You are on page 1of 14

საქართველო ზვიადის წინააღმდეგ

2016 წლის 15 სექტემბერს 22:08 წუთზე, პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ზარი


დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თაობაზე. ზარი განახორციელა მოქალაქე
თამილა იზორიამ, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ თბილისში,
ბალავაძის ქუჩა N49 ნომერში ადამიანის მკვლელობის თაობაზე. საქართველოს მთავარი
პროკურატურის მიერ საქმეზე დაიწყო გამოძიება.
2016 წლის 16 სექტემბერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ზვიად ხინთიბიძეს თავისი მეუღლის
მანანა როინიშვილის განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი დამამძიემებელ გარემოებებში.
კერძოდ მკვლელობა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი მათსავე
სახლში ქალაქ თბილისში ბალავაძის ქუჩა N49 ნომერში.
ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე: თამილა იზორია, გიგა წოწკოლაური, ელისაბეტ ლუხოშვილი


დაცვის მხარე: სარა გოგეშვილი, ზვიად ხინთიბიძე, ლელა ბულია.

მხარეები სადავოდ არ ხდიან და უდაო გარემოებებად ცნობენ შემდეგ ფაქტებს:


1. მანანა როინიშვილის ორსულობის ფაქტს.
2. ნაჯახზე მანანა როინიშვილის სისხლის არსებობის ფაქტს.
3. ნაჯახის ტარზე ზვიად ხინთიბიძის ბიოლოგიური პროფილის არსებობ
ას. 4. ნაჯახის რკინის პირზე თითის ანაბეჭდი ფიქსირდება, თუმცა ვისია ანაბეჭდი ვერ დგინდება.
5. N2 ბინის შესასვლელი კარის შიდა სახელურზე ელისაბეტ ლუხოშვილის თითის ანაბეჭდების
არსებობას.
6. ზვიად ხინთიბიძის საზღვრის კვეთის თარიღებს (2 სექტემბერი - 15 სექტემბერი).
7. ზვიად ხინთიბიძის პლასტიკური ბარათით გადახდილია ნაჯახის ფული 15 სექტემბერს 12:00
საათზე.
8. მანანა როინიშვილის მარჯვენა ხელის ფრჩხილებში აღმოჩენილი ქსოვილის ბოჭკოები
მსგავსია ელისაბეტ ლუხოშვილის მაისურის ქსოვილის ბოჭკოების.

საქმის მთავარი გამომძიებლის გიორგი წოწკოლაურის მოხსენებითი ბარათი

2016 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:10 წუთზე, ოპერატორმა გადმომცა შეტყობინება,


რომ ბალავაძის ქუჩა N49-ში მომხდარი იყო მკვლელობა. მე დაუყოვნებლივ გავემართე
შემთხვევის ადგილზე. როდესაც აღნიშნულ მისამართზე გამოვცხადდი , შემთხვევის ადგილზე
მეზობლები იმყოფებოდნენ, მე გამოვიძახე დამხმარე ძალები. N49 ნომერში შესვლისთანავე
სადარბაზოში დავინახე იატაკზე დაგდებული გვამი. გვამი ეკუთვნოდა შუა ხნის ქალბატონს,
როგორც შემდეგში გაირკვა ეს იყო მანანა როინიშვილი, გვამი მთლიანად სისხლში იყო
ამოსვრილი, თუმცა დერეფანში გვამის გარშემო სისხლი არ იყო. მე არ შემიმოწმებია იგი
ცოცხალი იყო თუ არა, ვინაიდან გვამს გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა დიდი ჭრილობა და
მივხვდი, რომ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იქნებოდა. ირგვლივ მეზობლები
ირეოდნენ, მე ვუბრძანე ყველას, რომ არ შეხებოდნენ არაფერს და დაეტოვებინათ შემთხვევის
ადგილი. როდესაც ამას ვიძახდი გავიგონე აყალმაყალის ხმა, ეს ხმაური N2 ბინიდან
გამოდიოდა, სადაც მეზობლები იმყოფებოდნენ, როდესაც ბინაში შევედი სისხლის დიდი გუბე
დავინახე. ბინაში იმყოფებოდა რამდენიმე მეზობელი და ისინი იქვე კუთხეში მჯდომ კაცს
(რომელიც შემდგომში აღმოჩნდა ზვიად ხინთიბიძე) უყვიროდნენ „შე ცოლის მკვლელო,
როგორ გააკეთე ეს საშინელება, ჯოჯოხეთს იმსახურებ!“. ამ დროს ჩემი განყოფილებიდან
მოვიდნენ დამხმარე ძალები და კრიმინალისტები და მეც მათთან ერთად უზრუნველვყავი, რომ
შემთხვევის ადგილიდან გასულიყო ყველა მეზობელი და რომ კრიმინალისტებს დაეწყოთ
მუშაობა. ამასთანავე მე ჩავიწერე სამი პოტენციური მოწმის სახელი და ისინი გადავიყვანე
პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად. შემდეგ კი დავბრუნდი შემთხვევის ადგილას, რათა
მეთვალყურეობა გამეწია მტკიცებულებათა მოძიებისა და ამოღებისათვის. მინდა
დავაკონკრეტო, რომ ზვიად ხინთიბიძე მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, როდესაც
გადავიყვანეთ განყოფილებაში. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩვენთვის, იყო
ჩუმად, ჩაფიქრებული. ჩემი საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით მას გავაცანი
ბრალდების შესახებ დადგენილება და გავაფრთხილე მის ყველა უფლებაზე. ზვიად ხინთიბიძემ
განაცხადა, რომ იყენებდა დუმილის უფლებას და იმ დღისით მას არანაირი ინფორმაცია არ
მოუწოდებია, მისი გამოკითხვა მხოლ მომდევნო დღეს, ანუ 17 სექტემბერს მოვახერხეთ,
როდესაც იგი ესაუბრა დედამისის მიერ დაქირავებულ ადვოკატს. ბრალდებულმა თქვა, რომ
დუმილის უფლებას აღარ იყენებდა და მზად იყო ჩვენთვის ჩვენება მოეცა. პოტენციურ მოწმეთა
განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მე დავბრუნდი შემთხვევის ადგილზე მისი დათვალიერების
მიზნით. სანამ მე დავბრუნდებოდი, შემთხვევის ადგილს ჩემი თანამშრომლები იცავდნენ.
განვმარტავ, რომ ბალავაძის N49 სახლი არის ე.წ. „იტალიურ ეზოიანი“ სახლი და დაყოფილია
ბინებად, მათ შორის N2 ბინა გადავამოწმეთ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებში და ეკუთვნის
სარა გოგეშვილს, ზვიად ხინთიბიძის დედას. როდესაც განყოფილებიდან დავბრუნდი
შემთხვევის ადგილზე უპირველესყოვლისა დავათვალიერე გარდაცვლილი. მას გულ-მკერდის
არეში დიდი ჭრილობა აღენიშნებოდა, ასევე შევნიშნე ჩალურჯება სახის მარჯვენა ნაწილში. მე
დავათვალიერე N2 ბინა. ბინა არის ოროთახიანი. ბინაში შესვლისას ჯერ არის მისაღები ოთახი
და შემდეგ 1 გასასვლელი კარი. ბინაში შესვლისას აღმოვაჩინე, რომ იატაკზე სისხლის დიდი
გუბე იდგა. მისაღებ ოთახში რამდენიმეგან ნივთები დაბლა იყო გადმოყირავებული. ბინაში
აღმოვაჩინე გარდაცვლილის მობილური ტელეფონი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შესაბამისი
ხსნარებით დაამუშავეს ბინის იატაკი და აღმოჩნდა, რომ სისხლის კვალი ხელოვნურად იყო
გამქრალი იატაკიდან, რაც მიუთითებს იმას, რომ დამნაშავემ იზრუნა შემთხვევის ადგილის
გასუფთავებაზე. მე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა სახლის გარშემო პერიმეტრი, სახლის
უკანა გასასვლელიდან რომ გავედი შევამჩნიე გასასვლელთან მდგომი მანქანა, მანქანის უკანა
მარცხენა კარი ღია იყო. მანქანის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მანქანა ეკუთვნოდა
ზვიად ხინთიბიძეს. მანქანასთან ახლოს ლამპიონი არ იყო, ამიტომ ჩემი მობილურის „ფლეში“-ს
შუქზე დავათვალიერე მანქანა, სადაც აღმოვაჩინე ზვიად ხინთიბიძის საბუთები და ბეისბოლის
ხელკეტი, მანქანის საბარგულის დათვალიერებისას აღმოვაჩინე სალაშქრო ზურგზაკი და
ხელის ნიჩაბი. ვინაიდან შემთხვევის ადგილზე ვერ აღმოვაჩინეთ მკვლელობის იარაღი,
გადავწყვიტე დაგვეთვალიერებინა მიმდებარე ტერიტორია. ბალავაძის ქუჩის მახლობლად
ნაგვის ურნაში ნაპოვნი იქნა სისხლში ამოსვრილი ნაჯახი. ნაჯახის პირი მთთლიანად სისხლიანი
იყო. მე ასევე დავნიშნე ბიოლოგიური ექსპერტიზებიც. მე გადავამოწმე ბრალდებულის
პლასტიკური ბარათით შესრულებული ოპერაციები და დავადგინე შემდეგი, რომ 15 სექტემბერს
დაახლოებით 12:00 საატზე ბრალდებულს თავისი პლასტიკური ბარათით შეძენილი აქვს 20
ლარად ღირებული სალაშქრო ნაჯახი, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სოფლის მეურნეობის
მაღაზიაში. პლასტიკურ ბარათზე სხვა ოპერაცია არ ფიქსირდება. მე ასევე გადავამოწმე
ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გიორგი ნადირაძის შესახებ და გიორგი
ნადირაძემ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი. შევეცადეთ მოგვეძიებინა კახა ცინდელიანის
ადგილსამყოფელი, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, იგი არ იმყოფება
საქართველოს ტერიტორიაზე. მოხსენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს
ვადასტურებ ხელმოწერით.


ლელა ბულია

მე ვარ ლელა ბულია. ამჟამად ვმუშაობ ბაგა ბაღში დამლაგებლად. ვარ 67 წლის ქვრივი და
ვცხოვრობ მარტო.
მე ვცხოვრობ ბალავაძის ქუჩაზე N49 სახლში N1 ბინაში და ვარ ზვიად ხინთიბიძისა და მისი
ცოლი მანანა როინიშვილის მეზობელი.
ჩვენს სახლში ძალიან თხელი კედლებია და ხმა კარგად გადის.
ჩემი სახლი არის პირველ სართულზე და სადარბაზოდან პირველია ხელმარჯვნივ.
მე მაკავშირებს საერთო კედელი ზვიადის სახლთან.
მე ვიცნობ ჩემს მეზობელ თამილა იზორიას, ისიც ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობს, თუმცა მასთან
კარგი ურთიერთობა არც მე მაქვს და არც სარას ოჯახს არ აქვს, ვინაიდან უთანხმოება
მოუვიდათ ეზოში ავტოფარეხის გამო. თამილა იზორიამ მოინდომა მიესაკუთრებინა
ხინთიბიძეების ავტოფარეხის ადგილი, მათ კი ამის საშუალება არ მისცეს, ამი გამო თამილა
დღემდე ემტერება მათ.
მე ზვიადის დაბადებაც კი მახსოვს, მის ოჯახთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, რადგანაც
ისინი ძალიან კარგი მეზობლები არიან.
ნებისმიერ დროს, როცა რამე დამჭირდებოდა შემეძლო დამეძახა ზვიადისთვის და ის ისეთი
კარგი ბიჭია ხელებში ჩაგადნებოდათ.
ზვიადი ძალიან კეთილი ბიჭია და ყველა მეზობელს ასე ეხმარებოდა. ზვიადის მამა ადრეულ
ასაკში გარდაეცვალა, მას სარა ობლად ზრდიდა, თუმცა მაინც ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი
გაზარდა. პატარაობიდანვე ზვიადი სპორტში ყოჩაღი გამოდგა და მთელს სამეზობლოს
გვახარებდა თავისი წარმატებებით.
ზვიადი მგონი 20 წლისა იყო, როცა ძალიან შეუყვარდა მანანა.
ბავშვს ძალიან უყვარდა გოგო, სწორედ ამიტომ ადგა და მოიტაცა.
თავიდან მანანა ჭირვეულობდა თითქოს დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ გადახედა თუ რა
სავსე ოჯახში და რა ბიჭთან მოხვდა და დარჩა ზვიადისთან.
ხანდახან მიკვირს, როგორ უძლებდა ზვიადი მანანას კაპრიზებს, რომ არა სარა ალბათ დიდი
ხნის გაშორებულებიც იქნებოდნენ. მათ ხშირად ჩხუბიც მოსდიოდათ ხოლმე, თორე სხვა მხრივ
მშვიდი ოჯახი ჰქონდათ.
ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მანანას პატიოსნების საკითხზე ცუდი
ხმები დადიოდა.
ავი ხმები ლაპარაკობდნენ მანანა ზვიადს ღალატობსო, თუმცა მე ამ ყველაფრის არ მჯერა და
მგონია რომ ბოროტი ენების მოგონილია.
2016 წლის 15 სექტემბერს სახლში ვიყავი. მახსოვს შუადღისას, ზვიადი უცხოეთიდან დაბრუნდა.
ზვიადმა მაკოცა და თბილად მომიკითხა.
დაახლოებით 19:30 საათზე იწყება ჩემი საყვარელი სერიალი „სიყვარულის წყურვილი“,
სერიალი დაახლოებით საათნახევარში დამთავრდა.
როდესაც ტელევიზორი გამოვრთე გავიგონე რაღაც წიოკის ხმა. დერეფანში რომ გავიხედე
დავინახე ზვიადის სახლის კარის წინ მდგარი ვიღაც მაღალი, ჩადგმული ქალი, რომელიც
კარზე აბრახუნებდა და გაჰყვიროდა „გამიღე კარი შე ბოზო, სად დაიმალე, კახას ცოლი ვარ,
გამოდი თავი უნდა მოგჭრა შენი საქციელის გამო!“.
სადარბაზოში სიბნელე იყო და ის ქალი მე ვერ მხედავდა. დავინახე როგორ გააღო მანანამ
სახლის კარი და როგორ დაუყვირა მანაც, ვინ ხარ გაეთრიე აქედანო.
ეს ვიღაც კახას ცოლი მანანას სახლში შევარდა, უცებ მანანამ მე შემამჩნია და დამიძახა „ჩემი
დაქალია ლელა დეიდა, არ შეგეშინდეთ“ და კარი მიიხურა.
სახლიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა, თუმცა მე გადავწყვიტე მანანას საქმეში აღარ
ჩავრეულიყავი, თან ჩემი საყვარელი მეორე სერიალი „ფული და ავი ზრახვები“ უნდა
დაწყებულიყო ჩავრთე ტელევიზორი და იმის ყურება გავაგრძელე.
სერიალი შუაშიც არ იქნებოდა, როდესაც კარი ერთ-ერთმა მეზობელმა შემომიღო და მითხრა,
რომ უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს.
როდესაც გავედი ხალხი იყო შეკრებილი და დავინახე, რომ იზორიების ბინის წინ ვიღაცას
ეხვეოდნენ, როდესაც ახლოს მივედი დავინახე რომ მკვდარი მანანა ეგდო ძირს.
ვიღაცამ მითხრა, რომ ზვიადმა მანანა მოკლაო. ამის გაგონებაზე გული წამივიდა და როდესაც
მოვგონდი სასწრაფო დახმარება მედგა თავზე.
საწყალი მანანა ძალიან შემეცოდა. ახლა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ყოფილა. რა საცოდაობაა,
როგორ გაუხარდებოდა სარას შვილიშვილი.
რა სისულელეა, ზვიადს რატომ უნდა მოეკლა თავისი ცოლი. ის ამას არასდროს ჩაიდენდა. მე
გამაცნეს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა დადგეს ჩემი პასუხისმგებლობის
საკითხი, ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს ვადასტურებ
ხელმოწერით.


თამილა იზორია

მე ვარ თამილა იზორია, გასათხოვარი, 43 წლის.


დავიბადე და გავიზარდე ბალავაძის ქუჩა N49 სახლში, მეექვსე ბინაში.
შესაბამისად აქ მოსახლე ყველა ადამიანს კარგად ვიცნობ.
ჩვენი სადარბაზო საკმაოდ დიდია და რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ამ სადარბაზოში.
ჩემი სახლი N49 სადარბაზოს მთავარი შესასვლელიდან სულ ბოლოა ხელმარცხნივ.
ჩემი ბინის შემოსასვლელს, რომ გაცდები უკანა ვიწრო გასასვლელია ეზოში. მე ვარ ზვიად
ხინთიბიძისა და ლელა ბულიას მეზობელი.
ისინი ცხოვრობენ ჩემი ბინის წინ და მარჯვნივ.
ხინთიბიძეების ოჯახთან კარგი ურთიერთობა არასდროს არ მაკავშირებდა, ვინაიდან
ჩხუბისმოყვარული და ავი ხალხია.
რამდენიმე წლის წინ სარას ბიჭმა ზვიადმა განაცხადა, რომ ჩემის სახლის წინ ჩემი
ავტოფარეხის ადგილი მისი იყო.
ამაზე დიდი ჩხუბი მოგვივიდა, მახსოვს ზვიადი მთვრალი შემომივარდა სახლში და ლანძღვა
გინებით ამიკლო, ეგ ადგილი ჩვენია და გინდაც შენი იყოს მაიც წაგართმევთ შენ რაში გჭირდება
ნეტავო.
როდესაც ვუთხარი თუ რა თავხედი იყო მან სახეში ხელი გამარტყა, პოლიციის გამოძახებას
ვაპირებდი, მაგრამ სარა ფეხებში ჩამივარდა და ამის გამო პოლიციას აღარ გამოვუძახე. ზვიადს
ბავშვობიდანვე ჩხუბისთავი იყო.. საერთოდ ეგ ბიჭი დედამისის დაღუპულია, მახსოვს ჩემს წინ
ქანთარიების ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ზვიადის უსაქციელობით შეწუხებულები იყვნენ და
ოჯახის უფროსმა ზვიადს სთხოვა, აქ ხალხი ვცხოვრობთ და ნორმალურად მოიქეცი პატივი
გვეციო.
ამაზე ზვიადი მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან, ეცა გაგი ქანთარიას და სასტიკად სცემა.
ამის შემდეგ ქანთარიების ოჯახი საერთოდ გადავიდა ჩვენი სადარბაზოდან და დღეს მათი
სახლი დაკეტილია.
მანანას ძალიან კარგად ვიცნობდი, ბევრჯერ შემოსულა საწყალი გოგო ჩემთან და გული
მოუოხებია.
ზვიადი ხშირად სხვამდა ხოლმე და მთვრალს კიდევ უფრო საშინელი ხასიათი ჰქონდა.
არაერთხელ მინახავს მანანას სახეზე დალურჯებები და რომ ვეკითხებოდი რა მოგივიდათქო
ხან იმიზეზებდა წავიქეცი, ხან იძახდა თავი რაღაცას მივარტყიო.
2016 წლის 15 სექტემბერს სახლში ვიყავი, დილით დაახლოებით 10 საათი იქნებოდა
სადარბაზოში მანანა შემხვდა, სოფელში ვაპირებ წასვლასო, ხვალ ზვიადი ჩამოდისო,
ეტყობოდა რომ ძალიან აღელვებული იყო.
მე მთელი დღე სახლში დავფუსფუსებდი, შუადღისას ეზოში ჩავედი , ცოტა სუფთა ჰაერს
ჩავყლაპავ მეთქი და მაგ დროს დავინახე როგორ შედიოდა ზვიადი სახლში, მახსოვს ერთ
ხელში დიდი ჩანთა ეჭირა, მეორე ხელში კი რაღაც გრძელი ჯოხივით შეფუთული.
საღამოს ჩემს დაქალთან ნათია ჯოლოღუასთან გავედი ყავის დასალევად, რომელიც ახლოსვე
ცხოვრობს.
სახლში დაახლოებით 21:30 საათზე დავბრუნდი, სადარბაზოში უკანა შემოსასვლელიდან
ავედი, დერეფანში შუქი არ ენთო, ამიტომ ჩემი მობილურის ეკრანით გავანათე იქაურობა და ისე
შევედი ჩემს ბინაში.
არანაირი ხმაური არ გამიგონია, მხოლოდ ლელას ტელევიზორის ხმა ისმოდა, სერიალში
ერთ-ერთი პერსონაჟი ღალატის გამო ეჩხუბებოდა მეორეს.
როდესაც სახლში შევედი, მახსოვს სამშაბათი იყო და ამ დროს პოპულარული თოქ-შოუ „ბედი,
სიყვარული და ერთი შანსი“ იწყება ხოლმე, რომელიც კვირაში მხოლოდ ერთხელ გადის.
სწორედ ამიტომ ჩავრთე ტელევიზორი და დავიწყე თოქ-შოუს ყურება.
რამდენიმე წუთში გავიგონე ქალის ყვირილის ხმა, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,
რადგანაც ზვიადის დამსახურებით ჩვენი სადარბაზო მშვიდი არასდროს ყოფილა.
მახსოვს, რომ რამდენჯერმე გავიგონე თითქოს კარის გაღება-დაკეტვის ხმა, თითქოს
დერეფანში ვიღაც გადი-გამოდიოდა, ცოტა ხნის შემდეგ აშკარად ჩემი კარის წინ ვიღაცამ
გაიარა, რადგანაც ჩემი კარის წინ იატაკი ჭრაჭუნობს.
ამაზე დავინტერესდი ნეტა, ვინ დადის ამ შუაღამისასთქო, მივედი ჩემს კართან, შიგნიდან ავანთე
დერეფანში დამონტაჟებული ნათურა და გარეთ გავიხედე, რა დროსაც საშინელება დავინახე.
ზვიადს მანანას დასისხლიანებული სხეული ეჭირა ხელში და შუა დერეფანში მოდიოდა თავისი
ბინიდან ჩემი ბინის მიმართულებით.
შუქის ანთებაზე ზვიადი შეცბა, რამდენიმე წამი ხმაამოუღებლად ვუყურებდით ერთმანეთს, იგი
გაჩერდა და შემდეგ ზვიადმა ყვირილი დაიწყო, თამილა მიშველე მანანა ~მომიკლესო. ამაზე
მეც წიოკი ავტეხე, მივხვდი, რომ ზვიადმა მანანა მოკლა, გამოვარდნენ მეზობლებიც და შემდეგ
პოლიციაც მალევე მოვიდა.
დარწმუნებული ვარ, ზვიადმა მანანა მოკლა.
ზვიადი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი და ჩუმად მიიპარებოდა უკანა გასასვლელისკენ
და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ყვირილი რაც მე დამინახა.
შემთხვევით რომ არ გამეხედა ვერავინ ვერ გაიგებდა, რომ მანანა მისი მოკლული იყო.
მე გამაცნეს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა დადგეს ჩემი
პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს
ვადასტურებ ხელმოწერით.

სარა გოგეშვილი

დასმულ კითხვაზე გპასუხობთ, რომ ბრალდებული არის ჩემი შვილი და ვცხოვრობ მასთან და
მის ცოლთან ერთად, ბალავაძის N49 ნომერში, მეორე ბინაში. ჩემი შვილი დაახლოებით 7-8
წლის წინ დაქორწინდა, ზვიადს ძალიან უყვარდა მანანა, თუმცა მანანა არ მოყვებოდა ცოლად,
რის გამოც ზვიადმა მანანა მოიტაცა. შემდეგ მანანაც დარჩა და მშვენიერი ოჯახი შექმნეს. მე
ძალიან ვიყავი გახარებული ჩემი ერთადერთი შვილის ბედნიერებით და მთელი ამ ხნის
განმავლობაში მათი ჰარმონიული თანაცხოვრებით ვხარობდი. ერთი ის მაწუხებდა, რომ შვილი
არ ყავდათ. ზვიადს ძალიან უნდოდა, რომ ბიჭი ჰყოლოდა. იმ დღეს, როდესაც ეს უბედურება
მოხდა მე დილიდან სახლში ვიყავი. დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მანანამ მითხრა, რომ
წოდორეთში ჩვენს აგარაკზე მიდიოდა და საღამოს დაბრუნდებოდა. ვიცოდით, რომ ზვიადიკო
მეორე დღეს ბრუნდებოდა სახლში, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც შუადღისას ზვიადი
უცხოეთიდან დაბრუნდა. ზვიადმა მომიყვა თავისი უცხოეთის მოგზაურობის ამბები, თურმე
რაღაც საქმე გამოსჩენია და ერთი დღით ადრე მაგიტომ გამოფრინდა საქართველოში, თუმცა
რა საქმე იყო ეს არ მიკითხავს. ჩემი და საბერძნეთში სამუშაოდაა წასული და მისი ბინის
გასაღები მაქვს მე, რათა პერიოდულად ავიდე და ბინას მივხედო ხოლმე. ვინაიდან დიდი ხანი
იყო, რაც ბინა შემოწმებული არ მქონდა , გადაწყვეტილი მქონდა იმ დღეს წავსულიყავი ჩემი
დის სახლში. დაახლოებით 3 საათზე ზვიადმა გამიყვანა ჩემი დის სახლში და თვითონ თავის
საქმეზე წავიდა. საღამოსთვის ზვიადს დავურეკე, რომ საჭმელი მქონდა მისთვის გამზადებული
და გამოევლო ჩემთვის, ზვიადი დაახლოებით 7 საათზე მოვიდა ჩემი დის სახლში და ჩემთან
ერთად იყო. სახლის დალაგება ბოლომდე ვერ მოვასწარი და ზვიადს ვეწუწუნებოდი ხვალ ისევ
გამოსვლა მომიწევს-მეთქი. მახსოვს ზვიადმა მკითხა თუ რომელი საათი იყო, მე ვუთხარი რომ
21:45 საათი იყო, ზვიადმა თქვა, რომ სახლში გავიდოდა და მითხრა, დავრჩენილიყავი ჩემი დის
სახლში, რომ აღარ მეწვალა მეორე დღეს გასვლა- გამოსვლით.
კითხვაზე გპასუხობთ, რომ ზვიადი ნასვამი არ იყო. მანქანით ჩვენს სახლამდე სავარაუდოდ 20
წუთი მაინც დაჭირდებოდა რომ მისულიყო. მანანას მკვლელობის შესახებ, ამ ღამეს
მეზობლებმა გამაგებინეს. ღმერთო საშინელებაა. რა სისულელეა, ზვიადი ადამიანის მკვლელი
არაა და მით უმეტეს საკუთარი ცოლის, რომელიც ისე უყვარდა რომ გიჟდებოდა. მე გამაცნეს,
რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა დადგეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი,
ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია, აღნიშნულს ვადასტურებ ხელმოწერით.


ელისაბეტ ლუხოშვილი

ვმუშაობ სამედიცინო ცენტრ „ჰიგეაში“ გინეკოლოგად. გარდაცვლი მანანას ვიცნობდი,
რადგანაც იგი იყო ჩემი პაციენტი. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს მანანა ზვიადთან ერთად
მოსული იყო ჩემთან კონსულტაციაზე. მე გავაგზავნე ანალიზების ასაღებად, რომელმაც აჩვენა,
რომ იგი რამდენიმე კვირის ორსული იყო, რაც მე რა თქმა უნდა ორივეს ვახარე. მანანასაც და
მის მეულესაც ეს ფაქტი ძალიან გაუხარდათ და მახსოვს მეუღლემ ვისკი მომიტანა საჩუქრად
ასეთი კარგი ამბის გამო.
დასმულ კითხვაზე გპასუხობთ, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს საღამოს საათებში ზუსტი დრო
არ მახსოვს მე მართლაც ვიყავი მისული მანანას საცხოვრებელ სახლში. ჩემი იქ მისვლის მიზეზი
გახდათ ის ფაქტი, რომ შემთხვევით ჩემი ქმრის პერსონალურ კომპიუტერში გავხსენი მისი
„facebook”-ის ექაუნთი, სადაც წავიკითხე მისი და მანანას მიმოწერა. საიდანაც ფარდა აეხადა იმ
ფაქტს, რომ ისინი საყვარლები იყვნენ და ჩუმ-ჩუმად დადიოდნენ სასტუმრო „ლიდიაში“
პერიოდულად. ეს რომ გავიგე ძალიან გავმწარდი და მაშინვე გავემართე ამ ქალთან რათა
სახალხოდ გამომეჭენებინა მისი უზნეო საქციელი! როდესაც მივედი, სადარბაზო ჩაბნელებული
იყო და არავინ არ დამინახავს. N2 ბინის კარზე რამდენჯერმე დავაბრახუნე და ხმამაღლა
დავუყვირე, რომ კარი გაეღო. გარკვეული დროის შემდეგ მანანამ კარი გააღო, მას არ უნდოდა,
რომ სახლში შევეშვი, მაგრამ შემდეგ ხელი ვკარი მას და ძალით შევვარდი მასთან. მახსოვს
ძალიან გამწარებული ვიყავი, რადგანაც მანანამ მითხრა, რომ ჩემ კახას სინამდვილეში ის
უყვარდა და ბავშვს სწორედ კახასგან ელოდებოდა. როდესაც ეს მითხრა ამაზე ჭკუიდან
გადავედი და სახეში სილა გემრიელად გავაწანი, პირში მივახალე ყველაფერი რასაც მასზე
ვფიქრობდი და ვუთხარი რომ ჩემ ქმარს აღარ გაკარებოდა ახლოს, თორემ რაც მოხდებოდა
თავისი თავისთვის დაებრალებინა. მისვლიდან სავარაუდოდ 15 წუთში გამოვედი მათი
სახლიდან, თუმცა ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს რამდენი ხანი დავყავი მათ სახლში. გავიგე,
რომ ზვიადს ეჭვიანობის გამო ცოლი მოუკლავს, გარდაცვლილზე ცუდს არ იძახიან, მაგრამ
შეიძლება ითქვას რომ მანანამ ეს დაიმსახურა. თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ მე და კახა
უკვე 9 წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ. გვყავს 2 შვილი და გვაქვს ბედნიერი ოჯახი. ჩემი მეუღლე
13 სექტემბერს გაემგზავრა ვენესუელაში, სადაც მან დაიწყო მუშაობა ნავთობ მაგნატის პირად
დაცვად და 1 წლის განმავლობაში იქ მოუწევს ყოფნა. ამ დროის განმავლობაში მას არ აქვს
უფლება ჩემთან კონტაქტი იქონიოს, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ამ ამბების შემდეგ მე
მასთან საუბარი არ მქონია. ვფიქრობ, რომ ჩამოვა, მისი საყვარლის გამო რთული საუბარი
გაიმართება ჩვენს შორის. მე გამაცნეს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვი შესაძლოა
დადგეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და სწორია,
აღნიშნულს ვადასტურებ ხელმოწერით.


ზვიად ხინთიბიძე

მე ვარ ზვიად ხინთიბიძე. დავიბადე 1987 წელს და ვარ 30 წლის. ვარ ყოფილი მოკრივე და
ამჟამად საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოკრივეთა გუნდს ვწვრთნი. კრივზე 12 წლის
ვიყავი როცა შევედი. ძალიან მომწონდა, როდესაც თავის დაცვა შემეძლო. ჩემი აზრით, ყველა
კაცი უნდა დადიოდეს რაიმე სპორტზე, ვინაიდან ფიზიკური სიძლიერე კაცს
ფსიქოლოგიურადაც აძლიერებს და როცა კაცი ხარ ძლიერი უნდა იყო. კრივი ერთი შეხედვით
მარტივი სპორტია, თუმცა აქ მთავარი დისციპლინა, მკაცრი წესები და მწვრთნელის
მორჩილებაა. უკვე 4 წელია, რაც ნაკრებს ვწვრთნი და ჩემი სიმკაცრის წყალობით საქმე კარგად
მიდის და ჩემი ბიჭები წარმატებას აღწევენ. მე, როგორც მამაჩემი იტყოდა, ადრეულ ასაკში
მოვიყვანე ცოლი.
უკვე 8 წელი ხდება, რაც მანანა როინიშვილი ჩემი ცოლია. მე ის ძალიან მიყვარდა და
დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან ვუყვარდი.
ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა. ჩვენ არასდროს არ ვჩხუბობდით. ჩვენს ოჯახში
ყოველთვის სიმშვიდე იყო.
მე და მანანას შვილი არ გვყავდა, ყოველთვის იმედი მქონდა რომ ბიჭი გაგვიჩნდებოდა. თქვენს
კითხვაზე გპასუხობთ, რომ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები
წავიყვანე უნგრეთის ჩემპიონატზე და საქართველოში დავბრუნდი 2016 წლის 15 სექტემბრის
დილას.
თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე სახლში გამოვემართე, ძალიან დაღლილი ვიყავი და
დასვენება მინდოდა. სახლში დაახლოებით 13:00 საათზე მოვედი, თუმცა ჩემი ცოლი სახლში არ
დამხვდა, რაც ცოტა მეწყინა.
დედაჩემმა მითხრა, რომ მანანა დილით ჩვენს აგარაკზე გავიდა, იქიდან დაქალთან უნდა
გაიაროს და დაიბარა საღამოს დავბრუნდები სახლშიო. ცოტახანი სახლში ვიყავი, შუადღისას
დედაჩემი გავიყვანე დეიდაჩემის სახლში, იქიდან კი დარბაზში წავედი, რომ ცოტა წამევარჯიშა.
საღამოს დედამ დამირეკა, დეიდას სახლში ამოდი რამეს შეგაჭმევო და მეც იქ ავედი.
დეიდაჩემის ბინიდან გვიან გავედი, ხოლო დედაჩემი იქ დავტოვე და ვუთხარი რომ მანანა
დაბრუნებული იქნებოდა მარტო არ შეეშინდეს მასთან წავალთქო.
დეიდაჩემის ბინიდან პირდაპირ სახლში გავემართე, დაღლილი ვიყავი და მანქანა
შესასვლელთან ახლოს გავაჩერე, ფეხით სიარული მეზარებოდა. სანამ სადარბაზოში
შევიდოდი მახსოვს ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა და მობილურზე მას ველაპარაკებოდი, როდესაც
სადარბაზოს უკანა გასასვლელის კარი გაიღო და იქიდან ვიღაცამ გამოიხედა, უკვე ბნელოდა
ამიტომ ნამდვილად ვერ დავინახე ვინ იყო. ამ პიროვნებამ მე რომ დამინახა უკან შემბრუნდა,
დაახლოებით 1 წუთში მობილური გავთიშე და ავედი სახლში.. მას შემდეგ რაც მოხდა
ბუნდოვნად მახსოვს, რადგანაც შემდეგ ჩემი ცხოვრება დამთავრდა.. ჩემი ბინის კარი ღია
დამხვდა, სანამ სახლში შევიდოდი გულმა რეჩხი მიყო. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება
დატრიალდა ჩემს ოჯახში. როგორც კი შევედი დავინახე დაბლა დაგდებული ჩემი ცოლის
გვამი. მე გაგიჟებული მივმარდი მას და დავუწყე სინჯვა. თან ვყვიროდი მანანა, მანანა, მაგრამ
მანანა მკვდარი იყო.. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი მასთან, შემდეგ ვიფიქრე იქნებ მანანა
ცოცხალია სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიყვანო მეთქი, ავდექი გავიქეცი და ეზოში
დატოვებული მანქანის კარი გავაღე, რათა მანანა ფრთხილად ჩამესვა მანქანაში. სახლში
როდესაც მოვბრუნდი იგი ხელშე ავიყვანე და დერეფანში გამოვიყვანე, რათა მანქანაში ჩამესვა
და საავადმყოფოში წამეყვანა.. დერეფანში რომ ვიყავი ჩემი მეზობელი თამილა იზორია
დავინახე, მე მას შევუძახე თამილა მიშველე, მგონი მანანა მომიკლეს მეთქი. თამილამ
შემომხედა და შემდეგ ყვირილი მორთო, ამ ხმაზე მეზობლები გამოვარდნენ.. თამილა
მეზობლებს უყვიროდა ზვიადმა მანანა მოკლა, ხალხო არ მისცეთ საშუალება რომ გაიქცესო.
შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვს.. როდესაც პოლიცია მოვიდა მე მათ გავყევი. ჩემი ცხოვრება
დამთავრდა. მე ოჯახი ამომიწყვიტეს. ამას არავის ვაპატიებ! !
კითხვა: ბატონო ზვიად, როდესაც აეროპორტიდან სახლში მიდიოდით, გზად სადმე ხომ არ
შეჩერებულხართ ან რაიმე ხომ არ შეგიძენიათ?
პასუხი: არა, არსად არ შევჩერებულვარ. ტაქსში ჩავჯექი და პირდაპირ სახლში წავედი. ძალიან
დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ჩემს ცოლს.
კითხვა: მაშ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ვიდეო კამერის ჩანაწერებით დასტურდება 12:00 საათზე
კახეთის გზატკეცილზე სოფლის მეურნეობის მაღაზიაში თქვენი ყოფნა?
პასუხი: რა ჩანაწერები.. მე არსად არ ვყოფილვარ სხვაგან... უი, უი, მაპატიეთ.. დამავიწყდა,
ახლა გამახსენდა.. როდესაც სახლში მოვდიოდი გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეში
მეგობრები სალაშქროდ მივდიოდით და ნაჯახი გვჭირდებოდა. შესაბამისად მაღაზიაში შევიარე
და ნაჯახი ვიყიდე. როდესაც სახლში მივედი ნაჯახი იქვე კართან დავდე. შემდეგ ნაჯახი არ
მინახავს.
კითხვა: ბატონო ზვიად, როგორი იყო თქვენი და თქვენი ცოლის ბოლოდროინდელი
ურთიერთობა. ხომ არ ყოლია მას საყვარელი?
პასუხი: დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც ჩემი ცოლის დღიური
ვიპოვე სახლში. მას ათასი სისულელეები ეწერა, ასევე წავიკითხე, რომ თურმე ხანდახან ჩემთან
ყოფნა ბეზრდებოდა. მე ძალიან ეჭვიანი პიროვნება ვარ, ვიფიქრე მანანა ხომ არ მღალატობს
მეთქი და ამის გასაგებად დავიქირავე კერძო დეტექტივი. კერძო დეტექტივის სახელია გიორგი
ნადირაძე, ნადირაძე შემპირდა რომ უთვალთვალებდა ჩემს ცოლს და ფოტოებსაც
გადაიღებდა, თუმცა მუშაობისათვის რამდენიმე კვირა დაჭირდებოდა. საზღვარგარეთ ვიყავი
როდესაც გიორგი ნადირაძემ ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნა ფოტოები, სადაც ჩემი
ცოლი ვიღაც კაცთან ერთად იყო. მე ამ ფოტოებით მივხვდი, რომ მანანა მღალატობდა. მე
გადაწყვეტილი მქონდა, რომ მანანას დავლაპარაკებოდი და თუ ჩვენი ერთად ყოფნა არ
გამოვიდოდა მაშინ გავუშვებდი სახლიდან. ჩემი აზრით, მანანას ჩემი ღალატი არ უნდოდა და ეს
უბრალოდ შეცდომა იყო. მას მე ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა ის.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა


2016 წლის 16 სექტემბერი 18:00 საათი
ექსპერტი თაკო გინტური, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო . ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 6 წლიანი სტაჟი.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ N1 ფუთაში აღმოჩნდა ნაჯახი. ექსპერტიზაზე
წარმოდგენილ N2 ფუთაში აღმოჩნდა მანანა როინიშვილის კუთვნილი ტანსაცმელი.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N3 ფუთაში მანანა როინიშვილის სისხლის ნიმუში. N4 ფუთაში
ზვიად ხინთიბიძის ბიოლოგიური ნიმუშო. N5 ფუთაში ზვიად ხინთიბიძის სისხლიანი ტანსაცმელი.
N6 ფუთაში სისხლიანი ტილოები. მე ჩავატარე ექსპერტიზა N1 ფუთაში მოთავსებულ ნაჯახზე და
დავადგინე რომ ნაჯახის რკინის პირის ნაწილზე არსებული სისხლი ემთხვევა მანანა
როინიშვილის სისხლის ჯგუფს. ნაჯახის ტარზე აღმოვაჩინე ბიოლოგიური პროფილი,
რომელიც 90%-ით ემთხვევა ზვიად ხინთიბიძის ბიოლოგიურ პროფილს. მანანა როინიშვილის
ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი ემთხვევა მისის სისხლის ჯგუფს. ზვიად ხინთიბიძის
წარმოდგენილ ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის დიდი ნაწილი ემთხვევა მანანა
როინიშვილის სისხლის ჯგუფს, მხოლოდ მაისურის ქვედა მარჯვენა მხარეს აღმოჩენილი
სისხლის ნიმუში ემთხვევა ზვიად ხინთიბიძის სისხლის ჯგუფს. ტილოებზე აღმოჩენილი სისხლის
ჯგუფი ემთხვევა მანანა როინიშვილის სისხლის ჯგუფს.

აუტოფსია

ექსპერტი თორნიკე ქარელი - მედიცინის დოქტორი. თბილისის საექსპერტო ბიუროს


საავადმყოფო. გარდაცვალების !"# : 15/09/2016; აუტოფსიის დრო : 16/09/2016, 00:05
კლინიკური მონაცემები: 2016 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე სამედიცინო
ექსპერტიზის ბიუროს შეატყობინეს ცივი იარაღის დარტყმის შედეგად გარდაცვალების ფაქტის
შესახებ და სხეულზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გამოიძახეს შემთხვევის ადგილას.
ქალბატონი აღმოჩენილი იყო N49 კორპუსის სადარბაზოში. იგი იყო გარდაცვლილი, ხოლო
დაახლოებით 23:45 საათისათვის სხეული გადატანილი იყო პროზექტურაში ექსპერტიზის
ბიუროს თანამშრომელთა მიერ. მიცვალებულის სხეულის ექსპერტიზა 00:05 საათზე დავიწყე.
აუტოფსიის ჩატარებამდე, გადავიღე თავის ქალისა და სხეულის რენტგნების სურათები და
დავასვი ინიციალები `ი.", შემდეგ კი შევინახე. რენდგენის სურათიდან ირკვევა, რომ
მიცვალებული გარდაცვლილია მკერდის არეში ნახევრად ბასრი ცივი იარაღის დარტყმის
შედეგად, რამაც გამოიწვია ძლიერი სისხლნაკლებობა. ჭრილობა საკმაოდ ღრმაა, აღნიშნული
ზომის ჭრილობის გამოწვევას თუ იარაღი ბასრი იქნებოდა შეძლებდა საშუალო ძალის მქონე
ნებისმიერი ადამიანი. მიცვალებულის თავის ქალის რენტგენის სურათიდან ირკვევა, რომ
მიცვალებულს აღენიშნება ქვედა ყბის მოტეხილობა. მოტეხილობა გამოწვეულია მკვრივი
საგნის დარტყმით. გვამზე ექსპერტიზის ჩატარების დროს აღმოვაჩინეთ თმის 1 გრძელი ღერი,
აღნიშნული თმის ბიოლოგიური პროფილი ემთხვევა ელისაბეტ ლუხოშვილის ბიოლოგიურ
პროფილს. გარდაცვლილის ფრჩხილებიდან აღებული იქნა ქსოვილის ბოჭკოები, რომლებმაც
არ გამოავლინა მსგავსება სახლში არსებული ქსოვილის ბოჭკოებთან და არც ზვიად
ხინთიბიძის ტანსაცმლის ქსოვილის ბოჭკოებთან. აღნიშნული ქსოვილის ბოჭკოები მსგავსია
ელისაბეტ ლუხოშვილის მაისურის ქსოვილის ბოჭკოების.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა

ექსპერტიზის ჩატარების დრო: 2016 წლის 25 - 29 სექტემბერი


ექსპერტის სახელი და გვარი: თეონა ქარელი
სამუშაო ადგილი: გორის ექსპერტიზის კერძო ბიურო
სამუშაო გამოცდილება: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 6 წელი, 5 წელი გორის ექსპერტიზის
ბიურო
განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფსიქიატრიის ბაკალავრი, გორის
უნივერსიტეტი ფსიქიატრიის მაგისტრი. ჩვენი ექსპერტიზის ბიურო უკვე 5 წელია რაც დაფუძნდა
ქალაქ გორში და ვეწევით აქტიურ საქმიანობას. ჩვენთან მომმართვა შეუძლია ნებისმიერ პირს
და სათანადო დოკიმენტაციის მოწოდების საფუძველზე ვატარებთ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას.
2016 წლის 25 სექტემბერს ჩვენს ბიუროს მომართეს ზვიად ხინთიბიძის ინტერესების დამცელმა
ადვოკატებმა ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა ზვიად
ხინთიბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე მისი ბავშვობის
დღიურები და ჩანაწერები. ექსპერტიზის ჩატარება ხდება შემდეგნაირად, ჩვენ ვიკვლევთ ამ
პიროვნების წარსულთან დამაკავშირებელ ნიბისმიერ ინფორმაციას და შემდეგ ვესაუბრებით ამ
პიროვნებას. ზვიად ხინთიბიძეს 3 დღის განმავლობაში ვესაუბრებოდი. ვსაუბრობდით
უშუალოდ დანაშაულის დღესთან და წინა დღეებთან დაკავშირებით, მასზე და მისი ცოლის
ურთიერთობაზე და სხვა საქმისთვის ირელევანტურ თემებზეც. საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ
როდესაც ზვიადი თავის ცოლზე საუბრობს მისი ხმის ტემბრი იცვლება, იგი ლაპარაკობს
სიყვარულით და მშვიდად. მასთან საუბრისას რამდენჯერმე გავიარეთ შემთხვევის დღე, იგი
დეტალურად ყვება მოვლენებს, ყველაჯერზე დამაჯერებლად საუბრობს და 100%-ით
იდენტურად ყვება შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. იგი უარყოფს დანაშაულის მის
მიერ ჩადენას და დამნაშავედ სხვას ასახელებს. ცოლის სიკვდილზე საუბრისას მისი ემოცია არ
იცვლება, იგი ისეთივე სიმშვიდით ლაპარაკობს მისი ცოლის მკვლელობის ფაქტზე, როგორც
მასთან ცხოვრების სხვა წლებზე. მოვლენებს იგი აბსოლუტურად სწორად აღიქვამს, არ
აღენიშნება სწრაფი გაღიზიანება მისთვის გამაღიზიანებელ ინფორმაციაზეც კი. ჩემს
გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ იგი არის სავსებით ჯანმრთელი
ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი. შემიძლია დავახასიათო, როგორც მშვიდი,
ნაკლებად აფექტური პიროვნება

You might also like