You are on page 1of 42

#მეჩეთში რომ ვართ, კვლავ ლოთები

განა არა ვართ,


განა ალაჰის იმედების
ანაბარა ვართ?
აქ ერთ დღეს მოლას სალოცავი
ნოხი მოვპარეთ,
ისევ მოვედით ახალ ნოხის
მოსაპარავად.

#ვინ გადაურჩა უცოდველი


დღეების დენას,
ვინც არ შესცოდა, როგორ შესძლო
მან თავის რჩენა?
მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო,
ცუდად რომ მიხდი, -
შე დალოცვილო, ღმერთი ხარ, თუ
კაცი ხარ შენა?!

#მოთმენა ჩემი ღვინის ნდომით


უკვე იძლია,
ასეთი ვიყავ, ხასიათი
არ შემიცვლია.
ვეტრფი იმ წუთებს, როდესაც მწდე
მომაწვდის ღვინოს,
მაძალებს, მაგრამ მე დალევა
არ შემიძლია!

#თავს ვიმტვრევდი, ამოცანა


ვერ ამეხსნა ძნელზე ძნელი:
სუყველაფერს რა სჯობს ქვეყნად,
ახალია ის თუ ძველი?
ბრძენმა ყურში მითხრა: “რა და,
ხელით გეპყრას ქალის წელი
და გაგრძელდეს ერთი ღამე
ისე, როგორც ერთი წელი.”

#ვიღაც ოხერს და მამაძაღლს


ხოტბა სანამ უნდა უძნო,
ბუზი არ ხარ, საჭმელისთვის
მიეკედლო ვიღაც უცნობს.
იშიმშილე, შვილო, მაგრამ
მონად არვის არ დაუდგე,
სხვისი პურის ჭამას გიჯობს
შენი გულის სისხლი წუწნო!

<>#ღვინო მინდა!… როცა ჩემს წინ


ჯამით ღვინო არის,
მე მგონია ჩემი თავი
დიდებულთა გვარის.

#ო, ვის უნდ, რაში უნდა,


ყოფნა ამისთანა!
ერთი მოდის, მეორისთვის
ილესება დანა.
ჩვენი ბედი რომ იცოდე,
არშობილო ჯერე,
ქვეყანაზე დაბადებას
ისურვებდი განა?!

#მთვრალმა ბულბულმა გვინახულა


ბაღჩაში ჩვენა,
იხილა ჩვენი სიცილი და
კბილების ჩენა.
მოვიდა ჩემთან, მიჩურჩულა
ყურებში ჩუმად:
- წარსულ სიცოცხლეს ვერ აღიდგენ,
გაიგე შენა!

#არ ხამს გულებში მოწყენის ხემ


გაიდგას ფესვი,
მოდი, ვიკითხოთ წიგნი გულში
სიამის მთესი.
ხომ იცი უკვე, ჩვენი გზები
საით ყოფილა?
მაშ რას აყოვნებ, დრო ვატაროთ,
ჰა, ღვინო, შესვი!

#როგორც ჩქარი ნიაღვარი,


როგორც ქარი ველთა
გაქცეულან დღენი ჩვენი,
რაღა დაგვრჩა ხელთა.
სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლი
ორთა დღეთა გამო:
დღეთა ჯერეთ მოუსვლელთა
და წარსულთა დღეთა!

#თენდება და მამალიც
ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე
განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან
ჩვენი ყოფნის დღეები,
მთელი ღამე წასულა,
ჩვენ კი არ გაგვიგია.

#ბედი ჭადრაკს თამაშობს,


ჩვენ კი ვგავართ პაიკებს.
ტყუილს კი არ გეუბნები,
მართალს ვამბობ გაიგე!
მთელი ჩვენი ცხოვრება
ერთი სათამაშოა,
დღე მოვა და აქედან
გუდა-ნაბადს აიკრეფ!

#ეცადე არვის ესროლო


ღვარძლის ლოდი და გუნდა,
გული საკუთარ ნაღველში
ამოგეგუდოს თუნდა.
მუდამ ეცადე, სიხარბე
რომ დაიოკო შენი.
უნდა ჯვარს ეცვა, მაგრამ სხვას
ვნება აშორო უნდა!

#როცა მოვკვდები, ანდერძს ვწერ,


ღვინით დამბანეთ მკვდარი.
შენდობაც ღვინით მითხარით,
ესეც ანდერძი არი.
და თუ მეორედ მოსვლის დღეს
ძებნას დამიწყებთ, ძმებო
მეძებეთ, სადაც აბია
ღვინის სარდაფის კარი.

#რადგან ხვალის იმედები


არ გვაქვს, მხოლოდ დღეს ვართ,
ნუ ვიდარდებთ, არ ეგების
წუხილი და კვნესა.
ჯობს ღვინო ვსვათ მთვარის შუქზე,
მთვარევ, რადგან მთვარე
კვლავ ამოვა, მაგრამ ჩვენ კი
ვერ გვიპოვის ვერსად.

#ბედისწერის ქვეშ დავყავი


ქვეყნად დრო და ჟამი,
დარდი ვეღარ მოვიცილე
თუნდაც ერთი წამით;
აფსუს, აფსუს, ვერ ავხსენი
გამოცანა სოფლის!
მივდივარ და თან მიმყვება
ნაღველი და შხამი.

#როცა არ ვსვამ, მისივდება


ნაღველისგან გული,
გულს ნაღველი ეშორება,
როცა ვსვამ და ვთვრები.
(ლოთის ფსიქიკა)

<>#ყურანი ხომ ღვთის წიგნია


და მორწმუნე ამ წიგნს
შიგადაშიგ თუ კითხულობს,
მე, ურწმუნო კაცი,
მის წარწერებს ვეწაფები
(როცა ღვინოს ვწრუპავ)
ჩამწკრივებულს ღვინის თასის

#ბატს შემოჩივლა ერთხელ თევზმა


გვალვაზე მწყრალმა:
“ამ ჩვენს გუბეში მოიმატოს
ნეტავი წყალმა!..”
ბატმა მიუგო - “ჩვენ თუ შეგვწვეს
მანამდე, კარგო,
ქვეყანა თუნდა წარღვნამ მოსპოს,
თუნდ ცეცხლის ალმა”.

<>#ვინც მხოლოდ
ღვინის სახელს ფიცავს, -
მას არა აქვს არც იმედი
და არც დასჯის შიში,
გაეთიშა იგი ჰაერს,
წყალს, ცეცხლსა და მიწას.

#გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა


მეგობარი გყავდეს,
ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს,
ვინც კი დაგიზავდეს,
იქნებ ხალხში ის გფიცავდეს
მეგობრობას ნამდვილს,
ნამდვილად კი მტერი იყოს,
საქმით დუშმანს ჰგავდეს.

#იმ სასახლეში, სადაც ბაჰრამს


ეჭირა ჯამი,
დღეს ტურფა ჰკივის. ხედავ, როგორ
იცვალა ჟამი!
ჰმ, იმ ადგილას, სანადირო
რომ ჰქონდა ბაჰრამს,
დღეს მიწას დარჩა სანადიმოდ
ბაჰრამის გვამი.
<>#მოვიდა ნამი და ბალახი
აცრემლდა ნამით.

#ვარსკლავთმრიცხველმა კაცის ბედზე


არა რა იცის.
ჩალის ფასია ფასი თვითონ
ცისა და მიწის.
იხარე, ქვეყნად ორიოდე
დღე ცოცხლობ მხოლოდ,-
ბოლოს და ბოლოს არაფერი
არ არის ისიც.

#მერგუნა ქვეყნად მწუხარება,


დარდი და ძრწოლა,
მოვა დრო, მოვა სიკვდილი და
საფლავში წოლა.
ეს ორიოდე დღე რომ ვცოცხლობდთ,
ვილხინოთ მოლზე,
სანამ ჩვენ თვითონ გარდვიქცევით
მიწად და მოლად.

#მე ღმერთმა შემქმნა, როგორც იმას


ჰქონია წესად,
უნდა სცოდნოდა მას თავიდან,
რა თესლი სთესა.
მე რომ ვცოდავდი, განა ღმერთმა
ეს არ იცოდა?!
მაშ, ახლა რატომ მემუქრება?
რასა ჰგავს ესა!
#საცოდავია, ვისაც ტრფობის
ჭირი და სნება
არ განუცდია, არ ჰქონია
ამისგან ვნება.
ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია
უსიყვარულოდ,
- მე ვცხოვრობდიო, - მას ამის თქმის
არა აქვს ნება.

#მოიტა ღვინო! მეფეთ მეფე


ღვინოა ჩვენი.
ავმღერდეთ ისე, - დავითის ქნარს
ადარონ სმენით.
არც მომავალზე, არც წარსულზე
არც ერთი სიტყვა!
ვიმხიარულოთ! მიზანი ხომ
ეს არის ჩვენი.

#იმის ნაცვლად, მცირე სიბრძნე


რომ მესწავლა თუნდა, -
მომაღორა ბედმა უნდომ
და ტყუილის გუდამ.
ეჰ, წლები, რაც უმიჯნუროდ
და უღვინოდ გაქრა,
აფსუს, ქვეყნად არსებობად
ჩამეთვალოს უნდა!

#სისულელეა ყველა რჯული


და ყველა რწმენა.
ბევრს კი ამაოდ ეცვითება
მუხლი და ენა.
აბა, მე გკითხავთ, თქვენ მითხარით:
- საიქიოში
ვინ წარიწყმიდა, ან ვის ერგო
სამოთხის ლხენა?

#ის, ვისი ნებით ქვეყნად შენი


გაჩენა მოხდა,
ისე მოგაშთობს, არ სჭირდება
ბოდიშის მოხდა.
ადექ და ღვინით მოირეცხე
ნაღველი, გულის
ადექ და გულში ჩაიხუტე
გოგონა კოხტა!

#გვსურს თუ არა, გვსურს, ერთ დროს ყველა


დავხუჭავთ თვალებს.
წავალთ ამ სოფლით და წავიღებთ
ქვეყნიურ ვალებს.
დავლიოთ ერთად, მეგობრებო,
დავლიოთ ერთად!
ამ ქვეყნად გვიან მოვდივართ და
მივდივართ მალე.

#ჭეშმარიტება რომ შევიცნოთ,


ცოდნა არ გვყოფნის.
სისულელეა ფიქრი ამის
იმედზე ყოფნის.
მოდი, ძმობილო, დალიე და
დათვერი მაინც
არც ფხიზელს ძალუძს საიდუმლო
შეიცნოს სოფლის.
#ომარ, როგორ გეკადრება,
ინანებდე ცოდვებს,
რას მოიგებ დასჯის შიშით
რომ თრთოდე და ძრწოდე.
შენდობა ხომ ქვეყანაზე
ცოდვილთათვის არის,
შეგინდობენ. შენც ხომ მხოლოდ…
შენ ხომ მხოლოდ სცოდე!

#ბევრმა ქვეყნის შესაცნობად


გზა ვერ ნახა სწორი.
განა ცოტა დაბნეულა,
განა ერთი-ორი.
შენ ხომ იცი, ბოლოს მაინც
ცივი მიწა გველის,
დანარჩენი ყველაფერი
ჭორი არის, ჭორი!

#ერთმა ბრძენმა მომიწამლა


ერთხელ ძილი ტკბილი.
მითხრა: - “ძილში ვის უნახავს
მისი ვარდი შლილი.
რა უნდა ქნა შენ ისეთი,
რომ გადურჩე სიკვდილს.
შესვი! გელის სამარეში
სამუდამო ძილი”.

#დარდი შხამია, თრიაქი კი


ღვინოა მხოლოდ.
სვი ეს თრიაქი და შენს დარდებს
მოუღე ბოლო.
დაჯექ მწვანეზე, თორემ ისიც
კაცი ყოფილა.
დამიდასტურეთ, - ხომ ასეა,
მიწავ და მოლო?

#ჰე, ნოვრუზმა დილას ნამით


დაუბანა პირი,
დაამშვენა ეს ქვეყანა
ტრიალი და მწირი.
დაჯექ მოლზე და შენდობით
მოიგონე კაცი,
გუშინ შენებრ მოქეიფე
დღეს ბალახის ძირი.

#ვარდობის თვეში კარგი სუფრა


და ჩრდილში ლხენა,
გვერდობით კი ტურფა! ო, ამ სიტკბოს
ვერ იტყვის ენა.
აბა გასინჯე! ჯოჯოხეთი
შენ არ შეგაკრთობს
და არც სამოთხე მიგიზიდავს,
მერწმუნე შენა!

#გვერგო ცხოვრება აბეზარი,


მლაშე და ფლიდი.
გვაქვს ცრემლის გუბე, ჯეიჰუნის
წყალივით დიდი.
ვარამი ჩვენი ჯოჯოხეთის
ცეცხლის მსგავსია.
სამოთხეში ვართ, წუთით მაინც
თუ დავრჩით მშვიდი.

#ვარდი ამბობდა: “ჩემებრ ტურფა


და გულის მძვრელი
ქვეყნად რა არის, მაგრამ მაინც
დაჭკნობას ველი”.
ბულბულმა უთხრა: “აბა, ერთ წელს
ვის უცინია,
ისე, რომ შემდეგ არ ეტირა
მრავალი წელი”.

#ლოთებს ელისო ჯოჯოხეთი


გულის მზარავი,-
მეც საყვედური ბევრი მითხრეს
დაუფარავი.
- როგორ? ჯოჯოხეთს ლოთს და მიჯნურს
თუ აგზავნიან,
მაშ სამოთხეში ვინ ჰყოლიათ?
- მგონი არავინ.

#მე არ ვიცი, რით გავჩნდი,


ეს მასალა რისია,
ჩემს იღბალზე მზე ნათობს,
თუ ნამდვილად ნისლია.
ღვინო, ქალი, ბარბითი,
მე ეს ნაღდი მომეცი
და თუ გინდა, აიღე
შენ სამოთხე - ნისია.

#განა მიტომ ვსვამ, რომ ვიგემო


სიტკბო და შვება,
ან დავივიწყო ჩემი რჯული,
დარდი და ვნება?
- არა! მე მინდა წუთით მაინც
ჩემს თავს მოვშორდე,
თავდავიწყება მენატრება,
თავდავიწყება!

#დალიე-მეთქი! შავ მიწაში


მოგიწევს ძილი.
არც მეგობარი, არც მოკეთე,
სატრფო თუ შვილი!
გეტყვი სიმართლეს, არ დასჭირდეს
დავა და ცილი:
- დამჭკნარი ვარდი ვერ იხილო
ხელახლა შლილი

#რაც არ უნდა აძაგონ,


ვამბობ, - ღვინო კარგია!
ვინც კი ამას უარყოფს,
ჭკუა დაუკარგია.
ზოგჯერ რასაც კრძალავენ,
სწორედ იგი გვჭირდება
და რასაც არ კრძალავენ,
ის არაფრად გვარგია.

#არც სინაგოგა, არც მეჩეთი,


არც ეკლესია, -
არ მწამს არც ერთი, მათი გმობა
ჩემი წესია!
მე არც სამოთხის იმედებით
ვყოფილვარ ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთის მოლოდინით
დამიკვნესია.

#თუკი გული სიყვარულით


არ გედაგვის შენ აქ,
სულერთია, რაც არ უნდა
გქონდეს ქვეყნად რწმენა.
ვინც მიჯნურთა დავთარშია,
არ მოელის იმას
არც წარწყმედის განსაცდელი,
არც სამოთხის ლხენა.

#ყველა, - მოხუცი თუ ჭაბუკი,


- უკლებლივ ყველა,
მიდის იმ ქვეყნად, ზოგი ჩქარა
და ზოგი ნელა.
ო, ეს ბებერი საწუთრო რომ
არავის ინდობს!
მოვალთ და მივალთ, სიკვდილისაგან
არა გვაქვს შველა.

#ო, ეს ჯამი ერთხელ რომ


მოწიწებით გამოწვეს,
დამსხვრეულა და გზაზე
სწორედ ამის გამო ძევს.
ფრთხილად, ფრთხილად, თუ ძმა ხარ,
ხედავ, თავის ქალას ჰგავს.
ის, რომ ერთ დროს ეს კაცი იყო,
ამას ესეც ამოწმებს.

#მაშინ, როცა ხესავით


მოვითხრებით ძირით,
დავიშლები სნეული
ათასგვარი ჭირით, -
ჩემგან სურა გამოწვით
და თუ გინდათ აღვდგე,
მასში ღვინო ჩაასხით,
ჩემზე ნუღარ სტირით!

#ის, ვინც იშვა და იგრძნო სოფლის


ღელვა-დუღილი.
ხან ერგო ლხენა, ხან - დარდი და
გულის წუხილი, -
ერთხანს ხარობდა, მაგრამ შემდეგ
ისე დადუმდა,
და ისე სძინავს, ვერ აღვიძებს
ჭექა-ქუხილი.

#ჩემი გაჩენით სარგებელი


ღმერთს არ ჰქონია,
ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს,
არა მგონია.
მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს
არვინ მაძლევს, -
ეს წასვლა-მოსვლა მას რა მიზნით
მოუგონია?!

#კმაყოფილი არა ვარ


ამ განგებით ავითა,
ჩამოგვართმევს სიცოცხლეს,
გვტანჯავს წყლულით მწვავითა.
ვერვინ ვნახე ამ ქვეყნად
იმ ქვეყნიდან მოსული,
ვკითხო, - საით წავიდა,
ვინც აქედან წავიდა?

#ბედმა ბევრი ჩვენისთანა


აჭრა, როგორც დარგო.
თავის ბედზე მწუხარება
აბა ვის რა არგო?
აბა, ერთი ამივსე და
მომაწოდე აქეთ,

#შესვი, თორემ გაუჩნდება


გულს წყლული და კეთრი,
რას გიშველის, უბედურო,
შენ ოქრო და თეთრი.
შესვი, თორემ, სულერთია,
შენი მტერი დალევს,
შესვი, სანამ გაცივდება
შენი ცხელი მკერდი.

#ბევრი ცოდნა შევიძინე,


ბევრი ვტეხე ღამე,
ბევრი სიბრძნე შევიცანი,
ძლიერ ბევრი და მე
მოვიპოვე ამის გამო
იმოდენა ცოდნა,
რომ მივუხვდი - ქვეყანაზე
არ მცოდნია რამე.

#ძმებო, მუდამ, როცა გექნეთ


ერთად შეყრის დღენი,
იქეიფეთ და ეს საქმე,
ვაჟკაცური ჰქენით:
როცა ღვინოს ერთად სვამდეთ,
მოგვიგონეთ ჩვენცა,
მოგვიგონეთ და დალიეთ
შესანდობი ჩვენი.

#რაც ამ ქვეყნად კი გვებადა,


თვალით მიგვეფარა,
რაც არ გვქონდა, იგი ხომ სულ
არ არის და არა.
ცხოვრებაზე ნუ იდარდებ,
დარდად არ ღირს იგი.
მხნედ იყავი, სულერთია,
რაც გაქვს, ისიც კმარა.

#შეხეთ, მკვდრები რომ გამხდარან


დღეს მიწა და მტვერი,
შეუცვლიათ ხასიათი,
შეუცვლიათ ფერი.
ვაი, ვაი, რა ღვინო სვეს
იმისთანა, რომ დღეს
ყველაფერი დაივიწყეს,
თითქმის ყველაფერი.

#კაცის წამებსა მის შეძლებას


აღმატებულა,
ღმერთმა თავიდან ის სიკვდილით
ავალდებულა.
ნეტავის იმას, ვისაც ქვეყნად
არ უცხოვრია,
ნეტავი იმას, ვინც სულაც არ
დაბადებულა!

#დალიე ღვინო, თუ გსურს იყო


უკვდავი მარად,
თუ გსურს, მოხუცი გადაიქცე
ჭაბუკის დარად.
შესვი და გულ-ღვიძლს მწუხარების
ცეცხლი თუ გიწვავს, -
მის დასაქრობად ღვინის ერთი
ფიალა კმარა.
#გატეხე მარხვა, შიში ნუ გაქვს,
გაბედე, ჰქენი!
აჭამე მშიერს, ამას ითხოვს
კაცური ზნენი.
ნუ შეურაცხყოფ კაცს გულმართალს
საქმით და ენით,
განკითხვის დღეს კი მე ვიქნები
თავდები შენი.

#რამდენხანს გაძლებ შენ, ათასი


წელი თუ ასი,
სულერთი არის, ამას მაინც
ერთი აქვს ფასი.
გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი
გლახაკი ბაზრის,
შე საცოდავო, მაინც წახვალ,
არა აქვს აზრი!

#ცისკრის ნიავმა დაუხია


სიბნელეს კალთა,
აბა, წამოდექ და დალიე
შავთვალა ქალთან.
დალიე, ძმაო, ბევრჯერ მოვა
ქვეყნად ცისკარი,
მაგრამ ჩვენ თვითონ არ გვექნება
სინათლე თვალთა.

#ომარ ხაიამ, ბედს არა აქვს


კდემა და რიდი.
შენი დათრგუნვა მისთვის საქმე
არაა დიდი.
სვი ბროლის ჭიქით მანამ, სანამ
ბროლს სიცოცხლისას
სიკვდილის ხელით არ დაგიმსხვრევს
განგება ფლიდი.

#მიწის გულიდან ცის თაღამდე


როგორც მისანი,
ქვეყნის შეცნობას შევდგომოდი,
მქონდა მიზანი.
მე შევიცანი საიდუმლო
ცისა და ქვეყნის,
მაგრამ სიკვდილის საიდუმლო
ვერ შევიცანი.

#შესვი, ბედს ნუ ენდობი,


ან იმისი გჯერა კი?
შესვი, თორემ სიკვდილის
ქარიშხალი ვერაგი
ცდილობს, როგორც დაფხრიწა
მან პერანგი ვარდისა,
ისე შემოგვაფხრიწოს
ჩვენც სიცოცხლის პერანგი.

#გულს ნურასდროს მიაკარებ


ვარამსა და სევდას.
ღვინო სვი და სევდა მაშინ
რაღას გაგიბედავს.

#კაცს იმორჩილებს ღვინის გემო,


სიტკბო და ყანდი.
ღვინის დალევით იფუშება
ყოველი ფანდი.
ღვინო რომ ეშმაკს დაელია,
მგონი მისთვისაც
ფეხთ გაეყარა მორჩილების
ხუნდი და ბანდი.

#ზეზე წამოდექ, გვსტუმრებია


ნათელი დილის.
ბროლის ფიალა შენც აივსე
ლალისფერ ღვინით.
სიკვდილის შემდეგ ვერ იპოვი
შენ ამ სიხარულს,
რასაც განიჭებს უბადრუკი
ცხოვრების ლხინი.

#საქმეს ვაებით ვერას შველის


ჭირის მნახველი,
ვინც ჯაფას გასწევს, გონიერის
მას აქვს სახელი.
იცხოვრე ლაღად, გულს ნურასდროს
ნუ შეიჭირვებ.
ოხვრა-წუწუნით არ მცირდება
დიდი ნაღველი.

#დილა მოდის, ღვინით შევხვდეთ,


დილა ბევრჯერ მოვა,
მაგრამ ქვეყნად არ იქნება
ჩვენი ყოფნის კვალი.
#თენდება უკვე, ღვინოს ვითხოვ,
ბროლებს და ლალებს.
სულელი არის, ვინც სახელზე
სწუხს და ვალალებს.
ამ ქვეყნად, ძმებო, ძალიან ბევრს
ნუ მოვისურვებთ,
მოდი, დავჯერდეთ ღვინოს, ჩანგს და
ქალის დალალებს.
#ჩვენ ხანის გვირგვინს და ქეის თაჯს
ღვინოზე ვყიდით,
სამეფო სკიპტრა ჩვენთვის ნივთი
არ არის დიდი.
ჩვენ ერთი ჯამი ღვინო გვინდა
იმაზე უფრო,
ვიდრე ლოცვები ღვთის წინაშე,
ვედრება ფლიდი.

#ბედის ბადეში ვართ გაბმული,


მწერივით ვკვდებით.
ო, ჩვენი გული ითანგება
ჭირით და სნებით.
ვაიმე, ვაი! ჩვენი ნებით
აქ არ მოვსულვართ,
და არც აქედან არ მივდივართ
ჩვენ ჩვენივ ნებით.

#რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა


ადამის ძისა,
მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი,
დავცემდი ძირსა
და სხვას შევქმნიდი, რომ ხალხს ეგრძნო
თავისუფლება,
რომ ქვეყნად ბოლო მოიღებოდა
ვარამს და ჭირსა.

#როცა სიკვდილი მოვა და მე


მომიგრეხს კისერს,
ერთი სურვილი შემისრულეთ,
დარდებს ნუ ისევთ:
ჩემი მიწიდან ღვინის დოქი
გამოწვით და შიგ
ღვინო ჩამისხით! გავცოცხლდები
მე ისევ მყისვე.
#ზამთარს ზაფხული ცვლის და თუმცა
საწუთრო ნინვლობს,
სიცოცხლის ჩვენის დღე ილევა,
მზე ჩვენი კნინობს.
დალიე ღვინო და კაეშნით
ნუ ილევ დღეებს! -
ყველა წუხილის წამალია,
მერწმუნე, ღვინო.
#არ გინდა, სულო, სულ ამ სოფლის
ჭირზე ვალალი;
ნურც წინაპართა ვარამს ებრძვი
გულით ალალი;
დალიე ღვინო, თორემ - ხედავ? -
დღეები ჩვენი
ისე მიჰყვება ნიავს, როგორც
ქალის დალალი!
#აი, ეს მიწა, ცხოველები
ზედ რომ მიდიან, -

#ნუ ჩამოგტირის სულ ცხვირ-პირი,


მუდამ ნუ კვნესი!
რას იზამ, სოფელს ამისთანა
ჰქონია წესი.
ჩემს და შენს საქმეს არც მე და შენ
გვკითხავენ, ძმაო,
რაც გვაწერია შუბლზე, უნდა
გარდაგვხვდეს, გესმის?

#ერთ ჩემს ნაცნობ მედოქესთან


ვიყავ გუშინ დილას.
ჯერეთ მიწა მოთხარა და
მერე ფეხით ზილა.
მას ფეხებქვეშ აუყვირდა
მიწა: - “ჰეი, ძმაო,
მეც შენსავით კაცი ვიყავ
ერთ დროს, ცოტა ფრთხილად!

#მათ, ვითომ სოფლის რომ შეიცნეს


ავი და კარგი,
ცოდნის ჩირაღდნით გაგვიშუქეს
ყოველი დარგი,
ვერა და ვერა, ვერ მიაგნეს
ჭეშმარიტებას,
ზღაპრები ბუქეს და იმ ქვეყნის
წაიღეს ბარგი.

#სანამდის ბოღმა მოგახრჩობდეს,


(იყავი მარდი!) -
მოატანინე ძელგი ღვინო
ფერად ვით ვარდი;
ოქრო არა ხარ, ჯიგარო, შენ,
დაგმარხონ ჯერე
და ამოგთხარონ მერე. შესვი,
მოიკალ დარდი!

#სულ გამიხუნდა სიჭაბუკის


ხასხასა წიგნი;
ისე გამიხმა ყრმობის ბაღი,
ვერ ვიშვებ შიგნით;
გაფრინდა, გულში სიხარულის
ჩიტი რომ მეჯდა
(საიდან მოდის ან სად მიდის,
ვინ მეტყვის, იგი?).
#გულმოწყალეო, შენი ძალა
არის სიკეთე, -
სამოთხის ბჭენი რად ჩარაზე,
რა გამიკეთე?
თვინიერი რომ მოგეწონოს,
ეგ რა მადლია?
ცოდვილს მიწამლო, შემეწიო,
- აი, სიკეთე!

#ღვინო ჩააქრობს
ქედმაღლობას მზვაობარისა,
მას ძალუძს მხოლოდ გატოლება
მთის და ბარისა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც
რომ დაელია,
ერთგული კაცი იქნებოდა
მეგობარისა.

#იგი, ვინც ქმნიდა ცისა ფერს


და მწვანე მთა და ბარს,
მანვე ნაღველი მოგვაგო
და გვითანდათანა,
მანვე ჩაჰყარა მიწის გულში
ლალის ბაგენი,
ხოლო თვალები მტვრადა ჰყო
და ქარს გაატანა.

#თავზე დაგვნათის უსაზღვრობა


მაღალი ცისა
და უცნაურად ანთებული
შუქურა მზისა,
ხოლო ჩვენ, მისგან მოქცეული
შუქის ნათელში
ვცახცახებთ, როგორც აჩრდილები,
წინაშე მისსა..

#ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა,


არ არსებულა
რადგან ყოველი დაქცეულა,
არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად
ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიე
არ არსებულად.

#ღვინის მდინარე, ფერიები


და ლხინის ტახტი,
მითხრეს, გელისო სამოთხეში,
თუ ღირსი გახდი. 
ამივსე თასი წმინდა ღვინით
და მომაწოდე,
ათას ნისიას მირჩევნია
ეს ერთი ნაღდი.

#თუ ვარ ფხიზელი, გაშლილი მაქვს


ფიქრის დავთრები,(აფრები)
დავლევ და ჭკუა არ შემრჩება,
ისე დავთვრები;
თუმც არის წუთი
სიმთვრალეს და სიფხიზლეს შორის,
როცა საწუთროს მე არაფერს
არ ვემართლები

#სარდაფში გვიხმეს,
განთიადმა როცა იალა,
მოქეიფენი, ვინც სასმელმა
გაგვატიალა,
ადექ, აავსე ეს ფიალა
მჩქეფარე ღვინით,
მანამდის, სანამ ჩვენ ვქცეულვართ
ღვინის ფიალად.

#ერთი მოვიდა, სხვა წავიდა,


ერი და ბერი,
არავინ იცის საიდუმლო,
ბინდით ნაფერი,
ჩვენი ბედისა არრა ვიცით,
ამ მცირეს გარდა,
ღვინის სარწყავი ჯამები ვართ,
სხვა არაფერი.

#გზა გამიმრუდდა და ცხოვრება


ჩემი ბნელია,
სიმშვიდე გაჰქრა,
კაეშანში ყოფნა ძნელია,
დიდება უფალს, რადგან ქვეყნად
ნაღველი მაინც
სახვეწი არ მაქვს
და ადვილად საშოვნელია.

#ქვეყანა ნახე და რაც ნახე


- არაფერია,
რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე
- არაფერია,
გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე
- არაფერია,
თუ გინდ ქვეყანა გადალახე
- არაფერია.
#ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს,
ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი,
ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ:
მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ,
დალიეო, რას ქადაგებ.

#ერთ დროს ეს ჩემი ხელადა,


ალბათ, ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი
ბორკავდა ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად,
ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია,
ლაღად და უდარდელადა.

#შეეშვი ლოცვას,
დაეხსენი რწმენის მარწუხებს
იყავ კეთილი
და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ.
მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად
როცა წარვდგებით,
იქ, სამსჯავროზე, 
შენს მაგივრად მე ვუპასუხებ.

#ყვავილის ღაწვზე
გაზაფხულის ნამი სჯობია,
ბაღნარში ქალთან
სალაღობო ჟამი სჯობია,
გუშინდელ დღეზე ნუ მოჰყვები
სევდას და ნაღველს,
მთელ გუშინდელ დღეს
დღევანდელი წამი სჯობია.

#იმხიარულე და ცხოვრება
გაილამაზე,
დრო რომ იცვლება,
ნუ ინაღვლი, ძმაო, ამაზე,
ქვეყნად ყოველი მარადისი
რომ ყოფილიყო,
არ გაჩნდებოდი არასოდეს
ამ ქვეყანაზე.

#ვიდრე ინაღვლო,
მართალ გზაზე შესდექ თუ არა,
შენი ცხოვრება
გამოიღებს შედეგს თუ არა,
ღვინით აღავსე ეს ფიალა,
რადგან არ იცი,
ამოისუნთქებ ამ ჩასუნთქვის შემდეგ
თუ არა.
.
#მარადისობას ვერ შევიცნობთ
მძიმე წიგნებით,
ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ
გზათა მიგნებით,
ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა
ვმსჯელობთ და ვდაობთ
და ოდეს ფარდა აიხსნება,
აღარ ვიქნებით.

#გუშინ ბაზარში ჩავიარე


და მეცა ელდა,
მექოთნე ვინმე მიწას ფეხით
უხეშად ზელდა,
გმინავდა მიწა:
მეც შენსავით კაცი ვიყავი,
ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს
სიმრავლე წელთა...

#რომელმან შეჰქმნა ეს სამყარო


და ცის თაღები,
თავის ქმნილებებს არსებობას
უსპობს განგებით.
თუ ცუდად შეჰქმნა,
ვის მიუძღვის ამაში ბრალი?
და თუ კარგია,
რაღად ამსხვრევს მათ ხელაღებით?

#სულს გაეყრები,
ვერ გაიგებ ვინა ხარ, რა ხარ,
ღვთის საიდუმლო ფარდის იქით
ვერაფერს ნახავ,
დალიე ღვინო, ვინ რა იცის,
საიდან მოხველ,
ლაღად იცხოვრე, ვინ რა იცის,
საითკენ წახვალ.

#ამბობენ, რომ ჯოჯოხეთში


იქნებაო კრული
ყველა ლოთი და მიჯნური,
ვინც შელახა რჯული,
ეს რომ მართლა ასე იყოს,
მაშ სამოთხე ხვალვე
ისე დაცარიელდება,
როგორც ხელისგული.

#ნუ ნანობ ცოდვებს,


არას გარგებს უიმედობა,
ტყუილუბრალოდ ცრემლების ღვრას
ნურვინ ენდობა,
ვინც არრა სცოდა,
რაღად უნდა შენდობა იმას,
იცოდე, მხოლოდ ცოდვილთათვის
არის შენდობა.

#ზოგი ლოცვაში დღე და ღამე


იყო ტყვედქმნილი,
ზოგმა ლოთობა აირჩია
და ღვინო ტკბილი,
ახლა იმათგან ქვეყანაზე
არ დარჩა არვინ
ყველას უჩუმრად მოერია
მარადი ძილი...

#შენ მოწყალე ხარ,


მოწყალება არის სიკეთე,
სამოთხის კარი ცოდვილთ
რაღად გამოგვიკეტე,
მორჩილს თუ მინდობ,
ვერაფერი მოწყალებაა,
ცოდვილს შემინდო,
ამაშია, ღმერთო, სიკეთე.

#იცოდე, ქალთან ლოთობა


და ალერსი თუნდაც,
სჯობს, ვიდრე ბერის თვალთმაქცობა
დაიდო ხუნდად,
თუ ღვინის მსმელებს
ჯოჯოხეთში მოუწევთ ყოფნა,
მაშინ ცარიელ სამოთხეში
ვის რაღა უნდა.
#რადგან ჩვენს დროში არვინ ფასობს
ჭკუა-გონებით,
მხოლოდ უგნურნი ნებივრობენ
ქვეყნის ქონებით,
მომეცით ღვინო, ისეთი,
რომ ჭკუა წამართვას,
ბედი მომხედავს
და უთუოდ მოვეწონები

#მე და ღმერთს მსგავსი სურვილები


არა გვქონია
და რაც ვისურვე, რომ აღსრულდეს
არა მგონია,
თუ ჭეშმარიტი სიმართლეა,
რაც მან ინება,
მაშ, მე ყოველი
მის საგმობად მომიგონია.

#მან, ვინც სიყვარულს ვერ გაუგო


გემო და ფასი,
დე მკიცხოს, არც მსურს განვუმარტო
ამ სიტყვის არსი.
ეშხის შარბათი წამალია
მხოლოდ ვაჟკაცთა,
უღირსთ სარგებელს არ მოუტანს
ეს ჩემი თასი.

#მე ამქვეყნიურ ხუნდებს თავი


ვერ დავაღწიე,
მომძულდა ყოფნა, ვგრძნობ, ჭაპანი
ფუჭად გავწიე.
თუმც ამ საწუთროს შეგირდად ვარ
დიდი ხანია,
მის ხელობაში ოსტატობას
ვერ მივაღწიე.

#ვჭვრეტ მტვრის საფარქვეშ


მიძინებულთ იდუმალებას,
ჩავცქერ მიწას და ვხედავ შიგნით
რაც იმალება,
არარაობის უძირო ჯამს
ჩაშტერებული,
გარდასულთა და მოუსვლელთა
ვხედავ წვალებას.

#ბედო, არ მომწონს შენი ჩარხის


ბრუნვა ცბიერი,
გამააზატე, საბორკილე
არ მაქვს იერი,
შენ თუ მარტოდენ
უგნურსა და უვიცს უღიმი,
მოდი, არც მე ვარ
დიდად ბრძენი და გონიერი.

#რამეთუ ქვეყნად ჭეშმარიტის


ვერ ვპოვე კვალი,
არ ღირს, საეჭვო იმედებს რომ
მივაპყრო თვალი,
ჯამს არ გავუშვებ,
რადგან ასეთ უგზოობაში
თუგინდ ფხიზელი ყოფილხარ
და თუ გინდა მთვრალი.

#სიზმარში უცებ შემომესმა


ბრძენის ხმა ფრთხილი:
განა ძილისგან ვინ იგემა
სიამე ტკბილი,
ამქვეყნად საქმეს, სიკვდილის მსგავსს,
ნუ დაენდობი,
წამოდექ, რადგან მიწის ქვეშაც
გელისო ძილი.

#ნეტარ არს იგი, ვინც მოვიდა


წალკოტის კართან,
და მწვანე სუფრას დააბერტყვა
სიუხვის კალთა,
ვინც ღვინო სვა და ბედის ტრიალს
არ შეუშინდა,
ვინც მხიარულად გაატარა დრო
ლამაზ ქალთან...

#ვიდრე უეცრად აღსასრულის


ჟამი გეახლა,
ვარდისფერ ღვინით, მოდი,
ცნობად მოეგე ახლა,
მიხვდი, უბირო, ოქრო არ ხარ,
რომ მიწად დაგფლან
და კვლავ, ოდესმე.ამოგთხარონ
ისევ ხელახლა.

#ჩემსა და ღვინის შუა


ძმობის ძაფი გაება,
უღვინოდ ლხინი ჩემთვის არის
ტანჯვა-ვაება,
მითხრეს, ღვინის სმა მორწმუნე კაცს
არ შეჰფერისო,
მე მსმელი ვარ და ღვინო არის
ჩემი ღვთაება.

#ამქვეყნად ზეცას ვერვინ სძლია,


ვერ მიჰყო ხელი,
და ვერაკაცმა ვერ აღივსო
სტომაქის ყელი,
ნუ გულზვიადობ იმის გამო,
ჯერ რომ მთელი ხარ,
ნუ ჩქარობ, არც შენ გადარჩები
ამქვეყნად მთელი.

#როს გაზაფხული იას ახალ


კაბებს მიაყრის
და განთიადზე ვარდებს დაჰბერს
სიო სიახლის,
ბრძენია იგი, ვინც ილაღებს
თეთრგულა ქალთან,
ღვინოს დალევს და ფიალას კი
ქვაზე მიახლის.

#ამაღამ ჯამი მსურს ავწიო


უზარმაზარი,
ღვინით მდიდარმა ბედისწერას
დავცე თავზარი,
მსურს სამუდამოდ გავეყარო
რჯულსა და რწმენას,
ვაზის ასული გვერდით მყავდეს,
ვით პატარძალი.
#წელთა ცვალებადობა
თავის დროთა ამალით,
ისე ჩაიფურცლება,
როგორც წიგნი ფრთამალი,
ნუ იდარდებ, ღვინო სვი, 
ბრძენნი ასე ბრძანებენ:
ქვეყნის დარდი შხამია, 
ღვინო მისი წამალი.

#ამ ქვეყნად გმართებს,


არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს,
მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა
უჩუმრად მკიდე,
სანამ გაქვს ენა, ყურები და
თვალებიც გიჭრის,
უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და
დაბრმავდე კიდეც.

#ვისაც ეწადა ვარდის კონა,


თუნდაც პაწია,
მან ჯერ ეკლები იგემა და
ჯაფა გასწია,
ეს სავარცხელიც სანამ ასე
არ დაისერა,
მანამ საწადელ ზილფებამდე
ვერ მიაღწია.

#ნუ უფრთხი ამა საწუთროის


სრბოლას ჯინიანს,
თვით ხვედრი შენი
წარმავალი დროის ჟინია,
ეს ერთი წამი, სიცოცხლისა
ლაღად იცხოვრე,
ნუ ნაღვლობ წარსულს
და მომავლის ნუ გეშინია.

#არ ძალმიძს, მზე რომ დავაბნელო


ვარდთა ჯარებით,
არსების ჩვენის იდუმალი
შევხსნა კარები,
ფიქრების ზღვაში მარგალიტებს
პოულობს გონი,
მაგრამ შიშისგან უძლურქმნილი
ვერ ვეკარები.

#მიმინო ვიყავ, მსურდა ფრენა


სამყაროს გარეთ,
ცის კამარაზე ვოცნებობდი,
დევნილი ქარით,
ვეღარსად ვპოვე ადამიანი -
გულის მესაიდუმლე,
და გაველ გარეთ, რომ შემოველ,
იმავე კარით.

#ფუჭად ირჯება ის,


ვინც იღწვის ჭკუა-გონებით,
ძროხის მაგივრად ხარსა სწველის
თავმომწონებით,
სჯობს, რომ უგნურად შეიმოსოს,
რადგან ჩვენს დროში
ქვეყნად სიბრძნეზე მეტად ფასობს
პრასის კონები.
#ღვინოს ვსვამ, მაგრამ არასოდეს
არა ვარ მთვრალი,
ძალადობისკენ არ გამირბის
სიხარბით თვალი,
ღვინოს ვცემ თაყვანს მარტოოდენ,
რათა მეც შენებრ
საკუთარ თავის თაყვანცემის
არ მაჩნდეს კვალი.

#ვიცი, რას ნიშნავს


რაობა და არარაობა,
ვიცი ქვესკნელი და ზესკნელი,
მათი სხვაობა.
და, ამავე დროს, ისიც ვიცი,
რომ თრობის გარდა
არის ამქვეყნად ყველაფერი
საცოდაობა.

#ამ ქვეყანაზე ოდითგანვე


გზა მიდის ორი,
ნაწილი რწმენის გზას ადგას და
ნაწილი გონის.
ვაითუ ერთხელ ხმა გაისმას
მოულოდნელად:
"ეი, უვიცნო,
არც ერთი გზა არ არის სწორი!"

#სჯობს იყო ლოთი


თუ გწამს კეთილ გზაზე გარება,
ვიდრე პირმოთნე ბერობა ჰქმნა
და ანგარება.
თუ ღვინის სმისთვის
ჯოჯოხეთი მოელის მხოლოდ,
მაშინ სამოთხეს
აღარავინ გაეკარება.

#ღვინის სარდაფში
მხოლოდ ღვინო შეეფერება.
კეთილს ვერ შეიქმს
დაცემული ნიჭიერება.
ჩვენ ეს სამოსი სათნოების
ისე გავცვითეთ,
რომ ხელმეორედ
იგი აღარ დაიკერება

#ეჰ, ბედო ჩემო!


ნუ მაწუხებ მაგ პირშავობით,
დიდი ვარ შენზე, - 
შენ კი მცირე შენის რაობით,
მე ვწუხვარ თვითონ,
ვიცი ჩემი უბედურება,
და ვიტანჯები მარად
ჩემის არარაობით!

#ისა სჯობია მეგობარი


თუ რომ ცოტა გყავს.
შორით დაუგდე, ძმაო, ყური შენ
ქვეყნის ამბავს.
ვინც მეტ მეგობრად ცხოვრებაში
თავს მოგაჩვენებს,
იცოდე, იგი სხვაზე უფრო
გულს მოგიშხამავს.
#ჩემს შესაქმნელად როცა ზელდა
უფალი თიხას,
არ მკითხა, ვინ ვარ და როგორ ვარ
და აღარც მკითხავს;
თუ ვარ ცოდვილი,
უფლისგან ვარ ასე შობილი
და ამ ცოდვა-ბრალს,
უფლის გარდა, ვინ განიკითხავს?!

#როცა სიკვდილით მე სიცოცხლის


გზას გამოვცდები
და არ შემრჩება უსიცოცხლო
ძვლებზე ხორცები,
ჩემი მტვრისაგან მხოლოდ დოქი
უნდა მოზილოთ,
იმ დოქში ღვინოს ჩაასხამთ და
მეც გავცოცხლდები.

#.მე ამ საწუთროს ხლართებს შუა


ვარ ჩავარდნილი,
მუდამ გატანჯულს, არ მეღირსა
შვება ნამდვილი,
ამ უთავბოლო წრებრუნვაში
ისე გავთავდი,
ვერ მოვიოხე მე ვერცერთი
გულის წადილი.

#შენ ღვინის სმას თუ გიკრძალავს


შენი საქმე, წონა, გვარი,
ჩვენი მაინც არ გაკიცხო
შვება, ღვინით მონაგვარი;
შენ სიფხიზლე ნუ გგონია
სიმდიდრე და მონაგარი -
პური შენი ბატონია,
ჩვენთვის ღვინო მონა არი.

#ვნების აკვანი თუმცა გულში


ბევრჯერ დაგვერწა
და სიყვარულის ალმურითაც
სახე აგვეწვა,
მაინც არ ვიცით,
თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის
მარადისობის მოქანდაკემ
რისთვის ჩაგვძერწა.

#თავზედ ღრუბელი დამდგომია


და ცრემლებს მაღვრის,
თან მეუბნება: 
"ეს ცხოვრება უღვინოდ არ ღირს!"
დღეს თუ სხვის საფლავს ჩვენ გავთელავთ
ცეკვა-თამაშით,
ხვალ ჩვენს საფლავზე სხვას ნახავენ,
ქეიფით დაღლილს.

#არცერთი სიბრძნე მე ამქვეყნად


არ დამიგმია,
თითქმის ყოველი საიდუმლო
ფეხქვეშ მიგია...
სამოცდათორმეტ წელიწადს მე
ფიქრები მდევდნენ
და გავიგე, რომ
არაფერი არ გამიგია.

#შემწეს დავეძებ, - შემწეობა


სად არის შენი?
მძიმე უკუნი ჩამოწვა და
ჩაბნელდა გული,
მორჩილი ვიყო და სამოთხე
მექნება სრული?! -
ეს ვაჭრობას ჰგავს! წყალობა კი
სად არის შენი?!

#რადგან სიცოცხლე მოწყალებას


არ არს ჩვეული,
მოილხინე და დაივიწყე
ხვედრი წყეული;
ჭკუით იცხოვრე, რადგან შენი
ტურფა სხეული
მხოლოდ მიწაა და მტვერია
წყალს შერეული.

#ამაქვეყნიურ ჩვენებათა
არსება ბნელი
რომ განგიმარტო, გამომივა
ზღაპარი გრძელი,
ეს ჩვენებანი ზღვის სიღრმიდან
ამოტივტივდნენ,
და ცოტა ხანში, კვლავ ზღვის ფსკერზე
ჩაძირვა ელით.
#ყოვლისშემქმნელმა როცა მოჭრა
სამყაროს თარგი,
თვით არ იცოდა რა არ ვარგობს
და რაა ვარგი?
მე თუ ცუდი ვარ, რად მიბოძა
თვისი იერი?
ან ასე უღვთოდ სულს რაღად მხდის,
თუკი ვარ კარგი?

#მითხრეს,როდესაც გაიხსნება

სამოთხის ბჭენი,

დაგხვდება ღვინო,ფერიები

ლაღი და მშვენი.

ბოლოს თუ მაინც იმავ საქმეს

უნდა ვეწიოთ,

ვეღარ გავიგე,რაღა არის

ცოდვები ჩვენი ?!

You might also like