, იმიტომ, რომ მოკლული არ გაუძარცვავთ და არც ძალადობის კვალი
ემჩნევა. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია
თუ რა უნდოდა მოკლულს სკოლაში. სკოლის დარაჯს არაფერი გაუგია და დაუნახავს.
გარდაცვლილის ოჯახს უკვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება.
– ესე იგი, ამის შესახებ არაფერი იცი? – კიდევ ერთხელ ჰკითხა ნათიამ.
– არა, – ქეთიმ ცრემლები მოიწმინდა, – ხომ გითხარი, რომ არაფერი არ ვიცი.
– დაწყნარდი შვილო, დამნაშავეს დაიჭერენ! – დედამ შვილი გულში ჩაიკრა და თავზე
ხელი გადაუსვა.
– რატომ მოკლეს ნინო? ვის რა დაუშავა? რატომ მოკლეს?.. რატომ დაახრჩვეს? – ეს
ერთადერთი წინადადება იყო, რაც იმ დილით ქეთიმ ყოველგვარი ტყუილის გარეშე,
გულრწრფელად წარმოთქვა.
– მკვლელს დაიჭერენ! ხომ გაიგე, რა თქვა პოლიციელმა, მკვლელს დავიჭერთო. ნინოს
ვინმესთან პრობლემები ხომ არ ჰქონდა, ან ვინმესთან სერიოზული ჩხუბი ხომ არ მოუვიდა? –
ნათიას შვილი ისევ გულში ჰყავდა ჩაკრული და თავზე ხელს უსვამდა.
– არა, მე არ... აფერ... ი არ ვ...იცი, – ძლივს თქვა ქეთიმ.

***

საღამო იყო, როდესაც ქეთი მშობლებთან ერთად პროკურატურის შენობიდან გამოვიდა.


ყველანი „მერსედესის ჯიპში“ ჩასხდნენ. საჭესთან უჩა დაჯდა, მის გვერდით ნათია, ქეთი კი
უკანა სავარძელზე მოთავსდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
– აბა, დაკითხვაზე რა კითხვები დაგისვეს? – მოუთმენლად ჰკითხა უჩამ.
– ჯერ ის კაცი გამეცნო, ვინც დამკითხა, – ნერვულად დაიწყო ქეთიმ. ახლა იმაზეც
ნერვიულობდა, ლუკა და ანაც თუ დაიბარეს პროკურატურაში, დაკითხვის დროს რამე ხომ არ
შეეშალათო? იქნებ პოლიცია უკვე მიხვდა, ტყუილი ჩვენება რომ მისცა?! – მითხრა,
გამომძიებელი ვახტანგ... – ქეთი დაფიქრდა – გვარი დამავიწყდა, მოკლედ, გამომძიებელი ვარ და
ნინოს მკვლელობის საქმეს ვიძიებო. შეკითხვები დამისვა, ბევრი შეკითხვა. თქვენ რა გკითხათ?
– ისეთი არაფერი, – უპასუხა უჩამ. – ჯობია, ის გვითხრა, შენ რა გკითხა?
– კაცო, ბავშვს მეგობარი მოუკლეს, რასაც ძალიან განიცდის, შენ კიდევ ასე აეკიდე და
თავს აღარ ანებებ. დააცადე, დაწყნარდეს და მერე თვითონ მოგვიყვება ყველაფერს.
– გმადლობ დედა! – განგებ ისეთი კილოთი თქვა გოგონამ, თითქოს ძალიან ცუდად იყო
და შველას ითხოვდა. – მე მაინც გეტყვით რაც მკითხა: ვიცნობდი თუ არა ნინოს, როგორი
ურთიერთობა მქონდა მასთან, ხშირად ვხვდებოდით თუ არა ერთმანეთს, ბოლო დროს მისთვის
რაიმე უცნაური ხომ არ შემიმჩნევია, ვინმესი ხომ არ ეშინოდა და ასეთები. კიდევ მკითხა, გუშინ
და დღეს ღამით სად იყავიო. რა ვიცი, მგონი, სულ ეს არის, ახლა მხოლოდ ეს მახსენდება.
– მერე, შენ რა უპასუხე? – ჰკითხა უჩამ.
– ვუთხარი, რომ ნინო ჩემი მეგობარი იყო, ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ვხვდებოდით,
არც ბოლო დროს და, საერთოდაც, არ შემიმჩნევია, რომ უცნაურად მოქცეულიყო, ან ვინმესი
შეშინებოდა. ისიც ვუთხარი, რომ გუშინ ღამით მეგობრებთან ერთად ტყეში ვიყავი.
– ეგ ტყე სად არის? – დაინტერესდა უჩა.
– დედა, უთხარი რა!
– ვაჟა-ფშაველაზე მე-5 კვარტალი ხომ იცი? – ჰკითხა ქმარს ნათიამ.
– არა.
– მოკლედ, მაგ მე-5 კვარტალთან არის. დაანებე ახლა ბავშვს თავი, ხომ ხედავ, ცუდად
არის!
– ქალო, მაგის მეგობარი მოკლეს. მოკლულის დედამ პოლიციას უთხრა, რომ მისი შვილი
ღამით ტყეში ქეთისთან ერთად უნდა წასულიყო. ვერ ხვდები, რომ ჩვენი შვილი ეჭვმიტანილია?
რა გჭირს?! ამხელა ქალი ხარ და მაგდენსაც ვერ მიმხვდარხარ?! ხომ იცით, პოლიცია როგორც
მუშაობს! თუ ვერ გაიგებენ, ვინ არის დამნაშავე, დანაშაული ფორმალურად გახსნილად რომ
ჩაითვალოს, ადგებიან და, უბრალოდ, ყველაფერს ეჭვიტანილს დააბრალებენ. მაგრად
ვნერვიულობ! თანაც, ქალო, რომ დამირეკე და მითხარი, ნინო მოკლეს, ჩვენ კიდევ
პროკურატურაში დაკითხვაზე გამოგვიძახესო, ლამის ინფარქტმა დამარტყა. ეგრევე ავდექი და
აქ წამოვედი. ოჰ, ქეთი, ქეთი, რაღა ასეთ დროს მოგინდა ტყეში წასვლა! ვისთან ერთად იყავი
წასული?
– ლუკასთან და ანასთან ერთად.
– რაღაც ცოტანი წასულხართ. ტყეში რას აკეთებდით? ორი გოგონა და ერთი ბიჭი იყავით,
ჰო? – გაიცინა კაცმა.
– რას ამბობ, ჰა?! – გაბრაზდა ნათია. – ამხელა კაცს როგორ არ გრცხვენია? ეგ არის
ვნერვიულობო?
– ჰო, კარგი, კარგი! – თავი დაუქნია ქმარმა, მერე კი შვილს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– გამომძიებელმა მეტი არაფერი გკითხა? კიდევ რამე აინტერესებდა?
– ხომ გითხარი, რომ ახლა მეტი არაფერი მახსენდება, – შეწუხდა ამდენი კითხვებით
ქეთი, – კიდევ მკითხა, რომელ საათზე მიხვედი სახლში, ღამით სკოლაში მისვლას, ხომ არ
აპირებდითო და... – გოგონა ჩაფიქრდა, – მეტი აღარ მახსოვს.
– მერე, შენ რა უპასუხე?
– ვუთხარი, რომ თავიდან მე, ლუკა, ანა და ნინო სკოლაში ვაპირებდით შეპარვას, – ქეთი
აკანკალდა, – მაგრამ რადგან ეს კანონის დარღვევაა, ამიტომ გადავიფიქრეთ და ტყეში წასვლა
გადავწყვიტეთ, ნინოს კი ტყეში წამოსვლა არ უნდოდა და ჩვენთან ერთად არ წამოვიდა...
– რაა! – შეჰყვირა ნათიამ. – აქამდე რატომ არ თქვი?!
– ვაიმე, შვილო, მგონი, ცუდად არის შენი საქმე! – შეშფოთდა უჩა.
– დამავიწყდა თორემ აუცილებლად ვიტყოდი, – იცრუა ქეთიმ.
– გოგო, შენ რაღაცას იტუები! – გაბრაზდა უჩა. – რაღაც უცნაურ ამბავს ყვები! სკოლაში
უნდა შეპარულიყავით? დღისით თუ ღამით?
– ღამით, – ქეთი შეშინდა და მოიბუზა, – მე რა ვქნა? რა გინდათ ჩემგან? ახლა რიგზე
ვერაფერი ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ნინო მოკლეს, ის დაახრჩეს!..
ნათიამ უკან მიიხედა, შვილს მოეფერა და მისი დაწყნარება სცადა:
– კარგი, დაწყნარდი, შვილო, შენ არავინ არაფერს არ გაბრალებს! – მერე კი ქმარს
მიუბრუნდა: – შენ კიდევ წინ იყურე და ეგ მანქანა ნორმალურად ატარე!
– ნორმალურად ვატარებ… - ჩაიბურტყუნა უჩამ.
უეცრად ქეთიმ შეამჩნია, რომ ისინი სახლისკენ მიმავალი გზით კი არა, სულ სხვა
მიმართულებით მიდიოდნენ. შეცბა და იკითხა:
– სად მივდივართ?
– ნინოს სახლში, – უპასუხა დედამ, – საწყალი ქალი, ალბათ, რა ცუდად არის. ერთადერთი
შვილი ჰყავდა და ისიც მოუკლეს. ნეტა ვინ არის ის სადისტი, ვინც ნინო მოკლა? ალბათ
მანიაკია?!
ამის გაგონებაზე გოგონა შეშინდა. ალბათ პოლიციამ ნინოს მშობლებს უთხრა, რომ მათი
შვილი მასთან, ლუკასთან და ანასთან ერთად ღამით სკოლაში შეპარვას აპირებდა. ხომ
შეიძლებოდა, ამის გამო მის მშობლებს ისინი შვილის სიკვდილში დაედანაშაულებინათ? ქეთის
სხვა გზა არ ჰქონდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იტყოდა, ცუდად ვარ და სახლში წასვლა
მინდაო, იმიტომ რომ თუ გარდაცვლილი მეგობრის მშობლებს არ მიუსამძიმრებდა, შესაძლო
იყო ამას მის მიმართ რაიმე ეჭვი გამოეწვია.
– ეჰ, აბა, რა ვიცი?! – ამოიოხრა უჩამ. – შენ კიდევ, ქეთი, აღარ დაგინახო ღამით ქუჩაში!
ხომ ხედავ, რა მოუვიდა ნინოს! საწყალი ბავშვი!.. მოვედით!
უჩამ მანქანა გააჩერა და სამივენი მანქანიდან გადავიდნენ. ახლა ისინი იმ შენობის წინ
იდგნენ, სადაც ნინო ცხოვრობდა და სადაც საკმაოდ მცირე, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების, დიდი
ნაწილი გაატარა.
შენობის წინ ბევრი მანქანა იდგა. ხალხი გარდაცვლილის მშობლებთან
მისასამძიმრებლად უკვე მისულიყო.
გვიანი საღამო იყო. დაღამებას ცოტაღა აკლდა. დაახლოებით ნახევარ საათში, ალბათ,
დაღამდებოდა კიდეც. ქეთი შენობებს შორის მოქცეულ ვიწრო გზაზე იდგა. ვიწრო ქუჩა
იქაურობას პირქუშ იერს აძლევდა. თავს ისედაც ცუდად გრძნობდა, მაგრამ, როდესაც მანქანიდან
გადმოვიდა, კიდევ უფრო ცუდად გახდა. რამდენჯერ მოსულა აქ... და რამდენჯერაც საღამოს ან
ღამე მოვიდა (ღამით ნინოსთან მარტო არ მოდიოდა ხოლმე), იმდენჯერ ცუდად იგრძნო თავი
და რაღაცნაირი არასასიამოვნო გრძნობა დაეუფლა. არ მოსწონდა მოღრუბლული ამინდი და
საღამო, როცა ცა დაბურული იყო. ასეთ ამინდში ეს ქუჩა კიდევ უფრო პირქუში ხდებოდა. ამის
გამო ნინოს უმეტესად მზიან დღეებში სტუმრობდა.
ასეთი ქუჩები არასდროს მოსწონდა. დაბალი შენობები და ბნელი ქუჩები ყოველთვის
აშინებდა. შენობას შეხედა და წამიერად ბევრი რამ გაახსენდა. ნინო ხშირად ამბობდა, რომ
ძალიან უყვარდა თავისი სახლი და სწორედ ამიტომაც იყო, რომ იქ მხოლოდ საუკეთესო
მეგობრებს ეპატიჟებოდა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ ყოფილა ქეთი ნინოსთან სახლში და
რამდენი ბედნიერი წუთი გაუტარებია იქ. ყველაზე მეტად კარტის თამაშის დროს უყვარდათ
ლაპარაკი:
– აუ, ქეთი, შენ ალბათ რა ბედნიერი ხარ? – ღიმილით უთხრა ნინომ, რომელიც საწოლზე
იჯდა და ქეთის კარტს ეთამაშებოდა.
– დათო რომ ჩემი შეყვარებულია, იმიტომ? – გაეღიმა ქეთის და ნინოს ჩამოსული კარტი
,,გაჭრა“.
– მხოლოდ მაგიტომ არა! – ორაზროვნად უთხრა გოგონამ და მეგობარს თვალი-თვალში
გაუყარა.
– ნინო, რა გინდა? – გაეცინა ქეთის. – მხოლოდ მაგიტომ თუ არა, აბა, კიდევ რა არის სხვა
ისეთი?
– თუნდაც ის, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
– შენც ბევრ ბიჭს მოსწონხარ, უბრალოდ, ეს შენ არ იცი.
წარსულის უდარდელი დღეები ქეთის თვალწინ გაცოცხლდა, ის კარგი დრო გაახსენდა
და გული ძალიან დასწყდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ცუდისკენ შეტრიალდა.
უდარდელი ცხოვრება უცნაურობების ბაზრად გადაიქცა, უცნაურობებს კი მკვლელობაც მოჰყვა.
ახლა ის თავისი მოკლული მეგობრის მშობლებთან უნდა მისულიყო და ტყუილი ეთქვა...
– შავები არ გვაცვია, მაგრამ არაუშავს, – ჩაილაპარაკა უჩამ.
ცოლ–ქმარმა შვილს შეხედეს, რომელსაც სახეზე შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა.
– დაწყნარდი, შვილო! – ჩაეხუტა ნათია შვილს.
– თავი დაანებე, ქალო! – ჩუმად უთხრა უჩამ. – ნინოს მშობლები ასეთ მდგომარეობაში
რომ დაინახავენ, მიხვდებიან, რომ ჩვენი შვილი არაფერ შუაშია და იქნებ პოლიციასაც უთხრან.
ნათიამ ქმარს ზიზღით შეხედა:
– მართალია, ჩვენი შვილი არაფერ შუაშია!
– ვიცი, რომ არაფერ შუაშია, ახლა კი ნინოს მშობლებთან მივიდეთ!
სამივენი სადარბაზოში შევიდნენ, მალე აიარეს ბნელი სართულები და ნინოს სახლის
კარებთან შეჩერდნენ. უჩამ უკან მიიხედა, ცოლ-შვილს შეხედა, მხრები აიჩეჩა და ზარი დარეკა.
კარები გაიღო. ჰოლში მათდა გასაკვირად დათო იდგა:
– გამარჯობა,– მიესალმა დათო, – მობრძანდით.
– ვაა, დათო?! – გაუკვირდა უჩას და სახლში შევიდა, ნათია და ქეთიც უკან მიჰყვნენ. –
გამარჯობა. ალბათ შენც მისასამძიმრებლად მოხვედი?
– დიახ, – თქვა დამწუხრებულმა ბიჭმა, – ვინ იფიქრებდა, რომ ნინოს მოკლავდნენ?
ქეთის დათოს ბოლო სიტყვები უცნაურად მოეჩვენა, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო.
დედა–შვილი დათოს მიესალმნენ და მასთან ერთად მისაღებ ოთახში შევიდნენ.
იქ ნინოს დედ–მამა, ლუკა და კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ნინოს დედა,
მარგო, დივანზე იჯდა და ცრემლები მოსდიოდა. როცა ოთაში შემოსულები დაინახა, წამოდგა,
ქეთისთან ტირილით მივიდა და გუში ჩაიკრა.
– ქეთი, შენც მოხვედი? – შესტირა მარგომ. – დაჯექი, შვილო, ჩემს გვერდით დაჯექი! – მან
გოგონას ხელი მოჰკიდა, დივანთან მიიყვანა, დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. – ქეთი,
ნინო მოკლეს!.. შვილი მომიკლეს!.. იმან არ გაიხაროს, ვინც ჩემი შვილი მოკლა!
უჩა და ნათია ყველას მიესალმნენ, მიუსამძიმრეს და ჩამოსხდნენ.
– პოლიცია რას ამბობს? – უჩამ თავი უხერხულად იგრძნო. – რამე გაარკვიეს? გაიგეს,
მკვლელობა ვინ ჩაიდინა?
– არა, – უპასუხა ნინოს მამამ, – ჯერ არაფერი არ იციან. ჩემი საწყალი შვილი, ჩემი ნინო,
ვიღაც ნაბიჭვარმა დაახრჩო. ყელზე ნათითურები ემჩნევა, მაგრამ ეს გამოძიებას არაფერში
გამოადგება.
– რატომ? – გაუკვირდა უჩას.
– ასე მითხრეს, როგორც ჩანს, მკვლელი ნასამართლევი არ არის და ამიტომ მისი თითის
ანაბეჭდები კარტოთეკაში არ გვაქვსო, მაგრამ გრძელი და მსხვილი ანაბეჭდების გამო ფიქრობენ,
რომ ასაკით დიდმა ან აღნაგობით დიდმა კაცმა დაახრჩო.
– ,,დაახრჩოს“ ნუ ამბობ! – ტირილით უთხრა ცოლმა. – წეღანაც ხომ გითხარი, რომ ეგ
სიტყვა აღარ გეთქვა!
– კარგი, აღარ ვიტყვი, – ალერსიანად, თანაგრძნობით უთხრა ქმარმა. ქეთიმ მარგო გულში
ჩაიკრა და ცრემლები წამოუვიდა.
უჩას კიდევ უნდოდა რაღაცეების კითხვა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს კარგი აზრი არ იყო,
რადგან ამისთვის არც დრო იყო შესაფერისი, არც ადგილი, არც გარემოება და გაჩუმდა.
სამაგიეროდ, მისი ცნობისმოყვარეობა ერთ–ერთმა იქ მყოფმა დააკმაყოფილა:
- არა, საოცარი ის არის, რომ თქვენი გოგონა არც გააუპატიურეს და არც გაძარცვეს.
ეტყობა, ვიღაც გიჟი იყო, მაგრამ იმ დროს სკოლაში რა უნდოდა, რას აკეთებდა?! ან დარაჯმა
როგორ ვერ გაიგო, რომ სკოლაში ვიღაც შეიპარა, ან ნინოს რა უნდოდა ღამით სკოლაში?!
ქეთის ტანში ჟრუანტელმა დაუარა. წარმოიდგინა, რომ მას, როგორც ნინოს საუკეთესო
მეგობარს, მომხდარის გამო პასუხს მოსთხოვდნენ. როცა იმ ტყუილს იტყოდა, რომელიც ანამ
მოიფიქრა, ყველანი მას დასდებდნენ ბრალს და ჩხუბითა და ლანძღვა-გინებით გააგდებდნენ.
უეცრად ფერი წაუვიდა, გულის ცემა აუჩქარდა, სუნთქვა შეეკრა და ოთახიდან გასვლა მოუნდა.
ის აზრი, რომ ყველაფერს მას დააბრალებდნენ, ერთ წამში შეიჭრა მის გონებაში და იმ წამსვე
ასეთი საშინელი შედეგი გამოიღო.
– მე გიპასუხებთ, – თქვა ლუკამ, – ჩვენ კლასელები ვიყავით და რაც მის მშობლებსა და
პოლიციას ვუთხარი, ისე გეტყვით ყველაფერს. მე, ნინომ და ჩვენმა ორმა მეგობარმა
გადავწყვიტეთ, რომ ღამით სკოლაში შევპარულიყავით, მაგრამ რადგან ეს უკანონობაა, ამიტომ
გადავიფიქრეთ და ტყეში წასვლა გადავწყვიტეთ. ნინოს ეს იდეა არ მოეწონა და როგორც ჩანს,
მაინც შეიპარა სკოლაში. არ ვიცი, რა ვთქვა... – თავი გააქნია ბიჭმა. – მაინც და მაინც ნინოს რატომ
შეემთხვა ეს?
– ჩემი შვილი ამბობდა, ღამით სკოლაში შეპარვა მინდაო. ვიღაცას მისთვის, რაღაც
იდიოტური ფილმი უჩვენებია, რომელშიც მოსწავლეები ღამით სკოლაში იპარებიან. იგივეს
გაკეთება მასაც მოუნდა. ჩემი ბრალია, ჩემი! უნდა მივმხვდარიყავი, რომ სკოლაში აპირებდა
შეპარვას!.. – სიმწრით თქვა საბრალო კაცმა.
ქეთის გაახსენდა ნინოს სიტყვები. მან ხომ უთხრა, იმ ფილმის შესახებ, რომელშიც მგონი,
მოსწავლეები, ღამით სკოლაში იპარებოდნენ (კარგად არ ახსოვდა, რა უთხრა ნინომ). ნეტავ ეს
ფილმი ვინ აჩვენა?..
– კიდევ ვინ უნდა წამოსულიყო თქვენთან ერთად სკოლაში? – ბოხი ხმით ჰკითხა ლუკას
იმავე კაცმა და ამ სიტყვებმა ქეთის ფიქრი შეაწყვეტინა.
– ქეთი და ანა, ისინიც ჩვენი კლასელები იყვნენ.
– ერთი ბიჭი და სამი გოგონა რატომ მიდიოდით? – ისევ ბოხი ხმით ჰკითხა კაცმა.
– რაა?! – ჰკითხა ლუკამ და სახეზე განრისხანება შეეტყო. – მე მგონი, ამას არავითარი
მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ცუდი რამის ჩადენა არც გვიფიქრია! ბოდიში,
მაგრამ თქვენი ნათქვამით გარდაცვლილ ადამიანს შეურაწყოფა მიაყენეთ!
– აბა, წეღან არ თქვი, ღამით სკოლაში უნდა შევპარულიყავითო? – ტონს აუწია კაცმა.
– ვერ გავიგე, რა გინდათ? – მშვიდად ჰკითხა ლუკამ. – საით მიგყავთ საუბარი?
– ვასკა, გაჩერდი! – უთხრა ნინოს მამამ იმ კაცს, რომელიც ლუკას ელაპარაკებოდა. –
მართლა, რას ლაპარაკობ და რეებს კითხულობ, ჰა? შენი აზრით, ჩემი შვილი ღამით, ბიჭთან
გასართობად წავიდოდა?
– არა, გურამ, ეგ არ მითქვამს, – დაბნა ვასიკო, – ბოდიში, თუ რამე გაწყენინე, ბოდიში.
გურამ, ხომ იცი, მეგობრები ვართ და ყველაფერში დაგეხმარები.
– ჰო, კარგი, კარგი! ვიცი… გმადლობ.
– მე გავალ! – თქვა მარგომ და ფეხზე წამოდგა.
– გამოგყვებით! – ქეთიც წამოდგა.
მარგომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ისინი მისაღები ოთახიდან გავიდნენ.
გულმოკლული ქალი შვილის ოთახში შევიდა და ქეთიც შეიყვანა. შვილის დაკარგვით უზომოდ
დამწუხრებული დედა ძალიან ცუდად იყო და დასვენება სჭირდებოდა. ქეთი მას დაწოლაში
მიეხმარა.
– პლედი დაგაფაროთ?
– არა, არაფრის დაფარება არ მინდა. ჩემი საწყალი გოგონა! ნეტავ ვინ მოკლა? მაგის
მკვლელმა არ გაიხაროს ჩემი შვილის ცოდვით! ბავშვმა სკოლა დაამთავრა, ბოლო ზარი ჰქონდა,
ბანკეტიც ჰქონდა და როგორი ბედნიერი იყო. ჩემი შვილი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.
ის ხომ მხოლოდ ახლა იწყებდა ცხოვრებას. იმის თქმა დამავიწყდა, ინსტიტუტში რომ ჩაირიცხა.
იმ დღეს, როცა გაიგო, რომ მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ძალიან გაუხარდა და
ყველას გაგაგებინათ. შენ ძალიან უყვარდი, დად გთვლიდა, მაგრამ ბოლო დროს ერთმანეთს
რაღაც იშვიათად ხვდებოდით. თუმცა რა, სკოლა დაამთავრეთ და ორივეს თქვენ–თვენი საქმე
გქონდათ. აბა, რა იქნებოდა? ისე ხშირად როგორ ნახავდით ერთმანეთს როგორც უწინ, სკოლაში
სწავლის დროს. შეხედე იმ ფოტოს! – და ხელით კედელზე ჩამოკიდულ ჩარჩოში ჩასმულ
ფოტოზე მიუთითა, რომელიც ქეთის და ნინოს რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ გადაღებული.
– დიახ, ვიცი ეს ფოტო, რამდენიმე თვის წინ გადავიღეთ. როგორ მენატრება ის წუთები.
– ეჰ, ჩემი საწყალი შვილის სხეულიც კი არ მომცეს. პოლიციამ დაიტოვა, ექსპერტიზა თუ
რაღაც ჯანდაბა უნდა ჩაუტარონ. შესაძლოა რაიმე აღმოაჩინონ და მკვლელი დაიჭირონ.

***

ქეთი სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. მოღრუბლული დღე იყო, ქარი უბერავდა და


ცრიდა კიდეც. 9 აპილის ბაღში შევიდა. თვალით მეგობრებს დაუწყო ძებნა. მალე დაინახა: ლუკა,
ანა, გიორგი, სანდრო და დათო. მათთან მივიდა. ერთმანეთის მოკითხვისა და გადაკოცნის
შემდეგ სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ მის გარდა, ყველანი ფეხზე იდგნენ, ამიტომ თავი უხერხულად
იგრძნო და თვითონაც ადგა.
– პოლიციამ მკვლელის ვინაობა დაადგინა? – იკითხა სანდრომ.
– არაფერი არ დაუდგენია, – თქვა გიორგიმ და შეიგინა.
– კარგი რა, რას იგინები! – უთხრა დათომ.
– აბა, რა ვქნა! – ხელები აიქნია გიორგიმ. – შესაგინებელი არ არის, აბა, რა არის? ვიღაც
ნაბიჭვარმა ნინო მოკლა, თან უბრალოდ კი არ მოკლა – დაახრჩო!
– უბრალოდ მოკვლას რას ეძახი? – ჰკითხა ქეთიმ.
– შეიძლება ადამიანს დანა დაარტყა ან თავში რაიმე ჩაარტყა და ისე მოკლა, იმ ვიღაც
მანიაკმა კი დაახრჩო, ადგა და დაახრჩო! – უპასუხა გიორგიმ და ნერვიულობისგან აწრიალდა.
– ალბათ, რა საშინლად გრძნობდა თავს ნინო, როდესაც ის ნაძირალა ახრჩობდა, – თქვა
დაღონებულმა სანდომ, – თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ცდილობდა, რომ მკვლელს
გაქცეოდა, ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. ნინო მანიაკმა
დაიჭირა! დახრჩობა დაუწყო! ნელ–ნელა სული ეხუთებოდა და ხვდებოდა, რომ მისი სიცოცხლე
სულ მალე დასრულდებოდა, მაგრამ, ალბათ, იმედს არ კარგავდა და ისე მოკვდა, რომ
გადარჩენის იმედი არც დაუკარგავს. ამ დროს კი იმ გამოყრუებულ დარაჯს ეძინა და ყვირილი
ვერ გაიგო, თორემ რამე რომ გაეგო, შესაძლო იყო ნინო გადარჩენილიყო.
ამ სიტყვებმა ქეთის კიდევ უფრო მეტი სევდა მოჰგვარა. ნამდვილად შესაფერისი
სიტყვები იყო. ნინო, ალბათ, მართლაც ყვიროდა და შველას ითხოვდა, ამ დროს კი იქ, სამი
ადამიანი იყო, რომლებსაც ეძინათ და არაფერი არ ესმოდათ.
– კი, ნამდვილად, – დაეთანხმა სანდროს დათო.
– საწყალი ნინო! – ნაღვლიანად თქვა გიორგიმ.
– რატომ წავიდა სკოლაში?! – თქვა დამწუხრებულმა ანამ. – გვითხრა, ტყეში წამოსვლა არ
მინდა და თქვენ თუ არ წამოხვალთ სკოლაში, მაშინ მეც არ წავალო. მერე კი, სკოლაში მაინც
წავიდა და მოკლეს... ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელებაა!
ანას შემყურე ქეთი, გაკვირვებული დარჩა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია. იცოდა, ამ გოგოს
ტყუილის თქმა და თავის მოკატუნება ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში,
თუ ასე კარგად გაართმევდა თავს, ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.
– დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ! – თავზე ხელი გადაუსვა გიორგიმ ანას.
– არა, იცი, მე რას ვერ ვხვდები? – გაკვირვებით თქვა სანდრომ. – ნინო ხომ სკოლაში იყო
და ვის შეიძლებოდა რომ იქ მოეკლა?! აი, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლებოდა ნინო
მოეკლა. ვინ იყო სკოლაში, ან ვინ შევიდა? ამბობენ, მანიაკმა მოკლაო. თუ საქმე მართლაც ასეა,
მაშინ წინასწარ განზრახული მკვლელობა გამოდის, იმიტომ რომ არა მგონია, მანიაკი პირველ
შემხვედრს უკან გაჰყოლოდა, სკოლაში შეჰყოლოდა და მოეკლა.
ქეთის უცნაურად მოეჩვენა ის, რასაც სანდრო ამბობდა. მან ნინოს მკვლელობა ისე აღწერა,
თითქოს იმ დროს იქ ყოფილიყო, რეალურად კი მკვლელობის დეტალები, ალბათ, მხოლოდ
პოლიციამ და ნინოს მშობლებმა იცოდნენ. მან მანიაკზეც ერთობ დამაჯერებლად გამოთქვა
თავისი აზრი. ადრე მეგობრებთანაც კი იშვიათად ამბობდა იმას, თუ რას ფიქრობდა ამა თუ იმ
მოვლენასა და ადამიანზე, ახლა კი უცებ ალაპარაკდა და ქეთის ეს უცნაურად მოეჩვენა.
– აი, მეც ვერ ვხვდები! – წამოიყვირა გიორგიმ. – ნინო სკოლაში ვის უნდა მოეკლა?
დარაჯი ამბობს, მე საერთოდ არაფერი არ გამიგიაო. იმ კაცს ყველა ვიცნობთ და კარგი ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებს. იქნებ ნინოს გაუპატიურება უნდოდა? ამაზე რა აზრის ხართ?
– გაუპატიურება უნდოდა და მოკლა? – ორაზროვნად ჩაილაპარაკა ლუკამ.
– ჰო, – გიორგიმ თავი წინ წამოსწია, – გაუპატიურება უნდოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ
როცა ნინო სკოლიდან გავიდოდა, მისი საქმე ცუდად წავიდოდა და ამის გამო მოკლა.
– კი მაგრამ, ნინო არ გაუუპატიურებიათ... – უთხრა ლუკამ.
– შეიძლება დარაჯმა ნინოს გაუპატიურება მოინდომა... – დაიწყო დათომ, – მოკლედ,
დარაჯმა რაღაც ხმა გაიგო და სკოლის შემოწმება დაიწყო... ბოლოს იმ საკლასო ოთახსაც მიადგა
და როდესაც კარები გააღო, ნინო დაინახა. იფიქრა, გავაუპატიურებო და... როგორ ვთქვა, არ
ვიცი... – ბიჭი დაფიქრდა, – მოკლედ, ასე ვთქვათ, ძალადობა დაიწყო. ნინომ წინააღმდეგობა
გაუწია. დარაჯი მიხვდა, რომ, როცა მსხვერპლი სკოლიდან გავიდოდა, შესაძლო იყო, ყველაფერი
პოლიციისთვის ეცნობებინა და მიუხედავად იმისა, მას გააუპატურებდა თუ არა, ჩივილის
შემთხვევაში, მაინც დააკავებდნენ, ამიტომ ნინო დაახრჩო.
– აბსურდია! – თავი გააქნია ლუკამ. – ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ნინო სკოლაში
ნებართვის გარეშე იყო შესული, ანუ შეპარული. პოლიციას როგორ ეტყოდა, რომ დარაჯს მისი
გაუპატიურება უნდოდა? დარაჯს კი არა, თვითონ მას დაიჭერდნენ. და იცი, რატომ? იმიტომ რომ
ნინოს ნათქვამს სასჯელის აცილების მცდელობად ჩათვლიდნენ. რაღაც არა მგონია, დარაჯი
ისეთი უტვინო იყოს, მაგდენს ვერ მიმხვდარიყო. მეორეც, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ, როცა
სკოლაში ნინოს გვამს იპოვიდნენ, ჯოხი ისედაც მასზე გადატყდებოდა და ასეც მოხდა –
პირველი ეჭვმიტანილი ის არის.
– მართალია, – დაეთანხმა ქეთი.
– ჟურნალისტები მკვლელს მანიაკად თვლიან, – თავის ქნევით თქვა გიორგიმ, – ანუ ეს
მკვლელობა მანიაკის ჩადენილია.
– საინტერესოა, დამნაშავე სერიული მკვლელია თუ არა? – თქვა ლუკამ.
– რა განსხვავებაა მანიაკსა და სერიულ მკვლელს შორის? – ჰკითხა ქეთიმ.
– მანიაკია ის, ვინც რაიმე მანიით არის შეპყრობილი, – დაიწყო ლუკამ, – ადამიანი
შეიძლება იყოს სექსუალური მანიაკი... – ბიჭი დაფიქრდა, – ანდა რაიმე სხვა მანიით
შეპყრობილი... სერიული მკვლელი – მანიაკიზმის ერთ-ერთი ფორმაა. როდესაც მანიაკი ოცდაათ
დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში სამ ან უფრო მეტ ადამიანს კლავს, ის უკვე სერიული
მკვლელია. ჩემი აზრით, ორივე ერთი და იგივეა, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ
მკვლელობების რაოდენობით განსხვავდებიან. ნინო დაახრჩეს, მაგრამ მკვლელს ის არც
გაუძარცვავს და არც გაუუპატიურებია. მართალია, მანიაკების გარკვეული ნაწილი მსხვერპლს
აუპატიურებს, მაგრამ ეს მკვლელობა ყველაზე მეტად, მაინც მანიაკის ჩადენილს ჰგავს.
– მკვლელობის მიზანი რა არის? – დაინტერესდა ქეთი.
– უმეტეს შემთხვევაში, სიამოვნების მიღება, – განაგრძო ლუკამ და უკეთესად რომ აეხსნა,
ხელებიც მოიშველია, – თუმცა არსებობენ მანიაკები, რომლებსაც რაღაც თავისი რწმენა აქვთ.
საუბედუროდ სწორედ მათი რწმენა მოითხოვს ადამიანის მოკვლას. ამ ყველაფერს ასე ადვილად
ვერ გაიგებ და ძალიან ვრცელი განმარტებაა საჭირო იმისთვის, რათა მიხვდე, თუ რა ფსიქიკის
ხალხზე გელაპარაკები, თუმცა მეორე მხრივ, ისინი ნამდვილი არანორმალურები არიან და ასეთი
შერყეული ფსიქიკის მქონე ადამიანებს ვერაფერს გაუგებ.
– თუ დამნაშავე მანიაკია, მაშინ მის შესახებ რატომ არაფერი არ გვსმენია? – იკითხა
სანდრომ.
– მართალია, – დაეთანხმა დათო, – რაღაც არაფერი მსმენია მანიაკზე.
– მკვლელობები ხომ ხდება ხოლმე, ჰოდა, შეიძლება მანიაკი კლავს... – თქვა ქეთიმ.
– რა მკვლელობები ხდება? – ჰკითხა დათომ. – თუ ნინოს მკვლელობას არ ჩავთვლით,
კარგა ხანია, რაც პირადად მე არანაირი მკვლელობის შესახებ არაფერი არ გამიგია.
– არა, მკვლელობები ხდება ხოლმე... – თქვა ლუკამ.
– ჰოდა, შესაძლოა მანიაკი კლავს, მაგრამ პოლიცია აქამდე ამას ვერ მიხვდა, – დაასკვნა
ანამ.
– მართალია, – დაეთანხმა ქეთი.
– შესაძლებელია, – დაეთანხმა ლუკაც.
– უი, ახლა გამახსენდა!.. – თქვა სანდრომ. – რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, იმ ღამეს
სკოლასთან, ვიღაც შავებში ჩაცმული ადამიანი დაუნახავთ. სტატიაში ეწერა, რომ უცნობი
გარბოდა. ისიც ეწერა, მას პოლიცია ეძებს და ეჭვმიტანილად თვლისო, თუმცა არ იციან ვინ არის.
ქეთის მაშინვე შავებში ჩაცმული უცნობი გაახსენდა.
,,ნუთუ ეს მკვლელობა მისი ჩადენილია?“ - გულში თქვა ქეთიმ.
ასეც ფიქრობდა. უცნაური და გაუგებარი ის იყო, თუ რატომ მოკლა შავებში ჩაცმულმა
უცნობმა მხოლოდ ნინო და რისთვის დატოვა დანარჩენები ცოცხალები?
– ქეთი, შენ ერთხელ ხომ გამოგყვა უკან, ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი? – ჰკითხა სანდრომ.
– კი, – ამ დროს ყველანი მას მიაჩერდნენ და ინტერესით სავსე თვალები მიაპყრეს.
– და შენ მაშინ ნინოს სახლიდან შენს სახლში მიდიოდი ხომ? – განაგრძო სანდრომ.
– კი.
– შეიძლება უკან მანიაკი მოგყვებოდა, – თავზე ხელი გადაისვა სანდრომ.
– ქეთი, პოლიციას ეგ არ უთხარი? – ჰკითხა გიორგიმ. - ამის შესახებ მათ უნდა იცოდნენ.
– არც კი გამხსენებია.
– სანდრო, შენ ამის შესახებ ჩვენების მიცემის დროს არაფერი გითქვამს? – ჰკითხა
გიორგიმ.
– რა ვიცი, მაგის თქმა მეც დამავიწყდა, – დაიბნა სანდრო.
– მაშინ ახლა უნდა აცნობო პოლიციას, – დათო ქეთის მიუახლოვდა, – პროკურატურაში
მე გამოგყვები. ყველანი ნინოს სახლში უნდა წავსულიყავით, მაგრამ თქვენ წადით, მე და ქეთი
ჯერ პროკურატურაში წავალთ, შემდეგ კი ჩვენც იქ მოვალთ.
– ჩვენ იქ ვიქნებით, – თქვა გიორგიმ.
– წავედით! – თქვა სანდრომ.
მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
წასვლამდე ლუკამ ქეთის ისე შეხედა, თითქოს ეკითხებოდა, დათოსთან ერთად წასვლა
გინდა თუ არაო? გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, რითიც მიახვედრა, რომ ყველაფერი
კარგად იყო.
ქეთი და დათო მიდიოდნენ. როგორც ჩანდა, მათი მეგობრები განგებ სხვა გზით
წავიდნენ, რათა მათთვის ხელი არ შეეშალათ. ცრიდა და ცივი ქარი ქროდა, რომელიც ფოთლებს
ხან ჰაერში იტაცებდა, ხან კი ძირს მიწაზე მიაფარფატებდა. ქეთის ძალიან მოსწონდა ფოთლების
შრიალი და ეს ხმა სიამოვნებას ანიჭებდა.
– ქეთი, გახსოვს, ერთხელ აქ რომ ვიყავით, მაშინაც ზუსტად ასეთი ამინდი იყო, – დათოს
ხმაზე ეტყობოდა, რომ საუბრის წამოწყება სურდა.
– კი, მახსოვს.
– კარგი დღე იყო, – გაეღიმა დათოს.
– კი, ნამდვილად კარგი დღე იყო... – გოგონასაც გაეღიმა, თუმცა თვითონაც ვერ მიხვდა
რატომ. ის ხომ ამ ბიჭს დაშორდა და ახლა მასთან ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც უბრალო
ნაცნობთან.
– იცი, ქეთი, რაღაც მინდა, გითხრა, – უთხრა დათომ, როდესაც ისინი ბაღიდან გავიდნენ
და გაჩერებისკენ წავიდნენ.
– მითხარი.
ამ დროს დათომ ტაქსი დაინახა და ხელი დაუქნია. ტაქსი გაჩერდა.
– მოდი, ჩვენებას რომ მისცემ, მერე გეტყვი იმას, რისი თქმაც მინდა. ტაქსში ამის შესახებ
ვერ დაგელაპარაკები. მოცდითაც ვერ მოვიცდით, იმიტომ რომ შესაძლოა შენ გამომძიებელს
საჭირო ინფორმაცია მიაწოდო.
გოგონამ თავი დაუქნია. ბიჭმა მას მანქანის კარი გაუღო. ისინი ტაქსში ჩასხდნენ და
რამდენიმე წამის შემდეგ მანქანა ადგილიდან დაიძრა.

***

დათო სწრაფად მიუახლოვდა პროკურატურის შენობიდან გამოსულ ქეთის.


– რა ქენი?
– ჩვენება მივეცი.
– ეგ ვიცი, მე ის მაინტერესებს იმათ რა თქვეს.
– გამომძიებელმა უაზრო შეკითხვები დამისვა. მკითხეს, ხომ არ იცი, ვინ იყო შავებში
ჩაცმული უცნობიო და მსგავსი რაღაცეები.
ისინი ქუჩაში გავიდნენ.
– მოდი, ცოტა ფეხით გავისეირნოთ, თან სათქმელსაც გეტყვი, – ნერვულად უთხრა
დათომ.
– გავისეირნოთ, – დაეთანხმა გოგონა და გზას გაუყვნენ.
– აბა, ასეთი რა უნდა მითხრა?! – აგდებულად ჰკითხა ქეთიმ, რადგან ნახა, რომ ბიჭი
კარგად და თბილად ელაპარაკებოდა. – ბოდიშის მოხდა გინდა?
– ჯერ, ის მინდა გითხრა, რომ იმ ღამეს ჩემს აგარაკზე მართლაც მე შეგაშინე... – ისეთი
ტონით უთხრა დათომ, ეტყობოდა, რომ პატიებას ითხოვდა.
– შეენ?! – გაჩერდა გაოგნებული ქეთი, იმიტომ რომ ამას საერთოდ არ ელოდა. ის უკვე
დარწმუნებული იყო და სჯეროდა, რომ იმ საშინელ ღამეს ამ ბიჭმა არ შეაშინა, ახლა კი თვითონ
დათომ უთხრა, მე შეგაშინეო.
– რა მოხდა? – ჰკითხა მის შემხედვარე გაკვირვებულმა ბიჭმა.
– არაფერი, – თავი ხელში აიყვანა გოგონამ და შეეცადა მობილიზებული ყოფილიყო,
რადგან იფიქრა, ხომ არ მატყუებსო.
– რა იყო, ამას არ ელოდი? თავად მიმტკიცებდი, შენ შემაშინეო. როგორც ჩანს, აზრი
შეგიცვლია, მაგრამ სულ ტყუილად, იმიტომ რომ მართალი იყავი. იმ ღამეს მართლა მე შეგაშინე…
– და მერეც შენ ცდილობდი ჩემს შეშინებას?! – შეაწყვეტინა ქეთიმ და მისკენ მიბრუნდა.
– ქეთი, ღმერთს გეფიცები!.. – დათო გაჩერდა და ხელი მოჰკიდა. – თუ გინდა, ეკლესიაში
წავიდეთ და ხატზე დავიფიცებ, რომ მე მხოლოდ იმ ღამეს შეგაშინე, ჩემს აგარაკზე, მას შემდეგ კი
შენი შეშინება ერთხელაც აღარ მიცდია.
– ხელი გამიშვი! – უთხრა ქეთიმ და თავი გაითავისუფლა.
მას უნდა ეფიქრა, ფიქრისთვის კი ნელი სიარული სჭირდებოდა. გზა აუჩქარებლად
განაგრძო, დათო კი ფინია ძაღლივით უკან გაჰყვა.
– ქეთი, რას იტყვი? – ნერვიულობდა ბიჭი. – ხომ მაპატიებ?
– მაინტერესებს, ეს როგორ ჩაიდინე?
– ზუსტად ისე, როგორც შენ ფიქრობდი. იმ ღამეს ბანკეტი რომ გვქონდა, მოვინდომე
ყველანი ჩემს აგარაკზე წავსულიყავით, რათა... – დათოს ამაზე საუბარი უჭირდა, – მინდოდა
შემეშინებინე, შემდეგ კი შენს წინაშე თავი გმირად წარმომეჩინა... შეყვარებულის თვალში
პიროვნულად ავმაღლებულიყავი. იმ ოთახში მართლა იმიტომ დაგაწვინე, რომ ჩემი ბოროტი
განზრახვა განმეხორციელებინა. სახლიდან გავედი და დანარჩენებს შევუერთდი. ამ დროისთვის
ეზოში ცეცხლი უკვე დაენთოთ და ყველანი გარს შემოსხდომოდნენ. მათთან ერთად მიწაზე
ვიჯექი და ვმხიარულობდი, თუმცა სინამდვილეში შესაფერის დროს ველოდი, რათა იქაურობას
შეუმჩნევლად გავცლოდი, ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა და შემეშინებინე. როდესაც
წვიმა წამოვიდა, ყველანი აქეთ–იქით მიმოიფანტნენ. მე შეუმჩნევლად ბაღში შევედი და... იმის
თქმა დამავიწყვდა, რომ ოთახში შენი შეყვანის შემდეგ თეთრი ნაჭერი ავიღე და ორ ადგილას
გავჭერი, ანუ ნიღაბი გავაკეთე...
ამის გაგონებაზე ქეთის კარგად გაახსენდა, რაც იმ ღამეს დაინახა - ის საშინელება. იმ
საშინელებას თეთრი სახე ჰქონდა! ის სახე კი არა, რაღაც თეთრი ძონძი იყო!
– შენ თქვი, რომ ვინც მე შემაშინა, თეთრი ფერის სახე ჰქონდაო. მართალი იყავი და ხარ
კიდეც, მაგრამ ის სახე კი არა, ნიღაბი იყო. ბაღში შევედი, იმიტომ რომ იქიდან ჩემს ჩანაფიქრს
შეუმჩნევლად განვახორციელებდი. სახლისკენ წამოვედი. რა თქმა უნდა, აივანზე ადვილად
ვძვრებოდი, ის ხომ დაბალია. შენს შესაშინებლად კენჭებს იმ ოთახის ფანჯარას ვესროდი,
რომელშიც გეძინა, მერე კი ქვემოთ, ბაღში ვხტებოდი. ბაღიდან თავის აწევაც კი საკმარისი იყო,
ის ფანჯარა რომ დამენახა. შენ ერთხელ თუ ორჯერ გარეთ გამოიხედე. მივხვდი, რომ ეს ვერ
გაშინებდა და მთავარზე გადავედი. აივანზე ამოვძვერი, ნიღაბი ჩამოვიფარე, ჯიბიდან ორი
თეთრი ნაჭერი ამოვიღე და ხელში ისე დავიჭირე, თითები რომ დამემალა. მინდოდა გგონებოდა,
რომ ის, ვინც შენ შეგაშინა ადამიანი არ იყო. ასე ადვილად დაიჯერებდი, რომ ყველაფერი
მოგეჩვენა ან სულაც დაგესიზმრა, ეს კი დაგამშვიდებდა და ამ საშინელებას დაივიწყებდი.
შემდეგ რაც მოხდა, იცი. ალბათ, იმას თქმა აღარ უნდა, რომ შუქი მე ჩავაქრე... გთხოვ, მაპატიე!. –
შეევედრა დათო.
ქეთი გაჩერდა და დათოსკენ მიბრუნდა. რამდენიმე წამი თავდახრილი იდგა, შემდეგ
თავი ასწია, ბიჭს შეხედა და ისეთი მაგარი სილა გააწნა, რომ ლაწანი გაადინა. მოულოდნელი
სილისგან დათოს ყბა ჯერ გვერდზე მოექცა, შემდეგ კი წაბარბაცდა და როდესაც რამდენიმე
წამის შემდეგ წელში გაიმართა, ქეთის დაბნეულმა შეხედა. მარცხენა ლოყა სულ მთლად
გასწითლებოდა, იქ მყოფი გამვლელბი კი გაკვირვებულები მისჩერებოდნენ ამ უჩვეულო
წყვილს.
– მერეც შენ მაშინებდი?! – ჰკითხა ბრაზმორეულმა ქეთიმ, რომელიც შეყვარებულს
მრისხანებით აღსავსე თვალებით უყურებდა.
– არა. ხომ გითხარი, არა...
– რატომ უნდა დაგიჯერო?!
– სრული უფლება გაქვს, რომ არ დამიჯერო, – ნაღვლიანად უთხრა დათომ და თავი
დახარა, – მაგრამ მერწმუნე, მე მხოლოდ ერთხელ შეგაშინე – აგარაკზე, მერე კი მე ნამდვილად
აღარ შემიშინებიხარ. მაპატიე! – ბიჭმა თავი ასწია და ქეთის თვალებში ჩახედა.
– ასეთი საზიზღრობა როგორ მოიფიქრე?! – გაოცებით ჰკითხა გოგონამ. – ალბათ, კარგა
ხნის მოფიქრებული გქონდა, თორემ არა მგონია, ეგ იმ ღამეს მოგეფიქრებინა.
დათომ ღრმად ამოისუნთქა.
– იმ ღამეს მოვიფიქრე... თავადაც ვერ ვხვდები, ასეთი რამ როგორ მოვიფიქრე, უფრო
სწორედ, მე კი არ მოვიფიქრე, ეს აზრი თავისით, უეცრად მომივიდა თავში.
ქეთიმ გზა განაგრძო, დათო ისევ უკან გაჰყვა. კვლავაც ცრიდა და ისევ ცივი ქარი ქროდა.
ამინდი ირეოდა. მალე ალბათ მაგარი წვიმა წამოვიდოდა და ქარიც გაძლიერდებოდა.
– ქეთი, მაპატიე! მე თვითონაც არ ვიცი, რა მომივიდა და ასეთი საშინელი რამ როგორ
მოვიფიქრე. შესაძლოა სასმელის ბრალი იყო, თუმცა არც ისეთი მთვრალი ვიყავი. არა,
სიმთვრალე არაფერ შუაშია. მე საშინელი რამ ჩავიდინე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. შენ
მართალი იყავი. სიმართლეს მეუბნებოდი, მე კი ამის გამო გეჩხუბე და შეურაცხყოფა მოგაყენე.
გთხოვ, მაპატიე!
– კიდევ რა საიდუმლოებებს ინახავ?
– მეტი საიდუმლო არ მაქვს. გთხოვ, როცა მელაპარაკები, მე მიყურე! – უთხრა
შეწუხებულმა ბიჭმა, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც ისინი გზაზე გაჩერდნენ, გოგონა ლაპარაკის
დროს სახეს არიდებდა და მას აღარ უყურებდა.
– შენ ეგ გაღელვებს?!
– რაზე ამბობ? – გაუკვირდა დათოს.
– იმაზე რომ თვალს გარიდებ და სახეში არ გიყურებ, – ზიზღით უთხრა ქეთიმ, – შენ ხომ
ძალიან პატივმოყვარე ხარ. რას ჰქვია, გელაპარაკები და სახეში არ გიყურებ, ამით ხომ
შეურაცხყოფას გაყენებ?!
ბიჭმა არაფერი უპასუხა. ხუთიოდე წუთი ისე მიდიოდნე, კრინტიც არ დაუძრავთ.
გოგონას დათოს სულაც აღარ აქცევდა ყურადღებას. მიდიოდა და ფიქრობდა, ღირდა თუ არა,
მისთვის ეპატიებინა ის საშინელი საქციელი, რომლითაც მან ასე გაუმწარა სიცოცხლე. ბევრი
კარგი რამ გაახსენდა, რაც მასთან აკავშირდებდა. წამიერად გაუელვებდნენ თავში მოგონებები.
ისინი ახსენებდნენ სხვადასხვა სასიამოვნო ამბავსა თუ მომენტს. აიძულებდნენ, რომ ამ
ბიჭისთვის ეპატიებინა. გარდა ამისა, არსებობდა ზიზღი - ძლიერი და საფუძვლიანი. ამ დიდ
ზიზღს თანდართული ჰქონდა ღირსება და სიამაყე. აშკარა იყო, რომ ყველა ეს გრძნობა ერთად
თავმოყრილი, ამ მშვენიერ და კარგ მოგონებებს ამარცხებდნენ. ისინი ამარცხებდნენ იმ ოცნებას,
რომელშიც მას წარმოდგენილი ჰქონდა თავისი მომავალი. ის მომავალი, რომელშიც ქეთი და
დათო ისევ ერთად, ბედნიერად და მშვიდად იქნებოდნენ.
– იმ სისულელეზე რას იტყვი, ვითომ სატვირთოს მძღოლმა რომ გითხრა, სოფელში
მანიაკი არისო?
– ეგ სიმართლეა. მძღოლმა მართლა მითხრა... – დათო გაჩერდა, – მოკლედ, შენ იცი, რაც
მითხრა. ეგ მართლა არ მომიგონია.
– მანიაკის შესახებ რომ სტატია იდო სოციალურ ქსელში? შენ დადე?
– არა, ქეთი, გეფიცები, მე არ დამიდია!.. – უთხრა სასოწარკვეთილმა ბიჭმა.
– იცი, დათო, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე შენ ვეღარ გენდობი! – შეჩერდა და
დათოსკენ მიბრუნდა. ბიჭიც ასე მოიქცა.
– კი მაგრამ, მე ხომ ყველაფერი გითხარი და პატიებაც გთხოვე...
– ჰო, მაგრამ აღარ გენდობი, არ შემიძლია, გაიგე! – ქეთიმ ხმას აუწია და ხელებიც
მოიშველია. ეტყობოდა, რომ შეყვარებულთან შერიგება სურდა, მაგრამ მას ისეთი რამ ჰქონდა
ჩადენილი, რასაც ის ასე უბრალოდ ვერ დაივიწყებდა და რაც მის მიმართ მუდამ ეჭვს
გამოიწვევდა.
– უბრალოდ, არ შემიძლია რომ გენდო!
– იქნებ იფიქრო და პასუხი მერე გამცე. დაგელოდები, არსად არ მეჩქარება.
– კარგი, ვიფიქრებ, ოღონდ იცოდე, შესაძლოა ფიქრი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს,
თანაც, მხოლოდ ფიქრით ვერ დამიბრუნებ. შენ ისეთი რამ ჩაიდინე, რაც შესაძლოა მთელი
ცხოვრება არ გაპატიო!
თანხმობის ნიშნად დათომ თავი დაუქნია:
– ნინოს მშობლებთან წავიდეთ?
– არა, მე სახლში წავალ.
– სწორეა, – ბიჭს სახეზე თითქოს ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა, ყოველ შემთხვევაში,
ქეთის ასე მოეჩვენა.
– უკვე საღამოა. მალე დაღამდება, – ისეთი უცნაური ხმით უთხრა დათომ, თითქოს მისი
შეშინება უნდოდა, – ქუჩაში ყოფნა სულ უფრო და უფრო საშიში ხდება, იმიტომ რომ სერიული
მკვლელი თავისუფალია. სახლამდე მიგაცილებ.
– გმადლობ, მაგრამ არ მჭირდება! – მკაცრად უთხრა ქეთიმ და მისმა ნათქვამმა დააეჭვა
და ჩააფიქრა: ,,საიდან მოიტანა დათომ, რომ დამნაშავე სერიული მკვლელია?“
– ჰო, მაგრამ ასეთ დროს ქუჩაში ყოფნა საშიშია!
– როგორმე ჩემს თავს თვითონ მივხედავ! – ქეთის დათო უკვე აღიზიანებდა. რა უფლება
ჰქონდა ამ ბიჭს რაიმე საშიშზე ელაპარაკა მაშინ, როცა იმ საშინელ ღამეს, თვითონ ისეთი საშიში
იყო, რომ გოგონას ამის გახსენებაზე ახლაც კი ტანში ჟრუანტელი უვლიდა. მის თავხედობას
საზღვარი არ ჰქონდა, და, საერთოდ, მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, რა უფლება ჰქონდა, რომ მასზე
ეზრუნა?!
დათომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ის იქამდე იყო მასთან, სანამ ქეთი სამარშუტო
ტაქსში ჩაჯდებოდა. წასვლისას გოგონა მას ცივად დაემშვიდობა და იმ ადგილს გაეცალა.
ქეთიმ სამარშუტო ტაქსი თავის სახლთან გააჩერა და ჩავიდა. სადარბაზოსთან რომ
მივიდა, შეჩერდა. ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო. უკვე აღარ წვიმდა, მაგრამ კვლავაც
ქარი ქროდა და უფრო ბნელოდა. გოგონამ ნომერი აკრიფა და მობილური ყურთან მიიდო.
– ქეთი, გისმენ... – გაისმა ანას ნაცნობი ხმა.
– მანდ ვერ მოვალ...
– ვიცით.
– საიდან იცით?! - ქეთი ასეთ პასუხს არ ელოდა და გაუკვირდა.
– დათომ დამირეკა და მითხრა. ყველაფერი კარგად არის?
– კი, ყველაფერი კარგად არის. აბა, კარგად!
– კარგად!
მან მობილური გათიშა. ამ დროს სადარბაზოდან პაატა გამოვიდა. ქეთის სულაც არ
ესიამოვნა მასთან შეხვედრა.
– გამარჯობა, ქეთი!
– გამარჯობა!
– გავიგე, შენი მეგობარი ნინო მოუკლავთ. გისამძიმრებ და ვიზიარებ შენს მწუხარებას, –
პაატა შეეცადა, ეს სიტყვები გულწრფელად ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს იყო ყალბად და
გაიძვერულად წარმოთქმული სიტყვები.
– გმადლობ, – ცივად უთხრა ქეთიმ, გვერდი აურა და სადარბაზოში შევიდა.

***

ქეთი თავის ოთახში იწვა და ფიქრობდა. საფიქრალი ბევრი ჰქონდა. იცოდა, რომ იმ
საშინელ ღამეს აგარაკზე დათომ შეაშინა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი რომელმაც მას
აგარაკზე ჯოჯოხეთი გამოატარა, შავებში ჩაცმული უცნობი არ იყო. კი მაგრამ, მაშინ ვინ
შეიძლება ყოფილიყო შავებში ჩაცმული უცნობი და რა საერთო ჰქონდა მასთან? იქნებ მასთან
არც არაფერი ჰქონდა საერთო? შეიძლებოდა რომ უცნაური შემთხვევები უბრალო დამთხვევები
ყოფილიყო? ვიღაც რეკავდა და ყურმილში ღრიალებდა, თუმცა სავსებით შესაძლებელი იყო,
რომ ეს უბრალო ხუმრობა ყოფილიყო. ინტერნეტში ნანახი სტატია? არც ამაში არ იყო საქმე
რთულად. ადამიანები ინტერნეტში უამრავ რაღაცას იგებენ და კითხულობენ . იქ განთავსებული
უსაზღვრო ინფორმაციიდან, ზოგი შეესაბამება სიმართლეს და ზოგი არა, ასე რომ, სტატია
არაფერს არ ნიშნავდა. შავებში ჩაცმული უცნობი, რომელიც უკან მოჰყვებოდა? სავსებით
შესაძლებელი იყო, მით უმეტეს ღამით, უკან ვინმე ასდევნებოდა. კიდევ რა? აუხსნელი და
გაუმართლებელი მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა – ნინოს უეცარი და საიდუმლოებით მოცული
მკვლელობა.
ქეთიმ იფიქრა, იფიქრა და ბოლოს ისევ ერთ, ძალიან საშინელ აზრამდე მივიდა –
შეუძლებელი იყო, ამდენი რამ, უბრალო დამთხვევა ყოფილიყო.
გაიხსენა, როგორი მზრუნველი და კარგი ბიჭი იყო დათო, მაგრამ რა ჩაიდინა?! შეაშინა
და, თანაც, ეს როგორ საშინლად გააკეთა! არა, დათოს საქციელი ყოველგვარ ზღვარს
სცილდებოდა. ქეთი გაოცებული იყო. ძალიან უკვირდა და დაჯერება უჭირდა, რომ ამ ბიჭმა
ასეთი რამ ჩაიდინა, მაგრამ რეალობას ვერ გაექცეიდა და, სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლიდა.
,,რეალობა“, – გულში თქვა ქეთიმ.
როგორ უნდოდა, რომ ერთი წუთით რეალობას მოსწყვეტოდა და ოცნებებში
გადაშვებულიყო, სადაც წარმოიდგენდა, თითქოს ცხოვრება ძველებურად, უდარდელად
გრძელდებოდა. თავს ყველა ბედნიერად გრძნობდა. სურდა წარმოედგინა, თითქოს დათომ არ
შეაშინა. ისინი ისევ ერთად იყვნენ, ძველებურად, ბედნიერად. ნინოც ცოცხალი იყო. მასაც ეპოვა
თავისი შესაფერისი ბიჭი, რომელიც ძლიერ უყვარდა და მის მიმართ ბიჭიც იმავეს გრძნობდა...
მომხდარი უბედურებები მას არ აძლევდნენ იმის უფლებას, რომ ცოტა ხნით მაინც
მოწყვეტოდა რეალობას და ოცნებებში გადაშვებულიყო. უბრალოდ, არ შეეძლო, რაიმე კარგზე
ეფიქრა, ან თავისი ცხოვრებიდან სასიამოვნო მომენტები გაეხსენებინა. რატომ? იმიტომ რომ ამის
საშუალებას შიში არ აძლევდა. გამუდმებით ბოლო დროს მომხდარი საშინელებები
ახსენდებოდა, რომლებიც თავში უტრიალებდნენ. ეს საშინელი მოგონებები თითქოს
ცდილობდნენ, მასში ყველა კარგი მოგონება ამოეშალათ, მის მეხსიერებაში მათი ადგილი
დაეკავებინათ და საბოლოოდ იქ მხოლოდ თვითონ დარჩენილიყვნენ.
ისევ დათო გაახსენდა. დიდი ხანი იყო, რაც ერთმანეთს იცნობდნენ და ერთმანეთი
უყვარდათ. ის ყოველთვის კეთილი, ჭკვიანი და მზრუნველი ბიჭი ეგონა, მაგრამ მან საშინელება
ჩაიდინა. გამოდიოდა, რომ ქეთი ძალიან სულელი გოგონა იყო. დიახაც, სულელი! დათოს
გვერდით უამრავი წუთი გაეტარებინა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის შეყვარებულს
ასეთი რამის ჩადენა შეეძლო.
საოცარი და ამავდროულად საშინელი იყო, ის, რომ ადამიანს, რომელსაც წარსულში
ცუდი არაფერი ჰქონდა ჩადენილი, ასეთი საშინელების ჩადენა შეეძლო.
ამ დროს მას მობილურ ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა. გოგონამ მობილური აიღო, ეკრანს
დახედა და უპასუხა:
– რა იყო, ლუკა?
– ქეთი, როგორ ხარ? შენს სახლთან ვარ და შეიძლება ამოვიდე? საქმე მაქვს.
გოგონა ადგა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ჯერ კიდევ საღამო იყო, მაგრამ
ცუდი ამინდის გამო ჩვეულებრივზე უფრო მეტად ბნელოდა. ისევ ცრიდა და ქარიც უბერავდა.
– მე ჩამოვალ.
– შეენ? – გაუკვირდა ლუკას. – არა, არ გინდა. მაშინ წავალ, ნუ შეწუხდები.
– არა, არა. უბრალოდ, კარგი ამინდია და ჩამოსვლა იმიტომ მინდა. ხომ იცი, ასეთი ამინდი
ძალიან მიყვარს.
– მშობლები ინერვიულებენ.
– არ ინერვიულებენ, დამელოდე!
მობილური გათიშა და საწოლზე დააგდო. სწრაფად ჩაიცვა სპორტული ზედა, თავზე
წითელი ქუდი დაიხურა, მობილური ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გავიდა.
– დედა! მამა! ეზოში ჩავალ და მალე ამოვალ!
ნათია და უჩა მისაღები ოთახიდან გამოვიდნენ. ეტყობოდათ, რაღაცაზე
ნერვიულობდნენ:
– სად უნდა ჩახვიდე, ჰა?! – ნერვიულად ჰკითხა უჩამ. – უკვე ღამდება. ახლა ქუჩაში
გასვლის დროა?
– ჯერ ისევ დღეა! – ქეთის შეეშინდა, ვაითუ მამამ ქუჩაში არ გამიშვასო. – ჩავალ და
მალევე ამოვალ. ლუკა არის მოსული და საქმე მაქვს მასთან, ასე რომ, მარტო არ ვიქნები.
– კარგი, წადი, – უთხრა ნათიამ.
– იცოდე სახლში მალე დაბრუნდი, – დაამატა უჩამ.
– კარგი. გმადლობ, – ქეთიმ კარი გააღო და სახლიდან გავიდა.
სწრაფად ჩაირბინა კიბეები და სადარბაზოს კართან მდგარ ლუკას შეეჩეხა.
– ლუკა, ბოდიშს გიხდი, რომ არ გეკითხები, რისთვის მოხვედი, მაგრამ სასწრაფოდ უნდა
გკითხო ერთი რამ, – ქეთი ნერვიულობდა.
– მკითხე, – ყურადღებით უთხრა ბიჭმა.
– იმ ტაქსის მძღოლზე რას ფიქრობ, იმ ღამეს სკოლასთან რომ მიგვიყვანა?
– მგონი, მაგაზე ნერვიულობა არ ღირს. უკვე ღამე იყო, მძღოლი კი დაღლილი იქნებოდა
და ჩვენ საერთოდ არ მოგვაცევდა ყურადღებას. გარდა ამისა, ყველას ქუდები გვეხურა, გოგონებს
კი შარფებიც გეკეთათ და რას დაინახავდა, ან რას დაიხსომებდა. ალბათ, მაგ მძღოლმა
ტელევიზორში ნინოს ფოტოს ყურადღება არც კი მიაქცია, ის ხომ დღე და ღამე მუშაობს... ჩემი
აზრით, ის ფოტო არც უნახავს და, თუ ნახა და იცნო, კიდევ საკითხავია, წავა თუ არა პოლიციაში.
ხომ იცი, შიში რაც არის და რასაც გვიშვება ადამიანებს. ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და სულ აღარ
გვაინტერესებს სხვას რა მოუვა. ჰო, კიდევ ის რომ, როცა მე, ნინო და ანა აქ მოვედით, მგონი,
სადარბაზოსთან ხალხი იდგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაგაზეც არ ღირს ნერვიულობა – უკვე
ბნელოდა.
– მართალი ხარ, – ქეთიმ შვება იგრძნო, – შენმა სიტყვებმა ძალიან დამამშვიდა. ჩემთან
რატომ მოხვედი? რამე მოხდა?
– რა ვიცი აბა, რა აღარ მოხდა, – ღრმად ამოისუნთქა ლუკამ.
– ცუდი ამბავია?
– არა, ცუდი ამბავი არ არის. აქ სადმე სკამი არ არის?
– მოდი, გავისეირნოთ...
– გავისეირნოთ... – ისინი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას.
– ქეთი, ხვალ ნინოს გვამს გადასცემენ მშობლებს.
– რაიმე აღმოაჩინეს?
– აბა, ეგ საიდან უნდა ვიცოდე? მე ვინ მეტყვის? ხომ იცი, გამოძიების დროს მხოლოდ
უახლოეს ნათესავებს აცნობენ საქმის ვითარებას.
– კი, ვიცი.
– შენი შეშინება არ მინდა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, პროკურატურის
თანამშრომლები გვითვალთვალებდნენ და ჩვენი ტელეფონები ისმინებოდეს. განყოფილებაში
ჩვენთვის არ უთქვამთ, ეჭვმიტანილები რომ ვართ, მაგრამ ამან არ დაგაიმედოს. დამიჯერე, ჩვენ
ეჭვმიტანილები ვართ.
– მამაჩემიც ასე ფიქრობს. თუ გაიგეს, რომ ვიტყუებით, მაშინ მკვლელობას ჩვენ
დაგვაბრალებენ.
– შენ და ანა ციხეში არავითარ შემთხვევაში არ ჩაჯდებით! – გადაჭრით თქვა ლუკამ. – თუ
ჩვენი ტყუილი გამოაშკარავდება, ვიტყვი, რომ ნინოს გაუპატიურება მინდოდა, მან
წინააღმდეგობა გამიწია და მოვკალი, თქვენ კი დაგემუქრეთ, რომ, თუ რამეს იტყოდით, თქვენც
მოგკლავდით. მოკლედ, შევძლებ, დამაჯერებლად ვიცრუო, რითიც შენ და ანას სასჯელს
აგაცილებთ.
– ლუკა, რას ამბობ! – შეშფოთდა გოგონა. – შენ არაფერს არ დაიბრალებ და, საერთოდ,
მოდი, ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ! მე ის მიკვირს, ნინოს მშობლები რომ არ გვეჩხუბნენ და
სახლიდან არ გამოგვყარეს. მეგონა, როცა გაიგებდნენ რომ სკოლაში ჩვენც ნინოსთან ერთად
უნდა შევპარულიყავით... მოკლედ, ხომ ხვდები, რასაც ვამბობ...
– კი, სავსებით გასაგებია რასაც ამბობ. საქმე იმაშია, რომ მე ველაპარაკე მათ და საქმის
ვითარება გავაცანი, უფრო სწორედ კი ჩვენი მოგონილი ტყუილი ისე ვუამბე, რომ ჩვენზე არ
გაბრაზებულიყვნენ. ძალიან მრცხვენია ასე უსინდისოდ რომ ვიტყუები, მაგრამ სხვა რა გზაა.
– მეც მრცხვენია, გამუდმებით რომ ვიტყუები.
– ანამ თქვა, რომ ნინო მანიაკმა მოკლა, იმ მანიაკმა, რომელზეც შენ ამბობდი...
– სტატიაში რომ ეწერა? – შეაწყვეტინა ქეთიმ.
– სწორედ მაგან. იცი, ქეთი, ანამ ერთობ უცნაური თეორია ჩამოაყალიბა და ყველაფერს
მოგიყვები. თურმე ნინოს მკვლელობის შემდეგ ის მანიაკი გახსენებია, რომელზეც შენ ერთ–ერთ
ჟურნალსა თუ გაზეთში წაიკითხე. ის სტატია იმასაც უნახავს და ფიქრობს, რომ ნინო სწორედ იმ
მანიაკმა მოკლა და იმანაც ის სახლი შენსავით დათოს აგარაკს მიამსგავსა.
– მერე? – დაინტერესდა ქეთი.
– მოდი, უკან მივბრუნდეთ, უკვე ბნელა!
ქეთიმ თავი დაუქნია და ისინი უკან მიბრუნდნენ.
– ჰოდა, ანა ფიქრობდა, რომ იმ ღამეს, ფანჯარაში შენ სწორედ მანიაკი დაინახე. ჰო,
გამომრჩა მეთქვა, რომ მან ეს მოსაზრება მაშინ წამოაყენა, როცა ნინოს სახლიდან გამოვედით,
იმიტომ რომ იმ სახლში ხალხმრავლობა იყო და ამ თემაზე უცხო ხალხთან ვერ ილაპარაკებდა. ამ
დროს დათო მოვიდა. ანამ თავისი მოსაზრება მასაც გაუზიარა, მან კი იცი, რა თქვა? იმ ღამეს
ქეთი მე შევაშინეო.
– ვიცი, – დანაღვლიანდა ქეთი, – ამაში რამდენიმე საათის წინ გამომიტყდა.
– კარგია, რომ გამოგიტყდა, – უცნაურად თქვა ლუკამ და გოგონას ეს შეუმჩნეველი არ
დარჩენია.
– ასე უცნაურად რატომ თქვი? შენ რა, იცოდი, რომ მან შემაშინა?
– ქეთი, მე ხომ ერთხელ გითხარი, რომ ფსიქოლოგია ძალიან მიყვარს და მასში საკმაოდ
კარგად ვერკვევი. დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა ვეჭვობდი, რომ დათომ შეგაშინა. მაპატიე,
მაგრამ ეს ვერ გითხარი. არ მინდოდა, ჩემი ეჭვის გამო შენი ბედნიერება დამენგრია. ქეთი, ხომ
იცი, დიდი ხანია მიყვარხარ. თქვენ ერთმანეთი გიყვარდათ, მე კი ჩემი ვარაუდის გამო თქვენში
უთანხმოებას ვერ ჩამოვაგდებდი. მე ვინ ვარ? - უბრალოდ ადამანი, რომელსაც უყვარხარ, მაგრამ
შენ არ გიყვარვარ. მიუხედავად ამისა, ჩემი მოვალეობაა და ვალდებული ვარ, დაგეხმარო. შენ
დათო გიყვარდა და ამის გამო მის მიმართ ცუდად განვეწყე. ეს კიდევ ერთი მიზეზია ჩემი
მოსაზრების არ გაზიარებისა. ვფიქრობდი, რომ თქვენი ურთიერთობის გამო მეგონა ასე და
ამიტომაც არაფერი არ გითხარი, თუმცა ჩემი ვარაუდი გამართლდა. მაპატიე, სიმართლე რომ
დაგიმალე, – ლუკამ ეს ყველაფერი ისე თბილად წარმოთქვა, რომ მის ხმაში აშკარად
იგრძნობოდა სიყვარული.
– შენ ნამდვილი მეგობარი ხარ და მეგობარზე მეტიც! – ალერსიანად უთხრა ქეთიმ. –
საპატიებელი არაფერი გაქვს, ყველაფრისთვის მადლობას გიხდი.
– გმადლობ, ქეთი, მაგრამ სხვა რამეც უნდა გითხრა. იცი, დათოს აღიარების მიუხედავად,
ანა მაინც თავის აზრზე დარჩა. ის, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ იმ ღამეს დათოს აგარაკზე მანიაკი
არ ყოფილა, მაგრამ მაინც თვლის, რომ იგი სოფელში მართლა იმყოფებოდა. გიორგიმაც გაიხსენა,
რომ მაშინ, როდესაც ჩვენ მეზობელად მდგარ სახლთან მივედით, შენ იცი, რისთვისაც მივედით
იქ და უკან ვბრუნდებოდით, ფანჯარასთან ვიღაც დაინახა. ანა ფიქრობს, რომ ის მანიაკი იყო.
მოკლედ, მას უნდა, რომ ხვალ, ჩვენთან ერთად, თავის სახლში სპირიტული სეანსი ჩაატაროს. იმ
მოკლული გოგონას სულის გამოძახებას აპირებს, რომელზეც სტატიაში ეწერა. როცა მე და ანა
მარტო დავრჩით, ჩუმად მითხრა, ნინოს სულსაც გამოვიძახებდი, მაგრამ მეშინია, ყველას
თანდასწრებით სიმართლე არ თქვასო. აბა, ამაზე რას იტყვი?
– ეგ გოგო გაგიჟდა?! – გაოცდა ქეთი. - მგონი ჭკუიდან შეიშალა!
– იცი, სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი მართლაც ისე იყოს, როგორც ანამ თქვა,
მაგრამ მე სპირიტული სეანსის არ მჯერა. შენ რას იზამ, წახვალ?
– არ ვიცი. საწყალი ანა, ახლა მას თანადგომა სჭირდება. იქნებ ამ სისულელის ჩადენა
როგორმე გადააფიქრებინო.
– ის ხვალ ღამით აპირებს ამ სისულელის ჩადენას, მე კი შევეცდები, როგორმე
გადავაფიქრებინო. სეანსზე შენ თუ წახვალ, მაშინ მეც წამოვალ. მინდა, რომ დაგიცვა.
– გმადლობ, – გულთბილად უთხრა ქეთიმ, – ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ?! გთხოვ ეცადე,
გადააფიქრებინო!
– აუცილებლად, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ.
– ხვალ სწავლა გვეწყება. ხომ გახსოვს?
– კი, მახსოვს. ძალიან ცუდ დროს მოგვიწევს სწავლის დაწყება.
ამ საუბარში ქეთის სახლსაც მიუახლოვდნენ.
– აგაცილებ, – შესთავაზა ლუკამ.
– ამაცილე.
უკვე ბნელოდა, მაგრამ ქეთი ლუკასთან ერთად იყო და არაფრის არ ეშინოდა. მასთან
სიახლოვე სიამოვნებდა და თავს დაცულად გრძნობდა. ახლა მას ბნელი ადგილების თითქმის
აღარ ეშინოდა. მათ ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდათ და კიბეებზე ასე ადიოდნენ.
– ლუკა, უკვე ღამეა! – გოგონას ეშინოდა, ვაითუ ღამით მას რაიმე ცუდი შეემთხვასო. –
მოდი, არ წახვიდე, ჩვენთან დარჩი, ხომ იცი, ჩემი მშობლები არ იქნებიან წინააღმდეგი.
– ნუ გეშინია, მე ცუდი არაფერი მომივა. ახლა უნდა წავიდე. არც იმაზე ინერვიულო,
ფეხით რომ უნდა წავიდე, – ლუკამ გაუღიმა, ქეთიმაც გაუღიმა, – გახსოვდეს, თუ ეს ამბავი
გამოაშკარავდება, ყველაფერს მე დამაბრალებ, ისე, როგორც გითხარი! – ბიჭმა ბოლო სიტყვები
ყურში ჩასჩურჩულა და ერთმანეთს აკოცეს.
ლუკა წავიდა. ის ნელა ჩადიოდა კიბეებზე. ქეთის ერთხანს ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა,
მაგრამ მალე ნაბიჯების ხმა ისე გაქრა, თითქოს სიბნელემ შთანთქა.
– რა თქმა უნდა, ყველაფერს შენ დაგაბრალებ, ლუკა! საოცარია, ეს მე თვითონ როგორ ვერ
მოვიფიქრე?! – თავისთვის თქვა ქეთიმ, რომელსაც თვალებიდან სიხარულის ცრემლები
მოსდიოდა და იღიმებოდა.

თავი 8

უნივერსტიტეტში პირველი დღისა და პირველი ლექციების შემდეგ (თუ შეიძლება ამას


ლექციები ვუწოდოთ), ქეთი სახლში წასვლას არ აპირებდა. ქუჩაში ჟურნალ–გაზეთები
დაათვალიერა. აინტერესებდა, რას წერდნენ ნინოს მკვლელობასთან დაკავშირებით.
ტელეარხებმა და ჟურნალ–გაზეთებმა ცხელ–ცხელი ამბავი ხელიდან არ გაუშვეს, ყოველმხრივ
გააშუქეს და ამიტომ ეს ამბავი ყველას პირზე ეკერა. უნივერსტიტეტშიც კი ამაზე
ლაპარაკობდნენ. ხალხი საკმაოდ შეშინებული იყო, შებინდების მერე ქუჩაში გასვლისაგან ყველა
თავს იკავებდა. თუ დამნაშავეს არ დაიჭერდნენ, ალბათ ის ადამიანი სულ მალე ნამდვილ
ლეგენდად იქცეოდა.
ჟურნალისტებს არც ქეთი, ანა და ლუკა დავიწყებიათ. გაიგეს თუ არა, რომ მოკლული
ნინო ქადაგიძე სკოლაში შეპარვას თავის სამ თანაკლასელთან ერთად აპირებდა, ეს ამბავი
ტელევიზიასა და პრესაში გააჟღერეს. ალბათ, მალე მათთან ინტერვიუების ასაღებადაც
მივიდოდნენ.
მას არავითარი ინტერვიუს მიცემა არ სურდა, მაგრამ არჩია, ჯერ ლუკასთვის ეკითხა და
გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო. იქნებ ინტერვიუზე უარის თქმას მის მიმართ
ეჭვი გამოეწვია? ტყუილად ფიქრს აზრი არ ჰქონდა, უმჯობესი იყო ლუკასთვის ეკითხა,
რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.
ის ჟურნალი იყიდა, რომლის სათაური და სურათი ყველაზე შინაარსიანი იყო. (ყოველ
შემთხვევაში, მან ასე ჩათვალა). სტატიის სათაური იყო: ,,შავით მოსილი მკვლელი“, სათაურის
ქვემოთ სურათი განეთავსებინათ, რომელზეც ,,შავით მოსილი მკვლელი“ ღამით ქუჩაში
გარბოდა.
ქეთიმ მაშინვე გაიფიქრა, რომ სტატიისთვის ,,შავებში ჩაცმული უცნობი“ უფრო სწორი და
კარგი სათაური იქნებოდა. ისიც გაახსენდა, უნივერსტიტეტში რამდენიმე სტუდენტმა ,,შავით
მოსილი მკვლელი“ რომ ახსენა. მაშინ ვერ მიხვდა ასე რატომ თქვეს, მაგრამ ახლა უკვე გასაგები
იყო.
ჟურნალი ჩანთაში ჩაიდო. ფიქრის დრო აღარ ჰქონდა. ნინოს სახლში უნდა წასულიყო.
გუშინ ხომ უთხრა ლუკამ, ხვალ ნინოს გვამს მშობლებს გადასცემენო. ხომ შეიძლებოდა, თავისი
მოკლული მეგობრის ცხედარი ენახა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ძალიან გაუჭირდებოდა
ნინოს ნახვა, იმ მეგობრის ნახვა, რომელსაც უღალატა და რომელიც სულ მთლად თეთრი და
ცივი იქნებოდა. მისთვის ეს ძალიან ძნელი იყო.
ჯერ სამარშრუტო ტაქსით წავიდა, მერე ცოტა ფეხითაც გაიარა და ნინოს სახლთან მალე
მივიდა. ისედაც მთელი გზა ღელავდა, მაგრამ სადარბაზოს რომ მიუახლოვდა, მღელვარებამ
ერთი–ორად უმატა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ ნერვიულობდა. ფიქრობდა, უნდოდა
მიმხვდარიყო, თუ რა იყო მისი მღელვარების მიზეზი. ბოლოს იმ აზრამდე მივიდა, რომ ნინოს
ცხედრის ნახვის ეშინოდა და სწორედ ამის გამო ღელავდა. კარგი იქნებოდა, თუ არ ნახავდა,
მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ეს მაინც არ იქნებოდა დასასრული, იმიტომ რომ იმ სახლში ისეთი
გარემო იყო, მატყუარა აუცილებლად აღელდებოდა და მოსვენებას დაკარგავდა.
ქეთი უეცრად შეცბა. კი მაგრამ, რატომ უნდა მისულიყო ნინოს სახლში? მოკლული
მეგობრის სიყვარულის გამო, თუ იმის გამო, რაიმე ეჭვი რომ არ გამოეწვია?! დამწუხრებული
ცოლ–ქმრისთვის თანაგრძნობის გამოსახატად, თუ იმის გამო, მის მიმართ რაიმე ეჭვი რომ არ
გასჩენოდათ?
ეს კითხვები ერთ წამში შეიჭრნენ მის გონებაში. მაშინვე დიდი სადარდებლის წინაშე
დააყენეს. გაახსენდა, რომ თუ ადამიანი ცუდად არ იქცეოდა და ცუდი არაფერი ჰქონდა
ჩადენილი, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თუ მოუნდებოდა, რაიმე საშინელებას არ ჩაიდენდა.
შეიძლება სიტყვა–სიტყვით ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?
მან ამ სიტყვების აზრი იცოდა და ეს სავსებით საკმარისი იყო.
გოგონამ რაღაც იგრძნო. ეს იყო ძალიან უცნაური და არაბუნებრივი გრძნობა, რომლის
მსგავსიც არასდროს განეცადა. თითქოს მასში იყო რაღაც ბნელი, რომელიც ნელ–ნელა
იზრდებოდა. რაღაც უცნაური გრძნობა დაუფლებოდა. იქნებ ჭკუიდან იშლებოდა? იქნებ ეს
ნერვებისა და შიშის ბრალი იყო? იქნებ სწორედ ეს ბნელი რაღაც იყო მისი მეორე მე, მისი ალტერ
ეგო, რომელიც უგრძნობ, მატყუარა და მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით
გაჯერებულ არსებას წარმოადგენდა. ისევ ძალიან ბევრი ,,იქნებ“. მას ამაზე იქამდე აღარ უნდა
ეფიქრდა, სანამ არ დამშვიდდებოდა... არა, ამაზე არც კი იფიქრებდა! იმდენი საფიქრალი ჰქონდა,
რომ რაღაც სულელურ გრძნობაზე ფიქრისთვის დროის დაკარგვა, ნამდვილი სისულელე
იქნებოდა.
ის კითხვა სტანჯავდა, თუ როგორი ადამიანი იყო. იქნებ საშინელი და მატყუარა? იქნებ
ცუდი ადამიანი და ამას აღარაფერი ეშველებოდა? იქნებ ადამიანების ისეთ კატეგორიას
ეკუთვნოდა, რომელზეც მღვდელმა უთხრა?
ამის გასარკვევად ერთი გზა არსებობდა, რომელიც სულ ახლოს, მის წინ იყო და მისგან
რამდენიმე სართული აშორებდა. ახლა მოკლული მეგობრის სახლში მივიდოდა. ალბათ, იმისდა
მიხედვით, თუ როგორ გაიზიარებდა მეგობრის სიკვდილსა და მისი მშობლების მწუხარებას
გამოჩნდებოდა, კარგი ადამიანი იყო თუ ცუდი.
ნელა მიდიოდა, კიბეებს მიუახლოვდა და საფეხურებს აუყვა. ნინო საერთოდ აღარ
ახსოვდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, როცა იმ სახლში
შევიდოდა.
მთლად გაფითრებულიყო, გული სწრაფად უცემდა და მოსალოდნელი პასუხის
მოლოდინში, რომლითაც გაარკვევდა, სინამდვილეში როგორი ადამიანი იყო, ზღურბლთან
შეჩერდა.
ნაცნობი სახის დანახვამ ძალიან გაახარა და უეცრად გაკვირვებისა და სიხარულისაგან,
შიშის ბნელი უფსკრულიდან ამოვიდა:
– ლუკა, ეს შენ ხარ?
– ჰო, ეს მე ვარ, – გაიღიმა ბიჭმა, – შემოდი, ნინოს მშობლები გელოდებიან. მისი
საუკეთესო მეგობარი იყავი და ამიტომ გურამსა და მარგოს ძალიან უყვარხარ.
ქეთიმ თავი დაუქნია. ისინი მისაღებ ოთახში შევიდნენ. იქ მარგო და კიდევ ორი
ქეთისთვის უცნობი ადამიანი იმყოფებოდა.
როდესაც დივანზე მჯდომმა მარგომ ქეთი დაინახა, მაშინვე ფეხზე წამოდგა, მასთან
მივიდა და გადაეხვია:
– ქეთი, როგორ ხარ? – ისინი დივანზე დასხდნენ.
– აბა, როგორ ვიქნები, მარგო დეიდა?
– ჩემი შვილის, ჩემი ნინოს, ცხედარი მომისვენეს. ცხედარზე ვერაფერი იპოვეს და ჩემს
გოგონას სულ ტყუილად ჩაუტარეს რაღაც ექსპერიმენტები.
– რა ექსპერიმენტები? – გაუკვირდა გოგონას.
– ექსპერტიზა თუ რაღაც ოხრობა, რომ არის იმაზე ვამბობ.
ქეთიმ თავი დაუქნია და ლუკას შეხედა, რომელიც სკამზე იჯდა და ნაღვლიანად
იყურებოდა.
– ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს? – იკითხა ერთ–ერთმა კაცმა.
– რა ვიცი, აბა?! – ამოიოხრა მარგომ. – ამბობენ, მკვლელის თითის ანაბეჭდები გვაქვს,
მაგრამ მონაცემთა ბაზაში არ არისო...
– კარგია რომ თითის ანაბეჭდები მაინც აღმოაჩინეს, – თქვა იმავე კაცმა.
– ქეთი, თუ შეიძლება გამომყევი! – უთხრა მარგომ და წამოდგა.
– დიახ, გამოგყვებით! – გოგონაც წამოდგა.
ქალმა ის ნინოს ოთახთან მიიყვანა.
– ქეთი, გენაცვალე, ჩემი შვილის ცხედარი მის ოთახში საწოლზე დავასვენე. სუფთა და
ლამაზი ტანსაცმელი ჩავაცვი, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ და შეიძლება ყველაფერი ისე ვერ
გავაკეთე, როგორც საჭიროა. მოდი, ერთად შევიდეთ და შენც შეხედე.
– კარგი, შევიდეთ! – გოგონა შიშისგან გაფითრდა.
– გეშინია? კარგი, მოდი მისაღებში დავბრუნდეთ.
– არა, არ მეშინია!
ქეთი მარგოს უარს კი ეტყოდა, მაგრამ სინდისმა აიძულა, ოთახში შესულიყო და სულ
მცირედი მაინც გაეკეთებინა იმ მეგობრისთვის, რომელსაც უღალატა.
ნინოს ცხედარი საწოლზე ესვენა. მარგოს ის ისე გამოეწყო, როგორც ნინოს უყვარდა.
გრძელი თმები მკერდამდე სწვდებოდა. ვარდისფერი მაისური და ლურჯი ჯინსის ქურთუკი,
ყავისფერი ბოლოკაბა, მუხლამდე სწვდებოდა, ფეხზე კი სპორტული ფეხსაცმელი და თეთრი
წინდები ეცვა. სწორედ ისე, როგორც თვითონ უყვარდა.
ქეთი გაოგნებული დარჩა. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ნინოს ასე გამოაწყობდნენ.
არასოდეს გაეგო, რომ მიცვალებულისთვის ვინმეს ასე ჩაეცმია. მიცვალებული წარმოედგინა
შავი პიჯაკით და გრძელი ბოლოკაბით, რომლებიც მუდამ ცუდ აურას ატარებდნენ.
რამდენიმე წამი გაოგნებული უყურებდა მიცვალებულს და ფიქრობდა, რომ ყველაფერი
ეჩვენებოდა.
– ქეთი, ცუდად ხარ? – აღელდა მარგო.
– მას მართლა ასე აცვია?.. – ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ. – შავი ტანსაცმელი?..
– ჩემი ნინო ახალგაზრდა გოგონა იყო და შავი ტანსაცმელი არ მოუხდება.
– დიახ, მას შავები არ მოუხდება, – თქვა ქეთიმ და მიცვალებულს გაშტერებული
მიაჩერდა, – იცით, მგონი, თმის სამაგრი უნდა გავუკეთოთ.
– თმის სამაგრი?
– დიახ... მე ას...ე ვფიქ...რობ, – დაიბნა ქეთი და სიტყვები ერთმანეთს ძლივს გადააბა, –
ნინოს უყვარდა თმის სამაგრი... – გოგონა დაფიქრდა, – ის თმის სამაგრი... ხის თმის სამაგრი.
– მართალი ხარ! ის თმის სამაგრი სად არის? ნეტავ სად არის? – მარგო აქეთ–იქით
იყურებოდა. – თმის სამაგრი ნინოს ჩანთაშია, ნინოს ჩანთა კი დღეს დილით მომიტანეს და
მისაღებ ოთახში დევს. ქეთი, გენაცვალე, თმის სამაგრს მოვიტან და მოვალ!
გოგონას უნდოდა ეთქვა, რომ მარტო დარჩენის ეშინოდა, მაგრამ მარგო ოთახიდან
სწრაფად გავიდა და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.
ახლა ის იმ ოთახში იყო, სადაც ის მიცვალებული ესვენა, რომელიც სიცოცხლეში მისი
საუკეთესო მეგობარი იყო და რომელსაც უღალატა. უფრო მეტიც, ეს მიცვალებულის ოთახი იყო.
ნინო რომ არ დაენახა, განგებ გვერდით იყურებოდა, მაგრამ მკვდარი მაინც თვალწინ
ედგა. თვალწინ ედგა მისი სულ მთლად გათეთრებული სახე, ხელები და ფეხები. ეს სითეთრე
თავიდანვე მოხვდა თვალში, რის გამოც მაშინვე შიშმა შეიპყრო.
ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. ახლა ოთახში მხოლოდ ის და ნინო იყვნენ. ის
საშინელებათა ფილმები გაახსენდა, რომლებშიც მკვდრები ფეხზე დგებოდნენ და ყველას
ხოცავდნენ, ვინც დამნაშავე იყო მათ სიკვდილში, ანდა ვინც მათ უღალატა. ამის გაფიქრებაზე
კიდევ უფრო მეტად შეშინდა, სულ მთლად გაფითრდა, გული აუჩქარდა და ეგონა, სადაცაა ნინო
ფეხზე წამოდგება და მომკლავსო.
,,დროზე მოდი, მარგო! – გულში იძახდა ქეთი. – დროზე, მარგო, დროზე! რა მინდოდა, აქ
რატომ შემოვედი! ღმერთო, დამეხმარე! ღმერთო, გთხოვ დამეხმარე!“
ქეთიმ სიცივე იგრძნო და მოეჩვენა, თითქოს ეს სიცივე ნინოს სხეულიდან გამოდიოდა,
შემდეგ კი საშინელება მოხდა...
იმ მიზნით, რომ დაწყნარებულიყო და უაზრო შიშები დაემარცხებინა, მიცვალებულს
შეხედა. უნებურად წარმოიდგინა, თითქოს ნინოს თეთრი თითები ამოძრავდნენ. მერე მთელი
სხეული გაინძრა, თვალები გაახილა და მისი ცივი, გაქვავებული მზერა, მაშინვე შესამჩნევი
გახდა. თავი ქეთისკენ მიაბრუნა და შეხედა:
– რატომ მიღალატე? – შიშის მომგვრელი და გამყინავი ხმით წარმოთქვა ნინომ.
– არ მიღალატია, – დაიჩურჩულა შეშინებულმა გოგონამ, – მაპატიე. დამიჯერე, პოლიცია
მკვლელს დაიჭერს.
– შენ მე მიღალატე! – ნინომ მარჯვენა ხელი გოგონასკენ ნელა წაიღო.
– მაპატიე, ნინო! მკვლელს პოლიცია დაიჭერს!
– შენ მოკვდები! – ცოტაც და ნინოს ხელი ქეთის მისწვდებოდა.
– ნინო, მითხარი, ვინ მოგკლა და მე მას მოვკლავ! – ქეთი შიშისგან გაქვავებულიყო და ვერ
ინძრეოდა.
კარი გაიღო. გოგონამ თავი კარებისკენ მიაბრუნა და მარგო დაინახა.
– ვაიმე, ქეთი, როგორ ხარ?! – ნერვულად ჰკითხა ქალმა. – ღმერთო აქ მარტო როგორ
დაგტოვე? კარგად ხარ? წყალი მოგიტანო?
ქეთიმ ნინოს შეხედა. ის თავის ადგილზე იწვა. საშიში არაფერი იყო. ნინო ვერ მოკლავდა,
იმიტომ რომ თვითონ იყო მკვდარი.
გოგონა მიხვდა, რომ თავისი ფანტაზიის მსხვერპლი გახდა. წარმოიდგინა, თითქოს ნინოს
უნდა მოეკლა და ამ ილუზიაში ისე შევიდა, იქიდან დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლო.
– კარგია, რომ მოხვედით. უბრალოდ, პირველად ვხედავ მიცვალებულს, თანაც ნინო ჩემი
მეგობარი იყო, რამაც ჩემზე ცუდად იმოქმედა.
– თმის სამაგრი ვიპოვე, – მარგომ ყავისფერი თმის სამაგრი ნინოს თმაზე გაუკეთა.
მართალია, ნინოს სახე გათეთრებოდა, მაგრამ მაინც ლამაზი იყო.

***

ქეთი, ანა, ლუკა და გიორგი ოთახში იყვნენ. ღამის ათი საათი იქნებოდა, მაგრამ
მეგობრები დაძინებას არ აპირებდნენ. ოთახში სინათლე არ ენთო და მხოლოდ ქუჩიდან
შემოდიოდა მკრთალი შუქი. ეს სუსტი შუქი სასვსებით საკმარისი იყო იმისთვის, რათა იქ
მყოფებს ერთმანეთი და ოთახში მდგარი ნივთები ადვილად გაერჩიათ.
მართკუთხედი მაგიდის გარშემო ისხდნენ. მაგიდაზე იდო: დიდი თაბახის ფურცელი,
ორი სანთელი და თეფში. ფურცელი მრგვალად იყო გამოჭრილი. გარშემო, კიდეების გასწვრივ,
ანბანი იყო ჩამოწერილი. შუაში დიდი ასოებით ეწერა ორი სიტყვა – ,,კი“ და ,,არა“, ამ ორი
სიტყვის ზემოთ კი – ციფრები ნულიდან ცხრამდე.
– მოდი, დავიწყოთ! – ცოტა ნერვულად თქვა ანამ.
– კარგი რა, ანა, რა უნდა დავიწყოთ?! – ხელი ჩაიქნია გიორგიმ.
– ანა, გთხოვ ეს არ გააკეთო! – სთხოვა ლუკამ. – დამიჯერე, ეს სრული უაზრობაა, თან
სულის გამოძახება სხვანაირად ხდება. წესით აქ მედიუმი უნდა იყოს და კიდევ ბევრი სხვა რამ
არის საჭირო, თუმცა ,,სპირიტული სეანსი“ მაინც სისულელე და ზღაპარია. ეს მხოლოდ ერთ
რამეს მოგიტანს და ამ ერთი რამეს ,,ფსიქიკის დარღვევა“ ჰქვია.
– სიმართლეს გეუბნება, დაუჯერე! – ურჩია ქეთიმ.
– კარგით რა! – აბუზღუნდა გულდაწყვეტილი ანა. – თქვენ რა, არ გინდათ, მანიაკის
ვინაობა გავიგოთ? სავსებით შესაძლებელია, მორიგი მსხვერპლი ერთ–ერთი ჩვენგანი იყოს.
– მანიაკს პოლიცია მიხედავს, – უთხრა გიორგიმ.
– შიშის გამო ამას მარტო ვერ გავაკეთებ და გთხოვთ რომ ჩემს გვერდით იყოთ! –
დაღონდა ანა.
უეცრად ქეთის გონება მოსწყდა იმ ყველაფერს, რაც ოთახში ხდებოდა. წარმოიდგინა, რა
შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ სპირიტულ სეანსს დაესწრებოდა. საშინელებათა ფილმები
უყვარდა, მაგრამ ასეთი რაღაცეების არასდროს სჯეროდა, თუმცა მისთვის წარსულში რომ
ეთქვათ, დათო ძლიან შეგაშინებს, ანდა ღამით ქუჩაში შავებში ჩაცმული უცნობი გამოგყვება,
რომელიც შესაძლოა მანიაკი იყოსო, გაიცინებდა და არ დაიჯერებდა. სეანსიც ისეთვე რეალური
რომ ყოფილიყო, როგორც ზემოთ ხსენებული ამბები, მაშინ რა მოხდებოდა? არა, სეანსი
რეალური ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ლუკას ამ სისულელის არ სჯეროდა. კი მაგრამ, იქნებ
ლუკა ცდებოდა?!
ქეთი სახლიდან რომ გამოვიდა, ექვსი საათი სრულდებოდა. ის და ლუკა ანასთან უნდა
წასულიყვნენ. ბიჭი უკვე ქუჩაში ელოდებოდა. როდესაც ისინი ანასთან მივიდნენ, აღმოჩნდა,
რომ დათოც იქ იყო.
– ქეთი, როგორ ხარ? ჩვენს ურთიერთობაზე რა გადაწყვიტე? – ჰკითხა დათომ.
– ჯერ ვფიქრობ! – ცივად უპასუხა გოგონამ.
– იცი, უმჯობესია, აქედან წახვიდე. ამას იმიტომ გეუბნები, რომ სულების გამოძახება და
ასეთი რაღაცეები ცოდვაა. ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
– მე თვითონ ვიცი, რა უნდა გავაკეთო და რა არა!
– შერიგებას ვცდილობ, შენ კი ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ.
– იმას, რასაც შენს მიმართ განვიცდი, გაბრაზებას ვერ ვუწოდებ.
დათო მეგობრებსა და ანას მშობლებს დაემშვიდობა, შემდეგ კი წავიდა.
– ფარდებს ჩამოვაფარებ და დავიწყოთ! – ანას სიტყვებმა ქეთი ფიქრებს მოსწყვიტა.
ანა სწრაფად ადგა და ფარდები ჩამოაფარა. ოთახში დაბნელდა, თითქმის არაფერი ჩანდა.
ქეთის ისევ შიშის გრძნობა დაეუფლა.
– მგონი, კარებიც უნდა დაკეტო, – უთხრა გიორგიმ.
– უი, ეგ სულ დამავიწყდა! – ანა ოთახის კარებთან მივიდა და გასაღები გადაატრიალა.
– ანა, შენში სულების ძალა ხომ არ შემოვიდა, რაღაც ადვილად დადიხარ სიბნელეში, –
გაეხუმრა გიორგი.
– რა სულების ძალა, ბიჭო?! ჩემს ოთახში თუ ვერ გავიგნე გზა, იდიოტი ვყოფილვარ და ეგ
არის! – გოგონა თავის ადგილზე დაჯდა.
– ასანთი დაგავიწყდა? – ქეთის გაახსენდა, რომ მაგიდაზე ასანთი არ იდო.
– აუ, ასანთი დამვიწყებია! – ისევ აბუზღუნდა ანა. – არა უშავს, უჯრაში დევს და ახლავე
მოვიტან.
ქეთიმ თავისდაუნებურად წარმოიდგინა, თითქოს სეანსი უკვე დაწყებული იყო. სულები
მოსულიყვნენ. წინ, უკან, გვერდით და ყოველ მხარეს, თეთრი და თეთრ სამოსში ჩაცმული
სულები იყვნენ, დაახლოებით ისეთები, იაპონურ საშინელებათა ფილმებში რომ ენახა.
ეს აზრი ერთ წამში, უნებურად, მოუვიდა თავში. ძალიან შეეშინდა და გააჟრჟოლა,
ოღონდ, რა თქმა უნდა, შიშისგან და არა სიცივისგან.
„სად არის ეს ოხერი ასანთი?!“ – გაიფიქრა შეშინებულმა ქეთიმ, რომელსაც
თავისდაუნებურად სულ ახალ–ახალი საშიში ფანტაზიები უჩნდებოდა, რომლის შეწყვეტაც
რთული იყო.
მან დაინახა ნინო, ოღონდ ისეთი არა, როგორიც სიცოცხლეში იყო. გარეგნულად და
ჩაცმულობით ზუსტად ისეთივე, როგორიც უკანასკნელად ნახა, მაშინ, როდესაც მისი მეგობარი
ცოცხალი აღარ იყო. სულ მთლად გათეთრებულს, გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა, რომელშიც
ხის ყავისფერი თმის სამაგრი ეკეთა. ლურჯი ჯინსის ქურთუკი, ყავისფერი ბოლოკაბა...
ყველაფერი იგივე იყო. ზუსტად ასეთი იყო ნინოს ცხედარი.
ახლა ის ქეთის წინ, ფანჯარასთან იდგა. მას თეთრი, გაქვავებული სახით უყურებდა. ცივი
იყო, ისეთი ცივი, რომ მისი სიცივე ქეთიმაც იგრძნო და მოიღუშა. ერთ ხანს გაუნძრევლად იდგა
ფანჯარასთან. გოგონას მისი სულ უფრო და უფრო ეშინოდა.
– ქეთი, შენ მე მიღალატე! – ნინოს არაბუნებრივი, შიშის მომგვრელი ხმა ჰქონდა. ჰაერში
აიწია, უეცრად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადავიდა, ხელები წინ გასწია და მისკენ
საშინელი ყვირილით გამოფრინდა...
როგორც კი სანთელი აანთეს, ნინო მაშინვე გაქრა. ანამ მეორე სანთელიც აანთო. ქეთი ამან
გაახარა და საშინელი ფიქრებიდან გამოიყვანა. მაშინღა მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც ანა ასანთის
ასაღებად ადგა, სულ რამდენიმე წამი იყო გასული, მას კი ეს წამები ძალიან დიდ დროდ
მოეჩვენა, რის მიზეზსაც საშინელი ფიქრები წარმოადგენდნენ.
– ყველამ თითი დავადოთ თეფშს! – თქვა ანამ და თეფში ფურცლის შუაში, ორი სიტყვის
ქვემოთ დადო.
ქეთიმ და ლუკამ თეფშს თითები დაადეს.
ქეთის თვითონვე უკვირდა ამას რომ აკეთებდა. ვერ ხვდებოდა, რისი სჯეროდა და რისი
არა, რისი იმედი ჰქონდა და რისი არა. მოკლედ ის სრულ გაურკვევლობაში იყო და რატომღაც
მაინც დგამდა ამ ნაბიჯს, თუმცა შეეძლო ამდგარიყო და სხვა ოთახში გასულიყო
– გიორგი, შენც უნდა დაადო თითი! – უთხრა ანამ.
– კარგი რა, ხომ იცი, მაინც არაფერი გამოვა! – ხელი ჩაიქნია ლუკამ.
– ასე თუ იფიქრებთ, მაშინ მართლა არაფერი გამოვა! – ისევ ბუზღუნებდა ანა, ქეთიმ კი
შეატყო, რომ მისი მეგობარი თავის–თავს არ ჰგავდა და მის თავს, რაღაც ცუდი ხდებოდა.
– კარგი, ჰო! – გიორგიმ თეფშს თითი დაადო.
– ყველანი მზად ხართ? – იკითხა ანამ.
– კი, მზად ვართ! – ლუკამ მეგობრებს გადახედა.
– ყველამ ისურვეთ, რომ მოკლული გოგონას სული აქ მოვიდეს! – თქვა ანამ.
სულ რამდენიმე წამის შემდეგ ანამ ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ წარმოთქვა:
– ვიძახებთ იმ გოგონას სულს, რომელიც მანიაკმა მოკლა!
ყველა განაბული იჯდა, მხოლოდ გიორგის ეღიმებოდა და სიცილს ძლივს იკავებდა.
ლუკა აბსოლუტურად მშვიდად იჯდა. ეტყობოდა, რომ რასაც ამბობდა, იმისი ნამდვილად
სჯეროდა (ანუ სჯეროდა, რომ მათ არავითარი სული არ გამოეცხადებოდათ).
ქეთის შეეშინდა და იმის მოლოდინში, რომ მართლა რაღაც მოხდებოდა, სულგანაბული
იჯდა. ანას სიტყვებმაც შეაშინა. მან თქვა, რომ მანიაკის მიერ მოკლული გოგონას სული
მოსულიყო. პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობდა, იმიტომ რომ ნინოც მანიაკმა მოკლა. ხომ
შეიძლებოდა, ნინოს სული მოსულიყო და გიორგის თანდასწრებით სიმართლე ეთქვა? არა! ეს არ
მოხდებოდა, იმიტომ რომ ისინი ნინოს სულს არ იძახებდნენ. მათ აგარაკზე მოკლული გოგონას
სულის გამოძახება უნდოდათ…
რამდენიმე დაძაბული წამი ისე გავიდა, არაფერი მომხდარა და არც არავის
გამოცხადებიათ.
– ყურადღება მოიკრიბეთ! – თქვა ანამ. – კიდევ ერთხელ ვცდი, შენ კი, გიორგი, ნუ
იღიმები!
გიორგიმ სერიოზული სახე მიიღო.
– ვიძახებთ იმ გოგონას სულს, რომელიც მანიაკმა მოკლა! – გაიმეორა გოგონამ.
ისევ რამდენიმე დაძაბული წამი, რომლის განმავლობაშიც არაფერი მოხდა. ლუკა
კვლავაც სავსებით მშვიდად იჯდა, ბოლოს ასე ყოფნა მობეზრდა:
– ხომ ვამბობდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. ეს უაზრობაა.
– მართლაც რომ შეიძლებოდეს სულის გამოძახება, აქ მაინც არავინ მოვა! – გაიღიმა
გიორგიმ. – იმიტომ რომ სეანსი ასე სხვანაირად ტარდება და ნამდვილი სეანსის დროს, კიდევ
ბევრი რამ არის საჭირო.
– შენ საიდან იცი? – ქეთი გიორგის ნათქვამით გაკვირვებული დარჩა და ის კითხვა
დაუსვა, რომელიც თავში მოუვიდა.
– ცოტა ხნის წინ ლუკამ თქვა, – დაიბნა ბიჭი.
– თქვენ უყურადღებოდ ხართ, არ გინდათ, რომ გამოგვეცხადოს და სწორედ ამიტომ არ
მოვიდა მოკლული გოგონას სული! – უკმაყოფილოდ თქვა ანამ.
გიორგიმ ხელი სანთელთან მიიტანა და მაჯის საათს დახედა.
– უკვე თერთმეტის ოცი წუთია. უნდა წავიდე, ოღონდ ჯერ ტაქსს გამოვიძახებ.
ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ტაქსი გამოიძახა. ქეთიმ მაშინვე შეამჩნია
მისი ახალი მობილური ტელეფონი:
– ახალია?
– ჰო, ახალია, – გიორგიმ მობილური ჯიბეში ჩაიდო, – მშობლებმა ახალი და კარგი
ტელეფონი მიყიდეს. ბოლო დროს უარს არაფერზე მეუბნებიან. იმიტომ რომ სკოლა დავამთავრე
და უნივერსიტეტში ჩავაბარე. ახალ ნომერს ჩაგაწერინებთ. ნინოს სიკვდილის გამო, სულ
გადამავიწყდა თქვენთვის ამ ნომერის მოცემა.
ნომერი ყველას ჩააწერინა.
– ალბათ, სადაცაა ტაქსი მოვა და წავალ. ანა, ყველამ გითხარით, რომ სეანსის ჩატარება
უაზრობა იქნებოდა, შენ კი არ დაგვიჯერე. ხომ ნახე, აქ არავინ მოვიდა. ადექი და მაგ სისულელეს
მოეშვი. აბა, კარგად!
გიორგი მეგობრებს დაემშვიდობა, კარებთან მივიდა, გასაღები გადაატრიალა, კარები
გააღო და ოთახიდან გავიდა. მას უკან გაჰყვა ანა, რათა სახლის კარი დაეკეტა.
იგი ოთახში მალე დაბრუნდა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.
– ხომ დაინახეთ, სეანსის დროს გიორგი რომ იღიმებოდა, იქნებ ამან შეგვიშალა ხელი?
მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ!
– კარგი რა, გოგო! – გაბრაზდა ქეთი. – ხომ ნახე, აქ არავის სული არ მოვიდა, მეტი რაღა
გინდა?!
– იქნებ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვერ დავასახელეთ მისი ვინაობა? – ანას სახეზე ცბიერმა
ღიმილმა გადაურბინა. – ჩვენ არ ვიცით, იმ გოგონას სახელი, რომელიც მანიაკმა აგარაკზე მოკლა.
ალბათ, სწორედ ეს გახდა წარუმატებლობის მიზეზი.
– მერე, შენ რას გვთავაზობ? – უინტერესოდ ჰკითხა ქეთიმ.
– ახლა, როცა გიორგი აქ აღარ არის, შეგვიძლია ნინოს სული გამოვიძახოთ! – გაიღიმა ანამ,
რომელსაც კმაყოფილი სახე ჰქონდა.
ქეთის ელდა ეცა. ნინოს სული! არა, ეს არ შეიძლებოდა! ვინ იცის, რას იზამდა სული,
როცა აქ მოვიდოდა?! ხომ შეიძლებოდა ყველა მათგანი დაეხოცა?! კი მაგრამ, ეს ხომ სისულელე
იყო?! სულ ცოტა ხნის წინ თავად იხილა, რომ სპირიტული სეანსის დროს არავითარი სული არ
მოდიოდა?! ან ისეთი სისულელე როგორ გაიფიქრა, თითქოს ნინოს სული მოვიდოდა და ყველა
მათგანს დახოცავდა?!
მიუხედავად ამისა, უწინდელზე მეტი შიში და მოუსვენრობა იგრძნო. ხვდებოდა, რომ არ
უნდოდა იმის დაჯერება, რაც გაიფიქრა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. საით მიექანებოდა? რომელ
გზაზე იდგა და სადამდე მიიყვანდა ეს გზა? როგორი იქნებოდა და რა ელოდებოდა საბოლოოდ?
კიდევ ერთხელ გაახსენდა ის კარგი დრო, როდესაც მის ცხოვრებაში არავითარი
პრობლემა არ იყო. მოაგონდა, რომ მრავალი დღე უაზროდ და მოსაწყენად გაეტარებინა, მაგრამ
მაინც რა წყნარი და უდარდელი იყო ის დღეები. მაშინ ისეთ დღეებს ვერ იტანდა, ახლა კი
ძალიან ენატრებოდა.
ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ძალიან ციოდა, რის გამოც, ის სახლიდან გარეთ არ
გადიოდა. სახლში მარტო იყო. მუსიკა და ინტერნეტით მეგობრებთან მიწერ–მოწერა უყვარდა,
თუმცა ასეთი გასართობები მალე ბეზრდებოდა, მით უმეტეს, მარტო ყოფნისას. ტელევიზორი
ჩართო – საინტერესო არაფერი გადიოდა. საათს დახედა – საყვარელი საპნის ოპერის
დაწყებამდე, კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. ადგა, შუა ოთახში დადგა და საკუთარ თავს
ჰკითხა:
– რა გავაკეთო?
მას ახლა ის დღე ენატრებოდა, მაგრამ ვერაფერს ვერ იზამდა და დროს უკან ვეღარ
დააბრუნებდა.
ლუკა ადგა, კარებთან მივიდა, გასაღები გადაატრიალა, შემდეგ ისევ მაგიდასთან
დაბრუნდა და ანას უთხრა:
– კარების დაკეტვა დაგავიწყდა. შენი მშობლები რომ შემოსულიყვნენ, რას ვეტყოდით?
მოდი, ამ ყველაფერს ავალაგებ, შუქს ავანთებ და ავალაგებ.
– გთხოვთ ერთხელაც ვცადოთ, რა! – სთხოვა ანამ მეგობრებს.
– კარგი, ვცადოთ, მაგრამ, თუ ამჯერადაც არაფერი გამოვა, აღარ გაიმეორო! – უთხრა
ქეთიმ.
ანამ ლუკას შეხედა. ბიჭი დაჯდა და თეფშს თითი დაადო.
- ორივეს მადლობას გიხდით, - გაიღიმა ანამ.
გოგონებმა თეფშს თითები დაადეს.
– ვიძახებთ ნინოს სულს! ნინო, მოდი, გამოგვეცხადე! – ისევ ხმადაბლა და მკაფიოდ
წარმოთქვა ანამ.
კვლავ გავიდა რამდენიმე დაძაბული და მღელვარებით აღსავსე წუთი. მთელი ამ დროის
განმავლობაში ლუკა მშვიდად იყო და არც არაფერი მომხდარა.
– ხომ ვამბობდი, უფრო სწორედ კი, ხომ ვამბობდით! – უთხრა ლუკამ ანას.
– აქაურობა მოვაწესრიგოთ და დავიძინოთ! – თქვა ქეთიმ.
ყველანი წამოდგნენ და ის იყო, ოთახის მოწესრიგება უნდა დაეწყოთ, რომ კარზე კაკუნის
ხმა გაისმა. სამივე გაქვავდნენ და სახეზე შიში დაეტყოთ. თვითონ ლუკაც კი, რომელიც მთელი ამ
ხნის განმავლობაში სავსებით მშვიდად იყო, ახლა ოთახის კარებს გაშტერებული და
შეშინებული ისე მისჩერებოდა, თითქოს რაღაც საშინელის გამოჩენას ელოდებოდა.
– ვინ არის? – იკითხა ლუკამ.
– ყველაფერი რიგზეა? – მოისმა ანას დედის ნაცნობი ხმა.
ყველას გაეღიმა და ერთმანეთს შეხედეს.
– დედა, ყველაფერი რიგზეა! – შვებით ამოისუნთქა ანამ. – გიორგი წავიდა. აქ მე, ქეთი და
ლუკა ვართ.
– აბა, თქვენ იცით, ხანძარი არ გააჩინოთ! – ნაბიჯების ხმის მიხედვით თუ
იმსჯელებდნენ, გამოდიოდა, რომ ქალი ოთახის კარებს მოსცილდა.
– ხანძარი არ გააჩინოთო?! – ჩაფიქრდა ქეთი. – ვერ გავიგე, ამით რისი თქმა უნდოდა?
– უბრალოდ, იხუმრა! – უთხრა ლუკამ.
– მეგონა, ნინოს სული მოვიდა, – ჩურჩულით თქვა ანამ.
– უცებ მეც ეგ გავიფიქრე, – ღიმილით ხმადაბლა თქვა ლუკამ.
– ანა, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ის, რაც შენ, უფრო სწორედ კი, რაც ჩვენ გავაკეთეთ,
ნამდვილი სისულელე იყო? – ჰკითხა ქეთიმ.
– ჰო, დავრწმუნდი, რომ ეს სეანსი თუ რაღაც ოხრობა, ნამდვილი სისულელე ყოფილა.
უკვე ძალიან ვნანობ, ეს რომ გავაკეთე და თქვენც და გიორგისაც გაიძულეთ ამ სისულელეში
მონაწილეობის მიღება!
– მოდი, ეს ამბავი დავივიწყოთ და აქაურობა მოვაწესრიგოთ! – თქვა ლუკამ.
ოთახი მალე მიალაგეს. ახლა ოთახში შუქი ენთო და ყველაფერი თავის ადგილზე იდო.
– ძალიან კარგია! – ლუკამ იქაურობას თვალი მოავლო. – მე წავალ, თორემ უხერხულია!
– რას ამბობ, სად უნდა წახვიდე? – გაუკვირდა ანას. – ახლა სად უნდა წახვიდე, სადაცაა
თორმეტი შესრულდება. არსად არ წახვალ, ღამით აქ დარჩები! ხომ იცი, პირობა ასეთი იყო!
მართალია, გიორგი წავიდა, მაგრამ, მაშინ ასე გვიანი არ იყო, თანაც ის ტაქსით წავიდა.
– მართალია! – დაეთანხმა ქეთი. – დარჩი და როცა გათენდება, სახლში მაშინ წახვალ!
– კარგით, დამითანხმეთ.
– წამოდი, ლუკა, შენს საწოლს გაჩვენებ! – ღიმილით უთხრა ანამ.
ქეთის ეს არ მოეწონა და იეჭვიანა.
ანა და ლუკა ოთახიდან გავიდნენ. გოგონამ მათ თვალი გააყოლა. რას ნიშნავდა ეს?! ანას
ლუკა მოსწონდა?! აჯობებდა, არ მოსწონებოდა, ხოლო თუ მოეწონებოდა, მაშინ მისგან თავი
შორს დაეჭირა, თორემ საქმე ცუდად წაუვიდოდა! თუმცა სანერვიულო, გასაბრაზებელი და
საეჭვიანო, საერთოდ, არაფერი იყო.
,,ლუკა ძალიან ჭკვიანია იმისათვის, რომ ანამ თავისი იდიოტური ღიმილითა და
მზრუნველობით თავი შეაყვაროს...“ – გულში თქვა ქეთიმ.
ამ დროს ოთახში ანა შემოვიდა. ქეთის შერცხვა, რომ მეგობარზე ასე ცუდად იფიქრა.
რამდენიმე წუთში ოთახში შუქი აღარ ენთო და ბნელოდა. გოგონები ერთ საწოლში
იწვნენ.
– ღამე მშვიდობისა, ანა!
– ძილინებისა, ქეთი!
ქეთიმ თვალები დახუჭა და საბანი თავზე დაიფარა. ბოლო დროს, როცა ლოგინში
წვებოდა, ბავშვივით იქცეოდა და საბნის ქვეშ იმალებოდა. ამას ისევ და ისევ შიშის გამო
აკეთებდა. ეშინოდა, ძილის დროს შავებში ჩაცმული უცნობი თავზე არ დასდგომოდა, მაგრამ
მართლა ასეც რომ მომხდარიყო, საბანი ვერაფერს უშველიდა. იცოდა და მშვენივრად ხვდებოდა,
რომ თავზე საბანის დაფარება უაზრობა იყო, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო.
– ქეთი!
გოგონამ საბნიდან თავი ამოყო:
– ვიცი, ანა, სულელურად ვიქცევი, მაგრამ მეშინია, ეს კი დამშვიდებაში მეხმარება.
– მინდოდა მეთქვა, რომ ხანდახან მეც ასე ვიქცევი ხოლმე.
– ალბათ, ჩვენს მდგომარეობაში ასეთი საქციელი ბუნებრივია.
– ჰო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. თავს ისეთი რამ გადაგვხვდა, მიკვირს, აქამდე ჭკუიდან
როგორ არ შევიშალეთ?!
– მოდი, შენც საბნის ქვეშ შემოყავი თავი და ისე დავიძინოთ!
– კარგი.
გოგონებმა თავები საბნის ქვეშ შეყვეს და დაეძინება სცადეს.
ქეთიმ არ იცოდა, ანას ეძინა თუ არა. დაძინებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
როგორც ყოველთვის, გამუდმებით ბოლო დროს მომხდარ ამბებზე ფიქრობდა, თუმცა ამას უკვე
ბოლო დროს მომხდარ ამბებს ვეღარ უწოდებდა. ამ ყველაფერს სპირიტული სეანსიც დაემატა,
რამაც კიდევ უფრო დაუკარგა მოსვენება. არანაკლებ იმოქმედა კარებზე კაკუნმაც. ეგონა, ნინოს
სული მივიდა მათ მოსაკლავად და გუნებაში იმის წარმოდგენაც კი მოასწრო, თუ როგორ იზამდა
ის ამას.
კარგი იქნებოდა, პირველად მას თუ მოკლავდა. რადგან ნამდვილი საშინელება იქნებოდა
იმის ყურება, თუ როგორ მოკლავდა ის ლუკას და ანას, მერე კი როდესაც ქეთის ჯერი
დადგებოდა, ოთახში უკვე აღარავინ იქნებოდა. ოთახში მის გარდა, არც ერთი სულიერი აღარ
იქნებოდა. მხოლოდ ის და ნინო. ალბათ, ოთახიდან გასვლასაც ვერ მოახერხებდა, იმიტომ რომ
ამის საშუალებას სული არ მისცემდა. შემდეგ ნინო ნელა წამოვიდოდა მისკენ, ნელა წაავლებდა
ყელში თავის თეთრ და ყინულივით ცივ ხელებს და დაახრჩობდა. დიახ, სწორედაც რომ
დაახრჩობდა! მას ისეთი სიკვდილით მოკლავდა, როგორითაც თვითონ მოკვდა.
ქეთიმ ასეთ საშინელებებზე ფიქრი შეწყვიტა. კიდევ ერთხელ ინანა, რომ იმ ღამეს, როცა
ნინო მოკლეს, პოლიციაში არ წავიდა და სიმართლე დამალა. ამის გამო ანაზე გაბრაზდა და მის
მიმართ სიძულვილი იგრძნო.
კვლავ გაახსენდა კარზე კაკუნი, მერე კი წარმოიდგინა, თუ როგორ გამოვიდოდა ნინოს
სული კარებში...
ქეთიმ ისევ მოიშორა საშინელი ფიქრები. უნდოდა, რომ ასეთი აზრები საერთოდ აღარ
მოსვლოდა თავში.
უეცრად მიხვდა, რომ იმ სიბნელის ეშინოდა, რომელიც გარშემო იყო. თვითონ სიბნელე
იმდენად საშიში არ იყო, რამდენადაც ის, ვინც მასში შეიძლებოდა ყოფილიყო დამალული...
საშინლად ეშინოდა საბნიდან თავის ამოყოფის. თვითონაც ხვდებოდა, რომ ეს აზრები,
უბრალოდ, ცუდი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მაინც ეშინოდა. ეშინოდა და ფიქრობდა, რომ
ოთახში შავებში ჩაცმული უცნობი და ნინოს სული იყვნენ. ასეთი ფიქრებისა და ფანტაზიის
მოშორება უნდოდა. იცოდა, რომ თუ საბანს თავიდან გადაიხდიდა, ყველაფერი
დამთავრდებოდა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ბედავდა.
– ანა! – მას სურდა, მეგობარს ხმა გაეცა, რისი საშუალებითაც მისი შიში გაქრებოდა.
– რა იყო? – ანამ თვალები გაახილა.
– არაფერი.
– ვიცი, რომ გეშინია. ამას ვგრძნობ. მართალია, აქ ბნელა, მაგრამ ამ სიბნელის
მიუხედავად, ასე მგონია, შენს შეშინებულ სახესაც კი ვხედავ. კარგი იქნება თუ საბანს თავიდან
გადაიხდი. ამას თუ გააკეთებ, ნახავ, რომ ოთახში არც შავებში ჩაცმული უცნობია, არც, ასე
ვთქვათ, ნიღბიანი დათო და არც ნინოს სული!
გოგონა მეგობრის ნათქვამით გაოგნებული დარჩა. საიდან იცოდა, ნინოს სულის რომ
ეშინოდა?! ახლა მისი შიში სრულიად გამქრალიყო, ამიტომაც უთხრა ანას:
– ახლა უკვე აღარ მეშინია!

თავი 9

დილის რვა საათი იქნებოდა, მზე ჯერ არ იყო ბოლომდე ამოსული და სიბნელე ცოტათი
კიდევ შერჩენოდა ქალაქის ქუჩებს.
ქეთი და ლუკა რამდენიმე წუთის გამოსულები იყვნენ ანას სახლიდან.
გადაწყვიტეს, იმ დღეს უნივერსტიტეტში არ წასულიყვნენ და ლექციები გაეცდინათ.
მიდიოდნენ და საუბრობდნენ:
– სიმართლე გითხრა, გუშინ მაგრად შემეშინდა, – უთხრა ქეთიმ.
– სეანსის თუ კაკუნის?
– იცი, მაგის არ მჯეროდა, მაგრამ სეანსის დროს, რატომღაც შემეშინდა და თითქოს
დავიჯერე, რომ სულები მოვიდოდნენ, – გოგონას ლუკას მოტყუება არ უნდოდა.
– ეგ არაფერი, ამგვარ სიტუაციაში ასეთი რამ სრულიად ბუნებრივია.
– გეთანხმები, მაგრამ კაკუნის ხმა რომ გავიგე ძალიან შემეშინდა. დავიჯერე, რომ ნინოს
სული მოვიდა და ისიც კი ვიფიქრე, რომ ყველას დაგვხოცავდა.
– კი მაგრამ, რატომ დაგვხოცავდა?
– იმიტომ რომ ვუღალატეთ. ხომ გესმის, ჩვენი საქციელით მას ვუღალატეთ და
ტყუილების თქმით, კიდევ და კიდევ ვღალატობთ, – გოგონამ ბოლო სიტყვები ნერვულად
წარმოთქვა.
– რა თქმა უნდა, მესმის, მაგრამ ახლა სიმართლეს ვეღარ ვიტყვით. იმ შემთხვევაში თუ
პოლიცია სიმართლეს გაიგებს, ხომ იცი, ყველაფერს მე დავიბრალებ.
– მოდი, საუბრის თემა შევცვალოთ, – ქეთის საშინლად არ ესიამოვნა იმის წარმოდგენა,
თუ როგორ ეტყოდა ტყუილს გამომძიებელს და ლუკას ციხეში ჩასაჯდომად გასწირავდა.
თანდათან მზე უფრო და უფრო ამოდიოდა, სულ ზევით და ზევით მიიწევდა და თავისი
ნათელი სხივებით ქუჩებს სიბნელის ფარდას აშორებდა. მშვენიერი დილა იყო. ქეთის მოეწონა
მზის ამოსვლა. უეცრად თავი ძალიან კარგად იგრძნო. დიდი ხანი იყო, რაც თავი ასე მშვენივრად
აღარ ეგრძნო. ლუკას ხელი მოჰკიდა, თვალებში ჩახედა და გაუღიმა:
– რაღაც ძალიან ლამაზი დილაა!
იმანაც გაუღიმა და თავი ისე გაიქნია, თითქოს უნდოდა ეთქვა, არის რა, დიდი
არაფერიაო. ეტყობოდა, სხვა ფიქრებით იყო გატაცებული და ლამაზი დილა და მზის ამოსვლა
სულ არ აინტერესებდა.
– აი, ჟურნალ–გაზეთებიც! – ლუკამ თავით, წინ, რამდენიმე მეტრში მდგარი დახლისკენ
მიუთითა.
დახლთან მივიდნენ. ბიჭმა ჟურნალ-გაზეთები გადაათვალიერა, ერთ-ერთი ჟურნალი
აიღო, მოხუც გამყიდველ ქალს საფასური გადაუხადა და ქეთისთან ერთად ისევ გზა განაგრძო.
– ახალი დანაშაულის შესახებ წერენ, – უთხრა ლუკამ.
– რომელი ახალი დანაშაულის?
– შენ რა, არაფერი იცი? – გაუკვირდა ბიჭს.
– არა, წარმოდგენა არ მაქვს რაზე ამბობ, – დაიბნა ქეთი. – რა დანაშაულია? ნინოს
მკვლელობასთან აქვს რაიმე კავშირი?
– არა მგონია. გუშინწინ მგონი, ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებაში გადმოსცეს,
ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დაკარგულა. ღამით სახლიდან გასულა და აღარ დაბრუნებულა. ახლა
მას პოლიცია ეძებს და ვარაუდობენ, რომ მისი დაკარგვა, იმ ეგრეთ წოდებულ ,,შავით მოსილ
მკვლელს“ უკავშირდება. ის ბიჭი ან გაიტაცა, ან მოკლა.
– ან გაიტაცა, ან მოკლა?
– ეგ მე ვთქვი, ჩემი პირადი აზრია. თქვეს, დაიკარგაო, მაგრამ სად უნდა დაკარგულიყო?
ტყეში? რა თქმა უნდა, არა. ან გაიტაცეს, ან მოკლეს, ხოლო თუ ამას იმ ,,შავით მოსილ
მკვლელთან“ აქვს კავშირი, გამოდის, რომ ეს დანაშაული მისი ჩადენილია.
– მართალია. აბა, სხვა რა საერთო უნდა ჰქონდეს მკვლელს ბიჭის გაუჩინარებასთან?! ეს
აქამდე რატომ არ მითხარი?
– მე მეგონა, იცოდი?! ხომ გითხარი, რომ გუშინწინ მგონი, ყველა არხის საინფორმაციო
გამოშვებაში გადმოსცეს. ვიფიქრე, რადგან ამაზე არაფერი თქვი, ესე იგი, ბიჭის გაუჩინარებაზე
საუბარი არ გინდოდა.
– უბრალოდ, ამ ბოლო დროს ტელევოზორს თითქმის აღარ ვუყურებ. მშობლემბაც
არაფერი მითხრეს.
– ალბათ შენი შეშინება არ უნდოდათ, მაგრამ მე თუ მკითხავ, ამით უარესი გააკეთეს. ჩემი
აზრით, საფრთხის დამალვა ყოველთვის ცუდია. თუმცა ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საქმე
უბრალო დანაშაულს ეხება და მასში მანიაკის ხელი არ ურევია.
– ასე რატომ ფიქრობ? ხომ შეიძლება გაუჩინარებული ბიჭი იმავე ადამიანს მოეკლა,
რომელმაც ნინო გამოასალმა სიცოცხლეს.
– მოდი, ქეთი, თავიდან დავიწყებ! – ლუკამ საუბარში ხელებიც მოიშველია. – დავიწყოთ
მკვლელის ჩაცმის სტილით. ის არის შავებში ჩაცმული. ეს მოსაზრება საიდან გაჩნდა? როგორც
ვიცით, მკვლელობის ღამეს, ვიღაც მოხუც კაცს სკოლასთან ერთი ადამიანი დაუნახავს,
რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და სადღაც გარბოდა. ხომ ასეა?
– ამის შესახებ ჟურნალში გუშინ წავიკითხე.
– მაგ მოხუცმა პროკურატურასაც მისცა ჩვენება და ტელევიზიითაც გამოვიდა. სწორედ
მაგ მოხუცის გამოა, ჟურნალ–გაზეთები ,,შავით მოსილ მკვლელზე“ რომ წერენ და ყველა
დანაშაულის ჩამდენად მას ასახელებენ. ჯერ-ჯერობით მაგ ,,შავით მოსილს“ მხოლოდ ერთი
დანაშაული მიაწერეს, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ამის შემდეგ უპატრონო ძაღლი რომ
გაუჩინარდეს, იმასაც მაგას დააბრალებენ!
– კი მაგრამ, იქნებ ის ბიჭი მართლა მან გაიტაცა?
– დაიღლებოდი. მოდი, ჩამოვჯდეთ და საუბარი ისე განვაგრძოთ! – ლუკამ იქვე
ტროტუარზე მდგარ სკამზე მიუთითია.
გოგონას მოეწონა ბიჭი მასზე რომ ზრუნავდა. ისიც კი გაიფიქრა, რომ ლუკა და დათო
ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ ეს აზრი მალევე ამოიგდო თავიდან.
– მოდი, ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი, – უთხრა ლუკამ.
– კითხვა დასვი.
– ქალაქში რამდენ ადამიანს აცვია შავი ტანსაცმელი?
– არ ვიცი. მაგ კითხვაზე როგორ გიპასუხებ? შავი ტანსაცმელი ხომ ძალიან ბევრ ადამიანს
აცვია. იცი, ლუკა, ვხვდები რისი თქმაც გინდა, მაგრამ შავებში ჩაცმული უცნობი უკან
მომყვებოდა და ის შენც დაინახე. მაშინ, გაჩერებაზე... ხომ გახსოვს? როგორც კი მოხვედი, უცნობი
მაშინვე წავიდა.
– ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ მე ჯერ სხვა რამეს გეკითხები, სხვა რამ
მაინტერესებს. როგორც ვთქვით, შავი ტანსაცმელი უამრავ ადამიანს აცვია, ხოლო ღამით, ბევრი
რამ შეიძლება შავად მოგვეჩვენოს. მაგალითად, შეიძლება ადამიანს ყავისფერი ქურთუკი და
ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვას, გვერდით ჩაგირბინოს, შენ კი სიბნელის გამო გეგონოს, რომ შავი
ტანსაცმელი აცვია. ესეც ანალოგიური შემთხვევაა, როცა ღამის სიბნელეში, თანაც სკოლასთან,
რომლის გარშემოც არც თუ ისე კარგი განათებაა, ვიღაც უცნობი გარბის. რატომ? შეიძლება
სახლში ეჩქარება, შეიძლება სცივა, შეიძლება ქუჩაში ღამით სიარულის ეშინია... ვიღაცამ ღამის
წყვდიადში გაირბინა, მოხუცმა კი უცნობის სილუეტი დაინახა და ამბობს შავი ტანსაცმელი
ეცვაო. მოკლედ, უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მოხუცს სისულელე ეთქვა. ეგრეთ
წოდებული ,,შავით მოსილი მკვლელი“ კი ჟურნალისტების გამოგონილია, რითიც მკითხველის
ყურადღების მიპყრობასა და ჟურნალ–გაზეთების გაყიდვას ცდილობენ, რაც ნამდვილად
გამოსდით, – ლუკამ საუბარი დროებით დაამთავრა და ხელები გააჩერა. თავისი ჟურნალი აიღო,
რომელიც მუხლებზე ედო, გადაშალა და გოგონას უთხრა:
– მოდი, ვნახოთ რას წერენ.
ქეთი ძალიან დააფიქრა მისმა ნათქვამმა. დაუჯერებდა კიდეც, რომ არა შავებში ჩაცმული
უცნობი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ უკან მოჰყვებოდა. მაინც აღარ იყო თავის აზრზე
მყარად და ყოყმანობდა. იქნებ შავებში ჩაცმული უცნობი მართლაც ჩვეულებრივი ბიჭი იყო,
რომელსაც ის მოეწონა და უკან გაჰყვა? მას შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა! არც იმის
უფლება ჰქონდა, სულ მცირე მოსაზრებაც კი, რომელიც რაღაცით ნინოს მკვლელს ეხებოდა,
გაებათილებინა და ყურადღება არ მიექცია!..
– ქეთი, ნახე, აქ რას წერენ… – ლუკამ ჟურნალი ახლოს მიუტანა და თვითონვე წაუკითხა, –
რატი მანჯავიძე სახლიდან ღამის საათებში გავიდა. როგორც მისი მშობლები ამბობენ, ბოლო
დროს რატი ღამის საათებში სახლიდან რატომღაც არ გადიოდა, იმ ღამეს კი, სადღაც წავიდა და
მას შემდეგ აღარ გამოჩენილა... მეზობლის თქმით, იმ ღამეს, როდესაც რატი მშობლებმა
უკანასკნელად ნახეს, მან აივნიდან დაინახა, თუ როგორ გავიდა მისი სადარბაზოდან შავებში
ჩაცმული უცნობი... შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რატი მანჯავიძის გაუჩინარება უკავშირდება
,,შავით მოსილ მკვლელს“...
– სისულელეა! – ქეთიმ სტატიის ზემოთ განთავსებულ ფოტოს დახედა. ფოტოზე
გამოსახული იყო დაახლოებით ოცდაორი წლის ბიჭი, რომელსაც მკაცრი გამოხედვა და
შეჭმუხნილი წარბები ჰქონდა. ეს იყო რატი მანჯავიძე.
– მართალი ხარ, სისულელეა! – დაეთანხმა ლუკა. – მეც სწორედ ამას გეუბნებოდი!
ქალაქში უამრავი ადამიანი დადის და ბევრი მათგანი ხშირად იცვამს შავ ტანსაცმელს. თუნდაც
რომ მართლაც ის იყოს მკვლელი, ვინც მოხუცმა და რატი მანჯავიძის მეზობელმა დაინახეს, ამას
მაინც არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მის ჩაცმულობაში განსაკუთრებული არაფერია.
– ძალიან ჭკვიანურად მსჯელობ, მაგრამ იმ უცნობზე რას იტყვი, მე რომ მომყვებოდა?
– ახლა სწორედ მაგაზე უნდა მეთქვა. გასაგებია, რომ შავებში ჩაცმული უცნობი უკან
მოგყვებოდა. მე შენი მჯერა. ეს სულ სხვა საქმეა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ
შავებში ჩაცმული უცნობი უკან მოგყვებოდა და ვიღაც ბებრის ნათქვამიდან არ გამოგვაქვს
დასკვნა. საიდან მოგყვებოდა? თუ არ ვცდები, ნინოს სახლიდან.
ამ დროს სკამთან ორი ადამიანი მივიდა. ქეთიმ ლუკას თავით ანიშნა, რომ ამდგარიყო.
ისინი ადგნენ და წავიდნენ, რათა უცნობებს მათი საუბარი არ მოესმინათ,
– ქეთი, რაღაც მინდა გკითხო!
– მკითხე! მთელი გულისყურით გისმენ! – მას საშინლად აინტერესებდა, თუ რას
ჰკითხავდა ლუკა.
– იქნებ შავებში ჩაცმული უცნობი დათოა?
– არა, დათო ნამდვილად არ არის! უკან ის არ მომყვებოდა. მან თავისი დანაშაული აღიარა
და გამომიტყდა, რომ იმ ღამეს ნამდვილად შემაშინა, მაგრამ დამარწმუნა და დაიფიცა კიდეც,
რომ მას შემდეგ მსგავსი აღარაფერი ჩაუდენია და შავებში ჩაცმული უცნობი ის არ არის.
– გმადლობ, ქეთი. ახლა კი მოდი, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. მე, შენ, ანა და ნინო
საკლასო ოთახში ვართ. ჩვენ გვძინავს. უცნობი შემოდის და ნინოს ახრჩობს. კი მაგრამ, ჩვენ
რატომ დაგვტოვა ცოცხლები? შენი შეშინება არ მინდა, მაგრამ იმის მიზეზი, რომ მკვლელმა ჩვენ
ცოცხლები დაგვტოვა... – ლუკა სათქმელს ბოლომდე ვეღარ ამბობდა.
– ჩვენ რატომ დაგვტოვა მკვლელმა ცოცხალები? – უეცრად ქეთი გაფითრდა და გული
აუჩქარდა. – ჩვენი მოკვლა უნდა?
– ჩემი აზრით, მას ჩვენი მოკვლა უნდა, – ლუკამ ღრმად ამოისუნთქა, – აბა, დაფიქრდი!
მანიაკმა ნინო მოკლა, ჩვენ კი ცოცხალები დაგვტოვა. ასე რატომ მოიქცა?
– მას ჩვენი მოკვლაც აქვს განზრახული, მაგრამ როგორ მოგვაგნებს?
– ჩვენს დროში ძნელია უცხო ადამიანის პოვნა. როგორც ვიცი, სამისამართო ბიურო
მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს აწვდის ინფორმაციას. მობილური ტელეფონის ნომრები
კონფიდენციალურია და რიგითი მოქალაქე ამ ინფორმაციას ვერ მოიპოვებს. ქალაქის
საინფორმაციოში კი ან იქნება აბონენტი დარეგისტრირებული და ან არა, იმიტომ რომ იქ
მხოლოდ იმ აბონენტების სახელები და გვარები ირიცხება, რომლებზეც სახლის ტელეფონის
ნომრებია გაფორმებული და მისამართებშიც არის ხოლმე უზუსტობები. მოკლედ, შეიძლება
ნომერი ოჯახის სხვა წევრზე ან ძველ მფლობელზე იყოს გაფორმებული, ან მისამართი არ
ემთხვეოდეს და ეძებე მერე... გაიგე ახლა შენ, მანიაკმა რა გაიგო და როგორ გაიგო. ამას იმიტომ
ვამბობ, რომ შესაძლოა მან ჩვენი პირადობის მოწმობები ნახა, ანდა მობილური ტელეფონის
ნომრები.
ქეთიმ წარმოიდგინა, თუ როგორ ეძინა საკლასო ოთახში, შავებში ჩაცმული უცნობი კი
თავს დასტრიალებდა... ეს საშინელება იყო. ამის გაფიქრებაზე შეეშინდა და ტანში ჟრუანტელმა
დაუარა:
– ესე იგი, მანიაკი ვერ მოგვაგნებს?
ლუკა გაჩერდა, მისკენ მიბრუნდა და დაძაბულად, ხელების დახმარებით უთხრა:
– ქეთი, ტვინი უნდა აამუშავო და უკეთ იფიქრო! შავებში ჩაცმული უცნობი უკან
გამოგყვა. რატომ? იმიტომ რომ გაეგო, თუ სად ცხოვრობდი. ის ნინოს უთვალთვალებდა, ხოლო
როცა შენ მისი სადარბაზოდან გამოხვედი და სახლში წახვედი უკან გამოგყვა.
– ჰო, მაგრამ, მაშინ შენ დაგირეკე და როდესაც მოხვედი შავებში ჩაცმული უცნობი
წავიდა. – გოგონამ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო.
– მაშინ მან ვერ შეძლო იმის გაგება, თუ სად ცხოვრობდი, მაგრამ, ალბათ, სხვა დროს
მოახერხა, – ლუკას ნერვიულობა ეტყობოდა, – მოდი, ერთი რამ მითხარი, შენ როგორ
წარმოგიდგენია ნინოს მკვლელობა? მანიაკი ღამით, ქუჩაში სეირნობს, უცებ ხედავს სკოლას და
გადაწყვეტს შევიდეს და ვიღაც მოკლას? შედის სკოლაში, ყველა საკლასო ოთახს ათვალიერებს
და ერთ–ერთ მათგანში ხედავს ოთხ მძინარე ადამიანს. ის ერთ-ერთ იქ მყოფს ახრჩობს და მიდის.
შენ ასე წარმოგიდგენია ხომ ყველაფერი?
– არ ვიცი?! – დაბნეულმა ქეთიმ ირგვლივ მიმოიხედა.
მზე უკვე ამოსულიყო და სიბნელის ფარდა მთლიანად მოშორებოდა ქუჩებს. დილის
მშვენიერი სანახაობით მოხიბლულმა ქეთიმ ლუკას უთხრა:
– მოდი, გზა განვაგრძოთ, ცოტა კიდევ გავიაროთ და შენი მოსაზრებები გამიზიარე!
გზა განაგძეს და ლუკამაც განაგრძო ლაპარაკი.
– თავიდან მეც შემეშინდა და ძალიან დავიბენი, მაგრამ როცა დავწყნარდი, სულ
ადვილად მივხვდი რაში იყო საქმე. სიმართლე გითხრა, ეს ძალიან მარტივია. ისეთივე მარტივი,
როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია. რაიმეს გარკვევა, ღამის წყვდიადში კიბეებზე ასვლასავით
არის. წარმოიდგინე, თითქოს შენს სახლს რამდენიმე საკეტი აქვს და ამ საკეტებს სხვადასხვა
გასაღებები აღებს, რომლებიც კიბეებზე აქა-იქ ყრია. თუ ყველა გასაღებს არ იპოვი, კარებს ვერ
გააღებ და უკან დაბრუნება მოგიწევს.
– ძალიან ჭკვიანურია!
– გმადლობ, მაგრამ მთავარი წინ არის. როდესაც დავწყნარდი და კარგად დავფიქრდი, რა
თქმა უნდა, მივხვდი, რომ ეს შემთხვევითი მკვლელობა არ იყო. როცა ადამიანი ღამით სკოლაში
იპარება და ერთ-ერთ საკლასო ოთახში შედის, მას მანიაკი თავზე შემთხვევით ვერ დაადგება და
ვერ დაახრჩობს. როდესაც ეს გავაცნობიერე, მივხვდი, პასუხი წარსულში უნდა მომეძებნა. ამ
დროს გამახსენდა შავებში ჩაცმული უცნობი, რომელიც უკან მოგყვებოდა და ჩემზე საეჭვო
შთაბეჭდილება დატოვა. ასევე გამახსენდა, რომ უცნობი მაშინ აგედევნა, როცა ნინოს სახლიდან
შენს სახლში მიდიოდი. ამით მივხვდი, რომ ის ნინოს უთვალთვალებდა. მანიაკი ხელსაყრელ
შემთხვევას ელოდა და მიეცა კიდეც. იმ ღამეს, როდესაც ჩვენ სკოლაში შევიპარეთ, მკვლელი
ნინოს უკან გამოჰყვა, ხოლო თუ მას უკან გამოჰყვა, მაშინ გამოდის, რომ იცის შენ და ანა სადაც
ცხოვრობთ.
– ჯანდაბა, შენ მართალი ხარ! – შეეშინდა ქეთის. – იმ ღამეს შენ ჯერ ნინოსთან მიხვედი,
მერე თქვენ ორივე ანასთან წახვედით, ბოლოს კი სამივე ჩემს სახლთან მოხვედით. ამ დროს
შავებში ჩაცმული უცნობი უკან მოგყვებოდათ. რატომ მომყვებოდა უკან? შენ ამ კითხვაზე
პასუხი არ გაქვს, მე კი მაქვს.
– რას ფიქრობ? შენი აზრით, შავებში ჩაცმული უცნობი რატომ მოგყვებოდა?
– დათოს აგარაკი ხომ გახსოვს?
– რა თქმა უნდა, მახსოვს?
– მაშინ ის სახლიც გეხსომება, თქვენ რომ წახვედით იმ ადამიანის მოსაძებნად, რომელმაც
შემაშინა. აი, სწორედ იმ სახლში ცხოვრობს მანიაკი!
– კი მაგრამ, ასე რატომ ფიქრობ? – გაუკვირდა ლუკას. – ვერ ვხვდები, რა კავშირი
შეიძლება ჰქონდეს მანიაკს იმ სახლთან?!
– იმიტომ რომ იმ ადგილას გოგონა მოკლეს. ამას სტატია და სატვირთოს მძღოლის
ნათქვამიც ადასტურებს. ჩემს ცხოვრებაში უცნაური მოვლენები სწორედ იმ დაწყევლილ
აგარაკზე მისვლის მერე დაიწყო. სწორედ ამის გამო მოკლეს ნინო. შენ თქვი, რომ პასუხი
წარსულში უნდა მომეძებნაო. ყველაფერი დათოს აგარაკზე მისვლით დაიწყო. ეს არის
დასაწყისიც და წარსულიც!
– ქეთი, რამეს თუ არ გავარკვევთ, მაშინ შორს ვერ წავალთ. ჩვენ ვიცით, რომ ნინოს მანიაკი
უთვალთვალებდა, რომელიც ერთხელ შენც გამოგყვა უკან, შემდეგ კი ნინო მოკლა. ახლა მას,
ალბათ, ჩვენი მოკვლაც უნდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დამნაშავეს ასე ვერ დავიჭერთ.
– ჰოდა, უნდა გავიგოთ, ვინ ცხოვრობს იმ დაწყევლილ აგარაკზე! – ნერვულად თქვა
გოგონამ და დაღლილობა იგრძნო.
– ქეთი, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ! მართალი ხარ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ,
ვინ ცხოვრობს იმ აგარაკზე, თუმცა ერთი კითხვა არ მასვენებს...
– რა კითხვა?
– იმას თუ გავითვალისწინებთ, რაც გადაგხდა, მაშინ ყველაფერი დათოს აგარაკზე
მისვლით დაიწყო, მაგრამ მკვლელმა როგორ გაიგო, სად ცხოვრობდა ნინო და შენი ტელეფონის
ნომერი? სწორედ ახლა კიდევ ერთი კითხვა დამებადა. როგორც ვიცი, ის ადამიანი, ვინც შენთან
რეკავდა, ისეთივე ხმას გამოსცემდა, როგორიც დათომ გამოსცა მაშინ, როცა შეგაშინა. დავიჯერო,
ეს ხმები უბრალო დამთხვევაა?
– დათომ დაიფიცა. ესე იგი, გამოდის, რომ როცა მან შემაშინა, იმ დროს მკვლელი სადღაც
ახლოს იყო!
– ასე გამოდის!
ცოტა ხანს ისე იარეს, არც ერთს სიტყვა არ დასცდენია. მალე ქეთის სახლიც გამოჩნდა.
რამდენიმე წუთში ისინი კიბეებზე ადიოდნენ. სახლის კარებთან რომ მივიდნენ, გოგონამ
ჩანთიდან გასაღები ამოიღო:
– ხომ შემოხვალ? – ჰკითხა ქეთიმ.
– შემოვიდოდი, მაგრამ უნდა გავიგო, ვინ ცხოვრობს იმ წყეულ აგარაკზე.
– როგორ გაიგებ?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. ბოდიში, თან ვერ წაგიყვან!
– რატომ?
– დიდხანს მომიწევს სიარული, შენ კი დაიღლები. სახლში იყავი და ეცადე, ინტერნეტში
საჭირო ინფორმაცია მოიძიო! კარგი?
– კარგი, ოღონდ ფრთხილად იყავი! ანაზე რას იტყვი? მან ხომ ის არ იცის, რაც ჩვენ ვიცით.
ის საფრთხეშია!
– ანა ძალიან შეშინებულია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ჭკვიანი. უკვე ვუთხარი, რომ
ფრთხილად უნდა იყოს და უამრავი დარიგებაც მივეცი. იმანაც იცის, რომ თუ სიმართლე
გაირკვევა, ყველაფერი მე უნდა დამაბრალოს.
– გასაგებია, – ნაზად უთხრა ქეთიმ და თავი დაუქნია.
– არ ვიცი, როგორ მიაგნო მკვლელმა ნინოს და როგორ გაიგო შენი ტელეფონის ნომერი,
მაგრამ ფრთხილად იყავი! დილით დედაშენის ან მამაშენის გარეშე სახლიდან არ გახვიდე და
გაჩერებამდე გამოგყვნენ ხოლმე. სახლიდან არც საღამოს და ღამით გახვიდე. თავიდან ამოიგდე
ის აზრი, რომ მკვლელს შავი ტანსაცმელი აცვია. მკვლელი შეიძლება ნებისმიერი შემხვედრი
ადამიანი იყოს.

***

ქეთიმ სახლის კარები ურდულითა და ჯაჭვით დაკეტა. კიდევ რამდენიმე წამი ისმოდა
ლუკას ნაბიჯების ხმა, რომელიც მალე შეწყდა და გარშემო სიჩუმემ დაისადგურა. გოგონა
ოთახისკენ შემობრუნდა და ხმამაღლა დაიძახა:
– დედა, მოვედი!
ხმა არავინ გასცა.
მისაღებ ოთახში შევიდა და დედას ისევ დაუძახა, მაგრამ როგორც ჩანდა, სახლში მის
გარდა, სხვა არავინ იყო. ყოველი შემთხვევისთვის, მშობლების საძინებელშიც შეიხედა. იქაც
არავინ იყო.
თავის ოთახში შევიდა და წამოწვა. ფეხით დიდი გზა გაიარა და ძალიან დაღლილი იყო.
განსაკუთრებით ფეხები სტკიოდა, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი ის იყო, რომ სეირნობის დროს,
ერთად ბევრი რამ გააანალიზეს და მოქმედებაზეც გადავიდნენ.
გუშინდელი სპირიტული სეანსი გაახსენდა და გაუკვირდა, სეანსის დროს ძალიან რომ
შეეშინდა. თუმცა გასაკვრი არაფერი იყო, სეანსის ჩატარება ხომ ღამით უნდოდათ.
„შესაძლოა ადამიანს ღამით უბრალო რაღაცისაც შეეშინდეს, დღისით კი ამან საერთოდ
ვერ შეაშინოს“, – გულში თქვა ქეთიმ.
ახლა ოთახში არ ბნელოდა, მაგრამ სახლში მარტო იყო და საშიში მოგონებები ნელ-ნელა
მასში შიშის გრძნობას აღვიძებდნენ.
როგორც იქნა, ცუდ მოგონებებს თავი დააღწია და ფიქრი მნიშვნელოვან თემაზე
გადაიტანა. ნეტავ ვინ იყო შავებში ჩაცმული უცნობი? ნეტავ მას როდის დაესხმებოდა თავს?
ნეტავ თვითონ ქეთის კიდევ რამდენი ხნის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი?
ციხის ეშინოდა და ლუკასადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, შესაძლო იყო,
პროკურატურაში წასულიყო, ყველაფერი მისთვის დაებრალებინა და ისეთი მორიგი ტყუილი
ეთქვა, რომელიც უდანაშაულო ბიჭს ციხეში გაისტუმრებდა. სავსებით შესაძლებელი იყო,
სწორედ ასე მოქცეულიყო, მაგრამ შავებში ჩაცმულ უცნობს რას მოუხერხებდა? ვერაფერს. მას
მხოლოდ ლუკას დახმარებით შეეძლო ამ იდუმალი ადამიანის ვინაობის გაგება.
საწოლზე წამოჯდა და ფიქრო განაგრძო. ლუკა ძალიან უყვარდა, თუმცა ის შიში,
რომელსაც დაპატიმრებისა და ციხეში ჩაჯდომის მიმართ განიცდიდა, ძალიან აწუხებდა. რომ
არა შავებში ჩაცმული უცნობი, ალბათ, გამომძიებელს მორიგ, ლუკასავე მოფიქრებულ ტყუილს
ეტყოდა და ამ საშინელი შიშისგან განთავისუფლდებოდა.
შიშის მთავარი იარაღი მომავლის არ ცოდნაში მდგომარეობდა. არ იცოდა, რა ელოდა
მომავალში. ხომ შეიძლებოდა, ციხეში აღმოჩენილიყო? ხომ შეიძლებოდა, მანიაკს მოეკლა? ხომ
შეიძლებოდა, სიკვდილი ნელი და საშინელი ყოფილიყო?..
ფიქრი მობილური ტელეფონის ზარის ხმამ შეაწყვეტინა. მობილური ჩანთიდან ამოიღო,
ეკრანს დახედა და უპასუხა:
– ჰო, დედა?
– როგორ ხარ, შვილო?
– ცოტა შეუძლოდ ვიყავი და უნივერსიტეტში არ წავედი. ახლა სახლში ვარ და ვისვენებ.
შენ სად ხარ?
– მე რაღაც საქმე მაქვს, უფრო სწორედ მამაშენს ვეხმარები.
– კარგი, აბა, ნახვამდის! – გოგონამ მობილური ტელეფონი გათიშა და საწოლზე დააგდო.
იმაზე ფიქრს, თუ როგორი იქნებოდა მისი სიკვდილი, ჯობდა იმაზე ეფიქრა, თუ როგორ
აეცილებინა თავიდან მოახლოებული საფრთხე.
უეცრად გაფითრდა და გულისცემა აუჩქარდა. რომელიღაც ოთახიდან, რაღაც ხმა მოესმა.
ნეტავ ეს რა იყო? იქნებ შავებში ჩაცმული უცნობი? ჯანდაბა, რატომ არ შემოვიდა ლუკა სახლში?
რა ექნა? ოთახის კარი დაეკეტა თუ გასულიყო და სახლი შეემოწმებინა? დედისთვის რომ ეკითხა,
რამდენ ხანში აპირებდა დაბრუნებას?.. იქნებ ლუკასთან დაერეკა?..
ადგა და ოთახის კარებისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. ფეხაკრეფით მიდიოდა. კარებს რომ
მიუახლოვდა, სუნთქვა შეიკავა, რათა ყველაფრისთვის უკეთ დაეგდო ყური. მხოლოდ ქუჩიდან
ისმოდა მანქანების ხმა, სახლში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.
შავებში ჩაცმული უცნობი სახლში რომ ყოფილიყო, ის უკვე მკვდარი იქნებოდა, მაგრამ
იქნებ მკვლელს მსხვერპლთან თამაში უნდოდა?
სწრაფად, მაგრამ უხმაუროდ დაბრუნდა საწოლთან, ჩანთიდან საწერკალამი ამოიღო,
თავსახური მოხადა და ხელში დაიჭირა.
ისევ ოთახის კართან მივიდა, ნელა და ფეხაკრეფით. ის კარებს გააღებდა და, თუ იქ
შავებში ჩაცმული უცნობი იდგებოდა... მარჯვენა ხელი, რომელშიც საწერკალამი ეჭირა მაღლა
ასწია. კალამს ხელი მაგრად მოუჭირა. ქეთიმ კარები სწრაფად გააღო და უკან გაიწია.
მანიაკი არ ჩანდა. იგი თავისი ოთახიდან გავიდა. ხელში ისევ საწერკალამი ეჭირა და
კვლავაც მზად იყო, რათა ეს საკანცელარიო ნივთი ისე გამოეყენებინა, როგორც სასიკვდილო
იარაღი. შავებში ჩაცმული უცნობი ისევ არსად ჩანდა.
თითქოს დამშვიდდა. ისიც კი იფიქრა, რომ სახლში არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა,
მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც სააბაზანოს კარებს აღებდა, მაინც ძალიან ეშინოდა. რა
იცოდა, იქნებ რა იმალებოდა სიბნელეში, წინდახედულობა და სიბნელესთან სიფრთხილე კი
ზედმეტი არასდროს არ იქნებოდა.
სააბაზანოში სინათლე აანთო და დარწმუნდა რა, რომ იქ არავინ არ იყო, შევიდა. როდესაც
სარკეში ჩაიხედა, დაინახა, თმა დასავარცხნი და შესაღები ჰქონდა. თავის წესრიგში მოყვანა
მოუნდა. თმას ადვილად დაივარცხნიდა, მაგრამ შესაღები რომ იყო, იმას რას მოუხერხებდა?
სალონში ვერ წავიდოდა - ქუჩაში მარტო გასვლის ეშინოდა. მერე რა?! ნათია დაბრუნდებოდა და
თმას ის შეუღებავდა.
სააბაზანოში სინათლე ჩააქრო და თავის ოთახში დაბრუნდა. საწერკალამი საწოლზე
დააგდო, შემდეგ სავარცხელი და საშუალო ზომის სარკე აიღო, საწოლზე ჩამოჯდა და თმის
ვარცხნა დაიწყო, თან ჩვეულებისამებრ სარკეში იყურებოდა.
რა კარგი იქნებოდა ახლა ნინოს სული რომ გამოსცხადებოდა და ეთქვა, ვინ გამოასალმა
სიცოცხლეს. ქეთი გაიგებდა მკვლელის ვინაობას, მაგრამ მერე ლუკას როგორ დააჯერებდა? ეგ
არაფერი, ჭკვიანი ლუკა თვითონაც მიხვდებოდა, რომ ქეთი სიმართლეს ეუბნებოდა. ეს
მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა შემდეგ რას იზამდნენ? მათ ეცოდინებოდათ, ვინ იყო
მანიაკი, მაგრამ მის წინააღმდეგ რას მოიმოქმედებდნენ? გამომძიებელთან რომ მისულიყვნენ და
განეცხადებინათ? არა, ეს ნამდვილი სისულელე იქნებოდა. მათ გიჟებად შერაცხავდნენ. მხოლოდ
ერთი გზა რჩებოდათ. ეს გზა მანიაკს სამუდამოდ შეაჩერებდა. ის უკვე ვარავის ვეღარ მოკლავდა!
ვერავის ვეღარ დაახრჩობდა! ნინოს სული დამშვიდდებოდა და მათ ღალატს აპატიებდა. როცა ის
და ლუკა გაიგებდნენ, ვინ იყო მანიაკი, იმ ნაძირალას მოკლავდნენ...
ფიქრი შეწყვიტა. მიხვდა, ძალიან შორს წავიდა და უნდა შეჩერებულიყო.
თავდაპირველად მანიაკის ვინაობა უნდა გაეგოთ, შემდეგ კი რამეს მოიფიქრებდნენ… იმ
ნაძირალას მოკლავდნენ!
თავს დაუცველად და მარტოსულად გრძნობდა. ნატრობდა, რომ ლუკა მასთან
მოსულიყო, მაგრამ ეს უბრალოდ ნატვრა იყო. ის სერიოზულ საქმეზე იყო წასული და მოსვლას
ვერ შეძლებდა.
ისევ მარტოობის შეგრძნება, ისევ შიში, ისევ მოუსვენრობა. ამდენ საშინელებას ვეღარ
უძლებდა, ნეტავ მასთან ნინო მაინც ყოფილიყო...
უეცრად გაახსენდა, რომ ბევრ ადამიანს ჰყავდა თავისი წარმოსახვითი მეგობარი. რა
მოხდებოდა, თუ წარმოიდგენდა, თითქოს ნინო მასთან იყო? ისინი ისაუბრებდნენ, ქეთი კი
თავისი წარმოსახვის საშუალებით, მას ისეთ რაღაცეებს ათქმევინებდა, რასაც მისი აზრით ნინო
სიცოცხლეში იტყოდა. ამაში ცუდი რა იქნებოდა? არაფერი, პირიქით, კარგიც კი იქნებოდა,
იმიტომ რომ ცოტა ხნით დამშვიდდებოდა და თავს უკეთესად იგრძნობდა.
გვერდით გაიხედა. ნინო დაინახა, რომელიც სკამზე იჯდა. გოგონა გარეგნობითაც და
ჩაცმულობითაც ისეთივე იყო, როგორიც ქეთიმ ბოლოს ნახა მკვდარი.
– როგორ ხარ? – ისე ჰკითხა ქეთიმ, რომ თმის ვარცხნა არ შეუწყვიტავს. – რაღაც ცუდად
გამოიყურები?
– რა თქმა უნდა, ცუდად გამოვიყურები, მე ხომ მკვდარი ვარ! – ნინომ ფეხი-ფეხზე
გადაიდო.
– გახსოვს, სიცოცხლეშიც აქ რომ მოდიოდი, სულ მაგ სკამზე ჯდებოდი?
– აბა, სად დავმჯდარიყავი? – გაუკვირდა ნინოს. – აქ სულ ორი სკამია. შენ ყოველთვის
კომპიუტერთან ჯდებოდი, მე კი როგორც ფინია, სულ გვერდით გეჯექი.
– მაპატიე, ხომ იცი, ფინია კი არა, ჩემი მეგობარი ხარ!
– თუ შენი მეგობარი ვარ, მაშინ რატომ მიღალატე? რატომ არ თქვი სიმართლე?
– მოდი, ერთი სამსახური გამიწიე და მითხარი, ვინ მოგკლა.
– მერე, შენ რას იზამ? ახლა არ მითხრა, რომ მოკლავ, – სიცილით უთხრა გოგონამ. – ეს
უკვე ძალიან სასაცილოა.
– მე არ მოვკლავ, ამას სხვა გააკეთებს. იმ სხვას შენც კარგად იცნობ, – ქეთიმ ცბიერად
გაიღიმა.
– რომელი სხვა? არ მითხრა, რომ მანიაკს დათოს მოაკვლევინებ. ის ასეთი რამის ჩადენას
ვერასდროს გაბედავს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ წარმომიდგენია, რომ უბრალო ბიჭმა მასეთი
რამე გაბედოს.
– დათოზე არ გეუბნები, – გოგონას ცბიერი ღიმილი უწინდელივით სახეზე
დასთამაშებდა.
– აბა, ვისზე მეუბნები? მიღალატე და მაწამებ კიდეც? მითხარი და მორჩა რა! –
უკმაყოფილოდ უთხრა ნინომ.
– ლუკაზე გეუბნები. ის ჩემი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს, მანიაკსაც არ
შეუშინდება! – ქეთიმ ბოლო სიტყვები ამაყად წარმოთქვა.
– ქეთი, რა სასაცილო ხარ! – გაიცინა ნინომ. – შენ რა, გგონია, ლუკა მანიაკს რამეს
გაუბედავს? რადგან ჭკვიანი ხარ და სწორი დასკვნები გამოგაქვს, სულაც არ ნიშნავს, იმას რომ
ასეთ საშიშ ადამიანს მოკლავ, – გოგონამ თავის ფრჩხილებს დახედა და უკმაყოფილოდ თქვა: –
რა ჯანდაბაა! ფრჩხილებიდან მანიკური თითქმის გამეცალა. წითელი მანიკური უნდა მათხოვო,
მინდა, რომ წავისვა!
– ჯერ მითხარი, მკვლელი ვინ არის! გაიგე, შენ უნდა მითხრა, ვინ არის ის ნაგავი!
– არა, მკვლელის ვინაობას არ გაგიმხელ! რატომ უნდა გითხრა? შენ თავი ჩემს მეგობრად
მოგქონდა, მაგრამ ძალიან ცუდი მეგობარი გამოდექი.
– კი მაგრამ, პატიება ხომ გთხოვე?! მანიაკი თუ მოკვდება, მაშინ ხომ მაპატიებ? ვიცი, ამ
შემთხვევაში მაპატიებ და ამიტომ მისი ვინაობა უნდა გამიმხილო!
– იქნებ მე შენი სიკვდილი უფრო მინდა? ამაზე არ გიფიქრია? მინდა, რომ შენც მოკვდე!
მინდა, რომ შენც იგრძნო, თუ რა საშინელებაა, როდესაც სიკვდილი უეცრად დაგესხმება თავს და
იცი, რომ შენი სიცოცხლე სულ მალე დასრულდება. მიუხედავად ამისა, მაინც გაქვს გადარჩენის
იმედი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენს გვერდით, სულ ახლოს, შენს სამ მეგობარს მშვიდად და
უშფოთველად სძინავს. ნელ-ნელა გრძნობ, რომ ჰაერი აღარ გყოფნის, შენი სიცოცხლე
დასასრულს უახლოვდება, თუმცა იმედს მაინც არ კარგავ! რატომ?! იმიტომ რომ გვერდით შენი
სამი მეგობარია! შენ კი კვდები, კვდები! ისე კვდები, რომ გადარჩენის იმედი ბოლომდე შენთან
რჩება... – ბოლო სიტყვები ნინომ ძალიან მშვიდად წარმოთქვა.
– ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ იქ მარტო მე ხომ არ ვიყავი. ანა და ლუკაც იყვნენ. ლუკა
ბიჭია და შენი დაცვა მისი მოვალეობა უფრო იყო, ვიდრე ჩემი.
– ახლა გადაბრალება დაიწყე? ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს! – უეცრად ნინო
ისე გაჩერდა, ადამიანს ეგონებოდა გაქვავდაო.
– ქეთი, გესმის? – ჰკითხა ხმადაბლა. – ეს მანიაკია! ეს შავებში ჩაცმული უცნობია! ის შენს
წასაყვანად მოვიდა, საიქიოში უნდა გაგისტუმროს! – მან ხმამაღლა გაიცინა.
– ჩუმად! – ქეთი შეშინდა, იმიტომ რომ რაღაც ხმა გაიგო და იფიქრა, სახლში მართლა
ვიღაც არისო. – ის მართლა აქ არის? ხომ არ მატყუებ?
– შენ თვითონ ნახე და დარწმუნდები!.
გოგონამ საწოლზე დაგდებული საწერკალამი ისე აიღო, კარებისთვის თვალი არ
მოუცილებია, მერე ადგა და კარებისკენ ფრთხილად და უხმაუროდ წავიდა.
– ქეთი, მე შენს ადგილას თავის დასაცავად უფრო საიმედო ნივთს ავიღებდი!
ყურადღება არ მიაქცია. უწინდელივით სწრაფად გააღო ოთახის კარი და უკან გაიწია.
მარჯვენა ხელში საწერკალამი ჰქონდა მომარჯვებული. კარს მიღმა ახლაც არავინ იდგა.
– ასე როგორ შეიძლება? ბოლოს და ბოლოს, მომცემ მანიკურს? – უსაყვედურა ნინომ.
– ჩუმად იყავი!
მთელი სახლი მოიარა, თითოეული კუთხე–კუნჭული შეამოწმა, თუმცა ვერავინ იპოვა.
ძალიან ღელავდა. ნინოს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და სამზარეულოში უფრო საიმედო ნივთი –
დანა აიღო. საბედნიეროდ, მისი გამოყენება არ დასჭირდა, მაგრამ არც თავის ადგილზე
დააბრუნა, სამზარეულოს ნაცვლად, თავის ოთახში საწოლზე დააგდო, მერე კი კომპიუტერი
ჩართო და ისეთი მასალების ძებნას შეუდგა, რაც გადარჩენაში დაეხმარებოდა.
– მე მგონი, ვგიჟდები! – თქვა სასოწარკვეთილმა ქეთიმ.

***

,,შავით მოსილი მკვლელი“ ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ლამპიონებით განათებულ,


მაგრამ მაინც ბნელ ქუჩას. თავი, რომელზეც კაპიუშონი ეხურა, ისე უცნაურად ჰქონდა დახრილი,
თითქოს სახეს მალავდა, ხელები კი ჯიბეში ჩაეწყო. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მხრებში
მოხრილი იყო. ერთი სიტყვით, ისე გამოიყურებოდა, ვინც კი მას გვერდით ჩაუარა, ყველამ
სიფრთხილითა და შიშით აღსავსე თვალებით შეხედა.
გამვლელთა რიცხვი დიდი არ ყოფილა. გვერდით სულ ექვსიოდე ადამიანმა თუ ჩაუარა.
პირველი ვიღაც მთვრალი კაცი იყო, რომელიც ბარბაცით მიდიოდა, თუმცა სიმთვრალის
მიუხედავად, დაიანახა თუ არა ,,შავით მოსილი მკვლელი“, ალბათ, გაახსენდა, თუ რაზე
ლაპარაკობდნენ და წერდნენ ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში. როგორც კი მას
მიუახლოვდა, გვერდით კარგად გამართული ნაბიჯით ჩაუარა. ამ დროს მან თავი ნელა
მოაბრუნა და ,,შავით მოსილ მკვლელს” შეხედა. როდესაც ერთმანეთს გასცდნენ, კაცმა ნაბიჯს
უკლო. ახლა უკვე თავი უკან ჰქონდა მიბრუნებული, მერე მთელი ტანით ცოტათი უკან
შემობრუნდა, მიმავალს დაუწყო ყურება და ასე, სასაცილოდ კისერმოღრეცილმა, ბარბაცით
განაგრძო გზა. რატომ უყურებდა კაცი ასე მიმავალს? უცნობი კი, რომელიც შესაძლო იყო,
სწორედ ის მანიაკი ყოფილიყო, რომელზეც ბოლო დროს ყველა ლაპარაკობდა, გზას
განაგრძობდა და ისე წავიდა, მისთვის არც შეუხედავს. რატომ მთვრალი კაცი არ მოიქცა ასე და
რისთვის მიაპყრო მზერა მიმავალს? სიმთვრალე თუ ცნობისმოყვარეობა? იქნებ კაცმა იფიქრა,
ამისი როგორ შემეშინდა, ხომ არ შეიძლება ყველა გამვლელი, ვინც კი შავებში იქნება ჩაცმული,
მანიაკად ჩავთვალოო.
,,შავით მოსილ მკვლელს“ სამიოდე მეტრი ექნებოდა გავლილი. უეცრად შეჩერდა.
თითქოს მიხვდა, რომ ვიღაც უყურებდა. ჯერ უკან მიიხედა, მერე კი მთელი ტანით ცოტათი
მიბრუნდა კიდეც.
მთვრალი კაციც გაჩერდა. ალბათ, მისი გული წეღანდელზე უფრო სწრაფად ფეთქავდა და
ვინ იცის, თავში რა აზრები მოსდიოდა. ,,შავით მოსილი მკვლელისგან“ დაახლოებით, ხუთიოდე
მეტრი აშორებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ხუთიოდე წამის განმავლობაში უყურებდა,
სიბნელისა და მანძილის გამო, მისი სახის დანახვა მაინც ვერ შეძლო.
ის მალევე მიბრუნდა და გზა ნელი სირბილით განაგრძო, თან ხშირ-ხშირად უკან
იყურებოდა, ალბათ, იმის შიშით, რომ შესაძლო იყო მანიაკი დადევნებოდა და თავს დასხმოდა.
მკვლელი რამდენიმე წამი უყურებდა. სიბნელის გამო კაცი სულ უფრო და უფრო ცუდად ჩანდა,
ნელ-ნელა ღამის წყვდიდში იკარგებოდა, ბოლოს კი საერთოდ გაქრა.
,,შავით მოსილმა მკვლელმა“ გზა ისევ ძველებურად, ნელი ნაბით განაგრძო, მალე
მარჯვნივ, შესახვევში შეუხვია, ლამპიონებსა და სამანქანო გზას მოერიდა. სიბნელეს შეერია.
რამდენიმე მეტრი კიდევ გაიარა, შემდეგ კი მარცხნივ შეუხვია და გზას გაუყვა.
წინ ხუთიოდე ადამიანი გამოჩნდა. სიბნელის გამო მხოლოდ მათი სილუეტები მოჩანდა.
მათ ხმას თუ გაიგებდა კაცი, მიხვდებოდა, რომ ბიჭებიც იყვნენ და გოგონებიც. ისინი ხმამაღლა
ხუმრობდნენ, იცინოდნენ და მიდიოდნენ. როცა უცნობი დაინახეს, მისთვის ყურადღება არც კი
მიუქცევიათ, მაგრამ როცა გვერდით ჩაუარეს, შეხედეს. უცნობმა თავი ოდნავ მიაბრუნა და
ახალგაზრდებს ცალი თვალით შეხედა.
– ისე აცვია, როგორც მანიაკს! – ჩუმად უთხრა შეშინებულმა გოგონამ მეგობრებს.
– რომელ მანიაკს?! – ხმამაღლა, ღიმილით ჰკითხა ერთ-ერთმა ბიჭმა.
– ,,შავით მოსილ მკვლელს“!
ისინი ერთი წამით შეჩერდნენ და უკან მიიხედეს. უცნობი თითქოს მიწას ჩაეყლაპა,
სადღაც გამქრალიყო.
– სად გაქრა? – შიშნარევი ხმით იკითხა ერთ-ერთმა გოგონამ.
– წამოდი, წავიდეთ! მართლა მანიაკი არ იყოს! – თქვა ერთმა ბიჭმა.
– მანიაკი არა, ჩემი ფეხები! – აგდებულად თქვა მეორე ბიჭმა და ყველანი გაეცალნენ
იქაურობას.
ხეს ამოფარებული ,,შავით მოსილი მკვლელი“ გზაზე დაბრუნდა და სვლა უწინდელი
მიმართულებით განაგრძო.
კიდევ ცოტა ხანს იარა და პატარა ეკლესიაც გამოჩნდა. შეჩერდა, მარცხნივ გაიხედა და
რამდენიმე წამის შემდეგ ნელი ნაბიჯით წავიდა ეკლესიის მხარეს. ისევ სამანქანო გზასთან
გავიდა. ყველა მხარეს ისე მიიხედ-მოიხედა, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ეძებდა, მერე
მიბრუნდა და პატარა ეკლესიას შეხედა. ეკლესიის წინ, ქუჩაში, დიდ ხატზე გამოსახულები
იყვნენ ქალი და ბავშვი.
უცნობი რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა და ეკლესიას უყურებდა. ნეტავ რას
ფიქრობდა? იქნებ ეკლესია და ღმერთი სძულდა? იქნებ ეკლესიაში რაიმე ცუდი შეემთხვა და ვერ
ივიწყებდა? იქნებ ეკლესიაში არც არასდროს იყო ნამყოფი და ახლა სწორედ ამაზე ფიქრობდა?
იქნებ, პირიქით, ეკლესიაში ხშირად დადიოდა და ეს ძალიან მოსწონდა? იქნებ მთელი თავისი
ცხოვრების განმავლობაში ეკლესიაში სულ რამდენჯერმე იყო ნამყოფი და ისიც იმიტომ, რომ
დააძალეს?..
გზა განაგრძო. რამდენიმე წუთი მიდიოდა, თუმცა ისე ნელა არა, როგორც უწინ. ახლა
სწრაფად ადგამდა ნაბიჯებს. ეტყობოდა, ძალიან ჩქარობდა და რაღაც საქმე ჰქონდა
გასაკეთებელი. შესაძლოა იმან შეაშინა, რომ ვინც კი გვერდით ჩაუარა, ყველამ იეჭვა, თუ ვინ
შეიძლებოდა ყოფილიყო და ,,შავით მოსილ მკვლელს“ მიამსგავსა. ისიც შესაძლო იყო, რომ
მშობლებმა აუკრძალეს ღამით ქუჩაში გასვლა და ამის გამო ახლა სახლში მიიჩქაროდა, თუმცა
უკვე ძალიან გვიანი იყო.
გადასასვლელზე გადავიდა და ერთ შენობასთან შეჩერდა. მარჯვნივ უნდა წასულიყო,
მაგრამ გადადგა თუ არა ნაბიჯი, მაშინვე გაჩერდა. იქაურობას ლამპიონები ანათებდნენ. უცნობს
შეეტყო, რომ ეს არ მოეწონა, მაშინვე შენობაში შევიდა და სიბნელეში გაუჩინარდა.

***
– ქეთი, დიდ მადლობას გიხდი, რომ, ბოლოს და ბოლოს, კეთილი ინებე და მანიკური
მათხოვე! – ქედმაღლურად უთხრა ნინომ, რომელიც სკამზე იჯდა და ფრჩხილებს იღებავდა.
ქეთი თავის ოთახში საწოლზე იჯდა. მეგობრის ნათქვამისთვის ყურადღება არც კი
მიუქცევია. ახლა სულ სხვა რამ აწუხებდა, ჟურნალისტები უნდა მოსულიყვნენ ინტერვიუს
ასაღებად. რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, თუ რა ჩვენება მისცა ქეთიმ პროკურატურაში, მაგრამ,
სამაგიეროდ, იცოდნენ, რომ იგი მანიაკის მიერ მოკლული, ნინო ქადაგიძის, ახლო მეგობარი იყო.
სულ რაღაც ხუთი წუთის წინ მის ოთახში მშობლები იყვნენ შესულები.
– ქეთი, ჟურნალ „ქალაქის სიახლეებიდან“ დარეკეს და გვთხოვეს, რომ ინტერვიუ მივცეთ,
უფრო სწორედ, ინტერვიუ შენ უნდა მისცე, – თბილად უთხრა ნათიამ.
– რაა?! – შეჰყვირა გაოცებულმა გოგონამ. – რა ინტერვიუ და რომელი ჟურნალი?!
არანაირი ინტერვიუს მიცემას არ ვაპირებ!
– ქეთი, ასეა საჭირო! – უთხრა უჩამ.
– რატომ არის საჭირო?
– ამის ახსნას დიდი დრო დასჭირდება, თან შესაძლოა მაინც ვერაფერი გაიგო! – უჩამ
სახეზე ხელი ჩამოისვა. – უბრალოდ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მიეცი და ამით ყველაფერი
დამთავრდება!
– რა დამთავრდება?! – იკითხა გაცოფებულმა გოგონამ. – თქვენ, საერთოდ, ნორმალურები
თუ ხართ? ვერ ვხვდები, რა გინდათ? რაღაც სისულელეებს ლაპარაკობთ!
– წესიერად ილაპარაკე! – დაუყვირა მამამ. – გითხრეს, ინტერვიუს მისცემო და ასეც
მოიქცევი, იმიტომ რომ ასეა საჭირო!
– რატომ არის საჭირო? – შეშინდა ქეთი.
– ეგ არ არის შენი საქმე და რომც გითხრა, მაინც ვერ გაიგებ! – უყვიროდა უჩა. – ახლა
მოემზადე, ნორმალურად ჩაიცვი და ჟურნალისტები რომ მოვლენ, მისაღებ ოთახში გამოდი!
ზედმეტი ფოკუსების გარეშე! იცოდე, არ გამაბრაზო!
გოგონამ თავი დახარა. უჩა პასუხის მოლოდინში ისევ ოთახში იდგა. უკან ნათია ედგა,
რომელსაც ეტყობოდა, რომ უნდოდა შვილს გამოსარჩლებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
– აბა, რას იტყვი? – მკაცრად ჰკითხა უჩამ შვილს.
თავდახრილმა ქეთიმ, თანხმობის ნიშნად მამას თავი დაუქნია.
– ძალიან კარგი! – უჩა ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე წამის შემდეგ უჩამ ოთახში თავი შემოყო:
– გოგო, შენს მეგობრებს უთხარი, აქ სამაიმუნოდ აღარ დარეკონ. რეკავენ და ყურმილში
ღრიალებენ. ეს რა არის, რამდენ ხანს უნდა ვითმინო ეს მასხარაობა! ერთხელაც გავლანძღავ და
ეგ იქნება!
– ჩემს მეგობრებს ვეტვი, რომ ხუმრობა შეწყვიტონ, – ისევ დაუქნია თავი შვილმა.
ნუთუ შავებში ჩაცმული უცნობი მის სახლში კვლავაც რეკავდა? რა თქმა უნდა, რეკავდა.
აბა, უჩა ხომ არ მოიტყუებოდა. რაღაც დროის მანძილზე აღარ რეკავდა, თუმცა რაღაც დროის
მანძილზე კი არა, უკვე დიდი ხანი იყო, რაც შავებში ჩაცმულ უცნობს მასთან აღარ დაერეკა,
თანაც ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ სულ რამდენჯერმე ჰქონდა დარეკილი.
ახლა რატომ რეკავდა? ხომ დიდი ხანი იყო, რაც მის სახლში აღარ დაერეკა და ყურმილში
ცხოველურად აღარ ეღრიალა? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეიძლებოდა.
შავებში ჩაცმულ უცნობს ეშინოდა და უსიამოვნებებს ერიდებოდა. რატომ? იმიტომ რომ
მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, ამის გამო საფრთხეში იყო და ამ საფრთხეს ციხე ერქვა. ის ხომ
მანიაკი იყო. პოლიციას რომ დაეჭირა და ციხეში ჩაესვა, მერე რაღას იზამდა? მას ხომ მკვლელობა
უყვარდა! ადამიანების დახრჩობა! ციხეში ამის საშუალება არ ექნებოდა და სწორედ ამიტომ
უნდოდა, რომ თავისუფალი ყოფილიყო.
ადგა, ფანჯარასთან მივიდა და ქუჩაში გაიხედა. ისეთი მოღრუბლული დღე იყო, მას რომ
არ მოსწონდა.
მისი ოთახის ფანჯარა პირდაპირ უყურებდა გვერდით მდგარ შენობას, მაგრამ აქედან
ქუჩის დანახვაც შეიძლებოდა. ქეთიმ სწორედ ქუჩაში დაინახა შავებში ჩაცმული უცნობი. იგი
ზურგით, გაუნძრევლად იდგა გზასთან, ყველაზე საეჭვო კი ის იყო, რომ თავზე კაპიუშონი
ეხურა. სავსებით შესაძლებელი იყო, სწორედ ეს ადამიანი ყოფილიყო ის, ვისაც ქეთი და ლუკა
ეძებდნენ. მიუხედავად ამისა, ქეთიმ ზუსტად არ იცოდა, ის, მანიაკი იყო, თუ არა. თუ მართლაც
მანიაკს უყურებდა, მაშინ მას აქ რა უნდოდა? ესე იგი, ის ან უთვალთვალებდა, ან მისი მოკვლა
სურდა...
ფიქრი შეწყვიტა, იმიტომ რომ შავებში ჩაცმულმა უცნობმა უეცრად ხელი ასწია. იმავე წამს
გამოჩნდა სამარშუტო ტაქსი, რომელიც მის წინ გაჩერდა. უცნობი სამარშუტო ტაქსში ჩაჯდა,
მანქანა ადგილიდან დაიძრა და თვალს მიეფარა.
,,როდესაც შენი სიცოცხლე საფრთხეშია, აუცილებლად ყველაფერი უნდა
გაითვალისწინო და უმნიშვნელო დეტალსაც მიაქციო ყურადღება”, - გულში თქვა გოგონამ და
სწორედ ასე მოიქცა. ფიქრი განაგრძო და მამის ნათქვამი გაახსენდა. შავებში ჩაცმულმა უცნობმა
ისევ გადაწყვიტა მასთან დაერეკა და შესაშინებლად ძველი ხერხის გამოყენება. ახლა მან ის
თავის სახლთან, გზაზეც დაინახა.
ეს ყველაფერი, ალბათ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ მანიაკი ნინოს მკვლელობის
შემდეგ პოლიციას რომ არ დაეჭირა, ცოტა ხნით ჩრდილში დადგა, ახლა კი კვლავ მოქმედებაზე
გადავიდა.
ასეთი საქციელი ძალიან აკვირვებდა. ნუთუ ეს ფსიქოპატი არაფრად აგდებდა იმას, რომ
მთელი ქალაქი და არამარტო ქალაქი, მასზე და მის მიერ მოკლულ გოგონაზე ლაპარაკობდა.
თუმცა რას უნდა შეეჩერებინა, ის ხომ არანორმალური იყო...
ზარის ხმა გაისმა. გოგონამ ფიქრი შეწყვიტა და ყური დაუგდო იმას, თუ რა ხდებოდა
ოთახის გარეთ. გაიგო, რომ მშობლებმა კარები გააღეს და ჟურნალისტები სახლში თავაზიანად
შეიპატიჟეს.
სარკეში ჩაიხედა. ჯერ თმები გაისწორა, შემდეგ ტანსაცმელს დახედა - ყველაფერი
წესრიგში იყო.
– მეგობარი მოგიკლეს, შენ კი მას უღალატე, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მიუხედავად
ამისა, თმების შეღებვისთვის მაინც მოიცალე, – უთხრა ნინომ.
– შენ დაგავიწყდა გეთქვა, რომ მანიაკი ჩემს მოკვლას ცდილობს. – უთხრა ქეთიმ,
როდესაც ოთახის კართან მივიდა.
– მხოლოდ შენს მოკვლას არ ცდილობს! – მიაძახა ოთახიდან გასულს ნინომ.
ქეთი მისაღებ ოთახში შევიდა და ჟურნალისტებს მიესალმა. სულ ორი ჟურნალისტი იყო,
ორივე ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდაათი წლის ქალბატონი.
ინტერვიუს უჩა და ნათიაც დაესწრნენ. ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა და ყველაფერს
დიქტოფონით იწერდა, ქეთი კი პასუხობდა. სავსებით მშვიდი იყო და ჟურნალისტის მიერ
დასმულ კითხვებსაც მშვიდად პასუხობდა, უფრო სწორედ კი, კიდევ ერთხელ, აუღელვებლად
ყვებოდა ანას მიერ მოგონილ ტყუილს.
ჟურნალისტი ჩვეულებრივ სტანდარტულ კითხვებს უსვამდა. მათგან ზუსტად ასეთ
კითხვებს ელოდა და პასუხებიც მზად ჰქონდა. მან ხომ ეს ტყუილები ერთხელ უკვე ილაპარაკა
პროკურატურაში.
ყველაფერი თქვა ერთის გარდა. ეს ერთი იყო სიმართლე, ანუ ნამდვილად მომხდარი
ამბავი ტყუილის გარეშე. სიმართლე იმ ამბავსაც შეიცავდა, რომელშიც ქეთის შავებში ჩაცმული
უცნობი უკან მოჰყვებოდა. რატომღაც ჟურნალისტებს ამის შესახებ არაფერი უთხრა (ამის
შესახებ მისმა მშობლებმაც არაფერი იცოდნენ). თითქოს გულმა უგრძნო, რომ ამ ამბის
ჟურნალისტებისთვის მოყოლა, კიდევ უფრო მეტ კითხვასა და ახალ გმირს შესძენდა იმ საშინელ
ისტორიას, რომელზეც ჟურნალ–გაზეთები უკვე კარგა ხანი იყო, რაც წერდნენ და საკმაოდ ბევრ
ფულს შოულობდნენ. ახალი გმირი იქნებოდა ქეთი. მან ისიც კი წარმოიდგინა, თუ რას
დაარქმევდნენ მის ინტერვიუს. სათაური, ალბათ, ასეთი იქნებოდა: ,,გოგონა, რომელიც ,,შავით
მოსილ მკვლელს“ გადაურჩა“.
ბოლოს მეორე ჟურნალისტმა სთხოვა, ერთ ფოტოს გადაგიღებთო.
ქეთის ეს არ მოეწონა და იკითხა:
– გადაღება აუცილებელია?
– აუცილებელია, აუცილებელია! – უპასუხა უჩამ.
ერთი ფოტო გადაუღეს, შემდეგ კი ყველას გულთბილად დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
– შენ კიდევ ამბობდი, ინტევიუ და ჟურნალისტები არ მინდაო, – უთხრა უჩამ შვილს.
ქეთი თავის ოთახში დაბრუნდა.

***

იმ დღეს ქეთი დიდხანს ესაუბრა ნინოს, მაგრამ მეგობართან საუბარის დასრულების


შემდეგ ინანა, ასეთ ფანტაზიებს რომ მიეცა. კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ ცუდ
მდგომარეობაში იყო და მიხვდა, რომ წარმოსახვითი მეგობრისთვის დრო სულაც არ ჰქონდა.
„ჩემი ბრალია!“ – თქვა გულში.
როცა თავში ასეთი აზრი მოუვიდა, ამაზე ფიქრი მაშინვე უნდა შეეწყვიტა და გონებიდან
ამოეგდო. მეგობარი სჭირდებოდა, მაგრამ განა ლუკა და ანა მისი მეგობრები არ იყვნენ? ხომ
შეეძლო ამ ორი ადამიანისთვის გაენდო ყველაფერი, თუმცა ნინო? იქნებ თავისი გარდაცვლილი
მეგობარი ენატრებოდა? არა, ნინო ნამდვილად არ ენატრებოდა, უბრალოდ, მარტო ყოფნას ვერ
ეგუებოდა...
ამაზე ფიქრი შეწყვიტა, იმიტომ რომ მისთვის ამ თემას უკვე არავითარი მნიშვნელობა
აღარ ჰქონდა. ნინოს აღარ დაელაპარაკებოდა, უფრო სწორედ კი, თავის წარმოსახვის ნაყოფს ხმას
არ გასცემდა. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მასზე გული არ შესტკიოდა, ეს მხოლოდ ერთს
ნიშნავდა – მისთვის მკვდარი მეგობარი არაფერს წარმოადგენდა და მხოლოდ თავის
გადარჩენაზე ფიქრობდა.
ეს რეალობა იყო. ცუდი, მაგრამ ამასთანავე კარგი რეალობა. ცუდი იმით, რომ ის
სრულიად უგულო ადამიანი აღმოჩნდა. ახლა არც ნინოზე შესტკიოდა გული და არც იმაზე
ფიქრობდა, თუ რა ბედი ეწეოდათ ლუკასა და ანას. მის მთავარ საზრუნავს საკუთარი თავის
გადარჩენა და მანიაკის სიკვდილი წარმოადგენდა.
კარგი ის იყო, რომ საკუთარი თავი შეიცნო. თავი ისეთად აღიარა, როგორიც
სინამდვილეში იყო და არა ისეთად, როგორიც თვითონ ეგონა და როგორადაც ახლობლები
მიიჩნევდნენ. ბოლოს და ბოლოს, გაიგო, რასაც წარმოადგენდა, თუმცა ამ ფაქტმა სულაც არ
ააფორიაქა და არც დააფიქრა. უბრალოდ, შეეგუა და თავი ისეთად მიიღო, როგორიც ყოველთვის
იყო, მაგრამ ვერასდროს ამჩნევდა.
გამუდმებით ქება და ღიმილი თურმე რა ფანტაზიას არ შეუქმნიდა ადამიანს. მშვენიერი
გარეგნობა და ლაპარაკის კარგი მანერა ყველას კარგ წარმოდგენას უქმნიდა, მაგრამ იმ ბნელ
ადგილში რა იყო, რომლის შესახებაც მხოლოდ თვითონ იცოდა? ერთი მიზეზის გამო იქ
არასდროს შეეხედა. რატომ? იმიტომ რომ მართალია, ის, რაც მასში იყო არასდროს ენახა, მაგრამ
ვინაიდან მისი განუყოფელი ნაწილი იყო, გრძნობდა, რომ ეს რაღაც ძალიან ცუდი იქნებოდა.
სწორედ ამის გამო ყოველთვის ეშინოდა, რომ მისთვის თვალი გაესწორებინა, ახლა კი ის დრო
დამდგარიყო, როცა იქ უნდა შეეხედა და ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლებულიყო იმ
ცრუ წარმოდგენებისგან, რომელებიც ეუბნებოდნენ, ვითომ კარგი ადამიანი იყო.
ქეთი დაფიქრდა და თავის ცხოვრებას გადახედა. ერთხელ სკოლაში დიდ შესვენებაზე
დერეფანში იდგა. დათოც იქვე დამდგარიყო. უეცრად დათოს რამდენიმე ბიჭმა ჩაუარა გვერდით
და ერთ-ერთი დაეჯახა.
– წინ იყურე! – უთხრა დათომ ბიჭს.
– რა არის, რამე დავაშავე? – გამომწვევად ჰკითხა ბიჭმა.
– დამეჯახე!
– დაგეჯახე?! – ბიჭმა გაიცინა და დანარჩენებიც აყვნენ.
– რა გინდა? – შეეშინდა დათოს. – შენ რა, შარს ეძებ?
– რა შარი, ძმაო, შენ ცოტა ცუდად ხომ არ ხარ? – ახლა სხვა ბიჭი ჩაერია კამათში.
ბიჭები დათოს გარს შემოეხვივნენ და აგრესიულად დაუწყეს ყურება. იგი დაიბნა და
კიდევ უფრო შეეშინდა. ქეთი ამ ყველაფერს უყურებდა და ეს სულაც არ ადარდებდა, პირიქით,
სეირის ნახვა უნდოდა და კარგი იქნებოდა თუ იჩხუბებდნენ. მიუხედავად ამისა, ისეთი სახე
მიიღო, თითქოს ეშინოდა და მისთვის სულ ერთი არ იყო, იჩხუბებდნენ თუ არა.
– თუ ჩხუბი გინდათ, მაშინ პირდაპირ თქვით და ნუ მიედ მოედებით! – ლუკა ბიჭებს
მიუახლოვდა.
,,ამ საცოდავს რაღა უნდა?“ – გულში თქვა ქეთიმ.
ის ძალიან გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ლუკა ასეთ საქმეში ჩაერია. ეს ბიჭი თითქმის
ყოველთვის ჩუმად და მარტო იყო. ყოველთვის ცუდად ეცვა. ცოცხალ ადამიანს საერთოდ არ
ჰგავდა, უფრო მკვდარს თუ მიამსგავსებდა კაცი. ჩხუბს ერიდებოდა. მაშინაც კი, როდესაც მის
დაჩაგვრას ცდილობდნენ, არაფერს ამბობდა და იქაურობას ჩუმად გაეცლებოდა ხოლმე, ახლა კი
დათოს დასახმარებლად მოვიდა. ეს საინტერესო იქნებოდა. ქეთის ამის გამოტოვება არავითარ
შემთხვევაში არ სურდა.
– ეე, ეს რა დღეშია! – თქვა ერთ–ერთმა ლუკაზე.
– მე, უბრალოდ, ის ვთქვი, რომ თუ ჩხუბი გინდათ, ნუ მიედ-მოედებით და პირდაპირ
თქვით! – აგრესიულად უთხრა ლუკამ. – იქნებ ჩხუბის გეშინიათ და გრძელი ენებით გინდათ,
სხვა დაჩაგროთ! ჰა! – ბოლოს დაიყვირა.
ამ დროს მისი მიმართულებით მუშტი წამოვიდა, მაგრამ ის ლუკას მუშტთან შედარებით
ნელი იყო. ბიჭი დაეცა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. ჩხუბში დათოც ჩაერთო, თანაკლასელმა
ბიჭებმაც დაინახეს და ისინიც მიეხმარნენ, თუმცა ლუკა ისე ჩხუბობდა, დახმარება საერთოდ არ
სჭირდებოდა. ხან უკან იხევდა, ხან თავს ხრიდა, ხან კი ხელებს სახეზე იფარებდა და დარტყმებს
იგერიებდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თვითონაც ურტყამდა...
ქეთის ესიამოვნა ეს მოგონება. კიდევ ერთხელ გაახსენდა ძველი და უდარდელი დრო.
მართალია, თავიდან სულაც არ შეძრწუნებულა იმის გამო ცუდი ადამიანი რომ იყო,
თუმცა ახლა მოუსვენრობა და შიში იგრძნო. ნუთუ საერთოდ არ ადარდებდა მეგობრები? რა
თქმა უნდა, ადარდებდა, მაგრამ პირველ ადგილზე ყოველთვის საკუთარ თავს აყენებდა. ლუკას
მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად, განა არ უნდოდა, რომ ცრუ ჩვენება მიეცა და ეს ბიჭი
დაეპატიმრებინათ? დიახაც, ამით საქმე დაიხურებოდა, მაგრამ შავებში ჩაცმულ უცნობს ლუკას
გარეშე ვერ იპოვიდა. კი მაგრამ, განა ნინოს სიკვდილზე არ შესტკიოდა გული? შესტკიოდა,
მაგრამ ის გარემოებაც ახარებდა, რომ იმ საშინელ ღამეს სკოლაში მანიაკმა ის კი არა, ნინო მოკლა.
ისევ განაგრძო ფიქრი და თავში ერთი აზრი მოუვიდა. საწოლზე წამოჯდა. სიბნელის
კიდევ ეშინოდა, ამიტომ ტორშერი აანთო. საინტერესო იყო, რას გააკეთებდა იმისთვის, რათა
მანიაკი თავიდან მოეშორებინა? ბევრ რამეს გააკეთებდა, შეუძლებელსაც კი შეძლებდა, დედასაც
მოკლავდა...
ქეთი თავისივე აზრმა საშინლად შეაშინა, გულის ცემა აუჩქარდა და თავის-თავს ჰკითხა:
,,ეს რეალობაა? ნუთუ დედა არ მიყვარს და სასიკვდილოდ გავიმეტებ?“
– არა, ქეთი! – უთხრა ვიღაცამ.
გვერდით გაიხედა და დაინახა ნინო, რომელიც სკამზე იჯდა.
– შენ აქ რა გინდა?! – ჰკითხა აღელვებულმა გოგონამ. – მე შენ არ მჭირდები, მე შენთან
ლაპარაკი აღარ მინდა! მაპატიე, რომ გიღალატე, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო! – მის ხმაში
მუდარა იგრძნობოდა.
– იმის თქმა მინდა, რომ შენ, შენი საზიზღარი თავის გადასარჩენად მხოლოდ დედას კი
არა, ას ჩვილ ბავშვსაც კი გაიმეტებ სასიკვდილოდ! – გესლიანად უთხრა ნინომ.
– არა, ეს ასე არ არის! ასე არ არის! – უთხრა შეძრწუნებულმა ქეთიმ, თუმცა მიხვდა, რომ
მეგობარი სიმართლეს ეუბნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები და მეგობრები უყვარდა,
დაუფიქრებლად გასწირავდა ყველა მათგანს, ოღონდაც თავად დარჩენილიყო ცოცხალი.
– ქეთი, რა საბრალო ხარ! – გესლიანად და სიცილით უთხრა ნინომ. – სიტყვებს არ აქვს
მნიშვნელობა, თვითონაც კარგად იცი, რომ სიმართლეს ვამბობ. შენ ისე უღალატებ ნებისმიერ
შენს ახლობელ ადამიანს, როგორც მე მიღალატე, თუმცა ჩემსა და მათ ღალატში განსხვავება
იქნება.
– რა განსხვავება? გთხოვ მითხარი, რა განსხვავება იქნება? – შეევედრა გოგონა.
– ის განსხვავება იქნება, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს უღალატებ, სინდისი მით უფრო
ნაკლებად შეგაწუხებს. მართალია, ბნელი ადგილი პატარაა, მაგრამ მასში უსასრულოდ ბევრი
საშინელება იმალება. თავიდან ამპარტავანი, მშიშარა და ეგოისტი იყავი, მერე კი მიღალატე და
ამით მოღალატეც გახდი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში და კიდევ რა ღირსებებს შეიძენ.
– ასეთი უგულო ვარ? – დაინტერესდა მოწყენილი და ჩაფიქრებული ქეთი.
– არა, უგულო სულაც არ ხარ, მაგრამ ის შენი თვისებები, რომლებიც მე ჩამოვთვალე,
ხელს გიშლიან იმაში, რომ კარგი ადამიანი იყო.
უეცრად ქეთის ყურადღება ტელეფონის ზარმა მიიპყრო. ნინო იმწამსვე გაქრა. მარცხნივ
გაიხედა, იქით, საიდანაც ზარის ხმა ისმოდა. პლედი აიღო, მოიხურა, ჭერის სანათი აანთო და
ოთახიდან გავიდა. ოთახის კარი არ დაუკეტავს, არ უნდოდა, უკუნეთ სიბნელეში ყოფილიყო.
მისაღებ ოთახში შევიდა, სწრაფად მივიდა ტელეფონის აპარატთან და ყურმილი აიღო:
– გისმენთ! – გოგონამ ოთახს თვალი მოავლო. ოთახის კარები, საიდანაც ის შემოვიდა
დაიხურა და იქაურობა სიბნელემ მოიცვა.
უეცრად ის საშინელება მოხდა, რასაც ელოდა. ყურმილში საშინელი ღრიალის ხმა გაისმა.
შიშისგან შეჰყვირა და ყურმილი ხელიდან გაუვარდა. რატომღაც უნდოდა, იატაკზე
დავარდნილი ყურმილი დაენახა. ტელეფონი შავი ფერის იყო, ამიტომ სიბნელეში ყურმილის
დანახვა ვერ შეძლო, მაგრამ ხმა ესმოდა. ეს იყო ღრიალის ხმა, რომელიც სუსტად მოისმოდა. სულ
მალე ხმა შეწყდა. შეშინებული ქეთი ადგილიდან ვერ იძვროდა და თავში უამრავი საშინელი
აზრი უტრიალებდა...

***

მეორე დღეს ქეთი ადრიანად ადგა და უნივერსიტეტში წავიდა. ისე მოიქცა, როგორც
ლუკამ დაარიგა და სახლიდან განგებ, მამასთან ერთად გავიდა. როგორც კი გარეთ გავიდა,
მაშინვე შიშის გრძნობა დაუბრუნდა. კარგი იყო, მეგობრის დარიგება რომ გაითვალისწინა და
მამა იქვე იყო.
როდესაც რაღაც ძალიან აწუხებდა, სხვა დანარჩენზე ნაკლებად ფიქრობდა. ახლა
უბრალოდ ,,რაღაც“ არ აწუხებდა. ეშინოდა და უამრავ რამეზე ფიქრობდა. მის სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრებოდა, ლექციები კი უინტერესოდ გადიოდა.
მიუხედავად ამისა, არსებობდა ერთი რამ, რაც მის ყურადღებას იქცევდა. ეს იყო შავებში
ჩაცმული უცნობი. სტუდენტები მასზე ბევრ ამბავს ჰყვებოდნენ. ის თავის ახალ მეგობრებთან
იდგა და მათ საუბარს უსმენდა, მაგრამ თვითონ ერთ სიტყვასაც არ ამბობდა. შეიძლება ითქვას,
რომ შავებში ჩაცმული უცნობი ნამდვილ ლეგენდად იქცა. ხალხი მას ისეთ წვრილმან
დანაშაულებებშიც კი სდებდა ბრალს, როგორიც, მაგალითად, გამვლელისთვის ჯიბიდან ფულის
ამოცლა და სხვა მსგავსი შემთხვევები იყო. არსებობდა უამრავი კითხვა, პასუხი კი ჯერ-
ჯერობით არც ერთზე არ იყო გაცემული. ვინ იყო ,,შავით მოსილი მკვლელი“? რა უნდოდა ნინო
ქადაგიძეს სკოლაში? იყო თუ არა კავშირში რატი მანჯავიძის გაუჩინარება ,,შავით მოსილ
მკვლელთან“?..
ამ კითხვებიდან ქეთიმ მხოლოდ ერთის პასუხი იცოდა – რა უნდოდა ნინო ქადაგიძეს
სკოლაში. დიახ, იცოდა და მასში ეს სასიამოვნო განცდას იწვევდა. სიამოვნებდა იმის ყურება, თუ
როგორ იმტრევდნენ ადამიანები თავს იმისთვის, რათა ამ საიდუმლოებით მოცული ამბისთვის
რაიმე ახსნა მოეძებნათ, ამ დროს კი ის მათ გვერდით იდგა და პასუხი იცოდა.
რა თქმა უნდა, ეს იგრძნო და მოეწონა კიდეც. ხალხის აზრს ისმენდა და გულში
ეცინებოდა. რა სულელური და ლოგიკას მოკლებული იყო ამ ადამიანების აზროვნება. ძალიან
სასაცილო იქნებოდა მათი მოქმედება, ქეთისა და მისი მეგობრების ადგილზე ისინი რომ
აღმოჩენილიყვნენ. ნეტავ რას იზამდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი მკვდარი
იყო? ყვირილს მორთავდნენ და საშველად დედიკოს დაუძახებდნენ.
გოგონას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ თავი შეიკავა. ლუკას დაურეკა და ლექციების შემდეგ
შეხვედრა სთხოვა.
ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, გამუდმებით ლექციების დამთავრებაზე ფიქრობდა.
რამდენჯერმე გაპარვაც დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. მისი მოუსვენრობა გვერდით
მჯდომთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სტუდენტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს კიდეც, რამე
ხომ არ გაწუხებსო, მაგრამ მან უმნიშვნელო თავის ტკივილი მოიმზეზა, ისეთი არაფერია, მალე
გამივლისო.
,,საინტერესოა, მაშინ რას იფიქრებენ, ჟურნალში ჩემს ფოტოს რომ ნახავენ?“ – თქვა გულში
და კიდევ უფრო ცუდად გახდა.
ლექციების დამთავრებისთანავე სწრაფად გაემართა დათქმული ადგილისკენ.
,,შავებში ჩაცმულ უცნობს ,,სუპერვარსკვლავობა“ სურს? ყველა მასზე ლაპარაკობს“, –
ფიქრობდა ქეთი.
სამარშრუტო ტაქსით დათქმულ ადგილზე მისულმა, მაშინვე დაინახა გაჩერებაზე
მდგარი ლუკა.
– რა მოხდა? – ჰკითხა აღელვებულმა ბიჭმა.
– მოდი, იქით გავიდეთ და გეტყვი.
ისინი ისეთ ადგილას დადგნენ, სადაც ცოტა ხალხი იყო.
– რამე გაარკვიე? - დაინტერესდა გოგონა.
– თითქმის ვერაფერი, უფრო სწორედ კი, ვერაფი ვერ გავარკვიე. აბა, დაფიქრდი, როგორ
უნდა ვიპოვო მანიაკი?
– როგორ აპირებდი?
– სკოლის დარაჯს და ნინოს მშობლებს ველაპარაკე. დარაჯს არც არაფერი გაუგია და არც
არაფერი დაუნახავს. ნინოს მშობლებს ვკითხე, ბოლო დროს ნინო უცნაურად ხომ არ იქცეოდა,
ანდა ახალი მეგობარი ხომ არ გაიჩინა-მეთქი?
– მერე, რა გითხრეს?
– მითხრეს, არაო. კიდევ ბევრი კითხვა დავუსვი, თან ისე, რომ არაფერი არ ეეჭვათ, მაგრამ
ყველა კითხვის პასუხი ,,არა“ იყო.
– მეც ისეთი არაფერი გამიგია, რაც ჩვენ დაგვეხმარება. ახლა რა ვქნათ? დაველოდოთ,
როდის დაესხმება თავს მანიაკი ერთ-ერთ ჩვენგანს?
– არა, რას ამბობ?! – გაუკვირდა ლუკას. – მისმინე, მე რამდენიმე დღეში მართვის
მოწმობას ავიღებ, პირადად წავალ დათოს აგარაკზე და იმ სახლს ვნახავ, რომელშიც, ჩვენი
ვარაუდით, მანიაკი ცხოვრობს.
– რას ამბობ! – შეშინდა ქეთი. – იმედია, მარტო არ წახვალ? შენი მეგობრები წაიყვანე,
სპორტსმენი მეგობრები. უთხარი, ვითომ ძმაკაცის აგარაკზე მიდიხარ და გინდა, რომ ისინიც
წამოვიდნენ.
– ჰო, მაგრამ სახლში შეპარვა მომიწევს და ამიტომ თან ვერავის წავიყვან. მარტო წავალ,
შენ კი ჩემზე ნუ იდარდებ. წესით, მანიაკი იქ უნდა იყოს. დანაშაული ჩაიდინა და იმალება.
– არა, ლუკა, შავებში ჩაცმული უცნობი ქალაქშია!
იმის გაფიქრებამ, რომ თუ ლუკა მოკვდებოდა, მას ვერავინ ვეღარ დაეხმარებოდა, ქეთი
საშინლად ააფორიაქა.
– ის არსად არ წასულა, ქალაქშია და ისევ რეკავს ჩემს სახლში... შავებში ჩაცმული უცნობი
ქალაქშია!
– ისევ რეკავს? – ჰკითხა უკვე შეშინებულმა და გაკვირვებულმა ლუკამ. – არა, რაღაც არა
მგონია, რომ ის იყოს. ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა გოგონას,
მერე კი მისი მოკვლა ხელსაყრლ მომენტში ასე მოხერხებულად შეძლო, ასეთი სულელი ვერ
იქნება.
– სულელი? რატომ სულელი?
– შენ მის ადგილას ასე მოიქცეოდი?
– არა. ხომ შეიძლება ჩემი ტელეფონი ისმინებოდეს. მართალი ხარ, ლოგიკურად ასე უნდა
იყოს, მაგრამ ის ხომ ფსიქიურად დაავადებულია, ასეთი ადამიანი კი რას არ იზამს.
– მოდი, სახლამდე მიგაცილებ და თან ვილაპარაკოთ!
მიდიოდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ.
– ქეთი თუნდაც იმ სახლში არავინ არ იყოს, ჩემი იქ მისვლა უაზრო მაინც არ იქნება. იქ
მისვლით შესაძლოა გავიგო, თუ ვინ არის შავებში ჩაცმული უცნობი.
– იცი, მე მანიაკებზე წავიკითხე, რომ ბევრი მათგანი ადამიანს, ყურადღების მიქცევის
მიზნით კლავს. ნინოც ამ მიზნით მოკლა ,,შავებში ჩაცმულმა უცნობმა“. აბა, დაფიქრდი, რატომ
მაინც და მაინც სკოლა? რატომ მოკლა ნინო სკოლაში? ამით ის უფრო მეტ ყურადღებას
მიიქცევდა. ასეც მოხდა. ახლა ის უკვე ლეგენდაა და, ალბათ, ფიქრობს, რომ მისი შეჩერება
შეუძლებელია.
– ეს კარგია, მკვლელმა შეიძლება ყურადღება მოადუნოს და შეცდომა დაუშვას. იცი,
მოდი, არაფერი ვივარაუდოთ - არ გამოგვადგება. მე იმ გარემოებამ დამაფიქრა, რომ შავებში
ჩაცმული უცნობი ისევ გირეკავს. ჩემი აზრით, ის, ვინც შენ გირეკავს, მანიაკი არ არის...
– ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორსაც ადრე!
– მაშინ ეს ამბავი უფრო მაფიქრებს. ქეთი, ის შენ სახლის ტელეფონზე გირეკავს, ამიტომ
ჩვენთვის კარგი იქნება, ახალ ტელეფონს თუ იყიდი, ისეთს, რომელიც ნომრებს აფიქსირებს.
– ასეთი ტელეფონი გვჭირდება! წუხელ გადავწყვიტე, მას შემდეგ, რაც იმ შეშლილმა
კიდევ ერთხელ დამირეკა. ლუკა, ისე, რომ იცოდე, ახლა ჩვენ ტელეფონების მაღაზიასთან
გავივლით.
– ძალიან კარგი. გახსოვს, რომელ საათზე დაგირეკა უცნობმა?
– რომელი საათი იყო არ ვიცი, მაგრამ თორმეტს ნამდვილად იქნებოდა გადაცილებული.
ამას ააქვს რაიმე მნიშვნელობა?
– მანიაკის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა მინდა, რასაც, ასე ვთქვათ, დამნაშავის
მოქმედებების საშუალებით ადგენენ.
არსად არ შეუხვევიათ. ტელეფონების მაღაზია გზაზევე იყო. მაღაზიაში შევიდნენ და
აპარატი შეარჩიეს. საფასურის გადახდა ლუკას უნდოდა, მაგრამ ქეთიმ ამის უფლება არ მისცა და
თვითონ გადაიხადა.
გოგონა ერთმა გარემოებამ დააფიქრა. ლუკა ღარიბი ოჯახიდან იყო და ქეთი
დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ამ ბიჭს ასეთი ტელეფონის საყიდელი ფული? არა, ასეთი
ტელეფონის ყიდვას კი შეძლებდა, მაგრამ როდის აქეთ იყო, რაც თან ორმოცდაათლარიანები
დაჰქონდა? იქნებ მუშაობა დაიწყო? შეიძლება მიმტანად, ან რამე ასეთად მუშაობდა, მაგრამ
რცხვენოდა და მასთან ამის გამხელა არ სურდა.
სხვადასხვა ვერსიების მოგონებას და ამაზე ფიქრს, ჯობდა, ადამიანს პირდაპირ ეკითხა
ის, რაც აინტერესებდა და სწორედ ასე მოიქცა:
– ლუკა, ამდენი ფული საიდან გაქვს?
– მე ხომ რინგზე ვჩხუბობდი. ვჩხუბობდი იმიტომ ვთქვი, რომ უკვე კარგა ხანია, რაც აღარ
მიჩხუბია, მაგრამ შეხვედრებიდან აღებული ფული გადავინახე, – ბიჭს ხმაზე შეეტყო, ამ თემაზე
საუბარი არ სიამოვნებდა, ქეთი კი ამ პასუხმა დააკმაყოფილა და მეტი არაფერი უკითხავს.
– იცი, მე ერთ–ერთ ჟურნალს ინტერვიუ მივეცი.
– ინტერვიუ? – გაუკვირდა ლუკას. – ინტერვიუს, რა თქმა უნდა, ნინოს მკვლელობის
შესახებ მისცემდი, ეს კი არა მგონია, კარგი იყოს.
– ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა დამაძალა.
– რატომ?
– არ ვიცი.
დიდხანს არ უვლიათ. მალე ქეთის სახლიც გამოჩნდა. გოგონამ სადარბაზოსთან
რამდენიმე მეზობელი დაინახა, მათ შორის იყო პაატაც. მას ამ ადამიანთან შეხვედრა კვლავაც არ
სიამოვნებდა და დანარჩენზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ბიჭმა ლუკას დაჟინებული მზერა
მიაპყრო, ამ უკანასკნელმა კი თვალი-თვალში ისე გაუყარა, რომ პაატამ თვალი მოარიდა და სხვა
მხარეს გაიხედა. ქეთი და პაატა ერთმანეთს მიესალმნენ. გოგონა, როგორც ყოველთვის ცივად,
ბიჭი კი თავისი ,,კაცური“, ბოხი ხმით, რომელიც მას სასაცილოს უფრო ხდიდა, ვიდრე კაცურსა
და სერიოზულს.
– ეგ ვინ იყო? – ღიმილით ჰკითხა ლუკამ, როცა კიბეებზე სირბილით ადიოდნენ.
– ვინ?
– მჭრელი მზერა.
– ეგ ერთი იდიოტია, – გაიღიმა ქეთიმ, – პაატა ჰქვია, ყურადღებას ნუ მიაქცევ.
– მეზობელია?
– მეზობელია, მეორე სართულზე ცხოვრობს.
ნათია ლუკას ძალიან გულთბილად შეხვდა. ეტყობოდა, მისი სტუმრობა ესიამოვნა და
გაუხარდა. როდესაც ლუკას ხელში ტელეფონის ყუთი დაინახა, იკითხა:
– ეს რა არის?
– ქეთიმ, ნომრის ამომცნობი ტელეფონი იყიდა.
– ქეთი, ეს რად გინდა?
– ამის საშუალებით, ჩვენ იმ ადამიანის ნომერს გავიგებთ, ვინც გვაშაყირებს, – ღიმილით
უპასუხა შვილმა.

***

ლუკა ლამპიონებით განათებულ ქუჩას მიუყვებოდა. ყავისფერი, გრძელმკლავიანი


მაისური, ლურჯი ,,დუტის“ ჟილეტი და ჯინსის შარვალი ეცვა. თავზე შავი კეპი ეხურა და ყველა
გამვლელ-გამომვლელს ცალი თვალით ისე უცნაურად გახედავდა ხოლმე, თითქოს ეშინდა, თავს
არ დასხმოდნენ.
რაც ქეთის სახლიდან გამოვიდა, სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეცვა ეს გოგონა და
მისთვის საფრთხე აეცილებინა. მართალია, არ იცოდა, საფრთხე რეალური იყო თუ არა, მაგრამ
ფიქრობდა, რომ ბედის გამოცდა ძალიან ცუდი რამ იყო და ვერ გარისკავდა. სწორედ ამ მიზეზის
გამო მას შემდეგ, რაც ქეთის სახლში ძველი ტელეფონის აპარატი მოხსნა და ახალი დააყენა, იმ
ტელეფონის იმედზე არ დარჩენილა, რომელსაც ნომრის ამოცნობა შეეძლო.
ატეესში დარეკვა უშედეგო იქნებოდა, კონფიდენციალურ ინფორმაციას მას არავინ
მისცემდა. ამ შემთხვევაში, ლოდინი საფრთხეს ზრდიდა, შესაძლო იყო, რაიმე ცუდი
მომხდარიყო. ქეთის საფრთხე ემუქრებოდა და მას აუცილებლად რაიმე უნდა ეღონა.
,,ვინ ურეკავს ქეთის? ვინ ურეკავს ქეთის?“ – თავში გამუდმებით ეს წინადადება
უტრიალებდა.
უმოქმედობა ცუდი იყო, ამიტომ მოქმედება გადაწყვიტა. ქეთისგან წამოსვლის შემდეგ,
მაშინვე დათოსთან წავიდა. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ის, ვინც ახლა ქეთის შეშინებას
ცდილობდა, დათო ყოფილიყო.
ისინი მაგიდასთან ისხდნენ და მეგობრულად საუბრობდნენ. მაგიდაზე ლუდი და
საჭმელი ეწყო. ლუკამ ის მაინც მოახერხა, რომ შიმშილის გრძნობა მოეკლა.
დათოს უთხრა, კარგი იქნება, ანასთან თუ წავალთო. მას ეს აზრი მოეწონა. სულ მალე
ისინი ქუჩაში იდგნენ და ტრანსპორტს ელოდებოდნენ.
ლუკამ ჯიბიდან თავისი მობილური ტელეფონი ამოიღო, დახედა და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
მერე დათოს მიუბრუნდა:
– ერთი ზარი გამაშვებინე რა, მე თანხა აღარ მაქვს ანგარიშზე!
ბიჭმა მობილური მისცა. ლუკამ სწრაფად და შეუმჩნევლად დაათვალიერა ,,გასულ
ზარებში” თუ ვისთან ჰქონდა მას დარეკილი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში.
,,ქეთისთან არც გუშინ და არც დღეს არ დაურეკავს“, – თქვა გულში.
აღმოჩნდა რომ დათო ქეთის არ ურეკავდა, ყოველ შემთხვევაში, მასთან ამ ნომრიდან
დარეკილი არ ჰქონდა. ,,გასულ ზარებში“ ქეთის ნომერი არ იყო, თუ, რა თქმა უნდა, დარეკვის
შემდეგ მის ნომერს არ შლიდა.
ლუკამ რაღაც ნომერი აკრიფა, ვიღაცას დაურეკა, რამდენიმე სიტყვა უთხრა, გათიშა და
მობილური პატრონს დაუბრუნა.
– გმადლობ.
– არაფრის.
– მისმინე, რაღაც მინდა გკითხო, ქეთი როგორ არის? ვიცი, ხშირად ხედავ და
მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობს?
– მე მას არც ისე ხშირად ვხედავ. ვინ გითხრა, თითქოს ხშირად ვხვდებით ერთმანეთს?
– მართალი ხარ, ხშირად არ ხედავ, შენ მას ხშირად ნახულობ! იქნებ კითხვაზე პასუხი
გამცე!
– მინდა გითხრა, რომ მას შენთან შერიგება არ სურს. უფრო მეტიც, მას შენ ეზიზღები. იცი,
დათო, ვერ ვხვდები რა გინდა?
– ამით რისი თქმა გინდა?
– ამით იმის თქმა მინდა, რომ შენ ისეთი ცუდი რამ ჩაიდინე... რა ვიცი, ამის პატიება
შეუძლებელია!
– შენ თვითონ რა ჩაიდინე?! – აგრესია შეეტყო დათოს. – მომენტით ისარგებლე და
დაუახლოვდი. ის ყოველთვის გიყვარდა, მაგრამ მას არ უყვარდი, ქეთის მე ვუყვარდი და
ვუყვარვარ! შენ, უბრალოდ, კარგ მომენტს დაელოდე და როცა ის მოვიდა, მშვენივრად
გამოიყენე! ქეთის ჩემს წინააღმდეგ ამხედრებ!
– დათო, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რა ბინდავს შენს გონებას! – მშვიდად უთხრა ლუკამ. –
მართალია, მე ყოველთვის მიყვარდა ქეთი, მაგრამ მის მოსაპოვებლად მასხარასავით არასდროს
გამოვწყობილვარ და თავზე რაღაც ძონძი არ ჩამომიფარებია. მე ქეთის შენს წინააღმდეგ არ
ვამხედრებ, მე მას ვეხმარები.
– დახმარებაში რას გულისხმობ?
– არაფერს, უბრალოდ, ვეხმარები!
დათო უკან გაბრუნდა და თავისი სახლისკენ წავიდა. ეტყობოდა, მეგობართან წასვლის
გუნებაზე აღარ იყო. ლუკამ თვალი გააყოლა და გაიფიქრა, თუ რა საშინელება შეიძლებოდა
ყოფილიყო ამ ადამიანში დამალული. სულ რამდენიმე წუთის წინ ის მასთან სახლში იყო, სადაც
მეგობარი ისე კარგად გაუმასპინძლდა, ახლა კი ეს ბიჭი თითქოს სრულიად სხვა ადამიანი
გამხდარიყო.
,,ნეტავ რას მალავს წყვდიადი? – თავისთვის ამბობდა ლუკა და სახლისკენ მიმავალ ბიჭს
უყურებდა. – ნეტავ რა იმალება შენს ბნელ ადგილში, დათო?“
ლუკა ანასთან აღარ წავიდა. დათოს იქ წასვლა იმიტომ შესთავაზა, რომ როგორმე მისი
მობილური ცოტა ხნით ხელში ჩაეგდო. სხვანაირად არ გამოვიდოდა. მისთვის სახლში რომ
ეთქვა, დამარეკინეო, სახლის ტელეფონიდან დაარეკინებდა.
სახლში წავიდა. მართალია, მისი სახლი ადამიანს სოროს უფრო მოაგონებდა, ვიდრე
ბინას, მაგრამ მაინც უყვარდა. მშობლების მომზადებულ ანდა მოტანილ საჭმელს არასდროს
ჭამდა. საჭმელს ყოველთვის თვითონ ყიდულობდა და იმზადებდა. ამჯერად ორი ხაჭაპური
იყიდა, რაც მისთვის სრულიად საკმარისი იყო.
თავის ოთახში შევიდა. ერთი ხაჭაპური ხელში ეჭირა და ჭამდა, მეორე კი პარკში ედო.
ოთახი ოთახს არაფრით ჰგავდა. ეს იყო ერთი პატარა სორო, რომელშიც ორი კარადა, ერთი
საწოლი, მაგიდა, ორი სკამი და სამი თარო იდგა. თაროები იატაკზე ეწყო და ადამიანი მაშინვე
შეამჩნევდა, რომ ცუდი ხელოსნის ,,შედევრებს“ ხედავდა. ეს პატარა ოთახი ამდენი ნივთით
გადატვირთული, არასდროს მოსწონდა, თუმცა აქ იყო რაღაც ისეთი, რასაც ის არავითარ
შემთხვევაში არ მოისვრიდა ნაგავში და რაც ძალიან უყვარდა. ეს იყო კომპიუტერი...
ამაზე ფიქრისთვის აღარ ეცალა. პარკი მაგიდაზე დადო და როდესაც ჭამა დაასრულა,
საწოლზე წამოწვა. უნდოდა, მხოლოდ იმაზე ეფიქრა, თუ როგორ დახმარებოდა ქეთის, მაგრამ არ
გამოსდიოდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში უბედური იყო და არაფერში უმართლებდა.
ყველაფერი, რისი გაკეთებაც კი სცადა, კრახით დასრულდა, მაგრამ იმედი მაინც მასთან
რჩებოდა. უკვე დიდი ხანი იყო, რაც ქეთი უყვარდა. მისთვის ბევრი რამ გააკეთა და აიტანა.
რამდენი ხანს ოცნებობდა და ნატრობდა იმ დღეზე, როცა ის მისი იქნებოდა. რამდენ საათს
გაევლო ამ საშინელ სოროში მასზე ფიქრში. რა არარეალური და დაუჯერებელი იყო ოცნების ის
ნაწილი, სადაც ის და ქეთი, ბოლოს და ბოლოს, ერთად იქნებოდნენ.
და აი, ეს დღეც დადგა. დადგა ეს საათი და ეს წუთი. ახლა ეს დრო დადგა. ახლა ისინი
ერთად იყვნენ, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა უცნობი. შესაძლო იყო, იგი სულაც არ ყოფილიყო
უცნობი და ძალიანაც ნაცნობი აღმოჩნენილიყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი ის იყო, რომ
უცნობს ერთი მიზანი ამოძრავებდა – ის ამ გოგონასთვის რაღაცის დაშავებას აპირებდა.
– მას უნდა, რომ ქეთის რაღაც დაუშავოს! – კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა ბიჭმა.
– დათო მანიაკია? – მშვიდად თქვა ჩაფიქრებულმა. – იქნებ ფსიქიკა აქვს შერყეული?
ნეტავ ვინ არის? ნეტავ რა უნდა? ნეტავ რას მალავს მისი ბნელი ადგილი?
ასე ვეღარ გაძლებდა. ქეთის დაურეკა და მოიკითხა. გოგონამ უთხრა, რომ კარგად იყო და,
თუ რამე დასჭირდებოდა, აუცილებლად დაურეკავდა:
– ლუკა, ახლაც ტელეფონთან ვზივარ, – ღრმად ამოისუნთქა ქეთიმ, – შავებში ჩაცმულ
უცნობს არ დაურეკავს, თუ დარეკავს, აუცილებლად შეგატყობინებ.
– ქეთი, ფრთხილად იყავი! – ღელავდა ბიჭი. – ეცადე, რომ სახლიდან არ გახვიდე!
ისევ უამრავი აზრი და ისევ წყვდიადი. მიუხედავად ამისა, ფიქრს აგრძელებდა.
იხსენებდა თავის იმ ცხოვრებისეულ მომენტებს, რომლებშიც ქეთიც იყო. იქნებ ისეთი რამ
გაეხსენებინა, რაც ამოცანის ამოხსნაში დაეხმარებოდა. იქნებ ისეთი რამ გახსენებოდა, რისი
საშუალებითაც ბნელ ადგილებს დაინახავდა.
უეცრად ერთი ადამიანი გაახსენდა – ქეთის მეზობელი. მართალია, არ იცნობდა, თუმცა
რამდენჯერაც ქეთისთან მივიდა, მგონი, იმდენჯერ დაინახა მის სადარბაზოსთან. უცნობი კარგ
ადამიანს არაფრით ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში, დადებითი პიროვნების შთაბეჭდილებას არ
ტოვებდა და ლუკას ყოველთვის თავის იდიოტურ მზერას მიაპყრობდა ხოლმე. თავიდან ლუკა
თვალს არიდებდა, ფიქრობდა, აინტერესებს, ვინ ვარო, მაგრამ მალე უცნობის იდიოტური მზერა
აუტანელი გახდა და როდესაც თვალი გაუსწორა, მისი იდიოტური მზერაც მაშინვე გაქრა.
დღემდე არ იცოდა და დღეს გაიგო, რომ მას პაატა ერქვა. იქნებ სწორედ პაატა იყო ის
ადამიანი, ვისაც ეძებდა? სავსებით შესაძლებელი იყო, ეს პაატა, უბრალო იდიოტი ყოფილიყო,
მაგრამ ვაითუ ბედის გამოცდა ცუდად დამთავრებულიყო! არა, გარისკვა ნამდვილად ცუდი
იქნებოდა!
სწორედ ამ მიზეზით ღამით ქეთის სახლთან მიდიოდა. გარისკვა არ უნდოდა. არ სურდა,
ეს გოგოგნა დაუცველი ყოფილიყო. მართალია, მისი მშობლები სახლში იყვნენ, მაგრამ ახლა ხომ
ბნელოდა, ღამე იყო, წყვდიადით მოსილი ღამე, რომელსაც ლამპიონები ოდნავ ანათებდნენ.
ქეთის სახლთან მივიდა, ცოტათი გასცდა კიდეც. გადასასვლელზე გადავიდა და
მოპირდაპირე შენობასთან შეჩერდა. აქედან ის სახლი კარგად ჩანდა, რომლისთვისაც თვალყური
უნდა ედევნებინა. სადარბაზოსთან ერთი-ორი ადამიანი იდგა. ერთი შეხედვით, ყველაფერი
რიგზე იყო.
– უცნობი რომ მოვიდეს? – თავისთვის თქვა ლუკამ. – ქეთის რამე, რომ დაუშავოს?
ახლა ის უფრო მეტად აფიქრებდა, თუ როგორ უნდა ამოეცნო დამნაშავე.
მოულოდნელად მისმა მობილურმა ტელეფონმა დარეკა.
– გისმენთ!
– ლუკა, მე ვარ, ქეთი!
ბიჭმა გოგონას ნაცნობი ხმა გაიგო, გული აუჩქარდა და ნერვულად ჰკითხა:
– მოხდა რამე?!
– კი, შავებში ჩაცმულმა უცნობმა დამირეკა და მისი ნომერი დაფიქსირდა – მობილურის
ნომერია!
– ძალიან კარგი! მშვენიერია! ნომერი მითხარი! – ჯიბიდან საწერკალამი და ბლოკნოტი
ამოიღო, გადაშალა, მუხლზე დაიდო და ნომერი დიდი გაჭირვებით ჩაიწერა. მერე ლამპიონთან
მივიდა, რათა დაენახა, რა ჩაიწერა. ძალიან გაუხარდა – ნომერი სწორად ჩაეწერა.
– ქეთი, დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ! – სცადა მისი დამშვიდება. მხოლოდ ახლაღა
შენიშნა, რომ ცრიდა. – ყველაფერი რიგზეა? სახლში რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავს?
– ყველაფერი რიგზეა.
– ძალიან კარგი. მისმინე, ეს ნომერი ხომ არ გეცნობა?
– არა, არ მეცნობა. საერთოდ არც კი ვიცი, ვისი შეიძლება იყოს. მე საიდან უნდა ვიცოდე?
– უბრალოდ გკითხე, ყოველი შემთხვევისთვის. ესე იგი, ყველაფერი რიგზეა და კარგად
ხარ?
– კარგად ვარ და ყველაფერი რიგზეა... ლუკა!
– რა იყო, ქეთი?
– დიდი მადლობა!
– რა მადლობა, რას ამბობ! ახლა უნდა დაგემშვიდობო, შენ კი ყურადღებით იყავი! სახლის
კარები შეამოწმე!
– აუცილებლად შევამოწმებ და კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას!
– ნახვამდის! – ლუკამ მობილური გათიშა.
უკვე მაგრად წვიმდა. სახლში მალე უნდა მისულიყო, რათა იქნებ როგორმე ინტერნეტით
ნომრის მფლობელის ვინაობა გაეგო. რატომღაც გადასასვლელზე გადავიდა. როცა ქეთის სახლს
ჩაუარა, სადარბაზოსთან აღარავინ იდგა. ზევით აიხედა და რაღაც დაინახა. წვიმის გამო თავი
დახარა. ეს რა იყო? რაღაც თუ ვიღაც? თვალები მოისრისა და ისევ ზევით აიხედა. წვიმის
წვეთები სახეზე ეცემოდნენ, კარგად ვერ ხედავდა, ამიტომ იყო, რომ შავებში ჩაცმული
თეთრსახიანი უცნობის დანახვამ ძალიან არ ააფორიაქა. უცნობი თითქოს ქეთის აივანზე იდგა
და ქვემოთ – პირდაპირ მას უყურებდა.
წვიმის გამო კიდევ დახარა თავი. თვალები მოისრისა, მერე კიდევ ერთხელ აიხედა ზევით
- უცნობი ისევ იქ იდგა.
– ქეთი, ქეთი, შენ ხარ?! ლუკა ვარ, თუ შენ ხარ, მიპასუხე! – ყვიროდა ლუკა, მაგრამ
უცნობი პასუხს არ სცემდა.
,,იქნებ ქეთია და წვიმის ხმაურში ჩემი ხმა არ ესმის?“ – თქვა გულში ბიჭმა.
მაშინვე სადარბაზოში შევიდა, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და გოგონას
დაურეკა.
– გისმენთ! – მაშინვე გაისმა ქეთის ხმა, თითქოს იცოდა, რომ დაურეკავდნენ.
– აივანზე ხარ? – ბიჭი სადარბაზოდან გავიდა.
– არა, მისაღებ ოთახში ვარ. რატომღაც აქ მინდა რომ დავიძინო.
ლუკამ ზევით აიხედა - აივანზე აღარავინ იდგა. უცნობი აივანზე აღარ იდგა და მას აღარ
უყურებდა.
– იცი, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს. შენს სახლთან ვარ, ამოვალ და ჩუმად გამიღე
კარები.
– კარგი, ამოდი! – მშვიდად უთხრა გოგონამ.

***

– რას ეძებ, ქეთი? - ჰკითხა ნინომ.


– ნომერს, – ქეთი ყურადღებით ათვალიერებდა უჩას ტელეფონების წიგნაკს.
– ვის ნომერს ეძებ? – გოგონამ ფრჩხილებზე მანიკურის წასმა დაიწყო.
– თუ გაინტერესებს, გეტყვი, რომ ახალი ტელეფონის აპარატის ყიდვა, სულაც არ იყო
უაზრობა. შავებში ჩაცმულმა უცნობმა კიდევ ერთხელ დამირეკა და მისი ნომერი დაფიქსირდა.
– აჰა, ეგ ძალიან კარგია! იცი, რა მაინტერესებს?
– ნინო, იცი რა, მოდი, მანიკური წაისვი და თავი დამანებე! მეც მაინტერესებს, ვინ არის
შავებში ჩაცმული უცნობი, მაგრამ შენ არ მეუბნები და ამიტომ, მეც არაფერს გეტყვი, თუმცა ჯერ
შეკითხვაც არც დაგისვავს და რაზე უნდა გიპასუხო? – გაიცინა ქეთიმ.
– როგორც გინდა! – უკმაყოფილო ნინომ ფრჩხილებს შეუბერა. – მე ვიცი, ლუკა აქ
რატომაც ამოვიდა. ეგონა, რომ სახლში შავებში ჩაცმული უცნობი იყო.
– ასე არ უთქვამს. მითხრა, ცუდი წინათგრძნობა მაქვსო და სწორედ ამის გამო ამოვიდა
სახლის შესამოწმებლად.
– რა რომანტიკულია! – ვნებიანად თქვა ნინომ.
– ვიპოვე! – წამოიყვირა გახარებულმა და გაღიმებულმა ქეთიმ. – ნომერი ვიპოვე!
– ვისი ნომერია?
– პაატა ბახტაძის ნომერია! პაატა, ჩემი მეზობელი, პაატა! გამოდის, რომ შავებში ჩაცმული
უცნობი პაატაა! ნინო, მკვლელი ხომ ის არის?
– რატომ უნდა გითხრა?
– ჰოდა, არ მითხრა და ეგ შენი საიდუმლო მაგრად შეინახე! მე უკვე ვიცი, ვინც არის
მანიაკი და ახლა შენს ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს!
– ძალიან კარგი! – მაცდურად გაიღიმა გოგონამ. – ახლა უკვე იცი, ვინც არის მანიაკი. რას
აპირებ? რის გაკეთებას აპირებ? – გაიცინა ნინომ. - ვერაფერსაც ვერ იზამ!
ქეთიმ მობილური ტელეფონი აიღო და ლუკას დაურეკა.
– გისმენ! – გაისმა ნაცნობი ხმა.
– ლუკა, ნომრის მფლობელის ვინაობა გავიგე. შავებში ჩაცმული უცნობი, პაატა ბახტაძეა!
ის პაატა, რომელზეც გუშინ მკითხე, ხომ ხვდები, ვისზეც გეუბნები?
– კი, მახსოვს. ახლა სად ხარ?
– ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და სახლში დავრჩი, მერე მამაჩემის ტელეფონების წიგნაკში
ნომრის ძებნა დავიწყე და ვიპოვე კიდეც.
– მეც სახლში ვარ და ახლავე შენთან წამოვალ! ერთად მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ და
როგორ მოვიცილოთ პაატა თავიდან.
– გელოდები!
ქეთი სულმოუთქმელად ელოდა ლუკას მოსვლას. ეს იყო ძალიან დიდი დღე. ამ დღეს
გაიგო, მანიაკი ვინც იყო. ეს დღე კიდევ იმით იყო აღსანიშნავი, რომ კიდევ ერთი რამ გაიგო
საკუთარ თავზე – ძალიან ჭკვიანი იყო! ჯერ ერთი, რა ძლიერი გონება სჭირდებოდა იმის
მიხვედრას, რომ დათომ შეაშინა. შეიძლება ითქვას, რომ როგორც კი მოინდომა, ეს თავსატეხი
სულ იოლად ამოხსნა, ახლა კი შავებში ჩაცმული უცნობის ვინაობაც გაიგო და მისთვის ბოლოს
მოღებას აპირებდა.
– ნინო, ხომ ხედავ, რომ ჩემს პირობას ვასრულებ! – ღიმილით უთხრა ქეთიმ და ჩაფიქრდა.
როგორ უნდა მოეღო ბოლო შავებში ჩაცმული უცნობისთვის? რა უნდა გაეკეთებინა?
საჭირო იყო თუ არა ლუკა? ლუკა ნამდვილად საჭირო იყო, თუმცა მას აქამდე ბევრი არაფერი
ჰქონდა გაკეთებული და არც ამის შემდეგ გააკეთებდა. ის მხოლოდ მარიონეტი იყო, რომელიც
მის ბრძანებებს ასრულებდა. ყველაფერს თვითონ ქეთი აკეთებდა კარგი თვისებებისა და
უნარების დამსახურებით.
უკვე მოფიქრებული ჰქონდა, თუ როგორ შეაჩერებდა შავებში ჩაცმულ უცნობს. ეს სულ
რამდენიმე წუთში მოიფიქრა და მართალია, ამის გაკეთება რთული იქნებოდა, თუმცა
სხვანაირად არ შეიძლებოდა. სანამ მანიაკი თავისუფალად ივლიდა ქალაქის ქუჩებში, ის ვერ
მოისვენებდა და გამუდმებით შიში დატანჯავდა.
ცოტა ხნის მერე ქეთი და ლუკა საწოლზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ:
– ლუკა, ჩვენ უკვე ვიცით მანიაკის ვინაობა. ახლა რამე უნდა ვიღონოთ და შევაჩეროთ!
სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ სანამ ის თავისუფალია, ჩვენ საფრთხე გვემუქრება!
– საფრთხე ანასაც ემუქრება!
– მე ანაც ვიგულისხმე, მაგრამ მოდი, ამაზე დროს ნუ დავკარგავთ! იცი, ერთი კარგი იდეა
მაქვს!
– რა იდეა?
გოგონამ დაწვრილებით უამბო, თუ რის გაკეთებას აპირებდა მისი დახმარებით.
– კარგი იდეაა! – უთხრა ჩაფიქრებულმა ლუკამ. – ახლა ჩვენ სხვა არაფრის გაკეთება არ
შეგვიძლია. დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს დაგიშავებს? ამის გაკეთებას დიდი გამბედაობა
და გამძლეობა სჭირდება.
– ასეთ სიტუაციაში ვერაფერს გაბედავს! ეს ერთადერთი გამოსავალია და მე ამას
გავაკეთებ! ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ, შემდეგ კი მოვიფიქრებთ, როგორ მოვკლათ. ღმერთო,
მიშველე! ხომ მიხვდი?
– რა თქმა უნდა, მივხვდი!
– მოდი, გავისეირნოთ! – ღიმილით შესთავაზა ქეთიმ.
– გავისეირნოთ! – დაეთანხმა ლუკა.
ისინი ადგნენ და კარებისკენ წავიდნენ. სანამ გავიდოდნენ, გოგონამ კარადიდან
ქურთუკი გამოიღო. ბიჭმა კარადაში ქალის შავი კაპიუშონიანი სპორტული ქურთუკი და შავი
ჯინსის შარვალი დაინახა.

თავი 10
უკვე კარგად დაღამებული იყო, როცა პაატას ქუჩაში ყოფნა მობეზრდა, სახლისკენ წავიდა
და თავის სადარბაზოში შევიდა.
– პაატა! – გაიგო ხმა, რომელიც სარდაფის მხრიდან ისმოდა და სარდაფში ჩამავალი
კიბისკენ გაიხედა.
კიბეზე ვიღაც იდგა.
– რომელი ხარ? – ჰკითხა ბიჭმა უცნობს.
– მე ვარ, ქეთი! მოდი, შენთან რაღაც საქმე მაქვს!
პაატამ დაინახა - მართლა ქეთი იყო. უცნაურად მოეჩვენა, თავიდანვე რომ ვერ იცნო.
სადარბაზოს ნათურა სუსტად ანათებდა, მაგრამ ბიჭმა მაინც კარგად დაინახა – გოგონას თეთრი
პერანგი და ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა და ისიც
მაშინვე მისკენ წავიდა, იმის გასაგებად, თუ რა უნდოდა.
– რამე მოხდა? – ჰკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა და ქეთის მორჩილად გაჰყვა.
ისინი სარდაფში შევიდნენ, უკუნეთ სიბნელეში. ეს ადგილი მთლიანად სიბნელით იყო
მოცული. არც ერთი ნათურა, მხოლოდ და მხოლოდ სიბნელე. სიბნელე, რომელშიც ადამიანის
შავი სილუეტი ძლივს შეიმჩნეოდა. სიბნელე, რომელშიც ვერავის ვერ გაარჩევდი და რომლის
საუკეთესო მეგობარიც შიში იყო.
პაატა ვერც კი ხვდებოდა, თუ რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. რა იცოდა, იქ რა ელოდა.
ამიტომ არ შეშინებია და არც უკან დაუხევია. გოგონას უკან მიჰყვებოდა, მათ უკან კი სარდაფის
კარი უკვე დაკეტილი იყო. სულ რაღაც ორი მეტრი რომ გაიარეს, გოგონა შეჩერდა.
– აბა, მითხარი, აქ რისთვის ვართ?– ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.
მან მხოლდ იმის დანახვა მოასწრო, თუ როგორ შემობრუნდა მისკენ ქეთი, შემდეგ კი
შუბლზე ტკივილი იგრძნო და ძირს უგონოდ დაეცა...
გონზე მოსვლის შემდეგ რამდენიმე წამი დასჭირდა იმისთვის, რათა გაეცნობიერებინა,
თუ სად იმყოფებოდა. ტკივილი იგრძნო. საშინლად სტკიოდა თავი და შუბლიდან სისხლი
სდიოდა.
– მიშველეთ! – პაატამ საშინელი კივილის ხმა გაიგო. ეს კაცის ხმა არ იყო. ვიღაც გოგონა
განწირული ხმით კიოდა და შველას ითხოვდა.
ძალა არ შესწევდა, რომ ამდგარიყო, ამიტომ მუცელზე გადაბრუნდა და კარებისკენ
გაიხედა. ვიღაც დაინახა. უკუნეთ სიბნელეში ადამიანის სილუეტი მოჩანდა. სილუეტი
ნაწილობრივ თეთრი იყო, ნაწილობრივ კი წყდიადით მოცული და ბნელი.
– მიშველეთ! გთხოვთ მიშველეთ! ხალხო, სად ხართ, გადამარჩინეთ! დამეხმარეთ! მას
ჩემი მოკვლა უნდა, გთხოვთ ვინმემ გადამარჩინეთ!
პაატას ძალიან შეეშინდა. ფეხზე წამოდგა. შუბლიდან ისევ სისხლი სდიოდა და თავიც
ძალიან სტკიოდა, განსაკუთრებით შუბლი. გაოგნებული აქეთ-იქით იყურებოდა და ვერ
მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.
,, - ღმერთო ჩემო, ნეტავ აქ რა მოხდა? სად გაქრა ქეთი?..” – გაიფიქრა ბიჭმა.
უეცრად მის წინ სიბნელეში მდგომმა ადამიანმა სარდაფის კარი გააღო. სუსტი შუქი
შემოიჭრა და წყვდიადის საშინელი ფარდა ოდნავ გაანათა. ადამიანმა რამდენიმე ნაბიჯი
გადადგა, კიდევ ერთხელ დაიძახა, დამეხმარეთო, და ძირს უგონოდ დაეცა.
ეს იყო ქეთი. მის წინ, სულ რამდენიმე მეტრში ქეთი ეგდო. სულ სხვანაირი, პირქვე იწვა.
მისი თეთრი პერანგი თითქმის ნაფლეთებად ქცეულიყო და აქა-იქ სისხლიც მოჩანდა.
გაოგნებულმა და შეშინებულმა პაატამ კარგად ვერც კი დაინახა, ის როგორ გამოიყურებოდა.
უცებ კიბეებიდან ხმაური შემოესმა. სარდაფის კართან რამდენიმე მეზობელი და მათ
შორის ქეთის დედ-მამაც გაჩნდნენ.
– შვილო, რა მოგივიდა! – შეჰყვირა უჩამ.
– ვაიმე, მგონი, მკვდარია! – ტიროდა ნათია. – ვაიმე, შვილო! ღმერთო, გთხოვ ჩემი ქეთი
გადაარჩინე!
პაატა ისევ გაოგნებული და შეშინებული იდგა. დაბნეულობისგან თავში უამრავი აზრი
მოსდიოდა. რა უნდა ექნა? წყვდიადის ფარდას გასცლოდა და სინათლეში გასულიყო? ასე თუ
მოიქცეოდა, შესაძლო იყო, ყველაფერი მისთვის დაებრალებინათ. აბა, რა ჯანდაბა უნდა ექნა?!
ასე დასისხლიანებული ხომ არ იდგებოდა აქ? კი მაგრამ, ნეტავ რა უნდა მომხდარიყო? ან ვინ
შეიძლებოდა, ქეთის თავს დასხმოდა?
უეცრად გოგონა გონზე მოვიდა. ჯერ ყველა გარს შემოეხვია, მერე კი ცოტა უკან დაიხიეს,
მისთვის სუნთქვის საშუალება რომ მიეცათ. მთელი სამეზობლო იქ იდგა. პოლიციასა და
სასწრაფოში რამდენჯერმე დარეკეს.
ქეთი ფეხზე წამოდგა და ატირებული დედ-მამას ჩაეხუტა.
თავი გატეხილი, ნახევარი სახე კი სულ მთლად სისხლიანი ჰქონდა. ნაფლეთებად ქცეული
თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი მარჯვენა ფეხზე – მუხლიდან კოჭამდე სისხლით ჰქონდა
დასვრილი...
– ,,შავით მოსილი მკვლელი!“ – დაიძახა ერთ-ერთმა იქ მყოფმა და ყველანი პაატას
მიაჩერდნენ.
მათ ვერ დაინახეს იქ ვინ იდგა, მაგრამ საშინლად შეშინებულები იყვნენ და ეჭვიც არ
შეჰპარვიათ იმაში, რომ სარდაფში მდგომი უცნობი ,,შავით მოსილი მკვლელი“ იყო.

***

ნამდვილად ძნელი იყო ამის გაკეთება, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა. პაატა
ქუჩაშიც და სადარბაზოშიც თითქმის ყოველთვის უბნელებთან ერთად იყო, ამიტომ ლუკამ
რამდენიმე დღე უთვალთვალა და როგორც კი დაინახა, რომ სადარბაზოსკენ მარტო წავიდა,
მაშინვე ქეთის დაურეკა.
ქეთიმ თავისი ჩანაფიქრი მშვენივრად განახორციელა. ქვა, რომელიც პაატას თავში
მოხვდა და შუბლი გაუტეხა, უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც მას შარვლის ჯიბეში ედო. ის ჯერ
პაატასთან მივიდა, ხელი თავის პერანგზე ჩაავლებინა, რამდენიმე ადგილას გაგლიჯა და
თითქმის მთლიანად ნაფლეთებად აქცია. მერე დაიწყო ყველაზე მტკივნეული და რთული
პროცესი: თავი კედელს იქამდე ურტყა, სანამ შუბლიდან სისხლი არ წამოუვიდა, მერე სარდაფში
დაყრილ ქვებს მარჯვენა მუხლი რამდენჯერმე მაგრად დაარტყა. ეს ბევრად უფრო მტკივნეული
იყო, ვიდრე კედელზე თავის მირტყმა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამის გაკეთება სულ რაღაც
ხუთიოდე წუთში მოასწრო და ტკივილისგან ცრემლებიც ღაპა-ღუპით მოსდიოდა.
ამ ყველაფრის შემდეგ გეგმის ყველაზე ადვილი ნაწილის შესრულების დროც დადგა. ეს
იყო ყვირილი და დახმარების თხოვნა. ეს იყო თავის მოკატუნება, თითქოს უგონოდ იყო…

***

– ესე იგი, ,,შავით მოსილი მკვლელი“ შენი მეზობელია? – ჰკითხა გაკვირვებულმა


გიორგიმ.
გოგონამ თავი ასწია და ოთახს თვალი მოავლო:
– აბა რავიცი, პოლიციას ჯერ არ დაუდგენია.
- ქეთი, ეგ პაატა რომელია? - დათომ მასთან უფრო ახლოს მიიწია. - ეგ ის ხომ არ არის,
რაღაც გიჟური გამოხედვა, რომ აქვს?
– კი, ეგ არის, – გოგონამ იგრძნო, რომ ამ ბიჭის სიახლოვე მოსწონდა და სიამოვნებას
ჰგვრიდა.
– თუ ეგ პაატა არის მანიაკი... – თქვა ჩაფიქრებულმა სანდრომ, – თუ ეგ არის ,,შავით
მოსილი მკვლელი“, მაშინ ისიც გასაგებია, ნინო რატომაც მოკლა.
– რატომ მოკლა? – დაინტერესდა გიორგი.
– ნინო ხომ ქეთისთან მოდიოდა ხოლმე, ჰოდა, მანიაკმა დაინახა, ამოიჩემა და მოკლა
კიდეც.
– სანდრო, იქნებ გაჩუმდე! – თვალები დაუბრიალა დათომ და ქეთის მოეხვია.
– რატომ?! სავსებით შესაძლებელია ის, რასაც სანდრო ამბობს, - ლუკამ ქეთის და დათოს
ალმაცერად გადახედა.
– ამან ხომ გააჭირა საქმე ამ თავისი ფსიქოლოგიით! – აგდებულად თქვა დათომ, მერე
ქეთის მიუბრუნდა და მზრუნველობითა და თანაგრძნობით ჰკითხა: – თავი ხომ არ გტკივა?
– არა, - უპასუხა ქეთიმ, რომელსაც თავზე და მარჯვენა მუხლზე, ექიმების მიერ თეთრი
სახვევები ჰქონდა შემოხვეული.
– რა საშინელებაა! გამოდის, რომ ეგ შენი მეზობელი შეშლილია! – უთხრა ანამ ქეთის.
– მართალი ხარ, ანა! – ისეთივე უცნაური კილოთი ალაპარაკდა სანდრო, როგორც წინათ
ლაპარაკობდა ნინოს სიკვდილზე, – მართლაც საშინელებაა, როდესაც ადამიანს დიდი ხნის
განმავლობაში იცნობ და ჩვეულებრივი გგონია, ის კი ამ დროს ასეთი საშინელებაა!. ის
მკვლელია! ის მანიაკია და მას ადამიანების მოკვლა სიამოვნებას ანიჭებს! ადამიანი, რომელიც
უბრალო უსაქმურისა და ქუჩის ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მანიაკი აღმოჩნდა! ნეტავ ამის
შემდეგ კიდევ იტყვის ვინმე, მე ადამიანების შინაგანი სამყაროს დანახვა შემიძლიაო...
ქეთის სანდროს ასეთი ლაპარაკის მანერა ისევ უცნაურად მოეჩვენა.
,,ასე რატომ ლაპარაკობს? - გულში ამბობდა გოგონა. - უნდა რომ ძალიან ჭკვიანი
გამოჩნდეს? იქნებ, უბრალოდ, ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს? კი მაგრამ, ის ხომ ადრეც
ასე ლაპარაკობდა? მართალია, მაგრამ ახლა ასეთ საშინელ თემებზე, რატომ დაიწყო მსგავსი
ტონით ლაპარაკი?..“
– ესე იგი, ლეგენდა ,,შავით მოსილ მკვლელზე“ უკვე დაიმსხვრა! – თავის ქნევით თქვა
სანდრომ და წარბები ასწია. – მაგ მანიაკზე რას არ ამბობდნენ. ეგ ადამიანი ლეგენდად იქცა და
ვფიქრობ, მისთვის ,,შავით მოსილი მკვლელი“ კი არა, ,,ქალაქის ტერორი“ უნდა დაერქმიათ!
– რაც უნდა ყოფილიყო, მთავარი ის არის, რომ ახლა მანიაკი ციხეშია! – თქვა დათომ.
– ლეგენდა ქრება! – ისევ თავის ქნევით თქვა სანდრომ.
– ჯერ უნდა დაუმტკიცონ, რომ მანიაკია, – წამოდგა გიორგი, – იქნებ ის არ არის მანიაკი
და ქეთის, ისე, უბრალოდ დაესხა თავს?!
– აუ, ბიჭო, რა სისულელეს ამბობ! – შეუტია დათომ, რომელსაც მისი ნათქვამი არ
მოეწონა. – ეგ არის მანიაკი! აბა, ვინ არის? ეგ შეშლილი ქეთის თავს დაესხა და მისი მოკვლა
უნდოდა!
– თავს დამესხა, სარდაფში ჩამათრია და ჩემი მოკვლა სცადა, – ქეთიმ განგებ ტირილი
დაიწყო.
– მგონი, ჩვენი წასვლის დროა! – თქვა გიორგიმ.
ქეთის და ნათიას (რომელიც თავის ოთახში იყო და სტუმრების წასვლის დროს
გამოვიდა) ყველანი დაემშვიდობნენ და წავიდნენ. მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა – დათო.
ის და ქეთი მისაღებ ოთახში, რბილ დივანზე, გვერდიგვერდ ისხდნენ.
– ქეთი, ვიცი, ამის დრო არ არის, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა.
– ვიცი, რაც უნდა მითხრა. შერიგება გინდა.
– არა, იმის თქმა მინდა, რომ მარტო არასდროს აღარ დაგტოვებ. აღარ მაინტერესებს
შემირიგდები ან გძულვარ თუ არა. მე შენ მარტო არასდროს დაგტოვებ!
ისინი გადაეხვივნენ და ერთმანეთს აკოცეს. დათოსთან განშორებამ ქეთი თითქოს
წარსულს მოსწყვიტა, იმ მშვენიერ წარსულს, რომელშიც კარგად და ბედნიერად ცხოვრობდა. მას
ჰყავდა არაჩვეულებრივი შეყვარებული, მზრუნველი მშობლები და კარგი მეგობრები. ჰქონდა
მშვენიერი სახლი და ფული. მეტი რა უნდა ენატრა ადამიანს? მის შემთხვევაში არაფერი.
სავსებით კმაყოფილი იყო და მხოლოდ მომავლისგან ელოდა წარმატებას. უეცრად, რაღაც მოხდა
და ყველაფერი, რაც კარგი იყო გააქრო. კი მაგრამ, ეს რა იყო? ის პატარა ოთახი, რომელშიც
დათომ დააწვინა... რაღაც უცნაური ხმა...
უცებ გოგონამ უკან გაიწია და ბიჭს მოშორდა. ისეთი სახე ჰქონდა, კაცი იფიქრებდა,
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაახსენდაო და არც შეცდებოდა.
– რა მოხდა? – დაინტერესდა გაკვირვებული დათო.
– გახსოვს, რაც მითხარი?
– რაზე ამბობ?
– თავიდან მომიყევი, როგორ შემაშინე...
– ქეთი, არ ღირს...
– მინდა, რომ მომიყვე, აუცილებლად უნდა მომიყვე! –გოგონას ნერვიულობა შეეტყო.
– კარგი, დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოგიყვები. ეგ საშინელი აზრი,
ალბათ, სიმთვრალის გამო...
– ეგ არ მაინტერესებს. იმ ადგილიდან მომიყევი, როცა ჩემი შეშინება დაიწყე.
– კენჭები ავიღე და ფანჯარას რამდენჯერმე ვესროლე, – დაიწყო დაბნეულმა და
შერცხვენილმა დათომ.
– მერე, მეტი არაფერი?
– დამაცადე, ხომ ხედავ, გიყვები.
– მაგ დროს მეტი არაფერი არ გიქნია?
– არა. მეტი რა უნდა მექნა? რა ხდება, ქეთი? იქნებ მითხრა, რაზე მელაპარაკები?!
– მე რაღაც ხმაც გავიგონე. ეს ხმა კნავილს ჰგავდა და, თუ ეს შენ არ იყავი, აბა, ვინ იყო?
– იცი, არ მახსოვდა, მაგრამ რომ მითხარი გამახსენდა. მე რაღაც საშინლად ამაზრზენი
ხმა... ამოვუშვი. იცი, ეგ საშინელი ამბავი ჩემთვისაც ისეთივე ცუდი გასახსენებელია, როგორც
შენთვის, ამიტომ ვცდილობ, რომ დავივიწყო და შენც დაგავიწყო.
ბიჭმა კიდევ ბევრი რომანტიკული სიტყვა წარმოთქვა, ბოლოს კი მისი წასვლის დროც
დადგა.
როდესაც წავიდა, ქეთი თავის ოთახში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და დაფიქრდა. იქნებ
დათომ არც შეაშინა და იმიტომ მოატყუა, რომ როგორმე შერიგებოდა? მეორეს მხრივ
აღსანიშნავი იყო ერთი რამ – რაც პოლიციამ ,,შავით მოსილი მკვლელის“ ძებნა დაიწყო, ეს ბიჭი
შავ ტანსაცმელს გამოემშვიდობა და უფრო ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.

***

ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ქეთი გაოცებული იყო თავისი უნარით.


როდესაც პროკურატურაში მიიყვანეს, გამომძიებელმა, ვახტანგ კეკენაძემ, რომელსაც უკვე კარგა
ხანი იყო, რაც იცნობდა, კითხვები დაუსვა. ამ კითხვებიდან მისთვის ბევრი სასიამოვნო
აღმოჩნდა.
– ვიცი, ძალიან მძიმე რამ გადაიტანე, მაგრამ კარგი იქნება, თუ შეკითხვებზე მიპასუხებ, –
მშვიდად უთხრა გამომძიებელმა.
– დიახ, – გოგონამ ოთახს თვალი მოავლო.
– მაინტერესებს, როგორი ადამიანია პაატა ბახტაძე?
– იცით, ის ყოველთვის ჩვეულებრივი, თუმცა ამასთანავე აბეზარი და ამპარტავანი იყო.
ქუჩაში ხშირად რჩებოდა გვიანობამდე.
– აი, აი, ზუსტად ეგ მაინტერესებს! – უთხრა ცოტათი აღელვებულმა გამომძიებელმა. –
მოდი, შენ ის მითხარი, საიდან იცი, ქუჩაში გვიანობამდე რომ რჩებოდა ხოლმე? – დამშვიდდა
კეკენაძე.
– მთელი ცხოვრება მეზობლები ვართ.
– კარგი. ნინო ქადაგიძე შენთან სტუმრად ხშირად მოდიოდა?
– დიახ, საკმაოდ ხშირად.
– პაატა ნინოს იცნობდა?
– არ იცნობდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ნინო ჩემთან საკმაოდ ხშირად მოდიოდა
და ვფიქრობ, რომ მას ის ბევრჯერ ჰყავდა ნანახი. ერთხელ ნინოზე მკითხა კიდეც.
– რა გკითხა?
– აინტერესებდა, ვინ იყო ის გოგონა, რომელიც ჩემთან მოდიოდა და სად ცხოვრობდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ ნინოზე გეკითხებოდა?
– ზუსტად ამიღწერა მისი გარეგნობა და ჩაცმის სტილი.
– კარგი, ქეთი! დიდი მადლობა! თავისუფალი ხარ! თავს გაუფრთხილდი და აღარაფერზე
ინერვიულო! ყველაფერი კარგად იქნება! - გამომძიებელს სახეზე რაღაც საშინლად მაცდური და
ამასთანავე კმაყოფილებით აღსავსე ღიმილი მოეფინა, რომელიც მისკენ იყო მიმართული.
ამ საუბრის დროს ქეთის საერთოდ არ უთქვამს ტყუილი, გარდა იმისა, ვითომ პაატა თავს
დაესხა და მისი მოკვლა უნდოდა. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო. ტყუილი, რომლის თქმაც მას
არ გასჭირვებია. ის მიხვდა, რასაც ფიქრობდა გამომძიებელი - მანიაკი პაატა იყო და ამაში არც
ცდებოდა.
მთავარი ის იყო, ქეთიმ თავი გაართვა და სასამართლო დარბაზშიც კარგად იცრუა. პაატას
ან ციხეში მოკლავდნენ, ან ის და ლუკა მოაკვლევინებდნენ.
თანდათან ყველაფერი ცუდი და უსიამოვნო მიდიოდა. ძველი ცხოვრება ბრუნდებოდა.
ხშირად ხედავდა ძველ მეგობრებს და, რაც მთავარი იყო, დათოს შეურიგდა. შიშიც წარსულს
ბარდებოდა, მაგრამ ღამით ქუჩაში გასვლისგან ჯერ-ჯერობით მაინც თავს იკავებდა.
უსაფრთხოებისა და ბედნიერების დაბრუნება რთული იყო, მაგრამ მან შეძლო ამის
გაკეთება. რამდენჯერმე მასთან ნინოს მშობლები მივიდნენ. ისინი მთელი გულითა და სულით
ცდილობდნენ, გაჭირვების დროს მხარში დასდგომოდნენ.
ჟურნალისტებიც მრავლად მოდიოდნენ ქეთისთან, მაგრამ მათთან ლაპარაკი არ სურდა.
ერთხელ ნინომ ჰკითხა:
– ქეთი, ჟურნალისტებს რატომ არ აძლევ ინტერვიუს? შენ ხომ მოგწონს ყურადღების
ცენტრში ყოფნა? ჰოდა, ეს შანსი გამოიყენე.
– უკვე საკმაოდ ცნობილი ვარ!
თავიდან უნივერსტიტეტში სწავლის გაგრძელება საშინელება იყო. მართალია, მოსწონდა
ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ყველა სცნობდა,
ყველა უყურებდა და ყველა რაღაცას ეკითხებოდა:
– ესე იგი, შავით მოსილი მკვლელი შენი მეზობელია? – ეკითხებოდა ერთი.
– ნინო ქადაგიძე შენი კლასელი და დაქალი იყო? – ეკითხებოდა მეორე.
– ქეთი, ,,შავით მოსილ მკვლელს“ თავი როგორ დააღწიე? – ეკითხებოდა მესამე.
გოგონა ყველა მათ კითხვას პასუხს სცემდა, რაც ძალიან დამღლელი იყო.
მოულოდნელად ყველაფერი უარესობისკენ შეტრიალდა. პაატას ნინოს მკვლელობა ვერ
დაუმტკიცეს. მისი თითის ანაბეჭდები, მკვლელის თითის ანაბეჭდებს არ შეესაბამებოდა. გარდა
ამისა, ალიბი ჰქონდა. იმ ღამეს, როდესაც ნინო მოკლეს, პაატა სახლში მეგობრებთან ერთად
ქეიფობდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მის ალიბს მისივე მეგობრები ადასტურებდნენ.
თავდასხმის, ფიზიკური შეურაცყოფის მიაყენებისა და გაუპატიურების მცდელობისთვის
(ქეთიმ თვითონ თქვა, რომ პაატას მისი გაუპატიურება უნდოდა), ამ შეშლილს მხოლოდ
რამდენიმე წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
– ახლა რა ვქნათ? – ჰკითხა ქეთიმ ლუკას.
– გამოდის, რომ პაატა ან არ არის მანიაკი, ან თანამზრახველი ჰყავს. მე მართვის მოწმობა
ავიღე და იქ წავალ, სადაც საჭიროა. ხომ ხვდები რასაც გეუბნები?
– ვხვდები. კარგია, რომ იმ ღამეს, როცა პაატა სარდაფში შევიტყუე, ,,ღმერთო მიშველეს“
დაძახება არ დამჭირდა.
– ჩვენ ხომ შევთანხმდით, თუ ,,ღმერთო მიშველეს“ დაიძახებდი, ესე იგი, საქმე ცუდად
იყო და საშველად უნდა მოვსულიყავი. შენ ძალიან ხმამაღლა ყვიროდი, შენი მეზობლები კი
რატომღაც საკმაოდ გვიან მოვიდნენ.
გოგონამ თავი გააქნია. ზარის ხმა გაისმა – მეგობრები მოვიდნენ. ქეთი ოთახში შევიდა,
ლუკაც უკან გაჰყვა. მეგობრების დანახვა ესიამოვნა. ყველანი სამზარეულოში შეიყვანა – სუფრა
უკვე გაშლილი იყო.
– გამარჯობა! – მიესალმა სტუმრებს ნათია, რომელიც საგანგებოდ გამოვიდა თავისი
ოთახიდან.
გულთბილი მიესალმებისა და მოკითხვის შემდეგ, ნათია ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.
მაგიდა პატარა იყო და კარგად მოკალათება გაუჭირდათ. გოგონამ ინანა, რომ სუფრა
მისაღებ ოთახში არ გაშალა.
– ქეთი, შენ ისეთი მაგარი ხარ! – ეუბნეოდა გიორგი და თან შემწვარ კარტოფილს თეფშზე
იღებდა. – ,,შავით მოსილი მკვლელი“ შეაჩერე! ყოჩაღ! მართლა მაგარი ხარ!
– ეგ ბიჭი არ არის ,,შავით მოსილი მკვლელი“, – უკმაყოფილოდ თქვა სანდრომ.
– აბა, ვინ არის? – ჰკითხა გიორგიმ.
– უბრალო ავარდნილი და ქუჩის ბიჭია, – სანდრომ თავი ასწია, – მაგის ანაბეჭდები,
მანიაკის ანაბეჭდებს არ დაემთხვა. ყველაფერი აქ მთავრდება.
– ოჰო, აქ ვინ ყოფილა! – თქვა გიორგიმ და ყველამ სამზარეულოში შემოსულ ლუკას
შეხედა.
ლუკა ყველას მიესალმა და მოიკითხა. ამ დროს ქეთიმ განგებ შეხედა დათოს. მას
საშინლად გაბოროტებული სახე ჰქონდა და ლუკას ბოღმით სავსე თვალებით უყურებდა. ამის
შემხედვარე ადამიანი იფიქრებდა, რომ ეს ბიჭი მზად იყო, ლუკა მოეკლა. იქნებ მართლაც ასე
იყო? იქნებ დათო მართლაც მზად იყო, რომ ლუკა მოეკლა?..
– აქ ისედაც ბევრნი ხართ. არ შეგაწუხებთ, – თქვა ლუკამ და კარებისკენ გაბრუნდა.
– მოიცა, სად მიდიხარ? მოდი, დაჯექი! – შესთავაზა გიორგიმ.
– არა, არა, – თავი გააქნია ბიჭმა და ოთახიდან გავიდა.
მალე ყველანი მისაღებ ოთახში გავიდნენ. ლუკა დივანზე იჯდა და ტელევიზორს
უყურებდა.
– ვააა, ლუკა ნახე, რა! – ღიმილით თქვა გიორგიმ.
– რა იყო ბიჭო, ტელევიზორს ვუყურებ?! – ღიმილითვე უთხრა ლუკამ.
– შენ აქ გადმოსახლებას ხომ არ აპირებ? – ღვარძლიანად ჰკითხა დათომ.
– არა.
დათომ ისევ ღვარძლიანად განაგრძო საუბარი და ქეთის მიუბრუნდა:
– ამას უკვე როცა მოუნდება, მაშინ მოდის აქ და რასაც უნდა იმას აკეთებს!
– მორჩი, დათო! – მშვიდად უთხრა ლუკამ.
ბიჭმა მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია:
– უკვე შენს დივანზე ზის, შენს ტელევიზორს უყურებს და იქნებ ისიც მითხრა, კიდევ რას
აკეთებს?!
– გაჩერდი, ბიჭო! – ჩაერია გიორგი.
– ქეთი, მე ვიცი რასაც აკეთებს, უფრო სწორედ კი შენთან ღამ-ღამობით აკეთებს! –
აგრძელებდა დათო.
ლუკა ადგა და დათოსკენ წავიდა. ბიჭი იმას კი მიხვდა, ლუკა ჩხუბს რომ აპირებდა,
მაგრამ კიკბოქსიორის მარჯვენა ხელი ისე სწრაფად წავიდა მისი სახისკენ, რომ ეს უკანასკნელი
ვერც კი მიხვდა, თუ რა მოხდა და, რა თქმა უნდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო... დათო ძირს
დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ლუკა ერთ წამში გაჩნდა მის წინ. ოდნავ მოხარა
ფეხები, წელშიც მოიხარა და დათოს სახეში კიდევ სამი ძლიერი და სწრაფი მუშტი მოხვდა.
მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ იქ მყოფები, თუ რა ხდებოდა. გიორგიმ და სანდრომ ლუკა
დაიჭირეს და გვერდით გაიყვანეს. მას ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო.
– შე, ცირკის კლოუნო! – უყვიროდა ლუკა დათოს, რომელიც გოგონებმა ძლივს
წამოაყენეს ფეხზე და დივანზე დასვეს. – შენ არაფრის თქმის უფლება არ გაქვს!.. კლოუნი ხარ!..
თეთრ ძონძში გამოწყობილი კლოუნი ხარ, რომელიც გოგონას აშინებს!
ოთახში ნათია შემოვიდა. ქალს გაკვირვებული და შეშინებული სახე ჰქონდა:
– რა მოხდა?
– ბოდიში, ქალბატონო ნათია, ჩემი ბრალია! – მოუბოდიშა ლუკამ, რომელიც
დამშვიდებას ცდილობდა. – გარეთ უნდა გამეყვანა და იქ უნდა მეცემა! ქალბატონო ნათია, კიდევ
ერთხელ გთხოვთ პატიებას!
ლუკა ოთახიდან გავიდა. მერე კარების ხმაც გაისმა – ის წავიდა. კიბეები სწრაფად
ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. სადარბაზოსთან შეჩერდა, ზემოთ აიხედა და ქეთის აივანზე
თითქოს შავებში ჩაცმული თეთრსახიანი უცნობი დაინახა, რომელიც მას უყურებდა. მზე
თვალეს სჭრიდა, ამიტომ ამჯერადაც ვერ შესძლო უცნობის კარგად დანახვა. მეორედაც აიხედა,
მაგრამ აივანზე უკვე აღარავინ იდგა.
– რა ჯანდაბაა! – თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა და იქაურობას გაეცალა.

***

როდესაც კლასელები ფიზკულტურის გაკვეთილზე გარეთ გავიდნენ, მოღრუბლული და


წვიმიანი დღე იყო – ისეთი არაჩვეულებრივი ამინდი, როგორიც ქეთის უყვარდა. მაშინ მან კიდევ
ერთხელ იგრძნო სიხარული და ბედნიერება, მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ
ცხოვრება მშვენიერი იყო.
ყველანი სტადიონზე იყვნენ და წრეში ბურთს თამაშობდნენ. წვიმის წვეთები და ცივი
ნიავი ეცემოდა ქეთის. ეს მას ახლაც სიამოვნებასა და ბედნიერებას ჰგვრიდა. რამდენჯერმე
დაეცა და მეგობრებმა წამოაყენეს, თუმცა თავს მაინც კარგად გრძნობდა და თამაშის გაგრძელება
სურდა...
გოგონამ ლამაზი მოგონება შეწყვიტა, თვალები გაახილა და ბალიშის გვერდით
დადებულ მობილურ ტელეფონს დახედა. უკვე საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა.
საწოლიდან ადგა და გარეთ გაიხედა. თითქოს შავებში ჩაცმულ უცნობს მოჰკრა თვალი,
თუმცა მისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. მოსაღამოვებულიყო და ბნელდებოდა. ნელ-ნელა
შემოდგომა გადიოდა. საღამო ხანს ქუჩაში უკვე ციოდა და უფრო ადრეც ღამდებოდა, ვიდრე
წინათ.
– ქეთი, რატომ გეძინა? – ჰკითხა ნინომ და თავის წითლად შეღებილ ფრჩხილებს დახედა. –
შენ ხომ დღისით არასდროს იძინებდი, ახლა რა მოგივიდა?
– დავიღალე! – უთხრა მართლაც დაღლილმა გოგონამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ
არაფრის თავი აღარ ჰქონდა.
– შენ რა, დაიღალე? – გაოცდა ნინო. – მგონი, გეძინება? სახეზე გეტყობა, რომ გეძინება.
– კი არ მეძინება, დავიღალე! მინდა, რომ ძველი დრო დაბრუნდეს, უკვე აღარ შემიძლია
ამდენი ცუდი მოვლენისა და შემთხვევის ატანა.
ქეთიმ კომპიუტერი ჩართო. პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი არხის საინფორმაციო
გამოშვების ყურება სურდა. ბოლო დროს სულ ასე იქცეოდა და თავისი ოთახიდანაც იშვიათად
გადიოდა.
თავიდან საინტერესო არაფერი იყო, მაგრამ უეცრად წამყვანმა ისეთ ამბავზე დაიწყო
საუბარი, რამაც მაშინვე მიიპყრო მისი ყურადღება:
,,პოლიციამ დაადგინა იმ მოკლული ადამიანის ვინაობა, რომელიც გუშინ საღამოს
ბავშვებმა თამაშის დროს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. მოკლულია რატი მანჯავიძე.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იგი დაახლოვებით ორი თვის წინ, უცნობმა პიროვნებამ დაახრჩო.
სავარაუდოდ, მკვლელი შეიძლება აღმოჩნდეს მანიაკი – მეტსახელად ,,შავით მოსილი
მკვლელი“, რომელსაც უკვე აქვს ჩადენილი ერთი მკვლელობა“.
რეპორტაჟში აჩვენეს: რატი მანჯავიძის ფოტო, ჟურნალისტების მიერ შექმნილი შავებში
ჩაცმული უცნობის ფოტორობოტი და ერთი დამთრგუნველი და მიყრუებული ადგილი, სადაც
ორიოდე ძველი შენობა იდგა.
,,მოკლულის ცხედარი ბავშვებმა თამაშის დროს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, –
ამბობდა გამომძიებელი ვახტანგ კეკენაძე, – ეს ვაჟა–ფშაველას გავზირის მე-5 კვარტალია,
მოკლული რატი მანჯავიძე კი ამ კვარტლიდან სულ ახლოს, მე-3 კვარტალში ცხოვრობდა.
უცნობმა პიროვნებამ იგი დაახრჩო, ცხედარი კი აქ, მე-5 კვარტალში მდებარე ერთ-ერთ
მიტოვებულ შენობაში შეიტანა და ზედ უამრავი ნაგავი დააყარა, რათა მოკლულის გვამი არავის
ეპოვა. სავარაუდოდ, ეს მკვლელობა ჩაიდინა მანიაკმა, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით
უცნობია. ხალხი მას ,,შავით მოსილი მკვლელის“ სახელით იცნობს. მანიაკმა ორი დანაშაული
ჩაიდინა, ორი ადამიანი მოკლა და ჩვენ მას სულ მალე ვიპოვით“.
– მე-5 კვარტალი?! – თქვა გაკვირვებულმა ქეთიმ და მეგობარს შეხედა. – ჩვენ ხომ
მშობლები მოვატყუეთ და ვუთხარით, რომ მე-5 კვარტალთან მდებარე ტყეში მივდიოდით?!
– კი მოვატყუეთ.
– რატი მანჯავიძის გვამი მე-5 კვარტალში იპოვეს, ვაჟა-ფშაველაზე. შეუძლებელია ასეთი
დამთხვევა?! აქ რაღაც კავშირია.
– რა კავშირი? ვერ ვხვდები, საიდან უნდა სცოდნოდა შავებში ჩაცმულ უცნობს, რა
მოვატყუეთ მშობლებს?
– ჟურნალისტებს ინტერვიუში ვუთხარი, რომ მე, ლუკა და ანა, ვაჟა-ფშაველაზე, მე-5
კვარტალში წავედით – ტყეში და, რომ ის ღამე ჩვენ იქ გავათიეთ...
– ანუ შავებში ჩაცმულმა უცნობმა შენი ინტერვიუ წაიკითხა?
– რატი მანჯავიძე დაახლოებით ორი თვის წინ მოკლეს.
– გასაგებია. მაგ დროს შენ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არ გქონდა მიცემული. აბა, ეს
დამთხვევა რით აიხსნება?
– ჩემი აზრით, მკვლელი ერთ–ერთი ჩვენი მეგობარია! – ჩურჩულით უთხრა ქეთიმ და
გარშემო ისე მიმოიხედა, თითქოს ეშინოდა ოთახში ვინმე არ ყოფილიყო. – მკვლელი შეიძლება
იყოს დათო, სანდრო ან გიორგი!
– იქნებ მკვლელი ლუკაა? – ჩურჩულითვე უთხრა ნინომ. – შენ რა, ვერ დაინახე დღეს რა
მოუვიდა. ერთ წამში მთელი მისი სიმშვიდე გაქრა და ურჩხულად გადაიქცა. იქნებ იმ ღამეს
სკოლაში სწორედ მან მომკლა?
– ლუკა ჭკვიანია, ის ასე არ მოგკლავდა. როდესაც შავებში ჩაცმული უცნობი უკან
მომყვებოდა, მე ლუკას დავურეკე, რათა სახლში გავეცილებინე. იმ დროს როცა შავებში ჩაცმული
უცნობი წავიდა, ლუკა ჩემს გვერდით იდგა. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ თუ სიმართლე
გამოაშკარავდებოდა და პოლიცია მიხვდებოდა, რომ ვიტყუებოდით, დანაშაულს თვითონ
დაიბრალებდა.
– მართალი ხარ. იქნებ შავებში ჩაცმული უცნობი დათოა. ხომ გახსოვს, რა გააკეთა –
საშინლად შეგაშინა, დღეს კი შეურაცჰყოფაც მოგაყენა.
– მას შემდეგ, რაც ლუკამ სცემა, მე და დათო მარტო დავრჩით. მან პატიება მთხოვა და თან
დაიფიცა, რომ დღევანდელ საქციელს ლუკას ანანებდა.
– სანდროზე რას იტყვი? დაინახე როგორ იცინოდა, როცა ლუკა დათოს სცემდა? მისი
ლაპარაკის ტონს ყურადღებას აქცევ ხოლმე?
– სწორედ ამ მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ შავებში ჩაცმული უცნობი შესაძლოა სანდრო
იყოს. გიორგიზე ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, მგონია, რომ შესაძლოა შავებში ჩაცმული უცნობი
ის აღმოჩნდეს და მორჩა.
ქეთიმ ნინოსთან ლაპარაკი შეწყვიტა და მხოლოდ ახლაღა გაიგონა ყვირილი – უჩა
ყვიროდა. როგორც ჩანდა ნათიას რაღაცაზე ეჩხუბებოდა. უნდოდა ყური დაეგდო, მაგრამ
უეცრად ოთახში უჩა შემოვარდა და შვილს თმებში წაავლო ხელი. გოგონამ ტკივილსგან
ყვირილი დაიწყო და მამას სთხოვდა, ხელი გაეშვა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. უჩამ შვილი
საწოლზე დააგდო. ამ დროს ოთახში ნათია შემოვარდა და ქმრის შეჩერება სცადა:
– უჩა, გთხოვ, გეხვეწები, თავი დაანებე! – ემუდარებოდა ნათია ქმარს.
– გადი იქით, ქალო! – უჩა ერთი ხელით ცოლს იცილებდა თავიდან, მეორე ხელს კი
გამეტებით ურტყამდა შვილს სახეში.
– გოგო, შენ რა დღეში ხარ? – ყვიროდა გაცეცხლებული კაცი და მარჯვენა ხელს შვილს
სახეში გამეტებით ურტყამდა. – სტუმრები ჩემს დაუკითხავად მოგყავს სახლში! შენი თავი ვინ
გგონია, ჰა?! ვიღაც ახვრები აქ ჩხუბობენ და სისხლს ღვრიან! ვისი სახლია? ეს ვისი სახლია?..
შარში გაეხვიე და მკვლელობაში ხარ ეჭვმიტანილი!.. სულ იდიოტობებს და სისულელეებს
ჩადიხარ!.. ახლა ხომ იცი, აქ ვინ არის უფროსი?.. თქვი, რომ მე ვარ უფროსი! აქ მე ვარ უფროსი!..
თქვი!..
ქეთის სახე მთლიანად სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მამამისს თითქმის მთელი ენერგია
დაეხარჯა და, ალბათ, ამან აიძულა, რომ შეჩერებულიყო. ნათია ტიროდა, ქმარს ისევ
დამშვიდებას სთხოვდა და როგორც შეეძლო, ისე აკავებდა.
– თავი დაანებე! – უთხრა უჩამ ცოლს და შეაჩერა, როდესაც დედა შვილისკენ წავიდა.
– ეს ბოზი, ჭკუას მარტო ასე ისწავლის! ისე, შენც საცემი ხარ, შვილი კი არა ბოზი
გამიზარდე! თავი დაანებე!
– ცუდად არის, ხელი გამიშვი! – ტირილით ამბობდა ნათია და შვილისკენ იწევდა, მაგრამ
ქმარმა არ გაუშვა და ოთახიდან გაიყვანა.
ქეთის მხოლოდ ერთი რამ უნდოდა – სიკვდილი. მხოლოდ სიკვდილი, ისეთი სიკვდილი,
რომელიც სწრაფი და უმტკივნეულო იქნებოდა. ის სისხლით იყო მოსვრილი. სისხლი ყელში და
ცხვირში გადასდიოდა. ახველებდა და საშინლად სტკიოდა თავი, განსაკუთრებით კი სახე.
მორჩა! ახლა ყველაფერი დამთავრდებოდა! მისი სიცოცხლე დასრულდებოდა! სულ მალე
თავის მეგობარს ნახავდა! იმ მეგობარს, რომელსაც ერთხელ უკვე უღალატა და ახლა მეორედაც
უღალატებდა! სხვა გზა არ ჰქონდა. ნინოს კი შეჰპირდა, რომ შავებში ჩაცმულ უცნობს ანგარიშს
გაუსწორებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდებოდა და დანაპირებს უკვე ვეღარ შეასრულებდა!
გოგონამ უკანაკნელი ძალები მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. უკვე ბნელოდა, ისე
ბნელოდა, როგორც ღამით. ფანჯარასთან მივიდა. ცრემლები მოსდიოდა და გული სწყდებოდა,
რომ მისი სიცოცხლე ასე მალე დამთავრდებოდა. ის მოკვდებოდა, უჩა კი მთელი თავისი
დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ინანებდა ჩადენილ საქციელს, ვერ მოისვენებდა და
ყოველთვის შეაწუხებდა სინდისი. დედა ძალიან იდარდებდა. კიდევ ვინმე იდარდებდა მასზე?
კი, მასზე ერთი ადამიანი აუცილებლად იდარდებდა – ლუკა.
ფანჯარა გააღო. ღამის სიცივე უცებ შევარდა ოთახში და ქეთის იმ წამსვე სახეზე ეცა.
მაინც ესიამოვნა, წამიერად კიდევ ერთხელ გაახსენდა უდარდელი ცხოვრება.
გააკანკალა და გაიფიქრა, ნეტავ ჯოჯოხეთში ცივა, თუ არაო. მიწიერი სიცივე ნამდვილად
საშინელი იყო, ჯოჯოხეთური კი მართლაც რომ ჯოჯოხეთური იქნებოდა.
ქეთიმ თავი ფანჯარაში გაჰყო და მიმოიხედა. არ სურდა, ვინმეს დაენახა, თუ როგორ
მოიკლავდა თავს, იმიტომ რომ საშინელებისა და უბედური შემთხვევის დანახვისას ადამიანები
ყვრილისა და ტირილს იწყებენდნენ, მისი სიცოცხლე კი მშვიდად უნდა დამთავრებულიყო.
– ქეთი! – ზემოდან რაღაც უცნაური ხმა მოესმა.
გოგონამ ზემოთ აიხედა და მხოლოდ თეთრი სახე დაინახა, რომელიც მას უყურებდა. ეს
იყო შავებში ჩაცმული უცნობი. ის შენობის სახურავზე იდგა და ახლა მას უყურებდა.
ქეთი დაიყვირებდა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. გულის ცემამ ერთიათად უმატა და
ისეთი ძლიერი შიში იგრძნო, როგორც მაშინ, დათომ რომ შეაშინა. თავი ისევ ოთახში შეჰყო,
შემდეგ კი ყველაფერი უწინდელზე უფრო ბნელი გახდა...

თავი 11

ქეთიმ რომ გაიღვიძა მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო. სისხლით დასვრილი მთელი
ღამე იატაკზე უგონოდ ეგდო. ფეხზე წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. მთელი სახე დალურჯებოდა
და დასისხლიანებოდა. ზოგიერთ ადგილას სახე ჯერ კიდევ სტკიოდა, ხოლო როდესაც მტკივან
ადგილებზე ხელს იდებდა, უფრო დიდ ტკივილს გრძნობდა.
– ცუდ დღეში ხარ მეგობარო! – უთხრა ნინომ, რომელიც დაკვირვებით უყურებდა.
– ჰო, მართალი ხარ, ცუდ დღეში ვარ! – დაეთანხმა ქეთი და სარკეში საკუთარი თავის
თვალიერება განაგრძო.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ნათია შემოვიდა. ქალმა კარები მიხურა, შვილთან
მივიდა და დედა–შვილი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
– როგორ ხარ? – ცრემლები მოსდიოდა ნათიას. - დღეს სახლში დარჩი და ლექციები
გააცდინე. მამაშენი ნანობს რაც ჩაიდინა. თავი მოიწესრიგე, ასე ხომ არ იქნები.
– მარტო დამტოვე! – ცივად უთხრა შვილმა და ცრემლები მოიწმინდა.
დედამისი ოთახიდან გავიდა. ქეთი სააბაზანოში შევიდა. ძალიან კარგი იყო სიბინძურისა
და ჭუჭყის მოცილების შეგრძნება. დიდი ხანი გაატარა სააბაზანოში. არც უნდოდა იქიდან
გამოსვლა, მაგრამ ბოლოს იქ ყოფნაც მობეზრდა და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.
თავი წესრიგში მოჰყავდა და თან წინა დღეს დანახულ შავებში ჩაცმულ უცნობზე
ფიქრობდა. ვინ იყო ის? იქნებ უბრალოდ მოეჩვენა? იქნებ საერთოდ არ არსებობდა? ხომ
შეიძლებოდა, ის მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო? მართალია, ლუკამ დაინახა
შავებში ჩაცმული უცნობი, მაგრამ ქალაქში ხომ უამრავ ადამიანს ეცვა შავი ტანსაცმელი?!
– ნინო, მკვლელი მე ვარ? – ჰკითხა გოგონამ და თან თმის ვარცხნა განაგრძო. – მე
მოგკალი? მითხარი, ჩუმად რატომ ხარ?
– რა ვიცი, რა ვიცი?! – ირონიულად და ხელების აწევით უთხრა ნინომ. – შეიძლება შენ
ხარ. აბა, შენი კარადა გააღე და ტანსაცმელს გადახედე. მგონი, შავი ტანსაცმელი შენც გაქვს. შავი
სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი... – მან ტაში შემოჰკრა.
ქეთი მთელი დღე ამაზე ფიქრობდა. ჯერ დათომ შეაშინა. თეთრი სახე ფანჯარაში, მერე კი
ასეთივე თეთრსახიანი შავებში ჩაცმული უცნობი. ნინოსთან ჩხუბი, რასაც მისი მკვლელობა
მოჰყვა. ღამით, სკოლაში ნაბიჯების ხმაც მხოლოდ მან გაიგო და, ალბათ, ესეც მისი ფანტაზიის
ნაყოფი იყო. გარდა ამისა, კარადაში ხომ შავი სპორტული ქურთუკი და შავი შარვალი ეკიდა.
პაატას დასაჭერად საიდან მოუვიდა თავში ასეთი ვერაგული გეგმა? როდის გაუჩნდა ისეთი
გამძლეობა, რომ კედლისთვის თავი ერტყა და სხეულისთვის დიდი ზიანი მიეყენებინა? ნეტავ
თავის-თავს თუ იცნობდა?
– შენ ისიც კი არ იცი, თავად რას აკეთებ? – ღიმილით უთხრა ნინომ.
– ასე გამოდის, – უთხრა მოწყენილმა და გადაღლილმა გოგონამ, ლოგინში ჩაწვა და
თვალები დახუჭა.
ისევ ეშინოდა სიბნელის და ამის გამო საბანი კვლავაც თავზე ეფარა. ცუდი მოგონებებისა
და საშინელი ფიქრების მოსაშორებლად ჩვეულ ხერხს მიმართა. არაფერი იყო მის ერთ–ერთ
დაბადების დღეზე კარგი მოსაგონარი. მაშინ ჩვიდმეტი წლის გახდა. როგორც ყოველთვის,
მეგობრები სახლში დაპატიჟა. მაშინ იყო ნამდვილი სიხარული და ბედნიერება. ეს ორი რამ
სავსებით საკმარისი იყო მისთვის და მეტი არაფერი არ სურდა. ის დღე იმითაც გახდა
მნიშვნელოვანი, რომ მაშინ პირველად დაპატიჟა ლუკა. მანამდე მასთან არც მეგობრობდა და,
საერთოდაც, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. ეს თვითონ ლუკას ბრალი იყო. ეს ბიჭი ძალიან
გულჩათხრობილი იყო, მაგრამ ის შეიცვალა და ახლა ქეთის მასთან მეგობრობა მოუნდა.
მორიდებული ლუკა, ხმასაც არ იღებდა. მერე ის ლუკასთან მივიდა და უთხრა, რომ ასეთი
მოწყენილი თუ იქნებოდა, თვითონაც მოიწყენდა...
ქეთიმ ამ ლამაზი დღის მოგონება შეწყვიტა. ვერაფრით ვერ შესძლო დაძინება. შიში ისევ
დაბრუნდა მასთან და მოსვენებას კვლავაც არ აძლევდა. ხომ შეიძლებოდა, შავებში ჩაცმული
უცნობი ოთახში ფანჯრიდან შემოსულიყო და მოეკლა? საიმედოდ დაკეტილ ფანჯარაში, ვერც
სახურავიდან და ვერც ქვედა სართულიდან, ვერავინ ვერ გადაძვრებოდა...
მობილურის ზარის ხმამ გააღვიძა. ბალიშის გვერდით დადებული მობილური
ტელეფონი აიღო და დახედა. თითქოს ეცნო, ეკრანზე დაწერილი უცნობი ნომერი:
– გისმენთ!
– გამარჯობა, ქეთი! – გაისმა უცნაური და უცხო ხმა. გოგონას გააკანკალა და ბნელ ოთახში
მიიხედ–მოიხედა.
– ქეთი, ბოდიშს გიხდი, ასე ადრიანად, რომ გაგაღვიძე, მაგრამ შენთან სასწრაფო საქმე
მაქვს!
– ვინ ხარ? – ჰკითხა შეშინებულმა გოგონამ, რომელიც ცდილობდა, ისე ელაპარაკა, რომ
შიში დაეფარა.
– შენ იცი, ვინც ვარ. წარმოიდგინე, რომ ადამიანი დიდი ხანია, რაც რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანის გაკეთებას აპირებს. ის ადამიანი ყველაფერს აკეთებს და წარმატებასაც აღწევს,
მაგრამ მისი შრომა წყალში იყრება. იცი, რატომ? იმიტომ რომ ,,შავით მოსილი მკვლელი“, ვიღაც
იდიოტი, პაატა ბახტაძე, ჰგონიათ! – დაიღრიალა ბოლოს უცნობმა.
– დიახ, მაგრამ მე რა შუაში ვარ?
– შენ რა შუაში ხარ? აბა, ვინ არის შუაში? შუაში კი არა, თავში ხარ! ვისი ბრალია, ჩემს
სახელს ჩირქი რომ მოსცხეს? შენი აზრით, მე ისეთი იდიოტი ვარ, რომ გოგონას, თანაც ჩემს
მეზობელს, იმ შენობის სარდაფში ჩავათრევდი, რომელშიც ვცხოვრობთ, მის მოკვლას
შევეცდებოდი, ის კი მომერეოდა და თავს უშველიდა?!
– იცით, პაატას ვერ დაუმტკიცეს...
– არ მაინტერესებს! ფაქტია, რომ ჩემს სახელს ჩირქი მოეცხო და უნდა გაზღვევინო!
– კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ? – ჰკითხა საშინლად შეშინებულმა ქეთიმ და ფანჯარას
შეხედა.
– დარწმუნებული ვარ რომ შენ თქვი პაატაზე, შავით მოსილი მკვლელიაო. ამას
გაზღვევინებ და ჩემს სახელსაც მოვაცილებ საზიზღარ ლაქას!
– გთხოვთ მაპატიეთ! რის გაკეთებას აპირებთ, რა უნდა დამიშავოთ?
– სულიერ დამტყმას მოგაყენებ! – გესლიანად უთხრა უცნობმა. – იცი, ქეთი, შენი
შეყვარებული თუ საყვარელი რომ არის, მგონი, ლუკა ჰქვია... ჰოდა, ეგ შენი ლუკა, ყოველდღე,
დილაუთენია, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ სიბნელით არის მოცული, ეზოში სარბენად ჩადის.
ახლა ექვსი საათი შესრულდება და კიბეებზე ის გამოჩნდება... – უცნობმა გაიცინა და ტელეფონი
გათიშა.
ქეთი სულ მთლად გაფითრდა და გულისცემამ ერთიორად უმატა. შავებში ჩაცმული
უცნობი ლუკას მოკვლას აპირებდა! სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა, თუ არადა ლუკა
მოკვდებოდა!
ქეთიმ ლუკას ჯერ მობილურ ტელეფონზე დაურეკა. ავტომოპასუხე პასუხობდა,
მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდანო. მერე სახლში,
ქალაქის ტელეფონზე დაურეკა.
– გისმენთ! – გაისმა ქალის ხმა.
– გამარჯობა, ქალბატონო ანა! – ქეთი სწრაფად და ნერვულად ლაპარაკობდა. –
მომისმინეთ! არ გეხუმრებით! თქვენი შვილის მოკვლა უნდათ და სახლიდან არ გაუშვათ!..
– რომელი ხართ?
– ქეთი ვარ, ლუკას კლასელი. თქვენ მე მიცნობთ. მომისმინეთ! არ გეხუმრებით, ლუკას
მოკვლას უპირებენ!..
– ლუკა სულ ცოტა ხნის წინ წავიდა სარბენად...
– მაშინ წადით და უშველეთ რამე, თორემ მას მოკლავენ!..
ქალმა ყურმილი დაკიდა. გოგონას კიდევ ერთი აზრი მოუვიდა თავში. კარგი იქნებოდა,
საპატრულო პოლიციას თუ დაურეკავდა. ასეც მოიქცა.
– გისმენთ! – გაისმა ოპერატორის ხმა.
– მომისმინეთ! მე არ ვხუმრობ! – ქეთიმ ოპერატორს უთხრა, რომ ადამიანის მოკვლას
აპირებდნენ და ლუკას მისამართი ჩააწერინა.
– თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
– ახსნას დიდი დრო დასჭირდება... გთხოვთ სიტყვაზე მენდოთ! ადამიანის სიცოცხლე
ბეწვზე ჰკიდია!
– დამშვიდდით! საპატრულო პოლიციის ბრიგადა რამდენიმე წუთში მივა თქვენს მიერ
მითითებულ მისამართზე…
– დიდი მადლობა!
ქეთი ადგა და კარადა გააღო. ჯერ ისევ ბნელოდა. ის ტანსაცმელი გამოიღო, რომელიც
ყველაზე თბილი მოეჩვენა, ჩაიცვა, მერე გარეთ გაიხედა. საკმაოდ ძლიერი ქარი უბერავდა და
ცოტათი წვიმდა კიდეც.
ლუკასთან მაშინვე წავიდოდა, მაგრამ ერთი რაღაცის შეეშინდა. ხომ შეიძლებოდა, ეს მახე
ყოფილიყო? იქნებ შავებში ჩაცმულ უცნობს მისი სახლიდან გატყუება უნდოდა, შემდეგ რომ
მოეკლა? იქნებ მანიაკი მის სახლის კართან იყო ჩასაფრებული?
კარგა ხანს იჯდა ასე, მერე ფული და ჩანთა აიღო და სამზარეულოში გავიდა. უჯრიდან
სამზარეულოს ორი დანა ამოიღო. დიდი დანა ჩანთაში ჩაიდო, პატარა კი – ქურთუკის ჯიბეში.
ეტყობოდა, რომ მთელი დღე მოღრუბლული და წვიმიანი იქნებოდა.
სამზარეულოში იჯდა და მამის სამსახურში წასვლას ელოდა. გადაწყვიტა, სახლიდან
უჩასთან ერთად გასულიყო. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეს წუთიც დადგა. უჩამ კარი გააღო
და გარეთ გავიდა, ქეთიც სწრაფად გავიდა, ისე, რომ მამისთვის არც კი შეუხედავს. კიბეებზე
ფრთხილად ჩადიოდა. მარჯვენა ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და დანა ეჭირა. შესაძლო იყო,
შავებში ჩაცმული უცნობი ნებისმიერ ადგილას ყოფილიყო. სადარბაზოდან სწრაფად გავიდა და
ქუჩაში მიმოიხედა. ჯერ ისევ ბნელოდა. გოგონა ფეხით მიდიოდა და დროდადრო უკან
იყურებოდა, მოულოდნელად მანიაკს რომ არ მოეკლა ან ისეთ ტრანსპორტს არ გამოევლო,
რომელიც ლუკას სახლამდე მიიყვანდა.
მალე ტაქსიც გამოჩნდა. ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა, სადაც უნდა წაეყვანა. ლუკას
სახლთან მალე მივიდა. მძღოლს საფასური გადაუხადა, ტაქსიდან გადავიდა და გარშემო
მიმოიხედა. ისევ ისეთი ამინდი იყო. ლუკას სადარბაზოსთან საპატრულო პოლიციის ორი
მანქანა და რამდენიმე პოლიციელი იდგა…
გოგონას ცოტა შესცივდა, თავზე კაპიუშონი წამოიხურა და სადარბაზოსთან მივიდა.
– გამარჯობა! – მიესალმა ერთ–ერთ პოლიციელს. – ხომ ვერ მეტყვით, აქ რა ხდება?
– ამ კორპუსის ერთ–ერთ მაცხოვრებელს თავს დაესხნენ.
– თავს ვის დაესხნენ?
– ერთ ახალგაზრდა ბიჭს, – პოლიციელმა ქეთის უცნაურად შეხედა, – თავმდამსხმელს
შავი ტანსაცმელი ეცვა.
პოლიციელის მზერით გაკვირვებულმა ქეთიმ ტანსაცმელზე დაიხედა - შავი სპორტული
ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი ეცვა...

თავი 12

– ქეთი, ესე იგი, შენ ამბობ, რომ დაახლოებით იმ დროს, ექვსი საათი რომ სრულდებოდა,
უცნობმა ადამიანმა დაგირეკა და გითხრა, ,,შავით მოსილი მკვლელი“ ვარო, – ეუბნებოდა
გამომძიებელი ვახტანგ კეკენაძე, – მან გითხრა, რომ მის სახელს ჩირქი მოსცხეს, ეს შენი ბრალი
იყო და ამის გამო ლუკას მოკლავდა.
– დიახ, – თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ქეთიმ, – იცით, თქვენ ბევრი რამ გამოგრჩათ...
– არა, არაფერი არ გამომრჩა! – გამომძიებელმა ფურცელი მაგიდაზე დადო. – უბრალოდ,
რაც მთავარია მხოლოდ იმას გეუბნები და ჯერ არ დამიმთავრებია. ესე იგი, ლუკას ჯერ
მობილურზე დაურეკე და რომ არ გიპასუხა, შემდეგ სახლის ტელეფონზე სცადე დაკავშირება.
ყურმილი დედამისმა აიღო. ქალბატონ ანას უთხარი, რომ მისი შვილის მოკვლას აპირებდნენ, მან
კი ყურმილი დაგიკიდა.
– დიახ, ასეა.
– მერე საპატრულო პოლიციაში დარეკე და შეატყობინე, რომ ადამიანის მოკვლას
აპირებდნენ.
– დიახ და მისამართიც მივეცი.
– ვისი მისამართი?
– ლუკას მისამართი.
– ძალიან კარგი. ამის შემდეგ ლუკას სახლთან გინდოდა მისვლა, რათა გაგეგო, თუ რა
მოხდა, მაგრამ გარეთ გასვლას ვერ ბედავდი? რატომ მშობლებს არ აცნობე მომხდარის შესახებ?
– იცით, მე ჩვენებაში დავწერე, რომ შემეშინდა. ხომ შეიძლებოდა, ეს მახე ყოფილიყო და
მკვლელი ჩემი სახლის კართან მდგარიყო. მშობლებს კი იმიტომ არ ვუთხარი არაფერი, რომ არ
აღელვებულიყვნენ.
– კი მაგრამ, თუ ფიქრობდი, რომ მკვლელი შეიძლებოდა შენი სახლის კართან მდგარიყო,
მაშინ ეს მამას რატომ არ უთხარი? ვარაუდი რომ სიმართლე ყოფილიყო, ახალა მამა ცოცხალი
აღარ გეყოლებოდა.
– იცით, ძალიან აღელვებული ვიყავი და ამდენი ვეღარ მოვიფიქრე.
– სამაგიეროდ, ის ხომ მოიფიქრე, ორი დანა აგეღო და ქუჩაში ისე გასულიყავი?
– დიახ, რატომღაც ამის მოფიქრება შევძელი, – უპასუხა დაბნეულმა გოგონამ.
– იცი, ქეთი, უკვე დიდი ხანია, რაც პროკურატურაში ვმუშაობ და ბევრი საქმე მქონია,
მაგრამ შენნაირი არავინ შემხვედრია. ტყუილს და მართალს ისე ამბობ და ისე ურევ ერთმანეთში,
ადამიანი ვერ გაიგებს, რომელი ტყუილია და რომელი მართალი. ეგ უმანკო კრავის სახეც
მიესადაგება შენს ხასიათს და შენს ცუდ მხარეს მალავს.
– ვერ ვხვდები, რა გინდათ! – ჰკითხა შეშინებულმა გოგონამ. – მანიაკი დამდევს და
მემტერება, თქვენ კი მეუბნებით, ასეთი და ისეთი ხარო.
– ქეთი, მითხარი რა მოხდა იმ ღამეს!
– რომელ ღამეს?
– იმ ღამეს, როცა ნინო მოკლეს. ნინო შენთან და იმ შენს ორ მეგობართან ერთად იყო.
თქვენ კამერამ დაგაფიქსირათ, რომელიც მაშინ გაფუჭდა, მაგრამ მერე შეძლეს მისი შეკეთება და
ახლა უკვე ვიცით, რომ მაშინ შენ, ლუკა და ანა, ნინოსთან ერთად იყავით! – გესლიანად უთხრა
გამომძიებელმა.
– წარმოდგენა არ მაქვს კამერამ რა დააფიქსირა, მაგრამ მე, ანა და ლუკა სკოლაში
ნამდვილად არ ვყოფილვართ.
– სკოლა საიდან მოიტანე?
– აბა, სად მოკლეს ნინო? ამდენი ხანი ყველა ტელეკომპანია და ჟურნალ–გაზეთი
იტყუებოდა? ნინო სკოლაში არ მოკლეს? – თავი მოიკატუნა ქეთიმ.
– შენ მაგარი აფერისტი გოგო ხარ და ახლა თუ ასეთი ხარ, რომ გაიზრდები, მერე რაღა
იქნები, – გამომძიებელმა ხელი ჩაიქნია, – კარგი, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ იცოდე, შენი და შენი
მეგობრების ტყუილის გამო ადამიანები კიდევ დაზარალდებიან.
გოგონა ადგა და კარებისკენ წავიდა.
– ისე, იცოდე, ლუკა შენმა სატელეფონო ზარმა გადაარჩინა! – უთხრა გამომძიებელმა,
როდესაც ქეთი ოთახიდან გადიოდა. – ქალბატონმა ანამ შენი ნათქვამი დაიჯერა და ქმარს
სთხოვა, შვილის გადასარჩენად წასულიყო. ,,შავით მოსილი მკვლელი“ ლუკას მამის გამოჩენამ
აიძულა, საქმე ბოლომდე არ მიეყვანა და გაქცეულიყო.
მან გამომძიებელს თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.
მშობლებმა ქეთი სახლში მიიყვანეს.
– ის ,,შავით მოსილი მკვლელი“ თუ ვიღაც ჯანდაბა, ხომ შეიძლება ჩვენც დაგვესხას თავს?
– თქვა შეშინებულმა უჩამ, როცა სახლში შევიდნენ.
– ქეთი, ამაზე არ ჰკითხე გამომძიებელს? – ჰკითხა ნათიამ.
– ვკითხე და ასე თქვა, შენს სახლთან პოლიცია იმორიგევებსო, – გოგონამ თავიდან
კაპიუშონი მოიხადა, – ისიც თქვა, მანიაკი ძალიან ფრთხილია, ყოველ დანაშაულს
განსხვავებულად ჩადის და სადარბაზოში ან თუნდაც სკოლასა და ინსტიტუტში, მკვდარ ან
სასტკად ნაცემ ადამიანს ვეღარ იპოვიანო.
ის თავის ოთახში შევიდა და დაფიქრდა: ნეტავ უკეთესი იქნებოდა თუ არა,
გამომძიებლისთვის რომ ეთქვა, მამამ მცემაო?
ასე უნდა მოქცეულიყო, მან კი გამომძიებლის კითხვაზე თუ რა სჭირდა სახეზე უპასუხა,
ქუჩაში ძირს დავეცი და სახე დავარტყიო.
„არა, მაინც კარგია, რომ მოვიტყუე და სიმართლე დავმალე, რადგან როდესაც
სასიკვდილოდ საშიში საფრთხე გემუქრება, აუცილებელია, გვერდით მამაკაცი გყავდეს!“ -
გულში თქვა ქეთიმ.
კიდევ კარგი, ლუკას სახლში რომ დარეკა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა მისი
მეგობარი ცოცხალი აღარ იქნებოდა. საწყალი ბიჭი, იმ ავადმყოფ შავებში ჩაცმულ უცნობს,
რკინის ჯოხითა და გასაღებების აცმით უცემია. თურმე ასე უპირებდა მოკვლას.
– ის თუ შენ? – ჰკითხა ნინომ.
– რა სულელურ კითხვას მისვამ?!
– რატომ სულელურს? შავი ტანსაცმელი გაცვია! დარწმუნებული ხარ, რომ მობილურზე
ვინმემ დაგირეკა? დარწმუნებული ხარ, რომ გამთენიისას, ადრიანად არსად არ წასულხარ და
სახლში არ დაბრუნებულხარ, შემდეგ კი ისევ არ წასულხარ იმ ადგილას, მაგრამ იმ განსხვავებით,
რომ არაფერი გახსოვდა და თავში რაღაც სულელური ამბავი ,,გედო“?
– ძალიან მინდა, ცდებოდე, მაგრამ მე მგონი, შენი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება. იცი,
მიუხედავად იმისა, რომ ლუკას სახლამდე ტაქსით მივედი, რატომღაც, მაინც ძალიან დაღლილი
ვიყავი...
– რა თქმა უნდა, დაღლილი იყავი. შენ ხომ წახვედი, მოხვედი და ისევ წახვედი, –
სიცილით უთხრა ნინომ.
– დავისვენებ და ლუკას სანახავად საავადმყოფოში წავალ.
– რაა! – აღშფოთებით თქვა გოგონამ. – შენ რა, საქმის ბოლომდე მიყვანა განიზრახე?!
ქეთი, შენ საზოგადოებისათვის საშიში ხარ. საავადმყოფოში ლუკას მოსანახულებლად არავითარ
შემთხვევაში არ უნდა წახვიდე!
– მართალი ხარ. იცი, ნინო, ერთი კარგი ამბავი მაინც არის.
– რა ამბავი?
– პოლიცია გაარკვევს, მანიაკმა მართლა დამირეკა თუ არა, და თუ დამირეკა, მაშინ
გამოდის, რომ შეშლილი არ ვარ!

***

უკვე საღამო იყო. ქეთი საწოლზე იჯდა და ხელში მობილური ეჭირა. იმ მობილური
ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც შესაძლოა შავებში ჩაცმულმა უცნობმა დაურეკა, მის
მობილურში დაფიქსირებულიყო. დაერეკა თუ არა შავებში ჩაცმული უცნობისთვის? კი მაგრამ,
დარეკვას რა აზრი ჰქონდა? არანაირი. პოლიცია ყველაფერს გაარკვევდა და მანიაკს დაიჭერდა.
ნეტავ თავს რატომ იტყუებდა? საზრიანი დამნაშავე თავისი ნომრიდან არასდროს დაურეკავდა.
– საფრთხის დროს უმოქმედობა იწვევს ძალიან საშინელ გრძნობას! – ღიმილით უთხრა
ნინომ, რომელიც თმას ივარცხნიდა, – სწორედ ამის გამო ხარ ასე ცუდად!
– იდეა მაქვს! – ქეთი ფეხზე წამოვარდა.
ნინომ თმის ვარცხნა შეწყვიტა და დიდი ინტერესით ჰკითხა:
– რა იდეა?
– არ გეტყვი და იცი, რატომ? იმიტომ რომ შენ არ მეუბნები, ვინ არის შავებში ჩაცმული
უცნობი!
– ძალიან კარგი. არ მითხრა, მაგრამ, თუ დაიკარგები, არავის არ ეცოდინება, სად უნდა
გეძებოს! – ამაყად უთხრა ნინომ და თმის ვარცხნა განაგრძო.
– სულელო, შენ ხომ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ! – სიცილით უთხრა ქეთიმ და ერთ–
ერთი უჯრიდან საკმაოდ გრძელი და სქელი რეზინის ლენტი ამოიღო. მერე კარადა გამოაღო,
იქიდან მწვანე ქურთუკი გამოიღო, ჩაიცვა, რეზინი ქურთუკის მარცხენა ჯიბეში ჩაიდო, ცოტა
ფულიც აიღო და ოთახიდან გავიდა. მშობლების ოთახში შევიდა. უჩა რევოლვერს საწოლის ქვეშ,
პატარა ყუთში ინახავდა. ყუთი გამოიღო, გახსნა და იარაღი აიღო. იმის გამო, რომ მამამისმა
იარაღის დაშლა არ იცოდა, რევოლვერს მხოლოდ სავაზნე მჭიდი ჰქონდა გამოღებული. ქეთიმ
მჭიდი რევოლვერში ჩადო, გადატენა და ჯიბეში ჩაიდო.
– კარგი რამეა რევოლვერი! – თქვა და ოთახიდან გავიდა.
ქუჩაში მიდიოდა და თვითონაც უკვირდა, ის, რის გაკეთებასაც აპირებდა. ადრე ასეთ
რამეს ვერც კი წარმოიდგენდა. რომც წარმოედგინა, შიში შეიპყრობდა და ასეთ საქციელს თავის
შემთხვევაში შეუძლებლად ჩათვლიდა. რა მოუვიდა? ახლა რატომ უნდა გააკეთებინა ეს? ნეტავ,
საერთოდ, ეშინოდა თუ არა? ეშინოდა, მაგრამ ეს შიში იმდენად სუსტი იყო, შეჩერებასა და უკან,
სახლში დაბრუნებას ვერ აიძულებდა.
საკმაოდ დიდხანს იარა და ბოლოს ერთ უბანში მივიდა. გარშემო რამდენიმე სახლი და ხე
იდგა. ისევ მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი იყო. საერთოდ, ბოლო დროს ხშირად იყო ასეთი
ამინდი, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი იყო – ოქტომბერი იწურებოდა, ამინდის პროგნოზების
ბიუროს ცნობით კი ნოემბერში თოვლი იყო მოსალოდნელი. მოღრუბლულ დღესა და წვიმას არა
უშავდა, უფრო სწორედ, კარგი იყო, მაგრამ თოვლი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა.
ირგვლივ მიმოიხედა და ყველაფერი ყურადღებით დაათვალიერა. შავებში ჩაცმული
უცნობი არ ჩანდა. სკამზე დაჯდა და ყურადღება არც ერთი წამით არ მოუდუნებია.
დაახლოებით საათნახევარი გავიდა. უკვე ბნელოდა. ბოლოს, როგორც იქნა, იმ
შენობიდან, რომლის წინაც ქეთი იჯდა, ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა და ისე წავიდა,
გოგონასთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.
ქეთი ფეხზე ადგა. ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო. აქ არც მთვარის შუქი ანათებდა და არც
ლამპიონები. გარშემო ფართო ტოტებიანი ხეები იდგა. ამის გამო, ვერც ერთი მხრიდან,
განსაკუთრებით კი ღამით, ალბათ, ერთი მაცხოვრებელიც კი ვერ დაინახავდა, იმას, თუ რა
ხდებოდა იმ ადგილას, სადაც ის ბიჭი მიდიოდა, რომელსაც უკან ქეთი მიჰყვებოდა.
უეცრად გოგონამ ნაბიჯს უმატა – თითქმის გარბოდა, მაგრამ უხმაუროდ. ამიტომაც, როცა
ბიჭს ძალიან მიუახლოვდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რომ უკან ვიღაც
მოდიოდა. აზრი აღარ ჰქონდა. ქეთიმ რევოლვერის ტარი თავში ჩაარტყა... ბიჭი ძირს დაეცა...
კიდევ ორჯერ ჩაარტყა რევოლვერის ტარი, თუმცა არც ისე მაგრად...
ყურადღება არც მერე მოუდუნებია. ბიჭს ზედ დააჯდა. მარცხენა ხელით თავზე
აწვებოდა, მარჯვენაში კი ისევ რევოლვერი ეჭირა.
გარშემო სიჩუმე იყო და სულიერის ხმა არ ისმოდა.
– შენ თუ შავებში ჩაცმული უცნობი არ ხარ, მაშინ მოგკლავ! – უთხრა ქეთიმ ძალიან
უცნაური ხმით.
– რა გინდათ? საერთოდმ იცით, ვინ ვარ? – ძლივს ჰკითხა შეშინებულმა ბიჭმა. გოგონა ისე
ძლიერად აწვებოდა თავზე და იმდენად ჩაეყოფინებინა მიწაში, რომ დაყვირებას ვერ ახერხებდა.
– შენ სანდრო გქვია, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ,,შავით მოსილი მკვლელი“ ხარ თუ არა?
– არა, მე არ ვარ! ძალიან გთხოვთ გამიშვით!
– თუ შენ არ ხარ, მაშინ მოკვდები! მანიაკი მხოლოდ მანიაკს არ მოკლავს, შენ კი, როგორც
ჩანს, ნორმალური ადამიანი ხარ!
– გემუდარებით, არ მომკლათ! – ტიროდა და ემუდარებოდა სანდრო.
გოგონამ კიდევ ერთხელ ჩაარტყა თავში რევოლვერის ტარი და გაიქცა...

***

ქეთი საწოლზე იწვა, თვალები დაეხუჭა, ყურასასმენები გაეკეთებინა და სიმღერას


უსმენდა. ბოლო დროს შეამჩნია, როდესაც ისეთ სიმღერას უსმენდა, რომელშიც აგრესია და
დაძაბულობა იგრძნობოდა, მასაც აგრესიის გრძნობა უჩნდებოდა. ამ დროს თითქმის სრულიად
უქრებოდა შიში. უნდოდა, შავებში ჩაცმული უცნობი ნაკუწებად ექცია, საწვავი გადაესხა და
დაეწვა. ფეხზე დგებოდა, ბალიშის ქვეშ დადებულ დანას იღებდა და წარმოიდგენდა, თითქოს
მის წინ მდგომი მანიაკი მოკვლას უპირებდა. ჰაერში დანას შეშლილივით იქნევდა, ცოტა ხნის
შემდეგ კი მუხლებზე დგებოდა და თავის წარმოსახვის ნაყოფს ეუბნეობდა, შენ დამარცხდი და
მოკვდებიო.
მერე დანას იატაკისკენ იქნევდა, ბოლოს კი ფეხზე დგებოდა, მაგიდიდან სანთებელას
იღებდა, იხრებოდა და სანთებელას ანთებდა და აქრობდა.
ამ ყველაფრის შემდეგ სიამაყით ეუბნებოდა დაქალს, დანაპირები შევასრულე და შავებში
ჩაცმული უცნობი მოვკალიო.
– გმადლობ, ქეთი, დიდი მადლობა! – იცინოდა ნინო, თან გულზე ხელს იდებდა, –
მადლობის მეტი რა მეთქმის, შენ ჩემს გამო შური იძიე!
ქეთი წყნარ სიმღერებს აღარ უსმენდა. ეს მას ისევ ჩვეულებრივ, მშიშარა გოგონად
აქცევდა, ამიტომაც ასეთი სიმღერის მოსმენა არ შეიძლებოდა.
მიუხედავად ამისა, იყო ერთი რამ, რასაც ვერანაირი სიმღერა ვერ შველოდა. ეს იყო
სიბნელე. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორი იყო სიმღერა, იმიტომ რომ სიბნელეში შიში ერთ
წამში იპყრობდა. ამიტომ ღამით თავზე კვლავაც საბანი ეფარა, ბალიშის ქვეშ კი დიდი დანა ედო.
წარსულში ღამით დაძინებას მაინც ახერხებდა, ახლა კი ყოველ ღამეს თეთრად ათენებდა.
შავებში ჩაცმული უცნობი სახურავზე იდგა! იქნებ მოეჩვენა? არა, ეს ,,იქნებ“ ძალიან საშინელი
სიტყვა იყო. მანიაკი დაინახა და ახლა უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო, ვიდრე ადრე. ისიც
კი იფიქრა, რევოლვერით ევლო, მაგრამ ამის უფლებას მშობლები არ მისცემდნენ.
იმ დღეს დილაუთენია წავიდა უნივერსიტეტში. თან პატარა გასახსნელი დანა დაჰქონდა.
სახლის წინ, ავტობუსის გაჩერებამდე კი ყოველთვის დედა აცილებდა.
როგორც ყოველთვის, მისთვის ლექციები უინტერესო იყო. გაცილებით დიდი საზრუნავი
ჰქონდა. ვინ იყო შავებში ჩაცმული უცნობი? სანდრო ,,სიიდან ამოშალა“, მაგრამ რამდენიმე
კანდიდატი კიდევ რჩებოდა. ესენი იყვნენ: დათო, ანა და გიორგი. მანიაკობის ყველაზე შესაძლო
კანდიდატად დათოს მიიჩნევდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუკამ სცემა. მან სწორედ ამ
შემთხვევის მერე თქვა, ლუკას ამას ვანანებო და ამ ამბიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ლუკას თავს
დაესხნენ. ანამ სულ რამდენიმე წუთში ისეთი ტყუილის მოფიქრება შეძლო, რითიც
პროკურატურის სამსახურის მოტყუება მოახერხეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვერანაირ
ბრალს ვერ წაუყენებდა, გიორგი იყო და სწორედ ეს გარემოება იწვევდა ამ ბიჭის მიმართ ეჭვს.
შესაძლო იყო, ამ ადამიანებიდან არც ერთი არ ყოფილიყო შავებში ჩაცმული უცნობი,
მაგრამ ქეთის რაც ხელჩასაჭიდი ჰქონდა იმას უნდა მიჰყოლოდა, თუ არადა უმოქმედოდ
მოუწევდა ყოფნა.
იფიქრა, კარგი იქნებოდა, ლექციების დასრულების შემდეგ ლუკას მოსანახულებლად
საავადმყოფოში თუ წავიდოდა, თუმცა მაშინვე ერთი გარემოება გაახსენდა და გადაიფიქრა.
შესაძლო იყო, მანიაკი თვითონ ყოფილიყო და ბიჭს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა.
ისე, მონახულება არც იყო საჭირო, რადგან მის მშობლებს ყოველდღე ურეკავდა, შვილის
ამბავს ეკითხებოდა, მოკითხვასაც უთვლიდა და ბოდიშსაც უხდიდა, ლუკას მოსანახულებლად
საავადმყოფოში რომ არ მიდიოდა.
ერთხელ გადაწყვიტა, სკოლაში მისულიყო. იქ, სადაც სწავლობდა და სადაც ნინო მოკლეს.
დედას დაურეკა, უთხრა, სადაც მიდიოდა და გააფრთხილა, რომ არ ენერვიულა.
...სამარშუტო ტაქსში იჯდა და ფიქრობდა: მისი ცხოვრება შავებში ჩაცმული უცნობის
გამოჩენასთან ერთად აიარა, მაგრამ განა მას კარგი ცხოვრება ჰქონდა? ნაძირალა შეყვარებული,
რომელიც შესაძლო იყო, მანიაკი ყოფილიყო. მეგობრები, რომლებსაც თურმე ძალიან ცუდად
იცნობდა. მამა, რომელსაც ფული ტყუილებით ჰქონდა ნაშოვნი და რომელმაც ცემით ლამის
სიკვდილის პირამდე მიიყვანა.
ეს ადამიანები ყოველთვის ასეთები იყვნენ, თუ მანიაკმა შეცვალა ისინი? არა, ყოველთვის
ასეთები იყვნენ. უბრალოდ, მას არ უნდოდა, რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. კი მაგრამ,
რატომ უყვარდა ისინი? იმიტომ რომ, თვითონაც მათნაირი იყო. ანამ თუ მოიტყუა, არც ქეთი
ჩამორჩა. იმდენი ტყუილი თქვა და ისეთი რაღაცეები ჩაიდინა, საბოლოოდ, თვითონაც ვეღარ
ხვდებოდა, ვინ იყო მატყუარა, არაადამიანი და მანიაკი.
სკოლასთან რომ მივიდა, გული აუჩქარდა. ეზოში შევიდა. მოღრუბლული, ქარიანი და
წვიმიანი ამინდი იყო. თუმცა იმ დროს არ წვიმდა, მაგრამ ჰაერში წვიმის სუნი იგრძნობოდა და
ირგვლივ ყველაფერი ნამიანი იყო. როცა სკოლის კარებთან ის ადამიანები დაინახა, რომლებიც
არ მოსწონდა და ზოგიერთ მათგანთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ყავისფერი ქუდი შუბლზე
მაგრად ჩამოიწია. მალე რომ გასცლოდა მათ ნაბიჯს აუჩქარა.
წარმოიდგინა, თუ როგორ ჩაუვლიდა გვერდით ამ ადამიანებს და იქაურობას
გაეცლებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ყველა, ვინც იქ იდგა, მასთან მივიდა და
დიდი სიყვარულით მოიკითხეს. სახეზე ეტყობოდათ, რომ მისი ნახვა გაუხარდათ, რაც გოგონას
ძალიან უცნაურად მოეჩვენა. რა დაემართათ ამ ადამიანებს? სად გაქრა მტრობა? ალბათ
თვალთმაქცობდნენ და სინამდვილეში მისი დანახვა სულაც არ სიამოვნებდათ.
– მეგობრის სიკვდილს გისამძიმრებთ. როგორ ხარ? – თბილად უთხრა ერთ–ერთმა ბიჭმა.
– გმადლობ. – ცივად უპასუხა ქეთიმ.
– გავიგეთ, ,,შავით მოსილი მკვლელი“ თავს დაგესხა, – უთხრა ერთ–ერთმა გოგონამ.
– აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი არ არის ,,შავით მოსილი მკვლელი“ – უპასუხა ქეთიმ.
– ეგ როგორ?
– მოკლედ, როგორც ვიცი, პოლიციას მკვლელის ნათითურები აქვს, მაგრამ ისინი არ
დაემთხვა თავდმსხმელის თითის ანაბეჭდებს, – აუხსნა ქეთიმ.
– ცუდია, რომ მანიაკი თავისუფალია, – აღნიშნა ერთმა ბიჭმა.
– ყველა ძალიან შეშინებულია. ეგ მანიაკი ნამდვილი საშინელებაა.
– უკვე ორი ადამიანი მოკლა და ერთი სასტიკად სცემა.
– ლუკა სცემა. თურმე ,,შავით მოსილ მკვლელს“ მისი ცემით მოკვლა სდომებია, მაგრამ იმ
დროს მამამისი მისულა და მანიაკი გაქცეულა.
– ქალაქში მანიაკის ყველას ეშინია. ქეთი, ალბათ, გეცოდინება, მაგრამ მაინც გეტყვი,
როდესაც აქ ნინოს გვამი იპოვეს, მშობლების უმრავლესობამ შვილები სხვა სკოლაში
გადაიყვანეს. ახლა სკოლაში ცოტანი ვართ და ამბობენ, რომ შესაძლოა ეს სკოლა საერთოდ
დახურონ.
– სკოლიდან გადაიყვანეს კი არა, ჩემი დეიდაშვილი დროებით მთელი თავისი ოჯახით
წავიდა თბილისიდან.
– იცით, რა არის ხალხო, მკვლელობები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ
,,შავით მოსილი მკვლელი“ ძალიან ჭკვიანია, მეორე ის, რომ ისეთ ადგილებში ან ისე ჩადის
დანაშაულს, რომ ძალაუნებურად მისი ყველას ეშინია.
– მართალია. ჯერ სკოლაში ჩაიდინა მკვლელობა, მერე, ვიღაც რატი მანჯავიძე მოკლა და
გვამი სადღაც გადაკარგულში გადამალა, შემდეგ კი ლუკა ცემით უნდა მოეკლა. ნეტავ კიდევ რას
ჩაიდენს ეგ გიჟი?
– მანიაკი სანდროსაც დაესხა თავს.
– თქვენ ჟურნალ–გაზეთებში ნახეთ ლუკას ფოტოები? სასტიკად იყო ნაცემი.
– მე ერთ–ერთ გაზეთში რატი მანჯავიძის გვამის ფოტოები ვნახე.
ქეთი ამ შეშინებული ადამიანების საუბარს უსმენდა და ძალიან გააკვირვა ორმა
გარემოებამ. შეამჩნია, რომ აქ სულ სხვადასხვა ტიპის ხალხი იდგა: ზოგი ,,კაი ბიჭი“ იყო, ზოგი
ხუმარა და მასხარა, ზოგი მშიშარა, ზოგიც ,,გოიმი“ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ადამიანებს
წარსულში მასთან კი არა, ერთმანეთთანაც კი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. რა დაემართათ?
ახლა რატომ იყვნენ ერთად? პასუხი შავებში ჩაცმული უცნობი იყო. საოცარი იყო, მაგრამ
მანიაკმა ადამიანები ისე შეაშინა, რომ მათ ერთმანეთს შორის მტრობა სულ გადაავიწყდათ.

***

– ქეთი, ხანდახან მაინც მოდი ხოლმე ჩემთან! – სთხოვდა საშინლად მოწყენილი ანა,
რომელსაც სახეზე ცუდი ფერი ედო. – ვიცი, ცუდად ხარ და ძალიან გეშინია, მაგრამ თავადაც
დათრგუნული ვარ და შიშში ვცხოვრობ!
– შევეცდები, რომ მოვიდე ხოლმე, – ქეთი მეგობარს ჩაეხუტა.
მან ანას ოთახს თვალი მოავლო:
– რაღაც წიგნებს ვერ ვხედავ, შენ რა, არ მეცადინეობ?
– მოდი, დავჯდეთ! – ანამ საწოლზე მიუთითა.
ქეთიმ ფეხსაცმელები გაიხადა, საწოლზე ავიდა და მეგობრის პირდაპირ დაჯდა.
– მეცადინეობის გაგონებაც არ მინდა. - უთხრა ანამ - დღეს ცოცხალი ვარ, ხვალ კი
შეიძლება მოვკდე. რა დროს მეცადინეობაა? მანიაკს ჩვენი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. ჯერ
ნინო, შემდეგ ლუკა, ბოლოს კი სანდრო.
– ლუკა და სანდრო ცოცხლები არიან, ასე რომ, როგორც ჩანს, მანიაკი არც ისე მაგარი და
მოხერხებულია...
ქეთიმ წინადადება ვერ დაამთავრა. ანას საშინელმა და შიშის მომგვრელმა მზერამ
ლაპარაკის შეწყვეტა აიძულა. გოგონას თავი დაბლა დაეხარა და ქვევმოდან თავისი შიშის
მომგვრელი თვალებით ისე უყურებდა, ადამიანს ეგონებოდა, წინ მოსისხლე მტერი უზისო.
ქეთის შეეშინდა, რაც სახეზეც შეეტყო:
– ანა, რა მოგივიდა?
– რა მომივიდა?! – თავი ასწია გაბრაზებულმა გოგონამ. – ქალაქში არაჩვეულებრივად
ჭკვიანი და ძლიერი მანიაკი დადის. ადამიანებს თავს ესხმის, ორი ადამიანი მოკლა, ორი
სასტიკად სცემა, შენ კი მეუბნები, რომ ის, არც ისე მაგარია?!
– არ მეგონა, ამის გამო ასე თუ გაბრაზდებოდი.
– ხვალ ლუკას გამოწერენ საავადმყოფოდან, – მშვიდად უთხრა ანამ და საუბრის თემა
შეცვალა.
– მართლა?! – გაუხარდა ქეთის. – რა კარგია! გინდა, წავიდეთ და ვნახოთ?
– მე უკვე ბევრჯერ ვინახულე და, თუ გინდა, შენ წადი.
ქეთი მეგობრისგან მალე წავიდა. ქუჩაში ყოფნის დროს ისევ შიში ეუფლებოდა. ყველა
შავტანსაცმლიან ადამიანს, თვალს ეჭვით აყოლებდა. ერთი გარემოება ძალიან აფიქრებდა –
იცოდა, რომ შავებში ჩაცმული უცნობი ყველა დანაშაულს განსხვავებულად და სხვადასხვა
ადგილებში ჩადიოდა. რა მოხდებოდა, მანიაკი დანაშაულის დღისით ჩადენას თუ გადაწყვეტდა?
სწორედ ამ გარემოების გამო, ქეთი ცდილობდა, ყოველთვის ხალხმრავალ ადგილებში
ყოფილიყო.
სახლში რომ მივიდა, უკვე მოსაღამოვებულიყო. ეს დღე მზიანი და ნათელი იყო, მაგრამ
ნელ–ნელა მზე ჩადიოდა, მასთან ერთად კი დღის სინათლეც იკარგებოდა, რომლის ნაცვლად
ჯერ სიბნელე, შემდეგ კი წყვდიადი მოდიოდა.
საწოლზე დაწვა და დაფიქრდა:
“იქნებ ანაა შავებში ჩაცმული უცნობი? რა საშინელი სახე ჰქონდა! როგორი შემზარავი
გამოხედვა! კი მაგრამ, რისთვის? იმისთვის, რომ მანიაკზე ცუდი რამ თქვა. რატომ დაესხა თავს
შავებში ჩაცმული უცნობი ლუკას? იმიტომ რომ მის სახელს ჩირქი მოსცხეს და შეურაცხყოფა
მიაყენეს. მან ხომ ცოტა ხნის წინ ანას გასაგონად, მანიაკს შეურაცხჰყოფა მიაყენა. ზუსტად ამან
გააბრაზა ანა, სწორედ ამან გააბრაზა შავებში ჩაცმული უცნობი…“
– სავსებით შესაძლებელია, შავებში ჩაცმული უცნობი ანა იყოს, – უთხრა ნინომ, რომელიც
თავის ადგილზე იჯდა და ფრჩხილებს ათვალიერებდა.
– ვიცი, – ქეთის მისთვის არც კი შეუხედავს.
ის დაღლილობას გრძნობდა და ეძინებოდა...
თვალები რომ გაახილა, უკვე ღამე იყო და სიბნელე. სიბნელე, რომლის შავ ფარდასაც
ლამპიონებით განათებული ქუჩები სულ ცოტათი ფენდნენ ნათელს. გარშემო სიჩუმე
გამეფებულიყო. სიჩუმე, რომელიც ხანდახან ისეთი სიმშვიდის მომგვრელი იყო, ხანდახან კი
მოუსვენრობისა და შიშის მომტანი.
ოთახში ლამპიონების სუსტი შუქი შემოდიოდა. დროდადრო მანქანის ძრავის ხმა
ისმოდა. იმ მანქანის, რომელიც მოულოდნელად ჩაივლიდა გზაზე და რატომღაც ქეთი მაშინ
გაიფიქრებდა ხოლმე, რომ ამ ქვეყანად უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ყოველი მათგანი
სრულიად დაუცველი და უსუსური იყო.
ცოტა წამოიწია, უკან მიბრუნდა, ფანჯარას შეხედა და იქ თეთრი სახე დაინახა. ეს იყო
შავებში ჩაცმული უცნობი. გულის ცემამ ერთი-ათად უმატა. რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა, მაგრამ
გრძნობდა, თუ როგორ გაუთეთრდა შიშისა და მღელვარებისგან სახე. არა, ეს არ იყო
დასასრული! ეს არ იყო ის დრო, როდესაც ის მოკვდებოდა. უამრავი რამ გადაიტანა და აქამდე
მოაღწია. თავის გადასარჩენად საშინელი ტყუილი მოიგონა, საკუთარ სხეულს დიდი ზიანი
მიაყენა და ყველა გააცურა! არა, სიკვდილი მისგან შორს დაძრწოდა!
შავებში ჩაცმული უცნობი ალბათ მინას შეამტვრევდა და ოთახში შევიდოდა. გოგონას
გაქცევა უნდა მოესწრო. მთლიანად შიშსა და მღელვარებას შეეპყრო, თუმცა ამას სრულიად არ
შეუშლია ხელი, იმისთვის, რათა გადარჩენა ეცადა. პირველ რიგში ბალიშის ქვეშ შეყო ხელი,
დანა რომ გამოეღო. ვერ იპოვა, ბალიში სადღაც მოისროლა და დაინახა - დანა იქ აღარ იდო.
– ოჰ, ღმერთო, დანა სად გაქრა?! – აღმოხდა სასოწარკვეთილს.
საწოლიდან ადგომა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ მოძრაობა თითქმის არ შეეძლო. რა
დაემართა?! რატომ უჭირდა ასე ძალიან მოძრაობა?! ძალა უნდა მოეკრიბა და გაქცეულიყო,
მაგრამ ვერაფერს ახერხებდა.
– დედა! – დაძახება სცადა, თუმცა, როგორც ჩანდა, ესეც აღარ შეეძლო. – დედა! ნათია!
მიშველეთ!
თვითონ ძალიან ხმადაბლა იძახდა, მაგრამ უეცრად საშინელი ღრიალის ხმა გაისმა.
შეშინებულმა ფანჯარას შეხედა. დაინახა, შავებში ჩაცმული უცნობი მინას ხელებს ურტყამდა და
ღრიალებდა. ამ დროს ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერაფრით წარმოიდგენდა. მანიაკმა ღრიალი და
ხელების რტყმა შეწყვიტა, მინას ხელით, უბრალოდ, მიაწვა და ფანჯარა თავისუფლად გაიღო.
შავებში ჩაცმული უცნობი, რომელიც რაღაცნაირად ფანჯრის რაფაზე იდგა, უეცრად
ოთახში შეხტა, ქეთისთან მივიდა, რომელიც ისევ გაქცევასა და დაყვირებას ცდილობდა, მაგრამ
კვლავაც არაფერი გამოსდიოდა.
მანიაკმა ხელები ყელში წაუჭირა, გოგონამაც ძალაუნებურად უკან გაიწია და საწოლზე,
მწოლიარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზემოდან შავებში ჩაცმული უცნობი დაჰყურებდა და
ახრჩობდა. მას არც დაყვირება შეეძლო, არც იმის ძალა ჰქონდა, რომ თავდამსხმელს
გამკლავებოდა და მის დასახმარებლადაც არავინ მოდიოდა.
ჯობდა, იმ ღამეს, შავებში ჩაცმულმა უცნობმა ნინო რომ დაახრჩო, პოლიციაში წასულიყო
და სიმართლე ეთქვა. ასე რომ მოქცეულიყო, ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მორჩა,
მალე მისი სიცოცხლე დამთავრდებოდა. მანიაკი ვერ მოკლა, რითიც მეორედ უღალატა
მეგობარს. ნეტავ ლუკა და ანა მაინც გადარჩებოდნენ!
ნელ–ნელა სუნთქვა უძნელდებოდა, ჟანგბადი ელეოდა. მის წინ წყვდიადის შავ ფარდაზე
თეთრი სახე იყო, რომელიც თითქოს ნელ–ნელა ქრებოდა და იმ ადგილას სიბნელე ჩნდებოდა...
ახლა ქეთი ვერავის და ვერაფერს ვეღარ ხედავდა. გარშემო წყვდიადი ჩამოწოლილიყო.
ისევ გრძნობდა ყელზე ხელებს, რომლებიც ახრჩობდნენ. კვლავაც ცდილობდა თავის
გადარჩენას. უეცრად, რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიკივლა, მთელი ძალით წამოიწია და
საწოლზე მუხლის ჩოქზე დადგა... უკან მიიხედა – ბალიში თავის ადგილზე იდო. უცებ ბალიშს
ხელი ჰკრა და გადააგდო – დანაც იქვე იდო. სასწრაფოდ აიღო დანა და კედელს მიეყრდნო.
– მიშველეთ! – დაიყვირა მთელი ძალით. – მიშველეთ! მიშველეთ!
ფანჯარას შეხედა - დაკეტილი იყო. ნუთუ ეს ყველაფერი დაესიზმრა? დიახ, ეს
ყველაფერი სიზმარი იყო, ოღონდ ძალიან–ძალიან ცუდი სიზმარი. ყველაფერს საოცრად
რეალურად ხედავდა, თუმცა ნანახი მხოლოდ და მხოლოდ ცუდი სიზმარი აღმოჩნდა.
უეცრად ოთახის კარი გაიღო. იქ შემოჭრილმა სინათლემ, გოგონას თვალი მოსჭრა.
– რა მოგივიდა, შვილო? – ჰკითხა შეშინებულმა ნათიამ.
– არაფერი, უბრალოდ, ცუდი სიზმარი ვნახე, – გოგონა საწოლიდან ადგა და დედას
ჩაეხუტა. დანა ისევ ხელში ეჭირა.
მართალია, ადრე დათომ რომ შეაშინა, თავდაპირველად, სიზმრად მიიჩნია და მხოლოდ
მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ის სულაც არ იყო სიზმარი, მაგრამ ახლა ნამდვილად
დარწმუნებული იყო, რომ სულ ცოტა ხნის წინ ნანახი საშინელება, უბრალოდ, სიზმარი იყო.
დედამ ის მისაღებ ოთახში გაიყვანა.
– აქ იყავი, შვილო, ჩაის მოგიტან!
– გმადლობ.
ქეთი დივანზე დაჯდა.
ნათია ოთახიდან გავიდა. გოგონამ კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა – შვიდი საათი
სრულდებოდა. რამდენიმე წამის შემდეგ კარებზე ზარის ხმა გაისმა.
– აი, ქეთი, შენი დროც დადგა! – ღიმილით უთხრა ნინომ.
– რა ჩემი დრო?
– შავებში ჩაცმული უცნობი შენს მოსაკლავად მოვიდა!
ზარს ალბათ უჩა რეკავდა, თუმცა არა, ის არ იქნებოდა, იმიტომ რომ მას სახლის გასაღები
ყოველთვის თან დაჰქონდა. გოგონა ადგა, ნელა მივიდა კარებთან, საჭვრეტში გაიხედა,
მოულოდნელად შეჰყვირა და უკან გამოიწია – საჭვრეტში გარედან, ვიღაც იყურებოდა. ქეთიმ
მისი თვალი დაინახა. ეს ნამდვილად შავებში ჩაცმული უცნობი იყო და მათი თვალები
ერთმანეთს შეეჩეხნენ!
– რა მოხდა? – ჰკითხა ნათიამ და კარებთან მივიდა.
– ბოდიში, ალბათ, შეგაშინეთ? გამომძიებელი, ვახტანგ კეკენაძე, ვარ. – გაისმა გარედან
ხმა. – თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს და თუ შეიძლება... სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
– არა, ეს ადამიანი გამომძიებელი არ არის! – უთხრა დედას შეშინებულმა ქეთიმ.
– მოიცადე! – ნათიამ საჭვრეტში გაიხედა... და კარები გააღო.
– გამარჯობა, ბატონო გამომძიებელო, – მიესალმა ნათია გამომძიებელს, რომელსაც შავი
სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი ეცვა.
გამომძიებლის დანახვისთანევე ქეთი მშობლების ოთახში შევარდა, რევოლვერი აიღო,
მჭიდი ჩადო, გადატენა, მერე ძლივს ჩაიდო პატარა ჯიბეში, მაისური ჩამოიწია და ოთახიდან
ფრთხილად გავიდა.
ნათია და გამომძიებელი მისაღებ ოთახში გვერდიგვერდ ისხდნენ. კეკენაძე ჩაის სვამდა
და იღიმებოდა.
გოგონაც შევიდა მისაღებ ოთახში.
– ქეთი, დიდი ბოდიში, შენი შეშინება არ მინდოდა, – მოუბოდიშა გამომძიებელმა.
– არა უშავს, – უთხრა გოგონამ და იმ სკამზე დაჯდა, რომელიც გამომძიებლისაგან
ყველაზე მოშორებით იდგა.
– მინდა გითხრათ, რომ ამ ,,შავით მოსილმა მკვლელმა“ ძალიან დიდ საგონებელში
ჩაგვაგდო, – დაიწყო გამომძიებელმა, – ქეთი, ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავარკვიეთ, რომ მანიაკს
შენთან მართლაც დაურეკავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენი საუბარიც მოვისმინეთ, თუმცა ეს
მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ იმ ნომრის მფლობელი დავაკავეთ,
ვისი მობილურიდანაც მანიაკმა დაგირეკა. მან გვითხრა, რომ რამდენიმე თვის წინ, ვიღაცამ
მობილური მოპარა. მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანს, მანიაკის მიერ ჩადენილი თითქმის ყველა
დანაშაულის დროისთვის აქვს ალიბი.
ნათია მთლად გაფითრდა, ქეთის კი ერთი წამითაც არ მოუდუნებია ყურადღება.
– ანუ ის ადამიანი არ არის მანიაკი? – ჰკითხა ნათიამ.
– როგორც ჩანს არა, – თქვა გამომძიებელმა და ღრმად ამოისუნთქა, – ქეთი, შენ თვითონაც
იცი, რომ მანიაკი თავს შენს მეგობრებს ესხმის. მას, რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს ან შენთან, ან
შენს მეგობრებთან. იქნებ დაფიქრდე ან გაიხსენო.
– იცით, მე, უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა საერთო უნდა ჰქონდეს მანიაკს ჩემთან ან ჩემს
მეგობრებთან.
– იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს გაიხსენებ ან მიხვდები, შენ იცი, რა ნომერზეც უნდა
დამირეკო, ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ...
დედა-შვილმა გამომძიებელი გააცილეს. გოგონამ საგულდაგულოდ დაკეტა სახლის
კარები და რევოლვერი ისევ თავის ადგილზე დადო.
– ეჰ, ქეთი, რა კარგი ცხოვრება გქონდა და რა ბედნიერი იყავი! – უთხრა მოწყენილმა
დედამ.
– როგორი ლამაზი ოთახია! – ქეთიმ მისაღებ ოთახს თვალი მოავლო.
– კი, მართლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ამ სახლში მწუხარებისა და შიშის მეტი
აღარაფერი დარჩა.
– იმედია, მომავალში ყველაფერი გამოსწორდება.
– ბოლოს ხომ დაიჭერენ იმ სასიკვდილე და დასამიწებელ მანიაკს, რითიც ყველაფერი
დამთავრდება.
– შენ რა, იწყევლები კიდეც! – გაეცინა ქეთის.
– უკვე ვიწყევლები. ეს მამაშენიც იდიოტია რა! ადგა და ყველას მოუყვა რაც დათოს
აგარაკზე გადაგხდა.
– რაა! – გაუკვირდა ქეთის, ნათიას კი სახეზე შეეტყო, რომ ისეთი რამ თქვა, რაც არ უნდა
ეთქვა.
– რა მოხდა, შვილო?
– თქვენ რა, იცით, რაც აგარაკზე მოხდა?
– ჩვენ ამის შესახებ ლუკამ გვიამბო...
– ლუკამ? კი მაგრამ, რატომ? რა გითხრათ?
– გვითხრა, რომ იმ ღამეს, ბანკეტი რომ გქონდათ, დათოს აგარაკზე ერთ–ერთმა
მეგობარმა შეგაშინა. ისიც გვითხრა, რომ შენ ძალიან შეგეშინდა და ამის გამო შეიძლებოდა
ფსიქლოგიური პრობლემები შეგქმნოდა. ამიტომ მე და მამაშენი, რაც შეიძლება კარგად უნდა
მოგქცეოდით. ლუკამ მე და უჩას ძალიან გვთხოვა, რომ ეს შენთვის არ გაგვემხილა. ვიცი, რომ შენ
არ გინდოდა... შენ არ გინდოდა, რომ ჩვენ ეს ამბავი გვცოდნოდა, მაგრამ რას იზამ. ლუკას ნუ
დაადანაშაულებ, ის ძალიან კარგი ბიჭია, უბრალოდ, შენი დახმარება სურდა.
– ეს როდის გითხრათ?
– აბა, როგორ გითხრა... მაშინ ნინო ცოცხალი იყო. იცი, შვილო არ მოგატყუებ და იმასაც
გეტყვი, რომ ლუკამ ისიც თქვა... – ნათია გაჩერდა და შეეტყო, რომ ამ საუბრის გაგრძელება აღარ
უნდოდა.
– რა თქვა?
– გვითხრა, რომ შიშები გქონდა. რა შიშები, ეს შენ თვითონაც ხომ იცი?
– ვიცი, შენ გააგრძელე!
– გვითხრა, რომ თუ არ გვინდოდა სერიოზული პრობლემის წინაშე დავმდგარიყავით,
მაშინ მშვიდ გარემოში უნდა ყოფილიყავი, მაგრამ მალე შენთვის მშვიდი გარემოს შექმნა
შეუძლებელი გახდა – ქალაქში მანიაკი გამოჩნდა და ყველას სიმშვიდე დაარღვია.
გოგონა დაფიქრდა: ეს ყველაფერი მის მშობლებს ლუკამ უთხრა. მას უნდოდა, რომ მისი
დიდი ხნის სიყვარული, ქეთი, ჭკუიდან არ შეშლილიყო და ნორმალურ ადამიანად
დარჩენილიყო, თუმცა მალე ქალაქში შავებში ჩაცმული უცნობი გამოჩნდა, რომელმაც
მკვლელობები დაიწყო. გამომძიებელმა, ვახტანგ კეკენაძემ, სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ
მანიაკი თავს, მის მეგობრებს ესხმოდა. სიმართლე იყო – რატი მანჯავიძის გარდა, შავებში
ჩაცმული უცნობის ყველა მსხვერპლი (ორი ადამიანი) მისი მეგობარი იყო. კი მაგრამ, რა ჯანდაბა
ხდებოდა?!
– მამამ ყველას უამბო იმის შესახებ, რაც აგარაკზე გადამხდა? – ჰკითხა დედას.
– ხომ იცი, როგორი ადამიანია. ბევრს უამბო ამის შესახებ.
– ლუკამ რა გითხრათ? – მოუთმენლად ჰკითხა ქეთიმ.
– თქვა, რომ იმ ღამეს, როდესაც ბანკეტი გქონდათ, ყველანი დათოს აგარაკზე წახვედით.
შენ მთვრალი იყავი და დათომ ერთ–ერთ ოთახში დაგაწვინა, შემდეგ კი შენმა ერთმა მეგობარმა
შეგაშინა.
,,შენმა ერთმა მეგობარმა შეგაშინა“, – ფიქრობდა ქეთი.
გამოდიოდა, რომ ლუკამ თავიდანვე იცოდა. მან იცოდა, რომ ის შეაშინეს. ალბათ, ისიც
იცოდა, რომ დათომ შეაშინა. დათო თავიდანვე რატომ არ ამხილა? ჩუმად რატომ იყო და ხმას
რატომ არ იღებდა? ის რა, ლუკას ნათქვამს დაიჯერებდა? არა. მისთვის დათო ერთადერთი და
უდიდესი სიყვარული იყო, რის გამოც ქეთი მას არც მოუსმენდა, პირიქით ეჩხუბებოდა,
შეიძულებდა და მასთან ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტდა. სწორედ ამის გამო იყო, რომ
ლუკამ არაფერი არ თქვა და სხვანაირად ცდილობდა მის დახმარებას.
როდესაც ეს ამბავი უჩამ გაიგო, ნაცნობებს მოუყვა. აი, თურმე რატომ ღრიალებდა
ყურმილში პაატა. მაგ იდიოტს, მასზე უფრო დიდმა იდიოტმა უამბო, თუ რა საშინელება
გადახდა მის შვილს. ნაძირალა პაატას ის მოსწონდა, მაგრამ ქეთი მის მიმართ ყოველთვის
გულგრილობას იჩენდა და ეზიზღებოდა. ზუსტად ამის გამო ეს არარაობა მის სახლში რეკავდა
და ყურმილში ღრიალებდა. მაგ ავადმყოფს მისი შეშინება და დასჯა მხოლოდ იმის გამო
უნდოდა, გოგონა მის მიმართ გულგრილი რომ იყო. ძალიან კარგი, ის არაადამიანი ციხეში რომ
იჯდა! პაატა ამას ნამდვილად იმსახურებდა!
დანარჩენიც არ იყო რთული. უჩას ერთ–ერთი ნაცნობი შავებში ჩაცმული უცნობი იყო.
მამამისმა მანიაკს უამბო, თუ რა საშინელი რამ გადახდა თავსს მის შვილს, მანიაკმა კი თამაში
გადაწყვიტა და ძალიან შორს შეტოპა.
,,თავიდან ამოიგდე ის აზრი, რომ მკვლელს შავი ტანსაცმელი აცვია. მკვლელი შეიძლება
ნებისმიერი შემხვედრი ადამიანი იყოს'', – გაახსენდა ქეთის ლუკას ნათქვამი, რაც სიმართლეს
ნამდვილად შეესაბამებოდა.
– დედა, ძალიან გთხოვ, როცა უჩა სახლში დაბრუნდება, ასე უთხარი, ფურცელზე ყველა
იმ ადამიანის სახელი და გვარი ჩამოწეროს, ვისაც ეს ამბავი მოუყვა.
– რატომ? – ჰკითხა გაკვირვებულმა ნათიამ.
– მაგ ადამიანებიდან ერთ–ერთი ,,შავით მოსილი მკვლელია“!
– კი მაგრამ...
– დამიჯერე, ეს ასეა!

***

მეორე დღეს ქეთი უნივერსტიტეტიდან ძალიან გახარებული გამოვიდა. ლექციები


დამთავრებული იყო, ლუკაც უკვე გამოწერილი იქნებოდა საავადმყოფოდან და მას ძალიან
გაახარებდა ის ამბავი, რასაც გოგონა ეტყოდა.
საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ წინა დღეს მშობლებს თავისი მოსაზრება გაუზიარა.
უჩამ თქვა, სახელებისა და გვარების ჩამოწერა საჭირო არ არის, სამსახურს გავაცდენ,
პროკურატურაში მივალ და გამომძიებელ ვახტანგ კეკენაძეს ყველაფერს დაწვრილებით
ვუამბობო.
იგი, ალბათ, უკვე მივიდოდა პროკურატურაში და კეკენაძეს ყველაფერს მოახსენებდა.
ბოლოს და ბოლოს, გამოძიება საჭირო ინფორმაციას მიიღებდა, სწორ გზას დაადგებოდა და
შავებში ჩაცმულ უცნობს მალე დააკავებდნენ.
როდესაც ქეთი ლუკას სახლთან მივიდა, სადარბაზოსთან შეჩერდა. ზუსტად ამ
სადარბაზოში, პირველ სართულზე დაესხა თავს შავებში ჩაცმული უცნობი ლუკას. გოგონა
ფრთხილად შევიდა სადარბაზოში და თან აქეთ–იქით გაფაციცებით იყურებოდა.
იქ არავინ იყო. გზა განაგრძო და კიბეებს სწრაფად აუყვა. ეს იყო ეგრეთ წოდებული
,,ხრუშჩოვკა“, თანაც ძალიან საშინელი, სადაც დღისითაც კი ბნელოდა. ამ პირქუშმა სადარბაზომ
შეაშინა. ყოველი შემთხვევისთვის, ჯიბეში ჩადებულ პატარა დანას ხელი მოჰკიდა, მზად რომ
ყოფილიყო თავის დასაცავად.
მესამე სართულზე ავიდა და ლუკას სახლის კარებზე ზარი დარეკა. მალე კარები ასე,
ორმოცდახუთი წლის კაცმა გააღო.
– გამარჯობა! – მიესალმა კაცი და გოგონა კარგად შეათვალიერა.
– გამარჯობა! თქვენ მე მიცნობთ. მე ქეთი ვარ, ლუკას კლასელი.
– ააა, ქეთი! გამახსენდი! შემოდი, შვილო, შემოდი!
ვანომ სტუმარი მისაღებში შეიყვანა. ოთახი პატარა იყო, მაგრამ კარგად და გემოვნებით
მოწყობილი. გოგონაში უარყოფით ემოციას მხოლოდ იქაური სიბნელე აღძრავდა. ლუკას
მშობლები ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ. გულთბილად მიიღეს და გაუმასპინძლდნენ
კიდეც.
– ლუკა შენ სანახავად წამოვიდა, – უთხრა ვანომ.
– მართლა?! – გაუკვირდა ქეთის. – რა სასაცილოა! მე მის სანახავად მოვედი, ის კი ჩემს
სანახავად წავიდა. კარგი, მაშინ მე წავალ, თქვენს შვილს გზაში შევხვდები, – თქვა გოგონამ,
იმიტომ რომ უცხო ხალხში ყოფნა ყოველთვის ერიდებოდა.
– ლუკა სახლში რომ ვერ გნახავს, აქ დაბრუნდება და ერთმანეთს შეხვდებით, – უთხრა
ვანომ.
– მოდი, შვილო, რომ არ მოიწყინო, ლუკას ოთახში კომპიუტერთან დაჯექი, – შესთავაზა
ანამ.
– არა, იყოს აქ დაველოდები, – უარის ნიშნედ თავი გააქნია გოგონამ.
– გატყობ, რომ ჩვენთან მოიწყინე. ჩვენი ასაკის ადამიანებთან რა უნდა გააკეთო? –
ღიმილით უთხრა ანამ.
უარის მიუხედავად ცოლ-ქმარმა სტუმარი შვილის ოთახში მაინც შეიყვანეს და
კომპიუტერიც ჩაურთეს. ანამ ფარდები გადასწია, იმიტომ რომ ისედაც ბნელ ოთახს ფარდები
კიდევ უფრო აბნელებდა, ზედმეტი ნივთები კი, პატარა ოთახს, მეტად არაკომფორტულს
ხდიდნენ.
ვანო და ანა ოთახიდან გავიდნენ.
ქეთის კომპიუტერი არ სჭირდებოდა, თუმცა უსაქმურობის გამო იმ ფაილების
თვალიერება დაიწყო, ლუკას კომპიუტერში რომ ჰქონდა. ჯერ ერთი ფოტო გახსნა, ცოტა ხანს
უყურა და უეცრად სახეზე განცვიფრება დაეტყო. მერე სხვა ფოტოებიც დაათვალიერა და მასში
განცვიფრებამ იმატა. კომპიუტერს თავი დაანება, ადგა და ოთახში რაღაცის ძებნა დაიწყო.
თვითონაც არ იცოდა, რას ეძებდა. ძალიან აფორიაქებული იყო. ბოლოს ერთი პატარა წიგნაკი
აიღო, გადაშალა და თვალი გადაავლო. შემდეგ წიგნაკი ჯიბეში ჩაიდო და იმ წიგნებთან მივიდა,
რომლებიც იატაკზე დადგმულ პატარა თაროზე ეწყო. სწრაფად გადაავლო თვალი ყველა წიგნის
სათაურს, ბოლოს კი ტანსაცმლის კარადასთან მივიდა და გააღო. მას სახეზე დიდი შიში და
განცვიფრება დაეტყო. კომპიუტერი გამორთო, ლუკას მშობლებს დაემშვიდობა და წავიდა.

თავი 13
,,რაიმეს გარკვევა, ღამის წყვდიადში კიბეებზე ასვლასავით არის. წარმოიდგინე, თითქოს
შენს სახლს რამდენიმე საკეტი აქვს და ამ საკეტებს სხვადასხვა გასაღებები აღებს, რომლებიც
კიბეებზე აქა-იქ ყრია. თუ ყველა გასაღებს არ იპოვი, კარებს ვერ გააღებ და უკან დაბრუნება
მოგიწევს“, – ქეთის ლუკას ნათქვამი მთელი ლექციების განმავლობაში თავში უტრიალებდა.
მას ჰქონდა გასაღებები, მაგრამ ყველა არა. თუმცა ამას აღარც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა,
იმიტომ რომ უკვე იცოდა, ვინც იყო შავებში ჩაცმული უცნობი. თავიდან თვალებს არ უჯერებდა
და ლუკას ოთახში ნანახი ჰალუცინაცია ეგონა. სწორედ ამიტომ მოიპარა მისი წიგნაკი და დედას
წააკითხა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ არ ეჩვენებოდა და დარწმუნდა კიდეც. წიგნაკში
ნათიამაც ის წაიკითხა, რაც ქეთიმ.
ლექციების დამთავრების შემდეგ უნივერსტიტეტიდან გამოვიდა. არ იცოდა, რა ექნა.
გამომძიებლისთვის იმდენი ტყუილი ჰქონდა ნათქვამი, რომ იქ მისვლა უჭირდა. გარდა ამისა,
უჩამ გამომძიებელ კეკენაძეს ყველაფერი ისე უთხრა, როგორც ქეთის უნდოდა. ამიტომ ახლა
გამოძიება მცდარ კვალზე იდგა და მის კიდევ ერთ მოსაზრებას, აღარ მოისმენდნენ. მართალია,
ეს უკვე მოსაზრება კი არა, სიმართლე იყო, მაგრამ ამასაც თუ იტყოდა, ნამდვილად გიჟად
შერაცხავდნენ.
როცა ქუჩაში გავიდა, მისი ყურადღება ტროტუართან მდგარი შავი ,,ფოლკსვაგენ
გოლფის“ საჭესთან მჯდარმა ბიჭმა მიიქცია. სურდა, გვერდით როგორმე შეუმჩნევლად გაევლო,
მაგრამ მანქანის კარი გაიღო და იქიდან მაღალი, საკმაოდ გამხდარი, თუმცა სპორტული
აღნაგობის ბიჭი გადმოვიდა, რომელსაც მზის სათვალე ეკეთა.
მან ხელები გაშალა, გაიღიმა, გოგონა გადაკოცნა და მხიარულად ჰკითხა:
– ქეთი, როგორ ხარ?
გოგონამ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა:
– ცოტათი სიმაღლეში გაზრდილხარ, მართვის მოწმობა აგიღია, მანქანა გიყიდია - კიდევ
არის რაიმე სიახლე?
– არავითარი სიახლე, მხოლოდ მოულოდნელობები! – ისევ მხიარული ღიმილით უთხრა
ბიჭმა და ხელები გაშალა. – ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მოულოდნელობებით არის სავსე, მე
კი მოულოდნელობები არ მიყვარს და იცი, რატომ? იმიტომ რომ მოულოდნელობა, საერთოდ,
ვიღაცის გამო ხდება, მე კი მირჩევნია, ის ვიღაც ვიყო, ვიდრე ეს მოულოდნელობა თავს
დამატყდეს და ათასი საზრუნავი გამიჩინოს.
– ესე იგი, შენ მოულოდნელი შემთხვევების მოწყობა გიყვარს? – ღიმილით ჰკითხა ქეთიმ.
– მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს მოულოდნელობებს ერთი გოგონა მიწყობს, ––
არტისტულად უთხრა ბიჭმა.
– და ეს გოგონა მე ვარ? ვიცი, რომ მე ვარ. მაპატიე, შენს მოსანახულებლად
საავადმყოფოში რომ არ მოვდიოდი. დამიჯერე, სერიოზული მიზეზი მქონდა.
– რა მიზეზი? შენი თავი შავებში ჩაცმული უცნობი ხომ არ გეგონა? – ირონიულად ჰკითხა
ბიჭმა და სახეზე დააკვირდა.
– ლუკა, მორჩი! – ქეთი მიხვდა, რომ მის წინ ის ლუკა არ იდგა, რომელსაც იცნობდა. წინ
მისი ,,მეორე მე“ ედგა.
ახლა ლუკა ლაპარაკით, ქცევის მანერითა და ყველაფრით, გარდა გარეგნობისა, სრულიად
სხვა ადამიანი იყო. იმ ღამეს, სკოლაში რომ შეიპარნენ, მან უთხრა, ,,მეორე მე“ ბევრ ადამიანს
ჰყავსო. დარწმუნდა, რომ ლუკაშიც იმელებოდა მეორე პიროვნება, თანაც ისეთი, რომელიც
,,ჰოლივუდის“ ფილმების ყველაზე პოპულარულ შეშლილ გმირებსაც კი კარგად დაუმშვენებდა
გვერდს.
– იცი, ქეთი, შენ კიდევ ერთი მოულოდნელობა მომიწყე! – ისევ არტისტულად გააგრძელა
ლუკამ, თან ძალიან მიუახლოვდა, რამაც გოგონა დააფრთხო, მაგრამ ბიჭმა ხელები მხრებში
ჩაავლო, რითიც უკან დახევის საშუალება არ მისცა.
– გამიშვი, თორემ ვიყვირებ! – დაემუქრა ქეთი.
– კი მაგრამ, მგონი, ერთხელ მითხარი, რომ მე შენი მეგობარი და მეგობარზე მეტიც ვარ, –
უთხრა მოჩვენებითი დაფიქრებით ლუკამ და თავი გააქნია, – შენ რა, მომატყუე? ძვირფასო, მე
შენ, უბრალოდ, გელაპარაკები, შენ კი მეჩხუბები.
– მითხარი, რისი თქმა გინდა, ოღონდ შენი ხელები მომაცილე!
ბიჭმა გოგონას ხელი გაუშვა. როცა ქეთიმ ცოტათი უკან დაიხია, ლუკამ ღიმილით
უთხრა:
– ჯერ მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი ამინდია, მოღრუბლული და ქარიანი. ნახე
ცოტათი წვიმს კიდეც. შენ ხომ ასეთი ამინდები გიყვარს? მეც მიყვარს. ჰოდა, რისი თქმა
მინდოდა? ესე იგი, მე რომ საავადმყოფოდან გამომწერეს, ჯერ სახლში მივედი, მერე კი შენთან
წამოვედი. ისე ძალიან მომენატრე, რომ არ მენახე მოვკვდებოდი. ცუდი ის არის, რომ შენ სახლში
არ დამხვდი. მამაშენმა მითხრა, მანიაკს მალე დაიჭერენო. მან ის მშვენიერი მოსაზრებაც გამაცნო,
რომელიც შენ, შენი პატარა, მაგრამ საოცრად საყვარელი ჭკუით ჩამოაყალიბე, – ლუკა ლაპარაკის
დროს ხელებს იშველიებდა და იცინოდა, – როცა სახლში დავბრუნდი, შენ, რა თქმა უნდა, იცი,
რასაც მეტყოდნენ მშობლები. თურმე ჩემი სახლიდან გიჟივით გავარდნილხარ. ნეტავ რისი
შეგეშინდა? – ცინიკურად ჰკითხა ბიჭმა. – მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, მშობლებმა ჩემს
ოთახში მაინც შეგიშვეს. მათ ყოველთვის ვეუბნეოდი, რომ იმ ოთახში არავინ არ უნდა შეეშვათ,
თუმცა ასე არ მოიქცნენ. ეგონათ, ეს მოთხოვნა შენზე არ ვრცელდებოდა. მოულოდნელობა ის
იყო, რომ როდესაც ჩემს ოთახში შევედი, ნივთები არეულ-დარეული დამხვდა. ჩემი პატარა და
ლამაზი წიგნაკი, რომელიც მე თვითონ ვიყიდე, სადღაც გაქრალიყო! - აგრესიულად უთხრა
ლუკამ და სახეზე სიბრაზე შეეტყო.
ქეთი მას გაშტერებული მისჩერებოდა და თვალებს ვერ უჯერებდა. სად გაქრა ის ლუკა,
რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში იცნობდა? იქნებ ეს მისი ორეული იყო?.. არა, ეს იგივე
სხეული!.. ეს ნამდვილად იგივე სხეული იყო, ოღონდ მასში ორი პიროვნება ცხოვრობდა. ერთი
მშვიდი, ჭკვიანი, ზრდილობიანი და, უბრალოდ, ძალიან კარგი ბიჭი. მეორეც ჭკვიანი, მაგრამ
აგრესიული და მკვლელობის სურვილით შეპყრობილი არსება. ზუსტად ეს უკანასკნელი იდგა
ქეთის წინ.
ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. ნელ–ნელა ბიჭს სახიდან შეშლილის გამომეტყველება
მოსცილდა და უწინდელი გახდა, ისეთი, როგორიც ქეთის უყვარდა.
– ჩემს ნივთებში რატომ იქექებოდი? – სრულიად მშვიდად ჰკითხა ბიჭმა.
– ლუკა, შენ მკურნალობა გჭირდება! მე დაგეხმარები, ოღონდ უნდა მენდო! – მუდარით
უთხრა გოგონამ, როცა მიხვდა, რომ მის წინ ისევ ის ბიჭი იდგა, რომელიც უყვარდა.
მან თავი დახარა და ერთხანს ასე იდგა, მაგრამ, როდესაც თავი ასწია, ქეთიმ შიშისგან უკან
დაიხია. ლუკას სახეზე ეტყობოდა, რომ მასში კვლავაც მისი მეორე მხარე დაბრუნებულიყო.
ქეთის სიძულვილით აღსავსე თვალებით უყურებდა. საოცარი იყო, თუ როგორ შეიცვალა მისი
სახე სულ რამდენიმე წამში. სიტყვიერად ნათქვამი ეს ამბავი დიდ შთაბეჭდილებას ვერცერთ
ადამიანზე ვერ მოახდენდა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი კი, ნამდვილად ყველას
განაცვიფრებდა. სახეზე მხოლოდ სიძულვილი კი არა, მთელი მისი ხასიათი ჩანდა, რომელიც
უწინდელი ლუკას ხასიათისგან სრულიად განსხვავდებოდა. ეს იყო ,,შავით მოსილი მკვლელი“.
– შენი აზრით, მკურნალობა მჭირდება?! – აგრესიულად ჰკითხა ლუკამ და ქეთისკენ
წავიდა, მაგრამ შეჩერდა, თავი დახარა და ხელები თავზე დაიდო. – მაპატიე, უბრალოდ, მიჭირს
თავის გაკონტროლება.
ქეთი მიხვდა, რომ ძველი ლუკა დაბრუნდა, მივიდა და ჩაეხუტა.
– მე ვიცი, რომ ადამიანი უმეტეს შემთხვევაში, მაშინ ხდება მანიაკი, თუ მას ბავშვობაში
დიდი ტრამვა აქვს გადატანილი. შენ ძმა მოგიკვდა – კლდიდან გადავარდა. ამან შენზე ძალიან
ცუდად იმოქმედა. ახლა თუ იმკურნალებ და ეცდები, რომ ისევ ნორმალური ადამიანი გახდე,
აუცილებლად შეძლებ გამოსწორებას. მე შენი მჯერა!
პასუხად სიცილი მოესმა. ლუკამ ხელი გაუშვა და უკან დაიხია. ის იცინოდა და შეჩერებას
ვერ ახერხებდა. გოგონას ხელით ანიშნა, დამაცადეო. სიცილით გული რომ იჯერა, მიუბრუნდა
და ღიმილით უთხრა:
– ქეთი, მაპატიე! იცი, შენმა სულმა და ბუნებამ ის გაიგო და აითვისა, რის მოცემასაც მე
ვცდილობდი. ეს შევძელი კიდეც! შენი გონება ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რაშია საქმე. აქვე ახლოს
ერთი კარგი კაფეა. მოდი, იქ წავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები. ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.
შენს მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ჩემთან ერთად ხარ. რას იტყვი? მგონი, ეს საკმარისი
იქნება იმისთვის, რათა არაფრის შეგეშინდეს.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ლუკამ მობილურ ტელეფონზე ნომერი ისე აკრიფა, გოგონასაც რომ დაენახა და მართლა
დარეკა:
– გამარჯობა, ქალბატონო ნათია! ლუკა ვარ, როგორ ბრძანდებით?.. გმადლობ, მეც
კარგად… დღეს თქვენი შვილი ჩემთან ერთად იქნება და სახლშიც მე მოვიყვან. არაფრის
შეგეშინდეთ, უკვე მანქანით დავდივარ... – ლუკამ მობილურს ხელი დააფარა, – თუ გინდა, შენც
უთხარი რამე…
ქეთიმ მობილური გამოართვა:
– დედა, ნუ ინერვიულებ! ცოტა ხანს ლუკასთან ერთად გავისეირნებ და სახლშიც ის
მომიყვანს!
– კარგი, შვილო!
მან მობილური გათიშა და პატრონს დაუბრუნა. მანქანისკენ ნელი ნაბიჯით წავიდნენ.
გოგონა მაინც ყოყმანობდა. ვერ გადაეწყვიტა, გაჰყოლოდა თუ არა. გაახსენდა, რომ ეს მანიაკი
ყველა დანაშაულს განსხვავებულად ჩადიოდა. იქნებ ,,შავით მოსილ მკვლელს“ ახლა მორიგი
დანაშაული უნდა ჩაედინა? იქნებ ამჯერად ლუკას დანაშაულის ჩადენა დღისით გადაეწყვიტა?
ამასობაში მანქანასთანაც მივიდნენ. ბიჭმა მანქანის მარჯვენა, წინა კარი გააღო და უთხრა:
– ჩაჯექი.
– არა, მე შენთან ერთად არ წამოვალ!
უეცრად ლუკამ ერთი ხელი ჯიბეში ჩაიყო, იქიდან რაღაც ხელსახოცი ამოიღო და ქეთის
ცხვირზე მიაფარა, მეორე ხელი კი ზურგზე მოხვია, გოგონას გაქცევა რომ ვერ მოეხერხებინა.
მოღრუბლული დღე იყო. წვიმდა და ასფალტზე დაცემული წვიმის წვეთები სასიამოვნო
ხმას გამოსცემდნენ. თანდათან უფრო და უფრო იღრუბლებოდა, ნელ-ნელა ბნელდებოდა და
გარშემო ყველაფერი წყვდიადში იძირებოდა...

***

გონზე მოსულმა ქეთიმ დაინახა, რომ ერთი დიდი ოთახის შუაში მდგარ მაგიდასთან,
სკამზე იჯდა. ვერ გარკვეულიყო, თუ რა მოხდა იქამდე, სანამ გონებას დაკარგავდა. მის თავზე
დიდი ნათურა ეკიდა, თუმცა ოთახის სიდიდის გამო, იქაურობას კარად ვერ ანათებდა. იქნებ ეს
სიზმარი იყო?.. უეცრად რაღაც ხმები შემოესმა და დაინახა, რომ ამ დიდ ოთახში მის გარდა,
კიდევ ვიღაც იყო. მხოლოდ უცნობის შავ სილუეტს ხედავდა, რომელიც თითქოს ვალსს ცეკვავდა
და რაღაც მელოდიას ღიღინებდა.
გოგონა შიშისგან გაქვავდა, ადგილიდან ვერ იძვროდა და შეშინებული თვალებით
უცნობის შავ სილუეტს უყურებდა, რომელიც ცეკვასა და ღიღინს განაგრძობდა.
მოულოდნელად უცნობი გაჩერდა და მას გამოხედა. ქეთიმ ეს შენიშნა და კიდევ უფრო
მეტად შეშინდა. აბა, რას იფიქრებდა, რომ ოდესმე ის საშინელი ღამე როცა დათომ შეაშინა, ან ის,
შავებში ჩაცმულმა უცნობმა ნინო რომ მოკლა, სანატრელი გაუხდებოდა? დიახ, ახლა ცხოვრების
ეს საშინელი ეპიზოდები, მართლაც ენატრებოდა.
– ოჰ, ქეთი გონზე მოვიდა! – მხიარულად თქვა უცნობმა, მისკენ წავიდა და მალე მისი
სახეც გამოჩნდა.
– ლუკა, არ მომიხლოვდე! – დაიყვირა შეშინებულმა გოგონამ, ფეხზე წამოხტა და
შეშინებული თვალები ოთახს მოავლო, რათა იქიდან გაქცეულიყო, მაგრამ ოთახი დიდი და
ბნელი იყო.
– ქეთი, დაწყნარდი! – უთხრა ლუკამ და მაგიდას მიუახლოვდა.
– ჩემმა მშობლებმა იციან, რომ შენთან ვარ! – შეშინებულმა ქეთიმ უკან დაიხია. – იცოდე,
თუ მომკლავ, პოლიცია დაგიჭერს და რა გეგმაც არ უნდა გქონდეს, ჩემი მოკვლის შემდეგ ამ
საქმიდან მშრალად ვერ გამოძვრები. იცოდე, არ გაამართლებს! შენ უკვე ძალიან ღრმად შეტოპე
და ვერავის ვეღარ მოატყუებ!
– შენ ფიქრობ, აქ იმისთვის მოგიყვანე, რომ მოგკლა და გვამი გადავმალო? ასე არ არის.
უბრალოდ, ეს ადგილი მომწონს და აქ სწორედ ამიტომ მოგიყვანე. მინდა, რომ დავჯდეთ და
ყველაფერი მოგიყვე.
– სად ვართ?
– მე – 5 კვარტალში, – უპასუხა ბიჭმა და სკამზე დაჯდა.
ნელ-ნელა ქეთიმ სიბნელეს თვალი შეაჩვია და კარგად დაინახა სადაც იყო...
– მინების ნაცვლად მუყაოს ქაღალდებია ჩასმული, – ღიმილით შენიშნა ლუკამ.
გოგონამ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და დარწმუნდა, რომ ლუკა სიმართალეს
ამბობდა. იქაურობა საშინლად მტვრიანი იყო. ძირს უამრავი ხარახურა ეყარა, მაგრამ მთავარი ის
იყო, რომ გასასვლელი დაინახა, რომელიც მის პირდაპირ, ოთახის მარცხენა ბოლოში
მდებარეობდა. იქამდე მისაღწევად, ლუკას გვერდით უნდა გაევლო. გაქცეულიყო თუ არა?
ლუკას ვერ გაასწრებდა, ამიტომ გაქცევას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ აქ თუ დარჩებოდა, რა
მოუვიდოდა?..
– მოდი, აქ დაჯექი! – ლუკამ ხელით იმ სკამზე მიანიშნა, რომელზეც ცოტა ხნის წინ ქეთი
იჯდა, თუმცა სხვა თავისუფალი სკამი არც იყო.
შეშინებული გოგონა მაგიდას ნელა მიუახლოვდა. ყოველ წამს ეგონა, რომ ლუკა უეცრად
სკამიდან წამოხტებოდა, მივარდებოდა და დაახრჩობდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ლუკა
სრულიად მშვიდად იჯდა და მას უყურებდა. ქეთი მაგიდასთან მივიდა და შეჩერდა. ბიჭმა ისევ
ანიშნა ხელით, რომ დამჯდარიყო. ისიც ნელა და გაუბედავად დაჯდა სკამზე.
– პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გაგიმეორო, რომ შენს მოკვლას საერთოდ არ
ვაპირებ.
შეშინებულმა ქეთიმ თავი დაუქნია. ლუკა ადგა და მასთან მივიდა. გოგონას ძარღვებში
სისხლი გაეყინა. მის გვერდით მანიაკი იდგა, რომელსაც საკუთარი თავის გაკონტროლება
უჭირდა და კაცმა არ იცოდა, რას იზამდა.
უცებ ბიჭმა მარჯვენა ხელი ჯიბისკენ წაიღო. შეშინებული გოგონა ფეხზე წამოვარდა,
მაგრამ ლუკამ მარცხენა ხელით დაიჭირა და გაბრაზებით უთხრა:
– უკვე მესამედ გეუბნები, რომ შენს მოკვლას არ ვაპირებ!
ქეთი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევისას ლუკას „მეორე მე“ იღვიძებდა, რაც
ნამდვილად საგანგაშო იყო.
– მაპატიე, – მოუბოდიშა ქეთიმ და დაინახა, რომ ლუკამ ჯიბიდან მობილური ტელეფონი
ამოიღო და მას ხელი გაუშვა:
– თუ შეიძლება დაჯექი!
გოგონა დაჯდა.
– თავი უფრო უსაფრთხოდ რომ იგრძნო და დარწმუნდე, რომ არაფერს დაგიშავებ,
დედაშენს შეტყობინებას გავუგზავნი. მივწერ, რომ ჩემთან ერთად ხარ კაფეში და სახლში
საათნახევარში მიგიყვან.
– კარგი, – შეშინებული გოგონა ცრემლებს ძლივს იკავებდა.
ლუკამ მართლაც გაუგზავნა ნათიას შეტყობინება და ქეთიმაც თავი უფრო უსაფრთხოდ
იგრძნო.
ბიჭი დაჯდა. ახლა ისინი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ – ქეთი და ,,შავით მოსილი
მკვლელი“.
– თუ შეიძლება მითხარი, როგორ მიხვდი, რომ ,,შავით მოსილი მკვლელი“ ვარ? –
ინტერესით ჰკითხა ლუკამ. – მე, რა თქმა უნდა, ვიცი, როგორც გაიგე, მაგრამ ყველაფერი შენგან
მინდა მოვისმინო.
– გუშინ შენს სანახავად მოვედი, – გაუბედავად დაიწყო ქეთიმ, – მე მანიაკი ჩემი თავი
მეგონა. სწორედ ამის გამო არ მოვდიოდი საავადმყოფოში შენს სანახავად. იცი იმ დღეს...
– გასაგებია, გასაგები, – მშვიდად უთხრა ლუკამ და ხელები გაიქნია, – შენ ის მითხარი,
რაც გკითხე!
– კარგი, – ისევ გაუბედავად დაიწყო გოგონამ, – შენ სახლში არ იყავი, ჩემს სანახავად
იყავი წასული. რომ არ მომეწყინა, შენმა მშობლებმა შენს ოთახში შემიყვანეს და კომპიუტერი
ჩამირთეს. შენი ფოტოები დავათვალიერე. ის ფოტოები ვნახე, თუ არ ვცდები, კიკბოქსინგის
დარბაზში რომ გაქვს გადაღებული. შენს გვერდით რამდენიმე ადამიანი იდგა, მათ შორის რატი
მანჯავიძეც. მივხდი, რომ საქმე რაღაცაში იყო, ამიტომაც ოთახი გავჩხრიკე და წიგნაკი ვიპოვე,
რომელშიც ბევრი რამ ეწერა... ეს იყო სტატია, მანიაკის მიერ აგარაკზე მოკლული გოგონას
შესახებ. მერე ვნახე წიგნი სათაურით – ,,ფსიქოლოგიური ზემოქმედება“. ბოლოს შენი კარადაც
გავაღე და იქ... შავი სპორტული ქურთუკი, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ნიღაბი ვნახე.
ყველაფერს მივხვდი. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ მივხვდი. გამახსენდა, რამდენიმე წლის
წინ, ჯერ კიდევ პატარა რომ იყავი, სოფელში ყოფნისას, შენი უფროსი ძმა კლდიდან, რომ
გადავარდა და გარდაიცვალა. ძმის სიკვდილმა შენზე ცუდად იმოქმედა. ისიც გამახსენდა, ამ
ამბის შემდეგ სულ ჩუმად და მარტო იყავი. მეგობრები არ გყავდა, რეალურად არავინ გედგა
გვერდში, მაგრამ ყველას გვეცოდებოდი და ჩვენდა უნებურად ამას გაგრძნობინებდით კიდეც.
მერე მოულოდნელად მაგარი ბიჭი გახდი. სულ ლაპარაკობდი და ხუმრობდი, მეგობრები
შეიძინე და არავისი არ გეშინოდა. ალბათ სწორედ ამ დროს გადაწყვიტე, რომ ადამიანების
მოკვლა დაგეწყო... სულ ეს არის.
– აი, რატომ არ მიყვარს მოულოდნელობები! – ენერგიულად და თავის ქნევით თქვა
ლუკამ. ეს უკვე მისი „მეორე მეს“ მახასიათებელი იყო, რამაც ქეთი შეაშინა.
– ნელ–ნელა უფრო და უფრო ჭკვიანი ხდები, რაც კარგია, თუმცა ბევრ რამეში ცდები. მე
შენს შესახებ ყველაფერი ვიცი. მე ვიცი, რას მალავს შენი ბნელი ადგილი, ამიტომაც იმასაც
გაგანდობ, თუ რას მალავს ჩემი ბნელი ადგილი. ჯერ იმას გეტყვი, თუ რას ვუწოდებ ბნელ
ადგილს. იცი, ქეთი, ყველა ადამიანს განსხვავებული ცხოვრება გვაქვს. ზოგს შეძლებული
მშობლები ჰყავს, რომლებიც შვილს ნებისმიერ სურვილს უსრულებენ და ის გაზულუქებულ
ღორად იზრდება. ზოგს ღარიბი მშობლები ჰყავს, რომლებიც შვილს ბევრს ვერაფერს აძლევენ, ის
კი დამოუკიდებლად ცდილობს გზის გაკაფვას და მშრომელი ადამიანი გამოდის. მოკლედ, აზრი
არ აქვს ადამიანი ასეთია თუ ისეთი, ყველა ადამიანს ცხოვრებაში, უფრო სწორედ კი ბავშვობაში,
ისეთი რაღაცეები ემართება, რაც მის მომავალს განსაზღვრავს. მე არ ვგულისხმობ სოციალურ და
ეკონომიურ მდგომარეობას, მე ვგულიხმობ ადამიანის შინაგან სამყაროს, თითოეული ადამიანის
,,მეორე მეს“, ანუ იმას, თუ ვინ არის სინადვილეში, რა პიროვნებაა, რა ანიჭებს სიამოვნებას, რისი
გაკეთება შეუძლია და ასე შემდეგ. წარმოიდგინე ერთი დიდი ყუთი, რომელშიც ისეთი
რაღაცეები იყრიან თავს, რომლებიც ჩვენს სულს ვნებენ. სანამ ჩვენ პატარები ვართ, ვერ
ვხვდებით, მომავალში რა საშინელ არსებებად ვიქცევით, ხოლო როდესაც გავიზრდებით,
თითქმის შეუძლებელი გახდება ჩვენი შინაგანი სამყაროს შეცვლა. ბევრს შეეშინდება, ბევრიც
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო, ყუთში არ ჩაიხედავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
სხვებმა ეს არ უნდა დაინახონ, ამიტომაც ჩვენ მას ბნელ ადგილში ვმალავთ. როგორც ადამიანის
ცოდვილ სურვილებსა და ოცნებებს არ აქვთ საზღვარი, ასევე ამ ყუთს არ აქვს თავსახური. ჩვენ
მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ჩვენი ნაკლოვანებების დასამალად თავი სხვანაირ ადამიანად
წარმოვაჩინოთ. იცი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სახეც კი არ გვაქვს! – ლუკას აგრესიულობა
შეეტყო. – ჩვენ უსახო და უფორმო არსებები ვართ! ჩვენს სურვილებსა და ბოღმას საზღვარი არ
აქვს! დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტი გვინდა, რომ გვქონდეს. სხვების წარმატება და
ბედნიერება ჩვენში შურს აღძრავს. ნიღბებს ვიკეთებთ და ცხოვრების ასპარეზზე გავდივართ.
ვიძენთ ისეთ მეგობრებს, რომელთა ნიღბებიც ჩვენს ნიღბებს წააგავს. საკუთარ თავზე დიდი
წარმოდგენის გამო, უკუვაგდებთ ყველაფერს, რაც კი ამ ილუზიას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვქნით
ჩვენივე პატარა სამყაროს, რომელიც გაბერილ ბუშტს ჰგავს, – ლუკამ ორივე ხელის თითებით წრე
გააკეთა და თავი დახარა, – ეს პატარა ბუშტი არის ის ილუზია, რაშიც ვცხოვრობთ. ერთ წამში
შეიძლება ამ ბუშტის გახეთქვა და გავხეთქავთ კიდეც. ბუშტის ნარჩენებისგან ჩვენ ახალ ბუშტს
გავბერავთ, რომელიც უწინდელზე პატარა იქნება, მაგრამ ისიც თუ გასკდა მერე რაღას ვიზამთ?
მისი ნარჩენისგან ისევ გავბერავთ ბუშტს, რომელიც უფრო პატარა იქნება...
– შენ მას კიდევ გახეთქავ, – უთხრა ქეთიმ, რომელიც ლუკას ყურადღებით უსმენდა, – შენ
მას იმდენჯერ გახეთქავ, სანამ მისგან აღარაფერი აღარ დარჩება. ილუზია იმის შესახებ, რომ
დიდი და ხელშეუხებელი ადამიანი ხარ გაქრება. თვალწინ მხოლოდ საშინელი რეალობა
დარჩება. ლუკა, შენ ამას ჩემს ცხოვრებაზე ამბობ? ნუთუ ამდენი მკვლელობა იმისთვის ჩაიდინე,
რათა მე მოგეყვანე გონზე? გინდოდა, ყველაფრისთვის რეალური თვალით შემეხედა და შენ ეს
შესძელი კიდეც. ჩემი შეყვარებული ნაძირალა, მხდალი და ავადმყოფია. ჩემი საუკეთესო
მეგობარი, ნინო, ყოველთვის სხვებს დასცინოდა და სხვების ნაკლზე ლაპარაკობდა. ანა,
რომელიც იფიცებოდა, რომ ყოველთვის ჩვენი მეგობარი იქნებოდა, ისეთი ადამიანი აღმოჩნდა,
რომელმაც სულ რამდენიმე წუთში იმდაგვარი ტყუილის თქმა შეეძლო, რომლითაც ფიცი
გატეხა, მეგობარს უღალატა და მართლმსაჯულება გააცურა. მამაჩემზე აღარაფერს ვიტყვი...
ბიჭმა გაიღიმა:
– მხოლოდ შენი თავი დაგავიწყდა!
ქეთის ფერი ეცვალა. ნუთუ ახლა მისი ჯერიც დამდგარიყო?..
– ნუ გეშინია, მგონი, უკვე მეოთხედ გეუბნები, რომ არაფერს დაგიშავებ. რაც ჩავიდინე, იმ
ყველაფრის მიზეზი შენ და ადამიანები ხართ. შენ იმის გამო, რომ ყოველთვის მიყვარდი. გული
შემტკიოდა ამპარტავანი, ლოთი, სულელი და კიდევ ათასი უბედურება რომ იყავი. შენი სამყარო
ისეთი მტკიცე იყო, შიშმაც კი ბევრი ვერაფერი დააკლო. თავიდანვე სრულიად ნათელი იყო, რომ
დათომ შეგაშინა. ბნელი და პატარა ოთახი, რომლის ფანჯარაც ბაღში, იმ მხარეს გადიოდა, სადაც
არავინ იყო და ადამიანი ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა, რასაც კი მოინდომებდა. გარდა ამისა,
იმ სადენებს, რომლითაც სახლს დენი მიეწოდებოდა, დათოს გარდა, ვინ დააშორებდა
ერთმანეთს? დათოს სახლი იყო და ყველაფერი კარგად იცოდა. სხვა რომ არაფერი, უცხოს დენის
დარტყმის შეეშინდებოდა და სადენებს ხელს არ ახლებდა.
– ყველაფერი სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ მე დათო იდეალური ბიჭი მეგონა, ჩემი თავი
კი ხელშეუხებელი. ვერც მასთან დაშორებას შევეგუებოდი და ვერც იმ ვერსიას მივიღებდი,
თითქოს ვიღაც გიჟს ჩემთვის რაიმეს დაშავება უნდოდა. ორივე მათგანი ჩემი სამყაროსთვის
სრულიად უცხო და საზიანო იყო, ამიტომ ეგ საშინელი შემთხვევა, უბრალოდ, დავივიწყე და
კვლავაც ილუზიაში ცხოვრება ვამჯობინე. შენ როდის მიხვდი, რომ დათომ შემაშინა?
– ქეთი, არ გაბრაზდე, მაგრამ... – ლუკა შეყოყმანდა, – მე არაფერს არ მივხდი.
– აბა?
– მოდი, ყველაფერს თავიდან გიამბობ, – ბიჭმა საათს დახედა, – ჯერ ნახევარი საათიც არ
გასულა, ასე რომ, დრო გვაქვს. აქ არავინ არ მოვა, მიტოვებული შენობაა, თანაც კარები დავკეტე
და რევოლვერიც თან მაქვს, – ლუკამ ქამრიდან რევოლვერი ამოიღო და ქეთის აჩვენა.
თანხმობის ნიშნად ქეთიმ თავი დაუქნია.
– შენი დანაც მე მაქვს, – თვალი ჩაუკრა ლუკამ, – მოკლედ, მე ღარიბი მშობლები მყავს.
დედ–მამა და ჩემი უფროსი ძმა ხშირად მცემდნენ. სულ მეუბნებოდნენ, რომ ბუნების შეცდომა
ვიყავი. ძმას იმიტომ არ ვუყვარდი, რომ მშობლების ქონება მეც მერგებოდა. წლების მანძილზე ამ
საშინელების ატანა მიწევდა. ერთხელ მთელი ოჯახი სოფელში წავედით... ამის გაკეთებას
ვაპირებდი. ეს უნდა გამეკეთებინა, თუ არადა, ისეთივე ლაჩარი დავრჩებოდი, როგორიც მანამდე
ვიყავი. ჩემი თხოვნით მე და ჩემი ძმა ერთ მაღალ კლდეზე ავედით... მერე მე მას ხელი ვკარი და
კლდიდან გადავადგე... ამის შემდეგ გაქრა ყველანაირი შიში და შური. მე მშიშარა აღარ ვიყავი, მე
მამაცი ვიყავი, სიმამაცე კი ადამიანისთვის ძალიან კარგია და სხვების აღარ მშურდა. მე ჩემს
ბნელ ადგილს თვალი გავუსწორე და საკუთარი თავი ისეთად მივიღე, როგორიც გულის
სიღრმეში ვიყავი. დავინახე, რომ მანიაკი ვიყავი. გოგონა მჭირდებოდა, გოგონა, რომელიც
მეყვარებოდა და მასაც ვეყვარებოდი. სწორედ ამის შემდეგ გავხდი მხიარული და უშიშარი, ასე
რომ, რაღაც შეგეშალა, – ირონიული ღიმილით უთხრა ლუკამ, – შვილის დაკარგვის შემდეგ
მშობლებს მარტო მეღა დავრჩი. ამის გამო მათ უფრო მეტად შემიყვარეს და „კარგ“ ოჯახად
ვიქეცით. შენ მიყვარდი და ვხედავდი, რა ცუდ გზაზეც იდექი. ისიც ვიცოდი, რა ადამიანები
იყვნენ: დათო, ნინო და ანა. გადაწყვეტილიც მქონდა, რა გზასაც დავადგებოდი, მაგრამ
რატომღაც შენთვის თავის დანებება განვიზრახე. ყველაფერი დათოს საქციელმა შეცვალა. შენ
სახლში შეგიყვანა, თვითონ კი გარეთ გამოვიდა. ეგ ბიჭი, როგორიც იყო, მშვენივრად ვიცოდი.
ამიტომ თვალს არ ვაშორებდი, შენთვის რომ არაფერი დაეშავებინა. მერე ცოტა ხნით ეგ მშიშარა
სხვების შეუმჩნევლად იქაურობას გაეცალა... უკან გავყევი და ყველაფერი დავინახე.
– რატომ არ ჩაერიე? ხომ შეგეძლო მისი შეჩერება?
– მერე, შენ ჩემს ნათქვამს დაიჯერებდი?
– არა, რაც არ უნდა ყოფილიყო, მე მაინც დათოს მივემხრობოდი.
– ჰოდა, სწორედ ამაშია საქმე! ვიცდიდი, მაგრამ შენ ვერაფერს ხვდებოდი. მერე
რამდენჯერმე სახლში მობილურიდან დაგირეკე და შეგაშინე. თუ გაინტერესებს, იმასაც გეტყვი,
რომ ის მობილური რომლიდანაც გირეკავდი, ქუჩაში ვიპოვე. მაშინ ის სულელური სტატია უკვე
დაწერილი მქონდა. ვიცოდი, რომ სოციალურ ქსელში ხშირად შედიოდა, დათოს ქალაქის
ტელეფონზე დავურეკე და ლაპარაკი გავუბი. ამით რაღაც დროით კომპიუტერს მოვაშორე, მისი
,,პროფილი“ გავტეხე და ჩემი დაწერილი სტატია მის „გვერდზე“ დავდე, რაღაც დროის შემდეგ კი
წავშალე, იმ იმედით, რომ შენ ის უკვე წაკითხული გექნებოდა. გამიმართლა და შენ სტატია
წაიკითხე, უფრო სწორედ კი ჩემი მონაჩმახი წაიკითხე. სტატია ჩემს იმ ვებსაიტზეც დავდე,
რომლის შესახებაც არავინ არ იცით. მალე სტატია სხვა საიტებზეც გაჩნდა. გახსოვს, შეჯიბრი რომ
მოვიგე?
– რა თქმა უნდა, მახსოვს.
– იცი, სად წავიღე მოგებული ფული? რატი მანჯავიძეს გადავუხადე, რომელიც
კიკბოქსინგზე ჩემთან ერთად დადიოდა და ჩემი „მეგობარი“ იყო. შენს დაბადების დღეზე
უცნობის ზარი გახსოვს? რატი მანჯავიძე იყო. ჩემზე ეჭვი რომ არ გაგჩენოდა, მას დავარეკინე.
ერთი შეცდომა დავუშვი. იმ დღეს, კინოში რომ წავედით, იმ მობილური ტელეფონიდან
დაგირეკე, რომლიდანაც მანამდე რამდენჯერმე დაგირეკე და შეგაშინე.
– მახსოვს. ეს იმ დღეს იყო, მამამ უნივერსიტეტში ჩაბარებასთან დაკავშირებით, სახლში
ქეიფი, რომ გამართა. მაშინ დამირეკე, მე კი მობილურ ტელეფონს ისე ვუპასუხე, ნომრისთვის
არც კი დამიხედავს.
– ყოჩაღ! – მხიარულად შესძახა ლუკამ. – მთავარი წინ არის! როცა დათქმულ ადგილას
მოხვედი და ჩვენ კინოში წასვლა გადავწყვიტეთ, მე რატის დავურეკე და ვუთხარი, ერთ საათში
ფილარმონიასთან მოსულიყო. კინოსეანსის დამთავრების შემდეგ სახლში გაგაცილებდი, ამ
დროს რატი თავს დაგვესხმებოდა, მე მას მოვიგერიებდი და შენზე შთაბეჭდილებას
მოვახდენდი. სამწუხაროდ, რატის რაღაც საქმე ჰქონდა და მითხრა, რომ ვერ მოვიდოდა. ძალიან
გავბრაზდი.
– მგონი, მაშინ რაღაც გკითხე?
– შენ მკითხე, რა მოხდა? ვინმესთან ჩხუბი მოგივიდაო? – თქვა გახარებულმა ლუკამ.
– მართალია.
– მოკლედ, ეს გეგმა ჩავარდა, თუმცა რატი დამპირდა, რომ ამის შემდეგ ყველაფერს ისე
გააკეთებდა, როგორც მე მინდოდა. მას შავი სპორტული ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი ეცვა.
გარდა ამისა, რომ შეეშინებინე, ის თეთრი ნიღაბიც ვათხოვე. ისე, რომ იცოდე, ეგ ნიღაბი ნინომ
მაჩუქა, ოღონდ იმ პირობით, თუ არავინ გაიგებდა. შენს დაბადების დღეზე შენი და ნინოს
საუბარი მოვისმინე. გავიგე, როდის უნდა მისულიყავი მასთან სახლში, ნიღბების კერვა რომ
ესწავლებინა. ამის შესახებ რატი მანჯავიძეს შევატყობინე. იმ ღამეს ნინოს სახლიდან რომ
გამოხვედი და სახლში მიდიოდი, სწორედ რატი გამოგყვა უკან. ასე რომ, შავებში ჩაცმული
უცნობი რატი მანჯავიძე იყო, მე კი ,,შავით მოსილი მკვლელი“ ვარ. მაშინ შენ დამირეკე და
დახმარება მთხოვე. ამას არ ველოდი და შენმა ზარმა ძალიან გამახარა. ნინო ცუდი და ამასთანავე
ძალიან უტვინო ადამიანი იყო, მაგრამ ერთი კარგი თვისება კი ჰქონდა – პირობის შესრულება
იცოდა. დანაპირებს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევდა და სწორედ ამ თვისებამ აქცია
მსხვერპლად. მას პირობა დავადებინე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვეტყოდი, ის კი ამის შესახებ
არავის ეტყოდა. ვუთხარი, რაღაც ფილმი ვნახე, რომელშიც ახალგაზრდები სკოლის
დამთავრების შემდეგ იმ მიზნით, სკოლა განსაკუთრებულად რომ დაამახსოვრდეთ, ღამით
სკოლაში იპარებიან-მეთქი. რა სულელი იყო ნინო! – სიცილით თქვა ლუკა. – ისე გაუხარდა, ჩემი
სათქმელი თავადვე თქვა, ღამით ჩვენს სკოლაში შევიპაროთო. ყველაფერი იმაზე კარგად მოეწყო,
ვიდრე მეგონა. მხოლოდ ანა იყო ზედმეტი, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მან
პრობლემა კი არ შემიქმნა, პირიქით, წარმატება მომიტანა. მეც იმ ტყუილის თქმას ვაპირებდი,
რაც ანამ მოიფიქრა, – ღიმილით თქვა აღფრთოვანებულმა ბიჭმა, – სასმელი და ერთჯერადი
ჭიქები მე მოვიტანე. ორ ჭიქაში ცოტა დასაძინებელი წამალი ჩავყარე და შემთხვევით, რომ არ
შემშლოდა, ის ჭიქები, რომლებშიც წამალი არ ეყარა ფლომასტრით დავნიშნე. სიბნელის გამო
ჭიქების გარჩევა მაინც გამიჭირდა. ის ჭიქები ჩემთვის და ნინოსთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ არ
უნდა დაგვეძინა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შენ და ანამ დაიძინეთ, მე და ნინოს კი გვეღვიძა. ის
შეშინებული იყო და წასვლა უნდოდა, მე კი მსხვერპლთან თამაში მინდოდა.
– ნინო, იცი, რომ ახლა მოკვდები? – ვკითხე მე.
– ლუკა, კარგი რა! რეებს ლაპარაკობ? – უკმაყოფილოდ მითხრა ნინომ, რომელიც ერთ
ადგილზე ვერ ისვენებდა და ჩემი ნათქვამი ხუმრობა ეგონა.
– არ გეხუმრები! – ვუთხარი სერიოზულად და სახეზე შეეტყო, რომ შეეშინდა.
– ლუკა, შენ რა, გოგონების შეშინება გიყვარს?
– უფრო მეტად ადამიანის მოკვლა მიყვარს! – მკვლელის თვალებით შევხედე. – შენ
საერთოდ არ იცი, ვინ ვარ. შენ არ იცი, რას მალავს ჩემი ბნელი ადგილი. იცი, ნინო შენზე ძალიან
ნაწყენი ვარ. ადრე სულ დამცინოდი, მე კი ამას არ გაპატიებ!
– ლუკა, ეგ ხომ წარსულში დარჩა?! – მითხრა შეშინებულმა გოგონამ.
– შენთვის კი, მაგრამ ჩემთვის არა.
– მე ხომ მაგის გამო მრავალჯერ მოგიხადე ბოდიში? კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს და
მეტი რა ვქნა, რომ მაპატიო?
– ჩემთვის ბოდიში არ არის საკმარისი! ჩემთვის შენი მოკვლა იქნება საკმარისი, შენგან
მიღებული წყენა, რომ დავივიწყო!
– მორჩა, მე აქედან მივდივარ! – ნინო ფეხზე წამოდგა, მაგრამ მეც ავდექი, ხელი მოვკიდე
და სკამზე დავსვი.
– შეხედე, ჩუმად ხელთათმანებიც კი გავიკეთე, ასე რომ, პოლიცია ჩემს ნათითურებს ვერ
აღმოაჩენს, – ვუთხარი მას. - შიშისგან ჩუმად ტიროდა. მარჯვენა ხელი ყელში წავუჭირე და მისი
დახრჩობა დავიწყე, მარცხენათი კი სკამის საზურგეს ვიჭერდი, სკამი რომ არ წაქცეულიყო, –
ცრემლები მოსდიოდა. წარმოიდგინე, რა რთული იყო მისთვის ასეთი სიკვდილი. ყველაფერი
დაახლოებით ისე მოხდა, როგორც სანდრომ თქვა. დაყვირების საშუალება არ მივეცი. იმედს
მაინც არ კარგავდა და განუწყვეტლივ თავის დაღწევას ცდილობდა. ხან ხელებს მირტყამდა, ხან
ჩემს დაკაწვრას ცდილობდა, ხანაც შენ და ანას იმედის თვალით გიყურებდათ. საცოდავად
ფართხალებდა და თავის დაღწევას ცდილობდა. ჩანდა, მართლაც არ კარგავდა იმედს და თავის
გადასარჩენად სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა. აზრი არ ჰქონდა - ნინო მოკვდა. მალე
საკლასო ოთახში შავებში ჩაცმული რატი შემოვიდა. ის ადამიანს არ მოკლავდა და ამის უფლებას
არც მე მომცემდა, ამიტომ ისიც მსხერპლი გახდა. მაგ იდიოტს ეგონა, გოგონებს რომ
შეგაშინებდათ, მე რამდენჯერმე დავარტყამდი და ამის მერე გაიქცეოდა, – სიცილით ყვებოდა
ლუკა, – სინამდვილეში ამბავი სხვაგვარად წარიმართა. რატის უკნიდან დავუდექი, ყელზე დანა
მივადე, ნინოსთან მივიყვანე და ვუთხარი, რომ, თუ მას ყელზე ხელებს მაგრად არ მოუჭედა,
მოვკლავდი. შეშინებულმა რატიმ მართლა მოუჭირა ნინოს ყელზე ხელები და როცა ვუთხარი,
რომ გოგონა მკვდარი იყო და ყველაფერს მას დააბრალებდნენ, ეგ იდიოტი თავქუდმოგლეჯილი
გაიქცა. სკოლის ფანჯარაც მაგას დარჩა ღია და როგორც ჩანს, იმ ვიღაც ბებერმაც ეგ დაინახა,
როდესაც გარბოდა. რატი მე– 5 კვარტალტან ახლოს, მე – 3 კვარტალში ცხოვრობდა. ამ ადგილის
შესახებ მისგან გავიგე და მივხვდი, რომ აქ დაიმალებოდა. ერთ ღამეს აქ მოვედი. რევოლვერიც
თან მქონდა. მართლაც, რატი ამ შენობის წინ რომ შენობაა იქ იმალებოდა. რევოლვერი არ
დამჭირდა, დავახრჩე და მისი გვამი იმავე შენობაში დავმალე. მერე შენ რომ მითხარი, შავებში
ჩაცმული უცნობი სახლში კვლავ მირეკავსო, ამან შემაშფოთა. ვიფიქრე, ვინც შენ გირეკავდა,
შესაძლო იყო, ჩემსავით მანიაკი ყოფილიყო. სახლში მივედი, დავწექი და ფიქრი დავიწყე.
მოკლედ, მოლანდებებიც კი დამეწყო. შავებში ჩაცმული უცნობი მელანდება, თუმცა მასზე არ
ინერვიულო. შავებში ჩაცმული უცნობის გვამი იპოვეს, ასე რომ, ის ნამდვილად მკვდარია. მალე
გავიგეთ, ვინც გირეკავდა და მასაც გავუმკლავდით. ამის მერე შემეძლო შეჩერება, მაგრამ
დათოსთან ჩხუბის შემდეგ კიდევ ერთი ოინის მოწყობა გადავწყვიტე, რაც მის მიმართ კიდევ
უფრო მეტ ზიზღს, შიშსა და ეჭვს გაგიჩენდა. მე დაგირეკე და გითხარი, რომ ,,შავით მოსილი
მკვლელი“ ვიყავი, რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და იმით დაგემუქრე, რომ ლუკას მოვკლავდი.
საქმე იმაშია, რომ ადამიანის დარწმუნების ძალიან კარგი უნარი მაქვს, – მამა, ძალიან გთხოვ! –
მოჩვენებითი სასოწარკვეთილებით ვეუბნეობოდი ვანოს. – მომისმინე, ქეთი ძალიან მიყვარს,
ამიტომ ეს უნდა გააკეთო! ამას თუ არ გააკეთებ, ის დათოსთან დაბრუნდება, მე კი თავს
მოვიკლავ, თუ ჩემი ცხოვრების სიყვარულს დავკარგავ, მაშინ ჩემს სიცოცლეს აზრი აღარ ექნება
და თავს მოვიკლავ! აიღე ეგ რკინის ჯოხი და გასაღებების აცმა. დავრეკავ და, როცა განიშნებ,
პირველ სართულზე ჩავიდეთ. – ჩემი მშობლები ძალიან სულელები არიან, – განაგრძო ლუკამ, –
ეგონათ, მართლა თავს მოვიკლავდი. მამაჩემმა რამდენჯერმე მაგრად დამარტყა რკინის ჯოხი და
გასაღებების აცმა. საავადმყოფოში წამიყვანეს, მამამ კი ყალბი ჩვენება მისცა. ხანდახან, ღამით, შავ
ტანსაცმელს ვიცვამ, შენს სახლთან მოვდივარ და შენობის სახურავზე ავდივარ ხოლმე. იმასაც
გეტყვი, რომ მართალია, ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ ვგეგმავდი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ
ჩავვარდებოდი, მაგალითად, თუ სკოლის დარაჯი იმ დროს დაგვადგებოდა თავზე, როცა ნინო
უკვე მკვდარი იყო, საქმიდან სუფთად რომ გამომვძვრალიყავი, გეგმა ამისთვისაც მქონდა. მორჩა,
დამთავრდა ამბავი!
– ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე?– ჰკითხა განცვიფრებულმა ქეთიმ.
– კი, შენთვის გავაკეთე. იცი, შენთან ერთი კითხვა მაქვს. რამდენიმე კვირის წინ შენი
სახლის სახურავიდან ქვემოთ ვიყურებოდი. შენ ფანჯარაში გამოიხედე და არ ვიცი, მომეჩვენა,
თუ სახე მართლა სისხლიანი გქონდა?
გოგონა ფეხზე ადგა, ბიჭთან მივიდა, ცრემლები მოიწმინდა და ჰკითხა:
– ამდენი წელი როგორ ვერ გამჩნევდი? მაპატიე და გთხოვ ყველაფერი თავიდან
დავიწყოთ! მე შენ მიყვარხარ!
– ჩემი ბნელი ადგილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დამალული მქონდა. შენ არ
იცი, ეს რა ძნელია. ვიცოდი, გამიგებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამიგებდი და
შემიყვარებდი. სწორედ ამიტომ აგირჩიე. ის ვთქვი, რისი თქმაც მთელი ცხოვრება მინდოდა. მე
ჩემი ნამდვილი სახე დაგანახე. მანიაკი ვარ! შეშლილი ვარ! მე ადამიანებს დავხოცავ და ამით
ილუზიას გავაქრობ! ეს მხოლოდ დასაწყისია! გარშემო ბნელი ადგილებია! ყველგან ბნელი
ადგილებია! – ყვიროდა გახარებული ლუკა, გაოგნებული სახით აქეთ–იქით იყურებოდა და
სიბნელეში ხელებს აფათურებდა.
ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ქეთი და ლუკა ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ.
ყველაფერი ლამაზად და კარგად იყო. სწორედ ამაზე ოცნებობდა ლუკა. სწორედ ეს უნდოდა.
ახლა მას ყველაფერი ჰქონდა. ის იყო მამაცი, რომელიც არ ცხოვრობდა ილუზიებით, უფრო
მეტიც, ხალხს ეხმარებოდა ილუზიის გაფანტვაში და რაც მთავარია, მას ჰყავდა ქეთი. მთელი
თავისი სიცოცხლის განმავლობაში პირველად იგრძნო, რომ აბსოლუტურად ბედნიერი იყო. იმას
მიაღწია, რაც სურდა. ქეთი ხომ უკვე მასთან იყო? ის ხომ უკვე მისი იყო?! რა თქმა უნდა, მისი!
ახლა რაღა აზრი ჰქონდა მის ცხოვრებას? მან უკვე ყველაფერს მიაღწია, ასე რომ, ცხოვრებას
არავითარი აზრი აღარ ექნებოდა. რა უნდა ექნა? თავი მოეკლა? არა. იქნებ ქეთი მოეკლა? რა თქმა
უნდა, ქეთი უნდა მოეკლა და ახალი სიყვარულის ძებნა დაეწყო, თუმცა ახლა ამას ვერ
გააკეთებდა. ეგ არაფერი, სხვა დროს მოკლავდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა.
ისევ ახალი სიყვარულის ძიება და ახალი, არაჩვეულებრივად ლამაზი და კარგი
თავგადასავლები. ისევ მოუწევდა ადამიანების მოკვლა და მათი ილუზიიდან გამოყვანა. ოჰ,
კიდევ რამდენი საქმე ჰქონდა!..
უეცრად ლუკამ ყელზე საშინელი ტკივილი იგრძნო. ეს იყო ქეთის კბილები. საოცარი იყო,
ეს გოგონა კბილებით ყელში პირდაპირ ვამპირივით ჩააფრინდა. ბიჭი ყელზე გაუგონარ
ტკივილს გრძნობდა. ადრე არასოდეს არ ეგრძნო ასეთი აუტანელი ტკივილი. უნდოდა, გოგონა
თავიდან მოეშორებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. რამდენიმე წამში ძირს დავარდა, გოგონამ
კი უკან დაიწია.
– რა საოცარია, ლუკა! – ღიმილით უთხრა ქეთიმ და რევოლვერი დაუმიზნა. – ნახე, შენ
ნათელში ხარ, მე კი ბნელში. შენ ძალიან ბევრი რამ არ გცოდნია ჩემი ბნელი ადგილის შესახებ.
ლუკა ძირს, მაგიდის ფეხებთან ეგდო. მის თავზე სუსტად ანათებდა ნათურა. ყელიდან
სისხლი სდიოდა და სიკვდილი ახლოვდებოდა. ქეთის შეხედა და შეეშინდა. გოგონას მთელი
სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი, რევოლვერი კი ისევ მისკენ ჰქონდა მიმართული.
– ნახე, ლუკა, შენი იარაღი მიჭირავს!
საინტერესო იყო, რას გრძნობდა ახლა ლუკა? უეცარი გამარჯვება და უკვე კვდებოდა.
საშინელი სიკვდილი ნელ–ნელა ახლოვდებოდა. მან ისეთი სიკვდილი ინატრა, როგორიც ნინოსა
და რატის ხვდათ მისგან წილად, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. იქნებ ქეთის ერთი ტყვია
გაემეტებინა, მხოლოდ ერთი ტყვია, რომელიც გულს ან შუბლს გაუხვრეტდა?! რა საშინელი იყო
ეს ტკივილი! ნეტავ ეს ტანჯვა სიკვდილის შემდეგ თუ დასრულდებოდა? ოჰ, ღმერთო, რა
საშინელება იყო ცხოვრება. ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უბედური იყო. ის
მუდმივად იტანდა დამცირებასა და ჩაგვრას. მას უჭირდა და არ ეხმარებოდნენ. საშინელი
სიკვდილით კვდებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს დასასრული კი არა მხოლოდ და მხოლოდ
დასაწყისი იყო. ეს ტკივილი ალბათ არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით, რომელიც
სიკვდილის შემდეგ ელოდა. იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო? იქნებ გადარჩენა
შეიძლებოდა?!
ლუკამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, თავი ცოტათი წამოსწია, მარჯვენა ხელი ასწია და
ქეთისკენ გაიშვირა. უნდოდა ეთხოვა, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღე და სასწრაფო
დახმარება გამოიძახეო, მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ რაღაც გაუგებრად წარმოთქვა და ძლიერი
ტკივილი იგრძნო. თავი ისევ წამოწეული ჰქონდა, ქეთის უყურებდა და უსიტყვოდ სთხოვდა,
რომ მისთვის ერთი ტყვია მაინც გაემეტებინა.
– გინდა, რომ გესროლო?! – ეუბნეოდა გაბრაზებული ქეთი. – ვერ ეღირსები! ასე ტანჯვით
უნდა მოკვდე! გეგონა ილუზიების გარეშე ცხოვრობდი?! გეგონა ცხოვრებას რეალური თვალით
უყურებდი?! ცხოვრებისთვის რეალურად რომ შეგეხედა, ის არ გამოხვიდოდი ვინც ხარ!
როდესაც ჩვენთან მეგობრობა მოინდომე, ხომ კარგად მიგიღეთ? კი, კარგად მიგიღედ! აბა, რაში
იყო საქმე?! შენ არასოდეს არავინ არ გაქცევდა ზურგს, პირიქით, ყველას შენ თვითონ აქციე
ზურგი! შენ შეიძლება ფიქრობ, რომ ილუზიების გარეშე ცხოვრობდი, მაგრამ ასე არ არის.
დარწმუნებული იყავი, რომ გაგიგებდი და შეგიყვარებდი, თუმცა ეს მხოლოდ სულელური
ოცნება და ილუზია იყო. გეგონა, რომ ადამიანებს დაეხმარებოდი, მაგრამ მათი მოკვლით, როგორ
როგორ შეძლებდი ამას? ადრე თუ გვიან, შენი ბოლო ეს იქნებოდა. მე თუ ვერ მოგკლავდი,
პოლიცია დაგიჭერდა და ციხეში არ გაცოცლებდნენ. ამაზე რას ფიქრობდი? შენი თავი ყველაზე
ჭკვიანი გეგონა?! – ნერვულად და სწრაფად ეუბნებოდა გოგონა, თან სახეზე ღიმილი
დასთამაშებდა. – ეს მხოლოდ დასაწყისია?! არა, ეს დასასრულია! ეს შენი დასასრულია! ხედავ,
ლუკა, თურმე ყველაზე დიდ ილუზიაში შენ ცხოვრობდი და ყველაზე საბრალო მაინც შენ
ყოფილხარ!
ლუკას სულ მთლად გამოელია ძალა, ტკივილსაც ვეღარ უძლებდა და თავი იატაკზე
დადო. ქეთი მართალი იყო, ყველაფერი მართლაც ილუზია აღმოჩნდა. იგი თავიდანვე
დამარცხებისთვის იყო განწირული. ვინ იცის, იქნებ ციხეში მოხვედრას ასეთი სიკვდილი
სჯობდა? რა თქმა უნდა, სჯობდა, თუმცა ამას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. უსასრულობასთან
შედარებით მისი სიცოცხლე ერთი წამიც კი არ იყო, სიკვდილის პროცესი კი, საერთოდ, ნულსაც
არ უტოლდებოდა. უსასრულობა, რომელიც მისთვის ტანჯვა იქნებოდა, მხოლოდ ახლა
იწყებოდა.
ერთი ოინი კიდევ დარჩა, რომელიც პირდაპირ ქეთის მიაყენებდ დარტყმას. საბრალო
ქეთი, მან ხომ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა ოინი ჰქონდა მისთვის მომზადებული. მართალია, ის
კვდებოდა, მაგრამ ეს ამბავი მაინც ახარებდა და სახეზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გაუელვა.
ბიჭმა მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება იმ შუქს, რომელიც თვალებში უსიამოვნოდ
ანათებდა. უეცრად ტკივილი გაქრა და სიცივე იგრძნო. ნეტავ ასე უცებ რატომ აცივდა? თავი
გვერდით გადასწია და წვიმის ხმა მოესმა. ხმა გარედან ისმოდა. რა ცუდი იყო, წვიმის დანახვა
რომ არ შეეძლო. ძალიან ლამაზი იყო წვიმა ღამით, მაგრამ მას წვიმა ისეთ დროს ერჩივნა,
როდესაც თან მოღრუბლული ამინდი იყო და თან ქარიც უბერავდა.
ლუკა დაიღალა და თვალები ეხუჭებოდა. ნელ–ნელა იმ პატარა ნათურის შუქიც სადღაც
დაიკარგა, რომელიც ერთადერთი იყო, რაც სიბნელის შავ ფარდას ცოტათი არღვევდა.
წყვდიადი ნელ–ნელა ახლოვდებოდა და ლუკას სიბნელეს მიჩვეული თვალები
ვეღარაფერს ვეღარ ხედავდნენ...

***

– ქეთი, ჩვენ ხელთ გვაქვს, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოკლული, ლუკა მაისურაძის,
წერილი, – უთხრა გამომძიებელმა ვახტანგ კეკენაძემ, რომელსაც ხელში დიდი ფურცელი ეჭირა.
– გამომართვი და წაიკითხე, შემდეგ კარგად დაფიქრდი და პასუხი ისე გამეცი.
გოგონამ ფურცელი გამოართვა და ყურადღებით დაიწყო კითხვა. თანდათან
ნერვიულობა შეეტყო, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. როცა ყველაფერი წაიკითხა, ფურცელი
მაგიდაზე დადო და სახის გასაგრილებლად, ხელი მარაოსავით აამოძრავა.
– დაგცხა? – ირონიულად ჰკითხა გამომძიებელმა.
– დამცხა, ოღონდ, იმიტომ რომ აქ სისულელე წერია! – ღელავდა ქეთი.
– როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიგე, ამიტომ მე ახლა მოკლედ გეტყვი იმას, რაც ამ
ფურცელზე წერია: ბანკეტის შემდეგ ყველანი შენი შეყვარებულის – დათოს აგარაკზე წახვედით.
შენ მთვრალი იყავი და ერთ–ერთ ოთახში დაგაწვინეს. შენმა შეყვარებულმა, დათო მახარაძემ,
ძალიან მაგრად შეგაშინა, რის შემდეგაც სრულიად სხვა ადამიანი გახდი. ძველებურად
მხიარული აღარ იყავი. შიშმა შეგიპყრო. ამბობდი, რომ სახლში ვიღაც გირეკავდა და გაშინებდა,
ვითომ ინტერნეტში რაღაც სტატია ნახე, რომელიც მანიაკის მიერ აგარაკზე მოკლულ გოგონაზე
იუწყებოდა. ერთხელ, ღამით, გარდაცვლილ ლუკასთან დაგირეკავს და გითქვამს, თითქოს უკან
შავებში ჩაცმული უცნობი მოგყვებოდა, დახმრებაც გითხოვია. გინდოდა, ლუკა
ფილარმონიასთან მოსულიყო, იქ მოსულისთვის კი მიგითითებია, თუ სად იდგა შავებში
ჩაცმული უცნობი, მაგრამ მას მსგავსი არავინ არ დაუნახავს. მაშინ მიხვედრილა, რომ
ჰალუცინაციები გქონდა. შენი მშობლებისთვის უთქვამს, რომ შეგაშინეს, რამაც ძალიან ცუდი
კვალი დაგიტოვა და დედ-მამა კარგად და ყურადღებით უნდა მოგქცეოდნენ, რათა
ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეგქმნოდა. ამის მერე შენი საუკეთესო მეგობრისთვის, ნინო
ქადაგიძისთვის, გითქვამს, რომ ღამით სკოლაში შეპარულიყავით, რადგან ეს გართობის კარგი
საშუალება იქნებოდა, თანაც ლუკასთვის და ნინოსთვის პირობა ჩამოგირთმევია, არავისთვის
ეთქვათ, რომ ეს შენი იდეა იყო. ასეც მოქცეულან, რადგან შენი განზრახვის შესახებ არაფერი
იცოდნენ... თქვენ შეიპარეთ საკლასო ოთახში და შენ ნინო მოკალი...
– ნინო მე არ მომიკლავს! – შეაწყვეტინა ქეთიმ.
– ნუ მაწყვეტინებ! – გაბრაზებით შეუტია გამომძიებელმა, – ლუკამ დაიძინა, შენ ის
გააღვიძე და უთხარი, რომ შეგეშინდა, იმიტომ რომ გეგონა, შავებში ჩაცმული უცნობი საკლასო
ოთახში იყო. მერე ნახეთ, რომ ნინო ვიღაცას მოეკლა. ლუკამ შენს ხელებზე ხელთათმანები
დაინახა, რამაც ძალიან დააეჭვა. თქვენ გაიქეცით. უცებ მოიფიქრე ის ტყუილი, რომელიც შენ და
შენმა მეგობრებმა აქ თქვით. ლუკა წერს, რომ ამის მერე შენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო
უარესდებაოდა. ხვდებოდა, ნინო ვინც მოკლა, მაგრამ უყვარდი და არაფერს ამბობდა.
ეუბნებოდი, რომ სახლში ვიღაც გირეკავდა და გაშინებდა. ნომერის ამომცნობი ტელეფონის
აპარატიც იყიდე. შემდეგ ლუკას უთხარი, რომ შენი მეზობელი პაატა გაშინებდა და შენი
მზაკვრული გეგმაც გააცანი. ამის შემდეგ საკუთარ თავს ზიანი მიაყენე და პაატას დააბრალე.
ლუკას თავს დაესხი! ის რკინის ჯოხითა და გასაღებების აცმით სცემე! ბოლოს წერს, რომ
აგარაკზე განცდილი შიშის გამო პიროვნების გაორება დაგემართა და შენ ,,შავით მოსილი
მკვლელი“ და მანიაკი ხარ!
– არა, ასე არ არის! – ეუბნებოდა გოგონა, – მე კი არა, ლუკა იყო მანიაკი და ,,შავით მოსილი
მკვლელი“...
– ქეთი, მე მესმის შენი, – მშვიდად უთხრა გამომძიებელმა, რომლის ხმაშიც თანაგრძნობა
იგრძნობოდა, – თვითონაც ვერ ხვდები ამას. შენში მეორე პიროვნებაც ცხოვრობს და სწორედ ის
არის მანიაკი, შენ დაგეხმარებიან...
– მე არ მჭირდება დახმარება!
– ქეთი, ის, რაც ამ ფურცელზე წერია, შენმა მშობლებმა, შეყვარებულმა და მეგობრებმა
დაადასტურეს.
– რაა?
– შენმა შეყვარებულმა თქვა, რომ გაგეხუმრა, რამაც ძალიან შეგაშინა. ყველა შენმა
ახლობელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევის შემდეგ შეიცვალე. შენმა მეგობარმა, ანა
გოგოაძემ, აღიარა, რომ ყალბი ჩვენება მოგვცა და იმაშიც გამოტყდა, რომ ეს სიცრუე შენ
მოიგონე...
– სწორედ მან მოიგონა ეს სიცრუე! – შეაწყვეტინა აღშფოთებულმა ქეთიმ. – თქვენ ხომ
იცით, „შავით მოსილმა მკვლელმა“ რომ დამირეკა და ისიც იცით, რაც მითხრა.
– ჰო, მაგრამ იქნებ ვინმეს დაარეკინე?
– ღმერთო, ეს რა ჯანდაბაა!
– იმ დილას ლუკას მანიაკი რომ დაესხა თავს, მის სახლთან მისვლისას, ძალიან
დაღლილი იყავი, თუმცა იქ ტაქსით მიხვედი. რატომ? რამ დაგღალა? იქნებ შენი ენერგია იმ
საბრალო ბიჭის ცემას დაახარჯე?
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ გოგონას მძიმე სუნთქვა არღვევდა.
დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა.
– ქეთი, შენ ლუკა მაისურაძე მოკალი! – სიჩუმე დაარღვია გამომძიებელმა, – ჯერ ყელში
უკბინე, მერე რევოლვერი ამოაცალე და სამჯერ ესროლე, ბოლოს კი მისი მანქანის გასაღები აიღე
და იქაურობას გაეცალე. ჩვენ ხელთ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ
გადმოდიხარ მოკლულის მანქანიდან და გარბიხარ.
ქეთიმ არაფერი თქვა. ბოლო წინადადება სიმართლე იყო. შეეძლო, ისევ ეთქვა ტყუილი,
მაგრამ ძალა აღარ შესწევდა. დაიღალა და დასვენება სჭირდებოდა. სურდა, რომ მშვიდად და
უშფოთველად ყოფილიყო:
– გთხოვთ, გამიშვით აქედან! – სთხოვა გოგონამ.
– ვერ გაგიშვებ. შენ დაკავებული ხარ, ყოველ შემთხვევაში, სასამართლო პროცესამდე
მაინც.
ეს იყო ყველაზე საშინელი სიტყვები, რაც კი მის ყურებს ოდესმე სმენოდა. ბევრად
უარესს, ნათქვამის სისრულეში მოყვანა წარმოადგენდა. დააკავეს, რაც საშინელება იყო. დათოს
აგარაკზე მისვლიდან მოყოლებული, მის ცხოვრებაში ყველაფერი ცუდისკენ მიექანებოდა. ნელ–
ნელა საშინელებები უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ის კი პირიქით უფრო და უფრო
სუსტდებოდა. ნეტავ რა მოხდებოდა საბოლოოდ? ნეტავ როგორ დამთავრდებოდა ეს
ყველაფერი?
საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა. ქეთის სახლში ის მობილური ტელეფონი
იპოვეს, რომლითაც ლუკა ურეკავდა და აშინებდა. გამომძიებელი, ვახტანგ კეკენაძე,
დარწმუნებული იყო, რომ ,,შავით მოსილი მკვლელი“ დაკავებული ჰყავდა. გამოჩნდნენ
მოწმეები, რომლებმაც ლუკას სიკვდილის ღამეს დაინახეს ქეთი, რომელიც ყველას კარგად
ახსოვდა. რატომ? იმიტომ რომ ის ძალიან აღელვებული იყო, ქუჩაში გარბოდა და პირი სისხლით
ჰქონდა მოსვრილი.
და მაინც, ორი კარგი ამბავიც არსებობდა. ერთი ის, რომ სანამ ლუკას მანქანიდან
გადავიდოდა და შუა ქუჩაში მიაგდებდა, ქეთიმ ლუკას რევოლვერი გაწმინდა, ასე რომ, არც
ნინოს გვამზე და არც რევოლვერზე მისი თითის ანაბეჭდები არ იყო, თუმცა ლუკას წერილის
გამო, რომელშიც ეწერა, თითქოს მას ხელთათმანები ეკეთა, ამას ყურადღება არავინ მიაქცია.
მეორე კი ის, რომ ქეთიმ ლუკას ჯიბიდან თავისი დანა ამოაცალა და ქუჩაში სადღაც გადააგდო.
„ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ ვგეგმავდი“, – ახსენდებოდა ლუკას სიტყვები, რაც სრულიად
შეესაბამებოდა სიმართლეს.
მალე გაიგო, რომ მისი ავადმყოფობა მშობლებმაც დაიჯერეს. ისინი ყოველი ნახვისას
ეუბნებოდნენ, რომ მას მკურნალობა სჭირდებოდა, რის შემდეგაც ისევ ნორმალური ადამიანი
გახდებოდა.
ქეთი მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ოთხ კედელს შუა იყო მოქცეული. იგი
დაწვრილებით ყვებოდა ყველაფერს, რაც სინამდვილეში მოხდა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა.
ისიც გაიგო, რომ ტყუილი ბრალდებისთვის, პაატას მის წინააღმდეგ საჩივარი შეეტანა და
ციხიდან გათავისუფლებასა და მის დასჯას მოითხოვდა.
იქნებ მართლაც თავად იყო შავით მოსილი მკვლელი? იქნებ მართლაც პიროვნების
გაორება ჰქონდა? იქნებ მართლაც მანიაკად იქცა? კვლავაც ძალიან ბევრი „იქნებ“ ფიგურირებდა,
რაც ქეთის არ მოსწონდა. არა, ის არ იყო „შავით მოსილი მკვლელი“. საკუთარი თავის რწმენა არ
უნდა დაეკარგა. კი მაგრამ, ეს ხომ მხოლოდ თვითონ იცოდა და მისი არავის სჯეროდა. ახლა რა
ელოდა? ციხე თუ ფსიქიატრიული საავადმყოფო? არც ერთი უნდოდა და არც მეორე, ამიტომ
ორჯერ სცადა თავის მოკვლა. პირველად თავის ჩამოხრჩობა სცადა, მაგრამ დაცვამ დაინახა და
გადაარჩინეს. მეორედ კი ჟანგიანი საწოლის ერთ-ერთი უფორმო ნაწილით ვენები გადაიჭრა.
თითქმის შედეგსაც მიაღწია, მაგრამ პირველი შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევდნენ, დროულად შენიშნეს და მეორედაც შეძლეს მისი გადარჩენა.
სასამართლო პროცესიც შედგა. სასამართლოს შენობასთან უამრავ ხალხს მოეყარა თავი.
ყოველ მათგანს ქეთისთან მიახლოვება და მისთვის რაიმეს დაშავება სურდა, მაგრამ
სამართალდამცავები მსჯავრდებულს კარგად იცავდნენ.
– გიჟო, აქეთ გამოიხედე და იცოდე, რომ ნაგავი ხარ! – ეძახდა ერთი.
– ჯოჯოხეთში დაიწვები! – ეძახდა მეორე.
– შენი საქმე წასულია, შე დამპალო!
ლანძღავდნენ, უწმაწურ სიტყვებს ეძახდნენ და ქვებსაც კი ესროდნენ. ერთი საშუალო
ზომის ქვა სახეში მოხვდა. ძირს დაეცა და შუბლიდან სისხლი წამოუვიდა.
– ადექი, შენი! – გესლიანად უთხრა ბადრაგმა და ასაყენებლად უხეშად მოქაჩა ხელზე.
ქეთი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს. იქ დამსწრე საზოგადოება მას ზიზღითა და
სიძულვილით აღსავსე თვალებით უყურებდა. აშკარად ყველაფერ ცუდსა და საშინელს
უსურვებდა. ის იყო გიჟი, რომელიც ადამიანებს ხოცავდა, ამიტომ ყველანაირი ტანჯვა საკუთარ
თავზე უნდა გამოეცადა, შემდეგ კი მომკვდარიყო. მათ ეზიზღებოდათ ,,შავით მოსილი
მკვლელი“, მანიაკი – ქეთი.
გოგონამ დარბაზში ლუკას მშობლებიც დაინახა.
– შე წყეულო! – დაუყვირა ლუკას დედამ და მისკენ გაიწია, მაგრამ მეუღლემ და
სამართალდამცავებმა შეაჩერეს, – შენ არ გაიხარე, ჩემი შვილის ცოდვით, შე არგასაჩენო!
ქეთი ბადრაგებს მოწყენილი და დაჩაგრული სახით მიჰყვებოდა. თავი დაეხარა და
თვალს ვერავის უსწორებდა. იგრძნო, რომ ამ ქვეყანად მასზე უბედური ადამიანებიც იყვნენ.
მაგალითად, ლუკას მშობლები, რომლებსაც ეგონათ, რომ არაჩვეულებრივი შვილი ჰყავდათ,
სინადვილეში კი ერთი არანორმალური და კაცის მკვლელი აღეზარდათ.
– შვილო! – ტირილით თქვა ნათიამ და ქმარს ჩაეხუტა.
ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ იყო. ლუკას წერილი, ქეთის მშობლებისა და
მეგობრების ჩვენება, მის სახლში ნაპოვნი მობილური ტელეფონი, მისი დაკავება თავდასხმის
ადგილზე და ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ის ლუკას მანქანას აჩერებდა და იქიდან
გადმოდიოდა. ბოლოს გამოჩნდა ყველაზე სულელური სამხილიც. ეს იყო შავი სპორტული
ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი. ,,შავით მოსილი მკვლელი“ შავ ტანსაცმელს ატარებდა, რაც
კიდევ ერთხელ ამტკიცემდა იმ ფაქტს, რომ მანიაკი ქეთი იყო. გოგონას ლუკას ნათქვამი
გაახსენდა:
„ქალაქში რამდენ ადამიანს აცვია შავი ტანსაცმელი?“
ხმაურიანი პროცესი შედგა. ქეთის ჩვენება, რომელიც სიმართლე იყო, შეშლილის ბოდვად
მიიჩნიეს. კიდევ გაისმა სალანძღავი სიტყვები, რომლითაც ნინოს დედა, მარგო, გარდაცვლილი
შვილის მეგობარს ამკობდა.
მოსამართლემ ყველა გარემოება გაითვალისწინა და ქეთი შეურაცხადად აღიარეს. მას
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანდნენ. არა, ეს საშინელება იყო! ქეთის სულ პაწაწინა
იმედი მაინც ჰქონდა, რომ გაამართლებდნენ, თუმცა იმედი გაუცრუვდა. აი, თურმე როგორ
დამთავრდებოდა ყველაფერი...
ქეთიმ გონება დაკარგა და არ ახსოვდა, თუ როდის და როგორ მიიყვანეს ფსიქიატრიულ
სავადმყოფოში. უცნაური ის იყო, რომ გონზე მალე მოვიდა, თუმცა მაინც არ ახსოვდა. არც ის
ახსოვდა, ვინ და როდის ჩააცვა გიჟის პერანგი.
ერთ ოთახში შეიყვანეს, პერანგი გახადეს და ოთახიდან გავიდნენ.
– იცოდე, არაფერი დააშავო! – უთხრა ერთ-ერთმა სანიტარმა კაცმა ოთახიდან გასვლისას.
– ჩვენ აქ ვართ და თვალყურს გადევნებთ!
ეს იყო სულმთლად თეთრად შეღებილი ოთახი. უკვე ღამდებოდა და იქ ბნელოდა. კარი
დაკეტეს. გოგონამ წინ გაიხედა და საწოლზე ვიღაც დაინახა. უცნაური იყო, როგორ ვერ შენიშნა
ეს ადამიანი, როცა ოთახში შემოიყვანეს?
– გამარჯობა! – მიესალმა შეშინებული ქეთი.
– გაგიმარჯოს! – ცინიკურად უთხრა უცნობმა და უკან მიიხედა.
ქეთის გული აუჩქარდა, გაფითრდა და ძარღვებში სისხლი გაეყინა. ლუკა დაინახა.
შეუძლებელი იყო, მაგრამ ის ნამდვილად მის წინ იდგა.
ბიჭი ფეხზე ადგა და მისკენ მიბრუნდა:
– შე უმადურო გოგო! – უთხრა გაბრაზებულმა. – შენი გულისთვის რა არ გავაკეთე, შენ კი
ასე გადამიხადე მადლობა!
ლუკა ქეთის უახლოვდებოდა და გოგონამ მის ყელზე ნაკბენი, ხოლო სხეულზე სამი
ნატყვიარი დაინახა.
– შენ მოკვდები! – ბიჭი ნელ–ნელა სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა.
ქეთი შიშისგან ხმას ვერ იღებდა, მაგრამ ის კი შეძლო, კარების გვერდით დამაგრებულ
ჩამრთველთან უცებ მისულიყო და სინათლე აენთო.
საკმაოდ სუსტი შუქი, საოცრად სასიამოვნო იყო. შეშინებულმა გოგონამ საწოლისკენ
გაიხედა – ბიჭი სადღაც გამქრალიყო.
ლუკა ვერ ხვდებოდა, რომ ადამიანის ყველაზე კარგი თვისება, თავისი სურვილებისა და
ოცნებების კონტროლი იყო. თუ ყველა სურვილი და ოცნება თავისუფალი იქნებოდა, მაშინ
ადამიანი ადამიანობას დაკარგავდა. ეს იქნებოდა ურჩხული, რომელიც სინათლეში თავის
რეალურ სახეს დამალავდა, ხოლო სიბნელეში ნიღაბს მოიხსნიდა და სურვილებისა და
ოცნებების შესრულებას დაიწყებდა.
ამბობენ, ადამიანმა ნიღაბი არ უნდა ატაროს და თავისი ოცნებების ასასრულებლად
იბრძოლოსო, მაგრამ ხანდახან სჯობს, ადამიანმა ნიღაბი არასოდეს არ მოიხსნას და ოცნებებიც
მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებად დატოვოს.
ახლა ქეთი მშვიდად იყო, იმიტომ რომ ლუკას სინათლის ეშინოდა და სანამ ოთახში
სინათლე ენთო, ის იქ ვერ შევიდოდა.
მისთვის გუნება-განწყობის გამოკეთებისა და კარგ ხასიათზე დადგომის საუკეთესო
საშუალება, რაიმე კარგი ამბის გახსენება იყო. ამიტომ კვლავაც ჩვეულ ხერხს მიმართა, საწოლზე
დაწვა და მოგონებებში წავიდა:
ერთ მზიან დღეს ყველანი გაკვეთილზე ისხდნენ, ერთმანეთში ჩუმად ლაპარაკობდნენ და
მასწავლებელს არ უსმენდნენ. ლუკა გვერდით მჯდომ დათოს, რაღაც უზრდელურ ანეგდოტს
უყვებოდა, რომელიც ქეთისაც აინტერესებდა და ცდილობდა, როგორმე მისი ნათქვამი გაეგო.
ლუკა მიხვდა, გოგონას შეხედა და გაიცინა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა გაკვირვებულმა დათომ.
– ქეთი მისმენდა, – სიცილით უთხრა ლუკამ, – გეფიცები, მისმენდა. არადა, რომ ჰკითხო,
უზრდელურს ვერაფერს ვერ იტანს.
– ოჰ, ქეთი, შენ რა ხარ მოკლედ! – სიცილით უთხრა დათომ.
– თქვენ სულელები ხომ არ ხართ?! – ვითომ გაიკვირვა გოგონამ.
– ჩვენ ნამდვილად არ ვართ სულელები, აი, შენზე კი არ ვიცი, რა ვთქვა?! – სიცილით
უთხრა დათომ. – შენ მარტო სულელი კი არა, გარყვნილიც ხარ.
– ჰა, ჰა, ჰა! – ქეთი ბრაზის შეკავებას ცდილობდა, – შენ იცი, ვინ ხარ?! იდიოტი და
ჩლუნგი! ბიჭები შენს დასაჩაგრად რომ მოვლენ, ლუკას უთხარი, დაგეხმაროს, თორემ მარტო შენ
პირველ კლასელიც კი დაგჩაგრავს.
გოგონამ ლუკას სახეზე შეატყო, რომ გაბრაზებული იყო. ის თავისი შეშლილი თვალებით
უყურებდა დათოს, რომელიც სულ სხვა მხარეს იყურებოდა.
„ნუთუ ლუკა ასე ძალიან გაბრაზდა? ნეტავ რატომ გაბრაზდა? ის დათოს ნათქვამმა
გააბრაზა. დათომ ხომ მას გარყვნილი უწოდა. ლუკა ამიტომ გაბრაზდა“, – გულში თქვა ქეთიმ.
– თქვენ რა, მე ვერ მხედავთ? – დაიყვირა მასწავლებელმა. – აქ რა ლაპარაკი გამიმართეს?
გაკვეთილზე ნორმალურად მოიქეცით! ქეთი, წინ მობრუნდი და, ბოლოს და ბოლოს, ბიჭებს
თავი დაანებე!
გოგონას შერცხვა და მიბრუნდა. მასწავლებლის ნათქვამზე ყველას გაეცინა. სანამ
მიბრუნდებოდა, ლუკას შეხედა და დაინახა, რომ მასწავლებლის სასაცილო ნათქვამზე ერთ
წამში მას სახე სრულიად შესცვლოდა და იღიმებოდა.
„რა სასაცილოა ეს ლუკა! უცბად ბრაზდება და უცბადვე მხიარულდება. ჩხუბობს და
ერთი წამის შემდეგ მოწინააღმდეგეს ურიგდება“, – გულში თქვა ქეთიმ.
ზარი დაირეკა. ყველანი ადგნენ და დერეფანში გავიდნენ.
– ქეთი, ბოლოს და ბოლოს, თავი დაგვანებე! – ღიმილით უთხრა გიორგიმ, როცა
გვერდით ჩაუარა.
– შენ თვითონ დამანებე თავი! – ღიმილითვე უთხრა გოგონამ.
– ქეთი, ბიჭებს თავს არ ანებებ? – მიუახლოვდა მომღიმარი ნინო.
– ჭორებს არ დაუჯერო! – გაუღიმა ქეთიმ.
– არ მოგშივდა? მოდი, ბუფეტში ჩავიდეთ და რამე შევჭამოთ.
– არც მშია და არც ბუფეტში არ მინდა ჩასვლა. ვინმე გაიყოლე და ჩადი.
– კარგი, პრობლემა არ არის, – უთხრა ნინომ და ბუფეტში ანასთან ერთად წავიდა.
როგორც კი ქეთი მარტო დარჩა, ლუკა მაშინვე მასთან მივიდა და ჰკითხა:
– უბრალოდ, გეხუმრე, ხომ არ გეწყინა?
– არა, არ მწყენია, – უპასუხა გოგონამ.
ამ დროს დათომ ჩაირბენა და ლუკას თავში ხელი წამოარტყა.
დათო გარბოდა და იცინოდა, ლუკა კი დათოს უყურებდა და სახეზე ეტყობოდა, რომ
საშინლად გაბრაზებული იყო. ქეთი ყურადღებით აკვირდებოდა ლუკას და აინტერესებდა, თუ
რა მოხდებოდა. ფიქრობდა, ნეტავ რატომ გაბრაზდა ეს ბიჭი ასე ძალიანო?
– ეტყობა, რომ შენი შეყვარებულია, – ლუკას უცებ შეეცვალა გამომეტყველება და
გამხიარულდა, – შენსავით ხულიგანია, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთმანეთს მაინც არ შეეფერებით.
ქეთიმ ნაზად გაუღიმა და გულში თქვა: ,,აბა, შენნაირ იდიოტს შევეფერები?! ღმერთო
ჩემო! რა იდიოტია ეს ლუკა! ხან სწყინს, ხან უხარია. კაცი ვერ მიხვდება, რა ადამიანია, მაგრამ
ქეთიმ იცის, რა ადამიანიც არის! დიახ, იცის! ლუკა ყველანაირ გონებრივ შესაძლებლობას
მოკლებული ადამიანია და ვერ აზროვნებს! ლუკა ნამდვილი იდიოტია!“

2012 წ.

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა


საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE

You might also like