You are on page 1of 2

ჰერაკლიტე ეფესელი

იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს ზოგადი წარმოდგენა მაინც შეჰქმნოდა ძველი საბერძნეთის
ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის - ჰერაკლიტე ეფესელის ფილოსოფიური დოქტრინის შესახებ,
საჭიროდ მივიჩნიე თარგმანისათვის წამემძღვარებინა გერმანელი სწავლულის ჰ. არნიმის მოკლე
ნარკვევი - "ჰერაკლიტე", ხოლო ფრაგმენტებისათვის ჩემი საკმაოდ ვრცელი კომენტარები
დამერთო, რომლებიც გაგვიადვილებენ მათ ენიგმურ არსში წვდომას და, იმავდროულად,
ცხადყოფენ ჰერაკლიტეს გავლენას ანტიკური თჲ ადრეული შუა საუკუნეების ფილოსოფიური და
თეოლოგიური აზრის განვითარებაზე."ჰერაკლიტე ეფესელი თავისი ფილოსოფიური ანტიპოდის
(პარმენიდე ელეელის, - ბ.ბ.) თანამედროვე და, ასე განსაჯეთ,მისი კბილაც კი იყო.
ეფესელი მოაზროვნის სიმწიფის ხანა ძვ. წ. ა. 500 წელზე მოდის, რის შემდეგაც მეხუთე
საუკუნეში მან ორი ათეული წელი კიდევ იცხოვრა. შესაძლოა როგორც ერთის, ისე მეორის
თხზულებებში გვხვდებოდეს კიდეც მინიშნებები ერთმანეთის შესახებ, მაგრამ
შეუძლებელიადაბეჯითებით ვამტკიცოთ ეს. ჰერაკლიტეს მილეტელი წინამორბედებისათვის
ამოსავალი წერტილი იყო ცდის მონაცემების მკაფიოდ აღნუსხვა. საიდანაც ისინი ცდილობდნენ
სამყაროსა და მისი წარმოშობის ზუსტ წარმოდგენამდე მისულიყვნენ; მაშინ, როდესაც,
ჰერაკლიტე, პირიქით, ბუნების მკვლევარი კი არა, სპეკულატური ფილოსოფოსია. მისი აზრები
ინტუიციიდან იღებენ დასაბამს, ხოლო მათი სიტყვიერი გამოხატულებანი ორაკულის
გამონათქვამებს მოგვაგონებენ. ის უარს ამბობს რაციონალურ დასკვნებსა და დასაბუთებებზე. ამ
გამონათქვამების ბუნდოვანებათა და ნაირფერად მოლივლივე განუსაზღვრელობათა წყალობით,
ისინი შეიძლება უღრმესი სიბრძნის გამოხატულებებად იქნენ აღქმულნი... ამ ფორმით აყალიბებდა
ჰერაკლიტე თავის აზრებს არა მარტო სამყაროსა და ღმერთების, არამედ ადამიანური ცხოვრების
შესახებაც... მისი თხზულებებიდან სიტყვასიტყვით ამოკრეფილი და ჩვენამდე მოღწეული
ფრაგმენტები დილსის კრებულში 126 ძალზე მოკლე წინადადების სახითაა წარმოდგენილი. მათი
მიხედვით, შეუძლებელია ჰერაკლიტეს აზრის დინების ზუსტი რეპროდუცირება. ჩვენს ნარკვევში
იძულებულნი ვართ შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ აზრებით, რომლებიც მათი წინამორბედი
ნატურფილოსოფიის განვითარებად, ან მომდევნო მოძღვრებათა ანტიციპაციად გვევლინებიან.
ჰერაკლიტე პირველ მატერიად მიიჩნევს ცეცხლს, ისევე, როგორც ანაქსიმენე - ჰაერს. მაგრამ ამ
მხრივ მისი აზრი არსებითად განსხვავდება ანაქსიმენეს თვალსაზრისისგან. ვერ ვიტყვით, თითქოს
ის სუბსტანციად სახავდეს ცეცხლს, არსებობას რომ ინარჩუნებს მოვლენათა ნებისმიერი
ცვლილებისას. დანარჩენ სტიქიონთა წინაშე ცეცხლს მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს: მისით
იწყება და მისითვე მთავრდება განვითარება. სამყარო დასაბამიერი ცეცხლოვანი სფეროსაგან
იქმნება, რათა ბოლოს მასშივე ჰპოვოს დასასრული. და ეს მოვლენა კანონზომიერად მეორდება
მარადისობიდან მარადისობამდე ("დიადი წელი"). ამ დროს ცეცხლი "აღმავალი" და "დაღმავალი"
გზით ცვალებადობის მრავალ საფეხურს გადის, მაგრამ თავისი თვისებებიდან ის ინარჩუნებს
მხოლოდ ორს: მარადიულ ცხოველმყოფელობას და ცვალებადობას. სწორედ ამ თვისებების
წყალობით, ის თავისი თავიდან ქმნის ყოველივე ურთიერთსაპირისპიროს. ასე რომ, ეფესელი
მოაზროვნე მხოლოდ ამ თვისებების გამო ირჩევს ცეცხლს პირველსაწყისად. ის სამყაროსა და მისი
პირველსაფუძვლის არსად მიიჩნევს მას. პირველ მატერიას მხოლოდ ერთი თავისებურება
ახასიათებს: კანონი, რომელიც განაპირობებს მის არსებობას და ცვალებადობას. მისი
ცხოველმყოფელობა აბსოლუტურია. ის არ იცნობს სიმშვიდეს და უძრაობას. მისი შემოქმედებითი
აქტივობა ნგრევაა, ნგრევა კი - შემოქმედებითი აქტივობა. ამიტომ სამყაროსათვის უცხოა მყარი
ყოფიერება, თუმცაღა ჩვენი გრძნობები ამნაირი სიმყარის ილუზიას კი გვიქმნიან. ყველგან ერთი
და იგივე სურათია - წარმავლობის მარადიული ნაკადი.
ჰერაკლიტე დაპირისპირებულთა ერთმანეთში გადასვლად იაზრებს არსებობის
პროცესს. ამა თუ იმ საგნის ცვლილებისას მასში ერთმანეთს ენაცვლებიან საპირისპირო თვისებები:
თბილი ცივდება, მშრალი ნოტიოდ იქცევა, ცოცხალი მკვდრად და ა.შ. მეტიც,
ურთიერთსაპირისპირო თვისებები საგანში არა მარტო ერთიმეორის მიყოლებით იჩენენ თავს,
არამედ ერთდროულად ერთსა და იმავე წამსაც. მართლაც, თუ საგნები გამუდმებით იცვლებიან,
ხოლო ცვალებადობა დაპირისპირებულთა ერთმანეთში გადასვლად უნდა გვესმოდეს, ეს იმას
ნიშნავს, რომ საგნის მდგომარეობა ყოველ წამს ერთი საპირისპირო თვისების მეორეში გადასვლით
განისაზღვრება; მაშასადამე, ის თანაბრად შეიცავს ორივეს.

You might also like