You are on page 1of 4

სოფოკლე

ოიდიპოს მეფე
ძვ.წ. 429-425 წ.

ტრაგედიის მოკლე შინაარსი


წაკითხვის დრო: 10-15 წთ.

მოქმედება ხდება თებეში.

პროლოგი: ქალაქი უმძიმეს ეპიდემიას, შავ ჭირს მოუცავს. შეძრწუნებული თებელები


ოიდიპოსის სასახლეს მიადგებიან სავედრებელი რტოებით. თებეს სახელოვანი მეფე გამოდის
მავედრებელთა წინაშე. ტრაგედია იწყება სწორედ ოიდიპოსის სიტყვებით მასთან მოსული
თებელების მიმართ; იგი ჰპირდება თანამოქალაქეებს, რომ თებეს ხსნას მოუტანს. ოიდიპოსს
უკვე გაუგზავნია თავისი ცოლისძმა, კრეონტი დელფოში აპოლონის სამისნოსგან ამბის
გასაგებად. ბრუნდება დაფნით შემკული კრეონტი. მას საიმედო ამბავი მოაქვს. თურმე თებეში
დაუსჯელად დადის ოიდიპოსის წინამორბედი მეფის, ლაიოსის მკვლელი. უფლის ნების
გასაგებად წასული ლაიოსი შინ აღარ დაბრუნებულა. მისი ამალიდან მხოლოდ ერთი კაცი
გადარჩენილა და მისგან იციან თებელებმა, რომ ლაიოსი ყაჩაღებმა მოკლეს. მოკლული მეფის
ქვრივი, იოკასტე, ამჟამად ოიდიპოსს ჰყავს ცოლად. აპოლონის სიტყვით, ვიდრე ლაიოსის
მკვლელი ქალაქში იქნება, თებელებს არ მოასვენებს ავი სენი. ღმერთის რისხვის მიზეზი გაირკვა.
გაჩნდა იმედის სხივი. ოიდიპოსი მზადაა გამოიძიოს ლაიოსის მკვლელობის ამბავი და
გამოავლინოს მკვლელი.

პაროდოსში გუნდი აღავლენს ვედრებას ღმერთებისადმი – ლოცვით მიმართავს ათენას,


არტემისს, აპოლონს, არესს, ზევსსა და დიონისეს.

პირველი ეპისოდიონი: ოიდიპოსი იწყებს აქტიურ მოქმედებას. იგი უცხადებს მოქალაქეებს,


თუკი ლაიოსის მკვლელი თავად აღიარებსა დანაშაულს, მას უვნებლად გაუშვებენ ქალაქიდან,
ხოლო თუკი ვინმე შეეცდება დანაშაულის დამალვას, მას სასტიკი წყევლა აუხდება:

ხოლო ვინც ნაბრძანს არ დაიცავს, უკვდავებს შევთხოვ,


რომ არც ამ მიწის არ უბოძონ ნაყოფი მას და
არც შვილი მისცენ დიაცისგან, დაე, ახლავე
მოკვდნენ ისინიან თავისით წარწყმდნენ როგორმე.

გუნდი ითხოვს ბრმა მისან ტირესიასს უხმონ. ოიდიპოსს, კრეონტის, რჩევით უკვე ორჯერ
გაუგზავნია მასთან ხალხი, ის კი რატომღაც ფეხს ითრევს. ბოლოს მოდის ტირესიასი; იგი სასტიკ
უარზეა, უთხრას ოიდიპოსს, რაც იცის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფე მას შეურაცხყოფს და
ლაიოსის მკვლელობის თანამონაწილეობაშიც კი დასდებს ბრალს, ტირესიასი მას ეტყვის, ასე
რომ ეძებ, ის მკვლელი შენ თავად ხარო. ეს სიტყვები ოიდიპოსს აფიქრებინებენ, რომ მის
წინააღმდეგ კრეონტი შეთქმულებას ხლართავს, რომელშიც მისანი ტირესიასიც არის ჩართული.
იგი იხსენებს, რომ როდესაც ბოროტი სფინქსი ქალაქს ტანჯავდა და თებეს გადასარჩენად
სფინქსის უბრალო გამოცანაზე პასუხი იყო საჭირო, მისანმა ქალაქს გონივრული რჩევა ვერ
მისცა. მხოლოდ ოიდიპოსმა ამოხსნა სფინქსის გამოცანა. ამდენად, აქვს თუ არა ტირესიასს
მისნობის უნარი, ეს კიდევ საკითხავია. მისანი აუწყებს მეფეს, რომ მალე გაირკვევა მკვლელიც
და სააშკარაოზე გამოვა სხვა შემზარავი ამბებიც, რომ ოიდიპოსს „ეს დღე შობს და ეს დღე
დაამხობს“.

პირველი სტასიმონში გუნდი შეშფოთებულია, სად უნდა ეძებონ ლაიოსის მკვლელი, რას უნდა
ნიშნავდეს ტირესიასის უკანასკნელი სიტყვები?

მეორე ეპისოდიონი: კრეონტი აღშფოთეულია იმით, რომ ოიდიპოსმა მას ცილი დასწამა.
კრეონტი თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ოიდიპოსს მისი არ სჯერა. ოიდიპოსი კრეონტს ჯერ
სიკვდილს მიუსჯის, ხოლო როდესაც იოკასტე ჩაერევა, ამ სასჯელს ქალაქიდან გაძევებით
შეუცვლის.

კომმოსში ოიდიპოსისა და იოკასტეს დიალოგიდან ვიგებთ, რომ ოდესღაც აპოლონის მსახურებს


ლაიოსისთვის უწინასწარმეტყველებიათ, რომ მას საკუთარი შვილი მოკლავდა. იოკასტეს
სიტყვით, ლაიოსი სამი გზის გასაყარზე ყაჩაღებმა მოკლეს, ხოლო მისი შვილი სამი დღის იყო,
როდესაც მამამ მისი გაუვალ მთებში გადაგდება უბრძანა მსახურთ. ასე რომ
წინასწარმეტყველებას დიდი ძალა არ გააჩნია. ოიდიპოსი იხსენებს, რომ მასაც საშინელი რამ
უწინასწარმეტყველა დელფოს სამისნომ – რომ იგი მამას მოკლავდა და საკუთარ დედას ცოლად
შეირთავდა. იმის შიშით, რომ მისნობა არ ასრულებულიყო, ოიდიპოსი თავის მშობლებს,
კორინთოს მეფე პოლიბოსსა და დედოფალ მეროპეს გამოქცევია. ოიდიპოსს აწუხებს იმის
გახსენება, რომ კორინთოდან გამოქცეულს სამი გზის გასაყარზე შეურაცხყოფისა და
შელაპარაკების შედეგად შემოაკვდა ვინმე მოხუცი, რომელიც იოკასტეს მიერ ახლახან აღწერილ
ლაიოსს ჰგავდა. ნუგეში მხოლოდ ის არის, რომ ლაიოსის ხუთკაციანი ამალიდან გადარჩენილმა
ერთადერთმა მსახურმა თანამოქალაქეებს აუწყა, რომ თებეს მეფე არა ერთი კაცის, არამედ
რამდენიმე ყაჩაღის მსხვერპლი შეიქნა. ეს მსახური მას შემდეგ, რაც ბოროტი სფინქსის
დამმარცხებელი ოიდიპოსი მეფედ დაუსვამთ თებელებს, საკუთარი თხოვნით ქალაქგარეთ
გადასახლებულა. თითქოს ყველა მონაცემი იმედისმომცემია ოიდიპოსისთვის, მაგრამ მას მაინც
აღელვებს ლაიოსის მკვლელობაში საკუთარი დანაშაულის დადასტურების შესაძლებლობა.
საქმისთვის ნათლის მოსაფენად აუცილებელი ხდება იმ მსახურის გამოძახება, რომელიც
ერთადერთი გადარჩენილა ლაიოსის ამალიდან მეფის მოკვლის შემდეგ. ოიდიპოსს ისიც
აღელვებს, რომ თუ მას ლაიოსის მოკვლა დაუდასტურდება, ქალაქიდან წასვლა მოუწევს, მაგრამ
მისთვის სამშობლოში დაბრუნებაც სახიფათო იქნება, რადგან იმის საფრთხე გაიზრდება, რომ
საბედისწერო მისნობა ახდეს.

მეორე სტასიმონში გუნდი მღერის უმაღლესი ღმერთის სამართლიანობაზე, ტირანიის


გარდაუვალ დაღუპვაზე; აქაა გამოხატული ტრაგედიის ცენტრალური იდეა: „ამპარტავნება
წარმოშობს ტირანს“. გუნდი აღნიშნავს ღმერთისგან წამოსულ მისნობათა უარყოფის
დაუშვებლობას:

გარნა, ო ზევსო, მძლეთამძლეო, რაკიღა კაცნი


მარტოდენ შენ ერთს გიწოდებენ მმართველს ყოვლისას,
დაე, ნურასდროს ნუ დაფარავ შენს მეუფებას,
ო, ნუ დაფარავ, რადგან უკვე ანადგურებენ
ლაიოსზე თქმულ იმ ძველ მისნობებს,
აღარ ღებულობს აპოლონი აღარსად პატივს
და ყოველივე ქრება ღვთიური.
მესამე ეპისოდიონი: მაცნე ჩამოდის კორინთოდან და ერთდროულად სასიხარულო და
სამწუხარო ამბავი ჩამოაქვს: იგი იოკასტეს აუწყებს, რომ ისთმოსის მიწის ტირანად სურთ
დააყენონ ოიდიპოსი, რადგან მამამისი, პოლიბოსი გარდაიცვალა. იოკასტესთვის ეს აშკარა
ნიშანია, რომ მისნობებს არ უნდა ენდო: ოიდიპოსის მამას ხომ საკუთარი ხვედრით
დაუსრულებია ამქვეყნიური არსებობა და შვილის ხელით არ მოსწრაფვია სიცოცხლე, როგორც
ეს ნაწინასწარმეტყველები იყო. მიუხედავად პოლიბოსის სიკვდილისა, ოიდიპოსს ჯერ კიდევ
აშფოთებს ძველი მისნობა, რადგან მეროპე, დედამისი ჯერაც კორინთოშია და მის შვილს ეშინია,
მასთან მიმართებაში მაინც არ ახდეს მისნობა. როდესაც კორინთოელი მაცნე შეიტყობს
ოიდიპოსის ღელვის მიზეზს, იგი მას ამ შიშს სწრაფად „გაუქარწყლებს“. გაუმხელს თებეს მეფეს,
რომ იგი სულაც არ არის პოლიბოსისა და მეროპეს ძე, რომ მან თავად მიუყვანა იგი უშვილობით
გაწამებულ მეფეს, როდესაც კითერონზე გადასცა მას ჩვილი ბავშვი ლაიოსის მწყემსმა. გუნდი
აუწყებს ოიდიპოსს, რომ ეს მწყემსი სწორედ ის კაცია, რომელიც ერთადერთი გადარჩა ლაიოსის
ამალიდან და რომელიც გამოძახებული ჰყავს ოიდიპოსს. იოკასტე ცდილობს, ხელი ააღებინოს
ქმარს საქმის შემდგომ გამოძიებაზე. ოიდიპოსი ფიქრობს, რომ ქალს მისი შესაძლო მდაბიური
წარმომავლობის გამოაშკარავებისა ეშინია. იოკასტე გადის. მეფე ურყევია თავის
გადაწყვეტილებაში – მან სიმართლე ბოლომდე უნდა შეიცნოს:

მოხდეს, რაც არის მოსახდენი, მე გადავწყვიტე,


მონაც რომ დავრჩე, ჩემი გვარი შევიტყო მაინც.
ეს კი ქალია და თავისი ამაყი ფიქრით
ალბათ რცხვენია, მდაბიორი რომ გამოვდექი.
მე კი ასე ვთვლი, რომ შვილი ვარ კეთილმომცემი
ბედის ქალღმერთის და პატივი არა მაქვს მცირე.
მან ისე მშობა, როგორც დედამ, ხოლო და-ძმებად
თვეები მყავდა, მათ გამხადეს მცირეც და დიდიც.
მე, აგრე შობილს, არაფერი ისე არ შემცვლის,
რომ ჩემი გვარის გამოცნობა არ მოვინდომო.

მესამე სტასიმონში გუნდის სიმღერა ოიდიპოსის მშობელთა გამორკვევის მოლოდინს


გამოხატავს.

მეოთხე ეპისოდიონი: მოდის ოიდიპოსისგან გამოძახებული ლაიოსის მწყემსი. კორინთოდან


მოსული მაცნე მასში შეიცნობს იმ კაცს, რომელმაც თავის დროზე კითერონთან მას ჩვილი ბავშვი
გადასცა. მწყემსს არ სურს სიმართლის თ ქმა, მაგრამ ოიდიპოსის მუქარა მას აიძულებს აუწყოს
მეფეს სრული სიმართლე. ის ვეღარ მალავს, რომ ოდესღაც ლაიოსმა ახალშობილი ოიდიპოსი
მოსაკლავად გადასცა, რადგან მისნობის თანახმად მას შვილის ხელიდან სიკვდილი ელოდა.
მსახურმა ვერ გაიმეტა უდანაშაულო ბავშვი და იგი კორინთოელ მწყემსს ჩააბარა. ყველაფერი
გაირკვა: ოიდიპოსს საკუთარი მამა მოუკლავს, საკუთარი დედა ცოლად შეურთავს, მისგან
შესძენია შვილები, რომლებიც, ამავდროულად, მისი და-ძმებიც არიან.

მეოთხე სტასიმონში გუნდი მღერის ოიდიპოსის უბედურებაზე:

არის კი ვინმე, შენზე უფრო ბედშავი განა?


ვინ არის განა ამა სოფლის ცვალებადობით
მეტ სიავეში ჩავარდნილი?
ო, ოიდიპოს სახელოვანო,
შენ, ო, ვისთვისაც
დასამშვიდებლადაც
საკმარი გახდა
ზიარი ყურე ქალთან შერთვისა
ძისა და მამის ერთ სარეცელზე.

ექსოდოსი: გამოდის სასახლიდან ექსანგელოსი, რომელსაც თებელთათვის ახალი საზარელი


ამბავი მოაქვს. იგი ჰყვება, თუ როგორ ჩამოიხრჩო თავი იოკასტემ, თუ როგორ ჩამოხსნა
ოიდიპოსმა დედისა და მეუღლის ცხედარი და დაითხარა თვალები მისი კაბის ბალთებით. მალე
ჩნდება თავად უსინათლო ოიდიპოსიც. გუნდის შეკითხვაზე, თუ რომელმა დაიმონმა უბიძგა
თვალების დათხრისკენ, თებეს უბედური მეფე უპასუხებს:

აპოლონია, მეგობრებო, აპოლონია,


ჩემს სიავეთა და ვნებათა აღმსრულებელი.
ხოლო თვალები განა სხვა ვინმემ –
მე დავიბრმავე ჩემივე ხელით.
რადგან, რად მინდა თვალის სინათლე,
თუკი თვალხილულს არაფერი მინახავს ტკბილი?

ოიდიპოსმა აღარ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. იგი აღიარებს თავის დანაშაულს კრეონტის
წინაშე. ეს უკანასკნელი კი, რომლის ხელშიც გადადის ამიერიდან თებეს მმართველობა, უაღრესი
თანაგრძნობით არის გამსჭვალული ოიდიპოსის მიმართ. გამოჰყავთ მეფის შვილები, რომელთაც
უბედური მამა კრეონტს აბარებს. თავად ოიდიპოსის სურვილია, რაც შეიძლება შორს
გადაიკარგოს თებედან. გუნდი მღერის ადამიანური ბედნიერების წარმავალობაზე:

ო, ძველთაძველი თებეს მცხოვრებო, აი, შეხედეთ, ოიდიპოსი,


ვინც იმ ცნობილი გამოცანების შესძლო ამოხსნა და ვინც თებეში
პირველი იყო და უდიდესი და ვისაც შურით ჭვრეტდნენ ყველანი,
ავბედობათა რა აუწერელ უფსკრულში არის დანთქმული ახლა.
დაე, სუყველამ მოკვდავის ბოლო დღეზე მიაპყროს თავისი მზერა
და ბედნიერად ნუ ჩათვლის ხოლმე მოკვდავს მოკვდავი, სანამდის იგი
ყოველნაირი ტანჯვის გარეშე არ გადალახავს სიცოცხლის სამანს.

You might also like