You are on page 1of 16

ჯორჯ გორდონ ბაირონი

ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა

ო, ადა, შვილო! შენ დედის თუ გამოგყვა სახე,


უკანასკნელო ნაშიერო ჩემის გვარისა?
თვალთა ციმციმით მიღიმოდი, ბოლოს რომ გნახე,
ოდეს ნასახი იმედისა, აწ სულ მკვდარისა,
გამაჩნდა კიდევ...გამეღვიძა. გრიალებს ქარი,
წყალი დაღელავს ჩემს გარშემო ლაჟვარდ ღვარებად.
მივალ, არ ვიცი, სად მიმიყვანს ხომალდი ჩქარი,
მაგრამ გაქრება ალბიონის ნაპირი წყნარი,
და ძველებურად არ შემიპყრობს მე მწუხარება.

II

ისევ ზღვაში ვარ! მიმაფრენენ ზვირთნი ხმაურით,


ტალღამშფოთვარე მორჩილია იმგვარად ჩემი,
როგორც თავისი მხნე პატრონის ქვეშ ბედაური.
მე ვიტყვი ყველგან, სადაც უნდა წავიდეს გემი:
სალამი ღელვას! - დე, ტლაშუნი გრიგალის ფრთისა
მიფლეთდეს აფრას, მაინც ისევ წინ ვივლი მალი!
ვარ მე იმგვარი, ვით ბალახი - ნადავლი ზღვისა:
მას, თუ კი მკერდი მოიცილებს მშობელის კლდისა,
თავის ნებაზე ბობოქარი წაიღებს წყალი.
III

სიჭაბუკის ჟამს ერთს ვუმღერდი მოხეტიალეს,


ვინც გაურბოდა საკუთარი გონების წყვდიადს.
სიმღერა მისთვის კვლავ მომწყურდა მის მოტრფიალეს,
და დავატარებ ჩემს ნებაზე მე იმას, ზვიადს,
ისე, ვით ღრუბელს ქარტეხილი; ამ ამბავს კვალი
უჩანს დიდი ხნის ფიქრისა და ცრემლთა დენის,
რომელ მიქცევამ მიატოვა ნაპირი მშრალი,
სადაც ყვავილებს გაზაფხულის ვერ გაშლის ძალი,-
მწირი ადგილი უნაყოფო წელთა რბენისა.

IV

ჩანგის და გულის დამეგლიჯა სიმები ალბად


მით, რომ ნაღველი ჩემს ვნებებში ბევრი ერია, -
ჟღერენ ისინი ორივენი ამჟმად ყალბად,
ამაოდ ვცდილობ, რომ ვიმღერო, ვით მიმღერია.
მაგრამ დასჩემდეს, დაე ჩემს ჰანგს მოწყენილობა,
იგი ხომ მაინც გამიფანტავს დამქანცველ რულსა,
რომლის წიაღში მეზიდება მე გულგრილობა.
ვიმღერებ, თუნდაც ამ სიმღერის სიამ-ტკბილობა
მე ვაგრძნობინო მარტოოდენ საკუთარ სულსა.

ვინცა დაბერდა ამ ვაების ბნელ ქვეყანაში,


დაბერდა დიდ საქმეთაგან და არა წლებით;
ვისაც არ ართობს წუთისოფლის ყალბი თამაში;
ვინც აღრა გრძნობს და არ იწვის მიწიერ ვნებით;
ვინც უკვე დარტყმას ვეღარ იტანს ფარულ დანებით;
რომლითც ჰკოდვენ სიამაყეს, დიდებას, პატივს, -
ის მოხიბლული ველებით და ტყის ამწვანებით
განმარტოვდება რომ გაერთოს ნათელ ზმანებით
და რომ სიხარულს და სიამეს მიეცეს მარტივს.
VI

ჩვენ ვაძლევთ სახეს, რომ ცოცხლობდეს ზედმეტი ხანი,


ჩვენს უფაქიზეს ფანტაზიას,ოცნებას ლამაზს;
ამ გზით არსება მოგვეცემა იმისი მგვანი,
რაც გულში გვიზის, - ვით ამჟამად ჩავდივარ ამას.
რა ვარ მე თავად? - არაფერი! სამაგიეროდ,
ჩემთა ზრახვათ ხელმძღვანელო, შენ, სულო დიდო,
მე შემიძლიან შენთნ ერთდ ვათვალიერო
ცა და ქვეყანა და ძალღონე გავიძლიერო,
რათ ამდენი დაღუპული გრძნობები ვზიდო.

VII

მაგრამ ესოდენ ჩემი გული კაეშნის დანამ


არ უნდა სეროს; მე ხანგრძლივად ფიქრები ბნელი
ტვინს მიქანცავენ ორთქლოვანი დუღილით, სანამ
იგი არ გახდა მწველ გზნებათა უფსკრული მთელი.
არ შევაჩვიე სიყრმიდანვე დათმობას გული,
წყარო ცხოვრების მომეწამლა; აწ შევიცვალე
მე, თუმცა გვიან. ძალა მაინც შემომრჩა სრული
და არ ვემდურო ბედს მის გამო, რაც მე ვიწვალე.

VIII

მაგრამ ვიკმაროთ - ნუ ვიგონებთ რაც განვლილია,


სიჩუმის ბეჭდით დაიკეტოს მისი თილისმა.
ჰაროლდი ისევ მოგვევლინა. გამოცვლილია
ესოდენ დიდხანს უნახავი. გულმა იმისმა
დაჰკარგა გრძნობა, სურვილები, დაჭრილმან ვნებით,
თუმც სასიკვდილოთ ის არ იყო დაწყლულებული.
ცეცხლსა სტაცებენ ხომ სულსა და გონებას წლები,
ვით სხეულს ძალას. კიდეებზე ელვარებს გზნებით
თასი, ცხოვრების ჯადოსნობით პირავსებული.
IX

მან მეტად ჩქარა გამოსცალა და ნახა ფსკერზე


არტემიზია. ახლა იგი აავსო წყალით;
წყარო, რომელსაც ემჩნეოდა სიწმინდე ფსკერზე,
ეგონა, ისევ აღავსებდა სიცოცხლის ძალით.
მაგრამ ამაოდ! მას მოევლო ჯაჭვი ფარული,
რითაც ის მუდამ შეუმჩნევლად იტანჯებოდა;
ჰბორკავდა ,თუმცა არ ისმოდა მისი ჟღრუნი.
ტკივილს იტანდა ის უსიტყვოდ, გულგაბზარული,
და ეს ტკივილი მგზავრს ზედმეტად უმძაფრდებოდა.

დაცული თვისის გულცივობით, ის გაერია


ხელახლა ხალხში და ფიქრობდა, რომ გულის კარი
აქვს დახშული და მღელვარება არ უწერია
მას ასე რიგად გამაგრებულს გონების ფარით;
რომ არცა სევდას, არც სიხარულს მისი არსება
არ მიიკარებს, და ხალხის წრეს, ამგვარად ცვლილი.
იგი ფიქრებით დატვირთულიც შეეთავსება,
და მოხერხდება მისის ხელით სულის ავსება,
ბუნების და ღვთის განგებით რაც არის ქმნილი.

XI

მაგრამ ვის ძალუძს გადაშლილი იხილოს ვარდი


და არ ისურვოს მოწყვეტა და მისი ტარება?
სიტურფის ნახვით ვინ არ იგრძნო ნატვრა თუ დარდი.
არ იგრძნო, გულსა რომ სიბერე არ ეკარება?
ნუთუ იგი, ვინც მთის მწვერვალზე იხილავს თვალით
დიდების ვარსკვლავს, მასზე ასვლას არ განიზრახავს?
ჰაროლდს ხელახლა შემოერტყა გრიგალის რკალი
და ახვევს თავბრუს. თუმცა მისი ცხოვრების კვალი
ახლა კი უფრო ამაღლებულ მიზნებს ისახავს.
XII

მაგრამ დანახვა მალე მისთვის არ იყო ძნელი,


რომ ხალხის ბრბოსთან საერთო მას ცოტა ჰქონია,
წარსულში მის ნავს არ ჰმართავდა ვისიმე ხელი,
გონება თვისი მას არვისთვის დაუმონია.
სიჭაბუკეში სული აზრით ეთრგუნებოდა,
ახლაც არ სურდა ბატონობა დაეთმო იმას
საკუთრ თავზე, და იგი სხვებს უჯანყდებოდა.
სევდის დროსაც კი სიამაყით სავსე რჩებოდა
და შეეჩვია მარტოობას, ბევრისთვის მძიმეს.

XIII

იქ იყვნენ მისნი მეგობარნი, სადაც მთებია,


სამშობლოდ უჩნდა ოკეანის გაშლილი გული.
იქ სადაც ლაჟვარდს მზის ალმური წაჰკიდებია,
სახეტიალოდ მიილტვოდა იმისი სული.
უდაბნო, ზვირთნი ქაფიანნი, გვირაბნი, ტყენი
მიაჩნდა თავის უძვირფასეს ამხანაგებად.
ის მეტყველებდა მათთან უფრო საცნაურ ენით,
ვიდრე თვით ხალხთან, რომელსაც ის ხვდებოდა წყენით,
რომელზე უკეთ მან ბუნების შესძლო გაგება.

XIV

იგი ვარსკვლავებს უცქეროდა, ვით ქალდეველი,


და ასახლებდა მათ უმწიკვლო, სპეტაკ სულებით;
ავიწყდებოდა კაცთა მოდგმა გესლისმთხეველი,
თვით დედამიწაც არ ახსოვდა მაშინ სრულებით.
ასე სწყუროდა მას მუდმივის ოცნებით ლხენა,
მაგრამ უკვდავ სულს ეზიდება დაბლა სხეული,
რომელსაც თითქო ეხარბება იმისი ფრენა
იქითკენ, სადაც არა სწყდება სინათლის დენა,
სადაც იშლება ცის წიაღი შუქდაფრქვეული.
XV

ხალხში ცხოვრებით იგი იყო მეტად ვნებული,-


გახდა მრისხანე, მოუთმენი და ნაღვლიანი,
ვით შევარდენი ფრთებდაჭრილი,დასუსტებული,
რომელსაც სახლად მიაჩნია სივრცე მზიანი.
ხშირად გულისთქმა მოუვლიდა, რომელიც ღლიდა.
ასევე ჩიტი, გალიაში, გამომწყვდეული,
მავთულისაგან დაწნულ გუმბათს ვერ უმზერს მშვიდად,
აწყდება კედლებს, მკერდს იკორტნის, ავდება დიდად,-
ბოლოს ბუმბული უწითლდება სისხლდანთხეული.

XVI

სახეტიალოდ ის გაიჭრა საკუთარ ნებით,


თუმც უიმედოდ, მაგრამ ნაკლებ განწირულებით.
როცა დარწმუნდა, რომ იწვოდა ამაო გზნებით,
რომ ადამიანს დაამშვიდებს მიწა სრულებით, -
სასოწარკვეთას წააფარა ღიმილი მწარი.
ეს იყო თუმცა მონაგონი. ასევე, ოდეს
ხომალდს მრისხანე ტალღების მთებს მიახლის ქარი,
სვამენ გიჟურად მეზღვაურნი, რომ შიშის ზარით
გონება მათი დაღუპვის დროს ნაკლებად ძრწოდეს.

XVII

შეჩერდი!..შენ აქ იმპერიის გასთელე მტვერი,


მიწისძვრის კვალზე ფეხს აბიჯებ ფიქრში გართული!
აქ რად არა სდგას ქანდაკება მრისხანე მზერით,
ან სვეტი დიდი რად არ არის აქ აღმართული?
არცერთი. მაგრამ ჩვენ ზნეობა გვასწავლის იმას,
რომ შეუცვლელად შევირჩინოთ ესე სოფელი.
ვით გაუზრდია მოსავალი სისხლიან წვიმას!
ქვეყანა შენგან პურის ნაცვლად ღებულობს ქვრიმას,
ხარ გამარჯვება მეფეების წარმომშობელი!
XVIII

აჰა, გაშლილა ჰაროლდის წინ ვატერლოს ველი,


ფრანგთ სამარე მოკირწყლული თავის ქალებით.
აქ ერთ საათში გაცამტვერდა დიდება მთელი,
სრულიად მისის ძლიერებით და ბრწყინვალებით!
უკანასკნელად აქ ეკვეთა არწივი გნოლებს,
მაგრამ წააწყდა მოზღვავებულ მტერთა სიაფთრეს,
პატივმოყვარე, რომ იხდიდა სისხლიან ბრძოლებს,
დაშვრა ამაოდ. ის დამსხვრეულ ბორკილის რგოლებს,
რომლითც მიწა შემოჯაჭვა, თავად მიათრევს.

XIX

გერგო სანაცვლო! შებორკილი ღეჭავს გალია


ქაფიან ლაგამს. ნუთუ უკვე აღსდგა ქვეყანა?
ამდენმა ხალხმა სული ნუთუ მისთვის დალია,
რომ კვარცხლბეკიდან მხოლოდ ერთი ჩამოეყვანა?
როგორ, ისევ მონობა და ბორკილი ხელთა?!
ბრწყინვალე დილით კვლავ კერპები შეთითხნილები?
ლომის მძლეველნი ვით მოვექცეთ პატივით მგელთა,
ტახტის წინაშე მორჩილებით დამხობილები?

XX

ერთი დესპოტის ჩამოგდებით რა გვატრაბახებს!


ურიცხვ თვალებზე სულ ამაოდ ცრემლნი ელავდნენ,
რადგან ევროპის ყვავილები უმალ აბაღვეს,
ვიდრე მის ვენახს ცხენთა რბენით გადასთელავდნენ.
მონობის წლებმა საშინელი აღბეჭდეს კვალი,
მათ მილიონთ აჯანყებით მოეღო ბოლო.
დიდებით მაშინ გაიხარებს გული და თვალი,
როცა ერთმანეთს გადეწნება ტყვია და ხმალი,
როგორც მტარვალთან ჰარმონიამ გამართა ბრძოლა.
XXI

ღრეობის ხმებით ირხეოდა წყვდიადის კალთა -


დედაქალაქი ბელგიისა ლხინს ეძლეოდა.
ერთად შეკრებილ ვაჟკაცებს და მშვენიერ ქალთა
სანთლების შუქი მოკამკამე გარს ეფრქვეოდა.
ბედნიერებით ივსებოდა ათასი გული. და როს გაისმა იქ მუსიკის ხმა
ვნებიანი,
თვალებმა თვალებს თანაგრძნობა აუწყა სრული,
ეს იყო დიდი, სიხარული უსიტყვოდ თქმული -
მაგრამ ჩუ! თითქოს წამოქუხდა მეხი ფრთიანი.

XXII

ვერ გაიგონეთ? არაფერი, ეს იყო ქარი,


ან ქვაფენილზე უეცარი ეტლის გრიალი.
განაგრძეთ ცეკვა! არ დაუხშოთ სიხარულს კარი,
არ დაიძინოთ, - დე მოხიბლოს ნაზი ტრიალით
სიჭაბუკემ და სიხალისემ აგრეთვე დილა.
მაგრამ ჩუ! ისევ ქუხილია მსგავსი ხმებისა,
თითქოს ღრუბლებში ანარეკლი გაისმა ფრთხილად,
თითქოს ამ წუხილს თან მოჰყვება სიკვდილი ჩრდილად...
იარაღისკენ! ეს ყეფაა ზარბაზნებისა!

XXIII

ბრაუნშვეიგის ჰერცოგმა იქ, მაღლ დარბაზში,


ვით განწირულმა მეთაურმა, მახვილი სმენით
ხმა გაიგონა სხვებზე უმალ და ვით განგაში
ბნელ სიკვდილისა, ის მიიღო იდუმალ წყენით.
ხალხს გაეცინა; ახლა უფრო გამორკვეული
შეიქმნა მისთვის, რომ სიკვდილმა დარეკა ზარი,
რომელმაც დასცა მისი მამა სისხლდანთხეული.
შურისძიება გაეღვიძა; თავაწეული
გაიჭრა მინდვრად და პირველი დაეცა მკვდარი.
XXIV

შეიქმნა მაშინ ფაციფუცი. ცრემლები მსხვილი


მწუხარე ქალებს წამწამებზე ეკიდებოდნენ;
გადაუფითრდათ მშვენიერი ღაწვები ჩრდილით,
საათით ადრე ქების გამო რომ წითლდებოდნენ.
სწრაფ განშორებით შეიკუმშა ნორჩი გულები.
ოხრავდნენ პირნი, აგერ ახლა მეტყველნი ტკბილად,
ეგებ, ვინ იცის, ბედისწერის განკარგულებით
მათ ერთმანეთი ვეღარ ნახონ აწი სრულებით.
ამ უტკბეს ღამეს უნდა მოჰყვეს ვაების დილა!

XXV

ცხენებისაკენ მიაშურეს; მყის გროვდებიან


ესკადრონები, და გაისმის ეტლთა ხმაური;
მიიჩქარიან, მღელვარებენ და ენთებიან, -
აჰა, საომარ სამზადისის აურზაური!
ქუხან ქვემეხნი შორს წყვდიადში ხმების გაფენით,
იქვე ახლოს კი მოგანგაშე აღვიძებს დოლი
მოულოდნელად ჯარისკაცებს; მოქალაქენი
დგანან შემკრთალნი და აქა-იქ შიშით ბაგენი
ძლივს ჩურჩულებენ... ,,ეს მტერია! მოდიან სროლით!“

XXVI

ერთბაშად მკვეთრმა ,,შემოკრბენით კამერონებო!“-


საბრძოლო ჰანგმა ლოქიელთა - შეისხა ფრთები.
არ აკლდა მტერსაც ამ გმირული ხმის გაგონება,
რომელსაც ხშირად ყურს უგდებენ ალბინის მთები.
როგორ ცახცახებს გამძაფრებით ღამეში სტვირი!
ავსებს მხნეობით ერთი სუნთქვა მას და მთიელებს,
ვაჟკაცებს, ფიცით რომ შეუკრავთ უტეხი პირი;
გაახსენდება მათ ევანი, დონალდი გმირი, -
ათასწლოვანი მოგონება მყის გაიელვებს.
XXVII

მათ ზემოთ ფოთლებს აშრიალებს ტყე არდენისა,


და, რტოებდახრილს, მას ბუნების ცრემლნი სწყდებიან;
ეს თითქოს ნიშნად მწუხარების გამოჩენისა,
რომ გმირნი უკან ვერასოდეს დაბრუნდებიან.
რაზმი იმათი საღამომდე გაითელება,
როგორც ბალახი იმათ ფეხქვეშ,რომელიც კვალად
ამოვა, როგორც გაზაფხულზე იქ ეცხელება,
როცა ეს მასა, რომ იტაცებს წინ გახელება,
გადაიქცევა ნიადაგის ნოყიერ ძალად.

XXVIII

გუშინ შუადღეს ივსებოდნენ სიცოცხლის გზნებით,


ჰქონდათ მათ ღამე სიყვარულის და სილაღისა,
აშალა უცებ შუაღამემ განგაშის ხმები,
დილას ჟღარუნი გაისმოდა იარაღისა.
დღემ ჩაამწკრივა ბრძოლის ველზე მრისხანე ჯარი
დაიგუგუნა, თითქოს მიწას დაეცა იქ ცა,
მალე მინდორმა გადიფარა გვამების ფარი;
მტერი, მოყვარე, ცხენები, კაცი, დაჭრილი, მკვდარი -
მთლად ყველაფერი ერთ მეწამულ სამარედ იქცა,

XXIX

მე მინდა, ერთი რომ ვადიდო მხნე მეომარი,


თუნდაც მიჭრიდეს, ვით მეხოტბეს ნაკლებად ენა, -
ერთი იმიტომ, ნათესავი ჩემი რომ არი,
მეორეც - რადგან შევამთხვიე მის მამას წყენა,
მესამეც უფრო ამაღლდება სიმღერა თქმული
იმნაერ პირზე, ვინც ღირსებით სხვებზე სრულია.
სასტიკი იყო ჭიდილი და შეტევა მტრული...
არ განგმირულა იქ უმეტეს ნათელი გული,
ვიდრე, ჰოუარდ, უშიშარო, შენი გულია!
XXX

შენს გამო ბევრი ქვითინებდა თავდაღებული


და მწუხარებით გაიბზარა მრავალი გული.
ხოლო როცა მე ხე მჩრდილავდა ამწვანებული,
რომელიც ხარობს იქ, სადაც შენ დალიე სული, -
ვხედავდი, ველი საამური გარს გაშლილიყო,
ზედ რომ გაზაფხულს დიდი შრომის გაევლო კვალი;
ბევრი ფრინველი მისის ეშხით მოფრენილიყო,
მაგრამ ვიბრუნე პირი მისგან, რაც ჩემს წინ იყო,
მისკენ, ვინც ვეღარ დაბრუნდება ვერაფრის ძალით.

XXXI

თვალწინ დამიდეგ შენ და კიდევ სხვა ათასები,


ვისთა ნათესავთ მოეწამლათ სიცოცხლე მშვიდი;
შესვეს იმდენი მათ ნაღველით სავსე თასები,
რომ დავიწყება იქნებოდა წყალობა დიდი.
მთავარანგელოზს შეუძლიან, არა დიდებას,
საყვირით მკვდართა გაღვიძება. სახელი გმირის,
მხოლოდ მცირე ხნით თუ მოუტანს გულს დამშვიდებას,
მთლად კი ვერ შესძლებს ცეცხლოვანი წვის არიდებას, -
ის, ვინც დამარხა სასახელო, ზედმეტად სტირის.

XXXII

ვტირით და ბოლოს გვეღვიძება, - ღიმილით ვტირით.


გემი მიცურავს, თუმც აფრები დაწყვეტილია;
გვიან ეცემა ხე, თუმცა მას ხმელი აქვს ძირი;
სდგას კვლავ დარბაზი, სახურავი კი ახდილია;
ასკდება კედლებს უქონგუროს წვიმა და ქარი
ბორკილი რჩება, დამიწდება შიგ მოქცეული;
დღე მიდის, თუმცა მზეს აჰკვრია ღრუბლების ფარი;
ასევე გულსა მწუხარება დაამსხვრევს მწარი,
და კვლავ სიცოცხლეს გააგრძელებს ის, დამსხვრეული.
XXXIII

ვიცით, რომ სარკე დამსხვრეული სახეს იძლევა


ერთს და იმავეს ყველა თავის ანარეკლებით
და მით უფრო მეტს, რამდენადაც უფრო იმსხვრევა, -
აგრეთვე გულიც დაკოდილი მკვეთრის ეკლებით,
თავდავიწყებას მოინატრებს და დამსხვრეული
ცხოვრობს უსიტყვო მწუხარებით. უძილოდ მცხრალად;
ხმება ნელინელ, თუმც არ არის წლებით ძლეული,
თანაც არ უჩანს არაფერი გამორკვეული,
რადგან ამ ტანჯვის გამოთქმისთვის არ შესწევს ძალა.

XXXIV

სიცოცხლის წლებმა მწუხარებით არ იცის კლება,


წამებისაგან მოწამლულის წვრილის ფესვებით
დიდხანს გრძელდება სასიკვდილო ტოტების კვება.
ტანჯვაში სიკვდილს მოუწოდებთ გულაკვნესებით,
თუმცა ვართ უკვე მის შემზარავ ხილს შეჩვეული,
რომელიც მკვდარი ზღვის ნაპირას ვაშლების დარად,
პირს რომ შევახებთ, მყის იშლება ფერფლად ქცეული.
საათი ლხენის რომ შევსცვალოთ წლად თვითეული,
რიცხვი სამოცი დასათვლელად უთუოდ კმარა.

XXXV

კაცს დაუთვალა მედავითნემ ცხოვრების წლები,


ვინ გაიფიქრა - მეტიაო მისთვის ეგეცა?
სიცოცხლე მიჰქრის წინ ისედაც გაშლილის ფრთებით,
და რად ისურვე, ვატერლოო ენები ქებით,
შვილნიც ქების ვალს ამ სიტყვებით გადაიხდიან:
„მოკავშირეთა ერებმა აქ იშიშვლეს ხმლები,
ამ ველზე ჩვენთა წინაპართა ჰმარხია ძვლები“,-
და თუ ეს დარჩა მარტოოდენ - ესეც დიდია.
XXXVI

აქ ძირს დაეცა კაცთა შორის ყველაზე დიდი,


რომლის გონება ერთმანეთის საპირდაპიროს
ჰბადებდა ლტოლვებს. ის ერთგვარად უწყებდა ჭიდილს
საქმეებს ვიწროდ შემოფარგლულს თუ უნაპიროს.
უკიდურესო ყველაფერში! ვერ თავსდებოდა
ზომიერების ჩარჩოებში ბუნება შენი,
თორემ გვირგვინი ხელმწიფისა არ გერგებოდა,
ხოლო, თუ გერგო, საბოლოოდ ის შეგრჩებოდა.
ო, კადნიერო, შენ ქვეყანა სასტიკად ფშვენი!

XXXVII

ქვეყნის დამპყრობო, ქვეყნისავე ტუსაღი გახდი!


გარდიქცა საგნად უმეტესის განცვიფრებისა
შენი სახელი ახლა, ოდეს დაჰკარგე ტახტი
და მარტოოდენ ხარ ტიკინა იმ დიდებისა,
რომელიც იყო მოლაქუცე ვასალი შენი
მანამდე, ვიდრე მას მიაჩნდი რისხვის ღვთაებად,
ვიდრემდის შენთვის ბრწყინვალებით ვიდოდნენ დღენი.
მაშინ მეფეებს შენდა მიმართ მონურის რწმენით
თვალნი დაეხშოთ და ენები შიშით დაებათ.

XXXVIII

ო, სულერთია მცირე იყავ შენ, თუ დიადი!


ებრძოდი ერებს, ხან გარბოდი საომარ ველით,
ხან ხელმწიფეებს ფეხს ადგამდი გულით ზვიადი,
ხანაც უბრალო ჯარისკაცის ცხოვრება ძნელი
გხვდებოდა წილად. იმპერიის დამმონებელსა
ვერ დაგეთრგუნა საკუთარი წვრილმანი ვნება,
გონება თვისი ვერ შეგეცნო სხვის გამგებელსა;
უნდა გცოდნოდა საბრძოლველი ცეცხლის მგზნებელსა,-
ბედის ვარსკვლავი რომ ინთება, ისევე ჰქრება.
XXXIX

მაგრამ გვჩვენე საკვირველი შენ მოთმინება -


სიბრძნე, რომელსაც ხელოვნური არ ჰქონდა ფერი,
ღრმა სიამაყე, გულცივობის გამოვლინება,
რასაც, ვით ნაღველს და სიმწარეს ითვისებს მტერი.
როცა გარშემო მოძულეთა მოდგა რკალები,
რომ სასაცილოდ გაეხადნათ დაცემა შენი,
შენ გაიღიმე მომთმენის და მშვიდი თვალებით
ბედი, რომელიც გიმშვენებდა თავს ბრწყინვალებით,
გაგშორდა, მაგრამ ვერ გიხილეს ცრემლების მდენი.

XL

შენ უფრო ჭირში, ვიდრე ლხინში, აღმოჩნდი ბრძენი:


პატივმოყვარე, მაშინ ისე გამკაცრდი გულით,
რომ ჩვეულებრივ ზიზღსა და დაცინვის ჩენით
უმზერდი ხალხსა, და ეს იყო მოქცევა ბრძნული.
მაგრამ ბაგეზე ეს ღიმილი რად შეგრჩა მარად?
თუ კი ქვეყანა წაიგება ან მოიგება,
ღირებულება მისი უნდა მიგვაჩნდეს მტკნარად;
შენებრ ეს ბედი ვინც ირჩია, შენსავე დარად
ყველა დარწმუნდა ამაში და შხამიც იგემა.

XLI

რომ შენი ხვედრი ყოფილიყო კოშკივით დგომა,


ბოლოს დაცემა სადმე კლდეზე განმარტოებით,
შეგეძლო ზიზღით აგეტანა ბედისგან წყრომა,
მაგრამ შენ ხალხის აღტაცებით და სასოებით
შექმნილ კიბეზე აღიმართე ბრწყინვალე სვეტად -
იქ, სადაც თავბრუ დამსხმელია ერთი წამიცა.
მოქცეულიყავ შენ ფილიპეს შვილივით ნეტა!
რატომ მიჰბაძე დიოგენესა? ვრცელია მეტად
კასრად ცინიკოს ხელმწიფისთვის ეს დედამიწა.
XLII

მაგრამ ცოცხალ სულს ეჯავრება ცხოვრება წყნარი,


აი მიზეზი შენი მწარე დამარცხებისა.
მძვინვარებს ძალა ცეცხლოვანი ძარღვებში მდგარი, -
მტერი სასტიკი ზომიერი სურვილებისა.
ის, თუ კი ერთხელ აინთება, აროდეს ჰქრება;
მაღალ ბედისკენ მისწრაფება მისი დიდია.
სიმშვიდის გარდა, არაფრისგან მოელის ვნება.
ესაა, გული ცხელებით რომ იწვის და დნება,
საბედისწერო მისთვის, ვისაც ის უკიდია.

XLIII

გაგიჟდა ხალხი ამითა, და სიგიჟე ესე


სხვებსაც შეჰყარეს. მეფეები, დამპყრობლები,
დამფუძნებლები სექტებისა, მტრობას რომ სთესენ,
პოეტები და სახელმწიფო ხელმძღანელები,
გულთა იდუმალ წყაროების ამქუხარებით,
ასულელებენ თავის თავზე უფრო ჭკვიანებს.
ამაოთ შეშურთ! მათში ერთმაც გულის კარები
ხალხს რომ გაუღს და უჩვენოს ღრმა იარები,
დიდების ნატვრის სულს არვინღა დაიზიანებს.

XLIV

სუნთქვა იმათი მღელვარეა, ქარიშხლის ფრთებზე


სხედან ისინი და ბოლოს კი ძირს ვარდებიან;
ფანატიკურად ბობოქრობენ საბრძოლველ ხმებზე,
მაგრამ, საშიშარ მოვლენებს რომ გადურჩებიან,
სიცოცხლეს მათსას ეფინება ფერები მკრთალი.
მაშინ, როდესაც დასრუდება მათი ქმედება,
თანდათანობით ეკარგება ღონე და ძალი;
ამგვარად, საკვებს მოკლებული ჩაჰქრება ალი,
ასევე, უქმად მიგდებულ ხმალს ჟანგი ედება.
XLV

მას, ვისაც ასვლის დიდ მწვერვალზე არ უშლის დაღლა,


თხემი დახვდება თოვლითა და ნისლით ბურვილი.
ვინც კაცთა მოდგმას დეუფლა, ასული მაღლა,
მეფობს მისდამი დაბლა მტრობა და სიძულვილი.
ნათელს ასხურებს მას ზემოდან მზე დიდებისა,
ქვემოთ მიწა და ოკეანე გაშლილა ფართოდ,
ირგვლივ თვალსა სჭრის ელვარება ყინულებისა
და ხმა გაისმის ქარტეხილის გააფთრებისა.
ჯილდო უძნელეს ზეასვლისთვის ეს არის მარტო.

You might also like