You are on page 1of 6

დონ კიხოტ ლამანჩელი

პროლოგი

მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი წიგნი, ჩემი


ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი, ყველაზე სასაიმოვნო საკითხავი და
გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება
წარმოვიდგინოთ. მაგრამ განა შემეძლო ბუნების კანონებს წინ აღვდგომოდი? ნათქვამია:
როგორიც მამა - ისეთი შვილიო, ამიტომ ჩემი უნაყოფო და გაუნათლებელი ჭკუის ნაწარმოები
სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მოთხრობა გაძვალტყავებულ, ჩაჩანაკ და ახირებული ხასიათის,

ნაირ-ნაირი აზრებით შეპყრობილ გმირზე. მისი მსგავსი ძნელად თუ იქნება სადმე. მისგვარი
ზრახვები კი ჯერ არასოდეს ფიქრადაც არავის მოსვლია თავში? ან კი რა გასაკვირველია:
უკეთესი რა დაიბადებოდა საპყრობილეში, სადაც ვაი-უბედურების მეტი არა არის-რა, სადაც
ყოველგვარ სიდუხჭირეს დაუდევს თავშესაფარი და სევდასა და ვარამს დაუსადგურებია?
წყნარი, სასიამოვნო ადგილი, მშვენიერი წარმტაცი ველები, ლაჟვარდოვანი ცა, ნაკადულების
ჩხრიალი, სულის დამამშვიდებელი მდგომარეობა, - დიახაც რომ სხვარიგად მომართავენ
ადამიანის ჭკუა-გონებას და თვით უნაყოფო მუზებსაც კი ნაყოფიერს გახდიან მთელი ქვეყნის
სასიამოვნო და გასაოცარი შთამომავლობის შესაქმნელად. მართალია, ისიც ბერვჯერ მოხდება
ხოლმე, რომ მახინჯი და უხეირო შვილის მამა, მშობლიური სიყვარულის გამო
თვალებახვეულივით არათუ ვერ ხედავს თავისი შვილის ნაკლს, არამედ უფრო მეტიც, ჭკუა
გონებისა და სიჩაუქის ნიშანი ჰგონია ის და მეგობრებს წამდაუწუმ შვილის
მახვილგონიერებაზე, შნოსა და ლაზათზე მოუთხრობს. მაგრამ, სწორე მოგახსენო, მე დონ
კიხოტის ნამდვილი მამა არც კი ვარ, უფრო მის მამინაცვლად ჩავითვლები, და არ მინდა,
უძვირფასესო მკითხველო, სხვების ფეხის ხმას ავყვე და მათ მსგავსად თვალცრემლიანმა
გევედრო, დამითმო რამე, და ან, რასაც ჩემ ჩვილშვილ წიგნში ნაკლოვანებასა ნახავ, დაფარო
და ისე მოიქცე, თითქოს ამას ვერ ამჩნევდე. რას დაეძებ? შენ არც ნათესავი ხარ ამისი, არც
მეგობარი; შენც ყველა ჩვენგანივით შენი აზრისა და თავისუფალი ნება-სურვილის სრული
ბატონ-პატრონი ხარ, შენს სახლში ზიხარ და იქ ისეთივე უფლება შეგფერის, როგორც მეფეს
თავის ხაზინაში; ხომ გაგიგონია ანდაზა: "ჩემს ქურქქვეშ გინდ მეფესაც მოვკლავო".
ყველაფერი ეს გიხსნის და გათავისუფლებს ყოველგვარი პირმოთნეობის, თვალთმაქცობისა
და ვალდებულებისაგან, ამიტომაც ამ ისტორიაზე რაც გენებოს, ისა სთქვი; ნუ გეშინია: ცუდს
იტყვი - არავინ დაგემდურება, კარგს იტყვი - არავინ დაგაჯილდოვებს.

მინდოდა ეს წიგნი, როგორც დამიწერია, ისე გაულამაზებლად და მოურთავ-მოუკაზმავად


მომერთმია შენთვის; არც პროლოგი დამერთო თავში, ან სხვადსხვა უამრავი წარწერები, არც
ჩვეულებრივი სონეტები, ეპიგრამები და ქებათა-ქებანი წამემძღვარებია წინ, როგორც სხვა
მწერლები ჩადიან ხოლმე. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ წიგნის შეთხზვამ ცოტად კი არ
გამიჭირვა საქმე; მაგრამ ახლა რომ პროლოგს კითხულობ, იმის დაწერას რაც შრომა
მოვანდომე, იმდენი, მგონია, არაფრისთვის არ მომინდომებია. ბევრჯერ ავიღე კალამი და ისევ
დავდე, რადგან არ ვიცოდი - რა დამეწერა. და აი, ერთხელ, მაგიდასთან ვიჯექი, ერთი თაბახი
ქაღალდი მედვა წინ, კალამი ყურს უკან მქონდა გაჩრილი, იდაყვით მაგიდაზე ვიყავი
დაბჯენილი და ლოყით ზელზე დაყრდნობილი; ამ მდგომარეობაში ვფიქრობდი და
ვყოყმანობდი, რა დამეწერა. ამ დროს მოულოდნელად ერთი ჩემი მეგობარი მეწვია, ჭკვიანი
და მხიარული ხასითის კაცი, და ასეთ გაჭირვებაში რომ მნახა, დაღრეჯილობის მიზეზი
მკითხა. არაფერი დავუმალე და ვუთხარ - ძალიან მეძნელება დონ კიხოტის ამბისათვის
წინასიტყვაობის დაწერა-მეთქი; მგონი, ყველაფერს თავი დავანებო და ესოდენ პატიოსანი და
კეთილშობილი რაინდის საგმირო საქმენი აღარ გავაქვეყნო-მეთქი.

- აბა, როგორ გნებავთ, განა არ უნდა დავღონდე? რას იტყვის უძველესი კანონმდებელი, ანუ
ხალხი, რომ ამოდენა ხანი დავიწყებაში ვიმყოფებოდი და ახლა სიბერის თვირთით
დაუძლურებული კვლავ ასპარეზზე გამოვდივარ და ისიც ჩალასავით გამოფიტული
თხზულებით, სადაც მკითხველი ვერცა-რა მახვილგონიერებას შეხვდება, ვერც
მჭერმეტყველებას,, ვერც სიბრძნესა და მეცნიერებას, ვერც სქოლიოებს კაბადონებზე და ვერც
განმარტებასა და შენიშვნებს წიგნის ბოლოში, სხვა წიგნები კი, თუმცა წმინდა მოგონებებითა
და ზღაპრებითაც არიან სავსენი, მაინც ისე არიან შეზავებულნი არისტოტელეს, პლატონისა
და სხვა ფილოსოფოსთა აზრებით, რომ აღტაცებული მკითხველი წიგნის ღირსებით
გაოცებულია და მთხზველიც მწიგნობრად, განათლებულად და მჭერმეტყველად მიაჩნია-
მეთქი. აბა უცქირეთ, ზოგი მწერალი რას ჩადის! თავის ნაწერში საღვთო წერილსაც კი
იმოწმებს-მეთქი: გეგონებათ წმინდა თომები, ან ეკლესიის მოძღვრები იყვნენ. მასთან ასე
ოსტატობენ: ერთ გვერდზე რომ ვიღაც ჩერჩეტ და გარყვნილ მოარშიყეზე გვიამბობენ,
მეორეში უმალ საღვთო წერილებიდან ქრისტიანულ ქადაგებას მოგიყვებიან და ისეთს
დარიგებას გეტყვიან, რომ ყურს ვერ მოაშორებ და თვალს ვერ მოარიდებთ. ჩემს წიგნს ასეთი
არა ეცხება-რა: არც სქოლიოში მაქვს რამე ჩასაწერი და არც ბოლოში რამ გასამარტებელი: ისიც
არ ვიცი, რომელ ავტორს მივყვე, რომ წიგნის ბოლოში მისი სახელი მაინც გამოვაცხადო,
როგორც სხვები სჩადიან ხოლმე, ანბანის რიგზე, არისტოტელედან მოკიდებული
ჰომეროსამდე, ქსენოფონტე, ზოილი და ზევქსისიც შიგ ჩავატანო და არავითარი ყურადღება
არ მივაქციო იმას, რომ პირველი ბოროტი მოლაყბე იყო და მეორე კი მხატვარი. ჩემს წიგნს არც
სონეტები ექნება დართული წინასიტყვაობის მაგიერ; მეტადრე მარკიზების და ჰერცოგების
შეთხზულები, ანუ გრაფების და ეპისკოპოსებისა, ანუ კიდევ გამოჩენილი სეფე-ქალებისა და
შესანიშნავი პოეტებისა, თუმცა შემეძლო ორიოდე ჩემი მეგობრისათვის მეთხოვა, - ისეთ
სონეტებს შემითხზავდნენ, მთელს ესპანეთში ბადალი არა ჰქონოდათ-მეთქი. ერთი სიტყვით,
ჩემო ხელმწიფევ და მეგობარო, - განვაგრძე მე, - ჩემი გადაწყვეტილება ეს არის-მეთქი: ბატონმა
დონ კიხოტმა ლამანჩის არქივებში იმ დრომდის განისვენოს, ვიდრე ჩემზე ნიჭიერი მწერალი
ვინმე გამოჩნდებოდეს და იმ ნაკლს შეუვსებდეს, რაც მე ვერ შევიძელ: არც ძალა შემწევს და
არც სწავლა მაქვს, რომ ამას ვუშველო რამე, მასთან ბუნებითაც ზარმაცი და უსაქმური ვარ, -
თავის შეწუხება მეზარება: ვერ წავალ და იმ მწერლებს ვერ მოვძებნი, რომელნიც იმის მეტს
ვერას მეტყვიან, რაც თვითონ

შემიძლია ვთქვა. აი, ამიტომ ვარ ღრმად დაფიქრებული და დაღონებული, ყველა ამ მიზეზს,
რაც ახლა გაგაცანით, მგონია, კაცს დაღონება შეუძლია-მეთქი.
ჩემმა მეგობარმა მოისმინა ჩემი ნათქვამი, შუბლზე ხელი იტკიცა და ხმამაღალი ხარხარით
მითხრა:

- გარწმუნებთ, ძმობილო, ახლა იმ ცდომილებიდან გამომიყვანეთ, რა ცდომილებაშიც ჩვენი


ხანგრძლივი ნაცნობობის აქეთ ვიმყოფებოდიო. ყოველთვის გონიერი და მოფიქრებული
კაციმეგონეთ და ახლა კი ვხედავ - ერთი ბეწვის ოდენა ჭკუაც არა გქონიათო. ნუთუ ასეთ
უმნიშვნელო და ადვილად გამოსასწორებელ გარემოებას დაუფიქრებიხართ? მაგ ჭკუის
პატრონი ასეთმა უბრალო რამემ როგორ შეგაწუხათ, როდესაც უფრო მძიმე საქმეები
დაგიძლევიათო? პატიოსნებას გეფიცებით, ეგ იმიტომ კი არ მოგდით, რომ ნიჭი გაკლიათ,
არამედ იმიტომ, რომ ზანტი ხართ და მოსაზრება არა გყოფნითო. გინდათ დაგარწმუნებთ, რომ
სიმართლეს მოგახსენებთო? მაშ, აბა ყური დამიგდეთ, ბეჯითად მომისმინეთ, რასაც გეტყვით
და დაინახავთ, მაგ გაჭირვებასა და ყველა სიძნელეს ერთ წამში გაგიქარწყლებთ და იმ ნაკლს
შეგივსებთ, რომლის გამო, როგორც ამბობთ, ძლიერ შეწუხებული ხართ, აღარ გყოფნით
გამბედაობა და ლამის თავი დაანებოთ თქვენი შესანიშნავი დონ კიხოტის - მთელი მოგზაური
რაინდობის ამ სარკისა და მანათობლის - ამბების გამოქვეყნებასო.

- კეთილი, - მივუგე მე, როცა მისი სიტყვები მოვისმინე. - აბა მითხარით, როგორ აპირებთ
ამოავსოთ უფსკრული ჩემი შეძრწუნებისა და გაფანტოთ ქაოსი ჩემი დაღრეჯილობისა-
მეთქი.

ამის საპასუხოდ წარმოთქვა:

- თქვენი შეწუხების პირველი მიზეზი ის არის, რომ წიგნის დასაწყისში დიდებულ და


სახელოვან კაცთა მიერ შეთხზული სონეტები, ეპიგრამები და შესხმანი არ დაგიტანებიათ. ამ
უბედურებას აი, როგორ უნდა უშველოთ: ეგ შესახმანი და სონეტები როგორმე თქვენ თვითონ
შეთხზეთ, და ქვეშ - ვისი სახელიც უფრო მოგწონთ, ის მიაწერეთ, თუნდ მღვდელმთავარ
იოანე ინდოეთელისა ან ტრაპიზონის იმპერატორისა. გამიგონია, და ამის შესახებ ცნობებიც
კი მოიპოვება, რომ ესენი ჩინებული პოეტები ყოფილან; თუნდაც პოეტები არ ყოფილიყვნენ,
და ვინცობაა ვინმე ახირებულმა, პედანტებმა ანუ თვითონ ბაკალავრებმაც კამათი დაგიწყონ,
გაგათახსირონ და გეკინკლავონ, ეს სიცრუეაო, - ყველაფერ ამას აინუშიც ნუ ჩააგდებთ, რადგან
სიცრუე კიდეც რომ დაგიმტკიცონ, რას გიზამენ? იმ სიცრუის დამწერ ხელს ხომ ვერ
მოგჭრიან?

რაც შეეხება კაბადონებზე იმ წიგნთა და ავტორთა ციტატების მოთავსებას, რომელთაგანაც


ამოიღეთ სენტენციები და წარმონათქვამები თქვენი მოთხრობისათვის, გირჩევთ ასე
მოიქცეთ: გარემოებისდაგვარად შეუფარდეთ რომელიმე სენტენცია ან ანდაზა,რომელიც
ზეპირად იცით, ან ყოველ შემთხვევაში ადვილი მოსაძებნია. მაგალითად, როცა
თავისუფლებასა და მონობაზე ალაპარაკდებით, ეს დაატანეთ:

Non bene pro toto libertas venditur auro, და იქვე კაბადონებზე აღნიშნეთ, რომ ეს ჰორაციუსის, ან
ვინმე სხვა მწერლის სიტყვებია-თქო. თუ ვინცობაა წიგნში სიკვდილის დაუნდობლობასა და
მის მომსრავ ძალაზე იყოს ლაპარაკი, დაუყოვნებლივ მიაწერეთ:
Palliada mors aequo pulsat pauperum tanbrnas, Regumuque turres.თუ მეგობრობასა და
სიყვარულზე გინდათ, ანუ მტრის სიყვარულზე, რასაც თვითონ ღმერთი გვიბრძანებს,
მაშინვე საღვთო წერილი გადაშალეთ და ადვილად იპოვით თვით უფლის ნათქვამს: Ego
autem dico vobis; diligite inimicios vestros. თუ ბოროტ განზრახვაზე მოგიხდეთ ლაპარაკი,
გაიხსენეთ სახარება: De corde exeunt cogitationes malae; თუ მეგობრის გაუტანლობაზე
იმსჯელებთ, მაშინ კატონი მოიხმარეთ თავის ორსტრიქონიანი ლექსით:

Donec eris felix,multos numerabis amicos, Temnora si fuerint nubila,solus eris

ასეთი ციტატების გამო, სხვა რომ არა იყოს-რა, ლათინური ენის დიდ მცოდნედ მაინც
ჩაგთვლიან, და ეს კი ჩვენს დროში ძალიან საპატიო და სასარგებლო სახელია.

ახლა წიგნის ბოლოში თუ შენიშვნებსა და განმარტებას დაურთავთ, ამის შველაც ადვილია.


დამშვიდებით შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: თქვენს წიგნში თუ ვინმე ფალავანზე შეგხვდეთ
ლაპარაკი, ისე მოახერხეთ, რომ იმ ფალავანს უთუოდ გოლიათი დაარქვათ, - ეს ადვილია.
ამით არაფერი დაგიშავდებათ, ხოლო ამ სახელიდან წიგნის ბოლოს მთელი ერთი გრძელი
შენიშვნა გაგიჩნდებათ, მაგალითად, ამგვარი: "ფალავანი გოლიასი, ანუ გოლიათი,
ფილისტიმლელი იყო, რომელიც თერეფინტოს ველზე მწყემსმა დავითმა შურდულიდან ქვის
სროლით მოკლა,

როგორც მოგვითხრობს წიგნი მეფეთა ამა და ამ თავში, ამა და ამ მუხლში, სადაც შეგიძლიათ
ეს ამბავი წაიკითხოთ", და სხვა (მონახეთ და აღნიშნეთ ეს თავი).

მერე, თუ გინდათ სწავლულ კაცად აჩვენოთ თავი, სხვადასხვა საერო მეცნიერების მცოდნედ
და დიდ კოსმოგრაფადაც, ეცადეთ როგორმე წიგნში მდინარე ტახო მოიხსენოთ. მაშინ
შეგეძლებათ ერთი გრძელი და ჩინებული შენიშვნა დაურთოთ. ასე იტყვით: "მდინარე ტახოს
ეს სახელი ესპანეთის ერთი მეფისაგან დაერქვა; ამ მდინარეს სათავე ამა და ამ ადგილას აქვე,
და ჯერ რომ ჩინებული ქალაქის ლისაბონის კედლებს ეამბორება, მას შემდეგ იგი ოკეანეს
ერთვის. ამბობენ, ვითომც ამ მდინარეში ოქროს ქვიშა იპოვებოდეს"... და სხვა. თუ ქურდებისა
და ავაზაკების აღწერა დაგჭირდეთ, კაკუსის ამბავს მოგცემთ, რომელიც ზეპირად ვიცი. თუ
ზნედაცემულ მანდილოსნებზე სწეროთ, - აი მონდონედის ეპისკოპოსი, ის მოიხმარეთ: მისი
ლამია, ლაისა და ფლორა აიღეთ საგნად და ამაზე ერთი დიდი შენიშვნა შეთხზეთ, რითაც
საყოველთაო პატივისცემას დაიმსახურებთ; თუ სასტიკ და გულქვა ქალებზე თქვათ რამე -
ოვიდიუსი დაგეხმარებათ მისი მედეათი; თუ გრძნეულ და ჯადოსან ქალებზე ჩამოაგდოთ
ლაპარაკი - ჰომეროსი მიგითითებთ თავის კალიფსოზე და ვირგილიუსი თავის ცირცეაზე; თუ
მამაცი სარდალი იქნება სავაჭრო - თვითონ იულიუს კეისარი აქ არ არის თავის მოგონებებით,
ან კიდევ პლუტარქე არ შემოგთავაზებთ ათასობით ალექსანდრეას? თუ მიჯნურობაზე
მოგიხდეთ ლაპარაკი და ტოსკანური ენა ოდნავ მაინც გაგეგებათ, მაშინ ლეონ ჰებრეო
ასეთებით ყელამდის აგავსებთ, და, თუ სხვა ქვეყანაში დაგეზაროთ წასვლა, ფონსეკა და მისი
თხზულება ხომ შინა გაქვთ. მის "ღვთისნიერ სიყვარულში" მოთავსებულია ყველაფერი, რაც
კი ამ თემაზე დაწერილა: ვერც თქვენ და ვერც სხვა ვინმე დიდი მცოდნე უკეთესს ვერ
ინატრებს და მას თქვენ კი არა, თვითონ ღრმა მეცნიერიც მრავალგვარად გამოიყენებს. ერთი
სიტყვით, ეცადეთ თქვენს ამბავში მხოლოდ ის სახელები მოიხსენიოთ, რომლებიც
გითხარით, ცოტაოდნად ისტორიასაც გამოჰკარით კლანჭი, მაშინ შენიშვნებისა და
მაგალითების დაწერა მე მომანდეთ, და, გარწმუნებთ, იმდენი რამ მოვიგონო, რომ ოთხი
დაბეჭდილი თაბახიც არ ეყოს.

ახლა თუ იმ მთხზველების მოხსენება იქნება საჭირო, რომლებიც სხვა წიგნებისათვის


დაურთავთ და თქვენსაში კი არ არიან, ამაზე ადვილი რა არის? მხოლოდ ისეთი წიგნი
იშოვნეთ, სადაც ყველა ავტორის სია იყოს ჩართული ანიდან მოყოლებული Äოემდის, როგორც
თქვენ ბრძანებთ, და ეს ანბანური სია დაურთეთ თქვენს წიგნს; და თუ სიცრუეში დაგიჭირეს,
ამით ბევრი არა დაგაკლდებათ-რა, რადგან თქვენთვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს
მიბაძოთ ამ ავტორებს. უეჭვერლია, თქვენს წიგნს ისეთი გულუბრყვილო მკითხველიც ბევრი
შეხვდება, რომ დაიჯეროს - ვითიმ თქვენი უმანკო ამბის დასაწერად სიაში მოქცეული ყველა
ავტორით იხელმძღვანელეთ. სულ რომ არა იყოს-რა, გამოჩენილი, სწავლულებისა და
მეცნიერების სახელები თქვენს წიგნს ღირსებას მისცემს. მასთან, ვისთვის არის საჭირო
გამოიკვლიოს მოხსენებული ავტორები მართლა მოგიხმარიათ თუ არა.მაგრამ უფრო მეტს
ვიტყვი: ასე მგონია - თქვენი წიგნი არავითარ შევსებას და შელამაზებას არ საჭიროებს. თქვენ
თქვენი წიგნი სარაინდო რომანების გასაკიცხავად დაგიწერიათ, - ამ საგანზე კი არც
არისტოტელეს უწერია რამე და არც წმინდა ბასილს; ციცერონს ხომ სარაინდო რომანებზე
არავითარი წარმოდგენა არ აქვს, მოჩმახულ სისულელეებს და აბდაუბდას არავითარი საერთო
არა აქვს ჭეშმარიტების ზუსტ მოთხოვნილებასა და ვარსკვლავთმრიცხველობის
დაკვირვებებთან; თქვენს წიგნს რა ხელი აქვს გეომეტრიულ განზომილებასთან ან საისტორიო
საბუთებთან და წესებთან; მისი საგანი არც ქადაგებაა, სადაც ღვრთაებრივი და კაცობრიული
ერთმანეთში არის არეული: ამგვარი ქადაგებისაგან ღმერთმა ყველა ქრისტიანი დაიხსნას.
ერთადერთი, რითაც უნდა ისარგებლოთ თქვენს თხზულებაში, ესაა ძველი წიგნების მიბაძვა,
რადგან, რაც უფრო სრულყოფილი იქნება მიბაძვა, რაც უკეთესი კილოთი იქნება დაწერილი
იგი, მით უმეტესად უნაკლულო იქნება წიგნი; რაკი ისა გაქვთ საგნად და გსურთ, რომ თქვენი
თხზულება მიმართული იყოს იქითკენ, რათა მოსპოთ და ყველას თვალში დაამციროთ
რაინდული რომანების მნიშვნელობდა და გავლენა, რაც ჯერ კიდევ აქვთ მათ გაუნათლებელ
ხალხში, ამისათვის როდია საჭირო სამოწყალეოდ დაეძებდეთ ფილოსოფოსებისაგან -
ბრძნულ გამონათქვამებს, საღვთო წერილიდან - დარიგებებს, პოეტებისაგან - ზღაპრულ
ოცნებებს, რიტორებისაგან - მჭევრმეტყველებას და წმინდანებისაგან - სასწაულებს. ეცადეთ
მხოლოდ, რომ თქვენი სიტყვები გასაგები, ცხადი, თავაზიანი და წრფელი იყოს, რომ ამბავი
გასართობი და კილოჟღეროვანი გამოვიდეს და სავსებით გამოხატოთ, რაც თქვენს ოცნება-
გამოხატულებას წარმოუდგენია; ეცადეთ, სადაც ეს შესაძლებელია და დასაშვები, აზრები
ერთმანეთში არ არიოთ და არ დახლართოთ, გასაგებად და ნათლად გამოთქვათ
გულისნადები; ეცადეთ აგრეთვე ამბავს მხიარული ხასიათი მისცეთ, რომ თქვენი მოთხრობის
წაკითხვამ გულჩათხრობილი კაცი გააცინოს, მხიარული ჩვეულებრივზე მომეტებით
ახარხაროს. მარტივსა და ჩერჩეტს თავი არ მოაბეზროს, გამოცდილი თქვენმა ხელოვნებამ
გააკვირვოს, დარბაისელმა იგი არ აითვალისწუნოს და ბრძენსაც თქვენი ქება ათქმევინოს,
ერთი სიტყვით, მუდამ ისა გქონდეთ მიზნად, ძირს დასცეთ ის უზარმაზარი
ფუტურონაგებობა სარაინდო რომანები რომ ჰქვია და გამკიცხავებზე უფრო მეტი მაქებარი
რომა ჰყავს. და თუ ამას მოახერხებთ, - თქვენს ფრიად საქებარს მიზანს მიაღწევთ.

უღრმესი ყურადღებით ვუსმენდი ჩემს მეგობარს და მისი აზრები ისე მომეწონა, ისე
აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში მისი სიტყვები, რომ სიტყვის შეუბრუნებლად სამართლიანად
ჩავთვალე ისინი და წინასიტყვაობის ნაცვლად ამ ჩემს ამბავს პროლოგად დავურთე. დახე
შემთხვევას, საყვარელო მკითხველო! როცა ამ პროლოგს წაიკითხავ, მიხვდები, თუ რა ჭკვიანი
ყოფილა ჩემი მეგობარი და რარიგად მიშველა მისმა ფხიზელმა გონებამ: მერე და რა
გაჭირვების ტალკვესად მომევლინა ასეთი მრჩეველი! გარდა ამისა, შვებას იგრძნობ, რომ
რაღაც-რაღაცეების

მოგონებით აღარც მე გავიხეთქე თავი და არც შენ შეგაწუხე და ასე შეულამაზებლად და


შეუმკობლად წარმოგიდგინე ისტორია სახელოვანი დონ კიხოტ ლამანჩელისა; შენთვისაც
ასე სჯობია; ერთიც, რომ - წაკითხვაზე ცოტა დრო დაგეხარჯება და მეორე - რაც მომხდარა,
მხოლოდ იმას შეიტყობ. ბევრს არ დაგამუნათებ, რომ ასეთი შესანიშნავი რაინდის
თავგადასავალს გიამბობ, რომელზედაც მონტიელის მიდამოს მცხოვრებნი ახლაც კი
აზრისანი არიან, რომ იგი უბიწო მიჯნური და უშიშარი რაინდი იყოო და მისი მსგავსი ჩვენს
მხარეში დიდი ხანია აღარ ყოფილაო. არ მსურს თქვენს წინაშე გავაზვიადო ჩემი
დამსახურებანი ასეთი გამოჩენილი და სასახელო რაინდის გაცნობით, მაგრამ შესანიშნავი
სანჩო პანსას, ჩვენი რაინდის საჭურველმტვირთველის გაცნობას კი, იმედი მაქვს - დიდად
დამიმადლებ; რადგან, ასე მგონია, ამ კაცში თავმოყრილია საჭურველმტვირთველთა ყველა
ნიჭი და ღირსება, რომელთა აღწერა გაბნეულია უამრავ სულელურ სარაიდო რომანებში.
დასასრულ, ღმერთმა მშვიდობა შენც მოგცეს და მეც ნუ დამივიწყებს. Vale!

You might also like