You are on page 1of 582

ზაირა არსენიშვილი

კოლაჟი მთვარის შუქზე


რომანი

რედაქტორი ანა ჭაბაშვილი


დიზაინერი ია მახათაძე
ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი
ტექნიკური დიზაინერი ლადო ლომსაძე

ტექსტი © ზურაბ არსენიშვილი


გამოცემა © ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2022
ყველა უფლება დაცულია.

შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“


მისამართი: დავით აღმაშენებლის 150, 0112, თბილისი
ტელ: 291 09 54, 291 11 65
ელფოსტა: info@sulakauri.ge

ISBN 978-9941-30-854-3 (ნაბეჭდი)


ISBN 978-9941-30-995-3 (ელექტრონული)

Zaira Arsenishvili
IMAGES UNDER THE MOONLIGHT
A novel

Published by Sulakauri Publishing, 2022


All rights reserved.

www.sulakauri.ge
გაკრთეს ნათელი შინაგან ბნელთა
ვით კვალი ვარსკვლავთ მიმოსვლათანი.
ანა კალანდაძე

„მთვარე დანათის ბატონის ციხეს... უზარმაზარი, კრიალა


მთვარე, ყინვიან ღამით, მოწმენდილ ციდან აფრქვევს ცივ
ნათელს: სასახლის გუმბათს, ბურჯთა ქონგურებს, აივნის
მაღალ, წერწეტა სვეტებს, სამრეკლოს, ტაძარს, დათოვლილ
ბაღს და... სულთმობრძავი მეფის, ირაკლის სენაკის
სარკმელს...
სასიკვდილო სარეცელზე მდებარე მეფეს ვეღარც ტლეები
უცხრობდნენ ტკივილს, და ვერც სათბური უყუჩებს ქოშინს...
ნელსაცხებელი, საკმეველი, ზეთი და ცვილი ვეღარ
აქარწყლებს, ვეღარ ახშობს მძიმე სიმყრალეს მღვრიე
დურდოთი სავსე სტომაქის... ჩაჭაობებულ ნაწლავების...
ჩამპალი ღვიძლის...“
გადავიკითხე... კიდევ გადავიკითხე... და შუბლზე წკიპურტი
მივირტყი... მაიმუნი ვარ და მეტი არაფერი, კიდევ კარგი,
დროზე შევაჩერე პოეზიის ფეხმარდი რაში, მე რომ რატომღაც
პროზის გამწევხარიანი ურემი მეგონა, და არ გავაჯირითე
ჩემებურად. მერე იქნებ დამნანებოდა კიდეც უკან მობრუნება და
სულ ასე გალოპითა და პირუეტებით გავსულიყავი ბოლომდე.
წადი და უყარე კაკალი იმ ცნობილი, უნიჭო პოეტივით, თავის
ახალგაზრდობაში პოემა რომ მიუტანია რედაქციაში დიდი
სასოებით და იმათ კი რჩევა მიუციათ: კარგი იქნებოდა პროზად
დაგეწერათო.
ყოველთვის ავფორიაქდები ხოლმე ამ დაპირისპირების გამო,
ნიადაგ რომ არსებობს და სულს უშფოთებს ჩემისთანა საწყალ,
ახალბედა ფანქროსანსა და კალმოსანს: ფრთაშესხმული
შთაგონება და ფრთებდაკეცილი, საძრაობადაკარგული
ნაწარმი.
ცის ლაჟვარდში ისარივით მოსრიალე ყაჩაღანა მერცხალი,
ცოცხალი საზრდოს მმუსრავი, მდინარეების, მთების, ზღვების
გადამლახავი, ქარიშხლებთან მორკინალი მამაცი მოგზაური და
პროვინციის მუზეუმის ბუმბულდაწებებული, ჭიქისთვალებიანი
ფიტული, შუშის კუბოდან ყელმოღერებული რომ
წარმომადგენლობს ჩვენი საყვარელი მხარის ფრინველთა
სამყაროს.
მაგრამ რას იზამ, ყველაფერს თავისი დიალექტიკა აქვს და
სწორედ იმიტომ, რომ თავიც მენუგეშებინა და ეს გარდაუვალი
წინააღმდეგობაც ყოველთვის მხსომებოდა, ბიჭიას დავაწერინე
სახატავ ფურცელზე ფუნჯის წვერით ის დაუვიწყარი სიტყვები,
გულში მტკივნეულად რომ ჩამეჭრა და მთელ ჩემს არსებაში
ფესვი გაიდგა. აი, ახლაც, კედლისკენ ვატრიალებ ხრახნიან
ლამფას და ვკითხულობ თავკიდური მრგლოვანებით ლამაზად
გამოყვანილ, ნაირფრად აჭრელებულ სიტყვებს: „მეთოდურად
დამუშავებულ მეცნიერულ სისტემებში შეიძლება გაქრეს
შემოქმედებითი ინტუიცია. კლასიკურ ფორმებში შეიძლება
გაცივდეს ხელოვანის შემოქმედებითი წვა. გამომუშავებულ
სოციალურ სისტემებში შეიძლება ჩაკვდეს სამართლიანობის
პირველსაწყისი წყურვილი. კეთილმოწყობილ ოჯახში შეიძლება
ჩაქრეს სიყვარული. გონის განხორციელება შეიძლება
აღმოჩნდეს ობიექტივაცია და გონი ვეღარ ვიცნოთ
განხორციელებაში. გონი გაიყინება, გაქვავდება, რადგან
ობიექტური გონი არის დაცლილი გონი.“ ამ სიტყვების ბოლოს
დაფნის პაწია შტოა მიხატული და სტრიქონებს შუაც
შემოდგომის წითელ-ყვითელი ფოთლებია მიმობნეული...
ყოველი შეგონება შესაფერისი სილამაზითაც უნდა იყოს
გაფორმებულიო, თვალსაც ახარებდეს და გონებასაც
აფხიზლებდესო, რადგან სწორედ ეგ არის სილამაზის
დანიშნულებაო, მითხრა ბიჭიამ ონავრული თვალის ჩაკვრით,
გრაგნილი თავმომწონედ რომ გაშალა და საწერ მაგიდასთან
გამიკრა. ნენე კი იდგა, გამობერილ მუცელზე
ხელებჩამოწყობილი, სასოებით შეჰყურებდა თავის
დაუცხრომელ ქამარს და, ალბათ, ფიქრობდა, თუ
კეთილმოწყობაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული
სიყვარულის ჩაქრობა, ბიჭიას ხელში ჩვენ ეს არამც და არამც
არ უნდა გვემუქრებოდესო. ცოდვა გამხელილი ჯობს და სანამ
ჩემს თავზე არ გამეცინა, მეც ძალიან დავხაროდი ამ სიტყვებს
კეთილმოწყობილი ოჯახის შესახებ, ასე მეგონა, თვით ბედის
გამგებელი გამამხნევებლად მართმევდა ხელს... ღმერთო
დიდებულო, რა მიამიტი და ყეყეჩი შეიძლება გახდეს ადამიანი,
თანაც ერთი ხელის დაკვრით, როცა საქმე ცხოველმყოფელ
სურვილებს ეხება. მაგრამ კიდევ კარგი, ამ ფილოსოფიური
სენტენციის დანარჩენ შემადგენლებს გაფრთხილებად და
ლამის მუქარადაც კი განვიცდიდი. აი, ახლაც ვინ იცის,
მერამდენედ ვკითხულობ გაფრთხილებას გაყინული და
გაქვავებული გონის შესახებ და რაღაც საეჭვო, უიმედო იმედით
გულმოცემული ვუბრუნდები ჩემს ნაცოდვილარს...
მეც სულ არ მეგონა, რომ ასე გამოვიდოდა, მორაკრაკე და
მოჩუხჩუხე კეთილხმოვანებით... პირიქით, მინდოდა, რაც
შეიძლება სადად და სულის შემძრავად დამეწერა, როგორ
კვდება მეფე ერეკლე იანვრის მთვარიან ღამეს თავის პატარა
ოთახში, წეღან პოეტურად სენაკი რომ ვუწოდე, იმ ოთახში
სადაც დაიბადა კიდეც ორას ორმოცდაშვიდი წლის წინათ, და
სადაც ამჟამად ჩვენი სამუშაო ოთახია საწერი მაგიდებით,
დავთრებით სავსე პატარა კარადით, პორტრეტებიანი
კედლებით და ბუხართან მიკრული მარმარილოს დაფით,
რომლის ოქროსასოებიანი რუსული წარწერა, თავადი
ვორონცოვის ხელმოწერით, ერეკლეს დაბადება-
გარდაცვალებას გვაუწყებს და ზრდილობიანი პირმოთნეობით
მიგვითითებს, არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს
ზიანსაო.
მაღელვებს მე ეს ოთახი... მაღელვებს და გულს მტკენს...
აქ ერთდება წარსულისა და აწმყოს გზები... აქ ერწყმის
ერთმანეთს უკვე მომხდარი და ის, რაც ხდება, ერწყმის ისე
მძაფრად, ისე მტანჯველად, რომ მე ხშირად ვგრძნობ, როგორ
მიბიძგებს გამარტივებული სქემების მაძიებელი გონება,
განცდათა და მოვლენათა დახვანჯული გორგალი
გამოსახსნელად მიზეზშედეგობრიობის ტლანქ ჩარხში წაღმა-
უკუღმა ვატრიალო... ტრიალებს ჩარხი, იჩეჩება დახვანჯული
ნართი, წყდება საცოდავ ნაგლეჯებად და ნაფლეთებად,
რომელთაც აღარავითარი საერთო არა აქვთ არც მოვლენათა
გამოუხსნელ კვანძებთან და არც განცდათა მტანჯველ
ხლართებთან... მაგრამ არსებობს იმედი... და სიხარული...
რომელიც იღვიძებს ტანჯვიდან, ვით ძილქუშიდან... და მე ისეთი
შვება მეუფლება, ისე ვივსები სიხარულით, ლამის მეგონოს:
იულონ ბატონიშვილი სწორედ ჩემი სიხარულით იბადრება ასე
გულუბრყვილოდ, ხოლო ანტონ კათალიკოსის კურთხევისთვის
აღმართული მარჯვენა პირადად მე გადმომსახავს წყალობის
პირჯვარს, მაგრამ ახლა... ახლა... ამ ოთახში არც
ბატონიშვილებისა და დედოფლების სურათებია, არც
ვორონცოვის დაფა, არც მაგიდები და კარადა. ახლა აქ
სასიკვდილო სარეცელია დაგებული და ტანჯული მოხუცის
გმინვა ისმის. მეფე აზიარეს... თახჩაში შესვენებულ ლეონ
ბატონიშვილისეულ მაცხოვრის ხატთან დიდი კელაპტარი
ანთია, მთვარის შუქიც უხვად შემოდის მაღალი, შეისრული
სარკმლებიდან, კარის მოძღვარი, მამა იოვანე ხმადაბლა
კითხულობს ფსალმუნს. დარეჯან დედოფალს, სიკვდილის
მოახლოებით დათრგუნულსა და დაბნეულს, ისე საცოდავად
ჩამოუშვია თავისი მუდამ აწკეპილი წარბები, როგორც
დამარცხებულს ძლევამოსილი მტრის წინ საბრძოლო ალამი.
– ირაკლი... შემომხედე, შე კაცო... სქანი გოლუაფირო... სქანი
ჭირიმა... გაახილე თვალი... ჩქიმი სანთელი, ირაკლი... სქანი
გოლუაფირო... სქანი... სქანი... – ჩუმად, თავშეკავებული
შეშფოთებით ჩასძახის დარეჯანი და გაყვითლებულ, სიმწრის
ოფლით დასველებულ სახეს ტილოს ნაჭრით უმშრალებს.
თვითონვე შეაკრთობს თავისი მეგრული, აღარც ახსოვს, როდის
ეუბნებოდა თავის მოხუც ქმარს ასეთ სიტყვებს... თვითონვე
შეაკრთობს თავისი უმწეო, მავედრებელი კილო... აქამდე
თითქოს ვერ ხვდებოდა, ახლა კი სწორედ სასოწარკვეთით
სავსე მშობლიური მეგრული, მომაკვდავის ჭირისუფლობით
დაზაფრულს თავისთავად, ბუნებრივად რომ აღმოხდა, მწვავედ
აგრძნობინებს: ბედის ბორბალი თურმე გადაბრუნებულა და
გადაუტანია ის ძველი „სქანი გოლუაფირო“, საალერსო
ფორმულა, ოდესღაც, სხვა ცხოვრების დროს რომ
წარმოთქვამდა მომაჯადოებელი, დამცინავი ღიმილით, ანცად
და მსუბუქად, და ამ სასიყვარულო იმპერატივზე უდრეკ
მეომარს, მეფე ერეკლეს ფარ-ხმალი უნდა დაეყარა და
უსიტყვოდ დანებებოდა მის ქალურ თილისმას. ახლა კი,
სწორედ ამ მშობლიურმა მეგრულმა, უნუგეშო კვნესასავით რომ
გაისმა მომაკვდავის სასთუმალთან, თვალნათლივ დაანახვა
ხვალინდელი დღე: ბერი ქალის ძაძით მოსილი ქვრივოხრობა...
და მიუსაფრობის უდაბური ტრამალები...
მამა იოვანეს კი, მომაკვდავის ფერხთით აღმართულს,
თვალების გასწვრივ უჭირავს გადაშლილი ფსალმუნი და
ხმადაბლა ბუტბუტებს: – და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა და
შემიძრწუნდეს ჩემ შორის გული ჩემი...
– დედოფალო, იქნებ ინებოთ და დაგვტოვოთ... – ამბობს
ოთარა თურმანიძე მორიდებით, – მუცელი უნდა ვუნახოთ ბატონ
მეფეს, იმატა თუ არა სითხემ... – დაამატებს ფარნა კობიაშვილი,
სახე კი ისეთი შეწუხებული აქვს, მზერაც შემკრთალი, თითქოს
უსიტყვოდ იხდიდეს ბოდიშს იმის გამო, რომ ღმერთმა
ადამიანად გააჩინა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ
ადამიანად... და ეს კი ახლა ძალიან ცოტას ნიშნავს, შეიძლება
ითქვას, აღარაფერს არ ნიშნავს, რადგან მას არ ძალუძს
შესძახოს: „ტაბითა, აღსდეგ!“ არ ძალუძს და რა ქნას! მას
ძალუძს ტლეები, მალამოები, მცენარეული წამლები, სისხლის
გამოშვება, სხვა ათასი რამ, ათასი საშუალება... მაგრამ ახლა
მხოლოდ და მხოლოდ ეს იმპერატიული შეძახებაა საჭირო,
მთელი ხმით შეძახება: „ტაბითა, აღსდეგ!“ მაგრამ არ ძალუძს
და რცხვენია, ისე მოკრძალებული, უფრო დაბლად ხრის თავს,
გასივებული სტომაქისკენ, ჩირქიანი და მწიკვლიანი
წყლულებისკენ და მონდომებით და ჩაკირკიტებით უწმენდს
მყრალ იარებს.
– რაღა მუცელი... – მწუხარედ ჩაილაპარაკებს დარეჯანი და
ოთახიდან გავა, – კაცი კვდება, – უხმოდ დაამატებს.
ტალანი სავსეა სასახლის ხალხით: ოხვრა, ტირილი, ლოცვა,
გადალაპარაკება, ნაბიჯების ხმა, ჩურჩული, ერთ გაბმულ
გურგურად ქცეულა... დარეჯანი გზას მიიკვლევს დარბაზისკენ...
დარბაზის კართან თორმეტი წლის სალომე შემოეგებება.
– ბები, ისევ ისე შფოთავს ბატონი პაპა?!
დარეჯანი უმწეოდ გააქნევს თავს.
– ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, რა ცოდოა ბატონი პაპა! ან ჩვენ რა
გვეშველება, ან ჩვენს ერსა, ან ჩვენს მიწა-წყალსა, ან მტერსა
და ან მოკეთეს!
დარეჯან დედოფალი უღონოდ დაეშვება
ხალიჩაგადაფარებულ გრძელ სკივრზე.
– იულონ, შვილო, ნუ ზლუქუნებ ეგრე ხმამაღლა, ცოდოა
ბატონი მამა... ცოდოა... იქ ისმის შენი ტირილი... ყველაფერი
ეყურება!
იულონი გულს ერთი მძლავრად ამოიხვინჩავს და
ცრემლებით მორწყულ ფართო ლოყებს ყურთმაჯებით
შეიმშრალებს.
– ვაიმე, რა გვეშველება, ბატონო დედავ, მამა ხელიდან
გვეცლება. ვერც თურმანიძესა, ვერც კობიაშვილსა ვეღარაფერი
გაუწყვიათ, რა წყალში ჩავვარდეთ, რა გზას დავადგეთ,
ბატონიშვილებო, ძმებო, დებო, რძლებო, ძმისწულებო! – დიდ
მჯიღებს გაგულისებით შემართავს იულონი, გეგონება, თავში
უნდა წაიშინოსო.
– რა ვქენი ეს... რა გავაკეთე ეს... – დაიკვნესებს დარეჯანი, –
მოხუცი ჩიქვანი როგორ არ გამოვიხმეთ გორდიდან, როგორ არ
შევუთვალეთ ჩვენი გასაჭირი, როგორ არ შევუთვალეთ ჩვენი
უბედურების ამბავი...
– უშველიდაა, რო, ბატონო დედავ და დედინაცვალო,
უშველიდაა, რო! – როყიოდ ამოიძახებს გიორგი ბატონიშვილი,
ბუხართან, დიდ თურქულ ხალიჩაზე ფეხმორთხმული თავის
ოჯახთან ერთად, – ჩიქვანი ღმერთიაა, რაკი მეგრელიაა... –
წამღერებით გააგრძელებს... დარეჯანი თავს დახრის, რომ
მძულვარე მზერა არ ესროლოს თავის გერს... უზრდელი,
უშველიდაა, რო...! აი, სწორედაც უშველიდა შენს ჯიბრზე! ყველა
მტრის და დუშმანის ჯიბრზე!
დარბაზის კარს ოთარა თურმანიძე შემოხსნის ფრთხილად,
კართანვე გაჩერდება, დამნაშავესავით ჩაჰკიდებს თავს;
სასოწართმეული ამბობს:
– დედოფალო, ბატონიშვილებო, რაც შეგვეძლო და რაც არ
შეგვეძლო, ყველაფერი ვცადეთ, ხელი არ დავაკელით, მაშ,
ვისთვისღა გავირჯებოდით აგრე მუხლჩაუხრელად, თუ არა
ჩვენი მეფისთვის... მაგრაამ... თავსზეით ძალა არა გვაქვს და რა
წყალს მივცეთ თავი, არ ვიცით... კიდევაცა ვცდით ყველა
საშუალებას... თქვენ რო ბრძანებდით, დედოფალო, ჩიქვანიო,
ნეტავ არ იქნება, ვინმე იგეთი მოგვევლინოს, უშველოს რამე
ჩვენსა მეფესა, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება...
– რუსი მკურნალიც ხომ ჩამოვიდა და რაა მერე, წავიდა უკან,
თქვენზე უკეთესი ამ არემარეზე არავინააო და, რა ვიცი, ასე
მცოდნოდა, შევუთვლიდი დროზევე ჩიქვანს, აბა, რა იქნებოდა,
– მქისედ ამბობს დარეჯანი.
– მეე... მკურნალი კი ვარ... ბატონო დარეჯან... – ოთარა
ბატონიშვილებს გახედავს, თითქოს მათგან ელის გაგებასა და
ლმობიერებას, – მაგრამ... ადამიანი ვარ... ნეტარხსენებული
დავით აღმაშენებელი ორმოცდათორმეტის მიიცვალა და
ვერავინ ვერაფერი უშველა...
თიკომ თავი აიღო და მიიხედა, კარში ნიკო იდგა და
წარბშეკრული, იჭვნეულად უყურებდა თავის შვილსა და საწერ
მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს.
– უკვე პირველი საათია, მეორე დაიწყო, რატომ არ წვები,
გამაგებინე?! ხომ არ შეიძლება ღამეები ათიო ამ რაღაცეების,
მაპატიე და, ჩხაპნით? მე შენ გეტყვი, რაც საჭიროა და
მოგეთხოვება, იმისთვის იკრთობ ძილს? თან ხვალ ადრე ხარ
ასადგომი...
– ოჰ, მამიკო, მეფე გვიკვდება, რომ იცოდე, რა ამბავია
ბატონის ციხეში? გაჭედილია იქაურობა ხალხით და არ იციან,
რა უშველონ, წარმოგიდგენია?! არადა, სწორედ ახლაა
აუცილებელი ერეკლეს სიცოცხლე, აუცილებელი! ძალიან ცუდ
დროს კვდება, სხვათა შორის, ნიკო ბერძენიშვილსაც ასე
მიაჩნია.
ნიკო თავს გაიქნევს და გაიცინებს, ვითომ რა უნდა
გელაპარაკოო.
– კარგი რაა, მამა, ნუ იცინი, შენც ხომ გაქვს ჩვენი ქვეყნის
დარდი. აი, საინტერესოა, ჩვენ რომ ახლა სასახლეში
წავსულიყავით, შეძლებდი ერეკლეს გადარჩენას?
– ოჰ, რა მაიმუნი ხარ, ჩემო შვილო, რა მაიმუნი! აბა, ჩქარა,
საწოლისკენ!
– დაიცადე, მამა, დაიცადე, მითხარი, გადაარჩენდი? რომ
მოესწრო და ან მტკიცედ შეესრულებინა რუსებისთვის 83 წლის
ტრაქტატი, ან სრულიად გამიჯვნოდა მათ, რომ ბატონიშვილი
გიორგისთვის გაეუქმებინა მემკვიდრეობის უფლება და
შესაფერის მემკვიდრეზე ეფიქრა, მერე კიდევ...
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – გააწყვეტინა ნიკომ, – შენს ხელში მე
მშვიდი ძილი არ მიწერია! როგორც მახსოვს, ერეკლეს
წყალმანკი ჰქონდა, ღვიძლის ციროზი, მგონი, კიბოც. კი
ბატონო, ამოვუღებდი სითხეს და რა, ისევ ჩაუდგებოდა,
შეიძლება ცოტა გამეხანგრძლივებინა მისთვის სიცოცხლე,
მაგრამ, რაც შენ ჩამოთვალე, მაგას ნამდვილად ვერ
მოასწრებდა... ჩვენი ქვეყნის საქმე უკვე გადაწყვეტილი იყო! ასე
რომ, დამშვიდდი და დაიძინე!
– როგორ უნდა დავმშვიდდე, მამა, როგორ, როცა ერეკლე
კვდება! აგერ, ჩვენ გვერდით!
– ოჰ, ღმერთო! – დაიძახა ნიკომ, – რაღა ჩემი შვილი უნდა
გამოსულიყო ასეთი... ასეთი... გარდას გადასული! უნდოდა
ეთქვა, დამთხვეულიო და მაინც დაინდო და ვერ აკადრა, – აი,
გენაცვალე, ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და ექიმი
გამოსულიყავი, შენც ასცდებოდი ამდენ სისულელეებს და მეც
გადავურჩებოდი ამ შფოთსა და ნერვიულობას. საგანი რომ
გაქვს სამინიმუმე ჩასაბარებელი და შენ კი რითა ხარ
დაკავებული?!
– კარგი, მამიკო, კარგი, წადი ეხლა და დაიძინე... – თიკო
სასწრაფოდ წამოდგა, მივიდა მამასთან და მოეხვია.
– შვილო, გენაცვალოს მამა, – დაიწყო ნიკომ რბილად, თუმცა
შეგონების კილოთი, – დროს ნუ კარგავ ტყუილუბრალოდ...
მწერლობა და პოეტობა სულ სხვა რამეა, ნუ გადააკვდი ამ
ვითომ თხზულებასა და ლექსებს... მამაჩემი, იცი, რა კარგ
ლექსებს წერდა?! აკაკი წერეთელი რომ ჩამოვიდა თერთმეტ
წელს, თურმე მამამ სიტყვა ლექსად უთხრა! მეც, ჩემს
სიცოცხლეში, წარმოიდგინე, სამი ლექსი დავწერე, ერთი,
ზღვაზე რომ ვიყავი მეზღვაურად, დედას წერილი ლექსად
მოვწერე, მეორე ლექსი დედაშენს მივუძღვენი და მესამეც შენ
დაბადებაზე შევთხზე. რა მოხდა მერე, ლექსების წერა მოდაში
იყო და ვინ აღარ ლექსაობდა? მაგრამ თავის მთავარ საქმეს კი
არ ღალატობდნენ...
– მამა, რა კარგად მოვიფიქრე! – შესძახა თიკომ, მამას ხელი
უშვა და ტაში შემოსცხო, – მე ასე დავწერ, რომ შენ აღინთე
ნამდვილი თავგანწირვით, გადაარჩინო მეფე ერეკლე და
ჩემთან ერთად წამოხვიდე ბატონის ციხეში, აი, მივედით, ხალხი
ზიმზიმებს, ჩვენ ძლივს მივიკვლევთ გზას, გაგვატარეთ, კარგი
ექიმი მოდის, ნამდვილად უშველის, აი, ნახავთ, როგორ
უშველის, აი, ნახავთ, როგორ უშველის. ლუკაა, ლუკაა! ვეძახით
ციხისთავ ლუკას, გაგვიღეთ ჭიშკარი, უნდა შემოვიდეთ!
ციხისთავი ლუკა დგას ზევით აივანზე და ხელებს ასავსავებს,
თქვენ ვინა ხართო, მე ვერ გცნობთო, საიდან მოსულხართო...
შენ ეუბნები, მე მაღალი პილოტაჟის ქირურგი ვარო, შემიშვი,
ერეკლეს უნდა ვუშველოვო! ლუკას არ სჯერა, რაღაცა
სხვანაირადა ხართ ჩაცმულებიო... მე ვეხვეწები ქვევიდან,
ვეუბნები, რომ ჩვენ, მართალია, ძალიან დიდი ხნის შემდეგ
ვცხოვრობთ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს,
მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იცოცხლოს მეფემ, როცა ასე
საჭიროა მისი სიცოცხლე, მისი გონება, მისი მქუხარე სახელი!..
თიკოს თვალები ცრემლებით აევსო... მერე გაიცინა, ფეხის
წვერებზე შედგა და მამას ლოყაზე აკოცა. პიჟამა ეცვა
ბატისტისა, მოკლე შარვალი მუხლებამდე უწევდა, ზევიდან კი
თივთიკის შალი ჰქონდა მხრებზე მოგდებული, სულ პატარა
გოგოს ჰგავდა. მიუხედავად ამ სისულელისა, რაც ახლა ნიკომ
მოისმინა, თუ სწორედ ამ სისულელის გამო, ნიკოს
მოულოდნელად გული აუჩუყდა, პატარა გოგო, პატარა
სულელი გოგო, ვითომ ინგოროყვა იყოს, ან გამსახურდია... თან
რა მოსიყვარულეა, საიდან სად ატარა ნიკოსთვის ტორშერი,
ვილნიუსიდან, მთელი გზა დროშასავით მეჭირაო და ასე
დროშასავით მეჭირაო და ასე დროშასავით შემოიტანა ნიკოს
კაბინეტში, შემოიტანა და საწერ მაგიდასთან დაუდგა,
მართლაც ისეთი მშვენიერი ტორშერი, უნაზესად მოჩითული,
ქოლგასავით აბაჟურით, ქინძისთავით ჰქონდა მიმაგრებული
აბაჟურს ვილნიუსის ხედიანი ღია ბარათი, რომელზეც მსხვილი
ასოებით ეწერა: „მსოფლიოში ყველაზე კარგ მამას ყველაზე
ცუდი შვილისგან“.
– კარგი ახლა, დაწექი, ჩემო გოგო, დაწექი და დაიძინე,
საჭოჭმანო საკითხებზე ნუ იფიქრებ და აიტკივებ თავს, თან ამ
შუაღამეს!
– როგორ არ ავიტკივებ, მამა! სწორედაც უნდა ავიტკივო!
იმიტომ, რომ არაჩვეულებრივად მეცოდება ერეკლე! ვერ
წარმოიდგენ, როგორ მიწუხს გული, რომ ვერ მიხვდა, ვისთან
ჰქონდა საქმე, რომ დაამხობდნენ რვასაუკუნოვან სამეფო
სახლს, გააუქმებდნენ სამეფოს, წვითა და დაგვით
შენარჩუნებულს მეცხრამეტე საუკუნემდე! შეიძლებოდა განა
მათი აქ ჩამოთესლება?! ვინ ვიყავით ჩვენ რუსებისთვის, საიდან
ვკნაოდით, ერთი მუჭა ვიღაც ქართველები, პირდაპირ რომ
ჩავუვარდით დაღებულ ხახაში...
– თუ ღმერთი გწამს, ნუ გაამტყუნებ ერეკლეს! არავითარი
გამოცდილება და ტრადიცია არ არსებობდა რუსებთან
ურთიერთობის, თანაც ეს მართლმადიდებლური ქვეყანა, დიდი
ქვეყანა, ძლიერი და მდიდარი ქვეყანა ჭკვიანი იმპერატრიცათი,
რომელი ივალდებულებდა პატარა ქვეყნის მფარველობას...
– კრწანისს უნდა მიეხვედრებინა, აი, რა! ისეთი კეტი მოხვდა
პირდაპირ თავში, საწყალ მოხუც კაცს! თუმცა, მე რომ მკითხო,
კრწანისისნაირად ერეკლეს სიმამაცეზე და მაღალ
პასუხისმგებლობაზე ლამის არცერთი ბრძოლა არ
მეტყველებს... მაგრამ, იცი, მამა, რომ გამახსენდება, როგორ
გამოიყვანეს, როგორ გამოაქციეს, როგორ უტაცეს ცხენის
ჯილავში ხელი, როგორ გადაარჩინეს სიკვდილს, ისე მტკივა
გული, ისე, ისეთი სიბრალულით ვივსები, ვერ წარმოიდგენ... –
და თიკოს ხმა გაებზარა და თვალებიც ისევ ცრემლებით აევსო.
– კარგი, გენაცვალოს მამა, კარგი! ცხადია, გულიც
დაგწყდება, შეწუხდები კიდეც, მეც ხომ ამ ქვეყნის შვილი ვარ,
მაგრამ ხომ შეიძლება სულ გადავშენებულიყავით, მაინც ხომ
გავმთლიანდით და გადავრჩით კიდეც, ნუ დავუკარგავთ რუსებს
ასე ყველაფერს... ბევრი კარგიც გაგვიკეთეს და ნუ
დაგვავიწყდება!
– მაინც რა გაგვიკეთეს, რა, რამდენიც არ გაგვიფუჭეს! –
შესძახა თიკომ.
– ოჰ, რა ანცი ხარ და დაუდგრომელი, ამ შუაღამეს მაინც შენი
გაიყვანე და ჩამრთე კამათში, ვიცი, ვიცი, შე მელაკუდავ, შენი
ამბავი, რომ ამაღელვო და ამათუხთუხო, ეს გინდა და
ყოველთვის ამას მიელტვი!
– არა, მიპასუხე და დავშორდეთ ერთმანეთს! გაპატიებ კიდეც,
რომ მუშაობაში ხელი შემიშალე... – და თიკომ გადაიკისკისა და
მამას თვალი ჩაუკრა.
– მუშაობაში! ოღონდაც, მუშაობაში! აღარსად ეტევა შენი
ნამუშევარი! რა გაგვიკეთეს და ევროპის გზაზე დაგვაყენეს!
1852 წელს კავკასიის მუზეუმი დააარსეს, ამჟამად
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, აკადემიის კომისიები
გახსნეს, ისტორიული დოკუმენტები შეკრიბეს და გამოაქვეყნეს,
არქეოგრაფიულმა კომისიამ გამოსცა დოკუმენტების კრებული,
ძალიან მნიშვნელოვანი, კავკასიის ისტორიის შესწავლისთვის,
იტალიური ოპერა გახსნეს და ქართული თეატრი,
მთაწმინდიდან მოვარდნილი წყალი პირდაპირ მტკვარში
ჩადიოდა, რუსთაველის პროსპექტი რომ გიყვარს და მოგწონს,
ვისი გაყვანილია და ვისი აშენებულია, შენი აზრით? ასე კი არ
არის საქმე, ვის არ უნდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა,
ვის არა? რუსეთს, რაა, კარგი პოლიტიკა ჰქონდა თავისი
ხალხის მიმართ? ჭუჭყსა და უმეცრებაში იყო ჩაძირული მთელი
რუსეთი, და რაც შეეხება ციმბირს, ციმბირის ხალხები ხომ
ანგარიშში ჩასაგდებიც არ იყვნენ, ის საცოდავები და
საწყლები... მაგრამ განათლებულმა რუსეთმა ბევრი გააკეთა
საქართველოსთვის, ძალიანაც ბევრი და ჩვენ არ შეგვფერის,
ცუდთან ერთად კარგიც არ დავინახოთ... ბოლოს და ბოლოს,
ფიზიკურად გადაგვარჩინა, განა ეს არაფერია?!
– არა, მამიკო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ
გადავშენდებოდით, შაჰ-აბაზის შემოსევების შემდეგ კახეთში
სულ აღარ იყო მოსახლეობა და გადავშენდით?
– კარგია, რომ შაჰ-აბაზი მოიგონე, ის პირსისხლიანი, ისა!
არავინ მძულს ისე, როგორც ის მტარვალი მეუნაგირე! აბა,
მაგათი შემყურე უნდა ვყოფილიყავით? ერეკლეს დროს უკვე
დამყაყებული, პროვინციული სპარსეთისა?!
– ვაიმე, ვაიმე, მამა, რუსებს რომ ყოველთვის ცუდი პოლიტიკა
ჰქონდათ?
– ვის ჰქონდა, გენაცვალე, მაშინ კარგი პოლიტიკა უცხოს
მიმართ? ვინ ჩაიხუტებდა, ვინა, როცა დაპყრობა, საზღვრების
გაფართოება, გავლენის სფეროების გაზრდა მთავარი იყო
ყველასთვის. და, სხვათა შორის, სამწუხაროდ, ახლაც ასეა.
ამიტომ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, მე ოპერაციები, შენ
კიდევ დროზე ჩააბარო ის მორჩენილი საგანი და დისერტაციაც
მალე დაიცვა! ახლა კი ლოგინში, სასწრაფოდ, აი, გიქრობ
სინათლეს, ორის ნახევარია უკვე! – ხმას აუწია ნიკომ.
– კარგი, მამა, კარგი, ჰოო!..
ნიკომ ხელი გამოსდო თავის შვილს და საწოლთან მიიყვანა.
თიკომ პლედი გაკეცა, საბანი გადასწია და ლოგინში ჩაწვა.
– იცოდე, არავითარი კითხვა! – და ნიკომ მაგიდის ლამფა
გამოთიშა, ზედა სინათლეც ჩააქრო და ოთახიდან გავიდა,
დარბაზი გადაიარა, თავის კაბინეტშიც ჩააქრო სინათლე, ერთ
წუთს ჩამოჯდა და დარბაზს გახედა, თიკომ ისევ ხომ არ ჩართო
სინათლეო, მაგრამ არსად შუქის ნატამალი არ ჭიატობდა და
თვითონაც გადაწყვიტა, დაწოლილიყო, მაგრამ რა, არაფრით
არ დაეძინა... ოჰოჰო, რამდენი ღამე უთევია თიკოზე ფიქრითა
და დარდით... გაიმტყუნება განა, მამას, თავისი შვილის, თანაც
ახალგაზრდა, გასათხოვარი ქალის ბედი აწუხებდეს? შვილის
სწორ გზაზე დაყენება უნდოდეს?! არავინ არ გაამტყუნებს,
არხეინი მარიკოს მეტი, სულ რომ თიკოს დაცვაშია, გაანებე
თავი, აკეთოს, რაც უნდა და რაც ეხალისებაო...
თავისუფლებისმოყვარეა თიკოსავით... სხვა მხრივ, ერთ სულ
და ერთ ხორც. თიკოს რაც შეეხება, იშვიათად რომ ერთი აზრი
ჰქონდეთ. სულ იმას ეუბნება: ჩვენ ისე ვართ შეზღუდული ჩვენი
არაადამიანური სისტემით, კიდევ ერთმანეთი ვზღუდოთ,
მეტისმეტი იქნებაო. შეზღუდული! დაქრის აღმა-დაღმა, მთელი
ქვეყანა ასე აქვს შემოვლილი, წარმოიდგინეთ, გეიზერების
ველიც ნანახი აქვს კამჩატკაზე და მადაგასკარიც, სიზმარში
კიდევ პრერიებსა და პამპას ხედავს, თავისი ეგზოტიკური
ფლორითა და ფაუნით... რაც ერთად არიან და რაც ომის
შემდეგ აღდგა საექსკურსიო ბიუროების საქმიანობა, შეიძინა
კარგა მოზრდილი ცნობარი ვრცელი საბჭოთა კავშირის
ტურისტული მარშრუტებისა, გააჩაღა მიწერ-მოწერა სხვადასხვა
ბიუროებთან და სულ ზეპირად იცის ჩოპიდან იაპონიის ზღვამდე
და თეთრი ზღვიდან შუა აზიის უდაბნოებამდე, შემდეგ კი
იშვიათად, მაგრამ მაინც, საზღვარგარეთიც მიემატა და აკი
მადაგასკარზეც წავიდა. აჩემებული აქვს, ჩვენ ისეთ უკუღმართ
ქვეყანაში ვცხოვრობთ, საწყალ გეოგრაფიის მასწავლებლებს,
ვისაც შენისთანა ნიკო არა ჰყავს და თავის მწირ ხელფასზეა,
საკუთარი თვალით მარტო თავისი ეზოები აქვთ ნანახიო... და
თვითონ, აქაოდა გეოგრაფიას ასწავლის, ძალიან უყვარს
თავისი საგანი და კარგ პედაგოგადაც ითვლება, მიაჩნია, რომ
მიკლუხო-მაკლაიდ უნდა გადაიქცეს... ქმართან რომ შევა
კაბინეტში, ისე ქალურად ჩახუჭავს თვალებს, ოდნავ, სულ
ოდნავ გაარხევს თავს და თავის მშვენიერ ღიმილს
დააფრქვევს, ნიკომ უკვე იცის, რომ საექსკურსიო ბიუროს
გამოისობით რაღაც შორეული და წარმოუდგენელი მარშრუტით
არის შთაგონებული:
– როგორ ფიქრობ, ჩემო ნიკო, ქალი, რომელიც გეოგრაფიას
ასწავლის, უნდა იჯდეს სულ ამ თავის მშობლიურ ქალაქში და
არსაით არ იხედებოდეს?!
– მაინც საით ნებავს გახედვა ამჟამად ქალს, რომელიც
გეოგრაფიას ასწავლის? – აჰყვება ნიკოც, რადგან უყვარს
თავისი ცოლი.
– საით? რომ გაიგო, გაგიჟდები და ისე შეგშურდება, ისე, მეტი
რომ არ შეიძლება.
– მაინც... მაინც? – იღიმება ნიკო.
– ენისეიზე გემით, დიქსონამდე! როგორია?! – პათეტიკურად
წარმოთქვამს მარიკო.
– თუ ხათრი გაქვს, ეს დიქსონი რაღაა?
– პაწია კუნძული ენისეის შესართავთან, კარის ზღვაში, და
აგრეთვე პორტი.
– ეს შენ გეოგრაფიიდან იცი თუ საექსკურსიო ბიუროში
გითხრეს? – იცინის ნიკო. მარიკო კი ეხვევა და კოცნის,
ჩემისთანა ქმარი არავის, არავის არ ჰყავსო.
ახლა გადაბრუნებულია კედლისკენ, შინდისფერი
ხალიჩისკენ, ხელი აქვს საბნიდან ამოყოფილი, ნიკოსთვის
დიდად მიმზიდველი თეთრი ხელი და ფშვინავს... ძალიან
ნელა, მშვიდად და ჩუმად, – ოჰ, რა გემრიელი ძილი იცის,
ზარბაზნები რომ დაუცალო, ვერაფერს გაიგებს, ნიკოს ხელის
მიკარებაზე კი მყისვე ჩავარდება გულისხმაში, სურვილით არის
სავსე, უნდა ინატრო, ისეთი ქალია; და თანაც, ამასთანავე
როგორი მშვიდი ბუნებისაა, ხმას არ აუწევს; ტუმბაზე, პატარა
ლამბაქით ნახევარი ვაშლი უდევს და ფაიფურის სახურავიანი
დიდი ფინჯნით – წყალი. თავის მოღუღუნე ხმით სულ იმას
ამბობს: კარგია, რომ მე მშვიდი ბუნებისა ვარ, თორემ მეც რომ
შენისთანა და თიკოსთანა მშფოთვარე და დაუდეგარი ვიყო,
ჩვენს სახლში გაჩერება შეუძლებელი იქნებოდაო... რა ბედია
მაინც, რომ ასეთ ჯანსაღ, საღ-სალამათ ადამიანს ორსულობა
ჰქონდა ისეთი აუტანელი, საბოლოოდ გული აერია
სამშობიაროდ რომ აიყვანეს მაგიდაზე, მაშინ. მიდი და
მოსთხოვე ასეთი ინტოქსიკაციის ქალს, გააჩინე შვილებიო,
როცა ერთიც ძლივსძლიობით მოუვლინა ქვეყანას. არადა,
როგორ უნდოდა ნიკოს, სულ ცოტა, სამი შვილი მაინც... მაშინ
ასე კი არ იქნებოდა მიჩერებული თიკოს, რომელიც სულ იმას
ეუბნებოდა, მამა, ჩააქრე „ფარები“, ნუ მომაშუქე შენი მზერა, ნუ
ხარ მოჩერებულიო! მიდი და ნუ მიაჩერდები, როცა ასეთი
გიჟმაჟი და თავქარიანია. კი, როგორ არა, ყოველთვის კარგად
სწავლობდა, ისე დაამთავრა სკოლაც და უნივერსიტეტიც, ერთი
ოთხი არ მიუღია. მაგრამ რა შუაშია ხუთიანები და
სიტყვაკაზმული მწერლობა, აი, სწორედ „სიტყვაკაზმული“,
რომელიც ნიკოს ასე უყვარს და დიდი დაკავებულობის
მიუხედავად, ახლაც ვერ წარმოუდგენია, ისე დაიძინოს,
უწიგნოდ. სახლი სავსე აქვთ წიგნებით, მამის დანატოვარ
ბიბლიოთეკას ნიკომ უმატა და უმატა, რაღას არ ნახავდით მათ
კარადებსა და სტელაჟებზე, ენციკლოპედიებსა თუ
ლექსიკონებს, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს,
პოეზიის აურაცხელ კრებულებს, მემუარებსა და მოგზაურობებს,
სპეციალურ სამედიცინო და საგეოგრაფიო ლიტერატურას...
პერიოდიკას ხომ ნუ იტყვით, ჟურნალ-გაზეთებს თვლა არ
ჰქონდა. ნიკო ხუმრობით ამბობდა ხოლმე, წიგნი მე
ფიზიკურადაც მიყვარს და სულიერადაცო, ცხადია,
სამწუხაროდ, ყველაფერს, რაც მაინტერესებს, ვერ წავიკითხავ,
მაგრამ ხელში რომ დავიჭერ, ეგეც დიდად სასიამოვნოაო... და
სწორედ წიგნთან მჭიდრო ურთიერთობის გამო იყო, რომ
ფიქრობდა, ტალანტი ხომ სულ სხვა რამეა, სულ სხვაო და ნიკო
ისეთი მაღალი აზრისა იყო მწერლობაზე, თავის უსაყვარლეს,
ნებიერ თიკოს ვერაფრით ვერ აკავშირებდა მორჭმულ,
პიედესტალზე შემდგარ მწერლებთან. ამიტომაც თიკოს
ერთგვარ გართობად უთვლიდა წერას და, დაე, რამდენიც უნდა
გართობილიყო, ის უკანასკნელი საგანი რომ არ ჰქონოდა
ჩასაბარებელი და სადისერტაციო თემა დასამთავრებელი.
ყველაფერს ხომ დროულად უნდა თავის მობმა. აგერ ექთანი
მაროს შვილი, ოთარი, მოსკოვში გაგზავნეს სამეცნიერო
მივლინებით, თანაც რამდენიმე თვით, იქვე დაიცვა
დისერტაცია. მარო ხურჯინებით დაზურგული წავიდა კიდეც
დაცვაზე, წარმოგიდგენიათ?! ნიკოს შვილმა კი, რომელსაც
თავის სიცოცხლეში ოთხიანი არ მიუღია, დროზე არ უნდა
დაიცვას დისერტაცია და თანაც ისეთი წარმოუდგენელი
სისულელე თქვას, იქნებ სულაც არ დამეცვაო, მამა, მე ახლა
სხვა რამეები მაინტერესებსო... და, საერთოდ, დიალექტიკური
მატერიალიზმის ჩაბარებას ქვის კოდვა მირჩევნიაო, ჯობს
დისერტაციის დაცვაზე ვთქვა უარიო. აი, რა წარმოუდგენელი
სიტყვა უთხრა. არ ესმის, როგორ მყარ რელსებზე აყენებს
ადამიანს მეცნიერული მუშაობა, დისერტაციები, მინიმუმიდან
საკანდიდატომდე, საკანდიდატოდან სადოქტორომდე ისეთი
ბაგირია გაჭიმული, ჩასჭიდე ხელი, თუ ჭკუა გაქვს და იარე.
– შვილო, გენაცვალოს მამა, მთელი ქვეყანა გადამდგარია ამ
დიალექტიკურ მატერიალიზმზე და შენ ვითომ რა წითელი კოჭი
გამოდექი ამისთანა, რომ შენს მომავალს ხაზი უნდა გადაუსვა
საგნის ჩაბარების გამო? რატომ, რისთვის, გამაგებინე!
– ოოჰ, მამა, იმიტომ, რომ ყველა ცრუ და მავნე დისერტაციას
იცავს და ჩემში ეს საშინელ პროტესტს აღძრავს!
საკვირველად არის მოწყობილი, ყველაფერი პროტესტს
აღუძრავს, რაც საყოველთაოდ მიღებულია, რასაც
საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად, მყარი
მდგომარეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხომ არ
შეიძლება სულ აღმა სიარული, სულ საწინააღმდეგო
მიმართულებით, არა, გესმით, რა წარმოუდგენელი რაღაც
თქვა: „პრინციპული საკითხია, მამა, რომ არ ჩავაბარო საგანი,
რომელსაც საგანი არ გააჩნია!“. მთელი ქვეყნისთვის გააჩნია
და ამ მეტმეცნიერისთვის – არა! და მიხვდა ნიკო, რაც უნდა
გააკეთოს, ისეთი გაუგებელი კი არ არის: რომ არ თქვას თიკომ,
ნიჭს მიხშობო, უნდა ყველაფერი წაიკითხოს, დაწვრილებით,
ერთი არაფერი გაუშვას. ის კი არა, ზაფხულში მოსკოვიდან
დიმა რომ ჩამოვა, ნიკოს ბიძაშვილი და ძმასავით შეზრდილი,
მოსკოვის ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის წამყვანი
მუშაკი, – იმასაც ხომ არ შეიძლება რამე შეეშალოს, კაცი
იმხელა ჟურნალს უძღვება და სხვათა შორის ლექსების პატარა
წიგნაკიც გამოსცა, – იმასაც წააკითხებს. ესიამოვნა დიმას
მოგონება, ზაფხულისთვის ჩამოვა თხუთმეტი წლის კოკასთან
ერთად. ტომა კი თავიანთ აგარაკზე წავა ბალაშიხაში და იქიდან
ივლის სამსახურში, შვებულებას კი ყოველთვის შემოდგომობით
იღებს და აქ ჩამოდის, ძალიან უყვარს რთველი, თათარის
კეთება, ჩურჩხელების ვლება. ტომა თავიანთ სახლში იშვიათად
თუ შეივლის, ყოველთვის მათთან ჩერდება. დიმა კი გააღებს
თავის სახლს, მიიხედ-მოიხედავს, თავის ბიჭთან ერთად
დაალაგებს, დაამარმარებს იქაურობას, რაც მისახედია,
მიხედავს, რაც შესაკეთებელი, შეაკეთებს, დილ-დილაობით კი,
სანამ ნიკო საავადმყოფოში წავიდოდეს, სტადიონზე მიდიან,
ერთად სასიარულოდ, საძუნძულოდ, ცოტა სავარჯიშოდ და, რაც
მთავარია, საურთიერთოდ.
დიმა რომ არა, ვინ იცის, იმ ზაფხულს, თიკომ სკოლა რომ
დაამთავრა და თეატრალურზე აპირებდა შესვლას, კიდევაც
შესულიყო და ყველა წინააღმდეგობა გადაელახა... როგორ
იყო გალომებული, ცოცხალი თავით სხვაგან არსად არ მინდა
შესვლაო. ეს იყო უჩვეულო პროფესია და, თიკოს ფიქრით,
ასეთი მომხიბლავი და მომაჯადოებელი სხვა არც არაფერი
შეიძლება ყოფილიყო... რადგან თამაშით შენ შეგეძლო, დროის
მიჯნები გაგერღვია და დრო გაგემთლიანებინა, თუ ერთ დღეს
კლეოპატრა იქნებოდი და მეორე დღეს დარეჯანი, შენ
შეგეძლო, ნაციონალური მიჯნებიც გაგერღვია, სოციალურიც,
ასაკობრივიც და დაგემსხვრია ის ნაჭუჭი, რომელშიც ბედმა და
შემთხვევამ მოგათავსა და, რაც მთავარია, თამაშით შენ
შეგეძლო, სულის წიაღში ჩასახული და აღმოცენებული ყველა
კვირტი გაგეფურჩქნა და ნაყოფად გექცია. არაჩვეულებრივი
პროფესია იყო, სრულიად განსაკუთრებული, ვერაფერს რომ
ვერ შეადარებდი! განა ვინმესთვის შეიძლებოდა შეგედარებინა
ჟერარ ფილიპი?! და ნიკოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სწორედ
იმ თავგადაკლულმა გატაცებამ ჟერარ ფილიპით,
გადააწყვეტინა თიკოს მსახიობობა. ღმერთო დიდებულო, სად
პარიზელი ჟერარ ფილიპი და სად თელაველი თიკო, ხომ უნდა
გესმოდეს! ასე პირწმინდად ხომ არ უნდა ყოფილიყო
მოკლებული რეალობის გრძნობას?! ან ის გლოვა რა იყო?!
აღარ იცოდა ნიკომ, ეტირა თუ ეცინა... არც დაავიწყდება
ნოემბრის ის დღე... თავისი ბებიის აბრეშუმის კრეპის შავი
ზაფხულის შავი პალტო ჩაეცვა, ნიკო ვერ იტანდა
ახალგაზრდებზე შავებს და თიკოს არცერთი შავი კაბა არ
ჰქონდა, მოეხვია თავზე შავი ქალაღაია, მუხლებზე დაედო
დიდი სურათი, რომელიღაც ჟურნალიდან ამოჭრილი, სიდის
კოსტიუმში გამოწყობილი მკვდარი ჟერარ ფილიპისა და ცხარე
ცრემლით დასტიროდა... უცებ მიხვდა ნიკო, რად იყო ასე გლუ
შავებში გამოწყობილი და რა სჭირდა ამისთანა. მეათე კლასში
იყო მაშინ, პატარა კი აღარ იყო...
„აი, ახლა... აი, ახლა... ასაფლავებენ, მამა. ჟერარ ფილიპს...
ასეთი მშვენიერებაა... რატომ უნდა განადგურდეეეს, რატომ
უნდა მოკვდეეს... ამის შემდეგ რაღა ეთქმის მედიცინააას...“ და
წყევლა-კრულვით ავსებდა იმ ექიმებს, რომელთაც თავი არ
მოიკლეს და ჟერარ ფილიპს ვერ უშველეს. „არა, გამაგებინე,
რაღა ექიმები არიან, რაღა უნდა მოჰკითხო?!“ თან ღვიარება
ჩამოსდიოდა და ისე კუშტად ახედავდა ნიკოს, თითქოს ისიც
ჟერარ ფილიპის წყევლაკრულვიან ექიმებში ერია. არა, ეს
უბრალოდ სასაცილოც კი არ იყო, ეს იყო რაღაც სიგიჟე, მთელი
ერთი კედელი თავის ოთახში ჟერარ ფილიპის გადიდებული
სურათებით აავსო. მთელი ერთი ბლოკნოტი წვრილად
ჩააწიკწიკა ჟერარ ფილიპის განუმეორებელი პლასტიკის
აღწერით და მის მშვენიერებას ლექსიც მიუძღვნა... და მთელი
ცხოვრებაც სურდა მისი დროშის ქვეშ დარაზმულიყო. ნიკოს კი
იმ ზაფხულს, თავის დღეში რომ არ ჰქონია, წნევა აუვარდა
ნერვიულობისაგან. ნამდვილი მიზეზი არაფრით არ უნდოდა
გაემხილა და სულ სხვა რაღაცეებს იმიზეზებდა, თეატრალურ
ინტრიგებს, ქიშპობას, მუდმივ დაძაბულობას, და ძირითადად
ნიჭს... რომ აგიჩემებია ჟერარ ფილიპიო, ის, გენაცვალე,
ტალანტი იყო და მართლაც განსხეულებული მშვენიერებაო, და
შენ კი, სხვა მხრივ ასეთ ნიჭიერს, ბავშვური წარმოდგენების
დროსაც, დემნიკო რომ გადგმევინებდათ ჩვენს აივანზე, შენ
უფრო ხშირად მოკარნახე იყავი, თამაშის ნიჭი არ
გამოგიმჟღავნებია და უნიჭო მსახიობი გინდ იყოს და გინდ
არაო, მუდმივად როლის მაძიებელი და
თვალებდაყვლეპილიო... ვერა, ვერა, ასეთ ორჭოფულ გზაზე,
ორჭოფული საქმისთვის მე ჩემს შვილს ვერ გავიმეტებო. და
ნიკო აგონებდა თავის წარსულ გატაცებას მეზღვაურობით,
სამედიცინოს სტუდენტმა თავი რომ გაანება ინსტიტუტს და
ფოთში წავიდა მეზღვაურთა სკოლაში, და მერე აკი ორ
წელიწადს სავაჭრო გემზეც იცურა...
– არა, პირადი გამოცდილება რომ არ მქონდეს და არ
ვიცოდე, რას ნიშნავს ახალგაზრდული გატაცებები, კიდევ ჰო! –
თუხთუხებდა ნიკო, ხელებს შლიდა და თავის მშვენიერ
თაფლისფერ თვალებს აჭყეტდა. – არ ვგიჟდებოდი განა
შორეული ნაოსნობის კაპიტნობაზე?! რაც დედაჩემმა მაშინ
წერილები მწერა... ხეირიანი ოჯახი მე არ მექნებოდა და
დედაჩემი მთელი თავისი დღე და მოსწრება ჩემი გზის
მაყურებელი უნდა ყოფილიყო, წელიწადში ერთხელ ან უნდა
ჩამოვსულიყავი და ან არა! ჰოდა, ღიირს განა? რამდენ ხანს
უნდა ვიცოცხლოთ, რომ ერთმანეთს არ ვუყუროთ!
ნამდვილი მიზეზი კი ის იყო, რომ, ნიკოს ღრმა რწმენით, – და
ამაში არც სცდებოდა, – თეატრალურში რომ შესულიყო, ცხადია,
შემდეგ თბილისის რომელიმე კარგ თეატრში მოინდომებდა
მუშაობას, და ნიკოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აუცილებლად
მოეწყობოდა კიდეც და სხვაზე ნაკლებიც არ იქნებოდა, და ეს
იმას ნიშნავდა, რომ თიკო საბოლოოდ თბილისში უნდა
დარჩენილიყო, სახლს საბოლოოდ უნდა მოშორებოდა და ამის
წარმოდგენაც კი ნიკოს სასოწარკვეთაში აგდებდა. მარიკოსაც
ვერ უტყდებოდა, როგორც აქამდე რეტროგრადს ეძახდნენ. ეს
რომ გაეგო მარიკოს, თავკერძობასა და ეგოისტობაში
ჩაუთვლიდა. არა, არა, არ შეეძლო ამისი დაშვება, რომ
უთიკოოდ დარჩენილიყო... მერე გასტროლები, მერე
კონცერტები, მერე ზღვა, მერე ტომასთან და დიმასთან წასვლა
მოსკოვში, მერე მოგზაურობა, და სახლი კიდევ კარს უკანა და
ბანს უკან! არავითარ შემთხვევაში! და ნიკო გააფთრებით
იბრძოდა. ცხელი ზაფხული იდგა, მართლა რომ ძალიან ცხელი
და, მადლობა ღმერთს, დიმა ჩამოვიდა და ნიკო ასეთ დღეში
რომ ნახა, მხარში ამოუდგა და ისეთი რამე უთხრა თიკოს და
მერე ისე უჩიჩინა, გადაათქმევინა თეატრალურზე შესვლა.
დაბადებიდან გიცნობ და შენისთანა თავისუფლებისმოყვარე
ბავშვი მეორე არ მინახავსო და გაითვალისწინე, რომ
მსახიობობის დროს რას დაკარგავ და სწორედ
თავისუფლებასო, მიჩერებული იქნები რეჟისორს და რომ
გგონია, ვინ იცის, ვის აღარ ითამაშებ, ნურას უკაცრავად,
რეჟისორი რასაც გადაწყვეტს, იმას შეასრულებო, და ასე იქნება
სულ, მთელი შენი სიცოცხლეო. რომ იცოდე, რამდენ მსახიობს
ვიცნობ კომპლექსებით, დაუკმაყოფილებლობით, ბოღმით
სავსესო... იმდენი ქნა დიმამ, იმდენი, თან ეს ნიკოს
მოულოდნელად ავარდნილი წნევა და გადაათქმევინეს,
მართალია, კბილების კრაჭუნით და თვალების ელვარებით...
მაგრამ სამედიცინო კი, ნურას უკაცრავად, ნიკოს ხმა აღარ
ამოაღებინეს, ახლა უკვე რასაც ამოირჩევს, თვითონ იცოდესო.
ოჰ, როგორ ენანებოდა ნიკოს, სამედიცინოს გაგონება რომ არ
მოინდომა. მას ხომ ყველაფერი თიკოსთვის უნდოდა, თავისი
ცოდნაც, თავისი გამოცდილებაც, თავისი სახელიც... როგორ
ექნებოდა გზა გაკაფული... დაბრძანდებოდა მზამზარეულზე და
გაშლიდა ფრთებს... რა მკურნალი დადგებოდა, აფსუს, აფსუს,
რა სახელი ექნებოდა, რა პრაქტიკა, ასეთი კეთილშობილური
პროფესია, აფსუს! მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თიკომ
ექიმობა არ მოისურვა, ნიკოს დიდი ხანია ისეთი სიხარული არ
განუცდია, იმ კვირა დღეს რომ განიცადა, როცა თიკო
პირველად წავიდა სამსახურში, ანუ ქალაქის სამხარეო
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, უმცროს მეცნიერ-
თანამშრომლად და ექსკურსიამძღოლად... თანაც ვისთან,
შალვასთან, ნიკოს ბავშვობის მეგობართან, უმწიკვლო
პიროვნებასა და შესანიშნავ ისტორიკოსთან, მუზეუმის
დირექტორთან. შალვას ცოლი ლილიკო ხომ თიკოს
ფორტეპიანოს პედაგოგი იყო; ისე იყვნენ დაკავშირებული
ოჯახურად, მეტი რომ არ შეიძლება. იდგნენ რკინის პატარა
აივანზე, დარბაზის წინ, ყველანი: ნიკო, ნიკოს დედა თინათინი,
მარიკო და მარიკოს და დარეჯანი, იდგნენ და პირზე
ღიმგადაფენილი გაჰყურებდნენ, ჟასმინისა და იასამნის დიდი
ბუჩქების გადაღმა, სამსახურისკენ, ანუ მუზეუმისკენ მიმავალ,
უფრო სწორად, მიმქროლავ თიკოს. რომელსაც შიფონის
ფუშფუშა ბლუზასაც და ჩამოშლილ თმასაც ნიავი უფრიალებდა,
ხელში კი ბიჭიას დახატული ქეთევან წამებულის ხატი ეჭირა.
ასე ეგონა ნიკოს, რაღაც სანუკვარი ნივთიერება შემიშხაპუნესო,
მთელ სხეულში ისეთმა შვებამა და ნეტარებამ დაუარა, ისეთი
მყუდრო განწყობილება დაეუფლა. თიკო აქ იყო, აქა, აქ
იმუშავებდა, აქ დაოჯახდებოდა, აივსებოდა მათი პაპისეული
სახლი ჟრიამულით... სულ რომ იმას ეუბნებოდა შალვას: ამ
ჩვენი თელავიდან ფრიადოსნები წავიდნენ და ოროსნები
დარჩნენო, აგერ ბატონო, არც ასეა საქმე, ნახეთ, როგორ
იმუშაოს თიკომ, ნახეთ, როგორ გამოიჩინოს თავი! უთხრა
მამას: ჩემი ძირითადი სამუშაოს გარდა, მინდა, ვთხოვო
შალვას, საქართველოს ისტორიის შემსწავლელი წრე
ჩამოვაყალიბოვო, უფროსკლასელებისთვისო, ჩვენ სკოლაში
ისე ზერელედ გვასწავლიდნენ მშობლიურ ისტორიას და ეს
დაუშვებელიაო. გულაჩუყებული, დამდნარი ნიკო ყველაფერზე
ეთანხმებოდა, ასე გასინჯეთ, ქეთევან წამებულის ხატზეც კი ვერ
უთხრა უარი, პირველ დღეს რომ მივალ, საჩუქრად მუზეუმს
მინდა გადავცე შენი სახელითო. არადა, ეს ხატი რა სასოებით
მოართვა ბიჭიამ, ამ რამდენიმე წლის წინ, ბრმა ნაწლავის
ოპერაცია რომ გაუკეთა, იმის შემდეგ – ძია ნიკო, გულით მინდა,
რამე დაგიხატოთ და რას ინებებდითო. მე ახლობლებს და
ხელმოკლე პაციენტებს ჰონორარს არ ვართმევო, იუარა ნიკომ.
არა, მამა, არა, დაგიხატოს ქეთევან წამებულის ხატი, რა იქნება,
ბიჭიას ხომ უბრალოდაც უჩუქებია თავისი ნამუშევარი და ახლა
ასეთი მიზეზი აქვსო.
და მართლაც დაუხატა... ო, რა საბრალო იყო ეს ბერი ქალი,
ერთ მხარეს მღელვარე ტალღასავით ჩამოშლილი მტუტისფერი
თმით და უპეებმორღვეული, შეძრწუნებით სავსე დიდი მწვანე
თვალებით, გეგონებოდათ, მთლიანად თრთოლას მოუცავსო,
ისე ჰქონდა აწურული მხრები, კონვულსიურად გადაჭდობილ
მომუშტულ ხელებს კი ნიკაპით ეყრდნობოდა. კოცონი არ
ჩანდა, მაგრამ მარცხნიდან და მარჯვნიდან შემოსული ძლიერი
შუქი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს დედოფალი
ცეცხლის ალშია გახვეულიო, შავი ფლასის სამოსსაც მეწამული
გადაჰკრავდა, ზევით კი, ქეთევანის თავს ზემოთ ჯვარი იყო
გამოსახული, თამარ მეფის ჯვრის მსგავსი, ქვებით
მოკირწყლული, მოციმციმე ჯვარი.
– მამა, მამა, ასეთი არც არაფერი დაუხატავს ბიჭიას, არაა? –
ამბობდა თიკო.
კი, როგორ არა, ნიკოსაც მოსწონდა, თუმცა ამბობდა: ეს ხატი
არ არისო, რადგან ხატის ყაიდაზე არ არის დახატულიო. მაგრამ
ყველაზე მეტად თვითონ ბიჭია იყო აღტაცებული თავისი
ნამუშევრით:
– რა ვქნა, ძია ნიკო, მე ხატად ვერ წარმოვიდგინე, ხატად,
რომელსაც უნდა ეთაყვანო და არ გებრალებოდეს! ხო
გებრალებათ, არაა, ხო ისეთი დავხატე, ადამიანობით სავსე,
შეხედო და გულზე მოგხვდეს. ბერი ქალი, რომელიც ასე აწამეს.
– განა ასეთი ხნოვანი იყო? – დაეჭვდა ნიკო.
– რა თქმა უნდა, ორმოცდაათს იყო გადაცილებული და იმ
დროს ეს უკვე ძალიანაც ასაკოვანს ნიშნავდა, თანაც
წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს იყო ტყვეობაში? ცხადია, მთლად
ჩაბერებული და გატეხილი იქნებოდა, რაც აასკეცებს
დამსჯელთა დანაშაულს.
– გმადლობთ, ჩემო ბიჭი, გმადლობთ, სიმართლე გითხრა,
ბრმა ნაწლავის ოპერაცია სულ არ იმსახურებს ასეთ საჩუქარს,
აი, კუჭი რომ ყოფილიყო ან ნაღვლის ბუშტი, ან თირკმელები,
კიდევ ჰო! – იცინოდა ნიკო.
– ბრმა ნაწლავი კი არა, თქვენ იმსახურებთ, ძია ნიკო, თქვენა,
ნეტავ ვინ დადის ამ ჩვენს ქალაქში თქვენისთანა, თქვენა და ძია
შალვა, რაა, და თანაც ორივენი მეგობრები! – შესძახა ბიჭიამ და
თან კაბინეტს თვალი მოავლო სურათის გასაკრავად.
თიკო მაშინ მეცხრე კლასში იყო და ამ ხატით შთაგონებულმა
ლექსიც დაწერა. იმ ზაფხულს ოლიმპიადა გაიმართა თეატრში,
მოწაფეთა თვითშემოქმედების დათვალიერება, თიკოც
მონაწილეობდა, უკრავდა კიდეც ფორტეპიანოზე გრეჩანინოვის
„შემოდგომას“ და, რაც მთავარია, იმ ლექსსაც ამბობდა: „თიკოს
მინაწერი ბიჭიას მიერ შესრულებულ ქეთევან წამებულის ხატზე“.
მაინც რა მაიმუნი ბავშვი იყო, თან წაიღო თეატრში ხატი,
ლექსის სათქმელად რომ გამოვალ, ხელში უნდა მეჭიროს და
ყველამ ნახოს, რა მხატვარია ბიჭიაო. ძალიანაც გაუხარდა
ბიჭიას, მეორე კურსის სტუდენტი იყო მაშინ და გამიცნონ,
გამიცნონო, იქნებ ვინმემ რამე შემიკვეთოსო. თიკო კი რა
მშვენიერი იყო, ღმერთო, საგანგებოდ შეკერილ, ოქროსფრად
მოლივლივე ტაფტის კაბაში გამოწყობილი, და თან ხელში
ხატით, აი, ისე, ეკლესიის ამშენებლებს ეკლესიის მაკეტი რომ
უჭირავთ ხოლმე. ნიკოს ლამის ახლაც ჩაესმის ყურში თიკოს
წკრიალა ხმა, მთელ თეატრს რომ ეფინებოდა და ხალხი
სულგანაბული უსმენდა:

რაკი მარგუნა მე განგებამ სასტიკი ხვედრი,


რჩეულთა ხვედრი,
რაკი უფალმა ასე ინება, რომ მომივლინოს განსაცდელი
და ტანჯვა-გვემით გამოცადოს ჩემი რწმენა, ჩემი ღირსება...
კახეთის წმინდა სალოცავები, ნეკრესი, გრემი,
შთამბერენ ძალას, რომ დავთრგუნო მტარვალთ ბილწება.
დაე, ჩემს თავზე ელვამ იელვოს, დამატყდეს მეხი,
დე, შემომიგზნონ კოცონი და მიმსხვრიონ ძვლები,
არ დაემონოს ჩემი სული, წმინდა გიორგის
მადლით ცხებული,
წამიერისა და წარმავლის მქენჯნავ კირთებას...
მაგრამ მე მჯერა, ო, მწამს და მჯერა,
რომ ჩემი წყლული, ჩემი დამწვარი, დაფლეთილი
სხეულის წყლული,
სვეტიცხოვლის ღამეულ ცაზე ვარსკვლავივით
ამობრწყინდება!

ისეთი განცდით წარმოთქვა თიკომ ეს თავისი ლექსი, ისეთი


ყელყელაობითა და თვალების ბრიალით, მთელი დარბაზი
ტაშს უკრავდა. ნიკოსაც ულოცავდნენ, რა ნიჭიერი შვილი
გყავთო. მეცხრეკლასელის კვალობაზე, მგონი, არა უშავსო,
იღიმებოდა ნიკო, გულში კი ოცნებობდა: თიკო როცა ექიმი
გახდება, კარგი ექიმი, როგორ დაამშვენებს თუნდაც ეს
ლექსიო. თვალწინ დაუდგებოდა ქალაქში ცნობილი
გინეკოლოგი, თან მშვენიერი ქალი – ნათელა მოსიძე,
რომელიც ერთ რვა მარტს არ გაუშვებდა ისე, კარგი ლექსი არ
გაეშანშალებინა, თანაც რა გამოთქმით ამბობდა! და განა
მარტო რვა მარტს? მეღვინეთა კონგრესი რომ იყო და კახეთში
ჩამოვიდნენ, წინანდალზე რა ლექსი თქვა?! ბარონმა ლე-რუამ
ხელზე აკოცა.
ამ ფიქრებსა და მოგონებებში ნიკოს ბოლოს-ბოლოს ჩაეძინა
კიდეც.
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის
სულნი მათნი ზეცას რბიან.
რუსთაველი

„სასახლის ბაღში გაზაფხულია... ხვიარა ვარდების ატეხილ


ბუჩქებს, გაბარდულს ალისფერი გირლანდებით, ლამის
დაუფარავს ბაღის ბილიკი... ნორჩი ბალახით გადამწვანებულია
სასახლის ეზო... და ყვავილთა შორის, და ეკალთა შორის ამა
სოფლისა, ყოჩაღად მოიკვლევს გზას პატარა ბიჭი, ოქროსფერ
კულულებს გაზაფხულის ნიავი ურხევს და უფრიალებს... ხელში
ოქროს მშვილდი უჭირავს, მხარზეც ისრებით სავსე აბგა
გადაუკიდია... ზოგჯერ მოსწყდება მიწას, აფრინდება, ზურგზე
თურმე პატარა, კოხტა ფრთები ჰქონია, უფრთხიალებს ფრთები,
უფრთხიალებს და, არ ვიცი, ოქროსია თუ რისაა, მზეზე
ათასფრად ელვარებს. აგერ ამოიღო ისარი და მიმიზნებს, მე
ხელს ვუქნევ, არ მომარტყა-მეთქი. მიცინის, ფუნჩულა ლოყები
ეჩვრიტება და ისეთი საყვარელია, მიდი და აუკრძალე მშვილდ-
ისრით თამაში. ჰოდა, ისევ მიმიზნებს და მესვრის... და ისეთი
მარჯვე მსროლელია, ერთს არ ამაცდენს... თან სულ გულში...
გულში... გულში... ოო, უცებ ვერ მივხვდი, თუ თვალი მომტაცა
მშვენიერმა პატარა ბიჭუნამ, თორემ უნდა დავმალვოდი,
აუცილებლად უნდა სადმე შემერგო თავი, შევმძვრალიყავი,
გავუჩინარებულიყავი, რომ არ დავენახე და არ მომწვდენოდა
მისი ისრები! ახლა კი რაა, დაჭრილი ვარ და ეგ არის...
სრულიად დაუშვებლად და შეუსაბამოდ. როგორც ჩანს,
სიყვარულისთვის არცთუ ურიგო საყრდენს წარმოადგეს
დაუშვებლობა და შეუსაბამობა. ჰოდა, მეც მეტი არაფერი
დამრჩენია, თუ არა ის, რომ მთვარეულივით მოვწყდე ადგილს,
ნიავივით გადავიარო სასახლის ბაღი, ფრენით ავათავო
მაღალი კიბეები და ციხისთავის ოთახში აღმოვჩნდე,
აღმოსავლეთის ჭიშკრის თავზე, ფანჯრებად ქცეულ, ფარანივით
ოთახში, სადაც, ჩემდა ბედად, ცოტა ხნის წინ შეძენილი კერძო
ბიბლიოთეკისა და საოჯახო არქივის მოსაწესრიგებლად
გამამწესეს, და უკეთეს ბუდეს ვერც ვინატრებდი... ახლა ეს არის
ჩემი საყრდენი წერტილი, და თუმცა ამ საყრდენი წერტილითა
და ბოლოდაღრღნილი ფანქრით, მე რომ ჩემს სუსტსა და
გაუწაფავ ხელში მიჭირავს, დედამიწას ვერ შევძრავ, მაგრამ
გული კი, (ო, გული, გული, რანაირად მტკივა კვლავ გული,)
გული კი ნამდვილად შემიძლია გავიქარვო, ამჟამად ხომ
არაფერი ისე არ მჭირდება, როგორც გულის გაქარვება,
ტანჯულ-დადაგული და მომლოდინე, მკვნესარე და
ათრთოლებული გულისა. დიახ, შეუპოვრად უნდა შევება
მოუხელთებელი სიყვარულის კირთებას, გავიხსენო და
მოვიგონო, რომ მე პატარა ქართველი ვარ, მამულიშვილური
ტანჯვით სავსე და, როგორც ჩვენი შალაურელი მემაწვნე ზიზო
იტყოდა, გულისა პირმან ამოთქვასო. მაშ, დაე, ამოთქვას...
ამოთქვას, რომ საბედისწერო ჟამი ჩამომდგარა... მიდის
ქვეყნის წინამძღოლი, მიდის ერის მესვეური, მიდის ხალხის
მოჭირნახულე, მიდის მართალი სამართლის გამჩენი, მიდის
ხმალჩაუგები მებრძოლი თავისი ქვეყნისთვის, ვისი დროშის
ქვეშაც ემატებოდა მკლავს ძალა, გულს გულოვნება და სულს
მხნეობა, ვისი ლომივით გრგვინვა „ვეკვეთოთ მტერთა!“
მებრძოლთ შთაბერავდა უდრეკ სიმამაცეს, კაცურ ღირსებას...
ახლა კი მიდის და ქვეყნის სვე-ბედი თან მიაქვს... იშრიტება
იმედი და ისადგურებს შიში და უსასოობა... ამიტომ გამოსულა
ყველა გარეთ, ამიტომ მოიწევს ყველა ბატონის ციხისკენ,
დაჯარებული მოიჩქარიან მოედნისკენ, და ამ მოედანზე
შემავალ ქუჩებზე გაბაწრულია ხალხის ნაკადი, მოიჩქარიან ვინ
ქვეითად, ვინ ურმით, – ახლომახლო სოფლებიდან, – ვინ
ცხენზე და სახედარზე ამხედრებული... ერთსულოვნება სწყურია
ყველას გლოვისა და ვაების ჟამს. აღმოსავლეთის ჭიშკრისწინა
მოედანი ალაჩოხებით, მოფარდაგულებითაა მოფენილი,
ცეცხლებით განათებული და მეფის სიცოცხლისათვის
მლოცველი ღამისმთევლებით მოზიმზიმე... ხალხმა გზა უტია
სახედარზე გადამჯდარ ალავერდის მიტროპოლიტ უწმინდეს
აბოს, თავისი ამალით რომ მოჩაქჩაქებს პირდაპირ
ალავერდიდან და გაწვდილ ხელში შუშა უჭირავს წმინდა
გიორგის ხატის განბანილი წყლით სავსე. დღეს საგანგებოდ
განბანეს ალავერდის წმინდა გიორგი. გაეთოშა ხელები მოხუც
მიტროპოლიტს, ვერა და ვერ დაიყაბულეს, დაბამბული
წამოსასხამის ჯიბეში მაინც ჩაედგა შუშა, რაკიღა ვინმესთვის
გადაცემა არ ინება... შეჭირვებაც განაძლიერებს წმინდა წყალს,
მერედა როგორი შეჭირვება, სიცივისგან გაფიჩხებული
ძლივსღა იჭერს თავს უნაგირზე, ცხვირი ეწვის, თვალებში კი
თითქოს დამსხვრეული და დაფხვნილი ყინული ჩაუყრიათ...
მძიმე ჟამი რომ ჩამოდგება, ვედრებითა და სულის მხნეობით
უნდა იყოს გამსჭვალული ყოველი გარჯა... ვაი ჩვენდა, თუ
ამაოა ყოველივე, თუ უკვე... სულიც განუტევა... დიდნო
მთავარანგელოზნო მიქელ და გაბრიელ, და პირველ ზეცისა
ერისთავნო და წინაშე მდგომელნო ღმრთისანო, ნუ
დასცხრებით ვედრებად ხსნისად სულისათვის მეფისა
ირაკლისა... ალავერდელი ცრემლიან თვალებს ზეცას
აღაპყრობს, სადაც მუქ იისფერ ცის გუმბათში, აღსავლის
ბჭესთან, უზარმაზარი კანდელივით ანთია მთვარე.
– ღუკას! ღუკას! ღუკააას!
ვისაც ეკუთვნის და შეესვლება, მას მცველები პირდაპირ
ატარებენ, ვისაც არადა, ის მოუთმენლად ეძახის ციხისთავ
ლუკას, თუნდაც აი, ამ ძველგალავნელი სომხებივით, ქურქებში
და ტყაპუჭებში რომ გამოხვეულან და აკიდებული ვირებით
მოსხდომიან ჭიშკარს:
– ღუკას! ღუკას! ღუკააას!
ციხისთავმა ლუკამ ის იყო შეჭამანდში პურის ნატეხი ამოაწო,
პირთან მიტანა კი ვერც მოასწრო, დამნაშავესავით გაუშეშდა
ხელი და ისევე ცივად ჩააბრუნა ჯამში... რა ქნას, ცოცხალ
ადამიანს ჭამაც უნდა და სმაც... მწუხარება-მწუხარება და
ციბრუტივით ტრიალი კიდევ სხვა არის, მიდი, მოდი, მიდი,
მოდი, ჩადი, ადი, ჩადი, ადი ამ აყუდებულ კიბეებზე, მერე გადი
აივანზე და მთელი ხმით გადასძახე ხალხს მეფის ცუდი ამბავი:
– მეფე დამძიმდა, ხალხნო...
პირში ენას ძლივს ატრიალებს, ურჩევნია, გაუხმეს და არკი
დაიძახოს „მეფე კიდევ უფრო დამძიმდა, ხალხნო“. ჭამას ვინღა
ჩივის, ამდენ მოძრაობასა და მისვლა-მოსვლაში დღეს
ხეირიანად ვერც კი ილოცა, არადა, მგონი, ღვთის იმედითღა
უნდა ვიყვნეთ... ღმერთო, მამაო ზეცათაო, გადმოგვხედე... ძეო,
მაცხოვარო სოფლისაო, შეგვიწყალე... სულო წმინდაო, მეოხ
გვეყავ... ლუკამ პურის ნატეხი პირში ჩაიდო და აივნისკენ
წავიდა, კარი გამოაღო და გადაიხედა.
– ძია ლუკას, ყარფუზი მოუნდომნია ჩვენი მეფე და ჩვენ
გვიშოვნია და მოგვიტანია... – ახალგაზრდა ბიჭს ხელში დიდი
ყარფუზი უჭირავს.
– ჰაქიმი სათენიკ ფრგელუ დეღ გაკეთა და ისიც მოგვიტანია...
– ვონცა ირაკლი ხან? ვონც ა... – ტირილის ხმაზე შესძახის
ბახორიანი სომეხი.
– ლავ, ლავ, ირაკლი ხან!
– დღეს მთელი დღე გვილოცნია, სურფ გევორქსა და სურფ
სარქისს ჯიგრიანად ვედრებასა ვშვრებოდით...
– ინჩ პიტილინი მერ ჭარ, ინჩ პიტილინი... უთხარი, ოჰანეს,
ჩემი სიტყვა... – სთხოვს ჭარმაგი სომეხი ახალგაზრდა ბიჭს და
თან ვირს გვერდზე მოქცეულ საპალნეს უსწორებს; ვინ იცის,
დღეს მერამდენედ მოდიან, გაუჩენარს აჩენენ, მოდიან
აკიდებული ვირებით, ძღვენითა და ლოცვა-კურთხევით, აქამდე
ირაკლის კალთას შეფარებულნი, მისი ქომაგობის მოიმედენი,
ახლა შეწუხებულნი და შეშინებულნი, გამჭრიახი და მოწყალე
პატრონის მოსალოდნელი სიკვდილით თავზარდაცემულნი.
– ირაკლი ხან ჩვენი თავი აქ ჩამოუტანია, აქ დაუბინავებია,
ეხლა რა იქნება ჩვენი თავი?! დედოფალი დარეჯან მოახსენე
ისა-თქო, მთელი ძველი გალავანი-თქო, სრფაზან აღოთქე ანუმ,
სუფრ ჰაირა აღოთქე ანუმ...
– დედოფალი დარეჯან მოახსენე, ბატონიშვილი გიორგი, სხვა
ბატონიშვილები მოახსენე, გვიმსახურე-თქო... აღჯანაბადიც
მოგვიტანია... ბურვაკებიც მოგვიტანია, რაღა! ერთიც შენთვინა,
ლუკას, შეიტანე ეს ყველაფერი, ლუკას, მიართვი!
აგერ, საზარბაზნე ბურჯთან ხალხმა გზა მისცა დავით
რექტორს, მორჭმულსა და ახოვანს, თავისი შეგირდები რომ
ამოუყენებია გვერდში და სასახლისკენ მოაბიჯებს... მეფეს
უნებებია სიკვდილის წინ დალოცვა და ისინიც მოდიან ნელი,
შეფერხებული ნაბიჯით, ფეხი უკან რჩებათ, მათი სვლა
უტყუარად მოასწავებს თითქოს ქვეყნის უბედურებას... მოდიან
მწუხარენი, შემკრთალნი, ერეკლე იყო მათი პატრონი, მათთვის
მზრუნველი, რამდენჯერ დასწრებია კიდეც მათ მეცადინეობას
გრამატიკასა თუ ფილოსოფიაში, როგორი იმედებითა და
სასოებით მიადევნებდა თვალს მათ გარჯას... როგორ
ეიმედებოდა მათი მომავალი... რა იქნება... როგორ იქნება...
ვეღარ მივადევნე თვალი ვერც ძველგალავნელ სომხებს და
ვეღარც დავით რექტორს თავისი შეგირდებით, რადგან ჩემი
დიდებული სათვალთვალოდან, საიდანაც ხელისგულივით
ჩანდა ყველაფერი, სწორედ ამ დროს იქვე ჭიშკრის
შორიახლოს დანთებულ კოცონთან თვალი მოვკარი... ჩემი
ბებიის ბებიის... და ასე შემდეგ, ბებიას! გული ისე
ამიფანცქალდა ამ პატარა გლეხი გოგოს დანახვაზე, მყისვე
მივხვდი: ის იყო, ტირინე იყო! თავისი მოჩხლართული,
ჩაგრძელებული კაბა ეცვა, რუხი ბაწრისა, თავზეც ნაცრისფერი,
თხის ბეწვის შალი ეხვია, ნაზი ბეწვი ქობასავით შემოვლებოდა
ტირინეს ნორჩ სახეს და ძალზედ შვენოდა, ფეხზე კი ჭრელი
წინდები და ქალამნები ამოეცვა, – სწორედ ქალმის ჭვინტი
მიჰკრა მისკენ გადავარდნილ დიდ მუგუზალს. სოფლიდან
ფეხით ნარბენი, დაბუხული და შეციებული ცეცხლს ეფიცხებოდა
და ისეთი გამწარებით ფიქრობდა თავის საფიქრალს, ისეთი
ჩაციებით ჩაჰყურებდა ცეცხლს, – დაძაბული ფიქრისგან
თვალებდაჭყეტილი და ტუჩებგამოტყუჭული, – ირგვლივ
ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა...
მეხის დაცემა ეგონა, დილის წირვაზე მამა იოვანემ მრევლს
რომ აუწყა: იტირე, ჩემო სამწყსო, წაგვიხდა ჭირნახული, მეფე
ერეკლე გვიკვდებაო...
ყველას გვიკვდებოდა მეფე ერეკლე, ყველასთვის დარეკა
გლოვის ზარმა, მაგრამ გლეხის პატარა გოგოს ეგონა, ყველაზე
მეტად მე მიკვდებაო! იტირა, იტირა, იტირა, მოიკლა თავი
ტირილით... მაგრამ ტირილი რა, ტირილით რას უშველიდა?!
არადა სწორედ შველა ეწადა, ამისთვის უთქვამდა გული. რამე
უნდა მოემოქმედა, რამე ეღონა... ბავშვობიდან გარჯას, შრომას,
კეთებას იყო დაჩვეული, ახლაც უნდა გარჯილიყო თავისი
მეფისთვის, რადაც უნდა დასჯდომოდა, როგორ ძნელიც უნდა
ყოფილიყო ეს გარჯა! ბევრი მაშინვე დაადგა ქალაქის გზას და
პატარა გოგოსაც სწორედ ამისთვის უთქვამდა გული, ახლავე,
აი, ამ წუთში იქ დაბადებულიყო, სადაც მეფე ერეკლე
კვდებოდა! სახლში კი ავადმყოფი, ბრმა პაპა ელოდებოდა,
ბატები და ხბორები ელოდებოდნენ... თანაც ქალაქისკენ
მიმავლებმა უთხრეს: აბა, შენოდენას აქ ვისა ხედავო?! ბიჭმა
კიდევა, გოგოზე თვალი რო ეჭირა, სუ კინწისკვრით გამოაგდო:
ჯერ სოფლის შარაზედაც არ ჩასულხარ და საქალეთ ქალსა,
თორმეტ-ცამეტი წლისასა, ქალაქში რა გინდაო?! ყველას
უდუღს გული, ყველა თავში ქვას იცემს და შენ რა წითელი კოჭი
ხარო, რომაო მაინცადამაინც იქ დაერჭოვო?! გამოქანდა
სახლისკენ, მივხედავ იქაურობას და ისე გავიქცევიო და პაპა
რომ დაინახა, კიდევ უფრო ამოუჯდა გული... უცრუვდებოდა
ნატვრა და ოცნება, ბალღობიდან აყოლილი, პაპა
ელიზბარასაგან ჩანერგილი და გაღვივებული, ჩვენი მეფე
მაჩვენაო, იმის კალთას მამთხვევინაო, განა მარტო
იმისთვისაო, პაპას ბრძოლებში ძალგულოვნება და ვაჟკაცობა
რომ დაუფასა და აზატობა უბოძაო, თვითონ როა ჩვენი
მთავარისათვის თავშეწირული, ხალხის შემწე და ქომაგი,
იმისთვისაო. პაპაცა ჰპირდებოდა, წაგიყვან ერთ მშვენიერ
დღესაო, იგრე არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომა ეგეთი ოცნება და
წადილი არ შეგისრულოვო... რიყისპირა მწვანიან ფერდაზე,
ბატებისა და ხბორების მწყემსვის დროს, სიბერისაგანა და
ცეცხლის ნთებისაგან გამოფუღუროებული მუხის ქვეშ
ჩამოჯდებოდა საქსოვით ხელში და თან თავის პატარა სამწყსოს
თვალს ადევნებდა... მერე საქსოვს გადადებდა, ფუღუროდან
სიპს გამოიღებდა, კალთის ბოლოთი გაწმენდდა,
ნაცეცხლარიდან ჩამწვარ ნამწვს მოიძიებდა, შეუბერავდა,
ნაცარსა და მტვერს გააცლიდა და წერაში ვარჯიშს იწყებდა...
ძალიან უყვარდა წერა-კითხვა, მამა იოვანემ ასწავლა, და
სიპზედაც მამა იოვანეს ნასწავლ იბაკონებსა და ტროპარებს
სწერდა ხოლმე, განსაკუთრებით კი გულზე ეფონებოდა
ამაღლების იბაკონის გამეორება და სიპზე გამოყვანა: „არა
დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და
ვიყო განუმეორებელი თქუენგან“... მოვიდე სულითაო, ამბობდა
მაცხოვარი, ხორციელად კი ყოველთვის მეფე წარმოუდგებოდა
ხოლმე, ღვთისაგან ცხებული და ღვთისაგან ნაკურთხი, ვისი
თვალი არს თვალი ღვთისა, ხოლო გული არს ხელთა შინა
უფლისათა... წარმოუდგებოდა ისე ცოცხლად, თითქოს
ხედავსო, როგორ მოაბიჯებდა ბატებისა და ხბორების ფერდაზე,
გამოფუღუროებული, ბებერი მუხისკენ, პატარა გლეხის
გოგოსკენ... მოდიოდა, რომ მისთვის, აი, სწორედ მისთვის,
ობოლ-ოხრისთვის, სამარისკენ პირმიქცეული პაპის ამარა
დარჩენილისთვის, ნუგეშის ხელი გამოეწოდებინა, ბეჭდებით
დაფარული ხელი, მომუჭული მტევანი, კამკამა მთის ნაზოვრით
სავსე... როგორც მაშინ, დიდი ხნის წინ, მის დაბადებამდე,
დაჭრილსა და თვალამოვარდნილ პაპა ელიზბარას გაუწოდა...
ოჰოჰოჰო, რა ბრძოლები გადაიტანეს მაშინ შილდა-
საბუესთან...
– ტირინევ, გვიამბე, ტირინევ, გვიამბე, გენავ!
– გვიამბე იმ შენი დედ-მამის ცხონებას... – სთხოვენ ტირინეს
ტოლ-სწორები.
– ვიჰ, გენაცვათ, ვითომ ჯერაც არ მიამბნია! – ყასიდად
უარობს ტირინე, თორემ არაფერი ისე არ უყვარს, როგორც იმ
ამბების გახსენება, პაპა ელიზბარას ნაამბობებისა.
– მერე რო გიამბნია! ჩვენი მიწა-წყლის ამბავს თუნდ
უთვალავჯერ გავიგონებთ!
– ნიკავ, ბიჭო, ის ბეჩავი პაპაშენი სოლომანაც ხო მაშინ
აეკუწნათ ლეკებსა...
– იკვნესონ და იავადონ, არა ნახონ კარგი და კეთილი!
– პირქვე დასამარხავები! – პატარა ხელს მრისხანედ
შემართავს ტირინე, – რა უნდათ ჩვენგან, ვის რას ვუშავებთ?!
ვინც ჩვენ არ გვესხმის თავსა, ვინც ჩვენ არ გვაწიოკებს, ზის და
ტირის... ვაიმე, ჩვენო ნახანჯლარო მთა-ბარო! – ამოიოხრებს
ტირინე, გულს თან ამოატანს, – რო მეუბნებით, ბაღლაუჭებო,
გვიამბე, გვიამბეო, გული ამომიფუვდება ხოლმე, ბოღმის
გორგალი გამეხიდება ყანყრატოში და სიტყვას მიბორკავს.
– არა, გენავ, არა, შენ სიტყვას ვერაფერი შეგიბორკავს!
– რა ენა მოჰყვება ნეტა იმ ბრძოლების ამბავსა, ჩემო
სწორებო, მაშინ შილდა-საბუესთან რო გადაიტანეს?! ოფლი და
სისხლი თურმე სუ თქრიალით გასდიოდათ... საბუის ციხეს ალყა
მოხსნეს, ლეკებს კუდით ქვა ასროლინეს, ინწობის ვიწროებში
თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ თურმე, უკან ჩვენები
მისდევდნენ, ყადორისკენ მომავალი ბილიკებისკენ. ჭარმაგი
იყო მაშინ ჩვენი მეფე და უთხრეს თურმე, თქვენაო, მთელი დღე
ხმალი არ ჩაგიგიათო და იმ კორწოხებზე და ციცაბოებზე ნუღარ
ინებებთ წამობრძანებასაო, გაქცეულსა და ბუჩქებში მიმალულ
ლეკებსაო ჩვენც ავუვალთო... იმ გმირთ გმირმა ითაკილა,
მაგრამ როგორ ითაკილა, ისაო, თქვენაო, მე ვინა
გგონივართო?! რაც თქვენაო ძალ-ღონეო მთელ ასო-ტანში
გაქვთო, მეო, ნეკის ფრჩხილშია მაქვსო, თანაცაო, მტერი
კორწოხებზე მორბენალი რო გეყოლებაო, შენ იმ კორწოხებზე
მალაყებს თუ ვერ გადახვალ, ფეხმარდი სიარული მაინც
შეგეძლოსო, ეს დაიხსომეთ ჩემგანო, თქვა და იმ უდიერ
აღმართზე წინ გაუძღვა მეომრებსა, ახალგაზრდას
შეშურდებოდა იმისი გამძლეობა და შეუპოვრობა... მიუძღოდა
და თან გამჭრიახ თვალს ავლებდა იქაურობას, სანამ ამ
კორწოხებზე ციხეებს არ ავაგებთ, ვერ მოვრჩებით
ლეკიანობასო... არადა რამდენ ციხეს გასწვდეს ეს ჩვენი
ქვეყანაო... ჰოდა, მიდის ლაშქარი ყადორისკენა, მიდის სულ
პირშეღმართებზედა... სწორედ ამ დროს, საიდან იყო, საიდან
არა, გეგონებათ, უჩინმაჩინის ქუდები ეხურათ და მოიხადესო,
მათ წინა ლეკები არ გაჩნდნენ? ჩასაფრებულები და
მიმალულები აქეთ-იქეთ ბუჩქნარებში, დაიმედებულები,
მთაზედა გვაქვს ჭიპი მოჭრილი და აქ რას დაგვაკლებენო.
მაგრამაა, რო იქუხა მეფე ერეკლემა: აბა, მებრძოლებოვო,
ვეკვეთოთ მტერსაო! მთებს სულ ზანზარი გაჰქონდათ... მეფის
მოწოდებაზე იგრე გალომდნენ თურმე, გარდას გადავიდნენ...
ის ჩასაძვრენები კიდევ სუ მეტნი და მეტნი ჩნდებოდნენ, მაგრამ
ვერაფერს გახდნენ, პირი აბრუნებინეს ჩვენებმა, გადარეკეს
ყადორის უნაგირისკენ, საიდანაც გადმოასკდებიან ხოლმე
მღვრიე დიდროასავით ჩვენ წასალეკადა... მაგრამ მანამ
ნურაფერი უცეცხლიათ, რაც ამათ ჩვენ ვერ წაგვლეკონ... ის კი
უნდა გითხრათ, რომა პაპა ელიზბარას მაშინ ამოუგდეს თვალი.
თურმე ერთი თავზეხელაღებული ლეკი როგორღაც
შევარდნილა ერეკლეს რაზმში, უძვრია თურმე ხანჯალი, რო
საფეთქელში ჩასცეს ჩვენ მეფესა... ფიცხლად გადაეფარა
თურმე პაპა ელიზბარა, ლეკი იქვე აკუწა, მაგრამა მოასწრო
თურმე იმ ქვად საქცევმა და თვალი ამოუგდო. პაპას ერეკლე
გვერდიდან არ იშორებდა, იგეთი უშიშარი იყო და ბრძოლაში
მოუღლელი, იცოდეთ, ჩემობით არ ვამბობ, ბაღლაუჭებო,
ყველამაც იცის პაპა ელიზბარას სიმამაცის ამბავი. ერეკლეს
თურმე ბალახბულახის ცნობა სცოდნია, ამოვარდნილი თვალის
ფოსოში თავის ხელით ჩაუფენია ბალახბულახი და თავისივე
ხელსახოცით შეუხვევია, თან ეუბნებოდა თურმე, ვაიმე,
ელიზბარაო, შემომწირე თვალიო? თვალი რასა ჰქვია, მეფეო,
მეორეც ხო მაქვსო, ჩემმა ძმებმა სიცოცხლე შესწირეს ჩვენს
მიწა-წყალსაო და მეც მზადა ვაარ, ბოლომდე გემსახუროთო
თქვენცაო და ჩვენს მამულსაცაო. აი, ეგეთი სიტყვა უთხრა პაპა
ელიზბარამ, არარიი მაშ, დასაფასებელი? და დააფასა კიდეც
დიდმა ბატონმა, აზატობა უბოძა და სახნავ-სათესიც... უცბათ
ტირინემ თვალები ჭყიტა: – ბაღლაუჭებოო, ვაიმეე, ხედაავთ
ამასობაში ხბორები საით წასულან, ფლატეზე კი არ
გადაიჩეხნენ დაა...
ბიჭები წამოცვივდებიან ხბორების მოსაბრუნებლად, თან
დაუბარებენ ტირინეს, უჩვენოდ გოგოებს არაფერი უთხრა,
ამბავი არ დაუმთავროვო! და მორეკავენ თუ არა ბიჭები
ხბორებს, ტირინეც გულს დაიარხეინებს და სიამოვნებით
დააბოლოებს თავის მონათხრობს, თუ როგორ დასცეს მეფის
კარავი გამარჯვებულებმა ნაზოვარი წყლის პირას, დეკიანთან,
ცეცხლი გააჩაღეს დეკის ნაყარი რტოებისა, მოკლული არჩვი
ჩამოატყავეს, აქნეს სამწვადეებად, დეკის შამფურები დათალეს
და შეწვეს, ბევრნი იყვნენ და თითო-ოროლა შეხვდათ, მეტი კი
არა. მეფეს ერთი პატარა ნაჭერი აეღო ზიარებისავით და
ნაზოვრისკენ წასულიყო. ზევით მთების ყელი ნაზვავ თოვლს
შეეკრა, ქვევით კი უკვე გამოფუღუროებული ნაზოვარი
ნაკადულს თაღივით ჰქონდა გადახურული, შიგნიდან თაღი
ყინულისაგან გამოთლილი გეგონებოდა თურმე... ნელა
დნებოდა ყინული და ნაზოვარი წვეთ-წვეთად
ჩაწკრიალდებოდა ნაკადულში... მეფემ ის ერთი ნაჭერი
გაწიწკნა თურმე და მუჭი შეუშვირა ნაზოვარს. ისეთია ნაზოვარი,
უკვდავების წყალი გეგონებაო... ჰოდა, მთელი დღის
ბრძოლითა და ხმლის ქნევით დამაშვრალი მეფე ანკარა,
ცრემლივით კამკამა ნაზოვარსა სვამდა თურმე და დღეს ეს
არის, ჩემო მეომრებო, ჩვენი გამარჯვების ჯილდოვო, დეკაზე
შემწვარი მჭადი და ეს დიდებული ნაზოვარიო, ეგრე ეუბნებოდა
თურმე თავის მეომრებს, მერე კი პაპა ელიზბარასთვისაც
მიუწვდია თავისი მუჭით და დაულევინებია: ტირინემ უცებ თავში
ხელი შემოიკრა: – ვიჰ, კინაღამ სიმღერისა დამავიწყდა!
როგორც ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე, დაჭრილები დააწვინეს
ბრძოლის შემდეგ და აბა, მომღერლებოო, დაიძახა ერეკლემ,
არსენაათ ძმებო, სანდრო, გიორგი, პაპალაანთ გიგლავ,
როსტომაანთ კიკუშავ, მემარნიანთ თედოვ, – გამოცდილი
ჰყავდა მომღერალი მებრძოლები, დაჭრილებს რო
უმღეროდნენ ხოლმე, – მოუწოდა, აბა, თქვენ იცით, როგორ
დაუამებთ ჭრილობებსო. პაპა ელიზბარას კიდევ: – შენ,
ელიზბარავ, თვალამოვარდნილო, რა გემღერება, თორემ
შენისთანა ბანი ამ არემარეზე ხო არავისა აქვსო... შემოერტყნენ
თურმე დაჭრილებს მომღერალი მებრძოლები და სანიმუშოდ
უმღერეს. ხომ იცით, ბაღლაუჭებო, სიმღერა ძლიერ უხდება
ჭრილობებს. თურმე რა წამალი და რა სიმღერა. ჰოდა, რა
გგონიათ? პაპა ელიზბარამ, საწყალმა და საცოდავმა,
თვალამოვარდნილმა და ძალიანაც ატკიებულმა, იგეთი ბანი
თქვა, იგეთი ბანი, ყველა ჰკვირვობდა თურმე.
მორბის... მორბის ტირინე შარაზე... ძლივს გამოეხსნა პაპა
ელიზბარასა და ტიტიას, გამოეხსნა კი არა, გამოექცა,
კისრისტეხით.
– შენი მარტო წასვლა როგორ იქნება, ჩვენ რიყეს არ
გასცილებიხარ, – ჯოხი მიწას დაჰკრა პაპა ელიზბარამ, –
ზამთარია, უკაცრიელი ბურდელაური იქნებ მგლებითაც იყოს
სავსე, როგორ გაეცლები და როგორ გაერიდები მშიერ
მგლებსა?!
– ნუუ, პაპავ, ნუ მაშინებ, შენი ჭირიმე, იმდენი ხალხი დაიძრა
თელავისკენა, როო...
– ნეტა მეც შემეძლოს! მაგრამა, რო აღარ შემიძლიან?! მუხლი
მე აღარ მერჩის და ეს ცალი თვალიც აღარ მიჭრის, თორემაა,
თუ ვინმეს ეკუთვნის იქ ყოფნა, მეც იმათში ვწერივარ!
– ჰოდა, შენ მაგივრად, პაპავ, მე უნდა ვიყო იქა! აგე, ჩვენი
მღვდელი როგორ გვიქადაგებდა, ერეკლეს დავბეროთ ტკბილი
სულიო, თორემაო, ბატონიშვილებში ერთი არ შაინიშნება
სამეფოდ გამოსადეგიო, ყველაყანი უნდილები არიანო... ჩვენი
მთა-ბარი, ჩვენი ერი ყველაყას ფეხებზედა ჰკიდიაო...
– ნუ ხარ, გოგო, ეგრე ვირთამამა, აბაა?! ქვეყნის საქმეს შენ
ვინა გკითხავს?
– ვიცი, პაპავ, ვიცი, რო გაფხეკილ ძირხვენასა არაფერიც არ
უნდა ეკითხებოდეს, მაგრამ რა ვუყო, რომ გული არ მიშვებს?!
– შენი მშობლების სახსოვრად შენღა დამრჩი, შე გასაქრობო,
შენა! ან ჩემი სიბერე არ გენანებაა, ან ამ ბიჭს რას ეუბნები, აბა,
ჰკითხე, გიშვეებს?
– რაო, რაო, რაოოო?! – დაიძახა ტიტიამა და საჩეხიდან
გამოვიდა.
ტიტია თხუთმეტი წლის ბიჭია, თვალი ტირინეზე უჭირავს,
როგორც შეუძლიან, შველის პაპასა და შვილიშვილს, ხელს
ატანს. ახლაც შეშას უჩეხავდა, თან ყური აქეთკენა ჰქონდა და
რო გაიგო ტირინეს განზრახვა, ნაჯახი მაშინვე მიაგდო.
– უთხარი, ტიტიავ, უთხარი, ბიჭო, იქნებ შენ დაგიჯეროს! –
შესძახა პაპა ელიზბარამ.
– გამოვიტანო სახრე?! ნახავს მაშინ თავის სეირს! – და ტიტია
საჩეხში შებრუნდა...
ტირინემ კი ფეხი რო დაჰკრა, ელვასავით გადაევლო ძეძვის
ღობეს... მორბის, მორბის, მორბის ტირინე შარაზე...
ნიავქარივით მორბის... დედამიწას ფეხს არ აკარებს... ასე
ირბინა და მოადგა თურდოს... კიდევ კარგი, მესაფქვავეები
შეხვდნენ, ურემზე შემოსვეს, თურდოც გამოიყვანეს და
ვარდისუბნის რიყემდეც მიიყვანეს, იქ კი ქვეყნის ხალხი
დაინახა, დაჯარულები მიდიოდნენ თელავისკენ, ბატონის
ციხისკენ და იმათ შეუერთდა... მაგრამ შეციებით კი ძალიან
შესცივდა, სირბილმაც ვეღარ უშველა, იორთქლავდა ხელებს,
აბაკუნებდა ფეხებს და ბოლოს მოაღწია ხალხით მოზიმზიმე
მოედანზე. მოაღწია და მიეფიცხა ცეცხლსა, თან გამალებული
ფიქრობდა, რა ვქნა და რა ვიღონოვო. სწორედ ამ დროს
შაოსანი ქალები მოვიდნენ კოცონთან, ისინიც შეციებულები.
ხალხი მიიწ-მოიწია, წრე გააფართოეს და შაოსანი ქალებიც
ჩააყენეს. ცხრანი იყვნენ, ოთხი მონაზონი შუამთიდან,
დანარჩენი კი კრწანისში დაღუპული ბიჭების დედები. თურმე
სალოცავად იყვნენ მოსულები, მეფისთვის სალოცავად.
სასახლის ტაძრებში მეტად ძლიერი ხატებიაო, ამბობდნენ,
მიძინების ტაძრის ღვთისმშობლის ხატიცა და კარის ეკლესიის
წმინდა გიორგისიცაო. გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ,
ქალებოვო, მუხლები გადავიტყაოთო, ხო იცით, რა ძალაცა აქვს
მხურვალე ლოცვას ძლიერ ხატთანო... თანაც ისეთი დამწვარ-
დადაგულებისა, როგორიც ჩვენა ვართო, მთავარია, გაგვიღონ
ჭიშკარი, ჩვენც მივეახლოთ იმ ხატებსა, იმ ძლიერებსა და მერე
ჩვენ ვიცითო. იქვე მდგომი ტირინე ყურს უგდებს შაოსან
ქალებს, მთელი გულისყურით, მთელი არსებით ჩანთქმულია
მათ სმენაში და უკვე იცის, თუ შეიამხანაგებენ ქალები მასაც, რა
უნდა შესთხოვოს ღვთისმშობელს და როგორ უნდა ილოცოს.
– თქვენი ჭირიმეთ, დებო და დედებო, – ყელისწევით სთხოვს
ტირინე შაოსნებს, – ნუ მიუკადრისებთ, ნუ მეტყვით უარსა, მეც
თქვენთან ერთად მალოცეთ, მეც შემავედრეთ ღვთისმშობელსა
და ჩვენს დიდ მოწამე წმინდა გიორგის, საიდან სადა ვარ
მოსული, რო იცოდეთ, მეფისთვის გარჯა მწადიან, მინდა, თავს
შემოვევლო, სანთლად დავენთო...
შაოსნებმა იუარეს, შენ ნუუ, გოგო, ნორჩი ხარ ჯერა,
გაგიძნელდება მთელი ღამე ჩოქზე დგომა და ფილაქანზე
გართხმაო... იყავი აქა, ცეცხლთან კარგად გამოთბი და
ირიჟრაჟებს თუ არა, წადი შენ გზაზეო...
მონაზვნებს ქადა ჰქონდათ წამოღებული, დატეხეს, თითო
ლუკმა გაუნაწილეს ყველას. ტირინესაც შესთავაზეს. ქადაზე კი
უარი არ უთქვამს ტირინეს, მაგრამ თავის განზრახვაზე ხელს
ვერავინ ააღებინებს! რაც გულში ამოიკვეთა, ის უნდა
აასრულოს, შეევედროს ღვთისმშობელს, გადაურჩინოს
ქვეყანას მეფის სიცოცხლე და, სამაგიეროდ, ტირინეს
სიცოცხლე მიიღოს... მაშ, სხვას რას დაჰპირდეს, რასა, სხვა არა
გააჩნია რა, ერთი სიცოცხლე აქვს და სწორედაც ერეკლეს
კარგად ყოფნას უნდა შესწიროს... მიდიან შაოსნები, ხალხში
გზას მიიკვლევენ ჭიშკრისაკენ... მიდიან და ტირინეც უკან
მისდევს ხვეწნა-მუდარით, მეც ლოცვა-ვედრებით მათევინეთ
ღამეო... რაკი ეგრე გულითა გწადიან და აღარ გვეშვები, კარგი
და მაგრე იყოსო.
– ტირინეევ! ტირინეევ! – დაქასქასებული მიეჭრება ტირინეს
ბიჭი ტიტია, ტირინეზე თვალი რომ უჭირავს. გამოეკიდა
სახრით, მაგრამ ტყუილად. მიბრუნდა, პაპა ელიზბარას
ხბორებიც შეარეკინა გომურში, ბატებიც დააბინავებინა, წყალიც
მოუტანა, ბოღლიწოც გაუკეთა ვახშმად და, დაოთხილი,
ტირინეს გზას დაადგა.
– გოგო, რათა ხარ ეგრე თავისწერა?! როგო გამოიქეცი
მარტო, შენ დევნაში გულიღა ამოვიგდებინე!
– ტიტიავ, ბიჭო, კარგია, რო მოხვედი, გამოგეთხოვები კიდეც.
– რას ქვიან გამომეთხოვები? მერე შენ სად მიდიხარ, რო?! –
შეფუცხუნდება ტიტია.
– სალოცავად მივდივარ შაოსნებთან ერთად, ძალიან ძლიერი
ხატიაო, რასაც შესთხოვ, შეგისრულებსო და მეფისთვის უნდა
ვილოცო, მთავარანგელოზმა გაბრიელმა მე წამიყვანოს
ერეკლეს მაგივრადა... ნუ მიდარდებ, ბიჭო, პაპა ელიზბარას
მიხედე, ამასა გთხოოვ...
– ნუუ, გოგო, ნუუ, შენი ჭირიმე, მაგრე ნუ ილოცებ, ემანდ
მართლა არ შეგისრულოს მუდარა ღვთისმშობელმა, არ
დაგვაობლო მეცა და პაპა ელიზბარაც! – ტირილის ხმაზე
ეუბნება ბიჭი ტიტია.
– შენ თავსა სჩივიხაარ, ტიტიავ?! ქვეყანა გვიობლდება, ბიჭო,
ვიჰ, რა ბედნიერი ვიქნები, ღვთისმშობელს ჩემი მუდარა თუ
მისწვდება და უშველის ჩვენ მეფესა! – და ტირინე გამალებული
პირჯვარს იწერს.
შეჰყურებს ტიტია ტირინეს ბრიალა თვალებს, დაბერილ
ნესტოებს, შიში აიტანს, ტირინეს სიტყვა ქვას გახეთქავსო, და
ვაი, რო დაიყაბულოს ღვთისმშობელიცაო, მითუმეტეს, სად
მეფე და სად ცამეტი წლის სოფლელი გოგოვო... წამოუვა
ღაპაღუპით ცრემლები საწყალ ტიტიას, გულის ამოხვინჩით
შესტირის ტირინეს:
– აკი შენი ვარო, მეუბნებოდი და ეხლა კიდევა როგო
ბოჭორმის ყოჩივით მიბრიალებ მაგ თვალებს, გოგო, განა მე კი
არა ვდარდობ ჩვენი მეფისთვინა, იციი, როგო ვიფუფქები,
მაგრამა მეტისმეტი რეტის რეტიო, გინდა, ყველას დარდი
გაუხუნო, ოღონდ წინ გამოჭენდე, ოღონდა თქვაან, ცამეტი
წლის გაუხარელმა ტირინემაო მეფისთვინ თავი აეგრე
გადადოვო... და ტიტია ხელებზე მიეტანება ტირინეს, რომ
დაიჭიროს და არ გაუშვას. მაგრამ ტირინე მარჯვედ
გამოუსხლტება ტიტიას, შაოსან ქალებს ჭიშკართან მიუსწრებს
და შეჰყვება კიდეც.
ბიჭი ტიტია კი დგას გაოგნებული, დაცრემლილ სახეს
ხელისგულებით იწმენდავს...
– ნუ გეშინიან, ბიჭო, გენაცვალოს პაპა, – ეუბნება ტიტიას
მოხუცი კაცი, რომელსაც ხონჩით ახლად გამომცხვარი პური და
ლავაში მიაქვს სასახლეში; აქვე მცირე აღმართის ბოლოს
ცხოვრობენ მეფის პურის მცხობლები, სათონე აქვთ
გამართული და მეფის სახლობას პურს უცხობენ, – ყური
მოვკარი თქვენს ლაპარაკსა და ტყუილუბრალოდ გულს ნუ
გაიავებ, აბა, ეგ როგორ იფიქრე, რო იგეთი გულმოწყალე,
როგორც ღვთისმშობელია, ამისთანა ნორჩ გოგოს რამეს
დაუშავებს, ჰაა? აიღე ეს ერთი ლავაში, ქალები დღეს ბევრს
აცხობენ, მიდექ განზე და შეჭამე, დაგამშვიდებს და გულს
გაპოვნინებს...
– გმადლობთ, პაპავ, დიდი მადლობა, მაშ, არც
დაჰკრუნჩხავს? მაგის მამას ლეკის ტყვეობაში ამოსძვრა სული,
დედა კიდევ სახადით მოუკვდა, ცოდო არ არიი, რო
დაჰკრუნჩხოს?
– არც დაჰკრუნჩხავს და ბეწვსაც არ ჩამოუგდებს თავიდან,
ამისთანა ვედრებას ღვთისმშობელი არც როდის არ შეისმენს,
შენ გული შიგნითა გქონდეს.
– მაშ, გული დავიარხეინოო?
– გოგოს მხრივ დაიარხეინე და მეფისთვის კი ილოცე შენცა!
– ვაიმეე, როგორ გადავხიახდი, ხონჩა რო არ ჩამოგართვით,
მიგიტანთ ადგილამდე.
– კარგსაც იზამ, მე კიდე შიგნით შეგიყვან, ბიჭები წასულები
არიან საქმეებზე, ვეშველები ქალებსა, კიდევ არი პური
ამოსატანი, ეს ერთი ხონჩა ბატონიშვილ გიორგის კბილის
ქარად არ ეყოფა, ჰოდა, წავიდეთ და ამოვიტანოთ...
– ლავაშსაც რო მივალთ, იქ შევჭამ, არაა, პაპავ?!
– შეჭამ, მაშ, თუნდ ორიც შეჭამე...
ამქვეყნად მინდა მესროდე ისარს,
ფრთას მივითრევდე დაჭრილ გნოლივით.
ანა კალანდაძე

ქვევიდან ხმაური ისმოდა, მანქანის, ჭიშკრის გაღების,


ადამიანების...
თიკოს შინაგანი სმენით სხვა ხმაურიც ესმოდა, დარბაზიდან,
ბატონიშვილების პაექრობისა და შეხლა-შემოხლის... მაგრამ
დრო აღარ იცდიდა, თერთმეტის ნახევარი იყო უკვე. დღეს
ადრე მოვიდა, რვის ნახევარზე, მყუდროდ ვიმუშავებო და
მართლაც აქამდე თავაუღებლად იჯდა და წერდა. კიდევ კარგი,
ჭიშკარი ღია დახვდა, ყარაულიც ფეხზე იყო, მებაღეც
მოსულიყო და ბაღში მუშაობდა, ხეხილის ძირებს კირის ხსნარს
უსვამდა. თიკომ ყვავილნარი მოირბინა, ხვიარა ვარდებს
თვალი შეავლო და მეციხოვნის ოთახისკენ გაქუსლა. ო,
როგორ უყვარდა ეს თავისი ბუდე... როგორ გაუხარდა, იანვრის
ერთ დღეს ბატონმა შალვამ მუზეუმის წიგნების კოლექციის
მოწესრიგება მას რომ დაავალა. ადგილის უქონლობის გამო
მეციხოვნის ოთახი წიგნების საწყობად იყო ქცეული, ნაწილი
წიგნებისა ყუთებში და ძველ კარადებში იყო მოთავსებული,
ნაწილი კი, კანაფებგადაჭერილი, შეკრული, შუა ოთახში
დაზვინული. ბოლოს-ბოლოს პედინსტიტუტი ტოვებდა
აქაურობას, მეორე სემესტრისთვის სტუდენტები უკვე ახალ
შენობაში დაიწყებდნენ მეცადინეობას. მუზეუმიც
გაფართოვდებოდა, მთელი ის უზარმაზარი ფლიგელი, რუსების
დროს მოშენებული, აგრეთვე, ყოფილი სამეფო დარბაზი,
ინსტიტუტის სააქტო დარბაზად რომ იყო ქცეული, ეზო და ბაღი
სულ მუზეუმის იქნებოდა. წიგნებს ახლა უკვე ფლიგელში ცალკე
ოთახს გამოუყოფდნენ, მეციხოვნის ოთახში კი, ბატონ შალვას
დიდი სურვილი ჰქონდა, ძველი ჟურნალ-გაზეთები: „ივერია“,
„მოამბე“ „კვალი“, „ნაკადული“ და „ჯეჯილი“, „ცნობის ფურცელი“,
განათლება“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვ. დაებინავებინა. და
ამისათვის საჭირო იყო სასწრაფოდ ყველაფრის მოწესრიგება.
მაგრამ, რა არის კიდევ სათქმელი და ბატონმა შალვამ
როგორც კი იგრძნო, რომ მეგობრულმა და ლამის მამობრივმა
გრძნობამ თიკოს მიმართ ფერი იცვალა, (თვითონაც არ იცოდა,
როგორ, რანაირად,) მაშინვე გადაწყვიტა, ძირშივე
გაექარწყლებინა ეს ფერისცვალება, თიკო მოშორებით,
მეციხოვნის ოთახში გაემწესებინა, თანაც დარწმუნებული იყო,
თიკოსავით ვერავინ გაუძღვებოდა წიგნების მოწესრიგებასა და
კატალოგის შედგენას, მხოლოდ ექსკურსიების დროსა და
საქართველოს ისტორიის შემსწავლელი წრის მეცადინეობისას
ჩამოხტებოდა თავისი ქანდარიდან, თვითონაც ცოტა
გახალვათდებოდნენ, ყველანი ერეკლეს ოთახში რომ იყვნენ
შეყუჟულები.
თიკომ სიხარულით ტაში შემოსცხო, წიგნები უყვარდა,
აინტერესებდა და ასეთ დავალებას დიდად საპასუხისმგებლოდ
მიიჩნევდა; და კიდევ... ამ სიხარულს სხვა სარჩულიც ჰქონდა,
თიკო ამ დავალებას სხვაგვარად ათარგმანებდა, მაინცდამაინც
თავის გრძნობასთან აკავშირებდა და ბატონი შალვას მხრივ
მისკენ გადმოდგმულ ნაბიჯად თვლიდა: ნამდვილად თვითონაც
რაღაც გრძნობა აქვს ჩემ მიმართო, სურს ცალკე ვიყო, ხანდახან
მაინც მარტონი დავრჩეთო, ხომ უნდა დამხედოს, შეამოწმოს
ჩემი საქმიანობაო, თანაც სულ, სულ, სულ განმარტოებით,
მეციხოვნის ოთახშიო. ეს ეგრეთწოდებული მეციხოვნის ოთახი
მართლაც სრულიად განცალკევებით, აღმოსავლეთისკენ,
თაღოვანი შესასვლელის თავზე იყო წამომდგარი და ერეკლეს
დროინდელ ნაგებობას წარმოადგენდა. ოთახს ოთხივე მხარეს
ორ-ორი ისრისებური სარკმელი ჰქონდა და აღმოსავლეთისკენ
ქვის აივანზე გამავალი კარი. შესასვლელი კი ჩრდილოეთის
მხრიდან მიშენებული კიბიდან იყო. მეციხოვნის ოთახი
გამონაპირებული ხომ იყო და იყო, და კიბეც სრულიად
მოფარებული იყო თვალს, რადგან ერთი მხრიდან ბატონის
ციხის მაღალი, დაკბილული გალავანი ეფარებოდა, მეორე
მხრიდან მუზეუმის ჭიშკართან მიშენებული სახლაკი, ხოლო
მესამიდან ორი ტოტებგაბარჯღული ნაძვისხე.
– აბა, როგორ ფიქრობ, ხომ არ გაგიჭირდება აქ მუშაობა? –
ეუბნებოდა შალვა თიკოს, იანვრის ბოლოს, ცივ, თოვლიან
დღეს, პირველად რომ ამოიყვანა აქ.
– რას ბრძანებთ, რატომ უნდა გამიჭირდეს?! – და სიხარულით
გაბადრული თიკო თვალს ავლებდა ყუთებით, ძველი
კარადებით, წიგნების ახვავებული ზვინებით ჩახერგილსა და
მტვრით სავსე ოთახს. ფანჯრის ნიშებიც გამოჩურთული იყო
ჟურნალებითა და დავთრებით. შემოსვლისთანავე ბატონმა
შალვამ სინათლე ჩართო. პატარა, დამტვერილი ნათურა
გაცრიატებულ და თითქოს მტვრიან შუქს ჰფენდა იქაურობას.
– აი, ამისთვის ვიკლავდი თავს, ინსტიტუტის გადასვლას რომ
ვითხოვდი, – ამბობდა ბატონი შალვა, – აბა, ეს საქმეა?!
– ის კარადები, მგონი, სულ გადასაყრელია, ფანერის ძველი
უშნო კარადები...
– რა თქმა უნდა! ლევანს შევუკვეთავ თაროებს ახალი
ბიბლიოთეკისთვისაც და სააქაოთაც. ამ ოთახში მხოლოდ
ძველი ჟურნალ-გაზეთები იქნება... შეიკარი ქურქი, თიკო, ხომ
ხედავ, რა სიცივე და ნესტია...
– არა, არა, მე სულ არ მცივა, სულ არა... – წკრიალა, ლამის
მოჭიკჭიკე ხმით ამბობდა თიკო და თან ბორძიკ-ბორძიკით
მიიკვლევდა გზას წიგნებს შორის... ბატონი შალვას შეკითხვაზე,
მანდ საით მიდიხარო, თავი მოატრიალა და გაუღიმა: – მინდა
აი, ამ ფანჯრის რაფიდან ჩამოვალაგო წიგნები! აქედან ალბათ
რა მშვენიერი ხედიც იშლება?!
– არ გინდა, თიკო, მთლად გამტვრიანდები. ჩვენი
დამლაგებელი დაალაგებს აქაურობას, მტვრებს კარგად
გაწმენდავს, იატაკს მოხეხავს და მერე... ეგ ხედი სულ შენ
თვალწინ იქნება.
თიკომ კი ამასობაში წიგნები ჩამოალაგა, ფანჯრის რაფა
გაათავისუფლა და გახარებულმა შესძახა:
– რა არაჩვეულებრივი პანორამაა! კავკასიონისკენაც და
ცივისკენაც... თქვენ ვერ ხედავთ მანდედან, კარადა
გეფარებათ, არადა, ზამთარში მაინც სულ სხვაა კავკასიონი, –
და თიკომ ხელი გამოუწოდა ბატონ შალვას.
– ოო, კავკასიონი ყოველთვის უზადოა, განსაკუთრებით
შემოდგომობით, სპილენძის ფერი რომ დაჰკრავს...
საღამოობით კი მოიისფრო ხდება...
ბატონმა შალვამ გაუღიმა თიკოს, გადაიწია, ხელი მიაწოდა
და ფანჯარასთან მივიდა.
– შეხედე, თიკო, რა ვერ დაინახე?! ჭადარი! ჩვენი ბებერი
ჭადარი...
– რატომ ბებერი? სულ არ უხდება ჭადარს ეგ სიტყვა! ბებერი
უძლურს ნიშნავს და უყურეთ, რა ეტყობა სიბერის?
– აბა, ასაკს არა აქვს მნიშვნელობა? რვაასი წელი ვითომ
არაფერი?!
– რა თქმა უნდა, არაფერი! – რაღაც უცნაური
აღფრთოვანებით შესძახა თიკომ. ბატონმა შალვამ კი,
გეგონებათ ერთბაშად დარდი შემოაწვაო, ისეთი
მოქურუხებული მზერა შეაგება გაცისკროვნებულ თიკოს.
– ზამთარში ასე გაშიშვლებულს რომ დავინახავ, რატომღაც
შემეშინდება ხოლმე, ვაითუ ვეღარ გაიფოთლოს მეთქი...
– რას ამბობთ, რასა?! – შეიცხადა თიკომ, – რატომ
დაგებადათ ასეთი შავბნელი აზრი?
უნდოდა ეთქვა, ნუ გეშინიათ, გთხოვთ, დამიჯერეთ, ჭადარსაც,
თქვენც, მეც დაგვიდგება გაზაფხულიო! მაგრამ ამის მაგივრად
პათოსით დაიწყო:
– ოო, მეფეო, უთხრა გიულდენშტედტმა ჭადრის ამოკუზულ
ფესვზე ჩამომჯდარ ერეკლეს (ხალიჩა უნდოდათ დაეფინათ
მეფისთვის და არ მოინდომა), მე რომ მეკითხებოდეს,
საქართველოს რომელიმე დროშაზე ამ ჭადარს
ამოვაქარგვინებდი, როგორც სიმბოლოს ერთიანი
საქართველოსი, აი, შეხედეთ, რამდენი სამეფოც არის თქვენს
ქვეყანაში, იმდენი დიდი ტოტი აქვს, ყველა ერთი ზროდან
ამოზრდილი. მაგრამ ამ ჭადარს ბედმა მყუდრო ადგილზე
ყოფნა არგუნა, სადაც ქარიშხლები ასერიგად ვერ
შეაწუხებდნენ, სადაც არ არსებობს მეხის საშიშროება, რადგან
ცივის მხრიდან ვახვახიშვილების გორა გადმოჰყურებს, ზედ
მდგარი ხეებით, ეს კი აქ არის მოყუჩებული, შემოფარებული,
ყოველგვარ საფრთხეს გამორიდებული სიცოცხლის მარადიულ
ფერხულში ჩაბმული. რა ბედნიერება იქნებოდა, თქვენი
ქვეყანაც ამ ჭადრებივით ყოფილიყო დაცული და ოთხისავ
კუთხივ ქარებს არ ექროლათ. სხვა მხრივ კი, მეფეო, ნება
მიბოძეთ ამ ჭადარს შეგადაროთ, სიდარბაისლით,
შეუპოვრობითა და ვრცელი ჰორიზონტებითა, ამ ჭადარივით
განგებამ ეს ადგილი რომ მიგიჩინათ... – თიკომ ხელები გაშალა
და თავი დაუკრა ბატონ შალვას.
– ეს თქვენ შეთხზეთ, ქალბატონო თიკო? – ხუმრობის კილოთი
იკითხა ბატონმა შალვამ.
– დიახ, მე შევთხზე.
– მერე ერეკლემ, რაო, მოუწონა სიტყვა გიულდენშტედტს?
– ერეკლემ მხოლოდ გაუღიმა სტუმარს, გუნებაში კი
გაიფიქრა, ღმერთო, ჩემს ქვეყანაში რომ იყოს თუნდაც ათი
ამისთანა განათლებული, შინაგანად გაფაციცებული,
გულისყურგახსნილი, გაგებას მოწყურებული, და თან უაღრესად
თავაზიანი ახალგაზრდა, ნამდვილად ავშენდებოდითო.
– ოჰ, ერეკლე მაგას ვერ გაიფიქრებდა, რადგან ათი
გიულდენშტედტისნაირი მაშინ დიდ რუსეთშიც არ იყო.
– კარგი, მეც ავდგები და ხუთს დავწერ, ნებას მაძლევთ?
– თუმცა ხუთიც მეტია, არ ძალმიძს, ნება არ მოგცეთ! – თქვა
სიცილით ბატონმა შალვამ და დიდ, რუხ თვალებში
ნაპერწკალი გაუკრთა, მაგრამ მაშინვე საქმიან კილოზე
გადავიდა: – მე მგონი, ორი რეფლექტორი სრულიად საკმარისი
იქნება.
– რა თქმა უნდა, – მყისვე დაეთანხმა თიკო, – ოთახში ჰაერი
რომ მოტყდება და ერთი და ერთი დათბება, მერე შეიძლება
მეტიც კი იყოს.
– წავედი აბა, – ბატონმა შალვამ პალტოს საყელო აიწია, და
კარისკენ გაიკვლია გზა.
გარეთ ცივი ქარი უბერავდა... კიბეზე რომ ჩამოდიოდნენ
ნაძვების გაბარჯღულ ტოტებს ქარი ერთმანეთს ახლიდა.
თიკო სახლში ფრთაშესხმული დაბრუნდა, სიხარულით იყო
სავსე, ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა. ქურქი არც კი
გაუხდია, ისე შევარდა სამზარეულოში, მაცივარი სწრაფად
გამოაღო, გეგონებათ, მწყურვალია და სულის მოსათქმელად
რაიმე დასალევს უნდა ეცეს და დაეწაფოსო, მართლაც, ქვედა
განყოფილებიდან ლიმონი გამოიღო, გაჭრა შუაზე, ონკანიდან
ჭიქაში წყალი ჩამოასხა, ლიმონი ჩაიწურა და ყლუპყლუპით
დალია.
– ქურქი მაინც გაგეხადა, რა ვქნა?! – უთხრა ბებია თინათინმა
და ბუფეტის კარი გამოაღო ჭურჭლის გამოსალაგებლად და
სუფრის გასაშლელად.
– არა, ბები, არა, შენ ხელი არ ახლო, დღეს მე უნდა
მოგემსახუროთ! – მოაძახა თიკომ და დერეფნისკენ გაიქცა,
ქურქი გაიხადა, სააბაზანოში ხელები სახელდახელოდ დაიბანა
და გაჩქარებული დაბრუნდა სამზარეულოში. სიყვარულის
მოზღვავებას გრძნობდა, იცოდა, ნიკოსთვის სადილობა
მხოლოდ და მხოლოდ ჭამა-სმა არ იყო, არამედ საოჯახო
რიტუალიც, რომელიც ოჯახის ყველა წევრს ერთად და
ერთდროულად უნდა შეესრულებინა; იცოდა, რომ ნიკო,
მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ბევრს მუშაობდა და დილიდან
საღამომდე ხშირად დაკავებული იყო, თავის წმინდათაწმინდა
მოვალეობად თვლიდა ოჯახის წევრებთან ერთად ტრაპეზის
გაზიარებას და არ უყვარდა, თუ ამ საოჯახო ანსამბლს
რომელიმე ხმა გამოაკლდებოდა და დაირღვეოდა ერთობლივი
და სრული საოჯახო ხმოვანება; აბა, რაღაა ის ოჯახი, თუ დღეში
ერთხელ მაინც ყველა ერთად არ მოიყრის თავს და ერთმანეთს
სიტყვას არ გაუზიარებსო. ჰოდა, უნდოდა თიკოს, გულით
უნდოდა, თავისიანებისთვის ესიამოვნებინა. სხვა დროს უკვე
გაშლილ სუფრაზე რომ მობრძანდებოდა და ყველა მის
შეციცინებაში იყო, ახლა თავი მოიქაჩლა, იაპონური,
გვირილიანი ჭურჭელი გამოალაგა, რომელსაც მხოლოდ
სტუმრიანობისა და ზეიმების დროს შლიდნენ, და ისე სწრაფად
გარბი-გამორბოდა, და გორგორებიან პატარა მაგიდასაც ისეთი
ძალით უბიძგებდა და მიათრუალებდა, რომ ფაიფურის
ჭურჭელს, ვერცხლის კოვზებს, დანა-ჩანგალსა და ბროლის
ფუჟერებს წკრიალი გაჰქონდა. თავისიანები ღრმა
რევერანსებითა და თავის დაკვრით მოიწვია მაგიდასთან,
ნიკოს კი გადასხვაფერებული კილოთი მოახსენა:
– ბატონო მამა, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი
კოლექციიდან ერთ ბოთლ საუკეთესო წითელ ღვინოს
შეელიოთ.
ნიკოს უყვარდა თავის შვილთან შეხუმრება და ასევე უპასუხა:
– რაკი ასეთი ძალით გაიღვიძა შენში, შვილო ჩემო,
დიასახლისის დაუცხრომელმა სულმა, მზად ვარ, გემსახუროთ,
– და ნაირ-ნაირი სასმელებით სავსე შემინულ კარადასთან
მივიდა, – აბა, რას ინებებდით, შვიდი წლის ახაშენს, ათი წლის
ოჯალეშს თუ უნგრულ ტოკაის?
– ოჯალეშსა და ტოკაის! – შესძახა თიკომ.
– თუ ხათრი გაქვს, ნიკო, ჩემთვის ახაშენი გამოიღე, თუ
ქეიფია, ქეიფი იყოს! – თქვა მარიკომ.
– ოოჰ, აბა, რა არის ქეიფი უსტუმროდ? ადექი, მარიკო,
თქვენებს დაურეკე, დედაშენი თუ დაიზარებს, დარეჯანი მაინც
ახლავე წამოვიდეს! – უთხრა ნიკომ ცოლს. უყვარდა ნიკოს უხვი
სუფრა, სტუმარი და გამასპინძლება. მართლაც, ისინიც მალე
შემოემატნენ და ნამდვილი ქეიფი გამოუვიდათ. თიკომ და
ღვინომ ყველა გაამხიარულა.
– თქვენ რას იტყვით, – ეუბნებოდა ნიკო თავის მეინახეებს, –
მოგდით თუ არა ქორწილის სუნი? ისე მოიქაჩლა თიკომ თავი,
ღმერთმანი, უნდა გავათხოვოთ! წარმოგიდგენიათ? ჩაისთვის
ალადებიც უნდა გამოვაცხოვო, თავის სიცოცხლეში რომ თეფში
არ გაუწევია...
ყველა ერთხმად დაეთანხმა ნიკოს. თიკომ კი თვალები
სასაცილოდ აახამხამა, ხელები გულზე მიიჭდო, ვითომ
მორცხვად თავი დახარა და მიკნავებული ხმით წარმოთქვა:
– მე როგორც მორჩილი შვილი... თანახმა ვარ... მერე კი
ხელები გაშალა, ისე დაიჭირა, თითქოს ფანდურს უკრავსო და
გატყლარჭული ხმით სიმღერა დაიწყო:

რაატო აღარ გამათხოვებ, მაამაჩემო ღვთისავარო,


გაანა ბატაარაიღა ვარ, ოცდახუთი წლიისა ვარო,
თორო ძმა-ქმაარას შავირთაავ, ქალ ისითაა ჭკვისაა ვარო...

ხელებს გამუდმებით ათამაშებდა, აქაოდა ფანდურს ვუკრავო,


თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული, ვითომ
კდემამოსილებითა და მორცხვობით, ხმასაც ისე აკაკანებდა,
ყველა სიცილით შესცქეროდა, მაგრამ ეჭვიან ნიკოს
მხიარულებასთან ერთად გაუელვებდა ხოლმე ფიქრი: ისე
სპეციფიკურად არის ატაცებული, ნეტა ვინმე ხომ არ
შეუყვარდაო. არც იყო საკვირველი ნიკოსაგან ასეთი დაეჭვება,
რადგან საკუთარი შვილის სისულელეების გამო ბევრი
გულისხეთქვა ახსოვდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თიკო
არავითარ ნდობას არ იმსახურებდა, – მას ხომ თავის დღეში
ჩვეულებრივი, ე.წ. „დადებითი პიროვნება“, წესიერი და მათი
ოჯახის შესაფერისი, არც მოსწონებია და არც ჰყვარებია (მე
ასეთები არც მაღელვებენ და არც მაინტერესებენო,) – ნიკოს
დღედაღამ რომ ეფიქრა, თავისი ეჭვიანობის მიუხედავად,
შალვათი გატაცებას და შალვას სიყვარულს ვერაფრით
წარმოიდგენდა, შალვა ხომ, მისი უახლოესი მეგობარი,
მამასავით იყო თიკოსთვის, შალვას ხელში იყო თიკო
გაზრდილი. განა წარმოსადგენი იყო, რომ თიკო ახლაც,
დაწოლის წინ, ჯაგრისით თმას რომ ივარცხნიდა, სარკეში თავის
თავს სწორედ შალვას თვალით უყურებდა და აფასებდა, „არ
ვაჭარბებ, მოსაწონია თიკო“, მღელვარედ ამბობდა თავის
გუნებაში, „თანაც, იცით, რა მოქნილია? არ გჯერათ?“. ჯაგრისი
მიაგდო, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ფეხები ზევით ასწია,
აათვალ-ჩაათვალიერა, მერე ყირაზე გადავიდა, მეორე მხარეს
წამოხტა, ფეხები განზე გადგა, ხელები შემართა და ნელ-ნელა
გადაწევა დაიწყო, „არ მიშველოთ, არ მიშველოთ-მეთქი! მე
თვითონ! აი, ხედავთ?“ თიკო თითის წვერებით იატაკს შეეხო,
ცოტაც და ხელისგულებითაც დაეყრდნო. მერე მოსხლეტით
შეინაცვლა ხელები, შემობრუნდა და სხარტად წამოდგა. „ხომ
გეუბნებოდით?!“. გაიცინა, „თუ გინდათ, შპაკატსაც გავჭიმავ და
თავზედაც დავდგები!“.
სასადილო ოთახიდან დიდი საათის რეკვა მოისმა. „რა
დამაძინებს? არა, რა დამაძინებს? ბებერი ჭადარიო,
ნამდვილად თავისი თავი იგულისხმა... შეგიხედავთ
ელექტრომრიცხველისთვის, როცა სახლში ყველაფერი
ჩართულია? ყველაფერი, ყველაფერი, ყველა წერტილი, უთოც,
ტელევიზორიც, მაცივარიც, რეფლექტორებიც, სარეცხი
მანქანაც, ჭაღებიც, მაცივარიც და ყველაფერი... სასახლის
ანთია ჭაღები, ანთია, ანთია, ანთია, სასახლის ანთია ჭაღები!
ყველაფერს ჭახჭახი გააქვს და მრიცხველის რგოლიც
სწრაფად, სწრაფად, სწრაფად ტრიალებს და წითელი ზოლიც
თეთრ რკალზე ისე ელავს, ერთ წუთში თვალს მოგჭრით...
ჰოდა, ასე ვარ ახლა მეც, გესმით? და თუ არ გესმით, მაშ,
გაიგეთ!“
ნიკოს, ყოველ შემთხვევაში, ესმოდა. ვინ და რა, ამას, ცხადია,
ვერ მიხვდებოდა, მაგრამ თავისი მოხიბლული შვილის
აფეთქებულ გულისთქმას თუნდ ცხრა მთას იქით იგრძნობდა.
ახლაც, თავის კაბინეტში სპეციალურ ჟურნალებს
ათვალიერებდა, თან გულისყური თიკოსკენ ჰქონდა. მარიკო
გვერდით, სასადილო ოთახში საკონტროლოს რვეულებს
ასწორებდა, წეღან საქმეს მორჩა, თიკოსთან შევიდა, მაგრამ
მაშინვე გამობრუნდა და აბაზანისკენ გასწია. ეტყობა, ან
სძინავს, ან რაღაცას საქმიანობს და არ უნდოდა, ხელი
შეშლოდაო, გაიფიქრა ნიკომ. სხვა დროს, თუ ორივე მოცლით
იყო, ძილის წინ უყვარდათ ურთიერთობა. ნიკოსაც ხომ არ
შეეძლო, ისე დაწოლილიყო, თავის შვილისთვის არ დაეხედა.
ახლაც ადგა, ფეხაკრეფით გამოვიდა კაბინეტიდან, ჩუმი
ნაბიჯებით გამოიარა გრძელი დერეფანი და სასტუმრო ოთახის
კართან გაჩერდა. თიკოს ოთახი სახლის ბოლოს, კუთხის ოთახი
იყო, ერთი სამკარიანი ფანჯარა და ორი კარი ჰქონდა,
რომელთაგან ერთი აივანზე გადიოდა, მეორე კი სასტუმრო
ოთახში, დერეფნის კარის მოპირდაპირედ, დარბაზს გადაღმა.
ეს კარი არასოდეს მიხურულიც არ ჰქონდა თიკოს, მითუმეტეს
ზამთარში, როცა ფანჯარასა და აივნის კარს სიცივის გამო ვერ
აღებდა; სივრცე უყვარდა თიკოს, არ უყვარდა დაგმანულ
ოთახში ყოფნა. ის კი არა, ჯერ კიდევ სულ პატარამ, სასტუმრო
ოთახის დიდი სარკე, რომელიც ნიკომ ომის შემდეგ ვენიდან
დაბრუნებული ერთი პოლკოვნიკისგან იყიდა, დარბაზის
სიღრმეში ისე დაადგმევინა, რომ მისი ოთახიც ხელისგულივით
ჩანდა და სივრცეს სივრცე ემატებოდა. უყვარდა ნიკოს თავისი
შვილის დანახვა ამ სარკეში, თიკოს ბავშვობიდან შემორჩა
ნიკოს ეს ჩვეულება... დერეფნიდან შემოსულ მკრთალ შუქზე
დაინახავდა დარბაზს, მივიდოდა, ამოუკეცავდა საბანს
ფრთხილად და ასევე ფეხაკრეფით გამოვიდოდა. თუ არ ეძინა,
ერთ წუთს შეხედავდა, რას აკეთებდა და რას საქმიანობდა,
ვინიცობაა გვიანობამდე ან კითხულობდა, ან წერდა, თავს
დაადგებოდა და სინათლეს გამოუთიშავდა. ახლაც ნიკომ
უჩუმრად შეაღო დერეფანში გამომავალი კარი, ხავერდის
ფარდის კიდეები გადასწია და სარკეს გახედა... და მაშინვე
დაინახა თიკო... მკაფიოდ, როგორც განათებულ ეკრანზე...
საწოლის კიდეზე იჯდა და რაღაცას წერდა. არა, ეს არ იყო ის
დავთარი, რომელშიც მეფე ერეკლეზე თხზავდა. ცალი ფეხი
შეეკეცა, მოხრილ მუხლზე დაკეცილი წიგნი ედო. დაწერდა
ერთ-ორ სიტყვას, გაჩერდებოდა, იქვე გადაშლიდა, თავს
აიღებდა, დაძაბულ მზერას სივრცეს მიაპყრობდა. ზოგჯერ
გაიღიმებდა... ზოგჯერ უკმაყოფილოდ გააქნევდა თავს,
ფანქარს კბილებით დაუწყებდა ღრღნას... მერე ისევ იწყებდა
წერას... ტუჩების ცმაცუნს მოჰყვებოდა, დაწერილს, ეტყობა,
კითხულობდა... სხვა დროს ნიკო აუცილებლად შევიდოდა,
გვიანია და დაიძინეო. მაგრამ ახლა ეჭვებმა მოიცვა,
ნამდვილად სასიყვარულო წერილს წერსო, და ნეტავ ვის უნდა
სწერდეს, ვისო... ამ შუაღამისას... სანახევროდ გახდილი და
შალმოხვეული... რომ გაცივდეს... არა, მაინც ვინ უნდა იყოს,
ვინ? და ის, რომ თიკო ვიღაცის გამო ძილს იკრთობდა, ის, რომ
სასოწარკვეთილი სახით ვიღაცას სიყვარულს ეფიცებოდა,
ეჭვიან ნიკოს გულს უკოდავდა, გამოცნობის წყურვილით
ავსებდა. უნდა იცოდეს, აუცილებლად უნდა იცოდეს, მამამ
ყველაფერი უნდა იცოდეს შვილისა! მითუმეტეს ისეთი გიჟმაჟი
შვილისა, როგორიც თიკოა. შენ დღედაღამ იმის ფიქრში იყო,
ფრჩხილი არ წამოსტკივდეს, არიქა, ცივი ნიავი არსაიდან
მოხვდეს და გამოვარდება ვიღაც მუტრუკი, გაუფრთხობს ძილსა
და დაუკარგავს მოსვენებას, ერთხელ და ორჯერ არ
დაჰკარგვიათ ძილიცა და მოსვენებაც... სიფრთხილეა საჭირო,
თვალი უნდა მიადევნოს... მთავარია, გაიგოს, ვისა სწერს. თიკო
უცებ წამოდგა. ნიკო შეკრთა, აქეთ ხომ არ აპირებს
გამოსვლასო, ის იყო, კინაღამ გამოტრიალდა, მაგრამ თიკომ
საწოლს შემოუარა, ფანჯარასთან მივიდა და დარაბა გამოაღო,
ფანჯრის მინებში ვარდისფერაბაჟურიანი, განათებული
ტორშერი აირეკლა. თიკო გადმოიხარა, ტორშერის ზონარს
ხელი ჩამოჰკრა და სინათლე გამოთიშა. ერთბაშად
ჩამობნელდა. ნიკომ მზერა დაძაბა. სარკის სიღრმეში
დათოვლილი ნაძვის მკრთალი სილუეტი აღმოცენდა. თიკო
ორივე ხელით რაფას დაეყრდნო, გადაიწია და სახე ლამის
მინას მიაბჯინა... თითქოს დათოვლილ ბაღში, გადათეთრებულ
ბილიკზე ვიღაცის გამოჩენას ელისო...
მეორე დილით თიკო ადრიანადვე წავიდა – სამსახურამდე
ნადიკვარზე მინდა თოვლში ვირბინოვო. მას მარიკოც მიჰყვა,
პირველი გაკვეთილები ჰქონდა და ცხრის ნახევარზე უკვე
სახლიდან გავიდა. ნიკო კი ფეხს ითრევდა. ჯერ დრო ჰქონდა
კიდეც, დედაც ნელა დგებოდა, ისე, რომ მარტოს შეეძლო
ებუდარავა თიკოს ოთახში, იქნებ რამისთვის მიეკვლია კიდეც.
რაც მთავარია, წუხანდელი წერილისთვის... ნიკომ საგანგებოდ,
თუმც შეუმჩნევლად მიადევნა თვალი თიკოს, წუხანდელ
დაწერილ წერილს ჩაიდებდა თუ არა ჩანთაში და წაიღებდა თუ
არა თან. დერეფანში ქურქს რომ იცვამდა, ნიკოც გამოვიდა,
ჯიბიდან თუმნიანი ამოიღო და სთხოვა: იქნებ სახელგამში
შეიარო და ხელმოწერის წიგნები თუა მოსული, წამოიღოვო.
თიკომ ჩანთა გახსნა, ფული ჩაიდო, დასრესილი ცხვირსახოცი
ამოიღო ჩანთიდან და ერთი წუთით შინ შებრუნდა ახალი
ცხვირსახოცის გამოსატანად; გადახსნილ ჩანთაში ქაღალდის
ნასახი არ ჩანდა. და მართლაც, არაფრის ძებნა არ დასჭირდა
ნიკოს, რადგან წუხანდელი წიგნი, ზედ დადებული
აჭრელებული თაბახით, საწერ მაგიდაზე იდო. ნიკოს გული
შეუტოკდა, სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან სათვალე და თაბახს
დახედა. მთელი თაბახი დაწერილი და გადახაზული იყო,
მაგრამ აქა-იქ ჩანდა გადაუხაზავი ფრაზები, თიკოს წვრილი,
წვრილი ხელით ნაწერი. ნიკომ საგულდაგულოდ ჩაათვალიერა
თაბახი და დაინახა, რომ გადაუხაზავი ფრაზები თაბახის ერთ
კიდეზე ლექსად იყო გამოკრეფილი. აი, თურმე რას წერდა
თიკო. ნიკო ეცადა ნელა, დაკვირვებით წაეკითხა და აი, რა
წაიკითხა:

სამოსი შენი განუძარცვავთ


ნოემბრის ქარებს,
გაშიშვლებული და გათოშილი, –
მიაპყრობს მზერას ზეციერის
აღსავლის კარებს,
მამა-უფალმა გადმოგხედოს
კვლავაც წყალობით,
გაშოროს ყინვა ულმობელი,
დაგიცხროს დრტვინვა,
შეგიმსუბუქოს კირთება და
გაგიქარწყლოს აღსასრულის
მწარე ლოდინი...
კვლავ მოგივლინოს გაზაფხული,
კვლავ მოგანიჭოს შენ აღდგომა,
და ზურმუხტის შესამოსელი...
ო, მე კი... მე კი...
შენი დობილი,
გადამაქციოს მგალობელ ჩიტად,
შენს გრილ უბეში დამიდოს ბინა,
რომ გიგალობო,
გიგალობო, დიდო ჭადარო,
სიყვარულის საგალობელი.
ნიკომ შვებით ამოისუნთქა. ეს არამცთუ სასიყვარულო
წერილი, სატრფიალო ლექსიც კი არ იყო. ჭადარი! ჩვენი
ჭადარი! ალბათ, მოულოდნელობისაგან, ლამის გულიც კი
აუჩუყდა. თვალი რომ გაახილა და ქვეყანა დაინახა, ეს დიდი
ჭადარიც ხომ მაშინ დაინახა. ვინ მოთვლის პატარა ბიჭობაში ამ
დიდი ჭადრის ქვეშ რამდენჯერ ლახტი და კაკლაობა უთამაშია...
მის გაბარჯღულ, ამოკუზულ ფესვებზე რამდენჯერ ასკინკილით
უხტუნია. ერთხელ, სანაძლეოზე ოცჯერ შემოუარა ასკინკილით
ისე, რომ არც ფეხი შეუნაცვლებია, არც ფესვებიდან
გადმომხტარა... აღარც კი ახსოვდა ნიკოს, და ახლა ამ ლექსმა
გაახსენა... თიკომ გაახსენა... როგორ უყვარდათ ჭადარზე
ასვლა და იქ აჭრიახებული ბეღურებივით ტოტიდან ტოტზე
ხტომა... ახლა ისე აუვლ-ჩაუვლის, იქნებ არც კი შეხედოს... და
თუმცა მას ბებერი ჭადარი სიცოცხლეზე მლოცველად
არასდროს წარმოედგინა, ახლა, ამ ლექსის წაკითხვისა და
ჩაკირკიტების შემდეგ, ასე ეგონა, თითქოს ოდესღაც, ადრე,
სიყმაწვილეში, ზამთრის დადგომისას, მასაც შეუხედავს
ჭადრისთვის ამ თვალით, მასაც დასწყვეტია გული მის
მარტოობაზე, სიშიშვლეზე, სასოწარკვეთაზე, და ამ ლექსმა
მხოლოდ და მხოლოდ გაახსენა ადრე განცდილი და შემდეგ
დროთა სვლაში მივიწყებული შთაბეჭდილებები და
წარმოდგენები. შორი მოგონება ამოუტივტივდა ნიკოს: ზამთრის
პირის ერთ გაცრიატებულ საღამოს დედამ პაპიდა დაროსთან
მოსაკითხი ნობათით რომ გაგზავნა და პაპიდა კი მკვდარი
დახვდა... ბუხრის წინ ლურჯი ხავერდის ფოჩებიან სავარძელში
იჯდა და, გეგონება, მოღუდღუდე ნაკვერჩხლების ყურებასა და
ქარვის კრიალოსნის თვლაში ჩასძინებიაო. ჩიხტიკოპი ჰქონდა
მხოლოდ გვერდზე მოქცეული. ჭადრის უბანში ცხოვრობდა
პაპიდა დარო და იმ გაცრიატებულ საღამოს უკან მობრუნებულ,
შეშინებულ ნიკოს განსაკუთრებით მკაფიოდ (ან შეიძლება
ახლა, ამ ლექსის კითხვისას ეჩვენებოდა ასე) დაახსომდა
ჭადრის სველი, დაწერნაქებული ფოთლებით სავსე ორღობე და
თვითონ ჭადარი, უზარმაზარი, მართლაც გაშიშვლებული და
გათოშილი, ჩიტებისაგან, ბავშვებისაგან მიტოვებული,
გაზაფხულზე და სიცოცხლეზე მლოცველი და მავედრებელი.
ნიკომ თაბახი საწერ მაგიდაზე დადო და სასაუზმოდ
სამზარეულოში გავიდა. დედა უკვე მოწესრიგებულიყო კიდეც
და ნიკოს გაგუზგუზებულ ქურაზე ერბოკვერცხს უკეთებდა.
– დედა, აბა, თუ გახსოვს, აკაკი წერეთელი რომ ჩამოვიდა,
ნადიმი სად გაუმართეს? – და ნიკომ გაფუშფუშებული,
აშიშხინებული ერბოკვერცხი გადმოაბრუნა, მაშინვე გადმოდგა
სადგარზე და დედას ღიმილით შეხედა. მოხუცმა ქალმა ნიკოს
თითი დაუქნია:
– ვითომ არ იცი, დიდი ჭადრის ქვეშ.
საქმე ის არის, აკაკის ჩამოსვლა მათი ოჯახის სანუკვარი
მოგონება იყო, მრავალჯერ მოყოლილი და ნაამბობი. ზეპირად
იცოდა ნიკომ, რომ დედა მაშინ წმინდა ნინოს სასწავლებელს
ამთავრებდა, რომ გოგონები ყვავილების გვირგვინებით
შეეგებნენ აკაკის ეტლს ქალაქის შემოსასვლელში და კიკუშა
სულხანიშვილის ლოტბარობით „მიჯაჭვული ამირანი“
უმღერეს... რომ დიდი ჭადრის ქვეშ გამართულ ნადიმს, აკაკის
ლექსებზე გაზრდილი, თექვსმეტი წლის გულაჩქროლებული
გოგონა პაპიდა დაროს აივნიდან ბინოკლით გაჰყურებდა და
სწორედ მაშინ მოეწონა და შეუყვარდა ერთ-ერთი
მონადიმეთაგანი, თავისზე ოცი წლით უფროსი,
კაზმულსიტყვიერების მასწავლებელი გიორგი აბელიშვილი,
ნიკოს მამა.
– უყურე შენ, მამაშენი ვნახე წუხელ სიზმარში და აი, ამაზე
ამიხდა, იმ ნადიმზე რომ ჩოხა ეცვა, ლურჯი, წმინდა მაუდისა, იმ
ჩოხაში ვნახე სწორედ...
– ვინ იცის, დედა, ასეთი სანიმუშო ჭადარი რომ არ
ყოფილიყო ჩვენს ქალაქში, ნადიმს ჭადრის ქვეშაც ვერ
გამართავდნენ და მეც ვერ მოვევლინებოდი ამ ქვეყანას.
– რა უცნაურად ლაპარაკობ, შვილო, რვაასი წელია ეგ
ჭადარი დგას და რაღა მაშინ უნდა გადაშენებულიყო?! – ლამის
შეიცხადა თინათინმა, – და მე გიორგი არ მენახა?! მართლა რა
უცნაური კია, ერთ ქალაქში ვცხოვრობდით, და თვალი არ
მომეკრა...
– მამა ხომ ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა, შინ კიდევ მკაცრი
მამა გყავდა, წარამარა არ გიშვებდა სახლიდან და მიკვირს
კიდეც ამდენად უფროსს როგორ გაგაყოლა!
– მარტო უფროსს? სამშვილიან ქვრივს! – სიამოვნებით და
რაღაც თავმოწონებითაც წარმოთქვა თინათინმა, – გადაირია
საწყალი... მუხლებზე შემოვეხვიე, ჩემს სიცოცხლეში არც ქმარზე
ვიფიქრებ და არც შვილზე-მეთქი... წავალ შუამთაში,
მონაზვნებთან, და მკვდარსაც დამკარგავ და ცოცხალსაც
მეთქი!
–კი იყო მამა სიყვარულის ღირსი, – თქვა ნიკომ.
– ხომ მითქვამს, მაშინ აკაკის ისეთი სადღეგრძელო უთხრა,
თან ლექსად, ყველა იცრემლებოდა...
თინათინი ადგა, კარადის უჯრიდან თაფლის სანთელი
ამოიღო, პაწია სასანთლეში ჩადგა, აანთო და მაგიდაზე
გადმოდგა.
ნიკო საუზმობას რომ მორჩა და წასვლა დააპირა, ის იყო,
უნდა გასულიყო, დედას გამოხედა:
– თუ მოასწრებ, დედა, შვინდის შეჭამანდიც გააკეთე, ხომ იცი,
თიკოს ძალიან უყვარს... – კარი ფრთხილად გაიხურა და
წავიდა.
დავდე შენს ფერხთით
იის ყვავილი.
ანა კალანდაძე

თიკო კი დარბოდა ნადიკვარზე თოვლში და ისეთ


მოზღვავებულ ენერგიას გრძნობდა, ასე ეგონა, მთელი დღე
რომ ვირბინო, არ დავიღლებიო; თან წუხანდელ შეთხზულ
ლექსს იმეორებდა და იმეორებდა... რა სიამოვნებით
მიუძღვნიდა შალვას, დიიდი გრძელი წარწერით... ვუძღვნი
შალვას... ბავშვობიდან ხომ შალვას ეძახის და... ოღონდ
ბავშვობიდანვე თქვენობით ელაპარაკება... მუზეუმში კი,
როგორც სხვები, თვითონაც ბატონობით მიმართავს... ოჰ,
როგორ გააჭრელებდა მიძღვნას... ახლა ამ მიძღვნის ტექსტმა
გაიტაცა, როგორ მიუძღვნიდა... შალვას, სიძველეთა
მოჭირნახულეს... ძეგლთა მფარველს... გაახსენდა, კოჭი რომ
გაიტეხა, მეცხრე კლასში იყო მაშინ, ჯერ ისევ ყავარჯნებით
დახანხალებდა სახლში, შალვა მოვიდა აღელვებული, ძეგლზე
მივდივართ, გურჯაანის ყველაწმინდაზე და თიკო მინდა
წავიყვანოვო, ამხელა გოგოა და ყველაწმინდა, ასეთი
მნიშვნელოვანი ძეგლი არ უნახავსო. ჭყიტა თვალები ნიკომ,
რას ამბობ, ვერა ხედავ ყავარჯნებით არის და ჯერ არც
გასულაო, მერე რაო, ყავარჯნებით წამოვაო, მარიკომაც მხარი
აუბა და წავიდნენ ყველანი... არა, არა, „მფარველს“ არ ვარგა,
საჭიროა უფრო ამაღლებული სიტყვა... ჰო, ქართულ ძეგლებზე
გამიჯნურებულს... იმიტომ რომ, ვისაც არ უნახავს შალვა
ძეგლთან, ის ნურც იტყვის ვიცნობო, ოო, რა პათოსი
დაეუფლებოდა ხოლმე, რა ზეაწეული კილოთი, რა მაღალი
შტილით შეამკობდა ხოლმე ამ ძეგლებს, ფშავლის „კოხტა
ღვთისმშობელი“ იქნებოდა ეს, თუ ქვემო ხოდაშნის „მამა
დავითი“, მწყაზარი და კოკროჭინა კვეტერა თუ ძველი შუამთა...
ხოლო რაც შეეხება ალავერდს, წელიწადში რამდენჯერმე რომ
არ ენახა, არც შეეძლო და რომლის გამო ამბობდა ხოლმე, რაც
ანთეოსისთვის იყო დედამიწა, ძალ-ღონის აღსადგენად, ის
არის ჩემთვის ალავერდიო... განსაკუთრებით, როცა
შემომწოლია დარდი ჩვენი ქვეყნის უბედო ბედის გამო, როცა
შევუპყრივარ სასოწარკვეთას ჩვენთა მოძმეთა
ზნედაცემულობის გამოისობით, წამოვსულვარ ალავერდში,
ვითარცა განსაწმენდელში, რომ კვლავ მეგრძნო ქართული
ნიჭის აელვარება, კვლავ განმეცადა ამ დიდებული ტაძრის
სიდიადე და ერთობლიობა, ჰაეროვნება და სწრაფვა
ზეცისკენო.
თვითონაც მოუნდა ალავერდის დანახვა, თუნდაც შორიდან,
ნადიკვრიდან ხომ კიდევაც ჩანდა; ფერდობისკენ გაიქცა,
საიდანაც დიდი პანორამა იშლებოდა, მაგრამ დაბურული იყო
ალაზნის ველი, თვალები მოწკურა, და ვერაფერი დაინახა...
რამდენი ხანია, ძეგლზე არ ყოფილან, ბატონ შალვას ერთი
წუთი დრო აღარა აქვს, დილიდან საღამომდე ჩაბმულია
მუზეუმის რესტავრაციის, გაფართოებისა და მოწყობის
საქმიანობაში, სადოქტორო თემაზე მუშაობაც კი დროებით
შევწყვიტეო, ჩივის ხოლმე. მაგრამ თიკოსთვის კი რა კარგად
მოეწყო, რა შესანიშნავად... მოაწესრიგოს მეციხოვნის ოთახი?!
გადააქციოს მყუდრო ბუდედ?! სიყვარულის ბუდედ... ოო, ეს
სიგიჟეა... მაგრამ რა ანდამატი აქვს საიდუმლო სიყვარულს?!
რა მტანჯველია... რა ბორგნეული... უკიდურესად
გამძაფრებული... მაჰალია ჯექსონის სიმღერასავით. ჰო, რა
თქმა უნდა, პატარა მაგნიტოფონს წაიღებს, ლუი არმსტრონგისა
და მაჰალია ჯექსონის კასეტებით... მათი სმენისას ისედაც
განცდით ივსები... სიყვარული გეუფლება... სახე უხურდა,
თოვლი მიისვ-მოისვა, ხელსახოცით გაიმშრალა, მაგრამ
მაშინვე მიიხედ-მოიხედა, ნადიკვარზე არავინ იყო და თოვლიან
ფერდობზე დაგორდა, როგორც ბავშვობაში, გორი-გორით
ჩავიდა ბოლომდე... მერე თოვლში „კაციც დახატა“. ქურქი
გაიხადა, დაბერტყა, თოვლი გააცალა...
ფონდების მცველებმა, ლიზიკომ და დარეჯანმა უთხრეს:
კარადები სულ მარქსიზმის კლასიკოსების აურაცხელი ტომებით
არის გამოჩურთულიო, ცხადია, იძულებით გამოწერილი
ტომებით... ჰოდა, პირველ რიგში სწორედ ამ ტომებს
გადაიტანდნენ ფლიგელში, ფანერის დაფხავებულ კარადებს
ჩაიტანდნენ ქვევით, დროებით ჭიშკრის შესასვლელთან
მიაყუდებენ და ჭიაკოკონობას ერთ კარგ კოცონს გააჩაღებენ...
საბოლოოდ გახედა დათოვლილ კავკასიონს და სრიალ-
სრიალით დაეშვა ნადიკვრის ქუჩისკენ... მონადირეთა
კავშირთან, საავადმყოფოსკენ მიმავალმა ნიკომ თვალი
მოჰკრა თავის შვილს, რომელიც სწრაფად მისრიალებდა
დაღმართისკენ, გაბადრული და თვალებანთებული. ნიკოს რომ
გაეგო, რა ამოძრავებდა კიპარისის ტანს და ჩუმი შრიალიც
საიდან ისმოდა, გულიც შეუწუხდებოდა, მაგრამ, რადგან ახლა
მაინც ვერ გაიგებდა, ლამის ნეტარი მზერა გააყოლა თავის
„მშფოთვარე და დაუდეგარ“ თიკოს.
მართლაც, სულ მალე მეციხოვნის ოთახს ვეღარ იცნობდით.
რაც გადასატანი იყო, გადაიტანეს ფლიგელში, ძველი ყუთები,
დაფხავებული კარადები ქვევით, დასაწვავად ჩაიტანეს,
დამლაგებელმა იქაურობა დაასუფთავა, ძველი ჟურნალ-
გაზეთები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა კარგად
გაწმინდა, მტვერი გააცალა და კედლებთან ირგვლივ წყობისად
მიალაგა, ფანჯრები, წლობით გაუწმენდავი, დაამარმარა,
ჰაერმა გაინავარდა, დახშული, მძიმე სუნი გააქარწყლა,
რეფლექტორებმა გაათბეს და გამოაშრეს ოთახი, შუაში კარგა
ადგილმა მოიცალა, თიკოს მომცრო მაგიდა, ტაბურეტი და
სკამი ამოუტანეს, თვითონ კი სახლიდან ერთი ძველი,
გადაგდებული სავარძელი მოიტანა, ამას მოაყოლა პაწია
ელექტროქურა, საყავე, ყავა და პარკით შაქარი, მაგნიტოფონი
და კასეტები; იქნებ საღამოობითაც მომიხდეს მუშაობაო და
ფერადი ქაღალდებისგან აბაჟური გამოჭრა, წვრილ-წვრილი
ნაკეცები გაუკეთა და ისიც ჩამოკიდა... და ბოლოს და ბოლოს
დიდი ხალისით შეუდგა მუშაობას. კიდევ ის ახარებდა, რომ ეს
გამოცალკევებული, ფარანივით ოთახი, ირგვლივ შესანიშნავი
ხედით, ეგრეთწოდებული შემოქმედებითი მუშაობისთვისაც
განაწყობდა. ადრიანად მოვალო, ფიქრობდა, როცა კი
შევძლებო, და სამუშაო დღის დაწყებამდე, ჩემთვის წყნარად
ვიმუშავებო, ზოგჯერ კი საღამოთიც დავრჩები, შალვაც ხომ
რჩება ხოლმეო... და მთავარი ხომ ეს იყო, თიკო ხომ ამ
ფიქრითა და განცდით იყო მოცული, შალვასთან რაც შეიძლება
ხშირად დარჩენილიყო მარტო... სრულიად მარტო...
ბატონმა შალვამ ქალები რომ ამოიყვანა აქაურობის
სანახავად, თიკო ყავითა და ფრენკ სინატრას გულში
ჩამწვდომი სიმღერითაც გაუმასპინძლდა. იცოდეთ, ყავის ბარს
ვხსნიო და ვისაც როდის მოგესურვებათ, მობრძანდით და
მოგართმევთო. სიცილით ეუბნებოდა ყველას. მუზეუმში ახლა
დიდი მუშაობა მიდიოდა, ყველა მუხლჩაუკრეფავად შრომობდა,
ინსტიტუტის გადასვლის შემდეგ მოსაწესრიგებელი იყო
მუზეუმის მდიდარი ფონდები, აქამდე, სივიწროვის და
უადგილობის გამო, ორივე ეკლესიაში, პატარა კარის
ეკლესიაშიც და დიდ ტაძარშიც, თაგვი ფეხს მოიტეხდა ამ
მიჯრით მიწყობილ სკივრებსა, კარადებსა და მაფრაშებს
შორის, აქ იყო არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი
მეთუნეობის საუცხოო ნიმუშები, ფარდაგები და ხალიჩები,
სურათები, ადგილობრივი, ძველი ოსტატების გაკეთებული
ჩუქურთმებიანი კარადები და ტახტები, ეთნოგრაფიული
ტანსაცმელი, აურაცხელ საქაღალდეში დაბინავებული
ფოტომასალა, და კიდევ ვინ მოთვლის, რა. ეს ყველაფერი
განიავებას, გაწმენდას, გასუფთავებას, სათანადო
მოწესრიგებასა და დალაგებას და შემდეგ კი
განთავისუფლებულ დიდ ფლიგელში განთავსებას მოითხოვდა,
ანუ დიდ გარჯასა და ძალისხმევას, ამიტომაც ფონდის ქალები,
ლიზიკო და დარეჯანი თავაუღებლივ შრომობდნენ, თუ მუზეუმში
დამთვალიერებელი არ იყო, მათ მცველებიც ეხმარებოდნენ
ხოლმე. ერეკლეს ოთახში მხოლოდ ქალბატონი ნინო რჩებოდა
თავის საწერ მაგიდასთან. რაც შეეხება ბატონ შალვას, მას ხომ
ერთი წუთი დრო აღარ ჰქონდა, მისი დიდი მეცადინეობით,
მუზეუმის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყდა სასახლის
რესტავრაცია, რისთვისაც საჭირო იყო პირველ რიგში
სასახლის ნაწილის გამოვლენა, ანუ, მიშენებული, მოშენებული,
დაშენებული და ჩაშენებული ნაწილისგან მისი
განთავისუფლება, ხოლო შემდეგ აღდგენა... ამასთანავე,
მიმდინარეობდა ფლიგელისა და სამრეკლოს რემონტი, ასე
რომ, ბატონი შალვა დილიდან საღამომდე დაკავებული იყო
ხან არქიტექტორთან, ხან დურგლებთანა და მღებავებთან, ხან
კი თანხებისა და მასალის მოსაპოვებლად მიდი-მოდიოდა
თელავსა და თბილისში... ასეთი მოუცლელობის გამოც ყველა
მიელტვოდა ერთი წუთით თიკოსთან არბენას, სულის მოთქმას,
შექაქანებას, და ცხელი, სურნელოვანი ყავით მომაგრებასა და
გახალისებას. თიკო ყველას სიამოვნებით ხვდებოდა, მაგრამ
გულის კანკალით ბატონი შალვას გამოჩენას ელოდა... და
თუმცა ხანმოკლე იყო ეს შეხვედრები, მეტისმეტად ხანმოკლეც,
იქნებ სწორედ ამის გამო, კიდევ უფრო სანუკვარი და
ამაღელვებელი. სანამ თიკო ყავას უტრიალებდა, ბატონი
შალვა აღრიცხულ წიგნებს თვალს ჩაავლებდა, კატალოგებს
დახედავდა, მერე მოშორებით, ფანჯარასთან სავარძელში
ჩაჯდებოდა ყავის ფინჯნით ხელში და ნელა, სვენებ-სვენებით,
გემოს ჩატანებით წრუპავდა ყავას... აი, რა კარგია, რომ
სავარძელი მოიტანა თიკომ სახლიდან, ასე მყუდროდ სკამზე
ხომ ვერ მოკალათდებოდა... გეგონება, დიდი ხნით აპირებს
დარჩენასო... სიამოვნებდა აქ ყოფნა, ყავაც და თიკოსთან
ურთიერთობაც...
– იცი, თიკო, – ხუმრობის კილოთი ამბობდა, განგებ მაღალი
შტილით, – ჩვენ ხომ მარადიულობის მსახურნი ვართ... აბა
როგორ, მუზეუმი, ასე ვთქვათ, ნავთსაყუდელია მარადისობისა
და, ალბათ, ამიტომ ყოველი ტაიმაუტი გაბრუნებს
წამიერებასთან, გაგდებს წამიერებაში, რომელიც ასეთი
მომხიბლავია, გაბრუებს და გატყვევებს, გავსებს სიცოცხლით,
გმატებს ძალ-ღონეს...
– რომ შემდეგ გაათკეცებული ძალით შეუდგეთ
სარესტავრაციო სამუშაოებს, და მითხრათ, როგორ შემოსავთ
იმოდენა სატახტო დარბაზს, სადაც ინსტიტუტს სააქტო დარბაზი
ჰქონდა, ან როგორ მოაწყობთ კარის ეკლესიას?
გამოგიტყდებით, თუ აქამდეც არ მითქვამს, მე რაღაცას ვჩხაპნი
და მინდა, ცოცხლად წარმოვიდგინო...
– ხალიჩები, ძირითადად ხალიჩები, ყარაბაღის, შირვანის,
ისპაჰანის, სუზანები და ფარდაგებიც თახჩებში ვერცხლის
ჭურჭელი... ალბათ, ჩუქურთმიანი სკივრები და რიკულებიანი
თახჩები... თანდათანობით, ნელ-ნელა შევიძენთ ყველაფერს...
გარდა ხატებისა... კახეთის მეფეებს კარგი საოქრომჭედლო
სახელოსნოები ჰქონდათ ხატების შესამოსადა და შესამკობად,
შესანიშნავი ხატმწერებიც იყვნენ ამ ჩვენს თელავში...
– და ყველაფერი განიავდა, არაა? აღარც ერთი ხატი არ
შემორჩა სასახლეში.
– დარეჯან დედოფალს მოეწერა პეტერბურგიდან,
სავარცხლები და კალმები გამომიგზავნეთო, თან იმასაც
იწერებოდა თურმე, მე რაღა საკითხავი ვარო. ასჩუყებოდა
გული მღვდელ თურქესტანიშვილს, და ისე ასჩუყებოდა,
წასულიყო პეტერბურგს, სავარცხლებიც წაეღო, კალმებიც,
ჩურჩხელებიცა და ტყლაპებიც... დარეჯანს თელავიდან ჰქონდა
თურმე წაღებული ძვირფასი ხატი წმინდა გიორგისა, ჯერ კიდევ
ქეთევან დედოფლიდან მომდინარე, სანიმუშოდ შემკული,
ტიხრული მინანქრითა და პატიოსანი თვლებით; ეთქვა თურმე
თურქესტანიშვილს, მწუხარებს ხატი, თავის ადგილს
მოცილებული, თავის ტაძარს დაშორებული, ტყვეობაში მყოფი...
ნუ დაუკარგავთ საუნჯეს ჩვენს ქვეყანას, დააბრუნეთ თელავს ეგ
წმინდა გიორგი, დედოფალო, ჰყავდეს მფარველად ერეკლეს
ქალაქს, თავის ადგილას სულ სხვა ძალას მოიკრებს, სულ სხვა
მადლს დააფრქვევსო“... წარბები შეყარა თურმე დარეჯანმა,
ეგეთ ქართულს როგორ მეუბნები მე საწყალს და საცოდავსო,
ოჯახ-დამხობილსო, ჩემს ქვეყანას მოცილებულს, ჩემს მიწა-
წყალს, ჩემს ქალებსო... ეს წმინდა გიორგია ჩემი სალოცავი,
ჩემი ირაკლი ლოცულობდა ამ ხატთან და მეც, სანამ ცოცხალი
ვარ, ამ ხატს გვერდიდან ვერ მოვიცილებო... აბა, მამაო,
წაბრძანდით იოვანე ბატონიშვილთან, იქაცა ნახავთ
უძვირფასეს ხატსა, ღვთისმშობლისასა, ლეონ კახთა მეფის
შემკულსა, თელავის კარის ეკლესიიდან წამოღებულსა, ჩემი
ირაკლის უსაყვარლეს ხატსა და იმასა სთხოვე, რას გეტყვისო...
თიკომ ტაში შემოსცხო:
– რა კარგად იამბეთ?! მე ამას აუცილებლად გამოვიყენებ
სადმე, კარგი? ხომ ნებას მაძლევთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ კარის ეკლესიის შემოსვას რომ
ამბობდი, აბა, რით უნდა შევმოსოთ და გავაპატიოსნოთ?
ერეკლე იყო ღარიბი მეფე, მაგრამ ძვირფასი ხატები და ოქროს
ნაწარმი საკმაოდ მოეპოვებოდათ... აქედან კი ყველაფერი
წაღებულია, ჯერ მაშინ და შემდეგ კი რევოლუციის დროს...
– მე მოვიფიქრე! – შესძახა თიკომ, – ბიჭიას უნდა შევუკვეთოთ
რამდენიმე ხატი, ღვთისმშობლისა, წმინდა გიორგისა, წმინდა
ნიკოლოზისა... ხომ კარგი იქნება?!
შალვა იღიმებოდა, შეჰხაროდა თიკოს ახალგაზრდულ
ენთუზიაზმს:
– მაგის დროც მოვა... ჯერ სასახლის გამოვლენაა საჭირო და
რესტავრაცია...
თიკო ერთბაშად ახალი ძალით აენთო:
– რომ იცოდეთ, მე დამჭირდა და ერთგან აღწერილი მაქვს,
ისე, მცირედ, დაწვრილებით კი არა, თელავის სასახლე, და
ძალიან მაინტერესებს, დაშენებული სართულის მონგრევისა და
სასახლის გამოვლენის შემდეგ ოდნავ მაინც თუ დაემთხვევა
ჩემი წარმოდგენილი სასახლე თქვენ მიერ აღდგენილს? ხო
საინტერესოა, არა?
– ოოო, ძალიან! – გულიანად იცინოდა ბატონი შალვა.
იმ მცირე დროის განმავლობაში, იმ ტაიმაუტების დროს
რაღაზე არ საუბრობდნენ, რაღაზე არა, ბატონი შალვას მიერ
გამოვლენილ კახეთის უცნობ ძეგლებზე, ელიზბარისა და
შავლეგოს წერილებზე, ორსართულიან შენობაში სურათების
გალერეის გახსნაზე... მაგრამ, ამასთანავე, ბატონ შალვას
რატომღაც ახალისებდა თიკოს ბავშვობის გახსენება, ხან იმისა,
ლელიკოსთან ფორტეპიანოზე რომ დადიოდა, რას უკრავდა და
როგორ უკრავდა... თვითონ ბატონი შალვა ბავშვობიდან
სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მოყვარულის დონეზე
კარგადაც უკრავდა, განსაკუთრებით უყვარდა ბეთჰოვენის
სონატებისა და შუმანის საფორტეპიანო ოპუსების დაკვრა.
თავის ცოლთან, ლელიკოსთან ერთად მოცარტის
სიმფონიებსაც უკრავდნენ ხოლმე ხელით... ერთხელ კი ის
გაიხსენა, შუამთაში რომ წავიდნენ. მაშინ თიკო ხუთი-ექვსი
წლის იქნებოდა, და რომ დაიკარგა. ეძებენ, ეძახიან, მაგრამ
ამაოდ...
– მარიკოც კი, ისეთი მშვიდი და აუღელვებელი, ლამის თმას
იგლეჯდა. აღელვებისაგან ყველას დაგვავიწყდა, რომ ხეებზე
ძრომიალი გიყვარდა, ჰოდა, იჯექი უზარმაზარი წიფლის
კენწეროზე, ჩამოჰყურებდი ჩვენს ალიაქოთს და ხმას არ
იღებდი.
– თქვენ და მამა ფიჩხზე წახვედით, ელიზბარიც აგედევნათ,
დედამ და ლელიკომ პირი პირს ჩააბეს და ჭორაობა გააჩაღეს,
მეც ავდექი და ჩუმად ავძვერი ხეზე, მთლად კენწეროზე ვიდექი,
წიფელი ხომ ძალიან მოქნილი და დრეკადია, სულ აქეთ-იქით
მაქანავებდა და მახსოვს, მაშინაც ისე მსიამოვნებდა, ისე, ისე,
მეტი რომ არ შეიძლება...
– შენ გსიამოვნებდა და ჩვენ კინაღამ გავგიჟდით... – ამბობდა
სიცილით შალვა.
იმ დღესაც, ჩაჯდა თუ არა სავარძელში და დათოვლილ ბურჯს
გახედა, იცი, ახლა რა გამახსენდაო, თქვა, ამ ბურჯიდან რომ
ეშვებოდი, მოქროდი ცალ ფეხზე, და მე და ნიკო შიშით
შემოგყურებდით... არა, მაინც რა მჩქეფარე იყავი... – და თიკოს
ღიმილით შეხედა...
– ეგ, იცით, როდის იყო? – აიტაცა თიკომ მაშინვე ეს შორეული
მოგონება, – ძია თორნიკე რომ გარდაიცვალა, ქეთინოს მამა, –
ისეთი აღფრთოვანებული ამბობდა, თითქოს ამაზე
სასიხარულო არაფერი იყო.
– მართალია, ეს ის დღე იყო, თორნიკეს დასაფლავების დღე,
მე ჯერ მუზეუმში უნდა შემევლო და ნიკო მომყვებოდა, მერე კი
პანაშვიდზე უნდა ჩავსულიყავით.
– მე და ციალამ წინა დღეს თოვლი დავტკეპნეთ და წყალიც
დავასხით, ჰოდა, სარკესავით ლაპლაპებდა საცურაო. მე
ადრიანადვე გამოვუარე ციალას, რომ დასაფლავებამდე გული
კარგად გვეჯერებინა. მაგრამ სრიალით გულის მოჯერება
ჩვენთვის ხომ არ არსებობდა?! „ოჰ, ღმერთო ჩემო, ამბობს
ციალა და გალიპულ ბურჯს თვალს არ აცილებს, ამ მშვენიერ
თოვლიან ამინდში რა დროს სიკვდილი ჰქონდა ძია თორნიკეს?
ქეთინოც დააობლა და ჩვენც ვეღარ უნდა ვიცურაოთ!“. „რას
ვიზამთ, აბა?!“ მეც ამოოხვრით ვუპასუხე. წავედით ქეთინოსთან
და ნამტირალევი ქეთინო რომ ვნახეთ, – აივანზე იდგა, ბოძს
მიყრდნობილი და ჩვენ დანახვაზე პირი მიიბრუნა, – ისე
შეგვეცოდა, ორივე ავღრიალდით, მივედით და სიტყვის
უთქმელად ამოვუდექით. ერთხანს თავჩაღუნული, ჩაჩუმებული,
ხმას არ იღებდა, მერე თავი აიღო, განზე გაიხედა, თითქოს
რაღაცის ერიდებაო, არც შემოუხედავს, ისე გვითხრა: „თქვენ,
ალბათ, გეგონათ, ორზეა გამოსვენება. ბიძაჩემი უნდა
ჩამოვიდეს დღეს და სამისთვის გადაიტანეს, ჰოდა, წადით
ბურჯზე, იცურავეთ და სამისთვის ჩამოდით“. ჩვენ შევიცხადეთ,
რას ამბობ, რა დროს ცურაობააო. „გეხვეწებით, წადით რაა, აი,
მამას რომ შეეძლოს თქმა, აუცილებლად გეტყოდათ, კისერს
მოვიჭრი, თუ არ გეტყოდათ, ხომ იცით, როგორი იყო, არაა? მეც
მეტყოდა, დარწმუნებული ვარ და იცით, როგორ მინდა
ვირბინო?! უხერხული რომ არ იყოს, დაოსებამდე ვირბენდი და
ვისრიალებდი, ისე, ისე, ისე რომ ჰაა, და გეხვეწებით, ჩემ
მაგივრადაც ისრიალეთ, იცოდეთ!“. და სულ ძალისძალად
გამოგვრეკა.
– და თქვენც ისრიალეთ და ისრიალეთ, არაა?! – ბატონმა
შალვამ სანახევროდ დალეული ყავა იქვე ტაბურეტზე დადგა და
პიჯაკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, – სიკვდილმა
კიდევ დაგმუხტათ მოძრაობის წყურვილით, ხომ ასეა?
– თქვენ სიგარეტს ეწევით? – შეიცხადა თიკომ.
– იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევებში, – გაიცინა
ბატონმა შალვამ, თითქოს თავის თავს დასცინისო, –
ელიზბარმა ჩამოიტანა ალჟირიდან და წასვლისას ორი
კოლოფი დამიტოვა, სუსტი სიგარეტია და ხანდახან
გაერთობიო...
– მერე, ლელიკომ როგორ დაუშვა?
– ლელიკოს არ გაუგია. ხომ იცი, რაც ჯანმრთელობას ეხება,
ყველაფერს აზვიადებს და ელიზბარმაც ეს ძალიან კარგად
იცის. თვითონაც კი დედის თანდასწრებით ცდილობდა, თავი
შეეკავებინა...
– რა მშვენიერი სურნელი აქვს თქვენს სიგარეტს... იცით, ჩემი
დაკვირვებით, ლელიკოს უნდა, თქვენ ნაადრევად
დაგაბეროთ... ხან ეჩვენება, რომ წნევა გაქვთ, ხან ეჩვენება,
რომ გული ისე აღარ გიცემთ, როგორც საჭიროა... ხან რა და ხან
რა... – თიკომ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, ბატონმა შალვამ კი
გულიანად გაიცინა:
– ჰო, ჰო, მართალი ხარ, ლელიკო დაინტერესებულია, ბებერი
და ავადმყოფი ქმარი ჰყავდეს... რა პატარა და სულელი გოგო
ხარ... ნიჭისა და განათლების მიუხედავად.
– დიახაც, რომ თქვენ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და მშვენიერი
მამაკაცი ხართ...
– კარგი, აბა, გადავცემ ლელიკოს და გავახარებ, რომ არც ისე
ცუდად არის ჩემი საქმე... – შალვამ როგორღაც ნაჩქარევად
ჩააქრო სიგარეტი, კოლოფში ჩააბრუნა, ერთი-ორი ყლუპი ყავა
მოსვა და წამოდგა.
– უკვე მიდიხართ? ასე მალე? ამდენს მუშაობთ, ცოტა მაინც
დაგესვენათ.
– არქიტექტორი უნდა მოვიდეს... სულ მალე გამოჩნდება,
ჩვენს ღარიბ მეფეს რა ღარიბი სასახლეც ჰქონდა...
ეგრეთწოდებული სასახლე... – პალტო მოისხა, თიკოს შეხედა
და ალერსიანად გაუღიმა...
ბატონი შალვას წასვლის შემდეგ თიკო ერთხანს
გარინდებული იჯდა თავის მაგიდასთან და შალვას ყოველ
სიტყვას, ყოველ გამოხედვას, ყოველ გაღიმებას, თავისებურად,
სიყვარულის ნიშნით „ჩითავდა“... ოჰ, რა მიმზიდველად,
მომნუსხავად ეჩვენებოდა ყველაფერი, შალვას „შევერცხლილი“
თმაც, რუხი, მომწვანო თვალებიც, ელეგანტური მიხრა-
მოხრაც... და, რაც მთავარია, ღიმილი... ღიმილი... ასე რომ
„აცისკროვნებდა“ მის დახვეწილ, კეთილშობილ სახეს. ერთხელ
კი ბატონმა შალვამ წარმოუდგენელი რამ ჰკითხა, მახსოვს, ამ
სამიოდე წლის წინ, უნივერსიტეტს რომ ამთავრებდი, მოსკოვში
გინდოდა წასვლა, ასპირანტურაში თუ ლიტერატურის
ინსტიტუტში, და ხომ არ ნანობ, მოსკოვის ნაცვლად ჩვენს
მუზეუმში რომ აღმოჩნდიო...
თიკომ ეს შეკითხვა ისე შეიცხადა, ლამის გადაფიჩინდა.
– რას ამბობთ, რა გასაოცარ რამეს მეკითხებით, ვერც ერთი
წუთით ვერ წარმომიდგენია, ვიყო სხვაგან, მოსკოვი კი არა,
სამოთხე რომ იყოს... და სამოთხეშიც რომ ვიყო, კისრისტეხით
გამოვიქცეოდი, რათა ვყოფილიყავი აქ, აქ, და მხოლოდ აქ,
სადაც... სადაც... – უნდოდა ეთქვა, სადაც თქვენა ხართ და მეფე
ერეკლეო. და უცებ გაჩერდა და მცირე პაუზის შემდეგ
განაგრძო: – სადაც მე ლამის ყოველდღე მეფე ერეკლეს
ვხედავ!
– მართლა? აბა უყურე?! – ვითომ გაოცებით გაიქნია თავი
ბატონმა შალვამ, – მერე, როგორ ხედავ, როგორც ჩვენს
სურათზეა? საზეიმოდ შემოსილს, წითელი წაღებით?!
– ოო, არა, სრულებითაც არა! ახლა მას ჯვალოს მოსასხამი
აქვს მოსხმული, ახლა ის უღარიბესი მეფეა, ტახტიც, სკიპტრაც,
გვირგვინიც და სასახლეც იავარქმნილია და მისი სატახტო
ქალაქი ზის წყლის პირას, გულმდუღარე და
ცრემლებჩამომდინარე, ვითარცა ქვრივი ქალი, უპატრონო და
ოხერ-ტიალი...
– აა, შენ ხედავ მეფე ერეკლეს კრწანისის შემდეგ?
– ეს ოთახი ხომ ფარანივითაა, ფანჯრებით სავსე, ჰოდა,
გავიხედავ ხოლმე და დავინახავ, როგორ ბრუნდება მეფე
ერეკლე კრწანისის შემდეგ, მწუხარე და სასოწარკვეთილი...
– ოო, ხომ იცი, როგორი თავის მობოჭვა შეეძლო,
სასოწარკვეთას და მწუხარებას არ დაიმჩნევდა...
– გეგონოთ! – შესძახა თიკომ და ბატონ შალვას თვალები
გაუელვარა, – ფასანაურისკენ გაქცეულს ხოჯამ ჯარი გაუსია,
ოთხი ათასი კაცი, ცოცხლად რომ ჩაეგდოთ ტყვედ და, ცხადია,
გახსოვთ, ანანურთან კრწანისისკენ მომავალი სამასი
არაგველი დახვდა სპარსელებს. მათ გადაარჩინეს ერეკლე,
შეაკვდნენ მტერს, სისხლით მორწყეს იქაურობა, თავი გაწირეს
თავისი მეფისა და თავისი მიწა-წყლისათვის; დუშეთიდან
მობრუნებულმა ერეკლემ მუხლი მოიყარა სისხლით
გაჟღენთილ მიწაზე და მოკლულთა სულები შეავედრა
ღმერთს... მერე თიანეთს გადავიდა და ბატონის ციხეში სწორედ
თიანეთიდან დაბრუნდა, დაღლილ-დაწყვეტილი, მწუხარე და
სასომიხდილი, და ამ მძიმე განცდებს უმძაფრებდა თითქოს ის,
რომ დაუბანელი იყო, დიდი ხნის დაუბანელი, ცხენზე ჯდომით,
მთაგორიან გზა-ბილიკებზე ხეტიალით, ოფლითა და – მოხუცი
იყო უკვე – ხშირი შარდვით გვემული, ამასთანავე, ქარითა და
წვიმით შემცივნებული და შეიწრებული, და მაინც ყოველ
ტაძართან ჩამომხდარი ცხენიდან, მუხლმოყრილი და
მხურვალედ მლოცველი. ბოლოს და ბოლოს, თელავამდე
მოღწეული, დაბანაზეღა ფიქრობდა, თავის მშვენიერი აბანო,
რომაული, ჰიპოკაუსტის წესით გამართული, ედგა თვალწინ...
ამიტომაც ბატონის ციხეში მოსულს, ვახშმობა რომ შესთავაზეს –
საგანგებოდ წავიდნენ ბიჭები ალაზანზე, საუცხოო ლოქო
მოგართვეს და იქნებ ფარფლები ინებოთ ქინძძმრით
მომზადებულიო, პურის მცხობელმა მაიამაც დღეს გამოგიცხოთ
სანიმუშო პურ-ნაზუქიო, – არაფერი არ ინება, არაფერი,
სასწრაფოდ აბანო გამიხურეთო! და მე ამის შესახებ ლექსი
დავწერე და თუ გნებავთ, წაგიკითხავთ, თუ გეტყვით კიდეც... –
და თიკომ ბატონ შალვას ლამის სასოებით შეხედა.
– შენს ცოდოს ვერ დავიდებ, ჩემო თიკო, სიამოვნებითაც
მოგისმენ...
თიკომაც, ბატონი შალვას ალერსიანი კილოთი
გულმოცემულმა, დიდი განცდით წარმოთქვა თავისი ლექსი:

ჰეი, გამიხურეთ მე აბანო ჰიპოკაუსტის,


ჩამოვირეცხო სისხლი და ჭუჭყი,
ლეგა ღრუბლებით დაითალხა კავკასიონი,
ალაზნის ველზეც ჩამოწვა მწუხრი.
წინაპართ სულთქმა შემომესმის საფლავთა წიაღ,
და მომავალთაც ამავსეს მდურვით,
პატარა კახი მე აღარ მქვია,
თავს გადამემსხვრა ფარი და შუბი,
ჩემს ტახტს და გვირგვინს შეეპარა სამარის ჭია,
სასახლის მუხას ეხვევა მუმლი...
სად, სად წავიდე, რომელ წმინდანს შევთხოვო შვება,
ვით ავარიდო ჩემს ქვეყანას მტრობა და შუღლი,
ვინ, ვინ მოიღებს წყალობას ჩვენდა,
ვის მოვუყარო უღონო მუხლი?!
ო, ღვთისმშობელო, გევედრები, ყოველთა დედავ,
შენ გაუთენე ჩემსა მამულს, გაფანტე მწუხრი.
ვით დავიჯერო, რომ განქარდა ის სიჩაუქე,
ვით დავიჯერო, რომ მე დამრჩა მხოლოდ აუგი,
ჰეი, გამიხურეთ მე აბანო ჰიპოკაუსტის!

ლექსის თქმითა და შეფასების მოლოდინით აღელვებულმა


თიკომ განზე გაიხედა.
– ყოჩაღ, თიკო, ყოჩაღ! აბა, სხვა რა მეთქმის? ყოჩაღი გოგო
ხარ! – ალერსიანად იღიმებოდა ბატონი შალვა.
ოჰ, ნეტავ მომეხვიოს და გულში ჩამიკრასო, მწუხარედ
გაიფიქრა თიკომ, ხმამაღლა კი გამომწვევად წარმოთქვა:
– თქვენ კიდევ მეკითხებოდით, ხომ არ ნანობ აქ ყოფნასო! იმ
დროს, როცა მსახური თედო ბოხჩით ხელში მისდევს ერეკლეს
და ძველთაძველი თანშეზრდილი მსახურის უფლებით ურჩევს:
– მეტად ცხელი წყლით დაბანას ნუ ინებებთ, დიდო ბატონო,
შიგანისთვის არ არის სარგო, გამობრძანდებით თუ არა
აბანოდან, ნაყენები მოგიმზადეთ, დიდო ბატონო, ასკილისა,
კუნელისა, ვარდკაჭაჭასი, ნიახურისა... ინებეთ აუცილებლად...
თქვენ კი მოგართმევთ ყავასა და ხმელ ნამცხვარს, აი, ყავა
ადუღდა კიდეც...
და თიკომ ეს არის ადუღებული ყავა ფინჯანში ჩამოასხა და
ბატონ შალვას მიაწოდა.
– ოჰ, რა მაიმუნი პატარა გოგო ხარ, თიკო, – გაიცინა ბატონმა
შალვამ და მაშინვე გაიფიქრა, რა არის ეს, რამდენს ვიცინი
პატარა ბიჭივითო, და თითქოს დამნაშავე ყოფილიყოს ამ
ალერსიანი განწყობისთვის, ამ სიცილისთვის, ისე დაამატა: –
მოდი და ნუ გახალისდები, როცა ასეთ ლექსებს გიკითხავენ და
ასეთ ყავას გთავაზობენ...
– თან ასეთ ჯადოსნურ მეციხოვნის ოთახში, საიდანაც
შეგიძლიათ, თვით მეფე ერეკლე დაინახოთ... – შესცინა
თიკომაც.
– რაც მართალია, მართალია, უნარი გაქვს, ისე განიცადო და
წარმოაჩინო ის ადგილი, სადაც შენ ხარ, თითქოს ქვეყნიერების
ცენტრი იყოს...
თიკომ გადაიკისკისა:
– რა კარგ რამეს ამბობთ, დიდო ბატონო, ეგ ხომ კულტურის
თვისებაა, მე კი შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი არსებით
მსურს, კულტურის მატარებელი ვიყო...
– ამასწინათ შთაბეჭდილებების წიგნს გადავხედე და ჩვენი
დამთვალიერებლები მადლობას მადლობაზე გამოგითქვამენ...
რაც შეეხება შენი ისტორიის წრის ბიჭებს, ისე შემოგციცინებენ,
მე მგონი, ყველა შეყვარებულია, – და ბატონ შალვას უცებ
სევდა შემოაწვა.
თიკო კი ლამის გადაფიჩინდა:
– რომ იცოდეთ, მაგას ჩემთვის არავითარი, არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს!
ბატონი შალვა ერთბაშად წამოდგა, ჭიქა და ფინჯანი
მაგიდაზე გადადგა, ყველაფრისთვის გმადლობთ და აბა, ახლა
საქმეს მივხედოთო და სწრაფად წავიდა.
მაგრამ ამ ტაიმაუტებით (როგორც ბატონი შალვა უწოდებდა
მათ შეხვედრებს) მოგვრილი სიხარული რაღაც ხნის შემდეგ
თიკოს სულ აღარ აკმაყოფილებდა... სულ აღარ
აკმაყოფილებდა ეს ფრაგმენტული და ეფემერული
გაელვებანი... არა, არა, ჩვენს ურთიერთობას არავითარი ძვრა
არა აქვსო, ფიქრობდა თიკო, და შეიძლება სულ ასე
გაგრძელდესო, ნამდვილად ისევ ბავშვად მთვლისო, იმიტომ
უყვარს ეს მოგონებები, თვითონაც ახალგაზრდა იყო მაშინ და
ახალგაზრდობის გახსენება ხომ ყველას ახარებსო... და
იტანჯებოდა... ეჭვებით იყო მოცული... შორით წვა და შორით
დაგვა შეურაცხყოფდა... სიახლოვის სურვილი აწვალებდა...
ალერსი და ალმოდებული სიტყვები სწყუროდა... სამწუხაროდ,
სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ბატონი შალვა
არასოდეს თავს ნებას არ მისცემდა, ზღვარს გადასულიყო და
თიკოსთან სიყვარული გაეჩაღებინა. განსაკუთრებით ერთმა
შემთხვევამ დაარწმუნა თიკო ამაში. აღარ უნდოდა აღარც
ბავშვობის გახსენება, აღარც მუზეუმის გეგმებზე ლაპარაკი,
აღარც ალჟირიდან ელიზბარისა და ათი წლის შავლეგოს
წერილების კითხვა და სურათების თვალიერება... ამიტომ
დაუსხა თუ არა ყავა ბატონ შალვას, მოდი, მაჰალია ჯექსონი
მოვისმინოთო, თქვა და მაგნიტოფონი ჩართო. და მაშინვე
აივსო სივრცე მაჰალია ჯექსონის უჩვეულო ხმითა და
სულისშემძვრელი სიმღერით. ეს ხმა აღსავსე იყო მუდარითა და
სიყვარულით. ბატონ შალვას ყავით სავსე ფინჯანი ჰაერში
გაუჩერდა, თითქო რაღაც მკრეხელობაა ამ ხმის წინაშე
უმცირესი მოძრაობაცო, მერე უჩუმრად დადგა ლამბაქზე და
გაყუჩებული სავარძლის საზურგეს მიეყრდნო... მერე სიმღერა
რომ დამთავრდა, გაგრილებული ყავა ერთბაშად გადაჰკრა და
წამოდგა:
– ასე მგონია, მხოლოდ ზანგებს აქვთ რაღაც ამოუცნობი
იდუმალებითა და უღრმესი განცდით სავსე ხმა... – თან
დაკვირვებით, ჩაციებითაც კი უყურებდა თიკოს, –
დამატყვევებელი და დამათრობელი, მომაჯადოებელი
მომხიბლაობით აღსავსე...
– თან რა არის, იცით, არაჩვეულებრივად მომნუსხავი და,
შეიძლება ითქვას, ღირებული, რომ სიყვარული და ვედრება
ასეთი მაღალი სულიერებით შეიძლება იყოს გამსჭვალული...
რატომ ადექით, არ გნებავთ, კიდევ მოვისმინოთ? – და თიკოს
ის იყო, ხელი უნდა დაეჭირა ღილაკისთვის.
– ო, არა, არა, არავითარ შემთხვევაში, არც ახლა და არც სხვა
დროს!
– როგორ მიკვირს! – შეიცხადა თიკომ, – თქვენ ისე გიყვართ
კარგი მუსიკა და კარგი სიმღერა...
– ოო, თიკო, როგორ არ გესმის... – და ბატონმა შალვამ
დამცინავად ჩაიცინა, – ჩემი ასაკისთვის მავნებელია ასეთი
გამაბრუებელი სიმღერის მოსმენა, – გაიხურა კარი და წავიდა.
თიკომ კი აღარ იცოდა, რა ექნა და რა ეღონა. მაგრამ,
როგორც ყოველი აქტიური ადამიანი, და თანაც შეყვარებული,
ასე ადვილად ის ხმალს ქარქაშში არ ჩააგებდა, მითუმეტეს,
ერთი შემთხვევის შემდეგ მიხვდა კიდეც, რა უნდა ექნა და რა
ნაბიჯი გადაედგა.
მალე ბიჭია გამოჩნდა. მოდიოდნენ ისა და ნენე მუზეუმის
შემოსასვლელში, ახლად გაფოთლილი ხეივნის ქვეშ, რაღაცას
ხალისიანად ლაპარაკობდნენ და ერთმანეთს შეჰღიმოდნენ.
„უქრობი სიყვარული“, გაიფიქრა თიკომ, რომელმაც ეს არის
ექსკურსიის დამთვალიერებლები გაისტუმრა. დარბაზის
ფანჯრიდან მოჰკრა მათ თვალი და შესახვედრად გაემართა.
აბრეშუმის ამოფუშფუშებული ყელსახვევი ეკეთა ბიჭიას, ხელში
კი მოზრდილი სურათი ეჭირა, შავჩარჩოიანი. საჩუქარი
მოგართვითო, რიხიანად შემოსძახა თიკოს.
– დამანახვე ერთი, რა არის! – და თიკომ ხელი გაიწოდა
სურათისკენ.
– მხოლოდ საზეიმო ვითარებაში, ყველასთან ერთად.
– შესანიშნავი გამოუვიდაა, თიკო, ყველას ისე მოეწონაა,
დედასაც, მამასააც, მამაჩემსაც კიი... ნენე წამღერებით
ლაპარაკობდა, თითქოს ჟღურტულებსო. სწორედ ყველანი
მუზეუმში იყვნენ, ბატონი შალვა, დარეჯანი და ქალბატონი ნინო
ერეკლეს ოთახში მაგიდასთან ფოტოფონდის მასალებს
არჩევდნენ... ბიჭიამ ლიზიკოს და მცველებსაც დაუძახა, ყველა
დარბაზში შემოლაგდა.
– აბა, ვაჟბატონო, რა მოგვართვი? – ხუმრობის კილოთი
წარმოთქვა ბატონმა შალვამ. უყვარდა ბიჭია ბატონ შალვას,
მის თვალწინ გაზრდილი, ნიჭიერი, გულგახსნილი, ლოთი-
ფოთი და თავგადაკვლით ნენეზე შეყვარებული. ბიჭიას
არქიტექტურული ჰქონდა სამხატვრო აკადემიაში
დამთავრებული, მერე კი ავთო ვარაზის სახელოსნოში
მუშაობდა ორ-სამ წელს და კარგი მხატვარიც დადგა.
მოსწონდა ბიჭიას ნამუშევრები ბატონ შალვას. თვითონ ორი
პეიზაჟი ჰქონდა – „გორიჯვრის ქუჩა“ და „წვიმიანი დღე
თელავში“ – ორივე თავის კაბინეტში, საწერი მაგიდის
მოპირდაპირე კედელზე გაკრული და მუშაობის დროს თავს
რომ აიღებდა, სიამოვნებით შეავლებდა ხოლმე თვალს
გორიჯვრის მოკირწყლული აღმართის, მზემიმდგარი კოხტა
სახლების, გალავნებიდან გადმომზირალი იასამნებისა და
აღმართის თავში პაწია ეკლესიის მდიდრულ კოლორიტს... ან
თუნდაც წვიმიანი დღე... თურმე რამდენი ფერი შეიძლება
ჰქონდეს ნაცრისფერს, რა აურაცხელ ფერს შეიცავდეს,
ნამდვილი ფერთა გამაა: მოქურუხებული ცისა და წვიმის
ღრუბლების, სველი ქვაფენილის, ნაწვიმარი სახლების და
წვიმით გაჟღენთილი სივრცის... და ამ დომინირებულ
ნაცრისფერში გამომკრთალი ხასხასა მწვანე ბალახი
ქვაფენილის პირას და წინა პლანზე, მარჯვნივ, ფანჯარასთან
მომდგარი თოჯინას ვარდისფერი კაბა, ეს სიცოცხლით
მფეთქავი ლაქები... ყველაფერი მშობლიური იყო ბატონი
შალვასთვის, თითქოს გაჟღენთილი ამ ქალაქისა და ამ მიწის
სიყვარულით...
– რა მოგართვით და აქეთ უნდა მობრძანდეთ! – ბიჭიამ
დარბაზი გადაჭრა, სურათი მოატრიალა და ერეკლეს დიდი
ფერწერული პორტრეტის ქვეშ მიაყუდა, – ამისი ადგილი
მხოლოდ და მხოლოდ ერეკლეს ფეხებთან არის! –
ბრძანებასავით წარმოთქვა.
– ვაიი, მე რომ შეგიკვეთე ისტორიის წრის მეცადინეობისთვის!
– სიხარულით თქვა თიკომ.
ყველა სურათს მიაჩერდა. აღა-მაჰმად-ხანის პორტრეტი იყო,
ის ცნობილი პორტრეტი მალკომის ალბომიდან, იასე ცინცაძის
წიგნში გადმოტანილი. მართლაც, მეტად შთამბეჭდავი
გამოსვლოდა ბიჭიას, ალბათ, კონტრასტულობისა და მსუყედ
დადებული მკაფიო ფერების გამო: გაბრდღვიალებული
პორფირი და ნაირფრად მოციმციმე, ძვირფასი ქვებით
მოოჭვილი ქვაბუნა გვირგვინი დაუნდობლად წარმოაჩენდა
ლეღვის კენკრასავით დალეულ, უფერო სახეს, ღრმა
ფოსოებიდან, თითქოს ორმოებიდან, ეჭვით, უნდობლობით,
სისასტიკითა და სასოწარკვეთით გამომზირალ თვალებს და
ქოსა საჭურისის მტკივნეულად მოკუმულ პირს.
ერთხანს ყველა გაჩუმებული დასცქეროდა ხოჯას პორტრეტს...
– ოჰ, რა სასტიკი და უბედური კაცია... – თქვა ბოლოს ბატონმა
შალვამ, – ყოჩაღ, ბიჭი, ძალიან საინტერესო პორტრეტი
გამოგსვლია.
– მამასაც ისე მოეწონა, ისე მოეწონა, ვერ წარმოიდგენთ... –
დაიჟღურტულა ნენემ და თავისი დალალ-კავებით მოფენილი
კოხტა თავი ნაზად გაარხია.
ქალებმაც დიდი აღტაცება გამოხატეს. თიკო თვალს ვერ
აშორებდა პორტრეტს, შუბლშეკრული დასცქეროდა, ხელებიც
ისე ჰქონდა მომუშტული, გეგონებათ, ცოცხალ ხოჯას
გამოუხატავს აღშფოთებას და სიძულვილსო, მერე კი
მშფოთვარედ შესძახა:
– მძულს, მძულს, მძულს! რაც დაიმსახურა, ის მიიღო კიდეც და
სულ არ მეცოდება, სულ არა, რომ ამის მოკვეთილ თავს განჯაში
თუ ზაქათალაში ბავშვები და ძაღლები დაათრევდნენ...
– ბატონო შალვა, მე მინდა, ერეკლეს ფეხებთან ჩამოვკიდოთ,
– თქვა ბიჭიამ, – სრულიად გადაუჭარბებლად, მაშინ ხომ
ერეკლეს დონის წინამძღოლი და სახელმწიფო მოღვაწე არც
კავკასიაში და არც ახლო აღმოსავლეთში არავინ იყო! რას
წარმოადგენდნენ ჩამორჩენილი ირანის შაჰები? ან თურქეთის
სულთნები? უწიგნური, დამყაყებული და სასტიკი მმართველები!
ხომ ასეა, თიკო?!
– ოო, რა თქმა უნდა, აგერ თეიმურაზ ბატონიშვილი, ნახეთ,
რაებს ამბობს ირანის კარზე, პირდაპირ შეძრწუნებულია მათი
კარჩაკეტილობით, ღრმა პროვინციალიზმით და ხალხისგან
წარმოუდგენელი სიშორით... სად ჩვენი განათლებული,
გულღია და მხიარული კარი და სად ისინიო...
– ეჰ, რას ვიზამთ, – და ბატონმა შალვამ თიკოს შეხედა, – ჩვენ
ყოველთვის მძიმე მეზობლები გვყავდა, კაცთმოყვარეობასთან
რომ მწყრალად იყვნენ...
– და ყველაფერი ეს სახეზე აწერია ხოჯას, ხომ ასეა? – ბიჭიამ
თავი ასწია და, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ვითომ
ძლევამოსილად გადახედა ყველას, რა ვქნა, შინაურ მღვდელს
შენდობა არ აქვს, თორემ ნამდვილად ჯილდოს ღირსი ვარო.
– მოდის ჩემგან გლინტვეინი, ხაჭაპური და ჩაი ტორტით, –
თქვა თიკომ.
ჩვენ კიო, ქალებმა თქვეს, უნდა შევკრიბოთ ფული და ბიჭიას
ყელსახვევების კოლექციას ერთი კარგი ქალაღაიაც
მივუმატოთო.
– რომ იცოდეთ, ეს აბრეშუმის ყელსახვევი მამაჩემმა უყიდა
საჩუქრად... – დაიჟღურტულა ნენემ და ბიჭიაც ისე შეაჩერდა
ნენეს ბავშვურად გამობურცულ, ვარდისფერ ტუჩებს, გეგონება,
ამ ტუჩებიდან მარგალიტი დაიფრქვევაო.
ქალებმა კი სიხარულის ნიშნად ლამის ტაში შემოჰკრეს. ვინ
აღარ იცოდა, რომ ნენეს მამა, მიტო სასტიკი წინააღმდეგი იყო
ბიჭიას სიძეობისა, რა სიკეთესა ნახავს ჩემი გოგო ჯიბეცარიელი
და მოქეიფე მხატვრის ხელშიო. მაგრამ შეუპოვარი იყო ბიჭია
და სულ არ ეპუებოდა სასიმამროს შეყრილ წარბებსა და
კოპებგამოკრულ შუბლს, წარამარა ბარათებს უგზავნიდა ხან
შაირად, ხან პროზად და გულზე ხეთქავდა. თანაც ყველამ
იცოდა ამ შაირების და ბარათების ამბავი: „ძია მიტო, რად
მიელტვი სიმდიდრეს და ოქროს ყუთსა, განა არ ჯობს,
აფასებდე სიყვარულით მფეთქავ გულსა“. „ძია მიტო, იციით, რა
კარგი ბიჭი ვარ?! მე თქვენს ეზოში მოკაკანე ქათამიც მიყვარს
და ჩემი სასიმამრო ხომ, მიუხედავად იმისი ულმობლობისა,
მიყვარს და მიყვარს!“. ბარათების გარდა წითელ-ყვითელი
საღებავით გალავანზეც მიუწერა: „მე ნენე მიყვარს და სხვა
არავინ ჩემს სიცოცხლეში არ მეყვარება!“. თანაც ფიროსმანის
გავლენით იყო თუ მათი ბაღის ვარდნარის წყალობით, სისხამ
დილით დაკრეფდა ვარდებს, წავიდოდა და ნენეანთ
გალავნიდან მათ ეზოში მწვანე ბალახზე მიმოაბნევდა,
სასიმამროს შეუნელებელი ბობოქრობის მიუხედავად. ამიტომაც
იყო ქალებმა რომ ერთხმად გაიცინეს, ეჭვიც არ გვეპარებოდა,
ბოლოს და ბოლოს ბიჭიას არ გაუჭირდებოდა მიტოს გულის
მოლბობაო.
– რა თქმა უნდაა, – დაიჭიკჭიკა ნენემ, – ისე არ წავა მამა
მივლინებაში, ბიჭიას საჩუქრები არ ჩამოუტანოოს...
– ბატონო შალვა! – და ბიჭიამ თავისი მრგვალი შავი თვალები
შეაჭყიტა ბატონ შალვას, – უნდა გითხრათ, რომ თქვენგან ველი
სულ სხვაგვარ საჩუქარს...
– მაინც რა საჩუქარს? – დაინტერესდა ბატონი შალვა.
– აი, ეს წერილი ბებო ელომ გამოგიგზავნათ და მეც ჩემს
სათქმელს ხვალ მოგახსენებთ... – ბიჭიამ ჯიბიდან კონვერტი
ამოიღო და ბატონ შალვას გადასცა.
ქალები წავიდ-წამოვიდნენ, თიკო და ნენე განზე გადგნენ,
ბიჭია ჩაქუჩისა და ლურსმნის მოსატანად წავიდა, ბატონმა
შალვამ კი წერილი გახსნა და შემდეგი წაიკითხა: „ჩემო შალვა,
ხვალ ვახტანგის დღეა და მინდა მოხვიდე სამი საათისთვის,
სუფრასთან დიდხანს არ დაგაყოვნებთ... სხვა საჭირო საქმეცა
მაქვს და შენი იმედითა ვარ, ხომ იცი, И жить торопится и
чувствоватъ спешит. შენი დეიდა ელო.“ აკანკალებული ხელით
იყო დაწერილი ბარათი, გეგონებოდათ, ყოველი ასო თრთის
და კანკალებსო.
Пора, мой друг, пора,
покоя сердце просит.
პუშკინი

მოხუცი ქალი წამოდგა ჩალის სავარძლიდან, ძველი,


დაფხავებული, სახელურმორღვეული სავარძლიდან, ადვილად
რომ შეეძლო აივნიდან ჩამოეთრია და მყუდროზე დაედგა ციხე-
ბურჯის ძირში, და მოსულებისკენ გაემართა. ბებრული სიმჩატით
მოფარფატებდა, ხელებგაშლილი, თითქოს გაზაფხულის სიო
მოფარფატებსო... ჭიშკრის შემოსასვლელში ბატონი შალვა და
ბიჭია იდგნენ, და ბატონი შალვა ჭიშკრის ძველი ქართული,
ოთხკუთხედი ბრტყელი აგურით ზიგზაგურად ნაშენ თაღსა და
კრამიტს აჰყურებდა, ლამაზი ჭიშკარი იყო, თავისი რკინის
დასარტყამით, ძველად ზარის მაგივრობას რომ სწევდა. ბატონ
შალვას უნდოდა ამ ხმის გაგონება და მოსვლისას ორჯერ-
სამჯერ დაჰკრა კიდეც. რამდენჯერ უფიქრია, რომ ამ ჭიშკარს,
როგორც ამბობდნენ, ალაყაფის კარს, ოდესმე მუზეუმის
ფილიალის აღმნიშვნელი ფირნიში ექნება გაკრულიო. ეს
ჭიშკარიც და მოხუცი ელოს კარ-მიდამოც ნამდვილად
იმსახურებდნენ ამას. ასე ფიქრობდა და ასე სურდა ბატონ
შალვას. აკი უთხრა კიდეც მოხუც ელოს, ფონდიდან
ისტორიული სახლებისთვის გამოყოფილი ფული რომ მიუტანა
და ხელოსანიც მიუყვანა დაჭიანებული კავების
გამოსაცვლელად, თქვენ დიდხანს იცოცხლეთ, დეიდა ელო, და
ქალაქმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ თქვენი სახლი,
როგორც საუკეთესო ნიმუში კახური საერო არქიტექტურისა და,
ამასთანავე, მეთვრამეტე საუკუნიდან შემორჩენილი უიშვიათესი
შენობა, მუზეუმის ფილიალად ვაქციოთო. თქვენი ავეჯით,
სამზარეულო საციქვლით და სიგელ-გუჯრებითო. აქ
ყველაფერი, კენჭიც კი, თხოულობს შენახვას და
გაფრთხილებასო. თან ბურჯი, პატარა ციხესიმაგრე, მტრის
შემოსევის დროს რომ ოჯახს შეეძლო, შეჰფარებოდა, მართლაც
სანიმუშო არისო.
მოხუცი ელო კი მოფარფატებდა და უკბილო პირს
აცმაცუნებდა... „ჩიტებსაც მყუდრო ადგილები უყვართ“,
გაიფიქრა ბატონმა შალვამ, ბაღის სიღრმიდან შაშვის რბილი
ჩაჟღურტულება რომ გაიგონა, მერე კი მოხუც ელოს ხელები
გაუწოდა, გულზე მიიხუტა და მოიკითხა. კარგა ხანი იყო, აღარ
ენახა, შარშან, ფერისცვალებას, შორიდან მოჰკრა თვალი
სასაფლაოზე, საფლავებს შორის მიიკვლევდა გზას, შალვა
მეორე გასასვლელიდან გამოდიოდა, თან ეჩქარებოდა და
ვეღარ შებრუნდა. მთლად მიხრწნილიყო, გამომშრალიყო და
დალეულიყო, გაფრიალებულ შავ კაბაში ჩაკარგულს ჰგავდა.
„Гостей дорогих надо встречатъ должным образом“, თურმე ამას
ჩიფჩიფებდა.
– თქვენსას რო არ იშლით, ბებო ელო, იქ არ მოვიდოდიით,
რატომ შეწუხდით?! – და ბიჭიამ მოხუც ქალს გაძვალტყავებულ
ხელზე აკოცა.
– თიკო სადღაა, ისიც ხო უნდა მოსულიყო? – გაცეცებული
უყურებდა ბიჭიას და შალვას.
– მოვა, დეიდა ელო, თქვენთვის ნამცხვარი და შოკოლადი
უნდოდა ეყიდა.
– ოჰ, რანაირი გოგოა, ხო აუცილებლად მოვა?
– ნუ ღელავთ, ბებო ელო, აქვე, ანდრეიკას საკონდიტროში
შევიდა, აქ არის ყველაზე კარგი ნამცხვარიო.
ჭიშკრის შესასვლელი გრძელი იყო, წინათ საურმე გზას რომ
ეძახდნენ, შალვამ და ბიჭიამ შუაში ჩაიყენეს მოხუცი, ხელები
მოხვიეს და ციმციმ მიჰყავდათ, თუმცა ნელა და ტაატით.
შესასვლელის ნაპირებზე ჩარიგებული ჟასმინი ყვაოდა და
გამაბრუებელი, მოტკბო სურნელით იყო იქაურობა
გაჯერებული...
– მეც მოვედიი! – დაიძახა თიკომ. გამოწვდილ ხელებში
ნამცხვრისა და შოკოლადის კოლოფები დაელაგებინა, – ბებო
ელო, გამარჯობა! – მოაძახა მოხუც ქალს – მე ჩქარა წავალ,
ამას დავალაგებ და ელას სუფრის გაშლას ვუშველი, კარგი? –
გაიცინა, მოხუც ქალს ალერსიანად შეხედა, კაცებს გადახედა,
ბატონ შალვაზე ერთი წამით შეაჩერა მზერა და გაჩქარებული
სახლისკენ წავიდა. ისეც გაკნაჭული, შარვალსა და ვიწრო
ქურთუკში წნელივით ელასტიკური გეგონებოდათ.
– რა იქნებოდა, ათი წლით ახალგაზრდა მაინც
ვყოფილიყავი... – სევდიანად გაიფიქრა ბატონმა შალვამ.
– არავინ არ იცოდა ისე თანაგრძნობა, როგორც თიკომ, –
ამბობდა მოხუცი ქალი, – ბავშვი იყო მაშინ, ცხრა-ათი წლისა,
მოვიდოდა, შემოცქრიალდებოდა ჩემს ჩაჟამულ სახლში,
გეგონება, სანუკვარ ადგილას მოვიდაო, ბებიამ კორკოტი
გამოგიგზავნათ და ძალიანა გთხოვთ მიირთვათ, სანამ
გაციებულაო, ყელისწევით მეტყოდა, ბებიამ მითხრა, არ
წამოხვიდე ისე, ელომ კორკოტს გემო არ გაუსინჯოსო...
იცოდა თიკომ, ელო ხმელა პურის ნატეხს თუ ჩაიდებდა პირში,
გული არ შემიღონდესო, თორემ არც ცეცხლს ანთებდა, არც
ცხელ კერძს იკეთებდა, სიცოცხლეც აღარ უნდოდა ვახტანგის
შემდეგ. მითუმეტეს, დარწმუნებული იყო, აღარასდროს
აღარაფერი მოესურვებოდა ტირილისა და ვაების მეტი, ასე
ეგონა, ყველა სურვილი ტატოსთან დამარხა, საათობით იჯდა
კაეშნით სავსე, ხან რომ ცრემლებად მოასკდებოდა, ხან კი
გათანგავდა, გაასალკლდევებდა, გაარინდებდა, უსიტყვო
გლოვაში ჩაძირავდა... სული და გული კი ივსებოდა
საგუბარივით, ისევ ცრემლით ივსებოდა... ივსებოდა... რომ
კვლავ ნიაღვრად მომსკდარიყო... არაფერი შეეძლო გლოვის
გარდა, რატომ არ არის შესაძლებელი, გლოვის სვეტად
ვქცეულიყავიო, აღვმართულიყავი ჩემი შვილის საფლავზეო.
თიკო კი თეფშსა და კოვზსაც თვითონ გამოუღებდა კარადიდან,
ჩამოუჯდებოდა გვერდით და ტატოს ბავშვობის ამბებს
აამბობინებდა, და თან ისეთი გულისყურით უსმენდა, თითქოს
ამაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილიყოს;
საიდანა აქვს ასეთი თანაგრძნობის უნარი ათი წლის გოგონასო,
ყოველთვის უკვირდა ელოს. ერთხელ ისიც კი უთხრა, ტატოს
რომ ეცოცხლა, აუცილებლად მეყვარებოდაო, ისე
მეყვარებოდა, ისე მეყვარებოდაო... ღმერთო, როგორ
გაუხარდა... თქმით კი უთხრა: რას ამბობ, გენაცვალე, ვახტანგი
ისეთი ავადმყოფი იყოვო... ჩემთვის მაგას არავითარი
მნიშვნელობა არ ექნებოდაო, პირიქით, ავადმყოფობის გამო
კიდევ უფრო მეყვარებოდაო... და მართლაც, ისეთი გზნებით
თანაუგრძნობდა, თითქოს მართლა ჰყვარებოდეს ვახტანგი.
გაკვეთილების ჩატარება, მოწაფეების ჟღავიჟღუვი აღარ
შეეძლო და პატარა თიკომ ნემსი ააღებინა ხელში, ცხოვრებას
დაუბრუნა... ვაიმე, ბებო ელო, როგორ მომწონს ეს კანვით
ნაკერი ბალიში, რა იქნება, პატარა ჯეჯიმი მომიქარგოთო,
იმდენი გარუსის ძაფები გვაქვს, დღესვე გადმოგიტანთო და,
მართლაც, ნაირ-ნაირი ძაფები მოუტანა. მთელი შემოდგომა
ქარგა... ქარგავდა და იცრემლებოდა, ქარგავდა და თან ტატოს
ელაპარაკებოდა, უამბობდა ამ პატარა გოგოს ამბავს. ჯეჯიმი
რომ გაასრულა და აჩუქა, თიკომ გულში ჩაიკრა, ბებო ელო, ამ
ჯეჯიმს ფასი არა აქვსო, იმიტომ კი არა, რომ ულამაზესიაო,
თქვენი ცრემლებით არის მორწყული და ამიტომო, ყოველ
ყულფში და ყოველ თვალში თქვენი ცრემლია ჩაწვეთებული და
ცრემლი ხომ შეუფასებელიაო... მერე ხომ მეუფე დავითმა,
შემდეგ ჩვენმა ეპისკოპოსმა დაფარნაც შემიკვეთა, თინათინს
ეჩვენებინა ის ჯეჯიმი საგანგებოდ და ძალიან მოსწონებოდა...
და ის ზამთარი ელო შეშით უზრუნველი იყო და თავისი
შრომით მოპოვებული საზრდელიც ჰქონდა. არც გასაკვირია –
ყველა ესენი ხომ მთელი სიცოცხლე იცნობდნენ ერთმანეთს,
დედაბუდიანად და მამაპაპეულად, როგორც პატარა ქალაქის
ძირძველი მცხოვრებნი იცნობენ ხოლმე. და ბევრად ახლოსაც,
რადგან მოხუცი ელო, შალვას დედა თეკლე და ნიკოს დედა
თინათინი ერთად სწავლობდნენ და მერეც მეგობრობდნენ.
ვახტანგის ავადმყოფობის დროს, როცა ის აბასთუმანში არ იყო,
შალვა და ლელიკო მას ხშირად ნახულობდნენ, ვახტანგი, სანამ
შეეძლო, შალვას ჭადრაკს ეთამაშებოდა, ლელიკო და
ვახტანგი კი უკრავდნენ ხოლმე მანდოლინაზე და
ფორტეპიანოზე პაგანინისა და ვივალდის ოპუსებს... ვახტანგი
ლამის ვირტუოზულად უკრავდა მანდოლინაზე... ზოგჯერ მათ
ვახტანგის მეგობარი ოთო კიკვიძეც შემოუერთდებოდა,
გიტარისტი, და შესანიშნავი ტრიო გამოსდიოდათ. აკი
რამდენჯერმე კონცერტიც გამართეს დიდი წარმატებითა და
ტაშის გრიალით. მაგრამ ეს ჩვიდმეტი წელია ვახტანგი აღარ
იყო და ელო, სანამ ჯანი მოსდგამდა, ყოველწლიურად
აღნიშნავდა ვახტანგის დაბადების დღეს. მერე და მერე კი,
სიბერემ ხელი რომ დარია და მოიღვენთა, საქმეს ვეღარ
აბამდა თავს, წანდილს თუ მოხარშავდა და სანთელს
დაანთებდა, ეგ იყო.
– მე სადღა რა შემიძლია... ღმერთი უშველის, ზაურმა რო
გაიგო ჩემი ვახტანგის დაბადების დღის ამბავი, აღვნიშნოთ
აუცილებლადო, მითხრა. თან, ხომ გწერდი კიდეც, პატარა
საქმეცა გვაქვს, ჩემო შალვა.
ბატონ შალვას გულმა რეჩხი უყო, უსიამოვნოდ შეიჭმუხნა
შუბლი და ვითომ გულსგარეთ ჰკითხა:
– დიდი ხანია თქვენთან ცხოვრობენ?
– შარშანდლიდან, მაგრამ ასე მგონია, მთელი სიცოცხლე
ვიცნობდით და ვახლობლობდით, ღმერთმა მომივლინა ამათი
თავი. მინდა, შენ ეს იცოდე, ჩემო შალვა.
– საერთოდ, ორ წელიწადზე ცოტა მეტია, რაც თელავში
არიან, მაგრამ ქვევით ცხოვრობდნენ, საერთო ბინებში. იქამდე
კი გურჯაანში თუ ლაგოდეხში უმუშავნია ცოტა ხანი, – თქვა
ბიჭიამ, – კარგი ვინმეა. აქ რო გადმოდიოდა, თურმე მთელი
უბანი მოსტიროდა.
– ჩემი ვატატუნა... წევს ისე, უქვოდ... მაშინ მე რა შემეძლო,
ყველაფერი საგზურებმა და წამლებმა შთანთქა... როგორც იყო
აგრადა გავუკეთე, ისიც შენი შემწეობით, ჩემო შალვა,
მუზეუმისთვის ერეკლეს სურათი რომ შეიძინე... ახლა კი ზაური
დამპირდა, დეიდა ელოვო, თქვენ გული შიგნითა გქონდეთო,
ისეთი ქვა დავადო, თქვენი მოწონებულიო, თქვენც, სანამ
ცოცხალი ხართ, გაგიკეთებთ საფლავსო, რომ არხეინად იყოთ
და გულდამშვიდებით წახვიდეთო... აი, ამისთანა კარგ სიტყვას
მეუბნება... და მეც მინდა, რაღაცაში წავადგე, ჩემო შალვა...
– ძალიან ზაური შეგიძენიათ... – თქვა ბატონმა შალვამ და
ცალყბად გაიცინა.
– ყოჩაღი, ყოჩაღი, ქვისა და ხის დამდნობი, ხომ გაგიგონია,
кто смел тот два сьел, აი, ეგეთია, – და მოხუცმა შალვას ხელზე
ხელი მოუცაცუნა, – თორემ მე რაღა შემიძლია, არც არაფერი...
– ეგ არ იფიქროთ, დეიდა ელო, – შალვამ მოხუც ქალს
შეუპოვრად შეხედა, – ძალიანაც კარგად შეგიძლიათ. კავები
ხომ გამოვცვალეთ, წვიმა ხომ აღარ ჩამოგდით... შალვამ თავი
აიღო და სახლს გახედა, – მიყვარს თქვენი სახლის შეხედვა,
როგორ ააშენა იმ თქვენმა წინაპარმა ასე მკვიდრად და ასე
მშვენივრად... აი, აქედან ძალიან კარგი რაკურსია, სვეტებიც,
ფილაქანიც, მთელი აივანი, აი, ეს, აღმოსავლეთის კედელი, რა
სანიმუშო წყობაა აგურისა.
– ბაღსაც გახედეთ, ბატონო შალვა, სცნოობთ აქაურობას?
სადღაა ის გაბარდული ჯაგნარი და ხეების ჯღრდე? ზოგი
გამხმარი და ზოგი უშნოდ ნაზარდი?! – და ბიჭიამ ბაღისკენ
გაიშვირა ხელი, – აგერ, იმ კაცის დამსახურებაა...
შორს, ბაღის სიღრმეში, ვიღაც მუშაობდა.
– ზაურის სიმამრია, იგნატი, ნამდვილი მებაღე, ააყვავა
აქაურობა. თქვა მოხუცმა და ჩალის სავარძელში ჩაჯდა.
თიკოს აივნიდან სკამები ჩამოჰქონდა და ბურჯთან დგამდა:
– დაბრძანდით ცოტა ხანს. ახლა ზაურმა დარეკა, თხუთმეტ
წუთში იქნება ხინკალიც და მწვადიცო... ჩვენ სუფრას ვშლით და
თქვენც ჰაერი ჩაყლაპეთ...
– ბიჭს არ გაუღვიძია? – იკითხა ელომ.
– არა, მაგრამ ელამ თქვა, კარგა ხანია სძინავს და მალე
გაიღვიძებსო.
– ისეთი ბიჭანჭურია, თვალები მომცა და მაყურებინაო,
იტყვით. ჩემი ვახტანგისგან ვერ ვეღირსე და, აი, ახლა ღმერთმა
გამომიგზავნა პატარა ვატუნა.
მართლაც ასე ეგონა, რომ განგების ხელი ერია ამ ოჯახის აქ
მოსვლაში, აქ დაბინავებაში. რაც სიბერე მოეძალა, სხვაგვარი
ფიქრები აეკვიატა, მითუმეტეს ამ ოჯახის აქ მოსვლის შემდეგ...
სიცოცხლეზე ფიქრობდა გამუდმებით, სიცოცხლეზე და თავის
უდროოდ გარდაცვლილ შვილზე. უნდა გარჯილიყო მისი
სახელისთვის, მისი ხსოვნისთვის, მისი მოგონებისთვის...
წუთიერი მოგონებისთვის კი არა... ხანგრძლივი... ჟამიერი...
მრავალჟამიერი... დღეს არის, ხვალ აღარ იქნება, ცას ღილად
ხომ არ გამოეკერება, მათუსალად ხომ არ გადაიქცევა, ჰოდა,
წაიშლება მათი სახელი, მათი განაგისი, ამოიძირკვება მათი
გვარი... ბოლო იყო ვახტანგი, ბოლო, დედა მოუკვდეს და დედა
გაუთავდეს! უბედური ვამეხი, უღმერთოდ ჩაკლული
ოცდაოთხში გიგოსგორაზე, სულ იმას ეუბნებოდა ელო, ჩვენი
გვარი ჩვენზე დაიწრიტება, თუ რამდენიმე ბიჭს არ
ვიყოლიებთო, რომ გამრავლდნენო... კარგად გამრავლდნენ...
ისე იყო მოცული საკუთარითა და საქვეყნო უბედურებით,
ვამეხის დახვრეტის შემდეგ ვერ უპატრონა ექვსი თვის გუგუნას,
ავად გაუხდა და სამი დღის ავადმყოფობით მოუკვდა კიდეც.
საწყალ ბავშვს, ქორფას, თავზე ღინღლები აშლილი ჰქონდა.
ვატატო, შვიდი წლისა, გულში იკრავდა და სულს უბერავდა,
უნდა გავაცოცხლოვო და თვითონაც წავიდა ისე, უშვილძიროდ
გადაეგო. რევოლუციამა და ომებმა დაღუპეს და დაანელეს
საწყალი ელოს ოჯახი... ვახტანგი ჯერ ფინეთის ომში იყო, მერე
სამამულოში, და იმ სამამულოს შემდეგ ღრმა ავადმყოფი
დაბრუნდა. ფილტვები ჰქონდა დახვრეტილი, გამოკეთდებოდა
ხოლმე, ხანგრძლივი აბასთუმნის შემდეგ მომჯობინდებოდა,
მაგრამ დედას ყოველთვის სასტიკ უარს ეუბნებოდა
დაქორწინებაზე, ოჯახის მოკიდებაზე, უფლება არა მაქვსო, ეგ
რა კაცობაა, ცოლი მოსავლელად შევირთოვო, ვერა ხედავ,
ნახველის პარკებითა მაქვს გამოტენილი ჯიბეებიო. მითუმეტეს
აბასთუმანში, სადაც უმეტეს დროს ატარებდა, თანამგრძნობი და
მოყვარული ქალები არ აკლდა თავისნაირი ავადმყოფების
წრეში, მაგრამ რა გამოვიდა, უშვილძიროდ კი გადაეგო და...
დაეტოვებინა მაინც თავისი სახისა, ამ სახლ-კარის პატრონი,
გვარის გამგრძელებელი, ოო, რამდენი ტანჯვა-წვალება ნახა...
თუმცა არ იყო გაუხარელი, პირიქით, სიხარულით იყო ხოლმე
სავსე, რაღაცნაირი, ჩუმი სიხარულით, თან რა შესანიშნავად
უკრავდა მანდოლინაზე, კლასიკურსაც და თავის შეთხზულ
ვარიაციებსაც, ყურს ვერ მოაშორებდით. აქაც ხომ ჰქონდა
მანდოლინა და ომის შემდეგ ვენიდანაც ჩამოიტანა. სიკვდილის
წინ, რამდენიმე დღით ადრე, უცებ თითქოს რომ მომჯობინდა,
მოვიდა ოთო თავის გიტარით და დაუკრეს... ღმერთო, რა
ნეტარებით უკრავდა, რა სიყვარულით, თვალებში კი ცრემლი
უკრთებოდა, მერე ხელი დაუსვა სიმებს, გეგონება, ეთხოვებაო
და დედას გადასცა: შემინახე, დედაჩემო, ჩემს მეორედ
მოსვლამდეო, და გაიცინა... მედიატორები კი ბოლომდე არ
მოუშორებია, გამოიღებდა ბალიშის ქვეშიდან და ტუჩებზე
გადაისვამდა... ძალიან უნდა, სთხოვოს ელასა და ზაურს, ბიჭი
რომ წამოიზრდება, ასწავლონ მანდოლინაზე დაკვრა, ყიდვა არ
დასჭირდებათ ინსტრუმენტისა და არაფერი, ერთი მანდოლინა
თუ თან გაატანა თავის დაუვიწყარ ტატოს, მეორე ხომ აქ არის,
აგერ დარბაზში, ტატოს სურათის გვერდით კიდია... ამ ეზო-
ყურეში რომ კვლავ გაისმას ისევ წკრიალა ხმები...
შარშან იყო, მაისის ბოლოს, ადრეულა მსხვილი ალუბალი
მწიფდა, ბურჯის ძირში იჯდა და ალუბალს ჩურჩავდა, სოსლანმა
ჩამოუკრიფა, მეზობლის ბიჭმა, – ბებო ელო, მოდით,
ჩამოგიკრეფავთ, თორემ ჩამოგილპებათ და ჩამოგიხმებათო,
დედაც მოხარშავს მურაბას და თქვენც მოგიხარშავთო. კერკი
უყვარდა ალუბლისა ვახტანგს და ალუბლის შეჭამანდი, იმის
სახელზე აკეთებდა ხოლმე ელო, იმის მოსაგონებლად და მის
მისაგებებლად... ჰოდა, ალუბალს ჩურჩავდა საკერკედ, ვიღაც
კი ალაყაფის კართან გაბმით აპიპინებდა მანქანას, არც ეგონა,
რომ მასთან იყვნენ, მერე რკინის დასარტყამის ხმაც გაიგონა
და დაინახა კიდეც შემოსულები შორს, კართან. მაშინ არ
იცოდა, ვინ იყვნენ, არც სახელები იცოდა მათი, ახალგაზრდა,
მაღალი, ჩასხმული კაცი წინ მოდიოდა ბავშვით ხელში, უკან კი
ქალი და ჭარმაგი კაცი მოსდევდნენ. თურმე ზაური იყო თავის
ცოლ-შვილითა და სიმამრით. რომ მიუახლოვდნენ და
მიესალმნენ, დასვა პატარა ბიჭი, და ღმერთო, შენი სახელის
ჭირიმე, როგორ მიამსგავსა თავის ვატატოს, როცა ის, აი, ამ
ბავშვის ასაკისა იყო, ასეთი გაზიდული თვალები ჰქონდა და
ასეთივე ხვეული, ხვეული კულულები ეყარა კოხტა, ბურთივით
მრგვალ თავზე, მზერაც სულ მთლად ვატატუნასი, მიმზიდველი
და გულში ჩამწვდომი. მიდი ბებიასთანო, ახალგაზრდა კაცმა
უთხრა და ელომაც ხელი გაუწოდა, არ კი ჰქონდა იმედი, რომ
მივიდოდა, ბავშვებს ხომ უცხო მოხუცები არ უყვართ, ბავშვებსაც
ახალგაზრდები და ლამაზები მოსწონთ, მაგრამ არა, მივიდა,
ახლად ფეხადგმული იყო და გაუმართავი ნაბიჯით გაემართა
მოხუცი ქალისკენ, თან ხელებს უწვდიდა. ღმერთმანი,
გულისხმა რომ ჰქონოდა, ეგონებოდა დაარიგესო. მივიდა,
მიფაცფაცდა, და, კიდევ უფრო საოცარი და საკვირველი,
კალთაში თავი ჩაუდო.
– ეგეთი მოსიყვარულეა... უყვარს ადამიანი, – თქვა
ახალგაზრდა კაცმა.
– Да, бабуля, я вижу, он очень полюбит. – ახალგაზრდა ქალმა
გაუღიმა ელოს, შავ-ყვითელი სახე თითქოს გაუნათდა, უცხო
შესახედი იყო, რუსს არ ჰგავდა, როგორც მერე გამოირკვა,
ჩუვაში იყო თურმე. ჭარმაგი კაცი კი, თვალმოუშორებლად ბაღს
გაჰყურებდა, რა ლამაზი ბაღია და რა მოსავლელიო, ნებას თუ
მომცემთ, მე მივხედავო. თქვენ ოღონდ მიგვიშვით და ედემად
გიქცევთ სახლ-კარსო, აი, ეგეთი სიტყვა უთხრა ზაურმაც,
მიავლ-მოავლო თუ არა აქაურობას თვალი. თვალი კი მეტად
დაკვირვებული ჰქონდა, შეუმჩნევი და აღუნუსხავი არაფერი
დარჩებოდა იმის, ერთი შეხედვით, თითქოს სასხვათაშორისო
მზერას. და სხეულიც მძლავრი ჰქონდა, შეხედავდით და იქნებ
შემკრთალიყავით კიდეც ამ ახალგაზრდა კაცის ძვალმსხვილი,
კუნთმაგარი, ლურჯ, ნაქსოვ ბლუზაში ამომჯდარი მხარმკლავისა
და ნიავივით გვერდების დანახვაზე.
ორ ოთახს მოგაქირავებთო, უთხრა, ხუთ თუმნადო. თუ
გეძვირებათ, მითხარით, მაგრამ მეც რა ვქნა, მე კი არა, ამ
სახლს სჭირდებაო, ადამიანივით უნდა მოვლაო,
ყოველწლიურად შველას საჭიროებსო. ენა არ დაუსველებიათ,
ისე დათანხმდნენ, ხუთი თუმანი რასა ჰქვია, ეგ თქვენ
კაკაკუკებში დახარჯეთ და სახლს ჩვენ მივხედავთო.
თავისთვისაც ორი ოთახი დაიტოვა, დარბაზი და საწოლი
ოთახი, მაგრამო, როცა სტუმარი გეყოლებათ, ან რამისთვის
დაგჭირდებათ, დარბაზიც შეგიძლიათ გამოიყენოთო.
მაგრამ ზაურს დიდი გეგმები ჰქონდა ამ სახლთანა და მოხუც
ელოსთან დაკავშირებით, ანუ თავის მდგომარეობასთან
დაკავშირებით. ბლომად ეშოვნა ფული და ბატონკაცური გვარი
და ბატონკაცური ცხოვრება უნდოდა, ქალაქის შუაგულში.
ვითომ აღარაფერია გვარიშვილობა, არა?! გეგონოთ! ვერ
იტანდა თავის გვარს, ტეტიურად თვლიდა და, ალბათ,
მართალიც იყო, და რომ უნდა გამოეცვალა, ამაში ეჭვი არ
ეპარებოდა... აბა, რა იყო პარწიკანაშვილი, ყურსა სჭრიდა,
ზედმეტი სახელის გაქილიკებით ავსებდა, ვიღაც იყო, ეტყობა,
მათ ჩამომავლობაში ხუმარა და დაღლარა, და იმას შეარქვეს
ეს სახელი, პარწიკანა, ჰოდა, ზაურმა რატომ უნდა ზღოს იმ
ვიღაც პამპულას გამო, რატომ და რისთვის, იმისი სახელისაგან
შეთითხნილი გვარი? დედა მაინც რომ კაი გვარისა ჰყოლოდა,
აუცილებლად დედის გვარზე გადავიდოდა, მაგრამ დედა კიდევ
ჭოტორლიშვილი იყო, ჭოტორი, სარზე შესული ლობიო, აი, რა
არის ჭოტორი, და არც კეთილხმოვანია! მერე ბებიისკენ წავიდა
და ბებიის ქალობის გვარი თავღორაშვილი გახლდათ. ბებიის
ძმისწული რომ გათხოვდა, ესმა, ცოცხალი თავით გვარს არ
გამოვიცვლიო, ამბობდა, ეტყობა, არ იცით თავღორაშვილები
ვინ იყვნენო, რა სახელგანთქმული მებრძოლები ერეკლეს
მხარდამხარო, ისე, რომ ერეკლემ ძალიან დაუფასა
ბრძოლებში გარჯაო, და თქვენ გინდათ, ხელი ავიღო ამ ჩემ
გვარზედაო, არასდიდებით არაო! ეს ყველაფერი თურმე
მართალი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ერეკლეს ამბით ხომ არ
დაიწყებდა თავისი გვარის ამბავს?! გული კი სწყდებოდა,
ნამდვილად სწყდებოდა იმის გამო, რომ თავის ჯიშისა და
ჯილაგის არა გვარი არ გამოადგა, ვერა გვარი ვერ შეიტკბო,
ვერც მეორე ბებიისა, რადგან ის კიდევ უხურგუნაშვილი იყო.
მოხუცი ქალის გვარი კი, რომელიც ადრევე გაიგო და ისიც
გაიგო, რომ აღარავინ იყო ამ გვარისა, ყურში საამოდ ჩაესმა
და გულამდეც უწია, აი, სწორედ ამ გვარზე და ამ კარ-მიდამოზე
უნდა შეჩერებულიყო, ქალაქის შუაგულში გაებოძიძგებინა ფეხი
და აქაურობას ჩაზრდოდა. და ერთ დღესაც, როცა უკვე კარგად
იყვნენ გაშინაურებულები მოხუც ქალთან, ზაურმა სთხოვა:
მინდა, ჩემი ბიჭი მოვნათლოთ და თქვენ იყოთ ნათლიაო. დიდი
სიამოვნებითო, ნათლიობაზე უარის თქმა არც შეიძლებაო,
მაგრამ მე ხომ დიდი დღე აღარ მიწერია და ბავშვი რატომ უნდა
დარჩეს უნათლიოდო, ზაურმა კი, ერთი იმიტომ, რომ თქვენც
გიყვართ და ბავშვსაც უყვარხართო და თანაც მინდა, თქვენი
გვარი დაანათლოთო, ამ მშვენიერ ბავშვს, თანაც ბიჭს, რად
უნდა ჰქონდეს სასხვათაშორისო გვარიო?! თქვენი გვარისა ამ
არემარეზე აღარავინ დაიარება და ჩემი ბიჭი კი ააღორძინებს
გვარსაო, აფსუსია ეგეთი გვარი ამოიფხვნასო.
მოხუც ელოს გულში ჩასწვდა ზაურის სიტყვები და ისე
ჩასწვდა, ერთხანს გაყუჩებული მისჩერებოდა, თითქოს რაღაცას
ვარაუდობსო, მერე კი ხელზე დაადო ხელი და, რა იქნება ჩემი
გარდაცვლილი შვილის სახელიც დაარქვათო, ჰგავს კიდეცო,
ბავშვობაში ტატო სწორედ ამისთანა იყოვო. სიხარულით
დათანხმდა ზაური, დღეიდანვე როლანდს კი არა, ტატოს
დავუძახებო. მაშინ იფიქრა ელომ, რომ განგების ხელი ერია
მათ აქ მოსვლასა და დასახლებაში.
– ჩემო შალვა, ნეტავ იცოდე, ვახტანგსაც როგორ გაუხარდა,
დედა, დედა, ასე მგონია ხელმეორედ დავიბადეო!
– ვახტანგს? – და შალვამ ელოს დაეჭვებით შეხედა.
– ჰოო, ჩემო შალვა, ჩემს ვატატოს. მთვარიან ღამით
გამომეცხადება ხოლმე, ენაცვალოს დედა, მოდგება
ფილაქანთან, ჩრდილივით მომადგება, აი, როგორც ლექსშია:
Он тихо входит внутрь, глубокой ночи тени стоят таинственно,
сгустившись по углам.
– ჰოოო... – გააგრძელა ბატონმა შალვამ, – ეგ ვისი სტროფია?
– ნადსონისა, ჩემო შალვა, ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან
იყო მოდაში, ჰოდა, იმას გეუბნებოდი, დედაო, ვითომ მე
ვყოფილვარო, ან თუნდაც ჩემი შვილიო, ჩემი მოსახელეო და
მოგვარეო, ოჰ, რა მშვიდად დავხუჭავ მეც თვალებს, ამ ეზო-
ყურეში პატარა ტატოს რო დავიგულებ... ძალიან ფხიზელი
ბავშვია, თორემ შენ თვითონ ნახავ, და ასე მგონია, მოეცხობა
აქაურობისა, ამ მიდამოსი, აქედან წასული ადამიანებისა... ფუძე
მოითხოვსო და აქაური ფუძე განათლებულ და ღირსეულ
ადამიანებს მოითხოვდა, მე კი, რაც ეს ბიჭუნა ჩემ გვერდით
არის, გათენება მიხარია, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა...
„მიდი და ელაპარაკე! – თავის გუნებაში შესძახა ბატონმა
შალვამ და ბიჭიას და თიკოს გახედა, – თან სკლეროზიც
შეჰპარვია. ეტყობა, მუზეუმის ფილიალს რომ ვეუბნებოდი, სულ
დაავიწყა ამ ბავშვმა...“ – და პირმოკუმულმა უკმაყოფილოდ
გაიქნია თავი.
– სიცოცხლეს ხომ ათასგვარი გამოვლენა აქვს, – თქვა თიკომ,
რომელიც გულხელდაკრეფილი ფეხზე იდგა. ჩამოიტანა თუ არა
სკამები, მაშინვე აპირებდა სახლში აბრუნებას და მოხუცის
ამბავმა გააჩერა, – ბებო ელოს კი ახლა ასეთი სიცოცხლე
იზიდავს, ხომ ასეა, ბებო ელო?
– ცოცხალი, სიცოცხლე... – ლამის დაიკვნესა მოხუცმა და
თითქოს მობოდიშებით გადახედა შალვას, – გახედე აივანს,
როგორ დაამარმარეს აქაურობა, ძველი აგური ჩაჟანგებული
რომ იყო, აივნის ბოლოს კიდევ გამჭვარტლული, ან ფილაქანი
რასა ჰგავდა, ყველაფერი გამობრწყინდა, სხვანაირად
განათდა...
– ოო, ეს სახლი სიყვარულით არის აშენებული... – თქვა
თიკომ და მის ხმაშიც გამოსჭვიოდა სითბო და სიყვარული.
– რა თქმა უნდა! შეხედეთ, როგორი ემოციური მუხტი აქვს, –
ჩაურთო ბატონმა შალვამ, – ბატონი გიორგი ქართულ ამპირს
უწოდებს ასეთ ძველ სახლებს.
– ხომ გახსოვთ, ბატონო შალვა? ხომ გახსოვს, ბიჭი?
– Учи ученого... – ბებრულად ჩაიქირქილა მოხუცმა ელომ.
ბატონმა შალვამ კი მწუხარედ შეხედა თიკოს და გაიფიქრა,
ალბათ, მზისავარიც თიკოსნაირი იყოო...
– მზისავარი, ქსნის ერისთავის ნორჩი ასული, – მღელვარედ
დაიწყო თიკომ მოყოლა, – იოთამ ორბელიანმა რომ ითხოვა,
კაცმა ჭარმაგმა და ქვრივმა, შეძლებულმა და მეფესთანაც და
შაჰთანაც დაახლოებულმა, მაგრამ პირქუშმა, წარბებშეყრილმა
და ბოხხმიანმა, გაგზავნა ამალა, თუ მაყრიონი საცოლის
ჩამოსაყვანად და, აგრეთვე, საკუთარი ძმისშვილი, სიჩაუქით და
სიმამაცით განთქმული ბესპაზ ორბელიანი. და თუმცა მშვენიერ
მზისავარსა და ბესპაზს სიყვარულის სამსალა არ დაულევიათ
ტრისტანსა და იზოლდასავით, მაშინვე დაადგეს ერთმანეთს
თვალი, მაშინვე აუჩქროლდათ გულიც, სისხლიც და ასო-ტანიც.
ჩემო გულპანწურაო, ჩემო სულისდგმაო, ჩემო სიყვარულოვო,
ეჩურჩულებოდა ბესპაზი მზისავარს. მწყაზარმა მზისავარმა
თავის საქმრო რომ ნახა, თურმე შიშის ქარმა დაუარა, ვაიმე, რა
ვქნა, უნდომართან დაწოლას ლეკებში წასვლა მირჩევნიაო, და
ისე დაიზაფრა, ისე, ისე, რომ ქორწილის ღამეს ხურვება
დააწყებინა, ჩავარდა ლოგინად... არ გამოხდა მცირე ხანი და,
სანამ მზისავარი ლოგინიდან თავს წამოსწევდა, იოთამი შაჰ
თახმასპმა დაიბარა ისპაჰანში. იმისი წასვლა იყო, მზისავარის
გამომთელება და სიყვარულის გაჩაღება. მაგრამ, იოთამს
მოსვლის დრო რომ დაუდგა და შემოთვალა კიდეც,
დამხვდითო, შესხდნენ ცხენებზე ბესპაზი და მზისავარი და
კახეთისკენ, ნაზარ ალი-ხანისკენ გამოქუსლეს. მოვიდნენ და
მუხლი მოუდრიკეს, თავისი ამბავი უთხრეს, თავშესაფარი
სთხოვეს. ნაზარ ალი-ხანი სიყვარულში დიდად გაწაფული და
განსწავლული გახლდათ, რუსეთის კარზე რამდენ ხანს
ბრძანდებოდა, მეფე-დედოფალთან დაახლოებული, პეტრე
პირველის მამობასაც კი აბრალებდნენ. გაუგო ლტოლვილებს
და თანაგრძნობითაც განიმსჭვალა, მაგრამ უთხრა,
დაგასახლებთ თელავში, ადგილ-მამულსაც გიბოძებთ, სახნავ-
სათესსაც, ნაშენსაცა და უშენსაც, ოღონდ თქვენც მსხვერპლი
უნდა გაიღოთ თქვენი სიყვარულისთვისო: დიდგვაროვანი,
მეფესთან და შაჰთან დაახლოებული ჭარმაგი კაცის
მოღორებისთვის აზნაურებად უნდა ჩამოქვეითდეთ და
ორბელიშვილები გახდეთო... ჰოდა, ეს სახლი სწორედ ბესპაზის
აშენებულია თავისი საყვარელი მზისავარისთვის.
– ჩემო გოგო, – უთხრა მოხუცმა ელომ და თიკოს ორივე ხელი
გაუწოდა თხოვნის ნიშნად, – ასე კარგად გვიამბე ჩვენი
წინაპრების სიყვარულის ამბავი და რა იქნება, შენც კეთილი
თვალით შეხედო ოთარს?! მერე რა კარგი ყმაწვილი დადგა...
– რას ამბობთ, ბებო ელო, ვინ ოთარს! – შეიცხადა თიკომ.
ბიჭიამ კი გულიანად გაიცინა:
– ვინ ოთარს და ჩემს ამხანაგ ოთარს, ქალაქის მთავარ
არქიტექტორს...
– თიკო, გენაცვა, შენ ხომ ბავშვობიდან იცნობ ოთარს,
მამაშენის ექთანი მაროს შვილს...
– მერე მე მისთვის ბოროტი თვალით არასდროს არ
შემიხედავს ან რა შუაშია ახლა ოთარი?! მე მინდა, თუ ნებას
მომცემთ, ნაზარ ალი-ხანის წყალობის სიგელი ჩამოვიტანო და
წავიკითხო, ძალიან მეცინება, იცით, რაზე? ღმერთს, ქრისტეს
და წმინდანებს ისეთი წარმოუდგენელი რაოდენობის
ეპითეტებით ამკობს, ისე ეშინია, არავინ გამორჩეს უხსენებელი,
რომ, ეტყობა, თვითონაც აწუხებდა რუსთ ხელმწიფის
მოღორება.
თიკო გაიქცა და დარბაზიდან, სადაც წყალობის სიგელის
ფოტოპირი ეკიდა კედელზე, ოდესღაც ვამეხის მიერ
გადაღებული და ჩარჩოში ჩასმული, – ჩამოიტანა.
– ნახეთ, 1702 წელს არის ბოძებული, როცა ბესპაზსა და
მზისავარს უკვე შვილებიც ჰყავდათ...
– თუ ღმერთი გწამს, მთელი არ წაიკითხო, ჩვენ ყველამ
კარგად ვიცით ეგ სიგელი... მეც რაღაც მოსალაპარაკებელი
მაქვს ბატონ შალვასთან, – უთხრა ბიჭიამ.
თიკომ ხელი აუქნია ბიჭიას და კითხვა დაიწყო:
„სახელითა სახიერისა დაუსაბამოსა, დაუსრულებლისა,
ძალგანუზომლისა, უნივთოსა, უსხეულოსა, უსაზღვროსა,
გარეშემოუწერლისა, მიუწვდომლისა, გამოუკვლევლისა,
უხილავისა, თუითმყოფისა და ყოველთა მამყოფისა, ყოველთა
დამაარსებლისა, ღვთისა მამისა, ძისა და წმიდისა სულისა,
თავსმდებობითა და მეოხებითა უბიწოსა და შეუხებლის
დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის
ქალწულისა მარიამისა, პატიოსნისა და ცხოველის ჯვარისათა,
რომელსა ზედან განიპყრან ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან
მკლავნი თვისნი ცხოვრებისა ჩვენისათვის, ამისითა
თავსმდებობითა და შუამდგომლობითა წმიდისა ზეცისა ძალთა
ანგელოზთა და მთავარანგელოზთა მიქელ-გაბრიელისათა და
წინასწარმეტყველისა, წინამორბედის ნათლისმცემელის
იოვანესათა და იოვანე ქალწულ მახარობლისთა, წმიდათა
ოთხთა თავთა მახარობელთა, ათორმეტთა მოციქულთა,
წინასწარმეტყველთა, ღმრთით მოძღვართა, მოწამეთა,
ქალწულთა, მამათა, მამამთავართა, მესვეტეთა, მეუდაბნოვეთა,
სათნომყოფელსა მღვთისათა, თავდებობითა, მინდობითა,
შუამდგომობითა, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა
გასათავებელი, მტკიცე და შეუცვალებელი მამულისა,
სახელოების წყალობის საფიცარი სიგელი გიბოძეთ ჩვენ,
ღვთივ აღმატებულმან და ღვთივ დამყარებულმან და ღვთით
ზეცით აღმაღლებულმან იესიან, დავითიან, სოლომონიან,
პანკრატიანმან, მეფეთა მეფემან და ხელმწიფემან, პატრონმან
ნაზარ ალი-ხან და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ
დედოფალმან, პატრონმან ანამ და შვილთა ჩვენთა,
სასურველმან პატრონმან იმამ-ყული და პატრონმან
კოსტანდილემა და თეიმურაზმან, თქვენ, ჩვენთა დიდად
ერთგულთა ქვეშევრდომთა ორბელიშვილს ბესპაზს და შვილთა
შენთა ვამეხსა, ვახტანგსა და გუგუნასა, მომავალთა სახლისა
შენისათა, ასრე რო მოხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისასა,
გვეაჯენით, რათამცა ერთგულად ნამსახურობისა თქვენისათვის
წყალობა მოგვეღო, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი,
ვიგულეთ, ვიგულისმოდგინეთ სამსახურისა და გარჯა ჩვენის
მართებულად ნამსახურებისათვის, სხუას ჩვენს საფიცარში
გიწერია და ყმა და სახელო ხელახლა ამით დაგიმტკიცეთ,
გაგიახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ყმა და მამული ჩვენი
სახასო: ქორეთი, ნაავნისევი, ზემო ხოდაშენი თავისის
საქონებელითა სახელოდ, სამოურაოდ, თელავის გასადევარზე
აჩინებული...“
– კარგი, გეყოფა! – შესძახა ბიჭიამ.
– კი, ბატონო, კი ბატონო, ბევრი მომივიდა! თვითონ ნაზარ
ალი-ხანს მოუვიდა მეტისმეტი... ისე, ყველგან ჴ-ა ხ-ს
მაგივრად... – სიცილით თქვა თიკომ და სიგელი წაიღო.
ბიჭია, რაც მოვიდნენ, აქამდე დიდ ფიქრსა და ყოყმანში იყო,
ახლა ეთქვა თავისი სათქმელი, თუ ოთარისა და ზაურისთვის
მოეცადა და სამივეს ერთად ეთხოვა თავისი საჭოჭმანო
სათხოვარი, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, დაწინაურებულიყო
და თავისი წილი სათქმელი წინასწარ ეთქვა. ამაზე ბიჭიასთვის
ბევრი რამ იყო დამოკიდებული...
– ძია შალვა, – ბიჭია ხან ბატონობით მიმართავდა შალვას,
ხან კი, მეტი სიახლოვისა და შინაურობის აღსანიშნავად „ძიას“
ეტყოდა ხოლმე, – მობრძანდით, რაა, აქეთ, მინდა, ბურჯი
შიგნიდანა ნახოთ...
– ბიჭი, შენ დაბადებული არ იყავი, აქაურობა ნახულიც რომ
მქონდა და ზეპირადაც ვიცოდი. რაო, მაინც რა გინდა, მაჩვენო?
– და ბატონი შალვა ფეხათრევით წამოდგა.
– არა, როგორი თელავი გიკიდიათ, ძია შალვა, ჰა, იქნებ
ვინმეს ჩამოუვარდება?! ვტყუივაარ? კისერს მოვიჭრი, თუ ვინმეს
ეგრე დაეხატნა! აკოპწიავებენ! თვით ელიჩკასიც კი, ზამთრის
გარდა, რაღაცნაირად კოხტაა! არადა, კოხტა კი არა, ნაღდი
უნდა იყოს, ნაღდი! – და ბიჭია მეორე მხარეს, ბურჯის
შესასვლელისკენ წავიდა.
ბურჯის ძირი წმინდად იყო შემოგვილი და მეორე მხარეს
სუმბულის კვლები იყო ჩარიგებული. იისფერი და თეთრი
სუმბულები საამო სურნელს აფრქვევდნენ. აქედან ბაღი
მთლიანად იშლებოდა... ბატონი შალვა მონუსხულივით
გაჩერდა, მოხუცი ელოს გაბარდული ბაღი აჩოყილი მყრალა
ბალახითა და ჭინჭარგადავლილი, წალკოტად ქცეულიყო,
შვების მომგვრელი იყო ხალიჩასავით დაფენილი, ხასხასა
მწვანე ბალახი, სანიმუშოდ განლაგებული, ერთმანეთს
გარკვეული მანძილით დაშორებული ხეები, ისე, რომ მთელი
ბაღი ბოლომდე ჩანდა, ყოველ ხეს ხედავდით, ახლად
გაფოთლილ, კოხტად გასხლულ ხეებს, და გეგონებოდათ,
თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე უვლიდა მზეც და სიოც,
უვლიდა და ელამუნებოდა, და ბატონი შალვაც იდგა და შვებით
ივსებოდა...
– Дядя Игнат! – დაუძახა ბიჭიამ მოშორებით, მარჯვნივ, მზის
გულზე, ხეივანთან მოფუსფუსე კაცს, – Вы просто молодец!
კაცი მობრუნდა და მათკენ წამოვიდა. გახეხილი, ძველი
გალიფე ეცვა, შიშველ ფეხზე კი კალოშები, სახე ჰქონდა
უცნაური, მოწითალო-მოყავისფრო და გეგონებოდათ, კანის
მაგივრად ტყავი აქვს სახეზე გადაკრულიო... ალბათ
მეკობრეებს ჰქონდათ ასეთი კანიო, გაიფიქრა ბატონმა შალვამ,
– მარილიანი ქარიშხლებისაგან გამოყვანილი და
გამოქარულიო. თითქმის ასეც გამოდგა, თუმცა ოკეანის
ნაცვლად თურმე ციმბირის პურგა და მწერების ლაშქარი
უთრიმლავდნენ კანს.
გაცნობისა და მოკითხვის შემდეგ, ბატონი შალვასგან ბაღის
ქება რომ მოისმინა, კაცმა დაბალი, მოგუდული ხმით, მაგრამ
ხალისიანად ამბის თქმა დაიწყო:
– ჩვენთან ზონაში იყო ერთი პატიმარი, ბაღებისა და პარკების
სპეციალისტი, პავლოვის იმ ცნობილ პარკში მუშაობდა თურმე
აგრონომ-დეკორატორად, ის გვიამბობდა ხოლმე ხეების ამბავს
და ისე გვიამბობდა, ჩვენ სულგანაბული ვუსმენდით. დიდი
ფანტაზიორი იყო ამასთანავე. ბაღი ისე უნდა გაშენდესო, რომ
იგრძნობოდეს ხეების მეგობრული ერთსულოვნება და
ზრდილობაო, ამისთვის კი აუცილებლად გარკვეული
დისტანციაა საჭიროვო, რომ ერთმანეთს ხელს კი არ
ჰკრავდნენ, ერთმანეთის დანახვა და სიყვარული შეეძლოთო...
რა უნდა გეკითხათ ხისა და მცენარისა, იმას ამომწურავი პასუხი
არ გაეცა... თან რა გატაცებით... ზოგჯერ რა უსამართლოა
ბუნება – ხის ჭრაზე ვიყავით და დიდმა ნაძვმა იმსხვერპლა...
ჰოდა, ამ ბაღს რომ ვუვლიდი, სულ ის ჩვენი პატიმარი
მახსენდებოდა, მეც იმისი შეგირდი ვარ.
– ყამირი იყო, ქვა და რკინა, ნეტავ როგორ გაუტარა ბარი, –
თქვა ბიჭიამ და ბატონ შალვას გადახედა, – ააყვავა აქაურობა...
მთელი დღე ბაღში ტრიალებს, მაგრამ ყველაზე ძალიან რამ
გამაკვირვა და ხეივანმა, სად ისწავლა ასე ვაზის მოვლა,
მთლად განაახლა ძველი ხეივანი და ახალი უწამლი ჩაყარა...
– Не в Шампани, а в Китаани, Бичи, в Китаани! – გაიცინა
კაცმა.
– ააა! – აღმოხდა უცებ ბატონ შალვას და შეხედა, – Вы тесть
Заури?
– დიახ, დიახ, სწორედ ზაურის სიმამრი ვარ, – თქვა კაცმა
თავმომწონედ, – სწორედ მისი წყალობით შევიძინე მეორე
სამშობლო. ზაური ოქროა, ისეთი გაგებულია, ისეთი გაგებული,
იცის, ჩემი მეუღლე ჩემთვის რა იყო და ახლა, რაკი მე აქ
დავმკვიდრდი, ისიც აქ უნდა გადმოვასვენოთ, აქ მინდა,
საფლავი მქონდეს და მეც აქვე დავიმარხები.
– რომ იცოდეთ, ძია შალვა, რა საოცარი ამბავი უნდა
გითხრათ, – თქვა ბიჭიამ და კაცს ღიმილით შეხედა, – წლები
გაატარა ზონაში და რომ გაიგო, ჩვენს სასაფლაოზე ბესო
ჯუღაშვილია დასაფლავებული, გადაირია, სწორედ მის
საფლავთან ახლოს მინდა, ჩვენი საფლავები იყოსო, ხომ ასეა,
ძია იგნატ?!
– მაშ როგორ? ასეთი ბუმბერაზის მამა! არც კი მჯეროდა,
გთხოვთ მითხრათ, თუ რამ იცით – ან სად ცხოვრობდა, ან აქ
როგორ მოხვდა?
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – შესძახა ბატონმა შალვამ და გულიანად
გაიცინა, – წარმოიდგინეთ, იმ ლოთ მეჯღანეზე არაფერი ვიცი,
გარდა იმისა, რომ თურმე ამქარმა დამარხა, ბოგანო და
უპოვარი.
– ჰოდა, მე ვუპატრონებ იმის საფლავს!
– აბა, თქვენ იცით! – და ბატონი შალვა და ბიჭია ბურჯისკენ
გამობრუნდნენ.
– სტალინის ჰიპნოზური დიდება ამას ჰქვია, – ჩაილაპარაკა
ბატონმა შალვამ, საკვირველია პირდაპირ...
– აბა, აბა! – დაემოწმა ბიჭია, – რა გგონიათ, უკვე ააღებინა
ზაურს საფლავების ადგილი სწორედ ზევით, ეკლესიასთან, და
სანამ ცოცხალი ვარ, სწორედაც მე უნდა მივხედო იმ დიდი
ადამიანის მამის მიტოვებულ საფლავსო...
– რაც შეეხება ზაურს, ახლა მივხვდი, ვინც არის ზაური, ჯერ
ზონა და მერე ყიტაანი რომ ახსენა ამ კაცმა... ასე ათი წლის წინ
დიდი პროცესი რომ იყო წვენების გამყალბებლებისა, მაშინ
ამბობდნენ, ყიტაანელი ზაურია ერთ-ერთი მოთავეო, ასეა, არა?
– ხომ იცით, ჩვენი კანონები როგორიც არის, ყოველგვარ
ინიციატივასა და კერძო წარმოებას რომ კრძალავს...
– მახსოვს, იმასაც ამბობდნენ, ამდენი ასკილი, ქაცვი და
მოცვი მთელ საქართველოში არ არის, რამდენ წვენსაც ეგენი აქ
ამზადებენ; მერე ხომ ციმბირში ამ წვენებით იმდენი ხალხი
მოიწამლა და სწორედ ციმბირის გზასაც გაუყენეს ეს შენი ზაური.
– კარგი რაა, ძია შალვა, ხომ არ შეიძლება ერთი
ცოდვისთვის, თანაც ციხეები რო ლესა და მოიხადა სასჯელი,
ყელში ამოვუყვანოთ და თავი ვაგლევინოთ?! აბა, ჰკითხეთ
ქვევითუბნელებს, როგორი რამეები გაუკეთა...
– ახლა სად მოღვაწეობს?
– მატყლის დამზადების უფროსია...
– მერე, შენ, რაო, რასა გპირდება?
– აი, ეს ბურჯი, ძია შალვა, აბა, რას წარმოადგენს? არც
არაფერს! – ამბობდა ბიჭია და ბურჯის კედლებისკენ ხელებს
შლიდა, – ქვა-ღორღით ნაშენი ჩაშავებული კედლებია, ზაურს
უნდა, აქ მარანი გააკეთოს. მართალია, არცთუ ისე დიდი
მარანი იქნება, სულ ოცდაოთხი კვადრატული მეტრია, მაგრამ,
სამაგიეროდ, ვისა აქვს ბურჯში მარანი?! ხუთი-ექვსი ქვევრიც
თავისუფლად ჩაიგდება და კარგი ტაბლაც გაეწყობა. ჰოდა,
უნდა, კედლები მე მომახატვინოს, თემატურად, რა თქმა უნდა.
ღამე ძილს მიკრთობს, ძია შალვა, ამაზე ფიქრი და ოცნება,
ვენახისა და რთვლის მოტივებით აბრდღვიალებული
კედლები... ფერები, ფერები, ფერები... თვალს რო ვერ უნდა
სწყვეტდეთ... მთელი ოცი კვადრატული მეტრია, ძია შალვა,
მოსახატი, აბა, წარმოიდგინეთ, ჰონორარსაც რამდენს ავიღებ,
ადამიანად ვიგრძნობ თავსა... აქეთ-იქით თავაღერილი რო
დავდივარ, დავეთრევი, კიდევ კარგი, რუსმა მხატვრებმა
შემიამხანაგეს და ზაფხულობით, თქვენც კარგად იცით,
თვეობით მივდივარ ხან მოსკოვში, ხან კოქტებელში, ვხატავთ
და ხან ტურისტებს მივყიდით ხოლმე, ხანაც ისინი
საზღვარგარეთ გზავნიან და მეც რაღაცას ვიღებ... აქ კიდევ
ხელში მივარდება ეგეთი სამუშაო... მეც ჩემს სახელოსნოს
გავიკეთებ ჩემს ბაღში, ამოვისუნთქებთ, მერე იქნებ სხვა გზაც
გამეხსნას, სხვებმაც მოიწადინონ ეგეთი რამეების გაკეთება...
ფულსა ჰქაფავენ, ძია შალვა, მერე რამოდენა ფულსა, „მშრალი
ოპერაციებიო“ და ბანკიდან პირდაპირ ამისთანა ხალხისკენ
მოედინება ფული, და უნდათ, კარგ სახლ-კარში დააბანდონ.
აბა, მაშ ჩვენს ფულს კაცი ენდობაა? ხან იცვლება, ხან რაა და
ხან რაა, სახლ-კარი კიდევ რჩება. თან ამბობს, ადგილობრივ
შემოქმედებს ხელი უნდა შევუწყოთო, უნდა ავაღორძინოთ
ჩვენს ქალაქში ჩამკვდარი საწარმოებიო, ჯეჯიმების ქსოვა
იქნება, ლამაზი თექების მოთელვა, – სხვათა შორის ეს
ტრაფარეტებიც მე უნდა შემიკვეთონ, – თუ ქაშანურის ნაირ-
ნაირი სურებისა და ჯამ-ჭურჭლის კეთება, აი, ეგეთი გეგმები
მაქვს! მთავარია, ამათ შევუწყოთ ხელი, მხარში ამოვუდგეთ,
ფულის მკეთებელ ხალხს, რო ან ეს გაკეთდეს, ან ისა.
უფულოდ, აბა, რა იქნება? ღარიბები რო ვიყავით, იმიტომა
ჰქონდა საწყალ ერეკლეს ეგეთი ვითომ სასახლე, არცერთი
რაიკომის მდივანი რო არ იკადრებს ეხლა...
– მამა უცხონდათ, არ იკადრებს! ჰოდა, ვისაც რა აქვს, იმას
უნდა გაუფრთხილდეს. რა ვუყოთ, რომ ჩვენ ისეთი სრა-
სასახლეები არა გვქონია?! ჩვენ საწყალ წინაპრებს ხმალზე და
ხანჯალზე ედოთ ხელი, მადლობა იმათ, რაც შემოგვინახეს, რაც
აშენეს და აკეთეს, დიდი მადლობა! – შეუპოვრად წარმოთქვა
ბატონმა შალვამ.
ბურჯში თიკომ შემოირბინა:
– აბა, ჩქარა წამობრძანდით, სუფრა გაშლილია და ისინიც
მოვიდნენ!
– ოო, ხინკლის გაცივება არ იქნება, და არც მწვადისა! –
გაიცინა ბიჭიამ და ბატონ შალვას გამოსდო ხელი.
– თუ მარტო ამაშია საქმე, შენ რასაც ამბობ, – დაწყებული
ლაპარაკი განაგრძო ბატონმა შალვამ, – ფრესკები არაფერს
ხელს არ შეუშლიდა, პირიქით, ძალიანაც გამიხარდებოდა, თუ
ხელი მოგემართებოდა, კარგ მარანს და შენს ფრესკებს რა
აჯობებდა?! მაგრამ მითხარი ერთი, ზაური მთლიანად
დაეპატრონა აქაურობას?
– მე იმასა გთხოვთ, თქვენ მე გამომიწოდოთ ხელი, ძია
შალვა, ძალიანა გთხოვთ... – და ბიჭიამ ქვევით გაიხედა,
შემოსასვლელისკენ. ჭიშკართან „ვოლგა“ იდგა და კაცები
გადმოდიოდნენ, მძღოლი კი საბარგულიდან კალათებს
ალაგებდა.
აბა, ერთი, ვინ არის ეს ზაურიო, გაიფიქრა ბატონმა შალვამ
და მომავლებს გახედა. ერთი ოთარი იყო, საგანგებოდ
გამოპრანჭული, გალსტუკიც კი ეკეთა. დეიდა ელო ხომ არ
ურიგებს ნეტა თიკოსო, გაუელვა ბატონ შალვას. ზაური კი ეცნო,
ქუჩაში რამდენჯერმეც შეხვედროდა, მაგრამ ახლა, როცა
მითუმეტეს ზაური და ოთარი რაღაცას ერთმანეთში გამალებით
ლაპარაკობდნენ, დაკვირვებით დაუწყო ყურება, ერთი თალია
თვალებიც კი მოწკურა... და თავის გუნებაში დაასკვნა,
ნამდვილად ცუდი ამერიკული ფილმის განგსტერს ჰგავსო.
რომ მოუახლოვდნენ, ოთარი დაწინაურდა, ყველას ხმაურით
მიესალმა, თიკოს კი ხელი მოხვია და გადაკოცნა. თიკო შეცბა
და უკან გადაიწია.
– Прошу любить и жаловать! – მოუწოდა მოხუცმა ელომ
თიკოს.
ზაური ბატონ შალვასთან მივიდა, მაგრად ჩამოართვა ხელი
და თავის დაკვრით უთხრა:
– მიხარია, ბატონო შალვა, თქვენი მობრძანება.
მოსული კაცი იყო, სახეც მსხვილი ჰქონდა, მაგრამ ლამაზი,
და ღიმილიც ძალიან შვენოდა.
– ბებო ელო, მიცვალებულის დღეაო, რომ მითხარით, კარგი
ყვავილები ვაყიდვინე ბორიას და სასაფლაოზე გავატანე... აბა,
ახლა კი წამობრძანდით, თორემ გაცივდება ყველაფერი, – და
როგორც მასპინძელი და ოჯახის უფროსი, ისე გაუძღვა ხალხს
სახლისკენ.
– გმადლობთ, ჩემო ზაურ, დიდი მადლობა, – თქვა მოხუცმა
ელომ, – მე მუხლებმა მიმტყუნა, ჩემო შალვა, ზაური თუ
წამიყვანს მანქანით, თორემ აღმართი სულ აღარ შემიძლია, აი,
ესღა ძალმიძს, ჩემი ექვსი საფეხურის ავლა-ჩამოვლა.
სახლი მაღალი ბელეტაჟი იყო, ქვეშ სარდაფები ჰქონდა,
დაბალ, მრგვლად ნაშენ, გოდორა სვეტებზე იდგა სარდაფის
სართული.
ამ სახლს ყველაფერი შვენისო, გაიფიქრა ბატონმა შალვამ,
მოხუც ელოს მოჰკიდა ხელი და კიბეზე ასვლაში მიეხმარა.
– გმადლობთ, ჩემო შალვა, მაგრამ აქ ამოსვლა ჯერ კიდევ
შემიძლია, ოღონდ Пора мой друг, пора, покоя сердце просит...
– არა, დეიდა ელო, მე დღეს სულ სხვა თვალზე გიყურებთ... –
გაიცინა ბატონმა შალვამ, თუმცა ამ სახლის თაობაზე,
განსაკუთრებით ბიჭიასთან ლაპარაკის შემდეგ, ეჭვებით იყო
მოცული და არც ტყუილად.
აივანზე ზაურის ცოლი, ელა შემოეგება, ბოდიში მოიხადა,
მეშინოდა, ბავშვს არ გაეღვიძა და ვდარაჯობდიო, არ მინდოდა,
სუფრასთან შეეწუხებინეთო. ახალგაზრდა ქალი იყო, ალბათ,
ერთი ათი წლით უმცროსი თავის ქმარზე. წვრილი, წვრილი ხმა
ჰქონდა და განზე გაზიდულ, ძალიან შავ თვალებს სასიამოვნოდ
ნაბავდა... დარბაზში ლამაზად იყო სუფრა გაშლილი,
ძველებური, სალათისფერგრეხილებიანი წმინდა ფაიფურით
და, საერთოდ, ამ დარბაზში, ძველი სახლის მყუდრო, მზიან
დარბაზში, ბატონ შალვას, მშვენიერების, და განსაკუთრებით კი
გარდასული მშვენიერების მოტრფიალეს, ყველაფერი
ესალბუნებოდა, თაღიანი კარ-ფანჯარაცა და გასანთლული,
გრძელი, გრძელი თელის ფიცრების იატაკი, კედელზე დიდი,
ლურჯი შირვანული ხალიჩა, ტახტზე კი კანვით ნაკერი შალის
ბალიშები და მუთაქები, ძველებური ფოჩიანი სავარძლები
შინდისფერი ხავერდისა, ფანჯარასთან, კუთხეში კი, სამფეხა,
მაღალ დასადგარზე ტატოს ფერწერული პორტრეტი, დიდი
გზნებით დახატული აბასთუმანში ვიღაც ავადმყოფი მხატვრის
მიერ, და გვერდით კედელზე ჩამოკიდებული მანდოლინა.
მაგრამ რა იზიდავდა აქ ყველაზე მეტად, ყოველ მოსვლაზე,
თითქოს პირველად ნახაო, ისე რომ შეაჩერებდა ხოლმე მზერას
– ეს, მაგიდის გადაღმა, ტაძარივით აღმართული კაკლის ხის
კარადა იყო; კარადას აჟურულჩუქურთმიანი გვირგვინივით
კარნიზი ედგა, ზედა ნაწილის კარს მაქმანივით ჩუქურთმა
ჰქონდა შემოვლებული, ქვედა ნაწილის კარზე კი
ერთმანეთისკენ ნისკარტგაწვდილი წეროები სხვადასხვა ჯიშის
ხის მასალით იყო ინკრუსტირებული და მათი ოდნავ გაშლილი
ფრთები ბზისა, ნამივით მიმობნეული სადაფებით, და
სადაფისავე თვალები, გადასული მზის გამოძაბულ სხივებზე
ოქროსფრად კიაფობდა.
მძღოლი ბორია კალათებიდან სათითაოდ იღებდა ღვინის და
ბორჯომის ბოთლებს, შოთებს, ყველს, ელა და თიკო კი
მაგიდაზე ანაწილებდნენ სანოვაგეს...
მოხუცი ელო ერთბაშად გაფაციცდა, ხუსხუსით წავიდა
კარადისკენ, გამოაღო ქვედა კარი და შეიხედა, მერე
გამოტრიალდა, ტახტთან მივიდა, ბალიშები ასწია სათითაოდ,
ზაურმა თვალი გააყოლა და გაეღიმა:
– ელა! Помоги бабуле!
ელამ სუფრას თავი ანება, მოხუცთან მივიდა და მეორე
ოთახში გაიყვანა.
– სულ ავიწყდება, რომ კბილებს ტუმბოჩკაში ჩასდებს ხოლმე
და, აი, ასე იწყებს საწყალი ბორიალსა და ძებნას, – თავის
გადაქნევით თქვა ზაურმა.
– თიკო, შენ დაბრძანდი, ბორიას მე და ბიჭია ვუშველით... –
ოთარმა ტკბილად გაუღიმა თიკოს, ხელი მოხვია და სკამზე
დასვა.
– მე იქით მინდა დაჯდომა! – თიკო მყისვე წამოდგა და ბატონი
შალვასკენ გადმოვიდა.
ბიჭებმა ქვაბებს დაავლეს ხელი.
– იცოდეთ, ბიჭებო, აქ სხვადასხვა ხინკალია, ხორცისა, ხაჭოსი
და სოკოსი, და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, – თქვა
მძღოლმა.
ხინკალს ორთქლი ასდიოდა, ბიჭები დიდ სინებზე ყრიდნენ.
– ბებო ელოც ეხლავე მოვა, ჩვენ დავსხდეთ, ბატონო შალვა,
თქვენ თქვენი მოწონებული კარადის პირდაპირ დაბრძანდით,
თან სუფრის თავშიც იქნებით, – შესთავაზა ზაურმა.
– კი მაგრამ, საიდან იცით, რომ მე ეს კარადა მომწონს? –
გაიოცა შალვამ, – თუმცა არ არის ძნელი მისახვედრი...
შესანიშნავი კარადაა.
– შემოსვლისთანავე ისე შეხედეთ, რომ მივხვდი, მე კი,
სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც თვალში არ მომდის...
მწვადი სადღაა, ბორია? მეტისმეტად დიდია ეს ბუფეტი.
– ვითომ არ გაცივდეს, თბილად იყოს-მეთქი.
– წამოყარე, წამოყარე, ზოგს იქნებ მწვადით უნდა, დაიწყოს,
ხახვი ხომ აქვს დაჭრილი?
– კანეშნა, – ბორიამ მწვადით გაავსო მეოთხე სინი, და
ქვაბებიანი კალათები გარეთ გაიტანა. მოხუცი ქალი და ელა
შემოვიდნენ, ელო თავს ატოკებდა და მორცხვად იღიმებოდა,
პირზე ხელს იფარებდა.
ყველანი სუფრას შემოუსხდნენ, ზაური, ოთარი და ბორია ერთ
მხარეს, ბიჭია, თიკო და მოხუცი ელო მეორე მხარეს, ბატონი
შალვა და ელა კი სუფრის თავსა და ბოლოში.
– ძია იგნატი გაზეთებზე წავიდა და შემოგიერთდებითო, –
ბორიამ თქვა, – რა კაცია ჩვენი იგნატი, რა კაცი,
უბიბლიოთეკოდ და უგაზეთებოდ ერთი დღე არ შეუძლია
გაძლება!
– აბა, ბებო ელოს მიართვი ხინკალი, ბიჭი, ბატონო შალვა,
რომელი მოგართვათ?
– რამდენი ხანია, ჩემო შალვა, ამ სახლში სუფრა არ
გაშლილა, სტუმარი არ ყოფილა... მე ხაჭოსი, ბიჭი, და ცოტა
ერბოც დამისხი.
– ოჰოჰოჰო, რა ხინკალია, ტყუილია, გიგოს ხინკალს ხინკალი
არ შეედრება, თუშები გარეულ ქონდარს რო უკეთებენ, იმათგან
გადმოიღო და როგორ უხდება... თიკო, რაღა სოკოსი აიღე, ჯერ
ხორცისა ნახე, ხორცისას არცერთი არ შეედრება, – ოთარმა
თიკოს სინი მიაწოდა.
– კარგი რაა, ოთარ, მე რაც მინდა, ის უნდა ავიღო.
რა უხეშად ვიქცევიო, გაიფიქრა თიკომ, მაგრამ ვერ ვიტან
ვერავითარ გარიგებასო.
– ბებო ელო, მოდით და ამისთანას პატივი ეცით... – ოთარმა
მოხუც ქალს თვალი ჩაუკრა და თან გაიცინა.
– თიკო, იცოდე ოთარი არ გამიბრაზო! – ელომ თითი დაუქნია
თიკოს.
– სტუმარი არ უნდა მოგაკლოთ, ბებო ელო, თქვენ ოღონდ
თქვით და, სტუმარი და ხინკალი ჩემზე იყოს, არა, სხვა რამეც,
რა თქმა უნდა, რასაც დაგპირდით, წყალი არ გაუვა, ეხლა კი,
ხომ იცით, ხინკალი მისავალია, თან უდროოდ წასული
ვახტანგის მოგონებაა დღეს, თან მიცვალებულის დღე ყოფილა
და ბებო ელოს შვილის მოსაგონარი დავლიოთ, ისეთი ღვინოა,
ეჭვი არ მეპარება, დასცლით, ასეთმა ღვინომ გადაატანინა
ჩვენს ქვეყანას თათრობა და კოლექტივიზაცია, მიაგებოს იმ
კარგ კაცს, წინ დახვდეს! – და ზაურმა სულმოუთქმელად
დაცალა ჭიქა.
ღვინო მართლაც დიდებული იყო, საფერავი გრძელი
მინდვრისა, ენას სასიამოვნოდ ეკიდებოდა.
– ჩემი შვილის სადღეგრძელო მინდა დავლიო, – მოხუცმა
ელომ ჭიქას ხელი მოჰკიდა, ნელა აიღო და ხინკალს დააწვეთა,
– ბოლო დროს ერთი მთვარიანი ღამე არ გაუშვა, რომ არ
გამომცხადებოდა. ამასწინათაც, მთლად რომ გაივსო მთვარე,
რაღაცა უზარმაზარი გახდა, თან შუქურასავით ლაპლაპებდა,
ჩემი საწოლი ოთახი გაჩირაღდნებული იყო, აივნის ფილაქანზე,
გეგონებათ, ნიავმა გაიშრიალაო, ფანჯარას ჩრდილი მოადგა,
ტატო იყო, ჩემი ბიჭი. რა კარგიაო, რომ მარტო აღარა ხარო,
ასეთი ხალხი შემოვიდა ჩვენს სახლშიო. ჰოო-მეთქი, ჩემო ბიჭო,
მეც ვეუბნებოდი.
– გმადლობთ, ბებო ელო, გმადლობთ, იცოდეთ, ეგ ერთი
პატარა ჭიქა უნდა დაცალოთ.
– ღვინო კი სანიმუშოა, ჩემო ზაურ, ჩვენმა კარგმა
ნევროპათოლოგმა, ქალბატონმა ნინომ მირჩია, უებარიაო,
აუცილებლად ყოველდღე დალიეთ თითო ჭიქაო, სავსეა
ვიტამინებით და ძალას შეგმატებთო...
ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა, ბორიამაც, რომელიც კი არ
ჭამდა, სანსლავდა ხინკალს, იმანაც კი შეაჩერა ყბების
თქარათქური. სიჩუმე ბიჭიამ დაარღვია:
– ძია შალვა, საქმე რო იყოს, აი, ძაან თუ გშიათ, რამდენ
ხინკალს მიირთმევდით? გიგოს ხინკალს, ცხადია.
– ათს... შეიძლება თორმეტამდე ავიდე, თუ მთელი დღის
მშიერი ვარ.
– კარგი რაა, ათი და თორმეტი რა არის? ჩემთვის ნორმაა
ოცდახუთი, აი, ეს ვაჟბატონი კი, – ზაურმა ბორიას გადახედა, –
ორმოცდაათს ერთს არ დააკლებს, თან ისე გადაუშვებს, ნაოჭს
არ გაუფუჭებს.
– რაც მართალია, მართალია, ხინკალზე ძღომას ვერ ვიგებ
და რა ვქნა... თქვა ამ ბორიამ.
– ეს სინები არ მომწონს, ქალებო, – თქვა მოხუცმა ქალმა, –
აბა, რა არის ამ მშვენიერ ჭურჭელთან სპილენძის სინები!
– სერვიზის ფაიფურის სინები, დიდი ჯამები და საწვნეები
ძალიან ღრმად იყო შელაგებული, ლამის შეძრომა იყო საჭირო
კარადაში და მე და ელამ ასე გადავწყვიტეთ, რას ერჩით, ბებო
ელო, მშვენიერი სინებია...
– ჩემთვის უნდა გეთქვათ, თიკო, ჩემთვის და სინებს კი არა,
არ ვიცი, რას ვიზამდი, მთას ბარად ჩამოგიტანდი! – ხუმრობის
კილოთი, ღიმილით თქვა ოთარმა.
ოჰ, რა ჩაშაქრულად მიღიმოსო, უსიამოვნოდ გაიფიქრა
თიკომ.
– ამას ვგულისხმობდი, ბატონო შალვა, წეღან კარადაზე რომ
გეუბნებოდით, მეტისმეტად დიდია-მეთქი. მართლა შიგ
შეძრომაა საჭირო, შეძრომა ან აფოფხება, ისეთი განიერი და
მაღალია. შეადარეთ ჩეხურ ახალ ავეჯს, რა მოსახერხებელია, –
ამბობდა ზაური.
– არც შევადარებ დაპრესილი ნახერხის ავეჯს ამ შესანიშნავ
კარადას. ეს, დიდებული ოსტატის, იყალთოელი კოტე
ბოტკოველის ნამუშევარია. მას ჰქონდა მასალაში წვდომის
ასეთი უნარი. შეხედეთ, რა სინატიფით არის გამოყვანილი
ჩუქურთმის ყოველი ნაკვთი და როგორი მრავალფეროვანი თუ
მრავალსახოვანია ეს ჩუქურთმა. ამიტომ იყო, რომ
სათავადაზნაურო ბანკის კარ-ფანჯრის მოჩუქურთმება სწორედ
კოტე ბოტკოველს დაავალეს, ბანკის, ანუ ახლანდელი ჩვენი
საჯარო ბიბლიოთეკის. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ნახოთ... და
ბატონ შალვას თვალწინ დაუდგა ადრე, ახალგაზრდობაში
ნანახი თვითონ კოტე ბოტკოველი – „კეთილაღნაგი“,
თავმომწონე კაცი, ბუწკა თმითა და მოგრძო, ჩამოქნილი სახით.
„ო, როგორ მიყვარს... როგორ მიყვარს!“ – ისეთი გზნებით
წარმოთქვა თიკომ თავის გუნებაში, ლამის შეეშინდა, სიტყვები
თვითონ არ გამომიფრინდეს პირიდანო, ტუჩებზე ხელი
მიიფარა და თავი ჩაღუნა. რად არის, რომ ვინც გაღელვებს, ის
ყოველთვის ლამაზიაო... ყოველთვის, ყოველთვის
მშვენიერიაო... და ვინც არ გაღელვებს, როგორც, მაგალითად,
აი, ეს ოთარი, ის არც კი იცი, როგორიაო, უშნო თუ მოსაწონიო,
ე.ი. ყველა შეიძლება იყოს მშვენიერი და იგივე ყველა
შეიძლება არც კი იცოდე, როგორიაო, ამიტომ ყოველთვის...
ყველგან... და ყველაფერში მთავარი სიყვარულიაო... და მაშინ,
მას, ვისაც ოთარი ააღელვებს, ეს ყვითლად გამოჭყეტილი
პრიალა გალსტუკი, რის გამოც მე ის ლამის პამპულა მგონია,
შეიძლება ძალიანაც მოეწონოსო... მაგრამ მე რა ვქნა, რა
მოვუხერხო ამ ჩემს მღელვარებასო. აი, ასეთ ფიქრებს მოეცვა
გრძელი მინდვრის ღვინითა და სიყვარულით აფეთქებული
ჩვენი თიკო, და ის ამ ფიქრებიდან სწორედ ბატონი შალვას
სიტყვებმა გამოარკვია:
– ბიჭიამ მითხრა თქვენი განზრახვის შესახებ, ბურჯში მარანი
გამართოთ. მეც მქონდა სურვილი, მებრძოლა და ამ სახლში
მუზეუმის ფილიალი გაგვეხსნა, ქალაქს შეესყიდა, დეიდა ელოს
ყველა უფლების დაცვით, მაგრამ...
– არა, ჩემო შალვა, არა, არა, არა! – აღელდა მოხუცი ქალი, –
შენ არ იცი, რა არის უძლური ადამიანის მარტოობა, წყლის
მომწოდებელი და ხმის გამცემი რომ არავინ გყავს. ეს ხალხი
კი... ეს ვითომ უცხო ქალი... უცხო კი არა, ისეთი ახლობელი
გახდა, მეტი რომ არ შეიძლება, შვილივით მეპყრობა, ბავშვივით
ჩამსვამს აბაზანაში, დამბანს, გამაკრიალებს, დაუზარებლად,
ტკბილად... ბიჭუნაზე ხომ არაფერს ვამბობ, ამ ბავშვით მიდგას
სული...
– ნუ ღელავთ, დეიდა ელო, ჯერჯერობით ეს ისე ძნელია,
სწორედ ეს მინდოდა მეთქვა, და კიდევ უფრო გაძნელდება,
რადგან ჩვენ ახლა მთელი ერეკლეს ბაღი და დიდი ფლიგელი
მივიღეთ, ინსტიტუტის გადასვლის შემდეგ და სახელმწიფომ
ისედაც დიდი თანხა უნდა გამოგვიყოს სარესტავრაციოდ.
– ძალიან კარგი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, – თქვა
ზაურმა და ბატონ შალვასა და ქალებს ღვინო ჩამოუსხა, – ჩვენი
საქმე კი ისეა, ბატონო შალვა, როგორც თვითონვე ბრძანა,
ბებო ელომ თავისადა გვცნოო, მე სახლსაც მივხედავ, კარსაც,
ბებო ელოსაც, არაფერს მოვაკლებ, ღმერთმა დიდხანს
აცოცხლოს, ყველაფერს გავუკეთებ, სახლის ფულსაც
გადავუხდი, როგორც შეაფასებენ. ამ ფულით გინდ ჩიტებს
აბაზიანები ესროლოს და გინდ საქველმოქმედოდ გამოიყენოს,
უპატრონო ბავშვების დახმარება იქნება თუ ძეგლების
რესტავრაცია, როგორც თვითონ ინებებს, მეე მუქთათ კი არ
მინდა, მუქთი და არამი ეშმაკისაა. რაც შეეხება მარანს და
ბიჭიას ფრესკებს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
„ვაიმე, ვაიმე, ვაიმე ახლა დაიწყება რაც დაიწყება“, –
გაიფიქრა თიკომ.
– ჩემზე? – ბატონმა შალვამ წარბები აწკიპა. – რატომ ჩემზე?
ქვევრების ჩაყრაც შეგიძლიათ და მოხატვაც, ამით ბურჯს
არაფერი დააკლდება, პირიქით...
– თქვენი ხელის მოწერაა საჭირო, ბატონო შალვა... სხვა
არაფერი, – გულღიად, თითქოს რაღაც უბრალო და
უმნიშვნელო რაღაცას ეუბნებაო.
– ძალიან მომინდა მწვადი, მგონი, გაცივდა კიდეც ამასობაში.
ხბოსია? – ბატონმა შალვამ თეფში ზაურს მიაწოდა მწვადის
გადმოსაღებად, – და რა ხელისმოწერაზეა ლაპარაკი?
ზაურმა მწვადის ნაჭრები დაულაგა თეფშზე ბატონ შალვას.
– ოჰოჰო, რა სურნელოვანია, შესანიშნავი მწვადია, ცვრიანი
და რბილი, – ამბობდა ბატონი შალვა ხაზგასმით.
„ო, როგორ მიყვარს,“ გაიფიქრა ისევ თიკომ, „ვითომ ვერ
მიხვდა, რა ხელისმოწერაზეა ლაპარაკი და შაყირობს...
ღმერთო, რა სისულელეა ჩემი ასეთი მღელვარება, რა კაი
რამეა, უნდა, აგრძნობინოს, რომ მწვადსა და ხელის მოწერას
არავითარი კავშირი ერთმანეთთან არა აქვს... იცოდეთო... რომ
მწვადი მწვადია და ხელისმოწერა ხელისმოწერააო... – რაა,
ბატონო შალვა, და მინდა, აქაურობა ჩემებურად მოვნათლო,
ამაზეა ლაპარაკი, და თქვენც დასტური მოგვცეთ, მხარში
ამოგვიდგეთ, მეცა და ბიჭიასაც... და ოთარსაც...
ბატონმა შალვამ ერთბაშად შუბლი შეიკრა და ჩანგალი
დადო:
– რა მინდა, იცით, გითხრათ, კარგად დამიგდეთ ყური,
მეთვრამეტე საუკუნის ეს ერთადერთი სახლია დარჩენილი, თან
რა შესანიშნავი სახლი, რა კარგად შენახული, და ამ სახლის
ხელის ხლება, გარდა რესტავრაციისა, არაფრით არ შეიძლება!
– კარგი რაა, ძია შალვა, თქვენ ხომ არ იცით, ჩვენ რა გეგმა
გვაქვს! – ბიჭიამ ხელსაწმენდით გაიწმინდა გაქონილი ტუჩები
და შალვას საყვედურით შეხედა: – მამაპაპეულად აქაურები
ვართ მე და ოთარი, აქა გვაქვს ჭიპი მოჭრილი და ჩვენი
ქალაქისთვის ცუდს რად მოვინდომებთ?!
– გვკითხეთ მაინც, რა ჩანაფიქრი გვაქვს, – თავი წამოყო
ახლა ოთარმა, – რა და როგორ გვინდა, რას ვაპირებთ, ხო არ
შეიძლება ეგრე, ბოდიში და, ყალყზე რო დგებით! – ოთარმა
გაბუტულივით გამობუშტა თავისი წითელი, ხორციანი ტუჩები.
– მაშ, იცოდეთ, – მიუბრუნდა ბატონი შალვა ზაურს, – თქვენი
ჩანაფიქრები სხვაგან განახორციელეთ, ან არადა, გაუკეთეთ
რესტავრაცია ამ მშვენიერ სახლსა და იცხოვრეთ, მე რა
დამშლელი ვარ, თქვენთვისაც კარგი იქნება და დეიდა
ელოსთვისაც...
მოხუცი ელო ჩაჩუმებული დასცქეროდა თავის თეფშსა და
ნახევარ ხინკალს, შალვას სიტყვებზე გაუუგემურდა, ლუკმა
პირში გაუჩერდა, აღარ მოუნდა ჭამა, თითქოს კარგად ვერ
გაიგონებდა მათ ნათქვამს, არადა, უნდოდა, ყველაფერი
კარგად გაეგონა და როცა საჭირო იქნებოდა, ჩარეულიყო
კიდეც.
– არა, არა, ბატონო შალვა, მარტო რესტავრაცია კი არა, –
დაიწყო ისევ ოთარმა, – ეს ხომ თავისთავად გაკეთდება. ჩვენ
რა გვინდა, იციით, სახლს ძალიან ღრმა საძირკველი ააქვს და
ძალიან მაღალი სხვენი, ქვევით ჩაითხრება და შესანიშნავი
გარაჟი გაკეთდება, ზევით კიდევ აიწევა და შესანიშნავი
ორსართულიანი სახლი გამოვა, მაღლაც ასეთივე სვეტებით,
როგორც დაბლა, თანაც კოხტა რიკულებიანი, ბურჯთან პატარა
ხიდი გაიდება, ბურჯზე ტერასა გაკეთდება თავის ხეივნით,
მარანიც დაცული იქნება და თან რა ხედი გაიშლება, ირგვლივ,
კავკასიონისკენაც, ხომ იცით, ხედითა ფასობს სახლი, თუ
არადა, ნახავთ და ძალიანაც მოგეწონებათ! ყოჩაღ ბიჭებოვო,
შეგვაქებთ კიდეც!
– ვერაფერსაც ვერა ვნახავთ! – შეუპოვრად დაიწყო ბატონმა
შალვამ, – იმიტომ, რომ, რაც თქვენ განგიზრახავთ,
შეუძლებელია, არა მაქვს უფლება! არავითარ შემთხვევაში!
განა არ კმარა, რაც დაინგრა, განადგურდა, რასაც მიაშენეს,
მოაშენეს, დააშენეს, ჩააშენეს... ეს ერთ-ერთი უიშვიათესი
სახლია, თან ქალაქის ცენტრში, ასე მთლიანად დარჩენილი და
ესეც გინდათ იავარყოთ და გაანადგუროთ? და თან ჩემი
ხელშეწყობით?! სადაური ამბავია, როგორ მოაწერეს სხვებმა
ხელი, როგორ! – და ბატონმა შალვამ ჯიქურ შეხედა მის
მოპირდაპირედ მჯდომ ოთარს.
– გავიწყდებათ, ბატონო შალვა, – წამოენთო ოთარიც, – რომ
მე ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვარ და გაფუჭებას და
განადგურებას არ დავუშვებ, იგივე იქნება, ოღონდ სართული
დაემატება, ხალხმა ხალვათად იცხოვროს, ეგ არის და ეგა,
ახალი კრამიტი დაეხურება, სვეტები გაეწმინდება, სახლი
ფუნქციით თანამედროვე სახლს დაემსგავსება, ბოლოს-ბოლოს
დანგრევას ხომ არ ვამბობთ, აშენებას ვამბობთ!
– და სიტყვაზე, ძია შალვა, – ჩაერთო ბიჭია, – დანგრევაც რომ
იყოს, ამისთანა სახლი კი არა, რაღა არ დანგრეულა,
ბაბილონის გოდოლი დაინგრა, ტროა დაინგრა, დრეზდენი
დაინგრა... რომელი ერთი ვთქვა, რომელი ერთი!
– ბატონმა შალვამ კი, – წამოიძახა თიკომ, – ხომ გახსოვს,
ბიჭი, არაფრით რომ არ დაანგრევინა გასპაროვების
შესანიშნავი სახლი. ტრაქტორი მოიყვანეს, უკვე მეოთხედი
სახურავი იყო მოხდილი, რამდენი იარა რაიკომსა და ძეგლთა
დაცვაში, არ დაანგრევინა და სახურავიც აღადგენინა. ისე რომ,
ფრთხილად!
ბიჭია თავს იქნევდა და ხელებსა შლიდა, ზაურსაც
გადახედავდა ხოლმე, ხომ კარგად ვუტევთო, ზაური კი ხმის
ამოუღებლად ადევნებდა თვალს და მიუპყრობდა ყურს ამ
პაექრობას და სახეზე ნატამალს ემოციისას ან რაიმე აზრისას
ვერ შეატყობდით. ბატონ შალვას გაუელვა კიდეც აზრმა,
ეტყობა, ზონაში დაიყენა ასეთი ნიღაბიო...
– ჯერ ჩაიხედეთ ჩვენს პროექტში, ცალი თვალით მაინც
დახედეთ, სტილი დაცულია თუ არა, ყველას მოეწონა, ყველამ
მოაწერა ხელი, – ყველამ და თქვენ უნდა შეგვაფერხოთ,
თქვენაა, თქვენაა?! – ოთარმა მებრძოლი მამალივით წინ
წამოსწია თავი და თვალებიც ბრაზით აენთო.
– აი, სწორედ მე! – შესძახა ბატონმა შალვამ, – დაგავიწყდა. ეს
შენ გავიწყდება, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორი ხარ და
ასეთ გარიგებებზე არ უნდა მიდიოდე, არა! ლამის ვინანო,
აკადემიაში რომ აბარებდი და ლეოსა და ლონგოს ვთხოვე,
ნიჭიერი ბიჭია და ყურადღება მიაქციეთ-მეთქი! ძალზე
გამიხარდა, მთავარ არქიტექტორად რომ დაგნიშნეს, ქომაგად
მოევლინება ჩვენს ქალაქს და რაც გადარჩა, იმას მაინც
სათანადოდ მოუვლის-მეთქი, აბა, წარმოიდგინეთ, როგორ
ერთბაშად გაღარიბდება ჩვენი ცხოვრება, რომ არ იყოს ეს
ბურჯები, და ეს გადარჩენილი ღერა-ღერა სახლები, ისე არ
ჩავივლი ბატონის წყლისკენ, გული არ დამწყდეს და ბოღმით
არ ავივსო. აღარ ინახვება იქაურობა, ბევრი ვიბრძოლე მე
მაშინ, მაგრამ ეგრეთ წოდებულ გენერალურ გეგმასთანა და
ჩინოვნიკებთან ვერაფერს გავხდი, და ის მყუდრო, ინტიმური
კუთხე, ხევის ჩუხჩუხით, დიდებული ალვის ხით, ბურჭულაძეების,
რუსიშვილებისა და ჯორჯაძეების ისტორიული სახლებით
შეეწირა იმ იდიოტურ გენერალურ გეგმასა და მოღიავებულ,
ქარახინა და უშნო მოედანს, ყოველი სახლი ნუსხაში იყო
შეტანილი, მაგრამ ასე დასრულდა ეს ამბავი. შეიძლება
წარსულს ხაზი გადავუსვათ? წარსული ხომ ამთლიანებს ჩვენს
ყოფას!
– მაგ შემთხვევაში თქვენ სრულიად მართალი ხართ,
საშინელია ის მოედანი და რომ იცოდეთ, იმ უზარმაზარ ალვის
ხეს რომ ჭრიდნენ, მე იქ ვიყავი და ვტიროდი. ასე მეგონა,
გმინავდა და ოხრავდა... მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია, ძია
შალვა, იქ დაინგრა და აქ კიდევ ამავე სტილით უნდა უკეთესად
გაკეთდეს... – არ ცხრებოდა ბიჭია.
– ოჰ, ბიჭი, ბიჭი, – ლამის ღაღადისივით აღმოხდა ბატონ
შალვას, – თქვენ, ეტყობა, გგონიათ, რომ განცდები...
გულისთქმა... სულისკვეთება მიდის და ქრება?! ეგ არ
იფიქროთ, არა, ამ სახლებში რჩება, ამ მშვენიერ ძველ
სახლებში, და როცა ჩვენ ვარღვევთ, ვასხვაფერებთ, ჩვენ
ხელვყოფთ გარდასული თაობების სულისკვეთებასაც, მათ
გრძნობას მშვენიერებისას, რომელიც მათ ჩააქსოვეს და
განახორციელეს ამ მშობლიურ კედლებში და თქვენ გინდათ
წაშალოთ იმ ადამიანების კვალიი?!
ღმერთო, რა დონკიხოტია და რა საყვარელია, გაიფიქრა
თიკომ, და როგორ უხდება ეს ნაცრისფერი პიჯაკიც და ლურჯი
პერანგიც...
– მესმის, მესმის თქვენი გულისთქმა, ბატონო შალვა! – ბიჭია
უკვე ძალიან იყო აღელვებული და ამიტომ მიმართა
ბატონობით, – მაგრამ, თუ ვიცი, ძველზე უკეთესი ახალი
შეიქმნება, რატომ უნდა ჩამოვეკიდო ძველს და დახავსებულს
და რატომ არ უნდა ავაღორძინო ახლებურად, ტყუილუბრალოდ
ხომ არ მინდა, ხომ უნდა გავასწორო დღე და ღამე, ხომ უნდა
ჩავიწყვიტო გვერდები, ხომ უნდა ჩავიწყალო თვალები,
დავიბუჟო ხელები, ხომ უნდა ვიდინო ოფლი, ხომ უნდა
გავიძრო ცხრაპირი ტყავი, იმათი გულისთქმაა და ჩემი არაა?!
რას წარმოადგენს ეს ბურჯი, გამაგებინეთ, რაას, შეადარეთ
ყორის აშენება და ფრესკების ხატვა, შეადარეთ!
– რას წარმოადგენს და ჩვენ საცოდავები ყორეებს რომ
ვაშენებდით დღენიადაგ, როგორმე შევფარებოდით და თავი
გადაგვერჩინა, ამას წარმოადგენს, ამას ნიშნავს! ჩვენს მუდმივ
ბრძოლას ნიშნავს გადარჩენისთვის, ახლა რო ზიხარ და
ხინკალს მიირთმევ, ამას ნიშნავს! შენ კიდევ ვინ გიშლის ხატვას,
ადექი და დახატე ფრესკები, თუ ასე გერჩის გული, ვინ გიშლის!
– ვინ მიშლის და თქვენ მიშლით და დიდი მადლობა, სახლი
თუ თავის გემოზე არ გააკეთა ზაურმა, ეს ბურჯი რიღას მაქნისია,
მე მოხალისე ჯარისკაცი კი არა ვარ! დამკვეთია ეს ადამიანი,
დამკვეთებს გუნდრუკი უნდა ვუკმიოთ, ერთი არ შეეკვეთა პაპს
მიქელანჯელოსთვის სიქსტეს კაპელა და ვნახავდი, რას
დახატავდა! მაპატიეთ და თქვენ რა გენაღვლებათ?! თქვენი
ელიზბარი ცოლ-შვილით ალჟირშია და სერტიფიკატებში
ბანაობს, ფორტეპიანოზე კიდევ ვინ აღარა სწავლობს და
ყველას დეიდა ლელიკოსთან უნდა და ვინც არა სწავლობს, ზის
და ტირის! მე რაღა ვქნა... მე რაღა ვქნა... – ბიჭიას ხმა
გაებზარა, სავსე ჭიქას დასწვდა და გამოცალა.
– ბიჭი! ბიჭი! რა არის ეს! – შესძახა თიკომ, – ელიზბარი ექიმია
და შენ ხომ, შენ თვითონ, თავისუფალი პროფესია აირჩიე! რაა,
შენი ბედია დამოკიდებული ამ ბურჯზე და ფრესკებზე თუ რაა!
რატომ გაიგიჟე ასე თავი, შენ ხომ ერთი ვიღაც გაუგებელი არა
ხარ! ახლა კი სმენა იყოს და გაგონება, ბატონო ზაურ, თუ
შეიძლება ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება მომეცით.
– ერთი კი არა, ორი ბრძანეთ, – და ზაურმა თავი დაუკრა.
თიკომ ჭიქა აიღო ხელში, წამოდგა.
– ამ ჭიქით აქედან წასული ადამიანების სადღეგრძელო მინდა
შემოგთავაზოთ, – და სადღეგრძელოს თქმა დაიწყო, – მე
რაღაცას ვწერ, არ ვიცი ნამდვილად, რა გამოვა, მაგრამ
შეიძლება ასეთ დამთავრდეს: ერეკლეს მეჯინიბეთუხუცესი
სოსიპატრე ორბელიშვილი, მისი ვაჟები ხიმშია, ღვინია, ვამეხი,
გუგუნა, შიოში და ქალ-სიძე, მზევინარი და გიუნა
ვახვახიშვილები, ასე უსხედან მაგიდას 1803 წლის
შემოდგომაზე და სადილობენ, ეს გამოსათხოვარი სადილია,
ვაჟები, ერთ დროს ბატონის ციხეში, ერეკლეს კარზე
დაწინაურებულები, ახლა კი ჩამოქვეითებულები, ბატონის
ციხიდან რუსების მიერ გამოდევნილები, ბატონიშვილებს
მიჰყვებიან რუსეთს... ცხენები შეკაზმულია, ურმები შებმულია,
საგზალი გამზადებულია. სოსიპატრეს პირში ნერწყვი გაუშრა,
ლუკმა ვერ გაღეჭა, ვაჟების დედა, მაკრინე, ელდანაკრავი
ურბენდა მაგიდას გარშემო, და ხან თავის შვილებს ეხვეოდა,
ხან დაზაფრულ ქმარს ამხნევებდა. ამბავი გადაწყვეტილი იყო,
მაგრამ სუფრიდან რომ წამოიშალნენ, სოსიპატრეს გული
ამოუფუვდა და შეჰბღავლა შვილებს, სად მიდიხართ, რო
მიდიხართ, რა პასუხს აძლევთ ან ჩვენს მიწა-წყალს, ან თქვენს
სახლ-კარსაო. ბატონის ციხეში რუსების პარპაშის ყურებას
გადახვეწა გვირჩევნიაო, ჩვენ აქ აღარ გვედგომებაო, ჩაესვენა
ჩვენი მზეო, იქიდან მივადევნებთ თვალს აქაურ ამბებს და როცა
ჟამი დაჰკრავს, ყველანი დავბრუნდებითო. მაგრამ მათთვის
ჟამმა აღარ დაჰკრა, ერთი დარჩა მამასთან, შიოში,
დანარჩენებმა კი იქ ჩაყარეს თავისი ძვლები. შიოშიც, მამაცთა
შორის უმამაცესი, კახეთის აჯანყებას შეეწირა. დარჩა საწყალი
სოსიპატრე, მოხუცი და ჯანგატეხილი, დარდითა და ვაებით
გულგამოჭმული, ერთი შვილიშვილის, პატარა ვახტანგისა და
შიოშის ქვრივის ამარა, და დარჩა თელავი. და ჩვენი თელავი,
სამეფო ქალაქი, დიდი იმპერიის შორეული გარეუბნის სამაზრო
ქალაქად იქცა, ანუ ღრმა პროვინციად. გთხოვთ დავლიოთ
სოსიპატრეს განიავებული ოჯახის სადღეგრძელო.
თიკომ ღვინო მოსვა და დაჯდა.
სადღეგრძელო აიტაცეს, ვახსენოთ, ვახსენოთო.
ოთარმა კი, – აფსუსი არ არის, თიკოს უკვე შვილები არა
ჰყავდეს, და ზღაპრებს არ უამბობდეს?! ჰოდა, ძია შალვა,
სოსიპატრე გაღმიდან მოგვიწოდებს, რომ აღორძინდეს ეს
ოჯახი, ბებო ელომ წასვლისას შვინდის ჯოხით არ გამოიჯაროს
კარი და საფეხური არ აბალახდეს, დაე, დამკვიდრდეს ამ
სახლში ახალი სიცოცხლე!
ოთარმა განსხვავებული სასმისი მოითხოვა და ქაშანურის
პატარა სურით ჩაარაკრაკა გრძელი მინდვრის ღვინო, – ჰოო
და ჰოო, ბატონო შალვა, გაბედეთ, მოაწერეთ ხელი და მერე
თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ჩვენც ყველანი! – და
მაგიდის გაღმიდან ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად, ბატონი
შალვა კი სიბრაზისგან წამოენთო და ოთარს ხელი აუქნია.
უსინდისოები, ვერ მიართმევს, ვერა, ვერავითარ შემთხვევაში,
მოღალატეები, მართლა რომ ნამდვილი გამყიდველები,
აქაოდა ამ ყიტაანელ სქელკისერა მოზვერს მამალიც კვერცხ
უდებს, ოთხი ოთახი არ აკმაყოფილებს, სასახლეში უნდა
ცხოვრება. ნურას უკაცრავად, ჯიბრზე ყველაფერს გაუსინჯავს
გემოს, ყველაფერს, დაე, იცოდნენ, რომ ხელის მოწერას
მწვადებთანა და ხინკალთან არავითარი საერთო არა აქვს.
მხოლოდ ასეთმა ბრიყვებმა შეიძლება იფიქრონ ასე
ვულგარულად და ეგონოთ, რომ კაცი კაცია და ქრთამი კიდევ
ჯოჯოხეთს ანათებს, და ბატონმა შალვამ გაგულისებით შესძახა:
– რას გადაეკიდეთ ამ სახლს, აიღეთ სამოსახლო ნაკვეთი და
როგორიც გინდათ, ისეთი აიშენეთ თქვენს გემოზე, ქალაქის
ცენტრში რომ არ დასახლდეთ, არ შეიძლება, არაა?! როგორც
ჩანს, თქვენ უფლებაზე წარმოდგენა არა გაქვთ, რისი უფლება
შეიძლება ჰქონდეს კაცს და რისი არა! მაპატიეთ, დეიდა ელო,
მე წავედი...
მაგრამ წამოიწია თუ არა, მოხუცი ელო გადმოიხარა და
შალვას ხელში ჩააფრინდა თავისი გაძვალტყავებული,
მარილებით მიღრეცილ-მოღრეცილი თითებით.
– არა, ჩემო შალვა, არა, გენაცვალე... ესენი უკვე ჩემიანები
არიან, ზაური უკვე ჩვენი გვარისაა, მოსანათლი იყო, მოინათლა
და სახელიც ჩვენი წინაპრისა აიღო, ხიმშია მომწონსო, ეს
სახელები გადაშენდაო და ხიმშია გახდა, აქ უნდა იყვნენ ესენი,
აქა, ჩემო შალვა! – და მარწუხებივით უჭერდა თითებს.
– მერე მე ვუშლი აქ ცხოვრებას?! რას ამბობთ, დეიდა ელო,
ვერ იცხოვრებენ ამ მშვენიერ სახლში, ვერა? მთელი თქვენი
საუკეთესო წინაპრები ცხოვრობდნენ. ერთი მაინტერესებს,
ყიტაანში რა სახლი ჰქონდათ!
მაგრამ ზაურს წარბი არ ასტოკებია და ნირი არ შეუცვლია,
გარინდებული უყურებდა შალვასა და მოხუც ელოს, და მერე
სერიოზული და ჩაღრმავებული კილოთი, თან მცირე პაუზებით,
ისე რომ გეგონებოდათ ყოველი სიტყვა დიდი ფიქრის
შედეგიაო, წარმოთქვა:
– ბებია ელო, ცამდე მართალია ბატონი შალვა, ჩემთვის ეს
ნამდვილი გაკვეთილი იყო პრინციპულობისა, გმადლობთ,
ბატონო შალვა, რაც მართალია, მართალია, მე ჯერ არ
შემხვედრია თქვენისთანა ადამიანი... დეიდა ელო, გადავცეთ
სახლი ქალაქს, იბრძოლოს ბატონმა შალვამ, გახსნას ამ
სახლში მუზეუმის ფილიალი კახურ ქალაქური სახლისა, ამ
კარადით, ამ ავეჯით, ამ სურათებით, ამ ყველაფრით... მე კი
მართლა ავიღებ სამოსახლოს და განახლებული
ორბელიშვილები ახალ სახლში დავსახლდებით, რა თქმა უნდა,
თქვენთან ერთად, თქვენ მე იმდენი რამე მასწავლეთ, ბებო
ელო, ჩვენ თქვენ არსად და არასდროს არ მიგატოვებთ. თქვენი
დღეგრძელობისა იყოს, ბატონო შალვა, და გთხოვთ, ნუ
გაგაღიზიანებთ ჩემი ყიტაანლობა და ის, რომ მსურდა, ქალაქის
ცენტრში გამოვჭიმულიყავი, Рыба ищет где глубже, а человек
где лучше, ხომ ასეა?! ვისაც ჰგონია, რომ აქ ხესავით
ამოიზარდა, ვინ იცის, იმ ხის თესლიც რომელმა ქარმა მოიტანა,
რომელმა წყალმა, რომელმა ფრინველმა, საიდან და როგორ...
დამიჯერეთ, ბატონო შალვა, ჩემი შვილიშვილი უკვე
თქვენისთანა ძირძველი თელაველი გახდება! მაშ, მოდით,
ბატონ შალვას გამარჯვებისა იყოს! – და ზაურმა ჭიქა
გამოცალა.
საწყალი მოხუცი ელო კი, რომელმაც ზაურის ყოველი სიტყვა
ნაღდ უზალთუნად მიიღო, მთლად გადაირია, საკვირველიც
კია, ასეთ გამომშრალსა და გამოფიტულს, მიმქრალი
თვალებიდან ცრემლები მოსწანწკარებდა. საცოდავი იყო,
მაგრამ ისეთი რამ თქვა, შეწუხებულებს კინაღამ გაეცინათ
კიდეც:
– აქ უნდა მოვკვდე... აქედან წასვლა არ იქნება... ახალ
სახლში როგორ მომაგნებს ჩემი ვახტანგი, როგორ მომძებნის...
როგორღა მეტყვის, დედაო, შენმა დარდმა წამომაგდო
სამარიდანო... ვერ გავაწვალებ, ვერა...
ზაურის ცოლი ელა სწრაფად ადგა, მოვიდა მოხუც ელოსთან,
უკნიდან მხრებზე ხელები შემოხვია და წვრილი, წვრილი ხმით,
თითქოს ეჭიკჭიკებაო, ისე უთხრა:
– Бабуля, милая, мы вас никогда не оставим, никогда!
Успокойтесь дорогая... – ლოყაზე აკოცა და მერე ჩქარი ნაბიჯით
დარბაზიდან გავიდა.
– აგერ რა გითხრათ ელამ, ბებო ელო, – დაყვავებით უთხრა
ზაურმაც და ელოსკენ გადმოიხარა.
– ჯერ ხომ არსადაც არ მივდივართ, და კიდევაც რომ იყოს
წასვლა, ტატოს ვერ შევატყობინებთ?! გავუგზავნით ახალ
მისამართს და ეცოდინება... ახლა კი, რომ ამბობდით, შალვა
მომენატრაო, სადღეგრძელო უნდა დალიოთ ამ დიდებული
ადამიანისა...
ელო უცებ დამშვიდდა, ათრთოლებული ხელი ჭიქისკენ
წაიღო:
– შალვა, იცოდე, შენ დღეს ძალიან მაწყენინე, – თავის
რაცრაცით ეუბნებოდა ბატონ შალვას, – მე და დედაშენი თეკლე
ოცდახუთი წელი ერთად ვმუშაობდით სკოლაში და იქამდეც
ხომ ერთად ვსწავლობდით, ერთადაც დავქვრივდით
ოცდაოთხში, მაშ, იცოდე, ძალიან ეწყინებოდა იმასაც, არ
მოგიწონებდა, არა, ჩემს ეგრე გაუგემურებას... მაგრამ ხო იცი,
ცხვირი პირიდან არ მოიჭრება, ბევრი სიკეთეც მახსოვს შენგან
და გაგიმარჯოს... – ჭიქას მეორე ხელი მიაშველა, ისიც ოდნავ
უთრთოდა, მაგრამ მაინც გაიმაგრა ხელებში, თავი გადასწია და
ღვინო მოსვა.
ბატონმა შალვამ თვალი მიადევნა მოხუცი ქალის
გაძვალტყავებულ, მარილებისგან მიღრეცილ, ათრთოლებულ
ხელებს. ასე ეგონა, სწორედ ამ ხელებით, ხელებით კი არა,
გახრიოკებული კლანჭებით არყევდა ეს გაფარფატებული
ბერიქალი იმ ცხრაკლიტულს, სადაც შალვას ჩაემწყვდია
თავისი დათრგუნული, გაუმხელელი, იდუმალი განცდები,
არყევდა და ჩასძახოდა, რომ მთავარი განახლებაა, მთავარი
მჩქეფარე სიცოცხლეა... ო, ღმერთო ჩემო, რატომ არ არის
ვითომ გარდაცვლილ შვილზე სევდა და დარდი ცხოვრება?
შენს საკუთარ მყუდრო სახლში, ძველებურ ბურჯთან, ქსოვა თუ
წიგნის კითხვა, თუ ალუბლის ჩურჩვა, თუ სოსლანის რუსულში
მეცადინეობა... აყვავებულ ნუშთან, სუმბულებთან, ვარდებთანა
და სიმწვანეში. სადაც ყველაფერი შენი შვილის მოგონებით
სუნთქავს... ამ ნუშზე ადიოდა ხოლმე... ბერტყავდა ისე
ყოჩაღად... მეწლეურია ნუში, მაგრამ როცა ისხამს, იმდენს
ისხამს, ისე გაიგიჟებს ხოლმე თავსა, ორს კი არა, სამ წელსაც
გადააჭარბებს მოსავალი. თანაც თხელნაჭუჭაა... ტატოს
უყვარდა ნუშის გოზინაყი, თეთრი, თეთრი, ქათქათა... გააკეთებს
და დაარიგებს საახალწლოდ, ტატოს მოსაგონებლად... და
რატომ უნდა მიელტვოდეს ეს მოხუცი ქალი, ცალი ფეხი
სამარეში რომ უდგას და, წესით, უკვე უნდა ესმოდეს მეკუბოვე
იოსებას შალაშინის შრიალი და მთავარანგელოზების ფრთების
ფრაშუნი, სხვა ცხოვრებას, სავსეს ფუსფუსითა და ხმაურით...
ბავშვების ჭყივილით, მანქანების პიპინით, ფულების თვლით,
ჯამ-ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის გაუთავებელი რაკუნით,
შეზარხოშებული სტუმრების ხორხოცით, შამფურებისა და
ყანწების ტრიალით და განსხვავებული სასმისების თრანქვით...
რატომ უნდა სურდეს ამ ორჭოფი კაცის ხელში დალიოს თავისი
წუთისოფელი?! თუ მაინცდამაინც სახლის ახმიანება უნდა,
ეტყვის ლელიკოს და სამუსიკო სასწავლებლიდან კარგ
სტუდენტ გოგოებს უშოვის, როგორც სხვა დროსაც დაუყენებია,
აგერ ძველი ფორტეპიანო სამეცადინოდ ექნებათ და ყბების
თქარათქურს კი აჯობებს შოპენის მაზურკებისა და ვალსების
მოსმენა, თუნდაც გაუწაფავი ხელით! მაგრამ არა, არა, ამ
გადახრწნილ მოხუცს ახალი ცხოვრების დაწყება უნდა ოჯახთან
ერთად... განახლება სწყურია...
ბატონი შალვა ფიქრებიდან ბიჭიას ხმამ გამოარკვია, ის
თურმე სწორედ სადღეგრძელოს სვამდა, უკვე გადაევლო
მისთვის წეღანდელ მღელვარებას და ბატონ შალვას პატიებას
სთხოვდა და დღეგრძელობას უსურვებდა, ჩვეული სილაღითა
და სიხალისით.
სწორედ ამ დროს გვერდითა ოთახის კარი შემოფრიალდა და
დარბაზში პატარა ბიჭი შემოვარდა, უკან დედა მოსდევდა, ბიჭი
გამალებული ურბენდა მაგიდას, ყველა სკამს ხელს ადებდა და
გამარძობათ, გამარძობათ, გამარძობათო, იძახდა.
– ჩემი ბიჭი... ჩემი ვატატუნა... მოდი ჩემთან, მოდი,
გენაცვალე, მოდი... – ამბობდა ელო და თან სკამს უკან
სწევდა...
ბიჭუნამ მოირბინა, მოხუც ელოს მუხლებზე ააფოფხდა და
კოხტად დასკუპდა. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, და მართლაც
ჰგავს ტატოსო, გაიფიქრა ბატონმა შალვამ. მოხუც ელოს სახე
გაუნათდა, ჩამქრალი თვალები სიცოცხლით და სიხარულით
აევსო, თვალდათვალ შეიცვალა...
– ვაიმე, რა გულში ჩამწვდომად ლამაზია, ბებო ელო! –
აღტაცებით შესძახა თიკომ. ბიჭუნა გემრიელად მიირთმევდა
ხინკალს.
– ტატო, ბიჭო, შეჭამე ხინკალი და ლექსი გვითხარი, თორემ
ამათ ჰგონიათ, რომ ლექსები არ იცი.
ბიჭუნა მყისვე ჩამოხტა ელოს მუხლებიდან, მაგიდას
შემოურბინა, კარადის გვერდით მიდგმული სკამი გამოსწია,
თავის მამას ხელი გაუწოდა, მიშველეო, ყოჩაღად ახტა სკამზე,
თავი ასწია და რიხიანად წარმოთქვა: ეს ჩვენი მეფე ერეკლე
ერთი პატარა კახია, ძაწვის პერანგი ცააცვეს, გაჰკრა ხელი და
გახია! მერე სკამიდან ჩამოხტა, აივნის კარისკენ გაიქცა,
საიდანაც ელას მამა იგნატი შემოდიოდა. იგნატმა გაზეთები
ფანჯრის რაფაზე დაყარა, ბავშვს ხელი დასტაცა და ზევით
აისროლა.
– გაფრენილი მიმინოა, ეს მამაძაღლი... – თქვა ღიმილით
ზაურმა, – ჩემობით არ ვამბობ, მაგრამ ძალიან გონიერი
ბავშვია, ჯერ რა დროს ლაპარაკი ჰქონდა, ექვსი-შვიდი თვისა
იყო და სუ ჭყლოპინებდა, გეგონებათ, რაღაცა უნდა
შეგატყობინოს და ენას ებრძვისო.
იგნატი ბიჭს ზევით-ქვევით აფრენდა, დარბაზში ბიჭის კისკისი
ისმოდა. ბიჭუნას კულულები უფრიალებდა, ჩაწიკწიკებულ
კბილებს კრეჭდა, ფლანელის უჯრიანი ლამაზი ხალათი ეცვა და
ძალზე შვენოდა.
მოხუცი ელო თვალმოუცილებლად უყურებდა ბიჭუნას
ფრენას...
ეს ხომ სიყვარულიაო, ფიქრობდა ბატონი შალვა, და სწორედ
სიყვარულის გამო სურს განახლება და ახალი ცხოვრებაო...
სიყვარულს ხომ ერთადერთი გზა აქვსო, ერთმანეთისკენ
სავალი გზაო, სხვა გზა ხომ არ არსებობსო... არა... არა... არ
არსებობსო...
და იგნატმა ბავშვი კალთაში რომ ჩაისვა და მაგიდას მიუჯდა,
კუთხეში, ელოს გვერდით, მოხუცმა ქალმა ბავშვს ხელზე
მოჰკიდა ხელი:
„ნახეთ ახლა, როგორ გაუხარდება, ლექსს რომ ვეტყვიო, თქვა
და მშვენიერი კილოთი დაიწყო; თან იღიმებოდა, ბავშვს
სიყვარულით ხელზე ხელს უთათუნებდა: Пускай скудеет в жилах
кровь. Но в сердце не скудеет нежность. О ты, последняя
любовь, ты и блаженство, и безнадежность...
ყველა მოხუც ელოს მისჩერებოდა, თიკო ხომ სასოებით
მიუპყრობდა ყურს... ოჰ, ღმერთო ჩემო, რა შეიძლება შეედაროს
წამსვლელი მოხუცის გულისთქმასო... რამ შეიძლება
გააქარწყლოს მოახლოებული სიკვდილის ძალმოსილებაო...
სიყვარულმაო... მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმაო... და
უცებ მიხვდა, რაც უნდა მოიმოქმედოს... საკვირველია, აქამდე
რომ ვერ მოიფიქრა... პირდაპირ თქმა, მიყვარხართო, მაინც
ვერ წარმოუდგენია, არადა სწორედ თქმაა საჭირო, იმიტომ,
რომ შალვა თვითონ ვერასდროს ვერაფერს გაბედავს, ასეა
დარწმუნებული... საჭიროა თქმა. მაგრამ პირდაპირ ვერ
ეტყვის... ლექსი! აი რა, სერიოზული კი არა, სახუმარო!
ხუმრობით ნათქვამი მაინც სხვაა... აუცილებლად... ახლავე...
მოცდა აღარ შეუძლია... უნდა წავიდეს... ნადიკვარზე... ცაცხვის
ქვეშ დაჯდება, დაწერს და ხვალვე მისცემს... წამოდგა,
გვერდით ოთახისკენ წავიდა, ვითომ რაღაცის გამო, და რომ
მიდიოდა, მოხუცი ელოს სიტყვები ესმოდა:
– თან როგორ უყვარს მუსიკა, გაიგონებს თუ არა, ან გაისუსება
და ყურს მიუგდებს, ან ცეკვას იწყებს... მპირდება ზაური, მუსიკა
ვასწავლოთო. სოსლანს უნდა ვთხოვო ვიოლინოზე
ამეცადინოს, მერე მანდოლინაზეც ისწავლის დაკვრას, ამ
არემარეზე კვლავ გაისმას მანდოლინის ხმა, ვითომ ჩემი ტატო
გაცოცხლებულა...
ნიკო საავადმყოფოდან გამოვიდა და კართანვე შეჩერდა,
თიკო დაინახა, გაჩქარებული აქეთკენ მოდიოდა, აღელვებული
ჩანდა, და ისე დანთქმული თავის ფიქრებში, ნიკოს მკლავზე
ხელი რომ არ ეტაცა, იქნებ ვერც კი შეემჩნია:
გიყურებდი და ასე მეგონა, ცეცხლი გეკიდა... საით გარბიხარ
ამ დროს?
– მე უკვე ვისადილე, მამა, ვისადილე კი არა, ვიქეიფეთ, ბებო
ელოსთან ვიყავით და ერთი-ორი ჭიქა ღვინოც დავლიე, და
მინდა, ნადიკვარზე გავიარო, ჰაერი ჩავყლაპო...
– ოოჰ, სახლში დაისვენებდი და იმეცადინებდი მერე. ხომ
დამპირდი, რომ ჩააბარებ იმ დარჩენილ საგანს, დრო
გეწურება, ხომ იცი...
– ოჰ, მამა, დრო ეწურება მეფე ერეკლეს, და დრო ეწურება
ზოგიერთ შენს ავადმყოფს და რა კარგი იქნებოდა,
დიალექტიკურ მატერიალიზმსაც ამოსწურვოდა დრო! მაგრამ
ხომ დაგპირდი არაა?! სხვა რა ვქნა?!
– ოო, რა გიჟმაჟი ხარ... – თავი გაიქნია ნიკომ, – კარგი, ჰოო,
წადი იმ შენს ნადიკვარზე და მალე მოდი.
განგებ არაფერი ჰკითხა მოხუც ელოზე, სიტყვას სიტყვა
მოჰყვება და რამეს არ მიხვდესო. არადა, ამ რამდენიმე დღის
წინ ელომ დაურეკა და სთხოვა, შენი ნახვა მინდა, რეცეპტსაც
განმიახლებ და რაღაც სათქმელიც მაქვსო. და უთხრა, თქვენი
საოპერაციოს ექთანი რომაა, მარო, ამ ცოტა ხნის წინ ნემსებს
მიკეთებდა და სულ თავის ოთარის დაოჯახებაზე
მელაპარაკებოდა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა, თიკო
ჩემი რძალი რომ გამხდარიყოვო, ჩვენი ექიმი თუ არ
დაგვიწუნებდაო... ამის თქმას ვერ გაგიბედავდი, ჩემო ნიკო,
განაგრძობდა მოხუცი ელო, თიკოსთვის გული რომ არ
შემტკიოდეს და ოთარს არ ვიცნობდეო, ბოლო დროს ხშირად
მოჰყავს ზაურს ჩვენთან სახლის რეკონსტრუქციის თაობაზე და
ისეთი ზრდილობიანი, სერიოზული, თავისი საქმის მცოდნე
ახალგაზრდაა, ნამდვილი დადებითი პიროვნებაო. ნიკოს
გულიანად გაეცინა, მაგრამ თან მწარედაც ამ ყბადაღებულ
„დადებით პიროვნებაზე“. დეიდა ელო, მე ერთადერთი
დადებით პიროვნება ვიცი, ვინც თიკოს უყვარდაო, და ეს ჟერარ
ფილიპი იყოვო... კარგი ახლა, მე ტყუილად კი არ გეუბნებიო,
ჩვენთან მინდა მოვიდნენ და გავუკრა სიტყვა თიკოს თუ არაო.
ოთარს უკვე გაუკარითო? ჰკითხა სიცილით ნიკომ. უჰ, ოთარი,
მგონი, უკვე შეყვარებულიც არისო. ახლა თუ თიკოსაც
შეუყვარდება, მე რა დამშლელი ვარო, მხრები აიჩეჩა ნიკომ,
მაგრამ ეჭვი მეპარებაო. როგორ, მამის რჩევაც ხომ არსებობსო,
ღირს რომ ურჩიოვო, შეუძახა გაბრაზებული ხმით მოხუცმა
ელომ, ხომ იცი, მე თიკო როგორ მიყვარსო, ჩემი ტატოს სულს
გეფიცები, კარგი მინდა თიკოსთვის და შენც ხომ უნდა რაღაცას
მოესწროვო... ნიკომ მხოლოდ ღრმად ამოიოხრა, მოაგონდა
რა თიკოს სრულიად შეუსაბამო გატაცებები ვიღაც იდიოტებით.
მაგრამ, ცხადია, მოხუცი ელოსთვის არ უთქვამს, ან რა
სათქმელი იყო, ის ნამდვილი „ხულიგანი ბიჭი“ რომ ვითომ
უყვარდა, მეტსახელად „ლამაზო“. ნიკოს კი ბევრჯერ ღამეც
ათენებინა და კბილებიც აკრაჭუნებინა. ის კი არა, რომ ცუდი
ოჯახიშვილი იყო, არა, მაგრამ მამა ავარიაში დაეღუპა და
დედინაცვლის ამარა დარჩენილმა თავი აიშვა, სწავლას თავი
დაანება, ვითომ ოჯახის სარჩენად, მართლა კი ჰყავდა პატარა
დაც, მშენებლობის მანქანაზე დაჯდა, ძველბიჭობა დაიწყო და
როგორღაც ავად გადიდგულდა – ან ჩხუბისთავი იყო, ან ჩხუბის
გამრჩევი. იძალა თიკომ, ვინ იყო მისი შემჩერებელი და
დაბადების დღეზედაც დაპატიჟა, რა გგონიათ, რა გააკეთა,
ცეკვების დროს მაგიდასთან დარჩა და მათ მასიურ, კაკლის ხის
მშვენიერ მაგიდაზე ჯიბის დანით თ+ა ამოჭრა. „ა“ ანუ ანზორი.
ნიკოს უხაროდა კიდეც, ჯანდაბას მაგიდა, თიკო განიხიბლებაო,
მაგრამ სრულებითაც არა, მისი საქციელი დაგმო კი არა,
გაბრწყინებული ამბობდა, ვუყვარვარ და მაგიდა რასა ჰქვიაო.
მით უმეტეს, მერე გიტარა მოითხოვა და ჩახრინწულად
დაყენებული ხმით და დიდი გულისთქმით „სასიმამრომ
დამიწუნა“ იმღერა. როგორ გადარჩნენ მაშინ, თიკო რომ არ
გავარდა და არ გაეკიდა იმ თავზეხელაღებულს, ნიკოს ახლაც
უკვირს, მაგრამ შალვამა და ლელიკომაც თოფ-იარაღი აისხეს,
გვერდში დაუდგნენ ნიკოსა და მარიკოს, განსაკუთრებით მაშინ
შემოირტყა თავში ხელი ნიკომ, როცა უთხრეს მოტაცებას
უპირებს თიკოსაო. როგორ არა, ნიკომ თავისი სოფლელი
პაციენტების ბუღაილა მუტრუკებიც ჩართო და ბედზე თბილისში
წასვლის დროც დაუდგა თიკოს... ლამაზომ კი ერთ-ერთი
ქეიფის შემდეგ მშვენიერი მარწყვივით გოგო, სულ პატარა და
ნორჩი, ცამეტი თუ თოთხმეტი წლისა, მოიტაცა და ცოლად
დაისვა. ასე დამთავრდა ლამაზოს ამბავი, მაგრამ თიკოს
გატაცებებს რა დაამთავრებდა, და გულისხეთქვის შემდგომმა
ობიექტმაც არ დაახანა, მალე გამოჩნდა. თიკო თავის
მამიდასთან, ნიკოს ნახევარდასთან ცხოვრობდა
საბურთალოზე, მათი მეზობელი ქალი ციხის სკოლაში
ასწავლიდა თურმე რუსულს, სამი კვირით ჩეხოსლოვაკიასა და
უნგრეთში მიდიოდა და თიკოს სთხოვა, ხომ ვერ შემცვლიდიო,
მაინც საღამოს ცვლაა და შენ ხომ ლექციები დილით გაქვსო,
ციხის ადმინისტრაციას მოველაპარაკები შენ შესახებ და ეჭვი
არ მეპარება, დათანხმდებიანო, თან დიდი დატვირთვა კი არ
არის, ერთ კვირას ორჯერ აქვთ რუსული, მეორე კვირას
სამჯერო. თიკოს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა,
წარმოგიდგენიათ? ციხეში, პატიმრებს, დამნაშავეებს უნდა
ჩაუტაროს გაკვეთილები! ნუთუ ერთ-ორს მაინც ვერ ჩაუნერგავს
ჰუმანურ იდეებს, ნუთუ ერთ-ორს მაინც ვერ დააყენებს სწორ
გზაზე?!
ჰოდა, ის „მაღალ-მაღალი, ლამაზ-ლამაზი,“ ვითომ
შემთხვევით, მილიციელის დამსახურებული ცემისთვის
მოხვედრილი ციხეში, რუსული ლიტერატურის დიდად
მოყვარული, იქ გაიცნო, იქ დაედო საფუძველი მათ შორის
შორით კვდომა, შორით დაგვას, მათ საიდუმლო ბარათებს,
ამანათებს და ნახვის დღის შეხვედრებს. თურმე ნუ იტყვით, ამ
რუსულის გაკვეთილებზე, თიკოს გულის გასახარად, დიდი
განცდით რომ წარმოთქვამდა გორკის „ბურევესტნიკს“ და „პესნ
ო სოკოლეს“, ღამით თავის ამხანაგ ტუსაღებთან ერთად
გვირაბს თხრიდა; თხარეს, თხარეს და ათი პატიმარი გაძვრა
კიდეც და გაიქცა... თიკომ ტელეგრამა მიიღო, რომელშიც იმ
დაუვიწყარი „სოკოლის“ სიტყვები ეწერა: „ბეზუმსტვუ ხრაბრიხ
პაიომ მი სლავუ“. ცხადია, თიკოს აღფრთოვანებას საზღვარი არ
ჰქონდა, რომ მისი ნასწავლები გორკი ამ მშვენიერმა ნოდარმა
ასე მარჯვედ გამოიყენა. მაგრამ ნაადრევი გამოდგა ეს
სიხარული, რადგან გაქცეული პატიმრები სათითაოდ დაიჭირეს
და პირდაპირ ნორილსკში უკრეს თავი, და თიკოსი და ამ
ნოდარის შორით დაგვამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ზაფხულის
არდადეგების დროს თავისიანებს გამოუცხადა, მე ნორილსკში
უნდა წავიდეო! არა, არა, თიკო იმისთვის იყო მოვლენილი
ამქვეყნად, რომ ნიკოსთვის გული ეხეთქა! ნორილსკი! ეს
საშინელი სიტყვა! გადასახლების ადგილი! სადაც შალვას ძმამ,
მშვენიერმა მამუკამ, 37-ში გადასახლებულმა, თავისი ძვლები
ჩაყარა... და კიდევ რამდენმა ათასმა, ვინ მოთვლის, ნორილსკი
ხომ პატიმრების ძვლებზე დგას! რა ნორილსკი და რა
ბუხენვალდი!
– მამა, სად წავიდნენ დეკაბრისტების ცოლები, სადა! იმათზე
კარგად გიყუჩდებოდა გული! – მღაღადებელივით
წარმოთქვამდა თიკო.
– შვილო, შენ კი არა, მე უნდა წავიდე ნორილსკში! – ყვიროდა
ნიკო, – ავიღო თოფი და იმ ოხერ-მუდრეგს, იმ თხუნელას, შენ
რომ ასე უსინდისოდ გიბნევს თავგზას, სული გავაფრთხობინო!
და იქვე დავრჩე პატიმრად! შენ ეს გინდა, ამას მიელტვი!
იყო ერთი გაზიდულობა მათ აივანზე, როგორც სხვა დროსაც
ყოფილა... ნორილსკის ამ სულელური ახირებით თუ
დამთავრდებოდა მათი გაწევ-გამოწევა, კიდევ არა უშავს, და
არა! არა და არა! თიკოც იქნებოდა და თავის მგზნებარებას
ვინმე „არადადებითს“ და „არაწესიერს“, გამოსასწორებელს და
საშველს არ გადააფრქვევდა თავზე?! და, მგონი, ყველაზე
საშიში სწორედ ეს იყო... რომელიც „ყოფნა-არყოფნას“ ყრუ და
ჩაღრმავებული კილოთი ინგლისურად ეუბნებოდა თიკოს და
„ტყის მეფეს“ კი გერმანულად, თან თვალში ჩასცქეროდა
თავისი მართლაც შესანიშნავი თვალებით – შთაგონებით,
ტკივილითა და სევდით სავსე მუქი, თაფლისფერი თვალებით.
თურმე უზნეობის „ფუჭება“ ჰქონდა მოდებული და მისი
სურნელი, პოეზიის უზადო სიყვარულთანა და დიდად ნიჭიერი
და კულტურული ადამიანის თავდაჭერასთან ერთად,
წარმოუდგენელ მომხიბლაობას სძენდა. თიკოს ამისი მსგავსი
არავინ ენახა. თან ჩვიდმეტი წლით უფროსი იყო თიკოზე,
ცხოვრებაგამოვლილი და ამის გამო კიდევ უფრო მიმზიდველი
და სანუკვარი თიკოსთვის. დოდი კარგარეთელი... დოდი
კარგარეთელი... დოდი კარგარეთელი... სულ ეს სახელი და
გვარი ისმოდა თიკოს პირიდან.
დოდი კარგარეთელი კი, თუ არა სვამდა, მთელ ღამეებს
კარტის თამაშში ატარებდა, მსხვილად თამაშობდა... და თუ
სვამდა, ხომ სვამდა, და სვამდა, და სვამდა... თეთრ
ცხელებამდე... მამიდამ დაჰკრა ბუკსა და ნაღარას და სწორედ
იმ დროს, როცა თიკო ლექციების შემდეგ, დასვენების
მაგივრად და მერე კი საჯაროში ჩაჯდომამდე, საავადმყოფოში
დადიოდა ბულიონისა და კისელის ქილებით. ერთი ეგ არის,
სწავლისთვის არ უღალატია არასოდეს, ვერც წარმოედგინა
არსებობა ღრმა და სერიოზული მეცადინეობის გარეშე. ნიკომ
რომ გაიგო ყველაფერი, თმას იგლეჯდა და როდემდე! ოჰ,
როდემდეო, მოთქვამდა. მაგრამ ძალიან დიდხანსაც არ
გაგრძელებულა მათი ვაი-ვიში, რადგან ბოლო ცხელების
შემდეგ, ათკეცი ფიცის მიუხედავად, რომ აღარ დალევდა,
სწორედ სასმელის მოსაპოვებლად სადღაც გაძვრა, მორყეული
მოაჯირი მაღალი აივნისა მოწყდა, თან გადაიყოლა და ამ
მშვენიერმა კაცმა სულიც განუტევა. ჰოდა, მოხუცმა ელომ
ოთარზე რომ უთხრა, „დადებითი პიროვნებაო“, იცოცხლე,
არავის არ ენატრებოდა, მგონი, ეს ყბადაღებული „დადებითი
პიროვნება“ ისე, როგორც ნიკოს, მაგრამ რამდენიც არ
გამოჩნდა ასეთი დადებითი პიროვნება, – ოთარი პირველი
სრულებითაც არ ყოფილა, – იმდენი თიკომ ხელები გაასავსავა,
არ გაბედოთ ასეთ რამეებზე ლაპარაკიო, ხომ იცით, რომ ასეთი
დადებითი პიროვნებები მე სრულიად... სრულიად... სრულიად
არ მაღელვებენო! უკუღმართი! არ აღელვებენ, არც „დადებითი
პიროვნებები“ და არც დიალექტიკური მატერიალიზმი! მივიდე
სახლში?! მივიდეს და შეამოწმოს, მართლა მეცადინეობს და
ადგენს კონსპექტს თუ არა?! ძალიან კარგი, რომ ნადიკვარზე
წავიდა და სახლში არ იქნება, ყველაფერი კარგად უნდა ნახოს
და კარგად შეამოწმოს... დაჰპირდა, როგორ არა, ვეცდები შენი
გულისთვისო, არ გაწყენინო და ჩავაბარო ეს ოხერი
დიალექტიკური მატერიალიზმიო, ამ ერთი კვირის წინ
დაჰპირდა და ნიკომ მარქსიზმის კლასიკოსების რამდენიმე
შრომა დაულაგა კიდეც საწერ მაგიდაზე, თან შეაგულიანა: შენ
ისეთი ყოჩაღი ხარ, ერთი თვალის გადაკვრა დაგჭირდება,
ჩააბარებ და ეს ეტაპი გავლილი გექნებაო.
დროც საკმაოდ დარჩა სანახავად და შესამოწმებლად;
სახელდახელოდ ისადილეს, სტუმარი არ ჰყავდათ და თიკო
სახლში არ იყო, თანაც თინათინი დაღლილი იყო, შეუძლოდ
გრძნობდა თავს და წამოწოლა უნდოდა, მართლაც სადილის
შემდეგ მაშინვე თავის ოთახში განმარტოვდა, მარიკომ კიდევ –
ხვალისთვის გაკვეთილი მაქვს მოსამზადებელიო, ვულკანებიო,
და ამასწინათ შენ რომ მონოგრაფია მიყიდე სწორედ
ვულკანებზე, იმას უნდა ჩავუჯდეო, და ჩაუჯდა კიდეც, საწოლი
ოთახის გვერდით, პატარა მყუდრო ოთახში, სადაც მარიკოს
სეკრეტერი და სავარძლები ედგა, კედლებზე კონტინენტების
რუკები ჰქონდა გაკრული, კუთხეში კი – ოდესღაც, მათი
ურთიერთობის გარიჟრაჟზე, ნიკოს ნაჩუქარი დიიდი გლობუსი;
ამ გლობუსით შეაყვარა მარიკომ თიკოს მთელი დედამიწა, რომ
შეეკითხებოდა: აბა, როგორ უნდა წავიდეთ თელავიდან
ცეცხლოვან მიწაზეო, ან დიდი ანტილის კუნძულებზეო, ან
ტიბეტშიო, ან სიამის ყურეშიო, ან... ვინ იცის, სად აღარ,
საქართველოში ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, პატარა თიკო
მაშინვე საჩვენებელ ჯოხს წამოავლებდა ხელს და ისე
გაუდგებოდა გზას ამ დიდ გლობუსზე, ერთი არ შეეშლებოდა...
მარიკო განსაკუთრებით ციმბირს მიამტკივნებდა გულს, სადაც
არა მხოლოდ მისმა მამამ და ძმამ ჩაყარეს ძვლები, არამედ
ახლობელმა და შორეულმა ნათესავებმაც, ამიტომ კოლიმა და
ინდიგირკა, ტაიმირი და ხატანგა, ნორილსკი და იაკუტსკი, და
კიდევ მრავალი სხვა, საკონცენტრაციო ბანაკების
გავრცელებული თუ სავარაუდო ადგილები, და აგრეთვე იქ
მისასვლელი გზები და ბილიკები სულ ზეპირად ასწავლა
თიკოსაც. ამ ათიოდე წლის წინ, ხრუშჩოვის დროს, ხანმოკლე
დათბობისას, წავიდა კიდეც ციმბირში რუსულ საექსკურსიო
ჯგუფთან ერთად, ძალიან ბევრი წმინდა სანთელი წაიღო და
ტაიგაში ექსკურსიებისას ლამის ყველა ხის ქვეშ ანთებდა
სანთელს...
ახლა მარიკოს სეკრეტერის დაფაზე გადაეშალა წიგნი და
ვულკანებს ჩაჰკირკიტებდა... ნიკომ კი მცირე ხანს თავის
კაბინეტში იტრიალა, შინ კერძო ავადმყოფების მიღებამდე
დრო საკმარისი ჰქონდა, ერთი წუთი დედას დახედა, მერე კი
თიკოს ოთახისკენ გასწია. ისედაც ზრუნვითა და
პასუხისმგებლობით სავსე, თავის ქალებს თავს დასტრიალებდა
და ცივ ნიავს არ აკარებდა. ბედმა თუ ცხოვრების მდინარებამ
ისე ინება, რომ ოჯახშიც და სანათესაოშიც ნიკო უმთავრესად
ქალებით იყო გარშემორტყმული, და ყოველთვის ცდილობდა,
არავისთვის მოეკლო ყურადღება. ხოლო თიკოს მიმართ ეს
ყურადღება ხშირ შემთხვევაში ისეთ მასშტაბებს აღწევდა, რომ
გეკითხათ, სიყვარულის მიუხედავად, თიკო გეტყოდათ,
მეტისმეტი – რეტის რეტიო. მითუმეტეს, თუ დაინახავდა აი,
ახლა, როგორ შევიდა ნიკო მის ოთახში, დაჯდა მის საწერ
მაგიდასთან და ლენინის „მატერიალიზმი და
ემპირიოკრიტიციზმი“ გადაშალა, სადაც ქაღალდის თაბახები
იყო ჩადებული, თიკოს ხელით წვრილად ნაწერი. გაუხარდა,
შემისრულა თხოვნაო, უყურე რა კარგად დაუკონსპექტებიაო,
როგორი თავდადებით უმუშავნიაო, ენაცვალოს მამა, თავის
დაზოგვა არაფერში რომ არ იცისო... უახლოეს დროში ორი
პრობლემა აქვს ნიკოს გადასაჭრელი, თიკოს დისერტაცია და
თიკოს გათხოვება... და მადლობა ღმერთს, ჯვარი დასწერა და
დაარწმუნა, რომ საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა,
გათხოვებაზეც ასე უნდა დაარწმუნოს, შვილიშვილები უნდა,
შვილიშვილები, შეხვდებიან ქუჩაში დამწკრივებული საბავშვო
ბაღის პაწიები და ნაბიჯს შეანელებს და სურვილითა და
ნატვრით გაადევნებს თვალს, რომ მათ სახლშიც
აჟრიამულდნენ ბავშვები...
ნიკომ გულის ჯიბიდან სათვალე ამოიღო და ნაწერს ჩახედა...
ჩახედა და სახტად დარჩა, არავითარი ლენინ-სტალინი და
არავითარი მარქს-ენგელსი... „ერეკლე მეფე კრწანისის შემდეგ
თელავის ბატონის ციხეში“. აი, ეს სათაური ამოიკითხა ნიკომ,
შედარებით მსხვილი ასოებით ნაწერი თაბახის თავში და
ღრმად ამოიოხრა, ისეთ გატრიზავებას გრძნობდა, ისეთ
გაცრუებას, რომ დიალექტიკური მატერიალიზმის
ჩაწიკწიკებული კონსპექტის ნაცვლად აი, ეს „თხზულება“
დახვდა, დიახ, ვითომ თხზულება, რომ კინაღამ შეხტა და
შემოტრიალდა. მან დღენიადაგ წითელი კვერცხები უნდა
უგოროს თავის შვილს, თავისი დღე და მოსწრება სულ მისი
სურვილების ამოცნობაში უნდა იყოს, და შვილმა კი, თავისივე
სასიკეთოდ, მამის თხოვნა არ შეასრულოს! კრიტიკული
პათოსით აივსო ნიკო და თავის ქნევითა და კბილების
კრაჭუნით შეუდგა კითხვას... და კითხვისას კიდევ უფრო
აღშფოთდა და აფორიაქდა... არა, მაინც რა გაბედულია ეს მისი
შვილი, საიდანა აქვს ასეთი გაბედულება, ნეტავ ერთი იცოდეს
ნიკომ, წერო ერეკლეზე, ვითომ მოთხრობა, თუ რომანი, თუ ვინ
იცის რა, და როგორც მოგეპრიანება ისე წერო?! ვინ გაიგონა
ასეთი ერეკლე, ვინა?! თუ ისტორიულ პირზე სწერ, თანაც ისეთ
მეფეზე, რომლის მიმართ სიყვარული და პოპულარობა დავით
აღმაშენებლისას თუ შეედრება, განა შეიძლება, რაც მთავარია,
იმაზე არ დაწერო და ერთ რაღაც მოწუწუნე ჩანჩურად დასახო?!
რა არის ეს, რა ლექსია, ჩემს ტახტს და გვირგვინს შეეპარა
სამარის ჭიაო... რას გავს ეს, რასა! ეგეთი განწყობა ერეკლესი
და ეგეთი ჩამოჟამება?! თუხთუხებდა კითხვის დროს ნიკო, და
მაინც ჩასაფრებული ინტერესით განაგრძობდა კითხვას...
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება.
ილია

„მამლები ყიოდნენ... შეჯიბრი ჰქონდათ გამართული... შუაღამე


დიდი ხნის გადასული იყო, ის კი იჯდა და ქაღალდებს
ჩასჩერებოდა... მთელ ღამეებს მუშაობაში ატარებდა... მძიმე
იყო ეს ქაღალდები და მამლების ყივილი თითქოს კიდევ უფრო
ამძიმებდა... ნეტავ ტფილისშიც თუ ყივიან მამლები?!
მოქალაქეების არზები იყო, დღეს რომ მოართვეს საღამოხანზე.
„ჩვენ ესრეთ დაღონებული და შეწუხებული გახლავართ, რომ,
რადგან ქრისტიანები გახლავართ, ერთი ღმერთი არის ჩვენი
სასოება და ერთი თქვენი უმაღლესობა, რომ ყოვლითურთ
ჩვენს ნუგეშს და მოვლას თქვენის უმაღლესობის მიერ
ვსასოებთ... ძალიან დიდად დაცემულნი და წამხდარნი
გახლავართ, და ჩვენი წახდენილობის ვითარება რომ
თვითეულად მოგვეხსენებინა, დიდად განვრცელდებოდა და
უმაღლესობის თავს წყენას დავერიდენით და მოკლედ
მოხსენება ეს არის, არც თქვენის უმაღლესობის წინაშე, არც
ქართლზე და არც კახეთზე დანაშაულობა არა გვაქვს რა,
მაშასადამე, თქვენის უმაღლესობისგანაც და ქართლის და
კახეთისგანაც, რომელიც ჩვენს ამ გვარად წარხდენილობას
შეეფერებოდეს, იმ გვარად შეწევნა მოგვაყენოთ, რომ ეგების,
ღვთით და თქვენის ბედნიერებით ეს ქვეყანა კიდევ
დამტკიცდეს. აღიწერა ქალაქ ტფილისის მოქალაქენი,
აკლებულნი ხოჯას მიერ“.
ამას ერთვოდა „მათ მონათ მოქალაქეთაგან მოხსენებული
აზრები, თუ როგორ უნდა დაემაგრებინათ ქალაქი.“ და რაც
მთავარია, სთხოვდნენ, სთხოვდნენ, სთხოვდნენ... ნუღარ
დააყოვნებთ, რომ კვალად განახლების მოიმედედ
შევიქმნათო...
ამაღამვე უნდოდა, ვარაუდით მაინც, სია შეედგინა, ხვალ
სოლომონიც ამოვიდოდა კონდოლიდან, სასახლის კაცებიც
შეიკრიბებოდნენ და იმსჯელებდნენ ერთად. უპირველესად კი
ივანეს, ივანეს უნდა მოეთათბიროს, აი, ვინ იცის ყველა დაბა-
სოფელი ზეპირად, სად რამდენი მოსახლეა, ვინ რა
შეძლებისაა... ბატონი მამისა და ლეონ ბატონიშვილის შემდეგ,
საკუთარ ოჯახში, ამდენ შვილებსა და შვილიშვილებში
აღარავინ გამოჩნდა, ვისაც გულდამშვიდებით შეიძლება ანდო
ქვეყანა. ივანეა გონიერი და გამჭრიახი, მამაცი და უდრეკი... და
რატომ არ შეიძლება, რატომ, ვინც სამეფო კარზე უკეთესია,
იმას ჩააბარო ქვეყანა?! ჰოდა, ერთად იმსჯელებენ, საიდან ვის
რა მოაკლონ, ვის რა შეაწერონ, ხორბალია, პირუტყვია, ქერი
თუ ჭვავი... ცხენები... რამდენნი დაეცნენ ბრძოლის დროს...
ქერი და შვრია გადარჩენილი ცხენებისთვის... მძიმე დრო
ჩამოდგა, ყველას უჭირს, არავის ულხინს... მაგრამ აკლებულ
ხალხს უნუგეშოდ ვერ დატოვებ... ლუკმა უნდა გაუყო... მამლები
კი ყიოდნენ... ცნობდა ხმაზე ამ მამლებს... ყველაზე ახლოს,
გეგონებათ, აქვე ფანჯარასთან ყივისო, ხელაანთ დიდი,
წითელი მამალი იყო... თუ მოხდებოდა და ჩრდილოეთის
დაბალი გალავნიდან ქვევით გადაიხედავდა, დაინახავდა,
როგორ დააბოტებდა ეზოში თავის დედლებთან ერთად... ხმაც
მჭექარე ჰქონდა, უხრინწო, და ყივილშიც მოუღლელი იყო...
ხაბაზებისა და ესიტაანთ მამლებიც ყოჩაღები იყვნენ, მაშინვე
აჰყვებოდნენ და ჰქონდათ ერთი გადაძახილი და გაპასუხება...
მას კი უფრო და უფრო ეჭმუხნებოდა შუბლი. რამდენი სოფელი
ჩამოიარეს... რამდენი... გაუდაბურებული და
გაუკაცრიელებული სოფელი... დადუმებული და უტყვი... ვინ
იცის, იქ როდისღა იყივლებდნენ მამლები... როდის გაავლებს
კვალს გუთანი და როდის აყვავდება ვაზი... ყველაფერი
შეფერხდა და მოიშალა... რამდენი ხოდაბუნი ჩაიწვა... რამდენი
ვაზი აიკაფა... რამდენი გამრჯე მარჯვენა მოისპო და
განადგურდა... მუშახელი ჭირს, დიდი რაოდენობით მასალის
დამზადებაა საჭირო, მადლობა ღმერთს, ტყის ნაკლებობას არ
განიცდიან... არცერთი დღე არ უნდა გაცდეს... ყველაფერს
დროულად მოუყარონ თავი... უპირველესად კი პური და ღვინოა
საკითხავი და გასაგზავნი...
ქართლშიც უნდა შეუთვალოს ხვალვე, არზების პირები
გაუგზავნოს ბატონიშვილებსა და დიამბეგებს, გააცნონ
მოურავებს და როგორც შეძლებენ, გაიჭირვონ, მოიკლონ და
მოიმხონ, გაგზავნონ ტფილისში! გული ეწურება... ქალაქი
აოხრებულია და გადამწვარი... აურაცხელი ტყვე და აურაცხელი
უსახლკარო... გზებზე ყაჩაღობა და ლეკთა თარეში... ხაზინა კი
ცარიელი... რომელ ერთს მისცეს და ვის რა გაუნაწილოს?!
მეფეა ვითომ, მაგრამ თვითონაც მათი დასისაა, ღარიბი და
უპოვარი. უყვარდა ყოველთვის თელავში ყოფნა, აქ იყო
დაბადებული, აი, სწორედ ამ ოთახში, სადაც ახლა ზის და თავს
იმტვრევს, როგორ დაეხმაროს ტფილისს, რა ქნას და რა
იღონოს, და აქ იყო გაზრდილი, მაგრამ, ალაყაფის კარი რომ
გაიღო აღმოსავლეთის შესასვლელიდან და გამოეგებნენ,
საწინააღმდეგო გრძნობებმა მოიცვა, ერთი მხრივ, თუ შვებით
ამოისუნთქა, – ამდენი ცხენზე ჯდომისა და მგზავრობის შემდეგ,
ცხელი წყლისა და აბანოს მოლოდინში, – ამასთანავე
განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნო, რომ აქ კი არ უნდა
ყოფილიყო, – გაახსენდა, კახთ ბატონს რომ ეძახდნენ ერთ
დროს და აკი დაუთ-ხანი ტახტსაც ედავებოდა, – არა, აქ არა,
არამედ იქ, სადაც წესით და რიგით ეკუთვნოდა ყოფნა,
სატახტო ქალაქში, როსტომისეულ სასახლეში! მაგრამ არ იყო
აღარც სასახლე, აღარც ტახტი და აღარც გვირგვინი... ტახტსა
და გვირგვინს არ დაეძებდა, სულ არა, მაგრამ ჭერი ხომ უნდა
ჰქონოდა მეფეს, უჭეროდ ხომ ვერ იქნებოდა...
და როცა დაბრუნების შემდეგ დაიხურა დიდი ალაყაფის კარი
და გაიგონა რკინის ანჯამების გარახუნება, როცა ვრცელი ბაღის
შორეულ კუთხეში, მაღალ გალავანთან ვიღაც მოელანდა,
აჩრდილი თუ ლანდი, საღამოს ბინდბუნდში რომ ქრებოდა და
ჩნდებოდა, ხან ადამიანის სახეს იღებდა, ხან რაღაც უცნაური
არსებისა, გაიფიქრა: სიკვდილი ხომ არ მომელანდაო, და
იგრძნო, რომ ბატონის ციხის ტყვეობაში მოექცა.
ფიქრობდა... ფიქრობდა... ფიქრობდა... იმ უბედურებაზე, რაც
მასა და მის ქვეყანას დაატყდა თავს... როგორ... რანაირად...
წინ წამოსული ქვეყანა, ლამის აღორძინების გზაზე დამდგარი,
თხუთმეტიოდე წელში თანდათან უკან წავიდა...
როგორც კი გაურიგდა რუსებს, აიშალნენ მტრები... და ისე
აიშალნენ, აქამდე მივიდა საქმე. ოჰ, რა სიმწარე აგემეს... რა
სამსალა შეასვეს... მწუხარებისა და წყრომის ცეცხლით იყო
მოცული, ახლაღა გაიგო, თურმე ხოჯა გუდოვიჩს ძვირფასი
საჩუქრებით ქრთამავდა... თან მსტოვრებს მსტოვრებზე
გზავნიდა, აბა, მოდიოდნენ რუსები საშველად თუ არა.
მექრთამეები! არ მოდიოდნენ, არა! არც რუსები და არც ისინი,
ვისაც ეკუთვნოდა მოსვლა და ხელის გაქნევა, და იმერლებიც,
მოქალაქეთა შველის მაგივრად, ცარცვავდნენ ქალაქს...
თავისად არ მიაჩნდათ თავისი მოძმეები და მთავარი ქალაქი.
მუდმივი ჯარი რომ ჰყოლოდა, ორი პოლკი მაინც, სათანადოდ
აღჭურვილი, ჩაცმულ-დახურული და შეიარაღებული... ჯერ
კიდევ როდის სწერდა, თან როგორი მოკრძალებული
თხოვნით, ავსტრიის იმპერატორს. რუსებსაც ხომ ამიტომ
გაურიგდა, მფარველობისთვის და შველისთვის... უთვლიდა და
უთვლიდა გარსევანის პირით ჯარის მოშველებას... ქუდზე კაცი!
ქუდზე კაცი! თავის საგზლით, თავისი თოფ-იარაღით, თავისი
ცხენით... ჩამოგლეჯილ-ჩამოწეწილები... აკი ამბობდა კიდეც
სპარსი ჟამთააღმწერელი ერთი, მოვიდა თეიმურაზი და თან
ბოგანოები მოსდევდნენო. ბოგანოები? ბოგანოები კი არა,
მებრძოლები, თავგანწირვით მებრძოლები! მუდამ ერთობას
გრძნობდა თავის მებრძოლებთან, თავის ხალხთან... თუმცა
ღმერთისა და განგების ძალით მათ წინამძღოლად იყო
განწესებული, თავისი თავი ერთ იმათგანად მიაჩნდა. „ჩვენი
განაგისი აღარ იქნებოდა, ჩემო მებრძოლებო, დიდი ხანია
საყვავყორნედ გავხდებოდით, განქარდებოდა ჩვენი სახელი,
აღარ შეარხევდა ჰაერს ჩვენი ხმა, ჩვენი ქართული, ვეღარ
ვიმღერებდით ჩვენს კარგ სიმღერას... ასეთი სიმხნევე და
შეუპოვრობა რომ არ გქონდეთ, ბრძოლაში სიჩაუქე და
თავგანწირვის უნარი... სწორედ თქვენმა თავგანწირვამ
მოიყვანა აქამდე ჩვენი ქვეყანა, ჩემო მებრძოლებო!“. გოროზად
გადახედავდა, ჩამოუვლიდა რიგებს და ცდილობდა, არავინ
გამორჩენოდა, ყველასათვის თვალებში ჩაეხედა, ბრძოლის წინ
მედგარი სული შთაენერგა. სიტყვითაც ხომ უნერგავდა, მაგრამ
საქმით... რაც მთავარია, თავისი მართლაც გმირული ქმედებით
აღაგზნებდა და ერთს ათად აქცევდა. მის შიგნით თითქოს
გრიგალი ამოვარდებოდა, რომლის მოთოკვა და აშვება
თავადვე შეეძლო, და ბრძოლის დროს მის დამნახავს
ეგონებოდა, ზეშთაგონებას მოუცავსო... მაგრამ ბრძოლის წინ
რომ გადახედავდა მებრძოლთა რიგებს და დაინახავდა,
ძირითადად, მათ გამხდარ, თვალებდაყვლეპილ სახეებს, ვინ
იცის, მშივრებიც არიანო, ჯავრიანად გაიფიქრებდა... აგეერ,
მარცხნივ, უკან, ვიღაც იღმურძლებოდა, თან ხელს იფარებდა
პირზე; იცნო, ღვინია იყო, ვარდისუბნელი:
– შემინდეთ, დიდო ბატონო, წუხელაც უვახშმოდ დავწექი და
ამ დილასაც არ დამაგვიანდეს-მეთქი, ვერ მოვასწარი ლუკმის
გატეხა...
– რას მიირთმევ მერე, ღვინიავ?
– პური იყოს, დიდო ბატონო, და პურს რა შეტანება უნდა,
დედაკაცმა კარგად გამომატანა მთელი პური და ნახევარი,
მათარით წყალიცა მააქვს და იმას ვაყოლებ... იგეთი
გემრიელია, თქვენი მოწონებული...
დაეცა ბრძოლის ველზე ღვინია, ალაზანთან, ნახევარი პური
შეუჭმელი დარჩა. რამდენნი დაეცნენ, რამდენნი, რამდენნი
ჩავარდნენ მიწაში... განახევრდა ქვეყანა. ეჭვები... დარღვეული
ბუდიდან აშლილი კელებივით შემოესეოდნენ... და სდევნიდა...
სდევნიდა... სდევნიდა... რადგან სხვა გამოსავალი არ იყო,
იმიტომ, რომ სხვა გზა არ იყო, ეს იყო ერთადერთი გზა. არა!
სპარსელებთან გარიგების გზა გზად აღარ მიაჩნდა, აკი უარით
გაისტუმრა ზიათ-ხანი ხოელი, აღა-მაჰმად-ხანის გამოგზავნილი:
ნადირ-შაჰის ნაქონი ძვირფასი თვალი მოგვეციო, რუსებს უარი
უთხარი, მფარველად სპარსეთი აღიარე და მძევლები
გამოგზავნეო... თუ არა, ავიკლებთ შენს ქვეყანასო.
– ირაკლი-ხან, რაც დაუახლოვდით რუსთა, თქვენ მათგან
სათანადო დახმარება არ მიგიღიათ... რომ მიგეღოთ, განა
უმახანი, თქვენი მთავარი მტერი, ასე დაგამარცხებდათ? ასეთ
ჯამაგირს მოგთხოვდათ? რად გინდათ, ირაკლი-ხან, საუკეთესო
დოსტობის გაწყვეტა და რუსების მეგობრობა?
ერთმორწმუნეობას ვინ დაუცავს, რომ თქვენ დაგიცვათ?! განა
ქრისტიანები არ არიან ფრანგნიც, ინგლისელნიც და
გერმანელნიც... ამიტომ აღარ ომობენ? ჩვენ და თურქები თუ
მაჰმადის რჯულისა ვართ, ცოტა ომები გარდგვიხდია?
– გავიწყდება, ზიათ-ხან, რომ ჩვენ მფარველობის ტრაქტატი
გვაქვს დადებული, და ინგლისელებს, ფრანგებს და
გერმანელებს ტრაქტატი არ დაუდვიათ, და არც თქვენა და
თურქებს.
– რაც დაუახლოვდით რუსთა, ჩვენი გამორკვევით, გაწყალდა
თქვენი ქვეყანა, უმახანმა დიდი ზარალი მოგახსენათ, ლეკთა
თარეშმა მოშალა ვაჭრობა, ტყვეთა გამოსყიდვამ
დაგიცარიელათ ხაზინა, აღა გპირდებათ ლეკიანობის
ალაგმვას, დიდ დახმარებას.
– მრავალჯერ ვართ მოტყუებული სპარსეთისგან, მრავლად
მათგან ტანჯული.
– შენ რაინდი ბრძანდები, ირაკლი-ხან, მაგრამ რაინდობას ნუ
შესწირავ შენს ქვეყანას, აღა-მაჰმად-ხანი დიდი ხანია, ხვალ-ზეგ
შაჰი გახდება და შაჰ-აბაზის შემდეგ ასეთი ძლიერი ბატონი
სპარსეთს არ ჰყოლია.
– მით უარესი თუ ძლიერია, ძლიერებისგან სჭირდათ, რაც
სჭირდათ...
მაშინ შაჰ-აბაზმა ჩაშალა ალექსანდრეს დაწყობილი საქმე...
რა მისვლა-მოსვლა ჰქონდათ რუსეთისა და საქართველოს
წარგზავნილთა. ჩაშალა და თან კახეთში ხეს ფოთოლი არ
შეარჩინა... ძირიანად მოთხარა კაციც და ვაზიც... ახლა კიდევ
ამ საჭურისმა, ცეცხლითა და მახვილით რომ შეიერთა მხარეები
სპარსეთისა, ხოცა და ასახიჩრა იმოდენა ხალხი (არადა მას
ყოველთვის სძულდა ასეთი სისასტიკე, სძულდა და
ეზიზღებოდა) ჩორთი უნდა ჩამოაგდოს ჩვენსა და რუსებს
შორის, დათაფლული დაპირებებით, და თან, ჩვეულების
თანახმად, მძევალთა მოთხოვნით... დაუნდობლები! ვისგან იყო
აკლებული ქვეყანა, თუ არა მათგან! რამდენი მძევალი,
რამდენი ქალ-ვაჟი, რამდენი ტყვე და რამდენი ხრიკი! რამდენ
ქართველს უთხევია სისხლი მათ ომებში... თექვსმეტი წლისა
იყო მაშინ, მეჩვიდმეტეში, 37 წლის იანვარში, ბარათი რომ
მიიღო სპარსეთიდან ბატონი მამისა: „სასურველო ძეო ჩემო...
მეცა იძულებითა მოგიწერ ესრეთ, რომე შაჰსა ჰსურს ჩემი
განთავისუფლება ჩემი ტყვეობისაგან, გარნა მხოლოდ ითხოვს
მოსვლასა შენსა და თანა წარმოიყვანო ასულიცა ჩემი და დაი
შენი ქეთევან, მხოლოდ მოსვლა შენი აქა სპარსეთად
მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისაგან. ესრეთია ნება
შაჰისა. მეფე თეიმურაზ“. რის ფასად განთავისუფლდა მაშინ
ბატონი მამა, ქეთევანის ცრემლებისა, სპარსეთში გადახვეწისა
და ერეკლესი და ქართველთა ინდოსტანის ლაშქრობაში
მონაწილეობისა... თუ სცხელოდა შაჰსა და ქართველებსაც
თავში სიცხე უნდა ავარდნოდათ. რამდენი ოფლი და სისხლი
ღვარეს ინდოსტანისა და ავღანისტანის გზებზე... სად აღარ, სად
აღარ... ნახევარი ქართველობა იქ არის, გათათრებული და
გაპარტახებული... აქაც რამდენი გაამაჰმადიანეს, იძულებით,
რა თქმა უნდა, მეფეცა და თავადიც... ის კი არ უღალატებს
ქრისტეს, არა, არც ქრისტეს და არც ერთმორწმუნე ქვეყანასთან
დადებულ ფიცს გატეხს! და სანამ კიდევ ჭიატობს ჩვენს
თავადაზნაურობაში, ჩვენს მეომრებში, ჩვენს ხალხში
რაინდული სული, ის უნდა გადარჩეს, უნდა გადარჩეს, რათა
გადაეცეს და იხაროს ჩვენს მომავლებშიც!
– ერეკლე-ხან, მოიგონეთ სულმნათი პაპათქვენი,
სჯულმდებელი ვახტანგი, რუსეთის გზებზე ამოხდა სული, და რა
მიიღო... მე დედა მყავდა ქართველი, ვახტანგის ლექსები
ზეპირად იცოდა, ცრემლმორეული ამბობდა ხოლმე: „რანი და
მოვაკანი და სახლი და კარი, ბანი და...“ მე გული შემტკივა
თქვენთვის, რად გინდათ აღა-მაჰმად-ხანის გადაკიდება, შენ
დიდი სახელი გაქვს, ერეკლე-ხან, და რად გინდა კავკასიაში
ყველამ გული აიცრუოს შენზე, თუ ბევრმა უკვე აიცრუა კიდეც...
განა რა სიკეთეს მოუტანს შენს ქვეყანას დარიალის კარის
გახსნა.
– პაპაჩემი ვახტანგი, სანამ რუსეთს წავიდოდა, ქირმანში იყო
დატყვევებული რამდენი წელი, ხოლო პაპაჩემის პაპის დედა,
ქეთევანი, ბერი ქალი, აწამა, ცეცხლით დასწვა შაჰ-აბაზმა.
შეგვისწავლია მათი ზნე საუკუნეების მანძილზე... მფარველს და
მეგობარს კი კარი უნდა გაუხსნა, ასეთია ჩვენი წესი...
მაგრამ მეფე იყო და ფიქრობდა, ბჭობდა კარისკაცებთან,
ტახტის მემკვიდრესთან, ვინ რას ურჩევდა, ვინ რას, მაგრამ მისი
გადაწყვეტილება მტკიცე იყო, და რაც ზიათ-ხანს საბოლოოდ
უთხრა, აი, ის თავისი სიტყვები აგონდებოდა მწარედ: „სანამ
ხოჯა ერევნიდან აქამდე მოვა, რუსები მოასწრებენ და უკვე აქ
იქნებიანო.“ აი, ეს სიტყვები გაუმტყუნდა, ეს მთავარი სიტყვები,
უნდა მოსულიყვნენ და არ მოვიდნენ! და თუმცა არ მოვიდნენ,
თუმცა ვერ მოიქცნენ ისე, როგორც მფარველობასა და
მეგობრობას მოეთხოვებოდა, თუმცა ვერ გაუწიეს სათანადო
ნივთიერი შემწეობაც, ახლა, მამლების ყივილში, გატეხილი
ღამის შემოჯარულ ფიქრებსა და თავის მტვრევაში, როგორ
დახმარებოდა აოხრებულ ტფილისს, არცერთი წუთით არ
ეპარებოდა ეჭვი, აღარ ეპარებოდა, რომ ისეთ მტარვალთან
გარიგება, როგორიც ხოჯა იყო, იქნებოდა შეცდომა და შეცდომა
დამაკნინებელი... თავისი ქვეყნისთვისა და თავისი ხალხისთვის
დამღუპველი...
– რა თქმა უნდა, ბატონო პაპა, – ეუბნებოდა ივანე, – სამასი
წლის ალყა სპარსთა და თურქთა უნდა მოიხსნას და მოიშალოს!
ერთხელ და სამუდამოდ! და საქართველო დაუბრუნდეს
ევროპის გზას... ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, ბატონო პაპა,
ფრინველებად ვერ ვიქცევით და თურქეთის თავზე მიმოფრენას
ვერ დავიწყებთ... ეს საშინელებაც გაქარწყლდება, რაიცა ბედმა
გვარგუნა, კონსტანტინეპოლი რომ დაეცა და თურქებმა
მიიტაცეს ჩვენი მიწები და ჩაგვიხერგეს ევროპის გზა... რა
ვუყოთ, გუდოვიჩი რომ ასეთი მექრთამე გამოდგა, საშინელი
მექრთამე, ხოჯასაგან ძვირფას საჩუქრებს იღებდა და
მოშველებაზეც თავი შეიკავა... იცით თქვენ, უმსხვერპლოდ არც
როდის, არც არავის არაფრისთვის არ მიუღწევია, და მაინც
მხოლოდ რუსები შეძლებენ ჩვენთა მტერთა დაოკებას და
თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში არცერთი წუთით ეჭვის
შეტანა არ შეიძლება, ბატონო პაპა! ჯერ კიდევ როდის
გამოგვითქვეს ხევსურებმა, „ბატონიშვილი ერეკლე ღვთისგან
ას დავლათიანიო... – ივანეს ფართო, სანდომიანი სახე
გაუნათდა.
– შენც დავლათიანი ხარ, ჩემო ივანე, – გაეღიმა ერეკლეს და
შვილიშვილს ხელი გაუწოდა, – გონიერი ადამიანისგან კარგი
სიტყვა საამო მოსასმენია... მტერი თუ აილაგმა და დაკარგული
მხარეები დავიბრუნეთ, მაშინ დავხუჭავ მშვიდად თვალებს...
– არა, ბატონო პაპა, თქვენი სიკვდილი არ ეგების, ჯერ
დიდხანს უნდა იცოცხლოთ, ქვეყანა განაახლოთ და
ააღორძინოთ... არა გაქვთ სიკვდილის უფლება! – შეუპოვრად
უყურებდა პაპას და გამხდარ ხელზე ხელს უჭერდა...
მამაცი იყო ივანე და თავის გაწირვაც შეეძლო, დედას ჰგავდა,
იმ სულმნათ ქეთევანს, სამასი მხლებლით ხუთასი ლეკი რომ
გააბრუნა ღართისკართან და კუდით ქვა ასროლინა. ივანემაც
როგორ იბრძოლა, როგორ, იმ საბედისწერო დღეს, მტერმა
ზურგიდან რომ მოუარა მეფის ჯარს და სანგარს ალყა
შემოარტყა. თავი გასწირა ივანემ თავის რაზმთან ერთად,
ყველა დაჭრილი იყო, ყველას თავპირზე სისხლი ჩამოსდიოდა,
მოიკლეს თავი და მეფე ალყიდან გამოიყვანეს, და უკან
შეტრიალებისა და ისევ ბრძოლის მოსურნეს, ხაფი ხმით შეუძახა
ივანემ, რას სჩადითო! და ეს შეძახება იგივე იყო, რაც უფლება
არა გაქვთ სიკვდილისაო! ოო, მაშინ, ყარყუთის შემდეგ... ერთი
წამით... ერთი გაელვებით განწირულებამ მოიცვა... ასეთი რამ
მანამდე არც როდის არ დამართნია... მაგრამ, არა, სიკვდილი
კი არ უნდოდა, თავი კი არ უნდა მოეკლა, უნდა კვლავ შებმოდა
ყიზილბაშებს, შებმოდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სულის
ამოხდომამდე ექნია ხმალი და თავი შეეკლა! ხედავდა, სისხლი
გასდიოდა ივანეს, თავ-პირი ჰქონდა წითლად გაწუწული და
ხაფი ხმით ყვიროდა! ოო, რა საბედისწერო დღე იყო! როგორ
გამოქუსლეს, როგორ გამოაქციეს! და როგორ არ დაევსო
თვალი ახრჩოლებული ტფილისის დანახვაზე...
– მე ახლა, ბატონო პაპა, დღედაღამ ქვეყნის მოწყობაზე
ვფიქრობ, სულ ეს მიტრიალებს თავში, შევადგინე კიდეც
მონახაზი, რა უნდა გაკეთდეს, როგორი კანონები უნდა
გატარდეს... სჯულდებაზე ვფიქრობ სულ... და თქვენი სიცოცხლე
აუცილებელია, უთქვენოდ ამას ვერავინ შეძლებს. სამწუხაროდ,
ჩვენს დიდ ოჯახში არავინ მოიპოვება მიახლოებით მაინც
თქვენისთანა საქვეყნო ჭკუით აღჭურვილი, მამაცი და
გამჭრიახი მხედართმთავარი...
ერეკლემ შუბლი შეიკრა, მწუხარედ ჩაკიდა თავი, რადგან ვერ
იტყოდა იმას, რასაც ხშირად ფიქრობდა და რაც გულით ეწადა:
ჩემზე რომ იყოს, შენ ჩაგაბარებდი ტახტსა და ქვეყანასო...
მაგრამ ეს არც მასზე იყო და არც არავისზე... იქნებ ოდესმე...
ოდესმე დადგებოდა ისეთი დრო და არჩევითობა იქნებოდა, და
ქვეყნის მესვეურს მთელი ქვეყანა აირჩევდა... მაგრამ ახლა...
ვერ გადაახტებოდა ვერც შვილებს, ვერც შვილიშვილს,
დავითს... და თვითონ ივანესთვისაც ეს უთუოდ მიუღებელიც
იქნებოდა და წარმოუდგენელიც...
საწოლი ოთახიდან ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოისმა, თავი
აიღო, ღია კარში თედო გამოჩნდა, თანშეზრდილი მსახური,
ცალ მკლავზე გადაკიდებული ჰქონდა რაღაც ნაცრისფერი
ნაქსოვი, ჩამოგრძელებული, ლამის იატაკამდე უწევდა, მეორე
ხელში კი ვერცხლის სურა ეჭირა:
– რაო, თედო?
– დიდო ბატონო, ჩავუკეთო ბუხარს, თუ ინებებთ მოსვენებას?!
ქვეშაგები გაგისწორეთ.
– ჩაუკეთე, ჯერ მაქვს კიდევ სამუშაო.
თედომ სურა ფანჯრის რაფაზე დადგა: – ბატონმა
დედოფალმა, ყურძნის წვენი მიირთვას აუცილებლადო,
ყუათიანიც არის და ძილისთვისაც კარგია, დიდო ბატონო.
ეტყობა, კისერი დაეღალა, თავი გადასწია, გამოუჩნდა
დაბერებული, ჩამოტყლარჭული ყელი, კისრის მალების
ტკაცუნიც მოისმა... „ღმერთო, გადმოხედე, რა დარდიანია...
ასეთი არც როდის უნახავს... დღეს და გუშინ ხომ არ
ემსახურება... ერთად ჩამობერდნენ... რა გამხდარია... მთლად
ჩამომდნარა, რაც არ უნახავს, ზაფხულის შემდეგ...
– ჩამომისხი აბა ფიალაში, პირს გავისველებ...
თედომ იქვე, ბუხრის თავზე პაწია თახჩიდან ვერცხლის ფიალა
ჩამოიღო და მაგიდის ნაპირას დადგა.
– დიდო ბატონო, ნება მომეცით ეს შალი მოგახვიოთ მხრებზე,
ციურიმ მოგიქსოვათ, დიდო ბატონო, თქვენმა ნათლულმა, აი,
ნახეთ, რა ფუმფულაა.
– წეღან რომ წახვედი მცირე ხნით, ამის მოსატანად წახვედი?
– დიახ, დიდო ბატონო, დღე და ღამე ქსოვდა, ჩემი დიდი
ნათლია ღამღამობით მუშაობს და იქნებ ესიამოვნოსო,
სწორედაც ამაღამ უნდა დავამთავროვო.
– მართლა მშვენიერი შალია, უყურე შენ ციურის, როგორი
სანიმუშო ქსოვა სცოდნია?!
– საერთოდ ძალიან ყოჩაღი გახლავთ, ისეთი
ხელგამომავალია, თვითონვე დაართო კრაველის მატყლი,
ათწვერად მოქსოვა, სქელი იყოს და თბილიო, დიდო ბატონო.
გამხდარ, ჩამოქნილ სახეზე ერთბაშად უსიამოვნო ჩრდილმა
გადაუარა: – „დიდო ბატონო“, რაღა დიდო ბატონო, თედო, რომ
დავმარცხდით!.. დავმარცხდით, ტფილისი დანგრეულია და
გადამწვარი, და მე აქ თბილად უნდა ვიყო?! გამუდმებით
თვალწინ ედგნენ ბრძოლაში დაღუპული თავისი მებრძოლები...
რამდენნი... რამდენნი... არტილერისტებიც... გაბრიელ
მაიორი... გიორგი გურამიშვილი... აღალუა... სამეფო ხაზინა
წაღებული... კვერთხი... გვირგვინი... დროშა... წიგნსაცავები
გადამწვარი... ახტალა აოხრებული, მემადნე ბერძნები
დახოცილი... გამუდმებით ხედავდა დაუმარხავ გვამებს და
შიმშილით მოცულ დანგრეულ ქალაქს.
ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა, მამლებიც აღარ ყიოდნენ.
თედომ სურა აიღო, ფიალაში ყურძნის წვენი ჩამოასხა და
მიაწოდა, მოსვა ორიოდე ყლუპი და მაგიდაზე დადგა ფიალა: –
მადლობა გადაეცი ჩემს ნათლულს, მართლა კარგი შალია,
გვერდები გამითბა. წადი, თედო, მოისვენე, ნუღარ იფხიზლებ...
– ვერა, დიდო ბატონო, სანამ თქვენ ფხიზლობთ, ვერ
დავწვები, უთუოდ უნდა დაგიზილოთ მხრები და მუხლები,
გორჯასპმა ხო გირჩიათ, თურმანიძემ, დასაზელი საცხიც
მოგართვათ...
– კარგი აბა, სადაც არის ირიჟრაჟებს კიდეც... – სამელნეს
სახურავი დაახურა, კალამს წვერი გაუწმინდა ჯვალოს პაწია
ბალიშზე, სათვალე მოიხსნა, ბუდეში ჩადო და წამოდგა. თედომ
ორსართულიანი შანდალი აანთო საწოლ ოთახში, ბუხარს
ჩაუკეთა, ლეონისეულ ღვთისმშობლის ხატთან კანდელს
პატრუქი გაუწმინდა და შემოვიდა თუ არა დიდი ბატონი და
ტახტზე დაგებულ ქვეშაგებზე ჩამოჯდა, გახდა დაუწყო, შალის
ხალათი და პერანგი გაიხადა... ოჰოჰოჰო, რა გამხდარი იყო...
გამხდარი? გაძვალტყავებული... ღმერთო დიდებულო, ამ
გალეული მაჯებით ხმალს როგორ იქნევდა, როგორ?! რა ძალა
აქვს მაინც სულისა, რა შეუპოვარი! ეს ღრმულები ლავიწის
ძვლებთან, თითოში მუშტი ჩავა... ეს ამოყრილი მხრები... საცხი
გაისვა ხელზე და ნელა დაუწყო ზელა... როგორ უნდა, როგორ
სურს გაახალისოს, რაც აქ არის, პირზე ღიმი არ მოსვლია, და
თვალებშიც რა ვარამი აქვს ჩაგუბებული...
– აბა, უყურეთ, დიდო ბატონო, აი, ეს ნაჭდევი მხართან კიდევ
გეტყობათ, მე რომ უდასტუროდ წამოვედი და გზაში დაგეწიეთ...
შაჰჯანაბადთან რო დიდი ბრძოლა იყო დილიდან საღამომდე,
მახსოვს, მაშინ დაიჭერით მხარში, ნადირშამ კარგი მალამო
გამოგიგზავნათ, ჭრილობამ მალე შეიკრა პირი...
– რო დავბრუნდით, თედო, და ალავერდში შევიყარენით...
ბატონი მამა, ბატონი დედა ყველანი იქ იყვნენ... რა სიხარული
იყო... სითბომ გაულხო ხმა.
– მაშინაც დიდი სიხარული იყო, დიდო ბატონო, ყვარლის ციხე
რო ავიღეთ... ძალიან ხო არა გზელავთ? მთელი ზურგი
მოფენილი გაქვთ ნაჭრილობევებით და იქნებ არ გიამებათ,
დიდო ბატონო...
– კარგი ხელი გააქვს, თედო, მიამა შენი დაზელა...
– ჰოდა, იმას მოგახსენებდით, დიდო ბატონო, მუცალიაჯი-
ჩელების შვილი, სულთანი და ჭარელნი იმოდენა ჯარებით
ყვარლის ციხეს რო შემოეხვივნენ. ციხეში დავით ვაჩნაძე იდგა,
მელქისედეკ და ბესპაზ ჭავჭავაძეები, ხასი გავაზი და ყვარელნი,
ოცდასამ დღეს იბრძოდნენ თურმე ლომსავით, მაგრამ დაცემის
პირას იყო უკვე ციხე, თქვენ რო მიეშველეთ ორასის კაცით,
მახსოვს, ჩვენი მდივნის შვილი იყო, სოლომონისა, პაპა
შალიკაშვილი, საპატიო კაცის შვილებიც, გლეხებიც, მრავლის
ტყვია-წამლით გავემართეთ. დიდად შემოსაფრული იყო ის ციხე
და თქვენ გაარღვიეთ ალყა, დიდო ბატონო, თქვენა და პაპა
შალიკაშვილმა, თქვენ გაგვიძეხით და ჩვენც მოგყევით, აი, ეს
ჭრილობა, დიდო ბატონო, ბეჭის ქვევით, როგორი კორძი გაქვთ
დარჩენილი, მაშინდელია...
– ეგ, მგონი, იქიდან რო წამოვედით, ჩასაფრებულები
ყოფილიყვნენ შაქრიანთან, იძულებულები შევიქენით,
პირდაპირ შევცვივნულიყავით ალაზანში, ერთს უფონო
ადგილას... შიგ წყალში შვიდი-რვა კაცი შემოგვყვა და ჩვენს
ცხენს და ჩვენ მოგვეჭიდა... ღმერთს გარდა იმ დღეს პაპა
შალიკაშვილმა მიხსნა სიკვდილისგან, და დაჭრითაც მაშინ
დამჭრეს...
– მახსოვს, თქვენა ბრძანებდით, სამისა შალიკაშვილითა
ხუთას კაცს მტერს არ შევუშინდებიო.
– და იესე მღვდლითა, მაჭავარიანითა, რა მედგარი და
შეუპოვარი იყო, სულ თან გვახლდა, მთასა და ბარში, თუშეთს,
ფშავს, ქართლსა და კახეთში, ბრძოლასა და მშვიდობაში
მოუშორებლად გვახლდა...
თედომ გაიღიმა, რა კარგია, რომ გამოცოცხლდაო.
– ხელის მტევნები მიბოძეთ, დიდო ბატონო.
მორჩილად გაუწოდა ხელები, დაკოჟრილი ხელები.
ხელისგულები კი, განსაკუთრებით მარჯვენა მტევნისა, სულ
მთლად გარქოვანებული ჰქონდა.
– ნეტავი როგორ გაუძლო, დიდო ბატონო, ამ ხელებმა
ამოდენა ხმლის ქნევას, მთელი სიცოცხლე... უნდა კარგად
დაგიზილოთ ხოლმე, იქნებ ცოტათი მაინც დაგირბილოთ
ხელისგულები.
– მეგონა, იესე მღვდელს მოიგონებდი, შენ კიდევ
ხელისგულებიო! – უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
– თქვენ კარგადა ბრძანდებოდეთ, დიდო ბატონო, და იესე
მღვდელს რამდენსაც გნებავთ, იმდენს მოვიგონებ და
საგანგებოდ კი იმასა, ქიზიყს რო დაღესტნელნი და სრულიად
ჭარელნი მოგვიხდნენ, სძლეთ და სრვით მიჰყევით
ყარაღაჯამდე. ალაზნისა და ივრის შესაყარში არხი დაგვიხვდა
ღრმა, კაცისა და ცხენისაგან ძნელად გასავლელი, ჩვენ
შევდრკით, იესემ კი – თან რა მჟღერი ხმა ჰქონდა –
რიტორულებრ შემოგვძახა: „მეფენო, ღვთივ გაძლიერებულნო,
რაისათვის არა უტევთ მხედართა ჭურვილთა სრვად ქრისტეს
მტერთა ზედანო?! აიკეცა ანაფორის კალთები, გაიქცა, მოიტანა
ბარი და იწყო ფიცხლად კვეთა მიწისა, განავაკა ის გზა,
გაუძღვა ლაშქართა, ვეწიენით და მოვსრეთ ურიცხვი ლეკი...
აზათ-ხანთან დიდ ომშიც ხომ თან გახლდათ... სად აღარ, სად
აღარ... თან სამღვდელო მსახურებითაც გვმსახურებდა და
იარაღის მოხმარებითაც... გარეთ მყოფობაში აღსარებასაც
მასთან ბრძანებდით... თქვენც მეფურად დაუფასეთ, დიდო
ბატონო, ამოწყვეტილის თავადის სვიმონიშვილის ნაქონი
მამული რომ უბოძეთ, რისაც მქონებელი სვიმონიშვილი
ყოფილიყოს, ყოველივე შენთვის გვიბოძებიაო, მახსოვს, ასე
ეწერა წყალობის წიგნში.
– ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ მის შვილებსა და
შვილიშვილებს... ორნი კი, უმცროსები, ბაქარი და მათე
კრწანისში დაეცნენ... კარგი, თედო, მეყოფა დაზელა, – ღრმად
ამოიოხრა, – მუხლებს ნუ დამიზელავ, სამუხლეები მიკეთია და
მეკეთოს.
თედომ პერანგი ჩააცვა, და ფეხები რომ აუწია, ვაიმე, ჯოხებია
თუ ფეხებიო, გაიფიქრა მწუხარედ, საბანი გაუსწორა, მხრებთან
შალი ჩაუკეცა.
– დაზელის შემდეგ სითბოა საჭირო და ჩაიყოლეთ ეს შალი,
დიდო ბატონო... ოჰოჰოჰო, ციურის რომ ვეტყვი, დაისხავს
სიხარულით.
– ეს შალის ქსოვა კარგი, მაგრამ წიგნი რომ უყვარდა ციურის,
უყვაარს კიდევ? ესიტაანთ ქალები წიგნის სიყვარულით არიან
ცნობილები.
– უყვარს რომელია, დიდო ბატონო, თოთხმეტისაა და რაღა
არა აქვს წაკითხული, დებსაც, ძმებსაც, ყველას გადაასწრო
წერა-კითხვით... – თან ხილაბანდი მოახვია თავზე და
ცდილობდა, უკან გამოენასკვა, – ვისი ნათლულია როო?
თქვენი წყალობით, დიდო ბატონო, „კიტაიის სიბრძნეც“
წაიკითხა და „აპოვთეგმატაც“.
– ოოჰ... ოოოჰ... – კვნესით აღმოხდა, – ველურები...
ველურები... ეგ წიგნები მაინც არ წამეღო აქედან...
შეწუხდა თედო და როგორ შეწუხდა, რა ღმერთი გამიწყრაო,
რაღა ეგ წიგნები ვახსენეო, ხომ ვიცოდი, რომ მთელი
წიგნსაცავები დაწვეს იმ ურჯულოებმაო, სტამბაც კი
გაანადგურესო... სასახლის წიგნებიც... ანტონ კათალიკოსის ის
უძვირფასესი შვიდი ათასი წიგნიო... აღარ იცოდა, როგორ
გამოესწორებინა თავისი უნებლიე შეცდომა, დარდით
ალმოდებულს როგორ დავასხი ცეცხლზე ნავთიო, რამდენს
მაკითხებდა იმ წიგნებსაო... დატრიალდა თედო, ფეხებთან
ნაბდურა დაადო, პაწია კოკურით წყალი დაუდგა მომცრო
ტაბლაზე, სასთუმალთან, ზოგჯერ ჩირით უყვარს პირის
გასველებაო და ერთი-ორ ატმის ჩირსაც დავუდებო, გაიფიქრა
და განჯინისკენ რომ წავიდა, ხალიჩის კიდეს წამოჰკრა ფეხი და
წაიფორხილა, კედელს მიაწყდა, თორემ წაიქცეოდა...
– ჩემო თედო, ძალიან კი გატეხინე ღამე, მაგრამ, სანამ
წახვალ, იქნებ ერთი-ორი გვერდი იერემიას გოდება
წამიკითხო...
– წაგიკითხავთ მაშ! მაგრამა, ჩირს ხო არ ინებებთ, ატმისა,
ბადაგში ამოვლებულს?
– არა, არ მინდა, პირის გასასველებლად წყალი მაქვს...
თედომ თახჩიდან დიდი წიგნი ჩამოიღო, სამფეხა დაბალი
სკამი დაიდგა საწოლთან და სანამ გადაშლიდა, გაიფიქრა,
იქნებ ერთი კარგი ამბავი მოვაგონო, ამასობაში ძილიც
მოერიოს და ეს მწუხარე გოდება აღარ წამაკითხოსო.
– დიდო ბატონო, ნებას თუ დამრთავთ, ერთი კარგი ამბავი
გამახსენდა და მინდა გითხრათ... საგარეჯოსთან რო იყო დიდი
ბრძოლა, მეც გახლდით, გამარჯვებულებს ჭედილები
დაგვიკლეს, კარგი მანავური ღვინოც მოგვართვეს, თქვენ ხო
მაშინაც მკლავში იყავით დაჭრილი, სისხლი წყალივით
გაგდიოდათ, კობიაშვილი გახლდათ მაშინ და თავისი წამალი
დაგადოთ ჭრილობაზე და არტაშანით შეგიკრათ... ჰოდა,
ვსხედვართ ბრძოლის შემდეგ დაღლილები, პურობაზე და
ვარდისუბნელი მელექსე რო იყო, თავის თავს „ალსოზვარდს“
ეძახდა, ალექსი, სოზაშვილი, ვარდისუბნელი, პირველი
მარცვლებით შეიდგინა სახელი, ჰოდა, ლექსის თქმა რო
გთხოვათ, გამოგიგონეთო და თუ შეიძლება, მათქმევინეთო...
– მერე, თედო, გახსოვს ის ლექსი, რამდენმა წყალმა ჩაიარა
მას შემდეგ და...
– რა დამავიწყებს, ჩაბეჭდილი მაქვს... ბატონიშვილ ერეკლესა
ირმის ძუძუ უწოვნია, წყალი უსვამს ალგეთისა, თრიალეთზე
უძოვნია, საჩალეში გადუგდიათ, მონადირეს უპოვნია!
ერეკლეს გაეცინა:
– მე აღარც მახსოვდა, უყურე შენ ალსოზვარდს, ეტყობა,
რაღაც წაუკითხავს თუ გაუგია... შენ კი გადაშალე ეხლა
იერემიაზე, ჩემო თედო... – და როცა თედომ ნახა გოდებანი
იერემიასი და დაიწყო კითხვა, და წარმოთქვა „ალეფ. ვითარ
დაჯდა მარტოი ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა,
ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის... ბეთ.
მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა სიკეთეთა, და
არა იყო ნუგეშისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისსა.
ყოველნი შემყვარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს
მისსა მტერებ...“, ერეკლემ კედლისკენ მიიბრუნა თავი, რომ არ
დაენახა თედოს, როგორ ჩამოსდიოდა ბოღმითა და ჯავრით
სავსე ბერიკაცს დაღარულ, ჩაცვივნულ ლოყებზე ცრემლები...
საშინელი სიზმარი ნახა. არც იცის, სიზმარი იყო თუ მოჩვენება,
ვითომ სადღაც იყო, სადღაც, დიდ მარანში... ჩარიგებული,
ჩარიგებული უთვალავი ქვევრებით... ვერ ცნობდა, რა მარანი
იყო, არც უნახავს ასეთი უზარმაზარი მარანი, ქვევრებს ზოგს
მოხდილი ჰქონდა თავი, ზოგი კი სარქვლით იყო... კედლები არ
ჰქონდა მარანს და ქარი უბერავდა... უბერავდა... ღვინოებს
ალიცლიცებდა... რატომღაც აფორიაქებული იყო, აქეთ-იქით
იყურებოდა... და მართლაც გამოჩნდა ვიღაც გაბანჯგვლული,
მთლად შიშველი კაცი, ხიდან ჩამომხტარ მაიმუნს ჰგავდა,
ერთბაშად ხელი სტაცა თავის წარმოუდგენელი ზომის ასოს და
ქვევრებში ჩაფსმა დაიწყო, დადიოდა და აფსამდა... რომელ
ქვევრსაც სარქველი ეფარა, გაჰკრავდა შიშველ ფეხსა და
ვითომც აქ არაფერიო, ზრიალ-ზრიალით გაისროდა მარანს
იქით... საწყალი ბერიკაცი დგას სასოწარკვეთილი, უნდა, ხმალი
იშიშვლოს და ვერაფერი მოუხერხებია, არ ამოდის ვადიდან
ხმალი... ღმერთო, ან სადა აქვს ამდენი შარდი, აფსამს ისევ და
თან ბურტყუნებს რაღაც ენაზე, მაგრამ რატომღაც ესმის, რასაც
ბურტყუნებს: „უნდა მთელ მარანს ვამყოფინოო... ვამყოფინოო“.
„რას სჩადი, ველურო!“ ყვირის, ყვირის, ყელის ძარღვები ლამის
დააწყდეს... ის ხიდან ჩამომხტარი კი ისევ ბურტყუნებს და
სიმღერასავით უქცევს; და ისევ რაღაც ქაჯურ ენაზე: „სულ სხვა
არიის ფსლიანი ღვინოო, სულ სხვა გემოო ააქვსოო... გემოო
წმინდა აარის...“ და ისევ აფსამს და აფსამს...
გაეღვიძა, ხვითქი გადასდიოდა... სასახლეში ჩამიჩუმი არ
ისმოდა, ჯერ ისევ ეძინათ... მოჟამული ადგა... ბუხარში კუნძი
ინავლებოდა, მივიდა და ცეცხლს უთხრა თავისი სიზმარი...
მიიარ-მოიარა, პირი დაიბანა, ლეონ ბატონიშვილისეულ
ღვთისმშობლის ხატთან პირჯვარი გადაისახა და გარეთ
გავიდა, კარის ეკლესიისკენ გაემართა სალოცავად. ბაღში
მებაღე ტრიალებდა, მაშინვე გამოემართა მისკენ, თავი დაუკრა,
მიესალმა, შორიახლოს გაჩერდა:
– დილა მშვიდობისა, თევდორე.
– ნახეთ, დიდო ბატონო, შემოდგომურებმა როგორ გაიგიჟეს
თავი, სადამდე ყვავიან, შემხმარ ფოთლებს ვაცლიდი, უშნოდ
ნაყარი შტოებისაგან ვათავისუფლებდი, რო
გამობრძანდებოდით, თვალები გაგეხარებინათ...
უნდობლად გახედა შემოდგომურებს, წითლად და იისფრად
ღაღანებდნენ... უფრო იმიტომ, თევდორე არ გაეწბილებინა.
„თვალი გაეხარებინა?“ ვეღარ ახარებს თვალს... ვეღარ... ასე
ჰგონია, საბოლოოდ დაიხურა მისთვის ამა ქვეყნის სილამაზე
და მშვენიერება... აგეერ კავკასიონი და ალაზნის ველი...
როგორ უყვარდა ბავშვობიდან აიმ ფანჩატურში ჯდომა და
მთებისა და ველის ყურება, ყოველწუთიერად რო იცვლიან
სახეს. მზის სხივებით... ნისლით... ღრუბლებით... ჩრდილებით...
მარადიულობისა და ცვალებადობის უწყვეტი შერწყმა... და ასე
წარმოედგინა ბავშვობაში, რომ იდგა ამ დიდებულად მოჩითულ
ველზე და ამ მთების მარადიულ სიმძლავრეს და მშვენიერებას
ეყრდნობოდა... ახლა კი რა?! აღარ უნდა გაიხედოს მთებისკენ,
არა, რადგან მთის უბეებში მღვრიე ნაკადს ხედავს
დაუძინებელი მტრებისა, ქვეყანა რომ აიკლეს ცარცვა-
გლეჯით... სავსეა ეს მთები, სავსე მტრითა და დუშმანით,
ნიაღვარივით რომ მოსკდებიან და ლამის წალეკონ ქვეყანა...
ღმერთო დიდებულო, სადღაა მშვენიერება... სად...
და მე, მუზეუმის თანამშრომელმა თიკომ, რომელსაც დიდ
მოწიწებასთან ერთად, საკუთარ პაპასავით მიყვარს ირაკლი
მეფე, ლექსად ასე წარმოვიდგინე მისი ჩივილი, მაღალი
შტილით რომ ვთქვა, „მშვენიერების გაქარწყლებისა გამო“.

სამდურავს გეტყვი, მაღალო ღმერთო, და მიიღე ეს


სამდურავი:
ჩვენი სვე-ბედის ურვით და ჭმუნვით, ჩვენი მთა-ბარის ოხვრით
და სულთქმით, მოსისხარ მტერთა გუნდით და გუნდით... ურჩ,
უძღებ შვილთა ამაო მდურვით... ავივსე დარდით... და
გამიქარწყლდა მშვენიერება...
ალაზნის ველი გადამექცა საომარ ველად, სისხლით
დატბორილ, და მოფენილ მებრძოლთ გვამებით... კავკასიონი
აღმემართა არათუ მცველად, მტერთა ბუდედ და შურის
აღმძვრელად, ვით ნიშანსვეტი დასაპყრობი და დასათრგუნი.
ო, გევედრები, ერმა ჩემმა აწ აღარასდროს, აღარ იხილოს
მტრის მხედრიონი! მშვიდობის მწუხრს და მშვიდობის ცისკარს
გუგუნებდეს ზარი სიონის. მეც მოგიყარო მუხლი, უფალო, და
ძალმიძდეს, უბრალოდ გითხრა, მადლი შენს ძალას!
უთვალავ ფერით მოგიჩითავს ალაზნის ველი, მეფურ
დიდებით აღგიმართავს კავკასიონი.

...სასადილო ოთახიდან საათის რეკა მოისმა, შვიდი საათი


იყო უკვე. ნიკომ ნაწერიდან თავი აიღო; წასაკითხი კიდევ
დარჩა. „გენერალი ლაზარევის სიკვდილი“ – ასე ეწერა
სათაური შემდეგ თაბახს... ოჰოჰოჰო, ალბათ, რა ლანძღვაა
რუსებისაო, გაბრაზებით გაიფიქრა ნიკომ და წამოდგა. და
თუმცა ავადმყოფების მიღება სწორედ შვიდი საათიდან ჰქონდა,
არ შეეძლო, არა, თავისი აღშფოთება და წუხილი მარიკოსთვის
არ გაეზიარებინა, მაგრამ მარიკომ სრულებითაც არ აუბა მხარი
და, პირიქით, ცოცხლად რომ წარმოიდგინა ნიკოს
გატრიზავებული სახე თიკოს ნაწერების დანახვისას, ერთი
გაიკისკისა თავისებურად, ოღონდ მაშინვე, ნიკოს აღშფოთება
რომ შეერბილებინა, ალერსიანად დაუყვავა:
– ჩემი ბიჭი... ჩემი გაბრაზებული ბიჭი... შემომჩიოდა თიკო, რა
ვქნა, სულ მახსა და ავენარიუსს ვეთანხმები და ლენინს
არასოდესო, და როცა ეს შესაძლებელია, კაცმა ტყუილი არ
უნდა თქვასო.
– და შენ, როგორც მზრუნველი დედა, დაეთანხმე, არაა?
– დავეთანხმე, გენაცვალე, დავეთანხმე. ბოლოს-ბოლოს, თუ
არ უნდა, რა აუცილებელია ეს დისერტაცია?
– ყოჩაღ! ყოჩაღ! – შესძახა ნიკომ და კიდევ უფრო აეგზნო და
ათუხთუხდა, – მე მინდა ჩემი შვილი ბედნიერი ადამიანი იყოს,
აი, რაა! სწორ გზაზე იდგეს! და არავითარ შემთხვევაში არ
გააკეთოს ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება საფრთხე
დაემუქროს.
– რანაირად შეიძლება იყოს ბედნიერი, თუ არ გააკეთებს იმას,
რაც აინტერესებს. ჩვენი შვილი ნიჭიერი ადამიანია, ნიკო, ხომ
იცი შენ ეს...
– მერე, ნიჭი იმას ნიშნავს, რომ ისტორიული პირი, ისეთი
გმირი, როგორიც ერეკლე მეფეა ასე გაბედითებულად
გამოიყვანოს, უნდილად და უილაჯოდ?! როცა იგივე კრწანისიც
ერეკლეს წარმოუდგენელ ზარმაცობაზე მიუთითებს, არ
შეუდრკა და იმოდენა მტერს შეება! ამ ნაწერში კიდევ ეს ვინ
არის, ვინ ერეკლეა! ან ეს ვითომ ლექსები! შენ, ალბათ,
წაგიკითხავს და მოგწონს კიდეც! ნუთუ ფიქრობ, რომ ასეთი
რამეების წერა რაიმე სიკეთეს გამოუყრის თიკოს?! – შესძახა
ნიკომ.
– მოწონებაში არ არის საქმე, ნიკო, სულ არ მიმაჩნია, რომ ეს
ვერსიფიკაციის საუკეთესო ნიმუშებია, მაგრამ აქვს ადამიანს
უფლება, თუ ამით არავის აზიანებს, ისე წეროს, როგორც
ეწერება! ყველას უნდა, გალაკტიონი იყოს, მაგრამ ყველა ისე
წერს, როგორც შეუძლია... ერეკლე მეფე კიდევ, შენ
გავიწყდება, რომ ხორცშესხმული ადამიანი იყო, მოკვდავი იყო,
და უკვე სიკვდილის გზაზე იყო შემდგარი, და არავის არა აქვს
უფლება, თუნდაც ეს საკუთარი მამა იყოს, თანაც ისეთი
მზრუნველი და მოსიყვარულე, როგორიც შენა ხარ, კრიჭაში
ჩაუდგეს თავის შვილს, გინდა თუ არა, ისე დაინახე, როგორც მე
ვხედავო, – მშვიდად, შემრიგებლურად ეუბნებოდა მარიკო.
– გმადლობთ რჩევისთვის, დიდი მადლობა, მაგრამ მე რასა
ვხედავ, გამაგებინე! ხომ ითვლება უმცროს მეცნიერ მუშაკად
მუზეუმში, თემა აქვს აღებული, ხომ ასეა! განა არ არის
პასუხისმგებელი, ის აკეთოს, რაც მოეთხოვება?! და რა ვქნათ,
რომ ამ გზაზე ამ ოხერი დიალექტიკური მატერიალიზმის
ჩაბარება აუცილებელი და გარდაუვალია, და იმის მაგივრად,
შენ მხარში ამომიდგე და ერთად შევუტიოთ, ფარად ჰყევხარ
აფარებული მის უმეცრებას და არაპრაქტიკულობას...
– ნიკო... ჩემო ნიკო... – რაღაც ნეტარი ღიმილივით ჰქონდა
მარიკოს სახეზე გადაფენილი, – მე შენ შემიყვარდი მაშინ, დიდი
ხნის წინათ, როგორც მეზღვაური, იციი? ხომ გახსოვს, მე
თორმეტი წლის ვიყავი და შენს დანახვაზე, ზოლიანი მაისური
რომ გეცვა და საუცხოო ველოსიპედს დააქროლებდი, ერთხელ
მეც რომ შემომისვი და ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ
ჰქონდა, სიამაყით ვივსებოდი, რომ მშობლების უნებურად
მშვიდსა და დალაგებულ ცხოვრებას ოკეანეებისა და ზღვების
გადალახვა არჩიე, ქარიშხლებსა და უზარმაზარ ზვირთებთან
ბრძოლა...
ნიკოს გულიანად გაეცინა.
– ეს გინდოდა, არა, რომ გაგეცინებინე?! შენი მეოცნებეობის
ამბავი რომ ვიცი, ჩვენი კაპიტანი, – მერე რა იდიოტი იყო, რომ
იცოდე, – ალბათ ტასმანი ან ჯეიმს კუკი გეგონებოდა, და ჩვენ,
სავაჭრო გემის საწყალი მეზღვაურები, მისი დროშის ქვეშ
დარაზმულები, ახალი მატერიკის თუ არა, დიდი კუნძულის
მაინც, გულანთებული აღმომჩენები... და კიდევ კარგი,
ოცდაჩვიდმეტში ხანგრძლივი კვალიფიკაციით ვიყავი
მივლინებული, თორემ, როგორც საზღვარგარეთ ნამყოფს,
შენიანებივით დაღუპვა არ ამცდებოდა, აკი მოსულიყვნენ კიდეც
დედაჩემთან, აქაურობა აენგრიათ და ჩემი ველოსიპედიც
წაეღოთ... და მერეც... მერეც რამდენი მაწვალეს.
– ვითომ როგორც ნივთმტკიცება საზღვარგარეთ შენი
საქმიანობის? საზიზღრები!
– ჰოდა, სულ არ ვნანობ, სულ არა, ზღვის მგელი რომ არა
ვარ, პირიქით, შემიძლია, შენი მოგზაურობები დავაფინანსო და
თიკო ცივ ნიავს არ მივაკარო.
– არა, მაინც რა არაჩვეულებრივი სახელია აკონკაგუა, არა,
ნიკო? რაღაც იდუმალებით მოცული... სწორედ ახლა
ვკითხულობდი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვულკანი
ეგონათ, და თურმე არა, არ ყოფილა ვულკანი... თითქმის შვიდი
ათას მეტრამდეა და წარმოუდგენელი სილამაზის... მთები ხომ
სულ სხვადასხვანაირია... ოჰ, რა სიამოვნებით ვნახავდი...
– მართლა რომ გული ხარბია კაცისა. ჰიმალაი ხომ განახვე
და მეტი რა გინდა!
– ის ხომ ფანტასტიკური სანახაობა იყო! – თვალები
გაუბრწყინდა მარიკოს, – ანაპურნის სანახავად წაგვიყვანეს,
მზის ამოსვლა უნდა გვენახა და, იცი, ნეპალელები თურმე
დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთები ჰიმალაიზე
სახლობდნენ და იქიდან მოევლინებოდნენ ხოლმე ქვეყანას და,
წარმოიდგინე, მე ეს სულ არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ
ჰიმალაის მაღალი მწვერვალები დანარჩენ ქედთან შედარებით
წარმოუდგენლად ატყორცნილია ცაში, ღრუბლები ბევრად
დაბლაა, და მზის ამოსვლისას ანაპურნას რომ ვუყურებდით,
ღრუბლებზე დიდი თავივით აწვდილს, მართლა ღმერთის თავი
გეგონებოდა... არაჩვეულებრივი იყო... ტბაა იქ, ანაპურნის
ძირში, ვისხედით ნავში და ქულა ღრუბლებს მაღლა, ძალიან
მაღლა, ლურჯ ცაზე ღმერთის გაბრდღვიალებულ თავს
შევყურებდით... და სხვათა შორის, სასოებითაც.
– მაცდური ხარ, მაცდური, გადამიყვანე ჩემი მთავარი
სატკივრიდან... ხომ ვიცოდი, ხომ დარწმუნებული ვიყავი, რომ
შენ არამც და არამც მხარში არ ამომიდგებოდი, მაგრამ ვერ
ვითმენ, ვერა, მაშ, ვის უნდა გავუზიარო შვილის ამბავი, თუ არა
დედას? გამაგებინე, მითხარი ერთი!
– გეხვეწები, ნიკო, არც გაამხილო ეს ამბავი, რომ ჩუმად
კითხულობ და ამოწმებ, გეხვეწები... ისე უყვარხარ, ჩემზე
მეტად, ხომ ვიცი, და სულ არ მინდა, სულ არ მინდა, შენ
წინააღმდეგ აიმხედრო, გაფიცებ დედას, ნიკო, თიკომ არ უნდა
იცოდეს! გრძნობს შენს დამოკიდებულებას, იცის, რომ შენ ასე
მიგაჩნია, რომ, თუ ტოლსტოი არ არის, უფლება არა აქვს
წერისა... და ძალიან სცდები, რომ იცოდე, ძალიან... თუ იმას
მისაყვედურებ, რომ შემიძლია ცუდისა და კარგის გარჩევა, არ
ვიცი და მეორეც ერთი, ჩვენს დროში, ამ საყოველთაო
ფეხთამლოკობის ეპოქაში, საზეიმო ფეხთამლოკობისა რუსების
მიმართ, შეიძლება რუსების აუგად მოხსენიება, შეიძლება ეჭვის
ქვეშ დააყენო მათი მეგობრობა და მფარველობა! ეს
განწირული საქმეა, არც არავინ დაუბეჭდავს და კარგსაც იზამენ,
მე ეს მინერგავს რაღაც იმედს, რომ იცოდე. რუსების ლანძღვა
ხომ წარმოუდგენელია, ეს ხომ საშიშია ჩვენს დროში! რუსები
თავისას არ ინდობენ, აგერ რა უყვეს პასტერნაკს! აგერ გუშინ
კიდევ რა დღე აყარეს დანიელსა და სინიავსკის, და შენც
გინდა, შენმა შვილმა რუსების აუგი წეროს? ეს გინდა?
– კაცო, დაბეჭდვას ხომ არ ამბობს, არც ერთხელ ჩემთვის არ
უთქვამს, თავში ფიქრად არ მოსვლია და წეროს თავისთვის,
იქნებ სხვა დროსაც მოვესწროთ...
– ელოდე! ლამის მზადა ვარ, თავზე გადავახიო ეს ნაბღაჯნები!
– საოცარ რამეს ამბობ, ნიკო, გამოდის, რომ შენდა უნებურად
ინკვიზიტორების მხარეს დგები და არა შენი შვილისა და საღი
აზრის მხარეს! – აღშფოთდა მარიკოც.
– მე მეუბნები მაგაას? მეე? მეეე?! რომ დავკანკალებ და ცივ
ნიავს არ ვაკარებ, მე ვარ ინკვიზიტორების მხარეს?! თუ სწორედ
ის მინდა, ჩემი შვილი ინკვიზიტორებისაგან დავიცვა!
დაგავიწყდა არაა, ერთად რომ ვკითხულობდით სტალინზე
ლექსების კრებულს და თმა ყალყზე გვიდგებოდა იმ
სამარცხვინო აკაფისტებზე, ერთი რომ იმასაც კი ამბობდა, ეს
შენ გამახე რუსთაველის წმინდა კალამიო... გაგიგონია?
სადამდე მივიდა საწყალი საბჭოთა პოეტი-კურდღელი!
– ჰოდა, შენ შენს თავს ეწინააღმდეგები და ვერც გრძნობ! –
გაიღიმა მარიკომ.
– ნუ გამომიყვან, იცოდე, მოთმინებიდან! – შესძახა ნიკომ, –
ჩემს შვილს ნუ მაკრიტიკებინებ! არადა, როგორ არა ვთქვა,
ჩვენ ხომ პატარა ქვეყნის შვილები ვართ, უმძიმესი ისტორიული
წარსულით და განა შეიძლება, ეს მუდამ არ გვახსოვდეს?! შე
დალოცვილო, გენაცვალოს მამა, გინდაა, ერეკლეზე წერო?
მოიგონე აზათ-ხანის ბრძოლის ამბავი, დაწერე ასპინძის
თემაზე, დაწერე მის მხედართმთავრულ ნიჭსა და უნარზე,
მოიგონე ფრიდრიხ დიდის სიტყვები! ღვთის სამდურავს რომ
ათქმევინებს ერეკლეს, რომელიც ნახევარ დღეს ლოცვაში
ატარებდა, ეს ხომ პირწმინდა ტყუილია! თანაც კაცი
დარწმუნებული იყო, რომ დააბინავა თავისი ქვეყანა,
მფარველი გაუჩინა, ერთმორწმუნე, განვითარებული,
უზარმაზარი, ევროპის გზაზე დამდგარი ქვეყანა, რეგულარული
ჯარით, უმდიდრესი სამეფო კარით და რა ვიცი კიდევ რა
ჩამოგითვალო! რომ დააღწიო თავი სპარსეთის ვასალობას და
აღმოსავლურ მზაკვრობას... ღმერთმანი, საფლავში
გადაბრუნდება ერეკლე, ეს რომ გაიგოს და თავის სიჩაუქესა და
გამჭრიახობაში ეჭვი შეეპაროს... – ნიკო მღელვარებისაგან
ადგილზე ვერ ისვენებდა, სავარძლიდან წამდაუწუმ წამოიწევდა
ხოლმე.
– დამშვიდდი, თუ ხათრი გაქვს, ნუ ვიკამათებთ. ჩვენ ამ
შემთხვევაში სხვადასხვა აზრის ვართ პოეტური შემოქმედების
შესახებ და, გეხვეწები, ნუ ვიკამათებთ, მითუმეტეს, შენ, ალბათ,
ავადმყოფები გიცდიან და თიკოც უცებ არ გამოჩნდეს და
რაღაცას ყური არ მოჰკრას, – შემრიგებლურად უთხრა
მარიკომ.
– მაგრამ ნიკო ისე იყო ათუხთუხებული, ასე ადვილად ვერ
დამშვიდდებოდა.
– და ამის გულისთვის, ამ ტყუილებისთვის, ლარივით
აწყობილ საქმესა და მაგისტრალურ ხაზს უნდა უღალატოს?!
თანაც ეს ხომ მავნე ტყუილია, არაპატრიოტული ტყუილი!
– და დიალექტიკური მატერიალიზმი პატრიოტული ტყუილია?
– გაიცინა მარიკომ.
– კარგი რააა, კაზუისტიკას მოეშვი, გაიგე, ისეთი ტყუილი გზას
კეტავს და ასეთი ტყუილი გზას ხსნის, გესმიის?! და მე მინდა,
ჩემს შვილს მწვანე შუქი ენთოს გზაზე, გაიგეე?! შენ, როგორც
ცხარე დედა, ამას აუცილებლად გაიგებ!
– გმადლობთ შექებისთვის, მაგრამ მე სხვა რამე მინდა
გითხრა: იცი შენ, სტუდენტობისას ფილოსოფია მიტაცებდა,
კინაღამ გადავედი კიდეც ფილოსოფიის ფაკულტეტზე და სულ
ვესწრებოდი კოტე ბაქრაძის შესანიშნავ ლექციებს, ჰოდა,
განსაკუთრებით დამახსოვდა, რას გვეუბნებოდა ერთხელ. რომ
ყველაზე ნამდვილი სერიოზულობა, თავისთავად და
თავისთვის, არის ჭეშმარიტების შემეცნების სერიოზულობა, და
ჩვენ გვაქვს მონდობილი ამ წმინდა ლამპრის დაცვა და ამაზე
ზრუნვა, რომ ეს უმაღლესი რამ, რასაც კი შეიძლება ადამიანი
ფლობდეს, – თავისი არსებობის თვითცნობიერებას, არ ჩაქრეს
და არ დაიღუპოს... ჰოდა, გვეყო, გვეყო, ჩვენ სხვადასხვა რამეს
ვამბობთ, მოდი შევრიგდეთ, ჩემო მშფოთარე და დაუდეგარო!
მარიკო გადაიწია და ნიკოს ლოყაზე აკოცა, და სწორედ ამ
დროს კარი გაიღო და თინათინმა შემოიხედა.
– ზარს რეკენ, რამდენი ხანია, ავადმყოფებით გაივსო
შემოსასვლელი და არ გესმით?
გატრიალდა და წავიდა. ნიკომაც რბილად მიუწკიპურტა
მარიკოს შუბლზე და უთხრა, სხვათა შორის, მაინც
დიალექტიკური მატერიალიზმი უფრო ახლოა
ფილოსოფიასთან, ვიდრე ჩვენი შვილის ნაწერებიო, კარი
გაიხურა და თავისი კაბინეტისკენ გასწია.
ამა ყვავილთა ჭრელთა მინდორზე
უზარმაზარი შრიალებს ცაცხვი.
ანა კალანდაძე

აი, ეს ჩვენი ნადიკვრის ცაცხვიც... როგორ მოვრბოდი... ასე


მეგონა, მოვირბენდი, ჩამოვჯდებოდი ჩვენი ცაცხვის ქვეშ და
იმავ წუთში, იმავ სეკუნდში შევუდგებოდი ჩემს წმინდა საქმეს,
ანუ შევთხზავდი ლექსად უსტარს, სასიყვარულოს და
სალაღობოს... სულ დამავიწყდა, რომ, სანამ წერას დავიწყებდე,
ყოველთვის მაკრთობს სუფთა ფურცელი... ო, რა ძნელია შავით
თეთრზე ასოების ჩაწიკწიკება... შლა და წერა, წერა და შლა...
და უფრო მეტად, ცხადია, წაშლა... და ამიტომაც ხან შალაურის
ტყეს გავცქერი, ხან გიგოსგორას... ლურჯად აქოჩრილ კალთებს
ცივისას... და, რა თქმა უნდა, გამახსენდება და აღმიდგება
წარსული განცდა, ნადიკვრის ცაცხვის დაბჟენილ ზროს თვალს
რომ შევავლებ.
მეხი გატყვრა... მეხი გატყვრა... შეაზანზარა ცა და მიწა... დიდი
ყუმბარა აფეთქდაო, გეგონებოდათ... და ხმა გავარდა, ცაცხვს
დაეცაო, ნადიკვრის ცაცხვსო, ჩვენს უსაყვარლეს, უმშვენიერეს
ნადიკვრის ცაცხვსო...
მყისვე გავცივდით ნადიკვარზე... და რა ვნახეთ... და რა
ვიხილეთ... საშინელება... ჩვენი ცაცხვი მეხდაცემული...
ფოთოლგაცლილი, ზროგაპობილი, თითქოს ზღაპრის დევს,
ზღაპრული ძალით, ულმობლად და დაუნანებლად დაეკრა ურო,
გამოეგლიჯა მთელი გულ-ღვიძლი... და დიდებული ქოჩორიც,
მზეზე ოქროსფრად რომ ულივლივებდა, სადღა ჰქონდა...
სადღა ებადა... არცერთი ჩიტი მის ტოტებზე აღარ იჯდა, აღარ
ისმოდა მათი ჭიკჭიკი... ჩვენი მწუხარე ხმები ავსებდა
იქაურობას, ჩვენი ვიშვიში... „ამას – თქვა ბორისამ, ნადიკვრის
მცველმა, – აღარაფერი ეშველება, ნაჯახის მეტი! ბევრ შეშას
დაჰყრის, წავიღებ და მთელი ზამთარი უზრუნველი ვიქნები
შეშით“. „ოო, არავითარ შემთხვევაში! – შევძახეთ ერთხმად, –
არა, ო, არა! იქნებ ეშველოს, ჩვენ ხომ უნდა რაღაცა ვცადოთ.
ჩვენ ხომ უნდა გავისარჯოთ გადასარჩენად!“ „სამწუხაროდ,
ჩვენი ცაცხვის ასეთი შნოთი დატოვება არა ეგების, მას არ
შეჰფერის...“ მშვენიერების ტრფიალმა, ოთარ ვახვახიშვილმა
ასე ბრძანა, ასეთი იყო მისი სიტყვა უკანასკნელი. ჩვენ კი, ო,
ჩვენ კი, გულმდუღარენი შევყურებდით ჩვენი ცაცხვის
იავარქმნილ მშვენიერებას და არ ვიცოდით, რა გვეღონა...
და სწორედ ამ დროს, გავიხედეთ და ნადიკვრის
შემოსავალში დავინახეთ პატარა კაცი, ძლიერ პატარა, და რა
თქმა უნდა, მყისვე ვიცანით კურკა კოკონა, ენტომოლოგი
წინანდლის პარკის. მასაც გაეგო ჩვენი ცაცხვის უბედურება,
მოაბიჯებდა მხნე ნაბიჯით, ჯარისკაცულად, თავაწეული და
საბრძოლოდ შემართული. „რას გეტყვით, იცით, – სულ ეს არის
მისი სათქმელი, – მთავარია, გული გქონდეს და შემართება, რა
საჭიროა იყო დიდი, ალაწოდა და უმაქნისი?! ნაპოლეონიც
პატარა იყო, პიპინ-მოკლეც, ლენინ-სტალინიც და თურმე
მარქსიც!.. შემიშალა სიდაბლემ ხელი? თოფ-იარაღი ამესხა და
ოცდაერთში რაზმთან ერთად მეც წავსულიყავ გურჯაანისკენ,
რუსის ჯარის შესაჩერებლად. მაგრამ ჩემი ძმა დუდარა კი პაპამ
იმსგავსა, და ახოვანი ასო-ტანის პატრონი იყო, შეშინდა და
ძალიან წახდა, გაგორდა დაბლა, და მოსთქვამდა:
დედაჩემოვო, გულმუცელი დაგეწვას ჩემი გაჩენისთვისო...“
„თქვენ რაღა ქენით, შეაჩერეთ?“ – ეკითხებიან კრეჭით ბიჭები.
კოკონა ღრმად ამოიოხრებს და ხელს ჩაიქნევს, „ვერავინაც ვერ
შევაჩერეთ... მათ ხომ რუსეთი ედგათ უკან და, აგრეთვე, დიდი
ლენინი. ჩვენ კი, ო ჩვენ კი, დაბრუნებისას, თოფებით ხელში
გადავიღეთ ბურჯთან სურათი“. ისტორიული სურათია, აკი პირი
გადაგვიღო მუზეუმისთვის პაპა ვასო როინაშვილმა. ახლა არ
მინდა იმ სურათის აღწერა, რადგან კურკა კოკონას
ველოდებით გულის კანკალით მეხდაცემულ ნადიკვრის
ცაცხვთან. კოკონა მოდის მხნე ნაბიჯით, თავაწეული...
მოახლოვდება, სალამს გვეტყვის, შეხედავს ჩვენს ცაცხვს,
დაკვირვებით გარს შემოუვლის, თან მკაცრად იტყვის: „რა
ოხერია მეხი, ოჰ, რა დაუნდობელი! დაეცემა და ელექტრობა
ფესვებამდე ატანს... მაგრამ სტიქიას ვერ მოსთხოვ პასუხს,
მოგეხსენებათ...“ ჩვენ მოლოდინით შევცქერით კურკას, ის კი
განაგრძობს მოწოდების კილოთი და დიდი ღირსებით:
„მოგმართავთ კითხვით, ყმაწვილებო, თქვენ მართლა გსურთ,
მისცეთ შანსი ჭირში ჩავარდნილ ამ დიდებულ ხეს, განახლების
და აღორძინების? ეს თუ ასეა, უნდა დავბჟენოთ! საბჟენ
მასალას გავაზავებ ჩემი ნაყენით, ამოივსება ზროს ნაპრალები
და ამ ფუღუროს დაეკვრება შემდეგ თუნუქი და შემდეგ კი
გაილესება ცემენტის ხსნარით... და აგრეთვე, რაც მთავარია და
რაც სწორედ თქვენ გევალებათ, შემოიბაროს უნდა ირგვლივ
ფართოდ და ღრმადა, და ხშირად, ხშირად უნდა მორწყათ
შაქრიანი წყლით... მე მოგიწოდებთ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, და
ნურც შაქარი დაგენანებათ... მოგეხსენებათ, ძნელია თმენა და
მოლოდინი, მაგრამ იცოდეთ, შეუპოვარი თმენის გარეშე არ
შექმნილა ჯერ არაფერი!“ და ამ სიტყვების წარმოთქმის დროს
კურკა კოკონა იზრდებოდა ჩვენ წინ თვალდათვალ. „ბატონო
კოკონა! არც მოგვწყინდება! და არც შაქარი დაგვენანება!“, –
ერთხმად შევძახეთ.
...და მართლაც... მართლაც... გაამართლა ნადიკვრის ცაცხვმა
ჩვენი თმენა და მოლოდინი, რაც მთავარია, დაუფასდა
საკუთარი შრომა და გარჯა, გაიხშირა შტო და ფოთოლი,
დაიყენა კვლავ ქოჩორი, მზეზე ოქროსფრად მოლივლივე,
აყვავდა და დააფრქვია იქაურობას ამო სურნელი, დაიბრუნა
ჩიტებისა და ფუტკრების გუნდი, ირგვლივ ღრმა ჩრდილი
დაიფინა, ერთი სიტყვით, კვლავ დაიმკვიდრა სიცოცხლე და
მშვენიერება... და ჩემთვის კი, ჩვენი დაჭრილი, სანახევროდ
ზროდაბჟენილი ნადიკვრის ცაცხვი სიმამაცისა და შეუპოვრობის
სიმბოლოდ იქცა.
მე სწორედ ამ უზარმაზარი ბჟენის გადალესილ, გლუ
ზედაპირს ვადებ ხელისგულებს. ცრუმორწმუნეა ადამიანი, და
არც მიკვირს პირველყოფილ რელიგიებში ხეებს რომ
ეთაყვანებოდნენ... მეც ასე მგონია, ამ ჭრილობისგან ძალა და
ღონე შემემატება, და სიმამაცეც სასიყვარულო უსტარის
დასაწერად, მართლაც, ახლა კი მოვკალათდები გრძელ სკამზე,
ბლოკნოტს გადავკეცავ და ვიწყებ წერას და შლას და
საბოლოოდ ჩემი უსტარი, სალაღობო და სატრფიალო, ასეთ
სახეს იღებს: „ჩემო ძვირფასო, ბატონო შალვა, თუმცა კი
მბორკავს კდემა და კრძალვა, ო, მუზეუმის მარადისობა, და
წამიერის, და წარმავლის ძალმოსილება მიმძაფრებს განცდას,
და აღარ ძალმიძს, მე თვალდამდგარს, გრძნობათა მალვა,
ბატონო შალვა. გაგიმხელთ აბა, მე თქვენ მიყვარხართ! და
მსურს მოგიძღვნათ კენარი ალვა... მოგართვათ უხვად ნუში და
ხალვა... ჩემო ძვირფასო ბატონო შალვა“...
ამა დარბაზთ...
ვინც თქვა დაქცევა?!
ანა კალანდაძე

„ამ დილას, ამ დიდებულ დილას, როცა გაჩახჩახებულია ჩემი


სენაკი, ანუ მეციხოვნის ყოფილი სადგომი, როცა გაღებულ
სარკმლიდან დაყვავებული იასამნის მჭკნარი სურნელი
მწვდება... და მეც სავსე ვარ მოლოდინით და სიყვარულით... და
ცხადია, ჩხაპნის სურვილით, რადგან ამ გაჩირაღდნებულ დღეს
გამძაფრებით ვგრძნობ სიცოცხლის სისავსეს, ასე მგონია,
ყოველი უჯრედი გაჯერებული მაქვს ენერგიით და სიხარულით...
და მე არ ვიცი ძალ-ღონე მინერგავს სიხარულსა და ხალისს, თუ
პირიქით... თუ ის, რომ პირნათელი ვხვდები ჩემს დირექტორს.
ოდესღაც ბავშვობაში შალვას ვეძახდი მე მას, ახლა კი სხვების
თანდასწრებით „ბატონ შალვას“, მაგრამ იდენტურობას ვერც
ერთ მიმართვასთან ვერ ვგრძნობ და, ღმერთო ჩემო, რა
სიმყარეების იმედად შეიძლება იყოს საწყალი კაცი, და ამ
შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე, ვისმა გრძნობებმაც შეიძლება
სავალალო მეტამორფოზა განიცადოს, ხან უფსკრულებისკენ
დაეშვას, ხან ლაჟვარდებში ინავარდოს და იმის მაგივრად,
თავზე ნაცარს იყრიდეს, გულისფანცქალით ელოდოს მის
გამოჩენას... ერთი მხრივ კი პირნათელი ვარ, რადგან წიგნები
მთლიანად უკვე მოწესრიგებულია, გასუფთავებული,
გამარმარებული, გაახლებული, დარგობრივად დალაგებული
კოხტა შტაბელებად, და კატალოგებიც შედგენილი. აი, ეს,
მარცხნივ, ისტორიული ლიტერატურა, სვეტონიუსიდანა და
ტიციტუსიდან დაწყებული და ნიკო ბერძენიშვილით
დამთავრებული... აი, რელიგიური და მხატვრული,
თურქესტანიშვილებისა და შიუკაშვილების ბიბლიოთეკიდან
გამორჩეული... რამდენიმე არქივიც არის, თელავის პატიოსან
და გარდასულ მოქალაქეთა, დროის შესაფერისად,
მაღალფარდოვნად და ხატოვნად ჩახუჭუჭებული წერილებით...
და კიდევ ჟურნალები... ჟურნალები... ჟურნალები... ო, როგორ
მიხარია, რომ შემიყვანეს სახლსა შინა წიგნისასა და განაწესეს
ჩემსა ზედა სიყვარული. წიგნებს რომ ვუყურებ, ისეთი სურვილი
მეუფლება, მოვხვიო ხელი და ყველაფერი ჩემში მოვაქციო,
გავიგო და განვიცადო... და რა გულდასაწყვეტია, რომ
ადამიანის შესაძლებლობა ასე შეზღუდულია, რამდენ რამეს,
საჭიროს და აუცილებელს, ვერც წაიკითხავს და ვერც დაწერს...
რამდენი რამ დარჩება განზე, წაუკითხავად და განუცდელად...
ოო, გმადლობთ, ბატონო გუტენბერგო, მოგესალმებით მთელ
მსოფლიოსთან ერთად! ჩემზე რომ იყოს, ყველა ქალაქში
რევოლუციის ბელადების ქანდაკებების ნაცვლად მე თქვენს
ქანდაკებას დავდგამდი, თქვენი ფასდაუდებელი ღვაწლის
აღსანიშნავად. დავდგამდი, რა თქმა უნდა, ჩემს პატარა
ქალაქშიც და ჩვენი ბაღის სურნელოვანი ვარდებითა და
დიდებული შემოდგომურებით შევამკობდი... გმადლობთ! მე
ხომ ყველაზე ბუნებრივად წიგნებთან ვგრძნობ თავს, ყველაზე
უშუალოდ და შინაურულად წიგნებისა და ქაღალდების
გარემოცვაში... როცა ვხედავ... როცა ვეხები... როცა
ვფურცლავ... როცა ვკითხულობ... და ცხადია, როცა ფანქარი
მიჭირავს ხელში, ვჩხაპნი, ვწვალობ და ვიტანჯები... და თუმცა
ყოველთვის ვერ ვასრულებ პრისტლის სიტყვას, ახალგაზრდა
მთხზველებს რომ უთხრა, როცა მათ ცნობილ მწერალს რჩევა
ჰკითხეს, და იმანაც, მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ წერეთო,
წვიმს – წერეთო, და ქარია – წერეთო, სასოწარკვეთილი ხართ –
წერეთო, და დალხენილი ხართ – წერეთო, სიყვარული
გაფორიაქებთ – წერეთო, და სიძულვილი გაბოღმავებთ –
წერეთო, გაგიხდათ ვინმე ავად – წერეთო, და თქვენ თვითონ
გახდით ავად, თუ არ კვდებით – წერეთო... სხვა რამ გირჩიოთ,
არ შემიძლიაო... ჰოდა, თუმცა მე ყოველთვის ვერ ვასრულებ
პრისტლის ამ უმთავრეს მცნებას (ალბათ, ისინი ასრულებენ,
ნიჭით რომ დუღან და გადმოდიან, ჩადგმული აქვთ მუდმივი
ძრავა, სულ რომ თუხთუხებს და სიტყვებს უზალთუნებივით
ისვრის... მე კი არ ვიცი, რა არის ჩემთვის ნიჭი, რას ნიშნავს,
რანაირია და რა ფერის, ჩემი ასეთი თუ ისეთი შესაძლებლობა
ხომ ყოვლად უბრალო რამეებს ეყრდნობა, მაგალითად,
ცნობისმოყვარეობას, მაგალითად, რაღაცის გაგების სურვილს,
და რაც მართალია, მართალია, სიტყვების სიყვარულს,
ქართული სიტყვების უნაზეს სიყვარულს), მაინც მსურს, წიგნებს
რომ ვუყურებ, ოჰ, როგორ მსურს, რა ვნებიანად, ამ ზღვას თუ
ოკეანეს ჩემი ერთი წვეთიც შეემატოს...
ჭიშკარი გარახუნდა, მოდიან ჩვენები, აგერ „ისიც“. გული
ამიძგერდა იმის წარმოდგენისას, რომ ლექსი უნდა გადავცე...
მაგრამ როგორ? როგორ უნდა ამოვიღო კონვერტი ჩანთიდან?
რატომ მიბურღავს ტვინს ის აზრი, რომ სხვა გზა არ არსებობს?
მაგრამ არ უნდა ვიღელვო, ჯერ ხომ მაინც ვერ ამოვა, ისე
დატვირთული... მე კი შემიძლია, პრისტლის მცნებას მივყვე,
რადგან ამ შემთხვევაშიც, მგონი, მეტი გზა არა მაქვს! წუხელ
არეული სიზმარი ვნახე, არც ვიცი, სიზმარში მესმოდა თუ
სიზმარ-ცხადში გაურკვეველი ხმები, და ვიცოდი, რომ
ბატონიშვილები პაექრობდნენ და კამათობდნენ... აი,
დარბაზიდან ისმის ახლა უკვე მკაფიოდ და გარკვევით დავით
ბატონიშვილის ხმა. და მიხარია, მოზღვავებულ სურვილს
ვგრძნობ, სანამ ვინმე მოსულა, ცხადია, ექსკურსიებს
ვგულისხმობ, დავჯდე და ჩავიწერო ბატონიშვილების დავა და
კამათი... იმ დროს, როცა მეფე ერეკლე სულს ებრძვის...
ზოგჯერ ისეც ხდება, სიტყვები მოგაწყდება, როგორც ახლა მე –
დავით ბატონიშვილის სიტყვები, მხოლოდ ძალიან უნდა
დაძაბო სმენა, რომ არაფერი გამოგრჩეს, ცეცხლის ტკაცუნიც
კი, რადგან დარბაზში სამივე ბუხარი გაძგრიალებულია
რცხილის შეშითა და გაღუდღუდებული დიდი კუნძებით...
ბუხრებთან დაგებულ ხალიჩებზე და მუთაქებზე ბატონიშვილებს
ფეხი მოურთხამთ, ზოგს თავისი სახლეულით, როგორც,
მაგალითად, ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილს,
კედელთან მიდგმულ გრძელ, ჯეჯიმებით გაწყობილ სკივრებზე
დედოფალი დარეჯანი ჩამომჯდარა, თავისი ქალებით, გრძელი
მაგიდის ბოლოში კი, ისე, რომ ყველასთვის კარგად იყოს
დასანახი და გასაგები, დავით ბატონიშვილი დგას ხელში
გრძელი თაბახით და კითხვას განაგრძობს თავისი ბრძოლების
შესახებ:
„კიდევ... 1789 წელსა, დღესა სამშაბათს, ვსძლე ქარელში
დიდსა ჯარსა ლეკთასა სამგზის, ივლისის 9. იმავე წელსა
დავარბიე ყარსი და დიდი ალაფით მოვიქეცი. მცირედ
მხედრობითა ვძლე და მოვჰკალ ბიგი იშიყბეგ და
თაქნირელისანი – დღესა სამშაბათს, ოქტომბრის 16-ს, და სანი-
ბეგიც მოვჰკალ, წელსა 1791-ს, ლეკის ჯარზე გავიმარჯვე
თიანეთს, დღესა ხუთშაბათსა, აგვისტოს 1-ლს, იმავე წელსა,
სეკდენბრის 8-ს ჩინებული გამარჯვება ილტოზედ ჩვენ მცირეთა,
ფრიადსა ძალსა ზედა ლეკთასა, დღესა კვირიაკესა. იმავე
წელსა ნოემბერს 26-სა ფადარსა და ბათამათლოს დავჰკარ,
საუცხოო გამარჯვება მოგვიხდა ამ დღეს სამგზის. წელსა 1795-ს
მოვიდა აღა-მაჰმად-ხან და შემუსრა ტფილისი და სძლო
მეფესა. თუმცაღა წინას დღეს ვსძლეთ იმის ჩარზაჩას
ჩინებულად. წელსა 1795-ს ყარაიაზედ ჩინებული ძლევა
მოგვიხდა დეკემბრის 5-ს, დღესა ხუთშაბათსა, ლეკის ჯარსა
ზედა, ფრიად ჩინებული, ჩვენ მცირეთა და შეჭირვებულთა
დარღვევისათვის ტფილისისა. ამავე თვესა 12-ს მოვიდნენ
რუსნი. ბრძანებითა მეფისათა წარვედით განჯას და აღვიღეთ
ქალაქი და ციხეს მოვადექით აპრილის 3-ს, დღესა ხუთშაბათს.
წელსა 1796, მაისის 10 დღესა, შაფათს, ჩინებული და
უწარჩინებულესი გამარჯვება მოგვიხდა ციხისა ჯარზედა.
კვალად მაისის 16-ს კარგი გამარჯვება მოგვიხდა და
არზუმანიცა მოვჰკალ. და ვიდრე ბატონის ჩამოსვლამდე
თექვსმეტი ომი მოგვიხდა, თექვსმეტჯერვე ვსძლეთ განჯელთა.
იმავე წელს, იქავ დგომაში, აქედამვე ავიალაფე ბათანად
წოდებული სოფელი, აპრილის სამს, და ფრიადი ტყვე და
საქონელი ვიშოვეთ... “
– უკაცრაოდ ვარ, შვილო, გული არ მითმენს არ
გაგაწყვეტინო, მამის თვალო და ქვეყნის თვალო! – დაიგრგვინა
გიორგი ბატონიშვილმა, მუთაქებზე წამოიწია და ხელები
აღაპყრო.
– რა მოხდა?! ძმაო, გიორგი ბატონიშვილო და ძმისწულო
დავით, ვის არ უბრძოლნია, რომა ეგრე კვეხნის ლექსები არ
უთქვამს, გამაგებინეთ, ქარი საიდან უბერავს, საიდანა? – ხმა
მისცა მამა-შვილს იულონმა გადაღმა ბუხრის ხალიჩიდან.
– ქარი იქიდან უბერავს, ჩემო ბიძავ, ბატონიშვილო იულონ,
რომა ჩემნაირად ბატონ პაპას სიმხნითა და სიმამაცით არავინა
ჰგავს! სისხლი ნიაღვრადა მდენია ბრძოლებში...
– ტყუილად იქებ თავსა, ჩემო ძმისწულო დავით, ტყუილად
ედრები ბატონ პაპასა, ანდერძი ისეა შედგენილი, შენ ასის
წლისა რო გახდები, ალბათ, მაშინ მოგიწევს მეფობა.
იულონი ახლა უკვე წამოიმართა ხალიჩიდან, რომ თავისი
სიტყვებისთვის მეტი ძალა მიეცა.
– ბატონო მამა, ჰოდა, უნდა დაირღვეს ასეთი ანდერძი, აგე
ბატონი პაპა სულსა ლევს, და თქვენი გამეფების შემდეგ მე
უნდა გავხდე ტახტის მემკვიდრე, ასეა ყველა განათლებულ
ქვეყანაში!
იულონი იცინის, ძმებიც აჰყვებიან, იცინის ყველა, მერე
სიცილ-სიცილით ამბობს:
– დავით, ურჩი მამისა, თავისა თვისისა ბრძნად მგონებელი!
ბაყალ ავეტიკას ქალის ამყოლი! აბდაუბდისა ლექსებისა
მჩხაპნელი! ახლა გაერთდით მამა-შვილი, ანდერძის დარღვევა
რო გარდგიწყვეტიათ!
– არ გეკადრება, ბიძაჩემო, ბატონიშვილო იულონ, და თქვენც
ბატონიშვილებო, უზრდელ-უზრდელი სიტყვების სროლა!
მაგრამ დავითს ხმისთვის არ აუწევია, ყველაფერი წყნარად
და ვითომ ღირსებითაც წარმოთქვა.
– ძალიან კარგი, ანდერძის დარღვევა! თუკი შეიძლება ერთი
თვის წინ მოცემული სიმტკიცის წერილი დაარღვიო, რატომაც
არ შეიძლება ანდერძის დარღვევაც, და ისე დარღვევა, რომ შენ
არ გამეფდე, ძმაო, იმიტომა რომა, შენა, სამეფო კაცი არა ხარ,
შენა მარტო ღვთის იმედადა ხაარ და მეტის მეტი რეტი რეტიო,
მარტო ღმერთი რას გადმოგიყრის, ძმაო, ხელის განძრევა
კიდევ შენ არ შეგიძლიან, შენს ხელში როგორ უნდა ჩავარდეს
ქვეყანა, როგორა, აი, ეს მიკლავს გულსა და მიშფოთებს
სულსა... თქვენცა თქვით, ძმებო, უთხარით თუ ვტყუოდე!
გიორგი ბატონიშვილი თავში ჩარტყმულივით მიაჩერდება
თავის უფროს შვილებს, დავითს, ივანესა და ბაგრატს, ისინი
ანიშნებენ, წყნარად იყავი, არ აჰყვეო...
– მართალია, იულონ, მართალია, ძაბუნი მეფე არ
გამოადგება ჩვენს ქვეყანასა. ჯერა ბატონი მამა, მისი
უმაღლესობა, რა მედგარი იყო და იმან ვეღარ გაართვა თავი,
აგერა კვდება, ვაი, ჩვენს მოსწრებასა... – და ალექსანდრე
პირჯვარს გადაიწერს, – განა გამტყუნებთ, ძმაო,
დასძაბუნებულხარ მეტისმეტადა, რამდენი ხანია, არ მინახიხარ
და ვეღარც კი გიცანი...
– რატომაც არ ვამტყუნებ, ძალიანაც ვამტყუნებ, მუცელ‐
ღმერთა როა, გაილახა თავი ამდენი ჭამა-სმითა, ამდენი
სტომაქის პატივითა, ჩაილპო ყველაფერი და ჩაიოხრა.
– იმდენი სიცოცხლე ჩვენს ერსა, რამდენი შენა უმალ ითაფო,
გული მითქვამს, ამაღლებულსა ჩვენსა ოჯახსა დამდაბლება
ელის შენს ხელში, ძმაო.
– მარტო სახელი ხო არ არის, მეფე გერქვას, როცა გაძღოლა
ქვეყნისა არ ძალგიძს, არა!
ერთმანეთს აღარ აცდიდნენ იულონ, ფარნაოზ, მირიან და
ვახტანგ. და აქ უკვე ხაფი ხმით დასჭექა გიორგიმ:
– ღვთის საგმობ ანბავს რად ამბობთ, ძმებო, ღვთისა როგორ
არ გეშინიანთ, რომა ნამდვილ ტახტის მემკვიდრეს, ღვთივ
კურთხეულს ეტოქებით, სირცხვილი თქვენა, ნაადრევად
გინდათ წირვა გამომიყვანოთ და იმის მაგივრადა,
გაიქარწყლოთ შური და ბოღმა და მხარში ამომიდგეთ, მზადა
ხაართ, ცოცხლად შემხრათ და შემჭამოთ! – გრგვინავდა
გიორგი ბატონიშვილი წარმოუდგენლად დიდი ხმითა და თან
მთელი ძალით აბრიალებდა თავის ხარის თვალებს.
– შური შენი მოგონილია, ბატონიშვილო, ვისი გშურდა შენა და
ბატონი მამასი! – მჭექარე ხმით, არ ჩამოვრჩე ჩემს ძმასაო,
დაიძახა იულონმა, – ჩვენ რანი ვართ სახელოვან მამასთან
შედარებითა და რამდენჯერ უმტყუნე, რამდენჯერ გააცურე.
განდევნილმა ამილახვარმა წიგნი რო დასწერა მამაჩვენის
საგინებელი და შენი საქებარი, რატო ღმერთი არ გაიცინებს,
რო დაიჯერე და აფრიალე ის წიგნი გახარებულმა!
– წიგნი რასა ჰქვიან, იულონ, კრწანისისა ვთქვათ, კრწანისისა!
– სიტყვას ჩამოართმევს იულონს ფარნაოზი, – რო არ
ჩამოაშველე მებრძოლები ბატონ მამასა! ჩაიხედე სარკეში,
ბატონიშვილო, დაინახე შენი თავი, გაააქვს ნიშანი მეფობისა,
ეგეთ ბრძოლაში რო უგანე ქვეყანასა და ხალხსა?!
გიორგი თითქოს ცოტა შეკრთება, მაგრამ მყისვე მოეგება
გონსა:
– მე მეგონა, უკმაოდა ქართლისა და იმერეთის ჯარი, მთა და
ბარი! იმ კარგი პაპა თეიმურის ცხონებასა და განათლებასა, თუ
არადა, ჩემი შვილები სად იყვნენ? იქნებ არ იბრძოდნენ
პირგამეხებულები, იქნებ სისხლი არა სდიოდათ?!
იქნებ არ გადაარჩინეს ბატონი მამა ბრძოლაში დაღუპვასა! –
და ძლევამოსილად გადახედავს თავის შვილებს, რომელთაც,
რა თქმა უნდა, სძულთ ბიძები, განსაკუთრებით დავითსა და
ბაგრატს, მაგრამ მამაზეც არ არიან მაღალი აზრისა,
განსაკუთრებით კრწანისის შემთხვევაში, როცა ოთხმოცი წლის
პაპა თავგანწირვით იბრძოდა და მამა კი აი, ასე მოიქცა.
ბოლოს დავით ბატონიშვილი ვეღარ მოითმენს და საყვედურით
ეუბნება მამას:
– კარგი რაა, ბატონო მამა, უკმაოდა, უკმაოდა, რა უკმაოდა!
ძაღლთოდენნი ეყარნენ...
– შვილო დავით! – წყრომით ტაშს შემოსცხებს გიორგი
ბატონიშვილი, – ნუ მიეტაცინები ჩემს ძმებსა, რომელთაცა ჩვენი
სიძულვილის ქოთანი უდუღთ გულში! – მერე კი გიორგი შუბლზე
მიირტყამს ხელს, – როგორ გადავგონდი ამ გაზიდულობაში!
შენა, შენა?! ბატონიშვილო იულონ, ძილი რო გიკრთება
ქვეყანაზე ფიქრითა! იგეთმა ფურმა დამწიხლოსო, თბილისს
იყავ და გამორბოდი ფხაჭა-გლეჯითა, შესაძრომს ეძებდი და
კარგადაც მოსძებნე, გაერიდე ბრძოლის ქარცეცხლსა და აქა
ბრტყელ-ბრტყელებსა ბრძანებ... ვიცით, რა ყარამანიცა
ჰბრძანდები, ვიცით!
– დიახაც რო ყარამანი ვაარ, და შენთან შედარებით ხომა,
ათჯერ მეტი ყარამანი! სახლეული გავარიდე იქაურობასა,
ბრძოლისა კი არ შემშინებია, მამის მტრობით კი არ მომსვლია
შენსავითა?! ქიზიყელებსა ჰკითხე, რაებს ამბობენ შენზედა,
რარიგ გამკობენ, რო არ ითქმის ისეთებსა...
მე ვერ ვითმენ და მთელი ხმით ვიძახი:
– ბატონიშვილებო! აი, რასა სწერს ტერ-ოჰან ვოსკენჩიანი:
„დაინახა ერეკლემ, რომ მის შვილებს შორის უთანხმოების გამო
არ მოვიდნენ ტფილისში მოლოდინებული ჯარები და რომ
ქალაქში მყოფი იმერლების ჯარი ცარცვავდა ქალაქს, ის
სასოწარკვეთილი, ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა
გავიდა და რაც ძალები ჰყავდა, იმით შეება სპარსელებს
სოღანლუღში...“
სპარსელები მტკვარს რომ მიადგნენ, ფონი არ იცოდნენ და
შაჰმა ხმა-ჰყო: ვისაც შაჰის თავი უყვარს და ვაჟკაცია, მოვიდეს
შაჰის ახლოს და თუ მტკვარმა წამიღოს, ეცადენით, ჩემი გვამი
შეიპყრათ, წაიღოთ და დაფლათო, სთქვა და თავის თურქმანის
ცხენს ჰკრა მათრახი და შეაგდო მტკვარში. სარწმუნოების
მგმობელთა ქართველთა აღა-მაჰმად-ხანს ფონი უჩვენეს,
გაუძღვნენ და ძლიერ ადვილად გავიდნენ ფონსა. ეს იყო
ყურყუთას და კრწანისის ველს შუა.
მეწინავეთა რაზმის სათავეს ედგა დავით ბატონიშვილი,
ხელქვეითი სარდლები – ოთარ ამილახვარი, იოვანე მუხრან-
ბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, ზურაბ წერეთელი
იმერლების რაზმით. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით,
„იბრძოდეს მხედრობანი მეფისანი მხოლოდ ხუთი ათასამდე
კაცი ოდენ“. შემტევ რაზმში მონაწილეობდნენ რჩეული
მოქალაქენი დავით მაჩაბლის წინამძღოლობით, რჩეულ
მოქალაქეთა რაოდენობა – სამას კაცამდე. ათას ხუთას
მოქალაქეთაგან ათას ორასი სეიდაბადის ბაღების დასაცავად
იბრძოდა, სამასი კი ყორჩი-ყალაზე – თაბორის მთაზე, დავით
ბატონიშვილის რაზმის გასაძლიერებლად. გორჯასპ
ნათალიშვილის თქმით, „მეფე ერეკლე თუმცაღა იყო ფრიად
მოხუცებულ, გარნა ბრძოლასა მას შინა ყოფაქცევა მისი იყო
მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ...“ მაგრამ ხოჯას ჯარი
ითვლიდა 35000 მებრძოლს. თქვენ კი, ბატონიშვილებო,
ბატონიშვილო გიორგი და ბატონიშვილო იულონ, მოხუცი მამის
გვერდით არ იბრძოდით!
გიორგი ბატონიშვილი გაცეცხლებული აქეთ-იქით იყურება:
– რა ვქნაა, ვიღაცის კნავილი მეყურება, ჩვენი განსაქიქებელი.
როგორ უბედავთ ხვალინდელ მეფესა, არ გეშინიანთ წკეპლში
გაგატაროთ ან ტუსაღთა ქუაბში ამოგაყოფინოთ თავი?!
მე მყისვე ხმა ჩავიკმინდე, ისედაც ბეჩავ გიორგის ჰყავდნენ
მთქმელები, და არც დააყოვნეს, ახალი ძალით შეუტიეს:
– კრწანისი! კრწანისი! ჩვენი დაქცეული ტფილისი! – აღმოხდა
ვახტანგ ბატონიშვილს, – როგორ იბრძოდა ბატონი მამა, რა
პირგამეხებითა! ან კი შეიძლება მეფე მთავარსარდალიცა და
მეომარიც არ იყოს ჩვენს მტრებშემოსეულ ქვეყანაში, და როცა
ჩვენს ბედშავ მამულს უჭირს, ის კი, მხარ-თეძოზე წამოწოლილი,
ზაქებს მიირთმევდეს?! ძმაო, ძმაო, რაც შენა პურ-ღვინო
დაანელე, რაც შენა ნახირი ჟლიტე, ღმერთმანი, ერთ სასახლეს
აიგებდი და კოჭლი ტერტერას სახლში არ იცხოვრებდი!
– სადღაა, ძმაო, კოჭლი ტერტერას სახლი? – სიტყვა
ჩამოართვა ალმასხანს, ანუ ვახტანგს, ალექსანდრე
ბატონიშვილმა, – მე ხომ ეხლა ტფილისიდან მოვდივარ,
ყვავილია მოდებული, და ჩემი საწადი ეს იყო, რომ, რაც ხიზანი
გარეთ არის და ყვავილიანი ყმაწვილები შემოჰყავდათ,
მინდოდა, გარეთ მოეხადათ და ისე შემოეყვანათ, რომ გაწმდეს
ქალაქი, ოო, ასე უსამართლოდ ამისთანა ქალაქის წახდენა
ანბავადაც არ გაგონილა... – მწუხარედ გადაიქნია თავი
ალექსანდრემ.
– ეგაა ვერ კარგი! ვერ კარგი! – დაიძახა გიორგი
ბატონიშვილმა და თანდათან ხმას უმატა, გეგონება, უნდა
თავიც დაირწმუნოსო, – მაგრამა მოევლება ქვეყანასა,
მოევლება. ღმერთმა ისე მოწყალე არ მომაკლოს და ორსავე
სოფელს პირნათლად მამყოფოს, მოევლება, მოევლება-მეთქი!
– შენს ხელში მოევლება წმინდა მამების ძვლებსა, მათ
ლუსკუმებსა და კუბოებსა, ხატების განბანვასა და არა ჩვენს
ქვეყანასა, და, აჰაა, თუ არ გარდაეცემა შთამომავალთა შენი
სულსწრაფობისა და მოუთმინარობის ამბავი! ნუ გეწყინება,
ჩემო რძალო, ციციშვილის ხათა გოგიას ასულო, – იულონი
მიუბრუნდა, იქვე ხალიჩაზე თოჯინასავით დასკუპებულ ლამაზ
მარიამს, ფეხმორთხმულს ხალიჩაზე გიორგის სიახლოვეს, –
შენ საწყენად არ ვამბობ ამასა, მაგრამა ორმოცი დღე არ იყო
გასული ჩვენის ძვირფასი რძლის, ქეთევანის
გარდაცვალებიდგან, რომ ბატონმა მამამ მაშინ თავშიცემითა
თქვაა, ახლა ჩაესვენა ჩვენი ოჯახის მზეო, თანაცა როგორი
გარდაცვალებიდგან, მუცლის გარდაყოლიდგან, და
გვირგვინქვეშ ქორწინების გვირგვინი იკურთხა შენთანა!
მოუთმინარევ! ან გაზრდილ შვილთა რას ეუბნებოდი, ან
ქეთევანის მამაც სულსა რას მიუთხრობ, ძმაო, რასა,
მგლოვიარე კაცი ნაცარს ვიყრიდი თავზედა და თან თვალებს
ვაცეცებდიო?! ხათა გოგიას თოთხმეტი წლის ქალწული
შევნიშნე და მყისვე ვისკუპე გლოვის კარვიდგანაოოო?!
– თავხედო! თავხედო! – დაიგრგვინა გიორგი ბატონიშვილმა,
– შენს თავს შეჰხედე, შენს თავსა, ტლინკებივით რო ჰყრიი
უზრდელ სიტყვებსა, უფროსი ძმის დასამცრობადა,
ხვალინდელი მეფის გასაბიაბრუებლადა, დედოფლებისა და
სახლეულის გასაგონადა, მთელი კარის თვალწინა! სირცხვილი
შენა! სირცხვილი და თავსლაფის დასხმა!
– თქვენი ჭირიმეთ, ჩემო ძმებო, თქვენ შემოგევლეთ,
დაწყნარდით, დაშოშმინდით, ბატონი მამა ამ დღეშია, რა დროს
ჩხუბი გაქვთ! დაიღუპება ჩვენი სახლი, ჩვენი დიდი სახლი,
დაიღუპება, ვაიმე, ვაიმე! – თეკლა ბატონიშვილი ხან იულონთან
მიირბენს, ხან გიორგის მიმართავს, თან ცრემლები ჩამოსდის
და ისევ სახლზე მოსთქვამს, – ჩვენო სახლო, ჩვენო დიდო
სახლო!
– უტყუარად, უტყუარად, დაო თეკლე! მთელმა კავკასიამ იცის,
ჩუმ-ჩუმად ბარათებს რო სწეერს იმპერატორ პავლესა!
მიუბოძებს, გაჰყიდის ქვეყანასა ვითომ ქრისტესთვინა! –
დაიძახებს ალექსანდრე ბატონიშვილი.
– აი, შე ქვებუდანო, შენა, ჩვენი მტრების ქომაგო! – გიორგი
ბატონიშვილი ხონჩაზე ვაშლს დასწვდება და ალექსანდრესკენ
გასტყორცნის, – თურმე ომარ-ხანის დამაც რო გიშვილა და
ჩოხაც შეგიკერინა, უმალ შენ დაგკრავენ თოფსა, როგორც
ლეკსა, შე ტრაწიანო, შენა!
– უნიათოვ, უნიათოვ! – დაიძახებს იულონი, – ქართლს მაინც
არ დაგანებებ, ჭიჭინაზე რო გასკდე, არა და არა!
– აი, შენი ქვეყანაზე ზრუნვა, ბატონიშვილო იულონ, ძლივს
გაერთიანებული ქართლ-კახეთი რო კვლავ გაიგლიჯოს, არაა,
ეს გინდაა, ბიძაჩემო, ესაა?! – ერთხმად შესძახებენ დავითი და
იოვანე ბატონიშვილები.
– დამაცადეთ, შვილებო, დამაცადეთ! – გააჩერებს შვილებს
გიორგი ბატონიშვილი, – არ დამანებეებს?! რა მაგისი
გარდასაწყვეტია! მანამ ნურაფრით მიგირთმევნია,
ბატონიშვილო იულონ, ელოდე ხელგაშლითა და ფეხის
აღმართვითა ტახტის ხარისხისკენა, ელოდე!
– თუ ველოდო და დიდხანს ლოდინი კი არ დამჭირდება! – არ
დაახანა პასუხი იულონმა, – ჯერ კიდევა როდის იწერდი
პეტრებრუხიდანა კაპლებსა გარსევანის საშუალებითა და ვერა
კაპლი შენ ვერ გიშველის, ძმაო, სიკვდილის კარსა მჯდომარე
ხაარ, დროა, ჯიბეებსა მუხუდოთი ივსებდე, გამოგადგება ზეცას
სათესადა...
– ვაიმეე... ვაიმეეე, ცოცხლად გინდაათ დამმარხოთ, ცოცხ‐
ლად გინდაათ ჩამდოთ მიწაშია?! არც შენა ბრძანდები უმსნელი
მტევანი, არ ვიცით განა, მუწუკები რო დაგაყრის ხოლმე
ტრაკზედა და ვერცა სჯდები და ვერცა სდგები და ვერც
ვერაფერი, თუ არადა, თუ მოვკვდები, ცოტანი მყვანაან, ჩემი
სიქადულები, შენზე შემკულები ჭკუა-გონებითაცა და
ყველაფრითაცა?!
– მაგრამა, სანამ აღესრულები, ძმაო, გმადლობთ ვაშლის
ტყორცნისთვინა, მანამ უკვე გააფუჭებ საქმესა და უღალატებ
ქვეყანასა, რადგანა ერი და ქვეყანა შენს დავთრებში არა
სწერია, ვითომც უკვე ვხედავდე შენს მინაწერსა პავლე
იმპერატორთანა: ჩამიბარებია ცოლ-შვილი ჩემი და
საქართველოო...
– შენ დაარღვევ მამაჩვენის ტრაქტატსა, რათა ხვალ-ზეგ
საკუთარი ხელითა გარდასცე ჩვენი სამეფო იმპერატორ
პავლესა, ვხედავ ამ დამდგარი თვალებითა, ვხედავ, როგორა
სწერ თხოვნის წერილებსა, სრულიად თქვენს განკარგულებაში
გარდმოგცემთ, ბატონი მამა როგორც კი აღესრულებაო.
– არ შეგეწევა, ძმაო, ღმერთი, შეიწრებულია სული შენი, სული
არა სოფლის მესვეურთა და მეფეთა, ამიტომაცა სული შენი
ცუდმაშვრალობს, ძმაო, სული უნიათო, ლოხი და უნძრევი! – და
იულონმა ლამის ქოქოლა მიაყარა გიორგი ბატონიშვილის
მხარეს.
– კაპლი... კაპლი... მარიამ... მომაწოდეთ... ეს გინდათ... ჩემი
აღსრულება გინდათ... თქვენა... ძმები კი არა... დაუძინებელი
მტრები ხართ ჩემი...
მარიამი შუშიდან აწვეთებს წამალს და აწვდის გიორგის, და
სწორედ ამ დროს თავისი ადგილიდან წამოიმართება დარეჯან
დედოფალი, გადახედავს შვილებს, თვალს მოავლებს მთელ
დარბაზს და მტკიცე კილოთი წარმოთქვამს:
– მე უნდა ჩავაქრო თქვენი შფოთი და დავა, მე უნდა ჩავდგე
თქვენ შორის, ჩემო შვილებო, შვილი ხარ შენცა, გიორგი, ახლა
რომ ამიძულე, ეგრე კი არ არის, ოთხი წლისა დამხვდი და
შვილებზედა არა მაქვს ის ამაგი, რაც შენზედა... ტყუილად ნუ
გეპატარავებით თვალში, ჩემო შვილებო! მე უნდა ვიყო მეფე!
როგორც იმპერატრიცა ეკატერინა იყო... და ვიქნები კიდეც,
სწორედაც ვიქნები, თქვენც აგაცდენთ ამდენ ჩხუბსა და
დავიდარაბას, ძალ-ღონეც მომდგამს, ჭკუაც მიჭრის,
ქვეყნისთვისაც ჩემნაირად არავის შეგტკივათ გული!
– აი, ბრძენი ბატონი დედა! აი, მართლა ვინ უნდა იყოს! სულ
დავივიწყეთ დედათა პატივი! თამარ მეფე თუ ქალი იყო, არა
ჰქონდაა განა სამეფო ჰაზრები, ვერა მართავდაა ქვეყანასა?! –
დასძახიან დარეჯანს საკუთარი შვილები. მაგრამ გიორგი
ბატონიშვილი მყისვე თავს წამოყოფს, სულ დაავიწყდება
კაპლებიცა და გულღონებაც:
– უი, უი, უი, ბატონო დედავ და დედინაცვალო, იგეთ ბრძნულ
რჩევებს აძლევდი ბატონ მამასა და, სამწუხაროდა, გაგყავდათ
კიდეცა, რომა აფსუსიც იქნება, თქვენ არ აღჯდეთ ტახტზედა...
– აი, სწორედაც აფსუსი იქნება, და თავი ცოცხალიც არ
მენდომება, თქვენზე უკეთ თუ ვერ წარვმართავდი ქვეყნის
საქმეთა... მთელი კავკასია მიცნობს, ხანებთანაცა სიტყვა
მეთქმის და რუსებთანაცა, კავკასიის ხანები დედაშვილობას
მეფიცებიან!
– დედავ და დედინაცვალო, ჯერ ის რადა ღირს, ჩვენს ტახტსა
ერთი ხანობა ფიცრები უმტვრიეთ იმ კარგი ანდერძითა, მერე
კიდევა ზაქარია რო დაანიშვნინე ქიზიყის მოურავადა, შენი სიძე,
ინდე, რა მოხდა, ყაჩაღი, ცხვრის ფარები დაიტაცა, გაუყენა
ქიზიყელებს ნადავლად და უკან გაბრუნდა, უსინდისო! მერე
კიდევა, იმერეთი რო არ შემოაერთებინე ბატონ მამასა, შენ არ
იყავი, ქვეყნის დარდი კი არ გაწუხებდა, შვილიშვილზედა
ჰფიქრობდი, და ეხლაცა იმიტომა სცდილობ, მერე შენს შვილს,
იულონს გადაუბოძო გვირგვინი... მართლა, გვირგვინები რო
დასტოვეთ ტფილისსა, რასა ჰფიქრობდით, რა უნდა დავიდგა
თავზედა, რაღა უნდა დავიდგა ჰაა?! – დააჭყეტს თვალებს
გიორგი ბატონიშვილი.
– თუ შენ გამეფდები, ძმაო, ბატონიშვილო! – დაიძახებს
ალექსანდრე ბატონიშვილი, – მთელი ქვეყნის მირთმევაში ერთ
გვირგვინს როგორმე გიბოძებს პავლე იმპერატორი, მაგისი
დარდი შენ ნუ გექნება, და მაშინ ვაი ჩვენს ქვეყანასა...
– უკაცრავად არ ვიყო, ბატონიშვილო, – კოპებს გამოიკრავს
დარეჯან დედოფალი, – მაგრამა ცხვრის ფარები ზაქარიამ კი
არ გაიტაცა, თქვენმა სიმამრმა, ხათა გოგიამ გაუყენა გზასა, და
შენ ეს ძალიან კარგადაც მოგეხსენება... მერე კიდევა,
გვირგვინებს რომ იყვედრინები, ისეთი ამბავი იყო, ტფილისი
დაინგრა და შენ გვირგვინებსა სჩივიი? არ მინდოდა უდიერი
სიტყვის თქმა, მაგრამა თითო დაჯდომაზე თითო ზაქს რო
მიირთმევ, გაყიდე ერთი ნახირი და გამოაჭედინე გვირგვინი,
თუ არადა, მე მინდა მეფობა და რამენაირად უგვირგვინოდაც
ვიმეფებ! მთავარია, გვირგვინი რომელ თავს ადგას! ახლა კი
ჩემს უბედურ ქმარს მივხედავ... დარეჯანი ნელი ნაბიჯით
გაემართება კარისკენ.
– და მე თქვენი გადაწყვეტილებით კარს უკანა და ბანს
უკანააა! კაი რამ ბატონი მამა სულს ებრძვის, თორემაა... თავი
არ მომიკვდეს, იქნებ მამის სიცოცხლეშივე გამეფებულიყავი და
ქვეყნის სასაცილოც გამხდარიყო ჩვენი კარი!
მე ვეღარ მოვითმინე, გული ამომიფუვდა, ჩამოვირბინე
კიბეები, გადავირბინე ბაღი და პირდაპირ დარბაზში შევვარდი:
– ბატონიშვილებო, ბატონიშვილებო! – დავიძახე ვედრების
კილოთი, – გეხვეწებით, გონს მოეგეთ, ბატონიშვილებო,
მომიპყარით ცოტა ხანს ყური, რა წაგიკითხოთ, ბატონიშვილო
დავით, აი, რას სწერთ სერგეი ლაზარიჩს 1801 წლის 5 ივლისს:
„აქ მყოფმა ნაჩალნიკმა ლაზარევმა ყოველს ჩემს მოქმედებასა
და მმართველობაზედ ხელი ამაღებინა და ოთხი კაცი
გამოირჩია, რომელშიაც თუით მჯდომნი მმართებელობენ...
ვსთქვათ, რომ უბედურება სოფლისაგან დიდი ხანია ჩვეულებად
შემოსულა და ვითომ მეც ერთი გავუბედურდი, მაგრამ ამ
მთელმა ქვეყანამ, თავისს შორის დამკვიდრებულის ერით, რა
დააშავეს, და ან რა შესცოდეს, რომ ამისთანას უკანონოს და
უწესოს უბედურებაში მიაწიეს, რომ ოთხ უწიგნოთა, უწვრთელთა
და უისტორიოთა გვამთაგან ეს მრთელი სამეფო იტანჯებოდეს
და ასე მოუვლელად და მწუხარედ რჩებოდეს?“
– ვინა ხარ, ვინა! – დამჭყივლა გიორგი ბატონიშვილმა, –
ადამიანი ხარ თუ ავი სული, როგორ მოჰბედე ჩვენს კარზე
მოსვლა! ან ეგ რა ლათაიები წაგვიკითხე?!
– არა ვარ ავი სული, არა! – ამის თქმა მოვასწარი მხოლოდ,
რადგან კარი გაიღო და სახლთუხუცესი შემოვიდა და გიორგი
ბატონიშვილმა კვლავ დამძახა:
– გზა უტიე ქაიხოსრო სახლთუხუცესს!
ბატონიშვილები კი, არ ვიცი, მომეჩვენა, თუ მართლა ასე იყო,
საგონებელში ჩაცვივდნენ თითქოს, მაგრამ მყისვე ინტერესით
მიაჩერდნენ ქაიხოსროს, რომელმაც, ჩემგან განსხვავებით,
დიდად სასიამოვნო რამ აუწყა:
– ბატონიშვილებო, ძველგალავნელმა სომხებმა ბურვაკები
მოგვართვეს, დღეს ჩამოურეკნიათ ტყიდანა, მზარეულმა
მოხარშა და ცხელ-ცხელი უნდა შემოგთავაზოთ, ხომ ინებებთ
ვახშმობასა, რას იზამთ, დიდი მწუხარება მოგდგომიათ კარსა,
მაგრამა მშივრები ხომ არ ინებებთ მოსვენებასა და?..
– შვინდ-ნივრის ამოსაწებიც ხომ მოაყოლეს? – დაინტერესდა
გიორგი ბატონიშვილი.
– დიდი ბადიებითა... ბურვაკებს კიდევა ოხშივარი ასდით...
გავშალოოთ სუფრა?
– გაშალეთ, გაშალეთ! – დაიძახეს ერთხმად.
– ღვინოს რომელს ინებებდით? – იკითხა კვლავ
სახლთუხუცესმა.
– მე ხოდაშნური, წითელი! – დაიძახა გიორგი ბატონიშვილმა.
– მე აკურული მიყვარს... მე გრძელი მინდვრისა... მე კიდევა
რუისპირული... – ისმოდა აქეთ-იქიდან.
დიდი სინებით ბურვაკების ცხელ-ცხელი ხაშლამა შემოიტანეს.
ხვალინდელი მეფე გიორგი მაგიდის თავში აისვეტა, ხელები
აღმართა და მტკიცე კილოთი, ხმამაღლა წარმოთქვა:
– ცხებულია მეფე ღვთისაგან, პატივმცემელი მეფისა პატივ
იცემების ღვთისაგანა, ორგული მეფისა არ იქმნების არაოდეს
ერთგული ღვთისა, გული მეფისა ხელთა შინა უფლისათა, მეფე,
რომელიცა, ვიტყოდი ამას უეჭველად, მიენდობა ღმერთსა,
მტკიცედ იქმნება თვისსა ტახტზედა და იკურთხება ღვთისაგან,
ვინ უნდა მყვანდეს ღმერთზედ მეტი პატრონი და მფარველი,
ხვალინდელ მეფესა, რომელზედაც დამიძს სასოება ჩემი, –
გადაიწერა პირჯვარი, სუფრასაც გადასახა ჯვარი და ლავაში
გახია.
კიდევ კარგი, ვახშმობამ უწია, თორემ მე, ალბათ, ჩემი
თანაგრძნობის მიუხედავად, ვერ მოვითმენდი, კვლავაც არ
მეცადა ბატონიშვილების გულისხმაში ჩაგდება, ვერ
მოვითმენდი, არ მეთქვა გულსაკლავი ლექსები მარიამ
ბატონიშვილისა, ფარნაოზისა, მირიანისა... თუმცა არა, არ
დაიჯერებდნენ, რომ ეს ლექსები მათი დაწერილია, დაწერილი
კი არა, კვნესით აღმონათქვამი, ბაგრატიონთა ათასწლიანი
სამეფოს დამხობის შემდეგ, მათი დიდი ოჯახის დაქსაქსვის,
ზოგის პეტერბურგს გადასახლების, ზოგის პატიმრობის,
ზოგისაც, მაგალითად, იულონის მშვენიერი ვაჟის, ლევანის
კახეთის აჯანყების დროს დაღუპვისა და ბევრთა მათ ახლობელ
თავადთა ოჯახებით სიბირს გადასახლების შემდეგ... მარიამ
ბატონიშვილი განა დაიჯერებდა, რომ ის, ბატონიშვილი, ერთ
დროს თბილისის მოურავის, ციციშვილის მეუღლე, თხოვნის
ბარათს მისწერდა საკუთარი მამის, მეფე ერეკლეს ყოფილი
მიშკარბაშის, აწ კი „ბრწყინვალე მოურავის, იოსებ ბებუთოვის
ჯალაბს და უსაყვარლეს დას ბატონს ქალუას, მოწყალე
ხელმწიფეს: „ვიცი, მწყალობელი ბრძანდები და ამისთვის
ვიკადნიერე მოხსენება, ვითხოვ: ცოტა ბრინჯი მიბოძეთ თავისის
ერბოთი. ეგების მეც მაგიერი სამსახური შევიძლო. მეფის ასული
მარიამ“.
მე ცრემლები მახრჩობდა... ღაპაღუპით ჩამომდიოდა და
ეწვეთებოდა მარიამ ბატონიშვილის საცოდავ ბარათს... და რომ
ჩამეხშო ეს მღელვარება, გამექარწყლებინა საწყალი
ბატონიშვილის დამამცირებელი ბრინჯი და ერბო, მისსავე და
მისთა და-ძმათა გულსაკლავ, მშვენიერ ლექსებს მივმართე,
მოგეხსენებათ რიტმისა და კეთილხმოვნების ძალმოსილება...
მაშინვე წამოვდექი, წელი გავმართე და ოთახში წინ და უკან
სიარულსა და ლექსების თქმას მოვყე, ხმამაღლა, გამოთქმით,
სევდიანი კილოთი წარმოვთქვამდი... და ვერ ვჩერდებოდი:
„ჩრდილოს კერძომან საბავთო ქარმან, მძვინვარედ
მქროლმან და დაუწყნარმან, ჩემნი მთიებნი ჰყო გარის-
გარმან...“ „აჰა, დანთქმული ჩრდილოთ ზღვითაო, მარად
ვაფრქვევდე ღრუბელ-ნისლთაო, ვა, განგვაშორნეს მზენი
სითაო, ჰყვეს განდეგილი შორის გზითაო, ისმინეთ საწყლად
გლოვის ხმანია, განცვიფრდი ცაო, განჰკრთი მიწაო...“
„იგრგვინა ცამან ჩვენზედა, რისხვითა საშინელითა, დაჰფარნა
ჩრდილოთ ღრუბელმან მნათობთ არენი ბნელითა, წარჰხდეს
წალკოტნი მაღალნი, ჰოი, საცთურითა ძნელითა, ვა,
დიდებულნი პალატნი იქმნა მტერთ საცინელითა, აწ,
განწირული უწყალოდ, ვიწვი ცეცხლით, არ ნელითა... სად ხარ
სიკვდილო, რას ჰყოვნი, არ მომცემ დღესა მცირებსა...“
„დაბრუნდა ეტლი უკუღმა, წარხდა დღე კეთილმზიანი, დაემხო
ტახტი მაღალი, რა ბედნიერი, სვიანი, განჰქრივნა ვარდნი
სატრფონი, არღარა ჰყვავის იანი, განმწარდა ყოვლნი შვებანი,
ტკბილნი, საამო ხმიანი, აწ საწუთროსა მდურავი, ვჰსტირ
უბედური დღიანი... ვაი, დაბნელდით, თვალნო მტირალნო,
ჰხედავთ რას განსაცვიფრებსა... მიგლოვდეთ მეცა...“ ეს მარიამ
ბატონიშვილია, ქალუა ბებუთოვისთვის ბრინჯისა და ერბოს
მთხოვნელი.
მაგრამ ტყვედქმნილი ქეთევან ბატონიშვილისაც, მუხრან-
ბატონის ქვრივისაც, ხომ უნდა მეთქვა, და კვლავ ვცემდი
ბოლთას, გავყურებდი ბებერ ჭადარს და გულს ვიოხებდი
დეკლამაციით:
„გუშაგნი მრავლად ჩემთვის მცველობენ, სხვადასხვა ჰაზრით
გველებრ ჭრელობენ, მათნი მახვილნი გულსა მჭრელობენ,
კვლავ სხვანი მოვლენ, სადგურს მცველობენ, მჭმუნვარეს
გულის დამწყლულებელნი“. „რად გიკვირს პატიმარს
მწუხარებანი...“ – მიმართავს ქეთევანს თეკლა ბატონიშვილი,
„რადგან ჩრდილოთ მზემ ესრეთ ინება, კრძალვით ითმინე
სახმილთ გზნებანი...“
და ფარნაოზ ბატონიშვილი? მამის უკმაყოფილო იმის გამო,
რომ საბატონიშვილო იმდენი არ ერგო, რამდენიც ძმებს და,
აღბორგებული, იულონს სურამის ციხეს ედავებოდა, შემდგომში
იმავე იულონთან ერთად რუსებს ებრძოდა და ჯერ
გადასახლებული ვორონეჟს, შემდგომში კი დასახლებული
პეტერბურგს, ასე მოთქვამდა:
„აწცა გიხმსთ გლოვა მოუთმინარე, ისმინეთ ჭირნი
მოუსმინარე, გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე... შემოკრბით
ერთად სმენად ხმისაო, მგლოვარეთ ლექსთა აღმოთქმისაო...
მოგვეღო ყოვლი სწორი ძალებით, შეგვექმნა ბედი, ვითა
მძინარე, გარდმოუტევეთ თვალთა მდინარე...“
ვამბობდი ლექსებს, ვამბობდი და ვეღარ ვჩერდებოდი, ისე,
რომ ყელიც ჩამეხრინწა, ლიტრიდან წყალი ჩამოვასხი, კიდევ
კარგი, რამდენიმე დღის წინ პაწია ქილით თაფლი მოვიტანე
სახლიდან, კოვზის წვერით ამოვიღე, წყალი დავაყოლე და
ყელი ჩავიწმინდე... და ახლა უკვე თეკლა ბატონიშვილის
სიტყვები გამახსენდა, ეგნატი იოსელიანის სანახავად რომ
მივიდა და უთხრა, შური მეფობისა იყო მიზეზი ესრეთისა
სიძულვილისა... ვერ გავამართლებ ვერც დედასა ჩემსა
დედოფალს დარეჯანსა, ვერც ძმათა და დათა ჩემთაო.
უბედურება იყო მოსული ჩვენს სახლზე. ვიყავით ღირსნი
დასჯისა და დავისაჯენითო... რუსეთს არ ეკადრებოდა, რომელ
დასტოვა სამეფოისა სახლისა წევრნი ულუკმოდო...“ ამაზე
ეგნატიმ უპასუხა:
– არავინ ველოდით რუსთაგან ამასა... ახლა ვჰხედავთ,
რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა... ძლიერნი ძალთა
სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობნი
კაცთა, არა დამფასებელნი ღირსებათა, ცივად მხედველნი,
ცივად მგრძნობელნი...
ჰოი, დიდად პატივცემულო, ღირსო მამა ეგნატი, ვერ
მომითმენია, არ მოგაწვდინოთ ხმა გაღმა გაბრძანებულს, და
არ მოგახსენოთ, რომ ლამის ორსაუკუნოვანმა ბატონობამ
რუსთა, მათთან მეგობრობამა და ფერხულში ჩაბმამ ბოლოს ის
შედეგი გამოიღო, რომ თითქმის ასი წლის შემდეგ თქვენი
წაბრძანებიდან ჩვენმა ძვირფასმა თანამემამულეებმა, დიდი
ქართველი მონსტრის (ეს სიტყვა თქვენ, ალბათ, არ გსმენიათ,
„ურჩხულს“ ნიშნავს) წინამძღოლობით, არა მხოლოდ იავარყვეს
ჩვენი ღირსება, არამედ მილიონთა, ქართველთა და
არაქართველთა ღვთივბოძებული სიცოცხლეც უმოწყალოდ
გააცამტვერეს. ხორციელად რომ ძალმიძდეს გადალახვა
დროისა, მოწიწებით გემთხვეოდით ხელზე, ისე კი დავშთები
თქვენი პატივისმცემელი, მხევალი ღვთისა თიკო, უმცროსი
მეცნიერი თანამშრომელი და მუზეუმის ექსკურსიამძღოლი.
როგორც ღრუბელი, ერთ ადგილს გულ...
არ ჩერდების წყეული...
ანა კალანდაძე

სამუშაო დღეც იწურებოდა... ჩემთვის მთავარია თხზვა და


სიყვარული... სიყვარული და თხზვა, – ფიქრობდა თიკო და
დაწერილს წყობისად ალაგებდა, – დღეს ბევრი ვიმუშავე,
მაგრამ მეშინია გადაკითხვა, ვინ იცის, სულ არ არის
საინტერესო... რა ვქნა, ეს ვარ, რაცა ვარ, ხვალ წავიკითხავ და
ვნახავ, რა გამოვიდა, ახლა კი, წინ, სიყვარულისკენ!
სახელდახელოდ მოიცვა საგაზაფხულო პალტო ნაცრისფერი
გაბარდინისა, ჭრელი შარფი მოიგდო ყელზე, ჩანთიდან
კონვერტი ამოიღო თავისი ლექსით და პალტოს ჯიბეში ჩაიდო
უცებ გადასაცემად, კარი დაკეტა და კიბეზე დაეშვა.
ბატონ შალვას რესტავრატორი ჰყავდა სამუშაო ოთახში და
იმას ეთათბირებოდა ტაძრის თაობაზე... მათ ასე იცოდნენ, რომ
ტაძარი ჯერ კიდევ იტალიელი მხატვრის მიერ იყო მოხატული
და შემდეგ, რუსების დროს, ათასგზის გადაღებილი.
რესტავრატორი, ორმოციოდე წლის შავგვრემანი, ლამაზი კაცი,
ალავერდში მუშაობდა და იქიდან ამოსულიყო ბატონი შალვას
თხოვნით.
თიკომ დარბაზში შეიხედა, ყველანი უკვე წასულიყვნენ,
სწრაფად გამოვიდა გარეთ, აღელვებული იყო, ისიც კი იფიქრა,
იქნებ წავიდე სახლში და არ გადავცეო, დავხიო და
გადავყაროვო, და როგორც იქნება, ისე იყოსო... იჯდა ხეივნის
ქვეშ, სკამზე, მღელვარე ფიქრებით ატანილი და აღარ იცოდა,
რა გზას დასდგომოდა... მაგრამ დაინახა თუ არა ბატონი შალვა,
რესტავრატორთან ერთად ტაძრისკენ მიმავალი, კვლავ აინთო
სურვილით სწრაფად, სწრაფად, აი, ახლავე წაეკითხა მას ეს
სახუმარო ლექსი, რომ გაეგო, როგორ უყვართ, როგორ სურთ,
როგორ ენატრებათ მისი სიყვარული... და სწორედ ბატონი
შალვა წამოადგა თავს.
– ახლაღა დაგინახე, თიკო, რატომ არ წასულხარ სახლში?
თიკომ რესტავრატორს გახედა, რომელიც ტაძარს
უახლოვდებოდა, აგერ გაჩერდა და შალვას მოხედა.
– რა იყო, თიკო, ცუდად ხომ არ ხარ, რა დაგემართა?!
– აი, ეს... წაიკითხეთ... – ჯიბიდან კონვერტი ამოიღო.
– რა არის, განცხადებაა რამე?
თიკომ თავი გაიქნია, მიბრუნდა და ჭიშკრისკენ გაიქცა.
ბატონმა შალვამ კონვერტი ჯიბეში ჩაიდო, რესტავრატორს
გავისტუმრებ და წავიკითხავო... შეფიქრიანდა კი, რა უნდა
იყოსო, თიკო ისე უცნაურად გამოიყურებოდაო. და როცა
რესტავრატორის გასტუმრების შემდეგ, ფანჩატურში ჩამოჯდა,
კონვერტი გახსნა და ლექსი წაიკითხა... ისევ წაიკითხა...
ნაკუწებად აქცია და ქარს გაატანა... კიდევ კარგი, აქვე
წაიკითხა და სახლში არ წაიღო, ლელიკოს რომ ენახა რაღაც...
ეს რაღაც... თავზე ხელის აღება... თავქარიანი გოგო... მის
თვალწინ გაზრდილი... მის ხელში... რა უნდა ექნა? როგორ
უნდა მოქცეულიყო? ვითომ არაფერი? გაეცინა და ეს რა
სახუმარო ლექსი მომწერეო? ეს რა ხუმრობა გცოდნიაო? როცა
ვნების მორევში გადაშვებას სთხოვდნენ... ლამის სამოცს
მიტანებულ კაცს... ასე პირდაპირ... მოურიდებლად... არადა
ღელავდა კიდეც და ბრაზიც მოსდიოდა, ის შეხვედრები
შესვენების დროს, ალერსიანი სიოსავით მონაბერი...
გამოუთქმელი სინაზით სავსე... ეს უნდა აღკვეთილიყო? არა,
არავითარ შემთხვევაში აღარ შეიძლებოდა, როგორც უნდა
გულდასაწყვეტი ყოფილიყო... თითქოს რა უბრალო და
უცოდველი იყო ის შესვენებები, მაგრამ თვითონაც რომ საბაბი
არ მიეცა, ხომ ვერ მოსწერდა ასეთ ლექსს, ხომ არ მოუვიდოდა
თავში ფიქრად?! ნუთუ თვალთმაქცობდა საკუთარ თავთან,
ჰოდა, აიღეს და გამოიყვანეს სააშკარაოზე, თქვენც ხომ...
თქვენც ხომ ასე ფიქრობთო... თქვენც ხომ ასე გრძნობთო...
თქვენც ხომ ასე გსურთო! არა! არავითარ შემთხვევაში! მას სურს
ის ძველი, ძველი დამოკიდებულება აღადგინოს... წმინდა...
ნათესაური... მეგობრული და ახლობლური... და არა ეს რაღაც
მღელვარება... ღმერთო, რა ცვალებადია ადამიანის
გრძნობები... აპატიოს ღმერთმა ეს სისუსტე, უნებლიე და
უნებური... თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენდა, ვერა! მიდის
სწორ გზაზე ადამიანი... მიდის ამაყი და თავაწეული... და უცებ...
ამოვარდება ქარაშოტი და გაერთხმები მიწას! ან შეიძლება
ცაშიც აგაფრინოს შაგალის შეყვარებულებივით! არა, ბატონო,
არა, მისი წლებისთვის არც ერთია მიზანშეწონილი არც მეორე!
ელიზბარი დაუდგა თვალწინ, თავისი ვაჟი, თიკოზე უფროსი
ოთხი-ხუთი წლით, მეტით კი არა, ერთად შეზრდილები, სხვა
დროს არ უფიქრია და ახლა კი უკვირს, რატომ არ შეუყვარდათ
ერთმანეთი, ეს ისეთი ბუნებრივი იქნებოდა?! გუშინწინ
ელიზბარის სიდედრმა დარეკა თბილისიდან, ახალი ფოტოები
მივიღე ალჟირიდანო, ისეთია შავლეგო, კაცის თვალი უკეთესს
ვერ ნახავსო... თელავში კი ყოველთვის დაგვიანებით მოდის
წერილებიც და ამანათებიც. და ბატონმა შალვამ ერთბაშად
იგრძნო, რომ იმდენი საქმეები დაუგროვდა, იმდენი სამუზეუმო
პრობლემები შემოეჯარა, რომ აუცილებელი იყო სასწრაფოდ
თბილისში წასვლა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა შტატების
დამატებას ყველა განყოფილებისთვის – ისტორიულისთვის,
ეთნოგრაფიულისთვის, ამასთანავე, დარგობრივად ფონდების
დანაწილებასაც... და რაც მთავარია, ის ძვირფასი განძი,
რომელიც ქეთევან იაშვილმა, წარმოშობით თელაველმა, თავის
მშობლიურ ქალაქს გადმოსცა, სურათების ძვირფასი
კოლექცია, და რომელიც აქამდე, მთელი ეს ხუთი წელი,
ადგილის უქონლობის გამო, სამადლოდ მონადირეთა
კავშირის ერთ ოთახში იყო მიჯრით მიწყობილი, ახლა უკვე,
რესტავრაციისა და რემონტის შემდეგ, გადაწყვეტილი იყო
გალერეის გახსნა, ამ სურათების ორ სართულზე განთავსება და,
ცხადია, გალერეისთვის მცველებიც იქნებოდა საჭირო,
ხელოვნებათმცოდნეც და ექსკურსიამძღოლიც. მერე კიდევ
თავისი სადოქტორო დისერტაცია, „კახეთის უცნობი ძეგლები“,
რამდენიმე წლის ნამუშევარი, ეგონა, ამ გაზაფხულისთვის
მოამთავრებდა კიდეც და ჩაუტანდა ბატონ გიორგის
გასაცნობად, მაგრამ, ჯერ ერთი, მოზღვავებულმა სამუზეუმო
საქმეებმა შეაფერხა და მეორეც, ჯერ კიდეც შემოდგომაზე
გაიგო, რომ ბაწარის ხეობის ზემოთ, კახეთის მთებში
არსებობდა ძეგლი, რომელიც არც ჩუბინაშვილს ჰქონდა
აღწერილი და არც რომელიმე ცნობარში იყო აღნიშნული,
არადა, შოთა ბორჩაშვილი, მეხუთე სკოლის ფიზიკის პედაგოგი,
წარმოშობით ქისტი, კახეთის მთებში მრავალგზის ნავალი,
გათვითცნობიერებული და განათლებული კაცი, რომელიც
ზაფხულში სწორედ ზევით, ქისტების სადგომებში ყოფილიყო
და ძეგლიც ნახა, საგანგებოდ ესტუმრა ბატონ შალვას და ისე
აღუწერა ის უცნობი ძეგლი, ბატონი შალვა ძალიან
დაინტერესდა და გადაწყვიტა კიდეც, ზაფხულში აუცილებლად
მოეწყო მცირეხნიანი, ასე, ერთკვირიანი ექსპედიცია, ძეგლიც
ენახათ, აეზომათ, ფოტოები გადაეღოთ, აღეწერათ,
დაახლოებით მაინც თარიღი დაედგინათ და, ამასთანავე,
ქისტური ყოფის ამსახველი მასალაც შეეგროვებინათ.
ნამდვილად უხერხულიაო, თავისებური გზნებით ამბობდა თიკო,
ჩვენს მუზეუმში თუშური მასალაც და ხევსურულიც საკმარისად
მოიპოვება, ტანსაცმელი იქნება ეს, ხალხური რეწვის ნიმუშები,
თუ სხვა რამ, და აი, ქისტური მასალით კი ძალიან ღარიბები
ვართო და არ გვეპატიებაო, ჩვენ უნდა შევავსოთ ეს ხარვეზიო.
– არ მესმის, რატომ უნდა წახვიდე თბილისში მაინცდამაინც
ხვალ, – საყვედურის კილოთი ეუბნებოდა ლელიკო თავის
ქმარს, – ზეგ ხო ღია კონცერტი გვაქვს, და სოსლანი უკრავს
მეხუთე და მეექვსე სონატებს ისეთი ჩაღრმავებით, აფსუსია რომ
არ მოისმინო.
– მახსოვს, რიხტერი უკრავდა, ჯერ კიდევ სრულიად
ახალგაზრდა, სწორედ ბეთჰოვენის მეხუთე და მეექვსე
სონატებს, და შენ გაგიჟებული იყავი...
– ჰოდა, ნუ წახვალ, გადადე იმ კვირისთვის, მითუმეტეს,
ნიკოსთვის მადლიერ ავადმყოფს ბატკანი მიუყვანია და
მარიკომ დარეკა, გეპატიჟებით შემწვარ-მოხრაკულზეო.
– რა ვქნა, ლელიკო, დარეკეს ორჯერაც ძეგლთა დაცვიდან,
თანხების მომატებას ეხება საკითხი და რა უფლება მაქვს,
შეთანხმებულ დროზე არ გამოვცხადდე? თანაც ბატონი
გიორგიც სანახავი მყავს... მეც ძალიან მწყინს, რომ ასე
დაემთხვა...
თქვა და თან მწუხარედ გაიფიქრა: თვით ასეთი წკიპურტი,
როგორიც ის სახუმარო სასიყვარულო ლექსი იყო, მოითხოვს
ტყუილის თქმას და ღმერთმა დაიფაროს, რომ შევტოპო, სულ
მთლად ტყუილების გუდად უნდა ვიქცეო, და მობოდიშების თუ
დანანების ნიშნად, მოეხვია თავის ცოლს და ლოყაზე აკოცა.
– სოსლანი მოვა აქ დამიკრავს ბეთჰოვენის სონატებს,
კარგი?!
მერე კი ქალბატონ ნინოსთან დარეკა, გააფრთხილა, სამი-
ოთხი დღით გადაუდებელი საქმეების გამო თბილისში უნდა
გავფრინდეო... მართლაც სისხამ დილით პირველივე რეისს
გაჰყვა და თვითმფრინავის ლუკიდან ცივ-გომბორის აქოჩრილ
გორებს რომ გადმოხედა, შვება და სიამე იგრძნო... მაღლიდან,
უსაზღვრო სივრციდან, განსაკუთრებით მშობლიური
ეჩვენებოდა ეს მთა-ბარი. გომბორზე გადმოსვლა და თბილისში
დაჯდომა ერთი იყო, აფრენას და დაფრენას მხოლოდ და
მხოლოდ ოცი წუთი სჭირდებოდა; რვა საათზე უკვე თბილისში
იყო, ჯერ არსად არავინ იქნებოდა და პირდაპირ
სოლოლაკისკენ გასწია, ელიზბარის ბინისკენ, მივდგებ-
მოვდგები, ცოტას მოვწესრიგდები და საქმეებს ისე შევუდგებიო.
თბილისში ჩამოსვლისას ყოველთვის სასიამოვნო მღელვარება
ეუფლებოდა, უყვარდა თბილისი, თავის დროზე ცხოვრებაც და
მუშაობაც აქ სურდა, ლელიკოსაც ვერ წარმოედგინა
უთბილისოდ არსებობა, კონსერვატორია თბილისში იყო და
ლელიკო, დამამთავრებელი კურსის სანიმუშო სტუდენტი,
შესანიშნავი პიანისტი, რომელსაც ყველა აზრით, მომავალი
უკრეჭდა კბილებს, მოსკოვისკენ თუ გაშლიდა აფრებს, თორემ
კახეთს და თელავს რა აფიქრებდა?! აბა, რა უნდა ვაკეთო
თელავშიო, ტირილის ხმაზე ეუბნებოდა თავის ძვირფას
საქმროს, თავის საყვარელ შალვას, ვისაც იმ სავალალო 37
წელს ისეც დაჩაგრული ოჯახი კვლავ დაურბიეს, ძმა თავისი
ახალშერთული ცოლით და ბიძა, დედის ძმა, ისევე როგორც
მრავლისაგან მრავალ ოჯახს, ისევე, როგორც მარიკოს,
დაუპატიმრეს, დედას ზაფრა მოერია, ლოგინად ჩავარდა და
შალვა იძულებული გახდა, ასპირანტურისთვის და
საცოლისთვისაც თავი გაენებებინა და მშობლიურ სახლსა და
ჯანგატეხილ დედას დაჰბრუნებოდა. და განა შეიძლება ოდესმე
დაივიწყოს ის სიხარული, დამათრობელი, გულის წამღები,
სიცოცხლის დამამკვიდრებელი სიხარული, განახლების,
აღორძინების, ბედნიერების მაუწყებელი, მაშინ, თავისი
დაბრუნებიდან ნახევარი წლის შემდეგ, იმ შორეული ზამთრის
დაბარდნილ, ჩამოღანდრულ დღეს თავიანთი ეზოს თოვლიან
ბილიკზე, კივკივით მომავალი ლელიკო რომ დაინახა,
ჩემოდნით ხელში... როგორ ფიქრობ, შალვა, ჩემო სიცოცხლე,
განა უარესი იქნება ჩემთვის, თელაველ ბავშვებს მუსიკა
ვასწავლო და შენც დედის მოვლაში დაგეხმაროვო?! ღმერთო,
ამ უბედურებაში რა ბედნიერი იყო! სხივივით შემოანათა
ლელიკომ მათ ჩამობნელებულ, დარბეულ სახლში და
სიყვარულით და მუსიკით აავსო იქაურობა. თბილისიდან
თავისი ბეხშტეინის როიალი ჩამოიტანა, ბევრს უკრავდა,
კონცერტებსაც მართავდა, რაც მთავარია, მოწაფეებთან
მეცადინეობის დიდი ალღო და უნარი აღმოაჩნდა, მალე
საუცხოო პედაგოგის სახელიც დაიმკვიდრა, ისე, რომ,
საფორტეპიანო ბუმის ვითარებაში, როცა კახეთის ლამის ყველა
სოფელში მუსიკალური სკოლა გაიხსნა, თმაზე უმრავლესი
მოწაფე ეხვია. თიკოც ხომ მისი მოწაფე იყო, და დიდი
სერიოზულობითაც ეკიდებოდა მუსიკის გაკვეთილებს, ერთი
თალია კი ისე გაიტაცა მოცარტისა და ბეთჰოვენის სონატებმა
და, საერთოდ, საფორტეპიანო ოპუსებმა, მე მუსიკას უნდა
გავყვეო, ლელიკოს ეუბნებოდა, თიკო, გენაცვა, მოძღვრავდა
ლელიკო, შენ ნიჭიერი ადამიანი ხარ და რასაც არ უნდა გაჰყვე,
მაჩანჩალა არსად არ იქნები, მუსიკა კი არა, კვანტური ფიზიკა
რომ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, შენი მთავარი ნიჭი სხვაგანაა, –
იქ, სადაც სიტყვებია, – და არა მუსიკალური ბგერები... ოჰ, რა
მესაიდუმლე იყო თიკოსი, თაგვს რომ კუდი მოექნია, მაშინვე
ლელიკოსთან მორბოდა... ახლა კიდევ ასეთი ლექსი მოსწერა
შალვას და სიყვარული გამოუცხადა... არა, არა, ის კი არა, რომ
არ შეიმჩნიოს, სწორედაც უნდა შეიმჩნიოს, წარბიც უნდა
შეუკრას და თავიც განზე დაიჭიროს... როგორ! მაშ, ქვეყნად
აღარაფერია ამ რაღაც... ამ რაღაც მღელვარების მეტი?!
ვერავითარ ბანალობას ვერ იტანს, ვერავითარ ყბადაღებულ,
ცხოვრებისეულ თავგადასავლებს, რაკი ხანში შევიდა,
თოხარიკობა უნდა დაიწყოს?! ვითომ ან გოეთე იყოს, ან ფაშა
და ან იაფფასიანი მექალთანე?! ვიღაც გაუგებელი რომ
ჰყავდეს ცოლად, ვიღაც არცთუ ისე ღირსეული, კიდევ ჰო, და
მის გვერდით ხომ ყოვლად შემკული ლელიკოა, ვისთვისაც
თავის სიცოცხლეში არ უღალატია... არასოდეს... არც
ერთხელ... იქნებ ვინმესთვის, ამ პამპლაუქა კაცებისთვის,
ღირსებადაც რომ სთვლიან ცოლის ღალატს, წარმოუდგენელიც
იყოს შალვას ასეთი ერთგულება, მაგრამ ასეა ეს, ნამდვილად
ასეა... მაშინაც კი, დასასვენებლად რომ წავა ხოლმე, –
ლელიკოს მიაჩნია, რომ წელიწადში ერთხელ მაინც
აუცილებელია ოჯახის წევრებმა ერთმანეთისაგან დაისვენონ,
თვითონ მარიკომ აიყოლია და ორივენი ახალ-ახალი
მოგზაურობებით არიან გატაცებული, ხოლო შალვა ყოველთვის
სადმე კურორტზე ისვენებს, – ჰოდა, მაშინაც კი, თუმცა
ძალიანაც უშტერებენ და უჟუჟუნებენ თვალებს რუსის ქალები,
არასოდეს არ მიუცია თავისი თავისთვის ნება, საკურორტო
რომანი გამოეცხო. ერთმა სასიყვარულოდ შეღერებულმა
ქალმა, სასადილოში მის მაგიდასთან რომ იჯდა და დიდად იყო
მოწადინებული მასთან ურთიერთობასა და სიახლოვეს,
გაბრაზებულმა ისიც კი უთხრა, შტოო, ვი მანახ?! რაზედაც
შალვამ სიცილით უპასუხა, პაჩტიო. და რა კარგია, რომ, ჩაჯდა
თუ არა თვითმფრინავში, იმ სულელური ლექსის სიტყვები,
მაინც თავში რომ ჰქონდა ჩაჭედილი, და მღელვარებაც, რაღაც
მსუბუქი აფორიაქებაც, ყოვლად შეუსაბამო, ასე ეგონა,
გამოხსნილი ლუკიდან ჰაერის მძლავრმა ნაკადმა გაიტაცა და
გააბნია... საბოლოოდ და მოუბრუნებლად... ახლა მხნედ და
ხალისიანად მიაბიჯებდა მცირე აღმართზე ჯაფარიძის ქუჩისკენ
და სიამოვნებდა, ოჰ, როგორ სიამოვნებდა, რომ თავისი
ელიზბარისა და უსაყვარლესი შავლეგოს ბინაში იქნებოდა ეს
დღეები, და თუმცა ისინი ალჟირში იყვნენ წასულები, მაინც მათი
სული აქ ტრიალებდა, და არა მხოლოდ მათი, მისმა
ახალგაზრდობამაც ხომ ამ არემარეზე გაიარა, იმ ბინაში
ლელიკო ცხოვრობდა თავის მშობლებთან ერთად, შალვა
ხშირად იყო მათთან და ამ ქუჩებში იმდენს დადიოდნენ, ისე
მოუღლელად, ისე ფეხჩაუკრეფავად, როგორც მხოლოდ
შეყვარებულებს შეუძლიათ სიარული, და შალვამაც ზეპირად
იცოდა სოლოლაკის ყოველი კუთხე-კუნჭული, ყოველი სახლი
და ჭიშკარი. შავლეგოც რამდენჯერ უსეირნებია ამ ქუჩებში, და
თან უამბობდა, უამბობდა წარსულ ამბებს... ზოგჯერ მაინც
განსაკუთრებით შემოაწვებოდა ხოლმე თავისი ბიჭების ნახვის
სურვილი. წერილები წერილებად, მაგრამ ტელეფონით
ლაპარაკი რომ შესაძლებელი იყოს, მათი ხმის გაგონება რომ
შეეძლოს, მაინც სულ სხვა იქნებოდა, ნამდვილი ბედნიერება
იქნებოდა, აი, ახლა რომ მივა, აიღოს ყურმილი და მათი ხმა
გაიგონოს, მათი სუნთქვა იგრძნოს... თურმე ამერიკაშიო, აიღებ
ტელეფონს და თუნდ ანტარქტიდის პინგვინებს
დაელაპარაკებიო, ჩვენთან კი, ამოდენა ქვეყანაში, ვართ ასე
ყველაფერს მოწყვეტილებიო, ჯავრიანად ფიქრობდა ბატონი
შალვა.
ბინაში მისვლისთანავე მოწესრიგებას შეუდგა, პირი გაიპარსა,
შხაპი მიიღო, მსუბუქად ისაუზმა და სახლიდან გავიდა. და
მეტად იღბლიანი და ნაყოფიერიც გამოდგა მისი ჩამოსვლა.
რაც მთავარია, არსად არ შეფერხებულა, არავისთან შესვლა არ
გასჭირვებია, დიდ რიგში არავის მოსაცდელთან არ მდგარა.
ბატონ შალვას ყველგან პატივს სცემდნენ თავისი კულტურისა
და პატიოსნების გამო და იცოდნენ, რომ ზედმეტს არავის
არაფერს მოსთხოვდა, ამიტომაც კადრების განრიგი რომ
წარადგინა სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში, რაზეა
ლაპარაკიო, განყოფილების გამგემ უთხრა, ასეთ კულტურულ
ღონისძიებებს ატარებთ და ჩვენგან თქვენ არავითარი
შეფერხება არ შეიძლება გქონდეთო. ძეგლთა დაცვაშიც
თანხების დამატებას დაჰპირდნენ. ბატონის ციხის არქიტექტორ-
რესტავრატორი თბილისიდან იყო გამოგზავნილი და ბატონმა
შალვამ ითხოვა, თანაშემწედ იქნებ ადგილობრივი, თელაველი
შევარჩიოთო. მოხუცი ელოს შემდეგ, მარნის მოსახატად
შეღერებულ ბიჭიას კოვზი ნაცარში რომ ჩაუგდო, მერე სულ
ბიჭიაზე ფიქრობდა, იქნებ შესაძლებელი იყოს ჩემგან რაიმე
დახმარების გაწევაო. ბოლოს-ბოლოს ბიჭიას სწორედ
არქიტექტურული ჰქონდა დამთავრებული, და ბატონ შალვას
ეჭვი არ ეპარებოდა, ძალიან კარგად გაართმევდა თავს
არქიტექტორთან მუშაობას. რამდენიმე თვე ხელფასი ექნება და
უყიდოს თავის ნენეს დუბლიონკაო, – რა არი რაა, ძია შალვა,
ვიღაცა ჯღანებს, ვიღაცა მაიმახებს ნაირ-ნაირი დუბლიონკები
აცვიათ და ჩემს ნენეს, ასეთ კოხტასა და ლამაზს, დუბლიონკა
არ უნდა ჰქონდეეს?! ეს საქმეაა?! – გულდაწყვეტით ეუბნებოდა
ბიჭია ბატონ შალვას, კვლავ ბურჯის თაობაზე მისული, სწორედ
წამოსვლის წინა საღამოს, და ბატონმა შალვამ უარის ნიშნად
ხელები რომ გაასავსავა, ბიჭიამ თავის ქნევითა და კვნესა-
ოხვრით ესღა უთხრა.
თავისი ხანმოკლე მოგზაურობით მეტად კმაყოფილი,
შეიძლება ითქვას, გულსავსეც კი დარჩა ბატონი შალვა... ამ
საქმიან, მწვანე შუქით განათებულ საუწყებო დღეებს დიდებული
საღამოები აგვირგვინებდა თუ თავის მძახლებთან, ელიზბარის
სიდედრ-სიმამრთან, მარინესი და შავლეგოს ბოლო
წერილების კითხვით, ფოტოების თვალიერებით, გემრიელი
ვახშმითა და სიმპათიურ მოყვრებთან ურთიერთობით... თუ
ბატონ გიორგისთან, ცნობილ მეცნიერთან და შალვას
სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტთან გატარებული
საღამოთი... ო, რა გზნებით უყვებოდა კისისხევის მთაში
გამოვლენილ უცნობ ძეგლზე, რომელიც მძიმე დაზიანებისა და
შელახვის მიუხედავად, მხატვრული და კონსტრუქციული
თვალსაზრისით მეათე საუკუნის ფრიად საყურადღებო ძეგლს
წარმოადგენდა.
ძირითადად, ბატონი შალვას მიერ გამოვლენილი, საუკუნეთა
სიღრმეში შექმნილი უცნობი ძეგლები მთის ეკლესიები იყო, და
თავისი მთა-ბარის დიდად მოყვარულ შალვას გულს სტკენდა ის
ამბავი, რომ ცხოვრების მძიმე პირობებისა და უგზოობის გამო
მოსახლეობა სოფლის თავიდან კისრისტეხით დაეშვა ქვევით,
ბარისკენ, დაივიწყეს, რომ საქართველო მთის ქვეყანაა...
ბატონი შალვა თავს დაუკრავდა ახოდქცეულ ეზოში შემოჩენილ
კაკალს, ან ბებერ მსხალს, განაგრძობდა გზას გორებისკენ და
ძველ, უცნობ ძეგლთან შეხვედრისას სიხარულთან ერთად
სევდა შეიპყრობდა და აუცილებლად გაახსენდებოდა
გალაკტიონის გულში ჩამწვდომი სიტყვები: „ახლა
მარტოდმარტო ვარ, როგორც მთის ეკლესია, და საკვდავად
მიღიმის ჩამავალი ნათელი“. ბატონ გიორგის ბაწარის ხეობის
ზემოთ, კახეთის მთების ჯერ უნახავ ძეგლზეც ესაუბრა და
ზაფხულის ექსპედიციაზეც, მე ვფიქრობ, ეს უკანასკნელი უცნობი
იქნება, რომელიც კიდევაც დაასრულებს ჩემს სადოქტორო
დისერტაციასო.
თბილისში ყოფნის დროს კიდევ რამ მიანიჭა ბატონ შალვას
უდიდესი სიამოვნება და გევანდჰაუზის კონცერტმა. ოპერასთან
აფიშა ნახა, გახარებულმა გაიფიქრა, თუნდაც ამ
კონცერტისთვის ღირდა თბილისში ჩამოსვლაო და იქვე გული
დასწყდა, რომ ლელიკო ასეთ საღამოს ვერ დაესწრებოდა.
ბეთჰოვენს უკრავდნენ, პირველ განყოფილებაში „ეგმონტს“ და
მეშვიდე სიმფონიას, მეორეში კი მეხუთე კონცერტს. ბატონ
შალვას განსაკუთრებით უყვარდა ბეთჰოვენი. მამის
დახვრეტისა და ძმის დაპატიმრების შემდეგ, მაშინ ჯერ არ
იცოდნენ, რომ ძმაც დახვრეტილი იყო, თელავში რომ
დაბრუნდა, დედის ავადმყოფობის დროსაც, ბეთჰოვენი
ატანინებდა სიმძიმეს და სასოწარკვეთას, ლელიკოს
ჩამოსვლამდე ხან თვითონ უკრავდა ბეთჰოვენის სონატებს,
ხანაც ფირფიტებს ატრიალებდა პატეფონზე ბეთჰოვენის
ნაწარმოებებით, მეშვიდე სიმფონიის, ამ „დიდი სიმფონიის“
რამდენიმე ფირფიტაც ჰქონდა სხვადასხვა ორკესტრის
შესრულებით. ბატონი შალვა ფიქრობდა, რომ იმ
მრავალმხრივი ასპექტიდან და გენიალური ერთობლიობიდან,
რაც ბეთჰოვენის მუსიკას საყოველთაოს ხდიდა, ბეთჰოვენს კი
ყველა დროის დიდთა შორის უდიდესად წარმოაჩენდა, ეს მისი
კაცური, რაინდული თანაგრძნობა და თანალმობა იყო,
„ღვთიური ნუგეში“, როგორც წარმოთქვამდა ხოლმე, ხშირად
მაღალი შტილის მოყვარული ბატონი შალვა. საღამოს
კონცერტზეც, განსაკუთრებით სიმფონიის მეორე ნაწილის
მოსმენისას, რომელიც გულის გულია ამ დიდი თხზულებისა, ეს
ამაღლებული თემაც, კონტრაპუნქტით დაკავშირებული ორივე
მელოდიით, მაჟორ-მინორის შეწყვილება და მონაცვლეობა, ეს
ზეიმური რიტმი სვლისა, ეს ნაბიჯები, სწორედ შენკენ რომ
მოემართებოდა, გმსჭვალავდა თითქოს ცხოველმყოფელი
ძალით და განიჭებდა შვებას და თავისუფლებას... ერთი იმაზე
სწყდებოდა გული, რომ ლელიკო მის გვერდით არ იჯდა, მისი
ხელი არ ეჭირა და ერთგვარი გულისძგერით არ განიცდიდნენ
ამ დიდებულ მუსიკას...
როგორ არა, თიკოც... თიკოც გაკრთებოდა ხოლმე
ნაპერწკალივით და ნაპერწკალივითვე გაქრებოდა... გაიფიქრა
კიდეც, ის სულელური სიყვარულის გამოცხადება რომ არა, მე,
აი, სწორედ ახლა... აქ არ ვიქნებოდიო... და ვერაფრით ვერ
დაუშვა სხვაგან ყოფნა, თუ არ ბეთჰოვენის მუსიკით სავსე
ოპერის დარბაზში.
და სწორედ ამ დროს გიჟმაჟი თიკო, ვინც ზურგის შექცევად და
კეხის შებრუნებად განიცდიდა ბატონი შალვას ასე უპასუხოდ და
უთქმელად, უეცრად და მოულოდნელად წასვლას თბილისში,
და ვინც, ვითარცა წერის მოყვარული ადამიანი, ყველაზე დიდ
ნუგეშს ქაღალდთანა და ფანქართან ურთიერთობით ჰპოვებდა,
ახლაც, თავის ოთახში შეკეტილი, უარყოფილი სიყვარულის
ტანჯვითა და კირთებით გამსჭვალული, კვლავ ლექსს თხზავდა,
ოღონდ სრულებითაც არა სახუმაროს; და ფხიზელი არგუსის,
ნიკოს შეკითხვაზე, რას წერ, გენაცვალოს მამა, გამოდი ახლა,
ჩაი ერთად დავლიოთო, თიკომ გადაჭრით უპასუხა, ვერ
გამოვალო. ხომ იცი, მამა, ხვალ ორშაბათია, ისტორიული წრის
მეცადინეობაა და კარგად რომ არ მოვემზადო, არ შეიძლებაო.
არადა, უკვე მომზადებულიც იყო და, რაც საჭიროა,
ყველაფერიც წაკითხული ჰქონდა. და უკმაყოფილო ნიკო
გავიდა თუ არა, განაგრძო ლექსის თხზვა...
დიდი მინდორი დანამოს – ეს ხომ... წესია წვიმისა
ანა კალანდაძე

ბატონი შალვა ორშაბათს შუადღის შემდეგ დაბრუნდა


თვითმფრინავით და აეროპორტიდან ავტობუსი ქალაქში რომ
ამოვიდა, იფიქრა, ბარემ მოედანზე ჩამოვალ და მუზეუმში
შევალ, ვნახავ, ამ რამდენიმე დღეში რა გაკეთდაო. ტყუილად
ეგონა, რომ აქაოდა გამოსასვლელი დღეა, მხოლოდ მუშები და
ყარაული დახვდებოდნენ. ჯერ ერთი, თიკოს ისტორიის წრის
მეცადინეობა ჰქონდა მუზეუმის დარბაზში, სულ დაავიწყდა, რომ
სწორედ ორშაბათობით ჰქონდა ხოლმე მეცადინეობა, სკოლის
გაკვეთილების შემდეგ, დამთვალიერებლებისთვისა და
მუზეუმის თანამშრომლებისთვის ხელი რომ არ შეეშალა.
შედგა თუ არა ფეხი, აქეთ-აქეთო, დაუძახეს, რაღაც ხდებოდა,
ფანჩატურთან მოძრაობა შენიშნა. მივიდა და ლიზიკო, ოთარი,
ბიჭია და მშენებლობის ინჟინერი შოთიკო დახვდნენ, მუშები
უკვე წასულიყვნენ, ესენი კი პურმარილის თადარიგს
შესდგომოდნენ, შოთიკოსა და ბიჭიას ეკლესიიდან მომცრო
მაგიდა გამოჰქონდათ, ოთარი კი სამრეკლოს პირველი
სართულიდან მთელ ბღუჯა წალამს მოარბენინებდა. რა
ამბავიაო, წარბი შეიკრა ბატონმა შალვამ და ახლაღა შენიშნა
ფანჩატურის კუთხეში ქალბატონი ნინო, ხოლო ლიზიკო,
ფანჩატურის ორსაფეხურიან კიბეზე ჩამომჯდარი, აქნილი
ხორცით თავაბმულ ბადიას მარილს აყრიდა...
– ძია შალვა, ესეც ხო ბებო ელოს ბურჯი არ არის, არაა?
გაბრაზება არ იყოს, ლიზიკოს დაბადების დღეა დღესა და
გადავწყვიტეთ, დაჩაგრული გული გავუხალისოთ და
გავუკიტროთ...
– და გეგონათ რომ მარტოები, მყუდროდ გასწევდით ქეიფსა
და მე დღეს არ მოვიდოდი, არაა?! – გაიცინა ბატონმა შალვამ,
საჩუქარი ჩემზე იყოსო, ლიზიკოს უთხრა, დაიხარა და აკოცა.
– გვეგონა, გვეგონა, რაც მართალია, მართალია, მაგრამ
ძალიანაც კარგი, რომ ჩამობრძანდით.
– ვგრძნობ, სულ არ გეუხერხულებათ მუზეუმის ეზოში
გასტრონომიული საქმიანობა, და თქვენც კიი, ბრუტუს? –
მიმართა ბატონმა შალვამ ქალბატონ ნინოს.
– ჩემო შალვა, რა ვქნა, ცდუნებისაგან და, მითუმეტეს
მწვადების ცდუნებისაგან, არავინ არის დაზღვეული...
ქალბატონმა ნინომ სუფრა გაშალა და ფანჩატურში ჩადგმულ
მაგიდას გადააფარა.
– ბატონო შალვა, ისეთი ცეცხლი უნდა დავანთოთ და ისეთი
მწვადი შევწვათ წალამზე, რომ ბოლი და სურნელება
კემეროვომდე მივიდეს და მტერსა და დუშმანს თვალები
დაეთხაროთ! შესძახა ოთარმა.
საქმე ის არის, ამ ორი-სამი წლის წინ ლიზიკოს დიდი
უსიამოვნება შეხვდა თავისი ქმრისაგან... აიჩემეს ბავშვებმა,
ამოდენები ვართ და ჯერ ზღვა არ გვინახავსო – რვისა იყო
თემიკო და ექვსისა სანდრო. წაიყვანა ლიზიკომ ახალ ათონში,
მაგრამ წამოყვანის დროს ლექსოც უნდა ჩასულიყო რამდენიმე
დღით და ცოლ-შვილი წამოეყვანა კიდეც; ლექსო, ლიზიკოს
ქმარი, ტურბაზის სამნეო ნაწილის გამგე. მაინცდამაინც იმ
დროს კემეროვოს როკჯგუფი ჩამოვიდა კახეთში
გასტროლებზე. ტურბაზაში დაბანაკდნენ და აქედან დადიოდნენ
სხვა რაიონებშიც და დიდ სოფლებშიც კონცერტებს
მართავდნენ, სწორედ იმ როკჯგუფის მომღერალი იყო ის
კლავა, თმააბუებული, უდიერად სახედახატული, ცხვირპაჭუა
ქალი, ბაილონის გაფხოკილ სარაფანსა და გაზის ფუშფუშა
კოფთაში გამოწყობილი, როგორც შემდეგ ლიზიკომ უწოდა,
„ცირკის კუკი“. სამი მოცეკვავე ჰყავდათ. ისინი სცენაზე ან
ტლინკებსა ჰყრიდნენ, ან კლავას სიმღერის დროს მის უკან
ჩამწკრივებულები არცთუ ისე რიტმულად ცეკვავდნენ. ორი
გიტარისტიც იყო, საქსი, საყვირი და დასარტყამები. მათ სიამეს
საზღვარი არა ჰქონდა, ეს რა დორანში ჩავვარდითო; კაცები
ლოთობდნენ, ქალები ბოზობდნენ, თუმცა არც სმას აკლებდნენ,
აქაური ბიჭები გუნდ-გუნდად დასდევდნენ... თუმცა ისიც
სათქმელია, ჩვენთანაო, ლოთობისაგან კაცები, ძირითადად
ჩამოვარდნილები არიან და აქ კი დიდი შვება მოგვეცაო,
ხორხოცებდნენ ქალები. მაგრამ კლავა კი ლიზიკოს ლექსომ
დაისაკუთრა. სიმღერებს შორის ერთი მაინც განსაკუთრებული
მოწონებითა და ტაშის გრიალით მიდიოდა, ეს იყო ცნობილი
სიმღერა „Чубчик“ და როგორც კი დაიწყებდა კლავა, Чубчик,
чууубчик, чубчик кучерявый... პირველ რიგში წამოსკუპებულ
ლექსოს ხუჭუჭა თავს მიარჭობდა თვალებს... აზავთებული
ლექსო თავის ქნევით ამბობდა, ეს ოხერი და მუდრეგი, რას
მიშვრება ეს ქალი, ლამის არის, თავზე ხელი ამაღებინოსო... და
მართლაც აიღო თავზე ხელი, და ისე აიღო, რომ მათი
გასტროლების დროს ხომ არცერთი კონცერტი არ გაუცდენია,
ყველგან თან დასდევდა, წავიდნენ და უკან გაჰყვა. იქამდე
შეუთვალეს ლიზიკოს, ჩამოდი, ქალო, რა დროს ზღვა გაქვს,
შენს ლექსოს ვირის ტვინი აჭამა კემეროვოელმა კახპამაო...
ჩამოქანდა ფართხაფურთხით, მაგრამ თავის ხუჭუჭა ლექსო კი
აღარ დახვდა. რაც მაშინ ლიზიკომ ცრემლი ღვარა, ბოღმისა და
შეურაცხყოფისგან ლამის თმას იგლეჯდა. ყველა იცხადებდა,
ყველა თანაუგრძნობდა, ყველა გულში იკრავდა, აი, ნახავ, თუ
არ დაბრუნდებაო, აი, ნახავ, თუ ან ის ჩოკჩოკა არ გამოაგდებს,
ან თვითონ არ მოიმწვანილებსო, ეხუმრებიი ორ-ორი შვილის
დატოვებასო?! მეც ეგ მინდაო! შესძახებდა ლიზიკო
გაგულისებით, რომ დაბრუნდეს და ჩვენც ჭიტლაყი ვუჭიროთო,
სულ კინწისკვრით გავაგდოთო, არასდიდებით არ მივიღოთ და
ვაწრუწუნოთო, რომ ასეო, რომ ისეო, შურისძიების მდიდარი
არსენალიდან ხან რომელ მომაკვდინებელ იარაღს სტაცებდა
ხელსა და ხან რომელს. მაგრამ დრო გადიოდა და იმ
კემეროვოში გადავარდნილ გაქსუებულ ლექსოს აქეთ პირი არ
უჩანდა. და ლიზიკო თვითონ წავიდა. განათუ რისთვის, უნდა
ჩემი თვალით ვნახო, ვისზე გამცვალაო, მერე ერთი უნდა
მივაფურთხო და წამოვიდეო. მართლაც ასე მოიქცა, ოთახები
გააქირავა, ლატარია ითამაშა, ფული მოიქონა და წავიდა,
გაიგო იმ ჩოკჩოკას მისამართი და სახლს რო მიუახლოვდა,
ხუთსართულიანი ხრუშჩოვკა იყო, შორიდან ლექსოც დაინახა...
სხვა სადარბაზოში შევიდა და თვალთვალი დაუწყო, გამხდარი
და გაქუცული ჩანდა და მოგიხდებაო, გუნებაში შესძახა, ხელში
ბადურა ეჭირა კარტოფილით, ორ ადგილას ღორის ჩლიქები
იყო გამოყოფილი. განა არა, წეღან მაღაზიასთან რიგი დაინახა,
დაინტერესდა, რას აძლევენო, და ღორის ფეხები და კუდები
მიიღეს და იმისი რიგიაო, და გაკვირვება რომ შეატყვეს, რას
ამბობთ, რამდენი ხანია ხორცი თვალით არ გვინახავსო. ჰოდა,
ლექსოც, ცხადია, იმ ჩლიქების რიგში მდგარიყო. თავის
სადარბაზოში რომ შევიდა და კიბეებს დაადგა, უკან მიჰყვა,
მეოთხე სართულზე ეცხოვრათ, კარმა გაირახუნა თუ არა,
თვითონაც მიადგა მათ კარს და დარეკა ზარი. ლექსომ გაუღო.
პირდაპირ წავიდა ოთახისკენ, ლექსომ ფერიფური დაკარგა,
შენ აქ საიდან გაჩნდიო, მოაძახა... ჩემი თვალით უნდა ვნახო,
ვისზე გაგვცვალე ჩვენ ყველაო, ვინ არის ამისთანა
აფროდიტაო! აფროდიტა კი ტრილიაჟთან იჯდა და ნეტა რა
სანახავი იყო, თავზე ბიგუდები ეყარა, ის თავისი ბუწუწები
ჰქონდა ზედ დახვეული, სახეზე კი კეფირის ნიღაბი გაეკეთებინა
და ამ სითეთრიდან გამორეცხილ თვალებსა სჭყეტავდა,
ძალიან სანახავი იყო, მაშინვე მიხვდა ვისთანაცა ჰქონდა საქმე
და გატრუნული უყურებდა ლიზიკოს, ლექსო კიდევ სკამის
ზურგს ჩამოეყრდნო მხრებაწურული და სასამართლოში
გამტყუნებულივით. ორივეს დანახვაზე გულს მოეფონა: ამაზე
გაგვცვალე ჩვენ ყველაო, ამაზეოო? შვილებიც, დედაც, ცოლიც,
შენი ქალაქიც და ყველაო, ყველაო, შენი ბიჭებიცო! ფუუ, შენ
კაცობას, აიღე მური და ჩამოისვი შუბლზეო, შე პირმურიანო,
შენაო! ის იყო წამოაორთქლა, ბავშვები როგორ არიანო და არ
გაბედო იმათი ხსენება და არ დაგინახო იქ ჩამოსული, თორემ,
ღმერთმანი, დავიქირავებ ბიჭებსა და ძვალსა და რბილს
გაგიერთიანებენო! იდგა ის ვაჟბატონი თავჩარგული და
ჩასვრილი, მგონი, ცრემლებიც ჩამოსდიოდა... გამობრუნდა და
წამოვიდა. რა კარგია, რო წავედიო, ამბობდა: ახლა
დაჩაგრული ის ტუტუცი ლექსოაო...
ოთახები ჰქონდა გაქირავებული სტუდენტებზე. ლექსოს
შემდეგ ეს იყო მათი დამატებითი შემოსავალი და ამიტომაც
ახლობლები ფანჩატურში აპირებდნენ ლიზიკოს დაბადების
დღეს პატარა არიფანის მოწყობას.
ბატონი შალვა გამობრუნდა და მის არყოფნაში აღდგენილ
ქონგურებს დაუწყო თვალიერება, ეკლესიიდან
შემოსასვლელამდე სუფთად და კოხტად იყო შევსებული
ჩამონგრეული და ჩამოფხვნილი ქონგურები; მოეწონა და
ესიამოვნა, მერე კი მუზეუმის დაშენებულ სართულებს ახედა,
ნელ-ნელა მიიწევდა წინ საქმე, ფრთხილად, აგურ-აგურ
ხსნიდნენ. ამ სამიოდე დღეში, რაც ბატონი შალვა წასული იყო,
ერთი მწკრივი აგურებისა თავიდან ბოლომდე მოეხსნათ და
წყობისად დაელაგებინათ ქვევით, შენობის კუთხეში. ძნელი და
შრომატევადი საქმე იყო. ოჰ, როდის იქნება მოვრჩებით და
ერეკლეს თავის სახლსა და თავის დარბაზს დავუბრუნებთო,
გაიფიქრა ბატონმა შალვამ. მას მართლა ხშირად ეუფლებოდა
განცდა, რომ სწორედ ერეკლესთვის უნდა დაებრუნებინათ
საწოლი ოთახიც, სამუშაო ოთახიც და სატახტო დარბაზიც. ნელა
მიაბიჯებდა ხეივნის ქვეშ, რადგან აქაურობა აყვავებული ვაზის
საამო სურნელით იყო სავსე. ო, რა მძლავრი ვაზი იყო, უწამლი
შავი ყურძნისა, ხის ძირივით სქელი ზრო ჰქონდა და ისე იყო
გატოტვილი, მთელ ხეივანს ფარავდა; თან გადასული მზით იყო
იქაურობა განათებული და შალვას განსაკუთრებით
სიამოვნებდა დაბრუნება. ხეივნის ბოლოს, მუზეუმის
შესასვლელთან სკამზე ჩამოჯდა, კარი ღია იყო, შიგნიდან ხმები
ისმოდა, ახსენებდნენ კრწანისს და, ეტყობა, დღევანდელი
მეცადინეობის თემა კრწანისის ბრძოლა იყო. ჯერ ბავშვების
ხმები ისმოდა, ბოლოს თიკოს ხმა გაიგონა და ესიამოვნა,
უფრო ახლოდან მოუნდა ყურის დაგდება და ფეხაკრეფით
შევიდა. უფროსკლასელი, შეღერებული გოგო-ბიჭებით იყო
იქაურობა სავსე, ზოგნი პირდაპირ იატაკზე ისხდნენ, ზოგი
ფანჯრის რაფაზე იყო ჩამომჯდარი... თვალებდაჭყეტილები და
გასუსულები შესცქეროდნენ თიკოს, რომელიც ერეკლესა და
აღა-მაჰმად-ხანის სურათებთან იდგა და დიდი გზნებით და
გატაცებით მოუთხრობდა ბავშვებს ხოჯას შესახებ. ბატონი
შალვა ფრთხილად, ნაპირ-ნაპირ გავიდა გვერდით, ერეკლეს
ოთახში და ლელიკოს დაურეკა, აი, ახლა დავბრუნდი
თბილისიდან, ერთი წუთით შემოვედი მუზეუმში, თურმე
ლიზიკოს დაბადების დღე ყოფილა და იქნებ შენც
მოსულიყავიო. ლელიკომ იუარა, ხომ იცი, ორშაბათი რა
დატვირთული დღე მაქვსო და, სამწუხაროდ, არაფრით არ
შემიძლია, ჩემ მაგივრად ლიზიკოს შენ მიულოცეო. ბატონი
შალვა ჩამოჯდა თავის საწერ მაგიდასთან, დავთარი გადაშალა,
ვითომ რაღაცის შესამოწმებლად, სინამდვილეში კი ყური
მიუგდო თიკოს, რომელიც შეუფერხებლად შესანიშნავი
კილოთი განაგრძობდა თხრობას...
– აღა-მაჰმად-ხანის პიროვნების განსაცდელად და
წარმოსადგენად ძალიან საინტერესოა ერთი მისივე ნაამბობი:
ქერიმ-ხან ზენდის სააუდიენციო დარბაზში ყოფნისას ხშირად,
ძალიან ხშირად, ფარული შურისძიებით აღსავსე, დარბაზის
უძვირფასეს სპარსულ ხალიჩებს მოსასხამის ქვეშ დამალული
ჯიბის პატარა დანით ვსერავდიო. სიამოვნებას მგვრიდა ის
ამბავი, რომ ქერიმ-ხანს ვაზარალებდიო. რა სამწუხაროაო,
დასძენდა თურმე სინანულით, – ოჰ, რარიგ სამწუხაროაო,
იმდენად სულელი რად ვიყავი, რომ მომავალს სრულებით ვერ
ვითვალისწინებდიო, ვერ ვითვალისწინებდი, რომ ამ
დაზიანებული, დაჭრილი ხალიჩების პატრონი მე
გავხდებოდიო. მე ყოველთვის ასე წარმომიდგენია აღა-მაჰმად-
ხანი, ჯიბის პატარა დანით შეიარაღებული ჩუმად, ქურდულად
სერავს უძვირფასეს, უფაქიზესსა და უკეთილშობილეს სპარსულ
ხალიჩებს და თვითონვე ხდება შემდეგ ამ შემუსრული,
იავარქმნილი სილამაზის პატრონი. ეს მომავალი დესპოტის
ხასიათია. ჩვენ გვძულს აღა-მაჰმად-ხანი, როგორც ჩვენი მტერი,
რომელმაც უმოწყალოდ დაანგრია თბილისი, გვძულს
იმისთვისაც, რომ მისმა მტრობამ, დაუნდობლობამ და
სისასტიკემ განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა ჩვენი
სიმცირე, ჩვენი პოლიტიკისა და ეკონომიკის სულთმობრძაობა,
ჩვენი უსაყვარლესი და უმამაცესი ირაკლი მეფის რაინდული
სული, მაგრამ ეჭვიც, მისი გადაწყვეტილების სისწორის გამოც
და, საერთოდ, ჩვენი საწყალი ქვეყნის ორწყალშუა და
ორცეცხლშუა დგომა... და თუმცა მისი მტრობა საკმარისი
საწვავი მასალა იქნებოდა იმისათვის, რომ დაენთო ჩვენს
გულებში სიძულვილის კოცონი, მე არ მსურს, ჩვენი მტრობით
შემოვიფარგლოთ... საქმე ის არის, რომ აღა-მაჰმად-ხანი,
როგორც დესპოტი, მტერი იყო ყველასი, იგი ებრძოდა ძმასაც,
მოყვასსაც, გარეშესაც, შინაურსაც, უცხო ტომისასაც,
თავისიანსაც... სპარსელებსაც, ქართველებსაც, სომხებსაც,
თურქებსაც... თუ წარმოიდგენდა, რომ მის მომავალ დინასტიას
ემუქრებიან.
შირაზის აღების შემდეგ 12 წლამდე გოგონები თავის ჯარს
დაურიგა გასაუპატიურებლად, ამავე ასაკის ბიჭუნები კი
დაასაჭურისებინა, ლუფთ-ალი-ხანი საშინელი წამებით მოკლა.
ქერმანის აღების შემდეგ, ლუფთ-ალი-ხანის
თანადგომობისათვის ოცი ათას ქერმანელ მამაკაცს თვალები
დასთხარა, ლუფთ-ალი-ხანს კი პირადად, თავისი ხელით
დასთხარა თვალები. ოცი ათასი წყვილი თვალი მიართვეს აღა-
მაჰმად-ხანს. აბა, წარმოიდგინეთ ოცი ათასი წყვილი
სისხლიანი ბურთულა და ოცი ათასი სისხლით ამოვსებული
ფოსო... ქერმანის ქალები კი თავის ჯარისკაცებს გადასცა
გასაუპატიურებლად... აი, შეხედეთ მის გვირგვინს! თანგირა
ქვაბს ჰგავს, თავზე ჩამოპირქვავებულს, უზარმაზარ ოქროს
ქვაბს, უძვირფასესი თვლებით მოჭედილს... ზურმუხტებითა და
ალმას-იაგუნდებით არის მოოჭვილი აღა-მაჰმად-ხანის
გვირგვინი... შეხედეთ მის მოსასხამს, უმდიდრესს და
უძვირფასესს... მას ისეთი ჩამოქნილი, სუსტი ქვედა ყბა აქვს,
განუვითარებელიც კი, გეგონებათ, არასოდეს დედის ძუძუ არ
უწოვია, თითქოს უწოვრობის ბრალია ასეთი განუვითარებელი
ქვედა ყბა და ფაქიზად, ბავშვივით მოხაზული ტუჩის კუთხეები...
მისი ჩამომჭკნარი, დაღარული სახე ლეღვის კენკრას
მოგაგონებთ... მტკივნეულად არის შეძრული მისი წარბები,
თვალებიდან კი უსაზღვრო სევდა, და შავი ნაღველი
გამოსჭვივის. თითქოს თავს სტკენს სპეკალებით მოკირწყლული
ეს ფასდაუდებელი გვირგვინი, და მხრებს აწყვეტს ეს ძვირფასი
წამოსასხამი... ამ პორტრეტის მიხედვით, არადა ინგლისელი
მალკოლმი დაკვირვებული კაცი იქნებოდა, ჭმუნვას და
სასოწარკვეთას მოუცავს სისხლით უძღები მისი არსება. ბედმა
არ გაუღიმა აღა-მაჰმად-ხანს. ექვსი წლისა იყო, როცა
დაასაჭურისეს. უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. იმდროინდელი
ირანის მზაკვრულმა პოლიტიკამ გამოკვება, გამოაწრთო და
ხორცი შეასხა მის სისასტიკეს და დაუნდობლობას. ამიტომ ის
მსხვერპლიც არის და ჯალათიც... მე ასე მგონია და ბუნებრივიც
არის, ერეკლე მეფის მიმართ შურით და ბოღმით ყოფილიყო
აღვსილი, მისი ცოლების, შვილების, შვილიშვილების, მისი
რაინდობის და ლმობიერების, საყოველთაო სიყვარულის და
წარმოუდგენელი პოპულარობის გამო. თუმცა გამბედაობა და
სიმამაცე, თავის ალაგმვა და თავგანწირვა ხოჯასაც არ აკლდა.
ჯარისკაცების ნადირობით წვრთნის დროს, თვითონაც
გადიოდა მომქანცველ წვრთნას და თავგანწირული
ბრძოლების დროსაც, ლაშქრობებში ჯარისკაცის მწირ ულუფას
სჯერდებოდა. ძალიან საინტერესოა და ყურადსაღები აღა-
მაჰმად-ხანის სიკვდილი. აღა-მაჰმად-ხანი მისმა უახლოესმა
მსახურებმა მოკლეს: საღირამა და ხუდადამ. ცხადია, ამაში
ორიგინალური და სანიმუშო არაფერია, პირიქით, ასეთი
სიკვდილი იმდენად კანონზომიერია უზურპატორისათვის, იქნებ
ის უფრო უცნაური ყოფილიყო, აღა-მაჰმად-ხანი ბუნებრივი
სიკვდილით მომკვდარიყო. ხოჯა ხომ ის კაცი იყო, თავის ერთ
მსახურს თვალები რომ დასთხარა მხოლოდ იმისთვის, მსახური
მას უყურებდა და აღა-მაჰმად-ხანს მოეჩვენა, რომ უყურებდა
ცნობისმოყვარედ, ამას კი საჭურისი ვერ იტანდა. საინტერესოა
აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილი იმის გამო, რომ იგი
განსაკუთრებული სიცხადით ამჟღავნებს დესპოტისა და
უზურპატორის არსს, მის დამოკიდებულებას ღმერთთან. მის
სიკვდილში, როგორც ფოკუსში, თავს იყრის აღა-მაჰმად-ხანის
სიღრმისეული თვისებები, მისი სიკვდილი წარმოაჩენს
მსხვერპლისა და ჯალათის საცოდავსა და საზარელ სახეს,
მარტოობასა და უსიყვარულობაში ჩაძირული კაცის სახეს. აღა-
მაჰმად-ხანის საძილე ოთახის წინ საღირა და ხუდადა ფულის
გაყოფის გამო წაკინკლავდნენ. დღე იყო ხუთშაბათი. აღა-
მაჰმად-ხანი ერთ-ერთ მათგანზე უკვე გამწყრალი იყო, წინა
დღეებში მას აღა-მაჰმად-ხანის სალოცავ ხალიჩაზე შემთხვევით
დაეღვარა წყალი. ყოველივე ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა
იმისათვის, რომ ხოჯას ორივე სიკვდილით დაესაჯა. რადგან ეს
შემთხვევა მოხდა ხუთშაბათს ღამით, ხოლო აღა-მაჰმად-ხანს
დილის ლოცვა, პარასკევ დილით ჯერ არ ეთქვა, მან ბრძანა,
მსახურთა სიკვდილით დასჯა ერთი დღით გადაედოთ და
მეორე დღეს, ლოცვის შემდეგ მოეყვანათ სისრულეში. მაგრამ,
სიკვდილმისჯილი მსახურები არ დააპატიმრეს! იმდენად
არაფრად ჩააგდო მათი სიკვდილით დასჯა... იმდენად
არაფრად მიაჩნდა ადამიანები... იმდენად დაუბნელა გონება
საკუთარი უფლების ლამის ღვთიურმა უზენაესობამ. ვთქვათ,
როგორც შეეძლო, არ დაეპატიმრებინა ძაღლი ან კატა. აღა-
მაჰმად-ხანი მთელ ღამეებს მუშაობაში ატარებდა, ღამით
ფხიზლობდა, გარიჟრაჟზე ილოცებდა და დაიძინებდა. ჰოდა, ის
ღამეც ასე გაატარა... როცა ილოცა და დაიძინა,
სიკვდილმისჯილი მსახურები შევიდნენ საწოლ ოთახში
სრულიად უბრალოდ და მისივე სატევრით მოკლეს. ერთი რამ
არის კიდევ საყურადღებო: აღა-მაჰმად-ხანის დამოკიდებულება
ღვთაებისადმი, ღვთაების სახება აღა-მაჰმად-ხანის
მსოფლაღქმაში. მსახურმა შემთხვევით დააქცია წყალი
სალოცავ ხალიჩაზე. აღა-მაჰმად-ხანმა იგი სიკვდილით დასაჯა.
ცხადია, ეს წყლის დაქცევა მსახურს თავისი თავისა და ღმერთის
შეურაცხყოფად ჩაუთვალა. ალაჰის შიშით ჩაიდინა აღა-მაჰმად-
ხანმა ასეთი სისასტიკე, თუ ალაჰის საამებლად, აშკარაა ის
ამბავი, რომ ალაჰის სახება არ განიცდება მის მსოფლაღქმაში,
როგორც ეთიკური, ალაჰს არავითარი კავშირი არა აქვს
ზნეობასთან. აღა-მაჰმად-ხანისთვის ალაჰი უმაღლესი
ადმინისტრაციული პირია, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკია,
პატივმოყვარეობით გულგამოჭმული არსებაა, რომელსაც
ბევრად უფრო შეურაცხყოფს მის მიმართ ლოცვისთვის
განკუთვნილ ხალიჩაზე წყლის დაქცევა, ვიდრე მის
მფარველობაში მყოფი ადამიანის მოკვდინება. აღა-მაჰმად-
ხანის ღმერთი არც მფარველია, არც ლმობიერი, არც
შემვრდომებელი, არც არსთა შემცნობი და არსთა შემოქმედი,
და ამის გამო არც მიმტევებელი. იგი მსგავსია თვითონ აღა-
მაჰმად-ხანისა, იმ განსხვავებით, რომ მის მფლობელობაში
გაცილებით მეტი ადმინისტრაციული ერთეულები შედის და
მისი დისტანცია ვრცელი და მუდმივია. იგი ისეთივე დესპოტია,
ისეთივე სასტიკი და დაუნდობელი, როგორც თვით აღა-მაჰმად-
ხანი. შეუძლებელია ასეთი ღმერთის სიყვარული. დესპოტია კი
ეყრდნობა ძალმომრეობას, შიშსა და სიძულვილს; მართვის
ვერტიკალი ასეთია: ყველა ქვემდგომს ეშინია და სძულს
ზემდგომი და, თავის მხრივ, ეს ქვემდგომი, შემდეგი
საფეხურისთვის გადაქცეული ზემდგომად, ასევე სძულთ და
ეშინიათ შემდგომ ქვემდგომებს, და ასე შემდეგ. აღა-მაჰმად-
ხანიც ქვემდგომია ღმერთისთვის, და შეუძლებელია, მას არ
ეშინოდეს და არ სძულდეს ღმერთი, და ალაჰის სინონიმები,
ყურანის ყოველი თავის დასაწყისში გამოტანილი „სახელითა
ღვთისა მოწყალისა და შემწყნარებლისა“ მისთვის ფორმალური
არ იყოს. ადამიანურად შეიძლება შეგვებრალოს კიდეც აღა-
მაჰმად-ხანი, მას არც თავისი თავი უყვარს, არც ადამიანი და
არც ღმერთი... მაგრამ ღმერთის დინასტიის მსგავსი დინასტიის
შექმნას მიელტვოდა, და ალბათ, თავის თავს განიცდიდა ამ
მიზნის განხორციელების საშუალებად... და ამ დინასტიის
შექმნის გზაზე სისხლის ნიაღვარი მისდევდა მის კვალს,
დამსჯელი ბრძოლების ცეცხლი და ბოლი და
თვალებდათხრილთა, გაუპატიურებულთა, სახიჩართა და
მოკლულთა წყევლა-კრულვა. აღა-მაჰმად-ხანის მოკვეთილ
თავს კი, რაღაც გზებით ჩამოტანილს ზაქათალაში თუ განჯაში,
სისხლშემხმარს, მტვერსა და ლაფში ამოსვრილს, შარაზე
ბავშვები და ძაღლები დაათრევდნენ... დამეთანხმებით,
ყმაწვილებო, როგორც უნდა გძულდეთ აღა-მაჰმად-ხანი,
ადამიანურად ის ძალიან შესაბრალისია, მარტოობითა და
უსიყვარულობით გულგამოჭმული, რომელიც ბავშვობიდანვე
გააგულქვავეს შეუბრალებელმა ადამიანებმა, მოუკლეს მამა,
ყაჯართა ბელადი, ჩაუკლეს სიყვარული, მოყვასის
თანაგრძნობის უნარი, აავსეს ბოღმით და შურისძიებით. და
თუმცა მან შექმნა დინასტია, ყაჯართა დინასტია, მთელი ას
ოცდაათი წლით, 1926 წლამდე, ის მაინც ჩვენი ერეკლე მეფის
ფრჩხილად არ ღირს! ხომ ასეა, ყმაწვილებო?! – შესძახა
ბოლოს თიკომ.
მოწაფეებმა ტაში დასცხეს, რა თქმა უნდა, ასეაო. თიკომ
გაიცინა, გაიკისკისა, ერეკლეს ოთახის კარისკენ გაჰკრა მზერა,
ბატონი შალვა მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებისთვის ჩამოედო
და რაღაც დავთარს ჩასჩერებოდა, შუბლი კი ისე ჰქონდა
შეკრული, გეგონებათ, გაჯავრებულიაო. დარბაზში ბიჭია
შემოვიდა, წრის წევრებს ხელის აწევით მიესალმა და თიკოს
მიუბრუნდა:
– ლიზიკო ღელავს, თიკო, სადაც არის დაბინდდება,
ქალბატონ ნინოსაც ხომ არ ვაცდევინებთ, არა? – მერე კი
ბავშვებს მიმართა: – თქვენ რომ იცოდეთ, ბავშვებო, თიკო
თქვენხელა რომ იყო, მოკითხვის ბარათიც მისწერა საიქიოს
აღა-მაჰმად-ხანს, უსასტიკესი ბარათი!
– გვითხარით, რაა, მასწ, გვითხარით რაა! – გაისმა აქეთ-
იქიდან.
– არა, ყმაწვილებო, ნუ მთხოვთ! – მკაცრად თქვა თიკომ, –
იმიტომ, რომ, მე რომ ის სიტყვები დავწერე შურისძიებისა,
ლამის უხერხულად ვგრძნობდი თავს... მაგრამ თავის
გასამართლებლად ის მინდა ვთქვა, რომ აღა-მაჰმად-ხანის
სახით მე ყველა დესპოტს ვგულისხმობდი... მთელი ისტორიის
მანძილზე უდიერად რომ იქნევდნენ წიხლებს და ადამიანს
მათთვის ნივრის ნაფცქვენის ფასიც არ ჰქონდა. და მე მსურს,
ყმაწვილებო, მოგიწოდოთ, თქვენს გულებში არ აბოგინოთ
სისხლისმსმელი ტირანები... მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ
მომნუსხავი ქარიზმა, აქვთ მასების მონადირების დიდი უნარი
და ამავე მასების საშუალებით ძალაუფლების მოპოვებისა,
ამიტომ ისინი ძალიან საშიშნი არიან, საგანგებო დაკვირვება და
სიფრთხილეა საჭირო მათ ამოსაცნობად. ამ შემთხვევაში მე
ვგულისხმობ არა საუკუნეების წინანდელ გადამთიელებს,
არამედ, რა თქმა უნდა, ეგრეთწოდებულ მშობლიურ ტირანებს
და, აბა თქვენ იცით, როგორ აიცდენთ თავიდან მათ ჯადოს და
ხიბლს!
მოწაფეები ახმაურდნენ, გთხოვთ, გვითხარით თქვენი
შურისძიების ლექსი და ტირანებს უფრო ადვილად ავიცდენთო.
– ჰო, და ჰო, – შესძახა ბიჭიამაც, ნუ ახვეწნინებ ბავშვებს!
თიკოს გაეცინა, კარგი, არ გახვეწნინებთო, ერეკლეს
ოთახისკენ გასტყორცნა მზერა, სადაც საწერ მაგიდასთან
ბატონი შალვა ისევ ისე იჯდა და შემტევი კილოთი დაიწყო
ლექსის თქმა:

მოკითხვის ბარათი საიქიოში აღა-მაჰმად-ხანს


ჩემი შენდამი სიძულვილი ისე დიდია,
ისე მძვინვარე, სასტიკი და დაუნდობელი,
გიზგიზებს ჩემში მარად უქრობი,
კურთხეული შურისძიება...
ძალი შემწევდეს?
სამარეში გაცოცხლებდი,
დაშლილ-დარღვეულს აგკინძავდი,
ხორცს შეგასხამდი,
თვალს აგიხელდი,
მოკირწყლულ ჯიღას თავს დაგადგამდი,
სუდარად კვლავაც შაჰის პორფირს წამოგასხამდი,
და დაგტოვებდი წყვდიადის მკვიდრად,
საფლავს მდებარედ...
ბნელით მოცული ყოფილიყავ შენ,
ტფილისის დანგრევისათვის!
ბნელით მოცული ყოფილიყავ შენ,
ტფილისის აკლებისათვის!
აწ და მარადის,
უკუნითი უკუნისამდე.
ჩემი შენდამი სიძულვილი ისე დიდია.
მოწაფეებმა ტაში დასცხეს. თიკომ შუბლი შეიკრა:
– გაჩერდით, ბავშვებო! შემდეგი ორშაბათისთვის თემა
მოცემული გაქვთ „ომარ-ხანის შემოსევები და ლეკიანობა
საქართველოში“.
ყმაწვილები წამოიშალნენ. თიკო გაჰყვა მათ გასაცილებლად.
ბატონი შალვაც და ბიჭიაც ფანჩატურისკენ წავიდნენ.
ბატონმა შალვამ თვალი გააყოლა წრის წევრებთან ერთად
ჭიშკრისკენ მიმავალ თიკოს და გულდაწყვეტით გაიფიქრა,
ნამდვილად ჩემზე ბრაზობს და ნუთუ შეიძლება თიკო აქედან
წავიდეს და აქ აღარ იყოსო... შეკრთა და თვითონვე გაუკვირდა,
რატომ ვიფიქრე ასეო... თიკოს უყურებდა, როგორ მიაცილებდა
ბავშვებს, ჟრიამულითა და სიცილით რომ მისდევდნენ,
შორიახლოდან მაყურებელს იქნებ მათგან ვერც კი გამოერჩია.
– ტყუილია თიკოსთანა, არაა, ბატონო შალვა?! ყოჩაღი
ვინმეა... – ბიჭიამ ბატონ შალვას შეხედა, მან კი შუბლი შეიკრა
და თავი დაიქნია, არ მოუნდა თიკოზე რაიმეს თქმა.
– გუშინ მოვედით მე და ნენე შესვენებისას, კაფეში
დავპატიჟოთო, სულ დამავიწყდა, კვირაობით თქვენთან რომ
გახურებული მუშაობაა, ტურისტები იყვნენ გერმანიიდან, ნეტავ
იცოდეთ, რა პათოსითა და სხაპასხუპით უამბობდა
გერმანულად, მე შემოსასვლელში დავჯექი, თან ყურს
ვუგდებდი, თან შთაბეჭდილებათა წიგნს ვათვალიერებდი,
ლამის ყველა დამთვალიერებელი მადლობას უცხადებს თიკოს!
აქ კი შეუძლებელი იყო, არ დათანხმებოდა ბიჭიას:
– მართალია, მასალაც მშვენივრად იცის და გადაცემის
უნარიც კარგი აქვს...
– მე გავიქცევი, ბატონო შალვა, ღვინოებს მივხედავ!
ბიჭიამ ხელი დაუქნია თიკოს, ფეხი ააჩქარეო და
ფანჩატურისკენ გაიქცა. ბატონ შალვას კი თვალწინ დაუდგა
თიკო, რუს ტურისტებს სოლომონ ლიონიძის დატირებას რომ
უთარგმნიდა ისეთი განცდითა და ისეთი გზნებით, ყველა
მოწყლიანებული თვალებით უსმენდა, მერე კი ვინ ავტოკალამს
ჩუქნიდა, ვინ ბუკლეტს, ვინ ბლოკნოტს... საქართველოს
წარსულზე თხრობა ყოველთვის შთაგონებით აღავსებდა,
ამიტომაც მისი მონაყოლი არასოდეს იყო მშრალი და
უფერული. ეს კიდევ რა, კრწანისიც და ერეკლეც გუშინდელი
ამბებია და რა გატაცებით უამბობდა, მაგალითად, უძველეს
ბრინჯაოს ცულზე, ან ქვის ხანის დროინდელ დანებზე, სამი
ათასი წლის წინანდელ კერამიკასა თუ პირველყოფილი
ადამიანის მიერ გამოთლილ მახათებზე, ასეთ აღტაცებას რომ
აღუძრავდა არა მხოლოდ დახვეწილი ფორმების გამო, არამედ
სანახევროდ ველური ადამიანის წარმოუდგენელი
მიხვედრილობის წყალობითაც. და ამ ექსპონატებით
მოხიბლული თიკოს აღფრთოვანება ცოტა მაინც რომ დაეცხრო,
ამიტომაც უთხრა ერთხელ ქალბატონმა ნინომ, ოო, ჩემო თიკო,
სწორედ მიხვედრილობის გამო ჰქვია ადამიანს „ჰომო
საპიენსი“, რომ მახათიც გამოიგონა, ბორბალიც და ხინკალიცო.
თიკო კისკისებდა, კიდევ კარგი მომაგონეთო, ეუბნებოდა
ქალბატონ ნინოს. როგორ უყვარს სიცილი. პატარა რომ იყო
ხომ, თუ აიტეხდა სიცილს, ვეღარ აჩერებდნენ... ახლა მაინც
გაუღიმა ბატონ შალვას, ს პრიეზდომო, დაუძახა კიდეც
შორიდან და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ფანჩატურისაკენ.
მართლაც და მართლაც, თავმოყვარეობაც კარგი რამეაო,
ფიქრობდა, მეც ისე დავიჭერ თავს, ვითომ არც მიმიწერია ის
იდიოტური ლექსიო, დაე, ეგონოს, რომ ჭკუას მოვეგე და
გამოვფხიზლდიო... და ამას მშვენიერი სენტენციაც დაუმატა –
გამარჯვების საწინდარი არის ის, რომ არასდროს თავი
დამარცხებულად არ იგრძნოვო! აი, ასეო! ბატონი შალვა კი
უყურებდა მის წინ მხრების რხევითა და სხლარტი, მსუბუქი
ნაბიჯებით მიმავალ თიკოს, – მას მოდის შესაფერისად ძალიან
მოკლე, სქლად ნაქსოვი ქვიშისფერი კაბა ეცვა, გრძელ, თხელ
კანჭებზე შინდისფერი კოლგოტები, – უყურებდა აწვდილ
კისერზე კოხტად შემომჯდარ, ხუჭუჭა თავს და სევდიანად
ფიქრობდა, ღმერთო ჩემო, რა ახალგაზრდაა... სულ პატარა
გოგონას ჰგავსო... ცნობილი ლექსი გაახსენდა და ნეტავ
შეუსაბამობა ხომ არ არისო, ერთი მხრივ, „ჭაღარა გულის
ზმანება ავი“ და თითქმის იქვე – „და ყოველივე როგორ
ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომისო“.
ამასობაში ფანჩატურში დიდებული სუფრა გაეშალათ.
ლიზიკოს ბიჭების დახმარებით სანოვაგე მოეტანა,
მონადირული სალათა, ნიგვზიანი ლობიო, ყველი, შოთები,
ქადა-ნაზუქი, ოთარს საუცხოო ღვინო მოერთმია ლიზიკოსთვის,
ყვარლიდან გამოგვატანეს და ისეთია, შვილი მამისთვის არ
გაიმეტებსო, მე კი, აი, ცხრალიტრიანი კანისტრა მთლიანად
ჩამოვცალეო და კალათიდან ბოთლებს იღებდა და მაგიდაზე
ამწკრივებდა. მწვადიც უკვე შეეწვათ. ბიჭიამ მწვადით
თავაბმულ დიდ ბადიას ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი დააყარა,
სინი დააფარა და შეანჯღრია... მწვადის საამო სურნელი
ტრიალებდა... ღადარში წვრილი კარტოფილიც ჩაეყარათ და
მუზეუმის ყარაული გიგო რკინის საჩხრეკით იღებდა სათითაოდ
და ემალის თასში ყრიდა... ქალბატონი ნინო და დარეჯანიც
ხელსაწმენდებად ქაღალდებს ჭრიდნენ. მეც მიშველიეთ, მეც
მიშველიეთო, თიკომ და მანაც სუფრას ხელი გაჰკრა, კუთხეში
მიჯგუფული ჭიქები იქვე ბაღში ონკანთან გარეცხა, მოიტანა და
ჩამოარიგა, ის იყო სხდებოდნენ, მშენებლობის ინჟინერიც
შემოემატათ, ხელში ტორტით. აბა, თუ ქეიფია, ქეიფი იყოსო,
ოთარის თამადობითაო, ბიჭიამ დაიძახა და გრძელ სკამებზე
აქეთ-იქიდან, ორმწკრივად შემოუსხდნენ სუფრას, მაგიდის
თავში მხოლოდ ოთარი იჯდა, ყარაულის ჯიხურიდან
გამოტანილ ტაბურეტზე, როგორც თამადა. თიკო შეეცადა, არც
გვერდით მოხვედრილიყო ბატონ შალვასთან, არც პირდაპირ,
ამიტომ, როცა ოთარმა სთხოვა, მოდი აქ შენ, ჩვენთან ახლოსო,
თიკომ იუარა, ჯერ უფროსები დასხდნენო, წყალიც ხომ საჭიროა
სუფრაზე და მე, აი, წყალს მოვიტან გრაფინითო. და გრაფინი
მაგიდაზე რომ დადგა, ყველა უკვე იჯდა: ერთ მხარეს ლიზიკო,
ბიჭია, დარეჯანი და მშენებელი ინჟინერი, მეორე მხარეს კი
ბატონი შალვა, ქალბატონი ნინო და ყარაული ძია გიგო, და
თიკო სწორედ ძია გიგოს მოუჯდა გვერდით. ისეთი ახმახია ძია
გიგო, თავი თუ არ გადავწიე, შალვას ვერც დავინახავო, ჰოდა
ცოცხალი თავით თავს არ გადავწევო, ფიქრობდა
სიამაყემოძალებული თიკო.
ოთარს კი ამასობაში ღვინით სავსე თლილი ჭიქა ეჭირა
ხელში და ქეიფის მიზეზის, ლიზიკოს სადღეგრძელოს სვამდა:
– ამ აფეთქებულ და ალერსიან აპრილის საღამოს, როცა
ირგვლივ ყველაფერი ყავის და ადამიანიც განახლებასა და
სიყვარულს მიელტვის... – და როცა დაამთავრა სადღეგრძელო,
თიკოს გაუჟუჟუნა თვალები, დაცლაზეა ლიზიკოს
სადღეგრძელოვო, მერე კი ქალებს ძალებს არ დაგატანთო,
რადგან ამ ცხრა ლიტრიდან კაცებს ლიტრა-ნახევარი ეკუთვნით
და ქალებს კი მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი ლიტრაო.
ოჰ, რა არაჩვეულებრივი ქინძმარაულიაო, ყველა ამას
ამბობდა და დიდი გრძნობითაც დაცალეს ლიზიკოს
სადღეგრძელო, ქალბატონი ნინოს მეტმა, რომელსაც წნევის
ეშინოდა და ჩემს ერთ ჭიქას ქალებს ვუთმობო, თქვა.
– რა არის, ბიჭო, ეგეთი ღვინო მოგქონდა და იმდენი მაინც
წამოგეღო ორ-ორი ლიტრი შეგვხვედროდა! – შეუძახა ოთარს
მშენებლობის ინჟინერმა.
– ორ-ორიც შეგხვდებოდათ და სამ-სამიც, მაგრამ, აი, ამ
ვაჟბატონმა ჩამომართვა ხუთლიტრიანი კანისტრა, დღეს გვიან
მეგობრები ჩამოსდიან და...
– სხვათა შორის, ძალიან კარგი მხატვრები... – თქვა თიკომ
ხაზგასმით, თითქოს ვიღაცის გამოჯავრებით.
– შარშან თიკოს რო წითელი ნატურმორტი ვაყიდვინე, თქვენც
როგორ მოგეწონათ, ბატონო შალვა? – თქვა ბიჭიამ. მოხუც
ელოსთან იმ გაცრუებული ბურჯის მოხატვის შემდეგ ბიჭია
ცდილობდა, თუმც ამაოდ, შალვასთვის ჩვეულებრივ ძია შალვა
აღარ დაეძახა და ოფიციალურად, ბატონობით მიემართა.
შალვას გაეცინა.
– მე კი ისეთი რამ უნდა შემოგთავაზო, რომ შენ ძველებურად
ძია შალვას დამიძახებ.
– თუმცა დავიფიცე, ჩემ სიცოცხლეში ძიას აღარ დავუძახებ და
არაფერს აღარ ვთხოვ-მეთქი, მაგრამ მინდა, მაინც გითხრათ,
ვიქტორი და სერგეი ნამდვილად დამფასებლები არიან
კულტურისა და სილამაზისა და ძალიან მინდა, ერთი-ორ
ძეგლზე ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ, თქვენ რო გააცოცხლებთ
ხოლმე ძეგლებს, და თუნდაც ნანგრევებს, თუნდაც ძეგლის
ნატამალს, ტყუილია, რაა!
– დიდი ხნით ჩამოდიან? – ინტერესით იკითხა ბატონმა
შალვამ.
– თან მიირთვით, თან მიირთვით, ნახეთ, რა სალათაა! –
დაიძახა ლიზიკომ.
– სალათა კი არა, მე დავაწესე: პირველ რიგში მწვადით
დავიწყოთ. რა ცუდია, მწვადი რო გვიან შემოაქვთ ხოლმე და
ერთ ნაჭერს ან გასწიწკნი, ან არა... აბა, მიირთვით, ბატონო
შალვა, ქალბატონო ნინო. ძია გიგო, შოთიკო... ჩქარა, თორემ
მოდის ახალი სადღეგრძელო! – ამბობდა ოთარი და მწვადით
სავსე ბადიას აწვდიდა ქალბატონ ნინოს. ბიჭიამ კი ღვინო
ჩამოუსხა ყველას და ბატონ შალვას კითხვაზე უპასუხა:
– აქ, ასე, თვე, თვე-ნახევარს უნდათ დარჩნენ და ხატონ, მერე
კი მთათუშეთსა და სვანეთს მოივლიან... დგას ახლა ჩემი ნენე
და ვახშამს ამზადებს, იმის მაგივრად ჩვენთან იყოს, ამაღამ
მატარებლით ჩამოდიან და... – თქვა ბიჭიამ, – მერე კი, უკვე
სექტემბერში კოქტებელში წავალთ და, თუ სიმამრი გაიჩეჩა,
ნენესა და გივიკოსაც წავიყვან.
– აი, მე ისეთი რამე უნდა შემოგთავაზო, რომ უსიმამროდაც
წაიყვან ნენეს და იქნებ დუბლიონკაც კი უყიდო... – და ბატონმა
შალვამ გაიცინა.
თიკომ თავი წამოსწია, შალვას გამოხედა და მწუხარედ
გაიფიქრა, არავის, არავის დედამიწის ზურგზე სიცილი ასე არ
შვენისო...
– არა, მართლა?! – შესძახა ბიჭიამ, – მაგრამ, რა ვქნა, რაღაცა
არა მჯერა თქვენ და ფულიი?!
– რატომაც არა, მუზეუმიც და მეც გადაგიხდით, მართლაც და
მართლაც, რამდენი სურათი გვაქვს შენგან უსასყიდლოდ
ბოძებული, ახლა კი, მინდა შემოგთავაზო, წამოხვიდე ჩვენთან
ერთად ექსპედიციაში, ასე, ათი დღით, ივლისის ბოლოს,
კახეთის მთებში, ბაწარის ხეობის ზემოთ, ძეგლი ყოფილა
თურმე, ჰოდა, ჩანახატებისთვისაც და ფოტომასალისთვისაც...
– ახია, უარი გითხრათ, ძია შალვა, მაგრამ, რა ვქნა, ეს ოხერი,
ჩვილი გული მააქვს... – გაიცინა ბიჭიამ.
– გაცივდა სუფრა, გაშრა ყელი! – დაიძახა ოთარმა, – ეს
ბატონ შალვას გაუმარჯოს! ბიჭია არ ვიცი, ბატონო შალვა,
მაგრამ მე კი მინდა ვიყო იქ, სადაც დიდებული მანდილოსანი
ქალბატონი ნინოა, რომელსაც მთელი ჩვენი ზევით უბანი
მოწიწებით ესალმება... მხოლოდ და მხოლოდ იქ მინდა ყოფნა,
სადაც ეს მშვენიერი ქალბატონები, ლიზიკო და დარეჯანი
არიან, და აგრეთვე, о, боже правый, а слона то не приметил, –
კარგი რუსული გამოთქმით დაუმატა ოთარმა, – სადაც თიკოა,
ვისაც შეჰხარიან დამთვალიერებელთა ლეგიონები, ვისაც
შესციცინებს მოწიფულ მოსწავლეთა კოჰორტა, ვინც აღსავსეა
პოეზიის სიყვარულით და ვინც ლექსების თხზვის და თქმის
უსტაბაშია... – და იგონებდა თიკოს ბავშვობასა და
სიყმაწვილეს, როცა არცერთი საღამო არ ჩატარდებოდა თიკოს
დეკლამაციის გარეშე თუ სკოლაში, თუ კლუბსა და თეატრშიც
კი... და სანამ ოთარი ლექსის თქმისკენ მოუწოდებდა, თიკომ
ბრაზიანად შესძახა:
– კარგი რაა, ოთარ, ნუ გადაეკიდე ამ ჩემს ლექსებს!
– სხვათა შორის, – ჩაურთო შემრიგებლურად ქალბატონმა
ნინომ, – თავის დროზე შალვაც შესანიშნავად კითხულობდა
ლექსებს...
შალვა, რომელიც ამ დროს რაღაც სევდიანად გაჰყურებდა
ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივებით განათებულ კავკასიონს,
ერთბაშად გამოფხიზლდა.
– ოო, ჩემო ნინო, то было раннею весной... – გაიცინა და
ბიჭებს მოუწოდა, განა არ ჯობს, ლიზიკოს ერთი სიმღერა
შეაწიოთო.
და მართლაც, ლიზიკოს საეკლესიო მრავალჟამიერი
მიუძღვნეს... და მერე, ოთარის ჩახუჭუჭებული
სადღეგრძელოების შემდეგ, მღეროდნენ და მღეროდნენ, და
ოთარი, გრძნობამორეული, სიმღერის დროს სულ თიკოს
გაჰყურებდა. ხოლო სიყვარულის სადღეგრძელოს შემდეგ, „იმ
სიყვარულისა, წარსულისკენ კი არა, მომავლისკენ რომ არის
მიმართული, ნაყოფიერებისკენ არის ორიენტირებული და
ნაყოფიერების საწინდარია, იმ სიყვარულის, ახალ სიცოცხლეს
რომ ბადებს“, მან და ბიჭიამ, ხმაშეწყობილად და გულში
ჩამწვდომად „ტურფავ, ტურფავ“ იმღერეს... ოთარი მთლად
დადნა, უღიმოდა და უღიმოდა თიკოს, და თავის მრგვალ,
ხარის თვალებს სურვილით აკვესებდა...
კარგა გვიან წამოიშალნენ სუფრიდან, შეჭიკჭიკებულებიც
იყვნენ. ბიჭია და ოთარი სადგურზე მიდიოდნენ რუსი
მხატვრების დასახვედრად, როგორც წეღან ამბობდნენ;
დარეჯანი და ქალბატონი ნინო ზევით ცხოვრობდნენ, მარქსის
ქუჩის თავში და ჩემი გზაც ხომ იქით არისო, მშენებლობის
ინჟინერმა, მე გაგაცილებთო. თიკო ორ ნაბიჯზე იყო და არც
ლიზიკო იყო შორს, აქვე, გვირაბის უბანში ცხოვრობდა, მაგრამ
ბნელი ჩასასვლელი იყო, შეიძლება ითქვას, ჩახრამული
საცალფეხო ბილიკი და ბატონმა შალვამ ითავა ლიზიკოს
გაცილება. მე ჯიბის ფანარი მაქვს, მოგცემთ და გზას
გაინათებთო, შესთავაზა თიკომ ლიზიკოს. თუ ხათრი გაქვს, შენც
წამოდიო, ლიზიკომ უთხრა, ბატონმა შალვამ რაღა მარტო
იაროსო, შენც ცოტას ჰაერზე გამოივლიო. თიკომ არაფერი
თქვა, ლიზიკომ არ იფიქროს, რომ თავი განზე მიჭირავსო,
ბატონმა შალვამ კი – თიკოს როგორც უნდაო, იქნებ სახლში
ეჩქარება და მე მარტოსაც არაფერი მიშავსო, მაგრამ ლიზიკომ
ხელი მოჰკიდა თიკოს და შენ უკან მოგვყე და გზა გაგვინათეო.
მართლაც, ბატონმა შალვამ ლიზიკოს ხელი გაუყარა და წინ
წავიდნენ, თიკო კი უკან მისდევდა და ვიწრო ორღობეში გზას
უნათებდა. ჩასცდნენ თუ არა სამრეკლოს, უკვე აღარაფერი არ
ჩანდა, მთლად ჩაბნელებული იყო ბილიკი, ზოგან კი ორღობე
ისე ვიწროვდებოდა, ორნი ძლივს მიიკვლევდნენ წინ გზას. აი,
რა კარგია, რომ წამოხვედი, თიკო, რა კარგად გვინათებ გზასო,
ამბობდა ლიზიკო. სასიამოვნო იყო გარეთ, თუმცა ღვინო
მოკიდებული ჰქონდათ და გრილმა ჰაერმა უფრო გააბრუა.
ჩუმად მიდიოდნენ, მხოლოდ ბატონი შალვა გააფრთხილებდა
ხოლმე ქალებს, აქ ჩახრამულია... აქ ღორღია და ფრთხილად,
აქ ბარდია და არ წამოედოთო... თიკოს ეჩვენებოდა, რომ
შალვას თითქოს ჩაყურსული ხმა ჰქონდა, „ჩუმი მღელვარებით
სავსე“, და ეს გაიფიქრა თუ არა, თვითონაც მღელვარება
იგრძნო... ლიზიკო რომ მიიყვანეს და გამობრუნდნენ, ბატონი
შალვა ორიოდე ნაბიჯით წინ წამოვიდა და ერთხანს ასე
მოდიოდნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა... მერე ბატონი შალვა
მობრუნდა და ხელი გამოუწოდა თიკოს. თიკომ ფანარი
ჩააქრო, პლაშჩის ჯიბეში ჩაიდო, მივიდა ბატონ შალვასთან და
ისინი სიტყვის უთქმელად გადაეხვივნენ ერთმანეთს. ასე
იდგნენ ღორღიან ბილიკზე ერთმანეთს ჩაკრულები. ხმას არ
იღებდნენ, გაბრუებულები ღვინისა და მღელვარებისაგან, და
კიდევ კარგი, იქვე, ასახვევში სამეზობლო სკამი იყო
გამართული და იმ სკამზე დაეშვნენ... და ისევე გადაეხვივნენ
ერთმანეთს, თან ისე მჭიდროდ, ისე უძრავად, გეგონებათ,
სამუდამოდ აქ დარჩენას აპირებენო. როდის-როდის, ბატონმა
შალვამ, თუმცა პირში სიტყვა უწყდებოდა, მაინც ამოთქვა: – ეს...
სიგიჟეა... ეს... შეუძლებელია... აქ კი იფეთქა თიკომ: – ეს ხომ
თავისთავად მოხდა... ეს ხომ... ისე ბუნებრივად მოხდა... ეს
არავის ბრალი არ არის... გეხვეწებით... გემუდარებით... ნუ
იფიქრებთ ასე... ბატონი შალვა კი იმეორებდა, ეს...
შეუძლებელიაო... და თან კიდევ უფრო მჭიდროდ იხუტებდა
თიკოს: – ეს... ისეთი ძვირფასი საჩუქარია... რომლის მიღებაც...
უბრალოდ, უზნეობაა... თიკო კი გულმდუღარედ არწმუნებდა,
ორი გზა არსებობსო, წმინდანობისა და ჩვეულებრივი,
ბუნებრივი და ჯანსაღი არსებობისო, და თუ ადამიანი
წმინდანობის გზას არ დაადგა, ჩვეულებრივი, ჯანსაღი
ცხოვრებით უნდა იცხოვროსო, თუ შეუყვარდა, უყვარდეს და თუ
სძულს, სძულდესო, და არა თავის თავს ებრძოდეს და რაღაც
არაბუნებრივ ამოცანებს უსახავდესო, ადამიანი თავისუფლებას
უნდა მიელტვოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა
დაემონოს და კერპად არ გაიხადოს რაღაც ცრუ ზნეობრივი
კანონებიო... ბატონი შალვა იცინოდა, ჩემი ჭკვიანი გოგოვო...“
ამბობდა და პირზე ხელს აფარებდა. მერე კი, როგორც
არაერთს და არაერთხელ, უთქვამს და დაუწერია, „ისინი
თავდავიწყებით ჰკოცნიდნენ ერთმანეთს...“
ზევით რომ ამოვიდნენ, მუზეუმთან, ორიოდ ნაბიჯი გაიარეს და
ბატონმა შალვამ იქვე, სასტუმროსთან ჩაუხვია, თიკომ არ
მოინდომა გაცილება, მეც ხომ აქვე ვარო და მირჩევნია, მარტო
წავიდეო. მართლაც, ერთი სული ჰქონდა თავის სიხარულთანა
და ბედნიერებასთან მარტო დარჩენილიყო, მისცემოდა
სანეტარო ფიქრსა და გულისწამღებ მოგონებას შალვასთან
ალერსსა და ხვევნა-კოცნაზე, მისცემოდა ოცნებას ხვალინდელ
შეხვედრაზე... გაბრუებულს ღვინით და სიყვარულით, ეგონა,
ასეთი თავისუფლება ჯერ არ მიგრძვნიაო... თურმე ყველაზე
დიდი თავისუფლება სიყვარულს მოაქვსო, და მითუმეტეს, აი,
ასეთ საიდუმლო სიყვარულსო, რომ არავინ, არავითარ
შემთხვევაში, არასოდეს, არ უნდა გაიგოსო, ეს იქნება ჩვენი
უდიდესი საიდუმლო, ჩვენს ურთიერთობას სულის შეგუბებამდე
და გულის წასვლამდე რომ გაამძაფრებსო... ასეთი
მომაჯადოებელი ფიქრებით და ატივტივებული განწყობით,
პლაშჩის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მიდიოდა, მიირწეოდა, და
აფთიაქთან რომ შეუხვია, მოედნის ბოლოში თავისი მამა კი
დაინახა. ნიკო გაჩქარებული წამოვიდა თიკოსკენ და
შორიდანვე მოაძახა, შვილო, სადა ხარ ამდენი ხანიო!
– ისეთი ღვინო იყო, მამა, ისეთი ღვინო, გაგიჟდები, შენ რომ
ერთხელ ყვარლელმა ავადმყოფმა მოგართვა, აი, ისეთი
ქინძმარაული, შეიძლებაა, არ დალიოო?!
– გეტყობა, გეტყობა და ბევრი ხომ არ დალიე?!
– არაა, ორი ჭიქა, იქნებ სამიც... – თიკომ გაუღიმა მამას, ახლა
მას ქვეყანა უყვარდა და მითუმეტეს თავისი მოსიყვარულე და
მზრუნველი მამა, – რომ იცოდე, ისე მიყვარხარ, მამა, ისე
მიყვარხარ, შენი გულისთვის მზად ვარ, დიალექტიკური
მატერიალიზმიც კი ჩავაბარო, ყველაფერი შეგისრულო და
ვიყო მორჩილი შვილი... კიდევ რას მთხოვ და რა გსურთ,
ბატონო ჩემო?! – და თიკომ მამას მხრებზე დაადო ხელები და
ლოყაზე აკოცა. მოდი, ცოტა გავიაროთო, ნიკომ თქვა – წესად
ჰქონდა ავადმყოფების მიღების შემდეგ, ძილის წინ ცოტა მაინც
უნდა გაევლო.
– მინდოდა, თქვენს არიფანაში მეც მიმეღო მონაწილეობა,
მაგრამ დღეს რაღაც ბევრი ავადმყოფი დამესია და შევრჩი
ასე...
ღმერთო, რა საშინელება იქნებოდა მამა რომ მოსულიყოვო;
თქმით კი ვითომ დაინტერესებით იკითხა:
– ლიზიკომ დაგპატიჟა? ჩემთვის არაფერი უთქვამს.
– ვინ დამპატიჟა და ოთარმა მთხოვა, ხომ იცით,
ლიზიკოსთვის რა სიურპრიზი იქნება თქვენი სტუმრობა და
ოღონდ მოდით, ოღონდ მოდითო, ბიძაჩემმა ქინძმარაული
გამოგვიტანა ყვარლიდან და ნამდვილად ისიამოვნებთო...
– ოჰ, რა აუტანელია! – წამოიძახა თიკომ, – ნამდვილი
მეტიჩარაა!
– რად არის, შვილო, აუტანელი და მეტიჩარა, რათა, კარგად
გაახილე თვალები და დაუკვირდი, ვინ არის და რა არის...
– კარგი რაა, მამა, – ხმას დაუწია თიკომ და მშვიდობიანი
კილოთი თქვა: – ისე, რა თქმა უნდა, შენი მოსვლა ყველას
გაუხარდებოდა, თუმცა ოთარისაგან მაინც არადელიკატური
საქციელია...
– ოჰ, შვილო, ნეტავ მაჩვენა ვინმე, შენი მოწონებული, კარგი,
დადებითი პიროვნება. ოთარი კიდევ გუშინ და გუშინწინ ხომ არ
გაგიცნია, ბავშვობიდან ვიცნობ, ლამის დაბადებიდან...
– მახსოვს, მახსოვს, მარო რომ მოიყვანდა ხოლმე
ბავშვობაში, შენ გეგონა, სულ შიოდა, და მაშინვე ბებიას
ეტყოდი ხოლმე, ბავშვს აჭამეთო.
– სამი-ოთხი წლით შენზე უფროსი იყო, როგორ უყვარდი და
რამდენს გათამაშებდა, ხომ გახსოვს?!
– ჰოო, მამა, მახსოვს, ყველაფერი მახსოვს, გუშინწინაც
შემხვდა, გადამეკიდა, გავიაროთო და იცი, გაგიჟდები, არც
ბალზაკი აქვს წაკითხული, არც „ომი და მშვიდობა“,
წარმოგიდგენია?! ჰოდა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს?
ნიკომ სიცილი დაიწყო:
– ჩემი მწიგნობარი შვილი, – იცინოდა, ვერ ჩერდებოდა, – მე
მგონი, მთელ ქვეყანაზე არავინ დაიწუნებდა კაცს ბალზაკისა და
ტოლსტოის გამო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ტოლსტოი
წაკითხული ექნება, ოთარი ხომ რუსულ სკოლაში სწავლობდა
და...
– ოო, მხოლოდ ნაწყვეტები! – დამცინავად წარმოთქვა თიკომ
და ნიკოს ისევ სიცილი წასკდა.
– არა, მაინტერესებს, ვინც მოგწონდა და გიტაცებდა, იმათ
გადაბულბულებული ჰქონდათ ბალზაკი და ტოლსტოი,
ლამაზოსა და იმ ნორილსკელ ავაზაკს?
– იცი, მამა, შენისთანა პერსონაჟი უკვე არსებობდა იმ
საუკუნის დასასრულს, და მას დარისპანი ერქვა, ჰოდა, არ
მიხსენო ოთარი, ძალიან გთხოვ, ძალიან გთხოვ! – და კინაღამ
წამოსცდა, მე სხვა მიყვარსო.
– შენ რომ იცოდე, დარისპანი მარადი სახეა შვილის ბედით
თავატკივებული და შეწუხებული მამისა, და სანამ ჩვენებური
მამაშვილობა არსებობს, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ
ყველაში არ ზის დარისპანი, ამ ხარისხით თუ იმ ხარისხით...
ჰოდა, წეღან რომ მითხარი, რა გსურთ, ბატონო ჩემოვო, აი, ეს
მსურს, გაისარჯო შენი დამოუკიდებელი არსებობისთვის და
შენი პირადი ბედნიერებისთვის, გესმიის? შეგნებული გააქვს?
და თუ არა გაქვს, უნდა შეიგნო. აგერ, შენს ამხანაგებს შვილები
ახვევიათ და ჩვენც ხომ უნდა მოვესწროთ რაღაცას?! დროა
უკვე! – მტკიცე და შეუპოვარი კილოთი ეუბნებოდა ნიკო თავის
შვილს.
– კარგი, მამა, აბა, ამაღამ რაღა იქნება და ხვალიდან
შევიგნებ, აუცილებლად შევიგნებ... – იცინოდა თიკო...
– ნუ იცინი, პატარა აღარა ხარ, და სერიოზულად შეხედე შენს
მომავალს, დაიცავი დისერტაცია და შექმენი ოჯახი, აი, ამას
მოვითხოვ შენგან! ჩვენს დროში კაცი თუ ლოთი არ არის,
ნარკომანი და პედერასტი, ეს უკვე დიდი პლუსია...
მაგრამ ამ პლუსის მიუხედავად, თიკოს არ მოსწონდა ოთარი,
და მითუმეტეს ვერ წარმოედგინა ასე „ოჯახის შექმნა“. შალვაც
რომ არა, მე მისკენ, მისი გამოჭყეტილი ჰალსტუხისა და
ჩაშაქრული, პირმოთნე ღიმილისკენ ჩემს სიცოცხლეში არც
გავიხედავდიო... და უკვე ერთი სული ჰქონდა, ჩქარა
დაბრუნებულიყვნენ სახლში, ჩაწოლილიყო საწოლში და
სანეტარო ფიქრებს მისცემოდა, „გაეჩითა“ ყოველი კოცნა,
ყოველი სიტყვა, ყოველი მიმოხვრა, ჩქამი და სულთქმა, და
ძილშიც კი გამსჭვალული ყოფილიყო გათენების მოლოდინითა
და შალვასთან უკვე სხვაგვარი შეხვედრის სურვილით.
და რას წარმოიდგენდა, რომ „გათენდებოდა დილა მზიანი“
და მათი ურთიერთობა, მათი სიყვარული, უკვე აქედანვე,
ტანჯვა-წვალებად იქცეოდა, მხოლოდ დროდადრო, ჟამიდან-
ჟამზე, ბედნიერებისა და სიხარულის მეტად ხანმოკლე, წუთიერი
გაელვებებით, რაც ორივეს დაუკმაყოფილებლობის მწვავე
განცდით აავსებდა და ერთად ყოფნის წყურვილს კიდევ უფრო
გაუსაძლისს გახდიდა. იმიტომ, რომ თავისთვისაც
მოულოდნელად, ანაზდად ამოფრქვეული მღელვარება ბატონ
შალვას შიშითა და სინდისის ქენჯნით ავსებდა... იმიტომ, რომ
არავის დედამიწის ზურგზე, არცერთ სულიერს, არც დიდს, არც
პატარას, არც თანამშრომლებს, არც მომსვლელებს, არც
შინაურს და არც უცხოს, არავის, არამცთუ არ უნდა გაეგო მათი
ურთიერთობის ამბავი, გუმანითაც არ უნდა მიმხვდარიყო, ეჭვიც
არ უნდა აეღო... ოჰ, ღმერთო ჩემო, რატომ არის ასე
გაფაციცებული ადამიანის ცნობისმოყვარეობა სწორედ
სასიყვარულო ამბების მიმართო, კვნესოდა ბატონი შალვა, და
განსაკუთრებით კი აკრძალული სიყვარულის მიმართო!
ერთხელ გავლა კმარა, ერთხელ თვალის შევლება კმარა,
ერთადერთხელ მათი მზერის დაჭერა კმარა, რომ გეში აიღონ,
ხაფანგში გააბან, ტაში შემოსცხონ და „რომ იცოდეთ, რომ
იცოდეთო“ იძახონ, და ეს ძახილი ყველას გადასწვდეს, და
მხოლოდ თანამედროვეებს კი არა, მომავლებსაც... რამდენსაც
გნებავთ იმდენს მოიგონებს ბატონი შალვა თელავის
წარსულიდან, გახმაურებული, აკრძალული რომანების ამბავს –
თუ რძალ-მაზლისას, თუ მოყვრებისას, თუ გადასკვნილი
მეგობრებისა და მეზობლებისას, ცოლ-ქმრულ ღალატს ხომ
ანგარიშშიც არავინ აგდებდა... და ყველა ამ ამბიდან ის
დასკვნა შეიძლება გამოგეტანათ, რომ რაც უფრო დაუშვებელი
იყო, მაინც უშვებდნენ, როგორც ჩანს, ხარისხი და ანდამატი
ემატებოდა, რაც უფრო შეუძლებელი იყო, მით უფრო
დაუძლეველიც იყო და ყველა დროს ყველა, ყველა... ამ
ორომტრიალში იყო ჩაბმული, ამ ეგრეთწოდებული
აკრძალული სიყვარულის ორომტრიალში. მაგრამ ბატონი
შალვა თავს სრულიადაც არ ინუგეშებდა იმით, სადაც სხვები,
იქაც მეო, ბატონ შალვას საკირეში ჩავარდნა ერჩივნა,
თავისიანების წინ გაშავებასა და თავის მოჭრას. არადა რა ექნა
ასე ერთბაშად აფეთქებული მღელვარებისთვის, თან როცა
თიკო ასეთი მგზნებარე და დაუოკებელი იყო და როცა ორივენი
უერთმანეთობას ვერ ითმენდნენ. ო, როგორ შეუძახებდა ხოლმე
თავს, ამ სიგიჟეს ბოლო უნდა მოეღოსო, როგორ
მოეძალებოდა ხოლმე დროდადრო უგუნებობა და რამდენიმე
დღე თიკოსკენ არც გაიხედავდა... მაგრამ დაუსახელეთ ერთი
ვინმე, ერთადერთი, ვინც წინ აღდგომია მოძალებულ სურვილს,
ვისაც ასეთ საჩუქარზე უარი უთქვამს, და ვინც გასძალიანებია ამ
ანდამატურ ტანჯვას და ლხენას! არავინ და არასდროს! და
ბატონი შალვაც ისევ ინუგეშებდა თავს, მე ხომ საზღვარს
არასდროს არ გადავალო, მე ხომ მიჯნას არავითარ
შემთხვევაში არ გადავლახავო და რა მოხდა, გვიყვარდეს
ერთმანეთიო, სადამდეც გვეყვარებაო... თიკო ახალგაზრდაა,
ყოველთვის მოასწრებს საკუთარი ცხოვრების მოწყობასო... და
ჩვენი ურთიერთობა ხომ, ალერსი რაა, შეიძლება ითქვას,
პლატონურიაო. და ისევ, უდიდესი კონსპირაციით, უდიდესი
სიფრთხილით, ასი ყურის გამობმით და ასი თვალის
გამოსხმით, ისინი კვლავ ხვდებოდნენ ერთმანეთს, კვლავ
იძირებოდნენ ალერსში, კვლავ აფრქვევდნენ სასიყვარულო
სიტყვებს, კვლავ თავდავიწყებით ჰკოცნიდნენ ერთმანეთს... და
კვლავ დაუკმაყოფილებლობით აღსავსენი შორდებოდნენ
ერთმანეთს... შემდეგ შეხვედრამდე, შემდეგ ხვევნა-კოცნამდე.
ბატონ შალვას, მიუხედავად თიკოთი გატაცებისა, თუ სწორედ
ამის გამო, არამცთუ ლელიკოზე ხელი არ აუღია, არამედ
პირიქით, დანაშაულის გრძნობით აღსავსე, კიდევ უფრო
ყურადღებიანი გახდა და თავის მღელვარებასაც სწორედ
ლელიკოსთან იოკებდა. ოჰოჰოჰო, ჩემო შალვაო,
ეჟღურტულებოდა ლელიკო, ამ გაზაფხულმა როგორ
აგაღორძინაო... ლამის ახალგაზრდობა დაგიბრუნაო...
თიკოს კი ცეცხლი ეკიდა, განუხორციელებელი ვნების ცეცხლი
და სულ გეგმების დალაგებაში იყო, სად და როგორ
ყოფილიყვნენ რამდენიმე ხნით მაინც ერთად, ერთად, სულ
ერთად, დღეცა და ღამეც, განმარტოებით, ერთად... ხან იმას
ეუბნებოდა ბატონ შალვას, მოდით, მივუბრუნდები ჩემს
სადისერტაციო თემას, მამასაც გავახარებ და მეც მივლინებით
თბილისში ან მოსკოვში წავალო, თქვენც ჩამოხვალთ
რამდენიმე დღით და ერთად ვიქნებითო, ყველას თვალს
მოშორებულიო... ხან იმას წარმოიდგენდა, რომ საგზურით
სადმე წავიდოდა, ერთადგილიანში იქნებოდა, და შალვაც,
თბილისში წასვლის მომიზეზებით, სამი-ოთხი დღით მაინც
თიკოსკენ გასწევდა იქ, მარტოები, მარტოდმარტოები, ბოლოს-
ბოლოს, სიფრთხილისა და აქეთ-იქით ყურების გარეშე,
ოთახიდან გამოუსვლელად და საწოლიდან აუდგომლად,
მიეცემოდნენ სიყვარულსა და ვნებას...
– არა, ჩემო გოგო, არა, – ოხრავდა და კვნესოდა ბატონი
შალვა, – ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება, შენ
გათხოვდები, და რა ვუყოთ, რომ ჩვენში უბიწობა ასე ძვირად
ფასობს, რამდენი გაბედითება, რამდენი განხეთქილება,
რამდენი წყენა და უთანხმოება, და ტრაგედიებიც კი, მოჰყოლია
ასეთ ამბებს... და მე არ დავუშვებ შენ ჩემ გამო რაიმე
პრობლემა შეგექმნას. იქნებ დადგეს ისეთი დრო, უფრო
უბრალოდ შეხედონ ასეთ რაიმეს, მაგრამ მაშინ მე ცოცხალი
აღარ ვიქნები და შენც, ალბათ, და მე ძალიან მინდა ასე იყოს,
შვილიშვილები გეყოლება დახვეული, ჰოდა, ვიყოთ ასე, ჩემო
სიცოცხლე, ჩემო პატარა, ისედაც ნიკოს როგორ შევხედო
თვალებში, არ ვიცი, აგერ რამდენი ხანია ერთმანეთი არ
გვინახავს და უფრო დიდ ცოდვას ვერ წამოვიკიდებ, ვერა,
როგორი ძნელიც უნდა იყოს ჩემთვის ეს... და ჰკოცნიდა...
ჰკოცნიდა... ჰკოცნიდა დაუსრულებლად...
ორშაბათი დღე იყო, მუზეუმში არავინ იყო, თიკომ წრის
მეცადინეობის შემდეგ მოწაფეები გაისტუმრა და მცირე ხნით
გასული ყარაულის მოსვლას ელოდნენ... და თიკოს ბატონი
შალვას სიტყვებზე გული უწუხდა, ბრაზი მოსდიოდა, ეს
ნამდვილი შეურაცხყოფააო, ფიქრობდა, ყველაფერს ხომ
თავისი დრო აქვსო, მესმის, თექვსმეტი წლის გოგონა იყოს
უბიწო და ოცდაექვსი წლის ქალის უბიწობა უბრალოდ
სამარცხვინოაო... და გაღიზიანებული, ბატონი შალვას
კოცნასაც კი თავს არიდებდა. და საერთოდ, კიდევ კარგი,
წერის გარეშე არ შეეძლო, და ექსკურსიების გაძღოლაც და
წრის მეცადინეობაც ძველებურად იტაცებდა, თორემ მოცული
და ატანილი იყო ბატონ შალვასთან შერწყმისა და შეერთების
მტანჯველი სურვილით, რის გამოც ხან თავი სტკიოდა, ხან კუჭი,
აიმრიზებოდა, ჩამოიქუშებოდა და მოწამლულივით
დაიარებოდა... სამსახურში კიდევ როგორღაც თავს იკავებდა
და სახლში ნაკლებად უწევდა თავისიანებს ანგარიშს, ხშირად
სადილადაც არ გამოდიოდა, შეიკეტებოდა თავის ოთახში და
თუ არ წერდა, მუსიკის მოსმენით იქარვებდა გულს.
თავისიანების შეკითხვაზე, რა გჭირს და რა დაგემართაო,
არაფერი, არაფერიო, კაცი ყოველთვის ერთ გუნებაზე ხომ არ
იქნებაო, აი, ახლა კუჭი ამტკივდა და არ შემიძლია ჭამაო. და
ნიკო რომ თავში შემოიკრავდა, ახლავე უნდა გაგსინჯოვო, ან,
ხვალვე გამოკვლევაზე უნდა წაგიყვანოვო, სასტიკ უარზე იყო,
და არც ესინჯებოდა. მერე ისევ გადაეწმინდებოდა გუნება,
ბატონ შალვასთან განახლებული შეხვედრის შემდეგ იმედითა
და სიხარულით აივსებოდა და სახლშიც დააფრქვევდა
სიცილსა და მხიარულებას. და ამ განწყობის ზიგზაგებმა, თავის
შვილზე დაკვირვებით მიჩერებული ნიკო, ეჭვებით აავსო: განა
არა, ჯერ კიდევ როდის ვიფიქრეო და ახლა კი ნამდვილად
ვრწმუნდები, რომ გუმანი არ მატყუებდაო. მითუმეტეს, მარიკომ
მგონი, პირველად აუბა მხარი და მეც რამდენჯერმე გამკრა
გუნებაშიო, უთხრა, მაგრამ, რა მიკვირს, იცი, ნიკო, გრძნობების
დამალვა თიკოს ხომ არ შეუძლია, ყოველთვის ყველაფერს
მიზიარებდა, ახლაც ფრთხილად და ძალიან ტაქტიანად ვეცადე
გამეგო, რა სჭირს და არც ერთხელ არაფერი
წამოუორთქლებია, პირიქით, ეცადა ყველაფერი
გაექარწყლებინაო.
მაგრამ ნიკო რის ნიკო იქნებოდა, თუ ისევ ჩუმად და
ფარულად თიკოს ნაწერებს არ მიმართავდა; ისეთ
განწყობაზეაო, ფიქრობდა, აუცილებლად რაიმეს მივაკვლევ და
თან იმასაც შევამოწმებ, საგნის ჩაბარებას რომ მპირდებოდა
ისეთი ამბით, აბა, აკონსპექტებს თუ არა ლენინის შრომებსო.
მართლაც, ერთ ორშაბათ დღეს, – თიკოს საგანგებოდ
შეურჩიეს, რომ სამუშაოდან თავისუფალი ყოფილიყო, – მაისის
მზიან დღეს, ბიჭიამ და ნენემ გადაწყვიტეს, რუსი მხატვრები
კვეტერაში წაეყვანათ, ბატონ შალვას მუზეუმის მიკროავტობუსი
სთხოვეს, – მოლბერტებისა და საღებავების წაღებასაც
აპირებდნენ, ცოტას წავიმუშავებთ კიდეცო, – ოთარმა და შოთამ
ღვინოებიც მოიმარაგეს, კარგი სამწვადეც, და მთელი დღით
წავიდნენ. თიკო მაინც ყოყმანობდა, დილიდან საღამომდე
ოთარის გვერდით რა გამაძლებინებსო... ისედაც ოთარი დიდ
აქტიურობას იჩენდა, წარამარა ურეკავდა და ხან სასეირნოდ
ეპატიჟებოდა, ხან კაფეში, ხან კინოში, ხან ბიჭიასთან... თიკოც
დროდადრო, თვალის ასახვევად და მამის გულის მოსაგებად,
წაჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ მალევე ბრუნდებოდა უკან. ახლა
კი, მამამ აქედან, ნენემ იქიდან შემოუძახეს. მარიკომ ვაშლის
ღვეზელი გამოუცხო, ნიკომ ნახევარი ბატკანი გადასცა ბიჭიას
ჩაქაფულისთვის და დილიდანვე გაემგზავრნენ. ნიკო კი,
დაბრუნდა თუ არა შუადღისას საავადმყოფოდან, ბედად
მარიკოც არ დახვდა, თინათინმა უთხრა, სკოლიდან მკერავთან
უნდა წასულიყო და შეაგვიანდებაო. ნიკომაც სახელდახელოდ
წაიხემსა და თიკოს ოთახისკენ გასწია. უყვარდა ნიკოს თიკოს
ოთახში ყოფნა, სითბოსა და სიამეს გრძნობდა, მიუხედავად
თავისი კრიტიკული განწყობილებისა თიკოს ოპუსების მიმართ.
კუთხის ოთახი იყო, დიდი და მზიანი, ერთ მხარეს, კედელზე, შუა
აზიიდან ჩამოტანილი ულამაზესი სუზანეთი; რა თქმა უნდა,
ბიჭიას ნამუშევრებიც ჰქონდა, კარგი ნამუშევრები: „ძველი
გალავანი,“ „გვირაბის უბანი“ და „ჭადრის ქუჩა“ კავკასიონის
პანორამით, და ბიჭიას მეგობარი რუსი მხატვრის სიცოცხლით
სავსე, წითელი ნატურმორტი, გახლეჩილი ბროწეულებითა და
ლოყაწითელი ვაშლებით, შუაში კი მღელვარე ყაყაჩოებით
სავსე წითელი კერამიკის ლარნაკი იდგა. ნიკოს არ ეგონა, თუ
ამდენი წითელი ასეთი მიმზიდველი და საინტერესო შეიძლება
ყოფილიყო, არადა იყო, სიღრმე ჰქონდა ამ სხვადასხვა
ელფერის წითელს. თითქოს სიცოცხლის წყაროდან
მოედინებოდა და რკალებითა და წკეპლებით მოფენილ
დეკორატიულ სუფრაზე სიცოცხლეს ამკვიდრებდა.
ორასი მანეთი გადაუხადა ბიჭიას მეგობარს ნიკომ და
უნდოდა, სასადილო ოთახში დაეკიდა, მაგრამ თიკომ არ
დაანება, მუშაობის დროს შევხედავ ხოლმე და გავხალისდებიო.
„მუშაობის დროს“, გულდაწყვეტითა და დაცინვით გაიფიქრა
ნიკომ, ვნახოთ, ვნახოთ, რა მუშაობას გულისხმობდაო... საწერ
მაგიდაზე ისევ ის წიგნები ელაგა მარქსიზმის კლასიკოსებისა,
და აგრეთვე რვეული. ალბათ, თვალის ასახვევადო, გაიფიქრა
ნიკომ და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან პირველ გვერდზე
ერთად ერთი წინადადება ეწერა: „დიალექტიკის ექვსი
ძირითადი ნიშანი“. ნიკომ ხელი ჩაიქნია, ახლა მას უფრო სხვა
რამ აინტერესებდა, იქნებ მიეკვლია ან დღიურისთვის, ან
თუნდაც სასიყვარულო ლექსისთვის, რომ მიმხვდარიყო, ვინ
იყო ის ვიღაც, ვინც თიკოს ასე ამღელვარებდა, ასეთ ტანჯვასა
და სიხარულს აგემებდა, ხან აღტაცებით ავსებდა, მაგრამ უფრო
ხშირად კი უგუნებობითა და სასოწარკვეთით.
საწერი მაგიდის შუა დიდი უჯრა დაკეტილი იყო, აქეთ-იქით
უჯრები კი სავსე იყო საწერი ქაღალდის გაუხსნელი პაკეტებით,
ფანქრებითა და საშლელებით... და გასაღებიც იქვე კუთხეში
იყო მიყუჟული. ნიკომ შუა უჯრა გახსნა და მაშინვე იცნო ის დიდი
საქაღალდე, თიკოს ყოველთვის მაგიდაზე რომ ედო ხოლმე.
საქაღალდე სავსე იყო სუფთად და კოხტად გადაწერილი, –
ღმერთო, რამდენ დროს აცდენს თავისი ამ რაღაც თხზულების
ასე გულმოდგინედ მოგვარებისთვის – ნაკვეთებად დაყოფილი
და დასათაურებული ნაწერებით. აი, ბატონო, „ერეკლეს
სიკვდილი“, „ბატონიშვილები“, „ერეკლეს დაბრუნება კრწანისის
შემდეგ თელავის ბატონის ციხეში“, აი, ესეც, იმ დღეს რომ ნახა
და ვეღარ მოასწრო წაკითხვა, „გენერალ ლაზარევის
უკანასკნელი დღე“, შავად ნაწერი კი ბევრი თაბახი იყო,
უამრავი, თან ისე წვრილად, ვერაფრით რომ ვერ გაარჩევდი.
დღიურის მსგავსი კი ვერა და ვერაფერი ნახა; საწერი მაგიდის
სვეტების თაროებიც მიჯრით მიწყობილ წიგნებს ეკავა, ეს
ძირითადად პოეტური კრებულები იყო. ნიკომ სვეტებს თვალი
ჩაავლო და ისევ საქაღალდეს მიუბრუნდა, ამრეზილი
დაჰყურებდა ამ ნაწერებს და უნდოდა, ისეთი რამ ამოერჩია და
წაეკითხა, რაც ყველაზე მეტად დაარწმუნებდა ასეთი შრომის
ამაოებაში, დროის ტყუილუბრალოდ ფლანგვასა და წყლის
ნაყვაში, ასეთი კი აუცილებლად გენერალი ლაზარევის
სიკვდილი იქნებოდა, ალბათ, რუსების ლანძღვითა და წყევლა-
კრულვით... ვითომ არ იცოდეს, რომ, სანამ საბჭოთა კავშირი
არსებობს, არადა საბჭოთა კავშირი იარსებებს ყოველთვის,
სამწუხაროდ და სავალალოდ, – ჯერ კიდევ როდის უწოდა
მარკიზმა დე-კიუსტინმა რუსეთს თიხის ფეხებიანი კოლოსი,
მაგრამ ეს თიხა ისეთი მყარი და ურყევი გამოდგა, ჩვენ
ვერასდროს ვერ მოვესწრებით ამ ვეშაპის დამხობას, და
თიკოსაც ასეთ რამეებს არასდროს არავინ დაუბეჭდავს, ჰოდა,
იქნიოს უჯრაში მუშტები, სანამ არ მოსწყინდება, რამდენიც უნდა,
იმდენი იქნიოს. და ნიკო, კრიტიკული პათოსით აღსავსე,
კბილების კრაჭუნითა და გაგულისებით შეუდგა რუსი გენერლის
ამბის კითხვას...
გენერალ ლაზარევის უკანასკნელი ღამე

„მაგრამ ვინ არ არის ცოდო...“


ილია

1803 წლის 18 აპრილი


შუაღამისას საშინელმა სიზმარმა გამოაღვიძა ივან პეტროვიჩ
ლაზარევი... შუბლი ცივი ოფლით ჰქონდა დაცვარული... პირი
უშრებოდა... ყურები უშხუოდა... ცუდად ეძინა, ცუდად, ძილში
შფოთავდა და წამდაუწუმ ეღვიძებოდა, ბოლოს, როგორც იყო,
ძილი გაიხშირა, მაგრამ რა, საშინელი რაღაც მოელანდა, მეფე
გიორგი, გვამის ლაქებით დაფარული, კუბოში კი არ იწვა, კუბო
ცარიელი იდგა მაღალ დასადგარზე, იქვე, ცალი ხელით
ჩამოჰყრდნობოდა კუბოს ნაპირს, მეორეს კი, უზარმაზარ, დიდ
ხელს, დაჯირჯვებულ, ლურჯი ლაქებით დაფარულ მტევანს,
ლაზარევს უქნევდა და თან უცნაურად აბრჭყვიალებული
თვალებით მისჩერებოდა. სიზმარშივე შეძრწუნებული იყო
გენერალი, მთელ სხეულში ცივად, ცივად უვლიდა შიში,
უნდოდა, სასწრაფოდ გამოსულიყო სიონიდან, გამოქცეულიყო
და არ შეეძლო, უკანიდან ხალხი აწვებოდა. სიონი სავსე იყო
პანაშვიდზე მოსული ხალხით, სულთათანას ჟღრიალი
ერთვოდა, საშინელი ჟღრიალი, როგორც მაშინ, ნამდვილი
პანაშვიდის დროს, გლოვის ნიშნად ყველა თავის საციქველს
სიონის იატაკზე რომ ჰყრიდა, – მდივანბეგები საწერელსა და
კალმებს, მზარეულები ქვაბებს, ფლავის საწურავს და
ამისთანებს, პირის მწდე ოქროსა და ვერცხლის სასმისებს,
ამილახვარი ცხენთა ძვირფას აღვირებს, ხელჯოხიანები ჯოხებს
და მთელი კუთხეები ეკლესიისა ამ საციქველით იყო სავსე...
მაშინ ლაზარევი გაოცებას იყო, ამას რას სჩადიანო, ახლა კი ეს
ჟღრიალი კიდევ უფრო აშფოთებდა, აგერ ფეხებშიც გამოედო
რაღაც, უკან დახევაში ხელს უშლის... გამატარეთ...
გამატარეთ... უბიძგებენ მთელი ძალით უკანიდან, მეფე ხელს
გიწვდისო... არა გაქვს უფლებაო... უნდა გავიდე... სული
მეხუთება... გიორგი, უზარმაზარი, მოთხლეშილი, გვამის
ლაქებით... ეხვევა ლაზარევს, მარწუხებივით ჩასჭიდებს
ხელებს, შემოაჭდობს... გამიშვით... გამიშვით... მთელი ხმით
ყვირის და ამ ყვირილით ეღვიძება. იქვე საწოლთან, ტაბურეტზე
შემოდგმულ სურას გადასწვდა, წყალი დალია, როგორმე უნდა
დამშვიდდეს და დახუჭოს თვალი, გათენებამდე ჯერ სად არის,
იქნებ როგორმე დაიძინოს, აღარ იფიქროს ამ საშინელ
სიზმარზე და არავითარ შემთხვევაში არ აფორიაქებდეს მათი
გადასახლება... სწორედ ამ აფორიაქებისა და ღელვის ბრალია
ეს სიზმარიც, არადა რატომ უნდა ღელავდეს, რატომ! ეს ხომ
არც არის გადასახლება... რაა, გადასახლების ადგილებში
ასახლებენ?! პეტერბურგში, პეტერბურგში უნდა იცხოვრონ! მაშ
თვითონ რაღა უნდა თქვას, აქ რომ გამოამწესეს, ამ კელების
ბუდეში, გამუდმებით ხმლების ტრიალში და ამ ბრექია,
აუტანელი ბატონიშვილების ურთიერთდაპირისპირებისა და
შუღლის გარემოცვაში... აი, გადმოსახლება თუ გინდათ, ეს
არის, თან რა საშინელი უბედურება დაატყდა თავს... მაგრამ
სამშობლოს სიყვარულიც ხომ არსებობს, მოვალეობაც ხომ
არსებობს ქვეყნის წინაშე, ჯერ სადა ხართ, რამდენს
გადმოასახლებენ აქა, რამდენ ჩინოვნიკს, რამდენ ოფიცერს,
რამდენ ჯარისკაცს, რამდენ მღვდელს? ახლა მათი ოჯახები?!
მათი ცოლ-შვილი?! ამ აკლებულ, მოუწყობელ ქალაქში, ამ
არეულ ქვეყანაში! ჰოდა, როგორ უნდა წამოაორთქლონ
საყვედური, როგორ უნდა გაიფხაკუნონ, პეტერბურგში მიდიან,
იმპერიის უპირველეს ქალაქში! რა უფლება აქვთ, თავისი
წასვლა იჩივლონ?! იულონი ვითომ რაღაცას ფხაკუნობს... ოჰ,
რა გულუბრყვილოა, იმასაც მოუკუპრავენ დღეს-ხვალ, ტყუილი
იმედი აქვს, რომ რუსებს აქ ვინმე წყალს შეუყენებს, ისიც დღეს
თუ ხვალ დასტოვებს აქაურობას... ულაპარაკოდ... ალექსანდრე
ხომ ანგარიშში ჩასაგდებიც არ არის და მასთან ერთად
თეიმურაზი... იყვნენ იქა და სვან შარბათები... აქ ვერაფერს ვერ
იკენკებენ და თავშიაც ქვა უხლიათ... ტრიალებს, ტრიალებს
ქვეშაგებში ლაზარევი, ძილი კი არა, ფიქრი ფიქრზე შემოეჯარა,
ხან რომელი სურათი დაუდგება თვალწინ, ხან რომელი... ჰო,
გაახსენდა, გაახსენდა იმ საშინელი სიზმრიდან ის ახალგაზრდა
კაცი... ვინ იყო, ვინა, სახე ვიწრო, შავგვრემანი...
წურბელასავით... თვალები წვრილი და განზე გაზიდული... ჰო,
ეძახდა ხალხს, გამოატარეთ, გენერალი გამოატარეთო... და
თან რაღაცას ბუტბუტებდა... შავები ეცვა და თვითონაც შავი იყო
წურბელასავით. ჰო, გაახსენდა, გაახსენდა, გიორგის კარზე იყო
ეს კაცი, სწორედ ის არის, ერთხელ ქსიუშა მოაცილა
სასახლიდან, დააგვიანდა, ბატონიშვილებთან გაერთო თურმე,
ლაზარევს კიდევ თათბირი ჰქონდა, ის იყო უნდა გაეგზავნა კაცი
ქსენიას მოსაყვანად და ამ კაცს გამოეცილებინა. რომ მოვიდა,
როგორ ეჭიკჭიკებოდა, ღმერთო, რა მოჭიკჭიკე ხმა ჰქონდა,
ბატონიშვილებს ნართის ძაფით თამაში ესწავლებინათ, ჩაუჯდა
კალთაში, ნართის ძაფს ბოლოები გაუკვანძა, გამოწვდილ
ხელებზე გადააცვა ქმარს, მერე რა პატარა და ფუნჩულა
ხელები ჰქონდა, როგორ უცაცუნებდა... ასწავლა, როგორ უნდა
ამოეხსნა სხვადასხვა ფიგურები და თამაში დაიწყეს... თან
ეჭიკჭიკებოდა, ფიგურებზე ეუბნებოდა ეს „წყალიაო“, ეს
„გუთანიაო“, ეს „კალიააო“... თვითონაც, გენერალს, ამოდენა
კაცს, მებრძოლსა და მეომარს, როგორ მოსწონდა თავისი
თავი, სულ სხვანაირად, ქსენიასთან ურთიერთობის გამო,
იმიტომ რომ თავის სიცოცხლეში, თავის დღეში, ასეთი სინაზე
არავის მიმართ არ უგრძნია და ეს სინაზე მალამოსავით
ედებოდა მის გოროზ გულს, მის უხეშ არსებას. ქსიუშასთან არ
იყო არც უხეში, არც ფიცხი, არც ბრაზიანი და არც არაფერი...
მერე კიდევ ბატონიშვილებს ერთი თამაში ესწავლებინათ,
ხალიჩაზე ბაყაყურად გადაგორება, ან კიდევ, მუხლებზე უნდა
შეადგე ვინმესო, ხელები ჩასჭიდო და გადმოხტეო. არადა
ორსულად იყო, მაგრამ თავისი ოცი წლის მიუხედავად
მთლიანად ბავშვის ხასიათი ჰქონდა, უყვარდა ანცობა და
თამაში, ისე მსუბუქად შეახტებოდა თავის ქმარს მუხლებზე,
ხელებს ჩასჭიდებდა და ასევე მსუბუქად გადმოხტებოდა...
ბეღურა... ბეღურა... პატარა ბეღურა... როგორ ფრთხიალებდა
მის მკერდთან... ქარი რომ ამოვარდებოდა, მერე მტკვრის
ხეობაში რა ქარები იცის, ისინი კიდევ სწორედ მტკვრის პირას
ცხოვრობდნენ, სიონის იქით, აბანოებისკენ, სასახლიდან არცთუ
ისე შორს, – და ქარი რომ ამოვარდებოდა და ააზანზარებდა
კარ-ფანჯარას, შეეშინდებოდა, ძილი გაუკრთებოდა, როგორ
ეკვროდა... როგორ ეკვროდა... გულთან თავს ჩაურგავდა და
ყურებზე ხელებს აიფარებდა... ღმერთო, რა ბედნიერება იყო...
რა ნეტარება... რა ფეხზე ჩამოვიდნენ... რა ფეხზე იარეს...
მაშინვე, მაშინვე უნდა მიმხვდარიყო, იმ საშინელ გზებზე, იმ
კორწოხებზე, ნაპრალების პირას, რა მძიმე ქვეყანაშიც
მოდიოდნენ, უგზოობით ჩახრამულ ქვეყანაში. როგორ
ეშინოდა, არ ჩაჩეხილიყვნენ, არადა ამაზე ადვილი არაფერი
იყო, კლდე ზოგჯერ მათ თვალწინ იმზღვლეოდა, გზა მათ
ფერხთით იხერგებოდა, აღარ იცოდა, რომელ ერთზე ეფიქრა,
თავქაჯშეყრილი მიდი-მოდიოდა, ცალკე ფეხმძიმე ცოლი
ადარდებდა, ცალკე ჯარი, გზის გაწმენდასა და გაფართოებაში
არავინ ხიფათს არ მოსწეოდა... როგორც მართლა ნამდვილი
გადმოსახლებულები, ისე მოიკვლევდნენ გზას... რამდენი
წმენდა იყო საჭირო, რამდენი გამაგრება და თან ცდა და
ყურყუტი გაუთავებლად... ამდენი თავის სიცოცხლეში არ
ულოცია, რამდენსაც მაშინ ლოცულობდა და ღმერთს ჯარისა
და ქსენიას მშვიდობით ჩასვლას სთხოვდა ტფილისში,
მშვიდობით დაბინავებას.
მაგრამ ტფილისამდეც გზებზე ხალხი იყო გამოფენილი,
ხონჩებით, მოსაკითხით ხვდებოდნენ, სიხარულით
სახეგაბრწყინებულები, დიდი ხანია თქვენ მოსვლას
ველოდითო, მადლობა ღმერთს, ჩამობრძანდითო, ეხლა კი
გვეშველებაო, ჯარისკაცებს ხელს ართმევდნენ, გახარებულები
შესცინოდნენ... ტფილისში ხომ წარმოუდგენელი რამ ხდებოდა,
ზარების რეკა, დაფა-ზურნა, ბანებზე შეჯგუფებული ხალხის
ყიჟინა და მისალმება, გიორგი მეფე თავისი მრავალრიცხოვანი
სახლეულით გამოეგება ლაზარევსა და რუსთა ჯარს, სიონში
მადლიერების პარაკლისი გადაიხადა... ქსენიას სიხარულსაც
საზღვარი არ ჰქონდა, რა ბედნიერებაა, რომ ჩამოვედითო, თუ
ასეთ სიხარულს მოვუტანდით ამ გაწამებულ ხალხსო...
ღმერთო, რა სიკეთით იყო სავსე, იმ გაჭირვებას სულ აღარ
ჩიოდა, ეს საწყლებიო, რა შევიწროებულები ყოფილან
მტრებისგან, რომ ჩვენი ჯარის ჩამოსვლაზე ქუდებს ცაში
ისვრიანო... ლაზარევიც კი, – და ის ხომ გრძნობების ამყოლი
სულაც არ არის, პირიქით, – ჰოდა, ლაზარევიც კი აღელდა,
იმოქმედა ამათმა სიხარულმა... შეიძლება ქსენიას
გამოისობითაც: განა ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი შეიძლება
სხვა რამ იყოსო? ეუბნებოდა თავისი მოჭიკჭიკე ხმით, ვიდრე
ამდენი ხალხის, ლამის მთელი ქვეყნის გაბედნიერება ჩვენი
ჯარის მოვლინებით და იმედის ჩასახვითო. ისიც კი სათქმელია,
ეგონა, ველურ ქვეყანაში მოდიოდა და ნეტავ როგორ მოეწონა
მეფის ოჯახი, რა ზრდილობა და განათლებაო, დედოფალზე
ხომ სულ ის იძახა, მე ასეთი ლამაზი არავინ მინახავსო, მგონი,
ეკატერინესაც კი აჯობებდა მშვენიერებითო, ამას კი ცხადია,
თავისი აღტაცებული ხასიათის გამო აჭარბებდა, თორემ სად
ეკატერინეს დიდებულება და სად ამ თვალებდაჭყეტილი
დედოფლის სილამაზე... მეფემ დიდებული სუფრა გაშალა,
რამდენიმენაირი პური ჰქონდათ და უნაკლო ღვინოები. რაც
მართალია, მართალია, ხალხი, რომელსაც ასეთი პური და
ღვინო აქვს, თავში ხელწამოსაკრავი არ არის, ქსენია გაგიჟდა
ლურჯ პურზე, ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამიაო... უმცროსმა
ბატონიშვილებმა ფერხული გააბეს, შუაში ქსენია ჩაიყენეს და
ძალზე მოხდენილად როკავდნენ... ოჰოჰო, რა ამაყი იყო, ასე
რომ შეჰფრფინავდნენ, როგორ კისკისებდა, როგორ ხარობდა
ამ უცხო და უცნობი ხალხის სიხარულით, უნდა ვუშველოთო,
უნდა ავულაგმოთ მტრებიო, ლაზარევს აგულისებდა, თავი არ
უნდა დაზოგოვო... ოოო, პატარა გოგო... ღაბუა მტრედი...
რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი ხანმოკლე ამ ძლივს
ჭარმაგობაში გაბედნიერებული კაცის სიხარული... რატომ...
რატომ... ბავშვივით უხაროდა, ბატონიშვილები რამეს რომ
აჩუქებდნენ, შეიყვარეს, ნამდვილად შეიყვარეს და რამდენ
რამეს ჩუქნიდნენ, სულ ძვირფას რამეებს, ბეჭდები იქნებოდა,
გულქანდა, სამაჯური თუ სხვა რამ, ნახე, ნახეო, რა გულუხვები
არიანო, ეჭიკჭიკებოდა, რა მაჩუქესო, საჩუქრები მართლა
მეფური იციანო, ამ ღარიბმა ხალხმაო, და ისე შეჰხაროდა, ისე
შეჰხაროდა, მეტი რომ არ შეიძლება... დღეობაზე ხომ
დაპატიჟეს, მოინდომა მთლიანად რუსულად ჩაეცვა, წმინდა
შალის დიდყვავილებიანი სარაფანი, კანვით ნაკერი ბლუზა და
სულ ზევიდან ჭრელი შალი, რაც მთავარია, კოკოშნიკიც
დაიდგა შუბლთან, ისე შვენოდა, ისე შვენოდა, თვალს ვერ
აცილებდა ლაზარევი, პატარა ფუნჩულა ხელები კიდევ წინ,
გამობერილ მუცელზე ელაგა კოხტად. ოჰ, როგორ ენატრება ეს
ხელებიც, მწყაზარი სახეც, დიდი, ლურჯი თვალების თვინიერი
მზერაც, ყველაფერი... ყველაფერი. ჰოდა, გაგიჟდნენ მაშინ
ბატონიშვილები, ეს ვინ მოგვივიდაო, ეს რა მშვენიერი ვინმე
გვეახლაო, კოკოშნიკი კიდევ ჩვენი ხევსურული ჯიღასავით
ყოფილაო, ამიერიდან ჩვენც უნდა გავიკეთოთო. ხარობდა
ქსენია, ბავშვივით შემოსცხო ტაში, მე ვიცი კარგად კოკოშნიკის
გაკეთება და თქვენ რომ ამდენ რამეს მჩუქნით, მე უნდა
გაგიკეთოთო... იჯდა და რა თავგამოდებით უქარგავდა გაიანეს
კოკოშნიკს ჩემი პატარა გოგო... ღმერთო, რას მისცემდა, რომ
ის ცოცხალი იყოს, მის გვერდით იწვეს ახლა, მასთან მიკრული
და, როგორც სჩვეოდა, წყნარად და უჩუმრად სუნთქავდეს...
მართლა არც ისმოდა მისი სუნთქვა. თვითონაც როგორ
ერიდებოდა გვიან ვახშმობას, გაგონილი ჰქონდა, ხვრინვა
იცისო და განა დაუშვებდა იმას, რომ თავისი პატარა გოგოს
გვერდით ეხვრინა და შეეწუხებინა... ბოლოს კი როგორ
კრთებოდა ძილში, გაეღვიძებოდა ხოლმე შეშინებულს, ვაიმე,
როგორ ვიმშობიარებო, ვაითუ აქ არ იყვნენ კარგი
ბებიაქალებიო, იქნებ სახლში უნდა დავრჩენილიყავიო, დედა
რომ მეხვეწებოდა და მერე ჩამოვსულიყავით მე და ბავშვიო.
ჩემო სიცოცხლეო, ეუბნებოდა, როგორ გავძლებდი ამ უცხო
ქვეყანაში უშენოდო... და რომ გათენდებოდა, ხალხი
ამოძრავდებოდა, ეტყოდა: აბა, მოდი, ერთი, რა გაჩვენოვო,
გაიყვანდა ბალკონზე და დაანახვებდა მტკვრის პირას
მოსიარულე ხალხს, იცოდე, ესენი სულ აქ არიან
დაბადებულებიო, თან გაიხსენე, სიონში რამდენი მლოცველი
იკრიბებაო, ჰოდა, დამშვიდდი, ჩემო ოქრო, ჩემო პატარა
გოგოო... გაიცინებდა... ჩაიკისკისებდა, უცებ გადაეყრებოდა
ეჭვი და შიში... არ კმაროდა? ამ კელების ბუდეში რომ
გამოამწესეს, ბედიც ასე სასტიკად არ მოჰქცეოდა?!
ულმობლად... ულმობლად... რათა... რისთვის... რამდენი
მახინჯი და გონჯი იბადება, ვითომც არაფერი, რამდენი
გლახაკი და მათხოვარი... ღობის ძირას აჩენენ ზოგნი ბალღებს,
ისე უბრალოდ, ისე სხაპასხუპით ჰყრიან და მაინცდამაინც მას,
გენერალს, ამ ქვეყნის გამგეს, უნდა დამართნოდა ასეთი
საშინელი რამ, მაინცდამაინც იმის პატარა ქსიუშას უნდა
დამართნოდა ის საშინელი სისხლისდენა... თან მშობიარობის
შემდეგ, და საშინკაც... ეს ვარდისფერი... მთლიანად გასაშლელ
ბუტონს რომ ჰგავდა... საკვირველია, ერთი კვირისა და ასეთი
ლამაზი, ერთი კვირისა და ასეთი კოხტად გაფორმებული,
წარბებიც რა გრძელი ჰქონდა, ტუჩებიც კოხტად გამოკრული და
გამობანტული... თავზე ღინღლები აეშალა სიკვდილის წინ...
ამის მოგონებაზე შიგნით ყველაფერი მოეფუტკნება ხოლმე...
ოჰ, დაიწვას სამართალი, ორივე რომ გამოეცალა ხელიდან...
ისე იყო თავზარდაცემული და გაოგნებული, უნდოდა, მათთან
ერთად დამარხულიყო... და ეს, ამოდენა მოვალეობა რომ არა,
ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა რომ არა, იქნებ თავიც
მოეკლა, აღარ, აღარ, აღარ უნდოდა სიცოცხლე უიმათოდ... ოჰ,
როგორ გაუქარწყლდა სიხარული და ბედნიერება...
ჩამოღამდა... დაუბნელდა... ჯერ ისედაც რა იყო და შესჯავრდა
აქაურობა... შესჯავრდა... ქსენიას საფლავი აქვს აქა, სიონში და
საშინკაც მასთან ერთად არის დასაფლავებული. თურმე დიდი
პატივია სიონში დასაფლავება... გმადლობთ ამ პატივისთვის,
დიდი მადლობა, რად უნდოდა, რადა, ოცი წლის გოგოს სიონი
და თუნდაც იერუსალიმი! იმ ნორჩსა და მწყაზარს! მეფე გიორგი
ეუბნებოდა: მე უნდა ვიყო ბავშვის მიმრქმელიო... საშინკა,
საშინკა... ორივე ერთად... ოო, მენატრებით... მენატრებით...
წამოდგა, საშინაო ჩუსტებში წაყო ფეხები, შალი მოიხვია და
აივანზე გავიდა.
ცა ვარსკვლავებით იყო მოჩახჩახებული, გათენებამდე ჯერ
შორს იყო, მთვარე კი არ ჩანდა, ჩაბნელებული იყო ირგვლივ
ყველაფერი, შავად მოჩანდა მეტეხის სილუეტი და მტკვარიც,
მოდიდებული, ძლივს შეინიშნებოდა... დიდი რამე მტკვარიც
არის, ერთი სიტყვით, შეადარეთ რუსეთის მდინარეებს,
წყალუხვსა და თევზით სავსე მდინარეებს... ოჰოჰო, რა თევზი
იცის, რა ძვირფასი, ტყუილია რუსეთში რო თევზია, აქ სახელიც
კი არ იციან იმ თევზებისა, როგორ იწყინა გიორგი მეფემ,
დიდმარხვაში ურმებით დოში რომ გამოგზავნა ჩვენი
ჯარისთვის, ის რა თევზი იყო. ცხადია, დაუწუნა და უსაყვედურა,
აქ მე სახარჯო ხალხი კი არა მყავსო! და იწყინა, რატომ
სწუნობთო, საუცხოოაო. სხვაფრივ დიდი პირის პატივისა
ბრძანდებოდა გიორგი მეფე, მაგრამ იმ თევზს კი თევზი არ
ეთქმოდა! თუმცა, უნდა ითქვას, ნედლი თევზი, ცოცხალს რომ
ეძახიან, არა უშავს, გემრიელია, ქსენია კი გიჟდებოდა, ისე
მოსწონდა, ორსულობაში სულ თევზს თხოულობდა, დარიალის
ვიწროებში რომ შემოვიდნენ, იმ დოღრიალა თერგის ხმის
გაგონებაზე, თან იმ ოღროჩოღროზე კინაღამ ეტლი
გადაუბრუნდათ, ქსენია შიშით აცახცახდა, თვალები
დაუმრგვალდა, თან ის საშინელი შავი მთა რომ დაინახა, ლამის
გადაირია, ასე მგონია, ავი სული ბუდობს იმ შავ მთაშიო, ასე
მგონია, უნდა გადმოგვემხოსო, საშინელია ეს მთები, სული
გეხუთება, და ეს დოღრიალა მდინარეები, თუ თერგი, თუ
არაგვი... მოდი და ნუ მოგაგონდება ვოლგა, უზარმაზარი,
მოდის, მოედინება და ხმას არ იღებს... აქაური მდინარეები
კიდევ, ვოლგის მეასედები, ვოლგის ნატამალები, ზათქით,
გრიალით იკლებენ არემარეს, ქართველებსა ჰგვანან,
გაბრექილ, ხმაურიან ქართველებს, მოვდივართ და, განიო!
მაიმუნები! ჰოდა, მაშინ სტეფანწმინდაში რომ მოვიდნენ, თევზი
მოართვეს, ახალი თევზი, ახლად მოხარშული და ქსენია
გადაირია, ისე მოეწონა, ამ თევზმა ყველაფერი დამავიწყაო, რა
გემრიელიაო, რა სურნელოვანიაო, მერე რა ფაქიზი ჭამა
იცოდა, მაგრამ იმ თევზს ვეღარ ეშვებოდა, ისიც კი თქვა,
სახლში ასეთი გემრიელი თევზი არც მიჭამიაო. გიორგი
მეფემაც, რომ ჩამოვიდნენ, სუფრა გაუშალა და გაიგო თუ არა,
ქსენიას თევზი უყვარსო, უმარჯვებდა და უმარჯვებდა ხან
ცოცხალსა და ხან ლოქოს. სიზმარში კი, რად მოელანდა ისე
საშინლად, ისე შემზარავად... ერთხელ, მხოლოდ ერთხელ
შეეცოდა ეს საწყალი მეფე გიორგი, თუმცა ეზიზღებოდა კიდეც...
შეუძლებელი იყო არ შეგზიზღებოდა და არ შეგცოდებოდა...
მომაკვდავი... წყლიდან ამოყვანილი თევზივით რომ ღაფავდა
სულს... რა ოფლი, რა ქოშინი, რა ხრჩობა... რომ ვთქვათ,
ლამაზი კაცი იყო, მაგრამ სიკვდილის წინ კი შემზარავი.
სასწრაფოდ დაუძახეს, მეფე გიხმობსო, სიტყვა უნდა
ჩაგაბაროსო, და წავიდა. წინა დღეებში ანჩისხატთან
ფეხშიშველა მარიამს მოჰკრა თვალი, მიდიოდა
მხლებლებთანა და შვილებთან ერთად, თავისი მომაკვდავი
ქმრის შესავედრებლად ანჩისხატთან, თან, ეტყობა, ხატი უნდა
განებანათ, რადგან მომაკვდავმა რომ იხმო, მარიამს ჯერ დიდი
ტილო ეჭირა ხელში და სახეზე გადამდინარე ოფლს სწმენდდა,
მერე კი თეთრი მინის ჭურჭლით ხატის ნაბანი წყალი მიართვა
მომაკვდავს... ცრემლი მოერია გიორგის, თან პირს აღებდა,
რომ სულშეხუთულს, როგორმე ჰაერი დაეჭირა, ისხურა წყალი
პირზე, გულმკერდზე მოისვა, ქოშინით, ძლივსძლივს,
წარმოთქვა ტროპარი ცრემლმორეულმა... ლაზარევი კი იდგა
და ელოდა, მეფეს სათქმელი აქვს სიკვდილის წინო და
ელოდა... რატომ, რატომ მოაგონდა ეხლა ის საშინელი სცენა
მეფის სიკვდილისა, ეხლა, როცა ყველაზე მხნედ უნდა იყოს,
როცა გასასახლებელია მეფის ოჯახი. რვა საათისათვის უნდა
გაასახლონ... ყაზახები რაღაც ხანია იქ არიან, ალყა
შემოარტყეს სასახლეს, ოჰოჰო, სასახლეს რომ ეძახიან! სადა
აქვთ ამათ სასახლეები, სადა, სასაცილოც კია, სად უცხოვრიათ
ამათ მეფეებს, რუსეთში თავადიც რო არ იკადრებს ეგეთ
სახლებში ცხოვრებას. ეტყობა, სიზმარიც ამიტომ ნახა და
გიორგის სიკვდილიც ამიტომ აგონდება, უზარმაზარი მთასავით
რო იდო ტახტზე... მარიამი თავს იკავებდა, მაგრამ მაინც
ტირილის ხმაზე, მწუხარე კილოთი ეუბნებოდა მომაკვდავს:
„ბატონო, რას უბრძანებთ შვილებსა ამათ? ვის აბარებთ, თუ
გვეწვია უბედურება რაიმე? დავით უნდა იყოოს ამათი
პატრონი? (თავისი გერის, დავითის ხსენებაზე დედოფალს
შიშით დაუმრგვალდა თვალები და თავიც უსიამოვნოდ
გაიქნია), ანუ თქვენი ძმებიი? ანუ დედოფალი დარეჯან?
დარეჯანის ხსენებაზე ხომ ხელებიც გაასავსავა. გიორგიმ
სვენებ-სვენებით, ქოშინ-ქოშინით აღმოთქვა: – ბატონო...
დედოფალო... გაიგონე... რა გიამბო... მე აუჩენ... მათ
პატრონსა... დიდსა და... ძლიერსა...“ მომაკვდავმა მორღვეული
თვალები აატრიალა ლაზარევისკენ და ძალაგამოცლილი ხელი
ძლივს, ძლივს აიღო და გამოუწოდა: „ივან პეტროვიჩ...
ღენერალო... დაწერე წერილი... იმპერატორ... პავლესთან...
ჩამიბარებია... ანდერძად... ცოლ-შვილი ჩემი... დაა
საქართველო... რუსთა ხელმწიფე... და თვით მაცხოვარი...
იზრუნებს... სამეფოსთვის ჩემისა...“ ისევ მიისვ-მოისვა, უფრო
მოიცაცუნა ანჩისხატის ნაბანი წყალი და წეღანდელივით
ძლივსძლიობით, რადგან უკვე უჭირდა ხელების მოძრაობა,
სამჯერ გადაისახა პირჯვარი. საბოლოოდ კი ცრემლმორეულმა
მიმართა ისევ ლაზარევს: „რუსების... დიდებულების...
საფარველი რომ... მოაკლდეს... საქართველოსა...
საქართველოდგან... ქრისატიანობის ნათელი... განქარდება“.
მაშინ შეეცოდა... ადამიანურად შეეცოდა... თუმცა ისეთი
სიმყრალე იდგა მეფის ოთახში, ვერავითარი მუშკამბარი ვერ
შველოდა მომაკვდავისგან მომდინარე საშინელ ოხშივარს.
მაგრამ სიტყვა კი ჭკვიანური ჰქონდა მომაკვდავს, და დაუფასა
კიდეც ასეთი სიტყვა, რუსეთს რომ აბარებდა თავის ცოლ-შვილს
და თავის სამეფოს. იმიტომ, რომ სასაცილოა ამათი მეფობა და
დედოფლობა, ძალიანაც სასაცილო... ჩვენი დიდი რუსეთი რომ
მიდგას თვალწინ და ჩვენი მეფე-დედოფლები, იმპერატორი და
იმპერატრიცა, რა თავის დაჭერა, რა დიდებულება, რა მიხრა-
მოხრა, რა ბრწყინვალება... უბრალოდ ვერავინ
დაელაპარაკება, იმპერატორი ზევით არის ატყორცნილი,
ლამის ღრუბლებში და ხალხი კი, პირდაუბანელი ხალხი
მიწურებში ფართხალებს. აქ კი, მეფე და ხალხი ლამის ერთია,
მიკვირს და გამკვირვებია, რა ახლოს იყვნენ თურმე ამათი
მეფეები ხალხთან, როგორ უყადრებდნენ თავსა, ლამის
სწორებივით ელაპარაკებოდნენ თურმე. აბა, ეს
წარმოსადგენია?! ერეკლეზე ხო პირდაპირ ზღაპრებსა
ჰყვებიან, იმის ზრუნვაზე ქვრივ-ოხრებისთვისა და
უპოვართათვის. არაა! ჩვენს იმპერატორს ახლოსაც ვერ
მიეკარებიან... რაც მართალია, მართალია, ძვირფასი თვლები
და ოქროულობა ამათაც ჰქონდათ, ძვირფასი ხატები, ძალიანაც
ძვირფასი. ჩემს ქსენიასაც ხომ აჩუქეს ღვთისმშობლის ხატიც და
სამკაულებიც, ღმერთო, როგორ შვენოდა ის გულქანდა, იმის
ბროლივით ყელ-კისერს, როგორ უხდებოდა... სწორედ
მარიამმა აჩუქა და პატარა ბატონიშვილებმა. მაგრამ რა გინდა,
სამეფო რეგალიები კი არა ჰქონდათ და... არც გვირგვინი, არც
სკიპტრა, არც ტრონი, არც ყარყუმის მოსასხამი, სულ
რუსეთიდან გამოუგზავნეს, მაშ, არადა?! იქნებ ფათალი შაჰი
გამოუგზავნიდა, ან სულთანი სელიმი?! მართალია, დაინთქა
თბილისის ხანძარში, მაგრამ მერე ხომ ისევ გამოუგზავნა პავლე
იმპერატორმა ამ მელაკუდა კოვალენსკის ხელით მეფე
გიორგის გვირგვინიც, ხმალიც, პორფირიც, სკიპტრაც, ტრონიცა
და დროშაც, და ამ დაჭყეტილ დედოფალ მარიამს კიდევ
ორდენი წმინდის ეკატერინასი, 1-ლი ხარისხის, გესმიით, რა
პატივია?! ეხლა ამ რეგალიებს გაუვიდა ყავლი. ვინ უნდა
დაიდგას თავზე? მორჩა ამათი მეფობა... და თუ ვინმე გაბედავს
და დანანებით იტყვის, მეფობა მოიშალაო, გეკითხებით, ვის
უნდა ემეფა, ვისა? ვინ იყო მეფობის შემძლე? თავქარიანი
დავითი? ან ის ტრაწიანი იულონი? ვინა, ვინა! იულონი
გაქცეულია ეხლა იმერეთში და იქიდან ვითომ ფაშასთან
აპირებს მოლაპარაკებას რუსების გასადევნად. ვაიი, რატომ
ღმერთი არ გაიცინებს იულონის ფახიფუხზე. ვინ არის ისეთი
გაუგებელი, არ ესმოდეს, რომ მეფობა წმინდა საქმეა,
საღმრთო საქმეა, საქვეყნო საქმეა! მაგრამ არის კიი ვინმე
სამეფო, მითხარით ერთი, ლამის დაჭამონ ერთმანეთი და
ქვეყანაც საბოლოოდ დაღუპონ და ჩაჩეხონ უფსკრულში. აი,
ბატონო, თავის დროზე რუსეთში რომ ვერა ნახეს სამეფო კაცი,
აკი მიმართეს მთელ ქვეყანას, მოდით და იმეფეთ, ვისაც
ძალგიძთო... სამეფო ჭკუა უნდა მეფობას, სიდარბაისლე,
გამჭრიახობა და ქვეყნის სიყვარული, ამათ კი არ ეთქმით, არა,
რომ თავისი ქვეყანა უყვარდეთ, ამათ რომ თავისი ქვეყანა
ჰყვარებოდათ, თავისი ქვეყნის დარდი ჰქონოდათ, განა ასე
მოიქცეოდნენ? ასე გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს? ასე
ააბუნტებდნენ აქაურობას? ასეთ მახეს დააგებდნენ ყველა
კუთხე-კუნჭულში? რა დაავიწყებს, რაა, გიორგი მეფე ოთხას
ჯარისკაცს რომ სთხოვდა იულონის წინააღმდეგ
გასალაშქრებლად, იულონი კიდევ, თავის მხრივ, ორას
ჯარისკაცს გიორგის დასამხობად. არცერთს ერთი ჯარისკაციც
არ მისცა, ნახეს უჭკუო, ან ერთი გაეძლიერებინა, ან მეორე და
თავისი ჯარისკაცები კიდევ ამოეხოცა მაგათ მიშველებაში;
მიდი, იქნიე ხმალიი, ტენე თოფიი, მიიღე მონაწილეობა ძმათა
შორის სისხლის ღვრაშიი, ჩაწექი უცხო მიწაში
დაუტირებლაად... რა კარგია არაა?! ომარ-ხანთან როგორ
თავგამეტებით იბრძოლეს, საქართველოს იმ მთავარ მტერთან,
და რა ქნეს ამ სანაქებო ძმებმა, ნახეთ ამათი მზაკვრობა,
იულონი და ვახტანგ ბატონიშვილები ბრძოლის დროს არ
გამოვიდნენ, თავისი ხალხიც არ გამოუყვანიათ, მტრული
განზრახვა ჰქონდათ თურმე, ომარ-ხანს უნდა შეერთებოდნენ,
თავისი ქვეყნისა და თავისი კარგი მამის მტერს! იბრძოლოს
რუსმა ჯარმა, დაუოკოს ქვეყანას მტერი, კარგია, არაა?! ასეც
უთხრა მაშინ გიორგი მეფეს: ჩემმა ჯარისკაცებმა ბევრი
იბრძოლეს, ბევრს იბრძვიან და მომავალშიც ბევრს
იბრძოლებენ ქვეყნის დასაცავად, რომ შინა სისხლის ღვრებშიც
არ ჩაერივნენო. თუნდაც ამათი წერილები რომ ავიღოთ, ჩვენ
ხომ ყველა წერილის პირი გვაქვს, ყურო, ნუ გაიგონებ, რას
სწერენ ერთმანეთზე, რა ბადეს უქსოვენ და რა ძირს უთხრიან...
დავითი? სახეზე ნათელი რომ გადასდის და ლექსებსა სჩხაპნის,
(ლექსებს თურმე ყველანი სწერენ, ლექსაობა აქ დიდად
მიღებულია), ქსიუშასაც კი ასწავლეს ერთი პატარა ხალხური
ლექსი და რა თავგამოდებით ამბობდა, ლაზარევსაც
ჩაუჯდებოდა კალთაში და აბა, გაიმეორეო, გაიმეორეო, და ისიც
ხათრს ვერ უტეხავდა და ქართულ სიტყვებს ძლივს
გამოსთქვამდა: მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი... მერე კი ისე
სასაცილოდ ამბობდა, რომ ქსიუაშა კისკისებდა და კისკისებდა,
და რა იქნებოდა ეკისკისა... რა იქნებოდა...
ჰოდა დავითი? თავი დიდად პროგრესული რომ ჰგონია,
რაებსა სწერს თავის ძმა ბაგრატს? კახეთის ჯანიშინს? იულონი
ლეკივით არ დაზოგოვო, ესროლე თოფი როგორც ლეკსაო. და
კიდევ, რა მზაკვრულად არიგებს, როგორ ცილისწამებაზე
აქეზებს! არადა, ყველა ტახტისაკენ იწევდა, ამ დავითს ხომ
ვითომ ეკუთვნოდა მეფობა, იულონს კიდევ მიაჩნდა, რომ ის
იყო ქვეყანაში უპირველესი, და ფარნაოზი რომ ფარნაოზია,
ისიც კი ფეხს იწვდიდა ტახტისკენ... ის მშფოთვარე ქალბატონი?
დარეჯან დედოფალი? აგეერ, ახლა სიბნელეა, არა ჩანს,
თორემ მეტეხის იქით, გამოჩნდებოდა მისი მარაოსავით აივანი,
მისი ე. წ. სასახლე. ისეა გადმოყუდებული მაღლიდან და
კოხტად, მარაოსავით მორკალული აივანი, მართლა რაღაც
გეგონება, მოუვლი მეორე მხრიდან, მიხვალ და არაფერი,
რაღაც ორიოდე კინკილა ოთახი; სწორედ აქ დაატუსაღეს ეს
ბობოქარი ქალბატონი, ისიც მეფობის მოსურნე, ბატონიშვილ
ვახტანგთან ერთად... და ერთადაც გაუყენეს გზას
პეტერბურგისკენ, ახლა ჩასულები თუ არა, მიახლოებულები
იქნებიან, თებერვალში წავიდნენ, მაგრამ რაში არ ეპარება ეჭვი
და, იმაში, რომ დავითს ნამდვილად აჯობებდა ბებია და თავის
შვილებსაც, მეტად აქტიური ქალბატონი ბრძანდებოდა,
ერეკლეს გვერდით გამოწრთობილი. აბა, როგორ ჰქუხს
ერეკლეს სახელი და შვილები და შვილიშვილები კი ამისთანა
ქარაქუცები გამოუვიდნენ. როგორცა სჩანს, ყველაფერი
ერეკლემ წაიღო თან, იმიტომ, რომ, გიორგი მეფეც რა იყო და
რას წარმოადგენდა? რამდენჯერ ლაზარევს თავისი ყურით
გაუგონია, „თვითონ მაცხოვარი იზრუნებს ჩემი სამეფოსთვისო“,
და „დასაწყისი სიბრძნისა არს შიში უფლისაო...“ სულ ასეთ
ლოცვა-კურთხევაში იყო და ღმერთმანი, ისეთი ლოხი და
გულუბრყვილო რომ არა ყოფილიყო, ლაზარევს ნამდვილად
პირმოთნე და ფარისეველი ეგონებოდა. ამ სიზმარში კი რა
საზარელი იყო, აბრჭყვიალებული თვალებით რომ
მისჩერებოდა და ხელს უქნევდა, უკანიდან კი ის წურბელასავით
კაცი, დედოფლის ყულუხჩი, აწვებოდა... თან რა გამაყრუებელი
ზრიალი და რახუნი ისმოდა, ყურთასმენა იყო წაღებული...
თვითონაც არ იცის, რად ღელავდა, რა აფორიაქებდა?!
როგორც ისინი გაასახლეს, როგორც ისინი წავიდნენ, ბაგრატ
ჯანიშინიც თავისი ცოლ-შვილით, ასევე წავლენ ესენიც... იქნებ
იმიტომ ღელავს ასე, ქსენიას ძალზე კარგად რომ ექცეოდნენ,
რომ მართლა შეიყვარეს და შეივრდომეს... მერეც რამდენი
იტირეს და ივაგლახეს იმათი სიკვდილის გამო, მასაც როგორ
ანუგეშებდნენ, როგორ ზრუნავდნენ... გიორგი მეფემ ივანე
ბატონიშვილი მიუჩინა... სხვათა შორის, ვინ არის ამათში
გონიერი და დაფიქრებული და, ივანე ბატონიშვილი, მაგრამ
რა, ისიც დავითს ამოუდგა მხარში. ჰოდა, არ უნდა აღელდეს,
არა, აგერ ძილითაც ვეღარ დაიძინა, ზის აივანზე და გაჰყურებს
ჩაბნელებულ არემარეს, თან როგორ უბერავს მტკვრიდან
ნიავი... ზის და ფიქრობს ხვალინდელ, რაღა ხვალინდელ,
დღევანდელ დღეზე, ძნელი დღე ელის, ძნელი და მძიმე,
გასახლება, ვისიც უნდა იყოს, სასიმოვნო საქმე არ არის, თანაც
ამოდენა ბავშვები და ქალები... მოსამზადებლად საკმაო დრო
ჰქონდათ... არა, არც უნდა იფიქროს, რომ ეს გასახლებაა,
გადადიან საცხოვრებლად პეტერბურგში, არა სადღაც
მივარდნილ ადგილებში, არა რუსეთის სიღრმეში, არამედ თვით
პეტერბურგში! რა ლარივით ქუჩები უნდა ტკეპნონ, ამ ოღრო-
ჩოღროების მაგივრად, რა სასახლეები უნდა ნახონ, რა
საზოგადოებაში უნდა გაერივნენ? ღირსნი კი არიან? ვერ
შეუგნიათ, ვერაფერი ვერ შეუგნიათ! გააცილებს მცხეთამდე,
ცხადია, მოინდომებენ საფლავებთან გამოთხოვებას... და რომ
მობრუნდება, სიონში პარაკლისს გადაიხდის, ამათი წასვლისა
და გაცილების პარაკლისს, ქსენიას კი, როგორც სხვა დროსაც
გადაუხდის ხოლმე, პანაშვიდს შეუკვეთავს... დაცვა ისეთი
გაძლიერებულია, ვერავინ ვეღარაფერს ვერ გაბედავს. ეს
ქალბატონი დედოფალი ხომ უჩუმრად თუშეთში აპირებდა
გაქცევას, მისავე ახლობელმა კალატოზიშვილმა შეგვატყობინა,
მთავარი ხომ ყოველთვის ეს არის, შიგნით, მათ შორისვე
მოიპოვო მომხრეები და გამცემები, ჰოდა, შეგვატყობინეს
გაამაგრეთ დაცვაო, და აკი მოვაბრუნეთ კიდეც... არ ნებავს
რუსეთში წასვლა! აფსუს, პეტერბურგი, აფსუს?! თუშეთზე
გაცვალო, რაღაცა ფშავ-ხევსურეთზე, რაღაცა მთებზე, საშინელ
კორწოხებზე, ლამის პირველყოფილ ხალხზე! იმის მაგივრად,
უხაროდეთ, მზამზარეულად რომ დამკვიდრდებიან იმისთანა
ქალაქში, სატახტო ქალაქში და სიზმარში ეგონებათ თავი!
ეღირსებოდნენ როდისმე რუსეთთან, დიდ რუსეთთან ეგეთ
ერთობას! საჭმელი არ მოაკლდებათ და სასმელი, ჩასაცმელი
და დასახური, მეტი რა უნდათ, რა ნებავთ?! შფოთისთავი
დარეჯან დედოფალი, პირველი ამმღვრევი წყლისა, დადგეს
ეხლა და ამღვრიოს ნევა, სანამ არ მოსწყინდება. ოჰოჰოჰო, რა
მზაკვრობასა ხლართავენ ერთმანეთის წინააღმდეგ... მაინც რა
უკვირს და გაჰკვირვებია და ხო პატარაა ეს ქვეყანა, პატარა,
მაგალითად, გრაფ ორლოვს ათი ამოდენა მამულები აქვს,
ჰოდა, ინტრიგებით, ქიშპობით, მალული ხრიკებით,
გაიძვერობითა და ბეზღობით, ქვემძრომობითა და სარმის
გამოკვრით, და რაც მთავარია, პირველობისკენ მისწრაფებით,
თან დაუმსახურებლად, ყველა პირველობის სნებაშეყრილია –
ყველას მეფობა უნდა, შემირცხვენია დიდი ქვეყანა, ღმერთმანი,
ყველას გადააჭარბებენ, ყველას აჯობებენ... მაგრამ ნურას
უკაცრავად, მათ კი ვერ გააცურებენ, ვერავითარ შემთხვევაში,
პირიქით, ლაზარევმა გააცურა დავითი, გააცურა და
გააცუცურაკა, და განა არ იყო ღირსი? ვინც თავისი ქვეყნის
ტრაგიკულ მომენტში სიმამაცეს ვერ გამოიჩენს და რისკზე ვერ
წავა, ვისაც იმდენი ჭკუა არ ეყოფა, რომ გაერკვეს შექმნილ
მდგომარეობაში და მიხვდეს, რომ აცუცურაკებენ, განგებ
აყოვნებენ, რომ სამეფო ქვეშიდან გამოაცალონ, ის განა
მეფობის ღირსია? ხალხის წინამძღოლად გამოდგება? პოლკი
ჰო, პოლკს გაუძვება და ქვეყანას?
ის ყეყეჩი იულონი კიდევ უთვლიდა და უთვლიდა, თან
წერილსაცა სწერდა, მე გამომაცხადე მეფეთაო. ტახტი ერთი
იყო, ერთი, ერთი, გაიგეთ! რომ გაგეგოთ და შეგეგნოთ, ეჭვი არ
ეპარება, ამ ქვეყნისთვის კი ძალიან ცუდი იქნებოდა რომელიმე
ამათგანის მეფობა, მაგრამ იქნებ კიდევაც შეენარჩუნებინათ
ტახტი... თუმცა ძნელი სათქმელია, ძალიან ძნელი, ამისათვის
ერეკლე იყო საჭირო, სახელმწიფო ჭკუა იმასა ჰქონდა.
წამოსვლისას მასალებს გაეცნო, აქ რომ ჩამოვიდა, აქაც
რამდენი რამ გაიგო, კაცმა რომ თქვას, ყველაფერი გაიგო
ამათი, და აქაური თუ ვინმე მოსწონს, ეს ერეკლეა, ეს მართლა
გმირთაგმირი, თან როგორი რაინდი, არ უღალატა თავის
მოცემულ სიტყვას, შეება იმ საზიზღარ აღა-მაჰმად-ხანს და
საწყალმა არც იცოდა, რომ ხოჯა მსტოვრებს მსტოვრებზე
გზავნიდა და გუდოვიჩს საჩუქრებით ავსებდა, იმ მექრთამეობის
უსტაბაშს, ქრთამისთვის საკუთარ დედას რო გაჰყიდის და
ფეხებზე არ ეკიდა ერეკლე და საქართველო? თუნდ წყალსა და
მეწყერს წაეღო?! ლაზარევს მიაქვს გულთან ახლოს ამ ქვეყნის
ამბავი, ამიტომაც უნდა ამათი მალე გასახლება, რომ
დაწყნარდეს და დამშვიდდეს ქვეყანა. მეტისმეტად
გულუბრყვილო გიორგი მეფე, სხვა სიტყვა რომ არ ითქვას,
რუსებს ფიანდაზად ეგებოდა, მაგრამ რუსიც არის და რუსიც, ის
გველაძუა კოვალენსკი, ის ქვეშქვეშა, დათაფლული სიტყვებით
ისე დაახვია თავბრუ, ისე შეუძვრა, ორთაჭალის საუკეთესო
მიწები უბოძა მეფემ, პირველი სტუმარი მეფისა ის იყო... და
კნორინგი? ფულის ტომარა, იმდენი ფული აქვს, რომ
გესროლოს, წაგაქცევს, კვალში ჩაუდგა ლაზარევს, ჩამოართვა
პირველობა! ოო, რა მუზმუზელაა, პირველი მოსურნე
ბატონიშვილების გასახლებისა, თვითონ განზე გადგა და ეს
სასიამოვნო საქმე ლაზარევმა უნდა განახორციელოს, ნარი
ლაზარევმა უნდა გლიჯოს! და ამას იმიტომ კი არ ამბობს, ნარის
გლეჯა უჭირდეს, თავისი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის ნარსაც
დაგლეჯს და თუ საჭირო იქნება, თუ უბრძანებენ, ამათ ყველას
აჰყრის დედაბუდიანად! იცის ლაზარევმა, რომ ამათი
გასახლებით დამკვიდრდებიან აქ რუსები, ამ ქვეყანაში კი
მხოლოდ რუსთა ბატონობაა საჭირო და აუცილებელი! სხვათა
შორის, რამდენჯერ უფიქრია კიდეც – ცხადია, ამას მაგ
ჩიტირეკიებს ხმამაღლა არც ეტყვის, რა საჭიროა ამდენი
წვრილ-წვრილი სახელმწიფო? აბა, რა საჭიროა მათი
დამოუკიდებელი არსებობა? მითუმეტეს , ასეთი
დაქუცმაცებული და დაშლილი ქვეყნისა?! მთელი სამი საუკუნეა
აშლილია, ან რომ ვთქვათ, რამდენი ხანი იყო გამთლიანებული
და აღორძინებული? როგორც წაიკითხა და გაიკითხა, ძალიან
ცოტა ხანი, რა არის ქვეყნისათვის საუკუნე და საუკუნე-
ნახევარი? მერე დაიშალა და დაიშალა... და ახლა, შექმნილ
მდგომარეობაში რომ გაერკვია და ამათი ხასიათიც გაიგო,
ურუსებოდ ვერც გამთლიანდება! ერეკლემ, იმ უჭკვიანესმა
კაცმა, იმ თავდადებულმა თავისი ქვეყნისთვის, ვერ გააერთიანა
და ეს ჩიტირეკიები და ქარაფშუტები გაუძღვებიან და
გააერთიანებენ?! დიახაც რომ ჩვენ უნდა გავამთლიანოთ, ჩვენ
მთლიანი ქვეყანა გვინდა, გამჭრიახი იყო ერეკლე, იმიტომ
დატოვა ისეთი ანდერძი, ერთი შეხედვით, სულელურიც რომ
შეიძლება გეგონოს, მაგრამ ოდნავად რომ ჩაუფიქრდები,
მაშინვე მიხვდები საქმის ვითარებას: იცოდა, რომ გიორგი
ავადმყოფი იყო, წყალმანკი სჭირდა, დიდხანს ვერ გაძლებდა,
და არ სურდა, ეს ღმერთის მოძულე დავითი, ლექსების
მჩხაპნელი და ვაჭარ სომხებთან დამოყვრებული ანგარების
მიზნით, ტახტზე აბრძანებულიყო, და ქვეყანაზე კი არა, საკუთარ
კეთილდღეობაზე ეფიქრა, და ისეც დაშლილი ქვეყანა უარესად
დაეშალა. ისინი კი გააერთიანებენ, რუსები, აუცილებლად
გააერთიანებენ, სწორედ ასეთი გეგმა აქვთ, გააერთიანონ და
ქვეყანა ქვეყანად აქციონ, სულ მალე იმერეთიც შემოუერთდება,
სხვა სამთავროებიც, და ეს დანაწევრებული ქვეყანა აღდგება
და გამთლიანდება, დიახ, სწორედაც მთლიანი ქვეყანა უნდათ,
ჰოდა, არ უნდა უხაროდეთ? მაშ, სიხარულით მაღლა-მაღლა არ
უნდა ხტოდნენ? არ უნდა ესმოდეთ, რა დიდებული ჩაფიქრებაა,
მართლა რუსეთს რომ ეკადრება, ისეთი. თანაც, ვეღარც
სპარსეთი და ვეღარც თურქეთი ფეხს რო ვეღარ გააფხაკუნებენ,
ლეკებიც აილაგმებიან და კმაყოფილები არ უნდა იყვნენ?! ვის
ეკუთვნის, თუ არ რუსეთს, ქვეყანაზე ხელმწიფება! აი, ვის არ
ესმოდა ესა და სოლომონ ლიონიძეს, იმ გველს, იმას, იმ
ღრძოს, რუსთა მოძულეს, ცეცხლმოკიდებულივით დარბოდა და
ყველას მოუწოდებდა, მოდით გონებასაო, ქვეყანა იღუპებაო.
კიდევ კარგი, დავითმა არ უსმინა, არც სარდალმა იოვანე
ორბელიანმა, არც მუხრანბატონმა და არც სხვებმა... თვითონ
ქართველებივე გვაფრთხილებდნენ, იცოდეთ, ლომსავით
იბრძვის სოლომონიო, ხან მოუწოდებს, ხან ემუდარება, საქმეს
ურჩევს, აფრთხილებს, რაც ძალი და ღონე აქვსო... მერე ხომ
იცით, რა მჭევრმეტყველია, რა განსჯის უნარი აქვს, ეჩიჩინება
და ეჩიჩინებაო, ბატონებო, ფრთხილად იყავითო, ჯვარცმულის
მადლმა, იღუპება ქვეყანაო, იქით სარდლები იწევენ, აქეთ
მეფის ძენი, მელიქი და სომხობა გველურად იქცევაო, და
მოდით გონებასაო, დაფიქრდით და შედით საქმის ბჭობაშიო,
დავითის მტერობისთვის რად უნდა შეექმნათ მტერი
ქვეყანასაო. ლაზარევს კი რაა, ეძინა? უთრევდა და უთრევდა
დავითს საბელს, იმპერატორის ბრძანებას დაუცადეთო.
სოლომონ ლიონიძესაც შეუთვალა არაერთხელ, გეყოფათ
ბობოქრობაო, და რომ არ დადგა, შეხვდა კიდეც და
მშვიდობიანად მოსთხოვა, რაღა თქვენი არევა უნდა ისედაც
არეულ ქვეყანასაო, დავითს მეფობისკენ რომ მოუწოდებთ,
თქვენ ხომ არ გესწავლებათ ვინ ვინ არისო! დიახაც რომ არ
მესწავლება ჩემი ქვეყნის ამბავი, ამიტომაც ვამბობ და
მოვუწოდებ ყველას, მეფობის მოშლა არ შეიძლება, არა!
არასგზით და არავითარ შემთხვევაშიო. თან ისე შეუპოვრად
უყურებდა, თვალს თვალში უყრიდა, მის მზერას ძალა რომ
ჰქონოდა, ადგილზე გააქრობდა.
– ვის ხედავთ სამეფოს, ვისა! თავისი ძმების აუგს პირველი
თვითონ გიორგი მეფე მეუბნებოდა, როგორ სძულთ
ერთმანეთი, როგორ არიან აშლილები, მღვრიე მდინარე რო
მოჰქუხს და ზათქით აყრუებს არემარეს, ასე გააყრუა მათმა
სიძულვილმა და შფოთმა ქვეყანა! მე პატივს ვცემ თქვენს
გონებასა და დამსახურებას ქვეყნის წინაშე და რომელი ერთი
გითხრათ, რომელი ერთი, ისაა, თუ როგორ უნდოდათ ჯერ
კიდევ საწყალი გიორგის გადაგდება და იულონის გამეფება,
ბატონიშვილი ალექსანდრე, ის მტერი თავისი ქვეყნისა,
იულონის გასამეფებლად და ჩვენს გასაძევებლად ლეკთა
ჯარის შემოყვანას რომ აპირებდა ტფილისში, თან იმერეთის
მეფეს ჯარს რომ სთხოვდა... და დავითი? ნეტავ გაჩვენათ
დავითის მზაკვრული წერილები, როგორ მოუწოდებს თავის
ძმას, კახეთის ჯანიშინს, ხალხის აჯანყებისკენ, ძმათა
სისხლისღვრისკენ, და ალმასხანი თუ გადმოვიდეს,
დაუნანებლად ესროლეთო! სუსტი და სასტიკი – ასეთი მეფე
გამოადგება თქვენს ქვეყანას?! და იულონი? ახლა იულონის
წერილები და ჯარის თხოვნა? აკი შეგროვდნენ კიდეც დუშეთს,
იქიდან მცხეთაში უნდა დაეგვირგვინებინათ იულონი მეფედ!
განა დავითმა არ წამიყვანა ქართლის დასამშვიდებლად და
თავისი ბიძების დასასჯელად, ისინი კი ომარ ხანსა და ლეკებს
მოუწოდებდნენ დასახმარებლად, იოვანე ბატონიშვილი სდევდა
ჩვენი ჯარით მათ, თქვენ ხომ მოგეხსენებათ ყოველივე?! და
ახლა ეს დარეჯან დედოფალი? ეს მშფოთვარე და
დაუცხრომელი ქალბატონი, წერილებს წერილებზე მიგზავნიდა,
მიიბრძოდა თავისი შვილებისკენ, რომ თავისებურად
ეწინამძღვრა მათთვის, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არ გავუშვით
და კარგადაც გამოვკეტეთ იმ თავის ვითომ სასახლეში!
– მაგრამ თქვენ სხვებიც გწერდნენ თხოვნის წერილებს, –
დაიწყო ისევ თავისი დაუცხრომელი კილოთი, – ბოდბელი
იოვანე და დიდნი თავადნი, ითხოვდნენ თქვენგან
იმპერატორის უფლების ქვეშ მეფის გამოცხადებას! უმეტეს ათას
წელს გვყოლია მეფე ბაგრატოვანთა გვარისა, რომელნიც
იყვნენ წმინდანნი და მოწამენი, და მოვითხოვთ კვლავ ჩვენს
მეფობასაო! და თქვენ ამისი უარყოფა არ ძალგიძთ!
– იყვნენ, იყვნენ, მეც ვიცი, რომ გყავდათ თავდადებული
მეფენი, თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის თავგანწირულნი,
მაგრამ, როგორც ჩანს, ამოიწურა მარაგი მეფური ჭკუა-
გონებისა, სახელმწიფოებრივი თავგზიანობისა და
მზეოსნობისა... წავიდნენ ის მეფენი, წავიდნენ! თქვენ კი
მომიწოდებთ, მეფე გამოვაცხადოთ და არეული ქვეყანა კიდევ
უფრო ავრიოთ... ჩვენ ხომ თავს ვიდეთ მტკიცე და შეურყეველი
სასოება სახიერებისადმი უფლისა, არა მზაკვრობა და
სიგლისპე, წინდაუხედაობა და გაუფრთხილებლობა, არამედ
ქველის მოქმედებით დამშვიდება და დაწყნარება ქვეყნისა!
ამას ელის, ამას მოითხოვს ქართველი ხალხი ჩვენგან...
ასე მწყობრად მოახსენა ყველაფერი, ის კიდევ, გეგონება,
შხამს აფრქვევსო, ისეთი სიძულვილით უყურებდა, მერე კი
მღელვარედ შესძახა:
– მოგიწოდებთ, გთხოვთ, გაიგეთ! მეფობის მოშლა არ იქნება,
არა! თქვენი ქვეყნის მაგალითიც საკმარისია ამის დასტურად,
უსასტიკესი მეფეც გყოლიათ, სუსტი და ჭკუასუსტი მეფეებიც,
არეული დროებაც გადაგიტანიათ, და ქვეყანა მაინც ქვეყნად
დარჩენილა, არ დაღუპულა, აგერ ახლა, კავკასიონიც
გადმოლახეთ, ჩვენთანაც მობრძანდით და მეფობის გაუქმებით
ლახვარი გინდათ ჩასცეთ ჩვენს თავისუფლებასა და
დამოუკიდებლობას!
ხელები ექავებოდა, ერთი კარგად გაესილაქებინა ეს
აუტანელი კაცი, ოჰოჰოჰო, თურმე რა მნიშვნელოვანია ამათი
თავისუფლება და დამოუკიდებლობა?! როცა ქვეყანა შფოთსა
და არეულობაშია ჩანთქმული?! მაგრამ შეძლო და მობოჭა
აღელვება:
– ლახვარი ჩავცეთ, თუ ამ საცოდავ ხალხს ვუშველოთ! არ
დავინდოთ ჩვენი ძალ-ღონე, არ დავინდოთ ჩვენი საწყალი
ჯარისკაცები და ამდენი შემოსევებით, ამდენი ყაჩაღობით,
ამდენი ლეკიანობით წელში გაწყვეტილ ხალხს დახმარების
ხელი გავუწოდოთ... თქვენ კი სახალხო ომისკენ მოგვიწოდებთ,
თქვენ რა გენაღვლებათ, ჩვენმა ჯარისკაცებმა შინაც
იბრძოლონ და გარეთაც! მიკვირს თქვენისთანა ჭკვიანი
ადამიანისაგან ასეთი დაუნახაობა! ასეთი დაუნახაობა თავისი
ხალხისაც! ერთი მუჭა ქართველები ხართ დარჩენილი, ჰკითხეთ
იოვანე ბატონიშვილს, მოგახსენებთ, იმან აღწერა მოსახლეობა
და ის გეტყვით, და ჩვენი წასვლით გინდათ ეს ერთი მუჭაც
მტრის ლუკმად იქცეთ? და სულ ამოიჟუჟოთ? მე თქვენ გეტყვით,
ცოტა გახვევიათ ან შინ, ან გარეთ!
– ეს რომ არ მინდოდა, ძილი რომ მიკრთებოდა ჩემი ქვეყნის
ჭირ-ვარამით, ამიტომაც ვედექი გვერდში ერეკლეს და
პირველი მე ვიყავი მომხრე რუსთ მფარველობისა! მაგრამ,
სამწუხაროდ, ჩვენ თურმე სხვადასხვანაირად გვესმის აზრი
მფარველობისა... თქვენს ადგილას სპარსეთი ან თურქეთი რომ
ყოფილიყო, ჩვენ უმალ მივუხვდებოდით იდუმალ ზრახვებს...
მაგრამ ჩვენ, საცოდავები და შორსუჭვრეტები,
ერთმორწმუნეობამ შეგვიყვანა შეცდომაში და თქვენთან
ურთიერთობის გამოუცდელობამ, აი, სიმართლე თუ გინდათ, ეს
არის!
– მაგ სიმართლით იარეთ და დაღუპეთ თქვენი ქვეყანა!
– არ დავიღუპებით, არა! – შესძახა სოლომონმა, – მტერი სულ
გვეხვია, ასეთია ჩვენი ბედი, ჩვენი სასტიკი ბედი, აქამდე
მოვაღწიეთ და მერეც ვიქნებით!
– იქნებით! ჩვენი დახმარებით იქნებით! ჩვენი შემწეობით
იქნებით! წადით, ჩამოიარეთ, გამოიკითხეთ, წავიდეთ თუ არ
წავიდეთ აქედან, და ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებთ, ნახავთ,
ჩვენზე რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ!
– მერე იფიქრებენ, მერე, როცა უკვე გვიან იქნება! როცა
საქმის გამოსწორება შეუძლებელი შეიქმნება, როცა იტყვიან,
ვჭამეთ კაწახი და მოგვეჭრა კბილებიო! ვერ დავიბრმავებ
თვალებს, ჩემი ქვეყნისა და ამ შორსუჭვრეტი ხალხის
მაყურებელი!
იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავაწეული, ჯიქურ
მიყურებდა, გეგონება, ერთი ლეგიონი ჯარი უმაგრებს ზურგსო.
მე კი ვიფიქრე, ამისი ადგილი უთუოდ დილეგშია-მეთქი, ამიტომ
ისევ ისე მშვიდად და აუღელვებლად, ღიმილითაც კი ვუთხარი:
– მე ჯერ კიდევ ჩამოსვლისას გავეცანი თქვენს დატირებას...
მერე ქართულიც ვისწავლე და უკვე დედანშიც შემიძლია
წავიკითხო ეს შესანიშნავი ნიმუში მჭევრმეტყველებისა... ჰოდა,
ამ დატირებაშიც გამოსჭვივის თქვენი წუხილი იმის გამოც, რომ
ერეკლეს წასვლით თქვენც საყრდენი და საფუძველი
გამოგეცალათ და აღარავინ არის თქვენი ერთგულებისა და
მსახურების ღირსი. განა ეს ასე არ არის?
– დიახ, ერეკლეს დარი არავინ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს
ერეკლეზეც და ამქვეყნიურ ყველა სიკეთეზე უმაღლესი რამ,
ღვთით ბოძებული ჩვენი ქვეყანა, რომელსაც მე ვმსახურებდი
და მსურს ვემსახურო, და სანამ პირში სული მიდგას, ვერ
დავიდუმებ ენას და ვერ დავიკრეფ გულხელს.
თუმცა მოწინააღმდეგე იყო და ჩვენი მოძულე, ვერაფერს
იტყვი, ღირსებით სავსე კაცი ბრძანდებოდა, და მე ვიფიქრე,
ხუთი მაინც რომ ჰყავდეს ამისთანა ამ ქვეყანას, ამათი საქმე
იქნებ მართლაც სხვანაირად ყოფილიყო -მეთქი. მაგრამ კიდევ
კარგი, ერთი იყო, ერთადერთი, და ასეც ვუთხარი:
– თქვენ ერთი ხართ, ერთი! განათლებული კაცი ხართ და
იქნებ გაგიგონიათ ლათინური გამოთქმა: Nemo solus satis sapit
– რას გახდებით ერთი. ვერაფერს! ვერაფერს ვერ გახდებით!
ყველაფერი დანგრეული და განადგურებულია აქ. გიორგი
მეფემ თავისი ცოლ-შვილი და თავისი სამეფო ჩვენ ჩაგვაბარა,
და რა კარგია, არაა, ქვეყანა აგიღორძინოთ, ქალაქი აგიშენოთ
და გაგიმშვენოთ, მტრები დაგიოკოთ, ხალხი დავაწყნაროთ და
თქვენ კი ტყისკენ გეჭიროთ თვალი?! ნურას უკაცრავად! ასეთი
დაბდურები თქვენში მოიკითხეთ!
და ზარი დავრეკე.
– ტყისკენ კი არა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისკენ! – დაიძახა
მჭექარე ხმით და ყაზახებიც შემოცვივდნენ ოთახში, ლიონიძეს
გარს შემოეხვივნენ.
– თქვენი ქვეყნის სიკეთისთვის უნდა წაბრძანდეთ დილეგში!
ვთქვი და მყისვე შევაქციე ზურგი ლიონიძესა და ყაზახებს,
ფანჯარასთან მივედი და მტკვარსა და მეტეხს გადავხედე. დიდი
ხნით კი არ ჩავსვით დილეგში და მერე ხომ ხელიც შევუწყვეთ,
იმერეთში გადასულიყო. იყოს იქა, იქნიოს ხელები იქიდან და
მიაწვდინოს თავისი მგრგვინავი ხმა ამ ტუტუცებს. ეჭვი არ
მეპარება, რომ ძალიანაც გაუხარდათ იმისი თავიდან
მოშორება, ისა და დავითი ხომ ვერ იტანდნენ ერთმანეთს.
დავითი კი, დავითი! საკვირველია ამ დავითის ამბავი, წრფელი
გულით მიკვირს და გამკვირვებია, თურმე შეიძლება კაცი
ახოვანიც იყოს, ბრძოლაში მამაცი და უდრეკიც,
განათლებულიცა და მეფურად ზრდილიც და, ამასთანავე, იყოს
თხლე, ნამდვილი თხლე, არ ჰქონდეს არც შექმნილ
მდგომარეობაში გარკვევის უნარი, არც რისკი და საქვეყნო
გაბედულება, აკი ყვიროდა თურმე დილეგში სოლომონ
ლიონიძე: დავითმა დაღუპა ოჯახი მეფეთაო, გამოსჭრა ყელი
მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისიო.
მართლაც რომ ასე იყო... რომ გაიგო, რაოდენ პენსიას
უნიშნავდნენ, როგორც ტახტის მემკვიდრეს და რა მამულების
მფლობელი უნდა გახდეს რუსეთში, სიხარულით აღარ იყო,
მამაჩემს არ ღირსებია ასეთი ფული და სიუხვე და პაპაჩემსო,
ასე ამბობდა თავისი პირით. არა, რა კეთილშობილია მაინც
ალექსანდრე იმპერატორი, ნამდვილი არისტოკრატი,
განსახიერება დიდბუნებოვანებისა... აქედან მისდიოდა და
მისდიოდა არეული ხმები და ჭოჭმანობდა, ეჭვობდა, რამდენ
ხანს ვერ წყვეტდა ამ ქვეყნის ამბავს, რა ექნა და რა
მოემოქმედა, რამდენი ითათბირა, რამდენი იმსჯელა, იქნებ ჯერ
ვიფიქროთო, იქნებ არ მოისურვონ თვითონაო, იქნებ აღარ
მოისურვონო, დიდი დაფიქრება გვმართებსო, დიდი აწონ-
დაწონვაო, თავის დღეში არ დავუშვებ უნებურად
დამოკიდებული ქვეყნის შეერთებასო... ოჰ, რა დიდებულია, რა
კეთილსაიმედო, რა ჭკუა-გონებით სავსე! იცოცხლეთ, აქ
ბევრზე-ბევრს, თუ ყველასაც არა, უკანტანი უთახთახებდათ
შიშისაგან, ვაითუ არ შეგვიერთოსო, ვაითუ რომელიმე ეს
უტვინო დაგვაჯდეს თავზე და დაღუპონ ქვეყანაო...
ალექსანდრემ კი რა დიდებულად გადაწყვიტა: „Сила
обстоятельств сих, общее посему чувство ваше и глас
Грузинского народа, преклонили нас не оставить и не предать на
жертву бедсвия язык единоверный, вручивший жребий свой
великодушной защите России“. Александр I1.
ჰოდა, ადგნენ ეხლა და უკოცნონ ტრაკი იმპერატორს,
ულოკონ ფეხები, რაც ძალი და ღონე აქვთ, რომ აიღო და
შეიერთა ეს ტრაწიანი ქვეყანა, აიღო და ამისთანა წყალობა
მოიღო, ამ ხალხის შეფარება, მათი მეურვეობა თავს იდო.
მას კი აღარ სურს აქ დარჩენა, აღარ! ესენი ისეთი ჯიშის
არიან, ტყუილია, თავის ქერქში ვერ დაეტევიან, ვერა და მთელ
ქვეყანას ხომ არ გაასახლებენ, არა? ხვალ და ზეგ არც ის
ქურდბაცაცა, ავაზაკი ლეკები დადგებიან, ის კი დაიღალა,
დაიღალა, ჭარმაგია უკვე, ორმოცს გადასცდა, ასე კი არ არის?
მოენატრა თავისი ქვეყანა, თავისი მამული... თან რა
საშინელებაა, ირგვლივ სულ ქართული ესმის, არადა, რა
მოუხერხებელი ენაა, რა ძნელად გამოსათქმელი
თანხმოვნებით... თვითონ კი ისწავლა, ისწავლა, საჭირო იყო და
ისწავლა, მაგრამ ეჭვი არ ეპარება, შემდეგ და შემდეგ, აქ
ჩამოსახლებულ რუს ჩინოვნიკებს აღარ დასჭირდებათ
ქართულის სწავლა, რადგან უკვე ესენი თვითონ ისწავლიან
რუსულს, აბა, როგორ, იმპერიის ენა, ჩვენი დიდებული ენა...
საზღვრები ფართოვდება და ფართოვდება, და კიდევ რამდენი
მილიონი ილაპარაკებს მათ ენაზე! ესენი კი რა, ერთი მუჭა
ხალხი, ძალიან ადვილი შესაძლებელია, გადაშენდეს კიდეც
მათი ენა! გზაც იქითა ჰქონია! ოჰოჰოჰო, მთვარეც ამოვიდა...
მტკვარი ალაპლაპდა... ადიდებულია მტკვარი, ადიდებული და
აჩქარებული, აგეერ, გაღმა ნაპირზე თეთრად აფეთქებულ ხეებს
ნახევრამდე უწევს... ნეტავ სულ არ დაფაროს... ყოველთვის
აღელვებს აყვავებული ხეები, თავის დაუვიწყარ ქსენიას
აგონებს, ქსიუშას, ისიც აფეთქებული და აყვავებული იყო,
საკვირველია, მიცვალებულსაც როგორი ვარდისფერი ლოყები
ჰქონდა, ატმის ყვავილისფერი... მტკვრიდან ცივმა ნიავმა
დაუბერა, სადაცაა ღამეც გატყდება... უნდა დაწვეს, იქნებ ცოტა
მაინც დაიძინოს, ძნელი დღე ელის, არ ივარგებს ამდენი ღელვა
და უძილობა... ეს მთვარე... ქსენიასაც უყვარდა აქ ჯდომა და
მთვარის ყურება და რაც არაერთს უთქვამს, ისიც იტყოდა
ხოლმე, მშობლებისა და თავისი მშვენიერი სახლის
მონატრული: თუ ჩვენში არ წვიმს და ღრუბლები არ ეფარება,
შეიძლება დედიკოც ახლა მთვარეს უყურებს და ჩემთან
მოკითხვას აბარებსო. ეს სკამიც ჩამოსვლისთანავე შეუკვეთა,
სავარძელივით სკამი, კაკლის ხისა, მოჩუქურთმებულ-
სახელურებიანი, ქსიუშასთვის, იჯდა ხოლმე ხშირად, აი აქ,
აივნის კუთხეში, გაჰყურებდა მეტეხს, პირჯვარს იწერდა და
მეტეხის ღვთისმშობელს კეთილად მორჩენას სთხოვდა...
შევიდა ოთახში, დაწვა და, კიდევ კარგი, მაშინვე ჩაეძინა.
აღარაფერი დასიზმრებია, თუმცა ძილში ნაბიჯების ხმა
ჩაესმოდა და არ იცოდა, მართლა ვიღაც ამოდიოდა კიბეზე თუ
ეჩვენებოდა... ადრიანად გაეღვიძა და მაქსიმეს რომ უთხრა,
კამერდინერს, არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩამიჩუმი
არსაიდან ისმოდა და არც არავინ მოსულაო... შვიდი საათი
სრულდებოდა დილისა, ოთახი მზით იყო გაჩახჩახებული...
გაწკრიალებული ჩექმები და მუნდირი შემოუტანა მაქსიმემ,
ტახტის ბოლოს, მაღალ სკივრზე დაულაგა, და ჰკითხა, საუზმედ
რას ინებებთო.
– საუზმობა არ მინდა, მაქსიმე, მცხეთაში ვისაუზმებთ ყველა
ერთად, ახლა კი ბაქმაზი მომიტანე წყალგარეული და ნატეხი
პური, ლურჯი იაბო შემიკაზმონ და მარქაფად არგამაკი
წამოიყვანონ.
– ვეღარ ისაუზმა, ვეღარ... – ტირილის ხმაზე მოთქვამდა მერე
კამერდინერი, გენერლის მოკვლის შემდეგ, – უსაუზმოდ წავიდა
ამ ქვეყნიდან.
გენერალმა კი, ჩაცმა-დახურვისა და მოწესრიგების შემდეგ
პურის პატარა ნატეხი პირში რომ ჩაიდო და წყალგარეული,
სურნელოვანი ბაქმაზი დააყოლა, გაიფიქრა: არა, არა, ხალხი,
რომელსაც ასეთი შესანიშნავი პური და ღვინო აქვს, არ
დაიკარგებაო... მაგრამ ბაქმაზი... ქსენია გაგიჟდა, ისე მოეწონა,
მაშინ, გიორგი მეფესთან სადილზე საგანგებოდ რომ
მოართვეს, ფეხმძიმისათვის სარგოაო. ბატონიშვილებმა
თამარმა და გაიანემ ჩაისვეს შუაში და ახალგაზრდა ქალებს
რომ სჩვევიათ, სულ სიცილი უნდოდათ, თავს იკავებდნენ,
მაგრამ უცებ ამოსკდებოდათ შადრევანივით კისკისი, წამიერად
გადაუვლიდა სუფრას და სანამ მეფე გიორგი თავის დიდ, ხარის
თვალებს გადაატრიალებდა, სიცილიც ჩაქრებოდა.
მთელი დიდი შუშა ბაქმაზი გამოუგზავნეს ქსენიას მეორე
დღესვე...
არა, არა, პირადმა გრძნობებმა არ შეიძლება დაჩრდილოს
ქვეყნის ინტერესები... არც ერთი წუთით, ოდნავადაც კი არა!
აგეერ, ისმის უკვე ცხენების ფრუტუნი, ოფიცერთა ოცეული მის
გამობრძანებას ელის... ამ რამდენიმე საათში მტკვარსაც
დაუხევია, მარცხენა სანაპიროზე აყვავებული ხეები ძირიდანვე
ჩანან... აქა-იქ მეთევზეებიც გამოსულან ანკესებით...
გაბრწყინებულია ირგვლივ ყველაფერი, მეტეხსაც მზე
მისდგომია, განათებულია კედლები– შუქს გამოსცემენ
თითქოს...
ოფიცერთა მისალმებისა და ცხენზე შეჯდომის შემდეგ ძალა
და მხნეობა შეემატა, უძილო ღამიდან გამოყოლილი
განწყობილება სრულიად გაეფანტა და ფიქრების ბურიც
მოსცილდა, ახლა, სასახლისკენ ჩორთით მიმავალს, ერთი აზრი
უტრიალებდა თავში, დათქმული დროისთვის არ გადაეცდინათ
და ზუსტად რვაზე გამგზავრებულიყვნენ... მტკვრის პირას რომ
ჩავიდნენ და მეტეხს გასცდნენ, თავი მიაბრუნა და უნებურად
ახედა დარეჯანის სასახლეს... ის ბობოქარი და დაუცხრომელი
დედოფალი, სანამ აქ ბრძანდებოდა, ლაზარევი აქეთკენ
გავლა-გამოვლისას ამ ე.წ. სასახლეს რომ ახედავდა, ასე
ეგონა, კედლებიც კი თრთოდა და ცახცახებდა... ახლა კი
ჩამკვდარი იყო ყველაფერი... ჯერჯერობით მაინც აღარავინ
იყო სასახლეში და ლაზარევს ძალიან უნდოდა, რამდენიმე
ოფიცრისთვის გაეპიროვნებინათ ეს შენობა... ისინი კი უკვე
ჩასულებიც იქნებიან პეტერბურგშიო, სიამოვნებით გაიფიქრა.
სიონთან შეაჩერეს ცხენები, ლაზარევი ჩამოხდა ცხენიდან, თავი
დახარა და პირჯვარი გადაიწერა, აქ ხომ მისი დაუვიწყარი
ქსიუშა განისვენებდა. ოფიცრებმაც მიბაძეს გენერალს. აქედან
აღარც ღირდა ცხენებზე შეჯდომა, ორ ნაბიჯზე იყო მეფის
სასახლე. ყაზახთა ასეულის უფროსი დიდ ალაყაფთან
შემოეგება გენერალს, მოახსენა, გასამგზავრებლად
ყველაფერი უკვე მზად არისო: დიდი, გადაჩარდახებული
სამგზავრო ეტლები მომზადებული, მაფრაშებით დატვირთული
ურმები გაწყობილი, გამცილებელთა ცხენები შეკაზმული...
გალავანთან ყაზახები იყვნენ ჩამწკრივებული... ახლა უკვე
მისი მაღალკეთილშობილების ბრძანებას ელიან და
წამსვლელთა სამგზავრო დაბინავებას და გაცილებასო.
ყაზახებმა ალაყაფის კარი გააღეს, ეზოშიც ყაზახები ირეოდნენ.
საურმე გზის პირას უზარმაზარი ნუში ყვაოდა, მეორე მხარეს
ვაშლები იყო გადაპენტილი, კიბესთან შორიახლოს კი
მორჩილი, კოხტად მოყვანილი ატამი ვარდისფერი
თაიგულივით იყო გადაშლილი... აივანზე ვიღაცეები მიდი-
მოდიოდნენ, დარჩენილი ფუთები კიბეზე ჩამოჰქონდათ... ისინი
კი არსად ჩანდნენ. სადაც არის რვაც შესრულდებოდა, სად იყო
დედოფალი, სად იყო მარიამი, ან ბატონიშვილები, რატომ
არსად ჩანდნენ?! გენერალმა ჩქარი ნაბიჯით აიარა რამდენიმე
საფეხური, მსახურები გამოეგებნენ, უკანაც ადიუტანტი და
ოფიცრები მიჰყვნენ. მობრძანდით დარბაზში და დედოფალიც
ახლავ გეახლებათო, და გენერალს დარბაზში შეუძღვნენ.
გენერალმა დარბაზში არავინ შეიყოლა, თქვენ აქვე, აივანზე
იყავითო. მერე ადიუტანტიც და ოფიცრებიც თავში იცემდნენ,
ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო, არ დავმორჩილებოდით
გენერლის სიტყვას და დარბაზში შევყოლოდით, მაგრამ მეტად
ფიცხი ხასიათის იყო და არაფრით არ შეგვეძლო, მისი
სურვილის წინააღმდეგ წასვლაო და, საერთოდ, ვინ
მოიფიქრებდა, ეს ყველაფერი რით დასრულდებოდაო.
გენერალმა კი, შედგა თუ არა ფეხი დარბაზში და თვალი
მოავლო იქაურობას, ერთდროულად სიამეც იგრძნო და
თითქოს უხერხულობაც, თუ რაღაც უცნაური გულდაწყვეტაც...
დარბაზი დაცარიელებული იყო, თითქმის აღარაფერი
დაეტოვებინათ, იატაკიდან ფარდაგები და საფენები აეკეცათ,
კედლებიდან სურათები ჩამოეხსნათ. დარბაზის შორეული
კუთხე მოფენილი რომ ჰქონდათ ძვირფასი ხატებით, ახლა
აღარც ერთი აღარ ჩანდა. დიდი ვერცხლის სასანთლეები,
თახჩებში ვერცხლის ჭურჭელი, სურები და ლარნაკები,
მოსევადებული და მომინანქრებული, აქ ყოფნის დროს
გენერალი სიამოვნებით რომ შეათვალიერებდა ხოლმე,
აღარაფერი აღარ იყო – ყველაფერი აელაგებინათ... უბადრუკი
დასანახი იყო აქაურობა. იავარქმნილისა და გაძარცულის
შთაბეჭდილებას ტოვებდა... მაგრამ გენერალს
უხერხულობასთან ერთად ეამა კიდეც. წუხანდელი საშინელი
სიზმრისა და უძილობის შემდეგ მაინც ღელავდა, ეჭვიც
იპყრობდა, იმის ბრალიც იყო, სულ მცირე ხნის წინ დედოფალი
თუშეთში რომ აპირებდა გაქცევას, ახლაც რამემ არ
დააბრკოლოს ამათი აქედან მშვიდობიანად წასვლაო. და
ახლა, ამ გაპარტახებული დარბაზის დანახვაზე, საბოლოოდ
დარწმუნდა, რომ აი, სადაცაა წავიდოდნენ და საბოლოოდ
დატოვებდნენ აქაურობას.
დარბაზის ბოლოს კარი გაიღო და დედოფალი გამოვიდა, და
ლაზარევისკენ გამოემართა. ლამაზი იყო... ძალიანაც ლამაზი...
კარგადაც ეცვა, მეტად მუქი, იისფერი ხავერდის კაბა, თავზე,
მაღალ ჩიხტაზე ნაცრისფერი, გამჭვირვალე თავსაბურავი ეხვია,
გულზე კი ძვირფასი თვლებით შემკული ჯვარი ეკიდა. წარბები
ჰქონდა საოცრად მორკალული და მშვენიერი, დიდი მუქი
თვალები მიეპყრო ლაზარევისთვის და თავს უკრავდა. ასეთია
სილამაზეო, გაიფიქრა ლაზარევმა, ათასჯერ რომ გყავდეს
ნანახი, ყოველ ჯერზე ხელახლა განიცდი, თითქოს პირველად
დაგენახოსო.
– დილა მშვიდობისა, დედოფალო, – უთხრა ლაზარევმა,
ერთი წამით შეყოვნდა და: – სადაცაა რვა შესრულდება,
დედოფალო, იმედია, მზად ხართ გასამგზავრებლად...
დედოფალმა ოდნავ დახარა თავი:
– ღენერალო, მინდოდა მეთხოვა, ცოტაოდენი დრო კიდევ
მოგეცათ, შვილებს, წვრილებს, სძინავთ...
– როგორ, დედოფალო! – უკმაყოფილოდ წარმოთქვა
გენერალმა. – ყველაფერი მზად არის უკვე, თქვენი
მოგზაურობის ცხრილი შედგენილია, მთლიანად
გაანგარიშებულია სად, როდის, რამდენი ხნით უნდა შეჩერდეთ,
ჩვენ ვერ დავარღვევთ სამოგზაურო განრიგს!
– ორი-სამი საათი განა რას ცვლის, ღენერალო?!
და დედოფალმა თავისი მშვენიერი თვალები გენერალს
მიაპყრო.
– რას ქვია ორი-სამი საათი, დედოფალო, განა რამდენ ხანს
შეიძლება ალყა ჰქონდეს დარტყმული სასახლეს, ყაზახებს
ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებიცა აქვთ, ვიდრე თქვენი
დარაჯობაა დღე და ღამე.
– მე ეს თქვენთვის არ მითხოვია, ღენერალო.
– თქვენს თავს დააბრალეთ, დედოფალო, თუშეთში რომ
აპირებდით გაქცევას! ახლა კი ათასჯერ იყავით
გაფრთხილებული, რომ რვა საათზე უნდა გასულიყავით, და
იცოდით კიდეც... ხომ იცოდით?! – გენერალს ხმაში სიმკაცრე
შეეპარა.
– რა თქმა უნდა, ვიცოდი... სამწუხაროდ, ვიცოდი... მაგრამ
ორი-სამი საათი განა რას შეცვლის, ჩვენ ხომ... სულ ვტოვებთ
ქვეყანას... – დედოფალს ხმა გაებზარა, – მკვდარს თუ
ჩამომასვენებენ და... ღმერთი გვიყურებს მაღლიდან,
ღენერალო.
– ღმერთი მაშინაც გვიყურებდა მაღლიდან, დედოფალო,
თქვენმა მეუღლემ, მეფე გიორგიმ სიკვდილის წინ რომ მიხმო
და რუსთ ხელმწიფეს ჩააბარა თქვენი თავი და თქვენი ქვეყანა...
და მაშინაც, თქვენ რომ ლამის ფეხებში ჩამივარდით, არავითარ
შემთხვევაში დავითი არ უნდა გამეფდესო...
– და თქვენც კი როგორ გსურდათ დავითის გამეფება, არაა?!
– ჩაურთო დედოფალმა.
– თქვენ რა გსურთ, ამაზეა ლაპარაკი, დედოფალო, – ხმაში
მოუთმენლობა დაეტყო ლაზარევს, – და იულონმა რომ
მომწერა წერილი და მთხოვა, მეფედ გამომაცხადეთო, თქვენ
ხელებს ასავსავებდით ამის გაგონებაზე და ცოცხალი თავით
არც იულონი გნებავდათ მეფედ, და დარეჯანი ხომ გძულდათ
და გძულდათ! რომ იცოდეთ, სიძულვილმა დაამხო თქვენი
სამეფო სახლი, დედოფალო! – შესძახა გენერალმა.
– და თქვენმა სიყვარულმა ჩვენ მიმართ! – თითქოსდა
ბალღამი ჩაასხეს თვალებშიო, ისეთი სიძულვილით უყურებდა
დედოფალი ლაზარევს.
– დიახაც, ჩვენმა ზრუნვამ თქვენი პატარა ქვეყნის მიმართ!
თქვენ კი, ალბათ, თორმეტი წლის ილია გნებავდათ მეფედ
დაგესვათ? ან შვიდი წლის ოქროპირი? და მერე მათთვის
აკვანი გვერწია? ან მამათქვენი, ბატონი ხათა გიორგი?!
– ოო, ღმერთო ჩემო... – აღმოხდა დედოფალს, – რისხვა
დაატყდა ჩვენს ოჯახს... და რატომ... რატომ...
– ოო, დედოფალო, ამ რისხვაში ხომ თქვენი მონაწილეობა
არცთუ უმნიშვნელოა... თითქოს შეეცოდა დედოფალიო, უცებ
ისე დაურბილდა ხმა ლაზარევს – ამ არეულობაში ხომ თქვენი,
მამათქვენის, თქვენი ახლობლების ხელი ურევია და როდემდე,
გეკითხებით, როდემდე... თქვენ არ დაწყნარდებით და მუდმივი
არეულობისთვის გასწირავდით თქვენს ქვეყანას და თქვენს
ხალხს, და რა იქნებოდა, ცოტა მაინც გეფიქრათ თქვენს
საცოდავ ხალხზე... თქვენ აკლებულ ქვეყანაზე...
– დიდად გულმოწყალე ბრძანდებით, ღენერალო, ალბათ,
მადლობა უნდა მოგახსენოთ, რომ მომიწოდებთ ჩემი ხალხისა
და ჩემი ქვეყნის შებრალებას...
– დედოფალო... დედოფალო... რამდენადაც მევალება,
იმდენად ვარ გულმოწყალე, ახლა კი მევალება, რომ თქვენ
აქედან სასწრაფოდ წაბრძანდეთ! ხომ იცით, პეტერბურგში
ჩვენი დიდი დედოფალი შემოგეგებებათ, და არც ერთი
მეჯლისი, არცერთი წვეულება უთქვენოდ არ იქნება, თქვენ
სასურველი წევრი გახდებით რუსეთის სამეფო კარისა და
რუსეთის მაღალი საზოგადოებისა, ეს ხომ საამაყოა,
დედოფალო, თქვენ კიდევ თუშეთში აპირებდით გაქცევას!
– მერჩია, მერჩია! – და დედოფალმა, გეგონება, გულიც
ამოატანა ამ სიტყვებსო, – ჩემი შვილების მზემ, მერჩია მთაზე
დავეკიდე შიშველ-ტიტველი, იქ გადახვეწას, მერჩია! –
დედოფალს ხმა უკანკალებდა.
– და მე რა მერჩია, ერთი მითხარით! – შესძახა მოუთმენლად
ლაზარევმა, – იქნებ ჩემს ქვეყანაში ყოფნა მერჩია?! ეტყობა,
ფიქრობთ, ჩემი საოცნებო მიზანი ამ ქალაქში ცხოვრება იყო, ამ
ნანგრევებსა და ქოხმახებში! ამ გაუვალ ტალახში! ამ შუღლსა
და ინტრიგებში! ჩვენ, ორივე, ჩვენ, ორივე! მოვალეობას და
შექმნილ მდგომარეობას უნდა დავემორჩილოთ! გესმით,
დედოფალო? როგორც მე, ისევე თქვენ! ასე ინება ისტორიამ და
ჩვენ ვერაფერს შევცვლით! ეს უნდა შეიგნოთ! ჩვენ არაფერი არ
ძალგვიძს!
– მაგრამ ის ხომ ძალგიძთ, ორი-სამი საათით გადასწიოთ
ჩვენი გამგზავრება, ოქროპირი ვერ იტანს გაღვიძებას, დიდი
ხანი არ არის, ბატონები გადაიტანა და ცოდოა, გამოიძინოს
მაინც... თქვენ წაბრძანდით, ღენერალო, ამასობაში
გაიღვიძებენ, მოვამზადებ, დავაპურებ კიდეც გზის წინ... რა
იქნება...
– დედოფალო! დიდი დრო ექნებათ გზაში
გამოსაძინებლადაც, საჭმელადაც და, რამდენიც უნდათ, იმდენი
იძინონ! ვეღარ დავყოვნდებით, ვერა! აი, სადაცაა შესრულდება
კიდეც რვა საათი, ზუსტად დათქმულ დროს უნდა გავიდეთ!
დედოფალი კი გაუნძრევლად იდგა და თავისი უზარმაზარი
თვალებით შეჰყურებდა გენერალს, ხმას აღარ იღებდა,
მდუმარედ შეჰყურებდა.
და უცებ საეჭვო ფიქრმა გაჰკრა ლაზარევს: „იქ კი არიან
ბავშვები? მართლა სძინავთ? მაინცდამაინც ყველას ერთად?
ვინ იცის, გააპარა, უნდა გადამალოს და განგებ ეუბნება
სძინავთო... კვნესით და ოხვრით თავს აბრალებს, ორ-სამ საათს
სთხოვს დაყოვნებას და ვინ იცის, თვალთმაქცობს და აქედან
უნდა გაიტყუოს... რა ოინი იქნება, სასახლის ქვეშ გვირაბი
ჰქონდეთ გათხრილი, საიდუმლო გვირაბი... და ყველანი უნდა
გაიპარონ... ტყუის, ტყუის, არაფერიც არ სძინავთ! ბავშვები
გააპარა და ეხლა თვითონაც უნდა გაიპაროს! აქაოდა
ქსენიასთან მეგობრობდნენ და კარგადაც ექცეოდნენ, ჰგონია,
თვალებს დავხუჭავ? საქმეს უღალატებს? საქვეყნო საქმეს?!“ –
და გენერალმა მთელი ხმით დაიგრგვინა:
– ტყუით, არაფერიც არ სძინავთ! ეხლავე შევამოწმებ, როგორ
სძინავთ და მე თვითონ გავაღვიძებ, თუ სძინავთ!“ – და
გენერალი დარბაზის ბოლოსკენ წავიდა გაჩქარებული.
დედოფალი გაიქცა, გზაზე გადაუდგა შეძახილით:
არ შეაშინოთ! ისედაც შეშინებულები არიან! ისეც
დათრგუნულები არიან!
გენერალმა გვერდი აუქცია დედოფალს და გამძვინვარებული
გაემართა კარისკენ. დედოფალი გამოეკიდა, ხელები გაშალა
და კვლავ გადაეღობა:
– არ შეხვიდეთ! არ გააღვიძოთ! მე შევალ! მე შევალ-მეთქი! –
კიდევ უფრო გადიდებული, ლამის საცრისოდენა თვალებიდან
მრისხანებას აფრქვევდა.
– გამატარეთ-მეთქი, ჩამომეცალეთ! – შეჰყვირა გენერალმა
და გამეტებით ხელი ჰკრა მარიამს.
დედოფალი დაბარბაცდა, შეტორტმანდა, უკან გადაქანდა და
„ვაის“ დაძახებით კარის გვერდით კედლის ნაპირს მიაწყდა. და
სწორედ ამ დროს გაიღო კარი და გენერლის წინ კაცი აისვეტა,
ეს ის კაცი იყო, სიზმრის კაცი, სიზმარში რომ ნახა, კუბოსკენ
რომ უბიძგებდა! გენერალი ერთ წამს შედგა გაოგნებული და
სწორედ ამან გადაწყვიტა მისი ბედი, კაცმა უსწრაფესად იძრო
ხანჯალი, მთელი ძალით მუცელში ატაკა გენერალს,
დაუტრიალა, გამოაძრო და ისევ ჩასცა. გენერალმა
ტკივილისაგან საზარლად დაიღრიალა, დედოფალმა
გასისხლიანებული ხანჯალი ხელიდან გამოჰგლიჯა კაცს და ეს
კაცი, როგორც გაჩნდა, ისევე გაქრა. დარბაზში კი მაშინვე
შემოცვივდნენ ადიუტანტი, ოფიცრები, მათ „კვარტალნი“
მოჰყვა. გენერალი წაიქცა.
– ეს მე ჩავიდინე, მე! – დაიძახა დედოფალმა.
კვარტალნიმ ხანჯალი იძრო, რომ დედოფალზე შური ეძია,
მაგრამ აუკრეს და მხოლოდ მკლავში დაჭრა. უცებ
ხელბორკილიც გაჩნდა, დედოფალს დაუბორკეს ხელები და
გაიყვანეს.
– ვაიმე შვილები, ჩემი შვილები... – გმინავდა დედოფალი.
ამასობაში კი ყველა ცდილობდა, გენერლისათვის ეშველა.
როგორც იყო წამოაყენეს, ტახტზე დააწვინეს, სასწრაფოდ
დასტაქრისკენ აფრინეს კაცი. მაგრამ გენერალმა ადგომა
მოისურვა, წამოიწია და რომ ააყენეს, ხელები გაყარა, თავი
დამანებეთო, არ მომეკაროთო, საზარელ ტკივილთან ერთად
მრისხანება ჩასვლოდა გულ-გვამში, გმინვით და ბარბაცით
კარისკენ წავიდა, და ამ ტკივილზე მეტად დაბლა სისველე
აღონებდა, სისხლი თქაფუნით რომ მოედინებოდა,
პანტალონებს უვსებდა, ჩექმებში ჩასდიოდა, იატაკზე მეწამულ
კვალს სტოვებდა... ტორტმანითა და ბარბაცით,
ძლივსძლიობით მიაბიჯებდა აივანზე, ხელებით იშორებდა
ყველას, არ მომეშველოთო, და ტკივილის მიუხედავად,
კბილებგაჭერილი, ჩუმად ზმუოდა... ასევე ვაივაგლახობით
ჩამოათავა კიბეები, ჩამოვიდა სასახლის ეზოში და უკვე
ამღვრეული თვალები მიაპყრო მის წინ, შორიახლოს
აყვავებულ, აფეთქებულ ატამს, მერე გაღმა მტკვარს გახედა და
თითქოს განგებო, სწორედ ამ დროს, მეთევზემ ანკესს აჰკრა და
ასხმარტალებულმა თევზმა ვერცხლისფრად გაიელვა ჰაერში...
მეც ვკვდებიო, წამიერად გაიფიქრა. როგორც იყო, მიბობღდა
პატარა, ტანმორჩილ აყვავებულ ატმის ხესთან, ჩაიკეცა, ზროს
მოეჭიდა, ხელები შემოხვია და უკანასკნელად ესღა
ამოილუღლუღა:
– ჩემო გოგო, ეს ყოფილა ჩვენი ბედი... ამ უცხო მხარეში...
უნდა... ამოგვსვლოდა... სული...
და მართლაც განუტევა სული.
ამა გარემოებათა ძალამ, ამის გამო თქვენმა გრძნობამ და ქართველი ხალხის ხმამ
გვაფიქრებინა, არ მიგვეტოვებინა და უბედურების მსხვერპლად არ მოგვეტანა
ერთმორწმუნე ენა, რომელმაც თავისი ბედი რუსეთის დიდსულოვან მფარველობას
მიანდო. ალექსანდრე I
Что за комиссия, Создатель, быть взрослой дочери отцом.
გრიბოედოვი

ნიკომ ღრმად ამოიოხრა... ლამის გულიც ამოატანა, წვრილად


ნაწერი თაბახები წამოკრიფა, საქაღალდეში ჩააწყო და სულის
მოსათქმელად სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. არა! არა და
არა! რაც საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იქნებოდა,
შეუძლებელია შვილის ზრუნვითა და ფიქრით მოცული
ნიკოსთვის მისაღები და მოსაწონი ყოფილიყო... რაზეც
საბჭოთა ვითომ კრიტიკოსები, ჯაბანი დედალმაშოები და
ცოცხალ სიტყვასთან საბრძოლველად მარად მზადმყოფი
სატელიტები, გაფაციცებით მიყურადებული პარტიის, ანუ
კულტურისგან შორს მდგომი, ტლანქი და უხეში ადამიანების
მიერ შეთითხნილ იდეოლოგიურ დადგენილებებს, ნიადაგ
მიყურადებული მათრახებისა და წიხლების ექოს, არადა მათ
დაბრაწული ნაზუქი ერჩიათ, იმისი არ იყოს, დონ ბაზილიომ
ძვირფასი ბეჭედი რომ არჩია გრაფ ალმავივას ხმლიან
მუქარას... ჰოდა, რაზეც, აი, ეს კრიტიკოსები ხელებს
გაასავსავებდნენ, ქვა და გუნდას მიაყრიდნენ ნიკოს ერთადერთ
შვილს, ჯვარზე გააკრავდნენ და იქნებ ქვეყნიდან განდევნაში
ხელიც შეეწყოთ, განა შეიძლება მამისთვის მისაღები და
სასიკეთო ყოფილიყო?! თავის შვილზე მლოცველი მამისთვის?!
და თუმცა მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თიკოს ეს რაღაც
ნაწერები დღის სინათლეს ვერასოდეს ვერ იხილავდა, არა,
არა, სამწუხაროდ და სავალალოდ, არასოდეს საბჭოთა
სისტემა არ დაინგრეოდა, ყოველ შემთხვევაში, ეს სანუკვარი
რამ თუ მოხდებოდა, მაშინ მათი ძვლებიც აღარ იქნებოდა, –
თიკოს შეჩვენებისა და ლანძღვა-გინების უბრალო
წარმოდგენაც კი დაუცხრომელ ნიკოს აუგემურებდა და
აშფოთებდა. თანაც, ღმერთო დიდებულო, ერთი ხელის მოსმით
ხომ არ შეიძლება რაიმე შექმნა, ერთი ხელის მოსმით ხომ
ვერაფერს დაწერ, გარდა განცხადებისა, თუმცა იქნებ უბრალო
განცხადებაც ვერ დაწერო უცებ და ერთბაშად... ჰოდა, ძილი
გაიკრთო, მოთმინებით აღიჭურვო, წერო და წერო მუყაითად
ისეთი რამ, რითაც საკუთარი ხელით ორმოს გაითხრი, რის
გამოც ლარივით აწყობილ ცხოვრებას გაიმრუდებ, სიცოცხლეს
ჩაიშხამებ და შენიანებსაც ჩააშხამებ, ეს განა სასიხარულო
შეიძლება იყოს მშობლისთვის? და თუ გინდა წერო და წერო
მთელი სიცოცხლე, უჯრაში ინახო და ვერასოდეს ვერაფერს ვერ
მოესწრო, ესეც რა არის? რა პერსპექტივაა ახალგაზრდა,
გასათხოვარი ქალისთვის, ვისი უპირველესი მოვალეობა
დედობაა, ოჯახის შექმნაა?! ჩვენს ქვეყანას ღირსეული
მოქალაქეები გაუზარდოს, ქართველს ქართველი შემატოს,
ჩვენი პატარა ქვეყანა ამრავლოს! ეს უფრო მნიშვნელოვანია,
თუ პაპის ინდექსში შესატანი თხზულების წერა?! ამასწინათ
მარიკოსაც რომ ეკამათებოდა და პასტერნაკი მოიგონა, სულ
ახსოვს, სულ, როგორ ჩააშეშეს, როგორ ამოხადეს სული, და
რისთვის? დიმამ ხომ ჩამოიტანა ჯერ კიდევ მაშინ „დოქტორ
ჟივაგო“, და განა რა იყო იქ ისეთი, მთელ ქვეყანაზე თავის
მოსაჭრელად ზარბაზნები რომ აქუხეს. თან ის ბრწყინვალე
ლექსები... დიმამ სულ ზეპირად იცოდა და დილით, სტადიონზე
სიარულის დროს გამუდმებით უკითხავდა პოეზიისა და
ლიტერატურის მოყვარულ თავის ბიძაშვილს. ასეთი სულელები
რომ ყოფილიყვნენ რუსი მეფეები, კაცმა არ იცის რამდენს
დაკარგავდა დიდი რუსული ლიტერატურა, კაცმა არ იცის!
ჰოდა, მისი საყვარელი თიკო ვინ არის და საიდან კნავის? ვინ
არის და შარშან, სინიავსკისა და დანიელის ამბების შემდეგ,
გასამათრახებელი წერილი მისწერა გრიბაჩოვს, მხოლოდ
თავისი სახელი და გვარი არ მოაწერინა ნიკომ, რა საჭიროა,
შენ ხომ ცნობილი ვინმე არა ხარ და რაკი არ დაგიშლია, შენი
გვარით ნუ გამოჭენდები და წერილსაც ჩვენს საფოსტო ყუთში
ნუ ჩააგდებ, დიმას გაატანე, მოსკოვიდანვე გაგზავნოსო. ამაზე
კი ვერ დაითანხმა, დაე, საქართველოდანაც გაისმას
პროტესტის ხმაო, სწორედაც ბეჭედს საქართველო უნდა
ეწეროსო და გააგზავნა... კარგად კი ჰქონდა დაწერილი,
როგორ არცხვენდა, ბნელეთის მოციქულს უწოდებდა,
ძაღლთან აბამდა... ბოლოს კი ასე ამთავრებდა: „Засуньте ваши
бездарные поэмы „Колхоз“ „Большевик“ и „Весна в победе“ в
одно место и радуйтесь своему лизоблюдству“. ენაცვალოს
მამა, რა აღშფოთებული და თან ამაყი იყო, მეც ფეხი
გამოვყავიო, ის კი არ იცოდა, ნიკომ ფოსტალიონს რომ
ამოაღებინა ყუთიდან ის წერილი, დახია და გადაყარა... აბა, მაშ
როგორ, იმას დაუშვებდა, თიკოს თავიდან ბეწვი
ჩამოვარდნოდა?! ერთიც ვნახოთ და გაეგოთ, გამოეკვლიათ
ვინ დაწერა ის საპროტესტო წერილი?! გაუჭირდებათ გაგება თუ
რა?! მიწაში ჩაჰყვებიან, მტრად თუ ვინმე დასახეს! გამოცდილია
ნიკო, გამოცდილი, საკუთარ ტყავზე აქვს ნაწვნევი, ჯერ კიდევ
სტუდენტობის დროიდან, წარამარა რომ იბარებდნენ პირველ
განყოფილებაში და თანამშრომლობას სთხოვდნენ... მერე
ჯგუფელები ერთმანეთს გამოუტყდნენ, რომ თურმე ყველას
იბარებდნენ. ნიკო კი ვერასოდეს ვერ დაითანხმეს, მაგრამ სულ
იმას ფიქრობდა, ვინ იცის, ჩვენს ჯგუფში ვინმე კიდევაც
თანამშრომლობს და ამხანაგებს აბეზღებსო. დასმენის ეს
უნივერსალური სისტემა, დესპოტიის სულისჩამდგმელი და
ყოველგვარი უზნეობით ნაპატივები, ხელიხელჩაბმული
ტერორთან და დაშინებასთან, ეზიზღებოდა ნიკოს, მთელი
თავისი არსებით ეზიზღებოდა, და ეს ზიზღი ისეთი
აღშფოთებითა და რისხვით ავსებდა, საყოველთაო შიშსაც კი
უქარწყლებდა და სრულიად დაუშვებლად მიაჩნდა იმ
შერისხულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. არადა, თუმცა
37 წლის დიდ ტერორს, რომელსაც კაცობრიობის ისტორიის
მანძილზე, თავისი ულმობელი მასშტაბებით ვერცერთი ტერორი
ვერ შეედრებოდა ოსვენციმ-ბუხენვალდის ჩათვლით, და
რომელმაც ნიკოს მრავალი ნაცნობ-მეგობარი და ნათესავი
შეიწირა, თვითონ ნიკო გადაურჩა, და ამას უმადლოდა
ხანგრძლივ კვალიფიკაციას ლენინგრადში, გეგონებათ, ამ
გადარჩენის სანაცვლოდო, განსაკუთრებით ლენინგრადიდან
დაბრუნების შემდეგ, წარამარა იბარებდნენ, სადაც ჯერ არს და
თანამშრომლობისკენ ხან მოუწოდებდნენ, ხან არწმუნებდნენ,
ხან სთხოვდნენ, ზოგჯერ ემუქრებოდნენ კიდეც, მაგრამ ნიკოს
ძვრა ვერ უყვეს, ჩემს პროფესიას არავითარი კავშირი
პოლიტიკასთან არა აქვსო, მე მევალება მტერსაც ისევე
ვუშველო, როგორც მოყვარესო, ყოველგვარი პარტიულობის
მიუხედავადო და რასაც ერთი ხელით ვაკეთებ, მეორე ხელით
იმას ხაზს ვერ გადავუსვამო, აი, ასე, ბედავდა და
წარბშეუხრელად ერთსა და იმავეს ეუბნებოდა... ომის დროს კი,
თუშები რომ „გავიდნენ“, მათი თავკაცი ადამა ბობღიაშვილი
ნიკოსთან მეგობრობდა და საწყალ ნიკოს ლამის სული
ამოხადეს დაკითხვებით: კიდევ ვინ იყვნენ თუშების
მომხრეებიო, თქვენ გეცოდინებათ და გინდა თუ არა, უნდა
დაასახელოთო. კიდევ კარგი, თუშების საქმეზე შინსახკომის
გენერალი იყო ჩამოსული, რომელსაც ნიკოს ბედად,
სადინარში დიდი კენჭი ჩაეჭედა და გადაუდებელ ოპერაციას
საჭიროებდა. კაცი იხუთებოდა და დათანხმდა, სანამ
თბილისიდან ჩამოვლენ, იქნებ სულიც გამძვრესო და ნიკომ
გაუკეთა ოპერაცია, შედეგიც კარგი ჰქონდა და გენერალმა რომ
მოიხედა და ნიკოს უთხრა, თქვენთან ვალში ვარო, ნიკომ
გულმხურვალედ თავისი ამბავი აუწყა, ასე და ასეო, სულ
ტყუილუბრალოდ გამიჭირეს საქმე, ამ შვიდი წლის წინ, ადამამ
მთათუშეთში რომ წამიყვანა, მას შემდეგ არც ადამა მინახავს,
არც მთათუშეთში ვყოფილვარ, მათი „გასვლის“ შესახებაც
არაფერი არ ვიცოდიო, თორემ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ და
დარწმუნდეთო. ის იყო და ისა, ნიკო იმ დაწესებულებაში აღარ
გამოუძახიათ. მაგრამ ნიკოსაც, როგორც მრავალ პატიოსან
საბჭოთა ადამიანს, დროდადრო ეჭვი უღრღნიდა ხოლმე გულს:
მართალია, ამ გულის გამაწვალებელ და შემაწუხებელ
შემოტევებს გავუძელი, ოღონდ, რომ ვეწამებინე, იმ ქანჩებსა და
მარწუხებს, იმ წიხლებსა და ბოთლზე დასმას, იმ საზარელ
წამებას გავუძლებდი თუ არაო, დავასახელებდი თუ არა
უდანაშაულო ადამიანებსო, მოვაწერდი თუ არა ხელს
ცილისწამებასა და სისულელეზე აგებულ აბსურდულ
ბრალდებებსო, და ბოლოს... დახვრეტის წინ წავხდებოდი თუ
შევინარჩუნებდი ღირსებასო.
ეზოს პატარა რკინის კარი გარახუნდა, ეს ნამდვილად
მარიკოაო, ავადმყოფები კარს ასე არ არახუნებდნენ, თიკოც
ხომ წასული იყო კვეტერაზე და ნიკომ საქაღალდე დააბინავა,
უჯრა დაკეტა და ცოლთან შესახვედრად გაემართა. მარიკო კი
იდგა ქვევით ეზოში, აყვავებული ჟასმინის დიდ ბუჩქთან,
თავაწეული და ყვავილების სურნელს იყნოსავდა. უყვარდა
ყვავილები და სილამაზე, ყოველგვარი გამოვლენით, და
თვითონაც მეტად სანდომიანი და მიმზიდველი იყო.
გახარებულიც ჩანდა, ქვევიდანვე გაუღიმა ნიკოს და აივნისაკენ
წამოვიდა. თურმე მოგზაურობის ტრფიალს, მარიკოს, მიზეზიც
ჰქონდა გახარებისა, ჯერ ერთი, ბამბის ქსოვილის,
წვრილუჯრიანი, ნაცრისფერი კოსტიუმი, „სამგზავრო კოსტიუმი“,
როგორც მარიკო ამბობდა, მშვენივრად შეეკერათ ატელიეში,
კარგადაც ედგა და შვენოდა კიდეც. პირველ რიგში, სწორედაც
სადილისთვის გაშლილ სუფრას ყურადღება არ მიაქცია,
შეკრულა გაიხსნა, სარკესთან კოსტიუმი ჩაიცვა და ნიკოსა და
თინათინს ასე ეჩვენა... მეორე სიხარულიც უშუალოდ
საზაფხულო მოგზაურობას ეხებოდა, ტურისტულ ბიუროში უკვე
მიეღოთ საგზურები, ენისეიზეც, დიკსონამდე და ბაიკალის
ტბაზეც...
– მაგრამ საქმე ის არის, – ამბობდა მღელვარედ მარიკო, –
ლელიკო არაფრით ენისეისა და დიკსონზე არ დათანხმდა, ობი
რომ იყოს, არც დავფიქრდებოდიო, საწყალი დეიდაჩემი,
როგორც ყოფილი ნაციონალ-დემოკრატი, ოცდარვა წელს
სწორედ ობზე, კუშეტავაში გადაასახლეს და ძვლებიც იქ
ჩაყარაო, და ობზე რომ წავსულიყავით, კუშეტავაში მწვანე
გაჩერება რომც არ ყოფილიყო, იმ ადგილას გემიდან
ყვავილებს მოვაბნევდით და სანთლებს დავანთებდითო...
თანაც ენისეის საგზური ცამეტი ივლისიდან არის, ჩემი მოწაფე
კი კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე თხუთმეტ ივლისს
უკრავს და უკანასკნელ დღემდე უნდა ვამეცადინოვო, ამიტომ
მოდი, ბაიკალზე წავიდეთო... ძალიანაც გამიხარდა, –
განაგრძობდა ხალისიანად მარიკო, – ბაიკალი ხომ უნიკალური
ტბაა, ლამის ბავშვობიდან ჩემთვის საოცნებო...
– თან ჭამე, მარიკო, გაგიცივდა ჩიხირთმა, – ჩაურთო ნიკომ.
მოხუცი თინათინი კი უტყვად დასჩერებოდა თავის მათლაფას
და გუნებაში თავის რძალს განაქიქებდა, ასე ყოველ
არდადეგებზე თავაღერილი სიარული ამსიშორეზე და ჩემი
შვილის ნაშრომის წაღმა-უკუღმა ფანტვაც მეტისმეტიაო.
– თან რა კარგ დროსაც არის, – განაგრძობდა მარიკო, –
სწორედ, როცა მუზეუმიდან ექსპედიციაში აპირებენ წასვლას,
ლელიკოსაც უხარია, შალვა აქ მარტო არ იქნებაო, ჩვენც
ოცდაორ ივლისს ირკუტსკში უნდა ვიყოთ, იქიდან იწყება ჩვენი
მარშრუტი.
– დედა, ძალიან კარგი, დიმა ჩამოვიდა და ჩვენ მშვენივრად
ვიქნებით უამათოდ, – ნიკომ დედას ნიგვზის საწებელა
გადაუდგა, – მერე კი, აგვისტოში, მეც შალვას ავიყოლიებ,
თიკოსაც ჩავჭიდებ ხელს და საითმე გავკრავთ, ალბათ,
ზღვისკენ, აბა, მაშ როგორ?! – ვითომ გამოჯავრებით თქვა და
მარიკოს ღიმილით გადახედა.
„მონაა, მონა ცოლ-შვილისა, – გუნებაში ჯავრობდა თინათინი,
– ასე ფეხქვეშ გაგებაც არ შეიძლება...“ და მაშინვე, თავისი
განწყობილება რომ გაექარწყლებინა, იკითხა:
– რაო, თიკომ? გვიან დავბრუნდებითო?
– რა თქმა უნდა, – თქვა მარიკომ, – სანამ მხატვრები
იმუშავებენ, მერე სანამ მწვადებს შეწვავენ და იქეიფებენ,
დაბინდებამდე არც უნდა ველოდოთ... ერთ-ერთს თურმე თიკოს
დახატვაც ნდომია, იცი, ნიკო? და თუ მოგვეწონება, ვიყიდოთ
აუცილებლად, კარგი?! უნდა გითხრა, ნამდვილად კარგი
მხატვარია.
ნიკოს უცებ ფიქრმა გაუელვა, ნეტავ ეს ბიჭიას მეგობარი ხომ
არ უყვარს თიკოსო, მაგრამ მყისვე უკუაგდო ასეთი ეჭვი, ესენი
ერთი თვეა ჩამოვიდნენ და თიკოს შეყვარებულობას მე
ზამთრიდან ვამჩნევო, ხან უმიზეზო ტირილსა და ხან წრეს
გადასულ აღფრთოვანებასო... ინანა კიდეც, რომ მაშინვე
გენერალი ლაზარევის შესახებ კითხვას შეუდგა, დრო
დაკარგა... შავბნელი ფიქრებიც აღეძრა... იმის მაგივრად, რომ
თიკოს პირადი ჩანაწერის ან ლექსის, ან იმ ვიღაცის წერილის
ძებნას შესდგომოდა...
და სრულიად შემთხვევით ნიკოს ბედმა გაუღიმა; სადილის
შემდეგ თინათინი თავის ოთახში განმარტოვდა, მარიკომ კი, მე
ჭურჭელს ავალაგებ და აქაურობას მივხედავო, ნიკო თავის
კაბინეტისკენ წავიდა, ავადმყოფების მიღებამდე ცოტას
დავისვენებო, რომ ჭიშკრის მხრიდან ეზოს ძაღლის, ჯულბარსის
გამწარებული ყეფა მოისმა. მანქანით თუ არსად მიდიოდა,
ჭიშკარი სულ დაკეტილი იყო, ბაღის მხრიდან, კუტი კარიდან
დადიოდნენ ხოლმე. ნიკო დარბაზიდან პატარა რკინის აივანზე
გავიდა და ჭიშკარს გახედა, თათრის ქალი იყო, საწყალი,
ბენტერა ქალი, ეზოს ცოცხები დაჰქონდა, ახლაც ცოცხებს
გალავნიდან თავი ჰქონდა ამოყოფილი. ნიკო დროდადრო
ტყუილუბრალოდ ყიდულობდა ხოლმე ცოცხებს და ისეც
ჩუქნიდა ხოლმე ქალს ფულს, ეცოდებოდა. ზოგჯერ
შემოიყვანდნენ და პურსაც აჭმევდნენ.
– ექიმო, სოსხი აიღე... ეზო დაგავე! – იძახდა ქალი, ძაღლი კი
იყეფებოდა.
– გაჩერდი, ჯულბარს! – დაიძახა ნიკომ, – ცოცხი არ გვინდა,
შენ თუ გშია, შემოდი იქიდან, პატარა კარიდან!
მაგრამ თათრის ქალმა ცოცხი გალავნიდან გადმოაგდო და
წავიდა. ნიკო ის იყო დარბაზში უნდა შებრუნებულიყო, რომ
გაჩერდა, აყვავებული ლიმონის სურნელი შეიყნოსა და ძალზე
ესიამოვნა. ამ პატარა რკინის აივანს თიკო იყო
დაპატრონებული, ერთი ნაწილი დიდ ლიმონს ეკავა, რომელიც
გაზაფხულის დადგომისთანავე თიკოს სწორედაც ამ პატარა
აივანზე გამოჰქონდა, იმ დროს როცა უკან უზარმაზარი აივანი
ჰქონდათ, და გარდა ლიმონისა, კარგი მოზრდილი,
ვარდისფრად აყვავებული ოლეანდრიც იდგა თიხის
მუცელგაბერილი ქოთნით, მცირეოდენი ადგილიღა იყო
დარჩენილი ჩალის მოწნული სავარძლისა და ვიეტნამური
ჭრელი ქეჩისთვის. მაინც რა მშვენიერი მცენარეა ლიმონიო,
გაიფიქრა ნიკომ, რა სურნელოვანი, თანაც ერთდროულად რომ
ზოგი მწიფს, ზოგი ყვავის, ზოგი ჯერ ისევ მწვანეა. უნდოდა
კიდეც, ერთი დიდი, ყვითელი ლიმონი მოეწყვიტა, მაგრამ
გადაიფიქრა, თიკოს როცა ენდომება, მაშინ მოწყვიტოსო.
თვითონ კი აქ დარჩენა და აქ დასვენება მოუნდა, ჩალის
სავარძელში, ლიმონის ქვეშ. და რომ დაჯდა და ძირს დაიხედა,
ქეჩის ნაპირას, იქვე სავარძელთან წიგნი შენიშნა, დაიხარა,
პლუტარქეს „პარალელური ბიოგრაფიები“ იყო, იქვე ფანქრებიც
ეყარა, ნიკომ წიგნი აიღო და ის იყო, უნდა უკან დაედო, ცოტას
ჩავთვლემო, რომ წიგნი ოდნავ გადაიშალა და ფურცლები
გამოჩნდა, თხელი რვეული იყო, თიკოს ნაწერი... ნიკომ მაშინვე
გულის ჯიბიდან სათვალე ამოიღო და რვეულის გვერდს ჩახედა:
„მეტროდორე დიდის პატივით დაკრძალა ტიგრანმა და იმ კაცის
გვამის შესამკობად, რომელიც მან სიცოცხლეში ვერაგულად
გასცა, არაფერი არ დაზოგა.“ აა, ეს პლუტარქედან იყო
ამოწერილი: „როგორც ყველა სხეულს არ შეუძლია ბევრი
წმინდა ღვინის ატანა, ისე ყველა ადამიანს არ შეუძლია ჭკუა-
გონების შენარჩუნება დიდი ბედნიერების ჟამს“, „სულა თავის
„მოგონებებში“ ამბობს, რომ არაფერი არ უნდა ჩათვალოს
კაცმა ისეთი ნდობის ღირსად და ისეთ ჭეშმარიტებად, როგორც
ის, რაიც სიზმრად გამოგვეცხადება ხოლმე“. კითხულობდა ნიკო
და ფიქრობდა, ამ საუკუნეების მანძილზე ადამიანის ფსიქიკა
იოტის ოდენადაც არ შეცვლილაო... ნიკომ გადაფურცლა
რვეული და, ბიჭოს, ლექსი, შუა ფურცელზე ჩამწკრივებული
ტაეპები, რომელთა კითხვამ ნიკო ისე ააღელვა, ისე ააღელვა,
აღარც ჩათვლემაზე უფიქრია და აღარც დასვენებაზე, აი, ის
ლექსიც:

შენთან მოვედი მშიერი და...


არ დამაპურე!
შენთან მოვედი მწყურვალი და...
არ დამარწყულე!
სარკმელი
კარი
ერდო
ბანი დახშე, დახურე!
სული მომეთქვა შენს ბაღში მსურდა...
ბაღის კარი მომიჯახუნე!
შენ დამამტერე სიხარულს და
ლხენას სულისას შენ დამამდურე!
და მუხლმოდრეკილს,
ხელაპყრობილს,
მღაღადებელს და
მსასოებელს...
შენი წყალობა ცის მანანად
არ დამაპკურე!

ნიკო ისეთი ჩაციებით კითხულობდა და ისეთი ინტერესით


დასჩერებოდა ამ ტაეპებს, აუცილებლად უნდოდა, ამოეცნო და
ცოცხლად დაენახა ადრესატი, ვისკენაც მიმართული იყო ეს
სიტყვები, ვინც ჩააგონებდა აი, ასეთი მათხოვრული ლექსის
დაწერას მის საყვარელ შვილს... ვინ არის ის ოხერ-მუდრეგიო!
– შესძახა თავის გულში ნიკომ, ვინც აი, ამისთანა
განწყობილებაზე აყენებსო! და თუ პირველ წაკითხვაზე რაღაც
კმაყოფილების მსგავსი იგრძნო, ხომ გამართლდა ჩემი
ეჭვებიო, ხომ ტყუილუბრალოდ არ ფიქრობდა, რომ თიკო
შეყვარებული იყო და მუცლის ტკივილიც, თავის ტკივილიც,
უგუნებობაც და თვალზე ცრემლიც სულ ამ გატაცებასთან იყო
დაკავშირებული... ჰოო, აი, კიდევ რაში ყოფილა საქმე,
რვეულის კიდეზე, წვრილი ასოებით იყო მიწერილი: „მტანჯავს,
მაწვალებს მე უბიწობა...“ როგორც უნდა საჩოთირო ყოფილიყო
ნიკოსთვის ამის გაგება, მას ერთსა და იმავე დროს გაუხარდა
კიდეც და შეწუხდა კიდეც. ტრადიციულ მამასა და
ძველთაძველი, პატიოსანი ოჯახის შთამომავალს, დაუშვებლად
მიაჩნდა თავისი შვილი გაუთხოვრად ვიღაცას მისცემოდა, ეს
ხომ ოჯახისთვის თავის მოჭრა იქნებოდა და თვითონ თიკოსაც,
ბოლოს-ბოლოს რა ხეირს გამოუყრიდა?! არადა, ის ვიღაც,
ეტყობა, ქორწინებაზე სრულებითაც არ ფიქრობდა, თორემ
აქამდე ხომ ათასჯერ მოვიდოდა ოჯახში და ნიკოს
დაელაპარაკებოდა?! რომელი უწლოვანი იყო მისი შვილი, რომ
იმ ვიღაცას უკან დაეხია და დროს დალოდებოდა?! რა იყო ეს,
რა, ვინ უნდა ყოფილიყო ასეთი იდიოტი, თიკოზე უარი ეთქვა?!
ნიკოს ვერც წარმოედგინა, თიკოს ვინმე მოსწონებოდა და ის
ვიღაც კიდევ უფრო არ გადარეულიყო თიკოსთვის, ნიკოს
ყოველმხრივ შემკული შვილისთვის... ამიტომ შეწუხებასთან
ერთად შეურაცხყოფასაც გრძნობდა, რატომღაც პატარა,
მათხოვარ გოგონად წარმოედგინა თიკო, ვიღაცის კარზე
მიმდგარი რომ თხოულობს პურსა და წყალს... ანუ სიყვარულს..
გული ეკუმშებოდა ნიკოს, ცხოვლად იგრძნო, როგორ
იტანჯებოდა თიკო, ხორციელად და სულიერად... უნდა ეშველა
თავისი შვილისთვის, აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე,
ცეცხლს მისცემდა თავს და უშველიდა! შალვა უნდა ამოიყენოს
გვერდში, აი, რა. ვის შესტკივა გული შალვასავით. შეერთებული
ძალით შეუტიონ... ფიქრებში ჩაძირულ ნიკოს კაბინეტიდან
ზარის ხმა მოესმა. ახალგაზრდა ბიჭი იდგა კართან და
მღელვარებისაგან ცქმუტავდა:
– ექიმო, თვენი ჭირიმეთ, მამაჩემია ძალიან ცუდად და უნდა
გამოგვყვეთ, ქისტაურში, შორს კია, მაგრამ გთხოვთ...
– რა სჭირს ამისთანა?!
– რა ვიცი, საშინელი ტკივილი აქვს მუცლისა, საშინელი!
– რატომ არ წამოიყვანეთ მერე!
– შემეშინდა... თვითონაც არ მოინდომა... გთხოვთ! – მანქანა
ქვევით გვიცდის...
– ჩავიცვამ და ახლავე ჩამოვალ... – ცოლს კი დაუბარა,
სასწრაფო შემთხვევაა, ქისტაურში უნდა წავიდე და
ავადმყოფებს უთხარი, დღეს მიღება არ მექნებაო. და წავიდა,
შემთხვევა მართლაც სასწრაფო იყო, ნაწლავების
გადახლართვა ჰქონდა ხნიერ კაცს. სასწრაფოდ გადმოიყვანეს,
ნიკოს გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება მოუხდა,
გადაარჩინა საწყალი კაცი პერიტონიტსა და სიკვდილს; და
დაღლილ-დაწყვეტილი შინ რომ დაბრუნდა, უკვე ყველას ეძინა.
მაგიდაზე ბისკვიტი და თერმოსით ცხელი რძე დახვდა.
ფრთხილი ძილი ჰქონდა თინათინს და შვილის ფეხის ხმაზე
მაშინვე წამოდგა, გამოვიდა და მაგიდასთან ჩამოუჯდა.
– რა არის, გენაცვალოს დედა, ამდენი მუშაობის შემდეგ ასე
რომ იციცქნები, რა მაწივრობა აქვს მაგ ბისკვიტს, ივახშმე
ხეირიანად...
ნიკოს გაეცინა:
– მარიკო ვერ იტანს ღიპიან კაცებს, დედა...
– ოჰ, ჩვენს ოჯახში არავინ ყოფილა ღიპიანი და უშნო.
– შენ ის მითხარი, თიკო როგორ დაბრუნდა? კმაყოფილი
იყო? კარგი დრო გავატარეთო?
– ერთი წუთით ვნახე, მაშინვე სადღაც გაიქცა...
– და გვიან დაბრუნდა?
თურმე გვიან დაბრუნდა. და ზოგჯერ რომ არის ხოლმე
აღფრთოვანებული და აღტაცებული, აი, ისე იყოვო,
შემომეხვია, ლოყები დამიკოცნა და, ბები, რა ბედნიერებაა
სიცოცხლე, არაოო?! ნიკო მოიღუშა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
ეს აღტაცებაც იმ ვიღაცის გამოისობით იყო, ვისაც ლექსში
პურსა და წყალს სთხოვდა... დაღლილობის დროს ისედაც
უკრთებოდა ძილი, ახლა, მითუმეტეს, ვერა და ვერ დაიძინა. რა
თქმა უნდა, ის ვიღაც იდიოტი იყო, და სრულიად შეუფერებელი
თიკოსთვისა და მათი ოჯახისთვის. ასე რომ არ ყოფილიყო,
განა პირველი თვითონ თიკო არ იტყოდა?! სხვა დროს როდის
დაუმალავს თავისი გატაცებები, რომ ახლა დაემალა?!
ნორილსკში უნდოდა წასვლა იმ ვიღაც მუდრეგთან!
ყოველთვის ყველაფერს თვითონ თიკოსგან იგებდნენ და რა
იყო ეს?! ასე გასაიდუმლოება, რომ მარიკოსთვისაც კი არაფერი
უთქვამს?! ახლა მაგას რა ემჯობინებოდა, თუ მოხდებოდა ისე
სანიმუშოდ და თიკოს ვინმე ღირსეულიც შეხვდებოდა და
შეუყვარდებოდა კიდეც, მაგრამ ნიკოს ასეთი ბედნიერი
შემთხვევის არ სჯეროდა უმთავრესად თიკოს ხასიათისა და
არაპრაქტიკულობის გამო... თორემ აგერ ოთარი, აგერ, შარშან
რომ იყო, ვაჟა, როგორ მოწადინებული, როგორი
თავგადაკლული მსურველი თიკოსთან ოჯახის შექმნისა! და
ელიბო? ელიბო? ამოვა ბაკურციხიდან და სულ იმას სთხოვს და
ემუდარება, მოდი, ჩვენი შვილები შევახვედროთ ერთმანეთს და
გავაბედნიეროთო. კიდევ სხვებიც! ვინ აღარ! არა და არა! და
რაც ნიკომ იცოდა თიკოსი, ბავშვობიდან მოყოლებული,
არავითარ ნდობას ეს ცოდნა და გამოცდილება არ აღუძრავდა,
პირიქით, განუმტკიცებდა რწმენას, რომ სიყვარულით თიკოს
ცხოვრება ვერ მოწესრიგდებოდა, ვერა, განუმტკიცებდა
გადაწყვეტილებას, რომ ჩაურევლად თიკო ბედნიერებას ვერ
ეწეოდა. ვერა, ვერა, ნიკო თავისი ერთადერთი შვილის ტანჯვას,
ცრემლებს და ასეთ მათხოვრულ ლექსებს ვერ მოითმენდა,
ვერავითარ შემთხვევაში. ცხოვრება ისეთი ნადირიაო,
ფიქრობდა ძილგამკრთალი ნიკო, თუ სწორ კვალზე არ დააყენე
შვილი, თუ გეში არ ააღებინე, ვერაფერს ვერ მოინადირებსო,
დარჩება აბგაცარიელი და იმედგაცრუებულიო... და ნიკოს
ეთაკილებოდა თავისი შვილისთვის და თავისი თავისთვისაც,
შეწუხებასთან ერთად, ეთაკილებოდა მის შვილს,
მათხოვარივით ხელი გაწვდენილი დარჩენოდა! დები და ძმები
მაინც რომ ჰყოლოდა, ასე კი არ იქნებოდა ნიკო გადარეული,
თიკოც ასეთი თავისწვერა კი არ იქნებოდა, ასეთი
თავისნათქვამა... დღეს რა მოაქვს და ხვალეს რა, ვინ იცის,
ისინი ცას კიტრად კი არ გამოებმებიან და დარჩება თიკო
მარტო, მარტოდმარტო. დარჩეეს? ცისა და მიწის ამარა? ოჰ,
ღმერთო ჩემო, და ჩაეწეროს მაშ დასში? მარტოდ დარჩენილი
ქალების დასში? და ძილგამკრთალ ნიკოს ხან რომელი ეული
ქალი წარმოუდგა, ხან რომელი, მე თქვენ გეტყვით, ცოტანი
იყვნენ! მაგრამ ამდენი?! ამდენი მაინც არ ეგონა ნიკოს,
პირდაპირ შეძრწუნდა, მგონი, არასდროს არავის შესცოდებია
ეს ქალები ისე, როგორც ძილგამკრთალმა ნიკომ შეიცოდა.
მერე რა მშვენიერი ქალები – თუ შეხედულად, თუ
ოჯახიშვილობით, თუ სწავლა-განათლებით... დავიწყოთ
თუნდაც ნადიკვრის ქუჩიდან, დავიწყოთ და ჩამოვყვეთ. დები
ეთერი და ქეთო, როსტომაშვილები, ძველთაძველი ოჯახის
ქალები, ეთერი იურისტი, ქეთო მასწავლებელი, თან რა
სანდომიანები, რა ეშხიანები... ეთერი, სახენათელი, უმწიკვლო
პიროვნება... ქეთო კიდევ რა წერწეტი, რა ჰაეროვანი მიხრა-
მოხრა, მიჰქრის სკოლისკენ ისე მოხდენილად, ნიავქარივით,
შეუძლებელია, თვალი არ გააყოლო. ჰოდა, რაა, ეს საქმეაა,
იმათი უოჯახობა?! და იქვე მეზობლად ნუცა გოგოლაძე?
მგოსანი ქალი, სევდიას ფსევდონიმით რომ აქვეყნებდა
„ცნობის ფურცელში“ ლექსებს?! ნუცა უკვე მოხუცია, და კიდევ
კარგი, ძმა და ძმისშვილები ჰყავს, კიდევ კარგი... და კატო?
ლაფაური?! რატომ პირველად კატო არ მოიგონა, თვალში რომ
ჩაგივარდეს, ხელს არ ამოისვამ, რა ჭკუა-გონებით სავსე, რა
განათლებული, ისტორიის მასწავლებელი პირველ სკოლაში,
ღმერთო, რა კდემამოსილი, დადის და გეგონებათ, დედამიწას
ფეხს არ აკარებსო, გადაკალმული თვალ-წარბი, ხელებზე კი,
გაზაფხულობით, მაქმანიანი ხელთათმანები... ძველი ეგვიპტე,
რომი, საბერძნეთი, პუნიკური ომები, ჯვაროსნები... სულ
ზეპირად იცის, ძილიდან გამოაფხიზლო და ჰკითხო, არაფერი
შეეშლება... მართალია, ბევრი ჭირი ნახა, ოცდაოთხში სულ
პატარას მამა დაუხვრიტეს, ოცდაჩვიდმეტში ძმა დაუღუპეს,
მეორე ძმა ომში დაეკარგა, ჩაიკეტა, ჩაიკეტა, დედასთან
ერთად... და მაინც, ნიკომ გაუკეთა ხომ ბრმა ნაწლავის
ოპერაცია და სხეული და რა სხეული, სადაფი, ნამდვილი
სადაფი, აფსუსი არ არის, ამისთანა სხეული ხელშეუხებლად
წავიდეს, ნაყოფი არ გამოიღოს, გუდაფშუტასავით გაქრეს?! ან
ისინი? ელიკო და ვერიკო? თურმანიძეები?! ერეკლეს
მკურნალის შთამომავლები, ახლაც აკეთებენ დიდებულ
მალამოებს, ჯერ მარტო ნიკოს რამდენი ავადმყოფი გაუგზავნია
მათთვის... თავგადახრილი, თითქოს დარცხვენილები რომ
დაიარებიან, აშკარად ეტყობათ სახეზე რაღაც,
შეკრთომასავით... აბა, ეხლა აქეთ წამოვიდეთ, ავუხვიოთ
მარქსის ქუჩაზე?! და აგერ თინიკო, იმნაძეებისა, ორი ძმის და!
განა თუ ეცადნენ შოთიკო და ტარიკო ხელი გაენძრიათ,
გარჯილიყვნენ და სულ ძალად გაეთხოვებინათ თავისი და,
მერე რა ერთგული და თავდადებული ძმებისა?! ტარიკოს
ნაღვლის ბუშტის ოპერაცია რომ გაუკეთა ნიკომ, თინიკო არ
მოსცილებია არცერთი წუთით, დღე და ღამე თავზე ედგა, აი, რა
მართალია ქართული ანდაზა: და ძმისთვისო და, ძმა
სხვისთვისო! იმათ არ დაიკლეს ცოლები და ქალები და
თინიკოც დარჩა შინაბერების ამქარში... მერე რამდენნი არიან,
რომ მიჰყვეს და მიჰყვეს, სად წავა, ღმერთმანი, დაათენდება და
მაინც ვერ მოლევს, ვერა! არადა, სწორედაც უნდა მიჰყვეს, მაშ,
გულის მიმტკივნებით არ უნდა მოიგონოს ნიკომ ეს ეული
ქალები?! თუნდაც ლია, ჩითავიშვილებისა, დედისერთა,
როგორ გაზრდილი, რა სიტყვა-პასუხი, რა მუსიკა და
ინგლისური, რა ზრდილობა და თავდაჭერა, ლაპარაკის დროს
ოდნავ რომ ამოძრავებს თავის მშვენიერ ტუჩებს, მოდის
გუშინწინ ავადმყოფისგან ორჯონიკიძის ქუჩაზე და შევხედოთ
თავიანთი სახლიდან ლიტა გამოვიდა, თურქესტანიშვილი, –
აბა, მაგათი წინაპრები ხომ ერეკლესი და გიორგის კარზე
იყვნენ, ვინ მღვდელი და ვინ ნაზირი, – კოხტა, პატარა
კალათაში ბადია ჩაუდგამს, თეთრტილოგადაფარებული და
საითკენღაც მიისწრაფის, გაჩერდა ნიკო, ლიტას დედა ნინუცა
მოიკითხა, – ფურუნკულოზი ჰქონდა და ნიკომ სისხლის
გადასხმა და ელიკოსი და ვერიკოს მალამოები დაუნიშნა, –
უჯობა, უჯობა თქვენმა დანიშნულებამო და კალათა გამოუწოდა,
ახლად გამომცხვარი თბილ-თბილი ღვეზელებია
კარტოფილისა და იქნებ მიირთვათო, ქალებს არიფანა გვაქვს
და მარინასთან მივდივარო... ჰო, აგერ მარინაც, კულტურის
განყოფილების გამგე, უკვირს და გაჰკვირვებია, მარინა მაინც
როგორ დარჩა გაუთხოვარი, რა ჩამოქნილი სახე, რა
თვალწარბი და ტუჩ-კბილი! თან რა ღონისძიებებს ატარებს,
კულტურულ ღონისძიებებს, ჩამოჰყავს და ჩამოჰყავს თელავში
საუკეთესო შემსრულებლები, გაუკვირდა ნიკოს, ამას მართლა
არ მოელოდა, რეზო ინანიშვილს რომ გაუმართა საღამო და
სიტყვა უთხრა, რა შესანიშნავი სიტყვა, რეზო სულ გაბადრული
უსმენდა. ჰოდა, ლიტა ეუბნება გუშინწინ, დროდადრო რომ არ
მოვაწყოთ ასეთი არიფანები, არ შეგვიძლიაო, ლიას ვაშლის
ღვეზელი მოაქვს, ფიქრიას ხაჭაპური, თინიკოს თავისი მეღვინე
ძმა ტარიკო თელიანს გამოატანს ხოლმეო, ხვარამზე კიდევ
ხინკალს მოატანინებსო და... ჰო, აი, ხვარამზე, ბედაურივით
ქალი, თან ექიმი, გავა აქვს იმისთანა, თუნდ ათ შვილს
გააჩენდა, მაგრამ ფლუსტ! ათი კი არა, ერთი არა ჰყავს! ეს
საქმეა?! აფსუს, აფსუს, რა ოჯახებს შექმნიდნენ, რა შვილები
ეყოლებოდათ, რამდენი კარგი ადამიანი, ღირსეული მოქალაქე
მოაკლდა ჩვენს ქალაქს... იმიტომ, რომ ნიკოს ღამეული
ფიქრებით, შეუძლებელია, ამ მშვენიერ ქალებს თავისავით
კარგი შვილები არ ჰყოლოდათ... როგორ, კაცო, ფიქრიას,
დოქტორს, ენათმეცნიერს, ჩვენი ინსტიტუტის საუცხოო
ლექტორს, შეიძლება უტვინო და უვარგისი შვილი ჰყოლოდა?!
და ისინი? ისინი?! რიფსიმე და გაიანე, იარალოვები! რა ოჯახი,
რა სახლ-კარი, რა ჩაძინებული ქონება... რიფსო
რენტგენოლოგი, წყალი რომ არ გაუვა მის სიტყვას, გაიანე
კიდევ რუსულის მასწავლებელი! აკი თიკოც დადიოდა
გაიანესთან წლების განმავლობაში, როგორ უყვარს თიკოს
გაიანე, ახალ წელს მაინც რომ არ წავიდეს ნობათით და არ
მიულოცოს, არ იქნება... თან რა შესახედავები და რა
ინტელიგენტები! ეჭვი არ ეპარება ნიკოს, ბოლოს, ალბათ,
თელავის ბიბლიოთეკას გადასცემენ თავის ძვირფას წიგნებს...
რუსული, ფრანგული და გერმანული ლიტერატურით აქვთ
გამოჭედილი წითელი ხის მოჩუქურთმებული კარადები... მოდი
და გული ნუ დაგწყდება მათ მარტოობაზე, მათ ჩაჩუმებულ
სახლზე... ვერა, ვერა, ვერ გაუგია ნიკოს, რატომ ხდება ასე, რა
არის ეს, რა ღვთის წყრომაა! შეიძლება ძალიანაც მართალია
მარიკო, როცა ამბობს, არასოდეს არ შევადარებ ქართველ
ქალს ქართველ კაცსო, იმდენად მაღლა დგას ქართველი
ქალი, იმდენად უფრო პროგრესულია, დამოუკიდებელი და
გაბედულიო, და ერთხელ, გახარებულმა „სოვეტსკაია
კულტურაში“ იტალიელი რეჟისორის, ანტონიონის ინტერვიუ
წაუკითხა, სადაც ანტონიონი ზუსტად იმას ამბობდა იტალიელ
ქალებზე, რასაც მარიკო ქართველებზე... ოჰოჰოჰო, როგორ
გაიბადრა, ხედავო, მე და ანტონიონი ერთი აზრის ვართო... ვინ
იცის, მართლა ხშირ შემთხვევაში კაცების ბრალია, რომ არ
უნდათ დამოუკიდებელი, გონიერი ქალი, ღირსებით სავსე და
თავისი ღირსების დამცველი, ვინც მათზე მაღლა დგას და
თავში ვერ ჩაუჩაჩქუნებენ... მაინც ამ ქართველ კაცებს რატომა
აქვთ ეს ორმაგი მორალი, რატომ, თავისიანისთვის ერთი,
უცხოსთვის – სხვა?! აი, თვალწინ დაუდგა ნიკოს ის გაღიპული
გოგია, ტრესტის მმართველი... მოსკოვიდან მოდიოდნენ
რბილი ვაგონით, ოთხადგილიანი იყო კუპე და ერთ მხარეს
ნიკო და მარიკო მოთავსდნენ, მეორე მხარეს ეს გოგია თავისი
საყვარლით... მერე ხომ გაგრაში ჩავიდნენ, იქ მიჰყავდა
დასასვენებლად, და გზაში ნეტავ როგორ დაჰფოფინებდა იმ
რუსის ჩოკჩოკას, წარამარა გარბოდა და გამორბოდა ნუგბარ-
ნუგბარი სასუსნავებისთვის, ასე გასინჯეთ, თავისი კოვერკოტის
ახალთახალი პლაშჩიც კი დაუნანებლად მიკეც-მოკეცა და
თავქვეშ ამოუდო, აქაოდა თავი დაბლა მაქვსო, იმ ჩოკჩოკამ...
მარიკო გაგიჟდა, უყურე ამ თავხედსო?! სახლში, ალბათ, რა
დღეში ჰყავს ცოლი ძმაკაცების მისვლა-მოსვლითო,
ხინკლებითა და ჩაქაფულებითო, ნიფხვებისა და წინდების
რეცხვითო... ალბათ, ფეხებსაც აბანინებს, ზურგსაც ახეხინებს
და გაბრაზებულ გულზე, არც ის არის გამორიცხული, კარგადაც
წაუთაქოსო... და ამ ჩოკჩოკასთან რა ჯენტლმენად მოაქვს
თავიო?! ტყუილია, სულ ტყუილია, ქართველი ქალის კულტი და
პატივისცემა, სულ ტყუილი... ლიტამაც ხომ ეს უთხრა გუშინწინ;
ნიკოს შეძახებაზე, ქალო, ნუ დადიხართ ასე ცალადო! ეს
არიფანები – არიფანები, მაგრამ ბედსაც ხო უნდა ეწიოთო!
ვისთან უნდა ვეწიოთ ბედს, ძია ნიკო, ვისთან, ლოთბაია
კაცებთანო? ღვინისა და ტელევიზორის მეტი რო არაფერი
აინტერესებთო? ნეტავი კი რის მაქნისები არიანო, გაფუყული
იდიოტებიო!
უნდოდა ეთქვა ნიკოს, იმის მაქნისები არიან, რომ ბავშვების
კეთება შეუძლიათო, მაგრამ მოერიდა, აბა, თქვენ იცით,
როგორ დროსაც გაატარებთო და, გამოეთხოვა. ახლა კი
როგორ სწყდებოდა გული კაცების იმ შეფასებაზედაც. ჯავრი
პასუხისააო, ფიქრობდა, და ის არიფანაც ძალზე სევდიანად
ეჩვენებოდა... იმიტომ, რომ, აბა, რა არის ქალი უკაცოდ?
ღმერთმაც და ბუნებამაც ხომ ასე ჩაიფიქრა, რომ ქალი და კაცი
განუყოფელია, გა-ნუ-ყო-ფე-ლი! კიდევ კარგი... კიდევ კარგი,
სოფლად ეს ასე არ არის, ომიც, რეპრესიებიც ხომ ყველგან
იყო, მაგრამ სოფელი გადაურჩა ამ შინაბერობას. იცნობს ნიკო,
მთელი თელავის რაიონებს იცნობს, და რატომ მარტო
თელავისას, სად აღარ დაჰყავთ, სად აღარ, გაღმაცა და
გამოღმაც და, კიდევ კარგი, ვერავისა ნახავთ უოჯახოსა და
მარტოხელას... იქნებ ერთი ვიღაც სადღაც ჰკუნტია, მაგრამ ეგ
ხომ ანგარიშში ჩასაგდებიც არ არის... მაგრამ ნეტავ რატომ?!
გეგონებათ, ქალაქად ნოყიერი ჰავა და ნიადაგია, ასეთი
ეულების საბარტყებლად... იმედა? იმედა კინაღამ დაავიწყდა,
ჩოლოყაშვილი, მზეთუნახავი, ნამდვილი კრასავიცა! მიდი და
ამოხსენი ამოცანა! და საკუთარი ცოლისდა? საკუთარი
ცოლისდა? აი, გადახიახებაც ეს არის! თავისი მეგობრებით,
ელმირათი და ლეილათი, რა სანიმუშო ქალები, რა
სიდარბაისლე და რა ტრადიცია! და ასეთ ქალებს! ასეთ
ქალებს! ეს ჩვენი უზრდელი კაცები სადღეგრძელოების დროს
ბოლოში მოაქცევენ ხოლმე, ამ ეული ქალებისას სულ ბოლოში
დალევენ! სხვა დროს არ უფიქრია ნიკოს და ეხლა კი
ძილგამკრთალი ფიქრობს, და ამასწინანდელი სუფრაც
ახსენდება, აბა როდის დალიეს დარეჯანის სადღეგრძელო,
ნიკოს ცოლისდისა?! თან ცალკე კი არ იჯდა, ერთად ისხდნენ
და სადღეგრძელოს დროს სულ ბოლოში გადატყორცნეს!
ამიერიდან ნიკო პირველ რიგში ეული ქალებისას დალევს,
პირველ რიგში მათ შესახებ იტყვის ფერად-ფერად სიტყვებს,
მათ უსურვებს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, აი, სწორედ
ბედნიერებას, რომ კუდში მაინც სტაცონ ხელი ბედს, რომ არ
ჩამოჭკნეს ხელუხლებლად მათი მშვენიერი მკერდები, ოჰოჰო,
რა მკერდები, რომ გაიხარონ კაცის მკლავებში! მაგრამ
სადღეგრძელო რასა ჰქვია, არც გაუკვირდება, სიდედრი და
ცოლისდა გულში თუ ემდურიან, გულში თუ ხინჯად აქვს
საკუთარ სიძეზე, ამდენ ექიმებში, ამდენ პაციენტებში, მაშ,
ვერავინ უნდა შეერჩია თავისი ოჯახის წევრისთვისო?! განა არ
უნდა ცდილიყო, დარეჯანი კაი ბაგაზე დაება?! მარიკოს
ბრალია, სულ ის იძახდა, ჩემი და ვერ იტანს საგანგებოდ
გაცნობასა და გარიგებასო, თვითონ იცის თავისი საქმისაო, რა
მოხდა მერეო, ზოგი ასე იქნება, ზოგი ისეო... თვითონ რომ ასეა,
ხომ მოსწონს და ვერც წარმოუდგენია სხვაგვარად, ხომ ეძლევა
ნეტარებას, ხომ უყვარს ანცობა და გიჟმაჟობა?! მერე როგორ!
აი, ახლა, ხომ სძინავს გულის ძილით, თუნდ სანაძლეო, ერთი
გადაიწიოს, მიეფეროს, აკოცოს და მოეხვიოს, მაშინვე შეირხევა
მისი ღრუბელივით სხეული, – უყვარს, უყვარს ნიკოს ეს სხეული,
– და პატარა, მკვრივი მკერდი, მაშინვე ჩავარდება
გულისხმაში... და მიეტმასნება, მიეტმასნება ისე, რომ ბეწვი არ
ჩავარდება მათ შორის... და ნიკოს ერთბაშად სურვილი
მოეძალა... ინტიმურ ამბებში ის ფაქიზი და დელიკატური იყო,
სძინავს, სძინავს და რა დროს ახლა ეს არისო, შეუძახა თავის
თავს, იმის მაგივრად მეც დავიძინო და დავისვენოვო... მაგრამ
სურვილი არ ეშვებოდა... არა და არა... ადგა, სააბაზანოში
გავიდა, წყალი დალია, მიდგა-მოდგა, შემოსვლისას თუმცა
ფრთხილად მიხურა კარი, ხმადაბლა დაუსტვინა და მარიკო
შეიშმუშნა, თვალი გაახილა და – მოხვედი, ნიკო, მოხვედიო?
უთხრა, – გვიან იყო უკვე და ვეღარ დაგიცადე... მძიმე
შემთხვევა იყო?!
– ჰო, მძიმე, სულზე მივუსწარი, – ნიკო საწოლის ბოლოში
იდგა გულხელდაკრეფილი და მარიკოს უყურებდა...
– რატომ დგახარ ასე? მე კიდევ ბისკვიტი გამოგიცხვე, შენ
რომ გიყვარს...
– მომენატრე... მარიკო... რაღაც ძალიან მომენატრე! –
კვნესასავით აღმოხდა ნიკოს.
მარიკომ თვალი შეავლო ნიკოს და გაიცინა, ჩაიჟღურტულა:
– მოდი ჩემთან... – ხელი გაუწოდა, – მაგრამ ძალიან
დაღლილი არა ხარ?
– ოჰ, კარგი ერთი... ეგ მაქმანები მოიშორე... – თვითონაც
გაიძრო ტრუსიკი და მაისური და ცოლს მიუწვა.
– ხვალ ისედაც საოპერაციო დღე გაქვს, ნიკო, დიდ ამბავს ნუ
წამოიწყებ, იცოდე...
ნიკოს გაეცინა:
– აბა, ქათმები ვართ? – თქვა და მარიკოს კოცნა დაუწყო, –
თავის მოკატუნება რომ გიყვარს...
– რა ბედნიერებაა, სურვილს ჭკუა რომ არა აქვს... – მკლავები
მაგრად მოხვია თავის ქმარს და ორივე სიყვარულსა და ვნებას
მიეცა.
Мой первый друг, мой друг бесценный!
პუშკინი

ნიკომ გასახსნელ კიბეზე შემდგარ შალვას ახედა:


– ოჰ, რა თუთაა, რა თუთა! ასე თითო-თითოდ რომ კრეფავ,
ხომ არ დაგვერხია?!
შალვას ბადია ეჭირა ხელში სანახევროდ სავსე. სახლიდან
ფორტეპიანოს ხმა ისმოდა.
– ვერა, ნიკო, აბა, როგორ, ლელიკო საგამოცდოდ
ამეცადინებს მოწაფეს... თანაც ეს ჩვენ თავზე გადაგვივა...
კარგია, რომ მოხვედი, შენ მიდი ხეივნის ქვეშ, ახლავე ჩამოვალ
და მოგხედავ...
ნიკომ ბაღს გადახედ-გადმოხედა, მერე ხეხილს დაუარა...
მშობლიური იყო ეს ბაღი ნიკოსთვის, რაც ამ ბაღში უთამაშიათ,
ურბენიათ, ხილი უკრეფიათ... ხოლო აგერ იქით, გალავანთან
შორიახლოს ნუში რომ დგას, მანდ ვაშლი იდგა, დიდი,
ტოტებგაბარჯღული ვაშლი და არკი იცოდნენ, რა ჯიშის იყო,
იმიტომ, რომ გამოინასკვებოდა თუ არა, ბიჭები სულ
გაკრეფავდნენ ხოლმე და კუკუძმარას აკეთებდნენ... ან ეს დიდი
ლეღვი, ეს ხომ, – მაშინ მეორე კლასის მოწაფეები იყვნენ, – რვა
წლისანი, შალვამ უთხრა თქვენი შავი ლეღვი ძალიან მომწონს,
მოდი პატარა ამონაყარი ამოვთხაროთ და ჩვენს ბაღში
დავრგათო... მართლაც ასე გააკეთეს, თვითონვე ამოთხარეს
ორმო და ჩარგეს... ახლა კი რა დიდებული ხეა და თან რა სხმა
იცის... უკვდავია ლეღვის ხე, უკვდავი... ის ვაშლი დაბერდა,
გახმა და ამოძირკვეს, იქ ნუში დარგეს, ლეღვი კი არის და არის
და სულ ასე იქნება... მეცხრე კლასში იყვნენ მაშინ, შალვას
მუხლში წყალი რომ ჩაუდგა, აგერ იმ გულაბსა და ღორქლიავას
შორის იყო გაბმული ჰამაკი და იმ ჰამაკში იყო ხოლმე
მიწოლილი შალვა, მოვიდოდა ნიკო, იტყოდა, გაკვეთილები რა
ჰქონდათ, და მერე ხშირად ერთად სწავლობდნენ და
კითხულობდნენ. და კითხვა? ღმერთო, რამდენს
კითხულობდნენ... რას კითხულობ? რას კითხულობ? იყო
წიგნების გაცვლა-გამოცვლა. მათთვის ჯერ უცნობი მწერლების
აღმოჩენა, გატაცებით კითხვა და ხშირად ღამეების თენებაც...
შალვას ხომ ნიჭი ჰქონდა ლექსების დამახსოვრების, კარგადაც
კითხულობდა ლექსებს და სკოლის არცერთი ლიტერატურული
საღამო არ ჩატარებულა შალვას დეკლამაციის გარეშე. მერე რა
ლამაზი იყო, რა სანიმუშოდ ლამაზი, ლექსის თქმის დროს ცალ
წარბს აჭიმავდა, თავს ოდნავ გადასწევდა, განიმედი,
ნამდვილი განიმედი, ხელებს კი რატომღაც უკან დაილაგებდა
ხოლმე, ცოტა, სულ ცოტა წამღერებით კითხულობდა თავისი
მშვენიერი ბარიტონით და ასე გეგონებოდათ, მთლიანად,
მთელი სხეულით გამსჭვალულია ამ სიტყვებით და ამ
რითმებითო... ნიკო ხეივნის ქვეშ, მაგიდასთან იჯდა გრძელ
სკამზე და შალვას გაჰყურებდა, რომელსაც ბადია აევსო კიდეც
და აქეთ მოდიოდა.
– რა გამახსენდა, იცი, შალვა? ლერმონტოვის საღამო რომ
გავმართეთ სკოლაში და შენ ლექსს ამბობდი... რა არის
გახსენება, არა? მას შემდეგ ის ლექსი საერთოდ არ
გამხსენებია, „У ног других не забывал я взор твоих очей...“ ისე
რომანტიკულად კითხულობდი, ყველა გიჟდებოდა...
– Даа... все... было... было... – გაიცინა შალვამ და ბადია
მაგიდაზე დადგა, – ასე ვთქვათ, ხომ არ ისამხრებდი?
– არა, აი, თუთას კი სიამოვნებით მივირთმევ...
– დაიცადე ერთი წუთით, ახლავე მოვალ.
მართლაც, ორიოდ წუთის შემდეგ შალვამ სინით მოიტანა
კონიაკი და ფუჟერები, ჯამით ნუში თავისი სატეხით და თეფშები.
– აბა, უყურე, ერთი დღე ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, ახლა
კი დაბადების დღეები და დღესასწაულები... – თქვა ნიკომ.
– რას ვიზამთ, ძმაო, შენ გადაყოლილი ხარ შენს ავადმყოფებს
და დღე და ღამე შენთვის არ არსებობს, ეხლაც მიკვირს,
როგორ გამოეხსენი და როგორ მოხვედი...
შალვამ კონიაკი ჩამოასხა მუცლიან, დიდ ფუჟერებში:
– ელიზბარმა ჩამოიტანა შარშან ეს ფუჟერები, თურმე ასეთ
ფუჟერებში ცოტა უნდა ჩამოასხა, მერე ხელები შემოხვიო რომ
დაიორთქლოს, ვითომ გაცილებით გემრიელიაო...
– მოვედი კი არა, აქამდეც როგორ არ მოვედი, მიკვირს, –
უთხრა ნიკომ და შალვას სახეში შეაცქერდა, აბა, თუ რაიმე იცის
თიკოს გატაცებისა და სიყვარულის შესახებ, იქნებ თვითონვე
მითხრასო.
თვალები, მომწვანო-თაფლისფერი, სხივიანი თვალები,
თიკოს სულ მამის ჰქონდა. და შალვამ რომ წარმოიდგინა,
როგორ ჰკოცნიდა სწორედ დღეს ამ თვალებში, როგორ
უკოცნიდა თიკოს, განსხვავებით მამისაგან, ნაზ, სიფრიფანა
ქუთუთოებს, უხერხულად აიწურა, მერე თავი დახარა და ნუშის
მტვრევა განაგრძო, ამტვრევდა და ნიკოს თეფშზე უყრიდა: – რა
იყო, ნიკო, რა მოგივიდა? – შეყოვნებით ჰკითხა.
– თიკო, კაცო, თიკო, – ერთბაშად აღელდა ნიკო, – ჩემი
ფიქრი და დარდი თიკოა! რა ბედნიერი ხარ, შალვა, ვაჟი რომ
გყავს, იცი, რა ძნელია ისეთი შვილის მამობა, როგორიც თიკოა!
– რომ იცოდეს, მაშინ რაღას იტყოდაო, – გაიფიქრა მწუხარედ
შალვამ და თქმით კი თიკოს ქებას მოჰყვა:
– შენ რომ შვილი გყავს, ნიკო, ასეთი ბარე ორი არ დადის ამ
ჩვენს ქალაქში. ერთი შთაბეჭდილებათა წიგნში ჩაიხედე, რას
წერენ და როგორ აქებ-ადიდებენ შენს შვილს, ან ისტორიული
წრის ყმაწვილებს შეხედე, რა ხალისით დადიან
მეცადინეობაზე... რა ვიცი, რომელი ერთი გითხრა, ერთხელ
უნდა მოხვიდე და შენი ყურით გაიგონო ყველაფერი...
– ოოჰ, ეგ ყველაფერი ვიცი, შალვა, ვიცი, – გაღიზიანდა ნიკო,
– ყურები მქონდა გამოჭედილი მოწაფეობისას თიკოს ქებით!
ვერ გამიგია, კაცო, შეიძლებაა ადამიანი ნიჭიერი იყოს და ჭკუის
ნატამალი არ გააჩნდეს, და თან არავისი ყურის დაგდება არ
უნდოდეს?! აგერ, ბიჭიას დააწერინა პლაკატი ფერადი, დიდი
ასოებით და ჩემი საწერი მაგიდის პირდაპირ ჩამომიკიდა, რომ
ყოველ წუთს თვალში მეჩხირებოდეს: „შვილი ჩემია, მაგრამ
ჭკუა თავისი აქვსო! ქართული ანდაზა“. თან მაკოცა და მამიკო,
დაე, ყოველთვის ცხვირწინ გქონდეს ეს დიდებული სიტყვები,
ასე საჭირო და აუცილებელი ყველა მამისთვისო.
შალვამ გაიცინა:
– რას იზამ, ბავშვობიდან ასეთი თავნება იყო და... მოდი,
დავლიოთ ეს ენისელი და დამშვიდდები...
– არა, შალვა, თიკოს ხელში მე დამშვიდება არ მიწერია! –
გაიქნია თავი ნიკომ, – ჰოდა, მინდა მხარში ამომიდგე, ერთად
შევუტიოთ და ერთად ვიზრუნოთ თიკოს გაბედნიერებისთვის...
– ესე იგი სულ ტყუილად გაუკრავთ შენთვის ის ანდაზა... –
ცალყბად გაიცინა შალვამ და ფუჟერი აიღო, დავლიოთო...
სახლიდან როიალის ხმები აღწევდა, თუთიდან კი შაშვების
ჭრიახი ისმოდა, და თითქოს ეს ხმები კიდეც უფრო უმძაფრებდა
შალვას უგუნებობას და უხერხულობას. თვითონაც არ ეგონა, თუ
ეს ორი სიტყვა „თიკოს გაბედნიერება“, ასე ეცემოდა გულზე,
ვითომ მაგიური ძალა ჰქონოდეთ ამ სიტყვებს და თიკო უკვე
წასულიყო მისგან, გაფრენილიყო და ვერასოდეს,
ვეღარასოდეს ვეღარ ჩაიკრავდა გულში, ვეღარ აავსებდა
ალერსით, ვეღარ გაიგონებდა მის ხმას. უნებლიეთ და
მოულოდნელად ამოიკვნესა, დაცლილი ფუჟერი დადგა და
მაშინვე ისევ ჩამოასხა კონიაკი.
– შეენ, შალვა, ცუდად ხომ არა ხარ? რაღაცა არ მეჩემები... –
თქვა უცებ ნიკომ და დაკვირვებით შეაცქერდა თავის მეგობარს
სახეში, – ხომ იცი, სომატური და ფსიქიკური ისეა
გადახლართული ერთმანეთში...
– რას ამბობ, ნიკო! – ლამის შეიცხადა შალვამ, – დღეს
უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე გვქონდა, ხომ იცი, რა ნელ-
ნელა ვანგრევდით იმ ორ სართულს, ერეკლეს ეგრეთწოდებულ
სასახლეს რომ ედგა, და საბოლოოდ გამოჩნდა კიდეც ამ
პატარა სახლის ჩონჩხი... ისეთი ამბავი იყო, მთელი
ექსპონატები ფლიგელში უნდა გადაგვეტანა, ეს დღეები სულ ამ
ექსპონატების დაბინავებაში ვიყავით... – და შალვა გატაცებით
ჰყვებოდა მუზეუმის ამბავს: – ხომ იცი, ნიკო, აივნების ადგილი
რომ გამოჩნდა, ირგვლივ აივნები ჰქონია, ოთხი აივანი, თიკო
სიხარულით აღარ იყო, აბა, უყურეთო, მე ხომ ასე აღვწერე
ერეკლეს ოთახისა და დარბაზის წინ დიდი აივანიო, სვეტებს
რომ დაუყენებთ, ზუსტად დაემთხვევაო... აი, ხედავ? შენ კიდევ
გინდა, შენ ნებაზე ატარო... – უთხრა შალვამ სიცილით და ნიკოს
ფუჟერი მიუჭახუნა. ისევ დალიეს და ნუშსა და თუთას შეექცნენ...
– იმიტომ, შალვა, იმიტომ, რომ თიკოს თავის ნებაზე მიშვება
არ შეიძლება. არა, ლელიკო რომ იყოს აქ, ეჭვი არ მეპარება,
მაშინვე აიტაცებდა ჩემს წინადადებას და მხარში
ამომიდგებოდა! – თქვა ნიკომ საყვედურის კილოთი.
– როგორ! – რაღაც უცნაური აგზნებით წამოიძახა შალვამ, – მე
არ ამოგიდგები?! – გულში კი გაიფიქრა, ეს რა დღეში ჩავიგდე
თავიო, ეს რა მდგომარეობააო, ვისთანაც მეკუთვნის დარდისა
და სიხარულის გაზიარება, ჩემი ამბის თქმა, სწორედ მათთან,
პირველ რიგში მათთან, ეს შეუძლებელიაო, ცოლთან და
მეგობართან გადაბრუნებული სიტყვის თქმა შეუძლებელიაო,
და ისევ უცნაური გზნებით განაგრძო: – შენ რომ იცოდე,
ლელიკოს ეხლა ორი მიზანი აქვს, მისი მოწაფე მოხვდეს
კონსერვატორიაში და მარიკოსთან ერთად იმოგზაუროს
ბაიკალზე, ჰოდა, მე მგონი, ჩვენც უნდა ჩავაბათ ხელი ხელს და
სექტემბერში საითმე გავკრათ, გავიაროთ, გამოვიაროთ,
თვალს წყალი დავალევინოთ, აბა, ეს არის საქმე, მთელი წელი
კუტებივით რომ ვსხედვართ ამ თელავში, შენ ავადმყოფები და
მე მუზეუმი... ყოფილი ზღვის მგელი მაინც არ იყო?! – ამბობდა
მღელვარედ შალვა, პირმოთნედ უღიმოდა ნიკოს, თვითონვე
აცბუნებდა თავისი თვალთმაქცობა, აცბუნებდა და
აუგემურებდა, და მაინც რაღაც გადაჭარბებით შესციცინებდა
ნიკოს, თან ისევ ჩამოასხა კონიაკი და გადაჰკრა.
– გმადლობთ, შალვა, გმადლობთ, გენაცვალე, – თქვა ცოტა
არ იყოს გულაჩუყებულმა ნიკომ, – ასეთი მზრუნველი რომ ხარ,
ამიტომაც მინდა გვერდში ამოგიყენო. მე ეხლა ისე ვარ მოცული
თიკოს ბედით, სულ არ შემიძლია, ჩემს სიამოვნებაზე ვიფიქრო.
– არ მესმის, ნიკო, არ მესმის, რა გაქვს ასეთი საღელვი და
თავში სახლელი?! მოდი ერთიც დავლიოთ! – თქვა შალვამ
ომახიანად და ფუჟერი ასწია, – გახსოვს, პირველად რომ
დავთვერით, შვიდწლედი რომ დავამთავრეთ მაშინ, შენ
ყოჩაღად იყავი, მშვენივრად აიტანე და მე მთელი ღამე
დედაჩემი ცივ ტილოებს მადებდა შუბლზე...
– ჰო, ჰო, როგორ არ მახსოვს... – ჩქარ-ჩქარა ჩაილაპარაკა
ნიკომ, ფუჟერი მიუჭახუნა შალვას, ნუში გაკვნიტა და მაშინვე
ისევ თავის სათქმელს მიუბრუნდა და მტკიცე, შეუვალი
კილოთი, თითქოს ბრძანებას იძლევაო, ისე წარმოთქვა:
– თიკო უნდა გავათხოვოთ, შალვა, აუცილებლად და ყოველ
მიზეზ გარეშე, შეერთებული ძალით! გადაუდებელი ოპერაციები
რომ მაქვს ხოლმე, აი, ასე ვუყურებ მე ახლა თიკოს გათხოვებას!
– რა მოგივიდა, ნიკო! – მღელვარედ შესძახა შალვამ, – რა
არის ასეთი გადაუდებელი და სასწრაფო... – კონიაკმა სითამამე
შემატა და შეუპოვრადაც კი განაგრძო: – ჩაბერებულია და დრო
აღარ იცდის თუ რაა, არ მესმის, ღმერთმანი, არ მესმის, რა
სჭირს თიკოს საამისო?! – და ისევ ჩამოასხა კონიაკი, თრობის
წყურვილი დაეუფლა...
– რა სჭირს და იტანჯება, შალვა, იტანჯება, გესმიის! შენ არ
იცი, როგორ იტანჯება, ვიღაც იდიოტი უყვარს და იტანჯება! და
შენ გინდა მე ჩემი შვილის ტანჯვას გულხელდაკრებილმა
ვუყურო და არაფერი ვიღონო?! ჯერ კიდევ ზამთრიდან შევნიშნე
მე ეს...
შალვას ისარივით მოხვდა გულზე ნიკოს სიტყვები, მაშ, ვიღამ
იცოდა თიკოს ტანჯვაც და სიხარულიც, ვიღამ, თუ არ თვითონ
შალვამ... მათი სიყვარული ხომ სულ უფრო და უფრო
ღრმავდებოდა და მოუთმენელი ხდებოდა, მოუთმენელი და
მტანჯველი... ოო, როგორ ბავშვივით ტიროდა თიკო, და
მართლაც, ბავშვებს რომ აქვთ მსხვილი ცრემლები, აი, ისეთი
ცრემლები სცვიოდა, მე ასე მეტი აღარ შემიძლიაო... ამ ერთი
კვირის წინ, საღამო ხანს, ლელიკო ასევე ამეცადინებდა
მოწაფეს და შალვამ იფიქრა ცოტას გავივლიო. ნადიკვრისკენ
წავიდა და თიკო კი შეხვდა სტადიონიდან მომავალი,
სავარჯიშოდ ვიყავი და ვირბინე კიდეცო. გაჩერდნენ და მიიხედ-
მოიხედეს... ბინდდებოდა და ქუჩაშიც არავინ იყო.
– მე ვიცი აქ ერთი ადგილი... – თქვა თიკომ, – დიდი ბაღია...
– ფიჭვნარის მოპირდაპირედ ხომ არა? – ჰკითხა შალვამ და
მაშინვე უკან გაბრუნდნენ, – რომ იცოდე, იმ ბაღში ერთ დროს
ვინ ცხოვრობდა!
– ვიცი, ვიცი, თანაც ძალიან კარგად... – თიკომ ახედა შალვას:
– ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომენატრეთ...
– მეც... ძალიან...
მართლაც, მთელი ორი კვირა თავაუღებლივ მუშაობდნენ
ექსპონატების დახარისხებასა და დაბინავებაზე, ფლიგელის
დარბაზებში გადაჰქონდათ და წინასწარ შედგენილი გეგმისა
და ნახაზების მიხედვით სტელაჟებზე ათავსებდნენ. ბატონი
შალვა ხომ გვიანობამდე რჩებოდა, რომ ყველაფრისთვის
ფხიზელი თვალი მიედევნებინა, არაფერი გაფანტულიყო და
დაკარგულიყო, ბევრი ფეხი ირეოდა და ეშინოდა, რამე არ
დაზიანებულიყო. გაელვებით თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს,
თორემ არავითარი საშუალება არ იყო დაჯდომის და
დალაპარაკების. თიკო ხომ ადგილს ვეღარ პოულობდა,
სახლში წარბს არ ხსნიდა და საღამოობით სტადიონზე
ვარჯიშითა და სირბილით ითქვამდა სულს.
– ჭიშკარი, ცხადია, დაკეტილია, პატრონები ჯერ არ
ჩამოსულან თბილისიდან, – ამბობდა თიკო, – მაგრამ გვერდით,
შესახვევის მხრიდან ერთ ადგილას ღობე გარღვეულია და
შიგნიდან ფიცარი აქვს მოყუდებული...
– და შენ საიდან იცი, ყოფილხარ? – დაინტერესდა შალვა.
– ბევრჯერ... ელიკო და მედიკო, სანამ თბილისში
გადავიდოდნენ, ჩვენთან სწავლობდნენ მეექვსე კლასამდე და
ვმეგობრობდით კიდეც, ახლაც ზაფხულობით ვხვდებით ხოლმე,
მე სწორედ მათგან გავიგე, რომ ბევრი წლების წინ იმ ძველ
სახლში და იმ ბაღში ერეკლეს ერთ-ერთი შვილიშვილი
ცხოვრობდა, რომელიც ვახვახიშვილზე იყო გათხოვილი...
– და მე ეხლა იმ ღობეში გაძრომას მიბრძანებ? – გაიცინა
შალვამ, – ამ დარბაისელ კაცს?
– მოდით, თქვენ დაწინაურდით... დარწმუნებული ვარ, იქ
თქვენ არავინ შეგხვდებათ, ის გარღვეული ღობე ყრუ შუკაშია,
მაგრამ მაინც... ერთად რომ არ მივიდეთ...
– ოჰ, ღმერთო ჩემო... – აღმოხდა შალვას, თიკოს მიაპყრო
სიყვარულით და სურვილით სავსე მზერა და თითქოს თავს
იმართლებსო, ისე უთხრა: – გაძრომა კი არა, ისე მომენატრე,
საქმე რომ იყოს, იქნებ იმ ღობეს გადავხტომოდი კიდეც, – და
ჩქარი ნაბიჯით წინ წავიდა.
შორს წასასვლელები არ იყვნენ და შეხვედრითაც არავინ
შეხვედრიათ ერთი უცნობი ხნიერი კაცის გარდა. იმასაც ტყიდან
ფიჩხი მოჰქონდა და თავიც არ აუწევია, ისე გაიარა. შალვა უკვე
ბაღში, გარღვეულ ღობესთან ელოდა თიკოს. ფიცარი ისევე
მიაფარეს გარღვეულ ადგილს და ბაღის სიღრმისკენ წავიდნენ
ხელგადახვეულები, თან აქეთ-იქით იყურებოდნენ მყუდრო
ადგილის სანახავად... დიდებული ბაღი იყო, ნაირ-ნაირი
ხეხილით, დაფნისა და ჯონჯოლის ბუჩქებით, აყვავებული
ვარდებით და კიდევ ვინ იცის რით აღარ... ბალახი გაუთიბავი
იყო და ნელა მიაბიჯებდნენ...
– მეც ვიცი ეს ბაღი, – თქვა შალვამ, – ხომ გრძნობ, ბალახი
სულ მშრალია...
– არა, არა, აქ არ გვინდა, – იუარა თიკომ და ნაბიჯი ააჩქარა, –
აგერ უკვე გამოჩნდა კიდეც... სახლთან შორიახლოს... ხედავთ,
რა ტირიფია, დიდი კარავივით... მიწამდე აქვს დაშვებული
ტოტები, ქარი რომ არხევს და აფრიალებს, ისეთი გულში
ჩამწვდომია, თან გესმით? შაშვიც უსტვენს! მე მინდა, ძალიან,
ძალიან კარგად ვიყოთ, იმ ტირიფთან, შაშვთან ერთად... იქ
ისეთი კარგი სკამი დგას, გრძელი, ბაღის სკამი, ჰოდა იმ
ტირიფის ქვეშ უნდა ვიყოთ და ვიყოთ...
– და ნიკომა და ლელიკომ ნიორი ნაყონ და კაკალი
ამტვრიონ? – გაიცინა შალვამ.
– მაინც ბევრად მეტი დრო გვაქვს, ვიდრე აქამდე გვქონია.
შალვას უნდოდა, სახლისთვის შეეხედა, ბავშვობის შემდეგ
აღარ მინახავს, მაგრამ მახსოვს, თუ არ გადააკეთეს, ნამდვილი
ძველი, თელავური სახლიაო. მართლაც ასე იყო. ქართული
აგურით ნაშენი პატარა სახლი, აგურისავე ოთხკუთხედი
სვეტებითა და ლურჯი თეჯირებით.
– ჩემო ძვირფასო ბატონო შალვა! – თქვა თიკომ
პათეტიკურად და ხელი აღმართა, – თქვენ ისე იღიმებით,
თითქოს ესალმებით ამ პატარა სახლს. მაშ, შეიცოდეთ კიდევ
ერთხელ ჩვენი ქვეყანა, რომლის დიდებულ ქალბატონს,
სამეფო ოჯახის წევრს, ამ პატარა სახლში შეიძლება ეცხოვრა.
– მაგრამ ამ დიდებულ ბაღში და ამ დიდებულ ტირიფთან! –
თქვა შალვამ, ერთბაშად მოეხვია თიკოს და გულში ჩაიკრა.
თიკომ თავი უკან გადასწია:
– გთხოვთ გამათავისუფლოთ და მათქმევინოთ ორიოდ
სიტყვა, ხოლო შემდეგ კი თქვენი ვარ თქვენი, სასიყვარულოდ
და სალაღობოდ...
– ოჰოჰოჰო, შემიძლია განა, შენისთანა შემოქმედებით
პიროვნებას სიტყვა არ ვათქმევინო? თქვით, ქალბატონო,
თქვით... – და შალვამ ხელი გაუშვა თიკოს.
– მართლა, ხუმრობის გარეშე, – თქვა თიკომ უკვე სერიოზული
კილოთი, – ბედმა რაკი გვარგუნა გაუთავებელი მტრები,
ყოველი მხრიდან, სასტიკი, დაუნდობელი მტრები,
გაუთავებელი ბრძოლები და სიღარიბე, მე პატივს ვცემ იმ
ბატონიშვილს, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, და მიყვარს
ეს პატარა სახლი და ასეთი სახლები...
– მე მინდა განვაგრძო შენი ტირადა, ჩემო პატარა გოგო, და
არ სცემ პატივს იმ ბატონიშვილს, გაცრუებული ტახტის
მემკვიდრეს, ახოვანსა და ლამაზს, ბრძოლებში მამაცს, თან
განათლებულს, რომელიც მიშკარბაშ იოსებს ისეთ წერილს
სწერდა პეტერბურგიდან, ხომ ასეა?!
– გამოიცანით, ჩემო ბატონო, გამოიცანით... იცით, რა, შალვა,
მე მიმაჩნია, ჩვენ ის წერილი დიდი ასოებით უნდა გადავწეროთ,
ჩარჩოში ჩავსვათ და მუზეუმის დარბაზში ჩამოვკიდოთ, კარგი?
– ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს, ოღონდ ეხლა... –
შალვამ ბუმბულივით აიტაცა თიკო, გულზე მიიხუტა, გადაიხარა
და ტუჩებში აკოცა, მერე ტირიფისკენ წავიდა, ხის ქვეშ სკამზე
დაეშვა, თიკო კალთაში ჩაისვა და კოცნა დაუწყო.
– ჩემო სიხარულო, ჩემო სიცოცხლე... რა ბადეში გამხვიე... რა
საშინელ ბადეში... აღარ შემეძლო... უკვე აღარ შემეძლო...
– მართლა რა არაჩვეულებრივი ბადეა ტირიფის, ხედავთ?
ვინმე რომ მოვიდეს, ვერც დაგვინახავს, სულ ჩამალულები
ვართ...
– რა სასაცილოა, არა, რომ შენ ისევ თქვენობით
მელაპარაკები...
– და არა მარტო გელაპარაკებით, გეფერებით კიდეც
თქვენობით, – გაიცინა თიკომ, – მაგრამ ასე ვარ ბავშვობიდან
მიჩვეული და, თან ახლა კონსპირაციისთვისაც კარგია, განა
არა?
– ოჰ, ღმერთო ჩემო, რომელი ერთი იჩივლოს კაცმა, ჩემი
ასაკი, ნიკო თუ ლელიკო, თუ ყველაფერი ერთად...
– იცით, რას გთხოვთ, გამიხსენით ახლავე საკინძე და
ბროლის გულმკერდი მიჩინეთ...
შალვა შეკრთა და კიდევ უფრო აღელდა, ჯერ მკერდზე არ
შეხებოდა თიკოს და უცებ, ხუმრობის კილოთი, მაგრამ მაინც,
საკინძე გამიხსენიო... ხელები უთრთოდა, სპორტული ბლუზის
ღილებს რომ უხსნიდა... მღელვარების მიუხედავად მაინც
გაჰკრა გუნებაში, რომ ეს ახალი ეტაპი იწყებოდა მათ
ურთიერთობაში, საშიში ეტაპი.
– რა ლამაზი მკერდი გაქვს... – აღმოხდა შალვას, თიკოს
კოხტად მოყვანილი, მკვრივი, თითქოს მოსხლეტილი მკერდის
დანახვაზე, და ასე ეგონა... თვალს ვერ მოაცილებდა, – აბა
გამოიცანი, ფრინველებიდან ვინ მიყვარს ყველაზე უფრო? – და
ფრთხილად დაუსვა მკერდზე ხელი, მერე დაიხარა და კოცნა
დაუწყო... შაშვი კი უსტვენდა...
– მაინც რომელი ფრინველი გიყვართ ყველაზე მეტად? –
ჰკითხა თიკომ.
– ბეღურები... და მეც არ ვიცი რატომ, შენი ძუძუებიც ბეღურებს
მაგონებს...
– ხედავთ, შაშვს ეწყინა და ჩაჩუმდა, არ სცოდნია გალობის
ფასიო, – გაიცინა თიკომ.
მერე ისინი იწვნენ ბალახში და ისევ ჰკოცნიდნენ ერთმანეთს...
– ჩვენ ახლა სწორფრები ვართ, – უთხრა შალვამ, – ხევსური
სწორფრები, კოცნის და ალერსის უფლება რომ გვაქვს წელს
ზევით და სხვა არაფრის.
მერე სულ ახლოს ისევ გაისმა შაშვის გალობა.
– მაპატია შაშვმა... – თქვა შალვამ, – მაგრამ რამდენი ხანია
დაბნელდა, წასვლის დროა... – დაამატა.
და თიკომ უცებ, მოულოდნელად, ამ ალერსისა და ხვევნა-
კოცნის მერე ტირილი დაიწყო, მსხვილ-მსხვილ ცრემლებს
ჰყრიდა და სლუკუნ-სლუკუნით ამბობდა, ვიტანჯები... რომ
იცოდეთ, როგორ ვიტანჯებიო...
– იტანჯება, შალვა, იტანჯება ჩემი შვილი! – ამბობდა ნიკო, –
ვერ გამიგია, რა არის ეს. ჩვენ ყოველთვის თვითონ თიკოსაგან
ვგებულობდით, და რა არის ასეთი კონსპირაცია, ვინ თიკო და
ასეთი მალვა და ჩქმალვა?! ან იმ ვიღაცას, იმ ნამდვილ
მწვალებელს, მართლა სერიოზული გრძნობა რომ
ამოძრავებდეს, მომავალზე ფიქრობდეს და ერთი ვიღაც
მაცდუნებელი არ იყოს, აქამდე ათასჯერ არ მოვიდოდაა? არ
გამოჩნდებოდაა?! ჰაერში დაფარფატებს თუ მიწაში ძვრება,
რას ფიქრობს, ხომ ტყუილია, არ დაიმალება და დავიჯერო
მუზეუმში მაინც არ მოსულა თიკოსთან? ნუთუ მართლა
ვერაფერი შეამჩნიეთ? თუ მიმალავთ და არ მეუბნებით?! –
მწუხარედ, ლამის სასოწარკვეთით ამბობდა ნიკო და ისეთი
დაჟინებით უყრიდა თვალს თვალში თავის მეგობარს, რომ
საწყალი შალვა ახლა კი ითრგუნებოდა, კრთებოდა და
იბნეოდა, ასე ეგონა, წკიპზე ეკიდა მისი საიდუმლო მიჯნურობა,
ასე ეგონა, ნიკოს აუცილებლად უნდა ამოეცნო თავისი შვილის
ავბედითი მიჯნური, მეხი და მედგარი დაეტეხა მისთვის, და
ცდუნების გზაზე შემდგარმა ბატონმა შალვამ ისიც კი გაიფიქრა,
თავს მოვიკლავ, ეს რომ მოხდესო, და მაშინვე გულმხურვალედ
დაუწყო მტკიცება ნიკოს, რომ მუზეუმში არავინ გაჭაჭანებულა
ასეთი საეჭვო... ჩვენთან ხომ ყოველი თანამშრომლის ყოფა
ხელისგულზეაო... შეუძლებელია მუზეუმის ქალებს რამე
გამოჰპარვოდათო, ფანჯრებიდან პირდაპირ მისჩერებიან
შემოსასვლელს და, დამიჯერე, ამ მხრივ არაფერი
დასაეჭვებელი არა გაქვსო.
– და საერთოდ, – განაგრძობდა სიცრუის გზაზე შემდგარი
ბატონი შალვა, – თიკო ხომ შემოქმედებითი ნატურაა, ჩვენი
წარსული, მეფე ერეკლე უტრიალებს სულ თავში, წერს კიდეც
რაღაცეებს, ხომ იცი ეს შენ... როცა საქმეებისაგან
თავისუფალია, ზის თავის ოთახში და წერს... და ცხადია, ხან
ასეთი განწყობილება ექნება, ხან ისეთი. ძნელია
შემოქმედებითი ცხოვრება, ნიკო, და დარწმუნებული ვარ, შენი
ეჭვები სრულიად უსაფუძვლოა...
– შემოქმედებითი ნატურა! – დაიძახა ნიკომ დამცინავად და
იქედნურად, – გმადლობთ მოგონებისთვის. საბოლოოდ
სწორედ მისმა „შემოქმედებამ“ დამარწმუნა ჩემი ეჭვების
სიმართლეში, მისმა სასოწარკვეთით სავსე ლექსმა, აი, რაა!
აღარ ვიცოდი, რას ვცემოდი და რა გამეკეთებინა.
წარმოიდგინე, მარიკოსთვისაც არ წამიკითხებია, არც მითქვამს,
გთხოვ, შენც ლექსზე არაფერი უთხრა ლელიკოს და
სალაპარაკო არ გახდეს. შემეცოდა ჩემი შვილი, შალვა,
შემეცოდა, ისე დავითრგუნე, მომერიდა წამომეღო და შენთვის
წამეკითხებინა, ისეთი მწუხარე, ინტიმური ლექსია, ეხლაც გული
მიკვდება, რომ მაგონდება! სისხლი უდუღს, სისხლი, და პატარა
კი აღარ არის, სადაცაა ოცდაშვიდის შესრულდება, თან თავისი
მოწინავე შეხედულებებითა და დამოუკიდებლობით... ოჰ,
შალვა, მე თავი ცოცხალი არ მენდომება, ჩემი ერთადერთი
შვილი აეტორღიალოს ვიღაც მამაძაღლს, ვიღაც ოხერ-
მუდრეგს! ერთი თალია ისიც კი ვიფიქრე, ვიღაც ცოლშვილიანი
ხომ არ არის-მეთქი ან ჰორიზონტზე ისევ ის „ლამაზო“ ხომ არ
გამოჩნდა-მეთქი... მღელვარება, შალვა, სულ მღელვარება
უნდა, აი, რა... აპაპაპა, გონივრული და დაფიქრებული ნაბიჯის
გადადგმა არ შეუძლია, არა, ჩემს შვილს; რა ვიცი, კაცო, ისეთი
გამაცადინებულები არიან ქალები, სადმე საქმრო თუ შენიშნეს,
აღარ იციან, რა საკენკი დაუყარონ და რა კაკანათი დაუგონ,
ოღონდ კი ოჯახი შექმნან... ჰოდა, ჩვენ ასე უნდა დავუსვათ
საკითხი, ან გაგვაცნოს, ვინ არის ის ვიღაც, ვისთვისაც აი, ასეთ
ლექსებს სწერს და ათენ-აღამებს, მოიყვანოს, დამანახვოს,
იქნებ ღირსეული ადამიანია და თავს იმიტომ იკავებს, რომ
ჯერჯერობით რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ უყვარს თიკო
და საბოლოოდაც მხოლოდ მასთან აპირებს ოჯახის შექმნას, ან
არადა, ჰყავს მთხოვნელი და გათხოვდეს, აი, ასე! როგორ
კაცო, ჩემი შვილის მტერი ხომ არა ვარ, ავიღო და ლახვარი
ვკრა, განა მე არ ვიცი, სიყვარული რა ხილია? მაშინ, იმ
საშინელ ოცდაჩვიდმეტში, დეიდა თეკლე ლოგინად რომ
ჩავარდა და ჩამოხვედი, როგორ იტანჯებოდი ლელიკოსთან
დაშორებისას და არ კი ტყდებოდი, რამდენჯერ შემოგთავაზე,
ჩვენ მოვუვლით დეიდა თეკლეს, ერთხელ მაინც წადი
თბილისში, ნახე ლელიკო და გამოარკვიეთ თქვენი
მდგომარეობაო...
– ნიკო, დაიცადე... – გააწყვეტინა შალვამ და უსიამოვნოდ
შეიჭმუხნა შუბლი. ოჰ, რა ორწყალშუა იყო, რა ორწყალშუა, –
ვისზე ფიქრობ... ვინ თხოულობს თიკოს? ან არადა... შენ
თვითონ თიკოს არ ელაპარაკე, მე რომ მეუბნები?
– კარგი რაა, არ დაველაპარაკებოდით? მეც და მარიკოც?
მაგრამ ქვეყნის უკეთესი რომ იყოს, იმაზე უკეთესი რომ არავინ
იყოს, თუ ეს ჩვენგან მოდის, არავითარ შემთხვევაში არ
მოინდომებს, ერთხელ და ორჯერ ხომ არ გვიცდია?! მაშინვე
ყალყზე შედგება, ამაში რაღაც შეურაცხმყოფელს ხედავს, რომ
მორჩილი შვილი იყოს და მამის რჩევას ყური უგდოს,
დისერტაციისა და გამოცდის ჩაბარების არ იყოს! უკუღმართია,
უკუღმართი! ოთარი კიდევ დღეში ცხრაჯერ რეკავს, ხან სად
ეპატიჟება, ხან სად, აღარ იცის, რა ქნას...
– ასეც ვიცოდი! – აღმოხდა შალვას, – ეჭვი არ მეპარებოდა,
რომ ოთარი გყავდა მხედველობაში...
ის მუზმუზელა, გაიფიქრა ჯავრიანად ბატონმა შალვამ, ის
მექრთამე, ფულებს რო იჯიბავს თავის უნიჭო პროექტებში...
ჩამოჭრილ ნაკვეთებში. ამასწინათაც იმ სქელკისერა ზაურს
რომ მოჰყვა და მოხუცი ელოს სახლზე თხოვნა გაუმეორეს...
მერე ეს ოთარი ბაღში გავიდა, ვითომ ზაურს ქრთამის მიცემაში
ხელი არ შევუშალოვო, ვითომ შალვამ მოწმის თანდასწრებით
ფულის აღებაზე უკან არ დაიხიოსო... იდიოტი... ყველაფერი
რომ ფული ჰგონიათ! ისე იფრინა ის ზაური, სიტყვაც არ
დაამთავრებინა. რატომ მეუბნებით უარს, ბევრი გაქვთო?
უტიფრად ჰკითხა. არც მინდა, ბევრი მქონდეს და ახლა აქედან
მიბრძანდითო. ყველამ მომიწერა ხელი, ყველამ, თქვენ რა
გახდით ამისთანაო!
რაცა ვარ, აი, ესა ვარო, და ახლა კი მიბრძანდითო! და ის
ვაჟბატონი ოთარი გარეთ უცდიდა, მსხლის ქვეშ სკამზე იჯდა და
რომ გავიდნენ, ოჰ, რა ბაღი გაქვთ, ბატონო შალვა, რა ბაღი,
თელავში ორს არა აქვს ასეთი წალკოტიო! ვითომც არაფერი,
ისე იყო გაცისკროვნებული, გეგონებათ, ბაღის სანახავად არის
მოსულიო. შალვამ კი გაიფიქრა: რომ შეეძლოს, რა
სიამოვნებით გაჰყიდდა საეზოვეებადო... და ნუთუ თიკო, მისი
პატარა გოგო, უსაყვარლესი, თავს რომ ურჩევნია, – აი, ახლა,
ასე ჰგონია, უცებ, წამიერად, აბრეშუმივით თმის სურნელი
მისწვდა, ასე ხარბად რომ იყნოსავდა და ჰკოცნიდა, ჰკოცნიდა,
ჰკოცნიდა სწორედ დღეს, – ამ ყოვლად უგემოვნო ღენდრეცას
უნდა დარჩეს?
– მაინც რაღა ოთარზე შეაჩერე არჩევანი? ასე რით
მოგხიბლა? ამასწინათ ელიბო სპეციალურად ამოვიდა
ბაკურციხიდან, სულ იმას ამბობდა, აი, ვინ მენდომებოდა
რძლად და თიკოვო, ბიჭიც არა ჰყავს ურიგო, შესანიშნავი
სპეციალისტია... – თან გაიფიქრა: ყველაზე კარგი გამოსავალი
ეს იქნებოდაო...
– და ჩემი შვილი იქ გადავხვეწო?! – შესძახა მხურვალედ
ნიკომ, – თემური ხომ ასტრონომია და პულკოვოში მუშაობს!
არავითარ შემთხვევაში... ეშინია ელიბოს, იქ არ დაოჯახდეს და
იქვე არ ჩარჩეს... თორემ რა მაქვს სათქმელი, ელიბო ჩვენი
ამხანაგია და კარგი ოჯახის პატრონი... ვერა, ვერა, თიკოს მე
გვერდიდან ვერ მოვიშორებ, ჩემი შვილიც, ჩემი
შვილიშვილებიც, – ოღონდ ერთი ღირსი გავხდე, – ჩემთან უნდა
იყვნენ, მე უნდა ვიზრუნო, მე გავზარდო, აბა, მაშ, ვისთვის
მინდა, რაც მაქვს და მაბადია, გაღმაველებისთვის? თუ
წვრილშვილი მახვევია?! ჰაიჰარად კი არ ვიფიქრე ოთარზე,
ისეთი თვინიერი ბავშვი იყო, სადაც დასვამდა მარო, თუ არ
ეტყოდა, ადექიო, არ ადგებოდა, თვინიერი და წესიერი, ერთ
გადაბრუნებულ სიტყვას არ ეტყოდა დედას, თითის სიგრძე
როგორ მხარში ედგა, ათი-თერთმეტი წლისას ფიჩხი და
გუდურები ჩამოჰქონდა ტყიდან, და თან არასდროს
სწავლისთვის არ უღალატია... ეხლა ფეხზე დგას, კარგი
ადგილი აქვს, დისერტაციაც კი დაიცვა, თან მოსკოვში, თიკოს,
აკი გეუბნები, დღეში ცხრაჯერ ურეკავს, ისე უყვარს, აღარ იცის,
რა ქნას, და თანაც ბავშვობიდან... მაშ, სულელი არ არის ჩემი
შვილი?! ბალზაკი არა აქვს წაკითხულიო, ნამდვილ პოეზიაზე
წარმოდგენა არა აქვსო, და ისეთი უგემოვნოა, აზრზე არ არის,
რა ჩაიცვას და დაიხუროსო... შენ ჩააცვი და შენ დაახურე-მეთქი,
მე შენ გეტყვი, არ დაგიჯერებს და სიხარულით არ
დაგეთანხმება-მეთქი, მაგრამ, აბაა, შეაყარე კედელს ცერცვი!
ხომ იცი შენ, ვიღას არ უთხოვია თიკო და აქამდე ყოველთვის
თავს ვიკავებდი, შორს ვიჭერდი, ასეთი გაუგებელი ხომ არა
ვარ, ვიცი, ჩემი შეჭედილი ხატების ამბავი, მაგრაამ, ახლა კი
ნურას უკაცრავად, ახლა უკვე დრო აღარ იცდის, ახლა ჩარევა
გარდაუვალია და სწორედ შენი გვერდში ამოდგომაა საჭირო,
შალვა, ჩემო საყვარელო, სიცოცხლეზე მეტად ტკბილო! –
გაიცინა ნიკომ დ შალვას ხელი გაუწოდა, – Дайте ващу честную
руку!
შალვამაც ხელი კი გაუწოდა, მაგრამ უსიამოვნოდ, მოწკურა
თვალები და თავი გაიქნია:
– რა ვიცი, ნიკო, ჩემგან მაინც... ასეთ საქმეში ჩარევა... ისეთ
უტაქტობად მეჩვენება... ახალგაზრდა, თავმომწონე ქალი...
მიდი და უჩიჩინე... ვინც არ გსურს, იმას გაჰყევიო... შენ ასე
შეირთე მარიკო? ცეცხლწაკიდებულივით რომ დასდევდი
კუდში?! ან მე დედაჩემის ჩიჩინით მოვიწყვე ოჯახი?!
– ჰოდა, ცეცხლწაკიდებულივით არის ოთარი! ან ჩიჩინი რა
შუაშია, შენ მე გამაგიჟებ, კაცო, ვინ შენა და ასე უკან დახევა?!
უტაქტობა რასა ჰქვია, როცა მართლა მამასავითა ხარ, და
ღვიძლი მამისაგან განსხვავებით, შენს სიტყვას თიკოსთვის
შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს... ამ
გატაცებების მიუხედავად, არავისთან სიახლოვე არ ჰქონია და
ღმერთსაც დაეფარებინა, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო
აქვს, შეუძლებელია ქმართან კარგად არ იგრძნოს თავი, არ
შეუყვარდეს, თუ ერთი ჩანჩურა არ შეხვდა, და ოთარი, პირიქით,
ძალიანაც ჯანმაგარი ყმაწვილი ჩანს?!
ოოოოჰ, ჯანმაგარი... ეკალივით ეცა გულზე შალვას... და
მყისვე ცოცხლად წარმოუდგა, როგორ აიტაცა ამ ჯანმაგარმა
მკლავებმა პატარა გოგო, ნადავლივით გააქანა ბუჩქებში და
ძერასავით დააცხრა... და შალვამ უნებურად ამოიკვნესა,
შეკრთა, ჩაახველა, ვითომ ხმის ჩაწმენდა უნდოდა, კონიაკი
დაასხა, ნიკოსაც დაუმატა, ერთბაშად გადაჰკრა, ნუში გაკვნიტა
და დაფიქრებით შეხედა ნიკოს, რომელიც კონიაკს წრუპავდა,
თუთას შეექცეოდა და შალვას გამოხმაურებას ელოდებოდა.
შალვას კი უცებ და ერთბაშად გველივით ამოუსრიალდა
დანაშაულის გრძნობა, ისე დაუმძიმდა გონება, ასე ეგონა,
მართლა ქვეწარმავალმა ჩაიბუდა მის გულში, ასე ეგონა,
დანაშაულის შხამმა თავით ფეხებამდე გამსჭვალა...
სირცხვილი... სირცხვილი... რა ნამუსით უნდა გამდგარიყო
განზე... თანაც თვალთმაქცურად თიკოს ღირსების
მომიზეზებით... რა სინდისით უნდა დაეწყო სამოც წელს
მიტანებულ კაცს თოხარიკობა?! როგორ, მართლაც და
მართლაც, თავის ერთგულ მეგობარზე უნდა გაღიზიანებულიყო
და გაბრაზებულიყო?! თანაც ყოვლად უსამართლოდ?!
დამნაშავე იყო, დამნაშავე, რომ ახლა თიკოს არავინ უნდოდა
მის მეტი... რომ თიკოს, ბედნიერებისთვის, ოჯახის შექმნისთვის,
ქმარსა და შვილებში გაფურჩქვნისთვის სწორედ აფერხებდა,
კვალში ედგა, საუკეთესო დროს ართმევდა, საქმროებს
აკარგვინებდა... ესე იგი, მეტი გზა არ იყო?! უარი უნდა ეთქვა?!
უკვე რეკდა ზარი?! ნიკო... ნიკო... რომელიც ასე
შემოჰყურებდა... ერთი დღე რომ არ შეეძლოთ უერთმანეთოდ...
ბოლო დროს კი თავს რომ არიდებდა... პირშავი იყო და
იმიტომ... შაშვი კი გალობდა... ისე კი არა, წეღან რომ
ჩაიჭრიახებდა ხოლმე, ეტყობა, გამოძღა თუთით და
ნასიამოვნები და გულსავსე ახუჭუჭებდა თავის საგალობელს...
სახლიდან ფორტეპიანოს ხმას ვიოლინო შეუერთდა, ლელიკოს
ახლა უკვე ანსამბლის გაკვეთილი ჰქონდა და ბეთჰოვენის
გაზაფხულის სონატას უკრავდნენ მოწაფეები, და შალვამ
გაიფიქრა, რა საინტერესო კონტრაპუნქტს ქმნის შაშვის
გალობა გაზაფხულის სონატასთანო...
– ამ შაშვის გალობამ, თუ იცი, რა გამახსენა, ნიკო?
– რა თქმა უნდა, ვიცი, – უპასუხა ნიკომ და ორივეს თვალწინ
დაუდგა ორი პატარა ბიჭი, გარიჟრაჟის ბინდბუნდში გიგოს
გორისკენ რომ მირბოდნენ და რიყის პირას, ვახვახიშვილების
გვიანა თუთიდან, აგვისტოს შავი ხართუთიდან, შაშვის გალობა
ისმოდა... ისე ადრე... უთენია.
– იმ ღამეს ხომ თქვენთან დავრჩი, რომ ღამიანადვე,
რიჟრაჟისას წავსულიყავით... მთელი ღამე არ გვძინებია,
ჩურჩულში გავატარეთ, შვიდი წლის მამუკა რომ არ
გაგვეღვიძებინა...
– მაინც რა შეუპოვარი იყავი ბავშვობიდანვე, ნიკო, შენ
მითხარი ისე მტკიცედ, შენ ჩამაგონე, რომ უნდა წავსულიყავით,
რომ ეს ჩვენი ვალი იყო, არადა თორმეტი წლისანი ვიყავით
მაშინ, პატარა ბიჭები...
– ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ წინა ღამეს მოიპარეს, –
ახალგაზრდა, ლამაზი სტუდენტი რომ იყო, ილიკო მაყაშვილი, –
იმისი გვამი, – ნადიკვარზე ჭიდაობდნენ ხოლმე ისა და შალიკო
რჩეულიშვილი, – მე კიდევ ძია ელიზბარი ძალიან მიყვარდა,
მამა და ძია ელიზბარი ხომ მეგობრები იყვნენ ჩვენსავით...
შალვას ცრემლი მოერია, ნამდვილად კონიაკი მომეკიდაო,
გაიფიქრა, ძლივს შეიკავა თავი, არ ეტირა.
– შენიანები ყოველთვის შენთან არიან, ნიკო, – ხმა
ებზარებოდა, მაგრამ მაინც უნდოდა, მოეგონებინა ის შორეული
გარიჟრაჟი... – გახსოვს, თხრილებთან რომ მივირბინე, ვინ
დაგვხვდა იქ? გორის ძირას კიდევ ცხენის ურემი იდგა დიდი
გეჯით...
– ჯერ შეგვეშინდა, მაგრამ, რომ მობრუნდა და ხელი
დაგვიქნია, ვიცანით, მამაჩემისა და ძია დიმიტრის ყოფილი
მოწაფე იყო, მამა სულ იმას ამბობდა ხოლმე: როგორ მინდა,
ჩემი შვილებიც ისეთი ნიჭიერები იყვნენ, როგორიც კოლა
დალაქიშვილიაო...
– მაშინ ხომ სტუდენტი იყო და უნივერსიტეტშიც მაგრად
სწავლობსო, ამბობდნენ, თითით საჩვენებელიაო, თან რა
სიმპათიური იყო, ბუჩქივით ქოჩორი ედგა, განსაკუთრებით იმ
გარიჟრაჟზე მეცა თვალში კოლას ქოჩორი, ასე მეგონა, ყალყზე
ედგა...
– რამ მოგიყვანათ ბიჭებოვო, თქვენ ხომ ჯერ ბავშვები ხართო,
და შენ კაცივით უთხარი, ჩვენ უკვე დიდები ვართო... მაინც რა
შეუპოვარი იყავი, ნიკო, კვერცხში წიოდი...
– კოლას უკვე ამოეთხარა თავისი მამის გვამი... თურმე უცებ
ვერც კი იცნო, საწყალი მღვდლისთვის ანაფორა გაეხადათ,
ჯვარიც აერთმიათ... საგანგებოდ გაეკეთებინა კოლას დიდი
გეჯა და როგორღაც ჩაესვენებინა თავისი გაძარცული,
დახვრეტილი მამა...
– კიდევ კარგი, აქ დაგხვდითო, გახსოვს, რომ გვითხრა, რა
უნდა გექნათ ცარიელი ხელებითო, ურმიდან მაშინვე ჩამოიღო
ნიჩაბი და წერაქვი...
– მერე ხომ მე ვიცანი, შალვა, ძია ელიზბარი, მარჯვენა
შუათითზე დიდი ნაჭდევი ჰქონდა, და მიწა რომ გადავყარეთ და
ხელები გამოჩნდა, ძია ელიზბარი-მეთქი, – დავიძახე, აი, ის,
ნაჯახის ნაჭდევი, სიყმაწვილეში რომ ჩაურტყამს-მეთქი...
– როგორ გვიშველა კოლამ, როგორ გვიშველა... ეხლაც რომ
შემხვდება, მადლიერებით ავივსები ხოლმე...
– მერე შეერთებული ძალით გეჯა ოდნავ გვერდზე მივწიეთ და
ძია ელიზბარი გვერდულად ჩავასვენეთ... დიდი ბრეზენტი
ჰქონდა წამოღებული კოლას და ზევიდან ურემს ის
გადავაფარეთ.
– და რომ მოვდიოდით, გიგოსგორასთან, მთელ იმ გზაზე,
შაშვის სტვენა ისმოდა...
– ვახვახიშვილების ბაღიდან... და მახსოვს, კოლამ რომ
გვითხრა: ბიჭებო, გესმით, როგორ უსტვენს შაშვიო, კიდევ
კარგი, ამდენმა სროლამ არ დააფრთხო და არ შეეშინდაო.
იმ დღესაც გალობდა შაშვი... ღმერთო, როგორ გალობდა...
ნუთუ აღარასოდეს... აღარასოდეს... რეკავს ზარი, რომ
აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს, რაც იყო... თიკოს
ცრემლები ჩამოსდიოდა, ის კი კოცნით უმშრალებდა
დასველებულ ლოყებს... და შალვასაც ერთბაშად ცრემლები
წამოუვიდა, ორივე ხელი შუბლზე მიიდო, თვალები მოიჩრდილა
და თავი ჩაღუნა...
– ოჰ, ჩემო ძმობილო ჭიანჭველა, შენ ყოველთვის ძალიან
ემოციური იყავი... – თქვა ნიკომ თანაგრძნობით, – თუმცა რა
ამდენი დრო გავიდა და თითქოს გუშინ მომხდარიყოს
ყველაფერი...
შალვამ თავი აიღო, გაიცინა:
– მე მგონი, ჭიანჭველა დობილი იყო, განა არა? შენ კი, აბა,
თუ იცი, იმ მგალობელ ბაღში ვინ ცხოვრობდა დიდი ხნის წინ?
მორჩა, მორჩა... აღარასოდეს აღარ მივლენ იმ ბაღში...
ალბათ, ასე ჯობს... რაც გარდაუვალია, გარდაუვალია...
– ვინა? ძალიანაც კარგად ვიცი. ჩემი დიდი ბებია მოსწრებია
ყმაწვილქალობაში, დიდი ამბით მიამბობდა ხოლმე, მშვენიერი
მოხუცი მანდილოსანი იყოვო და ყველაფერზე ეტყობოდა,
განსაკუთრებით კი ხმის კილოზე, საუბრის ყაიდაზე, თვალთა
მზერაზე, სამეფო ოჯახში რომ იყო გაზრდილიო...
– მოდი დავლიოთ, ნიკო, კიდევ ერთიც დავლიოთ... – თქვა
ჯავრიანად შალვამ და ფუჟერი აიღო, – ჩვენს მეგობრობას
გაუმარჯოს...
– გაუმარჯოს, შალვა, დავლიოთ და მერე ისევ ჩვენს ცხვრებს
მივუბრუნდეთ, და მე გეტყვი, რა მოვიფიქრე. დარწმუნებული
ვარ, დამეთანხმები, – გადაბრჯნილი კილოთი წარმოთქვა
ნიკომ.
– დაგეთანხმები, ნიკო, დაგეთანხმები! – უცბად რაღაც
მოულოდნელი აღტყინებით შესძახა შალვამ. ჯერ ისედაც
განცდებით იყო სავსე – თუ სიყვარულის, თუ სასოწარკვეთის,
თუ წარსულის, თუ დანაშაულის... და კონიაკმა თანდათანობით
სულ უფრო და უფრო გაუმძაფრა თავისი ცოდვისა და ამ
ცოდვის გამოსყიდვის სურვილი, და ამ სურვილმა აიტანა,
ლამის აიტაცა, ცეცხლივით მოედო, რომ პირნათელი
ყოფილიყო, როგორც ყოველთვის იყო... პირნათელი თავისი
მეგობრის, თავისი ცოლის, თავისი შვილის, შვილიშვილის და
ყველას, ყველას წინაშე! გადაიხარა, გრძნობამორეულმა ნიკოს
მხარზე ხელი მოუთათუნა:
– ნიკო... ჩემო ნიკო... გახსოვს, შენი მაგელანობის დროს
ამერიკიდან ლურჯი ბერეტი რომ ჩამომიტანე,
ტყავმოკერებული, შენც გქონდა ისეთი და როგორ ვიწონებდით
თავს, თელავში კი არა, თბილისშიც არავინ დადიოდა ასეთი
ბერეტებით... ჰოდა, თქვიი, კაცო, თქვიი, რა მოიფიქრე!
– რა მოვიფიქრე და არ დაგიმალავ, ოთარი იყო ჩემთან,
იცოდე, თიკომ კი არაფერი იცის, და მთხოვა, ექსპედიციაში
წაიყვანო. თქვენ ხომ სულ მალე მიდიხართ, მეო, ძეგლზე
მუშაობის გამოცდილება მაქვსო, მივეხმარებიო, მეც
მაინტერესებსო, ჩემს შვებულებას დავამთხვევო მთაში
წასვლასო, და თუ მოვეწონები ბატონ შალვას, მერე იქნებ
ნახევარ შტატში ამიყვანოს შეთავსებითო, გიჟდება კაცი, უნდა,
თიკოს გვერდით იყოს და თვალებში შესციცინოს... ხომ იცი,
ბუნების წიაღი, ერთად ყოფნა, თქვენი შეძახება და, საერთოდ,
მთის ატმოსფერო... იმედი მაქვს, კარგ შედეგს გამოიღებს, ჰაა,
შალვა, ხომ კარგი მოფიქრებაა, რას იტყვი?!
შალვა ჯერ ისევ იმ ტალღაზე იყო, დანაშაულის გამოსყიდვისა,
და გულმხურვალედ დაეთანხმა, აი, ნახავ, თუ ყველაფერი ისე
არ დამთავრდეს, როგორც შენ გინდაო, აი, ნახავო! თითქოს
საკუთარი სიტყვები მაგიურად მოქმედებსო, თითქოს ამაზე
სანუკვარი აღარაფერია მისთვისო... ნიკოს გახალისებას ხომ
საზღვარი აღარ ჰქონდა, ხვალვე, გადაუდებლად წავალ
სპორტულ მაღაზიაშიო, იტალიური კარვები მიუღიათ, იმასაც
ვუყიდი თიკოს, საძილე ტომარასაც და, საერთოდ, ვნახავ
მთისთვის საჭიროსა და გამოსაყენებელსო... კიდევ დალიეს
კონიაკი, გემრიელად შეექცნენ ნუშსა და თუთას... ახლა კი
ლელიკოს დავხედავ და წავალო, ნიკომ თქვა და წამოდგა.
დუმს სასაფლაო, სევდიანი, ვით ძველი ქალდუ,
გულში ინახავს კაეშანს ფარულს.
ანა კალანდაძე

ნიკო თვალს მიეფარა თუ არა, შალვას ერთბაშად დაუცხრა


თავისი აღტყინება, რამდენი ხანია სასაფლაოზე არ
ვყოფილვარო, მწუხარედ გაიფიქრა, წავალ, სანთლებს ავუნთებ
დედასა და მამას და მათი ხსოვნის წინაშე ფიცს დავდებ, რომ
ჯვარს დავუსვამ ჩემს თოხარიკობასო... ნიკო რომ გამოვიდა,
შალვამ ქუჩის ბოლომდე გააცილა, მოსახვევთან გამოეთხოვა
და სახლისკენ კი აღარ გამობრუნებულა, ზევითკენ,
სასაფლაოსკენ აუხვია. აათავა მოკლე ქუჩა, ცხაკაიასი, და
სასაფლაოს ქვედა მხრიდან მიადგა, სადაც გალავანი
გარღვეული იყო სწორედ იქ. იფიქრა, აქედან გზას მოვჭრი და
უფრო მარჯვედ მივალ დედას და მამას საფლავთანო, და
მთავარი შესასვლელისაკენ აღარ აუხვია. აქაურობა ისე იყო
დაბურული ასწლოვანი ცაცხვებითა და კვიპაროსებით,
შორიახლოდანაც კი, სანამ საფლავები გამოჩნდებოდა,
ტყეპარკი გეგონებოდათ. არც ისეთი დიდი ხნის წინ თელავს
ორი სასაფლაო თავს ასდიოდა, რიყის მარჯვენა მხარეს
ქართველების სასაფლაო და რიყის მარცხენა მხარეს
სომხებისა. ახლა ეს ძველი ქართველებისა, გადავსებული იყო
ლამის მიჯრით მიწყობილი მარმარილოებით, ძველთაძველი
საფლავების ქვებით, ბრინჯაოსა და ლაბრადორის აღმართული
მატურებით, რკინის მესრებითა და გრეხილი ზღუდეებით, და
ასე გასინჯეთ, სამარეებზე ძეგლად დადგმული სახლაკებითაც
კი. ხეირიანად ბილიკებიც კი აღარ იყო დატოვებული და
ადგილ-ადგილ საფლავებთან მისვლა ჭირდა.
შალვა კონიაკით იყო შემთვრალი და გაბრუებული, თან
სასაფლაოს გრილ ჰაერზე, ხეების შრიალში კიდევ უფრო
იგრძნო სასმელის ძალა, ერთი-ორჯერ მიხვეულ ბილიკზე
შექანდა კიდეც... ისედაც, თუმცა ზეპირად იცოდა აქ
ყველაფერი, ხან ნაბიჯს ანელებდა, ხან წუთიერად
შეჩერდებოდა და საფლავებს თვალს ავლებდა. ნიკოსთან
დაშორების შემდეგ მღელვარებამ და აფორიაქებამ მოიცვა,
საპირისპირო განცდები უფუტკნიდა ძარღვებს, ერთი მხრივ, თუ
ფიქრობდა, რომ ნიკო დროულად მოვიდა, თორემ დღეს არა,
ხვალ მათი ამბავი გამჟღავნდებოდა. ერთი მხრივ, თუ
ამუნათებდა თავს, სად ბერი ცხენი, სად ჭრელი უნაგირიო, და
ძალიანაც კარგი, რომ ყველაფერს წერტილი დაესმებაო,
მეორე მხრივ, გული ეწურებოდა იმის წარმოდგენისას, რომ
მართლაც ყველაფრისთვის ჯვარი უნდა დაესვა, და მთაში, იმ
სილამაზესა და მშვენიერებაში, – ბაწარას ხეობა და კახეთის
მთები ხომ განთქმულია თავისი სილამაზითო, – ოთარი უნდა
წაეყვანა, ოთარი! ეს რა მოიგონა, ღმერთო, ეს რა პირობა მისცა
ნიკოს, ეს რა ამოცანა დაუსახა თავის თავს, მშობლების
საფლავზე ფიცი დადოს, ფიცი, რომ, როგორც დამნაშავე ბიჭი,
ამიერიდან აღარ იცელქებს, კარგად მოიქცევა და სანიმუშო
ყოფაქცევის იქნება... ოჰ, ნეტავ ესმოდეს ვინმეს, რომ
დასცინონ, მასხარად აიგდონ, გააპამპულონ, აი, ამისი ღირსია!
მაგრამ სასაფლაოზე რომ მივიდა და ათასჯერ წაკითხულ
ეპიტაფიებს თვალი ჩააყოლა, თანდათან დამშვიდდა, აქ ისეთი
სიწყნარე და სიმყუდროვე სუფევდა. თუ მართალია მერიმეს
სიტყვებიო, გაიფიქრა, რომ არა არის რა უსახელო პეიზაჟზე
უფრო უცხო და მოსაწყენიო, მაშინ ამდენი ნაცნობი და
ახლობელი სახელებით მოფენილი სასაფლაო ყველაზე უფრო
შინაური და მშობლიური ადგილი უნდა იყოსო, მე ნამდვილად
შემიძლია, ამ სასაფლაოების მიხედვით ჩვენი ქალაქის
ისტორიაც კი დავწეროვო. მართლაც, აქ დასაფლავებულთა
დიდ ნაწილს შალვა იცნობდა და ძალიან კარგადაც იცნობდა.
ბავშვობაში ხომ უბნის ბიჭების გარეშე არცერთი მკვდარი არ
დასაფლავდებოდა. გაიგონებდნენ თუ არა სამგლოვიარო
მარშის ხმას, ვინ საიდან გამორბოდა, ვინ საიდან, რომ
პროცესიას გამოჰკიდებოდნენ ვითომ „პატივის საცემად“,
სინამდვილეში კი სეირის საყურებლად. მერე და მერე ხომ
მიაცილებდა და მიაცილებდა, ზოგი მეზობელი იყო, ზოგი
ნათესავი, ზოგი ნათელ-მირონი, ზოგი ახლობელი, პატარა
ქალაქში ლამის ყველა ყველას იცნობდა... ოო, რამდენი
გაისტუმრეს, რამდენი... და ახლა წინაპრები?! და ისინი, ვინც
წინაპრებმა გაისტუმრეს?! აი, ეს, ლაბრადორის
ობელისკისებური მატური... შალვას არ შეეძლო ორიოდ წამით
მაინც არ შეჩერებულიყო ამ სვეტთან, აქ ხომ ყარსის გმირი იყო
დასაფლავებული, ოცდახუთი წლის ულამაზესი და უმამაცესი
ოფიცერი არჩილ ვახვახიშვილი... ოჰ, რა ლეგენდებს
ჰყვებოდნენ მის მამაცობასა და თავგანწირვაზე, ჩეხა და ჩეხა
მტერი და დუშმანიო, და როცა სასიკვდილოდ დაჭრეს ფერდში,
ერთ თავის დაჭრილ მებრძოლს კიდევ უშველაო, მერე ხელით
ეჭირა ჭრილობა და მაინც მიაღწია შტაბამდეო, გენერალს
უპატაკა თავისი ნაწილის ამბავი, თავის მზეთუნახავ ცოლთან
გამოსათხოვარი წერილიც უკარნახა შტაბის ოფიცერსო და
მერე კი ფეხდგომელამ, კედელს მიყრდნობილმა დალია
სულიო. ზალპების ზათქითა და გრიალით გამოაცილესო,
დიდის ამბით ჩამოასვენეს მშობლიურ ქალაქში და აი, აქ
დაკრძალეს, საგვარეულო სასაფლაოზეო. ლაბრადორის
ობელისკს წარწერა რუსული ჰქონდა:

Горячо любимому Арчилу


От неутешной Лели

ქვევით კი ასეთი სიტყვები იყო ამოტვიფრული:

Знай дорогой, нет в мире


Такой могучей силы,
Чтоб угасить она могла
Во мне любовь.
Прощай, – до нового свиданья!

დედა უამბობდა ხოლმე შალვას ამ მამაცი რაინდი არჩილისა


და მისი მზეთუნახავი ცოლის ამბავს, რომანტიკულ, სევდიან
ამბავს, რომ საფლავის გაკეთებისა და ხარჯის გადახდის
შემდეგ ქალმა დაწერა წერილი: მაპატიეთ, მაგრამ უარჩილოდ
სიცოცხლე არ შემიძლიაო... დალია შაბიამნის ხსნარი და თავი
მოიკლა. მატურის გვერდით წახნაგზე ეწერა მხოლოდ სახელი
Леля, და ცოტა ქვევით კი „Навеки вместе“. შალვა შეჰყურებდა
ამ წარწერებს, ვინ იცის მერამდენედ, და ფიქრობდა: 24 წელს
თუ გადაურჩებოდა ეს მამაცი ოფიცერი, რაც ძნელი
წარმოსადგენია, და თუ გადაურჩებოდა ყოველწლიურ,
შედარებით წვრილ-წვრილ რეპრესიებს, შეუძლებელია, 37-ის
ტოტალურად დაგებულ რკინის მახეში არ გაბმულიყოვო და,
ალბათ, სჯობდა ბრძოლაში გმირულად დაღუპვა და მშვენიერი
ელენეს დატირება, საკუთარი ხელით გათხრილ ორმოსთან
დახვრეტას, ან ჯალათის ხელით მოშთობასო, რომ აღარაფერი
ვთქვათ, სასტიკ დაკითხვებზე და შემზარავ წამებაზეო. განა არ
ერჩია ჩემს საცოდავ ძმას ომის ქარცეცხლი ჩეკას
ჯურღმულებსო?!. რეპრესირებულებს საფლავი არა აქვთ... არა
აქვთ... არა... რა სიმწრით წავიდა დედა... ამ ლაბრადორის
ობელისკმა ახლიდან გაახსენა, თუმცა არც არასოდეს
ავიწყდებოდა, თავისი უმცროსი ძმა, ვინ იცის სად ჩაკლული,
ვინ იცის ყვავ-ყორნების საჯიჯგნადაც გადაგდებული... ამის
წარმოდგენაზე, არადა ზოგჯერ, როგორც ახლა, დალეული და
გაბრუებული, ისე ცოცხლად წარმოიდგენდა ხოლმე და გუნება
ეშხამებოდა... არადა რისთვის მოდიოდა სასაფლაოზე,
დალეული და თავბრუდახვეული, ახიც იქნება, რომ ჩაიჩეხოს
სადმე! რისთვის, დედასთან და მამასთან ფიცის დასადებად?
თუ ლაყეა, თქვას, თავისი პირით თქვას... ჰო, ჰო, ლაყეა,
მაგრამ, როგორიც უნდა ლაყე იყოს, თავისი დაღუპული ძმის
მწარე მოგონებასთან ერთად, როგორც არ უნდა ენატრებოდეს
თიკო, პატარა გოგო, უსაყვარლესი გოგო, ძუძუები ბეღურებს
რომ მიუგავს, არავითარ შემთხვევაში, არასოდეს, აღარ, აღარ,
აღარ გაეკარება... ყველაფერს შეასრულებს, რაც ნიკოს
უთხრა... ყველაფერს... როგორი გაბრუებულია... ბორძიკით
მიდის... საით მიდის... საით... ჰო, იცის საითაც... ვითომ თავისი
ძმის საფლავზე მისულა... ისინიც ხომ ისევე არიან
ჩაფლულები... ოტო... ოტო... ოტო შტაინი... რამდენი ხანია არ
გახსენებია... და რა კარგია, რომ სწორედ ახლა გაახსენდა...
ისინი სასაფლაოს განაპირას იყვნენ ჩაყრილები, ახლა აგეერ,
იქ ასფალტია, ქუჩა გადის... მივა და ასფალტს გაუსვამს ხელს,
ოტო, ოტო, სად არის შენი სულიო, თავისთვის ჩაილაპარაკებს.
ძვლებიც აღარ იქნება!.. ხუთი წლის ელიზბარი გამორბოდა,
მამა, მამა, იქ ნამდვილი საფრთხობელა დგას... და ხელს
მიქნევდაო! შალვას სარწყავი ეჭირა ხელში და პამიდვრებს
რწყავდა... მოიხელთებდა თუ არა თავისუფალ დროს, – არადა
სამ ადგილას მუშაობდა, გადარბენაზე იყო, მცირე ხნით თუ
შემოირბენდა სახლში, – მაშინვე ბოსტანს მიაშურებდა... ხან
მარგლიდა, ხან ძირებს უჩვილებდა, ხან რწყავდა, თითოეულ
ნერგს დაჰკანკალებდა... რაც თავის დღეში არ ეკეთებინა, იმას
აკეთებდა, ამ საშინელ გაჭირვებაში ეს ბოსტანი იყო ერთ-ერთი
მათი მასულდგმულებელი. ბოსტანი მაშინ მოაშენა შალვამ, 42-
ის გაზაფხულზე, როცა ერთ დილას, ლელიკო საწოლში რომ
წამოჯდა, ფანჯრიდან ბაღს გახედა და სიხარულით შეჰკივლა...
შალვას არასოდეს გაეგონა ლელიკოსაგან ასეთი შეძახილი,
ლამის ისტერიული შეძახილი: „ჭინჭარი! ჭინჭარი! შეხედე,
შალვა, ჭინჭარი!“ მართლაც, გალავნის ძირას, მთელ სიგრძეზე
ჭინჭარს ამოეყო თავი. შალვა კი მოიღუშა და თავი მიაბრუნა...
მაშინვე კი წამოდგა და ბაღში გავიდა. მეტად სინდისიერი
ადამიანი იყო, აღსავსე მოვალეობის გრძნობით, არასდროს არ
უჭირდა საკუთარი თავის დადანაშაულება, პირიქით, ხშირად
ისე ეგონა, ყველა უბედურებაში მისი წილიც ერია, ომი რომ
მძვინვარებდა, შიმშილი რომ ჩამოდგა, ელიზბარს წამდაუწუმ
ყველაფერი რომ უპატარავდებოდა, შეშა რომ ჭირდა და სანამ
ტყეში წავიდოდა, სიცივეში უხდებოდათ კავკავი, და რა თქმა
უნდა, რამდენიმე დღის წინ ლელიკომ აბორტი რომ გაიკეთა.
როგორ ეხვეწა, როგორ ემუდარა, რამენაირად გავზრდითო,
ასე მგონია, გოგო იქნება და ძალიან მინდა დედაჩემის სახელი
ისმოდეს ჩვენს სახლშიო.
– მე არ მინდა?! მე არ მინდა?! – ტირილის ხმაზე ამბობდა
ლელიკო, – ჯერ ახლავე ფეხები მეკეცება სიარულის დროს და
მერე რაღა იქნება, ალბათ, ფეხზე ვეღარ დავდგები, რა უნდა
გაჩნდეს, იქნებ ვერც ენა ამოიდგას, ვერც ფეხი აიდგას, და ეს
გინდა, ესა?
მართლა რა უფლება მაქვსო, სიმწრით ფიქრობდა შალვა,
თითებმორღვეული ბაწრის ხელთათმანებით ზის როიალთან და
ელიზბარისთვის ერთი მამალო ვერ გვიყიდიაო. და ისევ და
ისევ ბრალითა და დანაშაულის გრძნობით ივსებოდა. მაშინ იყო
სწორედ საბოსტნე რომ შეარჩია თავიანთ დიდ ეზოში, ჯერ
ჭინჭარი დაკრიფა, – ახლად ამოღერილი, ნორჩი ჭინჭარი იყო,
– გარეცხა, ქვაბში ჩააწყო და მოსახარშად მოამზადა, მერე კი
ფარდულიდან ბარი გამოიტანა და ბარვას შეუდგა... ორიოდ
წელიწადში კარგი მებოსტნე დადგა, მაგრამ გარჯას კი
მოითხოვდა ბოსტანი, დროსა და გარჯას, განსაკუთრებით
წყალი ჭირდა, ფერდებიღა ჰქონდა ჩაწყვეტილი დიდი
სათლებით წყლის ზიდილით. თან ყველაფერი მოსწრებაზე იყო,
რომ არსად დაჰგვიანებოდა, არც გაკვეთილებზე, არც
ლექციებზე, მუზეუმშიც აუცილებლად შეერბინა, დირექტორი
მაშინ შესანიშნავი პიროვნება, მუზეუმისთვის თავდადებული
სანდრო მამულაშვილი იყო, და ყველანაირად უწყობდა ხელს
თავის თანაშემწეს. ახლაც შესვენებაზე მოირბინა, კიტრი და
პამიდვრები უნდა მოერწყა, საღამოს ლელიკოს სამხედრო
ქალაქში, გოროდოკში, კონცერტი ჰქონდა, იჯდა ეხლა და
შოპენის პოლონეზს უკრავდა... შალვაც აუცილებლად უნდა
წაჰყოლოდა ელიზბართან ერთად. კონცერტის შემდეგ
მადლიერი სამხედროები ლელიკოს მცირეოდენ ძღვენს
მოართმევდნენ ხოლმე, ბურღულეული იყო, პერლოვკა და
ფეტვი, კვერცხის ფხვნილი და ჰერკულესი, ერთხელ კი, –
ოჰოჰოჰო, რა გაიხარა ელიზბარმა, – ნახევარკილოიანი ქილით
შესქელებული რძეც გამოატანეს, ტლიკა და ტლიკა, თან პატარა
მუშტს გულზე იბაგუნებდა სიამოვნების ნიშნად. ჰოდა, შალვას
აუცილებლად უნდა მოესწრო ბოსტნის მორწყვა, სანამ
ინსტიტუტში გაიქცეოდა და სტუდენტებს კეისრის ბრძოლაზე
ჩაუტარებდა ლექციას. ორი კვალიღა ჰქონდა დარჩენილი,
პამიდვრებს კარგად ესხა, უკვე შემრეშილიც იყო და ერთ
კვირაში კიდევაც მოიწეოდა. რა კარგია, თავზე საყრელად
გვექნებაო, გამოიტანე მარილი, მოწყვიტე, გადახეჩე და
მიირთვიო, გაიფიქრა სიამოვნებით და მაშინვე კეისრის ის
ზუსტი შეფასება გაახსენდა, გადამწყვეტი ბრძოლის დროს
პომპეუსის მარცხის მიზეზისა, როცა პომპეუსის გაქცევის შემდეგ
მისი ძვირფასად მორთული კარავი ნახა: როგორც ჩანს,
პომპეუსს გამარჯვებაზე უფრო მეტი უფიქრია და უოცნებია,
ვიდრე უშუალოდ ბრძოლაზეო. ასე და ამრიგადო, განაგრძო
ფიქრი როიალის აკორდებსა და სარწყავი წყლის
წკაპაწკუპების თანხლებით, სანამ ადამიანი არსებობს, ომსა და
ბრძოლას არა და არ შეეშვებაო, ამასობაში დედამიწა თუ
უსასრულო სივრცეში არ დაინთქმებაო... და სწორედ ამ დროს
ელიზბარის ძახილი შემოესმა, შეშინებული ეძახდა: იქ
ნამდვილი საფრთხობელა დგასო. შალვამ სარწყავი დადგა და
ჭიშკრისკენ წავიდა, შემოღებულ პატარა კართან მართლა
საფრთხობელა იდგა, ძვალი და ტყავი, აწოწილი და რუხ,
ლამის ძონძებად ქცეულ შარვალ-ხალათში ჩაკარგული.
თითქოს თვალებსაც დაჰკარგოდათ მოძრაობის უნარი,
გაშეშებული, უმოძრაო მზერით მისჩერებოდა შალვას,
რომელიც მაშინვე მიხვდა, რომ ეს საფრთხობელა გერმანელი
ტყვე იყო, და თავი დაუქნია, მიესალმა. „ოოო“, – თქვა
საფრთხობელამ, თვალები როგორც იყო დაახამხამა, უფრო
სწორედ, ჩახუჭა და გააღო, თქმით კი რაღაცას ამბობდა, ისე
ჩუმად, ლამის უხმოდ, შალვას თავიანთი ბებერი კატა
გაახსენდა, პირს რომ აღებდა, ვეღარ კნაოდა. მაგრამ
შეუძლებელია, გერმანელი ტყვე ბებერი ყოფილიყო, თუმცა
ასაკიც თითქოს დაკარგული ჰქონდა, ვერ შეატყობდით რა
ხნისა იყო.
შალვამ სმენა დაძაბა და ბოლოს გაიგო:
– ბიტე... ვასერ...
– ელიზბარ, – მიუბრუნდა თავის პატარა ბიჭს, რომელიც მამის
გვერდით, ახლა უკვე ცნობისმოყვარედ მისჩერებოდა
საფრთხობელას, – გამოარბენინე პატარა სურა და ჭიქა...
და სანამ ელიზბარი დაბრუნდებოდა, კაცი ისევ შეაჩერდა
შალვას და ერთი ნიუანსით ხმამაღლა თქვა:
– ოოო, პიანოფორტე... კლავირ...
შალვა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, ბეჯითადაც
სწავლობდა და ასე ვთქვათ, ქვეშ ნაყარი გერმანული ასე თუ ისე
იცოდა:
– მაინე ფრაუ... ისტ პიანისტ...
– ოოო... ოოო... – კიდევ უფრო მოემატა ხმა კაცს, – იჰ აუხ... იჰ
აუხ... – და კბილები დაკრიჭა გაღიმების ნიშნად. საშინელი იყო,
ნამდვილ ნიღაბს დაემსგავსა, დაკრეჭილ ნიღაბს. კიდევ კარგი,
ჰოსპიტალში მუშაობას თავი გავანებეო, გაიფიქრა შალვამ,
არადა, როგორც ღამის ყარაულს, ოთხ დღეში ერთხელ
ვახშამიც ეკუთვნოდა, დილის საუზმეც და მცირე ხელფასიც.
ვახშამი და საუზმე, რა თქმა უნდა, ბიდონით სახლში მოჰქონდა,
ესეც რაღაც იყო, რაიმე ფაფა, პურის ნაჭერი, სახარინის ორი
აბი. მაგრამ, ფრონტი რაც უფრო წინ მიიწევდა, ჩვენი
დაჭრილებიც კლებულობდნენ და ორმოცდაოთხის ბოლოს
ჰოსპიტალი სულ დაიცალა დაჭრილებისაგან. და სწორედ მაშინ
მოიყვანეს გერმანელი ტყვეები, და შალვამ რომ დაინახა მათი
შემზარავი სახეები, აღარ მოინდომა ჰოსპიტალში დარჩენა.
ვისაც ჯერ კიდევ ფეხზე დგომა შეეძლო, მათ ამუშავებდნენ და
შალვამ იცოდა, რომ ესენი გიგოსგორის ქვევით, შამბნარიან და
ღორღიან მინდორს სწმენდავდნენ და სტადიონისთვის
ამზადებდნენ. წყალი რომ დალია, შალვამ შემოიყვანა ეზოში,
გუდა ლეღვი მწიფდა, სახლში მაინცდამაინც არაფერი
ჰქონდათ, დღევანდელი პურის ულუფა ჯერ არ მოეტანათ,
ფეტვის ორი-სამი კოკორია ეგდო და რამდენიმე მოხარშული
კარტოფილი თავიანთი ბოსტნისა. შალვამ სინით კოკორია და
კარტოფილებიც გამოუტანა, ლეღვის ქვეშ სკამიც დაუდგა, ჯერ
კარტოფილი მიირთვით და მერე ლეღვი დააყოლეთო. კაცი კი
სულ „ოოო, ოოო-ს“ იძახდა, და საერთოდაც ყოველ
წინადადებას ამ „ოო“-თი იწყებდა. ამასობაში ლელიკოც
გამოვიდა და მანაც გაიცნო ეს უცხო სტუმარი. ლელიკოს
მთლად გერმანული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და კარგი
გერმანულის გაგონება ესიამოვნა. გაუკვირდათ, ისე ფაქიზად
ჭამდა, გეგონებოდათ სულ არ არის დამშეულიო, სინზე პატარა
ლუკმებად ჭრიდა კარტოფილისა და ფეტვის კოკორიას,
სიხარბის ნატამალი არ ეტყობოდა. ელიზბარი აგზავნეს
ლეღვზე, დაუკრიფეო. და ლეღვსაც ისე ლამაზად ფცქვნიდა
ორი თითით. მომღერალი იყო თურმე, ბარიტონი, ამავე დროს
დიდგვაროვანი ოჯახიდან, არისტოკრატი და ოტო შტაინი
ერქვა. ფრონტთან შორიახლოს ჯარისკაცებისთვის კონცერტს
მართავდნენ თურმე და ყველანი, მთელი საკონცერტო ბრიგადა
ტყვედ ჩავარდა. კაცი უცებ დაფაცურდა, ჩვენი შესვენება
სადაცაა დამთავრდებაო... გამოთხოვებისას კი დიდი მადლობა
გადაუხადა და თითქოს მობოდიშებით დაამატა, თან ლელიკოს
უყურებდა ფართოდ გახელილი, უფრო დაჭყეტილი,
მონაცრისფრო თვალებით, ოოო... დამიჯერეთ, პურზე უფრო
სიმღერა მენატრებაო, მეო, ომამდე ერთი წლით ადრე
დრეზდენის ოპერის თეატრში მიმიღეს და დონ-ჟუანიც კი
ვიმღერეო.
– იცით, – აღენთო მაშინვე დახმარების სურვილით ლელიკო,
– შესვენებაზე მოდით ხოლმე, გიგოსგორა ხომ აქვეა, მე
კონსერვატორიაში ანსამბლის გაკვეთილებზე შუმანისა და
შუბერტის სიმღერები და რომანსები დამიკრავს
მომღერლებთან ერთად, ნოტებიც მაქვს, სხვათა შორის,
მალერის მოხეტიალე შეგირდის სიმღერებიც!
– ოოო... – აღმოხდა მწუხარედ ამ საცოდავ კაცს, – ჩვენ ხომ
მტრები ვართ! – და მაშინვე იმ თავისი საშინელი ვითომ
ღიმილით დაამატა: – ოფიციალურად.
– მტრები კი არა, კოლეგები, კოლეგები! – შესძახა
მეგობრულად ლელიკომ და ხელი გაუწოდა. ამ ოტომ კი რაღაც
უცნაურად გამოიწოდა ხელები, მიტყუპული ხელისგულებით
ზევით, თითქოს უნდოდა, ეჩვენებინა მასპინძლებისთვის ხელში
არაფერი მაქვსო, მერე კი ორივე მტევანში მოიქცია ლელიკოს
მარჯვენა და ოოო, ზერ დანკეო, წარმოთქვა.
– წარმოგიდგენია, შალვა, რა ულმობლად, რა ველურად უნდა
მოექცე ადამიანს, რომ ასე დასცე და გაანადგურო?! –
ეუბნებოდა ლელიკო თავის ქმარს გერმანელის
წასვლისთანავე.
– შენ მე გამაგიჟებ, თავის ხალხს ექცევა ჩვენი ქვეყანა
ულმობლად და გინდა ტყვის მიმართ გამოიჩინოს
ლმობიერება?! ორი კვალიღა დამრჩა მოსარწყავი, სასწრაფოდ
უნდა დავამთავრო და გავიქცე. და შალვა გაჩქარებული
ბოსტნისკენ წავიდა, ლელიკო უკან გაჰყვა:
– მაგრამ, რადგან ჩვენ ხელისუფლება არა ვართ, ჩვენ უნდა
მოვიფიქროთ რაღაც...
– ჩვენ რა შეგვიძლია, ადამიანო, რაა?! – შალვამ სარწყავს
წამოავლო ხელი.
– იცი, შალვა, – პათეტიკურად წარმოთქვა ლელიკომ, –
ადამიანს ყოველთვის რაღაც შეუძლია, თუ არ დაიზარებს და
ხელს არ ჩაიქნევს!
შალვამ გაიცინა:
– ყოჩაღ, ჩემო ძვირფასო და საყვარელო, ასეთი დიდებული
აფორიზმებისთვის, ყოჩაღ!
– შენ გაიცინე და მე უკვე მოვიფიქრე! – გამოჯავრებით უთხრა
ლელიკომ, – მომეცი ეხლა ეგ სარწყავი და შენ გაიქეცი...
– ფეხებზე არ დაისხამ?
– არავითარ შემთხვევაში!
– ბარემ მითხარი, რა მოიფიქრე და წავალ, – შალვამ
სარწყავი დადგა კვლებს შორის, იქვე ბოსტნის განაპირას,
რკინის დიდი კასრიდან თუნგით წყალი ამოიღო სარწყავში
ჩასასხმელად... ლელიკოსთან მივიდა, სველი ხელი მოუსვა
სახეზე: – მოდი და ნუ ეყვარები ადამიანს ასეთი გიჟმაჟი! –
ცხვირზე აკოცა, – რატომ არ მეუბნები, რა მოიფიქრე? ეჭვი
გეპარება, რომ მეც შემეცოდა ის საწყალი კაცი?
– ჩვენ ხომ ამ წლების განმავლობაში რამდენი კონცერტი
გვაქვს ჩატარებული ჰოსპიტალში, ჩვენს სკოლასაც, მეც ჩემი
მოწაფეებით, ჰოდა, რა იქნება, ვთხოვოთ ჰოსპიტლის უფროსს,
რომელიც სულ არ არის ცუდი და გაუგებელი ადამიანი,
ტყვეებისთვისაც მოვამზადოთ კონცერტი, უშუალოდ ამ კაცის
მონაწილეობითაც, რომელსაც თურმე პურზე მეტად სიმღერა
მოენატრა, ცხადია, ესტრადაზე სიმღერა... მე მგონი, არაფერი
კრიმინალი ამაში არ არის, ხომ ასეა?!
მართლაც ასე გამოდგა. ჰოსპიტლის უფროსთან რომ
მივიდნენ მეორე დღესვე ლელიკო და შალვა, მას გაუხარდა
კიდეც, საბჭოთა მთავრობა ასეთ რამეებს ხელსაც უწყობსო,
მითუმეტეს, თუ არაფერი ეხარჯებაო, ეს ერთგვარი
ლმობიერების გამოხატულებაა იმ დროს, როცა
წარმოუდგენლად არის შემცირებული მომარაგება,
ყველანაირი, სასურსათოც, მედიკამენტებიც და ფაქტობრივად
ცარიელი ხელებით შევყურებთ ამათ ტანჯვა-წვალებასო.
რამდენჯერ ჩვენ ყველას სახლიდან მოგვაქვს მცირეოდენი
რაღაც, მაგრამ პაიოკის პურით ვის რას გააწვდენ?! ისე, თქვენც
იცით, ალბათ, საბჭოთა ბანაკები მოფენილია დრამწრეებითო...
ისე, რომ, ძალიანაც კარგი იქნება კონცერტის ჩატარება,
ოღონდ, ეს ოტო შტაიანი თქვენთან სახლში ნუ ივლის, ხომ იცით
ჩვენი თვალთვალის ამბავი, პირიქით, თქვენ მოდით ხოლმე და
დარბაზში იმეცადინეთ, თქვენ თვითონ, როცა შეძლებთ და
მოგეხერხებათო...
ლელიკოს შესანიშნავი ბიბლიოთეკა ჰქონდა. იმავე საღამოს
მონახა შუბერტის სიმღერების რვეულები, შუმანის ცნობილი
რომანსები – „მე არ გიწყრები“ და „სიზმარში მწარედ ვტიროდი,“
ბეთჰოვენის – „მინიონის სიმღერა“ და „შორეულს სატრფოს“ და
ორი-სამი დღის შემდეგ ჰოსპიტალში რომ წავიდა, ოტოს
გადასცა, რასაც კონცერტისთვის ამოარჩევთ, დანიშნეთ და ის
დავამუშაოთო. ოტომ სანოტო ქაღალდი სთხოვა, ვოკალის
პარტიებს კლავირიდან ამოვიწერდიო. კიდევ კარგი სანოტო
ქაღალდი, როდიდან დარჩენილი, მოეძევებოდა ლელიკოს, და
სულ მალე რეპეტიციებს შეუდგნენ. აღმოჩნდა, რომ ოტო შტაინს
სანიმუშო ხმა ჰქონდა, დიდი დიაპაზონის, ყველა რეგისტრში
თანაბრად და სრულფასოვნად მჟღერი, და თან შესანიშნავი
ტემბრით. რაც მთავარია, მანერა მისი სიმღერის
კეთილშობილებით იყო სავსე, მომხიბლავი და გულში
ჩამწვდომი. ლელიკოც არ ჩამოუვარდებოდა უტყუარი
მუსიკალური ფრაზის, ფსიქოლოგიური ნიუანსების, დინამიკური
აქცენტების სწორად დასმით. ერთი სიტყვით, ორივენი კარგი
მუსიკოსები იყვნენ და ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს, და
მათმა გაკვეთილებმა, თუ რეპეტიციებმა სულ მალე წარმტაცი
ხასიათი მიიღო.
– ოო, თქვენ უბადლო პიანისტი ხართ... – პაუზის დროს
ეუბნებოდა ოტო ლელიკოს, – და თქვენი ადგილი აქ არ არის...
– გთხოვთ, დააფასეთ ეს ადგილი, – სიცილით უპასუხებდა
ლელიკო, – ეს მეფე ერეკლეს საელჩო დარბაზია და მეფე
ერეკლეზე, ხომ გითხარით უკვე, ფრიდრიხ დიდმა რაც თქვა?!
და ორივენი იცინოდნენ და სიამოვნებით განაგრძობდნენ
მეცადინეობას. ოტოს ძირითადად ამოერჩია სიმღერები
შუბერტის „ზამთრის გზის“ ციკლიდან, პირქუში ტრაგიკული
განწყობილებით რომ გამოირჩევა, ბალადებიდან „ტყის მეფე“
აიღო, და შუმანის სევდით სავსე ორი რომანსი ჰაინეს
სიტყვებზე. და ყველაფერს, რასაც მღეროდა და ერთად
ამუშავებდნენ, თავისი ქვეყნის ავბედით მდგომარეობასა და
თავის ბედკრულ აწმყოს უკავშირებდა.
– ოოო, ეს მოხეტიალე მგზავრი მე ვარ, ზამთრის ბურუსსა და
უამინდობაში რომ არ იცის, თავის სად მიჰყუდოს და ბოლოს
გზის დასასრული სასაფლაოზე მიიყვანს...
– გთხოვთ, ოტო, ასე ნუ გააიგივებთ თქვენთან შუბერტის
პერსონაჟს, დამიჯერეთ, არსებობს ერთი მშვენიერი დღე,
თქვენთვისაც რომ გამობრწყინდება... მანამდე კი ჩვენი ბაღის
ხილი მოგიტანეთ, მიირთვით და განვაგრძოთ მუშაობა, –
თანაგრძნობითა და დაყვავებით ეუბნებოდა ლელიკო.
მართლაც, მათ ბაღში ადრეულა ატამიც მოიწია, ხომარდულიც,
ლეღვს ხომ ბლომად ესხა, და ყოველ მისვლაზე, თავის
ჩანთაში, ნოტების გვერდით ხილით სავსე ქაღალდის პარკს
ჩადებდა ხოლმე.
– ოოო, არსებობს ღმერთი, – ამბობდა ოტო და თავის
ნაცრისფერ თვალებს, არა მაშინდელივით სასოწარკვეთისა და
შეძრწუნებისაგან დაყვლეპილსა და საშინელს, არამედ
გამოცოცხლებულს, იმედითა და ალერსით სავსეს, ლელიკოს
შეანათებდა, – მე თქვენთან უფალმა მომიყვანა.
ზოგჯერ კი ლელიკო სიცილს ვერ იკავებდა ოტოს უცნაური
ასოციაციებისა და დაუკავშირებელი მოვლენების
ერთმანეთთან დაკავშირების გამო. ბალადა „ტყის მეფეზე“
მუშაობისას კი ოტო წარმოუდგენლად მღელვარებდა, სუნთქვა
ეკვროდა, ხელებს იმტვრევდა, ზოგჯერ ერთი წამით
შეჩერდებოდა, უსასოოდ გადახედავდა თავის მშფოთვარე
პარტიაში ჩართულ ლელიკოს, რომელიც თავს აიღებდა, რა
მოგივიდათო, შეეკითხებოდა, არაფერი, არაფერიო,
დარცხვენით იტყოდა ოტო, განვაგრძოთო... მაგრამ ბოლომდე
რომ მივიდოდნენ, როგორც კი წარმოთქვამდა რეჩიტაციით იმ
ტრაგიკულ სიტყვებს „დას ქინდ ვარ ტოტ“ და გაისმოდა
როიალის ბოლო, შიშველი აკორდი, თვალები ცრემლებით
აევსებოდა... ერთხელ კი დაჯდა სკამზე, აიფარა სახეზე ხელები
და ტირილი დაიწყო. ლელიკომ ცოტა დააცადა, მერე კი უთხრა:
– ოტო, მოდით დავანებოთ თავი ამ ბალადას. რადგან თქვენ
ასე მღელვარებთ, შეუძლებელია ამის კარგად დამუშავება,
მართლა, რა ძალაა, ავდგეთ და სხვა რამით შევცვალოთ,
თუნდაც ბეთჰოვენის „მინიონის სიმღერით“, კარგი?
– ოო, არა! აუცილებლად ეს უნდა ვიმღერო... თქვენ... თქვენ
რა შესანიშნავად უკრავთ, რა ზუსტად გადმოსცემთ
განწყობილებას, მოტორიკაც რა მშფოთვარეა...
– კარგი რა, ოტო, ფორტეპიანოს პარტიას მარტო ხომ არ
დავუკრავ, თქვენც ხომ გრძნობთ, რომ იმ მღელვარებით არ
ღელავთ, რა მღელვარებაც ბალადის შესასრულებლად არის
საჭირო, „ტყის მეფე“ ხომ კომპოზიციურად სრულქმნილი
ნაწარმოებია და ჩვენ თუ ვერ მივაღწიეთ მჭიდრო
ერთობლიობას, ურყევ გამჭოლ ხაზს, ნაწილებად დაგვეშლება,
ამას კი ის ღმერთი არ გვაპატიებს, რომელმაც თქვენ ჩვენთან
მოგიყვანათ...
– ოოო.. თქვენ რომ იცოდეთ, მე ჩემს განადგურებულ ქვეყანას
ვტირი... დაღუპულს, დაღუპულს... ამ პატარა ბიჭივით... და ეს
ტყის მეფე, ეს ხომ ნამდვილი ქარიზმატული ლიდერია,
ჰიტლერი, ნამდვილი ჰიტლერი!
ლელიკომ ერთბაშად გადაიკისკისა, მაგრამ ოტოს
საყვედურითა და სასოწარკვეთით სავსე თვალების დანახვაზე
მაშინვე გაჩერდა:
– მაპატიეთ, ოტო, შედევრი ყოველთვის დამუხტულია
განზოგადების მუხტით და, ალბათ, შესაძლებელია ასეთი
ბანალური ალეგორიაც კი წარმოვიდგინოთ...
ოტომ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და ისევ თავისი
განაგრძო:
– ოო, ჰიტლერი ძალიან მომხიბლავი ადამიანი იყო, – თქვენ
იმ ამოკრეფილი კადრების მიხედვით ნუ იმსჯელებთ, – და
სწორედ ეს არის შემზარავი, – როგორც ტყის მეფე, გვირგვინი
რომ ადგას თავზე, თილისმით რომ არის სავსე, სიკვდილის
მოჯადოების თილისმით... გოეთეს ეს ლექსი ხომ ყველა
ქრესტომათიაშია შეტანილი, ბავშვობიდან ვსწავლობთ და
ვამბობთ და ერთხელ სახლში დავდგით კიდეც პატარა
წარმოდგენა... შუბერტის სიმღერაც, სირთულის მიუხედავად,
კონსერვატორიაში მაქვს ნამღერი, და არასოდეს არ მიფიქრია
ასე... მაგრამ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც გამოვიარე, მე ამ
ბალადას ისე განვიცდი, როგორც გერმანიისა და ჰიტლერის
სამკვდრო-სასიცოცხლო კავშირს, ისევე, როგორც ტყის მეფისა
და პატარა ბიჭისა. – წარბებს ქვევიდან მორცხვად და
ალერსიანად შეხედა ლელიკოს, თითქოს ნათქვამმა შეაკრთო
და ბოდიშობსო, მართლაც ასევე დაამატა:
– ოო, მაპატიეთ... მაგრამ მინდოდა, მე ეს თქვენთვის მეთქვა.
– გმადლობთ, რომ მითხარით, მითუმეტეს, მე ეს იმედს
მისახავს, რომ ამიერიდან უფრო მეტად ვეცდებით,
მივუახლოვდეთ იმ სრულყოფილებას, რაც გოეთემ და
შუბერტმა შექმნეს, თქვენ ხომ უკვე ისე შესანიშნავად მღერით
„ზამთრის გზის“ სიმღერებს.
– ო, თქვენი წყალობით... თქვენი მეცადინეობით... მე უკვე
ჩამკვდარი მქონდა ყველაფერი, მე უკვე აღარც კი ვიცოდი, ვინ
ვიყავი... თქვენ მომაგონეთ... თქვენ აღმადგინეთ... თითქმის...
თითქმის... და ეს გზა, აღდგენის, ისეთი მომხიბლავია... ისეთი
მომნუსხავი, მომაჯადოებელი... თქვენ გვერდით...
– შუბერტის მუსიკაა მომაჯადოებელი... მოდით, ახლა
შევუდგეთ ჩვენს წმინდა საქმეს.
ბოლოს კონცერტის დღეც დადგა. დარბაზი აჩრდილებით
აივსო, ვისაც ჯერ კიდევ შესწევდა მოძრაობის უნარი... თუმცა
ამბობდნენ, ბევრი საწოლიანადაც ახანხალდა კონცერტის
მოსასმენადო. წინა რიგები კი ჰოსპიტლის მედპერსონალმა და
სხვა თანამშრომლებმა დაიკავეს. შალვაც ელიზბართან ერთად
პირველი რიგის განაპირას იჯდა. ლელიკომ შალვას ერთ-ერთი
თეთრი პერანგი, – ამ წლების განმავლობაში ყველა
დაძველებული და გაწყალებული იყო, – შეარჩია, აქა-იქ
დაკემსა, გარეცხა, დააუთოვა და ოტოს წამოუღო
საკონცერტოდ. პროგრამა კი ისე გაანაწილა, რომ პირველ
განყოფილებაში თვითონ და ორი თავისი მოსწავლე
უკრავდნენ, მეორეში კი ოტო მღეროდა ლელიკოს
აკომპანემენტის თანხლებით. კონცერტს ლელიკო ხსნიდა
ბეთჰოვენის „ავრორათი“. ადაჯოს შესრულებისას შალვამ
შემთხვევით გვერდზე გაიხედა და რამდენიმე რიგის
მოშორებით, კედელთან მიდგმულ სკამზე ოტო შტაინი დაინახა.
მას თავი ოდნავ გადაეწია, ხელები მკერდზე
გადაეჯვარედინებინა, წარბები მტკივნეულად შეეკრა, სახეზე
ღრმა სასოება ჰქონდა აღბეჭდილი, ოდნავ მოწკურული
თვალებით ლელიკოს გაჰყურებდა... აღარავითარი
საფრთხობელა აღარ იყო. გადაწყვიტეს, შეუსვენებლად
ჩაეტარებინათ კონცერტი და სცენაზე რომ ავიდა, პატარა
ელიზბარმა ვეღარც იცნო, რა კარგი კაციაო, თქვა. მართლაც
ძალიან იყო შეცვლილი, დიდი, ნაცრისფერი თვალები რაღაც
უცნაურად გაბრწყინებოდა შინაგანი შუქით, სახე ცოტა
შევსებოდა, ყბები აღარ ჰქონდა შევარდნილი, თეთრი პერანგიც
შვენოდა, ერთი სიტყვით, ყოვლად სიმპათიურად
გამოიყურებოდა. ხოლო რაც შეეხება სიმღერას, ისეთი ხმა
ჰქონდა და ისეთი შთაგონებით მღეროდა, შუბერტის
შესრულების დროს ისე იყო სავსე ტრაგიკული პათოსით,
იტყოდით, რა შთამბეჭდავი გარეგნობის კაცია ეს მომღერალიო
და, სხვათა შორის, რომანტიკული მიმზიდველობაც არ აკლიაო.
მაგალითად, შუმანის რომანსის შესრულებისას ღრმა სევდით
გამსჭვალული ამოთქვამდა: „სიზმარში მე მწარედ ვტიროდი“,
ლამის გეგონებოდათ, რომ სიზმრის ცრემლები თვალებზე
ჯერაც არ შეშრობოდა... ტაშის გრიალით დააჯილდოვეს „ტყის
მეფეც“... ეკუთვნოდა კიდეც: უტყუარი ინტონაციით იყო
გადმოცემული ყოველი ფსიქოლოგიური ნიუანსი, მამის
შეშფოთება, ბიჭის შიში და ტყის მეფის დათაფლული
დაპირებები... ბიჭის უკანასკნელი რეპლიკა განწირულების
ზღვარზე ჟღერდა... და ეს იყო ისეთი შერწყმა მუსიკალური
ინტონაციისა და სიტყვის, გეგონებოდათ, გოეთეს სიტყვები და
შუბერტის მუსიკა ერთდროულად დაიბადნენო, ეს კი აღძრავდა
ესთეტიკური სრულყოფილების სანეტარო განცდას...
კონცერტის გამეორება მოითხოვა ყველამ ერთხმად.
გადაწყვიტეს ერთი კვირის შემდეგ გაემეორებინათ. ჰოსპიტლის
ადმინისტრაციამ მადლობა გამოუცხადა ლელიკოს, თქვენ,
გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მუსიკოსი ხართ, ამასთანავე
ნამდვილი კულტურტრეგერი ბრძანდებოდითო, და
ჰოსპიტლისავე ბაღში დაკრეფილი ვარდების თაიგულიც
მიართვეს. ოტო კი ჩუმი მღელვარებით იყო მოცული. შალვამ
რომ მიულოცა, ოო-ს მეტი არაფერი უთქვამს, მხოლოდ
გამოთხოვებისას ლელიკოს სთხოვა, შემდეგი კონცერტისთვის
იქნებ საბისო ნომერი შევარჩიოთო.
– კარგი, – დაეთანხმა მაშინვე ლელიკო, – ბეთჰოვენი
ავიღოთ. შუბერტისაგან განსხვავებით, ბეთჰოვენი ხომ უდიდესი
ოპტიმისტია, მედგარი და შეუპოვარი... ორ-სამ დღეში მოვალ
და მოვილაპარაკოთ, კარგი?
– ოოო... – და ლელიკოს მუდარით შეხედა, – თქვენ
მოლოდინში ვიქნები...
ელიზბარი მამალოებით დაასაჩუქრეს, გახარებული და
გაბედნიერებული, მამალოს წუწნით ხან წინ გაიქცეოდა, ხან
ისევ მოირბენდა სახლისკენ სეირნობით მომავალ მშობლებთან
ახალი მამალოს გამოსართმევად. ლელიკო კონცერტის
შთაბეჭდილებებს უზიარებდა თავის ქმარს, შალვა კი,
ჩაჩუმებული, გაფანტულად უგდებდა ყურს.
– რა იყო, შალვა, რას ფიქრობ? – ლელიკოს ხმაში საყვედური
ისმოდა, – რატომ არ მეუბნები როგორ დავუკარი?
– შესანიშნავად... როგორც ყოველთვის, – თქვა შალვამ და
მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა: იცი, ლელიკო, ოტოს შენ
უყვარხარ...
– კარგი რაა, შალვა, – გაიცინა ლელიკომ, – აქამდე ამას
ფიქრობდი? შენ, მგონი, ეჭვიანობა გალაპარაკებს...
– არავითარ შემთხვევაში,– მტკიცედ თქვა შალვამ, – შენ
გგონია, შემიძლია, ვიეჭვიანო ასეთ ორფევსზე? რომელიც თან
ძალიან მეცოდება? უბრალოდ, ეს ისეთი ბუნებრივია, მეტი რომ
არ შეიძლება. საკვირველი ის იქნებოდა, ასე რომ არ იყოს...
– ეგრეც რომ იყოს, რაა მერე, ეგ ხომ სათქმელიც არ არის... –
თქვა ლელიკომ უკმაყოფილოდ.
– რატომ ვითომ?! სნობი ხომ არა ხარ, რომ ასეთი
მომღერლის სიყვარული არაფრად ჩააგდო, აქაოდა ის ტყვეა?!
– ღმერთო ჩემო! მე დავრწმუნდი, რომ ქართველ კაცს
ეჭვიანობა ღირსების გრძნობადაც კი მიაჩნია...“
– ჰო, ჰო, – გაიცინა შალვამ და ლელიკოს მხარზე მოხვია
ხელი, – თავს უნდა დაგესხა თვალების ბრიალით და მუშტების
ტრიალით... ისე, ხელზე რო გემთხვია, მეგონა, წელს ვეღარ
წამოსწევდა.
– ეხუმრები ასეთი კონცერტის სიმღერას?! რა დიდ ენერგიას
მოითხოვს, როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს, მართლა
ყოჩაღ მის ნიჭსა და გამძლეობას, მე აღტაცებული ვარ მისი
შესრულებით, „ტყის მეფის“ ბოლო ფრაზები ხომ განწირულების
ზღვარზე ჟღერდა, და დიდი ნიჭის გარეშე ვერც შეძლებდა
ამდენი ძალის მოკრებას.
შალვას უნდოდა ეთქვა, სიყვარულმა შეაძლებინაო, შენმა და
სიმღერის სიყვარულმაო, მაგრამ აღარაფერი უთხრა. ისე კი
შალვა მართალი გამოდგა, და ლელიკო ორიოდე დღის შემდეგ
დარწმუნდა, ჰოსპიტლის დარბაზში რომ მივიდა საბისო
ნომრების ასარჩევად და დასამუშავებლად. გამოწვდილ ხელში
შაშვისპირები ეჭირა, გალავნის ძირას მოწყვეტილი და
მთვარეულივით მოდიოდა ლელიკოსკენ.
– გმადლობთ, გმადლობთ, – თქვა ლელიკომ და
შაშვისპირები როიალზე დადო.
– ოო, ამ უბრალო ყვავილების კი არა, თქვენ დაფნის ღირსი
ხართ... – როიალის კიდეს იდაყვებით დაეყრდნო და
კლავიატურასთან მიმჯდარ ლელიკოს მიაპყრო მზერა.
– ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთი ვაქოთ და ვადიდოთ... –
გაიცინა ლელიკომ.
– ოო, რა თქმა უნდა, სათქმელი უნდა ითქვას, თქვენ ხომ
შესანიშნავი კონცერტმაისტერი ხართ, ჩვენი მუშაობის დროს მე
ამას ყოველ წუთს ვგრძნობდი და მაოცებდა კიდეც, უკანასკნელ
ნიუანსამდე რომ ძალგიძთ შეიგრძნოთ და გადმოსცეთ... მაგრამ
სოლო შესრულება სხვაა... და თქვენ... თქვენ... თურმე რა
შემსრულებელი ყოფილხართ, რა მუსიკოსი?! რა დახვეწილი
პიანიზმი, რა მუსიკალობა... და რაც მთავარია და ასე იშვიათი,
როგორი არტისტულობა?! რა ღრმად გესმით ყველაფერი,
როგორი მასშტაბური იყო ბეთჰოვენი, ამ ორი გიგანტური
დომაჟორიანი ნაწილების დაპირისპირებით თავსა და ბოლოში,
ფინალის ბრწყინვალე ზეიმურობით, და მათ შუა ეს ადაჯო
მოლტო, ასეთი სიღრმით და სინატიფით შესრულებული... მე
კარგად მესმის როიალი, ბავშვობიდან ვსწავლობდი და
მომწიფების ასაკში ჩემი ხმა რომ არ ამოფრქვეულიყო, ალბათ,
პიანისტი გამოვიდოდი... და თქვენი მოსმენისას, აღტაცებასთან
ერთად, აღშფოთებით და სინანულით ვივსებოდი, ასე მეგონა,
არავინ, არავინ, არავინ არ იცის თქვენი ფასი, თორემ თქვენ
ხომ დიდ ესტრადაზე უნდა იყოთ, გაბრდღვიალებულ
საკონცერტო დარბაზებში... ან ეს თქვენი მოწაფეები, ცუდი
ბავშვები არ არიან, გოგონამ ურიგოდ არ დაუკრა მოცარტის
სონატა, მაგრამ განა ღირდნენ იმად, რომ ამდენი შრომა,
თქვენი ძვირფასი დრო მათთვის დაგეხარჯათ... არა, არა, არ
გქონდათ უფლება თქვენი მოწოდებისთვის გეღალატათ! –
ღელავდა, შედგებოდა ხოლმე, ღრმად ამოისუნთქავდა,
თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო, ზომაზე მეტად გაფითრებულიც
იყო, ეტყობა, ვერ გრძნობდა თავს კარგად.
– გთხოვთ, დამშვიდდით, – დაყვავებით უთხრა ლელიკომ, –
მოდით, აქ დაჯექით, სული მოითქვით... ჩემზე კი ნუ იღელვებთ,
მე ბედნიერად ვცხოვრობ ჩემს ქმართან...
– ოო, ადამიანებმა ხშირად არ იციან, სად არის მათი
ნამდვილი ბედნიერება... – სკამი მიიწია, დაჯდა და დაეჭვებით
შეხედა ლელიკოს, – მაპატიეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, არავინ
და არაფერი არ ღირს იმად, რომ ადამიანმა თავის მოწოდებას
უღალატოს...
– ოტო, თქვენ, მგონი, გავიწყდებათ, რომ მე ოპერის
მომღერალი არა ვარ, რომ აუცილებლად დიდ ქალაქებში, დიდ
სცენაზე გამოვიდე, ასეთი ამბიციებისაგან მე დიდი ხანია
გავთავისუფლდი, და სულ არ მიმაჩნია, რომ ჩემს მოწოდებას
ვუღალატე. იცით, ჩემი იდეალი ალბერტ შვაიცერია, დიდი
პიროვნება, შესანიშნავი მუსიკოსი, ფილოსოფოსი, ექიმი, და
მუსიკის მკვლევარი, იქნებ წაგიკითხავთ კიდეც მისი
სქელტანიანი წიგნი ბახის შესახებ. ჰოდა, ალბერტ შვაიცერი
აფრიკაში წავიდა და ლეპროზორიუმში კეთროვანებისთვის
ორგანზე უკრავდა, და თავის ყველაზე დიდ მოწოდებად
სწორედ ამას თვლის, რომ დავრდომილები და დაჩაგრულები,
ბედისაგან დასჯილები მშვენიერებას აზიაროს... მე მის
ფრჩხილად არ ვღირვარ, ჩემი მოწაფეები სიცოცხლით სავსე,
ცქრიალა ბავშვები არიან, და ჩემი ქმარი უკეთილშობილესი
ადამიანია, სწორედ მან სთხოვა ჰოსპიტლის უფროსს, რომ
კონცერტი ჩაგვეტარებინა. აქ მე ჩვენი დაჭრილებისთვის
ხშირად ვმართავდი კონცერტებს, და ეს სიხარულს და
სიამოვნებას მანიჭებდა, ისევე როგორც თქვენთან
ურთიერთობა; ის, რომ თქვენ ასეთ მდგომარეობაში შესძელით
შეუძლებელი და ჩვენ ყველას გაგვიმართლეთ, და ჩვენ ეს
საწყალი ხალხი მშვენიერებას მივაახლოვეთ. თქვენი აზრით,
რა არის ეს?
– ოოო, ჩემთვის ბედნიერება... მაგრამ მე გული მწყდება, რომ
თქვენ ათასები არ გისმენენ, რომ არა ხართ მოსილი
განთქმული სახელით...
– გარწმუნებთ, მაგისთვის ნამდვილად არ ღირს გულის
დაწყვეტა, მაგრამ თქვენ რომ ამ დღეში ხართ და თქვენი
შესანიშნავი ქალაქი, კულტურის ცენტრი, სულ
ტყუილუბრალოდ, არაფრის გულისთვის დანგრეულია, აი, ეს
არის გულსატკენი და შესაზარი!
– ოოო, როგორ მიყვარხართ! – აღმოხდა, თითქოს სულიც
ამოატანა, სკამის საზურგეს მიეყრდნო, თავი გადასწია და
თვალები დახუჭა.
ლელიკომ მწუხარედ გაიფიქრა, ვაითუ ეს შემოდგომა ვერც
გადაიტანოსო...
როდის-როდის გაახილა თვალები და თავი წამოსწია:
– ეს კონცერტი დიდი დატვირთვა იყო ჩემთვის, მერე
ოცდაოთხ საათს მეძინა, მაგრამ, სამაგიეროდ ეს ორი ღამე
ძილი გამიკრთა, სულ თქვენზე ვფიქრობდი, სულ თქვენ
გელაპარაკებოდით... მადლობას გიხდით, რომ გამინათეთ
წყვდიადი... რომ დამიბრუნეთ სიმღერა... რომ ამავსეთ
სიხარულით... აი, ასეთი მაღალი სტილით მოგმართავდით და
ვიცოდი, რომ გამიგებდით... რადგან ჩემი გრძნობა
თავისუფალია ყოველგვარი ხორციელი მისწრაფებებისაგან,
ყოველგვარი ფლობის სურვილისაგან, ასე მგონია, ჩემგან
მხოლოდ სული დარჩა, თქვენით სავსე... თქვენი ნიჭიერებით...
თქვენი ჰაეროვნებით... თქვენი მშვენიერებით... როგორ
წარმოვიდგენდი, რომ მე, სრულიად გაცამტვერებული, ამ უცხო
მხარეში თქვენ შეგხვდებოდით, თქვენ გიპოვიდით, როგორც
სიცოცხლის წყაროს... მე მინდა როგორმე ძალა მოვიკრიბო და
ჩვენ ბეთჰოვენის სიმღერები დავამუშაოთ „შორეული
სატრფოსადმი“, და ეს სიმღერები თქვენ მოგიძღვნათ.
– გმადლობთ, ოტო, გმადლობთ, – გაუღიმა ლელიკომ
თბილად, ალერსიანად, მაგრამ შეცოდებამ გული შეუკუმშა და
უნდოდა ეთქვა რაღაც გამამხნევებელი:
– ყველაზე რომანტიკული სიმღერები, რაც კი ბეთჰოვენს
ვოკალის სფეროში შეუქმნია, გინდათ მიძღვნათ... თან ეს
ამაღლებული სიტყვებიც... არ მგონია, ყოველ ნაბიჯზე ესმოდეთ
ქალებს... დიდი ჯილდოა ეს ჩემთვის... ახლა მთავარია, თქვენ
კარგად დაისვენოთ, ტყუილად გვეგონა, რომ რამდენიმე დღეში
გავიმეორებდით კონცერტს ერთი საბისო ნომრის დამატებით...
„შორეული სატრფოსადმი“, აქ ხომ ექვსი სიმღერაა, თუმცა
თვითონ ბეთჰოვენი ამ სიმღერებს ერთ ნაწარმოებად თვლიდა.
მე თქვენ დაგიტოვებთ ამ სიმღერების რვეულს და თქვენ, როცა
შეგეძლებათ, გადახედეთ ხოლმე, ხმით არც გინდათ, გუნებაში
გაიმეორეთ, ერთ ათ დღეში იქნებ კიდევაც აღიდგინოთ ძალები
და ჩვენც მაშინ შევუდგეთ მუშაობას, კარგი?!
– მეტი რა გზაა, კარგი... მხოლოდ ძალიან მინდა, ახლა,
გამოთხოვებისას, მე ხომ მთელი ათი დღე ვეღარ გნახავთ, –
ნახევარი ხმით „მინიონის სიმღერა“ გიმღეროთ. ბავშვობიდან
ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა, მე და დედა ვმღეროდით
ხოლმე, და ის ქვეყანა, თუ მხარე, ოცნების ბაღად
წარმომედგინა... ახლა კი თქვენს ბაღს ვიგულისხმებ, სადაც
მშვენიერი ხეხილი ხარობს, და მე იქ დაფნის ბუჩქიც შევნიშნე,
სახლის გვერდით, ხომ ასეა?
– მეც ძალიან მიყვარს „მინიონის სიმღერა“, ამ რვეულშიც
არის. ჰოდა მეც ნახევარი ხმით აგყვებით, – უთხრა ლელიკომ
ღიმილით.
ოტო კი ისევ წამოდგა, როიალთან დადგა, პირით
ლელიკოსკენ, და დაბალი ხმით, გულში ჩამწვდომად
დაიმღერა:
– ქენსტ დუ დას ლანდ, ვო დი ციტრონენ ბლუუნ, იმ დუნკელნ
ლაუბ დი გოლდ ორანჟენ გლუუნ..
მეორე დღეს ლელიკო და შალვა სამი-ოთხი დღით თბილისში
წავიდნენ, ლელიკოს მშობლებმა შემოთვალეს, ქვიშხეთში
მივდივართ და ელიზბარი გვინდა წავიყვანოთო.
იქიდან რომ დაბრუნდნენ, ლელიკომ დაკრიფა პამიდორი,
კიტრი, მწვანილი. გულაბი უკვე კარგად იყო მოწეული და შავი
ქლიავიც, ყველაფერი პარკში ჩააწყო ჰოსპიტალში წასაღებად.
– ბოლოს რომ ვნახე, მეტისმეტად იყო გადანათებული, ცოტა
სულს მოითქვამს, და თან გავიგებ ბეთჰოვენის რვეულზე
მუშაობას როდიდან შეძლებს, – უთხრა შალვას.
მაგრამ ლელიკო ჰოსპიტალში არ შეუშვეს, გუშინდლიდან
უმკაცრესი კარანტინია გამოცხადებულიო... თურმე ჰოსპიტალში
პარტახტიანმა ტიფმა და დიზენტერიამ იფეთქა... მაშინ იქ
შესანიშნავი რენტგენოლოგიც გარდაიცვალა პარტახტიანი
ტიფით, თელავის ძირძველი ოჯახის შვილი შალიკო
დეკანოზიშვილი, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი... და
გასაცოდავებულ, გადამღრძვალ ტყვეებს რა
დაემართებოდათ?! რა დაემართებოდათ და, უმცირესი
გამონაკლისის გარდა, ერთიანად გაიჟუჟნენ. ნადიკვრის ქუჩაზე
თუ მოგიხდებოდათ დილით ადრე გავლა, ან გადასახვევთან,
სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად დაინახავდით
ჭრიალით მიმავალ დიდ ფურგონს, დაზვინულს მკვდარი
ტყვეებით... გადაფარებული ბრეზენტიდან შეიძლება აქა-იქ
გამოშვერილი ხელი და ფეხი კიდევაც დაგენახათ.
მიჭრიალებდა ფურგონი, მიჭრიალებდა და ქართველების
სასაფლაოს განაპირას, გიგოსგორის გადაღმა, იქ, სადაც
სასაფლაოს შეუღობავი კიდე პირდაპირ ერთვოდა ღორღიან
სიმწვანესა და ჯაგნარს, გრძლად გათხრილ ორმოში
ჩაიცლებოდა.
ახლა კი იდგა შალვა, გაბრუებული და გრძნობამორეული და
ასფალტს დაჰყურებდა... მაშინ ამ ადგილას ხის დიდი ჯვარი
დასვა, დაე, ნიშანი მაინც იყოსო... თან სულ თავისი უმცროსი
ძმა აგონდებოდა, სულ რომ პატარა ეგონა და ვის გამოც
ტკივილი მთელი სიცოცხლე გაჰყვა... ესენი მაინც ასე თუ ისე
სასაფლაოზე არიან და ჩემი საწყალი ძმა, ჩემი მამუკა, ვინ იცის,
სად ჩაკლეს და სად ჩაფლესო. და ზოგჯერ, განსაკუთრებით, თუ
დალეული იყო და გრძნობამორეული, წარმოიდგენდა, რომ
ისიც ამათში ერია. დედაც ხომ ფაქტობრივად შვილის დარდს
გადაჰყვა, სულ იმას ჩიოდა, ნეტავი გამაგებინა, რა დავაშავეთ
ასეთი, ან ჩვენს წინაპრებს რა ცოდვა უნდა ჰქონოდათ, რომ ასე
ვისჯებითო, ჯერ ელიზბარი და ახლა მამუკაო...
მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქვედა ქუჩა გამოაგრძელეს,
ამოიყვანეს სასაფლაოს გვერდით და ზევით, ახალი
დასახლებისკენ, სასაფლაოს გადაღმა თავისუფალი
ტერიტორია გაჯაგეს, გაასუფთავეს და მედქალაქი გააშენეს. და
ცხადია, ახლა უკვე აღარც ჯვარი იყო და აღარც ბალახი... ოოო,
რა გულამოსკვნით ტიროდა მაშინ ლელიკო... სანამ ცოცხალი
იყო და სიკვდილს ებრძოდა, ნაცნობი ექიმის ხელით
გამამხნევებელ ბარათებს და პატარა ამანათებს შეუგზავნიდნენ
ხოლმე... მერე კი შალვა გულში იკრავდა თავის ცოლს და
ამშვიდებდა, მაინც რაღაც ბედი ჰქონია იმ საწყალ კაცს, რომ
სიკვდილის წინ იმღერა კიდეც და უყვარდა კიდეცო,
გამიხარდებოდა, რომ ჩემი საწყალი ძმა ასე წასულიყოვო.
– იცი, შალვა, – ეუბნებოდა ლელიკო და სახეზე ღვიარება
ჩამოსდიოდა, – შენ მართალი იყავი, ასე მითხრა ბოლო
შეხვედრისას, ჩემი მადლობა თქვენდამი სიყვარულიაო...
ახლა კი, ამ ასფალტთან, ლელიკოს სიტყვების გახსენებისას,
ისე ცოცხლად დაუდგა თვალწინ ოტო, საიდან სად
გადმოსროლილი ორფევსი... რომ აქ, თელავის სასაფლაოს
განაპირას ეპოვა თავისი უკანასკნელი თავშესაფარი.
შალვას კინაღამ დაავიწყდა, რისთვის იყო დღეს სასაფლაოზე
წამოსული, ღმერთო ჩემოვო, ამოიოხრა, მიბრუნდა და
პირდაპირ შუაგულ სასაფლაოსკენ, თავისი მშობლების
საფლავებისკენ აიღო გეზი. მაგრამ მაინც ვერ ითმენდა, რომ
გზად ნაცნობი ძეგლებისთვის თვალი არ შეევლო, ხოლო ვისაც
განსაკუთრებით მიამტკივნებდა გულს, წამიერად მაინც არ
შეჩერებულიყო. რა არის ეს, რა მემართებაო, ფიქრობდა,
ეტყობა, ნიკოს მოსვლამა და კონიაკმა დამაყენა ასეთ
გუნებაზეო, რომ მინდა, ყველა მოვიგონოვო... განა რა გვრჩება
ხსოვნისა და მოგონების მეტიო... აი, თუნდაც ესენი, ეს
საცოდავები, უომრად დახოცილები, ამათ ხომ არავინ, აქ მაინც
არავინ არა ჰყავთ მომგონებელიო და შალვა შეჩერდა ფანერის
საღებავგადაცლილ პირამიდასთან, წვერზე ფანერისავე
ვარსკვლავი რომ ჰქონდა დაკოსებული და ბრტყელ ზედაპირზე
რუსული გვარები ეწერა, და თუმცა ლურჯი საღებავი
გადაცრცნილი იყო, მაინც თავისუფლად იკითხებოდა
„მელენტიევი, ტორმინი, კრივოშეევი, პანტელეიმონოვი.“ ესენი
ხომ საფრენოსნო სკოლის ახალბედა მოწაფე-მფრინავები
იყვნენ, ომის დროს სახელდახელოდ რომ ამზადებდნენ, ისინი
კიდევ პანტაპუნტით ცვიოდნენ... ასეთი საფლავები რამდენიმე
იყო თელავის სასაფლაოზე. მეცოდებით, ბიჭებო, ოჰ, როგორ
მეცოდებით, მიმართავდა თავის გუნებაში ბატონი შალვა
ფანერის პირამიდაზე მიწერილ გვარებს, მაგრამ სამწუხაროდ,
ისიც სათქმელია, თქვენი დასამარებით, ვინ იცის, რამდენი
ქალაქი, რამდენი სოფელი და რამდენი მშვიდობიანი
მოსახლეობა გადარჩაო. თავი აიღო და მიიხედ-მოიხედა,
ჩამავალი მზის შუქზე ცაცხვების ქოჩრები ოქროსფრად იყო
განათებული, მთელი მიდამო მზის ლაქებით იყო მოფენილი და
შალვამ გაიფიქრა, რა მიმზიდველი და შვების მომგვრელია
შუქ-ჩრდილში გახვეული მდუმარე სასაფლაოო.
და უცებ, თვითონაც რომ არ მოელოდა, ბოლოსა და ბოლოს
თვითონაც რომ ეგონა, ნიკოს მოსვლა გაფრთხილების ისეთი
ზარი იყო, ყოველგვარ ცდუნებასა და ეგრეთ წოდებულ
სიყვარულს ჩაახშობდა და ჩააყურსებდა, სრულიად ანაზდად და
მოულოდნელად ისე მოენატრა სწორედ სიყვარული, ისე
მოეძალა ურთიერთობის სურვილი, იქვე, გვერდით საფლავის
ლოდზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, – სირცხვილი მე...
სირცხვილი... – ლუღლუღებდა... თავბრუ ეხვეოდა და თვლემა
ერეოდა... კიდევაც ჩათვლიმა... და უცნაური სიზმარი ნახა,
ვითომ უკაცრიელ, უდაბურ მინდორზე იდგა, ძველმანები ეცვა,
ხელში ბალიში ეჭირა და მატარებელს უცდიდა, იცოდა, რომ
სადაცაა მატარებელი უნდა გამოჩენილიყო, რადგან შორიდან
შეუწყვეტელი გუგუნი ისმოდა, თვითონ ამღვრეულ გუნებაზე
იყო, შფოთავდა, რატომ ჩავიცვი ეს ძველმანებიო და თან თავს
ირწმუნებდა, აბა, რაღაში დამჭირდება გამოსასვლელი
ტანსაცმელიო, ჯობია, ელიზბარმა ჩაიცვას და მოიხმაროსო, მე
ეხლა ბალიშზე მეტი აღარც არაფერი მენდომება და ბალიში აი,
მიმაქვს კიდეცო, თან ვითომ ეშინოდა, ვაითუ მატარებელი არ
გაჩერდეს, ან ისე მცირე ხნით შედგეს, ასვლა ვერც
მოვასწროვო. გრიალი, გუგუნი და ორთქლმავლის შეკივლება
კი ახლოვდებოდა, სივრცე ბორბლების ხმაურით ივსებოდა,
თითქოს ჰაერიც კი თრთოდა... აი, გამოჩნდა კიდეც
გაჩირაღდნებული მატარებელი, და საოცარი ის იყო,
შორიდანვე ისე მკაფიოდ ხედავდა ყველას და ყველაფერს,
თვითონაც უკვირდა, და უხაროდა, ამსიშორეზე რა კარგად
ვხედავო, და რა საოცარია, რა კარგია, ახლობლები და
ნაცნობები არიანო... აგერ შიუკაშვილები, დამსახურებული
პედაგოგები, თამარი და კატო, რა დიდი კვალი გაავლეს
თელავის კულტურულ ცხოვრებას. უნდოდა, აპირებდა დღეს
მათ საფლავზე მისვლასაც, და რა კარგია, ჩამოივლის
მატარებელი და იქ ნახავს! და მარტო მათ? ღმერთო ჩემო,
რამდენი ნაცნობი, დიდ, გაჩირაღდნებულ ფანჯარასთან,
როგორც ეკრანზე, ისე ხედავს ძია კიკოს, როსტომაშვილს,
თავისი ულვაშებით, ვაჟას მეგობარს, იმისი შვილი შოთა კიდევ
სულაც ვაჟას ნათლულია, ძია კიკო, რა დიდებულად მღეროდა,
თან რა სიტყვა-პასუხი, აღარც კი იცის შალვამ, მატარებელში
რომ ავა, ვისთან უნდა დაიკავოს ადგილი. იქვე, აგერ ისიც
კარგი ნაცნობი და ახლობელი, მინა, ქარუხნიშვილი,
სტალინთან ერთად რომ სწავლობდა სემინარიაში და
სტალინმა მოიკითხა ორმოცდახუთის დასაწყისში, ნახვა
მინდაო, ციმციმ წაიყვანეს მოსკოვში, მთელი ერთი თვე იქ იყო,
იმიტომ, რომ სანამ სტალინთან მიიყვანდნენ, უთხრეს, ძალიან
გამხდარი ხარ და ძალიან ცუდად გაცვიაო. კაცო, საიდან უნდა
ვიყო ან მსუქნად, ან ჩაცმულ-დახურული, ამდენი ხანია ომიაო,
ჰოდა, გვითხარი ეხლა, რა გიყვარდაო, რას უფრო
სიამოვნებით მიირთმევო, კატლეტიო, და მთელი თვე ნაირ-
ნაირი კატლეტებითა ჰკვებავდნენ, კარგი კოსტიუმი, კარგი
პალტოც „მარენგოსი“ შეუკერეს და ისე მიიყვანეს სტალინთან.
მერე ხომ თელავში სკოლა არ დარჩენილა, არ მიეწვიათ
შთაბეჭდილების გასაზიარებლად და დამშეული ბავშვები
პირველ რიგში იმას ეკითხებოდნენ, რით გაგიმასპინძლდათ
ბელადიო, რაღა არ იყო სუფრაზეო, მაგრამ დიდებული ფლავი
ჰქონდაო, რომელი, რომელიო, შილა თუ ფანტიაო... მინას
გვერდით უზის თავისი შვილიშვილი საშიკო, რა ბიჭი, რა ბიჭი,
ისე ცეკვავდა, ნაპერწკლებს აფრქვევდა, თან რა მომხიბლავად
აფოფინებდა თავის სხივიან თვალებს... და მათ გვერდით, იქვე
მეორე პაპა და შვილიშვილი, ალავერდის ეპისკოპოსი დავითი
თავის შვილიშვილ დათოთი, ბურდულაძეები... ღმერთო, ყველა
ახლობელი, ყველა, დათო და საშიკო ხომ შალვას მოწაფეები
იყვნენ, როგორ წუხდა მაშინ, როგორ, ვისაც ჩვენთვის უნდა
მოეყარა მიწა, ვინც ჩვენი ჭირისუფალი უნდა ყოფილიყო, ისინი
მიდიანო და აგერ სად სხედან, გაჩირაღდნებულ ვაგონში, ამ
უბედურ და უკაცრიელ მინდორზე რომ მოჰქრის... დათო
რაღაცას ღიმილით ეუბნება პაპას, რა მოღიმარი იყო, რა
მოღიმარი, წითელთავა და ჭორფლიანი. ომის შემდეგ,
პირველად რომ გაიხსნა საკონდიტრო და ვიტრინაში დიდი ხნის
უნახავი ტორტი გამოჩნდა, თვალდაცეცებული ბიჭები დგანან
თურმე, ტორტს შესცქერიან და ვერ მოუფიქრებიათ, რა ქნან და
რა იღონონ. დათოს ეთქვა: ისე მენატრება ტორტი, სანაძლეოზე
მთელი შემიძლია შევჭამოვო... ვერ შეჭამო, შევჭამო, შევჭამო...
ეს არც ისეთი დიდია და მე ამაზე დიდსაც შევჭამდიო. ბიჭებმა
ერთმანეთს გადახედეს და კარგიო, თუ შეჭამ, ჩვენ აი, ათნი
ვართ, როგორმე შეგიგროვებთ ფულს და გადაგიხდითო, თუ
არადა, დანარჩენს ჩვენ შევჭამთ და შენ მარტომ უნდა
გადაიხადოვო. შევჭამ და არაფერსაც არ გადავიხდიო, ოღონდ
მაწონი უნდა შევატანოვო. შალვამ სწორედ იმ დროს გაიარა
საკონდიტროსთან, როცა ბიჭები გარს შემოხვეოდნენ მაგიდას,
დათო კი ტორტს ჭამდა... მაგრამ არამცთუ მთელი, არამც თუ
ნახევარი ან მეოთხედი, ან მეექვსედი, მერვედიც ვერ შეჭამა,
გადააგდო კისერი და ვაიმეე, ერთი ლუკმაც კიდევ რომ ჩავიდო
პირში, ჩემ სიცოცხლეში ტორტისკენ ვეღარ გავიხედავო,
დაჯექით და თქვენ შეჭამეთო, მე კიდევ, რა ვქნა, წავალ
პაპასთან და ვეტყვი ჩემს ამბავსო. ბიჭები ტორტს შემოუსხდნენ,
დათო კი პირდაპირ ეკლესიისკენ წავიდა, თავის პაპასთან,
მეუფე დავითთან (ეპისკოპოსად რამდენიმე წლის შემდეგ
აკურთხეს ალავერდში), შვილო, გენაცვალოს პაპა, დატუქსა
დათო მეუფე დავითმა, ხომ სულ იმას გეუბნები და გიჩიჩინებ,
რა არის ყველაზე დამღუპველი ადამიანისთვისო, და ნუთუ
დაგავიწყდაო?! არა, პაპა, არ დამვიწყებიაო... აბა, მაშ
გაიმეორეო! მუცელღმერთობა და სიხარბეო, კვნესით
წარმოთქვა დათომ. ჰოდა, მაშ, წავიდეთ და სანამ
საკონდიტროში მივალთ, სულ უნდა იძახო – „ვგმობ
მუცელღმერთობას და სიხარბეს, ვგმობ მუცელღმერთობას და
სიხარბესო!“ და მართლაც მოდიოდნენ პაპა და შვილიშვილი,
და დათო განუწყვეტლივ იმეორებდა ამ ფრაზას, მხოლოდ
სთხოვა პაპას, ხმადაბლა გავიმეორებო, მაგრამ ისე, რომ შენ
გაიგონოვო. კარგიო, დათანხმდა პაპა, თუმცა ღირსი ხარ
მოედანზე გამოსულიყავი და იქ ხმამაღლა, ყველას გასაგონად
დაგეძახაო! ეხლა კი მიჰქრის მატარებელი, მიჰქრის და
ყველანი მიჰქრიან გაჩირაღდნებული ვაგონებით, ჩაიქროლა
ერთმა ვაგონმა, მეორემ, მესამემ, აგერ ბავშვები, რამდენი
ბავშვი, რა ლამაზები, რა მშვენივრები, აგერ ანგელოზივით
აზალია, პატარა გოგო ყარაულაშვილისა. თოჯინა უჭირავს
ხელში და არწევს, აგერ გურამი, ფანჯარაში იყურება და შალვას
ხელს უქნევს, და ის ბავშვებიც, სოკოთი რომ მოიწამლნენ და
მიცვალებულებსაც ვარდისფერი ფრჩხილები ჰქონდათ და
ყველას უკვირდა. ახლაც, ახლაც ხედავს შალვა, მათ ვაგონის
ფანჯრიდან ხელები აქვთ გადმოყოფილი და ისინიც შალვას
ხელს უქნევენ... ჩქარა, ჩქარა თორემ წავა მატარებელი და
დარჩება ამ უკაცრიელ მინდორში ბალიშით ხელში... და უცებ
შალვას გულმა რეჩხი უყო, არა, თვალი არ ატყუებდა, არა,
უკანასკნელ ვაგონში დედა და მამა... დედას ისევ ის კაბა აცვია
ბოლოს რომ ჩააცვეს, შავი აბრეშუმისა, ნაცრისფერ
წკეპლებიანი, – დედა! დედა! იძახის შალვა და ვაგონი გარბის,
– შალვა! შალვა! – ესმის შალვას დედის ძახილი და თვალს
ახელს... – შალვა, შალვა, – ეძახის მოხუცი ელო და შალვას
ჩაციებით მიშტერებია... გვერდით კი ის კაცი უდგას... შალვამ
მაშინვე იცნო, ან კი როგორ, ამისთანა სპილენძისფერი სახე,
ყინვისა და ქარისაგან გარუჯული, აქ არავის აქვს, კაცმაც
შალვას თავი დაუქნია. შალვა საფლავის ლოდიდან წამოდგა.
გვერდით ჩამწკრივებულ საფლავებს გრძელი, გრეხილი
რკინის ზღუდე ერტყა, და ისინი სწორედ ამ ზღუდესთან იდგნენ
მოპირდაპირე მხარეს, და ჩაციებით მოშტერებოდნენ შალვას.
– მართლა შენ ხარ? მე ვერც კი გიცანი, აი, იგნატმა თქვა, ის
არისო. შემეშინდა, ცუდად ხომ არ არის-მეთქი, ისე გქონდა
თავი ჩაქინდრული, – ამბობდა მოხუცი ელო.
– გმადლობთ, დეიდა ელო, ეხლა არა მიშავს, ჩვენების
საფლავზე მივდიოდი და თავბრუ დამეხვა...
– მე კიდევ... ამ პატიოსანმა კაცმა წამომიყვანა... ზაურის
მანქანით წამოვედით... მერე, როცა იქნები აქა, ნახე, რა
სანიმუშოდ არის გაკეთებული ჩვენი საფლავები! მოხუცი ელოს
მიხრწნილ ხმაში მაინც ისმოდა გამოჯავრება თუ ნიშნის მოგება:
– ძვირფასი ახალგაზრდა შევიძინე, შალვა, და შენ კი, ლამის
საუკუნის ახლობლობის შემდეგ, ასე გვაწყენინე... მაგრამ
იცოდე, მე მაინც იმედს არა ვკარგავ...
მოხუცი ელო ფოსოებში ჩაკარგული თვალებით შეუპოვრად
მისჩერებოდა შალვას, თითქოს მისი თვალებიდან მხოლოდ
მზერა დარჩენილიყო, და შალვამ იფიქრა, რა კუდიანივით
მიყურებსო. ამ ორ თვეში კიდევ უფრო დაბერებულიყო და
მიხრწნილიყო, ლაპარაკის დროს თავსაც შეუჩერებლად
არაცრაცებდა და ნიკაპი და გალეული პირიც უთრთოდა.
შალვამ უაზრობად ჩათვალა მოხუც ქალთან შეპაექრება.
მხოლოდ გაუღიმა და გამოთხოვებას აპირებდა, რომ კაცმა
გაბადრული სახით გადმოსძახა:
– მაშინ რომ გეუბნებოდით, რომ იცოდეთ, გადმოვასვენეთ
ჩემი მეუღლე. წარმოგიდგენიათ, ბესარიონ ჯუღაშვილის
გვერდით მივაბარეთ მიწას, შეგიძლიათ მომილოცოთ. მეც,
როცა იქნება, სტალინის მამის გვერდით დავსაფლავდები!
– კარგად ბრძანდებოდეთ, დეიდა ელო, თქვენც კარგად
იყავით... – თქვა შალვამ და ის იყო, უნდა მიტრიალებულიყო და
წასულიყო, ელომ დაუძახა:
– შალვა, შალვა, დაიცა, კაცო, მგზავრს ვეძებ, შალვა, სანდო
მგზავრსა, ტატოსთანა მაქვს გასატანებელი რაღაც და შენ ხომ
არავინ იცი. ახლა სწორედ ამის გამო მინდოდა, მესაფლავე
მენახა.
კაცმა თავი გადასწია მოხუცი ქალის უკან, საჩვენებელი თითი
საფეთქელთან მიიდო და დაატრიალა...
– მე გავიგებ-მეთქი, მაინც სასაფლაოზე მოვდიოდი და არაო,
შენ აქაურები არ იციო, სულ ძალისძალით გამომყვა, – თქვა
კაცმა.
– როგორ არ გამოვყვებოდი, სანდო წამსვლელი მინდა და თუ
გაიგო ვინმე, უთუოდ შემატყობინე, შალვა, კარგიი?! – ლამის
ვედრებით წარმოთქვა მოხუცმა ელომ. შალვამ თავი დაუქნია,
აუცილებლადო, და თავისიანების საფლავისკენ წავიდა. დიდი
ცაცხვებით იყო დაჩრდილული შალვას მშობლების საფლავი,
რკინის ზღუდესთან რკინისავე სკამი იყო გამართული...
ყველაფერი წესიერად იყო გაკეთებული, მაგრამ არც თავიდან
და არც მერე შალვას არასდროს არ უყვარდა მშობლების
საფლავზე სიარული, რატომღაც უხერხულობის გრძნობა
ეუფლებოდა. მეტ ემოციას აღმიძრავენ ახლობელ-ნაცნობთა
საფლავებიო, ფიქრობდა, და იმიტომ, რომ მათი საფლავები
აცოცხლებს მათ ხსოვნას, აღმიძრავს მოგონებას... მშობლები
კი, და განსაკუთრებით დედა, ისე არიან ჩემს არსებაში
დაბუდებული, ისე მუდმივად ცოცხლობენ ჩემში, რომ არ
შემიძლია მიწა, დაე, იყოს ეს საფლავის მიწა, მათთან
დავაკავშიროვო... და საერთოდ, რა კარგი იქნებოდა, ადამიანი
მიწად კი არ იქცეოდეს, იფერფლებოდეს და ჰაერის სტიქიას
უერთდებოდესო... ახლა კი, ჩათვლემისა და სიზმრის შემდეგ,
კონიაკიც რომ გამოუნელდა, კიდევ მეტად გრძნობდა
უხერხულობას, ნიკომ კედელთან რომ მიმაყენა, ამიტომ
მომივიდა ასეთი სულელური აზრიო, საფლავზე ფიცის
დადებისო.
საფლავის ძეგლის ნიშაში, ლარნაკის გვერდით სანთლები
ჰქონდა დატოვებული, ორი სანთელი დაანთო, ცოტა ხნით
დაჯდა სკამზე, მაგრამ მალევე ადგა და წამოვიდა. არეულ
გუნებაზე იყო, საწინააღმდეგო გრძნობებით გარემოცული,
სახლში რომ დაბრუნდა, ლელიკოს მოწაფე გაესტუმრებინა და
ჩაისთვის ალადებს აკეთებდა. შალვა სამზარეულოში შევიდა,
საშინლად მწყურია წყალიო და ონკანი მოუშვა.
– რა დაგემართა, შალვა, რა იყო? – უთხრა ლელიკომ და
სასწრაფოდ გადმოაბრუნა გაფუყული ალადები, – აი, შენ რომ
გიყვარს, ვიფიქრე, დავახვედრებ-მეთქი... მაგრამ გუნებაზე
ვერა ჩანხარ...
– ზევით, სასაფლაოზე ვიყავი, რამდენი ხანია, არ ვყოფილვარ
და... რატომღაც ყველა გამახსენდა, და რომ იცოდე, ვინ
დამიდგა თვალწინ, ოტო შტაინი.
– მაგრამ არა მგონია, ოტო შტაინის გამო იყო ამ გუნებაზე,
სახეზე ფერი არ გადევს.
– რაო, შენმა მოწაფემ? არის მზად გამოცდისთვის? რა ვიცი,
რაც შენ მაგას ამეცადინებ!
– ჰოდა, იმიტომაც ვერ გამოვედი ნიკოსთან. ბოლო კვირაა და
ერთი წუთის გაცდენა არ შეიძლება.
– მომეცი, მე გავაკეთებ ალადებს, შენ სუფრა გაშალე.
– დიდი სიამოვნებით. ლელიკომ შალვას ჩამჩა გადასცა და
თვითონ სასადილო ოთახში წავიდა, მაგრამ კართან
შემობრუნდა და დაეჭვებით ჰკითხა:
– წნევა ხომ არ გაქვს, შალვა? ან ნიკომ ხომ არაფერი გითხრა
იმისთანა?
– გეტყვი... გეტყვი... – ლამის კვნესით წარმოთქვა შალვამ,
ტაფას ზეთი დაასხა და ჩამჩა მოიმარჯვა. უცებ საშინელი
დაღლა იგრძნო. დიდი დღე გამოვიდა: რამდენი ხანია, მთელი
გაზაფხული და აგერ უკვე გაგანია ზაფხულია, შეჰყურებდნენ
ერეკლეს ეგრეთ წოდებულ სასახლეზე დაშენებული
სართულების მოხსნას, და შალვას ეჭვი რომ არ ეპარებოდა,
რომ ის ნაგებობა გუმბათოვანი იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა,
მოხსნეს თუ არა უკანასკნელი აგურები და დუღაბი და გამოჩნდა
გუმბათის წვერი, შორიახლოს შეგროვილმა თანამშრომლებმა,
მუშებმა, არქიტექტორ-რესტავრატორებმა ტაში დასცხეს... მერე
იყო, თუმცა ხანმოკლე, მაგრამ არაჩვეულებრივად მღელვარე,
სიყვარულითა და ალერსით სავსე შეხვედრა თიკოსთან, მერე
ხომ ნიკო მოვიდა და დალიეს, მერე სასაფლაო, და ამ
ყველაფერს, ასე ეგონა შალვას, სულ თან სდევდა ერთი
სახელი, რომელიც აი, ახლა, ალადების კეთების დროს, ტვინს
უბურღავდა, და ეს სახელი „ოთარი“ იყო. და ამ ოთარისთვის
თვითონაც უნდა გარჯილიყო, და რაც მთავარია, ჩამოჰკრა
განშორების ზარმა და უკვე აღარ, აღარ, აღარ შეიძლებოდა
მათი შეხვედრების გაგრძელება, ნიკო ისეთი შეუპოვარი იყო,
თიკოს თვალთვალს დაუწყებდა და როგორც იმ სასიყვარულო
ლექსს მიაკვლია, მათაც დღეს თუ ხვალ გამოიჭერდა.
– არავითარი ოთარი! – ჩურჩულით თქვა შალვამ და
ლელიკოც შემოვიდა:
– აბა, როგორ არის საქმე? მე შენი უგუნებობის პატივსაცემად
გარდნერის ჩაის სერვიზი გავაწყვე. ლელიკოს ხელში ლამაზი
ლანგარი ეჭირა, უწმინდესი ფაიფურისა, ალადებისთვის. წეღან
სამზარეულო ხალათი რომ ეცვა საქმიანობისას, ის გაეხადა,
ჭრელი კრეპდეშინის ლამაზი კაბა ჩაეცვა, თმა აეფუშფუშებინა,
პომადა ოდნავ წაეცხო და ყელმოღერებული იდგა თავისი
ქმრის გვერდით, რომელიც ლანგარზე ალადებს აწყობდა, და
თან მწუხარედ ფიქრობდა, ღმერთო, რად არის ასე მოწყობილი
ადამიანი, რომ ცოლის გარდა, თან ასეთი მშვენიერი ცოლის
გარდა, სხვაც შეიძლება შეუყვარდესო... და თანაც ვინო...
მაგიდას რომ მიუსხდნენ, ლელიკომ ჰკითხა:
– რაო, ნიკომ, სანახავად მოვიდა, თუ საქმე რამე ჰქონდა?
– საბოლოო დავალება მომცა, – თქვა შალვამ, – რომ თიკო
გავათხოვოთ ოთარზე, ქალაქის არქიტექტორი როა,
შეერთებული ძალით... მე პირველად მაინცდამაინც მხარი არ
ავუბი და, ახლა ლელიკო რომ იყოს ჩვენთან, აუცილებლად
მხარში ამომიდგებოდაო... გამოჯავრებით მეუბნებოდა.
– არავითარ შემთხვევაში! – აღშფოთებით თქვა ლელიკომ, –
ამხელა ქალი ვარ და ვერ წარმომიდგენია, გასათხოვარი ვიყო
და უსიყვარულოდ გავყვე კაცს... მაინც რა მიდეგაა ეს ნიკო,
მაშინ, თეატრალურზე რომ უნდოდა თიკოს ჩაებარებინა, ცა და
ქვეყანა დარაზმა, გახსოვს, ჩვენც როგორ ვიყავით
ჩართულები... ერთხელ, ახლაც მეცინება რომ მაგონდება, ამ
დებატების დროს იქ ვიყავი და თიკომ ტირილი რომ დაიწყო,
ნიკომ სამზარეულოს დიდი, შავტარიანი დანა გამოარბენინა და
თიკოს ჩაუდო ხელში, ჯერ მე დამკარი, შვილო, და მერე შედი,
სადაც გინდაო.
– მე, აბა, რა უნდა მექნა, რომ მომაწვა, დავპირდი,
ექსპედიციაში წავიყვან ოთარს, ძეგლზე-მეთქი და იქ, ბუნების
წიაღში, ჩვენ ყველა ერთად ხელს შევუწყობთ და ყოველნაირად
ვეცდებით, ეს ამბავი გამოვიდეს-მეთქი, – თქვა შალვამ და თან
ისევ გაიფიქრა, მართალი ყოფილა, როცა ამბობენ, თუ გინდა,
ნათქვამი დაგიჯერონ, აუცილებლად სიმართლე უნდა
გაურიოვო...
– ეჭვი არ მეპარება, ოთარმა გადაწყვიტა, მარკა აიწიოს. ნიკო
ცნობილი ექიმია, შეძლებული და განათლებული კაცია, ძველი
კულტურული ოჯახია, და თან, ალბათ, თიკო ძალიანაც
მოსწონს, სულ არ არის ძნელი თიკოს მოწონება და შეყვარება,
– თქვა ლელიკომ.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა შალვა, – და ეშინია ნიკოს,
სულელური ნაბიჯი არ გადადგას, ოთარი კიდევ ჩვენ წინ არის
გაზრდილი და ბოლოს-ბოლოს მეც ხომ რაღაცას უნდა
მოვეწიოვო.
– ოჰ, რა თავკერძაა! – გაგულისდა ლელიკო, შუბლი შეიკრა
და ჩაფიქრდა, და შალვას ეჭვი არ ეპარებოდა, იცოდა რა
ლელიკოს გულმხურვალე ხასიათი, რომ აუცილებლად რაღაც
უნდა მოეფიქრებინა, რაც ნიკოს ამ გადაწყვეტილებას
გაანეიტრალებდა.
და მართლაც, ლელიკომ მშვენიერი გეგმა დაუსახა შალვას:
– რა კარგი რამ მოვიფიქრე, ჩემო შაკო, რომ იცოდე, –
გაღიმებული სახით ამბობდა ლელიკო, – ნიკოს არანაკლებ
თავისი შვილის გათხოვებისა, უნდა, გიჟდება, თიკომ
დისერტაცია დაიცვას... აკი მეც რამდენჯერ შემომჩივლა, ყველა
ცრუ და მავნე იცავს ამ დისერტაციას და ჩემი შვილი, რომელიც
ნამდვილად ნიჭიერია და მომზადებულიც, აქამდე რატომ უნდა
იყოს ხარისხის გარეშეო. ჰოდა, შენ თიკოს უნდა მოელაპარაკო,
სასწრაფოდ ჩააბაროს ეს საზიზღარი დიალექტიკური
მატერიალიზმი და გაგზავნო სამეცნიერო მივლინებით ერთი
ექვსი თვით მოსკოვში. თემაზე ნამუშევარია, მთელი ჩვენი
ბატონიშვილები პეტერბურგსა და მოსკოვში იყვნენ, მშვენიერ
მასალას მოიძიებს, რაც აკლია, შეავსებს ამ თავის მეთვრამეტე
საუკუნეს და ეჭვი არ მეპარება, კარგადაც დაიცავს, ექვს თვეში
კიდევ, როგორც კახეთში ამბობენ და შედარება ანალოგია არ
არის, ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი, – და ლელიკომ
შალვას თვალები მოუჭუტა და ეშმაკურად გაუღიმა.
შალვა შეკრთა, წარბები შეყარა, რამეს ხომ არ არის
მიხვედრილიო, მაგრამ ეს წამიერი გაელვება იყო, ლელიკომ
ისევ ჩვეულებრივი სახით ჰკითხა:
– აბა, რას იტყვი ჩემი გეგმის შესახებ?
– ძალიან მომწონს, ძალიან, ეს ერთადერთი გამოსავალია...
და ამას შალვა გულწრფელად ამბობდა, – მე ხვალვე
მოველაპარაკები თიკოს, – ალადებიც მშვენიერი იყო, არა,
შალვა? არც კი ვიცი, ჩემი ჯობდა თუ შენი, – გაიცინა ლელიკომ,
– მე მგონი, ორივესი კარგი იყო, შენიც და ჩემიც... – თქვა
შალვამ და წამოდგა, ჭურჭელს ავალაგებო.
– არა, გენაცვა, არა, მერე ავალაგოთ... შენ ჩაბრძანდი
სავარძელში, მე მინდა, რამე დაგიკრა, თუნდაც გლუკის
მელოდია, კარგი?
– გულთმისანი ხარ, ჩემო ლელიკო, – თქვა შალვამ
გულაჩუყებით, – ახლა არაფერი ისე არ მინდა, როგორც
მუსიკის მოსმენა...
დარბაზში გავიდნენ და, როცა ლელიკო როიალს მიუჯდა,
დაკვრას შეუდგა, შალვა სავარძელში ჩაჯდა და თვალები
დახუჭა, წყურვილით და ნეტარებით უგდებდა ყურს ამ გულში
ჩამწვდომ მელოდიას, დარბაზში რომ ისმოდა, და ასე ეგონა, ეს
მხოლოდ მუსიკა კი არა, სიყვარული იყო, სიყვარული, მასაც
რომ მსჭვალავდა და ავსებდა...
რა ყურმა უნდა გაუძლოს იმ მთების გულის ძგერასა.
ვაჟა

ახლა, როცა მანქანა მიჰქრის, – უფრო ხშირად კი მიჯაყჯაყებს


უგზო გზებზე, – მთები თანდათან გვიახლოვდება, მთების
ყელები ვიწროვდება, და ვხედავ ამ არაჩვეულებრივ სილურჯეს,
ხშირ, საოცარ ფერს, თითქოს სიცოცხლის საწყისს, ასე საამოდ
რომ ედება ჩემს დაკოდილ გულს, – ო, გულო, გულო,
სიყვარულით გულდაკოდილო, – ვფიქრობ, საშინელება
იქნებოდა, არ დამეჯერებინა ჩემი მშფოთვარე მამისთვისა და
ავთანდილისთვის და არ შევმჯდარიყავი ცხენზე და თუ ცხენზე
შეჯდომამ ცრემლებჩამომდინარე და სასომიხდილი ტარიელი
მოასულიერა, ჩემთვის ვითომ რატომ აღარ უნდა ეშველა?!
თუმცა, გამოვტყდები, მეც ბევრი ცრემლი ვღვარე და ვაივიშიც
ვიძახე, ცხადია, ჩემს გუნებაში, მაგრამ ეს ისე მძაფრად
აისახებოდა ჩემს სახესა და ქცევაზე, რომ დედაჩემმა კინაღამ
ბაიკალზე უარი თქვა. აქ კი შევფუცხუნდი, ვუხმე სიამაყესა და
თავმოყვარეობას, მივეყრდენი ვითარცა სვეტს და ტანჯული
გული გავიქარვე. თუმცა... ეხლაც ჩემ თვალწინ არის თქვენი
სახლი ტყის პირად... და ის უნაზესი ალერსი... ისეთი ნაზი და
წმინდა... და უნატიფესი მოფერება... ალბათ, არაფერსა აქვს
ისეთი სურნელი, როგორც სიმჭკნარე შეპარულ ვარდს...
გულისწამღები... აგერ ვხედავ წინა სავარძელზე ხშირი, ჭაღარა
თმით დაფარულ კეფას, და ისე არაბუნებრივად მიმაჩნია, რომ
ჩვენ ჩვენთვის უნდა ვიყოთ, ცალ-ცალკე. ორივემ უნდა
მოვიკრიბოთ ძალა... რადაც უნდა დაგვიჯდესო... თვალები
ჰქონდა ამოღამებული, წუხელ წვეთი არ მიძინიაო, ნიკო
ეჭვებით არის მოცული... აქაც ვატყობ, ვგრძნობ, რაღაც იეჭვეს...
უკვე შეუძლებელია, ასე გაგრძელდესო... მე რომ შემეძლოს,
მუზეუმის რესტავრაცია რომ არ გვქონდეს ჩასატარებელი, ამ
უკანასკნელ, უსახელო ძეგლსაც მივუმატებდი ჩემს მრავალი
წლის შრომას და ხანგრძლივ მივლინებაში წავიდოდიო... შენ კი
თავისუფლად შეგიძლია, ასე მოიქცე, ეს ხომ მხოლოდ სიკეთეს
მოგიტანს, სხვა არაფერსო...“ და მერე ნაღვლიანად დაუმატა,
თუმცა ვერ წარმომიდგენია, შენი ქოჩორი და შენი ღიმილი არ
შემომეგებოსო.
მე ენა ჩამივარდა... მთელი დღე მთვარეულივით დავდიოდი...
განცდები ხომ რიტმს აკარგვინებს ადამიანს, ჩვეულ რიტმს, და
ეს არის მძიმე, და რას მივწყდომოდი არ ვიცოდი... ეჭვი არ
მეპარება, ეს გეგმა ჩემი მოსკოვში გახიზვნისა და დისერტაციის
დაცვისა, დაუცხრომელმა მამაჩემმა მოიფიქრა და შალვას
ათქმევინა... და თუ შალვა კეხს შემიბრუნებდა და დამტოვებდა
თავისი უნაზესი სიყვარულის გარეშე, ეს ყველაზე კარგი
გამოსავალია. დაე, აისრულოს მამაჩემმა პროგრამა მინიმუმი
და აღიჭურვოს იმედით, რომ პროგრამა მაქსიმუმი
განხორციელდება ამ პრაგმატული, – სხვათა შორის, თავით
ფეხამდე, – ოთარის სახით, რომელიც სიამოვნებით დაუცდის
ჩემს დისერტაციას, რომ „ორივენი კანდიდატები ვიყვნეთ“, და
მამაჩემიც, თავისი ფიქრით, ორ კურდღელს დაიჭერს, – შვილო,
გენაცვალოს მამა, – მეუბნებოდა გახარებული, – დიმასთან
ცხოვრება თუ არ გენდომება, მაინც, რაც გინდა იყოს,
მოშორებით ცხოვრობენ, დაიქირავე კარგი ოთახი ცენტრში,
ლენინის ბიბლიოთეკასთან ახლოს, დღისით იმუშავებ,
საღამოობით თეატრებში ივლი, გამოფენებს ნახავ, ხომ იცი,
ტამარაც ყურადღებას არ მოგაკლებს... ალბათ, ლენინგრადშიც
მოგიხდება წასვლა, ჩვენი ბატონიშვილები ხომ ძირითადად
პეტერბურგში ცხოვრობდნენ. კარგ მასალას შეაგროვებ და ეჭვი
არ მეპარება, კარგადაც დაადგამ თავს დისერტაციას, ეს
ყბადაღებული დარჩენილი საგანი კიდევ, დიალექტიკური
მატერიალიზმი, გამოვნახავთ ვინმეს და ერთ ჩანჩალა სამიანს
მაინც როგორ არ დაგიწერენ ამისთანა ყოჩაღ ქალს?! თანაც,
არდადეგებზე დედაშენი ჩამოვა შენთან, – მე ვიცი, მოგზაურობა
არ უყვარს?! – ახალ წელს შენ დაგვიკრავ თავს, ერთად
შევხვდებით, ჰოდა, ისე გაირბენს ეს დრო და ისე დაიჭერ ხელში
გამზადებულ თემას, და იქნებ დაცვაც მოასწრო, რომ შენი
მოწონებული... მამა იჯდა თავის კაბინეტში, საწერ მაგიდასთან,
დიდ, მაღალზურგა სკამ-სავარძელში, სიხარულით
სახეგაბადრული, რომ ბოლოს-ბოლოს ჩვენი სურვილები თუ
მიზნები ერთმანეთს დაემთხვა, ღიმილი არ უქრებოდა სახიდან,
რის გამოც ისე საყვარლად ეჩვრიტებოდა ლოყები, ვერ
მოვითმინე, მოვეხვიე და ვაკოცე. ოთარზე კი, ცხადია,
დიპლომატიურად, კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ ხომ ვიცი, ეს
ფიქრი მასში ძევს, როგორც განძი, რომელსაც თავის დროზე
კვლავ გამოაბრჭყვიალებს. მე მესმის მამასი, ისევე როგორც
შალვასი, მაგრამ გაგება... რა არის გაგება? თუ გრძნობებმაც არ
უშველა? წილადის მრიცხველი... და მნიშვნელი კი
გულისთქმაა... ალბათ, ასეა?..
მთები უკვე ლამის ხელის გაწვდენაზეა, ასე მგონია, მათი
სილურჯით ავივსე, ოთარი კი კარაქიან ბუტერბროდებს
გვირიგებს, და ჰგონია, მე ამ სილურჯეს კარაქს წავცხებ, თანაც
თაფლიანს, – გამომართვი, გამომართვი, მოგშივდებოდა, –
მეუბნება და ძალად მიდებს ხელში ბუტერბროდს, – აი, ასე უნდა
მოგიარო, თუ გამომყვები... სიცილით მეუბნება. ბოლო დროს
რატომღაც ხუმრობის ტონი აირჩია, კაფეში რომ დამპატიჟა,
რამდენიმე დღით ადრე და გაფუყული სახით მითხრა, ჩემი
არჩევანი შენზე შევაჩერეო, მას შემდეგ... შეიძლება იმიტომ,
რომ მე სიცილი ამიტყდა, ყავა სასულეში გადამცდა, ხველება
დავიწყე, რომ მოვსულიერდი, ვეუბნები, ეგ რამ გაფიქრებინა-
მეთქი. შენ რა გგონია, მე ძალიან მოფიქრებული ადამიანი
ვარო, მეუბნება. ნუთუ ვერ გრძნობ, რომ შენ სულ სხვანაირი
ცოლი გჭირდება-მეთქი... მომკალი და მაგას სულ ვერ
ვგრძნობო... ჰოდა, როცა იგრძნობ, გვიან იქნება-მეთქი. ხომ
გაგიგია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, – თავისი
განუმეორებელი ღიმილით მეუბნება, რაც მართალია
მართალია, ღიმილი მის სახესაც კი სინათლეს მატებს, – და იცი,
მე ეს როგორ მესმისო? ჯობს გვიან, ასი წლის შემდეგ,
ფილემონისა და ბავკიდესავით მოშრიალე ხეებად ვიქცეთ,
ვიდრე არასოდეს არ შევხვდეთ ერთმანეთსო!
რომ წარმოვიდგინე განუსაზღვრელი დროით მის გვერდით
ყოფნა, ლამის დავიზაფრე და გულითაც მინდოდა დამეფრინა,
მაგრამ არ შემიძლია, უხეშად მოვექცე კაცს მხოლოდ იმისთვის,
რომ შენთან ერთად, ასე ვთქვათ, ოჯახი სურს შექმნას, ამიტომაც
ვეცადე, ზრდილობიანად და დამაჯერებლად მეთქვა:
– შენ, ოთარ, ჩემი აზრით, ისევე როგორც კაცების
უმრავლესობას, გჭირდება კარგი, მოსიყვარულე ქალი, მარჯვე
მეოჯახე, ყოჩაღი დიასახლისი, გემრიელი კერძების
შემთხზველი... მე კი მინდა, სიტყვები შევთხზა, სადილ-ვახშმები
არ მაინტერესებს... თანაც, რომ იცოდე, მოსკოვში ვაპირებ
წასვლას დისერტაციაზე სამუშაოდ.
– გავიგე, გავიგე! – ხალისიანად შესძახა, – მე კიდევ ჩამოვალ,
ტეატრალნოე კაფეში დაგპატიჟებ „ჟარენი ოკოროკზე“ და
თევზეულის ასორტიზე, ჩემი თვალით რომ დავრწმუნდე,
გაინტერესებს თუ არა გემრიელი ვახშმის მირთმევა,
დავაყოლებთ, რა თქმა უნდა, ძვირფას რუსულ არაყს და
შემდეგ კი ციმციმ წაგიყვან დიდ თეატრში ბალეტზე, როგორია?!
მერე კი ჩვენ ორივენი კანდიდატები ვიქნებით!
მე გუნებაში იმედი მიჭიატებდა, ნუთუ შალვა ერთხელ მაინც
რაღაცას არ მოიმიზეზებს და მოსკოვში არ ჩამოვა-მეთქი, და
ამის წარმოდგენა ძალას მმატებდა და დარდს მიქარვებდა, და
ახლა ამ ოთარმა რომ თქვა ასე და ასეო, მოვიღუშე და სულ
აღარ მომინდა პაექრობაში ავყოლოდი, მხოლოდ ესღა
ვუთხარი, ძალიან გეგმები დაგისახავს-მეთქი... და აღარც
მომინდა საღამოს გაგრძელება, სახლში მინდა წავიდე-მეთქი.
შენი სურვილი ჩემთვის კანონიაო, აი, ასეთი სიტყვა მითხრა და
გამოთხოვებისას დიდად სასაცილო რამ ჩაიდინა, ხელზე
მემთხვია, ვითომ ჩვენ ვიღაც ჟამგადასული პერსონაჟები
ვიყავით. ახლა განსაკუთრებით მეცინება იმ გალანტურ
ამბორზე, რადგან ოთარს, მგონი, სულ არ გაუხედავს
ფანჯარაში და მთელი გულისყური სანოვაგიანი კალათებისკენ
აქვს, ხან ის მოეჩვენება, მაკარონი საჭირო რაოდენობით
წამოვიღეთ თუ არა, იქნებ ბირკიანში ჩასვლისას უნდა ვიყიდოთ
და დავუმატოთო, დაჯდება და მოჰყვება გუნებაში თვლას და
მსხვილი ტუჩების ცმაცუნს, ხან ისა, თაფლი ხომ არ ჩაიღვარა
და პურები ხომ არ გაგვიტკბილიანაო, შესქელებული რძის
კოლოფები ხომ არ დაგვრჩაო და რა ვიცი, კიდევ რა...
– კაცო, გაიხედე ფანჯარაში, რა სილამაზეა! – შესძახებს ბიჭია,
რომელსაც ჯანჯღარის მიუხედავად ეტიუდნიკი აქვს
გადაშლილი და ცდილობს, რაღაც ჩაიხატოს, ვირუკა იქნება ეს
თუ ქისტის გოგო, თუ წყაროსთან მოხუცი ქისტი... და ნანობს,
ნანობს, რომ ნენე მის გვერდით არ არის.
– სულ ჩემი სიმამრის ბრალია რაა, აიჩემა თეთრწყლები,
თეთრწყლებიო და გააქანა კიდეც, მერე ნენეს პანკისი არ
უნახია, კაცო!
– ნახავს, ნახავს, ნუ გეშინია... თეთრწყლებშიც კარგი გასახედ-
გამოსახედია... – მოუბრუნდება ლიზიკო ბიჭიას და მერე
ოთარზე შეაჩერებს ღიმილიან მზერას – აშკარად შეჰხარის იმას,
რომ ოთარი ერთ-ერთ კალათას ხელმეორედ ალაგებს: –
გეუბნებით, ხალხნო, – და თან მე მიჟუჟუნებს თვალებს, –
აუწონავი ოქროა ეს ახალგაზრდა, ვინ ჩაულაგა ჩემ ბიჭებს
ზურგჩანთები? ოთარმა, ვინ იყიდა პროდუქტი, ოთარმა, ბატონ
შალვას ვინ გამოუტანა ნაცნობობით საწყობიდან საწვიმარი
ლაბადა? ოთარმა, ბედნიერი იქნება ის ქალი, გეუბნებით მე
თქვენ, ბედნიერი, ცივ ქვაზე დაასახლებს, ვინც ოთარის
გვერდით იქნება!
ეს ტირადა, რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო გამიზნული. როგორ
მეცინება, გავიღვიძო დილით და ოთარის თავყბა დავინახო, რა
სასიამოვნო იქნება, არაა?! გმადლობთ, დიდი მადლობა,
მაგრამ მე ის მიკვირს, შალვამ რესტავრატორ-არქიტექტორის
მოადგილედ რომ აიყვანა ნახევარ შტატზე, ეჭვი არ მეპარება,
ბიჭიას ვერ გაუტეხა ხათრი, ისედაც იმ ბურჯის მოხატვის გამო
ბიჭიას კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა და დიდი ჰონორარის
გარეშე დარჩა, შალვა ძალიან წუხდა, თუმცა არაფრის შეცვლა
არ შეეძლო, ისე კი, რაც მართალია, მართალია, ეს ოთარი
მართლა ძალიან მარჯვე ვინმეა, ჩვენი ეს წასვლა-წამოსვლის
და იქ დახვედრის ამბავი სულ ოთარმა მოაგვარა და მოდი, ნუ
გავამტყუნებთ ძვირფას შალვას, რომელიც ბოლოს-ბოლოს
პატარა ბიჭი არ არის, თუმცა კვლავაც ხუჭუჭაა. მე კი სწორედ
მისი ასაკი მხიბლავდა, ო, ღმერთო ჩემო, რამდენმა რამემ
შეიძლება მოხიბლოს ადამიანი! რადგან მთელი არსებით
ვგრძნობდი, როგორ ნაზდება მართლაც ყოველივე, როცა
ახლოა მზე შემოდგომის, რისთვისაც მას ათასი მადლობა...
გავიარეთ სოფლები ჯოყოლო... დუისი.. და აგერ
უკანასკნელი სოფელიც, ბირკიანი.
– მოვედით? მოვედით? – ყვირიან ლიზიკოს ბიჭები თემიკო
და სანდრო. მათ მთელი გზა ფანჯრების მინებისთვის ცხვირები
არ მოუშორებიათ, თვალდაცეცებულები შეჰყურებდნენ
მიდამოს... იდიოტი მათი მამა კი ვის უყურებს ამ მშვენიერი
ბიჭუნების მაგივრად, ვის?! სწორედ ამის გამო შალვამ უარი ვერ
უთხრა ლიზიკოს, ნახონ ბავშვებმაც კახეთის მთები და მთის
ჰაერი ჩაყლაპონო.
ოთარმა თქვა, გავჩერდეთო და მანქანიდან ჩახტა. გზის
პირას, რუხ „ვოლგასთან“ კაცები იდგნენ და რაღაცას ბჭობდნენ.
ერთ-ერთი მონადირულად იყო გამოწყობილი, მაღალი
ჩექმებით, თოფითა და პატრონტაშით. ბიჭოს, ეს ნამდვილად
ზაური იყო, არ მეშლებოდა, ეტყობა, ამ მიდამოებში ნადირობს.
ოთარი მათთან მივიდა... ახალგაზრდა მაღალი ბიჭი მაშინვე
გამოეყო კაცების ჯგუფს და ჩვენი მანქანისკენ წამოვიდა
ოთართან ერთად. სხარტად ამოხტა ჩვენს პატარა ავტობუსში,
ყველას მოგვესალმა და წინ, მძღოლის გვერდით,
ტაბურეტივით სკამზე ჩამოჯდა.
– ჩვენი გამყოლია, აიუფა, – გვითხრა დაბრუნებულმა
ოთარმა. ბიჭმა მოიხედა, ისევ დაგვიკრა თავი და გაიღიმა, – ამ
მთებისა და ტყეების ყველა გზა-ბილიკი ზეპირად იცის.
– ჩვენი ძეგლი სადგომებიდან შორს არის? – იკითხა შალვამ,
– დღესვე შეგვიძლია ვნახოთ?
– არა, იქნება ასე ოთხასი-ხუთასი მეტრი, მაგრამ კარგი,
გაკვალული ბილიკია. დღეს ვეღარ მოვასწრებთ და ხვალ
დილიდანვე გამოგყვებით... – თქვა ბიჭმა. ლაპარაკში ცოტა
უქცევდა, მაგრამ სასიამოვნო ხმა და კილო ჰქონდა,
ზრდილობიანი ჩანდა.
– სადგომებამდეა საქმე, ბატონო შალვა, – თქვა ოთარმა, –
ჩვენ ხომ ბაწარის ნაკრძალი უნდა ავიაროთ და ზევით ავიდეთ,
მთაში.
– ვიცი, ბატონო, ვიცი, კახეთის რუკის მიხედვით ყველაფერი
ზეპირად ვიცი, – თქვა შალვამ, – ახლა სადაცაა ჩვენი მანქანა
გაჩერდება და გაბრუნდება უკან.
მარცხნივ გადავუხვიეთ, ბაწარის ხეობისაკენ, პანკისი
მარჯვნივ დარჩა.
– ორი-სამი საათი უნდა იაროთ, სულ-სულ პირშეღმართებია, –
თქვა ბიჭმა და შალვას შეხედა, – ცხენი ერთი გვეყოლება, პაჩო,
თქვენი ბარგისთვის... ზურგჩანთებიც თქვენვე უნდა ატაროთ, ამ
ქალბატონისა, – ლიზიკოზე გადაიტანა მზერა, – და ბატონი
შალვას ზურგჩანთებს მე წამოვიღებ.
– გმადლობთ, მაგრამ როგორმე ჩვენვე მოვერევით ჩვენს
ზურგჩანთებს, მითუმეტეს ჩემი საძილე ტომარა თივთიკისაა და
ბუმბულივით არის, – ითაკილა ბატონმა შალვამ, – აი, ბავშვებს
შესაძლოა, ვუშველოთ.
– ჩვენ თვითონ, ჩვენ თვითონ! – დაიძახეს ერთხმად თემიკომა
და სანდრომ.
ჯერ რა გზა იყო და ისიც მალე გათავდა, პატარა
დასახლებასთან. ეს თუშების სამოსახლოაო, აიუფამ გვითხრა,
ქორის ბუდე ჰქვიაო, აქ მივაბარე ცხენი და ხურჯინიო, და
მართლაც, მალე გამოიყვანა მშვენიერი წითელი ცხენი,
მომცრო, მთაში სავალი... და ორი ხურჯინი. ჩვენი სანოვაგე იმ
ხურჯინებში ჩავალაგეთ, ზურგჩანთები ავიკიდეთ, ჩვენი
მუზეუმის მძღოლს ხელი დავუქნიეთ და გავწიეთ ბაწარის
ხეობისკენ.
ყველა ხეობა მშვენიერია, და ბაწარა უმშვენიერესია მათ
შორის, კამკამა წყალი ხეებით დაჩრდილული, ალაგ-ალაგ
გაშლილი, მზის სხივებით სავსე, სურვილის აღმძვრელია აქ
ჩაიმუხლო, სიპზე ჩამოჯდე, თვალი მიადევნო გამჭვირვალე
წყლის მდინარებას, ბოლოქანქარას პაწია ყლუპებით
გაელვებასავით წყლის დალევას, ჩამოწეწილი წნორის
ფოთოლთა რხევას და განიცადო შერწყმა თუ შენივთება
სიწმინდესა და სილამაზესთან... მერე კი ველობი იყო,
ტყისპირა, დამრეცი, ვრცელი ველობი, ერთ მხარეს, ტყისპირა,
პატარა ქოხის მაღალ სარზე ძერა იჯდა, ქანდაკებასავით
გაშეშებული, მეორე მხარეს კი, ველობი ატყორცნილი ხეების
კორომით მთავრდებოდა.
– ეგ წაბლებია, – თქვა აიუფამ, – მსხვილი, გემრიელი წაბლი
იცის, დათვს უყვარს ძალიან, ჩამოდის ხოლმე წაბლზე.
– დათვი?! დათვი?! – შესძახეს თემიკომა და სანდრომ, –
შეიძლებაა ეხლაც მოვიდეს?
– მოვიდეს მერე, – თქვა სიცილით აიუფამ, – თუ სიცოცხლე
მობეზრებია...
– მერე მოჰკლაავ?!
– მაშ არ მოვკლავ?! აბა, შეგჭამოთ? რომ იცოდეთ, ამ
რამდენიმე წლის წინ ერთი ცხრა წლის გოგო დაიკარგა, ზევით,
მთაში. დათვს დაეჯმუჯნა, როგორც მერე გამოირკვა. ეძებეს,
ეძებეს, ვერსად იპოვეს, გაზაფხულზე თოვლმა დნობა რო
დაიწყო, ერთ ადგილას თოვლიდან ამოყოფილი პატარა ხელი
დაინახეს, ტოტივით ამოშვერილი, და ის საწყალი ბალღი იყო,
დათვისაგან დატორილი და ჩაჩუმქრული.
ველობზე მცირე ხნით ჩავიმუხლეთ პირშეღმართების წინ,
წავიხემსეთ კიდეც და ეს ლაპარაკიც სწორედ იქ იყო. აიუფამ
თქვა:
– მე წინ წავალ ტყისპირა ბილიკზე და თქვენ მოზომილი
ნაბიჯით მომყევით, რომ არ დაიღალოთ, ბილიკი ზოგჯერ ტყეში
შედის, სადაც ფრიალო და ნაშალია და ყურადღებით იყავით.
ოო, რა სხარტი იყო და წნელივით მოქნილი, წეღან ისე აიტაცა
მძიმე ხურჯინები, ბუმბულივით, და კოხტად გადაჰკიდა პაჩოს,
ერთი კალათაც თვითონ დაიჭირა, ამას მე წამოვიღებო და
ლიზიკოსაც სულ ძალისძალით ჩამოართვა ზურგჩანთა. მე
ვიგრძენი, როგორ გაიღვიძა ჩემში ბებიდა ოლას ხსოვნამ და
ვიფიქრე, ბებიდა ოლას თვალით თუ შევხედავ, აუცილებლად
მომეწონება-მეთქი... საქმე ის არის, ბებიდა ოლამ ყოვლად
დადებითი ახალგაზრდა კაცი დაიწუნა და არ გაჰყვა, ძალზე
უნდილად გადაევლო ღობეს და ჩოხის კალთაც ჩამოიხიაო.
ჰოდა, ეს აიუფა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოიხევდა თავის
გადაქექილ ტუჟურკას და ღობეს კი არა, ბახტრიონის
გალავანსაც კარგად გადაევლებოდა.
ამიტომაც ვითაკილე, როგორც აიუფამ თქვა, მოზომილი
ნაბიჯით სიარული, პირდაპირ მას ამოვუდექი მხარში, და
ერთად შევუდექით ტყიან აღმართს...
განთქმული უთხოვრის ტყე იწყებოდა, ბნელი, პირქუში,
ათასწლოვანი, გაბურტყლული და ჩაშავებული უზარმაზარი
უთხოვრებით, წიწვი რბილი აქვს უთხოვარს და, ალბათ, ამიტომ
ტოვებს გაბურტყლულის შთაბეჭდილებას, მე გავჩერდი და უკან
მივიხედე, ჩვენები ოციოდე მეტრით ჩამოგვრჩებოდნენ, ხეებს
შორის ილანდებოდა მათი მწკრივი... მერე კი ზევით, ტყეს
გავხედე... უჩვეულოდ მომეჩვენა ეს ტყე... აიუფაც გაჩერდა:
– ხომ არ დაიღალეთ, თუ გინდათ, პაჩოზე შეგსვამთ.
– არა, მე ტყეს ვუყურებ...
– აქ, რომ იცოდეთ, ორი ათასი წლის უთხოვრებიც არის,
ათასი და ათას ხუთასი წლისა ხომ ჩვეულებრივი ამბავია,
უთხოვარი ხომ ძალიან ნელა იზრდება...
უცნაური გრძნობით ვივსებოდი, ამ ტყის მისტიკური სიღრმისა
და იდუმალების, და აგრეთვე ბუნებასთან ჩვენი კურთხეული
ერთობის... და კიდევ რაღაცას მაგონებდა ეს ტყე, რომელიღაც
ლიტერატურულ ტყეს... და მივხვდი... გზას რომ გავუდექით,
აიუფას ვკითხე:
– თქვენ გაგიგიათ დანტეს სახელი, იტალიელი გენიოსის?
არა, არ გაეგონა.
– დანტეს უნიკალური ქმნილება ასე იწყება, რომ მას თავისი
ცხოვრების ნახევარგზაზე გაეღვიძა უღრან ტყეში... ასე მგონია,
სწორედ ასეთ ტყეში. დანტესთვის ეს, როგორც ჩანს, ცხოვრების
სიმბოლოა, ცოდვა-ბრალით სავსე ცხოვრებისა, რომელიც მას
უნდა განეცადა და შეეცნო...
– მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მაგ წიგნს, თქვენ ისე
კარაგადა თქვიით...
– სკოლა, ალბათ, დამთავრებული გექნებათ.
– დიახ, და ჯარიც მოვიარე, შარშან შემოდგომაზე დავბრუნდი,
ეხლა ტყისმცველს ვეხმარები ხოლმე, აქაურობა სულ-სულ
ზეპირად ვიცი... მერე კი მინდა მოვემზადო და სატყეოზე
ჩავაბარო. აი, უპაჩოოდ გამიჭირდება, – გაიცინა, ჭრელი
თვალები სხივებით აევსო; პაჩო წინ მიდიოდა, თავისთვის, გზის
შეუშლელად, – ჭკვიანია, ვისი გაზრდილია, რო... – ისევ
გაიცინა, – დედა მგელმა დაუგლიჯა, მივუსწარით, მგელი კი
გავაქციეთ, მაგრამ თეთრონი ჭრილობებმა მოგვიკლა,
საწყალი კვიცს იფარავდა, შიგნით ჰყავდა შეყუჟული, მერე მე
გავზარდე პაჩო ძროხის რძით.
– დედა თუ თეთრონი იყო, მამა, ეტყობა, წითელი ჰყავდა.
– მაშ! წითელი ულაყი იყო და ჩვენი პაჩო ტანით დედას
დაემსგავსა და ფერით მამას. ჭკვიანია, ისე ჭკვიანია, მეტი რომ
არ იყოს, ზოგჯერ მგონია, დაილაპარაკებს-მეთქი, – აიუფა
იცინოდა, თეთრ, მაგარ კბილებს აჩენდა.
დიდი უთხოვრის ძირებთან მაყვალი იყო გაბარდული,
გართხმული, მეუცნაურა, ელასტიკურ, მწვანე ღეროებს ეკალი
არსად ჰქონდა, მსხვილი, მოგრძო, შემრეშილი მაყვლები ესხა.
– მთის ქომურმა ეკალი არ იცის, – თქვა აიუფამ.
– ქომური მაყვალია?
– ქისტურად მაყვალია, მწიფობაში შედის. ეხლა რო არ
გვეჩქარებოდეს, აქა-იქ მოწეულიც იქნება და დაგიკრეფავდით.
– რა მშვენიერი სურნელია...
– თქვენ მაშინ უნდა ნახოთ სურნელი, სულ რომ გადაშავდება,
დათვს უყვარს ძალიან მაყვალიც, ისე მითქერ-მოთქერავს
ხოლმე აქაურობას, როო...
– ძალიანაც კარგი, ეს ტყე დათვისაც ხოა...
– მაშ რაა, დაადი სულ იმას ამბობს, ტყის პატრონი არისო.
ქისტურად მამასაც ნიშნავს.
– ქისტურად როგორ იქნება? – ვკითხე აიუფას.
– ჰჲუნ და ვა... უყურეთ, უყურეთ, ხსენებაზეო... – აიუფამ
კისერი წაიგრძელა, დაშტერებით იქითკენ რაღაცას უყურებდა,
მერე კალათა დადგა, ორი ნაბიჯი გადადგა, დაიხარა და ერთ
ადგილს ხელი შემოატარა.
– რა არის, მე ვერაფერს ვხედავ, თითქოს ცოტა გათქერილია.
– დათვის კვალი. მოდით აქ, სულ-სულ ადამიანის ხელსა
ჰგავს, მხოლოდ ოთხთითაა, აი, დახედეთ... ვიცი მე ეს დათვი,
დიდი დათვია.
მე დავიხარე და მართლაც, ჩამოყრილ წიწვსა და მაყვლის
გართხმულ ფოთლებზე ღრმულების მიუხედავად, კარგა
ჩაშტერების შემდეგ გავარჩიე თათების ანაბეჭდი. რა თქმა
უნდა, აიუფა რომ არა, მე ჩემს სიცოცხლეში ვერც შევნიშნავდი
და ვერც გავარჩევდი, რა იყო.
– გმადლობთ, გმადლობთ, ამიერიდან მეცოდინება, დათვის
კვალი როგორია, იქნებ გამომადგეს ცხოვრებაში, – სიცილით
ვთქვი.
– ახოებში სიმინდზე ჩამოდიოდა. მაშინ მეცხრე კლასში
ვიყავი, იარაღი არ მქონდა, პატარა ხანჯალი მეკიდა ქამარზე,
თოფი ზელიმხანს ჰქონდა წამოღებული, ჩემს უფროს ძმას, იმას
უნდა დაეცა დათვისთვის, ჩემი სიძე მურადიც პატარა ხანჯლით
იყო, ჩვენ უნდა გვეზვერა აქეთ-იქით, როდის და სად
გამოჩნდებოდა, მთვარიანი ღამე იყო, ისეთი, ისეთი,
გადანათებული იყო იქაურობა. ჰოდა, ვიფიქრე, გავიხედ-
გამოვიხედავ-მეთქი, აბა, თუ საიდან გამოჩნდება-მეთქი. მივედი
ადგილზე და ზელიმხანი აღარ დამხვდა. ახლაც რომ
მაგონდება, სულ-სულ ბრაზი მომდის, ახალი დაქორწინებული
იყო აიშეზე და გაიპარა. დიდხანს ველოდეთ. გაიპარა და
თოფის დატოვება დაავიწყდა. მერე მეუბნებოდა, განგებ არ
დაგიტოვე თოფი, ვაითუ ააცდინოს და დათვმა არ დაგლიჯოსო.
დათვიც თითქოს ზელიმხანის წასვლას ელოდებოდაო, გავიდა
ხანი, გავიხედეთ და დავინახეთ, შავი ზვავივით მოგორავდა,
მთვარეზე განათებული შავი ზვავივით.
– ვიცი, ვიცი, როგორიც იქნებოდა! – დავიძახე მე, –
ფიროსმანი ხომ არ გაგიგიათ?
– გამიგია, ნახვით კი არაფერი მინახავს.
– დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ, ჰოდა,
ფიროსმანსა აქვს სურათი, დათვი მთვარიანი ღამით. გეგონება,
მთელ ტანზე შუქის სირმა აქვს შემოვლებულიო. ალბათ, ის
თქვენი დათვიც ასეთი იქნებოდა.
აიუფამ გულიანად გაიცინა.
– რა გაცინებთ, რა ვთქვი ამისთანა!
– თქვენ რომ ნახატით იცით და ნამდვილი არა, და მე კიდევ,
პირიქით, ამაზე მეცინება.
– მაშინ, აბა, რას მოჰკლავდით და მერე მოგიკლავთ დათვი?
– ამასწინათაც მოვკალით დიდი დათვი, ყელთან
საყელოსავით ჰქონდა თეთრი ბეწვი შემოვლებული. ყონაღი
მყავს თელავში, მაგარი ვინმეა, სწორედ დღეს იყო თავისი
მანქანით, იმ ტყავის წასაღებად და ცოტა წავინადირეთ კიდეც.
– ზაური ხომ არ ჰქვია იმ თქვენს ყონაღს?
– დიახ, – თქვა თავმომწონედ აიუფამ, – თქვენ, ალბათ,
იცნობთ.
– მხოლოდ შორიდან.
– ისეთია, ცივ ქვაზე რომ დასვა, არ დაიკარგება, ნამდვილი
ვაჟკაცია.
– დიდი ხანია, იცნობთ?
– დიდი ხანია, პატარა ბიჭობიდან. მაშინ ჩვენ გვაკრეფინებდა
მაყვალს, ასკილს, შვინდს, მოცვს... კარგადაც გვიხდიდა,
კანფეტებსაც მოგვიტანდა ხოლმე... მე სულ ბალღი ვიყავი,
მაგრამ ყოჩაღი და საათიც მაჩუქა. იგრე მომწონდა თავი,
მინდოდა, ხელი სულ-სულ მაღლა მჭეროდა.
მე აღარაფერი მითქვამს. და სწორედ ამ დროს ბავშვების
ყიჟინიც მოისმა:
– დაგეწიეეთ... დაგეწიეეთ და გაგასწრობთ კიდეეც!
– დაიცადეთ, ბალღებო, ბილიკი აგეერ საით მიდის, ხედაავთ,
პაჩომ საით გაუხვია?! – დაუძახა ბავშვებს აიუფამ.
– აღვირს დავიჭერთ, რაა... ჩვენ წავიყვანთ, რაა! –
იხვეწებოდნენ ბავშვები.
– თქვენ კი არ წაიყვანთ, პაჩო წაგიყვანთ... – აიუფა ცოტა
დაწინაურდა და პაჩოს გავაზე დაუსვა ხელი: – პაჩო, დააჭერინე
ამ ბიჭს აღვირი, კარგიი?! პაჩომ ხმადაბლა ჩაიხვიხვინა.
– ვაა, – შესძახა პატარა სანდრომ, სანდომიანმა,
ყურებგადმოფურჩქნულმა ბიჭმა, – გაიგონაა, გაიგონაა?!
– გაიგონა, აბა, არაა? ყველაფერი ესმის პაჩოს, – უთხრა
სანდროს აიუფამ.
– მაშ, ცირკის ცხენივითა ყოფილა, – თქვა უფროსმა თემიკომ.
– ცირკის არა, ისა, მთის ცხენია, ნახეთ ეხლა, ბილიკზე
როგორ წავა!
მართლაც, ტყეს რომ ავცდით და მთის ბილიკს დავადექით,
ადგილ-ადგილ, სადაც ნაშალი იყო, პაჩო ჯერ ფეხით
მოსინჯავდა და მერეღა გაიმაგრებდა ნაბიჯს.
მზე კარგად იყო გადასული, სადგომს რომ მივუახლოვდით,
ბავშვები კისრისტეხით გაიქცნენ, პირველები ჩვენ უნდა
მივიდეთო.
წეღან შორიდან ისმოდა, ახლა კი მკაფიოდ გავიგონე ქალის
სიმღერა და ფანდურის ხმა. სიტყვებს სულ ვერ ვარკვევდი,
მაგრამ მივხვდი, რომ ქისტურად მღეროდა, სიმღერის მოტივიც
სრულიად უცხო იყო ჩემთვის.
– ჩემი დაა, ჯეინაი, ძალიან უყვარს სიმღერა, – თქვა აიუფამ, –
ქისტურებსაც მღერის, ქართულებსაც და თუშურებსაც.
– ეხლა, მგონი, ქისტურს მღერის, არაა?! – დავინტერესდი,
რადგან მაშინვე ვიფიქრე, ქისტურ სიმღერებს ჩავიწერ-მეთქი,
თან, ეტყობა, კარგი ხმა აქვს, უყურეთ, როგორ ზარივით
მოსძახის?! ვერ მეტყვით, ეხლა რას მღერის?
– რატო ვერ გეტყვით... დავავიწყდები დასაო, თავის შვილების
პატრონსა, დავავიწყდები ძმასაო, ტოლებთან ამყოლ-
ჩამყოლსა, ერთი დედაა, რომელსაც არასდროს დავავიწყდები,
მწარედ იტირებს, მიგლოვებს, სიცოცხლე-გამწარებული...
დაღონებული სიმღერაა... დარდიანია ეხლა ჯეინაი და უყვარს
ეგეთი სიმღერები, გულს იქარვებს...
მე, რა თქმა უნდა, მყისვე დავინტერესდი ჯეინაის დარდებით,
მაგრამ მივედით კიდეც და თვითონ ჯეინაიც გამოჩნდა, ფლატის
ნაპირას იჯდა ფანდურით ხელში... ჩვენ დანახვაზე სიმღერა
შეწყვიტა, წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა... მშვენიერი
ახალგაზრდა ქალი იყო, მხარზე გადმოგდებული მსხვილი,
ქერა ნაწნავით და თავზე გადაფრიალებული ჭრელი აბრეშუმის
ქალაღაიით... მხრების რხევით მოდიოდა, თითქოს
მოირწევაო... გვერდით ათიოდე წლის ბიჭუნა და ჩვენი ბიჭები
მოსდევდნენ...
– ეს ისრაფილია, თიკო, ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი! –
იძახდნენ სანდრო და თემიკო. ჯეინაი მოგვესალმა, ჩემს
ზურგჩანთას მოეტანა, მაგრამ არ დავანებე.
– მე თიკო მქვია, თქვენი სახელი უკვე გავიგე და ძალიან
მომწონს, სიმღერაც კარგი გცოდნიათ... – ხელი გავუწოდე და
მაგრად ჩამოვართვი.
– ძალიანაც სასიამოვნო... – შემომხედა და ისეთი თვალები
ჰქონდა, თითქოს ფირუზები ესხდა, – ბიჭებიც ერთად
ითამაშებენ, არ მოსწყინდებათ, ზაფხულში მთამ მოწყენა არ
იცის. თავის კილოზე უქცევდა აიუფასავით, ყურს უცხოდ
ხვდებოდა და მომწონდა.
– იქ ხინკალს აკეთებენ, თიკო, ხაჭოსასაც და ხორცისასაც და
სოკოსასაც! – მახარეს თემიკომა და სანდრომ, თან
სადგომისკენ იშვერდნენ ხელებს.
– იცოდეთ, ათ-ათზე ნაკლები არ უნდა შეჭამოთ! – უთხრა
ბიჭებს სიცილით აიუფამ და ცხენიდან ხურჯინების ჩამოლაგებას
შეუდგა. ბიჭებმა კი სთხოვეს, პაჩოს გავატარ-გამოვატარებთო.
მე მიდამოს გავკარი თვალი, წარმტაცი ადგილი იყო, სამ
მხარეს გაშლილი გასახედ-გამოსახედით, შვების მომგვრელი
უსაზღვრო სივრცით, სადგომი, ანუ გრძელი ქოხი კი მთის
კალთას იყო მიყრდნობილი, ფერდობის მოსწორებულ
ადგილას, ქოხის წინ დიდრონი მწვანიანი, – აქა-იქ ყვითლად
აფეთქებული ბუჩქებით, სურვილის აღმძვრელ, გამაბრუებელ
სურნელს რომ აფრქვევდნენ, – ფლატემდე აღწევდა, ღრმა
ხევის თავამდე, მოშორებით კი, მწვანიანის ბოლოს, ფლატის
ნაპირას ორი უზარმაზარი წიფელი იყო ატყორცნილი. და მე
ვიფიქრე, რომ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა გეწერა და
გყვარებოდა.
მე და ჯეინაი ქოხისკენ წავედით, – დიდია ქოხი, ყველანი
დაეტევით, გატიხრულია ოთხ სადგომად, – მეუბნებოდა ჯეინაი,
– ჩვენ კარვებიც გვაქვს, მეც და ბიჭებსაც.
– ნან და ჰასი დიდ მზადებაში არიან, თქვენ შესახვედრად...
დაადი კი ძროხებთან წავიდა და ჰასის უსუფაც პაპას გაჰყვა, –
ჯეინაიმ გაიცინა, – ნან და დაადი ქისტურად დედა და მამაა, –
ფარდაგი გადასწია და სადგომში შევედით.
ხნიერი ქალი ხონში ცომს ზელავდა, ახალგაზრდა კი ხინკლის
გულებს აზავებდა მარილითა და პილპილით. დიდებული
საქმიანობაა, დამამშვიდებელი და იმედის მომცემი, მითუმეტეს,
მთაში, აღმართების ავლის შემდეგ, და მითუმეტეს, როცა გშია.
– ნან, ჰასი, ეს თიკოა, – წარმადგინა ჯეინაიმ. ქალები
მომესალმნენ, თავი დამიკრეს, მოიბოდიშეს, ვჩქარობთ,
ხელები საქმეში გვაქვს და ვერ შეგეგებეთო.
მთავარი სტუმრები ჯერ არ მოსულან-მეთქი, ვუთხარი. ჰასი,
ჯეინაისაგან განსხვავებით, მსხვილი, მოსული ქალი იყო,
მოკლედ შეჭრილი, დახუჭუჭებული ქერა თმით, თურმე
გროზნოში ცხოვრობს და საზაფხულოდ ჩამოდის ხოლმე თავის
ბიჭთან ერთად.
ნან კი მხოლოდ მიღიმოდა, თურმე არც მან და არც დაადიმ
ქართული არ იციან.
ქოხში მომინდა დარჩენა, ქალების გვერდით, მეც
სიამოვნებით მოვუხვევდი ხინკალს, თუკი ნებას მომცემდნენ.
გაუკვირდათ, როგორ, თქვენ ხინკლის გაკეთება შეგიძლიათო?
ვიუკადრისე, რას ქვია-მეთქი, სხვას ვერაფერს დავიკვეხებ,
ერბოკვერცხს თუ შევიწვავ მეთქი, მაგრამ, რაც შეეხება
ხინკალს, ეს ხომ თავმოყვარეობისა და ღირსების საქმეა-მეთქი,
და რომ იცოდეთ, ბავშვობიდან ისეთი მოხვევა შემიძლია, ჩემი
ხინკალი არც გასკდება, არც ჩაფლავდება მეთქი. ქალები
იცინოდნენ, დიდად ვესიმპათიურე, ხოლო, როცა გაიგეს ვისი
შვილი ვარ, ნანმა სულ თავი იქნია, დაადის რომ ვეტყვით,
ნამდვილად ცხვარს დაგიკლავთო, მამათქვენმა გადაარჩინა
ჩემი მაზლიო, ისე გამიხარდა, რომ აქ, ამ უკაცრიელ მთებში, ამ
უცხო ადამიანებისაგან მამას ქება გავიგონე. მართალია,
ტყუილია მამასთანა. ჩვენთან ხომ ყველაფერი საშოვარია,
უბრალოდ ვერაფერს იყიდი და ისეთი გახარებული იყო, ისეთი,
რომ ბედად იტალიური კარავიც მიშოვა, უნგრული თივთიკის
საძილე ტომარაც და გერმანული პაწია მაგნიტოფონი
„გრუნდიგიც“, ეზოდანვე მეძახდა, რა უნდა გაჩვენო, თიკო, რა
უნდა გაჩვენოვო, ბავშვივით უხაროდა.
აიუფამ შემოყო თავი ქოხში და მოგვიწოდა მე და ჯეინაის,
მომავლებს შევხვდეთო, და ჩვენც შესახვედრად გავემართეთ.
კაი დაღმართიც ჩავირბინეთ, ჰა და ჰა, – უთხოვრის ტყემდე
მივედით... იდგნენ და ისვენებდნენ. პირველი შალვა მომხვდა
თვალში და გული შემეკუმშა, ბილიკზე, ლურჯი ცის ფონზე ისეთი
მიმზიდველი იყო მისი თხელი, ელეგანტური სილუეტი და
მაღალ შუბლზე ნიმბივით წამომდგარი ჭაღარა ქოჩორი. არ
მესმის, არა, და ვერც ვერასდროს გავიგებ მის ამ სულელურ
გადაწყვეტილებას, უარი თქვა სიყვარულზე! რა არის ეს, რა,
ასეთი იდიოტობა?! მე რა ძალმიძს? თავზე ხომ ვერ
გადავახტები და მართლაც და მართლაც, თავმოყვარეობაც
კარგი რამეა, ბოდიში და უკაცრავად, არ წავიყრი თავზე ნაცარს,
არა, და არც დამარცხებულად ჩავთვლი თავს, არავითარ
შემთხვევაში! მაგრამ ალერსიანად კი შემომხედა და ხომ
მოგწონს აქაურობაო, მკითხა. აიუფამ მყისვე დასტაცა ხელი
ბიჭების ზურგჩანთებს, ჯეინაიმაც ლიზიკოს აბგას, და ჩქარი
ნაბიჯით შეუდგნენ აღმართს. ბიჭები კარგა მაგრად იყვნენ
დაღლილები, ეხუმრებით საღებავებით სავსე ზურგჩანთის,
პალიტრის, აპარატისა და ათასი ხარახურის თრევას ამ უდიერ
აღმართებზე, ოთარს კიდევ დაზურგული ზურგჩანთის გარდა
ძალიან გრძელ, ვიწრო პარკში ჰქონდა რაღაც გამოხვეული და
ამოღლიავებული.
– ჩემო ღვთაებავ, – მითხრა სიცილით, – დღესვე სიურპრიზი
უნდა მოგიწყო.. შენ არ იცი, რა სიამოვნება გელის...
დაღლილობისა და დაქასქასების მიუხედავად, ლიზიკომ
მაინც სიტყვა შემოაწია ოთარს და სიცილითა და ხუმრობით
მითხრა:
– გაითვალისწინე, თიკო, გაითვალისწინე, სანთლით
საძებნელია ოთარისთანა კაცი!
მიუხედავად იმისა, რომ ნერვები მეშლება ლიზიკოს
მაჭანკლობაზე, და იმასაც კი ვეჭვობ, მამაჩემმა ხომ არ
ჩააწვეთა მას რამე თავისი მატრიმონიალური მისწრაფებების
შესახებ, მე გულსგარეთ გავიცინე და პათეტიკურად
წარმოვთქვი:
– თუ ბატონი შალვაც მომიწოდებს, გავითვალისწინო, მაშინ კი
მეტი გზა არ მექნება, ხომ იცით, დირექტორის სიტყვას კიდევ
სხვა წონა აქვს!
შალვამ ცალყბად გაიცინა და სანამ რაღაცას იტყოდა,
ლიზიკომ შესძახა:
– როგორ გადავყრუვდი, ბავშვები სად არიან?!
ბიჭიამ თვალი ჩამიკრა:
– სად იქნებიან, ჩასხეს ლეკებმა გუდაში და მოიტაცეს!
მე დავამშვიდე ლიზიკო. ცხენი ჩაიყვანეს ხევში წყალზე-მეთქი,
და ჩვენ ისევ შევუდექით აღმართს. ოთარის სიურპრიზი კი
თურმე ჰამაკი იყო, რომელიც ბინებში მისვლისთანავე იმ ორ
წიფელზე გამოაბა, და ისევ გაიმეორა: ო, რომ იცოდე, როგორ
უნდა განანაო და გარწიოვო და, გთხოვ, შენი კარავიც აქვე,
ჩვენი კარვის გვერდით გავშალოთო.
ღმერთო დიდებულო, ვინ არის გამგებელი ჩვენი ინტიმური
იმპულსებისა?! ვის ხელეწიფება ანგარიშითა და აწონ-დაწონით
გაჰკრას კვესსა და აბედს, ცეცხლი წაიკიდოს და სიყვარულის
კოცონი დააგზნოს? ყოველ შემთხვევაში, მე არა, და ასე მგონია,
უკაცრიელ კუნძულზეც ვერ ამაღელვებდა ოთარის
გამობანტული, წითელი ტუჩები და ჩაშაქრული ღიმილი და,
აგრეთვე, უხვად მოფრქვეული შიპრის მძაფრი სუნი. მე კი არა,
ეს ხომ იმ ბუღასაც არ ძალუძდა, ნდომისაგან ბეწვაშლილ,
წითელ ბუღას, დასაგრილებლად რომ მოიყვანეს ახურებულ
ძროხებთან. ეს რა ვნახეთ, ეს რა ვნახეთო, ამბობდა ჩვენი
ქვემოსოფლელი კლასელის მამა, ვეტერინარი, რომელიც
თურმე დიდ ფერმაში მუშაობდა. ხელში მომცრო ყანწი ეჭირა,
სიყვარულისა და სურვილის სადღეგრძელოსა სვამდა და ის
წითელი ბუღაც მაშინ მოიგონა: იგრე იყო დაძაგრული
სურვილით, თავს სუ აქეთ-იქით იქნევდა და სადგომის მიწურს
ფეხსა სცემდაო, იტყოდით, უცებ დააგრილებს მთელ
ძროხებსაო... მაგრამაა, საქმეში ხაართ? ახოვან, ლამაზ,
ჩალისფერ ძროხასთან ერთი კი შეიყნოსა ჰაერი და გაჩერდა,
დგაა და არ იძვრის, გეგონებათ, აღარ იცის, რა უნდა
მოიმოქმედოსო. „რაღას უყურებ, ეე! სწუნოობ ამ გადასარევ
ძროხასა თუ რა არის?!“ – შეუძახეს ბიჭებმა. მაგრამ ბუღამ
თითქოს უარის ნიშნად თავი გაიქნია და, რა გგონიათ, არც
მეორე საუკეთესო ჭრელი ძროხა ინება, რომელიც პირველს არ
ჩამოუვარდებოდა, ძალზე ლამაზი რქები ჰქონდა და კოხტად
მოყვანილი დრუნჩი. ფერმის ბიჭები სუ გაგიჟდნენ, როგორ
აღარ არცხვენდნენ, აიიი, შენს კაცობას რა ვუთხარითო, რამ
დაგადამბლავა, კაცო, რამა, შეახტი რაღაო! მაგრამ ტყუილად,
ბუღამ არც მესამესთან იკისრა და არც მეოთხესთან. ბიჭებმა
ისღა თქვეს, ერთი ვნახოთ, სადამდე მივა ამისი ვირობაო. და
ბუღა ტანმომცრო, ნაცარა ძროხასთან გაჩერდა... და რომ
იცოდეთ, რა ვნახეთ, ყველა გაკვირვებული დარჩა, რა
აგრძნობინა ამ პატარა ძროხამ, რა გუნებაზე დააყენა, რა
სიყვარული ჩაუნერგა, გაგიჟდა ეს ჩვენი ბუღა, დაუწყო ლოკვა
და ფერება, თავი თავთან მიჰქონდა, ექლასუნებოდა, თან
ლოკავდა, თავიდან ბოლომდე გალოკა, ალერსით ვეღარ
ოკდებოდა... ნაცარაც კინაღამ გადაირია, ცქმუტავდა,
თრთოდა, რქებით ბურჩქნიდა ბუღას... და, ბოლოს-ბოლოს
მოსახდენიც მოხდა, მაგრამ დაგრილების შემდეგაც არ უნდოდა
მოსცილებოდა ნაცარას, ისევ ისე უნდოდა მასთან ყოფნა,
მაგრამ აქ უკვე ბიჭებმა გამოარიდეს ნაცარა და ბუღას
მოუწოდეს, აბა, ეხლა შეუდექი მუშაობასო! და მართლაც,
თითქოს ნაცარასგან არის დამუხტულიო, ყველა დააგრილა,
მაგრამ აღარავის მიჰფერებია და აღარავინ აულოკავს,
უბრალოდ, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდაო.
ქალები კი ქოხის წინ, მწვანეზე ტაბლას შლიდნენ და ხის
ხონჩებით ცხელ-ცხელი ხინკალი გამოჰქონდათ ქოხიდან. ჩვენც
ამოვალაგეთ ჩვენი სანოვაგე, აიუფამ ჟიპიტაური მოიტანა
თიხის სურით, ოთარს თურმე ზურგჩანთით საძილეში
გამოხვეული ხუთლიტრიანი შტოფით ღვინო მოჰქონდა,
ბიჭიასთვის კი სიმამრს „ენისელი“ გამოეტანებინა. სანამ
სუფრას შემოვუსხდებოდით, ხევში ჩავირბინეთ ხელ-პირის
დასაბანად და კამკამა, ცივ-ცივი წყალიც წამოიღეს ბავშვებმა
სურებით. ამასობაში აიუფას მამა, ანუ „დაადი“ და კიდევ ერთი
პატარა ბიჭი, ჰასის უსუფაც შემოგვიერთდნენ... დიდად
ხალისიანი და გემრიელი პურობა გამოგვივიდა, ყველა
მომშეული ვიყავით, ხინკალი კი უნაკლო იყო. გარეული
ქონდრით. თხელი ქერქითა და ასი ნაოჭით, ხორცს ხომ ნუღარ
იტყვით, სურნელოვანი ცხვრის ხორცით, ხაჭოსი და სოკოს
ხინკალიც, ერბომოსხმული გადასარევი იყო.
– თქვენ ნამდვილად ფრჩხილში ჩაიხედეთო, – ეუბნებოდა
შალვა ქალებს, – იმიტომ, რომ ხაჭოს ხინკალს არაფერი
მირჩევნიაო.
– მიყვარხაარ, ხაჭოს ხინკალოო, ერბოშიი
ამოთართლულოო... – რეჩიტატივით შემოსძახა პატარა
ისრაფილმა.
– დედას ჰგავს, დედას, ისრაფილი, უყვარს სიმღერა, – თქვა
აიუფამ.
ოთარი სადღეგრძელოებს სადღეგრძელოებზე ამბობდა და
ახლაც ისრაფილის თამადობით ბავშვების სადღეგრძელო
შემოგვთავაზა. მე კი გამაკვირვა ჩვენი მასპინძლების
ზრდილობამ და ფაქიზმა სმა-ჭამამ, ისე ჭამდნენ ხინკალს, ჩქამი
არ ისმოდა და თეფშზეც წვეთი არ ეცემოდა.
– ვერ მეტყვით, რა ჰქვია ამ მთას? – იკითხა შალვამ.
– საბას მთა ჰქვიაო, ბატონო შალვა, მაგრამ არავინ იცის
რისთვის და რატომ, – თქვა აიუფამ, – ადვილი შესაძლებელია,
ეს სახელი ძეგლთან იყოს დაკავშირებული.
– არავინ იცის, ის ძეგლი ვის სახელზე იყო აშენებული,
ეტყობა, უგზოობის გამო ჯერ არავინ ყოფილა, ჩვენც ამ საბას
მთაზე დიდი ხანი არ არის, რაც საზაფხულო ბინები დავიდეთ. –
ამბობდა აიუფა, დაადი კი ჯეინაის მიბრუნდა და რაც უთხრა,
ჩემდა სასიხარულოდ, მკაფიოდ გავიგონე: – ფონდურ დალაპ!
ჯეინაი ისე წამოფრინდა, ეტყობა, დიდი ხანია ელოდა ამ
მოწოდებას, და სადგომისკენ წავიდა, როგორც გამოირკვა,
ფანდურისა და ბალალაიკის მოსატანად, ბალალაიკა თურმე
ძალიან მიღებული ყოფილა ქისტებში. მე აიუფას ვკითხე, რომ
ამბობდით, ჯეინაი დარდიანიაო, რა დარდი აქვს-მეთქი,
სულელია და იმიტომ არის დარდიანიო. თურმე ჯეინაის ქმარს,
მურადს, რომელიც თხუთმეტი წლით უფროსი იყო ჯეინაიზე, და
თავის დროზე მოტაცებულიც ჰყოლია თექვსმეტი წლის ჯეინაი,
ახლა მეორე ცოლიც მოუყვანია. ჩვენ ქრისტიანები ვართო,
ხმადაბლა მეუბნებოდა აიუფა, მურადი კი მაჰმადიანია და თუნდ
ოთხ ცოლს შეირთავს, შენახვის თავი თუ ექნებაო. ჯეინაი კი
ამის გამო ისეთ დარდში ჩავარდნილა, აუღია თავისი ფანდური
და ბალალაიკა, რადგან დაკვრისა და სიმღერის გარეშე ერთი
დღეც ვერ წარმოედგინა არსებობა, მოუკიდია ხელი ათი წლის
ისრაფილისთვის და მშობლებთან წამოსულა მთაში. მურადი
კიდევ სულ-სულ ცოფებს ჰყრისო და ამოსვლასაც აპირებსო.
ამასობაში ჯეინაიმ ფეხი მოირთხა, ფანდური მოიმარჯვა და
ჩვენ გადმოგვხედა.
– ჩვენი სტუმრები ხომ თელავის მუზეუმიდან არიან, ჯეინაი,
გიერგალ მეფის სადგომიდან, ჰოდა, მოდი კარგი სიმღერა რო
იცი გიერგალ მეფეზე, ის იმღერე, – უთხრა აიუფამ. დაადისაც
სიამოვნებით გაეღიმა, ქისტურად რაღაც უთხრა ჯეინაის,
ეტყობა, მოუწოდა, აბა, შენ იციო. ჯეინაიმ ჩამოჰკრა სიმებს,
ფანდური აახმიანა და სიმღერა დაიწყო... მე გულმა რეჩხი
მიყო, თითქოს ზარი ჩამომიკრესო, თითქოს რაღაც მანიშნესო...
ხმა ხომ შესანიშნავი ჰქონდა ჯეინაის, კამკამა, დახვეწილი და
თან ისეთი განცდით მღეროდა, გეგონებოდათ, გიერგალ მეფე
მისთვისაც მშობლიური და დაუვიწყარი გმირი ყოფილიყოს.
თუმცა მოტივი ელემენტარული იყო, თითქოს არქაული,
რეფრენის გაგრძელებული რეჩიტაციებით, შეიძლება სწორედ
ამის გამო, ჯეინაის გულიდან ამომსკდარი შესრულებით მეც
გულში მწვდებოდა. ბიჭიამ აპარატი მოიტანა და ჩვენი
პროტესტის მიუხედავად გამუდმებით აჩხაკუნებდა, სხვადასხვა
რაკურსით უღებდა ჯეინაის და ქისტებს სურათებს. ჯეინაის
ვთხოვეთ, სიმღერის სიტყვები განემარტა და, თუ გნებავთ, ახლა
კიდევ ქართულად გიმღერებთო, გვითხრა და ისეთივე
ექსპრესიით და, მგონი, უფრო დიდი განცდითაც (მისი ზარივით
ხმა, ალბათ, გაღმა-გამოღმა გორებს ეფინებოდა) ქართულად
გვიმღერა:

ვით ბადრი მთვარეე ამშვენებს ცასა და ქვეყანაას,


ისე ამშვენეებს ძალგულოვნება და სიმამაცე გიერგალ
მეფეეს...
ისე ამშვენებს კავკასიის ხალხთა სიყვარული გიერგალ
მეფეეს...
ჰოიი, რა დედამ შობა გიერგალ მეფეე,
დაილოცოს იმისი დედობაა...
როგორც მაღალ მთებს ჯიხვთა ხორონი,
როგორც მაღალ მთებს არწივის ყეფა,
ისე ამშვენებს გიერგალ მეფეს,
გმირთ-გმირ ბაყათაარს, ხმალ-ხანჯლის ქნევაა...
ჰოიი, ნეტავ რა დედამ გაზარდაა
ქისტების დიდი დოსტი და მოკეთეე, გიერგალ მეფეე...
დაილოცოს იმისი დედობაა...

თან ისეთი ლამაზი იყო ჯეინაი, ჯერ ისედაც, და მით უფრო


სიმღერის დროს, ისე საამოდ ნაბავდა თვალებს, ისე კოხტად
მოიღერებდა ხოლმე ყელს, განსაკუთრებით „ჰოის“
მოძახილისას, ისე შვენოდა „ფონდურის“ დაკვრაც, შალვა
სიამის ღიმილით გამოსცქეროდა. ლიზიკომ აღტაცებით
შესძახა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ექსპონატი იქნება ჩვენი
მუზეუმისთვის ჯეინაის პორტრეტი თავისი ფონდურითო, ბიჭიამ
კი – ხელები მექავება ჯეინაის დასახატადო. ოთარმა
„მოქარგული“ სადღეგრძელო დალია, ხოლო რაც შემეხება მე,
ისეც აღელვებული ვიყავი აქ ყოფნით, კახეთის მთების
სანახებით, გულში ჩამწვდომი სახელებით, იქნებოდა ეს შორს,
მარცხნივ, ჩამავალი მზის ჭავლში გახვეული ტბათანა, მაღალი
ზეგანი, თუშების საზაფხულო სადგომი თუ „ქარიშხლებთან
შეჯახებული“ ასხეპილი სპეროზა, ან დიდებული ბორბალო,
ჩვენი ალაზნის მშობელი... მე ისეც მაღელვებდა ქისტური,
ხორხისმიერი ბგერებით, უმლაუტებითა და გაგრძელებული
ხმოვნებით, კანტიკუნტად, ხმადაბლა, ჩაჟღურტულებასავით
რომ გაისმოდა ჩვენი პურობის დროს, ლამის მაფორიაქებდა
ყვითლად გადაპენტილი ბუჩქების თავბრუდამხვევი სურნელი
და ჯეინაის სიმღერამ კი, ისიც მეფე ერეკლეზე, ისე იმოქმედა,
ისე აღმიტაცა და აღმაგზნო, ვიგრძენი, ერთი ხელის დაკვრით
როგორ გამიცამტვერდა შალვას იმ სულელური
გადაწყვეტილების გამო თავდასაცავად აგებული, ბრაზისა და
თავმოყვარეობის ბასტიონი... და სიყვარულის წყურვილმა
ამავსო... ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, რა თქმა უნდა,
მერჩივნა, მერჩივნა, მერჩივნა მთელი ღამე სიყვარულში
გამეტარებინა... განა რამეს ძალუძს სიყვარულთან მეტოქეობა?!
მაგრამ, იქნებ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი იყო, მთელი
არსებით იმასაც ვგრძნობდი, ჩემი მღელვარება ორლესულ
მახვილს ჰგავდა, და მახვილის მეორე მხარე გზას მიკაფავდა
ქაღალდისა და ფანქრისკენ... ზოგჯერ მგონია, მართალია
ლუთერი, როცა ფიქრობს, რომ ჩვენი ნება ღმერთსა და ეშმაკს
შორის მოჩაქჩაქე ჯაგლაგია, რომელსაც ხან ღმერთი მოაჯდება
ხოლმე ზურგზე და ხანაც ეშმაკი... შორს ჩვენგან ეშმაკი, მაგრამ
ზოგჯერ, არცთუ იშვიათად, მიგრძნია, რომ, სამწუხაროდ, შენი
ნება შენზე არ არის დამოკიდებული... და შეიძლება ერთი
სიტყვის დაწერაც არ შეგეძლოს, თითქოს უვიცი და უმეცარი
იყო... ამიტომ, როცა ღმერთი ახლოსაა, არ უნდა დაახანო...
არავითარ შემთხვევაში... და როგორც კი გაგიშლის კარავს
აიუფა, განაპირას, ფლატის ნაპირას, თან ისე მარჯვედ,
გეგონებათ, კარვების დადგმის მეტი არაფერი უკეთებიაო, უნდა
გახსნა ზურგჩანთა, ამოიღო წიგნისა და ქაღალდის დასადები
პატარა პიუპიტრი, წაუთალო ფანქრებს წვერი, და დაიწყო წერა
და შლა... უფრო ხშირად კი შლა...
გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა.
ლუკა, 2.10.

ზეცას გადაეკარა...
მზე სხივებით აღვსილიყო...
თოვლი დამდნარიყო, მიწა გამლხვალიყო...
სასახლის ბაღის მოკირწყლულ ბილიკებზე, მიჯრით
მიწყობილ აგურებს შორის ნორჩი სიმწვანე ამოჩენილიყო...
ბურჯებისა და გალავნების ძირას ენძელა და ია გაშლილიყო...
სასახლის ეზოში ნუში ყვაოდა, თეთრად იფურჩქნებოდა...
სასახლის ეზოში გაზაფხული მოსულიყო...
მე სარკმელთან ვიდექი, მეციხოვნის ოთახში, გავყურებდი
ბაღსა და ეგრეთ წოდებულ სასახლეს და სულ არ მიჭირდა,
დამენახა ის პირვანდელი იერით, მიშენებ-მოშენებისა და
დაშენება-ჩაშენების გარეშე... და თუმცა ჩანდა, რომ ამის
ამშენებელს ფორმაზეც, ფუნქციაზეც, სიმეტრიაზეც და
ლანდშაფტზე მშვენიერი წარმოდგენა ჰქონდა, მაინც კი,
ქართული აგურით ნაშენი ეს ვითომ სასახლე მეტისმეტად
სადად და უბრალოდ გამოიყურებოდა, არ იდგა იგი გრანიტის
ცოკოლზე და არ იყო მოპირკეთებული მარმარილოთი და
ლაბრადორით, სრულიად მოკლებული იყო მეფეთა
სასახლეებისათვის დამახასიათებელ გაფურჩქნილ დეკორს, არ
აგვირგვინებდა მას ოქროცურვილი ფიგურებით
გაჩირაღდნებული ფრონტონი და მდიდრული და საზეიმო არა
ეცხო რა... განა მხოლოდ მეფეთა სასახლეები?! დიდი და
მძლავრი ქვეყნის რომელიმე საშუალო შეძლების მემამულეს
ხომ ამაზე ორჯერ, სამჯერ, ათჯერ დიდი და მდიდრული სახლი
შეიძლებოდა ჰქონოდა და ჰქონდათ კიდეც. მაგრამ რაა მერე?!
მიწიდან სოკოსავით ამოზრდილ ამ შენობაში ცხოვრობდნენ
ჩვენი მეფეები, ნირი მათი ცხოვრებისა მიანიშნებდა არა
მხოლოდ ხელმოკლეობაზე, არამედ მათ შესანიშნავ
დემოკრატიზმსა და ხალხთან სიახლოვეზე. როცა შენი ხალხი
მიწაზეა გართხმული, როცა შენი ხალხი გაბოლილ მიწურებშია
გამომწყვდეული, შენც მაღლა-მაღლა არ უნდა ყელყელაობდე,
შენც სრა-სასახლის პალატებიდან არ უნდა გადმოჰყურებდე
შენს ქვეყანას. და მე მიყვარდა ეს ვითომ სასახლე,
მაღელვებდა ამ მომცრო, თავმდაბალი და მოუკაზმავი
ნაგებობის დანახვა კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების
ფონზე, დანახვა ისე, როგორადაც ის, ალბათ, ამ
ორასორმოცდარვა წლის წინ გამოიყურებოდა, იმ შორეული
გაზაფხულის გაცისკროვნებულ დღეს, ენძელების, იებისა და
ნუშის ყვავილობას... მაგრამ ამჟამად ჩემი მღელვარების
მთავარი მიზეზი მშვენიერი დედოფალი იყო, თეიმურაზის
მეუღლე, ყმაწვილი ქალი თამარი, რომელიც აი, ახლა
გამობრძანდა საწოლი ოთახიდან, მორთულ-მოკაზმული,
ლაჟვარდისფერი ხავერდის კაბით, მარგალიტით ნაკერი
სარტყელ-გულისპირით, ყვავილებით მოჩითული,
გადაფრიალებული აბრეშუმის მანდილით და აჩქარებული,
მსუბუქი ნაბიჯით გაემართება კარის ეკლესიისკენ... მხევალი
მზეხა მისდევს დედოფალს... კარის ეკლესია ღიაა, და მე
ვხედავ, როგორ დააფენს მზეხა სალოცავ, მომცრო ხალიჩას
ღვთისმშობლის დიდებული ხატის წინ (ეს სწორედ ის ხატია,
რომელსაც ოთხმოცდაათი წლის შემდეგ წაიღებს პეტერბურგს
თეიმურაზ ბატონიშვილი).
დედოფალი დაემხობა მუხლებზე და იწყებს გულმხურვალე
ლოცვას, და მე მესმის დედოფლის ვედრება და ღაღადისი...
რომ ღვთისმშობელმა დედამ გადმოხედოს წყალობის თვალით
და შეარჩინოს ახლად ჩასახული ნაყოფი... რომ ისიც არ
მოიშთოს, არ გაუწყალდეს, არ მოსწყდეს, როგორი შტოს
უმწიფარი ნაყოფი, როგორც აქამდე არაერთხელ შემთხვევია...
ცრემლები ჩამოსდის დედოფალს, ხელებაპყრობილი ევედრება
ღვთისმშობელს, არ დააღონოს ძვირფასი მეუღლე, თეიმურაზი,
არ დარჩეს თვითონაც და სამეფო ტახტიც უუფლისწულოდ...
დედაო მაცხოვრისაო, ღაღადებს დედოფალი, გემუდარები, ნუ
გამწირავ, მეც გამხადე დედობის ღირსიო...
დედოფლის ლოცვა გულზე მხვდებოდა, თანაგრძნობით
მავსებდა... სურვილი მეუფლებოდა, გამეფანტა მისთვის ეჭვი
და შიში, დაე, უკუეყარა ცრემლები და დღეიდან ლოცვითაც
ქანცს ნუ გაიწყვეტდა... დაე, სცოდნოდა, რა ბედნიერი დედა
უნდა გამხდარიყო... სცოდნოდა, რომ შემოდგომის უკანასკნელ
თვეს, გიორგობის შვიდს, შობდა ბატონიშვილს, ვისი სახელიც
სიყმაწვილითვე იქუხებდა, ხოლო მის დედობას მშვენიერი
ქისტის ქალი, ჯეინაიც კი უმღეროდა...
უნდა მეხარებინა, მეხარებინა, აუცილებლად უნდა
მეხარებინა... მინდოდა, როგორც ეს გაზაფხულის მზე სხივებით,
ისე აღვსილიყო დედოფალი სიხარულით...
დედოფალი კი ლოცულობდა და ლოცულობდა... ვინ
მოთვლის, რამდენჯერ აღაპყრო ხელები, რამდენჯერ განერთხა
ფილაქანს, რამდენჯერ დაიწერა პირჯვარი, რამდენჯერ შეანათა
მსასოებელი მზერა კარის ეკლესიის ღვთისმშობელს... მე კი
ველოდი...
უკვე წამი წუთად მეჩვენებოდა... ცხადია, ლოცვის დროს
ხელის შეშლა არ იქნებოდა... და როდის-როდის, როცა
დედოფალი გადაფითრდა, გადანათდა, კისერი ჩამოუვარდა,
მზეხამ ხელი შეაშველა, წამოაყენა, ჰაერზე გამოიყვანა,
სასახლისკენ წაიყვანა, მზით გაჩახჩახებულ აივანზე, შალის
ძაფებით ნაქარგი ბალიშებითა და მუთაქებით მოფენილ
ხალიჩაზე დასვა, თახჩიდან ვერცხლის სურა და ვერცხლის
ფიალა ჩამოიღო, შარბათი დაუსხა და დედოფალს გული
მოაბრუნებინა.
მე მოვწყდი ადგილს, ჩამოვირბინე კიბეები, აყვავებულ ნუშს
თეთრად აფეთქებული პატარა შტო ჩამოვტეხე, და სიმღერით
აივნისკენ გამოვეშურე... არც ვიცოდი, თუ ასეთი წკრიალა ხმა
მქონდა და ასეთი სიმღერა ვიცოდი... დედოფალი უმალ
წამოიჭრა ხალიჩიდან, აივნის სვეტს მიეყრდნო და ბაღის
ბილიკს გამოხედა... ბილიკზე კი მე აცეკვებული ნაბიჯით
მოვრონინებდი და ეო-მეოს ხმაზე დედოფალს ვუმღეროდი:

ეო... მეეო...
ღამეს შეცვლის დღეეეოო..
დედოფალო, შენს ბაღნარში
ვარდი ახარეეო...
მობრძანდება უფლისწული,
მამაცი და მხნეეოო...
კახთ ბატონი, პირნათელი
მეფე ერეკლეეოო...
დაგნათოდეთ ღამით მთვარე,
და დღისით კი მზეეოოო...
თამარ-ქალო, დედოფალო,
დივლი-დალალეეოოო...

ჩემი სიმღერის დროს დედოფალი ისე მიყურებდა, თვალი არ


დაუხამხამებია, ერთხანს არც განძრეულა, თითქოს აივნის
სვეტს შეეზარდაო... მერე კი ერთბაშად მოსწყდა ადგილს,
ჩემკენ ნიავივით წამოვიდა, მუხლი მოიყარა და პონჩოს
ფოჩებზე მემთხვია (ეს ჭრელი, ლამაზი პონჩო შარშან ტომამ
ჩამომიტანა მექსიკიდან), მერე თავი აიღო, სიხარულით
გასხივოსნებული თვალები მოწიწებით შემომანათა, ხელი
გამომიწოდა, ნუშის აყვავებული შტო ჩამომართვა და გულზე
მიიხუტა. ცდილობდა, რაღაც ეთქვა და მღელვარებისგან ენა
ებორკებოდა, ხმა უთრთოდა, სიტყვა უწყდებოდა, ნერწყვს
ყლაპავდა, მაგრამ, ეტყობა, წმიდათაწმიდა მოვალეობად
მიაჩნდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, თავისი ღაღადისი
გამოეთქვა: „ხარებისთვის... მადლი... მომიხსენებია...
მთავარანგელოზო გაბრიელ... ვემთხვევი შენს კვალს...
დავლოცავ შენს გზას... ვადიდებ შენს სახელს... რაკი შენ
ერეკლე ბრძანე... აღარ დავარქმევ ჩემი კარგი მამის...
სჯულმდებელი ვახტანგის სახელს... ერეკლე მეფე... ერეკლე
მეფე... ერეკ...“ და დედოფალი გაფითრდა, თვალები
გადაატრიალა და მე და მზეხა რომ არა, ჩაიკეცებოდა. ჩვენს
აივანზე ავიყვანეთ, ბალიშებზე მივაწვინეთ, მე საფეთქელს
ვუზელდი, მზეხას კი მარგალიტით ნაკერი გულისპირი ჩაეხსნა
და ბალიშით უნიავებდა.
დედოფალმა თვალები გაახილა, ამომხედა, ჩაციებით
დამაშტერდა და ცქვიტად წამოჯდა ბალიშებზე. თითქოს ჯერ
კიდევ გულის წასვლამდე რაღაც ფიქრმა გაუელვა თავში, თქმა
ვერ მოასწრო და ახლა ესწრაფება თავისი სათქმელი ჩქარა
თქვასო: „ვაიმე... მთავარანგელოზო, ფრთები რომ არა გაქვს,
ან როგორ მოფრინდი, ან როგორ გაფრინდები, ემანდ არ
დაენარცხო მიწას, ხიფათს რასმე არ მოეწიო...
მე გავიცინე... ვერ გავბედე, თორემ დედოფალს ისეთი
შეშინებული სახე ჰქონდა, მინდოდა, გულში ჩამეკრა:
– მე მთავარანგელოზი კი არა, ისე ანგელოზიც არ ვარ,
დედოფალო, ცხადია, არც ფრთები მექნება, თუმცა კი კარგი
იქნებოდა...
– მაშ, ვინა ხარ, ვინა! – მოუთმენლად შესძახა დედოფალმა.
– მე თიკო ვარ, დედოფალო, და აი, იმ მეციხოვნის ოთახიდან
ჩამოვედი, გიყურებდი, როგორი სასოებით ლოცულობდი და
მინდოდა, მეხარებინა, რომ მშვიდობიანად მოიყრით მუხლს და
თქვენი ვაჟი კი ჩვენი სახელგანთქმული მეფე იქნება...
– როგორ, მეციხოვნის ოთახიდან, იქ ხომ ჩვენი ციხისთავი
ქაიხოსროა... გამაგებინე, რას ნიშნავს ყოველივე ეს, რასა! –
თვალები ჭყიტა დედოფალმა.
– მე თქვენ შემდეგ, ორას ორმოცდარვა წლის შემდეგ
ვცხოვრობ და ყველაფერი ვიცი თქვენ შესახებ, ესეც, ისიც,
ისიცა და ისიც...
დედოფალი ისეთმა გაოცებამა და გაოგნებამ მოიცვა, კარგა
ხანს კრინტი ვეღარ დაძრა, მხოლოდ თვალს ვერ მაცილებდა,
თავით ფეხებამდე მათვალიერებდა, განსაკუთრებით
ამობურცულ მკერდზე დამაშტერდებოდა ხოლმე... როდის
როდის ხმა ამოიღო:
– ქალი ხარ?
– ასე ვთქვათ...
– აი, სწორედ მაგიტომ მეგონე ანგელოზი, რომ ადამიანი ვერ
გაიგებს, ქალი ხარ თუ კაცი, თან, რაც მთავარია, მახარე...
მახარე... – დედოფალმა გაიცინა, ბროლივით კბილები
გააელვარა, სიხარულმა გაუნათა სახე... მაგრამ მალევე
შეკრთა, ეტყობა, გაახსენდა რაღაც და წარბები შეყარა:
– ჰოო, შენა თქვი, რომ ყველაფერი იცი ჩვენიი? ჩვენი
სიცოცხლეც და... ჩვენი სიკვდილიც? ჩვენი მოსვლაც... და...
ჩვენი წასვლაც?
მე მდუმარედ შევხედე დედოფალს და თავი დავხარე.
– მაპატიე, მაპატიე, მაპატიე! – შესძახა დედოფალმა, – მაგრამ
წადი, ახლავე წადი! სხვა აღარაფერი მინდა გავიგო! არაფერი
არ მითხრა, არაფერი! მაინც ყოველივე ისე იქნება, როგორც
ბრძანებს იერემია წინასწარმეტყველი, ან მაცხოვარი
რომელიმე მოციქულის პირით, ჰოდა, გმადლობთ და წადი!
– წადით! წადით! – ხმა ამოიღო აქამდე უბრად მყოფმა
მზეხამაც, – დედოფალი გეუბნებათ და წადით ახლავე!
მე თავი დავუკარი დედოფალსა და მზეხას, ის იყო, უნდა
გამოვტრიალებულიყავი, დედოფალმა ხელი გამომიწოდა,
შემაჩერა და თვალების დახრითა და მორცხვი ღიმილით
მითხრა:
– ალბათ, შენიშნე, როგორ გიყურებდი, აი, ამ ნაქსოვზე და
ვერა და ვერ მივხვდი, რა ქსოვაა?
– დიდი სიამოვნებით გასწავლი, დედოფალო, ეს ინგლისური
რეზინია, ორი წაღმა იქსოვება, ორი უკუღმა, მერე ორი უკუღმა,
ორი წაღმა... ვუთხარი მე ლამის აღფრთოვანებით.
– თუ ხათრი გაქვს, მაჩვენე! მზეხა, მზეხა, მოიტა თახჩიდან
გორგალი და ჩხირები, – დაიძახა დედოფალმა და მზეხამაც
მაშინვე მომაწოდა ნართი და ხის ჩხირები. მე სწრაფად დავიწყე
პატარა ნიმუშის მოქსოვა. დედოფალი გაფაციცებით
შემომყურებდა ხელებში, გავიგეო, გახარებულმა დაიძახა,
გორგალი და ჩხირები ჩამომართვა და აბა, მიყურეო, თვითონ
გაიმეორა.
– რა კარგი ქსოვაა, ირაკლის პაწია ჩოხას მოვუქსოვ! ახლა კი,
როგორც სიმღერით მოხვედი, ისევე სიმღერით წადი, და
როგორც მე გამახარე, შენც სიხარულის გზაზე გევლოს! – და
დედოფალმა ღიმილით დამიქნია ხელი, რომელშიც პაწია
ნაქსოვი ეჭირა.
მე უკან-უკან წამოვედი, დედოფლისთვის ზურგი რომ არ
მექცია და სიმღერა დავიწყე... დედოფალმა კი აივნის სვეტს
ჩაავლო ხელი და დატრიალდა... აივანს მთელ სიგრძეზე
უთხოვრის მრგვლად ნათალი, წერწეტა სვეტები ჩასდევდა,
სვეტები ოთხკუთხედ, მოჩუქურთმებულ პოსტამენტებზე იდგა,
წმინდად იყო დამუშავებული და მათი გლუ ზედაპირი მზის
სხივებზე მოწითალოდ ვარვარებდა... დედოფალი ერთი
სვეტიდან მეორეზე გადადიოდა, მეორიდან მესამეზე,
ტრიალებდა, კისკისებდა და ამ ტრიალის დროს ყველაფერი
უბრწყინავდა და უბზინავდა, ლაჟვარდისფერი კაბაც, ხოშორი
მარგალიტით ნაკერი სარტყელ-გულისპირიც, თავზე
გადაფრიალებული მანდილიც, ბეჭდებითა და სამაჯურებით
ასხმული თეთრი ხელებიც, ლალ-იაგუნდით მოოჭვილი ქოშებიც
და, რაც მთავარია, ფაიფურივით გამჭვირვალე, მწყაზარ სახეზე
დაუდგრომელი სიხარულით გასხივოსნებული თვალებიც.
მეც მოვრბოდი ბაღის მოკირწყლულ ბილიკზე და ვმღეროდი,
ჩემი წკრიალა ხმა არემარეს ეფინებოდა:

მობრძანდება უფლისწულიი,
მამაცი და მხნეეეო...
კახთ ბატონი, პირნათელიი,
მეფე ერეკლეეოოო...

მეორე დილით, ადრიანად, ძეგლის ნახვამ ყოველგვარ


მოლოდინს გადააჭარბა... მითუმეტეს, გზად მიმავლები, ბიჭია
და ოთარი აგულიანებდნენ შალვას, როგორ დავიჯეროთ, აქ, ამ
უკაცრიელ მთებში ვინმეს რაიმე ღირებული აეშენებინა,
შეიძლება რაღაც ნიშია, ან პაწია სახლაკი და შოთა
ბორჩაშვილს ძეგლად მოეჩვენაო.
– მართლა ასეა, აიუფ? – მოუთმენლად კითხულობდა
ლიზიკო. აიუფა კი პასუხობდა, ნახავთო და იღიმებოდა. შალვას
აიუფას პასუხიც აღიზიანებდა, და მისი ღიმილიც. ადრიანადვე
აიმრიზა აიუფაზე, როცა კარის ადგილას ჩამოფარებული
ფარდაგი გადასწია და აიუფა დაინახა, ქვევიდან, ტყის მხრიდან
მომავალი; მას გამოწვდილ ხელისგულზე, ბუერის დიდი
ფოთლით, ახლად დაკრეფილი მაყვალი მოჰქონდა, და
ფეხაკრეფით უახლოვდებოდა თიკოს კარავს... აგერ მივიდა და
კარვის კალთასთან, „კარის“ გვერდით, მწვანეზე ფრთხილად
დადო. უფ, როგორც ჩანს, თიკოს მოტრფიალეებს ეს ბიჭიც
მიემატებაო, გაიფიქრა შალვამ და მწვავედ იგრძნო, როგორ
მოენატრა თიკო...
ჰასი და ჯეინაი ძროხებს წველიდნენ ქოხის უკან, რძის
ჩხრიალი ისმოდა, ზოგჯერ ძროხებიც წაიზმუვლებდნენ ხოლმე.
ახლად ამოწვერილი მზე წიფლის წვერებს ანათებდა და ქოხის
თავზე აქა-იქ დაყრილ ბოთლის ნამსხვრევებს აბრჭყვიალებდა.
გარეთ სხვა არავინ ჩანდა და შალვა მოუთმენლად ელოდა
ბიჭებისა და ლიზიკოს წამოდგომას, რომ მაშინვე წასულიყვნენ
ძეგლის სანახავად. ასე ადრე მაინც არავის მოუნდება
საუზმობაო, ფიქრობდა, მერეც მოვასწრებთო. აიუფამ თავი
აიღო, შალვა დაინახა ქოხის შესავალთან და მისკენ წამოვიდა:
– დილა მშვიდობისა, ბატონო შალვა, როგორ ადრე
ამდგარხართ, გეჩქარებათ არაა, იქით წასვლა?
– ალბათ, ჩვენებიც მალე აიშლებიან და ბარემ წავიდეთ,
სიგრილით ჯობია, ჭამას მერეც მოვასწრებთ... – უთხრა შალვამ
და აიუფას დაკვირვებით შეხედა.
– თიკო, ალბათ, ადრე ვერ გაიღვიძებს ბატონო შალვა,
იმიტომ რომ... მთელი ღამე არ ეძინა...
– მერე შენ რა იცი?! – უნებურად წარბი შეიკრა შალვამ.
– შუაღამისას გამეღვიძა, ძილი გამიკრთა... ცოტას გავივლ-
გამოვივლი მეთქი, ვიფიქრე და თიკოს კარავი შუქურასავით
ანათებდა, კარვის შესავალიც აკეცილი ჰქონდა და რაღაცას
წერდა... შორიდან დავინახე. მერეც რამდენი ხანი არ ჩაუქრია
სანთლები. ეტყობა, წერა-კითხვა უყვარს, ჰოოო? – აიუფა
ალერსიანად იღიმებოდა. შალვას გაეცინა:
– წერა-კითხვა ძალიან უყვარს.
– აქა-იქ თითო-თითო მწიფს, შემრეშილი კი ძალიან ბევრია...
ძლივს მოვუკრიფე ერთი მუჭა... ჯეინაის ეუბნებოდა წუხელ,
ხვალ უნდა ჩავწერო შენი სიმღერაო... შენ წაგიყვანთ და
დავბრუნდები, მერე თიკოსაც ხო მოუნდება წამოსვლა და
წამოვიყვან.
„მთელი გულისყური თიკოსკენა აქვს...“ – გაიფიქრა შალვამ,
მერე კი აჩქარებით ხმამაღლა დაამატა:
– ვიცი ვიცი, უნდა ჩაწეროს, მაგრამ, გარდა ამისა, თიკო დღეს
მორიგეა, ბავშვებს უნდა მიხედოს და ჩვენც სადილი
მოგვიმზადოს...
– ჩვენი ქალები რას აკეთებენ? – ლამის წყრომით შესძახა
აიუფამ და თავი გაიქნია.
– ყველას თავისი საქმე აქვს, აიუფ, ჩვენი შინაგანაწესი კი
ასეთია! – მკაცრად მიუგო შალვამ.
– დაადი ძროხებს რო გარეკავს, ბავშვებმა – ჩვენც
გავყვებითო, მერე კიდევ ხევში წყალს დავაგუბებთ და
ვიბანავებთო... – თქვა აიუფამ, ერთ წუთს გაჩერდა, თითქოს
ყოყმანობს თქვას თუ არაო, და მერე მაინც ღიმილით დაუმატა:
– თიკო მეკითხებოდა, რა ჰქვიათ თქვენს ძროხებსაო...
ყველაფერი აინტერესებს...
– მერე მოეწონა სახელები?
– მოეწონა... უფრო დოლა და ქორა მოეწონა, ტყუილია, სადმე
გამოვიყენებო. ქორა რქათეთრსა ნიშნავს, დოლა კიდევ
რქამოკლეს... მრავალა და წაბლაც მოეწონა... და, ეტყობა,
უხაროდა, ისე იცინოდა.
ამასობაში ოთარი, ბიჭია და ლიზიკოც წამოიშალნენ, ყველანი
ხევში ჩავიდნენ, ხელპირი დაიბანეს, ხმელად წაიხემსეს,
შალვამ თავისი აბგა გადაიკიდა მხარზე, აიუფამ თოფი და
საუზმით სავსე ცალთვალა ხურჯინი, ოთარმა ტომარას დაავლო
ხელი სათანადო აღჭურვილობით, მე და ბიჭია მონაცვლეობით
წამოვიღებთო, და ძეგლისკენ გასწიეს.
ბილიკი ჯერ პირდაპირ მიდიოდა, წიფლებს იქით, ხევის
თავზე, მერე კი მარჯვნივ უხვევდა, მომწვანო-მოჩალისფრო
ქოსა ბალახით, თითქოს ზამშით შემოსილი გორებისკენ... ო, რა
შვების მომგვრელი გორებია, ფიქრობდა შალვა, მარადისობით
აღბეჭდილი... და შენც, დღეს რომ ხარ და ხვალ აღარ იქნები,
მარადისობის განცდა გეუფლებაო.
მიდიოდნენ და ბიჭიასა და ოთარს ეჭვიც ეპარებოდათ, ნუთუ
ამ პირველქმნილ უკაცრიელ ბუნებას ადამიანის ხელი
მისწვდაო.
რაღაც მანძილი კიდევ გაიარეს და უცებ, მაღალი ფერდობის
ბაქანზე გამოჩნდა „თავმომწონედ“ წამომდგარი მომცრო
ეკლესია... აწურწუტებული და ჰაეროვანი, მიწის წიაღიდან
თითქოს საგანგებოდ ამოტყორცნილი ვერხვის სიახლოვეს.
ნაბიჯი შეანელეს და გახარებულები მიაჩერდნენ, შალვამ
აბგიდან ბინოკლი ამოიღო, ბიჭიამ კი „ზენიტი“ მოიმარჯვა და
კადრის დაყენებას შეუდგა. ეს იყო ჯვარის ტიპის ეკლესია,
ფლეთილი ქვით კოხტად ნაგები, ფაქიზად დაწახნაგებული
მკლავებით, კუთხოვან ყელზე სკუფიასავით დახურული
გუმბათით და სხვადასხვა სიბრტყეზე ლამაზად ჩარიგებული,
„ჩაჭიკჭიკებული“, ალაგ-ალაგ ხავსმოდებული, ღარებში კი
ნეშომპალაზე ამოფრქვეული, სიმწვანით დაფარული
ძველებური კრამიტით. სიმწვანე აქა-იქ კედლებზე შეიმჩნეოდა.
– ფერწერაა, რა! – შესძახა ბიჭიამ, – შეხედეთ, შეხედეთ
მზემიმდგარი ქვის ფაქტურა, მოლურჯო-რუხი, ძველთაძველი
მოყვითალო დუღაბით. მერე კრამიტი? და მერე ეს სიმწვანე?!
ღირდა, რაა, ბატონო შალვა, ღირდა ამის გულისთვის აქ
ამოსვლა, რა გინდათ, ფოტომასალის გარდა კარგ ნახატსაც
გპირდებით!
ყველა ეთანხმებოდა ბიჭიას, ტყუილად არ გვატარეთ, ბატონო
შალვა, ამ დაკაწრულ ბილიკებზეო.
– ჩემო ბიჭი, – ეუბნებოდა ღიმილით შალვა, – შენ რომ ასე
მოგწონს, პირველ რიგში, სწორედ მაგ სიმწვანისგან უნდა
გავათავისუფლოთ ეს მშვენიერი ეკლესია... მაგრამ, იმედია, ეს
შენ ხელს არ შეგიშლის.
ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, ვიწრო
მაღალი სარკმლები კი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან.
ცხადია, ფარღალალა იყო, ყოველგვარი კარისა და რამით
დაცული სარკმლების გარეშე.
– წარმოგიდგენიათ? – ამბობდა შალვა, – რა ქარიშხლებს, რა
თოვლსა და ყინვას გაუძლებდა საუკუნეების მანძილზე ეს
შეუპოვარი ძეგლი!
ეკლესიის შიდა სივრცე ისე იყო ორგანიზებული წრიული
აფსიდით, მაღალი, მტკიცედ შეკრული კამარით, შესავლის
მოპირდაპირედ, შუაში ატყორცნილი, თლილი ქვის
წახნაგოვანი სვეტებით და ასეთივე სვეტებად დამუშავებული
საკურთხევლის კედლის შვერილებით, რომ ყოველივე ეს
მხატვრული მთლიანობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მკვეთრად
ავლენდა მშვენიერი სიმკაცრით აღბეჭდილ საკუთარ სახეს და
სიხალვათისა და ჰაეროვნების შეგრძნებას ბადებდა.
– თავისთავად ხომ რა მნიშვნელოვანია ახალი ძეგლის ნახვა
და გამოვლენა და თქვენს სადოქტოროს როგორ
გვირგვინივით დაადგება თავს, – უთხრა შალვას ლიზიკომ.
თვითონ შალვაც სწორედ ამას ფიქრობდა.
გარეთ გამოვიდნენ, შორიახლოს, ვერხვის ქვეშ დასხდნენ,
მოდი, შევისვენოთ და საქმეს შევუდგეთო, თქვა შალვამ, და
ბიჭებს ტომარაზე მიუთითა. ამოალაგეს ალუმინის
პორტატიული, ასაწყობი კიბე, დიდი და პატარა ცოცხები,
წალდი, სეკატორი, ჩვრები... მე აგიწყობთ კიბესო, თქვა აიუფამ,
ოთარმა კი: – ბატონო შალვა, მოდი, ჯერ ვისაუზმოთ, ამასობაში
კიბეც მზად იქნება და ისე შევუდგეთ საქმესო, ხომ იცით,
ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგებაო, და სანოვაგის
ამოლაგებას შეუდგა. ბიჭიამ ჰკრა თავი და პანორამის
გადასაღებად გორაზე ავარდა. შალვა და ლიზიკო განაპირას
ისხდნენ მწვანეზე, მძაფრი ნიავი უბერავდა, ვერხვის
ფოთლების თრთოლა და შრიალი ისმოდა...
– რა კარგია, რომ ამ ჩვენს ძეგლთან ეს მშვენიერი ვერხვიც
დაგვხვდა, – თქვა შალვამ და ლიზიკოს გადახედა.
ლიზიკო თავდახრილი იჯდა და სწორედ ვერხვის შრიალს
უგდებდა ყურს. მერე თავი აიღო და სევდიანად გაიღიმა:
– იცით, ბატონო შალვა, იმ თავქარიანმა ლექსომ რომ
დაგვტოვა, ვერა და ვეღარ ვიძინებდი, ერთ წუთს თუ
ჩამთვლემდა, თითქოს ხელი მკრესო, მაშინვე მეღვიძებოდა,
მთელ ღამეებს თეთრად ვათენებდი... მეშინოდა, არ გავგიჟდე,
ჩემს შვილებს რაღა ეშველებათ-მეთქი, და კიდევ უფრო
მიკრთებოდა ძილი... ჩემმა მდგმურებმა დაგვპატიჟეს
ლაფანყურში, ღმერთიც უშველით. შუშაბანდის წინ, სადაც
სწორედ მე ვიწექი, დიდი ვერხვი იდგა, შრიალებდა,
შრიალებდა, შრიალებდა, შრიალებდა, ასე მეგონა, ჩემთვის
შრიალებდა, რაღაც დამამშვიდებელს მეუბნებოდა და
მაწყნარებდა... თითქოს მანანავებდა... და დავიბრუნე ძილი...
ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, აქ მაინცდამაინც
ვერხვი რომ დაგვხვდა, კეთილ მაცნესავით...
შალვამ თანაგრძნობით შეხედა ლიზიკოს:
– ეჭვი არ მეპარება, ლექსო აუცილებლად მოვა ჭკუაზე, აი,
ნახავ, თუ არა!
– რას ამბობთ, ბატონო შალვა! – ლამის შეიცხადა ლიზიკომ, –
აღარც ვფიქრობ და ვერც წარმომიდგენია, იყოს, სადაც არის,
ჩვენ ის სულ აღარ გვჭირდება!
ერთბაშად ეუხერხულა გულის გადაშლა და ოთარს დაუძახა,
შველა ხომ არ გინდაო, და წამოდგა.
ოთარი სუფრას შლიდა, პლასტმასის თეფშებსა და დანა-
ჩანგალს ტილოზე აწყობდა:
– შენ სალათა გააკეთე, ლიზიკო, მე კიდევ ყველსა და ძეხვს
დავჭრი.
ოთარს ხის პატარა სამზარეულო დაფაც კი წამოეღო,
ლიზიკოს კი სალათისთვის პლასტმასის ჯამი.
– როგორ არაფერი დაგვიწყნია, ტყუილია, შენ რომ ხარ! –
გაიცინა ლიზიკომ, – ინატროს კაცმა შენისთანა.
– ინატროს, ინატროს, მე რომ მინდა, იმან... – ხმადაბლა,
ლიზიკოს გასაგონად თქვა ოთარმა და გამგებიანად შეხედა
ლიზიკოს, მერე კი ნამდვილი გურმანის რუდუნებით ძეხვის
დაჭრას შეუდგა.
აიუფა ცოტა მოშორებით კიბეს აწყობდა, დეტალებს
ჩაჰკირკიტებდა, ცოტაც და ალუმინის პორტატიული კიბე მზად
იქნებოდა.
შალვა კი ისევ ძეგლს მიუბრუნდა... როგორც მოულოდნელად
ნაპოვნ განძს, ნეტარ მზერას ვერა და ვერ აცილებდა... და მას,
მშვენიერების ტრფიალს, ქართულ ძეგლთა მეოხსა და ქომაგს,
წარსულის ნატამალიც კი გულს რომ უჩქროლებდა, ვითარცა
შეჰფერის აღმატებულ შეფასებათა მოყვარულს, პირზე
ადგებოდა მაღალ-მაღალი სიტყვები: „კეთილნაშენი და საამოდ
სახილველი“, „აღსავსე ემოციური ზეგავლენის
ძალმოსილებით“, „ჰარმონიული თანაფარდობით აღბეჭდილი“,
„კომპოზიციურად ნატიფი და დახვეწილი“, „რელიგიური
რიტორიკისაგან შორს მყოფი“... და სხვა ამისთანები, ერთი
სიტყვით „ძეგლი, რომელიც ამჟღავნებდა და ადასტურებდა
ქართული ნიჭის აელვარებას.“ ოო, ეს საჩუქარი იყო,
მოულოდნელი, საუცხოო საჩუქარი, არა მარტო მისთვის, მისი
სადოქტოროსთვის, არამედ მთელი ქართული
ხელოვნებისთვის... მართალია, აჩქარება არასდროს ეგებისო,
მაგრამ თვალი და გუმანი არ მატყუებსო, ფიქრობდა შალვა,
ძეგლის აღწერა და შესწავლა მხოლოდ დაადასტურებს ჩემი
შთაბეჭდილებების უტყუარობასო... და საჩუქარზე თუ მიდგება
საქმე, წლევანდელი წელიწადი მაინც რა განსაკუთრებული და
უჩვეულოაო. გულმა რეჩხი უყო, და ალბათ, პირნათელი რომ
გამოსულიყო თავისი საქმისა და სინდისის წინაშე,
უპირველესად ის წარმოიდგინა, თუ რა საჩუქარი იქნებოდა
ქალაქისთვის ბატონის ციხის აღდგენა, სამხატვრო გალერეის
გახსნა და მუზეუმის ნამდვილ კულტურის კერად გადაქცევა.
მეუფე დავითი დაუდგა თვალწინ და ის მშვენიერი ხელნაწერი
სახარება, კახეთში ცნობილი კალიგრაფის, ნოშრევან
ქართველიშვილის გადაწერილი მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს,
ნაზარალიხანის დაკვეთით, წითელი მელნით გამოყვანილი
თავკიდური ასომთავრულებით, ხბოს ტყავში ჩასმული,
ვერცხლის ძგიდეებითა და ფიანიტებისა და ფირუზების
საუცხოო ჯვრით შუაში, რომელიც მეუფემ ანდერძით მუზეუმს
დაუტოვა.
მეუფე დავითსაც ფირუზისფერი თვალები ჰქონდა,
ახალგაზრდულად სხივიანი და სიკეთით სავსე... ახლობლობდა
მეუფესთან შალვა და მისი გარდაცვალების გამო ამოისუნთქა,
რადგან მთელი წელი მეუფეს გულის ხუთვა აწუხებდა,
მტანჯველი შეტევებით და უკვე ოთხმოცდაათს იყო
მიტანებული... თუმცა ბოლომდე, ფაქიზი და ლაზათიანი ჩაცმა-
დახურვის დიდ მოყვარულს, – ვერ იტანდა გაფრიალებულსა და
აფლარტულ ანაფორებს, – მაღალსა და კეთილაღნაგს,
ყოველთვის კოხტად მომდგარი ანაფორები, სახლში კი თალხი
კაბები, სეზონის მიხედვით შალისა და მკვრივი აბრეშუმისა,
ემოსა, თავზე – იისფერი ხავერდის მაღალი სკუფია – მოკლედ
შეკრეჭილ სპეტაკ თმა-წვერსა და ფირუზისფერ თვალებთან
მეტად რომ შვენოდა, და ფეხზე – მუდამ გაწკრიალებული,
შევროს ყელიანი წაღები. მეუფის დაკრძალვის შემდეგ მუზეუმში
ქეთევანი მობრძანდა, მეუფის შვილი და შალვას გადასცა
ლურჯი თასმით პირმოკრული პარკი, ჩესუჩის საგანგებოდ
შეკერილი და, ასევე, ლურჯი მულინეს ძაფით
ამოქარგულჯვრიანი, რომელშიც ხელნაწერი სახარება იდო.
ეპისკოპოსის ანდერძი სხვა არა იყო რა, თუ არ შალვას
თავდადებული, უანგარო შრომის დაფასება, საამაყო საჩუქარი,
ჯილდო, ნამდვილი ჯილდო.
ასეც მოახსენა ქეთევანმა, მიუხედავად დედაქალაქიდან
არაერთგზის თხოვნისა, მამას სურდა, სახარება თავის
მშობლიურ ქალაქში დარჩენილიყო და სწორედ თქვენთვის და
თქვენი მუზეუმისთვის გადმოეცა და აქ, სათანადო ადგილას
დაედო ბინაო. ყველა იქ მყოფი, ქალბატონი ნინოც, დარეჯანიც,
ლიზიკოც, და რა თქმა უნდა, თვითონ შალვაც ლამის სასოებას
მოეცვა.
– ოო, რასაკვირველია, სათანადო ადგილას, – თქვა ბოლოს
ქალბატონმა ნინომ, – ნაზარ ალი-ხანი, მოგეხსენებათ,
ერეკლეს პაპა იყო და სატახტო დარბაზი რომ აღდგება, მე
ვფიქრობ, ერეკლეს ხმალთან ერთად შემინულ სტენდზე უნდა
გამოიფინოს!
ყველა დაეთანხმა ქალბატონ ნინოს... და უცებ თიკო
მოინაკლისეს, აი, ვინ შემოჰკრავს სიხარულის ტაშსა და ვინ
დააფრქვევს აღტაცების შეძახილებსო.
– რა არის, რა, – თქვა ლიზიკომ – გაისტუმრებს ექსკურსიებსა
და დამთვალიერებლებს და მაშინვე ავარდება თავის
ქანდარაზე, ბოლო დროს სულ განაპირდა.
– ნუ გაამტყუნებთ, – თავი გაიქნია შალვამ, – რაც ზაფხული
დადგა, იმდენი ხალხი მოგვაწყდა, ტურისტებით არის აქაურობა
სავსე და ცოტა დროღა რჩება თიკოს სამუშაოდ. გუნებაში კი
მწუხარედ გაიფიქრა, ჩვენ ორივე გავნაპირდითო. მართლაც,
ნიკოს მისვლის შემდეგ შეწყდა მათი მალული შეხვედრები და,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა და ხშირად ადგილს
ვერ პოულობდა, ფიცის ფორმულასავით იმეორებდა, რომ
მოვკვდე კიდეც, ნიკოს წინაშე პირნათელი უნდა ვიყოვო... და
მთელი არსებით სურდა ის ძველი, ძველი, უთქმელი ალერსით
სავსე, უღრუბლო ურთიერთობა აღდგენილიყო.
იქნებ როდისმე, დრო რომ გაივლიდა, ტრფობა
განელდებოდა, თიკო გათხოვდებოდა, ასეთი რამ
შესაძლებელიც გამხდარიყო, მაგრამ ახლა? ქალები რომ
გაიკრიფნენ, შალვა ზევით, თიკოსთან ავიდა, რომ ეხარებინა ამ
ძვირფასი ხელნაწერის ამბავი, ეხარებინა ძველებურად,
ყოველგვარი ლირიკული წიაღსვლების გარეშე. თიკო მაგიდის
კიდეზე ჩამომჯდარიყო, ჯინსიანი, გრძელი ფეხები ლამის
იატაკს უწევდა, გულხელი დაეკრიფა და შუბლშეკრული რაღაც
მწარე ფიქრს მისცემოდა, მაგიდაზე ქაღალდები და ფანქრები
იყო გაშლილი და შალვამ იფიქრა, ალბათ, მუშაობდაო. შალვას
დანახვაზე ფეხები ჩამოდგა იატაკზე, მაგიდას მიეყრდნო,
შალვას თავი დაუკრა და მშრალად, ძლივს, ძლივს უთხრა,
ყავას ხომ არ მიირთმევთო. შალვას პირზე შეაშრა სათქმელი
და იმის მაგივრად, ეთქვა ასე და ასეაო, ნახე, რა საჩუქარი
მივიღეთო, გეგონება, ერთბაშად ხმა ჩაუწყდაო, ერთ წუთს
მდუმარედ მიაჩერდა თიკოს...
– მებუტები? – ჩაყურსული ხმით წარმოთქვა ბოლოს. თიკომ
თავი გაიქნია და განზე გაიხედა, ახლა უკვე ბრაზით ჰქონდა
სახე მოჭმუხნილი.
– დამიჯერე, ეს ერთადერთი გამოსავალია... გთხოვ,
გემუდარები... მეტი გზა არ არის... – მწუხარედ ამბობდა შალვა.
თიკოს უნდოდა, რაღაც მკვახედ ეთქვა, მაგრამ თავმომწონე
და შეუპოვარი ხასიათის მიუხედავად, თუ სწორედ ამის გამო,
ყელში გორგალი გაეჩხირა, ცრემლები მოაწვა, ორივე
ხელისგული სახეზე შემოირტყა, ნაძალადევად გადაყლაპა
ნერწყვი, ცრემლები მოიგერია და ისე, რომ შალვასთვის არც
შეუხედავს, ცივი ხმით წარმოთქვა:
– მე თქვენ ვერასოდეს ვერ გაგიგებთ... და ექსპედიციაშიც ვერ
წამოვალ!
– რატომ, რატომ! – მღელვარედ შესძახა შალვამ, – ნუ იქნები
ასეთი უსამართლო! შენც ხედავ, ჩვენმა გრძნობამ უკვე საშიშ
ზღვარს მიაღწია, როცა ან ასე უნდა იყოს, ან ისე... ჩვენ ხომ
უკაცრიელ კუნძულზე არ ვცხოვრობთ... ნიკო იყო ჩემთან, ეჭვი
არ ეპარება, რომ შენ ვიღაც გიყვარს და იტანჯები,
წარმოგიდგენია?! მე მეკითხებოდა ჩაციებით, გამაგებინე, ვინმე
ხომ არ მოდის მუზეუმშიო, ტყუილია, დღეს არა, ხვალ გავიგებო,
არ არსებობს სიყვარულის დამალვაო... დამიჯერე, ლელიკოზე
იმდენად არ ვფიქრობ, რამდენადაც ნიკოზე... ნიკოზე ფიქრს
ვერა და ვერ ვიშორებ! მამაა და დღედაღამ შენზე ფიქრობს,
შენი მომავალი ადარდებს... და მე ვარ, მე... გველეშაპი რო
იქნება გზაზე გაწოლილი... – შალვას ხმა გაებზარა, თვალზე
ცრემლი მოადგა.
– ღმერთო ჩემო... – ამოიკვნესა თიკომ, – და მოსკოვში რომ
წავიდე, ჩამოხვალთ? ჩამოხვალთ?
შალვამ თავი გაიქნია:
– შენ უნდა შენი გზა ნახო... მე კი სირცხვილს ტანჯვა
მირჩევნია... კარგი ეხლა, ნახე ეს, რა საჩუქარი მივიღეთ...
შალვამ პარკი თიკოს გვერდით მაგიდაზე დადო.
სამწუხაროდ, თიკო ისე იყო დათრგუნული და აღელვებული,
ცხადია, არავითარი აღტაცება არ გამოუხატავს, თუ შეიძლება
დამიტოვეთ, კარგად ვნახავ და ჩამოგიტანთო, უთხრა შალვას.
უხერხულად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. შალვამ თიკოს
ხელი აიღო და გულზე მიიკრა:
– შენ იყავი ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი... – ცოტა შეყოვნდა,
მერე ხელი გაუშვა, შეტრიალდა და წავიდა.
ამ ჩაფიქრებიდან აიუფამ გამოიყვანა:
– აგერ კიბე, ბატონო შალვა, ეკლესიის კედელს მივაყუდე, მე
კი წავალ, ტყეშიც უნდა ჩავიდე და შეშაც მაქვს დასაჩეხი,
უთავდებოდათ და...
შალვას გადაწყვეტილი ჰქონდა, ისაუზმებდნენ თუ არა,
მცენარეული საფარისაგან ძეგლის გაწმენდას შესდგომოდნენ,
შიგნითაც იატაკის დაგვასა და კედლების გასუფთავებას, რასაც
შეძლებდნენ... ვინ იცის, რა შეიძლება გამოვლენილიყო, იქნებ
კედლის მხატვრობის რაიმე ფრაგმენტიც... შალვას ვარაუდით,
ძეგლი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის უნდა ყოფილიყო,
ყველაფრიდან ჩანდა, დიდი ხნის მიტოვებული იყო იქაურობა,
და სანამ აზომვას შეუდგებოდნენ, აუცილებლად უნდა
მოეშორებინათ ეს ფერწერული სიმწვანე. შალვამ აიუფას
შეხედა და პასუხი დააყოვნა. ისეთი მარჯვეა, სხარტი და
მოქნილი, უცებ გააკეთებდა ყველაფერსო, რაც მთავარია,
სახურავია ძალიან გასაწმენდი და ვინ იცის, ჩვენ ბიჭებს
გაუჭირდეთო... გაიფიქრა, მაგრამ არაფერი უთხრა და თავი
დაუქნია, წადიო.
– ბიჭო, გესაუზმა და ისე წასულიყავი, ამდენი ვიარეთ და... –
უთხრა ოთარმა და ძეხვის ჭრა განაგრძო.
– არაა, დამაგვიანდება, – იუარა აიუფამ, – უფრო მსუბუქად
ვივლი.
– იქ უნდა ყოფნა, სადაც თიკოა, – გაუელვა შალვას, – იქნებ
ხევშიც ჩავიდნენ საბანაოდ... ხმამაღლა კი თქვა:
– მე მეგონა, გვიშველიდი, აიუფ, ფულსაც გადაგიხდით.
– ფული რა შუაა, ბატონო შალვა, ტყისმცველი ახმეტაში
წავიდა და ტყეს თვალი რო არ დავკრა, არ იქნება, აქ კიდევ რა
ისეთი საშველია, რო ბიჭები ვერ აუვიდნენ, თუ არადა, მერე
მოვალ... – აიუფამ ეკლესიის კედელზე მიყუდებული თოფი
აიღო და გადაიკიდა.
– წადი, წადი, მიხედე შენს საქმეს, – დაადევნა ოთარმა.
– უშნო პაპა, – კინაღამ ხმამაღლა წამოსცდა შალვას, –
ბაიბურში არ არის.
შალვას, ცხადია, ეჭვი უზვიადებდა აიუფას გრძნობებზე
წარმოდგენას; თუმცა აიუფას მართლაც აინტერესებდა თიკოს
გვერდით ყოფნა. არ ენახა ასეთი ქალი. თან თითქოს უცხოა,
არადა სულ შენიანივით არისო, ფიქრობდა და ფიქრის დროსაც
ეღიმებოდა. აიუფა შარშან დაბრუნებულიყო ჯარიდან,
მომზადებასა და უმაღლესში შესვლას აპირებდა, გულით
ისტორიულზე სურდა, მაგრამ, რადგან სოფელთანა და ტყესთან
იყო დაკავშირებული, ვერ გადაეწყვიტა, იქნებ უფრო სწორია
ჩემთვის, სატყეოზე ან ვეტერინარულზე შევიდეო. ამათი მოსვლა
გაუხარდა, განსაკუთრებით თიკოსაგან იგრძნო
კეთილგანწყობა და უნდოდა, თავისი ფიქრი და აზრი
გაეზიარებინა და რჩევა ეკითხა. ახლაც მიიჩქაროდა
სადგომისკენ, ვინ იცის, თიკო უკვე ჯეინაის სიმღერებს სწერსო...
მაგრამ, არა, თიკო ჯერ ჯეინაის სიმღერებს არ წერდა, თიკო
ქოხის წინ მწვანეზე იჯდა, წინ საკეპი ტაბლა ედგა და ხალისით
და გამალებით ბოსტნეულს ჭრიდა. ქოხის გვერდით ცეცხლი
ენთო, ალუმინის ქვაბი იყო შემოდგმული ზედადგარზე და
ხორცი იშუშებოდა. „ხორციც თვითონ დაჭრა, არ დამანება“, –
უთხრა ჯეინაიმ ეს არის მისულ აიუფას, თან იცინოდა თავის
ქნევით. თიკო ჩქარობდა, ჩქარობდა, ერთი სული ჰქონდა
დაეჭრა კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი,
მწვანილი, ყველაფერი ერთბაშად ქვაბში მოექცია და სანამ
ხორცი მოიხარშებოდა და სოუსი გაკეთდებოდა, ჯეინაის ორი
სიმღერა მაინც ჩაწერა, აშკარად თავს აწონებდა ქისტებს, არ
გეგონოთ, თუნდაც სადილის გაკეთებაშიც მე ვინმემ მაჯობოსო.
არადა სახლში არასოდეს არაფერი გაეკეთებინა. კოხტად და
ჩქარ-ჩქარა ჭრიდა ბოსტნეულს და დროდადრო თვალებსაც
გაუელვებდა ხოლმე ჯეინაის და აიუფას, და ჰასისაც, როცა ის
გვერდით ჩაუვლიდა, ღიმილით ჩამოხედავდა და ქისტურად
რაღაცას გადაულაპარაკებდა თავის და-ძმას, ჯეინაი და აიუფაც
იმასვე იმეორებდნენ.
რას ამბობთო, მე დამცინითო? ქისტური ხომ არ მესმის და
დანაწევრებულადაც ვერ ვარჩევ სიტყვებსო, აბა, ნელა თქვითო,
სთხოვდა თიკო.
და მათაც ნელა გაუმეორეს:
– მა დიქ ჲოჼ ჲაჰ.
– მა დიქჲჼ ჲაჰ, – გაიმეორა თიკომ, – მესამე სიტყვის ბგერა
ცოტა ვერ ვთქვი ყელში, არაა?
– არა, არა, თითქოს ქისტი ხარ, ისე დაილაპარაკე! – გაიცინა
აიუფამ, – რა კარგი ქალი ხარო, ამას ნიშნავს ეს სიტყვები.
– რაც მართალია, მართალია! – გაიცინა თიკომაც. ლაღად
გრძნობდა თავს ამათთან, და ძალიან სიამოვნებდა აქ ყოფნა
და მათთან ურთიერთობა.
მაგრამ ნამდვილი დროსტარება ჯეინაის ჩაწერის დროს
ელოდათ. ჯეინაიმ თქვა, ჯერ გიერგალ მეფეზე ჩავწეროთ და
მერე დის ძმაზე დატირებაო. „ფონდური“ გამოიტანა, კუნძზე
დაჯდა, თიკოც მის გვერდით დაბალ სამფეხაზე ჩამოჯდა
მაგნიტოფონით ხელში, აიუფას გახედა, რომელიც შორიახლოს
შეშას ჩეხავდა და დაუძახა, ხმაური არ შეიძლებაო... აიუფამ
მაშინვე მიაგდო ნაჯახი, მოვიდა და იქვე, ბალახზე მოირთხა
ფეხი.
ნან და ჰასიმაც კარაქის დღვებასა და ხაჭო-ერბოს კეთებას
თავი დაანებეს, ქოხიდან გამოვიდნენ და იქვე, ქოხის წინ
გამართულ ვიწრო ძელსკამზე ჩამოსხდნენ.
ჯეინაიმ სიმღერა დაიწყო... ერთი მუხლი ჩაათავა, თიკომ
გააჩერა, მოდი მოვისმინოთ და ისე განვაგრძოთო... თავისი
ხმის გაგონებაზე ჯეინაი უცებ მოიქუფრა, არ ეცნო თავისი ხმა,
ვაიი, ეს რა ჩემი სიმღერააო, ეტყობა, ეგ აპარატია
გაფუჭებულიო, აგრე მე არ ვიმღერებ, ვინ რას იტყვის, ვინ
ჯეინაიო და აგრე სიმღერაო, აღშფოთებით ამბობდა,
შუბლშეკრული და გაბრაზებული, შენ რომ მოძახილს ეძახი, ეს
რა ჩემი „ჰაიაო“, გაასწორე ეხლავე ეგ აპარატიო, თუ არადა არ
ვიმღერებო, გაბრაზება ძალიან შვენოდა ჯეინაის. ნამდვილი
არტისტული თავმოყვარეობა გქონიაო, მაგრამ შენ ხომ
არასოდეს ჩაგიწერია შენი სიმღერა და თავისუფლად ვერ
მღეროდიო, ეტყობა, მაგნიტოფონი გაკრთობდაო, ტუჩებს
უჭერდიო, აი, გავიმეოროთ და ნახე რა კარგად გამოვიდესო.
ჯეინაიმ უცებ გამოიდარა, გაიცინა კიდეც გავიმეოროთ,
გავიმეოროთო, მოუთმენლად წამოიძახა.
– აფსუს, აფსუს, – თქვა ჰასიმ, – ჩვენს უფროს ძმას უნდოდა,
გროზნოში წაეყვანა ჯეინაი და ტეხნიკუმში სიმღერაზე შეეყვანა.
წინა ზაფხულს ემღერებინა იქ სიმღერის მასწავლებელთან და
ძალზე მოსწონებოდათ, აუცილებლად ჩამოიყვანე,
ულაპარაკოდ მივიღებთო, მაგრამ მურადს რო გაეგო,
გადარეულიყო, და მაშინვე მოიტაცა კიდეც.
– არც ეხლაა დაგვიანებული, – თქვა თიკომ, – ახალგაზრდაა
ჯეინაი და ყოველთვის შეიძლება ცხოვრების ახლიდან დაწყება.
– ეხლაა? – გააგრძელა ჰასიმ და გაიცინა, – ეხლა შეიძლება
მურადი გზაშიც არის. გააგრძელეთ, გააგრძელეთ, თორემ იქნებ
ვეღარც მოასწროთ.
თიკო აღელდა, რას ქვია წაიყვანოსო, რაზეც ყველამ
ერთხმად გაიცინა. მაშინვე განაგრძეს ჩაწერა და ამჯერად
ჯეინაი უკვე თავისი თავის მიმართ ისეთი მომთხოვნი
აღმოჩნდა, სულ არა, არა, კიდევ კიდევო, იძახდა. უსმენდნენ,
აფასებდნენ, განაგრძობდნენ, ისევ უსმენდნენ... ბოლოს
ჯეინაიმ, გახარებულმა თქვა: ეს რა სახალისო ყოფილა
ჩაწერაო, და მაშინვე მეორე სიმღერის ჩაწერაც მოინდომა.
გულსაკლავი სიმღერა უნდა ჩამიწეროვო, თიკოს უთხრა, დის
დატირება ძმაზეო. და მართლაც, ისეთი განცდით, ისეთი
ექსპრესიით მღეროდა, თვალზე ცრემლით და ტრაგიკული
პათოსით, თან სულ აიუფას უყურებდა, წინასწარ გააფრთხილა,
არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები და მე კი შენს ყურებაში უკეთ
ვიმღერებო. კარგა ხანს მოუნდნენ ჩაწერას, ჯეინაი ისე გაიწაფა
ამ ჩაწერების დროს, უმნიშვნელო ხინჯსაც უმალ ასწორებდა,
თვითონვე, თიკოს უთქმელად, თუ რაიმე არ მოეწონებოდა, აქ
კარგად ვერ ვთქვიო, მიდი, კიდევ ჩავწეროთო. და ამასობაში
გვარიანადაც დაიღალა. უჩვევი ვარ, თორემო, ორი სიმღერა რა
არისო, მოდი ეხლა, ჩავიდეთ ხევში ბავშვებთან, ჩვენც
ვიწუწაოთ და საღამოთიც ჩავწეროთ კიდევ ერთი კარგი
სიმღერაო. თიკო გადაეხვია ჯეინაის და გადაკოცნა, მე მაინც
ძალიან მაინტერესებს ჩვენი ძეგლის ნახვაო და აიუფა თუ
გამომყვება, იქ წასვლა მირჩევნიაო. აიუფა სიამოვნებით
დათანხმდა, ტყეში საღამოს წავალო, ბატონი შალვა ისედაც
მთხოვდა, იქნებ შველა დაგვჭირდესო და თუ ენდომებათ,
მივეხმარები კიდეცო. ჯეინაი კი ვეღარ ეშვებოდა თიკოს,
მოდით, ცოტაზე მაინც გაგაცილებთო... იისფერი აბრეშუმის
ქალაღაია მოიხვია და უკან გამოიკრა, ქერა, მსხვილი ნაწნავი
ქალაღაიის ბოლოებთან ერთად წინ გადმოიგდო, თავი
აღმართა, ყელი მოიღერა, სიამაყითა და ღირსებით იყო სავსე,
ლამაზ სახეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჯოკონდას ღიმილი
უმშვენებდა.
– რა ლამაზი ხარ, ჯეინაი, – უთხრა თიკომ.
– თვალი დაუდგეს მურადს! რომ იცოდე, რას ჰგავს ის გოგო,
გარეტებულ თევზსა ჰგავს, თქვიი, აიუფ, უფრო ეგ მწყინს... – და
ისე გაიკისკისა, წყენისა არაფერი ეტყობოდა.
– შენ სიმღერაზე იფიქრე, ჯეინაი, რა ჩავწეროთ ამ საღამოს, –
თხოვნის კილოთი მიმართა თიკომ.
– ძალიან კარგი სახუმარო სიმღერა ვიცი. წეღან დის
დატირება რო ჩავწერეთ, სულ-სულ ძარღვები დამაწყდა, ხომ
შენიშნე, ცრემლით მქონდა თვალები სავსე, ჰოდა, სახუმარო
ჩავწეროთ: „ჩვენი მტერი გახდეს მოლას ცოლი, სულ ლოცვებში
იქნება და ალერსის დრო არ ექნება“, კარგიი?
აიუფამ გაიცინა:
– კარგი სიმღერაა. ისე მღერის ჯეინაი, ძალიან გაგეცინებათ.
– ძეგლიდან რომ დავბრუნდებით, ვისადილებთ, ჭურჭელს
ავალაგებთ და ჩავწერთ, – თქვა თიკომ. მაგრამ იმ სახუმარო
სიმღერას ჩაწერა აღარ ეწერა, რადგან რომ დაბრუნდნენ,
ჯეინაი აღარ დახვდათ.
– მურადი ამოვიდა, – ჰყვებოდა ჰასი, – ორი ცხენით, ერთზე
თვითონ დაჯდა, ერთიც ჯეინაისთვის. არ მიჰყვებოდა ჯეინაი,
არა და არა, აღარ მსურს შენთანო. გადაირია მურადი, ხომ იცი,
ათი ქალი რო მოვიყვანო, შენ ჩემთვის ვინც ხარო. რას ჩივი? სუ
რო სიმღერა გინდა, იმან საქმე აკეთოს და შენ იმღერეო, რო
გაჩნდი ამისთანა უკუღმართი, არ შეგიძლიან ლექსს სიმღერა
არ შეუწყო, შეუწყვე და შეუწყვე რამდენიც გინდაო... სულ-სულ
მათრახს იქნევდა და თვალებს აბრიალებდა, წავალ და
ალაზანს შევერევიო, შენ კიდევ დაჯექი და იმღერეო... ქათმები
მისახედი, ძროხები მისახედი, ბოსტანი მისახედი, სახლი
მისახედი, იმ საწყალმა ჯანი გაიგდებინა, იმდენი იმუშავა,
ჯეინაის ყველაფერი კარგად უნდა დავახვედროვო, სარკესავით
გახდა იქაურობა... შენ ლამაზი და მომღერალი, ის კიდევ
მშრომელი, მეტი რა გინდაო, მეც რამდენი საქმე მაქვსო, შეშა
დასამზადებელიო, სიმინდი დასაფქვავიო, ფუტკარი
მოსაწველიო... კოლმეურნეობაში ხო მინდა დღეებიო, ცხელ
კერძს მაინც დამახვედრებო, კერძის გაკეთება კარგი იცი და
რაც შენ აქეთ წამოხვედი, გემო ვეღარაფერს ჩავატანეო,
ჩალასავით მეჩვენებოდა ყველაფერიო... ერთი სიტყვით, რაები
აღარ უთხრა მურადმა, მთა ბარად ჩამოიყვანა, ჩვენც აქეთ-
იქედან დავძახეთ, შევსვით ცხენზე ისრაფილთან ერთადა და
გავისტუმრეთ, ოჰოჰო, როგორ სწყდებოდა გული, უთიკოოდ
როგორ უნდა წავიდეო, მაგრამ არ ქნა მურადმა, ჩქარობდა,
ერიდებოდა ასეთ ამბავში უცხოებთან და თან ქალაქელებთან
შეხვედრა, – ასე დაასრულა ჰასიმ თავისი მოყოლა.
თიკოს, რა თქმა უნდა, გული დასწყდა, მაგრამ კიდევ უფრო
მაგრად დასწყდებოდა გული, ახალი და ფრიად
მნიშვნელოვანი ამოცანა რომ არ აღმოსჩენოდა ამოსახსნელი.
და ეს იყო ეკლესიის კედელზე ლიზიკოს მიერ აღმოჩენილი,
ნახევრად გადაშლილი წარწერის ამოკითხვა. იდგა ლიზიკო
ზევით, კიბეზე და სიხარულით გაბრწყინებული ჩამოჰყურებდა
შალვას, თიკოსა და ბიჭებს. აიუფა და თიკო ეს არის მოვიდნენ
და შემოესმათ კიდეც ლიზიკოს ძახილი ეკლესიიდან, ახლავე
შიგნით შემოდითო...
მანამდე კი დიდად სასიამოვნო გამოდგა აიუფას
გამოცილება... თავის სიცოცხლეში იარაღი, ანუ პისტოლეტი,
თვალით არ უნახავს, ფილმებში ნახულს თუ არ ჩავთვლით, და
ნახა კი არა, ხელში ეჭირა. აიუფა ეკითხებოდა, მთამ ხომ არ
დაგცადაო, წუხელ გამოვიხედე, შენი კარავი ანათებდა და,
ეტყობა, არ გეძინაო.
– არა, კი არ დამცადა, პირიქით, ძალიან მომწონს აქ. ჯეინაის
სიმღერამ გიერგიელ მეფეზე ისე იმოქმედა, მეც ვწერ ერეკლეზე
და რაღაცის დაწერა მომინდა.
– ალბათ, ერეკლეს ბრძოლებზე დასწერდი, არაა? –
დაინტერესდა აიუფა.
– არა, წუხელ ბრძოლებზე არ დამიწერია, ერეკლეს დედაზე
დავწერე, ფეხმძიმედ როა ერეკლეზე და ღელავს, როგორ
მორჩება და ვინ ეყოლება, მართლა, ქომურისთვის დიდი
მადლობა.
აიუფას რაღაც უნდა ეთქვა და უცებ გაჩერდა, თიკოს ანიშნა,
ქვევით გაიხედეო და მაშინვე ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო.
სულ ქვევითა ბილიკზე წითელი მელა მირბოდა, თან უკან-უკან
იყურებოდა და გაბუთქულ კუდს ხან აქეთ გადასწევდა, ხან
იქეთ.
– არ ესროლო არავითარ შემთხვევაში! – დაიძახა თიკომ.
აიუფამ მოიხედა, ხელი დაუშვა.
– რატომ არ უნდა მესროლა ვითომ, დაინახე, რა კუდი
ჰქონდა, გავატყავებდი და შენ გაჩუქებდი, – აიუფა სინანულით
თავს აქეთ-იქეთ ხრიდა.
– მირბოდა და შენ უნდა გაგეშეშებინა?!
აიუფამ სიცილი დაიწყო:
– პისტოლეტი ცოცხლისთვის არის, მკვდრისთვის კი არა! აი,
დაიჭირე, როგორი სასიამოვნოა, ნაგანია, უმტყუნო იარაღი.
თიკომ ნაგანი გამოართვა.
– მართალია, თან მიმზიდველია და თან გაკრთობს... მეშინია,
არ გავარდეს...
– თავისით არ გავარდება, თუ სასხლეტს ფეხი არ
გამოუშალე... უნდა გითხრა და არ გეწყინოს, ერეკლეზე
ვწერდიო და, იარაღის არ უნდა გეშინოდეს, მთელი სიცოცხლე
კაცს იარაღი არ გაუგდია ხელიდან, გარდაცვლილი რო
გაბანესო, ადგილი არ ჰქონდა ნაჭრილობევის გარეშეო...
თიკომ ნაგანი მიაწოდა აიუფას და ჩაფიქრდა... ერთხანს
ჩუმად მიდიოდნენ. მერე აიუფამ ხმადაბლა, თბილი ხმით
უთხრა:
– გეწყინა? მე რომ გითხარი ერეკლეზე... წყენისთვის არ
მითქვამს...
– რას ამბობ, აიუფ, გეტყვი, რატომაც ჩავფიქრდი, პირიქით,
მადლობელი ვარ, ერეკლეს ჭრილობები რომ მოიგონე. ერთ
ადგილას მე დავწერე, მოხუც ერეკლეს მოხუცი მსახური ძილის
წინ მალამოთი მხრებსა და ზურგს უზელავს... და ზურგი
მოფენილი აქვს ნაჭრილობევებით. აი, ეხლა მე ვიფიქრე, რომ
ეს არის შეცდომა. რატომ, იცი? თუმცა მე არ მგონია, რომ ამას
როდისმე დამიბეჭდავენ, მაგრამ თავისთავად ისე არ
გამოდიოდეს, რომ ერეკლე მტერს ზურგს უჩვენებდა, გესმის? იმ
დროს, როცა ზურგში სულ მიპარვით არის დაჭრილი.
– და რატომ სხვა ჭრილობებზედაც არაფერს ამბობ, მე ვიცი,
რომ რამდენჯერმე სასიკვდილოდაც ყოფილა დაჭრილი და
ძლივს გადაურჩენიათ, ღმერთი შესწევია...
– საქმე ის არის, რომ ღამე მუშაობს, დიდხანს ზის, მოხუცია
უკვე და მას კი არა, ახალგაზრდასაც კი შეიძლება ზურგი
დაეღალოს, ამიტომ უზელავენ სწორედ მხრებსა და ზურგს...
– მაშინ ათქმევინე მსახურს, რომ მიპარვით დაჭრეს.
– გმადლობთ, – გაიცინა თიკომ.
– ჩვენ, ათი ოჯახი, ათას შვიდას ოთხმოცდაათში ერეკლეს
ჩამოსახლებულები ვართ. დანარჩენები ასზე მეტი წლის შემდეგ
მოვიდნენ.
– ისე, რომ იცოდე, ერეკლეს იარაღები – ხმალი და ხანჯალი –
რამდენჯერმე დავიჭირე ხელში და დავიქნიე კიდეც, ნაგანი კი
ერეკლეს არ სჭერია.
აიუფამ ღიმილით შეხედა თიკოს და თითქოს დაყვავებით
უთხრა:
– მა დიქ იოყ იაჰ, – ამასობაში მიუახლოვდნენ კიდეც ძეგლს
და, როგორც მოსალოდნელი იყო, თიკომ შორიდანვე
შეიცხადა, ეს რა საყვარელი რამ ყოფილაო, ეს რა კოხტა და
მშვენიერიო... ოთარი და ბიჭია იდგნენ ძეგლის წინ და ხელს
უქნევდნენ თიკოსა და აიუფას, მეორე მხრიდან შალვაც
გამოჩნდა. ოთარს და ბიჭიას ხალათები გაეხადათ, ზევით
შიშვლები იყვნენ...
უჰ, ეს რა ბამბის ქულა ყოფილაო, გაიფიქრა თიკომ, თვალში
რომ მოხვდა ოთარის შესუქებული მკერდი და მრგვალი მხრები,
სახეზე კი გუშინ და დღეს მზე მოჰკიდებოდა, მოდიდო ცხვირი
წითლად უღუოდა, დიდი, მრგვალი, ხარის თვალები
გაჭარხლებულ სახეზე გამოჭყეტილივით მოუჩანდა. ხორციანი
ტუჩებიც როგორღაც წინ ჰქონდა წამოშვერილი. ნამდვილი
საახალწლო ბასილა, დაასკვნა თავის გულში თიკომ და ის იყო,
ამბავი უნდა ეკითხა, რომ ეკლესიიდან ლიზიკოს ხმა მოისმა,
ახლავე აქ მოდითო.
ლიზიკო მაღლა, კიბეზე იდგა, აღმოსავლეთით, სარკმლის
გვერდით და სიხარულით გაბრწყინებული ჩამოჰყურებდა
შალვას, თიკოს და ბიჭებს:
– ხედავთ, წარწერა! – ხელს იშვერდა მარცხნივ, გვერდითა
კედლისკენ. – განა არა, ეჭვი შემეპარა, მეც არ ვიცი, რატომ,
ფრთხილად გავუსვი ჩვარი...
ლიზიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ წარწერა
აღმოჩნდა, თუმც სანახევროდ გადაშლილი, სარკმლიდან
შემოვარდნილი ქარიშხლებისა და წვიმებისაგან,
მტვერწაყრილი და სრულიად გაფერმკრთალებული, და რომ ეს
სწორედ მან აღმოაჩინა.
– მაღარიჩი თქვენზეა, ბატონო შალვა, ჩამოდით კასრზე
ხუთკაპიკიანს!
– მაღლიდან რომ დაგვძახი, ჩამოდი, თორემ აქედან თითქმის
არაფერი არ ჩანს, რაღაც ხაზების მეტი...
შალვამ თიკოს გადახედა, რომელიც მოუთმენლად
ასცქეროდა მაღლა კედელს, მასში უკვე ბობოქრობდა ინტერესი
და ცნობისმოყვარეობა. ლიზიკო რომ ჩამოვიდა, შალვამ ასეც
უთხრა თიკოს:
– ადი, ჯერ შენ, ხომ ვიცი, ერთი სული გაქვს, ახლოს ნახო...
მართლაც, თიკო ლამის აქანდა კიბეზე და ლამის ცხვირი
მიადო წარწერას, ისე გადაიზნიქა სულ ზედა საფეხურზე.
– ხმა ამოიღე, ადამიანო, მართლა წარწერაა? – ასძახა ბიჭიამ.
– ფანქარი და ქაღალდი ამომაწოდეთ, რაა, მინდა,
გადავიწერო, ხუცურია, მრგლოვანი! – დაიძახა თიკომ.
– რა დროს გადაწერაა, – უკმაყოფილოდ თქვა შალვამ, –
დღეს რამდენი ვიმუშავეთ, იცი? ასე კი არ იყო აქაურობა, ჩვენც
ხო უნდა შევხედოთ, არა? დღე იწურება!
თიკომაც ბევრი იმუშავა, გაიფიქრა აიუფამ, რომელიც
თავაწეული, გულხელდაკრეფილი აჰყურებდა თიკოს და თვალი
ვერ მოეშორებინა, რა ყოჩაღი ქალიაო, სოფლის ქალიც არ
მინახავს ასეთი ყოჩაღიო... – პირველი ასო კარგად ჩანს, „ქ“ – ა,
ე.ი ქრისტე, – თიკო კიბეზე ჩამოდიოდა, პირით აქეთ იყო და
ვერ ითმენდა, არ ექაქანა, – ხვალ დილითვე მეც გადავწერ და
შენც უნდა სკრუპულოზურად გადმოხატო, ბიჭი, გესმის?! რაც
მთავარია, ფირზე უნდა აღვბეჭდოთ.
შალვა გამსჭვალული იყო სიხარულით, ასეთი ძეგლი და თან
წარწერით! რა სწორი იყო, რომ წამოვიდნენ, რა იღბლიანი
გამოდგა მათი ექსპედიცია... ახლა მთავარი იყო წარწერის
წაკითხვა. შალვამ თავის დროზე, ცხადია, იცოდა ხუცური
ანბანი, მაგრამ უმრავლესი ასოები დავიწყებული ჰქონდა,
თიკოს კი ძალიან კარგად ახსოვდა, რადგან მერვე კლასში
ჰაგიოგრაფიული ძეგლების სწავლასთან ერთად, მან და მისმა
მეგობარმა მერიკომ ისწავლეს და გაკვეთილების დროს
ერთმანეთს წერილებს ხუცურად სწერდნენ, და მერეც,
კონსპირაციის მიზნით, კარგა ხანს დღიურს მხოლოდ ძველი
ქართულით ავსებდა – გარდა კონსპირაციისა, იყო ამაში
ერთგვარი „შიკი“ და თავმოწონება.
თიკომ სახატავი რვეულის ფურცლები გამოართვა ბიჭიას და
ორ პირად – ერთი თავისთვის და ერთიც შალვასთვის –
ჩამოწერა მსხვილი ასოებით ხუცური ანბანი. ლამის ნახევარი
დღე მოუნდა ასევე ორ პირად წარწერის, ანუ სიტყვებისა და
ასოების ნარჩენების გადმოწერას.
– როგორ გგონიათ, რით უნდა იყოს ეს დაწერილი, მურით?
თუ რა საღებავით, ასე რომ გადაიშალა? – ეკითხებოდა შალვას.
– მაგას ჩვენ ახლა ვერ გავიგებთ, საგანგებო ანალიზია
საჭირო. კიდევ კარგი, ეგ მაინც დარჩა, იქნებ რაღაცას
მივხვდეთ და გავიგოთ, – ამბობდა დაეჭვებით შალვა.
და დაიწყო მათი ტანჯვა-წვალება, ჯახირი და ჭირის ოფლის
დენა თითოეული სიტყვისთვის, თითოეული ასოსთვის, ხშირად
ორი-სამი ასოს მეშვეობით სიტყვის ამოცნობისთვის... თიკოს
ცნობისწადილს, გაგების სურვილს და, ამასთანავე,
თავმოყვარეობასა და ამბიციას, როგორ თუ ვერ გავშიფროვო,
საზღვარი არ ჰქონდა. შეეძლო, საათობით მჯდარიყო
ეკლესიაში, ძირს დაგებულ თავის პულოვერზე, კედელს
მიყრდნობილი, რვეულითა და ფანქრით ხელში და თავი
ემტვრია სიტყვის ნატამალთა აღდგენაზე. ლიზიკო და ოთარი
კედლებს წმენდდნენ, იქნებ რაიმეს მივაკვლიოთო,
მაგალითად, ფრესკის ფრაგმენტს, ბიჭია ჩანახატებს აკეთებდა
შემდგომში ფერწერული ტილოსთვის, შალვაც ვერხვის ქვეშ
ჩრდილში იჯდა ფანქრითა და ქაღალდებით, – უცებ აღიდგინა
ძველი ანბანი, და ისიც წარწერის წაკითხვისთვის იღვწოდა.
ასოსი ან სიტყვის შესაჯერებლად შევიდოდა ეკლესიაში და
თიკოს ქაღალდებში თავჩარგული, ხუჭუჭა თავის დანახვაზე
წარმოუდგენელი სინაზით ივსებოდა, პატარა გოგო, ასეთი
მუყაითი და ინტერესით სავსეო. ჰოდა, ერთ შესვლაზეც თიკომ
თავი აიღო გაუღიმა შალვას და თქვა:
– „მე... საწყალობელი... საბა“ – ეს არის პირველი სტრიქონი,
თუ არ ჩავთვლით სულ თავში „ქრისტე შეგვიწყალეს“.
– იცი, საბა მეც ამოვიკითხე, მაგრამ მეორე სიტყვაში ხომ
მხოლოდ „ლო“ და „ლი“ იკითხება და შენ რატომ გგონია
საწყალობელი?
– აი, უყურეთ! – თიკო წამოდგა, შალვა დაიხარა, მათი მხრები
ერთმანეთს შეეხო, – ხედავთ, ეს „წ“-ა მკრთალი ხაზი კაუჭით,
ზევით რკალი სულ არ ჩანს, მაგრამ ეს სხვა არაფერი შეიძლება
იყოს, და ესეც „ყ“, ძლივს ჩანს, თითქმის ახალი ქართულის „ყ“-
სავით.
– აბა, მეორე სტრიქონს შეხედე, აქ მე გავარჩიე „დ“, „ქ“–
ჯვარივით, „მ“, „ვ“, „ნ“, „ი“ და „ა“-ც, მაგრამ ვერ გადავაბი, აზრი
ვერ გამოვიტანე...“
თიკომ ეშმაკურად გაიცინა, მერე კი მწუხარედ გადააქნია
თავი:
– ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ მეცოდება ეს საბა! – და ისე ახედა
კედელს, თითქოს მის მზერას ძალუძდა, გადაელახა საუკუნეთა
სიღრმე და დაენახა, როგორ გამოჰყავდა „საწყალობელ საბას“
ზევით, კედელზე: „იავარქმნილი მონღოლთაგან“ – აი, ეს
სიტყვები. თიკოს თვალები ცრემლით აევსო... და ასე ნაბიჯ-
ნაბიჯ, რამდენიმე დღის თავის მტვრევისა და წვალების შემდეგ
წაიკითხეს, რომ ამ საბამ „აღაშენა თანამეცხედრის გაგასი და
შვილთა თვისთა“. აქ სახელები სულ წაშლილი იყო, გარდა
უკანასკნელი „ჯაბასი“, „სულის საოხად“.
იმ დღისით, ბოლომდე რომ წაიკითხეს წარწერა და საღამო
ხანზე სადგომში დაბრუნდნენ, სწორედ ოთარი იყო მორიგე და
შესანიშნავი ჩანახი გაეკეთებინა – დამაფასე, თიკო, დამაფასე,
აი, როგორი სადილით დაგხვდითო, და თქვენ რომ იცოდეთ,
სასმელიცა მაქვს გადანახული „ენისელის“ სახითო. ლიზიკომ
საუცხოო სალათა გააკეთა, ნანს ფუმფულა პურები დაეცხო,
ცხადია, ყველიც ჰქონდათ თუშური და ქეიფი გასწიეს.
– იცოდეთ, პირველი სადღეგრძელო საბასი უნდა
დავლიოთო, ვისი სახელიც ამ მთას შემორჩენია, – თქვა თიკომ,
– და ვინც მარწმუნებს, რომ ჩვენ არასდროს გადავშენდებით.
– ღმერთო ჩემო, ნეტა რას ჭამდა და რას სვამდა ამ უკაცრიელ
მთებში... – ამბობდა ლიზიკო.
– მაშ, მაშ, ლობიო მაშინ არ იყო, კარტოფილი მაშინ არ იყო.
თორემ, იცოცხლე, აქ რა კარტოფილი მოვიდოდა.
– ოოჰ! – და შალვამ უკმაყოფილოდ გადახედა ოთარს, –
კარტოფილი რა შუაშია, მთავარია, რა აღთქმა ჰქონდა
დადებული. შეიძლება საზრდელი მეტად მცირე და თან უმად
უნდა მიეღო, მხალი იქნებოდა, თუ, ვთქვათ, თხის რძე.
შეიძლება ჭვავიც მოჰყავდა, ვინ იცის, მთავარია, რა დაუწესა
თავის თავს, ძირითადად კი, ეჭვი არ მეპარება, მთელ დღეებს
ლოცვაში გაატარებდა... ჰო, ალბათ, ფუტკარიც ეყოლებოდა,
რომ მერე თაფლის სანთელი ამოესხა.
– ო, რა მხურვალედ ილოცებდა თავისი აოხრებული
ქვეყნისთვის და თავისი დაღუპული ცოლ-შვილის სულებისთვის!
– თქვა თიკომ.
– მოდით, რადგან ასეა, ყველა სადღეგრძელო საბას, საბას
მხნეობას, საბას ცოლ-შვილს, საბას მიერ, ალბათ, რა წვითა და
დაგვით აშენებულ ეკლესიას მივუძღვნათ, – მოუწოდა ბიჭიამ
თანამესუფრეებს.
აიუფამ ჟიპიტაური გამოიტანა ორლიტრიანი ქილით და
ნამდვილი ქეიფი გასწიეს. ბიჭიას წინადადება ხომ ყველამ
აიტაცა. შალვაც კი, რომელსაც არასდროს არ უყვარდა დიდი
სადღეგრძელოები, და მითუმეტეს პატრიოტული
სულისკვეთებისა, ისე აღელდა, გულიც აუჩუყდა და საბას სახით
მთელი ქართველი ხალხის, თავისი მიწა-წყლისთვის
თავგანწირული მებრძოლის, სადღეგრძელო დალია...
რადგანო, ამბობდა, მონღოლთდარი მძვინვარე და
დაუნდობელი მტერი საქართველოს არ ჰყოლიაო, და თუმცა
გაუმკლავდნენ მათ უმოწყალო შემოსევებს, მათი უსასტიკესი
ნამოქმედარი საუკუნეებს გადასწვდაო, ქრისტიანი მთა
მაჰმადის რჯულზე მოექცა და საქართველოს მთლიანობას ძირი
გამოეთხარაო... მაგრამ მაინც გადავრჩითო, საბასნაირების
მეოხებითო, რომელმაც იმ სისხლის წვიმებს სულიერების ასეთი
ხატი შეაგებაო, და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მის წინაშე ქედი არ
მოვიდრიკოთო... და შალვამ ჟიპიტაურით სავსე თლილი ჭიქა
ბოლომდე გამოცალა. თიკოზე ისე იმოქმედა შალვას
სიტყვებმა, თვითონაც აზვირთდა, სიტყვები ტალღასავით
მოაწყდა და წამიერი პაუზებით ლექსის თქმა დაიწყო... კარგი
დასანახი იყო, ლოყებშეფაკლული, თვალებმოელვარე, თხზვის
გზაზე შემდგარი მშვენიერი თიკო; მჟღერი, მჟღერი ხმით რომ
წარმოთქვამდა შემდეგ ტაეპებს:

ჰოი შენ, საწყალობელო საბა...


აგიოხრეს სოფელი და დაბა...
აგიკაფეს ვენახი... და დაგიკლეს ლაბა...
მტერს შეაკვდნენ ქავთარ, შიოშ...
ჭიაბერ და ჯაბა...
შვილებს გაჰყვა დაზაფრული...
მათი დედა გაგა...
შენ კი, შენ კი გადაიცვი...
ბერ-მონაზვნის კაბა...
და აღაგე ეკლესია...
რას იქმოდი, აბა?!
ობლად შთენილო...
უფლის კალთას შეფარებულო...
საწყალობელო საბა...

ამ უბრალო ლექსმა, რომლის მსგავსს, აღელვებულ გულზე,


ალბათ, ბევრიც თიკოსავით ხელდახელ შეთხზავდა,
შეზარხოშებულ მეინახეებში დიდი მოწონება დაიმსახურა... და
მღელვარებაც...
– გარმონ დალახ, – გადაულაპარაკა აიუფამ ჰასის და მანაც
მაშინვე გამოიტანა გარმონი და ჩაახუჭუჭა საცეკვაო, გადახტნენ
ლიზიკოს ბიჭები და ჰასის ბიჭი და სულ ბუქნაში ამოდიოდნენ.
თიკომ აიუფას სთხოვა, შენც იცეკვეო. ჩემს სიცოცხლეში არ
მიცეკვია, დღეობაშიც კიო, იცინოდა აიუფა. მაგრამ დაადიმ
მკაცრად უთხრა, ჰააშან იშთ ლოო – სტუმარს ასე უნდაო და
აიუფამაც ფეხიდან კალოშები წაიძრო, შარვალი აიკაპიწა,
წრეში ჩადგა, რაღაც შესძახა საომარი ყიჟინასავით და ცეკვა
დაიწყო... მაგრამ ეს ცეკვა კი არა, რაღაც ბორგნეული გახტომ-
გამოხტომა იყო და ხელების აქეთ-იქით ძალუმად გაქნევ-
გამოქნევა... ცეკვა-თამაში რა არისო, ფიქრობდა მერე აიუფა,
მე მინდა თიკოს ძალიან-ძალიან ვასიამოვნო... რომ
სამახსოვროდ დარჩესო...
სუფრიდან რო წამოდგნენ და თავის კარვებსა და ქოხს
მიაშურეს, ყველას კარგად ჰქონდა მოკიდებული „ენისელი“ და
ჟიპიტაური. ბიჭიას სიყვარულის გუდა გაუსკდა და შალვას
სთხოვდა, წავალ ხვალ თელავში და ნენეს ამოვიყვანო, რაზეც
შალვა სასტიკ უარს ეუბნებოდა, ხვალიდან აზომვა და აღწერა
უნდა დავიწყოთ და შენი აქ ყოფნა აუცილებელიაო. ოთარმაც
გაბედა და ქოხის შესასვლელთან შალვას გადაუდგა, თქვენთან
დიდი თხოვნა მაქვს, ბატონო შალვა, და ეხლა აი, ამ სასმელმა
გამაბედინაო.
– მაინც რა თხოვნაა ამისთანა? – შალვას წამიერად
დამცინავმა ღიმილმა გადაჰკრა და ერთბაშად ხალისიანსა და
ახირებულ გუნებაზე დადგა.
– რა და, ხომ იცით, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ... მინდა,
კეთილი სიტყვა შემაწიოთ. თქვენს სიტყვას თიკოსთვის
შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს... – ამბობდა
ოთარი და შალვას შეციცინებით შესცქეროდა, – დედაჩემია და,
თქვენს ბედნიერებას ვეღირსო და, ცივ ნიავს არ მივაკარებ
თიკოსო. რად მინდა ჯანი და ღონე, თქვენ თუ არ
მოგახმარებთო, დამეშურეთ, სანამ შემიძლია, შვილები
გაგიზარდოთო...
– მერე, მერე, რა თქვა... ქალმა?! – ხელი აღმართა და
პათეტიკურად წარმოთქვა შალვამ და მაშინვე გაიფიქრა, უჰ, რა
მთვრალი ვარო.
– არ იცით ქალების ამბავი?! – და სანამ ოთარი სათქმელს
გააგრძელებდა, შალვამ შეაწყვეტინა:
– არ ვიცი ქალების ამბავი, მე არ ვიცი!
– კარგი რაა, ბატონო შალვა, – უტეხად განაგრძო ოთარმა, –
უარზე არიან, უარზე არიან, ინაზებიან და მერე შეხმატკბილებით
ცხოვრობენ ერთად. რამდენსაც გინდათ, დაგისახელებთ,
ერთხელ უთქვამთ უარი, ორჯერ, სამჯერ და, მერე
მშვენივრადაც დათანხმებულან.
– მერე შენ... რამდენჯერ სცადე? – კინაღამ გაეცინა შალვას.
– მეო, ჯერ გათხოვებას არ ვაპირებო, ასე მითხრა, სანამ აქ
წამოვიდოდით. რატომ არ უნდა აპირებდეს, უწლოვანია თუ
რაა, ოცდაექვსი წლის ქალი, არც შეგვფერის ეხლა ჩვენ
გოგობიჭობა და ხეების ქვეშ დგომა, ყველაფერს ხომ თავისი
დრო აქვს, არაა?! თქვენ კი, ასე მგონია, შეგიძლიათ
დაარწმუნოთ, რომ დრო არ იცდის!
– გოგობიჭობა... გოგობიჭობა... ო, რა კარგია გოგობიჭობა... –
წამღერებით თქვა შალვამ, – ოთარ, ჩემო ოთარ, რას გირჩევ,
იცი? ნანს მაწონი ექნება, გამოართვი და ცხვირზე დაიდე,
ძალიან გაქვს დამწვარი, – შებრუნდა და ქოხში შევიდა, ლამის
ბარბაცით.
უჰ, რა ტიპიაო, – ბრაზიანად გაიფიქრა ოთარმა, ვერაფერზე
ვერ დაითანხმებო... თუმცა კი ძალიან არის დამთვრალიო.
ჩაძვრა თუ არა საძილეში, მაშინვე მკვდარივით დაეძინა
შალვას. გათენებისას კი უცნაური სიზმარი ნახა, ვითომ
ეკლესიაში შევიდა, მაგრამ არ იცოდა, ეს მათი აქაური ძეგლი
იყო, თუ თელავის ღვთაება, მაღლა აიხედა, ვითომ წარწერა
უნდა წაეკითხა და ღვთისმშობელი კი დაინახა წარწერის
მაგივრად, ზოლიან, ჭრელ მუთაქაზე იჯდა ფეხმორთხმული,
ჯინსი ეცვა და კვასკვასა წითელი მაისური. შალვა შეკრთა,
ღმერთო ჩემო, ეს ხომ თიკოაო, ყრმას კიდევ ჩხრიალა ეჭირა
ხელში და იმას აჩხრიალებდა.
– რა მოხდა მერე, ჩემო შალვა, – მოესმა შალვას ზურგს
უკნიდან. მიიხედა და მეუფე დავითი, თეთრებით შემოსილი,
სადღესასწაულოდ, სწორედ ისე, როგორც კუბოში იწვა,
ხელებგაშლილი შალვასკენ მოაბიჯებდა, – ძველებურად
ჩაცმულ ღვთისმშობლებს ძველი მხატვრები ხატავდნენ, ჩვენი
ღვთისმშობელი კი ბიჭიას დახატულია.
– კი მაგრამ, მეუფე, თქვენ ხომ გარდაიცვალეთ? – გაოცებით
ამბობს შალვა.
– მართალია, ჩემო შალვა, გარდავიცვალე, – ამბობს მეუფე
და მქრქალი ღიმილით უღიმის შალვას, – გამახსენდა, რომ შენ
უზიარებლად წავედი და ამიტომ დავბრუნდი, აღსარებაც უნდა
ჩამაბარო და გაზიარებ კიდეც. და მეუფე მხარზე ადებს ხელს
შალვას.
– ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, – იტანჯება სიზმარში შალვა, –
როგორ, როგორ ჩავაბარო აღსარება, როგორ ვუთხრა, რომ
ღვთისმშობელი მიყვარს ყოვლად მიწიერი სიყვარულით...
ვერა, ვერა, ვერა! შეშინებულს ეღვიძება და უხარია, რომ
სიზმარი იყო.
ნიკოს მისვლისა და თავისი მტკიცე გადაწყვეტილების შემდეგ
ყოველ ღამე თიკოს ხედავდა სიზმარში... სწორედ იმ დღეებში
იყო, ლელიკომ რომელიღაც ჟურნალში ამოიკითხა, რომ
იუგოსლავიაში ყოფილა კაცი, რომელსაც თურმე ოცი წელი არ
სძინებოდა. ომიანობის დროს შიშზე მოსვლოდა ეს, თუ რაღაც
დიდ ნერვიულ ტრავმაზე, ვეღარ და ვეღარ დაიძინა. ღმერთო,
რა უბედურებააო, ნუთუ არავითარი საძილე არ შველისო, თქვა
შალვამ.
– უბედურება კი არა, ჩემო შალვა, – უპასუხა ლელიკომ, – მე
რომ მკითხო, ეს დიდი ბედნიერებააო. რა თქმა უნდა,
უბედურება იქნებოდა, უძილობა რომ აწუხებდეს და
ჯანმრთელობაზე მოქმედებდეს, მაგრამ როცა ეს სულ არ
გაწუხებს და ლამის ნახევარი სიცოცხლე გემატება, აბა,
დაფიქრდი, ეს რა ჯილდოა, რამდენი სასარგებლო საქმის
გაკეთება შეიძლება...
– ოოჰ, – შეეწინააღმდეგა შალვა, – რა უთვისტომოდ და
გარიყულად უნდა იგრძნოს თავი მაგ საცოდავმა კაცმა, რომ
ბიოლოგიური ციკლი ძილისა და ღვიძილისა დარღვეული აქვს
და ჭოტივით თვალები დაუჭყეტია. პირიქით, როგორც აიღონ
და ამოგთიშონ არსებობიდან...
– სწორედ რომ პირიქით, – არ ცხრებოდა ლელიკო, –
ამოგთიშონ კი არა, სულ ფხიზლად ხარ, არცერთი წუთით არ
ითიშები არსებობიდან, თან ჯანსაღი და საღ-სალამათი ხარ.
წარმოგიდგენია, რამდენი წიგნი შეიძლება წაიკითხო, რამდენი
დაუკრა, თუ გენდომება, ახალი ენაც შეიძლება ისწავლო.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, – ამოოხვრით თქვა შალვამ, – და
სიზმრებს რომ ვეღარასოდეს ნახავ? ეს ხომ საშინელებაა... – და
ემანდ ლელიკო არ მიხვდეს ჩემს სიზმრებსო, მაშინვე დაუმატა:
– ვერც დედას, ვერც მამას, ვერც რაღაც უცნაურ ჩვენებებს...
ვერც ვერაფერს...
და აქ კი ლელიკო დაეთანხმა:
– სწორედ სიზმარში შავლეგო ვნახე, ახალი, ძალიან ლამაზი
ტიუბეტეიკა ეხურა და მეუბნებოდა, ეს ალჟირულიაო და თუ
მოგწონს, შენც ჩამოგიტანო.
შალვამ გაიცინა, ხომ დაგარწმუნეო, გუნებაში კი მწუხარედ
გაიფიქრა: ლელიკო რომ ხვდებოდეს, მე რა სიზმრებს
ვნახულობო... ახლაც სიზმრისეული ღვთისმშობლის წითელი,
უსახელოებო მაისური და შიშველი მკლავები დაუდგა თვალწინ,
ღრმად ამოიოხრა, მხარი იცვალა და როგორც იყო, ჩაეძინა.
დილით, ნაბახუსევზე, ჭამა არავის არ უნდოდა. თადარიგიან
ოთარს სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის ჰქონდა თელავიდან
წამოღებული რამდენიმე ბოთლი ბორჯომი, ის დალიეს და
ძეგლისკენ გაუდგნენ გზას, ქალების გარეშე... ერთი რომ,
ლიზიკო იყო იმ დღეს მორიგე, და მეორეც, თიკოსაც და
ლიზიკოსაც, ჟიპიტაურს უჩვევებს, გუდასავით ეძინათ. შალვა
ქოხიდან რომ გამოვიდა, ჰასი ცეცხლზე ხაჭო-ერბოს
აშიშხინებდა და იქვე მწვანეზე ფეხმორთხმულ ბავშვებს
თეფშებზე უნაწილებდა, ერთი სიტყვით, აპურებდა.
– ამათაც ხომ არ წაიყვანდით თან, ბატონო შალვა? – ჰკითხა
ჰასიმ.
– რატომაც არა, მხოლოდ თუ ბოლომდე იქნებიან, მარტოებს
იქიდან ვერ გამოვუშვებ, – თქვა შალვამ.
– ვიქნებით, ვიქნებით! – შესძახეს ბავშვებმა და საუზმის
შემდეგ ძეგლისკენ ნელი ნაბიჯით წასულ კაცებს უკან
გამოეკიდნენ.
აიუფა კი განაპირას ბალახზე იჯდა, თავის კარაბინს სწმენდდა
ზუმბით და ჯერ კიდევ წუხელ დაიწყო იმაზე ფიქრი და ახლაც
იმას ფიქრობდა, როგორ ესიამოვნებინა თიკოსთვის... მაყვალი
უკვე კარგად იყო მოწეული, მაგრამ მარტო მაყვლის კრეფა,
აბა, რა იყო? თუნდაც სოკოც შეხვედროდათ... ეს გზადაგზა
შეიძლება აიუფას დანით მოეჭრა და ნაკვერჩხალზე შეეწვა...
მთავარი იყო აქაური სანიმუშო სანახები ეჩვენებინა თიკოსთვის,
აი, რა... პაჩო მოეყვანა საბალახოდან, შეეკაზმა, თიკო შეესვა,
თვითონ აღვირი დაეჭირა და წასძღოლოდა... შეუძლებელია
თიკო მშიშარა იყოს... არა, არა, არა, არ შეეშინდება
გზაწვრილზე, უფსკრულების პირას... ნამდვილად მამაცი იქნება,
ეჭვი არ ეპარება აიუფას... თან რა ინტერესიანია?! განა
შეიძლება ადამიანი ინტერესიანი იყოს და თან ქვეშაფსია? თუ
ინტერესს, არ გადასძალა, რაღა ინტერესი გამოდის?!
ფიქრობდა აიუფა, თოფს სწმენდდა და დროდადრო თიკოს
კარვისკენ გაიხედავდა ხოლმე. უჰ, რამეს აჩვენებს. სანამ ისინი
ძეგლიდან მოვლენ, ესენიც დაბრუნდებიან, მთავარია, თიკომ
დროზე გაიღვიძოს... და როცა თიკომ გაიღვიძა და აიუფას
შემოთავაზების შესახებ გაიგო, მის აღტაცებას საზღვარი არ
ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, ცხენზე არასოდეს მჯდარა, ახლა კი,
უბრალოდ კი არ შეჯდება, არამედ მთის ბილიკებზე ივლის,
მთების გულსა და წიაღს უფრო ძალუმად შეიგრძნობს, აიუფას
გვერდით ჩაუღრმავდება ბოლო დღეების თავის აკვიატებულ
სურვილს... რაც შეიძლება ჩქარა უნდა შეკაზმოს აიუფამ პაჩო
და წავიდნენ...
და როცა აიუფამ პაჩო შეკაზმა, თიკო შესვა, თვითონ წინ
გაუძღვა და წავიდნენ, ძეგლის საწინააღმდეგო მხარეს,
სადგომების მარჯვნივ, უთხოვრის ტყის თავზე, როცა ვიწრო,
საცალფეხო ბილიკი თანდათან ამაღლდა, ამაღლდა და ცხენზე
შემომჯდარმა თიკომ ცაში გამოკიდებულად იგრძნო თავი,
შიგნით ყველაფერი გაეთანგა, გული აუძგერდა, შიშმა
შეიპყრო... ეჩვენებოდა, თითქოს აიუფა მაინცდამაინც
ფრიალოებთან აჩერებდა ცხენს და იმ მიდამოებში მომხდარ
ამბებზე იწყებდა მოყოლას, ვთქვათ, სწორედ ამ ადგილას, კაცს
რომ ცხენი დაუგორდა და ბოლომდე გორიგორით წავიდა...
მაყვალზე წამოსული ცხრა წლის გოგონა ტოლებს რომ
ჩამორჩა და დაიკარგა, და თურმე დათვს დაეტორა, ეთრია,
ეთრია... და მხოლოდ გაზაფხულზე, ზვავმა დნობა რომ დაიწყო,
დაზვეპილი თოვლიდან ამოყოფილი პატარა ხელი შენიშნეს,
გაროკილი, მოკუმშული მტევნით... ზოგჯერ კი უბრალოდ
შეაჩერებდა პაჩოს, ახედავდა თიკოს და ღიმილით
შეეკითხებოდა, ხომ არ გეშინიაო. რომ მოვკვდე, მაინც არ
გამოვამჟღავნებ, როგორ მიკანკალებს მუხლებიო და
ომახიანად შესძახებდა, ნეტავი რისა უნდა მეშინოდესო, ჯერ
ისედაც და, მითუმეტეს, შენ გვერდითო!
აიუფა გაკვირვებისა და მოწონების ნიშნად თავს გააქნევდა,
გულში კი იტყოდა, ჩვენებური ქალიც არ მინახავს ასეთი
მამაციო. ერთ ადგილას კი, სადაც კლდოვანი იწყებოდა,
აიუფამ უთხრა, იცოდე, ეხლა მართლა საშიში გზა იწყება და,
ალბათ, ჯობს ცხენიდან ჩამოხვიდეო, მერე რომ მოინდომო
კიდეც, ბილიკი ისეთი უფსკრულის პირს მისდევს, ვეღარც
ჩამოხვალო. მაგრამ თიკო თავის თავის გამოცდისა და
თავმოწონების ჟინმა აიტანა, არავითარ შემთხვევაშიო, ვინმე
გაივლიდაო? მაგალითად, შენ გაივლიდიო? როგორ არ
გავივლიდიო. ჰოდა, მეც გავივლიო.
ისეთი ღრმა იყო უფსკრული, წყლის ხმა არ ამოდიოდა,
აქამდე არ აღწევდა. თიკოს მარცხენა მუხლი კი ლამის კლდეს
ეხახუნებოდა. მხოლოდ ერთ ადგილას დახუჭა თვალები, სადაც
ბილიკი წყდებოდა და მართალია, ქვესკნელზე გადასახტომი
მტკაველ-ნახევარი თუ იქნებოდა, პაჩომ მსუბუქად რომ ისკუპა,
აი, მაშინ აიტანა ძრწოლამ და თვალები დახუჭა... მაგრამ ეს
წუთიერად მოხდა და მყისვე მოეგო გონს, ისევ შეღერდა და
აიუფამ თავი რომ მოატრიალა და შემკრთალმა ახედა, თიკომ
თვალი გაუსწორა, მარჯვენა ხელი აღმართა და ცნობილი
ფილმის კაპიტანივით აღმოხდა: „Мы победили океан!“.
ოჰ, როგორ გაუხარდა აიუფას ამ სიტყვების გაგონება,
სწორედ შარშან, ჯარში ყოფნის დროს ნახა ის ფილმი და
გულში ჩაეჭირა მამაცი კაპიტნის ეს დაუვიწყარი ფრაზა,
ამბოხებულ ხომალდთან და ოკეანის გავეშებულ ტალღებთან
ნაბრძოლი, ნაწვალები და ნატანჯი, ტანსაცმელშელახული და
პირახავსებული, საბოლოოდ რომ ამბობს, უფრო კი ძლივს
ამოთქვამს, ყოველგვარი შემართებისა და პათეტიკის გარეშე,
რადგან ეს სიტყვები მისი ბუნების ღრმა წიაღიდან მოდიან,
დიდი გზა აქვთ გამოვლილი და მათ მხოლოდ მირაჟივით
სდევს გამარჯვების ანარეკლი, რადგან, ვინც იმარჯვებს, მან
იცის, თავისი სისხლით და კუნთებით, და ყოველი ნაკვთით,
გამარჯვება რა ფერდების ჩაწყვეტასა და რა მძიმე საფასურს
მოითხოვს. ჰოდა, უხაროდა აიუფას, ასე ეგონა, ეს სიტყვები მით
უფრო აახლოებდა, რადგან დარწმუნებული იყო, ორივე
სიმამაცის დროშის ქვეშ იყო დარაზმული, მას კი მიაჩნდა, რომ
სიმამაცე უპირველესი რამ იყო ამქვეყნად. უთხრა კიდეც თიკოს,
რომ იცოდე, მთელ კავკასიაში ყველაზე მამაცები ქისტები
არიანო, ვაჟა და ყაზბეგიც ასე თვლიდნენო, შემთხვევით კი არ
არის ჯოყოლა ქისტიო, და თუშს უთქვამს, ეს ხომ მთაში ყველამ
იცისო. რა უთქვამსო? დაინტერესდა თიკო. რაო და თქვენ არ
გინახავთ, ტოლიკიანი ქისტი ქვიშას რომ გაეკვრებაო, თუ ბიჭი
ხარ, მიდი და დაუდექი წინაო. საწყალ თუშებს ყოველი ჩირგვი
ქისტი და ლეკი ეგონათო...
– იცოდე, მიფრთხილდი, აიუფ, – გაიცინა თიკომ, – მეც
რაღაცა ვიცი, ქისტების ბელადი მურთაზი რო მოადგა ფარსმის
ციხეს, თუშები ციხეში გამაგრდნენ, ფშავ-ხევსურების
დახმარებით მურთაზს ზარბაზანი წაართვეს, რომელიც
სახსოვრად ინახებოდა სოფელ ჭექოში, არაბული წარწერით:
ქისტი ალდამიც კარგად უკუაქცია შეთე გულუხაიძემ, ხომ ასეა?
ხომ ასეა?!
– ეგ არის და ეგა. დანარჩენი ბრძოლებისა რომ ვთქვათ,
დანარჩენისა?! – იცინოდა აიუფა.
– ქისტები თავდასხმასა და ყაჩაღობაში იყვნენ გამოჯეკილები,
ამას არავინ უარყოფს... – თიკოს ხმაში გამოწვევა გაისმა.
აიუფა წამოენთო:
– ყაჩაღობაში კი არა, ვაჟკაცობაში. თითქმის ოცდაათი წელი
ებრძოდნენ შამილთან ერთად რუსებს და ტოლს არ უდებდნენ.
ესეც ხომ ყველამ იცის... დარღოს აღების დროს, რუსებმა რო
აიღეს, მთელ ტყეში მაგათი დაჭრილების კვნესა ისმოდა
რამდენი ხანი და მშველელიც აღარავინ ჰყავდათო...
ვორონცოვიც ხო ძლივს გადაურჩა ტყვეობას... მე მაინტერესებს
ჩემი ხალხის ისტორია, მაინტერესებს... – შეუპოვრად ამბობდა
აიუფა.
– მაინც რა სხვანაირი ხალხია ეს რუსები, – დანანებით თქვა
თიკომ, – არც თავისიანები ენანებოდათ და სხვები – მითუმეტეს.
მთელი კავკასიის ფერდობები მაგათი სისხლითაც არის
მორწყული... ვორონცოვმა კი, იცი, ალბათ, სწორედ დარღოს
აღებაში მიიღო „ბრწყინვალე თავადის“ წოდება.
მაგრამ თიკოს აღარც უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. აიუფას
ისე ჰქონდა თავი აწვდილი და წარბებიც გოროზად შეყრილი,
შეეშინდა, ნამდვილად გაგებული ექნება ქართველების
ბრძოლის შესახებაც და ემანდ არ წამომაძახოს გრიგოლ
ორბელიანის საგმირო ამბებიო, მთიელებს მთის ჭიანჭველებს
რომ ეძახდა, მთიელ ტყვეებს თავებს სჭრიდა და თან ამის
შესახებ თავმომწონედაც სწერდაო... და ათას ხუთასი ცხვარიც
უსირცხვილოდ გაირეკა პოეტმა კაცმაო... მერე მეც ვერ
მოვითმენ, იქნებ გავწიწმატდე ლეკიანობის გამო და ამ რთულ
თემებზე არ მსურს ახლა ამ ჩემს კარგ მასპინძელთან შებმაო...
ისინი მაღალ ბექზე ისხდნენ, ისვენებდნენ, პაჩოც იქვე
შორიახლოს ბალახობდა. თიკო სწრაფად წამოდგა, ცოტას
გავივლიო. შეუჩვეველზე მართლა დაღალა ცხენზე ჯდომამ...
განზე გადგა, გაივარჯიშა, ხელ-ფეხი გაიქნია, მერე იქვე
მოირთხა ფეხი და მიდამოს გახედა, უნდოდა, აღედგინა ის
ნეტარი განწყობა ამ საუბრამდე რომ ჰქონდა, ხშირად ბუნების
წიაღში ყოფნა რომ იწვევს, თანაც ასეთ მიუვალ და
ხელთუქმნელ წიაღში. წეღან კლდოვანიდან გამოვიდნენ თუ
არა და ცოტა გამოიარეს, აიუფამ უცებ შესძახა: – მიყვარხართ
ღვივლიანებო, ზამთარ და ზაფხულ მწვანეო! და თიკოს
მოუწოდა, აიხედე ზევითო. წყალი, მოდიდო ნაკადულის ოდენა,
გამოდიოდა მთის წვერიდან, მოსჩქეფდა თხემზე, ხასხასა,
მწვანედ აფეთქებულ ჩირგვნარს შორის, და თურმე ეს
უბრალოდ წყალი კი არა, მდინარის სათავე იყო, ილტოს
სათავე! და ღვივლიანები კი – მარადმწვანე, ფაქიზი
ჩირგვნარი... თიკო მონუსხულივით შესცქეროდა მდინარის
დაბადებას... ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება ეს
ღვივლიანებიცო, აიუფას უთხრა. და სულ მალე კვლავ ელოდა
ახალი აღტაცება, აიუფას თქმით, „ხორხებით“ გამოწვეული.
ღმერთო ჩემო, ეს რა ულამაზესი ადგილიაო, შესძახა თიკომ
თხელი, თხელი, უნაზესი, სიფრიფანა ბალახით დაფარული
თეთრქვიანი ადგილის დანახვაზე... ლეჩაქივით ბალახიდან
თვალწარმტაცად გამოსჭვიოდა მომცრო, თეთრი ქვების ნაირ-
ნაირი მოხაზულობა. თურმე ეს იყო „ხორხები“.
– აიუფ, მართლა მიკვირს, რომ აქამდეც არ შეგეკითხე,
როგორ არის ქისტურად „გმადლობთ“ და ნანსაც და ჰასისაც
სულ ქართულად ვეუბნები, გმადლობთ, გმადლობთ-მეთქი.
– ბარქალ.
– ჰოდა, ბარქალ, აიუფ, გულით გეუბნები,
ღვივლიანებისათვისაც, ხორხებისთვისაც, კლდოვანი
ბილიკებისთვისაც, ილტოსთვისაც... ყველაფრისათვის ბარქალ!
– ჯერ ადრეა, მგონი, ჯერ გზა არ დამთავრებულა... – იცინოდა
აიუფა, – ჯერ პირმზითები უნდა გაჩვენო, გუშინდელი
ლექსისთვის...
– ის ლექსი ნამდვილად არ ღირდა ასეთ მოგზაურობად და
ამდენ სილამაზედ, რისთვისაც კიდევ ბარქალ!
– ეხლა ცოტა შევისვენოთ, დაიღლებოდი ცხენზე ჯდომით და
ისე წავიდეთ პირმზითებისკენ, კარგი?!
კარგიო, აიმ ბექზე შევისვენოთო...
ირგვლივ სიჩუმე იდგა, წეღანდელი ლაპარაკის შემდეგ
ორივენი ჩუმად ისხდნენ და თავის ფიქრს მისცემოდნენ. აიუფა,
ეტყობა, ისევ კავკასიის ომებს უტრიალებდა, მდუმარება
დაარღვია მალევე:
– იციი, თიკო, მე რომ წერა შემეძლოს შენსავით, სულ-სულ
კავკასიის ომებზე დავწერდი.
თიკომ უარის ნიშნად თავი გაიქნია:
– არა, აიუფ, მე მართლა მწერალი კი არა ვარ, უბრალოდ,
ძალიან მინდა, ღმერთმა გადმომხედოს და რაღაც ღირებული
დავწერო...
არა, არაფრით არ უნდოდა კავკასიის ომების შესახებ
ლაპარაკი, რადგან, ლეკიანობის მიუხედავად, მყარი აზრი არ
გააჩნდა, უნდა ებრძოლათ თუ არა ქართველებს რუსების
მხარდამხარ და, სამწუხაროდ, ომი ომია, დაუჯერებელი
სისასტიკე უნდა გამოეჩინათ თავისუფლებისმოყვარე
მთიელების მიმართ?! თუმცა ამ მთიელებისაგან ათეულ
წლობით აკლებული და გაწყალებული იყო კახეთიც და
ქართლიც და შორს რომ არ წავიდეთ, იქნებ დავით
გურამიშვილის ტანჯვის გზებზე ძრწოლა იკმარებოდა აიუფას
მიერ ჩამოსული ქაღალდის გასაჭრელად. და თიკომ აიუფას
სულ სხვა რამ უთხრა:
– აი, ეხლა მე რაღაცას ვფიქრობდი და მინდა, შენ რჩევა
გკითხო, კარგი?
თიკო კი გუშინწინდელს შემდეგ თავის აკვიატებულ სურვილზე
ფიქრობდა, აქ დარჩენის და ქვევით სკოლაში მასწავლებლად
მუშაობის სურვილზე. თანდათან აიტაცა ამ აზრმა, რა
გადასარევი იქნებაო, რა კარგად ვასწავლი ქისტის ბავშვებს
ქართულსაც, რუსულსაც, ისტორიასაც, ნამდვილად შემიძლია
გეოგრაფია და გერმანულიც ვასწავლოვო, განა ამაზე
კეთილშობილური საქმე კიდევ რაიმე შეიძლება იყოსო? თანაც,
რაც მთავარია, დაწერს, დაამთავრებს თავის თხზულებას, ისე
უნდა მარტოობა, თავის სიცოცხლეში მარტო არ ყოფილა, კარგ
ოთახს დაიქირავებს, ბუხრიანს, გააგუზგუზებს ზამთარში ბუხარს,
ხშირად ვაჟას ხატი უდგას თვალწინ, როგორ იჯდა ბუხართან,
მთელი დღის მაშვრალი და როგორ წერდა თავის გენიალურ
თხზულებებს. ვაჟა არწივია და არწივივით ყეფს, მაგრამ იმ
უსაყვარლესი ჩეხოვისა არ იყოს, მოლაღურსაც ხომ აქვს
უფლება, თავისი „ბიჭო გოგია“ თქვას. ჰოდა თიკოც იტყვის იმ
გაგუზგუზებული ბუხრის პირას, ფრთას შეასხამს თავის
ფიქრებს... არა, არა, არავითარი მოსკოვი არ უნდა, აბა, რა
უნდა მოსკოვში, და მუზეუმშიც ცოცხალი თავით არ
დაბრუნდება, რომ ისევ ისე იტანჯოს და იწვალოს ამ რაღაც
განუხორციელებელი სიყვარულით, არავითარ შემთხვევაში,
ამას უნდა ჯვარი დაესვას, თუ, მითუმეტეს, მამა დაეჭვდა და
თვალთვალი და რეკვა დაიწყო... მამას ის უნდა, წესიერი გზით,
ანუ ქმრისაგან, თიკოს შვილები ჰყავდეს, გინდ ოთარი იყოს,
გინდ პეტრე და პავლე, ამას მისთვის მნიშვნელობა არა აქვს,
თიკო კი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენს ვინმესთან დაწოლას
უსიყვარულოდ, თუ მართლა არ გაღელვებს მისი სული, აი,
სწორედ სული, სხეულიც ხომ სხვა არა არის რა, თუ არ სადგომი
ამ სულისა და ანარეკლი მისი მშვენიერებისა... რამეთუ ხორცნი
თვინიერ სულისა მკუდარ არიან... თიკო მოხიბლული ადამიანია
და ასე ფიქრობს, ასე სჯერა... ოთარმა კი ამ ბოლო დროს
კაფეში რომ დაპატიჟა, გულისამრევი რამ უთხრა, თიკოსთვის
ყოვლად მიუღებელი თავისი ვულგარული უგემოვნობით, მე
მინდა, ჩემს ბალიშზე შენს ხუჭუჭა თავს ვხედავდე მთელი ჩემი
სიცოცხლეო... არადა ისეთი მიდეგა და ჯიდაოა, გულს
გამოუჭამს, აი, ასეთი ფრაზებით, რადგან ეჭვი არ ეპარება
დიალექტიკის კანონის შეუმცდარობაში, რომ რაოდენობა
ხარისხში გადადის... ჰოდა, აქ უნდა დარჩეს, აქა, რა კარგი
იქნებოდა, მარტოდმარტო ამ მთებში, მხოლოდ ბავშვების
გარემოცვაში, როგორ ეცდება, კარგად ამეცადინოს,
დააინტერესოს, ნიჭიერ ბავშვებს ხელი შეუწყოს... თავის
ისტორიის წრესაც არ უღალატებს, რაა, ვერ ჩავა ორ კვირაში
ერთხელ თელავში? დედაც ამოვა, უჰ, როგორ მოენატრა ახლა
დედა, სად აღარ ყოფილა და ვაი, სირცხვილო, კახეთის მთებში
კი არ ყოფილა, ჰოდა, ერთად ივლიან... რა ულამაზესი იქნება
ველობთან ტყე შემოდგომაზე, ქისტებთან ერთად, ჯეინაისთან
ერთად წავა ხოლმე წაბლზე, წიწიბოზე, ზღმარტლზე... რაც
მთავარია... კინაღამ დაავიწყდა, ქისტურს ისწავლის ყოველ
მიზეზ გარეშე, აუცილებლად... და ზამთრის ტყე? დათოვლილი...
თვალისთვის წარმტაცი და ცხოველ-ფრინველისთვის კი ძნელი,
იმათთვის, ვინც ზამთრის ძილს არ ეძლევა და თბილ ქვეყნებში
არ მიფრინავს... ჰოდა, გაჰყვება ხანდახან აიუფას ზამთრის
ტყეში, საკვები რომ მიაწოდონ იმ საწყლებს, მშივრები და
სიცივისაგან დაბუხულები, ალბათ, ხეებიდან რომ ცვივიან...
ფიჩხსაც მოაგროვებენ ბუხრისთვის, ნაყარნუყარ ხმელ
ტოტებს... კუნძებს კი სახლის პატრონს გამოართმევს, და ცხელ
კერძსაც ისინი მიაწვდიან, ბევრი სჭირდება თუ რაა, ვერ იტანს
მუცელღმერთობას, ახალი შედღვებილი კარაქი, ხაჭო და
ყველი, სასიამოვნო ცივი დო, მეტი რა უნდა?! რაც მთავარია,
სანეტარო მარტოობა ქაღალდთანა და ფანქართან, და სჯერა,
სჯერა, რომ გადმოხედავს ღმერთი და მოუვლენს წყურვილს
წერისას... და ამასობაში სიყვარულსაც მოიშუშებს, ამ თავის
დაუშვებელ სიყვარულს... ახლა ჯერ ისევ გაბმულია ძაფები და
ჩართულია დენი, კიდევ კარგი, სხვებისთვის შეუმჩნეველი, და
სიტყვა იქნება, გამოხედვა თუ შემთხვევით უნებლიე შეხება,
ყველაფერი ფარული სიყვარულით ფეთქავს...
აიუფას კი თვალი გაუშტერდა... თმაზე უყურებდა თავდახრილ
თიკოს... მზეზე უბრწყინავდა ხუჭუჭა თმა... წაბლისფერი...
ოქროსფერი რომ გადაჰკრავდა... ო, როგორ უნდოდა
ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ხელი გადაესვა ამ
თმისთვის... რა კარგი ქალიაო, ეს თიკოვო, ფიქრობდა, სად მე
და სად ეს და, რა თანატოლივით მელაპარაკება და მექცევაო...
რჩევა მინდა გკითხოვო, რჩევა?
– რა რჩევა გინდა მკითხო, თიკო? მე არაფერზე დაგზარდები,
თუკი რამ შემიძლია...
– ვერაფრით ვერ იფიქრებ, აიუფ, და ვერც წარმოიდგენ, რა
მინდა გითხრა...
– მაინც, მაინც, რა არის ასეთი?
– მე მინდა, აქ დავრჩე, – თქვა თიკომ და აიუფას შეხედა, აბა,
რა შთაბეჭდილებას დატოვებს ჩემი სიტყვებიო. მაგრამ აიუფამ
მხოლოდ გაკვირვების ნიშნად ოდნავ ასწია წარბები. სხვა
გრძნობა კი არ გამოუმჟღავნებია, თუმცა ძალიან გაუხარდა...
და გაახარა თიკოს სურვილმა, თორემ არცერთი წუთით არ
დაუჯერებია, რომ თიკოს აქ ვინმე დატოვებდა.
– და აქ გინდა დარჩე, აქაა? – გაუმეორა კითხვა.
თიკომ კი, ცოტა არ იყოს, გაწბილებულად იგრძნო თავი:
– აი, სწორედ აქა, ესე იგი, ქვევით, სოფელში... და სკოლაში
ვასწავლო, ისე მიტაცებს ამაზე ფიქრი და შენ კიდევ ცივი წყალი
გადამასხი...
– არა, არა, – აღელდა აიუფა, – მე არ მჯერა, რომ შენები
გაგიშვებენ... ახალგაზრდა ქალს... რო სახლში არ იყო.
მამაშენი მთელ რაიონში ცნობილი კაცია და იმას იზამს,
სოფელში დარჩე და ქისტებს ასწავლო? არც როდის არ
დავიჯერებ...
– რას ქვია, არ დაუშვებს და არ დაიჯერებ. მე ვიცი, რა
თავისნათქვამა ვარ, რატომ არ უნდა დამთანხმდეს, რომ,
ვთქვათ, ერთი-ორი წლით დავრჩე და ბავშვებს ვასწავლო. ეს
ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დისერტაციის დაცვა, რას
შევმატებ მე ისეთს მეცნიერებას, როგორც ისრაფილისთანა
ბავშვებს და, მაგალითად, შენც, უმაღლესისათვის ხელი რომ
შეგაშველო და, გეტყობა, ინტერესიანი ხარ, მართლა გზაზე
დადგომაში მოგეხმარო... მე ახლა ისე მახალისებს ამაზე
ფიქრი, ვერ წარმოიდგენ.
– ახლა ასე გგონია და ზამთარი რო ჩამოწვება, ვერ გასძლებ,
ვერა, მოგწყინდება, შემსვი პაჩოზეო, მეტყვი და საიდანაც
მოვსულვარ, იქით წამიყვანეო, – გაიცინა აიუფამ.
– ჰოდა, ძალიან სცდები. მე მოწყენა საერთოდ არ ვიცი, მე
არასოდეს არ მწყინდება, შეიძლება ვიყო ცუდად, შეიძლება
ვწუხდე, ვიტანჯებოდე, მაგრამ მოწყენა? ბავშვობაში სახადებით
ვიყავი ხოლმე ავად, ყველაფერი მოხდილი მაქვს, წითელაც და
ჩუტყვავილაც და, ქუნთრუშაც და, ყივანახველაც და, ყბაყურაც
და კიდევ რა ვიცი, რა აღარ, როგორია ბავშვისთვის ლოგინში
წოლა?! და დამიჯერე, არასოდეს არ მომიწყენია, მე ათასი რამ
შემიძლია გამოვიგონო...
– მჯერა, მჯერა. როგორც გუშინ საწყალი საბა გამოიგონე?
– საბა ნამდვილად იყო და მე მიყვარს საბა.
– მაგრამ მაინც ხომ გამოიგონე... ვინ იცის, ერთხელ მეც
გამომიგონო, ჯეინაიც გამოიგონო, ძალიან-ძალიან
დამაინტერესებს, ვიცნობ თუ ვერა...
– ნაწილობრივ მაინც იცნობ, ბოლოს-ბოლოს ჩვენ
ნაწილობრივ ვიცნობთ ადამიანებსაც და საკუთარ თავსაც... და,
საერთოდ, ბოლომდე არავის და არაფრის შეცნობა არც
შეიძლება და არც საჭიროა, მთავარია, ძლიერი შთაბეჭდილება
და ძლიერი განცდა, რაც არ ექვემდებარება ჩვეულებრივი
დროის საზომს და არის მარადისობის ხატი ჩვენში...
– მე ეხლა ისე მინდა, ისე, ისე, რაც მე კარგად ვიცი, ის შენც
გასწავლო, სხვანაირი ხარ და რა იცი, იქნებ გამოგადგეს
წერაში, – და აიუფამ ჯიბიდან ნაგანი ამოიღო.
– სიამოვნებითაც ვისწავლი, თუ ცოცხალს არაფერს მოვკლავ.
აი, თოფიც ხო აქვე გაქვს.
– თოფი მძიმეა, არ გინდა, ნაგანით დავიწყოთ. შეხედე, რა
ლამაზი იარაღია, ხო გითხარი კიდეც, უმტყუნოა, – ტყავის ბუდე
შემოაცალა და თიკოს გადასცა. თიკომ ნაგანიანი ხელი
გაიშვირა, ვითომ რაღაცას უმიზნებდა.
– არა, არა, ეგრე არაფერი გამოგივა, დამიზნების დროს ხელი
არ უნდა იყოს მთლიანად გაშლილი და დაჭიმული, აბა,
წამოვდგეთ და უფრო კარგად გასწავლი...
– აი, ასე?
– ოდნავ შემოტრიალდი მარცხნივ, მარცხენა ფეხიც წინ
წამოიღე, მარჯვენა უკან, თუ გინდა, უკეთ დაუმიზნო, მკერდთან
მარცხენა ხელი მოხარე და მარჯვენა, იარაღიანი, დააბჯინე.
ეხლა აის ბუჩქის წვერი იყოს ობიექტი, დასვი მუშკაზე,
დამავიწყდა, მარცხენა თვალი მოხუჭე, ბუჩქის წვერმა უნდა
ჭრილი ამოავსოს... აი, ეხლა სასხლეტს ნელ-ნელა გამოუშალე
ფეხი... ყოჩაღ, ყოჩაღ, პირველივე დამიზნებით ზუსტად
მოარტყი.
თიკო იცინოდა გახარებული, აბა, ერთსაც ვისვრიო...
მერე კიდევ ისროდა... და იარაღი აიუფას გადასცა:
– იცი, ვგრძნობ, შეიძლება სროლამ გაიტაცოს ადამიანი... –
და სანამ დაამთავრებდა სათქმელს, აიუფას ისეთი სიცილი
აუტყდა, ვერ ჩერდებოდა... – რა იყო, აიუფ, რა ვთქვი
სასაცილო?
– მთელი მსოფლიოა... მთელი... მთელი... გატაცებული
სროლით...
– ჰოდა, მე ის მინდოდა მეთქვა, რომ საშიშ გატაცებებზე
პირადად მე პრინციპულად ვამბობ უარს, ბუჩქსაც აღარ ვესვრი,
ბუჩქიც ცოცხალია, და თუ ძალიან მომინდება სროლა, წავალ
ნადიკვარზე და ტირში ვისვრი ნიშანში... ალბათ, მსოფლიო
სულ სხვანაირი იქნებოდა, ადამიანს ასე გაგიჟებით რომ არ
შეჰყვარებოდა სროლა და კვლა...
– სულ-სულ დაკარგავდა სიცოცხლე ინტერესსა და აზრს, –
აიუფამ ნაგანი ჯიბეში ჩაიდო, თოფი გადაიკიდა და წავიდეთო,
თქვა, მერე დაამატა: – აქ რომ მქონდეს, გაჩვენებდი ქისტურ
ხანჯალს, მე ცალღარიანი მაქვს. ისეთია, თვალს ვერ
მოაშორებ, კავკასიაში ყველაზე კარგი იარაღი ხანჯალი იყო,
შავხალი.
– ოჰ, შე მეომარო, შენა... – თვინიერი, თითქოს ალერსიანი
კილოთიც კი თქვა თიკომ.
– თუ მართლა დარჩები, აბა, სანადიროდ არ გამომყვები? ხომ
დაგპირდი, დათვი უნდა მოგიკლა.
თიკომ გაიცინა, აღარაფერი უპასუხა, ხელზე დაეყრდნო,
პაჩოს ყოჩაღად გადაევლო და გასწიეს, როგორც აიუფამ
ადრევე უთხრა „პირმზითებისკენ“. ბილიკი ქვევით ეშვებოდა,
მერე კი მარცხნივ უხვევდა, სწორდებოდა და პირდაპირ
მიდიოდა...
– მომეცი ეხლა აღვირი, აიუფ, მე მგონი, დროა, ვცადო
დამოუკიდებლად წასვლა...
აიუფამ აღვირი მიაწოდა, – აბა, შენ იცი, პაჩო, – ჩაულაპარაკა
ცხენს და გავაზე ხელი დაჰკრა. პაჩომ ნაბიჯი ააჩქარა, მერე
ჩორთზეც გავიდა, აიუფაც მათ ძუნძულით გამოეკიდა... ბევრი კი
არ ურბენიათ, რადგან სულ მალე მზით გაჩახჩახებული,
ყვავილებით ატეხილი ზეგანი გამოჩნდა... ცოტაც და ყვავილებს
შეერივნენ, რადგან ბილიკი ყვავილებს შორის იყო ჩამალული...
თიკომ ცხენი გააჩერა, ყვავილები ლამის უნაგირამდე უწევდა,
თიკო მოჯადოებულივით ავლებდა თვალს ნაირფრად
აზიმზიმებულ „პირიმზითებს“... მერე, როცა განაპირას
ჩაიმუხლეს, აიუფას ეუბნებოდა, ასეთი ნეტარება არასოდეს,
არასოდეს არ განმიცდიაო, და ახლა ასე ეგონა, რომ არ
მობეზრდებოდა არც ამ ყვავილების ჭვრეტა და არც ცხენით
ნავარდი...
– იციი, ასე რომ ვიაროთ, ვიაროთ, ვიაროთ... მზის ჩასვლისას
საყვავის გორზე მივიდოდით, – თქვა აიუფამ, – იქ დიდი
სადგომია, თუშებიც არიან, ქისტებიც, და ერთი მოხუცი კაცია,
ძალიან კარგი მთქმელი, სულ-სულ იცის ამ მთა-ბარის ამბები...
შენ დაგაინტერესებდა...
– მე ისედაც არაჩვეულებრივად მინდა, აქეთ კიდევ
წამოვსულიყავით!
– იქ თუ წავალთ, ორი დღე დაგვჭირდება, ღამე დგომით
მოგვიხდება წასვლა, საშიში არაფერია, სტუმარი ხარ,
უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემს, ცივ ნიავს არ მოგაკარებთ,
სულ ჩვენები არიან...
თიკო ლამის აღაგზნო ასეთი მოგზაურობის შესაძლებლობამ,
თან მოხუცი მთქმელი, რომელიც დღეს არის და ხვალ
შეიძლება აღარც იყოს...
– მოდი, ნუ გადავდებთ, კარგი? დღეს რომ მხარი მოვტეხე
ლიზიკოს, ხვალ თავს მოვიქაჩლებ, მე ვიქნები მორიგე,
ყველაფერს კარგად მივხედავ და ხვალზევით წავიდეთ, კარგი?
თიკომ აიუფას გადახედა, მანაც მაშინვე შემოაგება მოცინარი
მზერა და თავი დაუქნია:
– შენ როგორც იტყვი... საყვავის გორიდან დილის შვიდ
საათზე რომ გახვიდე, თორმეტზე უკვე გროზნოში იქნები...
– სიმართლე გითხრა, არ მეგონა, თუ ასე ახლოა. როდისმე
ჰასისთანაც შეიძლება წასვლა, არა? უჰ, რა გადასარევი იქნება!
დედაჩემი, იცი, წელიწადს არ გააცდენს, სადმე არ წავიდეს.
ახლაც ბაიკალზეა წასული... მეც ვგიჟდები მოგზაურობისთვის,
დედასთან ერთად ვოლგაზეც ვყოფილვარ, ბალტიისპირეთშიც,
მაგრამ ცხენით და მთებში, არასოდეს, არასოდეს! და თურმე ეს
ყოფილა, რაც ყოფილა...
– მეც ამიტომ მინდოდა წამომეყვანე... ვიცოდი, ძალიან
მოგეწონებოდა ეს ტაფიანი – ცოტა დაბლა როა და სწორია,
ტაფიანიც ჰქვია ამ წალკოტს – და გინდა გითხრა, რომელი რა
ყვავილია? აგეერ ნაღველა, უღერი ნაღველა, მელნისფერი...
აგეერ ქედუნა, შენს ხელთან, რამსიდიდეა, აგეერ მის გვერდით
ქარცხვი, ლურჯი, ლურჯი... აგეერ კაკბის ბალახი... აი, ეს კიდევ
წითელი გვირილა, აგეერ ოქროცოცხა...
აიუფა უცებ გაჩუმდა. თიკოს წამიერად გაჰკრა მზერა და პირზე
ხელი მიიდო. ჩაჩუმებულები ისხდნენ, აიუფა ხელით ანიშნებდა
თიკოს, ხმა არ ამოიღოვო... და უცებ თიკომ თვალი შეასწრო
აიუფას უსწრაფეს ნახტომს, კამარასავით, ვიწრო, ჩასხეპილ
წელსა და მოკლესახელოებიანი მაისურიდან წინ გაწვდილ,
თითქოს გატყორცნილ ხელებს, და მოესმა კიდეც ჭყივილი...
ხელში კურდღელი ეჭირა, რომელიც სხმარტალებდა და მთელი
ხმით ჭყიოდა... ბიჭოს, ეს რა ჭყივილი სცოდნია კურდღელსო
და მაშინვე დაუძახა აიუფას: გაუშვი ეხლავე, გაუშვიო... იცოდე,
ნუ ჩამაშხამებ ამ მშვენიერ დღესო, გაუშვი ჩქარაო... აიუფამ
კურდღელი მოისრიალა, სინანულით კი აქნევდა თავს, კაცი
რომ ხელით კურდღელს დაიჭერს, მერე იმისი გაშვება როგორ
იქნებაო... თიკო კი გაოცებული შეჰყურებდა აიუფას...
– აბა, აიხედე ზევით, ხედავ, რა დიდი ძერაა, ეგ
უთვალთვალებდა ზევიდან კურდღელს, ის კიდევ ტაფიანს
შემოეფარა... რა გინდოდა, შამფურს გამოვთლიდი,
გავატყავებდი, ავაგებდი შამფურზე და შევწვავდი, იყავი ეხლა
მშიერი... – მოიღუშა აიუფა.
– სულაც არა ვარ მშიერი, და რომ ვიყო კიდეც, რაა მერე... მე
სულ სხვა რამეს ვფიქრობ, აიუფ, იცი? ეს არაჩვეულებრივი რამ
იყო – შენი ნახტომი და კურდღლის დაჭერა ხელით...
– რით იყო მაინც არაჩვეულებრივი, მე სულ-სულ არ მგონია
ასე...
თიკომ დაფიქრებით შეხედა:
– ნუ მიბრაზდები, იცოდე, გიხაროდეს, რომ ერთ ცოცხალ
არსებას სიცოცხლე აჩუქე. რით იყო და გეტყვი რითაც...
უდიდესი ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი ამ ორმოცდასამი
წლის წინ გარდაიცვალა, მე რომ მკითხონ, როდის ყოფილხარ
ბედნიერიო, ერთ-ერთ ბედნიერებად პრუსტის კითხვას
დავასახელებდი, ის არის ნამდვილი დიდოსტატი
შთაბეჭდილებების გაჩითვის და გახსნის, და ამ შენი ნახტომისა
და კურდღლის დაჭერის შთაბეჭდილებით ის მთელ ამბავს
ააგებდა, როგორ არის შენი სხეული, ნეკნები, კუნთები,
ხერხემალი საუკუნეების განმავლობაში ნაწრთობი მთის
ბილიკებზე ელვისებური სირბილით, კლდე-ღრეებში გლიჯინით,
უფსკრულებზე გადაფრენ-გადმოფრენით, მუდმივი
თავდასხმებით, ცხვარ-ძროხის დატაცებით და ხანჯლების
ტრიალით, ჩასაფრებითა და თვალთვალით, და ბოლოს ამ
თვალისმომჭრელი დაუვიწყარი ნახტომითა და კურდღლის
დაჭერით... ერთი სიტყვით, მთელი შენი მოდგმის ისტორიას
წარმოგვიდგენდა... ახლა კი მითხარი, ძერას ქისტურად რა
ჰქვია?
– ქჲურ, ისე მინდა ხოლმე სულ-სულ გისმინო, მართლა რო
რჩებოდე აქა... რამდენ რამეს გავიგებდი შენგან... – როგორღაც
გულდაწყვეტით ამბობდა აიუფა.
– რომ იცოდე, მე სულ ამაზე ვფიქრობ! – თქვა თიკომ და
ჯიუტად გაიქნია თავი.
გზად ტყეში გამოიარეს, მაყვალიც მოკრიფეს, სურნელოვანი,
მსხვილი, ძუძუ-მაყვალი, აიუფამ სოკოც ნახა.
ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ და ფეხად მიასწრეს შალვას
და ბიჭებს... თიკოს გულიც დასწყდა, ერთი დავენახე შალვას,
ცხენზე როგორ ვიჯექიო... ძალიან კი იყო დაღლილი, ადრევე
წავიდა თავის კარავში, და სანამ დაეძინებოდა, – დაღლილზე
დიდხანს ვერ დაიძინა, – როგორც ეუბნებოდა აიუფას, აქ
დარჩენაზე ფიქრსა და ოცნებას მისცა თავი, და როცა ჩაეძინა,
სიზმარშიც დიდფანჯრებიანი ოთახი ნახა, ნაირ-ნაირი
ყვავილებით მორთულ-მოკაზმული.
მაგრამ ამბობენ, მთა მოულოდნელი ხიფათებით არის სავსეო,
როგორც საერთოდ ჩვენი ცხოვრებაც, და მეორე დღესვე ამბავი
სულ სხვანაირად დატრიალდა... და მეტად სამწუხაროდაც.
დილა კი კარგი გათენდა, მოკრიალებული იყო ცა და მზე
ჩახჩახებდა...
თიკომაც მშვენიერი გუნებით გაიღვიძა, დასვენებული,
გამოძინებული, გუშინდელი მძაფრი და მრავალფეროვანი
შთაბეჭდილებებით მოცული, ხვალინდელი, ორდღიანი
მოგზაურობის მომლოდინე და, რაც მთავარია, ახალი
ცხოვრების წყურვილით სავსე. ჩემს გადაწყვეტილებას
მამაზეციერიც ვერ შემაცვლევინებსო, ფიქრობდა, და უკვე ეს
ფიქრი ისეთ თავისუფლებას აგრძნობინებდა, ისეთ სილაღესა
და სიხალვათეს, ასე ეგონა, სულ, სულ, სულ განთავისუფლდა
მტანჯველი სიყვარულის კირთებისაგან... არ უნდა, არა,
ლაჩრების სიყვარული, ზნეობის მომიზეზებით, ვნების მორევი
რომ აკრთობთ და აშინებთ... არც ეს წყვილ-წყვილად
მოჩერებული თვალი უნდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა,
მამის, დედის, დეიდის, ბებიების, გარშემო მყოფების,
თანამგრძნობი, დაინტერესებული, შეშფოთებული,
გახარებული, შეწუხებული, ცნობისმოყვარე და კიდევ ვინ იცის,
როგორი ზრუნვითა და ურვით სავსე... ჰოდა, ისეთი სიხარულით
არის სავსე, ისეთ ატივტივებულ განწყობაზეა, დედამიწას ფეხს
არ აკარებს... სულ ჩხარაჩხურით ჩაიტანა დილანდელი
ჭურჭელი ხევში გასარეცხად. კუპალნიკიც გაიყოლა და მერე
ცივ წყალში იბანავა და ილივლივა, მერე კი ლოდზე შემოჯდა
და მზეს მიეფიცხა. არც ბავშვები იყვნენ, ადრიანადვე ლიზიკოს
გაჰყოლდნენ ძეგლზე და არც აიუფა. ჰასიმ უთხრა, ღამიანადვე
სოფელში წავიდა საქმეზე და შუადღისას ამოვაო; ამოვიდა
ხევიდან და სადილის გაკეთებას შეუდგა, გუშინდელი
დაკრეფილი სოკო უნდა მოეხრაკა და ტუშონკის კონსერვებით
რაგუ გაეკეთებინა. ჯერ კი ჰასის უყურებდა, სიამოვნებით და
შეფრფინვით, როგორ აკეთებდა ის ხაჭო-ერბოს, ქოხის
განაპირას, ცეცხლზე შემოდგმულ სპილენძის ღრმა ტაფაში...
როგორ გამოიტანა თიხის ქოთნით ერბო, ხის კოვზი ამოურია,
ქარვასავით ერბო კოვზიანად ტაფაზე დადო, მერე როგორ
ჩაზილა ხაჭო, ცოტაოდენი ყველიც ჩაფხვნა, მერე როგორ
დაამტვრია კვერცხები... და ისე შეჰყურებდა, თითქოს ამაზე
საინტერესო და წარმტაცი არაფერი ყოფილიყოს ქვეყანაზე...
აიუფა რომ დაბრუნდა, მაშინვე ის ჰკითხა, ხვალ ხომ
აუცილებლად წავალთო. შენ როგორც იტყვიო. შალვასაც
უთხარი თუ არაო, ჩვენი გადაწყვეტილების შესახებო,
დაინტერესდა აიუფა, საღამოს ვეტყვიო, დაუდევრად უპასუხა,
გუნებაში კი გაიფიქრა, დაე, იცოდესო, მე დამოუკიდებელი
ადამიანი ვარ და სადაც მინდა, წავალ და რასაც მინდა, იმას
გავაკეთებო, და მის გუნებასა და განწყობილებას ჩემთვის
აღარავითარი, აღარავითარი მნიშვნელობა აღარა აქვსო. ოჰ,
როგორ შეჰხაროდა თავის ამ რიხსა და შემართებას. ამ
გაჩახჩახებული დღესავით უღრუბლო და უხინჯო
განწყობილებას... ოთარი რომ ოთარია, იმაზედაც კი არც
ერთხელ არ გაღიზიანებულა, და ბიჭია ხომ უყვარდა და
უყვარდა, ისე მოეწონა ბიჭიას ჩანახატები, ძეგლიდან
დაბრუნებულმა ქოხის წინ რომ გამოფინა, თუ ეკლესიის
სხვადასხვა რაკურსით, თუ შალვასი, ოთარისა და ლიზიკოს
პორტრეტული მონახაზები, შემდგომი დამუშავებისთვის
გამიზნული... რა სამწუხაროა, ამბობდა ბიჭია, რომ ფოტოებსაც
ვერ გამოვფენო, აი, ძია შალვა, თუ გამიშვებთ ერთი დღით
თელავში, გავამჟღავნებინებდი და დავაბეჭდვინებდი კიდეც
ბაკაკას ფირს და ვგიჟდები, ისე მინდა, ნენემაც ნახოც აქაურობა
და ნენესაც წამოვიყვანდიო.
თიკომ წიფლებთან დაახვედრა სუფრა და სადილმა დიდ
მხიარულებაში ჩაიარა. ქისტებს ადრევე ესადილათ, მათ
აიუფაც არ შემოერთებია, ჰასის ბიჭი კი ლიზიკოს ბიჭებთან
ერთად დასვეს სადილად და თიკო ყველას მიმართ და,
განსაკუთრებით ბავშვებისა, ყურადღებად იყო ქცეული...
ოთარმა მყისვე იგრძნო თიკოს კეთილგანწყობა და ფრთები
გაშალა: „ბატონო შალვა, თქვენ, როგორც ჟიურის
თავმჯდომარე, ჩვენ კი როგორც ჟიურის წევრები, ხომ ვხედავთ,
რომ ჩვენმა თიკომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა სამთო კონკურსი,
როგორც მზარეულმა, როგორც წარწერის წამკითხველმა და
მელექსემ, და ნუთუ მას ჩვენგან ჯილდო არ ეკუთვნისო.
ეკუთვნის, ეკუთვნისო, ყველამ ერთხმად შესძახა, მაგრამ რით
დავაჯილდოვოთო. ნება მომეცით, ეგეც მე მოგახსენოთო,
ოთარმა ღიმილით გადახედა სუფრის წევრებს, ამასწინათ
ბებიაჩემისა და პაპაჩემის ახალგაზრდობის დროინდელ
სურათებს ვუყურებდიო, და სიხარულით აღმოვაჩინე, რომ თიკო
სულ ბებიაჩემს ჰგავსო, რომ იცოდეთ, ისეთი მწყაზარი ყოფილა
ბებიაჩემი, მეტი რომ არ შეიძლებაო, ჩიხტიკოპი რომ დაიდგას
თიკომ, სულ მთლად ბებიაჩემი იქნებაო... მე კიდევ
ბავშვობიდან პაპაჩემს მამსგავსებდნენო. ჰოდა, თუ ბატონი
შალვა მღვდლობას გასწევს და ლიზიკო კი დიაკვნობას, ბიჭია
მეჯვარე იქნება და საწყალი საბას ეკლესიაში ჯვარს დაგვწერენ,
ბორბალი გადაბრუნდება, ცხოვრება განახლდება და ჩვენი
ჯილდოც ეს იქნებაო...
თიკო არათუ გააღიზიანა ოთარის ხუმრობამ, სიცილით
კვდებოდა: მზად ვარ, ისიც კი გაპატიო, ექიმი ბიანშონი რომ არ
იცოდი, ვინ იყოვო. ლიზიკოც გულიანად იცინოდა, მეც მზად
ვარ, ვიყო დიაკვანიო...
და სწორედ ამ დროს ვერტმფრენის შორეული გუგუნი მოისმა,
რომელიც წუთი-წუთზე ახლოვდებოდა... ჯერ ეგონათ,
ბორბალოსკენ ხომ არ მიდისო, მაგრამ აქეთ წამოვიდა,
მოახლოვდა, სვლა დაადაბლა, ტყეს გადმოუარა, ლამის
წიფლის წვეროებს შეეხო. გამაყრუებელმა გუგუნმა გაავსო
აქაურობა, ვერტმფრენის პატარა სარკმლებში კაცების სახეები
გამოჩნდა.
– ძია კოტე, ძია კოტე! – დაიძახეს ლიზიკოს ბიჭებმა და
ხელების ქნევას მოჰყვნენ. ვერტმფრენი მათი ძეგლის ქვევით,
მოსწორებულ ადგილას დაეშვა... ბავშვები გაცვივდნენ
შესახვედრად და სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ორ კაცთან
ერთად სადგომისკენ მოდიოდნენ...
– დედაა, დედაა! – ყვიროდნენ შორიდანვე ბიჭები და
მოზრდილ პარკებს მოიქნევდნენ, – მამა ჩამოსულაა... მამა
ჩამოსულააა!
ლიზიკომ გულხელი დაიკრიფა, ჭაკატი გამოიკრა, კუშტად
გამოჰყურებდა თავის შვილებს, სახეზე ნაკვთი არ ასტოკებია.
მოსულები კი მათთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი
თელაველი კაცები იყვნენ. აქეთკენ, როგორც გამოირკვა, სულ
სხვა რამისთვის მოდიოდნენ და ლექსოს ჩამოსვლა, რომელიც
თურმე ამ სამი-ოთხი დღის წინ დაბრუნდა კემეროვოდან,
უბრალოდ დაემთხვა მათ ამბავს და მათ მთაში წამოსვლას.
პარკები კი ნაირ-ნაირი კანფეტებით იყო სავსე და გარდა ამისა,
ამ „ძია კოტემ“ შალვას კონვერტით ლექსოს წერილიც გადასცა.
მოსულები კოლმეურნეობის თავმჯდომარეები იყვნენ, აწყურისა
და ხოდაშნისა, გვერდიგვერდ სოფლებისა, ამ რამდენიმე წლის
წინ ხრუშჩოვმა რომ გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის
წამოწევისა და ნაყოფიერების გაზრდის მიზნით
თავმჯდომარეებად კარგი სპეციალისტები გაეგზავნათ,
იმათგანნი იყვნენ... ეს კოტე, გვირაბისუბნელი და ლიზიკოს
კარის მეზობელი, საშუალო ტანის ჩასხმული კაცი,
თავმჯდომარეობამდე თელავის რაიონის ენტომოლოგი იყო,
მეორე კი, მაღალი, ლაზათიანად მოყვანილი, რასაც კიდევ
უფრო წარმოაჩენდა ჩექმებში ჩატანებული ვიწრო შარვალი და
მხრებზე კარგად მომდგარი ყავისფერი ველვეტის ხალათი,
ხრუშჩოვის გადაწყვეტილებამდე მევენახეობის დიდ
მეურნეობებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და შრომის
გმირიც იყო, თან ამავე დროს შალვას კარგი ნაცნობი და
ახლობელი, ერთსკოლელი.
შალვამ წერილი ჯიბეში ჩაიდო და მაღალ კაცს, რომელიც
კოტეს კვალში მოსდევდა, ხელი გაუწოდა:
– საიდან, როგორ, რა მოხდა, როსტომ?!
– რაა, შალვა, და ცხვარი მოგვპარეს და კვალი აქეთ მოდის.
გვითხრეს კიდეც, ადით ზევით, იქ ეყოლებათო, – და როსტომმა
აიუფას გახედა, რომელიც ეს არის ქოხიდან გამოვიდა და აქეთ
წამოვიდა.
– ჩვენ აქ არავითარი ცხვარი არ გვინახავს, – თქვა შალვამ.
– ნეტავ სად უნდა დაგკარგვოდა, რაც ჩვენ აქა ვართ, ცხვრის
ჭაჭანება არ ყოფილა, ამათ ძროხები ჰყავთ და სამი თხა, ეს
არის და ესა! – გადაბრჯნით დაადასტურა ლიზიკომ, რომელსაც
უნდოდა, ხაზი გაესვა, რომ ლექსოს წასვლა-მოსვლა სულ არ
ხვდებოდა გულზე და ცხვრების მოპარვამა და ამ კაცების
ეჭვებმა კი პირიქით, ვითომ ისიც საგონებელში ჩააგდო.
– არადა, კვალი აქეთ მოდის, ჩვენმა ბიჭებმაც ასე გვითხრეს!
– მღელვარედ შესძახა კოტემ და აიუფას ჯიქურ შეხედა, – ნამუსი
აღარ არის რაა, შარშან იყო, მოგვპარეს...
აიუფა თითქოს თვალსაც არ ახამხამებსო, ისეთი
გარინდებული მზერით მისჩერებოდა კაცებს, მერე კი დინჯად
და აუჩქარებლად იკითხა:
– კვალის ცნობა იციან თქვენმა ბიჭებმა?
– არა, არ იციან! იქნებ შენ ასწავლო როგორმე კვალის ცნობა!
– ისევ ისე გაგულისებით წამოიძახა კოტემ, – ცხვარში კუჭი აქვთ
მოჭრილი და არ იციან!
– თქვენ დამცინით და მე შემიძლია, ვასწავლო. კვალის ცნობა
არც ისე ადვილია...
– იცოდე, არავის შევარჩენთ ჩვენი ცხვრების მოპარვას! თუ აქ
სადმე გყავთ, გირჩევთ, გამოგვიჩინოთ! – თვალები დაქაჩა
კოტემ, – გირჩევთ, თქვენთვისაც უკეთესი იქნება!
– რატომ მიბრიალებთ თვალებს? – თქვა წყნარად აიუფამ და
მხრები აიწურა, – სახლში არავინ გყავთ თვალების
დასაბრიალებელი? ჩემს თვალებში თქვენს ცხვრებს ხომ არ
ხედავთ? იქნებ იქით არიან თქვენი ცხვრები? – და ხელი
ტბათანისკენ გაიშვირა. ბიჭიას და ოთარს ერთი სული
ჰქონდათ, ლექსოს ჩამოსვლის ამბავი გაეგოთ, ჯერ
მოუთმენლად შეჰყურებდნენ თავმჯდომარეებს, თიკო კი, ჩვენი
მგზნებარე თიკო, აღტაცებული იყო აიუფას თავის დაჭერით,
ღმერთო ჩემო, რა ღირსებით სავსე ბიჭიაო.
– იქით? იქით? ტბათანისაკენ?! – აღშფოთდა ახლა როსტომი,
– იქით თუშების სადგომია, და თუშები ცხვარს არ იპარავენ!
თვითონ მეცხვარეები არიან, და შენც ძალიან კარგად იცი ეს,
მეცხვარეები ცხვარს არ იპარავენ!
ბიჭებიც ჩაერთნენ ცხვრის მოპარვის ამბებში, ეკითხებოდნენ,
სად ჰყავდათ, როდის მოჰპარეს, რამდენი მოიპარეს და სხვა
ამისთანებს... შალვა კი ამასობაში ლექსოს წერილს
კითხულობდა:

„ბატონო შალვა, ვბედავ და თხოვნით მოგმართავთ, რა


ვქნა, თქვენ მეიმედებით, ლიზიკო თუ ვინმეს პატივსა სცემს,
ეს თქვენა ხართ, და იქნებ ეხლაც თქვენმა სიტყვამ გაჭრას...
დამნაშავე ვაარ თავით ფეხამდე, მაგრამ კაცურადა
გთხოვთ, ჩათვალეთ, ვითომ ჭკუას გადავცდი... დამემართა
ეს სიგიჟე, თორემ ვინ მეე და ცოლ-შვილის ღალატი, და
იქნებ მაპატიოს, შემინდოს, შვილები დამაბრუნებინოს... რო
გავიგე, კოტე უნდა წამოსულიყო, ვერ გავბედე
გამოვყოლოდი, თავს დაგტეხოდით, გამოვჭენებულიყავი
ხალხის წინ, ისევ წერილი ვარჩიე. ვიცი თქვენი ბუნების
ამბავი, ვარჩიე თქვენთვის მომემართა... მინდა გითხრათ და
გთხოვთ ლიზიკოსაც გადაეცით, იქ მე გულხელდაკრეფილი
კი არა ვყოფილვარ, მანქანაზეც ვიჯექი, აქაურებს ღვინის
წარმოება ჰქონდათ, იმათთანაც ვმუშაობდი, მშენებლობის
პრარაბადაც ვიყავი, დღეს და ღამეს ვასწორებდი, რომ
ხელცარიელი არ დავბრუნებულიყავი, რაღაც თანხა
დავაგროვე, მანქანა უნდა ვუყიდო ჩემ ბიჭებს, მინდა,
ავუნაზღაურო უჩემობა. აგრე მგონია, ჩემი ბედი თქვენ
ხელში, ბატონო შალვა, ოღონდ ეხლა გამომიწოდეთ
დახმარების ხელი მეცა და ჩემს ბიჭებსაც, თქვენი
ყურმოჭრილი ყმა ვიქნები, არცროდის არ დაგივიწყებთ
სიკეთეს.
თქვენი პირშავი ლექსო“

შალვამ წერილი ლიზიკოს გადასცა, აი, ხომ გეუბნებოდი, რა


სწრაფად ახდა ჩემი სიტყვაო. ლიზიკომ კი ძლივს, უნდომლად
ჩამოართვა, თქვენი ხათრით, ბატონო შალვა, თორემ იმ
ფუქსავატის დაწერილს ხელშიც არ დავიჭერდიო... და წერილი
გაშალა.
– მაპატიე, როსტომ, ისეთი ამბავი დაემთხვა ამ თქვენს
უსიამოვნებას. თქვენ რას იზამთ ახლა? – მიუბრუნდა შალვა
როსტომს, – ჩვენი ობიექტი აი, აქეთ, სამას მეტრშია.
ყოველდღე, დილა, შუადღე, საღამო დავდივართ და,
სიმართლე გითხრა, ცხვარი არ შეგვინიშნავს.
– თქვენ კი არ დაგანახვებენ. ჩვენ ახლა ვერტმფრენით სულ
გავჩითავთ აქაურობას, ბიჭო, – მიუბრუნდა აიუფას, –
ტყისმცველი სად არის?
– ახმეტაში წავიდა ცხენის დასანალად, ურიკაც უნდა იყიდოს.
თუ გინდათ, მე გამოგყვებით და შემოგატარებთ აქაურობას... –
ისევ ისე დინჯად და აუღელვებლად უთხრა აიუფამ.
– არა, როსტომ, ხომ ხედავ, ესენი არაფერ შუაში არ არიან,
ალბათ, მეორე მხარეს უნდა ეძებოთ... – ხელები გაშალა
შალვამ.
– ოჰ, შალვა, შალვა, აქაურების ამბავი შენ არ იცი, ისეთი
გარინდება იციან, ისეთი სიდინჯე მოიცავთ, წარბს არ შეხრიან,
და სწორედ ამ დროს გამალებით ფიქრობენ, ისაზრებენ და
გეგმას აწყობენ, როგორ დაუძვრნენ საჩოთირო
მდგომარეობას, რა ქნან და რა მოიმოქმედონ... მე, დიდი ხანია,
ეს ვიცი და მაინც შეიძლება შევცდე... ეუბნებოდა შალვას
როსტომი.
ცოტა დრო ჰქონდათ, თელავის აეროდრომზე ვერტმფრენის
უკანასკნელ რეისს ომალოს ხალხი უცდიდა, მაგრამ შეეძლოთ,
თხუთმეტი წუთის განმავლობაში მაინც ეფრინათ ამ მიდამოებში
და ეძებნათ ცხვარი. ბიჭიამ შალვას ყელისწევით სთხოვა,
გავყვები ამათ თელავში, სურათებსაც დავბეჭდავ, ნენესაც
წამოვიყვან და ხვალზევით დილითვე აქ გავჩნდებითო. კოტე კი
ლიზიკოს მიუბრუნდა, აბა, რა გადაწყვიტე, წაგიყვანოთ თუ არა
შენა და ბავშვებიო, რა პასუხი ჩავუტანოთ ლექსოსო.
ლიზიკო კუნძზე იჯდა კოპებგამოკრული და განზე იყურებოდა,
თავი არც მოუტრიალებია, მკვახედ უთხრა კოტეს, მე არსადაც
არ მოვდივარ, აქ საქმეზე ვარ წამოსული და ბავშვებს უნდათ
მამის ნახვა, მე რა დამჭერი ვარო...
ბავშვები კი ცოდვის კვერივით შეჰყურებდნენ ხან დედას, ხან
ძია კოტეს და ცმუკავდნენ. ეტყობოდათ, ძალიან უნდოდათ
ვერტმფრენში ჩაჯდომა, იქამდე სულ ეკითხებოდნენ ჰასის ბიჭს,
უსუფას, როგორია ფრენა, კარგიაო? ჩვენ ჯერ არა
ვმჯდარვართო...
– რა არის, ლიზიკო, ეგრე პირის გამეხება. მოუვა ცოცხალ
კაცს შეცდომა, შეუმცდარი მკვდარია... კაცი თავზე ნაცარს
იყრის, მოელაპარაკა უკვე თავის ბიჭებს, ალაზანმშენში იწყებს
მუშაობას და პატიებაც ხო არსებობს, არაა?! – დასძახოდა
ლიზიკოს კოტე.
– პატიება-პატიება! – შესძახა ლიზიკომ აღშფოთებით, – მე
მაპატიებდით, რო მეკრა თავი, ვიღაც ოხერ-მუდრეგს
გამოვკიდებოდი და ჩემი შვილები მიმეტოვებინა,
მაპატიებდიით? თუ ქვა და გუნდას მომაყრიდით, თქვიით,
თქვიით! – და თვალებით გმირავდა იქ მყოფებს. ლიზიკო ასეთი
ლამაზი არადროს არ ყოფილაო, როგორ უხდება
გაცეცხლებაო, გაიფიქრა თიკომ, მივიდა ლიზიკოს მოეხვია,
დაწყნარებას ეცადა...
– ერთიაა, ადამიანო, ქალი და კაცი, ერთიაა?! უთხარი შალვა,
შენი ჭირიმე, უთხარი, რამდენი ხანია თურმე, დღე და ღამეს
ასწორებდა, ხელცარიელი არ ჩავიდეო, შეგეცოდებათ, რო
დაინახოთ, თოკზე გადასაკიდსა ჰგავს...
მაგრამ ლიზიკოს ვერც შალვამ და ვერც ვერავინ გული ვერ
მოულბეს, გეგონებოდათ, კიდევ უფრო ბრაზობს ლექსოს
ჩამოსვლის გამოვო. ბავშვები კი სიხარულით გაჰყვნენ კოტესა
და ბიჭიას, სულ კუნტრუშით მიხტოდნენ ვერტმფრენისკენ. და
მერე ლამის მეოთხედი საათი დაგუგუნებდა მათ თავზე აქეთ-
იქით ვერტმფრენი. ბოლოს გუგუნი რომ მიწყდა,
წარმოუდგენელმა სიჩუმემ დაისადგურა...
არავინ ხმას არ იღებდა, ლიზიკო და თიკო სუფრას
ალაგებდნენ და ლიზიკომ უთხრა, ისე ვარ აფორიაქებული, თუ
რაღაც არ გავაკეთე, ვერ დავწყნარდებიო, მე ჩავალ ხევში,
ჭურჭელს ჩავიტან, ქვაბსა და ტაფასაც, ბიჭების გასარეცხებიც
დამიგროვდა და ბარემ ყველაფერს გავრეცხავო. ოთარმაც
მოინდომა ხევში ჩასვლა, ლიზიკოსაც ვუშველი ჩატან-ამოტანას
და მეც გავირეცხავ ჩემს რამეებსო. თიკოს შალვასთან უნდოდა
მოლაპარაკება ხვალინდელი წასვლისა და საერთოდ აქ
დარჩენის შესახებ და გაუხარდა კიდეც მარტონი რომ
იქნებოდნენ. ჰასი და ნან წეღან თავისი სადგომის შესავალში
იდგნენ და ისე გამოჰყურებდნენ მოსულებს, მერე კი აღარც
გამოუხედავთ, ეტყობა, ქოხში რაღაცას საქმობდნენ.
დამარტოვებული პატარა უსუფა თავის ბიძას მოსჯდომოდა
გვერდით, რომელიც უთხოვრის მოზრდილი ნაფოტიდან დანას
უჩორკნიდა. ისინი მოშორებით ისხდნენ, წიფლებს იქით, ბექზე.
დაადი კი ჯერ არ დაბრუნებულიყო თავისი ძროხებითა და
თხებით. თიკო მცირე ხნით ჰამაკში ჩაჯდა, ქანაობა დაიწყო,
დაინახა, როგორ გამოიტანა შალვამ თავისი „ოთახიდან“
საქაღალდე, ქოხის წინ კუნძზე დაჯდა და საქაღალდე გახსნა.
– შალვა, მე რომ თქვენთან საქმე მაქვს?! – და თიკო
ჰამაკიდან წამოდგა, – ძალიან ხომ არ შეგიშლით ხელს?
შალვამ გაუღიმა, თავი დაუქნია. თიკო მივიდა და შალვას წინ,
ბალახზე ფეხი მოირთხა.
– ხომ არ შეგცივდება ბალახზე?
– ოჰ, რას ამბობთ, სულ ბალახზე არ ვზივართ?! – გაჩუმდა და
შალვას შეხედა.
– რაო, თიკო... რომ იცოდე, რა კმაყოფილი ვარ ჩვენი
ექსპედიციით...
– მეც... ძალიან. ვერც წარმომიდგენია, ახლა აქ არ ვიყო... და
საერთოდ... – თიკო გაჩერდა, აღარაფერი თქვა. შალვამ
დაეჭვებით შეხედა.
– შენ თითქოს რაღაც გინდოდა, ჩემთვის გეთქვა...
– იცით, შალვა, აიუფა დამპირდა, რომ ხვალ საყვავის მთაზე
წამიყვანს ორი დღით... შორს არის... დილით რომ წავალთ,
მზის ჩასვლისას ვიქნებით იქ. რაც მთავარია, ძალიან კარგი
მთქმელი ყოფილა, მოხუცი კაცი. ხვალ საღამოს და მეორე
დილით ჩავიწერ იმ მთქმელს, მერე წამოვალთ და ზეგ საღამოს
უკვე აქ ვიქნებით... – ისე ამბობდა, თითქოს ამაზე ბუნებრივი და
ჩვეულებრივი არაფერი შეიძლება ყოფილიყო.
შალვა ერთხანს სიტყვის უთქმელად მისჩერებოდა თიკოს.
– ჩვენ ხომ გუშინაც ვიყავით, რაღაც არაჩვეულებრივი იყო,
ხომ იცით, ცხენითაც რამდენი ვიარე...
– ვიცი, ვიცი, ჰასისაც კი უკვირდა, ისეთი საშიში ბილიკებია,
ისეთი უფსკრულები, თვალს ვერ ჩაუწვდენო, შენ არ იცი,
როგორ უსაყვედურა აიუფას, რას ფიქრობდი, რომ მიგყავდაო.
– რაა მერე, გადასარევი იყო, ჩემს სიცოცხლეში არ
დამავიწყდება...
– ჰოდა, ძალიან კარგი, გახსოვდეს... – გაჩერდა, ალერსიანად
გაუღიმა, – და ამით დაკმაყოფილდი.
– როგორ, დავკმაყოფილდე! თქვენ ფიქრობთ, რომ არ უნდა
წავიდეთ? – ისე თქვა, აფეთქებას ცოტაღა აკლდა.
– რა თქმა უნდა, არ უნდა წახვიდე, განა ეს საკითხავია?
ამოდენა გზაზე, საშიშ გზაზე, კოკა ყოველთვის წყალს კი არ
მოიტანს, ჩაიჩეხოთ სადმე, ხომ მექნება თავი მოსაკლავი!
– რატომ უნდა ჩავიჩეხოთ, რატომ! – ხმას აუწია თიკომ, – მე
არაფრისაც არ მეშინია, ზოგიერთივით მშიშარა კი არა ვარ!
აიუფა მეუბნებოდა, შენისთანა მამაცი ქალი არ მინახავსო! –
ჯიუტად ამბობდა, გამოწვევად.
– ჰო, ჰო, შენ მამაცი ხარ და მე მშიშარა, და სწორედ ამიტომ
ვერ გაგიშვებ, ვერა, მე ვარ პასუხისმგებელი, და ფრჩხილიც
რომ წამოგტკივდეს, მამაშენი გადამასახლებს!
– რას ქვია მამაჩემი! ვითომ უასაკო ვიყო, ხელით
სატარებელი! სადაც მინდა, უნდა წავიდე და სადაც მინდა,
წამოვიდე, და თუ ჩავიჩეხები, სწორედაც ჩემი ნებით უნდა
ჩავიჩეხო და არა თქვენი აკრძალვებით! არ შემიძლია თქვენი
აკრძალვების ატანა, არა, არა, არა! – ისე უელავდა თვალები და
ხმაც ისეთი განწირულებით ჰქონდა სავსე, შალვას შიგნით
ყველაფერი გადაუტრიალდა, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი:
– არა... არა... არა... არ წახვალ... არა... როცა დავბრუნდებით,
შენ წამოდი უკან და ამ შენს აიუფასთან ერთად რამდენიც
გინდა, იმდენი იარე!
წამოდგა და წიფლებისკენ წავიდა.
– ვნახოთ, როგორ არ წავალ! – დაადევნა თიკომ, წამოხტა და
თავისი კარვისკენ გაქანდა... სიკერპესთანა და სიბრაზესთან
ერთად გრძნობდა, სადღაც ღრმად, გულის კუნჭულში
სიხარულიც უჭიატებდა, ხომ გაბრაზდაო... შალვამ კი აიუფასკენ
გასწია. აიუფა მაშინვე წამოდგა, ნაბიჯი გადმოდგა და
მორჩილად წინ დაუდგა. ხელში გამოთლილი დანა ეჭირა და
ტყავის ნაჭრით აპრიალებდა. შალვამ დახედა, რა კოხტად
გამოგითლიაო.
– უსუფას გამოვუთალე. აი, ღარიც გავუკეთე, ვითომ სისხლის
ჩასაწანწკარებლად, შველს რომ გაუყრის, სისხლი აქედან ჩავა,
არა, უსუფ?
– აიუფ, ყური მიგდეთ, ეხლა თიკოს ველაპარაკე, სრულიად
წარმოუდგენელია თქვენი იქ წასვლა, აიუფ!
– თიკომ გადაიფიქრა?
– თიკომ კი არ გადაიფიქრა, თქვენ უნდა გადაიფიქროთ და
ასეთი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ, – შალვას
ხმაში საყვედური ისმოდა.
– რატომ, ბატონო შალვა, – შეწუხდა აიუფა, – რას ხედავთ
ჩვენს წასვლაში საშიშს... თქვენ რომ მითხრათ, აიმ კლდიდან
ჩახტიო, ჩავხტები, სტუმრად ხართ მოსული და ყველაფერსაც
გავაკეთებ... მაგრამ... – აიუფამ განზე გაიხედა და გაიღიმა: –
ვაჟი ქალს უარს ვერ ეტყვის, ბატონო შალვა.
შალვა გააღიზიანა აიუფასგან ვაჟისა და ქალის ხსენებამ,
ესღა აკლია. ეს ბიჭი... ეს ბიჭი...
– გამიგეთ, აიუფ, აბა, ყური მიგდეთ, თიკო მე მყავს
ჩაბარებული, მე ვარ პასუხისმგებელი.
აიუფას ისევ გაეცინა, დამცინავად და უზრდელად კი არა,
როგორღაც მორჩილად, მორიდებით, თითქოს წინასწარ
ბოდიშს იხდისო, რომ არ ესმის და ვერც ვერასოდეს გაიგებს
ასეთ ლაპარაკს:
– მაპატიეთ, ბატონო შალვა, ჩაბარებული ცხვარი ხომ არ
არის... მე... მე... ის კი არა ვარ, ბატონო შალვა, თიკოს
სურვილის გარეშე, – აიუფა დაიხარა, კენჭი აიღო და
გადააგდო, – აი, ასე კენჭს არ გადავაგდებ, ეს მინდა იცოდეთ,
ბატონო შალვა... და თუ... აიუფამ მოიხედა, ჭროღა თვალები
შემოანათა შალვას მზერა არ მოუცილებია, ისე უთხრა: – თუ
თქვენ... მაპატიეთ და... სხვა რამ გალაპარაკებთ... რა ვიცი... რა
არ ხდება ქვეყანაზე, მითხარით და კაცურად გაგიგებთ, ბატონო
შალვა, ვაჟკაცობას გეფიცებით, გაგიგებთ და მაშინ დათვმა
უნდა დამგლიჯოს, თქვენ უნებურად რომ რამე გავაკეთო,
ბატონო შალვა.
– რას ამბობთ, აიუფ, რას! – მოუბრუნდა და წამოვიდა
ქოხისკენ.
გაწბილებულად გრძნობდა თავს, თანაც ვისგან! გუნება
აემღვრა, შევიდა ქოხში და ტახტზე წამოწვა, და ეს
აღშფოთებით ნათქვამი თავის გულში, მყისიერად აღმომხდარი
„თანაც ვისგან!“ ესე იგი, სად მე და სად შენო! მარწუხივით
მოედო და შეაშფოთა. როცა ასე პირისპირ დგანან ადამიანები,
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, შენ საუკეთესო შევროს
ძვირფასი ფეხსაცმელები გაცვია და ძეგლების ქომაგი ხარ, თუ
უბრალო ქისტი ბიჭი. და ასე ეგონა, ასე გრძნობდა,
შერკინებისას გაშიშვლებულები იდგნენ ადამიანები
ერთმანეთის პირისპირ, და არა მარტო სხეულით, არამედ
უპირველესად სულით, და ეს ამბავი გულს უკლავდა იმის გამო,
რომ ჩრდილს აყენებდა იმას, რაც მისთვის, მიუხედავად
დაშორებისა, ასეთი სათუთი და ძვირფასი იყო, მის
სიყვარულს... მაგრამ იყო რაღაც, მის ამღვრეულ გუნებაში პაწია
ოქროს ლიფსიტასავით რომ გაიელვებდა – თუ თქვენ სხვა რამ
გამოძრავებთო... კაცნი ვართო... ეს ბურთი და ეს მოედანიო...
ესე იგი, ჩათვალეს მოქმედ მეტოქედ, და ვაი სირცხვილო,
სწორედ ეს სიამოვნებდა... აღარც გამოსულა ქოხიდან. ოთარი
და ლიზიკო დაბრუნდნენ ხევიდან, ლიზიკომ შემოიხედა, ცუდად
ხომ არ ხართ, ხომ არაფერი გნებავთო, არაო, უთხრა,
უბრალოდ დავიღალე და მსიამოვნებს წამოწოლაო... მერე
ესმოდა ძროხების ზმუილი და რძის ჩხრიალი... კოცონი
დაანთეს და შემოუსხდნენ, ესმოდა მათი მხიარული ხმები...
– შეხედეთ, შეხედეთ, რა უზარმაზარი მთვარე ამოვიდაო... – ეს
კი თიკოს ხმა იყო.
– აი, უსუფამ იცის მთვარის ამბავი, – თქვა ჰასიმ, – აბა, უამბე,
გენაცვალე, ამათაც.
– რაა და... – გაისმა უსუფას მოჭიკჭიკე ხმა, – მზეჭაბუკი და
ეშმაკი ეცილებიან ერთმანეთს მთვარესა... მზეჭაბუკს მწყემსი
ბიჭი უჭერს მხარსა, ეშმაკს კიდევ ტარტაროზი ასლამაზა, მთებში
რო ცხოვრობს და თოვლის საბანი ახურია...
– მერე, მერე? იამბე, ბიჭო, კარგად, – მოუწოდებს ჰასი თავის
ბიჭს.
– რა მერე? ხან ისინი იმარჯვებენ, ხან ესენი.
– შენ ატყობ მთვარეს, როდის ვინ არის გამარჯვებული? –
კითხულობს თიკო.
– მაშ არ ვატყობ? აი, ეხლა შავი ღრუბლის ნაგლეჯი ადგას
თავს, ხო ხედავთ, ეგა ეშმაკის ხელია, რო იცოდეთ... ეხლა
სწორედ იბრძვიან, თუ გადიდდა შავი ღრუბელიი, ეშმაკი
იმარჯვებს, აირევა ამინდი და წამოუშენს წვიმას... თუ ვერ
გადიდდა და მზეჭაბუკმა გაიმარჯვა, სუ-სუ მოკრიალდება ცა და
ეშმაკიც გადაიკარგება...
მერე უკვე რული ეკიდებოდა, მხოლოდ გაურკვეველი ხმებიღა
ესმოდა... და დაეძინა კიდეც. შუაღამისას სურვილმა გააღვიძა.
ცოცხლად იგრძნო, როგორ შემოვიდა თიკო, დაიხარა და
ტუჩებში აკოცა. თვალი გაახილა, ქოხში არავინ იყო, და ისევ
დაესიზმრა... სიზმარი იყო თუ მოლანდება, ხალხი, ხალხი,
ხალხი და თვითონ რაღაცას ამბობდა, რაღაცას კი არა, რაღაც
ნაწყვეტს... ლექსის ტაეპებს... ჰო, ჰო, ვითომ კონცერტი იყო და
სცენაზე იდგა... მარტო... ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი
და, ღმერთო ჩემო, ეს სწორედ ის ლექსი იყო, იმის შემდეგ
აღარც გახსენებია, თვითონ რომ თარგმნიდა... როგორ
ამოუტივტივდა...
და მოგიზგიზე შენი მზერა ილტვოდა ზევით
მწვერვალებისკენ...
და კიდევ ზევით... დაუსაბამო ვარსკვლავებისკენ...
და შენი მზერის ლხენით სავსე ელვარებაში... მარადისობა
იყო საცნაურ...
„შალვა, გეხვეწები, ისიც თქვი, ისიც, – ეუბნება თიკო და
ტუჩებში ჰკოცნის, – ო, როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ის
სიტყვები: „იბადებოდი ზღვიდან, და ვით შუქურა, ზღვებს
ანათებდი... და ეძლეოდი ყველას, ვით დედამიწა, უხვი,
ულევი... დაე, დამათროს, მეც დამათროს შენი სხეულის
მძაფრმა სურნელმა“. და მართლა ესმოდა მძაფრი სურნელი...
დამათრობელი... ძილ-ბურანში გაიფიქრა, ეს ნამდვილად
თიკოს სურნელიაო... სხვა არაფერი უნდოდა, არა, არა, არა,
თიკო სწყუროდა... მასთან შერწყმა და შენივთება სწყუროდა...
რა არის ეს, რა არისო! ასე ეგონა, ყოველი ნაკვეთი, ყოველი
უჯრედი დატენილი ჰქონდა სურვილით... და არაფერს
ამქვეყნად არ გააჩნდა ასეთი ძალა და ცხოველმყოფელობა,
როგორც ამ სურვილს... აკანკალდა, პირი უშრებოდა,
საფეთქლებში ჩაქუჩებს ურტყამდნენ... ღმერთო, ნუთუ
სისულელე იყო, უარს ამბობდა, აგერ რა უთხრა გუშინ
გამოჭყლეტილმა ბიჭმა, ვაჟი ქალს უარს ვერ ეტყვისო... არა,
ვერ აიტანს ამ მოზღვავებულ ნდომას, ვერა... ყველაფერი
უხურს, უნდა ჩავიდეს ხევში, წყლით გაგრილდეს, იქნებ
უშველოს ცივმა წყალმა... თორემ არ შეუძლია, არა, ასე ჰგონია,
ასეთი რამ არასოდეს არ დამართნია, ახალგაზრდობაშიც კი
არა... ღმერთო, როგორ იტანჯებოდა თიკო, ტირილს რომ
დაიწყებდა ხოლმე, რა იყო ეს, რა შეუბრალებლობა იყო, რა
სისასტიკე, ახლა ასე ჰგონია, აწამებდა, ჯვარს აცვამდა...
ახალგაზრდა მწერლები რომ მოვიდნენ მუზეუმში, ახსოვს ერთი
ლამაზი, სერიოზული ბიჭი, ვიღაცამ ჰკითხა, რა თემაზე
მუშაობთ, რა გაინტერესებთო. მეო, ერთი რამ მაინტერესებსო,
და ერთი თემა მაქვსო, ქალის და კაცისო. ვიღაცამ უთხრა ეგ
უკვე ორი გამოდისო, არაო, ქალი და კაცი ერთიაო და ამას
სიცოცხლე ჰქვიაო... ჰო, სიცოცხლე, სიცოცხლე... აი, სწორედ
სიცოცხლე სწყურია. სიცოცხლე თიკოსთან ერთად... ერთ
საძილეში... არა, არა, არაფერი უშველის ხევში ჩასვლის მეტი.
უნდა ადგეს და ჩავიდეს... და მერე იქ იჯდეს, იჯდეს, სანამ არ
გაუვლის ეს რაღაც... უდიერი მოზღვავება... ეს გაუსაძლისი
აფეთქება... საძილეს ელვა-შესაკრავი ჩასწია, ფანარი აანთო
და საათს დახედა, ორის ნახევარი იყო... კედები ჩაიცვა,
ქოხიდან ფეხაკრეფით გამოვიდა... აი, რა სურნელი
სწვდებოდა, მძაფრი, გამაბრუებელი სურნელი, ამ ყვითელი
ბუჩქების, მთვარის შუქზე მომწვანო და მოლურჯო რომ
გადაჰკრავთ... რა მაღალია ცა... და მთვარე, უზარმაზარი,
როგორ დანათის აქაურობას... ფრთხილად გაუარა ბუჩქებს,
ხევის ჩასასვლელთან თიკოს კარავს, ნაბიჯი შეანელა, რომ
შეიძლებოდეს გამოვიდეს ეხლა და როგორც წეღან სიზმარში
და როგორც არაერთხელ ცხადშიც... მოეხვიოს, ხელები აღარ
გაუშვას და ჯანდაბას ნიკოსთვის მიცემული სიტყვა, სისულელეა
და მეტი არაფერიო... და დაეშვა ხევისკენ... ესიამოვნა ცივი
წყალი... შეისხა და შეისხა სახეზე, თავ-კისერი ჩაყო წყალში,
ხალათი ჩაიხსნა და ტანზეც მიისვ-მოისვა, ვეღარ იოკებდა
თავს, უნდოდა, სულ ესხა და ესხა, პიჟამის ტოტები აიკაპიწა,
კედები გაიხადა და ხევში ცოტა ქვევით ფეხებიც გაიგრილა...
მართლა შვება იგრძნო... და თუმცა სურვილი სულ არ
გაჰქრობია, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო და აღმართს
შეუდგა... შუამდე რომ მივიდა, რაღაც ფაჩუნის, თუ თქრიალის
ხმა გაიგონა, აქეთ-იქით დაიწყო ყურება... და დაინახა:
ხევგადაღმა, მეორე ბილიკზე, რომელიც ხევში წიფლების
იქიდან ჩადიოდა, ცხვარი მოთქრიალებდა... შიგადაშიგ ნელი
დასტვენაც ისმოდა... და აგერ ორნი... მკაფიო სილუეტი ჩანდა
მთვარის შუქზე, ერთი ზევიდან მოსდევდა, მეორე კი, უფრო
დაბალი, ბილიკზე ჩამორბოდა... შალვამ თვალები მოწკურა,
ნამდვილად აიუფაა ის მაღალიო, გაიფიქრა, იცნო მიხრა-
მოხრაზე... უყურე შენ, ეს ქურდბაცაცები, ეტყობა, იციან აქ და
იმათაც ეჭვი არ ეპარებოდათ, როსტომსა და კოტეს... დიდის
ამბით რომ არწმუნებდნენ, არა, არა, არ გვინახავსო... ცხადია,
დამალული ჰყავდათ აქ ახლომახლო... სად, სად... და უცებ
იგრძნო, რომ გაუხარდა... ნამდვილად გაუხარდა... აი, თურმე
ვინ ყოფილა... ეხლავე, ეხლავე შევა თიკოსთან და ეტყვის, ეს
მისი აიუფა რა მტაცებელიც ყოფილა... ეხლავე... ეხლავე... და
მერე, ვინ იცის, რა მოხდება... ვინ იცის... ისევ იგრძნო, როგორ
წამოყო თავი სურვილმა... ნაბიჯი ააჩქარა... და უცებ რატომღაც
შეეშინდა, როგორ ვარ ასვეტილიო და ჩაიკუზა, ასე წავიდა,
აგერ თიკოს კარავიც... თოფმა იგრიალა... ფერდი შეუნგრია...
გაფიქრებაც ვერ მოასწრო, ვკვდებიო, წინ წავარდა და კარვის
კალთასთან სული ამოხდა.
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.
რუსთაველი

იმ დილით ნიკო ჯავრით იყო მოცული... ღამე წვეთი არ


სძინებია, გათენებისასღა ჩაეძინა და ისიც უგემურად, ძილ-
ღვიძილით.
მთავარი ის იყო, რამაც გაუკრთო ძილი, რამაც დააყენა ამ
საშინელ გუნებაზე. თითქოს განგებო, ერთმანეთზე აიკინძა
უამური ამბები. გუშინ შუადღისას ქვემო სოფლიდან ქალი
ამოიყვანეს, ორმოცი წლისა, მარჯვენა ფერდთან გაუსაძლისი
ტკივილებით: სოფლის ექიმს ეთქვა, – ნიკო იცნობდა ამ ექიმს,
კარგი დაკვირვებული კაცი იყო, – ნაღვლის ბუშტი გადაჭედილი
აქვს კენჭებით და სასწრაფო ოპერაციაა საჭიროვო. ნიკოს კი
ეჭვი შეეპარა, სიმსივნე არ იყოსო და ქმარს ურჩია, თბილისში
წაიყვანეთ, საფუძვლიანი ანალიზები გაუკეთეთ და
ონკოლოგსაც აჩვენეთო. გადირია ქმარი, მოსული, ზორბა,
წარბებშეყრილი კაცი, სწორედაც ოპერაცია უნდა გაუკეთოთო,
ჩვენმა ექიმმა მითხრა, ბატონი ნიკო თქვენს ცოლს ხელდახელ
დააყენებს ფეხზეო. მაგრამ ნიკოს ჯერ ხელიც არ ეხლო, რომ
ანესთეზიის შემდეგ ქალი მაშინვე გარდაიცვალა. ქმარი
გადაირია, თქვენ მომიკალით ცოლიო, გაუგებელი, უტიფარი
კაცი იყო, – ჩემს ცოლს სასიკვდილო არაფერი სჭირდაო,
ფინაჩი ანესთეზიოლოგი გყოლიათ და თქვენ ხართ
პასუხისმგებელიო, თან დიდ ტორს ცხვირწინ უფარჩხავდა
ნიკოს, ანესთეზიოლოგს კი უკანასკნელი სიტყვებით
ლანძღავდა, ტყუილია პასუხს გაგებინებთო, ტყუილია,
გიჩივლებთო. ნიკო ჯერ ეცადა, მშვიდობიანად გაეგებინებინა
კაცისთვის, აი, ცოტა ხანში გავკვეთავთ და თქვენ თვითონ
ნახავთ, რამ მოუღო ბოლო თქვენს ცოლსო. მერე კი მკაცრად
უთხრა, სადაც დიდი სასამართლო იყოს, იქ გვიჩივლეთო.
გაკვეთეს და მთელ ნაწლავებზე მოდებული ჰქონდა სიმსივნე,
ნაღვლის ბუშტიც, ღვიძლიც ყველაფერი გადაგვარებული
ჰქონდა. შეიძლება ცოტა ხანი კიდევ ეცოცხლა და საშინელი
წამებით გარდაიცვლებოდაო, უთხრა საბოლოოდ ნიკომ
დამდუღრულ ქმარს. მაგრამ გუნება კი გაუფუჭდა. მიუხედავად
თავისი ხანგრძლივი პრაქტიკისა, ავადმყოფის დაღუპვა,
მითუმეტეს ახალგაზრდა, ოჯახისა და შვილების პატრონის
უდროო სიკვდილი, ყოველთვის აუგემურებდა და ცუდ გუნებაზე
აყენებდა.
ბედად, მარიკოც ხომ წასული იყო, და ნიკოს თავისი პირადი
ამბების დროს არაფერი ისე არ ამშვიდებდა, როგორც თავის
გონიერსა და ლამაზ ცოლთან ურთიერთობა, რადგან
განსაკუთრებით ასეთ დროს იცოდა მარიკომ მხრის აბმა და
ნიკოს გვერდში დგომა... თვითონაც ყოველთვის ნიკოს ყაიდაზე
მოემართებოდა ხოლმე, მერე კი ისე მოეფერებოდა, ისე
მიიყრდნობდა მკერდზე მის თავს და რბილი, ფუნჩულა
ხელებით დაუწყებდა ალერსს, სულ სხვა გუნებაზე დააყენებდა,
სიყვარულის გუნებაზე. სექსი კი საუკეთესო რამ იყო, ჯერ
თავისთავად, და ასეთ დროს კი ვერავითარი ფსიქოთერაპიის
სეანსი ვერ შეედრებოდა... მაგრამ მარიკო ბუნების მშვენებას,
როგორც თვითონ უწოდებდა, ბაიკალის ტბას უვლიდა გარშემო
ლელიკოსთან ერთად, ნიკო კი, ამღვრეული გუნებით,
ავადმყოფების მიღებამდე, თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა...
და ფიქრობდა, რომ სიმტკიცე უნდა გამოეჩინა და არავითარ
შემთხვევაში ოპერაციაზე არ დათანხმებულიყო, წაეყვანათ
თბილისში და რაც უნდოდათ, იქ გაეკეთებინათ. ნიკოცა და
ანესთეზიოლოგი ანდროც ასცდებოდნენ ამ ლანძღვა-გინებასა
და თვალების ბრიალს, და მათ განყოფილებაში სიკვდილის
შემთხვევას.
დღე-დღეზე დიმას ჩამოსვლას ელოდა მოსკოვიდან და, ვინ
იცის, ხვალაც ჩამოვიდესო, სიამოვნებით გაიფიქრა, სწორედ
რომ მისწრება იქნებოდა ახლა, როცა არც თიკო იყო, არც
მარიკო, არც შალვა და ლელიკო... ჯერ ისედაც როგორ
უყვარდა დიმას ჩამოსვლა, თვითონაც, მარიკოს ჩიჩინის
მიუხედავად, არასდროს დასასვენებლად არ მიდიოდა, ერჩია
ისევ მოსკოვში წასულიყო ზამთრის პირზე ერთი კვირით მაინც,
დიმასთან.
გადაწყვიტა, ავადმყოფების მიღების შემდეგ წასულიყო
ფოსტაში და მოსკოვში დაერეკა, და თუ მართლა ხვალ-ზეგ
ჩამოდიოდა, მისი სახლი გაეღო და როგორც სხვა დროსაც
არაერთხელ გაუკეთებია, გაენიავებინა და დამლაგებლისთვის
დაელაგებინებინა იქაურობა. მართლაც, ასე მოიქცა,
ავადმყოფების შემდეგ წავიდა ფოსტაში და თუმცა კარგა ხანს
მოუხდა ცდა, ბოლოს, როგორც იყო, შეაერთეს მოსკოვთან.
დიმას შეწუხებული ხმა ჰქონდა, ჩავარდნილი. რა მოგივიდა, რა
ხმა გაქვსო, შეიცხადა ნიკომ, როდის ჩამოდიხარო, ტომა და
კოკაც ხომ არ ჩამოვლენო, დააყარა მერე კითხვები, და ამ
ყველაფერზე დიმამ უთხრა: წადი ეხლა სახლში და რადიო
მოისმინეო. ნიკო მაშინვე მიხვდა, დიმა რა რადიოსაც
გულისხმობდა და აღელდა, ავად ხომ არ ხარო, ან შენ, ან
შენებიო, და დიმამ ისევ გაუმეორა: ძალიან კარგი კონცერტი
უნდა იყოს, მოისმინე, ჩვენი ჩამოსვლაც ამ კონცერტზეა
დამოკიდებულიო. აღელვებული ნიკო ჩქარი ნაბიჯით
გამოეშურა სახლისკენ, ერთი წუთით დედასთან შევიდა,
დახედა, არ კი არაფერი უთქვამს, ყოველთვის ერიდებოდა
დედის აღელვებას... მერე კი თავის კაბინეტში გავიდა და
ტრანზისტორი ჩართო. საჭირო იყო რადიო „თავისუფლების“
დაჭერა, არადა ბოლო დროს განსაკუთრებით გაძნელდა
მოსმენა, უდიერად ახშობდნენ. მათი მოწაფეობის დროინდელი
ამხანაგი, რაჟიკო უთმელიძე, შესანიშნავი რადიოინჟინერი ამ
რამდენიმე წლის წინ შინსახკომის უწყებაში რომ გადაიყვანეს,
მართალია ძალისძალით, ისეთ სისულელეს ეუბნებოდა
შალვასა და ნიკოს, მე არაფერი მეხება რადიოს მეტიო. კაცო,
როგორ არ გეხება, როცა ახშობ „თავისუფლებასო“, ერთხმად
შესძახეს შალვამა და ნიკომ. ჰოდა ახლა, როცა ცდილობდა
ნიკო, როგორმე დაეჭირა „თავისუფლება“ და ხრიალი და
შრიალი და გაურკვეველი ხმები ესმოდა, სწორედ რაჟიკოს
ხედავდა რაღაც დანადგარებიან ოთახში, თავის
თანამშრომლებთან ერთად, რომელნიც მთელი ძალისხმევით
ჩართული იყვნენ ამ უსინდისო საქმიანობაში, რომ არავის
არაფერი გაეგონა, არავის არაფერი სცოდნოდა, რომ ყოველი
სიტყვა ხრიალად და ჟრიალად ექციათ, წუილად და შიშინად... –
სირცხვილი შენ, რაჟიკო, სირცხვილი შენ! – დროდადრო
შესძახებდა ხოლმე ნიკო, ტრანზისტორს ხან სად გადადგამდა,
ხან სად, ანტენას ასწევდა, დასწევდა, და ისეთი ბრაზი და
აღშფოთება იპყრობდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, როგორც
უნდა ეწვალა, უნდა მოესმინა, უნდა გაეგო, და გაგების მწვავე
სურვილთან ერთად ჯიბრისა და ქიშპობის წადილი
ეუფლებოდა, ეჯობნა რაჟიკოსთვისა და მისი რაზმისთვის,
როგორმე აუცილებლად ეჯობნა! გადაწყვიტა, გარეთ, უკანა
აივანზე გასულიყო... გრძელი და ფართო აივანი იყო და დედა
რომ არ გაეღვიძებინა, მისი ოთახი სწორედ აქეთ გამოდიოდა,
ბოლოში წავიდა, იქ ტახტზე ჩამოჯდა და კიდევ უფრო
გამძაფრებული მონდომებით დაუწყო ტრანზისტორს ჩხიკინი...
და როდის-როდის ერთმა სიტყვამ როგორღაც მოაღწია,
ხრიალის ზღვიდან ამოყვინთა და მართალია, ძლივს
გასაგონად, ნიკოს ყურს მაინც მისწვდა სიტყვა „ტანკები“, და ამ
სიტყვამ ნიკო ისე ააღელვა, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
ლაპარაკი იქნებოდა საბჭოთა ტანკებზე და რაღაც დამსჯელ
ღონისძიებაზე... ისევ შეუტია ტრანზისტორს, უნდა გაეგო ვის
სჯიდნენ, ვისა... ახლა უკვე ეზოში ჩავიდა და გულუბრყვილოდ
იფიქრა, კაკალქვეშ დავჯდები, იქნებ კაკალმა ანტენობა
გასწიოსო. მაგრამ კაკალი იყო თუ რა იყო, ნიკომ მეორე
სიტყვაც როგორღაც გაიგონა, და ეს იყო „პრაღა“, ოჰ, ოჰ,
საბჭოთა ტანკები პრაღაში შევიდნენ! აი, რას ნიშნავდა ეს ორი
სიტყვა! კიდევ და კიდევ ეცადა ნიკო, ახლა უკვე იცოდა, რაც
ხდებოდა და ორიოდე სიტყვა უფრო იოლად გაიგო... და
წარმოუდგა საშინელი სურათი, ცოცხლად, ხატოვნად, ოოო,
ბოროტი ხელისუფლება, საშინელი ხელისუფლება, განა დიდი
ხანია, რაც დუბჩეკი იყო მოსკოვში და როგორი პრაშტი-
პრუშტით გაისტუმრა ბრეჟნევმა... ეზიზღებოდა ბრეჟნევი,
განსაკუთრებით ამ კოცნა-ლოშნის დროს, გულში კი რა
მზაკვრობა ედო, მცირეოდენი პაუზის შემდეგ აუცილებლად
გამოჩნდებოდა, აუცილებლად... როგორც ეხლა გამოჩნდა!
ღმერთო, ჩეხების მდგომარეობა... ხალხი გამოშლილია
ქუჩებში. ალბათ, ქვებს ესვრიან საბჭოთა ტანკებს... რა დღეში
აგდებენ თავის ჯარისკაცებს, რა დღეში, რომ ყველას სძულდეს,
ყველა წყევლა-კრულვით ავსებდეს! ულმობელი მთავრობა!
მზაკვარი და ულმობელი! ალბათ, ბევრი საზღვარსაც ეცა, რომ
დატოვოს თავისი ქვეყანა... გადაიხვეწოს... საბჭოთა
სისტემასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს... აპაპაპა,
არავითარი! სისხლიანი სისტემა! არსად არასდროს ამდენი
სისხლი რომ არ დაღვრილა! აგერ დღეს საავადმყოფოში
კიბოიანი ქალი მოუკვდათ და ნიკო იმას განიცდის, და ვერ
გაუგია, ეს რა ხალხია, დედის რძით არიან გაზრდილი თუ
ბალახი უძოვიათ?! ველურები! და გულისწყრომით მოცულ
ნიკოს, აღშფოთებულსა და განერვიულებულს, და თან
საშინლად დაღლილს, ერთბაშად თავი ჩამოუვარდა და
ჩათვლიმა... და ტრანზისტორის ხრიალი გუგუნად იქცა...
ტანკების გუგუნად... ხალხი, ხალხი, ხალხი... თიკოც თითქოს აქ
იყო... ხალხს შეერია, თვალს მიეფარა თიკო, თიკო, თიკო, ნიკო
ხიდის პარაპეტზე ახტება: დაიშალეთ ხალხო, დაიშალეთ ,
გეხვეწებით, გარწმუნებთ, დაიშალეთ, ვის სწირავთ თავს, ვისა,
ყვირის ნიკო, ცოცხალმა მოგვთხარა, მკვდარმა აგვაოხრაო,
დაგავიწყდათ? დაგავიწყდათ? აგვაოხრებს ხალხო,
აგვაოხრებს, ტანკები მოდიან... გუგუნით ახლოვდებიან... აგერ,
გოგონა გამოეყო ხალხს, გადაუდგა ტანკებს, ქალაღაიას
უფრიალებს... თიკო, თიკო, თიკო... უნდა გაარღვიოს ხალხი
ნიკომ და დამბლადაცემულივით ადგილიდან ვერ იძვრის,
გოგონა კი ყვირის, წადით, წადით წადით, რა გინდათ ჩვენგან,
რა გინდათ, წადით, წადით! ტანკები კი პირდაპირ გოგონაზე
მოდიან... და აგერ, გოგონა ასფალტზე გდია
გასისხლიანებული, გაგიჟებული ნიკო მირბის, თიკო, თიკო,
თიკო... მივარდება, ასფალტზე პირქვე დამხობილ გოგონას
გადმოაბრუნებს და... ღმერთო ჩემო... ეს ხომ... ეს ხომ... ნაზო
ბენიძეა, ამბობს უკვე გამოფხიზლებული ნიკო, ნაზო ბენიძე,
თელაველი ახალგაზრდა ქალი, შეიძლება ითქვას, გოგო, 9
მარტს ორმოცდათექვსმეტში რომ მოკლეს... მაშინ როგორ
იმოქმედა... ყველაფერმა... რაც მოხდა, რა უბედურებაც
დატრიალდა... საკვირველია სიზმარი, ხუთი წუთიც არ სძინებია
და ისე მკაფიოდ, ისე ცხადად ხედავს ნაზო ბენიძის ქერა თმას,
ასფალტზე გაშლილს და აბრეშუმის ჭრელ ქალაღაიას...
როგორც ჩანს, ჩემთვის სწორედ ნაზო ბენიძე იქცა იმ საშინელი
დღეების სიმბოლოდო, მწუხარედ გაიფიქრა ნიკომ,
ტრანზისტორი გამოთიშა და სახლში ავიდა. მაგრამ სულ აღარ
ეძინებოდა, აფორიაქებამ დარია ხელი... განა არა, დიმა ხომ
უამბობდა რა მდგომარეობაა მოსკოვში, რომ ეგრეთ წოდებული
„დათბობა“ ისტორიას ჩაბარდა, აღარავითარი გაფხაკუნება,
თავისუფალ სიტყვას ხელი მოუჭირეს და სოცბანაკს კიდევ
შეუტიეს... პრაღაში შესვლის შემდეგ, გამკაცრდება
თვალთვალი, ხომ შეიძლება ვინმე თანაუგრძნობდეს ჩეხებს,
ხომ შეიძლება ვინმეს გული სტკიოდეს და ძალიანაც სტკიოდეს,
და პირამდე სავსე იყოს კრიტიკული პათოსით, სავსე იყოს
წყრომითა და რისხვით ამ სისტემისა და მთავრობის მიმართ!
ვინმე? როგორ გადაუვარდა გონებიდან, დიმამ რომ უთხრა,
ჩვენი ჩამოსვლა ამ კონცერტზეა დამოკიდებულიო... რატომ
უთხრა, რატომ... ნუთუ აპირებენ პროტესტის გამოხატვას, ეს ხომ
წარმოუდგენელია... მაშ, რატომ უთხრა, რატომ... არა, არა,
თავისი აღშფოთების მიუხედავად, ნიკოს ვერ წარმოუდგენია
პროტესტი, ვერა, ამ უზარმაზარ მახინას, მიდი და შეები, ვინც
შინსახკომის კაბინეტებში ყოფილა დაკითხვებზე, – არადა ნიკო
ხომ ბევრჯერ ყოფილა, და მითუმეტეს ჯურღმულებში, ის
ადვილად ვერ გაბედავს პროტესტის გამოხატვას, ეს
წარმოუდგენელია, პროტესტი შეიძლება მარიკოსთან
გამოხატო, შალვასთან და ლელიკოსთან ითუხთუხო, ეს არის
და ეს! და სიზმარში იქნიო ხელები, როგორც წეღან ხიდის
მოაჯირზე შემდგარი გადასძახოდა ხალხს, დაიშალეთო... დიმამ
კი, ბოლოს რომ იყო ნიკო მოსკოვში, გვიან შემოდგომაზე, რა
გულის მოსაფხანი წერილები წააკითხა, – დიმა მათ ავტორებს
„დისიდენტებს“ უწოდებდა, – რემინგტონზე ნაბეჭდი სტატიები
და წერილები, ძალას იკრებს დისიდენტური მოძრაობაო,
ეუბნებოდა დიმა, და ნახე, სისტემას როგორ გამოეთხრება ძირი
სიტყვით, სიტყვით გამოეთხრებაო. აი, როგორ გამოეთხარა,
პრაღაში ტანკებით შევიდნენ! და თუ ვინმე პროტესტს
გამოხატავს, ნახავენ, რა დღესაც დააყრიან!
არა, არა, არავითარ შემთხვევაში თიკოს გაგზავნა
ხანგრძლივი მივლინებით მოსკოვში არ შეიძლება, არავითარ
შემთხვევაში! თავისუფლებისმოყვარეა დედის მუცლიდან... და
ძალმომრეობის მოძულეც დედის მუცლიდან! სტკუცოს თავი ამ
მოძრაობაში, ხიფათს რასმე გადაეყაროს, ხომ გაგიჟდა ნიკო,
და გაგიჟდება, იმიტომ, რომ ვერ დაიცავს თავის შვილს, ვერა,
ვერასგზით, თავიც რომ შეაკლას, მაინც ვერ დაიცავს! რომელმა
მშობელმა დაიცვა თავისი შვილი, ამათ ხელში არ არსებობს
დაცვა! თავით ნიორიც რომ დანაყო! ღმერთო ჩემო, ღმერთო
ჩემო, დიმა ხომ ეუბნებოდა, რომ მათთან მივიდნენ, როცა
არავინ სახლში არ იყო და დიმას საწერი მაგიდა გაჩხრიკეს,
კიდევ კარგი, გადაბეჭდილი მასალა უკვე გადაცემული
მქონდაო, ვერაფერი ვერ ნახესო, მაგრამ, ეს ხომ ერთი
სისტემაა, რა აქ, რა მოსკოვში და რა კამჩატკაზე, ერთი, ერთი,
დიდი რკინის ბადითაა შებოჭილი მთელი ქვეყანა... ჰოდა, ხომ
შეიძლება აქაც მოვიდნენ, მაშინ ხომ მოვიდნენ და წაიღეს
ნიკოს ველოსიპედი! ახლა კიდევ თიკო, თავისი ნაწერებით, აკი
წაიკითხა ნიკომ, თიკოს წასვლის შემდეგ, 1804 წლის აჯანყების
შესახებ და ისე შემზარავად იყვნენ დახატული რუსი კაპიტან-
ისპრავნიკები, მეტი რომ არ შეიძლება... ნიკო დარბაზში სცემდა
ბოლთას და გამალებული ფიქრობდა, თითქოს რაღაც უნდა
მოეფიქრებინა და მოემოქმედა. აღელვებული და
აფორიაქებული, ისე ვერ დაწვებოდა, ვერ დაიძინებდა...
მითუმეტეს, სრულიად გაუკრთა ძილი, გეგონებათ, იმ
ჩათვლემამ გაუბარა გამოძინებაო... ჰო, ჰო, განსაკუთრებით ის
ერთი, წითელცხვირა და ლოთბაია კაპიტან-ისპრავნიკი
„ლუკიჩი“, თავის თავს არა მხოლოდ რუს ჯართან, არამედ
მთელ რუსეთთან რომ აიგივებს, უკანასკნელი სიტყვებით
ლანძღავს და „წკეპლაში ატარებს“ საწყალ გლეხებს, იცოდეთ,
თქვე ძაღლისშვილებო, ჩემი ლანძღვა დიდი რუსეთის
ლანძღვააო, თან დასძახის. შეიძლება მართალია მარიკო, აი,
ახლა, ფიქრობს ნიკო აღელვებულ გულზე, შეიძლება
მართალია, რომ ეუბნება, აიღებ თუ არა ხელში თიკოს ნაწერს,
მაშინვე ცენზორად იქცევიო, და ამის გამო, შენი ნაკითხობის
მიუხედავად, ობიექტური შეფასებაც აღარ შეგიძლიაო. ნიკომ
დაიკვნესა... იმიტომ, რომ ცხარე მამაა, იმიტომ, რომ სულ
შიშშია თიკოს დაუდგრომელი და თავისუფლებისმოყვარე
ხასიათის გამო. მაშინ რაღას იტყვის ნეტავ მარიკო, რომ
მოვიდნენ, ამოქექონ ეს ნაწერები, თიკოს თავზე კაკალი
ამტვრიონ და განდევნონ ქვეყნიდან... და ვეღარასოდეს,
ვეღარასოდეს ვეღარ ნახონ თავისი ერთადერთი შვილი! უნდა
ადგეს მაშინ ნიკო და თვითონაც გულხელი დაიკრიფოს! თანაც
რა დროს?! როცა შალვამაც და ლიზიკომაც წასვლისას ლამის
შემოჰფიცეს, რომ მთაში, ბუნების წიაღში, ყოველ ღონეს
იხმარდნენ, თიკოს ოთართან დაოჯახებაზე ეფიქრა.
– ახლა, ბატონო ნიკო, – ეუბნებოდა გულმხურვალედ ლიზიკო,
– თიკოს ვისთვის გავიმეტებდი, არც კი ვიცი, მაგრამ ოთარი
სულ არ არის ხელსაკრავი. ბოლოს-ბოლოს ვერ შეეწყობა თიკო
და გათვისდებიან, შვილი ეყოლება და მთავარი კიდე შვილია.
მე, მაგალითად, ბატონო ნიკო, სულ აღარა მაქვს იმ იდიოტი
ლექსოს დარდი, კისერიც უმტვრევია, შვილები მყავს და მიზანი
მაქვს ცხოვრებაში, თიკოს კი ისე უნდა ვეჩიჩინოთ, ხომ იცით,
შეძახებას და შებღავლებას რა მნიშვნელობა აქვს, აგერ, ჩვენი
ამხანაგი, პედიატრიულის ექიმი, თინიკო მანველიშვილი, იცით
თქვენ, ჩვენ რომ არ მივსეოდით, არასოდეს არ გაჰყვებოდა
სპარტაკს, წყალთა მეურნეობის ინჟინერს, თავს იკლავდა, ეგ
მეორედ არ მითხრათო, უმალ ლეკებში წავალ და მაგაზე კი
ჩემს სიცოცხლეში არ ვიფიქრებო. ვერ ცხოვრობენ
გუგულებივით? რომ წარმომედგინა, სპარტაკი ასეთი იქნებოდა,
ამდენს როგორ გალაპარაკებდითო, ახლა სულ ამას გვეუბნება.
მართლაც, მართლაც, თინიკო მანველიშვილი, რა კოხტა
ქალი, კარგი ექიმიც, არაფრით თიკოზე ნაკლები არ არის,
არაფრით! და მღელვარებისგან გონებაარეულმა ნიკომ, ჰა და
ჰა, წარმოიდგინა, რომ ბედნიერების გზაზე შემდგარ თიკოს
ახლა, ამ მოგუგუნე ტანკების, ამ დისიდენტების, თავისუფალი
სიტყვის ამ დევნის დროს სწორედ თავისმა ნაწერებმა შეიძლება
თავში ჩასცხოს და ყველაფერი უკან დაატოვებინოს. უნდა
გადამალოს, ეს ნაწერები სადმე სანდო ადგილას უნდა
გადამალოს, რომ ვერ მიაგნონ, ვერ იპოვონ... ყველაზე კარგი
იქნებოდა სხვენში... რა თქმა უნდა, იმ ხარახურაში... მაგრამ ვინ
ავა ახლა იქ, ეს შეუძლებელია... თავის კაბინეტში? წიგნების
უკან? არა, არა, პირველ რიგში წიგნებს დაუწყებენ ქექას... ნიკო
იდგა შუა დარბაზში და აქეთ-იქით იყურებოდა... სად... სად...
გარდერობში? თუ სადა? კედლის ღუმელში, აგერ კუთხეში,
მერე რა ღრმაა, ხელს ვერ შეუწვდენ... ვითომ დასაწვავი
ქაღალდებია, ღრმად, ღრმად უნდა შეჩურთოს და ზედ
დაჭმუჭნილი გაზეთები მიაყაროს...
ოჰ, ღმერთო, თუნდაც ის სალდაფონი, წამოაგონდა ნიკოს
გენერალი ლაზარევი, ქართველთმოძულე! დიდი რამეც, თუ
ბოლოს თიკოს სენტიმენტალობამ სძლია და ისე მოკლა, ისე
არადამაჯერებლად! ვინ კვდება ასე, ვინა? ან ეს იდიოტი
ბატონიშვილები... ერეკლე ჯერ არ მომკვდარა, ისინი აქ
ბჭობენ?! ან როგორ უნდა ებჭოთ, როცა ერეკლეს სიკვდილის
დროს თელავში არც ყოფილან, ყოველ შემთხვევაში, გიორგი
ბატონიშვილი, და ეს ჩხუბი მერე იყო, მერე... ჰოდა, სულ
ტყუილები, ტყუილები... და ამ ტყუილებისთვის კრიტიკოსებმა
და ცენზურამ მათრახები უნდა უჭირონ... თიკოს ოთახში გავიდა,
სინათლე ჩართო, მარჯვნივ კედელზე წითელ ნატურმორტს
შეხედა და ახლა ეს მშვენიერი ნატურმორტი, წითელი ფერის ეს
გამა თითქოს ავის მომასწავებლად ეჩვენა, პრაღა, ალბათ,
წითელი დროშებით არის მოფენილიო, იფიქრა, დაწიოკებული
ხალხი და თან წითელი დროშების ფრიალი, რა კარგია, არაა?!
საწერ მაგიდასთან მივიდა, შუა ღიობში ხელი შეყო, უჯრის
ვიწრო შვერილიდან გასაღები გამოიღო და დიდი უჯრა გახსნა,
სადაც თიკო თავის ნაწერებს ინახავდა. ქაღალდების დასტა,
თიკოს წვრილი ხელით ჩაწიკწიკებული, და დიდი დავთარი
ამოიღო, და უცებ, მოულოდნელად, ამ პაწია, კოხტა ასოების
დანახვაზე ლამის გული აუჩუყდა, იგრძნო, როგორ მოენატრა
თავისი შვილი... ნაწერები მაგიდაზე დადო, მაშინვე უჯრას
მიუბრუნდა, ხომ არაფერი დამრჩაო და სიღრმეში რაღაც
ფურცელი შენიშნა... და რომ გამოიღო დ დახედა, გულმა რეჩხი
უყო და ეჭვმა მოიცვა, მთელი ფურცელი მოფენილი იყო ასო
„შ“-თი შუაში კი მსხვილად ეწერა „შ“-ს, და ნაპირას წვრილად
ნაწერი პაწია სტრიქონები იყო ჩამორიგებული... ნიკომ გულის
ჯიბიდან სათვალე ამოიღო, მაგრამ ვერ გაარჩია... თავისი
ოთახიდან ლუპა გამოიტანა და აი, რა წაიკითხა:

და მსურს მჯეროდეს, (და მაინც მჯერა)


რომ გიყვარვარ,
როგორც უწინა,
დაუსაბამო განშორებით
დატყვევებული.
ო, გევედრები,
კვლავაც მანდე
შენი გულისთქმა,
რომ შრიალებდეს
ჩემი სული,
აწ დაყურსული.

ქვეშ თარიღი ჰქონდა მიწერილი, 15 ივლისი, 68 წელი, ღამის


2 საათი. და აგრეთვე, სულ მთლად ქვევით კიდეზე, გაფანტული
ასოებით: ო, სიყვარულო, რატომ მტანჯავ ასე უწყალოდ.
ფურცლით ხელში ნიკო სავარძელში ჩაჯდა და ისე დააცქერდა
ამ ტაეპსა და ამ უთვალავ ასო „შ“-ს, ლამის თვალები
აუჭრელდა...
ვინ არის ეს „შ“, ვინა... შ, შ, შ... დაშორებია და იტანჯება...
უყვარს... შ... შ... რა სახელი იწყება შ-თი, შოთა? შოთა... შოთა...
ვინ არის, ვინ უნდა იყოს... არავინ შოთა არ იცის თიკოს
სიახლოვეს, არავინ, თავიანთი სამნეო ნაწილის გამგის მეტი...
არა, შოთა არ არის. შარმაზანი? ან შერმადინი? ერთი
შარმაზანი იყო თელავში, ეხლა ცოლ-შვილით გაგრაშია
ექიმად, თიკო იმას არც იცნობს! არავითარი შარმაზანი!
შერმადინი კიდევ, არავინ არ ჭაჭანებს ამ სახელისა... და შიო...
შიო ხომ აღარავის არ ჰქვია, რა შიო, რის შიო! შურა? ჰო, შურა
არის ძალიან სიმპათიური, საგზაოს ინჟინერი, შურა
საგინაშვილი, მაგრამ თიკოს არავითარი ურთიერთობა იმასთან
არა აქვს, მგონი, ხეირიანად არც კი იცნობს! მაშ ვინ? ვინ უნდა
იყოს... ვისთანაც თიკოს საერთო აქვს? ვინა! თავს იმტვრევდა
ნიკო... და უცებ ისე შეკრთა და შეიშმუშნა, გეგონებათ, თავში
კეტი მოარტყეს და გამოაფხიზლესო! შალვა? შალვა? შალვა?
ნუთუ... ნუთუ... მაშ ვინ, სხვა არავინ არის „შ“. ნუთუ ეს
შესაძლებელია?! როგორ, რანაირად, მის ხელში დაბადებული
და გაზრდილი... ძმასავით შეზრდილი ნიკოსთან... შალვა?!
მუზეუმში სულ ერთად არიან... სხვას არც არავის ხვდება...
არავის... თიკო აცდუნებდა... თიკო... იცის ნიკომ... ეჭვი არ
ეპარება... აღარ... უსინდისო! ღმერთო, ღმერთო, თუ იქ ვინმემ
შენიშნა... თუ ვინმე მიხვდა... თუნდაც ერთი ვინმე... ოოო, რა
თავის მოჭრაა... ის ლექსიც, ისიც, პურს და წყალს რომ
სთხოვს... მამისხელა კაცს, მამის უახლოეს მეგობარს, ძმას,
ძმას! ესე იგი, შალვა მაინც პატიოსანია, რომ სიახლოვეზე არ
წავიდა... თუმცა რაღა პატიოსანი, თუ პასუხობდა, განა არა,
ამასწინათ რომ მივიდა, აკი უცნაურად მოეჩვენა... აშკარად...
თან კონიაკს კონიაკზე სცლიდა, საერთოდ რომ არ ეტანება
სასმელს... ერიდება კიდეც... უსინდისოები! ერთად მუშაობენ,
მთელი დღეები ერთად არიან, ჯერ კიდევ არავინ იცის, რა
იქნება და როგორ! თიკო არ მოუსვენებს, არა, არ დაუშვებს,
რომ არ უყვარდეთ! ვის ჰგავს, ვისა, ასეთი უმწიკვლო ოჯახში
გაზრდილი?! ასეთი... თავზე ხელაღებული! ოჰ, ოჰ, ლელიკო
რომ მიხვდეს, ხომ თავი ექნებათ მოსაჭრელი... არც შინაური...
არც გარეული... ვინ არის ეს, ვინა! არადა, სიყვარულზე ადვილი
მისახვედრი რა არის! ღმერთო ჩემო, მაშინ სხვები მიხვდნენ,
სხვები, ნიკოს რომ თურმე მარიკო უყვარდა! ჯერ თვითონ
მთლად გააზრებული არც კი ჰქონდა, არადა მიხვდნენ! არა...
არა... არავითარ ოთარზე არ იფიქრებს! იდიოტი, ვერა, ვერ
მოაწონა თიკოს თავი! ჯანდაბამდეც უვლია! მაგრამ ოთარს რას
ემართლება, როცა ასეთი საშინელება გაიგო! გაიგო კი არა,
მიხვდა! რა უნდა ქნას ნიკომ, როგორ მოიქცეს, როგორ
დასაჯოს, როგორ! უსინდისო! ვაი სირცხვილო და თავის
მოჭრავ! და ნიკომ ჯერ ეს ფურცელი ნაკუწებად აქცია, მერე
წამოავლო ხელი დავთარსა და თაბახების დასტას, გაშმაგებით
გამოიარა დარბაზი, თავის კაბინეტში გამოხსნა კედლის
ღუმელის რკინის კარი, შეყარა ყველაფერი, რაც ხელში ეჭირა,
სწრაფად, სწრაფად, სწრაფად გავიდა სამზარეულოში ასანთის
მოსატანად, გაჰკრა ასანთს და ცეცხლი ააბრიალა...

***
ქოხში, ტახტთან, დაბალ სამფეხაზე მოკუნტულიყო მუშტად
ქცეული თიკო. რაც შალვა ამ ტახტზე დაასვენეს და ზევიდან
ფარდაგი გადააფარეს, თიკომ სამფეხა მიიდგა, დაჯდა,
თითქოს დაყუნცდა და აღარც ამდგარა. ასე ეგონა, სიცოცხლეც
არ უნდოდა... ფარდაგი მოკლე იყო, ცხედარს მთლიანად ვერ
ფარავდა, ტახტის ბოლოს მერინოსის კაშნეთი გაკრული
კედებიანი ფეხები მოჩანდა, სასთუმალთან კი კეფაზე
გამოკრული ხილაბანდის კიდეებიდან გამოშლილი ჭრელ
მუთაქაზე გაბნეული ხშირი, ჭაღარა თმა. თმა ისევე
თავისუფლად, თავის ნებაზე ჩამოშლოდა, გეგონებოდათ, ეს
თმა სიკვდილს გამონაპირებოდა და თავისი სიცოცხლით
ცოცხლობდა... თიკო ზოგჯერ გადაიხრებოდა, აკანკალებულ
ხელს გაიწვდიდა, თმას დაუსვამდა, მერე ისევ მუხლებში
ჩარგავდა თავს და გაშეშდებოდა. არავის დანახვა არ უნდოდა,
მარტო თვითონ უნდა ყოფილიყო შალვასთან, მარტოდმარტო...
მაგრამ ვინ გაუშვებდა მარტოს, შეძრული და თავზარდაცემული
იყო ყველა. და, მგონი, ყველაზე მეტად აიუფა, რომელიც არც
ჩნდებოდა, გარე-გარე უვლიდა აქაურობას და მხოლოდ
დაადის საშუალებით ოთარი გაიხმო და დაელაპარაკა. ლიზიკო
თავს იკლავდა ტირილითა და მოთქმით, თან იმასაც
ჩაურთავდა ხოლმე, კიდევ კარგი ბავშვები არ არიან აქ და არ
შეესწრნენ ამ საშინელებასო... აი, ვინ არ იყო შეწუხებული და
ოთარი, პირიქით, ძალიანაც ულხინდა, თუმცა ცდილობდა,
შუბლიც შეეჭმუხნა და თავიც ექნია, ფრაზა, რომელსაც გუნებაში
აკვიატებულად იმეორებდა, ზოგი ეხლა შეგვიშალოს რამეში
ხელიო, გამოჟონავდა ხოლმე სახეზე მქრქალ ღიმილად...
საგონებელში იყო ჩავარდნილი და თავს იმტვრევდა, როგორ
დალაპარაკებოდა თიკოს... ბოლოს გადაწყვიტა და ქოხში
შევიდა, ტახტის კიდეზე, ცხედრის ფეხებთან ჩამოჯდა და
თიკოსკენ გადმოიხარა:
– ყური მიგდე, თიკო, რა უნდა გითხრა... გესმის? გთხოვ, აიღე
თავი.
– არაფრის გაგონება არ მინდა... – ცივი, შეცვლილი ხმით
თქვა თიკომ, – სადაც არის ირიჟრაჟებს... შენ უნდა წახვიდე
მამასთან, სასწრაფოდ...
– რა თქმა უნდა, – სწრაფად თქვა ოთარმა, – მაგრამ მე სხვა
რამე უნდა გითხრა, თიკო, და გთხოვ, ჩაუფიქრდე, ჩვენ უნდა
ვთქვათ, რომ შალვას თვითონ გაუვარდა თოფი...
– არავითარ შემთხვევაში! არაარაარაარა! – და ისეთი
მრისხანებით ჰქონდა თვალები სავსე, ძალა რომ ჰქონოდათ ამ
თვალებს, ოთარს ადგილზე გააქრობდნენ. მაგრამ ოთარი არ
შედრკა:
– გამიგონე ერთი წუთით, რა გამოდის, რა, რომ ეს პატიოსანი
კაცი შენს კარავთან დათვივით მოკლეს?! ეს გინდა, გაიგონ,
ესაა? აი, ამას ამბობს აიუფა, წყლის დასალევად ჩავედი და
დავინახე, თიკოს კარავთან ნამდვილი დათვიო, მე მეგონა,
გადააქცევს კარავს და თიკოს დატორავსო, თავს იკლავს, ისე
წუხს, მაგრამ გიჟია, თავი დაიღუპოს და არა თქვას, როგორც
იყო?!
– ჰოდა, თქვას, თქვას რომ მოკლა! – დაიძახა თიკომ, – არ
დავუშვებ, რომ შალვას მკვლელი არ დაისაჯოს,
არაარაარაარაარა, არავითარ შემთხვევაში!
– როგორ! – ხმას აუწია ოთარმა, – არ უნდა ვიფიქროთ
რეპუტაციაზე, არაა? არაა? რომ როგორი შეუბღალავი სახელიც
ჰქონდა, ისეთივედ დარჩეს!
– არა, არა! რეპუტაცია არაფერ შუაშია! შეუბღალავი თოთო
ბავშვიც არ არის! უნდა დაისაჯოს! ყოველ მიზეზ გარეშე! უნდა
დაისაჯოს! – ყვიროდა თიკო.
– და მე მინდა?! აბა, მე მკითხე, მინდაა, რომ ჩემი მომავალი
მეუღლის რეპუტაციაც შეიბღალოს?!
– წადი ეხლა აქედან, გეუბნები, წადი! – კინაღამ თვალები
ბუდიდან გადმოსცვივდა, – უნდა ჩაუსწრო პირველ ავტობუსს
რვა საათზე, გესმის, გესმის?!
და ოთარი რომ წავიდა, დადო თავი შალვას თმასთან
მუთაქაზე და მწარედ ატირდა.
...კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. მეთერთმეტე
საათი იყო, მაგრამ ნიკო ჯერ კიდევ სახლში იყო, დარეკა
საავადმყოფოში, თორმეტამდე ვერ მოვალო. კარი გამოაღო
და უცებ ვერც კი იცნო მზემოკიდებული და გაწითლებული
ოთარი. მაშინვე იგრძნო, რომ ცუდი ამბის მაცნედ იყო მოსული,
ერთ-ორ წამს უბრად მისჩერებოდნენ ერთმანეთ, მერე კი
ოთარმა სწორედ ასე უთხრა, ცუდი ამბავი უნდა გითხრათო...
გამტკნარებული ნიკო იქვე სავარძელში მოწყვეტით ჩაემხო,
სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა... ოთარმა დააცადა, მერე
იფიქრა, დრო არ იცდისო:
– ძია ნიკო... ძია ნიკო... მაპატიეთ და უნდა ავჩქარდეთ...
ნიკომ თავი ასწია, წამოდგა, მაგიდაზე დაგდებული ბინტი
აიღო, დაშალა, გრძლად მოხია, სახე მოიწმინდა, ბორჯომი
დაისხა, დალია, ოთარსაც ბოთლი მიაწოდა...
– დრო არ იცდის, ძია ნიკო, უნდა ჩამოვასვენოთ, საკაცე არის
საჭირო...
ნიკო ჩაფიქრდა, მერე ღრმად ამოიოხრა:
– ლელიკო... დეპეშის გაგზავნაა საჭირო... მე მიწერია
ტურისტული მარშრუტის ნომერი, ირკუტსკში უნდა გაიგზავნოს,
ალჟირი კი გამორიცხულია!
ტელეფონი აიღო და აეროდრომზე დარეკა, უფროსი ნიკოს
კარგი ნაცნობი იყო, და ასე და ასეო, უთხრა, ორი საათით
ვერტმფრენი დაგვჭირდებაო. აეროდრომის უფროსმა კიდევ,
ნახევარ საათში დაბრუნდება ვერტმფრენი ომალოდან, საწვავს
აიღებს, ცოტას შეიქაქანებს და წაგიყვანთო, ასე ერთ საათში
ჩამოდით აეროდრომზეო.
ნიკო დედასთან შევიდა, მძიმე ავადმყოფთან მივდივარ
პანკისისკენო, შეიძლება თიკოც წამოვიყვანოვო, შენ ნუ
დაგველოდები, ალბათ, გვიანობამდე ვერ მოვალთო. ხომ
არაფერი მივუმატო სადილსო, თინათინმა, რაკი თიკოც
ჩამოვაო. ნიკო ერთ წამს შეყოყმანდა.
– არა, დედა, შენ არაფრისთვის თავი არ შეიწუხო...
– რა თავპირი ჩამოგტირის, ჩემო ბიჭო? – შეფიქრიანდა
თინათინი.
– არაფერია, არაფერი, მე წავედი, დედა, საავადმყოფოში
შევალ ცოტა ხნით, ავადმყოფებს დავხედავ და...
კაბინეტში რომ გამოვიდა, ოთარს ჰკითხა, თიკო როგორ
არისო. ნუღარ იტყვითო, თიკოც, ლიზიკოც ცხარე ცრემლით
დასტირიანო.
საათ-ნახევრის შემდეგ ისინი უკვე მიფრინავდნენ კახეთის
მთებისკენ.
ამობრწყინდება დიდი ნათელი მარადიული მწუხრის წინაშე.
ანა კალანდაძე

მოხუცი ელო დარბაზში მაგიდასთან იჯდა და თავის


გარდაცვლილ შვილს წერილს სწერდა:

„ვახტანგ ბიჭო, ჩემო ბიჭანჭურო, გენაცვალოს დედა, თავს


შემოგევლოს, უნდა მაპატიო, რომ ამდენი ხანი ვერ
გამოგიგზავნე სიმები, სანდო ვერავინ შევიგულე და იმიტომ
დაგიგვიანე... ჩვენიანები ხომ სულ წამოვიდნენ, დიდი
ხანია... როცა მგზავრები მყავდა, შენ ჩემთვის სიმები არ
გითხოვია, რაც სიმებსა მთხოვ კიდევ, სანდო ვეღარავინ
ვნახე, არადა როგორ დამიძახე წუხელაც, სწორედ ჩვენი
ბურჯიდან ჩამომესმა შენი ხმა, დედიი, ძალიან მომწყინდა
ჩემი მანდოლინის გარეშეო, სიმები სულ დაუწყდაო,
მედიატორებიც სულ დამემტვრაო, როცა წამოხვალ,
წამომიღე სიმებიო, მეძახდი, მედიატორებიც გამომიყოლე,
თორემ ვეღარ დავუკრავ და რაღა მეშველებაო...“ მოხუცმა
ელომ მწუხარედ გაარაცრაცა თავი, თავისმა დაწერილმა
სიტყვებმა იმოქმედა, ფანქარი დადო, წამოდგა, ტახტიდან
მუთაქა აიღო, მოიტანა და სკამის საზურგესთან ააყუდა.
დაჯდომისას პირდაპირ მიეყრდნო მუთაქას და ზურგსა და
მხრებს შვება მისცა, ადვილად ეღლებოდა ზურგიცა და
მხრებიც, მითუმეტეს წერის დროს, ფანქარს წვერი გაუსინჯა,
გადადო, მეორე აიღო, კოხინორის შავი, უფრო რბილი
ფანქარი, და თავის დაუვიწყარ ვახტანგთან წერილის წერა
განაგრძო: „მუხლის ჩოქითა გთხოვ პატიებას, გენაცვალოს
დედა, რომ მე ჯერ ვერ წამოვალ, ჯერჯერობით აქა ვარ
საჭირო, მეტად საჭირო, მითუმეტეს, ძალიან კარგი მგზავრი
მოდის და იმას უნდა გამოვატანო შენთან წერილიცა და
რასაცა მთხოვდი, ისიც. მერე რა საუკეთესო სიმები, ვთხოვე
თუ არა, ზაურმა იყიდა და მომიტანა, ავსტრიულიაო, და
თავის დღეში არ დაუწყდებაო, ისეთი ხარისხისააო, თქვენ
არხეინად იყავითო, თან სიცილით დაამატა: გული
მიგრძნობს, მგზავრიც კარგი გამოგიჩნდებათო. მართლა კი
უგრძნო გულმა, ჩემო ტატო, შალვა მოდის, ჩვენი შალვა,
ჰოდა, დიდ კონვერტში ჩავდებ წერილთან ერთად სიმებს და
სოსლანს გავატან, რა ვქნა, მუხლებმა მიმტყუნა და ვერც
პანაშვიდზე წავალ, ვერც დასაფლავებაზე. სახლში კიდევ
არა მიშავს და გავცდები თუ არა ჩვენი ალაყაფის კარს,
შემეხუთება, შემეხუთება, მაშინათვე შემებორკება მოძრაობა.
თორემ ვის ეკუთვნის ჩვენგან პატივის მიგება, თუ არა
შალვას. რა ვიცი, საღ-სალამათი კაცი რა სულელურად
გამოესალმა წუთისოფელს, თავის სიცოცხლეში არ
უნადირნია და რაღა ეხლა მოინდომა ნადირობა, ამ ასაკში,
ვერ გამიგია. თოფი გაუვარდა და იქვე მოკლაო, წეღან
ბიჭია იყო აქა, ზაურის ნახვა უნდოდა და იმან მითხრა... ეჰ,
ყველაფერი ხდება... რა ვუყოთ, ნეტავ შენც აქამდე
გეცოცხლა და ეგ მოურჩენელი არ შეგყროდა, ეხლა
წასულიყავი სანადიროდ და ვაი, შენს დედას... შალვამ კი,
ღმერთმა აპატიოს, ამ გაზაფხულზე ძალიან მაწყენინა, რო
გაჯიქდა და სახლის განახლებაზე ზაურს ქაღალდზე ხელი
არ მოუწერა. სახლი კიდევ ხომ სულიერ არსებასავით არის,
სულ მიხედვას საჭიროებს, ამას გააკეთებ, ის გაფუჭდება. ეს
კრამიტებიო, ეს კავებიო, ეს კოჭებიო, რა ვიცი, რომელი
ერთი ჩამოვთვალო, შენც ხომ იცი; რო დამიძახებდი ხოლმე,
შენმა დარდმა სამარიდან წამომაგდოვო, აღარა გაქვს
სადარდებელი, ჩემო ვატატუნა, აღარ. შემოგევლოს
დედაშენი, აღარც აწვიმს ჩვენს სახლს, აღარც ათოვს, და
ქარებიც ასერიგად ვეღარ მაშინებს. ზაურმა მახარა დღესა,
დეიდა ელო, თქვენი სახლი სასახლედ უნდა ვაქციოვო.
ვისაც ულოცია, თქვენი სახლისთვის ულოციაო. ყოჩაღია,
ყოჩაღია, მეტი რომ არ შეიძლება, რა სანიმუშო მარმარილო
დაგადო, რისიც ღირსი იყავი, ჩემო ბიჭო, ისეთი დიდი
ლოდი, და შენ გვერდით ჩემი საფლავიც ასევე გამიკეთა,
რომ იცოდე, წარწერითაც; გვარი, სახელი და დაბადების
წელი, გარდაცვალებისა და ჩემ შემდეგ დაიწერება. მაგრამ,
როგორც გითხარი, ჩემო ტატო, მე ჯერ ვერ წამოვალ,
პატარა ბიჭი მყავს მისახედი, შენი სახისა და შენი სახელისა,
მე ბებიად ჩამწერეს და მართლა ისე ვუყვარვარ, თითქოს
შენი შვილი იყოს, აღარ ამოვიფშრუკებით, აღარ
აღმოვიფხვრებით, აღარ! ვაიმე, როგორ მეტანჯებოდა
გული, ეგრე როგორ უნდა გადავშენდეთ-მეთქი, ყველა
უბედურებამ რად მოიცალა ჩვენი სახლისათვის-მეთქი,
რუსების ჩამოხინცვამაცა და, ლეკებმაცა და, აჯანყებებმაცა
და... ბოლშევიკებმა ხომ სულ გადაგვითავეს... ომები, ომები,
ომები... რა შენი საქმე იყო ფინელები და გერმანელები,
ცოტა იბრძოლეს ჩვენმა მამა-პაპამ, ცოტა სისხლი
დაღვარეს, რომ შენთვისაც, ჩემო სულისდგმავ,
ცუდუბრალოდ თოფი არ მოეჩეჩებინათ და ცხრა მთას იქით
არ გაეგდეთ საბრძოლველად. მე შენ გეტყვი, ჩვენს მიწა-
წყალს იცავდი; შეენ, ასეთი მუსიკოსი, საფლავიდანაც სიმებს
რო მთხოვ, რა შენი საქმე იყო თოფის სროლა, და აკი არც
იყო, მე არავინ მომიკლავს, დედიო, მეუბნებოდი, სულ
ჰაერში ვისროდიო... ამასწინებზე, მთვარიანი ღამით რომ
გამომეცხადე, შენისთანა კეთილ სულებს თურმე მთვარიანი
ღამე უყვართ... ჩვენი ბურჯის თავზე იყო დაბრძანებული
ბადრი მთვარე... ძილი გამიკრთა... დღისით ვთვლემ ხოლმე
სავარძელში, ღამე კი ხშირად მიკრთება ძილი... ჰოდა,
მთვარის შუქით იყო განათებული აივნის ფილაქანი,
მთვარის ათინათი თითქოს რაღაც იდუმალებითა და
მოლოდინით იყო სავსე, და სწორედ ამ დროს ჩრდილივით
რაღაც მოადგა სწორედ ჩემი ფანჯრების პირდაპირ, დიდ
სვეტს... ლოგინში წამოვჯექი, გავითანგე, მაშინვე ვიგრძენი,
რომ შენი ჩრდილი იყო და გიხილე კიდეც, შენი ჭირიმე...
ღმერთო, რა ბედნიერი ვიქნებოდი, გამომშრალი
პატრუქივით ცეცხლი მომკიდებოდა და შენ წინ
დავნთებულიყავი... ისე შემოგყურებდი, ისე... ვერ
გაშორებდი თვალსა, ნეტა თუ შევირხეოდი, ნეტა თუ
დავიღლებოდი ასე მოკუნტული ჯდომითა და შენი
ყურებით... აგრე მგონია, შემეძლო, სიკვდილამდე
ვმჯდარიყავი გაუნძრევლად და შენთვის მეყურებინა... შენ
ისევ ის კოსტიუმი გეცვა, ისევ ის თეთრი პერანგი...
გიყურებდი და სიხარულის ცრემლები ჩამომდიოდა
ღაპაღუპით... ჩემს გამომშრალსა და გამოფიტულ სულსა,
ხმელი ფოთოლივით რომ შარიშურობს ჩემში, იბზარება და
იფშვნება, და გამხმარ ყუნწზე გამობმული ძლივსღა იჭერს
თავსა, სადაცაა ჩამომწყდება, გაფრინდება, დამტოვებს... იმ
ღამეს კი სიხარულის ცრემლებმა დამილტო და
გამინედლა... ჩემო ტატო, მაპატიე, ხელები აღარ
მემორჩილება, ხომ გახსოვს, ისე გავასწორებდი ას რვეულს,
სამი კლასისას, ხელი არ დამეღლებოდა, შენც ხომ
გვერდით მეჯექი ხოლმე და ან გაკვეთილებს სწავლობდი, ან
კითხულობდი... ეხლა კი რამდენი ხანი ვუნდები ერთი
გვერდის დაწერას... უნდა მოგიბოდიშო, რომ მელნით
ვეღარა ვწერ, ხელი რო ამიკანკალდება, დამედღაბნება
ხოლმე, ფანქრით კი თითქოს ცოტა ვაჩერებ კანკალსა,
მაგრამ მაჯა ისე მეღლება, ბევრის წერა, თუ არ დავასვენე,
არ შემიძლიან, რას ვიზამ, сторость не радость, а большая
гадость...“

მოხუცმა ელომ ფანქარი დადო, მაგიდის კიდეს დაეყრდნო და


წამოდგა, მუხლი გაშალა, ვახტანგის პორტრეტთან მივიდა,
მაღალი, ვიწრო დასადგარიდან ლარნაკი აიღო ჩამომჭკნარი
ზამბახებით, აივნის ბოლოს, სამზარეულოში გავიდა,
დამჭკნარი ყვავილები სანაგვე ყუთში ჩაყარა, ლარნაკი
გამორეცხა, წყალი ჩაასხა, გამოიტანა აივანზე, დარბაზის წინ,
ტახტზე დადგა და ეზოში ჩავიდა... იქვე, კიბესთან ჩაის ვარდი
ყვაოდა... ბურჯთან მივიდა და ბაღს გახედა:
– იგნატ! იგნატ! – დაიძახა.
ბაღის ბილიკზე იგნატი მოდიოდა, ცალ ხელში მომცრო
კალათა ეჭირა, მეორეში კი ხილით თავაბმული ბადია.
– Елена Евстафиевна, посмотрите, какие помидоры, сколько
набрал! – და პამიდვრით სავსე კალათა ელოს ფეხებთან
დადგა, ბადია კი გულაბითა და ხომარდულით აევსო.
– Игнат, дорогой, ты просто молодец, пожалуйста, отрежь мне
три бутона, – ჩაის ვარდზე მიუთითა. მერე დიდებული კოკრები,
მოვარდისფრო, ოდნავ გაშლილი, ლარნაკში ჩადო, ვახტანგის
პორტრეტთან დადგა და თვითონ ისევ წერილს მიუბრუნდა:

„ჩემო ბიჭო, ცოტა შევისვენე, ქვევით, ბაღში ჩავედი... ბაღი


და რა ბაღი? ჩემი მამამთილის შემდეგ – ის ხომ იყო ученый
агроном, მონპელიეში ჰქონდა სწავლა გათავებული, ყოველ
ხესა და ბუჩქს დაჰკანკალებდა, ხეივანს ხომ ნუღარ იტყვი,
სამწუხაროდ, შენ არ მოგსწრებია, ჩვენი ხეივნის სანახავად
მოდიოდნენ, – ჩვენი ბაღი ასეთი მოვლილი და წარმტაცი
აღარ ყოფილა... ეს იგნატი, ზაურის სიმამრი, აუწონავი
ოქროა, მთელი დღე რომ ბაღში იტრიალოს, არც
დაიღლება, არც მოსწყინდება, ისეთი ხელგამომავალია,
მეტი რომ არ შეიძლება. აქაურობა ნაირფრადა ღაღანებს...
შენ რომ ხომარდული გიყვარდა, გენაცვალოს დედა, აღარ
ინახვებოდა, ისეთი დაჩიავებული და ტოტებშემხმარი იყო,
ამ იგნატმა კიდევ ტყის მიწა ჩამოიტანა, ძირი გაუფხვიერა
და დააყარა, ისე გაიგიჟა თავი, გეგონება, ქვიშა შეაყარესო.
პატარა ბიჭსაც ძალიან უყვარს, ეხლა თეთრწყლებში ჰყავს
ელას წაყვანილი ჰაერის გამოსაცვლელად და უთუოდ უნდა
გავუგზავნო, დაე, შენც წინ დაგხვდეს, შენ შემოგევლე. ამ
პატარა ბიჭმა, შენმა ფერულამ, ნეტავ იცოდე, როგორ
გამომაკეთა, როგორ გადამახალისა, თითქოს ძალ-ღონეც
მომემატა, და შენ გამიგებ, შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი
გესმოდა, შენ ხომ გაგებული იყავი ბავშვობიდან, მინდა,
სული კბილით დავიჭირო, ცოტა კიდევ ვიცოცხლო, ერთი
რომ ჩემნაირად ვინღა მოგიგონებს, ვინღა გიტირებს, ვინღა
ილოცებს შენი სულისთვის, ვინღა აგინთებს სანთელს...
თუმცა ზაურმა ყური რომ მოჰკრა ჩემს ჩივილს, მთელი
გულით დამაიმედა, როცა დრო მოვა, ჩვენ ყველაფერს
გაგიკეთებთ თქვენც და თქვენს გარდაცვლილ შვილსაცო,
მაგრამ ჯერ ჩვენგან წასვლის უფლებას არ გაძლევთო;
დეიდა ელო, ხომ ხედავთო, ელაცა და იგნატიც უბრალო,
კარგი ადამიანები არიანო, მაგრამ თქვენამდე ბევრი
უკლიათო, და მე მინდა ჩემს პატარა ბიჭს ამაგი დასდოთო,
თქვენი ოჯახისა მოეცხოსო, აგერ როგორ უყვარხართო,
თეთრწყლებში რო ავალ, სულ იმას მეუბნება, ბებო ელო
მომენატრაო... მეც მინდა, შენ შემოგევლოს დედაშენი და
სანთელი დაგედოს, ამ პატარა ბიჭს შენი სული ჩავბერო, შენ
დაგამსგავსო, შენი მანდოლინა დავაჭერინო ხელში...
გონიერი ბავშვია, გულისყურიანი, თუ რაიმეს უამბობ,
მაშინვე დაცქვიტავს ყურებს და მოგაპყრობს თავის მშვენიერ
თვალებს, თან რა მოსიყვარულე, საკვირველიც კია ასეთი
პატარა ბავშვისაგან“.

„...ტატო, ჩემო სანატრელო, რომ იცოდე, რა დამემართა,


თვალები ამიჭრელდა, თავი ჩამომივარდა, ფანქარი
ხელიდან გამივარდა და, არ ვიცი, გაბრუებული ვიყავი თუ
ჩამთვლიმა, ხმა შემომესმა... ღმერთო ჩემო, შალვას ხმა...
ისეთი მჟღერი... პირდაპირ ყურში ჩამესმოდა: Мне ведомы
начала и концы... И жизнь после конца... როდინდელი
ამომიტივტივდა, შენ რომ გიკითხავდა შალვა ამ ელეგიას,
და იმ სიტყვებზე Меня, как реку, Суровая эпоха повернула,
შენ ამბობდი, ეს ჩემზეა ნათქვამიო... შალვა კი რა
სანიმუშოდ კითხულობდა... სწორედ ის კილო ჩამესმა... ოჰ,
შალვა, შალვა, არ ვიცი, ღმერთმანი, რა წერამ აიტანა!
რამდენი სიკეთე მახსოვს მათგან?! მეფე ერეკლეს
გრაფიკული პორტრეტი რომ გვქონდა, ძველთაძველი,
ბებიაჩემის ნამზითვი, შენ გეამაყებოდა ის სურათი,
ბავშვობიდან იყავი შეთვისებული და ვინმე თუ
შეგეკითხებოდა, ვისი სურათიაო, იმავე წუთს შესძახებდი
შენი მოჭიკჭიკე ხმითა, მეფე ერეკლესიო. შენ ავად რომ
მყავდი და გაგვიჭირდა, ხომ გახსოვს, შალვამ მუზეუმისთვის
იყიდა, კარგი ფასიც გადაგვიხადა, მერეღა გავიგე, თურმე
თავისი ფულით უყიდია, თანაც, რომ წარმოიდგინა, შენ
გული დაგწყდებოდა, სულ ის იძახა: იყოს და მერე
წავიღებო, მუზეუმში ჯერ ადგილი არა გვაქვსო. შენ
შემდეგღა გავუგზავნე. მერე კიდევ, დიდფირუზიანი
გულსაბნევი რომ მქონდა, бедный Вамех из Тавриза привез
большую бирюзу, окантованную золотом, არ მინდა, უცხო
ხელში ჩავარდეს და შენ იყიდე-მეთქი, ლელიკოს ვთხოვე,
იყიდა კიი, მაგრამ ელენეობა რომ მოვიდა, შალვამა და
ლელიკომ იმ ჩემეული ფირუზით მომილოცეს. რა ვიცი,
რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი გითხრა,
გენაცვალოს დედა, შენ თქმა კი არ გჭირდება, მაგრამ...
უნდა კარგად შეეგებო მანდ შალვას, როგორი გულითაც
იყავი, ისე... წეღან ზაურიც მოვიდა და დამპირდა, დეიდა
ელო, თქვენი სახელით შევუკვეთავ ძვირფას გვირგვინსო და
წერილთანა და სიმებთან ერთად გაატანეთ ან სოსლანს, ან
ბორიასო. ის კარგი კაცი ნამდვილად იმსახურებს სათანადო
პატივისცემასო. ისე რომ, სამ-ოთხ დღეში შენი სურვილი
ასრულდება, მე კი ისევ დავუწყებ ცდას მთვარის ავსებას,
შენისთანა კეთილ სულებს ხომ მთვარიანი ღამეები
უყვართ... ჩემო მუდმივად საფიქრებელო შვილო, ტატო,
ტატო, ტატო... შემოგევლოს დედაშენი.“
ვაი რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო.
დავით გურამიშვილი

ნიკომ თუმცა კი დაუბარა დედას, დაისვენე და არაფერი


გააკეთოვო, ლამის სახლს არ იყო გაცილებული, რომ
თინათინი ქადის თადარიგს შეუდგა: ერბო და ფქვილი
აფშრუკა, მარილი მოაყარა და ტაფით ჩაწეულ გაზზე დადგა
მოსაშუშად. თიკოს უყვარდა უტკბილო ქადა, ცოტა მარილითა
და მიხაკით, მერე თაფლს შეატანდა და ამაზე გემრიელი
არაფერიაო, იტყოდა. გახარებული იყო თინათინი, თიკო
დაბრუნდება დღეს მთიდან და ვასიამოვნებო. მერე კარაქი
დაკეპა ფქვილთან ერთად მაწონი დაუმატა და საქადე ცომის
მოზელას შეუდგა. სპილენძის ავანდასტაში მიხაკი დანაყა,
ქადის გულს მოაყარა, გაზი გამოთიშა, ცომი მაცივარში შედგა
და თიკოს ოთახისკენ გასწია, ქვეშაგებს გავუმზეურებო... პლედი
და ბალიში დიდ აივანზე გაიტანა, მოაჯირზე, მზის გულზე
გადაფინა, ბალიშიც იქვე, სვეტთან მიაყუდა და ნაალის
გამოსატანად შებრუნდა... სავარძელსა და საწოლს შორის,
იატაკზე რაღაც ქაღალდები შენიშნა, მარაოსავით გაშლილი,
რამდენიმე რვეულის ფურცელი იყო, თავში, კიდეზე სამაგრით...
თინათინი სავარძელში ჩაჯდა, ქაღალდებს გადასწვდა, აიღო
და დახედა... ჩემი თიკოს ნაწერი... ეტყობა, ლოგინში
კითხულობდა და დაუვარდაო, გაიფიქრა და ახლომხედველის
დარად თვალებთან მიიტანა ნაწერი, და წაიკითხა თუ არა
სათაური „მეფე ერეკლეს სიკვდილი და დატირება“, მაშინვე
დაინტერესდა, ხუსხუსით გაიტანა ნაალი, ისიც მოაჯირზე
გადაფინა, მაშინვე დაბრუნდა, ჩაჯდა სავარძელში და დიდი
გულმოდგინებით შეუდგა კითხვას:

„ყრუ გუგუნი ისმოდა... მეფის სენაკამდე აღწევდა... ბატონის


ციხის წინ, მოედანზე დაჩოქილი ხალხი ლოცულობდა, მსუბუქი
ყოფილიყოს მეფის უკანასკნელი ბრძოლა საკუთარ სულთან...
მეფის ყურთასმენას კი სწვდებოდა ეს გუგუნი და ბრძოლისთვის
შეკრებილი ჯარის ხმად ესმოდა... იკრიბებოდა ჯარი,
იკრიბებოდა ყოველი მხრიდან... სადაც არის
გამოაბრძანებდნენ დიდ ჯვარს და კათალიკოსი ბრძოლის წინ
დალოცავდა მებრძოლებს... ოოო, როგორ უნდა, დააჯილდოოს
თავისი მკურნალები, კობიაშვილიცა და თურმანიძეც, მოიკლეს
თავი, რაღა არ გაუკეთეს, რა ნაყენი აღარ ასვეს, რა მალამოთი
აღარ დაზილეს და დაუცხრეს სტომაქი... გაუყუჩეს ტკივილები...
სწორედ გუშინდელი ზიარების შემდეგ, მას შემდეგ, რაც
გამოეთხოვა მზეს... გამოეთხოვა წყალს... გამოეთხოვა პურს...
გამოეთხოვა თავისიანებს... და ვერ გამოეთხოვა ქვეყანას...
რადგან არც უნდა გამოსთხოვებოდა... იმიტომ, რომ უნდა
იბრძოლოს... როგორც მთელი სიცოცხლე იბრძოდა... არა აქვს
უფლება, არ იბრძოლოს... ის უმოწყალო ტკივილები, ის
მტანჯველი მარწუხები, გულ-ღვიძლს რომ უგლეჯდნენ...
დღედაღამ ევედრებოდა უფალს: დაე, ეს იყოს ჩემი ქვეყნის
სატკივარი, და მაშინ მომივლინე კიდევ მეტი ტანჯვა, რომ თან
წავიღო, რომ ჩემი ტანჯვითაც ვუშველო ჩემს ქვეყანასო... და აი,
აღარც არაფერი სტკივა და ჯარიც იკრიბება... წუხელ
ღამისმთევლად არავინ ისურვა თედოს მეტი, კუთხეში მთელი
ღამე ჩოქზე იდგა... დროდადრო დგებოდა, დიდ ბატონს
ტილოთი ოფლს მოსწმენდდა, ჭირის ოფლს, და ისევ
დაიწყებდა ლოცვას ღვთისმშობლის ხატთან: მამაო ზეცათაო,
ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ... ძეო, მაცხოვარო უფლისაო,
შეგვიწყალენ ჩვენ... სულო წმინდაო, ღმერთო, შეგვიწყალენ
ჩვენ... ჩუმად, ჩუმად პუტუნებდა, ხმამ არ შეაწუხოს
მომაკვდავიო, პირიქით კი იყო, თედოს პუტუნი და უზარმაზარი,
კრიალა მთვარე, თვალს რომ გაახელდა და საწოლის
მოპირდაპირე სარკმლიდან დაინახავდა, თითქოს შვებას
ჰგვრიდა, ერთი თალია კიდევაც ჩასთვლიმა და, კიდევ კარგი,
დედა ნახა... ახალგაზრდა და მშვენიერი იყო, და თვითონაც
პატარა ბიჭი იყო, მოკლე ქულაჯა ეცვა და პატარა ხანჯალი
ეკიდა, ალავერდში იყვნენ და დედა ეუბნებოდა, შესთხოვე
ირაკლი, ალავერდის წმინდა გიორგი მორჭმული და ძლიერია,
შეგისრულებს თხოვნას, უთუოდ შეგისრულებსო... და
ლოცულობდა, ლოცულობდა, ააპყრობდა თვალს წმინდანს,
რომელსაც თავზე დიდი მთვარე ედგა შარავანდედივით, მერე
დახრიდა თავს, გულზე მიიჭდობდა ხელებს ჩუმად, ჩუმად, რომ
არ გაბნეულიყო მისი ხმა და მისი ვედრება, ლოცულობდა. რა
შესთხოვე წმინდა გიორგის, ირაკლი? ეკითხებოდა დედა.
ბატონო დედა, შევთხოვე, როგორც მეფე დავითს „მოსცა ჟამი
ღმერთმან“, ასევე მეც მომცეს ჟამი გადამწყვეტი ბრძოლისთვის.
შენ ხომ ჯერ ყმაწვილი ხარ, ჩემო ირაკლი, ეუბნება დედა,
მხრებზე ხვევს ხელს და გულზე მიიკრავს... და ეღვიძება, და
ისევ ესმის: „ჭურო ზეშთა აღმადგინებელთაო, მეოხ გვეყავ
ჩვენ“... მთვარე კი გადასულა, აღარ ჩანს, თენდება და ჯარის
გუგუნიც ძლიერდება... მოუხმობენ, მოუხმობენ საბრძოლოდ...
ხმა სულ აღარ ჰქონდა და ხმაც დაუბრუნდა:
– თედო, შემმოსეთ ბრძოლისთვის... ხომ გესმის, ჯარი უკვე
შეიყარა, ჩემს გასვლას ელიან...
– დიდო ბატონო, თქვენი ჭირიმე, ცოტა მოიცადეთ,
გამომჯობინდით და ისე...
– წვრილთვალა რკინის პერანგი, თედო!
თედოს მოაქვს წვრილთვალა რკინის პერანგი, გულში კი
კვნესის, ვაიმეო, როგორ დაებინდა დიდ ბატონს გონებაო...
– ჩემი ხმალი, თედო, და ხანჯალიც, თედო!
თედოს მოაქვს ხმალი და ხანჯალი და საწოლის კიდეზე,
გვერდით დაუდებს.
– ჩემი საბრძოლო ცხენი შემიკაზმონ, თედო!
– თქვენი ცხენი დიდი ხანია შეკაზმულია, დიდო ბატონო...
მეფე ხმალს მოჰკიდებს ხელს, წამოიწევს ქვეშაგებში, ძალას
მოიკრებს, უკანასკნელ ძალას, მთელი ხმით შესძახებს:
– ვეკვეთოთ მტერსა!
იქვე გადაეშვება სასთუმალზე და სულს დალევს.
...აქუხეს ზარბაზანი საზარბაზნე ბურჯიდან. რეკდნენ მწუხრის
ზარები, რიგრიგობით და შეუწყვეტლად ყველა ეკლესიიდან...
დაგზავნეს გზირები და მაცნეები... და ყოველი მხრიდან ხალხმა
იწყო დენა, უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ბატონის ციხისაკენ.
მოდიოდნენ გაღმიდან, გამოღმიდან, ქვემო სოფლებიდან,
ზემო სოფლებიდან, სხვა კუთხეებიდან... ტირილით და
ქუხილით, მთელი ქვეყანა იყო ერეკლე მეფის ჭირისუფალი,
ისმოდა ხმა გოდებისა მეფის გამო და ქვეყნის გამო, რომ
ერეკლეს სიკვდილით ჩაესვენა მზე საქართველოსი და ვინ
იცის, როდის აღმოხდებოდა.
ამ გულისთქმით იყო სავსე ყველა, და კიდევ ამიტომ
განსაკუთრებით იგლოვდნენ ერეკლეს სიკვდილს... ქვეყანა
დარდმა და ვაებამ მოიცვა... საითაც გაიხედავდით, ყველას
ცრემლი სდიოდა, და უმტირალს ვერავის ნახავდით.
ეკლესია-მონასტრის წინამძღვრები გარდაცვლილ მეფეს
პანაშვიდებს პანაშვიდებზე უხდიდნენ, მგალობელთა გუნდები
უგალობდნენ სულთათანას, მედავითნეები კი მთელი ღამეები
უკითხავდნენ ფსალმუნებს... მგლოვიარე ხმით იგრგვინა
სოლომონ ლიონიძემ, ცის ქუხილს ჰგავდა იმის შეცხადება...
დაიჩოქებდა კუბოს წინ, წამოდგებოდა, ეამბორებოდა სუდარას,
ხელებს აღაპყრობდა ეკლესიის გუმბათისკენ და იწყებდა
გულმდუღარე მოთქმას, ცას სწვდებოდა მისი ტირილი, და
არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ექო ამ მჭევრი დატირებისა
გადასწვდებოდა მომავალ თაობებს, მომავალ საქართველოს...
წაიკითხეს სამძიმრის წერილი გაენათელი მიტროპოლიტის
ევთიმესი: „მლოცველი მარად თქვენისა სიმაღლისა,
გაენათელი მიტროპოლიტი ევთიმე... მდუღარითა ცრემლითა
ტახტისა თქვენისა იატაკს დავალტობ და სალმობიერსა საზარსა
ხმასა შიშით წინაშე თქვენსა განვაცხადებ: ჰოიმეე, ვინ სად
მიგვეფარა დიდება ყოვლისა ეკლესიისა? ჰოიმეე, ვინ მიგვტაცა
კრებულთა ეკლესიისათა შემმოსველი, მზრდელი, მსწავლული,
და მოწყალე? ვაშა ვაიმე, სად დაჭნა სიბრძნე და მეცნიერება
მისი, რომლითაც აქამდე ყოველი ქვეყანა იცვებოდა? სად
დასრულდა ეკლესიისა ებან-ქნარი? სად დახდა უნუგეშოთა
ნუგეში, ობოლთა მამა, უსასოოთა სასო, მწუხარეთა შემწე და
ჭირვეულთა ხელის ამპყრობი?.. ამისთვის ცეცხლი მიალებს
გონებასა და აღტყინებულითა გონებითა იესოს ღმერთსა
ვევედრები ყოველს ლოცვასა შინა, უკეთუ ჩვენ მისითა
მიცილებითა დავგლახაკდით, მას მაშინაც მისცეს სუფევა
დაულევნელი...“
დედოფალმა დარეჯანმა მოისურვა თავისი ძვირფასი
ერეკლესთვის მეგრული ნანა ეგალობათ:
– ჩემს ირაკლის ძალიან უყვარდა მეგრული ნანა, მე
ვუმღერებდი ხოლმე, მეტადრე მძიმე ჭრილობების დროს და
სულ იმას მეუბნებოდა, თურმანიძის მალამოებზე ნაკლებად კი
არ მიშუშებს ჭრილობებს შენი ნანაო. ჰოდა, ჩემო თედო, –
მიუბრუნდა დედოფალი თედოს, ერეკლეს თანშეზრდილ
მსახურს, ვის ხელშიაც მეფემ სული დალია, – გადაეცი შენს
შვილიშვილს, ირაკლის საყვარელ ნათლულს, ციურის, უბნის
ქალებს, როსტომაანთ რძალს ირინეს, თავისი თამთათი,
პაატაანთ ნინოს, ზაალიანთ მარიამს, გაისარჯნენ, კარგად
შემღერდნენ და სანამ სამეგრელოდან ჩემიანები მოვლენ,
უგალობონ თავის მეფეს მეგრული ნანა. შენ ხომ იცი, თედო, ისე
წავიდოდა ჩემი ირაკლი ბრძოლასა და შეტაკებებში, და
მობრუნდებოდა უმეტესწილად გამარჯვებული, ლხინს არც
როდის არ მოისურვებდა – მე თუ ყოველ ბრძოლას ლხინი
დავურთე, სად არის ამდენი ლხინის დროვო და საღსარიო... ამ
წლინახევრის წინ კი, საბუიდან რო მობრუნდით, ვინ იცის,
გრძნობდა, ეს მზაკვარი ავადობა ეპარებოდა, ლხინი ინება,
მაშინ ხომ ყველანი იყვნენ და ხომ გახსოვს, ციურიმაცა და უბნის
ქალებმაც რა დიდებულად იგალობეს, მომღერალ კაცებს
ტოლი არ დაუდეს, მომიბრუნდა ირაკლი და მთხოვა, ასწავლე,
დარეჯან, ამ კარგ ქალებს მეგრული ნანაო... ეხლა მეტად
მსურს, რომ ის ნასწავლი კარგად გაიმეორონ და სხვა
საგალობლებთან ერთად უპირველესად მეგრული ნანა
უგალობონ ჩემს ირაკლის...
– უგალობებენ მაშ, როგორ არ უგალობებენ... – ტირილის
ხმაზე თქვა თედომ, – გალობა კი არა, სიცოცხლის თხოვნა რო
შეიძლებოდეს, ბატონო დარეჯან, მთელ ქვეყანას
შემოივლიდნენ და კალთით ჩამოითხოვდნენ სიცოცხლეს
თავისი მეფისთვის... – და თედომ დიდი ხელსახოცით
მოიწმინდა თვალს მომდგარი ცრემლი.
ირინემ კი, როსტომიანთ რძალმა, მთავარმა მგალობელმა,
ქალებს მოუწოდა:
– გული უნდა გავიმაგროთ, ქალებო, ჩვენი გლოვა ჩვენს
სიმღერაში უნდა იყოს ჩაბუდებული, და არა ტირილსა და
ოხვრაში, ნამეტნავად შენა, გენაცვალოს დედა, თამთა,
წარამარა გული რო ამოგიჯდება და მოსთქვამ, შენ იწყებ
მეგრულ ნანასა და იცოდე, უზადო უნდა იყოს შენი ხმა,
ცრემლმა არ უნდა აგიკანკალოს, არ უნდა აგითრთოლოს...
ციურიმაც ჩაურთო გონიერი სიტყვა:
– ქალებო, რაც ჩვენი დიდი ბატონი შეუძლოდ შეიქნა, ჩემი
პაპა თედო, ცრემლებჩამომდინარე, თავში ცემით ამბობდა: ეს
დარდი და ვარამია ქვეყნისა, ავადობად რომ ჩაუვარდა ჯანში
ჩემს დიდ ბატონსო, აგრეც მითხრაო: მივდივარ და ჩემი
გაგლეჯილი ქვეყნის დარდი იმ სოფელსაც არ მომასვენებსო...
ჰოდა, ქალებო, იმგვარი სულისკვეთებით უნდა ვუგალობოთ
ჩვენს დიდ ბატონს მეგრული ნანა, რომ, თუ მისწვდა მის
ყურთასმენას, და აგრეთვე ტაძარში მყოფთ დიდსაც და
პატარასაც, გულში ჩამწვდომად ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ
ერთნი ვართ და განუყოფელნი, ამერ-იმერნი!
და იგალობეს... ისეთი წმინდა ხმებით... და მართლაც, გულში
ჩამწვდომად... და მეგრულ სიტყვებსაც ისეთი უტყუარი კილოთი
წარმოთქვამდნენ, თითქოს ენა მეგრულად აუდგამთო...
დედოფალს უხმოდ ჩამოსდიოდა ცრემლი... და ყველა უხმოდ
იმდუღრებოდა...
ტიროდა, ტიროდა, ცრემლებად იღვრებოდა ტირინეც...“

და, სხვათა შორის, თვალზე ცრემლი მოადგა თინათინსაც,


რომელმაც კითხვას თავი ანება, ჩითის ხალათის ჯიბიდან
ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი შეიმშრალა, თან ფიქრობდა:
ენაცვალოს ბებო, როგორ ჩაუწერია ჩვენიანებიო, ციურიც,
ირაც, მერიცა და ნინოცო, რა იქნებოდა, მეც ჩავეწერეო,
ბებიდაჩემი სასეირნოდ რომ წამომიყვანდა მოედანზე,
ერეკლეს ბურჯებს მოვუახლოვდებოდით თუ არა, მეტყოდა,
მიესალმე დიდ პაპასაო, და მეც უთუოდ შევძახებდი, საღამო
მშვიდობისა, დიდო პაპა, გვახსოვხარ და გვიყვარხარო! მაგრამ
ეს ტირინე ნეტა ვინღააო? ჩვენს წინაპრებში ყოფილა თურმე
ეკატირინე, იმპერიის დედოფლისა და ეკატირინე ჭავჭავაძის
სამახსოვროდ დაურქმევიათ ეს სახელი და თურმე ტირინეს
ეძახდნენ, და, ალბათ, ის თუ არისო... და თინათინი ისევ
მიუბრუნდა თავისი შვილიშვილის ნაწერს:

„ტიროდა, ტიროდა, ცრემლად იღვრებოდა ტირინეც, ტაძრის


კართან ახლოს, ხალხის უკან, კედელთან მიყუჟული ტიტიასთან
ერთად... რამდენი ილოცა, მთელი ღამე ჩოქზე იდგა, მუხლები
გადაიტყავა, როგორ არ ევედრა ღვთისმშობელ დედას, ჩემი
სული მიიბარე, ოღონდ დიდი ბატონი აცოცხლეო, და განა
მარტო ღვთისმშობელს? ყველა წმინდანის ხატი მოიარა ჩოქით,
იქნებ რომელიმე მათგანმა მაინც შეისმინოს ჩემი მუდარაო,
მაგრამ არავინ ინება ცამეტი წლის ტირინეს დაშამათება...
ჰოდა, ტიროდა, ტიროდა და ვერ იოხებდა გულსა. როგორც
უმრავლესობას მოსამძიმრე ქალებისას, მასაც დატირება ეწადა,
დიდი ბატონის ხმით დატირება. მოდიოდნენ და მოდიოდნენ
ცნობილი მოტირლები, შილდა-საბუის ბანით მოტირალი
ქალები, ქვემო სოფლებიდან, ზემო სოფლებიდან, საიდან
აღარ, მთელი ქვეყანა დაძრულიყო ერეკლეს დასატირებლად...
ვაიმეე, ვაიმეე, თავის გულს ასკდებოდა ტირინე, სიცოცხლე ვერ
შევწირე და აღარც დავიტიროვოო, გულამოგლეჯითა და თავში
ცემითო, როგორც ჩვენს დიდ ბატონს ეკადრებაო. ხოლო, როცა
მოისმინა სოლომონ ლიონიძის დატირება, როცა ჩაეჭრა გულში
ის დაუვიწყარი ბოლო შეძახილი: „ხელმწიფევ, მფლობელო,
საზოგადოვ მამავ, მეფე ერეკლე! ვის მივსცე შენის უმაღლესის
თავისა და უძლეველისა ტანისა უზომო ტრფიალება? ვის
დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო? ვისთვის მოვჰკვდე?
ვისთვის ვიცოცხლო, შენ უკან სიცოცხლე საძრახავად
გამწარებულმან!“ როცა მოისმინა მეგრული ნანა უბნის
ქალებისაგან ისე სანიმუშოდ ნამღერი... როცა მოისმინა და
მოისმინა ვისი დატირება აღარ, და განსაკუთრებით
ბრძოლებში დაღუპული ბიჭების დედებისა, აიტანა სურვილმა,
აიტანა, თვითონაც ხმა გამოეღო... სწორედაც ჩემი მოვალეობაც
არის დავიტიროვო, მოუწოდებდა თავსა, არ უნდა შევდრკეო,
ჩვენ ხომ ეხლა ერთნი ვართ, გლოვით გაერთსულებულიო... და
ბოლოს ამ სურვილმა და მოვალეობამ გაბედულება შემატა, და
ერთი წამით დატირებასა და დატირებას, თუ გალობასა და
გალობას შორის სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ხალხში გზა
გაიკვლია, მარჯვედ და ყოჩაღად, ჭირისუფლებს, დარეჯან
დედოფალსა და ბატონიშვილებს მიუახლოვდა, დაიჩოქა მათ
წინ, გულზე მიიჭდო ხელები და ვედრებით უთხრა:
– ბატონო დედოფალო, ბატონიშვილებო, მეე ობოლი გლეხის
გოგო ვარ, იყალთოელი ტირინე, მამა ლეკებმა ამიკუწეს, დედა
სახადით მომიკვდა, პაპა ელიზბარაღა მყაავს... დიდ ბატონთან
იბრძოდა, სანამ ძალა შესწევდა... გული მიდუღს, მინდოდა,
თავი შემეწირნა ჩემი მეფისთვის, მაგრამ ღვთისმშობელმა არ
ინება ჩემი სიკვდილი და გთხოვთ, ნება მაინც დამრთოთ,
დავიტირო ჩემი დიდი ბატონი. და თავისი დაცრემლილი ნორჩი
სახე და დაჭყეტილი თვალები მიაპყრო დარეჯან დედოფალს.
დედოფალმა ხელი გაუწოდა ტირინეს, დატირებას როგორ
დაგიშლიო, კარგი გოგო ხარ და უნდა დაგასაჩუქროვო, და
მეორე ხელი კალთისკენ წაიღო, ტირინემ კი ხელი გაიქნია,
რასა ბრძანებთ, დედოფალო, ამაზე დიდი დასაჩუქრება რაღაა,
უფლება რომ მომეცით დატირებისაო, წამოდგა მაშინვე,
ჭირისუფალს თავი დაუკრა და მეფის კუბოსკენ გაემართა... ბიჭი
ტიტია წინმდგომთა შორის გაჰყურებდა ტირინეს და
გულაჩუყებული შეჰხაროდა, ღმერთო, რა კარგია ეს ტირინე და
თან რა ვირთამამააო, ნეტავი კი ვიცოდე, ვინ იმსგავსაო.
ტირინე კი მიუახლოვდა კუბოს, დახედა მეფის გამხდარ,
გაყვითლებულ სახეს, ჩონჩხადქცეულ დაკრეფილ ხელებს,
რომელთა შორის ანდერძი იყო ჩადებული, და ისე ამოუჯდა
გული, ისე აიტანა შეცხადების გულისთქმამ, თითქოს ახლაღა
დაიჯერა ერეკლეს გარდაცვალებაო... ორივე ხელით კუბოს
ნაპირს დაეყრდნო, ოდნავ გადაიხარა მიცვალებულისკენ და
დატირება დაიწყო... დატირება და რა დატირება... ყველამ
უმატა ტირილს, ყველა ჰკვირობდა, ეს რა ტირილი სცოდნია ამ
პატარა გოგოსო, მოტირლებმა ბანი მისცეს ტირინეს და მთელი
ტაძარი გლოვის გრგვინვამ მოიცვა... მერე რომ ეკითხებოდნენ
ტირინეს, გოგო, ვინ გასწავლა ეგეთი ტირილიო, ჩემი ქვეყნის
უბედურებამაო, ასე პასუხობდა ტირინე. ერთი არსად არაფერი
შეშლია, არც ხმის კილო, არც სიტყვის მიმოქცევა, არც ესა და
არც ისა... და მე, თელავის მუზეუმის თანამშრომელმა თიკომ,
ტირინეს დატირება ასე გავლექსე:

ვაიი, რად დააგდე უპატრონოდ


შენი მთა-ბარიი,
ნახანჯლარი დაა სისხლით ნაბანიი..
ველი ვრცელი, ჭალა და ახოო,
ვაიი, რად მოგვიძულე...
რად დაგვაობლე,
რად დაგვტოვე ღვთის ანაბარად...
ვაი და ვაიი, დიდო ბატონოო, პატარა კახოო..
ვინ რა პასუხი გასცეს მტერსა,
დუშმანსა ჩვენსა, ვაიი...
ჯაჭვის პერანგი ვინღა ჩაიცვას, ვაიიი...
თავს მუზარადი ვინღა დაიდგას, ვაიი...
ხმალი ფრანგული ვინღა გამახოს, ვაიიი,
საბრძოლო ცეცხლი ვინღა აღანთოს, ვაიიი...
დიდების დროშით ვინ გვიწინამძღვროს,
ვაი ჩვენს თავსა...
მეფობაზე ხელი აგიღია,
ვაი ჩვენს თავსა...
სამეფო კაბა გაგიხდია,
ვაი ჩვენს თავსა...
ბერის ფლასებით შემოსილხარ,
ვაი ჩვენს თავსა...
მეფის გვირგვინი დაგიგდია,
ვაი ჩვენს თავსა...
სამეფო კვერთხი მგზავრის ხელჯოხზე გაგიცვლია,
ვაი და ვაი,
ვაი, ჩვენს თავსა...
და დასდგომიხარ გზას გრძელსა და დაუსაბამოს...

„11 იანვარს, 1798 წელს, თელავს გარდაიცვალა 80 წლის


ერეკლე, – ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო
მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი და თავისი დროის მოწინავე
კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად მისი დაკარგვა
აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო აფორიაქებული
ქვეყნისთვის“. ნიკო ბერძენიშვილი.

– ჩემი გოგო, ჩემი კარგი გოგო, – ჩაილაპარაკა თინათინმა და


ფურცლები საწერ მაგიდაზე დადო, – წავალ ეხლა ქადას
მივხედავ, – და გაჩქარებული სამზარეულოსკენ გაეშურა.
თინათინის „კარგი გოგო“ კი თავის მამასთან, ლიზიკოსა და
ოთართან ერთად კახეთის მთებიდან მოფრინავდა, მათ
საწყალი შალვას ცხედარი მოჰქონდათ. ერთი ფეხით
გამოასწრეს, მათი გამოფრენა იყო და ამინდიც ერთბაშად
შეიცვალა, ქვევით, ხევში, აქა-იქ ნისლის ფთილები გამოჩნდა...
ფთილები გაიშალა და გამთლიანდა, ჯერ ლეჩაქივით
შემოევლო ხეებსა და ბუჩქნარს... ერთხანს გაცრიატებული და
უცნაური სილუეტები ილანდებოდა... მერე კი ნისლი გასქელდა,
ზევითკენ დაიძრა და სულ მალე ცა და ბარი გააერთიანა... ორ
ნაბიჯზეც აღარ ჩანდა აღარაფერი... ცამ პირი მოხსნა, ხშირი
წვიმა წამოვიდა... გადაუღებლად, გულდაგულ წვიმდა.. თქორმა
აავსო მთა-ბარი... ქისტები ამბობდნენ, შეიძლება ხვალვე
გამოიდაროს და შეიძლება ორი კვირაც არ გადაიღოსო.
Post Scriptum

რა შორეული ხარ შენს მდუმარებაში, უფალო.


ნეტარი ავგუსტინე

1993 წლის დეკემბრის ბოლოს, იმ ტრაგიკული დროსა და იმ


სასტიკი გაჭირვების ჟამს... როცა ვერაზე, ჩვენს უბანში, სამფეხა
ძაღლი დარბოდა, შეიძლება ითქვას, დაგლიჯინებდა,
შიმშილით აწრიალებული, ლუკმის ძიებით აბორგებული,
ალბათ, გაჭირვებული პატრონების მიერ გამოგდებული, დიდი,
შავი, გრძელბეწვა, უმშვენიერესი ძაღლი, მხოლოდ ნაგვის დიდ
კასრებთან მოსხლეტით შეჩერდებოდა და წინა ორი თათით
აებღოტებოდა... ხანდახან კი შორიდანვე იგრძნობდა ამ
თავჩაქინდრულ, ერთი ხელის დაკვრით გაღატაკებულ
ადამიანებში ვინ გაიკითხავდა, იგრძნობდა და მყისვე
შეანელებდა სვლას, თავს ასწევდა, – თავის ლამაზ დრუნჩს, და
თხოვნითა და მოლოდინით სავსე ყავისფერ თვალებს
მოგაპყრობდათ... მეც, ზოგჯერ, წვითა და დაგვით აღებული
პური მისთვისაც მომიტეხია... დავინახავდი, როგორ მოჰქროდა
სოფლის შარად ქცეულ, დადუმებულ მელიქიშვილის ქუჩაზე და
გული შემეკუმშებოდა, ჩვენი თბილისის სიმბოლოდ
განვიცდიდი, გაციებული და ჩაბნელებული, ამ ძაღლივით
აწრიალებული და მაინც მშვენიერი ჩვენი ქალაქის
სიმბოლოდ... ჰოდა, როცა... ო, რომ იცოდეთ, რამდენჯერ
მომიწევს წინადადების დაწყება ამ სიტყვით – „როცა“, სანამ
მივაღწევ უკანასკნელ „როცამდე“... ჰოდა, როცა ცირამ, ჩემმა
საყვარელმა რძალმა და მეგობარმა, რაც კი რამ გააჩნდა
ბრჭყვიალა და მოელვარე, ყველაფერი გაყიდა, ანუ ჩალის
ფასად მისცა ოჯახის დაპურებისთვის, ზურიამ კი ხვნა-თესვას
მიჰყო ხელი, და მათი ერთ-ერთი ჩამოსვლისას, გულის
კანკალით ვკითხე, თელავში რა ხდება-მეთქი, და მათ მითხრეს:
რა უნდა ხდებოდეს, ხალხი იჟუჟებაო...“ ჰოდა, დეკემბრის
ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, როცა მხოლოდ
ჰუმანიტარული დახმარების წყალობით, სოიის კატლეტის
მშრალი, ფხვიერი მასისა და ზეთზე შემწვარი კვერების იმედად
ვიყავით, და ტატანოს ქოთქოთს, ასეთ ახალ წელსაც რა
ვუთხარიო, სოფიკო ჩვეული სიმშვიდით ხვდებოდა და
ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ სოიის კატლეტებზე გემრიელი
ლამის არაფერია დედამიწის ზურგზე, იმ უტყუარი არგუმენტის
მოშველებით, აი, ხომ ხედავ, მე და ჩერიკოს, ანუ ჩვენს პუდელს,
როგორ მოგვწონსო, და მოუწოდებდა, შეებრალებინა ის
ადამიანები, ვისაც ესეც არ ჰქონდა... როცა იმ დილასაც,
ახალწლის წინა დღეს, ტატანოს ოთახში შეყუჟულები, ცირას
ძეწკვის საფასურად შეძენილ, საოცნებო მწვანე ნავთქურის
სიახლოვეს, სითბოთი და პიტნის ჩაით გულმოცემულები, ჩვენს
მწირ საუზმეს შევექცეოდით, ჩერიკომ შეჰყეფა და კარზეც ზარი
დაირეკა. მათხოვარი იქნებაო, თქვა ტატანომ, და არცთუ
უსაფუძვლოდ, რადგან ნამდვილი შემოსევა იყო მათხოვრებისა
და ამ დილითაც სხვა ვინ უნდა მოსულიყო, ჩვენი ოდინდელი
მერძევე დიდი ხანია ჩვენთან აღარ დაიარებოდა, რძეს ჩვენ
აღარ ვიღებდით და მაწონს, სოფიკოს გოგოების
მოსვლისთვის, – სასესიოდ მეცადინეობდნენ, – ადრე იყო, და
მე და სოფიკოსაც მათხოვარი გვეგონა... გაუტანე ეს ერთი
კატლეტი, გაუკითხავს ნუ გავუშვებთ ამ ახალწლის წინა დღესო,
და ტატანომ, ორად გაკეცილ ქაღალდზე, ჩემი ქაღალდის
მარაგიდან, რომელსაც ახლა ხშირად ხელსაწმენდად
ვხმარობდით, კატლეტი დამიდო. ჰოლში გავედი, კარი ცოტა
შემოვაღე, კატლეტიანი ხელი გავიწოდე და... თავი რომ ავიღე,
სახტად დავრჩი. ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი იდგა, ლამაზი და
მშვენიერი, მუქი მწვანე ფულეს გრძელი პალტო ეცვა, მოდის
მიხედვით, ბეწვისსაყელოიანი, და ბეწვისავე ქუდი ეხურა, თავში
გამიელვა ცნობილმა ფრაზამ: „Морозной пылью серебрится его
бобровый воротник“. მერე ხომ ტატანოც ამბობდა, კარგადაც
ეცვა და სახეზეც ნათელი გადასდიოდაო. ახალგაზრდას ორივე
ხელში დიიდი პარკები ეჭირა ცელოფნისა, დაბლაც, ფეხებთან
მოგრძო, ვიწრო ყუთი ედგა.
მე დაბნეული მივაჩერდი ამ ახალგაზრდა კაცს,
დარწმუნებული იმაში, რომ საახალწლო ნობათით რომელიღაც
მეზობელთან იყო მოსული და კარი აერია. ახალგაზრდა კი
თავს მიკრავდა. გამარჯობათო, თქვა ბოლოს.
– მე თელავიდან გახლავართ, ტატო ორბელიშვილი, მამამ
გამოგიგზავნათ საახალწლო ნობათი... და როგორღაც
დარცხვენით შემომხედა და უხერხულად გაიღიმა. მე არ ვიცი
რატომ, ალბათ, სრულიად შეუსაბამოდაც. ჩვენი უბნის ძაღლი
გამახსენდა, თითქოს ასე შემომხედავდა ხოლმე, პურს რომ
მოვუტეხავდი. თან ეს სიტყვა – „გახლავართ“ მომხვდა ყურში,
თითქოს გარდასული სიტყვა, ახალგაზრდა კაცისთვის
მითუმეტეს. ბავშვობაში ჩვენი თელაველი მეზობელი, პაპა
სანდრო, ვახვახიშვილი, რომ დამინახავდა ჩვენს
სადარბაზოსთან, თავის ბოხოხს მომიხდიდა და შემომძახებდა,
პატარა ქალს ვახლავარო... აშკარად ვიგრძენი, რომ ამ
„გახლავარ-გახლავარს“ საითკენღაც უნდოდა გავეტყუებინე,
მაგრამ მე ნობათთან მქონდა საქმე, რაიცა იმდენად
მოულოდნელი და უცნაური იყო, არ შემეძლო არ მეკითხა, და
თანაც, გაჭირვების მიუხედავად, აბა, იხტიბარს ხომ არ
გავიტეხავდი?!
– მამათქვენმა ჩვენ გამოგვიგზავნა?
– დიახ, სწორედ თქვენ, პირადად თქვენ... დაა, საქმეც მაქვს
თქვენთან...
– მობრძანდით... მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მიკვირს
რატომ უნდა გამოეგზავნა?!
– მამამ წესად დაიდო, ამ გაჭირვებაში თელაველ პატივსაცემ
ადამიანებს ახალი წელი მცირეოდენი ნობათით მაინც
აღუნიშნოს.
გუნებაში გამეცინა ჩემი და ჩემისთანების „პატივსაცემობის“
გამო, გაღატაკებული, ძველმანებში გამოხვეული, თავში
ჩაკრული ადამიანები... არ მეგონა, თუ ახალ ქართველებს
შეიძლებოდა ჩვენ რამედ მივეჩნიეთ, მითუმეტეს, ჩვენდა
ბედად, ჯერ არ იყო ფეხმოკიდებული და დამკვიდრებული
მეორადი ტანსაცმლით იაფი ვაჭრობა, მერე და მერე, შემდეგში
ასე რომ დაგვხატა და დაგვამშვენა, მართლა, სრულიად
გადაუჭარბებლად.
– მძიმეა ეს პარკები და სად გირჩევნიათ, მოვათავსო? კარს ნუ
დაკეტავთ, ყუთსაც შემოვიტან.
მე სამზარეულოსკენ გავუძეხი და სამზარეულოს მაგიდა
მთლიანად დაფარა ამ პარკებმა. ტატანო და სოფიკო
გამოვიდნენ ამბის გასაგებად. მე ბევრჯერ შემიმჩნევია,
სიხარული და მწუხარება შეიძლება ერთნაირად იყოს
გამოხატული, გამტკნარებითა და მდუმარებით. და სწორედ ასე
გამტკნარებული და დადუმებული მიაჩერდა ტატანო
სამზარეულოს მაგიდას და მხოლოდ ერთ-ერთი პარკიდან
ამოყოფილი შოთის წვერების დანახვაზე გზა მისცა უღრმესი
წიაღიდან აღმომხდარ სანუკვარ სიტყვას: „შოთი პურები!“
მაგრამ, ცხადია, ხელი არ წაუტანებია, ისევ ისე იდგა და თავის
ქნევით დაჰყურებდა დაზვინულ მაგიდას...
ახალგაზრდამ ყუთიც შემოიტანა, ტატანოს და სოფიკოს
ღიმილით მიესალმა, რაღაც თითქოს შინაურულად, და ამის
მიზეზი მალეც გავიგეთ...
– აქ სამარკო ღვინოებია, – თქვა ახალგაზრდამ, – ექვსი
ბოთლია, ორი ახაშენი, ორი ქინძმარაული და ორიც თელიანი.
სასიამოვნო კილო ჰქონდა, ფრაზის დაბოლოებებს კახურად
არ აგრძელებდა, თავის დაჭერაზეც, მიხრა-მოხრაზეც
ეტყობოდა ზრდილი ახალგაზრდა იყო. მე და სოფიკომ ბურთი
და მოედანი ტატანოს დავუთმეთ, ამ მოულოდნელ სიამოვნებას
– მას ამოელაგებინა და დაებინავებინა ყველაფერი, ვერა, ვერ
გამოვწირავდით, სოფიკო ტატანოს ოთახში დაბრუნდა, თავისი
ებრაულის შტუდირებისთვის, მე და ახალგაზრდა კი დარბაზში
გავედით.
– პალტოს გახდას არ გთავაზობთ, რადგან აქ უფრო ცივა,
ვიდრე გარეთ, – ვუთხარი, სავარძელზე მივუთითე და ჰოლისკენ
გავეშურე პალტოს მოსასხმელად. შემოვედი, მის პირდაპირ
დავჯექი და შევხედე, მაინტერესებდა, რა ჰქონდა სათქმელი...
შუქი სახეში სცემდა, მკაფიოდ ვხედავდი გაზიდულ თვალებსა
და ძალიან შავ თმას, ფერი შავ-ყვითელი ჰქონდა და
გავიფიქრე მეტისს ჰგავს-მეთქი, ჯიშიანსა და ლამაზ მეტისს...
პალტო გაიხსნა და გადაიწია, მოხალვათდა, შავი ჯინსის
შარვალი ეცვა და შავი მოხერის მაღალყელიანი პულოვერი,
რაც ძალიან შვენოდა.
– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, – თქვა ღიმილით
ახალგაზრდამ, – რადგან თელავში, ასე ვთქვათ, სამი
ღონისძიებაა ჩასატარებელი და მამასაცა და მეც გულით
გვსურს, თქვენ აუცილებლად დაესწროთ სამივეს, და
მონაწილეობაც მიიღოთ.
– მაინცდამაინც ამ ცივ ზამთარში?
– არა, ზამთარი თქვენ ნუ შეგაშინებთ, და ნურც ტატანოსა და
სოფიკოს, მე ჩამოვალ მანქანით და ისევე დაგაბრუნებთ.
დარწმუნებული ვარ, თქვენს ძველ სახლში ბუხარი გექნებათ,
კუნძებითაც მოგამარაგებთ და გაგიგიზგიზებთ კიდეც.
მე გაოცებითა და დაეჭვებით შევხედე, მითუმეტეს ტატანოსი
და სოფიკოს ასე შინაურულად ხსენების გამო:
– გმადლობთ, მაგრამ მე სამუშაო მაქვს და დიდი ხნით არ
შემიძლია აქაურობას მოვწყდე. ჩვენ საკმარის დროს ვატარებთ
თელავში, ზაფხულსა და შემოდგომას...
„ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მდგომარეობამ მოიტანა...
მხოლოდ სამი დღით, ჩვენ ვეცადეთ, ყველაფერი მიყოლებით
ჩატარდეს. ერთი, რომ არ გვინდა საპატიო სტუმრების
შეწუხება... და თანაც, ჩემი საცოლე გერმანისტია, თხუთმეტ
იანვარს ტიუბინგენში უნდა იყოს და მინდა, ერთი კვირა მაინც
მის გვერდით გავატარო, ახლა არც ერთს დრო არა გვაქვს
საქორწინო მოგზაურობისთვის და გადავდეთ ზაფხულისთვის,
მამამ თელავში ბანკი გახსნა, მე ვარ ბანკის საქმიანობაში
ჩაბმული და ძალიან ვარ დაკავებული.
– ესე იგი, ერთი ღონისძიება თქვენი ქორწილია?
– დიახ, და, სხვათა შორის, თქვენს ნათესავზე ვქორწინდები,
არცთუ ისე შორეულ ნათესავზე.
– დაიცადეთ, დაიცადეთ, არ მითხრათ, მე მონათესავე
ადამიანი ვარ და მინდა, თვითონ მივხვდე, – ვთქვი და ჩემი
სიყმაწვილიდან თვალწინ დამიდგა პაპაჩემის მომდევნო ძმა
შიო. პაპაჩემის ძმებიდან ორნი გამოირჩეოდნენ, უფროსი
სანდრო, თავისი შესანიშნავი ხმითა და საუცხოო სიმღერით და
შიო, თავისი ჭკუითა და სილამაზით. მახსოვს, ვამბობდით
ხოლმე, პაპა შიომ ეს თქვა, პაპა შიომ ის თქვაო. და, სხვათა
შორის, სტალინის გარდაცვალებისას ჩვენ, გახარებულებს, პაპა
შიომ ცივი წყალი გადაგვასხა, ძალიანაც ნუ დაჰკრავთ დაფა-
ზურნასო.
– გენაცვათ, რა მიკვირს და გამკვირვებია, მთელ ქვეყანაზე
სტალინის მადლიერი კაცი კი არა, ქვა არა გორავდა და აგრე
მგონია, ქვასაც კი ცრემლები სცვივა. ნეტავ კი გამაგებინა,
ამოდენა ხალხის ბღავილი რა არის და რისი ნიშანიაო. აგრე
მგონია, კარგს არაფერს მოასწავებს და ამათ როგორც
უწირნიათ, ისევე სწირავენ, შეიძლება აღვირი პატარაზე
მოუშვანო...
ჰოდა, პაპა შიოს ოთხი შვილთაშვილი ჰყავდა, დიდად
სანდომიანი, კოხტა და ნიჭიერი გოგოები. ზაფხულობით, ჩვენი
ჩასვლისთვის, ნინუცა, პაპა შიოს ქალიშვილი, ტატანოს
ბიძაშვილი და გოგოების საყვარელი პაპიდა, გამოაცხობდა
თავის განთქმულ, ხვეულ ქადას და ამოლალავდა გოგოებს...
ნინუცა და დათა, ნინუცას ძმა, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ პაპა
შიოს აშენებულ მშვენიერ სახლში. ნინუცამ დათას ოჯახს, მის
შვილსა და შვილიშვილებს შეალია წუთისოფელი და გოგოები
მის მზეს ფიცულობდნენ. მერე და მერე, რომ წამოიზარდნენ და
თავის გზა ნახეს, აქა-იქ შემოგვირბენდნენ, სალამს
გვეტყოდნენ, ან, თუ შემხვდებოდნენ ნადიკვარზე, ნათესაურად
შემომაფრინდებოდნენ და ყოველთვის სასიამოვნო
შთაბეჭდილებებით მტოვებდნენ.
– რომელია თქვენი საცოლე?
– მე ქეთინოზე ვქორწინდები, მეორე დაზე. ჯერ კიდევ შარშან
ვაპირებდით, მაგრამ ამერიკაში ვიყავი და სანამ ჩამოვიდოდი,
ქეთინომაც გაიმარჯვა კონკურსში და გერმანიაში წავიდა. მე და
ნინუცა, უფროსი და, ვიყავით კლასელები, ქეთინო უკან იყო
ორი წლით, ერთადა ვართ შეზრდილები... ჩვენებსაც ერთი
სული აქვთ, სხვა მდგომარეობაში გადავიდეს ეს ჩვენი
გაგრძელებული ურთიერთობა, – და გაიცინა, სახე-გაუნათდა, –
ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, გავალ და ტატანოსა და სოფიკოს
დავპატიჟებ ქორწილში, მაპატიეთ, რომ „ტატანოს“ ვამბობ,
მაგრამ იმდენად ყველა ამ სახელით იხსენიებს...
– ეს მე დავარქვი დიდი ხნის წინ „ტანო ტატანოს“ ანალოგიით,
ისე კი ანეტა ჰქვია... არა, თქვენ ნუ შეწუხდებით, მე გავალ და მე
ვეტყვი ქორწილის შესახებ...
ვიფიქრე, შეიძლება ნობათიდან რაიმე ნუგბარს შეექცევიან-
მეთქი, და არც შევმცდარვარ, შოთის პურსა და თუშურ ყველს
მიირთმევდნენ... სოფიკოს თან ჩარგული ჰქონდა თავი ებრაულ
ბიბლიაში და კარშივე გავიგონე: „ქეთონეთ ჰაფასიმ“ – იოსების
ჭრელი პერანგი. ეს, ცხადია, სოფიკოსგან ვიცოდი რამდენიმე
ებრაულ გამოთქმასთან ერთად, და მეც შესვლისთანავე
შევძახე:
– ჰავა ნაგილა! მოდი, ვიმხიარულოთ!
სოფიკომ სიცილით შემომხედა და მანაც შემომძახა:
– ჰავა ნაგილა ურუ ახიმ ბელევ სამეახ!
– რომ იცოდეთ, ქორწილში ხართ დაპატიჟებული, ეს
ყმაწვილი ქეთინოს ირთავს.
ტატანომ ჰაი-ჰუით შეიცხადა. ორივენი გამოვიდნენ დარბაზში
მოსალოცად. მაგრამ ქორწილსა და თელავზე კი უარი თქვეს –
დიდი მადლობაო, სოფიკომ უთხრა მოპატიჟეს, რა
სიამოვნებით წამოვიდოდით, მაგრამ სესიებია და ძალიან
ბევრი სამეცადინო მაქვსო, ტატანომაც – აფსუს აფსუსო!
ზაფხული რომ იყოს და თელავში ვიყოთ, რას მოვილხენდითო!
და კარგ სიმღერებსაც შემოგაწევდითო, მაგრამ ახლა კი ვერ
შევძლებო და თან სოფიკო იმდენს მეცადინეობს, ისეთი ხელის
შეწყობა უნდაო...“ მერე კი ნობათისთვის დიდი მადლობა
გადაუხადა, რა ამბავია ასეთი ნობათიო, თუმცა ჩვენი მოყვრობა
გინებებიათ, ამნაირი ძღვენი, თუნდაც საახალწლო,
მეტისმეტიაო... სოფიკო მაშინვე გავიდა სამეცადინოდ, ტატანომ
კი ერთი წუთი განზე გამიხმო და ვითომ მორიდებითა და
თავმოკატუნებით მითხრა:
– დავურეკო ლუბასა და ციციშვილებს, ახალი წელი ერთად
გავატაროთ? რა ვიცი, აბა, შენ რას აპირებ?
ჩემი მომღერალი და მოქეიფე ტატანო! თავის მეგობრებთან
ადრეულ ახალგაზრდობაში სწორედ სიმღერის ნიშნით
დამეგობრებულებთან, და აგერ ახლაც, ოთხმოცს
გადაცილებულს, მწირ სუფრასთანაც, ბოლოკსა და ხახვზე,
უსიმღეროდ, უშესანიშნავსიმღეროდ გაძლება რომ არ
შეეძლოთ, ადვილი წარმოსადგენია, ახალ წელს, შემწვარ-
მოხრაკულებზე რა ქეიფს გასწევდნენ, „თამარ ქალოსა“ და
მრავალჟამიერს და, აგრეთვე, გულში ჩამწვდომ ქალაქურ
სიმღერებს როგორ ჩაახვევდნენ... და კიდევ, რატილის ჰანგებს,
თუ „ლაჟვარდ ცაზეს“, თუ „ჩუხჩუხით ჩამორბოდას“ და, რაც
მთავარია, დიდებულ „გაზაფხულ იყო მაშინას“, მეორე ხმა რომ
იწყებს სოლოდ, პირველი გაეპასუხება: „ახლად ყოოდნენ
იანიი...“ შემდეგ შეერთდებიან, ბანიც ოდესღაც დამეგობრების
გარიჟრაჟზე ციციშვილებისაგან უსწავლია ტატანოს და მერე
არც ერთი დაბადების დღე თუ სხვა ზეიმი უსიმღეროდ არ
ჩატარდებოდა... ტატანო დაჰხაროდა თავისი და თავისი
უახლოესი მეგობრების მოლხენას, იტყოდა ხოლმე:
– რა კარგია, რომ ჩვენ ხმები შეგვრჩა, ზოგიერთებს, არ
დავასახელებ და საწყლებს, ხმა ტრაკში წაუვიდათ, და რაკი
ჩვენ შეგვრჩა, ხანდახან მაინც ხომ უნდა ვიმღეროთ, არა?
– რა თქმა უნდა, ტატანო, ახლავე უნდა დარეკო და
გააფრთხილო. სთხოვე ძალიან, ხომ იცი, ზოგს სახლში უყვარს
ახალწლის გატარება.
ტატანომ დამცინავად შემომხედა:
– მართალია, მათ სახლში ნაზუქის სუნი დაახრჩობთ, მაგრამ
მაინც ჩვენთან მოვლენ! და გაჩქარებული გაეშურა თავისი
ოთახისკენ.
– რა სამწუხაროა, რომ მამიდათქვენი და სოფიკო ქორწილში
არ იქნებიან, ბოლოს-ბოლოს ტატანო ჩემს მომავალ მეუღლეს
პაპიდად ეკუთვნის, – მითხრა ახალგაზრდამ ჩემი მობრუნების
შემდეგ. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, ზაურთან შორეული
დამოყვრებაც თუ გამახარებდა, იმდენი რამ მქონდა გაგებული
გამდიდრების ნარეკლიან გზაზე მისი კაიკაცობის შესახებ, ამ
ყმაწვილის ნახვა რომ არა. მართლაც, თუმცა დიდია წვლილი
მშობლებისა, ყოველი ადამიანი ხომ თავისი ღირსების
მიხედვით უნდა დაფასდეს! მითუმეტეს, ისიც მაშინვე გავიგე,
თურმე ბავშვობაში ამ მშვენიერ ახალგაზრდას ვის კალთაში
უყვარდა ჩაბუდება და ვის გავლენას განიცდიდა.
– ჩვენი დამოყვრების გამო ქორწილით დავიწყე... თორემ...
როგორც ჩემი დაუვიწყარი ბებო ელო ჩამაგონებდა,
ყველაფერი ამქვეყნად სიტყვით იწყებაო... – და ახალგაზრდამ
როგორღაც, თითქოს მორცხვად გამიღიმა.
– ოჰო, ჩვენი რუსული ლიტერატურის პედაგოგი ხომ არა?!
სიტყვა მეცნო...
– დიახ, თან თქვენც ბევრჯერ უხსენებიხართ სიყვარულით...
– Как тесен мир, – იტყოდა, ალბათ, ელენა ევსტაფიევნა...
შესანიშნავი პედაგოგი იყო, პოეზიასა და ლიტერატურაზე
შეყვარებული, წარმოიდგინეთ, მერვე კლასში რომ ვიყავით,
საბავშვო ოპერაც დაგვადგმევინა – „Кот и лиса“ და პოეზიის
საღამოებს ხომ თვლა არა ჰქონდა...
– მე არავინ მყვარებია ისე, როგორც ბებო ელო მიყვარდა.
ზაფხულში სოფელში რომ წამიყვანდნენ, სულ ვტიროდი, ბებო
ელო მომენატრა-მეთქი, თვითონაც ძალიან ვუყვარდი, შენ
მაცოცხლებო, მეუბნებოდა, მოხუცი იყო უკვე, ჩვენ რომ
დავსახლდით მასთან, მე კი სულ პატარა, და იმის შემდეგ კიდევ
თორმეტი წელი იცოცხლა, ოთხმოცდათოთხმეტისა
გარდაიცვალა, მაგრამ წარმოიდგინეთ, სკლეროზი არ ჰქონია,
ერთი ეგ არის, სავსე მთვარის დროს თავის მკვდარ შვილს
ელაპარაკებოდა ხოლმე, ეჩვენებოდა, რომ მთვარის სხივებს
მოჰყვებოდა ტატო, და ხან აივნის სვეტთან აიტუზებოდა, ხან
ბურჯზე ჩამოჯდებოდა და იქიდან ფრთხილად გაეპასუხებოდა
დედას... მე ღამითაც მიყვარდა ბებო ელოსთან დარჩენა...
ბავშვობიდან პოეზია შემაყვარა, მთელი ლექსები და პოემები
პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის... ზეპირად იცოდა. ხან
მიყვებოდა, შიგადაშიგ ზეპირად მეუბნებოდა, და ეს იყო
წარმტაცი ძილისპირულები. ჰოდა, მთვარიანი ღამით მეც
მჯეროდა, რომ ტატო მართლა მოჰყვებოდა მთვარის სხივებს,
ასე მეგონა, მისი ხმაც მესმოდა... ჩემი თავი გააცნო კიდეც, შენი
მოსახელეაო, შენი მოგვარეო, და სულ შენ გგავსო. ტატოს
უხაროდა, როგორ მიხარიაო, მანდა ხარ და პატარა ტატო
გყავსო, აქ მოხვალ და დიდი ტატო დაგხვდებაო... მხოლოდო,
მანდოლინაზე დაკვრა ასწავლეო, დედასა სთხოვდა, და მე
მჯეროდა.
– და... ისწავლეთ?
– დიახ, გიტარის დაკვრის შემსწავლელ წრეში დავდიოდი და
მანდოლინაზე დაკვრაც ვისწავლე, ქორწილში მოგასმენინებთ...
აუცილებლად.
– სხვათა შორის, თელავში ძალიან მოდაში იყო მანდოლინაზე
დაკვრა, ბევრიც უკრავდა, თქვენც სიამოვნებით მოგისმენთ,
რატომღაც მგონია, რომ კარგად დაუკრავთ და, საერთოდ,
კარგია, რომ გაგიცანით.
– მე მითუმეტეს მახარებს თქვენი გაცნობა...
არ ვიცი რათა, იქნებ ხმა ჰქონდა ღრმა და სევდიანი, ან იქნებ
ჩემი რუსულის მასწავლებლის უდროოდ გარდაცვლილ
შვილთან, – რომელიც მე ცოცხლად, მკაფიოდ მახსოვდა და
ყურშიც მედგა მისი მანდოლინის წკრიალი, – დაწყვილებამ
აღმიძრა ეს უეცარი განცდა, რომ ეს ლამაზი, განათლებული და
მდიდარი ახალგაზრდა, თანაც ქეთინოს საქმრო, უნდა
შემბრალებოდა. და ეს უეცარი განცდა იქვე ჩაახშო თვითონ ამ
ტატომ, მან პალტოს ჯიბიდან წიგნი ამოიღო და გამომიწოდა:
– აი, ეს არის ჩვენი მეორე ღონისძიება, მამას დაფინანსებით
გამოიცა და ავტორის წარწერით თქვენ მოგართვით.
ოო, თიკო აბელაშვილის „ისტორიული ქრონიკები“! აი, თურმე
რა წიგნი ყოფილა! მშვენივრადაც იყო გამოცემული, მაგარი,
ლამაზი ყდით, და ყდაზე მოდილიანის „მარგარიტას“
პორტრეტით. თუმცა თიკო, დიდი ხანი იყო, არ მენახა, ასე
მომეჩვენა, ამ ყელყარყარა მარგარიტას რაღაცით ჰგავდა.
წიგნი გადავშალე, ავტორი მადლობას უხდის ბატონ ზაურ
ორბელიშვილს წიგნის გამოსაცემად გაწეული ფინანსური
დახმარებისათვის.
– როგორ მიხარია, – ვთქვი მე, – ამ გაჭირვების დროს წიგნის
ასე გამოცემა... თუ ეს ქრონიკებიც საინტერესოა?..
– ქეთინო იყო რედაქტორი და ძალიან მოსწონდა, მეც
ვკითხულობდი და, მე მგონი, საინტერესოა.
– თიკო, ალბათ, მეცხრე ცაზეა.
– იქნებოდა, ცხადია, მაგრამ ჩაშხამდა, წიგნის გამოცემას
მაინცდამაინც დედის სიკვდილი დაემთხვა. ჩვენ
გამოცემისთანავე ვაპირებდით პრეზენტაციის მოწყობას, თქვენც
მაშინ გიპირებდით დაპატიჟებას, მაგრამ თიკომ თქვა, სანამ
ორმოცი არ გაივლის, გარეთ გამოსვლა არ შემიძლიაო,
სწორედ ათ დღეში ორმოციც გაივლის და გთხოვთ, ნუ
დაგვზარდებით ნურც ჩვენ, ნურც თიკოს. მამას სურს, პირველი
გამოსვლა თქვენი იყოს, და წიგნის შესახებ ორიოდ სიტყვა
ბრძანოთ... წარმოიდგინეთ, მამამ გამაოცა, და მაშინაც
გამახსენდა ბებო ელო, გამუდმებით რომ ჩამაგონებდა,
ამქვეყნად უპირველესი სიტყვააო... თიკო რომ მოვიდა ჩვენთან
წიგნით ხელში მადლობის სათქმელად, ისე იმოქმედა მამაზე
წიგნის ნახვამ, და თავისი გვარის ამოკითხვამაც, არ დამჯდარა,
ფეხზე იდგა და ისე უსმენდა თიკოს, და მაშინვე გადაწყვიტა,
ყველაფერი დაუფინანსოს, რასაც დაწერს და თვითონ მიიჩნევს
გამოცემის ღირსად, და თქვენც შემოგითვალათ, შეგიძლიათ,
ჩემი იმედი იქონიოთო, რადგან მსურს ნიჭიერ თელაველებს
ხელი შევუწყო და გზა მივცეო.
ყურებს არ ვუჯერებდი, ამ ცამოწმენდილზე ეს ვინ მომევლინა,
ეს რა წყალობის მთოველი ახალგაზრდა გამომეცხადა-მეთქი.
და აშკარად ვიგრძენი, ერთი ხელის დაკვრით გაღარიბებული
ადამიანის ამაყი შემართება და გამდიდრებულთა მიმართ
კრიტიკული პათოსი ერთბაშად ჩაინავლა, ლამის მათი
სავარაუდო ცოდვებიც კი გაფერმკრთალდა და კინაღამ
წაიშალა. ისიც კი ლამის დამავიწყდა, რას მთხოვდნენ და
რატომ მეპატიჟებოდნენ.
– მამათქვენს მადლობა გადაეცით, აუცილებლად მივიღებ
პრეზენტაციაში მონაწილეობას. მინდა გითხრათ, ელენა
ევსტაფიევნასი არ იყოს, თიკოს დედაც ჩემი მასწავლებელი
იყო, მაშინ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ შესანიშნავი
პედაგოგი, მან ჩვენ მთელი ქვეყანა შეგვაყვარა და მასაც
ეკუთვნის ჩემგან მადლობა. წარმოიდგინეთ, ახლა საბჭოთა
სკოლებს ხელაღებით რომ აგინებენ, ჩვენი საუცხოო
მასწავლებლები დამიდგებიან ყოველთვის თვალწინ და მინდა
ხოლმე, მათ მადლობა ვუთხრა და ბოდიში მოვუხადო... თიკოს
დედა... თან რა მოსაწონი ქალი იყო...
– კიბოთი გარდაიცვალა, და ძალიან სწრაფადაც. შარშან ხომ
ქმარი მოუკვდა, ჩვენი შესანიშნავი ქირურგი. და ზოგი ფიქრობს,
დარდმა და ვარამმაც იცის ამ საშინელი სენის გაღვივებაო,
ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, წარმოიდგინეთ, სამ კვირაში,
ვითომ გრიპი ყოფილიყოს.
– ოო, მეცოდება თიკო, ერთ წელიწადში მამაც, დედაც.
მოასწრო მაინც წიგნის ნახვა? რამდენადაც ვიცი, თიკოს აქამდე
არაფერი გამოუცია.
– არასდროს არაფერი დამიბეჭდავსო, გვეუბნებოდა,
ერთხელ ვიჯექი ტელევიზორთან და მწარედ მეცინებოდაო,
რადგან ეკრანიდან ერთი ცნობილი პოეტი დიდად
თავმომწონედ გვაუწყებდა: საქართველოში არაფერი
დაწერილა ისეთი, რომ არ დაბეჭდილიყოვო. ქალბატონმა
მარიკომ კი მთელი კვირა იცოცხლა წიგნის გამოსვლის შემდეგ
და წიგნი გვერდიდან არ მოუცილებია... თქვენც იცით, რა
ლამაზი ქალი იყო, ავადმყოფობამ ასე მცირე დროში ვერ
შეძლო მისი შეცვლა და მომაკვდავს სიხარული ისე შვენოდა,
გაცისკროვნებული იწვა... სიკვდილ-სიცოცხლის ხატი
გეგონებოდათ...
მიკვირდა, რომ ახალგაზრდა კაცის კვალობაზე, ეს მშვენიერი
ტატო, რომელიც თითქოს სრულიად უსაფუძვლოდ და
შეუსაბამოდ, გაელვებით და წამიერად, სიბრალულს
აღმიძრავდა, ასე ძველმოდურად, ანუ კარგი ქართულით
მეტყველებდა, ყოველგვარი სლენგის, ჟარგონისა და
„კაროჩეების“ გარეშე და ვერ ვიტყვი, რომ მე ეს არ
მსიამოვნებდა. რაც მართალია, მართალია, ბებო ელოს კარგად
გაეწვრთნა.
– და თიკო? სულ მარტო დარჩა? – მართლა დამაინტერესა
თიკოს ბედმა.
– კარგა ხანია, დეიდა გადავიდა მათთან... მაგრამ ჩვენ ჯერ
კიდევ ქალბატონი მარიკოს სიცოცხლეშივე ვიქირავეთ მათ
სახლში სამი ოთახი ბანკისთვის, ოთხ ოთახში თვითონ დარჩნენ
და ქალბატონი მარიკო სიკვდილის წინ ამბობდა, მშვიდად
მივდივარო, რომ თიკოს შეუძლია ლუკმაპურზე არ იფიქროს და
თავისი საყვარელი საქმე აკეთოსო.
მე კი უბრალოდ გავიფიჩხე. ზევითაც, პალტოს მიუხედავად,
კარგად შემცივდა და ფეხები ხომ – თხელძირა ფეხსაცმელი
მეცვა, – საშინლად დამაძრა. ერთი წუთით დაგტოვებთ, შალის
წინდებს ამოვიცვამ-მეთქი, ვუთხარი ჩემს სტუმარს. თან ისიც კი
სათქმელია, მინდოდა ჩვენი ნობათისთვის თვალი დამეკრა,
ჯერ სამზარეულოში შევედი და რა ნახა ჩემმა თვალებმა?!
ტატანოს პარკები დაეცალა და მაგიდაცა და სამზარეულოს
ბუფეტის გრძელი დაფაც თავაბმული სინებით იყო მოფენილი.
ტატანოს ოთახში კი სასიამოვნო მყუდროება სუფევდა, მწვანე
ნავთქურაც კი, შუაში თაიგულივით ჩამდგარი, ასე მეგონა,
ნამწვის კი არა, მყუდროების სურნელს აფრქვევდა, სოფიკო
მოსეს ხუთწიგნეულიდან ახლა უკვე ფარაონისა და მოსეს
დრამატულ შეპაექრებას საამოდ დუდუნებდა, ცხადია,
ებრაულად, ტატანო კი საგოზინაყედ ნიგოზს ფერფლავდა,
ჩვენი პატარა პუდელი ჩერიკოც ტატანოს ფეხებთან იყო
მოკალათებული. მოკლედ, ისეთი სურათი დამხვდა, თვალი
მომცა და მაყურებინაო.
– დავურეკე ქალებს, – მომახარა გაბადრულმა ტატანომ, –
ხვალ სამი საათისთვის ხმები ჩაიწმინდეთ-მეთქი.
– მეც მაიკო წივილა და სალომე მინდა მოვიდნენ, – თქვა
სოფიკომ, და თან ჩვენი სტუმარი იკითხა, რას ამბობსო. აი,
ახლა რომ გავალ, გავიგებ მესამე ამბავი რას შეეხება-მეთქი.
– შალომ ტოვ, მაზალ ტოვ, – მომაძახა სოფიკომ.
და როცა ამ მშვენიერი ახალგაზრდისაგან გავიგე, რაში
მდგომარეობდა „მესამე ღონისძიება“, მე უკვე ეჭვი აღარ
მეპარებოდა, რომ ჩვენი მომავალი მოყვრის მამა, მოაწევდა რა
ჟამი ბანკის სეიფებთან მისი განშორებისა, დაუბრკოლებლად
აათავებდა შვიდივე ცას და პირდაპირ ზესკნელის ნათელში
დამკვიდრდებოდა. ოღონდაც! მას ხომ ავადმყოფ და
ჩამორჩენილ ბავშვთათვის სოფლის აშენება გადაეწყვიტა!
რისთვისაც დიდსა და საუკეთესო მიწას თხოულობდა შუამთის
ასახვევთან... და როცა წამოიჭრა საკითხი და განაშენიანების
გეგმაც წარმოადგინა, მაშინ აიშალა თურმე ყველა და ატყდა
ერთი ამბავი. ხან უთხრეს, ეს შეუძლებელია, რადგან ეს მიწა
ხელუხლებელი მიწის ფონდებშია შეტანილიო, ისიც
გასათვალისწინებელია, რომ გვერდით სოფელი დავობს და
ამტკიცებს, ეს ჩვენი გასადევარია და არავის დავანებებთო,
იმასაც ამბობენ, ქალაქის მესვეურებს სამოსახლოებად სურთ
გაყიდონ და ასეთ დიდ ფულს რატომ გაუშვებენ ხელიდან
ჩამორჩენილი ბავშვებისთვისო. ამ ტატოს მამას კი იმისთვის
მიეღწია, რომ ჩატარებულიყო თათბირი და მსჯელობა,
დაფიქსირებულიყო მხარეთა არგუმენტები და ბოლოს კენჭიც
ეყარათ, და სწორედ ამ თათბირსა და კენჭისყრაში სურდა, მეტი
მომხრე და ხმის მიმცემი ჰყოლოდა.
თუმცა ასეთ სადავო ამბებში არასდროს მონაწილეობა არ
მიმეღო, მყისვე აღვინთე სურვილით, მხარი დამეჭირა
ჩამორჩენილი ბავშვებისთვის, აღვჭურვილიყავი როზა
ლუქსემბურგისა და დოლორეს იბარურის პათოსით და ჩემი
ჰუმანური სიტყვის მგზნებარებაში ჩამეწვა და ჩამეფერფლა
მოწინააღმდეგეთა თუ ოპონენტთა ყველა არგუმენტი.
– მთელი ჩემი არსებით მხარს ვუჭერ მამათქვენის წამოწყებას,
ამაზე კეთილშობილური წამოწყება, არც ვიცი, კიდევ რა
შეიძლება იყოს.
– მე ჩამოგაკითხავთ აუცილებლად.
– რას ვფიქრობ, იცით? მირჩევნია ორი დღით ადრე
ჩამოვიდე, წიგნიც იქ წავიკითხო და გამოსვლებისთვისაც იქ
მოვემზადო, თქვენი ჩამოსვლა კი ნამდვილად არ არის საჭირო,
ბარგი არაფერი მექნება, გავალ ისანთან და ორ საათში
თელავში ვიქნები.
– ქეთინო გამიჯავრდება... – თქვა და გაიცინა, სახე გაუნათდა,
– იცით, რა მონათესავეა, თქვენ ყველა ისე უყვარხართ.
– აბა, იკერავს საქორწინო კაბას?
– არა, მამამ მიართვა... მაგრამ თეთრი არ მოინდომა, ახლა
სხვადასხვა ფერის კაბებია მოდაშიო, ვისაც რომელი ფერი
უხდებაო, და მწვანე მოისურვა, თუმცა მამამ, ყოველი
შემთხვევისთვის, თეთრიც უყიდა, მძივებით მოქარგული,
შლეიფიანი კაბა, მე ძალიან მინდა თეთრი ჩაიცვას, მაგრამ,
როგორც თვითონ გადაწყვეტს, ბატონი თავის ნებაა,
მოგეხსენებათ, – და ისევ გაიცინა.
– დიდ ქორწილს აპირებთ? – მაინტერესებდა კიდეც და თან
შევატყვე, ძალზე სიამოვნებდა თავისი მომავალი ქორწილისა
და საცოლის ხსენება.
– ქეთინოს არ სურს ძალიან დიდი ქორწილი, თუმცა კი იმასაც
ამბობს, ამ გაჭირვებაში კარგია, თუ ბევრი ხალხი დაპურდება
და დროს გაატარებსო, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ძია ზაური
ისე დაეხმაროს, ვინც დასახმარებელიაო, რადგან ვერ ვიტან,
როცა სტუმრები ერთმანეთს ვერ ხედავენ და ვერ
ურთიერთობენო. ამიტომ, მაქსიმუმ, ასი კაცი გვეყოლება... ჯერ
ალავერდში წავალთ, იქ დავიწერთ ჯვარს, მერე ხელს
მოვაწერთ, დაახლოებით სამი საათისთვის მოვამთავრებთ ამ
ამბავს და სტუმრებიც ამ დროისთვის მობრძანდებიან ჩვენი
სასტუმროს საბანკეტო დარბაზში.
– მომღერლებიც ხომ გეყოლებათ?
– ოოო, წინანდლის გუნდიც და ჩვენი პატარა ორკესტრიც...
ქეთინოს ისე უყვარს ცეკვა, ამბობს, ჩვენს ქორწილში უნდა
ვიცეკვო, ვიცეკვო და ყველა ვაცეკვოვო... ალბათ, თქვენც ვერ
გადაურჩებით ცეკვაზე მიპატიჟებას...
– რომ იცოდეთ, ახალგაზრდობაში არაფერი ისე არ
მიყვარდა, როგორც ცეკვა. მოდაში იყო ახალწლის შეხვედრა
ღამის თევით და წარმოიდგინეთ, მთელი ღამე მიცეკვია... არა
ჭამა, არა სმა, მცირე შუალედებში რაღაცის მოციცქნა, და ცეკვა
და ცეკვა... ისე რომ, დიდი ხალისითაც მოვიგონებ
ახალგაზრდობას...
მართლაც, ამ ჩამოჟამებულ გაჭირვებასა და სიცივეში, ლამის
სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა, რომ წარმოვიდგინე
გაჩირაღდნებული დარბაზი საცეკვაო რიტმებით სავსე და
საქორწილო სუფრასთან სიმღერა და ცეკვა... მჯერა, მჯერა, არა
მხოლოდ სიმღერით, ცეკვითაც „გაუმთელდება გულს
მოტეხილი პირიო“.
– თქვენც ხომ ცეკვავთ?
– რა თქმა უნდა, მე და ქეთინო ერთად დავდიოდით
სამეჯლისო ცეკვებზეც და ქართულ ცეკვებზეც და, მგონი,
დამეთანხმებით, პირველი ცეკვა პატარძალთან მე მეკუთვნის.“
და ისევ გაიცინა, ბედნიერებით გაიბადრა, ხშირი და ლამაზი,
გაზნექილი წარბები სულ მაღლა-მაღლა მისდიოდა და განზე
გაზიდული თვალებიდანაც სიხარულს აკვესებდა. აი, ასეთი
შემორჩა ჩემს მეხსიერებას ეს ახალგაზრდა კაცი – ტატო
ორბელიშვილი.
როგორც შევთანხმდით, ისე მოვიქეცი და ათ იანვარს
თელავში ადრიანად წავედი. ჩვენი აივნის ერთი მხარე სავსე
იყო კუნძებით და სასადილო ოთახშიც ბუხარი გუზგუზებდა.
მაშინვე კარგ გუნებაზე დავდექი, გამოყინული სახლის
მაგივრად ცეცხლი რომ დავინახე და სითბო ვიგრძენი. და არა
მხოლოდ ცეცხლის ღუდღუდა კუნძებმა შემომცინა, მაგიდიდან
დაბრაწულმა, დახვეულმა ქადამაც და გოზინაყმა, რომელიც
ქადის ირგვლივ, სინის კიდეზე იყო შემოლაგებული, იქვე ელაგა
გრძელი სანთლები, ყვავილების ლარნაკზე კი წერილი იყო
მიყუდებული, საგანგებოდ მსხვილი ასოებით დაწერილი,
ყურადღება რომ მიმექცია:

„დეიდა ზაირა, გასაღები ძია ზურას გამოვართვით კუნძების


შემოსატანად, ქადა პაპიდა ნინუცამ გამოგიცხოთ. საღამოს
ჩვენები სუფრას შლიან, ძია ზაური, დეიდა ელა და პაპა
იგნატი უნდა მოვიდნენ. ძია ზურა, ძალო ცირა და თქვენც
აუცილებლად უნდა მობრძანდეთ; წიგნის პრეზენტაცია
თიკომ ხვალ ოთხი საათისთვის დანიშნა მუზეუმის დარბაზში,
მაგ დროისთვის დამთვალიერებლები ზამთარში აღარ
არიან ხოლმე. ჩვენი ქორწილი, როგორც შეგატყობინეთ
კიდეც, ხვალზევით გვექნება, თათბირი კი ცამეტში შედგება.
საღამომდე აღარ შეგაწუხებთ. თქვენც ხომ უნდა დაისვენოთ
და პრეზენტაციისთვის მოემზადოთ. ძალიან მიხარია, რომ
ტატო გაიცანით, ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი ვინმეა, ვიცი,
გაგიხარდებათ, მე ისეთი ბედნიერი ვარ!
თქვენი ქეთინო“

დავყურებდი ქეთინოს ბარათს და მიხაროდა, მიხაროდა,


ძალიან მიხაროდა! ან ვის შეიძლება არ გაუხარდეს წესიერი
ახალგაზრდების ბედნიერება?! თანაც ასეთი კარგი
ახალგაზრდებისა. ერთი ეგ არის, გული მეთანაღრებოდა,
თუმცა ტატო აქებდა თიკოს მოთხრობებს, ვაითუ არ მომეწონოს
და რა ძნელი იქნება პრეზენტაციაზე საქებარი სიტყვის თქმა-
მეთქი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიამოვნება და სიხარული
მელოდა. ჩაი დავლიე ქადითა და გოზინაყით, ნაკვერჩხლებზე
ადუღებული, ქაფქაფა და სურნელოვანი პიტნის ჩაი, ჩანთიდან
თიკოს ქრონიკები ამოვიღე და ბუხართან სავარძელში
მოვკალათდი. ვიფიქრე, ორ მოთხრობას მაინც ახლა
წავიკითხავ, დანარჩენებს კი ვახშმიდან დაბრუნების შემდეგ,
ძილის წინ და აგრეთვე ხვალ, პრეზენტაციამდე-მეთქი. დავიწყე
კითხვა და ისე გამიტაცა ამ ქრონიკებმა, დრო როგორ გავიდა
ვერ გავიგე. პირველი იყო „ამბავი სიყვარულისა“, კახელი
ბატონიშვილის, თეიმურაზ პირველის შვილიშვილის
ნიკოლოზისა (შემდგომში ის ნაზარ ალი-ხანის სახელით შევიდა
ჩვენს ისტორიაში) და ნატალია ნარიშკინასი, ანუ რუსეთის
დედოფლის, მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის მეორე ცოლის, ანცი
და გიჟმაჟი ქალის, არავითარ წესებს რომ არ დაგიდევდათ, და
არც კარეტაში სარკმლებზე ჩამოფარებული ფარდები უყვარდა,
– მისი მწყაზარი და ქორფა სახე დიახაც მთელ ქვეყანას უნდა
დაენახა და დამტკბარიყო, და თვითონაც, თვალმახარას,
თვალისთვის წყალი დაელევინებინა, – და არც თავისი
ასაკოვანი, ორმოცს გადაცილებული, ანუ მაშინდელი
მენტალიტეტის კვალობაზე, ჩაბერებული ქმარი... იმ დროს,
როცა მათ კარზე დაიარებოდა ახოვანი და თვალადი,
მჩქეფარე, სიჩაუქით განთქმული, კოკობულვაშაშლილი, მარად
სასიყვარულოდ შემართული და დაუცხრომელი ქართველი
ბატონიშვილი ნიკოლოზი, ვისაც ნორჩი დედოფალი ინტიმური
შუშპრობის დროს კოლენკას ეძახდა. ადვილი წარმოსადგენია,
რაც მოჰყვებოდა ამ შუშპრობას, და დედოფალიც დაორსულდა.
ჰუმორით იყო გაჯერებული დედოფლის ორსულობის აღწერა,
რუსი მეფისა და ქართველი ბატონიშვილის ციბრუტივით
ტრიალი გუნებანაქცევი, გაჭირვებული დედოფლის ირგვლივ...
რაიცა ბოლოს-ბოლოს შავტუხა უფლისწულის დაბადებით, – ეს
უფლისწული შემდგომში, არც მეტი, არც ნაკლები, პეტრე
პირველი გახლდათ, – და ქართველი ბატონიშვილის
გამოძევებით დამთავრდა. და რუსეთის ტრამალებზე თავის
ქვეყნისკენ კიბიტკით მოჩაქჩაქე ბატონიშვილი ნიკოლოზი გულს
იქარვებდა სამიჯნურო ლექსების თხზვით და ჭმუნვით მოცული,
თხუთმეტი წლის განშორების შემდეგ, ელოდა თავის ბედკრულ
სამშობლოსთან შეხვედრას. ქრონიკას თან ახლდა ვითომ
ნიკოლოზის შეთხზული „განშორების ელეგია“, რაიცა
კატულუსის „ჩიტის სიკვდილის“ იმიტაციას წარმოადგენდა და
უბრალოდ სიცილის მომგვრელი იყო.
ამ სასიყვარულო ისტორიის ხატოვანი და ფრივოლური
სტილისაგან განსხვავებით, მეორე ქრონიკა მკაცრი და
თავშეკავებული დოკუმენტურობით გამოირჩეოდა, და
მიუხედავად ძუნწი და ლაკონიური თხრობისა, თუ სწორედ ამის
გამო, მეტად ამაღელვებელი იყო... დამაფიქრებელი... და
მწუხარე ფიქრების აღმძვრელი... მეორე ქრონიკა კახეთის 1812
წლის აჯანყებას ეხებოდა, ხანგრძლივსა და სისხლიან
აჯანყებას, რუსთა უსამართლო მმართველობის წინააღმდეგ
ახმეტაში რომ დაიწყო, ჯერ ახლომახლო სოფლები ჩაითრია,
მერე აბობოქრდა, გავრცელდა, მთელ კახეთს მოედო, და
თავისი მძვინვარებით, ჩახლართული პერიპეტიებით,
აურაცხელი შეტაკებებით, სასტიკი ბრძოლებით, ალყით,
ხანძრებითა და სისხლის გუბეებით ერთწლიან ომად იქცა, რაც,
როგორც მოსალოდნელი იყო, აჯანყებულთა დამარცხებით
დამთავრდა, – თუმცა კი რუსთა მხრიდან გარკვეული
დათმობებით. დამთავრდა სახრჩობელებით, გაციმბირებებით,
გადაბუგული სოფლებით და აჩეხილი ბაღ-ვენახით.
გულსაკლავი კიდევ ის იყო, რომ რუსების მხარდამხარ
ქართველები ებრძოდნენ თავის მოძმეებს გენერალი დიმიტრი
ორბელიანის წინამძღოლობით, კახეთის თავადთა, აზნაურთა
და სამღვდელოთა ბოროტად და შეუწყალებლად დამსჯელი,
და სწორედ მას შეუძახა ლევან იულონის ძე ბაგრატიონმა,
ერეკლეს შვილიშვილმა, შესანიშნავმა ჭაბუკმა, ამ აჯანყების
დროს დაღუპულმა: დიმიტრი ორბელიანო,
ბუნებათაღლითიანო, მოძმეთ მოძულევ, რუსთა ყმავ, ფუი, შე
ჩინმენდლიანო! დიმიტრი ორბელიანი კი ჩიოდა, მთელი ერი
ჩვენ წინააღმდეგ არის აღმდგარიო და ძალ-ღონეს არ
იშურებდა სისხლის სათხევად და შილდა-საბუის
გადასაწვავად... ვკითხულობდი აჯანყების ქრონიკას და
მიკვირდა, როგორ აამოძრავა ამდენი ხალხი ამ თიკო
აბელიშვილმა-მეთქი, როგორ გაართვა თავი ასეთი
გრანდიოზული აჯანყების ასე პირუთვნელად აღწერას-მეთქი.
ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ მართლა მწერალთან მქონდა
საქმე... თუ არა, ვის ძალუძს ექსტრემალურ სიტუაციათა
მარწუხებში, სისხლიან გზაწვრილზე, დაპირისპირებულ
მოძმეთა დრამატიზმით აღბეჭდილი სახეების შექმნა... ვის
ძალუძს, ღრმად ჩასწვდეს ხასიათთა წინააღმდეგობრივ
მიმოქცევას და ადამიანის გულისთქმის ბნელ ხვეულებს?! ვის
ხელეწიფება დიდ გულისტკივილთან ერთად, ასევე ცხოვლად
ჩაგაფიქროთ მარადიულ კითხვაზე, დროდადრო, ისტორიული
ქარტეხილებისას განსაკუთრებული სიმწვავით რომ დადგება
ხოლმე ქართველი კაცის წინაშე: რა ქნას და რა გზას დაადგეს,
ათასგზის აწონ-დაწონით, ხერხითა და ფანდით როგორმე
დაუძვრეს ზვიგენის დაღებულ ხახას, თუ იარაღზე იტაცოს ხელი,
ჯავრითა და ბოღმით ყელამდე მოყრილს, მოთმინების ძაფი
გაუწყდეს და ამბოხდეს, თავს დაიტეხოს წყრომა და რისხვა, და
აი, ახლა, ჭარმაგი გლეხივით, მხნე ნაბიჯით, თითქოს თავისი
ვენახისკენ მიაბიჯებსო, გასწიოს თელავის მოედანზე
აღმართული სახრჩობელისკენ... აგერ ის დაიხრება, თურმე
ქალამნის თასმა შეხსნია, წინდის ყელზე მაგრად დაიხვევს და
გამოკრავს, მერე ახალუხის კალთებსაც ჩამოიბერტყავს, რომ
ულაზათოდ არ შეეგებოს სიკვდილს... სანამ „ტუსაღთა
ქუაბიდან“ გამოიყვანდნენ, თავისავით სიკვდილმისჯილ
თანამოძმეებს ამხნევებდა, გამაგრდით და ნურაფერს ნუ
ინანებთ, ძმებოვო, ძალიანაც კარგი, რო ავჯანყდითო, იგრე ხო
ვეღარ დაგვჩაგრავენო... ეგზეკუციას ვეღარ ჩაგვიყენებენო,
იგეთ უდიერ გადასახადებს ვეღარ შემოგვაწერენო, რუსი
ისპრავნიკების მაგივრად ქართველი მოურავები გვეყოლებაო...
ჩვენ ვიღა გვეყოლებაო... ჩვენ რაღას მოვესწრებითო...
სიკვდილისკენ პირმიქცეულებიო... კვნესოდა კუთხეში
მიყუჟული, მუხლებში თავჩარგული, მეტად დაზაფრული
ახალგაზრდა კაცი. თავი აიღე, კაცო, ნუ დალაჩრდიო! შეუძახა
ჭარმაგმა, ჩვენი ქვეყანა თუ კარგს რასმე მოესწრება, განა ჩვენი
მოსწრებაც არ არისოო?! თავის ცრემლებჩამომდინარე
ბიჭებსაც, – ქვემო სოფლიდან რო ირბინეს, ირბინეს, გული
ამოიგდებინეს სირბილით, სიკვდილის წინ მამის გვერდით
ყოფილიყვნენ, მერე კი, სახრჩობელიდან ჩამოხსნის შემდეგ,
მოესყიდათ მცველები, და მკვდარი მამისთვის წესისამებრ
მიეგოთ პატივი, – ისე მხნედ და შემართულად ეჩვენა,
გეგონებათ, ქორწილში მიდისო, და სიტყვაც ფხიანი დაუტოვა,
ნუ შედრკებით, გენაცვალოთ მამა, ნუ შეშინდებითო, სოფელი
დიდია, ღმერთი კიდევ მოწყალე... ამათზე ბევრად ავი, ბოროტი
და დაუნდობელი მტერი გვყოლია, მაგრამ ჩვენ ისევაცა ვაართ
და ვიქნებით კიდეცა... თქვენ ვენახი წამოაყენეთ,
დატრიალდით თქვენებურად, სამნი ხაართ და ასად იქეცითო,
თქვენი ჭირი წაიღოს მამათქვენმა, ჩემო ბიჭებო... მე მარტო
ერთი სანთელი დამინთეთ, ერთი მუჭა ხორბალი მომიხარშეთ
და შესანდობარი მითხარით, ეგ არის და ეგაო...
ამასობაში ბუხარიც მუგუზლებით აივსო... ოთახში სასიამოვნო
სითბო იფრქვეოდა... და ამასობაში ზურიამა და ცირამაც
დარეკეს, რედაქციიდან ცოტა ხანში გავთავისუფლდებით,
გამოგივლით და ვახშამზე წავიდეთო. მე საჩხრეკი ავიღე,
მუგუზლები მივწი-მოვწიე და ერთი დიდი რცხილის კუნძი
შევაყუდე ბუხარში, რომ სანამ ვახშმიდან დავბრუნდებოდი,
ცეცხლი არ ჩანავლულიყო, თან კი სულ ხვალინდელ
პრეზენტაციაზე ვფიქრობდი. მინდოდა, წრფელად გამომეთქვა
ჩემი აღტაცება, ან კი როგორ, თიკო ამას ნამდვილად
იმსახურებდა, მე მხოლოდ პირუთვნელად შემიძლია გამოვთქვა
საკუთარი აზრი, რადგან არც ამბიციურობის კვარცხლბეკიდან
ჩამოვყურებ ჩემს თანამოძმეებს, რათა ჩემს „წონიან“ სიტყვას
ისე გავუფრთხილდე, როგორც ძუნწი ოქროს უზალთუნებს, და
არც ჩინოვნიკური მაამებლობით ვარ გამსჭვალული,
ყურდაცქვეტილი და მიყურადებული, ნიადაგ მავანთა აზრსა და
შეფასებას ვწონიდე და ვითვალისწინებდე... ამიტომ
სიამოვნებით ველოდი ხვალინდელ დღესაც და, ცხადია,
ამღამინდელ ვახშამსაც, თვალები უკვე კარისკენ მრჩებოდა და
ერთი სული მქონდა, ზურიასა და ცირას გამოევლოთ და
წავსულიყავით... განა რა შედარება „ახალყოილთა“
სიყვარულითა და ბედნიერების მოლოდინით გასხივოსნებული
სახეების ხილვას, ნათესავებთან, ახალ მოყვრებთან
ურთიერთობასა და დროსტარებას, ძვირფასი ღვინოებითა და
შემწვარ-მოხრაკულებით გაწყობილ სუფრასთან.
გარეთ გავედი, შევხედო ერთი ეზო-ყურეს-მეთქი... ბაღურ
ზღმარტლს თუ რამე შერჩა, ჩამოვკრეფავდი, პირსაც
გავისველებდი და ტატანოს და სოფოსაც წავუღებდი.
ზღმარტლი ძირს იყო ჩამოსული და თოვლში ჩაჩუმქრული,
მკვრივი, თათარასავით უგემრიელესი... მოზრდილი თასი
ავავსე, სახლში შემოვბრუნდი, და საჩუქრის ძიებაში ჩვენი დიდი
ბუფეტის ყველა კარი გავაღე და ყველა თარო გულდასმით
მოვათვალიერე, და მართლაც, ბებიაჩემის აკანკალებულ
ხელებს გადარჩენილ ფინჯნებს მივაკვლიე, ფაქიზი ფაიფურის,
ენძელებით მოფენილ გარდნერის ორ ფინჯანს, ფრთხილად
ჩამოვიღე სულ ზედა შუა თაროდან, ის იყო, ტყვიის ქაღალდით
შეფუთვას ვაპირებდი და ზურია და ცირა მოვიდნენ...
– შეხედეთ, რა კარგი საჩუქარი მოვიპოვე ჩვენი ბუფეტიდან! –
ვუთხარი გახარებულმა.
– მეც, კიდევ კარგი, გაუხსნელი, ძალიან ლამაზი ნესესერი
მქონდა, ოდესღაც რიგაში ნაყიდი და ქეთინოსთვის ეს მომაქვს,
– თქვა ცირამ.
ზურია კი ისე იყო ჩამოქრუშული, გეგონებათ, საქეიფოდ კი
არა, სადღაც უსიამოვნო ადგილას მიდისო. და ჩემს შეკითხვაზე
რა იყო, რა დაგემართა-მეთქი, უხალისოდ მიპასუხა:
– ნათესავები, თორემ მაგ ზაურასთან სუფრაზე არც
დავჯდებოდი.
გამტკნარებული შევაჩერდი ზურიას:
– რატომ ვითომ?! იმიტომ, რომ ასეთი შესანიშნავი წიგნი
გამოუცა თიკო აბელიშვილს? თანაც ასეთ დონეზე?
– და შენც უკვე ქისას ხედავ? შენკენ გამოწვდილს? – ამრეზით
თქვა ზურიამ. ის არ დამჯდარა, ბუხართან იდგა და გაციებულ
ხელებს ცეცხლს უფიცხებდა.
– დიახაც რომ ვხედავ, აი, სწორედ ქისას, მაგრამ არა წითელი
ხავერდისას, როგორც ბავშვობაში ვამბობდით, ძია სტალინის
საჩიბუხე თუთუნით სავსეს, არამედ ჩემი წიგნის გამოსაცემი
უზალთუნებით! – გამოჯავრებით ვუთხარი ზურიას, – და
ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუცდი როდინობის კვირამდე
შენს გამდიდრებას.
– რაც მართალია, მართალია... – გაიცინა ცირამ.
– ეგ ბნელი კაცია, ბნელი! და მე არ გირჩევ მაგასთან საქმის
დაჭერას, თუნდაც ეს წიგნის გამოცემა იყოს და, მით უმეტეს,
სადავო მიწების გამო მგზნებარე სიტყვით გამოსვლას! –
მკაცრად თქვა ზურიამ.
– მე არ ვიცი, ეგ ბნელია თუ ნათელი, – შევძახე მღელვარედ, –
მაგრამ ბნელიც რომ იყოს, ყოველთვის უნდა მისცე კაცს შანსი,
კარგი საქმის საკეთებლად, წიგნის გამოცემა იქნება ეს, თუ
ჩამორჩენილი ბავშვებისთვის სოფლის აშენება. სასაცილოც
კია, უანგაროდ დამხმარესა და სპონსორს ზნეობა უჩხრიკო! და
სხვათა შორის, მაგისი გამოგზავნილი ნობათი ჯერ არ
შემოგვლევია, და მამიდაჩვენი ტატანო და შენი შვილი სოფიკო,
ჩვენდა სასიხარულოდ, შემწვარ-მოხრაკულებს მიირთმევენ ამ
გაჭირვების ჟამს!
– და მიუხედავად მაგისა! – ხმას აუწია ზურიამაც, – არავითარ
შემთხვევაში მაგ მიწების თაობაზე მაგას მხარი არ უნდა აუბა,
გეუბნები, არა-მეთქი! შენს პატიოსნებაში არავის ეჭვი არ
ეპარება და მაგას სწორედ ეგ უნდა, შენ გამოგიყენოს, აქეთ-
იქით მისასვლელი გზები გაკვალოს. რა შენი საქმეა ასეთ
ამბებში ჩარევა!
მე გავგიჟდი, რას ქვია ჩამორჩენილ ბავშვებს ხელი არ
გავუწოდოთ-მეთქი, რას ქვია კაცს სოფლის შენებაში ხელი
შევუშალოთ-მეთქი, შენ იცი, ვინ იყო განთქმული „ოპტინა
პუსტინის“ დამაარსებელი, ოპტა, იგივე მაკარი-მეთქი, ოპტინა
პუსტინში დადიოდნენ გოგოლი და დოსტოევსკი და ტოლსტოი
ცნობილ სტარცებთან-მეთქი და ვინც გინდა ისა. ვინ იყო და
შარაგზის ყაჩაღი-მეთქი, მეთოთხმეტე საუკუნეში, და თავისი
ყაჩაღობა ასე მოინანია-მეთქი.
ზურია კი ისევ თავისას გაიძახოდა, მე არ მჯერა, მაგან
სოფელი ააშენოსო. შენ ტყუილუბრალოდ ხალხს გადაიკიდებო.
მაგას ისედაც ძალიან ბევრი მიწა აქვს და თუ ასე გული ერჩის,
ააშენოს თავის მიწებზეო, არადა უნდა, ყველაფერს
გველეშაპივით გადააჯდესო, ჯერ კიდევ როდიდან, ამ ოცდაათი
წლის წინათ დაიწყო მაგან, სრულიად ახალგაზრდამ, უკეთურ
გზაზე სიარულიო. ბუნებაში იმდენი მაყვალი, იმდენი ასკილი და
სხვა კენკროვანი რომ არ არსებობს, ეგ ფალსიფიცირებული
წვენების გაკეთებაში იყო ჩაბმული და ციმბირში და სხვაგან და
სხვაგან ქვეყნის ხალხი დაწამლა და გაამგზავრა საიქიოს...
ზონიდან დაბრუნების შემდეგ ახლა მატყლის წარმოებას
მოჰკიდა ხელი მშრალი ოპერაციებით მოითბო ხელიო,
დაგავიწყდა, რამდენი ცხვარი იკარგებოდა, რამდენს
იტაცებდნენო?! სულ მაგისი თაოსნობით იტაცებდნენ და
იპარავდნენ... რატომ უნდა დავივიწყოთ წარსული, რატომო!
რაღა წარსული, ამბობენ, რომ შარშანაც თავის ახლობელს
მოაკვლევინა თავიო, ვალში გაუყიდა სახლ-კარი და ბაღ-
ვენახი, და ნუთუ შენთვის ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავსო?!
– რაც უნდა იყოს, – თქვა ახლა უკვე ცირამ, – წიგნის
გამოცემაზე უკან დახევა და უარის თქმა არაფრით არ
შეიძლება... კარგი რაა, ზური, ავტორი უარს ვერ იტყვის წიგნის
გამოცემაზე, ვერა! შენი განზე დგომით, ნეტავ ვიცოდე, რა მოიგე
და რას მიეწიე?!
– აბა, რაა, აბა, რაა, სულ რომ ეშმაკი იყოს სპონსორი,
სწორედაც უკან არ დავიხევ! – დავიძახე მე ცირას
გამოქომაგებით გულმოცემულმა.
ზურია აბობოქრდა, მე და ცირამ შევუტიეთ და, ვინ იცის,
სადამდე გასტანდა ჩვენი შერკინება, ტელეფონი რომ არა...
მაშინვე არც აგვიღია ყურმილი, კამათში ჩართულებმა არც
მივაქციეთ ყურადღება... მაგრამ ზარი არ წყდებოდა...
– ჩვენები იქნებიან და უთხარი, მოვდივართ-თქო, – დაადევნა
ზურიამ ცირას.
– ზური, მოდი ერთი, ეს ფინჯნები შემიფუთე ლამაზად, –
ვთხოვე ზურიას.
ცირა მივიდა ტელეფონთან... აიღო ყურმილი... და ადგილზე
გაშეშდა. მერე შემობრუნდა... შემოგვხედა და თავი გაიქნია:
– საშინელი ამბავი, – ჩავარდნილი ხმით თქვა, – ამოხოცეს...
ზაური... ზაურის სიმამრი... ტატოც უგრძნობ მდგომარეობაში
საავადმყოფოში წაიყვანეს... ნინუცა რეკავდა...
საავადმყოფოდან...
ჩვენ მაშინვე გავცვივდით საავადმყოფოში. შესასვლელი
ხალხით იყო სავსე, ჩვენი ნათესავები კი მეორე სართულზე,
ქირურგიული განყოფილების წინ, გრძელ სკამზე, ზაურის
ცოლის გვერდით, ჭირისუფლებივით იყვნენ ჩამომსხდარი,
მხოლოდ ქეთინო იდგა, კედელს მიყრდნობილი, გახევებული
და გამშრალი... მე ბევრჯერ მიგრძნია, რომ ხატოვანი სიტყვა
უშუალოდ სინამდვილიდან არის ამოზრდილი. და თურმე
ელდაზე ადამიანი თითქოს მართლა „შრება“ და საძრაობას
კარგავს, „ხევდება“. აი, სწორედ ასე გამოიყურებოდა
თავზარდაცემული ქეთინო. მას ნიკაპთან გამოეკრა მტევნები და
დროდადრო ერთი და იგივე სიტყვები აღმოხდებოდა ხოლმე:
– რა ვქნა... რა ვქნა... რა ვქნა...
ტატოც უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა. ტრასირებული ტყვიით
იყო დაჭრილი და ოპერაციის გაკეთება ვერც მოესწროთ,
საოპერაციოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა თურმე. ზაური და
ზაურის სიმამრი მაინც აეყვანათ საავადმყოფოში, და ახლა
თურმე გაკვეთას უპირებდნენ. ზაურის ცოლს სიცოცხლის
ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა, სანთლისგან გამოთლილს
ჰგავდა, ოჯახის ამოწყვეტით თითქოს გაყრუებულიყო...
მხოლოდ როცა ექთანმა ჰკითხა, ტყვიით დაჭრილს ძნელად
უკეთდება ბალზამი, თქვენი შვილი გავკვეთოთ თუ არაო, ძლივს
გასძრა ყბა და თავიც გაიქნია, იყოს, როგორც არისო, ცეცხლს
არ დავანთებ და ჩემს ტატოს ამაზე უარესი აღარაფერი
დაემართებაო.
ეს ამბავი კი თურმე ასე მოხდა, ასე გვიამბობდა ქეთინოს მამა
ირაკლი, დათას შვილი: ტატო თურმე შეკვეთილი ტორტის
მოსატანად წავიდა, თურმე ეს იქვე იყო, მაშინვე უნდა
მობრუნებულიყო და ალაყაფში დატანებული პატარა კარი არ
ჩაკეტა. ზაური და მისი ცოლი ელა საწოლ ოთახში ტანსაცმელს
არჩევდნენ, მძახლებში წასასვლელად რა ჩაეცვათ, მოხუცი კაცი
კი, ელას მამა, ძაღლების ასაშვებად ჩავიდა თურმე ეზოში,
საღამოობით ძაღლებს ყოველთვის აუშვებდნენ ხოლმე, ავი
ძაღლები ჰყავდათ თურმე, კავკასიური ნაგაზები. ჰოდა, სანამ
იგნატი ძაღლებს აუშვებდა, ტატოც დაბრუნდა ტორტით ხელში.
მკვლელებიც სწორედ მას შეჰყვნენ. როგორც ჩანს, მკვლელები
სამნი იყვნენო, გვეუბნებოდა ირაკლი, ერთი, ეტყობა, ზევით
ავარდა, ხმაურზე კარისკენ წამოსული ზაური იქვე ჩაცხრილა.
შეიძლება ელას მოკვლას არც აპირებდნენ და შეიძლება იმის
გამო გადარჩა, რომ სააბაზანოში იყო შესული და სროლაზე
როცა გამოვარდა, ზურგიდან დაინახა, როგორ გარბოდნენო...
ჩვენი ბიძაშვილი ირაკლი გვეუბნებოდა, როგორც ჩანს, ტატოს
მოკვლას არ აპირებდნენ, იმიტომ, რომ ფერდში იყო
დაჭრილიო. მაგრამ რაღას არ აპირებდნენ, თუ ყველა ტყვია
ტრასირებული იყო და სულ რაღაც საათ-ნახევარში
გარდაიცვალა. მოხუცი იგნატი მივარდა თურმე ერთ-ერთს,
თმაში სწვდა და კარგა დიდი ბღუჯა ხელშიც შერჩა. ყველა იმას
ამბობდა, კრიმინალურ ლაბორატორიაში თმის ერთი ღერითაც
კი არკვევენ დამნაშავის ასაკსა და კიდევ რამდენ რამესო, და
შეუძლებელია, ამ ბღუჯა ქერა თმით ვერაფერს მიხვდნენ და
ვერაფერი გამოიძიონო...
მაგრამ ვერაფერიც თუ არაფერიც არ გამოუძიებიათ. ან
შეიძლება გამოიძიეს და არც გააცხადეს, რადგან ვერავინ
ვერაფერი ვერ გაიგო.
ყველა შეძრული ვიყავით. მინდოდა, ჩქარა გავცლოდი
იქაურობას... ნახევარი ღამე დამგლოვიარებულ ნათესავებთან
გავატარეთ... და მწუხარე იყო ჩვენი თავყრილობა.
მეორე დილითვე, ადრიანად, ზურიამ ჩქარა ჩამაცილა
მარშრუტკების სადგომამდე და პირველივე რეისს გამოვყე
თბილისში. გზაში გამახსენდებოდა ღმერთის მუდმივმოქმედი
და, სამწუხაროდ, ამაო იმპერატივი, ნოეს რომ აუწყა:
„ვინც დაათხევს კაცის სისხლს, მისი სისხლიც კაცის ხელით
დაითხევა“.
მაგრამ ასე მგონია, იეჰოვამდეც, მოსემდეც, ალაჰამდეც და...
შუმერებამდეც, პირველყოფილი ადამიანი, ენაბრგვილი,
როგორც კი დანაწევრებულ სიტყვას გამოაგნებდა, ამასვე
იტყოდა, ვინც ქვას დამცემს, ქვითვე ჩაიქოლებაო! და რაა
მერე?! უწყვეტი ჯაჭვი ჩაქოლილთა და, დალახვრულთა და,
დადაშნულთა და ტყვიით განმირულთა... და მათ შორის
რამდენი მართალი სისხლი, ტატოს სისხლივით და რამდენი
ცრემლი, ქეთინოს ცრემლივით, ამ სისხლის მარადი
თანამდევი.
ჩემს ფიქრებსა და განწყობილებას ამძაფრებდა მარშრუტკის
აწყვეტილი სისწრაფე. დიდი პაუზის შემდეგ ახლა გამოჩნდნენ
ჩვენს გზებზე მარშრუტკები და მძღოლები სწრაფი ქროლვით
გვიმტკიცებდნენ ამ ტრანსპორტის სიკეთესა და უპირატესობას.
მართლაც, თბილისამდე ლამის ორი საათიც არ დაგვჭირდა.
მძღოლმა შეგვიბრალა, ისანთან არ ჩამოგვსვა და ავლაბრის
მოედნამდე მოგვიყვანა. არავითარი ტრანსპორტი არ იყო.
უშუქობის გამო მეტროც არ მუშაობდა, და რომც ყოფილიყო,
მაინც არ ვფიქრობდი მეტროში ჩასვლას, რადგან ცოტა ხნის
წინ, დეზერტირის ბაზრიდან მომავალი, დღის ბოლოს იაფად
ნაყიდი წვრილი კარტოფილით სავსე ბადურით ხელში,
სადგურის მეტროს რომ მივაშურე, ჩასვლა იყო და სინათლეც
ჩაქრა, და თუმცა, კიდევ კარგი, მატარებელში ჩაჯდომა ვერ
მოვასწარი, ხალხით გაჭედილი წყვდიადიდან მეტროს
გრძელსა და აყუდებულ კიბეებზე ამოსვლა, წარმოუდგენელ
ჭყლეტასა და მიწევ-მოწევაში, ისეთი შემაძრწუნებელი იყო, ასე
მეგონა, დღის სინათლეს ვეღარ დავინახავდი და სულს
გავაცხებდი. ჰოდა, ავლაბრის მოედნიდან, ჩვეულებრივ, ფეხით
დავადექი სახლისკენ და გამუდმებით, აკვიატებულად ქეთინოს
საქორწინო კაბას ვხედავდი, ულამაზეს, მძივებით მორთულ
შლეიფიან კაბას, ობლად რომ იყო დივანზე გადაფენილი.
ჩქარი ნაბიჯით მოვდიოდი და ორმოცდახუთ წუთში მოვაღწიე
კიდეც ვერამდე. მელიქიშვილზე, ჩვენს ჩასახვევთან,
უზარმაზარი რიგი შევნიშნე შორიდანვე და წიოკიც მომესმა.
ცოტა რომ მივუახლოვდი, სოფიკო დავინახე, რომელიც ჯგროს
გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. სიცივეზე ლოყები ვარდისფრად
უღუოდა, თვალებიც ლურჯად უხასხასებდა, შევხედე და გულს
მომეფონა...
– რატომ მოდიხარ, რა ამბავია?! – გაკვირვებულმა შემომძახა.
– ოჰ, რომ იცოდე... და ვუთხარი, რაც მოხდა და რატომ
დავბრუნდი ასე უეცრად. ვიდექით გამონაპირებულები და
ვუამბობდი საშინელი ტრაგედიის ამბავს...
სოფიკო შეძრწუნებული შემომჩერებოდა, ვაიმე ქეთინოვო,
აღმოხდებოდა ხოლმე... მერეღა მითხრა, დილიდანვე ვდგავარ
პურის რიგშიო, მაგრამ თორმეტ საათზე აღმოსავლეთის
ისტორიის სესია მაქვს და სადაც არის, ტატანო უნდა მოვიდეს
და შემცვალოსო. მეცოდები, მაგრამ ნამგზავრობის მიუხედავად
შენ მოგიხდება პურის აღებაო.
– მაჩვენე აბა, სად დგახარ და შენ ჩაირბინე სახლში, ტატანო
აღარ წამოვიდეს.
ჯგროში შევერიეთ და საშინელი ჩხუბისა და წიოკობის მოწმეც
გავხდით. ახმახი ქალი, შავ პალტოში გამოხვეული, აწურული
მხრებითა და გააფთრებული სახით, წინ წაწვდილ ხელებს
უფარჩხავდა ცხვირწინ იქვე მდგომ, ინტელიგენტური
შესახედაობის მანდილოსანს და ხაფი ხმით დასძახოდა:
– მე არ ვიდექი?! მე არ ვიდექი?! შე მაიმუნო, შენა! მე ხო შენ
წინ მოვედი, რას ქვია, არ ვიდექი!
– არ იდექი, არა, არა, არა, არა! – გამწივანი ხმით დაიყვირა
მანდილოსანმა.
– არ იდგა, არ იდგა, შეჩხირვა უნდა, ჩვენ აქ სულელები ვართ,
რო საათობით ვდგევართ? რისა გეშინიათ, მოჰკიდეთ ხელი და
გამოიყვანეთ, გაინძერით, კაცებო, წესიერად დაიკავოს რიგი! –
ისმოდა აქეთ-იქიდან.
შავპალტოიანი კი გრგვინავდა:
– ერთი ხელი მომკიდეთ და მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო,
თქვე მოღალატეებო, თქვე გამყიდველებო, მაიმუნებო,
მაიმუნებო!
ისეთი შემზარავი შესახედი იყო, გეგონებოდათ, რაღაც
ნამარხი ცხოველი აღორძინდაო. ვიღაცამ დაიძახა, ეგ კარვის
ქალიაო, მე მთავრობის სასახლის წინ მყავს ნანახი, კარვებს
შორის რო დააბოტებდაო...
ახმახმა ყური მოჰკრა და მთლად გადაირია:
– თქვენ სალანძღავი გგონიათ კარვის ქალობაო? თქვე
ქვეშაფსიებო, თქვენაო! – შეშლილივით გაჰყვიროდა, – დიახაც,
რო კარვის ქალი ვიყავი და ჩანთაში კაი მოზრდილი ქვებიც
მელაგა, რო თქვენისთანა მოღალატეებისთვის თავში
დამეთხლიშა! – ყველას მუშტი მოგვიღერა, მიტრიალდა და
ადლიანი ნაბიჯებით გაგვეცალა. მიდიოდა აწურული მხრების
რხევით, მიწაზე მოსიარულე დიდ ყვავს ჰგავდა, გეგონებოდათ,
ფრთებიდან ნამქერს თუ წვიმის წვეთებს იბერტყავსო...
სოფიკომ მაჩვენა თავისი რიგი, დალეულ, ხნიერ ქალსა და
ჭარმაგ კაცს შორის. ქალმა მითხრა, მე დავთვალე,
ორმოცდამეჩვიდმეტე ვარო, თქვენ ორმოცდამეთვრამეტე
იქნებითო. სოფიკო კი მიტრიალდა და ის იყო ჩაუხვია ჩვენი
ქუჩისკენ, უცებ შემობრუნდა და ჩემთან მოვიდა:
– იცი, ახლა, ყველაფრის გამო, ერთი ებრაული ანდაზა
გამახსენდა და მინდა გითხრა, გამხნევებისთვის...
რა ანდაზა-მეთქი, ვკითხე.
– გორგალ ხოზერ ბეოლამ – ბორბალი ყოველთვის
გადაბრუნდება.
მერე მიბრუნდა და ტატანოს გასაფრთხილებლად წავიდა.
ოჰ, როგორ მომინდა ტატანოს ნახვა, აი, ვისი შეცხადება და
ქოთქოთი მოუხდებოდა ახლა ჩემს დათრგუნულ და უამურ
გუნებას. თანაც, მართალია, კარვის ქალი განდევნეს, რიგში
მაინც დროდადრო წიოკი და შეხლა-შემოხლა იფეთქებდა
ხოლმე. ვიდექი აბუზული და მხრებში თავჩარგული. მაინც
გავხედავდი ხოლმე ქუჩას, პური ხომ არ მოაქვთ-მეთქი.
ერთხელაც, თავი რომ მივატრიალე, შორს მოძრავი შავი
წერტილი შევნიშნე... წერტილი გადიდდა და... ძაღლი... ჩვენი
უბნის შავი, გრძელბეწვა, მშვენიერი სამფეხა ძაღლი... ჯერ
შორს იყო, მაგრამ ეტყობოდა, გეზი აქეთკენ ჰქონდა აღებული...
ნეტავ ჩქარა მოეტანათ პური, ნამდვილად მოვუტეხავდი.

You might also like