Professional Documents
Culture Documents
Jemal Qarchxadze Rahat Luxumi
Jemal Qarchxadze Rahat Luxumi
სიბერეს (და სიბერეზე მეტად ალბათ თრიაქის უზომოდ ხმარებას) ისე გაელია, ისე
ჩამოედნო და გამოეშრო, შორიდან პატარა და ჩია მომეჩვენა, თუმცა მერე, კარგად
რომ დავაკვირვდი, მივხვდი, რომ გვარიანად მაღალი კაცი ყოფილა. შავგვრემანი
სახე, რომელსაც უკვე ავადმყოფური სიყვითლე შეჰპარვოდა, ღრმა და ხშირი
ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, ყვრიმალის ძვლები ისე ამოშვეროდა, თხელი,
სიფრიფანა კანი ძლივსღა უფარავდა. თავზე წითელი ჩალმა ეხურა, გრძელი, ჭაღარა,
ბოლოწაწვეტებული წვერი ჩავარდნილ მკერდზე ეფინა. ღრმად ჩამსხდარ, წვრილსა
და ცივ თვალებს მძიმედ გადმოფარებული ქუთუთოების ქვეშ სახედველად მცირე
ნაპრალიღა დარჩენოდა. იჯდა ასე ვიწრო მერხზე, გამომხმარი, გამოფიტული და
უცხოდ, არაამქვეყნიურად გარინდებული, თითქოს სულს პატრონი სახლიდან
გაეგდო და ქუჩის პირას რაჰათ-ლუხუმის გამყიდველად გაემწესებინა, რათა მარტო
დარჩენილიყო და ისეთ საფიქრალზე ეფიქრა, რასაც სხეულთან უკვე აღარაფერი
ესაქმებოდა.
მალე შევნიშნე, რომ მოხუცი აღარ ლაპარაკობდა. ტუჩების ცმაცუნი შეეწყვიტა, უკვე
სრულიად გაშეშებული და გახევებული იჯდა და ისე ღრმად ჩაძირულიყო უცხო
გარინდებაში, რომ დასჭირვებოდა, ალბათ, თვითონვე გაუჭირდებოდა საკუთარი
თავის მოძებნა. მაგრამ სწორედ იმ წამს, რა წამსაც გავუსწორდი და წინ უნდა
ჩამევლო, მოულოდნელად ცივი, გამკინავი ხმით დასძახა:
– შენ ახლა ალაჰის კალთაში გიდევს თავი, ომან ფაშავ, ჩემო არწივო, მაგრამ მოხუც
სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე,
სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის
გამყიდველადაც არ ვარგიან, სასახლეში სხედან და სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ...
მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე ბევრი რამ მენახა და ბევრი რამ
ვიცოდი. თავიდან საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა და მალე მამაცი და
თავზეხელაღებული მეომრის სახელი დავიგდე. ბრძოლა რომ მომბეზრდა, ხან
ყურანის შესწავლას მივყავი ხელი, ხან სიბრძნისმეტყველებას ჩავუღრმავდი;
ერთხანს ლექსებსაც ვთხზავდი და სასახლის მგოსნებს ვეჯიბრებოდი. მაგრამ
ბოლომდე არც ერთ საქმეს არ მივყოლივარ. დაუდგრომელი გული მქონდა,
ყველაფერი მალე მყირჭდებოდა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვძლებდი. თავად არ
ვიცოდი, რა მინდოდა. ომან ფაშას მასწავლებლად რომ მიმიწვიეს, ჯერ უარის თქმა
დავაპირე, მაგრამ მერე დავთანხმდი.
ხოლო ბრძენი სწორედ ის არის, ვისაც ლოდინი შეუძლია. მართლაც, ერთ დღეს
ამბავი მოგვივიდა, ლუარსაბ-ხანს მცირე ამალით თავის საზაფხულო სამყოფელში
დაედო ბინა, რომელიღაც სოფელში, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი, მაგრამ მერე
დამავიწყდა. ჩვენ ეს ამბავი კარგად შევამოწმეთ და, რა დავრწმუნდით, ყველაფერი
მართლა ასე იყო, საიდუმლოდ შევუდექით ლაშქრობის სამზადისს. თუ საზღვარს
სწრაფად და უჩუმრად გადავლახავდით, ადვილად შეგვეძლო მოულოდნელად
დავცემოდით ლუარსაბ-ხანს და ტყვედ ჩაგვეგდო თავის ამალიანად, რომელთა
შორის სააკაძეც იყო. მაშინ სააკაძეს არ ვიცნობდით და ერთი უბრალო
დიდებულთაგანი გვეგონა, სხვათა მსგავსი და ფარდი. თურმე რა გველეშაპი და
ტარტაროზი გაგვიშვია ხელიდან! მაგრამ ალაჰმა ინება, რომ ის სისხლის ზღვა, რაც
მისი მუხანათობითა და ავკაცობით დაიღვარა, დაუღვრელი არ დარჩენილიყო... მე
და ომან ფაშა გურჯისტანში ნამყოფი არ ვიყავით და იქაურობას ნაკლებად
ვიცნობდით.
გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა
მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს
ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად
მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა
შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო. გურჯების
უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს
ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი
შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ
გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს
დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და
თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო,
გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება,
ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე
შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ
უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო. მე სულთნის
ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი,
ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-
მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი
არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან
უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო. ბოლოს მე და ომან ფაშამ სიტყვა იმაზე
ჩამოვუგდეთ, რაც ყველაზე მეტად გვაფიქრებდა: ლუარსაბ-ხანს, ეჭვი არაა,
საზღვარზე მეთვალყურე ლაშქარი ეყოლებოდა დაყენებული, რომელიც,
შეგვნიშნავდა თუ არა, მეფესთან მყისვე მაცნეს აფრენდა.
და გაჩუმდა. ომან ფაშამ ოქროთი სავსე ქისა აიღო, ხელში შეათამაშა, და, ეს თუ
იკმარებსო, ჰკითხა. გურჯი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ისე ვერ დამალა,
როგორც ეწადა. თუმცა თავი მაინც ყოჩაღად დაიჭირა. ჩემი მიზანი შურისძიებაა და
არა ოქროს შოვნაო, თქვა, ლუარსაბ მეფის წყალობით რომ შიშველ-ტიტველი და
ცარიელ-ტარიელი არ გადმოვხვეწილიყავი ახალციხეში, მაგ ოქროს ხელსაც არ
ვახლებდიო. მერე წვრილად, გასაგებად აგვიხსნა მენაპირე ლაშქრის
ადგილსამყოფელი. როცა დაამთავრა, წამოდგა და ხელი ქისისკენ გაიწოდა.
ომან ფაშა ჩემი გაზრდილი იყო! ქისა ზურგსუკან დამალა, თავი გაიქნია და
ღიმილით უთხრა, ჯილდოს საზღვარზე მიიღებ, როცა მენაპირე ჯართან მიგვიყვანო.
გურჯს თვალებში რისხვა გუკრთა, მაგრამ თავი შეიკავა და ესღა თქვა, გეტყობა,
ქართველი კარგად ვერ გცნობია, თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველის
სიტყვა კლდესავით მტკიცეაო.
ომან ფაშამ ქისა გაუწოდა. გურჯმა ქისა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი
ყველას დინჯად და ღირსებით, შეტრიალდა და, წელში ამაყად გამართული, მხრების
რხევით წავიდა. ახლა მხრებს უფრო ათამაშებდა, ვიდრე არხევდა. მანამდეც
შემიმჩნევია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ამის შემდეგ კი საგანგებოდ
ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ, როცა გურჯი მხრებს ასე არხევს და ათამაშებს,
ეს იმის ნიშანია, რომ სინდისი სუფთა არა აქვს. ომან ფაშა ყოველგვარ იარაღს კარგად
ხმარობდა, მაგრამ განსაკუთრებით დანის ტყორცნა ემარჯვებოდა. უყვარდა კიდეც.
გურჯი სწორედ კარვის გასასვლელამდე იყო მისული.
ერთი შეკრთა და უცბად გაშეშდა. მხრების თამაშიც წამსვე შეწვიტა, ოდნავ აიზიდა,
თითქოს ფეხის წვერებზე უნდა შედგესო. მცირე ხანს ასე იყო გახევებული,
გეგონებოდათ, რაღაცაზე დაფიქრდაო. მერე ნელა შემოტრიალდა და
განცვიფრებული მზერა ომან ფაშას მიაპყრო. ამ დროს მუხლებმაც უმტყუნეს.
თითქოს პირქვე უნდა დამხობილიყო, მაგრამ უეცრად უკან გადაქანდა და
მოწყვეტით დაეცა ზურგზე. ბეჭებში გარჭობილი დანა მკერდში გამოუვიდა.
ოღონდ ახლა ხმა შეეცვალა, რაღაც უცხო გაუხდა, ცივი და შორეული, თითქოს მისი
დაწყებული ამბავი ვიღაც სხვამ განაგრძო, – ორჯერ მოგვცა ნიშანი ყოვლადძლიერმა
ალაჰმა. პირველი ნიშანი იმ ღამეს მოგვცა, მენაპირე ლაშქარი რომ გავწყვიტეთ,
მაგრამ გამარჯვებამ ისე დაგვათრო და გაგვაბრუა, ვერ შევიტყეთ. თუ გულისყური
მუდამ გამახვილებული არა გაქვს, ზეგარდმო ნიშანი ძნელი შესამჩნევია.
ახალციხიდან ომან ფაშამ ორი მეგზური იახლა, რომლებიც ლუარსაბ-ხანის
სამფლობელოს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ერთი ქართლში ნაცხოვრები
სპარსი იყო, მეორე კი ახალციხელი გურჯი. მენაპირე ლაშქართან ბრძოლაში,
როდესაც სამი კაცი მოგვიკლეს, ამ სამიდან ერთი სწორედ ის სპარსი მეგზური იყო.
რაკი მეორე მეგზურიც გვყავდა, მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და
ალაჰის ნიშანი არ დაგვინახავს.
რაღაც უამური რომ ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი, მაგრამ რისგან იყო, ვერ გავიგე და,
ჩემდა საუბედუროდ, არც შემიწუხებია თავი, რომ გამეგო. მხოლოდ მერე, – ვაგლახ,
გვიანღა – მომაგონდა, რომ ხმა უცნაური მეჩვენა, მოგუდული, უცხო, შორეული,
თითქოს სადღაც ვიღაცის ვეება გული გამალებით სცემდა. მცირე ხნის შემდეგ
მოსახვევში ჯორზე ამხედრებული მღვდელი გამოჩნდა. თავი ჩაეკიდა და ისე
ჩაფლულიყო ფიქრებში, სანამ ჩვენს დანახვაზე ჯორი მოწყვეტით არ შედგა, არაფერი
გაუგია. ჯორი რომ შედგა, მაშინღა აიღო თავი. ოცდათხუთმეტი წლისა თუ
იქნებოდა, მრგვალი პირისახე ჰქონდა, ქერა თმა-წვერი და თაფლისფერი თვალები.
ამოდენა ლაშქარი რომ დაინახა, ფერი დაკარგა, წამით შეტრიალება და გაქცევა
დააპირა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ვერსად წაგვივიდოდა, და გადაიფიქრა.
მღვდელი ისე იყო გონებაარეული, ომან ფაშას დაპირება, ეტყობა, ვერც კი გაიგო.
`ხომ იცი, ლუარსაბ-ხანი სად იმყოფება?~ – ჰკითხა ომან ფაშამ. მღვდელი, როგორც
იქნა, გონს მოეგო, თვალებში აზრის ნატამალი გაუკრთა, მიხვდა, რას ეკითხებოდნენ,
და უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ ვიციო. მაშინ ომან ფაშამ ის სოფელი უხსენა,
რომლის სახელი მაშინ ვიცოდი და მერე დამავიწყდა, და ჰკითხა, ეს სოფელი ხომ იცი
სადააო. მღვდელმა ჯერ ომან ფაშას შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე სხვა
დიდებულებს მოავლო თვალი, თითქოს რაღაცის გაგებას ლამობსო. ბოლოს თავი
დაიქნია, ვიციო. `ძალიან კარგი, – თქვა ომან ფაშამ და ბრძანა, – მოჰგვარეთ ჯორი! –
ბრძანება რომ შეასრულეს, ისევ მღვდელს მიუბრუნდა, – აბა, შეჯექი ჯორზე,
გაგვიძეხ და პირდაპირ მაგ სოფელში მიგვიყვანე!~ მღვდელი ახლა ისე აღარ
კანკალებდა, მაგრამ ჩუმად იყო და მაშინ ვერ მივხვდით, ყოყმანობდა თუ სხვა რამეს
ფიქრობდა.
მღვდლის სიჩუმეზე ომან ფაშა, ცოტა არ იყოს, გაწყრა და ხმაში სუსხი გამოურია: `ვერ
გაიგე, გურჯო, რა გითხარი?! – მერე ისევ დაუწია ხმას და ტკბილად განაგრძო, – თუ
გაგვიძღვები და ლუარსაბ-ხანთან მიგვიყვან, სიცოცხლეს გაჩუქებ და სართად ერთ
ქისა ოქროსაც დაგიმატებ, თუ არა და დაუყოვნებლივ მოკვდები, ლუარსაბ-ხანის
ადგილსამყოფელს კი უშენოდაც იოლად მივაგნებთ~. როდესაც ეს სიტყვები გურჯთა
ენაზე უთარგმნეს, მღვდელმა ომან ფაშას შეხედა და თვალებში წამით რაღაც
ნაპერწკალი გაუკრთა. მე ეს ნაპერწკალი ოქროს ხსენებას მივაწერე და გულში
გამეცინა. მღვდელმა კი, უკვე თითქმის სრულიად დამშვიდებულმა, ომან ფაშას
შემდეგი უთხრა: `მე მაშინ მოვკვდები, როცა უფალი ჩემი ღმერთი იესო ქრისტე
ინებებს~, – და კვლავ პირჯვარი გამოისახა. ჩემი ვარაუდით მღვდელი ვაჭრობას
აპირებდა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ოქრო დაეცინცლა ჩვენთვის, მაგრამ მისმა
ყბედობამ ომან ფაშა რისხვით აავსო. სწრაფად გადაიხარა ცხენიდან, მღვდელს
წვერში წაავლო ხელი, თავი აუწია, თვალებში ჩახედა და კბილთა ღრჭენით უთხრა:
`ახლა მე ვარ შენი ღმერთი და შენი სული ჩემს ხელთაა!~ ამ სიტყვებით მისი წვერი
ერთი მძლავრად შეანჯღრია, მერე თავი კიდევ უფრო მაღლა აუწია და, როცა
მღვდელს ყელის ძარღვები დაეჭიმა, თვალები გადმოეკარკლა და სუნთქვა შეეკრა,
მაშინღა გაუშვა. `აბა, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ~.
ილოცე და დაეკითხე შენს ღმერთს. ისიც უთხარი, ომან ფაშას ასე სწადია-თქო, უფრო
იოლად გამოსტყუებ დასტურს!~ ამ სიტყვებმა ლაშქარში მხიარული სიცილი
გამოიწვია. ეეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვიყავით ოხუნჯობის გუნებაზე... მღვდელი
რამდენიმე ნაბიჯზე გაგვშორდა, პირი აღმოსავლეთით ქნა, დაიჩოქა, თვალები მაღლა
აღაპყრო და გაუგებარ ბუტბუტს მოჰყვა. ვიწრო ხეობაში ვიდექით, ქვიან, ოღრო-
ჩოღრო გზაზე. შუადღე იყო და უმოწყალოდ ცხელოდა. გზას ორსავ მხარეს
კლდოვანი ბექობი მისდევდა, რომლის თავზე მაღალი, ხშირი ტყე იწყებოდა.
უკან არც ერთხელ არ მოუხედავს. მიდიოდა უხმოდ და, რაზე ფიქრობდა, არავინ
იცის. ეეჰ, წუთისოფლის სიმუხთლევ!.. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ
ბედისწერა მიგვიძღოდა სიკვდილის გზაზე და ეს ამოდენა ლაშქარი უდრტვინველი
მორჩილებით მივდევდით უკან... მხოლოდ ერთხელ აიღო თავი. მაღალი ბუჩქების
ტევრში მივდიოდით. არც მანამ და არც მერე სხვაგან ისეთი ბუჩქები არსად
შემხვედრია და რა ჰქვია, არ ვიცი.
მაშინ ომან ფაშამ მძლავრად შეანჯღრია. ხოლო იმ დროს, როცა მე კვლავ მკაფიოდ
დავინახე, თუ როგორ აფრქვევდა სხივებს მღვდლის მზესავით მოელვარე სახე, და
თვალი დავხუჭე, რათა ეს საშინელი ხილვა წეღანდელივით მომეშორებინა, გვერდით
ისმაილ ფაშას შემკრთალი ხმა მომესმა: `დიდება ალაჰს! თვალი მატყუებს თუ ეს
გურჯი...!~ ისმაილ ფაშას სიტყვა არ დაუსრულებია, ისე გაჩუმდა, თითქოს ხმა
ჩაუწყდაო. თვალი რომ გავახილე და მისკენ მივიხედე, დავინახე, რომ
განცვიფრებითა და შეძრწუნებით მისჩერებოდა მღვდელს. ომან ფაშა კი მღვდელს
მთელი ძალით ანჯღრევდა და უკვე ყვირილით ეკითხებოდა: `სოფელი სად არის,
გურჯო?!~ მღვდელი ხმას არ იღებდა. მაშინ ომან ფაშა ყელში ეცა, ორივე ხელი
წაუჭირა, მერე ისევ გაუშვა და უეცრად მუხლებზე დაეცა. `მითხარი, გურჯო, სად
არის სოფელი. ხომ ხედავ, მუხლმოყრილი გემუდარები! ომან ფაშა, გურჯო,
მუხლმოყრილი გემუდარება! ოღონდ აქედან გაგვიყვანე და ლუარსაბ-ხანის
სამყოფელი გვაჩვენე, თუ გინდა, ნუ წამოგვყვები, ისე გვასწავლე სად არის, ოღონდ
გვასწავლე და რაც გინდა მთხოვე...~ მზე ჩადიოდა და მიწა თანდათან ჩრდილში
ეხვეოდა.
ფერდობს ჩრდილი ეფინა, ლაშქარი ჩრდილში იდგა, ჩვენც ჩრდილში ვიდექით, ომან
ფაშაც ჩრდილში იდგა მუხლებზე. სხივები მაღლა-მაღლა მიიწევდა და მღვდელსაც
ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა, მზე ახლა მხოლოდ მის პირისახესა და წაბლისფერ
თმა-წვერს ანათებდა. `მუხლებს დაგიკოცნი, გურჯო, – ევედრებოდა ომან ფაშა, –
ოღონდ აქედან გაგვიყვანე!~ მღვდელი დუმდა. `გურჯო... – კიდევ ერთხელ სასოებით
თქვა ომან ფაშამ და უეცრად საშინლად დაიღრიალა, – გურჯო!~ ზეზე წამოვარდა,
რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შეანჯღრია, მერე ფრჩხილებით ჩააფრინდა ლოყებში და
ხორცი ჩამოაფლითა. მღვდლის ლოყებზე სისხლის ნაკადულებმა იწყეს დენა.
`გაგვიძღვები თუ არა?! გვასწავლი თუ არა გზას?!~ მღვდელი არც იძვროდა და არც
ხმას იღებდა.
ომან ფაშა კი უკვე გონდაკარგული იყო. ჯერ ცერა თითი აძგერა და ცალი თვალი
ამოუგდო, მერე ყელში კბილებით ჩააფრინდა და ძიძგნა დაუწყო, თან უაზროდ
იმეორებდა: `გაგვიძღვები თუ არა... გვასწავლი თუ არა გზას...~ წყეულ მღვდელს
კრინტი არ დაუძრავს და ერთი კვნესა არ დასცდენია. მხოლოდ მაშინ, როცა ფეხზე
დგომა ვეღარ შეიძლო და ძალაწართმეული მუხლებზე დავარდა, მისუსტებული,
ძლივსგასაგონი ხმით თქვა: `გმადლობ, უფალო...~ მერე წამოდგომა დააპირა,
წამოიწია კიდეც, მაგრამ ძალა არ ეყო, გვერდზე გადაიხარა და მარცხენა მხარით
დაეცა ძირს. ომან ფაშა, როგორც გააფთრებული ნადირი, ზედ დაემხო. ამ დროს მზეც
ჩავიდა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. მღვდელი და ომან ფაშა ახლა უკვე
ჩრდილებადღა ჩანდნენ.
ახლა, თუკი ხსნა ჯერ კიდევ იყო, იმაში იყო, რომ ლაშქრობაზე ხელი აგვეღო და
დაუყოვნებლივ ახალციხეში დავბრუნებულიყავით. მაგრამ ომან ფაშამ ჩემი რჩევა
შორს დაიჭირა. ეგებ ვერც მე ვურჩიე ბეჯითად. მართლაცდა, ვინ იცის, რა სჯობდა:
ვიღაც ბანჯგვლიანი გურჯის ხელით მომკვდარიყო და მისი მშვენიერი თავი
ლუარსაბ-ხანს სპარსეთის შაჰისთვის მიერთმია, თუ დამარცხებული და
სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო ახალციხეში, როგორც ფრთებდაჭრილი არწივი,
რომელსაც ცის ლაჟვარდებში აფრენა აღარ უწერია?.. ეჰეი, ომან ფაშავ, ჩემო იმედო
და ნუგეშო, როგორ წავაგეთ თავი!.. ვინ იცის, თავისი ქვეყნის ერთგული ერთადერთი
გურჯი ბოგინობდა მთელ იმ არემარეზე და მაინცდამაინც ჩვენ გადავაწყდით!..
მომყევითო, ომახიანად დასჭექა ომან ფაშამ და გაბოროტებული და დიდებული
ფიცხლად მოახტა ცხენს...